The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი)

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გარდაფხაძე ქეთევან, გორდეზიანი ლევან, დულარიძე თეა, თარხნიშვილი თამარ, ნადარეიშვილი ქეთევან, ფხაკაძე მანანა
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია
წყარო: ISBN 978-9941-437-39-7
საავტორო უფლებები: © ქეთევან ნადარეიშვილი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი პროგრამა „ლოგოსი“ პუბლიკაციები და ღონისძიებები კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სფეროში ლოგოსი თბილისი 2012 რედაქტორი ქეთევან აბესაძე თბილისი 2012 პროექტი განხორციელებულია ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით The Democratic Tendencies: Ancient World and Georgia (Encyclopedy) მხატვარი: გუგა კოტეტიშვილი ყდის კომპიუტერული დამუშავება: ალექსანდრე ჯიქურიძე დაკაბადონება: ირინე სტროგანოვა პოლიგრაფიული უზრუნველყოფა: გოჩა კევლიშვილი, დავით მუჯირი © საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსი“, 2012 © ქეთევან გარდაფხაძე © ლევან გორდეზიანი © თეა დულარიძე © თამარ თარხნიშვილი © ქეთევან ნადარეიშვილი © მანანა ფხაკაძე პროგრამა „ლოგოსი“ ილია ჭავჭავაძის გამზირი 13, თბილისი 0179 ტელ. 225-02-58, ფაქსი 222-11-81 ელ. ფოსტა: logos@greekstudies-tsu.ge გარეკანზე: პეითო და ეროსი, პომპეის ფრესკა, ახ. წ. I ს., ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმი



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ოც წელიწადზე მეტია საქართველო ცდილობს დემოკრატიის გზაზე სიარულს. ამ გზაზე გვქონდა წარუმატებლობებიც და მიღწევებიც. წარმატებად ნამდვილად ვერ ჩაითვლება გადატრიალებები და რევოლუციები, საზოგადოების გაუთავებელი სწრაფვა ბელადისა თუ „კეთილი მეფისკენ“, რომელიც „მამა და მარჩენალი“ უნდა იყოს და საზოგადოების კეთილდღეობა მარტომ უზრუნველყოს, ლიდერის გარემოცვის მუდმივი მცდელობა აღადგინოს საბჭოთა დროიდან კარგად ნაცნობი ერთპარტიული მმართველობა. სამაგიეროდ თანდათანობით ჩამოყალიბდა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ინსტიტუციები და, რაც მთავარია, ერთხელ მაინც მოხერხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, რამაც საგრძნობლად დაგვაახლოვა ცივილიზებულ სამყაროს. მაგრამ დემოკრატია სტაბილური და შეუქცევადი პროცესი რომ იყოს, იგი არ უნდა ეფუძნებოდეს წამხედურობას ან მმართველის კეთილ ნებას და მოქალაქეთა ცხოვრების წესად უნდა იქცეს. ამისათვის წარმატებული პრაქტიკული გამოცდილების გვერდით საჭიროა სამოქალაქო განათლება. სამოქალაქო განათლება, თავის მხრივ, გულისხმობს უფრო მეტი სახელმძღვანელო ლიტერატურის შექმნას, კლასიკური თუ თანამედროვე ნაშრომების თარგმნას, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების იდეათა გავრცელებას შეუწყობს ხელს. ბუნებრივია, ამ ტიპის ლიტერატურის გააზრება შეუძლებელია დემოკრატიული მმართველობის საფუძვლების, მისი ფუნდამენტური პრინციპებისა თუ ინსტიტუციების შესწავლის გარეშე. მეორე მხრივ, ნებისმიერ სოციუმში ღია საზოგადოების ღირებულებათა დამკვიდრებისა და გავრცელებისათვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რამდენად მზადაა საზოგადოება ამ იდეათა შესათვისებლად.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის პროცესი საქართველოში გულისხმობს როგორც კლასიკური დემოკრატიული მოდელების, მისი ინსტიტუტებისა თუ პრინციპების პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო ფენებში, ასევე იმის კვლევასა და ანალიზს, თუ რომელი დემოკრატიული ინსტიტუტები, მოდელები, ღირებულებები გვხვდება საქართველოს პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურებში, ქართულ სამართალწარმოებაში, ქართულ ადათებში, როგორია ამ ინსტიტუტების დემოკრატიულობის ხარისხი, რამდენად ორგანულია ისინი ქართული მენტალობისათვის.

თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს საფუძველთან, ანტიკურ დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები კარგადაა შესწავლილი როგორც სპეციალურ, ისე სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში. თუმცა მეცნიერთა ინტერესი ძირითადად ათენური დემოკრატიის შესწავლისკენ არის მიმართული. ფართო პუბლიკისათვის შედარებით ნაკლებადაა ცნობილი ის გზა, რომელიც ბერძნულმა საზოგადოებამ გაიარა დემოკრატიის კლასიკურ მწვერვალებამდე, ასევე, ძვ. წ. V-IV სს-ის ათენის მეზობელთა საზოგადოებრივი წყობა, ანუ ის ისტორიული კონტექსტი, რომელშიც კლასიკური ათენი იმყოფებოდა. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ისაა, რომ თავად ბერძნები „დემოკრატიას“ მხოლოდ ხალხის პირდაპირ მმართველობას, ე.ი. ათენურ მოდელს უწოდებდნენ.

რაც შეეხება ქართულ რეალობას, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ეთნოგრაფიაში, ფოლკლორში, ისტორიოგრაფიაში საფუძვლიანადაა შესწავლილი ქართული მთისა თუ ბარის სოციალური ინსტიტუტები, სახელმწიფო სტრუქტურები, სამართლის წარმოების წესები, ჩვეულებითი სამართლის ნორმები (ივ. ჯავახიშვილი. ვ. ბარდაველიძე. მ. კეკელია, ი. დოლიძე, გ. ნადარეიშვილი, რ. ხარაძე, გ. გასვიანი. ს. მაკალათია, თ. ოჩიაური, მ. კანდელაკი, ბ. ნიჟარაძე და სხვ.), დღემდე ეს მასალა არაა კომპლექსურად შესწავლილი მასში დემოკრატიული ელემენტებისა თუ ტენდენციების ძიების თვალსაზრისით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან საბჭოთა კავშირის იდეოლოგიური წნეხის პირობებში წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ მთაში პირველყოფილ-თემური წყობის გადმონაშთები უნდა მოგვეძია, ბარში კი გარკვეული მომენტიდან - ფეოდალური ურთიერთობები. „განვითარებული მონათმფლობელური დემოკრატიის“ ელემენტების ძიება „უფროსი ძმისადმი“ უპატივცემულობად ჩაგვეთვლებოდა - თუ რუსებს არ ჰქონდათ საკუთარი ანტიკურობა, ჩვენ რატომღა უნდა გვქონოდა? ცხადია, რომ ჩვენ არც გვქონია ჩვენი ათენი თუ რომი, მაგრამ ერთი შეხედვითაც კი საკმაოდ საყურადღებო მსგავსებებია ზოგადად ანტიკურ სამყაროსა და ქართულ მასალას შორის. ამ მსგავსება-განსხვავებათა შედარებით ნეიტრალურად, ობიექტურად წარმოჩენის საშუალებად მივიჩნიეთ ენციკლოპედიური ცნობარის ფორმატი.

ამასთანავე, განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ დღემდე არ არსებობს არც ქართულ და, სხვათა შორის, არც ევროპულ ენებზე ენციკლოპედიური ცნობარი, რომელიც დაინტერესებული საზოგადოების ფართო ფენებს გააცნობდა თუნდაც მხოლოდ ანტიკური სამყაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პრინციპებს. არადა, ასეთი ტიპის ენციკლოპედიური ცნობარის შექმნა ერთობ საშური საქმეა როგორც წარსულის სწორად შესაფასებლად, ასევე, გარკვეულწილად, დღევანდელი პრობლემების გადასაჭრელადაც.

პროექტის ფარგლებში გამოსაცემად მომზადდა ენციკლოპედიური ცნობარი, რომელიც მოიცავს დემოკრატიის ჩასახვა - განვითარება - ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან ცნებას, ინსტიტუტს, ტერმინს (ანტიკურ სამყაროსა და საქართველოში). ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიული ელემენტების განხილვა ბერძნულ-რომაული ანალოგების ფონზე დაგვეხმარება როგორც ცალკეული ინსტიტუციების, ასევე ზოგადად ქართულ საზოგადოებაში დემოკრატიული ტენდენციების განსაზღვრაში, რასაც, თავის მხრივ, დემოკრატიის მშენებლობის საქმეში პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება.

ენციკლოპედიური ცნობარი, თავისი ფორმატისა და სტრუქტურიდან გამომდინარე, მკითხველთა ფართო ფენისათვისაა განკუთვნილი. ავტორებს იმედი აქვთ, რომ ის შეიძლება გამოდგეს აგრეთვე დამხმარე სახელმძღვანელოდ სხვადასხვა ჰუმანიტარული თუ საზოგადოებრივი დარგების შემსწავლელთათვის.

ცნობარის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საენციკლოპედიო სტატიები, რომლებიც ეძღვნება სოციალურ ფენებს, თანამდებობებებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ინსტიტუციებს, ისტორიულ ფიგურებს, რომლებსაც გარკვეული შეხება აქვთ საზოგადოებრივ მოწყობასთან, სოციალურ ურთიერთობებთან, დემოკრატიულ ტენდენციებთან და მათ განვითარებასთან. ამას წინ უძღვის შესავალი და განმაზოგადებელი სტატიები, რომლებშიც შედარებულია საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი სფერო ანტიკურ საბერძნეთში, რომში და საქართველოში. ცხადია, ეს შედარებითი ანალიზი არ შეიცავს შორსმიმავალ დასკვნებს, მით უფრო, კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკოსებისათვის. ჩვენ ვიფარგლებით ინფორმაციით, რომელსაც, გარკვეული ფორმით დალაგებულს, წარვუდგენთ საზოგადოებას განსჯისათვის.

ბერძნული და ლათინური ტერმინები უმთავრესად მოცემულია სახელობითი ბრუნვის ფორმით. ცალკეულ შემთხვევებში ხარკს ვუხდით ტრადიციას (მაგ., არქონი/არქონტი). ბერძნული ტერმინები გადმოცემულია ერაზმული წაკითხვით, ლათინური ტერმინებისთვის ვიყენებთ ტრადიციულ ფორმებს შეთვისებულს შუასაუკუნეების ლათინურიდან.

სამუშაო ავტორებს შორის ამგვარად გადანაწილდა:

საენციკლოპედიო სტატიები: საბერძნეთი - ქეთევან ნადარეიშვილი; რომი - მანანა ფხაკაძე და ქეთევან გარდაფხაძე; საქართველო - თამარ თარხნიშვილი და თეა დულარიძე.

განმაზოგადებელი სტატიები: საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოწყობა - თამარ თარხნიშვილი და ლევან გორდეზიანი; ეკონომიკა - თეა დულარიძე; კანონმდებლობა, კანონშემოქმედება და სამართალწარმოება - ქეთევან გარდაფხაძე; ქალი და ოჯახი - ქეთევან ნადარეიშვილი; დემოკრატიული რეფორმები და რეფორმატორები - მანანა ფხაკაძე; შესავალი - ლევან გორდეზიანი.

ავტორები დიდ მადლობას უხდიან კოლეგებს: ქეთევან აბესაძეს, გია გელაშვილს, რისმაგ გორდეზიანსა და გია ჟორჟოლიანს იდეის მხარდაჭერისა და საყურადღებო შენიშვნებისათვის, აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტსა და საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსს“ პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის და, განსაკუთრებით, ფონდს „ღია საზოგადოება - საქართველო“ პროექტის დაფინანსებისათვის.

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


დემოკრატია, როგორც ცნობილია, ბერძნული სიტყვაა და „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს. დღეს ცივილიზებულ სამყაროში იგი მიჩნეულია სახელმწიფოსა თუ საზოგადოების მართვის ოპტიმალურ ფორმად და ქვეყნების უმრავლესობა, დამოუკიდებლად იმისაგან, როგორ აღიქვამს მას დანარჩენი სამყარო, თავს დემოკრატიულს უწოდებს. მათ რიცხვშია ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც ბევრისათვის თანამედროვე დემოკრატიის ეტალონია, სხვებისათვის კი - მსოფლიო ბატონობაზე პრეტენზიის მქონე იმპერია, აგრეთვე კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც თავს ასევე დემოკრატიის მწვერვალად მიიჩნევს, მსოფლიოში კი ყველაზე მძიმე დიქტატორულ რეჟიმადაა აღიარებული. დემოკრატიის საკმაოდ თავისებური ფორმა იყო საბჭოთა კავშირში და მის სატელიტ ქვეყნებში, რაც გარკვეული თვალსაზრისით განაპირობებს ხალხის განწყობილებებსა და სახელმწიფო მოწყობას პოსტსაბჭოთა სივრცეში.

დემოკრატიის ესოდენ განსხვავებული გაგება დამოკიდებულია, ერთი მხრივ, პოლიტიკურ მისწრაფებებსა და გემოვნებაზე - ყველას უნდა საუკეთესო იყოს და საკუთარი მოდელი თუ გულწრფელად არ მოსწონს, მის გამართლებას მაინც ცდილობს. მეორე მხრივ, თავად ტერმინის დეფინიცია იძლევა ასეთ საშუალებას. საერთოდ, ის ტერმინები, რომელთა მნიშვნელობაც, ერთი შეხედვით, თავისთავად ცხადია, ძნელად ექვემდებარებიან ზუსტ განსაზღვრას. ფ. ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ, განმარტებადი მხოლოდ ის არის, რასაც ისტორია არა აქვს. მართლაც, საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველი ძირითადი ცნებები დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდნენ პოზიციას სემანტიკური ველის ფარგლებში, მათი კონკრეტული გამოვლინებები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. განსაკუთრებით ძნელია ამ ცნებების მნიშვნელობის ზუსტი საზღვრების დადგენა.

ბერძნები ყოველდღიური, ოპერატიული გადაწყვეტილებების მიმღების ვინაობისა თუ რაობის მიხედვით განასხვავებდნენ მმართველობის ფორმებს: მონარქია, ტირანია, არისტოკრატია, ტიმოკრატია, ოლიგარქია, დემოკრატია. აღსანიშნავია, რომ ბერძნების სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითადი ფორმა - პოლისი, პირველ რიგში, თავისუფალი ადამიანების გაერთიანება იყო და ამ ერთობაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ხალხის მიერ მიიღებოდა (როგორც წესი, სახალხო კრებაზე). ბერძნებს ეს ფაქტი კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული და ისინი მიჯნავდნენ ელინებს, ცივილიზებულ ხალხს, რომელიც ბუნებრივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის პირობებში ანუ პოლისებად ცხოვრობს, ბარბაროსებისაგან, რომელთა ცხოვრების წესიც განსხვავებულია.

დემოკრატიის დღევანდელი გაგებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ყველა პოლისი არსებითად დემოკრატიულად განვიხილოთ.

მაგრამ თავად ბერძნები დემოკრატიას უწოდებდნენ მხოლოდ ხალხის უშუალო მმართველობას, რომელიც ათენსა და მის მოკავშირე ზოგიერთ პოლისში განხორციელდა. ათენში მმართველობის ეს ფორმა დაახლოებით საუკუნე-ნახევარს ფუნქციონირებდა მეტ-ნაკლებად წარმატებით, სხვაგან კი კიდევ უფრო მოკლე ხნის მანძილზე.

დემოკრატიის განვრცობილ და პოზიტიურ დახასიათებას გვთავაზობს თუკიდიდე, რომელიც ამ სიტყვებს პერიკლეს ათქმევინებს ომში დაღუპულ გმირთა დაკრძალვაზე (2. 37-41):

„ჩვენი სახელმწიფო უცხო ნიმუშის მიხედვით არ მოგვიწყვია. პირიქით, უმალ ჩვენ ვართ სხვისთვის სამაგალითო. და რადგან ჩვენ ქვეყანას მართავს არა ადამიანთა მცირე ჯგუფი, არამედ ხალხის უმეტესობა, ამ წყობას დემოკრატია ჰქვია. კერძო საქმეებში ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ხოლო რაც სახელმწიფო საქმეს შეეხება, საპატიო თანამდებობებზე ვირჩევთ გამორჩეულთ, არა რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების მიხედვით, არამედ პირადი ღირსებების გამო. თუ კაცს ქვეყნის სამსახური შეუძლია, მას ამაში ხელს ვერ შეუშლის სიღარიბე, მდაბიო წარმოშობა ან დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ჩვენ თავისუფლად ვცხოვრობთ და ყოველდღიურობაში მეზობელსაც არ ვაწუხებთ ზედმეტი ეჭვითა და ჭკუის დარიგებით. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიცავთ კანონებს, მათი პატივისცემის გამო, ვემორჩილებით ხელისუფლებასა და კანონს, განსაკუთრებით ჩაგრულთა დასაცავად დადგენილს და დაუწერელ წესებს, რომელთა დარღვევაც სათაკილოდ ითვლება.

ჩვენ გასართობი გვაქვს, რათა კაცმა შრომისა და სადარდელისგან დაისვენოს, ვაწყობთ თამაშებსა და დღესასწაულებს, ხოლო ოჯახური სითბო აქარვებს ყოველდღიურ საზრუნავს. ჩვენი ქვეყნის ბაზარზე მთელი მსოფლიოდან მოედინება ყველაფერი, რაც გვჭირდება და უცხო ნაწარმით ისევე თავისუფლად ვსარგებლობთ, როგორც საკუთარით.

სამხედრო საქმეშიც მოწინააღმდეგისაგან განსხვავებული წესები გვაქვს. ჩვენ ყველას ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში და არ ვუშლით უცხოელებს მის გაცნობას იმის შიშით, რომ ჩვენს საიდუმლოს გაიგებენ. ჩვენ ხომ ძირითადად საკუთარ სიმამაცეს ვეყრდნობით და არა სამხედრო ეშმაკობებს. ჩვენი მოწინააღმდეგე თავისი აღზრდის სისტემით ცდილობს ბავშვობიდან მკაცრი დისციპლინით გამოუმუშავოს ყმაწვილს ვაჟკაცობა, ჩვენ კი თავისუფლად ვცხოვრობთ, ამგვარი სიმკაცრის გარეშე და მაინც მხნედ ვებრძვით თანასწორ მეტოქეს. აი დასტურიც: ლაკედემონელები მარტო კი არ იჭრებიან ჩვენ მიწაზე, არამედ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ კი მარტონი ვესხმით თავს მათ მეზობლებს და იოლად ვძლევთ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი ქონების დასაცავად იბრძვიან. მტერი ჯერ არ შეხვედრია მთელ ჩვენს სამხედრო ძალას, რადგან ჩვენ ერთდროულად გვიწევს ხომალდების აღჭურვაც და ხმელეთზედაც სხვადასხვა ადგილას რაზმების გაგზავნა. ერთ რაზმთან შეტაკებაში თუ მიაღწევენ წარმატებას, თავი ისე მოაქვთ, თითქოს ათენელთა გაერთიანებულ ლაშქარს სძლიეს, მარცხის შემთხვევაშიც ირწმუნებიან, რომ მთელ ჩვენ ძალებთან დამარცხდნენ. ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ხიფათს არ გავურბივართ არა მძიმე ვარჯიშის ჩვევისა და კანონის მოთხოვნათა გამო, არამედ სიცოცხლის ხალისისა და თანდაყოლილი სიმამაცის გამო. ჩვენ არ გვადარდებს მომავალი საფრთხე, რთულ მდგომარეობაში კი არანაკლებ ვაჟკაცობას ვიჩენთ, ვიდრე ის, ვინც მძიმე შრომით მუდმივად ამისთვის ემზადება. სხვათა შორის, ჩვენი ქვეყანა ამითაც იწვევს გაოცებას.

მშვენიერებას ვესწრაფვით მფლანგველობის გარეშე და ჩვენი გატაცება მეცნიერებით არ ვნებს სულიერ ძალას. სიმდიდრეს იმიტომ ვაფასებთ, რომ მისი გონივრულად გამოყენება შეიძლება. სიღარიბე არ არის ჩვენთან სამარცხვინო, მაგრამ სათაკილოა, თუ კაცი არ ცდილობს თავისი შრომით დაძლიოს იგი. ჩვენი ხალხი კერძო და საზოგადო საქმით ერთდროულად არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკუთარ საქმეშია გაწაფული, თითოეული მოქალაქე კარგად ერკვევა პოლიტიკაში. რადგან მხოლოდ ჩვენ მივიჩნევთ საზოგადოებრივ საქმეთაგან შორს მდგომ კაცს არა საიმედო მოქალაქედ, არამედ უსარგებლო უქნარად. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საზოგადო საქმეს ავნებს საჯარო განხილვა. პირიქით, არასწორად მიგვაჩნია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოუმზადებლად, განსჯის გარეშე მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მამაცნი ვართ, ჩვენ ჯერ კარგად დავგეგმავთ და შემდეგ ჩავიგდებთ თავს საფრთხეში, სხვებში კი უმეცარი შეზღუდულობაა გამბედაობის მიზეზი, ხოლო საღი განსჯა - გადაუწყვეტელობის. ნამდვილ ვაჟკაცად მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ, ვინც მწარეც იცის და ტკბილიც და სწორედ ამის გამო არ გაურბის ხიფათს. გულკეთილობა ჩვენ განსხვავებულად გვესმის, ვიდრე ადამიანების უმრავლეს ნაწილს: მეგობრებს ვიძენთ არა იმის მიხედვით, რასაც ვიღებთ მათგან, არამედ იმით, თუ რა მეგობრობას ვიჩენთ მათ მიმართ. უფრო სანდო მეგობარი სწორედ ის არის, ვინც სამსახურს უწევს მეორეს და დამსახურებულ მადლიერებას ამაგრებს შემდგომი სამსახურით. ნაკლებ სანდოა კაცი, რომელიც კეთილ საქმეს ვალდებულების გამო აკეთებს და არა წრფელი გულით. ჩვენ ერთადერთი ვართ, ვინც სხვას უანგაროდ ეხმარება.

მოკლედ, მე ვამტკიცებ, რომ ჩვენი ქვეყანა სანიმუშოა მთელი ელადისათვის და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია კარგად წარმოაჩინოს თავი სრულიად განსხვავებულ ვითარებაში. ჩემი სიტყვების სიმართლეს ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილება, რომელსაც სწორედ ჩვენი წყობის მეშვეობით მივაღწიეთ. თანამედროვე ქვეყნებიდან მხოლოდ ჩვენი არის სინამდვილეში იმაზე ძლიერი, რა სახელიც მას აქვს. მხოლოდ მის მტერს არ შერცხვება მისგან მარცხი, ხოლო მისი ქვეშევრდომი ვერ დაიჩივლებს მმართველთა არარაობას. ჩვენ დიდი საქმეებით დავადასტურეთ თანამედროვეთა და შთამომავლობის გასაოცრად ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილება. ჩვენ განსადიდებლად არ გვჭირდება ჰომეროსი. ჩვენმა სიმამაცემ გადაგვიშალა ზღვაც და ხმელეთიც და ყველგან სამუდამო ძეგლი დაგვიდგა. სწორედ ასეთი ქვეყნისათვის დადეს თავი ამ მეომრებმა და ცოცხლად დარჩენილებიც ყველანი სიხარულით შევეწირებით მას“.

აქ დემოკრატია ძალზე მიმზიდველადაა წარმოდგენილი და, ცხადია, მისი ფუნქციონირების დეტალები არაა ჩამოთვლილი. მაგრამ აშკარაა მთავარი: ქვეყანას მართავს ხალხი და ეს ხალხი არის არა უსახური მასა, არამედ თავისუფალ ინდივიდთა ერთობლიობა.

თავად ამ სტრიქონების ავტორი თუკიდიდეც, აგრეთვე პლატონი, არისტოტელე და სხვა მოაზროვნეები, ვინც ოპტიმალურ სახელმწიფო მოწყობაზე დაფიქრებულა, არ იყვნენ აღტაცებული ათენური უსაზღვრო დემოკრატიით. მთელი ხალხის მონაწილეობა საერთო საქმეების გადაწყვეტაში სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა ექსტრემალურ სიტუაციებში, რამაც განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს იჩინა თავი. შეიძლება გავიხსენოთ სახალხო კრების ორი ურთიერთგამომრიცხველი გადაწყვეტილება მიტილენეს მოქალაქეთა დასჯის შესახებ, როდესაც მხოლოდ იღბალმა შეუნარჩუნა სიცოცხლე მთელი ქალაქის მოსახლეობას, ან ალკიბიადესისა და დემოკრატიული ინსტიტუტების რთული ურთიერთობები, რომლებმაც ათენს ძლიერ ავნო ამ ომის მეორე ეტაპზე. უკვე ძვ. წ. V ს-ის მიწურულს ბერძნებში მომწიფდა იდეა, რომ სახელმწიფოს მართვაში შეზავებული უნდა იყოს დემოკრატიული (საერთო სახალხო), ოლიგარქიული (ელიტის მცირე ჯგუფისა) და ერთპიროვნული მმართველობის ელემენტები. ბერძნული პოლისების სამყაროში ამ იდეის რეალიზაციასთან ყველაზე ახლოს, ალბათ, სპარტა მივიდა. მაგრამ, გამომდინარე სპარტის თავისებური სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოწყობიდან და საუკუნეების მანძილზე უცვლელი მკაცრი კანონმდებლობიდან, ის ამ ტიპის მაგალითად, როგორც წესი, არ მოიხსენიება. ბერძენ მოაზროვნეთა შორის სპარტა მიჩნეული იყო ოლიგარქიულ პოლისად, რადგან ქვეყნის ოპერატიული მართვა უხუცესთა საბჭოსა და ეფორების ხელში იყო.

მმართველობის სხვადასხვა ფორმის ელემენტების ქმედითი შერწყმა დამახასიათებელია რომის რესპუბლიკისათვის. ლაშქრის საერთო კრება (აგრეთვე კომიციების, ცენტურიებისა თუ ტრიბების კრებები) რომში ხალხის მმართველობის მექანიზმი იყო, სენატი წარჩინებულთა ჯგუფური ორგანო, ხოლო მაგისტრატები, პირველ რიგში, კონსულები ერთპიროვნულ ოპერატიულ მართვას ახორციელებდნენ. რომში ვხედავთ აგრეთვე ხელისუფლების დანაწილებას შტოებად - საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო. იდეის სახით ეს წარმოდგენილია უკვე პოლიბიოსთან, რაც ატაცებულ და დახვეწილ იქნა განმანათლებლებისა (პირველ რიგში, მონტესკიე) და ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამების მიერ.

ბერძნული პოლისი ასე შორს არ წასულა, პირველ ყოვლისა, მისი ზომის - მოსახლეობის რაოდენობისა თუ ტერიტორიის გამო. ყველაზე დიდი პოლისებიც კი მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქისაგან შედგებოდა. ბევრი მათგანის მოქალაქეთა რიცხვი ათასსაც კი არ აღწევდა. ასეთი რაოდენობის ხალხის შეკრება შესაძლებელი იყო თუნდაც ყოველდღიურად, მათ არ გაუჭირდებოდათ არც საკუთარი სახლიდან ცენტრალურ მოედნამდე მისვლა. მოქალაქეთა მცირე რიცხვისა და ხშირი შეხვედრების პირობებში არც ფუნქციათა მკაფიო გადანაწილება ან ამა თუ იმ ფუნქციის აღსასრულებლად სპეციალური მომზადება იყო საჭირო.

დიდ სახელმწიფოში ვითარება რადიკალურად იცვლება. აქ პირდაპირი დემოკრატია - ყველას მონაწილეობა ყველა პრობლემის გადაწყვეტაში უბრალოდ შეუძლებელია. შესაბამისად, ჩნდება ფუნქციათა მკაფიო დანაწილება, ფუნქციის მატარებელს სჭირდება სპეციალური ცოდნა და მას გამოარჩევს სპეციალური გარეგნული ნიშნები - ჩაცმულობა, ამალის შემადგენლობა და აღჭურვილობა და სხვა. პარალელურად ჩნდება კოლექტიურ გადაწყვეტილებათა ფრაგმენტაციის პრაქტიკა. მცირე ჯგუფის შეკრებაზე განიხილებოდა საკითხი და ირჩეოდნენ წარმომადგენელები, რომლებიც საერთო შეკრებაზე გამოხატავდნენ თავისი ჯგუფის ინტერესებს და იცავდნენ მის პოზიციას. ამ პროცესებს შეიძლება გავადევნოთ თვალი რომში და ეს ნიშნები დამახასიათებელია დღევანდელი ცივილიზებული სახელმწიფოებისათვის. რომაული პრაქტიკიდან შეიძლება გავიხსენოთ მაგისტრატებისა და სენატორების ჩაცმულობა, მოსასხამის ფერი, მათი თანმხლები პირების, მაგალითად, ლიქტორების რაოდენობა და უნიფორმა, კურიების, ცენტურიების თუ ტრიბების კრებები, თუნდაც იმპერატორთა არჩევა ჯარის მიერ. დღევანდელობაშიც ვხედავთ უნიფორმასა და სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენებას, სახელმწიფო დაცვასა და განმასხვავებელ ნიშნებს სატრანსპორტო საშუალებებზე. განსაკუთრებით დაიხვეწა და ყოვლისმომცველი გახდა სხვადასხვა დონის არჩევითი კოლეგიები, სოფლის თვითმმართველობით დაწყებული და ქვეყნის პარლამენტით დასრულებული. არქაულ წარმომადგენლობით დემოკრატიასთან განსაკუთრებულ მსგავსებას ავლენს ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა. შესაბამისად, განსხვავებით ათენური „პირდაპირი დემოკრატიისაგან“, დღევანდელ დემოკრატიას, რომელიც უფრო რომაულიდან იღებს სათავეს, „წარმომადგენლობითი“ შეიძლება ვუწოდოთ.

რამდენად კორექტულია ქართული მასალის, ფაქტობრივად, ქართული ფეოდალური სახელმწიფოს შედარება ათენის დემოკრატიასა და რომის რესპუბლიკასთან დემოკრატიულობის თვალსაზრისით?

ერთი შეხედვით, ეს ძალზე უცნაური იდეაა და ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ამგვარი შედარების სურვილი ადრე არც გაჩენილა.

მაგრამ დღეს, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ მტკიცედ გადაწყვიტა დაადგეს დემოკრატიული განვითარების გზას, როგორც უკვე აღინიშნა, ძალზე აქტუალური ხდება ჩვენი საზოგადოების, მისი წარსულის შესწავლა იმ კუთხით, რომ აღმოვაჩინოთ მიმართებები დემოკრატიასთან, მის ცალკეულ ელემენტებთან თუ ტენდენციებთან. ამ ინტერესიდან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, შევადაროთ ქართული მასალა მსოფლიო დემოკრატიის მწვერვალებს შორეულ წარსულსა თუ დღევანდელობაში, სწორება ხომ მათზე უნდა მოხდეს. მაგრამ ისიც სრულიად ბუნებრივია, რომ დემოკრატია მაქსიმალურად ფართო გაგებით უნდა იქნას განხილული, რათა ეს შედარება შედეგიანი იყოს.

დღეს შედარებით ფართოდაა მიღებული მაქს ვებერის განსაზღვრება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო არის იძულებითი პოლიტიკური გაერთიანება ცენტრალიზებული მმართველობით, რომელსაც აქვს ძალის გამოყენების მონოპოლიური უფლება გარკვეულ ტერიტორიაზე. ამავდროულად, ჯერ კიდევ არისტოტელესა და შემდგომ განმანათლებელთა ნაშრომებში ვხვდებით აზრს, რომ სახელმწიფო არის/უნდა იყოს „ადამიანთა მიერ საერთო სიკეთისათვის შექმნილი ერთობა“. მართლაც, ერთი მხრივ, ნებისმიერი, რაგინდ დემოკრატიული სახელმწიფო მიმართავს ლეგალურ ძალადობას თავის ცალკეულ წევრზე, მეორე მხრივ კი, ნებისმიერი, თუნდაც უაღრესად დესპოტური სახელმწიფო ვერ იქნება მდგრადი, თუ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს მასში საკუთარი ინტერესის გარკვეულწილად დაცვა-დაკმაყოფილებას და ვერ ეგუება მას. შესაბამისად, დაწერილი თუ დაუწერელი „სოციალური კონტრაქტი“ რაღაც დოზით გულისხმობს დემოკრატიას - თუ ხალხის მმართველობას არა, მმართველობას ხალხის თუნდაც ჩუმი თანხმობით მაინც.

ჩვენს გამოკვლევაში, ცხადია, არ წავალთ ისე შორს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად გამოვაცხადოთ. ეს, სხვა თუ არაფერი, აზრს დაუკარგავდა ჩატარებულ სამუშაოს. ჩვენი მიზანდასახულებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიხრებით იქით, რომ დავადგინოთ გარკვეული, მაქსიმალურად ფართო ფარგლები, რომლებშიც საზოგადოებას დემოკრატიული ეწოდება, ანუ რომელსაც მართავს ხალხი - თავისუფალ ადამიანთაგან შემდგარი ერთობა.

დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ტენდენციების გამოსავლენად განვიხილავთ როგორც ხალხის მმართველობას, ხალხის მიერ არჩეულ მოხელეებსა და კოლექტიურ/წარმომადგენლობით ორგანოებს, ასევე იმ მექანიზმებსა და ორგანოებს, რომლებიც ხალხის ინტერესების დადგენისა და დაცვისკენ იყვნენ მიმართულნი. საბოლოო ჯამში დემოკრატიულ, სახალხო სახელმწიფოდ უნდა ჩაითვალოს ხალხის ინტერესებში მოქმედი, სამართლიანი სახელმწიფო, დამოუკიდებლად იმისაგან, რა კონკრეტული ინსტიტუტების მეშვეობით ხორციელდება ხალხის მონაწილეობა ქვეყნის მართვაში.

თუ საკითხს ასე შევხედავთ, ქართული და ანტიკური მასალის შედარებას არა მარტო აზრი აქვს, არამედ ამ შედარების საკმაოდ საინტერესო შედეგებიც იკვეთება.

სახელმწიფო მოწყობის დონეზე მსგავსებები შეიძლება აღმოვაჩინოთ ადრეულ პოლისებსა და ქართულ თემს შორის, რომელიც შეიძლება აღვადგინოთ ანტიკური წყაროებისა თუ ქართული ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით. სახალხო კრების, არჩეული მოხელეებისა თუ სათათბირო-საბჭოების ფუნქციები ათენში, რომში და ქართულ მთაში თითქმის იდენტურია. გარკვეული ეტაპიდან ანტიკურ ცენტრებში იხვეწება პროცედურები და რთულდება მმართველობითი სტრუქტურები, სამოხელეო აპარატი. ათენში ტეხილს სოლონის რეფორმები წარმოადგენს, რომში ანალოგიური ცვლილებები სერვიუს ტულიუსს მიეწერება, თუმცა, რეალურად, ამაზე გვიანი რესპუბლიკის დროიდან შეგვიძლია საუბარი. მაგრამ, სახალხო მმართველობა პრინციპულად იმავე სქემით ხორციელდება.

ქართული ფეოდალური სახელმწიფო ნაწილობრივ ინარჩუნებს მთიანი რეგიონების თუ ქალაქების თვითმმართველობას, მის ცალკეულ ელემენტებს, რაც ადგილობრივ ტრადიციასაც შეიძლება ეფუძნებოდეს და ბერძნულ-რომაულ-ბიზანტიურ გავლენასაც.

სამოხელეო აპარატი ყველაზე განვითარებული სახით, ცხადია, რომშია წარმოდგენილი. ეს ეხება როგორც მოხელეთა რაოდენობას, მათ ნაირსახეობებს, ასევე მათი ფუნქციების ზუსტ გაწერას, მათ ქმედებათა დახვეწილ რეგლამენტაციას. რომაელ მოხელეთა შორის წარმოდგენილი არიან სხვადასხვა დონის არჩევითი და დანიშვნითი თანამდებობის პირები. ბერძნული პოლისების სამყაროში ჭარბობენ არჩევითი მოხელეები, ხოლო დანიშნული თანამდებობის პირი, როგორც წესი, მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა და ხშირად მისი შერჩევა ხდებოდა არამოქალაქეთა წრიდან. ქართულ სინამდვილეში, ფეოდალურ სამეფოშიც კი, ვხვდებით როგორც დანიშვნით, ასევე არჩევით თანამდებობის პირებს. ამ უკანასკნელთ ანტიკური სამყაროს არჩევითი მაგისტრატებისაგან განასხვავებს ვადა, უფრო სწორად, თანამდებობაზე ყოფნის ვადის რეგლამენტაციის არარსებობა.

ძალზე საინტერესოა მსგავსებები სოციალური ფენების დონეზე, პირველ რიგში, მათი სახელდების პრინციპი. ერთი შეხედვით, ანტიკურ სამყაროში ადამიანთა ძირითადი დაყოფა, ძველი აღმოსავლეთის მსგავსად, იყო თავისუფალსა და არათავისუფალს შორის. მაგრამ თავისუფალი ადამიანები, მიუხედავად ერთგვარი თანასწორობისა პოლიტიკური უფლებების თვალსაზრისით, ანტიკურ პოლისებში იყოფოდნენ სახელდებულ ფენებად, წოდებებად. ადამიანის კუთვნილება ამა თუ იმ ფენისადმი განისაზღვრებოდა მისი წარმომავლობითა და ქონებრივი მდგომარეობით. ოჯახზე, მის ტრადიციებსა და ფინანსურ შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული რამდენად კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი გამოვიდოდა იგი ომში, შესაბამისად, მისი ღირებულება თანამოქალაქეთათვის. შესაბამისად ფასობდა მისი სიტყვაც ხალხის წინაშე და შესაბამისი „საერო“ თანამდებობა შეიძლებოდა მიეღო მას ხალხისაგან. რიგ შემთხვევაში, მაგ., სოლონის ათენში თუ რესპუბლიკურ რომში, კანონი ქონებრივ ცენზთან აკავშირებდა პირის პოლიტიკურ უფლებას - მისი ხმის „წონას“ თუ თანამდებობაზე მისი არჩევის შესაძლებლობას. ათენში უკვე ძვ. წ. VI ს-ის მიწურულს დამყარდა ისონომია - ყველა მოქალაქე გათანაბრდა პოლიტიკურ უფლებებში, მაგრამ კიდევ დიდხანს, თითქმის მთელი საუკუნის მანძილზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე მეტწილად წარჩინებული გვარის წარმომადგენლებს ირჩევდნენ. ეს გასაგებიცაა: მათ ხალხი უკეთ იცნობდა, მათ ჰქონდათ გამოცდილება, შვილის კარგად აღზრდის შესაძლებლობა და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ქონება, რომელსაც ხშირად საერთო კეთილდღეობას ახმარდნენ. მდგომარეობა შეიცვალა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბევრ თანამდებობაზე ხმის მიცემით არჩევა კენჭისყრით შერჩევამ ჩაანაცვლა. მხოლოდ ამ სიახლემ გაუხსნა უგვარო და უქონელი ფენების წარმომადგენლებს გზა თანამდებობებისაკენ.

ანტიკურ ქვეყნებს, მათ შორის, პოლისებამდელ მიკენურ სამყაროსაც, სახელდებული ფენების, წოდებების არსებობა აახლოვებს ქართულ თუ ევროპულ ფეოდალურ საზოგადოებებთან და მკვეთრად მიჯნავს ძველაღმოსავლური სახელმწიფოებისაგან, სადაც „თავისუფალ კაცთა“ დაყოფა მხოლოდ მეფის კარზე მისი თანამდებობით ხდებოდა.

გარდა სხვადასხვა ირაციონალური ახსნისა, რაც შეიძლება ეთნიკურ/ეროვნულ თავისებურებებად განზოგადდეს, ამგვარი პრაქტიკა ამ ხალხების თუ საზოგადოების საარსებო გარემოსა და შესაბამისი ეკონომიკური სისტემების განსხვავებულობითაც შეიძლება იყოს განპირობებული.

ძველ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ე.წ. „დიდი მდინარეების ცივილიზაციებში“, გეოგრაფიული გარემო, კერძოდ, მდინარეთა პერიოდული ადიდება უზრუნველყოფს მიმდებარე მიწების ნაყოფიერებას და მათზე წელიწადში რამდენიმე მოსავლის მოწევის საშუალებას იძლევა. კარგად ორგანიზებული, დარაზმული შრომით ადამიანი უკვე ძვ. წ. IV-III ათასწლეულებში ახერხებდა მდინარეების მახლობლად ისეთი საირიგაციო სისტემების აგებას, რომლებიც უზრუნველყოფდა სარწყავი წყლით მაქსიმალურად დიდ ტერიტორიას და იცავდა დასახლებებს წყალდიდობისგან. ასეთ სამუშაოს სჭირდებოდა ორგანიზატორი, რომელსაც ექნებოდა, ერთი მხრივ, ხალხის დიდი მასის მართვისა და რთული საინჟინრო ნაგებობების შენების გამოცდილება, მეორე მხრივ, იძულების ეფექტური მექანიზმები. ასეთ საზოგადოებებში საკმაოდ ადრეულ ეტაპზე ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული ბიუროკრატიული მმართველობა. ეს მმართველობა უზრუნველყოფდა ადამიანის ძირეულ სასიცოცხლო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას, შესაბამისად, ერეოდა კიდეც ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში და ადამიანის პირადი თავისუფლებისათვის მინიმალურ სივრცეს ტოვებდა.

ამის საპირისპიროდ, იმ რეგიონებში, სადაც ადამიანს ან ოჯახს დამოუკიდებლად შეეძლო თავის გამოკვება, ადამიანის პირადი თავისუფლება და კერძო საკუთრება მეტად ფასობდა, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფო ინსტიტუტები კი უფრო მოკრძალებულ როლს სჯერდებოდნენ და შედარებით დემოკრატიულად ფუნქციონირებდნენ.

ცალკეულ დეტალში ანტიკური და ქართული ეკონომიკების შედარება სხვადასხვა სურათს გვაძლევს, მაგრამ მსგავსება ეკონომიკის საფუძველშია - კერძო საკუთრება და კერძო ინიციატივა.

სამართლის სფეროში ანტიკურობამ კაცობრიობის ისტორიაში რევოლუცია მოახდინა. ძველ სამყაროში სამართალი ღმერთების მიერ დადგენილი სამყაროს წესრიგის ფარგლებში მოიაზრებოდა. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება მკრეხელობად მიიჩნეოდა და სერიოზულ ლეგიტიმაციას საჭიროებდა. როგორც წესი, საკანონმდებლო ცვლილებები ან ძველი, მივიწყებული წესრიგის აღდგენის ფორმით ტარდებოდა ან ღმერთის მიერ „საკუთარი ნების გამოცხადების“ შედეგად. ბერძნებმა დაადგინეს, რომ ადამიანებს აქვთ უფლება, იცხოვრონ იმ წესების მიხედვით, რომლებსაც თვითონ შეიმუშავებენ და შეათანხმებენ. „კანონშემოქმედების უფლება“ ორლესული იარაღია - ერთი მხრივ, ის იძლევა საშუალებას, რომ საზოგადოება შეიცვალოს დროის მოთხოვნათა შესაბამისად, მეორე მხრივ, წესების ხშირი ცვლა დესტაბილიზაციისა და კანონის ბოროტად, უსამართლოდ გამოყენების შესაძლებლობას აჩენს. რომაელმა იურისტებმა არა მხოლოდ დახვეწეს კანონები, არამედ შეიმუშავეს სამართლის უნივერსალური საფუძვლები და პროცედურები, რის გამოც რომაული სამართალი დღევანდელი ცივილიზებული სამყაროს სამართლებრივ სისტემების ამოსავალი გახდა.

ქართული სამართალი თავისი დახვეწილობით, ცხადია, ვერ მოვა რომაულთან, მაგრამ შეიძლება დავინახოთ სერიოზული მსგავსებებიც. მთის ჩვეულებითი სამართალი პრინციპების დონეზე საკმაოდ ახლოსაა რომაული სამართლის პრინციპებთან ორი მიზეზის გამო: 1. ორივე საზოგადოება, როგორც უკვე აღინიშნა, ეფუძნება პიროვნებისა და მისი საკუთრების პატივისცემას; 2. ჩვეულებითი სამართალი, ფაქტობრივად, ის უნივერსალური პრინციპებია, რომელთა შესწავლა-დამუშავებით შეიმუშავეს რომაელებმა სამართლის საფუძვლები.

რაც შეეხება ქართული ფეოდალური სამეფოს სამართალს, ის გარკვეულ მსგავსებას იჩენს ძველაღმოსავლური თუ სალიკური, შედარებით „პრიმიტიული“ სამართლის ძეგლებთან, მაგრამ აშკარად საზრდოობს რომაული სამართლითაც - ქრისტიანული და ბიზანტიური ტრადიციის მეშვეობით.

ქალი და ოჯახი - ამ სფეროში შედარებისას ქართული საზოგადოება არ გამოდის შერცხვენილი. პარადოქსია, მაგრამ ყველაზე უუფლებო მდგომარეობაში ქალი ყველაზე თავისუფალ და დემოკრატიულ ათენში იყო. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებაში, სადაც ომი ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა, ხოლო საზოგადოების უმცირეს უჯრედად მაინც უფრო ოჯახი განიხილებოდა, ვიდრე პიროვნება, ქალისა და მამაკაცის უფლება-მოვალეობები სხვაგვარად აღიქმებოდა, ვიდრე დღეს არის მიჩნეული ნორმად (ან უფრო, სასურველ ორიენტირად).

დემოკრატიული რეფორმები ანტიკურ სამყაროში საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა, სანამ ხალხის მმართველობა ათენსა თუ რომში თავის კლასიკურ, მაგრამ არა დასრულებულ სახეს მიიღებდა. სრულყოფილი დემოკრატია, ალბათ, არც არსებობს, რადგან ეს, პირველ რიგში, პროცესია. ქართულ ფეოდალურ მონარქიაში ვხვდებით არაერთ მოღვაწეს, რომლის სახელმწიფო თუ რელიგიური რეფორმები შეიცავდა დემოკრატიულ ელემენტებსა თუ ხალხის ინტერესების გათვალისწინება-დაცვის მექანიზმებს.

პირველი შესაძლებლობისთანავე, 1918 წელს ქართულმა საზოგადოებამ მოიწონა და ნაწილობრივ გაატარა დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც მრავალი თვალსაზრისით მოწინავე იყო იმ დროის ცივილიზებული სამყაროსათვის და მას მერეც არაერთხელ გამოთქვა სურვილი გამხდარიყო დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი. როგორც ქვემოთ მოტანილი მასალა აჩვენებს, ეს არის არა მხოლოდ ირაციონალური სწრაფვა იმ სივრცისაკენ, რომელიც დღეს წარმატებულად გამოიყურება, არამედ სავსებით ლოგიკური გრძნობა ერთობისა სამყაროსთან, რომელთანაც ათასწლეულთა მანძილზე გვაკავშირებდა იდეოლოგია, საზოგადოებრივი, სამეურნეო და სამართლებრივი მოწყობის პრინციპები. შესაბამისად, დემოკრატიული ელემენტები თუ ტენდენციები უცხო არ იყო ქართული საზოგადოებისათვის, რაც იმის იმედს იძლევა, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრება მხოლოდ ოცნებად არ დარჩება.

3 1. საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოწყობა

▲ზევით დაბრუნება


კლასიკური ხანის ბერძნულ-რომაული სამყაროს საზოგადოებრივი მოწყობის საფუძველი ჯერ კიდევ წინა ეპოქაში ჩაისახა. მეურნეობაში ცენტრალური ფიგურა თავისუფალი მიწათმოქმედი გახდა, ხოლო პოლიტიკურ ცხოვრებაში - პოლისი, თავისუფალ ადამიანთა გაერთიანება. პოლისი, როგორც წესი, ქალაქ-სახელმწიფოდ ითარგმნება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თანამედროვე პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში მისი უფრო ზუსტი შესატყვისი ვერ მოიძებნა. პოლისი ქალაქს იმით წააგავს, რომ მას აქვს აკროპოლისი, გამაგრებული ბორცვი თემის მფარველი ღვთაების სამლოცველოთი და მის წევრთა თავშეყრის ადგილით. აქ ცვლიდნენ საქონელს და წყვეტდნენ საჭირბოროტო საკითხებს, ბორცვის გარშემო კი ხალხი სახლდებოდა. პოლისთა უმრავლესობას სოფლის ტიპის დასახლება ჰქონდა და ქალაქი საერთოდ არ გააჩნდა, ზოგიც რამდენიმე ქალაქს მოიცავდა.

სახელმწიფოც მხოლოდ პირობით შეიძლება პოლისს ვუწოდოთ - მისი მიწა არის არა სახელმწიფოს ტერიტორია, არამედ მის წევრთა, „მოქალაქეთა“ ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ საკუთრებაში მყოფ ნაკვეთთა კრებული, თვითონ პოლისიც ბერძენთა მიერ, პირველ ყოვლისა, მოქალაქეთა ერთობლიობად აღიქმებოდა. დიდი სახელმწიფოებისაგან გასხვავებით, პოლისის ინტერესები ძირითადად „მოქალაქეთა“ ინტერესების ჯამს წარმოადგენდა, რის გამოც ცალკეულ ადამიანებს საზოგადოებრივი საქმე პირადზე ნაკლებად არ აინტერესებდათ. ბერძნების „კოლექტივიზმი“ პოლისის გარეგნულ სახეშიც გამოვლინდა - ხალხი სადა და პრიმიტიულ სახლებში ცხოვრობდა, მაგრამ უბრწყინვალეს საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებს, პირველ რიგში, ტაძრებს აშენებდა.

როგორც მოქალაქეთა გაერთიანება და მათ ინტერესთა გამტარებელი წარმონაქმნი, პოლისი თავისი არსით დემოკრატიულია. მაგრამ თავად ბერძნები, მმართველობის ფორმის მიხედვით განასხვავებდნენ რამდენიმე პოლიტიკურ სისტემას:

მონარქია - „ერთმმართველობა“, მეფის ანუ ერთი პიროვნების მმართველობა, რომელიც არ ეფუძნება არჩევის პრინციპს და მემკვიდრეობით გადაეცემა. დინასტიური მონარქია, როგორც პოლიტიკური სისტემა ძვ. წ. I ათასწლეულის საბერძნეთში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ის უფრო თქმულებებში ასახულ საზოგადოებას ეკუთვნის და პოეტთა სიმპათიითაც სარგებლობს.

ოლიგარქია - „მცირეთა მმართველობა“. ეს ფორმა საბერძნეთში საკმაოდ გავრცელებული იყო და გულისხმობდა, რომ რეალურ მმართველობას განახორციელებდა საზოგადოების ელიტარული ანუ მცირე ნაწილი. მისი გამოყოფა ხდებოდა ან არისტოკრატიული პრინციპით, ანუ მმართველობას ასრულებდნენ დიდგვაროვანნი, ან ტიმოკრატიული პრინციპით, როდესაც მმართველობას ახორციელებდნენ ის პირები, რომლებიც თავიანთი რეალური მდგომარეობით (ქონებით) იყვნენ გამორჩეულნი საზოგადოებაში. ეს პოლიტიკური სისტემა საბერძნეთის არაერთ პოლისში მოქმედებდა.

ტირანია აგრეთვე ერთმმართველობას ნიშნავს, მაგრამ არა ღვთის წყალობით, არამედ ხალხის რისხვით გაჩენილს. პოლისში სახალხო მღელვარების შედეგად ერთპიროვნული ხელისუფლება ხშირად ამ გამოსვლების ერთ-ერთ თავკაცს გადაეცემოდა. არაორდინალური სიტუაცია და სახალხო მხარდაჭერა მას ხშირად შეუზღუდავ უფლებებს აძლევდა, ბევრად მეტს, ვიდრე ეს დინასტიურ მონარქს თუ წარჩინებულთა ჯგუფს გააჩნდა.

მმართველობის ეს ფორმა მრავალმა პოლისმა გამოსცადა. ხშირ შემთხვევაში ტირანიამ გარკვეულ ეტაპზე ბევრი სიკეთეც მოუტანა ხალხს, პირველ რიგში, ქალაქის განაშენიანების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და საგარეო კონტაქტების გაძლიერების თვალსაზრისით. ბევრ ტირანს ხალხი პატივს მიაგებდა, როგორც ბრძენ და ღირსეულ მმართველს, მაგრამ ერთსულოვანი იყო ბერძნების უარყოფითი აზრი ტირანიის, როგორც მმართველობის ფორმის მიმართ, რადგან ხალხისა და ქვეყნის ბედის დამოკიდებულება ერთი კაცის ნებასა თუ პიროვნულ თვისებებზე დიდი ხიფათის შემცველია.

დემოკრატია - „ხალხის მმართველობა“. ჩვენგან განსხვავებით, ძველი ბერძნები, ვისგანაც მომდინარეობს ეს ტერმინი, ასე მხოლოდ იმ პოლიტიკურ სისტემას მოიხსენიებდნენ, სადაც ხალხი, დემოსი პირდაპირ მმართველობას ახორციელებდა: ყოველდღიურად იკრიბებოდა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად, პირდაპირ ირჩევდა ყველა რანგის მოხელეს. ბერძნული პოლისის ზომა და მოსახლეობის რაოდენობა იძლეოდა ამგვარი მართვის შესაძლებლობას. დემოკრატიის საუკეთესო ნიმუშს ათენი წარმოადგენს. ათენის მოდელი წარმატებული იყო თითქმის საუკუნის მანძილზე და ხარვეზები მხოლოდ პელოპონესის ომში, უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში გამოავლინა.

ბერძენ ფილოსოფოსთა უმეტესობა ამ სისტემათაგან არც ერთს არ მიიჩნევდა ოპტიმალურად. პლატონი თავის „სახელმწიფოში“ გვთავაზობს იმ მოდელს, სადაც სპეციალურად შერჩეული და აღზრდილი ფილოსოფოსები განაგებენ ქვეყანას, ხოლო თუკიდიდე ერთგვარად შერეული მოდელისკენ იხრება, რომელიც გარკვეული სახეცვლილებით განხორციელდა რომში და დღევანდელ დემოკრატიულ ქვეყნებში.

ძვ.წ. I ათასწლეულში საბერძნეთში მრავალი ქალაქ-სახელმწიფო, პოლისი იყო.

მათ შორის განსაკუთრებული ადგილი სპარტასა და ათენს ეკავათ. ისინი იყვნენ არა მარტო თავისი დროის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ერთეულები, არამედ მათ წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიო ისტორიაში.

სპარტა შეიქმნა მომხდური დორიელების მიერ პელოპონესის დიდი ნაწილის დაპყრობის შედეგად. ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით რიცხობრივად ათჯერ ნაკლები დორიელები სამხედრო ელიტად იქცნენ და დაპყრობილ-დაყმევებული ხალხის, ჰელოტების შრომის ხარჯზე ცხოვრობდნენ. ძვ. წ. IX ს-დან შეიძლება სპარტაში მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს არსებობა ვივარაუდოთ. ორი ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომის შედეგად (ძვ. წ. VIII-VII სს.) სპარტამ დაიმორჩილა მესენია, რითაც საბერძნეთის ყველაზე დიდი პოლისი გახდა. ხსენებული ომების დროს საბოლოოდ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი წყობა, რომელსაც ტრადიცია ლეგენდარული კანონმდებლის, ლიკურგოსის სახელს უკავშირებდა და, რომელმაც სერიოზული ცვლილებების გარეშე რამდენიმე საუკუნე იარსება. ყოველ სპარტელს სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი ლაკონიისა და მესენიის მიწა გლეხებითურთ თანაბრად დაუნაწილდა დროებით მფლობელობაში. მათი თანასწორობა სხვა ზომებითაც იყო განმტკიცებული: იდეალური მებრძოლის აღსაზრდელად მიმართული წვრთნა, ცხოვრების ყველა სფეროს უმკაცრესი რეგლამენტაცია, ფულის, სამეურნეო საქმიანობისა და საგარეო კონტაქტების შეზღუდვა.

სპარტელთა ცხოვრების წესი აისახა მათ არქიტექტურაშიც - დორიული კაპიტელი ისევე განსხვავდება იონიურისგან, როგორც პირქუში სპარტელი ჯარისკაცი ლაღი და განებივრებული იონიელი მოქალაქისგან. საგანგებო აღნიშვნის ღირსია სპარტელთა ლაპარაკის ხელოვნება. მათი მოკლე და საქმიანი ფრაზები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ აზრის გამოთქმის ეს სტილი დღესაც სპარტელთა მშობლიური მხარის სახელწოდების მიხედვით ლაკონურად იწოდება.

სპარტას სათავეში ორი მეფე ედგა, რომლებიც სარდლის, მოსამართლისა და ქურუმის ფუნქციებს ასრულებდნენ. უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობდა უხუცესთა საბჭო - გერუსია და აპელა (სახალხო კრება), მაგრამ რეალურად ხელისუფლება ხუთი არჩევითი ეფორისაგან შემდგარ კოლეგიას ჰქონდა - ის აკონტროლებდა ლიკურგოსის კანონების განუხრელ შესრულებას ნებისმიერი სპარტელის მიერ. პოლისის მეურნეობა ემყარებოდა სრულიად უუფლებო ჰელოტებსა და პიროვნულად თავისუფალ, მაგრამ პოლიტიკურ უფლებებს მოკლებულ პერიოიკოსებს. ჰელოტები მოსავლის მეექვსედს აძლევდნენ სახელმწიფოს, ხოლო პერიოიკოსები მიწათმოქმედების გარდა, ვაჭრობითა და ხელოსნობით იყვნენ დაკავებული და რიგ შემთხვევაში მათ სამხედრო სამსახურიც ეკისრებოდათ. სპარტასთან მიახლოებული საზოგადოებრივი წყობა დამყარდა დორიელების მიერ დაკავებულ ზოგიერთ ოლქში: კრეტა, არგოსი, თესალია.

ატიკის დედაქალაქი ათენი ჯერ კიდევ მიკენურ ხანაში დაარსდა. ის გადაურჩა დორიელთა შემოსევას და საბერძნეთის ძველი მოსახლეობისათვის ერთგვარ ცენტრად თუ თავშესაფრად იქცა. ათენი ძალზე დინამიურად ვითარდებოდა, მისი მოქალაქეები დაუსრულებლად ახლის, სრულყოფის ძიებაში იყვნენ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ათენის სახელს უკავშირდება კლასიკური ბერძნული კულტურის უმთავრესი წარმატებები ლიტერატურის სხვადასხვა ჟანრის, თეატრის, არქიტექტურის, სკულპტურის სფეროში. ათენში გაჩნდა და დაიხვეწა სახელმწიფოს მართვის ის ფორმა, რომელშიც ხალხი მაქსიმალურადაა ჩართული - დემოკრატია. დემოკრატიის ხარისხი ათენში, გარკვეული თვალსაზრისით, მიუღწეველ სტანდარტად რჩება დღევანდელი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი.

დემოსის, ხალხის ერთ-ერთი პირველი გამარჯვება კანონების ჩაწერა იყო. ათენში ხალხის ამბოხებისა და ტირანიის დამყარების პირველ უშედეგო მცდელობას მოჰყვა დრაკონის კანონები (ძვ. წ. 624 წ.). მართალია, პირველი წერილობითი კანონები ტრადიციული სამართლის ფიქსაციას არ გასცდენია და ათასი წლით უფრო ადრეულ შუამდინარულ კანონებთანაც შედარებით პრიმიტიულად გამოიყურებოდა, მათ გაჩენას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შეიზღუდა წარჩინებულ მოსამართლეთა თვითნებობა. კანონების ჩაწერის, განსაკუთრებით კი ახალშექმნილ კოლონიებში მათი შედგენის პროცესში ბერძნებმა აღმოაჩინეს, რომ კანონი ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი კი არ არის ღმერთების მიერ, არამედ, ისევე როგორც ნებისმიერი პრაქტიკული გადაწყვეტილება, მოქალაქეთა შეთანხმების შედეგია. ამას მოჰყვა ფიქრი კანონმდებლობის, სამართლის პრინციპებზე, საზოგადოებისა თუ სამყაროს კანონზომიერებებზე. შემთხვევითი არ არის, რომ ამ დროს ცხოვრობდა „შვიდი ბრძენი“, რომელთაც ხალხმა ამა თუ იმ ფორმით წინამძღოლობა ჩააბარა: კორინთოს ტირანი პერიანდროსი, ათენელი სოლონი, ქილონ სპარტელი, მილეტელი თალესი, ბრიას პრიენელი, პიტაკოს მიტილენელი, კლეობულოს ლინდოსელი.

ბრძენი მმართველის მოღვაწეობის საუკეთესო მაგალითია სოლონის რეფორმები. ძვ. წ. 594 წ-ს სოციალური აფეთქების ზღვარზე მყოფ ათენში გამოსავლის მოძებნა სოლონს მიანდეს. ხალხის ძირითადი სატკივარი სავალო კაბალა იყო. ათენელთა დიდი ნაწილის მიწები ვალების გადაუხდელობის გამო წარჩინებულების, ევპატრიდების ხელში აღმოჩნდა. ყოფილი მესაკუთრეები საკუთარ მიწაზე მოიჯარადეებად მუშაობდნენ, ზოგი მონადაც გაიყიდა. სოლონმა გააუქმა ვალები (სეისახთეია) და ათენელთა შელახული უფლებები აღადგინა. აიკრძალა ვალების გამო თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვა. შეიცვალა მეურნეობის ორიენტაცია სასაქონლო წარმოების სასარგებლოდ, რასაც საერთაშორისო ვაჭრობაში ათენელთა ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ აქტიური ჩართვა მოჰყვა. ევპატრიდების პოლიტიკურ პრივილეგიებს დიდი დარტყმა მიაყენა მმართველობის სისტემის რეფორმამ. გაიზარდა სახალხო კრების (ეკლესია) მნიშვნელობა, შეიქმნა არჩევითი ორგანო - ოთხასთა საბჭო (ბულე), რომელიც კრებებს შორის მიმდინარე საკითხებს წყვეტდა. მოქალაქეები ქონებრივი ცენზის (და არა წარმოშობის) მიხედვით გაიყვნენ ოთხ ჯგუფად, რაც განსაზღვრავდა მათ ადგილს ჯარში და მათ უფლებას, დაეკავებინათ ესა თუ ის თანამდებობა. სოლონის რეფორმებმა ათენი სახელმწიფოდ აქცია, ერთი მხრივ, უზრუნველყო მოქალაქეთა პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობა და, მეორე მხრივ, გზა გაუხსნა ნაყიდი უცხოელი მონის შრომის ფართო გამოყენებას. „ბრძენმა მმართველმა“ ეს ყოველივე მისი არქონტად ყოფნის ერთ წელიწადში განახორციელა და აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა.

ძვ. წ. 509 წ-ს კლისთენესის მიერ გატარებულმა რეფორმამ საბოლოოდ დაამკვიდრა დემოკრატია. გათანაბრდა მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებები (ისონომია), შემოღებულ იქნა პოლისის ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა, შესაბამისად, შეიცვალა ბულეს შემადგენლობა და ფორმირების პრინციპები.

ბერძენ-სპარსელთა ომების დროს ათენმა თემისტოკლესის თაოსნობით შექმნა ძლიერი სამხედრო ფლოტი, რამაც განაპირობა მისი საგარეო-პოლიტიკური წარმატებები მთელი საუკუნის მანძილზე, მაგრამ ასევე გააღრმავა დემოკრატია. თუ ადრე სამხედრო საქმეში და, შესაბამისად, საჯარო საქმეებშიც ძირითადად შეძლებული მოქალაქეები ფასობდნენ, რადგან მათ მძიმედ შეჭურვილი მხედრის ან ქვეითის - ჰოპლიტის გამოყვანა შეეძლოთ, ფლოტთან ერთად გაიზარდა ღარიბების როლი - ხომალდზე მენიჩბედ ან მსუბუქად შეჭურვილ ქვეითად ყველას შეეძლო სამსახური.

ათენის საზღვაო იმპერიად ჩამოყალიბებამ მისცა მას საშუალება მოქალაქეები გაეთანაბრებინა მაღალ, არისტოკრატიული სტანდარტების დონეზე. შესაბამისად შეიზღუდა მოქალაქეთა წრეში ახალი წევრების მიღება. ათენის დემოკრატიის დასახასიათებლად მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ პერიკლემ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ფაქტობრივად ათენის მმართველი იყო, ვერ მოახერხა თავისი ცოლისა და, შესაბამისად, შვილებისთვის ათენის მოქალაქეობა მიეცა.

რომიც თავდაპირველად პოლისს წარმოადგენდა. რომის სახელმწიფო მოწყობა შეიძლება ოპტიმალურად ჩაითვალოს ძველი სამყაროსათვის. მასში შეზავებული იყო დემოკრატიის, ოლიგარქიისა და ერთმმართველობის ნიშნები, რაც სხვადასხვა ფენებსა და ინტერესებს შორის ბალანსს და მთელი სისტემის მდგრადობას განაპირობებდა.

თავდაპირველად რომში პირველი პირი იყო მეფე, რომელიც, ტრადიციის თანახმად, თავად ღმერთის ნებით იღებდა ხელში ძალაუფლებას და ერთდროულად ითვლებოდა უზენაეს მთავარსარდლად, ქურუმად და მსაჯულად. სათათბირო ორგანო იყო უხუცესთა საბჭო ანუ სენატი, რომელიც შედგებოდა 300 წარჩინებული ოჯახის მეთაურებისგან.

სახალხო ანუ ლაშქრის კრება კი ყველა მეომარს აერთიანებდა, რომლებიც სამ ტომად (ტრიბად) და კურიად იყვნენ დანაწილებული. ლაშქარი იღებდა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს რომის მთელი ისტორიის მანძილზე. განსაკუთრებით დიდი იყო სახალხო კრების როლი რესპუბლიკის ხანაში.

სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ სახალხო კრება იღებდა კანონებს და ირჩევდა ყველა დონის მოხელეს. ხმის მიცემის სისტემას ვერ დავარქმევთ დემოკრატიულს. მებრძოლის ხმის ფასი განისაზღვრებოდა მისი როლითა და ფასით ბრძოლის ველზე. კენჭისყრა ცენტურიების - ასეულების მიხედვით ხდებოდა. ეს ასეული პირობითი ერთეული იყო. ის აერთიანებდა 100 მძიმედ შეჭურვილ ქვეითს ან მის შესატყვის სამხედრო ძალას. შესაბამისად, მძიმედ შეჭურვილი მხედარი ცენტურიაში მხოლოდ ორი ან სამი ათეული იყო, ხოლო ცუდად შეიარაღებული ან შეუიარაღებელი ქვეითი - რამდენიმე ათასი. რამდენადაც აღჭურვილობა თავად მეომრის ფინანსურ შესაძლებლობებზე იყო დამოკიდებული, ეს სისტემა იცავდა შეძლებული და საშუალო ფენის უფლებებსა და ქონებას ღარიბი უმრავლესობის მხრიდან ხელყოფისაგან და რევოლუციური გადანაწილებებისგან. კანონების მომზადება და მათ აღსრულებაზე ზედამხედველობა, აგრეთვე მოხელეების კონსულტირება და შესაბამისი დოკუმენტების გამოცემა სენატის ფუნქციებში შედიოდა. სენატორთა რაოდენობა თანდათან იზრდებოდა. 300 წარჩინებულს ემატებოდნენ ყოფილი კონსულები და უაზნო გვარების (პლებეების) აღზევებული წარმომადგენლები.

რომში აღმასრულებელი ხელისუფლება არჩეული მოხელეების - მაგისტრატის ხელში იყო. მოხელეებს ირჩევდნენ ერთი წლით. ერთ თანამდებობაზე ირჩევდნენ ორ პირს თანასწორი უფლებებით, რაც განაპირობებდა მათ კოლეგიალურ მოქმედებას და გამორიცხავდა ძალაუფლების უზურპაციას.

მართალია, მოხელეთა შორის გარკვეული იერარქია იყო დადგენილი და მაღალი თანამდებობის დაკავება მხოლოდ გარკვეული ასაკის მიღწევისა და შედარებით დაბალ თანამდებობებზე მუშაობის შემდეგ იყო შესაძლებელი, მაგრამ თანამდებობის პირი ემორჩილებოდა მხოლოდ კანონს, ხალხსა და სენატს და არა სხვა, თუნდაც უმაღლესი, თანამდებობის პირს.

რომის რესპუბლიკური წყობის ძირითადი ინსტიტუტები შენარჩუნებული იყო იმპერიის არსებობის პირველი საუკუნეების მანძილზე, ე.წ. პრინციპატის ეპოქაში. იმპერატორი იყო ქვეყნის პირველი პირი ფორმალურად პირველი სენატორის, ფაქტობრივად კი მთავარსარდლის რანგში.

ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა ხელისუფლების სხვადასხვა შტოსა - სახალხო კრება, სენატი, მაგისტრატი, და სხვადასხვა თანამდებობის პირს შორის ძალიან ქმედითი აღმოჩნდა რომისთვის და სანიმუშო ახალი დროის ცივილიზებული ქვეყნებისათვის.

გარდა სახელმწიფო მოწყობის პრინციპებისა, დღევანდელი დემოკრატიული ქვეყნები ემყარებიან რომაელთა მიერ შემუშავებულ სამართლის პრინციპებს, ძირითად ცნებებსა თუ საქმის წარმოების ძირითად პროცედურებს. ჩვენამდე მოღწეულია მრავალფეროვანი იურიდიული ლიტერატურა, ცნობილ იურისტთა გამოსვლები სასამართლოში, რომელთაგანაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მარკუს ტულიუს ციცერონის ნაშრომები (ძვ.წ. I ს.). სამართალთან დაკავშირებულ ძალზე მდიდარ მასალას თავი მოუყარა იმპერატორმა იუსტინიანუსმა ახ. წ. VI ს-ში.

კარგად ორგანიზებული სახელმწიფო, ძლიერი ჯარი და მოქნილი საგარეო პოლიტიკა გახდა რომის წარმატებების საწინდარი. რომი თანდათანობით ზრდიდა თავის გავლენას მეზობლებზე, რიგრიგობით ამარცხებდა და იმორჩილებდა მათ. რომაელთა სახელს უკავშირდება გამოთქმა „დაყავი და იბატონე“, რაც ზუსტად ასახავს მათ პოლიტიკას იტალიური ქალაქების მიმართ და რამაც შეაძლებინა ერთ ქალაქ-სახელმწიფოს თავისი ტოლი ქალაქების ან ბევრად დიდი ერთობის, მაგალითად, ეტრუსკების დაპყრობა.

რომი ოდითგანვე მილიტარისტული სახელმწიფო იყო. მას ყოველთვის გამოარჩევდა მამაცი და კარგად ორგანიზებული ჯარი. მეზობლებთან მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგად რომი მცირე ქალაქ-სახელმწიფოდან დიდ რეგიონალურ ძალად იქცა და თითქმის მთელ იტალიას დაეუფლა.

სისხლისმღვრელ ომებს კართაგენთან, მაკედონიასთან და სხვა ელინისტურ სახელმწიფოებთან მოჰყვა მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის დაპყრობა. დემოკრატიული თუ რესპუბლიკური წყობა დედაქალაქში გარკვეულ დისონანსს ჰქმნიდა დაპყრობილი მიწების ფაქტობრივად იმპერიულ მმართველობასთან. რომაელთა მთელ საგამგებლოში დემოკრატიის დამყარებაზე უფრო რეალური რომში ერთმმართველობის შემოღება აღმოჩნდა. რამდენიმე სამოქალაქო ომის შედეგად ასეც მოხდა. თავდაპირველად სულამ სძლია მარიუსსა და მის პარტიას და უვადო დიქტატურა დაამყარა, შემდეგ კი გალიიდან დაბრუნებულმა კეისარმა დაამარცხა პომპეუსი და რომს დაეუფლა.

იულიუს კეისრის მკვლელობის შემდეგ სენატს რესპუბლიკის აღდგენა უნდოდა, მაგრამ საამისო რესურსი პრაქტიკულად ამოწურული იყო. ჯარმა კეისრის მემკვიდრესა და მის სარდლებს დაუჭირა მხარი. კეისრის მემკვიდრედ მისი დის შვილიშვილი ოქტავიანუს ავგუსტუსი გამოცხადდა. ავგუსტუსმა აღადგინა წესრიგი რომში, შემდგომ (ძვ. წ. 31 წ-ს) სძლია მარკუს ანტონიუსს, რომელიც, ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრასთან ერთად, მას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ეცილებოდა და ერთპიროვნული მმართველობა დაამყარა.

კეისრისაგან განსხვავებით, რომელსაც ბოლო დროს რომში თავისი სწორი აღარავინ ეგულებოდა და რომელიც, შესაბამისად, საკმაოდ ხისტად იქცეოდა, ოქტავიანუსმა დიდი პოლიტიკური ალღო გამოავლინა და რომაული ელიტის რეალური ინტერესების, რესპუბლიკური ტრადიციების გათვალისწინებით საკმაოდ მოქნილი პოლიტიკური სისტემა შექმნა, რომელიც ათავსებდა რესპუბლიკურ და მონარქიულ მმართველობას და რომელიც საუკუნეების მანძილზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. რომმა შეინარჩუნა სენატი, არჩევითი სამოხელეო აპარატი და რესპუბლიკის ზოგი სხვა ნიშან-თვისება. რეალური ხელისუფლება კი იყო ჯარის მთავარსარდლის, იმპერატორის ხელში. ფორმალურად მის პირველკაცობას განსაზღვრავდა პირველი სენატორის, პრინცეპსის თანამდებობა, რის გამოც ამ წყობას პრინციპატი ეწოდება.

სახელმწიფო მოწყობის დონეზე მსგავსებები შეიძლება აღმოვაჩინოთ ადრეულ პოლისებსა და ქართულ თემს შორის, რომელიც შეიძლება აღვადგინოთ ანტიკური წყაროებისა თუ ქართული ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით. შემდგომ განვითარების გზები გაიყო: ანტიკურ სამყაროში თემები პოლისებად ჩამოყალიბდნენ, საქართველოში კი ისინი ფეოდალურ მონარქიებში გაერთიანდნენ. გარკვეული ტიპოლოგიური დაახლოვება შეიმჩნევა გვიანდელ რომის იმპერიას, განსაკუთრებით, მის მემკვიდრე ბიზანტიასა და ერთიან ქართულ მონარქიას შორის.

3.1 1.1. წოდებრივი და თანამდებობრივი დიფერენციაცია

▲ზევით დაბრუნება


სამოხელეო აპარატი ყველაზე განვითარებული სახით, ცხადია, რომშია წარმოდგენილი. ეს ეხება როგორც მოხელეთა რაოდენობას, მათ ნაირსახეობებს, ასევე მათი ფუნქციების ზუსტ გაწერას, მათ ქმედებათა დახვეწილ რეგლამენტაციას. რომაელ მოხელეთა შორის წარმოდგენილი არიან სხვადასხვა დონის არჩევითი და დანიშვნითი თანამდებობის პირები.

რომაელ მოხელეთაგან შეიძლება გამოვყოთ:

რესპუბლიკის უმაღლეს თანამდებობად მიჩნეულია კონსული. კონსულები სარდლობდნენ ლაშქარს ომში, განაგებდნენ ფინანსებს. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, ომის დროს, კონსულებიდან ირჩეოდა დიქტატორი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება ენიჭებოდა, არა უმეტეს ექვსი თვის ვადით.

კონსულის თანამდებობაზე ყოფნის შემდეგ რომაელი მოქალაქე შეიძლებოდა აერჩიათ ცენზორად. მის ფუნქციებში შედიოდა ადათებისა და ქონებრივი ცენზისათვის თვალყურის დევნება, მოქალაქეთა გადანაწილება ქონებრივ ჯგუფებში და მათი დასჯა ზნეობის ნორმების დარღვევისათვის. ეს უფლებები ცენზორს, გარკვეული თვალსაზრისით, კონსულებსა და სენატორებზე მაღლაც აყენებდა.

პრეტორები ძირითადად მოსამართლეობდნენ, თავდაპირველად განიხილავდნენ დავებს რომის მოქალაქეთა შორის, შემდეგ კი აგრეთვე დავებს უცხოელთა მონაწილეობითაც.

კვესტორები პასუხისმგებელნი იყვნენ ხაზინაზე, ედილები კი - ქალაქის სამსახურებზე. დიქტატორებს, კონსულებს და პრეტორებს განუსაზღვრელი უფლებები ჰქონდათ თავიანთ სფეროებში (magistratus cum imperio), სხვა მოხელეებს კი - შეზღუდული.

ბერძნული პოლისების სამყაროში ჭარბობენ არჩევითი მოხელეები, ხოლო დანიშნული თანამდებობის პირი, როგორც წესი, მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა და ხშირად მისი შერჩევა ხდებოდა არამოქალაქეთა წრიდან, რადგან მოქალაქის იდეალი პირადი თავისუფლება და პიროვნების ჰარმონიული განვითარება იყო. რამე უმნიშვნელო ფუნქციის სტაბილური აღსრულება, თუნდაც ხელობის, პროფესიის ქონა მოქალაქისათვის შეუფერებლად მიიჩნეოდა.

ათენში უმაღლეს თანამდებობის პირებს არქონტები წარმოადგენდნენ. ცხრა არქონტს შორის ფუნქციები საკმაოდ მკაფიოდ იყო გამიჯნული. თითოეული მათგანი თანამდებობას ერთი წლით იკავებდა. ხელახლა არჩევა მხოლოდ არქონტ-სტრატეგოსის - სარდლის თანამდებობაზე შეიძლებოდა, რადგან ნიჭიერ სარდალს ბერძნები იოლად ვერ შეელეოდნენ, სხვა პოზიციაზე კი საგანგებო ტალანტი არ იყო იმდენად არსებითი, რომ მონაცვლეობის სიკეთე გადაეწონა. სწორედ სტრატეგოსად მრავალი წლის მანძილზე არჩევით მიაღწია პერიკლემ დემოკრატიის პიკში მყოფი ათენის რეალური მმართველის მდგომარეობას.

სპარტის სათავეში, როგორც უკვე აღინიშნა, იდგა ორი მეფე, რომლებიც ჰერაკლიდებად, ჰერაკლეს შთამომავლებად იყვნენ მიჩნეული. ისინი ძირითადად სარდლის ფუნქციას ასრულებდნენ, ხოლო კანონის შესრულებაზე ზედამხედველობა და საერო საქმეების რეალური გამგებლობა ეფორთა ხელში იყო.

ქართულ სინამდვილეში, ფეოდალურ სამეფოშიც კი, ვხვდებით როგორც დანიშვნით, ასევე არჩევით მოხელეებს. ამ უკანასკნელთ ანტიკური სამყაროს არჩევითი მაგისტრატებისაგან განასხვავებს ვადა, უფრო სწორად, თანამდებობაზე ყოფნის ვადის რეგლამენტაციის არარსებობა. როგორც ანტიკურ, ასევე ქართულ სამყაროში ამა თუ იმ პირის თანამდებობრივი მდგომარეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სოციალურ სტატუსთან. ქართულ ფეოდალურ სახელმწიფოში უმაღლესი თანამდებობები მხოლოდ უწარჩინებულესი გვარების წარმომადგენლებს ეძლეოდათ. ხშირად ერთი საგვარეულო ტრადიციულად ფლობდა რომელიმე სახელოს, რაც აისახა კიდეც თანამდებობის სახელწოდების გვარად გადაქცევაში - ამილახვარი, ამირეჯიბი, ერისთავი და სხვ.

ათენსა თუ რომში ადრეულ სტადიაზე უმაღლესი თანამდებობები წარჩინებულების - ევპატრიდებისა და პატრიციების ხელში იყო. ამით ანტიკური პოლისები გარკვეულ სიახლოვეს იჩენენ ადრეფეოდალურ საზოგადოებასთან. დროთა განმავლობაში ამ თანამდებობების დაკავება ნებადართული გახდა მოქალაქეთა სხვა ფენების წარმომადგენლებისთვისაც, თუმცა ეს ფაქტი შეიძლება დავუკავშიროთ არა იმდენად საზოგადოების დემოკრატიზაციას, რამდენადაც ცვლილებებს ელიტის შემადგენლობაში. თუ საწყის ეტაპზე ელიტა არისტოკრატიული იყო, მოგვიანებით ადამიანის ადგილი საზოგადოებაში განისაზღვრებოდა მისი ქონებრივი მდგომარეობით. ევპატრიდებისა და პატრიციების მაგივრად მოგვიანებით სოციალური კიბის თავში ვხედავთ პენტაკოსიომედიმნოსების და სენატორთა წოდებებს, რომლებიც ქონებრივად ჯერ კიდევ ძლიერ წარჩინებულებსა და გამდიდრებულ უაზნოებს მოიცავდნენ. „განდიდებული მდაბიოს“, „მესამე წოდების“ ინტეგრაცია ელიტარულ წრეებში გვაგონებს პროცესებს ახალი დროის დასაწყისის ევროპაში, გადასვლას ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმზე. საქართველოში ეს პროცესი ძალზე შეფერხდა და მხოლოდ XIX საუკუნიდან წარიმართა უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ქართული სამეფო-სამთავროების მოქცევის შემდეგ, რის გამოც პროცესს წმინდა ქართულად ვერ ჩავთვლით და წინამდებარე ნაშრომში იგი არცაა ასახული.

გარკვეული პარალელები სახელმწიფო მოწყობაში, სოციალური ფენებისა და ეკონომიკის ფუნქციონირების საკითხში ანტიკურ და ახალი დროის დასავლურ სამყაროს შორის დაედო საფუძვლად ანტიკური კაპიტალიზმის თეორიას, რომელიც ძალზე პოპულარული იყო XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე.

ამის გვერდით, ამერიკული აბოლიციონისტური მოძრაობის ფონზე, ანტიკურობის შესწავლისას დიდი ყურადღება მიექცა ანტიკურ მონობას. მარქსისა და ენგელსის მიერ ანტიკური სამყაროს სოციალ-ეკონომიკური წყობა განისაზღვრა როგორც მონათმფლობელური, რაც საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში უკვე ოფიციალურ დოგმად გადაიქცა.

მართლაც, მონობას ანტიკურ სამყაროში, განსაკუთრებით, კლასიკური ხანის ათენსა და რომში, გვიანი რესპუბლიკიდან მოყოლებული, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგრამ, როგორც უკანასკნელი საუკუნის მანძილზე წარმოებული კვლევა აჩვენებს, მონური შრომა არ იყო წამყვანი ეკონომიკის ძირითად სფეროებში. შესაბამისად, თავად მარქსისტული მეთოდოლოგიით, ანტიკური სამყარო მონათმფლობელურად ვერ ჩაითვლება.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც ანტიკურ ტექსტებში δούλος და servus ტერმინებით მოიხსენიება, ნამდვილად ვერ ჩაითვლება მონად თანამედროვე საზოგადოებრივი მეცნიერებების თვალსაზრისით. ეს ტერმინები ასახავენ ზოგადად მსახურის მდგომარეობას, სტატუსს და დროთა განმავლობაში იცვლიდნენ მნიშვნელობას. მიკენურ სამყაროში თუ პატრიარქალურ თემში ამ სტატუსის ხალხი ბატონის სახლში, ოიკოსში დასაქმებული მსახურეული პერსონალია, მათ შორის პირადად თავისუფალნიც და ტყვეებიც. გარკვეული ეტაპიდან, (მაგ., საბერძნეთში ძვ. წ. VI ს-დან) „თავისუფლება“ და „არათავისუფლება/მონობა“ სამართლებრივ სტატუსად იქცა და ეს ტერმინიც იურიდიულად არათავისუფალი ხალხის ფართო ფენებზე გავრცელდა. მათ შორის იყვნენ სპარტელი ჰელოტებიც, რომლებიც უფრო სახელმწიფო თუ არისტოკრატიის კოლექტიურ საკუთრებაში მყოფ ყმა-გლეხებს წარმოადგენდნენ, ნაყიდი სკვითებიც, რომლებიც ათენში პოლიციურ ფუნქციებს ასრულებდნენ და ნამდვილი მონებიც - სხვის საკუთრებაში მყოფი სრულიად უუფლებო და უქონელი პირებიც.

ქართულ სინამდვილეში გაჭირდება კლასიკური ათენისა თუ რომის მონების ანალოგიური ფართო სოციალური ჯგუფის მოძებნა, თუმცა ანტიკური სამყაროს არათავისუფალთა ნაირგვარ ჯგუფებს შეიძლება მოეძებნოს ქართული ანალოგები, ყმებისა თუ სხვა არათავისუფალი, თავისუფლებაშეკვეცილი ხალხის სახით.

ანტიკურ სამყაროში სახელდებული ფენების, წოდებების არსებობა აახლოვებს მას ქართულ თუ ევროპულ ფეოდალურ საზოგადოებებთან და დამატებით არგუმენტს გვაწვდის ანტიკური და ქართული მასალის შედარების მართლზომიერებისათვის.

3.2 1.2. მართვის კოლექტიური ორგანოები

▲ზევით დაბრუნება


სახალხო კრება

როგორც ცნობილია, დემოკრატიამ, როგორც მმართველობის ფორმამ საბერძნეთში ძვ. წ. V ს-ში საკმაოდ განვითარებული სახე მიიღო. თანამედროვეობის გადასახედიდან ანტიკურობის ყველაზე მოწინავე ქვეყნისთვის ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ როგორც მეცნიერული კვლევა გვიჩვენებს, დემოკრატიის ელემენტებს უფრო დაბალი სოციალური განვითარების ეთნოსებშიც ვხვდებით, თვით პატრიარქალური საზოგადოების წიაღშიც.

ქართველ მთიელთა სოციუმის ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სახალხო კრება, რომელსაც პრობლემური საკითხების გადაწყვეტისას, როგორც ყველაზე უფრო ავტორიტეტულს, ენიჭებოდა საბოლოო სიტყვა.

ვინაიდან სახალხო კრება ხალხის მონაწილეობას გულისხმობს, ამდენად იგი დემოკრატიის ნიშნების მქონეა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, თუ რა მიმართება შეიძლება არსებობდეს ქართველ მთიელთა ე.წ. დემოკრატიასა და ბერძნულ-რომაულ დემოკრატიას შორის. ამ შედარების საფუძველზე გვინდა წარმოვაჩინოთ დემოკრატიის პრინციპებიდან, ერთი შეხედვით, ესოდენ დაშორებულ საზოგადოებაში რა ფორმითა და რა დოზით იყო დაშვებული ხალხის მონაწილეობა საზოგადოების ცხოვრებაში.

ათენში მმართველობის უმაღლეს ორგანოდ სახალხო კრება მიიჩნეოდა, რომელიც შედგებოდა 20 ან ზოგიერთი წყაროს მიხედვით 30 წ-ს გადაცილებული ათენის სრულუფლებიანი მოქალაქეებისაგან. კრებაზე დასწრება შეეძლოთ, მაგრამ ხმის უფლება არ ჰქონდათ მოქალაქეობამიღებულ 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. თუმცა არისტოტელეს დროს, ამ სიაში 18 წლის ის მამაკაცი შეჰყავდათ, რომელიც ორწლიან სამხედრო სამსახურს გაივლიდა. ამით იღებდა ის მოქალაქეობის უფლებას. კრება არ ცნობდა მეტეკებს (ათენში მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს). ძნელია ათენის სახალხო კრების მონაწილეთა რიცხვის დადგენა, მეცნიერთა გამოთვლით, ეს რიცხვი 20-30 000 მოქალაქეს შორის მერყეობდა. სხვადასხვა მიზეზის გამო ცალკეული პიროვნებისთვის შესაძლოა სახალხო კრებაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმიათ. კრებიდან მისი გაძევების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ხაზინის ვალი, ამორიცხვა დემოსის რეესტრიდან, პროსტიტუცია, მშობლების უპატივცემულობა, მათ შენახვაზე უარის თქმა და სხვა.

რაც შეეხება საქართველოს მთიანეთს, სვანეთსა თუ ხევსურეთში, კრებაში მონაწილეთა ასაკი არ ყოფილა განსაზღვრული. როდესაც საქმე სათემო ყრილობას შეეხებოდა, კომლზე თითო მამაკაცი ვალდებული იყო, გამოცხადებულიყო კრებაზე, რაც არ უნდა პირადი საქმეები ჰქონოდა. ათენის სახალხო კრებისგან განსხვავებით, სადაც ქალებს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ეკრძალებოდათ, სვანეთში მათაც ჰქონდათ კრებაზე დასწრების უფლება. მეტიც, თუ ოჯახში ქალი ჯობდა სიბრძნით მამაკაცს, უპირატესობაც მას ენიჭებოდა. თუმცა ეს მხოლოდ სვან ქალებზე ვრცელდება, რადგან, როგორც ცნობილია, ხევსური ქალების მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და აქ რაიმე უფლებების მინიჭებაზე ზედმეტია საუბარი (მაგ., ხევსურ ქალს ეკრძალებოდა ცხენზე ჯდომა, ის, რაც არ უნდა მოხუცი ყოფილიყო, ფეხით მიჰყვებოდა ცხენზე ამხედრებულ მამაკაცს). მთარაჭაში ქალის მისვლა მამაკაცთა თავშეყრის ადგილას უხერხული იყო, თუმცა ზემო და ქვემო რაჭაში ასეთი ზღვარი არ არსებობდა და იქ ბავშვებიც კი დაიშვებოდნენ.

რომში სახალხო კრების, კომიციის რამდენიმე ტიპი არსებობდა: კურიის, ცენტურიისა და ტრიბის კრებები. კურიის კრება რომში სახალხო კრების უძველეს ფორმას წარმოადგენდა. არსებობდა 30 კურია, რომელიც სამასი გვარისაგან შედგებოდა. თითოეულ კურიას თითო ხმა ჰქონდა. ფაქტობრივად, საქართველოს მთიანეთის მსგავსად, კრებებზე მთელი რომაელი ხალხი იღებდა მონაწილეობას.

ცენტურიის კრება ეწოდებოდა სახალხო კრებას რომში იმ მოქალაქეებისა, რომლებსაც ჯარში სამსახურის უფლება ჰქონდათ. რომის მოსახლეობა დაიყო კლასებად ქონებრივი ცენზის მიხედვით. თითოეულ კლასს ჰქონდა ვალდებულება გამოეყვანა განსაზღვრული რაოდენობის ცენტურია - საჯარისო ასეული. სულ 193 ცენტურია იყო. კრებაზე პირველად ხმის მიცემის პრივილეგიით მხედრები და I კლასის ცენტურიები სარგებლობდნენ. ცენტურიის კომიციაზე დიდი წონა ჰქონდა ასაკით უფროსი მოქალაქეების ხმას.

მოგვიანებით იქმნება უკვე ტრიბის კრებები, თავისი დამოუკიდებელი არჩევნებითა და თანამდებობის პირებით, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველაზე დემოკრატიულ ორგანოს წარმოადგენდა. თავდაპირველად ტრიბა მხოლოდ პლებეების კრებას წარმოადგენდა, მაგრამ მოგვიანებით მისმა დადგენილებებმა საერთო კანონის სახე მიიღო და მასში პლებეებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ პატრიციებიც. მის ფუნქციებში შედიოდა ქალაქის მომარაგებისა და კეთილმოწყობის საკითხები, პლებეების მაგისტრატების - სახალხო ტრიბუნებისა და ედილების არჩევა, სასამართლო უფლებამოსილება სისხლის სამართლის კუთხით.

ათენის სახალხო კრება ტრადიციულად პნიქსის ბორცვის წვერზე, ღია ცის ქვეშ იმართებოდა. ამიტომ წვიმის, ჭექა-ქუხილის, მიწისძვრის, დაღამების შემთხვევაში ხდებოდა მისი გადადება მეორე დღისთვის. შეხვედრის დღეს სპეციალურად დანიშნული მოხელეები ბორცვის ასასვლელთან ჯებირებს დგამდნენ, რათა კრების წევრები გაემიჯნათ იმ მოქალაქეებისაგან, რომლებიც კრების საყურებლად იყვნენ შეკრებილნი. პროფ. რ. გორდეზიანის თქმით, „დღეს, თუკი ორატორთა ტრიბუნებს არ ჩავთვლით, აქ ძალზე ცოტა რამ მოგვაგონებს სახალხო კრების ჩასატარებელ არენას. სულ ცოტა 5000 მოქალაქე მაინც უნდა შეკრებილიყო, რომ კრების კვორუმი საკმარისად მიეჩნიათ. დღეს ძნელია იმის დაბეჯითებით თქმა, თუ სად და როგორ განლაგდებოდა ხოლმე კრების ათასობით მონაწილე.“ ცალკეულ შემთხვევებში სახალხო კრება დიონისეს ტაძარშიც იმართებოდა.

რომში კრების მოწვევის ადგილი მარსის ველი იყო. კომიციების ჩატარება მხოლოდ კომიციურ დღეებში ხდებოდა, რომლებსაც ქურუმები ადგენდნენ. წელიწადში დაახლოებით 190 ასეთი დღე იყო. ძვ. წ. 287 წ-დან კომიციები დღესასწაულებზეც იკრიბებოდა.

საქართველოს მთიანეთში კი სახალხო კრებისთვის ერთი კონკრეტული ადგილი არ არსებობდა. ხალხის შესაკრებად განკუთვნილი იყო სასოფლო მოედნები, რომელთაც რაჭაში სანახშოს უწოდებდნენ, თუშეთში - საანჯმნოს, ბეხვნეს, ხევსურეთში საფიხვნოს, ხევში - საერობოს, აჭარაში - ჯამიკარს, (დაღესტანში ჯამაათს, ოსეთში - ნიხასს. როგორც ჩანს, სასოფლო მოედნები სოფლის საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ელემენტს შეიცავდა ზოგადად კავკასიის მთიანეთში), სვანეთში კი - სვიფებს. მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად სვანეთს დანიშნული ჰქონდა სამი ადგილი: ლალვერი, ლალხორი და სიმონი.

როგორც წესი, თითქმის ყველა შეკრების ადგილი ნახევრად ღია ნაგებობას წარმოადგენდა და კრება ძირითადად შემაღლებულ გარემოში იმართებოდა, იქნებოდა ეს სოფლის ცენტრი (სვანეთი), დასაწყისი თუ სოფლის გარეთ (ფშავ-ხევსურეთი), სადაც სოფლის მოსახლეობა ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის მოსაგვარებლად იკრიბებოდა.

ათენში ძვ. წ. V ს-ში სახალხო კრებას იწვევდნენ პრიტანისები. თუ ხმის მიცემა რომელიმე საკითხზე კენჭისყრით (იხ. არჩევნები, კენჭისყრით) წარმოებდა, მაშინ პრიტანისები კენჭებს არიგებდნენ. შემდეგ უკვე მათივე რიგებიდან წილისყრით ირჩევდნენ კრების თავმჯდომარეს - ეპისტატესს, რომელიც ამ მოვალეობას მხოლოდ ერთი დღით ასრულებდა. ყოველ ახალ კრებაზე ახალი თავმჯდომარე ირჩეოდა. არისტოტელეს დროისთვის კრების მოწვევის და ჩატარების პროცედურა გართულდა. ბულეს თავმჯდომარე - ეპისტატესი თითოეული შეკრებისთვის 9 პროედროსს ნიშნავდა. ისინი ბულეს იმ წევრებიდან იყვნენ შერჩეულნი, რომელნიც იმ მომენტისთვის პრიტანისებად არ მსახურობდნენ. შემდგომ პროედროსებიდან ირჩეოდა სხდომის თავმჯდომარე - ეპისტატესი. პროედროსები წარმართავდნენ სხდომებს - წყვეტდნენ, როდის უნდა დაეყენებინათ ესა თუ ის საკითხი ხმის მისაცემად და როდის უნდა შეეწყვიტათ დისკუსია. სახალხო კრება ასევე ირჩევდა გრამატევსს, რომელსაც დოკუმენტები ხმამაღლა უნდა წაეკითხა.

საბერძნეთის მეორე მნიშვნელოვან ქალაქ-სახელმწიფოშიც არსებობდა სახალხო კრება - აპელა, რომლის უფლებამოსილება საკმაოდ შეზღუდული იყო. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენით იგი ათენის სახალხო კრებას ვერ შეედრებოდა. აპელა, სავარაუდოდ, ყოველთვიურად იყო მოწვეული და მას არქაულ ხანაში მეფე და გერუსია თავმჯდომარეობდნენ, კლასიკური პერიოდიდან კი - ეფოროსები. კრებაზე დასწრება შეეძლოთ 30 წლის მოქალაქეებს, მაგრამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება მხოლოდ თანამდებობის პირებს ჰქონდათ. რიგითი სპარტელები, კრების მუშაობაში მონაწილეობას არ იღებდნენ, მათ მხოლოდ ხმის მიცემა ევალებოდათ. აპელას ევალებოდა მიეღო ან უარეყო მის წინაშე წარმოდგენილი წინადადებები. თავის ნებას აპელა ხმაურიანი შეძახილებით გამოხატავდა.

რომის კურიის კომიციას პონტიფექს მაქსიმუსი ხელმძღვანელობდა, ცენტურიულ კომიციას - მაგისტრატი, რომელიც იმპერიუმს ფლობდა, ხოლო ტრიბის კრებას ერთ-ერთი პონტიფექსი იწვევდა.

რაც შეეხება სვანეთს, აქ მეცნიერები რამდენიმე ტიპის სახალხო კრებას აფიქსირებენ. ერთი კონკრეტული სოფლის ყრილობას უწოდებენ სოფლობას“, რომელსაც ხელმძღვანელობს „სოფლის მახვში“. ამ კრებაზე მხოლოდ იმ ერთი სოფლის საჭირბოროტო საკითხები წყდებოდა. თუმცა, რ. ხარაძის აზრით, სოფლის შიგნით არსებული საქმეების მოსაწესრიგებლად და ჩადენილი დანაშაულის გამოსააშკარავებლად სოფელი თავის ყრილობაზე საგანგებოდ ირჩევდა ხევისთავს სამი წლის ვადით. სოფელი ირჩევდა ერთს ან მეტ ხევისთავს იმის მიხედვით, თუ რა სიდიდის იყო სოფელი. საჭიროების შემთხვევაში ხევისთავები ერთად იკრიბებოდნენ და ირჩევდნენ ხუთი კაცისგან შემდგარ საბჭოს, რომელსაც მორუალ ეწოდებოდა. ეს საბჭოც ასევე სამი წლით ირჩეოდა.1 არსებობდა ასევე სათემო ყრილობა, რომელიც რამდენიმე სოფლის კავშირს შეადგენდა და მასაც ჰყავდა თავისი თემის მახვში. სათემო ყრილობის მიერ არჩეული მახვში საჭიროებისდა მიხედვით იწვევდა სათემო ყრილობას. მას წინასწარ ცალკე გაჰყავდა ჭკვიანი, გამოცდილი და პატიოსანი პირები, მათთან თათბირობდა ანუ „ვაზირობდა“, მათთან შეთანხმებით გამოჰქონდა თავისი დასკვნა ამა თუ იმ საკითხზე, რომელსაც შემდეგ ის გააცნობდა ყრილობას, რომელიც ან ადასტურებდა მის აზრს ან რაიმე ცვლილება შეჰქონდა ან არ ეთანხმებოდა და არღვევდა მას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჯერ კიდევ სტრაბონს აქვს ცნობა, რომ სვანეთს 300 კაცისგან შემდგარი საბჭო განაგებდა. ს. ჯანაშია და რ. ხარაძე მიიჩნევენ, რომ სტრაბონი გვაროვნულ საფეხურზე შექმნილ სახალხო საბჭოსა და სახალხო კრებას გულისხმობდა.2 შემდეგდროინდელ საბჭოში კი უკვე შედიოდნენ სოფლის თემების მიერ გარკვეული ვადით არჩეული წარმომადგენლები, რომელთაც ლგთიშ მარეს (ჩენილებს) უწოდებდნენ. ლგთიშ მარენი სახეო ყრილობას ხელმძღვანელობდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოდ ითვლებოდა. სამ წელიწადში ერთხელ მთელ ხევს ფიცი უნდა დაედო ხევის ერთგულებასა და არჩეული კაცების მიერ გადაწყვეტილების მიღების ნდობაზე. სახალხო სამართლის წარმოება, საოჯახო საქმეებისა თუ სხვა რაიმე საკითხების მოგვარება მათ უშუალო მოვალეობაში შედიოდა. ლგთიშ მარეთა შემადგენლობიდან გამოყოფილ მორუალს ანუ ბჭეებს უნდა გამოეტანათ სათანადო გადაწყვეტილება.

იენაშის მცხოვრები შავხან პირის ძე ფარჯიანის გადმოცემით, ხევის კრება სამ წელიწადში ერთხელ იკრიბებოდა. რამდენად სისტემატური ხასიათი ჰქონდა სინამდვილეში კრების მოწვევას, ამ საკითხზეც აზრთა სხვადასხვაობაა. თანამედროვე მეცნიერება თვლის, რომ კრება საჭიროების შემთხვევაში იკრიბებოდა და მისი წარმართვა ასაკოვან ან გამოცდილ და ჭკვიან პირს ევალებოდა, მათ შორის ქალსაც.

საქართველოს დანარჩენ რეგიონებში სახალხო კრება იმართებოდა საჭიროების შემთხვევაში, რომელსაც ხევისბერი ხელმძღვანელობდა (ფშავ-ხევსურეთი). შატილის ფეხონს (საფიხვნო - ადგილი) ერთი კონკრეტული ხელმძღვანელი არ ჰყოლია. ფეხონი წარმოადგენდა სრულწლოვან მამაკაცთა ყრილობას, სადაც სოფლის ყოველდღიური ცხოვრების საჭირბოროტო საკითხები ისმებოდა. გარდა სადავო და სათემო პრობლემების მოგვარებისა, საფიხვნოში ერთობლივი საზოგადოებრივი თუ საოჯახო საქმიანობაც ეწყობოდა (ტყავის დამუშავება, ქალამნის ამოსხმა, მუშის დაგრეხა, თოფის წამლის დამზადება და სხვ.). როცა სოფელს მტერი შემოსევით ემუქრებოდა, ან სოფელი თვითონ აპირებდა გალაშქრებას, საფიხვნოში იკრიბებოდნენ და თოფის წამალს კოლექტიურად ამზადებდნენ. გ. ჩაჩალაშვილის აზრით, „ფეხონის სახით შემონახული იყო „სამხედრო დემოკრატიის“ რიგის, ანუ კლასობრივ საზოგადოებაში გარდამავალი საფეხურის ერთ-ერთი კონკრეტული გადმონაშთი“.3

რაჭულ სოფლობას რაიმე ვადით არჩეული ხელმძღვანელი არ ჰყოლია. ყოველ შეკრებაზე ხალხი რომელიმე გონიერ კაცს მიანდობდა და ის ლაპარაკობდა ყველას სახელით. შეკრების შესახებ კი ხალხს ატყობინებდა სპეციალურად არჩეული ახალგაზრდა, რომელსაც „დამძახებელს“ უწოდებდნენ. სვანეთში კი ბუკითა და საყვირით ხდებოდა ხალხის მოგროვება. რომში მაგისტრატის ბრძანებით აუწყებდნენ ხალხს კომიციის შესახებ. შემდეგ ხალხი ცენზის მიხედვით იყოფოდა და უკვე მოწესრიგებულ ხალხს მაგისტრატი მიუძღვოდა მარსის ველზე.

ხევს ძველად უხუცესი კაცებისაგან შემდგარი საბჭო განაგებდა, რომელსაც თემისკაცები (ბჭეები) ხელმძღვანელობდნენ. ხევის საბჭო სათემო ხასიათის თვითმართველობის ნიშნებს შეიცავდა და გარკვეულწილად სუვერენიტეტით სარგებლობდა. გვაროვნული წყობილების დროს სათემო გაერთიანებას გვარის უხუცესთა საბჭო ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ ეს საბჭო ტერიტორიალური თემის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, რომლებიც ხალხის მიერ დადგენილი ნორმებით ამყარებდნენ თემის შიგნით წესრიგს. ბჭეები ხალხური სამართლის წარმოების დროს სანიმუშოდ ხშირად მიმართავდნენ ანდრეზებს.

თემური მმართველობის შესუსტებისას როგორც ხევის, ისე სვანური სათემო საბჭოც დაიშალა და შეწყდა სახალხო კრების მიერ თემისკაცების გარკვეული ვადით არჩევა. მიუხედავად ამგვარი ცვლილებებისა, მოხევეებისა და სვანების, ისევე როგორც ქართველი მთიელების ყოველდღიურ ცხოვრებაში საკითხები მაინც ხალხურ ზნე-ჩვეულებებზე დამყარებით წყდებოდა. ამიტომ თემს თავისი თავკაცები მაინც ჰყავდა, რომლებიც მუდმივად დაწესებული საბჭოს წევრებად აღარ ითვლებოდნენ, არამედ მხოლოდ საჭიროების დროს, თემისვე მოთხოვნით იკრიბებოდნენ. ფაქტობრივად, ხევის სახალხო მმართველობა, გარკვეული სუვერენიტეტით, ხელისუფლებას მხოლოდ ნაწილობრივ ემორჩილებოდა. მხოლოდ ხევის თემობას შეეძლო გამოეტანა გადაწყვეტილება მამა-პაპათაგან დარჩენილი რომელიმე წეს-ჩვეულების შეცვლის შესახებ.

ათენის სახალხო კრება ირჩევდა 500-თა საბჭოს - ბულეს, რომელიც მნიშვნელოვანი ორგანო იყო და უშუალოდ უკავშირდებოდა კრებას. ყველა დეკრეტს სახალხო კრება იღებდა. ცალკეულ შემთხვევებში მას შეეძლო ბულეს გარეშეც ემოქმედა. მაგრამ უმთავრესად, სახალხო კრება და ბულე ერთობლივად მოქმედებდნენ. სახალხო კრებას არ შეეძლო კენჭი ეყარა იმ საკითხებისთვის, რომლებიც პრიტანისებს არ ჰქონდათ დღის წესრიგში შეტანილი და, თავის მხრივ, არც პრიტანისებს შეეძლოთ ბულეს გარეშე წარმოედგინათ ესა თუ ის პრობლემა. ბულეს უნდა დაემტკიცებინა პრობულევმა - რეზოლუცია, შემდეგ კი იგი სახალხო კრებისთვის უნდა გაეგზავნა. სახალხო კრებაზე ეს რეზოლუცია ხდებოდა ფსეფისმა, რომლისთვისაც ხმა უნდა მიეცათ.

კრების მუშაობა წლის განმავლობაში დაყოფილი იყო 10 ციკლად - პრიტანეად. თითოეული პრიტანეა 36 დღისგან შედგებოდა, რომლის განმავლობაში კრება ოთხჯერ იყო მოწვეული. ოთხიდან ერთ კრებას უმაღლესი კრება (κυρία έκκλησία) ეწოდებოდა. ამ კრებაზე განიხილავდნენ არსებული მაგისტრატების თანამდებობაზე დამტკიცებას, საკვებით მომარაგებისა და თავდაცვით საკითხებს და ა.შ. კრება ირჩევდა ასევე ხაზინადრებს, ხომალდთა არქიტექტორებს, ზედამხედველებს, მსხვერპლშეწირვათა ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირებს. ამას გარდა, ცალკეული კრებები კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისთვის იყო განკუთვნილი. კრების როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აქ განიხილებოდა ომისა და მშვიდობის, ფინანსებისა თუ მართლმსაჯულების ნებისმიერი საკითხი. კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე სამხედრო თანამდებობების არჩევნებს ეხებოდა. თითოეულ მოქალაქეს შეეძლო აზრის გამოთქმა და კანონ-პროექტის შეტანა ან გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი დემოკრატიულ ტენდენციებს ეწინააღმდეგებოდა.

სახალხო კრება განსაზღვრავდა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას, ირჩევდა ელჩებს, განიხილავდა სხვა სახელმწიფოსთან ჩატარებულ მოლაპარაკებათა შედეგებს. აქვე მიიღებოდა ომის დაწყებისა თუ ზავის დადების გადაწყვეტილებები. კრება უფლებამოსილი იყო არაათენელისათვის მოქალაქეობა მიენიჭებინა, შეეძლო მოქალაქე გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინა. კრება განიხილავდა ასევე რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებს. მის ფუნქციებში ფინანსური სფეროც შედიოდა. მთავარ სასამართლო საქმეებს კი განიხილავდა ცალკე ორგანო - ჰელიაია (იხ. დიკასტერიონი).

რამდენად მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა სპარტელებისთვის აპელას, ძნელი სათქმელია. ისტორიკოსების აზრით, აპელა მხოლოდ ამტკიცებდა მეფისა და გერუსიის (უხუცესთა საბჭო) მიერ შეთავაზებულ დადგენილებებს. ეს დებულება გამყარებული იყო ე.წ. დიდი რეტრას არსებობით. თუმცა ისიც ცნობილია, რომ სახალხო კრებას შეეძლო გადაეწყვიტა ტახტის გადაცემასთან დაკავშირებული სადავო საკითხები, დაენიშნა სამხედრო მეთაურები, აერჩია ეფოროსები, სხვა მაგისტრატები და გერუსია; გადაეწყვიტა ზავის დადების, ომის დაწყებისა და სამოკავშირეო ხელშეკრულებათა გაფორმების საკითხები. აპელას თანხმობას ასევე საჭიროებდა კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა.

ცენტურიის კრება იღებდა ახალ კანონებს, ირჩევდა უმაღლეს მაგისტრატებს. წყვეტდა ომის საკითხებს და ანიჭებდა რომის მოქალაქეობას, განიხილავდა მოქალაქის სარჩელს მაგისტრატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (სიკვდილით დასჯის განაჩენი). თავიდან კენჭისყრა ზეპირად ტარდებოდა, მოგვიანებით შემოიღეს დაფები, რომლებზეც წერდნენ A ან C ასოებს (ვამტყუნებ - ვამართლებ). ტრიბის კრებების ფუნქციებში კი დაბალი რანგის მაგისტრატების არჩევა, სასამართლო დავებისა და რელიგიური საკითხების განხილვა შედიოდა. კურიის კრებები ირჩევდნენ მეფეებს, ანიჭებდნენ მათ იმპერიუმს, გამოჰქონდათ განაჩენი პროვოკაციის შემთხვევაში. კრებაზე განიხილებოდა ოჯახური ურთიერთობებიც: ანდერძის, შვილად აყვანის და ა.შ. ამდენად, ეს იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. სერვიუს ტულიუსის რეფორმებთან ერთად კურიის კრება ჩამოთვლილ ფუნქციათაგან ბევრს დაემშვიდობა და დარჩა: 1) უფლება განეხილა და გადაეწყვიტა ოჯახური ურთიერთობები; 2) იმპერიუმის მინიჭების უფლება; 3) ცენტურიის კრებებზე მიღებული დადგენილების დამტკიცება.

კომიცია განიხილავდა და ამტკიცებდა სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტს და გადაწყვეტილებებს. კომიციის დამტკიცების გარეშე კანონი ძალაში ვერ შევიდოდა. ასევე, სახალხო კრებასაც შეეძლო წარედგინა კანონპროექტი, რომელსაც სენატის თანხმობა სჭირდებოდა.

ქართულ სინამდვილეში კი სათემო ყრილობა ერთად წარმოადგენდა თემის ყოფა-ცხოვრებაში სრულუფლებიან საკანონმდებლო, იურიდიულ და პოლიტიკურ ორგანოს, რომელიც საბოლოოდ წყვეტდა საზოგადოების საქმეებს და თავისი მოქმედებების გამო ანგარიშს არავის აბარებდა.

ხევის ყრილობა წყვეტდა იმ საკითხებს, რომლებიც მთელ სვანეთს ეხებოდა, მაგ., მეზობლებთან ომის გამოცხადება, ლაშქრის მოწვევა, ლაშქრისთვის მთავარსარდლის დანიშვნა, ზავის პირობების განხილვა, მოსახლეების დაბეგვრა და ა.შ. ამ საერთო საბჭოს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. ეს საბჭოები არ ერეოდნენ სვანეთის შიდა მმართველობაში, ანუ თითოეული საზოგადოება თავად წყვეტდა თავის საქმეებს.

თემთა ყრილობის უფლებები განუსაზღვრელი იყო. მას შეეძლო აეყარა და გაეძევებინა კომლიდან მოსახლე, გაენადგურებინა, ქონება ჩამოერთმია ან სიკვდილითაც დაესაჯა თემის მოღალატე.

თემის ყრილობას გამოჰქონდა დადგენილებები შემდეგ საკითხებზე: როდესაც მეზობელ ტომებზე აპირებდნენ თავდასხმას, ან მეზობლებთან თუ სხვა თემებთან კავშირის დამყარება უნდოდათ. ასევე მის ფუნქციებში შედიოდა წორისა თუ სახსრის გადახდა. ასევე ისჯებოდა ის, ვინც ყრილობის ნების გარეშე უცხო ქვეყანაში წავიდოდა, რადგან შეიძლებდა იქიდან ავი სენი შემოეტანა.

ყრილობის დადგენილებით თემი იფარებდა სხვა თემიდან გამოქცეულ პირს და იცავდა მას მტრისგან.

მას უფლება ჰქონდა დაესაჯა ქურდები, ქრთამის ამღები და ა.შ. მის ფუნქციებში შედიოდა უწესობაში გამოვლენილი სამღვდელო პირის (ბაპის) თანამდებობიდან გადაყენება.

ხევში თემის კაცების ფუნქციებში შედიოდა სისხლ-მესისხლეთა შერიგება. აქ ასამართლებდნენ მომჩივრებს და ვერცერთი მოხევე ვერ ბედავდა წინააღმდეგობის გაწევას.

რაც შეეხება ფშავს, სახალხო ყრილობა აწესებდა უმაღლეს სასჯელს, დამნაშავის ჩაქოლვას ან თემიდან მოკვეთას. მაგრამ ჩვეულებრივი სადავო სამოქალაქო საკითხების გადასაწყვეტად ფშავხევსური სამედიატორი სასამართლოს და შუამავლების მეშვეობით არჩეულ პირებს მიმართავდა (იხ. ბჭე).

ქართველ მთიელთა სახალხო კრებებს ასევე მნიშვნელოვანი აღმზრდელობითი ფუნქცია ეკისრებოდა. კრებაზე დასწრება შეეძლოთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხმის უფლება არ ჰქონდათ. ეს მათთვის სკოლას წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც ისინი ეზიარებოდნენ ტრადიციებსა და ზნეობრივ ნორმებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოში სახალხო კრებები მათი ლეგიტიმურობის განსამტკიცებლად უმრავლეს შემთხვევაში ტარდებოდა ეკლესიის ეზოში ან რომელიმე საკულტო ადგილის მახლობლად.

როგორც წარმოდგენილი მასალიდან ჩანს, სახალხო კრებებს წარმმართველი როლი ეკისრებოდა საქართველოს მთის მოსახლეობის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მმართველობის დემოკრატიული პრინციპები მთელ საბერძნეთსა და რომში მოქმედებდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რომში დემოკრატიის როლი მაინც უფრო მცირე იყო, ვიდრე ძველ ათენში. ეს ალბათ იმით იყო გაპირობებული, რომ რომში, ფაქტობრივად, სამი სახალხო კრება არსებობდა, რაც მათ ფუნქციებს მეტ-ნაკლებად ამცირებდა. მმართველობის სადავეები მთელი რესპუბლიკის პერიოდში მაინც სენატს ეპყრა, რომელიც უძველესი უხუცესთა გვაროვნული საბჭოდან თანდათან უმაღლესი ოლიგარქიული მმართველობის ინსტრუმენტად გადაიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ასე მკვეთრად გამოხატული დემოკრატია არ არსებობდა, მთაში სახალხო კრებების ფუნქციონირებაში ვხედავთ მის აშკარა ნიშნებს. ამის მიზეზი კი ალბათ ის იყო, რომ მთის ხალხი, ბარის მოსახლეობისგან განსხვავებით, მეტი თავისუფლებით სარგებლობდა.

სათათბირო/საბჭო

სახელმწიფო მმართველობის ნებისმიერი ფორმის დროს, იქნებოდა ეს მონარქია თუ რესპუბლიკური წყობა, სათათბიროები გარკვეული ფუნქციების მატარებელი იყო. იმ განსხვავებით, რომ მონარქიის დროს სათათბირო მეფის დაქვემდებარებაში იყო, რესპუბლიკური წყობის დროს კი სახალხო კრებები და საბჭოები მმართველობის უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენდნენ.

შევეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ, თუ რა როლი ეკისრებოდა სათათბიროებს სახელმწიფო მმართველობისა თუ ხალხისთვის საბერძნეთში, რომსა და საქართველოში მონარქიიდან მოყოლებული დემოკრატიული წყობის ჩათვლით და რამდენად პასუხობდა ეს ორგანოები დემოკრატიულ პრინციპებს, გამოვკვეთოთ მათ შორის მსგავსება - განსხვავება.

საბერძნეთსა და რომში სახელმწიფო მართვის სტრუქტურა შედგებოდა სახალხო კრებისა და საბჭოსგან (გერუსია, არეოპაგი, ბულე და სენატი). საქართველოშიც კოლეგიალური ორგანოების არსებობა ოდითგანვე დასტურდება. მთაში მმართველობის მნიშვნელოვან ორგანოს სახალხო კრება/საბჭო წარმოადგენდა, ფეოდალურ საქართველოში კი სამეფო კართან არსებული სათათბირო, რომლის სათავეშიც იდგა მეფე.

როგორც აღვნიშნეთ, მონარქიის პერიოდში უკვე არსებობდა საბჭოები, როგორებიც იყო ათენში არეოპაგი, რომში სენატი, საქართველოში კი დარბაზობა, ვეზირობა. ეს კოლეგიალური ორგანოები ათენსა და რომში რესპუბლიკის პერიოდშიც აგრძელებენ არსებობას სახეცვლილი ფუნქციებით. მათ პარალელურად იქმნება სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტი, რომელთაც სახელმწიფო მართვაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ.

საბერძნეთში უძველესი დროიდან არესის ბორცვზე იკრიბებოდა საბჭო - არეოპაგი, რომლის სახელწოდებაც შეკრების ადგილიდან მომდინარეობს. მონარქიის პერიოდში არეოპაგის საბჭოს მეფე იწვევდა და თავად თავმჯდომარეობდა. მისი თავდაპირველი ფუნქცია მეფის მრჩევლობა იყო (ისევე, როგორც სენატისა). მონარქიის პერიოდში საბჭო მთლიანად ევპატრიდებისგან შედგებოდა, სოლონის შემდეგ კი მის შემადგენლობაში შედიოდა ყველა არქონი რწმუნებულობის ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, არეოპაგის საბჭო 200 ან 300 კაცითაც კი განისაზღვრებოდა.

არეოპაგის მსგავსად რომში მონარქიის დროსვე არსებობდა უხუცესთა საბჭო - სენატი. რომულუსის დროს მის შემადგენლობაში 100 ოჯახის უფროსი შედიოდა, შემდეგ მათი რიცხვი 200-მდე გაიზარდა, რესპუბლიკის პერიოდში საბჭო 300 კაცით განისაზღვრებოდა, იმპერიის პერიოდში კი მათი რიცხვი 1000/600-დან 200-მდე მერყეობდა. სენატორების ასარჩევად თავდაპირველად აქაც პატრიციული წარმომავლობა იყო საჭირო, მაგრამ სერვიუს ტულიუსის რეფორმის შემდეგ მათ ღირსეული პლებეებისგანაც ირჩევდნენ. სენატს, ისევე როგორც არეოპაგს, მეფე იწვევდა. მოგვიანებით სენატის მოწვევის უფლება გადავიდა კონსულებსა და კონსულის ტრიბუნებზე, ასევე სახალხო ტრიბუნებზე და მაგისტრატებზე.

დარბაზი მეფესთან არსებული ფეოდალების სათათბირო ორგანო იყო, რომელიც XI-XVIII სს-ის საქართველოში არსებობდა. მის სათავეში იდგა მეფე და თავად ხელმძღვანელობდა თათბირს. დარბაზის წევრები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ხელოსანნი, ე.ი. სახელმწიფო მოხელეები (მწიგნობარი, ეჯიბი, ამირეჯიბი, მეჭურჭლე, საჭურჭლის ნაცვალი და სხვა) და უხელონი, რომელთაც სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ. ვეზირები განსაკუთრებული უპირატესობით სარგებლობდნენ დარბაზობაში, მოგვიანებით, სავეზირო უპირისპირდება დარბაზობას. მეფე მათი დახმარებით ცდილობდა დარბაზის „ნახევარ-ხელმწიფეთა“ დამორჩილებას.

საქართველოში XII საუკუნეში სავეზირო, როგორც მმართველობის ორგანო, არ არსებობდა. მის ფუნქციებს, როგორც აღვნიშნეთ, „დარბაზის რიგის“ მაღალი თანამდებობის პირები ასრულებენ მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელის მეთაურობით. დავით აღმაშენებლის დროს კი იქმნება შედარებით მწყობრი და დახვეწილი აპარატი, რომელიც XIII ს-ში სავეზიროს სახით ჩამოყალიბდა. სავეზიროს წარმოშობამდე ვეზირი პირადად მოახსენებდა მეფეს საგანმგებლო უწყებაში არსებული მდგომარეობის შესახებ. ვეზირთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაჩნდა მოთხოვნილება აზრთა შეთანხმებული მუშაობისა და ერთიანი პოლიტიკის გატარებისა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სავეზირო, რომელიც უზრუნველყოფდა მეფისთვის ვეზირთა მხრივ კოლექტიურ მოხსენებას და მეფის უმაღლესი განკარგულების თანახმად ვეზირთა მხრიდან ქვეყნის შეთანხმებულ მართვას.

საქართველოში დარბაზის შემადგენლობაში შედიოდნენ მაღალი კლასის წარმომადგენლები (ფეოდალები) და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას მეფე იღებდა, თავად სათათბიროების არსებობა უკვე არის დემოკრატიულობის ნიშანი, რადგან იგი საკითხების განხილვაში მრავალთა მონაწილეობას ეფუძნება. როგორც ვხედავთ, საწყის ეტაპზე საბერძნეთსა და რომშიც ძირითადად სათათბიროები ზედა ფენებით არიან წარმოდგენილნი, მაგრამ მათი პრინციპები ბევრად უფრო დემოკრატიული იყო, რადგან მათში გარკვეულწილად პლებეებიც - დაბალი ფენის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

მონარქიის დაქვეითებასთან ერთად იზრდება როგორც არეოპაგის საბჭოს, ასევე სენატის გავლენაც.

ათენელი პოლიტიკოსი და კანონმდებელი სოლონი (ძვ. წ. VII-VI სს.) ქმნის ოთხასთა საბჭოს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 100 კაცი თითო ფილედან. თუმცა, არსებობს, ვარაუდი, რომ ოთხასთა საბჭო სოლონამდეც ფუნქციონირებდა. სოლონმა ასევე შეინარჩუნა არეოპაგი, რომლის ფუნქციებში შედიოდა: 1) საბჭოსა და სახალხო კრების ყველა დადგენილების მიმართ ვეტოს უფლება; 2) უმაღლესი სასამართლოს უფლებები და 3) მოქალაქეთა ზნეობის მეთვალყურეობის უფლება. ოთხასთა საბჭო ამზადებდა სახალხო კრების გადაწყვეტილებებს და, ფაქტობრივად, არეოპაგთან ერთად აკონტროლებდა მას. ოლიგარქიულ რეჟიმთა დროს ბულეს ზოგჯერ შეეძლო სახალხო კრებისგან დამოუკიდებლად ემოქმედა.

არეოპაგის ეს როლი გრძელდებოდა ძვ. წ. 462 წ-დე.

ეფიალტესის რეფორმების შემდეგ არეოპაგმა დაკარგა პოლიტიკური მნიშვნელობა. მისი პრივილეგიები გადაეცა ძვ. წ. 507 წ-ს კლისთენესის რეფორმით შექმნილ 500-თა საბჭოს ანუ ბულეს, ნაწილობრივ სახალხო კრებასა და სასამართლოებს. მას ჩამოერთვა კანონების დამცველის ფუნქცია და იგი სახალხო კრებამ ბულეს მიანიჭა. არეოპაგი კი გადაიქცა სასამართლოდ, რომელშიც სისხლის სამართლის საქმეთა გარკვეული ნაწილი - უმთავრესად მკვლელობის ან მკრეხელობისა და სხეულის დაზიანების საქმეები განიხილებოდა. შეიზღუდა მისი იურისდიქციაც.

ოთხასთა საბჭოს (ბულეს) წევრებს ოლიგარქთა მმართველობისას, სავარაუდოდ, ხმის მიცემით ირჩევდნენ ან მათ ეს თანამდებობა მემკვიდრეობით ჰქონდათ. ბულეს წევრებად ისინი ან რამდენიმე წლის მანძილზე ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მსახურობდნენ. უკვე დემოკრატიული რეჟიმის პირობებში კი ბულეს წევრი მოქალაქე კენჭისყრითი არჩევნების შედეგად ხდებოდა და მათი სამსახურეობრივი ვადა ერთი წლით შემოიფარგლებოდა, მეორე ვადით მსახურება მხოლოდ გარკვეული შუალედის შემდგომ იყო შესაძლებელი. რომის სენატში შემავალი ყოფილი მაგისტრატები სიცოცხლის ბოლომდე აღასრულებდნენ ამ მოვალეობას.

კლისთენესის დროს ოთხასთა საბჭოს ცვლის ხუთასთა საბჭო, რომლის შემადგენლობში შედიოდა 50 წევრი თითო ფილედან (10X50). სათათბიროს წევრი შეიძლება გამხდარიყო 30 წ-ს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე (მათ შორის, თეტების ფენიდანაც).

რომის სენატში მონაწილეთა ასაკიც განსაზღვრული იყო. სენატორს უნდა ჰქონოდა განსაზღვრული ქონებრივი ცენზი და უნდა ყოფილიყო უფროსი ასაკის, 46 წ-ს ზემოთ, თუმცა ძვ. წ. II ს-ში სულამ სენატორთა ასაკი 30 წ-დე (ან 27) ჩამოწია. არ გვაქვს ინფორმაცია, იყო თუ არა დადგენილი საქართველოში კრების/საბჭოს წევრთა ასაკობრივი ზღვარი.

სპარტაშიც არსებობდა უხუცესთა საბჭო - გერუსია. იგი გერონისა და 2 მეფისაგან შედგებოდა. გერონები 60 წ-ს გადაცილებული მამაკაცები იყვნენ, რომელთაც მოხუცებულობის გამო სამხედრო სამსახური აღარ შეეძლოთ. ისინი არისტოკრატული ოჯახების შეზღუდული წრიდან იყვნენ წარმოდგენილნი. ეფოროსების მსგავსად, მათაც ხმის მიცემით (შეძახილებით) ირჩევდნენ. ძვ. წ. V ს-ში გერონებს თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე ეკავათ.

განსხვავებული იყო ყველგან საბჭოს შეკრების დღეები. ათენში ბულე, გარკვეული დღესასწაულების გარდა, ყოველდღიურად იკრიბებოდა. რომის სენატის სხდომებისთვის კი ირჩევდნენ შემდეგ დღეებს: კალენდებს, ნონებს, იდებსა და სადღესასწაულო დღეებს. სხდომა მსხვერპლშეწირვითა და მისნობით იწყებოდა. მსხვერპლშეწირვა სავალდებულო რიტუალი იყო ათენში არეოპაგის საბჭოს სხდომის დასაწყებად და ასევე სახალხო კრების წინაც. ამასთან, ფიცსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა სენატის, არეოპაგისა და სახალხო კრების შემთხვევაში. ფიცს დებდნენ იმის დასტურად, რომ სხდომას შეცდომაში არ შეიყვანდნენ და სიმართლეს იტყოდნენ. მსგავს ტრადიციებს ვხვდებით საქართველოს მთიანეთში სვანების მიერ მართლმსაჯულების აღსრულების დროს.

სენატის სხდომებისთვის განკუთვნილი იყო ტაძრები, ათენში კი ბულე იკრიბებოდა წინასწარ განსაზღვრულ ბულევტერიონებში, რომლებიც ძირითადად ბაზრის მოედნებზე მდებარეობდა.

ვინაიდან სენატის სხდომები ყოველდღიურად არ იმართებოდა, მას შიკრიკების მეშვეობით ან განცხადებებით იწვევდნენ. მოწვევის ასეთი ფორმა არც საქართველოს მთიანეთისთვის ყოფილა უცხო. რაჭაში შეკრების (სახალხო კრების) შესახებ ხალხს ატყობინებდა სპეციალურად არჩეული ახალგაზრდა, რომელსაც „დამძახებელს“ უწოდებდნენ. სვანეთში კი ბუკითა და საყვირით ხდებოდა ხალხის მოგროვება. ბარში კი დარბაზობის გამართვის ბრძანებას თავად მეფე გასცემდა.

მონარქიის გადავარდნის შემდეგ ათენში საბჭოს საქმიანობას მეფის ნაცვლად წარმართავდა პრიტანისებისგან შემდგარი 50 კაციანი კომიტეტი, რომელსაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი წევრებისგან შემდგარი კომიტეტი ცვლიდა (წლის საქმიანობა 10 ციკლად - პრიტანეად იწოდებოდა. ერთი კომიტეტი ბულეს საქმიანობას წლის 1/10-ის მანძილზე უძღვებოდა). ძვ. წ. V ს-ში პრიტანისები ყოველდღიურად ირჩევდნენ თავიანთი რიგებიდან თავმჯდომარეს - ეპისტატესს, რომელიც სახალხო კრებასაც თავმჯდომარეობდა, თუკი სახალხო კრება იმ დღეს იყო მოწვეული. შემდგომ ხანებში თავმჯდომარეს პროედროსებიდან ირჩევდნენ.

სენატორები იყოფოდნენ 10 კაციან ჯგუფებად, ამ დაჯგუფების მეთაური იყო პირველი სენატორი - princeps senatus (შდრ. პირველი ვეზირი). თუ არცერთი კონსული არ იყო რომში, მაშინ უზენაესი მაგისტრატი ასრულებდა მათ ფუნქციებს. მხოლოდ პირველ სენატორებს ჰქონდათ სენატში სიტყვის წარმოთქმის უფლება. ამასთან, მკაცრად იყო განსაზღვრული, თუ ვის და როდის უნდა ესაუბრა. პატრიციელი სენატორები ყოველთვის უფრო ადრე საუბრობდნენ, ვიდრე პლებეები და თან მათი ხმაც უფრო მნიშვნელოვანი იყო კენჭისყრისას. როგორც ვხედავთ, წარმომავლობას მაინც ეძლეოდა უპირატესობა, რაც ბუნებრივია ამ ეპოქისთვის.

თუ როგორ წარიმართებოდა ქართული დარბაზობა, ამას მეფე განსაზღვრავდა და საბჭოსაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავადვე ხელმძღვანელობდა. იერარქია აქაც დაცული იყო. დარბაზის წევრთა ადგილების განლაგება მკაცრად იყო განსაზღვრული, თუმცა ეპოქების მიხედვით იცვლებოდა კიდეც. ბაგრატ IV-ის დროს დარბაზის წევრები მეფის პირდაპირ სხდებოდნენ, ხოლო თამარ მეფის დროს მოხელეები მეფის ორივე მხრიდან დაუსვამთ. რაც უფრო საპატიო იყო დარბაზის წევრი, მით უფრო ახლოს იჯდა ის მეფესთან. სკამებიც განსხვავებული იყო. ყველაზე საპატიო პირებს - ვეზირებსა და ერისთავთერისთავებს ჰქონდათ ოქროჭედილი სელები, რომლებზეც გადაფენილი იყო ნატი (ხალიჩა) და ბალიში, ნაკლებად საპატიო წევრებს მხოლოდ ნატი, უბალიშოდ, ხოლო უფრო დაბალი რანგის პირების სკამები უნატო და უბალიშო იყო. დარბაზობის მონაწილეთა ნაწილი ფეხზე იდგა. ისინი დარბაზის წევრები არ იყვნენ, არამედ დარბაზობის საჭირო წესრიგის, ცერემონიალის დამცველი ან საქმის წარმოებისათვის აუცილებელი მოხელეები იყვნენ. დარბაზის ყოველი წევრის დაწინაურებას მისთვის კუთვნილი დასაჯდომი ადგილის შეცვლაც მოსდევდა.

ხელმწიფის კარის გარიგების მიხედვით, სავეზიროს სხდომა მტკიცედ რეგლამენტირებული იყო. როცა სავეზიროს მეფე ესწრებოდა, მაშინ სხდომა მას მიჰყავდა, ჩვეულებრივ, კი მისი თავმჯდომარე ვეზირთა უპირველესი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო (შდრ. პირველი სენატორი), რომელსაც ყველანაირ საქმეზე მიუწვდებოდა ხელი, მათ შორის სამხედრო, საფინანსო და საეკლესიო საქმეებზეც.

მართვის ოპერატიულობისთვის ცალკე იყო გამოყოფილი „სამთა ვაზირთა ჯგუფი“ (ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი). „სამთა ვაზირთა“ ჯგუფი მეტი გავლენით სარგებლობდა და როგორც ჩანს, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური, სამხედრო და საშინაო საქმეების განხილვა ამ ვიწრო წრეში ხდებოდა. შედარებით გვიან უნდა იყოს შექმნილი „ორთა ვაზირთა“ ჯგუფი, რომელიც ძირითადად ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ზრუნავდა.

სენატის სხდომას ხსნიდა მთავარი დამსწრე (კონსული, პრეტორი, ტრიბუნი), რომელიც შეკრებილებს საქმის არსს გააცნობდა. ამის შემდეგ ხმის უფლების მქონეთ მკაცრი თანმიმდევრობით იძახებდნენ. ქართული დარბაზობის დროს ამ ფუნქციას (სხდომის გამოცხადების) მსახურთუხუცესი ითავსებდა. მას შემდეგ, რაც სხდომას გახსნიდა სიტყვით „ბრძანეთ“, პირველი სიტყვა მწიგნობართუხუცესს გადაეცემოდა.

სენატისა და ბულეს შეკრებებს საჯარო ხასიათი ჰქონდა. დარბაზობა კი სასახლეში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მხოლოდ მცირე დარბაზობა, საზეიმო სხდომა იმართებოდა საჯაროდ. ასეთ დარბაზობაზე ისეთი საქმეები ირჩეოდა, რომელთა შესახებ საჯაროდ მსჯელობა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, სახიფათო არ იქნებოდა.

ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, ძნელია დემოკრატიულობაზე საუბარი. ვეზირთა ასეთი ვიწრო წრე თავისთავად გამორიცხავს სხვათა მონაწილეობას თათბირის პროცესში. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის გარდა, ვეზირთა ლიმიტირებული რაოდენობა მეფის ხელისუფლების გაძლიერება-განმტკიცებითაც იყო გაპირობებული.

ბულეს კომპეტენციის სფეროში სათათბირო, ადმინისტრაციული და სამოსამართლო ფუნქციები შედიოდა. სახალხო კრებაზე გამოსატანი ნებისმიერი საკითხი წინასწარ ბულეში უნდა განხილულიყო, რასაც წინასწარი დადგენილების - პრობულევმას შედგენა მოსდევდა. მხოლოდ სახალხო კრებაზე განხილვის შემდეგ ხდებოდა პრობულევმა ფსეფისმა ანუ დადგენილება.

რომში სახალხო კრებისა და სენატის ფუნქციებიც გადაჯაჭვული იყო ერთმანეთთან. სენატის ფუნქციებში საკანონმდებლო პროექტების შემუშავებაც შედიოდა. ამ პროექტების განხილვა და დამტკიცება სახალხო კრებას ევალებოდა. თუ სახალხო კრება არ მოიწონებდა კანონპროქტს, იგი კანონად ვერ იქცეოდა. სახალხო კრებასაც შეეძლო კანონპროექტის წარდგენა, მაგრამ სენატის მოწონების გარეშე ვერც ეს იქცეოდა კანონად. როგორც ათენსა და რომში, ასევე ფეოდალურ საქართველოშიც დარბაზის ანუ სათათბიროს როლი სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი იყო. მაგ., დავით აღმაშენებლის დროს დარბაზი მეფეს ემორჩილებოდა, გიორგი II-ის დროს კი მეფე იყო მისი მორჩილი.

სავეზიროში უკვე წინასწარ განიხილავდნენ იმ საკითხებს, რომლებიც სხვადასხვა უწყებას ეხებოდა და შეიმუშავებდნენ ერთიანი პოლიტიკის ხაზს. ამ მხრივ სწორედ სავეზირო უახლოვდება იმ სისტემას, რომლის თანახმადაც სახალხო კრებები და საბჭოები შეთანხმებულად მოქმედებდნენ ათენსა და რომში.

ბულეს ფუნქციებში ასევე შედიოდა მაგისტრატთა სხვადასხვა კოლეგიის საქმიანობის ზედამხედველობა, სახალხო კრებაზე უცხოელი სტუმრების მიღება, ხელშეკრულებათა მონახაზების გაკეთება, ფლოტის მეთვალყურეობა. ფინანსური მოვალეობებიც მას ეკისრებოდა, იქნებოდა ეს გადასახადები, სესხის აღება და დაბრუნება, თანხის გაცემა და ა.შ. საბჭო თვალყურს ადევნებდა საზოგადოებრივი შენობებისა და საკურთხევლის აგებას, საჯარო დღესასწაულების ჩატარებას და 30 ა.შ. ბულეს სამოსამართლო კომპეტენციებში შედიოდა დოკიმასიათა სხვადასხვა სახეობა. არეოპაგისაგან ბულეს გადაეცა უფლებამოსილება, გამოეძია თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებანი. მას ხელეწიფებოდა დამნაშავისთვის დაეკისრებინა 500 დრაქმის ჯარიმის გადახდის ვალდებულება. უფრო მკაცრი სასჯელის შემთხვევაში მას საქმე განსახილველად სახალხო კრების ან დიკასტერიონებისთვის უნდა გადაეცა.

სენატშიც რელიგიური და ფინანსური საკითხები წყდებოდა, განიხილებოდა თანამდებობის პირთა საქმიანობა. მას ეხებოდა საგარეო საქმეების წარმოება, ომისა თუ სხვა ქალაქების პოლიტიკის გატარების საკითხები. სენატის სამოსამართლო ძალაუფლება გამოიხატებოდა თანამდებობის პირთა, მოკავშირეეებისა თუ უცხოელების, რომის მოქალაქეების დასჯაში. როგორც აღვნიშნეთ, საკანონმდებლო საკითხებს დამოუკიდებლად, სახალხო კრების გარეშე ვერ წყვეტდნენ.

სპარტის გერუსიას როგორც სათათბირო, ასევე სამოსამართლო ფუნქციები ჰქონდა. ის განიხილავდა სახალხო პოლიტიკის საკითხებს და ამზადებდა აპელასთვის წინადადებებს. გერუსია ისმენდა სიკვდილთან, გაძევებასათან და ატიმიასთან დაკავშირებულ საქმეებს. მას ჰქონდა მეფეების განსჯის უფლებაც.

ფეოდალურ საქართველოში დარბაზი იკრიბებოდა როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილვევლად და გადასაწყვეტად, ასევე სადღესასწაულო ზეიმისთვისაც. ფაქტობრივად, დარბაზი განიხილავდა ყველა იმ საკითხს, რომელთა განხილვაც ათენსა და რომში საბჭოსა და სახალხო კრებებზე, ან გარკვეულ ორგანოებზე ნაწილდებოდა. დარბაზობისას განიხილებოდა: კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოცხადების, დაზავების, დიდ ხელისუფალთა არჩევისა თუ დანიშვნის, შემდგომ მათი დალოცვა-ხელდასხმის საკითხები, აგრეთვე, ლაშქრის შინ დაბრუნებისა და დესპანის გაგზავნის თემები. თამარის დროს ყოველ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას დარბაზის თათბირი და ბჭობა უძღოდა წინ.

ფუნქციების გადანაწილებას იწყებს დავით აღმაშენებელი, როდესაც ქმნის ცალკე სასამართლო ორგანოს - სააჯო კარს (შდრ. ჰელიაია; დიკასტერიონი), სადაც სამართალწარმოება მიმდინარეობდა. თუმცა გარკვეული სასამართლო საკითხების განხილვა დარბაზის უფლებამოსილებაში კვლავ შედიოდა.

რაც შეეხება საქართველოს მთიანეთს, საბჭო და სახალხო კრება იმდენად არის ორგანულად დაკავშირებული ერთმანეთთან, ფაქტობრივად, ერთ ცნებად მოიაზრება. ნებისმიერი საშინაო თუ საგარეო პრობლემა მთაში სახალხო კრებაზე წყდებოდა. ეს ორგანოები უფრო მეტად დამოუკიდებელი იყო და მეფეს ნაკლებად ემორჩილებოდა.

სახელმწიფოს მართვაში სავეზირო საუწყებო სისტემის შემოღებას ნიშნავდა და დარბაზის საწინააღმდეგოდ ხელს უწყობდა მეფის ხელისუფლების გაძლიერებას და მმართველობის ცენტრალიზაციას. ამ მხრივ, დარბაზობასთან შედარებით, იგი პროგრესული დაწესებულება იყო.

რომში იქმნება დროებითი სამთავრობო კოლეგია - დეცემვირი, რომელიც 10 კაცისაგან შემდგარ კოლეგიას წარმოადგენდა. დეცემვირების არჩევა რომში კანონების შექმნის მიზნით მოხდა. კოლეგიები ფუნქციების მიხედვით ნაწილდებოდა:

1) დეცემვირები, რომელთა მოვალეობა საჯარო მიწების ხალხისთვის განაწილება იყო; 2) დეცემვირები (decemviri legibus scribendis), რომელსაც კანონმდებლობა უნდა შეექმნა. ეს იყო საუკეთესო საშუალება, რომ პლებეები და პატრიციები გათანაბრებულიყვნენ. ამ დროს ყველა სხვა სამთავრობო თანამდებობა დროებით წყვეტს არსებობას. ამ დროს იქმნება XII დაფის კანონი; 3) უძველესი სასამართლო კოლეგია, რომელიც მოქალაქის უფლებებს განიხილავდა. აქ პლებეების უფლებებიც დაცული იყო, მათ დეცემვირთა სასამართლოს თავმჯდომარედაც ნიშნავდნენ; ამ სასამართლომ რესპუბლიკის დასასრულამდე იარსება. 4) დეცემვირები, რომლებიც რელიგიურ საკითხებს განიხილავდნენ.

არსებობდა ასევე სახალხო ტრიბუნის ინსტიტუტი, რომელიც ძვ. წ. 494 წ-ს შემოიღეს. ტრიბუნის ფუნქცია პლებეების დაცვაში მდგომარეობდა. ტრიბუნებს ირჩევდნენ ყოველწლიურად. თავდაპირველად ირჩევდნენ ორ ან ხუთ ტრიბუნს, ძვ. წ. 457 წ-დან კი მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ერთი და იგივე პირი ორჯერ არ უნდა არჩეულიყო. მათ უფლება ჰქონდათ ჩარეულიყვნენ როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებში, ყველა ადმინისტრაციული ღონისძიების მოწყობა და თანამდებობის პირების არჩევის საკითხსაც ისინი წყვეტდნენ. თავდაპირველად სენატთან მიმართებაში ტრიბუნები არანაირი უფლებით არ სარგებლობდნენ, თუმცა მოგვიანებით სენატში დასწრების უფლებაც მოიპოვეს. მეტიც, მათ მიიღეს ტრიბათა კრების მოწვევის უფლება. შეეძლოთ დაენიშნათ ჯარიმა დაუმორჩილებლობისთვის ან დაეპატიმრებინათ კიდეც, მიიღეს აუსპიციების ჩატარების უფლებაც. ძვ. წ. 421 წ-მდე ტრიბუნატი პლებეებისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი დაწესებულება იყო. გვიანი რესპუბლიკის ეპოქაში კი პატრიციებმაც დაიწყეს კენჭისყრა ამ თანამდებობაზე.

XII ს-ში საქართველოში მეჭურჭლეთუხუცესი ყუთლუ არსლანი, რომელიც გამდიდრებული უაზნო იყო, მოითხოვდა სამეფო კარის გვერდით ახალი დაწესებულების - კარავის შექმნას, რომელიც სამეფო ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელი ორგანო იქნებოდა. კარავის დადგმა მან ისნის ველზე, სასახლის მახლობლად მოითხოვა. ამით იგი უპირისპირდებოდა სამეფო კარს. კარავის შემადგენლობაში მსხვილ ფეოდალებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ ქალაქის ზედა ფენის წარმომადგენლები. კარავი ხელში იღებდა სახელმწიფო მმართველობის სადავეებს, მას უნდა განეგო ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხები, მათ შორის სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობის პირთა წყალობა, დამნაშავე თანამდებობის პირთა დასჯა, ე.ი. უზენაესი მართლმსაჯულების აღსრულება. მეფეს „კარავის“ მუშაობაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო, საქმეების გარჩევაში არ უნდა ჩარეულიყო. ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური პროგრამის მიხედვით, მას მხოლოდ უკვე დადგენილ საკითხებს აცნობებდნენ, მას კი სისრულეში უნდა მოეყვანა „კარავის“ გადაწყვეტილება. ყუთლუარსლანის გეგმა ვერ განხორციელდა. თუმცა დარბაზის ფუქციები საკმაოდ გაიზარდა.

როგორც ვხედავთ, XII საუკუნეში საქართველოში ჩნდება პარლამენტის მსგავსი ორგანოს შექმნის იდეა, რომელიც დემოკრატიული მმართველობის გარკვეულ სახეს წარმოადგენს. იგი ვერ განხორციელდა, რადგან მკვეთრად უპირისპირდებოდა სამეფო ხელისუფლებას და მის უფლებების შეკვეცას მიზნად ისახავდა. მაგრამ საყურადღებოა, რომ ყუთლუ-არსლანისა და მისი დასის მიერ შემუშავებული კარავის სტრუქტურა და პრინციპები ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა. მას საფუძვლად უნდა დასდებოდა ჯერ კიდევ XI საუკუნეში თბილისში ვაჭრებისაგან შემდგარი თბილელი ბერების თვითმმართველობის ორგანო.

დარბაზისა და სავეზიროსგან განსხვავებით, რომლებიც მონარქების პერიოდში ფუნქციონირებენ, XI საუკუნეში დროებით ჩნდება თბილისის საქალაქო თვითმმართველობა, რომლის შემადგენლობაში ქალაქის უხუცესები შედიოდნენ და რომლებიც თბილელი ბერების სახელით არიან ცნობილნი. თბილისის ბერებს მოქალაქეთა ზედა ფენებიდან ირჩევდნენ. ისინი განსაკუთრებით ამირას ხელისუფლების დასუსტების შემდეგ გაძლიერდნენ. სწორედ უხუცესთა 12 კაციან საბჭოს ებარა ქალაქის კლიტენი, თბილისის მცველთა რაზმის მეთაურობა, სამართალწარმოება, მოსახლეობის სურსათ-სანოვაგით მომარაგება, ხოლო ამირა ჯაფარ ალისძის გარდაცვალების შემდეგ ქალაქის მფარველად ბაგრატ IV მიიწვიეს, რომელიც 1051 წ-ს იძულებული გახდა თბილისი დაეტოვებინა, რის შემდეგაც ბერები 10-12 წლის მანძილზე მართავდნენ ქალაქს. ამ პერიოდიდან თბილისი დამოუკიდებელი ქალაქი იყო და მას 12 კაციანი საბჭო განაგებდა, რომლის წევრებიც თითო თვით, რიგრიგობით მართავდნენ ქალაქს.

როდესაც ერთმანეთს ვადარებთ საბერძნეთისა და რომის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველოში არსებულ სათათბიროებს სამეფო ხელისუფლების არსებობის პერიოდში, დემოკრატიაზე საუბარი მაინც პირობითია. აქ უმთავრესად საქმე გვაქვს დემოკრატიის ნიშნებთან და ფეოდალურ-მონარქიულ სისტემაში ამაზე მეტ დემოკრატიულობას არც უნდა მოველოდეთ, მაგრამ ამ დროის საქართველოში ასეთი რაოდენობით დემოკრატიული ნიშნების არსებობა მნიშვნელოვანი მოვლენაა (მთის რეგიონზე აქ არ შევჩერდებით, იხ. სახალხო კრება). ეს იმის დამადასტურებელია, რომ მმართველობის ყოველი ფორმა, თვით ერთპიროვნულიც, მხოლოდ მაშინ არის სიცოცხლისუნარიანი, თუკი იგი რაღაც ოდენობით მაინც ითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნებსა და ინტერესებს.

_______________

1. ხარაძე რ., სახალხო მმართველობის სისტემა სვანეთში, მსე VI, თბ., 1953.

2. ჯანაშია ს., საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე, თბ., 1937, გვ.14. 24

3. ჩაჩალაშვილი გ., ხალხური მმართველობის ისტორიიდან ხევსურეთში. მასალები საქართველოს ეთნოგრაფიიდან, VII, თბ., 1955. 25

4 2. ეკონომიკა / ეკონომიკური სტრუქტურები და ინსტიტუციები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური სტრუქტურები უძველესი ცივილიზაციების განვითარებასთან ერთად ყალიბდებოდა. დიდი ხნით ადრე, ვიდრე ქალაქ-სახელმწიფოები წარმოიქმნებოდა, ცალკეულ მოსახლესა თუ ქალაქებს შორის წარმოებდა სავაჭრო გაცვლა, რაც ხელს უწყობდა სავაჭრო ურთიერთობების და შესაბამისად, ეკონომიკური ინსტიტუციების ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ბერძნებსა და რომაელებს არ ჰქონდათ ენაში თანამედროვე ტერმინის - ეკონომიკის ეკვივალენტი, მათ მაინც შეძლეს განევითარებინათ ის საქმიანობა და მიმართულებები, რომლებიც დღეს შეიძლება ამ სტრუქტურის შემადგენელ უმთავრეს ნაწილებად მოვიაზროთ. მასში ვგულისხმობთ მიწის მესაკუთრეობას, სოფლის მეურნეობას, სავაჭრო ურთიერთობებს, სახელმწიფო ხაზინას, გადასახადებს, შემოსავლებს, ანაზღაურებას, ბანკებს, მევახშეობას, საგარეო და საშინაო ბაზარს და ა.შ. სწორედ ამ საქმიანობათა საფუძველზე ძველ ბერძნულ ენასა და ლათინურში დამკვიდრდა სპეციალური ტერმინოლოგია, რომელიც მაშინდელი ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ეპოქების მიხედვით იხვეწებოდა.

ეკონომიკის წარმოშობისა და კანონზომიერების შესახებ პირველად კვლევა არისტოტელემ დაიწყო, რომელსაც ზოგჯერ პირველ ეკონომისტსაც კი უწოდებენ. არისტოტელემ დააყენა საკითხი, რომელიც მთავარ პრობლემად რჩებოდა ასწლეულების განმავლობაში - რა კრიტერიუმით ისაზღვრებოდა საქონლის გაცვლის პროპორციები და რა ქმნიდა საქონლის ღირებულებას? არისტოტელემ ჩაატარა კაპიტალის ანალიზი, რომელიც სავაჭრო და ფინანსურ კაპიტალად დაყო. იგი ცდილობდა, გაერკვია „ჭეშმარიტი ღირებულების“ საკითხი. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ და ეთიკურ საკითხებს არისტოტელე ცალ-ცალკე არ განიხილავდა ძველი რომაელი მოაზროვნეებისაგან განსხვავებით, რომლებიც ცალსახად დამოუკიდებლად განიხილავდნენ მათ. ძველ რომში აკვირდებოდნენ, თუ როგორ წარიმართებოდა უფრო ეფექტიანად სოფლის მეურნეობა და რა განსაზღვრავდა რაციონალურად წარმოების ფაქტორებს.

თანამედროვე ტერმინი ეკონომიკა (იხ. ეკონომიკა, საბერძნეთი) მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან οίκονομία, რაც კერძო მეურნეობის (ოჯახის) - οϊκος-ის გაძღოლას ნიშნავდა და არა ეროვნული ეკონომიკისა. თავდაპირველად ეს ტერმინი ქსენოფონთან გვხვდება იმ თხზულების სათაურად, რომელიც საოჯახო მეურნეობის გაძღოლის წესებსა და მიწათმოქმედებას ეხება. თითოეული ბერძნული ოჯახი იდეოლოგიური და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ცდილობდა რამდენადაც შესაძლებელი იყო გაეფართოვებინა და კიდევ უფრო დაეწინაურებინა საოჯახო მეურნეობა, რაც მათი კეთილდღეობისა და გავლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იყო. საოჯახო ეკონომიკა საბერძნეთში, უპირველეს ყოვლისა, სასოფლო სამეურნეო ეკონომიკა გახლდათ, რადგან ნამდვილი ქალაქებისა თუ უტყუარად ურბანული სამოსახლო ცენტრების რიცხვი აქ ერთობ მცირე იყო.

იმ ფაქტმა, რომ ბერძნებსა და ქართველ ტომებს შორის გარკვეული ურთიერთობა არსებობდა, ძველ კოლხეთში არგონავტების ლაშქრობაც ადასტურებს. გარდა მითებისა, ჰეროდოტემ არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა დაგვიტოვა ქართველი ტომების შესახებ. ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბერძენთა ახალშენებთან. სტრაბონის გადმოცემით, მაშინ ხომალდები მდინარე რიონზე შორაპნის ციხემდე ადიოდნენ, ხოლო ამ უკანასკნელიდან მოყოლებული იბერიის საზღვრამდე ოთხი დღის სავალი საურმე გზა მიდიოდა. იმ დროს საქართველოში მართლაც გზების კარგი ქსელი არსებობდა, რასაც სტრაბონი გვიდასტურებს იბერიის გეოგრაფიის აღწერისას. იგი ასახელებს მის საზღვრებს და შემოსასვლელ გზებზე მდებარე ციხე-სიმაგრეებს (XI, 3). ერთი კოლხური ციხე-სიმაგრე შორაპანზე და მასთან არსებულ ვიწრობებზე მდებარეობდა, რომელთა გავლით მდინარე კოლხეთში მიედინებოდა. მასზე 120 ხიდით შეიძლებოდა გადასვლა, რადგან გზა მიხვეულ-მოხვეული იყო (XI, 3, 4). ბერძენთა ახალშენებს კოლხეთში საზოგადოებრივად და კულტურულად საკმაოდ განვითარებული ტომები დახვდნენ და როგორც მოსულმა, ასევე დამხვდურმა ხალხებმა ურთიერთზე აშკარად დიდი ზეგავლენა იქონიეს. უფრო გვიან პომპეუსის ლაშქრობის შედეგად საქართველოში რომაელების გავლენა დამყარდა. ქართლის დამორჩილების შემდეგ პომპეუსი კოლხეთში გადავიდა, გზადაგზა დაიპყრო მდინარე რიონის სანაპირო ციხე-სიმაგრეები და ჩავიდა ქ. ფასისში. კოლხეთი რომის პროვინციის - ბითვინიისა და პონტოს შემადგენლობაში მოექცა. საუკუნეების განმავლობაში საქართველოს პერიოდულად ახლო ურ33 თიერთობები ჰქონდა ძველ საბერძნეთთან და რომთან, რამაც გარკვეულწილად განსაზღვრა ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური კავშირები. ჩვენ შევეცდებით, დავახასიათოთ თითოეული ქვეყნის ეკონომიკური მიმართულებები და ინსტიტუციები, და აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი მსგავსებები, რომლებიც ანტიკურ სამყაროს საქართველოსთან აკავშირებდა.

მიწა და მიწათმოქმედება. ბერძნები პატარა ქალაქ-სახელმწიფოებში - პოლისებში ცხოვრობდნენ, სადაც ჰქონდათ საკუთარი მმართველობა და ტრადიციები. ძვ. წ. 750 წლისათვის საბერძნეთი რამდენიმე ასეულ პოლისად იყო დაყოფილი. თითოეული პოლისი საკუთრივ ქალაქისა და მიმდებარე მიწებისაგან შედგებოდა. პოლისის მოქალაქეობის ძირითადი კრიტერიუმი მიწის საკუთარი ნაკვეთის ფლობის უფლება იყო. მხოლოდ მიწათმფლობელს შეეძლო ყოფილიყო სრულუფლებიანი მოქალაქე და მხოლოდ მოქალაქე შეიძლებოდა ყოფილიყო მიწათმფლობელი. შესაბამისად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ გარკვეული პოლისი დაყოფილი იყო მიწის ნაკვეთებად იმისდა მიხედვით, თუ რამდენი მოქალაქე ჰყავდა მას. ბერძენთა უმეტესობას ამა თუ იმ ტიპის გლეხობა შეადგენდა. გლეხი რამდენიმე ჰექტარ მიწას ამუშავებდა. ნაკვეთზე დათესილი იყო სხვადასხვა სახეობის მარცვლეული - უმთავრესად, ქერი, ხორბალი და ქსეროფიტიკული კულტურები - ზეთისხილი, ყურძენი, ლეღვი. წვრილფეხა რქოსანი საქონელი, განსაკუთრებით კი ცხვარი და თხა ბერძნული აგროკულტურის აუცილებელ შემავსებელ ნაწილს წარმოადგენდა. ზოგიერთ ადგილებში სასოფლო სამეურნეო კულტურები იყო გაშენებული, ზოგან კი უფრო მეტად მეცხოველეობით ირჩენდნენ თავს. სანაპირო რაიონებში მეთევზეობას მისდევდნენ, მაგრამ თუ არ ჩავთვლით შავ ზღვას, საბერძნეთის წყლები ადვილად დასაჭერ თევზთა გუნდებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი არ იყო. თევზი, გარკვეულწილად, ბერძენი გლეხის საკვებ რაციონში ფუფუნების პროდუქტად რჩებოდა „მედიტერანულ ტრიადასთან“ (მარცვლეული, ღვინო, ზეითუნის ზეთი) შედარებით.

პოლისების სასოფლო მეურნეობა და სხვადასხვა ფენის მდგომარეობა ეპოქების მიხედვით იცვლებოდა. ძვ. წ. VI ს-ში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა გლეხობა. მდიდარ ევპატრიდთა (წარჩინებულთა) უმეტესობა ფლობდა საგვარეულო მიწებს, რომლებსაც მონები და თავისუფალი გლეხები ამუშავებდნენ. გლეხებს მხოლოდ უმნიშვნელო ნაკვეთები ჰქონდათ, რის გამოც თითქმის აღარ შეეძლოთ საკუთარი ოჯახების გამოკვება. მრავალი გლეხი იძულებული იყო, მიეტოვებინა კუთვნილი მიწის ნაკვეთი. სოლონმა გლეხებს ვალის გამო დაკარგული მიწები დაუბრუნა. სოლონის რეფორმას, სეისახთეიას უკავშირდება აგრეთვე მიწისმფლობელობის მაქსიმუმის დაწესება და ზედმეტი ნაწილის კონფისკაცია. ეს რეფორმა იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ წვრილი მესაკუთრეები დაეცვა შეძლებული პირების მიერ მათი მამულების შესყიდვისაგან და საერთოდ ხელი შეეშალა მიწის საკუთრების რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრაციისათვის. არისტოტელეს გადმოცემით, მაქსიმუმის დაწესების ცდას ადგილი ჰქონდა არა მარტო ატიკაში, არამედ საბერძნეთის სხვა ადგილებშიც, თუმცა უცნობია, რა დანიშნულება მიეცა კონფისკაციაქმნილ მიწებს. საინტერესოა, რომ სოლონის მიერ ქონებრივი ჯგუფების კლასებად დაყოფას საფუძვლად მიწის ცენზი დაედო. გარდა ამისა, გათვალისწინებული იყო საქონელი და შემოსავალი ფულით: 1 მედიმნი = 1 ცხვარს = 1 დრაქმას. სოლონმა პირველ კლასს მიაკუთვნა ის პირები, რომლებსაც 500 მედიმნი პური, ან 500 საწყაო ზეთისხილი თუ ღვინო მოსდიოდა საკუთარ მამულში. მათ ეწოდათ ხუთასმედიმნიანები (πευτακοσιομέδιμυοι - პენტაკოსიომედიმნოსები); მეორეს - 300 მედიმნიანები - მხედრები (ίππεϊς); მესამეს შემოსავალი 300-დან 200 მედიმნს შორის მერყეობდა. ესენი იყვნენ ძევგიტები; ატიკის დანარჩენი მოსახლეობა წარმოადგენდა თეტებს (θήτες). პირდაპირი გადასახადებისაგან მოქალაქეები თავისუფალი იყვნენ, რადგან როგორც საბერძნეთში, ასევე რომშიც, თავისუფალი მოქალაქეების მიმართ ეს ფაქტი უღირს ზომად ითვლებოდა. ქონებრივი ცენზის შემოღებით სოლონმა ე.წ. ტიმოკრატიული წყობა დაამყარა, რომელშიც წარმოშობის პრივილეგია - ქონებრივი და საზოგადოების სამსახურის პრივილეგიით - ტიმოკრატიით შეცვალა.

კლასიკურ ეპოქაში მიწის გასხვისების შემზღუდველი პირობები და კერძოდ, გვარის წევრების მიერ გამოსყიდვის უფლება შემცირდა. პელოპონესის ომის შემდეგ ამ მოვლენას ბერძნულ პოლისებში მიწის მფლობელობის ოდენობის გაზრდის შესაძლებლობა მოჰყვა. თუმცა მსხვილ სავაჭრო ცენტრებში - კორინთოსა და ათენში, თავისუფალი ფულადი თანხები უფრო სავაჭრო ოპერაციებს ხმარდებოდა, ვიდრე მამულების შეძენას. მიუხედავად ამისა, ატიკაში გვხვდება მსხვილი სასოფლო მეურნეობის შექმნის ერთგვარი ტენდენცია. პერიკლეს რეფორმების თანახმად, ათენის კავშირში შემავალ სახელმწიფოებში უნდა დაარსებულიყო ათენური დასახლებები, სადაც ყოველ ათენელს შეეძლო, მიეღო მიწის ნაკვეთი. ამ დასახლებებით ატიკის ფარგლებს გარეთ იქმნებოდა გარნიზონები და უბრალო ხალხს მდგომარეობა უმსუბუქდებოდა. პლუტარქოსის გადმოცემით, პერიკლე მთლიანად ყიდდა წლიურ მოსავალს და შემდეგ ბაზარზე ყიდულობდა ყველა საჭირო პროდუქტს. ათენისათვის უფრო დამახასიათებელი იყო მამულების დაქუცმაცებისა და მიწის წვრილი საკუთრების გავრცელების პროცესი. სპარტასა და ათენს შორის ჰეგემონიისათვის ბრძოლის დროს ერთ ტალანტად ღირებული მიწა უკვე დიდ მამულად ითვლებოდა.

რომში სახელმწიფო მიწა - ager Publicus - ნაკვეთებად იყიდებოდა რომის მოქალაქეებზე. ამ ტიპის ნაკვეთებს ეწოდებოდა agri quaestorii, რადგან მისი გაყიდვით დაკავებული იყვნენ კვესტორები. სახელმწიფო მიწის სხვა ნაწილი ტაძრებსა და ქურუმთა კოლეგიებს გადაეცემოდა როგორც საკუთრებაში, ასევე დროებით სარგებლობაში. ამ მიწის ნაკვეთს agri consecrati ეწოდებოდა. ზოგჯერ მიწის ნაკვეთს სასყიდელის გარეშე გადასცემდნენ მოქალაქეებს, როდესაც ცალკეული პირები ან ახალი კოლონიის თემი (იხ. კოლონია, თემი) იღებდა მიწებს. მიწის გაცემის ამ ტიპს 3 ან მეტი პირისაგან შემდგარი კომისია კურირებდა. მიწა, რომელიც გადაეცემოდა მფლობელს სენატის პროვინციაში, იბეგრებოდა სტიპენდიუმით (stipendium), ხოლო ამ ტიპის გადასახადის გადამხდელები იწოდებოდნენ სტიპენდიარებად (stipendiarii). მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მიწის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მფლობელობაში რჩებოდა და სხვადასხვა სახით ხდებოდა მისი გამოყენება. ბევრი ნაკვეთი დაპყრობის შემდეგ უბრუნდებოდა ძველ მეპატრონეს (agri redditi), ხოლო მათ თავის მხრივ ზუსტად უნდა გადაეხადათ გადასახადი. ისეთი მიწის ნაკვეთებს, რომლებიც კერძო პირებს გადაეცემოდათ დასამუშავებლად, possessiones ეწოდებოდა. მფლობელს შეეძლო ეს მიწები მემკვიდრეობით გადაეცა ან გაეყიდა, თუმცა ჭეშმარიტ კერძო საკუთრებას ეს მიწა მაინც არ წარმოადგენდა, რადგან სახელმწიფოს ნებისმიერ დროს ჰქონდა მისი უკან გამოთხოვის უფლება. მიწის მფლობელები სახელმწიფოს ბეგარას უხდიდნენ. რომაელები დაუმუშავებელ მიწებს საძოვრებისთვის იყენებდნენ და მისი გადაცემა დროებით სარგებლობაში მინიმალური დაბეგვრით (possessiones relictae, loca relicta) ხდებოდა. მეფეების ეპოქაში მოქალაქეებს დაურიგდათ მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში. სერვიუს ტულიუსმა დიდი რაოდენობით მიწები დაურიგა პლებეებსაც. რესპუბლიკის ხანაში კი ამ მხრივ სიტუაცია შეიცვალა. პლებეები მუდმივად ითხოვდნენ მიწის გადაცემას იმის საფუძველზე, რომ ახალი მიწების დაპყრობა საკუთარი სისხლით უწევდათ. მიუხედავად იმისა, რომ პატრიციებს არ ჰქონდათ სახელმწიფო მიწის გამოყენების უფლება, ფაქტობრივად, ისინი ფლობდნენ მას, ვინაიდან ისინი წარმოადგენდნენ ხალხს (populus) სერვიუს ტულიუსის კანონმდებლობამდე. სწორედ მათ ჰქონდათ საშუალება მატერიალური დოვლათის გამო დაემუშავებინათ მიწის დიდი ნაკვეთები. ამასთანავე თავიანთი მდგომარეობის გათვალისწინებით პატრიციებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ სარდლებთან და მმართველებთან, რომლებიც გადასცემდნენ მათ ამ მიწებს. თუმცა ისინი მაინც ცდილობდნენ, ხელში ჩაეგდოთ პლებეელთა ნაკვეთებიც. მიწის გაყოფა-გაცემა პატრიციელთა და პლებეელთა შორის არსებული ხანგრძლივი დავის საგანი იყო ისევე, როგორც საბერძნეთში ევპატრიდებსა და გლეხებს შორის. სიტუაცია კანონთა განახლებას მოითხოვდა. ტრიბუნები გამოდიოდნენ კანონპროექტებით მიწის შესახებ (leges agrariae). ამ კანონებში იგულისხმება ყველა კანონი, რომელიც ეხება მიწის გადაცემას როგორც მთელი კოლონიის, ასევე ცალკეული პირებისადმი. კონსული კასიუს ვისცელინუსი (Lex Cassia) ახალდაპყრობილი და არსებული მიწების ახალ განაწილებას სთავაზობდა საზოგადოებას. უნდა მომხდარიყო სახელმწიფო მიწის (ager publicus-ის) გამიჯვნა საკუთრებისაგან (privatus-საგან). შემდეგ სახელმწიფო მიწის ნაწილი უნდა დაეყოთ ნადელებად და გაენაწილებინათ. მეორე ნაწილი კი, დაბეგვრას უნდა დაქვემდებარებოდა. თუმცა პატრიციები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სენატის დადგენილების აღსრულებისათვის.

დიდი პლებეელი კანონშემოქმედის გაიუს ლიცინიუს სტოლონის სახელს უკავშირდება ახალი ეტაპი მიწის რეფორმის საქმეში. ვფიქრობთ, მან გაითვალისწინა სოლონის მიერ საბერძნეთში გატარებული რეფორმები, რომლებსაც ეფექტიანი შედეგი მოჰყვა და ლიცინიუსმაც ბერძენთა გამოცდილებით მიწის მაქსიმუმი დააწესა. მისი კანონი გულისხმობდა: 1) არავის ჰქონდა უფლება სახელმწიფო მიწებიდან 500 იუგერზე მეტი ფართი ჰქონოდა; 2) საზოგადოებრივ საძოვარზე იკრძალებოდა 100-ზე მეტი მსხვილფეხა და 500-ზე მეტი წვრილფეხა საქონლის შენახვა; 3) კანონის 35 დამრღვევს ეკისრებოდა ფულადი ჯარიმა მულტა (multa). კანონი მიწის სარგებლობისათვის აწესებდა ფასს პურის მინდვრებზე 1/10-ის ოდენობით, ხოლო ვენახებისა და ზეთისხილის პლანტაციებზე 1/5-ის ოდენობით. საზოგადოებრივი მიწებით სარგებლობის უფლება კი თანასწორად ენიჭებოდა როგორც პატრიციებს, ისე პლებეებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აპიუს კლავდიუსმა მიწის ცენზი ფულადი ცენზით შეცვალა. ეს ფაქტი კი დემოკრატიული ჯგუფების ინტერესებს შეესაბამებოდა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ვაჭრობასთან, ხელოსნობასთან და საერთოდ სასაქონლო-ფულად მეურნეობასთან. ამის შემდეგ რომში გრაკქუსებამდე სიწყნარე იყო. სავარაუდოდ იმიტომ, რომ პლებსი დამპყრობლურ ომებში იყო ჩართული და ამავე დროს მრავალმა ღარიბმა იპოვა თავშესაფარი კოლონიებში. ამ პერიოდისთვის ცნობილია, მხოლოდ Lex Flaminia (ძვ. წ. 228-224 წწ.), რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო მიწები ჩრდ. იტალიისა და არიმანის გარეუბანში განაწილდა უქონელ მოქალაქეთა შორის. მას შემდეგ, რაც რომმა ომებისაგან მოიცალა, ქვეყნის შიგნით ისევ გაჩაღდა ბრძოლა ღარიბებსა და მდიდრებს შორის. II პუნიკური ომის დროს მრავალმა მათგანმა საერთოდ მიატოვა მიწათმოქმედება. გრაკქუსებმა გადაწყვიტეს მიწათმოქმედების აღორძინებით ღარიბთა მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ. ეს გარკვეულწილად აზარალებდა მიწათმფლობელთა ინტერესებს. თავდაპირველად ტიბერიუს გრაკქუსმა ძვ. წ. 134 წ-ს გამოსცა აგრარული კანონი, რომელსაც საფუძვლად ლიცინიუსის კანონი დაუდო: ვინც ფლობდა 500 იუგერზე მეტ მიწას, მას უკან უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოსთვის, რის შემდეგაც ისინი ჯილდოს მიიღებდნენ ქვეყნისაგან. გათავისუფლებული მიწა გადანაწილდებოდა ღარიბ მოსახლეობაზე. ისინი თავის მხრივ სახელმწიფოსაგან გარკვეული გადასახადით დაიბეგრებოდნენ. ტრიუმვირებს ყოველწლიურად უნდა გამოეკვლიათ საქმის მსვლელობის ვითარება. სენატის უმრავლესობა წინააღმდეგობას უწევდა რეფორმას. საბოლოოდ რეფორმას ვეტო დაედო. სახალხო კრებამ კენჭისყრით ხელისუფლებას ჩამოაშორა სახალხო ტრიბუნი (პირველად რომის ისტორიაში). ძმები გრაკქუსების შემდეგ აგრარულ კანონთა გრძელ წყებაში პირველი ადგილი უჭირავს 111 წ-ს მიწის კანონს (lex agraria), რომელიც თავს უყრიდა წინა წლების კანონებს იტალიასა და პროვინციებს შორის საადგილმამულო საკითხებზე. სულას აგრარული რეფორმა სამხედრო კოლონიების დაარსებას უკავშირდებოდა. იულიუს კეისრის მიერ გატარდა ორი აგრარული რეფორმა, რომელთა მიხედვითაც ძველი საკუთრება (possessiones) ხელშეუხებელი რჩებოდა, მაგრამ დაწესდა მიწის დაყოფის ახალი სქემა. არსებული სახელმწიფო მიწა, გარდა კამპანიის ოლქისა, უნდა დანაწილებულიყო, დანარჩენი კი შეესყიდათ მფლობელებისაგან დაწესებულ საფასურად. კამპანიის ოლქის მიწები რჩებოდა მათთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ეყოლებოდა. გვიანანტიკურ ეპოქაში მიწათმოქმედებიდან მონური შრომა მთლიანად განდევნა პიროვნულად თავისუფალ მოიჯარეთა შრომამ. კეისართა კანონმდებლობით, ისინი მყარად დაუკავშირდნენ მიწის ნაკვეთებსა და სამეურნეო საქმიანობას.

მიწათმოქმედი მოსახლეობის ძირითად ბირთვს ძველი ქართლის ისტორიის მთელ მანძილზე, როგორც ძველ საბერძნეთსა და რომში, თავისუფალი მიწათმოქმედნი ქმნიდნენ. სტრაბონის თანახმად, ამავე დროს ეს მიწათმოქმედნი მეომრებიც იყვნენ. ძველ ქართულში ერი როგორც ხალხს, ისე ჯარს აღნიშნავდა. „მკვიდრი“ უნდა ყოფილიყო როგორც სასოფლო, ისე საქალაქო თემის სრულუფლებიან წევრთა აღმნიშვნელი ტერმინი. მკვიდრი თავისი სტატუსით შესაძლებელია შევადაროთ ბერძენ ევპატრიდებს. თავისი სოციალური მდგომარეობით მონა, მხევალი, გლახაკი, ტყუე, მწირი უპირისპირდებოდა „მკვიდრს“, იურიდიულად სრულუფლებიან თავისუფალ მოსახლეობას, ქალაქისა და სოფლის თემების „სრულუფლებიან“ წევრებს და წარმოადგენდა ქართლის არათავისუფალ მოსახლეობას ისევე, როგორც ანტიკურ სამყაროში თეტები და პლებეები.

ძველ ქართულში ვხვდებით ტერმინებს, რომლებიც როგორც ქართლში, ისე მეზობელ ქვეყნებში აღნიშნავდა კერძო საკუთრებაში მყოფ მეურნეობას. მიწათმოქმედი მოსახლეობის ერთ-ერთ კატეგორიას ქართლში ლაოი (λαοί) - „სამეფო მონები“ წარმოადგენდნენ, რომელთაც შესაძლოა ადგილობრივად „გლეხნი“ ეწოდებოდათ. ხოლო მიწა, რომელსაც ამუშავებდნენ, სტრაბონის ცნობით, იბერიაში განიხილებოდა „სამეფო მიწად“ - (χώρα βασιλική) - ელინისტური აღმოსავლეთის ტერმინოლოგიის მიხედვით. ბიბლიის ძველქართულ თარგმანში „სოფელი“ გამოყენებულია ბერძნული περίχωρα, περίχρου-ის შესატყვისად.1 მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოფელი უნდა ყოფილიყო ქართლის ტომების უძველეს ტერიტორიულ გაერთიანებათა სახელწოდება. ვინაიდან ქართლის უძველესი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი იყო სატაძრო ტიპის თემების არსებობა, შესაძლებელია ტერმინ სოფელშიც ამგვარი თემების სახელწოდება დავინახოთ. მიუხედავად იმისა, რომ მთის მოსახლეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ბარის მოსახლეობას, ბარშიც, ქართლის სამეფოში ერთნაირად არ მიმდინარეობდა სატაძრო მიწათმფლობელობა და სატაძრო მეურნეობის განვითარება. ძველ ქართლში ამგვარი დიდი სატაძრო მამულების არსებობის თაობაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მოსხების ქვეყანაში ლევკოთეას მდიდარი ტაძრის შესახებ სტრაბონთან დაცული ცნობების მიხედვით. გარდა ვრცელი მიწების ფლობისა, მათ განკარგულებაში ჰყავდათ ჰიეროდულები (ίερόδουλος) - სატაძრო მონებიც. საყურადღებოა აგრეთვე ჰიეროდულების აღსანიშნად სინონიმის - ίεροί παϊδες გამოყენება, რაც შესაძლებელია საქართველოს ბარში ფეოდალურ ხანაში დამოწმებულ „საყდრის შვილისა“ თუ „ხატის შვილის“ ინსტიტუტს უკავშირდებოდეს.2 სატაძრო გაერთიანებებში არსებული მიწები შესაძლებელი იყო გაეცათ ნადელებად გარკვეული პირობით. როგორც აღვნიშნეთ, რომში მიწის იმ ნაწილს, რომელიც ტაძრებსა და ქურუმთა კოლეგიებს გადაეცემოდა agri consecrati ეწოდებოდა.

სათემო და სატაძრო მიწის მფლობელობის, აგრეთვე სამეფო მიწათმფლობელობის გვერდით, ძველ ქართლში არსებობდა მსხვილი კერძო მიწათმფლობელობაც. ეს იყო ძირითადად სამეფო საგვარეულოსა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიის წარმომადგენელთა მიწის ნაკვეთები, რომლებიც მათ მიცემული ჰქონდათ სამსახურის გასამრჯელოდ სათემო ან სამეფო მიწის ფონდიდან. მიწის ამავე კატეგორიას ქმნიდა ყიდვა-გაყიდვის შედეგად მოპოვებული მიწის ნაკვეთებიც. კერძო საკუთრება მიწაზე თავდაპირველად ბაღ-ვენახებზე გაჩნდა და შემდეგ სახნავ-სათეს მიწებზეც გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნასყიდობის უძველეს ფაქტს მხოლოდ VI ს-ით ათარიღებენ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „ნასყიდი“ საქართველოში დიდი ხნით ადრე არსებობდა. რომში იმ მიწის ნაკვეთს, რომელსაც ყიდულობდა კერძო მესაკუთრე სახელმწიფოსაგან ager privatus vectigalisque ეწოდებოდა. საინტერესოა, რომ შეძენის შემდეგ ეს მიწა მესაკუთრის ხელში სამუდამოდ გადადიოდა. ერთ-ერთ უძველეს ქართულ დოკუმენტში შემწირველმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ სალოცავისადმი „ნასყიდევ“ მიწას წირავდა, ვინაიდან შეწირვის ასეთი ფორმა მომავალში გაუგებრობებისაგან და მათ შორის „გამოწირვისაგან“ იყო დაზღვეული. ფეოდალური საკუთრების სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ფორმა იყო „შეწირულიც“. ამ კატეგორიის მიწების მფლობელები ეკლესია-მონასტრები იყვნენ. ს. ჯანაშიას აზრით, ამ დროს ქართლში ფეოდალური მსხვილი მიწათმფლობელობა უკვე არსებობდა მემკვიდრეობითი მყარი მემამულეების სახით.3

კერძო მფლობელობაში შესულ მიწას საქართველოში აგარაკი ეწოდებოდა, რაც შესაძლებელია კერძო მიწას (ager privatus) შევადაროთ. მფლობელს ამ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი განკარგულებისა და ყიდვა-გაყიდვის უფლება ჰქონდა, როგორც ძველ რომში. აგარაკად შეიძლებოდა ქცეულიყო აგრეთვე „უშენი“, „უხმარი“ და სხვ. ამავე კატეგორიის მიწას ქმნიდნენ „ნასყიდევი ქვეყნებიც“. კერძო, სამფლობელო მიწის მნიშვნელობით იხმარებოდა აგრეთვე „მამული“, რომელიც მამისაგან მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ საკუთრებას აღნიშნავდა. რომში ასეთ მიწას ager genticius ეწოდებოდა, რომელიც საბოლოოდ გვარის საკუთრებაში მყოფის მიწის მნიშვნელობით დამკვიდრდა. თუმცა საქართველოში მამისეული უძრავი ქონება თავისი წარმოშობით შეიძლებოდა სხვადასხვაგვარი ყოფილიყო: მკვიდრი, ნასყიდი, ნაშოები, მონაგები, ნაწყალობევი, ნამზითვი, სამსახურის სანაცვლოდ გაცემული და სხვ. ამრიგად, აგარაკი და მამული იყო კერძო მიწათმფლობელობის ორი ძირითადი კატეგორია, რომელიც IV-V სს-ში უკვე ფეოდალური საადგილმამულო საკუთრების ძირითად ობიექტებსაც აღნიშნავდა. ანტიკური ხანის აგარაკმა სახე იცვალა და ის ფეოდალურ მამულს შეერწყა.4 უნდა აღინიშნოს, რომ სამეფო სახლი სახელმწიფოს მთელი მიწების უზენაეს მესაკუთრედ გამოდიოდა, რაც სხვადასხვა ფორმით იყო შეზღუდული. ანტიკურ საბერძნეთსა და რომშიც, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მიწის კერძო მესაკუთრეობა, სახელმწიფოს ნებისმიერ დროს ჰქონდა მისი უკან გამოთხოვის უფლება. საქართველოში სათემო მიწის მფლობელი ან მეფე, ან ფეოდალი (საერო თუ სასულიერო) იყო, ხოლო ფეოდალის საკუთრებაში შედიოდა მემკვიდრეობითი საკუთრებისა და სამსახურის სანაცვლოდ მიღებული მიწები. იმ პროვინციის მიწებს, რომლებიც კერძო საკუთრებას არ წარმოადგენდა და ეკუთვნოდა ან რომაელ ხალხს ან იმპერატორს ager provincialis - fundus provincialis ეწოდებოდა.

სამეფო მიწა-წყალი შედგებოდა სამამასახლისო სამსახურებლისა და დაპყრობილი ტერიტორიისაგან. „სამამასახლისო სამსახურებელი“ აღნიშნავდა იმ ფონდს, რომელიც „მამასახლისის სამსახურის“ ასანაზღაურებლად იყო თემის მიერ გამოყოფილი. რომში იმ დაპყრობილ მიწებს, რომლებიც რომის სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილი ხდებოდა, ager captivus ეწოდებოდა.

პირობითი მიწისმფლობელობა საქართველოში სამსახურთან (ძირითადად სამხედროსთან) იყო დაკავშირებული. ასეთი სამსახურისთვის გაცემული მიწის აღსანიშნად იხმარებოდა ტერმინი „საკარგავი“, ხოლო იმ სამეფო კარის მოხელეს მოსაკარგავე ერქვა. მიწების პირობით გაცემა, თავის მხრივ, უკავშირდება ფეოდალური წყალობის ინსტიტუტს. წყალობა-შეწყალება როგორც ფეოდალური ინსტიტუტი, რომელიც ევროპული ფეოდალური სინამდვილის კომენდაციასა და ბენეფიციუმს უკავშირდება, საქართველოში ფეოდალური ურთიერთობის ადრეულ საფეხურზევე ჩანს, ხოლო IX-X სს-ში შეწყალება და წყალობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში.

ფული და სახელმწიფო ხაზინა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფულის ის სისტემა, რომელიც მონეტების შემოღებასთან არის დაკავშირებული და რომელმაც ძველი სამყაროს ფინანსური მხარე გარკვეულწილად მოაწესრიგა, ძვ. წ. VII ს-ში დასავლეთ მცირე აზიის ბერძნულ პოლისებში უნდა წარმოქმნილიყო. ეფესოსში მდებარე არტემისის ტაძრის ბაზისში აღმოჩენილია უძველესი მონეტები, რომლებიც დასავლეთ ანატოლიაში დაახლოებით ძვ. წ. 600 წ-თვის უნდა დაემზადებინათ. ჰეროდოტეს გადმოცემით, პირველად ლიდიელებმა მოჭრეს ოქროსა და ვერცხლის ფული და ისინი იყვნენ წვრილი საქონლით პირველი მოვაჭრენი (I, 94). აქედან მოყოლებული ფული აქტიურად დამკვიდრდა ძველ სამყაროში და მონეტების მოჭრა ანტიკურობის ეკონომიკური ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცა. ანტიკური სამყაროსთვის უცხო იყო ე.წ. „ქაღალდის ფული“, ხოლო ლითონის მონეტა კი, ძირითადად, მეტალის წონის შესაბამის ღირებულებას შეიცავდა. სხვადასხვა პოლისის მიერ მოჭრილ ფულს თითქმის მთელ ელინურ სამყაროში ჰქონდა გასავალი. საბერძნეთში ცნობილი ფულადი ერთეულების ამგვარი სისტემა ჩამოყალიბდა: 1 ტალანტი = 60 მინა = 3 000 დიდრაქმა = 5 000 დრაქმა = 36 000 ობოლონი. ფულის რომაულმა სისტემამ, ძირითადად, ბერძნული გავლენით დაიწყო ჩამოყალიბება, რომელმაც იმპერიის ეპოქაში საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. ძვ. წ. VI ს-ის მეორე ნახევარში რომში სპილენძის (aes) მონეტების მოჭრა დაიწყეს. მათ aes grave ეწოდებოდათ, რომელიც ყველაზე მცირე ერთეული გახდა. ფულად ანგარიშსწორებაში ძირითად ერთეულად სესტერციუსი ითვლებოდა, რომელსაც უბრალოდ მონეტას (nummus) უწოდებდნენ. ხოლო როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ ოქროს მონეტა (solidus - მაგარი, მასიური) შემოიღო, ის იქცა რომში ძირითად ფულად ერთეულად. ფულად ერთეულებს შორის სტაბილური მიმართების დამყარება ავგუსტუსის საფინანსო პოლიტიკის დამსახურებაა და მეტ-ნაკლები წარმატებით შენარჩუნდა მთელი პრინციპატის ეპოქის განმავლობაში. ახ. წ. III ს-ის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ფულადი ერთეულების ახალი სისტემა ჩამოყალიბდა. უმთავრესი ნომინალები იყო: solidus, semissis, tremissis და ა.შ. არსებობდა ოქროს, ვერცხლის, თითბერისა და სპილენძის მონეტები შესაბამისი ნომინალებით.

ბერძნული ახალშენების დაარსებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შავიზღვისპირეთის მოსახლეობის ანტიკურ სამყაროსთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივი იყო. გარე სამყაროსთან კოლხეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ინტენსიურობას ადასტურებს ადრეანტიკური ხანის მონეტები, რომლებიც კოლხეთსა და მის ფარგლებს გარეთაა აღმოჩენილი, მათ შორის ტრაპეზუნტის მიდამოებში. კოლხური ვერცხლის მონეტებზე ერთ მხარეს ადამიანის თავია გამოსახული, მეორეზე კი - ხარის, იშვიათად ლომის. ეს მონეტები ძვ. წ. VI-IV სს-ის კოლხური გაერთიანების ფარგლებშია მოჭრილი. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ვარაუდობს, რომ მონეტებს ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში ჭრიდნენ, პირველ ყოვლისა, ფასისში. თუმცა უდავოა, რომ ამ სახის მონეტები შინაურ, კოლხეთის ბაზარს ემსახურებოდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ზღვისპირა ბერძნული სამოსახლოები კოლხეთის სამეფოს ორგანულ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა და მისი რიგითი სავაჭრო ცენტრები იყო.

მართალია, ანტიკურ სამყაროში გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ არსებობდა ჩამოყალიბებული ფინანსური დაგეგმვის პრაქტიკა, რომელიც ფინანსურ პოლიტიკას განსაზღვრავდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ამ სფეროში არ გააჩნდა თავისი პოლიტიკა. ფული თანდათან ხდებოდა სიმდიდრის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფორმა. მას შემდეგ, რაც საბერძნეთში პოლისმა თავის თავზე აიღო არმიისა და ფლოტის შენახვა, გრანდიოზული სამშენებლო პროგრამების განხორციელება, მასობრივი დღესასწაულებისა თუ ფესტივალების ჩატარება, სახელმწიფო ხაზინის შევსება პოლიტიკოსთა ზრუნვის სერიოზული საგანი გახდა. ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი წყაროები იყო არენდის შემოსავალი, საბაჟო გადასახადები, ბეგარა და სხვადასხვა ხასიათის მოსაკრებლები. სპეციფიკური ხასიათი ჰქონდა ათენის ხელმძღვანელობით საზღვაო კავშირის შექმნას, რომლის ბიუჯეტს კავშირის შემადგენელი პოლისების შესატანები ქმნიდა. თავდაპირველად საერთო ხაზინა კუნძულ დელოსზე მდებარეობდა, მაგრამ შემდეგ იგი ათენში გადაიტანეს და ფინანსების ძირითადი გამგებელი, მეტ-ნაკლებად საკუთარი ინტერესებისათვის, თავად ათენი იყო. აქ ხაზინას უმაღლეს ფინანსურ მოხელეებად არჩეული ტამიასები განაგებდნენ. ათენში ამ ტიტულის მატარებელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთ ათენას ტამიასები (10 ტამიასი) გახლდნენ. ისინი ყოველწლიურად წილისყრით იყვნენ დანიშნულნი, თითოეული - თითო ფილედან. დელოსის ლიგაში შემავალი ქალაქებიდან ხარკს ჰელენოტამიასები (ბერძენთა ხაზინადარები) აპოდექტესების მეშვეობით ღებულობდნენ. აპოდექტესების თანამდებობა კლისთენესმა შემოიღო. ისინი ბულეს ზედამხედველობით ყველა გადასახადთა შემკრებ უწყებათაგან ფულადი სახსრების მიღებას აწარმოებდნენ და შემდგომ უხდიდნენ მათ ხარჯვით უწყებებს. ტამიასები იყვნენ აკროპოლისზე მდებარე ათენა პოლიასის, ათენა ნიკესა და ჰერმესის საგანძურთა ზედამხედველები. თანხა ოპისთოდომოსად წოდებულ შენობაში ინახებოდა. ტამიასები არა მარტო რელიგიური მსახურებისათვის გასცემდნენ თანხებს, არამედ სამხედრო და სხვა სამოქალაქო ხარჯებისათვის. შემორჩენილია მათი ჩანაწერები, რომლებიც ათენის ფინანსების თაობაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ჰელენოტამიასების თანამდებობის გაუქმების შემდეგ სხვა ტამიასები დანიშნეს და მათ სხვადასხვა ფონდი ჩააბარეს: ასეთნი იყვნენ სახალხო კრების ტამიასი, ტრირემთა საბჭოს ტამიასი, სამხედრო ფონდის ზედამხედველი ტამიასი და ა.შ. საინტერესოა, რომ ათენში სახალხო აუდიტები არსებობდნენ და ამ საქმიანობის მწარმოებლებს ლოგისტები ეწოდებოდათ. ძვ. წ. V ს-ში მათი რიცხვი ოცდაათს შეადგენდა, თუმცა ძვ. წ. IV ს-ში შემცირდა და ათს აღარ აღემატებოდა. ვარაუდობენ, რომ ათენის იმპერიის დასრულებასთან ერთად ლოგისტებს ნაკლები საქმე ჰქონდათ, რამაც მათი შემცირება გამოიწვია. ლოგისტების მთავარი ფუნქცია ევთინეს ჩატარება იყო. ისინი სწავლობდნენ სახელმწიფო თანხების განკარგვასთან დაკავშირებულ ყველა მაგისტრატის ანგარიშებს და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მაგისტრატის საქმეს განსახილველად სასამართლოს გადასცემდენენ. ბუნებრივია, ისინი სახალხო კრებასა და ბულეს გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდნენ. სოლონის დროისათვის უკვე ცნობილნი იყვნენ ათენელი მაგისტრატები - პოლეტესები, რომლებიც სახელმწიფო ქონების გასხვისებას ან გაყიდვას აწარმოებდნენ. სახელმწიფო ქონება მოიცავდა არა მარტო მიწასა და შენობა-ნაგებობებს, არამედ იმ მოქალაქეებსაც, რომლებსაც სასჯელის სახით მონობა ჰქონდათ მიღებული. პოლეტესები ასევე უფლებამოსილნი იყვნენ გაეცათ მაღაროს ამუშავების, გადასახადთა შეგროვებისა და მსგავსი ნებართვები. სახელმწიფო ქონების გასხვისება თუ გაყიდვა ბულეს თანდასწრებით აუქციონის წესით ხდებოდა, რასაც პოლეტესები წარმართავდნენ. სახელმწიფო სტრუქტურების შეცვლის კვალდაკვალ, ფინანსური საქმის ორგანიზაცია გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის ელინისტურ სახელმწიფოებში, შემდეგ კი - რომში.

რესპუბლიკის ეპოქის დასაწყისამდე რომში მთავარ სახელმწიფო სალაროს ანუ საგანძურს ერარიუმი წარმოადგენდა (aerarium Populi Romani) (იხ. სახელმწიფო მეურნეობა; ხაზინა). იგი განთავსებული იყო სატურნუსის ტაძარში რომის ფორუმზე. სახელი მას ეწოდა ლათინური სიტყვიდან aes, aeris - ბრინჯაო, რადგან სალაროში თავდაპირველად მხოლოდ ბრინჯაოს მონეტები ინახებოდა. ერარიუმში შედიოდა სახელმწიფო შემოსავლები, უპირველეს ყოვლისა, გადასახადები რომაელი მოქალაქეებისაგან - ტრიბუტუმი (tributum ex censu) და სპეციალური გადასახადები, რომლებსაც იხდიდნენ ერარიები (aerarii), უშვილოები, გაუთხოვარი ქალები და ქვრივები. თავდაპირველად ტრიბუტუმი შეჰქონდათ სულადობით და არა ქონებისდა მიხედვით, ვიდრე სერვიუს ტულიუსმა არ შემოიტანა ეხ ცენსუ. ეს ქონების მიხედვით გამოსაღები მხოლოდ სამხედრო მიზნებს ემსახურებოდა, განსაკუთრებით კი ჯარისკაცების ხელფასს. ომში გამარჯვების შემდეგ დამარცხებულ მტერს უნდა გადაეხადა სამხედრო დანახარჯები, რომელთაგანაც მოქალაქეები იღებდნენ თავის ტრიბუტუმს უკან, ამდენად მას შეიძლება ვუწოდოთ იძულებითი სესხიც. თუ ხაზინაში იყო საკმარისი ფული, ტრიბუტუმს არ ითხოვდნენ. ერარიუმში ასევე შედიოდა პროვინციის მოსახლეობიდან სტიპენდიუმი (stipendium) და ვექტიგალი (vectigal), შემოსავლები სახელმწიფო მიწებიდან, მაღაროებიდან, საბაჟოდან, თესაურუსი, ვიკესიმა (vicesima manumissionum) - სამხედრო ალაფი და განძი. თავდაპირველად სტიპენდიუმი ერქვა ხელფასს, რომელსაც ჯარისკაცებს უხდიდნენ არა ყოველთვიურად, არამედ ერთბაშად მთელი ლაშქრობისათვის. მოგვიანებით კი სტიპენდიუმი იყო გადასახადი, რომლითაც იბეგრებოდა პროვინციები. მიწის მფლობელები უხდიდნენ სახელმწიფოს ბეგარას, ხოლო დაუმუშავებელი მიწები საძოვრებს წარმოადგენდა და მინიმალური დაბეგვრით ხდებოდა მათი გადაცემა.

ერარიუმს სენატი განკარგავდა, ხოლო აღსრულების პასუხისმგებლობა კვესტორებს (qaestores aerarii) ეკისრებოდათ. მათ მხოლოდ კონსულის ბრძანებით შეეძლოთ თანხის გამოტანა. სახელმწიფო ხაზინა აგრეთვე წარმოადგენდა მთავარ სახელმწიფო არქივს (aerarium tabularium), სადაც ინახებოდა მიღებული კანონები, სენატის დადგენილებები, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აქტები და სახელმწიფო დოკუმენტაცია (tabulae publicae da tabulae censoriae). პრინციპატის ხანაში ხაზინა პრეტორების ზედამხედველობის ქვეშ იყო (praetores aerarii), რომელთაც იმპერატორი ნიშნავდა, მოგვიანებით კი ისევ კვესტორების ხელში გადავიდა. დროთა განმავლობაში, ჯერ კიდევ რესპუბლიკურ რომში დაიწყო კერძო სალაროების, ფისკუსების (fiscus) გახსნა, რომლებიც ლოკალურ საფინანსო საქმიანობას ახორციელებდნენ. ავგუსტუსის ეპოქიდან მოყოლებული რომაელი ხალხის ერარიუმი თანდათანობით კარგავს თავის მნიშვნელობას, უშუალოდ კეისრის დაქვემდებარებაში მყოფი ფისკუსის გაძლიერებით. ეს კი ფინანსების განკარგვის ფუნქციას, ძირითადად კეისარს ანიჭებდა. პრინცეპსის ხაზინა თანხას საკუთარივით განაგებდა. იგი არავის წინაშე არ იყო ანგარიშვალდებული, მაგრამ ამავე დროს იყენებდა მას სახელმწიფო ხარჯების ყველა სახეობის დასაფარად. მალე ფისკუსმა უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვიდრე ერარიუმმა, პრინციპატის ბოლოს კი გახდა ერთადერთი სახელმწიფო ხაზინა, რომელიც ასევე იწოდებოდა sacrae largitiones.

ძველ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ხანაში სახელმწიფო სალარო ერთგვარი ხელუხლებელი ხაზინა იყო, სადაც „შეკრული“ იდო ისეთი განძეულობა, „ოქროს ჭურჭელი, ანუ ვერცხლისა“, რომელიც „საჴმარებლად სანიადაგოდ“ არ იყო განკუთვნილი. არსებობდა მოძრავი სალაროც, რომელიც თან მიჰქონდათ მეფის მოგზაურობის დროს. „სალაროს წინათ იარების სიკისტრონი...“ საჭურჭლესგან განსხვავებით, სალარო მეჭურჭლეთუხუცესს არ ექვემდებარებოდა. სალაროს გამგებელს მოლარეთუხუცესი ეწოდებოდა. მისი დამხმარე მოხელეები იყვნენ სალაროს მოლარეები, რომლებიც X ს-დან იხსენიებიან წყაროებში. სალარო თავის მოხელეებთან ერთად მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა. მოლარეთუხუცესს თანამდებობის ნიშნად ბეჭედი ჰქონდა. არსებობდა აგრეთვე სალაროს მუშრიბი და თავილდარი ანუ ნივთების შემნახავ-გამცემი მოხელე. როგორც ცნობილია, გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში სალაროში სხვადასხვაგვარი ნივთები, მაგალითად, სახარჯავი ფული, ტანსაცმელი, სამკაული, ნადირობის მოწყობილობაც ინახებოდა. ვახუშტი ბატონიშვილი „ქართლის ცხოვრებაში“ განმარტავს, რომ „რაიცა მეფის თეთრნი ანუ ლარნი თვისთა საკუთართა ზედა ანუ ქუელის საქმისად უხმდა, და მის ქუეშე დაწესებულნი მოლარენი“ (ქართლის ცხოვრება, 22, 21-23). ცნობილია, რომ სალაროში ყოველთვის იდო სამართლის წიგნი, მათ შორის, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის ოფიციალური ეგზემპლარი, რომელსაც საქმის განხილვისას იყენებდნენ. ვახტანგ VI დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფულის მოჭრას სახელმწიფოებრიობის სიმყარისათვის, შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მისი ინიციატივით გახსნილ ზარაფხანას, სადაც ქართული მონეტები იჭრებოდა. ქართული კანონმდებლობა მკაცრად განსაზღვრავდა სალაროს უსაფრთხოების წესებს. ბაგრატ კურაპალატის სამართლის მიხედვით, „დიდი სალაროს“ გამტეხი „თვალთა დაწვით“ ისჯებოდა. გაერთიანებული სამეფოს ხანაში ტერმინი საჭურჭლე სალაროსაგან განსხვავებულ, სანიადაგოდ სახმარ-სახარჯავ სახელმწიფო ხაზინას აღნიშნავდა, რომლის ცალკეული პატარა საჭურჭლეები საგანძურებად იწოდებოდნენ. საჭურჭლეში ფული, „ლარი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა, ჩინური და ქაშანური უსაღვინო“, მეფისათვის „შემოძღუნებული“ „თუალნი და მარგალიტნი“ ინახებოდა. საჭურჭლე ერთიან დაწესებულებას წარმოადგენდა, თუმცა საგანძურები სხვადასხვა ადგილზე იყო განთავსებული. ქვეყნის მთავარი საჭურჭლე სატახტო ქალაქში - ჯერ ქუთაისში („ქუთაისსა საჭურჭლე“), შემდეგ კი 1122 წ-დან თბილისში იყო. როდესაც დავით აღმაშენებელმა 1122 წ-ს თბილისი ამირას მპყრობელობისაგან გაათავისუფლა, მან „ქალაქი ტფილისი... დაუმკვიდრა ძეთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად საუკუნოდ“ (ქართლის ცხოვრება, 161, 2). აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის გარდა, სხვაგანაც იყო სახელმწიფო საგანძურები. მაგალითად, „ატენისა საჭურჭლე“, „ციხესა შინა უჯარმისასა“. საჭურჭლე მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდა. სამოხელეო აპარატს შეადგენდნენ საჭურჭლისა და მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი და მეჭურჭლენი, საჭურჭლის უხუცესი, მუქიბი, მუშრიბი და მწიგნობარი. საჭურჭლის შემოსავლებს მეფე განაგებდა. ძნელია იმის დაზუსტება, თუ რომაული ერარიუმი რითი განსხვავდებოდა საჭურჭლესაგან ან სალაროსგან, თუმცა ფაქტია, რომ ფული როგორც ანტიკურ სამყაროში, ასევე საქართველოში ოფიციალურად სახელმწიფო ხაზინაში ინახებოდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ხაზინაში მომუშავე მოხელეები კი - ჰელენოტამიასები, ტამიასები, ერარიები, კვესტორები, მოლარეები თუ მეჭურჭლეები ერთსა და იმავე ფუნქციას აღასრულებდნენ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის საკმაოდ დიდია ნიუანსური სხვაობა დროისა თუ მასშტაბების გათვალისწინებით. ბერძნულრომაული და ქართული ხაზინის მსგავსებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი აერთიანებდა - ყოველგვარი გადასახადი, ბაჟი თუ შემოსავალ-გასავალი სახელმწიფო ხაზინაში იყრიდა თავს. ბიზანტიაში ქართველი მეჭურჭლეთუხუცესის შესაბამის თანამდებობას, ივანე ჯავახიშვილის აზრით, „დიდი საკელლარი“ ან ზოგადად „საკელლარი“ ერქვა, რომელიც ყველა საჭურჭლის ანუ ხაზინების ზედამხედველი იყო. ერთ ამ ხაზინათაგანს ერქვა „საერთო საქმის სეკრეტონი“ (ό γνικός, Λογοθέτης ό γενικός, Λογθέτης τοΰ γενικοΰ), მეორეს - „მეფის ხაზინის სეკრეტონი“, ხოლო მესამეს „სამხედრო ლოგოთეტის სეკრეტონს“ ეძახდნენ, რომელიც ლაშქრისა და სამხედრო ხომალდების შესანახად საჭირო ფუს ინახავდა და ხარჯს ეწეოდა.5 მართალია, ქართული ხაზინა ნაწილობრივ ჰგავს „ბიზანტიურს, მაგრამ სრული მსგავსება არც ამ საფინანსო დაწესებულებებს შორის ყოფილა.

ძველ საქართველოში მუშრიბს შემოსავლის განსაკუთრებული დარგი, ბაჟი და სავაჭრო გადასახადები ებარა. როგორც საბერძნეთსა და რომში, ასევე საქართველოშიც შემოტანილ საქონელზე განსაკუთრებული გადასახადი იყო დაწესებული. მუშრიბი შემოსავალს საჭურჭლის უხუცესს ანგარიშითურთ აბარებდა. ათენში პერიკლეს ეპოქაში საქონელზე მისი ღირებულების 2% იყო დადებული. ნავსადგურ პირევსში კი საქონლით დატვირთული ხომალდები შემოდიოდა, რისი საბაჟო გადასახადიც დიდ შემოსავალს აძლევდა ხაზინას. რომში საბაჟო გადასახადი საკმაოდ სოლიდური თანხით იყო წარმოდგენილი. იმპორტულ საქონელზე იგი შეადგენდა 2 1/2 %-ს, ხოლო ფუფუნების საგნებზე, რომლებიც ინდოეთიდან მოჰქონდათ - 25%-ს. ავგუსტუსმა დაადგინა საბაჟო გადასახადი ყველა ნივთზე (centesima rerum venalium), რომელიც გასაყიდად გამოჰქონდათ რომსა და იტალიაში. რომაელები ბაჟის გადასახადს კრეფდნენ ნავსადგურებიდან (portoria), ხიდებიდან და გზებიდან. ნავსადგურის გადასახადი იმ დროიდან მოქმედებდა, როდესაც დაარსდა ოსტიის ნავსადგური და გადასახადი დაწესდა მარილზე.

საქართველოში სამეფო ხელისუფლება, სამეფო მიწებზე მსხდომი მიწათმოქმედი მოსახლეობის გარდა, სახელმწიფო გადასახადების აკრეფის გზით ბეგარას უწესებდა აგრეთვე მოსახლეობის სხვა ფენებს, თავისუფალ მეთემე-მიწათმოქმედებს, ხელოსნებს და ა.შ. გადასახადებს ახდევინებდნენ ვაჭრებსაც. IX-X სს-ში ბეგარა გულისხმობდა როგორც ნატურალურ გადასახადს, ასევე შრომით ვალდებულებას. შრომით ვალდებულებას კი ფეოდალი ძირითადად იყენებდა საბატონო მეურნეობასა და სამშენებლო სამუშაოებზე, ხოლო ნატურალური გადასახადი საგლეხო მეურნეობაზე იყო გადაკვეთილი.6 ფეოდალის სამფლობელოში მის მიერ დაპყრობილი თემიც შედიოდა, რომელიც ჩვეულებრივ პასუხისმგებელი იყო სახელმწიფოსათვის გადაეხადა გადასახადები და სხვა დაკისრებული ვალდებულებებიც აღესრულებინა მის წინაშე. ძველ ქართულში თავდაპირველად ბეგარა შრომითი ვალდებულების აღსანიშნად გამოიყენებოდა. თუმცა ქართულ ძეგლებში მოგვიანებით ეს ტერმინი ზოგადი მნიშვნელობით გვხვდება. XI საუკუნის ნიკორწმინდის სიგელში იხსენიება ნასყიდ მიწაზე (აგარაკზე) გლეხის დასახლება და აღნიშნულია, რომ გლეხი გადაიხდის ბეგარას. მეორე ადგილას გადმოცემულია, რომ მიწის ნაკვეთი მიეცა გლეხს „საბეგაროდ“. ამრიგად, ბეგარა გულისხმობდა სხვისი მიწით სარგებლობას გარკვეული ვალდებულების შესრულების პირობით. ასევე არ იყო უცხო ტერმინ ხარკის გამოყენება შრომითი ვალდებულების აღსანიშნად ძველი ქართული ლიტერატურისათვის. ხარკი, ისევე როგორც ბეგარა ირანულიდან მომდინარეობს, რომელიც ქართულში არა მარტო გადასახადის, არამედ შრომითი ვალდებულების აღსანიშნადაც იხმარებოდა. წყაროებიდან ჩანს, რომ ხარკს იხდიდა ქართლის სამეფო შემადგენლობაში შემავალი მთიელთა თავისუფალი თემების მოსახლეობაც. მთიელები ხარკს უხდიდნენ „მცხეთის პირველ მეფეს“ აზონს. მეფე მირიანმა (IV ს.) ხარკი გაუდიდა იმ მთიელებს, რომელთაც ქრისტიანობის მიღებაზე უარი განაცხადეს (ქართლის ცხოვრება, I, 125-126). ამ შემთხვევაში ხარკის დადება დაპყრობის შედეგად მოხდა. თუმცა გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პიროვნება ან სოფელი გარკვეული მიზეზის გამო ნაწილობრივ გათავისუფლებულია გადასახადებისაგან, თუმცა ეს სახელმწიფო ცხოვრების საზოგადო მოვლენას არ წარმოადგენდა. გადასახადების შეუვალობა უმეტესად საეკლესიო და სამონასტრო ყმებს ჰქონდათ მინიჭებული. ტოლერანტობის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებელმა შედარებით მცირე გადასახადი დაუწესა სხვა ერებს. საქართველოში მართლმსაჯულებისა და გადასახადების გაწერისა და აკრეფის უფლება მეფეს ეპყრა მტკიცედ.7 გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში არსებობდა აგრეთვე სახელმწიფო კომლობრივი გადასახადი, რომელსაც მახტა ეწოდებოდა. მახტას იხდიდნენ მოქალაქეები, ქალაქში მცხოვრები სახელმწიფო გლეხები და საქართველოს მაჰმადიანური მოსახლეობა. გადასახადს გადამხდელთა ქონებრივი მდგომარეობა განსაზღვრავდა. ისევე, როგორც მიწის ნაკვეთის საკომლო გადასახადი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა რაოდენობის იყო. საკომლოში იგულისხმებოდა სავენახე, ბაღ-ბოსტანი, სათიბი, სასარე და სხვ.

რომში სახელმწიფო მიწიდან (ager publicus) შესული თანხა თავისუფლად ფარავდა სახელფასო ხარჯებს. ყველა დაპყრობილი ხალხი ვალდებული იყო გადაეხადა ხარკი, ამასთანავე თავიანთი საძოვრებიდან და ტყეებიდან გაეცა მეათედი (decuma) და სპეციალური გადასახადი სკრიპტურა (scriptura). ამ გადასახადებს აგროვებდნენ პუბლიკანები (publicani). ხარკის დაწესებას ინდიქციო (indictio) ეწოდებოდა. თუმცა ყველა პროვინციას ერთნაირი გადასახადი არ ჰქონდა დაკისრებული. ზოგი მათგანი საადგილმამულო და სულადი ხარკის გარდა, განსაკუთრებულ ვექტიგალიას (vectigalia) იხდიდა. დროთა განმავლობაში ნატურით გადასახადი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ფულადმა გადასახადმა. მხოლოდ ეგვიპტე და აფრიკა იყო ვალდებული მოეწოდებინათ რომისთვის ხორბალი განსაზღვრული რაოდენობით. მიწის გადასახადი უდრიდა შემოსავლის 2-5%. ვესპასიანუსმა გაზარდა გადასახადი, ხოლო ზოგიერთ პროვინციაში გააორმაგა კიდეც.

ფულის მეურნეობისა და ურთიერთობის გაფართოებასთან დაკავშირებით ცვლილებები განიცადა საგადასახადო სისტემამ საბერძნეთში. ათენში ძვ. წ. 378-377 წწ-ში გატარდა ტიმემა, რაც საგადასახადო მიზნით ათენის მოქალაქეთა მამულების, სახლებისა და სხვა ქონების შეფასებას გულისხმობდა. ამ შეფასების მიხედვით, გადასახადების შეგროვების მოწესრიგებისათვის მოქალაქეები დაახლოებით თანასწორი შეძლების საგადასახადო ჯგუფებად, ამხანაგობებათ ანუ სიმორიებად (συμμορία) დაუყვიათ. გადასახდელი თანხა სიმორიებს შორის თანასწორად გაუნაწილებიათ; ხოლო შემდგომ ყოველი სიმორიის ჰეგემონის ხელმძღვანელობით ხდებოდა მისი დანაწილება წევრებს შორის თითოეულის შეძლებისა თუ საგადასახადო თანხის მიხედვით. ამ რეფორმის შესახებ დემოსთენე აღნიშნავს, რომ მამისაგან დატოვებული 15 ტალანტად ღირებული ქონებიდან სამი ტალანტი შეადგენდა ტიმემას, რომლისგანაც უნდა ყოფილიყო გაღებული ეისფორა. ტიმემის საერთო თანხა კი მთელ ატიკაში 6 000 ტალანტს უდრიდა. ქართულ წყაროებში ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ სოფლის გლეხებს ეკისრებოდათ გარკვეული გადასახადი, რომელიც შემდეგ ნაწილდებოდა უმეტეს წილად კომლებს შორის. XIII ს-ში ხოვლელ გლეხებს (42 კომლი) სხვა ვალდებულებებთან ერთად დაეკისრათ თეთრის გამოღება ეკლესიისათვის. თითოეულ კომლს 8 თეთრის გაღება უწევდა.8

გადასახადებთან დაკავშირებით გარკვეულ ინტერესს იწვევს ტერმინი საგლეხო“. ხევსურების ცალკეულ თემებს შორის განუწყვეტელი ომიანობის პროცესში ხდებოდა ერთი თემის მიერ მეორის დამორჩილება. მაშინ დამორჩილებული თემი გამარჯვებული თემის „საყმო-საგლეხოს“ წარმოადგენდა, რომელიც ნაწილობრივ კაბალურ მდგომარეობაში ექცეოდა - იხდიდა ყოველწლიურ გადასახადს. იყო შემთხვევები, როცა დამორჩილებულ თემს ეკისრებოდა აგრეთვე შრომითი ვალდებულება, სახელოსნო სამუშაოების შესრულება და ა.შ. ზოგჯერ სუსტი თემები „ნებაყოფლობით“ შედიოდნენ ძლიერი თემის მფარველობაში და უხდიდნენ ხარკს.

წისქვილი სოფლის აუცილებელ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. როდესაც ხდებოდა სოფლის გაყიდვა, ბოძება თუ შეწირვა, სათანადო საბუთში ამ სოფლის შემადგენელ ნაწილებს შორის წისქვილი უეჭველად აღინიშნებოდა. გიბოძეთ სოფელი „მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქვილითა და ყოვლითა მიმდგომითა მისითა“. წისქვილით სარგებლობისას გლეხი ვალდებული იყო საფქვავის გარკვეული ნაწილი დაეტოვებინა მეწისქვილესათვის, რომელიც მის განსაზღვრულ ოდენობას წისქვილის მეპატრონე ფეოდალს უხდიდა. წისქვილის ექსპლუატაციას ფეოდალისათვის საგრძნობი შემოსავალი მოჰქონდა.

მევახშეობა. მონეტის შემოღებასა და ფულზე გაცვლა-გამოცვლის განვითარებასთან ერთად ძველი ბერძნების სამეურნეო ცხოვრებაში თანდათან გაფართოვდა ფულადი ოპერაციები და მევახშეობა. სესხს აძლევდნენ მიწის დაწინდრებით (მიწის კრედიტი), ქალაქის სახლების დაგირავებით (საქალაქო კრედიტი) და ხომალდებისა და მათი საქონლის საწინდრით (საზღვაო კრედიტი). ასეთ სესხს აძლევდნენ ათენელებიც და ათენში მცხოვრები უცხოელებიც, როგორც ვაჭრები, ისე ის პირებიც, რომელთაც ვაჭრობას თავი დაანებეს და სპეციალურად საკრედიტო ოპერაციებით ირჩენდნენ თავს. სესხის გაცემას აწარმოებდა ჩვეულებრივად რამდენიმე პირისაგან შემდგარი ამხანაგობა, რომელსაც სანდო პირები ჰყავდა უცხო ქვეყანაში სათანადო მეთვალყურეობის გასაწევად, ანდა სპეციალურად მონებს აგზავნიდა ამ მიზნით. მაგრამ მოვალეები, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, ხშირად არ ასრულებდნენ დაკისრებულ პირობას და აიძულებდნენ კრედიტორებს სასამართლოს საშუალებით ეზრუნათ გასესხებული თანხების განაღდებაზე. სახელმწიფოს წინაშე აღებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო პირს სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა, ქონების კონფისკაცია და დაპატიმრება ელოდა.

რაც უფრო იზრდებოდა და ფართოვდებოდა საბერძნეთში ვაჭრობა, მით უფრო საჭირო ხდებოდა მოვაჭრეებისათვის თანხების მოპოვება. თავდაპირველად ტაძრები გასცემდნენ თანხებს პროცენტებით, თუმცა მალე მათი თანხები საკმარისი არ აღმოჩნდა და ძვ. წ. IV ს-ის დასაწყისში წარმოიშვა ბანკები, ე.წ. ტრაპეზიტები (τραπεζίται). თავისთავად ცხადია, ანტიკურ სამყაროში საკმაოდ განსხვავებულად ფუნქციონირებდა ბანკი, ვიდრე დღევანდელ დღეს. ანტიკური ბანკები შეიძლება განვიხილოთ უფრო მეტად როგორც უბრალოდ გაფორმებული ფულის გადამცვლელები და მევახშეები, ვიდრე სარისკო სესხების გამღები ინსტიტუტი პროდუქტიული ეკონომიკური ინვესტირებისათვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ბანკების მსგავსად მათი მეშვეობით მოქალაქეები სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციას ახორციელებდნენ. ბანკები გასცემდნენ კრედიტებსაც, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი რისკის ღონისძიებისას საკმაოდ დიდ საპროცენტო განაკვეთებს ითხოვდნენ. ისინი ფულს ახურდავებდნენ, ინახავდნენ კერძო პირების ფულს, რასაც განსაკუთრებულ წიგნებში აღნიშნავდნენ, აწარმოებდნენ სხვადასხვა პირებს შორის ანგარიშის სწორებას, ხსნიდნენ მიმდინარე ანგარიშს და ა.შ. ათენის ბანკირთა შორის ცნობილი იყო პასიონი, რომლის საოპერაციო თანხა 50 ოქროს ტალანტს შეადგენდა.

აღსანიშნავია რეფორმები სოლონისა, რომელმაც ყურადღება მიაქცია სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნილ ხალხს. მან საბოლოოდ აკრძალა სესხის აღება სხეულის დაწინდრებით (δανείζει έπί τοϊς σώμασιν) და გააუქმა სრულად ვალები (χρεών άποκοπή). მოვალეები ჰექტემორებად და თეტებად იწოდებოდნენ. ვინც სხეულის საწინდრით იღებდა მდიდრებისაგან სესხს, გამსესხებელ მევახშეებს შეეძლოთ ან თავისთვის დაეტოვებინათ მონად ის, ანდა უცხო ქვეყანაში გაეყიდათ. სოლონის რეფორმების შედეგად ატიკაში ბევრი მონა გათავისუფლდა და, როგორც გადმოგვცემენ, დაბრუნდნენ გაყიდული, თუ ვალების გამო გაქცეული ათენელები, რომელთაც სხვა ქვეყნებში ხანგრძლივი ხეტიალის გამო უკვე დავიწყებულიც კი ჰქონდათ ატიკურად მეტყველება. სოლონის ასეთ აქტს სეისახთეია (σεισαχθία - ტვირთის მოხსნა) უწოდეს. არჩეულმა სოლონმა შექმნა კანონები, რომლებმაც არა მარტო ათენის, არამედ საერთოდ ევროპული კანონმდებლობის განვითარებას შეუქმნა სოლიდური ბაზა. სოლონის კანონებმა ათენში სტიმული მისცა დემოკრატიულ აზროვნებას და სპარტისაგან განსხვავებით, პოლიტიკოსთა საკანონმდებლო ინიციატივები ჩვეულებრივ მოვლენად აქცია.

რომში ვალის უძველეს სახეობას ნექსუმი ეწოდებოდა, რომელსაც თან ერთვოდა დამატებითი მოლაპარაკება პროცენტებზე (fenus unciarium). თუ მოვალე პლებეი დროულად არ დააბრუნებდა ვალს, იგი კრედიტ-პატრიციის განკარგულებაში გადადიოდა. მას კი, თავის მხრივ, შეეძლო ბორკილები დაედო, მოეკლა ან მონად ექცია იგი, ვიდრე არ გამოიმუშავებდა თავის ვალს. ნექსუმი მევახშეების მძიმე პროცენტებით დატვირთულ პლებეებს აღარიბებდა და მონებად აქცევდა. მათ რომს ატოვებინებდნენ და აიძულებდნენ რომის საზღვრებს მიღმა გაეყიდათ - trasns Tiberium. უნდა აღინიშნოს, რომ ძვ. წ. IV ს-ის ბოლოს გამოიცა Lex Poetelia, რომელმაც შეარბილა მოვალეობის ეს ფორმა და შედარებით დემოკრატიულ ჩარჩოებში მოაქცია.

რომაული საკრედიტო ოპერაციების მთავარ ინსტიტუტს აგრეთვე მუტუუმი (mutuum) წარმოადგენდა. მუტუუმი, ფაქტობრივად, უპროცენტო სესხის ფორმა იყო, თუმცა შესაძლებელი იყო ცალკე შეთანხმება პროცენტების თაობაზეც. კრედიტორს ვალის დაუბრუნებლობის შემთხვევაში სარჩელი შეჰქონდა სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ხშირ შემთხვევაში სიტყვიერი იყო.

რომაელი ბანკირები (argentarii, mensarii, numularii) ბერძენი მევახშეების მსგავსად ახურდავებდნენ და ინახავდნენ ფულს (depositum), აძლევდნენ ფულად კრედიტებს (creditum) ქალაქებს, საზოგადოებებს და კერძო პირებს და კისრულობდნენ ყველა ფულადი ოპერაციის წარმოებას. არგენტარიებს ჰქონდათ მიმდინარე ანგარიშები თავიანთი კლიენტებისა და მათი დავალებით უხდებოდათ ფულის გაცემა-გადახდა და მიღება. წარმოებული ფულადი ოპერაციები (praescriptiones) შეჰქონდათ ცალკე საანგარიშო დავთრებში კლიენტის დებეტად (debet) ან კრედიტად (credit). კლიენტს შეეძლო ნებისმიერ დროს მიეღო ზუსტი ცნობები თავისი ანგარიშის მდგომარეობის შესახებ (ratio). არგენტარიები და ნუმულარიები გამოდიოდნენ აგრეთვე სავაჭრო შუამავლებად. ფულადი ოპერაციების, აუქციონებისა და სავაჭრო გარიგებათა ცენტრს ქალაქი რომი წარმოადგენდა. საბანკირო კანტორები განთავსებული იყო ფორუმზე კასტორის ტაძართან განსაკუთრებულ შენობებში.

მართალია, ძველ საქართველოში არ არსებობდა იმ სახის ბანკები, როგორებიც ძველ საბერძნეთსა და რომში ფუნქციონირებდა, მაგრამ მევახშეობის ინსტიტუტი საკმაოდ გავრცელებული იყო. საქართველოში განსაკუთრებით მაშინ გავრცელდა მევახშეობა, როდესაც ყოველწლიურად მოსახლეობისაგან დიდი ფული გადიოდა ხარკად დამპყრობელ ქვეყნებში და სახელმწიფო სალაროც საკმაოდ გაღარიბებული იყო. ამ გარემოებამ ფულის მნიშვნელობა ძალზე გაზარდა, ხოლო მიწის ფასი კი შეამცირა („მას ჟამსა დია ქვეყანანი დაისყიდნეს ხარკობისაგან, ოქრო ძვირად იყვის და სოფელი იაფადო“ - 1259 წ.). ამრიგად, უმიწაწყლოდ რჩებოდა არა მარტო გლეხი, არამედ თვით მემამულე-ფეოდალიც. საბოლოოდ კი სოფლის მეურნეობა ზარალდებოდა, რომელიც თანდათან კარგავდა საწარმოო საშუალებას, მიწას. როგორც წყაროები გადმოგვცემს, ძველად საქართველოში არსებულა სპეციალური საკრედიტო გამსესხებელ-დამგირავებელი და სავაჭრო ამხანაგობანი, რომელთა წევრს ორტაღი ეწოდებოდა. გასაკვირი არაა, რომ ვალში დაგირავებული მამულები ასეთი გაჭირვებისას გამოუსყიდელი რჩებოდა. ეს მიწები პატრონს ეკარგებოდა, ხოლო ვაჭარ-ორტაღები მას ყიდდნენ და საბოლოოდ მსხვილ მემამულეს რჩებოდა. ერთ-ერთ დოკუმენტში მოთხრობილია, რომ ფეოდალმა კახა თორელმა ორტაღთაგან ფული ისესხა (ლარი და თეთრი) და ამ ფულით ბაღდადში უამრავი ძვირფასეულობა შეიძინა. საქართველოში მას ეს განძი გაუყიდია და აღებული ფულით სესხი გაუსტუმრებია. გარდა ამისა, მას სოფელიც უყიდია იმავე ორტაღვაჭრებისაგან, თუმცა ნათქვამია, რომ ფეოდალს ამ განძის გაყიდვა ძალიან გაჭირვებია.

დახმარება. საინტერესოა, რომ როგორც ანტიკურ საბერძნეთში, ასევე რომშიც სახელმწიფო ხაზინაში გათვალისწინებული იყო გარკვეული ტიპის დახმარებები. პერიკლეს რეფორმას უკავშირდება სახელმწიფოებრივი საქმიანობისათვის გასამრჯელოს დაწესება. თავდაპირველად სახალხო სამსაჯავროს ნაფიც მსაჯულებს, შემდეგ კი სხვა თანამდებობის პირებსაც საზოგადოებრივი სამსახურისთვის ეძლეოდათ საზღაური. მაგრამ გასამრჯელოიანი თანამდებობა ყოველი ღარიბი მოქალაქისათვის როდი იყო ხელმისაწვდომი. მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად პერიკლემ საბჭოს შესთავაზა, ყოველწლიურად ზღვაზე გაეგზავნათ 60 ტრიერი, რომლის ეკიპაჟიც 6 თვის მანძილზე მიიღებდა საფასურს. ახალგაზრდები უნდა დაუფლებოდნენ საზღვაო საქმეს, რომლის ცოდნაც ომის დროს გამოადგებოდათ. ათენში დარჩენილ ღარიბთა გასართობად პერიკლე ხშირად აწყობდა საერთო სახალხო ნადიმებს, საზეიმო სვლებსა და თეატრალურ სანახაობებს. თეატრს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რომ პერიკლეს წინადადებით, სადღესასწაულო დღეებში ღატაკებს ფულსაც კი ურიგებდნენ, რათა მათთვის წარმოდგენებზე დასწრების შესაძლებლობა მიეცათ. უღარიბესი მოქალაქეებისათვის მიცემულ სუბსიდიას თეორიკონი ეწოდებოდა. თითოეული ადამიანისათვის თითო წარმოდგენაზე ორი ობოლონი იყო გამოყოფილი. მოგვიანებით სუბსიდიები სხვა ღონისძიებებზეც გაიცა. ძვ. წ. IV ს-ში შემოიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს მთელი ნამატი თანხა თეორიკონისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ომის პერიოდის გარდა. თეორიკონის განმკარგველი მოხელეები არჩეული მაგისტრატები იყვნენ, რომლებსაც საკმაოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდათ ათენის ფინანსურ ადმინისტრაციაში.

რომის სახელმწიფო ხაზინაც ითვალისწინებდა ღარიბთა მდგომარეობას და მათთვის გარკვეულ დახმარებას ითვალისწინებდა. მათ ურიგდებოდათ ღვინო, ზეთი და სხვა საჩუქრები, მოგვიანებით კი სახელმწიფო ხაზინიდან ფულადი დახმარებაც გამოიყო, რასაც კონგიარიუმი ერქვა. რომში არსებობდა მისილია მცირე საჩუქრებისა და ფულის სახით, რომელსაც დღესასწაულის დროს ისროდნენ ხალხში. გარდა ამისა, იმპერატორის ინაუგურაციისას ტრიუმფის დროს დაწესებული იყო დონატივუმი, რომელიც რიგგარეშე საჩუქარს წარმოადგენდა. აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის დახმარებაც, რომელსაც სახელმწიფო უნიშნავდა წარჩინებულ, თუმცა გაღარიბებულ ოჯახებს. ერთადერთი პირდაპირი ინფორმაცია, რომელსაც ვპოულობთ სვეტონიუსთან და რომელიც ვესპასიანუსის დროს სახელმწიფო ხარჯებს აღრიცხავს, აღწევს 40 000 მილიონ სესტერცს = ორ მილიარდ ოქროს, თუმცა ეს ცნობა, მეცნიერების მოსაზრებით, სანდო არ უნდა იყოს და ზოგიერთ მკვლევარს ის 2 მილიონზე ჩამოჰყავს.

გლახაკთა რიცხვი იმდენად იზრდებოდა ბატონყმური ურთიერთობის განმტკიცების პერიოდში საქართველოში, რომ ბაგრატ I კურაპალატმა ჯერ კიდევ IX ს-ის ბოლოს გლახაკთა დასახმარებელი, სახელმწიფო საქველმოქმედო თანხა „გლახაკთა ნაწილი“ დააწესა. აგრეთვე ცნობილია, რომ XII-XIII სს-ში მთელი სახელმწიფო შემოსავლის მეათედი „ნაათალი“ გლახაკთათვის იყო განკუთვნილი. ქართლის ცხოვრებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ VI „...ქურივ-ობოლთა და გლახაკთა მიმცემელი, უღონოთა შემბრალე... მოწყალე“ იყო (481, 6). მიუხედავად იმისა, რომ ქართველ მეფეთა უმრავლესობის დახასიათებისას ისტორიკოსები მათი მხრიდან გლახაკთა მოწყალების გაღების არაერთ შემთხვევაზე მიგვითითებენ, საქართველოში დადგენილი და სტაბილური სუბსიდია არ არსებობდა. იგი მხოლოდ პერიოდულ და ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე ერთჯერად ხასიათს ატარებდა.

ვაჭრობა. სოფლის მეურნეობის განვითარება სხვადასხვა სახის ეკონომიკურ გაცვლას მოითხოვდა, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები თავდაპირველად, როგორც წესი, მეზობლებს ან ერთობის წევრთა შორის იმავე ქალაქის ბაზარში წარმოებდა. აგორაზე ჰომეროსის ეპოქაში რელიგიური კულტმსახურება, სახალხო კრებები და ბასილევსების მიერ სამართალი განისჯებოდა. ძვ. წ. V ს-დან კი აგორა თანდათანობით პროპილეებიანი კოლონადით გარშემორტყმული სიმეტრიული მოედანი გახდა, რომელიც სავაჭრო გარიგებების ადგილსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. ვაჭრობისა და წარმოების განვითარებასთან ერთად პოლისი და წარჩინებული გვარების მიმდებარე მოსახლეობა მალე გარემოცულ იქნა სახელოსნო და სავაჭრო უბნებით. ბერძნული პოლისის ეკონომიკა თავისი სტრუქტურით საკმაოდ განსხვავდებოდა ძველაღმოსავლური და აქეური ეკონომიკისაგან. იგი გამოირჩეოდა თავისი დინამიზმით, სახელოსნო წარმოების მოცულობით და კერძო მეურნეობის სიჭარბით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ ერეოდა სამეურნეო ურთიერთობებში, რამაც კლასიკურ ხანაში ბერძნული დემოკრატია (ძვ. წ. V-IV სს.) განვითარების მაღალ საფეხურზე აიყვანა. პოლისმა მკვეთრად გამიჯნა საზოგადო და პრივატული სივრცეები, რასაც მოჰყვა კერძო და საზოგადო ქონების სუბორდინაცია. ბერძნული პოლისი, როგორც დამოუკიდებელი პატარა ქალაქ-სახელმწიფო თავისი სპეციფიკური სოციალურეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურით უზრუნველყოფდა წარმოების სწრაფ განვითარებას. თუ ადრე საბერძნეთში რკინისა და სპილენძის მაღაროების დამუშავება ადგილობრივად არ წარმოებდა და ამ ლითონების საჭირო ნატეხებს ბერძნები უცხოელი ვაჭრებისაგან იძენდნენ, მოგვიანებით უკვე რკინის მაღაროები საბერძნეთის მრავალ ადგილას გაჩნდა. ამოღებული მადნის დასამუშავებლად გამოიგონეს აგრეთვე პატარა ღუმელები. ცნობილია, რომ ათენის სახელმწიფოს ეკუთვნოდა ლავრეიონის ვერცხლის მაღაროები. მათ დამუშავებას ნაწილობრივ თვითონ სახელმწიფო აწარმოებდა და ნაწილობრივ იჯარით გასცემდა. მოიჯარეები უმეტესად მოქალაქეები იყვნენ და იშვიათად მეტეკები. გადმოცემით, მოიჯარეთა მაღაროებში 20 000-მდე მონა მუშაობდა. ასევე რომშიც სახელმწიფო მაღაროები განსაზღვრულ თანხად იჯარით გადაეცემოდათ. ახალი კართაგენის მაღაროები ყოველდღიურად ςიძლეოდა დაახლოებით 25000 დრაქმას, ოქროს მაღაროები (ჰალისიის, ასტურიის, ლუზიტანიის) ყოველწლიურად 4 1/2-5 1/2 მილ. გადასახადს იძლეოდნენ. ლითონების გადასამუშავებელი სახელოსნოებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავალი შედიოდა ხაზინაში. პასიონს ძვ. წ. IV ს-ში იჯარით გაუცია 1 ტალანტად ფარების სახელოსნო, რომელიც წლიურად შემოსავალს - 100 მინას იძლეოდა. გაიხსნა ისეთი საფეიქრო სახელოსნოები, რომლებიც გასაყიდად ამზადებდნენ ნაირფერად შეღებილ ქსოვილებს. საფეიქრო წარმოება მეცხვარეობის ფართო განვითარებას მოითხოვდა. მილეტმა მართლაც გაითქვა სახელი თავისი მაღალხარისხიანი ნაზი მატყლით. სელის ნაზი ქსოვილებით კი განთქმული იყო კუნძული ამორა.

კერამიკულმა წარმოებამ ათენის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ქალაქის სახელოსნო ნაწილს კერამიკოსი ეწოდებოდა. ძვ. წ. VI საუკუნისათვის არსებობდა მსხვილი კერამიკული სახელოსნოები, სადაც ძირითადად მონები იყვნენ დასაქმებულნი. თიხის ჭურჭლის მოხატულობა საკმაოდ ვრცლად გვისურათებს კერამიკულ სახელოსნოებში მუშაობის პროცესს. სავაჭრო გაცვლა წარმოებდა ან იმავე სახის საქონლის ბარტერით, ანდა ფულადი ერთეულის საშუალებით. ათენს ჰქონდა თითქმის უნიკალური საშუალება ამგვარი იმპორტის საფასური ვერცხლით გადაეხადა. ძვ. წ. V საუკუნისათვის ათენი გახდა მთავარი სავაჭრო ცენტრი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაპირებს შორის, მდიდარი ქალაქი, სადაც, ისოკრატეს თქმით, ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა, ხოლო ნავსადგურ პირევსში ყოველი მხრიდან იყრიდა თავს გემები. ყოველ შემოტანილ და გატანილ საქონელზე პირევსის ნავსადგურში ახდევინებდნენ ბაჟს, რომელიც საქონლის ღირებულების 1/50-ს უდრიდა (πεντηκοστή).

აქვე უნდა აღინიშნოს სოლონის რეფორმები ვაჭრობისა და ხელოსნობის საქმეში. თითოეული მოქალაქე, რომელსაც შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნდა, ვალდებული იყო თავისი შვილებისათვის ესწავლებინა რაიმე ხელობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უფლება არ ჰქონდა, მოეთხოვა მათგან მოვლა-პატრონობა მოხუცებულობისას. არსებობს ცნობა, რომ რადგანაც ატიკა ნაკლებად მოსავლიანი იყო, სოლონმა აკრძალა პურისა და საერთოდ სანოვაგის გატანა მისი საზღვრებიდან. თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდებოდა ზეთისხილზე. ზეთისხილის ექსპორტი ატიკაში ოფიციალურად უკვე ძვ. წ. 600 წ-დან იწყება. ადგილობრივი პური კონკურენციას ვერ უწევდა იმ იაფ ხორბლეულს, რომელსაც უხვად ეზიდებოდნენ სიცილიიდან, ეგვიპტიდან და ჩრდ. შავიზღვისპირეთიდან. ეს გარემოება კი ხელს უშლიდა საბერძნეთში სოფლის მეურნეობის განვითარებას. დამუშავებული მიწის ფართობი მცირდებოდა და მოსახლეობის პურით დაკმაყოფილების საკითხი რთულდებოდა. ატიკაში ადგილობრივად მოდიოდა დაახლოებით 400 000 მედიმნი პური, ხოლო შემოჰქონდათ 800 000 მედიმნი. მიწის დამუშავების შემცირებასთან ერთად ფართოვდებოდა სხვადასხვა სასარგებლო მცენარის კულტურები, რომელთაც უფრო ნაყოფიერად შეეძლოთ აენაზღაურებინათ გაწეული შრომა. ეს მცენარეები იყო ზეთისხილისა და ლეღვის ხეები და ვენახები.

პერიკლეს ხანაში ათენი ფლობდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ხორბლეულის ექსპორტს, განსაზღვრავდა მის განაწილებას მოკავშირეთა შორის და სრული საშუალება ჰქონდა ყოველ ურჩ მოკავშირეს მისი მიწოდების აკრძალვით დამუქრებოდა. პურის ტრანსპორტის მეთვალყურეობა დაკისრებული ჰქონდა „ჰელესპონტის მცველებს“ (Ελλησποντοφύλακες). შეგვიძლია ვიგულისხმოთ, ეს თანამდებობა უმთავრესად პელოპონესის ომის დასაწყისში იქნა შემოღებული და გარეგნულად თითქოს სამხედრო ზომას წარმოადგენდა, თუმცა არსებითად მოკავშირეების მიმართ ათენის ეკონომიურ ბატონობას განასახიერებდა. ათენი ტრანზიტის ფართო ბაზრად იქცა. თუმცა ის არა მარტო ტრანზიტის ადგილი იყო, არამედ თვით ქმნიდა სხვადასხვა პროდუქციას ექსპორტისთვის. ათენში არსებობდა ხელოსანთა უბანი, რომელიც აღმოსავლეთით არეოპაგს და დასავლეთით პნიქსს ეკვროდა.

წყაროებში გადმოცემული ინფორმაციის თანახმად, არსებობდა ვაჭართა სხვადასხვა ტიპი: ზოგი თვითონ იყო ხომალდების მეპატრონე, ზოგი კი სხვების გემებით ეზიდებოდა საქონელს. მათ გარდა, მრავლად იყვნენ წვრილი ვაჭრები, მეწვრილმანეები, ფარდულებში მოვაჭრენი და ა.შ. ათენსა და მილეტში ვაჭრობა გარკვეულ ადგილებში - სავაჭრო რიგებში მიმდინარეობდა. ბაზრებში მუდმივად ხმაური იყო. წვრილ მოვაჭრეთა შორის იყვნენ არა მარტო მამაკაცები, არამედ ქალებიც, რომლებიც ხმამაღლა მოუწოდებდნენ გამვლელებს, ეყიდათ ზეთი, ღვინო, ძმარი, ღორის ხორცი, პური და ა.შ. არისტოფანემ თავის კომედიებში კარგად შემოგვინახა მაშინდელი ათენის ბაზრის სურათები.

არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი ბერძნული და აღმოსავლური წარმოების ნივთები ადასტურებს რომის სავაჭრო კავშირ-ურთიერთობას სამხეთ იტალიურ საბერძნეთთან, ეტრურიასა და კართაგენთან. რომში მთავარი ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე რომაული ფორუმიც, ელინისტური ქალაქების საბაზრო მოედნების მსგავსად წარმოადგენდა ტაძრებით, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებით, შადრევნებით, ორატორების ტრიბუნებით, ქანდაკებებითა და პორტიკებით შემკულ მოედანს. ტრადიციის თანახმად, ნუმა პომპილიუსის დროს რომში უკვე არსებობდა ხელოსანთა კავშირები - კოლეგია (collegia). ყოველ მეცხრე (nundinae) დღეს სოფლის მცხოვრებნი მოდიოდნენ ქალაქში ბაზრობებზე, რელიგიურ დღესასწაულებსა და საერთო შეკრებებზე.

რომისა და მის მეზობლად არსებულ ლაციუმის ქალაქების ეკონომიურ განვითარებას ძვ.წ. VIIVI სს-ში ადასტურებს სარწყავი არხების ნაშთები, გვირაბები, აკლდამები, შენობები და ა.შ. რომის მეხუთე მეფეს, ტარკვინიუსს, რომლის დროსაც აიგო კლოაკა მაქსიმა (cloaca maxima - კანალიზაციის სისტემა ძველ რომში), საბაზრო მოედნის (macellum) გამართვაც მიეწერება.

უფრო გვიან ფლამინიუსი არა მარტო სოფლის, არამედ ქალაქის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფების ინტერესთა დასაცავადაც გამოდიოდა. ფლამინიუსის დახმარებით სახალხო ტრიბუნმა კლავდიუსმა გაატარა კანონი ნობილების სავაჭრო ოპერაციათა შეზღუდვის შესახებ. რომაელ ვაჭრებს შორის გამორჩეული ადგილი ეჭირა რაბირიუს პოსტუმუსს, რომელსაც საკუთარი სავაჭრო გემები ჰყავდა. ციცერონის გადმოცემით, რაბირიუსის გემები სავსე იყო სელის, შუშისა და ბამბეული ნაწარმით, რომელიც პუტეოლის ნავსადგურში იდგა.

ქართლის მჭიდროდ ჩაბმას საერთაშორისო ვაჭრობაში ნუმიზმატიკური მასალაც მიგვითითებს. ახ. წ. I-III სს-ის ქართლის ტერიტორიაზე მრავლადაა აღმოჩენილი იმ დროის საერთაშორისო ვაჭრობაში ფართოდ გამოყენებული უცხოური მონეტები. ქართლში იჭრებოდა ამ ფულის მინაბაძებიც - რომაული და პართული მონეტების - ავგუსტუსის დინარებისა და გოტარზის დრაქმების მინაბაძები, აღმოჩენილია დიდძალი იმპორტული საქონელიც, უმთავრესად ფუფუნების საგნები.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ვაჭრობისა და სავაჭრო გზების ფაქტორს, რომელთა გარეშე წარმოუდგენელი იყო მათი სრულფასოვანი ფუნქციონირება. ამ გზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკვანძო პუნქტს ქართლის (იბერიის) დედაქალაქი მცხეთა წარმოადგენდა. საქართველოს დიდი საერთაშორისო სავაჭრო გზა აღმოსავლეთს (ჩინეთი, ინდოეთი, შუა აზია) დასავლეთთან (ევროპა). ხოლო სამხრეთში, სომხეთში გამავალ ანალოგიურ მაგისტრალთან აკავშირებდა. ეკონომიკურ დაწინაურებაზე გზებისა და ხიდების სიმრავლე მიუთითებს. კეთილმოწყობილი გზები, ხიდები ხელს უწყობდა საქართველოს ცალკეული რაიონების ერთმანეთთან დაახლოებას და საშინაო თუ საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცებას. სტრაბონის თანახმად, დიოსკურიაში 70 ტომი იყრიდა თავს, ხოლო ფასისი წარმოადგენდა „კოლხთა სავაჭრო ადგილს“. ანტიკური სამყაროს ცენტრებიდან კოლხეთში შემოდიოდა მაღალი ხარისხის ღვინო, სხვადასხვა ხელოსნური ნაწარმი, ზეითუნის ზეთი და სხვ. სტრაბონი სოანების (სვანების) დახასიათებისას აღნიშნავს, რომ ზამთრის ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს, რომელსაც ბარბაროსები დახვრეტილი ვარცლებითა და ბანჯგვლიანი ტყავებით აგროვებენ და აქედან წარმოიშვა მითი ოქროს საწმისის შესახებო (XI, 2, 19). ნოდარ ლომოურის აზრით, ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ კოლხეთის ოქროც ბერძნების ინტერესთა სფეროში შედიოდა.9 ბერძენი ისტორიკოსების თანახმად, ძვ. წ. VI ს-დან კოლხეთში იჭრებოდა მონეტა, ე.წ. „კოლხური თეთრი“. ვარაუდობენ, რომ კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში ხდებოდა ბერძენ და კოლხ ხელოსანთა საწარმოო თანამშრომლობა, რაც კოლხური ხელოსნობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა ყოფილიყო. ათენში ნაპოვნია თასი, რომელიც ძვ. წ. 540 წ-ით თარიღდება. მასზე შერჩენილია ბერძნული წარწერა: „კოლხმა მე გამაკეთა“. ბერლინის მუზეუმში დაცულია აგრეთვე ათენში ნაპოვნი ამფორა ბერძნული წარწერით „ევქსითეოსმა გამაკეთა, კოლხმა მომხატა“,10 რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ანტიკური სამყაროს მჭიდრო ურთიერთობებს.

ამრიგად, ჩვენს ნაშრომში შევეცადეთ წარმოგვეჩინა ძველი საბერძნეთის, რომისა და საქართველოს ეკონომიკური სტრუქტურები და ინსტიტუციები. თითოეული ქვეყნის ეკონომიკას, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური მოწყობის სპეციფიკა განსაზღვრავდა. მიუხედავად განსხვავებული მასშტაბებისა და ეპოქისა, მათ ეკონომიკურ ზრდას ერთი საერთო ტენდენცია განაპირობებდა - რაც უფრო დემოკრატიული და დამოუკიდებელი იყო სახელმწიფოს მხრიდან კერძო მეურნეობა და დაცული საკუთრების უფლებები, მით უფრო ვითარდებოდა ეკონომიკური მიმართულებები. აგრეთვე საყურადღებოა, რომ ომიანობა და არასტაბილურობა ყველგან ზრდიდა გლახაკთა რიცხვს და შესაბამისად, გაღარიბებულ სახელმწიფოში ცხოვრების დონე საგრძნობლად ეცემოდა. სავაჭრო სივრცის გაფართოებასთან ერთად მდიდრდებოდა როგორც კერძო პირი, ასევე სახელმწიფოც, რადგან საგარეო ვაჭრობის განვითარებასთან ერთად თანდათან იხვეწებოდა საბაჟო და საგადასახადო სისტემები. ყოველივე ამას კი თან ახლდა სახელმწიფო ხაზინის გამდიდრება, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება და ამონაგები თანხების ინვესტირება სამრეწველო თუ სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში. თანამედროვე ეკონომისტები არ დაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში თავისუფლების შეზღუდვა და სახელმწიფოს უხეშად ჩარევის შემთხვევები საკმაოდ აზარალებს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ სამყაროში ძველმა ბერძნებმა გაიკვლიეს გზა დემოკრატიისაკენ, რომლის დახვეწასა და განვითარებას დღესაც ცდილობს ცივილიზებული კაცობრიობა.

_______________

1 საქართველოს ისტორია, ტ. I, თბილისი, 2012, 221. 36

2. საქართველოს ისტორია, ტ. I, თბილისი, 2012, 220.

3. ჯანაშია ს., შრომები, I, 1949, 289.

4. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, 1973, 335.

5. ჯავახიშვილი ი., თხზულებანი, ტ. VI, 1982, 308.

6. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, II, 1973, 336-337.

7. ჯავახიშვილი ი., თხზულებანი, VI, თბილისი, 1982, 254.

8. დოლიძე ი., ქართული სამართლის ძეგლები, II, 1965, 59.

9. ლომოური ნ., კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია, თბილისი, 1962, 46-52.

10. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, 1970, 410.

5 3. კანონმდებლობა, კანონშემოქმედება და სამართალწარმოება

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხის განსაზღვრისას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ქვეყნის კანონმდებლობის, კანონშემოქმედების და სამართალწარმოების ანალიზი: რამდენად ითვალისწინებს კანონშემოქმედება და სამართალწარმოება სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების ჩართულობას (პირდაპირი თუ ირიბი გზით) ამ პროცესში. ამ კუთხით გავაანალიზებთ ძველ საბერძნეთში, რომსა და ფეოდალურ საქართველოში მიმდინარე პროცესებს სამართალშემოქმედების და სამართალწარმოების სფეროში. ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფოზე მსჯელობისას, რომლისთვისაც ფეოდალური ფორმაციისათვის დამახასიათებელი ყველა პოლიტიკურ-სოციალურ-სამართლებრივი ნორმა ორგანული იყო, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სამართლის სფეროს მართვის დემოკრატიულ პრინციპზე, ამ ტერმინის პირდაპირი მნიშვნელობით, უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას კოლეგიალობის, მოთათბირების ინსტიტუტზე, რომელიც აშკარად სახეზეა როგორც გაერთიანებული ისე გვიანფეოდალური საქართველოს სამართლებრივ სისტემაში.

რაც შეეხება ადათობრივ სამართალს, რომელიც წინასახელმწიფოებრივ ხანაში იღებს სათავეს და საქართველოს მთიანეთში გარკვეული ფორმით დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას, ბუნებრივია, სამართალწარმოების პროცესში ხალხის უშუალო მონაწილეობის ხარისხი ბევრად მაღალია და აშკარა პარალელების დაძებნა ხერხდება როგორც ათენის, ისე რომის რესპუბლიკის სამართალწარმოებაში არსებულ ნორმებთან.

კანონმდებლობა და კანონშემოქმედება

ათენის კანონშემოქმედება ამ სფეროს დემოკრატიულობის უპრეცენდენტო მაგალითს წარმოადგენს. მასში ბერძნული დემოკრატიის ყველა ძირითადი ინსტიტუტის გარდა (სახალხო კრება, ბულე, ნომოთეტესები, თესმოთეტესები) მონაწილეობის მიღება შეეძლო ათენის რიგით მოქალაქეს. თუ კანონი არ აკმაყოფილებდა საზოგადოების მოთხოვნებს, მოქალაქეს ჰქონდა უფლება ახალი კანონპროექტი წარმოედგინა ხალხის წინაშე. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოქალაქეს მხოლოდ ცვლილების ინიციატივით შემოსვლა არ შეეძლო. მას აუცილებლად უნდა წარედგინა დაწესებული კანონის ახალი ვარიანტი. კანონპროექტის წარმოდგენის შემდეგ ბულეს ეს საკითხი შეჰქონდა სახალხო კრების დღის წესრიგში. ამის შემდეგ კრება განიხილავდა, თუ რამდენად ღირდა ახალი კანონპროექტის ნომოთეტესების (კანონმდებლების) წინაშე წარდგენა. ნომოთეტესების შეკრებაზე დამტკიცების შემდეგ კანონპროექტს კანონის ძალა ენიჭებოდა.

რაც შეეხება რომის რესპუბლიკას, აქ შედარებით განსხვავებული სურათი გვაქვს. თუ ბერძნულ სამართალშემოქმედებას თამამად შეიძლება ეწოდოს აბსოლუტურად ღია მოქალაქის ინიციატივისათვის, რამდენადაც ნებისმიერი ადამიანი პირდაპირ იღებდა მონაწილეობას კანონშემოქმედებაში, რომში საკანონმდებლო ფუნქციით აღჭურვილნი იყვნენ უმაღლესი მაგისტრატები - magistratus maiores (დიქტატორი, კონსული, პრეტორი) და სახალხო ტრიბუნები - tribuni plebis. რამდენადაც ტრიბუნები ხალხის ინტერესების დამცველებს წარმოადგენენ, მათი უფლება კანონშემოქმედების სფეროში შეიძლება გარკვეულწილად კანონშემოქმედებაში რომაელი ხალხის არაპირდაპირ (ირიბ) მონაწილეობად შეფასდეს.

ფეოდალურ საქართველოში კანონშემოქმედებაში ინიციატორის უფლებით მხოლოდ მეფეა აღჭურვილი, რაზეც მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იყო კანონები მოქალაქეებისათვის, რამდენად ჰქონდათ მათ საშუალება სცოდნოდათ კანონები, გასცნობოდნენ მათ. ათენში კანონთა ცოდნა ელიტის პრეროგატივას არ წარმოადგენდა. კანონები საჯაროდ იყო გამოფენილი ათენის ცენტრში ეპონიმ გმირთა ქანდაკებების ირგვლივ და ყველას შეეძლო მათი გაცნობა („ყველა მოქალაქეს თვალწინ ერთი და იგივე კანონები აქვს, მარტივი და ნათელი წასაკითხად და გასაგებად“ (დემოსთენე, 20, 93).

ამ მხრივ რომშიც იდენტურ სურათს ვაწყდებით. XII დაფის კანონები, რომლებიც რომაული საკანონმდებლო სისტემის ბაზისად იქცა, ამოტვიფრეს დაფებზე და ჩვეულების შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილას გამოფინეს, რათა მათ ხალხი გასცნობოდა. ასეთი იყო ტრადიცია ძვ. 48 წ. V ს-მდე და გრძელდებოდა შემდეგაც. კანონპროექტის ავტორს წინასწარ უნდა წარმოედგინა, გამოეფინა (promulgatio) იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმეტეს სამი კვირისა). მოქალაქეებს შეეძლოთ შეესწავლათ კანონპროექტი და შეეტანათ მასში ცვლილებები. ხმის მიცემის დღეს მაგისტრატი კრებაზე კითხულობდა კანონპროექტს, რომელიც უკვე აღარ ექვემდებარებოდა ცვლილებებს და შემოდიოდა ხმის მიცემის წინადადებით, რომელიც შემდეგი წესით ტარდებოდა: UR (uti rogas - როგორც შენ შემოგვთავაზებ = დადებითი ხმა) და A (absolvo - უარს ვამბობ ახალ წინადადებაზე = უარყოფითი ხმა). თუ კრება კანონს მიიღებდა, მაგისტრატი ბრძანებას გამოსცემდა, რომ საზეიმოდ გაეხმოვანებინათ იგი (renuntiatio - ხმის მიცემის შედეგების გამოქვეყნება). ამის შემდეგ კანონი ძალაში შედიოდა. აუცილებელ პირობას წარმოადგენდა კანონის სენატის მიერ დამტკიცება (auctoritas patrum), რომელიც Lex Publilia 3-ის მიხედვით წინასწარ გაიცემოდა. მიღებული კანონის ტექსტი ინახებოდა სახელმწიფო არქივში (ხაზინა - aerarium populi Romani).

როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მეფეს ჰქონდა საკანონმდებლო ფუნქცია, მაგრამ იგი არ გულისხმობდა ერთპიროვნულად კანონების მიღების უფლებას, არამედ დარბაზის ერთა თანამშრომლობით და განჩინებით. ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნში ვკითხულობთ: „პირველად... მეუფისა ბრძანებითა და მერმე ეპისკოპოზთა, დიდებულთა და აზნაურთა და ჭკვიან კაცთა მეფეთა წინაშე გაჩენილი“. ფეოდალურ საზოგადოებაში მოქმედი ნორმების თანახმად, კანონთა შემოქმედებაზე ხალხს ხელი არ მიუწვდებოდა, თუმცა წყაროებმა შემოგვინახა ინფორმაცია, რომ ზოგ შემთხვევაში ახალი საკანონმდებლო აქტის შექმნის პროცესში სახელმწიფო მოხელეებთან ერთად ჩართულნი იყვნენ ხოლმე ხევისბერებიც, რომელთა საშუალებითაც მართალია ირიბად, მაგრამ იმ რეგიონის ხალხიც იღებდა კანონთა შექმნაში მონაწილეობას („ძეგლის დადება მეფეთმეფის გიორგის მიერ“).

სახელმწიფო მუდმივად ზრუნავდა საკანონმდებლო სფეროს დახვეწაზე, ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ათენში ოლიგარქიული გადატრიალების შემდეგ ძვ. წ. 410 წ-ს დემოკრატიული ხელისუფლების პირველი ნაბიჯი იყო ე.წ. „კანონთა გამომქვეყნებელთა“ საბჭოს შექმნა (άναγραφεϊς τών νόμων), რომელსაც არსებული კანონების საფუძველზე დაევალა კანონთა კორპუსის ჩამოყალიბება, რასაც ექვსი წელი დასჭირდა. კანონები ქალაქის ცენტრში, აგორაზე სტოა ბასილეას კედლებზე ამოიტვიფრა ხალხის გასაცნობად. აღსანიშნავია, რომ ძვ. წ. 404 წ-ს დემოკრატიული მმართველობის დროებითი გადაგდების დროს ქვებზე დაწერილი კანონები აგორიდან გაიტანეს. ახალმა დემოკრატიულმა მმართველობამ ისევე ყურადღების ცენტრში მოაქცია კანონმდებლობის მოწესრიგების საკითხი და იქმნება ნომოთეტესების საბჭო (კანონშემოქმედნი), რითაც ახალი ეტაპი იწყება ათენურ კანონშემოქმედებაში - კანონის შემოქმედების უფლება ჩამოერთვა სახალხო კრებას და იგი ნომოთეტესების ხელში გადადის.

სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროსთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებაზე მეტყველებს ისიც, რომ ყოველწლიურად ხდებოდა ათენის კანონების მთელი კორპუსის რევიზია. წლის I სახალხო კრებაზე ხელის აწევით უარყოფილი კანონები იმ თვის ბოლო კრებაზე განიხილებოდა, სადაც დგებოდა საკითხი ნომოთეტესების შეკრების, მათი სახელფასო ფონდის შესახებ. თანხმდებოდნენ იმ ვადაზე, რომელიც დასჭირდებოდა მათ კანონების შესასწავლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კანონის გაუქმება და ახლით ჩანაცვლება ხელაღებით არ ხდებოდა, პირიქით, ამ პროცედურას სახელმწიფო ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა. ამის დასტურია იმავე სახალხო კრებაზე ხუთი კაცის არჩევა, რომელთაც გასაუქმებელი კანონების დაცვა ევალებოდათ და გრაფე პარანომონი (γραφή παρανόμων) - სამართლებრივი დევნა იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ისეთ ახალ კანონპროექტს წარმოადგენდნენ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა არსებულ კანონმდებლობასთან. ამ დანაშაულში სამჯერ მხილებული პიროვნება მოქალაქეობას კარგავდა, პირველი ორი შემთხვევა იფარგლებოდა ჯარიმით.

კანონების ყოველწლიური რევიზია თესმოთეტესებსაც ევალებოდათ. ამ რევიზიის მიზანს არაქმედითუნარიანი და კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მყოფი კანონების გამოვლენა წარმოადგენდა, რასაც მოჰყვებოდა კანონის დამტკიცების ტრადიციული საფეხურების გავლა (გამოფენა, სახალხო კრების მოწვევა, ნომოთეტესთა მოწვევა და კანონის კენჭისყრა).

შეიძლება ითქვას, რომ ათენის სახელმწიფო, ერთი მხრივ, მუდმივად აკონტროლებდა, რევიზიას უტარებდა კანონმდებლობას და ორიენტირებული იყო მის დახვეწაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მან ჩამოაყალიბა სამართლებრივი მექანიზმი (γραφή παρανόμων), რომლის საშუალებითაც ხდებოდა საკუთარი კანონების უზენაესობის უზრუნველყოფა.

ათენელები საკანონმდებლო სივრცეში ორ ცნებას განარჩევდნენ νόμος (კანონი) და ψήψισμα (დეკრეტი). ძვ. წ. IV ს-მდე ისინი ერთი და იმავე მნიშვნელობის მატარებლები იყვნენ. მოგვიანებით მათ დამტკიცებას თან ახლდა განსხვავებული პროცედურა: დეკრეტები მიიღებოდა სახალხო კრებაზე კენჭისყრით. კანონები განსაზღვრავდა, თუ რომელი დეკრეტის მიღების უფლება ჰქონდა სახალხო კრებას. შესაბამისად, ათენურ კანონმდებლობაში კანონი აღემატებოდა დეკრეტს.

ათენური კანონები თემატურად იყოფოდა:

1. საბჭოსთან დაკავშირებული კანონები (ნომოთეტესების შეკრება, კანონშემოქმედებითი პროცედურები).

2. კანონები, რომლებიც ყველა ათენელს მიემართებოდა (τών άλλών).

3. 9 არქონის კანონები.

4. კანონები, რომლებიც სხვა თანამდებობის პირებს მიემართებოდა (τών άλλών άρχών).

განსხვავებული სურათია რომში. რომის კანონმდებლობის დახვეწასა და განვითარებაზე პირველი სერიოზული ზრუნვა უკავშირდება სერვიუს ტულიუსის რეფორმას (ძვ. წ. 509 წ.) ტაციტუსის მიხედვით, პირველ კანონმდებლად სახელდება სერვიუს ტულუსი, რამდენადაც მისი წინამორბედნი იფარგლებოდნენ მხოლოდ ცალკეული კანონების და დადგენილების გამოცემით. მეფეების განდევნის შემდეგ გამოიცა მხოლოდ ცალკეული კანონები პატრიციების გავლენის შესამცირებლად. საბოლოოდ, ძვ. წ. 451-450 წწ-ში დეცემვირთა მიერ შემუშავდა ათენის კანონმდებლობითი ტრადიციის (სოლონის კანონმდებლობა) გათვალისწინებით XII დაფის კანონები, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რომაულ კანონმდებლობას. სტოლონის კანონებმა (იხ. გაიუს ლიცინიუს სტოლონი) ძვ. წ. 366 წ-ს უზრუნველყო პლებეების სამართლებრივი მდგომარეობის მეტ-ნაკლები გათანაბრება პატრიციებთან. შემდგომი ორი საუკუნე, რომელიც აღსავსე იყო განუწყვეტელი ომებით სხვა ხალხებთან, არ გამოირჩეოდა კანონმდებლობის განვითარებით. პირიქით, სტოლონის კანონები დავიწყებას მიეცა. შემდგომ აღზევებად კანონმდებლობის განვითარების ისტორიაში შეიძლება ჩაითვალოს ძმები გრაკქუსების (იხ. გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი, ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსი) მოღვაწეობა. სულას არადემოკრატიული კანონები (Leges Corneliae ძვ. წ. 87 წ.) მიმართული იყო სახელმწიფოს სრული რეორგანიზაციისაკენ არისტოკრატიის გაძლიერების კუთხით (იხ. კანონმდებლობა, რომი), სულას სიკვდილთან ერთად (ძვ. წ. 78 წ.) ისევ ჩნდება დემოკრატიული ოპოზიცია, რომელიც ცალკეული კანონებით ცდილობს სახელმწიფოში მდგომარეობის დარეგულირებას. კეისარსა და პომპეუსს შორის მიმდინარე ბრძოლის პირობებში კანონმდებლობა ბრძოლის იარაღად იქცა, სადაც კანონებს ცვლიდნენ და ახალს გამოსცემდნენ ძირითადად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ავგუსტუსმა შეძლო კანონების საშუალებით აღედგინა წესრიგი ქვეყანაში, თუმცა მის მიერ ჩამოყალიბებული სამართლებრივი ინსტიტუტები მოგვიანებით პირადი ინტერესის დაცვით იყო დაკავებული.

რესპუბლიკის ხანაში კანონებს ღებულობდნენ სახალხო კრებები (კურიის, ცენტურიის, ტრიბის კომიციები). იმის მიხედვით, თუ სად უყრიდნენ კენჭს კანონს, კანონები იყოფოდა leges curiatae, leges centuratae და leges tributae. იმპერიის პერიოდში სახალხო კრების როლი დაეცა და კანონების გამოცემის უფლება მიისაკუთრა იმპერატორმა (იხ. კონსტიტუციები).

კანონი თავის სახელწოდებას იღებდა ავტორის გვარის მიხედვით. კანონი შედგებოდა სამი ნაწილისაგან: კანონის შესავალი ნაწილი (praescriptio legis), კანონის უშუალო გადმოცემა, რომელიც შეიძლება თავებად იყოს დაყოფილი (rogatio legis) და კანონის ის ნაწილი, სადაც გადმოცემულია, თუ რა მოჰყვება ამ კანონის დარღვევას (sanctio). ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით ხშირად რამდენიმე კანონი გამოიცემოდა, რადგან არ ხდებოდა მიღებული კანონის დაცვა, ამის გამო ჩამოყალიბდა კანონთა მსხვილი ჯგუფები: leges agrariae, leges de alea, leges de ambitu, leges de maiestate, leges de provocatione, leges de sacerdotis, leges de sponsu, leges de fenebres, leges frumentariae, leges iudicariae, leges repetundariae (იხ. კანონმდებლობა, რომი).

კანონები არსის მიხედვით ორ ტიპად იყოფოდა: leges privatae, რომლებიც კერძო პირთა, ცალკეულ მოქალაქეთა ინტერესებს იცავდა და არეგულირებდა მათ შორის ურთიერთობებს და leges publicae, რომლებიც იცავდა რომაელი ხალხის სუვერენიტეტს.

კანონების (leges) გვერდით რომშიც მოქმედებდა მაგისტრატების (იხ. პრეტორი, ცენზორი, კონსული, ედილი, კვესტორი, სახალხო ტრიბუნი, დიქტატორი) ედიქტები, რომელთაც კანონის ძალა ჰქონდა. ედიქტი იყო საჯარო განცხადება, ბრძანება. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრეტორის ედიქტებს. მაგისტრატების ბრძანებები ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა, თუმცა ეს არ შეეხებოდა პრეტორის ედიქტებს, რომელთაც ხანგრძლივი მოქმედების ვადა ახასიათებდა.

რომაული კანონების განვითარების საქმეში დიდი როლი შეასრულეს იურისტებმა. იურიდიულ სამსახურს რომში საფუძველი ჩაეყარა ძვ. წ. III ს-ში. პირველ იურისტად ასახელებენ ტიბერიუს კორუნკანიუსს, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორუნკანიუსამდეც მოღვაწეობდნენ იურისტები. მათი მოღვაწეობა რამდენიმე მიმართულებას შეიცავდა: 1) იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულირების ჩამოყალიბება (ფორმულების შედგენა), 2) იურიდიულ საკითხებში მოქალაქეებისათვის, სახელწიფო მაღვაწეებისათვის კონსულტაციის გაწევა, 3) სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე გამოსვლა მისი ინტერესების დაცვის მიზნით.

ათენისა და რომისაგან განსხვავებით, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ იქმნებოდა პირველი სახელმწიფო კანონები საქართველოში, თუმცა ფეოდალური (გაერთიანებული და გვიანფეოდალური) საქართველოს საკანონმდებლო სფეროს შესახებ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი, ჩვეულებით სამართალთან ერთად, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის უძველესი სამართლის ბაზისს წარმოადგენს, ეფუძნება საეკლესიო (ნათარგმნი და ქართული საეკლესიო კანონმდებლობა) და საერო კანონმდებლობას (ხელმწიფის კარის გარიგება, დასტურლამალი, ბაგრატ კურაპალატის კანონები, გიორგი ბრწყინვალის სამართლის წიგნი, ბექასა და აღბუღას კანონები, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული და სხვ.) (იხ. კანონშემოქმედება და სამართალწარმოება, საქართველო).

ქართველი მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ სამართალშემოქმედების სფეროს მოწესრიგების საკითხს, რაზეც ნათლად მეტყველებს თუნდაც გიორგი ბრწყინვალის მიერ ახალი სამართლის წიგნზე მუშაობის დაწყების მიზეზი. მას შემდეგ, რაც გიორგი ბრწყინვალემ გააერთიანა ქვეყანა, მისი ყურადღების ცენტრში მოექცა მთიულეთი, სადაც ძველი ადათობრივი ნორმები ვეღარ არეგულირებდნენ ადამიანთა შორის სამართლებრივ ურთიერთობას, მოშლილი იყო სახელწიფო აპარატის ნორმალური ფუნქციონირება. სწორედ ამის გამო იწყება მეფის დავალებით ახალ სამართლის წიგნზე მუშაობა. აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რაზედაც ადრეც შევჩერდი, რომ კანონების შექმნაში მონაწილეობას სპეციალურ მოხელეებთან ერთად იღებდნენ მთიულეთის ხევისბერნი, როგორც რეგიონის წარმომადგენლები, რომელთა საშუალებითაც, ხალხიც, მართალია, ირიბად, მაგრამ ჩართული იყო ამ პროცესში. სამართლის წიგნები (კანონები) იქმნებოდა სამართლის მცოდნე პირთა მიერ და შემდეგ უკვე მტკიცდებოდა სათათბირო ორგანოში. ვახტანგ VI „სწავლულ კაცთა“ კომისიას ავალებს ძველი ქართული სამართლის ძეგლთა შეკრებას, უცხოური ძეგლების თარგმნას (მოსეს სამართალი, სამართალი ბერძნული, სამართალი სომხური), თვითონაც ქმნის კანონთა კორპუსს. მიღებულ სამართლის ძეგლს ამტკიცებს დარბაზი, რომელსაც სხვა ბევრ ფუნქციასთან ერთად კანონმდებლობის მიღება და უზენაესი მართლმსაჯულების განხორციელება ევალებოდა.

შესაბამისად, საკანონმდებლო აქტის შექმნაში მრავალი ადამიანი იღებდა ქართულ სინამდვილეშიც მონაწილეობას - საქმის მცოდნენი, სახელმწიფო მოხელენი, მეფე და საბოლოოდ კანონი მტკიცდებოდა სათათბიროზე. განსხვავებული ხასიათის იყო ქართულ სამართლებრივ სივრცეში მოქმედი მეორე ნორმა - დადგენილება, ბრძანება, რომელსაც კანონის ძალა ჰქონდა, მაგრამ განსხვავებით კანონისაგან მას მეფე ერთპიროვნულად იღებდა.

საქართველოშიც კანონი ორ სფეროს მოიცავდა, იყო კანონები, რომლებიც მოქალაქეთა შორის ურთიერთობას არეგულირებდნენ და კანონები, რომლებიც მეფისა და ქვეყნის ხელშეუხებლობას იცავდნენ (განდგომა და ღალატი; მეფის შეურაცხყოფა; ღავღავი - შეთქმულება, რომელსაც აწყობდა საქართველოში მცხოვრები დამარცხებული მოსახლეობა (მაჰმადიანები); სახელწიფო გადატრიალება, რომელიც ზოგიერთ წყაროში საინტერესი ტერმინით - უცხოდ მოსაგონებელი - არის გადმოცემული).

ათენის ყველა მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობდა კანონის წინაშე განსხვავებით უცხოელებისაგან, რომელთა სამართლებრივი უფლებებიც გარკვეულწილად შეზღუდული იყო. რომში კანონის წინაშე პირის უფლებამოსილებას ეწოდებოდა სტატუსი (status) და აერთიანებდა სამ ელემენტს: 1) თავისუფლების სტატუსი (თავისუფალი და არათავისუფალი მოქალაქეები). 2) მოქალაქეობის სტატუსი (რომაელი მოქალაქეები და არარომაელები - ლათინები, პერეგრინები). 3) საოჯახო სტატუსი (რომაელი მოქალაქის მდგომარეობა ოჯახში). სამართლებრივი სტატუსის ეს სამივე ელემენტი მუშაობს ათენშიც.

რაც შეეხება საქართველოს, კანონის წინაშე მოქალაქეთა უფლებები ფეოდალური ფორმაციის სოციალურ-სამართლებრივი ნორმებით რეგულირდებოდა. წოდებრივი განსხვავება პირდაპირ აისახებოდა მოქალაქის უფლებებზე კანონის წინაშე, რაც მეტად საგრძნობია განსაკუთრებით სამართალწარმოებაში და რაზედაც მოგვიანებით ვისაუბრებთ. ბუნებრივია, ეს შეზღუდვა არ მოქმედებდა ადათობრივ სამართალში, სადაც თემის ყველა წევრი თანაბარუფლებიანი იყო კანონის წინაშე.

როგორც ვხედავთ, რომაული კანონმდებლობა განვითარებით გაცილებით შორს წავიდა ათენურ კანონმდებლობასთან შედარებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დემოკრატიულობის თვალსაზრისით ათენმა გაუსწრო რომს. სახელწიფოს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რომში კანონმდებლობა პოლიტიკური სურათის მიხედვით იცვლებოდა, იღებდნენ მეტად ხალხზე ორიენტირებულ, ან, პირიქით, ისეთ კანონებს, რომლებიც არისტოკრატიის გაძლიერებისაკენ იყო მიმართული. ფეოდალური საქართველოს კანონშემოქმედება მიმართული იყო პირველ რიგში, ფორმაციის თავისებურებიდან გამომდინარე, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისაკენ და უფრო მეტად მმართველი კლასის ინტერესებს იცავდა. კანონშემოქმედების პროცესში ხალხის ჩართულობის ხარიხი (წარმომადგენლობითი, მაგ., ხევისბერები) არ შეედრება, მაგრამ მაინც მეტ სიახლოვეს გვიჩვენებს რომაულ კანონშემოქმედებასთან (tribuni plebis - უფლება ახალი კანონის წარმოდგენის).

ათენის კანონშემოქმედებას რომაულისა და ფეოდალური საქართველოს კანონშემოქმედებისგან მისი მოყვარული ხასიათიც გამოარჩევს.

ნომეთეტესებს მსაჯულებისაგან - დიკასტესებისგან ირჩევდნენ. დიკასტესად მსახურება კი 30 წ-ს მიღწეულ მამრობითი სქესის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, რომ არაფერი ვთქვათ, ათენელთა უშუალო მონაწილეობაზე კანონპროექტის შექმნის საქმეში. ამ მხრივაც ფეოდალური საქართველო რომაულთან უფრო მიახლოებულ სურათს გვაძლევს. ქართულ სამართლებრივ სივრცეში კანონებს „სწავლულნი კაცნი“ ანუ სამართლის საქმის სპეციალისტები ქმნიდნენ. აღსანიშნავია, რომ უკვე X ს-ის შუა წწ-ში ჩნდებიან ქართულ კანონშემოქმედებაში იურისტები „აზნაურნი მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი“, რომლებსაც ბაგრატ IV რთული სამართლებრივი საქმეების გადასაწყვეტად იწვევს დარბაზში სათათბიროდ.

სამივე ქვეყნის კანონმდებლობაში სამართლის ორი ფორმა მოქმედებს - კანონი (νόμος, lex) და ბრძანება, დადგენილება (ψήφισμα, edictum). ათენისაგან განსხვავებით, რომის და ფეოდალური საქართველოს სამართალშემოქმედება იდენტურ სურათს გვაჩვენებს: განსხვავებით კანონისაგან, დადგენილების მიღებას ერთპიროვნული ხასიათი აქვს.

ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რომ ათენური კანონმდებლობა მიემართებოდა ყველა ათენელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ინდივიდზე არ ხდებოდა კანონის მორგება. ვერ დამტკიცდებოდა კანონი, რომელიც ინდივიდის წინააღმდეგ ან პირიქით, მის სასარგებლოდ იქნებოდა გამოსაყენებელი, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, რომლის დამტკიცებასაც 6000-კაციანი სახალხო კრების ფარული კენჭისყრა სჭირდებოდა. მაშინ, როცა რომის რესპუბლიკის ხანაში ხშირად ხდებოდა კანონების შედგენა-დამტკიცება პირადი მიზნების მიხედვით და ისინი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენებოდა.

სამართალწარმოება

მართლმსაჯულების ბირთვს წარმოადგენს სასამართლო და ის სამართალდამცავი ინსტიტუტები, რომლებიც არეგულირებენ პიროვნებათა თუ პიროვნებასა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივ ურთიერთობას.

ათენში ძვ. წ. VI ს-ის დასაწყისამდე განაჩენი გამოჰქონდათ ან მაგისტრატებს (არქონი) ან არეოპაგს ან ეფეტესებს. სოლონი აფუძნებს მოქალაქეთა კრებას (ჰელიაია), რომელიც იკრიბებოდა: 1) მაგისტრატების განაჩენთა წინააღმდეგ აპელაციის (ეფესისი) მოსასმენად და 2) იმ შემთხვევაში, როდესაც საჭირო იყო ზღვარს გადაცილებული სასჯელის სანქცირება. აპელაციამ იმდენად ხშირი სახე მიიღო, რომ მართლმსაჯულება კრების ხელში გადავიდა. კრებაც ვეღარ აუდიოდა საქმეების განხილვას და იქმნება დიკასტესების (მსაჯულთა) სისტემა, რომელიც მოქალაქეთა გაერთიანებას წარმოადგენს და განიხილავს მოქალაქის მიერ აღძრულ საქმეებს. ძვ. წ. V ს-დან დიკასტესების ინსტიტუტი შემდეგნაირად ფუნქციონირებდა: შეკრებილი მოხალისეებისაგან, რომლებიც მსაჯულად ყოფნის სურვილს გამოხატავდნენ, დგება 6000-კაციანი სია. ისინი მცირე ანაზღაურებას დღიურად იღებენ (გასამრჯელოს მიცემა მსაჯულებისათვის პერიკლემ შემოიღო). თითოეულ საქმეს განიხილავს დიკასტესთა კოლეგია, რომლის წევრთა რაოდენობაც საქმის ხასიათს უკავშირდებოდა.

როგორც წესი, საქმის განხილვაში რამდენიმე ასეული კაცი (მსაჯული) იღებდა მონაწილეობას. მათი რაოდენობა აუცილებლად კენტი უნდა ყოფილიყო, კენჭისყრის დროს ხმების თანაბარი რაოდენობის თავიდან ასაცილებლად.

მსაჯულად მსახურება შეეძლო 30 წელს მიღწეულ ნებისმიერ ათენელ მამრობითი სქესის მოქალაქეს და მას ერთი წლით ირჩევდნენ. ძვ. წ. IV ს-მდე მსაჯულები ერთსა და იმავე სასამართლოში მსახურობდნენ, შემდეგ ეს წესი ჩაანაცვლა ალალბედზე შერჩევის სისტემამ (იხ. სამართალწარმოება, ათენი), რომლის მიხედვითაც განისაზღვრებოდა, რომელი მსაჯული რომელ საქმეს განიხილავდა, რამდენ დღეს იმსახურებდა, რომელი მსაჯული გააკონტროლებდა გამომსვლელთა რეგლამენტს (იხ. კლეფსიდრა), რომელი მათგანი გადაუხდიდა მსაჯულებს დღიურ გასამრჯელოს.

სასამართლო განხილვას ხელმძღვანელობდა მაგისტრატი ან მაგისტრატთა ჯგუფი. მაგისტრატებს თემატურად ჰქონდათ საქმეები გადანაწილებული (იხ. დიკასტესი).

ძვ. წ. V-IV სს-ის I ნახევარში თითოეული მაგისტრატი ერთსა და იმავე სასამართლოში მსახურობდა. არისტოტელეს დროისათვის მსაჯულთა მსახურების ეს წესი შეიცვალა და მაგისტრატთა გადანაწილება სასამართლოებში კენჭისყრით ხდებოდა. დიკასტესთა კოლეგია რიცხობრივად ყველაზე პატარა კოლეგიიდან (201 კაცი) ზოგჯერ 2000 წევრამდე აღწევდა.

ამ სასამართლოებისაგან განსხვავდებოდა არეოპაგი და ის სასამართლოები, რომლებიც მკვლელობის საქმეებს განიხილავდნენ (ეფეტესები - ძვ. წ. V ს-ში 50 წლის მოქალაქეთაგან ირჩევდნენ 51 კაცს. ისინი იმ მკვლელობებს განიხილავდნენ, რომლებიც არ იყო მიჩნეული იმდენად მნიშვნელოვნად, რომ არეოპაგს მოესმინა).

რომაულ სასამართლოსაც სახალხო სახელწოდება და ხასიათი ჰქონდა, ოღონდ იგი თვისობრივად განსხვავდებოდა ათენში წარმოდგენილი სურათისაგან. რომაულ სახალხო სასამართლოში სამი პერიოდი გამოიყოფა:

1) კურიის კომიციის სასამართლო სერვიუს ტულიუსამდე. კურიის კომიციის სასამართლო იფარგლებოდა პატრიციების პროვოკაციით (provocatio ad populum), რისი გაკეთებაც მათ მეფის გადაწყვეტილების წინააღმდეგაც შეეძლოთ.

2) II პერიოდი მოიცავს იმ დროს, როცა მოქმედებდა ცენტურიის კომიციები. სერვიუს ტულიუსმა ამ კომიციებს პროვოკაციის შემთხვევაში უზენაესი უფლება მიანიჭა, რაც ადრე ჰქონდათ კურიებს: სისხლის სამართლის ყველა პროცესის განხილვის უფლება, განსაკუთრებით სახელმწიფო ღალატისა (perduellio). ეს პერიოდი სრულდება ძვ. წ. 494 წ-ით, როცა ორმა სახალხო ტრიბუნმა (იუნიუს ბრუტუსმა და იცილიუსმა) გაატარა კანონი, რომლის მიხედვითაც სახალხო ტრიბუნის შეურაცხყოფის საქმის განხილვა ტრიბის კომიციაში უნდა გადასულიყო განსახილველად, რომელიც უფლებამოსილი იყო უკიდურესი სასჯელი - სიკვდილიც გამოეტანა. ამის შემდეგ სამართალწარმოების მხრივ ძალაუფლება ტრიბის კომიციაში გადადის.

3) III პერიოდი მოიცავს დროს ძვ. წ. 494 წ-დან რესპუბლიკის ხანის დასასრულამდე, როდესაც ტრიბის კომიცია განიხილავდა არა მარტო სახალხო ტრიბუნის შეურაცხყოფის, არამედ სახალხო ღალატის, გაფლანგვის, კუდიანობის, მექრთამეობის, სისხლის აღრევის, რელიგიური მოვალეობებისა და ადათებისადმი უდიერი დამოკიდებულების საქმეებს. ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში სახალხო კრების მიერ ყალიბდება ექსტრაორდინალური სასამართლოები (quaestiones extraordinariae). ამ სასამართლოების თავმჯდომარეს სენატი ნიშნავდა და მათ მიერ გამოტანილი დადგენილება არ საჩივრდებოდა. რომის რესპუბლიკის ხანის II ნახევარში იქმნება მუდმივი სასამართლოები - quaestiones perpetuae. ეს იყო პრეტორის სასამართლო, რომელიც იდგა მის სათავეში და მოსამართლეებსაც თვითონ ირჩევდა 1 წლის ვადით. თვითოეული საქმის განხილვას მოსამართლეთა სხვადასხვა რაოდენობა წარმართავდა. ამ სასამართლოში მოხვედრა იყო როგორც პრესტიჟის, ისე შემოსავლის წყაროც, ამიტომ იქ მოსახვედრად იბრძოდნენ სენატორები, მხედრები, შეძლებული მოქალაქეები. სპეციალური სასამართლოს შექმნით სახალხო კრებებს ჩამოერთვა საქმეების განხილვის ფუნქცია და ისინი მხოლოდ სახელმწიფო ღალატის საქმეებს განიხილავდნენ, როდესაც საქმე სიკვდილით დასჯას ეხებოდა. პირველი მუდმივი სასამართლო ძვ. წ. 149 წ-ით თარიღდება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა Lex Calpurnia repetundarum-ით, რასაც კიდევ რამდენიმე მუდმივი სასამართლოს შექმნა მოჰყვა. სულამ სასამართლოების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო ციცერონის დროისათვის უკვე 8 მუდმივი სასამართლო მოქმედებდა. სასამართლოზე მსაჯულთა რაოდენობას კანონი განსაზღვრავდა და მათ სახელებს იღებდნენ მოსამართლეთა სიებიდან (album iudicium), რომელსაც პრეტორი არა კენჭისყრით, არამედ თავისი სურვილის მიხედვით ირჩევდა.

სამართალწარმოება უმაღლესი მაგისტრატების იმპერიუმს წარმოადგენდა. თავდაპირველად ეს იყო მეფე, შემდეგ კონსულები, პრეტორები. ედილების განსახილველი საქმეები შემოიფარგლებოდა პოლიციის საქმეებით. იტალიის ქალაქებში სასამართლოს მართავდნენ დუუმვირები, კვატუოვირები, პროვინციებში - პროვინციის გამგებლები.

მუდმივი სასამართლოების გაჩენამდე ნამდვილი მოსამართლეები (iudices) არ არსებობდნენ. სენატი სენატის დადგენილების მიხედვით, ავალებდა ტრიბუნებს წარედგინათ ხალხისთვის სასამართლო და აერჩიათ სასამართლოს თავმჯდომარე. თავიდან მოსამართლეები შეიძლება ყოფილიყვნენ მარტო სენატორები. შემდეგ იწყება აქტიური ბრძოლა ფენებს შორის მოსამართლის თანამდებობის მოსაპოვებლად. გაიუს გრაკქუსმა ჩამოართვა სასამართლო სენატორებს და გადასცა იმ მოქალაქეებს, რომლებიც მხედრების ცენზს უთანაბრდებოდნენ. ძვ. წ. 106 წ-ს Lex Servilia სენატორებს უბრუნებს მოსამართლეობის უფლებას, რომელიც შემდეგ ისევ მხედრების ხელში გადადის. lex Plautia-ს მიხედვით, მოსამართლის არჩევის უფლება გადაეცა ხალხს - თითოეული ტრიბიდან ირჩევდნენ 15 მოსამართლეს (სენატორები, მხედრები, პლებეები). ეს კანონი ძალიან მოკლე დროის განმავლობაში მოქმედებდა და მალევე Lex Cornelia iudicaria (ძვ. წ. 81 წ.) სასამართლო ძალაუფლებას სენატორებს უბრუნებს. ძვ. წ. 70 წ-ს ირჩევენ 3 სასამართლო დეკურიას (Lex Aurelia) სენატორების, მხედრების, სახაზინო ტრიბუნებისაგან. კეისარი ძვ. წ. 46 წ-ს ამ თანამდებობას ჩამოაშორებს სახაზინო ტრიბუნებს. ავგუსტუსი ქმნის IV დეკურიას შედარებით უმნიშვნელო საქმეების განხილვისათვის. კალიგულა ამატებს V დეკურიას. მოსამართლის ასაკი, სვეტონიუსის მიხედვით, 25 წლით და მათი მოსამართლედ ყოფნის ვადა 1 წლით განისაზღვრებოდა.

როგორც ვხედავთ, ათენის სასამართლო ორგანო რომაულისაგან განსხვავებით, მოქალაქეთაგან არჩეული დიკასტესებით შინაარსით თანამედროვე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს უახლოვდება. სრულიად არაორდინალურია პროცესზე მსაჯულთა რაოდენობაც და მათი არჩევის პრინციპი, რომელიც ყოველგვარ მიკერძოებას გამორიცხავდა საქმის განხილვისას. ათენში ამ მაგისტრატებს მხოლოდ სასამართლოს წარმოება ევალებოდათ, რაზეც შემდეგ შევჩერდები. რაც შეეხება რომს, სამართალწარმოება უმაღლესი მაგისტრატების ხელში იყო. მართალია, საქმე სახალხო კრებაზე განიხილებოდა, რაც მიუთითებს საზოგადოების ჩართულობაზე მართლმსაჯულების პროცესში, მაგრამ მოსამართლეთა თანამდებობა (მიუხედავად იმისა, რომ მათ ტრიბუნები წარუდგენდნენ ხალხს სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად) ძირითადად მმართველი კლასის ხელში იყო და მხოლოდ პერიოდულად ახერხებდა პლებსის წარმომადგენელი იქ შეღწევას. ეს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში საქმის წარმოების სუბიექტურ წარმართვაზე ჰპოვებდა ასახვას.

განსხვავებულ და ხალხის მართლმსაჯულებაში ჩართულობის სხვადასხვა ხარისხს გვიჩვენებს 6000-კაციანი სიიდან ათენში მსაჯულთა არჩევის პრინციპი და რომში, მართალია მოგვიანებით, ალბუმიდან არა კენჭისყრით, არამედ პრეტორის სურვილის მიხედვით შედგენილი მოსამართლეების სია. იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ რომშიც, ათენის მსგავსად სამოსამართლეო მოღვაწეობის 1 წლით განსაზღვრა მიმართული იყო მართლმსაჯულების სფეროს სამართლებრივი მოწყობისაკენ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საბერძნეთში, რომისაგან განსხვავებით, სადაც, როგორც უკვე ვთქვით, მოსამართლეობა პრესტიჟთან ერთად შემოსავლის წყარო იყო და შეძლებული მოქალაქეები ესწრაფოდნენ ამ თანამდებობას, მოსამართლის ჯამაგირს სიმბოლური შეიძლება ეწოდოს, რამდენადაც იგი უფრო მცირე იყო, ვიდრე ფიზიკური შრომის ასანაზღაურებელი დღიური გასამრჯელო. შესაბამისად, მსაჯულები საბერძნეთში, სავარაუდოდ, ძირითადად ღარიბ ფენას მიეკუთვნებოდნენ.

რა სურათი გვაქვს ამ მხრივ ფეოდალურ საქართველოში?

ქართული სამართალწარმოების უძველეს ფორმას სამედიატორო სასამართლოსთან ერთად, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, წარმოადგენდა სახალხო კრებები (ყრილობები). სახალხო კრების ფუნქციები მრავალფეროვანი იყო. აქ განიხილებოდა საზოგადოებაში წამოჭრილი ყველა მწვავე პრობლემა (ომი, ზავი, ეკონომიკური საკითხები), მათ შორის სასამართლო დავებიც. საქმის განხილვაში მთელი თემი იღებდა მონაწილეობას. ხევისბერის (ხევის გაგა), მახვშის, თუ შუამავლების მიერ არჩეული მსაჯულები ხალხის წინაშე განიხილავდნენ საქმეებს. ხევსურეთში მსაჯულთა რიცხვს სასამართლოზე შუამავლები განსაზღვრავდნენ. რამდენადაც მსაჯულს საქმის განხილვა-დასრულების შემდეგ გასამრჯელოს უხდიდნენ (დიდი სადავო მამულის საქმის განხილვაში ბჭეებს 9-9 ცხვარი ერგებოდათ, მცირე მამულის დავის გადაწყვეტა 1 ცხვრით იყო შეფასებული) მოდავე მხარეებს ხარჯის შესამცირებლად შეეძლოთ ბჭეთა რაოდენობა შეემცირებინათ (იხ. ბჭე).

სახალხო ყრილობას სვანეთში მახვში ხელმძღვანელობდა. მას უვადოდ ირჩევდნენ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს შეეძლო. მახვშის ფუნქციებში შედიოდა სისხლის და სამოქალაქო სამართლის, საერო საკითხების მოგვარება. იგი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებდა და ბოლომდე საზოგადოების ინტერესების დამცველი უნდა ყოფილიყო.

იგივე ფუნქცია ჰქონდა აღმ. მთიანეთში ხევის გაგას, რომელიც ბჭედუფროსად ითვლეობდა და მისი უფლებები ადათით განმტკიცებული კანონებით განისაზღვრებოდა. ხევის გაგა ძირითადად რვა ბჭესთან ერთად იღებდა სასამართლოში გადაწყვეტილებას.

როგორც ვხედავთ, სახალხო კრების სასამართლო თავისი შინაარსით და ფორმით მთლიანად დემოკრატიულ პრინციპზეა აგებული და მის მთავარ მიზანს ხალხის - მთელი საზოგადოების ინტერესების დაცვა წარმოადგენს.

გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში სასამართლო დახვეწილ და ჩამოყალიბებულ ფორმას იღებს. ამ პერიოდში ორი სასამართლო უწყება ფუნქციონირებდა: საკათალიკოსო სასამართლო (სასჯულო სამრებლოი) და სამეფო სასამართლო (სამართალი სამეუფეო). საერო სამართალწარმოებაში

ა) უმაღლესი მოსამართლე იყო მეფე, რომელიც თვითონ ან სპეციალურ პირთა („კაცნი მართლად მცნობელნი და განმკითხავნი“) მეშვეობით განიხილავდა საქმეებს.

ბ) სასამართლო ფუნქციით აღჭურვილი იყო დარბაზი. მეფე განსაკუთრებით რთული საქმეების განხილვისას იწვევდა დარბაზის სხდომას და საქმის წარმოებას „მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი“- ს მეშვეობით ახორციელებდა.

გ) სააჯო კარი - უზენაესი სასამართლო, რომელსაც მწიგნობართუხუცესი - ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა და სადაც უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოში მოღებული გადაწყვეტილებები განიხილებოდა. საქმეები კოლეგიურად ირჩეოდა, მწიგნობართუხუცესი საწოლის მწიგნობარსა და ზარდახნის მწიგნობართან (იხ. ზარდახანა) ერთად განიხილავდა დავებს (დააარსა დავით აღმაშენებელმა).

დ) სამპარავთმძებნელისასამართლო, რომლის ფუნქციასაც ქურდების მოძებნა და გასამართლება ევალებოდა. ეს სასამართლო ინსტიტუტი გიორგი III-ის 1170 წ-ის სიგელში მოიხსენიება. ქურდ დამნაშავეთა გამოაშკარავება სპეციალურ მოხელეთა - „ჩენილთა“ კომპეტენცია იყო. ისინი ასამართლებდნენ ქურდებს და სისრულეში მოჰყავდათ განაჩენიც. ამ ინსტიტუტის მაღალი რანგის მოხელეებს მპარავთმძებნელნი წარმოადგენდნენ, ჩენილები უფრო დაბლა დგანან მათზე რანგით.

ე) ბაგრატ კურაპალატის სამართლის მე-100 მუხლის მიხედვით, საქართველოში მოქმედებდა წოდებრივი სასამართლოები.

ვ) არსებობდა ცალკეულ ფეოდალთა სასამართლოები, სადაც თვითონ ფეოდალები საკუთარი მოხელეების საშუალებით ახორციელებდნენ მართლმსაჯულებას.

გვიანფეოდალურ ხანაში მეფე ან თვითონ არჩევდა საქმეებს (ომის, მეფის ღალატის, მეფის სალაროს, საყდრის გატეხა, წართმეული ან განადგურებული სიგელები, ქმრის მიერ ცოლოს ტანჯვის საქმეები) ან დარბაზთან ერთად. დარბაზის შემადგენლობა საქმის ხასიათზე იყო დამოკიდებული. დარბაზს მეფე თავმჯდომარეობდა, თუმცა ზოგჯერ მის გარეშეც განიხილებოდა საქმეები. მეფის მიერ გამიტანილი განაჩენი არ ექვემდებარებოდა გადასინჯვას, თვითონ მეფეს კი უფლება ჰქონდა ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი განეხილა და შეეცვალა.

საინტერესოა, რომ გვიან პერიოდში სასამართლო ხელისუფლების ფუნქციით აღჭურვილი იყო დედოფალიც. დედოფალს არ შეეძლო სისხლის სამართლის დავები განეხილა, იგი მხოლოდ სამოქალაქო საქმეებით იფარგლებოდა. ბატონიშვილები განიხილავდნენ როგორც საერო, ისე სასულიერო ხასიათის დავებსაც, თუკი მეფის ნებართვა ექნებოდათ.

2) გვიანფეოდალურ საქართველოში ფუნქციონირებდა განსაკუთრებული სასამართლოები. ამ ტიპის სასამართლოს იწვევდა მეფე და იგი შედგებოდა როგორც საერო, ისე სასულიერო პირებისაგან:

1) მდივანბეგთა სასამართლო („სამდივნო სახლი“) გვიანფეოდალურ საქართველოში მართლმსაჯულების ძირითადი რგოლია. მდივანბეგი განსხვავებით სხვა ზემოთჩამოთვლილ მოხელეთაგან მხოლოდ მართლმსაჯულების ფუნქციით არის აღჭურვილი, იგი სასამართლო მოხელეა, რომლის თანამდებობაც საქართველოში XVII ს-დან ჩნდება. მდივანბეგთა სასამართლო კოლეგიალურია. მდივანბეგი ეწოდება სასამართლოს თავმჯდომარეს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მსაჯულები - მოსამართლეები და მდივანი, რომელიც სასამართლო ჩანაწერებს აკეთებდა. ამ ტიპის სასამართლოთა რიცხვი დროთა განმავლობაში მატულობდა და XVIII ს-ის 60-იანი წლებისათვის იგი უკვე 28-ს აღწევს.

2) გვიანფეოდალურ საქართველოში ფეოდალი ისევ რჩება მოსამართლის უფლებით აღჭურვილ პირად (ფეოდალური სასამართლო). ფეოდალის სამოსამართლო სფეროს არეგულირებდა ფეოდალური იერარქია - ფეოდალს არ ჰქონდა უფლება თავისზე მაღალი რანგის ფეოდალი გაესამართლებინა, თუმცა მეფის ბრძანებით შეეძლო თავისზე წოდებით დაბლა მდგარი ფეოდალის საქმეები გაერჩია.

3) მოურავი დაბალი რანგის მოსამართლე იყო, რომელიც უმნიშვნელო ხასიათის სისხლის და სამოქალაქო საქმეებს განიხილავდა. მოურავის სასამართლო ერთპიროვნული არ იყო. მასთან ერთად პროცესზე საქმეს არჩევდა რამდენიმე (3-4) „სარწმუნო მოქალაქე“, რომელთაც მოურავი საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევდა.

4) მელიქ-მამასახლისის სამოსამართლო ფუნქციებში შედიოდა მის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიაზე ვაჭართა და მამულთან დაკავშირებული დავების გადაჭრა (საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული დავები, ვალები). მამასახლისის სასამართლოს წევრები იყვნენ ქედხუდები. ქედხუდების ინსტიტუტი XVIII ს-ის II ნახევარში აღმოცენდა აღმ. საქართველოში. ეს იყო შუა რგოლი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. ქედხუდის თანამდებობა იყო არჩევითი. ისინი სხვადასხვა სოციალური ფენის (ვაჭრები, ხელოსნები, გლეხები) წარმომადგენლები არიან და სასამართლო კოლეგიაში მსახურობენ. ქედხუდები უმნიშვნელო სამოქალაქო დავებს განიხილავდნენ.

ვახტანგ VI-ის სამართლის III მუხლით მოსამართლე უნდა ყოფილიყო „... დიდად მჩხრეკელი, მომხუდარი, გამომეძიებელი, გონებააუჩქარებელი, დაწყნარებული, გამგონე, საჩივრის ყურის მიმგდები, გამსინჯველი, მოჩივრის მოადის მომცემელი და სხვისაც მკითხველი, თუ ამისი სამართალი თქვენგან როგორ ისინჯვის, მოწმის მაძებარი იყოს, უქრთამო, ღვთისმოშიში“. მოსამართლის ასაკად დადგენილია იმავე ძეგლის მიხედვით (215-ე მუხლი) 40 წელი და ამასთანავე ხაზგასმულია, რომ მოსამართლე არ უნდა ყოფილიყო ღარიბი.

როგორც ვხედავთ, ყველა სამოსამართლო უწყება ფეოდალურ საქართველოში კოლეგიალობის პრინციპზეა აგებული, ანუ არ ხდებოდა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება (გამონაკლისს, რა თქმა უნდა, იშვიათ შემთხვევებში წარმოადგენს მეფე). მაგრამ ყველა სასამართლო რგოლიდან (საუბარია სახელწიფო სასამართლოზე და არ ვგულისხმობთ ჩვეულებით სამართალზე აგებულ სასამართლოს, რომელიც, რა თქმა უნდა, მთლიანად დემოკრატიულ პრინციპზეა აგებული) ხაზი უნდა გავუსვათ ქედხუდების ინსტიტუტს. ქედხუდები, როგორც ვთქვით, საზოგადოების, ხალხის წარმომადგენლობაა, რომელიც მის ინტერესებს იცავს სასამართლოში. ამ ინსტიტუტის დემოკრატიულ ხასიათზე ნათლად მეტყველებს ქედხუდის თანამდებობის არჩევითობა.

საქართველოს სამართალწარმოება თავისი უკვე გართულებული და მრავალრგოლიანი სასამართლო სისტემებით უფრო მეტ სიახლოვეს გვიჩვენებს რომაულ მართლმსაჯულებასთან. ამასთანავე, ფეოდალური ფორმაციისათვის დამახასიათებელი წოდებრივი თუ სოციალური იერარქია, რა თქმა უნდა, თავშივე გამორიცხავდა მთლიანად დემოკრატიულ მართლმსაჯულებას. მნიშვნელოვანია ალბათ ისიც, რომ მოსამართლის იმ თვისებებთან ერთად, რომელსაც კანონმდებელი მეფე ჩამოთვლის, რაზედაც უკვე შევჩერდით, ხაზგასმით ხდება აღნიშვნა იმისა, რომ მოსამართლე უნდა იყოს მატერიალურად უზრუნველყოფილი. როგორც ჩანს, ამ პუნქტის ჩართვა კანონმდებლობაში აუცილებელი იყო, რათა საჯარო მოხელეს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) არ ჰქონოდა ცდუნება და მატერიალური კეთილდღეობის ძიების გამო არ ეღალატა სამართლიანობის პრინციპებისათვის (თანამედროვე სახელმწიფო მოწყობა ხომ მთლიანად იზიარებს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით ამ დებულებას).

სამართალწარმოებაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ათენსა და რომში არსებულ აპელაციის პროცედურაზე - ეფესისი და პროვოკაცია - provocatio ad populum, რომელიც ერთგვარ მუხრუჭს წარმოადგენდა საჯარო მოხელეებისათვის განაჩენის გამოტანისას - მოქალაქეს უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი.

სოლონის პერიოდში (ძვ. წ. 590 წ. „ეფესისი დიკასტესების მიმართ“) ეფესისი იდენტურია ტერმინ აპელაციის თანამედროვე მნიშვნელობის, თუმცა მოგვიანებით ძვ. წ. 400 წ-დან ეს იყო უკვე 56 არა უკმაყოფილო მოდავე მხარის, არამედ მოსარჩელის მიერ მიმართვა სასამართლოსათვის, თავიდან დაეწყო საქმის ხელახალი განხილვა.

რესპუბლიკის ხანაში მოქალაქეს შეეძლო გაესაჩივრებინა მაგისტრატის დადგენილება კომიციაში (ცენტურიის კომიციაში საჩივრდებოდა სიკვდილით დასჯა, ტრიბის კომიციაში - ფულადი ჯარიმა). პროვოკაციო არ ვრცელდებოდა დიქტატორის, დეცემვირის დადგენილებებზე და სენატის სპეციალურ დადგენილებაზე (senatus consultum ultimum). მას შემდეგ, რაც სახალხო კრებებს ჩამოერთვა საქმეების განხილვის უფლება და იგი მუდმივი სასამართლოების ხელში გადავიდა, ამ პროცედურამ, რომელიც მართლმსაჯულების წინაშე მოქალაქის ხელში დამცავ ინსტრუმენტს წარმოადგენდა და მართლმსაჯულების სისტემის დემოკრატიულ ხასიათს უსვამდა ხაზს, შეწყვიტა არსებობა.

აპელაცია - „სასამართლოში მეორედ შესვლა“ უცხო არ იყო არც ქართული სამართალწარმოებისათვის. ეს პროცედურა განსაკუთრებით გავრცელებული იყო გვიანფეოდალურ მართლმსაჯულებაში. გასაჩივრებულ საქმეთა პროცესს, როგორც წესი, მეფე, როგორც უზენაესი მოსამართლე, ხელმძღვანელობდა. თუმცა მეფეს შეეძლო საქმეები გადაემისამართებინა დედოფალზე, ბატონიშვილებზე, საეკლესიო დავები კათალიკოსზე, რომლებიც მდივანბეგთა სასამართლოში განიხილავდნენ საქმეებს. აპელაცია ქართულ სამართალწარმოებაში უახლოვდება რომში, მუდმივი სასამართლოს არსებობის პირობებში მოქმედ გასაჩივრების პრინციპს, სადაც გასაჩივრების პროცედურა ქვედა ინსტანციიდან უფრო მაღალში გადაინაცვლებდა ხოლმე განსახილველად.

განხილული სასამართლოების გვერდით საბერძნეთსა და რომში ფუნქციონირებდა არბიტრაჟის ინსტიტუტი. ორივე ქვეყანაში გვხვდება არბიტრის ორი ტიპი - კერძო და საჯარო არბიტრი. კერძო არბიტრს (διαιτητής, arbiter ex compromisso) მოდავე მხარეები მიმართავდნენ საქმის განსახილველად, რაც ორივე მხარის თანხმობის საფუძველზე ხდებოდა. მხარეები თანხმდებოდნენ იმაზეც, რომ დაემორჩილებოდნენ არბიტრის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ორივე ქვეყნის მართლმსაჯულებაში კერძო არბიტრი მედიატორად, შუამავლად უნდა იქნეს განხილული. რომში თუ არბიტრი თავს აარიდებდა დაკისრებულ მოვალეობას გადაეწყვიტა დავა, პრეტორს შეეძლო ფულადი ჯარიმა დაეკისრებინა მისთვის.

საჯარო არბიტრაჟი ათენში ძვ. წ. 400 წ-ს დაფუძნდა. ყველა მოქალაქე, რომელსაც სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადა ასაკით (59 წ.) ამოეწურებოდა, ვალდებული იყო საჯარო დიაიტეტესად ემსახურა. სასამართლოს განტვირთვის მიზნით მათ განსახილველად ის კერძო დავები გადაეცემოდა, რომელთა საფასურიც არ აღემატებოდა 10 დრაქმას. დიაიტეტესები საქმის წარმოებისას სამართლებრივ ნორმებზე მაღლა სამართლიანობას აყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ არბიტრაჟმა ათენში სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის დარეგულირების ფუნქცია იტვირთა. მეცნიერთა მიხედვით, შესაძლოა, ბერძნებმა ეს მექანიზმი შეიმუშავეს იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინათ ომები (იხ. არბიტრაჟი, ბერძნული).

საჯარო არბიტრები რომში მესამე მოსამართლის ფუნქციას ასრულებდნენ. არ იყვნენ შეზღუდული მკაცრი იურიდიული ფორმებით და შეეძლოთ ეკვიტასის (aequitas) საფუძველზე ეწარმოებინათ საქმე. მართლმსაჯულება ამ მექანიზმს მაშინ მიმართავდა, როდესაც არასტანდარტული საქმე იყო განსახილველი და სამართლის ნორმა მასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. შესაბამისად, ყველა სასამართლო პროცესი, რომელიც მკაცრად განსაზღვრული ფორმულის გარეშე მიდიოდა იწოდებოდა არბიტრიუმად (arbitrium).

ერთი თვალის გადავლებითაც აშკარა ხდება, რომ არბიტრაჟის ინსტიტუტი საბერძნეთსა და რომში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მის მიზანს წარმოადგენს შეარიგოს და შეთანხმებამდე მიიყვანოს მოდავე მხარეები. როგორც კერძო, ისე საჯარო არბიტრაჟიც ხელმძღვანელობენ სამართლიანობის პრინციპით - ეკვიტასით. შესაბამისად, საარბიტრაჟო სასამართლოს პრაქტიკის საშუალებით მეთოდურად ხდებოდა სასამართლო ნორმების ადაპტაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ თუ ეთიკურ ცვლილებებთან. სამედიატორო სასამართლო, რომელიც სასამართლოს უძველეს ფორმას წარმოადგენს, ძალიან დიდხანს მოქმედებდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ისევე როგორც ათენსა და რომში, შუამავლად არჩევის მთავარ პირობას ორივე მხარის შეთანხმება წარმოადგენდა. სამედიატორო სასამართლოს ძირითად ფუნქცია მხარეების შერიგება იყო. განსხვავებით საბერძნეთისა და რომისაგან ფეოდალურ საქართველოში საჯარო არბიტრაჟის არსებობა არ დასტურდება.

მოდავე მხარეების მიერ არჩეული ბჭე-მედიატორი მხოლოდ ადათობრივი სამართლის მიხედვით განიხილავს საქმეს. სვანეთში მსაჯულ-მედიატორს ეწოდებოდა მორვარ. მორვარად ყოფნა შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, თუკი ორივე მხარის მიერ იქნებოდა არჩეული. მორვართა რაოდენობა საქმის სირთულის მიხედვით მერყეობდა 2-დან 12-მდე. ძალიან იშვიათად მძიმე საქმეების განხილვისას ეს რიცხვი აღემატებოდა 12-ს. მორვარობა საპასუხისმგებლო საქმე იყო და ხშირად პიროვნება სხვადასხვა ხერხით ცდილობდა ამ მოვალეობის თავიდან აცილებას, თუმცა არსებობდა აპრობირებული სქემა მორვარობაზე პიროვნების დაყოლიებისა (იხ. მორვარ). მედიატორის ფუნქციის მატარებელი იყო ლუფხვილობის ინსტიტუტიც - შუამავალი, რომელსაც დაჩაგრული მხარე ირჩევდა 1-დან 20 კაცამდე (იხ. მორიგება, სვანეთი). ლუფხულობით მორიგებას იმ დროს მიმართავდნენ, როდესაც უმიზეზოდ მიაყენებდა დამნაშავე პიროვნებას შეურაცხყოფას და თავის გასამართლებელი მიზეზი არ ჰქონდა. ლუფხვილს ასახელებდა დაჩაგრული, ხოლო მისი დაყოლიება დამნაშავის საქმე იყო. აღმოსავლეთის მთაში შუამავალი უნდა ყოფილიყო ღირსეული პიროვნება და არანაირი ნათესაობა არ უნდა ჰქონოდა მხარეებთან. იგი კარგად უნდა ერკვეოდეს ჩვეულებით სამართალში. შუამავალი თავად ირჩევს ბჭეებს და მათ რიცხვსაც თვითონ ადგენს. ბჭეებისათვის განკუთვნილი გადასახადიდან შუამავალსაც ეკუთვნოდა თავისი წილი.

ბჭე-მედიატორთა გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. მათ სასამართლოს ზეპირი ხასიათი ჰქონდა.

საბერძნეთში, ისევე როგორც რომში, სასამართლო საქმეები ორ ტიპად: კერძო (δίκη, ius privatum) და საჯარო (γραφή, ius publicum) ბრალდების საქმეებად იყოფოდა.

კერძო ბრალდების სამართალი არეგულირებდა ცალკეულ პირთა შორის დავას და იცავდა მათ ინტერესებს, ხოლო საჯარო ბრალდების სამართალი მიმართული იყო სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესების დაცვისაკენ.

საჯარო სამართლის რეგულირების სფერო ძველ რომში განსხვავებული იყო ტერმინის თანამედროვე გაგებასთან მიმართებაში: რელიგიის წესების დაცვა, ქურუმთა, მაგისტრატების უფლებამოვალეობები, სახელმწიფოს ღალატი და სხვა. საჯარო სამართალი სისხლის სამართლის სფეროსაც მოიცავდა დელიქტების (iniuria, furtum, rapina, damnum, iniuria a datum) გარდა, თუმცა იმპერიის პერიოდიდან ძარცვა (rapina) სახელმწიფო დანაშაულად გამოცხადდა.

მართლმსაჯულების ორივე სისტემაში კერძო ბრალდების საქმის აღძვრა შეეძლო უშუალოდ დაზარალებულ მხარეს, ხოლო საჯარო ბრალდების საქმის წამოყენება - ნებისმიერ მოქალაქეს. კერძო ბრალდების საქმის შემთხვევაში გამოტანილი განაჩენის მიხედვით საჯარიმო სანქცია მიემართებოდა დაზარალებულ მხარეს მორალური თუ მატერიალური ზიანის კომპენსაციისათვის. საჯარო ბრალდების საქმის განხილვისას დაწესებულ ჯარიმას პიროვნება სახელმწიფოს უხდიდა. საქმის წარმოების მხრივ ფეოდალურ საქართველოშიც ათენისა და რომის მსგავსად საქმეები ორ ტიპად - კერძო და სახელმწიფო ბრალდების საქმეებად იყოფოდა. შესაბამისად, საჯარო სანქციაც ან პიროვნების ან სახელმწიფოს ზარალის ანაზღაურებას მიემართებოდა. საჯარო ბრალდების საქმეთა წრე ფეოდალურ საქართველოში უფრო ვრცელია. თუ რომში დელიქტები, მათ შორის ქურდობა კერძო ბრალდების საქმედ განიხილება, საქართველოში ის საჯარო ბრალდების საქმეთა რიგს მიეკუთვნება. შესაბამისად, ქურდობის შემთხვევაში დაზარალებულს უბრუნდება ნაქურდალი ან მისი ფასის შესაბამისი რაოდენობის ფული, ხოლო ხელისუფლებისათვის, სახელმწიფოსათვის დამნაშავეს მოპარული ნივთის შვიდმაგი ღირებულება უნდა გადაეხადა.

უნდა აღვნიშნოთ, რომ საბერძნეთში მოქალაქეობრივი განცდის სტიმულირებისათვის გარკვეული ტიპის საჯარო ბრალდების საქმის წამოჭრის შემთხვევაში (იხ. აპოგრაფე, ფასისი) დაწესებული იყო ფულადი ჯილდო, რასაც, მეორე მხრივ, უარყოფითი ეფექტიც ჰქონდა. ის აქეზებდა ადამიანებს და მათ პროფესიონალ დამბეზღებლებად აქცევდა (იხ. სიკოფანტები), თუმცა სიკოფანტების წინააღმდეგ ათენურმა მართლმსაჯულებამ საკმაოდ ეფექტური დამცავი მექანიზმი შექმნა - ფულადი ჯარიმა 1000 დრაქმის ოდენობით, თუ ბრალდებული სასამართლოზე ხმების 1/5 მაინც ვერ მიიღებდა. რასაც თან ერთვოდა მოქალაქის უფლებების ნაწილობრივი ჩამორთმევა (იხ. ატიმია). ასეთი მკაცრი სანქციები კერძო საქმეზე არ ვრცელდებოდა.

დამბეზღებელთა განსხვავებულ ინსტიტუტს ვხვდებით ქართულ სასამართლო პროცესზე - „მთხრობელი“, პიროვნება, რომელიც დანაშაულის თვითმხილველია და ამბავი მიაქვს დაზარალებულთან, ანუ ბრალმდებელია. მისი ინფორმაციის საფუძველზე ბრალი ედება პიროვნებას და იწყება სასამართლო პროცესი. ინფორმაციის მიწოდებისათვის მთხრობელს ერგებოდა „სამთხრობელო“ ანაზღაურება. მთხრობელი ვალდებულია პროცესზე მოწმის სტატუსით გამოვიდეს (კანონი გამორიცხავს მთხრობელის სუბიექტურ (უარყოფით) ურთიერთობას ბრალდებულთან, რაც შეიძლება ბრალის წაყენების წინაპირობა იყოს). ის, ვინც „მთხრობელის“ სტატუსით წარდგებოდა სასამართლოზე ტყუილი ჩვენებით, ეკისრებოდა სასჯელი, რაც მიმართული იყო იმისკენ, რომ ადამიანები გასამჯელოს გამო არ წასულიყვნენ ცრუ ჩვენებაზე.

სიკოფანტებისაგან განსხვავებით „მთხრობელი“ კერძო საქმის განხილვაშიც იღებდა მონაწილეობას.

რაც შეეხება საქმის აღძვრის პროცედურას, ათენში ის მთლიანად კერძო ინიციატივას ემყარებოდა. პიროვნებას თვითონ უნდა დაეწერა ბრალდება, თავად წაეღო მაგისტრატთან, ისევე როგორც მასვე უნდა გადაეცა მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოში გამოცხადების უწყება. მაგისტრატის მიერ დანიშნულ დღეს ორივე მხარე უნდა მისულიყო მასთან და მთავარ სასამართლო სხდომამდე იმართებოდა წინასწარი მოსმენა - ანაკრისისი. სწორედ აქ ხდებოდა ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რომელიც მხარეებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად სჭირდებოდათ. ეს დოკუმენტები სპეციალურ ქოთანში იდებოდა და ილუქებოდა. მაგისტრატის მოვალეობაში არ შედიოდა ან უარის თქმა საქმის განხილვაზე, ან რაიმე მიმართულების მიცემა მომავალი სამართალწარმოებისათვის.

აქვე უნდა ითქვას, რომ სამართალდამცავი ინსტიტუტის არსებობის პირობებში მოქალაქეს შეეძლო „ცხელ კვალზე“ დაეკავებინა დამნაშავე, თუ ის ქუჩის კრიმინალი იყო (იხ. აპაგოგე) და სპეციალურ მაგისტრატთან (იხ. თერმეტნი) წაეყვანა. დაზარალებული იშვიათად მიმართავდა მაგისტრატს დახმარებისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად ვერ ახერხებდა ქურდის დაკავებას (იხ. ეფეგესისი). მოწმეების მოძებნა და ეჭვმიტანილის სახლის გაჩხრეკაც დაზარალებულს ევალებოდა.

საქმის აღძვრის პროცედურა, ისევე როგორც მთელი სამართალწარმოება, რომში გაცილებით განვითარებულია და შესაბამისად, გართულებულიც. ამასთანავე, მოქალაქე, არც მოსარჩელე და არც მოპასუხე, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არ რჩება მართლმსაჯულების წინაშე, რასაც დახვეწილი, თანამედროვეობასთან ადაპტირების უნარით აღჭურვილი სისტემა უზრუნველყოფდა.

საბერძნეთის სასამართლოსაგან განსხვავებით, რომელიც აბსოლუტურად ღია, მიუკერძოებელი და დემოკრატიული იყო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რომაული მართლმსაჯულება ძირითადად მმართველი კლასის ხელში იყო, რაც აისახებოდა კიდეც ხშირად საქმის წარმოებაზე და მის არაობიექტურობაზე მეტყველებდა.

პროცესუალურ დონეზე რომის მართლმსაჯულებამ სხვადასხვა ეტაპი გაიარა, ვიდრე თავის საბოლოო სახეს მიიღებდა. დავის გადაწყვეტის უძველეს ფორმას ლეგისაქციური პროცესი წარმოადგენდა, რომელიც ყველაზე მეტ სიახლოვეს აჩვენებს ათენურ მართლმსაჯულებასთან.

რომის მოქალაქე მაგისტრატის წინაშე აკეთებდა განცხადებას, რომელიც ზუსტ შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო კანონებთან. მაგალითად, თუ მოსარჩლე სარჩელში ვაზის გაჩეხვას დაასახელებდა, ის საქმეს აგებდა, რადგან XII დაფის კანონი მოიხსენიებს არა ვაზს, არამედ - ხეს. მოსარჩელეს მოპასუხე უნდა მოეყვანა მაგისტრატთან სასამართლოში, თუ იგი წინააღმდეგობას გაუწევდა, მოსარჩელეს უნდა მიემართა მოწმეებისათვის (antestari) და XII დაფის კანონების შესაბამისად, ძალით წაეყვანა იგი სასამართლოში. მოპასუხე არ იყო ვალდებული მაშინვე გაჰყოლოდა მოსარჩელეს. თუ ის გადაწყვეტდა სასამართლოში წასვლას, იგი უშვებდა ან თავმდებს, ან პიროვნებას, რომელიც მას წარმოადგენდა (თავმდები, vindex).

ორივე პირის მისვლისას სასამართლოში იწყებოდა საქმის წარმოება in iure. ორივე მხარე და პრეტორი წარმოთქვამდნენ საზეიმო სიტყვებს (იხ. სამართალწარმოება, რომი).

ამის შემდეგ მაგისტრატი აკეთებდა განცხადებას (diei actio), რომ განსაზღვრულ დღეს ბრალს დადებს კონკრეტულ პიროვნებას და წინასწარ აცნობს მოსალოდნელ სასჯელს. განცხადებას რამდენჯერმე იმეორებდნენ. ნამდვილ სასამართლომდე ბრალდებულს ან თავდებით ათავისუფლებდნენ გირაოს საშუალებით, ან შეიძლება დაეჭირათ კიდეც (ციხე-carcer). თუ პროცესი არ შეწყდებოდა (სასამართლო სხდომის გადავადება - exilium, tergiversatio), ბრალდებული თავის ახლობლებთან ერთად იცვამდა ტრაურს (გლოვა - luctus) და დათქმულ დღეს ცხადდებოდა სასამართლოში. თუ ბრალდებული სასამართლომდე გაიქცეოდა, მას მოკვეთდნენ საზოგადოებიდან (მოკვეთა, რომი - interdictio aquae et ignis). თუ მის არგამოცხადებას ობიექტური მიზეზი ჰქონდა, სასამართლოს გადაავადებდნენ.

ლეგისაქციური პროცესის დროს, როგორც ვხედავთ, ათენის სამართალწარმოების მსგავსად ინიციატივა მოქალაქის ხელშია. ძალის გამოყენებით ბრალდებულის მოყვანის პრაქტიკაც ორივე ქვეყანაში მოქმედებდა. ლეგისაქციური პროცესი, რომლის მთავარ მინუსს მისი მოუქნელობა წარმოადგენდა, თანაც ამ პროცესით ვერ სარგებლობდნენ პერეგრინები, ადგილს უთმობს ფორმულარულ პროცესს. სახელწოდება უკავშირდება ფორმულას (formula), ინსტრუქციას, რომელსაც მაგისტრატი აძლევდა მოსამართლეს. ათენის სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, სადაც მაგისტრატის კომპეტენციაში არც საქმის მსვლელობის შეჩერება და არც ინსტრუქციის მიცემა შედიოდა, ამ შემთხვევაში მაგისტრატი იძლეოდა ინსტრუქციას, ფორმულას, რაც სარჩელის სახეობაზე იყო დამოკიდებული. მაგისტრატის მიერ შედგენილ დოკუმენტს ბრძანების ფორმა ჰქონდა და იქ გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო 1) მოსამართლის დასახელება; 2) მოსარჩელის პრეტენზიები; 3) მოსამართლისათვის იმ უფლებების მინიჭება, რომლის მიხედვითაც იგი ანიჭებდა მოსარჩელეს საკუთრების უფლებას; 4) მითითება მოსამართლის მიმართ მსჯავრი დადოს ან გაათავისუფლოს მოპასუხე პასუხისმგებლობისაგან; 5) მითითება იმ განსაკუთრებულ გარემოებაზე, რომელიც მოსამართლემ საქმის განხილვისას უნდა გაითვალისწინოს; 6) მოპასუხის სიტყვის შესწავლა, საბუთების შემოწმება, ახალი ფაქტების აღმოჩენა, რამაც შეიძლება საქმეს შეუცვალოს მსვლელობა.

ფორმულარული პროცესი სარჩელის 4 ტიპს განასხვავებს. ამასთანავე ფორმალური პროცესის პირობებში პრეტორი გამოსცემდა სავალდებულო ედიქტებს, რაც უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას (იხ. სამართალწარმოება, რომი).

ფორმულარული პროცესის დროს მოსარჩელე თვითონ აღარ მიმართავდა მაგისტრატს ათენური და ლეგისაქციური პროცესისაგან განსხვავებით. იგი აკითხავდა იურისტს და მისი დახმარებით ადგენდა სასარჩელო განცხადებას. სასარჩელო განცხადებას აცნობენ მოპასუხეს, რომ ისიც მოემზადოს თავის მხრივ პროცესისათვის. მაგისტრატი თავისთან იბარებდა მოპასუხეს და თუ ის არ გამოცხადდებოდა, ედებოდა ფულადი ჯარიმა. სასამართლოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოპასუხის ქონება მოსარჩელის ხელში გადადიოდა. მაგისტრატის წინაშე მოსარჩელის და მოპასუხის გარდა შეიძლება დაებარებინათ მხარეთა მიერ დასახელებული პირები, რომლებიც მხარეთა მოთხოვნებს ასაბუთებდნენ (იხ. კოგნიტორი, პროკურატორი), თუმცა სასამართლოს განვითარების I ეტაპზე მხარეები (actor, petitor) თვითონ წარმართავდნენ პროცესს.

როგორც ვხედავთ, ათენური სასამართლოების დამახასიათებელი მთავარი შტრიხი - სამართალწარმოების მოყვარული ხასიათი და კერძო ინიციატივა, რომელსაც აშკარა პარალელი ეძებნება ლეგისაქციურ პროცესთან, ფორმულარულ პროცესში აღარ გვაქვს. საქმის წარმოებაში ერთვებიან პროფესიონალები (იურისტები). ამასთანავე მოსარჩელეს თავად აღარ უწევს მოპასუხესთან ურთიერთობა და ამ ფუნქციას სამართალდამცავი სტრუქტურა იღებს თავის თავზე.

კიდევ უფრო შორს მიდის ექსტრაორდინალური პროცესი. ამ შემთხვევაში მოპასუხის სასამართლოში მოწვევას უკვე სასამართლოს კანცელარია არეგულირებს, რომლის ხარჯები სასამართლო და საადვოკატო გასამრჯელოს ხარჯებთან ერთად მძიმე ტვირთად აწვებოდა ხალხს და რაც ხშირ შემთხვევაში იყო იმის მიზეზი, რომ ისინი აღარ მიმართავდნენ სასამართლოს.

მუდმივი სასამართლოების შექმნასთან ერთად (რესპუბლიკის ხანის II ნახევარში) საქმის აღძვრის პროცედურაც სახეს იცვლის. ნებისმიერ მიქალაქეს შეუძლია აღძრას საქმე, მაგრამ ამისთვის სჭირდება პრეტორის (მუდმივ სასამართლოს პრეტორი ედგა სათავეში) ნებართვა. თუ პირი ამ უფლებას მოიპოვებდა, იგი წარმოადგენდა ბრალდებას იმ პირის თანდასწრებით, რომლის წინააღმდეგაც აღიძვრებოდა საქმე. იმ წუთიდან ეს პირი ხდებოდა ბრალდებული და თუ ეკავა რაიმე თანამდებობა, კარგავდა მას.

ფეოდალურ საქართველოში ძირითადად სასამართლო პროცესის უძველესი ფორმა - საბრალდებო პროცესი გვხვდება. მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებს საქმის წარმოებისას თანაბარი უფლებები ჰქონდათ. თვითონ მხარე იყო საქმის დაწყების ინიციატორი. თვითონვე აგროვებდა დამამტკიცებელ საბუთებს და მოსამართლესთან მიჰქონდა საქმის განსახილველად. მტკიცებულებათა შეგროვებაში მოსამართლე არ მონაწილეობს, იგი მხოლოდ საქმის ვითარებას შეისწავლის და გამოაქვს განაჩენი. ამ ტიპის სასამართლოსათვის დამახასიათებელი იყო საქმის წარმოების ზეპირი ხასიათი და და საჯაროობა - ღია სასამართლო.

საბრალდებო პროცესის გვერდით ფეოდალურ საქართველოში საქმის წარმოების სხვა ფორმაც გვხვდება - სამძებრო, რომლის დროსაც სახელწიფო თავისი მოხელეების საშუალებით, იწყებს გამოძიებას, აგროვებს მტკიცებულებებს. სამართლის ზეპირ ფორმას წერილობითი ანაცვლებს. გიორგი III-ის 1170 წ-ის სიგელში მოხსენიებული „სამპარავთმძებნელი“ სასამართლოც სამძებრო 60 პროცესს განეკუთვნება. ამ სასამართლოს „მპარავთმძებნელთა“ (უფროსი მოხელე) მოვალეობას სწორედ ქურდების მოძებნა და გასამართლება წარმოადგენდა, ხოლო დაბალი რანგის მოხელეები „ჩენილები“ იჭერდნენ დამნაშავეებს და სისრულეში მოჰყავდათ განაჩენი.

მოგვიანებით სამძებრო პროცესი ანაცვლებს საბრალდებოს. საქმეს სასამართლოში აღძრავდა დაზარალებული და ძალიან იშვიათად საქმის აღმძვრელის ფუნქციით გამოდის სახელმწიფო, თუმცა XVIII ს-ის II ნახევარში ამ ტიპის საქმეების რაოდენობა ძალიან იზრდება.

მასარჩელე მიმართავს მეფეს (დედოფალს, ბატონიშვილებს) ან მოსამართლეს, შემდეგ ისინი განსაზღვრავენ, თუ ვის უნდა განეხილა საქმე და ასახელებდნენ მოსამართლეებს. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მოვიდოდა სასამართლოზე, წერილს უგზავნიდნენ და ითხოვდნენ მის გამოცხადებას ან ავალებდნენ კონკრეტულ პიროვნებას უზრუნველყო მოპასუხის გამოცხადება სასამართლოში. გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოპასუხე საქმის განხილვის გარეშეც აგებდა საქმეს. სასამართლო პროცესი დაზარალებულის სარჩელის მოსმენით იწყებდა. მოპასუხე წინასწარ ეცნობოდა სარჩელს და საშუალება ჰქონდა თავი ემართლებინა სასამართლოზე.

ფეოდალური საქართველოს საბრალდებო პროცესი თავისი ხასიათით უახლოვდება ათენის და რომის ლეგისაქციურ პროცესს, სადაც საქმის ძირითადი ინიციატორები თვითონ სუბიექტები იყვნენ. სამივე ქვეყანაში დაზარალებული მიმართავს სახელმწიფო მოხელეს (მაგისტრატი, მეფე, დედოფალი, ბატონიშვილი). მაგრამ განსხვავებით ათენისაგან, სადაც სასამართლოს არჩევა სრულიად დემოკრატიული იყო და რომის სახალხო სასამართლოებისგან, რომელშიც ხალხი ირიბად მაინც იღებდა მონაწილეობას, ქართული სასამართლო პროცესი უახლოვდება პრეტორის სასამართლოს, სადაც პრეტორი, როგორც ვიცით, მართალია ალბუმიდან, მაგრამ არა კენჭისყრით, არამედ თავისი სურვილის მიხედვით ირჩევდა მოსამართლეებს. ფეოდალურ საქართველოშიც მეფე წყვეტდა, თუ რომელ სასამართლოს და ვის უნდა განეხილა საქმეები.

ათენში სასამართლო სხდომაზე მოდავე მხარეები დიკასტესების წინაშე წარდგებოდნენ. ისინი თვითონ გამოდიოდნენ სიტყვით, თუმცა საკუთარი სალაპარაკო დროის ნაწილი შეეძლოთ დაეთმოთ სინეგოროსისათვის (თანამოლაპარაკე), რომელიც, მართალია, მხარდამჭერის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ფორმალურად იყო თანამოლაპარაკე, რითაც დაცული იყო კანონი, რომელიც კრძალავდა პროცესზე ადვოკატის ჩართვას. გამომსვლელები ლოგოგრაფოსთა მიერ დაწერილი სიტყვით სარგებლობდნენ, თუმცა გამოდიოდნენ ზეპირად, იმპროვიზებულ სახეს აძლევდნენ სიტყვას და გამოსვლისას, რათა არ დაედანაშაულებინათ სიკოფანტობაში, ხაზს უსვამდნენ საკუთარ გამოუცდელობას სასამართლო პროცესთან მიმართებაში. პროცესზე სიტყვას პირველად იღებდა ბრალმდებელი, მერე - ბრალდებული. თანამედროვე სასამართლოსაგან განსხვავებით, ათენის სასამართლოში არ მოქმედებდა პროტესტის გამოთქმის პრაქტიკა (ძირითადი თემისაგან გადახვევის შემთხვევაში). ათენური მართლმსაჯულება არ იყო პრეცედენტული სამართლის სისტემა, რაც, პირველ რიგში, იმან განაპირობა, რომ არ არსებობდა დიკასტერიონის (სასამართლო) ჩანაწერები. სასამართლო პროცესზე ხდებოდა მოწმეთა მოწვევა, რაც საშუალებას აძლევდა მოსამართლეს მოეწყო ჯვარედინი დაკითხვა. მოწმე ფიცის ქვეშ გამოდიოდა. ცრუმოწმეობა კანონით ისჯებოდა. მონებს (მათი ჩვენება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიღებოდა მხედველობაში, თუ წამების დროს იყო მიცემული) და ქალებს არ შეეძლოთ მოწმედ გამოსვლა. რომის სახალხო სასამართლოზე მოსამართლე - მაგისტრატი კითხულობდა ბრალდებას, რის შემდეგაც ბრალდებული ან თვითონ იცავდა თავს ან ამას მიანდობდა ადვოკატს ან პატრონს. როგორც ვხედავთ რომაულ სამართალწარმოებაში განვითარების ადრეულ ეტაპზევე ბერძნული სისტემისაგან განსხვავებით ვხვდებით ადვოკატს. აღნიშვნის ღირსია, რომ ძველ ქართულ წყაროებში სასამართლო პროცესზე მონაწილეობს „მეოხი“, რომელსაც ივანე ჯავახიშვილი ადვოკატის ფუნქციით აღჭურვილ პირთან აიგივებს. რესპუბლიკის ხანაში ადვოკატი სრულიად უსასყიდლოდ იღებდა მონაწილეობას სასამართლო პროცესში, მხოლოდ იმპერიის ეპოქაში განესაზღვრათ მათ ჰონორარი. პატრონი პროცესზე, როგორც ორატორი გამოდიოდა, რაც გარკვეული პარალელის გავლების საშუალებას იძლევა სინეგოროსთან.

ფორმალური სასამართლო პროცესი იწყებოდა იმით, რომ ორივე მხარე წარუდგენდა მოსამართლეს ფორმულას, ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა წარემართა მას საქმე და გამოეტანა განაჩენი. ამასთან იმეორებდნენ სიტყვებს si paret, absolve (თუ ნათელია, გაამართლე), ან si non paret, condemne (თუ არ არის ნათელი, გაამტყუნე). მხარეთა სიტყვებს მოჰყვებოდა მტკიცებულებების მოხმობა, რომელსაც თან ახლდა ფიცი უტყუარი მტკიცებულებების შესახებ. ერთი მოწმის ჩვენება იგნორირებული იყო (testis unus, testis nullus). მოწმედ ვერ გამოვიდოდა სასამართლოზე არასრულწლოვანი, მონა, ჭკუასუსტი, ქალი და ინფამისი (infamis).

ის, რომ ერთი მოწმის ჩვენებას განაჩენის გამოტანისას სასამართლო არ ითვალისწინებდა, მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება ცდილობდა თავიდან აეცილებინა მიკერძოებული განაჩენის გამოტანა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად ათენისა, რომშიც საჯარო ბრალდების საქმეების განხილვას უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებოდნენ, რაზეც ის დეტალიც მიუთითებს, რომ ამ ტიპის საქმეთა განხილვა მოწმეთა მეტ რაოდენობას მოითხოვდა. ცრუ ჩვენების მიცემისათვის ზოგჯერ სიკვდილითაც კი სჯიდნენ.

ფეოდალურ საქართველოში სასამართლო პროცესი იწყებოდა დაზარალებულის (მოჩივარი, შემწამებელი, შემსმენელი) სარჩელის მოსმენით. სასამართლო პროცესი, როგორც წესი, ზეპირ ხასიათს ატარებდა, თუმცა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნიდან ვგებულობთ, რომ სასამართლო ოქმებს მდივანბეგის სასამართლოში აფორმებს მდივანი. მოპასუხეს (მოადე, შეწამებული, შესმენილი) წინასწარ აცნობდნენ სარჩელს და საშუალება ჰქონდა თავი ემართლებინა პროცესზე. ამასთანავე, მოპასუხეს დავის პროცესში შეეძლო ბრალდება წამოეყენებინა მოსარჩელის მიმართ, შესაბამისად მხარეები ერთ პროცესზე მოპასუხენიც იყვნენ და მოსარჩელენიც. სასამართლოზე საქართველოში მხარეები წარმოადგენდნენ მოწმეებს. IX-XIV სს-ში, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მოწმის ჩვენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქმის წარმოებისას. შემდგომ ხანაში მოწმის მნიშვნელობა სასამართლო პროცესზე ქვეითდება, რაც კარგად ჩანს ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში, სადაც მოწმის ჩვენებას სასამართლო მტკიცებულებათა შორის მხოლოდ მეხუთე ადგილი უკავია ფიცის და ორდალების შემდეგ (იხ. კანონმდებლობა, სამართალწარმოება, საქართველო). ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი ძირითადად ქართულ ადათობრივ სამართალს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პროცესზე (ანუ ისეთი საქმის განხილვაზე, რომელიც სისხლის აღებას ითვალისწინებს) მოწმის გამოსვლა დაუშვებელია. მოწმე გვხვდება მხოლოდ ზოგიერთი საქმის წარმოებისას (ქურდობა, ფულის სესხება და ა.შ.). მიუხედავად ამისა, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნიც მოწმის ფაქტორს არსებითად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისას და XIII მუხლში განსაზღვრავს კიდეც მოწმის თვისებებს: პატიოსანი, ჭკვიანი, ღვთისმოშიში. აქვე მითითებულია პროცესზე მოწმეთა რაოდენობაც, ერთი მოწმის ჩვენება ქართულ სასამართლოშიც მხედველობაში არ მიიღებოდა.

როგორც ვიცით, ძველ ათენსა და რომში სასამართლო პროცესზე ფიცს დებდნენ მსაჯულები, მოსამართლეები, მოწმეები, რომ სიმართლეს იტყოდნენ და ობიექტურად წარმართავდნენ საქმეს. ქართულ სამართლებრივ სივრცეში ფიცს მიმართავდნენ, როგორც სასამართლო მტკიცებულებას, როგორც ადათობრივ, ისე სახელმწიფო სასამართლოში. ადათობრივი სასამართლოსათვის ფიცის, როგორც მტკიცებულების, მნიშვნელობაზე მეტყველებს მისი რაოდენობრივი მრავალფეროვნება (სვანურ სამართალში ფიცის სამი ფორმა დასტურდება: (ერთგულების ფიცი, თანასწორობის ფიცი, გამართლების ფიცი), აღმ. მთიანეთში - დროშით დაფიცება, ხალხში დაფიცება, მონათესავე კაცის ფიცი, დაფიცება კეჭნაობის დროს და ა.შ.) (იხ. კანონმდებლობა, სამართალწარმოება, საქართველო). ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით, ფიცს იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, როცა სხვა მტკიცებულება არ ჰქონდათ ხელთ და ძირითადად ქონებაზე დავისას გამოიყენებოდა. ფიცის დაკისრება არ შეიძლებოდა გონებრივად ჩამორჩენილი, არასრულწლოვანი ადამიანისთვის. ფიცის დადება არ შეუძლია ქალს, მის ნაცვლად უნდა დაიფიცოს ქალის უახლოესმა მამრობითი სქესის ნათესავმა - ძმამ, ქმარმა, შვილმა და ა.შ. (იხ. კანონმდებლობა, სამართალწარმოება, საქართველო).

მოფიცართა რაოდენობა საქმის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული და ამასთან ერთად, რამდენადაც ფეოდალური საქართველოს სამართალი ამ ფორმაციისათვის დამახასიათებელ ყველა ზნეობრივსამართლებრივ ნორმას იზიარებდა, თანამოფიცართა სოციალურ მდგომარეობაზე. ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით, ორი დიდებული თავადის ფიცი 20 საშუალო და 60 დაბალი რანგის თავადის და აზნაურის ფიცთან იყო გათანაბრებული. შესაბამისად, თავადის, აზნაურის და მითუმეტეს, გლეხის ჩვენებებს შორის, მკაცრი რანგირება არსებობდა სამართლებრივი მნიშვნელოვნების კუთხით.

სასამართლო მტკიცებულებათა შორის ასევე გამოიყენებოდა ორდალი და ცოდვის მოკიდება (იხ. კანონმდებლობა, სამართალწარმოება, საქართველო).

განაჩენის გამოტანის პროცედურა ისევე როგორც საქმის წარმოების მთელი პროცესი ათენში იყო გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი. მხარეების გამოსვლის შემდეგ მსაჯულთა 62 ბიულეტენები იყრებოდა კალათაში (იხ. სამართალწარმოება, ათენი), რაც ნიშნავს, რომ კენჭისყრას ფარული ხასიათი ჰქონდა, რაც თავის მხრივ კიდევ მეტ თავისუფლებას ანიჭებდა მსაჯულს ობიექტური განაჩენის გამოსატანად.

კენჭისყრითვე გამოჰქონდათ განაჩენი რომში. უძველეს დროში ამ პროცედურას ზეპირი ხასიათი ჰქონდა, შემდეგ უკვე წერილობითი - leges tabellariae.

ორივე ქვეყნის მართლმსაჯულებაში ხმის დათვლის პროცედურის დასრულებასთან ერთად ხდებოდა განაჩენის გამოტანა. საბერძნეთში, თუ არ გავითვალისწინებთ სოლონის პერიოდს (ეფესისი), აპელაცია ამ ტერმინის თანამედროვე გაგებით არ არსებობდა, თუმცა მოდავეს შეეძლო არაპირდაპირი გზით ემოქმედა: აღეძრა საქმე ცრუმოწმეობის ბრალდებით, ან წამოეწყო ახალი საქმე, რომელიც სხვა ინციდენტს მოიცავდა. რომში აპელაციის ნამდვილად დემოკრატიული პროცედურის - provocatio ad populum - გაუქმების შემდეგ აპელაცია განაგრძობს არსებობას. ფორმულარული პროცესის დროს აპელაცია მიემართებოდა მხოლოდ მაგისტრატის და არა მოსამართლის გადაწყვეტილებას. ეს პრაქტიკა მხოლოდ ავგუსტუსის ეპოქიდან ჩნდება. რაც შეეხება ექსტრაორდინალურ პროცესს, აქ შესაძლებელი იყო ყველა გადაწყვეტილების გასაჩივრება, გარდა იმპერატორის გადაწყვეტილებისა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, განაჩენის გასაჩივრების პრაქტიკა „სასამართლოში მეორედ შესვლა“ ქართულ სამართალწარმოებაშიც ძალიან გავრცელებული იყო. ამაზე აღარ შევჩერდები. ფაქტია, რომ საქმის ხელახლა გადასინჯვის შესაძლებლობა სამართალწარმოებაში მეტყველებს მის სამართლიან ხასიათზე. ბერძნულმა მართლმსაჯულებამ ეს რგოლი რომაულისაგან განსხვავებით არ განავითარა, თუმცა დემოკრატიულობის ხარისხის მიხედვით provocatio ad populum-თან შედარებით სასამართლო აპელაცია რომშიც და გვიანფეოდალურ საქართველოშიც უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. სასამართლო პროცესზე მოსარჩელის არგამოცხადება რომში აღიქმებოდა, როგორც სარჩელის უკან გატანა და მოქალაქე ჯარიმდებოდა. მოპასუხის არგამოცხადების შემთხვევაში, საქმის წარმოება მის გარეშეც გრძელდებოდა.

როგორც უკვე ვთქვით, ფეოდალური საქართველოს სამართალწარმოება ადრეულ პერიოდში ზეპირი იყო, განვითარების მოგვიანო ეტაპზე შეიძინა მან წერილობითი ფორმა. ამის შემდეგ სასამართლო თავის გადაწყვეტილებას წერილობითი სახით აძლევდა ორივე მხარეს. განაჩენში აუცილებლად უნდა მიეთითებინათ სამართლის წიგნის ის მუხლი, რომელიც შეუფარდეს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევას და რომლის საფუძველზეც გამოიტანეს განაჩენი. პროცედურა კანონმდებლის განმარტებით ხორციელდებოდა, რათა გამტყუნებულ მხარეს განაჩენი უსამართლოდ გამოტანილად არ ჩაეთვალა. ეს პროცედურა განაჩენის სამართლიანობის და უტყუარობის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ადათობრივ სამართალს, სახალხო კრებებზე (ყრილობებზე) ბჭეებს, მახვშს, ხევის გაგას და ა.შ. კენჭისყრით გამოაქვთ გადაწყვეტილება მოთათბირეების საფუძველზე, რაც, რა თქმა უნდა, სიახლოვეს გვიჩვენებს ძველი ათენის სასამართლო პროცესთან.

ათენში, ისევე როგორც რომში, მართლმსაჯულების ადრეულ პერიოდში განაჩენის აღსრულება სახელმწიფო ორგანოებს არ ევალებოდათ. თუ მოპასუხე არ დაემორჩილებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოსარჩელეს შეეძლო ახალი სარჩელი შეეტანა. მაგ., რომში თუ მოვალე ვალს არ გადაიხდიდა, მოსარჩელეს მიერ აღძრული ახალი საქმის მიხედვით, მისი ვალი ორმაგდებოდა. კრედიტორს ენიჭებოდა უფლება როგორც მოვალის ქონებაზე, ისე მის პიროვნებაზე, შეეძლო გაეყიდა ის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ ან ჰყოლოდა პირად პატიმრობაში, რაც ძვ. წ. 326 წ-ს აიკრძალა კანონის მიხედვით. მოგვიანებით, ექსტრაორდინალური პროცესის პირობებში, თუ მოპასუხე არ აასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო 2 თვის შემდეგ თავისი მიხელეების საშუალებით იძულებით იწყებდა სასამართლო პროცესის აღსრულებას.

განაჩენის აღსრულების მხრივ, გვიანფეოდალურ საქართველოში, მთავარი სასამართლო აღმასრულებელი იყო იასაული. იასაული საქმის აღსრულებისათვის იღებდა გასამრჯელოს. მას საქმის აღსრულების დროს აუცილებლად უნდა ჰქონოდა განაჩენი ან იასაულობის უფლების აღმჭურველი ოქმი. საქმის ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა, დანიშნულიყო ორი, სამი ან მეტი იასაულიც.

XVIII საუკუნის II ნახევარში სასამართლო აღმასრულებლად ინიშნებოდნენ ეშიკაღასბაში და ნასაღჩიბაში. ეშიკაღასბაში პოლიტიკურ - ადმინისტრაციული აპარატის ხელმძღვანელი იყო. აღმ. საქართველოში სასამართლო განაჩენის აღსრულება მას და მის ხელქვეითებს ევალებოდათ. რაც შეეხება ნასაღჩიბაშს, მას დამასახიჩრებელი სასჯელის აღსრულება ევალებოდა.

განაჩენის აღსრულებაში მოყვანა პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს. შესაბამისად, ფეოდალურ საქართველოშიც ეს რგოლი იყო დაკავებული ამ საქმიანობით. დავით აღმაშენებელი აყალიბებს სამი სახის საპოლიციო აპარატს: სამოქალაქო პოლიცია, რომელსაც მანდატურთუხუცესი ედგა სათავეში; კრიმინალური პოლიცია - მპარავთმძებნელის აპარატი (მპარავთმძებნელნი და ჩენილნი); ფარული პოლიცია - მსტოვართა ინსტიტუტი. ნათელია, რომ დავით აღმაშენებლის ქართული საპოლიციო აპარატი ძალიან უახლოვდება თანამედროვეს.

გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში პოლიციელის ფუნქციებს ასრულებდა არგნოსანი (ხელარგნოსანი). ბოქაულის სამოსახელეო თანამდებობა XVI ს-დან ჩნდება. ეს არის საპოლიციოადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში და იგი იასაულის ფუნქციებს ინაწილებს.

განსხვავებით ფეოდალური საქართველოს საპოლიციო უწყებისაგან თავისი შინაარსით და ფუნქციებით საპოლიციო რგოლი ათენსა და რომში ძალიან უახლოვდება ერთმანეთს და განსხვავდება ტერმინის თანამედროვე გაგებისაგან. ათენში ყოველწლიურად არჩეულ კოლეგიებს (ასტინომოსები, აგორანომოსები) ქუჩებში სისუფთავის დაცვა, ბაზრის სავაჭრო მიმოქცევის ზედამხედველობა, მარცვლეულის ფასის კონტროლი ევალებოდათ. ამის გარდა მოქმედებდა თერთმეტთა კოლეგია, რომელსაც კენჭისყრით ირჩევდნენ და მათ კრიმინალის გარკვეული სახეობის ზედამხედველობა ევალებოდათ (ტუსაღთა მეთვალყურეობა, სიკვდილით დასჯა, ზოგ შემთხვევაში დაპატიმრება). ათენის პოლიციურ ძალას წარმოადგენდნენ სკვითი მშვილდოსნებიც, რომლებიც მცველების და ყარაულების ფუნქციას ინაწილებდნენ (იხ. პოლიცია).

საინტერესოა, რომ ათენში ე.წ. ფინანსური პოლიციის ჩანასახს ვაწყდებით (ასტინომოსები, აგორანომოსები).

რომში ედილები (aediles curules) ბაზრის დავებს არეგულირებდნენ და კურირებდნენ თამაშებს. ქალაქის კოჰორტა (cohortes urbanae) წარმოადგენდა პოლიციის კორპუსს, რომელსაც ქალაქის პრეფექტი (praefectus urbi) ხელმძღვანელობდა. ეს იყო სამი კოჰორტა, რომელსაც ქალაქში ღამის გუშაგობა და სახანძრო სამსახური ევალებოდა.

ფუნქციურად ორივე საპოლიციო სისტემა (ათენი, რომი) ითავსებდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფუნქციას, მაგრამ ჯაშუშობის ფუნქციას (ამ ფუნქციით აღჭურვილია თანამედროვე საპოლიციო სისტემა) ათენი საერთოდ არ იცნობს, რომში კი იგი უკვე გვიან დომინატის ხანაში ჩნდება (agentes in rebus - პოლიციელი ჯაშუშები).

რაც შეეხება სასჯელს, საბერძნეთსა და რომში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო სასჯელის ფორმა - ფულადი ჯარიმა. ამასთან ერთად ფუნქციონირებდა საზოგადოებიდან მოკვეთა და სიკვდილით დასჯა. ორივე ქვეყანაში სასჯელის უკიდურესი ზომის საქმეებს სპეციალური სასამართლოები განიხილავდა. ორივე ქვეყანაში ციხე - როგორც სასჯელის ფორმა იშვიათად გამოიყენება (რომში უფრო მეტად მას წინასწარი დაკავების მიზნით მიმართავდნენ).

სასჯელის სამივე ფორმას მიმართავდნენ საქართველოშიც. გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში გვხვდება სასჯელის შემდეგი ფორმები: სიკვდილით დასჯა, სხეულის დამასახიჩრებელი სასჯელები, მოკვეთა საზოგადოებიდან, თავისუფლების აღკვეთა. ქონების კონფისკაცია („მამულის დაჭირვა“), მოქალაქეობრივი უფლებების დროებითი ან სამუდამო ჩამორთმევა, ქონებრივი სასჯელი, დაკრულვა და სხვა საეკლესიო სასჯელები. თავისუფლების აღკვეთას როგორც სასჯელის ფორმას, ისევე როგორც ათენსა და რომში ქართულ მართლმსაჯულებაშიც ძალიან იშვიათად მიმართავდნენ. ვახტანგ VI-ის ძეგლისდებაში ორი მუხლი ეძღვნება სასჯელის ამ ფორმას (177 და 64): „მაგრამ კაცი რომ ცოლს სტანჯვიდეს და უპატიურად ეპყრობოდეს, ურიგოს უშურებოდეს, მეფემ ის კაცი დააბას, დატუქსოს და კათალიკოსმაც ასრე უყოს“. უფრო ვრცლად ეხება თავისუფლების აღკვეთას („შეპყრობაი“) ბაგრატ კურაპალატის წიგნი (მუხლები 101-104).

როგორც ვნახეთ, აბსოლუტური მონარქიის პირობებში, ფეოდალური საქართველოს სამართლებრივი მოწყობა დემოკრატიული მართვის გარკვეულ ტენდეციებს ამჟღავნებს, რამდენადაც ამის საშუალებას იძლეოდა ფეოდალურ ფორმაციაში მოქმედი სოციალ-პოლიტიკურ-სამართლებრივი ნორმები: მართალია, საკანონმდებლო ინიციატივა მეფეს ეკუთვნოდა, მაგრამ იგი ერთპიროვნულად არ ახორციელებდა ცვლილებების შეტანას კანონმდებლობაში. საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავდნენ საქმის პროფესიონალები, საჯარო მოხელეები, ხალხის წარმომადგენლები (ხევისბერნი, ხევისთავნი). ახალი კანონმდებლობა განხილვის შემდეგ მტკიცდებოდა სათათბიროში - დარბაზში. მეფე იყო უზენაესი მოსამართლე, მაგრამ არც სამართალწარმოებისას არ მოქმედებდა იგი ერთპიროვნულად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ მსაჯულებთან ერთად, მოთათბირების საფუძველზე. ამის ნათელ ნიმუშს წარმოადგენს ერეკლე მეორეზე თავდასხმის საქმე, რომელიც მეფემ თვითონ გამოიძია, მაგრამ განსახილველად დარბაზს გადასცა. ქართულ სამართალწარმოებაში შეზღუდულად, მაგრამ მაინც ფუნქციონირებდა წარმომადგენლობითი სასამართლო, რომლის მოსამართლეებსაც კენჭისყრით საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან ირჩევდნენ (ქედხუდები).

ეს რაც შეეხება ოფიციალურ, სახელმწიფო კანონმდებლობასა და სამართალწარმოებას, რომლის გვერდითაც, როგორც ვიცით, ფუნქციონირებდა ადათობრივ სამართალზე დაფუძნებული სახალხო სასამართლოები (სახალხი კრება (ყრილობა), სამედიატორო სასამართლო), რომლის კანონმდებლობა და სამართალწარმოება დემოკრატიული მართვის პრინციპებს ეფუძნებოდა - ხალხის რჩეულნი ხალხის თანდასწრებით განიხილავნდენ სასამართლო დავებს და კენჭისყრის საფუძველზე გამოჰქონდათ განაჩენი.

ამ კუთხით ფეოდალური საქართველოს საკანონმდებლო და სამართალწარმოების სფეროს ანალიზი იმისთვის გვჭირდება, რომ შეგვექმნას წარმოდგენა, რამდენად ორგანული იყო ისტორიულად ქართული სახელმწიფოს სამართლებრივი სფეროსთვის დემოკრატიული მართვის პრინციპები.

რადგანაც ნათელი ხდება, რომ დემოკრატიული ტენდეციები ქართული სამართალწარმოების და კანონშემოქმედების განვითარების ყველა ეტაპზე (გაერთიანებული ფეოდალური სახელმწიფო და გვიან ფეოდალური) შეინიშნება, ეს იძლევა იმის წინაპირობას, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების პირობებში მით უფრო მარტივად შესაძლებელია სამართლებრივი სივრცე იყოს დემოკრატიული მოწყობის, ხალხზე ორიენტირებული და ხალხის ინტერესების დაცვისკენ მოწოდებული. ამას, პირველ რიგში, კანონის უზენაესობის აღიარება უზრუნველყოფს, რასაც ზუსტად მიხვდნენ თავის დროზე ძველი ბერძნები: „თუ რომელიმე თქვენგანს სურს დააზუსტოს, რა არის მიზეზი იმისა, რომ იკრიბება სახელმწიფო საბჭო, ხალხი მიდის სახალხო კრებაზე, სასამართლოები გავსებულია მსაჯულებით, რომ წინა წლის ხელისუფლება ნებაყოფლობით უთმობს ადგილს ახალს, კეთდება ყველაფერი პოლისის შენარჩუნებისთვის; თუ ვინმე დაინტერესდება, აღმოაჩენს, რომ ამისი მიზეზი გახლავთ კანონები და ის, რომ მათ ყველაფერი ემორჩილება. და მართლაც, თუ გავანადგურებთ კანონებს, ამ შემთხვევაში დაიღუპება არა მარტო სახელმწიფო, არამედ განადგურდება ჩვენი ცხოვრებაც, რადგან ის მხეცთა ცხოვრებას დაემსგავსება“ (დემოსთენე, 25, 20).

6 4. ქალი და ოჯახი

▲ზევით დაბრუნება


ზოგადად პატრიარქალურ საზოგადოებაში, იქნება ეს ანტიკური სამყაროს დემოკრატიული რეჟიმები - კლასიკური ეპოქის საბერძნეთი ან რომის რესპუბლიკა, თუ შუასაუკუნეების ფეოდალური საქართველოს მონარქია მისი მთის სპეციფიკური სოციალ-პოლიტიკური მოწყობით, ქალის მდგომარეობა არსებითად დაქვეითებულია. ჩვენ ხაზს გავუსვამთ სიტყვას „არსებითად“, რადგან, ბუნებრივია, ცნება „ქალის მდგომარეობა“ ერთი გაყინული, უცვლელი სიდიდე არ არის და მისი სხვადასხვა ასპექტი დროის შესაბამისად დიაქრონულ ცვლილებებს განიცდის. რას ვგულისხმობთ ქალის არსებით დაქვემდებარებაში? პირველ რიგში, საჯარო სივრცეში მის ლეგალურ უუფლებობას. ანტიკურ სამყაროში, როგორც კლასიკური პერიოდის საბერძნეთში, ისე რომში (რომაელი ქალის ლეგალური უფლებების თუ მისი სოციალური როლების ჩვენ მიერ განხილული საკითხები უმთავრესად რესპუბლიკის ხანასა და ცალკეულ შემთხვევაში ადრეული პრინციპატის პერიოდს მოიცავს) ქალის სამოქალაქო უფლებები შეზღუდული იყო. მას არ გააჩნდა პოლიტიკური უფლებები, ანუ ქალს არ შეეძლო დასწრებოდა სახალხო კრებას ან ხმა მიეცა მასზე, მას არ შეეძლო დაეკავებინა არანაირი თანამდებობა, არ შეეძლო ემსახურა როგორც მსაჯულს, სენატორს და ა.შ. ქალს საბერძნეთში (დასახელებულ პერიოდში) და რომში უმეტეს პერიოდებში არ ჰქონდა უფლება სასამართლოში სიტყვით გამოსულიყო, არ შეეძლო მოწმედ გამოსვლა. რომში მან მხოლოდ მოგვიანებით მიიღო ანდერძის დაწერის უფლება. რაც შეეხება საქართველოში საზოგადოებრივ სარბიელზე ქალის მონაწილეობას, ფეოდალური საზოგადოების მოწყობისა და პრინციპების არსებითი განსხვავების მიუხედავად ანტიკური სამყაროს საზოგადოების მოწყობისა და პრინციპებისაგან (ამ არსებით განსხვავებაში, პირველ რიგში, ანტიკურ საზოგადოებათა მეტად თუ ნაკლებად ეგალიტარულ ხასიათს ვგულისხმობთ), უნდა განვაცხადოთ, რომ საქართველოშიც ამ მხრივ იმავე სურათს ვხვდებით - ქალი საჯარო სივრცეში არ არის ჩართული. ბუნებრივია, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ფეოდალურ მონარქიებში, განსაკუთრებული ვითარების დროს ქალი უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობას იკავებს, მაგრამ ამგვარი მოვლენა გამონაკლისს წარმოადგენს. ცნობილი აფორიზმი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია“ არა საზოგადოდ ქალთა და მამაკაცთა თანასწორობაზე, არამედ სახელმწიფოს უმაღლეს საფეხურზე (რისი სიმბოლური გამოხატულებაა ცხოველთა მეფე ლომი) ქალისა და მამაკაცის შესაძლო თანასწორობაზე მიუთითებს. ამავე რანგში გადის გვიანფეოდალურ ხანაში დედოფლის წარმოდგენა სასამართლო კონტექსტში. კერძოდ, დედოფალს შეუძლია განიხილოს ყველა ტიპის სამოქალაქო დავა, ოღონდ არ შეუძლია ჩაერთოს სისხლის სამართლის საქმეთა გადაწყვეტაში. ქალს საქართველოში ვერ ვხვდებით მოხელის რანგში - იქნება ეს სამეფო კარის ფარგლებში, სასამართლოში, თუ სხვა უფრო დაბალი დონის ადმინისტრაციულ სტრუქტურებში. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ფეოდალიზმისთვის საზოგადოდ არ არის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის სრული თანასწორუფლებიანობა. ქალის სამოქმედო ასპარეზი ამ ფორმაციის პირობებში ძალზე შეზღუდულია და მხოლოდ ერთეულებს თუ არგუნებს ხვედრი იმას, რომ თავი გამოიჩინონ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ სარბიელზე. საბერძნეთსა და რომში საჯარო სივრცეში ქალის მონაწილეობა რელიგიური მსახურებით ამოიწურებოდა, თუმცა, უნდა ითქვას, რომ რელიგიაში ქალს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა.1

ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ქალის მოღვაწეობა საქართველოში ისეთსავე ხასიათს ატარებდა, როგორსაც სხვა მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ქვეყნებში. რელიგიური აქტივობის მეორე მხარეა სახალხო დღესასწაულები, რომლებშიც ქალები აქტიურად ფიგურირებენ. ამასთან, საქართველოში, საბერძნეთის მსგავსად, არსებობდა ისეთი რელიგიური დღესასწაულები, რომლებშიც მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ. ასეთი იყო ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული რიტუალური ქმედებანი - „წყლის ხვნა“ გვალვის გამოსაწვევად, ასევე „ლამარიას კულტი“ სვანეთში.

ქალის ჩაურთველობა საჯარო სივრცეში, ალბათ, ყველაზე გასაოცარი კლასიკური ეპოქის საბერძნეთში - ძვ. წ. V-IV სს-ში უნდა იყოს, როდესაც ათენში დემოკრატიული რეჟიმი თავის უმაღლეს გამოხატულებას პოულობს, როდესაც ჩამოყალიბდა და განვითარდა ის ინსტიტუტები, პრინციპები და იდეალები, რომლებიც შემდგომ საერთოდ დემოკრატიისთვის პარადიგმატულ პრინციპებად თუ მოდელებად იქცა. მაგრამ ეს ერთი შეხედვით პარადოქსი ლოგიკურ ახსნას ექვემდებარება. პოლისი - ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო ინდივიდუალურ ოჯახებს (ოიკოსებს) ეფუძნებოდა. მოქალაქეობის საფუძველიც ოიკოსი იყო. პიროვნება მოქალაქე მხოლოდ როგორც ოიკოსის წარმომადგენელი ხდებოდა. შესაბამისად, ოჯახის მოუშლელობა დემოკრატიული პოლისის ფუნქციონირების ქვაკუთხედი გახლდათ. ოჯახს რომ ნორმალურად ეფუნქციონირა, საჭირო იყო, რომ ოიკოსის აუცილებელ კომპონენტს - ქალს პირნათლად შეესრულებინა თავისი ფუნქციები - გაეჩინა კანონიერი მემკვიდრე, რათა ოჯახს მიწაზე საკუთრების უფლება შეენარჩუნებინა და გათხოვებისას ერთი ოჯახის საკუთრება მეორისათვის გადაეცა. მისი ეს ფუნქციები ძირეული მნიშვნელობის იყო პოლისისათვის. შესაბამისად, ქალი აუცილებლად უნდა ყოფილიყო დაცული, უნდა ჰყოლოდათ მკაცრი კონტროლის ქვეშ და ამასთან უნდა შეეზღუდათ იმიტომ, რომ სახელმწიფოს ამ საჭიროებისათვის მისი სამსახური ყოველთვის გარანტირებული ჰქონოდა. ბუნებრივია, ამ სამმა ფაქტორმა - გაკონტროლებამ, დაცვამ, შეზღუდვამ ქალის მდგომარეობის დაქვეითება გამოიწვია, დაქვეითება როგორც სოციალურ-პოლიტიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით.

ამას გარდა, კლასიკური პერიოდის ათენი ამ მხრივ კიდევ ერთი სპეციფიკურობით ხასიათდება. პოლისმა მკვეთრად გამიჯნა საზოგადო და პრივატული სივრცეები. მამაკაცი უპირობოდ საზოგადოს, ქალი კი პრივატულ სივრცეს მიაკუთვნეს, რამაც სქესთა მკვეთრი დიქოტომიზაცია გამოიწვია. ქალებს დაეკისრათ თავიანთი კულტურული როლი, მამაკაცებს კი - თავიანთი. ამით უნდა აიხსნებოდეს ზემოთ ნახსენები პარადოქსი - დემოკრატიას თან მოჰყვა ქალების ლეგალური და კულტურული სუბორდინაცია.

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში მოღვაწეობა არც სპარტელ ქალს შეეძლო, სპარტელი ქალიშვილი ათენელი ქალის მსგავსად სახლში არ იყოს გამოკეტილი. კანონმდებელმა ლიკურგოსმა ის არა მარტო სახალხო დღესასწაულებზე აქტიურ დასწრებას, არამედ, პლუტარქოსის გადმოცემით, ჯეელი ბიჭების თვალწინ დედიშობილად ცეკვასა და სიმღერასაც მიაჩვია (პლუტარქოსი, ლიკურგოსი, 15). ამასთან ერთად გარკვეული ინტელექტუალური წვრთნა მათ საჯარო სივრცეში თავისუფლად ლაპარაკის სითამამესაც აძლევდა.2

რომაული საზოგადოება, როგორც მკვლევარები აცხადებენ, საზოგადოდ, არ ხასიათდებოდა სქესთა დიმორფიზმის ასეთივე ხარისხით. შესაბამისად, რომაელი ქალების საზოგადოებრივი მდგომარეობა იყო უკეთესი, ვიდრე ბერძენი ქალებისა. წყაროებში ისინი ჩვენთვის უფრო ინდივიდუალიზებულად არიან წარმოდგენილნი, ვიდრე მათი ბერძენი მეწყვილეები3. ბუნებრივია, ცალკეული ინდივიდები - როგორც ბერძენი, ისე რომაელი ქალები, წარმოდგენილნი არიან საზოგადო სარბიელზე, მაგრამ ეს ვრცელდება მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებზე და, სამწუხაროდ, არ ქმნის ქალთა ცხოვრების ზოგად სურათს. საზოგადო სარბიელზე მოღვაწე ქალების მოღვაწეობის განხილვა ამჟამად ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს4. და რადგან საჯარო სივრცე როგორც ბერძენი, ისე რომაელი და ქართველი ქალებისთვის, ფაქტობრივად, დაკეტილი იყო, ჩვენ უმთავრესად მათი რეალიზაციის მთავარ სივრცეზე - ოჯახში ქალის მდგომარეობაზე ვისაუბრებთ.

ათენის კანონმდებლობის მიხედვით, ქალი ავტონომიური არსება არ იყო. იგი არ გახლდათ რეგისტრირებული დემოსის რეესტრში. ათენურ სინამდვილეში არ არსებობდა რაიმე დოკუმენტი, სადაც ქალის პიროვნება ოფიციალურად იქნებოდა დადასტურებული. ორატორთა სიტყვებში და საფლავის წარწერებში იშვიათად მოიხსენიებენ მოქალაქე ქალის სახელს. ამ სტატუსის ქალი უბრალოდ ქმრის ან მამის სახელიდან გამომდინარე სახელდებოდა. საყურადღებოა ამ მიმართებით რომაელი ქალის სახელდების პრინციპი. რომაელ ქალს მხოლოდ ერთი სახელი ჰქონდა - მამის gentilicium-ის (საგვარეულო სახელი) მდედრობითი ფორმა. მას ეს სახელი საზიარო ჰქონდა თავის დებთან, ბიძაშვილებთან და მამიდებთან (მამის მხრიდან) და არ იცვლიდა ქორწინების შემდეგ.

საქართველოში ქალი, როგორც მეუღლე, სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს წარმოადგენდა. მას შეეძლო დამოუკიდებლად განეკარგა საკუთარი ქონება და ქმართან სხვადასხვა სახის ქონებრივ გარიგებაში შესულიყო (ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ). საქართველოსთვის უცხო იყო ისლამური აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ცოლის სრული უუფლებობა.

რადგან ოჯახისგან დამოუკიდებლად ბერძენი ქალი პიროვნებას არ წარმოადგენდა, ამიტომაც იგი აუცილებელი პირობით ოიკოსის სტრუქტურაში უნდა ყოფილიყო ჩართული. ათენურ სინამდვილეში მეურვის, ანუ კირიოსის ინსტიტუტი მოქმედებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ათენელი ქალი მთელი ცხოვრება უახლოესი მამაკაცი ნათესავის ზედამხედველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. გათხოვების შემდეგ ქალის მეურვე უკვე ქმარი ხდებოდა, თუმცა მამა მასზე მაინც ინარჩუნებდა გარკვეულ უფლებებს. დაქვრივებული ან განქორწინებული ქალი, თუ მას შვილები არ ჰყავდა, თავის ყოფილ მეურვესთან ბრუნდებოდა. კირიოსის მოვალეობას ქალის ეკონომიურად და სოციალურად დაცვა წარმოადგენდა. ქალს საზოგადო სივრცეში სწორედ კირიოსი წარმოადგენდა. რაც შეეხება სპარტას, მონაცემთა სიმწირე არ გვაძლევს დანამდვილებით თქმის საშუალებას, არსებობდა თუ არა იქ კირიოსის ინსტიტუტი. თუმცა ის გარემოება, რომ არც სპარტელ ქალიშვილს არ ჰქონდა საქმროს არჩევის თავისუფლება, სპარტაში ამ ინსტიტუტის სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს.

რომში გაუთხოვარი ქალის კირიოსი ოჯახის უფროსი - paterfamilias იყო, რომლის ძალაუფლება, განსაკუთრებით ადრეულ პერიოდებში, შეუზღუდავი გახლდათ. გათხოვების შემდეგ, თუკი ეს ქორწინება ქმრის ძალაუფლებაში/ხელში გადამსვლელი ქორწინება, ანუ in manu ქორწინება იყო, ქალის მეურვე მისი ქმარი ხდებოდა და იგი ქმრის ოჯახში filiae loco-ს სტატუსს იღებდა. იმ შემთხვევაში, თუ ქალი ქორწინდებოდა ქმრის ძალაუფლებაში/ხელში გადასვლის გარეშე, ანუ sine manu (რის შესახებაც ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ), მაშინ ის რჩებოდა მამის ძალაუფლების ქვეშ, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას სჭირდებოდა მამის თანხმობა ნებისმიერი მნიშვნელოვანი ფინანსური ტრანსაქციის საწარმოებლად, მამას ასევე შეეძლო შეეწყვიტა მისი ქორწინება მიუხედავად იმისა, უნდოდა თუ არა ეს ქალს. თუ ქალს, რომელიც ამგვარი ქორწინებით იყო გათხოვილი, მამა გარდაეცვლებოდა, მას უკვე ოფიციალური მეურვე - tutela mulierorum უნდა დანიშვნოდა. ამ სტატუსით იგი უკვე sui iuris ქვეშ იყო (ეს ნიშნავს, რომ იყო სუბიექტი, რომელიც არ იყო არც მამის და არც ქმრის ძალაუფლების - manus-ის ქვეშ). დროთა მანძილზე მეურვის (tutela-ს) ინსტიტუტი რომში თანდათანობით კარგავს თავის ძალმოსილებას და პრინციპატის დასაწყისისთვის პრაქტიკულად მხოლოდ გააზატებული ქალებისა (libertines) და ემანსიპირებულებისთვის გამოიყენება (იხ. ემანსიპაცია).

და მაინც, თუ ათენელი ქალისთვის სრულიად გამორიცხული იყო მეურვის გარეშე არსებობა, რომში ამის პრეცენდენტი არსებობდა. დამოუკიდებელ იურიდიულ სუბიექტს წარმოადგენდა ის ქვრივი ქალი, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა და რომელიც 50 წელს იყო გადაცილებული (იგულისხმებოდა, რომ იგი აღარ გათხოვდებოდა და გააჩენდა შვილებს). დამოუკიდებელი ხდებოდნენ ამ სტატუსის გააზატებული ქალებიც - libertines, ოღონდ მათ უკვე ოთხი შვილის ყოლა მოეთხოვებოდათ.

საქართველოს პატრიარქალურ ოჯახში, რომელშიც წარმმართველია სქესობრივ-ასაკობრივი დეფინიცია და იერარქია, ქალი ოჯახის უფროსი მამაკაცის დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდა, ანუ გაუთხოვარი ქალი - მამის, გათხოვილი კი - ქმრისა. ოჯახში ყველაფრის მეთაურობა უფროსის საქმე იყო, მასვე ევალებოდა ქალის გათხოვებასთან დაკავშირებით ყველა საქმის მოგვარება. ამასთან, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში ქალი სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი გახლდათ. სრულწლოვანი ქალი, როგორც მეუღლე, დამოუკიდებლად განაგებდა საკუთარ ქონებას და ქმართან სხვადასხვა სახის ქონებრივ გარიგებაში შედიოდა.

ათენელი ქალის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ქორწინება იყო. საერთოდ, ბერძნები თვლიდნენ, რომ ქალის გაუთხოვრობა დიდ უბედურებას წარმოადგენდა და ამიტომ მისტიროდნენ ისინი უპირველესად გაუთხოვარი ქალის გარდაცვალებას - ქალი ხომ საიქიოში თავისი უმთავრესი მოვალეობის შეუსრულებლად მიდიოდა.

საბერძნეთში ქორწინების ყველაზე ადრეულ ფორმას ქალის მეურვისგან მისი ყიდვა, სყიდვითი ქორწინება წარმოადგენდა. ქალის თანხმობა საჭირო არ იყო, რამეთუ იგი ყიდვა-გაყიდვის ობიექტი გახლდათ. ამ დროს სასიძო ქალის მამას έδνα-ს - საქორწინო საჩუქარს აძლევდა. თუ თავდაპირველად „ჰედნა“ ნამდვილად იყო ქალის შესყიდვისას გადახდილი ფასი, მოგვიანებით იგი ფიქტიურ საფასურად იქცა, რადგან ქალის მამა ამ საჩუქარს პირდაპირ გადასცემდა საპატარძლოს, ანდა ქმარი უშუალოდ აძლევდა ცოლს მისი მამის ჩარევის გარეშე. ეს ადრეული ფორმა ქორწინებისა - ქალისთვის საფასურის გადახდა რომშიაც არსებობდა. მოგვიანო რომაული ქორწინების ერთ-ერთი ფორმის სახელწოდება coemptio - შესყიდვას ნიშნავს. ის უკვე იყო იმიტაცია ცოლის ყიდვისა და ძველ რომში გავრცელებულ ცოლის ყიდვის ტრადიციას უკავშირდებოდა.

ქორწინების ეს უძველესი ფორმა დასტურდება ადრეული პერიოდის საქართველოში („შუშანიკის წამება“). ამგვარი ქორწინების დროს სიძის ოჯახს საპატარძლოს მშობლებისათვის საქორწინო გადასახადი - ურვადი უნდა მიეტანა (იხ. ქორწინება, საქართველო; ურვადი). ეს ჩვეულება სამეგრელოში მოგვიანო ხანებშიც გვხვდება, როგორც ამას არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) და თედო სახოკიას (XIX ს.) ჩანაწერები აჩვენებს. ეთნოგრაფიული მასალით, საქორწინო საურავის გადახდის წესი ნათლადაა გამოკვეთილი ხევსა და სვანეთში. სვანეთში ამ მისატანს ნაჭვლაში ეწოდებოდა. იგი ძველ დროში განსაზღვრული იყო და მორიგებას დიდი დრო არ სჭირდებოდა (იხ. ნაჭვლაში; მუყა).

ქორწინებას ათენში ორი უმთავრესი წინაპირობა ჰქონდა. ერთი მათგანი ნიშნობა გახლდათ. ნიშნობა ქალის მეურვესა და სასიძოს (ან მის მეურვეს) შორის სიტყვიერი შეთანხმების დადებას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი აქტი არ დგებოდა, გარკვეული პერიოდიდან მოყოლებული მას ოფიციალური ხასიათი ჰქონდა და აუცილებლად მოწმეთა თანდასწრებით ტარდებოდა. თუმცა ნიშნობა არ ბოჭავდა მხარეებს და შესაძლებელია ის ქორწინებაში არ გადაზრდილიყო (იხ. ნიშნობა, საბერძნეთი).

რომშიც ნიშნობა ჩვეულებრივ წინ უძღოდა ქორწინებას, მაგრამ აუცილებელი წინაპირობა არ იყო. ნიშნობა იყო სასიძოსა და საპატარძლოს მხარეთა (უპირატესად მამათა) გარკვეული გარიგება, რომლის დროსაც მამები ორივე მხრიდან საზეიმო დაპირებას წარმოთქვამდნენ. ადრეული რესპუბლიკის ხანაში გარიგების დამრღვევი მხარე ვალდებული იყო ზარალი აენაზღაურებინა (actio ex sponsu). დროთა განმავლობაში ამ ინსტიტუტმა ცვლილებები განიცადა, მან დაკარგა ოფიციალური ხასიათი და მისი დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმა, ფაქტობრივად, აღარ მუშაობდა. რომშიც ნიშნობა მხარეებს არ ბოჭავდა (იხ. ნიშნობა, რომი; ქორწინება, რომი).

საქართველოში ნიშნობა ასევე იყო ქორწინების აუცილებელი წინაპირობა. ამასთან იგი სამართლებრივ ქმედებას წარმოადგენდა, მხარეებს ვალდებულებას აკისრებდა და მის დამრღვევს იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. ასე რომ, საქართველოში ნიშნობის იურიდიული შედეგები უფრო მკაცრი იყო და მრავალი ასპექტით უახლოვდებოდა კიდევაც ქორწინების შედეგებს, რაც საერთო მოვლენა გახლდათ ქრისტიანულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ქრისტიანული ოჯახისათვის. სხვადასხვა კუთხეში ნიშნობის თავისებურებების მიუხედავად, მას საერთო მომენტები ჰქონდა: მოყვრობაზე შეთანხმების ინიციატორი სასიძოს მხარე იყო; ვაჟის ოჯახს ქალისთვის სამკაულები უნდა მიეტანა, ზოგჯერ მას სურსათ-სანოვაგეც მიჰქონდა, თუმცა უმთავრესი ნიშნის/წინდის - ანუ საქორწინო ბეჭდის მიტანა იყო. გადამწყვეტი ნიშნობისას მშობლების აზრი გახლდათ. საქარველოში ნიშნობას მთელი რიგი ქმედებანი უძღვოდა წინ: ცოლის შერჩევა, მაჭანკლობა, სასიძოს შესახებ ცნობების შეგროვება (იხ. ნიშნობა, საქართველო; ნიშნობა, მთა).

ქორწინების მეორე, აუცილებელი წინაპირობა გამზითვება გახლდათ. რომში ეს უფრო მამის მორალური ვალი იყო, ვიდრე ქორწინების აუცილებელი წინაპირობა. ათენში მზითვზე ქალის კირიოსს უნდა ეზრუნა. მამისთვის დიდად სამარცხვინოდ ითვლებოდა, თუკი იგი ზრდასრულ ქალიშვილს მზითვს ვერ მისცემდა. ამ შემთხვევაში საქმეში ოჯახის ნათესავები უნდა ჩარეულიყვნენ. რომში თავდაპირველად მზითვი ქმრის ქონებას ერწყმოდა, რაც შემდეგ კარდინალურად შეიცვალა. როგორც ჩანს, ინსტიტუტის სახით მზითვი რომში ძვ. წ. III ს-დან ყალიბდება და აქედან მოყოლებული ის იღებს იმგვარ სახეს, როგორიც მას პრინციპში ათენში ჰქონდა - ანუ მზითვი მოიაზრება, როგორც ქალის მატერიალური უზრუნველყოფის მექანიზმი, ქალის მიერ მამისეული საკუთრების ფლობის სპეციფიკური ფორმა. სპეციფიკური კი ის გახლდათ იმიტომ, რომ ქალს, განსაკუთრებით ათენში, არ შეეძლო მზითვის განკარგვა, მეტიც, მისი გაფლანგვა არც მის ქმარს არ ხელეწიფებოდა. ათენში ქმარს მზითვით გამოხატული კაპიტალური თანხის ინვესტირება უნდა მოეხდინა და ამონაგები თანხით უზრუნველეყო ცოლის შენახვა. მზითვის ფაქტობრივი მესაკუთრე კი მათი შვილი ხდებოდა. რომში ქმარს ჰქონდა უფლება განეკარგა მზითვი, თუმცა სამართლებრივად ის ქალს ეკუთვნოდა. მზითვის შესახებ მოლაპარაკებას მხარეები დეტალურად აწარმოებდნენ. გაყრის შემთხვევაში, როგორც საბერძნეთში, ისე რომში, მზითვი ქალს აუცილებლად უკან უნდა დაბრუნებოდა. თუ ქმარი უარს იტყოდა ამაზე, მაშინ ქალის მხარე მის წინააღმდეგ სასამართლოში სამართლებრივ დავას იწყებდა. მზითვისაგან დამოუკიდებლად ათენში ქალს შეეძლო ქმრის სახლში პატარა ქონება წაეღო, რაც, სოლონის კანონმდებლობით, ერთობ მცირე იყო და რამდენიმე კაბით შემოიფარგლებოდა (იხ. მზითვი, საბერძნეთი; მზითვი, რომი).

მზითვის, და საერთოდ, ქალის ქონებრივი უფლებების საკითხი საკმაოდ განსხვავებული ჩანს სპარტის სინამდვილეში. ასე მაგალითად, არისტოტელეს განსაკუთრებით არ მოსწონდა, რომ სპარტელი ქალები დიდძალ საკუთრებას ფლობდნენ და რომ მათ დიდ მზითვს აძლევდნენ (არისტოტელე, პოლიტიკა, II, 9 1269a-1271b19 ). თუმცა გამომდინარე წყაროთა მონაცემებიდან, რომლებიც სპარტაში მზითვის არარსებობის შესახებ მოგვითხრობენ, მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ის, რასაც არისტოტელე ამ პასაჟში მზითვს უწოდებს, ქორწინებისას მხარეთა შორის ქონების თაობაზე დადებული შეთანხმება უნდა ყოფილიყო.5

მზითვის ინსტიტუტი, როგორც ქორწინების წინაპირობა, დასტურდება საქართველოშიც, თუმცა ჩვენ არ ვიცით, თუ რა დროიდან იწყებს ეს ინსტიტუტი ფუნქციონირებას (ტერმინი IX ს-ის ძეგლშია მოხსენიებული). მზითვი იყო ქონება, რომელიც ქალს გათხოვებისას ეძლეოდა და რომელიც მას ქმრის ოჯახში მიჰქონდა. მზითვი უძრავი და მოძრავი ქონებისაგან შედგებოდა. ისევე როგორც ათენში, საქართველოშიც ქმარს უფლება არ ჰქონდა ეს ფასეულობანი განეკარგა (იხ. მზითვი, საქართველო; ქორწინება, მთა).

მკვლევართა აზრით, გამზითვებას საქართველოში ბარში უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, სადაც ნივთიერი ქონების ნაცვლად არსებობდა საქონლის გატანების წესი, რომელსაც სათავნო ერქვა (იხ. სათავნო, მთა). ასე მაგალითად, ფშავში და ხევსურეთში სათავნოდ ქალს პატარაობიდანვე აძლევდნენ საძროხე ძროხასა და სანაშენო ცხვარს, რომელთაც ქალი თვითონვე უვლიდა, ამასთან ნაწველსა და მატყლს ყიდდა და სარგებელში ასესხებდა. ქალის სათავნო ხელუხლებლად ითვლებოდა და მისი დახარჯვა არ შეიძლებოდა. სათავნო გათხოვების შემდეგაც ქალის საკუთრება იყო. თუ ქმარი მას დახარჯავდა, უნდა აენაზღაურებინა კიდეც.

ამ მხრივ განსხვავებული ვითარება დასტურდება სვანეთში, სადაც ქალს ქორწინების დღესვე აძლევდნენ გარკვეულ ქონებას - მზითვს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქალს მშობლებისაგან ეკუთვნოდა ასევე განსაზღვრული რაოდენობით საქონელი და ერთი ზანდუკი. სვანეთში ქალს მამისეულ ქონებაში აშკარად უფრო მეტი წილი აქვს. ყოველ წელიწადს ოჯახი თავისი მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში ქალიშვილს ერთი მანეთიდან დაწყებული ძროხა-ხარ-ცხენის ჩათვლით დამთავრებული აძლევდა და, რაც ყველაზე საყურადღებოა, გათხოვილი ქალი დედ-მამის ოჯახში თითქმის ისეთივე უფლებით სარგებლობდა, როგორითაც მისი რიგითი წევრი, რაც გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს ქართული ქორწინების კონტექსტში (იხ. მზითვი, სვანეთი).

გაყრის შემთხვევაში, საქართველოში, საბერძნეთისა და რომის მსგავსად, ცოლს მზითვი უნდა დაბრუნებოდა. ვფიქრობთ, ქართულ სინამდვილეში პარალელი დაეძებნება ათენელი ქალის მიერ სახლში წაღებულ მცირე პირად საკუთრებასაც. ტერმინ „სათავნოს“ ზემოთ განხილული მნიშვნელობის გარდა (მთაში იგი, ფაქტობრივად, ქალის მზითვია), სათავნოს ბარში ქალის პირად ქონებას უწოდებდნენ, რომელზედაც წინასწარი შეთანხმება არ ხდებოდა და მისი მიცემა ქალის მშობლების ნება იყო.

ათენელი ქალის დაქვემდებარებულ სტატუსს ადასტურებს ის გარემოება, რომ ქალი საქმროს თავად არ ირჩევდა. რომში ადრეულ პერიოდში ქორწინებას ოჯახის მამა აწყობდა. მოგვიანებით, როცა რომაელმა ქალმა მეტი თავისუფლება მოიპოვა, ქორწინებაზე მამის თანხმობა მაინც აუცილებელი იყო, თუმცა, თუ ქალიშვილს მამა ურჩევდა ქმარს, ქალიშვილის თანხმობაც ასევე საჭირო გახლდათ. ქალიშვილს შეეძლო უარი ეთქვა მამის შერჩეულ სასიძოზე იმ შემთხვევაში, თუ მამის არჩევანი მორალური თვალსაზრისით მიუღებელი იყო, ან თუ მას ზურგის გასამაგრებლად ნათესავებისა და მეზობლების მხარდაჭერის მოპოვება შეეძლო (დიგესტები, 23. 2. 2). ამ მხრივ იმავე მდგომარეობას ვხედავთ საქართველოშიც. საცოლის არჩევა ვაჟის მშობლებზე იყო დამოკიდებული და მექორწინეთა სურვილი მხედველობაში არ მიიღებოდა. მხოლოდ მოგვიანებით ღებულობს ვაჟი საცოლის „განსჯაში“ გარკვეულ მონაწილეობას. შედარებით მეტი უფლება ამ მხრივ სვან ქალს აქვს. ბუნებრივია, როცა ქალიშვილი ადრეულ ასაკში ქორწინდებოდა, მას მშობლები მისდა დამოუკიდებლად ათხოვებდნენ. მოზრდილ სვან ქალს კი შეეძლო დამოუკიდებლადაც მიეღო გადაწყვეტილება. თუ ქალიშვილი მშობლების ნების წინააღმდეგ გათხოვდებოდა, ურჩობის მიუხედავად მშობლები მაინც ურიგდებოდნენ შვილს და წილს არ უკარგავდნენ.

ათენურ ქორწინებას გარკვეულ დრომდე ოფიციალური მხარე არ ჰქონდა და იგი უბრალოდ ცოლისა და ქმრის თანაცხოვრებაში გამოიხატებოდა. უფრო გვიან, ოფიციალური ქორწინება აუცილებელი გახდა, სავარაუდოდ, ძვ. წ. 451 წ-დან, როდესაც პერიკლეს მოქალაქეობის კანონის მიხედვით, შვილის მოქალაქეობისთვის ორივე მშობლის მოქალაქეობა გახდა აუცილებელი. მეუღლეების კანონიერი მოქალაქეობის ეჭვი რომ არავის გასჩენოდა, ქორწინება ოფიციალურად უნდა გამართულიყო, ამასთან იგი ქმრის ფრატრიის წევრებთან უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული. რაც შეეხება საქორწინო ცერემონიებს, ის საბერძნეთსა და რომში უძველესი ხანიდან დასტურდება და არ უკავშირდება ქორწინების ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ხასიათს.

ქორწინების საკმაოდ უცნაური ფორმა გვხვდება სპარტაში. პლუტარქოსის გადმოცემით, ქორწინება სპარტაში საკმაოდ პირქუში პირველი ღამის რიტუალით იწყებოდა. კერძოდ, თმამოკვეცილი და მამაკაცის ტანსაცმელსა და ფეხსამოსში გამოწყობილი პატარძალი ბნელ ოთახში ჩალისგან გამზადებულ ლოგინზე მარტოდმარტო იწვა და ნეფეს უცდიდა. ხანმოკლე საქორწინო ღამის შემდეგ ნეფე სხვა ოთახში გადიოდა და ყმაწვილ კაცებთან ერთად იძინებდა. შემდგომშიც ქმარი დღესა და ღამეს სახლის გარეთ ატარებდა, ცოლთან კი მალულად დადიოდა. ეს საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა და ზოგ სპარტელს შვილი ისე უჩნდებოდა, რომ საკუთარი ცოლი დღისით არც კი ჰყავდა ნანახიო (პლუტარქოსი, ლიკურგოსი, 15).

რომაული ქორწინების ძალაში შესასვლელად არავითარი ფორმალობა არ იყო საჭირო: ცერემონიებს, რომლებიც ჩვეულებრივ მას თან სდევდა, იურიდიული ხასიათი არ ჰქონდა. საჭირო იყო მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ფაქტი იმ მიზნით, რომ მათ დაემყარებინათ სამუდამო კავშირი (affectio maritalis), რომელსაც თან ერთვოდა ქორწინების სოციალური შედეგები - პატივისცემა საქორწინო პარტნიორის მიმართ (honor matrimonium). ცერემონიალი - deductio in domum mariti ამ განზრახვის ნათელყოფას წარმოადგენდა6. რომაული ქორწინების ამგვარ დახასიათებას იზიარებს ბარტოშეკი, რომაული სამართლის ავტორიტეტული მკვლევარი. მისი აზრით, რომაული ქორწინება მეუღლეთა თანაცხოვრების საზოგადოებრივ ფაქტს წარმოადგენდა და არა ფორმალურ სამართლებრივ აქტს.7

შუა საუკუნეების ფეოდალურ საქართველოში ქორწინების არსი, ბუნებრივია, ქრისტიანული მოძღვრებით იყო განსაზღვრული და, როგორც ხელშეკრულება, სამართლებრივ აქტს წარმოადგენდა, რომელიც სრულ თანაფარდობაში იყო შუა საუკუნეების ქრისტიანული ქვეყნების საოჯახო სამართლის პრინციპებთან. ქრისტიანობამ ქორწინებისას საეკლესიო გვირგვინით კურთხევა ქორწინების აუცილებელ პირობად გახადა, თუმცა, როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, პრაქტიკაში ჯვარდაუწერელი ქორწინებებიც საკმაოდ გავრცელებული მოვლენა ყოფილა. წყაროები გვაწვდიან ცნობებს ჯვარდაუწერელი კაცისთვის ცოლის დაორსულების გამო სასჯელად ჯარიმის დაწესების თაობაზე8. საქართველოშიც ქორწინებას ქორწინებად ხდიდა მთელი რიგი წინა საქორწინო ქმედებების შესრულებისა და საქორწინო ლხინის - ქორწილის შემდეგ ცოლისა და ქმრის თანაცხოვრების ფაქტი.

ბერძნული ქორწინება უმთავრესად ფართო კომლის - ანქისტეის შიგნით იმართებოდა. ძალზე ხშირი იყო ბიძასა და ძმისწულს, ნახევარძმებსა და ნახევარდებს (მამით), ბიძაშვილებს შორის ქორწინება. ამგვარი ქორწინებისაგან განსხვავებით, რომში ქორწინება გარკვეული ნათესაური წრის შიგნით ნებადართული არ იყო (კერძოდ, ბიძასა და ძმის შვილს, ბიძაშვილებს შორის და ა.შ.). ქრისტიანულ მოძღვრებაზე დაფუძნებული ქორწინებისთვის არსებით დაბრკოლებად ითვლებოდა წყვილთა შორის ნათესაური კავშირი. ბუნებრივია, ეს დამაბრკოლებლად მიიჩნეოდა საქართველოშიც. ზუსტად იყო განსაზღვრული ნათესავთა ის წრე, რომელთა დაქორწინება გამორიცხული იყო. ასე მაგალითად, ქრისტიანულმა რელიგიამ აკრძალა: მამის ძმისწულის ან დედის ძმისწულის შერთვა, ასევე მამის ან დედის დისწულის შერთვა. აიკრძალა მამისა და შვილის დაქორწინება დებზე, ან მამისა და შვილის დაქორწინება დედასა და მის ქალიშვილზე და ა.შ. ამასთან, ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ძვ. ქართულ წყაროებში სამეფო საგვარეულოს ფარგლებში მახლობელ ნათესავთა შორის ქორწინებაც, ანუ ენდოგამიური ქორწინებებიც დასტურდება. თუმცა ამგვარი ქორწინება სხვა ფენებში გავრცელებული არ ყოფილა9 (იხ. ქორწინება, საქართველო).

ათენში ახალი ოჯახის შექმნისას ქორწინების მომწყობთათვის მნიშვნელოვანი დასანათესავებელი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა, ზოგჯერ კი პოლიტიკური კავშირებიც იყო. რომში უპირატესი მნიშვნელობა, ამ მხრივ, ოჯახისათვის საჭირო პოლიტიკურ კონტაქტებს ექცეოდა. ბუნებრივია, ამ საზოგადოებებში, რომლებშიც ოჯახი ძალზე მგრძნობიარე ერთეული იყო, ქალ-ვაჟის გრძნობები და მათი ემოციები გათვალისწინებული ვერ იქნებოდა.

როგორც საბერძნეთში, ისე რომში ქალიშვილები ძალზე ადრე თხოვდებოდნენ, ძირითადად, მოყოლებული 14 წლიდან. ასეთი ადრეული ქორწინების მიზეზი ის იყო, რომ საქორწინო იდეალი ფიზიკურად უბიწო და სულიერად წმინდა საპატარძლოს მოითხოვდა. და რადგან მიიჩნეოდა, რომ გოგონას სექსუალური ლტოლვა უკვე პუბერტეტის ასაკიდან უჩნდებოდა, რომლის მოთოკვაც მას ძალიან უჭირდა, ამიტომ ზედმეტი გართულების თავიდან ასაცილებლად მშობლები მის ადრეულ ასაკში გათხოვებაზე ზრუნავდნენ. ამასთან, მკვლევართა აზრით, რომაელი ქალიშვილები, რომლებიც არ იყვნენ კარჩაკეტილად გაზრდილნი, ქორწინებისათვის უფრო მეტად უნდა ყოფილიყვნენ მზად, ვიდრე ქსენოფონის „ოიკონომიკოსში“ დახატული ისომაქოსის მეუღლე (ქსენოფონი, ოიკონომიკოსი, 3. 11 შმდგ., 4, 7 შმდგ.), რომელსაც თავისი ცხოვრების 15 წლის მანძილზე რაც შეიძლება ნაკლები ჰქონდა ნანახი, გაგონილი თუ ნათქვამი და რომელიც დედამ ქორწინების წინ ასე დაარიგა: „იყავი კარგი“.10

საქართველოშიც ქალიშვილების საქორწინო ასაკი ძალზე დაბალი იყო და მისი დასაშვები ქვედა ზღვარი 1003 წ-ს რუის-ურბნისის კრების დადგენილებით 12 წლით განისაზღვრა. საქართველოს მთიანეთში ქალთა საქორწინო ასაკი უფრო მაღალი იყო. ასე მაგალითად, ხევსურეთში ქალს ოც წლამდე არ ათხოვებდნენ. გასათხოვარი ქალის ქალიშვილობას საქართველოშიც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. არსებობდა ისეთი გარიგებაც, როდესაც ქალიშვილის დედა სასიძოს ოჯახს თავისი შვილის უბიწობის თაობაზე პირობას უდებდა. შემდეგ მის შესამოწმებლად მთელი რიგი რიტუალები ტარდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ საპატარძლო ქალიშვილი არ აღმოჩნდებოდა, იგი მშობლებს უბრუნდებოდა და მთელ ოჯახს სამარცხვინო ლაქა ეცხებოდა.11

როგორც ზემოთ მოკლედ აღვნიშნეთ, რომში ქორწინების ორი ფორმა არსებობდა. ამ საკითხზე მკვლევართა მოსაზრებების სხვადასხვაობის მიუხედავად, ძირითადად მაინც გაზიარებულია თვალსაზრისი, რომ ადრეულ პერიოდში რომში ქორწინების ფორმა იყო ქორწინება cum/in manu, რომლის დროსაც ქალი მამის ძალაუფლებიდან ქმრის ძალაუფლებაში/ხელში გადადიოდა.12 როგორც ჩანს, ამგვარი ქორწინების დროს ქალის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო. ქალი (ცოლი, ქალიშვილი) არ ფლობდა საკუთრებას.13 ეს ქორწინება „დაურღვეველ კავშირად“ ითვლებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყრა ძალზე ძნელი გახლდათ. რესპუბლიკის პერიოდის დასასრულისთვის ქორწინება cum manu-თი იცვლება sine manu-თი ქორწინებით. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში ქალიშვილი მამის ძალაუფლებაში რჩება. მას რიგ საკითხებში მამის თანხმობა ესაჭიროება. აქ კარგად იკვეთება, თუ რა დიდი უფლება აქვს ქალის მამისეულ ოჯახს ქალზე. ქალის მამა აკონტროლებს მზითვის სახით მისი ოჯახიდან გასულ ფულს, მას შეუძლია უპრობლემოდ შეწყვიტოს ქალის ქორწინება, აქტიურად ჩაერიოს ქალიშვილის პირად ცხოვრებაში. მამის ინტერესების უპირატესობას აღიარებდა ავგუსტუსის მიერ ადულტერის (ღალატის) შესახებ შემოღებული კანონებიც. მეორე მხრივ, ამ ქორწინებისას ქალს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდა, კერძოდ, მამის სიკვდილის შემდეგ ის სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი - sui iuris ხდებოდა.

ქორწინების ფორმამ არსებითი ევოლუცია განიცადა საქართველოშიც. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, საქართველოში ქორწინების თავდაპირველი ფორმა ექსოგამიური ქორწინება იყო და იგი მამამძუძეობას ეყრდნობოდა. ექსოგამიური ქორწინება ნიშნავდა, რომ მამაკაცს ქალი სხვა საგვარეულოდან უნდა მოეყვანა, მაგრამ ამასთან ერთად მამამძუძეობის წესის მიხედვით, სიძე შედიოდა ცოლის გვარში შვილის გაჩენის მიზნით. ცოლის გვარში გაჩენილი შვილი იზრდებოდა დედის ოჯახში, სადაც დედის უახლოესი მამრობითი სქესის ნათესავი იყო მისი აღმზრდელი და მფარველი. ის მხოლოდ მოზრდილი შედიოდა თავისი მამის ოჯახში.14 ანუ „მამამძუძეობის“ ადათი პატრიარქალური ქორწინების ერთ-ერთი მახასიათებლის - პატრილოკალური დასახლების (ცოლი დასახლებულია ქმრის გვარში) საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ ქორწინების ეს ფორმა ქალის ქორწინებაში მისი მამისეული ოჯახის დიდ როლზე მიუთითებს.

საყურადღებოა ასევე საქართველოში არსებული ქორწინების ადრეული წესი. ეს ქალის მოტაცებით ქორწინება იყო, რომელიც შემდეგ მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ზემოთ განხილული წინასაქორწინო აქტივობებით და ნიშნობით დაგვირგვინებული ქორწინებით შეიცვალა (იხ. მოტაცება ქალის). ქართული სამართლის ძეგლებში ქალის მოტაცება, როგორც დაქორწინების საშუალება, არ დასტურდება, მისი კვალი ეთნოგრაფიულ მასალებში ჩანს (იხ. ქორწინება, საქართველო). სათემო რჯულის მიხედვით, თავისი თემის ქალის მოტაცების და ცოლად შერთვის უფლება კაცს არ ჰქონდა. იგი მოღალატედ ითვლებოდა და ხატში არ უშვებდნენ. თუმცა არსებობდა მასთან შერიგების წესებიც. შერიგების გარეშე საერთოდ მოტაცებული ქალის ცოლად მოყვანა არ შეიძლებოდა (იხ. ბანზე შეხტომა).

ზოგადად საბერძნეთში ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობის მიუხედავად, ქალის როლი ოჯახში განსხვავებული ჩანს ათენსა და სპარტაში. გამომდინარე იქიდან, რომ სპარტელი მამაკაცი ნიადაგ სალაშქროდ იყო, საოჯახო მეურნეობის გაძღოლა და დოვლათზე კონტროლი სპარტელ დიასახლისს ეკისრებოდა. თუ ამას სპარტელი ქალის მიერ საკუთრების ფლობასაც დავუმატებთ, შეიძლება ითქვას, რომ ათენელ ქალთან შედარებით, სპარტელი ქალის სტატუსი უფრო მაღალი იყო. სწორედ მათ როლთა შორის არსებული განსხვავება იყო ალბათ იმის მიზეზი, რომ არისტოტელე სპარტელ ქალთა სტატუსს ქალისთვის შეუფერებლად მაღალ სტატუსად მოიაზრებდა. ამ მხრივ, სპარტაში არსებული სიტუაცია მისთვის სრულიად მიუღებლად მოჩანდა და ამას ქალების მხრიდან თავაწყვეტილობად და მბრძანებლობად, კაცების მხრიდან კი ქალებისათვის სრული თავისუფლების მიცემად და მათთვის ზომაზე მეტ პატივისცემად განიხილავდა (პლუტარქოსი, ლიკურგოსი, 15).

ზოგადად ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობის მიუხედავად, განსხვავებულია ქალის როლი რომაულ ოჯახში. ეს განსხვავება განსაკუთრებით გვიანდელი პერიოდის მაღალი წრის რომაულ ოჯახში ჩანს.

კორნელიუს ნეპოსი ხაზს უსვამს რომაული და ბერძნული ოჯახების ადათ-წესებს შორის არსებულ ერთ თვალშისაცემ განსხვავებას. კერძოდ იმას, რომ რომში ოჯახის დიასახლისი (materfamilias) ოჯახის სოციალური ცხოვრების ცენტრშია. იგი იღებს სტუმრებს, ესაუბრება მათ, დადის საყიდლებზე, სტუმრად მეგობრებთან მიდის ტაძარში, თეატრში, ესწრება თამაშობებს. სავარაუდოდ, მას ქალიშვილებიც დაჰყავს წვეულებებზე (კორნელიუს ნეპოსი, 6; იხ. ასევე ოვიდიუსი, ტრფობანი, 3. 633შმდგ.; ტიბულუსი, 1.6.15შმდგ.; მარციალისი, 11.7; ოვიდიუსი, სიყვარულის ხელოვნება, 1.565). ამისი უპირველესი მიზეზი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რასაკვირველია, ის გახლდათ, რომ რომაული საზოგადოება არ ახდენდა ქალების განცალკევებას. ბუნებრივია, საზოგადოება, რომელიც აფასებდა ქალს (ცოლს) როგორც სასიამოვნო საურთიერთო სუბიექტს, საქორწინო ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდიდა, ვიდრე კლასიკური ათენის ადათ-წესები. მართლაც, ათენში კულტურული იდეალი გათხოვილი ქალის მამაკაცებისაგან განცალკევებული ცხოვრების ნირს მოითხოვდა. რესპექტაბელური ათენელი ქალი არ დადიოდა საყიდლებზე, არ მიდიოდა ქმართან ერთად წვეულებაზე. დაუშვებელი იყო ისიც, რომ იგი საკუთარ სახლში გამართულ ნადიმზე გამოსულიყო. მეტიც, უცხო მამაკაცთან მას თავის სახლშიც კი არანაირი კონტაქტი არ უნდა ჰქონოდა. მეცნიერები ვერ თანხმდებიან იმ საკითხზე, დადიოდნენ თუ არა ათენელი ქალები თეატრში. უმეტესობას მიაჩნია, რომ ისინი ესწრებოდნენ თეატრალურ სანახაობებს. ბუნებრივია, ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სახლში იყვნენ გამოკეტილნი. ათენელი ქალები მოახლეების თანხლებით გადიოდნენ სასეირნოდ, ურთიერთობდნენ მეზობლებთან. სოციალურ კონტაქტთაგან უმთავრესი საოჯახო რიტუალებსა და რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობა იყო. ორ უმთავრეს საოჯახო რიტუალში - დაკრძალვისა და ქორწინების ცერემონიალებში ათენელი ქალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

საქართველოში, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, ოჯახში მამაკაცს გაბატონებული მდგომარეობა ჰქონდა ცოლზე, ხოლო მამას - შვილებზე, მათ შორის ვაჟიშვილებზე, რაც სრულ თანაფარდობაში იყო შუა საუკუნეების ქრისტიანული ქვეყნების საოჯახო სამართლის პრინციპებთან. ქმარს შეეძლო ფიზიკურად დაესაჯა ცოლი დაუმორჩილებლობისათვის, მრუშობის შემთხვევაში კი ფიზიკურად გაენადგურებინა იგი. აღვნიშნეთ ისიც, რომ ქალი თვითონვე იყო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და განაგებდა საკუთარ ქონებას. ამასთან, როგორც ჩანს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქალის როლი ოჯახში განსხვავებულია. შეგახსენებთ, რომ სვანეთში გათხოვილი ქალი მამისეულ ოჯახში თითქმის იმავე უფლებებით სარგებლობდა, რომლებითაც ოჯახის რიგითი წევრი. ამასთან, ცოლ-ქმარს თანაბრად ეკისრებოდათ მოვალეობები. ცოლი ქალის საქმეს აკეთებდა, ქმარი - მამაკაცისას. საყურადღებოა ისიც, რომ გარკვეულ შემთხვევებში ცოლი ქმრის მოვალეობებს ითავსებდა. თუ ქმარი ცოლს შეურაცხყოფას მიაყენებდა, ან გალახავდა, ცოლს შეეძლო დედ-მამასთან წასულიყო და არ დაბრუნებულიყო, ვიდრე ქმარი ბოდიშს არ მოიხდიდა. ცოლის მოკვლის თუ დაჭრის უფლება ქმარს არ ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლის ახლობლები მას სისხლითვე აზღვევინებდნენ. ვფიქრობთ, ქალის ამგვარი როლისა და გავლენის საპირისპირო სურათს ხევსურეთის ცხოვრებაში ვხვდებით. იქ ქალი „შრომის მონად“ მოიაზრება, რომლის გაგდებაც ქმარს ნებისმიერ დროს შეეძლო, თუ იგი ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას. ოჯახში ყველა საქმეს ქალი აკეთებდა, მეტიც, იგი ქმარს შველოდა ყველაფერში - მკაში, ლეწვაში. ტვირთის ზიდვა და ზურგით მოტანა უფრო ქალის საქმედ ითვლებოდა, ვიდრე კაცის. მას ყოველგვარი მხიარულება და სიამოვნება აკრძალული ჰქონდა (იხ. ოჯახი, მთა). განსაკუთრებით მძიმე პირობებში ხევსური ქალი მშობიარობის დროს იყო. ქალი სოფლის ბოლოში სპეციალურად მოწყობილ ფანჩატურში ან სანეხვეზე მშობიარობდა, სამი დღის შემდეგ კი ბოსელში შესვლის უფლება ეძლეოდა. მას ორი კვირის განმავლობაში არც კაცი და არც ქალი ხმას არ სცემდა, ვინაიდან იგი უწმინდურად ითვლებოდა. ქალს საჭმელ-სასმელს ბოსლის ბანიდან აწვდიდნენ (იხ. ბოსელი, ბოსლობა). მიუხედავად ამისა, ხევსურეთში დიასახლისის როლი დაფასებული იყო. დიასახლისი წარმართავდა საოჯახო ცხოვრებას და არეგულირებდა ოჯახის წევრ სხვა ქალებთან ურთიერთობას. გარდა ამისა, ქალს ყოველთვის თემი მფარველობდა და თუ ქმარი რაიმეს ჩვეულების წინააღმდეგ ჩაიდენდა, მას თემი განსჯიდა. ქალის ზემოთ აღნიშნულ უუფლებობასთან ერთად ქალს გარკვეული როლი აკისრია საზოგადოებრივი დაპირისპირების დროს. თემი დიდ პატივს სცემს ქალის მანდილს და მიჩნეულია, რომ ქალის მანდილიც თემს მფარველობს. ორი თემის შუღლის დროს ქალები მანდილით წყვეტენ დავას.

კანონიერი ქორწინების გვერდით, რომში, განსაკუთრებით მოგვიანო პერიოდში, ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ძალზე გავრცელებული ფორმა კონკუბინატი გახლდათ. აქ გამორიცხული იყო როგორც ცოლ-ქმრის ნება-სურვილი სამუდამოდ ერთად ცხოვრებისა, ისე პატივისცემა ქორწინების პარტნიორის მიმართ. კონკუბინასთან ერთად ქმარს შეიძლებოდა კანონიერი ცოლიც ჰყოლოდა.

ქმრისადმი ცოლის ღალატი, ადულტერი კლასიკური პერიოდის ათენში ძალიან მკაცრად ისჯებოდა. ქალის მორალური სახის მიმართ დამოკიდებულება ამ პერიოდში გაცილებით მკაცრი იყო წინამორბედ პერიოდებთან შედარებით. მიზეზი ამისა ის გახლდათ, რომ დემოკრატიულ პოლისში ღალატი არა მარტო მეუღლისათვის მიყენებულ შეურაცხყოფად, არამედ საჯარო შეურაცხყოფად მოიაზრებოდა, რადგან იგი საეჭვოს ხდიდა მემკვიდრის კანონიერ სტატუსს, საფრთხეს უქმნიდა ოიკოსის შენარჩუნებას და, შესაბამისად, მთელ საზოგადოებას აყენებდა დარტყმის ქვეშ. როგორც ათენში, ისე რომში, და საერთოდ, პატრიარქალურ საზოგადოებებში გამეფებული იყო „ორმაგი მორალი“, რომელიც ცოლისთვის და ქმრისთვის სრულიად განსხვავებულ ცხოვრების ნირს გულისხმობს. ქალებს მხოლოდ ერთ კაცთან - მეუღლესთან ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობის უფლება, მაშინ, როდესაც მამაკაცს შეეძლო სხვადასხვა სტატუსის ქალთან ჰქონოდა კავშირი ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისით - მას ეკრძალებოდა კავშირი იმ ქალთან, რომელიც სხვა მამაკაცის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. ავგუსტუსის დროს მიღებული კანონებით ისჯებოდა არა მარტო ის მამაკაცი, რომელიც სხვის ცოლთან დაამყარებდა კავშირს, არამედ ისიც, რომელიც სახელს გაუტეხდა (stuprum) გაუთხოვარ ქალს.

ათენური კანონის მიხედვით, თუ ქმარი დანაშაულის ადგილზე წაასწრებდა ცოლსა და მაცდუნებელს, მას უფლება ჰქონდა მოეკლა კაცი. თუმცა ამ პრაქტიკას ათენში მაინც იშვიათად მიმართავდნენ და უფრო ხშირად ფინანსური კომპენსაციის მოთხოვნით კმაყოფილდებოდნენ. რომში მოღალატე ცოლის სიკვდილით დასჯას კანონი არ მოითხოვდა. ათენისგან განსხვავებით, რომში ადათობრივი სამართლის მიხედვით, ქმარს, რომელიც დანაშაულის ადგილზე წაასწრებდა ცოლს, უფლება ჰქონდა მოეკლა ქალი, ან დაესაჯა იგი როგორც მაშინვე, ისე მოგვიანებით, ოჯახური სასამართლოს შემდეგ (iudicium domesticum). ამავე დროს აუცილებელი იყო, რომ ამ სასამართლოზე ქმარს ცოლის ნათესავები მოეწვია განურჩევლად იმისა, თუ რა სახის ქორწინებაში იმყოფებოდა ქალი - in manu-თი თუ sine manu-თი.

როგორც ათენში, ისე რომში კანონი ავალდებულებდა მოღალატე ცოლის ქმარს, რომ ცოლს აუცილებლად გაყროდა. რომში, თუ კაცი მაშინვე არ გაეყრებოდა ცოლს, იგი დანაშაულის თანამონაწილედ აღიქმებოდა და ისჯებოდა მკაცრად, იმავე კანონებით, რომლებითაც იდევნებოდა leno (ითარგმნებოდა როგორც მაჭანკალი, თუმცა რომში ის მთლიანად ნეგატიური ფენომენია). ქმრის გარდა მოღალატე ქალის დასჯის უფლება მამასაც ჰქონდა. თუ გაუთხოვარ ქალს მამა მამაკაცთან წაასწრებდა, სოლონის კანონმდებლობით, მას შეეძლო ქალიშვილი მონად გაეყიდა. თუმცა პრაქტიკაში ეს ათენში ნაკლებად ხორციელდებოდა. ჩვეულებრივ, ამგვარ ქალიშვილს სახლში გამოკეტავდნენ და არ ათხოვებდნენ. რომში კანონი კიდევ უფრო მკაცრი იყო. მამას, თუ იგი ქალიშვილს სიძვისას თავის ან სიძის ოჯახში წაასწრებდა, შეეძლო მოეკლა ორივე დამნაშავე - ქალიშვილიც და მისი მაცდუნებელიც. დეტალურად განიხილავდნენ ადულტერს ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში შემოღებული კანონები - lex Iulia 23 და 45, რომლებიც რესპუბლიკის ბოლოს საზოგადოებაში გავრცელებული უზნეობის წინააღმდეგ იყო მიღებული. მოღალატე ქალი საჯაროდ დადანაშაულების სუბიექტი ხდებოდა. ათენში ღალატში დადანაშაულებულ ქალს ეკრძალებოდა რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება და თუ იგი ამას მაინც გაბედავდა, ნებისმიერ პირს უფლება ჰქონდა საჯაროდ ტანსაცმელი შემოეხია მისთვის ან რაიმე სხვა შეურაცხყოფა მიეყენებინა.

საინტერესოა, რომ როგორც ღალატის მიმართ დამოკიდებულება, ისე მოღალატე სუბიექტების დასჯის პრაქტიკა საქართველოში ძალიან ახლო მიმართებაშია ამ ფაქტისადმი საბერძნეთსა და რომში არსებულ დამოკიდებულებებსა და დამნაშავეთა დასჯის წესებთან. ქართული სინამდვილისათვის ამოსავალი, ბუნებრივია, ქრისტიანობის ზნეობრივი პრინციპები გახლდათ, რომლისთვისაც ოჯახის დაშლა ერთგვარ ანომალიას წარმოადგენდა. შესაბამისად, იგი მკაცრად სჯიდა ადულტერს, როგორც განქორწინების ერთ-ერთ საფუძველს. საქართველოში, ისევე როგორც სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებში, ღალატის - მრუშობის (იხ. მრუშობა) შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა მარტო განქორწინებას, არამედ სხვადასხვა სახის სასჯელსაც, თუმცა აქაც მოქმედებდა ზემოთ ნახსენები „ორმაგი მორალი“. შესაბამისად, აქაც, ისევე როგორც ათენსა და რომში, კაცისთვის სიძვა მხოლოდ გათხოვილ ქალთან კავშირის დაჭერა იყო, მხოლოდ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო განქორწინებისა და დასჯის საფუძველი. რაც შეეხება ცოლის ქმრისადმი ღალატს, იგი ქმრის ღირსების დამცირებად, შეურაცხყოფად მიიჩნეოდა და ქალისთვის 15 წლით უზიარებლობას აწესებდა. ამას გარდა, ადულტერი ადათობრივი სამართლის მიხედვითაც ისჯებოდა. მოღალატე ცოლს სოფელი საჯაროდ სჯიდა. ქალს გამოიყვანდნენ სოფლის შუაგულში, მოწმენი დაადასტურებდნენ ქალის დანაშაულს, მოხსნიდნენ მანდილს, შესვამდნენ ვირზე პირუკუღმა და კარდაკარ ჩამოატარებდნენ. ქალს ყველა თავზე ლაფს ასხამდა და აფურთხებდა. ამის შემდეგ სხვა ქალების სახლის კარები მისთვის დაკეტილი იყო, სანამ დრო არ გავიდოდა და თავისი კარგი საქციელით წარსულ ამბავს სხვებს არ დაავიწყებდა. ამასთან, როგორც რომში, საქართველოშიც სამართალი ნებას აძლევდა ქმარს, მოღალატე ცოლი ადგილზე მოეკლა. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, ხევსურეთში ღალატის შემთხვევაში ქმარი ცოლს ასახიჩრებდა ანუ „გაახაიბრებდა“ - მოსჭრიდა მას ცხვირს ან ხელს, რომ არავის მოსწონებოდა.

მეუღლეთა განქორწინება საბერძნეთსა და რომში არ იყო ლეგალური პროცესი და იგი მეუღლეთა ცალ-ცალკე ცხოვრების ფაქტის კონსტანტირებას წარმოადგენდა. გაყრის ცალკეული ასპექტებთან მიმართებით, რომაული და ბერძნული პრაქტიკა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. რომში ადრეული რესპუბლიკის ხანაში გაყრა იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა. „ურღვევი ქორწინება“, როგორც ჩანს, რომაელთათვის როგორც იდეალი, ისე ნორმა უნდა ყოფილიყო. ათენში, პირიქით, გაყრა არც რთული და არც სამარცხვინო მოვლენა არ გახლდათ. ქალის რამდენჯერმე გათხოვებას აქ ხშირად ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ეს ქალის სურვილებიდან არ გამომდინარეობდა, პირიქით. როცა ოჯახის საჭიროება მოითხოვდა (მაგ., ოჯახს დაეღუპებოდა მამრობითი სქესის მემკვიდრე), ქალის მამას ყოველთვის ჰქონდა უფლება შეეწყვიტა ქორწინება იმისდა მიუხედავად, სურდა თუ არა მის ქალიშვილს ქმარს გაყროდა. ათენში გაყრა ძირითადად ორმხრივი შეთანხმებით ხდებოდა და მისი ინიციატორი ორივე მხარე შეიძლებოდა ყოფილიყო. რომში ქორწინების ტიპის შეცვლის და sine manu-თი ქორწინების დროს გაყრის პროცესი გაადვილდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ გვიანი რესპუბლიკის საქორწინო კანონმა ქალებს განსაკუთრებული თავისუფლება და ღირსება მიანიჭა. შულცის მიხედვით, „ცივილიზაციის ისტორიაში პირველად... კანონი ქორწინების ჰუმანისტურ იდეას ეფუძნებოდა, ის ორი თანასწორი პარტნიორის თავისუფალი და თავისუფლად შეწყვეტადი კავშირი იყო“15. თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ ქალებს თავისუფალი არჩევანი ჰქონდათ. sine manu-თი ქორწინების შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს ის უფლებები, რომლებიც ქალის მიმართ მის მამას ჰქონდა. გაყრის შემდეგ როგორც ათენში, ისე რომში, ბავშვები მამის ოჯახში რჩებოდნენ (იხ. განქორწინება, საბერძნეთი; განქორწინება, რომი).

საქართველოში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განქორწინების ერთ-ერთი საფუძველი ცოლის სიძვა იყო (ღალატისთვის დაწესებული სასჯელისათვის იხ. ზემოთ). განქორწინების საფუძველად ასევე ითვლებოდა ცოლის ავადმყოფობა; ქორწინებამდე ცოლის ორსულობა; ცოლის ქეიფი უცხო მამაკაცთან; აბანოში ცოლის უცხო მამაკაცთან ყოფნა; ქმრის ნებართვის გარეშე საცირკო სანახაობაზე დასწრება; ერთი მეუღლის მიერ მეორის მოწამლვის მცდელობა და ასევე ე.წ. სოდომური ცოდვები (იხ. მამათმავლობა). ამასთან დამნაშავე მხარეს სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა სასჯელი ეკისრებოდა ( იხ. განქორწინება, საქართველო).

ვახტანგ VI-ის კანონმდებლობიდან აშკარად ჩანს, რომ განქორწინების ინიციატივა მამაკაცს ეკუთვნოდა, ქალს არ ჰქონდა ამ საკითხის დასმის უფლება. მაგრამ ამ კანონმდებლობასთან ერთად, ცოლ-ქმრის განქორწინების - გაყრის დროს მოქმედებდა ადათობრივი სამართლის ნორმები, რომლებიც სხვადასხვა კუთხის მიხედვით განსხვავებული იყო. ასე მაგალითად, სვანეთში ქმარს არ შეეძლო გაეგდო, ე.ი. გაყროდა ცოლს, ეს დანაშაულად ითვლებოდა და ისჯებოდა ცოლის ნათესავთაგან სისხლით ან მატერიალური ჯარიმით, რომელსაც „ნაცვრიერ“ ეწოდებოდა. ბუნებრივია, რომ არც ცოლს ჰქონდა ქმრისაგან გაქცევის (სხვასთან წასვლის) უფლება. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში მომტაცებელი და ქალის მშობლები იმავე სამართლებრივ ნორმას ექვემდებარებოდნენ, რომელსაც მიმტოვებელი ქმარი. საერთოდ, არც ქალის და არც კაცის უშვილობა ვახტანგ VI-ის კოდექსით განქორწინების საფუძველი არ იყო. თუმცა თუ სვანს უშვილო ცოლი შეხვდებოდა ან მარტო ქალიშვილები შეეძინებოდა, ცოლისა და მშობლების ნებართვით მას შეეძლო მეორე ცოლი მოეყვანა ან ბავშვი გაეჩინა სხვა ქალისაგან. მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათი იყო. ხევსურეთში თუ კაცი ცოლს უშვილობის გამო გაეყრებოდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა, მას „სამწუნობროს“ - თექვსმეტი ძროხის გადახდა ეკისრებოდა, ამასთან იგი იხდიდა „ნამაშვრალს“, ანუ ქალს იმდენ ძროხას აძლევდა, რამდენი წელიც მათ ერთად ჰქონდათ ნაცხოვრები, ოღონდ პირველი და ბოლო წლის გამოკლებით (იხ. ოჯახი, მთა).

საქართველოს აღმოსავლეთ მთაში საინტერესოა ქალის მხრიდან ქმართან გაცილების ერთი წესი, რომელსაც „კვეთილში ჩასმა“ ეწოდება. ამ შემთხვევაში, ხევსურეთსა და ფშავში ქმრისგან წასულ ქალს ქმრისთვის პირობა უნდა მიეცა, რომ საუკუნოდ უქმროდ დარჩებოდა და თუ იგი პირობას დაარღვევდა, მას სიკვდილი არ ასცდებოდა. არსებობდა „კვეთილში ჩასმის“ სხვა მიზეზებიც (იხ. კვეთილში ჩასმა).

დაუქორწინებელი მშობლებისაგან გაჩენილი ბავშვები, როგორც საბერძნეთში, ისე რომში უკანონოდ ითვლებოდნენ. თუმცა მათ შორის იყო ერთი სპეციფიკური განსხვავება. ძვ. წ. 451 წ-ის პერიკლეს კანონის შემდგომ, თუ ათენელი მამაკაცი არაათენელს მოიყვანდა ცოლად, ეს ქორწინება კანონიერად არ მიიჩნეოდა, შესაბამისად, ამ ქორწინებისაგან გაჩენილი შვილებიც უკანონოდ ითვლებოდნენ. ისინი, ბუნებრივია, ვერ მიიღებდნენ მოქალაქის სტატუსს, მაგრამ ამასთანავე მათ არც მემკვიდრეობის უფლება ჰქონდათ. რაც შეეხება შვილს ისეთი ათენელი მშობლებისა, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, მას მემკვიდრეობის უფლება არ ჰქონდა, თუმცა, შესაძლებელია, ჰქონოდა მოქალაქეობა. რომში დაუქორწინებელი მშობლებისაგან გაჩენილ ბავშვებს არ ჰქონდათ მემკვიდრეობის უფლება, მაგრამ ისინი მოქალაქეები იყვნენ, თუ მათ დედას ჰქონდა რომის მოქალაქეობა, რადგან ასეთი ბავშვები რომში ნათესაური კავშირით მხოლოდ დედასთან იყვნენ დაკავშირებული. რომში უკანონო ბავშვების რამდენიმე სახეობა არსებობდა, რომელთა შორისაც მოგვიანო ხანებში ყველაზე მეტი პრივილეგიები კონკუბინატში გაჩენილ ბავშვებს ჰქონდათ (იხ. უკანონო ბავშვი, რომი). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უკანონო ბავშვთა რამდენიმე სტატუსის არსებობა გამოწვეული იყო იმ შეზღუდვებით, რომლებიც რომაელი მოქალაქეებისთვის ქორწინებაში შესასვლელად იყო დაწესებული (იხ. ქორწინება, რომი).

საქართველოში ქორწინების გარეშე გაჩენილ ბავშვს, ანუ „სიძვით შობილს“ ნაბიჭვარი ეწოდებოდა და მისი უფლებები განსაზღვრული იყო მამის წოდებრივი უფლებებით. იგი მშობლების უძრავი ქონების კანონიერ მემკვიდრედ არ ითვლებოდა (იხ. ნაბიჭვარი).

ანტიკურ საზოგადოებებში ქალის უფლებების კუთხით საყურადღებოა მემკვიდრეობის საკითხი. კლასიკური ეპოქის ათენში არსებობდა სპეციფიკურად ბერძნული ინსტიტუტი - ეპიკლეროსი. ოჯახში, რომელსაც მამრობითი მემკვიდრე არ ჰყავდა, საგვარეულო ხაზი ქალიშვილს უნდა გაეგრძელებინა. სწორედ ქალიშვილს ეწოდებოდა „ეპიკლეროსი“, რაც სიტყვასიტყვით „საკუთრებასთან მყოფს“ აღნიშნავს. მართლაც, ეპიკლეროსი თითქოს იყო მამისეული ქონების მემკვიდრე, მაგრამ რეალობაში ნამდვილი მემკვიდრე მისი ვაჟიშვილები იყვნენ. ეპიკლეროსი მკაცრად იყო ვალდებული ოჯახის უახლოეს ნათესავს გაჰყოლოდა. თუ ქალი ეპიკლეროსი უკვე გათხოვების შემდეგ გახდებოდა, იგი იძულებული იყო ქმარს გასცილებოდა და მამისეულ ოჯახში დაბრუნებულიყო, რათა შემდეგ უკვე ეპიკლეროსისათვის დადგენილი წესების თანახმად გათხოვილიყო და მამისეული საოჯახო ხაზი გაეგრძელებინა. ქორწინების აღმნიშვნელ ბერძნულ ტერმინს ეკდოსისს, რომელიც სიტყვა-სიტყვით სესხებას ნიშნავს, ყველაზე უკეთ სწორედ ეს - ეპიკლეროსის ინსტიტუტი გამოხატავს. ქალი მართლაც იყო ის ნივთი, რომელსაც მამა სხვა ოჯახის კირიოსს ასესხებდა, რათა ქალს თავისი მოვალეობა, ვითარცა ცოლსა და დედას, იმ ოჯახში შეესრულებინა. მაგრამ ქალის კირიოსს უფლება ჰქონდა გასესხებული ნივთი უკან გამოეთხოვა. ამის საჭიროება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ოჯახის შენარჩუნების დროს დგებოდა. როცა მამისეულ ოჯახს ეს ესაჭიროებოდა, ეპიკლეროსი საგვარეულო ხაზის გამგრძელებლად უნდა დაბრუნებულიყო და არავინ ეკითხებოდა, უნდოდა თუ არა მას ეს. ეპიკლეროსის ეს სპეციფიკურად ათენური ინსტიტუტი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქალი ვალდებული იყო თავისი გენერაციული ფუნქცია უპირველესად მამისეული ოჯახის წინაშე შეესრულებინა.

ქალის ქონებრივი უფლებების თვალსაზრისით განსხვავებულ სურათს ვხედავთ სპარტაში. აქ მემკვიდრე ქალი - πατρούχος რეალურად წარმოადგენდა მამისეული სამკვიდროს მფლობელს, ანუ მას დამოუკიდებლად ხელეწიფებოდა თავისი საკუთრების განკარგვა-სურვილისამებრ ჩუქება თუ დახარჯვა. თუმცა ათენელი ეპიკლეროსის მსგავსად ისიც ვალდებული იყო ცოლად იმას გაჰყოლოდა, ვისაც მას ამ სფეროში უფლებამოსილნი პირნი დაუდგენდნენ. სპარტაში პატრუხოსების ბედს მეფეები განკარგავდნენ.

რომაელი ქალის მემკვიდრეობის უფლება, როგორც ჩანს, სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული იყო. ადრეულ ხანაში ოჯახის უფროსის - paterfamilias-ის ცოლი (ისევე როგორც მისი შვილები) საკუთრებას არ ფლობდნენ. in manu-თი ქორწინების ქვეშ მყოფი ცოლები ქმრის ოჯახში მხოლოდ filiae loco-ს მათეული სტატუსით იყვნენ დაცულნი.16 მოგვიანებით, გარკვეული პერიოდის მანძილზე მათ არ ჰქონდათ უფლება I კლასის მემკვიდრენი ყოფილიყვნენ (იხ. Lex Voconia ძვ. წ. 169 წ.). როგორც ჩანს, კანონი რომაელი ქალების მემკვიდრეობის უფლებას ზღუდავდა. ასე მაგალითად, თუ ქმარს ანდერძი დაწერილი არ ჰქონდა, ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს სამკვიდრო იმ შემთხვევაში ეძლეოდა, თუ წინა რიგის მემკვიდრეები არ არსებობდნენ. ქალი შეზღუდული იყო ანდერძის დაწერაში. მან მხოლოდ მოგვიანებით მიიღო ეს უფლება, ოღონდ ამისათვის მას უნდა შეეცვალა ოჯახი -(ლეგალური ფორმალობა). გვიანდელ პერიოდში ბევრი რომაელი ქალი დიდ საკუთრებას ფლობდა, თუმცა ოჯახები განსხვავდებოდნენ იმის მიხედვით, თუ რა მასშტაბით შეეძლო ქალს საკუთრება განეკარგა. რომაელი მატრონას საკუთრება მოიცავდა ტყეებს, გაქირავებულ ager publicus-ს, სასოფლო დასახლებებსა და საიჯარო მიწებს. ცალკეულ შემთხვევებში, რთულდება იმის დადგენა, ესა თუ ის კონკრეტული ქალი მხოლოდ ამა თუ იმ ქონების მენეჯმენტს აწარმოებდა, თუ თვითონ იყო მესაკუთრე.

საქართველოში ქალს ჰქონდა მემკვიდრეობის უფლება. მას შემდეგ რაც იუსტინიანუსმა სპეციალური კანონი მიიღო ქალის მემკვიდრეობითი უფლებების შესახებ, ეს კანონი, როგორც ჩანს, საქართველოშიც გავრცელდა. ქალი საქართველოში ქონებრივი ურთიერთობის სუბიექტს წარმოადგენდა. IX-X სს-ის წერილობითი ძეგლის მიხედვით, მას აქვს მამულის მემკვიდრეობის მიღების უფლება. ის ფაქტი, რომ მის ქმარს არ შეუძლია მისი მზითვის განკარგვა, მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ქალს ოჯახში საკუთრების მხრივ მაღალი უფლებრივი მდგომარეობა ჰქონდა. საზოგადოდ, საქართველოსთვის დამახასიათებელი იყო შუა საუკუნეების ცივილიზებული ქვეყნებში (ბიზანტია) მოქმედი მეუღლეების ქონებრივი ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგება.

და ბოლოს, სანამ საბერძნეთში არამოქალაქე ქალების ცხოვრების წესს შევეხებოდეთ, სპარტელი ქალების სოციალურ სტატუსს შევაჯამებთ. ზემოთ ჩვენ ათენელ ქალებთან შედარებით სპარტელი ქალების მაღალ სოციალურ სტატუსზე ვმსჯელობდით, თუმცა აღვნიშნეთ ისიც, რომ ტერმინ „მაღალ სტატუსს“ ამ კონტექსტში მხოლოდ რელევანტურად თუ გამოვიყენებთ. სპარტელ ქალს, ისევე როგორც მამაკაცს, მკაცრად ევალებოდა შვილების გაჩენა. ამგვარად, შვილოსნობა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავი იყო. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფომ დაადგინა, რომ ყველა მამაკაცი ვალდებული იყო ცოლი მოეყვანა. ამას გარდა, ახალგაზრდა ცოლის პატრონ მოხუცებულ კაცს უფლება ეძლეოდა, თუკი ვინმე ლამაზი ჭაბუკი მოეწონებოდა, თავის ცოლთან მიეშვა, რათა ამ უკანასკნელთ შვილები გაეჩინათ, რომელთაც შემდგომ იგი საკუთარ შვილებად აღიარებდა. ასევე კეთილშობილ ჭაბუკს, რომელსაც სხვისი ცოლი მოეწონებოდა, შეეძლო ქმრისთვის მის ცოლთან ურთიერთობის ნება ეთხოვა, რათა ამ ქალისაგან კეთილშობილური სისხლის ღირსეული მემკვიდრეები გაეჩინა (პლუტარქოსი, ლიკურგოსი, 15). ცხადია, რომ თავად ქალს არავინ ეკითხებოდა, რამდენად უნდოდა მას გასესხებული ყოფილიყო, რათა ქორწინების გარეთ შვილები გაეჩინა. შვილოსნობას, უფრო ზუსტად კი საუკეთესოთა ჯიშის გამრავლებას, ემსახურებოდა სპარტელი ქალიშვილების აღზრდის, ერთი შეხედვით, უცნაური ასპექტი - განსაკუთრებული ყურადღება ქალიშვილების ფიზიკური სიჯანსაღის მიმართ. ჭაბუკების მსგავსად, სპარტელ ქალიშვილებს სირბილს, ჭიდაობას, შუბისა და დისკოს ტყორცნას ასწავლიდნენ. ძველებს მიაჩნდათ, რომ ამგვარად აღზრდილი ქალიშვილები სახელმწიფოს ძლიერ და ჯანსაღ ნაშიერთ გაუჩენდნენ. ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ სპარტელი ქალი არანაკლებ, თუ არა მეტად, იდგა სახელმწიფოს სამსახურში და რომ სახელმწიფო აქაც განსაზღვრავდა მისი თავისუფლების ხარისხს. ქალის თავისუფლება კი იმ მასშტაბის იყო, რა მასშტაბიც სახელმწიფოს იდეოლოგიისა და მისი სოციალ-პოლიტიკური მოწყობისათვის ხელისშემშლელი არ იქნებოდა.

საბერძნეთში არამოქალაქე ქალებს მოქალაქე ქალებისაგან განსხვავებული ცხოვრების ნირი ჰქონდათ. პოპულარული პროფესია მეძაობა იყო, რომელსაც სხვადასხვა ფენის ქალები ეწეოდნენ - მონები, გააზატებულები და თავისუფალი არამოქალაქე ქალები. არცთუ იშვიათად მონა-მეძავი ახერხებდა თავისუფლება მოეპოვებინა, რის შემდეგაც ამ სფეროში ბიზნესს თავად იწყებდა. ათენში მაცხოვრებელ ქალთაგან ასე თუ ისე მნიშვნელოვანი თანხის განკარგვა მხოლოდ მათ შეეძლოთ.

სოციალურად ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომ მეძავებს ჰეტერები ეწოდებოდათ და მათი ფუნქცია მამაკაცთა გართობა იყო. ამისათვის მათ ინტელექტუალურად წვრთნიდნენ, ასწავლიდნენ პოეზიასა და მუსიკას. აკი ამბობს კიდეც დემოსთენეს ორატორი, რომ ჰეტერები სიამოვნების მისაღებად გვყავსო (დემოსთენე, LIX, 122). ჰეტერათა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავიანთი დროის ინტელექტუალურ ელიტასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

ასევე განსხვავდებოდა სხვადასხვა სოციალური ფენის რომაელ ქალთა ცხოვრება. მონა ქალი ბატონის სახლში შინამოსამსახურის (ancilla) მოვალეობას ასრულებდა. ზოგიერთი მონა ქალი გარკვეული უნარებით - კერვის, ქსოვის, თმის დავარცხნის და ა.შ. იყო დაჯილდოვებული და ამ საქმიანობას მისდევდა. ზოგიერთი მათგანი პატარა საწარმოში მუშაობდა. სხვები ძიძის მოვალეობებს ასრულებდნენ. რომში ზოგიერთი სახლი საროსკიპო გახლდათ, ისევე როგორც ზოგიერთი საჭმელ-სასმელი დაწესებულება. აქ მცხოვრები მონა ქალები შესაბამის საქმიანობას ეწეოდნენ. ისევე როგორც საბერძნეთში, მონა გოგონათა ნაწილს რომშიც წვრთნიდნენ და მათაც ასწავლიდნენ ცეკვას, სიმღერას, მსახიობობას. განთავისუფლებული მონა ქალის - libertina-ს პერსპექტივები დიდი არ გახლდათ: ის შეიძლება გამხდარიყო მეძავი (meretrix, mulier quaestuaria), მსახიობი-მოცეკვავე (mima), ან თუ მას გაუმართლებდა, შეეძლო შეექმნა ოჯახი, ოღონდ ეკრძალებოდა სენატორის ოჯახის მამაკაცთან ქორწინება. მას შეეძლო მხოლოდ მისი კონკუბინა ყოფილიყო.

ამდენად, ქალის იურიდიული და სოციალური სტატუსის მიმოხილვამ კლასიკური ეპოქის ათენის და სპარტის, რომის რესპუბლიკისა და შუა საუკუნეების საქართველოს ფეოდალური მონარქიის კონტექსტებში კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ დაქვემდებარებული იყო ქალის მდგომარეობა პატრიარქალურ საზოგადოებაში. ქალი დემოკრატიულ ათენშიც კი ერთობ, რომ არა ვთქვათ ყველაზე მეტად (ვგულისხმობთ ჩვენ მიერ განხილულ სივრცეებს), უუფლებო სუბიექტად, ლეგალურად არაავტონომიურ არსებად გვევლინება. მიზეზი ამ განსაკუთრებული უუფლებობისა, როგორც ვნახეთ, ბერძნული პოლისის პოლიტიკური მოწყობის სპეციფიკა, სახელმწიფოებრივი ინტერესები გახლდათ. საერთოდაც, ქალის მდგომარეობას სხვაგანაც საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოწყობა და იდეოლოგიის მთლიანი კონტექსტი განაპირობებდა. საქართველოშიც ქალის დაქვემდებარებული სტატუსი და მისი სამოქმედო სივრცის სივიწროვე გამომდინარეობდა, ერთი მხრივ, შუა საუკუნეების ფეოდალური მოწყობის პრინციპიდან, რომლისთვისაც არ იყო დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობა, ხოლო, მეორე მხრივ, ქრისტიანული მოძღვრებიდან, რომელიც მამაკაცს დედაკაცის გონად მიიჩნევდა (პავლე მოციქული).

ამასთან, სამი სხვადასხვა ეპოქის მიუხედავად, ერთობ საგულისხმო პარალელები გამოვლინდა ქალთან დაკავშირებული სამართლებრივი ინსტიტუტების და სოციალური როლების კუთხით (გამომდინარე იქიდან, რომ ქალი ამ საზოგადოებებში საჯარო სფეროში არ იყო წარმოდგენილი, ყურადღება მთლიანად საოჯახო სივრცეში ქალის ფუნქციონირებას დაეთმო). ასე მაგალითად, სამივე საზოგადოებაში კონცეპტუალურად მსგავსია საქორწინო ინსტიტუტები (ნიშნობა, მზითვი. მეტნაკლებად სპეციფიკურ სიტუაციას ამ მხრივ სპარტაში ვხვდებით), ქალი შეზღუდულია პარტნიორის არჩევაში, მას ადრეულ ასაკში აქორწინებენ, განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება საპატარძლოს ქალწულობაზე. როგორც ათენსა და რომში, ისე საქართველოში გაბატონებულია ე.წ. „ორმაგი მორალი“, ძალიან მკაცრია ცოლის ქმრისადმი ღალატის მიმართ დამოკიდებულება, გასაოცრად მსგავსია მოღალატე ცოლის დასჯის პრაქტიკა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე ადათობრივი სამართლის ნორმების მიხედვით. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მამის, და საერთოდ, მამისეული ოჯახის, ფართო უფლებამოსილება გათხოვილ ქალზე. ამ მხრივ საქართველოში ერთობ საინტერესოა ადრეულ პერიოდში დადასტურებული ქორწინების ის ფორმა, რომელშიც მამამძუძეობის ტრადიციის მიხედვით, ქალის ვაჟიშვილი საერთოდაც ქალის ოჯახში იზრდებოდა. მამისეული ოჯახის დიდ უფლებებს ადასტურებს ქორწინების აღმნიშვნელი ქართული და ბერძნული ტერმინები: ბერძნული „ეკდოსისი“ სესხებას ნიშნავს, ქართულად კი ქალის დაქორწინებას „გათხოვება“ ეწოდება და ამდენად, ორივე მათგანი აღნიშნავდა ქალის მამის მიერ ქალის თხოვებას/სესხებას სხვა ოჯახის მეთაურისთვის, რათა ქალს იქ თავისი ფუნქციები როგორც მეუღლესა და დედას შეესრულებინა.

ბუნებრივია, ქრისტიანული ნორმები და შუა საუკუნეების საოჯახო სამართლის პრინციპები გარკვეულწილად განსხვავებულს ხდის ქალთან დაკავშირებულ სამართლებრივ ინსტიტუციებს. ამასთან, საქართველოში, განსხვავებით ათენისაგან (და გარკვეულწილად რომისაგანაც), ქალი სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტს წარმოადგენს. აქ უფრო მაღალია ქალის ქონებრივი და მემკვიდრეობითი უფლებები, რასაც განაპირობებდა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, საქართველოში მოქმედი შუა საუკუნეების ცივილიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ქონებრივი ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების მექანიზმები. გაცილებით რთულად მისაღწევი ხდება საქართველოში განქორწინება, რაც უპირველესად, ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ოჯახის დაშლის ანომალიად გააზრებას ეფუძნებოდა. ვფიქრობთ, პარალელები, ისევე როგორც კონკრეტული კონტექსტის მიერ განპირობებული განსხვავებები კიდევ შეიძლება დაიძებნოს, რაშიც მკითხველი, ალბათ, კონკრეტული სტატიების კითხვის დროს დარწმუნდება. ამჟამად ჩვენ ყურადღება მხოლოდ არსებით მომენტებზე გავამახვილეთ.

და ბოლოს, რა შეიძლება ითქვას საზოგადოებრივ ცნობიერებაში არსებული კლიშეების თაობაზე ქალის ამგვარ დაქვემდებარებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ქალებისა, რომლებიც, არისტოტელეს თქმით, მთელი თავისუფალი მოსახლეობის ნახევარს ქმნიდნენ და რომელთა ღირსეულად ყოფნა საჭირო უნდა ყოფილიყო იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ღირსეული მოწყობისაკენ მიისწრაფვოდა? (არისტოტელე, პოლიტიკა, 1260b16). ბერძნულ ცნობიერებაში ამ მხრივ ორი მიმართულება იყო გამოკვეთილი. ერთი, ე.წ. ქალთმოძულეობითი, რომელიც ქალის ამგვარ დაქვემდებარებულ მდგომარეობას ამართლებდა - იგი ქალს მისი ბუნებით განპირობებული უარყოფითი ნიშან-თვისებებით ამკობდა და აქედან გამომდინარე კაცობრიობის უდიდესი მონაპოვრის - ცივილიზაციის მტრად განიხილავდა. მეორე დამოკიდებულება, რომელიც კლასიკურ ეპოქაში იღებს დასაბამს, როგორც ჩანს, ამ ტრადიციულ იდეოლოგიაში სუსტ წერტილებს პოულობდა, ან სულაც უპირისპირდებოდა მას. ქალი მამაკაცს პიროვნულ დონეზე პირველმა სოფოკლემ გაუთანაბრა (მის პერსონაჟ ქალებს იგივე იდეალური მახასიათებლები აქვთ, რაც მის მამაკაც გმირებს). ევრიპიდე კი დაუღალავად ამტკიცებდა ქალური ღირებულებების აუცილებლობას, როგორც საოჯახო, ისე საჯარო სივრცეებში. განსაკუთრებით რადიკალური ქალის ფუნქციისა და როლის გააზრების კუთხით პლატონი აღმოჩნდა. იგი თვლიდა, რომ სახელმწიფოს არ უნდა უგულებელეყო ქალების სამსახური, რადგან თუ ქალებს მამაკაცების მსგავს აღზრდა-განათლებას მივცემდით, ისინიც შეძლებდნენ სახელმწიფოსთვის იმავე ფუნქციების შესრულებას, რომლებსაც მამაკაცები აღასრულებდნენ. მართალია, ქალის როლის შეცვლისას პლატონი ცალსახად სახელმწიფოს ინტერესებიდან ამოდიოდა, მაგრამ ფაქტია, საჯარო სივრცეში ჩართვით იგი ქალს თვითრეალიზაციის ახალ ასპარეზს უხსნიდა.

რომში, სადაც სქესთა დიმორფიზაციას ამგვარად გამოკვეთილი ხასიათი ნაკლებად ჰქონდა, ქალის უარყოფითი გააზრება ქალთმოძულეობითი იდეოლოგიის დონეზე არ ჩამოყალიბებულა. თუმცა რომაელთა გააზრებითაც ქალები იყვნენ ემოციურნი, ირაციონალურნი, ინტელექტუალურად მამაკაცზე დაბალ დონეზე მდგარნი და ა.შ. ანუ აქაც მრავლად მოიპოვებოდა ის არგუმენტები, რომლებიც ქალისთვის საჯარო სივრცის დაკეტვას გამართლებულად მიიჩნევდნენ.

ამასთან, რომშიც გაისმოდა საპროტესტო ხმები ქალის ამგვარი გააზრების წინააღმდეგ. ასე მაგალითად, სტოიკოსი მუსონიოსი აღიარებდა ქალების გონიერებასაც და სიქველის მიმართ მათ მიდრეკილებასაც. ჩემი აზრით, ყველა ადამიანური საქმიანობა საერთოა ქალებისა და კაცებისათვის და არაფერი არ არის აუცილებლობის ძალით ან ერთის, ან მეორისათვის ექსკლუზიური. თუმცა, ზოგიერთი საქმიანობები, უფრო მეტად მისადაგებულია ერთის ბუნებისათვის, სხვანი კი - მეორისათვის, - წერდა ფილოსოფოსი (მუსონიუსი, 13 შმდგ.). სენეკაც პრინციპში ბუნების მიერ ქალისთვის მინიჭებულ უნარებს აღიარებდა.

ქალის გააზრება ქართულ ცნობიერებაში, მისი დაქვემდებარებული მდგომარეობის ახსნა თუ გამართლება ჯერ კიდევ კვლევის საწყის ეტაპზეა.17 რაც შეეხება ქართველი ქალის იდეალს, ეს იდეალი სრულ შესატყვისობაში იყო ქრისტიანული მსოფლმხედველობის მიხედვით ჩამოყალიბებულ ქალის ხატთან და, პრინციპში, -მარადიული ქალურობის ზოგად მახასიათებლებთან. ქალი უნდა ყოფილიყო ნაზი, ლამაზი, რბილი, ალერსიანი, პასიური და უმწეო, მიჯაჭვული ოჯახზე. ამასთან, ლ.სურმანიძის დაკვირვებით, ქართული ცნობიერების უმთავრესი იდეა - სამშობლოსათვის თავდადება ქალისაგან მოითხოვდა, რომ მას აღეზარდა თავისი ქვეყნისთვის თავგანწირული, ქრისტიანული მორალის მატარებელი ვაჟკაცები. საინტერესოა, რომ ქალის სუსტ და უმწეო არსებად გააზრებასთან ერთად, ქალის აღმნიშვნელ სემანტიკურ ველში საპატიო ადგილს იკავებს ტერმინი „დედაკაცი“, რაც გასაკვირი არაა საქართველოს პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. მუდმივი ძნელბედობის გამო ქალი ოჯახში ხშირად მამაკაცის ფუნქციასაც ითავსებდა, რამაც გამოიწვია მისი აღქმა როგორც სრულფასოვანი წევრისა საოჯახო უღლის გამწევ წყვილში.18 და მიუხედავად იმისა, რომ ქალის ამგვარი გააზრება თითქოსდა წინააღმდეგობაშია „მარადიული ქალურობის“ მახასიათებლებთან, დედაკაცის ფენომენს ქართულ ცნობიერებაში მხოლოდ დადებითი შინაარსი აქვს. ამასთან, ცალკეული გამონაკლისების გარდა, კულტურულ კონტექსტში აშკარად არ იკვეთება ქალთმოძულეობითი ტენდენცია. ვფიქრობთ, ქართულმა ხასიათმა საინტერესოდ დაძლია ქალის მიმართ შიში - ქალთმოძულეობითი ტენდენციის საფუძველი. მან შექმნა დედის იდეალიზირებული ხატი, ანუ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, საქართველოში მოქმედებდა არა ქალის, არამედ დედის კულტი, ფასობს დედა, რომელიც ასრულებს სწორედ იმ მოვალეობებს და ფუნქციებს, რომლებიც მისგან საზოგადოებას სჭირდება. თუმცა ამის პარალელურად ქართულ კონტექსტში ქალის მიმართ სხვა ძალიან საყურადღებო ტენდენციებიც ვლინდება, რაც სამომავლო გამოკვლევათა საგანია.

__________________

1. რადგან ჩვენ საბერძნეთისა და რომის ისტორიის ზემოთ დასახელებულ პერიოდებს განვიხილავთ, ამიტომ შემდგომში ყოველ ჯერზე ჩვენ ამ პერიოდებს აღარ მივუთითებთ.

2. უნდა აღინიშნოს, რომ მონაცემების სიმწირიდან გამომდინარე, მეცნიერებაში არ არის ცალსახა პოზიცია სპარტელი ქალების ცხოვრების სხვადასხვა სფეროს თუ მათ სოციალურ სტატუსთან დაკავშირებით. იხ. Cartledge P., „Spartan Wives: Liberation or Licence?“, Classical Quarterly 31, 1981, 84-105.

3. Arthur M., „Review Essay: Classics“, Signs, Winter, 1976, 399.

4. ამ საკითხის შესახებ იხ. ტონია ნ., ნადარეიშვილი ქ., ანტიკური სამყაროს ქალთა პორტრეტები, თბილისი, 2003.

5. Cartledge, 1981, 98. სპარტაში მზითვის არარსებობის შესახებ იხ. ჰერმიპოსი ფრ. 87; პლუტარქოსი, მორალიები, 227F; ელიანე, ნაირ-ნაირი ამბები VI. 6;

6. The Oxford Classical Dictionary, ed. by Hammond N. G. L. and Scullard H. H., 19702, შემდგომში OCD, სტატია „Marriage, Law of, Roman“ , 649.

7. Бартошек М., Римское Право, Москва, 1989, სტატია Matrimonium, გვ. 213-214. თუმცა სხვები არ იზიარებენ რომაული ქორწინების ამგვარ დახასიათებას (იხ. იქვე, 214).

8. ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. VI, თბ., 1982, 146.

9. ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. VI, თბ., 1982, 150.

10. Clark G., „Roman Women“ in: Greece and Rome Studies, Woman in Antiquity, ed. I. McAuslan and P. Walcot, Oxford, 1996, 44.

11. Hans Schiltbergers, Reisebuch, Tübingen, 1885, 98-99.

12. ბარტოშეკი რომში ქორწინების ორი ფორმის არსებობას არ იზიარებს. იხ. Бартошек, 1989, 214.

13. OCD, სტატია „Woman, position of“, 1139.

14. ივ. ჯავახიშვილი, თხზ. ტ. VI, თბ., 1982, 153.

15. Schulz F., Roman Classical Law, Oxford, 1951, 103. 76

16. OCD, statia „Women, position of“, 1139.

17. უნდა აღინიშნოს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ნელ-ნელა იწყება ამ საკითხის კვლევა. გამოქვეყნებულ იქნად. კიზირიას, გ. ნიჟარაძის, ლ. სურმანიძის და სხვა მეცნიერთა საყურადღებო გამოკვლევები. საქართველოში მუშაობდა გაეროს პროექტი „ქალები განვითარების პროცესში“ და სხვ.

18. იხ. სურმანიძე ლ., ქალი ქართულ მენტალიტეტში, გაეროს პროექტი „ქალები განვითარების პროცესში“, თბილისი,1998.

7 5. დემოკრატიული რეფორმები და რეფორმატორები

▲ზევით დაბრუნება


დემოკრატიის განვითარების, დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებაში დიდი წვლილი შეიტანეს ანტიკურობის დიდმა კანონმდებლებმა და რეფორმატორებმა.

ათენის დემოკრატიულ განვითარებას საფუძველი დაუდო სოლონის (ძვ. წ. VI ს.) პოლიტიკურმა და სამეურნეო რეფორმებმა. მაგრამ სოლონს წინამორბედიც ჰყავდა - დრაკონი - ათენის პირველი კანონმდებელი (ძვ. წ. VII ს.). არქონმა დრაკონმა მოქმედი სამართლის ნორმები ჩაიწერა, მან კანონმდებლობაში ჩართო არა მხოლოდ ძველი დროის სამართალი, არამედ ახალი ნორმებიც, რომლებიც ძვ. წ. VII ს-ის ათენის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახავდა. არისტოტელეს თქმით, დრაკონი ის პოლიტიკური რეფორმატორია, რომელმაც ყველა ათენელის, რომელსაც შეეძლო თავისი ხარჯით მძიმედ შეირაღებული მეომარი ყოფილიყო, პოლიტიკური სრულუფლებიანობა აღიარა. დრაკონმა, პირველი დაწერილი კანონის შემომტანმა, მოქალაქეები ქონებისა და თანამდებობებზე არჩევის უფლების მიხედვით კლასებად დაყო, რაც შემდგომ სოლონმა დაასრულა. თუმცა დრაკონი არისტოკრატთა ინტერესებს იცავდა (მძიმე სასჯელი ედებოდა საკუთრების ხელმყოფებს - მწვანილის მოპარვისთვისაც კი ქურდი სიკვდილით ისჯებოდა), მაგრამ ქონებრივი ცენზის მიხედვით კლასებად დაყოფა მეტ მოქალაქეს აძლევდა საშუალებას პოლიტიკური აქტიურობა გამოევლინა, რაც უდაოდ რამდენადმე დემოკრატიულად შეიძლება ჩაითვალოს.

დრაკონის მკაცრი კანონები სოლონმა შეცვალა, ჩაატარა რეფორმა, რომელიც მიმართული იყო ევპატრიდების (მსხვილი მიწათმფლობელები) წინააღმდეგ.

ძვ. წ. 594 წ-ს ათენში სოლონი არქონად აირჩიეს და მას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ჩატარება მიანდეს. იგი ზომიერი პოლიტიკის გამტარებელი იყო. მას ყველა: მდიდრები - სიმდიდრისათვის, ღარიბები კი პატიოსნებისათვის - ემადლიერებოდა და ასევე ყველას ჰქონდა მის მიმართ პრეტენზია, მაგრამ სოლონმა მაინც დაიწყო საზოგადოებრივი და სახელმწიფო წყობის რეფორმირება. ხელი შეუწყო ეკონომიკის გამოცოცხლებას, მიწათმოქმედების, სავაჭრო ოპერაციების გაფართოებას, სახელმწიფო წესრიგის დამყარებას, პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის ფართო მასების ჩართვას და შესაბამისად, დემოკრატიზაციას.

სოლონმა განახორციელა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნების ფართო პროგრამა, რომლის საბოლოო მიზანი იყო დემოკრატიის საფუძვლების ფორმირება, ბრძოლა საგვარეულო წყობის ნაშთებთან და პოლისური საზოგადოების გაერთიანება.

უპირველეს ყოვლისა, სოლონმა თანამოქალაქეები გაათავისუფლა ვალისგან, ჩაატარა სავალო ურთიერთობის რადიკალური რეფორმა, სოლონის კანონი სეისახთეია“ -„ტვირთის მოხსნა“ ითვალისწინებდა მიწის ვალის გაუქმებას. მან კანონით აკრძალა მიწის ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ადამიანის მონად გაყიდვა; მან არა მარტო აკრძალა მონებად გაყიდვა, არამედ სამშობლოში დააბრუნა, „გამოისყიდა“ მონებად გაყიდული მოქალაქეები.

სოლონმა მოქალაქეები არა მათი წარმოშობის, არამედ ქონებრივი ცენზის მიხედვით ოთხ კლასად დაყო. მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების განმსაზღვრელი გახდა წლიური შემოსავლის ოდენობა და არა მათი წარმომავლობა. ქონებრივი ცენზის დაწესებამ სამხედრო ვალდებულებებიც განსაზღვრა:

I კლასი - მსხვილი მონათმფლობელები, მსხვილი ვაჭრები, ხუთასმედიმნიანები, ე.წ. პენტაკოსიოსმედიმნოსები (მოქალაქენი, რომელთა წლიური შემოსავალი შეადგენდა 500 მედიმნს), მათ შეეძლოთ ყველა თანამდებობის დაკავება, ეკისრებოდათ მაღალი სახელმწიფო გადასახადები, ომის დროს საკუთარი ხარჯით სამსახური;

II კლასი - შეძლებული გლეხობა და ვაჭრები, რომელთაც ეკისრებოდათ ცხენოსან ჯარისკაცად კავალერიაში სამსახური, ე.წ. მხედრები. მასში შემავალ პირთა შემოსავალი 500-დან 300 მედიმნ ხორბალს (ან სხვა პროდუქტში მის ეკვივალენტს თუ ფულად თანხას) შორის მერყეობდა. მხედრები თითქმის იმავე პრივილეგიებით სარგებლობდნენ, რითაც მოქალაქეთა პირველი კლასი. გამონაკლისს არქონებისა და ხაზინადრების თანამდებობები წარმოადგენდა, რომელთაც გარკვეული პერიოდი მხოლოდ პირველი კლასიდან ირჩევდნენ;

III კლასი - ღარიბი გლეხობა, ხელოსნები და მეთევზეები, ორასმედიმნიანები; შეეძლოთ საშუალო რანგის თანამდებობის დაკავება, სახალხო კრებაში მონაწილეობა; ევალებოდათ საკუთარი სახსრებით მძიმედ შეიარაღებული ქვეითების, „ჰოპლიტების“ გამოყვანა, ე.წ. ძევგიტები;

IV კლასი - დაქირავებული მუშები, უუფლებოები, 200 მედიმნზე ნაკლები შემოსავლის ან საერთოდ არაფრის მქონენი. შეეძლოთ მეზღვაურებად ფლოტში და მსუბუქად აღჭურვილ ჯარისკაცებად სამსახური, სახალხო კრებაში მონაწილეობის მიღება, ე.წ. თეტები;

სოლონის მიერ ქონებისა და შემოსავლის მიხედვით მოქალაქეების დაყოფა ძალაუფლების კონტროლსა და მმართველობაში ამ კლასების როლისა და მონაწილეობის გადანაწილებას ნიშნავდა. სოლონის რეფორმამდე ათენში მთელ ძალაუფლებას ევპატრიდები ფლობდნენ, ხალხი სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობას არ იღებდა, ქონებრივი ცენზის შემოღებით გზა გაეხსნა არა მხოლოდ წარჩინებულ, არამედ უბრალო წარმოშობის შეძლებულ ადამიანებსაც, გვაროვნულმა არისტოკრატიამ კი დაკარგა თავისი პრივილეგიები და რიგით მოქალაქედ იქცა.

სოლონმა გააძლიერა ათენის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - სახალხო კრების მნიშვნელობა. სახალხო კრებას უფრო ხშირად იწვევდნენ და მასზე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებს განიხილავდნენ, იღებდნენ კანონებს, ირჩევდნენ თანამდებობის პირებს. სახალხო კრებისთვის ასევე ყველა ათენელს სამართლის მოსაძიებად შეეძლო მიემართა. ათენის დემოკრატიის ფორმირებისათვის ეს უმნიშვნელოვანესი რეფორმა იყო - ყველა თავის წამოწყებას სოლონი სახალხო კრებაზე ამტკიცებდა, რითაც არა მარტო საყოველთაო სახალხო მხარდაჭერას, არამედ თავისი ჩანაფიქრის განხორციელების უმაღლეს სანქციას იღებდა.

კანონების წინასწარი განხილვისათვის სოლონმა შექმნა ოთხასთა საბჭო (ბულე), ყოველი ფილედან 100 კაცი (პირველი სამი კლასიდან). ოთხასთა საბჭო სახალხო კრებისთვის ამზადებდა საკითხებს, თუმცა მეცნიერთა ვარაუდით, ამ მეორე საბჭოს - ბულეს შექმნას არ უნდა ჩამოერთმია არეოპაგისათვის (უწინდელი საბჭოსთვის) პრობულევტიკური ფუნქციები.

მეორე მხრივ, კანონთა კოდიფიკაციამ არეოპაგის იურისდიქცია ნაკლებად თვითნებური გახადა. სოლონმა წერილობით დაადგინა არეოპაგის უფლებები და ამით გარკვეულწილად შეზღუდა ის.

ტრადიციის მიხედვით, ანდერძი ატიკურ კანონმდებლობაში სოლონმა შემოიტანა. იგი ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, როცა ანდერძის დამწერ პირს ვაჟიშვილები არ ჰყავდა.

სოლონი მოქალაქეობის უფლებას ართმევდა მათ, ვინც თავის მოქალაქეობრივ პოზიციას არ გამოხატავდა და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ასე მაგალითად, შინაური მღელვარებისას ათენელს, რომელიც არც ერთ მხარეს არ მიემხრობოდა, მოქალაქეობის უფლება ჩამოერთმეოდა.

ასევე სოლონმა აკრძალა ატიკიდან პურის გატანა. ამით მან ბრძოლა გამოუცხადა გვაროვნულ არისტოკრატიას, რომელიც ფლობდა ნაყოფიერ მიწებს და ატიკის გარეთ ხორბლის გატანით აწესებდა თვითნებურ ფასებს შიდა ბაზარზე, დემოსს კი ნება დართო, ზეთისხილი გაეტანა, რომ დამატებითი შემოსავალი ჰქონოდა.

სოლონის რეფორმები შეეხო ათენის საზოგადოების ცხოვრების ყველა მხარეს: ეკონომიკურ ურთიერთობებს, სოციალურ სტრუქტურას, სამხედრო საქმეს, სახელმწიფო მმართველობას.

სოლონის დემოკრატიული კანონმდებლობა ტირან პისისტრატოსამდე მოქმედებდა. ძვ.წ. 561 წ-ს ათენში პისისტრატოსის ტირანია დამყარდა. პისისტრატოსმა, ერთი მხრივ, შეინარჩუნა სოლონის კანონები, მეორე მხრივ, გაატარა ახალი რეფორმები: ჩამოართვა მიწები დიდებულებს, უპოვრებს გაუნაწილა ის და იაფი სასოფლო-სამეურნეო კრედიტი მისცა, ხელმოკლე გლეხებს ინვენტარით, მარცვლით, პირუტყვით ხელი გაუმართა. შეეცადა ღარიბების ინტერესები გაეთვალისწინებინა, „სოფლის მოსამართლეები“ (მომრიგებელი მოსამართლეები) დააყენა, რომ მიწათმოქმედთ დრო არ დაეკარგათ ქალაქში სიარულით, ომში დასახიჩრებულები უზრუნველეყო; ღარიბების დასასაქმებლად მშენებლობები წამოიწყო (პირევსის ნავსადგური, აკროპოლისზე ათენა პალასისა და ზევსის ტაძრები, ელევსინში დემეტრეს ტაძარი, წყალგაყვანილობა, ბაზარი, შადრევნები და ა.შ.) მან დააწესა ორი ახალი სახალხო დღესასწაული; დიდი პანათენეები და საქალაქო დიონისიები. პისისტრატოსი დიდად არად დაგიდევდა კანონებს ან ტრადიციულ ინსტიტუტებს (საბჭოები, სახალხო კრება და ა.შ.). თავისი ძალაუფლების განმტკიცებას და მოსახლეობის გულის მოგებას საჩუქრების დარიგებითა და უფასო გამასპინძლებით ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ პისისტრატოსი წარჩინებულებთან დაპირისპირებისას ცდილობდა ხალხი თავისკენ მიემხრო, ის მაინც ვერ ჩაითვლება დემოკრატიული რეფორმების დიდ გამტარებლად, პისისტრატოსის დროს ათენელები უჩვეულოდ დიდ გადასახადს (თავისი შემოსავლის ერთ მეათედს) რიცხავდენენ ტირანის ხაზინაში მშენებლობებისა და სხვა საჭიროებისათვის. პისისტრატოსის შვილმა, ჰიპიასმა მამის ზომიერ პოლიტიკას გადაუხვია და ძალადობაზე გადავიდა, იგი გააძევეს და ათენში ტირანიაც დაემხო, რის შემდეგაც გატარდა კლისთენესის რეფორმები.

სოლონის დემოკრატიული გზის გამგრძელებელმა კლისთენესმა არსებული სტრუქტურების (ფილე, ფრატრიები) ახლებურად ორგანიზაცია განახორციელა. მან ოთხი ფილე და სხვა ძველი ერთეულები დატოვა, თუმცა მათ პოლიტიკური მნიშვნელობა გამოაცალა. ამიერიდან თითოეული მოქალაქე 139 ადგილობრივი ერთეულიდან ერთ-ერთის წევრი უნდა ყოფილიყო. ამ ერთეულებს დემოსები ეწოდებოდა და ისინი იმგვარად იყვნენ დაჯგუფებულნი, რომ 30 ახალი ტრიტია - მესამედები და 10 ახალი ფილე შეექმნათ. სწორედ ამ ერთეულებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ატიკის მოქალაქეობა, პოლიტიკური და სამხედრო მოწყობა (მაგ., სოლონისეული 400-თა ბულე გახდა 500-თა ბულე, რომელშიაც თითოეული ფილედან 50 წევრი შედიოდა, ხოლო ცალკეული დემოსი საარჩევნო ოლქად წარმოგვიდგებოდა). არისტოტელეს თქმით, კლისთენესმა ატიკის მთელი მოსახლეობა არია, უგულებელყო მისი ტრადიციული და რელიგიური კავშირები. ამით მან სამი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრა: 1. კონსერვატორული ათენის დემოსი გაათავისუფლა ძველი საგვარეულო ტრადიციებისაგან, რომელსაც წარჩინებულთა პოლიტიკური გავლენა ეყრდნობოდა; 2. აღმოფხვრა სხვადასხვა საგვარეულო კავშირებს შორის ხშირად წამოჭრილი შუღლი, რომელიც ათენის შიდა ერთიანობისათვის საფრთხეს წარმოადგენდა; 3. პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართო ისინი, ვინც ფრატრიებსა და ფილეებში არ იყო გაერთიანებული და შესაბამისად მოქალაქეობრივი უფლებებითაც არ სარგებლობდა;

კლისთენესმა შემოიღო ოსტრაკისმოსის ინსტიტუტი.

სოლონის რეფორმებმა წარჩინებულთა ეკონომიკური სიძლიერე შეარყია, კლისთენესისამ კი - პოლიტიკური. კლისთენესის რეფორმებმა ათენის დემოსი პოლიტიკურად გააძლიერა, სახალხო კრებაზე გამოთქმულმა დემოსის ნებამ კანონის მნიშვნელობა შეიძინა; ყველა საჯარო მოხელე (არქონები, სტრატეგოსები) აირჩა და ისინი ვალდებულნი იყვნენ ანგარიში ჩაებარებინათ ხალხისთვის, რომელსაც, თავის მხრივ, შეუფერებელი ქმედებისათვის შეეძლო დაესაჯა ისინი. კლისთენესის ბულე წინასწარ განიხილავდა წინადადებებსა და პროექტებს და შემდეგ წარუდგენდა სახალხო კრებას. ამიტომ სახალხო კრების დეკრეტები ასე იწყებოდა: - დაადგინა საბჭომ და ხალხმა - (έδοξεν τήι βουήι καί τώι δήμωι). ყველა მოქალაქეს შეეძლო ჰელიაიასთვის საჯარო მოხელეებზე საჩივრით მიემართა. სახალხო კრება, ბულე, ჰელიაია ის დემოკრატიული ორგანოები იყო, სადაც, არეოპაგისაგან განსხვავებით, ყველა მოქალაქისათვის გზა ხსნილი იყო.

კლისთენესის უმცროს თანამედროვეს, ბერძენ-სპარსელთა ომების გმირ თემისტოკლესს (დაახლ. ძვ. წ. 524-459 წწ.), ლამის დემოკრატიის „მამად“ იხსენიებენ. როგორც დემოკრატი, იგი გამოხატავდა მსხვილი ვაჭრების ინტერესებს და ათენის სავაჭრო ბაზრის გაფართობით იყო დაინტერესებული. იგი კარგად გრძნობდა სპარსეთის მხრიდან საშიშროებას და სამხედრო ფლოტის შექმნას ესწრაფვოდა. მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მსხვილი მიწათმოქმედები, პირველ რიგში, შიშობდნენ, რომ ფლოტის შექმნა დემოკრატებს გააძლიერებდათ და ამიტომ სახმელეთო ჯარის გაფართოებას მოითხოვდნენ. თემისტოკლესის პოლიტიკურმა რეფორმებმა (ძვ.წ. 487-486წწ.) ხელი შეუწყო ათენის სახელმწიფო წყობის შემდგომ დემოკრატიზაციას. მისი რეფორმით, არქონები წილისყრით უნდა აერჩიათ, მხედრებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეკავებინათ ეს თანამდებობები, სტრატეგოსების კოლეგია გათავისუფლდა არეოპაგის კონტროლისაგან, გაფართოვდა პირევსის პორტი, ლავრიონის ვერცხლის საბადოებიდან შემოსული შემოსავალი სამხედრო ფლოტის შექმნას მოხმარდა, რამაც საბოლოოდ დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

ათენის სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის შემდგომი დემოკრატიზაცია დაკავშირებული იყო ეფიალტესისა და პერიკლეს სახელებთან. ეფიალტესი სახელმწიფო წყობის შემდგომი დემოკრატიზაციის მომხრე იყო და არისტოკრატიის დასაყრდენის - არეოპაგის პოლიტიკური მნიშვნელობის გაუქმებას მოითხოვდა.

ეფიალტესმა ძვ. წ. 462 წ-ს გაატარა არეოპაგის რეფორმა, რომლითაც ამ უკანასკნელმა ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა დაკარგა. მისი პრივილეგიები გადაეცა ბულეს, ნაწილობრივ სახალხო კრებას და სასამართლოებს (იხ. დიკასტერიონი). მას ჩამოერთვა „კანონების დამცველის“ - νομοφυλακία-ს ფუნქცია და იგი სახალხო კრებამ ბულეს მიანიჭა. ამიერიდან სწორედ ეს ინსტიტუტი ზრუნავდა კანონების დაცვაზე. არეოპაგი გადაიქცა სასამართლოდ, რომელშიც სისხლის სამართლის საქმეთა გარკვეული ნაწილი - უმთავრესად მკვლელობის საქმეები და სხვა საქმეები (მაგ., მკრეხელობასთან დაკავშირებული საქმეები) განიხილებოდა. შესაბამისად, შეიზღუდა მისი იურისდიქციაც. რეფორმამდე არეოპაგის (კონსერვატორული გავლენის ცენტრი) ფუნქცია თანამდებობის პირების სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მათი ანგარიშების მოსმენა გახლდათ. ეფიალტესმა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით გაართულა ანგარიშის ჩაბარების სისტემა, გახადა იგი უფრო ღია და დემოსს თანამდებობის პირების მოქმედებაზე კონტროლის საშუალება მისცა.

ეფიალტესის რეფორმით, მაგისტრატებს უნდა წარმოედგინათ ანგარიში 10 ლოგისტისათვის, რომლებიც ხუთასთა საბჭოს წევრებიდან ირჩეოდნენ. ლოგისტების მთავარი ფუნქცია ევთინეს ჩატარება იყო. ევთინოსებთან (ამ საქმისთვის განკუთვნილ სპეციალურ მოხელეებთან) ერთად ისინი შეისწავლიდნენ სახელმწიფო თანხების განკარგვასთან დაკავშირებულ ყველა მაგისტრატის ანგარიშებს და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მაგისტრატის საქმეს განსახილველად სასამართლოს გადასცემდნენ.

ეფიალტესმა დააწესა ყველა დოკუმენტის (დეკრეტები, დადგენილებები) აგორაზე საჯაროდ გამოდგმა, რაც ასევე დემოკრატიზაციის განვითარებას უწყობდა ხელს.

ეფიალტესის საქმე პერიკლემ გააგრძელა. პერიკლეს მიზანი დემოკრატიის განმტკიცება, საშუალო ფენისათვის დიდად მომგებიანი ათენის საზღვაო ძლიერების გაზრდა და სავაჭრო კავშირების გაფართოება, ათენის კულტურულ ცენტრად გადაქცევა იყო.

მისი მცდელობით უზენაესი ძალაუფლება მიენიჭა სახალხო კრებას, რომელსაც ყველა სხვა ორგანო ემორჩილებოდა; სამართალს განაგებდა მოქალაქეთაგან კენჭისყრით არჩეული მსაჯულების - დიკასტესების სასამართლო, რომლის წევრები ყოველდღიურად სამსახურისთვის გასამრჯელოს იღებდნენ.

წილისყრით (ნაცვლად ოდინდელი ხმის მიცემისა) ირჩეოდნენ მაღალი თანამდებობის პირნიც, რომელთაც არჩევის შემდეგ ენიშნებოდა ხელფასი სახელმწიფო ხაზინიდან, რაც უღარიბეს მოქალაქეებსაც კი რეალური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობას აძლევდა.

პერიკლეს რეფორმები თავისუფალ მოქალაქეებს შორის (მათ რიცხვში არ შედიოდნენ მონები, ქალები) ძალაუფლების თანაბარ განაწილებას გულისხმობდა.

ათენის დემოკრატია მოქალაქეების მონაწილეობისთვის სახელმწიფო საქმეებში ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა, ღარიბები საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობისათვის სახელმწიფო ხაზინიდან გასამრჯელოს იღებდნენ.

არისტოტელე პერიკლეს ორ მნიშვნელოვან კანონს აღნიშნავს: პერიკლეს მოქალაქეობის კანონსა და მოსამართლეებისათვის ხელფასის დაწესებას. ამ სიახლით - მოსამართლეებისთვის ჯამაგირის დანიშვნით პერიკლემ გზა გაუხსნა ბევრ ათენელს, მათ შორის უქონლებსაც, მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო საქმეებში.

პერიკლეს მოქალაქეობის ახალი კანონით პიროვნება მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა ათენელ მოქალაქედ, თუ მას მამაც და დედაც ათენელი მოქალაქე ეყოლებოდა. კანონის მიღებამდე უცხოელი ცოლის ყოლა ათენელისთვის არც თუ იშვიათი იყო. პერიკლეს კანონის შემდეგ სიტუაცია ძირეულად შეიცვალა. არამოქალაქე ქალისაგან გაჩენილი შვილი ათენელად აღარ ითვლებოდა და იგი არამოქალაქე - ξένος - ხდებოდა.

არისტოტელეს თქმით, ამ კანონის მიღების მიზეზი იყო დიდად გაზრდილი მოქალაქეთა საზოგადოება, მაშინ როცა მოქალაქეობას ყოველთვის განიხილავდნენ როგორც სახელმწიფო ორგანიზმის წარმატებული ფუნქციონირების პირობას. შესაბამისად, პერიკლეს სამოქალაქო რეფორმა მიზნად ისახავდა ყველაზე ოპტიმალური რაოდენობის სამოქალაქო კოლექტივის ფორმირებას, რაშიც ათენის დემოსი იყო დაინტერესებული.

პერიკლეს მმართველობისას ძალაუფლების უფრო მკვეთრი გამიჯვნა მოხდა: საკანონმდებლო ხელისუფლება გადაეცა სახალხო კრებას, აღმასრულებელი - 500-თა საბჭოსა და მაგისტრატებს, სასამართლო - დიკასტერიონს.

დემოკრატიის ყოვლადძლიერება აბსოლუტურად იქცა. კანონმდებელი უმრავლესობის სახით კანონზე მაღლა დადგა და შეეცადა თავისი გადაწყვეტილებებით, რომლებსაც დემოსი სავაჭრო მოედანზე იღებდა, სამხედრო მოქმედებები ემართა, ბრძოლებში დამარცხებისათვის სიკვდილი მიესაჯა მხედართმთავრებისათვის.

გახშირდა ღარიბების შურისგება მდიდრებზე, სხვაგვარად მოაზროვნეების დევნა. ანტიდემოკრატიულობაში მსჯავრდადებულმა სოკრატემ შხამი დალია, პერიკლე სიცოცხლის ბოლო წლებში მსჯავრდადებული იყო, ფიდიასი სიკვდილს ციხეში შეხვდა და ა.შ.

უმრავლესობის ყოვლადძლიერება ათენის დემოკრატიას ძლიერ დესპოტურ და ტოტალიტალურ ტენდენციებიან მმართველობად აქცევდა. არაეფექტური მმართველობა, კორუფცია, ძალადობრივი დამოკიდებულება უმცირესობის მიმართ, არაათენელების მოქალაქეთა სიიდან ამორიცხვა, დემოკრატიისადმი უნდობლობასა და პოლიტიკური ოპოზიციის ბანაკს აძლიერებდა. ძალაუფლებისათვის ბრძოლამ აიძულა ათენელები ძვ. წ. 410 წ-ს დემოკრატიის მტრებისთვის სიკვდილის მისჯისა და ქონების ჩამორთმევის კანონი მიეღოთ.

მაგრამ დემოკრატიის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ძვ. წ. 411 წ-ს ოლიგარქიულმა გადატრიალებამ ათენის მმართველობის დემოკრატიული ფორმების თანდათანობით მოსპობას დაუდო დასაბამი.

ბერძნულმა დემოკრატიამ დიდხანს ვერ იარსება, გაუთავებელმა ომებმა ძალა გამოაცალა პოლისებს და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ ის თანდათანობით გაქრა.

სპარტას მთელი ელადისაგან განსხვავებული სახელმწიფო სისტემა ჰქონდა - არისტოკრატული და სახალხო მმართველობის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც აგვარებდა სპარტის საზოგადოების ყველა ინტერესს და ამასთანავე ეს საზოგადოება მკაცრ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა.

ძვ. წ. VI ს-ში სპარტაში სოციალურმა მდგომარეობამ მაქსიმალურ დაძაბულობას მიაღწია, გაიზარდა დემოკრატიული მოძრაობა, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა სპარტიატების (სპარტელი მებრძოლი მიწათმფლობელები, რომელთა მიწებს სპარტელების მიერ დამორჩილებული ლაკონიისა და მესენიის მცხოვრებნი - ჰელოტები ამუშავებდნენ) საყოველთაო პოლიტიკური და ქონებრივი თანასწორობა იყო. ლიკურგოსმა გაატარა რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა სპარტის საზოგადოების ერთიანობას.

სპარტის წინამდებარე კანონებიდან მან მარტო ორმეფობა (ისიც ომიანობისას) დატოვა.

მან დააწესა უხუცესთა 30 კაციანი საბჭო - გერუსია, რომელიც ყველა საქმეს წყვეტდა, მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტისას სამეფო ძალაუფლებასთან ერთად საბჭოს თანაბარი ხმის უფლება ჰქონდა.

ლიკურგოსმა ყოველთვიური სახალხო კრება - აპელა შექმნა ყველა 30 წელს გადაცილებული მამაკაცისგან, რომელსაც უფლება ჰქონდა მიეღო ან უარეყო გერუსიის გადაწყვეტილება (თუმცა გერუსიას არასახარბიელო გადაწყვეტილების მიღებისას შეეძლო დაეშალა აპელა), აერჩია გერონები (უხუცესები) და სხვა თანამდებობების წევრები. თავის ნებას აპელა ხმაურიანი მხარდაჭერით გამოხატავდა.

ლიკურგოსმა გაატარა უმნიშვნელოვანესი აგრარული რეფორმა, მთელი მიწა დაყო და თითოეულმა ოჯახმა (9 ან 10 ათასმა) თანაბარი წილი მიიღო, რასაც არა მარტო სოციალური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. ლიკურგოსმა ამით „თანასწორების“ საზოგადოების მატერიალური საფუძველი შექმნა. უთანასწორობის მოსასპობად მან კერძო საკუთრებაც გადაანაწილა, რის შედეგადაც სპარტაში ქურდობა აღარ იყო.

აგრარულ რეფორმასთან მჭიდრო კავშირში იყო ფულის რეფორმა, რომლითაც ლიკურგოსმა ოქროსა და ვერცხლის მონეტა აკრძალა და მათ ნაცვლად რკინის ფული შემოიღო. რკინის ფული სინამდვილეში წინასწარ ძმარში ჩამბალი ყოვლად გამოუსადეგარი რკინის წკნელები იყო. რკინის ფულის შემოღებამ სხვა ბერძნულ პოლისებთან ყოველგვარი ურთიერთობის შეწყვეტა გამოიწვია, ეს ფული არავის სჭირდებოდა. მაგრამ ამ ფულის რეფორმამ მიზანს მიაღწია: სპარტაში ქონებრივ და სოციალურ ფენებად დაყოფა შეწყდა.

ლიკურგოსმა თანასწორობა ქორწინებაზეც გაავრცელა. ქალები კაცებს სპორტსა და სამხედრო საქმეში თითქმის გაუტოლდნენ. ლიკურგოსმა არაქორწინებითი კავშირებიც წაახალისა.

თანასწორობისთვის შემოიღო ლიკურგოსმა საერთო სადილი (სისიტიები) უბრალო საჭმელითა და ჭურჭლით, რისთვისაც სპარტელებს მცირე საზღაური უნდა შეეტანათ. სპარტელები ერთად სადილობდნენ, საუბრობდნენ და თვალყურს ადევნებდნენ, რომ არავინ ყოფილიყო გამორჩეული საკვებით, ტანსაცმლით, ულვაშით, წვერითა და ა.შ. ამ კონტროლს უნდა უზრუნველეყო „თანასწორების“ საზოგადოების ერთიანობა.

ლიკურგოსმა შემოიტანა ასევე ყმაწვილების თანასწორი, აუცილებელი და მკაცრი აღზრდა და სწავლება, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ფიზიკური მომზადება და სამხედრო საქმე იყო. სახელმწიფომ ყველა ბავშვის აღზრდა იდო თავს. ბავშვების აღზრდა მიზნად ისახავდა, სპარტიატებისაგან ძლიერი მეომრები გაეზარდა.

ლიკურგოსმა აკრძალა ხელოსნობა, ხელოვნება, მიწათმოქმედება, ვაჭრობა; არავის ჰქონდა უფლება ეცხოვრა ისე, როგორც სურდა; ყველა ემორჩილებოდა კანონებს და სახელმწიფოსთვის იმ სასარგებლო საქმეებს აკეთებდა, რომლებიც მათ ჰქონდათ დაწესებული.

ლიკურგოსს მიეწერება ფუფუნების წინააღმდეგ სხვადასხვა ზომის მიღება.

სპარტული ცხოვრების წესს ბევრი აკრძალვა ჰქონდა უცხოელებთან ურთიერთობისას, მათი ლაპარაკიც კი ლაკონიური უნდა ყოფილიყო.

ლიკურგოსის გატარებული რეფორმები მიზნად ისახავდა სპარტული საზოგადოების დემოკრატიზაციას და მთელი სახელმწიფოს გადაქცევას სამხედრო ბანაკად, რომელსაც შეეძლებოდა ჰელოტების ამბოხების საშიშროებას აღდგომოდა წინ.

ლიკურგოსის რეფორმების შედეგი სპარტისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

დემოკრატიის განვითარება სპარტაში შეუძლებელი გახდა, რადგან ლიკურგოსის რეფორმები თანასწორობასა და მათ უცვლელად შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. აქ არ ვითარდებოდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები და ასევე ვაჭარ-ხელოსანთა ფენაც, რომელიც ის-ის იყო იწყებდა ფორმირებას. შესაბამისად, სპარტა ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე უფრო ჩამორჩენილ სახელმწიფოდ იქცა. დემოკრატიულმა ჩანასახებმა მილიტარიზმის, მკაცრი სამხედრო დისციპლინისა და სუბორდინაციის პირობებში განვითარება ვერ მოახერხეს.

რომი

ძველ რომში ძალაუფლება გადანაწილებული იყო სამეფო ხელისუფლებასა და სენატს (საგვარეულო დიდებულები) შორის. თავისთავად ძველ რომში (მეფეების ხანაში) სენატის არსებობა დემოკრატიის დასაწყისად შეიძლება მივიჩნიოთ.

მეექვსე მეფემ სერვიუს ტულიუსმა კი, რომელიც ბერძენი სოლონის მსგავს პოლიტიკას ეწეოდა, შეზღუდა რომის მმართველი სახლების (გვარების) ძალაუფლება და ზოგიერთი პოლიტიკური უფლება პლებსს მიანიჭა. სერვიუსის კანონმდებლობით, მოქალაქეები ქონებრივი ცენზის მიხედვით დაიყო. გაირკვა, რომ რომში იარაღის მატარებელი 25 000 მოქალაქე ცხოვრობდა. მოქალაქეებს შორის მოვალეობების თანაბარი განაწილებისათვის სერვიუს ტულიუსმა რომის საზოგადოებაში პლებსი შეიყვანა. მან რომის მთელი მოსახლეობა სოლონის მსგავსად ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით 5 ქონებრივ კლასად დაყო, რომელშიც გაერთიანდა 170 ცენტურია (centuriae peditum - ქვეითთა ცენტურიები), ამ 170 ცენტურიას წინ უსწრებდა მხედართა 18 ცენტურია (centuriae equitum). მათ ემატებოდა ხელოსნების 4 ცენტურია. სულ 192 ცენტურია, რომელთაც კომიციებში დაემატა 193-ე.

I კლასი - მოქალაქეთა ქონება შეადგენდა 100 000 ასს (რომაული ფულის ერთეული) და მას უნდა გამოეყვანა 80 ცენტურია;

II კლასი - ქონება - 75 000 ასი, უნდა გამოეყვანა 22 ცენტურია;

III კლასი - ქონება - 50 000 ასი, უნდა გამოეყვანა 20 ცენტურია;

IV კლასი - ქონება - 25 000 ასი, უნდა გამოეყვანა 22 ცენტურია;

V კლასი - ქონება - 11 000 ასი, უნდა გამოეყვანა 30 ცენტურია;

VI კლასში ირიცხებოდნენ ცხენოსნები, რომლებსაც 18 ცენტურია უნდა გამოეყვანათ. გარდა ამისა, დაარსდა 5 ცენტურია - 2 მუსიკოსების, 2 ხელოსნების და 1 ცენტურია უნდა გამოეყვანა იმ ხალხს, რომელსაც არ ჰქონდა იმდენი ქონება (11000 ასი), რომ V კლასში ჩარიცხულიყო. ამ ცენტურიას ეწოდებოდა პროლეტარების ცენტურია. ამა თუ იმ კლასში გაერთიანება თავდაპირველად საკუთრებაში არსებული მიწის ფართობს უკავშირდებოდა (არა უმცირეს 20, 15, 10, 5 ან 2 იუგერისა), აპიუს კლავდიუსიდან მოყოლებული კი - ქონების ღირებულებას ასებში. განსაკუთრებით გავლენიანი იყო 1 კლასის 18 ცენტურია და 2 კლასის 18 ცენტურია: ისეთ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკითხზე ისინი ერთნაირ ხმებს აძლევდნენ, სხვა ცენტურიათა აზრს არ იზიარებდნენ. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ პროლეტარები და ღარიბები გამოყოფილნი იყვნენ ცალკე მე-6 კლასში, ქმნიდნენ 1 ცენტურიას ხმის მიცემის უფლების გარეშე და სამსახურიც არ ევალებოდათ. ამრიგად, შეიქმნა მდიდარი არისტოკრატია გვაროვნული არისტოკრატიის ნაცვლად და გვაროვნული ტრიბები ტერიტორიულით შეიცვალა.

პატრიციებს, ბუნებრივია, ეს არ მოეწონათ, შეთქმულება მოაწყვეს მის წინააღმდეგ და მოკლეს.

სერვიუს ტულიუსს მიეწერება ფულის რეფორმაც, მან პირველმა მოჭრა ვერცხლის მონეტა.

სერვიუს ტულიუსი საზოგადოების კეთილდღეობისათვის ზრუნავდა: იგი ათენელი სოლონივით უპოვრებს მონობიდან, კლიენტებს პატრონების დამოკიდებულებიდან იხსნიდა და ათავისუფლებდა. ამიტომაც სერვიუს ტულიუსს „სახალხო“ მეფედ მიიჩნევდნენ.

სენატის წინააღმდეგ ბრძოლასა და მოქალაქეების დემოკრატიული უფლებების გაფართოებისათვის მნიშვნელოვანი იყო სახალხო ტრიბუნ გაიუს ლიცინიუს სტოლონის (ძვ. წ. 376-367 წწ.) რეფორმები. იგი იბრძოდა პლებსის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის, ცდილობდა პლებსისთვის პატრიციების თანაბარი უფლებები მიენიჭებინათ. სენატი წინააღმდეგი იყო მისი რეფორმისა, მაგრამ იძულებული იყო დაეთმო, რის შედეგადაც გავიდა კანონი - lex Liciniae Sestiae, რომელიც ძალიან ხელსაყრელი იყო მოვალეებისათვის და ზღუდავდა მდიდართა უფლებებს ager publicus-თან მიმართებაში. ათწლიანი ბრძოლის შემდეგ ძვ. წ. 366 წ-ს მიღწეულ იქნა კომპრომისი, რომლის მიხედვითაც, პლებეებს მიეცათ უფლება კენჭი ეყარათ კონსულის თანამდებობის არჩევნებში. ძვ. წ. 364 წ-ს ლიცინიუსი აირჩიეს კონსულად, მეორედ - ძვ. წ. 361 წ-ს. ის პატრიციები, რომელთაც სძულდათ ლიცინიუსი თავისი კანონებისა და მოღვაწეობის გამო, დაუპირისპირდნენ მას და დაადანაშაულეს თავისივე კანონის (აგრარული კანონი, რომლის მიხედვითაც, 500 იუგერზე მეტი მიწის ფლობა აკრძალული იყო. ლიცინიუსის მიწა 1000 იუგერს შეადგენდა) დარღვევაში, რის გამოც ძვ. წ 357 წ-ს მას ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

რომის ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა და რეფორმატორებმა, ტიბერიუს და გაიუს გრაკქუსებმა დიდი წვლილი შეიტანეს რომაული საზოგადოების დემოკრატიზაციის საქმეში.

ტიბერიუს გრაკქუსმა (ძვ. წ. 162 - 133 წწ.), ძვ. წ. 133 წ-ს სახალხო ტრიბუნად არჩეულმა, გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობა (თავისუფალი გლეხების უკიდურესი სიღარიბე, მიწის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების რიცხვის კატასტროფული ზრდა, დიდ ლატიფუნდიებში მონათა სიჭარბე, დასუსტებული არმია) და შემოიტანა უძველესი აგრარული კანონის აღდგენის კანონპროექტი. ტიბერიუსის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი უკრძალავდა მოქალაქეს ager publicus-იდან მიეღო 500 იუგერზე მეტი მიწის ფართობი. იმისათვის, რომ გამოეთავისუფლებინათ გლეხებისათვის მიწები, რეფორმა ითვალისწინებდა მფლობელისათვის დადგენილ ნორმაზე მეტი მიწის ჩამორთმევას და ღარიბი და მიწის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისათვის არენდის უმნიშვნელო საფასურად მის გადანაწილებას. არენდა მემკვიდრეობით გადაცემას ითვალისწინებდა. ტიბერიუსმა კანონპროექტი შეათანხმა იმ ლატიფუნდისტებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ მეურნეობის ინტენსიური განვითარების გეგმას. სენატის უმრავლესობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია რეფორმას. ტიბერიუსს მხარი არ დაუჭირა მისმა კოლეგამ ტრიბუნატში და კანონპროექტს ვეტო დაადო. ტიბერიუსმა თავის კოლეგას ამ სიტყვებით მიმართა: „ვინც დემოკრატიას ამხობს, ის ტრიბუნი აღარ არის. გადაწყვიტეთ, შეუძლია თუ არა მარკუს ოქტავიუსს ეკავოს ტრიბუნის თანამდებობა, როცა იგი ეწინააღმდეგება კანონს, რომლითაც რომაელი ხალხი მიიღებს ჭერს, პურსა და სამუშაოს.“ თავად ტიბერიუსი კი მთელი ცხოვრება ცდილობდა პლებსის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომის მმართველობის დემოკრატიზაციას და კიდეც შეეწირა ამ საქმეს. სახალხო კრებაზე კენჭისყრის შემდეგ ტიბერიუსს ძალაუფლება ჩამოართვეს (პირველად რომის ისტორიაში). შეიქმნა სამი კაცისაგან შემდგარი კომისია, რომელსაც მიწები უნდა გადაენაწილებინა. იმისათვის, რომ დაწყებული რეფორმა ბოლომდე მიეყვანა (სასამართლო რეფორმა, სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება) ტიბერიუსმა სახალხო ტრიბუნის თანამდებობაზე მეორედ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა. არჩევნების დღეს სენატმა მის წინააღმდეგ გამოიტანა consultum ultimum (საგანგებო მდგომარეობა). თავის მომხრეებთან ერთად ტიბერიუსი მოკლეს სენატორებმა, რომელთაც პონტიფექსი კორნელიუს სციპიონი ნაზიკა ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიბერიუსის რეფორმა ძალაში დარჩა, პრაქტიკაში მისი გატარება ძალიან გართულდა. გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი, ტიბერიუს გრაკქუსის ძმა ძვ. წ. 123 და 122 წწ-ში არჩეული იყო სახალხო ტრიბუნად იმისთვის, რომ ძმის დაწყებული რეფორმა გაეგრძელებინა. გრაკქუსი გაიუს სემპრონიუსი მიწების განაწილების საკითხებით დაინტერესდა და თავისუფალი მოქალაქეების მხარდაჭერის ძიებას შეუდგა. გაიუს გრაკქუსმა გაითვალისწინა უფროსი ძმის გამოცდილება. მიწის ახალი გადანაწილებისათვის იგი შეეცადა არა მხოლოდ გლეხებს, არამედ მხედრებსა და მიწათმოქმედებს, რომლებიც სახელმწიფოს მართვაში არ მონაწილეობდნენ და ასევე მოსახლეობის დაბალ ფენებს დაყრდნობოდა. გაიუსის მნიშვნელოვანი კანონები არისტოკრატების წინააღმდეგ მოსახლეობის ყველა კლასის გაერთიანებას ცდილობდა:

1) პურის კანონი (lex frumentaria), იაფი პურის გაყიდვა რომის ღარიბი მოსახლეობისათვის. პურის კანონის მნიშვნელობა დიდი იყო. ამ კანონით რომში პირველად შეტანილი იქნა ფასების რეგულირება, რომელმაც უღარიბესი ფენების მდგომარეობა შეამსუბუქა. ამ კანონმა რომში შეიტანა ანტიკური პოლისის ძირითადი პრინციპი - კოლექტიური სახელმწიფო საკუთრების პრინციპი, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრს სახელმწიფოს შემოსავლიდან უნდა ჰქონოდა თავისი წილი. პურის კანონმა პლებსი მის მხარეზე გადაიყვანა;

2) გზების კანონი (lex viaria) წვრილი მიწისმფლობელების, რომლებიც ტიბერიუს გრაკქუსის აგრარულმა კანონმა წარმოშვა, დასაკავშირებლად. მოსახერხებელი გზების მოწყობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გლეხებისა და მხედრებისათვისაც. გაღარიბებული სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიიღო სამუშაო და შესაბამისად, ცხოვრების საშუალებებიც;

3) სასამართლო კანონი (lex iudiciaria), რომლის მიხედვითაც მოსამართლეთა სიაში, რომელშიც ადრე მხოლოდ სენატორები შედიოდნენ, ახლა ასევე ჩართული იყო იმდენივე მხედარი, რამდენიც სენატორი იყო. ძვ. წ. III ს-დან მხედრები გადაიქცნენ სენატორების შემდეგ მეორე ფენად. მხედრები ფლობდნენ მიწის დიდ ნაკვეთებს, ჰქონდათ მაღალი ქონებრივი ცენზი, თუმცა მხედრების პოლიტიკური გავლენა პატრიციებისაზე ბევრად უფრო სუსტი იყო.

გაიუს გრაკქუსის რეფორმების წყალობით მხედრები პროვინციებში გამოძალვის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლოებს ხელმძღვანელობდნენ. ეს მათ პროვინციების ნაცვლებზე მეტ ძალაუფლებას აძლევდა. სასამართლოს მხედრების ხელში გადასვლით გაიუსმა რეალური კონტროლი დააწესა ნაცვლების საქმიანობაზე, რამაც ნობილიტეტს მძიმე დარტყმა მიაყენა და შესაბამისად, გააძლიერა რომის დემოკრატია;

4. სამხედრო კანონმა (lex militaris) ღარიბებს გაუადვილა სამხედრო სამსახური. კანონი კრძალავდა ჩვიდმეტ წლამდე მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევას, ასევე სახელმწიფოს ხარჯზე მეომრების ჩაცმა-დახურვას;

5. კანონი საკონსულო პროვინციებზე (lex de provinciis consularibus) აწესებდა პროვინციების კონსულებს შორის განაწილების უფრო დემოკრატიულ წესს პროვინციები კონსულების არჩევამდე უნდა ყოფილიყო განსაზღვრული და არა კონსულების არჩევის შემდეგ სენატის მიერ განაწილებული „თავისიანების“ სასიკეთოდ;

6. სამხრეთ იტალიაში ახალი სამიწათმოქმედო კოლონიების დაარსება (lex de coloniis deducendis). გლეხებს შორის საზოგადოებრივი მიწის განაწილების შემდეგ იტალიაში მიწის მარაგი შემცირდა. დღის წესრიგში დადგა ახალი მიწების საკითხი. იტალიის გარეთ რომაული კოლონიების დაარსება ხელს შეუწყობდა გლეხების ნაწილს, მიეღო მიწა და გაეუმჯობესებინა თავისი მდგომარეობა. როგორც ჩანს, ამ კოლონიებს სავაჭრო-სამრეწველო ცენტრების ფუნქციაც უნდა შეეთავსებინათ და შესაბამისად, ქალაქური დემოკრატიაც გაეფართოებინა;

გაიუსის წინადადებამ - რომის მოქალაქის უფლებების გავრცელება მოკავშირეებზე - მას ბევრი თანამზრახველი ჩამოაშორა. რომის პლებსს ესმოდა, რომ რაც უფრო მეტი მოქალაქე იქნებოდა, განაწილებისას მით უფრო ნაკლები შეხვდებოდა. ოპტიმატები ოპოზიციაში ჩაუდგნენ გაიუს გრაკქუსს და ცდილობდნენ ყველა საშუალების გამოყენებით ხელი შეეშალათ მისი კიდევ ერთხელ ტრიბუნად არჩევისათვის. წინააღმდეგობის სხვა ხერხებს შორის გამოიყენეს მარკუს დრუზუსის დემაგოგიური კანონებიც. ძვ. წ. 121 წ-ს გაიუს გრაკქუსი ტრიბუნად (tribunus plebis) აღარ აირჩიეს. იგი თავის მომხრეებთან ერთად წავიდა ავენტინუსზე და იქ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გაიუს გრაკქუსის რეფორმები არისტოკრატიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ძმებმა გრაკქუსებმა დიდი გავლენა მოახდინეს რომის ისტორიაზე, ხოლო მათ მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო სახელმწიფო მიწების განაწილებას, გზების მოწყობას, კოლონიების გაყვანას, კერძო საკუთრების, ფულადი მეურნეობისა და ვაჭრობის განვითარებას.

ძმების მოღვაწეობის შედეგად დადგა საკითხი იტალიკების ჩართვისა რომის მოქალაქეების შემადგენლობაში და დაისახა გზები მათ გადასაჭრელად.

ძმების რეფორმებმა მხედრები ნობილიტეტიდან საბოლოოდ გამოარჩია და მათ პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერე მოუტანა. გრაკქუსებმა ადმინისტრაციული და კონსტიტუციური რეფორმებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რომის სახელმწიფო აპარატის გაუმჯობესებაში. მათი მოღვაწეობის პერიოდში რომის დემოკრატიამ აყვავებას მიაღწია. აპიანეს აზრით, გრაკქუსების აგრარულმა რეფორმამ გამოიწვია სამოქალაქო ომები.

სახალხო ტრიბუნმა ლივიუს დრუზუსმა (ძვ. წ. 91 წ.) განაახლა გრაკქუსების კანონწინადადებები, რომლებიც შეეხებოდა მინდვრების განაწილებას, პურის დარიგებასა და ა.შ.; წამოაყენა წინადადება, სამართალწარმოება ჩამოერთმიათ მხედრების ფენისათვის და კვლავ გადაეცათ სენატისათვის, რომელსაც 300 მხედრის შეყვანით გაადიდებდნენ, ასევე მოკავშირეებისათვის მიეცათ რომის მოქალაქეობის უფლება. სასამართლოს გარდაქმნით ლივიუს დრუზუსმა აიმხედრა მხედრების ფენა, ბევრი სენატორიც უკმაყოფილო იყო რეფორმით, ხოლო წინადადებით - მიეცათ რომის მოქალაქეობის უფლება მოკავშირეებისათვის - მან ყველა პარტია გადაიმტერა. ხალხის კეთილგანწყობის გამო დიდი გავლენის მქონე ლივიუს დრუზუსმა პურის დარიგებისა და კოლონიების დაარსების წინადადება გაატარა, მაგრამ იტალიკი მოკავშირეებისათვის რომის მოქალაქეობის უფლების მიცემამ იგი დაღუპა (საკუთარ სახლში მოკლეს). მისი კანონები გააუქმეს, იტალიკმა მოკავშირეებმა კი ომი დაიწყეს.

რომში არისტოკრატული ოჯახების მხრიდან ოპოზიციის ზრდამ სამეფო ხელისუფლება მოსპო. რომში რესპუბლიკური წყობა და სახელმწიფოს ორგანიზაციის პოლისური სისტემა დამყარდა. მაგრამ ადრერესპუბლიკურ პერიოდში პოლისისთვის დამახასიათებელია დემოკრატიული პოტენციალი, რომელიც უშუალო დემოკრატიის ელემენტებს (სახალხო კრება) გულისხმობდა, სრულად ვერ განვითარდა. პოლიტიკურად გამოუცდელმა ხალხმა ყველა ანტიკურ პოლისში პრაქტიკულად მმართველობა გვაროვნულ, ქურუმთა და ახალგამდიდრებულ არისტოკრატიას დაუთმო.

პოლიტიკური ცხოვრების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესს ანტიკურ ქალაქ-სახელმწიფოებში არისტოკრატიასა (რომელიც ცდილობდა პოლისის ძველი წესები დაეკონსერვებინა) და დემოსს (რომელიც სულ უფრო და უფრო აცნობიერებდა თავის მოქალაქეობრივ ერთიანობას) შორის ბრძოლის გამძაფრება სდევდა თან. ამ ბრძოლის (ევპატრიდებისა და დემოსის ათენში; პატრიციებისა და პლებსის რომში) შედეგი იყო საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც სახელმწიფო ორგანოებში არისტოკრატიის მონოპოლიას უთხრიდა ძირს და საფუძველს ქმნიდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისათვის.

ძველი საბერძნეთის და ძველი რომის პოლიტიკურ წყობაში პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო „სახალხო მმართველობა“, საბერძნეთში - დემოკრატია, რომში - რესპუბლიკა.

საქართველოში, რასაკვირველია, მსგავსი მოვლენა არც იყო და არც შეიძლება ყოფილიყო მონარქიის პირობებში, მაგრამ მეტ-ნაკლებად ხალხის გარკვეული რაოდენობის მონაწილეობა ამა თუ იმ ფორმით მმართველობაში, ძველის შეცვლა და უფრო პროგრესული მმართველობის ფორმების შემოღება მეფე-რეფორმატორების დროსაც შეინიშნება.

ასე მაგ., ქართლის მეფემ, ვახტანგ I გორგასალმა (442 - 502 წწ.) ეკლესიის რეორგანიზაცია ჩაატარა. მეფის სურვილს, წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში, წინ აღუდგა მთავარეპისკოპოსი მიქაელი. მან მეფეს ცილი დასწამა, თითქოს იგი უარყოფდა ქრისტიანობას და ცეცხლთაყვანისმცემლობას აღიარებდა. მეფემ კონსტანტინოპოლის პატრიარქს სთხოვა, ქართლში პეტრე კათოლიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი გამოეგზავნა. ანტიოქიის პატრიარქის კურთხევით, ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. შესაბამისად, ქართლის ეკლესიის მეთაურად ეპისკოპოსის ნაცვლად კათოლიკოსი დააწესა, ეკლესია სამეფო კარს დაუქვემდებარა, გააძლიერა კავშირი კონსტანტინოპოლთან (შესაბამისად ევროპასთან), რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ირანის წინააღმდეგ მომავალი ბრძოლისათვის, შეცვალა ზოგიერთი ძველი ეპისკოპოსიც.

კათოლიკოსობის დაწესება, თავის მხრივ, ნიშნავდა ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მოპოვებას, რაც უდიდესი მოვლენა იყო ქართველი ერის ისტორიაში.

კათალიკოსობის დაწესებით ვახტანგ მეფე რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობდა. უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის თვითმწყსობა, ცხადია, აძლიერებდა ქვეყნის დამოუკიდებლობას. შემდეგ, სამეფო ხელისუფლება, უეჭველია, მეტ გავლენას იძენდა მღვდელმთავარზე, რომლის არჩევაში მეფეს მეტი ხმა ეძლეოდა.

ეკლესიის რეორგანიზაცია ვახტანგმა გარეგნულად დოგმატიკურ საკითხებთანაც დააკავშირა. ეს რეორგანიზაცია უფრო პოლიტიკური ხასიათისა უნდა ყოფილიყო, ვიდრე წმინდა საეკლესიო.

ბევრად დიდ რეფორმატორად წარმოგვიდგება მეფე დავით IV, დავით აღმაშენებელი (1073-1125 წწ.), მან სახელმწიფოს დამცველი ძალის მქონე მრავალი სტრუქტურა შექმნა და აამოქმედა. ადმინისტრაციული რეფორმა გამოიხატა ბიუროკრატიული აპარატის რეორგანიზაციით, ვეზირთა ინსტიტუტის მნიშვნელობის გაზრდით. საქართველოს გაერთიანებისა და ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნასთან ერთად დაიწყო სახელმწიფო მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება - შეიქმნა ვეზირის ინსტიტუტი. მმართველობის ცენტრალიზაციის მიზნით დავით აღმაშენებელმა ძირითადი უწყებები (საშინაო, ფინანსთა, სამხედრო) გამოყო სხვა დარგებისაგან და ისინი უშუალოდ მეფის ვეზირს, მწიგნობართუხუცესჭყონდიდელს დაუქვემდებარა. მათი მეთაურები კი (მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, ამირსპასალარი, მსახურთუხუცესი და ა.შ.) წინ წამოსწია სხვა „უხუცესებთან“ შედარებით და მათ გარკვეული უწყება ჩააბარა.

განახორციელა სასამართლო რეფორმა - ე.წ. „სააჯო კარში“ - უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში დავით აღმაშენებლამდე სამართალს მეფე სჯიდა, მან კი „სააჯო კარში“ სამი მოსამართლე დასვა: მწიგნობართუხუცესი, (უფროსი) საწოლისა და ზარდახნის მწიგნობარნი (იხ. ზარდახანა). ეს სამეული სასამართლოში შემოსულ საქმეებს იძიებდა. „სააჯო კარის“ მიზანი მომჩივანთა, დაჭირვებულთა და მიმძლავრებულთა განკითხვა და კურნება იყო. სასამართლო რომ მართვა-გამგეობისაგან განცალკევებული გახდა და განსაკუთრებულ დაწესებულებად იქცა, ეს ქართული სამართლის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

რეფორმატორი მეფის ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად მიჩნეულია საგარეო და შინაგანი დაზვერვის დიდად ეფექტური სამსახურის, ე.წ. მსტოვართა ინსტიტუტის შექმნა, რომელიც (დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახური) სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტად იქცა.

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. ძლიერი საერისთავოს გაუქმებით მან მნიშვნელოვნად დაასუსტა ოპოზიცია და გააძლიერა სამეფო ხელისუფლება (იხ. ერისთავი). დავით IV-მ უცნობი ადამიანები გამოიყვანა სახელმწიფო ასპარეზზე, მისცა მათ შესაძლებლობათა რეალიზების საშუალება.

დავით აღმაშენებელმა შეიმუშავა თვისობრივად ახალი სამხედრო ტაქტიკა, შექმნა ახლებურად ორგანიზებული და გაწვრთნილი ლაშქარი. ამ გარდაქმნების წყალობით შესაძლებელი გახდა მომთაბარეთა დამარცხება და „გასხმა“ საზღვრებს გარეთ, რამაც, არა მარტო ეთნიკური კატასტროფისაგან იხსნა საქართველო, არამედ ეს სამხედრო წარმატება ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საფუძველი გახდა.

XII საუკუნის დასაწყისში საქართველოში მეტად ეფექტური სამხედრო სტრუქტურა შეიქმნა: დავით აღმაშენებელის დროს ჯარი ოთხი სახეობისაგან შედგებოდა: მონა-სპა ანუ, მეფის გვარდია, მეციხოვნენი - საზღვრის მცველები, ფეოდალური ლაშქარი - რომელიც საგანგებოდ იკრიბებოდა ომის დროს და როქის სპა - შემდგარი დაქირავებული მეომრებისაგან.

დავითმა საქართველოს სახელმწიფოს ლაშქარი გასტუმრების ახალ წესზე გადაიყვანა. მანამდე მოლაშქრეები სამხედრო ალაფს ინაწილებდნენ, დავითმა ეს აკრძალა და ლაშქრის გასტუმრება ულუფითა და სარგოთი (ჯამაგირით) სახელმწიფოს დაევალა. დავით აღმაშენებელმა ლაშქრის კვების სრულყოფილი სისტემა შეიმუშავა. როგორც ორგანიზაციულად, ასევე შეიარაღებითა და საბრძოლო თვისებებით, საქართველოს ჯარს ნებისმიერი სამხედრო ამოცანის შესრულების ძალა შესწევდა.

საერო დიდგვაროვნებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წ-ს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისა და საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებელი დადგენილებები მიიღო.

სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04 წწ.). მწიგნობართუხუცესი - მეფის კანცელარიის უფროსი იყო, ხოლო ჭყონდიდელი - ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობაზე მყოფ ადამიანს შეეძლო როგორც საერო, ასევე სასულიერო საქმეებში ჩარევა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის გავლენას ისიც ზრდიდა, რომ მეფემ უმაღლესი სასამართლო - სააჯო კარი მას დაუქვემდებარა.

ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.

დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი.

დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა.

დავით აღმაშენებელმა სცადა შეეჩერებინა გლეხთა მიწაზე დამაგრების პროცესი, „შეწყალების ინსტიტუტით“ გააფართოვა პირობითი მიწათმფლობელობა.

თამარ მეფემაც (1184-1213 წწ.) სამეფო დარბაზს უფლებები გაუფართოვა და შეჰპირდა, უმნიშვნელოვანეს საკითხებს „დარბაზის თანადგომითა და ერთნებაობით“ გადავწყვეტთო.

მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1286-1346 წწ.) აღადგინა სახელმწიფოს მართვის ტრადიციული წესები და ტრადიციული სამეურნეო დარგები.

XIV საუკუნის 30-იან წწ-ში გიორგის ინიციატივით მოწვეული იქნა საეკლესიო კრება და მონღოლთა ბატონობის შემდეგ წესრიგი დაამყარა ეკლესიაში (იხ. საეკლესიო სამართალი).

გიორგი V-ის ინიციატივით შეიქმნა სამართლის წიგნი „ძეგლის დება“. ახალი მკაცრი კანონმდებლობა - „ძეგლის დება“ აღადგენდა და განამტკიცებდა ტრადიციულ ქართულ სამართალს, სჯულსა და ზნეობას.

ამავე პერიოდში შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი წიგნი „ხელმწიფის კარის გარიგება“ - ქართული სამეფო-სამართლებრივი „კონსტიტუცია“. მასში განსაზღვრული იყო სახელმწიფო კარის ეტიკეტი, სხვადასხვა მოხელის უფლებები და მოვალეობები.

გიორგი V-მ გაატარა ფინანსური რეფორმა. მონღოლური ფულადი ერთეული, „ყაზანური თეთრი“ შეცვალა ახალი, საკუთარი ვერცხლის მონეტით - „გიორგაული თეთრით“ (იხ. ქართული თეთრი).

საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობდა სავაჭრო ურთიერთობები ევროპასთან.

ქართლის მეფე ვახტანგ VI (1675-1737 წწ.) იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. მან ფეოდალთა თვითნებობა ალაგმა. 1704-1708 წწ. ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალების მიერ წართმეული მიწები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ქართულ-ეროვნული წეს-ჩვეულებები.

ვახტანგმა „მცველთა ჯარი“ ანუ სამეფო გვარდია შექმნა, რომელიც შედგებოდა ვახტანგის ერთგული თავადიშვილების (იხ. თავადი), აზნაურებისა და მსახურებისაგან. მათ ჯამაგირი სამეფო ხაზინიდან ეძლეოდათ და გარკვეული პრივილეგიებიც ჰქონდათ. ამ ჯარს მხოლოდ საშინაო დანიშნულება ჰქონდა და ურჩი თავადების დასასჯელად გამოიყენებოდა. ვახტანგმა ყურადღება მიაქცია ქვეყნის მეურნეობის აღდგენას - ქართლის გაუკაცრიელებული ადგილები ხელახლა დაასახლა. განაახლა დიდი ხნის წინ მოშლილი სარწყავი არხები, სპეციალური ნორმები შეიმუშავა სარწყავი რუებით სარგებლობის შესახებ, ააშენა და აღადგინა ბევრი გზა, ხიდი, ქარვასლა, სასახლე, ეკლესია-მონასტერი. ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებას. ვახტანგმა გააუმჯობესა ფულის მოჭრის საქმე.

ვახტანგ VI-ის თაოსნობით შეგროვებული იქნა 1705-1708 წწ. სასამართლო გადაწყვეტილებები და შემუშავდა სახელმწიფო ადმინისტრაციული და სამეურნეო სამართლის წიგნი, კანონთა კრებული „დასტურლამალი“, რომელმაც სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებები და ფუნქციები განსაზღვრა (იხ. „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“). „დასტურლამალი“ მიზნად ისახავდა „ბატონყმური რიგის“ მოწესრიგებას, ფეოდალთა ძალადობის შეზღუდვას, მებატონეთა თვითნებობის აღკვეთას და მწარმოებელთა მინიმალური უფლებების დაცვას, მათი შრომისათვის აუცილებელი პირობების შექმნას.

საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან დემოკრატიულ ცვლილებად ერეკლე II-ს რეფორმები (1720-1798 წწ.) უნდა ჩაითვალოს.

ქვეყნის განვითარება-განახლებისათვის პირველ რიგში ცენტრალური აპარატის გაძლიერება იყო საჭირო. თეიმურაზ II-მ და ერეკლემ ჯერ კიდევ 1743-1744 წწ-ში გააუქმეს არაგვისა და ქსნის საერისთავოები. ერეკლემ გაანადგურა ფეოდალური ოპოზიცია, მან სამეფო დარბაზი სათათბირო ორგანოდან მეფის მუდმივმოქმედ დაწესებულებად აქცია. უმაღლესი თანამდებობის დაკავების დროს ადრე გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა წოდებრივ მდგომარეობას, გვარს, ქონებას, ერეკლემ კი ძველი თანამდებობების ერისთავების, გამგებლების, ციხისთავების ნაცვლად შემოიღო ბევრად უფრო მისაღები და გარკვეულწილად უფრო „დემოკრატიული“ „მოურავი, მამასახლისი, ნაცვალი, გზირი, მელიქი, ქევხა, ტარუღა. ერეკლემ თავადური მმართველობა შეცვლა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატით.

ამ ევროპულად „გარდაქმნას“ იმდროინდელ ბატონყმურ საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, სათავადოთა სისტემის შესუსტება და მმართველობის დარგობრივი დანაწილება მოჰყვა; ისინი მკვეთრად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან:

ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისათვის ერეკლემ შექმნა მორიგე ჯარი, რაც რეგულარულ ჯარზე გადასვლის გარდამავალ საფეხურს წარმოადგენდა. რეფორმით წესდებოდა საყოველთაო სამხედრო ბეგარა, რომლის მიხედვით ყოველი მამაკაცი, განურჩევლად ეროვნებისა, წოდებისა და სარწმუნოებისა, ვალდებული იყო საკუთარი იარაღით, ტყვია-წამლითა და საკვებით წასულიყო ერთი თვით ჯარში. თუ გლეხი ღარიბი იყო, მისთვის საჭირო ხარჯები მის მებატონეს უნდა გაეღო. ვაჭრებს, მწყემსებს, მებაღეებს, ხაბაზებს, მზარეულებს, მეწისქვილეებს, გუთნისდედებს შეეძლოთ თავისი მაგიერი კაცი გაეგზავნათ, ყოველგვარი მონაცვლის გარეშე იხდიდნენ სამხედრო ბეგარას მეფე და მისი ოჯახის წევრები. სამხედრო ბეგარისაგან თავის არიდებისათვის მკაცრი სასჯელი იყო დაწესებული.

საპოლიციო რეფორმით ერეკლემ სასახლის გვარდიას მეთაურად ყულაღარასი (მეფის შემდეგ უმაღლეს სამხედრო თანამდებობა) და ხელქვეითებად უზბაშები და მეთოფენი დააყენა. მეთოფენი დანაწილებული იყვნენ წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით. ამგვარადვე იყო განაწილებული მეთოფეთა ჯამაგირი და ულუფა.

ეკონომიკურ-საფინანსო რეფორმით თეიმურაზმა და ერეკლემ მიმართეს საგანგებო ღონისძიებას - „მყრელობას“. ხელისუფლების წარმომადგენლები ჩადიოდნენ სხვადასხვა კუთხეში და ქართლიდან გაქცეულ გლეხებს უკან აბრუნებდნენ. ახლადდასახლებულებს რამდენიმე წლით საგადასახადო შეღავათებს უწესებდნენ. ამასთან ერეკლე მოითხოვდა არ დარღვეულიყო „ბატონყმური რიგი“ - მებატონეებს უსამართლო გადასახადებით არ დაემძიმებინათ ყმა-გლეხის მდგომარეობა.

ერეკლეს დროს მასობრივად ხდებოდა ლეკიანობის შედეგად გატაცებული ტყვეების გამოსყიდვა.

მწარმოებელი ძალების გამრავლების მიზნით ერეკლე არ ერიდებოდა არაქართველი მოსახლეობის იძულებით მოზიდვასაც.

მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით ერეკლე მეფემ 1770 წ-ს აღადგინა ჯერ კიდევ ვახტანგ VI-ის მიერ მიღებული კანონი - უშვილოდ გარდაცვლილ მოქალაქეთა ქონების მათივე ნათესავებისათვის დატოვების შესახებ. ერეკლე დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანზიტო გზის ფუნქციის აღდგენით დაინტერესებული იყო, მაგრამ მონდომების მიუხედავად, სრულად აღდგენა ვერ მოახერხა.

ერეკლეს დროს აშენდა ციხესიმაგრეები, სარწყავი არხები, დამუშავდა აუთვისებელი მიწები, ფაბრიკა-ქარხნები, გაიზარდა ნათესები, ჩატარდა პურის გასაიაფებელი ღონისძიებები, განვითარდა სამთამადნო წარმოება, გაჩნდა შაქრის, მინის, შალეულის, იარაღის საწარმოები, განვითარდა ვაჭრობა, მრეწველობა, საქალაქო ცხოვრება, რაც ქვეყნის დემოკრატიზაციას უწყობდა ხელს.

1749 წ-ს მეფის ინიციატივით თბილისში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელმაც ამ მხრივ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს დაუდო სათავე. 1767-1768 წწ-ში მეფემ და კათალიკოსმა ერთობლივად შეიმუშავეს განჩინება, რომელიც ემსახურებოდა შელახული სარწმუნოებისა და ეკლესიის მოშლილი საქმეების მოწესრიგებას. განჩინება შეეხებოდა სასულიერო პირთა სწავლებას, მოღვაწეობას, ეკლესია-მონასტრების მოვლა-პატრონობას, გამოყენებასა და ქონების განკარგვას. მკაცრად განსაზღვრავდა ქრისტიანული ნორმების, ვადებისა და შესრულების წესებს და სხვ. ამას მოჰყვა პრაქტიკული ღონისძიებები, რის შედეგადაც ეკლესია გაიწმინდა უღირს მსახურთაგან. აღდგა მართლმადიდებლური ჰეგემონია, უამრავი გამაჰმადიანებული დიდგვაროვანი დაუბრუნდა მამა-პაპისეულ სარწმუნოებას.

ქართველ რეფორმატორებს ისეთი სახის დემოკრატიული რეფორმები, როგორებიც ძველ საბერძნეთსა და რომში ტარდებოდა, ბუნებრივია, არ განუხორციელებიათ. მაგრამ დემოკრატიის ელემენტები ანუ ხალხის უფრო ფართო მასების ჩართვა მმართველობაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არც ქართველი რეფორმატორებისათვის იყო უცხო.

8 ენციკლოპედიური ცნობარი

▲ზევით დაბრუნება


8.1

▲ზევით დაბრუნება


Ager Publicus (ager populi Romani) - სახელმწიფო მიწა. სახელმწიფო მიწა ნაკვეთებად იყიდებოდა რომის მოქალაქეებზე. ამ ტიპის ნაკვეთებს ეწოდებოდა agri quaestorii, რამდენადაც მისი გაყიდვით დაკავებული იყვნენ კვესტორები. სახელმწიფო მიწის სხვა ნაწილი გადაეცემოდა ტაძრებს, ქურუმთა კოლეგიებს როგორც საკუთრებაში, ისე დროებით სარგებლობაში. ამ მიწის ნაკვეთს ეწოდებოდა agri consecrati. ზოგჯერ სახელმწიფო მიწის ნაკვეთს სასყიდლის გარეშე გადასცემდნენ მოქალაქეებს, როდესაც ცალკეული პირები ან ახალი კოლონიის თემი იღებდნენ მიწებს. მიწის გაცემის ამ ტიპს კურირებდა 3 ან მეტი კაცისაგან შემდგარი კომისია. სახელმწიფო მიწის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მფლობელობაში რჩებოდა და სხვადასხვა სახით ხდებოდა მისი გამოყენება. ტერიტორიების დაპყრობების შედეგად ბევრი ნაკვეთი უბრუნდებოდა ძველ მეპატრონეებს (agri redditi), ხოლო მათ თავის მხრივ ზუსტად უნდა გადაეხადათ გადასახადი. მიწის სხვა ნაკვეთები დასამუშავებლად გადაეცემოდა კერძო პირებს (in possessionem tradita an concessa). ამ ტიპის ნაკვეთებს ეწოდებოდა possessiones. მფლობელს შეეძლო ეს მიწები მემკვიდრეობით გადაეცა ან გაეყიდა, თუმცა ჭეშმარიტ კერძო საკუთრებას ეს მიწა მაინც არ წარმოადგენდა, რადგან სახელმწიფოს 100 წლის შემდეგაც ჰქონდა მისი უკან გამოთხოვის უფლება. მიწის მფლობელები უხდიდნენ სახელმწიფოს ბეგარას. დაუმუშავებელი მიწები საძოვრებს წარმოადგენდა და დროებით სარგებლობაში ხდებოდა მათი გადაცემა მინიმალური დაბეგვრით (possessiones relictae, loca relicta). მეფეების ეპოქაში მოქალაქეებს დაურიგდათ მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში. სერვიუს ტულიუსმა დიდი რაოდენობით მიწები დაურიგა პლებეებს. რესპუბლიკის ხანაში სიტუაცია შეიცვალა. პლებეები მუდმივად ითხოვდნენ მიწის გადაცემას იმის საფუძველზე, რომ ახალი მიწების დაპყრობა საკუთარი სისხლით უწევდათ. მიუხედავად იმისა, რომ პატრიციებს არ ჰქონდათ სახელმწიფო მიწის გამოყენების უფლება, ფაქტობრივად, ისინი მაინც სარგებლობდნენ ამ უფლებით ჯერ ერთი იმიტომ, რომ სერვიუს ტულიუსის კანონმდებლობამდე, ისინი წარმოადგენდნენ ხალხს (populus) და მეორეც, მათ ხელში არსებული მატერიალური დოვლათის გამო. სწორედ მათ ჰქონდათ საშუალება დაემუშავებინათ მიწის დიდი ნაკვეთები. ამასთანავე თავიანთი მდგომარეობის გამო ახლო ურთიერთობა ჰქონდათ სარდლებთან და მმართველებთან, რომლებიც გადასცემდნენ მათ ამ მიწებს. მიუხედავად ამისა, ისინი არ კმაყოფილდებოდნენ არსებული საკუთრებით და ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ პლებეელთა ახლოს მდებარე ნაკვეთებიც. მიწის გაყოფა-გაცემა პატრიციელთა და პლებეელთა შორის არსებული ხანგრძლივი დავის საგანი იყო. ტრიბუნები გამოდიოდნენ კანონპროექტებით მიწის შესახებ (leges agrariae). ამ კანონების ქვეშ იგულისხმება ყველა კანონი, რომლებიც ეხება მიწის გადაცემას როგორც მთელი კოლონიის, ასევე ცალკეული პირებისადმი. Lex Cassia (ძვ. წ. 486 წ.) - კონსული კასიუს ვისცელინუსი ახალდაპყრობილი და არსებული მიწების ახალ განაწილებას სთავაზობს საზოგადოებას. პატრიციებმა დრო მოიგეს იმით, რომ დაინიშნა 10 კაცი, რომელთაც უნდა გაემიჯნათ სახელმწიფო მიწა კერძო საკუთრებაში არსებული ნაკვეთებისაგან. შემდეგ სახელმწიფო მიწის ნაწილი დაეყოთ ნადელებად და გაენაწილებინათ. მეორე ნაწილი კი დაბეგვრას უნდა დაქვემდებარებოდა. პატრიციები ყველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეშალათ სენატის დადგენილების აღსრულებისათვის. დიდი პლებეელი კანონშემოქმედის გაიუს ლიცინიუს სტოლონის (ძვ. წ. 377-367 წწ.) სახელს უკავშირდება ახალი ეტაპი მიწის რეფორმის საქმეში. მისი კანონი გულისხმობდა: 1) არავის აქვს უფლება სახელმწიფო მიწებიდან 500 იუგერზე მეტი ფართის ფლობისა. 2) საზოგადოებრივ საძოვარზე იკრძალება 100-ზე მეტი მსხვილფეხა და 500-ზე მეტი წვრილფეხა საქონლის შენახვა. 3) ვინც დაარღვევდა ამ კანონს, ეკისრებოდა ფულადი ჯარიმა - მულტა (multa). ამის შემდეგ გრაკქუსებამდე სიწყნარე იყო, სავარაუდოდ იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, პლებსი დამპყრობლურ ომებში იყო ჩართული, მეორე მხრივ, მრავალმა ღარიბმა თავშესაფარი იპოვა კოლონიებში. ამ პერიოდიდან ცნობილია მხოლოდ Lex Flaminia. მას შემდეგ, რაც რომმა ომებისაგან მოიცალა, ქვეყნის შიგნით ისევ გაჩაღდა ბრძოლა ღარიბებსა და მდიდრებს შორის. მცირე ქონების პატრონები ძალიან დაზარალდნენ II პუნიკური ომის დროს. მრავალმა მათგანმა საერთოდ მიატოვა მიწათმოქმედება. საშუალო ფენამ არსებობა შეწყვიტა. გრაკქუსებმა გადაწყვიტეს მიწათმოქმედების აღორძინებით ღარიბთა მდგომარეობა გაეუმჯობესებინათ. ეს გარკვეულწილად აზარალებდა მიწათმფლობელთა ინტერესებს. თავდაპირველად ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსმა ძვ. წ. 134 წ-ს გამოსცა აგრარული კანონი, რომელსაც საფუძვლად ლიცინიუსის კანონი დაუდო: ვინც ფლობდა 500 იუგერზე მეტ მიწას, მას იგი უკან უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოსათვის, რის შემდეგაც ისინი ჯილდოს მიიღებდნენ. გამოთავისუფლებული მიწა გადანაწილდებოდა ღარიბ მოსახლეობაზე. ისინი თავის მხრივ სახელმწიფოსაგან გარკვეული გადასახადით დაიბეგრებოდნენ. ტრიუმვირებს ყოველწლიურად უნდა გამოეკვლიათ საქმის მსვლელობის ვითარება. სენატის უმრავლესობა წინააღმდეგობას უწევდა რეფორმას. გრაკქუსს მხარი არ დაუჭირა მისმა კოლეგამ ტრიბუნატში და პროექტს ვეტო დაადო. სახალხო კრებამ კენჭისყრით ხელისუფლებას ჩამოაშორა სახალხო ტრიბუნი (პირველად რომის ისტორიაში). გრაკქუსმა ხელმეორედ დააყენა თავისი კანდიდატურა ტრიბუნის თანამდებობაზე, მაგრამ არჩევნების დღეს სენატმა მის წინააღმდეგ გამოიტანა Consultum ultimum (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება) ტიბერიუს სემპრონიუს გრაკქუსი თავის მომხრეებთან ერთად სენატორებმა მოკლეს. ძვ. წ. 123-122 წწ-ში სახალხო ტრიბუნად აირჩიეს გაიუს სემპრონიუს გრაკქუსი, ტიბერიუსის უმცროსი ძმა, რომელმაც გადაწყვიტა ძმის რეფორმა გაეტარებინა. სენატორებმა თავის მხარეს გადაიბირეს ლივიუს დრუზუსი, რომელმაც თავისი დემაგოგიური აგრარული კანონით უკან ჩამოიტოვა გრაკქუსი და ხალხის მხარდაჭერა დააკარგვინა. გრაკქუსმა რეფორმა ვერ გაატარა, ლივიუსის მიერ შემუშავებული პროექტის რეალიზაცია არავის უფიქრია, პირიქით გამოჩნდა რამდენიმე რეაქციული კანონი, რომელთა შორის უნდა გამოვყოთ Lex Thoria (ძვ. წ. 107 წ.), რომელმაც გააუქმა ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთი ტრიბუნის მიერ გამოცემული კანონი. იგი ართულებდა მიწის დაყოფას lex Sempronia-ს მიხედვით, სახელმწიფო მიწის მფლობელებს ბეგრავდა გადასახადით, მიწას ღარიბებს შორის ანაწილებდა. ძვ. წ. 104 წ-ს ლ. მარციუს ფილიპოსუსიც მარცხს განიცდის თავისი ახალი კანონპროექტით, ვერ განხორციელდა ვერც აპულეუს სატურნინუსის პროექტი, რომელიც ჯარისკაცებისათვის ნადელების დარიგებას ითვალისწინებდა. სულას აგრარული რეფორმა სამხედრო კოლონიების დაარსებას უკავშირდებოდა. იულიუს კეისრის მიერ გატარდა 2 აგრარული რეფორმა, რომელთა მიხედვითაც, ძველი საკუთრება ხელშეუხებელი რჩებოდა, მაგრამ დაწესდა მიწის დაყოფის ახალი სქემა. არსებული სახელმწიფო მიწა, გარდა კამპანიის ოლქისა, უნდა დანაწილებულიყო, დანარჩენი კი შეესყიდათ მფლობელებისაგან დაწესებულ საფასურად. კამპანიის ოლქის მიწები რჩებოდა რეზერვში იმათთვის, ვისაც 3 ან მეტი შვილი ეყოლებოდა.

აგნატები (agnati) - ნათესავები, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან იმით, რომ ერთი ოჯახის უფროსის ძალაუფლების ქვეშ ერთიანდებიან. ეს არის ნათესაური კავშირი მამაკაცის ხაზით. შესაბამისად, და და ძმა არიან აგნატები, მაგრამ დისშვილები აგნატების წრეში აღარ შედიან, რამდენადაც ისინი სხვა ოჯახის უფროსის ძალაუფლებას ექვემდებარებიან. აგნატი არის აყვანილი ვაჟიც, რამდენადაც ის გამოეყო ძველ და გადავიდა ახალი ოჯახის დაქვემდებარებაში. Agnatus proximus ეწოდებოდა უახლოეს ნათესავს აგნატებს შორის. აგნატების უფლებას იცავდა ius agnationis (აგნატობის სამართალი). XII დაფის კანონებში მემკვიდრეობის გაყოფის მხრივ აგნატებს კოგნატებთან შედარებით უპირატესი მდგომარეობა ჰქონდათ, თუმცა დროთა განმავლობაში ხდება კოგნატების როლის მნიშვნელოვნად გაზრდა მემკვიდრეობის გადაცემისას.

აგორანომოსები (άγορανόμοι) - ბაზრის ზედამხედველი მოხელეები. ეს თანამდებობა 120-ზე მეტ ბერძნულ ქალაქში არსებობდა. კლასიკურ ხანაში აგორანომოსები ჩვეულებრივ წილის ყრით იყვნენ არჩეულნი. ათენში ათი აგორანომოსი მსახურობდა, ხუთი საკუთრივ ქალაქში და ხუთიც - პირევსში. მათ უნდა დაეცვათ წესრიგი ბაზარში, შეემოწმებინათ საქონლის ხარისხი და წონა და შეეკრიბათ ბაზრის მოსაკრებელი. აგორანომოსებს შეეძლოთ მათ კომპეტენციაში შემავალი წესების მსუბუქი დარღვევისათვის დაეჯარიმებინათ ესა თუ ის პირი. სწორედ ამ გზით შეკრებილი თანხებით ისინი არა მარტო ინახავდნენ და უვლიდნენ ბაზრობის შენობებს, არამედ ახლებსაც აშენებდნენ. უფრო მძიმე დანაშაულთა შემთხვევაში აგორანომოსები აღძრავდნენ სამართლებრივ დევნას და თავმჯდომარეობდნენ სასამართლო პროცესებს.

ადვოკატი (advocatus) - რესპუბლიკის ეპოქაში უწოდებდნენ ადამიანს, რომელსაც ერთ-ერთი მხარე იწვევდა სასამართლო პროცესზე კანონიერ დამცველად. ადვოკატი არა მარტო იურიდიულ რჩევებს აძლევდა თავის კლიენტს, არამედ პროცესზე თავისი დასწრებით აძლიერებდა მის პოზიციას. ადვოკატები თვისობრივად განსხვავდებოდნენ პატრონებისაგან (Patronus causae), რომლებიც როგორც სასამართლო ორატორები გამოდიოდნენ სასამართლოში. იმპერიის ხანაში განსხვავება პატრონისა და ადვოკატის ფუნქციებს შორის სასამართლოში მთლიანად იშლება. ადვოკატი თავის კლიენტს იცავს როგორც პრეტორის, ისე მოსამართლეების წინაშეც. რესპუბლიკის ხანაში ადვოკატები სრულიად უსასყიდლოდ იღებდნენ მონაწილეობას სასამართლო პროცესებში, იმპერიის ეპოქაში კლავდიუსის დროიდან მოყოლებული კანონმა მათ მისცა უფლება აეღოთ ჰონორარი (honorarium) საქმიანობისათვის. მაქსიმალური ჰონორარი განისაზღვრა 10000 სესტერციით.

ადოფცია, საბერძნეთი - შვილად აყვანის (ადოფციის) შესახებ დეტალურ ინფორმაციას პირველად გორტინის კანონებში ვხვდებით. აქ ადოფციას ცოცხალთა შორის (inter vivos) აქვს ადგილი; მამა, რომელსაც შვილი აჰყავდა, თავად აყვანილი შვილი არ უნდა ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში მას თავისუფლად შეეძლო შვილი აეყვანა, განურჩევლად იმისა, ჰყავდა თუ არა საკუთარი შვილები.

შვილად აყვანის შესახებ დიდძალი ცნობები ათენური დოკუმენტებიდან მოგვეპოვება (ძვ. წ. IV ს-ის ორატორთა სიტყვები), თუმცა ყოველთვის ეს ინფორმაცია ზუსტი არაა. თავდაპირველად ადოფციის მიზანს წარმოადგენდა მემკვიდრის არჩევის უფლების მიცემა იმ მოქალაქისათვის, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა. მემკვიდრის არჩევა, უმეტესწილად, ნათესაური წრის შიგნით ხდებოდა. დიდი უნდა ყოფილიყო არაფორმალური ადოფციების წილი საბერძნეთის ისტორიის ყველა პერიოდში. არაფორმალური ადოფციები აყვანილ შვილებს იმავე იურიდიულ და ფინანსურ პრივილეგიებს არ ანიჭებდა. ისეოსის დროისთვის შვილად აყვანის სამი ეტაპი არსებობდა: ა) ცოცხალთა შორის; ბ) ანდერძისმიერი; გ) სიკვდილის შემდგომი. ამ შემთხვევაში მემკვიდრის არმყოლ მამაკაცს სიკვდილის შემდეგ აკუთვნებდნენ ვაჟს, რათა ამ უკანასკნელს ოჯახური ხაზი გაეგრძელებინა. საბერძნეთში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო ქალიშვილის ქმრის შვილად აყვანა. ისეოსი იმეორებს მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში რელიგიური მოსაზრებანი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა - უნდა გაგრძელებულიყო საოჯახო კულტმსახურება და ოჯახის საგვარეულო ხაზი.

არსებობს მინიშნებები, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადოფცია ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ უფრო გაძიძებას ვუწოდებთ. ასევე შესაძლებელია, რომ ის სასწავლებლად გაგზავნის რაღაც სახეობად იქნას მოაზრებული (ჰიპოკრატესის ფიცში შვილად აყვანა საექიმო პრაქტიკასთან მიმართებით არის მოხსენიებული).

სულ მცირე, რომაული იმპერიის გარიჟრაჟზე არსებობდა პრაქტიკა, რომლითაც ქალაქს ან ადამიანების გარკვეულ ჯგუფს შეეძლო შვილად აეყვანათ პირი, როგორც ქალაქის შვილობილი - υίός (θυγάτηρ) τής πόλεως. ამგვარ ადოფციად შეიძლებოდა მოაზრებულ იყოს ის პრივილეგიები, რომლებიც ძვ. წ. V ს-ში ომში დაობლებულთ მიანიჭეს (თუკიდიდესი, 2. 46), თუმცა ერთობის მიერ შვილად აყვანის შესახებ ყველაზე ადრეული დამოწმება ძვ. წ. II ს-ს განეკუთვნება.

ადოფცია, რომი (adoptio) - შვილად აყვანის ერთერთი ფორმა, რომლის მიხედვითაც ბავშვები თავისუფლდებოდნენ ოჯახის უფროსის (Paterfamilias) ძალაუფლებისაგან და ქალაქის პრეტორის თანდასწრებით გადაეცემოდნენ სხვა ოჯახს. თავიდან ამ უფლებას ფლობდნენ მხოლოდ კაცები, მოგვიანებით იმპერიის ეპოქაში იგი გავრცელდა ქალებსა და გათავისუფლებულებზე (ლიბერტუსი). ადოფციის მიზეზი განსხვავებული იყო, მაგრამ უმთავრესს მემკვიდრის არარსებობის პირობებში გვარის გაგრძელების სურვილი წარმოადგენდა. ადოფცია ხშირად ოჯახებს შორის კავშირის განმტკიცებას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. ადოფცია საკმაოდ რთული იურიდიული პროცედურა იყო და XII დაფის კანონებს (duodecim tabularum) ემყარებოდა. მამა სამჯერ გადასცემდა ვაჟს სხვა ოჯახს (ქალიშვილისა და შვილიშვილისათვის ერთხელ გადაცემის აქტიც საკმარისი იყო). მიმღები პირველი და მეორე მანციპაციის (mancipatio) შემდეგ ყოველ ჯერზე ანიჭებდა მას თავისუფლებას, რის შემდეგაც ვაჟი უბრუნდებოდა მშობელ მამას. მესამე გადაცემის შემდეგ მამობილი იყვანდა ვაჟს თავისი ზედამხედველობის ქვეშ და მისი ძალაუფლება ვრცელდებოდა შვილად აყვანილზე. ამის შემდეგ ნაშვილების სამართლებრივი მდგომარეობა იცვლებოდა ძველ და ახალ ოჯახთან მიმართებაში. ამასთან ნაშვილები ძველ გვარს იტოვებდა მეორე cognomen-ად დაბოლოებით - anus. ბევრი პატრიცი უფლებას აძლევდა პლებსის წარმომადგენელს, რომ შვილად აეყვანა იგი იმ მიზნით, რომ მას საშუალება ჰქონოდა მომავალში კენჭი ეყარა სახალხო ტრიბუნის თანამდებობაზე. შვილად აყვანის უფლება ჰქონდათ მხოლოდ დამოუკიდებელ მოქალაქეებს და ამასთან მათ არ უნდა ჰყოლოდათ მამრობითი სქესის სისხლით მემკვიდრე. შვილად ამყვანს თუკი ჰყავდა ქალიშვილი, ნაშვილები, როგორც წესი, მისი ქმარი ხდებოდა. ლიტერატურული წყაროები (არა იურიდიული) გვაწვდიან ინფორმაციას adoptio testamentaria-ს შესახებ (შვილად აყვანა ანდერძის საფუძველზე). ასეთი ფორმა ჰქონდა იულიუს კეისრის მიერ ავგუსტუსის შვილად აყვანას, რომელმაც მოგვიანებით, დამტკიცდა რა კომიციებში, მიიღო ადროგაციის (adrogatio) ფორმა.

ადროგაცია (adrogatio) - შვილად აყვანის ფორმა, რომლის მიხედვითაც სრულწლოვანი პირი (sui iuris) მთელ თავის ოჯახთან და ქონებასთან ერთად გადადიოდა შვილად ამყვანის ხელში. უძველესი კანონმდებლობის მიხედვით, ადროგაცია უნდა მოეწვია პონტიფექსების კოლეგიას (collegium pontificum) და საზეიმოდ შესრულებულიყო კურიის კომიციებში (comitia curiata) პონტიფექსების ხელმძღვანელობით. შვილად აყვანილს თანხმობა უნდა განეცხადებინა შვილად აყვანაზე, რის შემდეგაც ხალხს უნდა განეცხადებინა თანხმობა ამ ფაქტთან დაკავშირებით (auctoritas populi). ნაშვილები საზეიმოდ უარს ამბობდა თავის ყოფილ ოჯახზე (detestatio sacrorum). ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ მასში მონაწილე ადამიანების სამართლებრივი მდგომარეობა იცვლებოდა. შვილად ამყვანი ყველა უფლებას ფლობდა ნაშვილებზე, თუმცა მისი ვალების, მათი არსებობის შეთხვევაში, ანულირება ხდებოდა. ადროგაცია ვრცელდებოდა ქალებზეც. ამასთან მოგვიანებით თვითონ ქალსაც შეეძლო მოეპოვებინა ადროგაციის უფლება. დროთა განმავლობაში გამარტივდა ადროგაციის პროცედურა. კომიციების მაგივრად საკმარისი იყო შვილად აყვანა 30 ლიქტორის თანდასწრებით ჩატარებულიყო.

ადულტერი, საბერძნეთი - ცოლ-ქმრული ღალატი. საბერძნეთში ცოლ-ქმრულ ღალატს მხოლოდ კერძო ხასიათი არ ჰქონდა, იგი იმავდროულად ქალაქისა და საზოგადოების შეურაცხყოფაც იყო. ამგვარ მძიმე დანაშაულად მისი გააზრების უპირველესი მიზეზი ის გახლდათ, რომ იგი საეჭვოს ხდიდა მემკვიდრის კანონიერ სტატუსს, რაც საფრთხეს უქმნიდა ინდივიდუალურ ოიკოსს. საეჭვო შემთხვევებში სწორედ ქალს უნდა დაემტკიცებინა, რომ ბავშვის მამა მისი ქმარი იყო. თუ ეს არ დამტკიცდებოდა, მაშინ გამოდიოდა, რომ ოჯახს ხელში არაწევრი - უცხო შეაჩეჩეს. ეს კი გამოიწვევდა იმას, რომ ამაში ჩათრეული იქნებოდა მთელი სანათესაო წრე და მათი საკულტო კავშირები.

სახელმწიფომ განსაზღვრა მოქალაქე ქალების სექსუალური ცხოვრების ნირი. ათენურ საზოგადოებაში ერთმნიშვნელოვნად გამეფებული იყო ორმაგი მორალი, რაც ქალისა და კაცისათვის სრულიად განსხვავებული სექსუალური ცხოვრების ნირს გულისხმობდა. ქალს მხოლოდ ერთი კაცის ყოლის უფლება ჰქონდა - ქმრისა, ათენელ კაცს კი თავისუფლად შეეძლო ქორწინების გარეთ სხვადასხვა ქალთან დაემყარებინა ურთიერთობა. მას მხოლოდ იმ ქალებთან ეკრძალებოდა სასიყვარულო ურთიერთობა, რომლებიც სხვა მამაკაცის მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასეთი იყო კულტურული იდეალი.

ღალატი მკაცრად ისჯებოდა. კანონი სჯიდა როგორც მამაკაცს, ასევე ქალს. კირიოსს (ქალის მეურვეს) უფლება ჰქონდა ქალის მაცდუნებელი ადგილზევე მოეკლა. მას ასევე შეეძლო დამნაშავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. კანონი ნებას რთავდა კირიოსს დამნაშავე ციხეში ჩაესვა და მისგან ზარალისთვის ფინანსური კომპენსაცია მიეღო. რასაკვირველია, მაცდუნებლის ადგილზე მოკვლა ფრიად სარისკო საქმე გახლდათ, რამეთუ მოკლულის მხარეს შეეძლო მკვლელის მიმართ საქმე აღეძრა. კლასიკური პერიოდის ათენში მაცდუნებელს იშვიათად თუ კლავდნენ დანაშაულის ადგილზე. ამის ნაცვლად მეურვეები საქმეს სასამართლოში - დიკასტერიონში აღძრავდნენ და დამნაშავისაგან ფინანსურ კომპენსაციას იღებდნენ.

მოღალატე ქალის სიკვდილით დასჯას კანონი არ მოითხოვდა. მაგრამ იმას კი მოითხოვდა, რომ ქმარი მას გაყროდა. ამგვარ ქალს ეკრძალებოდა, მონაწილეობა მიეღო რელიგიურ მსახურებაში. თუ იგი ამის გაკეთებას მაინც შეეცდებოდა, ნებისმიერ მამაკაცს უფლება ჰქონდა მისთვის ტანსაცმელი სახალხოდ შემოეხია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. თუ მეურვე გაუთხოვარ ქალს სექსუალური აქტის დროს წაასწრებდა, სოლონის კანონი ნებას რთავდა მას ქალი მონად გაეყიდა. მაგრამ ორატორების ეპოქის ათენში ეს კანონი უკვე აღარ მოქმედებდა. ქალს იმით სჯიდნენ, რომ სახლში გამოკეტავდნენ და არ გაათხოვებდნენ.

ადულტერი, რომი (adulterium) - მრუშობა, ცოლ-ქმრული ურთიერთობის ღალატი (adulter, adultera). ადათობრივი სამართლის მიხედვით, ქმარს, რომელიც დანაშაულის ადგილას (in flagranti) წაასწრებდა ცოლს, უფლება ჰქონდა მოეკლა ის ან დაესაჯა მაშინვე ან მოგვიანებით, ოჯახური თათბირის შემდეგ (iudicium domesticum). მრუში ქალის მამას, თუ ქალიშვილს საკუთარ ან სიძის სახლში წაასწრებდა დანაშაულის ადგილას, შეეძლო ორივე მოეკლა. ქმარი მაშინვე უნდა გაჰყროდა ცოლს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დანაშაულის თანამონაწილე ხდებოდა და ისჯებოდა მკაცრად, საჯაროდ ბრალდებული იმავე კანონებით, რომლითაც იდევნებოდა მაჭანკლობა (lenocinium, crimen lenocinii). ავგუსტუსმა რესპუბლიკის ხანის ბოლოს საზოგადოებაში გავრცელებული უზნეობის წინააღმდეგ გამოსცა Lex Iuliade adulteriis, რომლის მიხედვითაც მკაცრად ისჯებოდა არა მარტო ადულტერი, არამედ სტუპრუმი (stuprum - სახელის გატეხვა - თუ კაცი სექსუალურ ურთიერთობას დაამყარებდა მეტად ან ნაკლებად წარჩინებული გვარის გასათხოვარ ქალთან, მაშინ სტუპრატორისთვის და ქალისათვის (იმ შემთხვევაში, თუ კაცს ძალისათვის არ მიუმართავს) ქონებრივი სასჯელი გამოჰქონდათ) და მაჭანკლობა (Lena - მაჭანკალი, საროსკიპოს პატრონი, რომელიც პროსტიტუციისაგან მიღებულ შემოსავალზე ცხოვრობდა). სავარაუდოდ, ეს კანონი Lex Iulia 26, 45-ის ერთ-ერთ თავს წარმოადგენდა. ამავე კანონში შეზღუდული იყო ძველი კანონებით განსაზღვრული სასჯელი. პარალელურად დაინერგა ქონებრივი ჯარიმა და მოკვეთა საზოგადოებიდან.

ავგურები - რომაელი ქურუმები, რომელთა რიტუალები თავდაპირველად ნაყოფიერების ღვთაებებთან იყო დაკავშირებული. ავგურები ღვთაებათა ნიშნებს გამოიცნობდნენ და განმარტავდნენ მათ; დროთა განმავლობაში ავგურთა მთელი მეცნიერება ჩამოყალიბდა. ავგურები წინასწარმეტყველებდნენ ატმოსფერული მოვლენებით (ჭექა, ელვა, ციალი და ა.შ.), ჩიტების ფრენითა და ხმებით, წმინდა ფრინველების ჭამით, გარეულ ცხოველებთან შეხვედრით, ხმების გამოძახილითა და სხვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა წინასწარმეტყველებას ფრინველების ფრენაზე (აუსპიცია). რომის სახელმწიფო მოღვაწეებს ყოველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სამხედრო ქმედების (არჩევნები, ბრძოლები) წინ უნდა მიემართათ აუსპიციისათვის და თუ ის სასიკეთო ნიშანს იძლეოდა, მხოლოდ მაშინ შეუდგებოდნენ საქმეს. ავგურების კოლეგია იმპერიის ეპოქამდე შემორჩა, მაგრამ თანდათანობით ავგურების წინასწარმეტყველება ფორმალურ პროცედურად იქცა. როგორც ციცერონი გადმოგვცემს, მის დროს ავგურები მკითხაობისას სიცილს ვერ იკავებდნენ, რადგან არ სჯეროდათ მისი. აქედანაა გამოთქმა „ავგურების ღიმილი“.

ავგუსტუსი Augustus C. Julius Caesar Octavianus (ძვ. წ. 63 წ. - ახ. წ. 14 წ.) - ძვ. წ. 27 წ-დან რომის იმპერატორი, პრინციპატის დამფუძნებელი. იულიუს კეისრის დის შვილიშვილი, კეისარს ახლდა ესპანეთში ლაშქრობისას და თავი გამოიჩინა ბრძოლაში. კეისარმა ანდერძით თავის მემკვიდრედ დატოვა. ავგუსტუსმა დაიწყო ბრძოლა ანტონიუსის წინააღმდეგ, მაგრამ შემდგომში მასთან და ლეპიდუსთან ერთად შექმნა მეორე ტრიუმვირატი. პროსკრიპციების მეშვეობით სასტიკად გაუსწორდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს (მოკლულთა შორის ციცერონიც იყო). ტრიუმვირებმა ძვ. წ. 42 წ-ს გაიმარჯვეს კეისრის მკვლელებზე - ბრუტუსსა და კასიუსზე. იმპერიის გაყოფისას ბრუნდიზიუმის ზავის თანახმად, ავგუსტუსმა მიიღო სახელმწიფოს დასავლეთი ნაწილი, ანტონიუსმა - აღმოსავლეთი, ლეპიდუსმა კი - აფრიკული პროვინციები. ძვ. წ. 37 წ-ს ტრიუმვირატი ხუთი წლით გაგრძელდა. ლეპიდუსის ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ ავგუსტუსმა დაიწყო ბრძოლა ანტონიუსის წინააღმდეგ. მას ჩამოართვა ყველა თანამდებობა და წოდება, ხოლო მის მოკავშირეს, ეგვიპტეს დედოფალ კლეოპატრას ომი გამოუცხადა. აკციუმთან საზღვაო ბრძოლის შემდეგ ერთპიროვნული მმართველი გახდა. სენატმა ძვ. წ. 35 წ-ს ავგუსტუსს 10 წლით პროკონსულის უფლებამოსილება გადასცა ყველა პროვინციაში, რომლებსაც სამხედრო დაცვა ესაჭიროებოდა. პროვინციები დაყოფილი იყო სენატის და იმპერატორის პროვინციებად. რომის ძირითადი ჯარი იმპერატორის პროვინციებში იყო კონცენტრირებული. შესაბამისად, ოქტავიანუსმა მიიღო ჯარის მეექვსედის ხელმძღვანელობა. ძვ. წ. 27 წ-ს მას ავგუსტუსის საპატიო ტიტული მიენიჭა და კონსულის ძალაუფლება სიცოცხლის ბოლომდე გადაეცა. მისი პროკონსულის ძალაუფლება რომზეც გავრცელდა და მას დაექვემდებარნენ პროვინციის ნაცვლები. ამრიგად, პირველი პრინცეპსის და მისი ყველა მემკვიდრის სახელმწიფო-სამართლებრივი საფუძველი შეიქმნა. იმპერატორის ძალაუფლებას მისი ავტორიტეტი და მის მიერ შესრულებული საკრალური ფუნქცია ამყარებდა. როგორც „ღმერთად შერაცხული კეისრის ძე“ ავგუსტუსი ხალხში გაღმერთებული იყო, რამაც საბოლოოდ იმპერატორის კულტის წარმოშობა გამოიწვია. იგი ასევე იყო უმაღლესი ქურუმი და მამულის (სამშობლოს) მამა (Pater Patriae). საგარეო პოლიტიკაში ავგუსტუსმა რომის გასაძლიერებლად ახალ დაპყრობებზე უარი თქვა. რომმა ბევრი პროვინცია შემოიერთა. ბევრიც კლიენტად დაიქვემდებარა. შიდა პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სენატის შემადგენლობის განახლებას, ყოვლისმომცველ რეფორმებს (ორგანიზაცია სამსახურეობრივი აპარატის, რომელიც შედგებოდა სენატორების, მხედრებისა და აზატებისაგან). ამ რეფორმებმა იმპერიის ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესა, კეთილმყოფელი გავლენა მოახდინა რომში წესრიგის დამყარებაზე (მშენებლობა, სახანძრო სამსახური და პოლიცია, ხორბლით მომარაგება და სხვ.), შექმნა მუდმივანაზღაურებადი ჯარი.

ავგუსტუსმა კანონმდებლობასა და სამართალში მრავალი რეფორმა გაატარა (lex Iulia); თუმცა საეჭვოა, რომ ქორწინებისა და ფუფუნების შესახებ კანონებს ბევრი მომხრე ჰყოლოდა.

საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმატებული გატარება შეუძლებელი იყო თავისი საქმის მცოდნე თანაშემწეებისა და ჭკვიანი მრჩევლების გარეშე, რომელთა შორის გამოიყოფოდა აგრიპა და მეცენატი. ხელოვნებისა და მეცნიერების აყვავება მეტწილად მათი დამსახურებაა. იმპერატორსა და მის დროს ადიდებდნენ ჰორაციუსი, პროპერციუსი და ვერგილიუსი. ლივიუსმა დაწერა რომის ისტორია, მეცნიერი ჰიგინუსი პალატინის ბორცვზე დაარსებულ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა. რომში აშენდა შესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობები: იმპერატორის სასახლე და ფორუმი, მზის საათი, ავგუსტუსის ზავის საკურთხეველი, მავსოლეუმი მარსის მოედანზე, გზები, წყალგაყვანილობა, ტაძრები, ბიბლიოთეკები, შეკრებების სახლები, სკოლები და სხვ.; ახალი ქალაქები და მოქალაქეობის უფლებების გაფართოება ხელს უწყობდა რომის კულტურისა და ცივილიზაციის გავრცელებას.

ავგუსტუსი გარდაიცვალა ახ. წ. 14 წ-ს. მისი გარდაცვალების თვეს აგვისტო უწოდეს. მან მემკვიდრის პრობლემა გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე გადაჭრა. ახ. წ. 4 წ-ს იშვილა ტიბერიუს კლავდიუს ნერონი, მესამე ცოლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან.

ავგუსტუსს სიკვდილის შემდეგ დარჩა სტატისტიკური ნარკვევი რომაული იმპერიის და მისი მოღვაწეობის ჩამონათვალით: „ღვთაებრივი ავგუსტუსის საქმენი“ („Res gestae Divi Augusti“). ნაპოვნი იქნა ამ დოკუმენტის რამდენიმე ფრაგმენტი, მათ შორის „ანკირული ძეგლი“ („Monumentum Ancyranum“).

ავტონომია (αύτονομία) - ბერძნული პოლისის ერთ-ერთი მთავარი იდეა. ის არა მხოლოდ თვითმმართველობის უფლებას ნიშნავდა, არამედ საკუთარი კანონისა და მოწყობის გამოყენების შემძლეობას. აქედან გამომდინარე აცხადებდა სწორედ სპარტა, რომ ის ბერძნული სახელმწიფოების ავტონომიისათვის იბრძოდა, რომლებიც ათენის იმპერიის შემადგენლობაში მყოფნი იძულებულნი იყვნენ, რომ თავიანთ ქვეყნებში დემოკრატიული მმართველობა დაემყარებინათ. ავტონომია უმეტესწილად დაკავშირებული იყო თავისუფლების იდეასთან. ავტონომია იდეალში ასევე მოითხოვდა ეკონომიკური თვითკმარობის - ავტარკეიას საკმაოდ მაღალ ხარისხს. მიუხედავად იმისა, რომ ავტონომია უმთავრესად თითოეული პოლისის შიდა მოწყობასა და მის კულტურულ ცხოვრებასთან იყო მიმართებაში, იგი ბერძენთა შორის პოლიტიკური ერთობის შექმნის ყველა მცდელობის ჩაშლის მთავარ მიზეზად გვევლინება.

აზნაური - ფეოდალური საზოგადოების დაწინაურებული ფენის წარმომადგენელი. თავდაპირველად ძველ ქართულ ნათარგმნ ლიტერატურაში (ძველი და ახალი აღთქმის წიგნებში) „აზნაური“ და „აზნაურებაჲ“ თავისუფალს და თავისუფლებას ნიშნავდა. კორინთელთა მიმართ მე-2 ეპისტ.: „სადა სული უფლისა, მუნ აზნაურება არს“ (თავი 2, 17). „აზნაურება“ ბერძნული ელევთერიას თარგმანს წარმოადგენდა და ა.შ. შესაბამისად, „შუშანიკის წამებაში“ (ახ. წ. V ს.) „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი“ შესაძლებელია გავიგოთ, როგორც თავისუფალ და არათავისუფალ ქართლის მკვიდრთა მნიშვნელობითაც. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ტერმინი „აზნაურნი დიდ-დიდნი“ თავისთავად ჩვეულებრივი აზნაურის არსებობასაც გულისხმობს. ამრიგად, აზნაური V ს-ში უკვე წოდების აღმნიშვნელი ტერმინი უნდა ყოფილიყო. IX-XIII სს. აზნაურის სტატუსმა თანდათან სახე იცვალა და სხვადასხვაგვარად ჩამოყალიბდა. გიორგი მერჩულის თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ გვიჩვენებს, რომ გაბრიელ დაფანჩული, რომელიც იყო დიდებული აზნაური აშოტ კურაპალატისა, მეფის წინაშე დამსახურებითაც ყოფილა გამორჩეული აზნაურთა შორის. „დიდებული აზნაური“ დიდი მამულისა და მრავალრიცხოვან ყმათა მფლობელი იყო; მას საკუთარი ციხეც ჰქონდა. ამდენად, „დიდებული აზნაური“ და „ციხოვანი“ ანუ „ციხის უფალი აზნაური“ თითქმის ერთი და იგივე იყო. იყვნენ აგრეთვე „უცხონი აზნაურნი“ - საშუალო და წვრილი აზნაურობა. ზოგი იყო „ნათესავით აზნაური“ ანუ ჩამომავლობით აზნაური და არა მეფის წყალობით აღზევებული. ჩამომავლობით აზნაური იყო სწორედ „გუარიანი“, მისი წოდებრივი ღირსება გვარის აზნაურობას ეფუძნებოდა და მხოლოდ გვარიშვილობით ჰქონდა აზნაურობა მიღებული. IX-X სს-ში პოლიტიკურ ცხოვრებასა და ბრძოლაში აზნაურთა წოდების მაღალი წრე აქტიურად იყო ჩართული, ხოლო XI-XIII სს-ში მხოლოდ დიდებულები და წარჩინებულები წყვეტდნენ ქვეყნის ბედს. თავადთა ხელში პოლიტიკური ძალაუფლების გადასვლის შემდეგ აზნაურთა წოდება შედარებით დაკნინდა, თუმცა XVI-XVII სს-დან აზნაურობას თანდათან ჩამოუყალიბდა მყარი ურთიერთობები სამეფო სახლთან, ეკლესიასა და თავადებთან. სამეფო აზნაურები მეტი პრივილეგიებით სარგებლობდნენ, ვიდრე საეკლესიო და სათავადო აზნაურები. ხშირ შემთხვევაში მცირემამულიანობის ან უმამულობის გამო ისინი იძულებულნი იყვნენ მსხვილ საეკლესიო თუ საერო მიწისმფლობელთა მფარველობისათვის მიემართათ. აზნაურები სამ ხარისხად იყოფოდნენ, უმთავრესად, მამულის სიდიდისა და ყმათა რიცხვის მიხედვით, ნაწილობრივ კი - შთამომავლობის მიხედვითაც. სისხლის ფასის მხრივ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი იცნობს დიდ (ანუ გადიდებულს), შუასა და ცალმხრივ აზნაურს, პირველის სისხლს აფასებს 192, მეორისას - 96, მესამისას - 48 თუმნად.

ჩამომავლობასა და წოდებრივი ღირსების გარდა, საქართველოში პირად ღვაწლსა და დამსახურებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. როდესაც ადამიანი პირადი ღირსებით „საჩინოჲ კაცი“, „განთქმული და საჩინო კაცი“ იყო, მისი წოდება მაღლდებოდა, ხოლო „სამსახური“ შესაფერისად ჯილდოვდებოდა. მაშინ ის მარტო „გუარიანი“ კი აღარ იყო, არამედ მას და მის ოჯახს „მსახურეული სახლის“ სახელგანთქმულობაც ემატებოდა, იგი „დიდად საპატიო და ნამსახური“ და „საპატიო აზნაურიშვილი“ ხდებოდა. ყმა-გლეხსაც შეეძლო თავისი დამსახურებით დაწინაურება. იგი არა უბრალო ყმა, არამედ „ვარგი და საცნაური აზნაურის ყმა“ ხდებოდა. საყურადღებოა, რომ სვანურში „ვარგ“ აზნაურსაც კი ნიშნავს.

იმ ფაქტს, რომ პირადი ღირსებითა და მსახურებით შეიძლებოდა დაწინაურება და გადასვლა დაბალი წოდებიდან უფრო მაღალი წოდების საფეხურზე, ჯუანშერის სიტყვებიც ამტკიცებს: არჩილმა თავისი ტაძრეულნი „აზნაურ ყუნა“. წოდებრივ ამაღლებას „აღზევება“, ხოლო დაწინაურებულებს აღზევებული ეწოდებოდა.

აზნაური სამეფო - მეფის უშუალო ვასალი ფეოდალი შუა საუკუნეების საქართველოში. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში სამეფო აზნაურებში შედიოდნენ მთლიანად ფეოდალური კლასის წარმომადგენლები, XI ს-დან - მისი დაბალი წოდების წარმომადგენლები. სამეფო აზნაურები რაოდენობრივად აღემატებოდნენ საეკლესიო და სათავადო აზნაურებს. სამეფო აზნაურების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა მეფის სიძლიერესა და მთლიანად ქვეყნის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. სამეფო აზნაურს დაწინაურების უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა, ვიდრე სათავადო და საეკლესიო აზნაურს. ზოგიერთი სამეფო აზნაური XVII-XVIII სს-ში თავისი სიძლიერით თავადს არ ჩამოუვარდებოდა (სააკაძე, შანშიაშვილი, გაბაშვილი, თურქისტანიშვილი, ყორღანაშვილი და ა.შ.). ერეკლე II-მ საკმაოდ გააფართოვა სამეფო აზნაურთა წრე. 1783 წლის ტრაქტატზე დართული სიის თანახმად, იმდროინდელ ქართლში იყო 82 სამეფო აზნაურის სახლი, ხოლო კახეთში - 36 აზნაური. რუსეთთან შეერთების შემდეგ საქართველოს სამეფო აზნაურები ჩაირიცხნენ სახაზინო უწყებაში და თავადებთან ერთად რუსეთის „დვორიანსტვოს“ გაუთანაბრდნენ.

აზნაურის ყმა - ყმა-გლეხი ფეოდალურ საქართველოში. XI ს-დან თანდათან მდაბიოთაგან უმრავლესობას ყმობის უღელი დაედო და „აზნაურის ყმად“ იქცა. თამარ მეფის ისტორიკოსი წოდებრიობისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის დაბალ საფეხურზე მდგომ გლეხთა აღსანიშნად სწორედ ამ ტერმინს, „აზნაურის ყმას“ გამოიყენებს. რასაკვირველია, გლეხები მარტო აზნაურებს არ ჰყავდათ ყმებად, თვით მეფესაც და ეკლესიასაც, მაგრამ „აზნაურის ყმა“ ღირსებით მეფისა და ეკლესიის ყმებზე დაბლა იდგა. გლეხ-ყმათა მდგომარეობა სხვადასხვაგვარი იყო, რომელთა უფლებებიცა და საზოგადოებრივი მდგომარეობაც არსებითად განირჩეოდა. ყმა-გლეხსაც შეეძლო თავისი დამსახურებით დაწინაურება. იგი არა უბრალო ყმა, არამედ „ვარგი და საცნაური აზნაურის ყმა“ ხდებოდა.

ათაბაგი - საქართველოში „იყო ვაზირი კარსა მეფისასა“, დარბაზის კარის ხელისუფალი. 1212 წლამდე ეს თანამდებობა „არა ყოფილა საქართველოს მეფეთა წინაშე“.

თამარ მეფემ ივანე მხარგრძელის თხოვნით „ახალი პატივი“ - ათაბაგობა დააწესა საქართველოში და პირველ ათაბაგად ივანე მხარგრძელი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარ მეფისაგან „ათაბაგობა განდიდებული“ იყო და „ათაბაგი დიდი და საპატიო ხელისუფალი“ ბრძანდებოდა, მაინც მწიგნობართუხუცესზე დაბლა იდგა. მეფის კურთხევის წესის თანახმად, მხოლოდ მწიგნობართუხუცესისა და ჭყონდიდელის შემდგომი ადგილი ეჭირა მას. მეფეს ტახტზე ასვლასა და კურთხევას რომ მიულოცავდნენ, ათაბაგი მხოლოდ ვეზირთა უპირველესის მერე უნდა მისულიყო მისალოცად. ვაზირობისა და დარბაზობის დროსაც უმაღლეს ხელისუფალთა შორის უპირატესობა არა ათაბაგს, არამედ მწიგნობართუხუცესს ეკუთვნოდა. საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ ათაბაგობა, როგორც ვაზირობა გაუქმდა, თუმცა ეს წოდება სამცხის მთავართა ტიტულად იქცა (სამცხე- საათაბაგო).

აიდესისი αϊδεσις - ათენური სამართლის მიხედვით, მკვლელობა პირადი დევნის საგანი იყო, ამიტომ გარდაცვლილის ნათესავებს, როგორც ბრალმდებლებს, გარკვეულ შემთხვევებში შეეძლოთ (ანდა მათგან მოელოდნენ), რომ მკვლელისათვის პატიება ებოძათ. ამის შემდეგ მკვლელი შემდგომი დევნისაგან დაცული იყო. ტერმინის წარმომავლობა არაა დაზუსტებული. ის დანამდვილებით კავშირშია ზმნა αίδέομαι-თან (მრცხვენია, პატივს მივაგებ). შესაძლოა, ეს ზმნა გამოიყენებოდა „სხვისი უბედურების პატივისცემის“ აღსანიშნავად და შემდგომ გადაიქცა „მასთან შერიგების“ გამომხატველად. მაგრამ ტერმინ შერიგებისაგან განსხვავებით, აიდესისი მხოლოდ დაზარალებული მხარის ქმედებას აღნიშნავდა.

აკენსები (accensi) - ადამიანთა დამატებითი კლასი. რომის სახელმწიფო მოწყობაში ეს ცნება პირველად ჩნდება სერვიუს ტულიუსის ეპოქაში და, სავარაუდოდ, აღნიშნავს დამატებით ჯარისკაცებს, რომლებიც მატერიალურად შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ, მაგრამ ვერ მიეღწიათ ბოლო, V კლასის ცენზისთვის. შესაბამისად, რადგანაც არ ჰქონდათ ცენზი, არ ჰქონდათ ხმის უფლება და არ ჰქონდათ სამხედრო ვალდებულება. მაგრამ მათ შორის იმათ, ვისი ქონებაც 11000 ასს აღწევდა, მისცეს ცენზი და ამ ცენზთან დაკავშირებული ვალდებულებებიც უნდა შეესრულებინათ. ისინი თავიანთი მდგომარეობით პროლეტარებზე მაღლა იდგნენ, მაგრამ ჩამოუვარდებოდნენ რორარიებს (მსუბუქად შეიარაღებული ჯარისკაცები), რომლებიც V კლასს მიეკუთვნებოდნენ. 1) მათი სამხედრო ვალდებულება ძალიან დაბალი იყო. მსუბუქად იყვნენ შეიარაღებული შურდულით და რკინის ქვებით. 2) სამოქალაქო ცხოვრებაში აკენსუსი ჰყავდა ყველა კონსულს, როგორც დამატებითი პერსონა ან ლიქტორთა თანაშემწე. მას კონსული თვითონ ირჩევდა, როგორც წესი, თავისი ლიბერტუსებისაგან, თუკი მათ ჰქონდათ უფლება ესარგებლათ რომის მოქალაქის უფლებებით. აკენსები ჯამაგირს იღებდნენ ხაზინიდან, მაგრამ კონსულის სხვა მსახურთაგან განსხვავებით (აპარიტორები), არ ირიცხებოდნენ სახელმწიფო სამსახურში და მათგან განსხვავებით არ აყალიბებდნენ ამხანაგობებს. კონსულს, რომელიც არ ფლობდა ფასკებს, ძველი ტრადიციის მიხედვით წინ მიუძღოდა აკენსუსი, ხოლო ლიქტორები მის შემდეგ მოდიოდნენ. ამდენად, ყველა ის პირი, რომლებსაც უფლება ჰქონდათ ლიქტორებთან ერთად გადაადგილებულიყვნენ (კონსულები, პროკონსულები, დიქტატორი, დეცემვირი, პრეტორები, პროპრეტორები) ხალხში აკენსუსთან ერთად ჩნდებოდნენ. აკენსები კერძო პირებთანაც ხშირად გვხვდება, რამდენადაც მოგვიანებით მათაც მიეცათ უფლება ლიქტორების ყოლისა, მაგ., თამაშების მომწყობებს. იმისდა მიხედვით, თუ ვისთან მსახურობდა აკენსუსი, მისი ფუნქციებიც განსხვავებული იყო. კონსულთან იგი ხშირად ცვლიდა მაცნეს (praeco) ცენტურიის კრების მოსაწვევად. პრეტორი მისი საშუალებით აუწყებდა საზოგადოებას სასამართლო პროცესის გამართვის დროს და ა.შ.

აკილიუს გლაბრიონი (M. Acilius Glabrio) - ძვ. წ. 70 წ-ს პრეტორი, ძვ. წ. 67 წ-ს კალპურნიუს პიზონთან ერთად კონსული, მათ გამოსცეს კანონი სამსახურებრივი თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ (Lex Acilia Calpurnia de ambitu); აკილიუსი პომპეუსის წინააღმდეგ გამოვიდა, როცა გაბინიუსმა მოითხოვა პომპეუსისთვის ზღვის მეკობრეებთან საბრძოლველად შეუზღუდავი უფლებები მიეცათ. მეთაურობდა მითრიდატეს წინააღმდეგ ომს, მაგრამ მცირე ხნით, სენატმა იგი პომპეუსს დაუქვემდებარა. ძვ. წ. 63 წ-ს სენატში კატილინას მომხრეების სიკვდილით დასჯას დაუჭირა მხარი, ძვ. წ. 57 წ-ს იყო პონტიფექსი.

აკლამაცია (aclamatio) - 1) მოწონების ან უკმაყოფილების გამომხატველი შეძახილები სენატის სხდომის დროს, რომლებიც შეჰქონდათ ოქმში და ხმის მიცემის და გადაწყვეტილების მიღების ფორმას წარმოადგენდა. გარკვეულ ვითარებაში აკლამაცია ფორმალურ ხასიათსაც ატარებდა, მაგალითად, იმპერიის ხანაში, როდესაც რომელიმე მაგისტრატი წარმოადგენდა Senatus consultum ultimum-ს (სენატის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება), რამდენადაც ამ წინადადების უკან, როგორც წესი, იმპერატორი იდგა, ან იგი თვითონვე გამოდიოდა სენატში სიტყვით (oratio principis), სენატი ავტომატურ რეჟიმში იწონებდა წინადადებას და იღებდა გადაწყვეტილებას აკლამაციით. 2) აკლამაციით, საზეიმო შეძახილებით ხვდებოდნენ სარდლის არჩევას, იმპერატორის საზოგადოებრივ ადგილას გამოჩენას, ახალი კანონის გამოცხადებას. 3) საზოგადოებრივი აზრის გამოხატვა თამაშების დროს.

ალბუმი (album) - თეთრი, თაბაშირით დაფარული დაფა, რომელზედაც საზოგადოებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია იწერებოდა შავი და წითელი ფერით. 1) album praetoris - შეიცავდა წითელი ფერით შესრულებულ წარწერას (rubricae), რომელშიც განსაზღვრული იყო პრეტორების მოვალეობები, ხოლო ადრიანეს ეპოქიდან პრეტორის ედიქტი იწერებოდა (edictum perpetuum). ვინც წინასწარი განზრახვით დააზიანებდა ალბუმს, ისჯებოდა. მსგავს ალბუმებს აქვეყნებდნენ ედილები (aediles curules), პროვინციების მმართველები და კვესტორები. 2) album senatorium - ავგუსტუსის პერიოდიდან მოყოლებული იწერებოდა სია სენატორებისა. სენატორობის რანგიდან გამოსვლის შემთხვევაში ხდებოდა ალბუმიდან გვარის ამოშლა (albo senatorio eradere). 3) ნაფიც მსაჯულთა სია (album iudicum). 4) album pontificis - სადაც იწერებოდა წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და მაგისტრატთა სახელები.

ალიმენტი (alimentum) - გაღარიბებული ადამიანების გამოკვება სახელმწიფოს მიერ. ალიმენტის ინსტიტუტის დაარსება II პუნიკური ომის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, როდესაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობის მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. ავგუსტუსის ეპოქაში დაიწყო ზრუნვა მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც მოგვიანებით სამართლებრივად გაფორმდა: 1) ვალდებულება მატერიალური მხარდაჭერისა, რომელიც სისხლით ნათესაობას ემყარებოდა. 2) ვალდებულება პატრონისა იზრუნოს გათავისუფლებულზე (ლიბერტუსი) (extraordinaria cognito). ალიმენტის რაოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელობა ჰქონდა იმ პიროვნების ქონების განსაზღვრას, რომელიც ვალდებული იყო ეზრუნა შვილზე, ნათესავსა თუ გათავისუფლებულზე (facultas alimenta). იმპერატორ ნერვას სახელს უკავშირდება მზრუნველობა თავისუფლად დაბადებულ ღარიბ ბავშვებზე (alimentarii pueri et puellae). სწორედ ამის გამო შეიქმნა იმპერატორის ქანდაკება წარწერით tutela Italiae (იტალიის ზრუნვა). ეს წამოწყება გააგრძელეს მისმა მემკვიდრეებმა. ალიმენტარიები ეწოდებოდათ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ცოცხალი ჰყავდათ, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო გარკვეულ ასაკამდე (ადრიანეს დროს ეს ასაკი განისაზღვრა ბიჭებისათვის 18, ხოლო გოგოებისათვის 14 წლით) იღებდნენ ყოველთვიურ დახმარებას სახელმწიფოსაგან - ბიჭები 10 სესტერცს, გოგოები - 12 სესტერცს. სპეციალურად შექმნილი ფონდით ხდებოდა ამ თანხის უზრუნველყოფა. ცალკეულ თემში ბავშვთა რაოდენობის აღრიცხვით დაკავებულნი იყვნენ კვესტორები (quaestor alimentorum, questor pecuniae alimentariae), ხოლო მთელი ამ ინსტიტუტის მუშაობას განაგებდა პრეფექტი (praefectus alimentariae), რომელიც ძირითადად ინვესტიციების მოზიდვით იყო დაკავებული. მოგვიანებით ქვეყანა დაიყო ალიმენტირების მიხედვით რეგიონებად, რომელთაც მეთვალყურეობას კურატორები (curatores viarum) უწევდნენ ან სპეციალურად დანიშნული პროკურატორები (procuratores alimentorum).

ალკიბიადესი (ძვ. წ. 450-404 წწ.) - ათენის სახელმწიფო მოღვაწე. გაიზარდა ბიძის, პერიკლეს ოჯახში. სოკრატეს მეგობარი და მოწაფე. წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი - პატივმოყვარე, ამორალური, სამშობლოსა და მეგობრების მოღალატე, რომელიც სამშობლოს წინააღმდეგ უფრო ხშირად იბრძოდა, ვიდრე მის დასაცავად და ამავე დროს იყო ნიჭიერი მხედართმთავარი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ორატორი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული. ძვ. წ. 422 წ-ს კლეონის სიკვდილის შემდეგ იგი რადიკალურ დემოკრატებს ჩაუდგა სათავეში და სპარტისაგან იზოლაციის პოლიტიკას დაადგა. მისი ინიციატივით შეიქმნა პელოპონესის პოლისთა ახალი კოალიცია (არგოსი, მანტინეა და ელეა), რომელმაც ათენის მხარდაჭერითა და წაქეზებით შეუტია ლაკედემონს, მაგრამ დამარცხდა მანტინეასთან (ძვ. წ. 418 წ.). ალკიბიადესი დაჟინებით მოითხოვდა სიცილიის ექსპედიციის წარმართვას, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნიკიასი. (ექსპედიცია ათენელთა დამარცხებით დასრულდა (ძვ. წ. 413 წ.) ფლოტის სიცილიაში ჩასვლის შემდეგ, მოკლე ხანში, ათენელებმა მკრეხელობაში (ელევსინის მისტერიების პაროდირებაში) დასდეს ბრალი ალკიბიადესს და სასამართლოს წინაშე წარსადგომად ათენში მოუხმეს. იგი სპარტაში გაიქცა. სწორედ მისი რჩევით, ძვ. წ. 413 წ-ს სპარტელებმა დაიკავეს ატიკის ქალაქი დეკელეა, რათა მუდმივი საფრთხე შეექმნათ ათენისთვის. ათენში ალკიბიადესი მოღალატედ გამოაცხადეს და დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს. ოლიგარქები, რომლებმაც ძვ. წ. 411 წ-ს ათენში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, გაემიჯნენ ალკიბიადესს. დემოკრატიული პარტიის ერთგულმა ფლოტმა ალკიბიადესი აირჩია მეთაურად კუნძულ სამოსზე. ალკიბიადესმა ათენის ფლოტს დიდი გამარჯვებები მოუპოვა იონიაში (ძვ. წ. 411-408 წწ.). ძვ. წ. 407 წ-ს იგი ათენში დაბრუნდა, სადაც მას განსაკუთრებული ძალაუფლება მიანიჭეს. ნოტიუმთან ათენელების დამარცხების შემდეგ ალკიბიადესი ჩამოაცილეს ხელისუფლებას. ძვ. წ. 404 წ-ს ათენი საბოლოოდ დანებდა მტერს. სპარტელების დახმარებით დამყარდა 30 ტირანის ოლიგარქიული რეჟიმი. ოლიგარქებმა დემოკრატების დევნა დაიწყეს და სპარტელებს სთხოვეს, ალკიბიადესს გასწორებოდნენ. ალკიბიადესი თავშესაფრის ძიებაში ჯერ თრაკიაში, მერე ბითვინიაში, შემდეგ კი ფრიგიაში ჩავიდა, იქ მისი სახლი მიგზავნილმა მკვლელებმა დაწვეს და ალკიბიადესი მოკლეს.

ალმანია (ალმანის გაღება), ყისტი, ფშავი - ჩვეულება, რომლის მიხედვით მოკლულის ნათესავს უფლება ჰქონდა მკვლელისგან, თავსისხლის გარდა, მოეთხოვა ის ნივთი, რომელიც მას მოეწონებოდა. როდესაც ერთ თემს მეორე თემის სისხლი ემართა, ალმანიად მამულსაც კი ართმევდა. ალმანიიდან გათავისუფლებული იყო ის იარაღი, რომელიც ომში ან ლაშქრობაში პატრონს ასახელებდა. ასეთი იარაღის წართმევა ანუ ყისტად მოდება არავის შეეძლო. ალმანიისგან გათავისუფლებული იყო საკუთარი ნათესავის (გვარის) მკვლელი.

ალკმეონიდები (`Αλκμαιωνίδαι) - კეთილშობილი ათენური ოჯახი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ათენის პოლიტიკურ ისტორიაში. მისი პირველი ცნობილი წარმომადგენელი არქონი მეგაკლესი გახლდათ, რომელსაც კილონის შეთქმულების ჩახშობა და ამ დროს გამოჩენილი მკრეხელობის გამო ალკმეონიდთა გვარისთვის სამარადისო წყევლის თავს დატეხვა უკავშირდება. ამ საქციელს მათ არაერთხელ მოაგონებდნენ შემდგომ, განსაკუთრებით კი ძვ.წ VI ს-ის დასასრულს და პელოპონესის ომის დასაწყისში. აღნიშნული მოვლენის გამო ალკმეონიდთა გვარი, რომელმაც იმდროინდელი გაგებით ქალაქს ღვთის რისხვა თავს დაატეხა, გაძევებულ იქნა ათენიდან. ოჯახის გავლენა გაძლიერდა არქონ მეგაკლესის შვილიშვილის, ასევე მეგაკლესის, მეცადინეობითა და მისი პოლიტიკური კავშირებით. მან ცოლად შეირთო სიკიონის ცნობილი ტირანის, კლისთენესის, ერთადერთი ქალიშვილი აგარისტე და ცოლთან ერთად ათენში უზარმაზარი ქონებით დაბრუნდა. მეგაკლესი ათენში გაჩაღებულ სახიფათო პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება. იგი ატიკის სამი პოლიტიკური პარტიიდან ერთ-ერთის - პარალიების მეთაური იყო. მეგაკლესმა წააგო პოლიტიკური ბრძოლა დიაკრიების პარტიის მეთაურთან - პისისტრატოსთან, რომელიც ძვ. წ. 560 წ-ს ათენის ტირანი გახდა. ტირანთან შეთანხმების მიზნით მეგაკლესმა პისისტრატოსს თავისი ქალიშვილი მიათხოვა იმ გათვლით, რომ ამ ქორწინების ნაყოფი მომავალში ხელისუფლების მეთაური შეიქმნებოდა. მაგრამ პისისტრატოსმა ახალ ცოლთან შვილი არ გააჩინა და მიზეზად ალკმეონიდების საგვარეულო წყევლა დაასახელა. მეორე გადასახლების შემდეგ ალკმეონიდები უნდა დაბრუნებულიყვნენ ათენში მეგაკლესის შვილის, კლისთენესის, არქონობამდე (ძვ. წ. 525/524 წ.), მაგრამ შემდეგ ისევ იქნენ გაძევებულნი ჰიპიასის მიერ. ალკმეონიდებმა სცადეს ძალით დაებრუნებინათ ხელისუფლება და დელფოდან ატიკაში შეიჭრნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ხალხი მაშინვე მიემხრობოდა მათ და სამხედრო ბანაკი ლეიპსიდრიონთან დასცეს. მაგრამ მათ მხარეზე გადმოსულთა რიცხვი მცირერიცხოვანი აღმოჩნდა. ალკმეონიდებმა გაქცევა მოახერხეს. მაშინ ალკმეონიდთა გვარის მეთაურმა, კლისთენესმა, განიზრახა მოკავშირეები მოეძებნა და ამასთან, ფული მოეგროვებინა. დელფოს ახალი საკურთხევლის მშენებლობის სათავეში მყოფმა კლისთენესმა დიდძალი ფული იშოვა და სპარტასთან კავშირი დაამყარა. ლეიპსიდრიონთან დამარცხებიდან ოთხი წლის შემდეგ ძვ. წ. 510 წ-ს ტირან ჰიპიასის წინააღმდეგ კოალიცია შეიქმნა. სპარტის მეფე კლეომენესის მეთაურობით მოხდა ათენის ინტერვენცია, ჰიპიასი გაიქცა. ათენში გაჩაღებულ შინაპარტიულ ბრძოლაში ალკმეონიდთა მოწინააღმდეგე ისაგორასმა გაიმარჯვა. გამარჯვებულებმა შური იძიეს მოწინააღმდეგეებზე და 700 ოჯახი ატიკიდან გააძევეს, მათ შორის კლისთენესიც. მაგრამ ისაგორასის ხელისუფლება დროებითი იყო და მისი გაძევების შემდეგ კლისთენესი ატიკაში დაბრუნდა. მან ძვ. წ. 508/507 წ-ში წარმატებულად განახორციელა რეფორმები, მაგრამ სწორედ ამ დროს სპარტის მეფე კლეომენესმა, რომელსაც მისი პოლიტიკური პლატფორმა არ მოსწონდა, კლისთენესის წინააღმდეგ გაილაშქრა. მან ისევ გაუხსენა ალკმეონიდებს საგვარეულო წყევლა და ათენელებს სიბილწისგან ქალაქის განწმენდა მოსთხოვა. კლისთენესმა ქალაქი დატოვა. სასამართლომ მათ ხელახლა დაატეხა თავს წყევლა. მაგრამ კლისთენესის ჩატარებულ რეფორმებს შედეგი უკვე გამოღებული ჰქონდა, მათ ხალხი ემხრობოდა. ახლადშექმნილმა ბულემ უარი თქვა შეესრულებინა დამპყრობელთა მოთხოვნები. კლეომენესმა და ისაგორასმა აკროპოლისს შეაფარეს თავი, მაგრამ სამდღიანი ალყის შემდეგ დანებდნენ. კლისთენესი დაბრუნდა ქალაქში, რათა ბოლომდე მიეყვანა ჩაფიქრებული რეფორმები.

შემდგომში ალკმეონიდები მილტიადესს დაუპირისპირდნენ. მის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში ქსანთიპოსმა, მეგაკლესის დის - აგარისტეს ქმარმა აღძრა. მილტიადესს ქერსონესში ტირანულ მმართველობაში ადანაშაულებდნენ. ალკმეონიდთა გათვლის მიუხედავად, სასამართლომ მილტიადესი გაამართლა. სამი წლის შემდეგ კი ძვ. წ. 490 წ-ს მილტიადესმა სტრატეგოსის პოსტი დაიკავა და მარათონის ბრძოლაში სპარსელები დაამარცხა. ალკმეონიდების საგვარეულოს მდგომარეობა კვლავ რთული აღმოჩნდა. მათ სპარსეთის მოკავშირეობაში ადანაშაულებდნენ (ამბობდნენ, თითქოს მარათონის ბრძოლის წინ მათ ნიშანი მისცეს სპარსელებს). მაგრამ ისინი კუნძულ პაროსთან (ძვ. წ. 489 წ-ს) მილტიადესის სასტიკმა მარცხმა და, შესაბამისად, მილტიადესის გავლენის დაცემამ გადაარჩინა. ალკმეონიდებმა ისევ აღძრეს საქმე მილტიადესის წინააღმდეგ. სასამართლომ მილტიადესს უზარმაზარი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ოსტრაკისმოსის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლნი ალკმეონიდთა გვარის იმჟამინდელი მეთაური - მეგაკლესი (ძვ. წ. 486 წ.) და მისი სიძე, ქსანთიპოსი (ძვ. წ. 484 წ.) გახდნენ. ძვ. წ. V ს-ის შემდგომ წწ-ში დემოკრატიის განვითარების კვალდაკვალ ალკმეონიდთა გვარის გავლენა შემცირდა, თუმცა ოჯახის ცალკეული წევრები კვლავ ასრულებდნენ როლს პოლიტიკურ ასპარეზზე. პერიკლემ, ქსანთიპოსისა და აგარისტეს ვაჟმა, მოახერხა უგულებელეყო ძვ. წ. 432/1 წ-ს ალკმეონიდთა საგვარეულო წყევლაზე სპარტელების აპელირება. რაც შეეხება ალკიბიადესს, რომელსაც ასევე ალკმეონიდი დედა ჰყავდა, მისთვის მოწინააღმდეგეებს გვარის უბედურება არ შეუხსენებიათ.

ამბიტუსი (ambitus) - 1) სახლებს შორის დატოვებული 2,5 ფუტის მიწის ნაკვეთი, რომლის გაშენებასაც კრძალავდა XII დაფის კანონი, თუმცა მოგვიანებით ეს ნორმა ხშირად ირღვევა. 2) მაგისტრატის თანამდებობაზე კანდიდატის წინასაარჩევნო პროპაგანდა. 3) crimen ambitus - წინასაარჩევნო კორუფციის ყველა სახეობა (გამასპინძლება, გართობა, ქრთამი, მოსამართლეთა მოსყიდვა). გვიანი რესპუბლიკის ხანაში ამბიტუსი, როგორც ნობილიტეტის მხრიდან კანონდარღვევა, რომის საზოგადოებრივი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა, რის გამოც მის წინააღმდეგ ამოქმედდა ძალიან ბევრი კანონი (leges de ambitu).

ამირახორი - დიდი ხელისუფალი ფეოდალურ საქართველოში. ამირახორობის შემდგომ საფეხურად ამირსპასალარობა იყო. მოხელეთაგან მხოლოდ მას ჰქონდა უფლება ვეზირთა ბჭობას დასწრებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი მოვალეობები შედარებით შეზღუდული იყო. ამირახორს მხოლოდ სათათბირო უფლება ჰქონდა და არა გადამწყვეტი. „კარის გარიგებაში“ აღნიშნულია, რომ „ამირახორს“ ისეთივე პატივისცემა და უპირატესობა ენიჭებოდა მეფისაგან, როგორიც მეჭურჭლეთუხუცესსა და მსახურთუხუცესს. გარდა ამისა, ამირახორს ამირსპასალარივით, როგორც სამხედრო უწყების წარმომადგენელს „ხმალი“ ეკუთვნოდა. მას არა მარტო მეფის კურთხევის დროს ჰქონდა უფლება რმალ-შემორტყმული ყოფილიყო, არამედ დარბაზობის დროსაც. დარბაზობისას ამირახორს თან ახლდნენ მისი ხელქვეითნი მეაბჯრენი. ამირახორსა და მეაბჯრეთუხუცესს ექვემდებარებოდა აგრეთვე ზარდახანა, რომელიც ყოველგვარი აბჯარ-იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობი იყო.

ამირეჯიბი - მანდატურთუხუცესის თანაშემწე იყო. ამირეჯიბი დარბაზობის წესის აღსრულებასა და პურობის დროს იღებდა მონაწილეობას. პურობის წესიდან ჩანს, რომ ამირეჯიბი და განმგეთუხუცესი მანდატურთუხუცესის ქვეშევრდომები იყვნენ. როდესაც მეფე უბრძანებდა მანდატურთუხუცესს „პური მოიღეო“, ამ ბრძანების აღსასრულებლად ამირეჯიბი და განმგებელთუხუცესი გადიოდნენ ხოლმე.

ამირეჯიბს მეფისგან განსაკუთრებული უფლება ჰქონდა მინიჭებული - მას ყოველთვის და ყველგან შეეძლო მეფის ნახვა და მოხსენების წარდგენა, თუმცა როგორც დამოუკიდებელი ხელისუფალი და ვეზირი არც საისტორიო და არც სამართლის ძეგლებში გვხვდება. მიუხედავად ამისა, იმ სამ მოხელეს შორის, რომელთაც არავაზირთაგან ვაზირობის დროს სავაზირო დარბაზში ყოფნის უფლება ჰქონდათ, ამირეჯიბიც ყოფილა, მას არც საქმის გადაწყვეტაში, არც თათბირის დროს მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა, არამედ შეეძლო მხოლოდ „უტყვი დამსწრე ყოფილიყო“.

ივანე ჯავახიშვილის აზრით, ამირეჯიბი თავდაპირველად ეჯიბების უფროსი უნდა ყოფილიყო. „ეჯიბი“, კერძოდ, „შინაური ეჯიბი“, იხსენიება თამარ მეფის დროს. ამირეჯიბი არც გიორგი III-ისა და არც თამარის დროს არ არის მოხსენიებული. პირველად ჩნდება XIII ს-ში რუსუდანის მეფობისას.

ამირსპასალარი - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ვეზირი, მთავარსარდალი და სპის წინამძღოლი „მხედართმთავარი... არს ამირსპასალარი“. ეს სიტყვა პირველად გიორგი III-ისა და თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულებაში გვხვდება. შესაძლებელია, რომ ამირსპასალარი XII ს-ში ეწოდა მხედართმთავარს. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მოიხსენიებს სპასალარს“, რომელიც ადგილობრივ სამხედრო საქმეებს განაგებდა. თუმცა ამ თანამდებობის არსებობა სავარაუდოა იმ დროიდან, როდესაც დავით აღმაშენებელმა რეფორმები გაატარა და მუდმივი ჯარი შექმნა. უფრო გვიან, სპასპეტი არა მთავარსარდალს, არამედ საერთოდ მხედართმთავარს აღნიშნავდა. არც ლეონტი მროველისა და ჯუანშერის თხზულებებში მოიპოვება „ამირსპასალარი“. მათი გადმოცემით, ფარნავაზისა და ვახტანგ გორგასლის დროს საქართველოს ჯარების უფროსს „სპასპეტი“ ეწოდებოდა. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ჯარის წინამძღოლის უფლებები შედარებით შეზღუდული უნდა ყოფილიყო, ვინაიდან მეფეები თავად იყვნენ სახელმწიფოს მთავარსარდლები და ომში წინამძღოლობას თავად უწევდნენ ბრძოლაში ჯარს. მხოლოდ თამარ მეფის დროს, სანამ თამარი ქმარს მოიყვანდა, მიენიჭა ამირსპასალარს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თამარ მეფის ისტორიკოსის თხზულებიდან ჩანს, რომ ამირსპასალარის საზრუნავი „სალაშქრონი საქმენი“ უნდა ყოფილიყო. თუ მეფე ომში არ ბრძანდებოდა, ჯარის წინამძღოლობა ამირსპასალარს ევალებოდა. ამირსპასალარი „საპატიო ვაზირი“ იყო. საქართველოს სამეფოს მთელი ჯარი ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდა: ერთი იყო „ქუეითნი ლაშქარნი“, მეორე „მხედარნი ლაშქარნი“. ასევე მასში ერთიანდებოდნენ ქალაქისა და ციხეების მცველნი და მეფისა და მთავარსარდლის თანამყოფელი მოლაშქრეებიც. თუმცა მთელი ლაშქარი ამირსპასალარს ემორჩილებოდა. როდესაც ქვეყანა საომრად ემზადებოდა, მეფე დიდებულ ხელისუფლებს და დარბაზს მოიწვევდა და თითოეულს აზრს ეკითხებოდა. საქმეთა განხილვისას მეფის შემდეგ პირველი სიტყვა ამირსპასალარს ეკუთვნოდა. თუ დარბაზობა ომის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მეფე ბრძანებას გასცემდა და იწყებოდა „წუევა ლაშქრისა“. ამირსპასალარს თავისი სამხედრო თანამდებობის ნიშნად „ჴრმალი“ ჰქონდა, რომლის ტარების უფლებაც დიდი დარბაზობის დროსაც ენიჭებოდა. გარდა ამისა, მეფის კურთხევამდე „სამეფო ჴრმალი“ მის ხელთ იყო. როდესაც მეფის საეკლესიო კურთხევა დასრულდებოდა და მეფე საკურთხევლის კარიდან ჩამოვიდოდა, ამირსპასალარს ხმალი უნდა შემოერტყა ახლადკურთხეული მეფისათვის.

ამირსპასალარი ვეზირთა პირველ სამეულში შედიოდა ათაბაგსა და მანდატურთუხუცესთან ერთად.

ამირჩქარი - ამირსპასალარის უწყების მოხელე, მალემსრბოლთა უფროსი. როდესაც ამირსპასალარი თავისი თანამშრომლებითურთ სალაშქრო საქმეს „იურვოდა“, აჩუხჩი, ამირჩქარი და მერემეთუხუცესი (იხ. მერემე), წესის თანახმად, წინ მიდიოდნენ. ამირჩქარს ევალებოდა მეფის დაცვა და შიკრიკების ხელმძღვანელობა (მათი გაგზავნა, მიღება და ა.შ.).

ამნისტია (άμνηστία) - საჯარო ამნისტიათა რიცხვი ბერძნულ წყაროებში საკმაოდ მცირეა. ყველაზე ადრეული ამნისტია სოლონის ის კანონი უნდა იყოს, რომლითაც, სავარაუდოდ, მოქალაქის უფლებები ყოველ იმ ადამიანს აღუდგა, რომელთაც ეს უფლებები დაკარგული ჰქონდათ. ამ პირთა შორის მოქალაქეობა მხოლოდ იმათ არ აღუდგინეს, რომელთაც ეს უფლება ტირანიაში ბრალდების ან მკვლელობის გამო ჰქონდათ ჩამორთმეული.

საზოგადო შერიგების მეორე აქტს წარმოადგენდა ძვ. წ. 403 წ-ს დემოკრატიის აღდგენის შემდეგ ათენის სახალხო კრების დეკრეტი, რომელმაც ყველა შეიწყალა და მხოლოდ ოცდაათი ტირანი და მათი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამზრახველები გააძევა ათენიდან. არისტოტელე მის მთავარ პირობას იმოწმებს: μηδένι πρός μηδένα μνησικακεϊν. პლუტარქოსის დრომდე სიტყვა άμνηστία ამ ქმედების აღსანიშნად არ გამოიყენებოდა. მისი პირველი დამოწმებული მოხსენიება მილეტის წარწერებში გვხვდება (ძვ. წ. II ს. SIG 633. l. 36).

ამხანაგობები (societates) - ბერძნულ პოლისეში თავისუფალი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ასევე მეგობრული და ნათესაური გაერთიანებები.

რომის იმპერიაში ამხანაგობები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ სხვადასხვა სფეროში. კერძო სამართალში ამხანაგობები, რამდენიმე პირის (socii) ქონების (ან შრომის) გაერთიანება საერთო მიზნის მისაღწევად. ამავე დროს ამხანაგობების ეკისრებოდათ გარკვეული ვალდებულებები. ამხანაგობის წევრებს ამხანაგობისაგან და ერთმანეთისაგან დასაცავად ჰქონდათ ე.წ. ამხანაგობის საქმე (actio pro socio). უამრავი კერძო ამხანაგობის გარდა (მაგ., კომერციული კომპანიები), იყო სახელმწიფო მოიჯარე-შემსყიდველების (publicani) საზოგადოებები.

ძველრომაულმა სამართალმა იცოდა მხოლოდ ქონების ერთიანობა (consortium). საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების პროცესში რესპუბლიკის პერიოდის დასაწყისში წარმოიშვა მეწარმეთა ამხანაგობა, რომელშიც გაერთიანება პერეგრინებსაც (თავისუფალი არარომაელი მოქალაქეები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს რომის ეკონომიკურ ცხოვრებაში) შეეძლოთ. ამ ორი ფესვიდან ამოიზარდა კლასიკური ამხანაგობები: მისი ძირითადი რეკვიზიტები იყო:

1) შენატანი, რომელიც ნებისმიერ ქონებას გულისხმობს (res ანუ უძრავ ქონებას, საქონელს, ფულს და ა.შ.), ან პროფესიულ ან ინტელექტუალურ მოღვაწეობას (operae), ან ერთსაც და მეორესაც. არ იყო აუცილებელი ცალკეული ამხანაგის შენატანი ერთნაირი ყოფილიყო, მათი ქონების ერთიანობასაც შეიძლება სხვადასხვანაირი ფორმა მიეღო; ამხანაგობის შექმნისას ცალკეული ადამიანების ქონება შესაძლებელი იყო ყველას საერთო საკუთრება გამხდარიყო (communio);

2) მიზანი, რომელსაც ექნებოდა ქონებრივი ხასიათი და სასარგებლო იქნებოდა ამხანაგობის ყველა წევრისათვის.

ამხანაგობების სახელი მისი მიზნით განისაზღვრებოდა: იყო გენერალური ამხანაგობები, ანუ მთელი ქონების ერთიანობა, აწინდელის და მომავლის, აქტიურის და პასიურის (societas omnium bonorum), გათვლილი ყველანაირ წამოწყებაზე (მეწარმეობაზე) მოგების მიღების მიზნით, ასევე სპეციალიზირებული, გათვლილი გარკვეულ მოღვაწეობაზე (societas alicuis negotiationis) და ცალკეული ერთჯერადი საქმის შესრულებაზე (societas unius rei);

3) თანხმობა, რომლის გამოვლენა ნებისმიერი საშუალებით შეიძლებოდა, მაგრამ განსხვავებით სხვა კონსენსუალური ხელშეკრულებებისა, თავდაპირველი თანხმობა საკმარისი არ იყო, საჭირო იყო სამუდამო თანხმობა. ამიტომ ამხანაგობა არა მარტო საერთო გადაწყვეტილებით, არამედ ერთ-ერთი ამხანაგობის წევრის უარის საფუძველზე წყვეტდა არსებობას; მაგრამ თუ უარი არადროული იყო, ამხანაგობის ეს წევრი დანაკარგებისაგან არა, მაგრამ მოგებისაგან კი თავისუფლდებოდა. ერთ-ერთი ამხანაგობის წევრის უარი ან სიკვდილი, გაკოტრება ან ქონების კონფისკაცია ასევე წყვეტდა ამხანაგობას, რომელსაც შეეძლო გაეგრძელებინა (ფორმალურად) ახალი, ანუ სხვა ამხანაგობა (nova societas);

თითოეული ამხანაგობის წევრი ყველა დანარჩენს ისე უნდა მოქცეოდა, როგორც ამას კეთილსინდისიერება (bona fides) ითხოვდა, ანუ შეეტანა დაპირებული შენატანი (სამუშაო თავად უნდა შეესრულებინა), გაენაწილებინა ამხანაგობის მოგება და წაგება და აენაზღაურებინა მისით მიყენებული დანაკარგი.

ანაკრისისი (άνάκρισις) - წინასწარი მოსმენა იმ საჯარო მოხელის წინაშე, რომლის წინაშეც სასამართლოში (იხ. დიკასტერიონი) საქმე მოგვიანებით იქნებოდა განხილული. სიტყვასიტყვით „გამოცდა“. ის არ უნდა იქნეს გაიგივებული სამოქალაქო კანონმდებლობის სისტემათა საგამოძიებო ინსტრუქციასთან (მითითებასთან). ათენელი მაგისტრატის მოქმედების თავისუფლება ძალზე შეზღუდული იყო. დიაიტეტესისგან (არბიტრისაგან) განსხვავებით მას არ შეეძლო საქმის გადაწყვეტა. სამწუხაროდ, ამ პროცედურის შესახებ ცოტა რამ ვიცით. სავარაუდოდ, მოდავე მხარეებს ანაკრისისის დროს ყველა დოკუმენტი, როგორებიც იყო კონტრაქტი, ანდერძი, კანონები, რომელთა გამოყენებასაც ისინი სასამართლო სხდომაზე აპირებდნენ, დალუქულ ქოთანში უნდა ჩაედოთ. შესაძლებელია, ეს წინასწარი მოსმენა მოდავე მხარეებს სასამართლო სხდომისათვის მოსამზადებლად ეხმარებოდა იმით, რომ მათ შეეძლოთ თავიანთი მოწინააღმდეგის მტკიცებულებათა წინააღმდეგ მიეღოთ ზომები. (იხ. სამართალწარმოება, ათენი). ძვ. წ. IV ს-ში ძალზე მცირეთანხიანი კერძო ბრალდების საქმეთა დიდი ნაწილი ანაკრისისის შემდეგ უშუალოდ მოხელეს მიერ წყდებოდა.

ანალები (Annales) - ძველ რომში უძველესი პერიოდიდან ქურუმები ღირსშესანიშნავი მოვლენების აღწერას აწარმოებდნენ. ამ მოვალეობას ასრულებდნენ პონტიფექსები (Pontifices), განსაკუთრებით მთავარი ქურუმი (Pontifex maximus). ამიტომ ამ ყოველწლიურ ჩანაწერებს ეწოდებოდა პონტიფექსთა ანალები (Annales Pontificum). უმაღლესი ქურუმის რეზიდენციის წინ გამოიდგმებოდა ხის დაფები, რომლებზედაც მნიშვნელოვანი მოვლენები (მზის, მთვარის დაბნელება, მოგვიანებით ფასების ზრდა, ომები და ა.შ.) იყო დაფიქსირებული. სავარაუდოდ, ძვ. წ. 130 და 144 წწ-ს შორის ეს ჩანაწერები გადაამუშავეს 80 წიგნად (Annales maximi). ანალებმა ჩაუყარა საფუძველი რომაულ ისტორიოგრაფიას.

ანდერძი (testamentum) - ანდერძის დატოვება შეეძლო მხოლოდ იმ პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა ვაჭრობის (commercium) და, შესაბამისად, ანდერძის შედგენის უფლება (testamenti factio). მშობლებთან მცხოვრებ ვაჟებს, მონებს, უცხოელებს, არასრულწლოვნებს არ შეეძლოთ ანდერძის დატოვება. ანდერძის მიხედვით, მემკვიდრედ არ შეიძლებოდა უცხოელების, ქალების და დროთა განმავლობაში lex Iulia et Pappaea-ს მიხედვით დაუოჯახებელთა და უშვილოთა დასახელება. ქალებს არ შეეძლოთ ანდერძის შედგენა, მაგრამ მოგვიანებით მიიღეს ეს უფლება (coemptio testamenti faciendi gratia - ანდერძის შედგენის უფლების მინიჭება), ადრიანეს დროიდან კი ისინი უკვე დამოუკიდებლად ან მეურვის საშუალებით ადგენენ ანდერძს. მონის დასახელება ანდერძში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ ანდერძის მიხედვით, ამასთან ერთად მას ენიჭებოდა თავისუფლება. ანდერძის უძველესი ფორმა იყო testamentum calatum ან calatis comitiis factum, რომელსაც პატრიციები კითხულობდნენ სახალხო კრების წინ. ანდერძის უძველესი ფორმაა და გამოიყენებოდა გამონაკლის შემთხვევაში testamentum in procinctu (ანდერძი იკითხებოდა სარდლის უფლებით მწკრივში ჩამდგარი ჯარისკაცების წინ ბრძოლის დაწყებამდე). ანდერძის ორივე ფორმა სამოქალაქო სამართლის ხასიათს ატარებდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში სრულდებოდა, თუ პატრონს კანონიერი მემკვიდრე არ ჰყავდა. XII დაფის კანონების თანახმად, ანდერძის შედგენის მიზანს ირიბად ემსახურებოდა მანციპაცია, რომლის საშუალებითაც მოანდერძე რწმუნებულ პირს (familiae emptor) გადასცემდა თავის ქონებას იმ მიზნით, რომ იგი მას გაუფრთხილდებოდა და მოანდერძის სიკვდილის შემდეგ, ანდერძის თანახმად, გაანაწილებდა მას მემკვიდრეებს შორის. მანციპაციიდან განვითარდა რომაული ანდერძის ძირითადი ფორმა - testamentum per aes et libram. მანციპაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და რწმუნებული პირი იყო მხოლოდ მოწმე (მოწმეთა რაოდენობა იყო განსაზღვრული - 7 პიროვნება), ხოლო მემკვიდრე ხდებოდა ის პირი, რომელიც დასახელებული იყო ანდერძში. მოანდერძის უკანასკნელი ნების გამოცხადებას ეწოდებოდა heredis nuncupatio, რომელსაც ზეპირი ფორმა ჰქონდა, თუმცა კლასიკურ ეპოქაში იგი თითქმის ჩაანაცვლა ანდერძის წერილობითმა ფორმამ, რომელიც საშუალებას აძლევდა მოანდერძეს ანდერძის შინაარსი საიდუმლოდ შეენახა (testamentum per scripturam factum). ანდერძის გაცნობის შემდეგ მოწმეები თავის ბეჭედს ასვამდნენ დოკუმენტს (testamentum septem signis signatum) და აწერდნენ ხელს (adscriptio). იმისათვის, რომ ანდერძს (ზეპირი, წერილობითი) იურიდიული ძალა მინიჭებოდა, საჭირო იყო მთელი რიტუალის ზედმიწევნით ჩატარება. ანდერძისათვის იყენებდნენ ხის დაფებს, შემდეგ მათ ახვევდნენ და შესანახად მიჰქონდათ ან მოანდერძის მეგობართან, ან აბარებდნენ ტაძარში (ძირითადად ვესტას ქურუმებთან), მოგვიანებით ქალაქის არქივში. პრეტორულ სამართალს, პრინციპში, ანდერძის ახალი ფორმა არ შემოუღია, უბრალოდ, აუცილებელი აღარ იყო მანციპაცია და მემკვიდრეობა პირდაპირ გადაეცემოდა ანდერძში დასახელებულ მემკვიდრეს იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი 7 მოწმის მიერ იყო დაბეჭდილი. სპეციფიკური ანდერძების შედგენისას testamentum muti (მუნჯი), testamentum caeci (ბრმა), testamentum surdi (ყრუ) აუცილებელია ნოტარიუსის (tabularius) ან 8 მოწმის არსებობა. ეპიდემიის დროს არ იყო აუცილებელი ყველა მოწმის გამოცხადება (testamentum pestis tempore conditum) და ა.შ. სრულიად განსაკუთრებული ხასიათი აქვს testamentum militis (ჯარისკაცის ანდერძი), რომელიც კონკრეტული სოციალური ფენისათვის დაშვებულ პრივილეგიად უნდა აღვიქვათ. ამ ტიპის ანდერძი ძალაში რჩებოდა ჯარიდან საპატიო დათხოვნიდან 1 წლის განმავლობაში. იუსტინიანუსის მიერ testamentum militis დაშვებული იყო მხოლოდ საომარ ვითარებაში. თუ ლიბერტუსი ანდერძის გარეშე წავიდოდა ამ ქვეყნიდან, მის პირდაპირ მემკვიდრეებს (heres sui) გადაეცემოდა ქონება. მათი არარსებობის შემთხვევაში კი მის პატრონს. თუ ისიც არ იყო, მაშინ პატრონის შვილებს, მათი არარსებობის შემთხვევაში პატრონის ნათესავებს (gentiles). ანდერძში მოანდერძეს შეეძლო გვერდი აევლო თავისი უახლოესი ნათესავებისათვის. ციცერონის დროიდან აუცილებელი გახდა ანდერძში იმ შვილების სახელდებით მოხსენიება, რომელთაც მოანდერძე მემკვიდრეობის გარეშე ტოვებდა და იმ მიზეზების დასახელება, რის გამოც ართმევდა მათ ამ უფლებას. სხვა ნათესავებთან მიმართებაში ასეთი მოთხოვნა არ არსებობდა. იმისთვის, რომ ანდერძი სრულყოფილად ჩათვლილიყო, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მოანდერძის ნორმალურ მდგომარეობაში ყოფნა. სულით ავადმყოფის, მფლანგველის, ზოგიერთ დანაშაულში ნასამართლები პირების ანდერძი ბათილდებოდა. რომის სამართალი ითვალისწინებდა ისეთ ვითარებასაც, როდესაც მოანდერძემ მართალია დაუტოვა მემკვიდრეობა კანონიერ მემკვიდრეს, მაგრამ ძალზე მცირე მოცულობით, არასრულად. ასეთ შემთხვევაში კანონიერ მემკვიდრეს შეეძლო სარჩელი შეეტანა სასამართლოში სავალდებულო წილის მისაღებად (hereditatis petitio).

ანონა (annona) - მომდინარეობს annus-დან (წლიური შემოსავალი), მოგვიანებით საკვები პროდუქტის მარაგს აღნიშნავს, განსაკუთრებით მარცვლეულის მარაგს, მოთხოვნილებას მარცვლეულზე, რომის და მუნიციპიების მომარაგებას მარცვლეულით წლის განმავლობაში. კიდევ უფრო მოგვიანებით ანონა საბაზრო ფასია, რომელიც შემოსავლებისა და მოთხოვნილების მიხედვით განისაზღვრება. ფასის განსაზღვრა სახელმწიფო ზრუნვის სფეროს წარმოადგენდა. საბოლოოდ ანონა აღნიშნავდა: 1) პროვინციებიდან შემოდინებულ ნატურალურ პროდუქციას, რომელიც პროვინციაში მყოფი ჯარის ნაწილების და ჩინოვნიკების შესანახად გამოიყენებოდა (annona militaris); 2) განსაზღვრული პროვინციებიდან შემოსულ პროდუქციას დედაქალაქის შესანახად (annona civica). სახელმწიფო ხაზინა რომის გარეუბნიდან შეისყიდდა მტკიცე ფასებში ხორბალს და მოუსავლიანობის დროს (გაძვირების შემთხვევაში) დაბალ ფასად ყიდდა რომის მოსახლეობაზე. ანონასთან დაკავშირებული საქმეებით (ფასი, გადასახადი, ადმინისტრაციული პრობლემები) დაკავებული იყვნენ ედილები (aediles), გვიანი რესპუბლიკის პერიოდიდან კურატორები (curatores annonae). ამ სფეროს მთავარი მეთვალყურე იყო პრეფექტი (praefectus annonae). გრაკქუსებამდე სახელმწიფო ზომიერ ფასს ინარჩუნებდა მარცვლეულზე. გრაკქუსების ხანიდან მარცვლეული უფასოდ ურიგდება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც შეყვანილი იყო სპეციალურ სიებში სოციალური მდგომარეობის მიხედვით. მარცვლეულის დარიგება არჩევნების დროს პროპაგანდის ძლიერ საშუალებას წარმოადგენდა.

ანტიდოსისი (άντίδοις) - სიტყვასიტყვით „სანაცვლოდ მიცემა“. პირს, რომელსაც ევალებოდა ლიტურგიის ჩატარება, შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ვალდებულება, თუკი იგი დაასახელებდა ამ საქმის შესასრულებლად უფრო მდიდარსა და უფრო კვალიფიცირებულ მოქალაქეს. თუ დასახელებული პირი დაეთანხმებოდა დამსახელებელს, რომ იგი მართლაც უფრო მდიდარი იყო, მაშინ მას უნდა აღესრულებინა ლიტურგია. თუკი იგი განაცხადებდა, რომ დამსახელებელზე ღარიბი იყო, მაშინ ამ უკანასკნელს თავისი განაცხადის გამოსაცდელად შეეძლო მათი ქონების ერთმანეთში გაცვლა მოეთხოვა. ამ შემთხვევაში თავად განაცხადის წარმომდგენს უნდა აღესრულებინა ლიტურგია, როგორც უფრო დიდი ქონების ახალ მესაკუთრეს. გაცვლის ეს პროცესი იწოდებოდა ანტიდოსისად. დემოკრატიული თვალთახედვიდან ამ სისტემის სარგებლიანობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი აქეზებდა მდიდრებს ერთმანეთის მიმართ ყოფილიყვნენ ეჭვიანნი, ნაცვლად იმისა, რომ მათ მტრობა სახელმწიფოს წინააღმდეგ წარემართათ.

ანქისტეა (άγχιστεία) - ფართო კომლი. ნათესაური ჯგუფი, რომელიც მოიცავდა ნათესაურ კავშირებს გარე ბიძაშვილების ჩათვლით. ათენში ანქისტეა საოჯახო კანონმდებლობის ბაზისს წარმოადგენდა. მას ასევე συγγενεϊς-ი ეწოდებოდა. თუ ანქისტეის წევრს მოკლავდნენ, დევნას ამ ჯგუფის უახლოესი მამრობითი სქესის ნათესავი ახორციელებდა. მემკვიდრეობის სადავო შემთხვევებში, მემკვიდრეობაზე პრეტენზია ანქისტეაში შემავალ უახლოეს მამრ ნათესავს ჰქონდა. მამის მხრიდან ნათესავებს დედის მხრიდან ნათესავებზე ენიჭებოდათ უპირატესობა.

აპაგოგე (άπαγωγή) - სიტყვასიტყვით „წათრევა“ შესაფერის მაგისტრატთან. საჯარო ბრალდების - გრაფეს ერთ-ერთი სახეობა. ბრალმდებელი საქმეს იწყებდა იმით, რომ აკავებდა ბრალდებულს და მას შესაფერის მაგისტრატს გადასცემდა, ჩვეულებრივ ე.წ. თერთმეტს. მყისიერად დაკავება ნებადართული იყო კრიმინალთა გარკვეული კატეგორიის მიმართ, როგორებიც იყვნენ ქურდები და ის პირები, რომლებიც ამეტებდნენ მათთვის მინიჭებულ უფლებებს. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული აღიარებდა თავის დანაშაულს მაგისტრატის წინაშე, ის მაშინვე სიკვდილით ისჯებოდა. მაგრამ თუ ის განაცხადებდა, რომ იყო უდანაშაულო, მის მიმართ საქმეს აღძრავდნენ (იხ. ასევე ეფეგესისი).

აპარიტორები (apparitores) - დაბალი რანგის მომსახურე ტექნიკური პერსონალი, რომელიც უმაღლეს მაგისტრატთან მსახურობდა (ლიქტორები, ნომენკლატორი, მაცნე, გადამწერი და ა.შ). რამდენადაც აპარიტორები დიდი ხნის განმავლობაში მსახურობდნენ მაგისტრატთან, ისინი სარგებლობდნენ იმუნიტეტით და დიდი გავლენით, განსაკუთრებით იმპერიის ხანაში. აპარიტორებს ჰქონდათ თავისი ორგანიზაციები (იხ. კოლეგია).

აპელა (άπέλλα) - სახალხო კრება სპარტაში. მისი პროცედურა ლიკურგოსის რეტრათი იყო განსაზღვრული. აპელაზე დასწრების უფლება ყველა სპარტიატს ჰქონდა. აპელა, სავარაუდოდ, ყოველთვიურად იყო მოწვეული. სახალხო კრებას თავდაპირველად მეფეები და გერუსია თავმჯდომარეობდნენ, მოგვიანებით კი (ძვ. წ. V ს.) ეფოროსები. აპელას ევალებოდა მიეღო ან უარეყო მის წინაშე წარმოდგენილი წინადადებები. რეტრაში შეტანილი დამატებით, სპარტის სახალხო კრებას ჩამოერთვა კანონმდებლობის ინიცირების თუ მისი შესწორების უფლება. თავის ნებას აპელა ხმაურიანი მხარდაჭერით გამოხატავდა. იმ შემთხვევაში, თუკი ეს გარკვევით არ ჩანდა, მაშინ ფორმალური კენჭისყრა იმართებოდა. სახალხო კრების კომპეტენციის მასშტაბი დაზუსტებით არაა ცნობილი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სახალხო კრება უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა სადავო შემთხვევები, რომლებიც ტახტის გადაცემას უკავშირდებოდა; დაენიშნა სამხედრო მეთაურები; აერჩია ეფოროსები, სხვა მაგისტრატები და გერუსია; გადაეწყვიტა ზავის დადების, ომის დაწყების და სამოკავშირეო ხელშეკრულებათა გაფორმების საკითხები. აპელას თანხმობას ასევე საჭიროებდა კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შეტანა. მის გვერდით ასევე გვხვდება ტერმინი μικρά έκκλησία (ქსენოფონი, ჰელენიკა, 3. 3. 8), რომელსაც, როგორც ჩანს, გადაუდებელ შემთხვევაში იწვევდნენ.

აპელაცია (appelatio) - სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება. ფორმულარული სამართალწარმოება ამ პროცედურას თავიდან კრძალავდა. მხოლოდ ავგუსტუსის ეპოქიდან გახდა შესაძლებელი აპელაცია. თავდაპირველად აპელაცია შესაძლებელი იყო მხოლოდ მაგისტრატის დადგენილების, მოგვიანებით კი, კლავდიუსის დროიდან, სასამართლო განაჩენის წინააღმდეგაც. აპელაცია შედიოდა უფრო მაღალ ინსტანციაში (ადგილობრივი სასამართლოს განაჩენი საჩივრდებოდა გამგებელთან, რომში - ქალაქის პრეფექტთან). პრინცეპსის, სენატის, პრეტორიის პრეფექტის (praefectus praetorio) მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. დომინატის ეპოქაში I ინსტანციას წარმოადგენდა პროვინციის რექტორი როგორც მოსამართლე, II - ვიკარიუსი (ადმინისტრაციის უფროსი), III - პრეტორიის პრეფექტი. თუ გვიანკლასიკურ საქმისწარმოებაში მიიღებდნენ წერილობით აპელაციას (libelli appellatorii), იგი გადამისამართდებოდა ზემო ინსტანციაში და თან აუცილებლად უნდა დართვოდა ამ აპელაციის თაობაზე I ინსტანციის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება. ახალ განაჩენს შეიძლება გაეუქმებინა ძველი დადგენილება ან შეეტანა მასში ცვლილებები. ძველად სისხლის სამართალი იცნობდა აპელაციისათვის ტერმინს - პროვოკაცია. მოგვიანებით ეს ორი ტერმინი სინონიმური მნიშვნელობის ხდება.

აპოგრაფე (άπογραφή) - საჯარო ბრალდების ერთ-ერთი სახეობა. ბრალდებული ჩამოთვლიდა ქონებას, რომელსაც, მისი აზრით, სახელმწიფოს კუთვნილება იყო და ბრალდებულის მიერ უკანონოდ იყო მითვისებული. საქმის მოგების შემთხვევაში მას ამ ქონების 3/4 გადაეცემოდა. დემოსთენეს სიტყვა „ნიკოსტრატოსის წინააღმდეგ“ და ლისიასის სიტყვა „არისტოფანეს მემკვიდრეობისთვის“ ამ ტიპის საქმეთა გამო არის დაწერილი.

აპოდექტესები (άποδέκται) - ათენში ათი მაგისტრატისაგან შემდგარი საბჭო, რომელიც ბულეს ზედამხედველობის ქვეშ აწარმოებდა გადასახადთა შემკრებ უწყებათაგან ფულადი სახსრების მიღებას და უხდიდა მათ ხარჯვით უწყებებს. ეს თანამდებობა კლისთენესმა შემოიღო. პერიკლეს დროიდან მათ წილისყრით ნიშნავდნენ (იხ. არჩევნები კენჭისყრით).

აპოფასისი (άπόφασις) - სიტყვასიტყვით „ჩვენება, განცხადება“. პროცედურა, რომელიც ძვ. წ. IV ს-ის შუა წწ-ში იქნა შემოღებული. სახალხო კრების მოწოდებით ან საკუთარი ინიციატივით, არეოპაგი უფლებამოსილი იყო შეესწავლა ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც საჯარო უსაფრთხოებას ეხებოდა და წარედგინა განცხადება (აპოფასისი) სახალხო კრებისათვის. ამ განცხადებაში იგი სახალხო კრებას კონკრეტული საქმიანობის რეკომენდაციას აძლევდა, ასე მაგალითად, დასახელებული პირის სამართლებრივი დევნისაკენ მოუწოდებდა.

არბიტრაჟი, ბერძნული (διαιτία) - დავის განსახილველად წარდგენა ნეიტრალური პიროვნების ან ორგანიზაციისათვის, რომელთა განაჩენის ცნობის შესახებაც მოდავე მხარეები წინასწარ დებდნენ პირობას. საარბიტრაჟო სასამართლო ბერძნებისათვის ცნობილი იყო ადრეული პერიოდიდან. ამგვარი სასამართლოს არსებობა დასტურდება სპარტაში, გორტინაში, ეფესოსსა და ლამპსაკოსში, თუმცა მათი ფუნქციონირების დეტალური აღწერა ჩვენ მხოლოდ ათენის პრაქტიკიდან მოგვეპოვება. იქ ხშირად ქირაობდნენ კერძო დიაიტეტესებს, რომლებიც დავის მოგვარების დროს სამართლებრივ ნორმებზე მეტად სამართლიანობის პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. კერძო დიაიტეტესების გვერდით საჯარო დიაიტეტესებიც არსებობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიაიტეტესის განაჩენი ლეგალური თვალსაზრისით სავალდებულო იყო, მოდავეებს უფლება ჰქონდათ აპელაცია - ეფესისი სასამართლოში შეეტანათ.

საბერძნეთში, განსაკუთრებით ელინისტურ პერიოდში, საარბიტრაჟო სასამართლო სხვა შემთხვევაშიც გამოიყენებოდა. კერძოდ, ამა თუ იმ სახელმწიფოს შეეძლო შეეთავაზებინა მეგობარი სახელმწიფოსთვის, რომ მას გამოეგზავნა მისი მოსამართლეები. ეს უკანასკნელნი განიხილავდნენ მასპინძელი სახელმწიფოს მოქალაქეების სამოქალაქო და, ცალკეულ შემთხვევებში, სისხლის სამართლის საქმეებს. მოწვეული მოსამართლეები, უპირველესად, იღვწოდნენ დავა „სასამართლოს გარეშე“ მოეგვარებინათ, თუმცა, როდესაც შერიგების მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა, მათ უფლება ჰქონდათ სასამართლო განხილვის თაობაზე გაეკეთებინათ განაცხადი.

არბიტრაჟს ყველაზე დიდი გავლენა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის სფეროში ჰქონდა. დღეს ძნელია ვილაპარაკოთ იმაზე, შეიმუშავეს თუ არა ბერძნებმა ეს მექანიზმი იმისთვის, რომ ძალა სამართლიანობის პრინციპით ჩაენაცვლებინათ. თუმცა, ერთი ფაქტია, სწორედ მათ გახადეს საარბიტრაჟო სასამართლო ომების თავიდან აცილების იმ საშუალებად, რომელსაც საკმაოდ ხშირად მიმართავდნენ და რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა. არბიტრაჟის გამოყენების ადრეული მაგალითები, როგორიცაა სპარტის შუამავლობა სალამინის თაობაზე ათენისა და მეგარის დაპირისპირებაში, ჩვენთვის მხოლოდ ნახევრადლეგენდარული ტრადიციითაა ცნობილი. თუმცა არსებობს ორიგინალური ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც არგოსი ესწრაფვოდა თავის ორ კოლონიას - კნოსოსსა და ტილოსს შორის უთანხმოება მოეგვარებინა და მომავალში თავიდან აეცილებინა მათი განმეორება. ეს გადაწყვეტილება დაახლოებით ძვ. წ. 450 წ-ს იყო მიღებული. ძვ. წ. 450 წ-ის შემდგომ საზავო ხელშეკრულებები ჩვეულებრივ შეიცავდნენ კლაუზულას, რომელიც ავალდებულებდა ხელის მომწერ მხარეებს, რომ მათ ყველა დავა, რომელიც კი შესაძლოა წარმოშობილიყო, არბიტრაჟისათვის გადაეცათ. როგორც ჩანს, ამ პრაქტიკას ხშირად მიმართავდნენ, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, შესაფერისი არბიტრის პოვნასთან დაკავშირებული სირთულეები და მოსახლეობის გამწვავებული განწყობა არ აძლევდა მხარეებს საშუალებას არბიტრაჟისთვის მიემართათ. ათენის საზღვაო კავშირის არსებობის პერიოდში მას ჰქონდა პრეტენზია, რომ იმპერიის წევრებს შორის წარმოქმნილი დავის დროს არბიტრი ყოფილიყო. მოგვიანებით, ბერძნული ლიგები იმავე საშუალებით ისწრაფვოდნენ, რომ უზრუნველეყოთ კავშირის შიგნით არსებული წონასწორობა.

მოღწეული წარწერები ცნობებს გვაწვდიან: არბიტრაჟის მოქმედების მექანიზმის, მისი სიდიდის, კომპოზიციის, პროცედურის, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ. აქვე ვეცნობით მოსამართლეთა წინაშე წარდგენილ ჩვენებათა ხასიათს თუ მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ასევე გადაწყვეტილებათა დარღვევასთან დაკავშირებულ ჯარიმებსა და სასაზღვრო კომისიების მიერ გატარებულ საზღვრის განცალკევების პრაქტიკას (იხ. დიკასტერიონი; სამართალწარმოება, ათენი).

არბიტრი (arbiter) - პრეტორის მიერ მოხმობილი ექსპერტი, რომელიც შუამავლის ან მესამე მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა. არ იყო შეზღუდული როგორც მოსამართლე, მკაცრი იურიდიული ნორმებით და შეეძლო ეკვიტასის (სამართლიანობის) საფუძველზე ეწარმოებინა საქმე. ამიტომ, ყველა თავისუფალ სასამართლო პროცესს, რომელიც მკაცრად განსაზღვრული ფორმულის გარეშე მიმდინარეობს, ეწოდება არბიტრიუმი (arbitrium). არბიტრებს ხშირად ვხვდებით იმ პროცესებზე, რომლებიც საზღვრების დავას შეეხება. არბიტრს ზოგჯერ უწევდა ფულადი ჯარიმის განსაზღვრაც, ამიტომ მოსამართლეს (iudex) ხშირად უწოდებენ arbiter datus-ს, პირს, რომელსაც იწვევდა სასამართლო მაგისტრატი და ავალებდა სასამართლო პროცესისათვის მნიშვნელოვანი საქმიანობის გაწევას. დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე არბიტრს, როგორც არა სასამართლო, არამედ კერძო შუამავალს (arbiter ex compromisso). კერძო შუამავლის მოწვევა ორივე მხარის თანხმობის საფუძველზე ხდებოდა და მხარეები კისრულობდნენ ვალდებულებას, გადაეხადათ ფულადი ჯარიმა. იმ შემთხვევაში, თუ შუამავალი თავს აარიდებდა დაკისრებულ მოვალეობას, გადაეწყვიტა დავა, პრეტორს შეეძლო მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრებინა მისთვის (მულტა - მაგისტრატის ბრძანებით დაკისრებული ჯარიმა დაუმორჩილებელი მოქალაქის მიმართ).

არგნოსანი - მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. ასრულებდა საპოლიციო ხასიათის ფუნქციებს. არგანი (საბჯენი ჯოხი) მისი სამოხელეო ნიშანი იყო. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ არგნოსანს ხელჯოხიანს ან ხელარგნოსანს უწოდებდნენ.

არეოპაგი - არეოპაგზე ან არესის ბორცვზე ათენში უძველესი დროიდან იკრიბებოდა საბჭო - βουλή, რომელსაც მოგვიანებით, მეორე საბჭოს - ბულეს შექმნის შემდეგ, შეკრების ადგილის მიხედვით არეოპაგის საბჭო - ή έξ Άρείου πάγου βουλή, ან მოკლედ არეოპაგი ეწოდა. მის წევრებს არეოპაგიტები ერქვათ.

არეოპაგი უძველესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი იყო. მისი ისტორია სათავეს მითოლოგიური ხანიდან იღებს. გადმოცემით, პოსეიდონის ვაჟის, ჰალიკოტისესის მკვლელობის გამო არესი გასამართლებულ იქნა. იმ ბორცვს, რომელზედაც სასამართლო ჩატარდა, მოგვიანებით ამის გამო „არესის ბორცვი“ ანუ „არეოს პაგოსი“ ეწოდა. ამ საბჭოს კი არესის სასამართლო პროცესის შემდეგ მკვლელობასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის უფლება მიენიჭა.

არეოპაგის, როგორც უძველესი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის, ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ათენის პოლიტიკურ ისტორიას და ნათლად წარმოაჩენს დემოკრატიულ და ანტიდემოკრატიულ ძალთა შორის არსებულ დაძაბულობას.

მონარქიის პერიოდში არეოპაგის საბჭოს მეფე იწვევდა და თავად თავმჯდომარეობდა მას. არეოპაგის თავდაპირველი ფუნქცია მეფის მრჩევლის ფუნქცია უნდა ყოფილიყო, მეფისა, როგორც წინამძღოლისა, ქურუმისა და მსაჯულის. მონარქიის დაქვეითებასთან ერთად იზრდება არეოპაგის საბჭოს გავლენა. არგუმენტირებული ჩანს ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ძვ. წ. VII ს-ში ხელისუფლება, ფაქტობრივად, არეოპაგს ემორჩილებოდა (იხ. არისტოტელე, ათენელთა სახელმწიფო წყობილება, 3. 6). მონარქიის და არისტოკრატიული ხანის უმეტეს პერიოდებში საბჭო მთლიანად ევპატრიდებისაგან შედგებოდა. მათი შერჩევის წესის შესახებ ცნობები არ არის შემორჩენილი.

არეოპაგის საბჭოს ახალი მოწყობის დროს (სავარაუდოდ, ყველაზე გვიან ეს სოლონის მოღვაწეობის დროს უნდა ყოფილიყო გატარებული) ამ საბჭოს შემადგენლობაში წარმოდგენილი იყო ყველა ყოფილი არქონი. ისინი თავიანთი რწმუნებულების ვადის ამოწურვის შემდეგ არეოპაგის წევრები ხდებოდნენ. არეოპაგის საბჭოში ცხრა წევრის ყოველწლიური შესვლა მას 200-300 წევრისაგან შემდგარ ინსტიტუტად ხდიდა. ახალი წევრების შეკრების ამ სისტემით, არეოპაგი თანდათან კარგავდა თავის ექსკლუზიურად არისტოკრატულ ხასიათს. გარკვეული დროის მანძილზე იგი ქონებრივად მდიდარ მოქალაქეთა ფენას წარმოადგენდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველა კლასის მომცველ ინსტიტუტად გადაიქცა (იხ. თეტები).

ეფიალტესის მიერ გატარებულ რეფორმამდე საბჭოს მოქმედების მთავარი სივრცე უცვლელი უნდა დარჩენილიყო, თუმცა კანონთა კოდიფიკაციამ არეოპაგის იურისდიქცია ნაკლებად თვითნებური გახადა. სოლონმა წერილობით დაადგინა არეოპაგის უფლებები და ამით გარკვეულწილად შეზღუდა ის. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სოლონის რეფორმამდე არეოპაგი ირჩევდა არქონებს, მეცნიერებაში დღესდღეობით არაა გაზიარებული. მეცნიერების ვარაუდით, მეორე საბჭოს - ბულეს შექმნასაც არ უნდა ჩამოერთმია არეოპაგისათვის პრობულევტიკური ფუნქციები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს სოლონამდე არსებული სახელმწიფოსათვის საჭირო არ იყო. ამასთან, არეოპაგის ფუნქცია გენერალური ხასიათის რჩევების მიცემისა შენარჩუნებული უნდა ყოფილიყო იმ დრომდე, ვიდრე არქონები სახელმწიფოში მთავარ მოხელეებად რჩებოდნენ.

ტირანიის პერიოდში არეოპაგი მთლიანად ტირანის მომხრეებისაგან შედგებოდა. შესაბამისად, ტირანიის დაცემის შემდეგ არეოპაგი გარკვეულწილად დისკრედიტირებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, შესაძლოა, კლისთენესის რეფორმის შემდგომ არეოპაგმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. ძვ. წ. 507/6 წ-დან ძვ. 488/7 წლამდე იგი ახალი წევრების შერჩევას ხალხის მიერ არჩეული არქონებიდან ახდენდა. ამ არქონთა რიცხვში თემისტოკლესი და არისტიდესიც იყვნენ. ამან და არეოპაგის მიერ ძვ. წ. 490 წ-სა და 480/79 წლების კრიზისის დროს შესრულებულმა როლმა (არეოპაგმა უხელმძღვანელა ატიკის მოსახლეობის სალამინსა და პელოპონესში ევაკუაციას) გარკვეული გავლენა იქონია მისი გავლენის აღორძინების საქმეში. მაგრამ ზღვაოსანთა ფენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სწრაფი ზრდის პირობებში არეოპაგის ხელში მოქცეული დიდი ძალაუფლება უკვე აღარ შეესაბამებოდა არსებულ სიტუაციას. ძვ. წ. 487/6 წწ-ის შემდეგ მისი წევრების თანმიმდევრობითმა გაქრობამ პოლიტიკური ასპარეზიდან არეოპაგის ძალა შეასუსტა.

არეოპაგის ფუნქციების შეცვლაში კარდინალური როლი ძვ. წ. 462 წ-ს დემოკრატიული პარტიის ლიდერის - ეფიალტესის მიერ გატარებულმა რეფორმამ ითამაშა. მან არეოპაგი ბულესა და სახალხო კრების წინაშე დაადანაშაულა. იმ მომენტისთვის სახალხო კრების შემადგენლობაში მძლავრობდა ღარიბ მოქალაქეთა ფენა (ათენი არ აწარმოებდა ამ პერიოდისთვის არანაირ საზღვაო ომს და ამდენად, ზღვაოსნები ძირითადად ქალაქში იყვნენ. ეფიალტესის მოწინააღმდეგე კიმონი და ჰოპლიტები სპარტაში ლაშქრობდნენ), რომლებიც დემოკრატების მგზნებარე მხარდამჭერები იყვნენ. სახალხო კრებამ მიიღო ეფიალტესის შემოთავაზებული კანონპროექტი არეოპაგის შესახებ. ამ კანონით, არისტოტელეს თქმით, არეოპაგს ჩამოერთვა „მოვლენათა წარმართვის პრივილეგია“, რაც იმას ნიშნავს, რომ არეოპაგმა ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა დაკარგა. მისი პრივილეგიები გადაეცა ბულეს, ნაწილობრივ სახალხო კრებას და სასამართლოებს (იხ. დიკასტერიონი). მას ჩამოერთვა „კანონების დამცველის“ - νομοφυλακία-ს ფუნქცია და იგი სახალხო კრებამ ბულეს მიანიჭა. ამიერიდან სწორედ ეს ინსტიტუტი ზრუნავდა კანონების დაცვაზე. არეოპაგი გადაიქცა სასამართლოდ, ოღონდ სასამართლოდ, რომელშიც სისხლის სამართლის საქმეთა გარკვეული ნაწილი - უმთავრესად მკვლელობის საქმეები და სხვა საქმეები (მაგ., მკრეხელობასთან დაკავშირებული საქმეები) განიხილებოდა. შესაბამისად, შეიზღუდა მისი იურისდიქციაც. ძვ. წ. 403/2 წ-ში გამოცემული დეკრეტი იმის თაობაზე, რომ არეოპაგის, როგორც „კანონის დამცველის“ ფუნქცია აღდგენილიყო, როგორც ჩანს, პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

არეოპაგის სასამართლოს ძვ. წ. IV ს-ში ძალზე მაღალი რეპუტაცია ჰქონდა. ანტიკურობის გამოჩენილი მოღვაწენი - დემოსთენე, ლისიასი, ესქინე და სხვ. ერთხმად ლაპარაკობენ ამ ინსტიტუციის მიმართ არსებული ღრმა პატივისცემის შესახებ. არეოპაგი არქონად ნამსახურები პირებისაგან შედგებოდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მისი თითოეული წევრი დემოკრატიული ხელისუფლების მოხელეთა მიერ გამოწვლილვით იყო შესწავლილი: ყოველი არქონი გადიოდა თესმოთეტესების მიერ ჩატარებულ გამოძიებას - დოკიმასიას, ვიდრე ისინი თავიანთი თანამდებობრივი მოვალეობის აღსრულებას შეუდგებოდნენ. თავიანთი ერთწლიანი მსახურების დასრულების შემდეგ კი ისინი გადიოდნენ სახალხო აუდიტს - ევთინეს. არეოპაგიტები მხოლოდ იმ არქონებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ, რომლებიც ამ გამოცდას წარმატებით გაივლიდნენ (იხ. არქონი). ეს თანამდებობა ერთადერთი იყო, რომელიც ათენელ მოხელეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეკავა (არისტოტელე, ათენელთა სახელმწიფო წყობილება, 3. 6). ამისდა მიუხედავად, არეოპაგის წევრები ისევ გადიოდნენ აუდიტს - ევთინეს.

არეოპაგს აუცილებელი და სხვა სასამართლოებისგან განსხვავებული პროცედურები ჰქონდა. ერთი უმთავრესი პროცედურა ფიცის მიცემა იყო. ბრალმდებელი საზეიმოდ წარმოსთქვამდა ფიცს, რომლითაც იგი განადგურებას ატეხდა თავის თავს, თავის ოჯახს და თავის შთამომავალთ, თუ სიმართლეს არ იტყოდა. ამის პარალელურად სპეციალური მოხელეები ცხოველთა (ხარი, ირემი) მსხვერპლშეწირვას ატარებდნენ. იმავე ფიცს წარმოსთქვამდა ბრალდებულიც, მისი უფლებები განსაკუთრებით დაცული იყო. თუ იგი საქმეს წააგებდა და დამნაშავედ იქნებოდა მიჩნეული, მოსარჩელეს არ ჰქონდა უფლება დასჯა თავად განეხორციელებინა. მკვლელობის საქმეთა შემთხვევაში არეოპაგი უფლებამოსილი იყო მკვლელობაში დამნაშავე ჯალათისათვის გადაეცა. სხვა საქმეთა დროს, ასე მაგალითად, მკრეხელობასთან დაკავშირებულ შემთხვევებში, არეოპაგს არ შეეძლო დამნაშავე დაესაჯა. ბრალდებულს, დემოსთენეს გადმოცემით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უფლება გააჩნდა. მას უფლება ჰქონდა, რომ თავისი პირველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ სასამართლო სხდომა დაეტოვებინა (დემოსთენე, 23. 69). ვარაუდობენ, ალბათ იმ მიზნით, რომ ათენიდან წასულიყო.

არეოპაგიტები, როგორც ანტიკური მოღვაწენი ამბობდნენ, სხვა მსაჯულებზე გაცილებით გამოცდილნი იყვნენ, რის გამოც ორატორებს მათი შეცდომაში შეყვანა უძნელდებოდათ.

არქონ ბასილევსი საქმის გამცნობის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა არ მონაწილეობდა განაჩენის გამოტანაში. განაჩენი მხოლოდ მოქმედ წევრებს გამოჰქონდათ. არეოპაგიტები მოდავე მხარეებს არ რთავდნენ ნებას, საქმესთან მიმართებაში არმქონე ინფორმაცია წარმოედგინათ. ამითაც არეოპაგი ათენის სხვა სასამართლოებისგან განსხვავდებოდა. თუ გამსვლელს ცრუმოწმეობაში დაადანაშაულებდნენ, მის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას თესმოთეტესები აღძრავდნენ.

არეოპაგი მკვლელობის ყველაზე მძიმე სახეობებს განიხილავდა - ეს იყო განზრახ მკვლელობის, სხეულის დაზიანების, მოწამლვის, გადაწვის საქმეები. არაგანზრახ ჩადენილ მკვლელობას, მეტოიკოსის, უცხოელის ან მონის მოკვლის შემთხვევებს სხვა სასამართლო, სახელად პალადიუმი განსჯიდა, მკვლელობის კიდევ სხვა სახეობები დელფინიუმში იყო განხილული. არეოპაგი ასევე ისმენდა იმ საქმეებს, რომლებიც თავდასხმას და სხეულის დაზიანებას ეხებოდა. არეოპაგს უფლება ჰქონდა თავდამსხმელის დამხმარე პირებიც დაესაჯა.

ვარაუდობენ, რომ გარკვეულ შემთხვევებში არეოპაგიტები თავად აწარმოებდნენ მკვლელობის და თავდასხმის საქმეთა გამოძიებას. ასე მაგალითად, თუ თავდასხმის მსხვერპლი სარეცელს იყო მიჯაჭვული, მათ შეეძლოთ დაზარალებული სახლში გამოეკითხათ.

არეოპაგის წინაშე წარდგომა ერთობ სერიოზული რამ იყო. არეოპაგის წესების მიხედვით, ბრალდებულს არჩევანი ჰქონდა - მას შეეძლო სასამართლოს წინაშე გამოსულიყო, ან თავისი ნებით დაეტოვებინა ათენი. იმ შემთხვევაში, თუ იგი ქალაქს დატოვებდა, არქონთა თანხმობის შემდეგ მის ქონებას სპეციალური მოხელეები - პოლეტესები გაყიდდნენ.

არეოპაგის კომპეტენციაში შედიოდა მკრეხელობის ზოგიერთი სახეობის განხილვაც. ცნობილია, არქონ თეოგენესის ცოლის საქმე, რომელიც ანთესტერიის დღესასწაულზე ბასილინას წმინდა და საიდუმლო მსახურებას აღასრულებდა არ იყო რა თავად მოქალაქე (დემოსთენე, 59). არეოპაგის კკკმოვალეობაში შედიოდა ატიკის ზეთისხილის წმინდა ხეების დაცვის კონტროლი. ის, ვისაც წმინდა ხის მოჭრაში დაადანაშაულებდნენ, არეოპაგის წინაშე უნდა წარმდგარიყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, იგი კანონით სიკვდილით ისჯებოდა. არისტოტელეს დროისათვის სიკვდილით დასჯას ქონების კონფისკაცია ანდა გაძევება ჩაენაცვლა.

ძვ. წ. V ს-ის ბოლოსთვის, სასამართლო ძალაუფლების ტრადიციული როლის გვერდით არეოპაგს სხვა ძალაუფლებაც ჰქონდა. სახალხო კრებას ან ბულეს შეეძლო არეოპაგისთვის დაევალებინა საჯარო ბრალდების ცალკეულ საქმეთა გამოძიება და მოხსენების ხალხისთვის წარდგენა. ასე მაგალითად, ცნობილია, რომ არეოპაგს პნიქსის ბორცვზე აღმართული ზოგიერთი შენობის თაობაზე გამოძიების ჩატარება დაავალეს (ესქინე, 1. 81). ამასთან, როდესაც არეოპაგიტმა ამ გამოძიების შესახებ ხალხს მოახსენა, მან განსაკუთრებით შეახსენა საზოგადოებას, რომ „არეოპაგიტები არ იყვნენ უფლებამოსილნი დაედანაშაულებინათ ან დაეცვათ ვინმე, რადგან ეს მათი ტრადიციული საქმიანობა არ იყო“ (ესქინე, 1. 83).

ძვ. წ. 340-იანი წლების შემდეგ შემოღებულ იქნა გამოძიების სპეციალური სახეობა აპოფასისი, რომელიც არეოპაგის, სახალხო კრების და სასამართლოების ერთობლივ საქმიანობას მოიცავდა.

რამდენიმე ცნობა, რომლებიც ძვ. წ. 338 წ-ის შემდგომ პერიოდს განეკუთვნება, არეოპაგის მიერ სახალხო კრების გადაწყვეტილების ანულირების შესახებ მოგვითხრობს. ასე მაგალითად, პლუტარქოსის გადმოცემით, არეოპაგმა სახალხო კრების მიერ მთავარსარდლად არჩეული ქარიდემოსის ნაცვლად ქალაქის ბედი ფოკიონს ჩააბარა (პლუტარქოსი, ფოკიონი, 16. 4). იხ. ასევე დემოსთენე, 18. 132-4.

ძვ. წ. 337/6 წ-ს მიიღეს კანონი ტირანიის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც კანონგარეშედ ცხადდებოდა არეოპაგიტი, რომელიც დემოკრატიის დამხობას სცნობდა, თუმცა ჩვენთვის არაა ცნობილი, იყო თუ არა რეალობაში ამგვარი ქმედების შემთხვევები.

არზა - ხელისუფლისადმი მიმართული წერილობითი თხოვნა ან საჩივარი ფეოდალურ საქართველოში. XVIII ს-ში ამგვარ საბუთს აჯა ეწოდებოდა. „არზით საჩივარი“ ჯეროვნად უნდა ყოფილიყო დასაბუთებული, ზოგჯერ დამატებითი მტკიცებულებით გამყარებული. არზაზე თარიღიც აღინიშნებოდა.

არისტიდესი (Άριστειδής) - ათენელი სახელმწიფო მოღვაწე (ძვ. წ. V ს.). ლისიმაქოსის ძე. არისტიდესი იყო კალიასის ნათესავი, დაახლოებული იყო კლისთენესთან. არისტიდესმა ცხოვრება სიღარიბეში გაატარა და სიკვდილის შემდეგ ოჯახი უსახსროდ დატოვა. არისტიდესის ადრეული მოღვაწეობის შესახებ არაფერი ვიცით. მარათონის ბრძოლის დროს (ძვ. წ. 490/89 წ.) იგი იყო ბერძენთა ჯარის ერთ-ერთი სტრატეგოსი. მილტიადესის შემდეგ არისტიდესი ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდა. იგი მხარს უჭერდა ბრძოლის წარმოების შესახებ მილტიადესის მოსაზრებას. ძვ. წ. 489/88 წწ-ში არისტიდესი არქონი იყო. წყაროები მოგვითხრობენ არისტიდესისა და თემისტოკლესის ქიშპობისა და მტრობის შესახებ. არ შეიძლება დაზუსტებით ითქვას, ეს მტრობა პიროვნულ ხასიათს ატარებდა, თუ მათი დაპირისპირება მათი განსხვავებული იდეოლოგიურ ინტერესთა შეჯახებიდან მომდინარეობდა. ზოგიერთი მეცნიერი არისტიდესს ე.წ. „სახმელეთო პარტიის“ (პარტიისა, რომელიც ომის ტაქტიკის გამომუშავებისას აგრარული ფენის ინტერესს გამოხატავდა) მეთაურად მიიჩნევს და მას თემისტოკლესს - „საზღვაო პარტიის“ წინამძღოლს უპირისპირებს. სხვები ამტკიცებენ, რომ არისტიდესი არისტოკრატიული სახელმწიფო წყობის მომხრე იყო. არისტეონ კეოსელის გადმოცემით კი, თემისტოკლესა და არისტიდესის მტრობის მიზეზი ის იყო, რომ ორივეს უსაზღვრო ვნებით უყვარდა კეოსელი ჭაბუკი სტესილეოსი. ანტიკური ტრადიცია ხაზგასმით უპირისპირებს ერთმანეთს მათ ხასიათსაც. პლუტარქოსის მიხედვით, „არისტიდესი ხასიათით იყო მტკიცე, სამართლიანი საქმისათვის თავდადებული და სიცრუეს, ოინბაზობასა და თაღლითობას ხუმრობითაც კი ვერ იტანდა“ (პლუტარქოსი, არისტიდესი). ძვ. წ. 482 წ-ს არისტიდესი ოსტრაკისმოსით გააძევეს ათენიდან. ფართოდაა ცნობილი გადმოცემა, თუ როგორ უყარა კენჭი ერთ-ერთმა გლეხმა არისტიდესის გაძევებას მხოლოდ იმიტომ, რომ მობეზრდა იმის მოსმენა, არისტიდესი სამართლიანიაო. არისტიდესის პიროვნებას კარგად ახასიათებს ფრაზა, რომელიც მას ათენის დატოვების ჟამს წარმოუთქვამს: „დაე, ნუ დაუდგებათ ათენელებს ისეთი მძიმე ჟამი, რომელიც აიძულებს მათ, არისტიდესი გაიხსენონ“ (პლუტარქოსი, არისტიდესი, 7) ძვ. წ. 480 წ-ს, როდესაც ქსერქსემ საბერძნეთისკენ დაძრა ჯარი, ათენელებმა არისტიდესის გაძევების კანონი გააუქმეს და იგი ბერძენთა ჯარის ერთ-ერთ მეთაურად დანიშნეს. სალამინის ბრძოლის დროს იგი ხელმძღვანელობდა ათენელი მეომრების ბრძოლას სპარსთა დესანტის წინააღმდეგ კუნძულ ფსიტალიაზე. ამ ოპერაციის წარმატებით დასრულებამ დიდი როლი შეასრულა ბერძენთა საბოლოო გამარჯვებაში. შემდგომ იგი ეხმარებოდა თემისტოკლესს, რომელიც ათენის აღშენებასა და პირევსთან ქალაქის გრძელი კედლებით დაკავშირებას წარმართავდა. ძვ. წ. 478 წ-ს არისტიდესი ხელმძღვანელობდა ათენელთა საზღვაო ძალას მოკავშირეების სამხედრო ექსპედიციაში. იგი ყოველმხრივ ცდილობდა, რომ ლაკედემონელთათვის ჰეგემონია გამოეცალა ხელიდან. მისი შემწეობით, მცირეაზიელი და კუნძულელი ბერძნები გამოეყვნენ სპარტელ მოკავშირეებს. არისტიდესის უშუალო მეთაურობით დაარსდა დელოსის ახალი კავშირი, რომელიც, ფაქტობრივად, ათენის იმპერიას წარმოადგენდა (ძვ. წ. 477 წ.). არისტიდესმა მისთვის დამახასიათებელი ობიექტურობით დაადგინა ამ კავშირის თითოეული წევრის გადასახადის ოდენობა. მისი სიკვდილის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიის მიხედვით, არისტიდესი პონტოში გარდაიცვალა, მეორეს მიხედვით - ათენში (დაახლ. ძვ. წ. 467 წ-ს), მესამე კი მოგვითხრობს, თუ როგორ გააძევეს არისტიდესი ხელმეორედ სიკვდილის წინ იონიაში.

თავისი სამართლიანობით, სამშობლოსადმი თავდადებული და უანგარო სამსახურით, დიპლომატიური და სამხედრო ნიჭიერებით არისტიდესმა დიდი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა. ასე ახასიათებს მის მოღვაწეობას პლუტარქოსი: „პლატონი ათენის დიდად გამოჩენილ და სახელოვან პირთაგან მხოლოდ არისტიდესს აცხადებს მოხსენიების ღირს ვაჟკაცად. თემისტოკლესმა, კიმონმა და პერიკლემ ქალაქი სვეტებით, ფულით და სხვა ფუჭი რამერუმეებით გაავსეს, არისტიდესი კი თავისი გამგებლობით ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ წარმართავდა მას“ (პლუტარქოსი, არისტიდესი, 25).

არისტოკრატია (άριστοκατία) - „საუკეთესოთა ძალაუფლება“. თავდაპირველად საუკეთესოთა ძალაუფლება კეთილშობილთა მმართველობას წარმოადგენდა. თუ რამდენ ხანს იარსება არისტოკრატიულმა სამეფო კარმა, არ არის ცნობილი. ჰომეროსი წარმოგვიდგენს მეფის ავტორიტეტს და მის საპირწონედ სახალხო კრების მნიშვნელოვანებას გვიხატავს, რომელიც კეთილშობილ ოჯახთა მეთაურებით იყო მოქცეული საზღვრებში. კეთილშობილები პოლისის - ქალაქ-სახელმწიფოს მმართველ ფენას წარმოადგენდნენ. ისინი იყვნენ მიწათმფლობელნი, ჰყავდათ საქონელი, უმთავრესად ცხოვრობდნენ ქალაქებში და გამოირჩეოდნენ თავიანთი წარმოშობით, სიმდიდრით და, აგრეთვე პიროვნული სიმამაცითა და სიქველით. მათ შექმნეს მხედართა (ίππείς) ფენა, რომლებიც ერთმანეთთან კეთილშობილების დაუწერელი კანონებით, ტომის ძველი სოციალური და რელიგიური ერთობებით, ძმობით და ოჯახებით იყვნენ დაკავშირებულნი (იხ. ფილე, გენოსი). ნობილიტეტი ქალაქს საბჭოს მეშვეობით მართავდა, მაგრამ ძვ. წ. VIII ს-ში სამხედრო ტაქტიკა შეიცვალა და მხედრები მძიმედ შეიარაღებულმა ქვეითმა დანაყოფებმა (ჰოპლიტებმა) ჩაანაცვლეს. შემდგომი ეკონომიკური განვითარების შედეგად სიმდიდრის ახალი წყაროები წარმოიქმნა, რომლებიც კეთილშობილებთან ერთად სხვა ფენების მიერაც იყო გამოყენებული. ამ პირობებში არისტოკრატიამ ნელ-ნელა იცვალა სახე და ნობილიტეტის პოლიტიკური გავლენის დონეს არაარისტოკრატებმაც მიაღწიეს. სავარაუდოდ, არანობილიტეტის წარმომადგენელთათვის შესაძლებელი გახდა მცირე ერთობებში, განსაკუთრებით ფრატრიებში შესვლა, ანდა ახალი ერთობები იქნა დაფუძნებულნი იმავე უფლებებით. არისტოკრატია იქცა ოლიგარქიად, თუმცა ნობილიტეტის მორალური ღირებულებები და პოლიტიკური მეთაურობა კიდევ კარგა ხნის მანძილზე იყო პოლიტიკური საზოგადოების წარმმართველი. მოგვიანებით არისტოკრატია ფილოსოფიის პოლიტიკური და მორალური იდეალი გახდა როგორც საუკეთესო და ყველაზე ბრძენ ადამიანთა მმართველობა.

არქონი/არქონტი (άρχων) - სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი. არქონებს ვხვდებით ცენტრალური საბერძნეთის უმეტეს სახელმწიფოებში, ათენში და იმ ბერძნულ პოლისებში, რომლებიც ათენის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

თავდაპირველად ათენში სამი არქონი იყო - არქონ ბასილევსი, არქონ პოლემარქოსი და არქონ ეპონიმოსი. მედონტიდთა სამეფო გვარი პოლემარქოსისა და არქონ ეპონიმოსის თანამდებობათა შემოღების შემდეგაც (ესენი უმთავრესად არჩევითი თანამდებობები იყო) მემკვიდრეობის წესით ბასილევსის თანამდებობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებდა. მოგვიანებით, დაახლ. ძვ. წ. 750 წლისთვის დასახელებული სამი არქონის თანამდებობა ათწლიანი გახდა, ძვ. წ. 683 წ-დან კი მხოლოდ ერთწლიანი. ამასთან, მედონტიდთა უფლებებიც მთლიანად იქნა გაუქმებული. ამის შემდეგ ცოტა ხანში ექვსი თესმოთეტესის დამატებით არქონთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. არქონის თანამდებობა, რომელსაც ხალხი ირჩევდა, სახელმწიფოს მთავარი მოხელის თანამდებობას წარმოადგენდა. ცხრა არქონთაგან ყველაზე მთავარი არქონ ეპონიმოსი იყო, რადგან მისი მოვალეობათა სფერო ყველაზე ფართო სპექტრს მოიცავდა. ძვ. წ. VII და VI სს-ში, პისისტრატოსის ტირანიის დამყარებამდე, პოლიტიკური ბრძოლები უმთავრესად ამ თანამდებობების ირგვლივ წარიმართებოდა. პისისტრატოსმა დაადგინა, რომ არქონის პოსტი ერთ-ერთ მისიანს ან მის მემკვიდრეს უნდა სჭეროდა. სავარაუდოდ, არქონების წილის ყრით დანიშვნის მეთოდი ძვ. წ. 487 წ-ს შემოიღეს. თავდაპირველად მათ 500-თა ბულედან ირჩევდნენ, შემდეგ კი გადარჩეული ასი მაგისტრატისაგან. ამ პერიოდიდან მოყოლებული მათი პოლიტიკური მნიშვნელობა დასასრულს მიუახლოვდა. თუ ძვ. წ. 487 წ-მდე არქონები სოლონი, ჰიპიასი, თემისტოკლესი და არისტიდესი იყვნენ, ძვ. წ. 487 წ-ს შემდეგ არც ერთ გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს ეს თანამდებობა არ სჭერია.

ცხრა არქონი და თესმოთეტესთა მდივანი - თითოეული თითო ფილედან აირჩეოდა. არქონის თანამდებობის დაკავება ორი უმაღლესი ქონებრივი ცენზის მქონე მოქალაქეთა კლასიდან იყო შესაძლებელი. ძვ. წ. 457 წ-ს არქონობა ძევგიტთა ფენისთვისაც დაუშვეს.

მსახურების ვადის ამოწურვისა და ევთინეს გავლის შემდეგ არქონები არეოპაგის წევრები ხდებოდნენ, რაც არქონის თანამდებობის მნიშვნელობას საგრძნობლად ზრდიდა.

სხვა საჯარო სამსახურების მსგავსად, არქონის თანამდებობა ფართო სპექტრის სასამართლო და აღმასრულებელ მოვალეობებს მოიცავდა. ადრეულ პერიოდში ცხრა არქონი სასამართლო საქმეებს თავიდან ბოლომდე თავად განიხილავდა (გამონაკლისი სიცოცხლის ხელყოფასა და სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებული საქმეები იყო). გაურკვეველია, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობდა არქონებსა და ჰელიაიას შორის ძვ. წ. VI ს-ში. განვითარებული დემოკრატიის პირობებში არქონებს ევალებოდათ, გადაეწყვიტათ, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ესა თუ ის საქმე სასამართლოსთვის წარედგინათ და თუ შეიძლებოდა, გაერკვიათ კონკრეტულად რომელ სასამართლოს უნდა განეხილა იგი. მათ ასევე ევალებოდათ მტკიცებულებათა შეკრება და პროცესზე თავმჯდომარის ფუნქციის აღსრულება (იხ. დიკასტერიონი).

არქონ/არქონტ ბასილევსი (άρχων βασιλύς) - არქონ ბასილევსს გარკვეულ რელიგიურ მოვალეობათა აღსრულება ეკისრებოდა. ამავდროულად იგი არეოპაგის სასამართლოს თავმჯდომარეც გახლდათ. კერძოდ, მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ლენეების და მისტერიების ჩატარებაზე, და, საზოგადოდ, ევალებოდა ადრინდელ მეფეთა რელიგიურ მოვალეობათა აღსრულება. მის კომპეტენციაში ასევე შედიოდა ამ დღესასწაულების მიმდინარეობის დროს წარმოქმნილ დავათა სასამართლო განხილვების ზედამხედველობა. არქონ ბასილევსი განიხილავდა ასევე იმ ბრალდებებს, რომლებიც არაღვთისმოშიშობასა და მკვლელობასთან დაკავშირებით იყვნენ წამოყენებულნი (მკვლელობასთან დაკავშირებული საქმეები მას ეხებოდა იმდენად, რამდენადაც ნათესაური სისხლის დამღვრელს განწმენდამდე წმინდა ადგილებში ყოფნა ეკრძალებოდა) (იხ. არქონი).

არქონ/არქონტ ეპონიმოსი (άρχων έπώνυμος) - ცხრა არქონთაგან მთავარი. ათენში წელიწადი სახელს არქონ ეპონიმოსის სახელის მიხედვით იღებდა. ძვ. წ. 683 წ-დან მოყოლებული ეპონიმოს არქონთა სია მუდმივად დგებოდა, თუმცა ტერმინი „ეპონიმოსი“ რომის იმპერიის ეპოქამდე ოფიციალურად არ გვხვდება. იგი სახელმწიფოს მთავარი მაგისტრატი იყო ძვ. წ. 487 წ-მდე და შემდგომშიც რჩებოდა სახელმწიფოს ნომინალურ მეთაურად. არქონ ეპონიმოსობა სამოქალაქო თანამდებობა გახლდათ და უმთავრესად საკუთრების დაცვასთან იყო დაკავშირებული. თანამდებობის დაკავების წინ არქონ ეპონიმოსი დებდა ფიცს, რომ წლის ბოლოს თითოეულს ის საკუთრება ექნებოდა, რომელიც წლის დასაწყისში ჰქონდა რაც იმას ნიშნავდა, რომ მას უნდა უზრუნველეყო მოქალაქეთა დაცვა როგორც უწესრიგობის, ისე მათ მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებებისგან. არქონის მოვალეობაში შედიოდა მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები და ოჯახის დაცვა (განსაკუთრებით ობლებისა და ეპიკლეროსების). არქონ ეპონიმოსი ზედამხედველობას უწევდა ცალკეულ რელიგიურ დღესასწაულებსაც, უმთავრესად ქალაქის დიონისიებს (იხ. არქონი).

არქონ/არქონტ პოლემარქოსი (άρχων πολέμαρχος) - ერთ-ერთი ცხრა არქონთაგან. არქონ პოლემარქოსი თავის მოვალეობას ერთი წლის მანძილზე ასრულებდა. მისი სახელწოდება ცხადყოფს, რომ პოლემარქოსის თავდაპირველი მოვალეობა ჯარის მთავარსარდლობა იყო. პოლემარქოსის თანამდებობა უმთავრესად იმიტომ შეიქმნა, რომ მეფისათვის ჯარის მთავარსარდლობა ჩამოერთმიათ. პოლემარქოსი კალიმაქოსი მარათონის ბრძოლისას ათენელთა წინამძღოლი უნდა ყოფილიყო (თუმცა ჰეროდოტეს გადმოცემა (ჰეროდოტე, VI) არის ბუნდოვანი და სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებული). მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 487/6 წ-დან მოყოლებული ამა თუ იმ პირის არქონ პოლემარქოსად დანიშვნა წილის ყრით დაიწყეს, ჯარის მთავარსარდლობა სტრატეგოსებს გადასცეს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პოლემარქოსად დანიშნული ადამიანი კომპეტენტური სამხედრო ხელმძღვანელი ვერ იქნებოდა (იხ. არჩევნები კენჭისყრით).

პოლემარქოსის სხვა ფუნქციები უმთავრესად რელიგიურ და სამართლებრივ სფეროებს მოიცავდა. იგი წარმართავდა მსხვერპლშეწირვის ცალკეულ რიტუალებს და ხელმძღვანელობდა ომში მოკლულთა სამგლოვიარო პროცესიას. მას არამოქალაქეთა სასამართლო საქმეები ეხებოდა: ერთი ჯგუფის საქმეთა განხილვის დროს იგი სასამართლო პროცესზე პასუხისმგებელი მაგისტრატი იყო, სხვა საქმეთა შემთხვევაში მას არბიტრაჟსა და თავდებასთან დაკავშირებული ფუნქციები ეკისრებოდა.

არჩევნები კენჭისყრით (κλήρωσις) - კენჭისყრით არჩევნები ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში მომსახურეთა დანიშვნის მეთოდი იყო, მას განსაკუთრებით დემოკრატიულ ხელისუფლებაში ვხვდებით. ის თანასწორობის იდეას ეფუძნებოდა და გარეშე ზეგავლენების რიცხვს ამცირებდა. ათენის გარდა კენჭისყრით არჩევნების შესახებ მცირეოდენი ცნობებია მოღწეული. გაურკვეველია ამ მეთოდის შემოღების თარიღი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი, შესაძლოა, სოლონის დროს უკვე იყო პრაქტიკაში. ძვ. წ. 487/6 წ-დან არქონებს ამ თანამდებობაზე ნომინირებული კანდიდატებიდან (πρόκριτοι) კენჭისყრით არჩევის შემდეგ ნიშნავდნენ. შემდეგ ეს ორმაგ კენჭისყრად იქცა. კენჭისყრით არჩევის შემდეგ არქონის თანამდებობამ სახელმწიფო პოლიტიკური წინამძღოლობის მნიშვნელობა დაკარგა. თუმცა ყველა ჩვეულებრივი მაგისტრატი მცირეოდენი გამონაკლისების გარდა, თანამდებობებზე ამ წესით იყვნენ დანიშნულნი. ეს მეთოდი ბულეს წევრებსა და დიკასტესებზე (ძალზე რთული პროცედურით) ვრცელდებოდა.

ამასთანავე კენჭისყრა პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების აქტუალური საკითხების გადაწყვეტის საშუალება იყო. კენჭისყრა და ხელახალი არჩევის აკრძალვა, ან ყოველ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვა, თანამდებობის პირის როტაციის (მონაცვლეობის) შესაძლებლობას ქმნიდა, რითაც საარჩევნო ბატალიებს თავიდან იცილებდნენ. მეტიც, მოხელეების შეზღუდული უფლებამოსილება სახალხო კრების უზენაესობის გარანტიას წარმოადგენდა. კენჭისყრით არჩევნები ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში შესაძლებელი იყო იმდენად, რამდენადაც თითქმის ყველა მოქალაქეს გააჩნდა პოლიტიკური გამოცდილების მინიმუმი. ამასთან, ესა თუ ის პირი არჩეული ვერ იქნებოდა, თუ იგი საკუთარი თავის წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფდა. ტექნიკური, განსაკუთრებით ფინანსური და სამხედრო სფეროს მოსამსახურენი თანამდებობებზე ხმის მიცემით არჩევნების შედეგად იყვნენ დანიშნულნი. მცირერიცხოვან კრიტიკოსთა გარდა, რომელთა რიცხვში სოკრატე შედიოდა, კენჭისყრის პრინციპი დავის საგნად არ გამხდარა. ეს ნამდვილად დემოკრატიული პოლისის აუცილებელი და ფუნდამენტური ელემენტი იყო.

ასასი - (არაბ. ასას - დარაჯი, მოთვალთვალე) საპოლიციო ფუნქციების აღმასრულებელი მოხელე ფეოდალურ საქართველოში. იგი თვალყურს ადევნებდა ქალაქში წესრიგს, „პატრულირებდა“ ღამით და მომხდარი დანაშაულისა თუ ბოროტმოქმედების შესახებ ატყობინებდა ქალაქის მოურავს, რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც შედიოდა. მოურავი და ქალაქის მოხელეები ასასებისა და მათი უფროსების - ასასბაშების საშუალებით ახორციელებდნენ თავიანთ ფუნქცია- მოვალეობას.

ასასი (აფხ. - სტუმარი) - აფხაზ გლეხთა კატეგორია, რომელიც შეესაბამებოდა ქართველ ხიზანს, „მინდობილს“. გარდა ამისა, აფხაზეთში ასასებს უწოდებდნენ ფეოდალური კლასის იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც სხვა ფეოდალის მიწა-წყალზე სახლდებოდნენ და მისი ქვეშევრდომნი ხდებოდნენ.

ასტინომოსი (άστυνόμος) - სიტყვასიტყვით „ის, ვინც არეგულირებს ქალაქის საქმეებს“. ასტინომოსი იყო საჯარო მოხელე, რომელსაც ზოგადად ზედამხედველობის მოვალეობა ჰქონდა დაკისრებული. ასტინომოსის მოვალეობები, გარკვეულწილად, დღევანდელი პოლიციის ფუნქციებს შეიძლება დავუკავშიროთ, თუმცა პოლიციისგან განსხვავებით, ასტინომოსს დანაშაულის გამოძიება არ ევალებოდა. ასევე დიდად არ ეხებოდა მას დანაშაულებში ბრალდებულის თუ გასამართლებული ბოროტმოქმედის დაპატიმრება თუ დასჯა.

ატიმია (άτιμία) - სიტყვასიტყვით „პატივის დაკარგვა“. სამოქალაქო უფლებების სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა ბერძნულ ქალაქებში. თავდაპირველად ატიმია, როგორც ჩანს, კანონგარეშე ყოფნას, უფლებათა ტოტალურ დაკარგვას ნიშნავდა იმდენად, რომ მოქალაქეს შეეძლო მოეკლა „ატიმოსი“ და ეს არ იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული. შემდგომ, კლასიკურ ეპოქამდე, ატიმიის მოქმედების ველი დავიწროვდა და ის აღნიშნავდა მხოლოდ პიროვნების სამოქალაქო უფლებების სრულ ან ნაწილობრივ დაკარგვას. ატიმია შეიძლებოდა ყოფილიყო სამუდამო ან დროებითი, მაგალითად, სახელმწიფოსთვის გადაუხდელი ვალის შემთხვევაში, რაც ავტომატურად შეწყდებოდა, თუკი პირი ვალს გადაიხდიდა. ყველა უფლების სამუდამო წართმევა იყო სასჯელი შემდეგი დანაშაულებისათვის: ღალატისთვის, მაგისტრატის მოსყიდვისათვის, მტრის წინაშე შიშის გამოვლენისათვის, სასამართლოში ცრუმოწმეობისათვის (სამჯერ მხილების შემდგომ) და აგრეთვე მოქალაქეობის კანონის ზოგიერთი დარღვევისათვის. ცალკეულ უფლებათა სამუდამო წართმევა ხდებოდა: 1) თუ პირმა შემოიტანა გრაფე და ა) შემდეგ წააგო იგი; ბ) ვერ შეძლო სასამართლოზე (იხ. დიკასტერიონი) ხმების 1/5- ის შეგროვება; 2) თუ პიროვნება გრაფე პარანომონში სამჯერ იქნებოდა მხილებული; 3) გარკვეული მორალური ხასიათის დანაშაულის შემთხვევაში.

სრული ატიმიის სუბიექტს არ შეეძლო საჯარო ადგილებში გამოჩენა, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება, სასამართლოში მისვლა. თუ იგი რომელიმე ამ შეზღუდვას დაარღვევდა, იგი ექვემდებარებოდა აპაგოგეს, შეეძლოთ მისი მოკვლაც. თუმცა ის ინარჩუნებდა თავის კერძო უფლებებს, როგორც მოქალაქე: მისი მოკვლა მოიაზრებოდა მკვლელობად; ის არ იყო გაძევებული; ის აგრძელებდა საკუთრების ფლობას. ნაწილობრივი ატიმიის სუბიექტი კარგავდა ან კონკრეტულ უფლებას/უფლებებს, ანდა შემძლეობას გამოეყენებინა თავისი უფლება კონკრეტულ სიტუაციაში: ასე მაგალითად, კარგავდა შემძლეობას განეხორციელებინა სამართლებრივი დევნის გარკვეული სახეობანი (იხ. მოქალაქეობა, ბერძნული).

აქსონები (άξόνες) - ხის ფირფიტები, რომლებზეც კანონები იყო ჩაწერილი. ეს ფირფიტები ვერტიკალური ღერძის ირგვლივ ტრიალებდა. აქსონები ათენის პრიტანეუმში იდგა. მათზე ჩაწერილი იყო სოლონისა და დრაკონის კანონები. თითოეულ აქსონს - ანუ ფირფიტას, რომელზედაც კანონი იყო დაწერილი, თავისი რიცხვი ჰქონდა. შესაბამისად, კანონებს აქსონის რიცხვის მიხედვით იმოწმებდნენ. აქსონებს თავდაპირველად ხისაგან ამზადებდნენ, თუმცა მათი ასლები ქვის ფილებზეც იყო გამოქვეყნებული. არ ვიცით, თუ რამდენად ეწოდებოდა კვირბები ქვის ფილებს. ქიოსზე აღმოჩენილი ქვის ფილის ფრაგმენტი ცხადყოფს, რომ მსგავსი მოძრავი ფილები ათენის გარდა სხვაგანაც გამოიყენებოდა.

ახალი ადამიანი (homo novus - ახალი, აქამდე უცნობი ადამიანი) - თავდაპირველად რომაული ნობილიტეტის წრეში დამცინავი სახელი მხედრების წრიდან ან პლებსიდან გამოსული ყოველი ადამიანის, რომელმაც თავისი გვარიდან პირველმა პირადი ღირსებებით მიაღწია უმაღლეს თანამდებობას (კონსულობას ან მაგისტრატობას და შესაბამისად მმართველ ფენამდე ამაღლდა). მოგვიანებით ნებისმიერი წინამასწარა (მეტიჩარა). ყველაზე ცნობილი „ახალი ადამიანი“ ციცერონი იყო.

აჯა - ძველ საქართველოში ხელისუფლისადმი მიმართული თხოვნა სამართლის ან რაიმე წყალობის მისაღებად. სამართლის მთხოვნელის აჯას ანუ საჩივარს (გვიანდ. არზა) განიხილავდა სათანადო ხელისუფალი ან სასამართლო დაწესებულება (ერთ დროს სააჯო კარი). აჯის შედეგად წყალობის მიღება საგანგებო მინიშნებით აისახებოდა საბუთში (მაგ., „...მამულის წიგნსა გვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი... შეგიწყალეთ და გიბოძეთ...“). წყალობის სიგელის იმ ნაწილს, სადაც თხოვნის მოკლე შინაარსი იყო გადმოცემული, ჰაჯა-მოხსენება ეწოდებოდა.

8.2

▲ზევით დაბრუნება


ბავშვები (παϊδες) - საბერძნეთში უმთავრესად მამა წყვეტდა, აღეზარდა თუ არა ბავშვი. გამონაკლისი იყო სპარტა, სადაც ტომთა უხუცესებს ევალებოდათ, განეცხადებინათ, რომ ბავშვი აღზრდისათვის გამოსადეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ანტიკური მწერლები ხშირად გვიყვებიან ბავშვთა მიგდების შესახებ, ძნელია განვსაზღვროთ, თუ რამდენად ხშირი იყო ბავშვის მიგდება რეალურ ცხოვრებაში. მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ გონჯი გოგონები, უკანონო ბავშვები და მონათა ნაშიერნი. სავარაუდოდ, გოგონებს არ აძლევდნენ საკვებს, იყვნენ რა ისინი ბიჭებზე ნაკლებ „პოპულარულები“. ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენად იწვევდა ეს საგრძნობ დისბალანსს სქესთა შორის, როგორც ამას ცალკეული მეცნიერი ამტკიცებს.

მონის მსგავსად, ბიჭი მარგინალურ ფიგურას წარმოადგენდა, მაგრამ მონისაგან განსხვავებით მისი მარგინალობა მხოლოდ დროებითი იყო. გოგონები კი კირიოსის - მამაკაცი მეურვის ზედამხედველობის ქვეშ მაშინაც რჩებოდნენ, როდესაც ზრდასრულ ასაკს მიაღწევდნენ. ათენში სპეციალური ცერემონიალი - ამფიდრომია ბავშვის გაჩენიდან, სავარაუდოდ, მეხუთე დღეს იმართებოდა და ბავშვის ოჯახში შესვლას გვაუწყებდა. ამის შემდგომ, ცოტა ხანში, ბიჭები საგვარეულო გაერთიანებაში იყვნენ რეგისტრირებულნი, რომლებსაც ფრატრიების სახელით ვიცნობთ. ბიჭები და გოგონები 6 წლამდე თავიანთი ცხოვრების უმეტეს ნაწილს ქალთა ნაწილში - გინეკეუმში ატარებდნენ. ამ ასაკში ბიჭები სპარტაში ტოვებდნენ ოჯახს და სახალხო საგანმანათლებლო სისტემის - აგოგეს წევრები ხდებოდნენ, რომლის მიზანი კარგად დისციპლინირებული ჯარის შექმნა იყო. ბერძნულ სამყაროში ინიციაციის სხვადასხვა რიტუალი მამრობითი სქესისათვის ბავშვობის დამთავრებას აღნიშნავდა.

ძნელია, დაზუსტებით ითქვას, არსებობდა თუ არა საბერძნეთში პუბერტეტული რიტუალები გოგონებისთვისაც. თუმცა გამოთქმულია მოსაზრება, რომ არქტეა ათენში სწორედ ასეთ ინიციაციას წარმოადგენდა.

მეცნიერთა ვარაუდით, შვილის ყოლის მძლავრი სურვილი (ეს ჩანს როგორც ლიტერატურაში, ისე იმაშიც, რომ ხშირი იყო ადოფცია - შვილად აყვანა) ნაწილობრივ რეალობის პრაგმატული გაცნობიერების შედეგი იყო. ასაკში მშობელთა დიდი რაოდენობა სარჩენად შვილზე იყო დამოკიდებული. ბერძენთა შემთხვევაში მშობლისადმი შვილის მოვალეობა ლეგალური მოთხოვნის სახეს იღებდა - შვილი ვალდებული იყო მოხუცი მშობლები ერჩინა. ასეთი კანონი რომაულ სამყაროში ახ. წ. II ს-მდე არ არსებობდა.

ძიძა და პედაგოგი (ან ბავშვზე მზრუნველი), ორივე მონა, ბავშვის აღზრდისას მნიშვნელოვანი ფიგურები იყვნენ. რამეთუ ასაკობრივი სხვაობა მამასა და შვილს შორის დაახლოებით 30 წელი იყო, ბავშვთა უმეტესობა მეურვის ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდა. ბერძნები და რომაელები თვლიდნენ, რომ ინტელექტი ასაკობრივი კატეგორია იყო და, აქედან გამომდინარე, იმისკენ იხრებოდნენ, რომ ბავშვი ინტელექტუალურად დაბალ საფეხურზე მდგომად მიეჩნიათ. ბავშვები რელიგიაში მნიშვნელოვან როლს უმთავრესად თავიანთი რიტუალური სიწმინდის გამო თამაშობდნენ, მღეროდნენ ქოროში და ქურუმებადაც კი მსახურობდნენ. განსაკუთრებულად წმინდად ამ შემთხვევაში ის ბავშვი ითვლებოდა, რომლის ორივე მშობელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ამდენად იგი მკვდრებთან კონტაქტით არ იყო შებილწული.

ანტიკურ სამყაროში ბავშვის ჩვენეული წარმოდგენა თითქმის მთლიანად ეფუძნება უფროსი თაობის ისეთი არატიპური წარმომადგენლების მოსაზრებებს, როგორებიც იყვნენ პლატონი (სავარაუდოდ უშვილო) და არისტოტელე. ასე მაგალითად, პლატონის „კანონებში“ თამაშის კონცეფციას დიდი ყურადღება ეთმობა. პლატონი თვლიდა, რომ თამაში პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ბერძნულ თამაშობათა შესახებ ცნობები უმეტესად მოგვიანო ლექსიკოგრაფიული წყაროებიდან მომდინარეობს. ბერძნულ ხელოვნებაში ბავშვების ასახვა ძვ. წ. V ს-ის დასასრულიდან იწყება.

ბაზარი - არა მარტო სავაჭრო გარიგებების ადგილი, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრიც იყო. ბაზრის მოედანი ანტიკური ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. ჰომეროსის ეპოქის ღია, დაუგეგმავად გაშენებულ ბერძნულ აგორაზე რელიგიური კულტმსახურება, სახალხო კრებები და სასამართლო იმართებოდა. ძვ. წ. V ს-დან ბაზარი თანდათანობით (პირველად მცირე აზიის ქალაქებში) პროპილეებიანი კოლონადით გარშემორტყმული სიმეტრიული მოედანი გახდა.

მთავარი ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე რომაული ფორუმიც, ელინისტური ქალაქების საბაზრო მოედნების მსგავსად, ტაძრებით, საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობებით, შადრევნებით, ორატორების ტრიბუნებით, ქანდაკებებითა და პორტიკებით შემკული მოედანი იყო. ადრიდანვე (ამას ჯერ კიდევ არისტოტელე მოითხოვდა) ცდილობდნენ სახალხო კრებების ჩატარებისა და პროდუქტების გასაყიდი საბაზრო მოედნები (ე.წ. რომაული მაკელუმი) ერთმანეთისაგან გაემიჯნათ.

არქეოლოგიური გათხრებისას ბევრი ბაზრის კვალი იქნა აღმოჩენილი ათენში, მილეტში, რომსა და პომპეიში.

ბანზე შეხტომა, ხევსურეთი - შერიგება ქალის მოტაცებისთვის. შერიგების გარეშე მოტაცებული ქალის ცოლად მოყვანა არ შეიძლებოდა. ქალის მამისთვის ძალიან დიდი სირცხვილი იყო ბანზე შეხტომა. შეხტომის ნება ჰქონდათ მოტაცებული ქალის ძმას, ბიძაშვილებსა და მის მეზობლებს. ბანზე შემხტარნი მომტაცებლის სახლს არ მოეშვებოდნენ, სანამ დამნაშავე ქალის ოჯახს არ შეურიგდებოდა. ამ შერიგებისთვის დამნაშავე საკლავს კლავდა, სამჩარექიან ქვაბსა და ორი-სამი წლის კურატს უძღვნიდა ბანზე მსხდომარეთ. მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოხტებოდნენ ბანიდან „შემხტარნი“. თუ დამნაშავის სახლობა ბანზე შემხტარებს არ შეურიგდებოდა, ქალის ოჯახს უფლება ჰქონდა, მოტაცებული თან წაეყვანა. თუ ქალი მაინც დარჩებოდა საკუთარი ნებით, იგი მოიკვეთებოდა სახლიდან და მამის ოჯახს ერთი წლის განმავლობაში ვერ გაეკარებოდა. ეს საქმე ბოლოს მაინც არ მთავრდებოდა შეურიგებლად. გამტაცებელს საკლავი უნდა დაეკლა, ნადიმი გაემართა, კაცები მიეგზავნა ქალის ოჯახისთვის და შერიგებოდა. ზოგჯერ ბანზე შეხტომის გარეშეც გვარდებოდა საქმე. როცა მოტაცებული ქალის ნათესავები და მეზობლები ბანზე შესახტომად მიეშურებოდნენ, გზაშივე ეგებებოდნენ გამტაცებლის ნათესავები საკლავით და შერიგებას სთხოვდნენ. საკლავი გზაზე იკვლებოდა, მაგრამ მას ბანზე შესახტომად წასულები არ ჭამდნენ, ისინი სახლში ბრუნდებოდნენ. მეორე ან მესამე დღეს საქმროს ძმას ან სხვა ახლო ნათესავს მოტაცებული ქალი მამის სახლში მიჰყავდა, საკლავს კლავდნენ და რიგდებოდნენ. ქალი მამის ოჯახში რჩებოდა ქორწილამდე.

ბაჟი - სახელმწიფო ფულადი მოსაკრებელი, რითაც იბეგრება შემოტანილი, გატანილი და ტრანზიტული საქონელი, ქონება და სხვადასხვა ღირებული ნივთი. ქართულ წყაროებში ტერმინი ბაჟი პირველად XI ს-ში იხსენიება გიორგი II-ის სიგელში შიომღვიმის მონასტრისადმი. სახარების ქართულ თარგმანებში ბაჟს ეწოდებოდა ზუერი (ზვერი). XI-XIV სს-ში საქართველოში გაძლიერდა საშინაო და განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობა სირიასთან, ეგვიპტესთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან, ინდოეთთან და ა.შ. საბაჟო საქმეს საგანგებო მოხელე - ბურტა, ხოლო უფრო გვიან მეჭურჭლეთუხუცესი განაგებდა.

ბეგარა - მკვიდრი გლეხის მიერ მიწის ჭერასთან დაკავშირებული გამოსაღები როგორც ნატურალური, ისე ფულადი. ამასთან იგი შრომით ვალდებულებასაც გულისხმობდა. სხვადასხვა კუთხეში ბეგარა განსხვავებული იყო, რადგან სხვადასხვა კუთხეს თავისი კომლობრივი გადასახადი ჰქონდა. ზოგიერთი ბეგარა საპატიოდ ითვლებოდა - მეფის სამსახური, ლაშქრობაში ხლება და ა.შ., ზოგი ბეგარა - ჩვეულებრივად - ხვნა, თესვა, ვენახში მუშაობა, რასაც შრომით ბეგარას უწოდებდნენ და არსებობდა დამამცირებელიც, მაგალითად, ზურგით ტვირთის ზიდვა. საპატიო ნატურალური ბეგარა იყო ძღვენი და სამასპინძლო. ნატურალური ბეგარა ბატონის სასარგებლოდ განისაზღვრებოდა. შეღავათიანი ბეგარა ეკისრებოდა პრივილეგირებულ გლეხებს, ზოგჯერ ღარიბ - „შეუძლო“ გლეხებსაც. ქვეყნის სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარების შესაბამისად ხდებოდა ფულადი ბეგარის ზრდა.

ბენეფიციარიუსი (miles) - ჯარისკაცი, რომელიც თავის გამოჩენისათვის ჯილდოდ იღებდა vacatio munerum castrensium - მისი გაგზავნა შეიძლებოდა მხოლოდ ბრძოლაში და არა ჯარში მეორეხარისხოვანი სამუშაოს შესასრულებლად (მომარაგება, ჩვეულებრივი პატრულირება და ა.შ.). კეისარმა შექმნა მათგან სპეციალური რაზმი საკუთარი მცველებისა, აძლევდა მათ ჯილდოებს და ისინი სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყვნენ. საბოლოოდ ეს იქცა ცენტურიონების გამდიდრების წყაროდ. ისინი საშინლად ექცეოდნენ ჯარისკაცებს იქამდე, სანამ ჯარში მომსახურე არ იყიდდა ბენეფიციუმის უფლებას (ეს იყო commeatus - შვებულება ჯარისკაცისათვის, რათა ოჯახური საქმეები მოეგვარებინა ან თუნდაც დაესვენა და vacatio - გათავისუფლება დამატებითი დატვირთვისაგან ჯარში). ვისაც ფული ჰქონდა, ბენეფიციუმის უფლებას ფულით ყიდულობდა, სხვები კი სხვადასხვა საშუალებით ახერხებდნენ ამას (ქურდობა, ყაჩაღობა ან თავისუფალი ჯარისკაცის ღირსებისათვის შეურაცხმყოფელი დავალებების შესრულება). ამან საგრძნობლად შეასუსტა დისციპლინა ჯარში. ზოგჯერ ბენეფიციარიუსები ჯარის საერთო რაოდენობის მეოთხედს შეადგენდნენ, ისინი გადაჩვეულნი იყვნენ მძიმე შრომას, ხშირად წინააღმდეგობას უწევდნენ ცენტურიონს და არ ასრულებდნენ მის ბრძანებებს. ამის გამო დღის წესრიგში დადგა ბენეფიციუმის გაუქმება, თუმცა ეს ბოლომდე ვერ მოხერხდა, მაგრამ შეიცვალა გადასახადის გადახდის სქემა. გათავისუფლების ფული ფისკუსიდან უნდა შემოსულიყო.

ბენეფიციუმი (beneficium) - განსაკუთრებული სამართლებრივი აქტი, რომელიც იცავდა კანონის სიმკაცრისაგან ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას. გვიანკლასიკურ ხანაში ეს იყო ასევე სპეციალური შეღავათი, რომელსაც აძლევდა იმპერატორი კონკრეტულ პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს, პროვინციებს განსაკუთრებული დამსახურებებისათვის.

1) beneficium abstinendi - (ius abstitendi) - უფლება უარი თქვა მემკვიდრეობაზე. ამ უფლებით აღჭურვილი იყო პირდაპირი და უშუალო მემკვიდრე (heres suus) და არასრულწლოვანი. განსხვავება მათ შორის იმაში მდგომარეობდა, რომ ამ შეღავათით სრულწლოვანს არასრულწლოვანისაგან განსხვავებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა სარგებლობის უფლება, თუ არ ჩაერთვებოდა მემკვიდრეობის საქმის წარმოებაში.

2) beneficium aetatis - (venia aetatis) - ასაკობრივი შეღავათი.

3) beneficium competentiae - მოვალის უფლება, პასუხისმგებელი იყოს მხოლოდ იმ ქონებით, რომელიც გააჩნია. მისი პიროვნება ხელუხლებელი უნდა დარჩეს სხვადასხვა შეურაცხყოფისაგან და თავისუფალი უნდა იყოს სხვა სასჯელისაგან. II ს-დან კანონი ვალის ამოღების შესახებ უფრო ლმობიერი გახდა, იუსტინიანუსის დროიდან კი მოვალეს უტოვებდნენ აუცილებელ სახსარს არსებობისათვის. beneficium competentiae-ს იღებდნენ ნათესავები აღმავალი ხაზით დაღმავალი ხაზის ნათესავების წინააღმდეგ, მეუღლეები ერთმანეთის წინააღმდეგ, ჯარისკაცები ნებისმიერი კრედიტორის წინააღმდეგ.

4) beneficium inventarii - ეს იყო იუსტინიანუსის მიერ შემოტანილი სიახლე, რომელიც თანამედროვე კოდექსშიც გადავიდა და გულისხმობს მემკვიდრის დაცვას იმ მემკვიდრეობის წინაშე, რომელიც დამძიმებული იყო ვალებით. თუ მემკვიდრე 3 თვის განმავლობაში (ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც ის შედის მემკვიდრეობაში) მთელ ქონებას აღწერს ნოტარიუსის და 3 მოწმის თანდასწრებით, მაშინ იგი პასუხისმგებელი რჩება მოვალის წინაშე მხოლოდ იმ ქონების ფარგლებში, რომელიც გადაეცა. თუ მემკვიდრე შეგნებულად დამალავს მემკვიდრეობის ნაწილს, მას ამისთვის მოეთხოვება დამალული ქონების გაორმაგებული საფასური.

ბოსელი, ბოსლობა, ხევსურეთი - პატარა სადგური, სადაც ქალი დედათა წესის და მშობიარობის დროს ცალკე ცხოვრობდა. ქალი სოფლის გარეთ, სპეციალურად მოწყობილ ფანჩატურში ან სანეხვეზე მშობიარობდა და მხოლოდ სამი დღის შემდეგ ეძლეოდა უფლება ბოსელში შესვლისა. ბოსელი სახლიდან მოშორებით მდებარეობდა. „ნაბოსლარი“ ქალი უწმინდურად ითვლებოდა, შესაბამისად, უწმინდური იყო ბოსელიც. ბოსელში მყოფ ქალს კაცი ვერ მიეკარებოდა, ხატის კაცი კი შორიდანაც ერიდებოდა მას. მშობიარე ქალს ორი კვირის განმავლობაში არც კაცი და არც ქალი ხმას არ სცემდა, დეკანოზი კი ერთ თვესაც არ ელაპარაკებოდა. ზოგჯერ ქალი ბოსელში 40 დღის განმავლობაში რჩებოდა. სასმელ-საჭმელს ბოსლის ბანიდან აწვდიდნენ, არავინ არ უნდა შესულიყო ბოსელში. საკუთარ შვილებსაც ეკრძალებოდათ დედასთან მისვლა, მასთან მხოლოდ ჩვილი ბავშვი იყო. თუმცა ბოსლის ბანზე იარაღასხმული ხევსური იდგა ეშმაკისგან ბავშვის დასაცავად, რადგან მისი აზრით, ეშმაკი ემტერებოდა ახალდაბადებულს. რაც ნაბოსლარ ქალს თან ჰქონდა, ყველაფერი უწმინდური იყო. ამიტომ ბოსლობის შემდეგ, როცა ქალი ბრუნდებოდა სახლში, უნდა განბანილიყო, ტანისამოსი გაერეცხა და სამი-ოთხი დღე გაფენილი ჰქონოდა, მხოლოდ მერე შეეძლო ჩაეცვა. აუცილებელი იყო აკვნის გაწმენდა და გარეცხვაც.

არა მარტო ნაბოსლარი, მისი ოჯახიც კი უწმინდურად ითვლებოდა. მშობიარობის დროს მთელი სახლეულობა ხატში ვერ მიდიოდა. ამ უწმინდურობის მოსაცილებლად აუცილებელი იყო განათვლა, რაც ხატის კაცის მოვალეობაში შედიოდა. მშობიარობიდან ორი კვირის შემდეგ საკლავი უნდა დაეკლათ სახლის ბანზე, სახლი კი სისხლით უნდა ეპკურებინათ, რასაც სანათლოს უწოდებდნენ. ოჯახში დაბრუნების დროს ქალის საკუთრებიდან მეორედ უნდა დაკლულიყო საკლავი. სისხლს ჯამში აგროვებდნენ და შემდეგ ასხურებდნენ ბოძებსა და კედლებს. მხოლოდ ამის შემდეგ გაინათლებოდა სახლი, და ქალს უფლება ეძლეოდა ოჯახში დაბრუნებისა.

დედათა წესის დროს ქალები ბოსელში ერთ კვირას რჩებოდნენ. მშობიარეებისგან განსხვავებით, მათ ელაპარაკებოდნენ, მხოლოდ დეკანოზები და ხატის კაცები არ სცემდნენ ხმას. ამ დროს ქალები მუშაობდნენ კიდეც და უფლება ჰქონდათ საოჯახო საქმეზეც გასულიყვნენ, მხოლოდ სხვებისგან მოშორებით. მაგრამ ხატის მამულში ვერ შევიდოდნენ და ვერც სახატო საქმეს გააკეთებდნენ.

ხევსურს ნაბოსლარი ქალი მხოლოდ იმიტომ მიაჩნდა უწმინდურად, რომ ასე უბრძანებდა ხატი.

ბულე (βούλη) - ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ბულე თავდაპირველად კეთილშობილთა საბჭოს აღნიშნავდა. მათ მეფე რჩევის მისაღებად იწვევდა; მოგვიანებით ბულე წარმოადგენდა სპეციალურად დანიშნულ საბჭოს, რომელსაც მოქალაქეთა სახელით სახელმწიფოს ყოველდღიური საქმეების წარმართვა უნდა ეტვირთა. მისი კომპეტენციის ხარისხი სახალხო კრების კომპეტენტურობის ტოლფასი იყო. ოლიგარქიულ რეჟიმთა დროს ბულეს ზოგჯერ, შესაძლოა, სახალხო კრებისაგან დამოუკიდებლადაც ემოქმედა - ასე მაგალითად, იგი უფლებამოსილი იყო სახალხო კრება სურვილისამებრ მოეწვია. დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ბულე სახალხო კრებისადმი დაქვემდებარებულ ორგანოს წარმოადგენდა. ოლიგარქთა მმართველობისას ბულეს წევრებს, სავარაუდოდ, ან ხმის მიცემით ირჩევდნენ (მოქალაქეთა შეზღუდული წრიდან) ან მათ ეს თანამდებობა მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული. ბულეს წევრებად ისინი ან რამდენიმე წლის მანძილზე, ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში მსახურობდნენ. დემოკრატიული რეჟიმების პირობებში კი ბულეს წევრი მოქალაქე ძირითადად კენჭისყრით არჩევნების შედეგად ხდებოდა. მათი სამსახურეობრივი ვადა ერთი წლით შემოიფარგლებოდა. ბულე ამა თუ იმ სახით ყოველი კონსტიტუციური წყობის (მონარქია, ოლიგარქია თუ დემოკრატია) აუცილებელი შემადგენელი ნაწილი იყო.

სოლონის სათათბირო (ბულე) კლისთენესის სათათბირომ შეცვალა, რომელმაც გარკვეული სახეცვლილებებით რომაული პერიოდის დასასრულამდე იარსება. კლისთენესის ბულე 500 წევრისაგან შედგებოდა. მას კლისთენესის მიერ შექმნილი ათი ფილედან ირჩევდნენ, თითოეული ფილედან ბულეს 50 წევრს. წყაროებში კლისთენესის სათათბირო მოიხსენიება უბრალოდ ή βουλή-დ, ცალკეულ შემთხვევებში კი არეოპაგისაგან გასარჩევად ნახსენებია როგორც ή βουλή οί πεντακόσιοι. ძვ. წ. 307/6 წ-ის შემდგომ ბულეს წევრთა რიცხვი ახალი ფილეს შექმნისა თუ არსებულის გაუქმების შესაბამისად იცვლებოდა. ბულეს წევრები ერთი წლით იყვნენ არჩეულნი - მეორე ვადით მსახურება მხოლოდ გარკვეული შუალედის შემდგომ იყო შესაძლებელი. სათათბიროს წევრი ოცდაათ წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე შეიძლებოდა გამხდარიყო, მათ შორის თეტების ფენიდანაც (ყოველ შემთხვევაში ძვ. წ. V ს-ის დასასრულიდან მაინც). მათ დემოსებიდან შერჩეული ნომინანტებისაგან (πρόκριτοι) კენჭისყრით ირჩევდნენ. კენჭისყრით შერჩეულ პირს დოკიმასია უნდა გაევლო. პერიკლეს დროიდან მოყოლებული ბულეს წევრებს გასამრჯელოს უხდიდნენ. ძვ. წ. IV ს-ის ბოლოსთვის მათი გასამრჯელო დღიურად 5 ობოლს შეადგენდა.

საბჭო ყოველდღიურად იკრიბებოდა. გამონაკლისი დღესასწაულები და ე.წ. „უბედური დღეები“ გახლდათ. მის საქმიანობას წარმართავდა 50 წევრისაგან - პრიტანისებისაგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ახალი წევრებისაგან შემდგარი მეორე კომიტეტით იცვლებოდა. ერთი კომიტეტი ბულეს საქმიანობას წლის 1/10-ის მანძილზე უძღვებოდა. ეს პერიოდი პრიტანეად იწოდებოდა. ძვ. წ. V ს-ში პრიტანისები თავიანთი რიგებიდან ყოველდღიურად ირჩევდნენ თავმჯდომარეს, რომელიც სახალხო კრებასაც თავმჯდომარეობდა, თუკი სახალხო კრება იმ დღეს იყო მოწვეული. შემდგომ ხანებში თავმჯდომარეს პროედროსებიდან ირჩევდნენ, რომლებიც იმავდროულად ბულეს წევრებიც იყვნენ. საბჭოს თავდაპირველად ერთი, მოგვიანებით კი რამდენიმე მდივანი ჰყავდა. რიგით მოქალაქეებს და მაგისტრატთა უმრავლესობას საბჭოსთან ურთიერთობა მხოლოდ პრიტანისების მეშვეობით შეეძლოთ. ამით საბჭო გარეგანი თუ შინაგანი ზემოქმედებისაგან დაცული ხდებოდა. ამ წესიდან გამონაკლისს სტრატეგოსები წარმოადგენდნენ, რამეთუ მათ უფლება ჰქონდათ დასწრებოდნენ ბულეს შეხვედრებს და მოსაზრებები წამოეყენებინათ. სათათბირო, ჩვეულებრივ, ბულევტერიონში იკრიბებოდა. შეკრებებს საჯარო ხასიათი ჰქონდა, თუმცა ისინი საიდუმლოც შეიძლება ყოფილიყო, თუკი სათათბირო ასე მიიჩნევდა საჭიროდ.

ბულეს კომპეტენციის სფეროში სათათბირო, ადმინისტრაციული და სამოსამართლო საქმიანობა შედიოდა. სახალხო კრებაზე გამოსატანი ნებისმიერი საკითხი წინასწარ ბულეში უნდა ყოფილიყო განხილული, რასაც წინასწარი დადგენილების - προβούλευμα-ს შედგენა მოსდევდა. მხოლოდ სახალხო კრებაზე საჯარო განხილვის შემდეგ ხდებოდა პრობულევმა ფსეფისმა (დადგენილება) (იხ. სახალხო კრება).

ბულე მაგისტრატთა სხვადასხვა კოლეგიის საქმიანობას ზედამხედველობდა და ამ კოლეგიათა საქმიანობის კოორდინაციას აწარმოებდა, რითაც მთელ ადმინისტრაციულ სისტემას აერთიანებდა. მას მოვალეობათა ფართო სპექტრი ეკისრებოდა, მათ შორის, სახალხო კრებაზე წარდგენამდე უცხოელი ელჩების მიღება; ხელშეკრულებათა მონახაზების გაკეთება; ახალ ტრირემთა აგებასა და ფლოტის შენახვაზე მეთვალყურეობა; მრავალრიცხოვანი იყო ბულეს ფინანსური მოვალეობანიც: პოლეტესებისა და აპოდექტესების მეშვეობით იგი ზედამხედველობდა სახელმწიფო საკუთრებიდან გადასახადების აკრეფის სახელმწიფო კონტრაქტების გამოცემას, ასევე მეთვალყურეობას უწევდა კონტრაქტორებისაგან სახელმწიფო წლიური შემოსავლის მიღებას. ძვ. წ. V ს-ში ამას ემატებოდა დელოსის ლიგის წევრებისაგან ფოროსის (გადასახადის) მიღებაზე კონტროლი. ბულე ასევე თვალყურს ადევნებდა სატაძრო საგანძურებიდან სესხის აღებასა და დაბრუნებას, წლის ბოლოს ხაზინადართა ამა თუ იმ კოლეგიიდან მისი შემცვლელი ჯგუფისათვის თანხის გადაცემას. მასვე ევალებოდა, გაეკონტროლებინა მაგისტრატების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები მათთვის ჩაბარებული სახელმწიფო სახსრების განკარგვის შესახებ (იხ. ევთინე, ლოგისტები). ხუთასის საბჭო თვალყურს ადევნებდა საზოგადოებრივი შენობებისა და საკურთხევლების აგებას, საჯარო დღესასწაულთა ჩატარებას და ა.შ. ბულეს სამოსამართლო კომპეტენციებში შედიოდა დოკიმასიათა სხვადასხვა სახეობა, ეისანგელიას ბრალდებით აღძრულ საქმეთა განხილვა და სხვ. არეოპაგისაგან ბულეს გადაეცა უფლებამოსილება გამოეძია თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებანი. ზოგიერთ შემთხვევაში ბულეს ხელეწიფებოდა დაეპატიმრებინა სასამართლოს მოლოდინში მყოფი დამნაშავედ მიჩნეული პირი, მოქალაქეებისათვის დაეკისრებინა 500 დრაქმის ჯარიმის გადახდის ვალდებულება. უფრო მკაცრი სასჯელის შემთხვევაში მას საქმე განსახილველად სახალხო კრების ან დიკასტერიონისათვის უნდა გადაეცა.

ამგვარად, ბულე დემოკრატიული სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანო გახლდათ. პოლიტიკის ფორმირებასა და მის გატარებაში ბულეს დახმარების გარეშე სახალხო კრება ვერ იფუნქციონირებდა, როგორც უმაღლესი სახელისუფლებო ორგანო ასე ეფექტურად და ბრძნულად. ის, რომ ასეთი ფართო უფლებამოსილების მიუხედავად ბულე არ წარმოადგენდა სახელმწიფოს, განპირობებული იყო: ა) მისი წევრების ყოველწლიური შეცვლით; ბ) სახალხო კრების უფლებამოსილებით შეესწორებინა ან უარეყო სათათბიროს მიერ წარდგენილი პრობულევმა (წინასწარი დადგენილება). ამასთან, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ბულეს წევრად ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მსახურობდა, გამომდინარე იქიდან, რომ ესა თუ ის მოქალაქე ბულეს წევრი მხოლოდ ორჯერ შეიძლებოდა ყოფილიყო.

ძვ. წ. 411 წ-ის ოლიგარქიული გადატრიალებით, კლისთენესის ბულე დროებით 400-თა საბჭომ შეცვალა. ასევე შექმნეს თავიანთი საბჭო ოცდაათმა ტირანმა. მათი საბჭო 500 წევრისაგან შედგებოდა და მათი მოქმედება რევოლუციური ტრიბუნალის მოქმედებას ჩამოჰგავდა. ოცდაათი ტირანის რეჟიმის გადაგდებისა და დემოკრატიის აღდგენის შემდეგ ბულე ისევ ასრულებდა მნიშვნელოვან როლს კანონების გადახედვა-შესწორებაში.

ბჭე, ხევსურეთი - სახალხო მართლმსაჯულება, ხალხის ზნე-ჩვეულებებზე აღმოცენებული და მასზე დამყარებული. ხევსური ყველა დავას, ადათს, საჩივარს, მძიმე დანაშაულსაც კი ბჭობით აწესრიგებდა და იშვიათად მიმართავდა მთავრობის სასამართლოს. ხევსურის აზრით, მართლმსაჯულება უზენაესი ძალაა, ბჭე კი ღვთიური მადლით აღსავსე, რჩეული კაცია. ბჭე აუცილებლად ძალიან ჭკვიანი უნდა ყოფილიყო და ხალხის ჩვეულების მცოდნე. თითოეული თემი თავის ბჭეს ირჩევდა. ერთ თემს შეეძლო მეორე თემიდან მოეწვია ბჭეები. მაგრამ არც მოჩივარსა და არც მოპასუხეს არ ჰქონდათ ნება, თავად აერჩიათ ისინი, მათ შუამავალნი ირჩევდნენ. ბჭეების რიცხვი საქმის ვითარებაზე იყო დამოკიდებული. თუ მძიმე საქმე იყო, ათიდან თხუთმეტამდე ბჭე იყო საჭირო, როცა მსუბუქი საქმე ირჩეოდა, მაგალითად, ქურდობა, ვალის გადახდა, დიაცის სახელის შებღალვა და სხვა, მაშინ სამიდან ექვსამდე ბჭეც საკმარისი იყო. მათი რიცხვის განსაზღვრაც შუამავლების საქმე იყო. თუმცა მოჩივარსა და მოპასუხეს უფლება ჰქონდათ, ნაკლები ხარჯის გასაღებად ბჭეების რიცხვი შეემცირებინათ. ბჭეებს და შუამავლებს ორივე მხარე კარგად უნდა გამასპინძლებოდა. გარდა ამ ხარჯისა, სასისხლო საქმეში თითოეულ ბჭეს საბჭო გადასახადი ეძლეოდა - ერთ ძროხაზე ოთხი აბაზი, ცხვარზე - ერთი აბაზი. ამ გადასახადში შუამავლებსაც ჰქონდათ წილი. მძიმე საქმე, მაგალითად, მკვლელობა, 80 ძროხად იყო შეფასებული.

ბჭობა აუცილებლად შუა ადგილას იმართებოდა, როცა მოდავენი სხვადასხვა სოფლიდან იყვნენ, საბჭო ადგილი ამ ორ სოფელს შუა იყო, ძირითადად ჭალაში, წყლის პირზე ან მთის წვერზე. ხოლო თანასოფლელებს ხატში ასამართლებდნენ. თვით სოფელში და სოფლის ახლოს ბჭობა არ შეიძლებოდა. ბჭობა ღამით იმართებოდა და სწრაფად უნდა მოთავებულიყო. რაც არ უნდა მძიმე საქმე ყოფილიყო, 2-3 დღეზე მეტი არ გრძელდებოდა. ბჭობის დროს ბჭეები წილს ყრიდნენ, რომელ მხარესაც ერგებოდა წილი, მოჩივარსა თუ მოპასუხეს, პირველად ის ლაპარაკობდა. როგორც კი დაასრულებდა სიტყვას, თავად ბჭენი აცილებდნენ, რათა მოდავესთან შეხვედრა და შუღლი აეცილებინათ თავიდან. ამის შემდეგ მეორე მხარე იწყებდა ლაპარაკს. საბჭო სამართალმა დაპირისპირება არ იცოდა. თუმცა რიგ შემთხვევებში აუცილებელი იყო ეს დაპირისპირება. ამისთვის ბჭენი მოდავეს იწვევდნენ მას შემდეგ, რაც ერთი მხარე ლაპარაკს დაამთავრებდა და ყველაფერს დასაბუთებულად წარმოადგენდა.

საბჭო სამართალი სიტყვიერი სამართალი იყო და წერილობით საბუთს არ ითხოვდა.

ზოგიერთი საქმის გადასაწყვეტად საჭირო იყო მოწმე, რომლის ზნეობის განსაზღვრა და მეთვალყურეობა ბჭეების მოვალეობას შეადგენდა. ბჭეთა ფუნქციებში შედიოდა მამულზე დავის საკითხიც. დროშით დაფიცების დროს ბჭეების დასწრება აუცილებელი იყო (იხ. ფიცი, მთა).

მამულის დავის დროს მოჩივარსა და მოპასუხეს ცხრა-ცხრა ცხვარი უნდა მიეცა თითოეული ბჭისთვის (ცხვარი ექვსი აბაზია), მოწმესაც „ფეხის ქალამანი“ ერგებოდა, დღეში აბაზი. როცა სადავო მამული პატარა იყო, ბჭეს ერთ ცხვარს აძლევდნენ, მოწმეებს კი - არაფერს. როდესაც ბრალდებულს გადასახადი დაეკისრებოდა, მისი გადახდის ვადებს ბჭეები ადგენდნენ (იხ. მძევალი, ხევსურეთი). კეჭნაობის დროს დაჭრილის სიკვდილის საქმესაც ბჭეები განიხილავდნენ. ეს საქმე ბევრ ბჭეს მოითხოვდა. თავად საქმე კი დამნაშავის დაფიცებით უნდა გადაწყვეტილიყო (იხ. ფიცი, მთა). ეს ფიცი ერთდროულად შერიგებასაც წარმოადგენდა.

8.3

▲ზევით დაბრუნება


გაიუსი (Gaius) (ახ. წ. 117/138-180/192 წწ.) - კლასიკური პერიოდის ცნობილი იურისტი; სრული სახელი და დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, სავარაუდოა, რომ იგი იყო მასწავლებელი, მწერალი და არცთუ მნიშვნელოვანი მკვლევარი, მაგრამ წერდა ნათლად და გასაგებად. გაიუსის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმით აიხსნება, რომ თითქმის უცვლელად შემოგვრჩა სამართლის საფუძვლების სახელმძღვანელო (Institutiones - ძვ. წ. 161 წ.), რომელიც გაიუსმა, შესაძლოა, არაერთგზის გადაამუშავა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიიყვანა და ამიტომ მისმა რომელიღაც მოწაფემ გამოაქვეყნა. დამწყებთათვის ადვილად აღსაქმელ ნაშრომს სამართლის სკოლებში იყენებდნენ და საუკუნეების მანძილზე ლექციების საფუძვლად გამოიყენებოდა.

ეს თხზულება შეიცავდა რომის სამოქალაქო სამართლის მეცნიერულად განაწილებულ მიმოხილვას, სახელდობრ, პირველ წიგნში - ოჯახური ურთიერთობის სწავლებას, მეორე და მესამე წიგნებში - სწავლებას ქონებაზე, მეოთხეში - დავებს.

გაიუსმა სასწავლო მიზნებისათვის ასევე დაწერა ელემენტარული სახელმძღვანელო - „ყოველდღიური (ჩვეულებრივი) საქმეები“ (Res cottidianae an Aurora) და სხვა თხზულებები.

განქორწინება, საბერძნეთი (άπολείψις) - კლასიკური ეპოქის ათენში განქორწინება ცოლისა და ქმრის ერთმანეთისაგან განცალკევებით ცხოვრებას გულისხმობდა და ლეგალური პროცედურა აქ ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი.

განქორწინება კლასიკურ ათენში სირთულეს არ წარმოადგენდა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს სცილდებოდა ორმხრივი შეთანხმებით, ქმრის ინიციატივით, ანდა ცოლისა და მისი ოჯახის სურვილით. ყველაზე საყურადღებოა, რომ გაყრა ბერძნებს სამარცხვინო მოვლენად არ მიაჩნდათ. შესაბამისად, იგი არც ქალს და არც კაცს ჩირქს არ სცხებდა. როდესაც გაყრას ქმარი წამოიწყებდა, მას უბრალოდ მოეთხოვებოდა, რომ ცოლი სახლიდან გაეშვა. თუ გაყრა ქალს სურდა, მას განქორწინების რეგისტრაცია არქონთან უნდა მოეხდინა. ქალი ამ დროს კირიოსის მეშვეობით მოქმედებდა. ქალის მამას ჰქონდა უფლება ქალიშვილის განქორწინება მაშინაც მოეთხოვა, თუ მისი ქალიშვილი ამის წინააღმდეგი იყო.

ათენში გაყრის ინიციატორად ქალი იშვიათად გვევლინება.

გაყრის შემდეგ შვილები მამის ოჯახში რჩებოდნენ. ბერძნები გაშორებული ქალის ხელახალ გათხოვებას სავსებით ბუნებრივად აღიქვამდნენ.

განქორწინება, რომი (divortium) - რომაული ქორწინების შეწყვეტა ერთ-ერთი ან ორივე მხარის თავისუფალი ნებიდან გამომდინარე იყო შესაძლებელი. აქაც, ისევე როგორც ქორწინების შემთხვევაში, საჭირო იყო განზრახვის რაღაც სახით ნათელყოფა, თუმცა არ იყო საჭირო ქორწინების შეწყვეტის მტკიცება. ცალმხრივი განქორწინების (repudium) დროს მხარეები ერთმანეთთან შუამავლის მეშვეობით ურთიერთობდნენ, მოგვიანებით კი - წერილობითი სახით. ავგუსტუსის კანონმდებლობამ დაადგინა ამ დროს შვიდი მოწმის წინაშე საზეიმო განაცხადის გაკეთება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს იმ კერძო შემთხვევებს ეხებოდა, როდესაც განქორწინება (repudium) ცოლის ღალატით იყო გამოწვეული. გაყრისას დამნაშავე მხარის დადგენა მაშინ იყო აუცილებელი, თუ განქორწინების დადგენილებაში ფინანსური ჯარიმა მოიაზრებოდა (მოღალატე ცოლისთვის ან მეუღლისთვის, რომელიც წამოიწყებდა გაყრას). რასაკვირველია, გარკვეული ფინანსური გაურკვევლობა იქმნებოდა მზითვის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ერთობლივი ცხოვრების დროს შექმნილი ქონების დახარისხებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ შედარებით ღარიბ მოქალაქეთა ფენებში მნიშვნელობას ანიჭებდნენ საქორწინო შეთანხმებებს. ამ ეკონომიკურ ფენაში ძნელად თუ ვიპოვით განქორწინების დამადასტურებელ მოწმობას. თუმცა მაღალი წრის ოჯახებში ლეგალური გაურკვევლობა, ისევე როგორც დიდი ვალები გაყრისათვის შემაფერხებელ გარემოებას არ წარმოადგენდა. ქმრის ძალაუფლებაში გადასვლის გარეშე ქორწინებათა (sine manu) ფინანსური ასპექტები მდიდრულ ოჯახებში ცხადყოფს, რომ მხარეები მომზადებულნი იყვნენ ქორწინების შესაწყვეტად.

ადრეული რესპუბლიკის პერიოდში განქორწინება ფრიად იშვიათი მოვლენა იყო. ქმრის ძალაუფლებაში გადამსვლელი ქორწინების (in manu) დროს საჭირო იყო manus-ის შეწყვეტა, რაც ხდებოდა ან ქალის მეურვესთან (იხ. ტუტელა) მანსიპაციით, ან თუკი ეს ქორწინება confarreatio in manu-ს წარმოადგენდა, მისი საპირისპირო პროცედურის - diffareatio-ს ჩატარებით (იხ. conventio in manum).

ძვ. წ. I საუკუნისთვის გაყრა რომში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომლის ერთადერთ შემაკავებელ გარემოებას მზითვის დაბრუნებასთან დაკავშირებული რეგულაციები წარმოადგენდა. ორმხრივი თანხმობის შემთხვევაში გაყრისას ჯარიმის გადახდა არ ხდებოდა მანამ, ვიდრე იუსტინიანუსმა არ აკრძალა გაყრა, თუმცა ეს აკრძალვაც მისი სიკვდილიდან ხუთი წლის შემდეგ გაუქმებულ იქნა. გაყრის შემთხვევაში შვილები მამის ოჯახში რჩებოდნენ (იხ. მზითვი, რომი).

განქორწინება, საქართველო - უძველეს პერიოდში, როდესაც სყიდვით ქორწინებას ჰქონდა ადგილი, საქართველოში, ისევე როგორც სხვაგან, განქორწინება მამაკაცის ნებაზე იყო დამოკიდებული, რომელიც სურვილის შემთხვევაში ცოლს ეყრებოდა.

განქორწინების შესახებ ცნობები ქართულ წყაროებში ქრისტიანობის პერიოდიდან გვაქვს. საქართველოში განქორწინების წესები და საფუძვლები ქრისტიანული რელიგიის ნორმების შესაბამისი იყო და ამ ნორმებით რეგულირდებოდა. ქრისტიანობა განქორწინებას ერთგვარ ანომალიად თვლიდა და ყოველგვარ ზომებს ატარებდა მის წინააღმდეგ. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახის შენარჩუნება არც სახელმწიფოს და არც ეკლესიას არ შეეძლო. განქორწინების ერთ-ერთი საფუძველი იყო ცოლის მრუშობა, რომელიც ქმრის ღირსების დამცირებად, შეურაცხყოფად იყო მიჩნეული (იხ. მრუშობა). რაც შეეხება მამაკაცის მრუშობას, ანუ ადულტერს, საქართველოშიც, როგორც ყველა პატრიარქალურ საზოგადოებაში, მოქმედებდა ორმაგი მორალი. მამაკაცისთვის მრუშობად ითვლებოდა და განქორწინების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ გათხოვილ ქალთან მისი კავშირი. უქმრო ქალთან მისი კავშირი არ ითვლებოდა მრუშობად და ცოლს არ ჰქონდა საფუძველი მასთან განქორწინებისა. ქმარს შეეძლო მოღალატე ცოლი ადგილზე მოეკლა, თუ იგი წაასწრებდა მას სხვასთან და ამისთვის იგი არ ისჯებოდა.

ქართული ადათობრივი სამართლის მიხედვით, ქმარს უფლება ჰქონდა მრუშობაში მხილებული ცოლი ვირზე შეესვა და ისე გაეგზავნა მის მშობლებთან. ეს უმკაცრეს შეურაცხმყოფელ სასჯელად ითვლებოდა.

ქმარს უფლება ჰქონდა ცოლს ამ უკანასკნელის ავადმყოფობის შემთხვევაში გაყროდა. ამასთან, კანონი განასხვავებდა, თუ როდის მოხდა ქალის დასნეულება, ქორწინებამდე თუ ქორწინების შემდეგ. თუ ქალი ავად ქორწინებამდე იყო, ქმარი მას ძალზე იოლად გაეყრებოდა. ხოლო თუ იგი დაავადდა ქორწინების პერიოდში ქმართან ყოფნისას, მაშინ ქმარს უნდა დაემტკიცებინა, რომ სიძულვილით არ ეპყრობოდა მას და ნახევარი სისხლის ფასიც უნდა გადაეხადა ცოლის მხარისთვის.

მეცნიერები ქართულ სამართალში განქორწინების საფუძვლად ქორწინებამდე ორსულობასაც მიიჩნევენ, ოღონდ ეს არ ვრცელდებოდა იმ ქვრივ ან ნაქმარევ ქალებზე, რომლებიც ერთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ხელახლა იყვნენ გათხოვილნი, და ასევე იმ შემთხვევებზე, როდესაც ქმარმა იცოდა ცოლის ორსულობის შესახებ, ან თვითონ დააორსულა იგი. განქორწინების კანონიერი საფუძველი იყო საქორწინო თანაცხოვრებისთვის უვარგისობა ანუ იმპოტენცია; ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორის მოწამვლით მოკვლის მცდელობა და ასევე ზნეობის დამრღვევი დანაშაულები, ე.წ. სოდომური ცოდვები. არც ქალის და არც კაცის უშვილობა ვახტანგ VI-ის კოდექსით განქორწინების საფუძველი არ არის. ვახტანგ VI-ის კანონმდებლობიდან აშკარად ჩანს, რომ განქორწინების ინიციატივა ეკუთვნის მამაკაცს. დედაკაცს განქორწინების საკითხის დასმის უფლებაც კი არ ჰქონდა.

განქორწინებას ადგილი აქვს ცოლის მოტაცების შემთხვევაში. „წაგვრა“, მოტაცება შეიძლება მომხდარიყო ცოლის თანხმობით, ან მისი თანხმობის გარეშე. თუ ოჯახი ცოლის თანხმობით ინგრევა, ანუ თუ იგი თავისი ნებით მიჰყვება სხვას, მაშინ დაზარალებულ მხარეს (პირველ ქმარს) ახალმა ქმარმა უნდა გადაუხადოს ახალი ქმრის გვარის ორმაგი სისხლი და მას უნდა დაემატოს პირველი ქმრის სისხლის ფასი. მეორე შემთხვევაში მომტაცებელს პირველი ქმრისთვის ორმაგი სისხლის ფასი უნდა გადაეხადა, გარდა ამისა, მიხდომისა და ძალად წაყვანისათვის კიდევ ერთი მთელი სისხლი (იხ. ქორწინება, საქართველო).

გაფიცვის ადათი, ფშავი - ამა თუ იმ თემში უცხო პირის მიღება. ამისთვის ხიზანს საკლავი უნდა მიეყვანა ხატში, სადაც მას ხევისბერი აფიცებდა ხატისა და თემის ერთგულებაზე. ფიცის მიღების შემდეგ იგი ხატის ყმად და თემის სრულუფლებიან წევრად ითვლებოდა. ამ ფიცის გატეხა თემის ღალატს ნიშნავდა და ხიზანზე თემი შურს იძიებდა.

გაძევება (exilium) - სამშობლოს საკუთარი ნებით მიტოვება, რომლის საშუალებითაც რომაელი მოქალაქე თავს არიდებდა სიკვდილით დასჯას ან გასამართლებას. გაძევების თანამდევი აუცილებელი პროცედურა იყო მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქონების კონფისკაცია. გაძევებას სხვა მიზეზების გამოც მიმართავდნენ, მაგალითად, დიდი ვალების არსებობაც შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი. გვიანი რესპუბლიკის ხანაში სიკვდილით დასჯაში გაძევებაც იგულისხმებოდა, ამიტომ გაძევებამ სასჯელის ფორმა მიიღო. მოგვიანებით სამართალწარმოებაში გაძევების მნიშვნელობა იცვლება. იგი შორდება სიკვდილით დასჯის განაჩენს: შესაბამისად, გაძევება შეიძლება ყოფილიყო არა მუდმივი, არამედ დროებითი ხასიათის, რის შედეგადაც ჩნდება მოკვეთის ხარისხები.

გელიუსი ავლუსი (Avlus Gelius) - სერვიუს სულპიციუს რუფუსის მოწაფე, მისი წარმოშობის შესახებ ცნობები არ შემოგვრჩა (ახ. წ. II ს-ის II ნახ.), მაგრამ განათლებული ჩანს. მის თხზულებაში „ატიკური ღამეები“ (Noctes Atticae libri XX - ვარაუდობენ, რომ ატიკური გრძელი ზამთრის ღამეების დროს დაიწყო წერა) შესულია ამონარიდები ბერძენი და რომაელი მწერლების თხზულებებიდან, თანამედროვე მეცნიერებთან საუბრების მოკლე შენიშვნები ენაზე, სიძველეებზე, სიტყვიერების ისტორიაზე; თხზულება სამართლის სფეროდან მდიდარ მასალასა და ბევრ მნიშვნელოვან ციტატასაც შეიცავს.

გენოსი (γένος) - გვარი. პირთა ჯგუფი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ მამრობითი ხაზით ერთი წინაპრისგან მომდინარეობდნენ. უფრო მცირე ერთეული, ვიდრე ფრატრია. თავის მხრივ, გენოსი შედგებოდა ოჯახებისაგან. მის წევრებს ერქვათ გენეტესები - γεννήται ან πατριώται. კეთილშობილთა გვარები, ჩვეულებრივ, თავს ღვთაებრივი წინაპრის შთამომავლებად აცხადებდნენ და სახელდება პატრონიმული ფორმით ჰქონდათ. ასეთი გვარები ყველა ბერძნულ ქალაქში არსებობდა. ფრატრიების მსგავსად, გენოსები წინაპრების კულტმსახურებას აღასრულებდნენ. ათენში კეთილშობილი გენოსები ევპატრიდები იყვნენ. დაახლოებით 60 ასეთი გენოსია ცნობილი. მათ უმრავლესობას პატრონიმული სახელები აქვთ. დაბალი ფენები გენოსებში არ უნდა ყოფილიყვნენ გაერთიანებულნი. ის ადამიანები, რომლებსაც სოლონმა და კლისთენესმა მოქალაქეობა მისცეს, ალბათ უკვე არსებული გვარის წევრები ვერ გახდებოდნენ. მათ, სავარაუდოდ, არც ახალ გვარებს შეუქმნიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე არავითარი გადმოცემა არ დასტურდება. ზოგი მოქალაქე გენეტესი არ იყო. ძვ. წ. IV ს-ის ორატორები ცხადყოფენ იმ ფაქტს, რომ მაშინ, როდესაც ყველა მოქალაქეს ჰყავდა ფრატერები და ნათესავები (συγγενεϊς), ზოგიერთს გენეტესები არ ჰყავდა. აქედან მომდინარეობს ფართოდ გაზიარებული მოსაზრება, რომ ათენური გვარები მთლიანად არისტოკრატულნი იყვნენ თავისი ხასიათით.

ფრატრიების მსგავსად, გვარებს ჰქონდათ თავიანთი მოწყობა და ჰყავდათ არჩეული მოხელეები არქონის ჩათვლით. ეპონიმი წინაპრის გარდა, ისინი თაყვანს სცემდნენ აპოლონ მამისეულს და სახლის დამცველ ზევსს, ათენელთა ტიტულარულ ღვთაებებს. ისინი იკრიბებოდნენ წელიწადში ერთხელ მოხელეთა ასარჩევად, დეკრეტთა მისაღებად, ახალი წევრების შესაყვანად, რომლებიც არსებული წევრების შვილები უნდა ყოფილიყვნენ. გვარში მიღება, როგორც ჩანს, ფრატრიაში მიღებასაც გულისხმობდა. უარის გაპროტესტება სასამართლოში შეეძლოთ. გენეტესები, ისევე როგორც ფრატერები, συγγεϊς და დემოტესები (იხ. დემოსი) სასამართლოში მოწმეებად იყვნენ ხოლმე მოხმობილნი.

ათენური არისტოკრატიული გვარები, სავარაუდოდ, პოსტმიკენურ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ. სოლონის ეპოქამდე ისინი, ფაქტობრივად, წარმართავდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას. მათი პრეროგატივა იყო არქონობა (იხ. ევპატრიდები). ცალკეულ გვარებს ჰქონდათ ქურუმობის პრივილეგიებიც. სოლონმა გვარებს წაართვა უფლება, რომ მხოლოდ მათ დაეკავებინათ ესა თუ ის თანამდებობა. სამოქალაქო ორგანიზმის რეორგანიზაციის კლისთენესისეულმა რეფორმებმა ევპატრიდთა პოლიტიკური გავლენა კიდევ უფრო შეამცირა (იხ. დემოსი, ფილე). თუმცა მათი პრივილეგია, დაეკავებინათ ქურუმის თანამდებობა ხელშეუხებელი დარჩა. მათი წრიდან კვლავ გამოდიოდნენ პოლიტიკური ლიდერები.

მიუხედავად იმისა, რომ გვართა ერთი ნაწილი ომების შედეგად მოისპო, კეთილშობილთა გვარები ათენური ცხოვრების გამოკვეთილ მახასიათებლად დარჩნენ და ბევრად უფრო მეტ ხანს იარსებეს, ვიდრე ფრატრიებმა. ზოგიერთ გვარს ახ. წ. III ს-შიც კი ვხვდებით.

გერუსია (γερουσία) - უხუცესთა საბჭო სპარტაში. იგი 28 გერონისა და 2 მეფისაგან შედგებოდა. გერონები 60 წ-ს გადაცილებული მამაკაცები იყვნენ, რომელთაც მოხუცებულობის გამო სამხედრო სამსახური აღარ შეეძლოთ. ისინი არისტოკრატული ოჯახების შეზღუდული წრიდან იყვნენ წარმოდგენილნი. ისევე, როგორც ეფოროსებს, მათაც ხმაურიანი თანხმობის შედეგად ირჩევდნენ, რასაც არისტოტელე „რაღაც ბავშვურ სისტემას“ უწოდებდა (არისტოტელე, პოლიტიკა, 2. 1271). გერუსიას, როგორც სათათბირო, ისე სასამართლო ფუნქციები ჰქონდა - ის განიხილავდა სახალხო პოლიტიკის საკითხებს და ამზადებდა აპელასთვის წინადადებებს. მას შეეძლო გარკვეულ შემთხვევებში არ გაეთვალისწინებინა სახალხო კრების ნება-სურვილი. გერუსია ისმენდა სიკვდილთან, გაძევებასთან ან ატიმიასთან დაკავშირებულ საქმეებს. მას ჰქონდა მეფეების განსჯის უფლებაც. იმ შემთხვევაში, როდესაც ეფოროსები მის წინაშე ვინმეს ბრალს სდებდნენ, გერუსია მათ განაჩენის გამოტანაში უერთდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ გერუსია წარმოადგენდა არისტოკრატიულ ელიტას, რომელსაც დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთში ცვლილებები არ შეხებია, მარტო პრესტიჟით მოპოვებული მისი გავლენა აღემატებოდა ყოველივე იმას, რასაც მას კონკრეტული ძალაუფლება აძლევდა.

გვარი (gens) - საგვარეულო კავშირი, პირველყოფილი (გვაროვნული) წყობის ძირითადი ბირთვის რომამდელი ვარიანტი. თავდაპირველად ისინი დედის უფლების საფუძველზე იყვნენ ორგანიზებული (მატრიარქატი). შრომის დანაწილებისა და კერძო საკუთრების წარმოშობისას განვითარდა პატრიარქატი.

გვარი თავის წარმოშობასა და სახელს ლეგენდარული წინაპრისაგან (pater gentis - გვარის მამისაგან) იღებდა. გვარის წევრები იყვნენ მხოლოდ თავისუფალი ე.წ. gentiles (იმპერიის ეპოქაში ასე უწოდებდნენ სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს), რომლებსაც თითქმის ისეთივე მდგომარეობა ჰქონდათ, როგორიც ლეტებს - laeti (უცხოელები, რომლებმაც სახელმწიფოდან დასამუშავებლად მიიღეს მიწა და ამით სახელმწიფოზე დამოკიდებულნი გახდნენ) და აგნატებს - agnati (ნამატი, მამის მხრიდან ნათესავი). გენტილებიდან თითოეულ ცალკეულ პირს გვარის მიმართ შემდეგი უფლებები ჰქონდა: გაჭირვებაში დახმარების, თანადგომისა და ქომაგობის; ჰქონდა საერთო მიწის სამფლობელო, საერთო სახელი, გვარის წევრობის მემკვიდრეობით მიღების უფლება, დაკრძალვის საერთო ადგილი და საკულტო წეს-ჩვეულება.

თავის მხრივ გვარსაც ცალკეული პირის მიმართ ჰქონდა ვალდებულება. ცალკეული პირი თავისი გვარის ინტერესების გამო საკუთარ უფლებებში შეზღუდული იყო. ასე მაგ., გვარი დაზღვეული იყო თავისი წევრის ქონების დაკარგვისაგან და ამიტომ არავითარი ანდერძი, შვილობა არ შეიძლებოდა გვარის თანხმობის გარეშე. ასევე გვარს ჰქონდა უფლება თავისი წევრის ქონებაზე, თუ იგი არ დატოვებდა ანდერძს ან არ ჰყავდა უახლოესი ნათესავი. გვარის დეკრეტი ცალკეული წევრისათვის კანონი იყო.

გვარის ურთიერთობა სახელმწიფოსთან მხოლოდ პატრიციულ გვარს ეხებოდა. სახელმწიფოს შექმნისას იგი მხოლოდ გვარებისაგან (gentes) შედგებოდა და მხოლოდ იმას ჰქონდა მოქალაქეობის უფლება (ხმის უფლება კომიციებში და ა.შ.), ვინც რომელიმე გვარს ეკუთვნოდა. სერვიუს ტულიუსმა შეცვალა ეს წესი და რომაელთა სამოქალაქო და სამხედრო ცხოვრების საფუძვლად ცენზი დააწესა.

გზირი - გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადგილობრივი ადმინისტრაციის დაბალი მოხელე, სოფლის მამასახლისის ხელქვეითი. მის ფუნქციებში ბრძანებისა და განკარგულების გადაცემა ან გამოცხადება შედიოდა. მას ერთი ადგილიდან მეორე პირთან დანაბარებისა თუ ინფორმაციის გადატანა ევალებოდა. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ერისთავთერისთავებსა და ერისთავს მოხელეებად ჰყავდათ ციხისთავნი, ხელისუფალნი, მამასახლისნი და გზირნი. გრიგოლ ქართლის ერისთავთერისთავს თავის შიომღვიმის მონასტრისადმი მირთმეულ 1227-1230 წ. შეწირულობის წიგნში აღნიშნული აქვს, რომ ბეგარის ან სხვა შესაწევარის, ან ძღვენის ასაკრეფად და ზოგადად ერისთავთერისთავის ბრძანების აღსასრულებლად ხელისუფალნი, ციხისთავნი, მსახურნი, მამასახლისნი და გზირნი ყოფილან განჩენილნი; ისინი მას ემორჩილებოდნენ, როგორც თავიანთ უფროსს.

გიორგი V ბრწყინვალე (ახ. წ. 1286-1346 წწ.) - საქართველოს მეფე 1314-1346 წწ-ში, დემეტრე II თავდადებულის ძე.

აღიზარდა სამცხეში, მისი პაპის (დედის მხარე) ბექა I ჯაყელის (მანდატურთუხუცესი) კარზე. 1299 წ-ს ყაზან-ყაენმა მცირეწლოვანი გიორგი საკუთარი ძმის დავით VIII-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩააბა - მეფედ დანიშნა, მაგრამ მისი უფლებები თბილისს არ სცილდებოდა და ამიტომ „თბილისის მეფეს“ უწოდებდნენ. გიორგი V-ს სამემკვიდროდ ეკონომიკურად დასუსტებული, პოლიტიკურად კი წლების მანძილზე მონღოლთა შემოსევებისაგან დაშლილი ქვეყანა ერგო.

გიორგი V-მ ქვეყნის გაერთიანება დაისახა მიზნად. იგი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. გიორგი V-მ საყაენოში დაიმეგობრა მონღოლი დიდებული ჩობა ნოინი, რომელიც საყაენოში, ფაქტობრივად, პირველი კაცი იყო. 1318 წ-ს ჩობა ნოინის სურვილით გიორგი V-ს დაუქვემდებარეს სხვა მეფე მთავრები. ის მეფე გახდა (1318-1346 წწ.).

საშინაო პოლიტიკა:

ქვეყანაში ძალზე დიდ პრობლემებს ქმნიდნენ ჩამოსახლებული ოსები, საქართველოს მეფეებს მათთან ბრძოლა არ შეეძლოთ, ოსებს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ. გიორგი V-მ მათ წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, აიღო გორი და გადამთიელები საქართველოდან გააძევა (1320 წ.). უფრო მეტიც, საქართველოს მეფის ხელისუფლება ჩრდილოელ ოსებზეც გავრცელდა.

1327 წ-ს ყაენ აბუ-საიდის ბრძანებით მოკლეს ჩობანოინი, რის შედეგადაც საყაენოში დაიწყო შიდა ომები, მონღოლთა ბატონობამ ფორმალური ხასიათი მიიღო.

1329 წ-ს გიორგიმ ისარგებლა ქუთაისის სასახლის კარზე ატეხილი არეულობით, სასწრაფოდ ჯარით გადავიდა და დასავლეთ საქართველო - იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი - ყოველივე ნიკოფსიამდე, კვლავ ტფილისის ტახტს დაუმორჩილა. მას უკან, მესხეთიც შემოიმტკიცა (1334 წ.). დასავლეთ საქართველოს მეფე შორაპნის ერისთავად დანიშნა, დასავლეთ საქართველო ერთიანი მეფის ხელისუფლებას დაექვემდებარა.

სამცხის შემოერთებისას გიორგი თვითონ ჩავიდა სამცხეში და სამცხის მთავრად ყვარყვარე I დანიშნა, უბოძა მას ათაბაგობა და ჩამოართვა ერთგულების ფიცი. მეფემ კახეთში ცივის მთაზე შეკრიბა ჰერეთისა და სომხითის ურჩი ერისთავები, რომლებსაც ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ და დაუნდობლად გაუსწორდა მათ. ამრიგად, საქართველოს მთლიანობა აღუდგინა და შესაბამისად სამცხეზე საქართველოს მეფის გავლენა გაავრცელა.

1335 წ-ს გიორგი V-მ მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა, მათი დამსჯელი რაზმიც ადვილად უკუაგდო და უღელტეხილები ჩაკეტა, იმავე წელს მეფე გიორგი V-მ საქართველოს მოაშორა ასწლოვანი მონღოლ-თათრული უღელი.

გიორგი V-მ აღადგინა სახელმწიფოს მართვის ტრადიციული წესები და ტრადიციული სამეურნეო დარგები.

გიორგი აშენებდა და აღადგენდა ნანგრევ-ნაოხარ ქალაქებს, დაბებს, სოფლებს, ციხესიმაგრეებს, ეკლესიებს, გზებს, არხებს და დუქნებს. განაახლა დაქცეული ტაძრები - დადაბნის, ფიტარეთის, წუღრუღაშენის, კაზრეთის, დმანისის. XIV ს-ის 30-იან წწ-ში გიორგის ინიციატივით მოწვეული იქნა საეკლესიო კრება. მონღოლთა ბატონობის შემდეგ წესრიგის დამყარება ეკლესიაშიც იყო საჭირო.

გიორგი V-ის ინიციატივით შეიქმნა სამართლის წიგნი „ძეგლის დება“. ეს წიგნი განკუთვნილი იყო ქართველი მთიელებისთვის. იგი აწესრიგებდა მთიელების ცხოვრებას (გიორგი V ებრძოდა მთიელთა ჩამოწოლას ბარში). ახალი მკაცრი კანონმდებლობა - „ძეგლის დება“ აღადგენდა და განამტკიცებდა ტრადიციულ ქართულ სამართალს, სჯულსა და ზნეობას.

ამავე პერიოდში შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი წიგნი „ხელმწიფის კარის გარიგება ძეგლის დება“ - ქართული სამეფოსამართლებრივი კონსტიტუცია. მასში განსაზღვრული იყო სახელმწიფო კარის ეტიკეტი, სხვადასხვა მოხელეთა უფლებები და მოვალეობები. გიორგი V-მ გაატარა ფინანსური რეფორმა. მონღოლური ფულადი ერთეული, „ყაზანური თეთრი“ შეცვალა ახალი, საკუთარი ვერცხლის მონეტით - „გიორგაული თეთრით“ (იხ. ქართული თეთრი).

საგარეო პოლიტიკა:

საშინაო პრობლემების მოგვარების შემდეგ გიორგი V-მ აქტიური საგარეო პოლიტიკა წარმართა. საქართველოს მეფეს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ეგვიპტის სულთანთან. 1316-1317 წწ-ის ელჩობით ეგვიპტის სასულთნოში მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს დაუბრუნდა ჯვრის მონასტრი. გიორგი V-მ არა მარტო მეჩეთადქცეული ჯვრის მონასტრის დაბრუნება და ქართველებისათვის „კლიტენი იერუსალიმისანის“ გადაცემა მოახერხა, არამედ მოიპოვა უფლება, იერუსალიმში მხოლოდ ქართველებს ევლოთ ცხენზე ამხედრებულებს ეროვნული დროშების ფრიალით.

საქართველოს მეფეს აქტიური ურთიერთობები ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII-თან. გიორგი V-ს ურთიერთობები ჰქონდა საფრანგეთის მეფე ფილიპე VI ვალუასთან, რომელსაც წმინდა მიწის დასახსნელად 30000-იანი არმიით დახმარებას ჰპირდებოდა.

საქართველო აქტიურად ჩაერია ტრაპიზონის იმპერიის საქმეებში. გიორგი V-მ სცადა ქართველთა გავლენის აღდგენა ტრაპიზონის სამეფოში.

საქართველოს ახალ მტერს - ოსმალ-თურქებს შეეგება გიორგი კლარჯეთის საზღვართან, შეება, კვლავაც ბრწყინვალედ გაიმარჯვა და გააქცია მტერი. 1340-1341 წწ-ში გიორგიმ ჯარები შეიყვანა პონტოში და იქ, ტრაპიზონის სასახლეში ძველი, თამარის დროინდელი ქართული ხელისუფლება ააღორძინა. საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობდა სავაჭრო ურთიერთობები ვენეციასთან და გენუასთან. მემკვიდრეობად გიორგი V-მ მიიღო დაქცეული ქვეყანა - ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს „ბრწყინვალე“ უწოდა. 24 წ-ის გამეფდა, 32 წელიწადი იმეფა, 1346 წ-ს 56 წ-ის აღესრულა. დაიკრძალა გელათს.

გირავნობა - სამოქალაქო სამართალში ვალდებულების უზრუნველყოფის სახეობა, რომლის დროსაც მოვალის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ხდებოდა დაგირავებული ქონების ღირებულებიდან დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის განაღდება. ქართულ სამართალში „გირაო“ XVII ს-დან ჩანს, თუმცა კერძო საკუთრების არსებობასთან ერთად ეს ინსტიტუტი ბევრად ადრინდელია, რომელიც „წინდისა“ და „წინდულობის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. XIV ს-ში უკვე კანონით იყო მოწესრიგებული.

გლახაკი - საზოგადოების დეკლასირებული ფენა ფეოდალურ საქართველოში. გლახაკი ან გლეხთა ან აზნაურთა რიგებში გადადიოდა. გლახაკი იყო თავისუფალი პირი, რომელსაც დაკარგული ჰქონდა მიწა და იძულებული იყო სხვისი მიწა დაემუშავებინა. ამასთან, მისი პირადი თავისუფლება მუდამ საფრთხის ქვეშ იდგა. ამიტომ ბევრი მათგანი საერთოდ გამოეთიშა ფეოდალურ ურთიერთობას და მათხოვრობა დაიწყო. მათი რიცხვი იმდენად იზრდებოდა ბატონყმური ურთიერთობის განმტკიცების პერიოდში, რომ ბაგრატ I კურაპალატმა ჯერ კიდევ IX ს-ის ბოლოს გლახაკთა დასახმარებელი, სახელმწიფო საქველმოქმედო თანხა „გლახაკთა ნაწილი“ დააწესა. XII-XIII საუკუნეებში მთელი სახელმწიფო შემოსავლის მეათედი „ნაათალი“ გლახაკთათვის იყო განკუთვნილი.

გლეხი - წოდებრიობის ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი პირი ფეოდალურ საქართველოში. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის გადმოცემით: „გლეხთა, იხილემცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყუანდეს ტყუედ“. არაბთა უმაღლესი პირები ქართველთა წოდებრივი წყობის უმდაბლეს საფეხურზე მდგომ გლეხთა მიერ იყვნენ დატყვევებულნი. ეს ყველაზე დიდ გამარჯვებად მიაჩნდა ისტორიკოსს. ტერმინი გლეხი არც გიორგი მერჩულის, არც ზარზმელის და არც სხვა ძველი ავტორების თხზულებებში გვხვდება. გიორგი მერჩულე გამოიყენებს „მსოფლიონი ერის კაცნის“ და „მდაბიოს“ „მატიანე ქართლისაჲში“. გლეხობის აღსანიშნავად „წურილი ერი“ წერია. სუმბატ დავითის ძე ამავე ცნებისათვის ხმარობს „ერნი მსოფლიონი“. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ეს ტერმინი თავდაპირველად არ ყოფილა ქართულ მწერლობაში და გვიანდელია. ვინაიდან გლეხები სოფლის მუდმივი მკვიდრნი იყვნენ და მათი ერთადერთი საცხოვრებელი და მარჩენალი მიწისმოქმედება იყო, ამიტომაც მათ „ქუეყანისა მოქმედნი“ ეწოდებოდათ. „მსოფლიონი ერისკაცნი“, ანუ „მდაბიონი“ თავიანთი შრომით ირჩენდნენ თავს. მათი ყოფა-ცხოვრება მარტივი იყო, ქონებრივი ავლადიდებით ისინი „ლიტონად ცხოვრებულთა“ წრეს ეკუთვნოდნენ. სანამ ოჯახის ბურჯი მუშაობდა, მის ოჯახს სამყოფი სარჩო-საბადებელი ჰქონდა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემთხვევაში გლეხის ოჯახის წევრები „ალსა მას შინა სიგლახაკისასა შეთხეულნი“ იყვნენ. ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ძველ ქართულ წყაროებში ხშირად ყმა“ გლეხის ნაცვლად იხმარებოდა და „გლეხი“ ყმას ნიშნავდა.

მდაბიოთაგან თავისუფალნიც ყოფილან, როგორიც იყო სერაპიონ ზარზმელის მამა, თუმცა XI ს-დან გლეხთა უმრავლესობა თავისუფლებას კარგავდა და აზნაურის ყმად იქცა. გლეხები არა მარტო აზნაურებს ჰყავდათ ყმებად, არამედ მეფესაც და ეკლესიასაც, თუმცა აზნაურის ყმა ყველაზე დაბლა იდგა ღირსებით.

პატრონყმური დამოკიდებულება უფლებრივად და ქონებრივად სხვადასხვაგვარი იყო. ყმები სახელითაც განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან: ზოგი იყო შეწირული, ზოგი ნებიერი, ზოგი კიდევ სიგლოსანი. მათ გარდა, კიდევ ყმათა სხვა ჯგუფებიც არსებობდა.

მიწის პატრონს თავის მიწაზე ყმა-გლეხის დასმა მაშინ შეეძლო, როდესაც მას თავისუფალი, უკაცრიელი მიწა ჰქონდა. გლეხის ამგვარ დასახლებას „მიწასა ზედა დასმა“ ან „დასახლება“ ეწოდებოდა. „თუ მიწაჲ დაუკაცრდებოდეს“, ნათქვამი აქვს კახა ერისთავთერისთავს 1258 წლის სიგელში, ამოვარდნილი ყმა-გლეხის მაგიერ „სხუაჲ გლეხი დაისმოდეს ზედა“. ვახტანგ VI-ის კანონებში საგანგებოდაა აღნიშნული, რომ როდესაც გლეხს სურდა რომელიმე მებატონის ყმა გამხდარიყო, თავად უნდა მოსულიყო და განეცხადებინა: „შენ გყმობივარო“. ამასთანავე საყმოდ მიცემული მიწაც „მკვიდრად და სამუდამოდ“ ეძლეოდა ხოლმე ყმას მიწის და ყმის პატრონისაგან.

გლეხი ნასყიდი - ყმათა ანუ გლეხთა ერთ-ერთი ჯგუფი ფეოდალურ საქართველოში. იგი დაბლა უნდა მდგარიყო უფლებრივად ნებიერ გლეხთან შედარებით, ვინაიდან იგი არა თავისი ნებით, არამედ „პატრონის“ მიერ იყო ნაყიდი. ზოგიერთ ნაყიდ გლეხს საკუთარი მამული ჰქონდა და „პატრონი“ მათ მამულიანად ყიდულობდა. თუმცა „ნასყიდ“ ყრმათა შორის უმამულონიც იყვნენ, რომლებიც სხვებზე უარეს უფლებრივ მდგომარეობაში იყვნენ. ყიდვის დროს ხშირად საგანგებო პირობა იდებოდა და მიზანიც განსაზღვრული იყო, თუ რისთვის ყიდულობდნენ ამა თუ იმ პირს. ზოგჯერ პატრონს ხელოსანი სჭირდებოდა, ან რაიმე ხელობის მცოდნე კაცი. როდესაც მსახურთუხუცესმა გრიგოლ სურამელმა მღვიმელთ „წისქუილნი აუშენნა“, მან ამ წისქვილისათვის „გლეხი იყიდა მეწისქვილედ“ და მათვე, „მღუიმელთა შესწირა“ (1250 წ.). მაშასადამე, ეს ყმა მეწისქვილედ იყო ნაყიდი და ჩვეულებისამებრ, მისი შთამომავლობისგანაც ერთ-ერთი მეწისქვილედ უნდა ყოფილიყო გაწვრთნილი და წისქვილში ემსახურა.

გლეხი ნებიერი - ყმათა ანუ გლეხთა ერთ-ერთი ჯგუფი ფეოდალურ საქართველოში. „ნებიერი“ ისეთ გლეხს ეწოდებოდა, რომელიც თავისი ნებითა და სურვილით ეყმობოდა „პატრონს“. მას საპატრონყმო პირობის დადების დროს აღნიშნული ჰქონდა, რომ გარკვეულ შემთხვევაში შეეძლო ყმობისაგან თავის დაღწევა და პატრონისგან წასვლა.

გლეხი სიგლოსანი - ყმათა ანუ გლეხთა ერთერთი ჯგუფი ფეოდალურ საქართველოში. ტერმინიდან გამომდინარე ამ გლეხს „სიგელი“ უნდა ჰქონოდა. ვარაუდობენ, რომ „სიგლოსანად“ სწორედ ის ყმა უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომელიც თავისი ნებით ეყმობოდა „პატრონს“ და ამ დროს „ყმობის სიგელს“ დაადებინებდა, სადაც მკაფიოდ იქნებოდა განსაზღვრული „პატრონისა“ და ყმის პატრონყმური უფლება-მოვალეობანი. კახა ერისთავთერისთავის 1258 წლის სიგელში ნათქვამია, რომ სოფელ ხოვლებში მცხოვრები გლეხები შეწირული, ნებიერი და სიგლოსანი ერთობ ყუელაჲ მიყიდია“. მაშასადამე, „სიგლოსანის“ ყიდვაც შესაძლებელი ყოფილა. XIII ს-ის სიგელიდან ვიგებთ, რომ სიგლოსანნი მარტო გლეხები კი არ ყოფილან, არამედ მღვდლებიც. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ყმები იყვნენ სიგლოსანნი და არასიგლოსანნი. პირველთა პატრონყმობის უფლება-მოვალეობანი წერილობით იყო განსაზღვრული „სიგელში“, ხოლო მეორე ნაწილის ყმობა სიტყვიერად იყო დადებული და ჩვეულებაზე იყო დამყარებული.

გლეხი შეწირული - ყმათა ანუ გლეხთა ერთერთი ჯგუფი ფეოდალურ საქართველოში. როგორც თვით სახელი ამტკიცებს „სააღაპედ“ შეწირული გლეხები იყვნენ. ჩვენამდე მოღწეული „შეწირულობის წიგნები“ ამტკიცებს, რომ მრავალი სხვაობის მიუხედავად, „შეწირულ ყმათა“ მდგომარეობა საერთო შტრიხებითა და მიმართულებით ხასიათდებოდა. ვინაიდან მონასტრისადმი შეწირული ყმები „სულთა საოხად“ იყვნენ განკუთვნილნი, რომ შემწირველს აღაპისათვის „შეწირულ ყმას“ საჭირო პური, ღვინო და სხვა ყოველგვარი სახმარი ყოველწლიურად მონასტრისთვის მიერთმია და ცოდვათა მიერ დამძიმებული სულის ცხონების სავედრებელი ლოცვა-აღაპისათვის ხელი შეეწყო, ამიტომ „შეწირული“ ყმები რაც შეიძლება კარგსა და ხელსაყრელ პირობებში ჩაეყენებინათ, რათა მათაც თავიანთი ყოფილი „პატრონის“ სახელი დაელოცათ და ღმერთს მის ცხონებას შევედრებოდნენ. ამიტომ იყო, რომ ყმასა და საყმო მიწას შეწირული ყოველთვის „ალალ“, თავისი პირადი შრომით შეძენილი ფულით ყიდულობდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ „სააღაპედ“ შეწირულ ყმას „პატრონი“ განსაკუთრებულ და შეღავათიან პირობებში აყენებდა. იგი ყოველგვარი საბატონო სამსახურისა და გამოსაღებისგან ათავისუფლებდა, ამასთანავე პატრონი მუდამ ცდილობდა თავისი „შეწირული“ ყმისათვის მთავრობისგანაც წყალობა მოეპოვებინა და სამეფო და სამოხელეო გადასახადებისგანაც გაეთავისუფლებინა. შემწირველივე საზღვრავდა შეწირული ყმის უფლება-მოვალეობას. არც მონასტერს და არც სხვა ვინმეს არ შეეძლო შემწირველის პირობის შეცვლა და საყმო მოვალეობების დამძიმება. ყმას დაკისრებული ჰქონდა განსაზღვრული პურისა და ღვინის, აგრეთვე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სხვა ყველაფრის მიტანა მონასტრისათვის, რაც საჭირო იყო სულის მოსახსენებელი წირვა-ლოცვისათვის, ასევე მონასტრის ძმობისა და გლახაკთათვის აღაპის მოსამზადებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიისა და მონასტრისადმი შეწირული ყმა მიწათმოქმედი არ იყო, არამედ ხელოსანი, ან ვაჭარი, ან სხვა რაიმე ხელობის ადამიანი, მაშინაც შეწირვის დროს მისი მოვალეობაც გარკვევით იყო აღნიშნული. ვინაიდან შეწირული ყმის ყველა უფლება და მოვალეობა სიგელში იყო განსაზღვრული და წერილობით ისაზღვრებოდა, მათი მდგომარეობა მტკიცე და უცვლელი უნდა ყოფილიყო „მიუკუნისამდე“. აქედან გამომდინარე, „შეწირული“ ყმა ან გლეხი იმავდროულად სიგლოსანიც იყო, თუმცა ცხადია, ყოველი „სიგლოსანი“ ყმა შეწირული არ იყო და ეს ორი ტერმინი ერთსა და იმავე ცნებას არ გამოხატავდა.

გლოვა (luctus) - მეუღლის სიკვდილის შემდეგ 10 თვის განმავლობაში ქვრივი ვალდებული იყო ეტარებინა ძაძა და არ ჰქონდა უფლება ხელმეორედ გათხოვილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ავტომატურად ხდებოდა ინფამისი. ამ კანონის მთავარ საფუძველს წარმოადგენდა turbatio sanguinis (სირთულე, რაც ახლდა თან იმ ბავშვის მამის განსაზღვრას, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ დაიბადებოდა). იმპერატორებმა ეს ვადა 1 წლამდე გაზარდეს და განქორწინებაზეც (divortium) გაავრცელეს.

გრაკქუსი გაიუს სემპრონიუსი (Gaius Sempronius Gracchus) (ძვ. წ. 153-121 წწ.) - ტიბერიუს გრაკქუსის უმცროსი ძმა. იგი აღემატებოდა თავის ძმას მჭევრმეტყველებაში და დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. თავი გამოიჩინა კუნძულ სარდინიაზე ბრძოლაში. სრულიად ახალგაზრდა ძვ. წ. 133 წ-ს შედის ტრიუმვირატში (ტრიუმვირი) და დაკავებულია მიწების განაწილების საკითხებით. მოგვიანებით იგი კვესტორის რანგში განაგებს სარდინიას და დიდ პატივისცემას მოიპოვებს. ძვ. წ. 123 და 122 წწ-ში არჩეული იყო სახალხო ტრიბუნად იმისთვის, რომ ძმის დაწყებული რეფორმა გაეგრძელებინა. მან დაიწყო მხარდაჭერის ძიება ყველა თავისუფალ მოქალაქესთან. მისი კანონპროექტები პირველ რიგში სასამართლოსა და კოლონიების დაარსების პრობლემებს ეხებოდა. გაიუსმა უფლება მისცა მხედრებს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიებში მიეღოთ მონაწილეობა და ასე გაეკონტროლებინათ სენატორები, რომლებიც განაგებდნენ პროვინციებს. მისცა მათ სერიოზული შემოსავლის გარანტია (აზიის მდიდარი პროვინციების ექსპლუატაცია) და გავლენის გაზრდის პერსპექტივას დაჰპირდა. გაიუსმა ფასი დააგდო ხორბალზე და ასე შეეცადა პლებსი თავის მხარეს გადაებირებინა, მაგრამ იმ წინადადებამ, რომელიც გულისხმობდა რომის მოქალაქის უფლებების გავრცელებას მოკავშირეებზე, მას ბევრი თანამზრახველი ჩამოაშორა. ოპტიმატები ოპოზიციაში ჩაუდგნენ გაიუს გრაკქუსს და ცდილობდნენ ყველა საშუალების გამოყენებით ხელი შეეშალათ მისი კიდევ ერთხელ ტრიბუნად არჩევისათვის. ძვ. წ. 121 წ-ს გაიუს გრაკქუსი ტრიბუნად (Tribunus plebis) აღარ აირჩიეს. იგი თავის მომხრეებთან ერთად წავიდა ავენტინუსზე და იქ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მდინარე ტიბრის მარჯვენა სანაპიროზე იპოვეს გაიუსის და მისი მსახურის ცხედრები. როგორც ჩანს, მონამ ჯერ იგი მოკლა და მერე თავი მოიკლა. მისი 3000 მომხრე გაანადგურეს. მონათმფლობელური მეურნეობის პირობებში გრაკქუსები თავისუფალ გლეხობას ეყრდნობოდნენ, რის გამოც მათი საქმიანობა კრახით დასრულდა. რომის იმპერიის ეპოქაში ორივე ძმის მოღვაწეობა დიდ დემოკრატიულ მოძრაობად განიხილება.

გრაკქუსი ტიბერიუს სემპრონიუსი (Tiberius Sempronius Gracchus) - (ძვ. წ. 162-133 წწ.) პლებეური გვარის წარმომადგენელი. 146 წ-ს იბრძვის აფრიკაში. 133 წ-ს ხდება სახალხო ტრიბუნი. ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე (თავისუფალი გლეხების დაქცევა, მიწის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების რიცხვის კატასტროფული ზრდა, დიდ ლატიფუნდიებში მონათა სიჭარბე, დასუსტებული არმია), გამოდის წინადადებით, აღდგეს უძველესი აგრარული კანონი (ლიცინიუსის და სექსტიუსის კანონის ნაწილი - ძვ. წ. IV ს.). ტიბერიუსის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი უკრძალავდა მოქალაქეს ager publicus-იდან მიეღო 500 იუგერზე მეტი მიწის ფართობი. იმისათვის, რომ გამოეთავისუფლებინათ გლეხებისათვის მიწები, რეფორმა ითვალისწინებდა მფლობელისათვის დადგენილ ნორმაზე მეტი მიწის ჩამორთმევას და ღარიბ და მიწის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისათვის მის გადანაწილებას იჯარის უმნიშვნელო საფასურად. იჯარა მემკვიდრეობით გადაცემას ითვალისწინებდა. ტიბერიუსმა კანონპროექტი შეათანხმა იმ ლატიფუნდისტებთან, რომლებიც მხარს უჭერდნენ მეურნეობის ინტენსიური განვითარების გეგმას. სენატის უმრავლესობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია რეფორმას. ტიბერიუსს მხარი არ დაუჭირა მისმა კოლეგამ ტრიბუნატში და ვეტო დაადო კანონპროექტს. სახალხო კრებაზე კენჭისყრის შემდეგ ტიბერიუსს ძალაუფლება ჩამოართვეს (პირველად რომის ისტორიაში). შეიქმნა სამი კაცისაგან შემდგარი კომისია, რომელსაც მიწები უნდა გადაენაწილებინა. იმისათვის, რომ დაწყებული რეფორმა ბოლომდე მიეყვანა (სასამართლო რეფორმა, სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება), ტიბერიუსმა მეორედ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა სახალხო ტრიბუნის თანამდებობაზე. არჩევნების დღეს სენატმა მის წინააღმდეგ გამოიტანა consultum ultimum (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება). თავის მომხრეებთან ერთად ტიბერიუსი მოკლეს სენატორებმა, რომელთაც პონტიფექსი კორნელიუს სკიპიონი ნაზიკა ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ ტიბერიუსის რეფორმა ძალაში დარჩა, პრაქტიკაში მისი გატარება ძალიან გართულდა.

გრაფე (γραφή) - სამართლებრივი დევნის სახეობა ათენის სამართალწარმოებაში, საჯარო ბრალდება. სიტყვასიტყვით „წერა“, აქედან „წერილობითი ბრალდება“. სახელწოდება სავარაუდოდ გულისხმობს, რომ თავდაპირველად, როცა ეს პროცედურა იქნა შემოღებული, მას წერილობითი ხასიათი ჰქონდა, მაშინ, როდესაც სხვა პროცედურათა შემთხვევებში ბრალდება ზეპირად იყო წარდგენილი. იგი სოლონს უნდა შემოეღო ძვ. წ. 590-იან წწ-ში. ძვ. წ. V ს-ისთვის ბრალდებათა სხვა სახეობებიც წერილობითი გახდა, თუმცა სახელი გრაფე მაინც ჩვეულებრივ საჯარო ბრალდების საქმეთა მიმართ გამოიყენებოდა აპაგოგესა და ფასისის გამოკლებით, რომლებიც საქმეთა სპეციფიკური სახეობები იყო. გრაფეს აღძვრა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, მაშინ როდესაც უფრო ადრეული პროცედურისთვის - დიკესთვის მხოლოდ დაზარალებულ მხარეს შეეძლო მიემართა (იხ. დიკე).

გრაფე პარანომონი (γραφή παρνόμων) - ათენში მოქმედებდა სამართლებრივი დევნა იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებსაც სახალხო კრებასა თუ ბულეში არსებული კანონის საწინააღმდეგო კანონპროექტი თუ დეკრეტი ჰქონდათ შეტანილი. სიტყვასიტყვით ეს ტერმინი „კანონის საწინააღმდეგოს“ აღნიშნავს. მას შემდეგ, რაც ბრალმდებელი წარმოსთქვამდა ფიცს, რომ იგი კანონპროექტის შემომტანის წინააღმდეგ გრაფე პარანომონის ამოქმედებას აპირებდა, იმისდა მიუხედავად ჰქონდათ თუ არა კანონპროექტისათვის კენჭი ნაყარი, მისი მოქმედება სასამართლო განხილვის პერიოდში შეჩერებული იყო. ამ საქმეს სასამართლოში განსჯიდნენ (იხ. დიკასტერიონი). სხდომას თესმოთეტესები თავმჯდომარეობდნენ. თუკი დიკასტესები (მსაჯულები) დაადანაშაულებდნენ კანონპროექტის შემომტანს, კანონპროექტი გაუქმდებოდა, მისი შემომტანი კი ფულად ჯარიმას იხდიდა. პირი, რომელიც მსგავს დანაშაულში სამჯერ იყო მხილებული, მოქალაქეობას კარგავდა (იხ. ატიმია). თუ კანონის მიღებიდან ერთი წელი მაინც იყო გასული, მისი შემომტანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა აღარ იყო შესაძლებელი, თუმცა მსგავსი პროცედურით თავად კანონის გაუქმება ისევ დასაშვები გახლდათ.

გრაფე პარანომონის შემოღების თარიღი უცნობია. მისი ყველაზე ადრეული დადასტურებული შემთხვევა ძვ. წ. 415 წ-ით თარიღდება. ამ პერიოდისათვის ოსტრაკისმოსი უკვე აღარ გამოიყენებოდა და მის ნაცვლად გრაფე პარანომონი ცნობილ პოლიტიკოსებზე თავდასხმის საუკეთესო საშუალებად იქცა.

გრაფე პარანომონი ათენის სამართლებრივ პროცედურათაგან ყველაზე ხშირად დამოწმებული პროცედურაა და ამასთან ერთ-ერთი ყველაზე მეტად აშკარად პოლიტიკური ხასიათის მატარებელი, თუმცა ჩვენამდე მოღწეულ ამ პროცედურათა უმეტესობა საპატიო წოდებების მიმნიჭებელ დეკრეტთა წინააღმდეგ მიმართული ჩანს. მათში ბრალმდებელი უმთავრესად აცხადებს, რომ მისანიჭებელი პატივი ამა თუ იმ პიროვნებას დამსახურებული არ ჰქონდა. როგორც ჩანს, ძვ. წ. 403 წ-მდე გრაფე პარანომონი როგორც კანონების, ისე დეკრეტების მიმართ გამოიყენებოდა, მაგრამ ძვ. წ. 403 წ-დან მოყოლებული, როდესაც პირველად გაივლო სადემარკაციო ხაზი კანონსა და დეკრეტის (ფსეფისმას) სტატუსს შორის, გრაფე პარანომონს მხოლოდ შემოტანილი დეკრეტების წინააღმდეგ იყენებდნენ.

8.4

▲ზევით დაბრუნება


დავით IV აღმაშენებელი (1073-1125 წწ.) - საქართველოს უდიდესი ხელმწიფე (1089 - 1125 წწ.), გიორგი II-ის ძე, უბრწყინვალესი მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი.

დავით IV-მ 1104 წ-ს შემოიერთა ჰერეთი და კახეთი. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.

მეფემ მოახერხა თურქ-სელჩუკთა ქვეყნიდან განდევნდა. 1121 წ-ს აგვისტოში დავით IV-ის მეთაურობით ქართველებმა დიდგორთან ძლევამოსილი ომი გადაიხადეს მუსლიმანთა კოალიციური ლაშქრის წიააღმდეგ. 1121 წ-ს დიდგორის ომში მნიშვნელოვანი გამარჯვებით ქვეყანამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა. თურქ-სელჩუკთა ალაგმვის შემდეგ დავით IV შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას. ამ დროიდან დაიწყო საქართველოს ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა.

1122 წ-ს დავით IV-მ თბილისი შემოუერთა საქართველოს სამეფოს. 1123 წ-ს დავით IV-მ სომხეთის მრავალი ქალაქი აიღო. 1124 წ-ს დავით IV-მ შირვანი თავის გავლენას დაუმორჩილა. მეფის მიერ მმართველობის სისტემაში და არმიაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა, ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწების საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა.

დავით IV აღმაშენებელმა ვერ შეძლო თავისი გეგმის სრულად განხორცილება, იგი 52 წ-ის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალეს მის მიერ აშენებულ გელათის ტაძარში.

რეფორმები:

სახელისუფლო - დავით IV-მ ბიუროკრატიული აპარატის რეორგანიზაცია ჩაატარა. საქართველოს გაერთიანებისა და ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის შექმნასთან ერთად დაიწყო სახელმწიფო მმართველობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება - შეიქმნა ვეზირის ინსტიტუტი. მმართველობის ცენტრალიზაციის მიზნით დავით აღმაშენებელმა ძირითადი უწყებები (საშინაო, ფინანსთა, სამხედრო) გამოყო სხვა დარგებისაგან და ისინი უშუალოდ მეფის ვეზირს, მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს დაუქვემდებარა (იხ. მეფე, მწიგნობართუხუცესი). მათი მეთაურები კი (მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, ამირსპასალარი, მსახურთუხუცესი და ა.შ.) წინ წამოსწია სხვა „უხუცესებთან“ შედარებით და მათ გარკვეული უწყება ჩააბარა. უხუცესთაგან პირველი ვეზირი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო, უკანასკნელი - მსახურთუხუცესი.

განხორციელდა სასამართლო რეფორმა, ე.წ. სააჯო კარში - უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში დავით აღმაშენებლამდე სამართალს მეფე სჯიდა, მან კი „სააჯო კარში“ სამი მოსამართლე დასვა: მწიგნობართუხუცესი, (უფროსი) საწოლისა და ზარდახნის მწიგნობარნი. ეს სამეული აწარმოებდა სასამართლოში შემოსულ საქმეთა გამოძიებას. სააჯო კარის მიზანი მომჩივანთა განკითხვა და კურნება იყო. „სააჯო კარის“ მუშაობას მეფე მეთვალყურეობდა და წარმართავდა ისე, როგორც ამას სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვდა. სასამართლო რომ მართვა-გამგეობისაგან განცალკევებული გახდა და განსაკუთრებულ დაწესებულებად იქცა, ეს ქართული სამართლის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს.

რეფორმატორი მეფის ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად საგარეო და შინაგანი დაზვერვის ეფექტური სამსახურის, ე.წ. მსტოვართა ინსტიტუტის შექმნა მიიჩნევა. ეს უზარმაზარი სამეთვალყურეო სისტემა შეუფერხებლად მუშაობდა. მსტოვართა ინსტიტუტი (დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახური) სახელმწიფოს უსაფრთხოების მნიშვნელოვან გარანტად იქცა. დავითმა ბიზანტიურ ტიტულებზე (მაგისტროსი, კურაპალატი, სევასტოსი,) უარი თქვა და იწოდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა თვითმპყრობელი“. მეფეთა ტიტულატურაში ბევრის მთქმელი სიახლეც გაჩნდა, კერძოდ, მეფე იწოდებოდა „მესიის მახვილად“.

დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. ძლიერი საერისთავოს გაუქმებით მან მნიშვნელოვნად დაასუსტა ოპოზიცია, გააძლიერა სამეფო ხელისუფლება და უცნობი ადამიანები გამოიყვანა სახელმწიფო ასპარეზზე.

დავითმა ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში და ოვსები ყმადნაფიცობით დაიმორჩილა. დავით აღმაშენებლის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა ქართველთა გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში. იქ გავრცელდა: ქართული დამწერლობა, კულტურა, ქართული ენა, ქრისტიანობა. დავითმა ტოლერანტობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანა.

სამხედრო - ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118-1120 წწ-ში ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი, მისცა მიწის ნაკვეთები, მიუჩინა საზაფხულო და საზამთრო საძოვრები, უზრუნველყო ეკონომიკურად, რის სანაცვლოდაც თითოეულ ოჯახს ერთი შეიარაღებული მოლაშქრის გამოყვანა დაევალა. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი - ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია - „ მონა-სპა“.

დავით აღმაშენებელმა შეიმუშავა თვისობრივად ახალი სამხედრო ტაქტიკა, შექმნა ახლებურად ორგანიზებული და გაწვრთნილი ლაშქარი. ამ გარდაქმნების წყალობით, შესაძლებელი გახდა მომთაბარეთა დამარცხება და „გასხმა“ საზღვრებს გარეთ, რამაც, არა მარტო ეთნიკური კატასტროფისაგან იხსნა საქართველო, არამედ ეს სამხედრო წარმატება ქართული სახელმწიფოს გაძლიერების საფუძველი გახდა.

XII საუკუნის დასაწყისში საქართველოში მეტად ეფექტური სამხედრო სტრუქტურა შეიქმნა: დავით აღმაშენებლის დროს ჯარი ოთხი სახეობისაგან შედგებოდა: მონა-სპა ანუ, მეფის გვარდია, მეციხოვნენი - საზღვრის მცველები, ფეოდალური ლაშქარი - რომელიც საგანგებოდ იკრიბებოდა ომის დროს და როქის სპა - დაქირავებული მეომრებისაგან შემდგარი.

დავითმა საქართველოს სახელმწიფოს ლაშქარი გასტუმრების ახალ წესზე გადაიყვანა. მანამდე მოლაშქრეები სამხედრო ალაფს ინაწილებდნენ, დავითმა ეს აკრძალა და ლაშქრის გასტუმრება ულუფითა და სარგოთი (ჯამაგირით) სახელმწიფოს დაევალა.

დავით აღმაშენებელმა ლაშქრის კვება სრულყოფილ სისტემად დაყო, რომელიც „მშვიდობიანი პერიოდის ლაშქრის კვების“, „საომარი მოქმედების დროს კვების“ და „ბრძოლისწინა კვების“ რეჟიმისგან და ა.შ. შედგებოდა. როგორც ორგანიზაციულად, ასევე შეიარაღებითა და საბრძოლო თვისებებით, საქართველოს ჯარს ნებისმიერი სამხედრო ამოცანის შესრულების ძალა შესწევდა.

საეკლესიო რეფორმა - საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. ვინაიდან იქ იყო ფეხმოკიდებული ის არისტოკრატია, რომელმაც X-XI სს-ში საეკლესიო თანამდებობები მემკვიდრეობით დაისაკუთრა. მათი დიდი ნაწილი პოლიტიკურ დასაყრდენს ქმნიდა მეფის ოპოზიციისათვის, ჩანს, ისინი კეთილსინდისიერად საეკლესიო საქმეებსაც ვერ აგვარებდნენ და ვერ გამოადგებოდნენ მოკავშირედ და მხარდამჭერად გაძლიერების გზაზე შემდგარ სამეფო ხელისუფლებას. 1103 წ-ს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა. კრებამ უღირსი საეკლესიო პირები თანამდებობებიდან გადააყენა და მათ ნაცვლად ღირსეული მღვდლები დანიშნა. ამავე დროს მიიღო საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებელი დადგენილებები. ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში „ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ“.

მეფე აშენებდა და ზრუნავდა ეკლესია-მონასტრებზე და შეღავათებასაც აძლევდა მათ; სწირავდა მამულებს ეკლესია-მონასტრებსა და საგადასახადო შეუვალობასაც ანიჭებდა.

სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04 წწ). მწიგნობართუხუცესი მეფის კანცელარიის უფროსი იყო, ხოლო ჭყონდიდელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობაზე მყოფ ადამიანს შეეძლო როგორც საერო, ასევე სასულიერო საქმეებში ჩარევა. მწიგნობართუხუცეს- ჭყონდიდლის თანამდებობას ზრდიდა კიდევ ის ფაქტი, რომ მეფემ უმაღლესი სასამართლო - სააჯო კარი დაუქვემდებარა მას. პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი გახდა დავით მეფის აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესი.

ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო და მეფეს მიეცა საშუალება ეკლესიაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოეხდინა (იხ. საეკლესიო სამართალი).

ეკონომიკური რეფორმა - დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი.

დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა.

განათლება - საგანგებო ყურადღება მიექცა უმაღლეს განათლებას, დავითმა დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა - გელათის აკადემია.

მეფემ ბიზანტიაში გააგზავნა ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგო მაჰმადიან მეცნიერებს, ფილოსოფოსებსა და პოეტებს, რომლებსაც ნივთიერადაც ეხმარებოდა და საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.

დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაიწყო 1106 წ-ს). დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.

სამეურნეო - დავით აღმაშენებელმა სცადა შეეჩერებინა გლეხთა მიწაზე დამაგრების პროცესი, „შეწყალების ინსტიტუტით“ გააფართოვა პირობითი მიწათმფლობელობა, მაგრამ მოსაკარგავე აზნაურები უკვე მეორე თობაში ტიპურ მემამულეებად გადაიქცნენ.

დარბაზი - მეფის კარზე არსებული სათათბირო ორგანო XI-XVIII სს. საქართველოში. დარბაზობა ეწოდებოდა როგორც სამეფო სასახლეს, ისე სამეფო საბჭოს, დარბაზობის წევრებს - „დარბაზის ერნი“, დარბაზის სხდომას კი - „დარბაზობა“. დარბაზობა ორნაირი იყო: „უმცროსითა წესითა“ და „დიდის წესითა“. დარბაზობას მხოლოდ დარბაზის ერნი ესწრებოდნენ, რადგან ასეთ საქმიან შეხვედრებზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა. ყოველთვის, როდესაც საქართველოს მეფე და სამეფო მტერთან საომრად ემზადებოდა, ომის დაწყებამდე ან ზავის დადებამდე მეფე ხელისუფლების დიდებულ წევრებს მოიწვევდა და დარბაზის ერს აზრს ეკითხებოდა. თამარ მეფის ისტორიკოსის გადმოცემით, ყოველ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას დარბაზის თათბირი და ბჭობა უძღოდა წინ. თუ დარბაზი ლაშქრობას და ომს „დაასკვნიდა“, ამის შემდგომ იწყებოდა „წუევა ლაშქრისა“ ანუ „სპათა“. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მეფე ომში არ მიდიოდა, მეფე სახელმწიფო დროშას სასახლიდან გამოატანინებდა, დალოცავდა ჯარს და დროშას ამირსპასალარს ჩააბარებდა. ლაშქრობიდან დაბრუნებული ჯარი მეფეს ჯერ მახარობელს აახლებდა. როდესაც ლაშქარი და დიდებულები ქალაქს მიაღწევდნენ, მაშინ დარბაზობა იმართებოდა და ამირსპასალარი, როგორც ჯარის მთავარი წარმომადგენელი, დანარჩენ მხედართმთავრებს შეუძღვებოდა, მეფეს ომის ამბავს მოახსენებდა და ძღვენს მიართმევდა ხოლმე.

ქართული საისტორიო წყაროების თანახმად, ვეზირები დარბაზობისა და ვაზირობის დროს სელებზე ისხდნენ. სელი დასაკეცი უმისაყრდნობო სკამი იყო. თამარ მეფის ისტორიკოსის გადმოცემით, ეს „საჯდომები“ ოქროჭედილი სელები ყოფილა; საქართველოს მეფე „ტახტსა ზედა ოქრო ჭედილსა“ იჯდა. მეფესა და ვაზირებს წინ „სუფრა“, ხის მაგიდა ედგათ, რომელზეც „სუფრის ნოხი“ იყო გადაფენილი. სხდომის დაწყებამდე, წესის თანახმად, მსახურთუხუცესს უნდა ეთქვა „ბრძანეთო“. ამის შემდეგ მწიგნობართუხუცესი იტყოდა პირველ სიტყვას. „სავაზირო“ დარბაზს, სადაც ბჭობა და ვაზირობა იმართებოდა, მრავალრიცხოვან მოხელეთა „დარაჯა“ იცავდა. მცველების გარდა, სავაზიროს გარეთ იყვნენ და ბრძანებას უცდიდნენ დარბაზის კარსა მყოფი მოხელენი, რომლებსაც უფლება არ ჰქონდათ ვაზირობას დასწრებოდნენ.

წყაროებში გვხვდება აგრეთვე „დიდი დარბაზობა“, რომელიც დარბაზის საზეიმო სხდომას აღნიშნავდა, სადაც მრავალრიცხოვანი მოხელეები და „დარბაზის ყმანი“ ესწრებოდნენ; ასეთ დროს ისეთი საქმეები ირჩეოდა, რომელთა შესახებ საჯაროდ მსჯელობა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სახიფათო არ იქნებოდა. დარბაზობას ჰქონდა თავისი დადგენილი წესი - ე.წ. „დარბაზობის წესი“. დარბაზობის გამართვის ბრძანებას მეფე გასცემდა, სწორედ მეფე განსაზღვრავდა, თუ როგორი წესით წარიმართებოდა და რა თქმა უნდა, თავად მეფე წარმართავდა დარბაზობასაც. „გარიგება ხელმწიფის კარისა“ საქართველოს სამეფოს დარბაზობისა და ვაზირობის წესის აღწერილობას და მოხელეთა უფლება-მოვალეობას აღნუსხავს.

როცა მეფეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ესტუმრებოდა, ამას „დარბაზობად მოსვლა“ ერქვა. ამ ვიზიტს წინ უძღოდა „თხოვა დარბაზობისაჲ“. თუ მეფე დაპატიჟებდა სხვა სახელმწიფო მეთაურს, ამას „დარბაზობად მოყვანას“ უწოდებდნენ. დარბაზის წევრთა ადგილები დარბაზობის დროს მკაცრად განსაზღვრული იყო, თუმცა ეპოქების მიხედვით იცვლებოდა კიდეც: ბაგრატ IV-ის დროს დარბაზის წევრები მეფის პირდაპირ სხდებოდნენ, ხოლო თამარ მეფის დროს მოხელეები მეფის ორივე მხრიდან დაუსვამთ. უმაღლეს პირებს შედარებით ახლოს ჰქონდათ ადგილები მეფესთან. ვაზირებსა და ერისთავთერისთავებს ოქროჭედილი სელები (სავარძლები) ედგათ, რომლებზედაც ხალიჩა და ბალიში იყო დაფენილი. შედარებით დაბალი რანგის მოხელეებს მხოლოდ ნატი (ხალიჩა) ეფინათ, ხოლო კიდევ უფრო დაბალი რანგის პირების სკამები უნატო და უბალიშო იყო. დარბაზობის ზოგიერთი მოხელე ფეხზე იდგა. ისინი წესრიგს იცავდნენ ან საქმეს აწარმოებდნენ, რომლებსაც თავიანთი ადგილი ჰქონდათ მიჩენილი „წესისაებრ სიახლოისა“. დარბაზის რომელიმე წევრის დაწინაურებას მისთვის კუთვნილი დასაჯდომი ადგილის შეცვლაც მოსდევდა. დარბაზი იკრიბებოდა როგორც მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განსახილველად და გადასაწყვეტად, ისე სადღესასწაულო ზეიმებისთვისაც. დარბაზობისას შემდეგი საკითხები განიხილებოდა: კანონმდებლობა და უზენაესი მართლმსაჯულება, ომის გამოცხადების, დაზავების, დიდ ხელისუფალთა არჩევისა თუ დანიშვნის, შემდგომ მათი „დალოცვა-ხელდასხმის“ საკითხები, აგრეთვე გამარჯვებული ლაშქრის შინ დაბრუნებისა და დესპანის გაგზავნის თემები.

ვახტანგ VI-ის თანახმად, დასტურლამალში დადებულია „წესი და განგება სამეფო დარბაზობისა“ და ამასთანავე დაწესებული და განგებულია „ყოველნი ხელისუფალნი და მოქმედნი დარბაზის რიგისანი“, როგორ უნდა „იქცეოდნენ და განაგებდნენ... სახელითა თჳსთა“. თუმცა მას წინ უძღოდა XVII ს-ის ხელნაწერი „გარიგება ხელმწიფის კარისა“, რომელიც საქართველოს სამეფოს დარბაზობისა და ვაზირობის წესის აღწერილობას და მოხელეთა უფლება-მოვალეობას აღნუსხავდა.

დარბაზის როლი ეპოქების მიხედვით იცვლებოდა. დავით აღმაშენებლის დროს დარბაზი მეფეს ემორჩილებოდა, ხოლო გიორგი II-ის დროს კი მეფე იყო დარბაზის მორჩილი. დავით აღმაშენებლის დროიდან დარბაზს დაუპირისპირდა სავაზირო, რომელიც უფრო პროგრესული დაწესებულება იყო, რადგან ხელს უწყობდა ქვეყნის ცენტრალიზაციას. დარბაზი კი ერისთავთა, ადგილობრივ გამგებელ მოხელეთა დაწესებულება იყო. მეფე ცდილობდა სავაზიროს გზით „მოუხეშავი დარბაზობის, ამ ნახევარ-ხელმწიფეთა კრებულის დამორჩილებას“. ამ მიზნით სამეფო 134 ხელისუფლებამ XII ს-ის ბოლოს ვაზირს ერისთავთერისთავობა შეუთავსა. ეს იყო პირველი კონსტიტუციური შეტევა ერისთავებისა დარბაზის წინააღმდეგ. ივანე ჯავახიშვილის აზრით, თამარის მეფობისას ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლას მოჰყვა დარბაზის უფლებათა გაფართოება და სახელმწიფო მმართველობაში „ერთნებობა-თანადგომის“ (ე.ი. მეფის მიერ დიდებულებთან ერთად სახელმწიფოს განგების) პრინციპის დაკანონება (ჯავახიშვილი ი., ტ. VI, 1982, 221). შ. მესხია ვარაუდობდა, რომ ყუთლუარსლანის დროს გამოსვლა მიზნად ისახავდა ახალი ტიპის დარბაზის დაარსებას, რომელიც დაიცავდა არა მარტო დიდგვაროვან ფეოდალთა, არამედ - მესამე წოდების (დიდვაჭართა, მოქალაქეთა ზედა ფენის) ინტერესებსაც (მესხია შ., 1962). ეს გამოსვლა მარცხით დასრულდა, თუმცა შედეგი ის იყო, რომ დარბაზის შემადგენლობაში შევიდნენ დიდვაჭრები და მოქალაქეთა ზედა ფენის წარმომადგენლები.

დარბაზის ერნი - სამეფო საბჭოს - დარბაზის წევრები XI-XVIII სს-ის საქართველოში. ისინი ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ერთ ჯგუფში შედიოდნენ „ხელოსანნი“, ე.ი. სახელმწიფო მოხელეები, ხოლო მეორეში - „უხელონი“, რომლებსაც სახელმწიფო თანამდებობა არ ეკავათ. დარბაზის კარზე მყოფ მოხელეებს ვახტანგ VI-ის სასამართლო წიგნში „კარზედ გამგენი“ ეწოდებოდა.

დასტური, ხევსურეთი - ლუდის მხარშავი, ხატის მზარეული. დასტურებს სოფელი ირჩევდა წილით, თუმცა ზოგიერთ ადგილას მათ ქადაგი აყენებდა. ეს სამსახური რიგითი და სავალდებულო იყო. არათუ სოფლის ხატის, არამედ სათემო ხატის დასტურობის აცილებაც არ შეიძლებოდა. დასტურის მოვალეობა იწყებოდა მას შემდეგ, რაც შულტა ბეღლიდან ქერს არწყავდა. მას სალუდეში ქერი უნდა მიეტანა და შედგომოდა ლუდის გამოხდას. სახატო ტყეში, რომელიც მას ებარა, შეშა უნდა დაემზადებინა, ლუდისთვის სვია თავისი ხარჯით უნდა მიეტანა.

ხატობის დროს ხუცესებსა და დეკანოზებს დასტური უმზადებდა საჭმელს და ემსახურებოდა მათ. ასევე დასტურები უმასპინძლდებოდნენ ხატობაზე მისულ ყველა ადამიანს.

დასტურებში მოქმედებდა უფროს-უმცროსობა. დიდი დასტური დიდი დღეობისთვის იყო დაყენებული, რადგან ხატობას ბევრი ლუდი ისმეოდა და დიდი სამზადისი სჭირდებოდა, ხოლო პატარა დღეობები ერთ დღეს გრძელდებოდა, ხალხიც მცირე რაოდენობით ესწრებოდა, ამიტომ პატარა დასტური ამ დღისთვის სრულიად საკმარისი იყო.

დიდსა და პატარა დასტურებს საქმეები განაწილებული ჰქონდათ და ერთმანეთს არ შველოდნენ. პიროვნებას დიდ დასტურობამდე ჯერ პატარა დასტურობა უნდა გაევლო. თავისი სიწმინდით დასტური შულტაზე მაღლა იდგა. მას „დარბაზში“ ხუცესისა და დეკანოზის გვერდით ეკავა ადგილი. გარდა ამისა, ზვარაკზეც ხელი მიუწვდებოდა. თავად პატრონიც კი ვერ მიეკარებოდა მსხვერპლს დაკვლის დროს. დასტურს კი უფლება ჰქონდა ფეხები დაეჭირა ცხოველისთვის, როცა ხუცესი მსხვერპლს კლავდა.

დასტური უნდა მორიდებოდა „ნაბოსლარ“ ქალს, ბოსელს. დიდი ხატობის წინ, ერთი თვით ადრე ქალს, ცოლს არ უნდა გაჰკარებოდა.

დასტური, შულტასთან ერთად, განაგებდა ხატის ქონების შემოსავალ-გასავლის საქმეს. მათ ეკითხებოდათ შემოსავლის მოხმარება. ისინი ე.წ. ხატის მოურავები იყვნენ.

დასტურლამალი - ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი, რომელიც ვახტანგ VI-მ შეადგინა XVIII ს-ის დასაწყისში. თავად კანონმდებელი წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ დასტურლამალი წარმოადგენს „სჯულის დებასა საჴელმწიფოთასა“, რომელშიც „სამეფო დარბაზობის“ წესს, თითოეული ხელისუფალისა და „დარბაზის რიგის“ მოხელეთა უფლება-მოვალეობას აღნუსხავს. დაწვრილებითი ცნობებია მოცემული ხალხის აღწერისა და შემოსავლების შედგენის („ქართლის აღწერისა“, „სამასპინძლოს შეწერისა“...), საქალაქო დაწესებულებათა და წესწყობილების, შემოსავლისა და გადასახადების აკრეფის, გზების შენახვის, სასამართლო დაწესებულებისა და წარმოების შესახებ. რუსი იურისტი ფრენკელი აღნიშნავდა, რომ XVIII ს-ის დასაწყისში შედგენილი ვახტანგ მეფის სამართლის წიგნი უფრო ჰუმანური იყო, ვიდრე იმდროინდელი ევროპის სახელმწიფო სამართლის კოდექსები (საქართველოს ისტორია, ტ. III, 2012, 289). ამიტომაც უწოდა ხალხმა ვახტანგ VI-ს „რჯულმდებელი“. მისი კანონთა წიგნი მთავარი იურიდიული კოდექსი იყო მთელ საქართველოში თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში. ამ ძეგლიდან ჩანს, რომ დასტურლამალის ზოგიერთი ნაწილი „პირველ მეფის გიორგისაგან“ განწესებული ყოფილა და ვახტანგს მხოლოდ განუახლებია, ზოგი კიდევ უფრო ადრე ყოფილა დაწესებული, არსებობდა „ძველადგან... დამტკიცებული“ საბუთები, თუმცა უმთავრესი ღვაწლი მის შედგენაში ვახტანგ VI-ს მიუძღვის.

დეკანოზი, ხევსურეთი - ხუცესის მსგავსად, დეკანოზს ირჩევდა ქადაგი. მისი დეკანოზად დაყენების საბაბი ავადმყოფობა იყო. ღვთის ნების გასაგებად საკლავი უნდა დაკლულიყო, თუ მეორე დღეს ავადმყოფი არ განიკურნებოდა, ე.ი. ხატი მას არ იღებდა და ავადობის მიზეზი სხვა რამე იყო. დეკანოზი ხუცესის მორჩილი და მისი თანაშემწე იყო, რიტუალის აღსრულების დროსაც მუდამ მასთან იმყოფებოდა, ეჭირა საკლავის ფეხები, ხალხს ამწყალობებდა. როცა დიდი ხატობა მოახლოვდებოდა, ერთი კვირით ადრე დეკანოზი მუშაობას თავს ანებებდა, განიბანებოდა და სიწმინდით ცხოვრობდა. დეკანოზი ბოსელს, ნაბოსლარ ქალსა და იმ გზას, რომელზეც, შესაძლოა, ქალს გაევლო, არ უნდა გაკარებოდა (იხ. ხუცესი).

დეკრეტი (decretum; decernere - გადაწყვეტა) - დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება, რომელიც გამოჰქონდა სასამართლო მაგისტრატს სამართალწარმოებისას. დეკრეტის წინააღმდეგ არ დაიშვებოდა აპელაცია, მხოლოდ ინტერკესია (Intercessio).

Decreta Principum - საიმპერატორო სასამართლოს დადგენილება საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე. როგორც I ინსტანციაში, ისე სააპელაციო სასამართლოში ეს დადგენილება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. პრინცეპსი სამართლის არსებული დოგმების საფუძველზე ან ამ დოგმების გვერდის ავლით იღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც მხოლოდ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევასთან მოდიოდა შესაბამისობაში, თუმცა ეს დადგენილება მომავლისათვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრეცედენტს, რომელსაც სხვა სასამართლოებიც ითვალისწინებდნენ.

დემოკრატია (δημοκρατία) - ხალხის მმართველობა. ტერმინი პირველად განხილულია ჰეროდოტესთან (ჰეროდოტე, III, 80; VI, 43; VI, 131). საბერძნეთის ისტორიაში ოდითგანვე ჰქონდა ადგილი მოსახლეობის დაბალი ფენების გამოსვლებს კეთილშობილთა და მდიდართა მმართველობის წინააღმდეგ (გავიხსენოთ თერსიტესი „ილიადიდან“ II, 212), რათა მოქალაქეობის სრული უფლებები, მათ შორის მმართველობაში მონაწილეობის უფლება, მოეპოვებინათ. დემოკრატიისკენ სწრაფვა, შესაძლოა, პირველად ჰესიოდესა და სოლონის მიერ იყო გაცნობიერებული. დაჩაგრული და გაწამებული მოსახლეობა თავიანთ წინამძღოლებს ძვ. წ. VI-V სს-ში კანონმდებლებსა და ტირანებში პოულობდნენ. ძვ. წ. VI ს-ის ბოლოსთვის, როდესაც ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობის უკიდურესად გართულების გამო ატიკაში სოციალპოლიტიკური ვითარება ძალზე დაიძაბა, ათენელებმა კრიზისის განსამუხტად და არსებული კანონების შესაცვლელად სოლონი დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ იმგვარი რადიკალური დემოკრატია, რომელიც ათენში მოგვიანებით იქნა დამკვიდრებული, სოლონის კანონების საფუძველზე არ შექმნილა, მის მიერ მიღებული კანონმდებლობა, როგორც წესი, შემდგომი ათენურ მმართველობათა მოდელად განიხილებოდა. მართლაც, მომდევნო 200 წლის მანძილზე ათენელები, ჩვეულებრივ, თავიანთ მიმდინარე საკანონმდებლო ინოვაციებს სწორედაც რომ სოლონის კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მის არსთან ერთგულების კონტექსტში მოიაზრებდნენ. სოლონმა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გატარებული ე.წ. „სეისახთეიას“ პარალელურად უმნიშვნელოვანესი სამართლებლივი რეფორმები განახორციელა. მან ყველა ათენელს მსაჯულთა წინაშე აპელირების უფლება მიანიჭა, რითაც, ფაქტობრივად, კანონის ინტერპრეტირების უზენაესი ძალაუფლება ცხრა არქონს ჩამოართვა და მსაჯულთა კორპუსს, უფრო დემოკრატიულ ინსტიტუციას, გადასცა (იხ. დიკასტერიონი; სამართალწარმოება, ათენი). ამასთან, თუ აქამდე ყოფილი არქონებისაგან შემდგარი არეოპაგის საბჭო ყოველწლიურად თავად ირჩევდა ცხრა არქონს (ეს გახლდათ ერთგვარად ჩაკეტილი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ არქონის თანამდებობა მუდამ არისტოკრატებს სჭეროდათ), სოლონმა ყველა ათენელს მისცა საშუალება, რომ არქონობის კანდიდატთა მოკლე სიის შედგენაში მიეღო მონაწილეობა, რომელთაგან შემდგომში ცხრა არქონი უკვე კენჭისყრით იქნებოდა არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ არქონის თანამდებობაზე არჩევა მის მიერვე ქონებრივი ცენზის მიხედვით დაყოფილი მოსახლეობის გარკვეული კლასებიდან იყო შესაძლებელი, დასახელებული კანონი დემოკრატიის მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯი გახლდათ, რადგან არქონობა უკვე აღარ იყო რამდენიმე კეთილშობილი ოჯახის პრეროგატივა. ამდენად, სოლონის მიერ გაწერილ სახელმწიფო მოწყობის სისტემაში უკვე შემოვიდა ბევრი ისეთი ელემენტი, რომელიც შემდგომ რადიკალური დემოკრატიის ორგანული ნაწილი გახდა - დემოკრატიული მსაჯულები, სახალხო კრება და ბულე, მაგისტრატების არჩევნები, რომლებიც უფრო კენჭისყრით, ვიდრე ხმის მიცემით ტარდებოდა. თუმცა, სოლონის სახელმწიფო მოწყობის მოდელი ინარჩუნებდა არაერთ ოლიგარქიულ ელემენტსაც მოსახლების ქონებრივი ცენზით დაყოფისა და ჯერ კიდევ ძლევამოსილი არეოპაგის საბჭოს სახით. რაც შეეხება ე.წ. ტირანებს, ისინი ძვ. წ. VI ს-ის ბერძნულ სამყაროში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდნენ და ხელისუფლების სათავეში ხალხის ინტერესების დამცველის სახელით მოდიოდნენ (იხ. ტირანია; პისისტრატოსი).

დემოსები (δήμοι) - საზოგადოდ ნიშნავს სოფლებს, ისევე როგორც κώμαι, მაგრამ ათენსა და სხვა სახელმწიფოებში, ასე მაგალითად, ერეტრიაში, კოსზე, როდოსზე, სადაც მათი ხშირი დამოწმება გვხვდება, ისინი ასევე წვრილ პოლიტიკურ დანაყოფებს წარმოადგენდნენ. ეს როლი მათ კლისთენესის რეფორმის შემდეგ მიიღეს. მოსახლეობის ფუნდამენტალური გადანაწილებისას კლისთენესმა დემოსებს ამ ახალი სისტემის ქვაკუთხედი როლი მიაკუთვნა. უპირველესად, კლისთენესმა წაართვა 4 ძველ ფილეს ყოველგვარი პოლიტიკური დანიშნულება, ამასთან, შექმნა 10 ახალი ფილე, რომელთაც ძველებთან სახელის გარდა არაფერი ჰქონდა საერთო. შემდეგ მან ატიკის სავსებით ახალი ტერიტორიული გადანაწილება გაატარა, გამოჰყო ატიკაში სამი გარკვეული ნაწილი: ქალაქი (άστυ), სანაპირო (παραλία) და შიდა მხარე (μεσόγεος) და თითოეული მათგანი თავის მხრივ 10 ტრიტიად (τριττύες) დაჰყო. ამ გზით ყოველი ახალი ფილე შედგებოდა 3 ტრიტიისაგან, რომელთაგან ერთი ქალაქში, მეორე სანაპიროზე და მესამე შიდა მხარეში მდებარეობდა. ტრიტიები შემდეგ კლისთენესმა დემოსებად დაჰყო. დემოსთა რიცხვი 150, მოგვიანებით კი 170-მდე იყო. დემოსების თითოეული ფილესადმი მიკუთვნება წილისყრით ხდებოდა. ამდენად, თითოეული დემოსი მთლიანად ტერიტორიულ დანაწილებას წარმოადგენდა, ფილე კი ასეთ ხასიათს მოკლებული იყო. იგი აერთიანებდა სხვადასხვა ლანდშაფტური და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მოსახლეობას.

დემოსები ერთმანეთისაგან მოსახლეობის რაოდენობით განსხვავებულნი იყვნენ. ეს განსხვავება ბულეში - 500-თა საბჭოში - იყო ასახული, რომელშიც თითოეული დემოსი თავისი მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით იყო წარმოდგენილი. დემოსის წარმომადგენელთა რიცხვი მათი გადაადგილების შედეგად არ იცვლებოდა, რამეთუ თავდაპირველი რეგისტრაციის შემდეგ წევრობა მემკვიდრეობითი ხდებოდა და აღარ იყო დამოკიდებული საცხოვრებელ ადგილზე. ყველაზე დიდი დემოსი აქარნე იყო, რომელსაც ბულეში 22 წარმომადგენელი ჰყავდა.

თითოეული დემოსი თვითმმართველობის ერთეულებს განასახიერებდა, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი მამულები, სალარო, კულტი. ჰყავდათ თავიანთი მოხელეები და დემარქოსის მეთაურობით აწარმოებდნენ მოქალაქეთა სიის შედგენასა და სხვა ადგილობრივი საქმეების მოწესრიგებას. ყოველი მოქალაქე, რათა მისი სამოქალაქო უფლებები ეცნოთ, დემოსის რეესტრში უნდა ყოფილიყო გატარებული. დემოსში ასევე აწარმოებდნენ ჩანაწერებს მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის საკუთრების თაობაზე. დემოსში დგებოდა მეტოიკოსების სიებიც, რადგან მეტოიკოსები, მოქალაქეებისაგან განსხვავებით, თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მკაცრად იყვნენ აღწერილნი. დემოსები წარუდგენდნენ სახელმწიფოს ინფორმაციას, როგორც მოსახლეობის აღწერის, ისე საკადასტრო მონაცემთა შესახებ, რაც სახელმწიფოს გარკვეული ინსტიტუციების ფუნქციონირებისათვის იყო აუცილებელი.

დემოსთენე (Δημοθένης) - ათენელი ორატორი (ძვ. წ. 384-322წწ.). დემოსთენეს მამა პატივდებულ და მდიდარ მოქალაქეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა. ზედწოდება „მედანე“ მას ალბათ იმიტომ შეარქვეს, რომ იგი იარაღის საწარმოთა მეპატრონე იყო. 7 წლის ასაკში დემოსთენეს მამა გარდაეცვალა. მან საკმაოდ სოლიდური ქონება დაუტოვა ვაჟიშვილს, მაგრამ მეურვეებმა უგულისყურო დამოკიდებულებით სახსრების დიდი ნაწილი გაფლანგეს, რის გამოც დემოსთენემ შესაფერისი აღზრდა-განათლება ვერ მიიღო. ამას ხელს უშლიდა მისი ფიზიკური სისუსტეც.

დემოსთენეს მჭერმეტყველების მასწავლებელი ცნობილი ორატორი ისეოსი იყო. როდესაც დემოსთენე სრულწლოვანი გახდა, მან სასამართლოში უჩივლა თავის მეურვეებს. წლების მანძილზე წერდა დემოსთენე სიტყვებს მათ წინააღმდეგ, ვიდრე საბოლოოდ არ მოიგო პროცესი. მოგების მიუხედავად, მას მცირე თანხა ერგო ქონებიდან, მაგრამ მოიპოვა ოსტატობა და ორატორობის ძალა. დემოსთენემ დაიწყო საადვოკატო საქმიანობა, ანუ როგორც მას მაშინ ეწოდებოდა ლოგოგრაფოსობა. თანდათანობით დემოსთენემ ისეთი სახელი მოიპოვა, რომ კერძო ბრალდების საქმეებიდან საჯარო ბრალდების საქმეებზე გადავიდა. თავდაპირველად იგი სხვებისთვის წერდა სიტყვებს და თავად არ წარმოთქვამდა. მათი ნაწილი მიმართული იყო სახელმწიფო კანონების ხელმყოფთა წინააღმდეგ. ძვ. წ. 354 წ-ს წარმოთქმულ სიტყვაში „სიმორიებისათვის“ დემოსთენემ გაილაშქრა იმათ წინააღმდეგ, ვინც სპარსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეს აზვიადებდა. იგი ამტკიცებდა, რომ ქალაქი ომისთვის არ იყო მზად, რითაც დაუპირისპირდა ომის მომხრეთა ჯგუფს. ძვ. წ. 353 წ-ს გაილაშქრა ევბულოსის პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ნამატი ე.წ. თეორიკონის ფონდში უნდა გადარიცხულიყო. პარტიათა მძაფრ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმული დემოსთენე თავდაპირველად ვერ აღწევდა სასურველ მიზანს და მის სიტყვებს რაიმე რეალური პოლიტიკური შედეგი არ მოჰყოლია. ძვ. წ. 351 წ-ს დემოსთენემ წარმოთქვა თავისი ცნობილი „პირველი სიტყვა ფილიპეს წინააღმდეგ“, რომელშიც ორატორმა აშკარად წარმოაჩინა ის საფრთხე, რომელიც ათენს მაკედონიის ექსპანსიის მხრიდან ემუქრებოდა. საქმე ის იყო, რომ ფილიპე II მაკედონელმა ამ პერიოდში დაიკავა თესალია, ჩააყენა შიგ მაკედონური გარნიზონები და თერმოპოლეს აღება დააპირა. ათენელთა დროული დახმარების წყალობით, ფილიპემ ვერ მოახერხა თერმოპილეს აღება. თავის სიტყვებში დემოსთენე ცდილობდა გაემხნევებინა გუნებაწამხდარი ათენელები, გაექარწყლებინა მათი სასოწარკვეთა და თანაც მიეცა კონკრეტული რჩევა, თუ რა გზით წარემართათ ომი. ამ სიტყვის შემდეგ პასიური პოლიტიკური რიტორიკიდან 33 წლის დემოსთენე აქტიურ ბრძოლაზე გადავიდა და ერთხელ არჩეული გზისთვის - ანტიმაკედონური პოლიტიკის გატარებისათვის არასოდეს უღალატია. ძვ. წ. 349 წ-ს მიეკუთვნება დემოსთენეს ცნობილი სამი სიტყვა „ოლინთოსელთათვის“. აგრძელებდა რა საბერძნეთის ექსპანსიას, ფილიპე II-მ ძვ. წ. 349 წ-ს ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე აიღო რამდენიმე გამაგრებული პუნქტი და ოლინთოსს შეუტია. ათენელებმა ოლინთოსს დამხმარედ მოქირავნეთა ლაშქარი გაუგზავნეს, მაგრამ დახმარება უკვე ნაგვიანები გამოდგა (ძვ. წ. 348 წ-ს ფილიპემ აიღო და მიწასთან გაასწორა ოლინთოსი). ძვ. წ. 347/346 წწ-ში დემოსთენე ესქინესთან ერთად მონაწილეობდა ათენსა და მაკედონიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებაში და ზავის დადებაზე პირადად იყო პასუხისმგებელი. მაგრამ ფილიპე II-მ ზავის პირობები დაარღვია და ფოკიდაში შეიჭრა. მაშინ განრისხებულმა ათენელებმა დემოსთენე ტრიბუნიდან ჩამოაგდეს ისე, რომ არც კი წააკითხეს მოსაზრებები. ამ დღიდან დემოსთენემ აქტიურად დაიწყო ბრძოლა ზავის დასარღვევად. ძვ. წ. 342 წ-ს ფილიპე II უშუალოდ საბერძნეთში შეიჭრა. ამ პერიოდიდან მოყოლებული დემოსთენეს სამოქმედო ასპარეზი გაფართოვდა. იგი გახდა სახელმწიფო პოლიტიკის ფაქტობრივი წარმმართველი. ძვ. წ. 341 წ-ს დემოსთენემ წარმოთქვა „მესამე სიტყვა ფილიპეს წინააღმდეგ“, რომელშიაც იგი განუმარტავდა ათენელებს, რომ ფილიპე მხოლოდ სიტყვით იცავდა მშვიდობას, საქმით კი მრავალ უსამართლობას ჩადიოდა. დემოსთენემ სიტყვას საქმე მიაყოლა და იმოგზაურა თრაკიაში, ილირიაში, თესალიასა და პელოპონესში, რათა აემხედრებინა მოსახლეობა ფილიპეს წინააღმდეგ. მან მიაღწია კიდეც გარკვეულ შედეგს. ათენელებმა დალაშქრეს ევბეა და გაიმარჯვეს. საზღვაო ბრძოლაში მოკავშირეთა ფლოტმა (ათენის, ბიზანტიონის, ქიოსის, როდოსის) დაამარცხა მაკედონიის ფლოტი და ძვ. წ. 339 წ-ს ფილიპე II-მ ბიზანტიონს ალყა მოხსნა. ფილიპეს წარუმატებლობამ გაზარდა საბერძნეთში ანტიმაკედონური განწყობა. მაგრამ გადამწყვეტ შეტევაში ქერონეასთან (ძვ. წ. 338 წ.) მოკავშირეთა გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა. ძვ. წ. 336 წ-ს შეთქმულებმა ფილიპე II მოკლეს. ეს ამბავი ათენელებს დემოსთენემ ამცნო, მაგრამ არ გამართლდა ორატორის იმედი, რომ ფილიპეს სიკვდილთან ერთად ბოლო მოეღებოდა მაკედონიის ექსპანსიას. მისმა ვაჟიშვილმა ალექსანდრემ მალე შეუტია საბერძნეთს და ძვ. წ. 335 წ-ს მიწასთან გაასწორა თებე. დემოსთენეს ელჩობაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ შეშინებული შუა გზიდან გამობრუნდა. პოლიტიკურ ასპარეზზე დემოსთენეს გავლენა დაეცა. ამით ისარგებლა ესქინემ და განაახლა ბრძოლა ძველი მეტოქის წინააღმდეგ. მან ბრალი დასდო კტესიფონს (რომელმაც ძვ. წ. 336 წ-ს შეიტანა წინადადება დემოსთენეს გვირგვინით შემკობის შესახებ) როგორც უკანონოდ მოქმედს და მოითხოვა კტესიფონის გასამართლება. მოპასუხედ გამოვიდა დემოსთენე. მან წარმოთქვა სიტყვა „გვირგვინისათვის“ (ძვ. წ. 330 წ.), რომელსაც სამართლიანად მიიჩნევენ მისი შემოქმედების მწვერვალად. სასამართლოზე დემოსთენემ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ძვ. წ. 323 წ-ს არეოპაგმა დაადანაშაულა დემოსთენე 20 ტალანტის მითვისებაში და ციხეში ჩასვა, მაგრამ ორატორმა ციხიდან გაქცევა მოახერხა. ამასობაში გარდაიცვალა ალექსანდრე და დემოსთენე კვლავ აქტიურად ჩაება პოლიტიკურ ბრძოლაში. მადლიერმა ათენელებმა დაადგინეს დემოსთენეს ათენში დაბრუნება. მთელი ქალაქი აღფრთოვანებული შეეგება დემოსთენეს. მაგრამ დემოსთენეს სიხარული ხანგრძლივი არ გამოდგა. როდესაც ალექსანდრეს მეფისნაცვალი - ანტიპატროსი ათენისაკენ დაიძრა, დემოსთენე და მისი თანამებრძოლნი ქალაქიდან გაიქცნენ (ძვ. წ. 322 წ.). ორატორ დემადესის წინადადებით მას სიკვდილი მიუსაჯეს. დემოსთენემ თავი შეაფარა კუნძულ კალავრიაზე პოსეიდონის ტაძარს. იქ მიაგნო მას მსახიობმა არქიასმა, რომელმაც მოსთხოვა წარმდგარიყო ანტიპატროსის წინაშე. გადმოგვცემენ, რომ დემოსთენემ დაღეჭა წინასწარ საგანგებოდ მოშხამული ლერწმის კალამი და თავი მოიკლა (ძვ. წ. 322 წ.).

ათენელმა ხალხმა ღირსეული პატივი მიაგო დემოსთენეს. აღმართა ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის კვარცხლბეკზე ამოტვიფრული იყო ყველასათვის ცნობილი წარწერა: „როგორიც იყავ გონიერი, ისეთივე ღონიერიც რომ ყოფილიყავ, შენ, დემოსთენე, მაშინ ელადას მაკედონიის ომის ღმერთი ვერ დაიპყრობდა“ (პლუტარქოსი, დემოსთენე).

დემოსთენე ბერძნული ორატორული სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია. ციცერონი აყენებდა დემოსთენეს ყველა ბერძენ ორატორზე მაღლა და მას „სრულყოფილ ორატორს“ უწოდებდა. ჩვენამდე მოაღწია დემოსთენეს 60-მდე სიტყვამ, თუმცა ყველა მათგანს ორიგინალურად არ მიიჩნევენ.

დემოსთენეს, როგორც პოლიტიკური ფიგურის შეფასებას ანტიკურობიდან მოყოლებული, მუდამ აზრთა სხვადასხვაობა სდევდა თან. კრიტიკული აზრი დემოსთენეს უკიდურესი იდეალიზაციიდან მის დაუნდობელ განკიცხვამდე მერყეობდა. ერთი მხრივ, მას ელინთა თავისუფლების დამცველად, მოქალაქისა და სახელმწიფო მოღვაწის იდეალად მიიჩნევდნენ. XIX ს-ში წარმოიშვა საპირისპირო შეხედულება, რომელიც აიდეალებდა რა მაკედონიას და მის დაპყრობათა მნიშვნელობას საბერძნეთისთვის, დემოსთენეს რეაქციულ მოღვაწედ თვლიდა. თანამედროვე მეცნიერებაში ძირითადად მიღებულია აზრი, რომ თუმცა თავისუფლებისათვის დემოსთენეს თავდადება თავად იყო თავისუფლების უდიდესი ჰიმნი, მისი მეთოდები და პოლიტიკა არ იყო საუკეთესო გზა ამ მიზნის მისაღწევად. დემოსთენე ვერ ხედავდა იმას, რომ მაკედონიის უძლიერესი ექსპანსიისაგან ელინთა თავისუფლების დასაცავად აუცილებელი იყო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების გაერთიანება. როგორც ჩანს, ამ პოლიტიკას უფრო მისი მოწინააღმდეგენი ატარებდნენ. იგი იბრძოდა პერიკლესეული ათენის ასაღორძინებლად, რომელსაც თავისი შესაძლებლობანი უკვე ამოწურული ჰქონდა, ამიტომაც, დემოსთენეს ბრძოლა ახალ ვითარებაში იმთავითვე იყო განწირული.

დეფენზორი (defensor) - თანამდებობის პირი, რომელიც განაგებდა ქალაქის ან კორპორაციის საქმეებს, როგორც პროკურატორი. მოგვიანებით ეს იყო თანამდებობა, რომლის მფლობელიც ვალდებული იყო დაეცვა დაბალი ფენის მოსახლეობა გავლენიანი ფენისაგან (defensor civitatis plebis). დროთა განმავლობაში დეფენზორის მოვალეობას დაბალი რანგის ჩინოვნიკების კონტროლიც დაემატა. დეფენზორი იცავდა მოპასუხის უფლებას როგორც სასამართლოში მისი გამოცხადების, ისე გამოუცხადებლობის შემთხვევაში (defensor absentis). დეფენზორი უნდა მისულიყო სასამართლოში, პასუხი გაეცა კითხვებისათვის და წარმოედგინა აუცილებელი გარანტიები.

დეცემვირი (decemviri) - სამთავრობო კოლეგია, რომელიც შედგებოდა 10 კაცისაგან. კოლეგიები ფუნქციების მიხედვით ნაწილდებოდა: 1) decemviri agris diviundis - ეს იყო დროებითი კომისია, რომლის ფუნქციასაც სახელმწიფო მიწასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება წარმოადგენდა. 2) decemviri legibus scribundis ან ferendis. ეს კომისია შეიქმნა ძვ. წ. 451 წ-ს ტრიბუნ ტერენტილიუს არსის კანონის მიხედვით. პატრიციებისაგან ამოირჩა 10 კაცი, რომელთაც კანონები უნდა წერილობითი ფორმით წარმოედგინათ და ამ მეთოდით აღეკვეცათ სასამართლო კონსულების თავგასულობა. ამასთანავე, ეს იყო საუკეთესო საშუალება ორივე ფენა, პატრიციები და პლებეები, გათანაბრებულიყვნენ კანონის წინაშე. სხვა ყველა სამთავრობო თანამდებობამ დროებით შეწყვიტა ფუნქციონირება (ტრიბუნატებმაც). ამ 10 კაციდან ერთი დაკავებული იყო სახელმწიფოს მართვით. მათ ერთი წლით ირჩევდნენ და აღჭურვილნი იყვნენ კონსულის უფლებებით. დანარჩენები ადგენდნენ კანონებს. გადმოცემის მიხედვით, კოლეგია ეწვია საბერძნეთს სოლონის კანონმდებლობის უკეთ გასაცნობად და მოღვაწეობის I წ-ს მომზადდა კანონთა 10 დაფა. მათ შედგენაში მონაწილეობა მიიღო ეფესელმა ფილოსოფოსმა ჰერმოგენესმა. მომზადებული კანონებს განიხილავდნენ, შეჰქონდათ შესწორებები და მხოლოდ შემდეგ ხდებოდა მათი დამტკიცება ცენტურიის კომიციებში. შემდეგ ისინი იტვიფრებოდა სპილენძის დაფებზე და იფინებოდა. აღმოჩნდა საჭიროება კიდევ 2 დაფის შექმნისა, რის გამოც დეცემვირებს ერთი წლით გაუგრძელდათ მოღვაწეობის ვადა (XII დაფის კანონები), მაგრამ ვადის გასვლის შემდეგაც დეცემვირები არ იყვნენ განწყობილები იმისათვის, რომ უარი ეთქვათ თავიანთ უფლებებზე და უკანონოდ ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას პატრიციების თანადგომით, რომელთაც ჯერ კიდევ სძულდათ სახალხო რიბუნები. პლებსის სეკესიომ (secessio) დაასრულა დეცემვირთა ხელისუფლება და ყველაფერი ძველ კალაპოტში ჩადგა: ორი კონსული და ტრიბუნები განაგებდნენ ქვეყანას. აპიუსმა და ოპიუსმა თავი მოიკლეს, დანარჩენი დეცემვირები გახდნენ ლტოლვილები. მათ ქონებას გაუკეთეს კონფისკაცია. 3) decemviri stlitibus iudicandis - უძველესი სასამართლო კოლეგია, რომელიც განიხილავდა მოქალაქის უფლებებს. Lex Valeriae Horatiae-ს მიხედვით, ისინი ტრიბუნების და პლებეელი ედილის თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ, შესაბამისად, პლებსის საკითხებს განიხილავდნენ. ავგუსტუსმა ისინი დეცემვირთა სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშნა, იყვანდა მათ ეკვიტებისაგან. 4) decemviri sacrorum - 5 წარმომადგენელს ირჩევდნენ პატრიციებისაგან, ხოლო 5 - პლებსიდან. ისინი თავისუფალნი იყვნენ ყველა სხვა მოვალეობისაგან. სენატის ბრძანებით, მთავრობის თანდასწრებით წმინდა წიგნების საშუალებით უნდა სერიოზული გადაწყვეტილებები გამოეტანათ, ეწინასწარმეტყველათ (prodigia).

დიადიკასია (διαδκασία) - კერძო ბრალდების - დიკეს განსაკუთრებული სახეობა იყო დიადიკასია. სიტყვასიტყვით ის ნიშნავს „განსჯას ორ ადამიანს შორის“. იგი გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული უფლება (პრეტენზიის განცხადება მემკვიდრეობაზე), ან ვალდებულება (მაგალითისთვის ტრიერარქიის აღსრულება) ორ (ან მეტ) ადამიანს შორის დავის საგანი ხდებოდა. მისი სპეციფიკური მახასიათებელი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობდა ბრალმდებელი და ბრალდებული: ყველა პრეტენდენტი თანაბარ პირობებში იყო. როდესაც მემკვიდრეობის მიღებაზე მხოლოდ ერთი ადამიანი აცხადებდა პრეტენზიას და, შესაბამისად, სასამართლო განხილვა არ იყო საჭირო, პრეტენდენტის მიმართ განცხადებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ეპიდიკასია ეწოდებოდა.

დიაიტეტესი (διαιτητής) - არბიტრი. ათენური კანონშემოქმედების ისტორიის მანძილზე მოდავე მხარეებს ყოველთვის შეეძლოთ კერძო სამართალწარმოების შემთხვევებში არბიტრაჟისთვის მიემართათ. თეორიულად, კერძო არბიტრის გადაწყვეტილება სავალდებულოდ ითვლებოდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მოდავენი საქმის განხილვის წინ თავისი ნება-სურვილით აცხადებდნენ, რომ დაეთანხმებოდნენ მიღებულ გადაწყვეტილებას. დიაიტეტესები დავის მოგვარების დროს სამართლებრივ ნორმებზე მეტად სამართლიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ. დაახ. ძვ. წ. 400 წ-ს საჯარო არბიტრაჟიც იქნა შემოღებული. ყოველი მოქალაქე, მას შემდეგ, რაც მას სამხედრო სამსახურში გაწვევის ვადა ასაკით ამოეწურებოდა (ეს 59 წლის ასაკში ხდებოდა), ვალდებული იყო საჯარო არბიტრად ემსახურა. მათ იმ კერძო დავებს გადასცემდნენ, რომელთა საფასური 10 დრაქმას აღემატებოდა, რათა ამით დიაიტეტესებს ერთგვარად განეტვირთათ სახალხო სასამართლოები. მას შემდეგ, რაც ორივე მხარე მიიღებდა დიაიტეტესის განაჩენს, ლეგალური თვალსაზრისით განაჩენი სავალდებულო ხდებოდა, თუმცა მოდავეებს უფლება ჰქონდათ აპელაცია - ეფესისი დიკასტერიონში (სასამართლოში) შეეტანათ. ამდენად, დიაიტეტესები უფრო მედიატორებად უნდა იქნენ განხილული, ვიდრე არბიტრებად ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. არისტოტელეს მიხედვით, არბიტრის (როგორც კერძო, ისე საჯაროს) საქმიანობა დიკასტესის (მოსამართლის) საქმიანობისაგან რამდენიმე ასპექტით განსხვავდება: ის უნდა ეცადოს გადაწყვეტილების გამოტანამდე მოარიგოს მოდავე მხარეები. იგი თავისუფალია, გამოიტანოს გადაწყვეტილება მოდავეთა მოთხოვნების განხილვის შუა პროცესში; მისი განაჩენი უნდა ითვალისწინებდეს უფრო მეტად სამართლიანობის პრინციპებს, ვიდრე სამართლის - დიკეს ნორმებს.

დიასახლისი, მთა

ხევსურეთი - ხევსურის ცხოვრებაში დიასახლისს საპატიო ადგილი ეჭირა. მის ხელთ იყო საოჯახო ცხოვრების წესებით წარმართვა. დიასახლისობა დედამთილს ეკუთვნოდა, თუ ოჯახში დედამთილი არ იყო ან ღრმად მოხუცებული იყო, მაშინ ეს მოვალეობა ოჯახში უფროს ქალს გადაეცემოდა. ყველაფერი, რაც საოჯახო საქმეს ეკუთვნოდა, გასაყიდი იქნებოდა, თუ სტუმრისთვის გასამასპინძლებელი, მის უკითხავად არ ჩაივლიდა.

დიასახლისი ჩხუბისა და უსიამოვნების დროს რძლებსა და ოჯახის ქალებს ასამართლებდა, ტუქსავდა, უჯავრდებოდა, აკონტროლებდა მათ ზნეობას. მას უფლება ჰქონდა, ურჩი რძალი გაეგდო სახლიდან. ვინაიდან ოჯახის მეთვალყურეობას დრო სჭირდებოდა, იგი სხვაგვარი საქმეებისგან გათავისუფლებული იყო. მას ყველა ემორჩილებოდა და ყველაფერი მისი სურვილისამებრ კეთდებოდა.

ფშავი - ფშავში დიასახლისს (დედა სახლდ) ირჩევდნენ მაშინ, როდესაც ოჯახში ბევრი ქალი იყო. მისი მოვალეობა იყო სახლის დაგვა, დაწმენდა, პურის დაფქვა, სასმელ-საჭმლის მომზადება, სტუმრის დახვედრა და გამასპინძლება და სხვა. დიასახლისს ერთი წლის ვადით ირჩევდნენ.

დიკასტერიონი (δικαστηρίον) - ბერძნული ტერმინი სასამართლოს აღსანიშნავად. ძვ. წ. VI ს-ის დასაწყისამდე ათენში განაჩენი გამოჰქონდათ ან მაგისტრატებს (იხ. არქონი), ან არეოპაგს ან ეფეტესებს. როგორც ჩანს, სოლონმა დააფუძნა მოქალაქეთა კრება (იხ. ჰელიაია), რომელიც მოისმენდა აპელაციებს მაგისტრატების მიერ გამოტანილი ვერდიქტების წინააღმდეგ. საფიქრებელია, რომ თანდათანობით აპელაციები ისეთი ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, რომ მაგისტრატებმა შეწყვიტეს განაჩენთა გამოტანა. ამასთან არც კრებას ჰქონდა დრო, რომ ყველა საქმე განეხილა. სწორედ ამისთვის იქნა შემოღებული დიკასტესების (მსაჯულთა) სისტემა. მსაჯულები წარმოადგენდნენ მოქალაქეთა გაერთიანებას, რომლებიც განიხილავდნენ ნებისმიერი მოქალაქის მიერ აღძრულ საქმეს. დაახლოებით ძვ. წ. V ს-ის შუა წლებიდან მოყოლებული მსაჯულთა სისტემა ასე ფუნქციონირებდა: ყოველი წლის დასაწყისში იკრიბებოდნენ მოხალისეები, რომლებსაც მსაჯულებად მსახურება სურდათ, დგებოდა სია, რომელშიც 6000 დიკასტესი შედიოდა. მათ ყოველი დღის სამსახურისთვის მცირე გასამრჯელოს აძლევდნენ. დიკასტესთა კოლეგიაში შემავალ მსაჯულთა რაოდენობა განსახილველი საქმის ხასიათიდან გამომდინარე იცვლებოდა, თუმცა ჩვეულებრივ რამდენიმე ასეულ მსაჯულს მოიცავდა. ძვ. წ. IV ს-ში კოლეგიებში შემავალი მსაჯულთა რიცხვი კენტი იყო (მაგ. 501), რათა განაჩენის გამოტანისას თავიდან აეცილებინათ ხმათა თანაბარი განაწილება.

სასამართლო სხდომას მაგისტრატი ან მაგისტრატთა ჯგუფი თავმჯდომარეობდა. სხვადასხვა მაგისტრატს სხვადასხვა ტიპის საქმის განხილვა ევალებოდა.

ძვ. წ. V ს-სა და ძვ. წ. IV ს-ის I ნახევარში თითოეული მაგისტრატი ერთსა და იმავე სასამართლოში მსახურობდა. ჰელიაია იყო თესმოთეტესების სასამართლო, τό Παράβυστον - ე.წ. თერთმეტთა სასამართლო. არსებობდა სხვა სასამართლოებიც. არისტოტელეს დროისთვის მსაჯულთა მსახურების ეს წესი შეიცვალა და კენჭისყრის პრინციპით თითოეული დიკასტესი სხვადასხვა სასამართლოში განიხილავდა საქმეს. ამ სასამართლოთაგან განსხვავდებოდა არეოპაგი და ის სასამართლოები, რომლებიც მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ (იხ. ეფეტესები).

ათენური სასამართლოს მთავარი ნაკლი ის იყო, რომ მსაჯულების შეცდომაში შეყვანა გამოცდილ ორატორს ადვილად შეეძლო. მსაჯულთა უმეტესობა არ იყო სპეციალურად განსწავლული. და მაინც, მცოდნეთა რჩევის თუ ინსტრუქციის არქონის მიუხედავად, მსაჯულებს უნდა გაერჩიათ მართალი და მტყუანი, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო არგუმენტები, მათ უნდა მოეხდინათ კანონის ინტერპრეტაცია და გადაეწყვიტათ ფაქტები. ამ სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ მსაჯულთა დიდი რიცხვი მათ მოსყიდვასა თუ დაშინებას ართულებდა. ამასთანავე სასამართლოები და ხალხი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იდენტური იყვნენ იმდენად, რომ ბრალდებულს ჰქონდა განცდა, რომ მას მთლიანად ათენის საზოგადოება განსჯიდა და არა უბრალოდ სახელმწიფო მოხელე ამა თუ იმ დაწერილი კანონის მიხედვით.

დიკასტესი (δικαστής) - მოსამართლე/მსაჯული. თანამედროვე ენებში ჩვენ ბერძნულ ტერმინ δικαστής ზოგჯერ მსაჯულად (juror) და ზოგჯერ მოსამართლედ (judge) ვთარგმნით, თუმცა არც ერთი მათგანი ამ ტერმინის ზუსტი შესატყვისი არ არის, რამეთუ ეს მოხელეები ასრულებდნენ როგორც თანამედროვე მოსამართლის, ისე თანამედროვე მსაჯულის მსგავს ფუნქციებს. ათენის სასამართლო არ იცნობს იმ ტიპის პროფესიონალ მოსამართლეს, რომელიც თანამედროვე სასამართლო სხდომაზე მსაჯულებს შესაბამის კანონზე მიუთითებს და რომელიც მხარეთა გამოსვლის შემდეგ აჯამებს მათ ნალაპარაკევს.

ათენელი მსაჯულები დიდი ძალაუფლებით იყვნენ აღჭურვილნი. მიუხედავად ჩვენი წარმოდგენისა, რომ ათენელი ორატორები აღმატებულად აგვიწერდნენ მსაჯულთა ღირსებებს, შესაძლოა, არც ისე გაზვიადებული იყოს დემოსთენეს 57-ე სიტყვის ორატორის მიმართვა დიკასტესებისადმი: „მე მოგმართავთ თქვენ, ათენელებო, რამეთუ ვხედავ, რომ სასამართლოებს აქვთ დემოსის ამომრჩეველებზე დიდი ავტორიტეტი... უფრო დიდი, ვიდრე ბულესა და სახალხო კრებას და სწორედაც აქვთ, რადგან თქვენი გადაწყვეტილებები ყველა შემთხვევაში ყველაზე სამართლიანია“ (დემოსთენე, 57. 56).

სასამართლო განხილვების გარდა, დიკასტესები წყვეტდნენ იმასაც, რამდენად შეესაბამებოდა სახალხო კრების მიერ მიღებული კანონი თუ დეკრეტი კონსტიტუციას. ძვ. წ. 403 წ-ს შემდეგ სახალხო კრებას მხოლოდ დეკრეტის მიღება შეეძლო. ყველა ახალი კანონი ნომოთეტესებისაგან (კანონმდებლებისაგან) მოითხოვდა რატიფიკაციას. ნომოთეტესები კი სწორედ მსაჯულთა 6000 კაციანი კოლეგიისაგან იყვნენ არჩეულნი. ამგვარი ფართო უფლებამოსილება, ბუნებრივია, აუცილებელს ხდიდა იმის ცოდნას, თუ ვინ იყვნენ მსაჯულები, რა მიმართება ჰქონდათ მათ კონკრეტულ საქმეებთან, რომელთა განხილვაც მათ დაავალეს და როგორ აღასრულებდნენ ისინი თავიანთ მოვალეობებს.

მსაჯულად მსახურება 30 წ-ს მიღწეულ მამრობითი სქესის ნებისმიერ ათენელ მოქალაქეს შეეძლო. როგორც წესი, მსაჯულებად 30 წელზე ბევრად ასაკოვნები მუშაობდნენ. სავარაუდოდ, მსაჯულები მოქალაქეთა ღარიბ ფენას მიეკუთვნებოდნენ, რადგან დაბალი ანაზღაურებით კმაყოფილდებოდნენ. მათი გასამრჯელო უფრო მცირე იყო, ვიდრე ფიზიკურად ჯანსაღი ადამიანი დღიური შრომით გამოიმუშავებდა.

მსაჯულთათვის გასამრჯელოს მიცემა პერიკლემ შემოიღო. თავდაპირველად ეს თანხა 2 ობოლს შეადგენდა და მხოლოდ ძვ. წ. 425 წ-ს გაიზარდა 3 ობოლამდე.

ასეთი ანაზღაურების მიუხედავად, დიკასტესად საქმიანობა საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო. მსაჯულად მომსახურეთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს სასამართლოს შეეძლო დაეტია. დიკასტერიონში წარმოდგენილი მსაჯულთა კოლეგიები ჩვენი სტანდარტებით ძალიან მრავალრიცხოვანი გახლდათ. ჩვეულებრივ ეს კოლეგიები რამდენიმე ასეული კაცისაგან შედგებოდა. თუ ადრე ესა თუ ის დიკასტესი ერთ კონკრეტულ სასამართლოში მსახურობდა, ძვ. წ. IV ს-ში ეს წესი რადიკალურად შეიცვალა. შემოღებულ იქნა მრავალჯერადი, ალალბედზე შერჩევის სისტემა. ამისთვის იყენებდნენ ხის ან ბრინჯაოს ბილეთს, რომელიც მსაჯულებს თან მიჰქონდათ სასამართლოში, თანამედროვე ავტომატი მანქანის (Slot machine) მსგავს მექანიზმებს შავი და თეთრი ბურთებით და ჯოხებს, რომლებიც სხვადასხვა სასამართლო დარბაზის კარებისა თუ ფანჯრების ზღუდარების შესაბამისად იყო შეფერადებული (იმ განზრახვით, რომ ჯოხების შეფერილობა მისადაგებოდა ზღუდარებისას). ეს სისტემა განსაზღვრავდა არა მარტო იმას, თუ რომელ მსაჯულს რომელ დღეს უნდა ემსახურა, არამედ იმასაც, თუ რომელ მსაჯულს რომელი საქმე უნდა მოესმინა, რომელს უნდა შეეხსენებინა გამომსვლელთათვის სალაპარაკო დრო წყლის საათზე - კლეფსიდრაზე მითითებით და რომელს უნდა გადაეხადა დღიური გასამრჯელო მსაჯულთათვის. როგორც ჩანს, ეს სისტემა შემოღებული იყო მოსყიდვისაგან მსაჯულთა დასაცავად, თუმცა თანდათანობით ის შთამბეჭდავ ცერემონიად გადაიქცა, რომელიც ამ მოვლენის სერიოზულობას და მნიშვნელოვანებას უსვამდა ხაზს.

თითოეულ სასამართლო განხილვას ერთი მაგისტრატი ან მაგისტრატთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. სხვადასხვა მაგისტრატს სხვადასხვა ტიპის საქმეები ეხებოდა. არქონ ეპონიმოსის მოვალეობაში ოჯახთან და მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა შედიოდა. არქონ ბასილევსი უმეტესწილად რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა. არქონ პოლემარქოსის კომპეტენციაში არაათენელთა საქმეების წარმოება შედიოდა. თესმოთეტესების განხილვის სფერო უფრო ფართო იყო და საჯარო ბრალდების ბევრ სახეობას მოიცავდა. სტრატეგოსებს ევალებოდათ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საქმეები, თერთმეტს კი ქურდობისა და ამის მსგავს დანაშაულთა განსჯა. არსებობდა მაგისტრატთა უფრო მცირე კოლეგიებიც, რომლებიც უფრო კონკრეტულ საქმეებს განიხილავდნენ. იხ. აპოდექტესები.

დიკე (δικη) - ზოგადად „საქმის“ აღსანიშნავი ტერმინი ათენურ სამართალწარმოებაში. ათენის სასამართლო სისტემაში საჯარო ბრალდებისა (δίκαι δημόσιαι) და კერძო ბრალდების (δίκαι ίδιαι) საქმეთა შორის პრინციპული განსხვავება იყო. თუმცა ხშირად ტერმინი „დიკე“ დაკონკრეტების გარეშე მხოლოდ კერძო ბრალდების მიმართ იხმარებოდა გრაფეს საპირისპიროდ.

კერძო და საჯარო ბრალდების საქმეთა შორის შემდეგი ძირითადი განსხვავება არსებობდა: ა) კერძო ბრალდება ეხებოდა კერძო პირისათვის მიყენებულ ზარალს ან უსამართლობას. საჯარო ბრალდება კი იმ დანაშაულის მიმართ იყო აღძრული, რომელსაც მთლიანად საზოგადოების მიმართ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევდნენ. ისეთი დანაშაულის მიმართ, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო დანაშაულად შეიძლება ჩათვლილიყო, ლეგალურად დასაშვები იყო ორივე ტიპის ბრალდების აღძვრა.

ბ) კერძო ბრალდების აღძვრა შეეძლო უშუალოდ დაზარალებულს ან მის ოჯახს ამ უკანასკნელის სიკვდილის შემთხვევაში. საჯარო ბრალდების დაყენება კი ნებისმიერ მოქალაქეს ხელეწიფებოდა.

გ) კერძო ბრალდების შემთხვევაში კომპენსაცია თუ ზარალი შესაძლოა ბრალმდებლისათვის მიეკუთვნებინათ. საჯარო ბრალდების დროს ნებისმიერ ჯარიმას თუ გადასახადს სახელმწიფოს უხდიდნენ. თუმცა, რათა მოქალაქეებს სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად აღეძრათ საქმეები, საჯარო ბრალდებათა გარკვეულ სახეობებში (იხ. ფასისი და აპოგრაფე) წარმატებული ბრალმდებლებისთვის ფულადი ჯილდოებიც იყო დაწესებული. მეორე მხრივ, ამას თავისი უკუეფექტიც ჰქონდა, რამეთუ სიკოფანტებს ე.წ. - „პროფესიონალ დამბეზღებლებს“ აქეზებდა.

დ) სიკოფანტების დასაშინებლად უმეტეს საჯარო ბრალდებებში ჯარიმები იქნა შემოღებული, თუკი ბრალმდებელი ხმების 1/5-ს მაინც ვერ მიიღებდა. ასეთ დროს იგი ვალდებული ხდებოდა ჯარიმა - 1000 დრაქმა გადაეხადა. ამას გარდა მოქალაქის უფლებებიც ნაწილობრივ ერთმეოდა. (იხ. ატიმია). კერძო ბრალდებათა შემთხვევაში ასეთი ტიპის ჯარიმა არ არსებობდა.

ბრალდების განსაკუთრებული სახეობა იყო დიადიკასია. თუ მემკვიდრეობაზე პრეტენზიას მხოლოდ ერთი პირი აცხადებდა, პრეტენდენტისათვის ამის ფორმალურად მინიჭებას ეპიდიკასია ეწოდებოდა.

მკვლელობასთან დაკავშირებული საქმეები განსხვავებულ განხილვას ექვემდებარებოდა. მოკლულის ნათესავებს მკვლელის დევნას კანონი ავალდებულებდა. დევნას მოჰყვებოდა მოწოდებათა გადაცემის სპეციალური პროცედურა, წინასწარი მოსმენა, ფიცის დადება. საქმის განხილვა არ მიმდინარეობდა ჩვეულებრივ სასამართლოში. ამ ტიპის საქმეთა მოძიება ღია ცის ქვეშ განლაგებულ სპეციალურ სასამართლოში წარმოებდა. (იხ. არეოპაგი და ეფეტესები).

დიოკლეტიანუსი ავრელიუს ვალერიუს ავგუსტუსი (Diocletianus imperator Caesar Aurelius Valerius Augustus) - რომაელი იმპერატორი (ახ. წ. 284-305 წწ.), იწოდებოდა თავისი მშობლიური ქალაქის სახელით (დალმაციის ქალაქი დიოკლეა) შესანიშნავი მხედართმთავარი და ორგანიზატორი, რომის აბსოლუტური მონარქიის (დომინანტი) ფუძემდებელი.

რომის საზღვრების დასაცავად დიოკლეტიანუსმა შემოიღო ძალაუფლების ადმინისტრაციული და ტერიტორიული დაყოფა - ტეტრარქია (მაქსიმიანუსთან, გალერიუსთან და კონსტანტიუსთან ერთად). თუმცა რომი რჩებოდა იმპერიის ნომინალურ დედაქალაქად, ტეტრარქოსები მართავდნენ სასაზღვრო ქალაქ-რეზიდენციებიდან. ამით მომზადდა სახელმწიფოს დანაწევრება. მმართველობის რეფორმისას იმპერიის მმართველობა დაყოფილ იქნა 12 დიოცეზად (ადმინისტრაციული ერთეული) და დაახლოებით 100 პროვინციად, პროვინციების დაყოფა სენატისა და საიმპერატორო პროვინციებად გაუქმებულ იქნა. სამოქალაქო ძალაუფლების გამოყოფამ სამხედროდან სათავე დაუდო არმიის ახალ ორგანიზაციას. ჯარზე სენატის გავლენის ასაცილებლად კეისრების ძალაუფლება გაძლიერდა ჩინოვნიკების მრავალრიცხოვანი აპარატით და აღმოსავლური ტრადიციის კარის ცერემონიის შემოღებით. 297 წ-დან მიწისმფლობელობის ძირითად გადასახადად ამოიღებოდა ნატურით რეგულარული გადასახადი (ანონა). ამან გამოიწვია კოლონების დამუშავებულ მიწასთან მიმაგრება, რაც მოგვიანებით კანონმდებლობით კონსტანტინემ გააფორმა. ბევრი პროფესია მემკვიდრეობითი გახდა. მაგ., ხელოსნები ძალდატანებით გააერთიანეს კოლეგიებში.

301 წ-ს დიოკლეტიანუსმა (ფასებზე განკარგულებაში) დაადგინა ფასები სასიცოცხლო აუცილებლობისა და ფუფუნების საქონელზე, ასევე მაქსიმალური ანაზღაურება ხელოსნებისა და მედღეურეებისთვის. ამ მაქსიმალურ ტარიფს უნდა შეეკავებინა ფასების ზრდა მთელ სახელმწიფოში, მაგრამ მალე ეს ტარიფი გაუქმდა პროვინციების განსხვავებული განვითარების დონის გამო, რაც სპეკულაციის ზრდას უწყობდა ხელს. რომაული ტრადიციის დამცველი დიოკლეტიანუსი ბიუროკრატიული სახელმწიფოს იდეოლოგიური გაძლიერების მიზნით ხელს უწყობდა მთელი იმპერიისათვის საერთო იუპიტერის კულტის გავრცელებას და თავადაც იოვი დაირქვა.

დიოკლეტიანუსი უშედეგოდ ცდილობდა ქრისტიანობის გავრცელების შეჩერებას და 303 წ-დან დევნიდა მას. 305 წ-ს დიოკლეტიანუსმა უარი თქვა ტახტზე და მებაღეობას მიჰყო ხელი. თანამმართველები პატივს სცემდნენ მას ტახტზე უარის თქმის შემდეგაც, მაგრამ ის არ უყვარდათ ქრისტიან მწერლებს, რომლებიც მას არ უვიწყებდნენ 303/304 წწ-ის ქრისტიანების დევნას. თუმცა წარმართი მწერლებიც კიცხავენ მის სიძუნწესა და აღმოსავლური ფუფნებისადმი სწრაფვას, მიუხედავად იმისა, რომ იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა წარმართობა, როგორც გაბატონებული რელიგია. ეს აზრი - ტახტი რელიგიაზე დაემყარებინა - საფუძვლად დაედო ქრისტიანების დევნას.

დიოკლეტიანუსის რელიგიურმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. დიოკლეტიანუსის რეფორმებით დაიწყო დომინატის ხანა, რომელმაც თავის ფორმებზე განიცადა აღმოსავლური გვიანანტიკური აბსოლუტური მონარქიისა და სპარსელების გავლენა (გარეგნული საზეიმო ელფერით).

284 წ-ს დიოკლეტიანუსის სახელით წოდებული ერა დაიწყო.

დიოკლეტიანუსი ცდილობდა სამართლის სტაბილურობის მიღწევას საუკეთესო იურისტების დახმარებით, რომლებიც ბიუროკრატიული აპარატის ანონიმურად მომუშავე თანამშრომლები იყვნენ. თუმცა მათი მრავალრიცხოვანი რესკრიპტები არც თავისი ფორმით, არც იურიდიული ღირსებებით არ ჩამოუვარდებიან კლასიკური დროის რესკრიპტებს. დიოკლეტიანუსმა იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ლათინური ოფიციალური ენად შეიტანა. მის მიერ შემოღებული სახელმწიფო მოწყობის სისტემა, რომელიც რამდენიმე ერთმანეთთან დაქვემდებარებული მმართველის ხელმძღვანელობას გულისხმობდა მხოლოდ იქამდე ამართლებდა, ვიდრე თავად იდგა სახელმწიფოს სათავეში.

დიომოსია (διωμοσία) - სპეციალური ფიცი წარმოთქმული მკვლელობის საქმეთა განხილვის დროს. ყველა სხვა საქმეთა შემთხვევაში ფიცს - ანტიმოსიას (სიტყვასიტყვით „ორი ადამიანის ფიცი მიმართული ერთმანეთის წინააღმდეგ“) მხოლოდ მოსარჩელე მხარეები დებდნენ. მკვლელობის საქმეთა განხილვისას ყველა მოწმე უნდა შეერთებოდა ფიცს, რომელიც ამის გამო ცნობილი იყო როგორც დიომოსია ანუ „ფიცი დადებული (ორზე მეტ პირთა) შორის“.

დიქტატორი (magister populi) - ეს თანამდებობა პირველად გაჩნდა მეფობის გაუქმებიდან 9 წლის შემდეგ და ამის მერე ხშირად მიმართავდნენ ხოლმე მას. დიქტატორს ნიშნავდა სენატის თანხმობით კონსული ან სახალხო ტრიბუნი, რომელიც აღჭურვილი იყო კონსულის უფლებებით, ექსტრემალურ ვითარებაში (ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც ქვეყნისათვის საშიში საგარეო საფრთხე, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული დაძაბული ვითარება). დიქტატორი ინიშნებოდა 6 თვის ვადით. თავდაპირველად დიქტატორი ფლობდა აბსოლუტურ ძალაუფლებას (summum imperium), ამ ძალაუფლების სიმბოლოს ჯერ 12, მოგვიანებით 24 ლიქტორი წარმოადგენდა, რომლებიც წკნელებით ხელში თან დაჰყვებოდნენ მას. დიქტატორი ხელმძღვანელობდა ჯარს, ფლობდა განუსაზღვრელ საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ძალაუფლებას. მის წინააღმდეგ არ მოქმედებდა პროვოკაცია (provocatio ad populum), თუმცა მას უნდა დაენიშნა მხედართა ხელმძღვანელი (magister equitum), რომელიც მისი უმცროსი კოლეგა (collega minor) ხდებოდა. იგი ვალდებულებას იღებდა დამორჩილებოდა დიქტატორს. სხვა მაგისტრატები განაგრძობდნენ ფუნქციონირებას, მაგრამ მთლიანად ემორჩილებოდნენ დიქტატორს (გარდა სახალხო ტრიბუნისა, თუმცა არც მათ ჰქონდათ უფლება გამოეყენებინათ დიქტატორის მიმართ ius intercedendi (ინტერკესია). მოკლევადიანი პრობლემების გადასაჭრელად ინიშნებოდა dictator imminuto iure, სახალხო კრების მოსაწვევად dictator comitiorum habendorum causa, რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად dictator clavi figendi, დღესასწაულთა ორგანიზებისათვის - dictator ludorum faciendorum gratia და ა.შ. მათზე მინდობილი პრობლემების მოგვარების საქმეებში ეს დიქტატორებიც განუსაზღვრელი ძალაუფლებით სარგებლობდნენ (summum imperium). ბოლო დიქტატორის არჩევა თარიღდება ძვ. წ. 220 წ-ით. სრულიად განსხვავებული იყო თვისობრივად ის დიქტატურა, რომელიც გვხვდება ძვ. წ. I ს-ში. სულა რესპუბლიკური კანონების უხეში დარღვევით (lex Valeria 9) ძვ. წ. 82 წ-ს დაინიშნა დიქტატორად განუსაზღვრელი ვადით. თანამდებობა მას უფლებას აძლევდა სისრულეში მოეყვანა ყველა თავისი სურვილი. მას უნდოდა აღედგინა სენატის ბატონობა, იყენებდა პროსკრიპციებს, რომელთა საშუალებით თავიდან იშორებდა თავისთვის არასასურველ პირებს. კეისარმა ძვ. წ. 47 წ-ს თავი დაინიშნა დიქტატორად განუსაზღვრელი ვადით (dictator perpetuus). კეისრის მკვლელობის შემდეგ ანტონიუსმა დიქტატორის თანამდებობა სპეციალური კანონით გააუქმა (lex Antonia 5).

დოკიმასია (δοκιμασία) - ათენში თანამდებობის დაკავების წინ კანდიდატთა შემოწმება. ეს უმეტესწილად თესმოთეტესთა წინაშე წარმოებდა. გამონაკლისნი იყვნენ ბულეს წევრობის კანდიდატები, რომელთაც იმ ბულევტთა წინაშე უწევდათ გამოსვლა, რომელთაც თანამდებობის ვადა ეწურებოდათ. ხმის მიცემითა და კენჭისყრით უკვე არჩეულ პირებს (იხ. არჩევნები კენჭისყრით), უპირატესად ამ უკანასკნელთ, დოკიმასიის დროს უნდა ეპასუხათ გარკვეული შეკითხვებისათვის იმის თაობაზე, თუ რამდენად აკმაყოფილებდნენ ისინი ამა თუ იმ თანამდებობისათვის არსებულ მოთხოვნებს. ამით, როგორც ჩანს, ათენელები ფიქრობდნენ, რომ გარკვეულწილად გამოასწორებდნენ კენჭისყრით არჩევის პროცესის ნაკლოვან მხარეებს. დოკიმასიისას დასმულ კითხვებს განეკუთვნებოდა: იყვნენ თუ არა ისინი შესაფერისი ასაკის თანამდებობის დასაკავებლად ანუ 30 წლისა; მიეკუთვნებოდნენ თუ არა გარკვეულ ქონებრივ კლასს (ეს ეხებოდა გარკვეულ პერიოდებში გარკვეულ თანამდებობებს, ასე მაგალითად, არქონის თანამდებობას); ხომ არ ეკავათ ეს კონკრეტული თანამდებობა უწინ, ან ხომ არ ეკავათ იმავდროულად სხვა თანამდებობა, რაც მათთვის ამ კონკრეტული თანამდებობის დაკავებისათვის ხელისშემშლელი გარემოება იქნებოდა; იყვნენ თუ არა ისინი სრულუფლებიანი მოქალაქეები, ანუ ხომ არ ვრცელდებოდა მათზე ატიმიის რაიმე ფორმა; რამდენად იყვნენ ისინი კეთილმორჩილი მოქალაქეები - ანუ ასრულებდნენ თუ არა სამხედრო ვალდებულებებს, იხდიდნენ თუ არა გადასახადებს და ასრულებდნენ თუ არა მშობელთა წინაშე შვილების მოვალეობას.

დომინატი (dominatus) - ძველ რომში პრინციპატის შემდგომდროინდელი დიოკლეტიანუსის დაწესებული მმართველობის ფორმა (ახ.წ. IV-VI სს.).

დონატივუმი (donativum) - წარმოადგენდა რიგგარეშე საჩუქარს ჯარისკაცებისათვის ტრიუმფის დროს იმპერატორის ინაუგურაციისას.

დრაკონი - ათენის პირველი კანონმდებელი (ძვ. წ. VII ს.), არისტოკრატული წარმოშობის. ძვ. წ. 621 წ-ს შექმნა დაწერილ კანონთა იმდენად მკაცრი კორპუსი (ძვ. წ IV ს-დან მას „სისხლით დაწერილს“ უწოდებდნენ), რომ დრაკონული ზომები შემდგომში უმკაცრეს სასჯელად აღიქმებოდა.

არისტოტელეს მიხედვით, დრაკონმა ყველა ათენელს, რომელსაც შეეძლო თავისი ხარჯით მძიმედ შეირაღებული მეომარი ყოფილიყო, მიანიჭა არჩევანის - ხმის მიცემის უფლება (არისტოტელე, ათენელთა სახელმწიფო წყობილება, 4). თუმცა თანამედროვე მეცნიერები ამ მონაცემს უმთავრესად ყალბად, სავარაუდოდ, ძვ. წ. V ს-ის ოლიგარქ პროპაგანდისტთა გამონაგონად მიიჩნევენ. ამასთან მან გარკვეული თანამდებობების დასაკავებლად განსაზღვრული შემოსავლის ქონა დააწესა.

დრაკონის კანონებით სისხლის აღება აეკრძალა საგვარეულო არისტოკრატიას, სადამსჯელო ფუნქციები არეოპაგს გადაეცა. კანონების კოდიფიკაციამ, საზოგადოდ, შეზღუდა სასამართლო განაჩენის თვითნებობა. როგორც ჩანს, დრაკონმა ათენის სამართლში განასხვავა განზრახ და უნებლიე მკვლელობა, განსაზღვრა პირობები, რომლის დროსაც ამ საქმის ჩამდენი არ ისჯებოდა და ითვალისწინებდა მკვლელისა და მსხვერპლის ახლობლების შერიგებას.

გაბატონებული კლასის კერძო საკუთრების დაცვის მიზნით მძიმე სასჯელი ედებოდა საკუთრების დამრღვევებს (მწვანილის, ხორბლის და ა.შ. მოპარვისათვის ქურდი სიკვდილით ისჯებოდა). სახალხო მღელვარებათა თავიდან ასაცილებლად სოლონმა შეცვალა დრაკონის კანონები, თუმცა დატოვა ის კანონები, რომლებიც მკვლელობის შემთხვევებს ეხებოდა. ტრადიციის თანახმად, ისინი ძვ.წ. IV ს-შიც მოქმედებდნენ.

დუუმვირები (duumviri) - რომის მუნიციპიებსა და კოლონიებში უმაღლესი თანამდებობის პირები, რომელნიც ყოველწლიურად იცვლებოდნენ. მათი სრული ტიტული იყო duumviri iuri dicundo. დუუმვირთა მოვალეობები რომის კონსულთა მოვალეობების მიკრომოდელს წარმოადგენდა. ისინი იყვნენ ქალაქის უმაღლესი მოსამართლეები, ქალაქის სენატის თავმჯდომარეები და მთელი ქალაქის განმგებლობა მათ ეკუთვნოდათ. დუუმვირები ატარებდნენ წითელ ტოგას (praetexta) და მოძრაობდნენ 2 ლიქტორთან ერთად, რომელთაც ხელში ეკავათ წკნელები. იმპერიის ხანაში დუუმვირებს ირჩევდა მუნიციპალური სენატი, ადრე მუნიციპალური კომიციები. იმპერიის ხანაში დუუმვირთა იურისდიქცია ნელნელა შესუსტდა. duumviri iuri dicundo-ს გვერდით იყვნენ აედილეს - ედილთა მუნიციპალური ანალოგი. Duumviri navales ძვ. წ. 311 წ-დან კურირებდნენ სამხედრო ფლოტს; duumviri perduellionis - ჯერ კიდევ მეფეების ხანიდან განიხილავდნენ სახელმწიფო ღალატის საქმეებს - უმაღლესი ტრიბუნალი; duumviri sacris faciundis - ქურუმები, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ სიბილას წიგნის განმარტებით და აკვირდებოდნენ უცხოელთა კულტმსახურებას. მოგვიანებით მათი რიცხვი გაიზარდა და 10-დან 15-ს მიაღწია. duumviri viis extra urbem purgandis - მათ მოვალეობას შეადგენდა რომის საზღვრებს გარეთ გზების მოვლა-პატრონობა, წესრიგის დაცვა.

8.5

▲ზევით დაბრუნება


ედილი (aediles, - aedes - ტაძარი) - ქალაქის მაგისტრატი. თავდაპირველად ძვ. წ. 491 წ-დან სახალხო ტრიბუნების დამხმარეები.

aediles plebis - პლებეური ტაძრებისა და საგანძურების დამცველები, შემდგომში პლებეებისგან (tribuni plebis) არჩეული ორი გავლენიანი თანამდებობის პირი. ტრიბუნატის შექმნამ ედილებს ფუნქციები ჩამოაცილა და ახალი უფლებამოსილება შესძინა. ლიცინიუსისა და სექსტიუსის მმართველობისას (ძვ. წ. 367 წ.) გამოცემული კანონებით ედილებს დაემატათ პატრიციებისგან ამორჩეული 2 ედილი (aediles curules - ცოტა ხანში პლებეებსაც შეეძლოთ ამ თანამდებობის დაკავება). მათ ზედამხედველობა უნდა გაეწიათ მშენებლობისთვის, ქუჩების, ტაძრებისა და ბაზრების მდგომარეობისათვის, ასევე მათ უნდა დაერიგებინათ პური, გაემართათ საზოგადოებრივი თამაშობები და დაეცვათ სახელმწიფო ხაზინა. საზოგადოებრივი თამაშობების ჩატარება დამატებით საკუთარ ხარჯებს ითხოვდა და ედილები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომ შემდგომ არჩევნებში ხმები მიეღოთ. საკუთარი ხარჯების გაღება და მოძიება კი კორუფციას უწყობდა ხელს.

aediles curules დამატებითი პრივილეგიებიც ჰქონდათ, პრეტორებისაგან მათ ხელში ბაზარში ამტყდარი კამათის გადაწყვეტა გადავიდა.

კეისარმა პურით უკეთ მომარაგების მიზნით ორი თანამდებობა შემოიღო (aediles ceriales - პურის ედილები). იმპერატორების ეპოქაში ედილებმა თანდათანობით დაკარგეს თავისი მნიშვნელობა.

ედიქტი (edictum - ბრძანებულება) — მრავალფეროვანი შინაარსის საჯარო განცხადება, მითითება ან ბრძანება, რომლითაც უმაღლესი მაგისტრატები (magistratus maiores) თავისი გამოცხადების უფლების (ius edicendi) საფუძველზე მიმართავდნენ მთელ მოსახლეობას. ედიქტი, ვიდრე მაგისტრატი ძალაუფლებას ფლობდა, ძალაში რჩებოდა. რომაელი მაგისტრატები თანამდებობის დაკავებისას ედიქტში თავისი მოვალეობების შესრულების პრინციპებს აქვეყნებდნენ. პროვინციებში ნაცვლები გამოსცემდნენ სპეციალურ პროვინციის ედიქტს (edictum provinciale), რომელიც ემსგავსებოდა ქალაქის პრეტორის ედიქტს.

მაგისტრატის მიერ თანამდებობის დაკავებისას ედიქტი ხეზე, ქვაზე ან ბრინჯაოზე იკვეთებოდა და სახალხოდ გამოიდგმებოდა.

მაგისტრატების ედიქტებიდან მნიშვნელოვანი იყო სასამართლო მაგისტრატების დადგენილებები, როგორც სამართლის სრულიად ორიგინალური და ერთადერთი წყარო, რომელიც სხვა არც ერთ კანონმდებლობაში არ გვხვდება.

ედიქტი პრეტორის (edictum praetorium, praetoris urbani) - ქვეყნდებოდა თანამდებობის დაკავებისას და შეიცავდა პრეტორის მოღვაწეობის მოქმედების პროგრამას მისი სამსახურის პერიოდში. ამ ედიქტის საფუძველი იყო ყველაფერი ის, რაც პრეტორმა თავისი წინამორბედიდან გადმოიღო; ამასთანავე ყოველ პრეტორს უფლება ჰქონდა დაემატებინა ახალი დებულება (nova clausula - ახალი კლაუზულა, novum edictum - რამდენადაც გამოთქმა ედიქტი აღნიშნავდა არა მარტო მთლიანად პრეტორის ედიქტს, არამედ თითოეულ დებულებასაც); განსაკუთრებულ შემთხვევაში (მოულოდნელი და მწვავე საბაბისას) პრეტორი ავსებდა თავის ედიქტს მთელი წლის განმავლობაში. იგი თავისუფალი იყო თავისი მოვალეობების შესრულებისას და ედიქტით მხოლოდ ზნეობრივად იყო შებოჭილი. სამართლებრივად მას მხოლოდ lex Cornelia ზღუდავდა. პრეტორების ედიქტი რომაული სამართლის შესანიშნავი ნიმუშია, იგი იქმნებოდა ძვ. წ. 250-80 წწ-ში; იმპერატორ ადრიანეს დავალებით კი იულიანუსმა მისი საბოლოო ვარიანტი შექმნა (edictum perpetuum Hadriani). ამის შემდეგ იგი უცვლელი დარჩა, ცვლილებების შეტანა მხოლოდ იმპერატორის ნებართვით შეიძლებოდა და მან შეინარჩუნა კიდევაც თავისი მნიშვნელობა, ვიდრე იუსტინიანუსმა არ გააუქმა იგი. მსგავსადვე შეიქმნა ედიქტები პერეგრინების პრეტორის მოღვაწეობისთვის (edictum peregrinum), პროვინციის ნაცვლისათვის (edictum provinciale, edictum praesidis) და კურულების ედილებისათვის (edictum aedilicum). მსგავსი ფორმა, მაგრამ სრულიად სხვა შინაარსი ჰქონდათ: edicta principium, edictum imperatorum. მასში პრინცეპსი თავისი მმართველობის ნებისმიერ დროს მეტნაკლებად ფართო წრეს აცნობდა რომელიმე ზოგადი, უმეტესწილად საჯარო სამართლის საკითხის გადაწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო მათთვის, ვისაც ედიქტი ეხებოდა. კერძო სამართალში edicta principum-ს ცოტა სიახლე შეჰქონდა - ამ მიზანს ემსახურებოდა კანონები, რომელთაც კომიციები იღებდნენ და სენატის დადგენილებები. edicta principum ძალას ინარჩუნებდა არა მხოლოდ იმპერატორის მმართველობის პერიოდში, არამედ მისი სიკვდილის შემდეგაც, თუ მას მემკვიდრე არ გაუუქმებდა. მნიშვნელოვან edicta principum-ს განეკუთვნება constitutio Antoniana, რომლის მიხედვითაც რომის იმპერიის ყველა თავისუფალი მოქალაქეს რომის მოქალაქის უფლებებით სარგებლობა შეეძლო.

Edictum Diocletiani (ძვ. წ. 301 წ-ს იმპერატორმა დიოკლეტიანუსმა გამოსცა ედიქტი სპეკულაციისა და მევახშეობის წინააღმდეგ. ედიქტით მაქსიმალური ფასი დაწესდა სურსათსა და ფუფუნების საგნებზე, ასევე ხელფასის მყარი განაკვეთი ხელოსნებსა და მედღეურებზე. მიუხედავად მკაცრი სანქციებისა, ედიქტმა ფინანსურ სპეკულაციებს შეუწყო ხელი და სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

ევბულოსი (Εΰβουλος) - ბერძენი ფინანსისტი ათენიდან (დაახლ. ძვ. წ. 405-335 წწ.). ძვ. წ. 355-342 წწ-ში ევბულოსი იყო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახელმწიფო მოღვაწე. მისი საქმიანობის მთავარ მიზანს ათენის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება წარმოადგენდა. ძვ. წ. 355-350 წწ-ში ევბულოსი თეორიკონის სალაროს განაგებდა, მაგრამ მას მთელი სახელმწიფო ფინანსები ექვემდებარებოდა. მისი მოღვაწეობის შედეგად თანდათანობით საგრძნობლად გაუმჯობესდა ათენის ფინანსური მდგომარეობა და იმ დონეს მიაღწია, რომლის მიღწევაც შემდგომ ეპოქებში შეუძლებელი შეიქმნა. ათენის წლიური შემოსავალი ძვ. წ. 347-346 წწ-ში 400 ტალანტს შეადგენდა. ევბულოსი მრავალმხრივ ფინანსურ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ ძირითად წარმატებას მან იმ კანონის მეშვეობით მიაღწია, რომელიც უკრძალავდა ბულეს სახელმწიფოს მიმდინარე შემოსავლებიდან დაეფინანსებინა არააუცილებელი სამხედრო ოპერაცია. ამ კანონმა საშუალება მისცა ევბულოსს, რომ წლიური ნამატი საზოგადო სამუშაოების პროგრამისთვის გადაერიცხა, შესაძლებელი გახდა მრავალი უმუშევარი ხელოსნისა და მუშის საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩაბმა. ევბულოსს მიაწერენ კანონს, რომელიც სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა ყველას, ვინც კი წინადადებას შეიტანდა, რომ „თეორიკონის“ თანხა სამხედრო მიზნებს მოხმარებოდა.

საგარეო პოლიტიკის სფეროში ევბულოსი აქტიურად მოღვაწეობდა, ცდილობდა ბერძნული ქალაქები საერთო ზავით გაერთიანებულიყვნენ. დემოსთენე ებრძოდა ევბულოსის როგორც საგარეო, ისე საფინანსო პოლიტიკას, განსაკუთრებით დაჟინებით კი იმ კანონთა გასაუქმებლად იბრძოდა, რომელიც „თეორიკონის“ თანხების სამხედრო მიზნებისათვის გამომყენებელს სიკვდილით სჯიდა. სხვა ათენელ მოღვაწეებთან ერთად ძვ. წ. 346 წ-ს ევბულოსმა ფილოკრატესის ზავი მიიღო. დემოსთენესაგან განსხვავებით ევბულოსი ცდილობდა თავისი ფინანსური პოლიტიკა ზავის შესანარჩუნებლად წარემართა. ძვ. წ. 344 წ-დან დემოსთენეს გავლენის გაზრდამ შეასუსტა ევბულოსის პოზიცია. ქერონეასთან ბრძოლის შემდგომ ევბულოსის სახელი აღარ ფიგურირებს, შესაძლოა, ამ პერიოდში იგი აქტიურ პოლიტიკას ჩამოსცილდა კიდეც.

ევთინე (εύθύνη) - თანამდებობრივი ვადის ამოწურვის შემდეგ საჯარო მოხელის მიერ წარდგენილი ანგარიშის განხილვა. ეს პროცედურა უპირველესად მიმართული იყო იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწორად განკარგა მოხელემ სახელმწიფო ფინანსები. როგორც წესი, ათენში ევთინეს 10 ლოგისტი და ევთინოსები ახორციელებდნენ. თუმცა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ანგარიშის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოხელესთვის ბრალდების წარდგენა. ყველა შემთხვევაში მაგისტრატს უნდა მიეღო იმის დასტური, რომ თავისი ძალაუფლება მან სწორად გამოიყენა.

თუ მაგისტრატის ანგარიში ლოგისტებს არ დააკმაყოფილებდა, ანდა რომელიმე მოქალაქე წარადგენდა ბრალდებას მის წინააღმდეგ, მაშინ ლოგისტებს საქმე დიკასტერიონისთვის უნდა გადაეცათ და ამასთან, პროცესზე თავმჯდომარენი ყოფილიყვნენ. მაგისტრატი გამართლების შემთხვევაშიც კი არ იყო ბოლომდე თავისუფალი. საქმის განხილვიდან 30 დღის შემდეგ უკვე ევთინოსებს (ისინი ბულეს წევრებიდან იყვნენ კენჭისყრით არჩეულნი) ევალებოდათ განეხილათ ამ მაგისტრატის წინააღმდეგ გამოთქმული ნებისმიერი პრეტენზია და თუ ეს პრეტენზია არგუმენტირებული იქნებოდა, იგი სასამართლოსთვის წარედგინათ. მიუხედავად იმისა, რომ ევთინეს ხშირად ფორმალური ხასიათი ჰქონდა, დემოკრატიულ სახელმწიფოებში იგი აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის ყველაზე ეფექტური საშუალება იყო. ამასთან, ევთინე ძლიერი იარაღი იყო სიკოფანტების ხელშიც.

ევპატრიდები (εύπατρίδαι) - ერთ-ერთი ტერმინი დაბადებით კეთილშობილთა აღსანიშნავად (ასევე გამოიყენებოდა ტერმინები: εύγενεϊς, γενναϊοι, γνώριμοι). მათ თავიანთი წარმოშობა გმირთა ეპოქამდე აჰყავდათ. არისტოკრატიის ბატონობის პერიოდში ხელისუფლება მთლიანად მათ ხელში იყო. ძირითადად, ისინი მსხვილი მიწათმოქმედები იყვნენ. ძვ. წ. VI ს-ში ათენის მოქალაქეები ოთხ კლასად იყვნენ დაყოფილნი: ევპატრიდებად, მიწათმოქმედებად, ხელოსნებად (დემიურგებად) და თეტებად. ევპატრიდებს ხელისუფლებისათვის ბრძოლაში ძვ. წ. VI საუკუნეში მიწათმოქმედები და ხელოსნები უპირისპირდებიან (იხ. არქონი, არეოპაგი). ძვ. წ. 580/79 წ-ს დროებითი კომპრომისის შედეგად მთავარი არქონობა ათთა კომიტეტმა შეცვალა, რომელთაგანაც მხოლოდ ხუთნი იყვნენ ევპატრიდთა კლასიდან. სოლონმა წერტილი დაუსვა ამ კონფლიქტს. მან თანამდებობის დასაკავებლად მთავარ კრიტერიუმად სიმდიდრე მიიჩნია და არა წარმომავლობა ან საქმიანობა, თუმცა ევპატრიდი ოჯახები კვლავაც ინარჩუნებდნენ დიდძალ გავლენას, ეჭირათ ქურუმთა გარკვეული თანამდებობები და მსახურობდნენ რელიგიურ კანონთა ინტერპრეტატორებად (იხ. ექსეგეტები).

ეზოსმოძღვარი - მეფის სასახლის გამგებელი სამეურნეო და საფინანსო საკითხებში ძვ. წ. ბოლოსა და ახ. წ. პირველი საუკუნეების საქართველოში. დამოწმებულია არმაზის ბილინგვის არამეულ ტექსტში, სადაც „ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად“ იწოდება. ამ ორენოვანი წარწერის ბერძნულ ტექსტში მას შეესატყვისება „ეპიტროპოსი“, რომელიც სახლის მმართველს, პროკურატორს ნიშნავდა ძველ რომში. არმაზის ბილინგვიდან ჩანს, რომ ეზოსმოძღვრის თანამდებობა მემკვიდრეობით გადაეცემოდათ.

ეისანგელია (είσαγγελία) - საჯარო დადანაშაულების აქტი. სიტყვასიტყვით „საჯარო განცხადება, ინფორმაციის დადება“. ზოგად ხაზებში ამერიკული იმპიჩმენტის შესატყვისი. მისი გამოყენება შეიძლებოდა ნებისმიერი საჯარო მოხელის წინააღმდეგ როგორც მისი მსახურობის პერიოდში, ისე თანამდებობრივი ვადის ამოწურვის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ პირს ეისანგელიის წაყენების დროს თანამდებობა ეკავა, სასამართლო ძიების დროს იგი დროებით ტოვებდა პოსტს. ეისანგელიის გამოყენება შეეძლოთ ასევე ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგაც, თუ მას საჯარო განაცხადი ჰქონდა გაკეთებული. როგორც ჩანს, საქმეს წარადგენდნენ როგორც სახალხო კრების, ისე ბულეს წინაშე. საბოლოო მოსმენა იმართებოდა ან სახალხო კრებაზე, ან დიკასტერიონის სხდომაზე. ძვ. წ. 360 წ-ის შემდეგ ეისანგელიის ყველა ცნობილი შემთხვევა დიკასტერიონზე იყო წარმოდგენილი.

ეისანგელია გამოიყენებოდა სახელმწიფოს ღალატში ბრალდების, ან სხვა მძიმე დანაშაულთა შემთხვევაში, რომელთათვისაც კანონით არ იყო გაწერილი განსხვავებული პროცედურა. უმთავრესად ეს იყო პროცედურა უპრეცენდენტო ან ექსტრაორდინალური ბოროტმოქმედებისათვის. თუმცა ძვ. წ. V ს-ის ბოლოსთვის უკვე კანონით განსაზღვრეს დანაშაულთა რიცხვი, რომლებიც ეისანგელიის პროცედურას ექვემდებარებოდნენ: ეს იყო სახელმწიფო ღალატი, დემოკრატიის დამხობა, კონსპირაციული ორგანიზაციების შექმნა; სახელმწიფოსთვის მიცემული პირობების დარღვევა, ქრთამის მიცემა, რათა სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გაკეთებულიყო განცხადება. ამასთან ეს პროცედურა შეიძლება სხვა დანაშაულის შემთხვევაშიც ყოფილიყო გამოყენებული. ძვ. წ. IV ს-ში ეისანგელიას სრულიად ტრივიალურ ბრალდებების დროსაც ვხვდებით.

ეისანგელიის ცნობილი მაგალითებია: ალკიბიადესის წინააღმდეგ შეტანილი ეისანგელია, როდესაც მას მისტერიების პროფანაციაში დასდეს ბრალი (ძვ. წ. 415 წ.) და არგინუსასთან მებრძოლი მთავარსარდლების გასამართლება ეისანგელიათი (ძვ. წ. 406 წ.).

ეკვიტასი (aequitas) - სამართლიანობა. რომის სამართალში მოქმედი მთავარი შემოქმედებითი პრინციპი. მის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა მოქალაქეთა ფორმალური თანასწორობა კანონის წინაშე. ეკვიტასის შემოქმედებითი ხასიათის პრინციპი მხოლოდ მაშინ ვლინდებოდა, როდესაც სამართლის ნორმა წინააღმდეგობაში მოდიოდა კონკრეტულ არასტანდარტულ საქმესთან. ეკვიტასის საშუალებით ხდებოდა სადავო შემთხვევის გადაწყვეტისას ახალი გონივრული გამოსავლის მიგნება. შესაბამისად, ეკვიტასი დგება სამართლის (ius) გვერდით, აკონტროლებს და გარკვეულწილად არბილებს მას. ეკვიტასის საშუალებით ხდებოდა სასამართლო ნორმების ადაპტაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ეთიკურ ცვლილებებთან.

ეკვიტები (equites - მხედრები, equus - ცხენი) - მხედრების ფენის წარმომადგენლები. 1) რომულუსიდან გრაკქუსამდე ეკვიტები წარმოადგენდნენ რომაული ჯარის ნაწილს და მისი შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა. ის, ვინც ასრულებდა სამხედრო სამსახურს, ტოვებდა ეკვიტების რიგებს. რომულუსმა ჩამოაყალიბა ეს რაზმი - ამოარჩია 3 უძველესი ტრიბიდან (რამნები, ტიტიები, ლუკერები) 100 ეკვიტი, 30 კურიიდან - 10 ეკვიტი. 100 მხედარი შეადგენდა ცენტურიას და ატარებდა იმ ტრიბის სახელს, რომელსაც ის ეკუთვნოდა. მხედრებს ხელმძღვანელობდა მხედრების ტრიბუნი (tribunus celerum). გადმოცემის მიხედვით, ტულიუს ჰოსტილიუსმა რომულუსის 300 მხედარს დაამატა კიდევ ალბას 300 ძველი მკვიდრი მხედარი, რომლებიც უნდა გადასახლებულიყვნენ რომში, მაგრამ ამასთანავე არ შეეცვალათ ცენტურიების რაოდენობა. სავარაუდოდ, ეს ცნობა ასახავს ლუკერების შეერთებას რამნებსა და ტიტიების ცენტურიებთან. ტარკვინიუს პრისკუსმა, გადმოცემის მიხედვით, ეკვიტების რაოდენობა ორჯერ გაზარდა - 1200 ეკვიტი (400 რამნი, აქედან 200 წინა (priores), 200 შემდეგი (posteriores). სავარაუდოდ, ტარკვინიუს პრისკუსმა გააორმაგა მხოლოდ 300 მხედარი, ამგვარად ამ დროიდან არსებობდა 200 რამნი (100 - წინა, 100 - შემდეგი). ამ 1200 (სავარაუდოდ, 600) ეკვიტიდან სერვიუს ტულიუსმა შეადგინა 6 ცენტურია და დაამატა 12 ცენტურია, რომელიც ახალი და პლებეეური წარმოშობის მხედრებით შეივსო, მათი რიცხვი 2400 (სავარაუდოდ, 1200) კაცს შეადგენდა. შესაბამისად, მათი რიცხვი იყო არა 3600, არამედ 1800 და ეს რაოდენობა უფრო დიდხანს დარჩა უცვლელი. სერვიუს ტულიუსის დროიდან იმისთვის, რომ ადამიანი მხედარი გამხდარიყო, საჭირო იყო ცენზის ფლობა, რომელიც 10-ჯერ აღემატებოდა I კლასის მინიმალურ ცენზს. ყველა, ვინც შეადგენდა 18 ცენტურიას, თავიდან ინიშნებოდა კონსულების, შემდეგ ცენზორების მიერ (ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ცენზის განსაზღვრისას). 1) equites equo publico - პატრიციული ცხენოსანი ჯარი, მისი პირველადი ბირთვი, შემდგომში 18 დამოუკიდებელი პატრიციულ-პლებეური ცენტურია. ეს პატრიციული ცხენოსანი ჯარი სახელმწიფოსაგან იღებდა ცხენსა და ფულს მის შესაძენად და შესანახად. ამავე დროს ესენი იყვნენ დიდგვაროვნები, რომლებიც არმიაში წამყვან როლს თამაშობდნენ, მათი რიგებიდან გამოვიდნენ უმაღლესი მხედართმთავრები, იმპერატორს მათი რიგებიდან ჰყავდა მეგობრები, თანამოაზრეები, მრჩევლები და სხვა.

იმპერატორი ტიტულს equites equo publico დამსახურებულ ოფიცრებს ჯილდოდ ანიჭებდა;

2) equites legionis; equites equo privato - რომლებსაც თავად უნდა შეეძინათ ცხენები და თავისი ხარჯით შეენახათ. ისინი მსახურობდნენ ყველა ლეგიონსა და საცხენოსნო ქვედანაყოფში და არ ჰქონდათ არისტოკრატული პრივილეგიები;

3) ფინანსური არისტოკრატია - ძვ. წ. IV-III სს-ში განვითარდა ეკვიტებისა და წარმატებული პლებეური ვაჭრებისა და მეწარმეებისაგან. თანდათანობით მათ ხელში გადავიდა მოგების ყველაზე უფრო სარფიანი წყარო (განსაკუთრებით საბანკო და სავახშო ოპერაციები მიწის ნაკვეთებისა და საწარმოების იჯარით, არმიის მომარაგებითა და პროვინციების ყოველმხრივი ექსპლუატაციით) და ნობილიტეტთან ერთად გახდა მეორე მმართველი ფენა რომის იმპერიაში. მათ რიცხვს მიკუთვნება უპირველეს ყოვლისა ფინანსისტები (argentarii); ვაჭრები (mercatores); კომერსანტები (negotiatores); მოიჯარადეები (publicani).

1-სა და მე-3 ეკვიტს შორის ზღვარი ხშირად წაშლილი იყო, მრავალი მხედართმთავარი ერთდროულად წარმატებით ახორციელებდა სავაჭრო ოპერაციებს, ფინანსისტებს კი, თავის მხრივ, არმიაში ხშირად ეჭირათ მაღალი თანამდებობები. გარდა ამისა, მათ მრავალმხრივი პრივილეგიები აერთიანებდათ განსაკუთრებულ შეკრულ ფენად (მხედართა ფენა - ordo equester), რომელიც მრავალმხრივი ნათესაური კავშირით დაკავშირებული იყო ნობილიტეტთან (ორივე ეს ფენა მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ განსხვავდებოდა პლებსისაგან თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენით).

როცა ჩაგრული მასები რომაული საზოგადოების წინააღმდეგ აჯანყდნენ, ნობილიტეტი და მხედრები, მიუხედავად მათ შორის განხეთქილებისა (გამოწვეული სპეციფიკური, ხშირად საწინააღმდეგო ინტერესებით), ერთად მოქმედებდნენ.

ფორმალური (მაგრამ არა ერთადერთი) პირობა ამ ფენაში მოსახვედრად იყო მნიშვნელოვანი ქონება, მინიმალური ცენზი შეადგენდა 400000 სესტერციას (როსციუსის კანონი 1, რომლის მიხედვითაც ასევე ძვ.წ. 67 წ-ის პლებისციტით მხედრებს თეატრში 14 რიგის ადგილები ეკუთვნოდათ), ამიტომ მხედართა ფენაში მოხვედრა შეეძლოთ მხოლოდ ძალიან მდიდრებს.

პრინციპატის დროს ეკვიტების (მათი რიგები ინტენსიურად იზრდებოდა მუნიციპიებიდან და უმთავრესად პროვინციებიდან) მნიშვნელობა სულ უფრო იზრდებოდა. იმპერატორები მათ ანდობდნენ ზოგიერთ ძალიან მნიშვნელოვან პოსტს. თავის კარიერას ეკვიტები იწყებდნენ სამხედრო მეთაურებად (პრეფექტი, ტრიბუნი), შემდეგ წინაურდებოდნენ სამოქალაქო სამსახურში (პროკურატორი, დამცველი), მათ ჰქონდათ შანსი უმაღლესი თანამდებობისათვის მიეღწიათ (praefectus vigilium, praefectus annonae, praefectus Aegypti, praefectus praetorio); მათ რანგს შეესაბამებოდა ტიტულები. ეკვიტებს დომინატის დროს დატოვებული ჰქონდათ ზოგიერთი საკულტო ფუნქცია [მაგ. აუსპიციები - წინასწარმეტყველება ჩიტების ქცევაზე (ფრენა, ყვირილი, ჭამა) დაკვირვებით].

მხედრების განსხვავებული ნიშანი იყო: 1) მოსასხამი წითელი კანტით (trabea); 2) ტუნიკაზე წითელი კანტი (angustus clavus); 3) ოქროს ბეჭედი (annulus aureaus); 4) quatuordecim sedes (თეატრში განსაკუთრებული ადგილი);

მას შემდეგ, რაც კონსტანტინემ ბიზანტიაში გადაიტანა რეზიდენცია, მხედართა ფენამ არსებობა შეწყვიტა.

ეკონომიკა, საბერძნეთი - მეცნიერების თანამედროვე ეტაპზე საბერძნეთის ეკონომიკას არ მოიაზრებენ როგორც ერთ მთლიანს, რამდენადაც თავად საბერძნეთი ანტიკურ პერიოდში ასეულზე მეტ ცალკე აღებულ ერთობათა დაჯგუფებას წარმოადგენდა. შესაბამისად, მეცნიერები განიხილავენ ბერძნულ ეკონომიკურ სისტემებს და არა ერთ ცნებას - საბერძნეთის ეკონომიკას. ამასთან, მეცნიერები კამათობენ იმაზეც, არსებობდა თუ არა საერთოდ „ეკონომიკა“ ანტიკურ საბერძნეთში (იხ. კაპიტალიზმი). საკითხის გამარტივების მიზნით, მკვლევარები ბერძნულ ეკონომიკურ სისტემებს სამ ეტაპად ჰყოფენ. პირველი ეს გახლავთ „არქაული“ ტიპის ეკონომიკა, რომლის საუკეთესო მაგალითს სპარტა წარმოადგენდა. მის საპირისპიროდ, როგორც წესი, განათავსებდნენ ათენის ეკონომიკას, რომელიც გამორჩეული იყო არა მარტო ეკონომიკური ტრანსაქციების განსაკუთრებული სიმრავლით, არამედ ეკონომიკური ინსტიტუტების განსაკუთრებული დახვეწილობითაც. ათენისა და სპარტის ეკონომიკური სისტემების შუა ათავსებენ მრავალრიცხოვანი „ნორმალური“ ბერძნული ქალაქებისა თუ ერთობების ეკონომიკას. მათ ათენის ეკონომიკური ინსტიტუტებისაგან უმთავრესად მასშტაბი განასხვავებდა, სპარტის ეკონომიკისაგან კი ისინი უპირველესად თავიანთი ეკონომიკური მექანიზმების ბუნებით გამოირჩეოდნენ.

თანამედროვე ტერმინი „ეკონომიკა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან οίκονομία, რაც კერძო მეურნეობის (ოჯახის) - οϊκος-ის გაძღოლას ნიშნავდა და არა ეროვნული ეკონომიკისა. კეთილგონიერებიდან, ისევე როგორც იდეოლოგიური, მორალური და პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე ყოველი „ჩვეულებრივი“ ბერძნული საოჯახო მეურნეობა მიისწრაფვოდა რამდენადაც შეიძლებოდა თვითკმარი ყოფილიყო. საოჯახო ეკონომიკა საბერძნეთში უპირატესად სასოფლო-სამეურნეო ეკონომიკა გახლდათ, რადგან ნამდვილი ქალაქებისა თუ უტყუარად ურბანული სამოსახლო ცენტრების რიცხვი აქ ერთობ მცირე იყო.

„ჩვეულებრივ“ ერთობებში მცხოვრებ ბერძენთა უმეტესობას ამა თუ იმ ტიპის გლეხობა შეადგენდა. გლეხი რამდენიმე ჰექტარ მიწას ამუშავებდა. ნაკვეთზე დათესილი იყო სხვადასხვა სახეობის მარცვლეული (უმთავრესად ქერი, გარკვეულწილად ხორბალი) და ქსეროფიტული კულტურები (ზეთისხილი, ყურძენი, ლეღვი ყველაზე მეტად). წვრილფეხა რქოსანი საქონელი, განსაკუთრებით კი ცხვარი და თხა ბერძნული აგროკულტურის აუცილებელ შემავსებელ ნაწილს შეადგენდა. ზოგიერთ ადგილებში სპეციფიკური სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო გაშენებული, ანდა იქ მეცხოველეობას უფრო დიდი ხვედრითი წილი ჰქონდა. სანაპირო რაიონებში მეთევზეობას მისდევდნენ, მაგრამ, თუ არ ჩავთვლით შავ ზღვას, საბერძნეთის წყლები ადვილად დასაჭერ თევზთა დიდი გუნდებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი არ იყო. თევზი, გარკვეულწილად, ბერძენი გლეხის საკვებ რაციონში ფუფუნების პროდუქტად რჩებოდა „მედიტერანულ ტრიადასთან“ (მარცვლეული, ღვინო, ზეითუნის ზეთი) შედარებით.

პრაქტიკაში, თვითკმარი მეურნეობა უფრო იდეალი იყო, ვიდრე რეალობა. სხვადასხვა სახის ეკონომიკური გაცვლა აუცილებელი იყო, მაგრამ გაცვლა-გამოცვლები, როგორც წესი, მეზობლებს ან ერთობის წევრთა შორის იმავე სოფელსა თუ იმავე ქალაქის ბაზარში წარმოებდა ან უშუალოდ, ან ამ სახის ბარტერით, ანდა ფულადი ერთეულის მეშვეობით. საბერძნეთის ქალაქების ამ ძირითადი პრაქტიკისაგან საგრძნობლად განსხვავდებოდა ათენი, რამეთუ მისი ეკონომიკა სისხლ-ხორცეულად იყო დამოკიდებული მისი უმთავრესი პროდუქტის - ხორბლის ექსპორტზე, რომელიც შორ მანძილზე ვაჭრობით ხორციელდებოდა. ათენს ჰქონდა თითქმის უნიკალური საშუალება ამგვარი იმპორტის საფასური ვერცხლით გადაეხადა. ვერცხლს იგი ატიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ლავრიონის საბადოებში მოიპოვებდა. მაღაროების მუშაობა უმთავრესად მონების შრომაზე იყო დამყარებული. ათენის ეკონომიკურ წარმატებას ასევე განაპირობებდა მისი ნიადაგი და კლიმატი, რომლებიც ერთობ ხელსაყრელი იყო ზეთისხილის კულტურისათვის. ზეთისხილის ექსპორტი ატიკაში ოფიციალურად უკვე ძვ. წ. 600 წ-დან იწყება.

ძვ. წ. V ს-ში ამ ფაქტორებმა ატიკაში ჭეშმარიტად ურბანული სექტორის განვითარება განაპირობეს პირევსის პორტის გარშემო. თუმცა პირევსის ვაჭრობაში ჩართული მოსახლეობის დიდი წილი, ისევე როგორც ათენის ეკონომიკის არამიწათმოქმედებითი სექტორის უმეტესი ნაწილი არაბერძნულ მოსახლეობას წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ როგორც რეზიდენტი უცხოელები (თავისუფალი მეტოიკოსები და მონები), ისე დროებით ჩამოსულები. უცხოელთა ხვედრითი წილი გაცილებით დიდი იყო ათენის მოსახლეობაში, ვიდრე სხვა ნებისმიერ ბერძნულ დასახლებაში.

სპარტა ეკონომიკურად ათენის საპირისპირო პოლუსს წარმოადგენდა. სპარტელები რეგულარულად აწარმოებდნენ ეკონომიკურ გაცვლებს, მაგრამ ეს გაცვლები მიმდინარეობდა უფრო მეტად მათივე ტერიტორიის შიგნით პოლიტიკურად მათდამი დაქვემდებარებულ თავისუფალ მოსახლეობასთან - პერიოიკოსებთან. სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის წარმოებას სპარტელები მათდამი დამორჩილებულ მოსახლეობას - ჰელოტებს აიძულებდნენ. თავად სპარტიატები არავითარ ეკონომიკურად პროდუქტიულ საქმიანობას არ ეწეოდნენ. ამგვარი კოლექტიური ხასიათისა და მონის სტატუსის სამუშაო ძალას ასევე იყენებდნენ ზოგიერთი სხვა ბერძნული ერთობები, თუმცა არსად სხვაგან ეს ექსპლუატაცია არ იყო შერწყმული არასამხედრო საქმიანობის სხვადასხვა ფორმათა სპარტელებისათვის დამახასიათებელ უგულებელყოფასთან.

ემანსიპაცია (emancipatio) - შვილების ან შვილიშვილების გათავისუფლება მამის ძალაუფლებისაგან. ემანსიპაციას თან ახლდა ისეთივე რთული პროცედურა, როგორც ადოფციაა. განსხვავება მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ მესამე მანციპაციის (ქალიშვილის და შვილიშვილის შემთხვევაში, პირველი მანციპაციის) შემდეგ რწმუნებული პირი (pater fiduciaries) უკან უბრუნებდა შვილს მშობელს, რათა მამა გამხდარიყო მამის ძალაუფლებისაგან შვილის გამათავისუფლებელი (parens manumissor). ემანსიპირებული შვილი ხდებოდა სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (persona sui iuris), თუმცაღა ემანსიპაცია მის შვილებზე არ ვრცელდებოდა. ემანსიპაცია იცავდა მამულს დანაწევრებისაგან. მშობელი ერთ-ერთ ვაჟს უტოვებდა მამულს მემკვიდრეობით, ხოლო დანარჩენ შვილებს აძლევდა საშუალებას დამოუკიდებლად ემართათ საკუთარი ქონება. ამისთვის მათ ეძლეოდათ მამისაგან პეკულია (თავდაპირველად ეს იყო წვრილფეხა საქონლის ნახირი, მოგვიანებით კი ნებისმიერი ტიპის ქონება, რომელსაც ოჯახის უფროსი აძლევდა ვაჟს ან მონას მეურნეობის დამოუკიდებლად წარმართვის მიზნით). კონსტანტინეს ეპოქიდან მამას ჰქონდა უფლება შვილის უმადური საქციელის გამო გაეუქმებინა ემანსიპაცია. ემანსიპაციის შემდეგ მამა ხდებოდა შვილის პატრონი.

ენდეიქსისი (ένδειξις) - საჯარო ბრალდების ერთ-ერთი სახეობა. ეს პროცედურა აპაგოგეს ჩამოგავს. ბრალის დამდები მოქალაქე თავის ბრალდებას განუცხადებდა მაგისტრატს, რომელიც შემდგომ ბრალდებულს აპატიმრებდა. ეს პროცედურა გამოიყენებოდა იმ პირთა მიმართაც, რომლებიც ამეტებდნენ თავიანთ უფლებებს და აღასრულებდნენ იმ საქმიანობას, რომლის უფლებამოსილებაც მათ არ გააჩნდათ. ანდოკიდესის სიტყვა „მისტერიების შესახებ“ ამ ტიპის ბრალდების ყველაზე ცნობილი მაგალითია.

ეპიკლეროსი (έπίκληρος) - მემკვიდრე ქალის სახელწოდება. ეპიკლეროსი ათენური საზოგადოების განსაკუთრებული ფენომენია. თვით ტერმინი έπίκληρος, რომელიც სიტყვასიტყვით „საკუთრებასთან მიერთებულს“ ნიშნავს, მის არსს კარგად გამოხატავს. ეს იყო ქალიშვილის სახელწოდება იმ ოჯახში, რომელსაც მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყავდა და რომელსაც ოჯახის ხაზი უნდა გაეგრძელებინა. მაგრამ ეპიკლეროსის „მემკვიდრედ“ თარგმნა არ არის სწორი. ქალი უშუალოდ არ ხდებოდა მამისეული ქონების მემკვიდრე, მემკვიდრეობას იღებდნენ მამაკაცები მასთან ქორწინებით, უფრო სწორად კი მათი ვაჟიშვილები. ეპიკლეროსი მამისეული ოიკოსების შენარჩუნებაში, შესაბამისად, ლეგიტიმური მემკვიდრის გაჩენაში იყო პასუხისმგებელი. ეპიკლეროსის ქორწინების წესები საკმაოდ მკაცრად იყო განსაზღვრული და ამასთან მათი დაცვა სავალდებულო იყო. თუ ეპიკლეროსის მამას ვაჟიშვილი აყვანილი ჰყავდა, ეს უკანასკნელი ეპიკლეროსზე უნდა დაქორწინებულიყო, მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდებოდა იგი ოიკოსის უშუალო მემკვიდრე. სხვა შემთხვევებში ეპიკლეროსის საქმროს ანქისტეის შიგნით იმავე რიგით არჩევდნენ, რა თანმიმდევრობითაც არამემკვიდრე ქალიშვილებს ურჩევდნენ საქმროებს. ესენი უპირველესად იყვნენ მამის ძმები, შემდეგ ბიძაშვილები მამის მხრიდან და ა.შ. საკამათოა, ამათ შემდეგ ვის ერგებოდა უპირატესობა. თუკი სასიძო რეპროდუქციის ასაკისა იყო, მის წლოვანებას მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. ხდებოდა ისეც, რომ მამის სიკვდილის მომენტისათვის ეპიკლეროსი უკვე იყო დაქორწინებული მამაკაცზე, რომელიც მის უახლოეს ნათესავს არ წარმოადგენდა. ასეთ შემთხვევაში, თუკი ეპიკლეროსს ვაჟიშვილი არ ჰყავდა, მისი ქორწინება შეიძლება შეწყვეტილიყო. თუკი ეპიკლეროსს ჰყავდა ვაჟიშვილი, სწორედ ეს უკანასკნელი ხდებოდა ქალის მემკვიდრე. მეორე მხრივ, თუკი მამაკაცი, რომელსაც რიგის თანახმად ეპიკლეროსის თხოვნა ეკუთვნოდა და რომელსაც ამისი პრეტენზია ჰქონდა, უკვე იყო დაქორწინებული, იგი ან ცოლს უნდა გაჰყროდა ანდა პრეტენზიაზე უარი განეცხადებინა.

თავად ეპიკლეროსს, როგორც აღვნიშნეთ, საკუთრებაზე უფლება არ ჰქონდა. ეპიკლეროსის ქმარს შეეძლო მხოლოდ მთავარი თანხიდან ამოგებული შემოსავლით ესარგებლა, საკუთრების ძირითადი ნაწილი მათი ვაჟიშვილების იყო. ამასთან ეპიკლეროსის ქმარს სხვა სახის ვალდებულებაც ეკისრებოდა. სოლონის კანონმდებლობით „კანონი თხოულობს, ქმარმა ეპიკლეროსთან სულ ცოტა თვეში სამჯერ მაინც შეასრულოს თავისი მოვალეობა“. ამასთან „კანონი ნებას რთავს მდიდარ ქალს, იცხოვროს ქმრის ახლო ნათესავთან, თუ ქმარი, რომელიც კანონის ძალით მისი ბატონი და უფალი გახდა, ცვედანი აღმოჩნდა“ (პლუტარქოსი, სოლონი, 20. 2-3). პლუტარქოსის შენიშვნით, ეს კანონი ძალიან სამართლიანი იყო, რადგან იმ კაცების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელთაც ქალთან ცხოვრება არ შეეძლოთ და დიდი მემკვიდრეობის მქონე ქალი მხოლოდ სიმდიდრის გულისთვის მოჰყავდათ.

ეპიკლეროსის ქორწინების წესები უფრო მკაცრი და მძიმე იყო, რამდენადაც ეპიკლეროსს ინდივიდუალური ოიკოსების შენარჩუნებაში უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრებოდა. ეპიკლეროსის ფენომენი ნათელი მაგალითია იმისიც, თუ როგორ მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქალი იმ ოჯახთან, რომელშიც ის დაიბადა (იხ. ქორწინება, საბერძნეთი; მემკვიდრეობა).

ეპისტატესი (έπιστάτης) - ბულეს და სახალხო კრების თავმჯდომარე ათენში ძვ. წ. V ს-ში. სახალხო კრებაზე პრიტანისების ეპისტატესს - თავმჯდომარეს წილის ყრით ირჩევდნენ პრიტანისთა რიგებიდან ერთი დღის ვადით, რომლის განმავლობაშიც მას სახელმწიფოს ბეჭედი და გასაღები ებარა. არისტოტელეს დროისთვის (ძვ. წ. IV ს-ის შუა წლები) ბულეს თავმჯდომარე ეპისტატესი თითოეული სახალხო კრებისათვის წილისყრით არჩევდა 9 პროედროსს. ისინი ბულეს იმ წევრებისგან იყვნენ შერჩეულნი, რომლებიც იმ მომენტისათვის პრიტანისებად არ მსახურობდნენ. შემდგომ ამ ცხრა პროედროსისგან ირჩეოდა ეპისტატესი, მას έπιστάτης τών προέδρων ეწოდებოდა და იგი თავმჯდომარეობდა კრებას.

ერარიები (aerarii) - სერვიუს ტულიუსის სახელმწიფო მოწყობის მიხედვით, ერარიები იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ გაერთიანებული კლასებში და ცენტურიებში, შესაბამისად, მოკლებულნი იყვნენ ხმის უფლებას და არ მსახურობდნენ ჯარში. ეს ადამიანები შესაძლოა ყოფილიყვნენ მატერიალურად საკმაოდ წელში გამართული, მაგრამ არსებობდა მიზეზი, რის გამოც მათ უარს ეუბნებოდნენ ამ უფლებებზე. ისინი იყვნენ ახლადდაპყრობილი ერების წარმომადგენლები და გარკვეულ საფრთხეს წარმოადგნდნენ სახელმწიფოსათვის. თუმცაღა პროლეტარებისაგან (proletarii) განსხვავებით, ისინი არ იყვნენ გათავისუფლებული გადასახადებისაგან, რომლებიც მათ ეკისრებოდათ არა ცენზურის მიხედვით, რამდენადაც ისინი არცერთ ცენზს არ ექვემდებარებოდნენ, არამედ ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით (tributum in capita). ერარიების სახელები ცენზორებს შეჰქონდათ სპეციალურ სიებში, რომელთაც caeritum tabulae ეწოდებოდა, რამდენადაც ერარიების ძირითადი ნაწილი ქალაქ ცერეს მოსახლეობას შეადგენდა. ამ უფლებრივი მდგომარეობით ერარიებს არ ჰქონდათ ხმის უფლების პერსპექტივა, რითაც ისინი განსხვავდებოდნენ პროლეტარებისაგან, რომელთაც მოგვიანებით მიენიჭათ ეს უფლება. ცენზის მქონე ადამიანებს, ჩადენილი დანაშაულის გამო ზოგჯერ სჯიდნენ იმ მეთოდით, რომ შეჰყავდათ ერარიების სიაში (aerarium facere, tribu movere, in caeritum tabulas referre). დაკისრებული გადასახადი ქონებიდან გამომდინარე, შესაძლოა, საკმაოდ დიდი ყოფილიყო. ცენზორები ხანდახან ამ უფლებას ბოროტად იყენებდნენ. მათ გადაწყვეტილებას აუქმებდა ხოლმე მოგვიანებით მომდევნო ცენზორი. სასჯელის გაზრდის მიზნით ზოგჯერ მათ აგზავნიდნენ სამხედრო სამსახურში დამამცირებელი მოვალეობების შესასრულებლად სენატის გადაწყვეტილების (Senatus Consultum) საფუძველზე.

ერეკლე II (1720-1798 წწ.) - თეიმურაზ II-ის ძე, კახეთის მეფე 1744-1762 წწ-ში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წწ-ში, საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი მეფე.

XVIII საუკუნე მუდმივი ომებით დასუსტებული, დაქუცმაცებული საქართველოსთვის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი იყო.

1747 წ-ს ერეკლემ საბოლოოდ გაწმინდა თბილისი დამპყრობელთაგან.

1773 წ-ს ერეკლესა და იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ჯარები გორში შეიყარნენ და ჯავახეთში ერთად გაილაშქრეს.

1774 წ-ს ერეკლეს ჩარევით დადიანმა უარი თქვა იმერეთის მეფის წინააღმდეგ ახალციხის ფაშის მიერ ორგანიზებულ ლაშქრობაში მონაწილეობაზე.

სპარსეთის შაჰმა 1744 წ-ს ერეკლესა და მის მამას, თეიმურაზს ქართლისა და კახეთის სამეფოები უბოძა. მამა-შვილის ურთიერთშეთანხმებული პოლიტიკის წყალობით ეს სამეფოები ფაქტობრივად გაერთიანებული იყო, თუმცა ერეკლეს მის შესანარჩუნებლად მაინც ბრძოლა დასჭირდა.

1789 წ-ს იმერეთის მოსახლეობის უმეტესობის, გურიისა და ოდიშის მთავრების მოთხოვნით ერეკლეს ერთმეფობის აღდგენა შესთავზეს. მეფემ საკითხი სამეფო დარბაზზე გაიტანა, უმრავლესობა დარბაზის წევრებისა შეერთების მომხრე იყო (იხ. დარბაზი). მაგრამ ერეკლემ არ მიიღო ეს შეთავაზება.

1795 წ-ს 35-ათასიანი ლაშქრით აღა მაჰმად-ხანი თბილისს მოუახლოვდა. ერეკლეს განკარგულებაში მხოლოდ 5 ათასი მებრძოლი იყო. კრწანისის ველზე ერეკლე სასტიკად დამარცხდა. მტერმა თბილისი ააოხრა.

1797 წ-ს აღა მაჰმად-ხანი მეორედ წამოვიდა საქართველოზე, მაგრამ საქართველომდე ვერ მოაღწია, შეთქმულებმა კარავში მოკლეს.

სიცოცხლის უკანასკნელი 3 წელიწადი ერეკლემ თელავში გაატარა. 1798 წ-ს მეფე ერეკლე, ხელმწიფე-რეფორმატორი, ბრწყინვალე მხედართმთავრი, მამაცი მებრძოლი, პოლიტიკოსი გარდაიცვალა. დაკრძალულია სვეტიცხოვლის ტაძარში.

საგარეო პოლიტიკა

1748 წ-ს საქართველომ უკანასკნელად გადაუხადა ირანს ხარკი.

1751-1752 წწ-ში თეიმურაზმა და ერეკლემ მოთარეშე ხანები მოიგერიეს, შემდეგ თავად გადავიდნენ იერიშზე და ქართლ-კახეთს შემოუერთეს ყაზახისა და შამშადილის პროვინციები, ხარკი დაადეს ერევნისა და განჯის ხანებს, ხოლო ყარაბახის ხანი მეფეების ყმადნაფიცად გაიხადეს. თეიმურაზი და ერეკლე გამუდმებით იბრძოდნენ ლეკების წინააღმდეგ, ერეკლემ ისინი ბევრჯერ დაამარცხა; ლეკთა თარეში შესუსტდა, მაგრამ არ შეწყდა.

1761 ერეკლე II წ-ს ირანის ტახტის დაკავებაში ქერიმ-ხანს დაეხმარა, მეტოქე ჩამოაცილა. ქერიმმა ცნო ქართლ-კახეთის ერთ სამეფოდ გაერთიანება და ერეკლეს უფლება განჯა-ერევნის სახანოზე.

1772 წ-ს რუსეთ-თურქეთის ომის დასასრულს, ერეკლემ ანტონ კათალიკოსი და ლევან ბატონიშვილი პეტერბურგში გააგზავნა დიპლომატიური მისიით. ამ ელჩობას საქართველოსათვის კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ელჩობის მიერ ჩამოყალიბებული პუნქტები შემდგომ შევიდა 1783 წ-ის ტრაქტატში.

რუსეთთან კავშირმა ერეკლეს ურთიერთობა გაუმწვავა მეზობლებთან. ოსმალეთი ერეკლეს „გაუწყრა“ და ლეკთა ბელადები კვლავ წააქეზა ქართლ-კახეთის სარბევად. ერეკლესაც გაუტყდა გული რუსეთზე.

1676 წ-ს ერეკლესა და ახალციხის ფაშის წარმომადგენელთა საიდუმლო მისია გაიგზავნა სტამბოლში - ამჯერად ერეკლემ სამცხე-საათაბაგოს დაბრუნება თავად ოსმალეთის გზით სცადა. 1778-1780 წწ-ში ერეკლემ არაერთხელ ილაშქრა განჯისა და ერევნის სახანოების ხელახლა დასამორჩილებლად.

1781-1782 წწ-ში ერეკლემ ევროპის ხელმწიფეებთან სცადა კავშირის გაბმა. ვენეციის სენატთან და ავსტრიის იმპერატორთან კათოლიკე მისიონერების ხელით გააგზავნა წერილები, რომლებშიც რეგულარული ჯარის გასაწყობად („ერთი პოლკი“), თანხას ითხოვდა. წერილებს ადრესატებამდე არ მიუღწევია.

80-იანი წლების დასაწყისში მეფემ პოლიტიკური არჩევანი ისევ რუსეთზე შეაჩერა. 1783 წ-ის ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთ-საქართველოს შორის „მეგობრობის პირობას“ მოეწერა ხელი.

1784 წ-ის ერეკლემ ტრაქტატს ხელი მოაწერა. 1784 წ-ს ერეკლემ რუსეთის იმპერატორისადმი ერთგულების ფიცი დადო. რუსეთთან კავშირმა ერეკლეს და მისი მომხრეების იმედები არ გაუმართლა.

ერეკლემ კვლავ დაიწყო მშვიდობიანი ურთიერთობების აღდგენა მეზობლებთან: ახალციხის საფაშოსთან, აზერბაიჯანის გავლენიან მფლობელთან ფათალი-ხანთან. 1795 მოხუცმა ერეკლემ აღადგინა თავისი ბატონობა განჯაზე, მაგრამ ქართლ-კახეთის მდგომარეობა ამით არ გამოსწორებულა.

საშინაო პოლიტიკა

მმართველობა

ქვეყნის განვითარება-განახლებისათვის პირველ რიგში, ცენტრალური აპარატის გაძლიერება იყო საჭირო. თეიმურაზმა და ერეკლემ ჯერ კიდევ 1743-1744 წწ-ში გააუქმეს არაგვისა და ქსნის საერისთავოები. ერეკლემ გაანადგურა ფეოდალური ოპოზიცია. ერეკლემ სამეფო დარბაზი სათათბირო ორგანოდან მეფის მუდმივმოქმედ დაწესებულებად აქცია. მმართველები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: დარბაზის რიგის მოხელეებად და საქვეყნო გამრიგეებად. იმ მოხელეებს, რომელთაც სამეფო კარზე უხდებოდათ სამსახური, „დარბაზის რიგის მოხელენი“ და „კარის გამრიგენი“ ერქვათ. ისინი მეფეს სახელმწიფო მართვა-გამგებლობაში შველოდნენ. ფეოდალურ პრინციპზე აგებული ქართლის სამეფოს სამოხელეო წყობა (ერისთავები, გამგებელები, ციხისთავები) შეიცვალა სამეფო ხელისუფლებისთვის ბევრად უფრო მისაღები და გარკვეულწილად უფრო „დემოკრატიული“ მოურავით, მამასახლისით, ნაცვლით, გზირით, მელიქით და ა.შ. ერეკლემ თავადური მმართველობა შეცვლა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატით.

ამ ევროპულად „გარდაქმნას“ იმდროინდელ ბატონყმურ საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, სათავადოთა სისტემის შესუსტება და მმართველობის დარგობრივი დანაწილება მოჰყვა; ისინი მკვეთრად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან:

სამხედრო - ქვეყნის თავდაცვის განმტკიცებისათვის ერეკლემ შექმნა მორიგე ჯარი, რაც რეგულარულ ჯარზე გადასვლის გარდამავალი საფეხურს წარმოადგენდა. რეფორმით წესდებოდა საყოველთაო სამხედრო ბეგარა, რომლის მიხედვით ყოველი მამაკაცი, განურჩევლად ეროვნებისა, წოდებისა და სარწმუნოებისა, ვალდებული იყო საკუთარი იარაღით, ტყვიაწამლითა და საკვებით წასულიყო ერთი თვით ჯარში. საპოლიციო - 1748 წ-ს ერეკლემ ათარგმნინა და კარგად გაეცნო გერმანული საპოლიციო სამსახურის წესდებას. ქართლში ერეკლემ სასახლის გვარდიას მეთაურად ყულაღარასი (მეფის შემდეგ უმაღლეს სამხედრო თანამდებობა) და ხელქვეითებად უზბაშები და მეთოფენი დააყენა. ყულაღარასი ხელმძღვანელობდა ყულებს, მეფის პირად მცველებს, რომლებიც თავზე ედგნენ და ემსახურებოდნენ მეფეს. სასამართლო უმაღლეს სახელმწიფო სამართალს დივანი განახორციელებდა (არაბულად სამსჯულო). მოსამართლედ - საბჭოს უზენაეს მსაჯულად ხან მეფე, ხან მდივანბეგი იჯდა. მოსამართლეთა რაოდენობა არ ყოფილა მკაცრად განსაზღვრული. მდივანბეგი ვალდებული იყო მეფისთვის შეეტყობინებინა და საქმე ისე გადაეწყვიტა. მდივანბეგის მიერ გამოტანილ განაჩენს მეფე ამტკიცებდა. მდივანბეგს, როგორც მოსამართლეს, უმთავრესად სისხლის სამართლის საქმეები ეხებოდა. სამოქალაქო და საოჯახო სამართალი კი სხვადასხვა ადგილობრივ სასამართლო დაწესებულებებსა და კერძო ფეოდალურ მოხელემოსამართლეებს შორის იყო გადანაწილებული. სასამართლო შედგებოდა 3 მოსამართლისაგან, რადგან ორს შეიძლებოდა მიკერძოება გამოეჩინა, ან აზრი შუაზე გაყოფილიყო.

ეკონომიკურ-საფინანსო - ომიანობის გამო აყრილი მოსახლეობის სოფლებში დასაბრუნებლად თეიმურაზმა და ერეკლემ მიმართეს საგანგებო ღონისძიებას - „მყრელობას“. უკან დაბრუნებულებს რამდენიმე წლით საგადასახადო შეღავათებს უწესებდნენ. ერეკლე მოითხოვდა არ დარღვეულიყო „ბატონყმური რიგი“ - მებატონეებს უსამართლო გადასახადებით არ დაემძიმებინათ ყმა-გლეხის მდგომარეობა. ერეკლეს დროს ლეკების გატაცებულ ტყვეებსაც გამოისყიდდნენ.

მწარმოებელი ძალების მოსაზიდად ერეკლე ხელს უწყობდა ოსების, სომხებისა და თურქმენების ჩამოსახლებას. მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით 1770 წ-ს აღადგინა ჯერ კიდევ ვახტანგ VI-ის მიერ მიღებული კანონი - უშვილოდ გარდაცვლილი მოქალაქეთა ქონების მათივე ნათესავებისათვის დატოვების შესახებ.

ერეკლე ცდილობდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანზიტო გზა აღედგენა.

ერეკლეს დროს აშენდა ციხესიმაგრეები, სარწყავი არხები, ფაბრიკა-ქარხნები, დამუშავდა აუთვისებელი მიწები, გაიზარდა ნათესები, ჩატარდა პურის გასაიაფებელი ღონისძიებები, განვითარდა მადნის წარმოება, გაჩნდა შაქრის, მინის, შალეულის, იარაღის საწარმოები, განვითარდა ვაჭრობა, მრეწველობა, საქალაქო ცხოვრება. XVIII ს-ის II ნახევრიდან თბილისის ზარაფხანამ თავი დააღწია ირანის სამონეტო ჰეგემონიას. მას ჯერ შემოკლებით დაეწერა ქართველ მეფეთა სახელები, შემდეგ - გაშლილად, 1757 წ-დან კი შაჰის სახელი საერთოდ გაქრა მონეტებიდან.

საეკლესიო

1749 წ-ს მეფის ინიციატივით თბილისში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელმაც ამ მხრივ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს დაუდო სათავე. 1767-1768 წწ-ში მეფემ და კათალიკოსმა ერთობლივად შეიმუშავეს განჩინება, რომელიც ემსახურებოდა შელახული სარწმუნოებისა და ეკლესიის მოშლილი საქმეების მოწესრიგებას. განჩინებას მოჰყვა პრაქტიკული ღონისძიებები - ეკლესია გაიწმინდა უღირს მსახურთაგან. აღდგა მართლმადიდებლური ჰეგემონია, უამრავი გამაჰმადიანებული დიდგვაროვანი დაუბრუნდა მამა-პაპეულ სარწმუნოებას.

ერეკლემ თავის თანამზრახველ ანტონ I კათალიკოსს მიანდო დაკნინებული ეკლესიის აღორძინება და სასკოლო განათლების საქმე. 1756 წ-ს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია, 1782 წ-ს - თელავის სემინარია.

განათლება - ერეკლეს ხელშეწყობით დაარსდა ქართლ-კახეთში სახელმწიფო სკოლები, 1749 წ-დან მუშაობა განაახლა სტამბამ, რომელიც ჯერ საპატრიარქოსთან, შემდეგ კი მეფის სასახლესთან არსებობდა. თბილისში მდიდარი ბიბლიოთეკები დაარსდა, დაიწერა წიგნები, ითარგმნა ევროპული ლიტერატურა, დაიდგმა სპექტაკლები და ა.შ.

ტოლერანტობა 1747 წ-ს თბილისის აღების შემდეგ მტერთაგან არც ერთი გადარჩენილი მეფეს არ დაუსჯია. პირიქით, მათ დედაქალაქში დასახლების, ცხოვრებისა და მუშაობის ნება მისცა. ერეკლე არ ზღუდავდა სხვათა სარწმუნოებას. თბილისში ჩამოსულ ოფიციალურ სტუმრებსა თუ მექარავნე-ვაჭრებს ყოველთვის ჰქონდათ თავიანთ სალოცავებში ლოცვის საშუალება. მეფე მკაცრად სჯიდა მებატონეებს გლეხთა შევიწროებისა და შეურაცხყოფისათვის.

ერისთავი - სახელმწიფო მოხელე ძველ საქართველოში. ლეონტი მროველის ცნობით, ქარ- თლის მეფემ ფარნავაზმა (ძვ. წ. III ს.) განაწესა 7 ერისთავი და ერთი სპასპეტი. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარები, ხოლო სპასალარებს - ათასისთავები. დროთა განმავლობაში ერისთავებმა ეს მოხელეობა სამემკვიდრეოდ გაიხადეს. თამარის მეფობის დროს საქართველოში ყოფილან სვანთა, რაჭის, ოდიშის, ქართლის, კახეთის, ჰერეთისა და სამცხის ერისთავები. ამ დიდ ერისთავებს ერისთავთერისთავთა ტიტულიც ჰქონდათ. ერისთავს ჰქონდა ხელისუფლების ინსიგნიები - დროშა, ბეჭედი, საყურე, გამორჩეული სამოსი. ერისთავი ფლობდა საგვარეულო მონასტერსა და ციხე-დარბაზს.

ეფესისი (έφεσις) - უარის განცხადება მაგისტრატის ან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, რასაც თან ერთვოდა ზემდგომ ინსტანციაში საქმის განხილვის მოთხოვნა. წყაროების მიხედვით, სოლონს ძვ. წ. 590 წ-ს მიუღია „ეფესისი დიკასტერიონის მიმართ“, როგორც ერთგვარი შემაკავებელი ზომა საჯარო მოხელეების მიმართ, რომლებიც მყისიერ იურისდიქციას ახორციელებდნენ. ძვ. წ. 400 წლისათვის ეფესისის ოფიციალური შემოღების შემდეგ სახალხო არბიტრთა გადაწყვეტილებებიც ასევე დაექვემდებარა ეფესისს. ტრადიციულად ეფესისს „აპელაციად“ თარგმნიან, თუმცა ამგვარ ინტერპრეტაციას გარკვეული უზუსტობა ახლავს. ასე მაგალითად, ინგლისის სასამართლოში აპელაციას აღძრავს დაუკმაყოფილებელი მოსარჩელე (სისხლის სამართლის საქმეთა შემთხვევაში გასამართლებული ბრალდებული) მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო მის წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. მის მოვალეობას წარმოადგენს, დაარწმუნოს სააპელაციო სასამართლო, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს. პროცესის მიმდინარეობის დროს, გარკვეულწილად, იგი თავად ხდება მოსარჩელე. ათენში კი სულ მცირე იყო ისეთი შემთხვევები, რომლის დროსაც ეფესისს, შესაძლოა, ქვემდგომ ინსტანციაში განაჩენის გამოტანამდეც ჰქონოდა ადგილი. ეს იყო თავდაპირველი მოსარჩელეს მოვალეობა (და არა უკმაყოფილო მოდავე მხარის), დაერწმუნებინა სასამართლო, რომ ემოქმედა (ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლო თავიდან იწყებდა საქმის ხელახალ განხილვას და არა იმას, რომ იგი ახდენდა უკვე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას). შესაძლოა, სოლონთან დაკავშირებული ეფესისი საქმის ავტომატურად თავიდან განხილვას წარმოადგენდა და სულაც არ ყოფილიყო დამოკიდებული რომელიმე მოდავე მხარის ინიციატივაზე.

ეფეტესები (έφέται) - მსაჯულთა სახელწოდება ათენში. ეფეტესების რიცხვი 51 იყო. უცნობია, თუ რა ფუნქცია ჰქონდათ ეფეტესებს ათენის ისტორიის ადრეულ პერიოდში, თუმცა ძვ. წ. V ს-ში ეფეტესები წილისყრით შეირჩეოდნენ 50 წ-ს გადაცილებულ მოქალაქეთაგან. როგორც ჩანს, მათ მხოლოდ მკვლელობის გამოძიება ევალებოდათ. არქონ ბასილევსის თავმჯდომარეობით გამართულ არეოპაგის სხდომაზე ისინი განიხილავდნენ იმ პირთა საქმეებს, რომლებსაც არაგანზრახ ჩადენილ მკვლელობაში ედებოდათ ბრალი. მათ კომპეტენციაში შედიოდა აგრეთვე მონის, მეტოიკოსის ან უცხოელის მკვლელობის საქმეთა გასამართლება. ამ შემთხვევაში არ ჰქონდა მნიშვნელობა იყო ესა თუ ის მკვლელობა განზრახ ჩადენილი თუ არა. დელფინიონში ეფეტესები უსმენდნენ იმ ბრალდებულთ, რომლებიც თვლიდნენ, რომ მკვლელობის ჩადენისას მათ კანონი არ ჰქონდათ დარღვეული. ფრეტოში ეფეტესები განიხილავდნენ განმეორებით მკვლელობაში დადანაშაულებულთ, რომლებიც პირველი მკვლელობის გამო ადრე გაძევებული იყვნენ. ასე რომ, ეფეტესები, ფაქტობრივად, იმგვარი მკვლელობის საქმეებს განიხილავდნენ, რომლებიც არ იყვნენ მიჩნეულნი იმდენად მნიშვნელოვნად, რომ ისინი არეოპაგს მოესმინა. ეფეტესები აგრეთვე მონაწილეობას იღებენ იმ პირთა შეწყალების აქტში, რომლებიც არაგანზრახ მკვლელობისთვის იყვნენ გაძევებულნი, ოღონდაც მათი შეწყალება მხოლოდ მაშინ იყო შესაძლებელი, თუ მოკლულის ნათესავები ცოცხლები აღარ იყვნენ. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ძვ. წ. V ს-ის ბოლოსთვის 51 ეფეტესი იმავე სახელწოდების ქვეშ ჰელიაიას მსაჯულებმა შეცვალეს, თუმცა ეს მოსაზრება არაა საყოველთაოდ გაზიარებული.

ეფიალტესი (ძვ. წ. V ს.) - ათენის სახელმწიფო მოღვაწე. ღარიბი, არაკორუმპირებული და მიზანსწრაფული იგი მოსახლეობის დემოკრატიული წრეების ინტერესს გამოხატავდა. მან შეცვალა თემისტოკლესი. ეფიალტესის უმთავრესი მოწინააღმდეგე იყო კიმონი. სახელმწიფო წყობის შემდგომი დემოკრატიზაციის მომხრე ეფიალტესი არისტოკრატიის დასაყრდენის - არეოპაგის პოლიტიკური მნიშვნელობის გაუქმებას მოითხოვდა. ისარგებლა რა კიმონის და მის მომხრეთა ათენში არყოფნით, ეფიალტესმა ძვ. წ. 462 წ-ს გაატარა რეფორმა, რომლის მიხედვითაც არეოპაგს ფუნქციები შეეზღუდა. მას მხოლოდ სასამართლო უფლებები დარჩა, სისხლის სამართლის, კერძოდ, მკვლელობის საქმეების განხილვა დაეკისრა. ამ რეფორმამ არისტოკრატთა გულისწყრომა გამოიწვია.

ეფიალტესმა დააწესა ყველა დოკუმენტის (დეკრეტები, დადგენილებები) აგორაზე საჯაროდ გამოდგმა. ძვ. წ. 461 წ-ს ეფიალტესი მოკლეს, მისი თანამზრახველი და მემკვიდრე პერიკლე გახდა.

ეფოროსები/ეფორები (έφοροι) - რამდენიმე დორიული სახელმწიფოს (სპარტა, თერა, კირენე, ევესპერიდესი) მაგისტრატები. განსაკუთრებით ცნობილია ხუთი ეფორის კოლეგია სპარტაში. ისინი ყოველწლიურად არჩეულ საგანგებო კვალიფიკაციის მეთვალყურეებს წარმოადგენდნენ. წელიწადს სახელი უფროსი ეფოროსის მიხედვით ეძლეოდა. მათი მოქმედების სფერო მოიცავდა აღმასრულებელ, სასამართლო და სამეთვალყურეო საქმიანობას. ძვ. წ. V ს-ში ისინი სპარტის უმაღლეს ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. მათ კომპეტენციაში შედიოდა კონტროლი სპარტის ყველა სახელმწიფო დაწესებულებასა და თვით მეფეებზეც კი. ყოველთვიურად ეფოროსები და მეფეები, ასე ვთქვათ, ერთმანეთში ფიცს ცვლიდნენ. მეფე იფიცებოდა, რომ დაემორჩილებოდა კანონებს, ეფოროსები მეფის მხარდაჭერას იფიცებოდნენ. ეფოროსებმა ხელშეუხებლად დატოვეს სპარტის მეფეთა გარეგნული პატივი და ღირსება, მაგრამ არსებითად შეზღუდეს მათი ძალაუფლება. ისინი თვალყურს ადევნებდნენ მეფეთა საქმიანობას, მათ შეეძლოთ დაედანაშაულებინათ მეფე გერუსიის წინაშე, უფლება ჰქონდათ გადაეწყვიტათ მათ შორის წარმოქმნილი კონფლიქტები და ასევე შეეძლოთ ეიძულებინათ მეფეები გამოცხადებულიყვნენ მათი კოლეგიის წინ. ამ უკანასკნელთ შეეძლოთ ორჯერ არ გამოცხადებულიყვნენ, მაგრამ მესამედ ვალდებულნი იყვნენ ეს მოთხოვნა შეესრულებინათ. ორი ეფოროსი თან ახლდა მეფეებს ლაშქრობისას. ეფოროსები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლებთან, იწვევდნენ გერუსიას და სახალხო კრებას - აპელას, იყვნენ მათი თავმჯდომარეები, გასცემდნენ ჯარის მობილიზაციისა თუ დაშლის განკარგულებებს.

ეფოროსებს ასევე ხელეწიფებოდათ გაეთავისუფლებინათ სახელმწიფო მოხელეები და მათ მიმართ სამართლებრივი დევნა აღეძრათ. ისინი თავმჯდომარეობდნენ გერუსიის წინაშე მოწყობილ სასამართლო განხილვებს და ამასთანავე სისრულეში მოჰყავდათ განაჩენი. ეფოროსებმა ცხოვრებაში გაატარეს მოქალაქეებისათვის დადგენილი ლიკურგოსისეული წესრიგი სახელმწიფო განათლებაზე ზედამხედველობის ჩათვლით. პერიოიკოსებს და, მით უფრო, ჰელოტებს, ისინი თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით ეპყრობოდნენ. კლეომენეს III მიერ დროებით (ძვ. წ. 227-222წწ.) გაუქმებულმა ამ ინსტიტუტმა სულ მცირე ახ. წ. 200 წ-მდე იარსება. ეფორატის წარმოშობის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ანტიკურ მწერალთა უმეტესობა მის წარმოქმნას ლიკურგოსს ან მეფე თეოპომპოსს მიაწერს (დაახლ. ძვ. წ. 700 წ.) მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეფოროსების სია, რომელიც ძვ. წ. 755/54 წ-ით იწყება, მეცნიერთა აზრით, ეს სია გაყალბებული უნდა იყოს. ეფოროსების რიცხვი (5) სპარტის შემადგენელ 5 სოფელს უნდა შეესაბამებოდეს. თავდაპირველად ისინი ამ სოფელთა მამასახლისები უნდა ყოფილიყვნენ.

ექსეგეტესი (έξηγητής) - სიტყვასიტყვით „განმარტების მიმცემი“. ექსეგეტესები განმარტავდნენ, თუ როგორი იყო პროცედურა იმ შემთხვევებში, როდესაც რელიგიის კანონის ინტერპრეტაციისას გარკვეული შეკითხვები აღიძრებოდა. ათენში დაახლ. ძვ. წ. 400 წ-დან არსებობდნენ ოფიციალური ექსეგეტესები - წმინდა და წინაპართა კანონთა განმმარტავები. დაუდგენელია მათი რიცხვი და ზუსტი ფუნქციები. მიუხედავად იმისა, რომ ექსეგეტესებს უმთავრესად დაუწერელ კანონთა განმარტება ევალებოდათ, ხშირად ისინი გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს სეკულარულ და იმ საყოფაცხოვრებო საკითხებზე, რომლებიც არ იყვნენ შეხებაში კანონებთან თუ რელიგიურ ქვეტექსტებთან.

ექსტრაორდინალური პროცესი - ექსტრაორდინალური პროცესი უცებ არ გაჩენილა. ფორმულარული პროცესის გვერდით ჩნდება ისეთი სასამართლო პროცესები, რომელთაც არა ნაფიცი მსაჯული და დანიშნული მოსამართლე, არამედ მაგისტრატი უძღვება და წყვეტს დავას მოქალაქეებს შორის. მოგვიანებით ექსტრაორდინალური პროცესი მთლიანად დევნის ფორმულარულ პროცესს.

პრინცეპსი თავისი იმპერიუმის ძალით უფლებას აძლევს მოხელეებს, განიხილონ სასამართლო საქმეები. ეს მოხელეები ქალაქებში არიან ქალაქის პრეფექტი - praefectus urbi, პროვინციებში საქმეებს განიხილავდნენ პროვინციის ნაცვლები. ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს იხილავდნენ ადვოკატთა რიგებიდან არჩეული მოსამართლეები.

ხშირად იმპერატორები უშუალოდ განიხილავდნენ დავებს. თითოეულ სასამართლოსთან ჩამოყალიბებული იყო მოხელეთა კასტა: assessores და consilarii, რომლებიც ამზადებდნენ საქმეებს. სასამართლოებთან ყალიბდებოდა ადვოკატთა კორპორაციები. ადვოკატები იურიდიული განათლების მქონე პირები იყვნენ. მაგ., რომის პრეტორიის პრეფექტურასთან არსებულ ადვოკატთა კორპორაციაში 150 ადვოკატი ირიცხებოდა. იმისთვის, რომ საქმეს მსვლელობა მისცემოდა, დაწესდა სასამართლო, საკანცელარიო, ადვოკატის გასამრჯელო გადასახადები, რომლებიც მძიმე ტვირთად აწვებოდა ხალხს და რაც ხშირ შემთხვევაში იყო მიზეზი იმისა, რომ ისინი აღარ მიმართავდნენ სასამართლოს.

საქმე საჯაროდ არ განიხილებოდა. პროცესს ესწრებოდნენ დაინტერესებული მხარეები და რამდენიმე პირი. თუ მოსარჩელე სასამართლოზე არ გამოცხადდებოდა, საქმე იქვე წყდებოდა, მოპასუხის არგამოცხადების შემთხვევაში საქმეს მის დაუსწრებლად განიხილავდნენ.

პროცესი იწყებოდა მოსარჩელის განცხადებით, რომელსაც იგი გადასცემდა მაგისტრატს. მაგისტრატი სასამართლოს სახელით ინფორმაციას აწვდიდა მოპასუხეს და იწვევდა საქმის განსახილველად. მოპასუხის სასამართლოში მოწვევას კანცელარიის სამსახური არეგულირებდა. მოსარჩელის განცხადებაზე მოპასუხეს შეჰქონდა სასამართლოში კონტრარგუმენტები. ორივე მხარის წარმომადგენელი დებდა პროცესზე ფიცს, ადვოკატები გამოდიოდნენ იურიდიულად დასაბუთებული არგუმენტებით.

სასამართლოზე განიხილებოდა დამამტკიცებელი საბუთები, იწვევდნენ მოწმეებს. ერთი მოწმის ჩვენება იგნორირებული იყო (testis unus, testis nullus - ერთი მოწმე, არამოწმე). ექსტრაორდინალური პროცესის თავისებურებას წარმოადგენდა ის, რომ, თუ მოსამართლე ვერ ჩამოყალიბდებოდა საბოლოო დასკვნის გამოსატანად, მას ჰქონდა უფლება არ გამოეტანა განაჩენი და საქმე ზემდგომ ინსტანციაში იგზავნებოდა.

თუ მოპასუხე არ ასრულებდა სასამართლო გადაწყვეტილებას, სახელმწიფო 2 თვის შემდეგ თავისი მოხელეების საშუალებით იძულებით იწყებდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ექსტრაორდინალური პროცესის მიხედვით, მაგ., კრედიტორს უფლება ჰქონდა დაეკავებინა მოვალე, მაგრამ ფორმულარული პროცესისაგან განსხვავებით, არ შეეძლო მისი დაპატიმრება, ამას აკეთებდა სახელმწიფო.

ექსტრაორდინალური პროცესის პირობებში შესაძლებელი იყო ყველა გადაწყვეტილების გასაჩივრება, გარდა იმპერატორის გადაწყვეტილებისა. გასაჩივრების შემდეგ მიმართავდნენ აპელაციას, რაც საქმის თავიდან განხილვას გულისხმობდა.

განაჩენის გასაჩივრების ვადა 2-3 დღე იყო. დომინატის პერიოდში იგი 10 დღემდე გაიზარდა. საჩივარი უნდა გამტკიცებული ყოფილიყო მყარი არგუმენტებით. უსაფუძვლო საჩივრისათვის მომჩივანი ჯარიმდებოდა სარჩელის 1/3 ღირებულებით. მოგვიანებით ამას დაემატა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც.

ეჯიბი - მოხელე ფეოდალურ საქართველოში. ეჯიბი, კერძოდ, “შინაური ეჯიბი”, იხსენიება თამარ მეფის დროს. ეჯიბს საქართველოში დიდ პატივს სცემდნენ. მას უფლება ჰქონდა დარბაზობის დროს შესულიყო მეფესთან და თაყვანი ეცა მისთვის. თაყვანისცემის შემდგომ ეჯიბი „უკუდგეს და მარჯვენით ახლოს“ იდგა მეფესთან. ეჯიბს დარბაზში შესვლის განსაკუთრებული უფლება ჰქონდა და მეფისადმი მთხოვნელთა სურვილის მომხსენებელია. ძველ საქართველოში ეჯიბი არა მარტო მეფეს, არამედ დიდებულებსაც ჰყოლიათ, მათ შორის, დიდებულ მანდილოსნებსაც.

ეჯიბი - (ეთნოგრ.) ქართულ საქორწინო ცერემონიალში ვაჟის მაყრების უფროსი, რომელიც მეფის წარმომადგენელი და ნება-სურვილის აღმსრულებელი იყო. მთიულეთში ეჯიბი სასიძოს მკვიდრი ბიძაშვილი უნდა ყოფილიყო. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ჯვარდაწერილი ნეფე-დედოფლისთვის გვირგვინის მოხდა იყო.

8.6

▲ზევით დაბრუნება


ვარონი მარკუს ტერენციუსი (Marcus Varro Terentius) (ძვ. წ. 116-27 წწ.) - ნაყოფიერი მეცნიერი-ენციკლოპედისტი და მწერალი. მხედრების ფენიდან გამოსულ ვარონს ბევრი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობა ეჭირა; სამოქალაქო ომში (ძვ. წ. 49 წ.) კეისრის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ 47 წ-ს კეისარმა დიდად განსწავლულ ვარონს რომში ბიბლიოთეკის მოწყობა და ხელმძღვანელობა ჩააბარა. ფილოლოგი, ისტორიკოსი სიცოცხლეშივე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ვარონის მნიშვნელოვანი თხზულება „ადამიანური და ღვთაებრივი სიძველეები“ (Anitiquitates rerum humanarum et divinarum) 41 წიგნად (არ შემორჩენილა). ამ წიგნში რომაელი ხალხის ისტორიის, მისი კულტურის, რელიგიისა და წეს-ჩვეულებების კვლევის შედეგებია წარმოდგენილი. ვარონის თხზულებების რიცხვი, სავარაუდოდ, 600-ზე მეტია. მის კალამს ეკუთვნის შრომები სამართალწარმოებაში (სამოქალაქო სამართლის შესახებ - De iure civili), ხელოვნებაში, გრამატიკაში (ლათინური ენის შესახებ - De lingua Latina), ლიტერატურის ისტორიაში (სახეები - Imagines - 700 ბერძენისა და რომაელის ლიტერატურული პორტრეტი). შემოგვრჩა ტრაქტატი „სოფლის მეურნეობაზე“ (De re rustica) 3 წიგნად, რომელიც ბევრ პრაქტიკულ სასოფლო-სამეურნეო რჩევასთან ერთად ძვირფას ცნობებს შეიცავს სამართალზეც. ვარონმა დიდი გავლენა მოახდინა შემდგომდროინდელ მეცნიერებაზე.

ვახტანგ I გორგასალი (442-502 წწ.) - ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი, გამჭრიახი პოლიტიკოსი, დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი, გულადი მეომარი, ატარებდა საბრძოლო მუზარადს, რომელზეც მგლის თავი იყო გამოსახული, ამიტომაც „გორგასალი“ (სპარსულად - მგელთავა) შეარქვეს. ვახტანგ I V ს-ის ორმოციან წლებში უნდა გამეფებულიყო.

ვახტანგი იბრძოდა ირანელთა უღლისაგან ქართლის გათავისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ფეოდალური ძალების, ქვეყნის ცენტრალიზაციისა და შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლების შექმნისათვის.

ვახტანგ I-მა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდილოკავკასიელ ჰუნებს. აჯანყების პირველ წელს მოხერხდა მტრის განდევნა ქართლიდან, მაგრამ მეფეს არ დაეხმარნენ ჰუნები, რასაც შინააშლილობაც მოჰყვა და 483 წ-ს ქართველთა და სომეხთა გაერთიანებული ლაშქრით შეებრძოლა სპარსელებს, მაგრამ საბოლოოდ სომეხთა ერთი ნაწილის ღალატის გამო, მოკავშირეები დამარცხდნენ. ვახტანგ გორგასალი ამის შემდეგაც განაგრძობდა ამა თუ იმ ფორმით ბრძოლას ირანელების წინააღმდეგ. ამ ბრძოლას შეეწირა მისი სიცოცხლე - ირანთან მორიგი ომის დროს მოღალატის მიერ ნასროლმა ისარმა სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეფეს. ვახტანგ I გარდაიცვალა უჯარმაში 60 წლის ასაკში.

ვახტანგის რეფორმები:

ვახტანგ I-მა ეკლესიის რეორგანიზაცია ჩაატარა. მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა მეფეს ცილი დასწამა, თითქოს იგი უარყოფდა ქრისტიანობას და ცეცხლთაყვანისმცემლობას აღიარებდა. მეფემ გადააყენა მიქაელი და პატრიარქს სთხოვა, ქართლში კათოლიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი გამოეგზავნა. ვახტანგმა ქართლის ეკლესიის მეთაურად ეპისკოპოსის ნაცვლად კათოლიკოსი დააწესა, ეკლესია სამეფო კარს დაუქვემდებარა, გააძლიერა კავშირი კონსტანტინოპოლთან (შესაბამისად, ევროპასთან), რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ირანის წინააღმდეგ მომავალი ბრძოლისათვის, შეცვალა ზოგიერთი ძველი ეპისკოპოსიც, მათ მაგიერ თავისი ერთგულები დანიშნა და ახალი საეპისკოპოსოებიც შექმნა. ეს რეორგანიზაცია უფრო პოლიტიკური ხასიათისა უნდა ყოფილიყო, ვიდრე წმინდა საეკლესიო.

ვახტანგმა გაანადგურა შიდა ოპოზიცია.

ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების, ქვეყნის სამხედრო ძლიერების გაზრდას ისახავდა მიზნად დიდი აღმშენებლობითი მუშაობა. ვახტანგმა დაიწყო ახალი დედაქალაქის, თბილისის შენება, აღადგინა დარიალის ციხე, მცხეთაში, ძველ წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა, დაასრულა ახალი რეზიდენცია უჯარმა, ააშენა საეპისკოპოსო ეკლესიები ნიქოზს, ნინოწმინდას, ჭერემსა და ჩელეთს, გაამაგრა ძველი ციხეები და ქალაქები. ვახტანგ გორგასალმა ლაშქრის რეორგანიზაცია მოახდინა და მათ კვებაზეც იზრუნა, იგი ლაშქარს მხოლოდ ერწო-თიანეთის სანახებში მოყვანილი ხორბლის უნიკალური, ქართული ენდემური ჯიშების („ხულუგო“, „თავთუხი“, „იფქლი“, „მახა“, „დიკა“) პურს აჭმევდა.

ვახტანგ VI (1675-1737 წწ.) - ქართლის გამგებელი 1703-1714 წწ-ში, ქართლის მეფე 1716-1724 წწ-ში. გიორგი XI-ის ძმის ლევანის ძე, სულხანსაბა ორბელიანის აღზრდილი.

განათლება და სამხედრო წვრთნა ვახტანგმა ბიძის, გიორგი XI-ის კარზე მიიღო.

ვახტანგ VI ირანის შაჰმა ქართლის სამეფო ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში დაიბარა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, მაგრამ ქრისტიანი მეფე არ დასთანხმდა. ვახტანგ VI ქირმანში გადაასახლეს. იქ მან 1719 წ-მდე დაჰყო, მანამდე (1716 წ.) ფორმალურად გამაჰმადიანებული ვახტანგ VI ქართლის მეფედ დაამტკიცეს და სამშობლოში დააბრუნეს.

1723 წ-ს აღმოსავლეთ საქართველოს ოსმალები დაეპატრონენ. 1724 ვახტანგ VI თავისი ამალით (1200 კაცი) რუსეთს გაემგზავრა. რუსეთში ემიგრირებული ვახტანგ VI და მისი მრავალრიცხოვანი ამალა ბევრს ეცადა რუსეთის დახმარებით თავისი ქვეყანა უცხოელ დამპყრობთაგან გაეთავისუფლებინა, მაგრამ ამაოდ. ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვახტანგ VI გარდაიცვალა ასტრახანში, დასაფლავებულია მიძინების ტაძარში.

საგარეო პოლიტიკა

ვახტანგ VI-მ სამხედრო-პოლიტიკური კავშირი გააბა პეტრე I-თან. ვახტანგის ევროპული ორიენტაცია კი მისმა ბიძამ (გიორგი XI), მამამ (ლევანი) და აღმზრდელმა სულხან-საბა ორბელიანმა განსაზღვრა. ვახტანგი ჯერ კიდევ გიორგი XI-ის მეფობის დროს დაუახლოვდა კათოლიკე მისიონერებს, კერძოდ კი კაპუცინელებს (ეს სიახლოვე ირანის შაჰს არ მოსწონდა). ვახტანგმა კათოლიკობა ირანში, ტყვეობაში მიიღო.

1714 წ-ს ვახტანგ VI-მ სულხან-საბა ევროპაში (საფრანგეთი, იტალია-ვატიკანი) გაგზავნა დახმარების სათხოვნელად. ვახტანგი ითხოვდა: 1) საქართველოში მისიონერების გაგზავნას; 2) საქართველოს ტერიტორიის სავაჭრო გზად გამოყენებას; 3) ვახტანგის ტყვეობიდან გათავისუფლებას; 1715 წ-ს სულხან-საბა გაწბილებული დაბრუნდა.

საშინაო პოლიტიკა - სახელისუფლო

ვახტანგი იბრძოდა ქვეყანაში წესრიგის აღდგენისა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისათვის. მან ფეოდალთა თვითნებობა ალაგმა. 1704-1708 წწ-ში ეკლესიას დაუბრუნა ფეოდალების მიერ წართმეული მიწები, გააუქმა ქვეყანაში ფეხმოკიდებული ირანულ-ყიზილბაშური წესები, აღადგინა ეროვნული წეს-ჩვეულებები.

ვახტანგმა „მცველთა ჯარი“ ანუ სამეფო გვარდია შექმნა. „მცველთა ჯარს“ ჯამაგირი სამეფო ხაზინიდან ეძლეოდა და გარკვეული პრივილეგიებიც ჰქონდა. ამ ჯარს მხოლოდ საშინაო დანიშნულება ჰქონდა და ურჩი თავადების დასასჯელად გამოიყენებოდა.

ეკონომიკური: ვახტანგმა ყურადღება მიაქცია ქვეყნის მეურნეობის აღდგენას, ქართლის გაუკაცრიელებული ადგილები ხელახლა დაასახლა. განაახლა დიდი ხნის წინ მოშლილი სარწყავი არხები, სპეციალური ნორმები შეიმუშავა სარწყავი რუებით სარგებლობის შესახებ, ააშენა და აღადგინა ბევრი გზა, ხიდი, ქარვასლა, სასახლე, ეკლესია-მონასტერი. ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის, ხელოსნობისა და ვაჭრობის განვითარებას. ვახტანგმა გააუმჯობესა ფულის მოჭრის საქმე (იხ. სალარო; სამართლის წიგნი).

საკანონმდებლო: ვახტანგ VI-ის თაოსნობით შეგროვებული იქნა 1705-1708 წწ-ის სასამართლო გადაწყვეტილებები და შემუშავდა სახელმწიფო ადმინისტრაციული და სამეურნეო სამართლის წიგნი, კანონთა კრებული დასტურლამალი, რომელმაც სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის მოხელეთა უფლებები და ფუნქციები განსაზღვრა. ნაყოფიერი საკანონმდებლო მოღვაწეობისათვის ვახტანგ VI-ს „სჯულმდებელი“ უწოდეს.

კულტურული განვითარება: ვახტანგ VI-ის მეფობის წლები გამოირჩევა ქვეყნის დიდი კულტურული აღორძინებით.

კაპუცინელების დახმარებით 1709 წ-ს ვახტანგმა მოახერხა თბილისში პირველი სტამბის დაარსება (ჩვენამდე მოაღწია ამ სტამბაში დაბეჭდილმა 20 წიგნმა). ამ სტამბაში დაიბეჭდა პირველად „ვეფხისტყაოსანი“ (1712 წ.) საფუძვლიანი კრიტიკულ-მეცნიერული გამოკვლევითურთ.

ვახტანგმა თავის გარშემო შემოიკრიბა პოეტილიტერატორები, მეცნიერ-ისტორიკოსები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები. ვახტანგ VI დროს დიდი ყურადღება მიექცა სწავლა-აღზრდის საქმეს.

ვეზირი/ვაზირი - ხელისუფალთა შორის პირველი ადგილი საქართველოში ვაზირებს ეჭირათ. საყურადღებოა, რომ სიტყვა „ვაზირი“ თამარ მეფისა და გიორგი III-ის ისტორიკოსის გარდა, არც ერთ სხვა მემატიანეს არ აქვს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სწორედ გიორგი III-ისა და თამარ მეფის დროს შემოვიდა ეს ტერმინი ქართულში. წყაროებში მოხსენიებული „თანავაზირობა“ და „ვაზირი“, უდავოდ, თანაშემწეობასა და თანაშემწეს ნიშნავდა.

XII ს-ის საქართველოში ვეზირს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, თუმცა არაბთა სახალიფოსა და სპარსეთისაგან განსხვავებით, არა ერთი, არამედ რამდენიმე ვეზირი ყოფილა მეფის კარზე მიღებული („შეკრბეს თამარის წინაშე ყოველნი ვაზირნი და სპანი“; „დიმიტრი თავდადებულს „ვაზირთა მეფისათა... ჰრქვეს...“; „განეზრახა ვაზირთა, უკეთუ წარვიდე ურდოსა? დაამტკიცეს ვაზირთა წარსვლაო“).

საქართველოში ვეზირებად მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი, მეჭურჭლეთუხუცესი, მანდატურთუხუცესი და მსახურთუხუცესი ითვლებოდნენ. ამათგან მწიგნობართუხუცესი პირველი ვეზირი იყო. სხვა ვეზირები ორ მთავარ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ერთი იყო „სამთა ვაზირთა“ ჯგუფი, მეორე „ორთა ვაზირთა“ ჯგუფი. პირველ ჯგუფს დიდი დარბაზის, ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობა ენიჭებოდა. „სამთა ვაზირთა“ ჯგუფს შეადგენდნენ ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი, ხოლო მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი „ვაზირთა ორთა“ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. მსახურთუხუცესი მხოლოდ რუსუდან მეფეს შეუყვანია სავაზიროში. ამგვარად, თამარ მეფის დროს მხოლოდ ოთხი ვაზირი უნდა ყოფილიყო, ხოლო 1212-1213 წწ-ში თამარ მეფის მიერ ათაბაგობის დაწესების შემდეგ, ხუთი ვეზირი გახდა საქართველოში, ხოლო რუსუდანის მეფობისას - ექვსი ვეზირი.

ვეზირთა ინსტიტუტის არსებობა დამოწმებულია გიორგი V-ის სამართალში („ძეგლის დადება მეფეთ-მეფე გიორგის მიერ“). XVI ს-დან ვეზირს უკვე ორგვარი მნიშვნელობა აქვს. ვეზირი ეწოდება მმართველობის ცენტრალური აპარატის ყველა მოხელეს და ამასთან, საქართველოს სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესებული ვეზირის თანამდებობებს, რომელიც მეფის პირველი მოხელე იყო. XVIIXVIII სს-ის მიჯნაზე ვეზირი, ვახტანგ მეფის დასტურლამალის მიხედვით, ირანის ხელისუფლების მოხელეა ქართლის სამეფო კარზე. XVIII ს-ში ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ ამ თანამდებობამ დაკარგა თანდათან ფუნქციური მნიშვნელობა და საერთოდ გაუქმდა.

ვესპასიანე ტიტუს ფლავიუსი (Titus Flavius Vespasianus) (ახ. წ. 9-79 წწ.) - რომის იმპერატორი (პირველი წარმომავლობით არასენატორი იმპერატორი), ენერგიული და ნიჭიერი მმართველი. რეინის ლეგიონის ერთ-ერთი მეთაური, მონაწილეობდა სამხრეთ ბრიტანიის დაპყრობაში. 51 წ-ს იყო კონსული, 67 წ-ს ნერონმა დაავალა იუდეის აჯანყება ჩაეხშო. 69 წ-ს აღმოსავლეთი პროვინციის ლეგიონებმა ვესპასიანე იმპერატორად აირჩიეს და სენატმაც მხარი დაუჭირა. ვესპასიანემ სამოქალაქო ომით მოშლილ იმპერიაში წესრიგი აღადგინა, პირველ რიგში ფინანსურ სფეროში (მაგ. შემოიღო გადასახადი საზოგადოებრივ საპირფარეშოებზე, აქედან მოდის გამოთქმა „ფული არ ყარს“ - Pecunia non olet), ასევე სამართალწარმოებასა და ჯარში, ბევრი კანონი გამოსცა სიმშვიდისა და წესრიგის აღსადგენად, სახელმწიფო შემოსავლები გაზარდა და მოაწესრიგა, სენატის შემადგენლობა შეავსო იტალიისა და დასავლეთ პროვინციის არისტოკრატიის წარმომადგენლებით. ესპანეთის ქალაქებმა მიიღეს ლათინთა სამოქალაქო უფლებები. 74 წ-ს იტალიიდან გაძევებული იქნენ ოპოზიციური განწყობის სტოელი ფილოსოფოსები. თანამმართველად ვესპასიანემ ამოიყენა თავისი ძე ტიტუსი, რომელმაც იუდეის ომი დაასრულა. თავად იმპერატორი უბრალოდ ცხოვრობდა, ხალხი მას სიძუნწეს აბრალებდა, სახელმწიფო დამნაშავეების მიმართაც კი ლმობიერი იყო და არასდროს პირადი შეურაცხყოფისათვის არავის აზღვევინებდა. სიამოვნებით ატარებდა დროს მეგობრებში.

ვესპასიანეს დროს აშენდა ბევრი ცნობილი ნაგებობა რომსა (მაგ. კოლოსეუმი) და პროვინციებში (გზები). ყურადღებით ადევნებდა თვალს პროვინციების მმართველობის მოწესრიგებას.

8.7

▲ზევით დაბრუნება


ზარდახანა - აბჯარ-იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობი. ამ დაწესებულებაში ინახებოდა „...ჯაჭვი, მუზარადი, ჴრმალი, ქაფა, საბარკული, მშჳლდ-კაპარჭი, ლახტი, შუბი, სრულიად ყოველივე უნაგირი მოჭედილი და ხამი აკაზმულობა, რაც ზედ აბია, და რაც საცხენე ჯავშანი, მანჯუვები აბრეშუმისა, ცხენის ყელსაბამი მოჭედილი, კანჯრის კუდი და მასთან ყველა, დიდი დროშა, დაბარჩამნი ორნივე თავგადაჭედილნი, ერთი თეთრი და ერთი შავი, შუბი სეფე ალმითა“ (კარის გარიგება - 9, 196-10, 204). „ზარდახნის“ სათავეში იდგა გამგე, რომელსაც „ზარდახნის უხუცესი“ ეწოდებოდა. ამის გარდა, არსებობდა აგრეთვე „ზარდახნის მოლარე“, „ზარდახნის მეჯინიბე“, „მისრატულთ-უხუცესი“ და „ზარდახნის მწიგნობარი“. სახელმწიფოს როგორც სხვა დაწესებულებებში, ასევე ზარდახანშიც ყოველი დანახარჯის ანგარიში წერილობით უნდა ყოფილიყო აღნუსხული, ხოლო წელიწადში ერთხელ საბოლოო ანგარიში უნდა მოეხდინათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „საანგარიშო გოდორი“, რომელშიც ზარდახნის ყოველწლიური ანგარიში და შემოწმების საბუთები ინახებოდა. ამგვარი “საანგარიშო გოდორი” ანუ საანგარიშო საბუთების საცავი, როგორც ირკვევა, საქართველოს სამეფოს ყველა მთავარ დაწესებულებაში ყოფილა.

ზრუნვა (cura) - სამოქალაქო (კერძო) სამართალში ეს არის ზრუნვა იმათ ქონებაზე, ვისაც ამის გაკეთება თვითონ არ შეუძლია, ან იმ ქონების განგება, რომელიც დროებით არავის საკუთრებას არ წარმოადგენს. cura განვითარდა tutela-დან (მეურვეობა) და მისთვის დამახასიათებელი ბევრი ნიშანი შეითვისა. თავდაპირველად ზრუნვა წარმოადგენდა ძალაუფლებაზე დამყარებულ ურთიერთობას მეურვესა და სამეურვეოს შორის მთელი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე. დროთა განმავლობაში მან მიიღო ფორმა სხვისი ქონების დაცვაზე ზრუნვისა. ურთიერთობას კურატორსა და სამეურვეო პირს შორის არეგულირებდა actio negotiorum gestorum, იუსტინიანუსის სამართლის მიხედვით, actio negotiorum gestorum utilis იცავს მესაკუთრის უფლებებს, თუკი მეურვე თავის სასარგებლოდ განაგებს მის ქონებას. XII დაფის კანონების თანახმად, ზრუნვის უძველესი ფორმები იყო: cura furiosi (სულიერად ავადმყოფები), cura prodigi (მფლანგველი). კანონიერი მემკვიდრე ხდება უახლოესი აგნატი. მისი არარსებობის შემთხვევაში - ნათესავი (gentiles), თუ ასეთიც არ ჰყავს პირს, მაშინ მაგისტრატი თვითონ ნიშნავდა შესაფერის პიროვნებას (curator honorarius). იმ შემთხვევაში, თუ კურატორი ვერ ან არ შეასრულებს თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად, ან იმ შემთხვევაში, როდესაც პრობლემა აღმოიფხვრება (მფლანგველი გამოსწორდება, სულიერად ავადმყოფი გამოჯანმრთელდება), ზრუნვა წყდება. მოგვიანებით (lex Plaetoria 242 ძვ. წ.) ჩნდება ზრუნვის ფორმა, რომელიც ვრცელდება არასრულწლოვნებზე (cura minorum). თავდაპირველად მაგისტრატი მეურვეობას აწესებდა არასრულწლოვანის თხოვნით და განსაკუთრებული მიზნით. მარკუს ავრელიუსის ხანიდან ზრუნვის ეს ფორმა უფრო დიდ მასშტაბს იღებს და საბოლოოდ ყველა არასრულწლოვანს ჰყავს მეურვე, რომლის მოვალეობაშიც შედის არასრულწლოვანის ქონების განგება, ამასთანავე სამეურვეო პირს რაღაც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას სჭირდება მეურვისაგან თანხმობის აღება. განსაკუთრებული ფორმა ზრუნვისა იყო დამკვიდრებული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ქრონიკული ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო არ შეეძლოთ ზრუნვა დამოუკიდებლად თავის თავზე curator surdi (სმენადაკარგული), curator muti (მუნჯი). ზრუნვის ამ ძირითადი ფორმების გარდა მაგისტრატი ნიშნავდა ქონების მეურვეს იმის გაუთვალისწინებლად, ჰქონდა თუ არა მომავალ მეურვეს კავშირი იმ პირთან, რომელსაც ქონება ეკუთვნოდა. მაგ., იმ შემთხვევაში, თუ ქონების პატრონი არ იყო ადგილზე, ტყვედ იყო ჩავარდნილი და ა.შ., ინიშნებოდა curator absentis. ჯერ არდაბადებული ბავშვის ინტერესებს იცავდა curator ventris, გადაუცემელი მემკვიდრეობისას - curator hereditatis და ა.შ. ამ შემთხვევაში მეურვის მოვალეობა იყო არა ქონების განგება, არამედ მისი ხელუხლებლად შენარჩუნება. სახელმწიფო ადმინისტრირებაშიც ამ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა (კურატორი).

ზღურბლის დალახვა, სახელოში ჩადგომა, ხევსურეთი - ხელოსნად გახდომის ერთ-ერთი ეტაპი. ზღურბლის დასალახად ახალმისულის ოჯახს უნდა გამოეყო სამი ფუთი ქერისაგან დამზადებული ლუდი და სამი სამსხვერპლო საკლავი: კურეტი ან ხარი, ცხვარი და ბატკანი. კურეტი ან ხარი მესახელოეს მოსანათლად იკვლებოდა, ბატკანი და ცხვარი - მის სამხვეწროდ. თუ ოჯახს არ ჰქონდა წესის შესრულებისთვის ეკონომიური შესაძლებლობა, ხელოსნად მიმსვლელი მხოლოდ გაინათლებოდა, ოღონდ არა კურეტის სისხლით, არამედ ცხვარს მიიყვანდა და იმას შესწირავდა მსხვერპლად.

განათვლის შემდეგ კლავდნენ მეორე საკლავს, რომელსაც ზღურბლის სამლახაო ეწოდებოდა. ზღურბლის სამლახაო საკლავს ჯვარის დარბაზის ზღურბლთან კლავდნენ. ახლამიმსვლელი დაკლულის ოთხივე ფეხს ხელში დაიჭერდა, ასწევდა და ზღურბლისკენ გადაიქნევდა, ზღურბლს „სისხლს უწევდა“. დარბაზის ზღურბლის განათვლის შემდეგ ახალ ხელოსანს დარბაზის ზღურბლზე ფეხის დადგომისა და დარბაზში შესვლის უფლება ეძლეოდა. დარბაზში შესული უკვე სისხლს უწევდა მის კედლებს, ჯვრის წინაშე ფიცს დებდა. იგი უფროს მორიგეებს ემსახურებოდა და ტაბლას უდგამდა. ზღურბლში დალახვა ლხინით სრულდებოდა.

8.8

▲ზევით დაბრუნება


თავადი - წარჩინებული ფენის წარმომადგენელი ფეოდალურ საქართველოში. ძველ ხანაში ჩანს, რომ თავადები აზნაურთა საგვარეულოების თავკაცები იყვნენ, მაგრამ XIV-XV სს-ში უკვე ცალკე წოდებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ფეოდალურ იერარქიაში აზნაურებზე მაღლა მოექცნენ. თავადთა ხელში პოლიტიკური ძალაუფლების გადასვლის შემდეგ აზნაურთა წოდება შედარებით დაკნინდა.

თავმდები (vindex) - პიროვნება, რომელიც თავმდებში უდგებოდა მოვალეს 1) რომ იგი განსაზღვრულ დღეს წარდგებოდა სასამართლოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავმდების წინააღმდეგ აღიძვრებოდა საქმე ზიანის ანაზღაურების შესახებ (actio in factum). 2) პიროვნება, რომელიც მოვალეს ათავისუფლებდა კრედიტორისაგან, თვითონ იხდიდა ვალს ან თავად უპირისპირდებოდა კრედიტორს სასამართლოში. საქმის წაგების შემთხვევაში თავმდები ორმაგი თანხით ჯარიმდებოდა. შესაბამისად, თავმდები მატერიალურად საკმაოდ უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო.

თავსისხლი, ფშავი - საზღაური, რომელსაც მკვლელი შესარიგებლად უხდიდა მოკლულის ან დაჭრილის ნათესავებს. სრული სისხლი, ანუ თუ კაცი სხეულის დაზიანებით მოკვდებოდა, შეფასებული იყო 80 ძროხად ან 360 ცხვრად. სხეულის თითოეულ ასოს თავისი ღირებულება ჰქონდა. მთელი ხელისთვის გადასახადი 15 ძროხას შეადგენდა, ნეკი ერთი ძროხა ღირდა, არათითი - ორი, შუა თითი - სამი, მაჩვენებელი - ოთხი, ხოლო ცერი 5 ძროხად იყო შეფასებული. სახის დაზიანება (დაჭრილობა) მარცვლებით იზომებოდა (ერთ მარცვალს სიგრძეზე დებდნენ, დანარჩენს გარდიგარდმო და ა.შ.). მოკლულის ნათესავს უფლება ჰქონდა მკვლელისგან, თავსისხლის გარდა, მოეთხოვა ის ნივთი, რომელიც მას მოეწონებოდა. დამნაშავეს უარის თქმა არ შეეძლო. თავსისხლის ზღვევისგან გათავისუფლებული იყო საკუთარი ნათესავის (გვარის) მკვლელი.

თამარი - საქართველოს მეფე. 1184 წ-დან (გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ) თამარმა დაიწყო ერთპიროვნული მმართველობა (1184-1213 წწ.). საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მმართველი პირველად გახდა ქალი.

დავით აღმაშენებლის და გიორგი III-ის დროს ძალაუფლებადაკარგულმა დიდებულებმა სცადეს აღედგინათ თავიანთი ძლიერება. დიდებულებმა თამარი ხელმეორედ აკურთხეს მეფედ, რათა ამით ხაზი გაესვათ თავიანთი გავლენისათვის. მათ გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ამირსპასალარ ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი თამარს გადააყენებინეს. ამ მოვლენიდან ცოტა ხნის შემდეგ მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ არსლანმა სამეფო ხელისუფლების შეზღუდვის და სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გეგმა წამოაყენა - მეფის სასახლის გვერდით ისანში საგანგებო სასახლე, ისნის კარავი შეიქმნას და სწორედ მან გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი - მიიღოს კანონები, გასცეს წყალობა და გადაუწყვიტოს შერისხვაო. კარავში შეკრებილი დიდებულებს უნდა გადაეწყვიტა ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და ამის შემდეგ ეცნობებინათ მეფისათვის. მეფეს მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ექნებოდა. თამარს არ შეეძლო ყუთლუ არსლანის წინადადების მიღება, ამ შემთხვევაში მეფის ხელისუფლება ძალზედ შეიზღუდებოდა. ყუთლუ არსლანი დააპატიმრეს. მეჭურჭლეთუხუცესს მრავალი მომხრე ჰყავდა. მათ თავიანთი მეთაურის გათავისუფლება მოითხოვეს. საომრად გამზადებულ მოქიშპეებთან თამარმა გაგზავნა კეთილშობილი მანდილოსნები - ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი. სწორედ მათ მოახერხეს ამბოხებულთა დაშოშმინება. თამარმა კი აღუთქვა სამეფო დარბაზის უფლებათა გაფართოება - უმნიშვნელოვანეს საკითხებს „დარბაზის თანადგომითა და ერთნებაობით“ გადავწყვეტთო. თამარმა ყუთლუ არსლანი გაათავისუფლა. სამეფოში მშვიდობა დამყარდა. 1185 წ-ს ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრეი ბოგოლუბსკის ძე იური (გიორგი რუსი) საქართველოში ჩამოიყვანეს და თამარზე დააქორწინეს. 1187 წ-ს გიორგი რუსი უზნეო ქცევის გამო საქართველოდან გააძევეს. ერთი წლის შემდეგ 1188 წ-ს, თამარმა ხელმეორედ იქორწინა დავით სოსლანზე.

თამარმა აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. 1195 წ-ს შამქორში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს აზერბაიჯანის ათაბაგი აბუბექრი. ქართველებმა შემოიერთეს სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქები ანისი და დვინი. საქართველოს ხელში აღმოჩნდა ამიერკავკასიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები. რუმის სულთანი რუქნ ადინიც საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად მოემზადა.

ქართველთა ჯარი დავით სოსლანის მეთაურობით დაიძრა მტრის წინააღმდეგ. 1202 წ-ს ბასიანში გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. მტერი სასტიკად დამარცხდა. ქართველებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. ბასიანის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა მაინც განაგრძეს შეტევები. 1204 წ-ს ქართველებმა აიღეს უმნიშვნელოვანესი ქალაქი კარი.

1206 წ-ს გარდაიცვალა დავით სოსლანი, თამარმა იმავე წელს თანამოსაყდრედ დასვა ლაშა-გიორგი. 1210 წ-ს ირანში ლაშქრობისას ქართველებმა აიღეს თავრიზი, ყაზვინი და სხვა ქალაქები და ირანის შუაგულამდე მიაღწიეს. ალაფით და ნადავლით დამძიმებულმა ჯარმა წინსვლა ვეღარ შეძლო და უკან გამობრუნდა. 1213 წ-ს გარდაიცვალა თამარი.

თამარის მეფობის დროს აშენდა ხიდები, გზები, ციხესიმაგრეები, სასახლეები, ეკლესია-მონასტრები. სწავლა-განათლებისა და ხელოვნების განვითარებას უწყობდა ხელს. თამარი იქცა ქართველი ხალხის სათაყვანებელ პიროვნებად. ქართულმა ეკლესიამ თამარი წმინდანად შერაცხა.

სხვადასხვა ცნობით, თამარი ან გელათში, ან იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არის დაკრძალული. საქართველოსთვის მეფე თამარის მოღვაწეობის პერიოდი ოქროს ხანად ითვლება.

თამასუქი - კანონით დადგენილი სავალო დოკუმენტი, რომლის დროსაც პიროვნება იღებდა ვალდებულებას დათქმულ ვადაში გადაეხადა ფულადი თანხა. ქართულ სამართალში XVII ს-დან იხმარება. გვხვდება ჩვეულებითი სამართლის კრებულსა და ვახტანგ VI-ის სამართალში, სადაც განსაზღვრულია მისი აუცილებელი ვალდებულებებიც (მ. 143). უფრო ძველად ასეთ საბუთს “ვალის წიგნი” ერქვა.

თემი, თემობა, სვანეთი - (ბერძნ genos, რომაული gens). ხეობისა და სოფლების შემდეგ თემი შეადგენდა მესამე საზოგადოებრივ მსხვილ სხეულს. თემი იყო გვარეულობა, შთამომავლობა საერთო წინაპრებისა. ერთი გვარეულობის წევრები, რაც არ უნდა ძირიდან დაშორებულნი ყოფილიყვნენ, მაინც იცავდნენ და ინახავდნენ მჭიდრო კავშირს ერთმანეთთან. თითოეული თემის წევრის საღმრთო მოვალეობა იყო გაჭირვებისა თუ ჩხუბის დროს ერთმანეთის შველა, დაცვა და მტრისთვის სამაგიეროს გადახდა (მოკვლით, დაჭრით, დაჭერით) შეურაცხყოფისთვის. თემის რომელიმე წევრის სირცხვილი თუ საპატიო სახელი საერთო იყო მთელი თემისთვის. ამიტომ თუ თემში ვინმეს მტერი მოკლავდა, მოკლულის თემის წევრი შეხვედრისთანავე კლავდა, დაჭრიდა ან დაატყვევებდა მკვლელს. ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, მორიგება ასე ხდებოდა: თუ მოჩხუბრებმა თანაბარი ზიანი, ვნება მიაყენეს ერთმანეთს, მაშინ მათი საქმე ერთგულების ფიცით მთავრდებოდა; თუ ერთმა მხარემ უფრო მეტი ზიანი მიაყენა მეორეს, მაშინ მას მისაზღვევი ჯარიმა ეკისრებოდა. თუ ჩხუბის ამტეხი ღარიბი იყო, გადასახადს მთელი თემი იხდიდა, თუ არადა, თავად უნდა ეზღო მთელი ჯარიმა. ჩხუბის წევრი ეხმარებოდა თავისიანებს, თუნდაც მოწინააღმდეგე მისი ახლობელი ნათესავი ყოფილიყო. თუ თემის წევრს მტერთან მორიგება სურდა, თემისგან უნდა აეღო თანხმობა. მორიგებას თემის ყოველი მოსახლიდან თითო წევრი უნდა დასწრებოდა, რომ მტრისთვის საერთო პასუხი გაეცათ. თემობაში, სიკვდილის, მძიმედ დაჭრისა და ცოლის წართმევის გარდა, ყველაფერს შეუნდობდნენ ხოლმე ერთმანეთს. ამ სამი დანაშაულის შემთხვევაში თემივე წყვეტდა ყველაფერს, გარეშე პირების ჩაურევლად. თემის დაჩაგრულ წევრს მიესჯებოდა იმ ჯარიმის ნახევარი, რომელიც გარეშე მოჩხუბარ პირთ შორის იყო განსაზღვრული ჩვეულებითი სამართლით. თემობაში აკრძალული იყო ერთმანეთისთვის ქალის მითხოვება. თემს ჰქონდა სათემო სალოცავი, სასაფლაო ადგილები, დღესასწაულები და სხვა. ლხინის დროს თემის წევრი ყველაზე პირველს თემს იწვევდა, მას გარეთ და უყურადღებოდ არასდროს ტოვებდნენ. ჭირშიც კი თემს პირველი ადგილი ეკავა. თუკი თემში ვინმე გარდაიცვლებოდა, ყველა მამაკაცი წვერს იპარსავდა და ჭირისუფლად სხდებოდა. უძრავ და მოძრავ ქონებას თემის წევრი თემისვე დასწრებით და თანხმობით იძენდა. თემის რომელიმე წევრის უძრავი ქონებაც თემსვე უნდა შეესყიდა.

თემისტოკლესი (დაახლ. ძვ. წ. 528-462 წწ.) - ათენის სახელმწიფო მოღვაწე და ბერძენსპარსელთა ომების მხედართმთავარი, ათენის დემოკრატიის ერთ-ერთი „მამა“. ძვ. წ. 493-492 წწ-ში ეკავა უმაღლესი - არქონისა და სტრატეგოსის თანამდებობები.

თემისტოკლესი, როგორც დემოკრატი, მსხვილი ვაჭრების ინტერესებს გამოხატავდა და ათენის სავაჭრო ბაზრის გაფართობით იყო დაინტერესებული. იგი კარგად გრძნობდა სპარსეთის მხრიდან საშიშროებას და სამხედრო ფლოტის შექმნას ესწრაფვოდა. მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, მსხვილი მიწათმოქმედები, პირველ რიგში კი მილტიადესი, შიშობდნენ, რომ ფლოტის შექმნა დემოკრატებს გააძლიერებდათ და ამიტომ სახმელეთო ჯარის გაძლიერებას მოითხოვდნენ.

თემისტოკლესის პოლიტიკურმა რეფორმებმა (ძვ. წ. 487-486 წწ.) ხელი შეუწყო ათენის სახელმწიფო წყობის შემდგომ დემოკრატიზაციას. თემისტოკლესის რეფორმების მიხედვით, არქონები წილისყრით უნდა აერჩიათ, მხედრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეკავებინათ ეს თანამდებობა (არქონის). ამან, თავის მხრივ, სამხედრო წინამძღოლობა სტრატეგოსთა ხელში მოაქცია (რომელთა ხელახლა არჩევაც შესაძლებელი იყო, რითაც ისინი გამოცდილებას იძენდნენ), რამაც დროთა მსვლელობაში ასევე განაპირობა ექს-არქონებისგან რეკრუტირებული კონსერვატორული არეოპაგის გავლენის შემცირება. გაფართოვდა და გამაგრდა პირევსის ნავსადგური. ძვ. წ. 487 წ-ის შემდგომ თემისტოკლესმა მოახერხა თავისი ძირითადი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შევიწროება. ლავრიონის ვერცხლის საბადოებიდან შემოსული შემოსავალი სამხედრო ფლოტის შექმნას მოახმარა. მისი მცდელობით ათენს 180 სამხედრო გემი ჰქონდა და ამ გემების ეკიპაჟი შედგებოდა თეტებისაგან, რომლებიც ათენში დემოკრატების გავლენას აძლიერებდნენ. ძვ. წ. 480 წ-ს ათენის ფლოტმა თემისტოკლესის წინამძღოლობით არტემისიის კონცხთან სპარსელებზე გაიმარჯვა. მან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა სალამინთან გადამწყვეტი ბრძოლის წარმოებაში, რომელიც ათენელთა ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. თემისტოკლესმა დიდი როლი შეასრულა დელოსის კავშირის შექმნაში.

ძვ. წ. 470 წ-ს მან წინააღმდეგობა ვერ გაუწია თავის შიდა პოლიტიკურ მეტოქე კიმონსა და სპარტის ზეწოლას. თემისტოკლესი ოსტრაკისმოსით აიძულეს ათენი დაეტოვებინა. იგი არგოსში გადავიდა საცხოვრებლად. სპარტას შეეშინდა, რომ თემისტოკლესს, რომელიც პელოპონესის ქალაქებს პერიოდულად სტუმრობდა, მათში დემოკრატიული განწყობა არ გაეძლიერებინა და განაცხადა, რომ თემისტოკლესი პავსანიასთან ერთად სპარსელებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა (დაახ. ძვ. წ. 468 წ.). ათენში მას სამშობლოს ღალატი დასდეს ბრალად და დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ თემისტოკლესმა მოახერხა გაქცევა და სპარსეთის მეფე არტაქსერსეს მიაშურა. მეფემ იგი მაგნესიის მმართველად დანიშნა, სადაც თემისტოკლესი გარდაიცვალა.

თეორიკონი (τό θεωρικόν) - სახელმწიფოს მიერ უღარიბესი მოქალაქეებისათვის მიცემული სუბსიდია თეატრალურ სანახაობაზე დასასწრებად. გადმოცემით, ის პერიკლეს შემოუღია. თითოეული ადამიანისთვის, რომელიც ამ მიზნით სპეციალურ სიაში იყო შეყვანილი, თითო წარმოდგენაზე დასასწრებად ორი ობოლი იყო გამოყოფილი. მოგვიანებით, სუბსიდიები სხვა ღონისძიებებზეც გაიცა. ძვ. წ. IV ს-ში შემოღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს მთელი ნამატი თანხა თეორიკონისთვის უნდა ყოფილიყო გამოყენებული (ომის პერიოდის გამოკლებით). ამასთანავე, არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც სიკვდილით უნდა დასჯილიყო ნებისმიერი პიროვნება, რომელიც მშვიდობიანობის დროს თეორიკონისთვის გამოყოფილი თანხის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების წინადადებას შემოიტანდა. თეორიკონის განმკარგველი მოხელეები არჩეული მაგისტრატები იყვნენ, რომლებსაც საკმაოდ დიდი ძალაუფლება ჰქონდათ ათენის ფინანსურ ადმინისტრაციაში.

თერთმეტნი (οί ένδεκα) - წილისყრით დანიშნული ათენელი მოხელეები, რომლებიც საპატიმროებსა და სიკვდილით დასჯას მეთვალყურეობდნენ. მათ პატიმრობაში აჰყავდათ ქურდობაში და ზოგიერთ სხვა ბოროტმოქმედებაში დადანაშაულებული პირები. თუ განსასჯელი აღიარებდა დანაშაულს, თერთმეტნი მას სასამართლო განხილვის გარეშე სიკვდილით სჯიდნენ. თუკი დაკავებული უარყოფდა ბრალდებას, თერთმეტნი გვევლინებოდნენ თავმჯდომარეებად იმ დიკასტერიონში, რომელშიც ამ უკანასკნელის სასამართლო პროცესი წარიმართებოდა. ისინი ამასთან სიკვდილით დასჯილი ბოროტმოქმედის ქონებას სახელმწიფოს გადასცემდნენ (იხ. დიკე, სამართალწარმოება, ათენი ).

თესაურუსი (thesaurus) - მიწაში ჩაფლული განძი. რომაული კანონმდებლობის მიხედვით, განძის მპოვნელს და მიწის მეპატრონეს უნდა გაეყოთ მიწაში ნაპოვნი განძი (ნორმა ადრიანეს ეპოქიდან მოყოლებული მოქმედებდა). ეს რაც შეეხება სხვის მიწაზე განძის პოვნას, მაგრამ თუ ადამიანი თავის მიწაზე აღმოაჩენდა განძს, ის მთლიანად მას რჩებოდა. ზოგიერთი იმპერატორი ფისკუსის პრეტენზიას აცხადებდნენ განძზე, ყოველ შემთხვევაში მის ნაწილზე მაინც.

თესმოთეტესი (θεσμοθέτης) - ცხრა არქონთაგან ექვსის სახელწოდება. თესმოთეტესის თანამდებობა არაუგვიანეს ძვ. წ. VII ს-ში უნდა შემოეღოთ, თუმცა ძნელია დაზუსტებით ითქვას, თუ რა ფუნქციები ეკისრებოდათ მათ იმ დროს. მოგვიანებით მათ უმთავრესად სასამართლო მოვალეობები უნდა აღესრულებინათ. როგორც კოლეგიას, თესმოთეტესებს პასუხისმგებლობა სხვადასხვა პროცესუალური ტიპის საქმეებზე ეკისრებოდათ, უმეტესწილად საჯარო ბრალდებათა - გრაფეთა სახეობებზე, როგორებიც იყო მაგ., ეისანგელია, პრობოლე, დოკიმასია. ამასთან ისინი კერძო ბრალდების (დიკეს) ცალკეულ სახეობებზეც იყვნენ პასუხისმგებელნი. თესმოთეტესთა სასამართლო ჰელიაია იყო. თესმოთეტესები ასევე თავმჯდომარეობდნენ იმ მსაჯულებს, რომლებიც ათენის სასარგებლოდ ათენსა და სხვა სახელმწიფოთა შორის ვაჭრობის სამართლებრივი რეგულაციის რატიფიკაციას ახდენდნენ. ამის პარალელურად თესმოთეტესები განიხილავდნენ ამ რეგულაციის დროს წარმოქმნილ დავებს. ზოგიერთ შემთხვევაში მათ მსაჯულთა გარეშეც შეეძლოთ სასჯელის დადება. სასამართლო განხილვის გარეშე ისინი სანქციას ადებდნენ იმ პირთა სიკვდილით დასჯას, რომლებიც ადრე ჩადენილი მკვლელობის გამო ატიკიდან იყვნენ გაძევებულნი და რომელთაც ისევ ატიკაში წააწყდებოდნენ. ძვ. წ. IV ს-ში მათ ევალებოდათ განეხილათ კანონები - ხომ არ იყვნენ ისინი არათანმიმდევრულნი ან არაბუნებრივნი. იმ შემთხვევაში, თუ ზოგიერთი კანონი ასეთად წარმოჩინდებოდა, თესმოთეტესები მოითხოვდნენ ნომოთეტესების დანიშვნას. ამასთან, თესმოთეტესებს უნდა გადაენაწილებინათ (კენჭისყრით) მაგისტრატები სასამართლოების მიხედვით და დაედგინათ სასამართლო პროცესის თარიღი. ეს მოვალეობა მათ მას შემდეგ დაეკისრათ, რაც გაუქმდა კანონი ამა თუ იმ მაგისტრატის მუდმივად ერთსა და იმავე სასამართლოში მსახურების შესახებ.

თეტები (θήτες) - დაქირავებული მუშახელი, ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოში თავისუფალ მოქალაქეთა ყველაზე დაბალი სოციალური ფენა. ათენში სოლონის მიერ ქონებრივი ცენზის მიხედვით ოთხ კლასად დაყოფილ მოქალაქეთაგან თეტები ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ მოსახლეობას წარმოადგენდა. მათი ყოველწლიური შემოსავალი 200 მედიმნოს პურზე (ან სხვა პროდუქტში მის ეკვივალენტზე, ან ფულად თანხაზე) ნაკლები იყო. სოლონმა უფლება მისცა თეტებს მონაწილეობა მიეღოთ სახალხო კრებაში და ასევე ჰელიაიაში (სახალხო სასამართლოში). მაგრამ ამავე სოლონის რეფორმით თეტებს არ შეეძლოთ არც ბულეში და არც სხვა სახელმწიფო თანამდებობებზე მსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეზღუდვები ფორმალურად არასდროს არ ყოფილა გაუქმებული, ძვ. წ. VI ს-ის დასასრულისთვის მათ ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას. თეტები არ შედიოდნენ ჰოპლიტთა რიცხვში, რამეთუ მათ არ შეეძლოთ თავიანთი თანხებით შეეძინათ შესაფერისი სამხედრო აღჭურვილობა. მას შემდეგ, რაც ათენის უმთავრესი სამხედრო ძალა ფლოტი გახდა, თეტები სახელმწიფო სამხედრო სამსახურში შეიყვანეს. ისინი მსახურობდნენ მენიჩბეებად, მეზღვაურებად, ფლოტის ოფიცრებად. მათ აღჭურვილობაზე ხარჯებს სახელმწიფო გამოყოფდა. სახმელეთო დანაყოფებში თეტები მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითებსწარმოადგენდნენ.

XII დაფის კანონები (leges duodecim tabularum) - შედგენილია V საუკუნეში (ძვ. წ. 451-450წწ.) დეცემვირთა კომისიის მიერ. XII დაფის კანონები იქცა რომაული საკანონმდებლო სისტემის ბაზისად. გადმოცემის მიხედვით, საბერძნეთში გაიგზავნა დელეგაცია, რომელმაც შეისწავლა სოლონის კანონმდებლობა და თავისი მოღვაწეობის პირველ წელს დეცემვირებმა წარმოადგინეს კანონთა 10 დაფა. მომზადებულ კანონებს განიხილავდნენ, შეჰქონდათ შესწორებები და მხოლოდ შემდეგ ხდებოდა მათი დამტკიცება ცენტურიის კომიციებში. შემდეგ კანონები იტვიფრებოდა რკინის დაფებზე და იფინებოდა. 10 დაფის დამტკიცებასთან ერთად ნათელი გახდა, რომ კანონებს ჰქონდა ხარვეზები და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო იყო კიდევ 2 დაფის შექმნა, რის გამოც დეცემვირებს გაუგრძელდათ მოღვაწეობის ვადა ერთი წლით. საბოლოოდ შეიქმნა სულ კანონთა 12 დაფა. თორმეტი დაფის კანონები ძირითადად სისხლის და სამოქალაქო სამართლის შესახებ შექმნილი კანონების კრებულია, რომელშიც პირველად არის გატარებული მოქალაქეთა თანასწორობის იდეა. მისი მთავარი დანიშნულება იყო დაეცვა პლებეები პატრიციელთა თავგასული მოქმედებისაგან. XII დაფის კანონთა ძირითად წყაროს ადათები და ადათობრივი სამართალი წარმოადგენს. სამწუხაროდ, ძეგლი პირველწყაროს სახით შემორჩენილი არ არის. იგი დაიწვა ძვ. წ. 387 წ. გალების შემოსევის დროს და მის შესახებ გვიანდელი ავტორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ვმსჯელობთ (ციცერონი, პომპონიუსი, ტიტუს ლივიუსი, დიოდოროსი და სხვ.). ამასთანავე, გასათვალიწინებელია, რომ XII დაფის კანონებს ხშირად მიმართავდნენ პოლიტიკური ბრძოლის დროს, ამიტომ ცნობებს მის შესახებ დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. რაც შეეხება XII დაფის კანონთა კლასიფიკაციას, იგი ხელოვნური სისტემატიზაციის ნაყოფს წარმოადგენს: 1) I, II და III დაფებში მოცემულია სამოქალაქო პროცესის საკითხები. 2) IV და V დაფები ეძღვნება საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის საკითხებს, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას, მეუღლეთა პირად და ქონებრივ უფლებებს, მემკვიდრეობის გადაცემის წესებს და ა.შ. 3) VI და VII დაფებში მოცემულია სანივთო და ვალდებულებითი სამართლის საკითხები. აქ განხილულია საკუთრების, გირაოს, სერვიტუტების ან სხვისი ნივთით სარგებლობის უფლებების, სხვადასხვა სახის ხელშეკრულების თუ გარიგების საკითხები. 4) VIII და IX დაფებში მოცემულია სისხლის სამართლის საკითხები, ჩამოთვლილია სასჯელთა ცალკეული სახეები. 5) X დაფა საკრალური სამართლის საკითხებს ეხება. 6) XI და XII დაფა შეიცავს დამატებით მუხლებს წინა 10 დაფის ხარვეზების შესავსებად.

8.9

▲ზევით დაბრუნება


იმუნიტეტი (immunitas) - დიდი უბედურებისას ცალკეული პირის, ფენებისა და მთელი თემის საზოგადოებრივი ბეგარისაგან (მაგ., სამხედრო სამსახური, მეურვეობა და სხვ.) დროებით ან სამუდამოდ გათავისუფლება, დაფუძნებული ან კანონიერ გამამართლებელ საფუძველზე (excusatio - გამართლება) ან პრივილეგიებზე.

იმპერიუმი (imperium) - უმაღლესი რომაელი მაგისტრატების თანამდებობრივი ძალაუფლება, რომის სახელმწიფოებრივი მოწყობის მთავარი მახასიათებელი. იმპერიუმი არის უმაღლესი მაგისტრატის სამხედრო, სამართლებრივი, პოლიტიკური შეუზღუდავი ძალაუფლება. ამ ძალაუფლებით აღჭურვილნი იყვნენ თავდაპირველად მეფეები, შემდეგ პრეტორები, კონსულები. რესპუბლიკის ხანაში თავიდან იმპერიუმის შეზღუდვა დაიწყო პროვოკაციით (provocatio ad populum). იმპერიუმის მფლობელის ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა მისი თანმხლები ლიქტორები, რომელთაც ხელში წკნელები და ზოგ შემთხვევაში ნაჯახიც ეკავათ. იმპერიუმის ძალაუფლებით აღჭურვილი ხელისუფალნი ძირითადად ერთი წლის ვადით იყვნენ არჩეული კოლეგიალობის სქემით. ირჩევდნენ იმ სახალხო კრებაზე (კომიცია), რომელიც ადრე comitia centuriata-ს წარმოადგენდა, თუმცა კანდიდატს უნდა მიემართა ამასთან ერთად უძველესი სახალხო კრებისათვის, რომელიც კურიების მიხედვით იყო ორგანიზებული (comitia curiata). ხელისუფლების ათვლა, რომელიც იმპერიუმით იყო აღჭურვილი, იწყება დაახლოებით ძვ. წ. 367 წ-დან 2 კონსული და ერთი სასამართლო პრეტორი, რომელთაც ძვ. წ. 241 წ-ს კიდევ ერთი პრეტორი დაემატათ (იგი განიხილავდა რომის მოქალაქეებს და უცხოელებს შორის არსებულ დავებს) - praetor peregrinus. პრეტორთა რიცხვი მოგვიანებით 4, 6, 8, 16 აღწევს. სულას პერიოდიდან პრეტორები მოსამართლე მაგისტრატები არიან, თუმცა მათ ხშირად ანდობდნენ ხოლმე სამხედრო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეების განხილვას. ყოველ პრეტორს საქმიანობის თავისი სფერო ჰქონდა, რომელიც ან კენჭისყრის, ან შეთანხმების საფუძველზე დგინდებოდა (sortitio provinciarum). მათ ერთმანეთის წინაშე თანაბარი უფლებები ჰქონდათ და შეეძლოთ ინტერკესიის (intercessio) გამოყენება. იმპერიის ტერიტორიაზე იმპერიუმი იზღუდებოდა კანონებით და სხვა კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილებით (კომიცია, პროვოკაცია, სენატი). იმპერიის საზღვრებს გარეთ ძალაუფლება შეუზღუდავი იყო და სამხედრო ძალაუფლებასაც გულისხმობდა (imperium militae). უფრო მაღალი რანგის მაგისტრატს ჰქონდა imperium maius, მაგ., კონსულის იმპერიუმი უფრო დიდი იყო, ვიდრე პრეტორის (imperium minus). ერთი რანგის მაგისტრატებს თანაბარი ძალაუფლება ჰქონდათ - par imperium. ყველაზე დიდი ძალაუფლება ჰქონდა დიქტატორს - imperium summum. გამონაკლისის სახით სენატი გამოჩენილ კერძო პირებს ანიჭებდა განსაკუთრებულ ძალაუფლებას, რომელიც დროში რეგლამენტირებული არ იყო - imperium proconsulare.

ინტერდიქტუმი (interdictum) - სასამართლო მაგისტრატის ბრძანება, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს და ემსახურება საქმის სწრაფ გადაწყვეტას. ინტერდიქტუმს ჰქონდა დროებითი ადმინისტრაციული აქტის ხასიათი (მოწმეების დაკითხვის და საქმის დეტალური კვლევის გარეშე). მის საფუძველს წარმოადგენდა მოსარჩელის მტკიცებულება, რომელსაც მაგისტრატი, სავარაუდოდ, წინასწარვე სიმართლედ აღიარებდა. ინტერდიქტუმი მიემართებოდა ან ბრალდებულს, ან ორივე მხარეს და შეიცავდა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უნდა ემოქმედათ, ან თავი შეეკავებინათ გარკვეული მოქმედებებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს შემთხვევაში ინტერდიქტუმი საბოლოოდ წყვეტდა საკითხს. ამიტომ სამართალწარმოება აღარ გრძელდებოდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ დაემორჩილებოდა ინტერდიქტუმს, საქმის კვლევა და წარმოება გრძელდებოდა და პირველ რიგში იძიებდნენ იმ საკითხის სამართლიანობას, რომლის საფუძველზეც გამოიტანა მაგისტრატმა ინტერდიქტუმი.

შინაარსის მიხედვით ინტერდიქტუმი სამ ჯგუფად იყოფა:

1) ყველაზე ძველ ფორმად ითვლება აკრძალვითი ინტერდიქტუმი (interdictum prohibitoria).

2) აღდგენითი ინტერდიქტუმი (interdictum restitutoria) - ბრძანება პიროვნებისადმი, რათა მას დაებრუნებინა ნივთი ან აღედგინა ძველი მდგომარეობა.

3) წარდგენითი ინტერდიქტუმი (interdictum exhibitoria) - უწესებდნენ პირს, რომ მან წარმოადგინოს ნივთი ან მოიყვანოს ვინმე სასამართლოში. სხვა ჯგუფები, რომლებშიც თავის მხრივ რამდენიმე ინტერდიქტუმი ერთიანდება, იცავს სხვადასხვა ინტერესებს, ძირითადად საზოგადოებისას:

1) interdictum de cloacis - ეხებოდა საზოგადოებრივი და კერძო არხების გაწმენდას, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვით იყო ნაკარნახები.

2) interdictum de fluminibus publicis - ეხებოდა მდინარეზე ცურვას და კრძალავდა მდინარეზე ნებისმიერი ნაგებობის აშენებას, რომელიც ხელს შეუშლიდა ნაოსნობას.

3) interdictum de itineribus publicis - საზოგადოებრივ გზებს, მათ მოწყობას, გამოყენებას და შეკეთებას ემსახურებოდა.

4) interdictum de locis publicis - იცავდა საზოგადოებრივ ადგილებს დაზიანებისაგან და ისეთი ნაგებობების აშენებისაგან, რომლებიც ხელს შეუშლიდა მათ რაციონალურ გამოყენებას და ა.შ.

ინტერდიქცია (interdictio) - აკრძალვა, რომელსაც შესაბამისი ინსტანცია აწესებდა. 1) ქონების განგების აკრძალვა პიროვნების მფლანგველად გამოცხადებით (aere commercioque, interdictio bonorum, interdictio prodigi). თავდაპირველად ინტერდიქცია იცავდა მფლანგველის შვილებს და ეხებოდა მხოლოდ იმ ქონებას, რომელიც მემკვიდრეობით უნდა გადასულიყო შვილებზე. მოგვიანებით ინტერდიქციის ხასიათი შეიცვალა და აკრძალვა ვრცელდებოდა მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზეც, რაც არა მარტო მფლანგველის შვილებს, არამედ თვითონ მფლანგველსაც იცავდა.

აკრძალვა წყალსა და ცეცხლზე (interdictio aquae et ignis), ანუ უარის თქმა თანამოქალაქეებთან თანაცხოვრებაზე, რასაც ავტომატურად ქონების და მოქალაქეობის ჩამორთმევა მოჰყვებოდა იმ მოქალაქისათვის, რომელიც საკუთარი სურვილით ტოვებდა ქვეყანას. უკან დაბრუნების შემთხვევაში ნებისმიერს შეეძლო მისი მოკვლა და ეს დანაშაულად არ ითვლებოდა.

განსაზღვრულ ტერიტორიაზე შესვლის ან ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვა (interdictio locorum).

ინტერკესია (intercessio) - 1) მაგისტრატის უფლება გაუქმებულად გამოაცხადოს სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ უკვე მიღებული გადაწყვეტილება. მაგ. სახალხო ტრიბუნს უფლება ჰქონდა გაეუქმებინა კონსულის გადაწყვეტილება. ინტერკესია მოქმედებდა კანონპროექტებსა და განსახილველად გამოტანილი საკითხებისა და არა იმ კანონების მიმართ, რომლებიც უკვე დამტკიცებული იყო კენჭისყრის საშუალებით. ხელახალი განხილვის შემდეგ საქმე ისევ იმავე მაგისტრატთან ბრუნდებოდა, თუმცა არ შეიძლებოდა მაგისტრატის იძულება, მიეღო სხვა გადაწყვეტილება (მაგრამ ეს შეეძლო გაეკეთებინა მის კოლეგას ან მოადგილეს). ინტერკესიის (ჩარევა) გამოყენება არ შეიძლებოდა ერთადერთი დიქტატორის გადაწყვეტილების წინააღმდეგ. 2) გადასახადების ძალისმიერი მეთოდებით ამოღება (intercessio militaris იგივე executio). 3) საკუთარ თავზე სხვისი ვალდებულების აღება იმის გათვალისწინებით, რომ მოვალე თვითონვე გაუსწორდება მევალეს. ქალთა ინტერკესია აიკრძალა პრინციპატის ხანიდან (ავგუსტუსის და კლავდიუსის ედიქტები). აკრძალვა არ ვრცელდება განსაკუთრებულ შემთხვევებზე: მზითვის დადგენისას და როდესაც ქალი მოქმედებს საქმის ვითარების სრული გააზრებით. ქალის ინტერკესია მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ წარმოდგენილია დოკუმენტურად და მას ხელს აწერს სამი მოწმე.

ინფამისი (infamis) - ცუდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება. infamia - ცუდი სახელი. პრეტორის ედიქტით იგნომინიოსუსი (ignominiosus) იყო უწესო პიროვნება, რომელიც ცენზორის მიერ გაკიცხული ან დასჯილი იყო და პროცესუალურ წარმოებაში შეზღუდული უფლებებით სარგებლობდა. ინფამისი მოკლებული იყო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას (ius suffragii) და კენჭს ვერ იყრიდა თანამდებობაზე (honorum), არ ჰქონდა უფლება სასამართლოში გამოსვლისა, ვერც სხვას წარმოადგენდა სასამართლოში. მას უწესდებოდა შეზღუდვები ქორწინებისას და ა.შ. სავარაუდოდ, ის სამხედრო სამსახურისაგანაც გათავისუფლებული იყო. ინფამია წარმოადგენდა ან უწესო ქცევის და სამარცხვინო საქმიანობის (გლოვის ადათის დარღვევა, ორმაგი დანიშვნა ან ქორწინება, გარყვნილება, თამაში სცენაზე ან არენაზე გარეულ ცხოველებთან ბრძოლა და ა.შ.) ან დანაშაულის შედეგს, რომელსაც თან ახლდა საქმის გამოძიება და სასჯელი. ციცერონის დროს ინფამია მოსდევდა სისხლის სამართლის ნებისმიერ დანაშაულში მსჯავრდებულს, მანამდე კი მხოლოდ იმ დანაშაულის ჩადენას, რომელიც ზუსტად იყო მითითებული კანონში. ინფამია ელოდა იმ პირებსაც, რომლებიც კერძო სამართალდარღვევაში იყვნენ მხილებულნი (ქურდობა, ძარცვა, ტყუილი, იმ მოვალეობებისათვის თავის არიდება, რომლებიც განსაკუთრებულად წმინდად ითვლებოდა. მაგ. მეურვეობა). იუსტინიანუსის სამართალმა შექმნა სპეციალური იურიდიული ინსტიტუტი ინფამია, სადაც სამართლებრივად იყო რეგლამენტირებული ღირსების შელახვა (განსხვავებით ცუდი რეპუტაციისაგან - turpitudo), და თან ახლდა უფლებრივი შეზღუდვა, მაგ., feminae probrosae - ცუდი რეპუტაციის ქალები, როსკიპები და მსახიობები). ამავე კატეგორიაში გადიოდა ინტესტაბილისი - intestabilis - პიროვნება, რომელსაც თავად ჩამორთმეული აქვს მოწმის უფლება და ვერც საკუთარ მოწმედ მოიწვევს ვინმეს. რამდენადაც ინტესტაბილისს ჩამორთმეული ჰქონდა მოწმის უფლება, მას ანდერძის დატოვებაც არ შეეძლო.

ისოპოლიტეია (ίσοπολιτεία) - ახალი მოქალაქეებისათვის მოქალაქეობის ბოძება ძველი მოქალაქეების თანაბარი უფლებებით. ეს ტერმინი უმთავრესად პიროვნებათათვის მოქალაქეობის ბოძების შემთხვევაში გამოიყენებოდა, თუმცა თანდათანობით ის ასევე ტექნიკური ტერმინი გახდა და აღნიშნავდა სახელმწიფოს მოქალაქეთა მთელი კორპუსისათვის მოქალაქეობის ბოძებას. ამასთან გამოიყენებოდა ორ სახელმწიფოს შორის მოქალაქეობის ორმხრივი მინიჭების აქტის აღსანიშნავად. მოქალაქეობის ცალმხრივი ჩუქების აქტი ჩნდება ძვ. წ. 405/4 წ-ს (ათენის მიერ სამოსელთათვის ათენის მოქალაქეობის მინიჭება). ძვ. წ. IV ს-ში ორმხრივი ჩუქების შემთხვევები დასტურდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ისოპოლიტეიათი დაკავშირებული ქალაქები არ იყვნენ გაერთიანებულნი, ისინი დამოუკიდებელ ქალაქებად რჩებოდნენ. ίσοπολιτεία მოკავშირეობის სხვადასხვა ხელშეკრულებაში იყო შეტანილი. სანაცვლოდ, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები მეორის პოტენციური მოქალაქეები ხდებოდნენ. იმისათვის, რომ ისინი მოქმედი მოქალაქეები გამხდარიყვნენ, საცხოვრებლის დაფუძნება და დარეგისტრირება იყო საჭირო. იყო სხვა პრივილეგიებიც, როგორიც იყო მიწის ფლობის უფლება, ეპიგამია - ქორწინების უფლება, ვაჭრობის უფლება იმპორტისა და ექსპორტის გადასახადთა გარეშე.

იულიანუს ოქტავიუს კორნელიუს ემილიანუსი (Iulianus Octavius Cornelius Salvius I Aemilianus) (დაახლ. ახ. წ. 100 წ. - ?) - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იურისტი ჩრდილოეთ აფრიკიდან, ეჭირა მაღალი სახელმწიფო თანამდებობები (იყო ნაცვალი გერმანიაში, ესპანეთსა და აფრიკაში), კონსული (148 წ.), ჰადრიანუსის, ანტონინუს პიუსის, მარკუს ავრელიუსის და ლუციუს ვერუსის მრჩეველი, საბინელების უკანასკნელი მეთაური. სამართალში თავისი გამორჩეული გონიერებისა და ცოდნის წყალობით სარგებლობდა დიდი ავტორიტეტით, ასევე ჰადრიანუსის განსაკუთრებული ნდობით, რომლის დავალებითაც შეაგროვა რესპუბლიკის დროინდელი პრეტორების ედიქტები და განალაგა ისინი გარკვეული რიგით (edictum perpetuum Hadriani). იულიანუსმა შექმნა კლასიკური სამართალწარმოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები დიგესტები - იურიდიული კრებულები - (Digesta) 90 წიგნად, განსჯანი (responsa) რომაული სამართლის ყველა სახისა და ყველა სფეროდან, რომელთაგან მრავალრიცხოვანი ამონარიდები იუსტინიანუსის დიგესტებმა შემოგვინახა); იულიანუსი ავტორია კომენტარებისა მინიკიუსისადმი (Ad Minicium); შესაძლოა, მის კალამს ეკუთვნოდეს „ორაზროვნების შესახებ“ (De ambiguitatibus);

იუსტინიანუსი (Iustinianus I) (ახ. წ. 482-565 წწ.) - აღმოსავლეთ რომის იმპერიის იმპერატორი (527-565). თეოფილეს ხელმძღვანელობით მიიღო კარგი იურიდიული განათლება. ხალხის კეთილგანწყობა კონსულობისას (530 წ.) ჯერ კიდევ თავისი ბიძის, იუსტინუსის სიცოცხლეში დაიმსახურა და მის სიკვდილამდე იგი იმპერატორად (527 წ.) გამოაცხადეს.

იუსტინიანუსი იმპერატორობის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა სახელმწიფოს მტრებს დიპლომატიური ხელოვნებით, მოსყიდვით, ასევე ომებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ომები გადაიხადა იტალიაში ვანდალებისა და ოსტგოტებისა და სპარსელების წინააღმდეგ. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იუსტინიანუსის ინიციატივით მოქმედი რომაული სამართლის კოდიფიკაციას (529 წ.). ტრიბონიანუსის ხელმძღვანელობით, უპირველეს ყოვლისა, შეაერთეს საიმპერატორო სამოქალაქო სამართლის დადგენილებების კორპუსი (Constitutiones Corpus iuris civilis) 12 წიგნად, შემდეგ კი Digesta-ში 50 წიგნად იურისტების თხზულებებიდან ამონარიდები და დაამუშავეს ახალი სახელმძღვანელო დადგენილებები (Institutiones) 4 წიგნად. შემდეგ ამას დაემატა საკანონმდებლო დამატებები (Novellae) ბერძნულ ენაზე.

იუსტინიანუსი ცდილობდა აღმოსავლეთ რომის სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილიზაციასა და რომის იმპერიის აღდგენას მის ადრინდელ საზღვრებში. ენერგიულ, მამაც მმართველს, შესანიშნავ ორგანიზატორს შეეძლო შეერჩია კარგი კანდიდატურები უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობებისათვის. ოცნებობდა, აღედგინა რომაული იმპერია მისი მთელი ბრწყინვალებით. იუსტინიანუსი შეეცადა აღედგინა ტრადიციები, ლათინური გახადა ოფიციალურ ენად და ბრძანა, რომაული სამართლის ფასეულობების შესანარჩუნებლად მათი დამუშავება.

იუსტინიანუსი ეყრდნობოდა საშუალო მიწათმოქმედების ფართო ფენას და კურიალებს (კურიის წევრებს). გადასახადების გაზრდა უპირველეს ყოვლისა გლეხებს ავიწროვებდა, მაგრამ ქალაქის მოსახლეობაშიც დიდი მღელვარება გამოიწვია. მძლავრმა აჯანყებამ, სახელად „ნიკა“ ანუ „გაიმარჯვა“, კონსტანტინოპოლის მთელი მოსახლეობა მოიცვა (532 წ.), მაგრამ იუსტინიანუსის ბრძანებით ჩახშობილ იქნა.

იუსტინიანუსის დროს ყვაოდა ლიტერატურა და ხელოვნება (არქიტექტურა, განსაკუთრებით ეკლესიების (წმ. სოფიას) მშენებლობა და მოზაიკის ხელოვნება). მაგრამ იუსტინიანუსის წამოწყებულმა რომის იმპერიის რესტავრაციის ცდამ სახელმწიფოს ეკონომიკური რესურსები გამოფიტა (მან ცარიელი ხაზინა დატოვა) და იუსტინიანუსის სამფლობელო მისი მემკვიდრეებისას დაინგრა. იუსტინიანუსი მხარს უჭერდა ორთოდოქსულ ქრისტიანულ ეკლესიას, იბრძოდა მონოფიზიტების წინააღმდეგ და 529 წ-ს დახურა ათენის ფილოსოფიური სკოლა (ათენის აკადემია), ნეოპლატონიზმის საყრდენი.

8.10

▲ზევით დაბრუნება


კალათი, სვანეთი - ხორაგეულობა, პური და არაყი, 30-40 კაცის სამყოფი ვახშმიდან დილამდე, რომელიც საცოლის მშობლებს მიჰქონდათ სასიძოს სახლში და უმასპინძლდებოდნენ როგორც თავიანთ მაყრებს, ისე სასიძოს სტუმრებსაც, რომელთა რიცხვი ყოველთვის აღემატებოდა საცოლისგან მიპატიჟებულ სტუმარ-მაყრებს. უშგულის საზოგადოებაში კალათი 30 პურით შემოიფარგლებოდა. „კალათი“ საქმროს სახლში მიჰქონდათ ხარ-მარხილით, რომელსაც საცოლეს მისვლამდე უნდა მიეღწია.

კანდიდატი (candidatus) - პრეტენდენტი მაგისტრატის თანამდებობაზე იცვამდა თეთრ ტოგას და მეგობრებითა და მონებით (nomenclatores) გარშემორტყმული არჩევნების წინ დადიოდა ქალაქში, ცდილობდა ამომრჩევლის გულის მოგებას (lex Pompeia 5). უკვე გვიანი რესპუბლიკის ხანაში წინასაარჩევნო კამპანიას თან ახლდა ინტრიგები, მოსყიდვები. პრინციპატის ხანაში იმპერატორის მიერ წამოყენებული კანდიდატის დამტკიცებას სენატის მხრიდან ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

კანონი, ათენი (νόμος) - როგორც ჩანს, ძვ. წ. V ს-ში ათენელები საკანონმდებლო სივრცეში ორ ცნებას - νόμος-ს და ψήφισμα-ს ერთმანეთის მონაცვლეობით იყენებდნენ იმ ოდენობის აღსანიშნავად, რომელსაც ჩვენ „კანონს“ ვუწოდებთ. ძვ. წ. IV ს-ში ცნებებმა - νόμος-მა და ψήφισμα-მ განსხვავებული მნიშვნელობა შეიძინა: νόμος იყო „კანონი“, ხოლო ψήφισμα - „დეკრეტი“. (ძვ. წ. V ს-ში ამ ტერმინების მეტ-ნაკლებად ეკვივალენტური გამოყენებისათვის იხილეთ ქსენოფონი, ჰელენიკა, 1. 7. 20-22). ძვ. წ. IV ს-ში კანონები მიიღებოდნენ კანონშემოქმედების სპეციალური პროცესის მეშვეობით, მაშინ როდესაც დეკრეტთა მიღება სახალხო კრებაზე კენჭისყრით ხდებოდა. ათენურ სამართალწარმოებაში კანონები აღემატებოდა დეკრეტებს.

კანონები განსაზღვრავდნენ, თუ რა სახის დეკრეტების მიღება შეეძლო სახალხო კრებას. ასე მაგალითად, არსებობდა კანონი, რომელიც ნებას რთავდა სახალხო კრებას, მიეღო მოქალაქისათვის პატივის მიმნიჭებელი დეკრეტი, მაგრამ იგივე კანონი ზღვარს უდებდა ასეთი პატივის მიღების პირობებს. სასამართლოებს (იხ. დიკასტერიონი) კანონებზე დაყრდნობით შეეძლოთ ამა თუ იმ დეკრეტის გაუქმება. დეკრეტი შემდეგი ფორმულირებით იწყებოდა: „ხალხმა გადაწყვიტა, რომ...“, ან „ბულემ და ხალხმა გადაწყვიტეს, რომ...“ (IG II2 206 4-5; IG II2 206 28-30); კანონი კი იწყებოდა ფორმულირებით: „ნომოთეტესებმა გადაწყვიტეს, რომ...“ (SEG 12 87. 607).

ათენელებს არ ჰქონდათ აშშ-ის მსგავსი ფორმალური კონსტიტუცია, ანუ კანონთა კორპუსი, რომელიც ფუნდამენტალურად განსაზღვრავს სახელმწიფოს. თუმცა, ზოგიერთ კანონს ჰქონდა დამატებითი პუნქტები, რომლებიც ართულებდნენ კანონის შეცვლას.

ათენის კანონმდებლობის სამი უმთავრესი პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: ა) ათენის კანონები ეხებოდა ყველა პიროვნებას; ბ) ათენის კანონები უფრო ავტორიტეტულები იყვნენ, ვიდრე დეკრეტები; გ) ძალა მხოლოდ დაწერილ კანონებს ჰქონდათ.

როდესაც სოლონმა ძვ. წ. VI ს-ში ათენური კანონების რევიზია მოახდინა, ახალი კანონები მან ხის დაფებზე - აქსონებზე ჩაწერა. დაფებზე თუ ქვაზე კანონთა ჩაწერით და მათი საჯარო ადგილზე მოთავსებით (გამოქვეყნებით) კანონი ყველა მოქალაქისათვის და არა მხოლოდ ელიტის მცირე ნაწილისათვის იყო ხელმისაწვდომი. კანონთა ცოდნა მნიშვნელოვანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში (იხ. დიკასტერიონი) მსაჯულები (იხ. დიკასტესი) იყვნენ არჩეულნი რიგითი მოქალაქეებისაგან. თუმცა კანონები არ მოიცავდა ყველა შემთხვევითობას. ასე რომ, ნათელი კანონის არარსებობის შემთხვევაში, მსაჯულები თავისუფალნი იყვნენ ხმა მიეცათ ან დაუწერელი კანონების, ან სამართალის მათეული გაგებიდან გამომდინარე.

კანონმდებლობა, რომი - რომის სამართლის საფუძველს წარმოადგენს:

1) ადათობრივი სამართალი - ადათები შერწყმული იყო რელიგიურ და მორალურ ნორმებთან (mores maiorum). სახელმწიფოს განვითარებასთან ერთად ადათობრივი სამართალი ვეღარ აკმაყოფილებდა სახელმწიფოს სამართლებრივ მოთხოვნებს, ამიტომ ადათი ადგილს უთმობს 2) კანონებს. პირველი კანონები სათავეს იღებს ძვ. წ. VI ს-დან. სერვიუს ტულიუსის რეფორმა შეიძლება ჩაითვალოს პირველ კანონებად (ძვ. წ. 509 წ.). სერვიუს ტულიუსი რიგით VI მეფეა (rex), რომელიც რომს მართავდა VI საუკუნის შუახანებში (ძვ. წ. 578-533წწ.). ტაციტუსის მიხედვით, პირველ კანონმდებლად სწორედ სერვიუს ტულიუსი ითვლება, რამდენადაც მისი წინამორბედები მხოლოდ ცალკეული დადგენილებების და კანონების გამოცემით იფარგლებოდნენ. მეფეების განდევნის შემდეგ გამოიცა მხოლოდ ცალკეული კანონები პატრიციელთა გავლენის შესამცირებლად. საბოლოოდ ძვ. წ. 451 - 450 წწ. დეცემვირთა მიერ შემუშავდა XII დაფის კანონები. XII დაფის კანონებმა საფუძველი ჩაუყარა რომაულ კანონმდებლობას. leges Liciniae Sexstiae (იხ. გაიუს ლიცინიუს სტოლონი) ძვ. წ. 366 წ-ს უზრუნველყო პლეებეების სამართლებრივი მდგომარეობის მეტ-ნაკლები გათანაბრება პატრიციებთან. ორი შემდგომი საუკუნე, რომლებიც აღსავსე იყო განუწყვეტელი ომებით სხვა ხალხებთან, არ გამოირჩეოდა კანონმდებლობის განვითარებით, პირიქით, ლიცინიუსის კანონები დაივიწყეს. შემდგომ აღზევებად კანონმდებლობის განვითარების ისტორიაში შეიძლება ჩაითვალოს ძმები გრაკქუსების მოღვაწეობა. სულას რეფორმები (leges Corneliae) (ძვ. წ. 87 წ.) მიმართული იყო სახელმწიფოს სრული რეორგანიზაციისაკენ არისტოკრატიის გაძლიერების კუთხით. ამ კანონების გამოცემის თანმიმდევრობა ბოლომდე გარკვეული არ არის. თემატურად ისინი შეიძლება დაიყოს ბლოკებად: ა) სახელმწიფო მოწყობა: 1) de comitiis centuriatis - ამ კანონის მიხედვით აღდგა ცენტურიის კომიციების მუშაობა, თუმცა მალევე ისევ გაუქმდა. 2) de magistratibus - დაამტკიცა თანამდებობათა ძველი თანმიმდევრობა. 3) de tribunicia potestate - ამ კანონმა თითქოს მთლიანად გაანადგურა ტრიბუნატის მნიშვნელობა, შეზღუდა ius cum plebe agendi იმ დონემდე, რომ ტრიბის კომიციებში განსახილველად შესატან კანონპროექტებს ადგენდა სენატი. 4) de octo praetoribus - პრეტორთა რაოდენობა გაიზარდა 8 კაცამდე. 5) de XX questoribus - კვესტორთა რაოდენობა გაიზარდა 20 კაცამდე. 6) de sacerdotis - გაუქმდა (lex Domitia (ძვ. წ. 103წ.). სულამ გააუქმა ეს კანონი, ხოლო მოგვიანებით აღადგინა იგი lex Atia-მ (ძვ. წ. 63 წ.). 7) de provinciis ordinandis - მიანიჭა სენატს უფლება დაენიშნა თანამდებობის პირები კონსულის და პრეტორის პროვინციებში. ამასთანავე შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ჩინოვნიკებს სამსახურებრივი ვადის ამოწურვის შემდეგაც 1 წლით უგრძელდებოდათ იმპერიუმი და იგზავნებოდნენ პროვინციაში. ბ) სისხლის სამართლის სფერო და სამართალწარმოება. მას შემდეგ, რაც სულამ მოსამართლის წოდება სენატორებს უბოძა, დააკანონა საქმეების განხილვა quaestiones perpetuae-ს მიერ (მუდმივმოქმედი სასამართლო სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად. მან ჩაანაცვლა კომიციებში საქმის განხილვა). არადემოკრატიული რეფორმები გატარდა პოლიციის სისტემაში და კანონმდებლობაში. სულას სიკვდილთან ერთად (ძვ. წ. 78 წ.) ისევ ჩნდება დემოკრატიული ოპოზიცია, რომელიც ცალკეული კანონებით ცდილობს სახელმწიფოში მდგომარეობის დარეგულირებას. კეისარსა და პომპეუსს შორის მიმდინარე ბრძოლის პირობებში კანონმდებლობა ბრძოლის იარაღად იქცა, სადაც კანონებს ცვლიდნენ და გამოსცემდნენ ახალს ძირითადად საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ავგუსტუსმა შეძლო კანონების საშუალებით აღედგინა წესრიგი ქვეყანაში, შექმნა მსტოვართა ძლიერი ინსტიტუტი (delatores). თუმცა დროთა განმავლობაში მსტოვრები არა სახელმწიფო, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ. თუ რესპუბლიკის პერიოდში კანონებს ღებულობდა სახალხო კრებები (კურიის, ცენტურუიის, ტრიბის კრებები). იმპერიის პერიოდში სახალხო კრებების როლი დაეცა და კანონების გამოცემის უფლება მიისაკუთრა იმპერატორმა. იმპერატორის განკარგულებებს ეწოდებოდა კონსტიტუციები. ისინი 4 ჯგუფის იყო: ა) ედიქტები - მთელი მოსახლეობისათვის სავალდებულო განკარგულებები; ბ) რესკრიპტები - ცალკეულ საქმეებზე გამოცემული განკარგულებები; გ) მანდატები ანუ იმპერატორის მიერ მოხელეებისათვის მიცემული დავალებები; დ) დეკრეტები ანუ იმპერატორის გადაწყვეტილებები მასთან შესულ სადავო საქმეებზე.

3) მაგისტრატების (პრეტორი, ცენზორი, კონსული, ედილი, კვესტორი, პლებსის ტრიბუნი, დიქტატორი) ედიქტებს კანონის ძალა ჰქონდა. ედიქტი იყო საჯარო განცხადება-ბრძანება. ყველაზე დიდი მნიშვნელობის იყო პრეტორის ედიქტები. მაგისტრატების ბრძანებები ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა. თუმცა ეს არ ეხებოდა პრეტორის ედიქტებს, რომლებსაც ხანგრძლივი მოქმედების ვადა ახასიათებდა.

4) როგორც რესპუბლიკის, ისე იმპერიის ხანაში დიდი როლი შეასრულეს კანონმდებლობის განვითარების საქმეში რომაელმა იურისტებმა. იურიდიულ სამსახურს რომში საფუძველი ჩაეყარა ძვ. წ. III ს-ში. პირველ იურისტად ასახელებენ ტაბერიუს კორუნკანიუსს (გარდაიცვალა ძვ. წ. 236 წ-ს), თუმცა ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ კორუნკანიუსამდეც მოღვაწეობდნენ იურისტები. იურისტთა მოღვაწეობა რამდენიმე მიმართულებას შეიცავდა: 1) იურიდიულ მოქმედებათა შესატყვისი ფორმულირების ჩამოყალიბება (cavere - ფორმულირების შედგენა). 2) იურიდიულ საკითხებში მოქალაქეებისათვის, სახელმწიფო მოღვაწეებისათვის კონსულტაციების მიცემა (respondere). 3) სასამართლოში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე გამოსვლა მისი ინტერესების დაცვის მიზნით (agere).

რომაელი იურისტი ულპიანუსი (ახ. წ. III ს.) ერთმანეთისაგან განასხვავებს კერძო (ius privatum - არეგულირებდა ცალკეულ პირთა შორის დავას და იცავს მათ ინტერესებს) და საჯარო სამართალს (ius publicum - იცავდა სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესებს).

კანონის წინაშე რომში ყველა ადამიანი არ იყო თანაბარუფლებიანი. პირთა უფლებამოსილებას ეწოდებოდა სტატუსი (status) და აერთიანებდა სამ ელემენტს: 1) თავისუფლების სტატუსი (status libertatis) - (თავისუფალი და არათავისუფალი მოქალაქეები). 2) მოქალაქეობის სტატუსი (status civitatis) (რომაელი მოქალაქეები და არარომაელები - ლათინები, პერეგრინები). 3) საოჯახო სტატუსი (status familiae) - რომაელი მოქალაქის მდგომარეობა ოჯახში.

რომის მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო სამართალში შეიცავდა ორ ელემენტს: 1) ქორწინების უფლება 2) კომერციის უფლება (ქონების შეძენა - გასხვისების უფლება). რომის სამოქალაქო სამართალში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა პირის ქმედითუნარიანობას (ასაკი და შერაცხადობა). ძველ რომში ქმედითუნარიანობის შეზღუდვის ერთ-ერთი პირობა იყო სუბიექტის აღიარება უსირცხვილოდ, უსინდისოდ, რომაულ კანონმდებლობაში განარჩევენ: I) სანივთო სამართალს, რომელსაც უკავშირდება კერძო საკუთრების უფლება, რაც პირველად რომის სამართალმა დაამუშავა. II) ვალდებულებითი სამართალი (obligatio) რომის სამართალში სახელმწიფოს განვითარების გვიან ეტაპზე ჩამოყალიბდა. ეს არის ხელშეკრულებები (contractus). მისი სახეებია: სესხის, თხოვების, შენახვის, ყიდვა-გაყიდვის, ქირავნობის, მომსახურების, ნარდობის, მინდობილობის, ამხანაგობის და სხვ. და ვალდებულებები (delictum). რომაელი იურისტი გაიუსი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს სამ ჯგუფად ჰყოფდა: 1) ვალდებულებანი, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულებიდან; 2) ვალდებულებანი, რომლებიც წარმოიშობა ზიანის მიყენების ან უფლების დარღვევის გამო - დელიქტები; 3) ვალდებულებანი, წარმოშობილი სხვა მიზეზთა გამო. იგივე გაიუსი და იუსტინიანუსის ინსტიტუციები იცნობს ვალდებულების წარმოშობის 4 ფორმას: 1) ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებანი; 2) კვაზიხელშეკრულებები; 3) ვალდებულებები, წარმოშობილი ზიანის მიყენების გამო; 4) კვაზიდელიქტებიდან წარმოშობილი ვალდებულებანი. III) საოჯახო სამართალი IV) სამემკვიდრეო სამართალი; V) სისხლის სამართალი.

კანონები არსის მიხედვით ორ ტიპად იყოფოდა: Leges privata, რომლებიც კერძო პირთა, ცალკეულ მოქალაქეთა ინტერესებს იცავდა და არეგულირებდა. კერძო კანონთა გვერდით ფუნქციონირებდა Leges publicae, რომლებიც იცავდა რომაელი ხალხის სუვერენიტეტს.

კანონმდებლობითი ფუნქციით აღჭურვილნი იყვნენ მაღალი რანგის მაგისტრატები (magistratus maiores), კრებებზე - ტრიბუნები. კანონპროექტის ავტორს წინასწარ უნდა წარმოედგინა იგი (გამოეფინა) - promulgatio გარკვეული პერიოდის განმავლობაში (არაუმცირეს სამი კვირისა) მოქალაქეებს შეეძლოთ შეესწავლათ კანონპროექტი და შეეტანათ მასში ცვლილებები.

ხმის მიცემის დღეს მაგისტრატი შეკრებილთ უკითხავდა კანონპროექტს, რომელიც ახლა უკვე აღარ ექვემდებარებოდა ცვლილებებს) და შემოდიოდა ხმის მიცემის წინადადებით, რომელიც ჩვეულებრივი წესით ტარდებოდა: UR (uti rogas - როგორც შენ შემოგვთავაზებ = დადებითი ხმა) და A (absolvo - უარს ვამბობ ახალ წინადადებაზე). თუ კრება კანონს მიიღებდა, მაგისტრატი ბრძანებას გასცემდა, რომ საზეიმოდ გაეხმოვანებინათ იგი (renuntiatio - ხმის მიცემის შედეგების გამოქვეყნება). ამის შემდეგ კანონი უკვე ძალაში შედიოდა. შესაძლებელი იყო კანონი ძალაში შესულიყო გარკვეული პერიოდის შემდეგ (vocatio legis).აუცილებელ პირობას წარმოადგენდა კანონის სენატის მიერ დამტკიცება (auctoritas patrum), რომელიც lex Publilia 3-ის მიხედვით წინასწარ გაიცემოდა. მიღებული კანონის ტექსტი ინახებოდა სახელმწიფო არქივში - aerarium populi Romani.

კანონი თავის სახელწოდებას იღებდა ავტორის გვარის მიხედვით. კონსულის მიერ შემოტანილ კანონებს ეწოდებოდა Lex consulares, სახალხო ტრიბუნის მიერ შემოტანილს - Lex tribuniciae. კანონი შედგებოდა სამი ნაწილისაგან: praescriptio legis (კანონის შესავალი ნაწილი), rogatio legis (კანონის უშუალო გადმოცემა, რომელიც შეიძლება თავებად იყოს დაყოფილი) და sanctio (კანონის ის ნაწილი, სადაც გადმოცემულია, თუ რა მოჰყვება ამ კანონის არშესრულებას). სანქციის მიხედვით კანონები იყოფოდა Leges perfectae (კანონის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები ითვლებოდა პიროვნებისათვის დამამცირებლად), Leges minus quam perfectae (კანონის დარღვევას თან ახლდა სასჯელი, ძირითადად ჯარიმა) და Leges imperfectae (ყოველგვარი სანქციის გარეშე). უკანასკნელი ტიპის კანონები კანონთა უმრავლესობას წარმოადგენდა. Leges rogatae-ს უპირისპირდებოდა Leges datae, რომელთაც თავად მაგისტრატი გამოსცემდა, აღჭურვილი იყო რა ამ ფუნქციით სახალხო კრების თუ სენატის მიერ. იმის მიხედვით, თუ სად უყრიდნენ კანონს კენჭს, კანონები იყოფოდა Leges curiatae და Leges tributae. ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით ხშირად რამდენიმე კანონი გამოიცემოდა, რადგან არ ხდებოდა მიღებული კანონის დაცვა, ამის გამო ჩამოყალიბდა კანონთა მსხვილი ჯგუფები:

Leges agrariae - არეგულირებდა სახელმწიფო მიწის განაწილების საკითხს და მთლიანად მოიცავდა აგრარულ სფეროს. აგრარული პრობლემა რესპუბლიკის ხანაში პატრიციებსა და პლებეებს შორის დაპირისპირების მთავარ საგანს წარმოადგენდა. ამ კანონთაგან ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს: Lex Appuleia 3; Lex Cocceia 3; Lex Sempronia 2. Leges de alea - აზარტული თამაშების წინააღმდეგ იყო მიმართული (Lex Cornelia 9 - ნიძლავის დადება შეიძლებოდა მხოლოდ ათლეტური შეჯიბრების დროს და იკრძალებოდა აზარტული თამნაშებისას. იმავე შინაარსის იყო lex Publicia 9 ( 75-50 წწ.) და Lex Titia 3.

Leges de ambitu - დაახლოებით 13 კანონი, რომლებიც არეგულირებდა მაგისტრატის თანამდებობაზე წამოყენებულ კანდიდატთა საქციელს. მკაცრი სასჯელი ელოდა იმას, ვინც წინასაარჩევნო ინტრიგებში იქნებოდა შემჩნეული (10 წლით მოკვეთა, სენატიდან, მაგისტრატურიდან დათხოვნა). მიუხედავად სასჯელის სიმკაცრისა კანონი ეფექტური არ იყო ნობილიტეტის ძალაუფლების პირობებში: lex Aufidia; lex Aurelia 3; lex Cornelia 10. 25, 28; lex Iulia 21; lex Tullia

leges de coloniis deducendis - კანონები კოლონიების დაარსების შესახებ.

leges de maiestate - მიმართული იყო იმათ წინააღმდეგ, ვინც ხელყოფდა ავტორიტეტებს, leges de provocatione - ამ კანონებით ხდებოდა რომის მოქალაქეების ძირითადი უფლებების დაცვა: lex Duilia; lex Sempronia 7; lex Valeria 7. leges de sacerdotis - ქურუმთა და წოდებათა შესახებ კანონები.

leges de sponsu - კანონები თავდებად დადგომის შესახებ; lex Appuleia; lex Cicereia.

leges fenebres - სიმწვავით ვალი და საპროცენტო განაკვეთი აგრარული საკითხის შემდეგ მეორე ადგილზე იდგა რესპუბლიკის ხანაში: lex Claudia; lex Licinia de aere alieno; lex Poetelia Papiria 2.

leges frumentariae - არეგულირებდა ხორბლის დარიგების პროცედურას: lex Appuleia 4; lex Clodia 6; lex Sempronia 10.

leges iudicariae - კანონები სამართალწარმოების, სასამართლოს ორგანიზებისა და სასამართლოს შემადგენლობის შესახებ. გრაკქუსებიდან მოყოლებული ეს საკითხი ნობილიტეტსა და მხედრებს შორის მწვავე დაპირისპირების და ბრძოლის საგანს წარმოადგენდა: lex Aurelia 2; lex Cornelia 5; lex Iulia 32, 33; lex Livia 3; lex Sempronia12; lex Servilia.

leges repetundarum - შეიცავდა დაახლოებით 10 კანონს გამოძალვის, თანამდებობრივი გაფლანგვის და მაგისტრატთა მექრთამეობის შესახებ. კანონი თავდაპირველად პროვინციის მაგისტრატების მექრთამეობას, ხოლო მოგვიანებით ყველანაირ თანამდებობრივ გადაცდომას ითვალისწინებდა. მიუხედავად კანონების მიერ გათვალისწინებული მკაცრი სასჯელისა, ისინინ არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან არ ეხებოდა ძირითად მიზეზს - ნობილიტეტის მმართველობას, რომლისათვისაც პროვინციების ძარცვა შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა: lex Acilia repetundarum; lex Calpurnia de repetundis; lex Cornelia 18 de repetundis; lex Iulia 5 de repetundarum; lex Servilia 1 repetundarum.

კანონშემოქმედება, ათენი - ბერძნული დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. დემოკრატიული მმართველობის დროს ათენელები კანონებითა (νόμος) და დეკრეტებით (ψήφσμα) იყვნენ მართულნი. „იმ საგანთა რიცხვი, რომლებიც ძირითადად იცავენ ჩვენს დემოკრატიას და ინარჩუნებენ ჩვენი ქალაქის მშვენიერებას, სამია: პირველი ეს არის კანონთა სისტემა, მეორე - მსაჯულთა მიერ ხმის მიცემა და მესამე - სამართლებრივი დევნის ის გზა, რომლითაც მსაჯულებს განსასჯელად დანაშაული გადაეცემათ“ (ლიკურგოსი, 1, 3-4), აცხადებს ორატორი ლიკურგოსი თავის ცნობილ სიტყვაში.

ათენის კანონშემოქმედების პროცესში ბერძნული დემოკრატიის ყველა მთავარი ინსტიტუტი - სახალხო კრება, ბულე, მსაჯულთაგან შერჩეული ნომოთეტესები (კანონშემოქმედნი), თესმოთეტესებად სახელდებული ექვსი არქონი იღებდა უშუალო მონაწილეობას (იხ. დიკასტესი, სამართალწარმოება, ათენი), რომ აღარაფერი ვთქვათ რიგით, ათენის საშუალო მოქალაქეზე. ათენის კანონშემოქმედებას რამდენიმე უმთავრესი ნიშანი გამოარჩევდა - მისი ღიაობა, გამჭვირვალობა, დემოკრატიულობა, ყველასთვის ხელმისაწვდომობა. იმას, თუ რამდენად ღია იყო ეს პროცესი ნებისმიერი მოქალაქის ინიციატივისათვის, ცხადყოფს ათენელი მოქალაქის უფლება, შეეცვალა არსებული კანონი. თუ იგი მიიჩნევდა, რომ არსებული კანონი არ ვარგოდა, მას შეეძლო, თავისი წინადადება შეეთავაზებინა. კანონშემოქმედების პროცესში მოქალაქის უშუალო ჩართულობის გარდა, დემოკრატიული ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავდა, რომ კანონთა ცოდნა ყველასათვის ხელმისაწვდომი და არა ოდენ ელიტის პრეროგატივა ყოფილიყო. ამიტომაც ათენის კანონები საჯაროდ იყო გამოფენილი ათენის ცენტრში, ეპონიმ გმირთა ქანდაკებების ირგვლივ. ასე რომ, მათი გაცნობა ნებისმიერ ათენელს შეეძლო. დემოსთენე, რომელსაც მიაჩნდა, რომ ბერძნული კანონშემოქმედება ერთობ ღია და დემოკრატიული იყო, აცხადებდა: „ყველა მოქალაქეს თვალწინ ერთი და იგივე კანონები აქვს, მარტივი და ნათელი წასაკითხად და გასაგებად“ (დემოსთენე, 20. 93). ათენის კანონშემოქმედებისათვის საკვანძო ტერმინები გახლდათ ორი ტერმინი - νόμος და ψήφσμα. ძვ. წ. V ს-ში, როგორც ჩანს, ეს ორი ტერმინი - νόμος და ψήφσμα მეტ-ნაკლებად ეკვივალენტური იყო და ერთმანეთის მონაცვლეობით იხმარებოდა (იხ. ქსენოფონი, ჰელენიკა, 1. 7. 21) ძვ. წ. IV ს-ში კი ამ ტერმინებმა ორი განსხვავებული ცნების აღნიშვნა დაიწყო: „ნომოს“ იყო კანონები, რომლებიც მოქმედნი ხდებოდა კანონშემოქმედების სპეციალური პროცედურის მეშვეობით, მაშინ, როდესაც დეკრეტების მიღებისთვის სახალხო კრების კენჭისყრა იყო საკმარისი ( იხ. კანონი).

თუ ადრეული პერიოდის საკანონმდებლო მოძრაობის შესახებ ცნობები უფრო მეტად ტრადიციით შემონახული ან ფრაგმენტული ხასიათისაა, ძვ. წ. V ს-ის მიწურულიდან მოყოლებული ათენური კანონშემოქმედების თაობაზე არაერთი წყარო გვაწვდის ცნობებს. ასე მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია, თუ როგორ მოხდა ძვ. წ. 410 წ-ს, ოლიგარქიული გადატრიალების შემდეგ, დემოკრატიული მმართველობის აღდგენის დროს კანონმდებლობის შემუშავება. ახალი დემოკრატიული ხელისუფლების პირველი ნაბიჯი გახლდათ სწორედ ე.წ. „კანონთა გამომქვეყნებელთა“ საბჭოს შექმნა, რომელსაც დაევალა უკვე არსებული კანონების, განსაკუთრებით კი სოლონისა და დრაკონის კანონთა გამოქვეყნება, რაც საზოგადოებისათვის მათ გაცნობაში მდგომარეობდა. ის გარემოება, რომ კანონთა კორპუსის ჩამოყალიბება და მოქალაქეთათვის მათი გაცნობა ახალაღდგენილი დემოკრატიული ხელისუფლების პირველი აქტი იყო, ცხადყოფს, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბერძნები კანონთა ხელმისაწვდომობას მოქალაქეთათვის. როდესაც ექვსი წლის მუშაობის შემდეგ კანონთა კორპუსი შეიკრიბა, კანონები ქალაქის ცენტრში, აგორაზე, სტოა ბასილეიოსის კედლებზე ამოტვიფრეს. საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ ძვ. წ. 404 წ-ს დემოკრატიული ხელისუფლების დროებითი გადაგდებისას, ქვებზე დაწერილი ეს კანონები მაშინვე გაიტანეს აგორიდან. ერთი წლის შემდეგ მოსულმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ისევ დააყენა დღის წესრიგში ათენის კანონმდებლობის მოწესრიგების საკითხი. დროებით, სანამ ახალი კანონმდებლობა შეიქმნებოდა, ხელისუფლებამ დაავალა პასუხისმგებელ პირებს ძველი კანონების შეკრება და კოდიფიკაცია. ამასთანავე, მან დანიშნა „კანონების მომღებთა“ ანუ ნომოთეტესების საბჭო. ამ საბჭოს ევალებოდა ყველა არსებული კანონის შემოწმება. ნომოთეტესების საბჭოს შემოღებით ათენის კანონშემოქმედებაში ახალი ეტაპი იწყება. ძვ. წ. 403 წ-ს შემდეგ კანონის ქმნადობის უფლება ჩამოერთვა სახალხო კრებას და გადაეცა ნომოთეტესებს, რომლებსაც უნდა ეწარმოებინათ კონტროლი იმაზე, რომ არ მომხდარიყო მოუფიქრებელი, აჩქარებული და არსებულის საწინააღმდეგო კანონების მიღება. კანონთა ამ რევიზიის და ახალი კანონების შექმნის მიუხედავად, ათენელები კვლავ იყენებდნენ დრაკონისა და სოლონის კანონებს. ასე მაგალითად, ძვ. წ. IV ს-ში მკვლელობის საქმეთა განხილვის დროს ისევ დრაკონის კანონებს ეყრდნობოდნენ, მემკვიდრეობის საქმეთა განსჯის შემთხვევებში კი სოლონის კანონებს მიმართავდნენ.

კანონშემოქმედების ახალი ეტაპი რთული, ხანგრძლივი და მრავალსაფეხურიანი იყო. სამ შემთხვევაში იკრიბებოდნენ და წარმართავდნენ ნომოთეტესები საკანონმდებლო პროცესს: 1) როცა სახალხო კრება იწვევდა მათ კანონთა რევიზიისათვის; 2) როცა ათენელ მოქალაქეს შეჰქონდა წინადადება კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით; 3) როცა თესმოთეტესები აწარმოებდნენ კანონთა შესწავლას.

1. სახალხო კრება ყოველწლიურად, წლის I შეკრებაზე ახდენდა ათენის კანონების მთელი კორპუსის რევიზიას. თუ რომელიმე კანონი ხმის მიცემით (ხმის მიცემა ხდებოდა ხელის აწევით) იქნებოდა უარყოფილი, მაშინ პრიტანისებს ევალებოდათ მოეწვიათ იმ თვის ბოლო სახალხო კრება ამგვარ კანონთა განსახილველად. ხოლო პროედროსებს (თავმჯდომარეებს) კი ეკისრებოდათ სახალხო კრებაზე დაეყენებინათ ნომოთეტესების შეკრებისა და მათი სახელფასო ფონდის საკითხი, და ასევე საკითხი იმის შესახებ, თუ რა დრო უნდა მიეცათ ნომოთეტესებისათვის მათი საქმიანობის საწარმოებლად. სახალხო კრების I მოწვევამდე ნებისმიერ ათენელს, რომელსაც სურდა შეეცვალა კანონი/ კანონები, საჯაროდ უნდა წარმოედგინა თავისი წინადადება ამ კანონის/კანონთა შეცვლის შესახებ. მას წერილობით უნდა შეეთავაზებინა თავისი კანონპროექტი და გამოეფინა იგი ეპონიმ გმირთა ქანდაკებების წინაშე. ამ წინადადებათა წინასწარი ცოდნა საშუალებას აძლევდა სახალხო კრებას, განესაზღვრა, თუ რა დრო დასჭირდებოდათ ნომოთეტესებს თავიანთი საქმიანობისათვის. I მოწვევის სახალხო კრება ასევე ირჩევდა იმ ხუთ მოქალაქეს, რომელთაც „ნომოთეტესების წინაშე წარდგენილი გასაუქმებელი კანონები“ უნდა დაეცვათ (დემოსთენე, 24. 23). თავად ნომოთეტესების არჩევა კანონშემოქმედებისათვის დანიშნულ დღეს ხდებოდა. მათი კოლეგია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. ასე მაგალითად, ცნობილია, 174 რომ ძვ. წ. 354/3 წ-ს ტიმოკრატესის მიერ წარდგენილ კანონპროექტს 1001 ნომოთეტესი განიხილავდა. ნომოთეტესების შეხვედრას პროედროსები წარმართავდნენ, რომელთაგანაც ერთი იყო თავმჯდომარე. შეკრება სასამართლო სხდომას ჩამოჰგავდა, რომელზედაც არსებული კანონების დასაცავად წინასწარ არჩეული მოქალაქეები გამოდიოდნენ, სხვები კი, პირიქით, წარმოთქვამდნენ სიტყვას არსებულ კანონთა შესაცვლელად. როცა ორივე მხარის გამოსვლა დამთავრდებოდა, ნომოთეტესები კანონს ხელის აწევით აძლევდნენ ხმას. ამგვარად, ნომოთეტესების ფუნქცია იყო დეტალურად მოესმინათ (მაგრამ, სავარაუდოდ, მათ განხილვა არ ევალებოდათ) არგუმენტები შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ და მიეღოთ საბოლოო, ავტორიტეტული გადაწყვეტილება. ნომოთეტესების მიღებული კანონები გამოქვეყნებული იყო ეპონიმ გმირთა ქანდაკებების წინ. მათ ასევე ხმამაღლა კითხულობდნენ შემდეგი მოწვევის სახალხო კრებაზე.

2) იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე გამოდიოდა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით, მას არ შეეძლო მხოლოდ კანონის შეცვლა შემოეთავაზებინა, მას არსებულის საპირისპიროდ ახალი კანონპროექტი უნდა წარმოედგინა. მას შემდეგ, რაც იგი გამოაკრავდა ახალი კანონის მისეულ წინადადებას, ბულეს ეს საკითხი სახალხო კრების დღის წესრიგში უნდა შეეტანა. ეს „პრობულევმის (რეზოლუციის)“ მეშვეობით ხდებოდა. ბულეს ჰყავდა თავისი სპეციალური „საკანონმდებლო მდივნები“, რომლებიც ყველა კანონის ასლს აკეთებდნენ და ბულეს ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ. ამის შემდეგ სახალხო კრება განიხილავდა ამ კანონპროექტს და წყვეტდა, ჰქონდა თუ არა კანონპროექტს საკმარისი წონა, რომ იგი ნომოთეტესების წინაშე წარედგინათ განსახილველად. ნომოთეტესების შეხვედრა იმავე წესით წარიმართებოდა, რომლითაც 1 შემთხვევაში. თუ კანონს მიიღებდნენ, ის ეპონიმ გმირთა ქანდაკებების წინ იკავებდა ადგილს.

3) ყოველწლიურად კანონთა რევიზია თესმოთეტესებსაც ევალებოდათ. თუ ისინი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფ ან არაქმედითუნარიან კანონს/კანონებს აღმოაჩენდნენ, მათ ასევე წერილობითი სახით უნდა გამოექვეყნებინათ თავიანთი განცხადება ეპონიმ გმირთა ქანდაკებათა წინ. შემდეგ იგივე პროცედურა იმართებოდა - პრიტანისებს უნდა მოეწვიათ სახალხო კრება (მოწვევის სათაურად იწერებოდა „ნომო-თეტესებისთვის“), ხოლო პროედროსებს უნდა წარედგინათ კენჭის საყრელად ერთი კანონის/ კანონების გაუქმება და მეორესთვის ხმის მიცემა. იმ შემთხვევაში, თუ ვინმე კანონის საწინააღმდეგო დეკრეტს შეიტანდა, ან შეიტანდა ისეთ კანონპროექტს, რომელიც არღვევდა არსებულ კანონმდებლობას, აღიძვრებოდა საქმე სახელწოდებით გრაფე პარანომონი (γραφή παρανόμων). ეს იყო საშუალება, რომლითაც ათენელები თავიანთი კანონების უზენაესობას უზრუნველყოფდნენ.

ყველა ამ პროცედურის დარღვევა ისჯებოდა, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხაში გამოიხატებოდა.

ათენის კანონშემოქმედებით სისტემას თავისი კრიტიკოსები და თავისი მაქებრები ჰყავდა. არისტოტელე აკრიტიკებდა ამ სისტემას და ამბობდა, რომ ათენში ყველაფერი „დეკრეტებითა და სასამართლოებით“ წყდებოდა. ეს კრიტიკა მართლაც არ იყო საფუძველმოკლებული, რამდენადაც კანონმდებლები - ნომოთეტესები არჩეულნი იყვნენ იმავე ადამიანებისაგან, რომლისგანაც პოტენციური მსაჯულები - დიკასტესები და ისინი დებდნენ იმავე ფიცს, რომელსაც - მსაჯულები. ათენელები ჩიოდნენ იმის გამოც, რომ ათენში ბევრ კანონს იღებდნენ, რაც ამ კანონთა ქმედითუნარიანობას ამცირებდა. მათ არ მოსწონდათ არც ის, რომ კანონებს ზედმეტად ხშირად და ზედმეტად სწრაფად ქმნიდნენ. ათენელები უკმაყოფილო იყვნენ იმითაც, რომ ათენში შეიქმნა ბევრი ისეთი ახალი კანონი, რომლებმაც, მართალია, ჩაანაცვლეს უწინდელი დეკრეტები, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს უკანასკნელნი მაინც ინარჩუნებდნენ თავიანთ ძალას.

და მაინც, ამ კრიტიკის მიუხედავად, მთლიანობაში ათენელები ამაყობდნენ თავიანთი კანონმდებლობით, იმით, რომ მათთან დეკრეტები და კანონები სხვადასხვა ოდენობას წარმოადგენდა. მათ ძალზე მოსწონდათ, რომ ეს სისტემა ღია და დემოკრატიული იყო. „თუ რომელიმე თქვენგანს სურს დააზუსტოს, რა არის მიზეზი და სტიმული იმისა, რომ იკრიბება სახელმწიფო საბჭო, ხალხი მიდის სახალხო კრებაზე, სასამართლონი გავსებული არის მსაჯულებით, რომ წინა წლის ხელისუფლება ნებაყოფლობით უთმობს ადგილს ახალ ხელისუფლებას, რომ ხორციელდება ყველაფერი ის, რისი წყალობითაც პოლისი შენარჩუნებული და დასახლებული გვევლინება, თუ ვინმეს სურს ამისი დაზუსტება, ის გაარკვევს, რომ ამისი მიზეზი გახლავთ კანონები და ის გარემოება, რომ ყველაფერი კანონებს ემორჩილება. და მართლაც, თუ მოვსპობთ კანონებს, ამ შემთხვევაში დაიღუპება არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ჩვენ საკუთარ ცხოვრებასაც გავანადგურებთ, რამეთუ ჩვენი სიცოცხლე ველურ ცხოველთა სიცოცხლეს დაემსგავსება“ - აცხადებს დემოსთენე (დემოსთენე, 25. 20).

კანონმდებლობა და სამართალწარმოება, საქართველო. ქართული სამართლის წყაროები ორ ჯგუფად იყოფა:

I) საეკლესიო წყაროები: ა) უცხოური (ნათარგმნი) წყაროები: 1) დიდი სჯულის კანონი (თარგმანი შესრულებულია არსენ იყალთოელის მიერ XII ს-ის დასაწყისში). იგი არეგულირებდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო, საოჯახო, სამემკვიდრეო სამართლის საკითხებს. რამდენადაც საეკლესიო სამართლის ნორმებთან ერთად საერო სამართლის ნორმებიც იყო გადმოცემული „დიდი სჯულის კანონში“, ამ გზით მოხდა ქართულ სინამდვილეში რომაული სამართლის იდეების შემოსვლა-დანერგვა (იუსტინიანუსის დიგესტები, ნოველები, ინსტიტუციები). 2) მცირე სჯულის კანონი (თარგმნა, გადაამუშავა და ქართულ სინამდვილეს მიუსადაგა (ქართული მასალების შეტანის გზით) ექვთიმე ათონელმა. ეს წყარო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის პრობლემატიკის კუთხით. ბ) ქართული საეკლესიო კანონმდებლობა. სულ არსებობს 526 საბუთი, მათგან ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1) რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრების ძეგლისწერა (მის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო გიორგი ჭყონდიდელმა). 2) კათალიკოსთა სამართალი - კანონები მიღებული XVI ს-ის შუა წწ-ში კათალიკოს-პატრიარქის - მალაქიას უშუალო მონაწილეობით. შედგება 23 მუხლისაგან, რომელთაგან უმეტესობა სისხლის სამართალს ეხება. II) საერო წყაროები : ა) სახელმწიფო - სამართლებრივი ხასიათის ძეგლები ძალიან ბევრია. მათგან ძალზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს: 1) ხელმწიფის კარის გარიგება (შედგენილი უნდა იყოს XIV საუკუნეში) - სამეფო კარის ინსტიტუტების წესდება. 2) დასტურლამალი - (შეადგინა ვახტანგ VI-). ეს არის საკმაოდ სრული საკანონმდებლო ძეგლი, შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება-ვალდებულება-მოვალეობების შესახებ. ბ) სისხლის და სამოქალაქო სამართლის ძეგლები: 1) საერო ხასიათის ძეგლთაგან უძველესია ბაგრატ კურაპალატის კანონები, რომელთაც ბექასა და აღბუღას კანონთა კრებულში მიაკვლიეს (99-160 მუხლები). ეს კანონები, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, ბაგრატ IV-ს (1027-10720 წწ.) უნდა ეკუთვნოდეს. ძეგლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მრავალი მუხლი ქართული სამართალწარმოების მოწყობას ეძღვნება (სასამართლოები). 2) გიორგი ბრწინვალეს სამართლის წიგნი ანუ „ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ“. მას შემდეგ, რაც გიორგი ბრწყინვალე XIV ს-ის დასაწყისში აერთიანებს საქართველოს, აღმოსავლეთ მთიულეთში მიმდინარე პროცესების ადგილზე გაცნობის შემდეგ (უკანონობა, გახშირებული დანაშაულებები, მოშლილი გამგეობა) სპეციალურად აღმოსავლეთ მთიულეთისათვის შეადგენს „ძეგლისდებას“, რომლის შექმნაშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ხევისბერები, ისე სამეფო მოხელენი. 46 მუხლისაგან შედგენილი კანონთა კრებულის შექმნის მთავარ მიზანს კანონიერების დაცვა და რეგიონში წესრიგის დამყარება წარმოადგენდა. 3) ბექასა და აღბუღას კანონები „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“. შედგენილია XIII-XIV საუკუნეებში ბექარ მანდატურთუხუცეს ჯაყელის (1-65 მუხლები) (1295-1304 წწ.) და აღბუღა ათაბაგამირსპასალარის (66-98 მუხლები) (1381-1386 წწ.) მიერ. ბექასა და აღბუღას სამართალი სამცხესაათაბაგოსთვის იყო განკუთვნილი. შეიცავს სისხლის, სამოქალაქო, საოჯახო, სამემკვიდრეო სამართლის ნორმებს. ბევრი მუხლი შეეხება სამართალწარმოების საკითხებს. ბექა-აღბუღას კანონების აშკარა გავლენა იგრძნობა შემდეგდროინდელ ქართულ საკანონმდებლო ძეგლებზე. 4) სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა - 1705-1709 წწ-ში ვახტანგ VI „სწავლულ კაცთა“ კომისიას ავალებს ძველი ქართული ძეგლების შეკრებას, უცხოური სამყაროს სამართლის ძეგლების თარგმნას (ებრაული სამართალი (მოსეს სამართალი), ბერძნული სამართალი და სომხური სამართალი). ამასთან ერთად ვახტანგ VI თვითონ ქმნის კანონთა კრებულს (ვახტანგის სამართლის წიგნი). ყოველივე ამის საფუძველზე იქმნება „ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული“. პრაქტიკაში ძირითადად თვითონ ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი გამოიყენებოდა. მოსეს, ბერძნული, სომხური სამართლის ნორმებს მოსამართლეები იყენებდნენ დამხმარე საშუალებად, გასამართლება კი ვახტანგის სამართლის მიხედვით ხდებოდა. კანონთა კორპუსი მიღებული და დამტკიცებული იყო დარბაზის მიერ და შედგებოდა 270 მუხლისაგან. კანონთა კორპუსი არეგულირებდა სისხლის, საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართლის საკითხებს. სამართალწარმოება.

ქართული სამართალწარმოება სათავეს იღებს წინასახელმწიფოებრივ ხანაში. სასამართლოს უძველეს ფორმად უნდა ჩაითვალოს

1) სამედიატორო სასამართლო, რომელიც ძალიან დიდხანს მოქმედებდა და გარკვეულწილად დღესაც აგრძელებს არსებობას საქართველოს მთიანეთში (მორიგება, მორვები, მსაჯულმედიატორები, ბჭე). შუამავლად არჩევის მთავარ პირობას კანდიდატების შესახებ მხარეების შეთანხმება წარმოადგენს. სამედიატორო სასამართლოს მთავარ ფუნქციას მხარეების შერიგება წარმოადგენდა. სამედიატორო სასამართლოების გვერდით საქმეების განხილვით დაკავებული იყო.

2) სახალხო კრებები. სახალხო კრებების ფუნქციები მრავალფეროვანი იყო. ისინი განიხილავდნენ საზოგადოებაში წამოჭრილ ყველა მწვავე პრობლემას (ომი, ზავი, ეკონომიკის საკითხები). მათ შორის დაკავებული იყვნენ სამართალწარმოებითაც (მახვში, ხევის გაგა, ჩვეულებითი სამართალი ფშავში, ბჭე).

3) სასამართლომ დახვეწილი და ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. ამ პერიოდში ორი სამოსამართლო უწყება ფუნქციონირებდა: ა) საკათალიკოსო სასამართლო (სასჯულო სამრევლოი) - განიხილავდა ქართული ეკლესიის დაქვემდებარებაში შემავალ პირთა საქმეებს, მათ შორის სამონასტრო ყმებთან დაკავშირებულ დავებს. ბ) სამეფო სასამართლო (სამართალი სამეუფეო):

1) უმაღლესი მოსამართლე იყო მეფე, რომელიც თვითონ ან სპეციალურ პირთა (კაცნი მართლად მცნობელნი და გამკითხავნი) მეშვეობით განიხილავდა საქმეებს.

2) სასამართლო ფუნქციით აღჭურვილი იყო დარბაზი (სახელმწიფო საბჭო). მეფე განსაკუთრებით რთული საქმეების განსახილველად იწვევდა დარბაზის სხდომას და საქმის წარმოებას „მეცნიერნი საბჭოთა საქმეთანი“-ის მეშვეობით ახორციელებდა.

3) სააჯო კარი - უზენაესი სასამართლო, რომელსაც მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი ხელმძღვანელობდა და სადაც განიხილებოდა უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებები. საქმის წარმოება კოლეგიური პრინციპით მიმდინარეობდა, მონაწილეობას იღებდნენ საწოლის მწიგნობარი და ზარდახნის მწიგნობარი (ზარდახანა). (სააჯო კარის შექმნა დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება).

4) „სამპარავთმძებნელი“ სასამართლო, რომლის ფუნქციასაც ქურდების მოძებნა, აღმოჩენა და გასამართლება წარმოადგენდა (გიორგი III, 1170 წლის სიგელი). დამნაშავეთა გამოაშკარავება სპეციალურ მოხელეთა - „ჩენილთა“ კომპეტენციაში შედიოდა, ისინი ასამართლებდნენ ქურდებს და სისრულეში მოჰყავდათ განაჩენიც. მაღალი რანგის მოხელენი იყვნენ მპარავთმძებნელნი, დაბალი რანგის - ჩენილნი.

5) ბაგრატ კურაპალატის სამართლის მე-100 მუხლის მიხედვით, საქართველოში მოქმედებდა წოდებრივი სასამართლოები.

6) არსებობდა ცალკეულ ფეოდალთა სასამართლოები, სადაც ფეოდალები თვითონ ან საკუთარი მოხელეების საშუალებით ახორციელებდნენ მართლმსაჯულებას.

გვიანფეოდალურ საქართველოში ა) მეფე ან თვითონ არჩევდა საქმეებს (მეფის მიერ აუცილებლად უნდა განხილულიყო ისეთი საქმეები, რომლებიც წართმეულ ან განადგურებულ სიგელებს ეხებოდა. მეფე ან კათალიკოსი განიხილავდნენ ომის, მეფის ღალატის, მეფის სალაროს, საყდრის გატეხის, ქმრის მიერ ცოლის ტანჯვის საქმეებს და სხვა) ან დარბაზთან ერთად, დარბაზის შემადგენლობა განსახილველი საქმის ხასიათზე იყო დამოკიდებული. მეფე ძირითადად იმ ტერიტორიული ერთეულებიდან იწვევდა მსხვილ ფეოდალებს, რომელი ტერიტორიის საქმეც ირჩეოდა. დარბაზის სხდომას მეფე თავჯდომარეობდა. თუმცა ზოგჯერ დარბაზი მეფის გარეშეც განიხილავდა საქმეებს. მეფის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გადახედვას, თვითონ მეფეს კი უფლება ჰქონდა ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გადაესინჯა. საინტერესოა, რომ სასამართლო ხელისუფლებით აღჭურვილი იყო დედოფალიც, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ერეკლე II-ის მეუღლე დარეჯანი მეფის შემდეგ რანგით მეორე მოსამართლე იყო. მხოლოდ მეფეს ჰქონდა უფლება დაევალებინა დედოფლისათვის საქმის მოსამართლეობა. დედოფალს არ ჰქონდა უფლება განეხილა სისხლის სამართლის საქმეები და მხოლოდ სამოქალაქო დავების გარჩევით იფარგლებოდა მდივანბეგთა სასამართლოში მდივანბეგებთან ერთად ან თუ საქმე მის საფეოდალოში (სახასო) წამოიჭრებოდა, მაშინ დედოფალის თავმჯდომარეობით სახლთუხუცესები განიხილავდნენ საქმეებს. ბატონიშვილებსაც შეეძლოთ განეხილათ როგორც საერო, ისე სასულიერო ხასიათის დავები, თუკი მეფის ნებართვა ექნებოდათ. ბატონიშვილები განიხილავდნენ დიკასტერიასთან ერთად საქმეებს, რომლის განხილვის უფლებასაც მათ კათალიკოსი აძლევდა. საქმეებს ბატონიშვილები ან მარტო ან მდივანბეგებთან ერთად განიხილავდნენ. ბატონიშვილების კომპეტენციაში შედიოდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო დავების განხილვა.

ფუნქციონირებდა განსაკუთრებული სასამართლოები, რომლებსაც მეფე იწვევდა და მის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც საერო, ისე სასულიერო პირები:

1) მდივანბეგთა სასამართლო - „სამდივნო სახლი“ გვიანფეოდალურ საქართველოში სასამართლოს ძირითად რგოლს წარმოადგენდა. მდივანბეგი ზემოთ ჩამოთვლილ სხვა მოხელეთაგან განსხვავებით მხოლოდ მართლმსაჯულების ფუნქციით იყო აღჭურვილი. ეს იყო სასამართლო მოხელე, რომლის თანამდებობაც საქართველოში XVII ს-დან ჩნდება. მდივანბეგთა სასამართლო კოლეგიური იყო. მდივანბეგი სასამართლოს თავმჯდომარეს ეწოდებოდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მსაჯულები - მოსამართლეები, მდივანი, რომელიც სასამართლოს ჩანაწერებს აკეთებდა, კითხულობდა პროცესზე სამართლის იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც ხდებოდა საქმის განხილვა და განაჩენის გამოტანა. ასევე იასაულები, რომელთა თანამდებობას ორ კატეგორიას მოიცავდა - იასაულები, რომლებიც სამძებრო საქმიანობით იყვნენ დაკავებული (მართლის მთქმელნი უქრთამო იასაულნი) და იასაულნი (გაწყრომის და დაჭერის იასაულნი), რომლებიც იჭერდნენ დამნაშავეებს და სისრულეში მოჰყავდათ განაჩენი. მდივანბეგთა სასამართლო ქართული მართლმსაჯულების ძირითად ბირთვს წარმოადგენდა გვიანფეოდალურ საქართველოში. მათი რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა და XVIII ს-ის 60-იანი წლებისათვის მათმა რაოდენობამ 28-ს მიაღწია. მდივანბეგი მეფის მოხელეა. საფეოდალოს თავისი მდივანბეგი არ ჰყავს. მდივანბეგის კომპეტენციაში შედიოდა როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო დავების განხილვა.

2) გვიანფეოდალურ ხანაში ფეოდალი ისევ რჩება მოსამართლის უფლებით აღჭურვილ პირად. იგი განიხილავდა თავის სამფლობელოში ატეხილ ნაკლებმნიშვნელოვან დავებს. ფეოდალის სამოსამართლო სფეროს არეგულირებდა ფეოდალური იერარქია - ფეოდალს არ ჰქონდა უფლება თავისზე მაღალი რანგის ფეოდალი გაესამართლებინა, თუმცა მეფის ბრძანებით შეეძლო თავისზე წოდებით დაბლა მდგარი ფეოდალის საქმეები გაერჩია.

3) მოურავი - დაბალი რანგის მოსამართლე - ფიგურა, რომელიც თავდაპირველად სამეურნეო ხასიათის ფუნქციებს ასრულებდა, შემდეგ მის სამოსამართლო კომპეტენციაში გადავიდა უმნიშვნელო ხასიათის სისხლის და სამოქალაქო დავების განხილვა. მოურავი არასდროს არ განიხილავდა საქმეებს ერთპიროვნულად. საქმეს მასთან ერთად არჩევდა რამდენიმე (3-4) პატივსაცემი მოქალაქე. მოქალაქეთა არჩევა სასამართლო პროცესისათვის მოურავის სურვილის მიხედვით ხდებოდა.

4) მელიქ-მამასახლისი - მის სამოსამართლო ფუნქციებში შედიოდა დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ვაჭართა და მამულთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა (ვალის გადახდა, დავები ნაკვეთის შესახებ, საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავები). მამასახლისებს შორის ყველაზე დიდ თანამდებობას თბილისის და გორის მელიქ-მამასახლისები ფლობდნენ. ისინი მარტო არ უძღვებოდნენ სასამართლოს, წევრებად ჰყავდათ მაგალითად, ქედხუდები.

5) ქედხუდების ინსტიტუტი XVIII ს-ის II ნახევარში აღმოცენდა აღმოსავლეთ საქართველოში. ეს იყო შუა რგოლი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. ქედხუდების თანამდებობა იყო არჩევითი. ისინი სხვადასხვა სოციალური ფენის (ვაჭრები, ხელოსნები და ა.შ.) და სოფლის მაცხოვრებელთა წარმომადგენლები არიან. მოურავის სასამართლო კოლეგიაში, როგორც ვთქვით, სწორედ ქედხუდები მსახურობენ. უფრო მაღალი რანგის ფენათა წარმომადგენელი ქედხუდები მონაწილეობას იღებდნენ მდივანბეგთა და მელიქ-მამასახლისთა სასამართლოში. ქედხუდები განიხილავდნენ უმნიშვნელო სამოქალაქო დავებს. სისხლის სამართლის საქმეების განხილვა მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

6) ზემოთ ჩამოთვლილ ოფიციალურ სამოსამართლო თანამდებობებთან ერთად ჩვეულებითი სამართლის მოქმედების არსებობის პირობებში ფუნქციონირებდა მოსამართლის სპეციფიკური ტიპი - ბჭე-მედიატორი - მოდავე მხარეების მიერ არჩეული პიროვნება (ორი ან ორზე მეტი), რომელიც მხოლოდ ადათობრივი სამართლის მიხედვით განიხილავდა საქმეს. ეს ინსტიტუტი მოქმედებდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. სვანეთში მსაჯულ-მედიატორს ეწოდებოდა მორვარ. მორვარად ყოფნა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, თუკი ორივე მხარის მიერ იქნებოდა არჩეული. მათი რაოდენობა საქმის სირთულის მიხედვით მერყეობდა 2-დან 12-მდე. ძალიან იშვიათად მძიმე საქმეების განხილვისას ეს რიცხვი აღემატებოდა 12-ს. მორვარობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმე იყო და ხშირად პიროვნება სხვადასხვა ხერხებით ცდილობდა ამ მოვალეობის თავიდან აცილებას, თუმცა არსებობდა აპრობირებული სქემა მორვარად პიროვნების დაყოლიებისა მორვარებს წყვილ-წყვილად უნდა წარმოედგინათ ორივე მხარე - მომჩივანი და მოპასუხე. მედიატორები ცალ-ცალკე უსმენდნენ ჯერ მომჩივანს და საჩივარს შემდეგ დიპლომატიურად დამუშავებული ფორმით წარუდგენდნენ მოპასუხეს. შემდეგ პასუხს უკან უბრუნებდნენ მომჩივანს. მოსმენა - გადაცემა საჩივარ-პასუხისა მიმართული იყო მხარეთა შერიგებისაკენ, რასაც მორვარები ახერხებდნენ იმის საშუალებით, რომ ერთმანეთის წინაშე მხარეებს მთხოვნელ-მომნანიებლად წარმოადგენდნენ. მორვარის არჩევისას აუცილებელი პირობის დაცვა იყო საჭირო, ან ორივე მხარე ირჩევდა ნათესავებს, ან ორივე - გარეშე პირებს, რათა საქმის განხილვა სამართლიანად წარმართულიყო. მედიატორის ფუნქციის მატარებელი იყო ლუფხვილობის ინსტიტუტიც - შუამავალი, რომელსაც დაჩაგრული მხარე ირჩევდა (1-დან 20 კაცამდე). ლუფხულობით მორიგებას იმ დროს მიმართავდნენ, როდესაც უმიზეზოდ მიაყენებდა დამნაშავე პიროვნებას შეურაცხყოფას და თავის გასამართლებელი საბუთი არ ჰქონდა. ლუფხვილს ასახელებდა დაჩაგრული, ხოლო მათი დაყოლიება ლუფხულად დამნაშავის საქმეს წარმოადგენდა. ლუფხულს დამნაშავე უხდიდა თანხას (6 მანეთი) ან იმავე ღირებულების ნივთს სთავაზობდა, უთმობდა საკუთარ სახლს, სადაც იმართებოდა მოციქულობა დამნაშავესა და ლუფხულებს შორის მახვშის და სხვა გარეშე პირთა საშუალებით. ლუფხულები თხოვდნენ დამნაშავეს დაესახელებინა თანხა, რითიც გამოისყიდდა თავის დანაშაულს და იწყებოდა მორიგების პროცესი (იხ. მორიგება, სვანეთი). აღმოსავლეთ მთიანეთში შუამავალი უნდა ყოფილიყო ღირსეული პიროვნება და არანაირი ნათესაობა არ უნდა ჰქონოდა მხარეებთან. იგი კარგად უნდა ყოფილიყო გარკვეული ჩვეულებით სამართალში. შუამავალი წინ უძღვის ბჭობას, იგი თავად ირჩევს ბჭეებს და მათ რიცხვსაც თვითონ ადგენს. ბჭეებისათვის განკუთვნილი გადასახადიდან შუამავალსაც თავისი წილი ეკუთვნოდა. ბჭე-მედიატორთა გადაწყვეტილება არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. მათ სასამართლოს, როგორც წესი, ზეპირი ხასიათი ჰქონდა.

7) ბჭე-მედიატორის გვერდით მოსამართლის ფუნქციას ასრულებდა ჩვეულებით-ადათობრივი სამართლის მიხედვით მოხევეებში - ხევის გაგა, სვანეთში - მახვში (ლალხორ, სვიფ, სახევ). ისინი ხალხის მიერ არჩეული მმართველები იყვნენ, რომლებიც სახალხო კრებებს თავმჯდომარეობდნენ, რომლის ფუნქციაშიც თემში წამოჭრილი ყველა საქმის განხილვა-გადაწყვეტა შედიოდა, მათ შორის დავების. ისინი ითვლებოდნენ ბჭედუფროსებად და ჩვეულებითი სამართლის მიხედვით განიხილავდნენ სისხლის და სამოქალაქო ხასიათის დავებს. ისინი ერთპიროვნულად არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს და საკითხს ბჭეებთან ერთად სახალხო კრებაზე (ყრილობაზე) წყვეტდნენ. მათ არ ეძლეოდათ ჯამაგირი, მაგრამ დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ თემში, იყვნენ ხელშეუხებელნი.

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის III მუხლის მიხედვით მოსამართლე უნდა ყოფილიყო „დიდად მჩხრეკელი, მიმხუდარი, გამომძიებელი, გონე-აუჩქარებელი, დაწყნარებული, გამგონე, საჩივრის ყურის მიმგდები, გამსინჯავი, მოჩივრის მოადის მომცდელი და სხვისაც მკითხველი, თუ ამისი სამართალი თქვენგან როგორ ისინჯვის, მოწმის მაძებარი უნდა იყოს, უქრთამო, ღვთისმოშიში“. მოსამართლის ასაკად დადგენილი იყო მინიმუმ 40 წელი და ამასთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი პირობა, რომელიც უნდა დაეკმაყოფილებინა მოსამართლეს - იგი არ უნდა ყოფილიყო ღარიბი (215-ე მუხლი).

სასამართლო პროცესი

ფეოდალურ საქართველოში ძირითადად სასამართლო პროცესის უძველესი ფორმა - საბრალდებო პროცესი გვხვდება. მოსარჩელე და მოპასუხე მხარე საქმის წარმოებისას თანაბარი უფლებებით სარგებლობდნენ. თვითონ მხარე იყო საქმის დაწყების ინიციატორი. თვითონვე აგროვებდნენ დამამტკიცებელ საბუთებს და მოსამართლესთან მიჰქონდათ საქმის განსახილველად. მტკიცებულებათა შეგროვებაში მოსამართლე არ მონაწილეობს, იგი შეისწავლის მხოლოდ ვითარებას და გამოაქვს განაჩენი. ამ ტიპის სასამართლო პროცესისათვის დამახასიათებელია საქმის წარმოების ზეპირი ხასითი და საჯაროობა - ღია სასამართლო.

საბრალდებო პროცესის გვერდით გვხვდება ფეოდალურ საქართველოში საქმის წარმოების სხვა ფორმაც - სამძებრო, სადაც სახელმწიფო თავისი მოხელეების საშუალებით იწყებს გამოძიებას, აგროვებს მტკიცებულებებს. სასამართლოს ზეპირ ფორმას წერილობითი ანაცვლებს. ვახტანგ VI სამართლის წიგნის IV მუხლში იასაულის სამძებრო ფუნქციაა განხილული. იასაულს მოსამართლე აგზავნის მტკიცებულებების შესაგროვებლად, ხანდახან მოსამართლეს არ აკმაყოფილებს მტკიცებულებები და თავად ერთვება მასალების მოგროვების პროცესში. გიორგი III-ის 1170 წლის სიგელში მოხსენიებული „სამპარავთმძებნელო სასამართლოც“ სამძებრო პროცესს განეკუთვნება. ამ სასამართლოს „მპარავთმძებნელთა“ (უფროსი მოხელეები) მოვალეობას სწორედ ქურდების მოძებნა და გასამართლება წარმოადგენდა, ხოლო დაბალი რანგის მოხელეები „ჩენილნი“ იჭერდნენ დამნაშავეებს და სისრულეში მოყავდათ განაჩენი. მოსამართლისგან საქმის განხილვის პროცესში მხარეებს ეწოდებათ „მოჩივარი“ (შემწამებელი, შემსმენელი) - მოსარჩელე და „მოადე“ (შეწამებული, შესმენილი) - მოპასუხე. აღნიშვნის ღირსია, რომ ძველ წყაროებში სასამართლო პროცესზე მონაწილეობს „მეოხი“, რომელსაც ივ. ჯავახიშვილი ადვოკატის ფუნქციით აღჭურვილ პირთან აიგივებს. ყურადსაღებია სასამართლო პროცესის მსვლელობაში „მთხრობელი“ - პიროვნება, რომელიც დანაშაულის თვითმხილველია და ამბავი მიაქვს დაზარალებულთან, ანუ ბრალმდებელია. მისი ინფორმაციის საფუძველზე ბრალი ედება პიროვნებას და იწყება სასამართლო პროცესი. ინფორმაციის მოწოდებისათვის მთხრობელს ერგებოდა „სამთხრობლო“ ანაზღაურება. მთხრობელი ვალდებულია პროცესზე მოწმის სტატუსით გამოვიდეს (კანონი გამორიცხავს მთხრობელის სუბიექტურ (უარყოფით) ურთიერთობას ბრალდებულთან, რაც შესაძლოა წინაპირობა იყოს ბრალის წაყენებისა). ის, ვინც „მთხრობელის“ სტატუსით წარდგებოდა სასამართლოზე ტყუილი ჩვენებით, ეკისრებოდა სასჯელი, რაც მიმართული იყო იმისაკენ, რომ ადამიანები გასამრჯელოს გამო არ წასულიყვნენ ცრუ ჩვენებაზე.

სამძებრო პროცესი ნელ-ნელა ანაცვლებს საბრალდებო პროცესს. „დასტურლამალი“ განასხვავებს საქმეებს, რომლებიც განიხილება დანისტრად და უდანისტროდ (ანუ წინასწარი გამოძიებით და მის გარეშე).

საქმეს სასამართლოში აღძრავდდა დაზარალებული, ძალიან იშვიათად საქმის აღმძვრელის ფუნქციით გამოდიოდა სახელმწიფო, თუმცა XVIII ს-ის II ნახევრიდან ამ ტიპის საქმეების რაოდენობა ძალიან იზრდება. მოსარჩელე მიმართავდა მეფეს (დედოფალი, ბატონიშვილები) ან მოსამართლეს, შემდეგ ისინი განსაზღვრავდნენ, თუ ვის უნდა განეხილა საქმე და ასახელებდნენ მოსამართლეს. სასამართლო პროცესზე ხშირად რამდენიმე ბრალმდებელი და რამდენიმე მოპასუხე გამოდიოდა. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სასამართლოზე არ მოვიდოდა, წერილს უგზავნიდნენ და ითხოვდნენ მის გამოცხადებას ან ავალებდნენ კონკრეტულ პიროვნებას, უზრუნველეყო მოპასუხის გამოცხადება სასამართლოში. ამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოპასუხე საქმის განხილვის გარეშეც აგებდა საქმეს.

სასამართლო პროცესი იწყებოდა დაზარალებულის სარჩელის მოსმენით. როგორც ვთქვით, სასამართლო ძირითადად ზეპირ ხასიათს ატარებდა, თუმცა ვახტანგ VI სამართლის წიგნიდან ვიგებთ, რომ სასამართლო ოქმებს აფორმებდა მდივანი. მოპასუხე წინასწარ ეცნობოდა სარჩელს და საშუალება ჰქონდა თავი ემართლებინა სასამართლოზე. ამასთანავე, მოპასუხეს დავის პროცესში შეეძლო წამოეყენებინა ბრალდება მოსარჩელის მიმართ, შესაბამისად, მხარეები ერთ პროცესზე მოპასუხენიც იყვნენ და მოსარჩელენიც. სასამართლოში ხდებოდა მხარეების დაპირისპირება. ისინი წარმოადგენდნენ ხოლმე პროცესზე მოწმეებს. IX-XIV სს-ში, როგორც მეცნიერები ფიქრობენ, მოწმის ჩვენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქმის წარმოებისას. შემდგომ ხანაში მნიშვნელობა სასამართლო პროცესზე ქვეითდება, რაც კარგად ჩანს ვახტანგის სამართლის წიგნში, სადაც მოწმის ჩვენებას სასამართლო მტკიცებულებათა შორის მხოლოდ V ადგილი უკავია ფიცის და ორდალების შემდეგ. ვახტანგ VI სამართლის წიგნი ძირითადად ადათობრივ სამართალს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პროცესზე (ანუ ისეთი საქმეები, რომლებიც სისხლის აღებას ითვალისწინებს) მოწმის გამოსვლა დაუშვებელია. მოწმე გვხვდება მხოლოდ ზოგიერთი საქმის წარმოებისას (ქურდობა, ფულის სესხება და ა.შ). თუმცა ვახტანგ VI ზოგიერთი საქმის გადაწყვეტისას მოწმის ფაქტორს არსებითად მიიჩნევს. ვახტანგ VI განსაზღვრავს მოწმის თვისებებს (XIII მუხლი): პატიოსანი, ჭკვიანი, ღვთისმოშიში. აქვე მითითებულია პროცესზე მოწმეთა რაოდენობაც და ერთი მოწმის ჩვენება არ მიიღება მხედველობაში. ძველი ქართული სამართალი არ იცნობს მოწმედ ქალს.

სასამართლო მტკიცებულებათა შორის მსოფლიოს ყველა ხალხებში გვხვდება ფიცი - დაფიცება. ჩვეულებითი სამართალი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიცს. ქართულ ადათობრივ სამართალში ფიცის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი მარტო ფიცის მაყურებელს (პიროვნება, რომელიც ფიცის წარმოთქმას ესწრება) არ ენდობა და დამატებით დამსწრე მაყურებელს ამატებს. სვანურ სამართალში ფიცის სამი ფორმა დასტურდება: ა) ერთგულების ფიცი, ბ) თანასწორობის ფიცი, გ) გამართლების ფიცი. ფიცის მიღება შეიძლებოდა ერთმანეთის სანაცვლოდ (მამა შვილის მაგივრად იფიცებდა ან პირიქით). საქმის სიმძიმისა და სპეციფიკიდან გამომდინარე აღმოსავლეთ მთიანეთში განირჩეოდა: დროშით დაფიცება, ხატში დაფიცება, 12 მონათესავე კაცის დაფიცება, დაფიცება კეჭნაობის დროს და ა.შ. (იხ. ფიცი, მთა). ფიცს ვახტანგ VI სამართლის წიგნის მიხედვით იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, როცა სხვა მტკიცებულება არ არსებობდა. ძირითადად გამოიყენებოდა ქონების დავისას. ფიცის დაკისრება არ შეიძლებოდა გონებრივად ჩამორჩენილი, არასრულწლოვანისა და იმ პიროვნებისადმი, რომელსაც არ სწამდა ფიცის ძალა. ფიცის დადება არ შეეძლო ქალს. მის ნაცვლად მოსამართლე ასახელებდა ქალის უახლოეს ნათესავს - ძმას, შვილს, ქმარს, რომელიც ქალის მაგივრად იფიცებდნენ.

ცრუ ფიცის დადება ითვლებოდა უმძიმეს დანაშაულად. ფიცის დამდებთან ერთად ქართულ სამართალწარმოებაში გვხვდება „თანამოფიცარი“. თანამოფიცარი იფიცებს სასამართლოზე, რომ ფიცის დამდები კეთილსინდისიერი პიროვნებაა. ასევე ფიცით ადასტურებდნენ საქმესთან დაკავშირებით მოწოდებულ ინფორმაციას. ვახტანგ VI-ის და ბექა-აღბუღას სამართლის წიგნები განასხვავებენ ერთმანეთისაგან „შეგდებულ“-„შეუგდებელ“ (ვახტანგ VI) და დასახელებულდაუსახელებელ (ბექა-აღბუღას) თანამოფიცარს. შეგდებულ-დასახელებულ თანამოფიცარს ასახელებს მოსარჩელე და ავალდებულებს ფიცის ქვეშ მისცეს ჩვენება, ხოლო შეუგდებელ-დაუსახელებელ მოფიცარს მოპასუხე თვითონ ირჩევდა. მოფიცართა რაოდენობა საქმის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული და ამასთან ერთად, რამდენადაც ფეოდალური ქართული სამართალი ფეოდალური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ყველა ნორმას იზიარებდა, თანამოფიცართა სოციალურ მდგომარეობაზე. ვახტანგის სამართლის მიხედვით, ორი დიდებული თავადის ფიცი 20 საშუალო და 60 დაბალი რანგის თავადის და აზნაურის ფიცთან იყო გათანაბრებული. შესაბამისად, თავადის, აზნაურის და გლეხის ფიცს შორის, მით უმეტეს, მკაცრი რანგირება არსებობდა სამართლებრივი მნიშვნელოვნების მხრივ. ამასთანავე დაფიცება, როგორც სასამართლო მტკიცებულება, ყველა საქმეში არ გამოიყენებოდა და არ ინიშნებოდა. მაგალითისათვის, თუ დაბალი წოდების კაცს ასამართლებდნენ მაღალი წოდების პიროვნების მკვლელობასთან დაკავშირებით, ასეთ საქმეში არა ფიცი, არამედ - ორდალი (ordalium - ღვთის სამსჯავრო) ინიშნებოდა. ქართული სამართლის წყაროები 3 ტიპის ორდალებს ასახელებს: მდუღარე, შანთი და ხმალში გატანება. ორდალი ეფუძნება წარმოდგენას, რომ ადამიანთა შორის დავა შეიძლება ღვთაების ჩარევით გადაწყდეს (მაგ., კეთილსინდისიერ კაცს მდუღარე ხელს არ დაუწვავს. „ხმალში გატანება“ განსაკუთრებით ხშირად სახელმწიფო ღალატის, ეკლესიის, მეფის სალაროს გაძარცვის საქმეში გამოიყენებოდა. სასამართლოში ბრალდებული უნდა შებრძოლებოდა ბრალმდებელს). ქართული სამართალი ვახტანგ VI სამართლის წიგნის მიხედვით იცნობს კიდევ ერთ სასამართლო მტკიცებულებას - „ცოდვის მოკიდება“. ამ პროცედურას შედარებით უმნიშვნელო დავების გადაწყვეტისას მიმართავდნენ. „ცოდვის მოკიდება“ უკავშირდებოდა რიტუალის ჩატარებას, ბრალდებული ზურგზე იკიდებდა მოსარჩელეს და წარმოთქვამდა ფიცს, რომლის მიხედვითაც იგი ტყუილის შემთხვევაში მოსარჩელის ცოდვებს თავის თავზე იღებდა. სასამართლო პროცესზე უკვე მოგვიანებით ენიჭება სერიოზული მნიშვნელობა წერილობით დოკუმენტს, როგორც სასამართლო მტკიცებულებას (წიგნი) იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი ყველა სამართლებრივი ნორმის გათვალისწინებით იქნებოდა შედგენილი. როგორც უკვე ვთქვით, ფეოდალური საქართველოს სამართალწარმოება ადრეულ პერიოდში ზეპირი იყო, განვითარების მოგვიანო ეტაპზე შეიძინა მან წერილობითი ფორმა. ამის შემდეგ სასამართლო თავის გადაწყვეტილებას წერილობითი სახით აძლევდა ორივე მხარეს. განაჩენში აუცილებლად უნდა მიეთითებინათ სამართლის წიგნის ის მუხლი, რომელიც შეუფარდეს მოცემულ კონკრეტულ შემთხვევას და რომლის საფუძველზეც გამოიტანეს განაჩენი. პროცედურა კანონმდებლის განმარტებით ხორციელდებოდა, რათა გამტყუნებულ მხარეს განაჩენი უსამართლოდ გამოტანილად არ ჩაეთვალა. ეს პროცედურა განაჩენის სამართლიანობის და უტყუარობის გამოვლინებად უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება ადათობრივ სამართალს, სახალხო კრებებზე (ყრილობებზე) ბჭეებს, მახვშს, ხევის გაგას და ა.შ. კენჭისყრით გამოაქვთ გადაწყვეტილება მოთათბირების საფუძველზე. განაჩენის აღსრულების მხრის, გვიანფეოდალურ საქართველოში მთავარი სასამართლო აღმასრულებელი იყო იასაული. იასაული საქმის აღსრულებისათვის იღებდა გასამრჯელოს. მას საქმის აღსრულების დროს აუცილებლად უნდა ჰქონოდა განაჩენი ან იასაულობის უფლების აღმჭურველი ოქმი. საქმის ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა დანიშნულიყო ორი, სამი ან მეტი იასაულიც. XVIII საუკუნის II ნახევარში სასამართლო აღმასრულებლად ინიშნებოდნენ ეშიკაღასბაში და ნასაღჩიბაში. ეშიკაღასბაში პოლიტიკურ-ადმინისტრაციული აპარატის ხელმძღვანელი იყო. აღმ. საქართველოში სასამართლო განაჩენის აღსრულება მას და მის ხელქვეითებს ევალებოდათ. რაც შეეხება ნასაღჩიბაშს, მას დამასახიჩრებელი სასჯელის აღსრულება ევალებოდა. განაჩენის აღსრულებაში მოყვანა პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს. შესაბამისად, ფეოდალურ საქართველოშიც ეს რგოლი იყო დაკავებული ამ საქმიანობით. დავით აღმაშენებელი აყალიბებს სამი სახის საპოლიციო აპარატს: სამოქალაქო პოლიცია, რომელსაც მანდატურთუხუცესი ედგა სათავეში (მანდატური); კრიმინალური პოლიცია - მპარავთმძებნელის აპარატი (მპარავთმძებნელნი და ჩენილნი); ფარული პოლიცია - მსტოვართა ინსტიტუტი. ნათელია, რომ დავით აღმაშენებლის ქართული საპოლიციო აპარატი ძალიან უახლოვდება თანამედროვეს.

გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში პოლიციელის ფუნქციებს ასრულებდა არგნოსანი (ხელარგნოსანი). ბოქაულის სამოსახელეო თანამდებობა XVI საუკუნიდან ჩნდება. ეს არის საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე გვიანფეოდალურ საქართველოში და იასაულის ფუნქციებს ინაწილებს.

გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში გვხვდება სასჯელის შემდეგი ფორმები: სიკვდილით დასჯა, სხეულის დამასახიჩრებელი სასჯელები, მოკვეთა საზოგადოებიდან, თავისუფლების აღკვეთა. ქონების კონფისკაცია (“მამულის დაჭირვა”), მოქალაქეობრივი უფლებების დროებითი ან სამუდამო ჩამორთმევა, ქონებრივი სასჯელი, დაკრულვა და სხვა საეკლესიო სასჯელები. თავისუფლების აღკვეთას, როგორც სასჯელის ფორმას ქართულ მართლმსაჯულებაში ძალიან იშვიათად მიმართავდნენ. ვახტანგ VI-ის ძეგლისდებაში ორი მუხლი ეძღვნება სასჯელის ამ ფორმას (177 და 64): „მაგრამ კაცი რომ ცოლს სტანჯვიდეს და უპატიურად ეპყრობოდეს, ურიგოს უშურებოდეს, მეფემ ის კაცი დააბას, დატუქსოს და კათალიკოსმაც ასრე უყოს“. უფრო ვრცლად ეხება თავისუფლების აღკვეთას („შეპყრობაი“) ბაგრატ კურაპალატის წიგნი (მუხლები 101-104).

აპელაცია „სასამართლოში მეორედ შესვლა“ განსაკუთრებით გვიანფეოდალურ საქართველოში ძალიან გავრცელებული იყო. განხილულ საქმეთა გასაჩივრების პროცესს, როგორც წესი, მეფე, როგორც უზენაესი მოსამართლე, ხელმძღვანელობდა. თუმცა მეფეს შეეძლო გადაემისამართებინა საქმეები დედოფალზე, ბატონიშვილებზე, საეკლესიო დავების შემთხვევაში - კათალიკოსზე, რომლებიც მდივანბეგთა სასამართლოში განიხილავდნენ შემდეგ საქმეებს. გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირობებში საქმეთა გადახედვა ხდებოდა სააჯო კარზე.

კაპიტალიზმი - ტერმინი, რომელსაც მძიმე იდეოლოგიური დატვირთვა აქვს. მარქსისტი ეკონომისტებისა და ისტორიკოსებისთვის ეს ტერმინი უკავშირდება განვითარებულ სოციოეკონომიკურ ფორმაციას, რომელშიც ღირებულება, მოგება და რაციონალობა დგინდება ფართომასშტაბიანი კონკურენტული წარმოებებისა და ფასთმწარმოებლური ბაზრების ბიზნეს გათვლების და მენტალიტეტის შესაბამისად. ამ გაგებით, საბერძნეთისა და რომის ეკონომიკა კლასიფიცირებული იქნება, როგორც პრე ან არაკაპიტალისტური.

სხვადასხვა ტიპის არამარქსისტებთან ტერმინი „კაპიტალიზმი“ პროდუქტიული განთავსების მნიშვნელობით, რაც, პირველ რიგში, უძრავი თუ მოძრავი აქტივების ინვესტირებას გულისხმობს, შეიძლება შეგვხვდეს უფრო ფართო პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ კონტექსტში, მათ შორის ბერძნული და რომაული სამყაროს კონტექსტებშიც.

საბერძნეთისა და რომის პრეკაპიტალისტურად განსაზღვრა, შესაძლოა ნიშნავს იმას, რომ „ეკონომიკა“, როგორც დამოუკიდებლად ჩამოყალიბებული სფერო, არ არსებობდა კლასიკურ ანტიკურობაში და შესაბამისად, ძველებს არ შეეძლოთ ეწარმოებინათ ეკონომიკური ანალიზი (იხ. ეკონომიკა ბერძნული); მეორე მხრივ, ამგვარი განსაზღვრა შეიძლება იმას გულისხმობდეს, რომ ძველი ეკონომიკური ინსტიტუტები მოჩვენებითი თანამედროვე ეკვივალენტებით, ფაქტობრივად, საკმაოდ განსხავებულად ფუნქციონირებდნენ მათი თანამედროვე ორეულობისა თუ სეხნიებისაგან - ასე მაგალითად, ანტიკური ბანკები შეიძლება განვიხილოთ უფრო მეტად როგორც უბრალოდ გაფორმებული ფულის გადამცვლელები და მევახშეები, ვიდრე სარისკო სესხების გამცემნი პროდუქტიული ეკონომიკური ინვესტირებისთვის.

ისინი, რომლებიც ამ მოსაზრებათა საპირისპიროდ ანტიკური სამყაროს თუ ადგილობრივი სექტორების ეკონომიკას პოზიტიური გაგებით კაპიტალისტურად მოიაზრებს, განსხვავებას თანამედროვე და ანტიკურ კაპიტალიზმს შორის უფრო მეტად მასშტაბსა და დახვეწილობაში ხედავს, ვიდრე ამ ცნების ძირეულ ბუნებაში.

ანტიკურ სამყაროსთან მიმართებაში ამგვარ იდეოლოგიურ უთანხმოებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ეს კამათი ეკონომიკურ ჭრილში მსოფლიო ისტორიის პერიოდიზაციის თაობაზე კარლ ბიუხერსა და ედუარდ მაიერს შორის დაპირისპირებით იწყება. ამ დაპირისპირებამ ახალი ძალით იფეთქა XX ს-ის II მეოთხედში. მისი ინიციატორი გახლდათ ანთროპოლოგიური თეორიების გავლენის ქვეშ მყოფი თეორეტიკოსი კარლ პოლანი, რომელიც უფრო მეტად მაქს ვებერის გავლენას განიცდიდა, ვიდრე კარლ მარქსის. მაგრამ მის „სუბსტანტივისტურ“ მოსაზრებებს დაუპირისპირდა იმ მეცნიერთა თანაბარი წონის მოსაზრებები, რომლებიც (ისინი მაინცდამაინც არ ეთანხმებოდნენ პოლანისა და მისი მიმდევრების მიერ მათთვის მიკრულ „ფორმალისტების“ და „მოდერნიზატორების“ დამამცირებელ იარლიყებს) მაინც ამტკიცებდნენ, რომ ძველები გამოკვეთილად კაპიტალისტური რაციონალობით იყვნენ მოტივირებული და ამ მიზნით წამოიწყეს დოვლათის შექმნის პროცესები, რომლებიც ფორმალურად ნეოკლასიკური მიკროეკონომიკური თეორიით შეიძლება გავაანალიზოთ, მათ შორის ისეთი მათემატიკური ხერხებით, როგორიცაა, მაგალითად, ლეონტიევის დაბანდებისა და ამონაგების ცხრილები. როგორც ჩანს, ეს კამათი უახლოეს ხანებში არ გადაწყდება, რადგან, მეცნიერთა აზრით, ეს სარწმუნო მონაცემთა აუცილებელი რაოდენობის გარეშე შეუძლებელია, განსაკუთრებით კი იმ მონაცემთა გარეშე, რომლებიც სტატისტიკურ თუ კვაზისტატისტიკურ ანალიზს ექვემდებარება.

კატონი (Marcus Porcius Cato) - მეტსახელად ცენზორი (censorius) (ძვ. წ. 234-149 წწ.), ედილი (ძვ. წ. 199 წ.), კონსული (ძვ. წ. 195 წ.), ცენზორი (ძვ. წ. 184 წ.), გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწე, კონსერვატორული პოლიტიკური მოღვაწე, მხედართმთავარი, მწერალი, ადვოკატი.

კატონი ეწინააღმდეგებოდა რომზე ბერძნულ გავლენას.

ძველრომაული ზნე-ჩვეულებების მკაცრმა დამცველმა გაწმინდა სენატი უღირსი ხალხისგან, რომაელი ხალხის ძალაუფლების განმტკიცებისათვის ფუფუნებაზე გადასახადი დააწესა. კატონის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იყო სოფლის საშუალო მონათმფლობელური მეურნეობებების რენტაბელობის გაზრდისა და სასოფლო სამეურნეო შრომის სრულყოფისაკენ, რისთვისაც მან შეისწავლა შესაბამისი კართაგენული გამოცდილება და ათარგმნინა ლათინურ ენაზე კართაგენელი მაგონის სასოფლო სამეურნეო შრომა. საგარეო პოლიტიკაში იგი დაჟინებით მოითხოვდა დაენგრიათ კართაგენი - „მე მაინც ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს“ - (Ceterum censeo, Carthaginem esse delendam), რომელსაც რომის მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონკურენტად მიიჩნევდა. კატონის ეკონომიკური შეხედულებები ითვალისწინებდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის, ვაჭრობისა და მევახშეობის პროგრესული მეთოდების გაძლიერებას, სამეურნეო სფეროში კონკურენციას.

კატონს ლიტერატურული პროზის ფუძემდებლად მიიჩნევენ. მისი თხზულება „წარმოშობა“ (Origines) 7 წიგნად (მხოლოდ ფრაგმენტები შემოგვრჩა) მოიცავდა რომის ადრინდელი ისტორიისა და იტალიკური ტომების ისტორიას მის დრომდე. შემორჩენილია მისი სიტყვების ფრაგმენტებიც. კატონმა დაწერა თავისი შვილისთვის მედიცინის, რიტორიკის, სამართლის, სოფლის მეურნეობისა და სამხედრო სახელმძღვანელოები. სრულად მხოლოდ თხზულება „სოფლის მეურნეობაზე“ (De agri cultura) (მრავალრიცხოვანი იურიდიული ფორმულარებით) შემოგვრჩა.

კეისარი იულიუს (Gaius Iulius Caesar) (ძვ. წ. 100-44 წწ.) - გამოჩენილი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, მხედართმთავარი, ორატორი, მწერალი. მისი სიყმაწვილე დაემთხვა მარიუსისა და სულას ორთაბრძოლის პერიოდს. მისი წარჩინებული ნათესავები ოპტიმატების მხარეზე იდგნენ და მარიუსის მომხრეების ხელით დაიღუპნენ, მაგრამ თავად მარიუსს კეისრის მამიდა ჰყავდა ცოლად და მარიუსმა 13 წლის კეისარი იუპიტერის ქურუმად (flamen dialis) აირჩია. შესაბამისად კეისარი ორივე პარტიასთან ახლოს იდგა, კარგად იცნობდა მათ სისუსტეებს და ცხოვრებაში დიდ სიფრთხილეს იჩენდა, მას შეეძლო გაურკვეველ მდგომარეობისას დაყოვნება და ხელსაყრელ პირობებისას თავდასხმა.

კეისარმა ძვ. წ. 84 წ-ს ცოლად შეირთო სულას მოწინააღმდეგე ცინას ქალიშვილი, კორნელია. ძვ. წ. 82 წ-ს მხოლოდ გავლენიანი ნათესავების თხოვნით სულამ არ შერისხა კეისარი, რომელმაც უარი თქვა დიქტატორისთვის არასასურველი მეუღლე გაეგდო. სულას სიკვდილის შემდეგ ძვ. წ. 78 წ-ს დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა. იგი ცდილობდა მიეპყრო ყურადღება სულას მომხრეების (კორნელიუს გნეუს დოლაბელა, გაიუს ანტონიუსი) და ამავე დროს მაინც გაერიდა თავის მოწინააღმდეგეებს კუნძულ როდოსზე. იქ იგი რიტორ მოლონთან სწავლობდა და იწაფებოდა რიტორიკაში, რომლის ნიჭი მან ადრევე გამოავლინა. ამ მგზავრობისას იგი ზღვის ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, მაგრამ სიმამაცის წყალობით თავი გადაირჩინა, შემდგომში ეს ყაჩაღებიც დასაჯა და რომიც აალაპარაკა.

მონაწილეობას იღებდა მითრიდატეს წინააღმდეგ ომში (ძვ. წ. 74 წ.), არჩეულ იქნა კვესტორად (ძვ. წ. 68 წ.). მეუღლე კორნელიას და მამიდა იულიას გარდაცვალების გამო წარმოთქმული სიტყვებით მან ოპტიმატების უკმაყოფილება დაიმსახურა. ამ სიტყვებში იგი ხალხის წინამძღოლების - მარიუსისა და ცინას ხსოვნას განადიდებდა. ძვ. წ. 65 წ-ს კეისარმა ცოლად ითხოვა სულას ძმისშვილი პომპეა. იმავე წელს ედილად არჩეულმა ხალხის კეთილგანწყობა დიდებული სანახაობების მოწყობით, რომის შემკობით (ბაზილიკები, ბაზრის მოედნები) და მარიუსის ძეგლების განახლებით დაიმსახურა. ძვ. წ. 63 წ-ს კეისარი უმაღლესი ქურუმი გახდა. კატილინას წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, სენატში მათი საქმის გარჩევისას კეისარი ცდილობდა შეთქმულების მონაწილეები სიკვდილით არ დაესაჯათ.

Bona Dea-ს (ნაყოფიერების ქალღმერთის) ქალების დღესასწაულზე კეისრის სახლში შეპარული კლოდიუსის გამო იგი ცოლს გაეყარა („კეისრის ცოლს ჩრდილიც კი არ უნდა მიადგესო“). ძვ. წ. 62 წ-ს პრეტურის (პრეტორის თანამდებობა) შემდეგ ესპანეთის პროვინციას მართავდა, სადაც მან ქონება დააგროვა და ვალებიც გადაიხადა. ძვ. წ. 59 წ-ს იგი ტრიბუნად აირჩიეს; კეისარმა პომპეუსსა და კრასუსთან ერთად პირველი ტრიუმვირატი შექმნა. კონსულის თანამდებობაზე კეისარმა სენატის მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო გაეტარებინა ორი აგრარული კანონი ვეტერანებისა და უქონელი მოქალაქეების დასახმარებლად. მესამედ კეისარმა იქორწინა კალპურნიაზე, კონსულ პიზონის ქალიშვილზე, თავისი ქალიშვილი იულია კი პომპეუსს მიათხოვა. ძვ. წ. 54 წ-მდე ციზალპიური გალიისა და ილირიის პროკონსულ კეისარს სენატმა ტრანსალპიური გალიაც დაუმატა და შემდგომი ვადა ამ თანამდებობაზე 5 წლით გაუზარდა. ძვ. წ. 58-51 წწ-ში კეისარმა ხელში ჩაიგდო მთელი გალია, ორჯერ გადავიდა რაინზე და ასევე ორჯერ შევიდა ბრიტანიაში. ამავე დროს განახლდა მისი კავშირი პომპეუსსა და კრასუსთან, მაგრამ კრასუსის (ძვ. წ. 53 წ.) და იულიას სიკვდილის შემდეგ შესუსტდა კავშირი კეისარსა და პომპეუსს შორის. პომპეუსი დაუხლოვდა ოპტიმატებს და შეეცადა კეისრისთვის ძალაუფლება წაერთვა. რომში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ კეისარი არჩევანის წინაშე დადგა: ან ძალაუფლებაზე ხელი უნდა აეღო, ან სამხედრო ძალით უნდა გამტკიცებულიყო. ძვ. წ. 49 წ-ს იგი მდინარე რუბიკონს (საზღვარი ციზალპიურ გალიასა და იტალიას შორის) გადავიდა („alia iacta est“ - „წილი ნაყარია“) და პომპეუსს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. პომპეუსი გაიქცა, იგი ეგვიპტეში მოკლეს. მიუხედავად თავისი ჯარის არასახარბიელო მდგომარეობისა, მან ალექსანდრიის ბრძოლაში გამარჯვებას მიაღწია და კლეოპატრა ეგვიპტის მბრძანებელი გახადა. კლეოპატრასგან მას ძე კესარიონი გაუჩნდა. ძვ. წ. 48 წ-ს აფრიკაში პომპეუსის ძის სექსტუსისა და კატონის მეთაურობით შეგროვებული პომპეუსის მომხრეები გაანადგურა, ძვ. წ. 47 წ. კეისარმა გაილაშქრა ბოსფორის მეფე ფარნაკოსის წინააღმდეგ და სწრაფად დაამარცხა იგი („Veni, vidi, vici“ - „მიველ, ვნახე, გავიმარჯვე“). რომში დაბრუნებულმა დიდებული ტრიუმფი გადაიხადა. ძვ. წ. 45 წ-ს მან საბოლოოდ მოუღო ბოლო პომპეუსის ვაჟიშვილების წინააღმდეგობას და რომაული იმპერიის განუსაზღვრელი მბრძანებელი გახდა. საზოგადოების მაღალი ფენების წარმომადგენლების მისამხრობად კეისარმა დამარცხებულები დაინდო. ფარსალოსთან გამარჯვების შემდეგ იგი სიცოცხლის ბოლომდე დიქტატორად გამოაცხადეს; მას უბოძეს ცენზორის უფლებამოსილება, ტრიბუნის ძალაუფლება. კეისარმა ამ პერიოდში გაატარა სახელმწიფო წყობის რეფორმა, პოლიტიკური და სოციალური წესრიგის გაუმჯობესება, კალენდრის რეფორმა, ხელი შეუწყო პროვინციების რომანიზაციას, მოქალაქეობა მიანიჭა რომის მიერ დაპყრობილი ქვეყნების მოსახლეობას, დაეხმარა ვეტერანებს და წაახალისა პროვინციებში თვითმართველობა. სენატმა კეისარს უბოძა „იმპერატორის“ (მისი შთამომავლებისათვის გადაცემის უფლებით) და „სამშობლოს მამის“ (Pater patriae) ტიტული. მეფის წოდებაზე მან თავად განაცხადა უარი, სავარაუდოდ, იგი ფიქრობდა, ელინისტური მონარქებივით დიადემა დაედგა თავზე, მაგრამ მისმა ყოფილმა მომხრეებმა კეისრის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს და ძვ. წ. 44 184 წ-ს მარტის იდებზე მოკლეს. სენატმა და ხალხმა მას ღვთაებრივი იულიუსი (Divus Julius) უწოდეს. კეისარი სენატის არისტოკრატების, რომელთა სახელმწიფოს მმართველობიდან ჩამოშორება მან ვერ შესძლო, შეთქმულების მსხვერპლი გახდა. როგორც პოპულარების პარტიის ლიდერი იგი ცდილობდა, სენატის ძალაუფლება ერთმმართველობით შეეცვალა.

საშინაო პოლიტიკაში მისი მიზანი იყო საშუალო და წვრილი მონათმფლობელების გაძლიერება და ამით იმპერიის ბაზისა და მონათმფლობელური წყობის გაფართოება. კეისარმა სამართლის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები ჩააატარა (lex Iulia).

კეისარს სამხედრო დიქტატურით უნდოდა მონათმფლობელური საზოგადოების კრიზისი აეცილებინა თავიდან. ავგუსტუსის წინამორბედმა პრინციპატს გაუკვალა გზა. კეისრის სახელი გაიგივებული იყო „იმპერატორისა“ და მეფის სახელთან, მოგვიანებით ყველა რომის იმპერატორი თავად იღებდა „კეისრის“ ტიტულს და მას შვილებსაც გადასცემდა.

კეისრის თხზულებებიდან შემოგვრჩა „გალებთან ომის ჩანაწერები“ (De bello Gallico) 7 წიგნად, „სამოქალაქო ომის ჩანაწერები“ (De bello civili) 3 წიგნად. კეისრის ნაწერები კლასიკური სტილის ნიმუშად მიიჩნევა.

კვატუოვირები (Quatuoviri) - მუნიციპალურ თანამდებობის პირთა ოთხკაციანი კოლეგია, რომელიც შედგებოდა ორი ედილისა და ორი სამართლის მცოდნე პირისაგან, რომლებიც, ერთი მხრივ, პრეტორის დელეგატებს წარმოადგენდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, ჰქონდათ საკუთარი ძალაუფლებაც. მას შემდეგ, რაც რომში განვითარდა იურიდიული საქმიანობა, დუუმვირთა ადგილი დაიკავეს კვატუოვირებმა, რომლებიც ხუთ წელიწადში ერთხელ ადგენდნენ ცენზს და აკეთებდნენ ჩანაწერებს ქალაქის საკრებულოს სიებში (album decurionum).

კვეთილში ჩასმა, ფშავი - როდესაც ცოლი ქმარს იწუნებდა და არ უნდოდა ქმართან სარეცლის გაზიარება, ქალი იმიზეზებდა, რომ თითქოს ხატი უშლიდა ამის გაკეთებას. ქმარიც აძლევდა ნებას, სადაც უნდოდა, იქ წასულიყო, მხოლოდ სხვა კაცთან ურთიერთობა ეკრძალებოდა. ამ ჩვეულებას უწოდებდნენ “კვეთილში ჩასმას”. ხევსურეთში თუ კვეთილში ჩასმული პირობას დაარღვევდა და სხვას გაჰყვებოდა ცოლად, სიკვდილი არ ასცდებოდა. იმავე ბედს გაიზიარებდა, ვინც კვეთილში ჩასმულს მოიყვანდა ცოლად.

როდესაც ქალს ორი მთხოვნელი გამოუჩნდებოდა, უნდა გათხოვილიყო იმაზე, ვინც სხვებს დაასწრებდა და პირველი იტყოდა, რომ ქალი მისი საცოლე იყო ან არადა ან სამუდამოდ გაუთხოვარი რჩებოდა. ზოგჯერ ქალი თავის თავს “ჩაისვამდა კვეთილში”, მაგალითად მაშინ, როცა წაწლის დათმობა უჭირდა და სხვაზე გათხოვება არ უნდოდა, ან მშობლები ძალით ათხოვებდნენ, ან როცა ქალს მოტაცებით ემუქრებოდნენ, ქალი მიდიოდა ხატში და აღთქმას დებდა ქალწულობაზე და უარს ამბობდა გათხოვებაზე. ამით ის თავს ხატს სწირავდა და ხატის „მოწინდარი“ ხდებოდა. ამის შემდეგ ქალს ხელს ვერ ახლებდნენ. ამ შეწირვის გაუქმება არც ბჭეებსა და არც ხევისბერებს შეეძლოთ.

კვესტორი (quaestor) - თავდაპირველი ფუნქციით ეს იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც მეფეების ეპოქაში სისხლის სამართლის ისეთ საქმეებს (მკვლელობებს) განიხილავდნენ, რომელთა განაჩენი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა. Lex Valeria-ს მიხედვით, სისხლის სამართლის იურისდიქცია გადაეცა ცენტურიის კომიციებს, შესაბამისად, კვესტორებს ეს უფლება აერთვათ და ისინი განაგებდნენ ფინანსურ საკითხებს, თუმცა ჯერ მაინც გამოდიოდნენ ბრალმდებელთა როლში, როგორც quaestor parricidii. რესპუბლიკის ხანაში ერთმანეთისაგან განასხვავებდნენ ქალაქის და სახაზინო კვესტორებს სამხედრო ან პროვინციური კვესტორებისაგან. ძვ. წ. 421 წ-ს ორ კვესტორს კიდევ ორი დაემატა. ორი კვესტორი დაკავებული იყო ხაზინის საქმეებით, ორი თან დაჰყვებოდა კონსულს ომში. სამხედრო კვესტორები განაგებდნენ სალაშქრო ხაზინას, ყიდდნენ ალაფს, ეხმარებოდნენ კონსულებს მათი ბრძანებების აღსრულებაში ლაშქრობის დროს. ძვ. წ. 267 წ-ს კვესტორთა რაოდენობა აღწევს 8-მდე, სულამ გაზარდა ისინი 20-მდე, ხოლო კეისარმა იულიუსმა (ძვ. წ. 44 წ.) - 40-მდე, მოგვიანებით მათი რიცხვი განსხვავებული იყო. ორი კვესტორი რჩებოდა რომში, ქალაქის კვესტორის ფუნქციით, დანარჩენები ფინანსურ საკითხებს განაგებდნენ იტალიის საზღვრებში თუ მის გარეთ. ძვ. წ. III ს-დან ოთხი კვესტორი ხელმძღვანელობდა ფლოტის შექმნას და კურირებდა იტალიის შორეული ოლქების განმგებლობას. დადგინდა პროვინციის კვესტორთა თანამდებობა - ყველა გამგებელს დამხმარედ ჰყავდა კვესტორი, რომელიც არა მარტო ფინანსებს კურირებდა, არამედ მოსამართლის უფლებამოსილებით იყო აღჭურვილი ედილთა (aediles curules) მსგავსად. მათ ირჩევდნენ თანამდებობაზე 1 წლის ვადით. ძვ. წ. 421 წ-ს პლებეებსაც გაეხსნათ გზა კვესტორის თანამდებობისაკენ, თუმცა ეს უფლება რეალურად მხოლოდ 12 წლის შემდეგ შევიდა მოქმედებაში. კანონის მიხედვით, კვესტორის ასაკი სხვადასხვა ავტორთან 27-30 წლებით განისაზღვრებოდა. იმპერიუმის ნიშნები კვესტორს არ ჰქონდა, თუმცა ზოგიერთი ავტორი მოიხსენიებს კვესტორთა ძალაუფლების სიმბოლოებს (insignia quaestoria). რომში განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა quaestor pro praetore, რამდენადაც ისინი იყვნენ პატარა პროვინციების გამგებლები ან დროებით ასრულებდნენ მათ მოვალეობას (გარდაცვალების, სხვა საქმით დატვირთვის შემთხვევაში). Quaestor aquarius კურირებდა წყალგაყვანილობის სისტემებს, quaestor Ostensis - ოსტიის ნავსადგურში საქონლის გადმოტვირთვას აწესრიგებდა. ამისთანავე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ თემს თავისი quaestor municipalis ჰყავდა, რომელიც ფინანსური საკითხების განხილვით იყო დაკავებული. იმპერიის ხანაში კვესტორები აგრძელებენ არსებობას, როგორც დაბალი რანგის მაგისტრატები, რაც შეეხება ხაზინის განკარგვა-კურირებას, ეს სფერო გადადის ხაზინის პრეფექტის (praefectus aerarii) ხელში. კვესტორებს უნდა დაეცვათ სენატის დადგენილებანი და მეთვალყურეობა გაეწიათ საგზაო სამუშაოებისათვის. ამასთანავე, მათ ეკისრებოდათ საკმაოდ მძიმე მისია, ცნობილი ადამიანებისათვის სასიკვდილო განაჩენის შეტყობინება. პროვინციის კვესტორები ინარჩუნებდნენ პროკონსულებთან იმავე ფუნქციებს, კურირებდნენ ფინანსურ საკითხებს. პროპრეტორებს, რომლებიც იმპერიის პროვინციებს განაგებდნენ, საიმპერატორო ქონების საბუღალტრო საქმის წარმოებისათვის ჰყავდათ პროკურატორი (procurator). მცირე პროვინციებს განაგებდა მხოლოდ პროკურატორი და იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი უფრო მაღალ, პრეტორის წოდებას ატარებდა, ვალდებული იყო თვითონ ეწარმოებინა ბუღალტერია. მაგრამ თუ აუცილებელი გახდებოდა პროკურატორის პრეტორის თანამდებობამდე ამაღლება, მაშინ მის განკარგულებაში გადადიოდა არა პროკურატორი, არამედ კვესტორი. აქედან წამოვიდა კვესტორების ახალი ტიპი quaestor Caesaris, principis. ისინი ინიშნებოდნენ იმპერატორის მიერ სამომავლო ვაკანსიების იმედით. მათ ევალებოდათ სენატში იმპერატორის დადგენილებების წაკითხვა.

კიმონი - ათენელი პოლიტიკური მოღვაწე, ძვ. წ. V ს. მილტიადესისა და თრაკიის მეფის ოლოროსის ქალიშვილის - ჰეგესიპილეს ვაჟი. მას ჰყავდა ვაჟიშვილები - ლაკედემონიუსი, ელეოსი/ ულიოსი და თეტალოსი. ძვ. წ. 489 წ-ს მამის, მილტიადესის, სიკვდილის შემდეგ მან 50 ტალანტი ჯარიმა გადაიხადა. ძვ. წ. 479 წ-ს იგი შეუერთდა სპარტაში წარგზავნილ ელჩობას და ამის შემდეგ ხშირად იყო არჩეული სტრატეგოსად. ძვ. წ. 478 წ-ს კიმონი არისტიდესს დაეხმარა ზღვისპირეთში მცხოვრები ბერძნების დელოსის ლიგაში შეყვანაში და ძვ. 476-463 წწ-ში ხელმძღვანელობდა ამ ლიგის მიერ წარმოებულ სამხედრო ქმედებებს. კიმონმა დაიპყრო სკიროსი, განდევნა რა დოლოპიელები (მეკობრეები) და დააფუძნა კლერუქია. კიმონის ყველაზე დიდი წარმატება ევრიმედონთან სპარსელებზე მოპოვებული გამარჯვება იყო (ძვ. წ. 466 წ.). ამ გამარჯვებამ მოიტანა ის, რომ აღმოსავლეთით ისე შორს მდებარე ადგილები, როგორიცაა მაგ., ფასელისი და ა.შ., დელოსის ლიგაში გაერთიანდნენ. კიმონი ამ პერიოდში სპარსეთთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რასაც მისი მტრები დაუპირისპირდნენ და ზავის წინააღმდეგ გაილაშქრეს. კიმონმა დაიმორჩილა თრაკიული ქერსონესი და ძვ. წ. 465-463 წწ-ში ჩაახშო თასოსის აჯანყება. ევთინეს საფუძველზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო პერიკლემ იმ საბაბით, თითქოს კიმონს მაკედონიის მეფე ალექსანდრე I-სგან ქრთამი ჰქონდა აღებული. სასამართლოზე კიმონი გაამართლეს. ძვ. წ. 462 წ-ს მან დაარწმუნა ათენელები, რომ სპარტის დასახმარებლად ჰოპლიტთა ჯარი გაეგზავნათ. თუმცა სპარტელებმა, რომლებმაც ათენელების „რევოლუციურ განზრახვებზე“ მიიტანეს ეჭვი, ათენელები უკან გამოაბრუნეს. ამას ძვ. წ. 461 წ-ს კიმონის ოსტრაკისმოსი მოჰყვა.

კიმონი უხვად ხარჯავდა ფულს ხალხის გართობისა და საჯარო საქმეებისათვის, რაც თემისტოკლესის, ეფიალტესისა და პერიკლეს მსგავს რადიკალურ ლიდერებთან მისი მეტოქეობის ნაწილი იყო. სპარტასთან კიმონის პიროვნული კავშირებისა და სპარტისადმი სიმპათიის მიუხედავად კიმონი არც დემოკრატიის და არც ათენის იმპერიის მტერი არ იყო. მან განავრცო იმპერიის საზღვრები ისევე, როგორც ეს პერიკლემ გააკეთა და ისევე როგორც პერიკლე უპირისპირდებოდა იმპერიისაგან გამოყოფის მსურველთ. 186 ძვ. წ. 458 წ-ს ტანაგრასთან ბრძოლაში კიმონს სურდა ათენს სპარტის წინააღმდეგ დახმარებოდა. მაგრამ მას გადაჭრით უთხრეს უარი. მისი ოსტრაკისმოსის ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული, როდესაც ძვ. წ. 450-იანი წლების დასასრულს იგი ათენში დაბრუნდა. კიმონმა მიაღწია იმას, რომ ათენმა სპარტასთან 5 წლის ვადით ზავი დადო. იგი ებრძოდა სპარსეთს კვიპროსზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

კლავდიუს მარკ(ც)ელუსი (Marcus Claudius Marcellus) - ხუთგზის კონსული (ძვ. წ. 223 - 208 წწ.), II პუნიკური ომის დროს ერთ-ერთი გამოჩენილი რომაელი, ბერძნული განათლების მქონე, კეთილშობილი ქცევის, უბადლო მეომარი და გონიერი მხედართმთავარი. ჰანიბალთან არცერთ გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვებისთვის არ მიუღწევია, მაგრამ ბევრ მცირე შეტაკებებში გამარჯვებით რომაელთა შემართება გაზარდა და ამისთვის მას „ხმალს“ უწოდებდნენ. მესამედ (ძვ. წ. 214 წ.) კონსულად ყოფნისას სიცილიას გაემართა, სამწლიანი ალყის შემდეგ (ძვ. წ. 212 წ.) სირაკუზი დაიპყრო და აღადგინა მშვიდობა მთელ კუნძულზე. რომში დაბრუნებულს ტრიუმფი არ გადაუხადეს, მაგრამ ოვაციო (მცირე ტრიუმფი - საზეიმო შესვლა რომში არა ეტლით, არამედ ცხენზე ამხედრებული ან ფეხით) დაიმსახურა. სირაკუზელების თხოვნით ისინი თავის მფარველობაში მიიღო, მათი მოთხოვნები გაითვალისწინა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილშობილმა და გულმოწყალე ადამიანმა. ძვ. წ. 207 წ-ს ჰანიბალთან ბრძოლისას დაიღუპა. პირუთვნელი, ალერსიანი, სამართლიანი, ზოგჯერ კი საჭიროებისამებრ მკაცრი და შეურიგებელი მარკელუსის სიკვდილი რომაელებისთვის მძიმე აღმოჩნდა. მარკ(ც)ელუსმა დაწერა ავგურების მოძღვრება (Auguralis disciplina).

კლავდიუს ტიბერიუს კეისარ ავგუსტუს გერმანიკუსი (Tiberius Claudius Caesar Augustus Germanicus) - (ძვ. წ. 10 - ახ. წ. 54 წწ.) რომის იმპერატორი (ახ. წ. 41 წ-დან). ავადმყოფური და ბუნებით სუსტი ხასიათის კლავდიუსი პირველ ხანებში სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდა, უდრტვინელად იტანდა თავისი ბიძის ტიბერიუსისა და შემდგომში კალიგულას დამცირებას. ბერძნული და ეტრუსკული ენების მცოდნე უფრო ისტორიული გამოკვლევებით იყო გატაცებული (ცდილობდა ანბანში ახალი ლათინური ასოები შემოეტანა). კალიგულას სიკვდილის შემდეგ პრეტორიანებმა შიშისგან დამალული კლავდიუსი, როგორც კლავდიუსების უკანასკნელი წარმომადგენელი, იმპერატორად აირჩიეს. კლავდიუსის ტახტზე ასვლისას ძალაუფლება ფაქტობრივად მისი მესამე ცოლის მესალინასა და მისი საყვარლების ხელში გადავიდა. კლავდიუსის პირადი ინიციატივით რამდენიმე პროგრესული ღონისძიება გატარდა: საყოველთაო ამნისტია (გარდა კალიგულას მკვლელებისა - ისინი სიკვდილით დასაჯეს), პროვინციების რომანიზაცია და ამ მიზნით არაიტალიკი მოსახლეობისათვის მოქალაქეობის მინიჭება, იმპერატორის შეურაცხყოფის კანონის გაუქმება, შეტანილ იქნა ცვლილებები მემკვიდრეობით, ქორწინებისა და მონათა უფლებებში: მოახდინა სახელმწიფო ძალაუფლების ცენტრალიზაცია, განამტკიცა ადმინისტრაციული აპარატი, სენატს პატივისცემით ეპყრობოდა; მისი ინიციატივით დამუშავებული იქნა მრავალი სამართლებლივი ნორმა, სახელმწიფო ხაზინა დააბრუნა კვესტორების გამგებლობაში; დაარსა ბევრი კოლონია, დააგო გზები, ააგო ტექნიკური ნაგებობები - წყალგაყვანილობა, ამავე პერიოდში რომის იმპერიას შეუერთა სამხრეთ ბრიტანია და მავრიტანია. მესალინას სიკვდილის შემდეგ მისი მეუღლე გახდა აგრიპინა, რომელმაც თავისი შვილის, ნერონის ტახტზე ასასვლელად კლავდიუსი მოწამლა.

კლავდიუსმა ბერძნულ ენაზე დაწერა ტირენელებისა და კართაგენელების ისტორია, ლათინურ ენაზე კი - ისტორია; ციცერონის დასაცავი და სხვა ბევრი სიტყვა, რომლებსაც სიამოვნებით წარმოთქვამდა.

კლასი (classis) - სერვიუს ტულიუსმა რომის მთელი მოსახლეობა დაყო სოლონის მსგავსად ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით 5 ქონებრივ კლასად, რომელშიც ერთიანდება 170 ცენტურია (centuriae peditum), რომელთაც წინ უსწრებს მხედართა 18 ცენტურია (centuriae equitum). მათ ემატებოდა ხელოსნების 4 ცენტურია. სულ 192 ცენტურია, რომელთაც კომიციებში დაემატა 193-ე.

I კლასი - მოქალაქეთა ქონება შეადგენდა 100 000 ასს და მას უნდა გამოეყვანა 80 ცენტურია.

II კლასი - ქონება -75 000 ასი, უნდა გამოეყვანა 22 ცენტურია.

III კლასი - ქონება - 50 000 ასი, უნდა გამოეყვანა 20 ცენტურია.

IV კლასი - ქონება - 25 000 ასი, უნდა გამოეყვანა 22 ცენტურია

V კლასი - ქონება - 11 000 ასი, უნდა გამოეყვანა 30 ცენტურია

VI კლასში ირიცხებოდნენ მხედრები, რომლებსაც 18 ცენტურია უნდა გამოეყვანათ. გარდა ამისა, დაარსდა 5 ცენტურია - 2 მუსიკოსების, 2 ხელოსნების და 1 ცენტურია უნდა გამოეყვანა იმ ხალხს, რომელსაც არ ჰქონდა იმდენი ქონება (11000 ასი), რომ V კლასში ჩარიცხულიყვნენ. ამ ცენტურიას ეწოდებოდა პროლეტარების ცენტურია. ამა თუ იმ კლასში გაერთიანება თავდაპირველად საკუთრებაში არსებული მიწის ფართობს უკავშირდებოდა (არა უმცირეს 20, 15, 10, 5 ან 2 იუგერისა), აპიუს კლავდიუსიდან მოყოლებული კი - ქონების ღირებულებას ასებში.

კლეომენესი - სპარტის მეფე. მეფობდა დაახლ. ძვ. წ. 520-490 წწ-ში, ანაქსანდრიდას II ვაჟი. იგი სახიფათო საგარეო პოლიტიკას ატარებდა და ცალკეულ შემთხვევებში მიზნის მისაღწევად საშუალებებსაც არ განარჩევდა. მისი პოლიტიკა არგოსის განადგურებისა და სპარტის გავლენის გაძლიერებისაკენ იყო მიმართული. პელოპონესის ლიგა სწორედ მისი მეფობის დროს შეიქმნა, თუმცაღა არა მთლიანად იმ სახით, როგორითაც ეს კლეომენესს სურდა. იგი ორჯერ სპარტისთვის წარმატებულად ჩაერია ათენის საქმეებში, ერთხელ, ძვ. წ. 510 წ-ს, როდესაც ჰიპიასის ტირანია გადააგდეს, მეორედ ძვ. წ. 508 წ-ს, როდესაც მან მხარი დაუჭირა ისაგორასს და გააძევა კლისთენესი. თუმცა ძვ. წ. 506 წ-ს მან ვერ შეძლო, ისაგორასის ხელისუფლება აღედგინა. ძვ. წ. 494 წ-ს კლეომენესმა ტირინთოსის ახლოს სეპეასთან დაამარცხა არგოსი. გამარჯვების შემდეგ კლეომენესი არაზნეობრივად მოიქცა, როდესაც წმინდა სამარხში დაწვა რამდენიმე ათასი არგოსელი, რის გამოც იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა. იგი გაამართლეს.

კლეომენესი არ ჩაერია არც სამოსის ამბებში (დაახლ. ძვ. წ. 515 წ.) და არც იონიურ აჯანყებას არ დაუჭირა მხარი (ძვ. წ. 499 წ.). მან დაარწმუნა დელფოს სამისნო, დემარატოსი კანონის გარეშედ გამოეცხადებინა, შემდეგ უკანასკნელი ტახტიდან ჩამოაგდო. მაგრამ მისი ინტრიგა გამოაშკარავდა და იგი გაიქცა, რათა არკადიელები აეჯანყებინა. მას უკან გამოუხმეს სპარტაში, სადაც მან სასტიკი აღსასრული ჰპოვა. ჰეროდოტეს გადმოცემით, კლეომენესმა თავი მოიკლა.

კლერუქია (κληρουχία) - ბერძნული კოლონიის განსაკუთრებული სახეობა, რომელშიც დასახელებული პირები თავდაპირველ მოქალაქეობას ინარჩუნებდნენ და არ ქმნიდნენ დამოუკიდებელ ერთობას. ამ ტერმინით აღინიშნება გარკვეული ათენური დასახლებები, რომლებიც დაპყრობილ ტერიტორიებზე (ბერძნულზე და ბარბაროსულზე) იქნა დაფუძნებული მოყოლებული ძვ. წ. VI საუკუნიდან, განსაკუთრებით კი ათენის იმპერიის პერიოდში. ხშირად რთულდება ძვ. წ. VI საუკუნის ამა თუ იმ დასახლების კლერუქიად განსაზღვრა, რადგან თავად ანტიკური ავტორები კლერუქიებს ყოველთვის არ განასხვავებდნენ სხვა ტიპის კოლონიებისგან.

კლერუქიაში მცხოვრებთა რაოდენობა 4 000 (ქალკისი)-დან 250 (ანდროსი) - მერყეობდა. თითოეული მოსახლე - κληροϋχος იღებდა მიწის ნაკვეთს, რაც მას როგორც ძევგიტს ამტკიცებდა. როგორც ათენის მოქალაქეებს კლერუქოსებს ეკისრებოდათ სამხედრო მსახურების პასუხისმგებლობა. ისინი იხდიდნენ სამხედრო გადასახადს (ეისფორას) და მონაწილეობდნენ ათენის რელიგიურ კულტმსახურებაში. თუმცა, მანძილი ათენამდე მათ აიძულებდა შეექმნათ ათენური მოდელის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სულ მცირე, ძვ. წ. IV ს-ში კლერუქიებს ათენიდან გამოგზავნილი მოხელეები უწევდნენ ზედამხედველობას.

კლეფსიდრა (κλεψύδρα) - წყლის სააათი, რომლითაც სასამართლო განხილვაზე გამომსვლელთა სიტყვები იზომებოდა. იგი შედგებოდა წყლის ჯამისგან, რომელსაც ძირთან პატარა ნახვრეტი ჰქონდა გაკეთებული. ნახვრეტი სურვილისამებრ შეიძლებოდა გაღებულიყო ან დახურულიყო: ჩვეულებრივ ორი ასეთი ჯამი იყო გამოყენებული ისე, რომ ერთისაგან მომდინარე წყალი მეორეში ჩაედინებოდა და, პირიქით, რათა დროის სვლა გაეზომათ. ნებისმიერი ტიპის საქმის შემთხვევაში თითოეულ გამომსვლელს სავსე ჯამების დადგენილი რიცხვი ეძლეოდა, თუმცა კანონების წაკითხვასა და მოწმეთა ჩვენებების პერიოდში წყლის მდინარება წყდებოდა.

კლიენტები (clientes) - თავდაპირველად ეს იყვნენ თავისუფალი პლებეები, რომელთაც რომელიმე პატრიციელი გვარი (gens) აძლევდა მიწის ნაკვეთს დროებით სარგებლობაში (praecarium). სამაგიეროდ, ისინი ამ გვარის მფარველობის ქვეშ გადადიოდნენ. ამ ურთიერთობას სამართლებრივად აწესრიგებდა ius applicationis, რომელიც ემყარებოდა ურთიერთნდობას (fides) და განსაზღვრავდა ვალდებულებებს ორივე მხარისათვის. კლიენტები გვარის წინაშე იღებდნენ შრომით, სამხედრო ვალდებულებებს, მათ უნდა ეზრუნათ გასაჭირში ჩავარდილ პატრონსა და მის ოჯახზე, გამოესყიდათ იგი ტყვეობიდან და ა.შ. პატრონს, თავის მხრივ, უნდა დაეცვა კლიენტი და მისი წარმომადგენელი ყოფილიყო სასამართლოში (ამასთან მათ არ შეეძლოთ ერთმანეთის წინააღმდეგ მოწმედ გამოსვლა და ბრალდებების წაყენება). სერვიუს ტულიუსმა კლიენტებს მიანიჭა მოქალაქეობა, თუმცა ისინი დიდხანს რჩებოდნენ თავიანთ პატრონებთან მიჯაჭვულ მდგომარეობაში, წარმოადგენდნენ პატრონის სახლის კარს. დილით ადრე მიდიოდნენ პატრონთან მისასალმებლად, თან ახლდნენ მას ფორუმზე, მარსის მოედანზე, რაშიც პატრონისაგან იღებდნენ ფულს და საკვებს. ეს ურთიერთობა იმპერიის ეპოქაშიც გრძელდებოდა. ცნობილ რომაელ სარდლებს კლიენტებად ჰყავდათ თავის მიერ დაპყრობილი ხალხები. გვიანი რესპუბლიკის ხანაში კლიენტები, რომლებიც ძირითადად ქალაქის ღარიბ მოსახლეობას წარმოადგენდნენ, დამოკიდებულნი იყვნენ მდიდრებზე და მატერიალური დახმარების სანაცვლოდ მათ უჭერდნენ მხარს. ცნობილია, რომ კეისარი იულიუსი და პომპეუსი პოლიტიკურ მომხრეებს თავიანთი ურიცხვი კლიენტებისაგან იძენდნენ.

კლისთენესი - ათენელი პოლიტიკოსი. ალკმეონიდთა ოჯახიდან. კლისთენესი იყო მეგაკლესისა და კლისთენეს სიკიონელის ქალიშვილის - აგარისტეს ვაჟიშვილი. ჰიპიასის მმართველობის დროს, ძვ. წ. 525-4 წწ-ში, კლისთენესი არქონი იყო. ჰიპიასის მმართველობის ბოლო წლებში ალკმეონიდები გადასახლებაში წავიდნენ. დელფოს სამისნოს მეშვეობით მათ სპარტაზე მოახდინეს ზეწოლა, რის შემდეგაც სპარტელები ათენში შეიჭრნენ და ტირანია დაამხეს. ხელისუფლების გარეშე დარჩენილ ქვეყანაში პირველობისათვის ბრძოლა კლისთენესმა და ისაგორასმა დაიწყეს. ძვ. წ. 508/7 წ-ს არქონობა ისაგორასმა მოიპოვა. მაშინ რეფორმების პროგრამის მხარდაჭერისათვის კლისთენესმა ხალხს მიმართა. ისაგორასმა კი სპარტის მეფე კლეომენესს უხმო. კლეომენესი მცირერიცხოვანი ძალებით ათენში მივიდა, ათენელებს ალკმეონიდთა საგვარეულო წყევლა გაახსენა და კლისთენესს და მისიანებს წასვლა აიძულა. მაგრამ ხალხმა კლეომენესს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც იგი თავად გახდა იძულებული გაცლოდა იქაურობას და თან ისაგორასიც წაეყვანა. კლისთენესი დაბრუნდა ათენში და თავისი რეფორმები წარმატებით გაატარა.

კლისთენესის მთავარი მიღწევა არსებული სტრუქტურის ახლებურად ორგანიზაცია იყო. მან ოთხი ფილე და სხვა ძველი ერთეულები დატოვა, თუმცა მათ პოლიტიკური მნიშვნელობა გამოაცალა. ამიერიდან თითოეული მოქალაქე 139 ადგილობრივი ერთეულიდან ერთ-ერთის წევრი უნდა ყოფილიყო. ამ ერთეულებს დემოსები ეწოდებოდა და ისინი იმგვარად იყო დაჯგუფებული, რომ 30 ახალი ტრიტია- „მესამედები“ და 10 ახალი ფილე შეექმნათ. სწორედ ამ ერთეულებზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული ატიკის მოქალაქეობა, პოლიტიკური და სამხედრო მოწყობა (მაგ., სოლონისეული 400-ის ბულე გახდა 500-თა ბულე, რომელშიაც თითოეული ფილედან 50 წევრი შედიოდა, ხოლო ცალკეული დემოსი საარჩევნო ოლქად წარმოგვიდგებოდა). რეფორმის მთავარი მიზანი გავლენის ძველი სფეროებისათვის ძირის გამოთხრა იყო (და, ალბათ, ისიც, რომ ალკმეონიდებს ახალ სისტემაში პრივილეგირებული მდგომარეობა მოეპოვებინათ). რიგითი მოქალაქისათვის ამ სისტემის მომხიბლაობა, სავარაუდოდ, ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური სტრუქტურით უზრუნველყოფა გახლდათ. ამ აპარატის მოქმედება მოქალაქეებს დემოკრატიისათვის წვრთნიდა. ოსტრაკისმოსის ინსტიტუტი კლისთენესმა შემოიღო. ძვ. წ. V ს-ში კლისთენესს დემოკრატიის შემომღებად მიიჩნევდნენ, თუმცა საუკუნის ბოლოს გაჩაღებულ პოლიტიკურ კამათში დემოკრატები დემოკრატიის შემოღებას სოლონს უკავშირებდნენ.

კოგნატები (cognati) - სისხლით ნათესავი როგორც პირდაპირი ხაზით (ერთი პირის მომდინარეობა მეორისაგან - ascendentes (წინაპრები აღმავალი ხაზით ანუ მამა, დედა, ბაბუა დედის ან მამის მხრიდან, ბებია, დიდი ბაბუა, დიდი ბაბუის მამა) და descendentes (შთამომავლები დაღმავალი ხაზით - შვილები, ვაჟი, ქალიშვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი, იმის შვილი და ა.შ.) ასევე გვერდითი (ორ პირს ჰყავს საერთო წინაპარი). XII დაფის კანონები მკაცრად განასხვავებდა ერთმანეთისაგან კოგნატებს და აგნატებს (კოგნატებში იგულისხმებოდა მხოლოდ სისხლით ნათესაობა) მაგ., ქალიშვილი, რომელიც გათხოვდა და სხვა ოჯახის მეურვეობის ქვეშ გადავიდა, ძველი კანონების თანახმად, ყოფილ ოჯახში მემკვიდრეობის უფლებით აღარ სარგებლობს. დროთა განმავლობაში, რესპუბლიკის ხანის ბოლოსაკენ დაიწყო მათი უფლებების გაფართოება და პრეტორული სამართალი იცავდა კოგნატების უფლებებს (ius cognationis) მათი ნათესაობის ხარისხიდან გამომდინარე (gradus cognationis).

კოგნიტორი (cognitor) - წარმომადგენელი სასამართლოში, რომელსაც სამართლებრივი და საკუთრების უფლების მქონე პიროვნება (dominus litis) წარუდგენდა მოწინააღმდეგე მხარეს in iure (ლეგისაქციური და ფორმულარული პროცესის პირველი ნაწილი სასამართლო მაგისტრატის წინაშე, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა სარჩელი), რის შედეგადაც კოგნიტორი საკუთარ თავზე იღებს პროცესის წარმართვას და, შესაბამისად, მის შედეგსაც - განაჩენს. კოგნიტორის როლში გამოსვლა არ შეეძლო ჯარისკაცს, ქალებს და ინფამისს.

კოლაკრეტესი (κωλακρέτης) - ათენელი მაგისტრატის სახელწოდება, რომელსაც სახელმწიფო ხაზინაზე ეკისრებოდა პასუხისმგებლობა. უცნობია, თუ როდის იქნა ეს თანამდებობა შემოღებული, თუმცა კოლაკრეტესები, სულ მცირე, სოლონის ეპოქაში უკვე არსებობდნენ. წყაროებიდან ცნობილია, რომ პელოპონესის ომის პერიოდში ისინი ისევ ზედამხედველობდნენ სახელმწიფო თანხებს და უხდიდნენ მსაჯულებს გასამრჯელოს (იხ. დიკასტერიონი). კოლაკრეტესები აღარ მოიხსენიებიან ძვ. წ. 411 წ-ს შემდეგ და, შესაძლებელია, რომ ეს თანამდებობა ამ წ-ს იქნა გაუქმებული. მათი ფუნქციები ჰელენოტამიასებმა იტვირთეს.

კოლეგა (collega) - 1) სახელმწიფო სამსახურში თითოეულ თანამდებობაზე (გარდა დიქტატორისა) რამდენიმე პირს ირჩევდნენ. კოლეგიალობის ინსტიტუტი რომაული პოლიტიკური წყობის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენდა და ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არ მომხდარიყო ერთი პიროვნების ხელში ძალაუფლების უზურპაცია. მაგისტრატს უფლება ჰქონდა თავისი კოლეგის ნებისმიერი ოფიციალური ქმედება გაეუქმებინა ან აეკრძალა (ინტერკესია, ვეტოს დადება), მაგრამ არ ჰქონდა უფლება ებრძანებინა მისთვის რამე. კოლეგებშიც არსებობდა გავლენისა და ძალაუფლების მხრივ განსხვავება. მაგ., ქალაქის პრეტორი იყო კონსულის კოლეგა (collega minor), ასრულებდა კონსულის ბრძანებებს, მის არყოფნაში ითავსებდა თანამდებობას, წყვეტდა დავას მოქალაქეთა შორის. ისიც იყო ძალაუფლებით (იმპერიუმი) აღჭურვილი, ოღონდ შედარებით ნაკლები ძალაუფლებით (imperium minus). მის წინაც მიდიოდნენ ლიქტორები, თუმცა ნაკლები რაოდენობით, მასაც ჰქონდა უფლება მოეწვია სახალხო კრება ან შეეკრიბა სენატი და სხდომისათვის ეხელმძღვანელა, მოემზადებინა კანონპროექტები და გამოეტანა განსახილველად, თუმცა მის თანამდებობრივ მოქმედებაში შეეძლო კონსულს ჩარევა (interkesia - intercessio). 2) კოლეგიის (collegium) წევრი. კოლეგიის შეკრებებზე ხმათა უმრავლესობით ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. 3) თანამმართველი პიროვნება. მაგ., იმპერატორი თავის კოლეგად ირჩევდა ხოლმე საკუთარ ვაჟს, რომელსაც მემკვიდრეობით გადასცემდა შემდეგ ხელისუფლებას.

კოლეგია (collegium) - 1) მაგისტრატების მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას აუცილებელი მოთათბირება (collegia magistratum). 2) ქურუმთა კოლეგიის შეკრება (collegium augurum) - შედგებოდა თავიდან სამი წევრისაგან, შემდეგ მათი რიცხვი გაიზარდა და სულას პერიოდში 15-ს მიაღწია. მათ კომპეტენციაში შედიოდა წინასწარმეტყველება და ღვთის მიერ მოცემული ნიშნების განსაზღვრა (auspicia) ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას. რამდენადაც ავგურების მიერ არასასურველი ნიშნების განსაზღვრით ხდებოდა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე და მის გადაჭრაზე უარის თქმა, ისინი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ. აუსპიციის დანიშვნის უფლებას (ius auspiciorum) ხშირად ბოროტად იყენებდნენ მაღალი რანგის მაგისტრატები არისტოკრატიის ინტერესების დასაცავად. Collegium sacerdotum შედგებოდა ქურუმებისაგან და მას უვადოდ ირჩევდნენ. კოლეგიის წევრების რაოდენობის გაზრდა შეეძლო უმაღლეს პონტიფექსს (pontifex maximus). ქურუმები თავდაპირველად მხოლოდ პატრიციები იყვნენ, მოგვიანებით შეაღწია პლებსმა მათ რიგებში (lex Ogulnia). Collegium pontificum - კოლეგია, რომელიც თავიდან 3, შემდეგ 5, 9 და ბოლოს იუპიტერის კულტის 15 ქურუმისაგან შეeდგებოდა. ეს ქურუმები არ იყვნენ მაგისტრატები, მაგრამ ფლობდნენ აუსპიციის უფლებას, სპეციალურ ძალაუფლებას, ჰყავდათ ლიქტორები და მაგისტრატის ზოგიერთი ფუნქციითაც იყვნენ აღჭურვილნი. 3) კოლეგიებს, როგორც სოციალური ფენების და პროფესიული ინტერესების მიხედვით შექმნილ კორპორაციებს, დიდი ხნის ისტორია აქვს. ხელოსანთა კოლეგია მოიხსენიება XII დაფის კანონებში. არსებობდა ვაჭართა (collegium mercatorum), მოიჯარეთა (collegium publicanorum), ინტერესთა მიხედვით გაერთიანებული (collegium veteranorum), დაბალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკთა (ლიქტორები, გადამწერები და ა.შ.) - (collegium apparitorum), საკულტო (collegium cultorum), დამკრძალავი (collegium funeraticia), კოლეგიები. კორპორაციებს ერთნაირი სტრუქტურა ჰქონდა. კორპორაციას სათავეში ედგა ხელმძღვანელი (curator, magister, syndicus). კორპორაციის ქონება გამიჯნული იყო კორპორაციის წევრთა ქონებისაგან res communis სახით (ქონება, რომელიც საერთო კუთვნილებაა). ძვ. წ. I საუკუნეში კოლეგიები მონაწილეობას იღებდნენ ქალაქის პლებსის სოციალურ გამოსვლებში, რის გამოც სენატის და კეისრის მხრიდან იდევნებოდნენ. ძალიან ბევრი კოლეგია გაუქმდა, დარჩენილები სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ განაგრძობდნენ არსებობას როგორც რომში, ისე პროვინციებში. კოლეგიების თავდაპირველი თავისუფლება შეიზღუდა ძვ. წ. 186 წ-ს სენატის გადაწყვეტილებით (Sc. de Bacchanalibus). სიკვდილით დასჯით ემუქრებოდნენ იმათ, ვინც ბაკქუსის კულტს აღიარებდა. ძვ. წ. 64 წ-ს კანონგარეშე აღმოჩნდა თითქმის ყველა კოლეგია (Sc. collegiis), თუმცა სენატის მიერ ჩამორთმეული უფლებები lex Clodia-ს (58 ძვ.წ.) მიხედვით აღუდგა კოლეგიებს, გაუქმდა lex Iulia 20, რომლის მიხედვითაც კოლეგიების დაარსება მხოლოდ სენატის ნებართვით იყო შესაძლებელი. დომინატის ხანაში პროფესიულ კორპორაციებში (განსაკუთრებით ისეთებში, რომლებიც პროდუქტს აწარმოებდნენ) გაერთიანებას იძულებითი ხასიათიც ჰქონდა. შვილები ვალდებული იყვნენ მამის საქმიანობა მემკვიდრეობით გაეგრძელებინათ.

კოლონები (coloni) - I საუკუნიდან მიწის თავისუფალი მოიჯარენი, რომლებიც მიწის გადასახადს ფულის ან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის სახით იხდიდნენ.

კომესი (comes) - რესპუბლიკის ხანაში მაგისტრატის ამალის წევრი. მასში შედიოდნენ მეგობრები და მაგისტრატის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალი, ძირითადად აპარიტორები (apparitores). დომინატის ხანაში კომესი ასრულებდა ყოფილი კურატორის მოვალეობას. მაგ., წყალგაყვანილობას კურირებდა comes formaronum, ნავსადგურებს - comes portus და ა.შ. ცენტრალური მართვის ხუთი მაღალი რანგის ჩინოვნიკის რიცხვში შედიოდა: comes sacrorum largitionum - ფინანსთა მინისტრი და comes rei privatae, რომელიც კურირებდა კეისრის პირად საქმეებს. უფრო დაბალ რანგს განეკუთვნებოდნენ ის კომესები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ კეისრის პირად ქონებაზე, სასახლეზე, გარდერობსა და საჯინიბოზე.

comes Orientis - რომის იმპერიის უკიდურესი აღმოსავლეთი პროვინციების მმართველი.

comes rei militaris - საპატიო ტიტული, რომელსაც პრინცეპსი განსაკუთრებული ღვაწლისა და სამხედრო დამსახურებებისათვის ანიჭებდნენ პიროვნებას.

კომიცია (comitia) - სახალხო კრება რომში. სენატი არ იყო უფლებამოსილი მიეღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება რომაელი ხალხის თანხმობის გარეშე. სენატის ნებისმიერი დადგენილების ფორმა იყო Senatus populisque Romanus (სენატი და ხალხი რომისა). ხალხის ინტერესს გამოხატავდა საკანონმდებლო ორგანო კომიცია. კომიცია განიხილავდა და ამტკიცებდა სენატის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და გადაწყვეტილებებს. კომიციის დამტკიცების გარეშე კანონი ძალაში ვერ შევიდოდა. კომიციის უფლებებში შედიოდა ომის გამოცხადება, დაზავება, მაგისტრატების (კონსულები, პრეტორები, ცენზორები) არჩევა. სახალხო კრებას ჰქონდა მოწვევის ხასიათი, მას სხვადასხვა საკითხების განსახილველად და დასამტკიცებლად იწვევდნენ. კრებას ხელმძღვანელობდა პატრიცი მაგისტრატი (ius agendi cum populo - მაგისტრატის უფლება მოიწვიოს და უხელმძღვანელოს კრებას, შეიტანოს წინადადებები კომიციასა და სენატში. ius agendi cum patribus - პრინციპატის ხანაში ამ უფლებას იმპერატორი ფლობდა). მსგავსი ინიციატივის უფლებით აღჭურვილნი იყვნენ სახალხო ტრიბუნები პლებსის კრებაზე (ius agendi cum plebe) და შემდეგ სენატშიც (ius agendi cum senatu) ან პონტიფექს მაქსიმუსი. გადაწყვეტილება მიიღებოდა ხმათა უმრავლესობით, დამტკიცების შემთხვევაში (ნახევარზე მეტი ხმა) გადაწყვეტილება კანონის სახეს იღებდა. არსებობდა სახალხო კრების სხვადასხვა ტიპი:

1) Comitia curiata - კურიის კრება. იგი წარმოადგენდა სახალხო კრების უძველეს ფორმას რომში. არსებობდა 30 კურია ( მთელი რომაელი ხალხი იყოფოდა 300 გვარად ანუ 30 კურიად, ანუ 3 ტრიბად, რაც შეადგენდა მთელ რომაელ ხალხს - populus Romanus quirites). სახალხო კრებაზე თითოეულ კურიას ჰქონდა თითო ხმა. საკითხი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა (16 წევრს უნდა მიეცა დადებითი ხმა). ეს კომიციები ირჩევდნენ მეფეებს, ანიჭებდნენ მათ იმპერიუმს, გამოჰქონდათ განაჩენი პროვოკაციის შემთხვევაში. კურიის კრება განიხილავდა ოჯახურ ურთიერთობებსაც (ანდერძი, ადოფცია, ადროგაცია და ..). ამდენად, ეს იყო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო. სერვიუს ტულიუსის რეფორმებთან ერთად კურიის კრება ჩამოთვლილ ფუნქციათაგან ბევრს დაემშვიდობა და დარჩა ა) უფლება განეხილა და გადაეწყვიტა ოჯახური ურთიერთობები; ბ) ძალაუფლების მინიჭების უფლება lex curiata de imperio-ს მიხედვით; გ) ცენტურიის კომიციებში მიღებული დადგენილებების დამტკიცება. რესპუბლიკის ეპოქის ბოლოს 30 კურია ჩაანაცვლა 30 ლიქტორმა. თუ კურიის კომიცია ე.წ. comitia calata (მოწოდებული) ფორმით ტარდებოდა, მას თავმჯდომარეობდა პონტიფექს მაქსიმუს ან მეფე (rex sacrorum). ეს კომიციები მონაწილეობას იღებდნენ რელიგიური წეს-ჩვეულებების აღსრულებაში ან იმ სამართლებრივ მოქმედებებში, რომლებშიც მკაფიოდ იყო გამოხატული რელიგიური ელემენტი.

2) Comitia centuriata - ცენტურიის კრება - სახალხო კრების ეს ფორმა სათავეს იღებს სერვიუს ტულიუსის რეფორმიდან, რომლის მიზანსაც პატრიციებსა და პლებეებს შორის წინააღმდეგობის შერბილება წარმოადგენდა. რომის მოსახლეობა დაიყო კლასებად ქონებრივი ცენზის მიხედვით. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ კლასებად და ტრიბებად დაყოფა უფრო ადრე მოხდა და ამას ეტრუსკული გავლენით ხსნის. ეტრუსკულად მიაჩნიათ ამ ტრიბების სახელიც - რამნები, ტიტები და ლუკერები. თითოეულ კლასს ჰქონდა ვალდებულება გამოეყვანა განსაზღვრული რაოდენობის ცენტურია - საჯარისო ასეული ანუ Comitia centuriata ეწოდებოდა სახალხო კრებას რომის იმ მოქალაქეებისა, რომელთაც ჰქონდათ ჯარში სამსახურის უფლება. რომაული სამხედრო წყობის ტიმოკრატიულარისტოკრატიული პრინციპი ცენტურიის კომიციაშიც მთლიანად იყო დაცული. აბსოლუტურ უპირატესობას ფლობდნენ პირველი ორი ქონებრივი კლასის წარმომადგენლები. მხედრები შეადგენდნენ 18 ცენტურიას; I ქონებრივი კლასი - 80, შემდეგი 3 კლასი - 20-20-ს, V კლასი - 30, პროლეტარები - 5 ცენტურიას. შესაბამისად, სულ იყო ცენტურია, აქედან მხედრებსა და I კლასზე მოდიოდა 98 ცენტურია, ნახევარზე მეტი, ამდენად, გადამწყვეტი უმრავლესობა. პირველი ხმას აძლევდა ყოველთვის centuria praerogativa (პირველად ხმის მიცემის უფლების პრივილეგიის მქონე) - მხედრები და I კლასის ცენტურიები. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთსულოვანნი იქნებოდნენ გადაწყვეტილებაში, სხვებს აღარც ეკითხებოდნენ აზრს. ცენტურიის კომიციის უფლებებში შედიოდა ომის დაწყებამდე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, კონსულების, პრეტორების, ცენზორების არჩევა და ცენზორთა ცენზის შესახებ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ცენტურიის კომიციაზე დიდი წონა ჰქონდა ასაკით უფროსი მოქალაქეების ხმას (სენიორები), რამდენადაც მათი ცენტურიები გაცილებით მცირერიცხოვანნი იყო ახალგაზრდა მოქალაქეთა ცენტურიებზე (iuniores). ცენტურიის კომიცია უფლებამოსილი იყო განეხილა სისხლის სამართლის ყველა საქმე lex Valeria-ს (509 ძვ. წ.) და XII დაფის კანონთა მიხედვით. კომიციის ვერც ერთი დადგენილება სენატის თანხმობის გარეშე ძალაში ვერ შევიდოდა, მაგრამ ეს თანხმობა ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ცენტურიის კომიციის მოწვევას ხელმძღვანელობდა მაგისტრატი, რომელიც ფლობდა თანამდებობრივ ძალაუფლებას (imperium). მარსის მოედანზე შეკრებილი კომიცია იღებდა ახალ კანონებს (leges centuriatae), ირჩევდა მაგისტრატებს (magistratus maiores), წყვეტდა ომის საკითხებს და ანიჭებდა რომის მოქალაქეობას, განიხილავდა მოქალაქის სარჩელს მაგისტრატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით (სიკვდილით დასჯის განაჩენის შემთხვევაში) (პროვოკაცია - provocatio ad populum). თავიდან კენჭისყრა ტარდებოდა ზეპირად, მოგვიანებით შემოიღეს დაფები. ამ დაფებზე წერდნენ A (absolvo - ვამართლებ) ან C (condemno - ვამტყუნებ) ან N.L (non liquet - არ არის ნათელი). ამის შემდეგ ხმის დამთვლელები ითვლიდნენ ხმებს. 3) Comitia tributa - ტრიბის კრება. სერვიუს ტულიუსის რეფორმების შედეგად რომში შემოიღეს ტერიტორიული დაყოფა. რომის მთელი ტერიტორია დაიყო ტრიბებად. ეს ნიშნავს, მოსახლეობის დაყოფას არა ეთნიკური ან ქონებრივი, არამედ მხოლოდ ტერიტორიული ნიშნით (სახელმწიფოს ერთ-ერთი ნიშანი). ტრიბების შემოღებასთან ერთად (ტრიბების რაოდენობა 35-ს აღწევდა), ჩნდება ტრიბების კრებები (ძვ. წ. 449 წ.). ტრიბის კრებას იწვევდა მაღალი რანგის მაგისტრატი (magistratus maiores). კრების ფუნქცია იყო: 1) აერჩიათ დაბალი რანგის მაგისტრატები. ამიტომ ამ კრებას comitia leviora (კრება, რომელზეც შედარებით მსუბუქ საკითხებს ამუშავებდნენ) ეწოდებოდა. 2) განეხილათ სასამართლო დავები (ასაჩივრებდნენ ჯარიმებს (lex Cornelia 30), რელიგიური ხასიათის საკითხები. მაგ., ქურუმების არჩევა. ამ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ 17 ტრიბა (comitia religiosa) და ამ კრებას ერთერთი პონტიფექსი იწვევდა. გვიანი რესპუბლიკის ხანაში კომიციები უკვე როგორც ფიქცია აგრძელებს არსებობას. ხმის მიცემის უფლებით ძირითადად სარგებლობდა ქალაქის პროლეტარიატი, რომელიც წარმოადგენდა სათამაშოს გავლენიანი პიროვნებების ხელში, რეალურად კომიციებზე გადასაწყვეტად გამოტანილი საკითხი კულისებს მიღმა კარგად დამუშავებული იყო წინასწარ. პრინციპატის ხანაში მართალია გარკვეული პერიოდი კომიციები ინარჩუნებდნენ ფორმალურ მნიშვნელობას, მაგრამ სისხლის სამართლის იურისდიქცია გადავიდა იმპერატორისა და სენატის ხელში. კომიციებზე მიღებული უკანასკნელი კანონი 96-98 წწ-ით, ხოლო მაგისტრატთა არჩევნები კომიციებზე - III საუკუნით თარიღდება.

კონგიარიუმი (Congiarium (congius - სარწყავი საზომი 3, 283 ლიტრი)) - ქალაქის ღარიბ მოსახლეობას ურიგდებოდა ღვინო და ზეთი, მოგვიანებით ფულადი ან სხვა სახის საჩუქრები დღესასწაულებთან დაკავშირებით.

Conventio in manum - შეთანხმება, რომელიც უძველესი დროიდან თან ახლდა, როგორც წესი, მატრიმონიუმს (ქორწინება, რომი), მეუღლის გადასვლა ქმრის ოჯახში, ქმრის manus-ში (ხელი). შესაბამისად, ცოლი ხდება uxor (ცოლი) in manu (materfamilias) ქმართან მიმართებაში. conventio in manum-ს 3 ფორმა ჰქონდა: 1) coemptio; 2) confarreatio; 3) usus. კოემფცია (coemptio) - შესყიდვა, გვიანდელი და შემდეგ უკვე გავრცელებული ფორმა conventio in manum-ის, რომელიც ყველა მოქალაქისათვის იყო ხელმისაწვდომი და მანციპაციის სახეობას წარმოადგენდა. ეს იყო იმიტაცია ცოლის ყიდვისა, რაც ძველ დროში გავრცელებულ ტრადიციას უკავშირდებოდა. გვიანი რესპუბლიკის ხანაში კოემფცია რწმუნებული პირის მონაწილეობით აქტიურად გამოიყენება ქალის ემანსიპაციის ამა თუ იმ ფორმისათვის. მაგ., არასასურველი მეურვისაგან გათავისუფლებაში. რწმუნებული ათავისუფლებს ქალს მეურვისაგან და თვითონ ხდება მისი (ფორმალური) მეურვე. კოემფციას მიმართავდნენ იმისათვის, რომ ქალს მოეპოვებინა ანდერძის შედგენის უფლება (coemptio testament faciendi gratia), არსებული საოჯახო კულტის ლიკვიდაციისათვის (coemptio intermendorum sacrorum causa), არასასურველი ქორწინებისაგან (მოხუცებულთან ქორწინება) თავის დასაღწევად (senex coemptionalis). კონფარეაცია (confarreatio (far - ხორბლის სახეობა) conventio in manum- ის ეს ფორმა მხოლოდ პატრიციებისათვის იყო ხელმისაწვდომი: რელიგიური საქორწინო რიტუალი, რომელიც უკავშირდებოდა იუპიტერისათვის პურის მსხვერპლად შეწირვას (panis farrens). რიტუალში მონაწილეობას იღებდა 10 მოწმე. მოგვიანებით ეს რიტუალი მხოლოდ ქურუმთა ოჯახებში სრულდებოდა, რადგან მხოლოდ ასეთი ქორწინებიდან დაბადებულ ადამიანს, ან ასეთ ქორწინებაში მყოფს შეეძლო ქურუმის მაღალი თანამდებობის დაკავება. უზუსი (usus - ფლობა) conventio in manum-ის ფორმა, რომელიც იმ შემთხვევებს უკავშირდებოდა, როდესაც ქალი და კაცი ერთად ცხოვრობენ როგორც ცოლ-ქმარი ერთი წლის განმავლობაში. მაშინ კაცი იღებს მასზე მანუსს და ქალი გადადის მის ოჯახში. ასეთი ტიპის ურთიერთობა communicatio sacrorum-ის ხასიათს არ ატარებდა (დამახასიათებელი იყო მხოლოდ კონფარეაციისათვის). უზუსი შეიძლება გაუქმდეს ტრინოქტიუმის შემთხვევაში (trinoctium - თუ ქალი მიყოლებით სამი ღამე მიატოვებს ქმრის ოჯახს).

კონკუბინატი (concubinatus) - ქალისა და მამაკაცის ცხოვრება ქორწინების გარეშე, რომლის დროსაც გამორიცხულია affectio maritalis (ნება და სურვილი მეუღლეებისა სამუდამოდ ერთად იცხოვრონ) და honor matrimonii (პატივისცემა ქორწინების პარტნიორის მიმართ). ეს ურთიერთობა არა ოჯახის შექმნას, არამედ სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილებას ემსახურებოდა. ავგუსტუსის ქორწინებასთან დაკავშირებულმა მკაცრმა კანონებმა (lex Iulia 25, 45) ხელი შეუწყვეს ამ ტიპის ურთიერთობების დამკვიდრება-განვითარებას მაღალ საზოგადოებაშიც კი. მიუხედავად ამისა, კონკუბინატს სამართლებრივი დევნა არ მოჰყვებოდა. კონკუბინა (concubina - საყვარელი ქალი) თავისი პარტნიორის საზოგადოებრივ მდგომარეობას არ იზიარებდა. კაცს კონკუბინასთან ერთად შეიძლება ჰყოლოდა კანონიერი ცოლიც. რაც შეეხება ცოლის კონკუბინატს - ეს საქციელი შეფასებული იყო როგორც ღალატი (ადულტერი, რომი). პრინციპატის ხანაში კონკუბინატი ძალიან ხშირი იყო იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელი იყო ქორწინებაში შესვლა (ქორწინება, რომი). ყველაზე ხშირად ამის მიზეზი პარტნიორების განსხვავებული სოციალური მდგომარეობა იყო.

კონსილიუმი (consilium) - სათათბირო ორგანო. მეფეების ხანაში რომის სენატი სათათბირო ორგანო იყო (consilium regis), თუმცა რესპუბლიკის ეპოქაში მან არა მარტო დამოუკიდებელი მნიშვნელობა შეიძინა, არამედ იქცა სახელმწიფოს წარმმართველ ორგანოდ. უმაღლეს მაგისტრატებს საკუთარი მრჩევლებისაგან შემდგარი სათათბირო ჰყავდათ (consilium magistratuum), რომელიც დაკომპლექტებული იყო ცნობილი იურისტებით, სპეციალისტებით, თუმცა მათი აზრი მაგისტრატს გადაწყვეტილების მიღებისას არ ზღუდავდა. განსხვავებული იყო ამ მხრივ სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას ნაფიც მსაჯულთა სათათბირო (consilium quaestionis), რომელიც თვითონ იღებდა გადაწყვეტილებას პიროვნების დანაშაულისა თუ უდანაშაულობის შესახებ. მაგისტრატი მხოლოდ ახმოვანებდა მათ გადაწყვეტილებას. სისხლის სამართლის საქმეებში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობა ძვ. წ. II საუკუნიდან იწყება (მუდმივი სასამართლოები - quaestiones perpetuae). თავდაპირველად ეს იყვნენ სენატორები, მოგვიანებით მხედრები. მათი რაოდენობა 30-40 კაცამდე მერყეობდა. მათ კომპეტენციას თავდაპირველად თანამდებობრივი დანაშაულების განხილვა წარმოადგენდა, თუმცა მათი მოღვაწეობის სფერო ნელ-ნელა ფართოვდება (განსაკუთრებით სულას პერიოდში). მხარეების მოსმენის შემდეგ მსაჯულები გადიოდნენ გადაწყვეტილების მისაღებად. ხმას აძლევდნენ დაფებზე. დაფა ასო A-თი (absolvo) - ვამართლებ, C-თი (condemno) - ვამტყუნებ. ავგუსტუსი, რომელიც ფორმალურად აგრძელებდა რესპუბლიკურ ტრადიციებს, იწვევდა ხოლმე კონსილიუმს (consilium principis). ამ კონსილიუმმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ადრიანეს პერიოდში. სათათბიროში მუდმივ მრჩევლებად მონაწილეობდნენ იურისტები, მაღალი თანამდებობის პირები მხედართა წოდებიდან, სენატორები. დომინატის ეპოქაში მსგავსი ფუნქციით იყო აღჭურვილი კონსისტორიუმი (consistorium).

კონსისტორიუმი (consistorium) - კონსისტორიუმი (consistorium sacrum) წარმოადგენდა იმპერატორის საიდუმლო სათათბიროს. თათბირს ხელმძღვანელობდა იმპერატორი. განიხილებოდა სასამართლო და ადმინისტრაციული ტიპის საქმეები. სათათბიროს წევრები (comites consisteriani) იმპერატორის პირადი მრჩევლები იყვნენ. მათგან ყველაზე გამორჩეულები სათათბიროს ბირთვს წარმოადგენდნენ - arcane consistorii. ავგუსტუსმა კონსისტორიუმის წევრებად სენატისაგან გამოითხოვა 15 სენატორი, რომელთაც კენჭისყრით ირჩევდნენ 6 თვის ვადით. მოგვიანებით სენატორთა რაოდენობა 20-მდე ადის, ხოლო მოღვაწეობის ვადა 1 წლამდე იზრდება. თავდაპირველად კონსისტორიუმი ეწოდებოდა იმ დარბაზს, სადაც იმართებოდა თათბირი.

კონსტიტუცია (constitutio) - დადგენილება, კანონი. როგორც ჩანს, უკვე რესპუბლიკის ხანაში არსებობდა კონსტიტუციები. ზოგიერთი საიმპერატორო კონსტიტუცია ანიჭებდა რომის მოქალაქეობას პიროვნებათა განსაზღვრულ ჯგუფებს, როგორც წესი, ლათინებს, რომლებიც აშენებდნენ რომში სახლებს ან არაუმცირეს სამი წლისა მისდევდნენ მეპურეობას. მაგალითისათვის, კარაკალას ედიქტი (ძვ. წ. 212 წ.), რომელმაც რომის იმპერიის მთელ თავისუფალ მოსახლეობას მიანიჭა რომის მოქალაქეობა. მართალია, ამ დროისათვის რომის მოქალაქეობას აღარ ჰქონდა პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ ეს დადგენილება ხელს უწყობდა რომის იმპერიის რომანიზაციას. რომის იმპერიის ახალი მოქალაქეებისათვის რომის სამართლის ყველა ინსტიტუტი და ფორმა ხელმისაწვდომი გახდა. აღსანიშნავია Constitutiones principum - სხვადასხვა ხასიათის და მნიშვნელობის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ვრცელდებოდა ან მთელ მოსახლეობაზე, ან ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაზე, ზოგჯერ კი მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებზე.

კონსულარები (consulares) - ყოფილი დიქტატორები, ცენზორები, კონსულები.

კონსული (consul) - რესპუბლიკის ხანის დადგომასთან ერთად განდევნილი მეფეების ადგილს (ძვ. წ. 510 წ.) იკავებს 2 კონსული. მათ თავდაპირველად პრეტორები (praetores) ეწოდებოდათ, დეცემვირატის (დეცემვირი - decemviri) დაფუძნების შემდეგ - კონსულები. კონსულებს ირჩევდნენ (creare) 1 წლის ვადით ცენტურიის კომიციებში, ამასთან ძვ. წ. 366 წ-მდე მხოლოდ პატრიციათა ფენიდან. ძვ. წ. 367 წ-ს lex Licinia 11-ის მიხედვით, ერთი კონსული აუცილებლად პლებეებისგან უნდა ყოფილიყო არჩეული. საკუთარ საქმიანობას კონსულები იწყებდნენ 1 იანვარს. მათ ემორჩილებოდა ყველა მაგისტრატი, გარდა სახალხო ტრიბუნისა (tribunus plebis), მაგრამ მათი მოღვაწეობა წყდებოდა დიქტატორის არჩევის შემთხვევაში. კონსულის გადაწყვეტილება, lex de provocatione-ს მიხედვით (პროვოკაცია - provocatio ad populum) შეიძლება გასაჩივრებული ყოფილიყო. თავიანთი მოღვაწეობის დასასრულის შემდეგ, კონსულებს შეიძლება პასუხი ეგოთ თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილი მოქმედებების თუ გადაწყვეტილებების გამო. ქალაქში კონსულს არ ჰქონდა იმპერიუმი, რომელსაც მას ანიჭებდა ცენტურიის კომიციები მხოლოდ მაშინ, როდესაც საომრად მიდიოდნენ. ამ იმპერიუმის საშუალებით ისინი ფლობდნენ სიკვდილსიცოცხლის უფლებას (vitae necisque). რომში კონსულს ჰქონდა უფლება მოეწვია სენატი და სახალხო კრება, ეხელმძღვანელა მათთვის (ius cum populo et patribus agenda). Lex Valeria Horatia-ს დროიდან (ძვ. წ. 449 წ.) კონსულს ენიჭება უფლება მოიწვიოს ტრიბის კომიციაც, რადგან ამ კანონის მიხედვით პატრიციებიც იძულებულნი იყვნენ დაეცვათ თავისი ინტერესები ხმის მიცემით. ძვ. წ. 366 წ-ს უმაღლესი სასამართლო ძალაუფლება, რომელსაც კონსულები ფლობდნენ, ჩამოერთვათ მათ და გადაეცათ ახალ მაგისტრატებს - პრეტორებს, ისევე როგორც ძვ. წ. 443 წ-ს განსაკუთრებული ცენზურის ჩამოყალიბების პირობებში (ცენზორი), კონსულები აღარ ადგენდნენ ცენზს და აღარ უწევდნენ მეთვალყურეობას ფინანსებს. განსაკუთრებით საპატიო ფუნქციების შესრულებისას (დიქტატორის დანიშვნა, ტაძრის განწმენდა) თუ კონსულები ვერ მორიგდებოდნენ, კოლეგებს შორის საკითხს წყვეტდა კენჭისყრა. ქვეყანაში ექსტრემალური ვითარებისას კონსულები სენატისაგან იღებდნენ დავალებას დაენიშნათ დიქტატორი. მას შემდეგ, რაც გადავარდა დიქტატორის ინსტიტუტი, სენატის ამ დადგენილების მიხედვით, ფაქტობრივად, კონსულები ხდებოდნენ დიქტატორები (domi imperium atque iudicium summum). ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ კონსულის თანამდებობა იყო ორი (par potestas), როგორც სპეციალური წინაღობა იმისა, რომ ერთი პიროვნების ხელში არ მოქცეულიყო მთელი ძალაუფლება. ერთ-ერთი კონსულის სიკვდილის შემთხვევაში მეორე კონსულს სასწრაფოდ უნდა გაემართა კოლეგის (II კონსულის) არჩევნები (comitia ad subrogandum an sufficiendum consulem - დამატებითი კონსულის არჩევისათვის გამართული კომიცია). არჩეულ კონსულს ეწოდებოდა consul suffectus და იმავე ძალაუფლების მფლობელი იყო, როგორც consul ordinarius. ამ წესის შეუსრულებლობა ხალხს აღელვებდა და ძალიან იშვიათი იყო, როდესაც კონსული sine collega (კოლეგის გარეშე) მართავდა ქვეყანას. ომში თითოეულ კონსულს ჰყავდა 2 ლეგიონი თავისი მოკავშირეებით (exercitu consularis). მთავარსარდლობას ორივე კონსული თანაბრად ინაწილებდა. ერთი დღე ერთი იყო მთავარსარდალი, მეორე დღეს - მეორე. თუ კონსული მხოლოდ საომარი მოქმედებებით იყო დაკავებული, ეწოდებოდა consul armatus, განსხვავებით რომში დარჩენილი თავისი კოლეგისაგან (consul togatus). საპატიო ნიშნებიდან (insignia) ქალაქში კონსულებს ჰყავდათ დანიშნული 12-12 ლიქტორი. ლიქტორები წინ მიუძღოდნენ იმ კონსულს, რომელიც მმართველი იყო იმ მომენტისათვის, მეორეს კი უკან მოსდევდნენ. უძველეს დროში ასეთ კონსულს წინ მხოლოდ ერთი აკენსუსი მიუძღვოდა. პროვინციებს კონსულები იყოფდნენ სურვილის მიხედვით, სადაც მათი ინტერესები იკვეთებოდა, იქ მიმართავდნენ კენჭისყრას (sortiri provincias). ხშირად სენატი ცდილობდა თავისი დაქვემდებარებისთვის დაემორჩილებინა პროვინციები. რომის იმპერიის საზღვრების გაზრდასთან ერთად ორი კონსული აღარ იყო საკმარისი ყველა ომის საწარმოებლად, მაშინ გაზარდეს პრეტორთა რაოდენობა და პროვინციები დაიყო consulares და praetoriae (პროვინცია), მაგრამ მათი დანიშვნა ყოველ ჯერზე სენატზე იყო დამოკიდებული და რადგანაც სენატი ხშირ შემთხვევაში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, სემპრონიუს გრაკქუსმა შემოიტანა კანონი (lex Sempronia de provinciis consilaribus), რომლის მიხედვითაც, პროვინციები იქამდე უნდა გადაენაწილებინათ (consulares, praetoriae), ვიდრე აირჩევდნენ კონსულებს. რესპუბლიკის ბოლოს კონსულების მოღვაწეობის სფერომ დიდი ცვლილებები განიცადა სულას ძალისხმევით. იმ დროიდან კონსულები მსახურების განმავლობაში (1 წელი) რჩებოდნენ რომში, რის გამოც თავის მთავარ ძალას, სამხედრო იმპერიუმს კარგავდნენ. კეისარი იულიუსი ძვ. წ. 59 წ-ს კონსულის თანამდებობაზე მყოფი, ეყრდნობოდა არა კონსულობის, არამედ ტრიუმვირატის ძალაუფლებას. პომპეუსი, რომელიც არ იყო კონსული, არჩეულ კონსულს აღემატებოდა თავისი გავლენით. კეისრის არაერთგზის კონსულად არჩევა და დიქტატურა მმართველობის ფორმის ერთი მხარე იყო, ხოლო მეორე მხარეს, შენიღბულს რესპუბლიკური იდეებით, წარმოადგენდა consul suffectus-ის არჩევა. აღორძინდა კონსულობის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ ძვ. წ. 43 წ-ს კეისრის სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ახალმა ტრიუმვირატმა ისევ უკანა რიგებში გადასწია კონსულები. იმპერიის ეპოქაში კონსულის თანამდებობა აგრძელებს არსებობას, მაგრამ მას უკვე ფორმალური მნიშვნელობა აქვს მხოლოდ, ჩვეულებრივი ტიტულია, რომელიც რამდენიმე თვით გადაეცემოდა პიროვნებებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ყოფილიყო დაჯილდოვებული ამ მართალია ფორმალური, მაგრამ მაინც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობით. სერიოზულ მოგებას იღებდნენ viri consulares - (კონსულარები - ყოფილი დიქტატორები, ცენზორები, კონსულები), რადგან ყოველწლიურად 2 უმდიდრესი პროვინცია - აზია და აფრიკა სამართავად ორ მთავარ კონსულარს გადაეცემოდა.

Corpus iuris civilis (CIC) - სამოქალაქო კანონთა კრებული (სამართლის კოდექსი), ლათინურ ენაზე შექმნილი კანონების შუასაუკუნეების სახელწოდება. მასში შედის: იუსტინიანუსის კოდექსი (Codex Iustinianus); იუსტინიანუსის დიგესტები (Digesta Iustiniani - კლასიკური სამართლის თხზულებები); იუსტინიანუსის ინსტიტუციები (Institutiones Iustiniani - იურიდიული სკოლების სახელმძღვანელო); იუსტინიანუსის ნოველები (Novellae Iustiniani - კანონები);

პატივმოყვარე იმპერატორი იუსტინიანუს I ცდილობდა აღედგინა რომის იმპერია ძველი ბრწყინვალებითა და ერთხელ და სამუდამოდ დაემყარებინა მასში სამართალწესრიგი. სამართლის საქმეში მას მშვენიერი თანამშრომლები ჰყავდა. (ასე მაგ., ტრიბონიანუსის წყალობით სამუშაოს უმოკლეს დროში - ახ. წ. 528-534 წწ-ში - გასრულდა).

სამოქალაქო კანონთა კრებული შეიცავს კლასიკურისა და კლასიკურის შემდგომდროინდელი იურისტების სამართლის შრომებისა და იუსტინიანუსის რეფორმების კომპილაციას.

კომპილატორები ცდილობდნენ, გაეგრძელებინათ რომაული ტრადიციები და ამასთანავე პრაქტიკული მიზნებიც გაეთვალისწინებინათ. იუსტინიანუსის კანონების კრებული საჭირო უნდა ყოფილიყო თანადროული და შემდგომდროინდელი საზოგადოებისათვის. ამიტომ ისინი აგდებდნენ დრომოჭმულს, ამარტივებდნენ რთულ დებულებებს და ამატებდნენ საჭირო სიახლეებს. ასე შექმნეს მათ შედარებით იოლი, არაფორმალური და ტექნიკურად სრული სამართალი, რომელიც საფუძვლად დაედო ევროპული კონტინენტის ბევრი ქვეყნის იურიდიულ სისტემას.

კოჰორტა (cohors შემოღობილი ადგილი, ბრბო) - თავდაპირველად რამდენიმე ქვეითი ჯარის გაერთიანება ერთ მთლიანობად.

1) კოჰორტა, ქვეითი ჯარის ქვეგანაყოფი, ლეგიონის მეათედი ნაწილი ან დამოუკიდებელი რაზმი 1000 კაცამდე (auxilia - საბრძოლო ძალა);

2) მაღალი მაგისტრატების, განსაკუთრებით ნაცვლის ამალა, რომელშიც მისი მეგობრები (cohors amicorum, cohors comitum) და მისი ხელქვეითები (apparitores) შედიოდნენ;

Cohortes praetoriae - პრეტორიანები, იმპერატორის დაცვა, 500-კაციანი 9 რჩეული კოჰორტა, რომელსაც პრივილეგირებული მდგომარეობა ეჭირა (მაღალი ხელფასი, უმაღლესი რანგი, მხოლოდ 16-წლიანი სამხედრო სამსახური, მაშინ როცა ლეგიონერები 20 წელს მსახურობდნენ); cohortes praetoriae ასევე cohortes togatae-ს უწოდებდნენ, რადგან სამსახურის გარეთ ისინი ტოგებს ატარებდნენ და შეიარაღებას ყოველ ჯერზე არსენალიდან იღებდნენ. მათ სათავეში ედგა - praefectus praetorio.

cohortes praetoriae მხედარ პრეტორიანებთან (equites praetoriani) ერთად იმპერატორის გვარდიას ქმნიდა.

cohortes praetoriae თავდაპირველად პრინცეპსის საიმედო საყრდენი იყო, შემდეგ დამოუკიდებლად დაიწყეს პოლიტიკაში ჩარევა;

ქალაქის კოჰორტები (cohortes urbanae), რომში საქალაქო პოლიციის კორპუსი, 3 კოჰორტა, რომელსაც ქალაქის პრეფექტი (praefectus urbi) ხელმძღვანელობდა;

cohortes vigilium - რომში საყარაული, ხანძარსაწინააღმდეგო და ღამის სამსახური 1 000-კაციანი კოჰორტა (ორ რეგიონზე თითო კოჰორტა), რომელსაც praefectus vigilium ხელმძღვანელობდა; უფრო დაბალი რანგის მეთაურები იყვნენ tribuni vigilium. 3 კოჰორტა მუდმივად რომში იმყოფებოდა და თავდაპირველად რომის მოქალაქეების ოჯახებში, დანარჩენები კი ქალაქის შემოგარენში იდგნენ, ვიდრე მათთვის საკუთარი ბანაკი (castra praetoria) რომის კედლის ირგვლივ არ გამოყვეს. კონსტანტინე დიდმა ეს ბანაკი, როგორც მუდმივი სამხედრო რევოლუციების ადგილი, დაანგრია.

კრება (conventus) - 1) conventus collegii - კოლეგიის შეკრება;

2) conventus iudicus - მთელი ხალხის შეკრება სასამართლო საკითხების გადასაწყვეტად;

3) conventus civium Romanorum - რომაელ მოქალაქეთა მუდმივი ორგანიზაცია პროვინციებში;

კულუხი - გლეხის ვენახზე დაწესებული ფეოდალური გადასახადი, იხდიდნენ ღვინით. კულუხის გადაკვეთა ხდებოდა ვენახის ფართობის, მოსავლის ან გლეხის შეძლების მიხედვით და მერყეობდა მოსავლის 1/2 -დან 1/10-მდე. XIX ს-დან გახშირდა კულუხის კომუტაციის შემთხვევები, განსაკუთრებით სახელმწიფო გლეხებში. მიწის ფეოდალური საკუთრების მოშლასთან ერთად კულუხმა არსებობა შეწყვიტა.

კურატორი (curator) - სახელმწიფო ადმინისტრირებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ კურატორებს. მაგ., curator annonae (კურირებდა რომის სანოვაგით, განსაკუთრებით ხორბლით მომარაგებას), curator ludorum (პოლიცია, მოგვიანებით საზოგადოებრივი თამაშების ორგანიზებით იყო დაკავებული), curator urbis (საზოგადოებრივი მშენებლობები, ტრანსპორტი, სახანძრო და საგუშაგო სამსახური). ამ სფეროებს კურირებდნენ ედილები, ხოლო curator morum (საზოგადოების მორალზე მეთვალყურეობა) იყვნენ ცენზორები. ავგუსტუსის პერიოდში ამ საქმიანობით პრეფექტურაც იყო დაკავებული. ავგუსტუსის რეფორმის შემდეგ ჩნდება ადმინისტრაციული სექტორი ექსტრაორდინალური ჩინოვნიკებისა, რომლებიც სახელმწიფო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს უწევენ მეთვალყურეობას - ე.წ. კურატორები (curatores). მაგ., საიმპერატორო შენობებს კურირებდა curator aedium sacrarum, ტიბრის კალაპოტსა და ნაპირებს - curator alvei et riparum Tiberis, წყალგაყვანილობას - curator aquarum, რომის მოქალაქეთა საქმეებს პროვინციაში მეთვალყურეობდა curator civium Romanorum, პურის დარიგებას - curator frumenti, საზოგადოებრივ გზებს - curator viarum და ა.შ.

კურია (curia) - პატრიციელთა თითოეული ტრიბა (რამნები, ტიტიები, ლუკერები) 10 კურიად იშლებოდა. შესაბამისად, სულ იყო 30 კურია. თითოეულ კურიაში ერთიანდებოდა 10 გვარი (gens). მათ ჰქონდათ საკუთარი კულტი და რელიგიური ნიშნით ერთიანდებოდნენ. კურიას სათავეში ედგა კურიო (curio), ყველა კურიას კი კურიო მაქსიმუსი, რომელიც თავდაპირველად იყო მეფე (rex).

კირიოსი (κύριος) - ქალის მეურვის სახელწოდება. გამომდინარე იქიდან, რომ ქალი ათენის კანონმდებლობის მიხედვით არ იყო ავტონომიური არსება, კანონთან ქალის ყველა მიმართებას მისი მეურვე წარმართავდა. გათხოვებამდე ქალი მამის, ან ძმების (მამით), ან ბაბუის (მამის მხრიდან) მეურვეობის ქვეშ იმყოფებოდა. გათხოვების შემდეგ ის ქმრის მეურვეობის ქვეშ გადადიოდა, უფრო ზუსტად, ორმაგი მეურვეობის ქვეშ ექცეოდა, რადგან მამას უფლება ჰქონდა ქორწინება დაერღვია და ქალი ისევ თავისი მეურვეობის ქვეშ გადმოეყვანა.

დაქვრივებული ან განქორწინებული უშვილო ქალი კვლავ თავის მეურვეს უბრუნდებოდა. თუ ქვრივს მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მას შეეძლო ქმრის ოჯახში დარჩენილიყო. ამ შემთხვევაში იგი თავისი ვაჟიშვილების მეურვის ზედამხედველობის ქვეშ უნდა ყოფილიყო. სრულწლოვანი ვაჟიშვილები დედის მეურვედ თავად ინიშნებოდნენ. ქვრივზე ზრუნავდა ასევე არქონ ეპონიმოსი, რომელსაც უფლება ჰქონდა ქალის შეურაცხყოფის შემთხვევაში დამნაშავეების მიმართ საქმე სასამართლოში აღეძრა.

კირიოსის მთავარი ფუნქცია - ქალის დაცვა - მისი ეკონომიკური არსებობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა გახლდათ. კირიოსი იყო აგრეთვე საზოგადო სივრცესთან ქალის შუამავალი. როდესაც რაიმე საქმეს დიკასტერიონში - სასამართლოში განიხილავდნენ ანდა კონტრაქტს სდებდნენ, ქალის ინტერესებს სწორედ მეურვე წარმოადგენდა. კირიოსი ურჩევდა ქალს საქმროს, წარმართავდა ნიშნობას. მას ეკისრებოდა ქალის შესაფერისად გამზითვება (იხ. ნიშნობა, საბერძნეთი ; ქორწინება, საბერძნეთი; მზითვი, საბერძნეთი).

კურსუს ჰონორუმი (cursus honorum) - კარიერა. რომის რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა თანამდებობრივი წინსვლის განსაზღვრული თანმიმდევრობა, რომელიც მოგვიანებით სამართლებრივად განმტკიცდა კანონებით (lex Villia annalis (ძვ. წ. 180 წ.) და lex Cornelia Sulla (ძვ. წ. 80 წ.). კურსუს ჰონორუმი სენატში იწყებოდა კვესტორის თანამდებობით, რომელიც გრძელდებოდა სახალხო ტრიბუნის ან ედილის მოვალეობის შესრულებით, შემდეგ პრეტორის და ბოლოს სრულდებოდა კონსულის თანამდებობით. ცენზორი და დიქტატორი ინიშნებოდა კურსუს ჰონორუმის გარეშე. თანამდებობაზე პიროვნების არჩევისას განსაზღვრული იყო მინიმალური ასაკი, ხანგრძლივობა თანამდებობაზე ყოფნისა და რამდენ ხანში შეეძლო იმავე თანამდებობაზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება. ეს მონაცემები დროთა განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა. იმპერატორების ეპოქაში პრეტორის და კონსულის წოდება აუცილებელი წინაპირობა იყო სენატში სამოქალაქო ან სამხედრო თანამდებობის დასაკავებლად.

8.11

▲ზევით დაბრუნება


ლალხორ, სვანეთი - (ბერძნ. აგორა, რომ. ფორუმი) - საჯარო ადგილი, სადაც საზოგადოება თავს იყრიდა მახვშის ასარჩევად, ან გადასაწყვეტად რაიმე საქმისა, რომელიც სახალხო ყრილობას ეხებოდა. პირველი მოდიოდა საზოგადოების ერთი რომელიმე წევრი და დაუკრავდა ბუკს ხალხის შესატყობინებლად. საყვირის ხმაზე ყველა სადღესასწაულო ტანისამოსით შეიმოსებოდა და მიდიოდა დანიშნულ ადგილას.

ლარი - ძვირფასეულობა, განძეულობა ძველ საქართველოში. ამ ტერმინიდან მომდინარეობს - სალარო, სადაც ძვირფასეულობას ინახავდნენ. ლარი ორგვარია: 1) ძვირფასი ანუ პატიოსანი ქვები, ოქრო-ვერცხლი და მათგან დამზადებული ნაკეთობები; 2) ტექსტილის ნაწარმი, აბრეშუმისა და შალის (მატყლის) ქსოვილები, „კერულნი და უკერულნი“.

ლაშქარი - საქართველოს სამეფოს მთელი ჯარი ორ მთავარ ჯგუფად იყოფოდა: ერთი იყო „ქუეითნი ლაშქარნი“, მეორე „ხედარნი ლაშქარნი“. ასევე მასში ერთიანდებოდნენ ქალაქისა და ციხეების მცველნი და მეფისა და მთავარსარდლის თანამყოფელი მოლაშქრეებიც. როდესაც საქართველოს ჯარი მტრის ქვეყანას დაიპყრობდა, მაშინვე იქაურ ციხეებში მცველებს აყენებდნენ ხოლმე. მეორე ნაწილი მეფისა და მთავარსარდლის „თანამყოფელად და მოლაშქრედ“ იყო (ეს ნაწილი ძირითადად მოქმედ საომარ ძალას წარმოადგენდა).

საქართველოს ლაშქარში შედიოდნენ: 1) „სამეფოსა სპანი“, რომელიც საქართველოს ყოველი კუთხიდან და თემიდან სააზნაურო და მოყმეთა ჯარი იყო, „სპანი იმერნი და ამერნი“, როგორც, მაგალითად, ტაოს „ქუეყანისა ლაშქარი“ და ჯარები კლარჯთა, შავშთა, მესხთა, თორელთა, სომხითართა, ქართლელთა და სხვათა“. თითოეულ ლაშქარს თავისი „პატრონი“ ჰყავდა და ამის გამო შეიძლება მათ საპატრონყმო ლაშქარი ვუწოდოთ. დავით აღმაშენებლის მეფობის დასაწყისში არსებობდა მხოლოდ „მცირე გუნდი მხედრობისა“, ვინაიდან სელჩუკიანთა მძლავრობისაგან საკმაოდ დაუძლურებული იყო. თავად მეომრებიც „უცხონი, უსაჭურველონი და თურქთა მიმართ წყობისა ყოვლად უმეცარნი და ფრიად მოშიშნი“ ყოფილან. დიდი ძალისხმევის შედეგად, დავით აღმაშენებელმა ჯარი მძლავრ საომარ იარაღად გარდაქმნა. 2) ყივჩაღთა მუდმივი ჯარი, 40000 „წყობად განმავალნი“, რომელიც თავდაპირველად დავით აღმაშენებელმა 1118 წ-ს გადმოასახლა. მეფემ თავისი ახალი ლაშქარი და მეომრები ცხენებითა და იარაღით აღჭურვა და „დაუდგინნა სპასალარნი და მმართველნი“. თამარ მეფის დროიდან ჩანან კიდევ „ოვსნი და ყივჩაღნი ახალნი“, რომლებიც სავარაუდოდ, „სამსახურად“ იყვნენ ჩამოსულნი. 3) მესამე ჯგუფს „სამსახურად“ მყოფი კავკასიის მთიულთა ჯარი ეკუთვნოდა. 4) დავით აღმაშენებელმა, აგრეთვე, დააწესა მეფის პირადი მცველი ჯარი „მონა-სპებად“ წოდებული. ისინი იყვნენ „რჩეულნი“ დავით აღმაშენებლისა „ვითარ ხუთ ათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმხნითა“. როდესაც საქართველო მტერთან საომრად ემზადებოდა, ომის დაწყებამდე მეფე დიდებულ ხელისუფლებს და დარბაზს ეკითხებოდა აზრს. თამარის ისტორიკოსი გადმოგვცემს, რომ ყოველ მნიშვნელოვან სამხედრო მოქმედებას დარბაზის თათბირი და ბჭობა უძღოდა წინ. თუ დარბაზი გადაწყვეტდა ომის დაწყებას, ამის შემდეგ იწყებოდა „წუევა ლაშქრისა“. ამისათვის ხელმწიფე ბრძანებას გასცემდა, რომ საქართველოს ჯარისთვის დაეგზავნათ „წიგნები წუევისა“. ლაშქრის წვევის ბრძანების გაცემის უფლება მხოლოდ მეფეს ჰქონდა. ლაშქრის „წუევისათვის`` განსაკუთრებული მოხელეები, „კაცნი“ იყვნენ, რომლებსაც „ლაშქრის მწუეველნი“ ერქვათ. ლაშქრის მწვეველებად „შიკრიკნი და მალემსრბოლნი“ იგზავნებოდნენ ხოლმე. „წუევის წიგნებში“ აღნიშნული იყო ვადა ანუ „პაემანი“, როდესაც ჯარი საომრად აღჭურვილი უნდა გამოცხადებულიყო. ამ შეხვედრას „სპათა“ ანუ „ლაშქართა შეყრა“ ეწოდებოდა. შეყრილ ჯარს ჯერ მეფე დაათვალიერებდა, შეუმოწმებდა იარაღსა და აღკაზმულობას. ამას კი „სპათა განახვა“ ეწოდებოდა, რომელიც ერთგვარი აღლუმი იყო.

თუ მეფე ომში არ მიდიოდა, დალოცავდა ჯარს და დროშას ამირსპასალარს ჩააბარებდა. ლაშქრობიდან დაბრუნებული ჯარი მეფეს ჯერ მახარობელს აახლებდა, ხოლო როდესაც ლაშქარი და დიდებულები ქალაქს მოაღწევდნენ, მაშინ დარბაზობა იმართებოდა და ამირსპასალარი, როგორც ჯარის მთავარი წარმომადგენელი დანარჩენ მხედართმთავრებს შეუძღვებოდა, ომის ამბავს მოახსენებდა და ძღვენს მიართმევდა ხოლმე. დასაჩუქრებისა და ნადავლის განაწილების შემდგომ მეფე ლაშქარს დაითხოვდა. ამას „ლაშქართა გაყრა“ ეწოდებოდა.

ლეგატუმი (legatum) - მოანდერძის (ანდერძი) განკარგულება მემკვიდრის მიმართ გარკვეული თანხის ან ნივთის სხვისთვის გადაცემის თაობაზე, რაც მემკვიდრეობის სინგულარულ ფორმას აყალიბებდა (legatarius - უარის მიმღები ანუ მოანდერძის განკარგულების მიხედვით მემკვიდრე უარს ამბობს მემკვიდრეობის რაღაც ნაწილზე). ლეგატუმი უძველესი ინსტიტუტია, რომელსაც XII დაფის კანონებიც იცნობს. მისი თავდაპირველი დანიშნულება იყო მემკვიდრეობის უფლებას მოკლებული ცოლისა და შვილების უზრუნველყოფა (პატარა მამულს მხოლოდ ერთი ოჯახის გამოკვება შეეძლო). არსებობდა ლეგატუმის 2 ძირითადი ფორმა: 1) მემკვიდრეობის მიღებისთანავე საკუთრების უფლება, რომელიც რაიმეს მიმართ ჰქონდა მოანდერძეს გადადის მემკვიდრეზე. მემკვიდრემ უარი მემკვიდრეობის ნაწილთან ან კონკრეტულ ნივთთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს ლათინურ ენაზე, გარკვევით და კონკრეტულად ფორმულირებული. საკუთრების უფლება მოანდერძისაგან პირდაპირ გადადის ლეგატარიუსზე, რომელსაც უფლება აქვს მაშინვე აღძრას rei vindicatio (პრეტენზია ნივთთან დაკავშირებით) ნებისმიერი მფლობელის მიმართ. ამ ფორმას ეწოდება legatum per vindicationem. 2) Legatum per damnationem - ვალდებულებითი მოქმედება. მემკვიდრეობის დამტოვებლის, ლეგატარიუსის, მემკვიდრის ქონება, სახლი, მიწის ნაკვეთი, ნახირი და ა.შ. ყველაფერი იშლება ცალკეულ უარებად (უარს ამბობს ქონების რაღაც ნაწილზე) ყოველი ნაწილის წლიური თანხა უნდა დაიფაროს განსაზღვრულ დროში. Legatum per damnationem-ის აღსასრულებლად legatariuss ეძლევა უფლება actio ex testamento (მემკვიდრემ უნდა დააკმაყოფილოს უარი). იმ შემთხვევაში, თუ უარი ერთი კატეგორიის, ანუ ერთმანეთის ჩანაცვლების საშუალების მქონე ნივთებს შეეხება, ამორჩევის უფლება ეკუთვნის მემკვიდრეს, სხვა შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ლეგატარიუსს. გარემოებებიდან გამომდინარე ტერმინ legatum dotis-ს (უარი მზითვზე) შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს: 1) მზითვის დადგენა - თუ ქორწინება არ შედგა, მზითვი ეკუთვნის მემკვიდრეს. 2) უარი მზითვზე იმ პიროვნების მხრიდან, რომელსაც ყველა შემთხვევაში აქვს მზითვზე უფლება (ძირითადად ცოლი). 3) უარის თქმა მზითვზე იმის მხრიდან, ვისაც მასზე (მზითვზე) აქვს უფლება (მეუღლის მხრიდან მეუღლის სასარგებლოდ). 4) უარი მზითვზე ქალის მხრიდან არა მემკვიდრის, არამედ სხვა პირის სასარგებლოდ. უარი, როგორც ვთქვით, ზუსტად უნდა ყოფილიყო ფორმულირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეგატუმი ძალას კარგავდა. მოგვიანებით, სენატის დადგენილება (Sc. Neronianum 2) უარს ამბობს იმ მკაცრ ფორმალობებზე, რომელიც თან ახლდა ამ პროცედურას. კონსტანტინეს პერიოდში აღარ ითხოვენ უარისათვის სპეციალურ სიტყვიერ ფორმულირებას, ხოლო იუსტინიანუსი არა მარტო ამარტივებს და ერთ სახეობამდე დაჰყავს ლეგატუმი, არამედ მთლიანად უთანაბრებს მას ფიდეიკომისუმს. ლეგატუმის საოცარი პოპულარობა გამოიწვია იმან, რომ მათი ჯამური თანხა ხშირად აღემატებოდა მთელ მემკვიდრეობას, ამიტომ მემკვიდრე უარს ამბობდა მის მიღებაზე, რის გამოც ანდერძი რჩებოდა შეუსრულებელი. ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები lex Furia 2, lex Voconia-მ და განსაკუთრებულად lex. Falcidia-მ დაარეგულირა.

Leges Clodiae - (კლოდიოს პულხერი (Clodius Pulcher) - პოლიტიკოსი, დემაგოგი, სახალხო ტრიბუნი ძვ.წ. 58 წ.). მისი კანონები მართალია მიმართული იყო სენატორთა ოლიგარქიის წინააღმდეგ, მაგრამ არ ატარებდა ერთიანი პოლიტიკური კურსის ხასიათს, შესაბამისად, ემსახურებოდა უფრო მეტად იმ მიზანს, რომ კლოდიუსი გამხდარიყო პოპულარული მოქალაქეთა შორის. ამ კანონებიდან აღსანიშნავია: 1) de censoria notione - აიკრძალა სენატიდან დათხოვა სასამართლო წარმოების და ორივე ცენზორის თანხმობის გარეშე.

2) de collegiis - სენატის მიერ ძვ. წ. 64 წ-ს გაუქმდა კოლეგიების ფუნქციონირება, რომელიც ამ კანონის მიხედვით აღდგა და მიენიჭა მათ მეტი თავისუფლება.

3) frumentaria - რომის ღარიბ მოსახლეობას სიის მიხედვით ურიგდებოდა ხორბალი. სიას ადგენდა კურატორი (curator annonae).

Leges Livia 3 iudicaria (ძვ. წ. 91 წ.) - კანონის მიხედვით დაარსდა ახალი სასამართლო, რომელიც განიხილავდა მოსყიდული მოსამართლეების საქმეებს და შემოიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც სენატი უნდა შევსებულიყო 300 მხედრით. ეს კანონი და მასთან ერთად დრუზუსის კიდევ 2 კანონი [1) agraria - იტალიის მიწები, რომლებიც იმ დროისათვის არ იყო განაწილებული, დაურიგდა უქონელ მოქალაქეებს. 2) frumentaria - ფასი დააგდო პურზე, რომელიც ღარიბ მოქალაქეთა შორის უნდა განაწილებულიყო] სენატმა იმავე წელს გააუქმა. Leges Liciniae Sextiae - ეს კანონები ნაწილობრივ ზღუდავდა პატრიციებს და ამით ამშვიდებდა ღარიბ პლებეებს. სინამდვილეში ეს ყველაფერი ხელს აძლევდა მდიდარ პლებეებს და გზას უხსნიდა მათ მაგისტრატურისაკენ.

Leges Liciniae Sextiae რომის რესპუბლიკის კონსტიტუციის არსებით რგოლს წარმოადგენდა. ამ კანონთაგან აღსანიშნავია:

1) agraria - ის მიწები, რომლებიც იმ დროისათვის არ იყო განაწილებული, გადანაწილდა უქონელ მოსახლეობას შორის (ძვ.წ. 91 წ.).

2) frumentaria - ფასი დააგდო ხორბალზე.

3) Iudicaria - დააფუძნა ახალი სასამართლო იმ მოსამართლეთა საქმეების გამოსაძიებლად, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ქრთამის აღება და 300 მხედრით შეავსო სენატი.

Leges Valeriae Horatiae - ამ კანონებით დასრულდა ერთი ეტაპი პატრიციელთა და პლებეელთა შორის გაჩაღებულ ბრძოლაში. XII დაფის კანონებთან ერთად ეს კანონები რომის რესპუბლიკის კონსტიტუციის ქვაკუთხედად იქცა. კონსულების, ვალერიუსის და ჰორაციუსის მიერ შედგენილ კანონებს შორის (ძვ. წ. 449 წ.) აღსანიშნავია:

1) სახალხო კრებაზე მიღებული დადგენილება მთელ მოსახლეობაზე უნდა გავრცელებულიყო.

2) აღდგა დეცემვირების მიერ გაუქმებული ius provocationis (უსამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება).

3) სახალხო ტრიბუნებს მიენიჭათ იმუნიტეტი.

Leges Publiliae Philonis - დიქტატორმა კვინტუს პუბლილიუს ფილონმა (Quintus Publilius Philon), რომელიც ძვ. წ. 337 წ-ს გახდა პლებეური წარმოშობის პირველი პრეტორი (მოგვიანებით იგი ოთხგზის აირჩიეს კონსულის თანამდებობაზე), თავისი კანონებით შეასუსტა პატრიციელთა პრივილეგიები, სახალხო ტრიბუნებს მიანიჭა მაგისტრატთა თანაბარი უფლებები და შესაბამისად, მაგისტრატის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ინტერკესიის უფლება: 1) de censore plebeio creando - დადგინდა, რომ ერთ-ერთი ცენზორი პლებეი უნდა ყოფილიყო. 2) დე პლებისციტის - გაუთანაბრა სახალხო კრების გადაწყვეტილება (plebiscitum) ცენტურიის კომიციებში მიღებულ კანონპროექტს, ამიტომ კანონად გადასაქცევად ორივეს სენატში დამტკიცება სჭირდებოდა. 3) de patrum auctoritate - კომიციებში მიღებულ პროექტს ამტკიცებდა სენატი. მიღებული კანონის თანახმად, ეს პროცედურა შეიცვალა სენატის წინასწარი თანხმობით.

Leges tabulariae - ძვ. წ. III-II სს. ზეპირი კენჭისყრის მაგივრად შემოიღეს ცვილის დაფებით ხმის მიცემა.

Lex Acilia repetundarum (ძვ. წ. 122 წ.) - ამ კანონმა გარდაქმნა პროვინციებში გამოძალვის პროცესი, გაამკაცრა სასჯელი (ზიანის ორმაგად ანაზღაურება), მიანიჭა რომის მოქალაქეობა იმ პერეგრინებს, რომლებიც მაგისტრატების სამართალდარღვევაზე ინფორმაციას მიაწვდიდნენ საჭირო ორგანოებს.

Lex Antonia 5 (de dictatore) - ამ კანონით გაუქმდა დიქტატორის თანამდებობა. სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა დიქტატორს და პიროვნებას, რომელიც მის კანდიდატურას წამოაყენებდა.

Lex Appuleia - ძვ. წ. 200 წ-ს აკანონებდა რამდენიმე თავდებს შორის ერთგვარ ამხანაგობას: თუ ერთი იხდიდა მეტს, ვიდრე მის წილს შეეფერებოდა, მას შეეძლო შეეტანა სარჩელი სხვების წინააღმდეგ ზარალის ასანაზღაურებლად.

Lex Appuleia 3 (ძვ. წ. 100 წ.) - კანონი, რომლის მიხედვითაც, მარიუსის მიერ გალიაში დაპყრობილი მიწები ვეტერანებს შორის უნდა გადანაწილებულიყო (თითოეულს 100 იუგერი).

Lex Appuleia 4 (ძვ. წ. 100 წ.) - ამ კანონმა დააგდო ფასი ხორბალზე, რომელსაც პლებეებს შორის არიგებდნენ (6, 5 ასიდან 5/6- მდე).

Lex Atia (ძვ. წ. 63 წ.) - ამ კანონით კომიციებს დაუბრუნდა უფლება აერჩიათ ქურუმები.

Lex Aufidia de ambitu (ძვ. წ. 61 წ.) - კანონის მიხედვით, ქრთამის მიცემის შემთხვევაში პიროვნება ჯარიმდებოდა მთელი ცხოვრების მანძილზე ყოველწლიურად 3000 სესტერცის გადასახადით თითოეული ტრიბის სასარგებლოდ.

Lex Aurelia 2 iudicaria (ძვ. წ. 70 წ.) - თანაბრად გადანაწილდა ამ კანონის მიხედვით ვაკანსიები სასამართლოში სენატორებს, მხედრებს და ერარიების ტრიბუნებს შორის, რომლებიც ამასთანავე ფლობდნენ მხედრობის ცენზს, შესაბამისად, კანონი მხედრებისათვის ძალიან მომგებიანი იყო.

Lex Aurelia 3 (ძვ. წ. 70 წ.) - წინასაარჩევნო ინტრიგებში შემჩნეულ პირს 10 წლის ვადით ეკრძალებოდა მაგისტრატურის არჩევნებში მონაწილეიობის მიღება.

Lex Domitia (ძვ. წ. 103 წ.) - გაუქმდა ქურუმთა კოლეგიაში პირდაპირი არჩევის წესი. ამ კანონის მიხედვით წინასწარ უნდა დაესახელებინათ რამდენიმე კანდიდატი (nominatio) 17 ტრიბის კომიციებში ასარჩევად. მხოლოდ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ იყო შესაძლებელი უკვე კოლეგიის შიგნით არჩევნების ჩატარება.

Lex Duilia (ძვ. წ. 449 წ.) - სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა იმას, ვინც დატოვებდა პლებეებს ტრიბუნების გარეშე ან შექმნიდა მაგისტრატურას populo ad populum - ის გაუთვალისწინებლად.

lex Valeria (ძვ. წ. 509 წ.)

1) de candidatis - სამართალდარღვევით კონსულის თანამდებობის მინიჭების წინააღმდეგ.

2) de quaestoribus - დააწესა 2 კვესტორის თანამდებობა ხაზინის მცველად.

3) de provocatio (ძვ. წ. 300 წ.) - პირველი კანონი, რომელიც მოქალაქეს აძლევდა უფლებას გაესაჩივრებინა მაგისტრატის მიერ დადგენილი სასჯელი სახალხო კრებაზე.

4) de magistratibus sine provocatione non creandis - უმაღლესი მაგისტრატების არჩევა ხდება კომიციებში და არაორდინალურ ვითარებაში ინიშნება ყველაზე დიდი 6 თვის ვადით უმაღლესი მაგისტრატი, რომელიც განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს.

Lex Voconia - ძვ. წ. 169 წ. უკრძალავდა მემკვიდრეობის დამტოვებელს, რომელიც ქონებრივი ცენზის მიხედვით I კლასს მიეკუთვნებოდა (მინიმალური ქონება 100000 ასი), 1) დაენიშნა მემკვიდრედ ქალი; 2) ეანდერძა ლეგატუმი, რომელიც აღემატებოდა მემკვიდრეობის ყველა წილს. შესაბამისად, ქალს შეეძლო მიეღო მემკვიდრეობის ნახევარი. 3) მემკვიდრეობიდან წილის მიღება შეეძლოთ მხოლოდ აგნატ ქალიშვილებს და მოანდერძის დებს. ცენზის როლის დაქვეითება და ფიდეიკომისუმის ფართოდ გავრცელება საშუალებას იძლეოდა გვერდი აევლოთ ამ კანონისათვის.

Lex Iulia

1) 5 de repetundarum (ძვ. წ. 59 წ.) - ეს კანონი მოიცავდა თანამდებობრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ყველა შემთხვევას და საკმაოდ მკაცრი იყო სასჯელის მხრივ, რაც, უპირველეს ყოვლისა, უკანონოდ შეძენილი ქონების კონფისკაციაში აისახებოდა.

2) 6 De pecuniis mutuis (ძვ.წ. 49 წ.) - შეიცავს გარკვეულ შეღავათებს მოვალეებისათვის და პირველ რიგში გააუქმა ბოლო ორი წლის პროცენტი.

3) De provinciis (ძვ. წ. 46 წ.) - დაადგინა, რომ პროპრეტორს შეუძლია პროვინცია განაგოს ერთი, პროკონსულს - ორი წლის განმავლობაში.

Lex Iulia 21 (ძვ. წ. 18 წ.) ამომრჩევლის მოსყიდვა განიხილებოდა როგორც ძალადობა ამომრჩეველზე და ისჯებოდა ჯარიმით.

Lex Iulia 25 - კანონი უკრძალავდა ქმარს მეუღლის ნებართვის გარეშე გაესხვისებინა ან დაეგირავებინა ქონება. ამ კანონით ძირეულად იცვლება მზითვის სამართლებრივი დატვირთვა.

Lex Iulia 32, 33 iudicorum privatorum, publicorum (ძვ. წ. 17 წ.) - ეს იყო 2 კანონი, რომლებმაც საგრძნობი ცვლილებები შეიტანა პროცესუალური სამართლის კოდექსში:

1) დაამატა IV სასამართლო დეკურია.

2) განსაზღვრა და შეამცირა სასამართლო პროცესის ხანგრძლივობა

3) განსაზღვრა მოსამართლის მინიმალური ასაკი 25 წლით, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში დასაშვები იყო 20 წელიც.

Lex Iulia 45 - ეს კანონი ეხებოდა მატრომონიუმს: 1. რომაელები ვალდებულნი იყვნენ ქორწინებაში ეცხოვრათ 25 წლიდან 60 წლამდე, გაეჩინათ 3 შვილი; ქვრივები და გაყრილები თავიდან უნდა დაქორწინებულიყვნენ; 2. რომის მოქალაქეს ეკრძალებოდა შეუფერებელ (უწესო) პარტნიორთან ქორწინება; 3. ის მოქალაქეები, რომლებიც ამ კანონების მიხედვით ხელმძღვანელობდნენ ქორწინებაში, სარგებლობდნენ სხვადასხვა შეღავათებით და უპირატესობა ენიჭებოდათ თანამდებობის დაკავებისას.

Lex Calpurnia 2 de repetundis (ძვ. წ. 149 წ.) - ეს იყო პირველი კანონი ისეთი სამართალდარღვევის წინააღმდეგ მიმართული, როგორიცაა გამოძალვა, გაფლანგვა, მექრთამეობა. სასჯელის ფორმას წარმოადგენდა უკანონოდ დაგროვილი ქონების უკან დაბრუნება, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ სენატორს ასამართლებდნენ სენატორები, ხალხს კი არ შეეძლო გაეკონტროლებინა მაგისტრატების მოქმედება იტალიაში, მით უფრო პროვინციებში.

Lex Claudia de aere alieno (47) - კრძალავს და ჯარიმით დასჯით ემუქრება პირს, რომლებიც ვალს იღებენ იმ პირობით, რომ მამის სიკვდილის შემდეგ გადაიხდიან.

Lex Cicereia ( ძვ. წ. 173 წ.) - ავალდებულებდა კრედიტორს, გამოეცხადებინა ვალის მოცულობა და თავმდებთა რაოდენობა, რომელთაც ის წარმოადგენდა (პრაედიცტიო ეხ ლეგე ჩიცერეია) წინააღმდეგ შემთხვევაში, თავმდებად მყოფებს შეეძლოთ გათავისუფლება მოვალეობისაგან.

Lex Cocceia 3 - უკანასკნელ კომიციაზე მიღებულ კანონთაგან ერთ-ერთი, რომლის მიხედვითაც, უპოვარ მოქალაქეებს უნდა გადასცემოდათ მიწის ნაკვეთები.

Lex Cornelia Sulla - de magistratibus - (ძვ.წ. 82 წ.). ამ დადგენილებით დაკანონდა აუცილებელი ათწლიანი შესვენება ერთსა და იმავე თანამდებობაზე ასარჩევად. რომის რესპუბლიკაში ჩამოყალიბდა თანამდებობრივი წინსვლის განსაზღვრული თანმიმდევრობა (კურსუს ჰონორუმი - cursus honorum) და დადგინდა მინიმალური ასაკი თამადებობის დასაკავებლად. მაგ., კვესტორისათვის - 40 წელი, კონსულისათვის - 43 წელი.

Lex Cornelia 5 (ძვ. წ. 82 წ.) iudicaria - ამ კანონის მიხედვით სამართალწარმოება მთლიანად სენატორების ხელში დაბრუნდა. რიგით მოქალაქეებს შეეძლოთ მოსამართლის მხოლოდ სამი კანდიდატურის წამოყენება, სენატორებზე ეს შეზღუდვა არ ვრცელდებოდა.

Lex Cornelia 10, 25, 28 - იმეორებს Lex Aurelia 3-ს, სასჯელის ფორმებიც იდენტურია - მოკვეთა (25-ე მიიღეს ძვ. წ. 181 წ.; 28-ე - ძვ. წ. 159 წ.).

Lex Cornelia 18 de repetundis (ძვ. წ. 82 წ.) - ამ კანონის მიხედვით დადგინდა სასჯელის შემდეგი ფორმა - დამნაშავეს უნდა ჩამორთმეოდა უკანონოდ შეძენილი ქონების 1/3.

Lex Flaminia (ძვ. წ. 228-224 წწ.) - ამ კანონის მიხედვით, სახელმწიფო მიწები ჩრდ. იტალიისა და არიმანის გარეუბანში განაწილდა უქონელ მოქალაქეთა შორის.

Lex Licinia (10) de aere alieno - დაადგინა, რომ მოვალეს აქვს უფლება კრედიტორს სამ თანაბარ ნაწილად გადაუხადოს ვალი წლის განმავლობაში და რომ გადახდილი პროცენტებით მცირდება ძირი ვალი.

Lex Manilia de libertinorum suffragiis (ძვ. წ. 67 წ.) - უფლება მიანიჭა ამ კანონმა თავისუფლებამინიჭებულებს (ლიბერტინუსებს) ხმა მიეცათ თავიანთი პატრონების ტრიბაში (თუმცა სამი დღის შემდეგ სენატმა გააუქმა ეს კანონი).

Lex Ogulnia - (ძვ. წ. 300 წ.) ამ კანონით პონტიფექსების რაოდენობა გაიზარდა რვამდე, ავგურების - ცხრამდე. საერთო რაოდენობიდან პლებეებს დაეთმო ოთხი ადგილი. ამ კანონის მიღებამდე ქურუმები მხოლოდ პატრიციები იყვნენ.

Lex Plaetoria de minoribus (ძვ.წ. 192 წ.) - იცავდა არასრულწლოვნებს თაღლითებისაგან (იგულისხმება, პირველ რიგში, მემკვიდრეობის და ქონების დაცვა).

Lex Poetelia Papiria (2) (ძვ. წ. 326 წ.) - ამ კანონმა შეამსუბუქა ეგზეკუცია იმ პრინციპის თანახმად, რომ მოვალე პასუხისმგებელია თავისი ქონებით და არა თავისი პიროვნებით. აიკრძალა წესი, რომლის თანახმადაც კრედიტორს შეეძლო მოვალე ჰყოლოდა პირად პატიმრობაში, ვიდრე იგი ან ფულით ან გამომუშავებით არ ჩამოიწერდა ვალს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმ წესის აკრძალვა, რომლის მიხედვითაც, შეეძლოთ მოეკლათ ან გაეყიდათ მოვალე მონად XII დაფის კანონების თანახმად. ეს იყო პრინციპულად ახალი კანონი, რომელმაც პლებეების ახალ თავისუფლებას დაუდო საფუძველი და თვისობრივად განსხვავდებოდა ნექსუმისაგან.

Lex Sempronia 2 - კრძალავდა სახელმწიფო მიწების შემდგომ მიტაცებას. ერთ პირს შეეძლო მფლობელობაში ჰქონოდა არაუმეტეს 500 იუგერისა, ზრდასრულ ვაჟებზე - 250 იუგერი, ისე, რომ მთლიანად მიწის საერთო ფართობი არ შეიძლება, რომ 1000 იუგერზე მეტი ყოფილიყო. ზედმეტი ფართობი განსაზღვრულ საფასურად მიჰქონდა სახელმწიფოს იმისთვის, რომ ყოველწლიურად დაბალი გადასახადის პირობებში გაეცა (არაუმეტეს 300 იუგერი).

Lex Sempronia 7 - (ძვ. წ. 123 წ.) lex de capite civis Romani აუკრძალა სენატს და გადასცა სახალხო კრებას (კომიცია) ისეთი რთული საქმეების განხილვა, რომლებიც სიკვდილით დასჯას უკავშირდებოდა.

Lex Sempronia 12 iudicaria (ძვ. წ. 123 წ.) - ამ კანონმა გამოთიშა სენატორები სასამართლო პროცესიდან და მოსამართლეობა გადასცა მხედრებს.

Lex Sempronia 10 frumentaria (ძვ. წ. 123 წ.) - გაიუს სემპრონიუს გრაკქუსის კანონი, რომლის მიხედვითაც, რომის უპოვარ მოსახლეობას მიეცა უფლება ეყიდა 52,5 ლიტრი ხორბალი თვეში 6,33 ასსად ლიტრი. ეს ფასი ბევრად ჩამოუვარდებოდა პროდუქტის გასაყიდ ფასს დუქანში. ამ კანონიდან დაწყებული უქონელი მოქალაქეების შენახვა სახელმწიფოს ვალდებულებად იქცა.

Lex Servilia 1 repetundarum - (ძვ. წ. 111 წ.) - გამოძალვა-გაფლანგვა-მექრთამეობასთან დაკავშირებით არსებულ სასჯელთა პარალელურად კანონით დადგინდა, რომ ზემოთ ნახსენებ სამართალდარღვევაში შემჩნეულ პიროვნებას უნდა ჩამორთმეოდა პოლიტიკური კარიერის გაგრძელების უფლება.

Lex Servilia 2 Caepionis repetundarum (ძვ. წ. 106 წ.) - თანაბრად განაწილდა ადგილები სასამართლოში სენატორებსა და მხედრებს შორის.

Lex Sulpicia de novorum civium libertinorumque suffragiis (ძვ.წ. 88 წ.) - თავისუფლებამინიჭებულებს (ლიბერტინუსებს) და იტალიკებს მიეცათ უფლება ხმა მიეცათ 35 ტრიბიდან ნებისმიერში.

Lex Tullia (ძვ. წ. 63 წ.) - ამ კანონით გამკაცრდა ძველი დადგენილებები კანდიდატთა წინასაარჩევნო ინტრიგებთან დაკავშირებით (მოკვეთა 10 წლის ვადით, სასჯელი იმ მოსამართლეებისათვის, რომლებიც თავს აარიდებენ ასეთი ხასითის პროცესს და ა.შ.).

Lex Hortensia (ძვ. წ. 287 წ.) - კვინტუს ჰორტენზიუსი (Quintus Hortensius) - დიქტატორი ძვ. წ. 286 წ-ს უკან დააბრუნა რომიდან პროტესტის ნიშნად გასული მოსახლეობა. Lex Hortensia-m კანონის ძალა მიანიჭა სახალხო კრების გადაწყვეტილებებს - plebiscitum, რომლის გათვალისწინება უკვე პატრიციებსაც ევალებოდათ. ამ კანონმა დაასრულა ბრძოლა პატრიციებსა და პლებეებს შორის, რომელიც საუკუნე მიმდინარეობდა.

ლეგისაქციური პროცესი (legis actio) - მოქალაქეებს შორის დავის გადაწყვეტის უძველესი ფორმა. რომის მოქალაქეს უნდა გაეკეთებინა მაგისტრატის წინაშე განცხადება, რომელიც ზუსტ შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო კანონთან. მაგ., თუ მოსარჩელე სარჩელში ვაზის გაჩეხვას ასახელებდა, იგი საქმეს აგებდა, რადგან XII დაფის კანონი არ მოიხსენიებს ვაზს, არამედ იქ საუბარი იყო ხეებზე. მოსარჩელეს მოპასუხე უნდა მიეყვანა სასამართლოში, თუ იგი წინააღმდეგობას გაუწევდა, მაშინ მოსარჩელე მიმართავდა მოწმეებს და XII დაფის კანონების შესაბამისად, ძალით მიჰყავდა მოპასუხე სასამართლოში. თუმცა მოპასუხე არ იყო ვალდებული მაშინვე გაჰყოლოდა მოსარჩელეს. თუ მოპასუხე თანხმდებოდა მოსარჩელეს, ის ან თავმდებს უშვებდა თავის მაგივრად ან პიროვნებას, რომელიც მას წარმოადგენდა. როდესაც ორივე პირი წარდგებოდა სასამართლოს წინაშე, იწყებოდა საქმის წარმოება in iure. ორივე მხარე და პრეტორი წარმოთქვამდნენ საზეიმო სიტყვებს. მოსამართლისადმი მიმართვის გავრცელებული ფორმები იყო:

1) legisactio per sacramentum - ამ ფორმას იყენებდნენ საკუთრების უფლებაზე დავის გადასაწყვეტად. მხარეები მიდიოდნენ მაგისტრატთან და მიჰქონდათ სადავო ნივთი. თუ მისი მიტანა შეუძლებელი იყო (მაგ., მიწის ნაკვეთი), სიმბოლურად მიჰქონდათ მიწა. მოსარჩელეს ხელში ეკავა ჯოხი, ადებდა სადავო ნივთს და ამბობდა: მე ვამტკიცებ, რომ ეს ნივთი ჩემია, თუ მოპასუხე გაჩუმდებოდა ან დაეთანხმებოდა მოსარჩელეს, საქმე ამით მთავრდებოდა. იმ შემთხვევებში, თუ იგი არ ეთანხმებოდა მოსარჩელეს, იმავე მოქმედებას იმეორებდა. მაშინ მაგისტრატი გააშველებდა მხარეებს და მოუწოდებდა მათ დაეტოვებინათ ნივთები. მოსარჩელე სვამდა ახალ კითხვას და ითხოვდა მოპასუხისაგან პასუხს იმაზე, თუ რის მიხედვით აცხადებდა ნივთზე პრეტენზიას. მოპასუხე ნივთს კვლავ ადებდა ჯოხს და ამბობდა, რომ იგი იქცეოდა კანონის შესაბამისად. მოსარჩელე კი სთავაზობდა მოპასუხეს გირაოდ ჩაედო 50 ან 500 ასი, რადგანაც იგი კანონსაწინააღმდეგოდ იქცეოდა. ამ თანხას ეწოდებოდა საკრამენტუმი (sacramentum). ორივე მხარეს შეჰქონდა ფული იმის დასამტკიცებლად, რომ მართალნი იყვნენ კანონის წინაშე. იწყებოდა საქმის გარჩევა. იმ მხარეს, რომელსაც მაგისტრატი დამნაშავედ სცნობდა, ჩამოერთმეოდა შეტანილი თანხა. ადრეულ პერიოდში ეს თანხა შეჰქონდათ ქურუმებთან, მოგვიანებით - ხაზინაში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანხის შეტანა გადაწყვეტილების შემდეგაც შეიძლებოდა. ხდებოდა ხოლმე საქმის განხილვის გადადებაც (მაგ., ავადმყოფობის მიზეზით).

2) legis actio per manus iniectionem - ეს პროცესი ვალის გადახდის წესებს და პირობებს ეხებოდა. თუ მოვალეს სასამართლო დააკისრებდა განსაზღვრული თანხის გადახდას, ან თუ მოპასუხე თავს დამნაშავედ ცნობდა მაგისტრატის წინაშე, მაშინ კრედიტორი 30 დღის შემდეგ მაგისტრატის თანდასწრებით ხელს ადებდა მოვალეს და მიჰყავდა. მოვალე თვითონ ვერ უპასუხებდა, მაგრამ მის მაგივრად რომის სხვა მოქალაქეს შეეძლო გამოსვლა სიტყვით (თავმდები - vindex).

იწყებოდა დავა კრედიტორსა და თავმდებს შორის, თუ თავმდები საქმეს წააგებდა, მას ეკისრებოდა ორმაგი პასუხისმგებლობა. მოგვიანებით თვითონ მოვალესაც შეეძლო თავი დაეცვა სასამართლოში.

3) legis actio per iudicis postulationem - ამ პროცესის მიხედვით მოსარჩელეს მისი მოთხოვნის შესაბამისად უნდა დანიშნოდა მოსამართლე. პროცესის ამ ფორმას საერთო ქონების განაწილებისას მიმართავდნენ.

4) legis actio per condictionem - პროცესის ეს ფორმა იმ შემთხვევაში გამოიყენებოდა, როდესაც მოსარჩელე ედავებოდა მოპასუხეს ნივთების რაღაც რაოდენობას ან გარკვეულ თანხას და მოპასუხე თავს არ ცნობდა დამნაშავედ. მოსარჩელე აცხადებდა, რომ მოპასუხე 30 დღის მერე უნდა მისულიყო მოსამართლის დასანიშნად.

5) legis actio per pignoris capionem - პროცესის ეს ფორმა მაგისტრატის გარეშე, მხარეების მიერ ხორციელდებოდა. კრედიტორი მოვალის ნივთს იღებდა და გირაოს სახით იქამდე ექნებოდა მფლობელობაში, ვიდრე მოვალე არ გადაიხდიდა ფულს. გირაოდ აღებულ ნივთს ეწოდებოდა პიგნუსი (pignus). ნივთის აღებას თან ახლდა სიტყვის წარმოთქმა. პროცესის ამ ფორმას მაშინ მიმართავდნენ, თუ პირი ისესხებდა შესაწირ პირუტყვს, არ დააბრუნებდა, არ გადაიხდიდა გადასახადს.

ლეგისაქციური პროცესით ვერ სარგებლობდნენ პერეგრინები. ამის გამო მათთვის პრეტორის დადგენილებების ძალით პროცესის ახალი ფორმა შემოვიდა. დროთა განმავლობაში ქალაქების პრეტორებმაც დაიწყეს დადგენილებების გამოცემა, რითიც ახალ, ფორმულარულ პროცესს ჩაეყარა საფუძველი.

ლერქვაში, სვანეთი - ერთგვარი გასამრჯელო, სამი მანეთის ღირებულების ნივთი, რომელსაც ღებულობდნენ მორვები განაჩენის დადგენის შემდეგ. ლერქვაშს აძლევდნენ ასევე მყიდველები სახლ-კარის გამყიდველს ყოველი ახალი წლის მეორე-მესამე დღეს.

ლიბერტინუსი (libertinus) - თავისუფლებამინიჭებულნი. სოციალური ფენა. თავისუფლების მინიჭება ხდებოდა მანუმისიო-ს საშუალებით და გათავისუფლებულს ენიჭებოდა მოქალაქეობა. ამასთან იგი იღებდა თავისი პატრონის გვარს, სახელს, კოგნომენს (მოქალაქის სახელი შედგებოდა თავიდან სახელისაგან, ოჯახის ან გვარის სახელისა და მეტსახელისაგან - praenomen, nomen, cognomen). რესპუბლიკის ხანის ბოლოსა და იმპერიის დასაწყისში მას კიდევ მიემატა მამის სახელი და ტრიბის დასახელება, რომელსაც მიეკუთვნებოდა მოქალაქე. ლიბერტინუსები იყოფოდნენ კლასებად: 1) cives 2) Latini Juniani 3) dediticii 4) statu liberi. Latini Juniani თავისუფლებამინიჭებული კლასია, რომელსაც Lex Junia Norbana-ს მიხედვით ტიბერიუსის ხანაში მიენიჭა განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობა. მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები, არც ქორწინების (ius conubii), არც ანდერძის უფლება (testamenti factio), ნაწილობრივ მიენიჭათ ვაჭრობის უფლება (ius comercii). სხვა მხრივ, თავისი უფლებრივი მდგომარეობით უტოლდებოდნენ პერეგრინებს. Dediticii - გათავისუფლებულთა ერთ-ერთ დაბალ კლასს ეწოდა Lex Aelia Sentia- ს დროიდან. ისინი ვერც მოქალაქეები გახდებოდნენ, ვერც ლათინები, რადგან მონად ყოფნის პერიოდში ღირსების ამყრელი სასჯელი ჰქონდათ მისჯილი. შესაბამისად, უნდა გაეძლოთ მძიმე სამართლებრივი მდგომარეობისათვის. ლიბერტინუსს, რომელიც ხდება მოქალაქე, იღებენ ტრიბაში და ცენტურიაში სრული ხმის უფლებით, თუმცა მათი გავლენა უმნიშვნელო იყო საერთო სურათზე, რამდენადაც ქალაქის ტრიბა გადავსებული იყო, ცენტურიის კომიციებში კი თავისი ქონების მიხედვით უდაბლეს კლასში აერთიანებდნენ. ცენზორმა აპიუს კლავდიუსმა ძვ. წ. 312 წ-ს დიდი გადატრიალება მოახდინა იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, ლიბერტინუსებს უფლება მიეცათ ჩაწერილიყვნენ ნებისმიერ ტრიბაში. ძვ. წ. 304 წ-ს სახელმწიფოსათვის საშიში ეს გადაწყვეტილება შეიცვალა იმ მხრივ, რომ ლიბერტინუსები დაუბრუნეს ქალაქის 4 ტრიბას. ეს გადაწყვეტილება ძვ. წ. 220 წ-ს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, განმტკიცდა ძვ.წ. 115 წ-ს lex Sulpicia, Manilia, Clodia-თი. ლიბერტინუსებს არ ჰქონდათ უფლება დაეკავებინათ საპატიო თანამდებობები. ვაჭრობის უფლების მხრივ, ლიბერტინუსები სხვა მოქალაქეებს უთანაბრდებოდნენ. რაც შეეხება ius conubii (ქორწინების უფლება), ამ მხრივ, ქორწინება თავისუფლად შობილს (ingenuus) და ლიბერტინუსს შორის პირველისათვის ignominia-დ (კეთილი სახელის დაკარგვა) ითვლებოდა.

ლიბერტუსი (libertus) - მონა, რომელსაც მიენიჭა თავისუფლება და აღარ იმყოფება პატრონის დაქვემდებარებაში. მათ ურთიერთობას არეგულირებდა პატრონატის სამართალი (ius patronatus). ლიბერტუსი ვალდებული იყო სათანადო პატივისცემა გამოეხატა თავისი პატრონის მიმართ, მიერთმია მისთვის საჩუქრები. ეს ურთიერთობა მტკიცდებოდა ფიცით (iurata promissio operarum), რომელსაც იურიდიული დატვირთვა ჰქონდა და მისი დარღვევის შემთხვევაში პატრონს ჰქონდა უფლება საქმე აღეძრა სასამართლოში. პატრონი ლიბერტუსის კანონიერი წარმომადგენელია, კანონიერი მემკვიდრე და კანონიერი მეურვე (tutor legitimus). პატრონს და ლიბერტუსს ალიმენტური ურთიერთობა აკავშირებთ. პატრონის სიკვდილის შემთხვევაში პატრონობის უფლება გადადის მისი მემკვიდრეების ხელში. მეორე მხრივ, პატრონი ვალდებულია იზრუნოს ლიბერტუსზე. ლიბერტუსის უფლებების დაცვას არეგულირებდა სამართალი იმ შემთხვევაში, როცა პატრონი უჩიოდა ლიბერტუსს მოვალეობების შეუსრულებლობის გამო და ეს მოვალეობები კანონით დადგენილი ნორმის ჩარჩოებს სცილდებოდა (exceptio libertatis onerandae causa). პიროვნებებს თავისუფლება ზოგ შემთხვევაში ანდერძის მიხედვით ენიჭებოდა (libertus orcinus). იყვნენ პრინცეპსის მიერ თავისუფლებამინიჭებულები (libertus principis). გათავისუფლებულ ქალს ეწოდებოდა ლიბერტა (liberta).

ლივიუს დრუზუსი (Marcus Livius Drusus) (ძვ. წ. II-ს.) - ბრწყინვალე ორატორი. მფარველობდა ოპტიმატებს და ცდილობდა აემაღლებინა სენატის დაცემული ძალაუფლება, მაგრამ ამასთანავე ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მათ დახმარებსაც ცდილობდა. სახალხო ტრიბუნად ყოფნისას (ძვ. წ. 91 წ.) მან განაახლა გრაკხუსების კანონწინადადებები, რომლებიც შეეხებოდა მინდვრების განაწილებას, პურის დარიგებასა და ა.შ.; წამოაყენა წინადადება, სამართალწარმოება ჩამოერთვათ მხედრების ფენისათვის და კვლავ გადაეცათ სენატისათვის, რომელსაც 300 მხედრის შეყვანით გაადიდებდნენ, ასევე მოკავშირეებისათვის მიეცათ რომის მოქალაქეობის უფლება. სასამართლოს გარდაქმნით მან აიმხედრა მხედრების ფენა, ასევე ბევრი სენატორიც უკმაყოფილო იყო რეფორმით, ხოლო მოკავშირეებისათვის მოქალაქეობის უფლების მიცემის წინადადებით - მან ყველა პარტია გადაიმტერა. ხალხის კეთილგანწყობის გამო დიდი გავლენის მქონე ლივიუს დრუზუსმა გაატარა სასამართლოს კანონი (lex iudicaria), პურის დარიგებისა და კოლონიების დაარსების წინადადება, მაგრამ იტალიკი მოკავშირეებისათვის რომის მოქალაქეობის უფლების მიცემამ იგი დაღუპა (საკუთარ სახლში მოკლეს). მისი კანონები გააუქმეს, იტალიკმა მოკავშირეებმა კი ომი დაიწყეს.

ლიკურგოსი (ძვ. წ. IX-VIII ს.) სპარტის ლეგენდარული კანონმდებელი. ლიკურგოსი სამეფო გვარისა უნდა ყოფილიყო. იმოგზაურა კრეტაზე, შეისწავლა იქაური ძვ. წ. IX-VII სს-ის სახელმწიფო სისტემა და სამშობლოში დაბრუნებულმა თითქოსდა დელფოს ორაკულის მითითებით გაატარა თავისი კანონები. სპარტაში ლიკურგოსს ეთაყვანებოდნენ. ტრადიციის მიხედვით, ლიკურგოსს სამხედრო მოწყობაზე ორიენტირებულ სპარტის საზოგადოებრივი წყობილების, მისი ინსტიტუციების შექმნას მიაწერენ. (იხ. აპელა; გერუსია)

გადმოცემით, სპარტის წინამდებარე კანონებიდან მან მარტო ორმეფობიანობა და ისიც მხოლოდ ომიანობისას დატოვა.

ლიკურგოსმა სახელმწიფოს მთელი მიწა დაყო და თითოეულმა ოჯახმა თანაბარი წილი მიიღო, რასაც არა მარტო სოციალური, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. უთანასწორობის მოსასპობად მან კერძო საკუთრებაც გადაანაწილა, რის შედეგადაც სპარტაში ქურდობა აღარ იყო. თანასწორობა ქორწინებაზეც გავრცელდა. ქალები კაცებს თითქმის გაუტოლდნენ ფიზიკურ აღზრდაში. არაქორწინებითი კავშირებიც წახალისდა. სახელმწიფო შვიდი წლის ასაკიდან მოყოლებული ყველა მამრობითი სქესის ბავშვის აღზრდას იღებდა თავის თავზე. შვიდი წლის ყმაწვილი სახლიდან საკმაოდ მკაცრი პირობების სამხედრო დანაყოფში მიჰყავდათ, სადაც ერთნაირად და თანასწორად წვრთნიდნენ სახელმწიფოს სამსახურისთვის (ე.წ. აგოგე). ძველების აზრით, სპარტელების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ლიკურგოსმა შეიტანა აუცილებელი მონაწილეობა სამეგობროებში, რომლებიც ჯარის ქვედანაყოფს წარმოადგენდა, საერთო სადილი (ე.წ. სისიტია) უბრალო საჭმლითა და ჭურჭლით, რისთვისაც სპარტელებს მცირე გადასახადი უნდა შეეტანათ.

ლიკურგოსს მიეწერება ფუფუნების წინააღმდეგ სხვადასხვა ზომის მიღება (სახლის შენება მხოლოდ ნაჯახისა და ხერხის მეშვეობით, რომ დასამშვენებელსა და მოსართავს არ გადაჰყოლოდნენ), ოქროსა და ვერცხლის მონეტის აკრძალვაც კი და მათ ნაცვლად რკინის შემოღება (თუმცა ეჭვით შეიძლება მოვეკიდოთ ამ ცნობას, რადგან საბერძნეთში ვერცხლი ძვ.წ. VIII ს-ში შედის, ოქრო კი - უფრო გვიან).

ლიკურგოსის კანონები გამოთქმული (და არა ჩაწერილი) იყო ე.წ. რეტრებში - აპოლონის პასუხებში მეფის კითხვებზე. რეტრების ღვთაებრივი შინაარსი საუკუნეების მანძილზე მათი შენარჩუნების გარანტი უნდა ყოფილიყო. კანონმდებლის აზრით, სპარტის სტაბილურობა უნდა განესაზღვრა ხალხის ზნეს, ცხოვრების წესს, სახელმწიფო ინსტიტუტებს. ერთ-ერთი რეტრა ასე მთავრდებოდა: „მბრძანებლობა და ძალაუფლება დე ხალხისა იყოს“.

ლიტურგია - ძვ. წ. V-IV სს-ში გარკვეული საზოგადოებრივი მოვალეობები და ფუნქციები იძულებით ეკისრებოდათ მდიდარ მოქალაქეებსა (პენტაკოსიომედიმნოსებს) და მეტოიკოსებს. ამას ეწოდებოდა ლიტურგია. ამ ლიტურგიათაგან ზოგიერთი, მაგალითად ტრიერარქია იყო პერიოდული, სხვები - რეგულარული, როტაციის დადგენილი თანმიმდევრობის შესაბამისი. ლიტურგიის სახეობები იყო ქორეგია (ქოროს მომზადება დრამატული და მუსიკალური ფესტივალებისათვის), გიმნასიარქეა (საზოგადოებრივი თამაშების მოწყობა ეროვნული დღესასწაულების დღეებში), ჰესტიასისი (έστίασις, ფილეს წევრებისთვის გამართული ლხინი ზეიმების დროს), არქითეორია (საზოგადოებრივი დელეგაციის ხელმძღვანელობა უცხოურ დღესასწაულზე), ჰიპოტროფია (ιπποτροφία, ცხენთა მოშენება მხედრებისთვის).

ზოგიერთი ლიტურგიის აღმსრულებელს ასახელებდა მაგისტრატი, მაგ., ტრაგიკული ქოროს ქორეგოსს ასახელებდა არქონი, სხვებს ნიშნავდა ფილე, მაგალითად, კიკლიკურ ქორეგოსს და ჰესტიასისის აღმსრულებელს. დანიშნულ პირს შეეძლო დაესახელებინა სხვა პირი, რომელიც, მისი აზრით, უკეთ შეძლებდა ხარჯის გაწევას. ამ უკანასკნელს ან უნდა აღესრულებინა ლიტურგია, ან გაეცვალა თავისი საკუთრება დამსახელებელი პირისთვის, ანდა ეჩივლა სასამართლოში (იხ. ანტიდოსისი). ლიტურგია გულისხმობდა როგორც დასახელებული პირის პირად ჩართულობას (თუმცა მას შეეძლო დაექირავებინა წარმომადგენელი), ისე ფულადი სახსრების დახარჯვას.

ელინისტურ ეპოქაში უკვე აღარ არსებობს მკვეთრი სადემარკაციო ხაზი ადმინისტრაციულ თანამდებობებსა (άρχαί) და ლიტურგიებს შორის. თეორიულად არც ერთს არ ეკისრებოდა სავალდებულო ხარჯის გაწევა, მაგრამ, ფაქტობრივად, ორივე მოიცავდა მძიმე პირად ხარჯებს. ორივესთვის შესაძლოა იძულებით დაეკისრებინათ თანხის გაღება. ამ ეპოქაში ხშირად უწყალობებდნენ პიროვნებას გათავისუფლებას არა მარტო ლიტურგიის აღსრულებისგან, არამედ მაგისტრატურის დაკავებისაგანაც. ასე რომ, ტერმინი „ლიტურგია“ გახდა უფრო დაბალი რანგის თანამდებობათა აღმნიშვნელი, რომლებიც იყვნენ საპატივცემულო თანამდებობები, მაგრამ არ ჰქონდათ დიდი ძალაუფლება.

ლიქტორები (lictores) - უმაღლესი თანამდებობის პირების საპატიო დაცვა, რომელსაც მის წინ ფასკები მიჰქონდა. თავისი რანგით ლიქტორები მოსდევდნენ გადამწერებს (scribae) და მაგისტრატის მსახურებს, მაგრამ წინ იდგნენ შიკრიკებსა (viatores) და მაცნეებზე (praecones). ძირითადად ისინი იყვნენ გათავისუფლებულთა ფენიდან და ქალაქში დახურულ კორპორაციებში ერთიანდებოდნენ. ეს კორპორაციები იყოფოდა დეკურიებად. 3 დეკურია იყო უმაღლესი თანამდებობის პირების ლიქტორების (თითოეული 24 ლიქტორს მოიცავდა), I დეკურიას ის ლიქტორები შეადგენდნენ, რომლებიც მსხვერპლშეწირვის რიტუალში იღებდნენ მონაწილეობას (lictores curiatii). ისინი კომიციებში XXX კურიას წარმოადგენდნენ. ძვ. წ. 40 წ-დან უმაღლეს ქურუმს (Flamen Dialis) და ვესტას მსახურებსაც (ვესტას ქურუმი ქალები) ჰყავდათ თითო ლიქტორი. ლიქტორები თან ახლდნენ მაგისტრატს ყველგან, უთავისუფლებდნენ გზას, ზრუნავდნენ, რომ მათთვის ჯეროვანი პატივი მიეგოთ, ყარაულობდნენ დერეფანში, აღასრულებდნენ სიკვდილით დასჯას. ლიქტორს, რომელიც უშუალოდ მაგისტრატის წინ მიდიოდა, ეწოდებოდა ლიქტორ პროქსიმუსი (lictor proximus), ყველაზე პირველს კი - ლიქტორ პრიმუსი (lictor primus). ლიქტორები მიეკუთვნებოდნენ აპარიტორებს (apparitores - უმაღლესი მაგისტრატების დაბალი რანგის ტექნიკური მსახურები) და რადგანაც, როგორც წესი, დიდხანს მსახურობდნენ მაგისტრატთან, სარგებლობდნენ იმუნიტეტით (immunitas - პრივილეგია, რომელიც ათავისუფლებდა პიროვნებას გადასახადისა და საზოგადოებრივი ვალდებულებებისაგან) და ჰქონდათ საკმაოდ დიდი გავლენა მაგისტრატებზე, განსაკუთრებით იმპერიის ეპოქაში.

ლოგისტები (λογισταί) - სახალხო აუდიტები ათენში. ძვ. წ. V ს-ში ისინი ოცდაათნი იყვნენ. ძვ. წ. IV ს-ში კი მათი რიცხვი ათს არ აღემატებოდა, შესაძლებელია იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც ათენის იმპერიამ დაასრულა თავისი არსებობა, ლოგისტებს ნაკლები საქმე ჰქონდათ. მათ თავად ბულეს წევრები ნიშნავდნენ თავისივე რიგებიდან. ლოგისტების მთავარი ფუნქცია ევთინეს ჩატარება იყო. ევთინოსებთან (ამ საქმისთვის განკუთვნილ სპეციალურ მოხელეებთან) ერთად ისინი შეისწავლიდნენ სახელმწიფო თანხების განკარგვასთან დაკავშირებულ ყველა მაგისტრატის ანგარიშებს და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მაგისტრატის საქმეს განსახილველად სასამართლოს გადასცემდნენ. ათენის იმპერიის ფუნქციონირების პერიოდში ლოგისტები ასრულებდნენ სხვადასხვა საქმიანობას, რომლებიც მოკავშირეთა მიერ შესატან გადასახადთა ანგარიშებს უკავშირდებოდა.

ლოგოგრაფოსი (λογογράφος) - „სიტყვის დამწერი“. სასამართლოში (იხ. დიკასტერიონი) მოდავე მხარეებისათვის სიტყვების პროფესიონალი დამწერნი. ახლახანს გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც ლოგოგრაფოსები ჩვეულებრივ უფრო ეხმარებოდნენ მოდავე მხარეებს სიტყვის მომზადებაში, ვიდრე თავად წერდნენ მას.

8.12

▲ზევით დაბრუნება


მაგანძური, ხევსურეთი - ჯვარის ხელოსანი. აღმოსავლეთ საქართველოს ჯვარ-ხატები ფლობდნენ დიდი რაოდენობით განძს, რომელიც ფულთან ერთად ჩაბარებული ჰქონდა მაგანძურს. მაგანძური მეორე პირი იყო ჯვარში. ჯვარის დარბაზში ხუცესის შემდეგ მეორე სკამი სწორედ მას ეკუთვნოდა. მაგანძური აქტიურ მონაწილეობას იღებდა ჯვარისა და სათემო საქმეების გარჩევისა და გადაწყვეტის დროს. მაგანძური აუცილებლად იმ ჯვარის ხელოსანი იყო, რომელშიც მაგანძურად დგებოდა. ჯვარის ხელოსანთაგან მაგანძურთა დაყენების სამი ძირითადი წესი არსებობს: 1) რიგითი, წილისყრით დროებით მსახურად; 2) ქადაგით არჩეული მუდმივ მსახურად და 3) მემკვიდრეობით, ასევე ჯვარის მუდმივ მსახურად.

მაგანძურად მიმსვლელი ხელოსანი ერთი საკლავით „ხელმხარს გაინათლავდა“ და ხატის განძსაც განათლავდა საკლავის სისხლით. მაგანძურად დადგომა შეეძლოთ მხოლოდ ზღურბლდალახულ (იხ. ზღურბლის დალახვა) ხელოსნებს. მაგანძურს, როგორც ჯვარიონთა წარმომადგენელს, წილი ჰქონდა ჯვარის შემოსავალში. თუ მაგანძურობა რიგითი იყო, მაშინ ვადის გასვლის შემდეგ იგი კვლავ ხელოსანთა რიგებს უბრუნდებოდა და იგივე ხელოსანი ახლა უკვე მედროშედ, მეზარედ და ა.შ. დგებოდა. ვადის გასვლისას მაგანძური კვლავ საკლავს კლავდა, განათლავდა ჯვარის განძს და თვითონაც გაინათლებოდა. მუდმივი მაგანძური კი ჯვარს სიკვდილამდე ემსახურებოდა, შეიძლებოდა ძალიან მოხუცებული ხელოსნობიდან გათავისუფლებულიყო. ასეთ შემთხვევაში იგი მაგანძურობიდანაც თავისუფლდებოდა. ამ დროს იგი კვლავ საკლავს კლავდა და იმავე წესს ასრულებდა.

მაგისტრატი, საბერძნეთი - ბერძნულ ქალაქსახელმწიფოში მაგისტრატის/მოხელის ინსტიტუცია მემკვიდრე იყო ძველი მონარქიისა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ქალაქ-სახელმწიფოში აგრძელებდა არსებობას (სპარტა, კირენე). ბერძნული ტრადიციის თანახმად, თავდაპირველად სახელმწიფოს მეთაურობდა ერთი ან რამდენიმე მაგისტრატი, რომელსაც მმართველი კლასი ირჩევდა. სამხედრო, სასამართლო და რელიგიური ფუნქციები უკვე ადრეულ საფეხურზე იქნა გამიჯნული. რელიგიურ მოვალეობათა ერთი ნაწილი გადაეცა თანამდებობის პირს, რომელიც ინარჩუნებდა სამეფო ტიტულს. მომდევნო ეტაპზე შეიზღუდა თანამდებობის დაკავების ხანგრძლივობა, თანამდებობრივი ძალაუფლება გადანაწილებულ იქნა რამდენიმე მოსამსახურეს შორის. თანდათანობით სახელმწიფოს მმართველებმა წმინდად აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციათა შესრულება დაიწყეს. პოლიტიკურ და სამხედრო მოხელეთა გვერდით ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში არსებობდნენ მოსამსახურენი, რომლებიც სპეციფიკურ საქმიანობებს, ასე მაგალითად, საფინანსო ან საზოგადოებრივ საქმიანობებს აღასრულებდნენ, თუმცა, ჩვეულებრივ, პიროვნებებს თანამდებობეზე სპეციფიკური კვალიფიკაციის მიხედვით არ ირჩევდნენ, გამონაკლისი სამხედრო თანამდებობები იყო. მოსამსახურეებს, როგორც წესი, სრულუფლებიანი მოქალაქეები ირჩევდნენ. ისინი ხელფასს არ იღებდნენ. ზოგიერთი თანამდებობის დაკავება მხოლოდ ძალზე მდიდარ ადამიანს თუ შეეძლო. ყველა მოხელე თანამდებობის დაკავებამდე შემოწმებას - დოკიმასიას გადიოდა. მაგისტრატთა რიცხვი გაიზარდა დემოკრატიულ მმართველობაში. შესაბამისად, შემცირდა მაგისტრატთა ძალმოსილება. გაცილებით ჩვეულებრივი მოვლენა იყო სამი, ხუთი, ან მეტი მოსამსახურისაგან შემდგარი კოლეგიები, ვიდრე ერთეული მოსამსახურე. მაგისტრატთა თანამდებობრივი ვადა არასოდეს არ აღემატებოდა ერთ წელიწადს და ჩვეულებრივ ადამიანი ამავე პოსტზე არ შეიძლებოდა თავიდან არჩეულიყო. ცალკეულ ტექნიკურ თანამდებობათა გარდა, არჩევნები წარმოებდა კენჭისყრით (იხ. არჩევნები კენჭისყრით). ყოველ მოხელეს თავისი თანამდებობრივი ვადის ამოწურვის შემდეგ ანგარიში უნდა წარედგინა (იხ. ევთინე). დაბალი რანგის მოხელეთა უმეტესობა მცირე დღიურ გასამრჯელოს იღებდა. ზოგადად, ბერძნული სამოხელეო ინსტიტუცია წარმოგვიდგენდა ყველა მოქალაქის მონაწილეობას პოლიტიკაში და ასევე მათ თანასწორობას. თანამდებობის დასაკავებლად საბერძნეთში არც იერარქიული საფეხურები და არც cursus honorum არ არსებობდა.

მაგისტრატი (magistratus-დან თანამდებობა, თანამდებობის პირი, ხელმძღვანელი) - რომაელი ხალხის მაგისტრატი (magistratus populi romani) უმაღლესი ძალაუფლებისა და მმართველობის რესპუბლიკური ორგანო, რომელიც სახალხო კრებასა და სენატთან ერთად სახელმწიფოს მთავარ საყრდენს წარმოადგენდა, განვითარდა მეფის ძალაუფლების დასუსტების შემდეგ. 1) რესპუბლიკის პერიოდში აუცილებელი მაგისტრატები იყვნენ: კონსულები, ცენზორები, პრეტორები, ედილები, კვესტორები, სახალხო ტრიბუნები; იყო ასევე საგანგებო, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში არჩეული მაგისტრატები: დიქტატორი, ცხენოსანი ჯარის უფროსი (magister equitum), praefectus urbi, decemviri legibus scribundis, tribuni militum და ა.შ.; მაგისტრატები იყვნენ კურულები (კონსულები, ცენზორები, პრეტორები, კურულის ედილები, დიქტატორი, ცხენოსანი ჯარის უფროსი) და არა კურულები (კვესტორები, კერძოდ, tribuni plebis, aediles plebis, ოცდაექვსი კაცი (viginti sex viri), სხვადასხვა მზრუნველი (curatores), იმისდა მიხედვით, ჰქონდათ თუ არა მათ უფლება კურულის სავარძელზე (sella curulis). უმაღლესი მაგისტრატები (magistratus maiores) პატრიციებიდან იყვნენ მანამდე, ვიდრე პლებეები შეძლებდნენ ამ თანამდებობის დაკავებას. მათ, დიქტატორის გარდა, ცენტურიათა კომიციებში ირჩევდნენ. magistratus minores - არა კურულებს კი ტრიბუტების კომიციებში. ორდინარულ მაგისტრატებს, როგორც წესი, ერთი წლით ირჩევდნენ და ამ მოვალეობას ორი კაცი ასრულებდა (კოლეგიალური პრინციპი). მეფეთა განდევნის შემდეგ (ძვ. წ. 500 წ-მდე) რესპუბლიკას სათავეში ედგა ორი მაგისტრატი უმაღლესი პატრიციებიდან.

თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი იყო: 1) პირადი განცხადება; 2) კანონით დადგენილი ასაკი - ციცერონის დროს კონსული უნდა ყოფილიყო 43 წლის, პრეტორი - 40-ის, კურულის ედილი - 37-ის, კვესტორი - 30-ის; თუმცა ზოგჯერ ზოგიერთ კანდიდატს სენატი და ხალხის ათავისუფლებდა ამ კანონის (lex annalis-ასაკობრივი კანონი) მოქმედებისაგან; 3) სრულყოფილი აღნაგობა; 4) გარკვეული წესრიგი და თანმიმდევრულობა თანამდებობების შესრულებისას, სახელდობრ - ჯერ კვესტურა (ედილები), შემდეგ პრეტურა და ბოლოს კონსულობა (სულამ ეს კანონით დაადგინა); 5) სხვადასხვა მაგისტრატურებს შორის გარკვეული დროის გასვლა; პლებისციტით (ძვ. წ. 412 წ.) 10 წელზე ადრე არავის შეეძლო დაეკავებინა ერთი და იგივე თანამდებობა; თუმცა გამონაკლისებიც ხდებოდა.

მაგისტრატი უფლებამოსილი იყო: მოეწვია ხალხი კრებაზე (contio), გამოეცა ედიქტები და დეკრეტები, სენატში შეეტანა წარდგინებები (refere ad senatum), დაეკისრებინა ფულადი ჯარიმა და ა.შ.

magistrati maiores (უმაღლესი მაგისტრატები) ომში წინამძღოლები იყვნენ, რასაც მათ განსაკუთრებული კანონი (lex curiata de imperio) ავალდებულებდა, მათ ასევე მართლმსაჯულების წარმოების, სენატისა და კომიციების მოწვევის უფლება ჰქონდათ.

magistratus designati - უკვე არჩეული, მაგრამ თანამდებობის მოვალეობის ჯერ არ აღმსრულებელი მაგისტრატები;

magistratus suffecti - რაღაც მიზეზით გადადმდგარი მაგისტრატების ნაცვლად არჩეულები;

magistratus municipales - ადმინისტრაციული მოვალეობების შესასრულებად არჩეული მუნიციპალური სენატის წევრები;

მაგისტრატად გახდომა ნებისმიერ რომაელ მოქალაქეს შეეძლო, მაგრამ მაღალი თანამდებობისაკენ სავალი გზა დიდ ხარჯს მოითხოვდა და პრაქტიკულად მაგისტრატებად შეძლებული ოჯახის წევრები ხდებოდნენ; იშვიათი გამონაკლისი იყო ახალი ადამიანი. აკრძალული იყო რამდენიმე მაგისტრატის ერთდროულად დაკავება. მაგისტრატის თანამდებობზე პიროვნებას თავად უნდა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა; უმაღლეს მაგისტრატებს უშუალო ძალაუფლებას ანიჭებდა lex curiata de imperio. მაგისტრატს ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ აუსპიცია (წინასწარმეტყველება ფრინველების ქცევაზე დაკვირვებით) უნდა ჩაეტარებინა. თანამდებობის აღსრულების დაწყებისას უნდა დაეფიცებინა, რომ კანონებს დაიცავდა (iurare in leges), თავისი უფლებამოსილების გასვლისას კი, რომ ის ასეც იქცეოდა (eiurare).

სამართალდარღვევის უფლება მხოლოდ მაგისტრატებს ჰქონდათ (დაბალი რანგის მაგისტრატს პატივისცემა უნდა გამოევლინა მაღალი მაგისტრატის მიმართ, მაგრამ მას არ უნდა დაქვემდებარებოდა). მაგისტრატის უფლებებს სენატი ზღუდავდა; მაგისტრატს ჰყავდა მცირერიცხოვანი მოხელეების შტატი.

რომაელი მაგაისტრატისთვის დამახასიათებელი სამი პრინციპი:

1) სამსახურის 1 წელი (გამონაკლისი იყო - დიქტატორი, ცენზორი); ეს ვადა იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გაგრძელებულიყო. მაგისტრატს იგივე თანამდებობა შეეძლო დაეკავებინა მხოლოდ 10 წლის გასვლის შემდეგ;

2) კოლეგიალობა; დიქტატორის გარდა ყველა მაგისტრატი კოლეგიალური იყო; მაგისტრატი ფლობდა სრულ ძალაუფლებას, რომლის შეზღუდვა მხოლოდ კოლეგიას შეეძლო - გაეუქმებინა ან აეკრძალა მისი ნებისმიერი ქმედება (ინტერკესია);

3) შემდგომი პასუხისმგებლობა - თავისი სამსახურებრივი ქმედებებისათვის მაგისტრატი პასუხისმგებელი იყო მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ჩაბარების შემდეგ. მაგრამ ეს პასუხისმგებლობა ილუზორული იყო, რადგან იგი თავისივე კლასის წარმომადგენლებს, ყოფილ მაგისტრატებს უნდა განესაჯათ;

პრინციპატის დროს მაგისტრატმა თავის მნიშვნელობა დაკარგა, ის რეალური პოლიტიკური ძალაუფლების გარეშე საპატიო თანამდებობად იქცა.

რესპუბლიკური მაგისტრატის ადგილი პრინცეპსმა და მისმა მოხელეებმა დაიკავეს.

მაგისტრი (magnus, magis - უფრო დიდი, მეთაური, მასწავლებელი) - რომში

1) თანამდებობების აღმნიშვნელი სახელი:

magister ab epistulis - იმპერატორის ედიქტებისა და განკარგულებების გავრცელების უფროსი;

magister a rationibus - იმპერიის ხაზინის მმართველი; magister admissionum - იმპერატორის კარის გამრიგე;

magister aeris, იგივე რატიონალის - მოლარე, მეჭურ-ჭლეთუხუცესი;

magister census - ქალაქის გამოსაღებების უფროსი, რომელიც გამოსაღების შესაკრებელსა და ღალის აკრეფას ხელმძღვანელობდა;

magister equitum - ცხენოსანი ჯარის უფროსი, დიქტატორის დამხმარე და მოადგილე; იგი ვალდებული იყო უსიტყვოდ დამორჩილებოდა დიქტატორს, რომელიც მას ამ თანამდებობაზე ნიშნავდა და დიქტატორთან ერთად ტოვებდა თანამდებობას. ეს თანამდებობა საპატიო იყო, მას ეკუთვნოდა კურულის სავარძელი (sella curulis), praetexta (მოსასხამი) და 6 ლიქტორი.

magister militum ან militiae - სამხედრო თანამდებობა, კონსტანტინე დიდის დროიდან ეს იყო ტიტული იმპერატორების მხედართმთავრებისა და ლეგატების, რომლებსაც უმაღლესი სამხედრო ძალაუფლება ჰქონდათ. კონსტანტინემ დანიშნა ერთი magister equitum და ერთი magister peditum სამხედრო უწყების უფროსებად. მაგისტრი ხელმძღვანელობდა მეთაურებს (35, რომელთაგან 10 უმაღლესი ადგილისას ჰქონდა ტიტული comites). დასავლეთ რომის იმპერიაში მაგისტრების რიცხვი - 3-ს, აღმოსავლეთში კი 5-ს აღწევდა.

magister morum - ზნეობის მაგისტრი იგივეა, რაც ცენზორი;

magister officiorum - კანცელარიის უფროსი, იმპერატორის კარის მინისტრი. თანამდებობა, რომელიც კონსტანტინემ შემოიტანა; აუდიენციების დროს განაგებდა ცერემონიალს და კარის ყველა მსახური მას ემორჩილებოდა.

magister populi - დიქტატორი;

magister scriniorum - იმპერატორის ყველა კანცელარიის უფროსი; მის გამგებლობაში შედიოდა: scrinia memoriae, epistularum, libellorum da dispositionum (საცავი ცნობების, წერილების, წიგნებისა და განკარგულებების); თითოეულ ამ კანცელარიას განსაკუთრებული მაგისტრი განაგებდა.

magister vestis lineae an linteae - იმპერატორის ტანსაცმლის მაგისტრი, რომელიც მის თეთრეულსაც განაგებდა;

2) მეთაურებისა და თანამდებობის პირების სახელწოდება საერო და სასულიერო კორპორაციებში:

magister collegiorum - კოლეგიების მეთაური, მაგ. ხელოსნების (fabrorum), დურგლების (tignariorum), მემაუდეების (fullonum) და სხვ.;

magister municipiorum, pagorum da vicorum - თვითმართველი ქალაქებისა და თემების მმართველები;

magister ქურუმთა კოლეგიების: augurum (ფრინველთმისნების), decemvirorum (ათწევრიანი კოლეგიის), sacrorum (ღვთისმსახურების), fratrum Arvalium (არვალის ძმების), Saliorum (სალიების ძმების), sacerdotum (ქურუმების), რომლებიც კოლეგიების უფროსები იყვნენ;

3) სახელი, რომელიც გვხვდება სამოქალაქო სამართალსა და ყოველდღიურობაში:

magister auctionis an bonorum ეწოდებოდა პირს, რომელსაც ირჩევდა გაკოტრებული მევალის კრედიტორი თავისი წრიდან და იგი მოვალის ქონების გაყიდვას წარმართავდა;

magister an rex convivi - თამადა, ნადიმის წარმართველი, რომელსაც კამათლებით ირჩევდნენ და რომელიც განსაზღვრავდა თასების სიდიდესა და რაოდენობას;

magister navis - გემის კაპიტანი;

magister operum singulorum officiorum - მუშახელის ზედამხედველი;

magister scripturae an societatis - მოიჯარე-შემსყიდველთა უფროსი;

მამათმავლობა - ძველ ქართულ სამართალში „სოდომური ცოდვა“ სამ ჯგუფად იყოფოდა. განასხვავებდნენ „სუბუქ“, „მძიმე“ და „უმძიმეს“ მამათმავლობას. პასიურ მამათმავლობას „მამათ დედლობაი“ ეწოდებოდა. ერეკლე II-ისა და ანტონ კათალიკოსის განჩინება 1767-68 წწ-ში მამათმავლობისთვის „ძალიანი და საანდაზოს ჯაჯაებით“ სიკვდილს ითვალისწინებდა.

მამამძუძეობა - (მამამძუძე - გამზრდელი) სხვის ოჯახში შვილის გასაზრდელად გაბარების ჩვეულება, რომელიც მრავალ ხალხში იყო გავრცელებული. საქართველოში V ს-დან იხსენიება წყაროებში („შუშანიკის წამება“). ჯუანშერის სიტყვით, ვახტანგ გორგასლის დროს „წესი იყო, რომ შვილნი მთავართანი წარჩინებულთა სახლსა აღზარდიან“. ამ პერიოდში მამამძუძეობა მხოლოდ წარჩინებულთა წრის ფარგლებში ექცეოდა. ტრადიციის თანახმად, ბავშვი საკუთარი მამის სახლში არ იზრდებოდა. ბავშვის დედა არა თავისი ქმრის, არამედ თავის საგვარეულო ოჯახში ზრდიდა ბავშვს. ცოლის გვარში გაჩენილი შვილი იზრდებოდა დედის ოჯახში, სადაც დედის უახლოესი მამრობითი სქესის ნათესავი იყო ბავშვის აღმზრდელი და მფარველი. ის მხოლოდ მოზრდილი შედიოდა თავისი მამის ოჯახში. აღზრდის ეს ფორმა ქალის მამისეული ოჯახის მნიშვნელოვან როლზე მიგვითითებს. ფეოდალური ურთიერთობის დაშლის შემდეგ მამამძუძეობის ტრადიცია თითქმის შეწყდა. თუმცა გლეხის ოჯახებში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში მაინც ნაწილობრივ შემორჩა. დადასტურებულია ზემო რაჭაში „სხვისიშვილობა“, რომელიც „კერძმოკეთეობასთან“ ანუ არასისხლით ნათესაობასთან იყო დაკავშირებული. ამ ჩვეულების თანახმად, აღსაზრდელისა და აღმზრდელის ოჯახის წევრებს შორის მყარდებოდა ე.წ. ძუძუთი ნათესაობა, რაც მათ შორის საქორწინო ურთიერთობას კრძალავდა.

მამასახლისი - სახლის, გვარის ან თემის მეთაური. პირველყოფილი თემური წყობილების პერიოდში მამასახლისი გვარის უხუცესი იყო. გვაროვნული წყობილების ელემენტები, მისი გადმონაშთები მამასახლისობის ინსტიტუტმა გვიანდელ ფეოდალურ პერიოდშიც შეინარჩუნა. სოფლის მამასახლისი ძირითადად გლეხთა წრეს ეკუთვნოდა. იგი იყო ადმინისტრაციული ფუნქციების მქონე დაბალი მოხელე, რომელსაც ევალებოდა ეცნობინებინა სოფლისათვის ცენტრალურ ორგანოთა ბრძანებები, გაერჩია სისხლისა და სამოქალაქო სამართლის წვრილი საქმეები, დახმარებოდა მოხელეებს გადასახადების აკრეფაში და ა.შ. გლეხები მამასახლისის სასარგებლოდ გადასახადს იხდიდნენ, თავად მამასახლისი კი გადასახადებისაგან გათავისუფლებული იყო. ვახტანგ VI-ის დასტურლამალის მიხედვით, სახასო მამულებში მამასახლისს მეფე ნიშნავდა. თავიანთი მამასახლისები ჰყავდათ აგრეთვე მსხვილ ფეოდალებსაც. ქალაქის მამასახლისს მოურავთან, მელიქსა და ნაცვალთან ერთად ბაზრის, ვაჭრობის საქმეები ექვემდებარებოდა; იგი ახორციელებდა ადმინისტრაციულ ფუნქციებს ქალაქის მოსახლეობის მიმართ, მონაწილეობდა სასამართლო საქმეების გარჩევაში და სხვ. თბილისის მამასახლისისა და მელიქის თანამდებობები XVIII ს-ში ერთი პირის ხელში გაერთიანდა.

მამასახლისი ერქვა აგრეთვე სამონასტრო ძმობის უფროსს, წინამძღვარს. სასულიერო დაწესებულებათა მამასახლისებს, გარდა სარწმუნოებრივი საკითხებისა, ყოველგვარი ადმინისტრაციული და სამეურნეო ხასიათის საქმეებიც ეხებოდათ.

მამფალი - ფეოდალურ საქართველოში „პატრონის“ შესატყვისი ტერმინი, ფეოდალი მთავრების სახელწოდება. ტერმინი მამფალი პირადი და საადგილმამულო ურთიერთდამოკიდებულების გამოსახატავად ფართოდ დამკვიდრდა VIII ს-ის II ნახევარში. IX-X სს-ში, როცა ამავე მნიშვნელობით საყოველთაოდ გავრცელდა „პატრონი“, ტერმინი „მამფალი“ ფეოდალი მთავრის აღსანიშნავად კიდევ გამოიყენებოდა. თუმცა იგი მალე გამოვიდა ხმარებიდან.

მანდატუმი/მანდატი (mandatum - სახელშეკრულებლო ვალდებულება) - 1) კონტრაქტი, რომელშიც მავანი იღებს ვალდებულებას აიღოს სხვისი საქმის წარმოება გასამრჯელოს გარეშე; რომაულ კერძო და სახელმწიფო სამართალში ამ ტერმინით აღინიშნებოდა ქმედება, რომელსაც ერთი მხარე მეორეს ნაცვლად ასრულებდა. მანდატუმი ურთიერთნდობას ეფუძნებოდა და წყდებოდა, თუ ვალდებულებას რომელიმე მხარე თავიდან იცილებდა ან კვდებოდა. მანდატუმი ვაჭრობის განვითარებასთან ერთად საერთაშორისო სამართლის (iuris gentium) ინსტიტუტად ყალიბდება რომაელების მიერ დაპყრობილ ქვეყნებში. 2) იმპერატორის ბრძანებულება ინსტრუქციის ფორმით;

მანდატურთუხუცესი - ვეზირი ფეოდალურ საქართველოში, რომლის „პატივი მისი (ამირსპასალარისა) და მანდატურთუხუცესისა სწორი არის“. ქართულ საისტორიო თხზულებებში პირველად გიორგი III-ის დროს არის მოხსენიებული. „მადატურნი“ საქართველოში უკვე XI ს-დან არსებობდნენ და ბაგრატ IV-ის დროს გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში და გიორგი II-ის 1072 წლის სიგელში არიან მოხსენიებულნი. თამარ მეფეს მანდატურთუხუცესისათვის ვეზირად დანიშვნის დროს ოქროს არგანი მიუცია, რომელიც მანდატურთუხუცესობის საგანგებო ნიშანი უნდა ყოფილიყო. „სამანდატურო არგანს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა და თანამდებობის პირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენდა. მანდატურთუხუცესს მოხელეებად მანდატურნი უნდა ჰყოლოდა. დარბაზობისა და პურობის დროსაც მანდატურთუხუცესს ხელთ არგანი ეპყრა. მანდატურთუხუცესს იმიერ-ამიერ საქართველოს მანდატურნი ექვემდებარებოდნენ. ვაზირობის დროს სავაზირო ოთახს გარეთ „მანდატურნი“ უცხოს არავის უშვებდნენ. აქედან გამომდინარე, მანდატურებს მცველების მოვალეობაც ჰქონდათ, თუმცა ერთერთი წყაროს თანახმად, მანდატური საპატიო კაცის გამყოლია მგზავრობაში. მანდატურებს ზვრის მუშათა ზედამხედველობაც ევალებოდათ. მანდატურთუხუცესის თანხმობის გარეშე ან მის დაუმოწმებლად არ შეიძლებოდა სიგელის გაცემა. გარდა მანდატურებისა, მანდატურთუხუცესს ამირეჯიბი და განმგეთუხუცესიც ექვემდებარებოდნენ.

მანდილი, ხევსურეთი - თემი დიდ პატივს სცემდა ქალის მანდილს. თუ თემი ქალის მფარველი იყო, ქალის მანდილიც თემს იცავდა. როცა რაიმე მიზეზის გამო ორი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა და დაშნებით შეეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ქალები ერეოდნენ შუღლში და მანდილით წყვეტდნენ დავას. მანდილის მოხდა და შუღლის მოსპობა გაიგივებული იყო ხევსურის ცხოვრებაში. შუღლის დროს თვით ძლიერი თემიც კი მუხლს იყრიდა ქალის მანდილის წინაშე.

მანციპაცია/მანკიპაციო (mancipatio - manu capere - საკუთრებაში გადაცემა) - რომაული კანონმდებლობით სამართებლივი გარიგება, რომლის დროსაც სამართლის ერთი სუბიექტი მეორეს გადასცემდა თავის საკუთრებას ან უფლებას განეკარგა გარკვეული პირები და ან საგნები (გაყიდვა, კრედიტი, მზითვი, საჩუქარი) 5 მოწმისა (თავდაპირველად სრულწლოვანი რომაელი მოქალაქეები, შემდგომში სხვა ლათინებიც) და ერთი სასწორით ამწონის (libripens) თანდასწრებით. მანციპაციით საკუთრებაში გადაიცემოდა მონები, მიწის ნაკვეთები, საქონელი. შემძენი ხელში იღებდა გადაცემულ საგანს, წარმოთქვამდა საზეიმო ფორმულას (“მე ვამტკიცებ, რომ ეს საგანი კვირიტული უფლებით ჩემია, იგი ნაყიდია ამ სასწორზე აწონილი ამ სპილენძით”), დაკრავდა დაუმუშავებელ სპილენძს (raudusculum) სასწორს და გადასცემდა სპილენძს გამსხვისებელს, რომელიც მას იღებდა (gestum aes et libram). თავდაპირველად მანციპაცია იყო ნაღდ ფულზე (სპილენძის) გაყიდვა, შემდგომში ისტორიულ პერიოდში ფიქტიურ გაყიდვად იქცა (imaginaria venditio - წარმოსახვითი გაყიდვა). მანციპაცია ხორციელდებოდა მხოლოდ რომაელ მოქალაქეებს ან ვაჭრობის უფლების (ius commercii) მქონე უცხოელებს შორის, მისი საგანი კი იყო გასხვისებული ნივთები (res mancipii). სიმბოლური, ფიქტიური მანციპაცია - ერთი მონეტა (nummo uno) შეიძლება გამოიყენო ნებისმიერი დაშვებული მიზნისთვის (კრედიტის გაცემა, ჩუქება, მამის უფლების დაწესება ან შეწყვეტა და ა.შ.). მანციპაცია ცოლის ქმრის ძალაუფლებაში გადასვლასაც ემსახურებოდა და მაშინ ეწოდებოდა ყიდვა (coemptio), პიროვნებაზე ძალაუფლების გადასვლისას: შვილობისას - (ადოფცია); ემანსიპაციისას - შვილების გათავისუფლება მამის ძალაუფლებისაგან; მანციპაცია მემკვიდრეობის უფლების დამტკიცებისას და ვალდებულებების უფლებებში შესვლისას გამოიყენებოდა; მანციპაცია შეწყდა ახ. წ. IV ს-ში.

მანუმისია/მანუმისიო (manumissio - manu-mittere - ხელიდან გაშვება) - მონების გათავისუფლება, იურიდიული აქტი, რომლის შედეგად მონა - გააზატებული, მისი ბატონი კი პატრონი ხდებოდა. აზატის დამოკიდებულებას პატრონზე რეგლამენტაციას უწევს პატრონის უფლება (ius patronatus). ეკონომიკური თვალსაზრისით მანუმისია პატრონისათვის ხელსაყრელი იყო, რადგანაც იგი მდიდარ გამოსასყიდს (განსაკუთრებით თუ მონა თავს ისყიდდა თავისი საკუთრების მეშვეობით) და ახალ შესაძლებლობას იღებდა, გამოეყენებინა ყოფილი მონების შრომა არა ძალდატანებით, არამედ უფრო ეფექტური მეთოდებით. სრულ თავისუფლებად (რომელიც არა მარტო თავისუფლებას, არამედ რომის მოქალაქეობასაც აძლევდა) სამოქალაქო სამართლით ითვლებოდა მხოლოდ manumissio vindicta: სხვა პირის ფიქტიური საჩივრის საფუძველზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ გასათავისუფლებელი თავისუფალი ადამიანია და არა მონა, მომჩივანი მაგისტრატის (adsertor libertatis - თავისუფლების გამომმცხადებელი) თანდასწრებით მონას თავზე ადებდა წკნელს (festuca) და ამტკიცებდა, რომ ის თავისუფალია; რამდენადაც მონის ბატონი ამას არ ეწინააღმდეგებოდა, მაგისტრატი საზეიმოდ გამოაცხადებდა მონას თავისუფლად.

manumissio censu - ბატონის უფლებამოსილებით მონა მიდიოდა ცენზორთან, რომ იგი შეეყვანა რომის მოქალაქეთა სიაში;

manumissio testamento - პირდაპირი ბრძანებით ანდერძში მონა თავისუფლდება, როგორც კი დადგენილი მემკვიდრე იღებს მემკვიდრეობას და ანდერძით ან პირობით (manumissio sub condicione) გათავისუფლებული (libertus orcinus) ხდება: მეგობრების (inter amicos), როგორც მოწმეების თანდასწრებით; ან წერილობითი (per epistulam) განაცხადით, ან სუფრასთან (per mensam) ან სასიკვდილო სარეცელზე; ასე გათავისუფლებულ მონებს მხოლოდ ფაქტობრივი თავისუფლება აქვთ (ანუ პრეტორი ნებას არ რთავს, რომ ყოფილმა ბატონმა თავისი ძალაუფლება აღადგინოს მათზე), მაგრამ მათი სიკვდილის შემდეგ მათი საკუთრება ბატონს რჩება;

პრინციპატის დროს გავრცელებული იყო manumissio fideicommissaria - მოანდერძის თხოვნით მემკვიდრე ან ლეგატარიუსი (ანდერძის წარმომდგენი) ათავისუფლებს მონას და თავად ხდება მისი პატრონი, დომინატის დროს კონსტანტინეს მიერ აღიარებული იყო manumissio in (sacrosanctis) ecclesiis, manumissio in ecclesia: მღვდლისა და მორწმუნეების თანდასწრებით ბატონი გამოთქვამდა სურვილს, გაეთავისუფლებინა მონა;

manumissio servi communis-ას აუცილებელია საერთო მონის გათავისუფლება ყველა მესაკუთრის მიერ. აკრძალულია მანუმისია კრედიტორისთვის ვნების განზრახვით (manumissio creditorum fraudandorum causa);

manus (ხელი) - ფართო მნიშვნელობით ეს სიტყვა ნიშნავდა ძალაუფლებას (potestas) და paterfamilias აბსოლუტურ ძალაუფლებას ჯალაბსა და მათ ქონებაზე (mancipium), ვიწრო მნიშვნელობით კი - ოჯახში ქმრის ძალაუფლებას ცოლზე, როცა მათ შორის ქორწინება არა მხოლოდ ყველა წესის თანახმად, არამედ ნაკლებ საზეიმოდაც სრულდებოდა.

მარიუსი გაიუს (Gaius Marius) (ძვ. წ. 156-86 წწ.) - ახალი ადამიანი, ბრწყინვალე მხედართმთავარი და პოლიტიკოსი, შვიდგზის კონსული, პოპულარების ბელადი (ძვ. წ. 107-86 წწ.), სულას მოწინააღმდეგე.

უბრალო ოჯახის შვილი, გაუნათლებელი, მაგრამ ფიზიკურად და სულითაც ძლიერი. ჯარში შევიდა და სამხედრო მოღვაწეობა ესპანეთში დაიწყო, თავის შემდეგდროინდელ მოწინააღმდეგე იუგურთასთან ერთად შეისწავლა სამხედრო საქმე და შესანიშნავი მხედართმთავარი დადგა. ერთხელ, როცა ის ხის ქვეშ იწვა, მას თავზე არწივის ბუდე დაეცა შიგ შვიდი მართვეთი, რაც მისანთა ახსნით, მას დიდებულ მომავალს და ბედნიერებას უქადდა (შვიდი მართვე შვიდჯერ კონსულობას ნიშნავდა). ძვ. წ. 119 წ-ს იგი სახალხო ტრიბუნად აირჩიეს; ამ დროს მან გაატარა კანონი, რომელიც არჩევნებისას მოსყიდვას ზღუდავდა.

კეისრის მამიდა იულიაზე დაქორწინებამ მას გზა გაუხსნა პრეტორად, მერე კი ესპანეთში ნაცვლად დანიშვნისაკენ. ესპანეთში მან კარგი სახელი მოიპოვა.

განსაკუთრებულ საბრძოლო წარმატებას კი იუგურთასთან ბრძოლაში მიაღწია. მარიუსი ოპტიმატების დაუძინებელი მტერი იყო, პლებსსა და ჯარისკაცებს კი იგი უყვარდათ. ძვ. წ. 107 წ-ს იგი კონსულად აირჩიეს, ლეგიონების გასაძლიერებელად მიიღო ყველაზე ღარიბები და უმდაბლესი ფენის წარმომადგენლები, რაც უჩვეულო იყო. მარიუსი ძვ. წ. 104 წ-საც კიმბრებსა და ტევტონების წინააღმდეგ საბრძოლველად კონსულად და მომდევნო სამი წლის მანძილზეც კონსულად აირჩიეს, რაც რომისთვის უპრეცედენტო მოვლენა იყო. მარიუსმა პირველ რიგში ჯარისკაცები მიაჩვია, შიშის გარეშე ეცქირათ ბანაკში გამაგრებული ველური კიმბრებისა და ტევტონებისათვის. მარიუსმა დაამარცხა ისინი და იგი მეხუთედ აირჩიეს კონსულად, გადაუხადეს ტრიუმფი და მეორე რომულუსიც უწოდეს. ასეთი წარმატებებით თავბრუდახვეული პატივმოყვარე ადამიანი კონსულად (ძვ. წ. 212 100 წ.) კვლავ აირჩიეს. მარიუსმა ვერაგულად ჩამოიშორა არა მხოლოდ თავისი მოწინააღმდეგეები, არამედ მოკავშირეები და პლებსის უკმაყოფილებაც კი დაიმსახურა. ამ დროს დაწყებულ მარსიის ბრძოლაში მარიუსმა გაიმარჯვა. მაგრამ ასაკის გამო ჩამოსცილდა პოლიტიკას, თუმცა როცა მითრიდატე პონტოელთან ომი დაიწყო, მან მოისურვა მხედართმთავრობა, რომელიც მის ძველ მეტოქე სულას გადასცეს. ძვ. წ. 88 წ-ს სულა კონსულად აირჩიეს და მას და მარიუსს შორის ღია დაპირისპირება დაიწყო. სულა რომისკენ დაიძრა, მარიუსი ვაჟიშვილთან ერთად გაიქცა, ბევრი იხეტიალა, ბოლოს იცნეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ ამ განაჩენის აღსრულება ვერავინ გაბედა, პირიქით, გააპარეს კიდეც და იგი ბევრი ხიფათის შემდეგ კართაგენში (აფრიკა) მოხვდა. მარიუსმა ძალა მოიკრიბა და რომისკენ დაიძრა, სასტიკად გაუსწორდა სულას მომხრეებს, თავად სულა კი შერისხა. მხცოვანმა მარიუსმა ბოლო ხნის ასეთ ბობოქარ ცხოვრებას ვერ გაუძლო და 71 წლის ასაკში გარდაიცვალა (ძვ. წ. 86 წ.). სულამ შეურაცხყო მისი გვამი, მდინარეში გადააგდო. მარიუსმა მკვეთრი რეფორმებით არა მარტო რომაული არმიის ბრძოლისუნარიანობა გაზარდა, არამედ დაასრულა გადასვლა ლაშქრიდან პროფესიულ ჯარზე. ამ რეფორმის გამო სამოქალაქო ომების დროს გვიანი რესპუბლიკის პერიოდში მდიდარ და გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის ძალაუფლებისათვის ბრძოლაში არმია იარაღად იქცა. სამოქალაქო ომში, რომელმაც რესპუბლიკურ წყობის კრიზისი გამოიწვია და გზა გახსნა ერთპიროვნული ძალაუფლების დამყარებისათვის, მარიუსი ოპტიმატების მოწინააღმდეგების ბელადი იყო.

მარკუს ავრელიუსი (Marcus Aurelius) (ახ. წ. 121-180 წწ.) - რომაელი იმპერატორი ახ. წ. 161 წდან. გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, დიდად განათლებული და ნიჭიერი. დაიბადა ესპანური წარმოშობის სენატორის ოჯახში. ახ. წ. 138 წ-ს იშვილა ბიძა ანტონინუს პიუსმა, ახ. წ. 145 წ-ს ცოლად შეირთო მისი ქალიშვილი ფაუსტინა და ახ. წ. 146 წ-ს თანამმართველად გამოცხადდა. მარკუს ავრელიუსი ფრონტონსა და ჰეროდე ატიკუსთან სწავლობდა რიტორიკას და ახ. წ. 146 წ-დან გამოავლინა ინტერესი ფილოსოფიისადმი. ახ. წ. 161 წ-ს ტახტზე ავიდა და ახ. წ. 169 წლამდე მართავდა თავის ძმად წოდებულ ლუკიუს ვერუსთან ერთად.

მარკუს ავრელიუსი მმართველობის ხანა გამოირჩევა გამძაფრებული თავდაცვითი ბრძოლებით, რომელიც ახასიათებდა შედარებით მშვიდი პრინციპატის ეპოქის დასასრულს. ახ. წ. 162 წ-ს ჩახშობილ იქნა აჯანყება ბრიტანეთში, მაგრამ ბრძოლები ხათებთან გერმანიაში გაგრძელდა.

პართელებთან ომის შემდეგ (ახ. წ. 162-166 წწ.) არმენია და მესოპოტამიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოსროენა რომზე დამოკიდებული გახდა. ლაშქრობიდან დაბრუნებულმა ჯარმა იმპერიაში შეიტანა შავი ჭირი, რომელიც ახ. წ. 189 წ-მდე ბობოქრობდა.

მარკომანებისა და კვადების (ახ. წ. 166-167 წწ.) შემოჭრა დუნაის საზღვარზე ხანგრძლივ თავდაცვით ბრძოლაში გადაიზარდა. ახ. წ. 168-172 წწ-ში რომაულმა ჯარმა მარკუს ავრელიუსის ხელმძღვანელობით შეავიწროვა გერმანული და სარმატული ტომები ზემო იტალიიდან, რეციიდან, ნორიკიდან, პანონიიდან და ბალკანეთის პროვინციიდან.

ახ. წ. 172 წ-დან რომაელები შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ მათ მხოლოდ მცირე ხნით შეძლეს კონტროლის დაწესება თანამედროვე ჩეხეთისა და აღმოსავლეთ უნგრეთის ტერიტორიის ნაწილზე. ახ. წ. 171-175 წწ-ის მარკომანიის ომის ეპიზოდები აღბეჭდილია რომში მარკუს ავრელიუსის 30 მეტრიან ბარელიეფზე. ეგვიპტეში სირიის ნაცვლის მიერ უმაღლესი ძალაუფლების უზურპაციის მცდელობამ ახ. წ. 175 წ-ს კვლავ დაძაბა შიდაპოლიტიკური სიტუაცია. ახ. წ. 176 წ-ს მარკუს ავრელიუსმა თავისი ძე კომოდუსი გამოაცხადა თანამმართველად და ომის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჭირისაგან დაიღუპა ვინდობონაში.

იმპერატორის შიდა პოლიტიკისათვის დამახასიათებელი იყო თანხმობა სენატთან და იმავდროულად იმპერიის სახელმწიფო აპარატის გაძლიერება და მისი ფუნქციის გაფართოება.

მარკუს ავრელიუსი ტყვე ბარბაროსებს მონებად არ აქცევდა, არამედ კოლონების სახით სასაზღვრო დასახლებაში ტოვებდა.

მარკუს ავრელიუსი გახდა ეკლექტიკური სტოის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. ეპიქტეტოსის სწავლების გავლენით წამყვანი ადგილი მის ფილოსოფიურ განსჯაში დაიკავა ეთიკამ. იგი მოუწოდებდა, უანგაროდ ყვარებოდათ ახლობლები და ზნეობრივ სრულყოფაზე ეზრუნათ. მისი აზრით, ბედნიერება მიიღწევა სამყაროს წარმართველი ბუნებრივი კანონების შეცნობითა და მისი გონიერების იმედით. ადამიანის გონება ღვთაებრივია და ამიტომ ყველა ადამიანი თანაბარია. რამდენადაც მარკუს ავრელიუსის მოითხოვდა, რომ თითოეულს შეესრულებინა ბედით განკუთვნილი თავისი როლი, ამდენად იგი არსებული წყობის აპოლოგეტად გამოდიოდა. ძველი სტოის ფილოსოფიისაგან განსხვავებით, იგი განაცალკევებდა ღმერთს ბუნებისაგან და პლატონის თავალსაზრისს უახლოვდებოდა.

დუნაის საზღვარზე ომისას მან დაწერა ტრაქტატი „თავის თავთან“ („ფიქრები“), რომელიც შემდგომში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

მარკუს ავრელიუსმა განახორციელა ზოგიერთი ადმინისტრაციული რეფორმა, ხშირად ცვლიდა სამართლის ნორმებს. იმპერატორის არქივში შეადგინეს მისი რესკრიპტების კრებული სახელწოდებით „ნახევარმთვარეები“ (Semestria).

მაჭანკალი - მექორწინე მხარეთა შუამავალი, რომელიც გასამრჯელოს მიღების პირობით დასაქორწინებელთა დავალებებს ასრულებდა. ისტორიულად მაჭანკლობა განვითარდა შუაკაცთა ინსტიტუტიდან, რაც არქაული დროიდან იყო ცნობილი საქორწინო ურთიერთობებში. ამ საქმეს ძირითადად მისდევდნენ ასაკოვანი ქალები, რომლებიც უმთავრესად ქვრივებისა და მატერიალურად დაინტერესებულთა საქორწინო ურთიერთობებს არიგებდნენ.

ხევსურეთი - მექორწინე მხარეთა საქმის მომგვარებლად, მაჭანკლად ირჩევდნენ სანდო პირს, რომელსაც შუამავლობას ავალებდნენ დასანიშნ ქალთან (იხ. ნიშნობა) და ნიშნად ატანდნენ ერთ აბაზს ან ერთი აბაზის ღირებულების რაიმე ნივთს. დანიშვნაც ძალიან მარტივად ხდებოდა. ნიშნად უბრალო ნივთის მიტანა იცოდნენ, ძირითადად აბზინდა, სათითე მიჰქონდათ. ამ ნივთს თან მიაყოლებდნენ ერთ-ორ თუნგ არაყს, ან ერთ მანათს, ან მანათის ღირებულების ფარჩას.

მახვში, სვანეთი - (სვანურად უფროსი, მეუფროსე) მამასახლისი, სასოფლო ყრილობის თავმჯდომარე სვანეთში. მახვშს ირჩევდნენ უვადოდ, თუმცა შესაძლებელი იყო, შეეწყვიტათ სტატუსი მისთვის, თუ იგი ვერ შეასრულებდა კარგად თავის მოვალეობას. მახვშის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ სრულწლოვან (ხანდაზმულ) ადამიანს, როგორც მამაკაცს, ასევე ქალსაც (თუმცა, მანდილოსანთა რიცხვი ყოველთვის ნაკლები იყო არჩევნებში). შესაძლებელი იყო ერთდროულად ერთი ოჯახის რამდენიმე წევრიც კი ყოფილიყო მახვშობის კანდიდატი.

მახვში უნდა ყოფილიყო მამაცი, გამოცდილი, პატიოსანი, გონიერი და საზოგადოების ერთგული. მახვშის არჩევის პროცესი მიმდინარეობდა საჯარო ადგილას, რომელსაც სხვადასხვა საზოგადოებაში განსხვავებული სახელი ჰქონდა. ესენია: ლალხორ, სვიფ და სახევ. პირველი მოდიოდა საზოგადოების ერთი რომელიმე წევრი და დაუკრავდა ბუკს ხალხის შესაყრელად. საყვირის ხმაზე ყველა სადღესასწაულო ტანისამოსით შეიმოსებოდა და მიდიოდა დანიშნულ ადგილას. აქვე წამოდგებოდა მახვშობის კანდიდატი, რომელიც ხალხს ჯერ კიდევ წინა მახვშის სიცოცხლეში ჰყავდა შეგულებული მახვშის მოადგილედ მისი დადებითი თვისებების გამო. შესაბამისად, მახვში დიდი ხნით ადრე იყო არჩეული წინასწარ და ხალხი მხოლოდ იმისთვის იკრიბებოდა აქ, რომ საჯაროდ ჩაებარებინა მისთვის თანამდებობა. ამ ცერემონიალზე ერთერთი ორატორი კანდიდატს მახვშობის მოვალეობას ახსენებდა და ლოცავდა მას. მახვშიც უფალს შესთხოვდა, მიეცა ძალა, ღირსეულად ეტარებინა ეს ტვირთი.

მახვშის ფუნქციებში შედიოდა სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის, სასულიერო და საერო საკითხების მოგვარება. თუმცა ყრილობის მორჩილი იყო და მის დაუკითხავად არ იღებდა გადაწყვეტილებას. მხოლოდ მაშინ ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ დარწმუნებული იყო, რომ საზოგადო ინტერესები მტკიცედ იყო დაცული. მახვშის უფლება ჰქონდა დღესასწაულის დროს ხალხისთვის იარაღი აეყარა, რათა სიმთვრალით გამოწვეული არეულობა აეცილებინა. მის მოვალეობაში შედიოდა საზოგადოების წევრთა შორის მშვიდობიანობის დაცვა, მორიგება (იხ. მორიგება, სვანეთი) მოჩხუბართა და მოძულეთა შორის.

მახვშის არანაირი ჯამაგირი არ ეძლეოდა, სამაგიეროდ, პირველი და საპატიო ადგილი ეკავა საზოგადოებაში. იგი ჩვეულებითი სამართლის ძალით ხელშეუხებელი იყო, მას ვერც ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ და ვერც დააპატიმრებდნენ.

ქორა მახვში - ოჯახის უფროსი. სვანური ჩვეულებით, ოჯახის უფროსობა ხნით ყველაზე უფროსს ეკუთვნოდა, მაგრამ თუ იგი არ იყო შესაფერისი ამ თანამდებობისთვის, მახვშობა ანუ უფროსობა მასზე შედარებით უმცროს ძმაზე ან შვილზე გადადიოდა. ქორა მახვში სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი იყო თავისი ოჯახისა და ყველა მას ემორჩილებოდა. წინათ სწორედ მახვში არჩევდა საკუთარი ოჯახიდან ომში წამსვლელებსა თუ შურის მაძიებლებს გარკვეული საქმისთვის. მოციქულობა და სარჩელ-საჩივარის განაწილებაც მის მოვალეობაში შედიოდა. ოჯახის ფულსაც ის განკარგავდა და ყველანაირ ზვარაკსაც თავად სწირავდა ღმერთს. ოჯახის წევრთა გაყოფაც მხოლოდ მისი ნებართვით ხდებოდა.

პატივისცემის ნიშნად, მახვშის ცალკე ჰქონდა გამოყოფილი ჩუქურთმებით შემკული სკამი, რომელსაც „საკარცხულს“ უწოდებენ. მახვში იშვიათად უთმობდა მას საპატიო სტუმარსაც კი. სადილობისა და ვახშმის დროს წინ უდგამდნენ სპეციალურად განკუთვნილ სამფეხიან მრგვალ სუფრას - ფიჩქს. საკლავის თავიც მახვშის აუცილებელ და საპატიო ულუფას შეადგენდა. არაყიც მისთვის განსაკუთრებულ კათხაში ისხმებოდა. გაყოფის დროს მახვშის ეძლეოდა “ნამხოშიერი” - საუფროსოდ ერთი დღიური ყანა, ხოლო დანარჩენს ყველა ძმა თანაბრად ინაწილებდა.

მახსოვარი - სასამართლოს ერთგვარი მოწმე, „საქმის მცოდნე“ და „თანამეჟამე“ ძველ საქართველოში. წყაროებში მახსოვარი ზოგჯერ „უფროს კაცად“ ან „მახსოვარ კაცად“ იწოდება და მოწმის გვერდით მოიხსენიება. მახსოვარის ჩვენების საფუძველზე სადავო საქმე ფიცის გარეშე შეიძლებოდა გადაწყვეტილიყო. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის 206-ე მუხლის თანახმად, უკეთუ „მამულისა თუ რასაც ფერის განაჩენი“ სადავო გახდებოდა და „მახსოვარი აღარ ცოცხალ იყოს“, საქმე ფიცით წყდებოდა, ხოლო როდესაც მოდავე მხარეს „მახსოვარი ეშოების და სწორე შეიტყობის, ის არ მოიშლების“. დოკუმენტებში „სოფლების უფროსნი და მახსოვარნი კაცნი“, როგორც წესი, ხშირად გვხვდება.

მახტა - სახელმწიფო კომლობრივი გადასახადი გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. იგი არსებობდა როგორც ფულადი, ისე ნატურალური. მახტას იხდიდნენ მოქალაქეები, ქალაქში მცხოვრები სახელმწიფო გლეხები და საქართველოს მაჰმადიანური მოსახლეობა. გადასახადს განსაზღვრავდა გადამხდელთა ქონებრივი მდგომარეობა.

მდივანბეგი - უფროსი მოსამართლე, მსაჯულთუხუცესი, სასამართლოს თავმჯდომარე. მდივანბეგობის თანამდებობა საქართველოში XVII ს-დან შემოვიდა. მდივანბეგი მოსამართლის აღმნიშვნელი სხვა ტერმინების - „მსაჯულის“, „მოსამართლისა“ და „ბჭის“ პარალელურად იხმარებოდა. მდივანბეგის კომპეტენციაში შედიოდა მნიშვნელოვანი სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეები. მდივანბეგის სასამართლო ჩვეულებრივ კოლეგიური იყო. სასამართლოს ესწრებოდა მდივანი, რომლის მოვალეობას წარმოადგენდა მხარეთა ჩვენების ჩაწერა, სამართლის წიგნის სათანადო მუხლის მოძებნა. მდივნები სასამართლოს წევრებადაც ითვლებოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ საქმეების გარჩევაში. მდივანბეგის სასამართლოს ექვემდებარებოდნენ იასაულები, რომელთაგან ერთი ჯგუფი საგამოძიებო, მეორე კი აღმასრულებელი ხასიათის ფუნქციას ასრულებდა. საჯარო ხელისუფლების ინიციატივით მხოლოდ მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების ძიება იწყებოდა. მხარეები პროცესში თანასწორი უფლებებით სარგებლობდნენ, თუ ისინი ფეოდალური იერარქიის ერთ საფეხურზე იდგნენ. სასამართლო ისმენდა მხარეების ჩვენებას, ამოწმებდა მათ და კითხავდა მოწმეებს.

მდივანბეგს განსაკუთრებული ადგილი ჰქონდა ფეოდალ მოხელეებს შორის - იგი მეფის სახელმწიფო მოსამართლე იყო. მდივანბეგის იურისდიქცია ფართოვდებოდა ფეოდალთა სასამართლო იმუნიტეტის შევიწროების ხარჯზე. მდივანბეგი არ ჰყავდა არც ერთ ფეოდალს მაშინ, როდესაც ცენტრალური აპარატის სხვა სახელოთა თანამოსახელე თანამდებობანი ცალკეულ საფეოდალოებშიც არსებობდა.

XVII ს-სა და XVIII ს-ის I ნახევარში ქართლის სამეფოში 4 მდივანბეგზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. XVIII ს-ის II ნახევრიდან ქართლკახეთის სამეფოში მდივანბეგთა რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა. მდივანბეგის თანამდებობა აგრეთვე არსებობდა იმერეთის სამეფოში, სამეგრელოსა და გურიის სამთავროებში.

მეაბჯრე, აბჯრის მტვირთველი - საგანგებო მოხელე, რომელსაც აბჯარი ეჭირა და ომში თავის პატრონს ეხმარებოდა. აბჯრის მტვირთველს საგანგებო წვრთნა უნდა გაევლო, ვინაიდან ეს მოვალეობა მარტივი არ ყოფილა. ამ თანამდებობის კაცი ჩვეულებრივ „აღზრდილი იყო აბჯრის მტვირთველად“. მიუხედავად იმისა, რომ მეფის აბჯრის მტვირთველი წყაროებში მოხსენიებული არ არის, ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობს, რომ არ შეიძლებოდა მეფეს აბჯრის მტვირთველი არ ჰყოლოდა, რადგან ამ თანამდებობის კაცი სამცხის მთავარსაც კი ჰყავდა. მეფის კურთხევის დროს, მეფის აბჯრის მტვირთველობის მოვალეობას მეაბჯრეთუხუცესი ასრულებდა და სამეფო ფარი, ლახტი და ქარქაში მას ეჭირა. აღსანიშნავია, რომ ყველა მეაბჯრეს დარბაზობის დროს ჯაჭვი ეცვა, როგორც ეს „კარის გარიგებაშია“ ნათქვამი.

მემამულეები - ერთ-ერთი გაბატონებული ფენა ფეოდალურ საქართველოში. ფეოდალურ მიწათმფლობელობასთან ერთად VI-VIII სს-ში გაჩნდა მემკვიდრეობითი „მამული“. წყაროების თანახმად, განასხვავებდნენ „მკვიდრად“ ნაბოძებ, ნამზითვ, ნასყიდ და სხვ. მამულს. სწორედ მამულიდან წარმოიშვა ტერმინი მემამულე, რომელიც მემკვიდრეს, მესაკუთრეს აღნიშნავდა. მას ჩამომავლობით ეკუთვნოდა რაიმე უფლება. ბაგრატ IV-მ მოიწვია „მემამულე“ ანუ ტფილისის ამირათა შთამომავალი, რომელსაც უფლება ჰქონდა მემკვიდრეობითი ამირობა მიეღო. თამარ მეფის ისტორიკოსიც კანონიერი მემკვიდრის მნიშვნელობით გამოიყენებს „მემამულეს“. ვარაუდობენ, რომ „აზნაურნი მემამულენი“ ისეთ აზნაურებს ერქვათ, რომლებსაც აზნაურობა მემკვიდრეობით ეკუთვნოდათ.

მემკვიდრეობა, კანონი, საბერძნეთი - ბერძნულ კანონმდებლობაში (როგორც მაგ., ათენსა და გორტინაში) მემკვიდრეობა უპირატესად არ იყო ანდერძით განსაზღვრული. გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეები ვაჟიშვილები და მამრობითი სქესის შთამომავლები იყვნენ. მათი არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობას გარდაცვლილის ძმები და მისი მამრი შთამომავლები იღებდნენ, მესამე რიგის მემკვიდრეებს კი პაპის ვაჟები და მისი მამრობითი სქესის შთამომავლები წარმოადგენდნენ. თუ შთამომავლები ცოცხალნი იყვნენ, წინაპრები გამოირიცხებოდნენ მემკვიდრეთა სიიდან: ასე მაგალითად, გარდაცვლილის ძმა გამორიცხავდა მამას, ბიძა - პაპას. ნაშვილები ბავშვები ბიოლოგიური შვილების უფლებებით სარგებლობდნენ. ვაჟიშვილების პრეტენზიები მამის ანდერძისმიერი განცხადებებით არ უქმდებოდა. ერთი და იმავე ნათესაურ ჯგუფში მამაკაცები ქალებს გამორიცხავდნენ. ქალი მემკვიდრე ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ვაჟები ან მათი შთამომავლები არ არსებობდნენ (იხ. ეპიკლეროსი).

ტრადიციის მიხედვით, ანდერძი ატიკურ კანონმდებლობაში სოლონმა შემოიტანა. იგი ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, როცა ანდერძის დამწერ პირს ვაჟიშვილები არ ჰყავდა. მემკვიდრეობის გაუქმება მხოლოდ მამის სიცოცხლეში, სერიოზული განაცხადის საფუძველზე იყო შესაძლებელი. სოლონის პერიოდამდე ადოფციებს (შვილად აყვანას) იმ მიზნით მიმართავდნენ, რომელიც შემდგომ ანდერძით გახდა შესაძლებელი. შემდგომშიც შვილად აყვანას ისევ ჰქონდა პრაქტიკაში ადგილი და გარკვეული მასშტაბით მათ ანდერძის მსგავსად მოიაზრებდნენ. ანდერძს, ჩვეულებრივ, წერილობითი სახე ჰქონდა და იგი მოწმეთა თანდასწრებით იყო შედგენილი. კანონიერი შვილები მემკვიდრეობას ყოველგვარი ფორმალობის გარეშე იღებდნენ და მათ უფლება არ ჰქონდათ მემკვიდრეობაზე უარი განეცხადებინათ. სხვა ნათესავებს კი ამისთვის ოფიციალური ავტორიზაცია ესაჭიროებოდათ.

მემკვიდრეობა, რომი (hereditas) - მემკვიდრეობის გადაცემა ხდება ანდერძით (hereditas testamentaria) ან კანონის მიხედვით (hereditas legitima). XII დაფის კანონები იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი კვდება ისე, რომ არ აქვს შედგენილი ანდერძი ან მისი ანდერძი გაბათილდა (ab intestate), მემკვიდრეებს აგნატებს შორის ეძებს, რომლებიც 3 ჯგუფად იყოფა: 1) sui heredes - მისი მემკვიდრე 2) proximus agnatus - უახლოესი ნათესავი (მემკვიდრეთა პირველ კატეგორიას წარმოადგენენ შვილები, ნაშვილებები, გარდაცვლილი ვაჟების შვილები. თუკი ასეთები არ იყვნენ, მიმართავდნენ აგნატების მეორე რიგს - ძმები, დები და დედა გარდაცვლილისა). 3) gens (gentiles) - მოგვარეები. ცოცხლად დარჩენილ მეუღლეს სამკვიდრო ეძლეოდა იმ შემთხვევაში, თუ წინა რიგის მემკვიდრეები არ იყვნენ სახეზე. ლიბერტუსის კანონიერ მემკვიდრედ მისი პატრონი ითვლებოდა, თუ ის აღარ იყო ცოცხალი, მაშინ პატრონის აგნატები. ემანსიპირებულის (ემანსიპაცია) მემკვიდრეები არიან sui heredes, მათი არარსებობის შემთხვევაში parens manumissor (მამა, რომელიც თავისი გავლენისაგან ათავისუფლებს შვილს). იგი ხდება ემანსიპირებულის პატრონი. ანდერძში მემკვიდრედ შეიძლება დასახელებული ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე პირი (heredis institutio - ანდერძის ძირითადი ნაწილი, რომელიც ანდერძის თავში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ბრძანების ფორმით ლათინურ ენაზე. მხოლოდ 339 წ-დან დაუშვეს ბერძნულ ენაზე ჩაწერა. ანდერძში ზუსტად უნდა ყოფილიყო ფორმულირებული მოანდერძის სურვილი). ანდერძში დასახელებული ყველა მემკვიდრე ძირითად მემკვიდრედ ითვლებოდა და იღებდა ანდერძის თანახმად შესატყვის წილს. საზომ ერთეულად იღებდნენ ასს, გაყოფილს 12 უნციად (ასის მეთორმეტედი იყო უნცია). ამიტომ ერთადერთ მემკვიდრეს ეწოდებოდა heres ex asse; coheredes ეწოდებოდათ მემკვიდრეებს თავიანთი წილის მიხედვით. მაგ., heres ex trente ანუ ვისაც მემკვიდრეობის მესამედი ერგებოდა, ex deunce - მეთერთმეტედის მემკვიდრეს და ა.შ. ქონების დაყოფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ლეგატუმის დანიშვნით. მემკვიდრეს უნდა ჰქონოდა ვაჭრობის უფლება, შესაბამისად, უცხოელის დასახელება მემკვიდრედ არ შეიძლებოდა. მას შეეძლო მიეღო მხოლოდ ფიდეოკომისუმი. მემკვიდრეობის უფლება ჩამორთმეული ჰქონდათ ქალებს (lex Voconia ძვ. წ. 169 წ.). ანდერძში დასახელებულ მემკვიდრეებს აუცილებლად უნდა მიეღოთ მემკვიდრეობა. მოგვიანებით, პრეტორული სამართლის მიხედვით, მათ მიენიჭათ უფლება, უარი ეთქვათ მემკვიდრეობაზე (abstinendi beneficium), სხვა მემკვიდრეებს უნდა განეცხადებინათ თანხმობა მემკვიდრეობის მიღებაზე ან განცხადების ფორმით (cretio), ან მდუმარედ (pro herede gestio-ს საშუალებით - მაგ., დაეფარათ მოანდერძის ვალი). მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მემკვიდრე მემკვიდრეობასთან ერთად იღებდა მის ვალებს და sacra (ოჯახისა და გვარის რელიგიური ვალდებულებები და რიტუალები sacra familiaria, sacra gentilicia, რომლებიც მიწისქვეშეთის (manes) და კერიის (genius, lares, penates) ღვთაებათა კულტს უკავშირდებოდა. Sacra familiaria მჭიდროდ იყო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული და გარკვეულ ტვირთს წარმოადგენდა მემკვიდრისათვის. ამიტომ მემკვიდრეები ცდილობდნენ თავი დაეხსნათ მისგან სხვადასხვა ხერხით. მაგ., თავისუფლებას ანიჭებდნენ მემკვიდრეობით მიღებულ მონას (მონები) იმის ფასად, რომ მას უნდა შეესრულებინა sacra familia მემკვიდრის ნაცვლად (manumissio sacrorum causa). იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრისათვის მემკვიდრეობის მიღება არ იყო სასურველი, მას შეეძლო უარი ეთქვა მასზე. მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას ეწოდებოდა exheredatio. პირს, რომელსაც არ უნდოდა უახლოესი ნათესავებისათვის მემკვიდრეობის გადაცემა, შეეძლო მათთვის გვერდი აევლო ანდერძში (praeterire - ანდერძში არ მოხსენიება). ციცერონის დროიდან დამკვიდრდა წესი, ანდერძში იმ მიზეზების დასახელებისა, რის გამოც მამა უარს ეუბნებოდა თავის შვილებს მემკვიდრეობაზე. სხვა ნათესავების მიმართ მიზეზების განსაზღვრა აუცილებელი არ იყო.

მემკვიდრეობა, სვანეთი - პირდაპირი და კანონიერი მემკვიდრე მამის უძრავ-მოძრავი ქონებისა იყო ვაჟიშვილი. კანონიერი მემკვიდრის საკუთრებას შეადგენდა ადგილები: სახნავ-სათესი, სათიბი, ტყე, საბალახო. უძეოდ გადაშენებულის ქონება რჩებოდა მის უახლოეს ნათესავს: ძმას, ძმისწულებს, ბიძას, ბიძაშვილებს, თემს ან სოფელს. ახალი მფლობელი ამ ქონებისა ვალდებული იყო, ეზრუნა და ჭირისუფლობა გაეწია იმ ოჯახში დარჩენილი ქალიშვილებისთვის, როგორც გათხოვილებისთვის, ისე გაუთხოვრებისთვის. უშვილო ქვრივს ქმრის ქონება არ რჩებოდა. სახლშივე იქმრობდა მიცვალებული ქმრის ნათესავს, მას უფლება ჰქონდა დარჩენილიყო ყოფილი ქმრის ქონებაზე. თუ ქვრივი სხვაგან გათხოვდებოდა, წაიღებდა მზითევს, მის მიერ შეძენილს, სხვას ვერაფერს. ანდერძით სამკვიდრებლის დატოვება ჩვეულებითმა სამართალმა არ იცის.

მერემე - სარემოს (საჯინიბოს) მოხელე, ცხენის ჯოგის მწყემსი გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში, რომელიც მერემეთუხუცესს ემორჩილებოდა. მერემეთუხუცესი ამირსპასალარის უწყებაში შედიოდა.

მესანგრეები - რომის არმიაში შექმნილი ხელოსნების ქვედანაყოფი, რომელიც პოზიციის არჩევას, გასამაგრებელ მშენებლობას, ბანაკის თავდაცვასა და საკომუნიკაციო საშუალებებს უზრუნველყოფდა. მესანგრეები ქვედანაყოფი შესაბამის პრეფექტს ემორჩილებოდა (praefectus fabrorum/fabrum), რომელიც მანქანებსა და სასროლ იარაღს, ალყის შემორტყმისას მინერებს (cunicularii) ხელმძღვანელობდა და ობოზე (calones და lixae) წესრიგს იცავდა.

მესისხლეობა, ხევსურეთი - სისხლის აღება გავრცელებული ჩვეულება იყო ხევსურებისთვის. ყოველი შემთხვევითი თუ განზრახ მკვლელობა მკვლელობითვე ისჯებოდა. დროთა განმავლობაში სასტიკი ტრადიცია რბილდება და თანდათან მკვიდრდება დანაშაულის გამოსყიდვა. მკვლელი მოკლულის ნათესავებს აძლევდა ერთგვარ გამოსასყიდს. დაწესებული იყო ორნაირი სასყიდელი: ფეხითი და ხელითი. ფეხითი დანაშაული ძროხებით გამოსყიდვას გულისხმოდა, ხელითი კი - ნაწილობრივ ძროხებით, ნაწილობრივ კი სხვა რაიმე ნივთით ან ნაღდი ფულით. ასეთი გამოსასყიდის რაოდენობას „რჯული“ ანუ ხუცესთა სამსაჯულო წყვეტდა. სისხლის აღება როგორც მკვლელზე, ასევე მის ახლო ნათესავებზეც ვრცელდებოდა. მაგრამ შურისძიება არც ქალს და არც 90 წელს გადაცილებულ მოხუცებულს არ ეხებოდა. თუ მკვლელის ოჯახი ამოწყდებოდა, შურისძიება შთამომავლობაზე გადადიოდა.

თუ მკვლელი სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებდა ვინმეს, მაგრამ დაჭრილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დამნაშავე დაზარალებულის ჭირისუფლებს შუაკაცებს მიუგზავნიდა და დანაშაულის გამოსასყიდლად ნივთიერ საზღაურს სთავაზობდა. შერიგების შემთხვევაში დამნაშავე დაზარალებულ ოჯახს 30 სულ მსხვილფეხა საქონელს აძლევდა. თუ ოჯახი შერიგებას არ დათანხმდებოდა, მკვლელი და მისი ნათესავები თვალყურს ადევნებდნენ დაჭრილის მდგომარეობას, რათა მისი სიკვდილის შემთხვევაში მთელი ოჯახობითა და ნათესაობით მოესწრო გაქცევა.

გახიზვნის შემდეგ დამნაშავე ვალდებული იყო, შუაკაცები მიეგზავნა დაზარალებულის ოჯახისთვის და სამარხი ხარჯები (იხ. საქონლის აღება, სამარხი ხარჯები) გაეღო.

დამარხვის შემდეგ მკველის ნათესავები სთხოვდნენ ჭირისუფალს, დამნაშავისთვის სახლში დაბრუნების ნება მიეცა. დასტურის შემთხვევაში, დაზარალებულის ოჯახს უგზავნიდნენ 20 ცხვარს და აყენებდნენ ადგილობრივი ქერის ლუდს. შემდეგ მკვლელისა და მოკლულის ნათესავები ყველანი სამლოცველოში მიდიოდნენ შესარიგებლად.

მკვლელის ნათესავებს ხმის უფლება არ ჰქონდათ არც საზოგადო თავყრილობაში, არც ხატობაში, ქორწილსა თუ სხვა დღეობაში. მათ აკრძალული ჰქონდათ ცეკვა, სიმღერა და ლხინი (იხ. ჯურუმი).

დაზარალებული ცდილობდა, შური ეძია. უპირველესად დევნიდა თავად მკვლელს, შემდეგ მის ძმას. თუ მკვლელს ბიძაშვილი არ ჰყავდა, შურისძიება გადადიოდა მკვლელის ოჯახის სხვა ახლო წევრზე.

შეურიგებლები რჩებოდნენ მხოლოდ მკვლელი და მისი ღვიძლი ძმები. მკვლელობის წლის თავზე მკვლელი რამდენიმე პირის თანხლებით ფარულად მიიპარებოდა სოფლის სამლოცველოში, თან მიიყვანდა კურატსა და ცხვარს, საღვთოს დაკლავდა და ხატს ვერცხლის ბადიას შესწირავდა. საღვთოს შემწირველის გაუგებრად ჩუმად დაიბარებდნენ დეკანოზს. ყოველივე ამის შემდეგ ასევე ფარულად გააპარებდნენ დამნაშავეს. კურატს გაატყავებდნენ, ცხვარს კი დაუკვლელად ტოვებდნენ. დილით იქ დამსწრე უხუცესთაგანი მოკლულის ოჯახს მიუყვანდა ცხვარს და გაუმჟღავნებდა, რომ მკვლელმა ფარულად დაკლა საღვთო სამლოცველოში. ამის შემდეგ ხატის რისხვის შიშით ჭირისუფალი ანუ მესისხლენი ხელს იღებდნენ მკვლელის დევნაზე. 4-5 წლის შემდეგ მკვლელი და მისი გახიზნული ძმები კვლავ შუაკაცებს მიუგზავნიდნენ მოკლულის ოჯახს და შერიგებას სთხოვდნენ. უარის შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ უკვე ხალხი იბარებდა მოკლულის მშობლებს უფრო ძლიერ და სათაყვანო ხატში. მხოლოდ ამის შემდეგ მოიბრუნებდა გულს ჭირისუფალი.

ერთი კვირის შემდეგ ხალხის თანდასწრებით სამლოცველოში ღამით ხდებოდა მესისხლეთა შერიგება. მოკლულის ნათესავებს და იქ დამსწრეებს ჩხრეკდნენ წინასწარ ამორჩეული მამაკაცები.

მოკლულის მშობლებსა და ნათესავებს ცალკე ადგილს მიუჩენდნენ სამლოცველოს შესასვლელთან. მკვლელი და მისი მშობლები და ბიძაშვილები მეორე მხარეს იჩოქებდნენ. მათ შუაში კი ხალხი იდგა უხუცესის მეთაურობით, რომელიც მესისხლეთა შერიგების ადათს ასრულებდა. იქვე მზადდებოდა საღვთო შეწირვაც. ცერემონიის შემდეგ მკვლელის ძმანი და ძმის შვილები ისევ დაჩოქილნი რჩებოდნენ. მკვლელი კი ოთხი შუაკაცის თანხლებით ცხვრით მიდიოდა მოკლულის ოჯახში. სახლში შუაკაცები შედიოდნენ, მკვლელი კი კარებთან დაჩოქილი იდგა. ოჯახიდან გამოდიოდნენ მოკლულის დედა, ცოლი ან დედიდა და სახლში შეჰყავდათ მკვლელი. მას ლუდით და არყით მოკლულის შესანდობარი უნდა დაელია. შუაკაცები ცხვარს დაკლავდნენ, რის შემდეგაც მკვლელს ისევ ჩუმად გააპარებდნენ სოფლიდან. დანარჩენი შუაკაცები ისევ სამლოცველოში ბრუნდებოდნენ. მოკლულის ნათესავები დამნაშავის დაჩოქილ ახლობლებს სასმელს სთავაზებობდნენ. მათ სიტყვის თქმის უფლება არ ჰქონდათ.

ამ ტრადიციული ადათის ასრულების შემდეგ მკვლელის ძმებსა და ძმიშსვილებს სოფელში დაბრუნების უფლება ენიჭებოდათ. მკვლელს კი ამის უფლება არ ჰქონდა. მისი სახლ-კარი და მთელი ქონება გამოუყენებელი რჩებოდა, მიკარებისა და მოვლის უფლება არავის ჰქონდა.

ძალიან იშვიათი იყო, რომ მკვლელს საბოლოოდ მოეხერხებინა მესისხლესთან შერიგება. თუ დაბრუნება შეეძლო, იგი ვალდებული იყო ყოველწლიურად თითო საკლავი და თითო ვედრო არაყი გაეგზავნა დაზარალებულისთვის. ასე უნდა მოქცეულიყო იმ შემთხვევაშიც, თუ მოკლულის რომელიმე ნათესავი გარდაიცვლებოდა. დაბრუნებულ მკვლელს ყველანაირი უფლება ჩამორთმეული ჰქონდა.

საბოლოო შერიგება ძალიან იშვიათად ხდებოდა. თუ მაინც მოხდებოდა, დამნაშავე ძალიან დიდ საზღაურს იხდიდა - 16 ან 20 მსხვილფეხა საქონელს, უამრავ ლუდს და, გარდა ამისა, სალოცავში საღვთო - ორი ცხვარი უნდა დაეკლა მთელი სოფლისთვის და მიეტანა ვერცხლის ან სპილენძის თასები ხალხისთვის. შემდეგ გამოკვანძავდნენ დაგრეხილ ბალახს, რომელზეც ყველა დამსწრე ფეხით უნდა შემდგარიყო. ბოლოს დაადგმევინებდნენ ფეხს მოკლულის ოჯახს, რომელიც საჯაროდ წარმოთქვამდა. რომ პატიობდა დამნაშავეს.

მესულთანე, ხევსურეთი - სულთან მოლაპარაკე. იგი აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო, არანაკლებ 8-9 წლისა. მესულთანე სულისგან იტყობდა, სიკვდილი და ავადობა თუ იყო მოსალოდნელი სოფელში. „სულში წასვლის“ დროს მესულთანე სახლში მიწაზე წვებოდა, მიიძინებდა, ფერი წაუვიდოდა, თავს იმკვდარუნებდა და რაღაცას ბუტბუტებდა - სულებს ელაპარაკებოდა. სულში წასვლა ხატობას არ შეიძლებოდა. თუ ხევსურს ერთი-ორი წლის ბავშვი გაუხდებოდა ავად, მესულთანეს მიმართავდა, რომელიც იკვლევდა, თუ რომელი სულისგან იყო ავად და აუცილებელი იყო, იმ სულისვე სახელი დარქმეოდა ავადმყოფ ბავშვს. სამი წლის მერე ბავშვისთვის სახელის ახდა (შეცვლა) აღარ შეიძლებოდა არც სულისა და არც სხვა მიზეზების გამო. ასაკით უფროსს მესულთანე ავადობის მიზეზს ვერ გაუგებდა, ამისთვის ქადაგი იყო უკვე საჭირო.

მესულთანის მოვალეობაში შედიოდა ასევე სახელის დადება. ხევსურების აზრით, სახელის დადება ისაა, როცა ჯალაბობა რომელიმე მკვდრის სულს კარგ საჭმელს უმზადებდა.

მესულთანეც წმინდა უნდა ყოფილიყო. საკლავი უნდა დაეკლა ხატისთვის, წელიწადში ორი-სამი. „სულში წასვლისთვის“ მას არანაირი სარგებელი და შემოსავალი არ ჰქონდა. თუმცა დიდი პატივით სარგებლობდა ხალხში. მას ქალებში ყოველთვის პირველი ადგილი ეჭირა, სუფრის თავში ჯდებოდა, სასმელი და საჭმელი უხვად მოსდიოდა სუფრაზე, სახლში არაყსაც კი ატანდნენ.

მეტოიკოსები/მეტეკები (μέτοικοι) - ბერძნულ ქალაქებში მეტოიკოსები რეზიდენტი უცხოელები იყვნენ. მათ მიღებული ჰქონდათ გარკვეული სტატუსი, რაც მათ სხვა უცხოელთაგან გამოარჩევდა. საზოგადოდ, უცხოელთა სამი ჯგუფი არსებობდა: დროებითი სტუმრები; უფრო ხანგრძლივი დროით მაცხოვრებელი უცხოელები, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული მეტოიკოსის სტატუსი და მეტოიკოსები. ათენში თითოეულ მეტოიკოსს უნდა ჰყოლოდა მფარველად ათენელი მოქალაქე, უნდა ყოფილიყო რეგისტრირებული იმ დემოსში, რომელშიც ცხოვრობდა და უნდა გადაეხადა ყოველწლიური გადასახადი მეტოიკონი. მეტოიკოსებს არ ჰქონდათ ათენის მოქალაქეებთან კანონიერი ქორწინების უფლება. ისინი ვერ იქნებოდნენ სახლების ან მიწის მეპატრონენი, თუ თავისი ქვეყნის გარეთ უძრავი ქონების ფლობის სპეციალური ნებართვა არ ჰქონდათ მიღებული (ენკტესის-έγκτησις). ამ უუფლებობის გვერდით მეტოიკოსებს შეეძლოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიეღოთ მონაწილეობა, ჰქონოდათ დაცულობა სასამართლოსაგან, თუმცა არ არის გარკვეული დაზუსტებით, თუ რა როლს ასრულებდა მისი მფარველი ათენელი მოქალაქე სასამართლო სხდომაზე. მეტოიკოსებისათვის ბოძებული პრივილეგიები მოიცავდა: ენკტესისს, ფინანსური შეზღუდვების გაუქმებას, ფინანსურ საკითხებში მოქალაქეებთან თანასწორობას და ჯარში მოქალაქის თანაბრად მსახურების უფლებას. მეტოიკოსთა როლი უმთავრესად ვაჭრობასა და მრეწველობაში იყო მნიშვნელოვანი.

მეურვეობა, საბერძნეთი - საბერძნეთში მეურვეობის კანონის განვითარებაზე გავლენა იქონია თავად მეურვეობის კონცეფციის ცვლილებამ - თავდაპირველად მეურვეობა ნიშნავდა მეურვეობაში მყოფი პირის საკუთრების შენახვასა და დაცვას მთელი ნათესაური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით (ამ შემთხვევაში სანათესაო განიხილებოდა როგორც მეურვეობაში მყოფი პირის შესაძლო მემკვიდრე), შემდეგ მეურვე გახდა მხოლოდ მეურვეობაში მყოფი პირის ინტერესებისათვის მოქმედი. სწორედ ეს ცვლილება გვიხსნის იმ შეზღუდვებს, რომლებიც მეურვისთვის მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის საკუთრებაზე ზედამხედველობისას იქნა დაწესებული. ამითვე აიხსნება სახელმწიფოს მზარდი კონტროლი მეურვის საქმიანობებზე. საბერძნეთში მეურვე იყო, ერთი მხრივ, ბიჭებისა და გოგონების აღმზრდელი - έπίτροπος-ი, ვიდრე ისინი გაიზრდებოდნენ (ბიჭების შემთხვევაში 18 წლამდე), ან ქალის κύριος (იხ. კირიოსი) მის გათხოვებამდე ან მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე. მეურვეები მამის ნების შესაბამისად იყვნენ დანიშნულნი. იმ შემთხვევებში, როდესაც ანდერძისმიერი მონაცემები არ არსებობდა, უახლოესი ნათესავები - ძმა ან ბიძა მეურვებაზე უფლებამოსილნი ხდებოდნენ; ამ უკანასკნელთა არარსებობის დროს სახელმწიფო მოხელე (ათენში ამ მოვალეობას მთავარი არქონი აღასრულებდა) ნიშნავდა მეურვეს. მეურვეს ევალებოდა უზრუნველეყო მეურვეობაში მყოფი პირის განათლება, წარმოედგინა იგი სასამართლო სფეროში და ემოქმედა მისი ინტერესების შესაბამისად. პლატონის მიხედვით, მეურვეს ისეთივე მზრუნველობა უნდა გამოეჩინა ამ ბავშვის მიმართ, როგორითაც იგი საკუთარ შვილზე ზრუნავდა (პლატონი, კანონები 11. 928). იმას, თუ როგორ განაგებდა მეურვე მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის საკუთრებას, მაგისტრატები ამოწმებდნენ. თუ იგი ზარალს მიაყენებდა მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის საკუთრებას, ამ უკანასკნელს შეეძლო მის წინააღმდეგ საქმე აღეძრა მეურვეობის ვადის ამოწურვიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.

მეურვეობა, რომი (tutela) - იმ ადამიანებზე - არასრულწლოვნებსა და ქალებზე - მეურვეობა, რომელთაც არ შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა. 1) tutela impuberum - მეურვეობა არასრულწლოვანზე. (მეურვე - tutor, სამეურვეო პირი - pupillus). ამ ინსტიტუტმა განვითარების გრძელი გზა გაიარა. რესპუბლიკის ხანაში არასრულწლოვნების მეურვეობას სამეურვეო პირის დაცვის ფუნქცია ჰქონდა, დროთა განმავლობაში მან ვალდებულების ფორმა მიიღო და გვიან იმპერიის ხანაში ტვირთად იქცა მეურვეებისათვის. მეურვეობის ამ ტიპის უძველეს ფორმას წარმოადგენდა tutela legitima. XII დაფის კანონების მიხედვით, მეურვე ხდება უახლოესი აგნატი. მისი არარსებობის შემთხვევაში ნათესავი (gentiles). ლიბერტუსის კანონიერ მეურვედ ითვლება მისი პატრონი. ამ შემთხვევაში პიროვნება ავტომატურად ხდება მეურვე და მას დანიშვნა არ სჭირდება. უარის თქმა მეურვეობაზე არ შეიძლებოდა, მხოლოდ ძალიან მოგვიანებით ხდება შესაძლებელი ამ მოვალეობისათვის თავის არიდება სერიოზული მიზეზების დასახელების საფუძველზე (excusatio tutelage - მეურვის მოვალეობისაგან გათავისუფლება. მიზეზები: ასაკი, ავადმყოფობა, სხვა მეურვეობა, მრავალშვილიანობა, საზოგადოებრივი ან სამხედრო სამსახური და ა.შ.). შედარებით გვიანდელ ფორმას მეურვეობისა წარმოადგენს tutela testamentaria, რომელიც ასევე რეგლამენტირებულია XII დაფის კანონებით. მეურვის დასახელება ხდება ანდერძში სახელდებით იმ შემთხვევისათვის, თუ მოანდერძის სიკვდილის შემდეგ არასრულწლოვანი მემკვიდრე იქნება პირი sui iuris (სამართლებრივად სრულუფლებიანი პირი). მეურვე პიროვნების მიერ მემკვიდრეობის გადაბარებისთანავე უნდა შეუდგეს თავისი მოვალეობის შესრულებას. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში სჭირდება მას მაგისტრატის დასტური (confirmare tutorem - მაგ., თუ ანდერძი არ იყო სრულფასოვნად შედგენილი). Lex Atilias (ძვ. წ. 188 წ.) მიხედვით, მაგისტრატი თვითონ ნიშნავს მეურვეს (tutor Atilianus). თავდაპირველად ამას აკეთებდა პრეტორი, კლავდიუსის დროიდან - კონსულები, მარკუს ავრელიუსის პერიოდიდან - პრეტორ ტუტელარიუსი, პროვინციებში - ნაცვალი (lex Iulia 47-ის მიხედვით). მეურვე შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე პირი და მათ ერთად უნდა ემეურვევათ. მეურვე უზრუნველყოფდა სამეურვეო პირის განათლებას, შენახვას, მის ქონებაზე ზრუნვას, სამეურვეო პირის სახელით პროცესების წარმართვას. მეურვეობაში შესვლის წინ მეურვეს უნდა აღეწერა სამეურვეო პირის ქონება და პასუხისმგებლობა აეღო მის ხელუხლებელ შენარჩუნებაზე. გასხვისება შეიძლებოდა მხოლოდ უსარგებლო და გაფუჭებული ნივთებისა. სამეურვეო პირსა და მეურვეს შორის ურთიერთობას სამართალი არეგულირებდა (actio negotiorum gestorum utilis). თუკი მეურვე გაფლანგავდა სამეურვეო პირის ქონებას, ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. მეურვეობა არასრულწლოვანზე წყდებოდა, როდესაც იგი გახდებოდა სრულწლოვანი. 2) მეურვეობა ქალებზე (tutela mulierum). ქვრივებს ან გასათხოვარ ქალებს (ვესტას ქურუმების გარდა) ენიშნებოდათ მეურვე თავისი უახლოესი აგნატებისაგან იმ შემთხვევაში, თუ ანდერძის მიხედვით (მამის ან ქმრის ანდერძი) არ იყო დასახელებული ვინმე კონკრეტული პიროვნება მეურვედ, ან მათ ეძლეოდა უფლება, რომ თვითონ აირჩიათ მეურვე. მეურვეს არანაირი უფლება არ ჰქონდა არც ქალის პიროვნების, არც მისი ქონების მიმართ. მხოლოდ ზოგიერთი საპასუხისმგებლო იურიდიული საკითხის მოგვარებისას საჭირო იყო მისი თანხმობა. ქალებზე მეურვეობა დროთა განმავლობაში კარგავს ფუნქციას და ფორმალურად აგრძელებს არსებობას. უკვე ადრეული რესპუბლიკის ხანაში ქალს თვითონ შეუძლია აირჩიოს მეურვე, გვიანი რესპუბლიკის ხანაში შეუძლია აიძულოს ის მისცეს მას თანხმობა სხვადასხვა საკითხების მოგვარებისას. ავგუსტუსის პერიოდში ქალებზე მეურვეობა პრაქტიკულად მხოლოდ ლიბერტუსების და ემანსიპირებულების (ემანსიპაცია) მიმართ გამოიყენება.

მეფე, საბერძნეთი (βασιλεύς) - ის, თუ რამდენად ასახავს ჰომეროსის ეპოსი მიკენური პერიოდის სახელმწიფო მოწყობის ფორმებს, ისევე როგორც უმაღლესი ხელისუფლის მდგომარეობასა და ფუნქციებს, მეცნიერებში ცალსახად გადაწყვეტილი არ არის. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ჰომეროსისეული ბასილევსი სუვერენული მონარქია, რომელიც წარჩინებულთა საბჭოსთან თანამშრომლობითა და დაუწერელ კანონებზე დაყრდნობით მართავს სახელმწიფოს, თუმცა ჰომეროსის პოემების პოეტური ენის თარგმნა თანამედროვე სახელმწიფოებრივ-სამართლებრივ დეფინიციებსა თუ კატეგორიებზე გარკვეულ სირთულეებს წარმოშობს. ასე მაგალითად, „ილიადაში“ ბასილევსი აგამემონი მოიხსენიება „άναξ άνδρών“ (ხალხთა მეფედ) (ილიადა, IX, 98), რომელსაც ზევსისგან აქვს ბოძებული სკიპტრა და დაუწერელი კანონები. იგი თავის თავში, როგორც უმაღლესი ღმერთის სახება, აერთიანებს რელიგიურ, სამხედრო და სამართლებრივ მოვალეობათა აღმასრულებელს. ჰომეროსი მას ამკობს ეპითეტით „უმეფურესი“ (βασιλεύτατος). მეორე მხრივ, პოემაში არსებობენ სხვა მეფეებიც და შესაბამისად, მეცნიერებაში კამათი წარმოებს იმაზე, თუ რამდენად არის აგამემონი ერთმმართველი - აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი ხელისუფალი. მართალია, ჰომეროსი აგამემონს „მეფეთმეფედ“ წარმოგვიდგენს, რომელიც დიდებითა და პატივით სხვა მეფეებს აღემატება, რომელიც ყველაზე მდიდარია და რომელსაც ყველაზე დიდი ჯარი ჰყავს, მაგრამ ამავე დროს მას არ აქვს არც სამართლებრივი უფლება და სტატუსი და არც შესაძლებლობა სხვა მეფეებზე მოახდინოს გავლენა - ვერ განკარგავს სხვა მეფეთა ჯარებს. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის ერთპიროვნული და თათბირის შედეგად მიიღება. ასევეა ოდისევსის შემთხვევაშიც. ოდისევსი ითაკის უმაღლესი მმართველია, მაგრამ არ არის ერთადერთი განმგებელი, სასიძოთაგან ორი - ანტინოოსი და ევრიმაქოსი ასევე მოხსენიებული არიან ბასილევსებად. ამიტომ მეფე ოდისევსი უფრო თანასწორთა შორის პირველად უნდა იქნას მოაზრებული. საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება - მიუხედავად იმისა, რომ ჰომეროსთან მეფეს ლეგიტიმაცია უზენაესი ღმერთისგან აქვს ბოძებული, მას რეალურ ლეგიტიმაციას ხალხი აძლევს: ასე მაგალითად, ღვთაებრივი შერიგების შემდეგ ოდისევსის მეფობა ხალხმა ფიცით უნდა გაამყაროს (გ. უგულავა).

მიკენურის შემდგომი პერიოდის საზოგადოება, რომელიც გვარებად, ფრატრიებად და ფილეებად იყო დაყოფილი, ხელისუფლების რამდენიმე შტოთი წარმოდგება: ფილეს სათავეში იდგა წინამძღოლი - ფილობასილევსი. მის ძირითად ფუნქციას სამხედრო წინამძღოლობა და ქურუმის მოვალეობის შესრულება შეადგენდა; მეორე შტო იყო ტომის ყველა მოზრდილი მამაკაცის საერთო კრება, რომელსაც ბასილევსი მნიშვნელოვანი მოვლენების დროს იწვევდა. იგი ვალდებული იყო ასევე გვარების უხუცესების აზრიც მოესმინა, რაც ერთგვარად მესამე ინსტანციად - სათათბიროდ (ბულედ) წარმოდგებოდა. ბასილევსებს სათემო მიწებიდან ეძლეოდათ სახნავი და სავენახე მიწის საუკეთესო ნაკვეთი, აგრეთვე ძღვენი, პატივი, ხოლო ომში ნადავლის განსაკუთრებული წილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზრდება სათათბიროს მნიშვნელობა და ფართოვდება ბასილევსების ხელისუფლება, რომელიც თითქმის მემკვიდრეობით (ბუნებრივია, სიცოცხლისეულ) ხასიათს ღებულობს, ვიდრე არისტოკრატიული გვარების მზარდი ზეგავლენა მათ ავტორიტეტს ბოლოს არ მოუღებს. სახალხო კრებას იშვიათად იწვევენ, ბოლოს ის ქრება კიდეც. ძვ. წ. VII-VIII სს-ში საბერძნეთში მიმდინარე ახალმა ეკონომიკურმა პროცესებმა, კერძოდ ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარების მაღალმა ტემპმა, რომელმაც მოსახლეობის ქალაქებში დასახლებას შეუწყო ხელი, ისევე როგორც მის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაძლიერებას, დიდწილად განაპირობა მონარქიის დაღმასვლა. მემკვიდრეობითი ბასილევსების ადგილს თანდათანობით იკავებენ არჩეული მეთაურები, მაგალითად, პრიტანისი კორინთოში და მცირე აზიის ქალაქებში, არქონი ათენში და სხვა (იხ. არქონი).

არისტოტელე განასხვავებს მეფობის - βασιλεία-ს ოთხ სახეს (იხ. მონარქია), რომელთაგანაც „ბასილეიას“ მეოთხე სახეობა არის ის, რომელიც არსებობდა სპარტაში უძველესი დროიდან და რომელიც შემორჩა კლასიკურ პერიოდშიც.

სპარტის სახელმწიფოს უძველესი დროიდან სათავეში ედგა მეფე, რომელიც იყო უმაღლესი მთავარსარდალი, უმაღლესი ქურუმი და მოსამართლე. ის, ისევე როგორც სხვაგან, განიხილავდა უხუცესებთან ერთად თემის საქმეებს და იწვევდა სახალხო კრებას. სპარტაში სპეციფიკური იყო ის, რომ იქ ორი მეფე და ორი საგვარეულო დინასტია არსებობდა. საბერძნეთის სხვა მხარეებისაგან განსხვავებით, სპარტის სახელმწიფოს ისტორიაში არ წარმოქმნილა ისეთი მომენტები, რომლებმაც სხვა ქვეყნებში მეფობის თანდათანობითი დაცემა და გაუქმება გამოიწვია, უპირველესად ალბათ იმის გამო, რომ პოლისი, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, სპარტაში არც განვითარებულა. თუმცა დროთა ვითარებაში აქაც გაძლიერდა სახელმწიფო მოხელეების რიცხვი და მნიშვნელობა და მეფის გვერდით ეფოროსთა განსაკუთრებული კოლეგია წარმოიქმნა, რომელმაც დიდად შეზღუდა მეფის ხელისუფლება.

მეფე, რომი (rex) - ტრადიციის მიხედვით, ძვ. წ. 509 წ-მდე რომს განაგებდნენ მეფეები, რომელთაც თავდაპირველად ირჩევდნენ ტიტიების და რამნების გვარიდან (Tities, Ramnes), მოგვიანებით ლუკერებისგანაც (Luceres). მეფეები შემდეგი თანმიმდევრობით განაგებდნენ რომს: რომულუსი, ნუმა პომპილიუსი, ტულუს ჰოსტილიუსი, ანკუს მარციუსი, ტარკვინიუს პრისკუსი, სერვიუს ტულიუსი, ტარკვინიუს ამაყი (სუპერბუსი). მეფის სიკვდილის შემთხვევაში, ახალი მეფის არჩევამდე, ირჩევდნენ ინტერრექსს - დროებით მეფეს. ამ თანამდებობას იკავებდნენ სენატორები რიგრიგობით, კენჭისყრის შედეგად. ინტერრექსი განაგებდა სახელმწიფო საქმეებს და პირველ რიგში, ამზადებდა მეფის არჩევნებს. დროებით მეფეს ირჩევდნენ 5 დღით, მაგრამ თუ ეს ვადა საკმარისი არ იქნებოდა მეფის არჩევნების მოსამზადებლად, შემდეგ 5 დღეს უკვე სხვა მაგისტრატი იკავებდა ამ თანამდებობას და ასე გრძელდებოდა მეფის არჩევამდე. რესპუბლიკის ხანაში იმავე სქემით სარგებლობდნენ იმ შემთხვევაში, თუ ორივე კონსული დაიღუპებოდა. იყო შემთხვევები რესპუბლიკის ხანაში, როცა ინტერრექსების რაოდენობამ 14-ს მიაღწია (ლივიუსი, 8, 23). სენატის მიერ არჩეული მეფე უნდა დაემტკიცებინა კურიის კომიციას. შემდეგ ავგური აკვირდებოდა ღვთიურ ნიშნებს (აუსპიცია) და აკურთხებდა მეფეს (ინაუგურაცია). მხოლოდ ამის შემდეგ ითვლებოდა იგი ღვთის მიერ აღიარებულ მეფედ. შემდგომ კურიის ახალ კომიციაზე ანიჭებდნენ მეფეს თანამდებობრივ ძალაუფლებას (იმპერიუმი). მეფის ფუნქციაში შედიოდა ახალი კანონების ინიციატივით შესვლა, ჯარის მთავარსარდლობა, ომის, ზავის საკითხების გადაწყვეტა. მეფე იყო უზენაესი მოსამართლე და ქურუმი, თუმცა მისი ძალაუფლება არ იყო შეუზღუდავი (სახალხო კრება, სენატი) და არც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მეფეს ყოველთვის თან ახლდა 12 ლიქტორი. რომელთაც ხელში ფასკები ეპყრათ. წითელი ტოგა, გვირგვინი, სკიპტრა, სპილოს ძვლის სავარძელი (sella curulis) სამეფო ატრიბუტიკას წარმოადგენდა, რაშიც მეცნიერები ეტრუსკულ გავლენას ხედავენ.

მეძავი (prostituti), რომი (meretrices, mulieres quaesturiae - პროსტიტუციით დაკავებული ქალები ცუდი რეპუტაციის პირებად (persona turpes) იწოდებოდნენ (იხ. ასევე ინფამისი), სანამ ისინი კანონიერ ქორწინებაში არ შევიდოდნენ. სენატორებს და მათ შვილებს მეძავებთან ქორწინება ეკრძალებოდათ. მეძავებს უნდა გაევლოთ რეგისტრაცია, ისინი იხდიდნენ სპეციალურ გადასახადს. მეძავთან კავშირი არ ისჯებოდა როგორც სახელის გატეხვა (stuprum) (იხ. ასევე lex Iulia 45).

მეფე, საქართველო - მონარქიული სახელმწიფოს მეთაურის ქართული წოდება. ივანე ჯავახიშვილი სტრაბონის წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში მეფის ხელისუფლების მემკვიდრეობის წესი პირდაპირი მემკვიდრეობის წესი კი არ ყოფილა, არამედ უხუცესობის კანონზე იყო დამყარებული. კერძოდ, მეფის ხელისუფლება არა თავის მემკვიდრეს, არამედ მის ნათესაობაში ყველაზე უხუცეს პირს გადაეცემოდა. ამრიგად, იბერიის სათავეში სამეფო საგვარეულო იდგა. წყაროების თანახმად, სრულუფლებიან ხელისუფალს ქართულად „ხელმწიფე“ ეწოდებოდა. ახ. წ. VI ს-ში სპარსელებმა და ბიზანტიელებმა საქართველოში მეფის ხელისუფლება გააუქმეს. IX ს-ის დასასრულს „ქართველთა მეფის“ ტიტული პირველად ადარნასე II ბაგრატიონმა მიიღო. ფეოდალური საქართველოს განვითარებასა და გაერთიანებასთან ერთად ჩამოყალიბდა ქართველ მეფეთა წოდება - „მეფეთა-მეფე, მეფე აფხაზთა, ქართუელთა, რანთა და კახთა“. მეფის ხელისუფლება საქართველოში XIX ს-ის დასაწყისამდე, რუსეთთან შეერთებამდე არსებობდა.

მეჭურჭლეთუხუცესი - „მეჭურჭლეთა“ უფროსი, ერთ-ერთი საპატიო ვეზირი გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო ხაზინის მართვა ევალებოდა (იხ. საჭურჭლე). წყაროებში XII ს-დან გვხვდება, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, მეჭურჭლეთუხუცესობა გაცილებით ადრე არსებობდა. მას საჭურჭლისა და ქვეშევრდომი მოხელეების გარდა, აგრეთვე „ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“ და „ქალაქის ამირანი“ ექვემდებარებოდნენ, მაგრამ სალარო არ ემორჩილებოდა. მეჭურჭლეთუხუცესი მსახურთუხუცესთან ერთად ვეზირთა მეორე ჯგუფში შედიოდა. გადმოცემით, მას თავისი სამოხელეო ბეჭედი ჰქონდა.

მეხსიერებით დასჯა (damnatio memoria) - სენატის მიერ გამოცხადებული მტრების მეხსიერებიდან წაშლის ცდა (მათი ქანდაკებების მოსპობა და ა.შ.); მეხსიერებიდან ამოშლა პირის, რომელმაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა. იგივეა, რაც სიკვდილის შემდეგ სახელის მივიწყება (ignominia post mortem).

მზითვი, რომი (dos = res uxoria) - მზითვად ძველ რომში ითვლებოდა ყველაფერი, რითაც ქორწინების შემდეგ ცოლი ზრდიდა მეუღლის ქონებას. ეს შეეხებოდა არა მარტო მატერიალური ღირებულების მქონე ნივთებს, მიწის ნაკვეთს, ფულს, არამედ სხვადასხვა ვალებისაგან გათავისუფლებასაც. მზითვი ქმრისათვის განკუთვნილ საჩუქარს არ წარმოადგენდა, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდებოდა donatio-ს (ჩუქება) დასარეგულირებლად მოქმედი კანონები. პატარძალს არ ჰქონდა სამართლებრივი უფლება მზითვზე, მაგრამ მზითვის მიცემა ქალისათვის ოჯახის უფროსის და უახლოესი ნათესავების მორალურ მოვალეობას წარმოადგენდა. მხოლოდ იუსტინიანუსის დროს მოხდა მამის (გამონაკლის შემთხვევაში დედის) სამართლებრივი დავალდებულება მზითვის მიცემის თაობაზე. თავდაპირველად მზითვი მეუღლის ქონებას ერწყმოდა. ამასთანავე იყო იმის გამოცდილებაც, რომ კაცს უარი ეთქვა საცოლის მზითვზე (dos relegata) ან მიეცა წერილობითი გარანტია მზითვის უკან დაბრუნების შესახებ. მზითვის მიცემა - როგორც დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტი - ჩამოყალიბდა ძვ. წ. III საუკუნიდან. ეკონომიკის განვითარებასთან ერთად გახშირდა როგორც ქორწინებები conventium in manum-ის გარეშე, ისე განქორწინებები. ამ დროიდან მზითვი განიხილება როგორც ქორწინების (ქორწინება, რომი) პერიოდში არსებული ქონება და ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაში, იგი უბრუნდება ქალს, რათა მას მიეცეს საშულება ახალ ქორწინებაში შევიდეს სხვასთან. რესპუბლიკის პერიოდში ქალის უფლებას მზითვზე იცავდა actio rei uxoria. კლასიკურ ეპოქაში ქმარი ფორმალურად რჩებოდა მზითვის მეპატრონე და ცოლის მიერ სარჩელის შეტანის პირობებში (ქორწინების გაუქმების შემთხვევაში) მზითვი ცოლის ხელში გადადიოდა. ამ ქონების დანიშნულებას წარმოადგენდა ცოლის და მისი შვილის მატერიალური უზრუნველყოფა. შესაბამისად, მზითვი არის ქონება, რომლის განკარგვის უფლებაც ჰქონდა ქმარს, მაგრამ სამართლებრივად იგი ცოლის საკუთრებას წარმოადგენდა. მზითვს იძლეოდა, როგორც ვთქვით, ოჯახის უფროსი ან ახლო ნათესავი. ხდებოდა მზითვის შეფასება (aestimatio dotis). მხარეები დეტალურად მოილაპარაკებდნენ პირობებზე, ვადაზე და იდებოდა ხელშეკრულება (pactum dotale). ამასთანავე ორივე მხარეს უნდა დაეცვა მოლაპარაკების შედეგად დადგენილი წესები (არ შეიძლებოდა ცოლის მატერიალური მდგომარეობის გაუარესება ან ქმრისათვის ამ ქონებიდან მიღებულ შემოსავალზე უარის თქმა). ქმარს უფლება ჰქონდა ქორწინების პერიოდში განეკარგა მზითვი, მიეღო შემოსავალი, მაგრამ არ ჰქონდა უფლება მისი გასხვისებისა lex Iulia 25-ის მიხედვით. ქორწინების შეწყვეტის პირობებში, ასეთი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაშიც ცოლს უფლება ჰქონდა უკან დაებრუნებინა მზითვი. თუ ქმრის მხრიდან ცოლი მზითვის დაბრუნებასთან დაკავშირებით იღებდა უარს, მას ჰქონდა უფლება დაეწყო სამართლებრივი ბრძოლა (edictum de altertudo). იუსტინიანუსის პერიოდიდან ქალის უფლებებს იცავდა exceptio non numeratae dotis. აღსანიშნავია ისიც, რომ რომ სასამართლო ითვალისწინებდა იმ ხარჯებსაც, რომლებიც ქმარს ჰქონდა გაღებული მზითვის შესანარჩუნებლად (impensae dotales). ცოლის სიკვდილის ან გაყრის შემთხვევაში ქმრის უფლებებს იცავდა retentions dotales propter liberos. სიკვდილის შემთხვევაში ცოლის ქონებიდან ყოველ ბავშვზე 1/5, ხოლო გაყრის შემთხვევაში - 1/6 გადადიოდა ქმრის ხელში.

მზითვი, საბერძნეთი (προίξ) - მზითვი კლასიკური პერიოდის (ძვ. წ. V-IV სს.) ბერძნული ქორწინების აუცილებელი კომპონენტი იყო. მზითვის შესახებ ყველაზე მეტი ცნობები ჩვენ ათენური წყაროებიდან გვაქვს. ათენელი მამები იმდენ ქალიშვილს ზრდიდნენ, რამდენის შესაფერისად გამზითვებაც მათ შეეძლოთ. მზითვის სიდიდე კანონით არ იყო განსაზღვრული. მზითვი დაახლოებით 10 მნიდან რამდენიმე ტალანტამდე მერყეობდა. მზითვის სიდიდე კირიოსის თვითღირსების და პრესტიჟის გამომხატველი იყო. დემოსთენეს აზრით, ორი ტალანტისა და რვა მნის ოდენობის მზითვი მამის სიმდიდრეზე მიუთითებდა. მიუხედავად გამზითვების ასეთი აუცილებლობისა, წყაროებში დადასტურებულია შემთხვევები, როცა მეურვე თავისი წინდაუხედაობის გამო ქალის გამზითვებას ვერ ახერხებდა. ასეთ დროს სხვები - მდიდარი ნათესავები და მეგობრები აფინანსებდნენ ქალიშვილის გათხოვებას. ზოგჯერ ქალიშვილს ქალაქი ამზითვებდა. ეს იყო პატივისცემის გამოხატულება მათი მამებისადმი, რომელთაც ქალაქისთვის განსაკუთრებული სამსახური ჰქონდათ გაწეული. გამონაკლისის სახით იყო უმზითვო ქორწინების მაგალითებიც. მზითვის გარეშე დარჩენილ ქალიშვილს ხარჭად გახდომა ემუქრებოდა. მზითვი უპირატესად თანხის, ან გარკვეულ თანხად შეფასებული უძრავი ქონებისაგან (სახლი, ავეჯი) შედგებოდა. პატარძალს უფლება ჰქონდა მზითვისაგან დამოუკიდებლად ქმრის სახლში მცირეოდენი ქონება წაეღო, რაც სოლონის კანონმდებლობით სამი კაბითა და რამდენიმე არცთუ მაინცდამაინც ძვირფასი ნივთით შემოიფარგლებოდა (პლუტარქოსი, სოლონი 20. 4). ეს რჩებოდა ქალის საკუთრებაში, როგორც მისი პირადი ქონება. ამის გარდა ქორწილისას მეგობრები საპატარძლოს საქორწინო საჩუქრებს აძლევდნენ. ქვრივები ხელახალი ქორწინების დროს ისეთსავე მზითვს იღებდნენ, როგორსაც დაუქორწინებელი ქალიშვილები.

მზითვი ქალისთვის საკუთრების ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა იყო. ეს გახლდათ მამისეული ქონებიდან მისთვის განკუთვნილი წილი, რომელსაც იგი ქორწინების დროს იღებდა. უპირველესად იგი ქალის ეკონომიკური შენახვის მექანიზმი იყო. თავად ქალს მისი განაწილების უფლება არ ჰქონდა. ქმარს - მის ახალ მეურვეს, ამ ფულის ინვესტირება უნდა მოეხდინა და ზედამხედველობა უნდა გაეწია ამ გზით მიღებული შემოსავლის გამოყენებისთვის. იგულისხმება, რომ ინვესტირებული კაპიტალიდან მიღებული თანხა ქალის შენახვის მექანიზმი უნდა ყოფილიყო. ვარაუდობენ, რომ წლიურად ეს თანხა ბაზისური თანხის 18%-ს შეადგენდა. კაპიტალურ თანხას ქმარი იშვიათად თუ კიდებდა ხელს ყოველდღიური მოხმარებისათვის.

ამ ფუნქციის გარდა, მზითვი ქალის დამცავ მექანიზმს წარმოადგენდა. გაყრის შემთხვევაში ქმარი ვალდებული იყო მზითვი უწინდელი მეურვისათვის დაებრუნებინა. თუ მას ამ დროისათვის უკვე დახარჯული ჰქონდა მზითვით გამოხატული თანხა, ეს ფული მას ვალად ედებოდა და წლიურად პროცენტები უნდა ეხადა. ვარაუდობენ, რომ ყოველწლიურად ეს თანხა 18% შეადგენდა. თუ იგი ამას არ შეასრულებდა, მის წინააღმდეგ საქმეს სასამართლოში აღძრავდნენ. ამდენად, ის პირობა, რომ ქმარს მზითვი უნდა დაებრუნებინა, ერთგვარად იცავდა ქალს ქმრის ინიციატივით წამოწყებული გაყრისაგან. ამასთან ქმრის ბოროტად მოქცევისაგან ქალს იცავდა მისი ოჯახის უფლებაც, შეეწყვიტა ქორწინება და მზითვი უკან გამოეთხოვა. ქმარს მზითვი იმ შემთხვევაშიც უნდა დაებრუნებინა, როცა განქორწინება ქალს ჰქონდა წამოწყებული. უფრო მეტი, ქმარი მზითვს მაშინაც აბრუნებდა, როცა იგი ცოლს ამ უკანასკნელის ღალატის გამო შორდებოდა. თუ ქმარი გარდაიცვალა და ოჯახს შვილი არ ჰყავდა, მზითვი ქალის უწინდელ მეურვეს უბრუნდებოდა. მდგომარეობა არაა მთლად გარკვეული იმ შემთხვევაში, როცა ქალს მხოლოდ ქალიშვილი ჰყავდა.

მზითვის ინსტიტუტთან დაკავშირებით უდავოდ სპეციფიკური იყო ისიც, რომ ქალი რეალურად არ ფლობდა იმას, რაც მემკვიდრეობით მიიღო. იგი უბრალოდ მამაკაცი მემკვიდრისთვის საკუთრების გადამცემ ინსტრუმენტს წარმოადგენდა. მზითვთან დაკავშირებული წესების შესრულებაზე თავად საზოგადოება ზრუნავდა და ლეგალური თვალსაზრისით, ეს არქონ ეპონიმოსის პასუხისმგებლობის ქვეშ იყო. თითოეული ოჯახის საკუთრების შენარჩუნებასა და დაცვას ათენური საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზრუნავდნენ რა ქალებზე, როგორც საკუთრების გადამცემ საშუალებებზე, ისინი ამით, უპირველეს ყოვლისა, თავად საკუთრებას იცავდნენ. ქორწინებისა და მზითვის შესახებ არსებული კანონები გულისხმობდა როგორც ათენელი ქალის სოციალური უფლებების დაცვას, ისე სამოქალაქო კოლექტივის განსაკუთრებულობის შენარჩუნებას (იხ. ქორწინება, საბერძნეთი; განქორწინება, საბერძნეთი).

მზითვი, საქართველო - ქალს გათხოვებისას ეძლეოდა ქონება - მზითვი. ტერმინი „მზითვი“ IX საუკუნის წერილობით ძეგლებში იხსენიება. ეს ქონება ქალს ქმრის ოჯახში მიჰქონდა. მზითვი, პირსანახავი და ნიშანი სამივე ეკუთვნოდა ცოლს და ქმარს უფლება არ ჰქონდა ეს ფასეულობანი განეკარგა. მზითვი მოძრავი და უძრავი ქონებისაგან შედგებოდა. მისი მოცულობა და შემადგენლობა ქალის ოჯახის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მემკვიდრეობის წესზე იყო დამოკიდებული. ვისაც მზითვად სხვა ქონებასთან ერთად მამულსაც ატანდნენ, ის მზითვიან-მამულიანად ითვლებოდა; ვისაც მამული არ ჰქონდა და სხვა სახის ქონება კი მრავლად გააჩნდა, მას მზითვიანი ერქვა. ხოლო ის ქალი, ვისაც მხოლოდ ლოგინი ან სხვა უმნიშვნელო ქონება ჰქონდა, უმზითვოდ იწოდებოდა.

მზითვის რაოდენობას, რომელიც მზითვის წიგნში იყო აღნუსხული, ქორწილში აცნობდნენ დამსწრეებს. მზითვის მიცემა ხდებოდა ან ქორწილის წინ ან ქორწილში. ცოლ-ქმრის გაყრის შემთხვევაში მოძრავი ქონების სახით წაღებული მზითვი ქალს უბრუნდებოდა როგორც მისი პირადი საკუთრება. ხოლო თუ ქალი თავისი ნებით დატოვებდა ქმრის ოჯახს, მისი ნამზითვი მამული ქალის მშობლების ოჯახში გადადიოდა. ქალი მას ვერ წაიღებდა, თუ იგი სხვას გაჰყვა. იმ შემთხვევაში, თუ ქალი თავისი ნებით გაჰყვა სხვა ქმარს, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მიხედვით, „საქონელი“ ან „პირუტყვი“, რომელთაც ქალი თან წაიღებდა, მას ეკუთვნოდა და ქმარყოფილს მისი უკან გამოთხოვა არ შეეძლო. ხოლო თუ ქალი სხვა ქმართან წასვლისას სახლიდან არაფერს წაიღებდა, იგი შემდგომში ვერაფერს ვერ მიიღებდა. ქალის სიკვდილის შემთხვევაში მზითვი მის შვილებს რჩებოდა. მკვლევართა აზრით, ქართული საკანონმდებლო ძეგლებიდან ჩანს, რომ ქალის მზითვი დაცულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი მრუშობისთვის იყო გაგდებული.

ქალის გამზითვებას საქართველოს ბარში შედარებით მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე მთიანეთში. მთიელთა ყოფაში ნივთიერი ქონების ნაცვლად არსებობდა საქონლის გატანის წესი, რასაც სათავნო ერქვა. ამასთან სათავნო ეწოდება ქალის პირად ქონებასაც, რომელიც მას ქმრის სახლში მიაქვს (იხ. ქორწინება, საქართველო; განქორწინება, საქართველო).

მზითვი, სვანეთი - სვანეთში ქალს ქორწილის დღესვე აძლევდნენ ახალთახალ ტანისამოსსა და ფეხსაცმელს, ვერცხლის საყურეებსა და ვერცხლისავე გულზე ჩამოსაკიდებელ სამკაულს, ასევე ქვეშსაგებს შეძლებისდაგვარად. ერთი წლის შემდეგ ქალს მშობლებისგან ეკუთვნოდა ერთი ძროხა, სამი ცხვარი, ორი ნეზვი ღორი, დედალ-მამალი თხა და ერთი ზანდუკი.

გარდა ამისა, ქალს უფლება ჰქონდა, თავის სასარგებლოდ დედ-მამის სახლში ოთხფეხა საქონელი გაეშენებინა. ყოველ ახალ წელიწადს გათხოვილ ქალიშვილს, მის ქმარსა და შვილებს მატერიალური შესაძლებლობის ფარგლებში აძლევდნენ 1 მანეთიდან ძროხით, ხარითა თუ ცხენით დამთავრებული. ყოველი ლხინის დროს ქალიშვილს ქმარშვილებიანად დედ-მამის სახლში პატიჟებდნენ. თუ ქალს ღარიბი ქმარი ჰყავდა, მშობლები ვალდებულნი იყვნენ, შვილი ჩაეცვათ-დაეხურათ, გაჭირვების შემთხვევაში ქალიშვილის შვილებიანად რჩენასაც მშობლები კისრულობდნენ. ზოგიერთ საზოგადოებაში დედ-მამამ ქალიშვილი, ქმარი და ერთ-ერთი შვილი წელიწადში ოთხჯერ უნდა დაპატიჟოს. როდესაც მშობლების სახლში მსხვილი ოთხფეხა საქონელი დაიკვლებოდა, ტყავიდან ქალიშვილს საქალამნეს აძლევდნენ. გათხოვილი ქალი დედმამის ოჯახში თითქმის ისეთივე უფლებით სარგებლობდა, როგორც ერთ-ერთი წევრი. თუ ქალს სტუმარი მოუვიდოდა და ქმრის სახლში ვერ უმასპინძლდებოდა, მაგალითად, თუ არ ჰყავდა წვრილფეხა საქონელი და სხვა რამ, მშობლების სახლიდან მოჰქონდა ყველაფერი.

მილტიადესი (Μιλτιάδης) - ათენელი მხედართმთავარი. დაახლ. ძვ. წ. 550-489 წწ. ათენური არისტოკრატიული გვარის - ფილაიდების ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ძვ. წ. 584 წ-ს ჰიპიასმა იგი თრაკიის ქერსონესში ათენელთა ახალშენის მმართველად გაგზავნა მას შემდეგ, რაც სტესაგორასი - მილტიადესის ძმა და ახალშენის უწინდელი მმართველი ბრძოლის დროს მოკლეს. მილტიადესმა შური იძია ძმის მკვლელებზე, ქერსონესის მმართველები შეაბორკინა და ტირანია დაამყარა.

მილტიადესმა ცოლად შეირთო თრაკიელი მეფის - ილოროსის ქალიშვილი - ჰეგესიპილე, რომელმაც მას კიმონი გაუჩინა. სხვა შვილები მას ათენელ ქალთან წინა ქორწინებიდან ჰყავდა.

გარკვეული პერიოდი მილტიადესი იძულებული იყო დაეტოვებინა ქერსონესი. ჰეროდოტეს მიხედვით, ეს მილტიადესის ქერსონესში მისვლის მესამე წელს სკვითების ექსპანსიით იყო გამოწვეული. სკვითების წასვლის შემდეგ ის თრაკიელებმა უკან დააბრუნეს.

დარიოსის ევროპაში შესვლის დროს მილტიადესი მის ხელქვეითად გვევლინება და სკვითებთან ლაშქრობისას თან ახლავს (ძვ. წ. 512 წ.). ჰეროდოტეს ცნობა, რომლის მიხედვითაც მილტიადესი ურჩევდა დარიოსის მიერ ხიდის დამცველად დაყენებულ იონიელებს, ეს ხიდი დაენგრიათ და ამით სპარსელებისთვის უკან დაბრუნების საშუალება მოესპოთ, თანამედროვე მეცნიერებაში არ არის ერთმნიშვნელოვნად გაზიარებული, რადგან დარიოსს მილტიადესი არ დაუსჯია. უფრო მეტიც, როდესაც მისი ვაჟი ფინიკიელებმა ტყვედ ჩაიგდეს და დარიოსს დასასჯელად გადასცეს, სპარსეთის მეფემ შეიწყალა და თავისთან კეთილდღეობაში აცხოვრა. მილტიადესი მონაწილეობას იღებდა იონიელთა აჯანყებაში. როცა მან შეიტყო, რომ სპარსეთის მოკავშირე ფინიკიელები ტენედოსზე იყვნენ, იგი მათ გაექცა და ათენში გაემართა. იმბროსთან მისი ტრიერი ძლივს დაუსხლტა ხელიდან ფინიკიელებს, თუმცა მათ მოახერხეს, რომ მისი ვაჟი ტყვედ ჩაეგდოთ.

ათენში ჩამოსვლის შემდგომ მილტიადესი აქტიურად გამოდის პოლიტიკურ არენაზე და იმ დროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გვარს - ალკმეონიდებს უპირისპირდება. პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა მილტიადესს ბრალი დასდეს, რომ მან ქერსონესში ტირანია დაამყარა. მაგრამ სასამართლოში იგი გამართლებულ იქნა, რის შემდეგაც პოლიტიკურ სარბიელზე მილტიადესი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა გახდა.

ამ დროს საბერძნეთში სპარსეთის ექსპანსია იწყება. ათენელ პოლიტიკოსთა წინაშე ათენის დაცვის საკითხი დგება. მილტიადესი მიიჩნევდა, რომ ათენელებს სახალხო ლაშქარი უნდა შეექმნათ. ამით იგი თემისტოკლესს უპირისპირდებოდა, რომელიც საზღვაო ძალას ანიჭებდა უპირატესობას. მარათონის ველზე სპარსელების დაბანაკების შემდეგ მილტიადესი მოითხოვდა დაუყოვნებლივ შებრძოლებოდნენ მტერს, რადგან ეშინოდა, რომ ნებისმიერი დაყოვნება გააძლიერებდა პერსოფილური ელემენტების აქტივობას საკუთრივ ათენელებში და მათ კატასტროფამდე მიიყვანდა. ისტორიკოსთა გადმოცემით, ბრძოლის დაუყოვნებლივ გამართვის თაობაზე სტრატეგოსთა აზრი ორად გაიყო. ხუთი მათგანი მილტიადესს უჭერდა მხარს, ხუთიც საწინააღმდეგო მოსაზრებას იცავდა. მაშინ მან მოუხმო მეთერთმეტეს - პოლემარქოს კალიმაქოსს, რომელიც მხედართმთავრის თანაბარი უფლებით იყო აღჭურვილი, მოახერხა მისი მიმხრობა, რის შემდეგაც ბრძოლის გამართვის საკითხიც მილტიადესის სასარგებლოდ გადაწყდა. მარათონთან ბერძნების მიერ მოპოვებულმა გამარჯვებამ იგი არა მარტო ბერძნულ-სპარსული ომების, არამედ, საერთოდ, საბერძნეთის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურად გახადა.

ამგვარი დამსახურების ფონზე ერთობ სავალალოდ მოჩანს მილტიადესის პოლიტიკური კარიერისა და ცხოვრების დასასრული. როდესაც ძვ. წ. 489 წ-ს მისი წინამძღოლობით ათენელთა საზღვაო ექსპედიცია მარცხით დამთავრდა, მილტიადესის მტრებმა მის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში აღძრეს და მას ათენელთა მოტყუება დააბრალეს. ბრძოლის დროს დაჭრილი მთავარსარდალი იმდენად ცუდად იყო, რომ სასამართლო პროცესზე ლაპარაკიც არ შეეძლო. მილტიადესს მისი მეგობრები იცავდნენ და ათენელებს მის დამსახურებებს - მარათონთან გამარჯვებას და მათთვის ლემნოსის გადაცემას ახსენებდნენ. მილტიადესი სიკვდილით დასჯას გადაურჩა, თუმცა სასამართლომ 50 ტალანტით დააჯარიმა. ჯარიმის გადახდა მას არ დასცალდა, რადგან მალე პაროსზე მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალა.

მისილია (missilia) - წვრილი საჩუქრები, ძირითადად ფული, რომელსაც დღესასწაულის დროს ისვროდნენ ხალხში და ვინც დაეუფლებოდა მას, იმის საკუთრებაში რჩებოდა.

მიწა (ager) - მიწა რომში სხვადასხვა კატეგორიად იყოფოდა:

Ager arcifinus, ager arcifinalis - მიწის ნაკვეთი, რომელსაც აქვს ბუნებრივი საზღვრები (მდინარე, მთა და ა.შ.).

Ager colonicus - რომის სახელმწიფო მიწების ნაწილი, რომელიც გადაეცემოდა რომაელ მოქალაქეებს ან მოკავშირეებს კოლონიის დაარსების შემთხვევაში.

Ager compascus - სახელმწიფო მიწის ის ნაწილი, რომელიც მიწათმოქმედებისათვის არ გამოიყენებოდა, ძირითადად თემის საძოვრები.

Ager decumanus - მიწის ნაკვეთი, რომელიც იბეგრებოდა გადასახადით (decuma - ნატურალური პროდუქტის 1/10).

Ager desertus - მიწები, რომლებიც მეპატრონეების მიერ არის მიტოვებული.

Ager genticius - გვარის საკუთრებაში მყოფი მიწა.

Ager limitatus - მიწის ნაკვეთი, რომელიც მოზომილი არის მიწისმზომელის (agrimensores) მიერ, განსხვავებით ager arcifinus-ისგან.

Ager locatus ex lege censoria - სახელმწიფო მიწა, რომელსაც ცენზორები იჯარით აძლევდნენ იმ პირს, რომელიც უფრო მომგებიან წინადადებას წარმოადგენდა.

Ager occupatorius - სახელმწიფო მიწა ბუნებრივი საზღვრებით, რომელსაც ტრადიციულად არ ამუშავებდნენ. ამ ტიპის ნაკვეთები თავისუფლად შეიძლებოდა გადაცემოდათ პატრიციებს დროებით სარგებლობაში, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადადიოდა.

Ager captivus - დაპყრობილი მიწები, რომლებიც რომის სახელმწიფო ტერიტორიის ნაწილი ხდებოდა.

Ager optimo iure privatus - კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც თავისუფალია გადასახადებისაგან.

Ager privatus - კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები სახელმწიფო მიწისაგან (ager publicus) განსხვავებით.

Ager privatus vectigalisque - მიწის ნაკვეთი, რომელსაც ყიდულობს კერძო მესაკუთრე სახელმწიფოსაგან. ამასთანავე შეძენისას მესაკუთრის ხელში სამუდამოდ გადადის ეს ნაკვეთი, თუმცა უნდა გადაიხადოს საიჯარო გადასახადი - ვექტიგალი (გარდამავალი საფეხური საზოგადოებრივ და კერძო საკუთრებას შორის).

Ager provincialis - fundus provincialis - პროვინციის მიწები, რომლებიც კერძო საკუთრებას არ წარმოადგენდა, ეკუთვნოდა ან რომაელ ხალხს ან იმპერატორს.

Ager Romanus - რომის სახელმწიფო მიწები, განსხვავებით მოკავშირეთა მიწებისაგან. Ager scripturarius - საერთო საძოვრები, რომლებიც კერძო პირებს გადაეცემოდათ.

Ager stipendiarius - სახელმწიფო მიწა სენატის პროვინციაში, რომელიც გადაეცემოდა მფლობელს და იბეგრებოდა სპეციალური გადასახადით სტიპენდიით.

Ager tributatius - სახელმწიფო მიწები პრინცეპსის პროვინციაში, რომელიც ტრიბუტუმით (tributum) იბეგრებოდა (1% შემოსავლიდან).

Ager trientabulis fruendus datus - სახელმწიფო მიწები, რომლებიც სახელმწიფოში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის დროს რეალური ფასის მესამედ თანხაში გადაეცემოდა კერძო პირებს, მაგრამ ითვალისწინებდა უკან გამოსყიდვის შესაძლებლობას.

Ager vectigalis - სათემო ან სახელმწიფო მიწები უვადოდ გადაცემული იჯარით.

მიწის მფლობელობა, სვანეთი - კანონიერი მემკვიდრის საკუთრებას შეადგენდა ადგილები: სახნავ-სათესი, სათიბი, ტყე, საბალახო. პატრონს უფლება ჰქონდა ადგილის გაყიდვისა. გაყიდვის შემთხვევაში იგი ვალდებული იყო ადგილი მიეყიდა თემისთვის. თუ თემში ვერავინ შეძლებდა გასაყიდად განსაზღვრული ფასის გადახდას, პატრონს ნება ჰქონდა მიეყიდა ახლობელი ნათესავისთვის ან თუნდაც უცხო პირისთვის. თემის რომელიმე წევრის სახლ-კარი აუცილებლად თემშივე უნდა გაყიდულიყო. თუ ერთი მოსახლე ვერ გასწვდებოდა ფასს, მთლიანად თემი აგროვებდა ფულს და ყიდულობდა. თემის შემდეგ სახლ-კარი შეეძლო ეყიდა გამყიდველის სიძეებს იმ შემთხვევაში, თუ სიძეები და სახლის პატრონი ერთ სოფელში ცხოვრობდნენ. სხვა სოფლელს, თუნდაც სიძეებს, თემი არ აძლევდა ყიდვის ნებას. ნაყიდი ადგილი მყიდველის საუკუნო საკუთრებად ითვლებოდა. არც წერილობითი საბუთი და არც მოწმეები ადგილის ყიდვისთვის საჭირო არ იყო. ნასყიდობის დარღვევა და მოშლა არ შეიძლებოდა. ადგილის მყიდველი ვალდებული იყო, გამასპინძლებოდა გამყიდველს ოჯახითურთ და ყოველი ახალი წლის მეორე-მესამე დღეს მიეცა თითო ლერქვაში.

სვანეთში სახნავი მიწა საერთო მფლობელობაში არ იყო. საზოგადო, სასოფლო და სათემო მფლობელობას წარმოადგენდა სამწყემსო საძოვარი ადგილები, სათიბები მთებში და ზოგიერთი ტყე. საზოგადოების თითოეულ წევრს საზოგადო ადგილებში თანასწორი უფლება ჰქონდა, სოფლისას - სასოფლოში და თემისას - სათემოში. სათიბი და საბალახო ადგილებით სარგებლობას ერთმანეთს ვერავინ დაუშლიდა.

მკვლელობა (parricidium) - მკვლელობა, მოგვიანებით ძირითადად მამის ან სხვა წინაპრის მოკვლა, ერთ-ერთი უძველესი ფორმა საზოგადოებრივი დანაშაულისა. ეს დანაშაული ძალიან მკაცრად ისჯებოდა. ბრალდებულს ჩასვამდნენ ტყავის ტომარაში იმ ცხოველთან ერთად (გველი, მაიმუნი, მამალი, ძაღლი), რომელთაც მოჰქონდათ უბედურება და გადააგდებდნენ მდინარეში ან ზღვაში.

მოადი - სასამართლო პროცესის მონაწილე მხარე - მომჩივანი ან მოპასუხე XVI-XVIII სსის საქართველოში. ვახტანგ VI-ის სამართლის მიხედვით, მოსამართლეები ორივე მოდავე მხარეს იბარებდნენ. ჯერ ერთ მხარეს უსმენდნენ და მის საჩივარს იწერდნენ, შემდეგ კი მეორე მოადს ალაპარაკებდნენ და ნათქვამს ინიშნავდნენ (მუხლი 24, 143, 216).

მოკვეთა, საქართველო - სასჯელის სახე ძველ საქართველოში, რომელიც დამნაშავის საცხოვრებელი ადგილიდან გაძევებას ითვალისწინებდა. მართლმსაჯულების თანახმად, მოკვეთა ეკისრებოდათ ღალატის, ამბოხების, მევახშეობისა და სხვა მძიმე დანაშაულისათვის. მთიელთა ჩვეულებითი სამართალი თემიდან მოკვეთას აწესებდა. ასევე დასაშვები იყო, რომ მონანიებული და გამოსწორებული დამნაშავე თემს კვლავ თავის წევრად მიეღო.

მოლარე - სალაროს დაბალი მოხელე ძველ საქართველოში. მოლარეები ემორჩილებოდნენ მოლარეთუხუცესს, რომელსაც სალაროს მთავარი ყუთი ებარა. მეფის საჩუქარი სტუმრისათვის მოლარეებს უნდა მიერთმიათ. მათ სარგოს შეადგენდა სტუმართაგან მიღებული საჩუქარი, „რაც სტუმარს ენამუსებოდეს“ და სალაროში შესული საჩუქრების სალაროდან გაცემული ჯამაგირის წილი. მოლარეები ჰყავდა როგორც მეფეს, ასევე დედოფალსა და ფეოდალებს.

მონარქია (βασιλεία) - ბერძნული მონარქია მოიცავს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ ინსტიტუტს. „გმირთა ეპოქის“ მეფობა აღნიშნავს მიკენური პერიოდის სამეფო ხელისუფლებას, ისევე როგორც ჰომეროსის პოემებისა და ლეგენდარული მეფეების სამეფო ხელისუფლებას. მისი ღერძი იყო სამხედრო წინამძღოლობა, მაგრამ მიკენელი მეფეები იმავე დროს მეფე-ქურუმები და დახვეწილი სამეფო კარის მეთაურებიც იყვნენ. მიგრაციათა ახალი ტალღის პირობებში მეფე კვლავ ტომის სამხედრო მეთაურად რჩებოდა. სპარტელი და, უფრო მეტად, მაკედონელი მეფეები მეფობის ამ ტიპის გადმონაშთად გვევლინებიან. ეს იყო მემკვიდრეობითი მეფობა. მეფის ძალაუფლება შეზღუდული იყო სხვა „მეფეებით“, ე.ი. არისტოკრატიული გვარების მეთაურებითა და მათი საბჭოებით.

ბერძნული მონარქიის მეორე ტიპს წარმოადგენდა ის, რასაც ბერძნები ტირანიას უწოდებდნენ - ინდივიდუალური და ხალხის ფენებზე დაფუძნებული მმართველობა, რომელიც არისტოკრატიული პოლისიდან იყო აღმოცენებული. მონარქიის მესამე სახეობა უფრო თეორიული ხასიათისა გახლდათ. ძვ. წ. V ს-ის ბერძნები მონარქიას უმთავრესად ბარბაროსული დესპოტიზმის სახით იცნობდნენ. სოფისტებისა და სოკრატული სკოლის პოლიტიკურმა ფილოსოფიამ, რომელიც დემოკრატიას ებრძოდა, ჩამოაყალიბა ყველაზე ძლიერი თუ საუკეთესო კაცის მმართველობის იდეალი, მმართველისა, რომელიც მმართველი ბუნებით იყო. ქსენოფონსა და ისოკრატესზე დიდი გავლენა მოახდინა მონარქიის დაფუძნების ზოგიერთმა რეალურმა მცდელობამ (მაგ., სირაკუსის ახალი ტირანია, კვიპროსის მეფეები, კარიელი მავსოლუსი). ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოებისა და ფილიპე მაკედონელის კონფლიქტმა ასახვა ჰპოვა დემოკრატიული და მონარქისტული იდეების დაპირისპირებაში. ელინისტურმა მონარქიამ გააერთიანა მაკედონიის სახალხო მეფობა, ბერძენი „სამეფო კაცის“ ინდივიდუალური ამბიციები და თეოკრატიული დესპოტიზმის აღმოსავლური ტრადიციები.

მონები (δοΰλοι), მონობა (δουλεία) საბერძნეთი - მონა მოკლებულია როგორც პირად უფლებებს, ასევე ქონებას და თვითონ არის საკუთრების ობიექტი, ანუ სხვისი საკუთრება. თავდაპირველად მონების წყარო ომის ან მეკობრეობის შედეგად მოპოვებული ნადავლი იყო. ბერძნები კაცებს ხოცავდნენ, ქალებსა და ბავშვებს ატყვევებდნენ. ტყვეებს, წარმომავლობის, გარეგნობის, განსწავლულობის მიხედვით სხვადასხვა ბედი ელოდა. ზოგი მძევლად რჩებოდა გამოსყიდვამდე ან განთავისუფლებამდე, ზოგი ახალი პატრონის ოჯახის წევრი თუ მეგობარი ხდებოდა, უმრავლესობა კი მონად იქცეოდა და სხვადასხვა შავ თუ ნაკლებადპრესტიჟულ სამუშაოს ასრულებდა პატრონის მეურნეობაში.

მიკენურ ტექსტებში ტყვეებს, შესაძლოა, აღნიშნავდა ტერმინი ra-wi-ja-ja, ხოლო „მონის“ აღმნიშვნელი ტერმინი საერთოდ არ გვხდება. do-e-ro/δοΰλος აქ მხოლოდ „მსახურს“, სხვის სამსახურში მყოფ პირს ნიშნავს, განურჩევლად მისი პირადი თავისუფლების ხარისხისგან. ტერმინი δοΰλος ჰომეროსის ეპოსში არ გვხვდება, მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ პოეტისათვის ეს სიტყვა უცხო არ იყო. ამ მტკიცების საფუძველს იძლევა იმავე ძირიდან ნაწარმოები ტერმინების (δούλη, δουλοσύνη, δούλ(ε)ιος) მოხსენიება. მათი ზუსტი მნიშვნელობის დადგენა ჭირს. δούλη მხოლოდ ორჯერ გვხვდება გამორჩეული ტყვე ქალების მიმართ და შეიძლება „უკანონო ცოლადაც“ ითარგმნოს, ხოლო ორი დანარჩენი ზოგადად „გაჭირვებულ მდგომარეობად, უბედურებად“, მაგრამ თითქოს აშკარაა, რომ ეს ტერმინები სწორედ თავისუფლებადაკარგულ ადამიანთა მძიმე ხვედრს ასახავენ.

კლასიკური ხანის ბერძნულში δοΰλος იხმარება „არათავისუფალთა, მონათა“ ერთ-ერთ ძირითად აღმნიშვნელ ტერმინად. ჰესიოდესთან იგი არ არის დადასტურებული, არქაულ ლირიკაში იშვიათად გვხვდება (პირველად, ალბათ, არქილოქოსთან), შემდგომში კი - საკმაოდ ხშირად, სავარაუდოა, „არათავისუფალთა“ ზოგადი, სამართლებრივი მახასიათებლის როლში. როგორც იურიდიულ აქტებში, მაგ., გორტინის კანონებში, ასევე სხვადასხვა ჟანრის ტექსტებში სწორედ ის უპირისპირდება „თავისუფალს“. ტერმინები, რომლებსაც ჰომეროსი „მონების“ აღსანიშნავად იყენებს, არ წარმოადგენენ სინონიმებს, ან ერთი რიგის ცნებებს და სხვადასხვა სემანტიკურ ველს განეკუთვნებიან.

ა) ჰომეროსის άνδράποδον, ისევე როგორც კლასიკური ხანისა, საომარ ნადავლს აღნიშნავს, ქონების ნაწილს. ამ კატეგორიის ხალხის სრულიად უუფლებო მდგომარეობა ეჭვს არ იწვევს. ბ) ჰომეროსთან δμώς, άμφίπολος, οίκεύς, კლასიკური οίκέτης, θεράπων-ის მსგავსად, აღნიშნავენ, ძირითადად, არათავისუფალ, ზოგჯერაც, ალბათ, თავისუფალ მსახურებსა და სახლის, ოჯახის წევრებს, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მათგან ყველაზე ხშირად გვხვდება δμώς. ეს ტერმინი ჰომეროსთან და ჰესიოდესთან „არათავისუფალთა“ თუ „ნახევრადთავისუფალთა“ ძირითად მახასიათებლად გვევლინება. άμφίπολος მათგან გამორჩეული, პრივილეგირებული, მაგრამ მაინც გარკვეულწილად თავისუფლებაშეზღუდული მსახურია.

ამ სემანტიკური ველის ტერმინების შეცვლა ჰომეროსის ეპოქიდან კლასიკურ ხანამდე ერთგვარი ფსიქოლოგიური მექანიზმითაც შეიძლება აიხსნას: ყოველდღიურ ცხოვრებაში „მონების“ აღსანიშნავად გამოიყენებოდა ნეიტრალური ტერმინები, რომლებიც ზოგადად სახლისადმი კუთვნილებას გამოხატავდნენ და არ მოიცავდნენ აუცილებლად არათავისუფლების გაგებას. მას მერე, რაც ასეთი სიტყვის მნიშვნელობა დავიწროვდებოდა და ის უკვე „მონის“ სინონიმი ხდებოდა, მას ენაცვლებოდა სემანტიკურად მსგავსი სხვა ნეიტრალური ტერმინი, რაც სახლში მყოფი მონის ან ყმის პიროვნული ღირსების გრძნობისათვის ანგარიშის გაწევის შედეგი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ცხადია, რომ საუკუნეთა მანძილზე არსებითი ცვლილებები მოხდა მონობის, არათავისუფლების ინსტიტუტის განვითარებაში, რაც ტერმინოლოგიაშიც აისახა.

პოლისების უმრავლესობაში თავის მიწაზე თითოეული ოჯახი დამოუკიდებლად ეწეოდა მეურნეობას, საკუთარ მოსავალსა და საკუთარ ნახელავს სჯერდებოდა. კარჩაკეტილი, მარტივი მეურნეობა მწირ მიწაზე არ ქმნიდა პირობებს სხვისი შრომის ფართო ექსპლოატაციისათვის. ჰესიოდე გვამცნობს, რომ ბეოტიელ გლეხს შეიძლებოდა ორიოდ ყმა (δμώς) ჰყოლოდა დამხმარედ. საკვებ რაციონებზე მსჯელობისას (სამუშაონი და დღენი, 550-1) საქონელი და ყმები ერთად მოიხსენიებიან, რამაც მონისადმი უფრო გვიანდელი დამოკიდებულება შეიძლება მოგვაგონოს. ამ შთაბეჭდილებას ეხმიანება ნაყიდი ადამიანების გამოჩენა ეპოსში: ჰომეროსთან - ევმეოსი და ევრიკლეა, ჰესიოდესთან - გლეხის ნაკვეთში მომუშავე მხევალი (სამუშაონი და დღენი, 405-7). მართალია, მონებით ვაჭრობა უკვე დასტურდება ძვ.წ. VIII ს-ში, მაგრამ ის არ იყო ამ ეპოქისათვის დამახასიათებელი. თვით ბერძენი ავტორების აზრით, ეს მოვლენა ძვ.წ. VII ს-ში იღებს სათავეს, ხოლო „მონობის“ (δουλεία) ძველი ფორმა დორიელთა მიერ დაპყრობილი ტერიტორიების ადგილობრივი მოსახლეობის დაყმევება იყო. მიწა გამარჯვებულთა საკუთრებად გამოცხადდა, მაგრამ დასამუშავებლად ყოფილ პატრონებს გადაუნაწილდა. სხვადასხვა რეგიონებში დამორჩილებული მოსახლეობის ბედი საგრძნობლად განსხვავებული იყო. თესალიელი პენესტებისა (πενέσται) და კრეტელი კლაროტების (κλαρώτι) უღელი არ უნდა ყოფილიყო განსაკუთრებით მძიმე. მათი პირადი ქონება და გარკვეული ადამიანური უფლებები კანონითაც იყო დაცული. ამის საპირისპიროდ, პრინციპულად იმავე ტიპის არათავისუფალთა, სპარტელი ჰელოტების (είλώται) ბედი ბერძნებს „მონობის“ ყველაზე მძიმე ფორმად ესახებოდათ. სპარტისადმი კეთილად განწყობილი ბერძენი ავტორებიც კი ვერ მალავენ, რომ ლაკონიისა და მესენიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის (ჰელოტები რიცხვით სპარტელებს ათჯერ მაინც აღემატებოდნენ) მორჩილების შესანარჩუნებლად სპარტა პერმანენტულ რეპრესიებს მიმართავდა. საოცარია, მაგრამ ჰელოტების ერთ ნაწილს ნატურალური გადასახადის გარდა, დამხმარე სამხედრო სამსახურიც ეკისრებოდა. როგორც წესი, ომში მიმავალ სპარტელს მოსამსახურედ რამდენიმე ჰელოტი მიჰყვებოდა. განსაკუთრებული გასაჭირის ჟამს ჰელოტებს ბრძოლაშიც რთავდნენ, რისთვისაც მათ თავისუფლება ეძლეოდათ. ამდენად, მიუხედავად ცხოვრების უმძიმესი პირობებისა, ჰელოტებს, რომლებსაც სახლი, მიწა და გარკვეული სამხედრო ვალდებულებები ჰქონდათ, ვერ ჩავთვლით „მონებად“. დორიელთა მიერ დამორჩილებული მოსახლეობის რეალური სტატუსი საკმაოდ ზუსტად განსაზღვრა ჯერ კიდევ ახ.წ. II ს-ში პოლუქსმა: „თავისუფალთა და მონათა შორის“ - μεταξύ έλευθέρων καί δούλων.

განსხვავებული გზით წარიმართა „არათავისუფლების“ ინსტიტუტის განვითარება ათენში. თავდაპირველად, თემის თავკაცები, თუნდაც ბასილევსები სამეურნეო თვალსაზრისით დიდად არ გამოირჩეოდნენ სხვათაგან და რეალურად შეძლებული და პატივცემული გლეხები იყვნენ. მათ ოიკოსურ მეურნეობებში, სახლის თავისუფალ წევრებთან ერთად, სავარაუდოა, მუშაობდნენ ომში მოპოვებული ან ფინიკიელ მეკობრეთაგან შეძენილი ტყვეებიც, მაგრამ მცირე რაოდენობით. ძვ. წ. VIII-VII სს-ში, სამეურნეო აღმავლობისა და სოციალური დიფერენციაციის გაღრმავების პირობებში შესაძლებელი გახდა არათავისუფალი შრომის შედარებით ფართოდ გამოყენება. დრაკონის კანონებში (ძვ. წ. 624 წ.) შეიძლება უკვე დავინახოთ მინიშნება ათენში მონების არსებობაზე. ამ დროისათვის ბერძნები ჩაებნენ მონებით ვაჭრობაში. მაგრამ არათავისუფალი სამუშაო ძალის ძირითადი წყარო სავალო კაბალა იყო. წვრილ გლეხურ მეურნეობებს გაუჭირდათ ახალ ეკონომიკურ სიტუაციასთან შეგუება. გლეხების ნაწილი ევპატრიდებისაგან ვალებს იღებდა. გადაუხდელობისათვის ისინი მიწას კარგავდნენ და საკუთარ ნაკვეთებზე მევალის მოიჯარადეებად (έκτηόροι) მუშაობდნენ. მათი პირადი თავისუფლებაც საფრთხეში იყო. მრავალი მათგანი უცხოეთში გაიყიდა მონად. სავალო კაბალაში ჩავარდნილი გლეხების, ჰეკტემორების მდგომარეობას სოლონი აღნიშნავს ტერმინით δουλούνη, თუმცა „მონებად“ მათი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი თუ იქცა. ძვ.წ. 594 წ-ს სოლონმა გააუქმა ვალები (სეისახთეია) და ათენელთა შელახული უფლებები აღადგინა. აიკრძალა ვალების გამო თავისუფალი ადამიანის მონად გაყიდვა. შეიცვალა მეურნეობის ორიენტაცია სასაქონლო წარმოების სასარგებლოდ, რასაც საერთაშორისო ვაჭრობაში ათენელთა ოდნავ დაგვიანებული, მაგრამ აქტიური ჩართვა მოჰყვა. სოლონის რეფორმებმა, ერთის მხრივ, უზრუნველყო მოქალაქეთა პირადი თავისუფლების ხელშეუხებლობა და, მეორეს მხრივ, გზა გაუხსნა ნაყიდი უცხოელი მონის შრომის ფართო გამოყენებას. სოლონის დროისათვის „თავისუფალი-არათავისუფალი“ დაპირისპირება არა მარტო არსებობს, არამედ გააზრებულიც არის და ტერმინოლოგიურად გაფორმებულიც. სწორედ აქედან მოყოლებული შეიძლება ათენში „მონობის“ მზარდ მნიშვნელობაზე საუბარი. სავარაუდოა, რომ ძვ.წ. VI ს-ში ნაყიდი მონების რიცხვი სწრაფად მატულობდა. პისისტრატოსის მემკვიდრეთა ტირანიის დამხობისას გაწეული თანადგომისათვის კლისთენესმა, არისტოტელეს ცნობით (პოლიტიკა, 1275ბ 34ფფ.), მეტეკებსა და განთავისუფლებულ მონებს მოქალაქეობა მისცა. ბრძოლის წინ განთავისუფლებული მონები ეხმარებოდნენ ათენელებს მარათონის ველზეც (პავსანიასი, I 32, VII 15). „მონის განთავისუფლების“ აქტი უტყუარი საბუთია იმისა, რომ „არათავისუფლება“ იურიდიულ სტატუსს წარმოადგენდა. „განთავისუფლებას“ პირველად ძვ.წ. VI ს-ის მიწურულს ვხვდებით, რაც „არათავისუფლებასთან“ დაკავშირებული იურიდიული ნორმების გაჩენის თარიღზე უნდა მიგვითითებდეს.

ასეთი კანონის ტექსტს ჩვენამდე არ მოუღწევია. მრავალფეროვანი მასალიდან ჩანს, რომ ათენში „არათავისუფალი“ სამართლის ობიექტი იყო, მაგრამ გაურკვეველია, ჰქონდა თუ არა მას ადამიანურ უფლებათა მინიმუმი. არისტოტელეს მსჯელობა „ბუნებით მონაზე“ და „ცოცხალ ხელსაწყოზე“ თითქოს მონის ადამიანად აღქმის საწინააღმდეგო არგუმენტს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ ვხვდებით საპირისპირო ხასიათის ცნობებსაც:

ა) გაურკვეველია, ისჯებოდა თუ არა პატრონი მონის მკვლელობისათვის, მაგრამ საკრალურ განწმენდას კი საჭიროებდა. სხვისი მონის მკვლელი ისჯებოდა;

ბ) პატრონის სისასტიკის საწინააღმდეგოდ მონას შეეძლო „თავშესაფრის უფლება“ გამოეყენებინა;

გ) ჰიპოკრატეს ფიცი ავალდებულებს ექიმს თანაბრად უმკურნალოს თავისუფალსაც და მონასაც;

დ) პატრონი ვალდებული იყო დაემარხა მკვდარი მონა;

ე) მონები თავისუფლებთან ერთად მონაწილეობდნენ საოჯახო კულტმსახურებაში და მისტერიებში.

„კლასიკური მონობის“ ინსტიტუტი თავისი განვითარების მწვერვალს ძვ. წ. V-IV სს-ში აღწევს. იგი მნიშვნელოვანი ფაქტორია ათენის (და ზოგიერთი სხვა დემოკრატიული პოლისის) საზოგადოებრივ ცხოვრებაში. δοΰλοι, ალბათ, პოლისის მთელი მოსახლეობის 20-25%-ს შეადგენდნენ. მათგან არცთუ უმნიშვნელო ნაწილი მდიდარ მოქალაქეთა შინამოსამსახურეები (οίκέτης) იყვნენ, რაც მხოლოდ ტვირთად აწვა ქვეყნის ეკონომიკას. მეურნეობის დარგებიდან მხოლოდ სამთამადნო იყო ძირითადად მონურ შრომაზე დამყარებული. ლავრიონის ვერცხლის საბადოებში ათასობით კერძო თუ სახელმწიფო მონა მუშაობდა უმძიმეს პირობებში. კერძო სახელოსნოებში თუ საჯარო მშენებლობებზე თავისუფალთა და მონათა შრომა თანაბრად გამოიყენებოდა, ხოლო ეკონომიკის წამყვან დარგში - სოფლის მეურნეობაში - უმთავრესად თავისუფალი გლეხი იყო დასაქმებული. მონების მდგომარეობა არ იყო ერთნაირი. შინამოსამსახურეები, სპეციალისტები და სამუშაო რაზმების ზედამხედველები პრივილეგირებულ კატეგორიას განეკუთვნებოდნენ, მემაღაროები კი ყველაზე დაჩაგრულს.

სახელმწიფო „მონები“ (δημοσίοι δοΰλοι) წარმოადგენდნენ წვრილ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც მოქალაქეთა რიცხვიდან არჩეული პირის ხელმძღვანელობით სხვადასხვა საზოგადოებრივი სამსახური ეკისრებოდათ. მათ რიცხვს ეკუთვნოდნენ სკვით „მონათა“ რაზმები - ათენის პოლიცია. Δημοσίοι δοΰλοι, რომლებიც საკუთარ სახლებში ცხოვრობდნენ და სახელმწიფო სამსახურისათვის ხელფასს იღებდნენ, მხოლოდ პირობით თუ ჩაითვლებიან მონებად. ასევე ჭირს უწოდო „მონა“ იმ მეწარმესა თუ ბანკირს, ვინც პატრონის ნებართვით დამოუკიდებლად წარმართავდა საქმეს და საკმაოდ დიდ ქონებას იძენდა.

კლასიკურ ათენში ტერმინი δοΰλος აღნიშნავდა არათავისუფალთა საკმაოდ ფართო სპექტრს, რომლის ერთ სოციალურ კლასად აღქმა არ უნდა იყოს გამართლებული. ტერმინი კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენებოდა როგორც მეტაფორულად, ასევე იმ შემთხვევებშიც, როდესაც ათენელი სხვა ტიპის საზოგადოების დამოკიდებულ ფენებს აღწერდა, იქნებოდა ეს სპარტის ჰელოტები, თუ ახლოაღმოსავლურ სახელმწიფოთა მთელი მოსახლეობა. ეს ფაქტი ამგვარად იხსნება: δοΰλος არის წოდებრივი, სამართლებრივი მახასიათებელი არათავისუფალი ფენებისა და მხოლოდ ზოგიერთ პოლისში ხდება ის „მონის“ თითქმის იდენტური, სხვა ტიპის არათავისუფალთა ამ პოლისებში არარსებობის (ან მცირერიცხოვნების) გამო.

როგორც ანტიკური მონობის განვითარებაში, ასევე ტერმინ δοΰλος-ის მნიშვნელობის ტრანსფორმაციებში ელინისტური ხანიდან, გარკვეული თვალსაზრისით, უკუპროცესი იწყება, რომელიც თავის კულმინაციას გვიანანტიკურობაში აღწევს. მართალია, „მონის“ იურიდიული სტატუსი და დაპირისპირება „თავისუფალი-არათავისუფალი“ იუსტინიანუსის დროსაც კი არსებობს, მაგრამ უფრო როგორც კლასიკური მემკვიდრეობა სამართლის თეორიაში. ფორმალურად ანტიკურ საზოგადოებაში „მონობა“ არ გაუქმებულა, სინამდვილეში კი საზღვარი თავისუფალ ქვედაფენებსა და არათავისუფალთა შორის თითქმის წაიშალა, ნაწილობრივ ამ უკანასკნელთა მდგომარეობის გაუმჯობესების გამო. ამის ძირითად მიზეზებად შეიძლება შემდეგი დასახელდეს:

1) ძლიერი წოდებრივი დიფერენციაცია ჯერ ელინისტურ სამეფოებში, ხოლო შემდეგ რომის იმპერიაში, განსაკუთრებით ტეტრარქიის დროიდან. ეს საზოგადოება პრინციპულად მიკენურს უფრო ჰგავს, ვიდრე კლასიკური ათენისას.

2) განვითარების ტენდენციებისა და ტემპის გათანაბრება იმპერიის სხვადასხვა პროვინციებში, რაც სპობს „კლასიკური მონათმფლობელობისათვის“ ხელსაყრელ პირობებს.

3) მნიშვნელოვანი იდეოლოგიური ცვლილებები, პირველ ყოვლისა, ქრისტიანობის გავრცელება. მართალია, „მონობის“ ოფიციალურად გაუქმება არც ქრისტიანობას მოუთხოვია, მაგრამ მონის ადამიანად აღქმა და მისდამი ლმობიერი დამოკიდებულება გარკვეულწილად ქრისტეს მოძღვრების გავრცელების შედეგიც იყო.

„მონობა“ თანამედროვე სოციოლოგიის გაგებით გვიანანტიკურობისათვის არ იყო დამახასიათებელი. მონების შრომა შეცვალა ნაწილობრივ სხვა დამოკიდებულთა, არათავისუფალთა, ნაწილობრივ „ნახევრადთავისუფალთა“ შრომამ. „მონათა“ სამართლებრივი მდგომარეობაც გამყარდა ზოგიერთი კანონის მიღებით. დამოკიდებულთა ახლადგაჩენილი ფენების აღსანიშნავად ახალი ტერმინებიც შეიქმნა, მაგრამ ძველებიც გამოიყენებოდა. მათი მნიშვნელობები ნაწილობრივ აირია, ნაწილობრივ დასცილდა კლასიკურ მნიშვნელობებს. ამის საუკეთესო და კარგად ცნობილი ილუსტრაციაა δοΰλος-ის ლათინური შესატყვისის - servus-ის გამოყენება თანამედროვე ევროპულ ენებში. როგორც ცნობილია, იგი მსახურს აღნიშნავს, ხოლო მონისათვის ახალი ტერმინი გაჩნდა, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ გვიანანტიკური „მონა“ რომის იმპერიაში შეჭრილი ბარბაროსების მიერ ვერ აღიქმებოდა მონად. მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავია განსახილველი ტერმინის გამოყენება თანამედროვე ბერძნულ ენაში: აქ ერთი მნიშვნელობა კლასიკური ხანის თანამედროვე გაგებას ასახავს (δούλος, δουλεία - მონა, მონობა), მეორე კი მიკენურ პერიოდს ეხმიანება (δουλειά - სამსახური).

მონები (servi) - რომაელი მონების ზოგადი სახელი; მსახურებს ეწოდებოდათ famuli (აქედან familia - ის, ვინც ცნობილ ოჯახს ეკუთვნის), შინაურობაში - pueri, როგორც ცოცხალი ქონება - mancipium.

მონებად ხდებოდნენ: 1) მონა ქალისაგან გაჩენილები; 2) თავისუფლებადაკარგულები: ა) ომში ტყვედ ჩავარდნილები, რომლებიც იყიდებოდნენ თავზე გვირგვინით (sub hasta an sub corona); ბ) იმის გაყიდვისაგან, ვინც ცენზს ან სამხედრო სამსახურს თავი აარიდა (incensus); გ) მევალის გაყიდვისაგან (manus iniectio); დ) სიკვდილმისჯილი, რადგან ყველა სიკვდილმისჯილი თავისუფალი მოქალაქე მონად ხდებოდა. მონობისაგან თავისუფლდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით (მაგალითად დანაშაულის შეტყობინებისათვის);

ბატონს, რომელსაც დაბადებიდან ეკუთვნოდა მონა ან ყიდულობდა მონების გამყიდველებიდან - mangones, შეეძლო ის გაეყიდა, დაესახიჩრებინა, მოეკლა, ვიდრე პეტრონიუსის კანონმა (lex Petronia - ძვ. წ. 187 წ. - უკრძალავდა პატრონებს მონები აეძულებინათ ებრძოლათ მხეცებთან ამფითეატრში) და ანტონიუს პიუსის რამდენიმე კანონდებულებამ არ შეზღუდეს მონათმფლებელების თავგასულობა (მონის მოკვლისთვის პატრონი ისჯებოდა).

მონის მონაგარი ბატონს ეკუთვნოდა, გარდა პეკულიისა; მონის დანაშაულს ჯერ ბატონი განსჯიდა (დასჯად ითვლებოდა მისი გაგზავნა სოფლად სამუშაო სახლში - ergastulum, წისქვილში მუშაობა - pistrinum, გაროზგვა ან გაშოლტვა, დადაღვა, ჯვარზე გაკვრა ან სასტიკი წამება); მოგვიანებით მონის უფრო მნიშვნელოვან დანაშაულს სახელწიფო განსჯიდა.

შესაბამისად მონების მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ მოგვიანებით გაიოლდა - ცენზორი სჯიდა მას, ვინც მონებს ცუდად ეპყრობოდა.

მონები ხშირად სახელს დაბადების ადგილის მიხედვით (სირუსი, ფრიქსუსი) იღებდნენ; მათ ან ძველი გმირების (აქილევსი, პრიამოსი, და ა.შ.), ან მცენარეებისა ან ქვების სახელებსაც უწოდებდნენ (სარდონიქსი..). ადრე მონებს პატრონის სახელებს ეძახდნენ.

მონების უმეტესობა გალები, ესპანელები, ბერძნები, ეთიოპელები იყვნენ.

უძველეს დროში მონები ბატონებთან ერთად სადილობდნენ, მოგვიანებით ისინი ყოველთვიურად ან ყოველდღიურად პურის, ლეღვის, ზეთისხილის, ღვინისა და ძმრის გარკვეულ რაოდენობას იღებდნენ (demensum). მათი ტანსაცმელი არაფრით განსხვავდებოდა ღარიბი მოქალაქეების ტანსაცმლისაგან და შედგებოდა მუქი ფერის უხეში ტუნიკისაგან.

ძველებური დამოკიდებულება (ურთიერთობა, სიყვარული) და ერთგულება, რაც მონებს ბევრ ოჯახში მათ ბატონებთან აკავშირებდათ, ზნის წახდენასთან ერთად სულ უფრო იშვიათად გვხვდებოდა; მონები ხშირად ბატონების წინააღმდეგ აჯანყებებსა და ამბოხებებს აწყობდნენ.

თუ მონა თავის ბატონს მოკლავდა, ძველი ადათით, (ან კონსულის გადაწყვეტილებით), ყველა მონა, რომელიც მოკვლისას იქ იმყოფებოდა, სიკვდილით ისჯებოდა.

მონების სხვადასხვა კლასები: უძველეს დროში მონათა რიცხვი დიდი არ იყო, მოგვიანებით ცნობილ საგვარეულოებს უამრავი მონა ჰყავდა, მათ ათეულებად (დეკურიებად) ჰყოფდნენ და აუცილებელი იყო ისეთი მონა, რომელსაც ჰქონდა კარგი მეხსიერება და ბატონს ყველას სახელს უსახელებდა (ნომენკლატორი).

იმისდა მიხედვით, თუ სად მუშაობდნენ მონები - ქალაქად თუ სოფლად მამულებში (latifundium), ისინი იყოფოდნენ ქალაქის (urbani) დ სოფლის (rustici) მონებად, მდგომარეობისა და საქმიანობის მიხედვით 3 კლასად:

1) Ordinarii იყვნენ ბატონის ნდობით გამორჩეულნი, რომლებსაც მეთვალყურეობა უნდა გაეწიათ საოჯახო მეურნეობის, ხაზინისა და ა.შ.

მათ ჰყავდათ საკუთარი მონები - დამხმარეები, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ (vicarius), ორდინარიებს შორის ყველაზე მაღლა იდგა procurator (ქონების, მეურნეობის მმართველი), მას მოსდევდა actor (იგივე, რაც villicus, ზედამხედველი ან ვილის მმართველი), dispensator (ხაზინადარი), artiensis, რომელიც ძველად ქონების მმართველის (procurator) და ხაზინადრის (dispensator) თანამდებობაზე იყო;

მათ რიცხვს ეკუთვნოდა cellarius ანუ სანოვაგის მმართველი, negotiatores, რომლებიც პროვინციებში ბატონის სავაჭრო საქმეებს წარმართვდნენ, insularii, გაქირავებული სახლებიდან (insula) ფულის ამკრებნი და ბოლოს სამეცნიერო და მხატვრული განათლების მქონე მონები, რომელიც ზრუნავდნენ სახლების აშენებასა და მორთვაზე (fabri - ხელოსნები, tectores - მღებავები, pictores - ფერმწერები, caelatores - მთეგავები, statuarii - მოქანდაკეები, topiarii - მებაღეები, viridarii - მეტყევეები, sculptores - მოქანდაკეები და ა.შ.), ისინი, ვინც ბიბლიოთეკას და თავისი ბატონის კორესპოდენციას აწესრიგებდნენ (literati - სწავლულები, anagnostae - წამკითხველები, amanuenses - მდივნები, librarii - გადამწერები და ა.შ.), ბავშვების აღმზრდელები (paedagogi - პედაგოგებები) და ოჯახის ექიმები (medici).

მონები, რომლებიც გასართობად ჰყავდათ, ზემოდასახელებულებზე უფრო დაბლა იდგნენ, მაგ. მუსიკოსები (symphoniaci), გლადიატორები (gladiatores), მიმები (mimi), მსახიობები (actores), ეკვილიბრისტები (petauristae), მუშაითები (funambuli), მახინჯი მასხარები (moriones) და ჯუჯები (nani).

2) Vulgares ასრულებდნენ შავ სამუშაოს როგორც შინ, ისე გარეთ, მაგ. ყარაულები (ianitor) ან კარისკაცები (ostiarius), მესაწოლეები (cubicularii), რომლებიც სტუმრების მოსვლას აუწყებდნენ, მრავალრიცხოვანი მონები, რომლებიც მიჰყვებოდნენ ბატონს გარეთ (pedisequi) - გზის გამკვლევები (anteambulones), მზიდავები (lecticarii), მსწრაფმავლები (cursores) და ა.შ.; შინ მუშაობდნენ სუფრაზე მზრუნველები - ხაბაზები (pistores), მზარეულები (coqui), მეფრინველეები (fartores), სუფრის გამწყობები (structores), საჭმლის გამნაწილებლები (scissores), მერიქიფეები (pocillatores) და ისინი, ვისაც ევალებოდა გარდერობი, ბატონის მორთვა და მასზე ზრუნვა - ფეიქრები (textores), მკერავები (vestifici), მრთველები (lanificae), მეჭურჭლეები (custodes auri), პირისფარეშები (ornatrices), დალაქები (tonsores), თმის დახვევის ოსტატები (ciniflones ან cineraria), მენელსეცხებლეები (unctores), პარფიუმერები (unguentarii), მექისეები (balneatores);

3) შავი სამუშაოს შემსრულებელი მონები (mediastini), როგორც ჩანს, უმდაბლესი ფენა (vulgares) იყო; ისინი ფქვავდნენ, ასუფთავებდნენ და ამდაგვარ სამუშაოებს ასრულებდნენ; ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე მესაფლავეები (pollinctores და libitinarii) და მექისეები (balneatores) საზოგადოებრივ აბანოებში. სახელმწიფო მონები (servi publici) - მონები, რომლებიც რომის სახელმწიფოს ან საზოგადოებას (კოლონიებს, მუნიციპალურ ქალაქს) ეკუთვნოდა და რომლებიც თემმა იყიდა. ასევე ის სამხედრო ტყვეები, რომლებსაც სახელმწიფო არ ყიდდა, მაგრამ იტოვებდა საზოგადოებრივი სამსახურისთვის, ხდებოდნენ servi publici. სახელმწიფო მონების მდგომარეობა კერძო პირების მონების მდგომარეობასთან შედარებით, ბევრად უკეთესი იყო, რადგანაც მათ ყოველთვის შეეძლოთ შეეძინათ პეკულია. საკვებსა და საცხოვრებელს ისინი, ბუნებრივია, თემისგან იღებდნენ. მათი მოვალეობები მრავალფეროვანი იყო: ა) ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირებს ეხმარებოდა (accensi da apparitores) ან ცვლიდა კიდეც მათ; ბ) ზოგიერთი ტაძარში მსახურობდა და მსხვერპლშემწირველებს ეხმარებოდა; გ) ზოგიერთი სახელმწიფოსთვის სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა. მაგ. ხაზინაში (servus aerarius) ან სხვა დაწესებულებებში, მაგ. წყალსადენების ზედამხედველი (aquaria);

იმ მონების მდგომარეობა, რომლებიც მაღაროებში, ქვის სამტეხლოებში და მსგავს ადგილებში მსახურობდნენ, ყველაზე მძიმე იყო. ხშირად სახელმწიფო მონები (servi publici) შრომის საზღაურად თავისუფლებას იღებდნენ.

მორვარ/მორავ, სვანეთი - მსაჯულ-მედიატორები. მორვები არ იყვნენ არჩეულნი არც მუდმივად და არც კონკრეტული ვადით. მორვად ყოფნა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, მათ ირჩევდნენ როგორც მომჩივანნი, ასევე მოპასუხენი. მორვები კარგად უნდა ყოფილიყვნენ ჩახედულნი არსებული საქმის ვითარებაში. ერთი პირობა კი აუცილებლად უნდა დაეცვათ: მომჩივან-მოპასუხეს ან ორივეს თავიანთი ნათესავები უნდა აერჩია, ან ორივეს - გარეშე პირი, რათა გადაწყვეტილება სამართლიანი ყოფილიყო. მორვები ძალიან დიდი პატივითა და ნდობით სარგებლობდნენ. მორვებიც ცდილობდნენ, სამართალი არ დაერღვიათ და ფიცი არ გაეტეხათ. ეს ძალიან წმინდა და რთული აღსასრულებელი იყო, ამიტომ ხშირად, თავიდან იცილებდნენ ამ მოვალეობას სხვადასხვა ხერხით. თუმცა სვანებს გარკვეული მეთოდიც ჰქონდათ შემუშავებული მორვობის დასათანხმებლად. მძებნელი მოიპოვებდა რაიმე საეკლესიო ნივთს, თუნდაც კლიტეს, შედიოდა სამორავე კაცის სახლში და ყველანაირად ცდილობდა მორავე ხელით შეხებოდა ამ ნივთს, რის შემდეგაც უარის თქმა ყოვლად შეუძლებელი იყო. ამით იგი, სვანის აზრით, ღვთის რისხვას გამოიწვევდა.

მორვების რიცხვი არანაკლებ ორისა და არაუმეტეს თორმეტისა უნდა ყოფილიყო (ძალიან იშვიათად, მხოლოდ დიდი და რთული საქმის შემთხვევაში აღემატებოდა თორმეტს), მთავარია, მორვები წყვილ-წყვილად ყოფილიყვნენ. ძირითადი რიცხვი მაინც ექვსი იყო: სამი მომჩივანისა და სამი მოპასუხის მხრიდან. თუმცა იყო შემთხვევები, როცა ორივე მხარე დამატებით კიდევ ერთ რომელიმე კაცს ირჩევდა. პირველად მორვებს მომჩივანი უნდა გამასპინძლებოდა საკმაოდ უხვად. მხოლოდ მესამე სასმისის შევსების შემდეგ მოახსენებდა მასპინძელი „სარჩელს“ მორვებს. მასპინძელი კათხით ხელში, ქუდმოხდილი ჯერ მოუწოდებდა ღმერთს, როგორც ყველაზე ჭეშმარიტ მსაჯულს, შემდეგ კი მორვებს სთხოვდა, სინდისით, სწორად გადაეჭრათ საკითხი. განსაკუთრებით ყურადღებით უსმენდა ორი მორავი, რომელთაც სიტყვა-სიტყვით უნდა გადაეცათ საჩივარი მოპასუხისთვის. მორვები აიმედებდნენ მომჩივანს და ამის შემდეგ ცლიდნენ კათხებს, რომლებიც აქამდე ხელში ეჭირათ. მეორე დღეს მორვები მოპასუხესთან მიდიოდნენ, სადაც ასევე უხვად უმასპინძლდებოდნენ. აქაც ორჯერ არყით სავსე კათხას ჩამოურიგებდნენ და მხოლოდ მესამეს შევსების შემდეგ გადასცემდა ორი მორავი საჩივარს. დანარჩენი მორავები მხოლოდ იმ შემთხვევაში ერეოდნენ, თუ იმ ორს რაიმე დაავიწყდებოდა. მათი მოვალეობა იყო, ისე რბილად და დიპლომატიურად გადაეცათ საჩივარი მოპასუხე-მომჩივნისთვის, რომ ორივე ერთმანეთის წინაშე მთხოვნელად, მომნანიებლადა და სიმართლის მეძიებლად წარედგინათ. საჩივრის მოსმენის შემდეგ მოპასუხე იმავე წესით, როგორც მომჩივანი, პასუხს მოახსენებდა მორვებს. აქაც პასუხის დამახსოვრება განსაკუთრებით ორი მორავის მოვალეობა იყო.

შემდეგ დღეს მორვები კვლავ მომჩივანთან მიდიოდნენ პასუხის გადასაცემად. თუკი იგი რამეს დაამატებდა, კვლავ მოპასუხეს გადაეცემოდა და ასე ხდებოდა ორი-სამი დღის განმავლობაში. მოსმენა-გადაცემის დამთავრების შემდეგ თუ საჭირო შეიქმნებოდა, დაკითხავდნენ მოწმეებს ფიცის ქვეშ, თუმცა სვანებს სამოწმოდ საქმე ძალიან იშვიათად ჰქონდათ. როდესაც მსაჯულ-მედიატორები მოწმეების დაკითხვას დაამთავრებდნენ, ყველაფერს შეაჯამებდნენ და იწყებდნენ განჩინების დადგენას (იხ. სასამართლო წარმოება).

მორიგება, სვანეთი - დამნაშავეს ყოველგვარი დანაშაული იმავე საწყაულით მიეზღვება. მოკლულის ჭირისუფლებს უფლება ჰქონდათ მოეკლათ მკვლელი, მისი ოჯახისა და თემის წევრი, მაგრამ მის ცოლსა და მცირეწლოვან ვაჟიშვილებს ხელს ვერ ახლებდნენ. მკვლელს შეეძლო მტრისთვის შერიგება და სისხლის (წორ) მიღება მოეთხოვა. ნივთიერად სისხლის ამღებს სვანები „უჭმელის მჭამელს“ უწოდებდნენ და სამარცხვინო საქმედ მიაჩნდათ. უნებურად მოკვლა განზრახ მკვლელობას უდრიდა და ჩვეულებრივ მოითხოვდა სამაგიეროს გადახდას, მოკვლას ან სისხლს. მკვლელი, მისი ოჯახისა და თემის წევრები ვალდებულნი იყვნენ, მორიგებამდე მორიდებოდნენ მტერს. თუ ორ თემს შორის ჩხუბის შედეგად ორივესგან თითო-თითო კაცი მოკვდებოდა, თემები ერთგულების ფიცით ურიგდებოდნენ ერთმანეთს. ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, ყოველ ოჯახს შეეძლო შეეფარა მკვლელი და სხვა დამნაშავე, თუ იგი მტრის წამოწევამდე შეასწრებდა მასთან სახლში. შეფარებისა და შეხვეწნის ნიშნად მტრისგან დევნილი დამნაშავე ოჯახის კერას ან ნაჭას ჰკიდებდა ხელს. დამნაშავეს ასევე იხსნიდა, თუ იგი ეკლესიიასა და მის გალავანში მოასწრებდა შესვლას. სვანეთში არსებობდა, ასევე, მორიგების სხვადასხვა ფორმა, მაგალითად, დაჩაგრულის შეძღოლა ლუფხულებით ან ულუფხულოდ.

ლუფხვილი იყო თითით ამორჩეული მოფიცარი, რომელსაც მხოლოდ დაჩაგრულის მხარე ირჩევდა. მათი რიცხვი ერთიდან ოცამდე ადიოდა, თუმცა დიდი რაოდენობით მხოლოდ დიდი და მძიმე საქმის დროს ირჩევდნენ. ლუფხულები თანასწორობის ფიცს აძლევდნენ მხოლოდ დაჩაგრულს და ეუბნებოდნენ, რომ იმ გადასახადს სთავაზობდნენ, რომელზეც თავადაც იქნებოდნენ კმაყოფილნი. დამჩაგვრელთან კი არანაირ ფიცს არ დებდნენ. ამიტომ შეეძლოთ საჭიროზე მეტი გადასახადიც დაეკისრებინათ დამჩაგვრელისთვის, თუმცა, როგორც წესი, უსამართლო გადაწყვეტილებისგან თითქმის ყოველთვის იკავებდნენ თავს. ლუფხულებით მორიგების დროს ორივე მხარის თანხმობა იყო საჭირო. დამჩაგვრელი მხოლოდ მაშინ მოითხოვდა ლუფხულებით მორიგებას, როცა უმიზეზოდ მიაყენებდა შეურაცხყოფას დაჩაგრულს და გასამართლებელი საბუთი არ ჰქონდა. ლუფხულებს დაჩაგრული ასახელებდა, ხოლო შოვნა კი მათი საქმე იყო. ლუფხულების შოვნა კი ძალიან რთული იყო. დამნაშავეს ლუფხულისთვის უნდა გადაეხადა თითო „აცსიში“, რომელიც ექვსი მანეთის ტოლია, ან უნდა მიეცა რაიმე ნივთი ამავე ღირებულებისა. ლუფხულების გამოკვებისა თუ სხვა ხარჯიც მხოლოდ დამნაშავეს ეკისრებოდა. ლუფხულების მისვლისთანავე დამნაშავე საკუთარ სახლს უთმობდა მათ და ან მეორე სახლში გადაიხიზნებოდა ან დროებით მეზობელთან აფარებდა თავს. ოჯახიდან გახიზვნის შემდეგ იმართებოდა მოციქულობა დამნაშავესა და ლუფხულებს შორის მახვშისა და გარეშე პირების საშუალებით. ლუფხულები მოციქულების პირით შეუთვლიდნენ დამნაშავეს, აეწონა საკუთარი დანაშაული და დაესახელებინა დაჩაგრულისათვის მისაზღვევი ჯარიმის ოდენობა (ჯარიმა შეიძლება ყოფილიყო ტყე, ყანა, იარაღი და სხვა). თუ ჯარიმა ეცოტავებოდათ, კვლავ მოციქულების პირით შეუთვლიდნენ გადასახადის მომატების თაობაზე. ასე გრძელდებოდა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. საბოლოოდ, ყველანი ეკლესიის კარზე იკრიბებოდნენ ერთგულების ფიცის დასადებად. პირველად ლუფხულები აძლევდნენ დაჩაგრულს თანასწორობის ფიცს, შემდეგ კი მომჩივანი დებდა ერთგულების ფიცს დამნაშავის მიმართ. ბოლოს, მახვში გამოუცხადებდა დაჩაგრულს, თუ რამდენი ერგო დამნაშავისგან. მომჩივანი სახლში მიდიოდა, მახვში და ლუფხულები დამნაშავესთან, რათა მათგან გამასპინძლება მიეღოთ. მისჯილს დამნაშავე ან მაშინვე ჩააბარებდა ლუფხულებს, თუ ნივთი და საქონელი იყო, ან უმოკლეს ვადაში გადასცემდა მახვშის ხელით მომჩივანს.

ლუფხულების გარეშე მორიგება მცირე დანაშაულის დროს ხდებოდა. ბრალდებული მახვშის პირით სთხოვდა დაჩაგრულს, მის სახლში მიბრძანებულიყო თავისი სახლეულობით (მამაკაცებით) ან ნათესაობით. ეს მიპატიჟება იმის ნიშანი იყო, რომ დამნაშავე მისთვის დანაშაულის შესაფერისი საზღაურის მიცემას აპირებდა. ამ მოპატიჟებაზე დაჩაგრული იშვიათად თუ იტყოდა უარს. თუ დათანხმდებოდა მომჩივანი, იგი სახლეულობითა თუ ნათესაობით მიდიოდა დამნაშავესთან, მათ წინ საზოგადოების მახვში მიუძღოდათ. დამნაშავეს ხარჯი (სუფრა) მზად ჰქონდა. თუმცა ჭამას არავინ იწყებდა. ჯერ ჩამოარიგებდნენ თითო კათხა არაყს, რომელიც ხელში ეჭირათ. დამნაშავე სავსე ჭიქით მიდიოდა მახვშისა და დამნაშავის წინაშე და იჩოქებდა. დამნაშავე ჯერ სინანულს გამოთქვამდა და აღიარებდა დანაშაულს, შემდეგ ასახელებდა საზღაურს, რომლის გადახდასაც აპირებდა, ბოლოს კი შერიგებას სთხოვდა მომჩივანს. თუკი მომჩივანსა და მისიანებს საზღაური ეცოტავებოდათ, ისინი სუფრას პირს არ აკარებდნენ. ეს კი იმის ნიშანი იყო, რომ დამნაშავეს გადასახადი უნდა გაეზარდა. დამნაშავეც იძულებული იყო, დამორჩილებოდა ამ თხოვნას, რადგან მიპატიჟებულის მოურიგებლად გამოშვება მეორე დანაშაულის ტოლფასი იყო. თუკი მომჩივანი საზღაურზე დათანხმდებოდა, დაჩაგრული ბრალდებულს ადგომის ნებას რთავდა, გამოცლიდნენ ერთად კათხებს, კოცნიდნენ ერთმანეთს და სხდებოდნენ თავთავიანთ ადგილებზე. დანარჩენებიც იწყებდნენ სმა-ჭამას. ვახშმის მერე (ნახარჯევს) საჩუქარს ანუ საზღაურს მაშინვე ატანდნენ მომჩივანს, ხოლო უძრავი ქონების შემთხვევაში, როცა შეძლებდნენ (მაგალითად, ყანას, სათიბს გაზომვა სჭირდებოდა, და თუ ზამთარში იყო მორიგება, მაშინ გაზომვა არ შეიძლებოდა). მეორე დღეს მახვში ეკლესიის კარზე ერთგულების ფიცს მიაღებინებდა და ამით მთავრდებოდა მორიგება.

მოსაკარგავე - XI-XIII სს-ის საქართველოში უმთავრესად სამეფო კარის მოხელე, რომელსაც ეძლეოდა „საკარგავი“ - პირობით მფლობელობაში მიცემული მიწის ნაკვეთი, ან ზოგჯერ მის სანაცვლოდ ფული.

მოსამართლე (Iudex) - 1) აღნიშნავდა თანამდებობის პირი, რომელიც როგორც რომის რესპუბლიკის პირველ ხანებში (კონსულებიც კი მოსამართლეებად მოიხსენიებოდა), ისე იმპერიის პერიოდში; ამ პერიოდში განასხვავებდნენ iudices civiles (სამოქალაქო მოსამართლე) და militares (სამხედრო მოსამართლე). 2) პიროვნება, რომელსაც ევალებოდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიება და განაჩენის გამოტანა - მოსამართლე:

ა) Iudex, როგორც სისხლის სამართლის საქმეთა მოსამართლე. მუდმივი სასამართლოების (quaestiones perpetuae) გაჩენამდე არ არსებობდნენ ნამდვილი მოსამართლეები. სენატი ავალებდა სენატის დადგენილების საშუალებით ტრიბუნებს, წარედგინათ ხალხისათვის სასამართლო და აერჩიათ სასამართლოს თავმჯდომარე. ძვ. წ. 149 წ-ს, მას შემდეგ, რაც პირველი მუდმივი სასამართლო შეიქმნა lex Calpurnia repetundarum-ის მიხედვით, პრეტორ ურბანუსი (praetor urbanus) ყოველ წელს ადგენდა მოსამართლეთა კანდიდატების სიას (album iudicum) არა კენჭისყრით, არამედ საკუთარი სურვილის მიხედვით. გრაკქუსებამდე მოსამართლეები შეიძლება ყოფილიყვნენ მარტო სენატორები, შემდეგ იწყება აქტიური ბრძოლა ფენებს შორის მოსამართლის თანამდებობის მოსაპოვებლად. გაიუს გრაკქუსმა სენატორებს ჩამოართვა სასამართლოები და გადასცა იმ პირებს, რომლებიც ფლობდნენ 400000 სესტერცს (მხედრების ცენზი იმ დრომდე). წ. ძვ. წ. 106 წ-ს გამოსული კანონი (lex Servilia) შეეცადა სენატორებისათვის დაებრუნებინა მოსამართლეობის უფლება. იმავე წელს გამოსული სხვა კანონი, რომელიც სერვილიუს გლავკუსს ეკუთვნოდა, გადასცემს სასამართლოებს მხედრებს. მართალია ეს კანონი არ არის ცნობილი, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ნამდვილად არსებობდა, რამდენადაც მარკუს ლივიუს დრუზუსს ძვ. წ. 91 წ-ს აქვს რა სურვილი, სასამართლო ხელისუფლება სენატს დაუბრუნოს, 300 მხედარი შეჰყავს სენატში. ეს კანონი იმავე წელს გაუქმდა lex Plautia-ს მიხედვით. ძვ. წ. 89 წ-ს მოსამართლის არჩევის უფლება გადაეცა ხალხს. ხალხი თითოეული ტრიბიდან ირჩევდა 15 მოსამართლეს (სენატორები, მხედრები, პლებეები), მაგრამ ეს კანონი ძალიან მოკლე დროის განმავლობაში მოქმედებდა - მალევე სასამართლო ხელისუფლება მხედრების ხელში გადადის. საბოლოოდ სულა თავისი კანონით (lex Cornelia iudicaria ძვ. წ. 81 წ.) სასამართლო ხელისუფლებას უბრუნებს სენატორებს. ამ მოსამართლეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების პრეცედენტებმა ბიძგი მისცა ახალი კანონის შექმნას - lex Aurelia (ძვ. წ. 70 წ.), რომლის მიხედვითაც 3 სასამართლო დეკურია უნდა ამოერჩიათ სენატორების, მხედრების და სახაზინო ტრიბუნებისაგან. კეისარმა ძვ. წ. 46 წ-ს სახაზინო ტრიბუნები ჩამოაშორა ამ თანამდებობას, ხოლო 2 წლის შემდეგ გაიუს ანტონიუსმა ეს დეკურია ჩაანაცვლა ჯარისკაცების და ცენტურიის დეკურიით. ეს დადგენილება ძვ. წ. 43 წ-ს სენატმა გააუქმა. ავგუსტუსმა 3 სასამართლო დეკურიას დაუმატა მეოთხე, რომლის ვალდებულებასაც ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების განხილვა წარმოადგენდა. კალიგულამ დაამატა მეხუთე დეკურია. რაც შეეხება მოსამართლის ასაკს, სვეტონიუსის მიხედვით, იგი 25 წლით განისაზღვრა. მოსამართლედ ყოფნის ხანგრძლივობა იყო ერთი წელი. სხვადასხვა დროს მოსამართლეთა რაოდენობა განსხვავებული იყო. Lex Plautia-ს მიხედვით, მოსამართლეთა რაოდენობა ნებისმიერი საქმის წარმოებაში 525 კაცია, მაშინ როცა ლეხ შერვილია (Glaucia) გამოძალვის საქმეების გამოძიებისას მოსამართლეთა რაოდენობას 450 კაცით განსაზღვრავს. ძვ. წ. 52 წ-ს პომპეუსმა თავისი საქმეებისათვის 360 მოსამართლე დანიშნა. ავგუსტუსმა მოსამართლეთა რაოდენობა 4000-მდე გაზარდა და მოსამართლეების მძიმე თანამდებობრივი მოვალეობების შესამსუბუქებლად დანიშნა ორთვიანი არდადეგები, ამასთანავე თითოეულ 4 დეკურიას რიგრიგობით უნდა გამოეთავისუფლებინა ერთი წელი, რომელიც თავისუფალი იქნებოდა სამოსამართლო საქმიანობისაგან. მოსამართლეები ყოველი პროცესისათვის კენჭისყრით აირჩეოდა.

ბ) Iudex - სამოქალაქო სამართლის მოსამართლე. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მაგისტრატები ავალებდნენ კერძო პირს საქმის გამოკვლევასა და გადაწყვეტას. მოგვიანებით აღმოცენდა ექსტრაორდინალური სასამართლო, რომელსაც თვითონ თანამდებობის პირი ხელმძღვანელობდა. თავიდან მოსამართლეები იყვნენ სენატორები, მოგვიანებით მათ ირჩევდნენ სხვადასხვა ფენიდან, ზოგჯერ მოსამართლეთა სიიდან (album), რაც დააკანონა ავგუსტუსმა. თანამდებობის პირს მოსამართლედ შეეძლო დაენიშნა მხოლოდ ისეთი პიროვნება, რომლის მიმართაც ნდობას ორივე მხარე გამოხატავდა. დანიშნულ მოსამართლეს შეეძლო აეყვანა თანაშემწეები (assessores, consiliarii). მოსამართლე ვალდებული იყო ფიცი დაედო. მოსამართლე ვერ გახდებოდა ყრუ-მუნჯი, სულიერად ავადმყოფი, ქალი და ინფამისი.

Iudex pedaneus - იმპერიის ეპოქის ტერმინი, რომლითაც აღინიშნებოდა მოსამართლის დამხმარე, რომელსაც მიანდობდნენ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების განხილვას. Iudex quaestionis ეწოდებოდა მუდმივი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც არ იყო თანამდებობის პირი.

მოტაცება ქალის - დანაშაული, რომელიც ხელყოფს ქალის ქორწინების თავისუფალ არჩევანს. ქართულ საკანონმდებლო ძეგლებში ქალის მოტაცება, როგორც ქორწინების კანონიერი ფორმა, არ იხსენიება. ძველი ქართული საქორწინო რიტუალის თანახმად, როდესაც ახალდაქორწინებული და გვირგვინნაკურთხი ცოლ-ქმარი ეკლესიიდან გამოდიოდა, სიძის ეჯიბი და პატარძლის მაყრები ხმლებს მიაბჯენდნენ ეკლესიის კარებზე. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ეს ქალის მოტაცების ძველი ჩვეულების სიმბოლური გამოხატულება იყო.

მოტაცება ქალის, ხევსურეთი - სათემო რჯულის მიხედვით, კაცს არ ჰქონდა უფლება თავისი თემის ქალი მოეტაცა და ცოლად შეერთო. ასეთი კაცი თემის მოღალატედ ითვლებოდა და უნდა მოეკვეთათ, მას ხალხში აღარ მიესვლებოდა, ხატში არ უშვებდნენ. მისი საქონელიც კი ცალკე ძოვდა და სასოფლო ნახირში ვერ ერეოდა. მოკვეთილის შერიგებაც შეიძლებოდა. ამისთვის მას სათემო სალოცავისთვის, ხატისთვის ერთი ქვაბი და ვერცხლის თასი უნდა შეეწირა, დაეკლა მსხვერპლად ხარი და ლუდი გამოეხადა. მოტაცებით ცოლის შერთვა ორგვარი იყო: ერთია, როდესაც ქალიც თანახმა იყო, უბრალოდ კაცი მაინც იტაცებდა ქალს სხვების დასანახად და ქალის პატივის დასაცავად. მეორე კი ძალით მოტაცება იყო. ძალით მოტაცების შემთხვევაშიც, ცოლად მაინც ვერ მოიყვანდა ხევსური, თუ ქალი უარზე იქნებოდა. ამ დროს ქმარი იძულებული იყო, ქალი მამის სახლში დაებრუნებინა. თუ საქმრო მოტაცებულ ქალს გააპატიურებდა, პასუხს არ აგებდა და არც მის ნათესავებს უხდიდა ჯარიმას. ძველად მომტაცებელი კაცის დაწუნება დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ქალის ოჯახს დაწუნებულისთვის თექვსმეტი ძროხა უნდა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალი საერთოდ ვერ გათხოვდებოდა. დროთა განმავლობაში ეს ჩვეულება მოისპო. მოტაცება მხოლოდ უქმრო ქალის შეიძლებოდა. ქმრიანი ქალის მომტაცებელი სიკვდილით ისჯებოდა. დანიშნული ქალის მოტაცებისთვის კი ჯარიმა იყო დაწესებული. რადგან მოტაცება დანაშაულად ითვლებოდა, დამნაშავე უნდა შერიგებოდა მოტაცებულის ოჯახს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალს ცოლად არ მოაყვანინებდნენ (იხ. ბანზე შეხტომა).

მოურავი - ადგილობრივი მმართველობის მოხელე ძველ საქართველოში. მოურავი ასრულებდა სამეურნეო, ადმინისტრაციულ და სასამართლო ფუნქციებს. იგი იყო მებატონის მამულების მმართველი, პროვინციის, ქალაქის, სოფლის გამგე. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ქიზიყის, ყაზახისა და არაგვის მოურავობა. ფართოდ იყო გავრცელებული სოფლის მოურავობა. ქალაქთა მოურავებიდან პირველი ადგილი ეჭირათ თბილისისა და გორის მოურავებს. მოურავი ქალაქის უპირველესი მოხელე იყო. მას ემორჩილებოდნენ ქალაქის მოხელეები - მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი და ასასები. თავის სასამართლო ფუნქციებს მოურავი მელიქის, მამასახლისის, აგრეთვე 3-4 „სარწმუნო მოქალაქის“ (მსხვილი ვაჭრის) თანდასწრებით ასრულებდა. მოურავობა იმდენად შემოსავლიანი და საპატიო თანამდებობა იყო, რომ ბატონიშვილებიც კი არ ამბობდნენ უარს ამ სახელოზე. მაგალითად, იესე ბატონიშვილი ერთ დროს თბილისის მოურავი იყო.

მოქალაქეთა სიები, საბერძნეთი - ანტიკურ სახელმწიფოში მოქალაქეთა სიების შედგენის მიზეზი იყო ხელი შეეშალათ მოქალაქეობის უფლების არმქონე ხალხისთვის მიეღოთ მოქალაქეობა და, შესაბამისად, სამართლებლივი უფლებებიც. მოქალაქეთა სიების შედგენა პოლისებში სახელმწიფო იერარქიის დაბალი დანაყოფების საქმე იყო. სიებში შეჰყავდათ სრულუფლებიანი მოქალაქეების სრულწლოვანი ვაჟიშვილები და მოქალაქეობის უფლებამიღებული კაცები. ქალები და არასრულწლოვანები, როგორც პოლიტიკურად უუფლებოები, სიებში არ შეჰყავდათ. თითქმის ასევე შენარჩუნდა ელინისტურ სახელმწიფოებში. მაგრამ ძვ. წ. II ს-დან მოქალაქეთა სიებში ქალებიც შეჰყავდათ. რომი - რომის რესპუბლიკაში მოქალაქეთა სიები დგებოდა ჩატარებული ცენზის მიხედვით და წარმოადგენდა სრულწლოვანი მოქალაქე მამაკაცების სიას, რომელსაც ჰქონდა ან საერთო ცენზის სიის სახე (გადასახადის დაწესებისა და ომში გაწვევისათვის საჭირო), ან იყო ორი დამოუკიდებელი სია - გადამხედელების გადასახადის თანხისა და სამხედრო ვალდებულების მითითებით. ქალები და ბავშვები მათში არ შედიოდნენ. გაურკვეველია საკითხი, როგორ და რა ფორმით ადგენდნენ მოქალაქეთა სიებს რომის იმპერიაში და როგორ შეესაბამებოდა იგი გადამხედელებისა და სამხედრო ვალდებულებულების სიას.

მოქალაქეობა, რომი (civitas - სახელმწიფო) - რომის სახელმწიფოს მოქალაქეების საერთო სახელწოდება.

სერვიუს ტულიუსამდე მოქალაქეები მხოლოდ პატრიციები იყვნენ, ამ მეფის შემდეგ კი პლებეებიც. მოქალაქეებს ჰქონდათ უფლება: 1) საზოგადოებრივ ცხოვრებაში: ა) ius suffragari - კომიციებში ხმის უფლება; ბ) ius honorum - უფლება მიეღოთ ყველა სახელმწიფო თანამდებობა; ამ უფლების მიღებას პლებსი ბრძოლით ცდილობდა და ძვ. წ. 337 წ-დან კი სრულად მიიღო; გ) lex Valeria-ს (ძვ. წ. 509 წ.) გამოქვეყნების შემდეგ აპელაციის უფლება ხელისუფალთა მიერ სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ; ეს უფლება შემდგომში გავრცელდა ფულად საურავზეც, რომელსაც ხელისუფლება აწესებდა; დ) leges Porciae-ს მიღების შემდეგ ღირსების შემლახველი ყველა დასჯის წინააღმდეგ (გამათრახება, ჯვარზე გაკვრა); 2) პირად ცხოვრებაში: ა) conubium - სამოქალაქო წესით ქორწინება; ბ) commercium - უფლება შეეძინათ რომაული საკუთრება. მოქალაქე გახდებოდა, თუ მშობლები რომაელი მოქალაქეები იყვნენ, გააზატებულნი (იხ. ლიბერტინუსი) და განსაკუთრებული კანონით ან სახალხო გადაწყვეტილებით (პლებისციტი) მოქალაქეობამიღებულები. მოქალაქეობის უფლებას ჯერ ანიჭებდნენ რომაელი მეფეები, შემდგომში კომიციები და ცენტურიები. პირველ ხანებში მოქალაქეობა ძალიან ფრთხილად ეძლეოდათ მათ, ვინც რომში გადმოსახლდა, შემდეგში ეს უფლება მთელ ქალაქებსა და ხალხებს ენიჭებოდა. იმპერატორმა კარაკალამ სახელმწიფო ხაზინის შევსების მიზნით რომაელი მოქალაქის უფლება გაავრცელა მთელი რომის იმპერიის თავისუფალ ადამიანებზე. მოქალაქეობის უფლება წყდებოდა გაძევების, მონად გაყიდვისა ან ნებაყოფლობითი გაძევების შედეგად.

მოქალაქეობა, საბერძნეთი (πολιτεία) - სიტყვა, რომელიც ასევე აღნიშნავს: 1) მოქალაქეთა კორპუსს; 2) სახელმწიფო წყობილებას. ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში მოქალაქეობა აღნიშნავდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ პოლისი თავისუფალ ადამიანთა ერთობას წარმოადგენდა, თუმცა მოქალაქეობა თავდაპირველად ინდივიდუალური უფლება არ იყო; იგი რელიგიურ ან სოციალურ ერთობათა წევრობას ნიშნავდა (იხ. პოლისი). სრულუფლებიან მოქალაქეთა ნაშიერი ყველა შემთხვევაში მოქალაქის სტატუსის მქონე პირი იყო, ამასთანავე იგი უფრო მცირე ერთობების - ოჯახის, გენოსის და ფრატრიის წევრს წარმოადგენდა. დემოკრატიული რეჟიმების დროს მოქალაქეობისათვის აუცილებელი მოთხოვნა (იხ. პერიკლეს მოქალაქეობის კანონი) ცხოვრებაში ყოველთვის მკაცრად არ იყო გატარებული. მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს სამოქალაქო უფლებების სხვადასხვა წილი ჰქონდა. ასე მაგალითად, ქალებს შეზღუდული სამოქალაქო უფლებები გააჩნდათ (იხ. ქალი, სამოქალაქო უფლებები). საბერძნეთში სოციალურ ფენათა შორის განსხვავებები სრულიად გაუქმებული არასოდეს ყოფილა, თვით რადიკალური დემოკრატიის დროსაც კი, თუმცა მათი პოლიტიკური უფლებები შესაძლოა თანაბარი ყოფილიყო.

სახელმწიფო უფლებამოსილი იყო კერძო პირისთვის მიენიჭებინა ან ჩამოერთმია მოქალაქეობა. მოქალაქეობის ბოძება ადრეულ პერიოდში ხშირ მოვლენას არ წარმოადგენდა. ტირანიის ეპოქაში ტირანები ან სხვა ლიდერები თავიანთ მომხრეთა რიცხვის გასაზრდელად დროდადრო მოქალაქეობას არამოქალაქეთ ანიჭებდნენ. ძვ. წ. IV ს-ის შემდგომ მოქალაქეობის მინიჭება ხშირი გახდა. დროთა განმავლობაში მოქალაქეობა ცარიელ პატივად გადაიქცა, რომლის მოპოვება ქველმოქმედებით ან ყიდვითაც გახდა შესაძლებელი. ადამიანები ხშირ შემთხვევებში ორ ან მეტ მოქალაქეობას იღებდნენ. მოქალაქეობის დაკარგვა ატიმიათი და გაძევებით ხდებოდა. მოქალაქეობამინიჭებულ პირს უმეტესწილად იგივე უფლებები ჰქონდა, რაც მოქალაქედ დაბადებულს. ელინისტურ ლიგებში წევრი-ქალაქის ყველა მოქალაქე, ჩვეულებრივ, მეორე მოქალაქეობას - ლიგის მოქალაქეობასაც იღებდა.

მოშთობა - სიცოცხლის მოსპობა ყელში საბლის წაჭერით ან წყალში გაგუდვით. მოშთობის ტრადიცია მონღოლებიდან მომდინარეობს. საქართველოში კი იგი, როგორც სასჯელი, საკმაოდ გავრცელებული იყო XVI-XVIII სს-ში. მოშთობით უმეტესად გამცემლები ისჯებოდნენ.

მოძღვართმოძღვარი - მასწავლებელთა მასწავლებელი, უმაღლესი სასწავლებლის რექტორის აღმნიშვნელი ტერმინი ძველ საქართველოში. გელათის აკადემიას ხელმძღვანელობდა სპეციალური თანამდებობის პირი, რომელიც მოძღვართმოძღვრის ტიტულს ატარებდა, განსხვავებით „წინამძღვრისგან“, რომელიც გელათში სამონასტრო საქმეს განაგებდა. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, მოძღვართ-მოძღვარი მეტად განათლებული და პატივცემული პირი იყო. მისთვის უპირატესი უფლებების მინიჭება ეთანხმებოდა გელათის აკადემიის დიდ საზოგადოებრივ-კულტურულ მნიშვნელობას. შემდგომი დროის დოკუმენტებში მოძღვართმოძღვარი უკვე ზოგიერთი მონასტრის წინამძღოლს ერქვა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ამ მონასტრებთან გარკვეული სახის საგანმანათლებლო სასწავლებლები არსებობდა. ეს ტერმინი XIX საუკუნემდე გვხვდება.

მოწმე, რომი (testis) - მოწმე არ შეიძლება ყოფილიყო: მონა, არასრულწლოვანი, ჭკუასუსტი, ქალი (უფრო ძველ დროში), უღირსი ადამიანი, შვილი მშობლების წინააღმდეგ ან პირიქით და ვინმე საკუთარ საქმეში. მოწმეები იყვნენ ან მოხალისეები (voluntarii) ან გამოძახებულები. მოწმე სასამართლოში იძლეოდა ჩვენებას იმის შესახებ, რაც თავად გაიგონა და ნახა (არ მიიღებოდა ყურმოკრული ჩვენება - testimonium ex auditione): მისი მხრიდან ეს იყო ნებაყოფლობითი მეგობრული დახმარება, მას ვერ აიძულებდი, მიეცა ჩვენება; მაგრამ ის, ვინც მოწმედ მონაწილეობას იღებდა რომელიმე სადღესასწაულო აქტში, ხოლო შემდეგ უარს ამბობდა მოწმე ყოფილიყო, ცხადდებოდა ცუდად და უღირსად (improbus intestabilisque), ანუ უფლება აღარ ჰქონდა მოწმე ყოფილიყო და მოწმეები დასახმარებლად მოეხმო. ყოველ მხარეს თავად მოჰყავდა თავისი მოწმეები და თავად გამოჰკითხავდა სასამართლოში: თითოეული მოწმე ერთხელ გამოდიოდა, დასაწყისში - მოსარჩელის მოწმეები, შემდეგ - მოპასუხის მოწმეები. სისხლის სამართლის საქმეებში მოწმეების დიდი რიცხვი იყო საჭირო, სამოქალაქო საქმეებში საკმარისი იყო ორი მოწმე, ერთი კი - არასდროს. მოწმეს ანდერძის შესრულებისას უნდა დაეკმაყოფილებინა განსაზღვრული მოთხოვნები: მას უნდა ჰქონოდა მოწმის უფლება (testamenti factio), უნდა ყოფილიყო მოწვეული (testis rogatus), ახლოს უნდა ეცხოვრა ანდერძის დამწერთან, უნდა ყოფილიყო ანდერძის გახსნისას (apertura testamenti) და დაედასტურებინა თავისი ბეჭდის უტყუარობა. შესაფერისი მოწმე (testis idoneus) სხვის საქმეში შეიძლება ყოფილიყო ნებისმიერი სრულწლოვანი რომაელი მოქალაქე (გარდა ზოგიერთი ნათესავის, უღირსი ადამიანისა და მსჯავრდადებულისა); არაშესაფერისი მოწმე იყო თავისი საქმის მოწმე (testis in re sua).

რომაულ სამართალწარმოებაში მოწმეები ჩვენებას ყოველთვის ფიცის დადებით აძლევდნენ, მაგრამ მოსამართლე მათ ჩვენებებს თავისი შეხედულებისდა მიხედვით აფასებდა. ჯერ კიდევ კონსტანტინეს დროს მოწმის ჩვენებებს ისეთივე ფასი ჰქონდა, როგორიც წერილობითს, მაგრამ შემდგომში აღმოსავლური სამართლის გავლენით დოკუმენტს მიენიჭა უპირატესობა.

მოწმე, ხევსურეთი - მოწმეს იწვევდნენ სასამართლოში, თუ საქმე ეხებოდა ქურდობას, ფულის სესხებას და ა.შ. ბჭეები ყველა მოწმეს არ ენდობოდნენ. ბჭეები უნდა დარწმუნებულიყვნენ, ღირსნი იყვნენ თუ არა ისინი მოწმედ ყოფნისა. თითოეულ მოწმეს რიგით დაკითხავდნენ და არა წილით. მაგრამ ყველა მოწმის დაკითხვა არ ხდებოდა ფიცის ქვეშ. „ფიცი დაედებოდა“ მხოლოდ იმ მოწმეებს, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისას დიდი გავლენა ჰქონდათ და რომლებიც საქმის ვითარებას უტყუარად წარმოაჩენდნენ. იგი იყო საქმის სინამდვილის მნახველი და მაღირებელი. კაცის კვლასა და დაკეჭვნაზე მოწმე საჭირო არ იყო. წინათ მოწმე ხუთ ძროხას გამოიყვანდა და არ დაიფიცებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა ტრადიცია და როცა ბჭენი დაადგენდნენ, მაშინ უნდა დაეფიცა მოწმესაც და უარსაც ვერ იტყოდა. ფიცის მიღებისთვის ცალკე ვადა ინიშნებოდა. მოწმის დაფიცვას არც ბჭეები და არც მოფიცარის დამნიშვნელი არ ესწრებოდა. დაფიცების დროს მხოლოდ “ფიცის მაყურებელი” იმყოფებოდა, რომელიც მოწინააღმდეგის ნათესავი იყო. დაფიცება ხატში უნდა მომხდრიყო. დროშით დაფიცების დროს მოწმეების დასწრება აუცილებელი იყო, რადგან სწორედ მათი ფიცი უძღოდა წინ ამ რიტუალს (იხ. ფიცი, მთა).

მოხელე - თანამდებობის პირის ზოგადი სახელწოდება ძველ საქართველოში. ეს ტერმინი მომდინარეობს სიტყვისაგან „ხელი“, რაც ძველად ნიშნავდა ძალაუფლებას, თანამდებობას, საკუთრებას, მიწაზე საკუთრების უფლების მანიშნებელ ნიშანს. მოხელის კომპეტენციას სახელო ეწოდებოდა. ბრძანების უფლებით აღჭურვილი მოხელე „ხელისუფლად“ იწოდებოდა, ხელისუფლების აღმასრულებელ მოხელეს კი „საქმის მოქმედი“ ერქვა. არსებობდნენ „დიდნი საქმისმოქმედნი“ და „მცირენი საქმის-მოქმედნი“. სამეფო კარზე მყოფი დიდი თანამდებობის მყოფი პირები შეადგენდნენ „დარბაზის რიგის“ მოხელეებს. მათ ზოგადად „ვექილ-ვეზირებს“ (იხ. ვეზირი) ეძახდნენ. უმაღლესი თანამდებობები დიდებულებს ეკავათ. ნაკლებად მნიშვნელოვან თანამდებობაზე მეფის აზნაურები და მსახურები ინიშნებოდნენ. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში დანიშნულ მოხელეებს „საქვეყნოდ გამრიგე მოხელე“ ეწოდებოდა. ფეოდალურ საქართველოში მოხელის ინსტიტუტი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული.

მოჯალაბე - ყმა-გლეხთა უმდაბლესი კატეგორია XVII-XIX სს-ის დასავლეთ საქართველოში. დოკუმენტებში მოჯალაბე ზოგჯერ იწოდება მესადგომედ ან მოსასახლედ (მეგრ. დოლმახარე). მოჯალაბე იყო ტყვე, ნამზითვის ან ნასყიდი ადამიანი. მას საკუთარი მიწა და კარ-მიდამო არ ჰქონდა, თავისი ოჯახით მებატონის კარზე ცხოვრობდა, მის სრულ განკარგულებაში იყო და ყველაზე მძიმე და სათაკილო სამუშაოსაც ასრულებდა (ღორის მწყემსვა, შეშის დამზადება, ღომის ცეხვა). ბატონს შეეძლო მოჯალაბის ოჯახი ცალ-ცალკე გაეყიდა, ასევე უფლება ჰქონდა ქალიშვილისთვის გათხოვებაც კი აეკრძალა. მოჯალაბე თითქმის მონურ მდგომარეობაში იყო, თუმცა მონისაგან განსხვავებით ბატონს მისი მოკვლის უფლება არ ჰქონდა. გლეხის გადაყვანა მოჯალაბის კატეგორიაში სასჯელის ერთ-ერთ უმძიმეს ზომად ითვლებოდა. მოჯალაბე საგლეხო რეფორმის შემდეგ გათავისუფლდა ყმობიდან სხვა გლეხებთან ერთად.

მრუშობა/მრუშება - „მეუღლიანის ბოზობა“ (საბა). საეკლესიო სამართალი მრუშობისთვის სასჯელად 15 წ-ს უზიარებლად ყოფნას აწესებდა. საერო სამართლითა და ზნეობით მრუშობა ქმარს დიდ დანაშაულად არ ეთვლებოდა; მოღალატე ცოლს კი ქმარი გაეყრებოდა და მის საყვარელ მამაკაცზე შურს იძიებდა. (იხ. სიძვა; განქორწინება, საქართველო)

მსახურთუხუცესი - სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი ფეოდალურ საქართველოში. პირველად XII ს-ში - გიორგი III-ის მეფობის ხანაში იხსენიება, მაგრამ საფიქრებელია, რომ მსახურთუხუცესობა უფრო ძველი თანამდებობა იყო. თავდაპირველად მსახურთუხუცესი ხელ-შინაურ მოხელედ ითვლებოდა, თუმცა ქვეყნის გაერთიანებასთან ერთად მეფის მსახურთუხუცესი თანდათან საჯარო სამართლის მოხელედ იქცა. XIII ს-ში რუსუდან მეფემ მსახურთუხუცესი სავაზიროში შეიყვანა და ამ დროიდან იგი ვეზირად ითვლებოდა. მსახურთუხუცესი მეჭურჭლეთუხუცესთან ერთად „ორთა ვაზირთა“ ჯგუფში იყო და დარბაზობის დროს მეჭურჭლეთუხუცესის თანასწორი პატივისცემით სარგებლობდა. ამ მოხელის მოვალეობათა შესახებ უკეთ „კარის გარიგებაშია“ შემონახული ცნობები. მსახურთუხუცესს არაერთი ფუნქცია ეკისრებოდა. იგი სამ სფეროს - სალაროს, მეფის საწოლს, მისსავე კერძო მეურნეობასა და სხვადასხვა „საფარეშონს“ მოიცავდა. ამიტომაც იყო, რომ ფარეშთუხუცესი, ციცხვთუხუცესი და მეხილეთუხუცესი მისი დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ. მის ერთ-ერთ მოვალეობად ითვლებოდა „შეკაზმვა მეფისა“. მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდნენ აგრეთვე „მსახურნი მეფისა“ - მოლარეთუხუცესი და მესაწოლეთუხუცესი.

მსაჯულთუხუცესი - მთავარი მსაჯული, სასამართლო უწყების უფროსი ფეოდალურ საქართველოში, რომელსაც როსტომ მეფის ადმინისტრაციული რეფორმის შემდეგ მდივანბეგი ეწოდა. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, მსაჯულთუხუცესის „ხელისა იყვნენ ყოველნი მსაჯულნი, ბჭენი, ხევისბერნი, ხევისთავნი, და ესე სჯიდა საბრძანოსა მეფისასა“ (ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 21).

მსაჯულთშეკრებულობა - ქართლ-კახეთის სამეფოში მდივანბეგთა კოლეგიური სასამართლოს სახელწოდება XVIII ს-დან. იგი ცენტრალური ხელისუფლების მოსამართლეების უფლებამოსილების განმტკიცებას გამოხატავდა. მსაჯულთშეკრებულობა „საქართველოს მსაჯულთშეკრებულობადაც“ იწოდებოდა. მსაჯულთშეკრებულობას შეეძლო ყოველგვარი საქმისთვის გადაეხედა. იგი საქმეებს განიხილავდა საკუთარი ინიციატივით და მეფის, დედოფლის ან ბატონიშვილების დავალებით. მსაჯულთშეკრებულობა გასაჩივრებულ საქმეებსაც ხელახლა განიხილავდა და იგი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოსაც წარმოადგენდა.

მუდმივი სასამართლოები (quaestiones perpetuae) - რესპუბლიკის პერიოდის II ნახევარში იქმნება მუდმივი სასამართლოები. მათ კომპეტენციაში შედიოდა თავდაპირველად მექრთამეობასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა, შემდგომში ეს სასამართლო უკვე სხვა ტიპის საქმეებსაც წყვეტდა.

ამ სასამართლოებს სათავეში ედგნენ პრეტორები, ხოლო სასამართლოს წევრები იყვნენ პრეტორების მიერ არჩეული მოსამართლეები 300-470 კაცი. მათ ირჩევდნენ 1 წლის ვადით. თითოეული საქმის განსახილველად იწვევდნენ 30-40 მოსამართლეს. მუდმივ სასამართლოში მონაწილეობა ერთი მხრივ იყო პრესტიჟის საქმე, ხოლო მეორე მხრივ შემოსავლის სერიოზულ წყაროს წარმოადგენდა. შესაბამისად, სასამართლოში მოსამართლედ მოხვედრისათვის იბრძოდნენ როგორც სენატორები, ისე მხედრები და შეძლებული მოქალაქეები.

მუდმივ სასამართლოში საქმის განხილვა პროცესუალურად შემდეგი სქემის მიხედვით წარმოებდა. საქმის აღძვრა შეეძლო რომის ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო პრეტორის ნებართვა. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიიღებდა უფლებას პრეტორისაგან, რომ ბრალმდებლად გამოსულიყო, იგი წარმოადგენდა ბრალდებას (libellus inscriptionis) იმ პირის თანდასწრებით, რომლის წინააღმდეგაც აღიძვრებოდა საქმე. ბრალდების წაყენების წუთიდან ეს პირი ხდებოდა ბრალდებული და კარგავდა თანამდებობას.

მას შემდეგ, რაც პროცესი მომზადდებოდა, იწყებოდა საქმის მოსმენა. სასამართლო პროცესი წყდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ბრალმდებელი არ გამოცხადდებოდა სასამართლოში. ამ შემთხვევაში მას ეკისრებოდა ფულადი ჯარიმა. თუ ბრალდებული არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, საქმეს განიხილავდნენ მის გარეშე. საქმის განხილვისას სასამართლო ისმენდა ბრალდებულის, მისი წარმომადგენლის, ადვოკატის მოსაზრებებს, განიხილავდა დამამტკიცებელ საბუთებს, მოწმეთა ჩვენებებს. განაჩენის გამოტანა მოსამართლის მიერ კენჭისყრით ხდებოდა. თითოეული მოსამართლეს აძლევდნენ ბარათებს, ტაბულებს, რომელზედაც იყო წარწერა A (absolvo) - ვამართლებ და C (condemno) - ვამტყუნებ.

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი იყო საბოლოო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას.

პირველი მუდმივი სასამართლო ძვ. წ. 149 წ-ს თარიღდება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა lex Calpurnia repetundarum-ით რომელსაც კიდევ რამდენიმე მუდმივი სასამართლოს შექმნა მოჰყვა.

იმპერიის ხანაში სისხლის სამართლის საქმის წარმოებამ სხვა ფორმა მიიღო. მოსამართლის ხელში გაერთიანდა საგამოძიებო და სასამართლო ფუნქციები. საქმე იწყებოდა დასმენით ან დანაშაულის შესახებ მიღებული ცნობის საფუძველზე. სასამართლო მოხელე იწყებდა საქმის გამოკვლევას, აგროვებდა დამამტკიცებელ საბუთებს, აწყობდა მოწმეების დაკითხვას. ეს მოხელე იყო გამომძიებელიც, ბრალმდებელიც და მოსამართლეც. მისი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელი იყო იმპერატორთან. სასამართლო ხელისუფლების მთავარი ორგანო იყო იმპერატორი. იგი იყო კანონმდებელი, უმაღლესი მოსამართლე. იმპერატორი გამოსცემდა დადგენილებებს, რომელთა ძალითაც მას ჰქონდა უფლება პირადად გადაეწყვიტა ამა თუ იმ საქმის შედეგი. იგი არ იზღუდებოდა კანონით. იმპერატორი ეყრდნობოდა თავის უმაღლეს მოხელეებს: ქალაქის, პრეტორიის პრეფექტებს, პროვინციის ნაცვლებს. ისინი იყვნენ ადმინისტრაციული მოხელეები და ამავე დროს განიხილავდნენ სისხლის სამართლის საქმეებსაც.

მუკიუს სკევოლა პონტიფექსი (Mucius Scaevola Pontifex) (დაახლ. ძვ. წ. 140-82 წწ.) - კონსული (ძვ. წ. 95 წ.), ბრწყინვალე იურისტი, სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი და პედაგოგი; თავის სამოქალაქო სამართალში, იგი პირველად შეეცადა დიალექტიკური მეთოდით აეგო სამოქალაქო სამართლის სრული სისტემა, რომელიც იქცა რესპუბლიკური სამართალმცოდნეობის არა მხოლოდ უდიდეს ქმნილებად, არამედ მთელი დასავლეთევროპული სამართლის მეცნიერების ქვაკუთხედად. მან ღრმა კვალი დააჩინა მისი მიმდევრების შემოქმედებას, მაგრამ მუკიუსის კომენტირება მხოლოდ ახ. წ. II ს-ის იურისტებმა დაიწყეს. გარდა ამისა, მუკიუს სკევოლამ წარმოთქვა და დაწერა ბევრი სასამართლო სიტყვა, მას აგრეთვე მიეწერება განსაზღვრებების კრებული „დროის შესახებ“.

მულტა (multa) - თავდაპირველად ჯარიმა პირუტყვის მოკვლისათვის, შემდგომში ფულადი ჯარიმის სახეობა. მას აკისრებდნენ თანამდებობის პირები (მაგისტრატები) თავის იმპერიუმზე დაყრდნობით. მულტა ინიშნებოდა კანონის ან კომიციებზე ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. როგორც წესი, ჯარიმა ინიშნებოდა კანონის შეუსრულებლობის, მისი დარღვევის შემთხვევაში. ჯარიმის დაკისრების უფლება ჰქონდათ მეფეებს (rex), შემდეგ კონსულებს. ჯარიმა განსხვავდებოდა იმის მიხედვით, პირველად არღვევდა ადამიანი კანონს თუ კანონდარღვევა მეორდებოდა. განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა შეიძლება ძალიან მაღალი ყოფილიყო (suprema multa). ჯარიმის დაწესების უფლებით ხშირად სარგებლობდნენ ცენზორებიც, ედილები, პრეტორები და განსაკუთრებით სახალხო ტრიბუნები, რომლებიც სულ უფრო მეტად იკრებდნენ ძალას. თუკი ჯარიმა suprema multa-ს აღემატებოდა, ადამიანს ჰქონდა უფლება გაესაჩივრებინა იგი ტრიბაში, რომელიც კომიციის კრებაზე (multae certatio) ან ამტკიცებდა ჯარიმას, ან აუქმებდა. ჯარიმის დაკისრება შეეძლო მუნიციპალურ ხელისუფლებას და პროვინციის ნაცვალებს. ჯარიმის სახით ამოღებული ფული თავდაპირველად იხარჯებოდა რელიგიური მიზნით (იქმნებოდა ღვთის გამოსახულებები, შეწირულობანი), თამაშობების მოსაწყობად, მოგვიანებით კი ეს ფული მიდის ხაზინაში, შემდგომ ფისკუსში.

მუნიციპიუმი/მუნიკიპიუმი (munera capere - ვალდებულება რომის სასარგებლოდ) - municipium civium Romanorum romis მიერ დამორჩილებული იტალიის თვითმმართველი ქალაქი, რომლის მოქალაქეები რომაელი მოქალაქის შეზღუდული უფლებებით სარგებლობდნენ. მუნიციპიების სამართებლივი მდგომარეობა განსხვავებული იყო, ძირითადი იყო ორი ტიპი:

1) municipium (civitas) cum suffragio et iure honorum - ინარჩუნებდა ადრინდელ პოლიტიკურ ორგანიზაციას, მის წევრებს ჰქონდათ სრულუფლებიანი რომაული მოქალაქეობა - მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა უძველესი მუნიციპიების (ლათინური და საშუალოიტალიკური), შემდგომში - ლათინური კავშირის თითქმის ყველა ქალაქი, რომლის უმაღლესმა ხელმძღვანელებმა რომის ნობილიტეტში შეაღწიეს.

2) municipium (civitas) sine suffragio - სრულად შეინარჩუნა თვითმართველობა, მაგრამ მის მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლება მიეღოთ მონაწილეობა რომში ხმის მიცემასა და არჩევნებში; დაპყრობათა კვალდაკვალ მუნიციპიუმის რიცხვი გაიზარდა და შესაბამისად მათი მდგომარეობა გაუარესდა და მმართველობა გადავიდა ქალაქის პრეფექტის ხელში (praefecti iuri dicundo); აქედანაა საერთოდმიღებული მათი აღნიშვნა: პრეფექტურა (praefectura).

muncipia Latina - ზოგიერთი ლათინური ქალაქი, რომელთაც ლათინური კავშირის დაშლის შემდეგ (ძვ. წ. 338 წ.) შენარჩუნებული ჰქონდათ დამოუკიდებლობა; მაგრამ მათ სამხედრო დახმარება უნდა გაეწიათ რომისთვის და უარი ეთქვათ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე.

მუნში - მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, მუნშის თანამდებობა როსტომ მეფის დროს (XVII ს.) დაწესდა. იგი იყო ირანის მოხელე ვასალური ქართლის მეფის კარზე და როგორც ირანის შაჰს, ისე ქართლის მეფეს ემსახურებოდა. ქართლის მეფის, ვეზირისა და მუსტოფის დავალებით იგი მუშაობდა სპარსული საბუთების, ანგარიშებისა და წერილების შედგენაზე. ვეზირი და მუსტოფი მუნშის იყენებდნენ თავიანთ საკონტროლო საქმიანობასთან დაკავშირებითაც.

მუსტოფი - მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილის თანახმად, მუსტოფის თანამდებობა როსტომ მეფის დროს (XVII ს.) დაწესდა. იგი იყო ირანის მოხელე ვასალური ქართლის მეფის კარზე და საკონტროლო ფუნქციები ეკისრებოდა. იგი ერთდროულად ქართლის მეფის მოხელედაც ითვლებოდა. მუსტოფი მონაწილეობას ღებულობდა სამეფო მართვა-გამგეობაში, აკვირდებოდა შემოსავალსა და გასავალს და სათანადო მოხსენებას წარადგენდა ირანში. მუსტოფის თანამდებობაზე ქართლის მეფე სპარსული წარმოშობის პირს ნიშნავდა.

მუტუუმი (mutuum) - ვალი. მუტუუმი რომაული საკრედიტო ოპერაციების მთავარ ინსტიტუტს წარმოადგენდა. მისი მთავარი რეკვიზიტები იყო: 1) datio rei - ნივთისა ან ფულის მოვალის მფლობელობაში არაფორმალური გადაცემა (traditio). 2) conventio - ნივთის, ფულის უკან დაბრუნების თაობაზე მხარეების შეთანხმება. ხშირად შეთანხმება მხოლოდ ვერბალურ ხასიათს ატარებდა (stipulatio), თუმცა კრედიტორს ნივთის უკან დაუბრუნებლობის შემთხვევაში უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს მოვალის წინააღმდეგ (querella non numerate pecuniae). მუტუუმი პრინციპში უპროცენტო სესხის ფორმაა, თუმცა შესაძლებელი იყო ცალკე შეთანხმება პროცენტების თაობაზე (stipulatio usurarum). თუ მოვალე დროულად არ დააბრუნებდა ვალს, კრედიტორს მის წინააღმდეგ სარჩელი შეჰქონდა სასამართლოში.

მუყა, სვანეთი - (მიმყვანი, მომყვანი) მოციქულები ნაჭვლაშზე მორიგებისა და ქორწილის დროს. ნაჭვლაშზე სამოციქულოდ მიდიოდნენ საქმროს სიძეები, მათი ცოლები და შვილები. მათი ვალი იყო, სასიძოს ოჯახიდან სარძლოს ოჯახისთვის გადაეცათ ქალის მშობლების მიერ დადგენილი „ნაჭვლაში“. მათ ფუნქციებში შედიოდა ასევე პატარძლის წამოყვანა სიძის ოჯახში. ისინი გასამრჯელოდ სარძლოს დედმამისგან იღებდნენ თითო მანეთს.

მძევალი, ხევსურეთი - თავმდები. როდესაც ბრალდებულს გადასახადი დაეკისრებოდა, იგი ვალდებული იყო მოპირისპირესთვის გადაეხადა, მაგრამ თუ ბრალდებულს განაჩენის აღსრულება არ შეეძლო ან არ სურდა, ამ შემთხვევაში მძევალი იყო საჭირო. უცილებელი იყო, რომ მძევლები ბჭეების თანდასწრებით აეყვანათ და დაესახელებინათ. გარდა ამისა, მძევლის ამყვანს თითოეული ბჭისთვის ყურზე ხელი უნდა მოეკიდა, რითიც ადასტურებდა ბჭეების მოწმედ ყოფნას. მხოლოდ ამის შემდეგ ეძლეოდა მძევლობას იურიდიული ძალა. მძევლის აყვანის ან დასახელების დროს მისი ყოფნა არ იყო საჭირო. მძევალი სხვა თემის შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არა შორეული. მას მატერიალური შეძლებაც უნდა ჰქონოდა.

განაჩენი შეიძლება მაშინვე აღსრულებულიყო, ან გადაედოთ. ვადებს ბჭეები ადგენდნენ. თუ ვადას გადასცილდებოდა განაჩენის აღსრულება, სწორედ მაშინ უნდა გადაეხადა მძევალს დაკისრებული გადასახადი, ვადამდე მძევალს არაფერი მოეკითხებოდა. ამით განსხვავდება იგი თავდებისაგან. მძევლობაზე უარის თქმა დიდი სირცხვილ წარმოადგენდა. გარდა ამისა, ვინც მძევლობაზე უარს იტყვოდა, ის მძევლად დამყენებლის თემში ვეღარ გაივლიდა. თუ მძევალი დანიშნულ ვადამდე არ გადაიხდიდა გადასახადს, სოფელი მას საწყევარს აუგებდა. საწყევარაგებული მძევალი ხატში ვეღარ მივიდოდა, მკვდარს რიგით ვერ დამარხავდა და მთელ თემში შერცხვენილად ითვლებოდა. თუმცა ამ საწყევარის ახსნა შეეძლო, თუ მოდავეს გაუსწორდებოდა და მისაცემს ჩააბარებდა. შერიგებისთვის, ახსნისთვის საკლავის დაკვლა იყო საჭირო. საკლავი იმას უნდა დაეკლა, ვინც საწყევარი ააგო.

მძევალს სამძევლოში ერთი ცხვარი ერგებოდა. ასევე, როცა მძევალი იძულებული იყო, გადასახადი გადაეხადა, თავის დამსახელებელს გადასახადს შვიდმაგად ახდევინებდა. თუ მძევალს სამძევლოდ არ გაუხდებოდა საქმე, მძევალი სამძევლოს ერთი-ორად ახდევინებდა. როცა მძევალი სამძევლოს გადაიხდიდა და მოპასუხე მას არ აძლევდა, მძევალი უკვე სხვა მძევალს აიყვანდა. მეორე მძევალს მესამის დაჭერა შეეძლო და ამით თავდებოდა საქმე. სამი მძევლის მეტის აყვანა არ შეიძლებოდა. თითოეულის აყვანას ბჭეები ესწრებოდნენ. პირველი მეორეს და მეორე მესამეს შვიდმაგად ახდევინებდა. ბოლოს მთელი ეს გადასახადი საქმის წამგებელს აწვებოდა, ე.ი. იმას, ვის გამოც დაიწყო მძევლობა.

მწიგნობართუხუცესი - მწიგნობართა უფროსი, სამეფო კარის სამდივნოს მეთაური ფეოდალურ საქართველოში. იგი პირველად X-XI სს-ის ძეგლში იხსენიება; დავით აღმაშენებელმა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით მწიგნობართუხუცესობა ჭყონდიდელობას შეუერთა.

მწიგნობარი - მოხელე ფეოდალურ საქართველოში, რომელსაც ევალებოდა საქმის წარმოება და მწიგნობრობაში იყო გაწვრთნილი. მწიგნობარი მწიგნობართუხუცესს ექვემდებარებოდა. იგი ადგენდა სიგელებს, ბრძანებებს, სხვადასხვა დოკუმენტს და ა.შ. ხელმწიფის კარის გარიგების თანახმად, 26 მწიგნობარი დასტურდება. თანამდებობით ყველაზე უფროსი იყო საწოლის მწიგნობარი, რომელიც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მოადგილედ ითვლებოდა და სავაზიროს სხდომასაც ესწრებოდა. „მოჩივართა განკითხვის“ დროს მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს საწოლის მწიგნობართან ერთად თან ახლდა ზარდახნის მწიგნობარი. არსებობდა აგრეთვე საჭურჭლის მწიგნობრის თანამდებობაც. მწიგნობრებს ჰქონდათ განსაკუთრებული სამოხელეო ნიშანი, ე.წ. „საწერელი“. მწიგნობართუხუცესი პირველად X-XI სს-ის ძეგლში იხსენიება; დავით აღმაშენებელმა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით მწიგნობართუხუცესობა ჭყონდიდელობას შეუერთა.

მხატვართუხუცესი - მთავარი მხატვარი ძველ საქართველოში. სამთავროში აღმოჩენილ ბერძნულ წარწერა-ეპიტაფიაში (IV-V სს.) მოხსენიებულია მხატვართუხუცესი (არქიძოგრაფოსი) და ხუროთმოძღვარი ავრელიუს აქოლისი. როგორც ჩანს, იმ დროს მცხეთაში არსებობდა მხატვართუხუცესისა და არქიტექტორის თანამდებობა, რაც ქართლში ადრიდანვე საქალაქო ცხოვრების მაღალ განვითარებაზე მიუთითებს. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა სტრაბონის ცნობა, რომელიც იბერიაში არქიტექტურული წესით აშენებული სახლების არსებობის შესახებ მიუთითებს ძვ. წ. I ს-ში. ს. ყაუხჩიშვილის თანახმად, ტერმინი „არქიძოგრაფოს“ ბერძნულ მწერლობაში XII ს-მდე არ გვხვდება. ის ქართული ტერმინის ბერძნული თარგმანი უნდა იყოს ადგილობრივი თანამდებობის გამოსახატავად.

მხედრები (ίππεϊς) - ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოთა უმეტესობაში ცხენების ყოლა და მოვლაპატრონობა მაღალი კლასისადმი კუთვნილების ნიშანი იყო, კლასისა, რომელიც ოლიგარქიული მმართველობის შენარჩუნებას უწყობდა ხელს. ზოგიერთ ქალაქ-სახელმწიფოში, მაგ., ერეტრიაში მმართველი ოლიგარქები მხედრებად (ჰიპეისებად) იყვნენ ცნობილნი; შდრ. ჰიპობოტოსები ქალკისში. ათენშიც უმაღლესი კლასის ერთ-ერთი სახელწოდება მხედრები (ჰიპეისები) იყო. (იხ. ევპატრიდები). სოლონმა თავისი რეფორმით მხედრები მეორე ქონებრივ კლასს მიაკუთვნა. მასში შემავალ პირთა შემოსავალი 500-დან 300 მედიმნოს ხორბალს (ან სხვა პროდუქტში მის ეკვივალენტს თუ ფულად თანხას) შორის მერყეობდა. მხედრები თითქმის იმავე პრივილეგიებით სარგებლობდნენ, რითაც მოქალაქეთა პირველი კლასი. გამონაკლისს არქონებისა და ხაზინადრების თანამდებობები წარმოადგენდა, რომელთაც გარკვეული პერიოდი მხოლოდ პირველი კლასიდან ირჩევდნენ.

მხევალი - მონა ქალის აღმნიშვნელი უძველესი ქართული სოციალური ტერმინი. ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებში მხევლის მნიშვნელობით იხმარება შიმუნვარიც.

8.13

▲ზევით დაბრუნება


ნაბიჭვარი - ქორწინების გარეშე გაჩენილი შვილი ძველ საქართველოში. ნაბიჭვრის მნიშვნელობით „ბუში“, „ბიჭი“, „ცოდვისშვილი“ და „მხევლის შვილიც“ იხმარებოდა. მას კანონიერი ანუ „მართალი შვილი“ უპირისპირდებოდა. ყმა ქალის ნაბიჭვარი მის ბატონს ეკუთვნოდა. „დიდებულისა შექმნილ“ ნაბიჭვარს აზნაურობა ენიჭებოდა. ნაბიჭვარი არ ითვლებოდა თავისი მშობლების უძრავი ქონების კანონიერ მემკვიდრედ. ნაბიჭვარ ვაჟს შეეძლო დამდგარიყო ძმებთან „ერთის ყმის ალაგს“ ან სხვისი ყმა ყოფილიყო. ქალი კი მამას უნდა გაეთხოვებინა და გაემზითვებინა.

ნავკრარია (ναυκραρία) - ნავკრარიები ატიკის ტერიტორიული დანაწილების პირველ ჩანასახს წარმოადგენდნენ. არისტოტელეს მიხედვით, თითოეულ ოთხ ძველ ფილეში 12 ნავკრარია არსებულა (არისტოტელე, ათენელთა სახელმწიფო წყობილება, 8.3). ამდენად, ათენში სულ 48 ნავკრარია იყო. თავდაპირველად თითოეული მათგანი ვალდებული იყო ათენის ფლოტისთვის ერთი ხომალდი გაემზადებინა. ნავკრარიების სათავეში იდგნენ ნავკრაროსები, რომელნიც თავიანთი ნავკრარიების მიერ გამზადებულ ხომალდებს მეთაურობდნენ. მოგვიანებით, ტირანიის ეპოქაში, ნავკრარიებს ადმინისტრაციული მოვალეობები გადაეცათ, მათ შორის, გადასახადთა აკრეფა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, კლისთენესმა მათი რიცხვი 50-მდე გაზარდა, რათა ისინი მის მიერ ჩამოყალიბებულ ახალ ფილეთა რიცხვთან შესატყვისობაში ყოფილიყვნენ. თუმცა ძნელია თქმა, თუ როგორ შეიძლებოდა ატიკის 50 ნავკრარიად დაყოფას ამ მხარის 30 ტრიტიად დაყოფის პარალელურად ეარსება. არისტოტელეს განაცხადით, კლისთენესმა ნავკრარიები, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, დემოსებით ჩაანაცვლა. ყველა შემთხვევაში საზღვაოსნო მიზნებისთვის ნავკრარიების ნაცვლად ტრიერარქიის შემოღება ძვ. წ. 483 წ-ის ახლო ხანებში უნდა მომხდარიყო, როდესაც თემისტოკლესის თაოსნობით ათენის ფლოტის მასობრივი რეორგანიზაცია დაიწყო.

ნაიბი - შუა საუკუნეების მუსლიმანურ სახელმწიფოებში პროვინციის გამგებელი. ოსმანთა იმპერიაში - შარიათის სასამართლოს მოსამართლე, უმაღლესი მოსამართლის მოადგილე, ყადის თანაშემწე. აღმოსავლეთ საქართველოში XVIIXVIII სს-ში ნაიბი საერო თუ სასულიერო ხელისუფლის მოადგილე, ნაცვალი იყო. ნაიბი ჰყავდათ ცენტრალური ხელისუფლების მოხელეებს - ეშიკაღასბაშს, ყორიასაულბაშს, ქეშიქჩიბაშს, ნასაღჩიბაშს, აგრეთვე თბილისისა და გორის მელიქებს და მდევართა ჯარის უფროსებს.

ნამაშვრალი, ხევსურეთი - ჯარიმის მსგავსი გადასახადი ცოლის გაგდებისთვის. როცა ქმარი ცოლს სახლიდან აგდებდა, იმდენი ძროხა უნდა მიეცა, რამდენი წელიც მასთან უცხოვრია, ოღონდ პირველი და ბოლო წლის გამოკლებით. ნამაშვრალი ხანგრძლივი ცხოვრებისთვის იყო დაწესებული. თუ ქმარი ცოლს პირველივე წლის ბოლოს გააგდებდა, საუპატიუროს იხდიდა სამ ძროხას, ისიც თუ გაუპატიურებული ცოლი მოითხოვდა.

ნასაღი - სასჯელის სახეობა XVIII ს-ის საქართველოში. „ნასაღი“, „ნასაღისქნა“, „ნასაღით გარდახდევინება“ დამნაშავის დასახიჩრებას და მკაცრად დასჯას გულისხმობდა. არსებობდა მოხელე ნასაღჩიბაში, რომელსაც სასამართლოს განაჩენისა და მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა და აღსრულება ევალებოდა.

ნატამალი - ძველი ქართული ტერმინი, რომელიც აღნიშნავდა: 1) შთამომავალს, ნათესავს, თვისტომს; 2) ეზო-გარემოს, კარ-მიდამოს, სამკვიდრო ადგილ-მამულსა და სამფლობელოს. ნატამალი ნაოხარის, ნასახლარის მნიშვნელობითაც იხმარებოდა. წყალობისა თუ ბოძების იურიდიული ფორმულის ერთ-ერთ კომპონენტსაც წარმოადგენდა „დაგიმკუიდრეთ... ყოვლის მათის სამართლიანის სამძღვრითა და ნატამლითა“.

ნაყდანვირი, ნაყდანური, სვანეთი - ძღვენი, ე.წ. დასაკავებელი, რომელიც უნდა გაეღო დანიშნული სარძლოს მშობლებს სასიძოს მშობლებისთვის. როგორც წესი, სარძლოს მშობლები ჯერ წვრილ ოთხფეხა საქონელს (ცხვარი, თხა, ღორი) ჩუქნიდნენ სასიძოს, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ხარს ან ძროხას უგზავნიდნენ მათ. ნაყდანურს აძლევდნენ ასევე უცოლო ძმას გაყრის დროს, იმ რაოდენობით, რამდენიც თითოეულ ძმას ჰქონდა გადახდილი თავის საცოლეში.

ნაცვალი, საქართველო - 1) ვეზირის მოადგილე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. 2) გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში ადმინისტრაციულ- საპოლიციო მოხელე. ნაცვალი როგორც საერო, ისე სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰყავდათ. არსებობდა ქალაქის და სოფლის ნაცვლის თანამდებობები. თბილისში ერთდროულად 2 ნაცვალი - მეფის მოხელე და მოურავის ნაცვალი საქმიანობდა. თბილისისა და გორის მელიქების, ეშიკაღასბაშის, ყორიასაულბაშის და ზოგიერთი სხვა მოხელის ნაცვალთ ნაიბები ეწოდებოდათ. ქალაქის ნაცვალი მოურავთან ერთად განიხილავდა მცირედმნიშვნელოვან დავას, მეთვალყურეობდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ა.შ.

ნაცვალი, რომი (praeses - მეთაური, ხელმძღვანელი) - ხელისუფლების წარმომადგენელი ჯერ მხოლოდ რომაულ პროვინციაში (praeses provinciae), შემდგომში სენატის პროვინციებშიც. მათ ხელთ იყო სამართალწარმოება და პროვინციის ჯარის უმაღლესი მმართველობა.

რომში რესპუბლიკის დროს ნაცვალი ინიშნებოდა კონსულთა რიცხვიდან წილისყრით (ასეთ ნაცვალს ეწოდებოდათ პროკონსული) და პრეტორებიდან მაგისტრატურის ვადის გასვლის შემდეგ. იმპერიის დროს ნაცვალს იმპერატორი ნიშნავდა.

დომინატის დროს ნაცვალი უკვე აღარ მეთაურობდა ჯარს, სამართალწარმოებისას კი მხოლოდ პირველ ინსტანციას წარმოადგენდა (შეიძლებოდა იმპერატორთან აპელაცია).

ნაცვრიერი, სვანეთი - ნივთიერი ჯარიმა ცოლის მიტოვებისთვის.

ნაჭვლაში, სვანეთი - ე.წ. მისატანი (pretium nuptialae), საქმროს მხრიდან მისაცემი ძღვენი საცოლის მშობლებისადმი. ნაჭვლაში ძველ დროში განსაზღვრული იყო და მორიგებას დიდი დრო არ სჭირდებოდა. მაგალითად, ენგურის ხეობაში ორი ცალი ხარი და ერთი ძროხა იყო, რომელიც ბოლო ხანებში 4-5 ხარამდე გაიზარდა. ცხენისწყლის ხეობაში კი თავიდანვე 4 ხარი და ერთი ძროხა იყო განსაზღვრული. ამ დადგენილ ნაჭვლაშზე საქმროს დედ-მამა ვერაფერს იტყოდა და იძლეოდა წესების დაცვით. ნაჭვლაშის მიღების ვადა სხვადასხვანაირად იყო დათქმული. ზოგან ერთი წლით ადრე იღებდნენ ქალიშვილის მშობლები, ზოგან კი იმავე ღამეს, როცა ქალს საქმროსთან ისტუმრებდნენ.

ნაჭვლაშს აძლევდნენ ასევე უცოლო ძმას გაყრის დროს, იმ რაოდენობით, რამდენიც თითოეულ ძმას ჰქონდა გადახდილი თავის საცოლეში.

ნერონი კლაუდიუს კეისარ ავგუსტუს გერმანიკუსი (Claudius Nero Caesar Augustus Germanicus) (ახ. წ. 37-68 წწ.) - რომის იმპერატორი (ახ. წ. 54 წ-დან).

სენატორ გნეუს დომიციუს აჰენობარბუსისა და აგრიპინას ვაჟიშვილი; აგრიპინა ცოლად გაჰყვა იმპერატორ კლავდიუსს და მან ნერონი იშვილა (ახ. წ. 50 წ.), ნერონმა კი კლავდიუსის ქალიშვილი ოქტავია ცოლად (ახ. წ. 53 წ.) ითხოვა. აგრიპინას მიერ კლავდიუსის მოწამვლის შემდეგ პრეტორიანების დახმარებით იმპერატორი გახდა. ახ. წ. 62 წ-მდე ყმაწვილი იმპერატორი პრეტორიანების მეთაურის ბურუსს და მასწავლებლის სენეკას გავლენით მოქმედებდა. შიდაოჯახურმა ბრძოლამ ძალაუფლებისათვის ბრიტანიკუსი, კლავდიუსის ვაჟი (ახ. წ. 55 წ.), მოგვიანებით კი დედაც, აგრიპინაც (ახ. წ. 59 წ.) შეიწირა.

ნერონის მმართველობის პირველი ხუთი წელი (quinquennium Neronis) იმედისმომცემი იყო - ამ პერიოდში შეიცვალა ფინანსური სისტემა და სამართალწარმოება, გაიზარდა რომის კოლონიების რიცხვი. ბურუსის სიკვდილის შემდეგ სენეკა ჩამოცილდა სახელმწიფო საქმეებს და ახალი მეთაურის სოფრონიუს ტიგელენუსის დანიშვნით დაიწყო ნერონის დესპოტური მართვის ხანა - ღამის ორგიებით, ქუჩებში ჩხუბის ატეხვით, სანახაობებით, გლადიატორთა ბრძოლებით, სენატორების ცირკის არენაზე გამოყვანით და ა.შ.;

ნერონმა პატივმოყვარე ლამაზი პოპეა საბინას ცოლად შერთვა მოინდომა და ამიტომ გადაასახლა და შემდეგ მოაკვლევინა თავისი ცოლი ოქტავია. იმავე წელს მდიდარი სენატორების ქონების კონფისკაციის მიზნით განახლდა სასამართლო დევნა „იმპერატორის სახელის შეურაცხყოფისათვის“. შენობები და თამაშობები დიდ თანხებს ითხოვდა.

ახ. წ. 65 წ-ს პიზონის შეთქმულება იმპერიის „ელინისტური“ მმართველობის გამო სენატორთა პროტესტის გამოვლენა იყო. სენეკამ, ლუკანმა, პეტრონიუსმა ნერონის ბრძანებით თავი მოიკლეს.

ახ. წ. 64 წ-ს რომში ხანძარი გაჩნდა, თითქმის მთელი რომი დაიწვა. ეჭვი რომ თავიდან აეცილებინა, ნერონმა ებრაელები და ქრისტიანები (ქრისტიანთა პირველი დევნა) დაადანაშაულა. რომის აღდგენისას განსაკუთრებით დიდი თანხა იმპერატორის „ოქროს სახლის“ აშენებისათვის დაიხარჯა. ნერონი ახ. წ. 64-წდან ცირკის არენაზე მღეროდა, მსახიობობდა, ჯირითში მონაწილეობას იღებდა. ნერონით უკმაყოფილები აჯანყდნენ ბრიტანიაში, იუდეაში, გალიაში, ესპანეთში. პრეტორიანთა გვარდიის ღალატმა და სენატის შერისხვამ ნერონი აიძულა თავი მოეკლა (ახ. წ. 68 წ.). მისი ბოლო სიტყვები იყო - „რა მსახიობი ვიღუპები“ (Qualis artifex pereo).

ნექსუმი (nexum - nectare) - ვალის უძველესი სახეობა (ამასთანავე სახელშეკრულებო ვალდებულება), რომელიც აქტის სახით ფორმდებოდა (per aes et libram). როგორც წესი, მას თან ერთვოდა დამატებითი მოლაპარაკება (lex mancipatio dicti) პროცენტებზე (fenus unciarium). თუ მოვალე (nexus) დროულად არ დააბრუნებდა ვალს, იგი კრედიტორ-პატრიცის განკარგულებაში გადადიოდა (manus iniectio), რომელსაც შეეძლო ბორკილები დაედო მისთვის, მოეკლა ან მონად ექცია, ვიდრე არ გამოიმუშავებდა თავის ვალს. ნექსუსს ამ მოვალეობისაგან თავის დაღწევა შეეძლო მხოლოდ სხვა აქტის (actus contraries) შედგენისა და ამ შედგენასთან დაკავშირებული ფორმალობების გავლის შემდეგ. ამ აქტს ეწოდებოდა nexi liberatio - ნექსუმისგან გათავისუფლება. ნექსუმი მევახშეების მძიმე პროცენტებით დატვირთულ პლებსს აღარიბებდა და მათ მონებად აქცევდა. ერთ-ერთ მიზეზს ფენებს შორის არსებული დაძაბული ბრძოლისა მოვალეობის ეს ფორმა წარმოადგენდა. მხოლოდ ძვ. წ. IV ს-ის ბოლოს გამოიცა lex Poetelia 2, რომელმაც შეარბილა მოვალეობის ეს ფორმა. წყაროების სიმცირის გამო მოვალეობის ძველი ფორმის წარმოშობის, არსებობის და ევოლუციის საკითხი არ არის მეცნიერებაში საბოლოოდ დადგენილი. სავარაუდოდ, უძველეს დროში მოვალე წეს-ჩვეულების მიხედვით, იღებდა სპილენძის ნაჭერს, რაც მას ვალდებულს ხდიდა გარკვეულ დროში უკან დაბრუნებინა ეს თანხა. მოგვიანებით სპილენძი, ბუნებრივია, შეიცვალა ფულის ერთეულით. მონად ქცეულ მოვალეს რომში არ ტოვებდნენ, იგი რომის საზღვრებს მიღმა - trans Tiberium - უნდა გაეყიდათ.

ნიშნობა, მთა

სვანეთი - ძალიან ხშირად საცოლეს მუცლად ყოფნისას ნიშნავდნენ, რაც, სავარაუდოდ, სვანებში ქალთა სქესის ნაკლებობით იყო გამოწვეული. ორსული ცოლების ქმრები ჯერ სიტყვიერად უთანხმდებოდნენ ერთმანეთს, ბავშვების დაბადების შემდეგ კი ვაჟის მამას ქალის მშობლებთან მიჰქონდა ფინთიხი (თოფის ტყვია), რაც იმის გამაფრთხილებელი ნიშანი იყო, რომ დანიშნულ ქალს მამა სხვაზე ვეღარ გაათხოვებდა და ვერც სხვა ვერ მოიტაცებდა. ერთი წლის შემდეგ ქალის მშობლები მიიპატიჟებდნენ სასიძოს დედასთან ერთად „ფეხის ასახსნელად“ (ჭიხში ლიფშდუნე), ე.ი. სასიძო პირველად შედიოდა ცოლეულის სახლში. საცოლესთან მისვლის წინ, ძუძუმწოვარ ბავშვს აკვანში შუბლზე ნახშირს უსვამდნენ, თავქვეშ ასევე ნახშირს და რაიმე რკინეულობას უდებდნენ. მასპინძელს აძლევდნენ ერთ „ჩაფლაშს“ (რაიმეს ერთი აბაზის ღირებულებისა). სასიძო საცოლეს სახლში ღამით მიჰყავდათ, სადაც დედასთან ერთად ერთი კვირა რჩებოდა. სასიძოსა და სარძლოს აკვნებს გვერდიგვერდ დგამდნენ მომავალი სიყვარულისა და ერთგულების საწინდრად. საცოლის მშობლები ვალდებულნი იყვნენ, გასტუმრებისას სასიძოს მშობლებისთვის გაეღოთ ნაყდანვირი (ასევე იქცეოდა სასიძოს დედ-მამაც დანიშნული სარძლოს მშობლების მიმართ).

ქალს ხელმეორედ ნიშნავდნენ საქმროს ან ქმრის სიკვდილის შემთხვევაში. ამ დროს საცოლის დანიშვნა დასწრებაზე იყო. მუცელში დანიშნულისგან განსხვავებით, ეს ქალის ნება-სურვილზეც იყო დამოკიდებული, თუმცა მშობლების აზრი და უფლება ხშირად აქაც გადამწყვეტი იყო (ისინი ცდილობდნენ, შვილისთვის ძლიერი თემისა და მდიდარი ოჯახის ქალი შეერთოთ).

ფშავი - მაჭანკლის ელჩობა და მისვლა-მოსვლა ფშავში ორ წლამდე გრძელდებოდა. ბოლოს მაჭანკალი ქალის მშობლებისგან იღებდა „დაიმედებას“, რომელსაც სწრაფადვე მოჰყვებოდა „აგრეობის თქმა“ ანუ თანხმობა. ამ მიზნით მთხოვნელი სარძლოსთან ძღვენით მიდიოდა. ქალის მშობლები კიდევ ერთხელ გაინაზებოდნენ და ქალის დანიშვნაზე უარს ამბობდნენ. იმართებოდა თათბირი. ბოლოს ქალის მშობლები თანხმდებოდნენ და მთხოვნელის პურ-ღვინოს მიირთმევდნენ. ორივე მხარე ერთმანეთს თანხმობას ეტყოდა და ნიშნად მთხოვნელი ქალის მშობლებს 5-15 მანეთს გადაულოცავდა, რასაც „ლიშნის დაჭერა“ ეწოდება. ამის შემდეგ ქალი ვაჟის დანიშნულად ითვლებოდა და უარის თქმა აღარ შეეძლო. თუ ქალს სხვა მთხოვნელი გამოუჩნდებოდა ან მშობლები აზრს შეიცვლიდნენ, საქმეს ბჭეები იძიებდნენ. თუ ქალის მშობლებისგან თანხმობა ნათქვამი იყო, ქალი მასზე უნდა გაეთხოვებინათ. ან თუ ქალს ორი მთხოვნელი გამოუჩნდებოდა, ქალს ბჭეები იმას აკუთვნებდნენ, ვისაც მისთვის „აგრეობა“ ჰქონდა ნათქვამი.

გარკვეული ხნის შემდეგ მთხოვნელს ქალის ოჯახში მიჰქონდა „სახლის სანახავი“ ძღვენი: პური, საკლავი, სასმელი და სხვა. ქალის პატრონიც სამზადისით ხვდებოდა. ლხინი ორ დღეს გრძელდებოდა. მეორე დღეს სარძლო-სასიძოს ერთად სვამდნენ და წინ უდგამდნენ ღვინით სავსე გობს. ხევისბერი გობზე სანთელს მიაკრავდა, ღვინოს სტუმრებს მიაწოდებდა და დანიშნულებს ამწყალობებდა.

ამის შემდეგ ირჩევდნენ ორ „მყეფარს“ - ერთს სარძლოს მხრიდან, მეორეს - სასიძოდან, რომლებსაც „სანაწეო“ საჩუქარი უნდა მოეგროვებინათ, თან შეექოთ, ბოდიში მოეხადათ და ეოხუნჯათ. მყეფარი სანაწეოს სარძლოს გაშლილ ხელსახოცზე დადებდა და ახლა მეორე ართმევდა სანაწეოს და ისევ ოხუნჯობდა.

სარძლოს სანაწეოს მომტანისთვის ერთი წყვილი ჭრელი წინდა უნდა ეჩუქებინა, მყეფარსაც ეძლეოდა ერთი წყვილი წინდა. ამ დღიდან სარძლო შინ მიყვანილ ცოლად ითვლებოდა და მისი შერთვა აღარავის შეეძლო. მაგრამ საპატარძლოს კიდევ უნდა ეცადა, სანამ სანაწეოდან და სათავნოდან ბარგს მოიმზადებდა.

ნიშნობა, რომი (sponsalia) - ქორწინებას ჩვეულებრივ წინ უძღოდა ნიშნობა, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ადრეული პერიოდის კანონმდებლობით ქორწინების ამ ორმხრივ (ორ მხარეს შორის) დაპირებას მომავალი მეუღლეების სახელით მათი მამები დებდნენ. ეს გამოიხატებოდა საზეიმო დაპირების (sponsio) ფორმით. აქედან ამ აქტის სახელწოდება sponsalia (ასევე ტერმინები sponsus, sponsa). ადრეული რესპუბლიკის ხანაში ნიშნობის დამრღვევი მხარე იძულებული იყო ზარალი აენაზღაურებინა (actio ex sponsu). მოგვიანებით ნიშნობას აღარ ჰქონდა ოფიციალური ხასიათი და იგი არ ავალდებულებდა მხარეებს. დროთა განმავლობაში ნიშნობას, ქორწინების მსგავსად, ზოგიერთი თანამდევი ლეგალური ქმედებები მიეწერა (ასე მაგალითად, ქორწინებისათვის დაბრკოლების შექმნა დანიშნულის ნათესავთან მიმართებით) (იხ. ქორწინება, რომი).

ნიშნობა, საქართველო - მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ქორწინების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. თავის მხრივ, ნიშნობასაც წინ უძღვოდა გარკვეული სოციალური აქტები, მაგ., საცოლის შერჩევა, მაჭანკლობა, შუაკაცობა და სხვ. საცოლის არჩევაში, როგორც წესი, მშობლები აქტიურობდნენ. საცოლის შერჩევა ხდებოდა მშობლებისა და ახლობლების გაკითხვით, ასევე სახალხო და რელიგიურ დღესასწაულებზე ქალის დათვალიერებით.

საცოლის დათვალიერების შემდეგ ქალის ოჯახში იგზავნებოდა შუაკაცი, რომელიც ვაჟის ოჯახის სურვილს ატყობინებდა, რის შემდეგაც ქალის ოჯახი, თავის მხრივ, სასიძოს შესახებ ცნობების შეგროვებას იწყებდა. მექორწინეთა სურვილი მხედველობაში არ მიიღებოდა. მოგვიანებით საცოლის „გასინჯვაში“ გარკვეულ მონაწილეობას სასიძოც ღებულობს.

მაჭანკალი თუ შუაკაცი თავის მოვალეობას უსასყიდლოდ ასრულებდა. მოგვიანებით, მაჭანკლობა სასყიდლიანი და დასაძრახი გახდა და კანონით ჯარიმის (სისხლის ნახევრის) გადახდა დაეკისრა. ნიშნობის ეს წინარე ქმედებანი სამართლებრივ ქმედებად არ განიხილება, ნიშნობისაგან განსხვავებით.

ნიშნობის წარმოშობა საქართველოში ქრისტიანობის ჩასახვა-განვითარებას გასდევს. ნიშნობის საკითხი საქართველოში რეგულირდებოდა როგორც საერო საკანონმდებლო ძეგლებით, ისე ადათობრივი სამართლის ნორმებით. იგი ატარებდა სამართლებრივი გარიგების, ხელშეკრულების სახეს, რომლის დარღვევის შემთხვევაში პირს იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა.

მომავალი მეუღლეების დანიშვნის ასაკი, შესაძლებელია, ძალზე ადრეული ყოფილიყო. ეთნოგრაფიული მასალებით, ჩვილების დანიშვნა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროსაც კი ხდებოდა. ასევე ხშირი იყო აკვანში დანიშვნის შემთხვევები.

ნიშნობაზე სპეციალური რიტუალი ტარდებოდა. ვაჟის ოჯახს ქალისათვის სამკაულები უნდა მიეტანა, ზოგჯერ სურსათ-სანოვაგეც, თუმცა უმთავრესი ნიშანი წინდის - ანუ სანიშნო ბეჭდის მიტანა იყო.

ნიშნობა, საბერძნეთი (έγγύη) - ქორწინების ერთერთი შემადგენელი ნაწილი. კლასიკური პერიოდის ათენის კანონმდებლობით ნიშნობა ქორწინების აუცილებელი წინაპირობა გახლდათ.

დანიშვნა გულისხმობდა ქალის კირიოსს და სასიძოს (ან სასიძოს კირიოსის) შორის სიტყვიერი შეთანხმების დადებას. მეურვე წყვილს ფიცით შეაკავშირებდა. საყურადღებოა, რომ ნიშნობის დროს წერილობითი აქტი არ დგებოდა.

ნიშნობას ოფიციალური ხასიათი ჰქონდა და ორივე მხრიდან მოწმეები უნდა ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში თუ მომავალში მხარეთა შორის რაიმე პრეტენზია გაჩნდებოდა, ან საჭირო გახდებოდა მემკვიდრის კანონიერების დამტკიცება, სწორედ მოწმეს მოეთხოვებოდა დაედასტურებინა, რომ ნიშნობა ოფიციალურად ჩატარდა. სასამართლო სიტყვებში მოწინააღმდეგე მხარეებს ხშირად მოჰყავდათ მოწმეები. ნიშნობის დროს განსაზღვრავდნენ მზითვის ოდენობასაც. არაა ცნობილი, თუ რამხელა იყო შუალედი ნიშნობასა და ქორწინებას შორის. დანიშნულები უმეტესწილად მალევე ქორწინდებოდნენ, თუმცა წყაროები მოგვითხრობენ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც წყვილები ნიშნობიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ნიშნობა სასიძოს არ ბოჭავდა და ქორწინებამდე მას ყოველთვის შეეძლო უკან დაეხია. ბუნებრივია, თუკი მას მზითვი უკვე ჰქონდა აღებული, ის ქალის ოჯახისთვის უნდა დაებრუნებინა. საკამათოა ისიც, თუ როდიდან შემოვიდა ნიშნობის ადათი. ნიშნობის ყველაზე ადრეულ დამოწმებად ითვლება აგარისტეს ქორწინება მეგაკლესთან (დაახლ. ძვ. წ. 575 წ.). აგარისტეს ქორწინება მეგაკლესთან ოფიციალურად გაფორმდა, მას შემდეგ, რაც მამამ პირობით შეაკავშირა (ე.ი. დანიშნა) ქალიშვილი მეგაკლესთან „ათენური კანონების შესაბამისად“ და სასიძოს მიერ პირობის მიღების საფუძველზე. ორატორების ეპოქის ათენში ეს ადათ-წესი უკვე ძალზე გავრცელებული იყო.

ნიჭი - საჩუქარი, საბოძვარი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ნიჭი „უფალთა მიერ საბოძვარს“, „უაღრესისაგან უდარესის მინაცემს“ წარმოადგენდა. ჩუქებას, ბოძებას აღნიშნავდა „ნიჭება“, „მინიჭება“, „მონიჭება“, გაჩუქებას - „განიჭება“, მბოძებელს - „მომნიჭებელი“ და ა.შ. ბექას და აღბუღას სამართალში (მუხლი 34) საქორწინო შესაწევრის მნიშვნელობით იხსენიება სანიჭარი, რომელიც გვიანობამდე შემორჩა მესხეთჯავახეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში.

ნობილიტეტი (nobilitas — დიდება, გვარიშვილობა) - წარჩინებულთა მმართველი ფენა, რომელიც ძვ. წ. IV-III ს-ში ჩამოყალიბდა. ნობილიტეტის ეკონომიკურ ბაზისს უზარმაზარი საადგილმამულო ქონება (მიწა) შეადგენდა (ager publicus; latifundia), მთავარ პოლიტიკურ საყრდენს კი - სენატი; უმაღლესი ქურუმები და მაგისტრატები ძირითადად მათი რიგებიდან გამოდიოდა; კონსულატობა მისი მონოპოლია იყო, რომელსაც ხანდახან ახალი ადამიანი არღვევდა. ნობილიტეტი ყველაზე დიდ მოგებას ტერიტორიების დაპყრობებიდან, ხოლო მერე მათი მმართველობიდან იღებდა. ნობილიტეტი მოსაჩვენებლად უგულებელყოფდა ფინანსურ საქმეებს, სინამდვილეში კი ამ საქმეს სხვა პირების მეშვეობით წარმართავდა.

ნობილიტეტი ცდილობდა ადრინდელი პრივილეგიების შენარჩუნებას და ამიტომ კონსერვატორულ რეაქციულ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ ნობილიტეტის შიგნით მრავალრიცხოვანი ძალოვანი დაჯგუფებები და ძლიერი პიროვნებებიც (ძვ. წ. I ს.) ნობილიტეტის პრივილეგიებს ასუსტებდნენ, რაც რომის რესპუბლიკის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. პრინციპატის დროს ნობილიტეტის გარეგნული ბრწყინვალება არა მისი სიძლიერის, არამედ პრინცეპსის წყალობის შედეგი იყო. ახ. წ. II ს-ში ძველი წარჩინებულების მხოლოდ რამდენიმე ოჯახი შემორჩა.

ნომენკლატორი (nomenclator) - მონა, რომლის ვალდებულებაშიც შედიოდა თავისი პატრონისათვის მოქალაქეთა სახელების დასახელება. ეს ეხებოდა ძირითადად მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომლებიც დიდი გავლენით სარგებლობდნენ სახელმწიფოში. განსაკუთრებით აქტუალური იყო ეს საარჩევნო კამპანიის პერიოდში.

ნომოთეტესი (νομοθέτης) - „კანონის შემქმნელის“ აღმნიშნავი ზოგადი ტერმინი, თუმცა ათენში ის უმთავრესად გამოიყენებოდა კანონშემოქმედთა იმ საბჭოს აღსანიშნავად, რომელიც ახალ კანონთა შესამუშავებლად და ძველ კანონთა რევიზიისათვის იყო შექმნილი. ნომოთეტესები იყვნენ შერჩეული იმ ათენელთაგან, რომელთაც დიკასტესის ფიცი ჰქონდათ მიცემული. ძვ. წ. IV ს-ში სახალხო კრება ყოველი წლის დასაწყისში უყრიდა კენჭს იმას, თუ რამდენად იყვნენ დამაკმაყოფილებელნი არსებული კანონები. თუ ის გადაწყვეტდა, რომ ზოგიერთი კანონი შესაცვლელი იყო, კრება ნიშნავდა ნომოთეტესების კოლეგიას (იხ. კანონშემოქმედება, ათენი). ნომოთეტესთა კოლეგია რიცხობრივად საკმაოდ დიდი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც იგი 1001 წევრისაგან შედგებოდა. ძვ. წ. IV ს-ში თესმოთეტესებსაც ევალებოდათ კანონთა ყოველწლიური შესწავლა და თუ ისინი აღმოაჩენდნენ კანონთა შეუთავსებლობას და მათ ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობას, მათ უნდა მოეთხოვათ სახალხო კრებისაგან, რომ მას ნომოთეტესები კანონთა განსახილველად დაენიშნა. ნომოთეტესებს თავიანთი ქმედების განხორციელება მხოლოდ მაშინ შეეძლოთ, თუ ამას სახალხო კრება მოითხოვდა.

ნომოფილაკები (νομοφύλαες) - ნომოფილაკები რამდენიმე ბერძნულ პოლისში იყვნენ ცნობილნი. ფილოქოროსის თანახმად, ეს თანამდებობა ათენში მას შემდეგ იქნა შემოღებული, რაც ძვ. წ. 462/1 წ-ს ეფიალტესმა საგრძნობლად შეკვეცა არეოპაგის უფლებები. თანამედროვე მეცნიერთა ნაწილი ფილოქოროსის ცნობას არ იზიარებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გადმოცემა სინამდვილეს შეესაბამება, ეს თანამდებობა ხანგრძლივად არსებული თანამდებობა არ უნდა ყოფილიყო, რამდენადაც დემოსთენესა და არისტოტელეს დროისთვის ნომოფილაკების ფუნქციონირება არ დასტურდება. როგორც ჩანს, ძვ. წ. 320 წ-სათვის ნომოფილაკის პოსტი თავიდან იქნა შემოღებული. იმ პერიოდში ათენში შვიდი ნომოფილაკი მსახურობდა. მათ ძირითად მოვალეობას ბულესა და სახალხო კრებაზე დასწრება და იმ ქმედებებსა თუ მოსაზრებებზე ვეტოს დადება წარმოადგენდა, რომლებიც მათ ათენის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან უკანონოდ მიაჩნდათ. ნომოფილაკები უფლებამოსილნი იყვნენ, შეემოწმებინათ უკანონოდ მოქმედი მაგისტრატები. ამას გარდა, მათ გარკვეული რელიგიური ფუნქციებიც ეკისრებოდათ.

ნოტიცია დიგნიტატუმი („Notitia Dignitatum“) - ძვ. წ. V ს-ის სახელმწიფო ცნობარი, ყველა სამხედრო და სამოქალაქო თანამდებობების შემცველი კრებული, რომელიც რომის სახმელეთო ჯარის ორგანიზაციასაც აღწერდა. რომის იმპერიის ისტორიის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც გვიჩვენებს დომინატისას ბიუროკრატიული აპარატის გაფართოებას, თუმცა უფრო ადრეული პერიოდის - ძვ. წ. III ს-მდე - მონაცემებსაც შეიცავს.

ნუმა პომპილიუსი (Numa Pompilius) - ტრადიციის თანახმად, რომის მეორე მეფე, წარმოშობით საბინი, გონიერი, პატიოსანი და სამართლიანი, თავად სახელიც „ნომოს“ - კანონიერი, წესრიგის დამამყარებელი - ამაზე მიუთითებს. მშვიდობისმოყვარე მეფემ რელიგიური კულტისა და კანონმდებლობის განვითარებას შეუწყო ხელი, ააშენა ტაძრები, მოსახლეობა ფენებად დაყო, დააწესა ქურუმთა და ხელოსანთა კოლეგიები.

8.14

▲ზევით დაბრუნება


ოლიგარქია (όλιγαρχία) - „მცირეთა მმართველობა“. არისტოკრატიის წიაღიდან მისი წარმოშობის შესახებ იხ. არისტოკრატია. მთავარი განსხვავება მათ შორის ის იყო, რომ არისტოკრატიის უმთავრესი მახასიათებელი იყო წარმომავლობით გამორჩეულობა, ოლიგარქიის კი - სიმდიდრით. ძველ კეთილშობილთა და ახლადგამდიდრებულ მოქალაქეთა შორის კონფლიქტები საბოლოოდ ოლიგარქიის გამარჯვებით დასრულდა. ეს ასევე ტომობრივ ორგანიზაციაზე ურბანული ორგანიზაციის გამარჯვებასაც ნიშნავდა.

ოლიგარქიის პირობებში პოლიტიკური ძალაუფლება მოქალაქეთა მცირე ნაწილს ჰქონდა. მოსახლეობის უმეტესობა, მართალია, მოქალაქენი იყვნენ, მაგრამ ყველა პოლიტიკური უფლება არ გააჩნდათ. ქალაქების მიხედვით „მცირეთა“ შერჩევის მეთოდი განსხვავებული იყო. უმეტეს ქალაქებში პოლიტიკური უპირატესობა მიწათმფლობელებს ჰქონდათ, თუმცა დროთა განმავლობაში ოლიგარქთა მოძრავი ქონება გათანაბრდა. ამას დაემატა ისიც, რომ მმართველთა ეს მცირე რიცხვი ცალკე აღებულ ქალაქისათვის ფიქსირებული გახდა, ოღონდ სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული იყო. ზოგიერთ ქალაქში მმართველობაში მოქალაქეთა სხვადასხვა ფენის წარმომადგენელნი შედიოდნენ. ეს ფენები განსხვავდებოდნენ ქონებით და შესაბამისად, პოლიტიკური უფლებებით (ტიმოკრატია). ოლიგარქიის დროს პოლიტიკური ძალაუფლება ძირითადად საბჭოში იყო კონცენტრირებული. იმ ქალაქებში, რომლებშიც მოქალაქეთა რიცხვი მცირე იყო, სახალხო კრებას შეეძლო რეალური ძალა ყოფილიყო. ზოგიერთ შემთხვევაში ძნელდება სახალხო კრებისა და საბჭოს ერთმანეთისაგან გამიჯვნა (ასე მაგალითად მასილიაში). საბჭოს წევრობა ჩვეულებრივ არჩევით ხდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა. ზოგჯერ, მაგალითად, არეოპაგის შემთხვევაში, საბჭო უმაღლესი რანგის მოხელეებისაგან შედგებოდა, რომლებსაც ამოწურული ჰქონდათ თავიანთი თანამდებობრივი ვადა (ეს მოხელეები, კერძოდ არქონები, თავის მხრივ, სახალხო კრების მიერ იყვნენ არჩეულნი). ოლიგარქიის ზოგიერთი სახასიათო ნიშანი ჩანს სპარტაში, რომელიც ყოველთვის ამ წყობის დამცველად გვევლინება. მაგრამ სპარტა წარმოადგენდა სახელმწიფოს სპეციფიკურ წყობას და მისი ინსტიტუტები ტიპურ ოლიგარქიულ ინსტიტუტებად არ უნდა იქნან განხილული (იხ. ბულე).

ოპტიმატები (optimates - საუკეთესოები) - არაოფიციალური სახელი სენატორების კონსერვატული, აგრესიული და ძლიერ გავლენიანი ფრთისა, რომელიც რესპუბლიკის დაცემისას ძალუფლებისათვის პოპულარებთან ბრძოლაში ჩაება (გასათვალისწინებელია, რომ ეს ორი პოლარული საზოგადოებრივი დაჯგუფება არ წარმოადგენდა თანამედროვე გაგებით პოლიტიკურ პარტიას); ოპტიმატები არისტოკრატიული რესპუბლიკის შენარჩუნებას ცდილობდნენ, პოპულარები კი მხედრების, პროვინციალებისა და პლებსის ინტერესებს გამოხატავდნენ.

ოსტრაკისმოსი (όστρακισμός) - თიხის ჭურჭლის ნატეხების - ოსტრაკონების სასამართლო. ხმის მიცემა, რომლის დროსაც ბიულეტენებად გამოყენებული იყო ოსტრაკონი. ძვ. წ. V ს-ის ათენში ოსტრაკისმოსის საშუალებით ქალაქიდან აძევებდნენ იმ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებს, რომელთა პოლიტიკური გავლენის შეზღუდვაც აუცილებლად მიაჩნდათ. გაძევება ათი წლით ხდებოდა. ყოველწლიურად VI პრიტანიაზე სახალხო კრება აყენებდა საკითხს, უნდა ჩაეტარებინათ თუ არა იმ წელიწადს ოსტრაკისმოსი. თუ ხალხი საჭიროდ ჩათვლიდა მის გამართვას, ოსტრაკისმოსს მალევე, VIII პრიტანიის დროს ატარებდნენ. ოსტრაკისმოსი აგორაზე, არქონებისა და ბულეს ზედამხედველობით იმართებოდა. თითოეული მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება სურდა, თიხის ნატეხზე, ოსტრაკონზე, იმ კაცის სახელს წერდა, რომლის გაძევებაც მას უნდოდა. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ოსტრაკონებს ითვლიდნენ.

სულ მცირე 6000 ბიულეტენი იყო საჭირო, რომ ხმის მიცემა შემდგარად ჩაეთვალათ. გაძევებას ექვემდებარებოდა ის მოქალაქე, რომლის სახელიც ყველაზე ხშირად იყო წარწერილი თიხის ნატეხებზე. მას ათი დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა ქალაქი და ათი წელი ყოფილიყო გადასახლებაში, თუმცა იგი არც მოქალაქეობას და არც თავის ქონებას არ კარგავდა.

ოსტრაკისმოსის შემოღების თარიღის შესახებ მეცნიერებაში განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. ჩვეულებრივ, ვარაუდობენ, რომ იგი კლისთენესმა ძვ. წ. 508/7 წ-ს შემოიღო, მაგრამ პირველი ოსტრაკისმოსი რეალობაში მხოლოდ ძვ. წ. 487 წ-ს ჩატარდა. ამ მოსაზრებისგან განსხვავებით, სხვები თვლიან, რომ ოსტრაკისმოსის შესახებ კანონი არ შეიძლება პირველი ოსტრაკისმოსის ჩატარებიდან ბევრად ადრე ყოფილიყო მიღებული, შესაბამისად, მისი ავტორი კლისთენესი ვერ იქნებოდა.

ძვ. წ. 487 წ-ს გამართული პირველი ოსტრაკისმოსის მსხვერპლი ქარმოსის შვილი, ჰიპარქოსი იყო, ყოფილი ტირანის, ჰიპიასის, ნათესავი. მას მოჰყვა შემდეგ მეგაკლესი, ერთ-ერთი ალკმეონიდი, შემდეგ პერიკლეს მამა ქსანთიპოსი. მათი არაპოპულარულობის მიზეზი ის იყო, რომ ათენელები ამ ადამიანებს სპარსეთის მომხრეებად და ტირანიის აღდგენის მოსურნეებად თვლიდნენ. სხვა ცნობილი მოღვაწენი, რომლებიც ოსტრაკისმოსის სუბიექტები შეიქნენ, იყვნენ: თემისტოკლესი დაახლოებით ძვ. წ. 470 წ-ს, კიმონი - ძვ. წ. 461 წ-ს, მელესიასის ვაჟი თუკიდიდესი - ძვ. წ. 443 წ-ს ოსტრაკისმოსი ბოლოჯერ, ზოგის ვარაუდით, ძვ. წ. 417 წ-ს, სხვების აზრით, კი ძვ. წ. 416 თუ 415 წწ-ში გაიმართა. იგი ძვ. წ. IV ს-ში გრაფე პარანომონმა შეცვალა.

ხშირ შემთხვევაში დაზუსტებით ვერ ვიტყვით, თუ რატომ გახდა ესა თუ ის პოლიტიკოსი ოსტრაკისმოსის მსხვერპლი. ზოგჯერ ამისი მიზეზი ამ მოღვაწის პოლიტიკური პლატფორმა გახლდათ. მაგრამ ცალკეული მოქალაქეები ხშირად აპოლიტიკური მოტივებითაც მოქმედებდნენ, თუნდაც პიროვნული ანტიპათიიდან გამომდინარე.

ათენის აგორაზე წარმოებული გათხრების დროს მრავალი ასეული ოსტრაკონი იქნა აღმოჩენილი, მათ შორის ოსტრაკონები, რომლებზედაც თემისტოკლესის სახელია წაწერილი.

ოსტრაკისმოსი მოქმედებდა აგრეთვე არგოსში, მეგარაში, მილეტოსში. სირაკუსაში ამ პროცესს „პეტალიზმი“ ერქვა, გამომდინარე იქედან, რომ გაძევებულ პიროვნებათა სახელები ზეთისხილის ფოთლებზე (πέταλα-ზე) იყო დაწერილი.

ოცდაათი ტირანი (τριάκοντα τύραννοι) - ძვ. წ. 405 წ-ს ეგოსპოტამოსთან ათენელთა ფლოტი სასტიკად დამარცხდა. ამ ბრძოლით პელოპონესის ომის ბედიც ფაქტობრივად გადაწყდა, რადგან ათენელებს ახალი ფლოტის აგება აღარ შეეძლოთ. სრუტეების გადაკეტვის შემდეგ მათ პონტოდან ხორბლის შემოტანის საშუალება მოესპოთ და მალე სპარტელთა ჯარის მიერ ხმელეთიდან და ზღვიდან ალყაში მოექცნენ. თავდაპირველად ათენელები ცდილობდნენ ყველანაირი საშუალება გამოეყენებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ სრული კაპიტულაცია. მაგრამ შიმშილის გაძლიერებასთან ერთად მოსახლეობაში გაჩნდა განწყობა დაეწყოთ საზავო მოლაპარაკება სპარტასთან. ეს განწყობა ხელს აძლევდა ოლიგარქებს, რომელთაც ლაკედემონელთა დახმარებით დემოკრატიული წყობილების დამხობა და ოლიგარქიული მმართველობის დამყარება სურდათ. პელოპონესის კავშირის საერთო კრებაზე ათენის ელჩობას მეტად მძიმე პირობები წაუყენეს: ათენელებს უნდა დაენგრიათ გრძელი კედლები და თითქმის მთელი ფლოტი სპარტისთვის გადაეცათ. ათენი უნდა გამხდარიყო ლაკედემონელთა მოკავშირე და დამორჩილებოდა მის ჰეგემონიას.

ათენის ელჩობამ მიიღო მათი პირობები და ძვ. წ. 404 წ-ის აპრილში ლისანდროსი პირევსში შევიდა. ათენში გაიმართა სახალხო კრება, რომელზეც ლისანდროსმა მხარი დაუჭირა თერამენესის წინადადებას „ქალაქი ოცდაათი მმართველისთვის ჩაებარებინათ“. ასე, ლაკედემონელთა უშუალო მონაწილეობით, დაემხო ათენში დემოკრატიული წყობა და დამყარდა „30-თა მმართველობა“, რომელმაც მოგვიანებით „ოცდაათ ტირანთა“ მმართველობის სახელწოდება მიიღო. თავდაპირველად ამ კომისიის შექმნის მიზანი ძველი კონსტიტუციის (მამათა ნაანდერძევის) მიხედვით ახალი კონსტიტუციის ჩამოყალიბება იყო. მაგრამ სინამდვილეში მათ ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო ძალაუფლება და თავიანთი ნება-სურვილის მიხედვით დაიწყეს მართვა-გამგეობა. „30-თა კომისიაში“ ოლიგარქთა ორი ფრთა იყო წარმოდგენილი - ერთი ე.წ. უკიდურესი მიმართულების ოლიგარქები, რომელთაც კრიტიასი მეთაურობდა, მეორე - ზომიერი ოლიგარქები, რომელთა სათავეში იმ პერიოდის საკმაოდ ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე - თერამენესი იდგა. 10-10 კაცი ახალ მმართველობაში ამ დაჯგუფებას წარმოადგენდა, 10-იც ლისანდროსის წინადადებით იყო შეყვანილი. ახსოვდათ რა წარსული შეცდომები, „30-მა“ გადაწყვიტა მოსახლეობაში თავიანთი მმართველობის საყრდენი ბაზა შეექმნა. კრიტიასის რწმენით, ყველა პოლიტიკური უფლებით მხოლოდ 3000 ათენელს უნდა ესარგებლა. აქედან 500 კაცი მათ შეიყვანეს ბულეში, 500 დანიშნეს სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობებზე, 2000-ს კი დააკისრეს სასამართლო საქმეთა წარმოება, გააუქმეს რა უწინდელი სასამართლოები (დიკასტერიონები). ფაქტობრივად, მმართველობის ძირითად მეთოდად ტერორი იქცა. „30-ის“ გადაწყვეტილებით, დასახელებული 3000 ათენელის გარდა ყველას ჩამოერთვა სასამართლოში განსჯის უფლება, მათი სიკვდილით დასჯაც კი სასამართლოს გარეშე შეიძლებოდა. „30-ს“ კანონთა მიხედვით, თითოეულ მათგანს ხელეწიფებოდა დაეპატიმრებინა ერთი მეტოიკოსი და მისი ქონება მიეთვისებინა. თუ თავდაპირველად ტერორი სიკოფანტების დასჯის ლოზუნგით დაიწყო, ის მალე სრულიად უდანაშაულო ადამიანების ტანჯვაწამებაში გადაიზარდა. „30-ის“ ამგვარი ქმედება სულ უფრო და უფრო მზარდ უკმაყოფილებას იწვევდა მოსახლეობაში. თვითონ კომისიაშიც არ იყო ერთსულოვნება. ზომიერი ოლიგარქები არ იზიარებდნენ რადიკალთა განუკითხავ პარპაშს და თერამენესის მეთაურობით მოითხოვდნენ შეემუშავებინათ ახალი კონსტიტუცია.

თერამენესისა და კრიტიასის დაპირისპირება ძალის გამოყენებამ გადაწყვიტა და მრავალი თანამოაზრის მიუხედავად კრიტიასმა თერამენესი თვითნებურად ამოაშლევინა 3000-ის სიიდან და სიკვდილით დასაჯა.

მაგრამ „30-ის“ ტირანიას უკვე დიდი დღე აღარ ეწერა. მათ დაუპირისპირდა ყოფილი სტრატეგოსი თრასიბულოსი, რომელმაც პირევსი აიღო. გადამწყვეტ ბრძოლაში მუნიქიასთან უკიდურესი მიმართულების ოლიგარქები დამარცხდნენ, კრიტიასი ბრძოლის ველზე დაეცა. ამის შემდეგ მმართველობის სათავეში ზომიერი ოლიგარქები აღმოჩნდნენ, მაგრამ მათ მმართველობასაც არ ეწერა ხანგრძლივი სიცოცხლე. ათენისა და პირევსის დაჯგუფებათა შეტაკებებში სპარტის მეფე პავსანიასი და ლისანდროსი ჩაებნენ და მეომარ პარტიებს ზავის დადება მოსთხოვეს. ზავის პირობები ორივე მხარემ მიიღო. ათენში აღდგა დემოკრატიული მმართველობა. ელევსინელი ოლიგარქები კიდევ ცდილობდნენ გალაშქრებას, მაგრამ ძვ. წ. 401 წ-ს მათი სტრატეგოსები სიკვდილით იქნენ დასჯილნი.

ოხერი - მიტოვებული და გაუკაცრიელებული უძრავი ქონება ძველ საქართველოში. ასეთი ქონების სახელად იხმარებოდა აგრეთვე „ნაოხარი“, „ოხერქმნილი“ და პარტახიც, რომლის კანონიერად დასაკუთრება მხოლოდ განსაზღვრულ პირობათა დაცვით, კერძოდ, ხანგრძლივი და „მიუმძლავრებული“ მფლობელობის გზით შეიძლებოდა.

ოხლოკრატია (όχλοκρατία) - ბრბოს ძალაუფლება. ბერძნულ პოლიტიკურ თეორიაში ოხლოკრატია აღნიშნავდა დემოკრატიის უკიდურეს, დამახინჯებულ ფორმას აქედან გამომდინარე მთელი უარყოფითი შედეგებით.

ოჯახი, საქართველო - ტერმინი „ოჯახი“ თურქული წარმოშობისაა. თავდაპირველად მის ნაცვლად იხმარებოდა ტერმინები „სახლი“ და „კომლი“. სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ საქართველოში ძველი დროიდან არსებობდა როგორც პატარა, ნუკლეარული ოჯახი, ისე საოჯახო თემი. ნუკლეარული, პატარა ოჯახების არსებობის მკვლევარები უკვე ქართული ლიტერატურის უძველეს ძეგლში - „შუშანიკის წამებაში“ ხედავენ. ნუკლეარული ოჯახი მშობლებისა და შვილებისაგან შემდგარ პატარა ერთობას წარმოადგენს. საოჯახო თემი კი მშობლებისა და მათი დაოჯახებული ვაჟიშვილების ინდივიდუალური ოჯახებისაგან შემდგარი სოციალური ერთეული იყო. საქართველოში საოჯახო თემი ნუკლეარული ოჯახების გვერდით გვიანდელი ფეოდალიზმის დროსაც განაგრძობს არსებობას. მის ყოფას განაპირობებდა მეურნეობის ორგანიზაციის მოთხოვნები და ძმათა ქონების ერთიანობის მეტი ეკონომიკური ეფექტი. ორივე ტიპის ოჯახი საქართველოში პატრიარქალური იყო. პატრიარქალური ოჯახისთვის დამახასიათებელი იყო პატრილოკალური დასახლება (ანუ როცა ცოლი დასახლებულია ქმრის გვარში), მემკვიდრეობის მამის ხაზით გადაცემა და ქალის მორჩილება მამაკაცისადმი. ყოველივე ეს განმტკიცებული იყო მამაკაცის სამეურნეო და ეკონომიკური როლის ზრდითა და შესაბამისად, ქალის საზოგადოებრივი როლის შემცირებით. პატრიარქალურ ოჯახში წარმმართველი იყო სქესობრივ-ასაკობრივი დიფერენციაცია და იერარქია. პატრიარქალური ოჯახი არსებითად მონოგამიური იყო. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, პატრიარქალური ოჯახი მკაცრად მონოგამიური მხოლოდ ქალისთვის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალს მხოლოდ ერთი კაცის - ქმრის ყოლის უფლება ჰქონდა. თუმცა ეს განაცხადი „მკაცრად მონოგამიურობა“ქალისთვის, ჩვენი აზრით, უფრო მეტად ყველა პატრიარქალურ საზოგადოებაში გამეფებულ ე.წ. “ორმაგ მორალთან” უნდა იყოს მიმართებაში (იხ. ქორწინება, საქართველო; განქორწინება, საქართველო).

ოჯახი, მთა სვანეთი - სვანის ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო, ზოგჯერ 50 სულიც იყო ერთ ოჯახში, რაც მათი ჩვეულებით აიხსნება. სვანის აზრით, თუ ოჯახის წევრები გაიყრებოდნენ, მათ კერაზე წყალი ისხმეოდა. თუ ძმები მაინც მოინდომებდნენ განცალკევებით ცხოვრებას, მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ. ოჯახში სრული უფროს-უმცროსობა სუფევდა. ასაკით უფროსი უფლებითაც უფროსი იყო: შვილები დედ-მამას ემორჩილებოდნენ, უმცროსი და-ძმები - უფროსებს და ა.შ. ოჯახში ყველაფრის მეთაურობა უფროსის საქმე იყო. ოჯახის უფროსი პასუხისმგებელი იყო ღვთისა და კაცის წინაშე. მისი პირით ევედრებოდა ოჯახი ღმერთს, შენდობას უთვლიდა მიცვალებულებს, მისი ხელით იკვლებოდა და შეიწირებოდა მსხვერპლი. იგი იყო ვალდებული, მტრისა და მოყვრისთვისაც გაეცა საკადრისი პასუხი როგორც სიტყვით, ისე საქმით. იგი უნაწილებდა ოჯახის წევრებს სამუშაოს და ა.შ. მოხუცებულობის შემთხვევაში თავისი მოვალეობა უმცროსისთვის - შვილისთვის, ძმისთვის უნდა გადაეცა. რჯულის წესის აღსრულება კი, რაც არ უნდა სუსტად ყოფილიყო, ბოლომდე მაინც მის განკარგულებაში რჩებოდა.

მშობლები შვილებზე განუსაზღვრელი უფლებით არ სარგებლობდნენ. თუმცა ადრე სვანებს სამარცხვინო ჩვეულებაც ჰქონდათ, რომლის თანახმად, ქალიშვილებს ხოცავდნენ. მაგრამ ეს ქმედება ჩვეულებით სამართალს ეწინააღმდეგებოდა და დამნაშავე დედა სასჯელს ექვემდებარებოდა. შვილის მკვლელ დედას ხალხი ნაკურთხ მიწაზე არ მარხავდა, ეკლესიისა და სალოცავების ახლოს არ მიესვლებოდა, მსხვერპლის შეწირვის დროს მონაწილეობას ვერ იღებდა, სახალხო, საღმრთო დღესასწაულებს ვერ ესწრებოდა. მის შვილებსა და შვილიშვილებს საუკუნო საძრახად ჰქონდათ ეს საქმე. მამას არ ჰქონდა უფლება მოეკლა ან გაეყიდა შვილი, გალახვისთვის კი არავის წინაშე პასუხისმგებელი არ იყო. პატარა ქალიშვილს მშობლები მის დაუკითხავად ათხოვებდნენ, მოზრდილ ქალს შეეძლო დამოუკიდებლადაც მიეღო გადაწყვეტილება, თუმცა დედ-მამის ნება აქაც უფრო ჭრიდა ხოლმე. თუ ქალიშვილი მშობლების ნების წინააღმდეგ გათხოვდებოდა, ურჩობისდა მიუხედავად, მაინც ურიგდებოდნენ შვილს და თავის წილს არ უკარგავდნენ. ვაჟიშვილს დედ-მამა ურჩევდა და უნიშნავდა საცოლეს, თუმცა თუ რაიმე მიზეზი ან ნაკლი გამოაჩნდებოდა ქალს, მშობლები ვერ აიძულებდნენ მაინცდამაინც მათი ამორჩეული მოეყვანა. ზოგადად მშობლების ურჩი, სიტყვის შემბრუნებელი შვილი განწირული და შერცხვენილი იყო მთელ სოფელში. მარტო ქალიშვილების პატრონი დედ-მამა გადაშენებულად ითვლებოდა, რადგან მამა-პაპათა ქონება სხვის ხელში უნდა გადასულიყო. უძრავი და მოძრავი ქონება, თუნდაც შემატებული, ოჯახის საკუთრებად ითვლებოდა.

ოჯახში ძმებსა და ნათესავებს შორის გაყრა შინაურულად ხდებოდა. თუ გაყრის მიზეზი უთანხმოება იყო, მაშინ მასში მონაწილეობას იღებდნენ სახლიკაცები და სიძეები. ორი ძმა თანასწორად იყოფდა უძრავ და მოძრავ ქონებას, გარდა ერთი დღიური ყანისა, რომელიც ჩვეულებით, წილის გარეშე, უფროს ძმას ეკუთვნოდა. თუ ძმების ან მონათესავეთა რიცხვი ორს აღემატებოდა, აქაც ყველაფერი თანაბრად იყოფოდა, უფროსისთვის განკუთვნილი იმ ერთი დღიური ყანის გარდა. გაყოფილი ქონებიდან პირველი არჩევანი უმცროსი ძმის იყო, რომელიც სახლკარს ირჩევდა, მეორე - მეორე ძმისა და ა.შ. უკანასკნელი ერგებოდა გამყოფელს. რადგან ბოლო წილი ყველასგან დაწუნებული და ნაკლული იყო, ჩვეულებითი სამართალი გამყოფელ ძმას წილის გარეშე აკუთვნებდა ნახევარ დღიურ ყანას ან მის საღირალ ტყეს, სათიბს და სხვა.

თუ ძმები ან რამდენიმე მათგანი ასეთ გაყოფას არ თანხმდებოდნენ, საქმეში თემი ერეოდა. საუფროსო აქაც ეძლეოდა უფროს ძმას. სხვა ქონება თანასწორად იყოფოდა. მამა-შვილების გაყრის დროს პირველი წაიღებდა ერთ წილს. მამას არ ჰქონდა უფლება, შვილი წილის გარეშე გაეგდო. შვილები დედას ვერ გაეყრებოდნენ, თუ მაინც მოხდებოდა მსგავსი შემთხვევები, დედა სარჩოს იღებდა მათგან სიცოცხლის ბოლომდე, სიკვდილის შემდეგაც შვილების მოვალეობას მის სულზე ზრუნვა წარმოადგენდა. გაყრილი მამის სიკვდილის შემდეგ მის ქონებას შვილები თანასწორად იყოფდნენ. გათხოვილ და გაუთხოვარ ქალიშვილებს გაყოფის დროს წილი არ ერგებოდათ საზოგადო ქონებიდან, თუმცა სხვა მოვალეობები უნდა აღესრულებინათ, როგორც წესი იყო. თუ გაყრილთა შორის ვინმე უცოლო გამოერეოდა, მაშინ წილის გარეშე საერთო ქონებიდან მას ეძლეოდა ნაყდანური და ნაჭვლაში იმდენი, რამდენიც თითოეულ ცოლიანს ჰქონდა გადახდილი თავის საცოლეში.

რაც შეეხება ცოლქმრობას, სვანურ ოჯახში ცოლ-ქმარს თანაბრად ჰქონდა დაკისრებული მოვალეობები. ცოლი ქალის საქმეს აკეთებდა, ქმარი - მამაკაცისას. გარკვეული შემთხვევების დროს ცოლი ქმრის მოვალეობებსაც ითავსებდა. ქმარი ვალდებული იყო, ცოლისთვის ჩაეცვა და დაეხურა, ცოლი კი - ქმარ-შვილებისთვის. უძრავი და მოძრავი ქონება, როგორც ადრინდელი, ასევე ერთად ნაშოვნი, საერთო იყო. ცოლს უფლება ჰქონდა დედ-მამის ოჯახში გაეშენებინა ოთხფეხა საქონელი, ეს მისი საკუთრება იყო და მისი მოხმარებაც თავის ნებაზე შეეძლო. რასაც ცოლი გარედან (დედ-მამის სახლიდან ან ნათესავებისგან) მოიტანდა, ოჯახის იყო უკვე. თუ ქმარი ცოლს შეურაცხყოფას მიაყენებდა ან გალახავდა, განაწყენებულ ცოლს შეეძლო დედმამასთან წასულიყო და მანამ არ დაბრუნდებოდა, სანამ ქმარი მშობლებისა და მის წინაშე ბოდიშს არ მოიხდიდა. იყო შემთხვევებიც, როცა ცოლი და მისი დედ-მამა უბრალო გალახვისთვისაც კი „საუპატიო“ ფიცს მოსთხოვდნენ ქმარს. თუ ცოლი დამნაშავე იყო, მშობლები აიძულებდნენ, ქმართან დაბრუნებულიყო.

ყველაზე მძიმე ცოლისთვის ლეჩაქის ჩამოხდა და ნაწნავის მოჭრა იყო. ქმარს არ ჰქონდა ცოლის მოკვლისა თუ დაჭრის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლის ახლობლები სისხლითვე აზღვევინებდნენ მას, ხოლო დაჭრის თაობაზე კი საქმე ჩვეულებრივ სამართალში მიეცემოდა. ცოლს არ უნდა შეებრუნებინა ხელი ქმრისთვის. ქმარი ვალდებული იყო ცოლის ნაკლულოვნება, მაგალითად, მრუშობა, ჯერ მშობლებისთვის შეეტყობინებინა, რათა მათ დაერიგებინათ შვილი, ხოლო შემდეგ თავად ხდებოდა სრული ბატონ-პატრონი.

დანიშნულის ან ჯვარდაწერილი ცოლის გაგდება ქმარს არ შეეძლო, რადგან ეს დანაშაულად ითვლებოდა და ჩვეულებით სამართალს ექვემდებარებოდა, ან ისჯებოდა ცოლის ჭირისუფალთაგან სისხლით ან ეკისრებოდა ნივთიერი ჯარიმა - ნაცვრიერ. არც დანიშნულ და ჯვარდაწერილ ცოლს ჰქონდა ქმრისგან გაქცევის ან სხვასთან წასვლის უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მომტაცებელი და ქალის მშობლები იმავე ჩვეულებას ექვემდებარებოდნენ, რასაც მიმტოვებელი ქმარი.

ჩვეულების მიხედვით, სვანს ერთი ცოლი უნდა ჰყოლოდა. თუმცა თუ ქმარს უშვილო ცოლი შეხვდებოდა ან მარტო ქალიშვილები შეეძინებოდათ, ცოლისა და მშობლების ნებით, სვანს შეეძლო მეორე ცოლი მოეყვანა. პირველი ცოლი ქმრის სახლში რჩებოდა, თუმცა მასთან ცოლქმრული ურთიერთობა წყდებოდა. ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო. ძმას შეეძლო ძმის ქვრივიც მოეყვანა ცოლად.

ცოლ-ქმრის გაყრის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო: ა) სიკვდილი; ბ) მცვედნობა, მამაკაცობის არქონა; გ) ერთმანეთში თანხმობა და დ) თუ ქმარი ცოლის ნათესავებს მოკლავდა ან დაჭრიდა. თუ ქმარი მამაკაცობას დაკარგავდა (ან არ ჰქონდა), ქმარი ვალდებული იყო ცოლი საჩუქრით გაეშვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოლი ქმარზე ადრე არ გამოააშკარავებდა მის ნაკლს. საჩუქარი ორ ხარზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა, ქმრის მიერ ადრე გადახდილი ნაჭვლაში და ნაყდანური ქალის დედ-მამას რჩებოდა. ხოლო ჯიუტი ქმრებისთვის, რომლებიც არ აღიარებდნენ თავიანთ ნაკლს, მოქმედებდა ქმრის 12 მონათესავე კაცის ფიცი (იხ. ფიცი, მთა). ამ მოფიცართა შორის უნდა ყოფილიყვნენ მამა, ძმები, სახლიკაცები, დედით ნათესავები და გარეშე პირებიც. მათ უნდა დაეფიცათ, რომ ესა თუ ის პიროვნება მამაკაცობას მოკლებული არ იყო. თუ დაიფიცებდნენ, ცოლი იძულებული იყო, სიკვდილამდე ქმართან დარჩენილიყო. მოფიცრები იმიტომ იყვნენ ნათესავები, რომ მათ უკეთ შეეძლოთ გაეგოთ სიმართლე. ტყუილის შემთხვევაში ფიცს არ შეაწევდნენ. არც ქმარი გაბედავდა, მისიანებს სიცრუის გამო დაეფიცებინათ. სვანებს სწამდათ, რომ არსებობს ბალახი, რომლითაც ცოლებს შეეძლოთ ქმრისთვის მამაკაცობა დაეკარგათ. ხშირად ქმრები ტყუილუბრალოდ სდებდნენ ბრალს ცოლებს. ამისთვისაც 12 მონათესავე-კაცის ფიცი გამოიყენებოდა (იხ. ფიცი, მთა). ცოლს უნდა დაეფიცებინა ისინი, რომ იგი მართალი იყო. თუ ცოლი ვერ მისცემდა ფიცს ქმარს, მაშინ ჩვეულება მცვედან ქმარს აკუთვნებდა ნახევარ სისხლს.

ხევსურეთი - ხევსურეთში ცოლის გაგდების მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება ყოფილიყო: ქალის უწესო საქციელი, ქურდობა, სნეულება, გაურჯელობა, ხანდახან ლამაზი ქალის მოწონებაც კი. ხევსური მხოლოდ მაშინ მოიყვანდა მეორე ცოლს, როცა პირველი ცოლი ავადმყოფი იყო, უშვილო ან მარტო ქალებს შობდა. მარტო უშვილობის გამო ქმარს არ ჰქონდა ცოლის გაგდების უფლება, და თუ მაინც გააგდებდა, ე.წ. სამწუნობრო უნდა მიეცა. მეორე ცოლის მოყვანა სათაკილო იყო პირველი ცოლის ნათესაობისთვის, ამიტომ ქმარს მისი ოჯახისთვის ხუთი ძროხა ჯარიმად უნდა გადაეხადა. ცოლის გაგდებისთვის დაწესებულ სამწუნობროს ემატებდა ნამაშვრალიც. როცა ქმარი ცოლს სახლიდან აგდებდა, იმდენი ძროხა უნდა მიეცა, რამდენი წელიც მასთან უცხოვრია, ოღონდ პირველი და ბოლო წლის გამოკლებით. ხევსურეთში ცოლს ნება ჰქონდა, ყოველ წელიწადს ახალი ტალავარი მოემზადა. თუ ქალს ძალით აგდებდნენ, მას შეეძლო დანაკლისი ტალავარიც მიეღო ქმრისგან.

ცოლსაც შეეძლო ქმრისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ასეთი საქციელი დიდი სირცხვილი იყო მამაკაცისთვის. ქალს თავდანებებული ქმრისთვის პირობა უნდა მიეცა, რომ სხვას არ მისთხოვდებოდა და საუკუნოდ უქმროდ დარჩებოდა. ამას კვეთილში ჩასმას უწოდებდნენ.

ხევსურ ცოლ-ქმარს ერთმანეთის ქონებაზე ხელი არ მიუწვდებოდა, ისინი ერთმანეთის ქონებას ვერ დაეპატრონებოდნენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა ქმარს სათავნოს დახარჯვის უფლება, თუ დახარჯულს აუნაზღაურებდა შემდეგ. ქმრის სიკვდილის შემთხვევაში ცოლსაც თავისი სათავნო ქმრის დაკრძალვისთვის უნდა მოეხმარა. შესაბამისად, ქმარს არ ჰქონდა უფლება, ცოლისთვის ეჩუქებინა რაიმე თავისი ქონებიდან. სიკვდილის შემდეგ სათავნო ვაჟიშვილებს რჩებოდათ და ისინი იყოფდნენ მას თანასწორად. ქალს მარტო დედის ტალავარი ერგებოდა, სხვა არაფერი. თუ ქალს არც ვაჟიშვილი ჰყავდა და არც ასული, სათავნო იმას რჩებოდა, ვინც მას მოუვლიდა და დამარხავდა. ამ უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ ქმრის გვარეულობა და ნათესაობა.

8.15

▲ზევით დაბრუნება


პაპინიანუს ემილიუსი (Papinianus Aemilius) (ახ. წ. 146-212 წწ.) - სეპტიმიუს სევერუსის მეგობარი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომაელი იურისტი. მონაწილეობდა ბრიტანიის წინააღმდეგ ლაშქრობაში, ცდილობდა მოეგვარებინა დავა სევერუსის ვაჟიშვილებს შორის, რის გამოც კარაკალას ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწყვეტებმა მისი თხზულებებიდან ჩვენამდე ძლიერ დაზიანებული სახით მოაღწია, მაინც ჩანს მისი ღრმა ცოდნა, ორიგინალური აზროვნება, კრიტიკული მსჯელობა, პრობლემებისადმი შემოქმედებითად მიდგომა, გადაწყვეტილებების მახვილგონივრულობა და უზადო სამართებლივი ტექნიკა. თავისებურია მისი წერის მანერა, ლაპიდარობისა (ზოგჯერ გადაჭარბებული) და სიზუსტის ნიმუში. კლასიკურის შემდგომ პერიოდში პაპინიანუსი ერთ-ერთ მნიშვნელოვან რომაელ იურისტად ითვლებოდა. ძირითადი ნაშრომები: „ძიებანი“ (Quaestiones - 37 წიგნად), რომელთაგან მრავალი ნაწყვეტი კომპილატორებმა დიგესტებში გადაიტანეს და „დასკვნა“ (Responsa - ცალკეული შემთხვევები სასამართლო პრაქტიკიდან 19 წიგნად), მნიშვნელოვანია შემოქმედებითი მიდგომითა და ფორმებით. მათში პაპინიანუსი თანმიმდევრულად განიხილავდა ყოველ შემთხვევას (ძველრომაელი იურისტების მსგავსად) ასეთი სქემით: საქმის არსი (დანაშაულის შემადგენლობა), კითხვა, პასუხი. ეს თხზულება იმდენად პოპულარული გახდა, რომ მის ანალიზს სამართლის სკოლებში სწავლების მესამე წელი მიეძღვნა.

პარაგრაფე (παργραφή) - საპირისპირო (კონტრ) ბრალდება, რომლითაც მოპასუხე მოსარჩელეს არაკანონიერ დევნაში ადანაშაულებდა.

სანამ მთავარი სასამართლო განხილვა (εύθιδικία) შედგებოდა, პროტესტი ცალკე სხდომაზე უნდა განეხილათ. ამ შემთხვევაში პირველი პროტესტის განმცხადებელი (თავდაპირველი საქმის ბრალდებული) გამოდიოდა და შემდეგ მოპირისპირე მხარე სცემდა პასუხს. თუკი გაიმარჯვებდა ის, ვინც პროტესტს გამოთქვამდა, მაშინ თავდაპირველი საქმე შეწყდებოდა; თუ პროტესტის განმცხადებელი დამარცხდებოდა, საქმე მთავარ სხდომაზე გადიოდა. პარაგრაფეს განხილვის დროს წაგებული მხარე თავის მოწინააღმდეგეს მთავარი საქმის თანხის 1/6-ს უხდიდა. ეს პროცედურა შემოღებულ იქნა ძვ. წ. 403/2 წ-ს, რათა პარაგრაფე გამოეყენებინათ იმ სამართლებრივ დევნათა წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ იმ წელს გამოცხადებულ ამნისტიას. პირველი პარაგრაფე ის სამართლებრივი დავა იყო, რომლისთვისაც ისოკრატესმა დაწერა თავისი ცნობილი სიტყვა „კალიმაქოსის წინააღმდეგ“, სავარაუდოდ, ძვ. წ. 402 წ-ს. პარაგრაფეს მოქმედების ველი მალე გაფართოვდა. თუ დიამარტურიის უფრო ადრეული პროცედურა მოსარჩელეს ცალკეული ბრალდების შესაჩერებლად გამოიყენებოდა, პარაგრაფე საშუალებას აძლევდა მოპასუხეს, როლები შეეტრიალებინა - თვითონ გამხდარიყო ბრალმდებელი და გამარჯვების შემთხვევაში სასჯელი თავისი მოწინააღმდეგისათვის დაეკისრებინა. პარაგრაფე კერძო ბრალდების დროს გამოიყენებოდა (იხ. დიკე).

პარტახი - უპატრონოდ მიგდებული, გაჩანაგებული ადგილ-მამული, სახლ-კარი ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, პარტახი ოხერივით „უნამუშავრო“ ადგილს ეწოდებოდა. ტერმინი პარტახი გვხვდება ძირითადად დასავლეთ საქართველოს დოკუმენტებში. აქ „საგლეხო პარტახიც“ იხსენიება. სამართლის წიგნებიდან ტერმინი პარტახი გვხვდება გიორგი V-ის „ძეგლის დადებაში“ ბეითალმან ქონებასთან დაკავშირებით. ბეითალმანი პარტახის მიმღებს „საჯარო და სალაშქრო“ სამსახური ეკისრებოდა. პარტახი იბეგრებოდა და იგი ყიდვა-გაყიდვის, ბოძებისა და სხვა სამართლებრივ ურთიერთობათა საგანიც იყო.

პარტიები, საბერძნეთი - სოლონის რეფორმებს შემრიგებლური ხასიათი ჰქონდა, რის გამოც ათენში დაპისპირებულ მხარეთაგან ბოლომდე კმაყოფილი არც ერთი არ აღმოჩნდა. ამან ათენში პოლიტიკური ბრძოლა გაამძაფრა. შედეგად ძვ. წ. VI ს-ის 80-იან წწ-ში ათენში იქმნება რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური დაჯგუფება ანუ პარტია. რეგიონალური პრინციპით სამი ასეთი ჯგუფი შეიქმნა: ა) პარალიები (παράλιοι), ანუ სანაპიროზე მცხოვრებნი. მას ძირითადად ზღვის სანაპიროზე მაცხოვრებელი ან ზღვის ნობათით მოსარგებლე მოსახლეობა ქმნიდა: მეზღვაურები, ვაჭრები, ხელოსნები, საშუალო გლეხობა, რომელიც ატიკის ნახევარკუნძულის სანაპიროებზე სახლობდა. 254 პარალიები იცავდნენ იმ პოლიტიკურ მოწყობას, რომელიც ძვ. წ. 594 წ-ს სოლონმა შემოიღო, ანუ ისინი იცავდნენ სოლონის მიერ მინიჭებულ უფლებას დაეკავებინათ ესა თუ ის პოლიტიკური თანამდებობები ქონებრივი მდგომარეობის შესაბამისად. ამ პარტიას ალკმეონიდთა ცნობილი გვარის წინამძღოლი - მეგაკლესი მეთაურობდა. ბ) პედიაკები (πεδιακοί). მასში შედიოდნენ მდინარე კეფისის დაბლობზე მცხოვრები არისტოკრატები, რომლებიც მდიდარი მიწათმფლობელები იყვნენ. პედიაკები სოლონის კანონმდებლობის შეცვლას და ძველი ადათ-წესების დაბრუნებას მოითხოვდნენ, რომლის თანახმადაც ძალაუფლება საუკეთესოთა - ევპატრიდთა ხელში უნდა ყოფილიყო. მათ არისტოკრატიული ოჯახის - ეტეობუტადების წევრი ლიკურგოსი წინამძღოლობდა; დ) დიაკრიები (διάκριοι) - დიაკრიების შემადგენლობაში ატიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთიან მხარეში მობინადრე წვრილი გლეხობა და თეტები შედიოდნენ. ეს პოლიტიკური პარტია ყველაზე უფრო რადიკალურად იყო განწყობილი. ისინი არ კმაყოფილდებოდნენ სოლონის რეფორმებით და მიწისა და პოლიტიკური გადანაწილებას მოითხოვდნენ. მათ წინამძღოლობდა ასევე არისტოკრატიული ოჯახის ჩამომავალი - პისისტრატოსი.

პატიჟი - სასჯელი, დასჯა ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, პატიჟი „უპატიურად და შეჭირვებით პყრობას“ ნიშნავს. ბექას და აღბუღას სამართალში ტერმინი პატიჟი სასჯელის ზოგადი მნიშვნელობით იხმარება, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში მას საჯარო ხელისუფლებისათვის განკუთვნილი სისხლის სამართლის ჯარიმის მნიშვნელობაც აქვს. პატიჟიდან მომდინარეობს ტერმინები „განპატიჟება“ (დასჯა), „პატიჟეულობა“ (სასჯელის დადება) და „პატიჟეული“ (სასჯელდადებული).

Paterfamilias/Paterfamiliae - ოჯახის უფროსი, რომაული გვარის უფროსი, რომელსაც განუსაზღვრელი ძალაუფლება (patria potestas) ჰქონდა შვილებზე, მონებზე, მთელ ქონებაზე, ოდნავ შეზღუდული ცოლზე. მხოლოდ paterfamilias ჰქონდა საკუთრებაზე - მონისა და შვილის შენაძენზეც - იურიდიული უფლება. ვაჟებს შეეძლოთ გათავისუფლებულიყვნენ მისი ძალაუფლებიდან ემანსიპაციის პროცედურით, ქალიშვილებს კი - გათხოვებით. ჯერ კიდევ რესპუბლიკის პერიოდში საზოგადოებრივი აზრი ბოჭავდა მამის ძალაუფლებას - მამა ვეღარ ჰყიდდა შვილს და მით უფრო, ვეღარც კლავდა. ასევე მონების მიმართაც ვერ იჩენდა სისასტიკეს.

პატრიციები (patricii) - შთამომავალი პატრეს (მამების), რომლებიც ოდესღაც სამეფო სენატს ქმნიდნენ. პატრიციები ვიწრო მნიშვნელობით სენატორებსაც ერქვათ.

პატრიციებმა მიისაკუთრეს სხვადასხვა პრივილეგია, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოზიციები (მაგისტრატი, სენატი) და მიწების დიდი ნაწილი (ager publicus). კლასობრივი ბრძოლა პატრიციებსა და პლებსს შორის რომის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო ძვ. წ. 287 წ-მდე.

შემდგომშიც პატრიციებს განსაკუთრებული ადგილი ეჭირათ, მაგრამ მათი პრივილეგიებისაგან ცოტაღა შემორჩა.

რესპუბლიკის დასრულებისას (ოპტიმატები, პოპულარები) პატრიციები თითქმის სრულიად გაქრნენ, ამიტომ პრინცეპსები, რათა როგორმე შეენარჩუნებინათ პატრიციები, მათ ხელოვნურად ქმნიდნენ - ანიჭებდნენ მათ წარჩინების ნიშნებსა და ტიტულს, რომელიც უფლებას აძლევდა პატრიციებს შერჩენილ პრივილეგიებზე; მაგრამ ახალი პატრიციები არასდროს სარგებლობდნენ იმ პატივისცემით, როგორითაც ძირძველი პატრიციები.

1) სერვიუს ტულიუსამდე პატრიციები იყვნენ ერთადერთი მოქალაქეები. მათ ასევე ეწოდებოდათ კეთილშობილები (ingenui); 2) სერვიუს ტულიუსიდან კონსტანტინე დიდამდე პატრიციები ჭეშმარიტი არისტოკრატები იყვნენ განსხვავებით პლებსისგან, რომლებსაც სერვიუს ტულიუსმა მოქალაქეობის უფლება უბოძა; პატრიციები აღინიშნებოდნენ საგვარეულოთი (საგვარეულო ან შთამომავლობითი მოქალაქეები), პლებსი ითვლებოდა უბრალოდ მოქალაქეებად (ახალი მოქალაქეები). პატრიციები უკიდურეს სიღარიბეშიაც კი პატრიციებად რჩებოდნენ; ძალიან მდიდარი და საპატიო თანამდებობაზე მყოფი პლებსი კი პლებსად რჩებოდა. პატრიციუსი შეიძლება პლებეი გამხდარიყო, თუ მას პლებეი იშვილებდა ან პლებეელ ქალს ითხოვდა. პლებეი შეიძლება ჩაერიცხათ პატრიციუსთა გვარში სენატისა ან კურიის გადაწყვეტილებით. რესპუბლიკის ბოლოს იყო მხოლოდ 50 პატრიციული გვარი, რომლებსაც იმპერატორები დროდადრო ავსებდნენ.

პატრიციების უფლებებიც დროსთან ერთად იცვლებოდა. უკვე სერვიუს ტულიუსმა პატრიციები და პლებსი პირად უფლებებში გაათანაბრა, მაგრამ საზოგადოებრივ უფლებებში პატრიციები უპირატესობას ინარჩუნებდნენ. მხოლოდ უმაღლესი მმართველის (interrex) თანამდებობა სამუდამოდ დარჩათ პატრიციებს, ხოლო პლებსს ჯერ კვესტორად, შემდეგ სამხედრო ტრიბუნად, კონსულად არჩევის უფლება დაუთმეს, პლებსმა სენატშიც შეაღწია და მოსამართლის თანამდებობაც მიიღეს. მხოლოდ პატრიციები იღებდნენ მონაწილეობას კომიციებში.

პატრიციებს იმპერატორების ეპოქაში არცერთი დაკარგული უფლება არ აღუდგენიათ და საბოლოოდ თავისი მნიშვნელობა სრულიად დაკარგეს.

კონსტანტინემ უმაღლესი სახელმწიფო ჩინოვნიკებისათვის შემოიღო პატრიციუსის საპატიო ტიტული, რომელიც მემკვიდრეობით არ გადადიოდა.

პატრონატი (patronatus) - მფარველობა. აზატისა და კლიენტის მიმართ პატრონის უფლებების ერთობლიობა. აზატს პატივისცემა უნდა გამოეხატა პატრონისადმი და მიეძღვნა საჩუქრები და შეესრულებინა მისი დავალებები. პატრონი მისი კანონიერი წარმომადგენელი, კანონიერი მემკვიდრე და გარკვეულ შემთხვევაში კანონიერი მეურვე იყო. პატრონი და აზატი (კლიენტიც) ერთმანეთთან ურთიერთვალდებულებებით იყვნენ დაკავშირებული. პატრონის სიკვდილის შემდეგ პატრონატი მის მემკვიდრეზე გადადიოდა. დამოკიდებულება აზატისა პატრონზე თანდათანობით შემცირდა, მაგრამ დარჩა პატრონის მოვალეობა, დაეცვა აზატი.

დაპყრობილი ქალაქები და პროვინციები რომის წარჩინებული გვარის მფარველობაში შედიოდა. გვარისთვის ეს პატივი იყო, ქალაქებისა და პროვინციებისათვის კი - სარგებლობის მომტანი. იმპერიის ეპოქაში ქალაქების, კოლეგიების, საზოგადოებების (sodalitates) და ა.შ. პატრონატი ჩვეულებრივი ამბავი იყო.

პატრონი (patronus) - დამცველი. 1) მფარველი და კლიენტის დამცველი. გარდა სრულუფლებიანი მოქალაქეებისა (პატრიციები) რომში იყვნენ კლიენტებიც, ახალმოსახლეების მიერ დაპყრობილი ძველიტალიკური ადგილობრივი მოსახლეობა. თავისუფალი მოქალაქეებიდან ისინი დაქვემდებარებულ კლიენტებად იქცნენ;

2) ლიბერტუსის ყოფილი ბატონი;

3) patronus causae - იურიდიული კონსულტანტი და მხარის დამცველი სასამართლოში (ადვოკატი);

4) patronus municipii (civitatis) - რესპუბლიკის ეპოქაში ქალაქის საპატიო მფარველი და დამცველი, მოქალაქეების ამორჩეული რომში მათი ინტერესების წარმოსადგენად. პრინციპატის ეპოქაში patronus municipii-ის როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებლივი, ადმინისტრაციული და სამხედრო დახმარება უფრო ინტენსიური გახდა. პატრონი აუმჯობესებდა ქალაქის ცხოვრებას, ამკობდა, აწყობდა დღესასწაულებს და ა.შ. თავად პრინცეპსი ბევრი ქალაქის პატრონი იყო;

5) patronus provinciae - როგორც ნობილიტეტის სხვა გავლენიანი წევრი, იცავდა პროვინციის ინტერესებს რომში; კლიენტს გარკვეული ვალდებულება ჰქონდა პატრონის წინაშე:

1) იარაღისათვის მოეკიდა ხელი პატრონთან ერთად და მის ნაცვლადაც;

2) პატრონს ფულით დახმარებოდა საჭიროების შემთხვევაში, განსაკუთრებით ქალიშვილის გამზვითებისას, საზოგადოებრივი მოთხოვნის ხარჯისას, პატრონის ტყვეობიდან გამოსყიდვისას; პატრონს, თავის მხრივ, უნდა დაეცვა კლიენტი, საჭიროებისას მიეცა რჩევა; ორივე მხარეს ეკრძალებოდა ერთმანეთის საწინააღმდეგო ჩვენება მიეცა და ეჩივლა ერთმანეთისათვის.

კლიენტები ღარიბი ადამიანები იყვნენ; ისინი პატრონის კარის მსახურები იყვნენ, დილას ესალმებოდნენ პატრონს, მიაცილებდნენ ფორუმსა და მარსის მოედანზე და ამის სანაცვლოდ ფულსა და სუფრასთან დაჯდომის უფლებას იღებდნენ.

პეკულატუსი (peculatus) - სამსხვერპლო ცხოველების მოპარვა (დაზიანება), სახელმწიფო ქონების გაფლანგვა. სასჯელი იყო სიკვდილი, მოგვიანებით ჯარიმა. დამნაშავე პიროვნება ვალდებული იყო ჯარიმის სახით გაფლანგული თუ დაზიანებული ქონების საფასური გაორმაგებული ან ზოგ შემთხვევაში გაოთხმაგებული მოცულობით გადაეხადა.

პეკულია (peculia, კნინობითი pecus-იდან — პირუტყვი, თავდაპირველად ვაჟის ან ოჯახის მონის კუთვნილი პირუტყვი) — რომაულ სამართალში - ქონების ნაწილი, რომელიც paterfamilias-ს შეეძლო გადაეცა ვაჟის ან ოჯახის მონისათვის მასზე იურიდიული უფლების გარეშე, მაგრამ უფლებით, განეკარგათ ის დამოუკიდებლად და ესარგებლათ მოგებითაც.

პეკულია მონებისთვის მომგებიანი იყო, რადგან მათ საშუალებას აძლევდა უფრო თავისუფლად ეცხოვრათ და საკუთარი ქონებაც ჰქონოდათ. ასევე დიდი მოგებას იღებდა პეკულიით ოჯახის უფროსი. paterfamilias-ს შეეძლო თავისი ქონება უკან გამოეთხოვა (ademptio peculia — ქონების კონფისკაცია).

ოჯახის უფროსს შეეძლო განესაზღვრა საგნები, რომლებიც მონამ ან ვაჟიშვილმა მიიღო საჩუქრად ან თავისით შეიძინა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მონებისათვის, რომლებსაც პეკულიით შეეძლოთ გამოესყიდათ თავისი თავისუფლება. სახლის პატრონის გარდაცვალებისას პეკულია მისი ქონების ნაწილად რჩებოდა, თუ ანდერძით სხვას არ გადაეცემოდა; მაგრამ თუ ოჯახის მამამ არ მოითხოვა პეკულიის დაბრუნება, იგი სხვის მფლობელობაში რჩებოდა. სამხედრო პეკულია (peculia castrensid) ქონება, რომელიც ოჯახის ვაჟმა (filius familias miles) მოიპოვა სამხედრო სამსახურში (ხელფასი, ნადავლი), მის საკუთრებად ითვლებოდა. ავგუსტუსის დროიდან ვაჟიშვილს შეეძლო ის ეანდერძა სხვისთვის, განეკარგა ცოცხლებს შორის (inter vivos). სამხედრო პეკულია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადიოდა სახლის პატრონთან, თუ ოჯახის სამხედრო მოსამსახურე ვაჟი ანდერძის დაუტოვებლად გარდაიცვლებოდა.

პენტაკოსიომედიმნოსები (πεντακοσιομέδιομέδιμνοι) - ხუთასი ყველაზე მდიდარი კაცი ათენში, ისინი სოლონის მიერ ქონებრივი ცენზის მიხედვით ოთხ კლასად დაყოფილ მოქალაქეთა ყველაზე მდიდარ ფენას განეკუთვნებოდნენ. მათი წლიური შემოსავალი სულ ცოტა 500 მედიმნოსს (მარცვლეულის საზომ ერთეულს) ან სხვა პროდუქტში მის ეკვივალენტს ან ფულად თანხას შეადგენდა. სოლონის კონსტიტუციის მიხედვით, ტამიასები და, შესაძლოა, ასევე არქონები მხოლოდ ამ ფენიდან იყვნენ შერჩეულნი. ტამიასების ამ ფენიდან შერჩევა არისტოტელეს დროისთვისაც გრძელდებოდა.

პერეგრინები (Peregrinus) - ძველი დროიდან რომში ნებისმიერი ტიპის უცხოელს მოიხსენიებდნენ ტერმინით hostis იქამდე, ვიდრე ამ სიტყვამ სემანტიკური ველი არ შეიცვალა და მნიშვნელობით არ გაუტოლდა უცხოელ არაკეთილმოსურნეს (მტერს). ამის შემდგომ უცხოელები მოიხსენიებიან პერეგრინებად. პერეგრინები მოქალაქის უფლებებით, ბუნებრივია, არ სარგებლობდნენ, მაგრამ რაც უფრო მეტ ტერიტორიებთან უხდებოდა რომს კავშირის დამყარება, რაც ავტომატურად გულისხმობდა ამ ქვეყნის მოსახლეობასთან ურთიერთობას, მით უფრო მეტი უხერხულობა იქმნებოდა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ მიენიჭებინათ მათთვის გარკვეული სამართლებრივი უფლებები, რომლებიც ius gentium-ით იფარგლებოდა (ქონებრივი დავები რომის მოქალაქესა და უცხოელს (პერეგრინს) შორის. სამართლის ამ ნორმას ამის გამო პერეგრინულ სამართალს უწოდებდნენ). სამოქალაქო სამართალი მათ უფლებებს არ ცნობდა, თუმცა პერეგრინებს ჰქონდათ ვაჭრობის უფლება და გარკვეული შეზღუდვებით ქორწინების უფლება. თუმცა დროთა განმავლობაში პერეგრინები ცდილობდნენ მოქალაქის უფლებები მოეპოვებინათ, რის გამოც მათ მასიურად აძევებდნენ რომიდან (პლუტარქოსი, გაიუს გრაკქუსი, 12). მას შემდეგ, რაც იმპერატორმა კარაკალამ ყველა თავისუფალ ადამიანს მიანიჭა მოქალაქეობა, პერეგრინთა რიცხვი ძალიან შემცირდა.

პერიკლე (დაახ. ძვ. წ. 495-429 წწ.) - უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, ორატორი, მხედართმთავარი. არისტოკრატული წარმომავლობის, დედის მხრიდან ალკმეონიდების ცნობილი გვარის ჩამომავალი, თხუთმეტჯერ ზედიზედ არჩეული სტრატეგოსი (ძვ. წ. 444/443-429 წწ.). პერიკლე პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყებისთანავე ეფიალტესის დემოკრატიულ დაჯგუფებას მიემხრო. იგი ძვ. წ. 463 წ-ს კიმონის, კონსერვატულად განწყობილი მიწათმფლობელების წინამძღოლის, კრიტიკით გამოვიდა. შემდეგ წელს მხარი დაუჭირა არეოპაგის წინააღმდეგ მიმართულ ეფიალტესის დემოკრატიულ რეფორმებს. მეცნიერთა მოსაზრებით, არეოპაგის რეფორმა ათენის ისტორიის ახალი ეპოქის - რადიკალური დემოკრატიის ეპოქის დაწყების ნიშანი იყო. კიმონის ოსტრაკისმოსისა (ძვ. წ. 461 წ.) და ეფიალტესის სიკვდილის შემდგომ პერიკლე ათენში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა. პერიკლეს მმართველობის ხანა ათენის დემოკრატიის აყვავების პერიოდია, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ათენის, როგორც ათენის საზღვაო კავშირის ჰეგემონის, არნახულ ეკონომიურ, პოლიტიკურ და კულტურულ აღმავლობას.

პერიკლე სპარტასთან ურთიერთობის გაწყვეტის მომხრე იყო. მან დელოსის კავშირის ხაზინა ათენში გადმოიტანა. ძვ. წ 449 წ-ს პერიკლემ სპარსეთთან სამშვიდობო ზავი დადო და ამით ბოლო მოუღო ნახევარსაუკუნოვან ბერძნულსპარსულ ომებს. ძვ. წ 445 წ-ს პერიკლემ სპარტასთან ოცდაათწლიანი ზავი დადო.

პერიკლეს მიზანი დემოკრატიის განმტკიცება, ათენის საზღვაო ძლიერების გაზრდა (საშუალო ფენისთვის მომგებიანი) და სავაჭრო კავშირების გაფართოება, ათენის კულტურულ ცენტრად გადაქცევა იყო. თანამედროვე მეცნიერთა ნაწილის აზრით, პერიკლე გამოკვეთილად პოპულისტურ სოციალურ პოლიტიკას ატარებდა. ასე მაგალითად, საშუალო და ღარიბ მოქალაქეთა გულის მოსაგებად პერიკლემ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები, რომ ისინიც ჩაერთო რეალურად სახელმწიფოს მმართველობაში. პერიკლეს რეფორმები თავისუფალ მოქალაქეებს შორის ძალაუფლების თანაბარ განაწილებას გულისხმობდა.

არისტოტელე პერიკლეს ორ მნიშვნელოვან კანონს აღნიშნავს: პერიკლეს მოქალაქეობის კანონსა და დიკასტესებისათვის გასამრჯელოს დაწესებას. ამ სიახლით - მსაჯულებისთვის ყოველდღიური ჯამაგირის დანიშვნით პერიკლემ გზა გაუხსნა ბევრ ათენელს, მათ შორის უქონლებსაც, მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო საქმეებში. იგი თეატრალური დღესასწაულების დროს სახელმწიფოს ყველაზე უფრო უპოვარ მოქალაქეებს ფულს (ე.წ. თეორიკონი) აძლევდა, რათა მათაც შეძლებოდათ სანახაობას დასწრებოდნენ. ამასთან, პერიკლემ შეამცირა არქონად არჩევისთვის პიროვნებისთვის სავალდებულო ქონების სიდიდე, რაც არქონტატს წვრილ მიწათმფლობელთათვისაც ხდიდა ხელმისაწვდომს.

პერიკლეს მოქალაქეობის ახალი კანონით პიროვნება მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა ათენელ მოქალაქედ, თუ მას მამაც და დედაც ათენელი მოქალაქე ეყოლებოდა.

პერიკლეს მოქალაქეობის კანონის შემოღების მოტივების შესახებ მეცნიერებაში მრავალგვარი მოსაზრებაა გამოთქმული. არისტოტელეს თქმით კი, ამ კანონის მიღების მიზეზი მოქალაქეთა საზოგადოების რიცხოვნების გაზრდა გახდა. შესაბამისად, პერიკლეს მოქალაქეობის კანონი მიზნად ისახავდა ყველაზე ოპტიმალური რაოდენობის სამოქალაქო კოლექტივის ყოლას, რაშიც ათენის დემოსი სისხლ-ხორცეულად იყო დაინტერესებული.

ათენის იმპერიის გასაძლიერებლად პერიკლემ შემოიყვანა ახალი კლერუქიები, ამასთან მას უპოვარი მოქალაქეები გაჰყავდა კლერუქიებში. პერიკლეს მმართველობის დროს ძალაუფლების მკვეთრი გამიჯვნა მოხდა: საკანონმდებლო ეკუთვნოდა სახალხო კრებას, აღმასრულებელი - 500-თა საბჭოსა და მაგისტრატებს, სასამართლო - ჰელიაიებს.

პერიკლემ მოკავშირეთა ე.წ. ფოროსით, ანუ გადასახადით, რომელიც ათენის სახელმწიფო ხაზინაში შეჰქონდათ საზღვაო კავშირის (ათენის არქეს) წევრ მოკავშირე ქალაქებს წამოიწყო ძვირადღირებული მშენებლობები აკროპოლისზე, ამ დიდ თანხას ემატებოდა შემოსავალიც, რომელსაც ათენს ლავრიონის ვერცხლის საბადოები აძლევდა. ამასთან ერთად მან ათენში მოიწვია ცნობილი მეცნიერები და ხელოვნების მოღვაწეები, დაიახლოვა ფიდიასი, ანაქსაგორა, ჰეროდოტე და სხვები. პერიკლეს დროს ათენი უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გახდა.

ამასობაში ძალზე დაიძაბა ურთიერთობა ათენსა და სპარტას შორის. ხედავდა რა, რომ მათ შორის სამხედრო შეტაკება გარდაუვალი იყო, პერიკლე ყველაფერს აკეთებდა, რომ ათენის საზღვაო კავშირი განემტკიცებინა. პელოპონესის ომის დაწყების შემდეგ პერიკლე ცდილობდა ზღვაზე მოეპოვებინა წარმატება, ატიკის მოსახლეობა კი გამაგრებულ ათენში ჰყოლოდა იმ შემთხვევისთვის, თუ სპარტა ხმელეთზე დაიწყებდა სამხედრო ოპერაციათა წარმოებას. როდესაც ძვ. წ. 430 წ-ს ათენს შავი ჭირი მოედო და ბევრი დაიღუპა, ათენის მოსახლეობამ პერიკლე დაადანაშაულა და ის სტრატეგოსად აღარ აირჩია. ძვ. წ. 429 წ-ს იგი კვლავ აირჩიეს სტრატეგოსად, მაგრამ მალე იგი შავი ჭირისგან გარდაიცვალა.

თანამედროვე მეცნიერებაში პერიკლეს სოციალური პოლიტიკა სხვადასხვანაირად არის შეფასებული. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ათენის დიდება პერიკლეს პოპულისტური პოლიტიკის შედეგად განადგურდა. ზოგიერთი მეცნიერი კი თვლის, რომ რადიკალურმა დემოკრატიამ სარგებელი მოუტანა ინდივიდებს, მაგრამ ავნო სახელმწიფოს. და მაინც, პერიკლეს მმართველობა მთლიანობაში დადებითად არის შეფასებული. მისი მოღვაწეობის პერიოდი მიჩნეულია ათენის ისტორიის ყველაზე ბრწყინვალე ეპოქად (ე.წ. ორმოცდაათწლეული).

პერიკლეს მოქალაქეობის კანონი - ძვ. წ. 451 წ-ს პერიკლეს წარდგინებით სახალხო კრებამ მოქალაქეობის მინიჭების ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც პიროვნება მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა ათენელ მოქალაქედ, თუ მას მამაც და დედაც ათენელი მოქალაქე ეყოლებოდა. კანონის მიღებამდე უცხოელი ცოლის ყოლა ათენელისთვის არც თუ იშვიათი იყო. პერიკლეს კანონის შემდეგ სიტუაცია ძირეულად შეიცვალა. არამოქალაქე ქალისაგან გაჩენილი შვილი ათენელად აღარ ითვლებოდა და იგი არამოქალაქე - ξένος ხდებოდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა იმ გარემოებას, რომ მისი მშობლების ქორწინება ოფიციალურად იყო ჩატარებული. ამის დადასტურებას ვხვდებით ისეოსთან: „დედაჩვენი მოქალაქე არ იყო, შესაბამისად, არც ჩვენ ვიყავით მოქალაქენი“ (ისეოსი, VII, 43).

ძვ. წ. 413 წ-ს პერიკლეს კანონში ცვლილებები შეიტანეს. დიოგენე ლაერტელი მოგვითხრობს, რომ ათენელებმა, სურდათ რა გაეზარდათ მოსახლეობის რიცხვი, რომელმაც მამაკაცთა სიმცირის გამო დაიკლო, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ათენელ მამაკაცს შეეძლო ერთი ათენელი ქალი მოეყვანა ცოლად, შვილები კი სხვა ქალისაგან ჰყოლოდა. ამდენად, ათენში დაუშვეს კანონიერი შვილების ყოლის უფლება იმ ქალისაგან, რომელთანაც ათენელი მოქალაქე არ იყო დაქორწინებული, ანუ, ფაქტობრივად, ათენელებმა ბიგამია - ორცოლიანობა დაუშვეს. პერიკლეს მოქალაქეობის კანონი ძვ.წ. 403 წ-ს კვლავ აღადგინეს, რის შემდეგაც იგი ახლა უკვე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოქმედებდა. მეტიც, ძვ.წ. IV ს-ში საერთოდ აიკრძალა არაათენელის ქორწინება ათენელთან. ეს როგორც ქალს, ისე მამაკაცს ეხებოდა. კანონის დამრღვევი სასტიკად ისჯებოდა. ამ კანონის მოქმედება შეწყდა ძვ.წ. 338 წ-ს ქერონეასთან ბრძოლის შემდეგ და მაშინ უცხოელებიც შეიყვანეს მოქალაქეთა სიაში, ხოლო ისინი, ვისაც ჩამორთმეული ჰქონდა მოქალაქეობა, ამ რანგში კვლავ აღადგინეს.

პერიკლეს მოქალაქეობის კანონის შემოღების მოტივების შესახებ მეცნიერებაში არაერთი მოსაზრება არსებობს. ამგვარ მოტივებად მოიაზრება: ის, რომ ათენელებს არ სურდათ იმპერიის დოვლათი სხვებთან გაეყოთ; ათენელების რასობრივი ცნობიერება; არისტოკრატიული ოჯახების გავლენის შეზღუდვა; ათენის მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირების აუცილებლობა; ათენელი მამების სურვილი, გარანტირებული ჰქონოდათ ქალიშვილების გათხოვება (იხ. მოქალაქეობა, საბერძნეთი).

პერიოიკოსები (περίοικοι - „გარშემო მცხოვრებნი“. ასე ეწოდებოდათ მეზობლად მცხოვრებ ხალხს, რომელიც დაქვემდებარებულ მოსახლეობას ან ნახევრადმოქალაქეებისაგან შემდგარ ჯგუფს წარმოადგენდა. ისინი იყვნენ ან სხვადასხვა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოს ნაწილი ან იმგვარად იყვნენ დაქვემდებარებული ამ სახელმწიფოებისადმი, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას მართვა-გამგეობაში. პერიოიკოსები არსებობდნენ არგოლისში, კრეტაზე, თესალიაში და სხვა ადგილებში, თუმცა ყველაზე მეტი ცნობა სპარტელი პერიოიკოსების შესახებ მოგვეპოვება. სპარტაში პერიოიკოსები სპარტიატების მსგავსად ლაკედემონელებად ითვლებოდნენ და ლაკედემონურ ჯარში მსახურობდნენ. ისინი ასევე იხდიდნენ გადასახადებს და იყვნენ მოქალაქენი, ოღონდ არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები. ისინი ქმნიდნენ ერთობებს ადგილობრივი მმართველობით. პერიოიკოსები მეტწილად ხელოსნობასა და ვაჭრობას მისდევდნენ. პერიოიკოსთაგან ისინი, რომლებიც მსახურობდნენ ლაშქარში და ერთობებს მართავდნენ, ამასთანავე მიწის მესაკუთრეებიც იყვნენ. სპარტის მსგავსად კრეტასა და ელისში პერიოიკოსები შეზღუდული სამოქალაქო უფლებებით სარგებლობდნენ, მაშინ, როდესაც თესალიაში ისინი მოიხსენიებიან, როგორც დაქვემდებარებაში მყოფი მოკავშირეები.

პირად შეყრა, ხევსურეთი - მორიგების ფორმა, განაჩენის აღსრულების აუცილებელი პირობა. პირის შეყრის გარეშე მოდავეებს შორის შეიძლება კვლავ შუღლი ჩამოვარდნილიყო. ამიტომ პირად შეყრა ან განაჩენის აღსრულებისასვე უნდა მომხდარიყო ან ერთი თვის განმავლობაში მაინც. როცა საქმე გადაწყდებოდა, გამტყუნებული ბჭეებს ევედრებოდა მოწინააღმდეგესთან შერიგებას, თან ლუდი და არაყი ჰქონდა გამზადებული. მძიმე საქმის შემთხვევაში საკლავიც სჭირდებოდა. ორი ბჭე წინ მიუძღოდა, ერთი ერთი მხრიდან, მეორე - მეორე მხრიდან და მიჰყავდათ შერიგების მსურველი მოპირისპირესთან. სახლში ბჭეები ორივეს ლუდს ან არაყს ასმევდნენ სამჯერ და ერთმანეთს აკოცნინებდნენ. თასში ვერცხლს ჩაფხეკდნენ, ან აბაზს ჩააგდებდნენ. თუ სასმელი არ ჰქონდათ, თასით ერბოს ან თაფლს დაალევინებდნენ ვერცხლით ან აბაზით. ამის შემდეგ ძმური ნადიმი იმართებოდა. თავის მხრივ, მეორე მხარესაც უნდა გაემართა „პირად შესაყრელი“ ნადიმი.

პირთავი, ხევსურეთი - მკვლელის მიწებით სარგებლობა არავის შეეძლო. მთელი მისი სახლ-კარი და ქონება ფუჭდებოდა. თუ ვინმე მაინც მოისურვებდა ამ მიწებით სარგებლობას, მაშინ მას დაეკისრებოდა მთელი ის გადასახადი, რომელიც ადათის მიხედვით მკვლელს უნდა მიეცა დაზარალებული ოჯახისთვის - ყოველწლიურად თითო საკლავი და თითო ვედრო არაყი. ამ შემთხვევაში მკვლელი ყოველგვარი ხარჯისგან თავისუფლდებოდა.

პისისტრატოსი (ძვ. წ. 600-527 წწ.) - ათენის ტირანი, არისტოკრატული წარმოშობის ჩინებული მხედართმთავარი, სოლონის ნათესავი. თავი გამოიჩინა მეგარასთან სალამინისთვის ბრძოლაში (ძვ. წ. 570 წ.) და პოპულარული გახდა. იყო დიაკრიების პარტიის მეთაური. სახალხო კრებისაგან პირადი დაცვა მიიღო (თითქოსდა მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა); მათი მეშვეობით კი დაიპყრო აკროპოლისი და ათენიც დაიმორჩილა (ძვ. წ. 561 წ.). შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო იძულებული გახდა ორჯერ დაეტოვებინა ათენი, მაგრამ ძვ. წ. 532 წ-ს საბოლოოდ დაბრუნდა და მოხუცებულობამდე იცოცხლა. გარდაცვალებისას ძალაუფლება შვილებს გადასცა (ძვ. წ. 527 წ.).

საშინაო პოლიტიკა: პისისტრატოსმა შეინარჩუნა სოლონის კანონები და რეფორმები და ამასთანავე გაატარა ახალიც. მან წარმატებით შეძლო კეთილშობილთა დიდი ნაწილის დაწყნარება და მხოლოდ მისმა უსასტიკესმა მტრებმა დატოვეს ატიკა. მას არ ჩამოურთმევია მიწები კეთილშობილთა უმეტესობისთვის. მტერთათვის კონფისკებული მიწის ნაწილი პისისტრატოსმა გაუნაწილა უპოვრებს და შეღავათიანი გასახადიც დაუწესა. იგი ხელს უწყობდა მწირი მიწის დამმუშავებლებს კრედიტების მიცემით. ცდილობდა ღარიბების ინტერესები გაეთვალისწინებინა, „სოფლის მოსამართლეები“ (მომრიგებელი მოსამართლეები) დააყენა, რომ მიწათმოქმედთ დრო არ დაეკარგათ ქალაქში სიარულით.

ღარიბების დასასაქმებლად მშენებლობები წამოიწყო - აკროპოლისზე ათენა პალასისა და ოლიმპიელი ზევსის ტაძრები, ელევსინში დემეტრეს ტაძარი, წყალგაყვანილობა, შადრევნები, ბაზარი და ა.შ. მის დროს აღორძინებულ იქნა პანათენეები, რომლის აღნიშვნამაც განსაკუთრებით საზეიმო ელფერი შეიძინა.

პისიტრატოსმა პირველად ჩაწერა ჰომეროსის პოემები, ჩამატებებიც შეიტანა (ე.წ. პისიტრატოსის რედაქცია), მოიწვია თავისი დროის ცნობილი პოეტები. შექმნა დაქირავებული ჯარი. კერძო პირებს აუკრძალა ფულის მოჭრა და შემოიღო ერთიანი სახელმწიფო მონეტა, ე.წ. „ბუ“, ერთ მხარეზე ათენასა და მეორე მხარეზე ბუს გამოსახულებით (თუმცა ზოგიერთი მეცნიერი „ბუ“-ს მოჭრას მისი შვილის დამსახურებად თვლის). იგი ყოველმხრივ უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას.

საგარეო პოლიტიკა - პისისტრატოსი აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ნაქსოსზე და სიგეაზე სამხედრო ექსპედიციით გაემართა და იქ მმართველებად თავისი ახლობლები დააყენა. პისიტრატოსის პოლიტიკური კრედო ასეთი იყო: „ხალხმა თავის საქმეს მიხედოს, მე საზოგადოებრივზე ვიზრუნებო“.

პიტიახში - სახელმწიფოს ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე ადრინდელ სასანიანთა ირანში, ქართლის სამეფოსა (იბერია) და სომხეთში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პიტიახში ჯერ კიდევ აქემენიდთა ხანაში უნდა შემოსულიყო ირანიდან და ქართლში ეწოდებოდა მთავარსარდალსა და უმაღლეს მსაჯულს, რომელიც სტრაბონთან მეფის შემდგომ მეორე პირად არის მოხსენიებული. მას უზენაესი მსაჯულისა და მხედართმთავრის ფუნქციები ეკისრებოდა. ქართული წყაროების მიხედვით, ამ მოხელეს სპასპეტი ეწოდებოდა. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ პიტიახშის ტიტულით მოიხსენიებს IV საუკუნეში შაჰის მიერ ქართლის გამგებლად გამოგზავნილ ირანელ მმართველს. სომხურ წყაროებში პიტიახშის აღმნიშვნელი იდენტური ტერმინია ბდეშხი. ვარაუდობენ, რომ პიტიახშობის ინსტიტუტი სავსებით შესაძლებელია, ქრისტეს შობამდე შემოსულიყო ქართლში, თუმცა წყაროებით კონკრეტული პიტიახშები მხოლოდ I ს-დან ჩანან. I-III სს. ქართლის სამეფოში მხოლოდ ერთი პიტიახში იყო, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მაღალ თანამდებობას წარმოადგენდა. მათ შორის იყვნენ: შარაგასი, ზევახ მცირე, პუბლიკოს აგრიპა, ასფაგური, ბერსუმა და ბუზიჰრი. აღსანიშნავია, რომ ბილინგვის არამეულ წარწერაში აგრიპა ფარსმან მეფის ეზოსმოძღვრად მოიხსენიება, ხოლო ბერძნულ ტექსტში - პიტიახშად. IV-VII სს-ში პიტიახშობა სამშვილდის ერისთავთა საპატიო ტიტული გახდა. პირველი სამშვილდის ერისთავი, რომელმაც ეს ტიტული მიიღო, მირიან მეფის სიძე, ფეროზი გახლდათ. მას შემდეგ კი - უშა, არშუშა I, ვარსქენი, არშუშა II და არშუშა III.

პლებსი (plebs) - რომში გადმოსახლებული ლათინები, რომლებსაც, პატრიციებისაგან განსხვავებით, პოლიტიკური უფლებები არ გააჩნდათ. თავდაპირველად მხოლოდ პატრიციები ითვლებოდნენ რომაელ მოქალაქეებად და სერვიუს ტულიუსმა მიანიჭა პლებსს მოქალაქეობის უფლება. მოგვიანებით პლებსი ეწოდა ხალხის უმდაბლეს ფენას. გვიანანტიკურ პერიოდში კანონმდებლობა განასხვავებდა ქალაქისა (plebs urbana) და სოფლის პლებსს (plebs rustica). პატრიციებთან დაუღალავი ბრძოლით პლებსმა თითქმის მიაღწია პატრიციების უფლებებს. ამ პროცესისათვის მნიშვნელოვანი გახდა თორმეტი დაფის კანონი (ძვ. წ. V ს-ის ეს კანონი კრძალავდა ქორწინებას პატრიციებსა და პლებსს შორის, მაგრამ ერთ წელიწადში კანონი გაუქმდა). ძვ. წ. 367 წ-დან ერთ-ერთი კონსული პლებსის რიგებიდან უნდა ყოფილიყო არჩეული. პლებსის უფლებებს იცავდნენ სახალხო ტრიბუნები (tribuni plebis), ისინი იხმობდნენ პლებსს კრებებზე და ინტერკესიის უფლებით შეეძლოთ გამოეთქვათ პროტესტი ან რომელიმე კანონი არაკანონიერად ეცნოთ (დაედოთ ვეტო მაგისტრატების გადაწყვეტილებაზე).

რომსა და სხვა ქალაქებშიც განსხვავება იყო მოსახლეობის პრივილეგირებულ ფენებსა და პლებსს შორის. ძვ. წ. III ს-ში პატრიციული და პლებსის მდიდარი ზედა ფენა ერთმანეთს შეერწყა და შეიქმნა ნობილიტეტი. ძვ. წ. 287 წ-ს მიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქისათვის (განურჩევლად წარმომავლობისა) პლებსის კრებების გადაწყვეტილება სავალდებულოდ ჩაითვალა. ამ დროიდან პატრიციები და პლებსი აღარ იყო სხვადასხვა ფენა; მდიდარმა მოქალაქეებმა მხედრების ფენა შექმნეს, ყველა დანარჩენმა ღარიბმა (ხელოსნებმა, გლეხებმა, წვრილმა მოვაჭრეებმა) კი - პლებსის.

პოლეტესები (πωληταί) - ათენელი მაგისტრატები, სიტყვასიტყვით „ის, ვინც ყიდის“. არაა დადგენილი, თუ როდის შემოიღეს ეს თანამდებობა, თუმცა სოლონის დროისთვის პოლეტესები უკვე ცნობილნი არიან. ძვ. წ. IV ს-ის შუა ხანებისთვის 10 პოლეტესი მსახურობდა, რომლებიც თითოეული თითო ფილედან იყვნენ არჩეული. ისინი აწარმოებდნენ სახელმწიფო ქონების გასხვისებას ან გაყიდვას. სახელმწიფო ქონება მოიცავდა არა მარტო მიწასა და შენობა-ნაგებობებს, არამედ იმ არამოქალაქეებსაც, რომლებმაც სასჯელის სახით მონობა მიიღეს და ბრალდებულთა კონფისკებულ ქონებასაც. პოლეტესები ასევე გასცემდნენ მაღაროს ამუშავების, გადასახადთა შეგროვების და მსგავს ნებართვებს. სახელმწიფო ქონების გასხვისებას თუ გაყიდვას ბულეს დასწრებით პოლეტესები უმთავრესად აუქციონის წესით აწარმოებდნენ. ამის შემდეგ პოლეტესები იმ გადასახადთა სიას ადგენდნენ, რომლებიც არენდატორთა და მყიდველებისაგან უნდა მიეღოთ, რათა შემდეგ ეს სია აპოდექტესებისათვის გადაეცათ.

პოლიპრაგმონი (πολυπράγμων) - სიტყვასიტყვით „ის, ვინც ბევრს საქმიანობს“ ე.ი. „ზედმეტად ბევრს“. ჩვეულებრივ ორატორი მას მოწინააღმდეგის მიმართ დამამცირებელი მნიშვნელობით გამოიყენებდა. ძვ. წ. V ს-ის ათენის იმპერია, მისი მოწინააღმდეგეების მიხედვით, იყო შეთანხმებულად მოქმედი ათენური „პოლიპრაგმასუნეს“ პროდუქტი. ინდივიდუალურ დონეზე ამ ტერმინს „აბეზარის“, „სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფის“ მნიშვნელობა ჰქონდა.

პოლისი (πολις) - ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო. პოლისს, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციის ახალ ფორმას უკვე ჰომეროსის ეპოქაში, ე.წ. „გეომეტრიული რენესანსის“ პერიოდში ეყრება საფუძველი, მაშინ, როდესაც ძველი მონარქია - სახელმწიფოებრივი მოწყობის ეს ფორმა წყვეტს არსებობას. ქალაქისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური ხასიათის შტრიხები (საჯარო სივრცე, ტაძრები, კედლები, საზოგადო საქმიანობები, ქალაქის დაგეგმარება) მრავლად ჩანს უკვე ძვ. წ. VIII-VII სს-ის დასახლებებში (ძველი სმირნა, ერეტრია). ძვ. წ. VII ს-ში მცირე ზომის სამოსახლოთა მშვიდობიანი უარყოფა და სოფლური დასახლებებიდან მომდინარე არქეოლოგიურ მონაცემთა სიმწირე, სავარაუდოდ, ადრეული სინოიკიზმის ან მოსახლეობის სპეციფიკურ ქალაქურ დასახლებებში კონცენტრაციის ნიშანი უნდა იყოს.

პოლისი ბერძნული ურბანული ცხოვრების დამახასიათებელ ფორმას წარმოადგენდა. მისი მთავარი ნიშან-თვისებებია: მცირე მასშტაბი, პოლიტიკური ავტონომია, სოციალური ჰომოგენურობა, ერთობის განცდა და კანონისადმი პატივისცემა.

თითოეული პოლისი აკონტროლებდა გარკვეულ ტერიტორიას (χώρα-ს), რომელიც გეოგრაფიულად შემოსაზღვრული იყო მთებით ან ზღვით ან სხვა პოლისის მიწებით. სასაზღვრო ტერიტორიებისთვის ომების წარმოება, ისევე როგორც ქალაქებს შორის შეთანხმებების დადება და საკამათო ტერიტორიებზე რელიგიურ უფლებათა დამკვიდრების მცდელობა დამახასიათებელი იყო პოლისის სტრუქტურისთვის. ათენი და სპარტა სხვა პოლისთაგან გამოირჩეოდნენ იმით, რომ ვრცელი ტერიტორიები ეკავათ. ქალაქებს შორის მუდმივ ურთიერთგაცვლებსა და შეჯიბრებითობას ჰქონდა ადგილი. ასე რომ, პოლისთა განსხვავებული იდენტურობის მიუხედავად, ერთიანი კულტურული სივრცე მუდამ შენარჩუნებული იყო.

სოციალურად პოლისის მოქალაქეები ქმნიდნენ ეთნიკურად ჰომოგენურ ჯგუფს, რომელიც დაყოფილი იყო ფილეებად და უფრო მცირე ნათესაურ ჯგუფებად, როგორებიც იყო ფრატრიები, დემოსები და ოჯახები. თითოეულ ქალაქს ჰყავდა თავისი მფარველი ღვთაება და ჰქონდა რელიგიური კალენდარი. ქურუმთა ადრინდელი თანამდებობები ცალკეულ არისტოკრატიულ ოჯახებს ეკავათ, მოგვიანებით შემოღებულ თანამდებობებზე კი ესა თუ ის რელიგიური პირი ხშირად ხალხის მიერ ინიშნებოდა. საჯარო დღესასწაულებზე ცხოველთა მსხვერპლშეწირვას თან სდევდა სამსხვერპლო ხორცის თანაბარი განაწილება. ძვ. წ. VI ს-იდან საჯარო დღესასწაულები ქალაქის მიერ მოწყობილი სპორტული, მუსიკალური და თეატრალური შეჯიბრებების უმთავრესი ადგილი გახდა. ახალი ქალაქის დამფუძნებლებს სიკვდილის შემდეგ გმირთათვის სახასიათო პატივს მიაგებდნენ, აღუმართავდნენ სამარხებს ქალაქის შიგნით და საჯარო კულტმსახურებას უწესებდნენ.

აღმოცენდა რა როგორც არისტოკრატიული სისტემა, პოლისი „მეომართა გილდიად“ იქცა, რომელშიაც ერთობის სამხედრო ძალა (ჰოპლიტები და, მოგვიანებით ათენში საზღვაო ფლოტი, იხ. თეტები) პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ ცხოვრებას აკონტროლებდა. შესაბამისად, ქალებს არ ჰქონდათ პოლიტიკური უფლებები და გამოცალკევებულნი იყვნენ პოლისის საჯარო სივრციდან (იხ. ქალი, სამოქალაქო უფლებები). თავდაპირველად ყველა ქალაქს ერთნაირი ინსტიტუტები უნდა ჰქონოდა: მაგისტრატები, რომელთაც ყოველწლიურად ირჩევდნენ; უხუცესთა საბჭო (იხ. გერუსია) და სამხედრო კრება.

პოლისის განვითარების პირველი ეტაპისათვის (ძვ. წ. VII-VI სს.) ჩვეულებრივ დამახასიათებელია დაწერილი ან ადათობრივი კანონმდებლობა (მათ ხშირად მიაწერდნენ კონკრეტულ ნომოთეტესებს (იხ. ლიკურგოსი; სოლონი), რომელიც ამცირებდა არისტოკრატი მაგისტრატების თვითნებურ გადაწყვეტილებებს და არეგულირებდა სოციალურ კონფლიქტებს. მეორე საფეხურისთვის (გვიანი VI ს.) უმნიშვნელოვანესი იყო მოქალაქეობის ცნების (იხ. მოქალაქეობა, საბერძნეთი) ევოლუცია, მოქალაქეობისა, რომელიც განსაზღვრულ პრივილეგიებს და მოვალეობებს მოიცავდა. მოქალაქეობა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური უფლებების სითანაბრის დამკვიდრებას განაპირობებდა, თუმცა ამის გვერდით მოქალაქეობის მკვეთრად ჩამოყალიბებული წესები არამოქალაქეთა და დაქვემდებარებული სტატუსების გაჩენას უწყობდა ხელს (იხ. კლისთენესი; მეტოიკოსები). ძვ. წ. V და IV სს-ში პოლისში ჩამოყალიბდა სრულად პოლიტიკური საზოგადოება, რომელიც მოქალაქეთა კრებაზე პოლისის ცხოვრებისათვის საკვანძო გადაწყვეტილების მიღებისაკენ იყო მიმართული.

პოლიტიკური კულტურის ამგვარმა განვითარებამ პოლისის ცხოვრების ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა. რელიგიურ და სოციალურ ინსტიტუტებს არ ჰქონდათ ავტონომიურობა. ისინი, როგორც წესი, პოლისის მიზნებთან იყვნენ მისადაგებულნი. ამ მხრივ ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითს სპარტა წარმოადგენს. თავდაპირველად ჩვეულებრივმა ქალაქმა სპარტამ საყოველთაო სამხედრო თანამეინახეობა (სისიტია) ოჯახურ სტრუქტურებს ჩაანაცვლა და რელიგიური რიტუალები ჰოპლიტთა ქალაქის მიზნებს შეუსაბამა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალაქებს მისადაგების ამგვარი ექსტრემალური ფორმებისთვის არ მიუმართავთ, ოჯახისა და რელიგიური სტრუქტურების, ისევე როგორც სამართლებრივი სისტემის დიდი ნაწილი (როგორიც იყო, მაგალითად, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები) პოლისის საჭიროებისადმი იყო დაქვემდებარებული.

პოლიცია, საბერძნეთი - პოლიციის შესახებ მსჯელობისას თანამედროვე მეცნიერებაში აღიარებული მოსაზრების მიხედვით, ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ ორი მომენტი: ერთი - პოლიციის ფუნქცია, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და კანონის ცხოვრებაში გატარებაში მდგომარეობს და მეორე - რეპრესიის სპეციალიზირებული აგენტურა - ე.ი. პოლიციური ძალა, რომელმაც სახელმწიფოს სახელით ზემოთ დასახელებული მოვალეობანი უნდა აღასრულოს. პოლიციური ძალა, როგორც ასეთი, რომელიც სრულიად აუცილებელ ფენომენად მიიჩნევა თანამედროვე საზოგადოებაში, ანტიკურ სამყაროში არ არსებობდა. XVIII და XIX ს-ში შექმნილი ეს ძალა თანამედროვე ინდუსტრიული სამყაროს მზარდ კომპლექსურ და ბიუროკრატიულ საზოგადოებებში სახელმწიფო ძალაუფლების ზრდას წარმოაჩენს.

მეორე მხრივ, ანტიკური ქალაქ-სახელმწიფოები - პოლისები სოციალური რეგულაციის ფუნქციების აღსასრულებლად საჯაროდ დანიშნული მოხელეების საჭიროებას აღიარებდნენ. ასე მაგალითად, კლასიკურ ათენში მაგისტრატთა ყოველწლიურად არჩეულ კოლეგიებს (ასტინომოსებს, აგორანომოსებს და ა.შ.) ქუჩების სისუფთავის დაცვა, ბაზრის სავაჭრო მიმოქცევათა ზედამხედველობა და მარცვლეულის ფასების კონტროლი ევალებოდათ. ამ ტიპის მოხელეებს მრავლად ვხვდებით ბერძნულ ქალაქებში როგორც ელინისტურ, ისე რომაულ პერიოდებში.

ამის გვერდით, მოხელეთა გარკვეულ კატეგორიას კრიმინალურ ქმედებათა ცალკეული სახეობების რეგულაცია ეკისრებოდა. ამგვარ კოლეგიას ათენში წარმოადგენდა ე.წ. თერთმეტნი, რომლებიც კენჭისყრით ინიშნებოდნენ და რომელთა მოვალეობაშიც ციხეში მსხდომ ტუსაღთა მეთვალყურეობა, სიკვდილით დასჯა და რიგ შემთხვევებში ბოროტმოქმედთა დაპატიმრება შედიოდა. ამათ გარდა ათენში პოლიციურ ძალას ე.წ. „სკვითი მშვილდოსნებიც“ წარმოადგენდნენ. ისინი საზოგადო მონები იყვნენ, რომლებიც მცველებად (φύλακες) ან ყარაულებად (ϋποπτοι) მსახურობდნენ. წყაროების მიხედვით, სამასი სკვითი მშვილდოსანი ათენმა ძვ. წ. 490 წ-ს სალამინთან ბრძოლის შემდეგ შეიძინა. სავარაუდოდ, მათ რიგებში სკვითების გარდა სხვა ეთნოსის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. ყოველ შემთხვევაში, ეს ინსტიტუტი არაბერძენი მოსახლეობისგან შედგებოდა.

არისტოფანეს პიესებში სკვითი მშვილდოსნები ბრბოს ზედამხედველებად გვევლინებიან - აძევებენ ბულეს სხდომიდან წესრიგის დამრღვევს, სცემენ მათ, ზოგჯერ მათრახსაც ურტყამენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელწოდება სკვითების იარაღად მშვილდ-ისარს გულისხმობს, წყაროები მათ მიერ ამ იარაღის გამოყენებას არ გვიდასტურებენ. ერთადერთი იარაღი, რომელიც სკვით მშვილდოსნებთან დაკავშირებით არის მოხსენიებული წყაროებში, მათრახია. ანტიკური დამოწმებებით, მათ ხელეწიფებოდათ მოქალაქეთა დაპატიმრებაც. იმავე არისტოფანეს კომედიებში ისინი ბოროტმოქმედებს ბორკილს ადებენ ან თოკით კოჭავენ. წყაროებში სკვითი მშვილდოსნები ციხის მცველებთან არ არიან დაკავშირებული. მათ ასევე არ გააჩნდათ გამოძიების ჩატარებისა თუ სამართლებრივი დევნის წარმართვის ძალმოსილება.

საზოგადოდ, კრიმინალთან ბრძოლაში, დანაშაულის გამოძიებასა და დამნაშავეთა მიმართ სამართლებრივი დევნის აღძვრაში არა მარტო ათენში, არამედ სხვა ანტიკურ სახელმწიფოებშიც ხელისუფლება ნაკლებად იღებდა მონაწილეობას. ეს ქმედებანი თავად მოქალაქეებს უნდა ეწარმოებინათ ნათესაური კავშირების, მეგობრების თუ მათზე დამოკიდებული ადამიანების მეშვეობით. შედარებით მცირე მასშტაბის ძალადობა თუ მიყენებული ზარალი, უმეტესწილად, მეზობლებისა და გამვლელთა დახმარებით გვარდებოდა. ეს უკანასკნელნი მოქმედებდნენ როგორც მხარეები. სახელმწიფო მხოლოდ მაშინ ერეოდა საქმეში, როცა ძალადობა პოლიტიკურ ხასიათს იღებდა და მთლიანად საზოგადოებისთვის ხდებოდა საშიში. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება მობილიზებას ახდენდა რიგითი მოქალაქეების, რომლებიც იარაღს ხელში სახელმწიფოს სახელით იღებდნენ.

პონტიფექსი (Pontifex) - რომაელი ღვთისმსახური. მათ კოლეგიას რომის სახელმწიფოებრივ კულტში ცენტრალური ადგილი ეჭირა, იგი სხვა ქურუმთა კოლეგიებს, კალენდრების შედგენას, წესჩვეულებებს, მსხვერპლშეწირვებს, დასაკრძალავ კულტს, საკრალურ უფლებასა და ა.შ. ზედამხედველობას უწევდა. თავდაპირველად პონტიფექსის კოლეგია - 5, შემდეგ 15 წევრისაგან შედგებოდა, მათ სათავეში ედგა უმაღლესი პონტიფექსი.

პოპულარები (populares) - რომის რესპუბლიკაში (ძვ. წ. II-I სს.) პლებსის ინტერესების გამომხატველი (ოპტიმატების მოწინააღმდეგე) ძალა. სახალხო ტრიბუნებს პოპულარების ინტერესების დაცვაში - სახალხო კრება, ოპტიმატებს კი სენატი უჭერდა მხარს. პოპულარებსა და ოპტიმატებს შორის დაძაბული ბრძოლა აგრარულ საკითხსა (მსხვილი მიწათმოქმედების ინტერესების შეზღუდვა, სავალო კაბალის აკრძალვა და ა.შ.) და რომის სახელმწიფოს დემოკრატიზაციის პრინციპებს (სენატისა და ნობილიტეტის წინააღმდეგ სახალხო კრებისა და სახალხო ტრიბუნების ძალაუფლების განმტკიცება) ეხებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოპულარები იყვნენ ძმები გრაკხუსები.

პრეკარიუმი (precarium - მიცემა დროებით სარგებლობაში ან ვალად) - რომაულ სამართალში მოვალისა (accipiens) და ვალის მიმცემის (dans) ვალდებულებები. ურთიერთობა, როდესაც ერთი პირი მეორე პირის თხოვნით გადასცემს მას ნივთს უფასოდ ან დროებით სარგებლობაში, ამასთანავე იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს უკან დაიბრუნოს იგი. პრეკარიუმის ურთიერთობა მაშინ ჩამოყალიბდა, როცა კლიენტები მდიდარი პატრიციების მიწებს ამუშავებდნენ და მიწათმფლობელთა სრულ დამოკიდებულებაში გადადიოდნენ (ისევე, როგორც შემდგომში მოვალეები, გააზატებულები და მონები). პრეკარიუმს განვადებით ყიდვისასაც მიმართავდნენ, როცა ღარიბ მყიდველს შეეძლო ესარგებლა საგნით, რომელიც მას ჯერ კიდევ ნაყიდი არ ჰქონდა. პატრიციები, რომლებმაც თანდათანობით ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო მიწები, თავდაპირველად პრეკრარისტებად ფორმალურად გამოდიოდნენ. შემდგომში პრეკარიუმი მოძრავ ქონებაზეც გავრცელდა, მაგრამ ნათესაობრივი ინსტიტუტის (commodatum) გავრცელებისთანავე გაქრა. შესაძლოა პრეკარიუმისაგან წამოიშვა შუასუკუნეების ხელშეკრულება precaria, რომლის თანახმადაც ტაძრები უძრავ ქონებას დროებით სარგებლობაში გადასცემდნენ და წლიურად იღებდნენ ხარკს ფულითა ან ნატურით.

პრეტორი (prae-ire - წინ წასვლა) - რომში უმაღლესი თანამდებობის პირი. თავდაპირველი ტიტული, რომელსაც მეფეების გაძევების შემდეგ და რესპუბლიკის პერიოდში კონსულები (praetori maiores) და ასევე დიქტატორი (praetor maximus) ატარებდა.

ძვ. წ. 242 წ-დან რომაელ მოქალაქეთა შორის საქმეების მოსაგვარებლად პრეტორ ურბანუს (praetor urbanus - რომაელ მოქალაქეთა საქმეების მომგვარებელი), ხოლო რომაელ მოქალაქეებსა და უცხოელებს და თავად უცხოელებს შორის (თუ ისინი მის უფლებებს ექვემდებარებოდნენ) pretor peregrinuss (praetor peregrinus) ირჩევდნენ. პრეტორის მთავარი მოვალეობა სამართალწარმოება იყო. თავისი მოღვაწეობის დასაწყისში პრეტორი ადიოდა კათედრაზე და ედიქტით აქვეყნებდა თავისი თანამდებობრივი მმართველობის პრინციპებს. ამას ეწოდებოდა ფორმულა, დოქტრინა (ფორმულა) ან წლიური კანონი (lex annua), იწერებოდა დიდი წითელი და შავი ასოებით თეთრ კედელზე, შემდგომში გათეთრებულ დაფაზე.

ორივე პრეტორი არჩევის შემდეგ წილს იყრიდა თავისი მოვალეობის შესასრულებლად (sors urbana - ქალაქური წილი და sors peregrina - უცხოური წილი).

praetor urbanus როგორც კონსულების უმცროსი კოლეგა ცვლიდა კონსულს (როცა ის რომს ტოვებდა, ასრულებდა მის ბრძანებებს) და მეორე პრეტორის მოვალეობასაც ითავსებდა. praetor urbanus-ს უფლება არ ჰქონდა, რომი დაეტოვებინა 10 დღეზე მეტი ხნით.

პრეტორის წინ მიდიოდნენ ლიქტორები ფასკებით (რომში - 2, რომის გარეთ - 6). პრეტორის ღირსების ნიშნები იყო ძოწისფერ ქობაშემოვლებული მოსასხამი (toga praetexta) და სპილოს ძვლის სავარძელი (sella curulis); პრეტორს შეეძლო მოეწვია სახალხო კრება და სენატი და ეხელმძღვანელა მათთვის, ასევე შეეტანა კანონების პროექტები; მაგრამ მის თანამდებობრივ მოქმედებებში შეეძლოთ კონსულები ჩარეულიყვნენ (ინტერკესია); ყველაზე მნიშვნელოვანი რომის პრეტორი იყო, მთელი მართლმსაჯულება მის ხელში იყრიდა თავს. ძვ. წ. 327 წ-ს პრეტორის თანამდებობა პლებსისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა;

იტალიასა და ხმელთაშუა ზღვის აუზში ვაჭრობის ინტენსიურმა განვითარებამ საჭირო გახადა praetor peregrinus-ის დანიშვნა (ძვ. წ. 242 წ-ს პირველად). სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს შორის უთანხმოების გადასაწყვეტად ის არა წინასწარ გარკვეული პრინციპებით, არამედ მხარეების ურთიერთქმედების საფუძვლით ხელმძღვანელობდა და ისინი შემდეგ ემორჩილებოდნენ მის გადაწყვეტილებას.

გარდა ამისა, მას უფლება ჰქონდა ერთი ლეგიონისთვის ეხელმძღვანელა.

სარდინიის დაპყრობისას (ძვ. წ. 237 წ.) კიდევ ორი პრეტორი აირჩა: ერთი რჩებოდა რომში, ერთი სიცილიაში, ორი სარდინიასა და კორსიკაში, ძვ. წ. 197 წ-ს შეურთდა კიდევ 2 პრეტორი ესპანეთისთვის. ძვ. წ. 111 წ-დან ბებიუსის (სახალხო ტრიბუნი) Lex Baebia კანონის თანახმად ხან 4 ხან 6 პრეტორი უნდა ყოფილიყო.

ძვ. წ. 149 წ-ს მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მუდმივი სისხლის სამართლის სასამართლოს (quaestiones perpetua) მეშვეობით. ადრე პრეტორს მხოლოდ კერძო საქმეების გადაწყვეტის უფლება ჰქონდა. დანაშაულს, რომელიც საერთო ინტერესებს ეხებოდა ან მის ფარგლებს სცილდებოდა, განსჯიდა ხალხი ცენტურიებისა და ტრიბუნების კომიციებში ანდა ამისთვის სპეციალურ კომისიას იწვევდა. მაშინ ყველა - 6-ვე პრეტორი რჩებოდა ქალაქში თავისი სამსახურის ერთი წლის განმავლობაში ამ სასამართლოს სახელმძღვანელოდ და ერთი წლის გასვლის შემდეგ მიემგზავრებოდა პროვინციაში. praetor urbanus და praetor peregrinus თავის მოვალეობას ასრულებდნენ; სხვებს ცალკეულ გამოძიებებს ავალებდნენ. პროვინციების დაპყრობამ და სისხლის სამართლის სასამართლოებმა (quaestiones perpetuae) გამოიწვია პრეტორის კოლეგიის გაზრდა 4, 6, 8 და ბოლოს 18 კაცამდე. ამ მუდმივი კომისიების (quaestiones perpetuae) რიცხვთან ერთად იზრდებოდა პრეტორების რიცხვიც: სულას დროს - 8, კეისრის დროს, მისი გადაწყვეტილებით - 10, 12 და 14-ც; ავგუსტუსის დროს - 12, ტიბერიუსის დროს - 12-დან 16-მდე, ნერონის დროს კი - 18-ც კი იყო;

ქალაქის პრეტორის მოვალეობა თამაშების მოწყობა, საზოგადოებრივი ნაგებობების დაცვა იყო. პრეტორი კანონით 40 წლისა უნდა ყოფილიყო. იმპერიის ეპოქაში პრეტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მაგრამ აუცილებელი საფეხური იყო სენატორის თანამდებობის დასაკავებლად. დედაქალაქის მსგავსად სხვა იტალიკურ ქალაქებში საზოგადოების მოხელეები პრეტორის ტიტულს ატარებდნენ. ამრიგად praetor peregrinus-ი პრაქტიკაში ყალიბდებოდა, როგორც ახალი სამართებლივი ინსტიტუტი, ანუ ახალი განსაკუთრებული მნიშვნელოვანი სამართალი, რომლის საფუძველს წარმოადგენდა bona fides (კეთილსინდისიერება); კლასიკურმა მეცნიერებამ მას საერთაშორისო სამართალი (ius gentium) უწოდა.

სულას დროიდან პრეტორები სასამართლო მაგისტრატები გახდნენ, თუმცა მათ შემდგომშიც სამხედრო და საგანგებო სახელმწიფო საქმეებსაც ანდობდნენ. თითოეულ პრეტორს ჰქონდა მოღვაწეობის თავისი სფერო, რომელიც წილისყრით ან შეთანხმებით განისაზღვრებოდა. ყველა პრეტორი რომში თანასწორი იყო და ჰქონდა ინტერკესიის უფლება.

პრინციპატის ეპოქაში პრეტორები რჩებოდნენ მთავარ სასამართლო მაგისტრატებად, ამავე დროს მათ ანდობენ სხვადასხვა სპეციალურ სფეროებს. ხაზინის პრეტორს (praetor aerarius) - ხაზინას (aerarium) და ა.შ., იყო ფისკუსის პრეტორი - (praetor fiscalis), თავისუფლების საქმის პრეტორი (praetor de-liberalibus causis), სააქციო აღწერის პრეტორი;

პრეტორი მეურვე (praetor tutelarius) მარკუს ავრელიუსის დროიდან მეურვეობის საკითხებს განაგებდა.

პრეტორი დომინატის ეპოქაშიც არსებობდა, მაგრამ მათი უშუალო ფუნქციები იმპერიის ჩინოვნიკების ხელში გადავიდა.

პრეტორიანები (praetoriani) - იმპერატორის პირადი დაცვის გვარდია. იხ. კოჰორტა.

პრეფექტი (praefectus - მეთაური) - უმაღლესი თანამდებობის პირების ტიტული მხედრებისა და სენატორების ფენიდან.

praefectus urbi(s) - ქალაქის პრეფექტი, თავდაპირველად მეფის არყოფნისას მისი მოადგილე. კონსულსაც, როცა ქალაქს ტოვებდა, უნდა დაენიშნა praefectus urbi(s). ქალაქის პრეტორის თანამდებობის შემოღების შემდეგ (ძვ. წ. 367 წ.) praefectus urbi(s) ინიშნებოდა მხოლოდ ლათინური დღესასწაულების დროს (praefectus urbi(s) feriarum Latinarum). ტიბერიუსის დროიდან ყოველთვის ინიშნებოდა praefectus urbi(s) (იგი ყოველთვის consularis - ყოფილი კონსული იყო), რომელიც ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირად ითვლებოდა. იგი რომში პოლიციას (cohortes urbanae) ხელმძღვანელობდა და ასრულებდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის უფლებამოსილებას. იყო ასევე სააპელაციო ინსტანცია, მისი უფლებამოსილება ვრცელდებოდა არა მარტო რომში, არამედ რომიდან 150 კმ-ის რადიუსში (milliarium).

დაქვემდებარებულ ქალაქებში (civitates sine suffragio) პრეფექტი ქალაქის პრეტორის დავალებით უმაღლეს იურისდიქციას ახორციელებდა - praefectus iure (iuri dicundo). პრეფექტები მეთაურებად ჯერ კიდევ რესპუბლიკურ არმიაში მსახურობდნენ: ქვეით ჯარში (praefectus legionis), ფლოტში (praefectus classis) და სამხედრო ბანაკში (praefectus castrorum); როგორც მთავრობის ემისრები პროვინციაში სხვადასხვა სახის დავალებებს ასრულებდნენ. არმიაში ხელოსნებს ხელმძღვანელობდა - praefectus fabrum. კოლეგიის ხელმძღვანელსაც - praefectus collegii ეწოდებოდა.

პრინციპატის ეპოქაში პრეფექტი საიმპერატორო უმაღლესი თანამდებობის პირების ტიტული იყო. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა:

ეგვიპტის ნაცვალი (praefectus Aegypti), ალექსანდრიისა და ეგვიპტის ნაცვალი (praefectus Alexandriae et Aegypti). ეგვიპტის ნაცვალი, რომელიც იმპერატორის პირად მოადგილედ ითვლებოდა, რომის იმპერიაში ეგვიპტის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მას ნაცვლებს შორის პირველი ადგილი ეჭირა.

Praefectus praetorio - ავგუსტუსიდან იმპერატორის პირადი დაცვის (cohortes praetoriae), შემდგომში კი იტალიაში (რომის გარდა) ყველა სამხედრო ნაწილის მეთაური. დასაწყისში პრეტორები ორნი იყვნენ, შემდგომში მათი რიცხვი ერთიდან ოთხამდე გაიზარდა. ისინი მხედართა ფენას ეკუთვნოდნენ, მაგრამ რადგან იმპერატორის ნდობით აღჭურვილი პირები, მრჩევლები და მოადგილეები იყვნენ, საიმპერატორო კარის უმაღლესი მოხელეები გახდნენ. კომოდუსის დროს მათ მთელი იტალიისა და პროვინციების ადმინისტრაციული და სასამართლო უფლებამოსილება ეკუთვნოდათ (რომიდან 150 კმ-ის რადიუსით დაშორებული ტერიტორია). პრინცეპსის სახელით განსჯიდნენ სამართალს, ამიტომაც ფაქტობრივად უზენაესი მოსამართლეები იყვნენ, ისინი სააპელაციო ინსტანციას წარმოადგენდნენ, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა (უკანასკნელ ინსტანციად მხოლოდ იმპერატორის შეწყალება რჩებოდა). კანონის ფარგლებში მათ შეეძლოთ ნორმატული ბრძანებულებების გამოცემა (ედიქტი და ა.შ.). ეს თანამდებობა ეჭირათ უდიდეს რომაელ იურისტებს. კონსტანტინეს დროიდან praefectus praetorio სამოქალაქო თანამდებობის პირები გახდნენ და პრეფექტურას ხელმძღვანელობდნენ.

იმპერატორის ეპოქის მნიშვნელოვანი პრეფექტები იყვნენ: სატურნუსის ხაზინის პრეფექტი (praefectus aerari Saturni); ჯარის უფროსი (praefectus militaris); praefectus militaris alimentorum ღარიბებს (განსაკუთრებით ბავშვებს) შორის საკვების განაწილებას განაგებდნენ; prefectus annonae - პასუხისმგებელი იყო მოემარაგებინა პურითა და სხვა პროდუქტით რომი, მას შეზღუდული სამოქალაქო და სისხლის სამართლის უფლებამოსილება ჰქონდა ამ სფეროში; praefectus municipii - სინონიმი praefectus Caesaris, პრინცეპსის (მისი ოჯახის წევრების) ნდობით აღჭურვილი პირი, ამორჩეული რომელიმე ქალაქის უმაღლესი მაგისტრატის მიერ; praefectus vehiculorum - განაგებდა იმპერიის ფოსტას (cursus publicus); prefectus vigilum - ღამის პოლიციური და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსი, რომში რანგით მეორე ოფიცერი, მას ემორჩილებოდა cohortes vigilium, მისი მოღვაწეობის სფეროში სამოქალაქო და სისხლის სამართლის იურისდიქცია შედიოდა.

პრეფექტურა - პრეფექტის მოღვაწეობის სფერო, იტალიის ნებისმიერი ქალაქი, რომელსაც არ ჰქონდა საკუთარი სასამართლო ძალაუფლება, მაგრამ ჰყავდა რომიდან გამოგზავნილი უმაღლესი ძალაუფლების აღმსრულებელი (praefectus iuri dicundo). დიოკლიტიანესა და კონსტანტინე I-ის რეფორმებით რომის იმპერია დაყოფილი იყო 4 პროვინციად: 2 - აღმოსავლეთით და 2 - დასავლეთით (აღმოსავლეთი, ილირიკუმი, იტალია და გალია).

პრინცეპსი (princeps პირველი) - რომის რესპუბლიკის ეპოქაში სენატის სიაში პირველი სენატორები და პირველი ხმის მიმცემები.

იმპერიის ეპოქაში კი იმპერატორის ტიტული. princeps civitalis (სახელმწიფოს პრინცეპსი) - ყველაზე მნიშვნელოვანი პირი სახელმწიფოში. princeps senatus - პირველი სენატორი (ყოფილ ცენზორთაგან უხუცესი), პირველი გამოთქვამდა თავის აზრს და შეეძლო თავისი ავტორიტეტით საქმის გადაწყვეტაზე ზემოქმედება მოეხდინა. ამ პატივს მას არც ასაკი, არც გვარიშვილობა, არც პოლიტიკური მნიშვნელობა, არამედ მხოლოდ არაჩვეულებრივი ზნეობრივი სიდიადე ანიჭებდა. პირველი სენატორი ხდებოდა ის, ვისაც ცენზორები სენატორთა სიაში პირველს ჩაწერდნენ, ეს პატივი ყოველი ხუთი წლის შემდეგ სხვა პირზე გადადიოდა. პირველი სენატორს უმეტესწილად ყოფილი ცენზორები თავისი წინამორბედი უხუცესებიდან ირჩევდნენ.

ავგუსტუსმა ძვ. წ. 28 წ-ს ეს რეპუბლიკური ტერმინი არაოფიციალურად გამოიყენა „რომის სახელმწიფოს პირველი მოქალაქის“ მნიშვნელობით და I-III სს-ში იგი ნიშნავდა რომაელ იმპერატორს (princeps Romanorum; princeps universorum); რომისთვის პრინცეპსის სამართლებლივი მდგომარეობას განსაზღვრავდა ტრიბუნის ძალაუფლება (tribunica potestas), რომლის საფუძველზე პრინცეპსი იყო ხელშეუხებელი (sacrosanctus) და ჰქონდა ინტერკესიის უფლება ყველა მაგისტრატის მიმართ; იტალიის ოლქებისა და ყველა პროვინციისათვის იყო პროკონსული და მთელი რომაული არმიისა და ნაცვლების მეთაური. ეს უფლებამოსილებანი მას როგორც სამართლებლივ, ასევე საკანონმდებლო გადამწყვეტ ძალაუფლებას ანიჭებდა.

ამავე დროს პრინცეპსი ხშირად იყო ასევე კონსული, ცენზორი და უმაღლესი პონტიფექსი (pontifex maximus). გარდა ამისა მას ჰქონდა უამრავი საპატიო ტიტული: ავგუსტუსი, კეისარი, ღვთის შვილი, იმპერატორი, პატერფამილიას და სხვ., გარდაცვალების შემდეგ კი ღმერთთა დასს მიეკუთვნებოდა და იწოდებოდა ღვთაებრივად (divus).

იმპერატორის უმაღლესს ძალაუფლებას ეწოდებოდა პრინციპატი ან პრინციპიუმი; მაგრამ შემდგომში სახელმწიფოს მეთაურის წოდება - პრინცეპსი შეიცვალა კეისრით, იმპერატორითა და ნიშნავდა ტახტის მემკვიდრეს.

Princeps iuventutis - იმპერატორის ვაჟიშვილის, როგორც ყმაწვილ მხედართა წინამძღოლის ტიტული.

princeps officii - ადმინისტრაციული დაწესებულების ხელმძღვანელი.

პრინციპატი (principatus) - რომაული ისტორიის პერიოდი „პრინციპატი“ (ახ. წ. I-III სს.) იმპერიის I პერიოდი - ავგუსტუსიდან დიოკლიტიანუსამდე (ახ. წ. 284 წ). ხშირად ამ პერიოდს „ადრინდელი იმპერიასაც“ უწოდებენ.

პრობოლე (προβολή) - საჯარო ბრალდების - გრაფეს ერთ-ერთი სახეობა. ეს იყო წინასწარი ბრალდება, რომელსაც მოსარჩელე უფრო ხშირად სახალხო კრებას წარუდგენდა, ვიდრე უშუალოდ დიკასტერიონს (სასამართლოს). სახალხო კრების გადაწყვეტილებას ოფიციალური ძალა არ ჰქონდა. იგი არ ავალდებულებდა წარმატებულ მოსარჩელეს, რომ მას საქმე სასამართლოში განეგრძო და არც წარუმატებლობის შემთხვევაში უკრძალავდა, მიემართა სასამართლოსათვის. იგი არ უწესებდა ჯარიმას არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს. პრობოლე უბრალოდ უფრო მტკიცეს ხდიდა წარმატებული მოსარჩელის პოზიციას. პრობოლეს იყენებდნენ სიკოფანტობაში დადანაშაულებულთა ან იმ პოლიტიკურ ლიდერთა მიმართ, რომლებსაც ცრუ დაპირებებით ხალხის შეცდომაში შეყვანა ედებოდათ ბრალად. პრობოლეს სახალხო დღესასწაულებზე წარმოქმნილი დავის შემთხვევაშიც მიმართავდნენ. დემოსთენეს სიტყვა „მიდიასის წინააღმდეგ“ ამ ტიპის საქმის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

პროედროსები (πρόεδροι) - ძვ. წ. V ს-ში ბულესა და სახალხო კრების შეხვედრებს პრიტანისების მეთაურები - ეპისტატესები თავმჯდომარეობდნენ, მოგვიანებით კი ამ ფუნქციის შესრულება პროედროსებმა იტვირთეს, რადგან პრიტანისები მრავალრიცხოვანი მოვალეობებით დატვირთულნი იყვნენ. ახალი სისტემა ძვ. წ. 403/2 - 378/7 წწ-ს შორის უნდა ყოფილიყო შემოღებული. ბულესა თუ სახალხო კრების ყოველ შეხვედრაზე პრიტანისების მეთაური კენჭისყრით ირჩევდა ცხრა პროედროსს ბულეს იმ წევრებიდან, რომლებიც იმ მომენტში პრიტანისებად არ მსახურობდნენ, თითო პროედროსს - თითო ფილედან. პროედროსის ამორჩევა მხოლოდ იმ ფილედან არ ხდებოდა, რომელსაც პრიტანისები ეკუთვნოდნენ. ამის შემდეგ პრიტანების მეთაური ამ ცხრა პროედროსისაგან ერთს ირჩევდა წინამძღოლად - έπιστάτης-ად. ერთი და იგივე პიროვნება პროედროსი პრიტანეის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევე მხოლოდ წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა გამხდარიყო იგი პროედროსთა მეთაური. პროედროსებს შეკრებაზე უნდა უზრუნველეყოთ წესრიგის დაცვა, დღის წესრიგის შესაბამისად გამოეტანათ საკითხები განსახილველად, დაეთვალათ ხმები და დასასრულ დაეხურათ შეკრება.

პროვინცია (provincia) - პროვინცია ეწოდებოდა რომის მიერ დამორჩილებულ ნებისმიერ ქვეყანას იტალიის საზღვრებს გარეთ, რომელსაც განაგებდა რომი თავისი ნაცვლების საშუალებით. გამარჯვებული მთავარსარდალი, რომელიც იპყრობდა ტერიტორიას, აყალიბებდა დროებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ნორმას, რომელსაც მოგვიანებით ამტკიცებდა სენატი და ნიშნავდა 10 ლეგატს, რომლებიც დაპყრობილი ტერიტორიის სრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწყობას იწყებდნენ. როგორც წესი, შენარჩუნებული იყო დაპყრობილი ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, თუ იგი წინააღმდეგობაში არ მოდიოდა რომის საერთო პოლიტიკასთან. პროვინციის გამგებლები ყოველწლიურად იცვლებოდნენ, თუმცა ზოგჯერ სენატი მიზანშეწონილად თვლიდა ერთი და იმავე პირის თანამდებობაზე დატოვებასაც. ამ წინადადებით შემოდიოდა სენატი და ეს დადგენილება სახალხო გადაწყვეტილებით მტკიცდებოდა (პლებისციტი), თუმცა ზოგჯერ პლებისციტის გვერდის ავლითაც ხდებოდა ხოლმე ამ დადგენილების მიღება. პროვინციის გამგებლის ფუნქციაში შედიოდა არა მხოლოდ ჯარის სარდლობა, არამედ სამოსამართლო ფუნქციაც და მთელი პროვინციის გამგებლობაც. პროვინციის გამგებელს უნიშნავდნენ კვესტორს - ხაზინადარს, რომელიც, ერთი მხრივ, იზიდავდა რომიდან პროვინციისათვის თანხებს, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი ვალდებული იყო აეკრიფა რომისათვის გადასახდი (ვექტიგალიის გარდა). კვესტორი ემორჩილებოდა პროვინციის გამგებელს, რომელსაც შეეძლო მისი სამსახურიდან დათხოვნა. კვესტორის გარდა გამგებელს ყველგან თან ახლდა დაცვა (cohors praetoria), რომელიც წესრიგს ამყარებდა. გამგებელი ვალდებული იყო ყოველ წელს შემოევლო მთელი პროვინცია, რასაც იგი ძირითადად ზამთრობით აკეთებდა, რამდენადაც ზაფხული ომებისთვის იყო განკუთვნილი. განსხვავებით რომისაგან, სადაც მოქალაქეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ინტერკესია თავის დასაცავად, პროვინციაში მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ ფუნქციონირებდა. რომი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო პროვინციებისაგან, რის გამოც პროვინციებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობა იყო. ოფიციალური გადასახადების პარალელურად ხშირი იყო არაოფიციალური საჩუქრები, მექრთამეობა, რასაც ხშირ შემთხვევაში არა ნებაყოფლობითი, არამედ იძულებითი ხასითი ჰქონდა. პირველ პროვინციას წარმოადგენდა სიცილია (ძვ. წ. 241 წ.). კეისრის პერიოდში პროვინციათა რიცხვი 18-ს აღწევს. ავგუსტუსმა 7 სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონი თავისთვის დაიტოვა (provinciae Caesaris). იქ განაგებდნენ ავგუსტუსის ლეგატები. თითოეულ მათგანს ყველგან 5 ლიქტორი ახლდა თან. ავგუსტუსის ლეგატების მმართველობა არ იყო დროში წინასწარ განსაზღვრული და მთლიანად პრინცეპსის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული.

პროვოკაცია/პროვოკაციო (provocatio) - რომაულ რესპუბლიკაში კონსულისა ან პრეტორის მიერ მსჯავრდადებული მოქალაქის ხალხისადმი აპელაციის უფლება. იმპერატორის ეპოქაში იმპერატორი იყო აპელაციის უმაღლესი ინსტანცია.

პროკონსული (pro consule - კონსულის ადგილზე) - ყოფილი კონსული, რომელსაც სენატმა უფლებამოსილება გაუგრძელა მნიშვნელოვანი სახელმწიფო დავალების შესასრულებლად. ის ხელმძღვანელობდა პროვინციას, წყვეტდა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს. პრინციპატის ეპოქაში პროკონსული სენატის პროვინციის თითოეული მოხელის ტიტული იყო. როგორც კი პროკონსულს რომელიმე პროვინცია წილისყრით ხვდებოდა, მყისვე უნდა დაეტოვებინა რომი, რომ უფლებამოსილება არ დაეკარგა. კაპიტოლიუმიდან საზეიმო მსვლელობით სენატის მიერ დანიშნული პროკონსული მთელი თავისი ამალით მიემართებოდა პროვინციაში. მისი ძალაუფლების სიმბოლო 12 ფასკი იყო. მთელ გზაზე მცხოვრებლებს უნდა უზრუნველეყოთ მისი საჭიროებები (თუ გემით მიდიოდა, გემი უფასოდ უნდა შეეთავაზებინათ და ა.შ.). პროვინციაში ჩასვლისას მის წინამორბედს 30 დღის განმავლობაში უნდა დაეტოვებინა პროვინცია, თავად კი უფლება არ ჰქონდა დაეტოვებინა პროვინცია იმ ერთი წლის მანძილზე, რა დროითაც ის იყო დანიშნული (მომდევნო კონსულის ჩამოსვლამდე). პროვინციაში ჩასვლისთანავე ის პროვინციის ბრძანებულებას (ედიქტი — edictum provinciae) გამოსცემდა, რომელიც, ბუნებრივია, არ ეწინააღმდეგებოდა რომაულ კანონებს, მაგრამ პროვინციის მცხოვრებლების უფლებებსაც ითვალისწინებდა. რომში ბრუნდებოდა თავისი ნიშნებით (insignia) და ვალდებული იყო, 30 დღის განმავლობაში ანგარიში წარმოედგინა პროვინციაში თავისი მმართველობის შესახებ. პროვინციაში პროკონსული უზენაესი მმართველი იყო და მხოლოდ იქ მცხოვრებ რომაელ მოქალაქეებს შეეძლოთ სამართლის საძიებლად რომისთვის მიემართათ. სამართალწარმოებისთვის ის პროვინციის ქალაქებში ზამთარში დადიოდა, ზაფხულში კი საომარი მოქმედებებით იყო დაკავებული. თუ საჭიროება მოითხოვდა, იგი იქ მცხოვრები რომაელ მოქალაქეებს ჯარში სამსახურისათვის იწვევდა, ხოლო ადგილობრივ მცხოვრებლებს უბრძანებდა, დამხმარე ჯარი შეეკრიბათ. თუ მცხოვრებლები პროკონსულით კმყოფილნი იყვნენ, ისინი მას ქანდაკებას უდგამდნენ, ტაძარსაც უგებდნენ და ზოგჯერ სენატშიც აგზავნიდნენ სამადლობელო ადრესს, მაგრამ ზოგჯერ ცუდი პროკონსულები ძალადობით იხვეჭდნენ ამ პატივს. საერთოდ, ყოველი პროკონსული ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე დაეგროვებინა პროვინციებში და რომაელები ამას უსამართლობად არ მიიჩნევდნენ.

პროკურატორი (მმართველი) — მხედრების მაღალი თანამდებობა

1) სამოქალაქო სამართალში: ე.წ. სახლის მმართველი, რომელიც წესრიგს ამყარებდა ოჯახში და ასევე მონებს შორის; სხვისი ქონების განმგებელი, რომელიც ცალმხრივი რწმუნებულებით მიმდინარე სამეურნეო საქმეებით იყო დაკავებული, არ საჭიროებდა თავისი ბატონის თანხმობას (ეს დაკავშირებული იყო რომის ტერიტორიულ ექსპანსიასთან, რომლის შედეგადაც რომის მოქალაქეები ერთმანეთისაგან ძლიერ დაშორებულ ადგილებზე ფლობდნენ მნიშვნელოვან ქონებას და ჰქონდათ ქონებრივი ინტერესები), მათ შორის ქონების გასხვისების გარიგებებით, ასევე პროცესუალური ქმედებებით; თავდაპირველად პროკურატორი აზატი იყო, შემდგომში ბატონის ნდობით აღჭურვილი პირი; პროკურატორის სამართლებლივი მდგომარეობის განმტკიცების აუცილებლობამ გამოიწვია მას და ბატონს შორის სამართებლივი ურთიერთობა (negotiurum gestio); შემდგომში, უკვე კლასიკურ სამართალში, პროკურატორის უფლებამოსილება მანდატის სახითაც დადგინდა, კლასიკურის შემდგომდროინდელ სამართალში პროკურატორის უფლებამოსილება ვრცელდებოდა მხოლოდ ერთ საქმეზე (procurator unius rei);

2) პროცესუალურ სამართალში: მოპასუხის ან მოსარჩელის არაფორმალურად დანიშნული წარმომადგენელი ანუ რწმუნებული ყველა სასამართლო საქმეში ან მხოლოდ განსაზღვრულ პროცესზე (როგორც დამსწრე, ასევე არდამსწრე მხარისა);

3) იმპერატორების ეპოქაში იმპერატორის პროვინციებში წინანდელი კვესტორების ნაცვლად იგზავნებოდნენ ე.წ. პროკურატორები, რომელთაც მოგვიანებით დამთვლელები (rationales) ეწოდებოდათ. მათ მხედართა ფენიდან ირჩევდნენ იმპერატორის კერძო ფისკუსისთვის გადასახადის ასაკრეფად. სენატის პროვინციებში, შესაძლებელია, იმპერატორის კერძო მამულებიდან იყო პროკურატორიც, რომელსაც ფისკუსში შემოსავალი შეჰქონდა. გადასახადებს კი ხაზინაში (ერარიუმი) კვლავ კვესტორები იხდიდნენ.

მცირე პროვინციებს, როგორც დიდისთვის მიკუთვნებულს, განაგებდნენ პროკურატორები, რომელთაც იურისდისქცია და ძალაუფლებაც (imperium) ჰქონდათ;

4) procurator aerarii maioris - ფინანსთა მინისტრი;

procurator rei privatae - ფისკუსის განმგებელი; მდიდარ ქალებსაც ჰყავდათ თავისი მმართველები (procuratores).

პროლეტარები (proles - შთამომავლები, როგორც ერთადერთი ქონება) - უღარიბესი მოქალაქეები, სახელმწიფოსთვის მხოლოდ თავისი შთამომავლობით გამოსადეგი. მათ არ ჰქონდათ ცენზი და მხოლოდ ერთი ცენტურია გამოჰყავდათ, შესაბამისად, სახალხო კრებაში ხმის მიცემის უფლებაც არ ჰქონდათ. პროლეტარები არ იხდიდნენ გადასახადს და არც სამხედრო სამსახური ევალებოდათ. მარიუსის რეფორმის შემდეგ ისინი დაქირავებული პროფესიული ჯარის ძირითად მასას შეადგენდნენ. რომაელი ლუმპენ-პროლეტარები ეკუთვნოდნენ საზოგადოების პარაზიტულ ფენას, მაგრამ რაღაც ნაწილი შრომობდა. პროლეტარები სხვადასხვა სამუშაოთი იყვნენ დაკავებული - მუშაობდნენ მშენებლობაზე, მტვირთავებად. ზოგიერთები იყვნენ წვრილი ხელოსნები, მეწვრილმანეები. გვიანი რესპუბლიკის ხანაში სახალხო კრებაზე არჩევნების კანდიდატებისთვის საკუთარ ხმებს ყიდდნენ. ნაჩუქარი პური საარსებო მინიმუმი იყო, მაგრამ სახელმწიფო მაინც უამრავ ფულს ხარჯავდა პურისა და სანახაობისათვის. სახელმწიფო დროდადრო ზრუნავდა, შეემცირებინა პროლეტარების რაოდენობა რომში. ასე მაგ. იულიუს კეისარმა მცირერიცხოვან პლებეებს (320 ათასიდან - 150 ათასამდე) დაუტოვა უფასო პურისა და სხვა პროდუქტის მიღების უფლება. რომაელი ღარიბები (80 ათასი) გადაასახლა კოლონიებში. პროლეტარები მონების მსგავსად საზოგადოების ჩაგრული ნაწილი იყო.

პროსკრიპცია/პროსკრიპციო (proscriptio) — საჯარო განცხადება, გადახდისუუნარო მოვალეების, განსაკუთრებით კი სასამართლოს გარეშე უკანონოდ გამოცხადებული პირების სია. ამ სიაში შეტანილის აღმოჩენისათვის ჯილდო იყო დაწესებული. სულამ ძვ. წ. 82 წ-ს პირველად საჯაროდ გამოაცხადა ცნობილი და მდიდარი პირების (40 სენატორი, 1000 მხედარი) შერისხვის ცნობა და შემდგომში მის დაკანონებაზეც იზრუნა. პროსკრიპციებს მიმართეს ტრიუმვირებმა (150-მდე სენატორის სია გამოაქვეყნეს). შერისხულთა დაფებზე დაწერილ სახელებს საჯაროდ გამოდგამდნენ. პროსკრიპციებში მოხვედრილები კანონგარეშედ ითვლებოდნენ, ჩამოერთმეოდათ ქონება, რომელიც საჯაროდ იყიდებოდა, ფულს სახელმწიფო იღებდა, მათ მონებს კი ათავისუფლებდნენ. პროსკრიპციებში მოხვედრილი პირების შთამომავლებს არ ჰქონდათ უფლება საზოგადოებრივ თანამდებობებზე დანიშნულიყვნენ.

პროსტიტუცია (prostitutio - გარყვნილების, ნამუსის შებღალვის საფასური, prostituere - სააშკარაოზე გამოტანა) - ძველ საბერძნეთსა და რომში გავრცელებული იყო როგორც ქალების, ასევე კაცების პროსტიტუცია. აღმოსავლეთისაგან განსხვავებით სატაძრო პროსტიტუციას მხოლოდ კორინთოში აფროდიტეს ტაძარში ეწეოდნენ. გარყვნილების სახლები ათენში სოლონის დროს დაწესდა. სახელმწიფოს მიერ დაწესებული იყო მათი შრომის ანაზღაურების მტკიცე ფასები. მონა ქალი, რომელსაც გაყიდდნენ იმ პირობით, რომ პროსტიტუციას არ მოსთხოვდნენ, ამ პირობის დარღვევისას გამყიდველის აზატი ხდებოდა.

ჩვეულებრივი მეძავებისაგან განსხვავდებოდნენ ჰეტერები, რომლებიც განათლებულები იყვნენ და საზოგადოებაზე ხშირად დიდ გავლენას ახდენდნენ.

პროცენტები - მევახშეობა გამდიდრების ერთერთი საშუალებად იქცა რომში. ყველაზე უფრო ხშირად თვეში 2%-იანი სესხი გაიცემოდა, ხშირად ეს რიცხვი იზრდებოდა, განსაკუთრებით, რისკის გათვალისწინებით, მაგ., საზღვაო სესხის გაცემისას. გვიანრესპუბლიკურ და იმპერატორის ეპოქაში სესხის მაქსიმალური რაოდენობად თვეში 1% დაწესდა, მაგრამ ეს კანონი ხშირად ირღვეოდა.

პროცესი ფულის შესახებ (pecuniae repetundae - ფული, რომელიც უკან უნდა გამოითხოვო) - პროვინციების მმართველი არაკანონიერად გამდიდრებული რომაელი ნაცვლების სასამართლო პროცესების ზოგადი სახელი. რომში ძვ. წ. 149 წ-დან იყო მუდმივი სასამართლო პალატა, რომელიც ამ საქმეებს განიხილავდა. კანონები და დადგენილებები ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთგზის იცვლებოდა.

8.16

▲ზევით დაბრუნება


რეკუპერატორები (recuperatores) - იმ კოლეგიის წევრები, რომელიც შედგებოდა არაუმცირეს სამი ნაფიცი მოსამართლისაგან და რომელიც განიხილავდა ისეთ საქმეებს, რომელთაც დაჩქარებული გადაწყვეტა სჭირდებოდა: ზარალის ანაზღაურება საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, დავები რომაელებსა და უცხოელებს შორის. თვითონ პროცესს ეწოდებოდა რეკუპერაცია (recuperatio). ამასთან ერთად რეკუპერატორები განიხილავდნენ გამოძალვის, გაფლანგვის საქმეებს, პუბლიკანების სარჩელებს. საქმის წარმოების ფორმა იყო ფორმულარული გარკვეული სამართლებრივი პროცედურების გამარტივებით: შეზღუდული ვადები (10 დღიანი პროცესი), სასამართლოში გამოძახებულ მოწმეთა მცირე რაოდენობა და ა.შ. ამ უპირატესობების გამო სამართალწარმოების ეს ფორმა ძალიან პოპულარული გახდა განსაკუთრებით პროვინციებში, მოგვიანებით - დედაქალაქშიც და მოიცვა უკვე ის დავებიც, რომლებიც რომის მოქალაქეებს ჰქონდათ ერთმანეთში.

რელეგაცია/რელეგაციო (relegatio გაძევება) - გაძევების შერბილებული ფორმა. ოჯახის მამას ჰქონდა უფლება თავისი შვილები და მონები გაეძევებინა სოფელში, სადაც მათ უფრო მძიმე სამუშაო და მკაცრი მოპყრობა ელოდათ. როგორც სახელმწიფო დასჯა, გაძევება რესპუბლიკის დროს არ გვხვდება, მაგარმ სენატსა და უმაღლეს თანამდებობის პირებს შეეძლოთ სახელმწიფოსთვის საშიში პირები ედიქტით გაეძევებინათ (ზოგჯერ ქონება, მოქალაქეობა ჩამოერთვათ, დაბრუნებისას, რომელიც ეკრძალებოდათ, სიკვდილით დაესაჯათ). ავგუსტუსმა პირველმა გამოიყენა რელეგაცია, როგორც გაძევების უფრო მსუბუქი ფორმა (წყლისა და ცეცხლის აკრძალვა - aquae et ignis interdictio, deportatio), რომელიც არ ლახავდა ღირსებას, არ ართმევდა ქონებას და ასევე მოქალაქეობის უფლებას არ ზღუდავდა. მისი მომდევნი იმპერატორები ხშირად იყნებდნენ ამ სასჯელს ადულტერის, გარყვნილების (stuprum), ცილისწამების (calumnia), რეპეტუნდე და ა.შ. მისგან განსხვავდებოდა - interdictio certorum locorum, რომლის მიხედვით მსჯავრდადებულს ეკრძალებოდა ცალკეულ ადგილებსა და პროვინციებში წასვლა.

რეპეტუნდე (repetundae, crimen repetundarum) - თანამდებობის პირის მიერ ქრთამის გამოძალვა (ნივთის ან ფულის უკანონო მითვისება). ეს დანაშაული თავიდან ისჯებოდა ფულის უკან დაბრუნებით, მოგვიანებით უკანონოდ მითვისებული თანხის 2-4-ჯერ მეტი მოცულობით დაბრუნებით. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში ასეთი კანონგადაცდომის გამო პიროვნებას ერთმეოდა უფლება გამხდარიყო მაგისტრატი, მოსამართლე და სხვ.

რესკრიპტი (rescriptum - საპასუხო წერილი, პასუხი) - იმპერატორის ან პროვინციის ნაცვლის საპასუხო წერილი სადაო საკითხზე კერძო პირსა ან მოხელეზე ან მთელ სამსახურზე. თუ ის ვრცელი იყო, მას წერილი (epistulae) ერქვა. კერძო პირს პრინცეპსი სუბსკრიპციის (subscriptio - მიწერა, წაწერა) ფორმით პასუხობდა, რომელიც გამოეკიდებოდა საჯარო ადგილას და მთხოვნელს შეეძლო მისი პირი ან ასლის გაკეთება. სუბსკრიპციას იმპერატორი ხელს წითელი მელნით აწერდა.

rescripta principum - გამოხატავდა პრინცეპსის იურიდიულ თვალთახედვას, ზოგჯერ ის ხელქვეითებისათვის მითითებას შეიცავდა, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილების ხასიათი არ ჰქონდა. II ს-დან rescripta principum უკვე ისეთ ნორმადაა აღიარებული, რომელსაც კანონის ძალა აქვს. რესკრიპტის მრავალი კრებული იყო, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ რამდენიმეს შესახებ ცნობაღა შემოგვრჩა.

კლასიკურის შემდგომ პერიოდში წარმოიშვა წარმოების ახალი სახეობა — ე.წ. რესკრიპტული პროცესი: მხარე ვიდრე კამათს დაიწყებდა, იმპერატორს მიმართავდა პირადი თხოვნით, გამოეთქვა აზრი საკამათო საკითხზე. ეს ძვირადღირებული საშუალება იყო, მაგრამ იცავდა მხარეს პირველი ინსტანციის მექრთამე მოსამართლეებისაგან. იმპერატორს შეეძლო ასევე გაეგზავნა მთხოვნელი შესაბამის მოსამართლესთან და მიეცა შესაფერისი მითითება. პოლიტიკური მნიშვნელობით რესკრიპტული პროცესი ცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი საშუალება იყო, რომელიც მიმართული იყო ცენტრიდანული ტენდენციების წინააღმდეგ.

რესტიტუცია/რესტიტუციო (restitutio) - ადრინდელი მდგომარეობის აღდგენა, საგანგებო საშუალება, როცა პრეტორს შეეძლო სასამართლო განაჩენის გაუქმება. უძველეს დროში რესტიტუცია კრიმინალურ-სასამართლო მდგომარეობით ეკუთვნოდა ხალხს, თუ საჭირო იყო დაებრუნებინათ განდევნილისთვის, რომელსაც წყალი და ცეცხლი აკრძალული ჰქონდა (cui aqua et ignis interdictum erat), მისი ადრინდელი უფლებები ან შეეწყალებინათ. სამოქალაქო მღელვარების დროს შემთხვევითი ადამიანები ისაკუთრებდნენ ხალხის ამ უფლებას. იმპერატორების ხანაში რესტიტუცია იყო უფლება, რომელმაც შეწყალების საერთო მნიშვნელობა მიიღო (მაგრამ ხშირად ყველა უფლების დაბრუნების გარეშე, სახელდობრ, ადრინდელი ქონების დაბრუნების გარეშე) და ჰქონდათ იმპერატორებს და არა ხალხს. რესტიტუციის მიზეზი იყო: არასრულწლოვანება, იძულება, შიში და ა.შ.

რიგი - წესი, განწესება ძველ საქართველოში. არსებობდა ზოგადქართული ხასიათის „საქართველოს რიგი“ და ცალკეული კუთხეების რიგი, როგორიცაა „კახური რიგი“. განირჩეოდა აგრეთვე „ნათესაობის რიგი“, „ხელოსნობის რიგი“, „პურობის რიგი“ და ა.შ. ბატონისა და ყმის ურთიერთობა „ბატონყმობის რიგის“ მიხედვით წესრიგდებოდა. რიგის დარღვევას „რიგიდან გასვლა“, ხოლო მის დამრღვევს „რიგიდან გასული“ ეწოდებოდა.

რომაელი მოქალაქე (civis Romanus) - რომის მოქალაქეობის უფლების მქონე პირი. პირველ რიგში პირი, რომელიც დაიბადა კანონიერი ქორწინების შედეგად; სრულუფლებიანი რომაელი მოქალაქე (civis optimo iure) თავდაპირველად იყო მხოლოდ ოჯახის მამა (paterfamilias), სხვა დანარჩენი იყო დაუცველი მოქალაქე (civis imminuto iure). პოლიტიკურად უუფლებო იყო მოქალაქე ხმის მიცემის უფლების გარეშე (civis sine suffragio), მხოლოდ ნომინალურ მოქალაქეებად ითვლებოდნენ კეთილშობილი ქალები (mulieres ingenuae). თავდაპირველად რომაელი მოქალაქე შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ რომის მცხოვრები (კვირიტი), მოგვიანებით რომაულმა მოქალაქეობამ სამართებლივი ხასიათი მიიღო და არ იყო დაკავშირებული უშუალოდ ქალაქის ტერიტორიასთან.

8.17

▲ზევით დაბრუნება


საანჯმნო, ბეხვნე, თუშეთი - დილა-საღამოს ხალხის შესაყრელი ადგილი, სადაც საუბრობდნენ მოცლის დროს. საანჯმნო ხალხურ მმართველობასთან დაკავშირებულ საკრებულოდაც წარმოგვიდგება. ბეხვნე-საანჯმნო ისეთი საკრებულო იყო, სადაც ყრილობას სასოფლო საქმეებთან დაკავშირებით გამოჰქონდა გადაწყვეტილება.

სააჯო კარი - სამსჯავრო, სასამართლო დაწესებულება ძველ საქართველოში. დავით აღმაშენებლის გატარებული რეფორმების შემდეგ სააჯო კარს უმაღლესი სასამართლოს ფუნქციები დაეკისრა, მანამდე კი უზენაეს მართლმსაჯულების მოვალეობას თავად მეფე ასრულებდა. აქ განიხილებოდა ქვედა საფეხურის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივნის აჯა. სააჯო კარი განიხილავდა როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლისსამართლებრივ საქმეებს. XII ს-ის 10-იანი წლებიდან სააჯო კარს მეფის უპირველესი მოხელე მწიგნობართუხუცეს- ჭყონდიდელი წარმართავდა (იხ. მწიგნობართუხუცესი). ჭყონდიდელი ორშაბათ დღეს თავის უახლოეს ხელქვეითებთან - მეფის საწოლისა და ზარდახნის ანუ სამხედრო საწყობის მწიგნობრების თანხლებით არჩევდა „ობოლთა და ქვრივთა და მიმძლავრებულთა მოჩივართა“ საქმეებს, თუ ისინი თავს დაჩაგრულად თვლიდნენ. სასამართლო საქმეებში ზარდახნის მწიგნობარი ვეზირთა უპირველესის წარვლენილი მოხელე, მისი მინდობილობათა აღმასრულებელი და ნაცვალი იყო. ორშაბათის გარდა, კვირის სხვა დღეებში სააჯო კარი სხვა მსაჯულთა შემადგენლობით მოქმედებდა.

საბინუს მასურიუსი (Sabinus Mas(s)urius) - უბრალო წარმოშობის ცნობილი იურისტი, დიდხანს მხოლოდ მოწაფეების ჰონორარით ცხოვრობდა. მხოლოდ 50 წლისამ დააგროვა მხედრის ცენზი და ტიბერიუსმა უბოძა მას (პირველს მხედრებიდან) იურიდიული დასკვნის უფლება (ius respodendi). საბინუს მასურიუსმა ჯერ კიდევ ნერონის დროს დაიწყო ნაყოფიერი მოღვაწეობა. თავისი მთავარი თხზულება „სამოქალაქო სამართალი“ 3 წიგნად სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა და ახ. წ. III ს-მდე მას ბევრი იურისტი კომენტარებსაც ურთავდა. კლასიკურის შემდგომ ტრადიციას საბინუსის სახელიდან უსაფუძვლოდ გამოჰყავდა იურიდიული სკოლის დასახელება - Sabiniani.

საგლეხო - მიწათმფლობელობის სახეობა - „გლეხთ საფერი“ (საბა) ადგილ-მამული ფეოდალურ საქართველოში. ფეოდალის მამულში გამოყოფილი მიწა, რომელიც გლეხებზე გაიცემოდა. საგლეხო ნაწილობრივ საიჯარო (როგორც წესი - საღალო) იყო, ჩვეულებრივ კი მემკვიდრეობითი ფლობისა და საბატონო ბეგარის პირობით ცალკეულ კომლებზე ნაწილდებოდა. ამის გამო საგლეხო მამულადაც და საკომლოდაც იწოდებოდა. ბექას და აღბუღას სამართალში (მ. 56) საგლეხო ფუძე, ხოლო ვახტანგ VI-ის სამართალში (მ. 103) საგლეხო ადგილი იხსენიება.

საეკლესიო სამართალი - ეკლესიისა და სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის შინაგან სტრუქტურას და მორწმუნეებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.

ფეოდალურ საქართველოში საეკლესიო სამართალი ხელს უწყობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმატებულ ფუნქციონირებას. თუმცა ქვეყანაში მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობა ხელს არ უშლიდა სხვა სარწმუნოების სასულიერო პირთა უფლებას. მათ ჰქონდათ თავიანთი სამლოცველოები, სადაც დაუფარავად ასრულებდნენ რიტუალებს და ა.შ. საეკლესო სამართალი აწესრიგებდა საოჯახო და საქორწინო სამართლებრივ საკითხებს. საეკლესიო სამართალს ექვემდებარებოდა აგრეთვე სასულიერო პირების დანაშაულთა განსჯა, დავა საეკლესიო ქონების შესახებ. ქართული საეკლესიო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლებია რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა, მცნებაჲ სასჯულოჲ (XV ს.), კათალიკოსთა სამართალი, მცნება მღუდელთათვის (1768 წ.) და სხვ.

საზოგადოება, სოფლობა, სვანეთი (აბუასდ) - რამდენიმე სოფლის კავშირი ერთ საზოგადოებაში. საზოგადოების მოვალეობანი: საზოგადოების თითოეული წევრი ვალდებული იყო, დაეცვა თავისი საზოგადოების სახელი: გაჰკიდებოდა მდევრად საზოგადო მტერს. თუ ვინმეს სახლკარი დაეწვებოდა, საზოგადოება დაზარალებულ ოჯახს, გარდა წვრილმანი შემწეობისა, თითო კომლიდან თითო „ჩაბანაღ“ ნამუშევარს აძლევდა. სახლის მაშენებლისთვის საზოგადოებას მუქთად მოჰქონდა საშენი მასალა, როცა ამშენებელს ნადი დასჭირდებოდა, საზოგადოება მას უარს ვერ ეტყოდა. იყო შემთხვევები, როცა საზოგადოება თანასწორად იხდიდა საზოგადო მტრისადმი საზღაურს. იგი იწყნარებდა გაჭირვებულ მახვეწარს როგორც თავისი საზოგადოების წევრისა, ასევე სხვა საზოგადოებისა და ქვეყნისა. მისი მოვალეობა იყო, ერჩინა უთვისტომო, უპატრონო მოხუცები, დავრდომილები და გლახაკები. თითოეული საზოგადოება ცდილობდა, დაცულიყო თანასწორობა ყველა საზოგადოებას შორის, რომ ერთ უფრო ღონიერ საზოგადოებას არ დაეჩაგრა შედარებით მცირე და სუსტი. თითოეული დაჩაგრული დაკმაყოფილებას მოითხოვდა იმ საზოგადოების მახვშისგან, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ნივთიერი საზღაურიც დაჩაგრულს ეძლეოდა იმავე საზოგადოებაში არსებული წესით. როდესაც ერთი საზოგადოების წევრს ჩხუბს აუტეხდა მეორე საზოგადოებაში მცხოვრები თავისაში და პირველს თავისი საზოგადოებიდან ვინმე დაესწრებოდა, უთუოდ მას უნდა დახმარებოდა, რაც არ უნდა მტრულად ყოფილიყო განწყობილი მანამდე.

სათავისთაო საკუთრება - ტერმინი, რომლითაც ქართულ ისტორიოგრაფიაში აღინიშნება სახლის წევრის ინდივიდუალური, პირადი შრომითა და სახსრებით მოპოვებული, „თავისი უცილობელი“ ქონება, განსაკუთრებით ყმა-მამული. კერძო საკუთრება ჯერ კიდევ IV-V სს-ში გაჩნდა. სათავისთაო საკუთრებას მეპატრონე თავისუფლად, სახლის სხვა წევრების უკითხავად განკარგავდა. მას შეეძლო თავისი ქონების გაყიდვა, გააზატება თუ სხვაგვარი გასხვისება. სათავისთაო არსებითად განსხვავდებოდა საუფლისწულოსაგან, რომელიც თავისი ბუნებით „საერთო“ ქონებას ემსგავსებოდა. სათავისთაო ქონების გაჩენა ხელს უწყობდა ფეოდალური სახლის საერთო მეურნეობის რღვევას. იგი საკუთრების უფრო პროგრესული ფორმა იყო, ინტენსიური მეურნეობის განვითარებას უწყობდა ხელს, თუმცა XVI-XVII სს-ში მისი განვითარება შეფერხდა. ფეოდალები ცდილობდნენ „განსაცდელ-გაჭირვების წინააღმდეგ საერთო ძალით ებრძოლათ“. ზოგჯერ სათავისთაო ქონება შვილებისა და შვილიშვილების საერთო ან საუფლისწულო ქონებად იქცეოდა. სათავისო ქონება უძველეს წყაროებში მამულის გვერდით „მონაგებად“ მოიხსენიება. ბაგრატ კურაპალატის სამართალში ამ ინსტიტუტმა საკანონმდებლო აღიარება მოიპოვა.

სათავნო - ქალის პირადი, მამის სახლიდან მოყოლილი ქონება, საქონელი ან ფული, რომელიც ქმრის ოჯახში მის საკუთრებას წარმოადგენდა. ქართლ-კახეთში სათავნოს „ქრთამს“ უწოდებდნენ, რაც ძველ ქართულში სასყიდელს აღნიშნავდა. მზითვისაგან განსხვავებით სათავნო ქალის სრული საკუთრებაა. მზითვზე ქორწილამდე უნდა შეთანხმებულიყვნენ სასიძოსა და საპატარძლოს ოჯახები, სათავნოზე კი - არა. სათავნოს მიცემა ქალის მშობლებისა და ძმის ნება იყო. სათავნო მზითვთან შედარებით გვიან გაჩნდა და განსაკუთრებით შეძლებულ და წარჩინებულ ოჯახებში გავრცელდა. სულხან-საბა ორბელიანი მას „სასარგებლოს“ უწოდებს. სათავნო მემკვიდრეობით შვილებზე, უპირველეს ყოვლისა, ქალიშვილებზე გადადიოდა.

სათავნო, მთა

ფშავი - ქალის პირადი საკუთრება. სათავნოდ ქალს პატარაობიდანვე აძლევედნენ საძროხე ხბოს და სანაშენო ცხვარს. თავის სათავნოს ქალი თვითონვე უვლიდა და ამრავლებდა, ნაწველსა და მატყლს ყიდდა და მონაგებ თანხასაც სარგებელში ასესხებდა. სათავნოს შემოსავლიდან ქალი წინდებს ქსოვდა და ბარგ-ლოგინს იმზადებდა. ქალის სათავნო ოჯახში ხელუხლებელი იყო და მისი მოხმარება თუ დახარჯვა არ შეიძლებოდა. ქორწილში მიღებული ძღვენიც სათავნოში შედიოდა.

ხევსურეთი - ზოგადად ხევსურის სიმდიდრეს საქონელი შეადგენდა. შესაბამისად, ქალსაც სათავნოდ საქონელი ეძლეოდა. მამის ოჯახში პატარაობისას მას აძლევდნენ ერთ სულს საქონელს - ცხვარს, თხას, ხბოს ან ძროხას. სათავნო საქონლის ნაშენი ქალის იყო და ოჯახი მას ვერ შეეხებოდა. გარდა ამისა, ქალის ნაშრომი და ნაღვაწიც (შეკერილი, მოქსოვილი თუ ნაქარგი) მისი იყო და გათხოვებამდე მამის ოჯახში რჩებოდა. ქალს ოც წლამდე არ ათხოვებდნენ. შესაბამისად, ქალის ხელსაქმეს დიდი სარგებელი ჰქონდა ოჯახისთვის. სათავნო ქალის საკუთრება იყო გათხოვების შემდეგაც, თუმცა ნაშენ-მონაგები უკვე ქმრის ოჯახს ეკუთვნოდა. სათავნო რომ განადგურებულიყო, ქმრის ოჯახს უნდა შეევსო. ქალი არაფრად ღირდა, თუ მას საკუთრება არ გააჩნდა.

საკომლო - მიწის ნაკვეთი, რომელსაც მებატონე მემკვიდრეობითი ფლობისა და საბატონო ბეგრის პირობით გადაცემდა ცალკეულ კომლს ძველ საქართველოში. ზოგჯერ მას საგლეხო მამულსაც უწოდებდნენ. ტერმინი საკომლო პირველად XIV ს-დან დასტურდება. იგი ადრინდელი ფუძის მნიშვნელობით იხმარებოდა. საკომლო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა რაოდენობის იყო. მთელი საკომლო აღმოსავლეთ საქართველოში 60 დღიურამდე აღწევდა, დასავლეთ საქართველოში უფრო ნაკლები იყო. საკომლოში იგულისხმებოდა სავენახე, ბაღ-ბოსტანი, სათიბი, სასარე და სხვ. გლეხის საკომლოს სრული ბატონ-პატრონი ფეოდალი იყო. მისი ნებართვის გარეშე გლეხს არც გაყიდვის, არც გაანდერძების და არც სხვაგვარი გასხვისების უფლება ჰქონდა. წყაროების მიხედვით გვხვდება „ნაოხარი“ და „აშენებული“ ან „დიდად შემკული, ერთიანი“ საკომლოები. სრული საკომლოს მფლობელი გლეხი „შემძლედ“ ითვლებოდა, ხოლო ნახევრისა და მასზე ნაკლების მქონე „შუათანა“ და „მცირე“ ანუ „დაბალ“ მებეგრე გლეხთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. გადასახადებიც საკომლოების სიდიდის მიხედვით განისაზღვრებოდა. საკომლო ადგილმამულის ერთეულადაც გამოიყენებოდა, მაგრამ მისი ოდენობა ყველგან და ყოველთვის ერთნაირი არ იყო. XIX ს-ის I ნახევრიდან საკომლო 20-40 დღიურამდე შემცირდა, ხოლო II ნახევარში კი - 10-12 დღიურამდე.

საკუთრება - წარმოების ანტიკური საშუალებისათვის დამახასიათებელი თავისუფალი მოქალაქეების კერძო საკუთრება (უპირველეს ყოვლისა მიწაზე, ასევე წარმოების სახელოსნო საშუალებებზე) პოლისის ფარგლებში. მხოლოდ მიწათმფლობელს შეეძლო ყოფილიყო სრულუფლებიანი მოქალაქე და მხოლოდ მოქალაქე შეიძლება ყოფილიყო მიწათმფლობელი. საკუთრების ეს ფორმები ძველი აღმოსავლეთიდან გავრცელდა, გვხვდებოდნენ როგორც მსხვილი მიწათმოქმედებები (რომში რესპუბლიკური პერიოდის ბოლოს ლატიფუნდიები შეიქმნა), ასევე უმიწო მოქალაქეები. რიცხობრივად წვრილი მწარმოებლები ჭარბობდნენ. კერძო საკუთრებასთან ერთად იყო სახელმწიფო საკუთრება მიწაზე (რომში ager publicus) და მსხვილ მიწათმოქმედებზე დამოკიდებული თემური პრინციპით ორგანიზებული მოსახლეობის ჯგუფებები ბერძნულ სახელმწიფოებში. იხ. მანციპაცია.

სალარო - „ლართ საუნჯე“ (საბა), განძსაცავი ძველ საქართველოში. გაერთიანებული სამეფოს ხანაში სახელმწიფო სალარო ერთგვარი ხელუხლებელი ხაზინა იყო. საჭურჭლისაგან განსხვავებით, „შეკრული“ იდო ისეთი განძეულობა, „ოქროს ჭურჭელი, ანუ ვერცხლისა“, რომელიც „საჴმარებლად სანიადაგოდ“ არ იყო განკუთვნილი. არსებობდა მოძრავი სალაროც, რომელიც თან მიჰქონდათ მეფის მოგზაურობის დროს. საჭურჭლისგან განსხვავებით, სალარო მეჭურჭლეთუხუცესს არ ექვემდებარებოდა. სალაროს გამგებელს მოლარეთუხუცესი ეწოდებოდა. მისი დამხმარე მოხელეები იყვნენ სალაროს მოლარეები, რომლებიც X ს-დან იხსენიებიან წყაროებში. სალარო თავის მოხელეებთან ერთად მსახურთუხუცესს ექვემდებარებოდა. მოლარეთუხუცესს თანამდებობის ნიშნად ბეჭედი ჰქონდა. ამ „თვალედი“ ბეჭდით სიგელებს და სხვა მრავალ საბუთს უსვამდა ბეჭედს. მოლარეთუხუცესი ოქროს თასში „წყალს შთაასხამს“, თუმცა საბუთს „დაბეჭდავს მწიგნობარი“ და არა მოლარეთუხუცესი. მეფის სალაროს ერთ-ერთ მთავარ მოხელედ სალაროს ნაზირი ითვლებოდა. არსებობდა აგრეთვე სალაროს მუშრიბი და თავილდარი ანუ ნივთების შემნახავ-გამცემი მოხელე. როგორც ცნობილია, გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში სალაროში სხვადასხვაგვარი ნივთები, მაგალითად, სახარჯავი ფული, ტანსაცმელი, სამკაული, ნადირობის მოწყობილობაც, ინახებოდა. ვახუშტი ბატონიშვილი „ქართლის ცხოვრებაში: განმარტავს, რომ „რაიცა მეფის თეთრნი ანუ ლარნი თვისთა საკუთართა ზედა ანუ ქუელის საქმისად უხმდა, და მის ქუეშე დაწესებულნი მოლარენი“ (ქართლის ცხოვრება, ტ. IV, 22, 20). სალაროში იდო ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის ოფიციალური ეგზემპლარი, რომელსაც საქმის განხილვისას იყენებდნენ. ბაგრატ კურაპალატის სამართლის მიხედვით, „დიდი სალაროს“ გამტეხი „თვალთა დაწვით“ ისჯებოდა.

სამამასახლისო სამსახურებელი - მიწათმფლობელობის სახეობა ძველ საქართველოში. XI ს-ში საქართველოს მეფე, როგორც სამეფო სახლობისა და საგვარეულოს უფროსი, ამავე დროს მამასახლისადაც ითვლებოდა, რომელიც განკარგავდა „სამამასახლისო სამსახურებელს“. ბაგრატ IV სიგელში აღნიშნავს, რომ დავა მიჯნაძოროელებმა მოიგეს, თუმცა ოპიზარნი გულნატკენი რომ არ დარჩენილიყვნენ, მათ სამამასახლისო სამსახურებელიდან სოფელი ბარევანი გადასცა. ამ ხანაში სამამასახლისო სამსახურებელს შეადგენდა სათემო მიწის განსაზღვრული ფონდი, რომელსაც მამასახლისის „სამსახურის“ ასანაზღაურებლად გამოყოფდა თემი.

სამან-საყუდი, ხევი - სასაფლაო და მოსისხლეთა გვარების შერიგებისთვის განკუთვნილი ადგილი. სამან-საყუდის ტერიტორია ერთ ჰექტარს აღწევდა. ძველად იგი შემოზღუდული იყო ქვის მაღალი გალავნით, რომელსაც დატანებული ჰქონდა ორი მოპირდაპირე ჭიშკარი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარეზე. ჭიშკრები მუდამ ჩაკეტილი იყო, მისი გასაღები ხევის გაგასთან ინახებოდა.

სამართალი ბატონისშვილის დავითისა - შეადგინა დავით ბატონიშვილმა XIX ს-ის დასაწყისში. თავდაპირველად დავით ბატონიშვილმა იგი მოამზადა თავისი მამის, ქართლკახეთის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის დავალებით და ორჯერ გადანუსხა. ამ სახით ნაშრომი შედგებოდა პრეამბულის, 245 მუხლისა და საძიებლისაგან. ერთი ნუსხა დავითმა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულს დაურთო და მასთან ერთად აკინძა. ეს მისეული „დიდი სამართლის წიგნი“ შემდეგში ო. უორდროპს ჰქონია და ახლა იგი ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში ინახება. დავით ბატონიშვილმა თავისი სამართლის წიგნზე მუშაობა პეტერბურგში სენატორობისას 1811-13 წწ-ში განაგრძო, როდესაც მთავრობის განწესებით ვახტანგის კრებულის რუსულ თარგმანთა განმხილველ კომიტეტს მეთაურობდა. მის გვიანდელ ნაშრომში ჭარბობს მინაწერები, დამატებითი მუხლები, ფრაგმენტები, რომლებიც პირვანდელი ტექსტის სათანადო თავებს უნდა დამატებოდა. „სამართალი ბატონისშვილის დავითისა“ ფეოდალური ხანის სამართლის ძეგლია, რომელიც თითქმის ყველა იმდროინდელ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებდა, მათ შორის, როგორც სახელმწიფო სამართლის, მართლმსაჯულებისა თუ დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხებს, ასევე კანონის ფარგლებში სამოქალაქო, სამემკვიდრეო და საქორწინოსაოჯახო უთანხმოებებს. მაგ., ხელნაწერში შემდეგი კანონებია: „ყოველივე ძველისა და ახლის დავების გარდაჭრაზედ“, სათაურს შესავალი მოსდევს და 17 მუხლი, „კაცის სიკუდილის უკან მისი დოვლათისა და მის ცოლშვილის ბინის მიცემაზედ“, შესავალს 83 მუხლი მოსდევს, „სენადისა და სასამართლოების განწესებაზედ და მათ მოვალეობაზედ“ და ა.შ. დავით ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ მისი სამართლის წიგნს აქვს „უმეტეს მიდრეკილებაჲ ბუნებითისა მიმართ სჯულისა“, ე.ი. ბუნებითი სამართლისა. მასში დაცულია არა მარტო სამართლებრივი, არამედ ზნეობრივ-მორალური და შეიძლება ითქვას, დემოკრატიული პრინციპებიც. გაზიარებულია დებულება, რომ „უფრორე უმჯობეს არს ათისა დამნაშავისა განთავისუფლებაჲ, ვიდრე ერთისა უბრალოჲსა წარწყმედაჲ“. მიუხედავად იმისა, რომ დავით ბატონიშვილის სამართალს ეროვნული და ტრადიციული პრინციპები ედო საფუძვლად, იგი აგრეთვე ცდილობდა გადმოეტანა და მოერგო საქართველოსთვის მაშინდელი დროის აღიარებული სამართლებრივი ნორმებიც. ავტორი წინასიტყვაობაში განსაკუთრებით აღნიშნავდა წინაპართა შრომასა და დამსახურებას ამ საქმეში, თუმცა თვლიდა, რომ „ცულილებისა გამო სოფლისა“ იგი განახლებას საჭიროებდა. ამიტომ დავითმა თავის სამართალში შეიტანა ეკატერინე II-ის განაწესის ზოგადი დებულება, პეტრე I-ის სამხედრო წესდების ცალკეული ნორმები და ა.შ. სწორედ ის სჯული და განწესებანი, რომლებსაც „აქუნდაყე მახლობელ დგომაჲ ბუნებითისა ჰსჯულისა“. დავით ბატონიშვილს, როგორც სამეფო ტახტის მემკვიდრეს, იმედი ჰქონდა, რომ თუნდაც შეკვეცილი თვითმმართველობის პირობით, მაგრამ მაინც აღდგებოდა ქართლ-კახეთის სამეფო და ეს ნაღვაწი თავის სამშობლოს გამოადგებოდა. სწორედ ამ მიზნით მან თავისი სამართალის რუსული ვარიანტიც შეიმუშავა (1019 მუხლისგან შემდგარი) და მას საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა უწოდა.

სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა - ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის, ანუ კორპუსის დამაგვირგვინებელი ნაწილი. შედგენილია XVIII ს-ის დასაწყისში. მეფემ დაცემული მართლმსაჯულების აღდგენისათვის („ცვალებითა დღეთა და ვითარებითა ჟამთათა თვით სიბძნით და თავით თვისით სჯიდნენ და განაგებდნენ“) შეკრიბა ქართული ძველი სამართლის წიგნები „ქათალიკოზისა და მეფის გიორგისა და ბექას განჩინებული სამართლები“, ასევე დაურთო „დაბადებისა მოსეს მიერ ქმნილნი სამართალნი და კუალად ბერძენთა და სომეხთა წიგნთაგან გარდმოთარგმნული“ კანონები და დიდებული სამღვდელოებისა და სამეფო დარბაზის „ჭკუათა მყოფელთა და მოხუცებულთა კაცთა“ თანამშრომლობით ახალი სამართლის წიგნი შეადგინა. კანონმდებელი მეფე განმარტავს, რომ უცხოური სამართლის წიგნების მხოლოდ გადმოთარგმნა და პირდაპირ გადმოტანა შეუფერებელი იქნებოდა ქვეყნისათვის, „ვინათგან ქართველთა წესნი და ქცევანი სხვა რამე არს და არა მიჰგავს სხვათა ქვეყნისა რიგთა და ქცეულებათა... და მათი წიგნი უფროს ჩვენდა უხმარ არს“. ვახტანგ VI-ის კანონები საკმაოდ დიდი სამართლის წიგნია. მას აქვს სამოქმედოდ შემომღები პრეამბულა, რომელსაც მოსდევს 270 მუხლი. პირველ ნაწილში გამოყოფილია 5 კარი: „თეთრის გარიგებისა“, „გაყრისა“, „ვალისა“, „ქურდობისა“ და „ნასყიდობისა“; ცალკეა დასათაურებული 2 მუხლი - „ამანათისა“ და „გაცვლილობისა“; მეორე ნაწილში დასათაურებული 29 მუხლიდან ზოგის სათაური რამდენიმე მუხლს აერთიანებს (მაგ., ანაბრობა-ნათხოვრობას 207-211 მუხლები ეკუთვნის). სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა გავრცელდა და მოქმედებდა საქართველოს ყველა სამეფოსა და სამთავროში. სამოქალაქო ურთიერთობათა დარგში მისი ნორმები მოქმედებდა რუსეთთან შეერთების შემდეგაც 1859-70 წლამდე; მისი სამოქმედო დებულებანი შეიტანეს რუსეთის კანონთა კრებულის X ტომ-ში. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი საკმაოდ მრავლისმომცველია. მასში განსაზღვრულია სახელმწიფოსა და ეკლესიის ფუნქციები და სტატუსი. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფეოდალურ საადგილმამულო მფლობელობის მოწესრიგებას, რომლის წიაღშიც მკვიდრდება სათავისთაო საკუთრებაც, საძოვარი და ტყე საერთო სარგებლობისაა, მოგვარებულია სამიჯნო სამართლისა და ირიგაციის საკითხები. განვითარებულია ვალდებულებითი სამართალი, მოწესრიგებულია საოჯახო-საქორწინო და სამემკვიდრეო ურთიერთობანი. სისხლის სამართალში გამოყოფილია დანაშაული სახელმწიფოსა და ეკლესიის, კერძოდ, მმართველობის წინააღმდეგ. ბრალის ცნებაში აღნიშნულია შემთხვევითობა და მსუბუქი გაუფრთხილებლობა. აღიარებულია პიროვნული და მხოლოდ ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპები. დადგენილია პასუხისმგებლობის დაწყებითი ასაკი, შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებანი. ასევე კანონში შეტანილია მუხლები მცდელობისა და თანამონაწილეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სიკვდილით დასჯა საგანგებოდ გათვალისწინებული არ არის. სახელმწიფოს უპირველეს ფუნქციად ერთმნიშვნელოვნად მიჩნეულია მართლმსაჯულება, რომელსაც საფუძვლად ედებოდა კანონიერება. მეფის მიზანი იყო გამოვლილი ძნელბედობის შემდეგ ქვეყანა განვითარების გზას დასდგომოდა. მას ხალხის წარუმატებლობად მიაჩნდა ის დრო, როცა „ვიეთნიმე მოყუსობით, ვიეთნიმე მეგობრობით, ვიეთნიმე მორიდებით, ვიეთნიმე ღუთის ურიდველობით და ვიეთნიმე მიღებითა ქრთამთათა, ვითარცა ენებათ ეგრეთ ჰსჯიდენ“. სწორედ ამ ფაქტორებმა აიძულა მეფე ახალი კანონები შეედგინა. ვახტანგ VI აღნიშნავდა, რომ ეს არ იყო სრულყოფილი სამართლის წიგნი, რადგან „ზოგი ვერ მოვიგონეთ და არც მისწუდების კაცის გონებაო“.

სამართალი ბერძნული - ბერძნულ-რომაული (ბიზანტიური) სამართლის ქართული ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მეორე ნაწილად შეტანილი საკანონმდებლო ძეგლი. ვახტანგ VI-მ „ძიება-ყო საბერძნეთით“ და „მოიშოვა“ იქაური „წიგნნი სამართლონი“. ასეთი „ფრიადითა შრომითა“ მოპოვებული ბერძნული კანონები გადმოაქართულეს „ბრძენთა კაცთა“ თვით ვახტანგ VI-ის აქტიური მონაწილეობით. კანონები ბერძნული დედნიდან ეპისკოპოს კვიპრიანე სამთავნელს (ერისკაცობაში კოზმა არაგვის ერისთავს) უთარგმნია. ეს არის თავისუფალი თარგმანი, ალაგ-ალაგ გავრცობილი ან შემოკლებული.

ძეგლი წარმოადგენს მათე ბლასტარის იურიდიული ტრაქტატის - „ალფაბეტური სინტაგმის“ შემოკლებულ რედაქციას, რომელიც კანონთა მოკლე პრაქტიკული სახელმძღვანელოდან - არმენოპულოსის „ექვსწიგნეულიდან“ და სხვა წყაროებიდან გამონაკრები კანონდებულებებითაა შევსებული. იგი 418 მუხლისაგან შედგება და ბერძნულ-რომაული სამართლის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს მოიცავს (სახელმწიფო, ადმინისტრაციული, საეკლესიო, სამოქალაქო, სისხლის, საოჯახო მემკვიდრეობითი სამართლის ნორმები, ბატონ-ყმათა ურთიერთობა, სასამართლო წყობილება და სამართალწარმოების წესები). კანონთა შინაარსი, დედნის შესაბამისად, დალაგებულია ბერძნული ანბანის რიგზე.

სამართალი ბერძნული ბერძნულ-რომაულ კანონმდებლობასთან ქართული სამართლის ტრადიციული ურთიერთობის კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს. იგი ასახავს ბერძნულ-რომაული სამართლის მდგომარეობას თურქთა ბატონობის ხანაში და მისი რეცეფციის ხასიათს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ქვეყნებში.

სამართალი სომხური - ძველი სომხური სამართლის ქართული ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მესამე ნაწილად შეტანილი საკანონმდებლო ძეგლი. არსებითად თარგმანი თავისუფალია, არ მიჰყვება დედანს ზედმიწევნით ზუსტად. ტექსტი ზოგან შემოკლებულია, ზოგან კი - დანართებით დამახინჯებული, ბევრგან ქართული ტექსტი სომხურ დედანს არ შეესატყვისება. მთარგმნელს არ სცოდნია ქართული იურიდიული ტერმინოლოგია. მისი ვინაობა უცნობია, თუმცა ტექსტში ჭარბობს ქართლური კილოს თბილისური ქცევა და თბილისელ სომეხთა ქართული ჟარგონი.

სომხური სამართლის ქართული ვერსია ორნაწილიანი საკანონმდებლო კრებულია. პირველია სირიულ-რომაული სამართალი (1-150 მუხლები), ამ ძეგლის სომხური რედაქციის გადმოქართულებული ვარიანტი (სომხური რედაქცია XII ს-ის ბოლოს შეიქმნა V ს-ის დასასრულს შედგენილ და აღმოსავლეთში მიღებულ რომაულ კანონთა საფუძველზე). მეორე ნაწილი არის ქართულად გადამუშავებული მხითარ გოშის სამართლის წიგნი (151-431 მუხლები) - XII-XIII სს-ის მიჯნაზე შედგენილი იურიდიული კრებული, რომელიც საეკლესიო და საერო კანონდებულებებს შეიცავს. სომხურ დედანში ეს ორი ძეგლი ნაწილების აღუნიშნავად ყოფილა გაერთიანებული და ისინი ქართულადაც ასევე გადმოუღიათ.

სამართალწარმოება, ათენი - ბერძნული მართლმსაჯულება რამდენიმე არსებითი ნიშნით ხასიათდება, რომლებიც მას ერთობ განსხვავებულს ხდიდნენ უკვე რომაული სამართალწარმოებისაგან. ბუნებრივია, საგრძნობლად განსხვავდება იგი მართლმსაჯულების თანამედროვე სისტემებისაგან. ათენური სამართლის სისტემის პირველი და უმთავრესი თავისებურება ის გახლდათ, რომ მისი ყველა მონაწილე - იქნებოდა ეს მოდავე, სასამართლოს თავმჯდომარე თუ მსაჯული - არაპროფესიონალი იყო. ისევე, როგორც ათენის მმართველობა მთლიანობაში რიგითი მოქალაქეებისაგან წილისყრით შერჩეულ მრავალრიცხოვან მაგისტრატთა ფუნქციონირებას ეფუძნებოდა, ასევე რიგითი მოქალაქეები იყვნენ ათენის სასამართლო სისტემის შემადგენელი წევრები. ათენის სასამართლო სისტემას ჯერ კიდევ ანტიკური მოღვაწეები არ აფასებდნენ ერთმნიშვნელოვნად. მას აქებდნენ და აკრიტიკებდნენ კიდეც. მაშინ როდესაც არისტოტელეს ფრიად მოსწონდა ათენური მართლმსაჯულების სამოყვარულო ხასიათი და მას დემოკრატიული მმართველობის აუცილებელ კომპონენტად განიხილავდა, ბევრი ათენის მართლმსაჯულებას სწორედაც რომ ამ არაპროფესიონალიზმის გამო აკრიტიკებდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას რომის სამართალწარმოებას ადარებდა.

ამას გარდა, ბერძნული სამართალწარმოების უმთავრესი მახასიათებელი ის გახლდათ, რომ აქ არ არსებობდა ის ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენთვის უშუალო კავშირშია მართლმსაჯულების აღსრულებასთან: ასე მაგალითად, ათენში არ არსებობდა პოლიცია, როგორც ინსტიტუტი, რომელსაც საქმის გამოძიება ევალება, არ არსებობდა პროკურორის ინსტიტუტი, რომელიც სამართლებრივ დევნას აღძრავს, არ არსებობდნენ ადვოკატები, რომელთაც სასამართლოზე ბრალდებული უნდა დაეცვათ. ათენში ჩვენთვის ცნობილ ამ ინსტიტუტებს მოქალაქის კერძო ინიციატივა ენაცვლებოდა. ასე მაგალითად, თუ პირი სასამართლოში საქმის აღძვრას აპირებდა, მას თავად უნდა დაეწერა ბრალდება, თავად წაეღო ეს საბრალდებო აქტი მაგისტრატისათვის და თავად გადაეცა მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოში გამოცხადების უწყება.

პოლიციის არარსებობის პირობებში მოქალაქეს გარკვეულ, თუმც საკმაოდ შეზღუდულ, შემთხვევებში შეეძლო „ცხელ კვალზე“ დაეკავებინა დამნაშავე, თუ ეს უკანასკნელი ქუჩის კრიმინალთა რიცხვს ეკუთვნოდა. ამას აპაგოგე ეწოდებოდა. დაკავების შემდეგ მას დამნაშავე ჩვეულებრივ ამ საქმისთვის განკუთვნილ სპეციალურ მაგისტრატებთან - ე.წ. თერთმეტთან მიჰყავდა. ძალზე იშვიათად, მიღებული კერძო ინიციატივისაგან განსხვავებით, კრიმინალის მიერ დაზარალებულ პირს შეეძლო მაგისტრატისთვის მიემართა. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, თუ მოქალაქეს თავად არ შეეძლო ქურდი დაეკავებინა. ამ პროცედურას ეფეგესისი ეწოდებოდა. გამოძიება პიროვნებას თვითონ უნდა ეწარმოებინა, თუკი არ იცოდა, თუ ვინ დააზარალა იგი. მოწმეების მოძიებაზეც მას უნდა ეზრუნა. მას გარკვეული პირობების დაცვით თავად შეეძლო გაეჩხრიკა ეჭვმიტანილის სახლი. ამისთვის უნდა ჰქონოდა ოჯახის უფროსის ნებართვა და თავისი მოსასხამი გარეთ უნდა დაეტოვებინა.

მას შემდეგ, რაც დაზარალებული გადაწყვეტდა სასამართლოსთვის მიემართა, უმეტეს შემთხვევაში მას შეეძლო სარჩელის აღძვრის, ბრალდების ესა თუ ის სახეობა აერჩია. ათენურ სამართალწარმოებაში არსებობდა ბრალდების ორი კატეგორია: კერძო ბრალდების საქმე, რომელსაც დიკე ეწოდებოდა და საჯარო ბრალდების საქმე, რომელსაც გრაფე ერქვა. თუკი დიკეს აუცილებლად დაზარალებული ან მისი ოჯახი აღძრავდა, გრაფეს აღძვრა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი წყარო არ განმარტავს, თუ რატომ ეწოდებოდა ზოგ ბრალდებას გრაფე და ზოგს - დიკე, გრაფე უნდა ყოფილიყო ბრალდების ის სახეობები, რომლებიც მთლიანობაში საზოგადოებას ეხებოდა. ათენური სამართალწარმოების გრაფედ და დიკედ დაყოფა არ შეეფარდება სასამართლო საქმეთა თანამედროვე დაყოფას სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საქმეებად. საჯარო ბრალდების აღძვრა უფრო სერიოზული მოვლენა გახლდათ, როგორც ბრალდებულისთვის, ისე თავად მოსარჩელე მხარისათვისაც. საჯარო ბრალდების საქმეებს უფრო დიდ დროს უყოფდნენ სასამართლოში, სასჯელის სახითაც უფრო დიდი ჯარიმის გადახდა იყო საჭირო. ამასთან, თუ ბრალმდებელი სასამართლო სხდომაზე მსაჯულთა ხმების 1/5-ზე ნაკლებს მიიღებდა, იგი თავად იხდიდა ჯარიმას, რაც საკმაოდ სერიოზულ თანხას - 1000 დრაქმას შეადგენდა. ამიტომ, სანამ პირი სასამართლოში საქმეს აღძრავდა, იგი კარგად უნდა დაფიქრებულიყო, თუ სარჩელის რომელი სახეობისათვის მიემართა. ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ ათენურ სამართალწარმოებაში აქცენტი უფრო მატერიალურ სამართალზე კეთდებოდა, ვიდრე საპროცესოზე.

მას შემდეგ, რაც ბრალმდებელი მოწინააღმდეგეს მოწმეთა თანდასწრებით სასამართლო უწყებას გადასცემდა, დანიშნულ დღეს ორივე მხარე შესაფერის მაგისტრატთან უნდა მისულიყო. სასამართლო სხდომამდე წინასწარი მოსმენა - ანაკრისისი ეწყობოდა. სავარაუდოდ, აქ მოდავე მხარეები წარადგენდნენ ყველანაირ დოკუმენტს, რომლებიც შემდგომ სასამართლოზე იქნებოდა გამოყენებული და მათ სპეციალურ ქოთანში დებდნენ, რომელიც შემდგომ ილუქებოდა. ამ მაგისტრატთა კომპეტენციაში არ შედიოდა საქმის განხილვაზე უარის განცხადება და არც იმ კონკრეტული საკითხების წარმოდგენა, რომლებიც სასამართლოზე უნდა გადაწყვეტილიყო.

სხვადასხვა საქმეს სასამართლოს სხდომაზე განსახილველად განსხვავებული დრო სჭირდებოდა. ზოგიერთი კერძო ბრალდების საქმის განხილვა მხოლოდ ერთ საათს მოითხოვდა, ზოგი მეტს, თუმცა არც ერთი სხდომა ერთ დღეზე მეტ ხანს არ გრძელდებოდა.

სასამართლოში საქმის აღძვრა ათენის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქეს შეეძლო. საკამათოა, შეეძლოთ თუ არა მეტოიკოსებს - რეზიდენტ უცხოელებს საქმე სასამართლოში შეეტანათ. სავარაუდოდ, მათ კერძო ბრალდების აღძვრა ხელეწიფებოდათ. უცხოელს საქმის აღძვრა მხოლოდ სახალხო კრების სპეციალური დადგენილებით შეეძლო. მონებს არ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ არც მოსარჩელენი და არც მოპასუხენი. როცა საქმე მონას ეხებოდა, საქმე მონის მესაკუთრეს უნდა აღეძრა.

ქალებსაც არ ჰქონდათ უფლება ლეგალურ სივრცეში ემოქმედათ. კანონთან მათ ყველა მიმართებას მათი მეურვე მამაკაცი აწარმოებდა. სასამართლო სხდომაზე მოდავე მხარეები დიკასტესების (მსაჯული, მოსამართლე) წინაშე წარდგებოდნენ. მათ სიტყვა თავად უნდა წარმოეთქვათ. ამასთან, მათ ჰქონდათ იმის უფლებაც, რომ სალაპარაკო დროის გარკვეული ნაწილი თანამოლაპარაკისთვის - სინეგოროსისთვის ეწილადათ. ორატორები, როგორც წესი, სიტყვის დამწერთა - ლოგოგრაფოსთა სამსახურით სარგებლობდნენ, ოღონდ მათ არ მოიხსენიებდნენ და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს სიტყვებს იმპროვიზებულად წარმოთქვამდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორატორები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ გამოუცდელნი იყვნენ საჯარო გამოსვლებში და არ იცოდნენ სასამართლო საქმიანობა (ალბათ იმიტომ, რომ სიკოფანტობაში არ ყოფილიყვნენ დადანაშაულებულნი), მათ უმეტესობას გარკვეული ურთიერთობა სასამართლოსთან უნდა ჰქონოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ნაწილი გარკვეული პერიოდის მანძილზე თავად მსახურობდა მსაჯულებად. ამასთან, სასამართლო სხდომა სავაჭრო რაიონში ტარდებოდა და მასზე დასწრება ათენელთა სახალხო გართობის ერთ-ერთი მიღებული ფორმა იყო.

სიტყვას პირველად ბრალმდებელი იღებდა, შემდეგ კი ბრალდებული გამოდიოდა. თანამედროვე სასამართლო სხდომისაგან განსხვავებით, ორატორს არ აწყვეტინებდნენ და იგი ერთობლიობაში წარმოადგენდა თავის საქმეს, რომელშიც იყო ჩართული ჩვენებები თუ მტკიცებულებები. სხდომის თავმჯდომარე მას იმ შემთხვევაშიც კი არ აწყვეტინებდა სიტყვას, როდესაც იგი საქმესთან მიმართებაში არმქონე მასალაზე ლაპარაკობდა. სხდომის თავმჯდომარე არავის არ აძლევდა უფლებას გამოეთქვა პროტესტი.

ორატორები სიტყვებში ხშირად იმოწმებდნენ კანონებს. სასამართლო სიტყვებში წარმოდგენილი ეს კანონები უფრო მტკიცებულებათა ფორმა გახლდათ, ისინი უფრო მეტად კონტრაქტებსა და მოწმეთა ჩვენებებს ჩამოჰგავდნენ, ვიდრე წარმოადგენდნენ იმ სახელმძღვანელოს, რომლისთვისაც განაჩენის გამოტანის დროს მსაჯულებს უნდა მიემართათ.

ათენის მართლმსაჯულება არ გახლდათ პრეცედენტული სამართლის სისტემა და ის ვერც იქნებოდა ასეთი, რამეთუ არ არსებობდა ათენური დიკასტერიონის (სასამართლოს) ჩანაწერები. იყო შემთხვევები, როდესაც არგუმენტთა წარმოდგენისას ორატორები წარსულში მომხდარ საქმეებს ეხებოდნენ, თუმცა მსაჯულები არ იყვნენ ვალდებულნი, გაეთვალისწინებინათ ამგვარი „პრეცედენტები“.

ძვ. წ. V ს-ში მოწმეები სასამართლო სხდომაზე ჩვენებას პირადად იძლეოდნენ და ამდენად, შესაძლებელი იყო მათი ჯვარედინი დაკითხვა. ძვ. წ. IV ს-ში მოწმეთა ჩვენება სასამართლოსთვის წინასწარ იყო წერილობითი სახით წარდგენილი, სასამართლოზე მათ მხოლოდ ფიცი უნდა მიეცათ, რომ მათი ჩვენება უტყუარი იყო. ქალებს არ ჰქონდათ უფლება სასამართლოზე მოწმედ გამოსულიყვნენ. რაც შეეხება მონებს, მათი ჩვენებები იმ შემთხვევაში იყო მისაღები, თუ წამების დროს იყო მიცემული.

დიკასტესებს (მსაჯულებს, მოსამართლეებს) ათენის სასამართლოში დიდი უფლებები ჰქონდათ. სასამართლოზე მათი კოლეგია რიცხობრივად დიდი იყო. ყველაზე პატარა კოლეგია 201 მსაჯულისაგან შედგებოდა, მნიშვნელოვან საქმეებს კი გაცილებით დიდი ჯგუფები - 1001, 1501, 2001 წევრისაგან შედგენილი კოლეგიები სჯიდნენ. ძვ. წ. IV ს-ში მსაჯულთა მოსყიდვის თავიდან ასაცილებლად მათი მრავალჯერადი, ალალბედზე წარმოებული სელექციის მეთოდი იქნა შემოღებული (იხ. დიკასტესი).

მას შემდეგ, რაც მოდავე მხარეები გამოსვლას დაასრულებდნენ, მსაჯულები კალათაში ბიულეტენებს ყრიდნენ. ძვ. წ. IV ს-ში ბიულეტენები ორი დისკისგან შემდგარ კონფიგურაციას წარმოადგენდა, რომელშიც ცენტრში ღერძი გადიოდა. მოსარჩელის სასარგებლოდ ჩაგდებულ ბიულეტენს ფუტურო ღერძი, ბრალდებულისას კი - მაგარი ღერძი ჰქონდა. ბიულეტენები ორ ურნაში იყრებოდა, ერთში დასათვლელ ბიულეტენებს აგდებდნენ, მეორეში კი - გადასაყრელებს. ბიულეტენთა დათვლა მაშინვე ხდებოდა და გადაწყვეტილება ხმების უმრავლესობით მიიღებოდა. ამიტომაც ენიჭებოდა უპირატესობა კენტრიცხვიან კოლეგიებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როცა ხმების მინიმუმ 1/5 იყო საჭირო, ბიულეტენთა ზუსტი რიცხვის ცოდნა იყო აუცილებელი. იმ შემთხვევაში, თუკი კანონი კარნახობდა სასჯელის ზომას, სასამართლო სხდომა სრულდებოდა კიდეც. მაგრამ, როცა თითოეული მხარე სასჯელის შესახებ თავის მოსაზრებას წარმოადგენდა, აუცილებელი ხდებოდა კიდევ ერთი კენჭისყრა, რათა ხმა ან ერთი ან მეორე სასჯელისთვის მიეცათ. ათენურ სამართალწარმოებაში არ არსებობდა დადგენილება, რომელიც დაუკმაყოფილებელ მხარეს მსაჯულთა ვერდიქტის აპელირების საშუალებას მისცემდა. მეორე მხრივ, ამგვარ მოდავეს შეეძლო მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ არაპირდაპირი გზით ემოქმედა. იგი უფლებამოსილი იყო საქმე ცრუ მოწმეობის ბრალდებით აღეძრა. გარდა ამისა, მას შეეძლო ახალი საქმე წამოეწყო, რომელიც სხვა ინციდენტს მოიცავდა.

ასეთი იყო ათენის მართლმსაჯულების ძირითადი ხაზი. თუმცა ათენის სასამართლო პრაქტიკაში იყო განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ამ უმთავრეს მიმართულებას არ მიჰყვებოდა. მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხასიათის სასამართლო პროცედურებისათვის სპეციალურად ნიშნავდნენ ბრალმდებლებს, რომლებიც სახელმწიფოს მხარეს წარმოადგენდა. ზოგიერთ საქმეს მთელი სახალხო კრება განიხილავდა (იხ. ეისანგელია და აპოფასისი). ათენელების თვალში სამართლებრივი გამოცდილება იმთავითვე საეჭვო იყო. მოყვარულობას კი ისინი დემოკრატიული კონტროლის ნიშნად მოიაზრებდნენ და სისტემის მთავარ სიქველედ მიიჩნევდნენ.

სამართალწარმოება, რომი - 1) ოჯახური სასამართლო (iudicium domesticum), რომელსაც იწვევდა ოჯახის უფროსი (Pater familias). სასამართლო შედგებოდა ნათესავებისა და მეგობრებისაგან. ამ ტიპის სასამართლოს იწვევდა ოჯახის უფროსი, როდესაც უნდოდა გაესამართლებინა თავისი ვაჟები ან ქალიშვილები. ამას მას ავალდებულებდა არა კანონი, არამედ - ადათი.

ცოლის გასამართლების და დასჯის შემთხვევაში ცოლის ნათესავების მოწვევას ქმარს ავალდებულებდა კანონი, ამასთანავე, ქმარს არ შეეძლო გაესამართლებინა ცოლი, თუ ცოლის ბრალეულობას არ აღიარებდნენ ცოლის ნათესავები. იმ შემთხვევაში, თუ ქმარი მოკლავდა ცოლს და არ მოიწვევდა ასეთ სასამართლოს, ის ისჯებოდა კანონის მიხედვით, როგორც მკვლელი.

2) სახალხო სასამართლო (iudicium populi).

რომაულ სახალხო სასამართლოებში უნდა გამოვყოთ 3 პერიოდი:

I პერიოდი: კურიის კომიციის სასამართლო რომულუსიდან სერვიუს ტულიუსამდე. კურიის კომიციის სასამართლო იფარგლებოდა პატრიციების (იმ პერიოდისათვის რომის ერთადერთი მოქალაქეების) პროვოკაციით (provocatio ad populum), რისი გაკეთებაც მათ მეფის გადაწყვეტილების წინააღმდეგაც შეეძლოთ.

II პერიოდს მოიცავს ის დრო, როდესაც მოქმედებდნენ ცენტურიის კომიციები. სერვიუს ტულიუსმა ამ კომიციებს პროვოკაციის შემთხვევაში უზენაესი უფლება მიანიჭა, რაც ადრე კურიებს ჰქონდა. შესაბამისად, სისხლის სამართლის ყველა პროცესის განხილვის უფლება, განსაკუთრებით, სახელმწიფო ღალატისა (perduellio), ცენტურიის კომიციის ხელში გადავიდა. ეს პერიოდი დასრულდა ძვ. წ. 494 წ-ს, როდესაც ორმა სახალხო ტრიბუნმა (იუნიუს ბრუტუსმა და იცილიუსმა) გაატარა კანონი, რომლის მიხედვითაც სახალხო ტრიბუნის შეურაცხყოფის საქმის განხილვა უნდა გადასულიყო ტრიბის კომიციაში, რომელიც უფლებამოსილი იყო გამოეტანა სასჯელი, სიკვდილიც კი მიესაჯა. აქედან მოყოლებული სულ უფრო მეტი ძალაუფლება ცენტურიის კომიციიდან სამართალწარმოების მხრივ გადავიდა ტრიბის კომიციაში.

III პერიოდი მოიცავს დროს ძვ. წ. 494 წ-დან რესპუბლიკის ხანის დასასრულამდე, როდესაც ტრიბის კომიციაში განიხილებოდა უკვე არა მარტო სახალხო ტრიბუნის შეურაცხყოფის, არამედ სახელმწიფო ღალატის, გაფლანგვის, კუდიანობის, სისხლის აღრევის, მექრთამეობის, რელიგიური მოვალეობებისა და ადათებისადმი უდიერი დამოკიდებულების საქმეები. ცენტურიის კომიცია თავიდან შემოიფარგლა მხოლოდ წმინდა სისხლის სამართლის საქმეების განხილვით, საბოლოოდ კი სასამართლო ფუნქციები მთლიანად მის ხელში გადავიდა.

რომის რესპუბლიკის პერიოდში იქმნება სპეციალური სასამართლო ორგანოები. II ს-ის დასაწყისში სახალხო კრება ქმნიდა საგანგებო სასამართლოებს - quaestiones extraordinariae. მათ თავმჯდომარეებს სენატი ნიშნავდა და ამ სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილების გასაჩივრება არ დაიშვებოდა.

მოგვიანებით კი რომის რესპუბლიკის პერიოდის მეორე ნახევარში იქმნება მუდმივი სასამართლოები, რომლებსაც ეწოდება questiones perpetuae. ეს სასამართლო, ფაქტობრივად, პრეტორის სასამართლო იყო, რადგან სათავეში პრეტორები იდგნენ, ხოლო სასამართლოს წევრები - პრეტორის მიერ არჩეული მოსამართლეები (300-470 კაცი). ირჩევდნენ მათ 1 წლის ვადით. ცალკეული საქმის განხილვაში 30-40 მოსამართლე მონაწილეობდა. ამ სასამართლოში მოხვედრა იყო როგორც პრესტიჟის, ისე შემოსავლის წყაროც, ამიტომ იქ მოსახვედრად იბრძოდნენ სენატორები, მხედრები და შეძლებული რომაელი მოქალაქეები. ასეთი სპეციალური სასამართლოს შექმნით სახალხო კრებებს, ფაქტობრივად, ჩამოერთვა საქმეების განხილვის ფუნქცია.

სამართალწარმოება სახალხო სასამართლოებში: ბრალმდებელი, რომელსაც აუცილებლად მაგისტრატი წარმოადგენდა (ცენტურიის კომიციებში კონსულები და პრეტორები, ტრიბუნები, ედილები და კვესტორები ტრიბის კომიციებში), იწყებდა სასამართლოს diei actio-თი, ანუ განცხადების გაკეთებით, რომ განსაზღვრულ დღეს ბრალს დადებენ ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას. ეს განცხადება, რომელსაც ეკუთვნოდა ასევე anquisitio - ბრალდების ის ნაწილი, რომელშიც ზუსტად იყო მითითებული მოსალოდნელი სასჯელი, რამდენჯერმე უნდა გაემეორებინათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ბრალდებულს შეეძლო მოეთხოვა სიტყვა, ან მოეთხოვა ბრალმდებლისთვის უკან წაეღო თავისი ბრალდება. ბრალმდებლის მოთხოვნით ბრალდებული ნამდვილი სასამართლოს დაწყებამდე თავდებით თავისუფლდებოდა გირაოს საშუალებით (praedium) ან გარემოებათა გათვალისწინებით შეიძლება დაეპატიმრებინათ კიდეც (იხ. ციხე). იმ შემთხვევაში, თუ პროცესი რაღაც პერიოდით არ შეწყდებოდა, ან საერთოდაც არ შეაჩერებდნენ (ბრალდებულის გაძევება-მოკვეთა (exsilium), სახალხო ტრიბუნის ჩარევით ბრალმდებლის მიერ ბრალდების უკან წაღება (tergiversatio)), ბრალდებული თავის ახლობლებთან ერთად იცვამდა ტრაურს და დათქმულ დროს ცხადდებოდა სასამართლოში. თუ ბრალდებული სასამართლომდე გაიქცეოდა, მაშინ მას მოკვეთდნენ საზოგადოებიდან (ინტერდიქცია - interdictio aquae et ignis). თუ მის არგამოცხადებას ობიექტური მიზეზი ჰქონდა, სასამართლოს გადაავადებდნენ.

სასამართლოზე მოსამართლე, მაგისტრატი კითხულობდა ბრალდებას (rogatio), რის შემდეგაც ბრალდებული ან თვით იცავდა თავს ან ამას მიანდობდა თავის დამცველს ადვოკატს ან პატრონს.

იწყებოდა მტკიცებულებათა წარმოდგენა. მოწმეებს და დოკუმენტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. სიტყვიერი გამოსვლისა და მტკიცებულებების წარმოდგენის შემდეგ გადადიოდნენ კენჭისყრაზე. უძველეს დროში ამ პროცედურას ჰქონდა ზეპირი ხასიათი, შემდეგ უკვე წერილობითი (leges tabellariae). რეზულტატს მაშინვე აცხადებდნენ და თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნებოდა, გარკვეული დროის განმავლობაში სასჯელს სისრულეში მოიყვანდნენ. შესაძლებელი იყო სასჯელის გაუქმება ხალხის ჩარევით (Restitutio), გადავადება ავადმყოფობის, მოწმეების უქონლობის (testis unus, testis nullus), მტკიცებულებათა სიმცირის გამო. დროთა განმავლობაში მართლმსაჯულების განხორციელების ორი სფერო შეიქმნა:

1) iudicium privatum - სამართლის დადგენა კერძო პირთა ინტერესების სფეროში. 2) iudicium publicum - სამართლის დადგენა სახელმწიფოს ინტერესების სფეროში.

iudicium privatum ანუ კერძო პირთა ურთიერთდავის პროცესი უფრო ძველია. იგი სახელმწიფოს წარმოშობამდე აღმოცენდა და არსებობას განაგრძობს რესპუბლიკის მთელი პერიოდის განმავლობაში.

სამოქალაქო სამართალწარმოება უმაღლესი მაგისტრატების იმპერიუმს (თანამდებობრივი ძალაუფლება) წარმოადგენდა. შესაბამისად, თავდაპირველად ეს იყო მეფე. შემდეგ კონსულები, პრეტორები. ედილების განსახილველი საქმეები ძირითადად შემოიფარგლებოდა პოლიციის საქმეებით. იტალიის ქალაქებში სასამართლოს მართავდნენ დუუმვირები (duumviri), კვატუოვირები (quatuoviri), პროვინციებში - პროვინციის მმართველები. იმპერიის ხანაში იმპერატორი იყო უმაღლესი მოსამართლე, რომელმაც თუმცა ძალაუფლება სამართალწარმოებისა არ ჩამოართვა კონსულებს და პრეტორებს, მაგრამ ძალიან შეასუსტა და მოქმედების განსაზღვრული არეალი დაუტოვა მათ. ძველი მოწყობის მიხედვით, მაგისტრატი პროცესს თავიდან ბოლომდე არ უძღვებოდა, არამედ მხოლოდ მიმართულებას აძლევდა მას (ე.წ. საქმის წარმოება in iure), საქმის გამოკვლევა და გადაწყვეტილების გამოტანა მაგისტრატის მიერ დანიშნული მოსამართლის ფუნქციას წარმოადგენდა (iudex). ფუნქციების ეს განაწილება (ordo iudicorum privatorum) მოქმედებდა ვიდრე ძვ. წ. III ს-მდე, როდესაც სამართალწარმოების ახალი ფორმა extra ordinem წარმოიშვა, რომლის მიხედვითაც მაგისტრატი თავიდან ბოლომდე უძღვებოდა პროცესს და თავად აცხადებდა განაჩენს. მანამდე განაჩენის გამოცხადება დანიშნული მოსამართლის (iudex), არბიტრების (arbitri), რეკუპერატორების (recuperatores) პრეროგატივას წარმოადგენდა. მხარეები, მოსარჩლე (actor, petitor) და მოპასუხე ან ბრალდებული (reus), თავად წარმართავდნენ პროცესს იქამდე, სანამ არ შემოიღეს პროცესის თავმჯდომარეობა კოგნიტორების (cognitores) და პროკურატორების (procuratores) თაოსნობით.

ორატორები (oratores) და პატრონები მხარის ინტერესებს იცავდნენ, როგორც ადვოკატები. იმის მიხედვით, თუ როდის ხდებოდა საქმის წარმოება, ფორმები იყო განსხვავებული: 1) პირველი პერიოდი ანუ ლეგისაქციური პროცესი (legis actio) მკაცრი ფორმით, რომლის დაცვაც აუცილებელი იყო. 2) მეორე პერიოდი ანუ ფორმულარული პროცესი, რომლის სახელდებაც უკავშირდება ინსტრუქციას (formula), რომელსაც მაგისტრატი აძლევდა მოსამართლეს. 3) მესამე პერიოდი მოიცავს საგანგებო სასამართლოებს (extra ordinaria).

ადგილს, სადაც პრეტორი ასამართლებდა, ეწოდებოდა ius, არ აქვს მნიშვნელობა სად ხდებოდა ეს, ტრიბაში, კომიციაში, de plano (სწორ ადგილას) თუ სხვ. სასამართლო ყოველთვის ღია იყო (სახალხო) და ზეპირი ფორმა ჰქონდა. სასამართლო სესიები ერთმანეთისაგან გამიჯნული იყო არდადეგებით. პროვინციებში სასამართლოს დღეები, როგორც წესი, ზამთარში ან იმ პერიოდში ინიშნებოდა, როდესაც არ მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები. სასამართლო პროცესი დილას ადრე იწყებოდა და ხანდახან მზის ჩასვლამდეც გრძელდებოდა.

სამოქალაქო პროცესი (iudicium publicum)

რომაული სამართალი სისხლის სამართლის პროცესს, როგორც სამართლის ცალკე დარგს, არ იცნობს, მაგრამ რეალურად, რესპუბლიკის ხანაში სამოქალაქო პროცესი ეწოდებოდა სისხლის სამართლის პროცესს, რომელსაც ხალხის წარმომადგენლობა მართავდა. იმპერიის პერიოდშიც iudicium publicum ეწოდებოდა სისხლის სამართლის პროცესს, განსხვავებით სამოქალაქო პროცესისაგან.

რომაული სისხლის სამართალწარმოება 2 პერიოდად იყოფა: 1) რომულუსიდან მოყოლებული საგანგებო სასამართლოს ჩამოყალიბებამდე (ძვ. წ. 149 წ.). სერვიუს ტულიუსამდე სასამართლო ეკუთვნოდა მეფეს, რომლის უფლებებიც იზღუდებოდა კურიის კომიციისადმი პროვოკაციის შესაძლებლობით. ამის გარდა ამ საქმიანობით დაკავებული იყვნენ დუუმვირები (duumviri perduellionis) და კვესტორები (quaestores parricidi). შემდეგ სამართალწარმოებას ხელმძღვანელობდნენ კონსულები (არა სისხლის სამართლის საქმეებს). სენატი მხოლოდ არეულობის პერიოდში ერთვებოდა სამართალწარმოებაში.

სისხლის სამართლის პროცესი

რომის რესპუბლიკის პერიოდში იქმნება სპეციალური სასამართლო ორგანოები. ძვ. წ. II ს-ის დასაწყისში სახალხო კრება ქმნიდა საგანგებო სასამართლოებს - quaestiones extraordinariae. მათ თავმჯდომარეებს სენატი ნიშნავდა და მათი დადგენილების გასაჩივრება არ შეიძლებოდა. 2) მეორე პერიოდი მუდმივი სასამართლოების (quaestiones perpetuae) გაჩენას უკავშირდება. სახალხო სასამართლოების გვერდით ნელ-ნელა ყალიბდება მუდმივი სასამართლო ორგანო (ordo iudiciorum publicorum), ხალხი კი განიხილავდა მხოლოდ საქმეებს de perduellione, როდესაც საქმე სიკვდილით დასჯას ეხებოდა.

პირველი მუდმივი სასამართლო ძვ. წ. 149 წ-ით თარიღდება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა lex Calpurnia repetundarum-ით, რასაც კიდევ რამდენიმე მუდმივი სასამართლოს შექმნა მოჰყვა. სულამ სასამართლოების რაოდენობა გაზარდა, ხოლო ციცერონის დროისათვის უკვე მოქმედებდა 8 მუდმივი სასამართლო, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სამართალდარღვევებს განიხილავდნენ: გაფლანგვა, მექრთამეობა, თანამდებობის პირთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, მკვლელობები, მოწამვლები ა.შ. ყველა სასამართლოს თავისი თავმჯდომარე ჰყავდა, რომელიც ან პრეტორი იყო ან მოსამართლე, ამის გარდა სასამართლო პროცესზე მოსამართლეების განსაზღვრული რაოდენობა მონაწილეობდა. მსაჯულთა რაოდენობას კანონი განსაზღვრავდა და მას იღებდნენ მოსამართლეთა სიებიდან (album iudicium). მაგ., lex Servilia-ს მიხედვით გაფლანგვის, გამოძალვის, მექრთამეობის საქმეების გარჩევა მოითხოვდა 450 მოსამართლის მონაწილეობას. თითოეული კონკრეტული პროცესისთვის მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრისას კანონებით ხელმძღვანელობდნენ. ფორმულარული პროცესისას პრეტორი გამოსცემდა სავალდებულო ედიქტებს, რაც უზრუნველყოფდა ვალდებულების შესრულებას:

1) stipulationes praetoriae - ამ მოლაპარაკების საშუალებით პრეტორი აიძულებდა მხარეებს დაედოთ სიტყვიერი ხელშეკრულება, მოელაპარაკათ (stipulatio) საწინდრის წინასწარი შეტანის შესახებ, რაც ვალდებულების შესრულების გარანტიას წარმოადგენდა.

2) missio in possessionem (in bona) - პრეტორი უფლებას აძლევდა კრედიტორს, მოსარჩელეს, წინასწარ დაუფლებოდა იმ მოვალის ქონებას, რომელსაც არ უნდოდა სასამართლოში მისვლა ან არ ასრულებდა სასამართლო გადაწყვეტილებას.

3) restitutio in integrum - პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნება. პრეტორი პირადად მოიკვლევდა საქმეს და თუ დარწმუნდებოდა, რომ მხარე არის დაზარალებული, აუქმებდა ყველა აქტს და აღდგებოდა პირვანდელი მდგომარეობა.

4) interdicta - პრეტორის ბრძანება ამა თუ იმ მოქმედების შესასრულებლად ან მოქმედებისაგან თავის შესაკავებლად. მაგ., თუ პირი სხვის მიწაზე აშენებდა შენობას აკრძალვის მიუხედავად, პრეტორის ბრძანებით ნაგებობას დაანგრევდნენ.

სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულება სახელმწიფო ორგანოებს არ ევალებოდა. თუ მოპასუხე გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილებოდა, მოსარჩელეს შეეძლო ახალი სარჩელის შეტანა. მაგ., ვალის დაბრუნების შემთხვევაში, მოსარჩელეს შეჰქონდა ახალი სარჩელი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, რის შედეგადაც მოვალის ვალი ორმაგდებოდა. კრედიტორს გადაწყვეტილების აღსასრულებლად უფლება ენიჭებოდა, როგორც მოვალის ქონებაზე, ისე მის პიროვნებაზე, შეეძლო გაეყიდა მოვალის ქონება, პირად პატიმრობაში ჰყოლოდა მოვალე ან გაეყიდა ის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. ეს წესი ძვ. წ. 326 წ-ს აიკრძალა. ლეგისაქციური და ექსტრაორდინალური პროცესების შემთხვევაში ამ მხრივ განსხვავებული სურათი გვაქვს.

სამართლის წიგნი - კანონთა სისტემური კრებულის (იშვიათად სასამართლო გადაწყვეტილების) ძველი ქართული სახელწოდება. ძველ ქართულ მწერლობაში სამართლის შესატყვისად „სჯული“ ან „შჯულიც“ იხმარებოდა, თუმცა მას საეკლესიო სამართლის მნიშვნელობა უფრო ჰქონდა (ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და „ძეგლის წერა“ რუის-ურბნისის 1103 წ. კრებისა). „სამართალი არს შჯა, მართლად გამყოფელობა ღირსებისაებრ თითოეულებასა“ (საბა). ხშირად მისი შემოკლებული ვერსია „სამართალი“ იხმარებოდა. სისხლის სამართლის საჩივარი სახელმწიფო კანონების მიხედვით წყდებოდა. XVII-XVIII სს-ში ეს სიტყვა უკვე ერთადერთი ტერმინია ამ ცნების გამოსახატავად. ვახტანგ VI-ის კანონების კრებულში დასავლეთ საქართველოს XVI ს-ის საეკლესიო კანონმდებლის ძეგლს სათაურად აქვს „სამართალი კათოლიკოზთა“, გიორგი V ბრწყინვალის ძეგლის დადების „სამართალი მეფისა გიორგისა“ ეწოდება და ა.შ. სამართლის წიგნი სამართლის სხვადასხვა დარგის ნორმებს აერთიანებდა. მის ცალკეულ დარგობრივ ნაწილებს „კარი“ ეწოდებოდა (მაგ., „კარი ქურდობისა“, „კარი ნასყიდობისა“). ჩვენამდე მოღწეული ქართული ეროვნული სამართლის წიგნებიდან უძველესია ბაგრატ კურაპალატის სამართალი, ყველაზე მნიშვნელოვანი კი - სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა. ზოგიერთი სამართლის წიგნი ადგილობრივი დანიშნულებისა იყო (მაგ., გიორგი ბრწყინვალის „ძეგლის დადება“ მთიულეთისათვის) და პოლიტიკურ განკერძოებულობასაც გამოხატავდა (ბექას და აღბუღას სამართლის წიგნი სამცხე-საათაბაგოს სამთავროში).

სამთავრო - მონარქიული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომლის სათავეში იდგა მთავარი. შუა საუკუნეების საქართველოში სამთავრო ეწოდებოდა მთავარის საგამგებლო ტერიტორიას. კერძოდ: 1) სახელმწიფო მოხელეების (სპასპეტი, ერისთავი, სპასალარი და სხვ.) საგამგებლო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს; 2) მცირე და დიდ სენიორებს (VI-VIII სს-ში - ქართველთა საერისთავო; VIII-X სს-ში - კახთა საქორეპისკოპოსო, ჰერთა სამეფო, იბერთა საკურაპალატო, სხვადასხვა საუფლო-სამამფლო-სამეფოები; XIII-XVIII სს-ში - სამცხესაათაბაგო, გურიის, სამეგრელოს, სვანეთის, აფხაზეთის სამთავროები). ზოგჯერ სამოხელეო სამთავროები სათავადო-სამამულე სამფლობელო ხდებოდა (მაგ., ქსნისა და არაგვის საერისთავოები).

სამოურავო - მეფის სახასო ან მსხვილი საერო და საეკლესიო ფეოდალების სამფლობელო ტერიტორიის ნაწილი შუა საუკუნეების საქართველოში, რომელსაც მოურავი განაგებდა. სამოურავოს არსებობას XIII ს-დან ვარაუდობენ, მათი მნიშვნელობა განსაკუთრებით XV ს-დან გაიზარდა, როდესაც საქართველოს პოლიტიკური დაშლის შედეგად მოიშალა ძველი ცენტრალიზებული მმართველობა, გაუქმდა საერისთავოები (იხ. ერისთავი) და მისი ადგილი სათავადოებმა (იხ. თავადი) დაიკავა. კახეთის მეფეები (თეიმურაზ I, ერეკლე I, ერეკლე II) ქართლისა და კახეთის სამეფოების გაერთიანებისა და ცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარებისას ცდილობდნენ შეეზღუდათ ან გაეუქმებინათ სათავადოები და მათ ნაცვლად დაენერგათ სამოურავოების სისტემა. სამოურავოები საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ გაუქმდა.

სამოქალაქო - ძველი ქართული ტერმინი, აღნიშნავდა ფეოდალური ხანის ქალაქის სანახებს, მის ე.წ. „მიმდგომ ქვეყანას“ - ქალაქისაგან ადმინისტრაციულად და ეკონომიურად დამოკიდებულ ტერიტორიას. წყაროებში გვხვდება XI ს-დან ქუთაისის სანახების აღსანიშნავად („ქუთაისისა სამოქალაქო“), რომელიც ტერიტორიულად მოიცავდა დაახლოებით ძველი მოხირისის ფარგლებს (თითქმის იგივეა, რაც გვიანდელი ხანის „ვაკე იმერეთი“). სამოქალაქო წარმოადგენდა ჯერ გაერთიანებულ საქართველოს, შემდეგ კი იმერეთის მეფეთა დომენს.

სამპარავთმეძებლო სამართალი - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს სასამართლო დაწესებულება, რომელიც ქურდობას ებრძოდა. მას XVI ს-დან მეკობრეთმძებნელთა სასამართლო, უფრო გვიან კი, დასტურლამალის მიხედვით, ხევისთავის სასამართლო ეწოდებოდა. სამპარავთმეძებლო სამართალს ევალებოდა დამნაშავის ძებნა, საქმის ძიება, მომხდარის განხილვა და დამნაშავის გასამართლება. ამ დაწესებულების ძირითადი მოხელე იყო მპარავთმძებნელი (გვიანდ. მეკობრეთმძებნელი, ქურდისმძებნელი), თუმცა მათ გარდა, მეფისაგან „ჩენილნიც“ მსახურობდნენ. გიორგი III-ის 1170 სიგელის მიხედვით, „ჩენილთა“ მოვალეობაში დამნაშავის დაპატიმრება და განაჩენის სისრულეში მოყვანაც შედიოდა. მპარავი ან ჩამოხრჩობით (როცა „მრავალჯერ ეპაროს“) ან დამასახიჩრებელი სასჯელით ისჯებოდა. პარვის ცნება გულისხმობდა სხვისი ქონების როგორც ფარულად, ისე იარაღის გამოყენებით მიტაცებასაც. ნაქურდალს სამპარავთმეძებლო სამართალი პატრონს უბრუნებდა. დანაშაულისათვის გათვალისწინებული იყო აგრეთვე ჯარიმა მეფის ან ფეოდალის სასარგებლოდაც. XIII ს-ის ძეგლით და ვახტანგ VI-ის სამართლით დაწესებულია ნაპარავის შვიდმაგად გადახდევინება (იხ. შვიდეული).

სამწუნობრო, ხევსურეთი - ჯარიმა ცოლის გაგდებისთვის. სამწუნობროდ დაწესებულია თექვსმეტი ძროხა.

სანახშო, რაჭა - სასოფლო მოედანი რაჭაში. რაჭის ყველა უბანში იყო სანახშო, ზოგჯერ 2 სანახშოც იყო, იმის მიხედვით, თუ რა სიდიდის იყო სოფელი. მაგრამ არსებობდა ერთი მთავარი საერთო სანახშო, რომელზედაც სოფლის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ. სოფლის საერთო სანახშო ძირითადად სოფლის ცენტრში ან განაპირა მხარესაც კი მდებარეობდა. სანახშოზე ხის გრძელი სკამები, კუნძები ან დიდი ქვები იყო გამოყოფილი დასაჯდომად. მთარაჭაში სანახშოზე მხოლოდ სოფლის მამაკაცები იკრიბებოდნენ. აქ ქალის მისვლა უხერხულიც იყო. ზემო და ქვემო რაჭაში ასეთი ზღვარი არ იყო და ბავშვებსაც კი ჰქონდათ მისვლის უფლება. სანახშოზე არავითარი უფროს-უმცროსობა არ ყოფილა და ვისაც რა უნდოდა, იმას ლაპარაკობდა. თუმცა მოხუცს პატივს სცემდნენ და საპატიო ადგილასაც სვამდნენ. სანახშოზე ყველაფერზე საუბრობდნენ, ერთობოდნენ, ცეკვავდნენ. თუმცა სანახშო წარმოადგენდა როგორც ჩვეულებრივი გართობა-საუბრებისა თუ სპორტული ღონისძიებების ჩატარების, ასევე საზოგადოებრივი საკითხების მოწესრიგების, გზა-ხიდების, სათემო მიწების გადანაწილება-მოვლის, მწყემსობის რიგის, დღესასწაულთა და სხვა საკითხების ორგანიზაციის ადგილს.

საოჯახო საკუთრება, მთა - ცოლ-ქმარს ერთმანეთის ქონებაზე ხელი არ მიუწვდებოდა, ისინი ერთმანეთის ქონებას ვერ დაეპატრონებოდნენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა ქმარს სათავნოს დახარჯვის უფლება, თუ დახარჯულს აუნაზღაურებდა შემდეგ.

ცოლს კი ქმრის სიცოცხლეში არ შეეძლო შეხებოდა მის ქონებას, მაგალითად, გაეყიდა საქონელი, იარაღი და სხვა. მხოლოდ დაქვრივებულ ქალს ჰქონდა ამის უფლება. ერთადერთი გარემოება, რაც კერძო საკუთრებას საოჯახო საკუთრებად ცვლიდა, სიკვდილი იყო. ქმარს ცოლი თავისი ხარჯით უნდა დაემარხა, ასევე ცოლსაც თავისი სათავნო ქმრის დაკრძალვისთვის უნდა მოეხმარა. ჩვეულებითი სამართლისთვის ანდერძი უცხო იყო, მემკვიდრეობა კი იმას მოითხოვდა, რომ ცოლ-ქმარს ერთმანეთის ქონების მიღება არ შეეძლო. შესაბამისად, ქმარს არ ჰქონდა უფლება, ცოლისთვის ეჩუქებინა რაიმე თავისი ქონებიდან. სიკვდილის შემდეგ სათავნო ვაჟიშვილებს რჩებოდათ და ისინი იყოფდნენ თანასწორად. ქალს მარტო დედის ტალავარი ერგებოდა, სხვა არაფერი. თუ ქალს არც ვაჟიშვილი ჰყავდა და არც ასული, სათავნო იმას რჩებოდა, ვინც მას მოუვლიდა და დამარხავდა. ამ უფლებით სარგებლობდნენ მხოლოდ ქმრის გვარეულობა და ნათესაობა. სათავნოს გარდა, ქალს სხვა არაფერი ეკუთვნოდა მამის ქონებიდან. სამკვიდრებელი, საოჯახო მამული ვაჟიშვილების იყო და ქალს ხელი არ მიუწვდებოდა. ძველი სამართალიც (ვახტანგის კანონი) და ხევსურული ჩვეულებაც უარყოფდა ქალის მემკვიდრეობას, როცა მამას ვაჟიშვილები არ ჰყავდა და არც ნათესავები, ქონება სოფელს რჩებოდა. თემი მას ვერ შეეხებოდა.

საპალნე - აქლემის, ცხენის, ვირის და სხვა საქონლის ასაკიდი ტვირთი; საწყაო და მასის ერთეული. საპალნით ზომავდნენ ღვინოს, აბრეშუმს, ბამბას, მარილს და ა.შ. საქართველოში შემოვიდა XIII ს-ში. როგორც XVII-XVIII სს-ის წყაროებიდან ჩანს, აქლემის საპალნე ყოფილა 224-294 კგ., ცხენის - 147 კგ., ვირისა - 65 კგ. საპალნის ნახევარს ცალი ერქვა, მეოთხედს - ცალბარი. საპალნის სახეობაა ხარვარი, რომელიც საქართველოში ირანიდან დამკვიდრდა.

საპირო - ძველ საქართველოში საგანგებო ქონებრივი საზღაური, რომელსაც დაზავებისას დამნაშავე პირი შერიგების პირობის განსამტკიცებლად სისხლის გადახდამდე აძლევდა დაზარალებულს. საპირო გვხვდება ბაგრატ კურაპალატის სამართალსა (112, 159-160 მუხლები) და ე.წ. „სასისხლო სიგელებში“, თუმცა ტერმინ საპიროს ნაცვლად იხმარება მისი სინონიმი საზაო. საპიროს ოდენობა დანაშაულის სიმძიმისა და დაზარალებულის სოციალურ-წოდებრივი მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა.

სარჩელზე უარის თქმა (tergiveratio) - მაგისტრატის თანხმობის გარეშე სასამართლოში უკვე აღძრულ საქმეზე უარის თქმა. ამ შემთხვევაში მოპასუხეს უფლება ჰქონდა, მოეთხოვა სასამართლო პროცესის დასრულება და გამართლების შემდეგ მოსარჩელეზე საქმე აღეძრა სასამართლოში. ძვ. წ. I ს-დან გავრცელდა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის პრაქტიკა (როდესაც სენატის ან იმპერატორის ბრძანებით სასიხარულო ამბებთან დაკავშირებით ცხადდებოდა შეწყალება).

სასამართლო არდადეგები (feriae) - არდადეგების დროს სასამართლო პროცესები არ იმართებოდა. სასამართლოს მუშაობის ზამთრის და ზაფხულის სესიებს ეწოდებოდა actus rerum, რომლებიც არდადეგებით იყო გაყოფილი.

სასამართლო სხდომის გადავადება - 1) comperendinatio - გადავადება. XII დაფის კანონების მიხედვით სასამართლო მოსამართლეების დანიშვნიდან მესამე დღეს ინიშნებოდა. 2) ampliatio - სამოქალაქო სამართალწარმოებაში პირველი სასამართლო სხდომის რეზულტატთა რეზუმირებული განხილვა, სისხლის სამართლის წარმოებაში სასამართლო სხდომის გადავადება დამატებითი ინფორმაციის და მტკიცებულებების შეგროვების მიზნით. 3) dilatio - სასამართლო სხდომის გადავადება დამატებითი მტკიცებულებების მოგროვების მიზნით.

სამართალწარმოება, სვანეთი - განჩინების დადგენის დროს მსაჯულები სოფლის განაპირა ადგილას მიდიოდნენ, ხოლო უამინდობის შემთხვევაში სოფლის რომელიმე უკაცურ სახლში იკრიბებოდნენ, რათა გარეშე პირს არ მოესმინა განჩინების შესახებ. აქ მსაჯულები ჯერ მახვშის, როგორც ყველაზე სანდო პირს, სთხოვდნენ, წარმოეთქვა თავისი აზრი, თუ რამდენი უნდა მიესაჯათ მომჩივანისთვის მოპასუხისაგან. მახვშის შემდეგ ხმის უფლება ჰქონდა ასაკით ყველაზე უფროსს და ასე ყველა რიგრიგობით გამოთქვამდა თავის შეხედულებას. როგორც წესი, ძირითადად, ყველას აზრი ემთხვეოდა ერთმანეთს, რადგან ყველა მსაჯულმა კარგად იცოდა, თუ რომელი დანაშაული რა სასჯელს ითვალისწინებდა. შემდეგ ერთ-ერთი მსაჯული იღებდა პატარა ქვას, მიწას თხრიდა და შიგ ჩაფლავდა ხოლმე. ქვის ჩაფვლა სვანურ იურიდიულ წყობილებაში იმას ნიშნავს, რასაც სხვაგან წერილობითი განაჩენი, ანუ საქმის მოთავება. თუმცა ქვის ჩაფვლა საიდუმლოს შენახვის სიმბოლოც იყო. სანამ მსაჯულები ერთად არ გამოუცხადებდნენ მომჩივან-მოპასუხეს თავიანთ განაჩენს, მანამდე არცერთ მსაჯულს არ ჰქონდა მისი გამჟღავნების უფლება. რადგან თუ მომჩივანი ან მოპასუხე საჯაროდ გამოცხადებამდე შეიტყობდა განაჩენს, უკმაყოფილო მხარეს ნება ჰქონდა, არ მიეღო ეს გარიგება. ამიტომ ყველა ცდილობდა, საიდუმლო მტკიცედ დაეცვა, თუმცა განჩინების დადგენიდან გამოცხადებამდე ხანდახან მთელი თვე ან წელიწადიც კი გადიოდა. განჩინების დადგენის შემდეგ მსაჯულები მიდიოდნენ ადგილის ეკლესიის კარზე და იქ ატყობინებდნენ მომჩივან-მოპასუხეს განაჩენს. მომჩივან-მოპასუხე მოდიოდა შეიარაღებული. პაპი, რომელსაც წინდაწინვე იბარებდნენ მსაჯულები, გამოასვენებდა ხატს. ერთ მხარეს ხატის წინ ჩამწკრივებულად ქუდმოხდილი მსაჯულები იდგნენ, მეორე მხარეს კი ერთიმეორეზე დაშორებული მომჩივან-მოპასუხე ოჯახობით, მხოლოდ მამაკაცებით. რამდენიმე წამის შემდეგ მომჩივანი ღმერთს და ხატს მიმართავდა, დაესაჯა მსაჯულები იმ შემთხვევაში, თუ ისინი სწორად არ აღასრულებდნენ სამართალს. სიტყვის დასრულების შემდეგ მიწიდან ბალახს მოგლეჯდა, ჰაერში გაფანტავდა და კვლავ თავის ადგილს უბრუნდებოდა. ასევე იქცეოდა მოპასუხეც. მომჩივან-მოპასუხის შემდეგ მახვში მიმართავდა, რომ მათ მიერ გამოტანილი განაჩენი კარგად აწონილი და გამორჩეული იყო, რაზეც მსაჯულებიც ფიცით ეთანხმებოდნენ. ამის შემდეგ მახვში მომჩივან-მოპასუხეს ერთგულების ფიცს ჩამოართმევდა მათ და მიდიოდნენ თავთავიანთ სახლებში. მსაჯულებიც ორად იყოფოდნენ, ერთი ნაწილი ერთთან მიდიოდა, მეორე ნაწილი - მეორესთან განაჩენის გამოსატანად. არცერთ მხარეს არ ჰქონდა განაჩენის გასაჩივრების უფლება (იხ. მორვარ, მსაჯულ-მედიატორები, სვანეთი; მორიგება, სვანეთი).

სასოფლო ყრილობა, საზოგადო კრება, სვანეთი (სვან. ლუხორ) - უზენაესი ინსტანცია სვანურ იურიდიულ წეს-წყობილებაში. ყრილობაში დასწრების უფლება ჰქონდა საზოგადოების თითოეული კომლის ყველა სრულწლოვან ადამიანს, როგორც მამაკაცს, ისე ქალს. სასოფლო ყრილობა დამოუკიდებელი ორგანო იყო, იგი არავის წინაშე არ იყო პასუხისმგებელი. მახვშის თავმჯდომარეობით აგვარებდა ნებისმიერ საზოგადო საქმეს და იღებდა გადაწყვეტილებას, გამოჰქონდა განაჩენი. დანაშაულის შემთხვევაში დამნაშავეს სახლ-კარს უწვავდნენ, საზოგადოებიდან დევნიდნენ ან სიკვდილით სჯიდნენ. სასოფლო ყრილობას ევალებოდა: ა) ქვეყნის გარეთ სამტროდ წასვლის გადაწყვეტა, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან საბრძოლველად; ბ) მათი დაბეგვრა და შერიგება; გ) საჭიროების შემთხვევაში კავშირის შეკვრა; დ) ასევე საჭიროების შემთხვევაში მეკომურთა შორის გადასახადის გადანაწილება. ყრილობა სჯიდა და ჯარიმას ახდევინებდა საზოგადოების ყველა წევრს, რომლებიც მამაპაპათა მიერ დადგენილ წესებს დაარღვევდნენ, ასევე ქურდობისთვის, მელოგინე ქალის დროზე ადრე გამოყვანისა თუ უქმ დღეებში მუშაობისთვის, მეძავობისა და ნათესაობის დარღვევისათვის.

სასოფლო ყრილობას ექვემდებარებოდა სასულიერო წოდებაც. ყრილობა უფლებამოსილი იყო სასულიერო წოდებისთვის სამუდამოდ ჩამოერთმია სასულიერო პირის ღირსება, თუ იგი ვინმეს მოკლავდა ან დაჭრიდა. დროებით შეუჩერდებოდა სტატუსი მრუშობის შემთხვევაში, ხოლო ჯარიმა ეკისრებოდა სიმთვრალისთვის.

სასჯელი, ათენი - მოდავე მხარეთა მიერ გამოსვლების დასრულების შემდეგ, დიკასტესებს განაჩენი გამოჰქონდათ. ასევე ადგენდნენ ისინი სასჯელს. თუ არსებულ კანონებში გაწერილი იყო სასჯელის სახეობა, სასამართლო სხდომა განაჩენის გამოტანისთვის მიმდინარე კენჭისყრით სრულდებოდა. თუმცა საკმაოდ ხშირად თითოეული მხარე სასჯელის განსხვავებულ ზომას მოითხოვდა. შესაბამისად, ტარდებოდა კიდევ ერთი კენჭისყრა, რათა ერთი ან მეორე მხარის მიერ მოთხოვნილი სასჯელი მიეღოთ. პატიმრობას, როგორც სასჯელს, ძალზე იშვიათად მიმართავდნენ. საჯარო ბრალდების საქმეთა შემთხვევებში ყველაზე ხშირი სიკვდილით დასჯა ან ფულადი ჯარიმები იყო. თერთმეტად წოდებული მაგისტრატები ზედამხედველობას უწევდნენ სიკვდილით დასჯას. სიკვდილით დასჯა გულისხმობდა ან მოწამლვას, ან ბრალდებულის ხის ხუნდებით დაბორკვას და ასე დატოვებას სასიკვდილოდ.

იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული დადგენილ დროს ჯარიმას არ გადაიხდიდა, ის სახელმწიფოს მოვალე ხდებოდა და მისი ქონება კონფისკაციას ან აუქციონზე გაყიდვას ექვემდებარებოდა. მას მთლიანად ან ნაწილობრივ ჩამოერთმეოდა მოქალაქის უფლებები. თუმცა ამისთვის საქმე ისევ და ისევ ბრალმდებელს უნდა აღეძრა. კერძო ბრალდების დროს გამარჯვებულ მოდავეს ევალებოდა, რომ მას თავად ამოეღო სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმა (იხ. დიკე; გრაფე; დიკასტერიონი).

სატურნინუს აპულეიუსი (Saturninus Appuleius) (ძვ. წ. ?- 100) - სახალხო ტრიბუნი (103 წ. და 100 წ.), მძაფრი ბრძოლის შემდეგ გაატარა რამდენიმე კანონი პლებეებისა და ვეტერანების სასარგებლოდ.

საუპატიურო, ხევსურეთი - გადასახადი სამი ძროხის ოდენობით, რომელსაც ქმარი უხდიდა გაუპატიურებულ ცოლს იმ შემთხვევაში, თუ მას პირველსავე წელს მიატოვებდა.

საუფლისწულო - ფეოდალური მიწისმფლობელობის ფორმა საქართველოში. ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის ეპოქაში საუფლისწულო ერქვა მეფის სახასო მამულიდან რომელიმე უფლისწულისათვის გამოყოფილ დროებით სამფლობელოს. XV-XVIII სს-ის სათავადოებში საუფლისწულოს უწოდებდნენ სათავადოს საერთო-სახასო სამფლობელოდან გამოყოფილ ყმა-მამულს, რომელიც ეძლეოდა რომელიმე თავადიშვილის სახლს დროებით მფლობელობაში სარჩოდ და საცხოვრებლად. გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელი იყო ეს საუფლისწულოები სხვა ოჯახს გადასცემოდა. საუფლისწულოს მფლობელს არც გაყიდვა, არც გააზატება და არც რაიმე ცვლილების შეტანა შეეძლო სახლის სხვა წევრების უკითხავად. გამონაკლის შემთხვევაში, ეს მხოლოდ სათავადოს სხვა წევრების თანხმობით უნდა მომხდარიყო. საუფლისწულო გამგებლობა და სამართლის წარმოება თავადიშვილის ფუნქციებში შედიოდა. სახლის უფროსს ანუ თავადს ხელი არ მიუწვდებოდა საუფლისწულოს შინაურ საქმეებზე. ზოგჯერ საუფლისწულოსაც ედო „სახელმწიფო ხარჯი“, რომლისთვისაც პასუხისმგებელი თავადიშვილი იყო. სათავადოში იმდენი საუფლისწულო იყო, რამდენიც ოჯახი.

საუფროსო - საუხუცესო, ოჯახის გაყრისას უფროსი ძმის განსაკუთრებული წილი სამკვიდრო ქონებაში. ქართულ საკანონმდებლო ძეგლებში საუფროსოს გვერდით იხსენიება აგრეთვე საუმცროსო და საშუალო. საეკლესიო მოძღვრების თანახმად, შვილებს თანაბარი სამემკვიდრო უფლება ჰქონდათ, თუმცა ქართულმა ფეოდალურმა სამართალმა ეს დებულება არ გაიზიარა. საუფროსო განსაკუთრებით გავრცელებული იყო თავად-აზნაურთა შორის. სწორედ ამ წრისათვის განსაზღვრავს საუფროსოს აღების წესს სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა (მ. 100). დავით X-ის განჩინება ბარათაშვილების გაყრის საქმეს აწესრიგებდა, უფროს ძმას საუფროსოდ „ათისაგან ერთი“ ერგებოდა. ამავე პრინციპით იყოფოდა აგრეთვე „სახლის ჭურჭელი“, მათ შორის, თასები, ჭიქები, „ჩინურები“, ქვაბები და სხვ.

საქონელი - ქონების სახეობა ძველ საქართველოში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, საქონელი არის უსულო ხვასტაგი, „საყოლელისაგან“ განსხვავებული მოძრავი ქონება. გიორგი ბრწყინვალის, ბექას და აღბუღას და ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნებში საქონლის შესახებ არაერთ იურიდიულ განმარტებას თუ კანონს ვხვდებით. ძირითადად საქონელი ყველანაირი მოძრავი ქონების აღმნიშვნელად გამოიყენებოდა. ბერძნული სამართლის ქართულ ვერსიაში „უძრავი საქონელიც“ კი იხსენიება.

საქონლის აღება ანუ სამარხი ხარჯები, ხევსურეთი - ნივთიერი საზღაური, როდესაც მკვლელი სთავაზობდა დაზარალებულის ჭირისუფლებს იმ შემთხვევაში, როცა იგი სასიკვდილო ჭრილობას მიაყენებდა ვინმეს, მაგრამ დაჭრილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუ დაჭრილი გარდაიცვლებოდა, დამნაშავე ოჯახიანად იხიზნებოდა, შემდეგ კი შუაკაცების მეშვეობით ვალდებული იყო, დასამარხი ხარჯები გაეღო. შუაკაცები სამძიმარს და შესარიგებელ სიტყვებს ეუბნებოდნენ, რის შემდეგაც ჭირისუფლები ხევსურულ ტრადიციას გვერდს ვერ აუვლიდნენ და დამარხვის თადარიგს შეუდგებოდნენ. თავდაპირველად დაკლავდნენ ერთ ცხვარს. ასეთი მსხვერპლის შეწირვა სავალდებულო იყო ჭირისუფლისათვის, თუ ამ წესს გადაუხვევდა, ხუთი ძროხით იქნებოდა დაჯარიმებული.

მკვლელს დაზარალებულის ოჯახისთვის უნდა მიეგვარა სამი კურატი, სამი ცხვარი და ლუდის მოსადუღებელი სამი დიდი ქვაბი. ამ სამი კურატიდან ერთს ჭირისუფლებისთვის დაკლავდნენ, მეორეს - მამაკაცებისთვის. ამას „სალაშქრო“ ეწოდებოდა, მესამეს კი - ქალებისთვის, ანუ „სადედულოს“. მეოთხე კურატი მკვლელის ბიძაშვილს უნდა დაეკლა მოკლულის ბიძაშვილისთვის, რომელსაც „საშინშო“ ეწოდებოდა.

საშუღლო აზარის ათავება, ხევი - დაზავების წინ ორი მოპირისპირე გვარის მიერ გაღებული მსხვერპლი.

საძმო, ხევსურეთი - ნივთიერი საზღაური, როდესაც ჭირისუფლები ნათესავის დამარხვის შემდეგ სახლში დაბრუნების ნებას აძლევენ გახიზნულ მკვლელს. დაზარალებულის ოჯახს უგზავნიან 20 ცხვარს და აყენებენ ადგილობრივი ქერის ლუდს.

საწყევარი, ხევსურეთი - ქვის პატარა კოშკი, რომელსაც კაცის გამხმარი სკორე (ნეხვი) ედო. საწყევარს აგებდნენ, როცა ვინმეს შერცხვენა სურდათ, მაგალითად, საწყევარს უგებდნენ მძევალს, რომელიც მძევლობაზე უარს ამბობდა. საწყევრის აგების პარალელურად, ხევსურებმა ძაღლის ან კატის ჩამოხრჩობაც იცოდნენ. ორივე ჩვეულება წყევისა და სირცხვილის ნიშანი იყო.

საჭირნახულო - ოჯახის გაყრისას ნაამაგარი პირისათვის მეტი შრომისა და გარჯის ასანაზღაურებლად განკუთვნილი განსაკუთრებული წილი გასაყოფ ქონებაში გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. პირს შეეძლო მოეთხოვა ის ქონება, რისი „ჭირნახულიც“ ჰქონდათ, მათ შორის ყმა, მიწა, ნივთი და ა.შ. გარდა გაყრისა, სადავო ქონებაზე გაწეული შრომისათვის საჭირნახულოს განსაზღვრის საკითხსაც სასამართლო წყვეტდა. მაგ., ბაღ-ვენახის გაშენებისათვის, ყმაზე ან ნაგებობაზე გაწეული ხარჯებისათვის და ა.შ. გაწეული შრომისა და ხარჯის შესაფასებლად მისი საჭირნახულოს განსაზღვრისათვის საქმის მცოდნე პირებს იწვევდნენ.

საჭურჭლე - ძვირფასეულობა, განძი და სიმდიდრის საცავი, ხაზინა ძველ საქართველოში. გაერთიანებული სამეფოს ხანაში ტერმინი საჭურჭლე სალაროსაგან განსხვავებულ, სანიადაგოდ სახმარ-სახარჯავ სახელმწიფო ხაზინას აღნიშნავდა, რომლის ცალკეული განყოფილებანი საგანძურებად იწოდებოდა. საჭურჭლეში ფული, „ლარი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა, ჩინური და ქაშანური უსაღვინო“, მეფისათვის „შემოძღუნებული“ „თუალნი და მარგალიტნი“ ინახებოდა. საჭურჭლე ერთიან დაწესებულებას წარმოადგენდა, თუმცა საგანძურები სხვადასხვა ადგილზე იყო განთავსებული. ქვეყნის მთავარი საჭურჭლე სატახტო ქალაქში - ჯერ ქუთაისში „ქუთაისსა საჭურჭლე“, შემდეგ კი 1122 წ.-დან თბილისში იყო. როდესაც დავით აღმაშენებელმა 1122 წ. თბილისი ამირას მპყრობელობისაგან გაათავისუფლა, მან „ქალაქი ტფილისი... დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად საუკუნოდ“. აღმოსავლეთ საქართველოში თბილისის გარდა, სხვაგანაც იყო სახელმწიფო საგანძურები. მაგალითად, „ატენისა საჭურჭლე“, „ციხესა შინა უჯარმისასა“. საჭურჭლე მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდა. სამოხელეო აპარატს შეადგენდნენ საჭურჭლისა და მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალი და მეჭურჭლენი, საჭურჭლის უხუცესი, მუქიბი, მუშრიბი და მწიგნობარი. საჭურჭლის შემოსავლებს მეფე განაგებდა. ფულის გარდა, საჭურჭლეში მეფისათვის მირთმეული ძვირფასი განძეულობაც ინახებოდა. ერთიანი სამეფოს დაშლისას სახელმწიფო საჭურჭლეც გაიყო. ეკლესია-მონასტრებს თავიანთი საჭურჭლეები ჰქონდათ.

სახალხო კრება (έκκλησία) - ათენური მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. სახალხო კრება წარმოადგენდა მამრობითი სქესის ათენელ მოქალაქეთა რეგულარულ თავყრილობას, რომელზედაც მოისმენდნენ, განიხილავდნენ და კენჭს უყრიდნენ დეკრეტებსა და კანონებს. სახალხო კრებაზე მიღებული კანონები ათენური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს მოიცავდა - დაწყებული საგარეო ურთიერთობის, ფინანსური და რელიგიური სფეროთი და დამთავრებული ისეთი საკითხებით, როგორიც იყო, მაგალითად, სამხედრო ხომალდის აღჭურვასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.

დემოკრატიას, არისტოტელეს მიხედვით, ადგილი აქვს მაშინ, როცა „ხალხი ხდება მოვლენათა განმკარგველი“ და როდესაც იგი ახორციელებს ხელისუფლებას „დეკრეტებისა და სამართლის“ მეშვეობით. ხალხის მიერ დეკრეტების მეშვეობით განხორციელებულ მმართველობაში, არისტოტელე, ფაქტობრივად, სახალხო კრების ფუნქციონირებას გულისხმობს (არისტოტელე, ათენელთა სახელმწიფო წყობილება, 41, 1-2).

ათენის სახალხო კრებაზე სიტყვის წარმოთქმა ათენის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქეს შეეძლო მისი წარმომავლობისა და ქონებრივი მდგომარეობის მიუხედავად. მოქალაქე რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო სახალხო კრების სიაში თავისი დემოსის მიხედვით. არისტოტელეს დროს ახალგაზრდა კაცი ამ სიაში იმის შემდეგ შეჰყავდათ, რაც 18 წლის შესრულების შემდგომ იგი ორწლიან სამხედრო სამსახურს გაივლიდა. სწორედ ამ დროიდან ხდებოდა იგი მოქალაქე. დღესდღეობით არ არის ზუსტად დადგენილი, თუ რა იყო ათენის სახალხო კრების პოტენციურ მონაწილეთა რიცხვი. მეცნიერთა გამოთვლებით, ეს რიცხვი 20-30 000 მოქალაქეს შორის მერყეობდა. ბუნებრივია, ჩვეულებრივ, სახალხო კრებას ამდენი ადამიანი არ ესწრებოდა. თუკიდიდესის მიხედვით, პელოპონესის ომის დროს კრებაზე დამსწრეთა რიცხვი, როგორც წესი, 5000 კაცს არ აღემატებოდა (თუკიდიდესი, 8, 72). განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისას კვორუმი 6000 კაცი უნდა ყოფილიყო (ამ კანონის ყველაზე ადრეული დამოწმება ძვ. წ. 363 წ.). სხვადასხვა მიზეზის გამო, ცალკეული ინდივიდისთვის, შესაძლოა, სახალხო კრებაში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმიათ. კრებიდან მისი გაძევების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ხაზინის ვალი, ამორიცხვა დემოსის რეესტრიდან, პროსტიტუცია, მშობლების უპატივცემულობა და მათ შენახვაზე უარის თქმა და ა.შ. თუ რომელიმე მოქალაქე დასაბუთებულად თვლიდა, რომ ესა თუ ის პირი არ იყო ღირსი მონაწილეობა მიეღო სახალხო კრებაში, მას შეეძლო ამ უკანასკნელის გულდასმით გამოძიება - დოკიმასია მოეთხოვა, რის შემდეგაც საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცემოდა. სახალხო კრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშან-თვისება სიტყვის თავისუფლება გახლდათ, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის.

ძვ. წ. IV ს-დან პოლიტიკოს აგირიოსის ინიციატივით სახალხო კრებამ შემოიღო კანონი, რომელმაც თითოეული მონაწილესათვის კრებაზე დასწრების გასამრჯელო დააწესა.

სახალხო კრება ტრადიციულად პნიქსის ბორცვის წვერზე, ღია ცის ქვეშ ტარდებოდა. შეხვედრის დღეს სპეციალური მოხელეები ბორცვის ასასვლელთან ჯებირებს დგამდნენ, რათა კრების წევრები გაემიჯნათ იმ მოქალაქეებისაგან, რომლებიც კრების საყურებლად იყვნენ შეკრებილნი. ცალკეულ შემთხვევაში სახალხო კრება დიონისეს თეატრშიც იმართებოდა.

კრების მუშაობა წლის განმავლობაში დაყოფილი იყო ათ ციკლად - პრიტანეად. თითოეული პრიტანეა 36 დღისაგან შედგებოდა, რომლის განმავლობაშიც კრება ოთხჯერ იყო მოწვეული. ოთხიდან ერთ შეკრებას - „უმაღლესი კრება“ (κυρία έκκλησία) ეწოდებოდა. ამ კრებაზე განიხილავდნენ არსებული მაგისტრატების თანამდებობაზე დამტკიცებას, საკვებით მომარაგებისა და თავდაცვით საკითხებს. ასევე აცხადებდნენ იმ კერძო საკუთრებათა შესახებ, რომლებიც კონფისკაციას ექვემდებარებოდა და ა.შ. ამის გარდა ცალკეული კრებები კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისათვის იყო განკუთვნილი. ასე მაგალითად, პირველი პრიტანეის მე-11 დღეს მოწვეულ კრებაზე მოქალაქეები კენჭს უყრიდნენ იმას, უნდა მოეხდინათ თუ არა ყველა არსებული კანონის რევიზია; მეექვსე პრიტანეის განმავლობაში გამართულ კრებაზე განიხილებოდა ოსტრაკისმოსის საკითხი, მიმდინარეობდა ინფორმატორების - ე.წ. სიკოფანტების წინააღმდეგ არსებული ინფორმაციის მოსმენა, ასევე მსჯელობდნენ იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც მათთვის დაწესებული საჯარო სამსახურის შეუსრულებლობაში ედებოდათ ბრალი. ძვ. წ. IV ს-ის შუა წლებამდე სახალხო კრებაზე დროდადრო იმართებოდა სასამართლო განხილვა, უპირატესად იმპიჩმენტის - ეისანგელიას შესახებ.

უმაღლესი სახალხო კრებისა და რიგით კრებათა გვერდით არსებობდა ე.წ. σύγκλητοι έκκλησίαι „თავშეყრილი“ (called-together) კრებები, რომელთა მნიშვნელობა არ არის ზუსტად დადგენილი. წყაროებში ის ზოგიერთ შემთხვევაში საგანგებო კრების მნიშვნელობით არის ნახმარი, თუმცა სხვა შემთხვევაში ეს კრება უფრო უეცრად დანიშნული კრების შთაბეჭდილებას ტოვებს.

ძვ. წ. V ს-ში სახალხო კრებას პრიტანისები იწვევდნენ. თუ ხმის მიცემა რომელიმე საკითხზე კენჭებით წარმოებდა, მაშინ პრიტანისები კენჭებს არიგებდნენ. შემდეგ კრების თავმჯდომარეს - ეპისტატესს წილის ყრით ირჩევდნენ პრიტანისების რიგებიდან. ის ამ მოვალეობას ერთი დღის მანძილზე აღასრულებდა. ყოველ ახალ კრებაზე ახალი თავმჯდომარე იყო არჩეული. არისტოტელეს დროისთვის კრების მოწვევის და ჩატარების პროცედურა გართულდა. ბულეს თავმჯდომარე - ეპისტატესი თითოეული შეკრებისათვის 9 პროედროსს ნიშნავდა. ისინი ბულეს იმ წევრებიდან იყვნენ შერჩეულნი, რომელნიც იმ მომენტისათვის პრიტანისებად არ მსახურობდნენ. შემდგომ პროედროსებიდან ირჩეოდა სხდომის თავმჯდომარე - ეპისტატესი. პროედროსები წარმართავდნენ სხდომებს - წყვეტდნენ როდის უნდა დაეყენებინათ ესა თუ ის საკითხი ხმის მისაცემად და როდის უნდა შეეწყვიტათ დისკუსია. სახალხო კრება ასევე ირჩევდა გრამატევსს, რომელსაც დოკუმენტები ხმამაღლა უნდა წაეკითხა.

კრება რიტუალური მსახურებით იწყებოდა: ტარდებოდა მსხვერპლშეწირვა, მაცნეები ლოცვის აღვლენას აცხადებდნენ. შემდეგ მაცნეები წყევლას უგზავნიდნენ იმ პირებს, რომლებიც კრების შეცდომაში შეყვანას შეეცდებოდნენ. ამ პროცედურათა შემდეგ მაცნე სვამდა კითხვას: „ვის სურს სიტყვა?“, რის შემდეგაც სახალხო კრება გახსნილად ცხადდებოდა.

კრების დღის წესრიგი გარკვეულწილად რეგულირდებოდა ურთიერთობის იმ სისტემით, რომელიც კრებასა და ბულეს შორის არსებობდა. ყველა მნიშვნელოვან დეკრეტს სახალხო კრება იღებდა. ცალკეულ შემთხვევებში, მას შეეძლო ბულეს გარეშეც ემოქმედა. ასე მაგალითად, სახალხო კრება დამოუკიდებლად მოქმედებდა ყოველ პრიტანეაში გამართულ უმაღლეს კრებაზე, ასევე წლის დასაწყისში მოწვეულ შეხვედრაზე, როდესაც არსებულ კანონებს უყრიდნენ კენჭს. მაგრამ, უმთავრესად, სახალხო კრება და ბულე ერთობლივად მუშაობდნენ. სახალხო კრებას არ შეეძლო კენჭი ეყარა იმ საკითხებისათვის, რომლებიც პრიტანისებს არ ჰქონდათ დღის წესრიგში შეტანილი და, თავის მხრივ, პრიტანისებსაც არ შეეძლოთ დაეყენებინათ ესა თუ ის საკითხი დღის წესრიგში, თუ იგი თავდაპირველად ბულეს არ ექნებოდა განხილული. ბულეს უნდა დაემტკიცებინა პრობულევმა - რეზოლუცია, შემდეგ კი იგი სახალხო კრებისათვის უნდა გაეგზავნა. როგორც კი რეზოლუცია სახალხო კრებაზე მივიდოდა, ის ხდებოდა ფსეფისმა - ψήφισμα - „ანუ საგანი, რომლისთვისაც ხმა უნდა მიეცათ“.

ხმის მიცემა სახალხო კრებაზე უმთავრესად ხელის აწევით წარმოებდა, თუმცა ზოგჯერ ფარულ კენჭისყრასაც ჰქონდა ადგილი. კრება დეკრეტებს - ფსეფისმებს ხელის აწევით იღებდა, მაგრამ სულ ცოტა ძვ.წ. IV ს-ში მაინც დეკრეტები კანონების თანაფარდნი არ იყვნენ. კანონები მიიღებოდა უფრო დიდი დროით, იყვნენ უფრო ზოგადი, და, შესაბამისად, მათი მიღება უფრო რთული იყო. ასე მაგალითად, 6000 მოქალაქის ხმა იყო საჭირო, რათა ამა თუ იმ პირისათვის მოქალაქეობა ჩამოერთმიათ.

მართალია, სახალხო კრება კანონების შედგენაში იყო პასუხისმგებელი, მაგრამ იგი პირდაპირ არ იღებდა და არც აუქმებდა მათ, როგორც ამას დეკრეტების შემთხვევაში აკეთებდა. სხვადასხვა კატეგორიის კანონთა რატიფიკაციისთვის სახალხო კრება პირველი პრიტანეის მე-11 დღეს იმართებოდა. თუ კრება გამოხატავდა უკმაყოფილებას რომელიმე კატეგორიის კანონთა მიმართ, მაშინ ამ პრიტანეის უკანასკნელ სხდომაზე ამ კანონთა განხილვა უნდა მომხდარიყო. იმ შემთხვევაში, თუ განხილვის დროს გაირკვეოდა, რომ კანონები შესაცვლელი იყო, მაშინ ამის შემდეგ გამართულ მესამე შეხვედრაზე კენჭი უნდა ეყარათ კანონმდებელთა საბჭოს დასანიშნად, რომელიც ამ კანონთა შესახებ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანდა. ამ კანონმდებლებს ნომოთეტესები ეწოდებოდათ (იხ. კანონი).

სახალხო კრების ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია საჯარო მოხელეების - მაგისტრატების არჩევა იყო. კრება ირჩევდა სტრატეგოსებს, ასევე სხვა სამხედრო მოხელეებს - ჰიპარქოსებს, ფილარქოსებს და ტაქსიარქოსებს. ამათ გარდა სახალხო კრებაზე არჩეული იყვნენ ტამიასები - ხაზინადრები, ხომალდთა ინჟინრები, თეორიკონის ფონდის ზედამხედველები, მსხვერპლშეწირვათა ჩატარებაზე პასუხისმგებელი მაგისტრატები. კანონის მიხედვით, მოქალაქეს ამა თუ იმ თანამდებობის დაკავება მხოლოდ ერთხელ შეეძლო, თუმცა, როგორც ეს წყაროებიდან ჩანს, ერთი და იმავე მოქალაქეს შეიძლება რამდენიმე თანამდებობა ერთდროულად სჭეროდა.

სახალხო კრება განსაზღვრავდა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას - ირჩევდა ელჩებს, აგზავნიდა ელჩობებს, განიხილავდა სხვა სახელმწიფოსთან ჩატარებულ მოლაპარაკებათა შედეგებს. კრებაზე ხდებოდა სამოკავშირეო ხელშეკრულებათა რატიფიკაცია. აქვე მიიღებოდა ომის დაწყებისა თუ ზავის დადების გადაწყვეტილებები.

სახალხო კრება უფლებამოსილი იყო არაათენელისათვის მოქალაქეობა მიენიჭებინა, პოლისისათვის გაწეული სამსახურისთვის მოქალაქე ოქროს გვირგვინით შეემკო, შეეძლო მოქალაქე გადასახადებისაგან გაეთავისუფლებინა.

კრება განიხილავდა რელიგიის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებს, ბრალდებებს, რომლებსაც ცალკეულ პიროვნებებს არაღვთისმოშიში ქმედებების გამო უყენებდნენ. მას ეხებოდა რელიგიის სფერო, რამდენადაც დემოკრატია აფინანსებდა სახალხო დღესასწაულებს, რომლებიც ერთსა და იმავე დროს წარმოადგენდნენ როგორც სამოქალაქო მოვლენას, ისე ღმერთების სადიდებლად მიმართულ რელიგიურ მსახურებას. რელიგიასა და კულტმსახურებასთან დაკავშირებული ეს საკითხები რეგულარულად განიხილებოდა დიონისეს თეატრში გამართულ სახალხო კრებაზე ქალაქის დიონისიების ჩატარების შემდეგ.

სახალხო კრების უფლებამოსილება ფინანსურ სფეროსაც ეხებოდა. ასე მაგალითად, კრება განსაზღვრავდა ღარიბი მოქალაქეებისათვის დახმარების მიცემის საკითხს, წყვეტდა ნამატი თანხების განკარგვის პრიორიტეტებს, ადგენდა სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ ბიუჯეტს. კრებაზე გამოითქმეოდა ბრალდებები სახელმწიფო ხაზინის გაფლანგვასთან თუ სხვადასხვა ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით და გამოიცემოდა დეკრეტები ამ საქმეებზე სპეციალური გამოძიების ჩასატარებლად.

ზემოთ ჩამოთვლილ სფეროთა გარდა, სახალხო კრებას შეეძლო მიეღო დეკრეტი ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელთაც მას პრობულევმის სახით ბულე გადასცემდა. ცალკეულ შემთხვევებში ნომოთეტესებსაც შეეძლოთ კრებისათვის განსახილველად წარედგინათ სპეციფიკური საკითხები, როგორებიც იყო ეისანგელია, მთავარსარდლების აუდიტი. მათ შეეძლოთ მოეთხოვათ კრებისთვის, რომ მას საქმე აღეძრა სასამართლოში არასწორი კანონმდებლობის გამო. თავის მხრივ, არეოპაგსაც გააჩნდა უფლებამოსილება სახალხო კრების წინაშე განსახილველად გამოეტანა ესა თუ ის საკითხი, ასე მაგალითად, მოხსენება პნიქსის ბორცვზე კერძო რეზიდენციების მშენებლობის შესახებ. მეორე მხრივ, როცა ჩვენ წყაროში ვკითხულობთ, რომ სახალხო კრებას მიუღია კანონი გემის წინამძღოლის ქმედების თაობაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გემების მართვის რეგულირება სახალხო კრების მიმდინარე დღის წესრიგის ნაწილი იყო. ეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს კონკრეტული საკითხი საკმარისად მნიშვნელოვნად ჩაითვალა სახალხო კრებისათვის და ნომოთეტესებისათვის, რომ იგი ერთ კონკრეტულ შემთხვევაში განეხილათ.

სახალხო ტრიბუნი (tribunus plebis) - რომის რესპუბლიკაში მაგისტრატურა, რომლის ამოცანა იყო პლებსის ინტერესების დაცვა პატრიციების ხელყოფისაგან. სახალხო ტრიბუნის უმნიშვნელოვანესი უფლება იყო ვეტოს უფლება მაგისტრატების ან სენატის ინტერკესია ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე და სახალხო კრების მოწვევა (იხ. ტრიბუნი).

სახალხო ტრიბუნები (Tribuni plebis): - 1) I სეცესიის შემდეგ (ძვ. წ. 494 წ.) პატრიციებმა პლებსს დაუთმეს და სახალხო ტრიბუნების არჩევას დათანხმდნენ. სახალხო ტრიბუნებს პატრიციებისა და კონსულებისაგან პლებსის დაცვა ევალებოდათ. თავდაპირველად სახალხო ტრიბუნები 2 ან 5 იყო, ძვ. წ. 457 წ-ს კი მათი რიცხვი 10-მდე გაიზარდა. პატრიციები დათანხმდნენ ერთი პირობით, ერთი და იგივე პირი ორჯერ არ უნდა არჩეულიყო. სახალხო ტრიბუნების მოვალეობები თავდაპირველად შეზღუდული იყო, მაგრამ მალე გაფართოვდა და გაძლიერდა, რასაც ხელი შეუწყო მათმა ხელშეუხებლობამ. ადრინდელი და ერთადერთი მათი უფლება იყო პლებსის დახმარება (auxilium), შემდგომში კი პატრიციების დაცვის უფლება, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მათ შეეძლოთ აეკრძალათ (veto, intercedo, prohibeo) თანამდებობის პირების ან სენატის ქმედება ცალკეული პიროვნებების მიმართ. სახალხო ტრიბუნების აკრძალვა (veto), რომელიც სასამართლო გარჩევას ეწინააღმდეგებოდა, შესაძლებელი იყო მათი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში; თუ მათი მემკვიდრე არ ჩაერეოდა საქმეში, გარჩევის განახლება შეიძლებოდა. ვისაც მსგავსი დახმარება ესაჭიროებოდა, უნდა მოეხმო სახალხო ტრიბუნებისთვის (appelare), ისინი იკრიბებოდნენ, საქმეს განიხილავდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებას (დეკრეტი), სადაც ან დახმარებას ან არდახმარებას ეთანხმებოდნენ; 2) ამ დახმარების (auxilium) უფლებიდან მალე განვითარდა სახალხო ტრიბუნების ჩარევის უფლება ყველა ადმინისტრაციულ ღონისძიებასა და თანამდებობის პირების (კონსულები, ცენზორების და სხვა ტრიბუნების) ქმედებებში, სენატის დადგენილებებსა და კომიციაში შესატან ყველა წინადადებაში. სახალხო ტრიბუნებს ზოგჯერ თანამდებობის პირების არჩევნებიც კი გადაჰქონდათ; 3) სენატთან დაკავშირებით ტრიბუნები ჯერ არავითარი უფლებით არ სარგებლობდნენ, მაგრამ სენატის დადგენილებაში ჩარევის უფლებასთან ერთად მათ მიიღეს უფლება დასწრებოდნენ სენატის სხდომებს. თავდაპირველად ისინი კურიის შესასვლელში ისხდნენ. სახალხო ტრიბუნებმა თანდათანობით ხელში ყველა საქმეში ჩარევის უფლება ჩაიგდეს, რის გამოც ცენზორებმა პირველივე არჩევისას (lectio) სენატში ყველა ყოფილი ტრიბუნი მიიღეს; 4) სახალხო ტრიბუნებს უფლება, მოეწვიათ კრება და წარემართათ სხდომები, თავიდანვე ჰქონდათ, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მოპოვებული უფლება, მოეწვიათ ტრიბების კომიციები (comitia tributa) და ეხელმძღვანელათ მათთვის, განსაკუთრებით leges Valeria, Publilia და Hortensia-ს შემდეგ. ამ სხდომებზე არა მარტო ბევრს თანამდებობაზე ირჩევდნენ და ასამართლებდნენ, არამედ სერიოზულ საქმეებზე ბჭობდნენ და ხმას აძლევდნენ უმნიშვნელოვანეს კანონებს; 5) სახალხო ტრიბუნებმა უფლება დაენიშნათ ჯარიმა დაუმორჩილებლებისათვის ან დაეპატიმრებინათ მოქალაქეები (თანამდებობის პირებიც) მალე მიიღეს და ამ უფლებით ხშირად არასამართლიანად სარგებლობდნენ (კონსულებსაც კი ციხეში სვამდნენ ან მუქარით მორჩილებას აიძულებდნენ); 6) სახალხო ტრიბუნები ყოველწლიურად გამოსცემდნენ განკარგულებებს (ედიქტი), რომლებშიც, განსაზღვრავდნენ, როდის უნდა აღესრულებინათ თავიანთი დახმარება. მათ აუსპიციების ჩატარების უფლება თავიდან არ ჰქონდათ, შემდგომში ეს უფლებაც მიიღეს, მაგრამ ნაკლებ საზეიმო შემთხვევებისას. თავიდან, როცა ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კონსულების, სენატის და პატრიციების ძალაუფლებას, სახალხო ტრიბუნების როლი მხოლოდ კეთილმყოფელი იყო, მაგრამ როცა ტრიბუნებმა თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება დაიწყეს, რომაულ სახელმწიფოს დიდი საფრთხე დაემუქრა. ტრიბუნატის (ტრიბუნის თანამდებობის) კანონიერი შეზღუდვები - ტრიბუნებს შორის ერთიანობის აუცილებლობა (ერთიც რომ წინააღმდეგი ყოფილიყო, გადაწყვეტილება არ მიიღებოდა) - საკმარისი არ იყო; დიქტატორის არჩევაც თავის მიზანს არ აღწევდა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ პროვოკაცია იყო ნებადართული; ამიტომ სულამ, რომელიც ტრიბუნატს ტირანული და ოხლოკრატული განზრახვების საშინელ იარაღად მიიჩნევდა, იგი ოპტიმატების სასარგებლოდ გარდაქმნა. მის მიერ ძვ. წ. 80 წ-ს გამოცემულმა კანონმა lex Cornelia de tribunicia potestate თითქმის სრულიად მოსპო ტრიბუნატი; მან შეზღუდა ტრიბუნის უფლება, იგი განისაზღვრა ტრიბების კომიციებში კანონების შეთავაზებითა და სენატის თანხმობით სასამართლოში მიცემის უფლებით; ყოფილ ტრიბუნებს აუკრძალა რაიმე კურულის თანამდებობის დაკავება, ამით მოსპო ის სატყუარა, რომელიც ტრიბუნატს პატივმოყვარე დემაგოგებისათვის ჰქონდა. სულას სიკვდილისთანავე დაიწყო ტრიბუნატის აღდგენის მცდელობა; ჯერ წარუმატებლად, მაგრამ უკვე ძვ. წ. 75 წ-ს lex Aurelia-ს კანონის თანახმად, ტრიბუნებს დაუბრუნდათ უფლება კონსულის თანამდებობაზე არჩეულიყვნენ; 5 წლის შემდეგ კი, ძვ. წ. 70 წ-ს, პომპეუსმა და კრასუსმა, რომლებსაც ტრიბუნატი თავიანთი გეგმებისათავის სჭირდებოდათ, იგი მთელი თავისი ძალით აღადგინეს. ამის შემდეგ ტრიბუნატი სულამდელ გზას გაჰყვა. იმპერატორების ეპოქაში ტრიბუნის ძალაუფლება იმპერატორის უფლების ღერძს წარმოადგენდა და თუმცა ტრიბუნები კვლავ იყვნენ, მაგრამ მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდათ, სასამართლოში მათი დახმარების უფლება იმპერატორის ინსტანციით შემოიფარგლებოდა. სენატში ადგილი და ჩარევის უფლება შეინარჩუნეს, მაგრამ საურავის დადების უფლება ძალიან შეუმცირდათ. სამაგიეროდ, მათ მიიღეს ავგუსტალიების მოწყობა, ტრიბუნატისათვის საჭირო პირობები და არჩევნები. ეს თანამდებობა ხელმისაწვდომი იყო პლებსისთვის, ამასთანავე მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეებისათვის, რაც იმპერატორთა ეპოქაში ყოველთვის არ სრულდებოდა. ტრიბუნის ასაკი დაწესებული არ იყო, მაგრამ ჩვეულებისამებებრ ადრე მათ უნდა სჭეროდათ კვესტორისა ან პლებეების ედილის თანამდებობა, ხოლო სულას დადგენილებით, როცა სენატორებისაგან უნდა არჩეულიყვნენ, კვესტორებისა - მაინც. პირველი ტრიბუნი არჩეულ იქნა წმინდა მთაზე, lex Publilia-ს შემდეგ კი ძვ. წ. 471 წ-ს არჩევნები ტრიბების კომიციებში ტარდებოდა; ამ თარიღებს შორის მონაკვეთის შესახებ არაფერია ცნობილი. თანამდებობას ისინი 10 დეკემბერს იჭერდნენ, მანამდე არჩევითი კომიციები ტარდებოდა.

სახევ, სვანეთი (ბერძნ. აგორა, რომ. ფორუმი) - საჯარო ადგილი, სადაც საზოგადოება თავს იყრიდა მახვშის ასარჩევად, ან გადასაწყვეტად რაიმე საქმისა, რომელიც სახალხო ყრილობას ეხებოდა.

სახელმწიფო მეურნეობა - მეფეების ხანაში სერვიუს ტულიუსამდე სახელმწიფო ხარჯები სამეფო მიწების შემოსავლებით იფარებოდა, მაგრამ ამასთანავე რომის მოქალაქეებისაგან ითხოვდნენ პირად მონაწილეობას საზოგადოებრივი მშენებლობის დროს. ამის გარდა თითოეული ოჯახის უფროსი (Paterfamilias) იხდიდა სულადობის გადასახადს (tributum in capita). ამ გადასახადებით იფარებოდა განსაკუთრებული ხარჯები. ეს გადასახადი წარსულს ჩაბარდა სერვიუს ტულიუსის მიერ ცენზის შემოღებისთანავე, რადგან მოხდა ჩანაცვლება ახალი გადასახადით (ტრიბუტუმი - tributum ex censu), რომელიც მოქალაქეთა მატერიალური მდგომარეობის პროპორციულად ინიშნებოდა. ეს გადასახადები, ბუნებრივია, მძიმედ აწვა მოსახლეობას, თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კრიტიკულ სიტუაციებში მას ემატებოდა განსაკუთრებული გადასახადი - tributum temerarium. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო მზად იყო მოსახლეობიდან ამოღებული ფული უკან დაებრუნებინა, თუ ამის შესაძლებლობას ომში მოპოვებული ალაფი იძლეოდა. ტარკვინიუს ამაყმა დროებით, სერვიუს ტულიუსის მიერ შემოღებული გადასახადის გვერდის ავლით, დააწესა ისევ tributum in capita. არსებობდა მეფეების ხანიდან მოყოლებული სხვა ტიპის გადასახადებიც - ვექტიგალია. მაგ., ნავსადგურის საბაჟო გადასახადი - portoria. ეს გადასახადი იმ დროიდან მოქმედებდა, როდესაც დაარსდა ოსტიის ნავსადგური და გადასახადი დაწესდა მარილზე.

რესპუბლიკის ხანის დასაწყისში სახელმწიფომ თავის თავზე აიღო მარილის გაყიდვა, რისი მეშვეობითაც ფასმა მარილზე დაიკლო და ღარიბმა მოსახლეობამ შვება იგრძნო. ამის გარდა პლებსი განთავისუფლებული იყო ნავსადგურის გადასახადისაგან და ტრიბუტუმისაგან, რის გამოც პლებეების ურთიერთობა პატრიციებთან მეტ-ნაკლებად დარეგულირდა.

სახელმწიფო ხარჯები რესპუბლიკის პირველ ხანებში გაიზარდა სახელმწიფოს ტერიტორიალური გაზრდის ხარჯზე. ამას ემატებოდა დანამატი ხელფასზე (სტიპენდია - stipendium).

სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების სერიოზულ წყაროდ იქცა ager publicus (სახელმწიფო მიწა), ამასთანავე ახლად დაპყრობილ ხალხს თანხა უნდა შეეტანა ხაზინაში მდიდარ სამხედრო ალაფთან ერთად (მათ შორის ტყვეები). ager publicus-დან შემოსული თანხა ამ პერიოდში უკვე იმდენად დიდი იყო, რომ თავისუფლად ფარავდა სახელფასო ხარჯებს. ყველა დაპყრობილი ხალხი ვალდებული იყო გადაეხადა ხარკი და ამასთანავე თავისი საძოვრებიდან და ტყეებიდან მეათედი (decuma) და სპეციალური გადასახადი skriptura - სცრიპტურა. ამ გადასახადებს აგროვებდნენ პუბლიკანები (publicani).

მას შემდეგ, რაც რომის ძალაუფლება გასცდა იტალიას, გაიზარდა ხარჯებიც: აუცილებელი გახდა შორეულ პუნქტებამდე გზების გაყვანა, რომის შემოგარენის სახეზე ზრუნვა, ღმერთების მიმართ, რომლებიც რომის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავდნენ, ყურადღების გამოჩენა - ტაძრების აგება, თამაშების მოწყობა. აუცილებელი იყო წახალისების მიზნით გამორჩეული მოქალაქეების და ჯარისკაცების დაჯილდოვება. ამასთანავე აუცილებელი იყო უღარიბესი მოსახლეობის დაპურება. ამ მოსახლეობის რიცხვი კი კატასტროფულად იზრდებოდა. მათ ურიგებდნენ ხორბალს, ან დაბალ ფასად აძლევდნენ.

იტალიის მიერ წარმოებული ხორბალი საკმარისი აღარ იყო. ამისთვის მიმართავდნენ სიცილიასა და აფრიკას. სწორედ ამ პერიოდიდან პროვინციებმა ძველი იტალიკური მოკავშირეების ადგილი დაიკავეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი რომის მოქალაქის თანაბარი უფლებებით აღჭურვეს. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გადასახადი ერთად, რომელსაც პროვინციის მცხოვრებლები იხდიდნენ, ჩამოუვარდებოდა მაინც იმ გადასახადს, რომელსაც ისინი თავიანთ მეფეებს აძლევდნენ. შესაბამისად, გადასახადები არ ამძიმებდა პროვინციის მოსახლეობის მდგომარეობას, მაგრამ იმ პუბლიკანების და ჩინოვნიკების თავგასულმა მოქმედებებმა გადასახადების აკრეფისას, რომლებიც შეპყრობილები იყვნენ გამდიდრების სურვილით, პროვინციები ეკონომიკურად ძალიან დასცა.

რომის სახელმწიფოს შემოსავლის კიდევ ერთ სერიოზულ წყაროს წარმოადგენდა მაღაროები, რომლებიც ადრე მეფეებს ეკუთვნოდათ. მიუხედავად ხაზინის შევსების საშუალებების არსებობისა, ქვეყნის ისტორიაში დგებოდა წუთები, როდესაც კრიტიკული ვითარების გამო რომი კარგავდა ტერიტორიებს (მაგ., ჰანიბალთან ბრძოლაში), აუცილებელი იყო ლეგიონების დიდი რაოდენობის სრულ მზადყოფნაში ყოლა (24 ლეგიონი). ეს იყო მიზეზი იმისა, რომ წესდებოდა ორმაგი ტრიბუტუმი და ამის გარდა განსაკუთრებული გადასახადი ფლოტის შესანახად. მიმართავდნენ სახელმწიფო სესხებსაც, მაგ., როდესაც გამოჩნდა ფილიპე მაკედონელი, კრედიტორს გირაოდ ეძლეოდა სახელმწიფო მიწები. ომის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინაში ისეთი შემოსავალი შედიოდა, რომელიც თავისუფლად ფარავდა როგორც სახელმწიფო ვალს, ისე ომის ხარჯებსაც. იყო შემთხვევები, რომ სამხედრო ალაფის დიდი რაოდენობის გამო რომის მოქალაქეებს დროებით ათავისუფლებდნენ ტრიბუტუმისგან (მაგ., ძვ. წ. 168 წ.). Lex Thoria-ს მიხედვით (ძვ. წ. 107 წ.) აიკრძალა მეათედის აკრეფა სახელმწიფო მიწიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში არა დიდი შემოსავლების არსებობის გამო, არამედ პატრიციების ინტერესებიდან გამომდინარე. ძვ. წ. 61 წ. მეტელუსის მიერ გაუქმდა საბაჟო გადასახადები (portoria), თუმცა პროვინციებში ეს გადასახადი განაგრძობს არსებობას. არსებობდა გადასახადის ტიპი - ვიკესიმა (vicesima manumissionum), რომელიც შედიოდა სპეციალურ ხაზინაში (aerarium sanctius) და გათვალისწინებული იყო შავი დღისთვის (მეორე სახელწოდება aurum vicesi marium).

რესპუბლიკის ხანაში ფინანსებს განკარგავდა სენატი, რომელიც ყველა სახელმწიფო შემოსავალს აკონტროლებდა. ცენზორები მხოლოდ ადგენდნენ ბიუჯეტს, კვესტორები ანგარიშობდნენ, მაგრამ ერთნიც და მეორენიც დამოკიდებულნი იყვნენ სენატზე. მხოლოდ იმპერატორის დროს დაიწყო შემოსავლების და გასავლების ზუსტი დათვლა და მისწრაფება იყო ერთი: შემოსავალს გასავალი მთლიანად უნდა დაეფარა. პროვინციათა დაბეგვრის საკითხი რესპუბლიკის ბოლო წლებში მეტ-ნაკლებად დაარეგულირა კეისარმა, შეზღუდა რა გამგებლების და ჩინოვნიკების აღვირახსნილი მოქმედება გადასახადების აკრეფისას. ავგუსტუსმა საბოლოო წესრიგი დაამყარა ამ სფეროში - პროვინციის მცხოვრებლებისაგან ორ გადასახადს კრეფდნენ: მიწის გადასახადს და სულადობის გადასახადს. სულადობის გადასახადს მკაცრად დადგენილი ცნების და მოსახლეობის აღწერის სიების მიხედვით იღებდნენ, მიწის გადასახადს კი მიწის კადასტრის მონაცემთა საფუძველზე. მიწის გადასახადის აკრეფა იმ შემთხვევაშიც გრძელდებოდა, როდესაც მიწა პროვინციის მცხოვრებლის ხელიდან რომის მოქალაქის ხელში გადადიოდა. პროვინციები სხვადასხვანაირად იბეგრებოდა. უხდიდნენ რომს ხორბლის მოსავლის მეათედს და სხვა პროდუქტის მეხუთედს. მოსავლის აკრეფას კურირებდნენ პუბლიკანები. ისინი კრეფდნენ მოსავალს და 5 წლის განსაზღვრულ თანხას იხდიდნენ წინსწრებით (lustrum) ან თემი უხდიდა ფულით გადასახადს კვესტორებს, რომლებიც ამასთანავე აგროვებდნენ სულადობის გადასახადს (tributum in capita). ნატურით ბეგარას ეწოდებოდა ვექტიგალი (vectigal incertum), ფულით - vectigal certum, stipendiarum. დროთა განმავლობაში ნატურით გადასახადი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ფულადმა გადასახადმა. მხოლოდ ეგვიპტე და აფრიკა იყო ვალდებული მოეწოდებინათ რომისთვის ხორბალი განსაზღვრული რაოდენობით. მიწის გადასახადი უდრიდა შემოსავლის 2-5%. ვესპასიანემ გაზარდა გადასახადი, ხოლო ზოგიერთ პროვინციაში გააორმაგა კიდეც.

ავგუსტუსმა აკრძალა ყველანაირი დამატებითი გადასახადების აკრეფა პროვინციებში, რისთვისაც დაადგინა, რომ პროვინციის მოსახლეობას განსაზღვრული რაოდენობის გადასახადი უნდა გადაეხადა ადგილობრივი ჩინოვნიკებისათვის. ეს, რა თქმა უნდა, შვება იყო პროვინციელებისათვის, მაგრამ მხოლოდ გარკვეულწილად. ამის გარდა პროვინციებიდან შემოდიოდა მაღაროების შემოსავალიც (metalla - ეს სიტყვა არა მარტო ლითონს გულისხმობდა, არამედ მარმარილოს, ქვამარილს, კირქვას და სხვ.). ეს მაღაროები ჯერ კიდევ რჩებოდა ინდივიდების მფლობელობაში, თუმცა ნათელია ტენდენცია ამ მაღაროების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლისა.

სახელმწიფო მაღაროები განსაზღვრულ თანხად იჯარით გადაეცემოდათ: ახალი კართაგენის ვერცხლის საბადოები ყოველდღიურად იძლეოდნენ დაახლოებით 25000 დრაქმას, ოქროს მაღაროები (ჰალისიის, ასტურიის, ლუზიტანიის) ყოველწლიურად იძლეოდნენ 4 1/2 - 5 1/2 მილიონს გადასახადის სახით.

საბაჟო გადასახადს მოსახლეობა იხდიდა არა მარტო ნავსადგურებში, არამედ ქალაქის შემოსასვლელში. საბაჟო გადასახადი გადასახადთა სისტემაში საკმაოდ სოლიდური რაოდენობით იყო წარმოდგენილი. იმპორტულ საქონელზე საბაჟო გადასახადი შეადგენდა 21/2%, ფუფუნების საგნებზე, რომლებიც ინდოეთიდან მოჰქონდათ - 25%. პროვინციებში ამ გადასახადის აკრეფაც ხელში ჩაიგდეს მოიჯარე-შემსყიდველებმა სამარცხვინოდ მტაცებლური სისტემით (immodestia). ნერონის პერიოდში იმდენად ბევრი საჩივარი შემოდიოდა გადასახადის ამ ფორმასთან დაკავშირებით, რომ იმპერატორმა გადაწყვიტა საბაჟო გადასახადი გაეუქმებინა მთელი სახელმწიფოს მასშტაბით და მხოლოდ სენატმა აიძულა და დაარწმუნა იგი უარი ეთქვა თავის წამოწყებაზე.

ავგუსტუსმა შემოიღო vicesima hereditatum et legatorum - ანუ გადასახადი დაწესებულ მემკვიდრეობაზე, განსაკუთრებით იმ მემკვიდრეებისათვის, რომლებიც მოანდერძის სისხლით ნათესაობას არ წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ ანდერძის მიღებული ფორმა გულისხმობდა მასში მეგობრების მოხსენიებასაც, რაც ნათელს ხდის, რომ თითოეული მემკვიდრისაგან აკრეფილი თანხა სერიოზულ კაპიტალს წარმოადგენდა.

ავგუსტუსმა დაადგინა საბაჟო გადასახადი ყველა ნივთზე (centesima rerum venalium), რომლებიც გასაყიდად გამოჰქონდათ რომსა და იტალიაში. ტიბერიუსმა ეს გადასახადი 1/2 პროცენტამდე დაიყვანა, რადგანაც კაპადოკიის შემოერთებამ რომის სახელმწიფო ხაზინა გაზარდა, მაგრამ მოგვიანებით საბაჟო გადასახადი ისევ გაიზარდა. ეს გადასახადები ძირითადად ხმარდებოდა საბრძოლო ოპერაციების ხარჯების დაფარვას (aerarium militare). მონის გაყიდვიდან გადასახადი 2-4 % შეადგენდა.

განსაკუთრებული შემოსავლებიდან უნდა აღვნიშნოთ: 1) მემკვიდრეობა და ლეგატუმი (legatum), რომელიც იმპერატორს ანდერძით გადაეცემოდა. თავიდან ამას იმპერატორისადმი პატივისცემის გამო ჩადიოდნენ, ხოლო მოგვიანებით უკვე იმპერატორის ბრძანების მიხედვით.

2) ფულადი ჯარიმები და ქონების ჩამორთმევა (ხშირად ეს ავტორიტეტების შეურაცხყოფის გამო ხდებოდა). აღსანიშნავია, რომ ტირანები, მაგ., კალიგულა, ბოროტად იყენებდნენ ამ უფლებას და აქციეს იგი შემოსავლის სერიოზულ წყაროდ. გარდა იმ მემკვიდრეობებისა, რომლებიც lex Papia Poppaea-ს მიხედვით (მოანდერძის უშვილობის შემთხვევაში) სახელმწიფოს სარგებელზე ირიცხებოდა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფულის შეგროვება იმპერატორის ოქროს გვირგვინისა და საახალწლო საჩუქრებისათვის. სახელმწიფო გასავლების ზუსტი აღწერა შეუძლებელია. თუმცა შეიძლება ცალკე პუნქტების გამოყოფა: სამხედრო უწყება ხარჯავდა ყოველწლიურად 10 მილიონი ოქროს შესაბამის თანხას; პურის დარიგებაზე - 2 მილიონს. თუმცა მეცნიერებაში დაახლოებითაც ვერ ასახელებენ ციფრს, თუ რამდენი უჯდებოდა სახელმწიფოს იმპერატორის და პროვინციელი ჩინოვნიკების შენახვა, რამდენი იხარჯებოდა ფლოტზე, ქალაქის პოლიციაზე, იმპერატორის პირად დაცვაზე, ბრწყინვალე ნაგებობებზე, სახალხო ზეიმებზე, გზებსა და საფოსტო უწყებაზე. აქვე უნდა მოვიხსენიოთ ის დახმარებაც, რომელსაც სახელმწიფო უნიშნავდა წარჩინებულ, თუმცა გაღარიბებულ ოჯახებს. ერთადერთი პირდაპირი ინფორმაცია, რომელსაც ვპოულობთ სვეტონიუსთან და რომელიც ვესპასიანეს დროს სახელმწიფო ხარჯებს აღრიცხავს, აღწევს 40 000 მილიონ სესტერცს = ორ მილიარდ ოქროს, თუმცა ეს ცნობა, მეცნიერების მოსაზრებით, სანდო არ უნდა იყოს და ზოგიერთ მკვლევარს ის 2 მილიონზე ჩამოჰყავს.

სახელმწიფო ღალატი (perduellio) - მტერთან შეთქმულებაში შესვლა, დეზერტირობა. ამ ტიპის სასამართლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ დუუმვირები (duumviri perduellionis). განაჩენი იყო სიკვდილით დასჯა. მოგვიანებით დანაშაულის ეს ფორმა (ღალატი) გაერთიანდა უფრო ფართო ცნების - crimen maiestatis (თანამდებობის პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებები) ქვეშ.

სახსარი, სვანეთი - ერთგვარი გადასახადი, რომელსაც საზოგადოება იძლეოდა საზოგადო საქმის გამო დატყვევებული საზოგადოების წევრისთვის. ან თავად საზოგადოება იღებდა სახსარს დატყვევებული საერთო მტრისგან.

სახსარი, ფშავი - სახსარს ფშავში სიძის ოჯახი უხდიდა ქალის მაყრებს ქორწილში. ამ შემთხვევაში სახსარში ღვინო ან არაყი იგულისხმებოდა (იხ. ქორწინება, მთა).

სენატი (senex-დან უხუცესი, უხუცესთა საბჭო) - ა) უხუცესთა საბჭო რომში ჯერ კიდევ მეფეთა ხანაში. რომულუსმა სენატში რამნების გვარიდან 100 ოჯახის უფროსი აარჩია, რომლებიც 10 დეკურიად იყოფოდა, თითოეული 10-10 სენატორად. თითოეული დეკურიიდან შემდეგ ირჩეოდა ერთი სენატორი. მოქალაქეებად საბინების მიღების შემდეგ ტიტიების გვარიდან კიდევ 100 293 სენატორი აირჩია, შემდეგ ლუკერების გვარიდან ისევ 100 სენატორი და ეს 300 სენატორი ადრეული რესპუბლიკის ხანაშიც დარჩა. უმცროსმა გრაკქუსმა თავისი კანონით (lex Sempronia - სენატი 300 მხედრით გაზარდა) სენატში 600 კაცი შეიყვანა, სულამ ეს რიცხვი დატოვა, კეისრის დროს - 900, ანტონიუსის დროს 1000-ც კი გახდა, ავგუსტუსის დროიდან კვლავ - 600, გვიანი ანტიკურობისას - 200.

ადრე სენატს კურია და მეფე ირჩევდნენ, რესპუბლიკის დროს - კონსულები, შემდეგ კონსულის ტრიბუნები პირადი შეხედულებისდა მიხედვით და ბოლოს ცენზორები. სენატის ასარჩევად პირველი ოთხი მეფის დროს საჭირო იყო პატრიციული წარმომავლობა, მაგრამ სერვიუს ტულიუსი და პირველი კონსულები სენატში ღირსეულ პლებეებსაც იღებდნენ, განსაკუთრებით მხედრებს, რომელთა სახელწოდება იყო conscripti, სენატორების საერთო სახელი კი არჩეული სენატორები (patres (et) conscripti) იყო. მხედრების ცენზზე უფრო მაღალი სენატში შესასვლელად საჭირო არ იყო, ხოლო ვინც თანამდებობით შედიოდა სენატში, ცენზს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მხოლოდ ავგუსტუსმა დააწესა განსაკუთრებული სენატორული ცენზი 800000 სესტერცია, მოგვიანებით მილიონი. გარკვეული ასაკი პირველად საჭირო გახდა ვილიუსის ასაკობრივი კანონის მიხედვით - lex Villia annalis (ძვ. წ. 180 წ.), რომელიც საკვესტორო ასაკით ანუ 27 წლით განისაზღვრა. სულმოკლეობა, უღირსობა და ა.შ. სენატორს სენატორობის უფლებას აკარგვინებდა.

სენატში პირველი მეფეების პირველი ათი წინამძღოლიდან (decem primi) შემდგომში ინიშნებოდა ცენზორი; სენატს იწვევდნენ ჯერ მეფეები, შემდეგ კონსულები და კონსულის ტრიბუნები, მათი არყოფნის დროს კი პრეტორები, მოგვიანებით სახალხო ტრიბუნები და ბუნებრივია ექსტრაორდინარული მაგისტრატები, როგორც დიქტატორი, მხედრების უფროსი (magister equitum), რეგენტები (interreges), ქალაქის პრეფექტი (praefectus urbi) და დეცემვირები. სხდომაზე შიკრიკებით ან განცხადებით (ედიქტი) იწვევდნენ. მნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტისას ვერცერთი სენატორი რომს ვერ დატოვებდა, წასასვლელად მას განსაკუთრებული შვებულება სჭირდებოდა. იკრიბებოდნენ ტაძარში, ანუ ავგურებით განწმენდილ ადგილას.

სენატის სხდომისთვის ირჩევდნენ შემდეგ დღეებს: კალენდები, ნონები, იდები და სადღესასწაულო დღეები. სხდომა მსხვერპლშეწირვითა და მისნობით იწყებოდა. კანონიერი გადაწყვეტილება არც მზის ამოსვლამდე და არც მზის ჩასვლის შემდეგ არ უნდა მიეღოთ, თუმცა გადაუდებელ შემთხვევებში ღამის სხდომებიც იმართებოდა. სხდომები ღია იყო იმ მნიშვნელობით, რომ კარი ღია იყო და კურიის წინ შეკრებილ ხალხს შეეძლო მოესმინა ყველაფერი. სენატორებს 12 წელზე მეტი ხნის ვაჟიშვილები სენატში სხდომებზე მიჰყავდათ (II პუნიკურ ომამდე), ეს ტრადიცია შემდეგ ავგუსტუსმა აღადგინა. სხდომებს დამხმარეებიც (გადამწერები (scribae), ლიქტორები, შიკრიკები (viatores) ესწრებოდნენ.

სენატის სხდომას ხსნიდა მთავარი დამსწრე (კონსული, პრეტორი, ტრიბუნი) სიტყვით, რომელიც შეკრების მიზანს გადმოსცემდა, ამასთანავე ის ან სრულიად ობიექტურად გადმოსცემდა საქმის არსს ან საკუთარ შეხედულებასაც ამატებდა. მოხსენებას (relatio) მოსდევდა შეკითხვა (rogatio) (sententiam rogare, senatum consulere) და ხმის უფლების მქონეებს მკაცრი თანმიმდევრობით იძახებდნენ და ეკითხებოდნენ (quid censes? - რას ფიქრობ?). მოპასუხე ადიოდა და თავის აზრს გამოთქვამდა (sententiam dicere), ამასთანავე მას შეეძლო არ ეპასუხა და სხვა საქმეზე გადასულიყო. რესპუბლიკის დროს სენატი მაგისტრატებსა და სახალხო კრებასთან ერთად საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მის შემადგენლობაში ყოფილი მაგისტრატები სიცოცხლის დასასრულამდე იყვნენ და ამდენად სენატში კონცენტრირებული იყო რომის პოლიტიკური ძალები და გამოცდილება. სენატის წევრები რანგების მიხედვით იყოფოდნენ ადრე დაკავებული თანამდებობებისდა (კონსულები, პრეტორები, ედილები, ტრიბუნები, კვესტორები) მიხედვით. დისკუსიის დროს სენატორები ამ რანგების მიხედვით გამოდიოდნენ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვევებში შეკითხვისას ფიცს დებდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ ყოველგვარი მიკერძოება. ეს ჩვეულება იმპერატორების ეპოქაშიც იყო. შეკითხვის შემდეგ თავმჯდომარე აჯგუფებდა ცალკეულ აზრს, სურვილს და თანმიმდევრულად კენჭს უყრიდა, ამის შემდეგ სენატორები დგებოდნენ და იმის მხარეს გადადიოდნენ, ვის აზრსაც იზიარებდნენ. იმპერიის ეპოქაში ხმას ხელის აწევითაც აძლევდნენ. საეჭვო შემთხვევებში ხმებს ითვლიდნენ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მთავარი დამსწრე სენატის სხდომას ხურავდა სიტყვებით: „აღარ დაგაყოვნებთ, არჩეულო სენატორებო“ (nihil vos moramur, patres conscripti). მეფეთა ხანაში სენატის ძალაუფლება შეზღუდული იყო. მეფის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრის არჩევამდე საქმეები მორიგეობით გადაებარებოდა დეკურიებს decem primi. უმაღლეს მმართველს (interrex) ირჩევდნენ სენატთან ერთად. სამეფო ძალაუფლების შეწყვეტის შემდეგ სენატი მთელი სახელმწიფოს სული იყო, მაგრამ უზენაესი ძალაუფლება (maiestas) ხალხს ეკუთვნოდა. მოგვიანებით როგორც გრაქხუსებისა და სხვა სახალხო ტრიბუნების ჩარევით, ასევე სენატორების წამხდარი ზნის გამოც სენატის მნიშვნელობა დაეცა.

სენატის ფუნქციები: სენატი ზედამხედველობდა: I) 1) რელიგიურ საქმიანობას (რელიგიური კულტი, თამაშობების მოწყობა, დღესასწაულები, ახალი ტაძრები და სამსხვერპლოები და ა.შ.); 2) ფინანსებს; 3) პროვინციების საქმეებს; 4) ყველა მაგისტრატს, რომელიც სენატს უნდა დამორჩილებოდა; ასევე 2) საგარეო საქმეებს: 1) ომის წარმოებას; 2) სხვა ქალაქებთან პოლიტიკის გატარებას; 3) სენატის სასამართლო ძალაუფლება გამოიხატებოდა თანამდებობების პირების, მოკავშირეებისა და უცხოელების, რომის მოქალაქეების (თუ მათ ბრალი ედებოდათ შეთქმულებაში ან მოწამვლაში) დასჯაში; აღსანიშნავია, რომ ყველა მოსამართლე lex Sempronia-მდე სენატორთა წოდებისა იყვნენ. IV) კანონმდებლობა უშუალოდ სენატზე დამოკიდებული არ იყო, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე. კომიციებს არაფრის შეთავაზება არ შეეძლოთ სენატის თანხმობის გარეშე და ასევე მიღებული გადაწყვეტილების დამტკიცების გარეშეც. სენატს არ ჰქონდა აღმასრულებელი ძალაუფლება; მხოლოდ დიდი განსაცდელისას სენატი კონსულს შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებდა. სენატორები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ; ძველ დროში სენატორებს ღირსების შემდეგი ნიშნები ჰქონდათ: ოქროს ბეჭედი, ფართო ზოლი (latus clavus) ტუნიკაზე, განსაკუთრებული ფეხსაცმელები პატარა ნამგლით (lunula) და საპატიო ადგილი თეატრში.

ბ) სენატი იმპერატორების დროს. სენატში სენატორთა რიცხვი 600 რჩებოდა და მათ იმპერატორი ირჩევდა. პირველი სენატში (princeps senatus) ჩვეულებრივ იმპერატორი იყო. იგი ნიშნავდა სხდომებსა და სჯიდა დაუმორჩილებლებს. რიგით სხდომებს ხელმძღვანელობდა კონსული, საგანგებოს - ის მოხელე, რომელიც იწვევდა სხდომას. თავმჯდომარე მოახსენებდა (relatio), მაგრამ იმპერატორს შეეძლო ერთი, მოგვიანებით კი რამდენიმე მოხსენების წაკითხვაც. იმპერატორი ზეპირად მოახსენებდა ან უბრძანებდა კვესტორს, წაეკითხა მისი წინადადება. მოხსენებას (relatio), როგორც ადრე, მოსდევდა შეკითხვა (rogatio) და ბოლოს - ხმის მიცემა (discessio). იმპერიის დადგომისთანავე სენატის ძლიერებამ დიდი დარტყმა მიიღო. იმპერატორი თავად იღებდა გადაწყვეტილებებს და სენატიც მას ემორჩილებოდა. კარგი იმპერატორების მბრძანებლობისას სენატი გარეგნულად თავის დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა; დესპოტური იმპერატორებისას კი სენატი მათ ხელში დაუნდობელ იარაღად იქცეოდა.

სენატს სათავეში (princeps senatus) სენატორთაგან ყველაზე დამსახურებული ედგა. სენატი კანონებსა და არჩევნების შედეგებს ამტკიცებდა, მაგისტრატების მუშაობას აკონტროლებდა, აძლევდა მათ რჩევებს, საგარეო პოლიტიკის საკითხებს წყვეტდა, ზედამხედველობას უწევდა ფინანსებსა და წმინდა რიტუალების დაცვას. ფაქტობრივად, სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა.

სენატის დადგენილებები (senatus consulti) - მათ ისეთივე კანონის ძალა ჰქონდა, როგორიც სახალხო კრების დადგენილებებს (პლებისციტი). იმპერიის ხანაში სენატის მნიშვნელობა შემცირდა (ის გახდა წარჩინებული ოჯახების წარმომადგენლების კრება, რომელსაც დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა არ ჰქონდა). სენატის დადგენილებებმა შეინარჩუნეს კანონის ძალა, მაგრამ მას ახლა იმპერატორი იღებდა.

როცა 330 წ-ს კონსტანტინოპოლი სახელმწიფოს მეორე დედაქალაქად გამოცხადდა, იქაც შეიქმნა სენატი.

Senatus consultum ultimum - რესპუბლიკის ბოლო პერიოდში სენატის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. მაგისტრატების, სახელდობრ კი კონსულების მიერ საზოგადოების მტრების წინააღმდეგ ნებისმიერი, არაკონსტიტუციური ზომის მიღებაც კი. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას თან სდევდა ფორმულა - „სენატმა გადაწყვიტა, დე კონსულებმა ყველა ღონე იხმარონ, რათა რესპუბლიკას ზიანი არ მიადგეს“ („Senatus decrevit darent operam consules ne quid res publica detrimenti caperet“). პირველად Senatus consultum ultimum გაიუს გრაკქუსის და მისი 300 მომხრის (ძვ. წ. 121 წ.), შემდეგ კი კატილინას წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

სენიორები (senex) - მამაკაცები 46-დან 60 წმდე, განსხვავებით იუნიორებისაგან (17-დან 46 წ-მდე). მეფე სერვიუს ტულიუსის (ძვ. წ. VI ს.) მიერ ჩატარებული ჯარის რეფორმით შეიქმნა ორი ლეგიონი 1800 მხედრისაგან. გარდა ამისა იყო კიდევ 2 სარეზერვო ლეგიონი. პირველი შედგებოდა იუნიორებისაგან და განკუთვნილი იყო საველე სამსახურისთვის, ორი დანარჩენი კი სენიორებისაგან შედგებოდა და საოკუპაციო ჯარად გამოიყენებოდა.

სეპტიმიუს სევერუსი (Septimius Severus Imperator Caesar Pertinax Augustus) (ახ. წ. 146- 211 წწ.) - რომის იმპერატორი (ახ. წ. 193 წ-დან), შესანიშნავი მხედართმთავარი და ორგანიზატორი. მარკუს ავრელიუსის იმპერატორობისას - სენატორი, ახ. წ. 190 წ-ს - კონსული. სამი სამოქალაქო ომის განმავლობაში ტახტის ყველა პრეტენდენტს აჯობა, ბევრი გამარჯვება მოიპოვა. სეპტიმიუს სევერუსი, პირველი ე.წ. ჯარისკაცთა იმპერატორთაგან, შეეცადა რომის იმპერიის შიდაპოლიტიკური კრიზისი სამხედრო მონარქიის დამყარების გზით გადაეწყვიტა. იმპერატორის ძალაუფლება ყველა სფეროზე გავრცელდა, სენატის ძალაუფლება შესუსტდა. ადმინისტრაციული აპარატის გაძლიერების მიზნით იმპერატორმა მხედრები და პროვინციული არისტოკრატიის წარმომადგენლები დააწინაურა. იმპერატორის ძირითადმა დასაყრდენმა ჯარისკაცებმა პრივილეგიები მიიღეს (მათთვის გაადვილდა მხედართა ფენაში შეღწევა).

სეპტიმიუს სევერუსმა შეიტანა ცვლილებები კანონმდებლობაში და სრულყო იგი (მის დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი იურისტები: ულპიანუსი, პაპიანუსი და სხვ.); სეპტიმიუს სევერუსმა პართელებზე გამარჯვების ნიშნად ტრიუმფალური თაღი (ახ. წ. 203 წ.) ააგო, დაიწყო კარაკალას თერმების აშენება, გაატარა ადმინისტრაციული რეფორმები.

სერვიუს ტულიუსი (Servius Tullius) (მეფობდა ძვ. წ. 578-534 წწ.) - რომის VI მეფე, რეფორმატორი. მას მიეწერება ქალაქის კედლისა და სერვიუსის კანონმდებლობის შექმნა. ამ კანონის თანახმად, რომის მოქალაქეები დაიყვნენ ქონებრივი ცენზის მიხედვით.

რომაული ტრადიცია სერვიუს ტულიუსს რომის სახელმწიფო წყობის განმტკიცების რეფორმებს, ე.წ. სერვიუსის კანონმდებლობის შექმნას მიაწერს. რეფორმათაგან უმნიშვნელოვანესია ცენტურიათა რეფორმა, რომლის მიხედვითაც გვაროვნული ტრიბა ტერიტორიალურით შეიცვალა. ამით სერვიუს ტულიუსმა რომის მთელი მოსახლეობა 4 ქალაქის და 17 სოფლის ტრიბად დაყო. გაირკვა, რომ რომში იარაღის მატარებელი 25 000 მოქალაქე ცხოვრობდა. მოქალაქეებს შორის მოვალეობების თანაბარი განაწილებისათვის სერვიუს ტულიუსმა რომის საზოგადოებაში პლებსი შეიყვანა, ხოლო მთელი რომის მოსახლეობა ქონებრივი ცენზის მიხედვით 5 კლასად ან თანრიგად დაყო.

ყოველ კლასს გამოჰყავდა გარკვეული რაოდენობის სამხედრო ერთეული - ცენტურია (ასეული) და იღებდა იმავე რაოდენობის ხმებს ცენტურიათა კომიციებში. ასეთი 193 ცენტურია შეიქმნა. განსაკუთრებით გავლენიანი იყო I-ლი კლასის 18 ცენტურია და მე-2 კლასის 18 ცენტურია: ისეთ შემთხვევაში, თუ რომელიმე საკითხზე ისინი ერთნაირ ხმებს აძლევდნენ, სხვა ცენტურიათა აზრს აღარ იზიარებდნენ. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ პროლეტარები და ღარიბები გამოყოფილნი იყვნენ ცალკე 6 კლასში და ქმნიდნენ 1 ცენტურიას ხმის მიცემის უფლების და სამსახურიც არ ევალებოდათ. ამრიგად, შეიქმნა მდიდარი არისტოკრატია გვაროვნული არისტოკრატიის ნაცვლად. კლასების საფუძველზე მოხდა დაყოფა ტრიარებად (რომის ლეგიონის ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცები), პრინცეპსებად (პირველი რიგის, შემდგომში მეორე რიგის მძიმედ შეიარაღებული მეომრები) და ჰასტატებად (შუბოსნებად).

გადმოცემით, სერვიუს ტულიუსის დროს დასრულდა რომის ქალაქის კედლის მშენებლობა (სერვიუსის ქალაქის კედელი), რომელიც ხუთ სიმაგრეებიან ბორცვს ერტყა და ასევე მოიცავდა კვირინალის და ვიმინალის ბორცვებს. ამრიგად, რომი შვიდი ბორცვის (Septimontium) ქალაქი გახდა. თუმცა არქეოლოგიური მონაცემებით, ქალაქის კედელი რომში ძვ. წ. IV ს-ის I ნახევარში აშენდა.

სერვიუს ტულიუსს მიეწერება ფულის რეფორმაც, მან პირველმა მოჭრა ვერცხლის მონეტა. სერვიუს ტულიუსი საზოგადოების კეთილდღეობისათვის ზრუნავდა: იგი ათენელი სოლონივით უპოვრებს მონობიდან იხსნიდა და კლიენტებს პატრონების დამოკიდებულებიდან ათავისუფლებდა. სერვიუს ტულიუსს ამიტომაც „სახალხო“ მეფედ მიიჩნევდნენ.

სეცესია/სეცესიო (Secessio) - აჯანყებული პლებსის ქალაქიდან გაძევება. პირველი სეცესია (ძვ. წ. 494 წ.) გახდა საბაბი სახალხო ტრიბუნის შემოღებისა, რადგანაც პლებეები მხოლოდ ამ პირობით თანხმდებოდნენ ქალაქში დაბრუნებას. ძვ. წ. 449 წ-ს კი მორე სეცესიით გაუქმდა დეცემვირების თანამდებობა.

სვიმონ, სვანეთი - იფარის საზოგადოებაში მდებარე მინდორი, სადაც საზოგადოებათა კავშირი - ხეობა იკრიბებოდა.

სვიფი, სვანეთი (ბერძნ. აგორა, რომ. ფორუმი) - საჯარო ადგილი, სადაც საზოგადოება თავს იყრიდა მახვშის ასარჩევად, ან გადასაწყვეტად რაიმე საქმისა, რომელიც სახალხო ყრილობას ეხებოდა.

სიკოფანტები (συκοφάνται) - დანაშაულთა დიდი ნაწილისათვის ათენში არ არსებობდნენ საჯარო ბრალმდებლები, თუმცაღა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო აღეძრა საჯარო საქმე (იხ. დიკე). ზოგიერთ პიროვნებათ ჩვევად ექცათ სამართლებრივი დევნის აღძვრა: 1) რათა მიეღოთ ფულადი ჯილდო, რომელსაც ზოგიერთი ტიპის ბრალდებათა დროს (იხ. ფასისი, აპოგრაფე) წარმატებული ბრალმდებლები იღებდნენ; 2) რომ მიეღოთ ფული იმ კაცის დაშანტაჟებით, რომელიც მზად იყო გადაეხადა თანხა, რათა აეცილებინა სამართლებრივი დევნა; 3) რათა მიეღოთ ფული იმ ადამიანისაგან, რომელიც დაინტერესებული იყო, რომ ამა თუ იმ პირის მიმართ საქმე სასამართლოში აღძრულიყო; 4) რათა მოეპოვებინათ პოლიტიკოსისა თუ ორატორის რეპუტაცია. ასეთ პიროვნებებს სიკოფანტები ეწოდებოდათ (სიტყვასიტყვით „ლეღვის დამბეზღებელნი“). ათენელებს სურდათ სიკოფანტების გამომზეურება, განსაკუთრებით შანტაჟის მომწყობთა, თუმცა, მეორე მხრივ, მათ არ უნდოდათ საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი მოხალისე ბრალმდებლების დაშინება. ამის გამო მათ არ გაუუქმებიათ ჯილდო წარმატებული ბრალდებისათვის, თუმცაღა ამასთან ერთად შემოიღეს ჯარიმებიც საჯარო ბრალდების საქმეთა უმეტესობაში იმ ბრალმდებელთათვის, რომლებიც მიატოვებდნენ წამოწყებულ საქმეს ან რომლებიც ვერ შეძლებდნენ დიკასტესების ხმათა 1/5-ის მიღებას (იხ. სამართალწარმოება, ათენი). ამას გარდა, სიკოფანტობა იყო დანაშაული, რომელიც სამართლებრივ დევნას ექვემდებარებოდა. სიკოფანტების მიმართ საქმის აღძვრა შეიძლებოდა ბრალდების სხვადასხვა სახეობით, როგორებიც იყო: გრაფე, ეისანგელია, პრობოლე, აპაგოგე და ენდეიქსისი, თუმცა უცნობია, თუ როგორ იყო ეს დანაშაული განსაზღვრული სამართლებრივად.

სინეგოროსი (συνήγορος) - ძირითადად აღნიშნავდა პირს, რომელიც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხრის ინტერესებიდან გამომდინარე ლაპარაკობდა. სიტყვასიტყვით „მოლაპარაკე (ვინმესთან) ერთად“. ოფიციალურად სინეგოროსი იყო სპიკერი, რომელიც მხარდამჭერის ფუნქციას ასრულებდა. ამით თეორიულად მაინც შენარჩუნებული იყო კანონი, რომელიც არ უშვებდა იმას, რომ მოდავე მხარეები ადვოკატებით ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. ამ ტერმინით ასევე აღინიშნებოდა სპიკერი, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენდა როგორც სამართლებრივი დევნის აღმძვრელი. თუმცა საჯარო ბრალდებათა უმეტესობას კერძო პირები აღძრავდნენ.

სისხლი (სვან. წორ), სვანეთი - ერთგვარი გადასახადი, ნივთიერად სისხლის აღება. მაგ., თუ საზოგადოების რომელიმე წევრი საზოგადო მტერს მოკლავდა, საზოგადოება (თანასწორად ყველა მეკომური) ვალდებული იყო მოკლულის ჭირისუფლისთვის ეზღო „სისხლი“. თითოეულ საზოგადოებაში წორს შეადგენდა სხვადასხვა ნივთიერი გადასახადი:

1) უშგულის საზოგადოებაში - ექვსი სისხლის ნალჯომი (საზომი) სახნავი ყანა. თითო ყანის ღირებულება 6 ხარს შეადგენდა. თუ მკვლელს ასეთი ყანა არ ჰქონდა, მის მაგივრად უნდა მიეცა სახლ-კარი, რომელიც სამი სისხლის ნალჯომის ტოლფასი იყო და კალო თავისი კარაპანით. კალო ორ ნალჯომს უდრიდა, მეექვსე ნალჯომის სანაცვლოდ მკვლელს უნდა მიეცა უძრავი ქონება. ასევე მკვლელის გადასახადში შედიოდა კარგი თოფი და მოკლული ოჯახის წევრებისთვის თითო-თითო ხარი ან ძროხა საჩუქრად. შერიგების დროს მკვლელს მასპინძლობა უნდა გაეწია მოკლულის ოჯახისთვის და მასთან ერთად მორვებისა ან ლუფხულებისთვის.

2) კალას საზოგადოებაში წორი ისეთივე იყო, როგორც უშგულის საზოგადოებაში, მაგრამ აქ კერია და ნაჭა მომეტებული იყო ჭირისუფლების მისაცემად.

3) იფარის საზოგადოებაში - სამი ნალჯომი სახნავი მიწა, ორი ნალჯომი სათიბი და ერთის საღირალი მოძრავი ქონება. დანარჩენი ისევე იყო, როგორც უშგულში.

4) მულახის საზოგადოებაში - სამი ნალჯომი სახნავი მიწა და სამი ნალჯომი სათიბი ყანების ფასად.

5) მესტიაში ისეთივე გადასახადი იყო, როგორც მულახის საზოგადოებაში.

6) ლენჯერის საზოგადოებაში - 24 ნალჯომი სახნავი მიწა.

7) ლატალში - როგორც ლენჯერში. ლატალისა და ლენჯერის ოთხი ნალჯომი უდრიდა უშგულის ერთ ნალჯომს.

8) საბატონო სვანეთში რამდენიმე საზოგადოებაში (ბეჩო, ფარი, ჩაბუხევი, ლახამულა) წორად იყო 24 „ცხვადიში“ სახნავი და სათიბი მიწა (ცხვადიში და ლენჯერ-ლატალის ნალჯომი ტოლია ერთმანეთისა). ეცრის საზოგადოებაში - 12 ცხვადიში სახნავ-სათიბი მიწა. ამას გარდა, მკვლელს ამ საზოგადოებებში 200 მანეთამდე უჯდებოდა სხვადასხვა ხარჯი.

9) სადადიანო სვანეთში, რომელსაც შეადგენდა სამი საზოგადოება - ლაშხეთი, ჩოლური და ლენტეხი, წორად მიღებული იყო 400 მანეთის საღირალი მოძრავი ქონება (იარაღი, ვერცხლეული, სპილენძის საარაყე ქვაბები და ბოლოს ოთხფეხა საქონელი). თუ მოსახლეს ეს ყველაფერი არ ჰქონდა, მაშინ 400 მანეთის საღირალი სახნავ-სათესი ადგილები უნდა მიეცა.

სიძვა - ძველ საქართველოში დაუქორწინებელი ქალ-ვაჟის სქესობრივი კავშირი, „უმეუღლოს ბოზობა“ (საბა). ასეთ ქალს „მეძავი“, მამაკაცს კი „მსიძავი“ ერქვა. „მეძვისაგანი“ ანუ „სიძვით შობილი“ აღნიშნავდა ნაბიჭვარს, „სიძვის სასყიდელი“ - როსკიპის („წარმდები“, „სიძვის დედაკაცი“) გასამრჯელოს, ხოლო „მეძავთსაძოვნებელი“ და „მეძავთუხუცესი“ - სამეძაო სახლსა და მის პატრონს. „სიძვით დაცემისათვის“ სჯულის კანონი 3 თუ 7 წლით უზიარებლობას აწესებდა („სიძვისა კანონით“ დაკანონება). „ცთუნება ქალწულისა უთხოველისაჲ“ ადათობრივი სამართლის ნორმებით სისხლის აღებას იწვევდა (იხ. მრუშობა).

სკიპიო ნაზიკა კორკულუმ (ანუ „ჭკვიანი“) (Scipio Nasica Corculum) - კონსული (ძვ. წ. 162 და 155 წწ.), ცენზორი (ძვ. წ. 159 წ.), იურისტი, რომელსაც სენატი ისეთ პატივს სცემდა, რომ საზოგადოებრივ ხარჯებზე აშენებული სახლი აჩუქა via Sacra-ზე, რათა იურიდიული კონსულტაციისათვის ხალხს მისვლა არ გასჭირვებოდა.

სოდალიცია (sodalicia, sodalitates) - ძმობა, საკულტო კოლეგიები, შემდგომში საზოგადოებები (კოლეგია), რომლებიც უმეტესწილად პოლიტიკური აგიტაციით იყვნენ დაკავებული; sodales, საზოგადოების წევრები, რომელთა იმედი შეიძლება გქონოდა;

sodalitates Augustales - ავგუსტუსის კულტის ქურუმთა კოლეგია.

სოლონ (დაახ. ძვ. წ. 640-558 წწ.) - გამოჩენილი ათენელი სახელმწიფო მოღვაწე, პოეტი, მხედართმთავარი, რეფორმატორი და კანონმდებელი, ერთ-ერთი „შვიდ ბრძენთაგანი“. სოლონი თავისი ლექსებით შთააგონებდა თანამოქალაქეებს, გაელაშქრებინათ სალამინის დასაბრუნებლად. ძვ. წ. 594 წ-ს სოლონი არქონად აირჩიეს და მას პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ჩატარება მიანდეს. იგი ზომიერი პოლიტიკის გამტარებელი იყო. მას ყველა (მდიდარი, ღარიბი) ემადლიერებოდა და ასევე ყველას ჰქონდა მის მიმართ პრეტენზია; დიდია სოლონის დამსახურება გვაროვნული არისტოკრატიის პრივილეგიების გაუქმებისა და ათენური დემოკრატიის საფუძვლების ჩაყრის საქმეში.

რეფორმები:

სოლონის რეფორმათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა - ე.წ. „სეისახთეია“ - „ტვირთის მოხსნა“ იყო, რაც გულისხმობდა ყველა მოქალაქისთვის იმ ვალდებულებათა მოხსნას, რომლებიც ვალისთვის გირაოდ ჩადებულ მიწასთან იყო დაკავშირებული. სოლონმა კანონით აკრძალა ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ადამიანის მონად გაყიდვა. მან არა მარტო აკრძალა მონებად გაყიდვა, არამედ დააბრუნა, „გამოისყიდა“ მონებად გაყიდული მოქალაქეები.

სოლონმა შეცვალა ზომისა და წონის, ფულის მოჭრის სისტემა, რითაც ათენში ვაჭრობას შეუწყო ხელი. ხელოსნობის განვითარებისათვის მან საბერძნეთის სხვა ქალაქებიდან მოიწვია ვაჭრები და ხელოსნები და მათ მოქალაქეობა მისცა. სოლონმა შეცვალა კალენდარიც.

ასევე სოლონმა აკრძალა ატიკიდან პურის გატანა. ამით მან ბრძოლა გამოუცხადა გვაროვნულ არისტოკრატიას, რომელიც ფლობდა ნაყოფიერ მიწებს და ატიკის გარეთ ხორბლის გატანით შიდა ბაზარზე თვითნებურ ფასებს აწესებდა.

ტრადიციის მიხედვით, ანდერძი ატიკურ კანონმდებლობაში სოლონმა შემოიტანა. იგი ნებადართული მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო, როცა ანდერძის დამწერ პირს ვაჟიშვილები არ ჰყავდა. სოლონის კანონმდებლობით, ყველა მშობელი ვალდებული იყო შვილისათვის რაიმე ხელობა ესწავლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს შეეძლო უარი ეთქვა მამის რჩენაზე.

სოლონმა მოქალაქეები არა მათი წარმოშობის, არამედ ქონებრივი ცენზის მიხედვით ოთხ კლასად დაყო. მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების განმსაზღვრელი გახდა წლიური შემოსავლის ოდენობა და არა მათი წარმომავლობა. ქონებრივი ცენზის დაწესებამ სამხედრო ვალდებულებებიც განსაზღვრა:

I კლასი - მსხვილი მონათმფლობელები, მსხვილი ვაჭრები, 500 მედიმნიანები, ე.წ. პენტაკოსიოსმედიმნოსები (მოქალაქენი, რომელთა წლიური შემოსავალი შეადგენდა 500 მედიმნს), მათ შეეძლოთ ყველა თანამდებობის დაკავება, ეკისრებოდათ მაღალი სახელმწიფო გადასახადები, ომის დროს საკუთარი ხარჯით სამსახური.

II კლასი - შეძლებული გლეხობა და ვაჭრები, ეკისრებოდათ ცხენოსან ჯარისკაცად კავალერიაში სამსახური, ე.წ. მხედრები. მასში შემავალ პირთა შემოსავალი 500-დან 300 მედიმნ ხორბალს (ან სხვა პროდუქტში მის ეკვივალენტს თუ ფულად თანხას) შორის მერყეობდა. მხედრები თითქმის იმავე პრივილეგიებით სარგებლობდნენ, რითაც მოქალაქეთა პირველი კლასი. გამონაკლისს არქონებისა და ხაზინადარების თანამდებობები წარმოადგენდა, რომელთაც გარკვეული პერიოდი მხოლოდ პირველი კლასიდან ირჩევდნენ.

III კლასი - ღარიბი გლეხობა, ხელოსნები და მეთევზეები, 200 მედიმნიანები; შეეძლოთ საშუალო რანგის თანამდებობის დაკავება, სახალხო კრებაში მონაწილეობა; ევალებოდათ საკუთარი სახსრებით მძიმედ შეიარაღებული ქვეითების, ჰოპლიტების გამოყვანა, ე.წ. ძევგიტები.

IV კლასი - დაქირავებული მუშები, უუფლებოები, 200 მედიმნზე ნაკლები შემოსავლის ან საერთოდ არაფრის მქონენი. შეეძლოთ მეზღვაურებად ფლოტში და მსუბუქად აღჭურვილ ჯარისკაცებად სამსახური, სახალხო კრებაში მონაწილეობის მიღება, დაშვებული იყვნენ ჰელიაიებში ე.წ. თეტები.

სოლონის მიერ ქონებისა და შემოსავლის მიხედვით მოქალაქეების დაყოფა ძალაუფლების კონტროლსა და მმართველობაში ამ კლასების როლისა და მონაწილეობის გადანაწილებას ნიშნავდა. სოლონის რეფორმამდე ათენში მთელ ძალაუფლებას ევპატრიდები ფლობდნენ, ხალხი სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობას არ იღებდა, ქონებრივი ცენზის შემოღებით გზა გაეხსნა არა მხოლოდ წარჩინებულ, არამედ უბრალო წარმოშობის შეძლებულ ადამიანებსაც.

სოლონმა გააძლიერა ათენის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს - სახალხო კრების მნიშვნელობა. სავარაუდოდ, მან პირველმა განსაზღვრა სახალხო კრების უფლებები და მოვალეობანი. კრებას უფრო ხშირად იწვევდნენ და მასზე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო საქმეებს განიხილავდნენ, იღებდნენ კანონებს, ირჩევდნენ თანამდებობის პირებს. კანონების წინასწარი განხილვისათვის სოლონმა შექმნა ოთხასთა საბჭო (ყოველი ფილედან 100 კაცი), რითაც მან არეოპაგთან მიმართებაში სახალხო კრების პოზიცია გააძლიერა, თუმცა მეცნიერთა ვარაუდით, ამ მეორე საბჭოს - ბულეს შექმნას არ უნდა ჩამოერთმია არეოპაგისათვის (უწინდელი საბჭოსთვის) პრობულევტიკური ფუნქციები.

სოლონმა მიანიჭა ჰელიაიას აპელაციის უფლება, რითაც მან გაათავისუფლა პიროვნება მაგისტრატების განუსაზღვრელი ძალაუფლებისგან და ხალხს მათზე გარკვეული კონტროლის უფლება მიანიჭა. ამასთან, სოლონმა შეცვალა დრაკონის კანონები (მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებული კანონების გარდა) უფრო ჰუმანური კანონებით.

სპასალარი - სამხედრო უწყების მოხელე ძველ საქართველოში. სპასალარი ადგილობრივი მხედართმთავარი იყო. ყოველ კუთხესა თუ თემს თავისი სპასალარი უნდა ჰყოლოდა. ლეონტი მროველის ცნობით, სპასალარნი ფარნავაზ მეფემ „ერისთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა“. მეწინავე ჯარს „სამცხის სპასალარი“ სარდლობდა. სპასალარი სპასპეტის, ამირსპასალარის სახელისუფლოში შედიოდა.

სტიპენდია (stipendium) - სიტყვა მომდინარეობს stips (მონეტა) და pendere-დან (გადახდა). 1) ჯამაგირი, რომელსაც უხდიდნენ ჯარისკაცს. ძველ დროში ჯარისკაცების ჯამაგირს იხდიდა ტრიბა, რომელიც ვალდებული იყო ჯარში თავის მიერ წარმოდგენილი კონტიგენტი შეენახა. ნამდვილი ხელფასი (de publico) შემოიღეს სენატის დადგენილებით ძვ. წ. 406 წ-ს. ჯარს უხდიდნენ არა ყოველთვიურად, არამედ ერთბაშად მთელი ლაშქრობისათვის, ასე რომ, სიტყვა stipendia-თი ცალკეულ ლაშქრობებსაც აღნიშნავდნენ. მოგვიანებით, ჯამაგირს გასცემდნენ დღიურად - კაცზე 5 მსუბუქ ასს. კეისარმა გაზარდა ეს ხელფასი 10 ასამდე (დინარი შეადგენდა 16 ასს) თითოეული ლეგიონერისათვის. ამ ოდენობით დარჩა ხელფასი, ერთი ვერსიით ერთადერთი პრეტორიელებს დაუნიშნა ავგუსტუსმა 2 დინარი დღეში. უკვე დომიციანუსმა გაზარდა ლეგიონერის ჯამაგირი 12 ასამდე. 2) გადასახადი, თავიდან სამხედრო კონტრიბუცია დამარცხებული ხალხებისაგან, რომელთაც უნდა დაეფარათ ჯარის ხარჯები, ძირითადად ჯარისკაცთა ხელფასები.

3) მოგვიანებით სტიპენდია ეწოდებოდა გადასახადს, რომლითაც იბეგრებოდა პროვინციები. ამ ტიპის გადასახადის გადამხდელები იწოდებოდნენ სტიპენდიარებად (stipendiarii).

სტოლონი გაიუს ლიცინიუსი (Gaius Licinius Stolo) - ლიცინიუსი პლებეური წარმოშობის გვარი იყო, მომდინარეობდა ეტრურიიდან ან ტუსკულუნუმიდან. გაიუს ლიცინიუს სტოლონი იყო სახალხო ტრიბუნი სესტიუს ლატერანთან ერთად (ძვ. წ. 376-367 წწ.) და იბრძოდა პლებსის სოციალური პირობების გაუმჯობესებისათვის. ისინი ცდილობდნენ პლებსისთვის პატრიციებთან გათანაბრებული უფლებები მიენიჭებინათ. სენატი წინააღმდეგი იყო მათი რეფორმისა, მაგრამ იძულებული იყო დაეთმო, რის შედეგადაც გავიდა კანონი, რომელიც ძალიან ხელსაყრელი იყო მოვალეებისათვის და ზღუდავდა მდიდართა უფლებებს სახელმწიფო მიწასთან (ager publicus) მიმართებაში. ათწლიანი ბრძოლის შემდეგ ძვ. წ. 366 წ-ს მიღწეულ იქნა კომპრომისი, რომლის მიხედვითაც პლებეებს მიეცათ უფლება კენჭი ეყარათ კონსულის თანამდებობის არჩევნებში. 364 წ. ლიცინიუსი აირჩიეს კონსულად, მეორედ - 361 წ-ს ის პატრიციები, რომელთაც სძულდათ ლიცინიუსი თავისი კანონების და მოღვაწეობის გამო, დაუპირისპირდნენ მას და დაადანაშაულეს თავისივე კანონის (აგრარული კანონი, რომლის მიხედვითაც, 500 იუგერზე მეტი მიწის ფლობა აკრძალული იყო. ლიცინიუსის მიწა კი 1000 იუგერს შეადგენდა) დარღვევაში, რის გამოც ძვ. წ. 357 წ-ს მას ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

სტრატეგოსები (στρατηγοί) - ეს ტერმინი საბერძნეთში სამხედრო მეთაურს აღნიშნავდა, თუმცა ათენში ძვ. წ. V ს-ში სტრატეგოსობა იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თანამდებობა. ძვ. წ. VI ს-ში, როდესაც ჯარს პოლემარქოსები (იხ. არქონ პოლემარქოსი) მეთაურობდნენ, სტრატეგოსთა შესახებ არაფერია ცნობილი. მაგრამ ძვ. წ. 501/500 წ-ს ახალი მოწყობა შემოიღეს, რომლის მიხედვითაც ხალხი ყოველწლიურად ირჩევდა ათ სტრატეგოსს, თითოეულს - თითო ფილედან. თითოეული სტრატეგოსი მეთაურობდა თავისი ფილეს სამხედრო შენაერთს, ხოლო პოლემარქოსი ინარჩუნებდა უმაღლეს მთავარსარდლობას. ძვ. წ. 487/6 წდან მოყოლებული არქონ პოლემარქოსი სხვა არქონთა მსგავსად, წილისყრით იქნა დანიშნული. გამომდინარე იქიდან, რომ წილისყრით არ შეიძლებოდა მუდმივად კარგი წინამძღოლი ყოფილიყო შერჩეული, პოლემარქოსი ჯარის მეთაურობას ჩამოაცილეს. სტრატეგოსები კი, რომლებიც კვლავ არჩევითი თანამდებობა გახლდათ, არა მხოლოდ უმაღლესი სამხედრო მეთაურები შეიქმნენ, არამედ, ცალკეულ შემთხვევებში, პოლიტიკური წინამძღოლებიც.

ადრეული პერიოდის სტრატეგოსები - თემისტოკლესი და კიმონი იყვნენ ერთსა და იმავე დროს როგორც მთავარსარდლები, ასევე პოლიტიკოსებიც. პერიკლე რამდენჯერმე იყო სტრატეგოსად არჩეული. ძვ. წ. 443 წ-ის შემდეგ მას ეს პოსტი ძვ. წ. 429 წ-მდე, სიკვდილამდე ეკავა. მაგრამ ძვ. წ. V ს-ის ბოლოდან მოყოლებული ათენის სამხედრო ძლიერების დაცემასთან ერთად, პოლიტიკური გავლენის მოსაპოვებლად სამხედრო თანამდებობის ქონა უკვე აღარ იყო საჭირო.

სტრატეგოსებს ყოველწლიურად გაზაფხულზე ირჩევდნენ. იმ შემთხვევაში, თუკი სტრატეგოსი გარდაიცვლებოდა ან მას თანამდებობიდან გადააყენებდნენ, არჩევნები ხელახლა ტარდებოდა, რათა მას წლის ბოლომდე სხვა სტრატეგოსი ჩანაცვლებოდა. გარკვეული პერიოდიდან სტრატეგოსის არჩევის წესში ცვლილებები შევიდა. ასე მაგალითად, რამდენჯერმე ერთი ფილედან ორი სტრატეგოსი იქნა არჩეული, სხვა ფილე კი წარმომადგენლის გარეშე დარჩა. არისტოტელეს დროისათვის სტრატეგოსთა არჩევის ეს წესი მთლიანად გააუქმეს და სტრატეგოსთა არჩევა ფილეებისაგან დამოუკიდებლად დაიწყეს.

მას შემდეგ, რაც სტრატეგოსებმა უმაღლესი მთავარსარდლობა მიიღეს, ისინი უკვე აღარ მეთაურობდნენ თავიანთი ფილეების სამხედრო შენაერთებს. ეს ფუნქცია ტაქსიარქოსებს გადაეცათ. ერთ კონკრეტულ სამხედრო ან საზღვაო ექსპედიციას, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე სტრატეგოსი დგომოდა სათავეში. დასაშვები იყო ისიც, რომ სტრატეგოსს ჰქონოდა განსაკუთრებული ძალაუფლება, თავად მიეღო გადაწყვეტილებები ათენისაგან დამოუკიდებლად. შინ სტრატეგოსთა პასუხისმგებლობებში შედიოდა მოქალაქეთა გაწვევა სამხედრო სამსახურში, ახალწვეულთა მიერ ჯარის შევსება, ასევე ტრიერარქიების სისტემის მეშვეობით გემების შენახვისა და მათი მეთაურობის ორგანიზება. როდესაც სასამართლო საქმე წარმოიქმნებოდა ამ სფეროთა არასწორად ფუნქციონირებისას, როგორებიც იყო, მაგალითად, სამართლებრივი დევნა დეზერტირობის ან სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო, ანდა დავა ტრიერარქიის მოვალეობის აღსრულების 300 თაობაზე, სტრატეგოსებს საქმე სასამართლოსთვის (დიკასტერიონისთვის) უნდა გადაეცათ და პროცესზე თავმჯდომარეები ყოფილიყვნენ. ძვ. წ. IV ს-ში სტრატეგოსთა მოვალეობები დაიყო: ერთი სტრატეგოსი იყო ქვეითთა მეთაური, მეორეს ევალებოდა ატიკის დაცვა, ორს პირევსის მშვიდობიანობა უნდა უზრუნველეყო, ერთი სტრატეგოსი იყო ტრიერარქთა ზედამხედველი, დანარჩენ ხუთს სხვა მოვალეობები ეკისრებოდა.

ათენელები თავიანთ სტრატეგოსებს გულდასმით ადევნებდნენ თვალყურს. თანამდებობრივი ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი ევთინეს გადიოდნენ. ამის გარდა თითოეული პრიტანეის განმავლობაში თითოეული სტრატეგოსი შეკრების წინაშე უნდა წარმდგარიყო და მოქალაქეებს ხელის აწევით უნდა გადაეწყვიტათ, თუ რამდენად იყო მისი მსახურება დამაკმაყოფილებელი. იმ შემთხვევაში, თუ სტრატეგოსის საქმიანობას არ მოიწონებდნენ, მას სასამართლოში გაასამართლებდნენ, თუმცა თუკი მას სასამართლო გაამართლებდა, სტრატეგოსი კვლავ იკავებდა თანამდებობას. ყოველივე ეს, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ათენური დემოკრატიის ყველაზე განმაცვიფრებელ ნიშან-თვისებას ცხადყოფს: ათენელებს არ მიუწევდათ გული, რომ ძალაუფლება ნიჭიერი და მარჯვე ადამიანებისთვისაც გადაეცათ და ამასთანავე ეშინოდათ იმისიც, რომ ეს ძალაუფლება ბოროტად არ ყოფილიყო გამოყენებული.

სულა ლუციუს კორნელიუს (Sulla Lucius Cornelius) (ძვ. წ. 138-78 წწ.) - ნიჭიერი მხედართმთავარი და მკაცრი პოლიტიკოსი, რეაქციული სენატორული ოლიგარქიის წარმომადგენელი. მან დიქტატორული ძალაუფლება ძალადობით ჩაიგდო ხელში (ძვ. წ. 82 წ.) და მიიღო კანონები ნობილიტეტის სასარგებლოდ - lex Cornelia.

კორნელიუსების პატრიციული ოჯახის წარმომადგენელი მონდომებით სწავლობდა, განსაკუთრებით ბერძნულ ენასა და ლიტერატურას, უყვარდა დროსტარება, სხეულის გაკაჟება, ძვ. წ. 107 წ-ს მარიუსის დროს გახდა კვესტორი, ძვ. წ. 92 წ-ს კილიკიის პროპრეტორი. ძვ. წ. 90-89 წწ. მოკავშირეთა ომის დროს წარმატებული ლეგატი იყო და უფრო მეტი სახელი მოიხვეჭა, ვიდრე მარიუსმა. ძვ. წ. 88 წ-ს კონსულად აირჩიეს და მხედართმთავრად დანიშნეს მითრიდატე VI-ს წინააღმდეგ ომში, სადაც გაიმარჯვა კიდეც. სულამ აიძულა მითრიდატე VI დარდანელის ზავი შეეკრა (ძვ. წ. 85 წ.), რითაც რომის ძალაუფლება აღდგა მცირე აზიაში. ძვ. წ. 88 წ-ს, როცა რომი მარიუსის მომხრეებმა დაიპყრეს, სულა მხედართმთავრობიდან გაათავისუფლეს. მაშინ პირველად რომის ისტორიაში მან თავისი ჯარი რომის წინააღმდეგ დაძრა (სამოქალაქო ომის დასაწყისი), გაიმარჯვა მარიუსის მომხრეებზე (პოპულარებზე) და ბრძანა მათგან 10 ათასი სიკვდილით დაესაჯათ. სულამ გამოსცა კანონები, რომლებიც სენატის შევსებასა და არჩევნების არისტოკრატიული სულით შეცვლას ითვალისწინებდა.

ძვ. წ. 83 წ-ს სულამ ისევ გაიმარჯვა მარიუსელებზე და ბრძანა, სენატის თვალწინ 6 ათასი ტყვე მოეკლათ, ხოლო მოწინააღმდეგეები პროსკრიპციებით რომიდან გაეძევებინათ. იმავე წელს თავი დიქტატორად გამოაცხადა (პირველად განუსაზღვრელი დროით), თავი მცველებით შემოირტყა და თავისი გამარჯვებების აღსანიშნავად ბრწყინვალე დღესასწაულები გამართა. ასე დამკვიდრებულმა სულამ ბევრი კანონი გამოსცა, რომლებიც გრაკქუსების დადგენილებებს ცვლიდნენ, ხალხის უფლებებს სპობდნენ და შესაბამისად, წლების მანძილზე არისტოკრატიულ მმართველობას უწყობდნენ ხელს.

მისი დიქტატურა მიმართული იყო დემოკრატიული წესწყობილების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ოპტიმატების იდეების განხორციელებას. სულამ კვლავ სენატორებს გადასცა სასამართლოები, რომლებიც მაშინ მხედართა ფენის ხელში იყო; მხედართა ფენას სანახაობებზე საპატიო ადგილები წაართვა; გაწმინდა და შეავსო სენატი, გახადა იგი უმაღლეს და საპატიო სახელმწიფო დაწესებულებად; შეზღუდა სახალხო ტრიბუნების უფლებები და ამით საფუძველი გამოაცალა პოპულარებსა და პლებსს. შემოიღო საუკეთესო სამართალწარმოება, რაც მის დიდ დამსახურებად ითვლება.

დიქტატურის სოციალურ საფუძველს სენატორთა ოლიგარქია და ჯარი წარმოადგენდა. სულამ გარდაქმნა საზოგადოებრივი საქმეები, დაუბრუნა სახელმწიფოს წესრიგი და სიმშვიდე. ძვ. წ. 79 წ-ს სულამ აღიარა, რომ ვერ მიაღწია თავის მიზანს, მოიხსნა უფლებამოსილება და თავად შესთავაზა დამსწრეებს პასუხისგებაში მიეცათ მის მიერ ჩადენილი მოქმედებისათვის, მაგრამ ვერავინ გაბედა ამის გაკეთება. სულა მშვიდ ცხოვრებას დაუბრუნდა, ნადირობდა, თევზაობდა, თავის მამულში „მემუარებს“ (არ მოუღწევია) წერდა, რომლის დასრულებამდე ძლიერი სისხლისდენით გარდაიცვალა.

სულპიკიუს რუფუსი (Sulpicius Rufus) (ძვ. წ. 88 წ.) - სახალხო ტრიბუნი, ლივიუს დრუზუსის მემკვიდრე და მისი პოლიტიკის გამტარებელი: მარიუსის თანადგომით გაატარა რამდენიმე კანონი ნობილიტეტის წინააღმდეგ (lex Sulpicia), მაგრამ სულას დაბრუნებისთანავე მოკლეს.

სჯულდება - სჯულისდება, შჯულისდება, კანონმდებლობა, სამართლის წიგნი ძველ საქართველოში. ტერმინი სჯულისდება ასახავს საკანონმდებლო პროცესს - გულისხმობს სჯულის დადებას ანუ შედგენა-შემოღებას და მის „განწესებას“. სახელმწიფო სამართლის კანონმდებლობას, კერძოდ, ვახტანგ VI-ის დასტურლამალს „სახელმწიფო სჯულდება“ ერქვა. სჯულდება ეწოდება იოანე ბატონიშვილის სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტს, აგრეთვე ალექსი მიხეილის ძის 1649 წლის კანონთა კრებულის ქართულ თარგმანს. სჯულდება სამონასტრო წესდების მნიშვნელობითაც იხმარებოდა, მათ შორის, პეტრიწონის მონასტრის 1083 წლის ტიპიკონი.

სჯული - რჯული, შჯული, კანონი, წესი და ჩვეულება, სამართალი ძველ საქართველოში. განასხვავებდნენ „ბუნებით სჯულს“, რომელიც ადამიანთა თანდაყოლილ, შინაგან წესად მიიჩნეოდა, აგრეთვე არსებობდა „დაწერილი სჯული“ ანუ კანონმდებლობა („სჯული წიგნისაჲ“), „უწერელი სჯული“, რომელიც ჩვეულებით სამართალს გულისხმობდა და „სამოქალაქოთა სჯული“. სჯული, უმეტესწილად, საეკლესიო კანონწესების მნიშვნელობით იხმარებოდა. ამ დარგის ნორმათა კრებულს სჯულისკანონი, სამართალმცოდნეს კი მერჩულე ეწოდებოდა.

სჯულისკანონი - კანონიკური კრებული, ბიზანტიურ-ბერძნული საკანონმდებლო ძეგლი - ნომოკანონის ქართული რედაქცია, რომელსაც ქართული საეკლესიო სამართლის ნორმები ჰქონდა დამატებული. თავდაპირველად V-VI სს-ში გაჩნდა კანონიკური კრებულები, თუმცა ნომოკანონების ჩამოყალიბების პროცესი VIII ს-მდე გაგრძელდა.

X ს-ის ბოლოს ექვთიმე მთაწმინდელმა შეადგინა ბერძნული კანონიკური მწერლობის სხვადასხვა წყაროს რედაქციული გადამუშავებისა და ქართული მასალის შეტანით კანონიკური კრებული „მცირე სჯულისკანონი“. იგი დიდხანს ითვლებოდა ქართული ეკლესიის სახელმძღვანელოდ. „მცირე სჯულისკანონი“ 4 ნაწილისაგან შედგება: „წესი და განგებაჲ და რჯულისკანონი მეექუსისა კრებისაჲ“, „კანონნი შეცოდებულთანი“, „კანონნი დღითი-დღეთა ცთომათანი“, „ძეგლისწერაჲ სარწმუნოებისაჲ“. ექვთიმე მთაწმინდელის ნაშრომს ერთვის მისივე დაწერილი მუხლები და ქართულ საღვთისმსახურო პრაქტიკისათვის შესაფერისი კანონები. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში განსაკუთრებით აღიარებდნენ ე.წ. 14-ტიტლოვან ნომოკანონს, რომელიც იმდროისათვის სისტემურ და ქრონოლოგიურ კრებულს წარმოადგენდა. აღნიშნული კანონიკური ძეგლი ბერძნულიდან ქართულად თარგმნა არსენ იყალთოელმა XI ს-ის ბოლოს ან XII ს-ის დასაწყისში. იგი ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში „დიდი სჯულისკანონის“ სახელით იყო ცნობილი. დიდი სჯულისკანონი შეიცავს მოციქულთა, მსოფლიო საეკლესიო კრებათა და წმინდა მამათა კანონებს. გარდა ამისა, მას ერთვის ქართული ორიგინალური კანონიკური მწერლობის ძეგლი - რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა.

8.18

▲ზევით დაბრუნება


ტამიასი (ταμίας) - ხაზინადარი. ათენში ამ ტიტულის მატარებელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალღმერთ ათენას ტამიასები გახლდნენ. ისინი ყოველწლიურად წილისყრით იყვნენ დანიშნულნი, თითოეული - თითო ფილედან. სოლონის კანონმდებლობით ამ თანამდებობაზე მაგისტრატის არჩევა მხოლოდ პენტაკოსიომედიმნოსების კლასიდან იყო შესაძლებელი, თუმცა ძვ. წ. IV ს-ში ეს კანონი უკვე აღარ ფუნქციონირებდა. მათი მსახურება იწყებოდა და მთავრდებოდა პანათენაიის დღესასწაულით. ტამიასები იყვნენ აკროპოლისზე მდებარე ათენა პოლიასის, ათენა ნიკეს და ჰერმესის საგანძურთა ზედამხედველები. თანხა ოპისთოდომოსად წოდებულ შენობაში ინახებოდა. ტამიასები არა მხოლოდ რელიგიური მსახურებისათვის გასცემდნენ თანხებს, არამედ სამხედრო (განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს) და სხვა სამოქალაქო ხარჯებისათვის. შემორჩენილია მათი ჩანაწერები, რომლებიც ათენის ფინანსების თაობაზე მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

ძვ. წ. 434 წ-ს შექმნეს „სხვა ღმერთთა“ ტამიასების საბჭო (ტამიასების რიცხვი ამ საბჭოშიც ათი იყო), რომელსაც სხვა ატიკური ტაძრების საგანძურები ჩააბარეს (ეს საგანძურები ერთ ფონდად იქნა გაერთიანებული). თანხა ასევე ოპისთოდომოსში შეინახეს, თუმცა ათენას საგანძურიდან განცალკევებულად. ძვ. წ. 406/5 წ-ს ეს ორი საბჭო ტამიასთა ერთ საბჭოდ გაერთიანდა. ათმა ტამიასმა „ათენასა და სხვა ღმერთების“ საგანძური ჩაიბარა. ძვ. წ. 385 წ-ს ეს საბჭო კვლავ ორ საბჭოდ გაიყო, ხოლო ძვ. წ. 341 წ-ს ისევ ერთ საბჭოდ გაერთიანდა.

კოლაკრეტესების და ჰელენოტამიასების თანამდებობათა გაუქმების შემდეგ სხვა ტამიასები დანიშნეს და მათ სხვადასხვა ფონდი ჩააბარეს: ასეთნი იყვნენ სახალხო კრების ტამიასი, ტრირემთა საბჭოს ტამიასი, სამხედრო ფონდის ზედამხედველი ტამიასი და ა.შ.

ტიბერიუსი იულიუს აუგუსტუსი კეისარი (Tiberius Julius Caesar Augustus) (ძვ. წ. 42 - ახ. წ. 37 წწ.) - რომაელი იმპერატორი (ახ. წ. 14-37 წწ.), ავგუსტუსის გერი, შესანიშნავი მხედართმთავარი და ორგანიზატორი; ძვ. წ. 20 წ-ს სომხეთში ილაშქრა, ძვ. წ. 15 წ-ს თავის ძმა დრუზუსთან ერთად ალპიური ხალხის წინააღმდეგ ლაშქარს ხელმძღვანელობდა, გაიმარჯვა და კონსულობაც (ძვ. წ. 13 წ.) მიიღო. ძვ. წ. 13 წ-ს იძულებული გახდა გაჰყროდა მეუღლეს და ცოლად შეერთო ავგუსტუსის ქალიშვილი იულია. დააშოშმინა აჯანყებული პანონია (ძვ. წ. 12-9 წწ.) და შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა ავადმყოფ ძმა დრუზუსთან, გარდაცვლილი ჩამოასვენა რომში და მიიღო მეთაურობა გერმანიაში. ახ. წ. 6 წ-დან როდოსზე ნებაყოფლობით გადასახლდა და მეცნიერებითა და სხეულის წვრთნით იქცევდა თავს. ახ. წ. 4 წ-ს ავგუსტუსმა ლივიას დაჟინებით ტიბერიუსი იშვილა და იმავე წელსს გერმანიაში არმიისა და ფლოტის დახმარებით ელბამდე მიაღწია, მაგრამ მარკომანებთან შებმა არ დასცალდა, პანონიასა და დალმატიაში ამბოხების ჩასახშობად (ახ. წ. 6-9 წწ.) გაემართა, გაამაგრა საზღვრები რეინზე (ახ. წ. 10-12 წწ.), ახ. წ. 13 წ-ს ავგუსტუსის თანამმართველი გახდა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ - იმპერატორი. ტახტზე ასულ ტიბერიუსს ბევრი აჯანყების ჩახშობა მოუხდა გერმანიაში, პანონიაში, ნუმიდიაში, გალიაში, თრაკიაში.

ზომიერი პოლიტიკოსი პირველ ხანებში ავგუსტუსის გეგმების განხორციელებას ცდილობდა: მისი მმართველობისას გაძლიერდა მონარქიული ძალაუფლება (პლებსმა დაკარგა პოლიტიკური უფლება - აიკრძალა კომიციების მოწვევა), გაიზარდა სახელმწიფო ხაზინა, გაუმჯობესდა პროვინციების მართვა, ჯარს სამსახურის ვადა შეუმცირდა და ჯამაგირიც გაეზარდა, სენატს პატივისცემით ეპყრობოდა, გამოსცა საზოგადოების უსაფრთხოების, წესრიგის, ზნეობრიობისა და სამართლიანი სასამართლოს შესახებ კარგი კანონები.

შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის შემდეგ (ახ. წ. 26 წ.) კი ტიბერიუსი ეჭვიანი, თავშეუკავებელი, კაცთმოძულე გახდა, იგი რომიდან კუნძულ კაპრიზე გადასახლდა. მისი სახელის შეურაცხყოფისათვის სენატის ოპოზიცია მკაცრად ისჯებოდა - ქონება ჩამოერთმეოდა და ხშირად სიკვდილითაც უსწორდებოდნენ), პრეტორიანთა გვარდია რომში განთავსდა, მისმა პრეფექტებმა კი დიდი გავლენა მოიპოვეს. რომს, ფაქტობრივად, პრეტორიანთა პრეფექტი სეანუსი მართავდა, მაგრამ ტიბერიუსმა იგი მოაკვლევინა, რათა მისი აღვირახსნილობა არავის შეეკავებინა. რომში ის აღარ დაბრუნებულა, გარდაიცვალა 77 წლისა (ახ. წ. 37 წ.).

ტიბერიუს კორუნკანიუსი (Tiberius Coruncanius) - კონსული ახ. წ. 280 წ-ს, დიქტატორი ახ. წ. 246 წ-ს. იგი იყო პირველი უმაღლესი ქურუმი (პონტიფექსი - Pontifex maximus) პლებეელთაგან. გადმოცემის თანახმად, მან პირველმა დაიწყო რომის კერძო სამართლის სწავლება და იურიდიული კონსულტაციების (responsa) მიცემა.

ტირანია (τυρννίς) - ნიშნავს არაკანონიერ მონარქიას. ამგვარი ხელისუფლება საბერძნეთის მრავალ ქალაქ-სახელმწიფოში ძვ. წ. VII და VI სს-ში კერძო პირთა მიერ იყო უზურპირებული. ამ ტერმინის ყველაზე ადრეულ დამოწმებას პოეტ არქილოქოსთან ვხვდებით (ფრ. 22D). ეს არ იყო კონსტიტუციის სპეციალური ფორმა ანდა ტერორის მეფობა; უარყოფითი დატვირთვა მან მოგვიანებით შეიძინა, როცა ძვ. წ. V ს-ის დემოკრატიულმა პოლისმა ტირანთმკვლელები ხოტბით შეამკო. ამაში გარკვეული როლი პოლიტიკურმა ფილოსოფიამაც ითამაშა. ტირანია, როგორც წესი, ორი თაობის შემდეგ ასრულებდა არსებობას. ცნობილი ტირანები იყვნენ: პოლიკრატესი, ფეიდონი, კიფსელოსი, პერიანდროსი, კლისთენეს სიკიონელი, პისისტრატოსი. ადრეული პერიოდის ტირანიის უკანასკნელი წარმომადგენლები იყვნენ სიცილიელი ტირანები: თერონი, გელონი და ჰიერონი, რომლებმაც ძალაუფლება მოიპოვეს როგორც სამხედრო ხელმძღვანელებმა. ტირანიის მეორე ეპოქა დიონისიოს I-ის მმართველობით იწყება. ტირანიის ადრეული ტიპი უმთავრესად დაბალი ფენების პოლიტიკური და ეკონომიკური წინამძღოლობიდან იყო აღმოცენებული და ხშირად დემოკრატიის აღმავლობას ამზადებდა. ამ დროს კონსტიტუციის კონტურები არ იცვლებოდა, თუმცა ტირანები კანონებსა და ინსტიტუციებს საკუთარი პოლიტიკის იარაღად იყენებდნენ.

გვიანდელმა ტირანებმა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დიქტატორები იყვნენ, მონარქიის ახალ ეპოქას დაუდეს სათავე.

ტრიბუნი (tribunus) - (ტრიბის ხელმძღვანელი, რომელმაც შემდეგში მიიღო სახელწოდება ტრიბის მზრუნველი - curator tribus) - სახელწოდება ტრიბუნი კი თანამდებობის პირებს აღნიშნავდა (ცხენოსანი ჯარის ტრიბუნი - tribunus celerum, სამხედრო ტრიბუნი - tribunus militum, სახალხო ტრიბუნი - tribunus plebis); იმპერატორების ეპოქაში სახელი ტრიბუნი სხვადასხვანაირად გამოიყენებოდა, (მაგ., კოლეგიებში - tribunus fabricarum - იმპერატორის იარაღის ქარხნების ზედამხედველი; მდივნების ტრიბუნი - tribunus notariorum, კარის ტრიბუნი - tribunus stabuli და ა.შ.).

tribuni aerarii - ეწოდებოდათ ტრიბების ხელმძღვანელებს, რომლებსაც უნდა შეეგროვებინათ გამოსაღები და შემდეგ ამ თანხიდან ჯარისკაცებისათვის გადაეხადათ. როცა ხელფასის გადახდა სამოქალაქო ხელისუფლებიდან სამხედროზე გადავიდა და გადაეცა კვესტორებს, tribuni aerarii დარჩნენ, მაგრამ რას აკეთებდნენ, ჩვენთვის უცნობია. შესაძლოა, ისინი კვესტორებს ეხმარებოდნენ და ჯარს ახლდნენ. ძვ. წ. 70 წ-ს lex Aurelia-dan lex Iulia-მდე (ძვ. წ. 46 წ.) tribuni aerarii პლებსის წარმომადგენლებად მსახურობდნენ. კეისრის შემდეგ ამ თანამდებობამ დაკარგა მნიშვნელობა და აღარ არსებობდა. მეფეთა ეპოქაში ცხენოსანი ჯარის ტრიბუნები (tribuni celerum) ცხენოსანი ჯარის უფროსი, მეფის მოადგილე და თანამშეწე იყო, როგორც შემდგომში ცხენოსანი ჯარის მაგისტრი (magister equitum) - დიქტატორის. ცხენოსანი ჯარის ტრიბუნს ეჭირა თანამდებობა იმ მეფის სიკვდილამდე, რომელმაც იგი ამ თანამდებობაზე აირჩია. მეფის მემკვიდრე კი მერე სხვას ირჩევდა. მეფობის მოსპობასთან ერთად ეს თანამდებობაც გაქრა და მხოლოდ ავგუსტუსმა აღადგინა იგი რელიგიური მიზნებისათვის.

სამხედრო ტრიბუნი - tribunus militum, პირველ ხანებში ამ თანამდებობაზე მოქმედ სამხედრო ტრიბუნებს ირჩევდნენ და ისინი ლეგიონს ხელმძღვანელობდნენ. თითოეულ ლეგიონში 6 ტრიბუნი მორიგეობით წელიწადში 2-2 თვით ამ მოვალეობას ასრულებდა. დიდი გავლენა ჰქონდათ მხედართა ფენის სამხედრო ტრიბუნებს; მაგრამ ძვ. წ. I ს-ში ეს გავლენა შესუსტდა, რადგან ლეგიონების სათავეში ლეგატები დადგნენ სენატორების რიცხვიდან. რომის იმპერიის ეპოქაში თითოეულ ლეგიონში იყო 1 სამხედრო ტრიბუნი სენატორებიდან და 5 - მხედრების ფენიდან.

ცხენოსანი ჯარის ტრიბუნები - ცხენოსანი ჯარის უფროსი, რომელიც ზუსტად ისევე იყო მეფის მოადგილე და თანაშემწე, როგორც შემდგომში ცხენოსანთა მაგისტრი (magister equitum) - დიქტატორის. ცხენოსანი ჯარის ტრიბუნს თანამდებობა იმ მეფის სიკვდილამდე ეჭირა, რომელმაც იგი ამ თანამდებობაზე აირჩია. მეფის მემკვიდრე კი სხვას ირჩევდა. მეფობის მოსპობასთან ერთად ეს თანამდებობაც გაქრა და მხოლოდ ავგუსტუსმა აღადგინა იგი რელიგიური მიზნებისათვის.

ტრიბუსი/ტრიბა (tribus) - ქალაქის ნაწილი. თავდაპირველად რომში სამი პატრიციული ტრიბა იყო: რამნესი (Ramnes), ტიტიესი (Tities), ლუკერესი (Luceres). დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სერვიუს ტულიუსის მიერ გეოგრაფიულ ტრიბებად დაყოფას: ქალაქის (urbanae) და ქალაქგარეთა (rusticatae). 4 ქალაქურს ერქვა: სუბურანა (Suburana) ან სუკუსანა (Sucusana), ესკვილინა (Esquilina), კოლინა (Collina), პალატინა (Palatina). ქალაქის კუთვნილი ყველა მიწა იყოფოდა 26 ქალაქგარეთ ტრიბად ან რეგიონად (ზოგი ცნობით, ასევე სოფლებად - pagi). ძვ. წ. 507 წ-ს პორსენასთვის მიწების დათმობის შედეგად 30 ტრიბა 20-მდე შემცირდა, მაგრამ მალე კვლავ მატება დაიწყო: ძვ. წ. 504 წ-ს შედგენილი იყო 21 ტრიბა საბინებისაგან, რომლებიც რომში კლავდიუს აპიუსთან ერთად მოვიდნენ; ძვ. წ. 387 წ-ს მათ დაემატა 4 ახალი, ძვ. წ. 385 წ-ს - 2, 332 წ-ს - 2, ძვ. წ. 318 წ-ს - 2, ძვ. წ. 299 წ-ს - 2, ბოლოს ძვ. წ. 241 წ-ს კიდევ - 2. ტრიბების რიცხვმა მიაღწია 35-ს და მას შემდეგ არ შეცვლილა. ყოველ ტრიბას თავისი სახელწოდება ჰქონდა. თავიდანვე ქალაქისა და ქალაქგარეთ ტრიბებს შორის არავითარი განსხვავება არ იყო, მაგრამ ქალაქგარეთ ტრიბებმა მალე უპირატესობას მიაღწია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აზატებს ნება მიეცათ მხოლოდ ქალაქის ტრიბებს მიწეროდნენ; თითოეული ტრიბა იყოფოდა დეკურიებად, ქალაქისა კიდევ კვარტლებად (vici) და გზაჯვარედინებად (compita), ქალაქგარეთა კი - სოფლებად (pagi). ცენტურიათა კომიციების რეფორმის შემდეგ, როცა კლასები და ტრიბა ერთმანეთს შეერწყა, თითოეული ტრიბა შეიცავდა უხუცესთა (seniorum) 5 ცენტურიას და ყმაწვილთა (iuniorum) 5 ცენტურიას. თითოეული მოქალაქე, პატრიცი და პლებსიც მიწერილი უნდა ყოფილიყო რომელიმე ტრიბისადმი, სხვანაირად ის ვერცერთ ცენტურიას ვერ მიეკუთვნებოდა.

ტრიბას დიდი ადმინისტრაციული, პოლიტიკური და სათემო მნიშვნელობა ჰქონდა. მათ ეფუძნებოდა ცენზი, სამხედრო ბეგარა - ტრიბუტუმი, გაწვევა (dilectus) და ყველა ტრიბა ერთად წარმოადგენდა მძლავრ სახალხო კრებას. ტრიბას არა რელიგიური, არამედ სათემო მნიშვნელობა ჰქონდა. თითოეული ტრიბის წევრი ერთმანეთან მჭიდრო კავშირში იყო და ამხანაგებად ითვლებოდნენ. ამ კავშირს ამყარებდა ის, რომ ტრიბუნები ერთად ირჩევდნენ თავისთვის უფროსს, შეჰქონდათ ხელფასი ჯარისკაცებისათვის და ერთად მართავდნენ ზეიმებს. ამიტომაც ვისაც რაიმე თანამდებობა უნდოდა მიეღო, მიმართავდა თავის ტრიბას;

იმპერატორების ეპოქაში ტრიბის პოლიტიკური მნიშვნელობა გაქრა, რადგან ტიბერიუსმა არჩევითი კომიციები სენატში გადაიტანა. მხოლოდ რომის მოქალაქეები იყოფოდნენ 35 ტრიბად გაწვევის მიზნით, განსაკუთრებით ქალაქური კოჰორტისათვის და იმპერატორების მიერ მოწყალების გაღებისათვის. უღარიბესი მოქალაქეები უფასო პურის დარიგებისას თითოეულ ტრიბაში აყალიბებდნენ განსაკუთრებულ კორპორაციას, რომლის წევრები იღებდნენ ხორბლისა ან ფულის მიღების უფლებას (tessera).

ტრიბუტუმი (tributum) - სახელმწიფოსთვის რომის მოქალაქეების ქონების გადასახადი. თავდაპირველად ტრიბუტუმი შეჰქონდათ სულადობით და არა ქონებისდა მიხედვით, სერვიუს ტულიუსმა კი შემოიტანა გადასახადი ცენზის გათვალისწინებით (tributum ex censu). ეს გამოსაღები ყოველთვის ინიშნებოდა მოთხოვნილებისდა მიხედვით და ემსახურებოდა მხოლოდ სამხედრო მიზნებს, განსაკუთრებით ჯარისკაცების ხელფასს. ომში გამარჯვების შემდეგ დამარცხებულ მტერს უნდა გადაეხადა სამხედრო დანახარჯები, რომელთაგანაც მოქალაქეები იღებდნენ თავის ტრიბუტუმს უკან, ამდენად ტრიბუტუმს შეიძლება ვუწოდოთ იძულებითი სესხი. თუ ხაზინაში იყო საკმარისი ფული, ტრიბუტუმს არ ითხოვდნენ და ამიტომ დიდი მაკედონური ნადავლის შემდეგ ძვ. წ. 168 წ-ს ტრიბუტუმი საერთოდ გაუქმდა. მაგრამ იმპერატორების ეპოქაში მთელ იტალიას (რომის და მისი შემოგარენის გარდა) შეჰქონდა გამოსაღები ნატურით კარისა და ჯარის შესანახად. აქედან მოდის დაპირისპირება - პროდუქტებით მომმარაგებელი იტალია (Italia annonaria) და ქალაქური (urbicaria). მხოლოდ ერთხელ მოხსენიებული tributum in capita, შესაძლოა, იყო დაუბრუნებელი გამოსაღები, რომელიც ხაზინაში შეჰქონდათ. რესპუბლიკის ბოლოს, როცა მოქალაქეების ტრიბუტუმი მოისპო, ეს სახელი ერქვა პროვინციების მოქალაქეების ხარკს, რომელსაც საკუთრივ სტიპენდია ეწოდებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოკრებილი ეს გადასახადი შემოსავლისგან (vectigalia) განსხვავებით, რომელსაც იძლეოდნენ მოიჯარადე-შემსყიდველები (publicanus) გამოსასყიდად, წარმოადგენდა ან გარკვეულ თანხას, რომელიც მთელ პროვინციას შეჰქონდა, ან ქონებრივ გამოსაღებს, რომელიც, ბუნებრივია, მუდმივად იცვლებოდა. იმპერატორების ეპოქაში საბოლოოდ დადგინდა ჯერ კიდევ ავგუსტუსის დროს დაწყებული ტრიბუტუმის საადგილმამულო და სულადობრივად დაყოფა: 1) tributum soli ან agri, რომელსაც მოგვიანებით ასევე სულადობრივი დაბეგვრა (capitatio) ან ერთი იუგერი მიწის გადასახადი (iugatio) ეწოდებოდა, ეფუძნებოდა ავგუსტუსის მიერ შემოღებულ საყოველთაო სახელმწიფო ცენზს და შეჰქონდათ რომის მოქალაქეების პროვინციებიდან - რომის ხაზინაში (aerarium populi Romani-ში), საიმპერატორო პროვინციებიდან კი - სამხედრო ხაზინაში (aerarium militare-ში). ხარკის დაწესებას ინდიქციო (indictio) ეწოდებოდა. გადასახადის აკრეფის მოვალეობებს ასრულებდნენ ჩინოვნიკები - მოანგარიშეები (numerarii), ხაზინადრები (tabularii), არქივარიუსები (chartularii), რომლებიც ნაცვალს ემორჩილებოდნენ. თავად ამოღებას კი ახორციელებდნენ ქალაქის ინკასატორები (susceptores) და გადასახადის ამკრებები (exactores). თუმცა ყველა პროვინცია ერთნაირად არ იხდიდა გადასახადს, ზოგიერთები გარდა საადგილმამულო და სულადი ხარკისა, იხდიდნენ განსაკუთრებულ შემოსავალს (vectigalia); 2) tributum capitis, სულადი გადასახადი, რომელსაც მოგვიანებით ეწოდებოდა ასევე capitalio, ნაწილობრივ ქონებაზე ეკისრებოდა და თანდათანობით იღებდა ასაკრეფის ფორმას წარმოებიდან, ნაწილობრივ კი ეკისრებოდა სულადობაზე განურჩევლად ცენზისა (განსაკუთრებით უმიწო ღარიბებს); მაგრამ ყველა, რომელსაც შეჰქონდა გადასახადი (tributum soli), გათავისუფლებული იყო სულადი გადასახადისაგან.

ტრიერარქია - ლიტურგიის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ფლოტის აღმშენებლობისაკენ იყო მიმართული. ტრიერარქიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ათენში. შემდგომ ეს ინსტიტუტი ზოგიერთმა სხვა ქალაქმაც გადაიღო. ძვ. წ. V ს-ის დასაწყისიდან მოყოლებული ათენელი სტრატეგოსები მდიდარ ათენელ მოქალაქეთაგან ტრიერარქოსებს ირჩევდნენ, რომელთა რიცხვი აღსაჭურვ ტრირემათა რიცხვს შეესატყვისებოდა. ტრიერარქოსი, რომელიც ამასთანავე კაპიტნის ფუნქციას აღასრულებდა, კისრულობდა გემის შენახვისა და შეკეთების, ისევე როგორც მეზღვაურთა ხელფასითა და საკვებით უზრუნველყოფის თანხებს. ძვ. წ. 411 წ-ის შემდეგ ტრიერარქიას ორი მოქალაქე იყოფდა. დემეტრიოს ფალეროსელმა ძვ. წ. 317- 307 წწ-ში ლიტურგია გააუქმა. ტერმინი „ტრიერარქოსი“ ათენის გარდა, სხვაგან მხოლოდ ტრირემის კაპიტანს აღნიშნავდა.

ტრიუმვირატი (triumviratus - სამი კაცის ერთობა) - ტრიუმვირატის ოფიციალური სახელწოდებაა „სამთა კოლეგია რესპუბლიკური წყობის მოსაწესრიგებლად“ (tres viri rei publicae constituendae). I ტრიუმვირატი შეიკრა ძვ. წ. 60-იან წწ-ში კრასუსს, პომპეუსსა და კეისარს შორის კერძო თანხმობით. ძვ. წ. 56 წ-ს გაგრძელდა I ტრიუმვირატი. II ტრიუმვირატი შეიკრა ძვ. წ. 43 წ-ს ანტონიუსს, ლეპიდუსსა და ოქტავიანუს ავგუსტუსს შორის და განსხვავდებოდა I-საგან, იგი კანონმდებლობით იქნა მიღებული (ლეხ თიტია ძვ. წ. 43 წ.). მისი გაგრძელება ახ. წ. 37 წ-ს პლებისციტით იქნა მიღებული.

ტყისმცველთუხუცესი - „ტყის მცველნი“ პირველად მოხსენიებულნი არიან თამარ მეფის 1189 წ-ს სიგელში, ხოლო „ტყისმცველთ-უხუცესნი“ - 1078 წ-ს სიგელში. საქართველოს თითოეულ კუთხეს ან განთქმულ სანადირო ტყეს თავისი ტყისმცველთუხუცესი ჰყავდა. ტყისმცველთა თანამდებობა საქართველოში თამარის მეფობამდეც უნდა ყოფილიყო. წყაროებში მრავლად გვხვდება ტყისმცველთუხუცესთა თანამდებობის მქონე პირები.

8.19

▲ზევით დაბრუნება


უკანონო ბავშვი (νόθος) - სიტყვასიტყვით ნაბიჭვარი. პერიკლეს მოქალაქეობის კანონის მიღების შემდეგ, ათენის მოქალაქეობა (იხ. მოქალაქეობა, საბერძნეთი) მხოლოდ იმას ეძლეოდა, ვინც დედითა და მამით ათენელი იყო. დაუქორწინებელი ათენელის და არაათენელის ბავშვი ერთმნიშვნელოვნად უკანონოდ ითვლებოდა და ვერც მოქალაქის და ვერც მემკვიდრეობის უფლებას ვერ მიიღებდა. ნაკლებადაა გარკვეული იმ ათენელი მშობლების შვილების სტატუსი, რომლებიც ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ: ასეთი ადამიანი იყო νόθος-ი საკუთრების უფლების გარეშე, თუმცა საკამათოა ითვლებოდა თუ არა მოქალაქედ. დასაშვებია ისიც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტერმინი νόθος აღნიშნავდა შერეული ქორწინების (ე.ი. ათენელის და არაათენელის) ნაშიერს მაშინაც კი, როდესაც (მაგ., ძვ. წ. 450 წ-მდე) ასეთი ქორწინება კანონიერი იყო. ამგვარი ქორწინებიდან გაჩენილ ბავშვს შეიძლება ჰქონოდა როგორც მემკვიდრეობის, ისე მოქალაქის სრული უფლებები.

უკანონო ბავშვი, რომი - უკანონო, ქორწინების გარეშე გაჩენილი ბავშვი, რომელიც ნათესაური კავშირით მხოლოდ დედასთან იყო დაკავშირებული. თუ დედას ჰქონდა რომის მოქალაქეობა, მაშინ ბავშვიც ხდებოდა რომაელი მოქალაქე. უკანონო ბავშვები იყვნენ ასევე liberi naturales - კერძოდ, ბავშვები, რომლებიც კონკუბინატის ან სხვა ტიპის თანაცხოვრების შედეგად იყვნენ გაჩენილნი. კლასიკურის შემდგომ ხანებში ისინი გარკვეულ უფლებებს იღებენ, კერძოდ, შეუძლიათ პრეტენზია განაცხადონ მამის მიერ რჩენაზე, აქვთ მემკვიდრეობის უფლება კანონით და ასევე შეუძლიათ მიიღონ კანონიერი შვილების სტატუსი - liberi legitimi. უკანონო ბავშვებს შორის liberi naturales ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ (იხ. მოქალაქე, რომი).

ულპიანუს დომიციუსი (Ulpianus Domitius) (ახ. წ. II-III სს.) - რომაელი იურისტი, მთავარი მრჩეველი რომაელი იმპერატორის ალექსანდრე სევერუსისა, რომელიც მას ენდობოდა და ყოველნაირად იცავდა; მაგრამ პრეტორიანებმა იგი შეიძულეს და შემდგომში იმპერატორის თვალწინ მოკლეს.

ულპიანუსმა სრულყოფილად, ამომწურავად იცოდა სამართლის ყველა სფერო, ძველი, ადრინდელი ლიტერატურა. მან უდიდესი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა (მხოლოდ ერთ ათწლეულში - ახ. წ. 202-212 წწ-ში შექმნილი).

ულპიანუსი წერდა დახვეწილი ენით, რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა; გასაკვირი არ არის, რომ ნაწყვეტები მისი თხზულებებიდან შეადგენენ დიგესტების (კლასიკური სამართლის თხზულებები) თითქმის მესამედს.

ულპიანუსის ნაშრომი: „ედიქტის შესახებ“ (Ad edictum - 81 წიგნი) - ედიქტის კლასიკური გადმოცემის არაფორმალური კოდიფიკაცია, მთელი რომაული სამართლის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები მასალის უზადო შერჩევითა და დამოუკიდებლი თვალთახედვით, ედიქტებიდან ზუსტი ციტატებითა და სასარჩელო ფორმულებით გამოირჩევა; ყოველი წინადადება, ყოველი სიტყვა დამუშავებულია გასაოცარი გულმოდგინებით.

ურვადი/ურვათი - საქორწინო გადასახადი საპატარძლოს მშობლებისათვის. ურვადის მოცულობა განისაზღვრებოდა ქალის ოჯახის ღირსებით. „შუშანიკის წამებაში“ უკვე დასტურდება ურვადის არსებობა ქართლში. საქორწინო საურავის გადასახადის წესი ნათლად გამოიკვეთა ხევსა და სვანეთში. ტერმინი ურვათი ბოლო დრომდე მოხეურმა დიალექტმა შეინარჩუნა.

უფლება (potestas) - სამართლით აღიარებული უფლება ერთი პიროვნების მეორე პირზე ან საგანზე, ან ქონებაზე; უფრო ფართო მნიშვნელობით: რაიმეს ფლობის ფიზიკური შესაძლებლობა (facultas) ან რაიმე საქმიანობის უფლებამოსილება (ius);

საჯარო სამართალში ეს იყო ძალაუფლება, რომელიც ჰქონდა ყველა მაგისტრატს, მათ უფლება ჰქონდათ: გამოეცათ ედიქტები, მიემართათ სახალხო კრებისა და სენატისადმი. ერთი თანამდებობის ხალხს ერთნაირი უფლებები ჰქონდათ (par potestas), უმაღლესი რანგის მაგისტრატს ჰქონდა უფრო დიდი უფლება (maior potestas), უმდაბლესისას - უფრო პატარა უფლება (minor potestas);

სამეფო უფლება (potestas regia) - თავდაპირველად მეფის სუვერენული ძალუფლება;

კერძო სამართალში ეს უპირველეს ყოვლისა იყო მამის ძალაუფლება (patria potestas) ბავშვებზე; მის პირად ურთიერთობებს ზოგჯერ გამოხატავდნენ როგორც მანციპაციის უფლებას (potestas mancipium) და ბატონისას მონებზე (dominica potestas).

ოჯახის მამის უფლება (potestas patris familias) შეუზღუდავი იყო, იგი მხოლოდ რელიგიითა და საზოგადოებრივი აზრით იზღუდებოდა.

თავდაპირველად მკაცრი ხასიათი ჰქონდა მეურვეობისა და მზრუნველობის უფლებას (potestas tutoris; potestas curatoris).

უფლისწული - მეფის ან ფეოდალის ვაჟიშვილის აღმნიშვნელი ტერმინი ანტიკურ და შუა საუკუნეების საქართველოში, მეფის ძე თანამედროვე ქართულში. უფლისწულს ცალკე საუფლისწულო სამფლობელო მამული ჰქონდა, მეფის ვაჟს - სამეფო დომენში, ფეოდალის ვაჟს კი - საფეოდალოში.

8.20

▲ზევით დაბრუნება


ფალერები (phalerae) - ადრე რომაელი მხედრობის წოდებრივი ნიშნები, ძვ. წ. II ს-დან სამხედრო ჯილდოები. ლითონის, მრგვალ, ოვალურ ან წაგრძელებულს, შემკულ ფალერებს იმაგრებდნენ ქამრებზე. იმპერიის ეპოქაში ძვ. წ. IV ს-მდე ფალერებით აჯილდოვებდნენ არა მარტო ცალკეულ ჯარისკაცს, არამედ მთელ სამხედრო დანაყოფებსაც.

ფამილია (familia - საოჯახო ქონება) - ყველაფერი - ადამიანებიც და ნივთებიც - რაც პირს ეკუთვნის. ვიწრო მნიშვნელობით ფამილია ნიშნავს:

1) ყველა პირს - ცოლს, ბავშვებს, მონებს, რომლებიც ემორჩილებიან პატრონს, paterfamilias-ს;

2) ყველა paterfamilias-ს დამორჩილებულ თავისუფალ პირს, ანუ ოჯახის წევრს - შინაურებს;

3) ერთმანეთთან ნათესაობით დაკავშირებულ უფრო დიდი ოჯახის წევრებს, ზოგჯერ ერთი გვარის წევრებს;

4) მონათა ერთობლიობას, რომელიც ერთსა და იმავე პატრონს ეკუთვნის და ქალაქში საოჯახო საქმით (familia urbana) ან სოფელში სოფლის მეურნეობითაა დაკავებული (familia rustica);

5) ოჯახის მამის მთელი ქონება, რომელსაც თავისუფლად განკარგავდა ცოცხლებს შორის (inter vivos) და სიკვდილის შემთხვევაშიც (mortis causa); ფამილიად ზოგჯერ იწოდებოდა ქონება და ფული (familia pecuniaque);

ფამულუსი (famulus) - ძველ რომში პატრიარქალური ოჯახის მონა, ოჯახის საკუთრება. აღნიშვნა კვლავ გამოჩნდა გვიანანტიკურობაში არაქრისტიანული ლიტერატურის არქაიზაციის ტენდენციასთან დაკავშირებით.

ფარნავაზი - იბერიის პირველი მეფე (ძვ. წ. 356 - 264 წწ.), ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელი, „მცხეთის მამასახლისთა“ შთამომავალი (იხ. მამასახლისი). გამეფდა 27 წლის ასაკში და მეფობდა 65 წლის მანძილზე.

ერთიანი აღმოსავლურ-ქართული სამეფო სხვადასხვა ქართული გაერთიანებების ურთიერთბრძოლაში შეიქმნა და გაიმარჯვა იმან, რომელსაც, როგორც ჩანს, ფარნავაზი ედგა სათავეში. ფარნავაზი დაახლ. ძვ. წ. 264 წ-ს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფარნავაზის მიზანი ერთიანი და ძლიერი ქართლის სამეფო იყო, ამ მიზნით მას უმნიშვნელოვანესი რეფორმების (რელიგიური, ანბანური და სამხედრო) გატარება მიეწერება:

სახელმწიფოებრივი საქმიანობა:

ფარნავაზმა საფუძველი დაუდო ქართველურ ტომთა გაერთიანებას. ფარნავაზმა ქართლის ერისთავთა აჯანყება ჩაახშო ჩრდილოკავკასიური ტომების დახმარებით, ჩრდილოკავკასიელი ტომები ჩამოასახლა ქართლის მთიანეთში, ფარნავაზმა გააერთიანა ტერიტორია კავკასიონის ქედიდან ევფრატის სათავეებამდე და მეფის ტიტული მიიღო (ასე შეიქმნა ერთიანი აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფო იბერია/ქართლი). სამეფოს ფარგლები საკუთრივ ისტორიული ქართლის გარდა, მოიცავდა კახეთის დიდ ნაწილს, სამცხეს, ჯავახეთს, კოლა-არტაანს, კლარჯეთს, აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს (აჭარას, არგვეთს, ეგრისს, სვანეთს). ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად შორაპნისა და დამნის ციხეები ააგო. ქართლი თავის გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა. ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები კავკასიონის ქედზე. ამ გადმოსასვლელების გამაგრებით დაინტერესებული იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც, რადგან აქედან მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე იყო. ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მმართველები კარგად იყენებდნენ.

ფარნავაზს, როგორც ჩანს, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა სელევკიდების სამეფოსთან, რომლის დახმარებითაც უმკლავდებოდა პონტოდან მოსულ ბერძნებსა თუ მაკედონელებს. ფარნავაზმა ქვეყნის მმართველობის მოსაწესრიგებლად სამეფო დაყო ეგრისის, კახეთის, კლარჯეთის, ოძრახეს, წუნდის, სამშვილდის, ხუნანისა და მარგვის (არგვეთის) საერისთავოებად და ქართლის სასპასპეტოდ, რომელთა სათავეში შესაბამისად ერისთავები და სპასპეტი ჩააყენა. საერისთავო წარმოადგენდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის სათავეში მეფის მოხელე ერისთავი იდგა. ერისთავებს ექვემდებარებოდნენ სპასალარნი და ათასისთავნი, რომელთა მეშვეობით იკრიფებოდა ხარკი, ევალებოდათ საერისთავოში ჯარის შეკრება და მისი სარდლობა, სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის გადაწყვეტა. საერისთავოსაგან განსხვავებული, უფრო დიდი ტერიტორიული ერთეული იყო სასპასპეტო, რომელიც მთელ შიდა ქართლს მოიცავდა. მისი მმართველი სპასპეტი მეფის შემდეგ მეორე პირი იყო სამეფოში და ერისთავებიც პირადად მას ემორჩილებოდნენ.

ფარნავაზმა ქალაქი მცხეთა სამეფოს დედაქალაქად გადააქცია, ფარნავაზმა და ფარნავაზიანებმა სამეფოს დედაქალაქ მცხეთაში დიდი თავდაცვითი (მცხეთის გალავანი) და საკულტო ნაგებობები (არმაზის ციხე) ააშენეს და მეფეთა რეზიდენციად მცხეთის პირდაპირ მაღალ მთაზე აღმართული ციტადელი - არმაზციხე აქციეს.

ფარნავაზმა ჩაატარა რელიგიური რეფორმა, შემოიღო და აღმართა ახალი კერპი - არმაზის კერპი (ამასთანავე ფარნავაზმა შეინარჩუნა აზოს მიერ მოტანილი კერპები - გაცი და გაიმი). არმაზის კერპის საერთო ღვთაებად ჩამოყალიბებას ახლადჩამოყალიბებული ქართული სამეფოსათვის დიდი საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.

ფარნავაზს მიეწერება ქართული დამწერლობის, ქართული ანბანის შექმნა. ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა (მანამდე ქართლში ექვს ენაზე საუბრობდა ხალხი). მის სახელს ასევე კალენდრის შექმნასაც უკავშირებენ.

ფასისი (φάσις) - საჯარო ბრალდების ერთ-ერთი სახეობა. სიტყვასიტყვით „ჩვენება, განცხადება“: იმ ადამიანის საჯარო მხილება, რომელიც უკანონოდ ფლობდა სახელმწიფოს კუთვნილ ქონებას. აპოგრაფესაგან განსხვავებით, რომლის შესახებაც უფრო მეტი ცნობები მოგვეპოვება, ფასისი, როგორც ჩანს, უფრო მეტად პიროვნების წინააღმდეგ იყო მიმართული, ვიდრე საკუთრების.

ფასკები (fasces) - წითელი ქამრით შეკრული წკნელები, რომელსაც შუაში ჩადებული ჰქონდა ცული. თანამდებობრივი ძალაუფლების ეს სიმბოლო რომაელმა მეფეებმა ეტრუსკებისაგან გადაიღეს. მეფეთა ხანის დასასრულის შემდეგ კონსულებს ენიშნებათ 12 ლიქტორი, რომელთაც ხელში უჭირავთ ფასკები და წინ მიუძღვიან კონსულს. რესპუბლიკის ხანაში ქალაქის შიგნით ცულს აღარ ატარებდნენ. ვალერიუს პოპლიკოლას ინიციატივით ხალხის წინ ხდებოდა ფასკების ძირს დაშვება. ეს, ერთი მხრივ, ხაზს უსვამდა თანამდებობის ღირსებას, მეორე მხრივ, ერთგვარი მისალმება იყო ხალხისა მაღალი რანგის პირისადმი. დიქტატორს ენიშნებოდა 24 308 ლიქტორი, პრეტორს - 6, იმპერატორის ლეგატს - 5. ცენზორებს ლიქტორები არ ჰყავდათ, რამდენადაც ისინი არ ფლობდნენ აღმასრულებელ ძალაუფლებას, ისევე როგორც იმპერატორის პროკურატორები. გამარჯვებული სარდლები ფასკებს რთავდნენ დაფნის ფოთლებით.

ფასტები (dies fasti - სასამართლო გადაწყვეტილების დღეები) - სასამართლო კალენდარი, საზოგადოებრივი საქმიანობისათვის ხელსაყრელი დღეების ჩამონათვალი. პოეტურად გააფორმა დიდმა რომაელმა პოეტმა ოვიდიუსმა (Fasti dies).

fasti consulares - ქრონოლოგიური ჩამონათვალი ყველა მაღალი მაგისტრატის (ნაწილობრივ შემორჩენილია fasti Capitolini უმნიშვნელოვანესი მოვლენების მატიანე).

fasti triumphales-ში - ტრიუმფებს იწერდნენ.

fasti Praenestini - ძველ ქალაქებს ჰქონდათ ოფიციალური კალენდარი.

ფედერატები - სამხედროვალდებული მოკავშირეები რომის იმპერიის საზღვარზე, მოგვიანებით საველე ჯარში გადაყვანილები. ხშირად აღნიშნავდა რომის იმპერიის ფარგლებში გერმანულ ტომებს, ვიდრე ისინი უარს არ ამბობდნენ რომთან კავშირზე.

ფენა (ordo) - საზოგადოებრივი თანამდებობების, სასამართლო პროცესის წარმოების წესრიგი. კლასობრივი საზოგადოების სოციალური ჯგუფი, რომელსაც სხვებისაგან გარკვეული პრივილეგიები განასხვავებდა. სამი ძირითადი ფენა: სენატორების, მხედრებისა (ეკვიტები) და პლებსის.

ordo decurionum - საქალაქო საბჭოს მუდმივი წევრების, მათი ოჯახისა და შთამომავლების ფენა (საქალაქო საბჭოს შეეძლო გაეუქმებინა საქალაქო მაგისტრატების გადაწყვეტილება).

პრინციპატისას ის პრივილეგირებული კატეგორია იყო, მაგრამ III ს-დან მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რადგან დეკურიონები აგებდნენ პასუხს თემზე (საზოგადოებაზე) დაკისრებულ ყველა ბრალეულობაზე და ordo decurionum გახდა იმდროინდელი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ექსპლოატირებული ფენა.

ordo equester - მხედრები, ფინანსური დიდკაცობა რესპუბლიკის ეპოქაში, პრინციპატისას კი ასევე სამართლებრივი კატეგორია, რომელსაც მიეკუთვნებოდა ცენზიანი მოქალაქეები; კერძო და სისხლის სამართალის მხრივ პრივილეგიებით სარგებლობდნენ. ყველაზე პრივილეგირებული მდგომარეობა ეჭირათ ეკვიტებს (equites equo public), რომელთაგან პრინცეპსი მაღალ ჩინოვნიკებს ირჩევდა.

ordo iudiciorum privatorum - რეგულარული სასამართლო წარმოება რესპუბლიკის პერიოდში. ordo senatorius - ადგილმამულიანი დიდგვაროვნები რესპუბლიკის პერიოდში, სინონიმი - ნობილიტეტი, პრინციპატისას - სამართლებრივი კატეგორია, რომელიც გულისხმობდა:

ა) წარმოშობას სენატორთა ფენიდან; ბ) ცენზს; გ) პრინცეპსის მიერ ტიტულის მინიჭებას; სენატორებს ბევრი პრივილეგია ჰქონდათ (მაღალი პოსტების დაკავება, ტიტული და ა.შ.); მაგრამ ზოგჯერ მათ ძალიან მაღალი გადასახადების გადახდა უხდებოდათ.

Ordinaries - რეგულარული, ორდინარული, ნორმალური, ჩვეულებრივი.

ფეციალები (fetiales, fetis - ხელშეკრულება) - ძველ რომში ქურუმთა 20-კაციანი კოლეგია. მათ მოვალეობას, გარდა მათი საკულტო ვალდებულებებისა, შეადგენდა რომის წარდგენა საერთაშორისო მოლაპარაკებებზე (სხვა ტერიტორიაზე). საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა - ომის გამოცხადება, საზავო და საერთაშორისო ხელშეკრულებების დადება (მხოლოდ იტალიაში).

ფეხონი, საფიხვნო, ხევსურეთი - შატილში ხალხის, ერის თავყრილობის ადგილი. ფეხონი სოფლის მამაკაცთა თავყრილობას ეწოდებოდა, საფიხვნო კი ამ კრებისთვის განკუთვნილ ადგილს. საფიხვნო ქვა-ყორით ნაგებ დარბაზს წარმოადგენდა, რომლის წინა ნაწილი ღია იყო, შიგნით კი სკამები იყო გამართული. შატილის საფიხვნო სოფლის დასაწყისში იყო, ამაღლებულ ადგილას. ამ დარბაზში ქალის შესვლა აკრძალული იყო. აქ საღამოსა და კვირას თავს იყრიდა მოხუცი თუ ახალგაზრდა. საფიხვნოში სოფლის ყოველდღიური ცხოვრების საჭირბოროტო საკითხები ისმებოდა. სტუმარსაც პირველად საფიხვნოში მიიღებდნენ. გარდა სათემო და სადავო პრობლემების მოგვარებისა, საფიხვნოში ერთობლივი საზოგადოებრივი თუ საოჯახო საქმიანობაც ეწყობოდა (ტყავის დამუშავება, ქალამნის ამოსხმა, მუშის დაგრეხა, თოფის წამლის დამზადება და სხვა). როცა სოფელს მტერი შემოსევით ემუქრებოდა, ან სოფელი თვითონ აპირებდა გალაშქრებას, საფიხვნოში იკრიბებოდნენ და თოფის წამალს კოლექტიურად ამზადებდნენ.

ფიდეიკომისუმი (fideicommissum) - არაფორმალური უარი (შდრ. ლეგატუმი). თავდაპირველად ეს იყო მიმართვა მოანდერძისა მემკვიდრისადმი (ზეპირი ან წერილობითი) შეასრულოს მისი თხოვნა (mandatum post mortem), რომელიც მესამე პირს (fideicommissarius) მიემართება. ავგუსტუსის ხანიდან ეს წმინდად ზნეობრივი ვალდებულება იძენს იურიდიულ ხასიათს და ფიდეიკომისუმის შესრულებისათვის მიმართავდნენ კონსულს, კლავდიუსის დროიდან - ფიდეიკომისუმის პრეტორს. ფიდეიკომისუმი თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვებისაგან (განსხვავებით ლეგატუმისაგან) და აქვს ძირითადად თხოვნის და არა მოთხოვნის ფორმა. ის შეიძლება მიემართებოდეს ნებისმიერ პირს, ვისაც რაიმე სარგებელი აქვს მემკვიდრეობისაგან (გვიანკლასიკურ ხანაში შეიძლება მოვალის მიმართაც იყოს თხოვნა ვალი დაუბრუნოს არა მემკვიდრეს, არამედ ვინმე სხვას). ფიდეიკომისუმი იმ პირთა სასარგებლოდ გამოიყენებოდა, რომელთაც არ ჰქონდათ უფლება ყოფილიყვნენ დანიშნული მემკვიდრეები (testamentum factio passiva). ფიდეიკომისუმის საგანს შეიძლება ნებისმიერი ტიპის სურვილის ასრულება წარმოადგენდეს, ამასთან პირს, რომელსაც მიემართება ფიდეიკომისუმი, შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოიპოვოს იგი. ფიდეიკომისუმმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ანდერძის გამარტივების საქმეში, გაათავისუფლა ის შინაარსობრივი შეზღუდვებისაგან. ამასთანავე შესაძლებელი გახდა ერთი და იგივე სარგებელი დაჯილდოებული პირისაგან გადასცემოდა სხვას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანდერძის შედგენისას ასეთი პირი ჯერ არც არსებობდა (არ იყო დაბადებული). ეს ხშირად კეთდებოდა ხოლმე ერთი ოჯახის წევრების და თაობების სასარგებლოდ (fideicommissum familiae relictum, რომელიც იუსტინიანუსმა 4 თაობით განსაზღვრა). იშვიათი არ იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მოანდერძე მთელ ქონებას ფიდეიკომისუმის სახით ტოვებდა (fideicommissum hereditatis) - ეს არის ე.წ. უნივერსალური ფიდეიკომისუმი. მაშინ მემკვიდრესა და ფიდეიკომისარიუსს შორის უნდა გადანაწილებულიყო მთელი ქონება. ამ სამართლებრივ პროცესს არეგულირებდა სენატის დადგენილებები. იუსტინიანუსის დროს შეჯერდა სენატის ეს დადგენილებები განისაზღვრა ორივე პირისათვის (მემკვიდრე, ფიდეიკომმისარიუსი) გადასაცემი ქონების რაოდენობა.

ფილე (φυλή) - თავდაპირველად ფილე დიდი დანაყოფი იყო, რომელიც ბერძნული ეთნოსის ნათესაურ კავშირებს ეფუძნებოდა. ფილეები ხშირად უფრო მცირე ნათესაურ ჯგუფებად - ე.წ. ფრატრიებად იყოფოდა. ყველაზე ცნობილი ფილეები დორიული და იონიური იყო. სამ დორიულ ფილეს, სახელად ჰილეებს, პამფილეებსა და დიმანებს, პრაქტიკულად ყველა დორიულ ქალაქში ვხვდებით; ათენის თავდაპირველი ოთხი ფილე - გელეონტები, ჰოპლიტები, არგადეები და ეგიკორეები იონიურ ქალაქებში წარმოდგენილნი იყვნენ არაიონიელების სხვა ფილეებთან ერთად. ფილე კორპორატიული ინსტიტუცია გახლდათ თავისი ქურუმებითა და მოხელეებით. მისი წევრობა მემკვიდრეობითი იყო. ფილე ასევე სახელმწიფოს ადმინისტრაციულ და სამხედრო დანაყოფს წარმოადგენდა. ამ მიზნით ძველი ატიკური ფილეები თავის მხრივ ტრიტიებად, ნავკრარიებად და ფრატრიებად იყოფოდა. კოლონიები, ჩვეულებრივ, მეტროპოლიის ფილეებისაგან შედგებოდა, ოღონდ, გარკვეული მოდიფიკაციებით, რათა ისინი ადგილობრივ პირობებთან ყოფილიყვნენ მისადაგებულნი. არისტოკრატიის ბატონობის პერიოდში ფილეში, როგორც წესი, გაბატონებული ფენა ევპატრიდები იყვნენ.

ფილეთა ძველი სისტემის კარდინალური შეცვლა კლისთენესმა ითავა. იგი კარგად ხედავდა, რომ ეს ძველი 4 ფილე, რომელთაც სახელმწიფოს მმართველობაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მნიშვნელობა დაკარგული, ევპატრიდთა ძლიერების ფორპოსტებს წარმოადგენდა. ამიტომ პირველი იერიში მან ფილეზე მიიტანა. ძველ ფილეებს კლისთენესმა მხოლოდ წმინდა საკრალური მნიშვნელობა დაუტოვა. სამაგიეროდ კი შექმნა 10 ახალი ფილე, რომელთაც განსაკუთრებული ადგილი მიენიჭათ ათენის სახელმწიფო სისტემაში. ახალ ფილებს მან ძველი ატიკური გმირების სახელები უწოდა. პარალელურად კლისთენესმა ატიკის მოსახლეობის ახალი დანაწილება გაატარა, ატიკა სამ ნაწილად - ქალაქად (άστυ), სანაპიროდ (παραλία) და შიდა მხარედ დაჰყო, რაც მხოლოდ ნაწილობრივ შეესატყვისებოდა სამ ძველ რეგიონს. თითოეული მათგანი კლისთენესმა 10 ტრიტიად დაანაწილა. ეს ტრიტიები კი, თავის მხრივ, დემოსებად დაჰყო. ამ გზით ყოველი ახალი ფილე სამი ტრიტიისაგან შედგებოდა, რომელთაგან ერთი ქალაქში, მეორე სანაპიროზე და მესამე შიდა მხარეში მდებარეობდა. ამა თუ იმ ფილესადმი მიკუთვნება წილისყრით ხდებოდა. ამგვარად, თუ ტრიტია ტერიტორიულ დანაწილებას წარმოადგენდა, ფილე ასეთ ხასიათს მოკლებული იყო. ფილე თავის თავში სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტური და სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის ნაწილებს აერთიანებდა.

დემოსის წევრობა, იმავდროულად, ფილეს წევრობას და მოქალაქეობას ნიშნავდა. ამიერიდან მოქალაქეს არა მამის სახელით, არამედ დემოსის მიხედვით აღნიშნავდნენ. დემოსის წევრობა საცხოვრებელი ადგილის შეცვლით კი არ იცვლებოდა, არამედ მემკვიდრეობით გადადიოდა. ამასთან, რათა კიდევ უფრო შეესუსტებინა ევპატრიდთა გავლენა, კლისთენესმა, არისტოტელეს თქმით, ფილეებში შეიყვანა, ანუ მოქალაქეობა მიანიჭა მეტოიკოსებს - რეზიდენტ უცხოელებს.

კლისთენესის ფილეები სახელმწიფოს ახალი ორგანიზაციის საფუძველი გახდა. ათ ფილეს შეესაბამებოდა მეომართა ათი წყობა (τάξεις), რომელთაც მეთაურობდა ცალკეულ ფილეებში არჩეული ათი სტრატეგოსი. ახალ დანაწილებასთან იყო დაკავშირებული 400-თა საბჭოს 500-თა საბჭოთი - ბულეთი შეცვლა და მისი ახალი ორგანიზაცია. თითოეულ ფილეს ჰქონდა 50 წევრის არჩევის უფლება და მათ დემოსებში მოსახლეობის რიცხვის მიხედვით ირჩევდნენ. დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში (წლის ერთ მეათედში) მიმდინარე საქმეებს უძღვებოდა ერთი ფილეს 50 წევრი, რომლებიც კომიტეტებს - პრიტანიებს ქმნიდნენ. ის, თუ რომელი პრიტანია იქნებოდა წლის გარკვეულ პერიოდში ბულეს სათავეში, კანონით წყდებოდა.

სპარტაში სამი დორიული ფილე დაახ. ძვ. წ. 600 წ-თვის შეიცვალა 5 ფილეთი, რომლებიც 5 სოფელს ეფუძნებოდა. სპარტა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არ იყო ქალაქი, იგი უფრო სოფელთა გაერთიანებას წარმოადგენდა. ამ ხუთი ფილედან მომდინარეობდა 5 ეფოროსი და ძვ. წ. V ს-ის არმიის ხუთი ლოქოსი.

ფისკუსი (fiscus - ფულის ყუთი) - იმპერატორის ხაზინა და საფინანსო სამმართველო, ერარიუმისა და სენატორის ხაზინისაგან განსხვავებით. პრინცეპსის ხაზინა (fiscus Caesaris), რომელშიც შედიოდა შემოსავალი იმპერატორის პროვინციებიდან, უმთავრესად მხოლოდ ტრიბუტუმი (tributum soli), ასევე სულადი გადასახადი, საბაჟო და სხვა მოსაკრებელი, შემოსავალი საიმპერატორო დომენებისგან, შემდგომში ასევე ზოგიერთი შემოსავალი სენატის პროვინციებიდან. ამ თანხას პრინცეპსი საკუთარივით განაგებდა, არავის წინაშე ანგარიშვალდებული არ იყო, მაგრამ ამავე დროს იყენებდა მას სახელმწიფო ხარჯების ყველა სახეობის დასაფარავად.

ავგუსტუსმა ყოველ საიმპერატორო პროვინციაში დააწესა ფისკუსი, რომელსაც წარმართავდა პროკურატორი (procurator Augusti), შემდეგ კლავდიუსმა შექმნა ფისკუსი (fiscus Caesaris), რომლის განმგებელსაც ჰქონდა ტიტული arationibus (დომინატისას procurator arationibus); ეს ფინანსური მოხელეები იყვნენ იმპერატორის განათლებული აზატები, უმეტესწილად აღმოსავლეთ პროვინციებიდან, მხოლოდ ადრიანეს დროს ფისკუსს სათავეში ედგა მხედარი. შემდგომში ფისკუსმა მმართველი იმპერატორის კერძო ქონების მმართველის ხასიათი მიიღო, მაგრამ განკუთვნილი იყო მხოლოდ სახელმწიფო მმართველობის საჭიროებისათვის და გადადიოდა შემდეგ იმპერატორზე.

მალე ფისკუსმა უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ვიდრე ხაზინამ, პრინციპატის ბოლოს კი გახდა ერთადერთი სახელმწიფო ხაზინა, რომელიც ასევე იწოდებოდა (sacrae largitiones). ფისკუსის პირვანდელი ხასიათის გამო მის კამათს მოვალეებთან კერძო სამართლის ფარგლებში წყვეტდა პირადი მოსამართლე (iudex privatus), კლავდიუსის დროიდან ფისკუსის პროკურატორი (procurator fisci), შემდგომში ფისკალური პრეტორი (praetor fiscalis და საგანგებო მოსამართლე - iudex extra ordinem). მაგრამ ფისკუსის ფაქტობრივი საჯარო - სამართლებრივი ხასიათი მისმა ზოგიერთმა პრივილეგიამ განსაზღვრა, ისეთმა, როგორიცაა გენერალური კანონიერი საგირავნო სამართალი და იძულებითი გადახდევინების სამართალი.

აზიური ფისკუსი (fiscus Asiaticus) ცენტრალური სახელმწიფო ხაზინა, რომელშიაც შედიოდა სულადი გადასახადი აზიის პროვინციიდან; მისი მსგავსი იყო იუდეველთა ფისკუსი (fiscus Iudaicus), რომელშიც იუდეველებს, მცხოვრებთ რომაული იმპერიის ნებისმიერ ნაწილში, სულად გადასახადად შეჰქონდათ.

ფიცი - სასამართლო მტკიცებულების ერთ-ერთი სახე. როგორც სხვა ქვეყნების, ასევე ქართული ტრადიციის თანახმად, ცრუ ფიცი ადამიანს სასჯელს და უბედურებას უქადდა. ვახტანგ VI-ის კანონების მიხედვით „საქართველოს რიგისა და სამართლის“, ე.ი. მტკიცებულებათა სისტემაში ფიცს პირველი ადგილი ეჭირა. ქართულში ამ ტერმინის სინონიმებად გამოიყენებოდა „ფუცი“ და „ჯერი“. ფიცი, როგორც წესი, მოპასუხეს ეკისრებოდა. ქალის ნაცვლად მისი ახლო ნათესავი მამაკაცი იფიცებდა.

ფიცი, მთა

სვანეთი - ფიცს სვანი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ტყუილი ფიცის გამო არა მარტო მას დაატყდებოდა ღვთის რისხვა, არამედ მთელ მის ოჯახსა და შთამომავლობას.

მომჩივან-მოპასუხე, მახვში და მსაჯულები განაჩენის გამოტანის დროს ეკლესიის კარზე ხატის წინ დებდნენ ფიცს. ასევე ლუფხულები ეფიცებოდნენ დაჩაგრულებს თანასწორობის ფიცით და მომჩივანიც ვალდებული იყო დამნაშავის წინაშე ერთგულების ფიცი დაედო. სვანურ ჩვეულებით სამართალში სამნაირი ფიცი დასტურდება: ა) ერთგულების ფიცი; 2) ტოლობის, თანასწორობისა და 3) გამართლების, განწმენდის ფიცი. ერთგულების ფიცი იყო მოჩხუბართ შორის მორიგების დასასრული. ამ ფიცის შემდეგ უწინდელ მტრებს მტრობა გულიდან უნდა ამოეღოთ.

თუ ორი მოჩხუბარი თავს „უფრო“ დაჩაგრულად და შეურაცხყოფილად თვლიდა, ისინი მახვშის საშუალებით აგვარებდნენ საქმეს. მიდიოდნენ ადგილის ეკლესიაში და ფიცს აძლევდნენ ერთმანეთს, შემდეგ უმტკიცებდნენ, რომ ერთი მეორეზე უფრო დაჩაგრული იყო, ასევე იქცეოდა მეორეც. შემდეგ ერთგულებას დაიფიცებდნენ და საქმე მთავრდებოდა. ეს იყო ტოლობის ფიცი. გამართლების, განწმენდის ფიცი კი მაშინ გამოიყენებოდა, როცა გარკვეული ადგილები, ან მისი საზღვრები ან რაიმე მოძრავი ქონება სადავო ხდებოდა. მაშინ სიმართლის გამოსააშკარავებლად ან ერთს უნდა მიეღო ფიცი ან მეორეს. ესა თუ ის მხარე ფიცს იღებდა მარტო, თუ მცირე ადგილსა და ნივთზე იყო საუბარი, ხოლო რამდენიმე კაცის თანხლებით ხდებოდა ფიცის მიღება უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საკუთრების შემთხვევაში. ამ ფიცზე ორივე მხარე თანახმა უნდა ყოფილიყო. თითოეული მოცილე ცდილობდა, როგორმე აეცილებინა თავიდან ფიცის მიღება, რადგან, სვანების აზრით, ფიცის მიმღები უფრო დაჩაგრული და წაგებული იყო ორივე შემთხვევაში, მას დარჩებოდა სადავო ნივთები თუ არა. გამართლების, განწმენდის ფიცი იდებოდა მაშინაც, როცა ვინმეს ქურდობა ან ვინმესთვის ზიანის მიყენება ბრალდებოდა. ამ შემთხვევაში ბრალდებულს თავი ფიცით უნდა გაემართლებინა. ხშირად რამდენიმე პირს უხდებოდა დაფიცება თავის გასამართლებლად. მაგალითად, თუ რომელიმე საზოგადოებაში პირუტყვი ან რაიმე ნივთი დაიკარგებოდა, საქონლის პატრონი ჩამოატარებდა ყოველი მოსახლის კარზე ხატს, თუ მძიმე საქმე იყო, ხოლო უფრო მარტივ და უბრალო საქმეში - რაიმე საეკლესიო ნივთს, თუნდაც ეკლესიის კლიტეს. მოსახლე ვალდებული იყო, დაეფიცა, რომ ამ საქმეში მართალი იყო. ძველად ხატის ასეთი ჩამოტარება ხშირად ამჟღავნებდა საიდუმლო დანაშაულს. გარდა საზოგადოებისა, სვანს უფლება ჰქონდა, მთელ სვანეთშიც ჩამოეტარებინა ხატი, თუ ამას აუცილებლობა მოითხოვდა. ფიცის მიღება ერთმანეთის სანაცვლოდაც შეიძლებოდა. მამას შეეძლო შვილის მაგივრად მიეღო ერთგულების, გამართლების ფიცი. ასეთივე უფლება ჰქონდა შვილსაც.

სვანეთში არსებობდა ასევე 12 მონათესავე კაცის ფიცი, რომელიც გამოიყენებოდა ცოლ-ქმარს შორის სიმართლის დასადგენად. მაგალითად, თუ ქმარს მცვედნობას (მამაკაცობის ნაკლებობას) აბრალებდნენ, მათ უნდა დაეფიცათ, რომ ესა თუ ის პიროვნება მამაკაცობას მოკლებული არ იყო. მოფიცართა შორის უნდა ყოფილიყვნენ მამა, ძმები, სახლიკაცები, დედით ნათესავები და გარეშე პირებიც. რადგან მათ უკეთ შეეძლოთ გაეგოთ სიმართლე. ტყუილის შემთხვევაში ფიცს არ შეაწევდნენ. არც ქმარი გაბედავდა, მისიანებს სიცრუის გამო დაეფიცებინათ. ასევე გამოიყენებოდა 12 მონათესავე კაცის ფიცი, თუ ქმარი ცოლს ტყუილუბრალოდ აბრალებდა მის მოწამვლას. ასეთ შემთხვევში ცოლი სთხოვდა მათ, დაეფიცებინათ, რომ იგი მართალი იყო და არ მოუწამლავს ქმარი. არც ამ შემთხვევაში შეიძლებოდა ტყუილზე დაფიცება.

ხევსურეთი - ფშავ-ხევსურთა სასამართლო წარმოებაში ფიცი მნიშვნელოვანი აქტია. მოწმეს აუცილებლად უნდა დაეფიცებინა თავისი მოვალეობის აღსრულების წინ. ფიცის მიღებისთვის ცალკე ვადა იყო დანიშნული. ეს ვადა ორ თვეს არ სცილდებოდა, თუ რაიმე დამაბრკოლებელი მიზეზი არ აღმოჩნდებოდა (მოწმის ავადმყოფობა, სადმე შორს წასვლა და ა.შ.). დაფიცებას არც ბჭეები და არც მოფიცარის დამნიშვნელი ესწრებოდა. დაფიცებას ახლავდა მხოლოდ ფიცის მაყურებელი, რომელიც მოწინააღმდეგის ნათესავი იყო. დაფიცება ხატში ხდებოდა. ფიცის მაყურებელს უნდა გადაეცა მოდავესთვის, თუ როგორ წარიმართა დაფიცება. ჩვეულებითი სამართალი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ფიცს, ამიტომ მარტო ფიცის მაყურებელს არ ენდობოდა. მას თავის მხრივ კიდევ მაყურებელი უნდა დაესწრო (დამსწრე მაყურებელი). ფიცი საბოლოოდ წყვეტდა სადავო საქმეს. ფიცი უტყუარი საბუთი იყო. თვით განაჩენიც მასზე იყო დაფუძნებული. რომელ საქმესაც „ფიცი დაედებოდა“ და დაიფიცებდა, ის მოდავე მხარე იგებდა საქმეს. თავისებურია დაფიცება, როცა საქმე მამულის დავას ეხება. დიდ მამულს ბევრი მოფიცარი სჭირდებოდა, პატარას - ცოტა.

დროშით დაფიცება ხდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა დავა დიდ მამულს ეხებოდა. რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ყოფილიყო, დროშით დაფიცება არ გამოიყენებოდა. დაფიცებამდე მოფიცარი უნდა განწმენდილიყო: სარტყელი და სამოსი გაეხადა, დილით უზმოზე წყალში სამჯერ უნდა განბანილიყო, იყო შემთხვევები, როცა ხუცესი აიაზმასაც უხდიდა. როცა დაფიცება დაიწყებოდა, მოფიცარს, პერანგისა და შარვლის ამარას, საკინძგახსნილსა და ფეხშიშველს დროშა ხელში უნდა დაეჭირა და ისე შემოევლო მამულისთვის გარშემო.

დაფიცებას ბჭენი, შუამავლები და მოწმეები ესწრებოდნენ. მოფიცარს გვერდით ხელისმომკიდე უნდა ჰყოლოდა, რომელიც მოფიცარის ახლო ნათესავი იყო. ისიც უნდა განბანილიყო, როგორც თვით მოდავე, გვერდით უნდა ამოსდგომოდა და მოდავესთვის დაემტკიცებინა, რომ ფიცი ნამდვილი იყო. დიდ საქმეში ხელის მომკიდე ორზე მეტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. დროშით დაფიცებას წინ უძღოდა მოწმეების ფიცი. ფიცის შემდეგ მამული დამფიცებელ მოდავეს რჩებოდა. ბჭეები თავიანთი ხელით მიჯნებს ჩაყრიდნენ, სამნებს დასვამდნენ.

ასევე, ფიცი გამოიყენებოდა კეჭნაობის დროს. თუკი დაკეჭნილი მოკვდებოდა, დამნაშავე იფიცებდა, რომ დაკეჭნილი მისი მიყენებული ჭრილობით არ გარდაცვლილა. ბჭენი დაადგენდნენ, რომ ბრალდებულს ნათესავებთან ერთად უნდა დაეფიცა. ბჭეები წილს ყრიდნენ და ვისაც წილი არგუნებდა, ის დაიფიცებდა. ბრალდებული მიდიოდა საფლავზე. მას ახლდა რვა ნათესავი. დანარჩენი ბჭენი გაერიდებოდნენ. მკვდრის პატრონი საფლავზე იდგა. ბჭე იღებდა ხელში ეკალს, ჯერ ბრალდებულს, მერე თითო-თითოდ იმის რვა ნათესავს ყურში ეკალს აძგერებდა ისე, რომ სისხლი წამოსვლოდათ. სისხლი საფლავს ეწვეთებოდა. მკვდრის პატრონი კი ამ დროს ამბობდა, რომ ბრალდებული მკვდრის ყმა და მოსამსახურე გახდებოდა, თუ ტყუილზე დაიფიცებდა. ხუცესი წირვას აღასრულებდა, ტაბლას აკურთხებდა. დაფიცებულები და მკვდრის პატრონი ლუდით სავსე თასს აიღებდნენ, რომელშიც ჩაფხეკილი ვერცხლი ერია. ორივე მხარე სამჯერ, რიგრიგობით სვამდა ლუდს. მერე ტაბლას მიუსხდებოდნენ და ბჭეებთან ერთად ნადიმობდნენ.

ცალკე არსებობდა ხატში დაფიცება, რომელიც ყველა დიდ დანაშაულზე შეიძლებოდა გამოეყენებინათ, მაგრამ აუცილებელი იყო, რომ ეს აქტი ხატობას შესრულებულიყო. ხუცესი ჯერ საკლავს დაუკლავდა ხატს (სამაფიცრო საკლავი) და მერე იხუცებდა. მოფიცარი აქაც უნდა განბანილიყო და განწმენდილიყო. იგი ხატზე ხელის დადებით იფიცებდა, რომ სიმართლეს ამბობდა. მოფიცარს მხოლოდ ერთი ხელის მომკიდე ედგა გვერდით. ხუცესის გარდა, ხატში ფიცის დროს არავინ იყო, ბჭეებსაც არ ჰქონდათ დასწრების უფლება. ხუცესს ფიცი რომ არ გაეგონა, ყურებში თითებს იცობდა.

ხევსურეთში არსებობდა ასევე დაფიცების ფორმა - ცოდვის მოკიდება. ცოდვის მოკიდებას მოპირისპირეც და ბჭეებიც ადებდნენ მოჩივარს. თვით მოჩივარსაც შეეძლო ცოდვა მოეკიდა. ვახტანგის სამართლის ცოდვის მოკიდება სხვა ფორმის იყო (იხ. სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა). მოპასუხე შემწამებელს ზურგზე იკიდებდა და ამბობდა, რომ მის ცოდვასაც თავად კისრულობდა. საბჭო სამართალმა კი მიწის კისერზე დაყრა იცოდა. როცა მოდავე ამტკიცებდა, რომ მამული მისი იყო, სადავო მამულიდან მუჭით მიწას იღებდა, ბჭეების თვალწინ კისერზე იყრიდა და ამბობდა, რომ მიწა ნამდვილად მისი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დედამიწის ცოდვას იღებდა თავზე. ცოდვის მოკიდება რთული იყო, ამიტომ თუ ხევსური დარწმუნებული არ იყო თავის სიმართლეში, ძნელად კისრულობდა ცოდვის მოკიდებას. ცოდვის მოკიდება მცირე მამულზე იცოდნენ. როცა საქმე დიდ მიწებს ეხებოდა, მაშინ მოწმის გარეშე საკითხი ვერ გადაწყდებოდა.

ხევი - არსებობდა შესარიგებელი ფიცი, რომელსაც ხევში ულვაშნაფიც სიტყვას უწოდებდნენ. ხევის გაგა წვერ-ულვაშზე დააფიცებდა მოსისხლე გვარის წარმომადგენლებს, რომ ისინი სიტყვას არ გატეხდნენ და ყველანაირად ეცდებოდნენ დაზარალებული ოჯახების ვაჟკაცების შერიგებას. ასეთ ფიცს არ ტეხდნენ, თუნდაც სისხლის ფასად დასჯდომოდათ.

ფორმულარული პროცესი - ფორმულარულმა პროცესმა გაამარტივა ლეგისაქციური პროცესის პედანტური ფორმალიზმი და საშუალება მისცა მოდავეებს ოპერატიულად გადაეწყვიტათ საკითხი.

მოსარჩელე მიმართავდა იურისტებს და მათი დახმარებით ადგენდა სასარჩელო განცხადებას, რომელშიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო სარჩელის საგანი და საფუძველი. სასარჩელო განცხადების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ მოპასუხეს, რათა ისიც მომზადებულიყო პროცესისათვის. განცხადება მოდიოდა მაგისტრატთან და არა სასამართლოში. მაგისტრატი იბარებდა თავისთან მოპასუხეს, თუ იგი არ გამოცხადდებოდა, მას უწესებდნენ ჯარიმას. სასამართლოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში კი მისი ქონება მოსარჩელის ხელში გადადიოდა.

მაგისტრატის წინაშე ორივე პირი (მოსარჩელე, მოპასუხე) იცავდა თავის პოზიციას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე სარჩელს დაეთანხმებოდა, საქმის წარმოება წყდებოდა. მაგისტრატთან შეიძლება დაებარებინათ მხარეთა მიერ დასახელებული პირები. მათ ეწოდებოდათ კოგნიტორები, პროკურატორები - cognitores, procuratores. ისინი ასაბუთებდნენ მხარეთა მოთხოვნებს. მაგისტრატი უსმენდა მხარეებს, განიხილავდა საბუთებს. წერილობით ჩამოაყალიბებდა საკუთარ მოსაზრებას, ნიშნავდა მოსამართლეს და მისი ბრძანებით საქმე გადადიოდა სასამართლოში განსახილველად.

ფორმულარული პროცესის სახელდება უკავშირდება ფორმულას (formula) ანუ ინსტრუქციას, რომელსაც მაგისტრატი აძლევდა მოსამართლეს. მოსარჩელის და მოპასუხის მოსაზრებები ინსტრუქციის შესაბამისად უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი არ შედგებოდა. ყველა სარჩელს თავისი ფორმულა ჰქონდა, რომელიც ითვალისწინებდა სარჩელის თავისებურებებს.

მაგისტრატის (პრეტორის) მიერ შედგენილ დოკუმენტს ჰქონდა ბრძანების ფორმა და მასში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო:

1) iudicatio nominato - მოსამართლის დასახელება.

2) intertio - მოსარჩელის პრეტენზიები.

3) adiudicatio - მოსამართლისთვის იმ უფლების მინიჭება, რომლის მიხედვითაც იგი ანიჭებდა მოსარჩელეს საკუთრების უფლებას.

4) condemnatio - მითითება მოსამართლის მიმართ, მსჯავრი დადოს მოპასუხეს ან გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისაგან (ქონებრივი პასუხისმგებლობა).

5) praescriptio - მითითება იმ განსაკუთრებულ გარემოებებზე, რომლებიც მოსამართლემ საქმის განხილვისთანავე უნდა გაითვალისწინოს.

6) exceptio - მოპასუხის სიტყვის შესწავლა, ახალი ფაქტების, საბუთების შემოწმება, რომელთაც შეიძლება მიმართულება შეუცვალონ საქმეს.

ფორმულარული პროცესი სარჩელის 4 ტიპს განასხვავებდა:

1) actiones in rem - სანივთო სარჩელი (ნივთზე უფლების აღებას ითხოვდა მოსარჩელე) და actiones in personam - პირადი სარჩელი, რომელიც მოვალისაგან ვალდებულების შესრულებას მოითხოვდა.

2) actiones rei persecutoriae - ეს სარჩელი ფულის ან ნივთის უკან დაბრუნებას ითხოვდა. actiones poenales - ითხოვდა სასამართლოსაგან მოპასუხის დასჯას (ქონების ჩამორთმევას).

3) actiones privatae და actiones populares. პირველ სარჩელს წარადგენდა გარკვეული პირი, რომლის უფლებაც ირღვეოდა.

მეორეს კი ნებისმიერი, რომლის პირადი უფლებები მართალია არ ირღვეოდა, მაგრამ იგი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

4) actiones civiles - ეს სარჩელი ეფუძნებოდა სამოქალაქო სამართალს. actiones praetoriae - პრეტორის მიერ დადგენილ წესებს.

თვითონ ფორმულარული სასამართლო პროცესი იწყებოდა იმით, რომ ორივე მხარე წარუდგენდა მოსამართლეს ფორმულას, რომელიც შეიცავდა გარკვეულ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა წარემართა მას საქმე და გამოეტანა განაჩენი. ამასთანავე რამდენჯერმე მეორდებოდა სიტყვები si paret, absolve (თუ ნათელია, გაამართლე), ან si non paret, condemna (თუ არ არის ნათელი, გაამტყუნე). მხარეთა სიტყვებს მოჰყვებოდა მტკიცებულებების მოხმობა, რასაც თავის მხრივ ახლდა ფიცი უტყუარი მტკიცებულების წარმოდგენისა. მტკიცებულებათა ხელმეორე წარმოდგენის შემდეგ იკითხებოდა სასამართლო განაჩენი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიცავდა გარკვეულ ფულად ჯარიმას.

საბოლოო განაჩენის გამოტანა შესაძლებელი იყო მოსამართლეს გადაეტანა მეტი მტკიცებულების შეგროვების მიზნით (dilatio).

იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ გამოცხადდებოდა სასამართლოში (მე-4 დაბარების შემდეგ), პროცესი იმართებოდა და ის ითვალისწინებდა მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოსარჩელის მიერ იყო მოტანილი. თუ მოსარჩელე არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, პროცესი იშლებოდა.

სისხლის სამართლის პროცესზე მოპასუხის არგამოცხადებას სასამართლოში მოსდევდა მძიმე შედეგი - მოპასუხე იკვეთებოდა ქვეყნიდან და მას ქონებას ართმევდნენ. მოსარჩელის არგამოცხადება აღიქმებოდა როგორც მისი სურვილი, უარი ეთქვა თავის საჩივარზე და ამისთვის იგი ჯარიმდებოდა. მოსამართლის განაჩენი არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. რამდენადაც რესპუბლიკის პერიოდში დაბალი სასამართლო ინსტანცია არ არსებობდა, განაჩენის გადახედვა შეუძლებელი იყო.

ფრატრია (φρατρία) - „საძმო“, ბერძნულ ქალაქებში არსებული ნათესაური გაერთიანებები, „საძმოები“. მათი არსებობა რამდენიმე ბერძნულ ეთნოსში დასტურდება. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ინსტიტუტი ძალზე ადრეული უნდა იყოს. ხშირად მათ ვხვდებით როგორც ფილეთა დანაყოფებს და ისინი ოჯახებისაგან უნდა ყოფილიყვნენ შედგენილი (იხ. გენოსი). ფრატრიებში თაყვანს სცემდნენ საერთო წინაპარს და ხშირ შემთხვევაში მისგან მომდინარე პატრონიმული სახელით იყვნენ წოდებულნი. პრინციპში ფრატრიის წევრობა მხოლოდ ფრატერების კანონიერ შვილებს შეეძლოთ, მაგრამ რადგან სახელმწიფოში ფრატრიები მოქალაქეთა მთელ კორპუსს მოიცავდა, ფრატრიის წევრობა ახლადგამხდარი მოქალაქეებისათვისაც გახდა შესაძლებელი. ფრატრიის წევრები დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ კონტაქტებს წინაპართა საცხოვრებელ ადგილთან. ასე რომ, ეს ადგილი ფრატრიის ცენტრად ფრატერების სხვა ადგილებში დასახლების შემდეგაც რჩებოდა. ფრატრია განსაზღვრული აგებულების მქონე კორპორაცია იყო. იგი რეგულარულ შეხვედრებს წელიწადში ერთხელ მაინც მართავდა, ირჩევდა ერთი წლის მანძილზე მომსახურე მოხელეებს, ფრატრიარქსა და ქურუმს, გამოსცემდა დეკრეტებს და შესაფერისი შემოწმების შემდეგ ახალ ფრატერებს იღებდა. მას ჰქონდა საკუთრების (სახლების, სასაფლაოების) და ფონდების ქონების უფლება. ფრატრიის უმთავრეს საქმიანობას ფრატრიის მფარველი ღვთაების თაყვანისცემა შეადგენდა, რომლებიც ფრატრიებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავდებოდნენ. გამონაკლისი ზევს ფრატრიოსი (ან პატროოსი) იყო, რომელსაც ყველა ფრატრიაში სცემდნენ თაყვანს. დემოკრატიის აღმავლობასთან ერთად ფრატრიების რეორგანიზაცია მოხდა. ელინისტურ ეპოქაში, უმეტესწილად, ფრატრიებმა არსებობა შეწყვიტეს.

ათენის ფრატრიებს არისტოტელე თორმეტ ძველ ტრიტიასთან ათანაბრებდა (არისტოტელე, ათენელთა სახელმწიფო წყობილება, ფრ. 3) (იხ. ფილე). მეცნიერთა ვარაუდით, ფრატრიათა რაოდენობა ათენში თორმეტზე გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. დრაკონის დროს ყოველი ათენელი ამა თუ იმ ფრატრიაში შედიოდა, კეთილშობილი და მდაბიო ერთმანეთის ფრატერები შეიძლება ყოფილიყვნენ, თუმცა ფრატრიის შიგნით კეთილშობილური წარმომავლობის გენოსები უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობდნენ და, სავარაუდოდ, ცდილობდნენ, ისინი უფრო მეტად განსაკუთრებულნი გაეხადათ. კლისთენესის დროისთვის ფრატრიის წევრობა მოქალაქეობის ერთადერთი საზომი იყო. კლისთენესმა მოქალაქეობის ახალი კრიტერიუმი - დემოსის წევრობა შემოიღო (იხ. დემოსი, ფილე), მაგრამ მას ფრატრიები არ დაუშლია და ისინი ისევ აგრძელებდნენ ახალი წევრების რეგისტრაციას. არ არის ნათელი, რამდენად დარჩა ფრატრიის წევრობა მოქალაქეობის აუცილებელ პირობად. რასაკვირველია, ორატორები ხშირად ახსენებდნენ ფრატერთა მოწვევას სასამართლო განხილვაზე, რათა მათ ამა თუ იმ პირის მოქალაქის სტატუსი დაემოწმებინათ. უცხოელები კი, რომელთაც მოქალაქეობა უნდა მიეღოთ, უნდა დარეგისტრირებულიყვნენ როგორც ფრატრიებში, ისე დემოსებში.

8.21

▲ზევით დაბრუნება


ქადაგი, ხევსურეთი - ხატის მსახური, მისი ნებასურვილის განმცხადებელი. მას ხატი ირჩევდა, ადამიანს მასზე ხელი არ მიუწვდებოდა. ქადაგი ხატობის დროს თვითონ გაქადაგდებოდა ხოლმე. როგორც წესი, ქადაგი ახალი წლის დილით უნდა დამდგარიყო. იგი კონვულსიურ მდგომარეობაში ვარდებოდა, ცახცახებდა, გონებას კარგავდა და გაუგებარ სიტყვებს ამბობდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ხატმა „დაიჭირა“.

ქადაგის მოვალეობაში შედიოდა, გაეგო ყველა უბედურება და ავადობა, რომლებიც ხატისგან იყო გამოწვეული. ასევე ხატს ეკითხებოდნენ, ვინ სურდა ხუცესად ან დეკანოზად, რა ხარჯს ითხოვდა სოფლისგან - საკლავს, სანთელს... ასევე ხალხს ატყობინებდა, თუ რა სამსახური სჭირდებოდათ მათ ხატისთვის ან რა დააკლეს მას.

ხატობას ქადაგი თვითონ არ ქადაგებდა, თუ სოფელი არ სთხოვდა, ავადმყოფობის პატრონი თუ არ მიმართავდა. ზოგან ქადაგი მედროშე იყო. ამ წმინდა ნივთს უბრალო კაცი ვერ მიეკარებოდა.

საზოგადოებაში ქადაგი დიდი პატივით სარგებლობდა. ლხინისა თუ ჭირის დროს თავში იჯდა დეკანოზებთან და უფროსებთან ერთად.

თუ ქადაგი ქალი იყო, იგი უწმინდური ხდებოდა, როცა ბოსლობის პერიოდი ჰქონდა. მას ხუცესი ვერ მიეკარებოდა და, რასაკვირველია, ამ დროს ქადაგობის უფლებაც არ ჰქონდა.

ქალი, სამოქალაქო უფლებები, ათენი - ათენელი მოქალაქე ქალის აღსანიშნად უმთავრესად ტერმინი - άστή გამოიყენებოდა. სხვა უფრო შესაბამისი ტერმინის არარსებობის გამო, მას თანამედროვე ენებზე თარგმნიან, როგორც „მოქალაქეს“, მაგრამ άστή არ ნიშნავს მოქალაქეს, რომელიც სრული პოლიტიკური უფლებებით იყო აღჭურვილი, ანუ πολίτης-ს. ათენელი ქალის άστή - მოქალაქეობა მხოლოდ იმას ნიშნავდა, რომ მას ჰქონდა წილი ათენური საზოგადოების რელიგიურ, ლეგალურ და ეკონომიკურ მოწყობაში.

ათენელი ქალის შეზღუდული პოლიტიკური უფლებების ქონას შემდეგი ფაქტორები ადასტურებს: ათენელ ქალს არ შეეძლო დასწრებოდა სახალხო კრებას ან მასზე ხმა მიეცა, არ შეიძლებოდა ყოფილიყო დიკასტერიონის (სასამართლოს) შემადგენლობაში ან ემსახურა, როგორც ბულეს წევრს, მაგისტრატს თუ წინამძღოლს. მას არ ჰქონდა უფლება მოწმედ გამოსულიყო სასამართლო პროცესზე. მას შეეძლო მხოლოდ ფიცი მიეცა სასამართლოზე.

არისტოტელე ამ ტერმინს „პოლიტიკაში“ ორჯერ იყენებს, მაგრამ მის განსაზღვრას ფილოსოფოსი არ გვაძლევს. რაც შეეხება პერიკლეს მოქალაქეობის კანონში დაფიქსირებულ ტერმინს - „დედისა და მამის მოქალაქეობას“, იგი აღინიშნებოდა ტერმინით - άστός, ხოლო ტექნიკური ფრაზა - „გაჩენილი მოქალაქე მშობლებისაგან“ გამოიხატებოდა შემდეგნაირად - ές άμφοϊν άστοϊν (ორივე მოქალაქისაგან - ნახმარია დუალისი).

გამომდინარე იქიდან, რომ ქალი არ იყო რეგისტრირებული დემოსის რეესტრში და არ იყო წარდგენილი ფრატრიის წევრებისთვის, სასამართლოში ქალის კანონიერი პიროვნულობის, მოქალაქეობის მტკიცება ყოველთვის ირიბი გზებით ხდებოდა. პერიკლეს მოქალაქეობის კანონის მოქმედების განმავლობაში ქალის მოქალაქის სტატუსს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, ბუნებრივია, უაღრესად არსებითი გახდა მისი მოქალაქეობის კანონიერების დასაბუთება. და რადგან არ არსებობდა პირდაპირი საბუთები, ქალის მოქალაქეობა მტკიცდებოდა: ა) ამა თუ იმ მამაკაცთან მისი ნათესაობის დასაბუთებით, ბ) დემოსის ან სხვა რიტუალებში მისი მონაწილეობით, გ) მისი ქორწინების დამოწმებით.

ქალის ქონებრივი უფლებები, საქართველო - ქრისტიანობის შემოღების შემდგომ საქართველოში მეუღლეთა შორის ურთიერთობები ქრისტიანული მოძღვრების სრული შესაბამისობით ვითარდებოდა. ცოლი მთლიანად ემორჩილებოდა ქმარს. VI-VIII სს-ის ცნობების მიხედვით, ქალი ღებულობდა მზითვს, ჰქონდა მემკვიდრეობის უფლება და იგი გვევლინება როგორც ქონებრივი ურთიერთობის სუბიექტი. მას გათხოვებისას ეძლეოდა მზითვი - „დედული“ და მამულიც, თუ ოჯახს სხვა მემკვიდრე არ ჰყავდა. ცნობილია, რომ VI ს-ის სომხეთში ქალები მოკლებულნი იყვნენ მემკვიდრეობას. სწორედ ამიტომ, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანუსს სპეციალური კანონი მიუღია ქალების მემკვიდრეობის უფლების შემოსაღებად. სავარაუდოა, რომ იმავე მოვლენას ადგილი ჰქონდა საქართველოში.

IX-X სს-ს ძეგლის, ბასილი ზარზმელის თხზულების მიხედვით, ქალი მამულის მემკვიდრედ გვევლინება. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალს აქვს სამემკვიდრეო და ქონებრივი უფლებები. ამ შემთხვევაში იგი თავისი მდგომარეობით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე შუშანიკი. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მემკვიდრეობა სახლში მყოფ, გასათხოვარ ქალებს ეძლეოდა.

X-XIII სს-ში ცოლის პირადი და ქონებრივი უფლებების შესახებ ცნობებს აღბუღას სამართლის წიგნი გვაძლევს. გამომდინარე იქიდან, რომ ქმარს არ ჰქონდა მზითვის ვალში გადახდის ან განკარგვის უფლება, მეცნიერები თვლიან, რომ ქალს ოჯახში მაღალი უფლებრივი მდგომარეობა ეჭირა.

გიორგი ბრწყინვალეს „ძეგლის დადების“ მიხედვით, საოჯახო ქონებაში ქალს სრული წილი არ გააჩნდა. ეს ჩანს ძეგლისდების მე-18 მუხლიდან, რომლის თანახმადაც ქმარმოკლულ ქალს მოკლულისათვის გაღებული სისხლის ფასიდან მცირე ნაწილი - „სასაპყრო“ მიეცემოდა, დანარჩენი ოჯახის საკუთრებას შეადგენდა.

ქართული საკანონმდებლო ძეგლებიდან ირკვევა, რომ ქალის მზითვი დაცულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქალი მრუშობისათვის გააგდეს.

ასე რომ, XIII-XVIII სს-ის საქართველოში მეუღლეთა პირად და ქონებრივ ურთიერთობათა რეგლამენტაცია ცივილიზებულ ჩარჩოებშია მოქცეული. ქალი, როგორც მეუღლე, არ წარმოადგენს საკუთრების ობიექტს - იგი თვითონვეა სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი. იგი განაგებს საკუთარ ქონებას, ცოლ-ქმარი ერთმანეთთან ამყარებს სხვადასხვა სახის გარიგებას - გააჩუქონ, გაყიდონ, გაცვალონ საკუთარი „მიუდევარი“ ქონება. საქართველოსთვის უცხოა ისლამური აღმოსავლეთისათვის დამახასიათებელი ცოლის სრული უუფლებობა.

ფეოდალიზმისათვის არ არის ნიშანდობლივი ქალისა და მამაკაცის სრული თანასწორუფლებიანობა და ამას ვერც საქართველოში შევხვდებით. მაგრამ საქართველოში არსებობდა ცივილიზებული ქვეყნებისათვის (ბიზანტია) დამახასიათებელი პირადი და ქონებრივი ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების პრაქტიკა.

ქართული თეთრი - ვერცხლის ფულის ზოგადი სახელი საქართველოში. წერილობით წყაროებში პირველად XIII ს-ში გვხვდება, რომელსაც ასევე საანგარიშო და სამონეტო ერთეულის მნიშვნელობაც ჰქონდა. 6 თეთრი 1 დრაჰკანს შეადგენდა. უფრო გვიან თეთრი ვერცხლის საფასის ზოგადი ტერმინი იყო, ზოგჯერ კი საერთოდ ფულს აღნიშნავდა.

ქართული საკრედიტო მონეტა - XII-XIII სს-ში ქართველ მეფეთა - დემეტრე I-ის, გიორგი IIIის, თამარ მეფისა და გიორგი IV ლაშას სახელით მოჭრილი სხვადასხვა ზომისა და წონის სპილენძის მონეტები, რომლებსაც ვერცხლის ფულის ფასი ჰქონდა. ფულს ასეთი წარწერა ჰქონდა: „...სახელითა ღვთისათა იქნა ჭედაი ვერცხლისა ამისა“. ამით აღინიშნებოდა, რომ მეფის მიერ მოჭრილ სპილენძის ფულს ვერცხლის ფულის ფასი ჰქონდა და იგი იძულებითი, სავალდებულო კურსით მიმოიქცეოდა.

ქვით ჩაქოლვა - საბერძნეთსა და რომში დასჯის გავრცელებული ფორმა. გამოიყენებოდა როგორც განაჩენის გამოტანის შემდეგ, ასევე სტიქიური სახალხო ანგარიშსწორების ფორმით.

ქორწინება, რომი (matrimonium) - ადრეული პერიოდის რომაულ საზოგადოებაში ოჯახის უფროსი (paterfamilias) ოჯახის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი იყო, მას შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდა. ბუნებრივია, ქალიშვილის ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც ის წყვეტდა. მისი თანხმობა აუცილებელი იყო მამის ძალაუფლების (patria potestas) ქვეშ მყოფი ქალიშვილისთვის. ქალიშვილს შეეძლო უარი განეცხადებინა მამის ამორჩეულ სასიძოზე იმ შემთხვევაში, თუ მამის არჩევანი მორალური მოსაზრებიდან გამომდინარე შეუფერებელი იყო, ან თუკი მას ნათესავები და მეზობლები უჭერდნენ მხარს (დიგესტები, 23. 2. 2). გოგონას გათხოვების დროს ამოსავალი ოჯახის ინტერესები - ოჯახისათვის საჭირო კონტაქტები იყო. რომაულ საზოგადოებაში, რომელშიც არც სოციალური მობილობა და არც სოციალური უსაფრთხოება არ არსებობდა, ოჯახი თავისი წევრების ქორწინებასთან მიმართებაში ძალზე მგრძნობიარე ინსტიტუტი იყო. შესაბამისად, ქორწინებისას ქალის პირადი გრძნობებისა და ემოციებისთვის ადგილი არ რჩებოდა.

აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მკვლევართა უმეტესობა თანხმდება ქორწინების ორი სახეობის გამოყოფაში: ერთია ქორწინება ქმრის ხელში/ძალაუფლებაში გადასვლით (cum/in manu) და მეორე ქორწინება ქმრის ხელში/ძალაუფლებაში გადასვლის გარეშე (sine manu). რომაელი ქალი, რომელიც ქორწინდებოდა cum manu (იხ. conventio in manum) მამის ძალაუფლებიდან ქმრის ასეთსავე ძალაუფლებაში გადადიოდა, თუმცა ქმრისა და მამის ძალაუფლების ქვეშ ყოფნა განსხვავებული იყო ორი გარემოების გათვალისწინებით: ა) მამის იძულება ქალიშვილს არც ერთ შემთხვევაში არ შეეძლო, მაშინ, როცა შეეძლო აეძულებინა ქმარი, გაყროდა მას; ბ) ცოლის საკუთრებაზე ქმრის ზედამხედველობის მიუხედავად, ქალები მაინც ინარჩუნებდნენ კონტროლს საკუთრების რაღაც ნაწილზე. ბუნებრივია, ქალი ყველა შემთხვევაში ქმრისადმი დაქვემდებარებული რჩებოდა. cum manu ქორწინება რესპუბლიკის დასასრულს უკვე იშვიათ მოვლენას წარმოადგენდა.

sine manu-თი დაქორწინებული ქალი (ეს ძვ. წ. I ს-ის შუა წლებიდან ნორმა უნდა ყოფილიყო), რჩებოდა მამის ძალაუფლებაში. მას მამის თანხმობა სჭირდებოდა მნიშვნელოვანი ფინანსური ტრანსაქციების საწარმოებლად. მამას ასევე ჰქონდა უფლება შეეწყვიტა ქალიშვილის ქორწინება ამ უკანასკნელის ნების გარეშე. ამ ტიპის ქორწინება აძლევდა ქალის მამას უფლებას თვალი სჭეროდა ქალიშვილის გათხოვების შედეგად მისი ოჯახიდან გასულ ქონებაზე. ადულტერის შესახებ ავგუსტუსის მიერ შემოღებული კანონები აღიარებდა ქალიშვილის მამის ინტერესების უპირატესობას ცოლისადმი ქმრის ინტერესებთან შედარებით.

ხშირად მიიჩნევენ, რომ რესპუბლიკის ეპოქის დასასრულს cum manu ქორწინების sine manu ქორწინებაში გადასვლა ქალების მხრიდან უფრო მეტი თავისუფლების მოთხოვნით იყო გამოწვეული, რომ გვიანი რესპუბლიკის საქორწინო კანონმა ქალებს თავისუფლება და ღირსება მიანიჭა. ქორწინების ახალმა წესებმა ქალებს ოჯახური უღლისაგან თავის დაღწევის იმედი მისცა განსხვავებით ადრეული რესპუბლიკის „ურღვევი ქორწინებისაგან“. და თუ ქალის მიზანი sui iuris-ად ყოფნა იყო (დამოუკიდებელი არსებობა ოღონდ მეურვის ზედამხედველობის ქვეშ), მამის ასაკის გათვალისწინებით უფრო რეალური იყო მამის ძალაუფლებისგან გამოსვლა, ვიდრე თავის დაღწევა ქმრის ძალაუფლებისაგან. ამის გათვალისწინებით ქორწინება sine manu-თი ქალისთვის უკეთესი გარიგება იყო. ამასთან, ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ ქალებს თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეეძლოთ. ქალიშვილს არ შეეძლო მამის უკითხავად ქმრის არჩევა; არ შეეძლო გაყროდა ქმარს მამის მხრიდან ეკონომიკური მხარდაჭრის გარეშე; არ შეეძლო დაეცვა თავისი ქონება ქმრის, მამის ან მამამთილის ჩარევისაგან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევის თვალსაზრისით მისი ქმარიც ამავე მდგომარეობაში იყო. პატრიარქალურ ოჯახში მკაცრად იყო დაცული მორჩილების ვერტიკალური ხაზი, უმცროსისა და უფროსის მიმართ. მისი ქმარიც გარკვეულ ასაკამდე იყო საკუთარი მამის ფინანსური ზედამხედველობის ქვეშ, მასაც ესაჭიროებოდა მამის თანხმობა დასაქორწინებლად და, შესაძლოა, გაყრის შემთხვევაშიც. sui iuris-ის სტატუსის ქალებს, ისევე როგორც ამავე სტატუსის მამაკაცებს, შეეძლოთ მიეღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებანი, თუმცა საოჯახო და ფინანსური ვალდებულებანი უნდა გაეთვალისწინებინათ. მამაკაცისაგან განსხვავებით, განქორწინების დროს ქალი კარგავდა შვილებს. ისინი მამის ოჯახში რჩებოდნენ. ქალებს არ ჰქონდათ უფლება, აეყვანათ შვილი, რამეთუ საკუთარი სხეულიდან გაჩენილი შვილებიც კი მათ ძალაუფლებაში (potestas) არ იყვნენ.

რომში ქორწინება ძალაში ფორმალური წესების დაცვის გარეშე შედიოდა. საზეიმო ცერემონიალებს, რომლებიც ჩვეულებრივ მას თან ახლდა, ლეგალური ხასიათი არ ჰქონდათ. ქორწინება რომში, მეცნიერთა უმეტესობის აზრით, თანამედროვე ცოლ-ქმრობისაგან განსხვავებით იყო არა იურიდიული, არამედ საზოგადოებრივი ფაქტი, თუმცა, გარკვეულწილად, იურიდიული შედეგები ჰქონდა. ქორწინებას ქორწინებად ხდიდა ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრება, რათა შეექმნათ სამუდამო კავშირი (affectio maritalis), რასაც თან უნდა მოჰყოლოდა ქორწინების სოციალური შედეგი - პატივისცემა ქორწინების პარტნიორის მიმართ (honor matrimonii). საზეიმო ცერემონიალი, კერძოდ, deductio in domum mariti ამ მიზნის ნათელყოფას ახდენდა. მეტიც, მიზანი არა მარტო ქორწინების დასაწყისისათვის იყო აუცილებელი, არამედ მთელი ცოლქმრობის განმავლობაში. რომაული ქორწინება მონოგამიური იყო.

ქორწინება ანტიკურ სამყაროში კერძო სამართლის (სამართალი, რომი) საგანს წარმოადგენდა, შესაბამისად, სრულ რომაულ ქორწინებას (iustae nuptiae, iustum matrimonium) მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა ორივე მხარე რომაელი მოქალაქეები იყვნენ, ან მათ მინიჭებული ჰქონდათ conubium-ი (რომაულ ქორწინებაში შესვლის უფლება). მხოლოდ ამგვარ ქორწინებას შეეძლო შეეყვანა ბავშვი მამის ძალაუფლება- ში (patria potestas) და მისთვის მემკვიდრეობის უფლება მიეცა. მეორე მხრივ, შესაძლოა, მხარეებს ჰქონოდათ კონუბიუმი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ერთმანეთთან დაქორწინება არ შეძლებოდათ. ამგვარი დაბრკოლებები რომის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა იყო. ქორწინებისათვის უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენდა: ა) განსხვავებები სოციალურ ფენებს შორის. Lex Canuleia-მდე პატრიციებს პლებსის წარმომადგენლებთან ქორწინება არ შეეძლოთ (ძვ. წ. 445 წ.). თავისუფალ ადამიანს არ შეეძლო დაქორწინებულიყო გააზატებულზე მანამ, სანამ ავგუსტუსის საქორწინო კანონმდებლობებით ეს აკრძალვები სენატორთა ფენის ადამიანებით არ შემოიფარგლა; ბ) მორალური მოსაზრებანი ან საჯარო პოლიტიკა. ასე მაგალითად, ავგუსტუსის კანონმდებლობით აიკრძალა ადულტერის ჩამდენის ახალი ქორწინება, ასევე კავშირი თავისუფალ პიროვნებასა და ცუდი რეპუტაციის ქალებს შორის (იხ. ინფამისი). პროვინციაში მოსამსახურეთ არ ჰქონდათ უფლება იმ პროვინციაში მცხოვრებ ქალებზე დაქორწინებულიყვნენ. ჯარისკაცებს, ზოგიერთ შემთხვევებში, დაქორწინება საერთოდ ეკრძალებოდათ. გ) ნათესაობა სისხლით, ადოფციის ან ქორწინების შედეგად გარკვეულ საზღვრებში.

ქორწინებაზე ავგუსტუსის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა კონკუბინატის არსებულ ინსტიტუტს ახალი მნიშვნელობა მიანიჭა. კონკუბინატს არ ჰქონდა ლეგალური შედეგები, თუმცა იგი თანაცხოვრების იმ ფორმას წარმოადგენდა, რომლის მიმართაც საზოგადოება ტოლერანტული იყო. ამასთან, კონკუბინატი არ იყო აუცილებლად ქორწინების ალტერნატივა. კაცს შეეძლო ჰყოლოდა ცოლი და კონკუბინა, ზოგჯერ ერთ კონკუბინაზე მეტი.

რომაელი ქალიშვილები ადრეულ ასაკში ქორწინდებოდნენ. 14 წელი ქალიშვილის დასაქორწინებლად შესაფერის ასაკად მიიჩნეოდა. ავგუსტუსის კანონმდებლობით, ქორწინების ასაკის ლეგალური ქვედა ზღვარი 12 წლით შემოიფარგლა.

პლუტარქოსის აზრით, რომაელ ქალიშვილთა საქორწინო ასაკი ერთობ ადრეული იყო. მისივე თქმით, რომაელები განსაკუთრებით ზრუნავდნენ იმაზე, რომ ქალიშვილი ფიზიკურად და გონებრივად ხელშეუხებელი, წმინდა ყოფილიყო. ექიმები მიიჩნევდნენ, რომ გოგონათა სექსუალური სურვილები პუბერტეტის ასაკიდან იწყებოდა. ამდენად რომაელები ქალიშვილების ადრეული გათხოვებით, მოსალოდნელი გართულებებისაგან თავის არიდებას ცდილობდნენ. ახალგაზრდა ქალთა სიკვდილიანობაც რომაელი ქალების ადრეული ქორწინების მიზეზი უნდა ყოფილიყო (იხ. განქორწინება, რომი; მზითვი, რომი; ნიშნობა, რომი).

ქორწინება, საქართველო - ქართული ქორწინებისათვის დამახასიათებელია რთული და ხანგრძლივი პროცესი, რაც წინასაქორწინო ადათ-წესების მთელ წყებას მოიცავს - ესენია წყვილთა დაახლოება, მათი გვარ-ჩამომავლობის გარკვევა, გარიგება, დანიშვნა, ურვადი, მზითვი. ამას შემდეგ თავად ქორწილის საზეიმო ცერემონიალი - ჯვრისწერა და ლხინი მოჰყვება. ისევე როგორც სხვა ხალხებში, ქორწინებისა და ცოლქმრობის წესები საქართველოშიც დროთა განმავლობაში ცვლილებებს განიცდიდა.

ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, უძველეს ხანაში საქართველოში ქორწინება ექსოგამიური უნდა ყოფილიყო, ანუ მამაკაცს ცოლი უეჭველად სხვა საგვარეულოდან უნდა ჰყოლოდა. მეცნიერს ამას უძველეს ქართულ საისტორიო წყაროებში დადასტურებული მამამძუძეობის ადათ-წესი აფიქრებინებს. ამ ადათის მიხედვით, ბავშვი თავისი ღვიძლი მამის სახლსა და საგვარეულოში არ იბადებოდა. იგი დედის საგვარეულოში იზრდებოდა, სადაც მისი აღმზრდელნი და მფარველნი დედის მამრობითი სქესის უახლოესი ნათესავები იყვნენ. დედა, ქმრის ცოლი ჯერ კიდევ არ იყო ქმრის საგვარეულოსა და სახლში შესული და ისევ თავისი საგვარეულოს წიაღში რჩებოდა. საყურადღებოა, რომ ქორწინების ამ სახეობის გარდა ძველ ქართულ წყაროებში, ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, დასტურდება მახლობელ ნათესავთა ქორწინება, ოღონდ ეს ხდებოდა სამეფო საგვარეულოს ფარგლებში, რაც იმას მიუთითებს, რომ ამ ფენაში ქორწინების ენდოგამიური წესი იყო დაშვებული (პეტრე ქართველის ასურული ცხოვრება; ტაციტუსი, ანალები XI, 44, 46). ივ. ჯავახიშვილის აზრით, ამას მხოლოდ წარჩინებულ საგვარეულოში ვხვდებით და იგი საერთო მოვლენას არ წარმოადგენდა.

საქართველოში ცოლის მოყვანის ერთ-ერთი ძველი წესი - ცოლის წაგვრის, მოტაცების წესი უნდა ყოფილიყო. ეს ეთნოგრაფიულ მასალებში დაცულ ადათ-წესებში შეიძლება ამოვიკითხოთ. ასე მაგალითად, საცოლის სახლში მიმავალი სასიძოსთვის შეიარაღებული და ცხენოსანი მაყრიონის თანხლება, ანდა ჯვრისწერის შემდეგ ნეფე-პატარძლის გავლა სიძის ეჯიბისა და სძლის მაყრის მიერ ამოწვდილი ხმლების ქვეშ ქალის მოტაცების ძველი წესის სიმბოლური გამოხატულება უნდა იყოს. ძველ დროში საქმრო ცოლის მოსაყვანად იძულებული იყო ცხენოსანი და შეიარაღებული თანამებრძოლებითურთ შორ გზას დადგომოდა. მაშინ მართლაც შესაძლებელი იყო აპრიალებული ხმლების ტრიალი ქალის მოსატაცებლად. ეს ადათ-წესი საქართველოს მთამ გვიანდელ პერიოდამდე შემოინახა (იხ. ბანზე შეხტომა, ხესურეთი; მოტაცება ქალის, ხევსურეთი). ისტორიულად ცნობილ ხანაში ქალის მოტაცებით შერთვა უწესობად და უკანონობად ითვლებოდა და დასჯას ექვემდებარებოდა.

ადრეული პერიოდის საქართველოში ქორწინების ერთ-ერთი ფორმა ცოლის შერთვისას საფასურის გადახდა იყო. ამგვარი ქორწინების დროს საპატარძლოს ოჯახში სიძის ოჯახს საქორწინო გადასახადი - ურვადი (საქონელი, ნივთი, ფული) უნდა მიეტანა. ურვადი ბევრ ქვეყანაში მიღებული სყიდვითი ქორწინების ჩვეულება გახლავთ, რომელიც პატრიარქალური საზოგადოების საწყის ეტაპზე არის აღმოცენებული. ურვადის არსებობა საქართველოში უკვე ახ. წ. V ს-ში დასტურდება. მას შემდეგ რაც შუშანიკი ვარსქენისაგან წავიდა, ვარსქენი მისთვის მიცემული სამკაულების უკან დაბრუნებას მოითხოვს, ანუ იმ ნივთების დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მან ცოლად მოყვანისას შუშანიკს უბოძა. ცნობებს ურვადის შესახებ საქორწინო წესების ვახტანგ ბატონიშვილისეულ აღწერილობაშიც ვხვდებით. აქ საყურადღებოა ის, რომ საცოლისათვის პირველად საქმროს მიჰქონდა ქონებრივი საჩუქარი. სამეგრელოში, როგორც ეს არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) და თ. სახოკიას (XIX ს.) აღწერებიდან ჩანს, ეს ჩვეულება მოგვიანო ხანებშიც არსებობდა.

ქრისტიანობის მიღების შემდეგ საქართველოში კვლავ ვხვდებით ქორწინების ძველი ფორმების გადმონაშთებს, მაგრამ ისინი თანდათანობით უფრო ცივილიზებული ფორმებით იცვლება, როგორიცაა ნებაყოფლობითობაზე და მორიგებაზე დამყარებული ქორწინება. საქართველოში ქორწინების არსი ქრისტიანული მოძღვრებით იყო განსაზღვრული. ძველი ქართული საოჯახო სამართლის პრინციპები სრულ თანაფარდობაში იყო შუა საუკუნეების ქრისტიანული ქვეყნების საოჯახო სამართლის პრინციპებთან. ეს პრინციპები შემდეგში მდგომარეობდა: ა) ქორწინებისა და ოჯახის წოდებრივ პრინციპებზე აგება; ბ) ოჯახში მამაკაცის გაბატონებული მდგომარეობა ცოლზე; გ) მამის გაბატონებული მდგომარეობა შვილებზე.

საეკლესიო და სამართლის ნორმების მიხედვით განსაზღვრული იყო ის გარემოებები, რომლებიც წყვილთა ქორწინებისათვის იყო: ა) აბსოლუტურად დამაბრკოლებელი და ბ) ხელისშემშლელი. ქორწინების აუცილებელ მოთხოვნას განსაზღვრული საქორწინო ასაკი წარმოადგენდა, რომელიც 1003 წ-ს რუის-ურბნისის კრების დადგენილებით ქალისათვის 12 წლით განისაზღვრა, ვაჟისთვის კი 15-16 წლით. ამასთანავე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საქორწინო ასაკი სხვადასხვა იყო. საქართველოს მთიანეთში უფრო მაღალი საქორწინო ასაკი შეინიშნება, რაც მთის ბუნებრივი პირობებით და სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის თავისებურებითაც იყო განპირობებული.

საქართველოში, ისევე როგორც საზოგადოდ პატრიარქალურ საზოგადოებაში, გასათხოვარი ქალი ქალწული უნდა ყოფილიყო. XV ს-ის გერმანელ ავტორს დამოწმებული აქვს წესები, რომლებიც საპატარძლოს ქალიშვილობის დადგენას ეხებოდა (აქ ლაპარაკია იმ შემთხვევაზე, როდესაც საცოლის დედას სიძის ოჯახისათვის პირობა აქვს მიცემული, რომ საპატარძლო ქალწულია) (Hans Schiltbergers, Reisebuch, Tübingen, 1885, 98-99).

საქართველოში ქორწინებისთვის ერთ-ერთ არსებით დამაბრკოლებელ გარემოებად წყვილთა შორის ნათესაური კავშირი ითვლებოდა. ნათესაობა, როგორც ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება ბასილი კესარიელის კანონებითა და VI მსოფლიო კრების დადგენილებით იქნა აღიარებული. ზუსტად განისაზღვრა ნათესავთა ის წრე, რომელთა დაქორწინება გამორიცხული იყო. აიკრძალა ქორწინება მონათლულთან, ასევე შვილად აყვანილთან. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქორწინების დამაბრკოლებელი სხვა გარემოებებიცაა დადასტურებული, ასე მაგალითად, თანამოგვარეობა, თანამეთემეობა. ზოგიერთ კუთხეში ერთი სოფლის ან ერთი უბნის ფარგლებში ქორწინებაც აკრძალული იყო. ქორწინებისას ხელისშემშლელი გახლდათ სოციალური და წოდებრივი უთანასწორობა. ქართული საქორწინო სამართალი მკაცრად მოითხოვდა ქორწინებისას ერთმორწმუნეობის დაცვას.

ქორწინებას წინ დანიშვნა (დაწინდვა, დაბელგვა) უძღოდა. იგი სავალდებულო წინაპირობად იყო მიჩნეული. საცოლის არჩევაში მშობლები აქტიურობდნენ და მექორწინეთა სურვილი მხედველობაში არ მიიღებოდა (იხ. ნიშნობა, საქართველო). საქართველოში, ისტორიულად, ქალის დანიშვნის სხვადასხვა წესი იყო ცნობილი (იხ. ნიშნობა, მთა). ნიშნობის მთავარი მომენტები გახლდათ: მოყვრობაზე შეთანხმება, რაც ქალის ოჯახში საქმროს შუაკაცების მისვლაში და საპატარძლოს თხოვნაში გამოიხატებოდა. ქალის ოჯახისა და საპატარძლოსათვის მას საჩუქრები და ძღვენი უნდა მიეტანა, პირველ რიგში კი - სანიშნი ბეჭედი.

ქალის გამზითვების წესი, როგორც ჩანს, საქართველოს სხვადასხვა რაიონის მიხედვით განსხვავებული იყო. ბარში მას შედარებით მეტი ყურადღება ექცეოდა, ვიდრე მთიანეთში. მზითვი ქორწინების ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტი იყო. IX ს-ის წერილობით ძეგლში იგი უკვე მოხსენიებულია (იხ. მზითვი, საქართველო). მზითვი ქალის პირადი საკუთრება იყო და ქმარს უფლება არ ჰქონდა იგი განეკარგა. ცოლქმრის გაყრის შემთხვევაში მოძრავი ქონების სახით წაღებული მზითვი ქალს უბრუნდებოდა, როგორც მისი პირადი საკუთრება.

ქრისტიანობამ ქორწინებისას საეკლესიო ლოცვა-კურთხევა აუცილებელ პირობად გახადა, რამაც ქორწინების ზოგიერთი ძველი წესი შეცვალა. თუმცა, როგორც ჩანს, გვირგვინთა კურთხევა საქართველოში ქორწინების ერთადერთი ფორმა არ იყო. წყაროები გვაწვდიან ცნობებს ჯვარდაუწერელი კაცისთვის ცოლის დაორსულების გამო სასჯელად ჯარიმის დაწესებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცოლი და ქმარი ჯვრის დაწერის გარეშეც ერთად ცხოვრობდნენ. როგორც წესი, ქორწინების დამაგვირგვინებელი ქორწილის საზეიმო ცერემონიალი იყო. პატრიარქალური ოჯახისა და მონოგამიური ქორწინების დამკვიდრების შემდეგ საქორწინო ცერემონიალი რთული და მრავალფეროვანი გახდა. ამ ცერემონიალის მთავარი მომენტი სასიძოს გვარში საპატარძლოს შეყვანა გახლდათ. მაყრიონის თანხლებით საპატარძლოს ოჯახში მისულ სიძეს ქალი ტაძარში მიჰყავდა. ჯვრისწერის შემდეგ მექორწინენი სახლში მიდიოდნენ, სადაც იმართებოდა ლხინი, მიმდინარეობდა მექორწილეთა დალოცვა და სადღეგრძელოების შესმა. ბოლოს ადგებოდა ნეფის ეჯიბი და ქალის ოჯახს ქმრის მიერ მიცემულ საჩუქართა ნუსხას წაუკითხავდა, რის შემდეგაც დაუჩოქებდა პატარძალს და მას პირ-ბადეს ახდიდა. ამის შემდეგ ვინმე მწიგნობარი წაიკითხავდა ქალის მზითვის სიას. ასე რომ, ქორწილში საგანგებო მისიის მქონე პირები - ეჯიბი, მეჯვარე, მაყრები მონაწილეობდნენ. ქორწინების მთავარი ნაწილი შუაცეცხლის ირგვლივ მაყრიონის 3-ჯერ შემოვლის რიტუალი და ჯვრისწერა იყო. ეს რიტუალები სხვადასხვა ეკონომიკური მდგომარეობის ოჯახების მიხედვით განსხვავებული გახლდათ.

ქორწინება, მთა

ხევსურეთი - საქმრო ცოლის მოსაყვანად აგზავნიდა ორ მოხუცებულ ნათესავს და მათი პირით უთვლიდა ქალის ოჯახს, რომ მზად იყო ცოლის მოსაყვანად. პატარძალს მაყრებად თავისი სოფლელები მიჰყვებოდნენ. პატარძალი მათ აუცილებლად ფეხით უნდა გამოჰყოლოდა, რადგან ცხენზე შეჯდომა ძალიან დიდ სირცხვილად ითვლებოდა. როცა მაყრიონი ნეფის სოფელს მიუახლოვდებოდა, მიეგებებოდნენ საქმროს სოფლელები. ჭურჭლით არაყს დაახვედრებდნენ და სოფელში მიიპატიჟებდნენ. რაც უფრო შორს მიეგებებოდნენ, მით უფრო დიდი პატივი იყო. ამასთან, მაყრიონს სხვადასხვა ადგილას უნდა დახვედროდნენ არყით. სოფელში მაყრებისთვის ცალკე ოთახი იყო მომზადებული. პირველად ამ ოთახში ქალის მაყრიონი შედიოდა და შეიპატიჟებდა საქმროს სტუმრებს - სახლი ჩვენიაო, და რადგან ქალი მოგვგვარეთ, სტუმრების დაპატიჟებაც ჩვენი საქმეაო. სოფელში მისვლისას მაშინვე პატარძალს ქალები შემოეხვეოდნენ და სადაც უფრო ბნელოდა, იქ დასვამდნენ, რომ ქმარს არ დაენახა. პატარძალი ერთი ან ორი კვირა უნდა დარჩენილიყო ქმრის სახლში, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ქმარს ვერ დაენახვებოდა. ქმარმა არც იცოდა, სად იწვა მისი ცოლი. ერთი ან ორი კვირის შემდეგ სიძესთან მოვიდოდნენ ქალის მოციქულები, ახლა მზად ვართ და ქალი მოგვგვარეთო. სიძის მაყრები გაჰყვებოდნენ პატარძალს მამის სახლში, სადაც დამზადებული იყო საქორწინო ნადიმი. ქმარი თავის სახლში უნდა დარჩენილიყო. ქალს მამის ოჯახში ერთი წელიწადი ან ცოტა ნაკლები უნდა დაეყო. სიძეს ამ დროის განმავლობაში არ ჰქონდა უფლება, ენახა თავისი საცოლე. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო შეეძლო პატარძალს ქმრის სახლში დარჩენა, თუ ქმარი მარტოხელა იყო და მომვლელი არ ჰყავდა. თუ არადა, აუცილებლად მამის ოჯახში უნდა დარჩენილიყო, სანამ ვადა არ გავიდოდა, ვადა კი მორიგებაზე იყო დამოკიდებული. შემდეგ ძმას ან ვინმე ახლო ნათესავს მიჰყავდა ქალი ქმრის სახლში. თვითონ ქმარი აგზავნიდა ერთ ან ორ ნათესავს ქალის წამოსაყვანად. ქალს მოჰქონდა მზითვი და ფეხით უნდა მისდგომოდა ქმრის ოჯახს. აქ მაყრიონი აღარ იყო საჭირო, ხუცესი აკურთხებდა ცოლ-ქმრის ტაბლას, მხრებში ძაფით გადააბამდა. დედამთილი კი ცალკე ოთახს უმზადებდა ძაფით გადაბმულებს. ამით მთავრდებოდა ქორწილი.

სვანეთი - ქორწილის წინ საქმროს მშობლები ქალის დედ-მამას უგზავნიდნენ მოციქულს, დაუთქვამდნენ ქორწილის დროს და სთავაზობდნენ ნაჭვლაშზე მორიგებას. ქალის მშობლებს უფლება ჰქონდათ, ერთიდან სამ წლამდე ქალი არ გაეშვათ და სახლში დაეტოვებინათ სხვადასხვა მიზეზით (მაგალითად, როცა ოჯახში მუშახელი ძალიან საჭირო იყო). ნაჭვლაშზე სამოციქულოდ მიდიოდნენ საქმროს სიძეები, მათი ცოლები და შვილები. საცოლის დედ-მამა ასახელებდა ხარებსა და ძროხებს, რომელთაც ნაჭვლაშად ითხოვდა. მოციქულები - მუყა - დანაბარებს გადასცემდნენ საქმროს ოჯახს. ისიც თანხმდებოდა და აგზავნიდა მათთან ძღვენს მოციქულების ხელით, რომლებსაც ასევე პატარძლის წამოყვანაც ევალებოდათ. ქალის მშობლები ამზადებდნენ კალათს სტუმრებისა და მაყრების დასაპურებლად და აგზავნიდნენ საქმროს ოჯახში მარხილით, რომელსაც პატარძლის მისვლამდე უნდა ჩაეღწია.

მოციქულებს ქალი მაყრიონით მიჰყავდათ სასიძოსთან თოფის სროლით, სასიძოს მხრიდანაც სროლითვე ეგებებოდნენ. სახლის კარებთან ოჯახის უფროსი ეგებებოდა, ქალს ფქვილით სავსე გობზე აკიდებინებდა ხელს. მიმყვანები - მუყა - პატარძალს კერიის გარშემო ორ-სამჯერ შემოატარებდნენ საქორწილო სიმღერით. ქალს გვერდით მიუსხდებოდნენ მეგობრები და მუდდი (მდადე). ოჯახის უფროსს წინ უნდა დაედგა პურით სავსე გობი, როგორც ბარაქიანობის სიმბოლო და პატარძლის კალთაში უნდა ჩაესვათ პატარა ბიჭი, რომელიც ვაჟიანობის გამრავლების აღმნიშვნელი იყო. ამის შემდეგ იწყებოდა ნადიმი, რომლის ხარჯს გათენებამდე ქალის დედ-მამა კისრულობდა, დილიდან საღამომდე კი - სასიძოს მშობლები.

ადრე ჯვრისწერა ქორწილის დროს არასდროს ხდებოდა. ზოგჯერ ერთიდან სამ წლამდე ჯვარდაუწერელი ცხოვრობდა საქმროს სახლში. ამ დროის განმავლობაში იგი ოჯახის ქალებთან წვებოდა და მუშაობდა. ჯვრისწერის დაგვიანების მიზეზი საქმრო-საცოლის მცირეწლოვნება იყო.

ჯვრისწერა უბრალოდ ხდებოდა. არც მოწმეები და არც სტუმრების დაპატიჟება არ ხდებოდა. საქმრო მოიპატიჟებდა პაპს, რომელიც სახლშივე სწერდა ჯვარს. სიძე-პატარძალს ერთად დააყენებდა, თავზე გადააცვამდა ვერცხლის წვრილ ჯაჭვს, რომელსაც ბოლოში ჯვარი ჰქონდა მობმული. ორივეს ტანისამოსის წინა კალთებს ნემსით გადააბამდა, ლოცვას წაუკითხავდა და მთავრდებოდა ჯვრისწერა.

ფშავი - ნიშნობიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ სასიძო ქალის მშობლებს ქორწილის დროს და თარიღს აცნობებდა. ჯვრისწერა ძირითადად კვირაობით ხდებოდა და სიძის ოჯახი საქორწილო სამზადისს შეუდგებოდა. სიძე მაყრებით მიდიოდა პატარძალთან, სადაც მას ქალის მაყრები და მორთული პატარძალი ხვდებოდნენ. ნეფე-პატარძალს ტოტებიან გვირგვინს დაადგამდნენ თავზე, ბედნიერებას მიულოცავდნენ და სუფრას მიუსხდებოდნენ. საღამოს ყველანი ჯვრის დასაწერად ქალის სოფლის ეკლესიაში მიდიოდნენ. საქორწინო ამალაში სიძის მხრიდან უნდა ყოფილიყვნენ: ეჯიბი, მეჯვარე და ვაჟის მაყარი, ქალის მხრიდან კი - ქალის ძმა, მდადი და ქალის მაყარი. ჯვრისწერის შემდეგ თოფის სროლით სიძის ოჯახში მიდიოდნენ, წინ ეჯიბი უნდა წასულიყო, რომელსაც ცხენზე აკიდებული სათავნო მიჰქონდა. სახლის კართან სიძეპატარძალს ეგებებოდა „ნეფის (სიძის) დედა“, რომელსაც თავზე გრძელბეწვა ქუდი ეხურა და ხელში ხონჩა ეჭირა. ხონჩაზე იდგა ერბონარევი ჯამი და საფუარი. ნეფის დედად ირჩევდნენ სიძის ნათესავს, ხანში შესულ მანდილოსანს, რომელიც ქვრივი და უშვილო არ უნდა ყოფილიყო. პატარძალი საფუარს კარის ბჭეს წააცხობდა, რომ ბარაქიანობა შეეტანა სახლში, ნეფის დედა კი თითით სამ-სამჯერ თაფლს ალოკინებდა და ლოცავდა. ნეფის დედა ქუდს იხდიდა და თაფლიან ჯამს მეჯვარის ხონჩაზე დებდა. მეჯვარე წინ მიუძღოდა სიძე-პატარძალს ხონჩით, რომელზეც ჯვრიანი პურები ელაგა. წყვილს ეჯიბი სამჯერ შემოატარებდა კერიას. ამავე დროს პატარძლის ძმა და ქალის მაყარი ხანჯლებით საკიდელს სცემდნენ, რომ ჩამოეგდოთ. საკიდელი ქალის მაყრების საერთო დავლა იყო და მის ჩამოწყვეტას და დატყვევებას ვერავინ დაუშლიდა. სიძე-პატარძლის კერიის გარშემო მესამე შემოვლისას საკიდელიც ჩამოვარდებოდა, რომელსაც დედის ძმა მხარზე გადაიკიდებდა. საკიდელის დასახსნელად სიძის ოჯახს ქალის მაყრებისთვის სახსარი უნდა მიერთმია. ფშავშიც პატარძალს პატარა ბიჭს უსვამდნენ კალთაში ვაჟიანობის გასამრავლებლად.

მეჯვარის მოვალეობას შეადგენდა, რომ ორი დღის განმავლობაში ნეფე-დედოფალს ჯვრიანი სუფრით გაძღოლოდა, მდადს პატარძლის ტანისამოსისთვის უნდა მოევლო, ეჯიბი სიძეს ახლდა, რომელიც ყველაფრის გამგებელი იყო. ყველანი ხანჯლებით იყვნენ შეიარაღებულნი, მდადიც კი, რათა ეშმაკს არ ევნო ახლადდაქორწინებულებისთვის. ქორწილი ფშავში სამ დღეს გრძელდებოდა.

ქორწინება, ათენი (έκδόσις) - ბერძნული ქორწინება მონოგამიური იყო. ბერძნები თვლიდნენ, რომ მონოგამიურობა წარმოადგენდა ბერძნული ქორწინების განმასხვავებელ ნიშან-თვისებას ბარბაროსული ქორწინებისაგან.

დაქორწინება ბერძენი ქალის მთავარი ფუნქცია იყო. პატარძლის ლეგალურ სტატუსში ქორწინებას ცვლილება არ შეჰქონდა. ქალი უბრალოდ ერთი მამაკაცის მეურვეობიდან მეორის მეურვეობის ქვეშ გადადიოდა ისე, რომ პირველი მასზე გარკვეულ უფლებას იტოვებდა. ბერძნული ქორწინების ამ საყურადღებო სპეციფიკურობას ზუსტად გამოხატავს ამ ცნების აღმნიშვნელი ტერმინი „ეკდოსისი“ - έκδόσις, რაც ნიშნავს გასესხებას და ამდენად, ქორწინება იყო მამის მიერ ქალიშვილის სესხება სხვა ოჯახის მეთაურისთვის, რათა ქალს ამ უკანასკნელისთვის ცოლისა და დედის ფუნქცია შეესრულებინა.

მეცნიერთა აზრით, ქორწინების საკანონმდებლო განსაზღვრა ნათლად არაა გარკვეული. ქორწინება არ იყო მარტივი ლეგალური აქტი. იგი წარმოადგენდა კომპლექსურ პროცესს, რომელიც ერთობლიობაში რამდენიმე ქმედებას, თუ მოვლენას მოიცავდა. ეს კომპოზიტი შედგებოდა: ნიშნობის - έγγύη, ქორწილის - γάμος, თანაცხოვრების - συνοικεϊν და შვილების გაჩენისაგან. მეუღლეების ერთად ცხოვრების ფაქტი ხდიდა ქორწინებას ქორწინებად.

მეორე მხრივ, როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდიდან აუცილებელი ხდება ქორწინების ოფიციალურად გამართვა. დღესდღეობით არაა ცნობილი, რა დროიდან ხდება ეს საჭირო. ზოგი თვლის, რომ ამგვარი ქორწინება ყოველთვის იყო აუცილებელი. სხვები ვარაუდობენ, რომ ოფიციალური ქორწინება საჭირო მხოლოდ პერიკლეს მოქალაქეობის კანონის შემდეგ (ძვ.წ. 451 წ.) გახდა. ზოგიერთი მეცნიერი გვიანდელ თარიღსაც - ძვ.წ. 403/402 წწ-ს ასევე სარწმუნოდ მიიჩნევს.

ოფიციალურ ქორწინებას საზოგადო მხარე ჰქონდა. ის განსაკუთრებით მაშინ იყო საჭირო, როდესაც ბავშვის კანონიერება უნდა დაემტკიცებინათ. ამის გათვალისწინებით, ქორწინება რეგისტრირებული იყო ქმრის ფრატრიის წევრებთან. თუ პატარძალი ეპიკლეროსი იყო, ქორწინება მისი ოჯახის ფრატრიის წევრებთანაც იყო დამოწმებული. როდესაც მამა შვილს ფრატრიის წევრებს წარუდგენდა, იგი ბავშვის კანონიერებას ფიცით ამტკიცებდა. ფიცისას მამას უნდა განეცხადებინა, რომ მას შვილი მოქალაქე ქალმა გაუჩინა, რომელთანაც ის იყო დაქორწინებული. ეს უკანასკნელი გარემოება აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, რომ ბავშვი კანონიერად ჩაეთვალათ.

ქალს უფლება არ ჰქონდა საქმრო თავად ამოერჩია. საქმროს მას კირიოსი ურჩევდა. ქალის მეურვე სახელს შეირცხვენდა, თუ ქალს შესაფერის საქმროს ვერ ამოურჩევდა. მომაკვდავი ქმარი, ვითარცა კირიოსი, ცოლს მომავალ ქმარს თავად ურჩევდა.

უმთავრესად ფართო კომლის - ანქისტეის შიგნით ქორწინდებოდნენ. ხშირი იყო ბიძაშვილების, ბიძასა და ძმისწულს, ნახევარძმებსა და ნახევარდებს (მამით) შორის ქორწინება, თუმცა არც თუ იშვიათად ქორწინდებოდნენ გარებიძაშვილებზე. ეს ჩვეულება ნათესავებს შორის ერთგულების გრძნობას ეფუძნებოდა. ცხადია, ამ შემთხვევაში ქალიშვილს მომავალი ქმარი, სულ ცოტა, თვალით მაინც უნდა ჰყოლოდა ნანახი.

თუ ფართო კომლის შიგნით შესაფერის სასიძოს ვერ აირჩევდნენ, ქალს მამის მეგობარზეც ათხოვებდნენ. დადასტურებულია შემთხვევები, როცა ქალს ოჯახისთვის უცხო მამაკაცზე აქორწინებდნენ. ამგვარ ქორწინებას ქონებრივი ფაქტორი განაპირობებდა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად იყო ქორწინება პოლიტიკური ალიანსის შექმნის მოტივი. სავარაუდოდ, საქორწინო კავშირები უფრო მეტად უკვე არსებულ პოლიტიკურ ალიანსებს აცხადებდნენ, ვიდრე ამ კავშირებს ქმნიდნენ. საოჯახო კავშირებს ამყარებდნენ როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

ქალები ადრე თხოვდებოდნენ. ქალიშვილი პირველად 14-დან 18 წლის ასაკამდე ქორწინდებოდა. ამისი მიზეზი, შესაძლოა, იყო ბერძენთა წარმოდგენა, რომლის თანახმადაც სექსუალურად მომწიფებული ქალიშვილები ავხორცნი იყვნენ და დროულად მოთოკვას საჭიროებდნენ. ბერძენთა ადათ-წესების მიხედვით გასათხოვარი ქალი ქალწული უნდა ყოფილიყო.

მამაკაცი უპირატესად 30 წლის ფარგლებში ოჯახდებოდა. გვიანი ქორწინება გამოწვეული იყო იმითაც, რომ მას ათწლიანი სამხედრო სამსახური ჰქონდა გასავლელი. ფილოსოფოსთა აზრით, ეს ასაკი მამაკაცის დაოჯახებისთვის შესაფერისი იყო. 14 წლის ქალიშვილის გათხოვებას კი ნაადრევად მიიჩნევდნენ და ქალის დაქორწინების უფრო შესაფერის ასაკად 18-19 წელს მოიაზრებდნენ.

ქრთამი (repetundae, crimen repetundarum) - თანამდებობის პირის მიერ ქრთამის გამოძალვა (ნივთის ან ფულის უკანონო მითვისება). ეს დანაშაული თავიდან ისჯებოდა ფულის უკან დაბრუნებით, მოგვიანებით დამნაშავე ვალდებული იყო უკანონოდ მითვისებულ თანხაზე ორჯერ ან ოთხჯერ მეტი თანხა უკან დაებრუნებინა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში ასეთი კანონგადაცდომის გამო პიროვნებას ერთმეოდა უფლება გამხდარიყო მაგისტრატი, მოსამართლე და სხვ.

8.22

▲ზევით დაბრუნება


ყმა - ქვეშევრდომს, ვასალს აღნიშნავდა, თუმცა ეპოქების მიხედვით ფეოდალურ საქართველოში სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა. IX-XI სს-ში ყმებად იწოდებოდნენ ის პირებიც, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდნენ თავისუფალ მწარმოებლებად, მაგრამ ვალდებულნი იყვნენ პატრონის სამხედრო სამსახური გაეწიათ. ამავე ხანაში ფეოდალ-აზნაურები დიდებული აზნაურების, ხოლო დიდებული აზნაურები მეფის ყმავასალები იყვნენ.

ყმა, რომელიც იყო მწარმოებელი და მოლაშქრე, თანდათან გადაიქცა ყმა გლეხად XII-XIII სს-ში. ასევე წყაროებში გვხვდება „დარბაზის ყმა“, რომელიც სასახლის კარზე მიღებული იყო (იხ. დარბაზი). „დარბაზის ყმად“ მიღებისას სრულდებოდა სპეციალური რიტუალი - „დალოცვა“. ყმა გლეხები კი თავისთავად სხვადასხვა სოციალურ- ეკონომიკურ კატეგორიად იყოფოდნენ. ყმა-ვასალს ევალებოდა პატრონის სამხედრო სამსახური. თუმცა პატრონიც გარკვეულწილად ვალდებული იყო თავისი ყმა-ვასალისადმი.

8.23

▲ზევით დაბრუნება


შერისხვა - სასჯელი ძველ საქართველოში. იგი დამატებითი სასჯელის სახით ერთვოდა საეკლესიო შეჩვენებას. შერისხვას სამოქალაქო სფეროში სამეფო ხელისუფლება მიუსჯიდა დამნაშავეს. ეთნოგრაფიულ ყოფაში შერისხვა ხატზე გადაცემას ან დაწყევლას ნიშნავდა. „წყალობისა და შერისხვის“ ანუ მართლმსაჯულების უზენაესი ფუნქციების მითვისება იყო ყუთლუარსლანის პოლიტიკური დასის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი. ვახტანგ VI-ის დასტურლამალში იხსენიება „წესი და რიგი... რისხვისა“, რასაც ხელჯოხიანები იცავდნენ.

შეუვალობა - იმუნიტეტი, ფეოდალური პრივილეგია, რომლის შესახებ შემორჩენილი უძველესი წყარო საქართველოში XI საუკუნისაა. წყაროების თანახმად, ხშირად ხდებოდა ადრე ბოძებული შეუვალობის განახლება და ხელახლა დამტკიცება. ჩვეულებრივ, შეუვალობის ფორმულაში აღინიშნებოდა: „ჰქონდეს... თავისუფლად და შეუვალად ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან“. შეუვალობის მინიჭება ხშირად თან სდევდა ყმა-მამულის ბოძებას თუ შეწირვას. ყველაზე სრული შეუვალობით ეკლესია სარგებლობდა.

შეყრილობა - ძველ საქართველოში ორი ან მეტი პირის ოჯახის ხელშეკრულებითი შეერთება უძრავ-მოძრავი ქონებისა და სამეურნეო საქმიანობის გაერთიანებით. შეყრილობა ვალდებულებითი სამართლისა და საოჯახოსამემკვიდრეო სამართლის ინსტიტუტია. პირველად VII ს-ის წყაროში გვხვდება. ვახტანგ VI-ის სამართალში 113 მ., 268 მ. სწორედ ამ საკითხებს ეხება. შეყრილობა მებატონის დასტურსაც საჭიროებდა. იბეგრებოდა საბატონო და სამოხელეო მოსაკრეფელით, რომელსაც შესამყრელო ერქვა.

შეწამება - დაწამება, დანაშაულში ბრალის დადება. განირჩეოდა საბუთიანი, პირისპირ შეწამება და ეჭვით შეწამება ანუ „ბრალის მიჩემება“. ვახტანგ VI-ის სამართალში 7, 10, 37-40, 97 მმ. და სხვ. სწორედ შეწამებას ეთმობა. აუცილებელი იყო განსჯამდე შეწამების გამოძიება, რომელიც სასამართლოს ევალებოდა. იმისდა მიხედვით, რამდენად არსებობდა მტკიცებულება შეწამებისა - „მთხრობლით“ თუ „ცილით“, გამოძიების პროცესი და მტკიცებულებებიც შესაბამისად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

შვიდეული - შვიდკეცი საზღაური ქურდობისათვის ძველ საქართველოში. იურიდიულ ძეგლებში XIII ს-დან დასტურდება. წარჩინებული ფენის წარმომადგენლის გაქურდვის შემთხვევაში შვიდეული მთლიანად გაქურდულს ხვდებოდა, გლეხს კი - მხოლოდ ორი წილი, დანარჩენი მეფის და სათანადო მოხელის წილი იყო. თუ ქურდი აღიარებდა დანაშაულს და ბოდიშს მოიხდიდა, მაშინ მას მხოლოდ ოთხმაგს ახდევინებდნენ.

შულტა, ხევსურეთი - სახატო მამულის დამცველი, ხატის მეკალოე, მებეღლე. ხევისბრობის ინსტიტუტში შულტას უკანასკნელი ადგილი უჭირავს (დასტურისა და ხატის კაცის მერე). შულტა სოფელში ორი იყო, მაგრამ მათ შორის უფროსუმცროსობა არ არსებობდა, ორივე ერთი ხარისხის იყო. მათ უნდა დაეთესათ და დაეფარცხათ სახატო მამული, მერე თავიანთი ხარჯით გაელეწათ, გაენიავებინათ და სახატო ბეღლიდან ქერი აერწყათ დასტურებისთვის (ლუდის მხარშავებისთვის). ამ ჯაფის სანაცვლოდ შულტებს მარტო ქერის ბურდო რჩებოდათ. როცა საჭირო იყო, სახატო მამული მთელ სოფელს უნდა მოეხნა შაბათ დღეს, ისინი უნდა მიხმარებოდნენ შულტებს. შულტებს სოფელი ირჩევდა წილით. ამ მოვალეობისგან მხოლოდ თხუთმეტ წლამდე ობლები თავისუფლდებოდნენ. ხატის სამსახური შულტობით იწყებოდა, შესაბამისად, იგი ხატის საკადრისი უნდა ყოფილიყო. მსახურობისას და ხატობის წინ არ ჰქონდათ ქალთან სქესობრივი კავშირის დამყარების უფლება, ასევე იგი უნდა მორიდებოდა ქალს დედათა წესის დროს.

შულტას ხატობისას „დარბაზში“ შესვლის უფლება არ ჰქონდა, იგი ჩვეულებრივ ხალხთან რჩებოდა.

შულტა, დასტურთან ერთად, განაგებდა ხატის ქონების შემოსავალ-გასავალის საქმეს. მათ მოეკითხებოდათ შემოსავლის მოხმარება. ისინი ე.წ. ხატის მოურავები იყვნენ.

8.24

▲ზევით დაბრუნება


ჩვენება (testimonium) - მოწმის ჩვენება იყო ან ზეპირი ან წერილობითი ფორმის. პირველს უშუალოდ სასამართლოში წარმოთქვამდნენ და ფიცით იმოწმებდნენ, მეორე (testimonium per tabulas - არასასამართლოს წინაშე მიცემული ჩვენება), უფრო უმნიშვნელო, ხის ფირფიტებზე იწერებოდა, ილუქებოდა 7 მოწმის თანდასწრებით. ამ ფორმალობის გარეშე მოწმის ჩვენებას მტკიცებულების ძალა არ ჰქონდა. არსებობდა ჩვენების სხვა ტიპებიც: testimonium publica, ჩვენება, რომელსაც იძლეოდა მთელი კორპორაცია ან თემი ვინმეს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ (ე.წ. laudationes). Laudationes ეწოდებოდა ასევე გავლენიანი პირების ჩვენებას განსასჯელის სასარგებლოდ. მტკიცების საშუალებად არ ითვლებოდა ერთადერთი მოწმის ჩვენება (testis unus) ან სახლეულის მტკიცება. ცრუ ჩვენება (testimonium falsum) სიკვდილითაც კი ისჯებოდა.

ჩვეულებითი სამართალი, ფშავი - ფშავში ნებისმიერი საქმე ადგილობრივად ირჩეოდა, ის თემს არ სცილდებოდა. გასამართლებაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანს. დამნაშავისთვის სასჯელს მთელი თემი ადგენდა. სასჯელი ორნაირი იყო: ფიზიკური (ჩაქოლვა) და ზნეობრივი (მოკვეთა, საზოგადოებიდან გაძევება). ჩაქოლვა ხდებოდა ხიდის თავში ან გზის შესაყარზე, რათა ყველასთვის სახილველი ყოფილიყო. ჩაქოლვის მიზეზი კი შეიძლება ყოფილიყო ხატისა და თემის ღალატი, ქალისა და კაცის სიყვარული და უკანონო შვილის დაბადება. თემიდან კვეთდნენ ქურდობის, ხატის წესის დაკლების, თემის პირის გატეხვის შემთხვევაში. მოკვეთილს სახლში არავინ უშვებდა, თემი აღარაფრით ეხმარებოდა მას. ყრილობაში გავლაც ეკრძალებოდა. არც ხევისბერი იღებდა მისგან შესაწირს.

თუმცა მოკვეთილს უფლება ჰქონდა შერიგებოდა თემს. მას ხარი და ცხვარი მიჰყავდა ხატში, სოფელს სწირავდა და პირობას დებდა ფიცით, რომ მსგავს დანაშაულს აღარ ჩაიდენდა. მოკვეთილი ჭდეს ამოაგდებდა ხალხისა და ხევისბრის თანდასწრებით. გასამართლებისთვის ყრილობა დაიბარებდა მოჩივარსა და მოპასუხეს, რომლებსაც მოწმეები უნდა წარმოედგინათ. ყრილობას თავმჯდომარეობდა ხევისბერი. თუ მოპასუხეს მოწმეები არ ჰყავდა, ყრილობა უფლებას აძლევდა „ხელზე მოსჭიდებოდა“ იმ თავკაცებს, რომლებსაც სოფელი დაუნიშნავდა. მათ უნდა დაეფიცათ მოპასუხის მაგივრად, რომ დანაშაულს აღარ ჩაიდენდა. თუ არავინ „მოიჭიდებდა ხელზე“ და ბრალდებული არ გამოტყდებოდა, სიმართლის გასაგებად მიმართავდნენ „ღვთიურ მსჯავრს“ - მდუღარეს ან შანთს. ფშავლებმა სისხლის აღებაც იცოდნენ და შერიგებაც. შესარიგებლად მკვლელი სახვეწრით მიდიოდა და კაცის თავსისხლს ზღავდა.

სისხლის აღება გვარში არ იცოდნენ. საკუთარი ნათესავის მკვლელი გათავისუფლებული იყო სისხლის ზღვევისგანაც და ალმანიისგანაც. მამას შეეძლო შვილი დაუსჯელად მოეკლა, ისევე, როგორც ძმას - ძმა. თემი მას პასუხს არ მოჰკითხავდა, თუმცა ხალხის თვალში დამცირებული იყო და მას ცოდვიანს უწოდებდნენ.

ჩუქება (donatio) - ერთი პირის მიერ მეორისათვის უანგაროდ ნივთის, მიწის, თავისუფლების და ა.შ. გადაცემა. რამდენადაც ძველ რომში თვლიდნენ, რომ ჩუქება თავისთავად, რაციონალური მოსაზრებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს ქონების გარკვეულ ფლანგვად, ამიტომ ძალიან ადრევე დაიწყო ფიქრი ჩუქების, როგორც სამართლებრივი აქტის რეგლამენტის დაწესების შესახებ (lex Cincia). ჩუქებისას პიროვნებას, რომელიც თავისი ქონებიდან გაიღებდა რაიმეს სხვა პირის სასარგებლოდ, უნდა წარმოედგინა თავისი სურვილი წერილობითი ფორმით და სახალხოდ გადაეცა საჩუქარი. ეს საბუთი შედიოდა არქივში და იქ ინახებოდა. თუ მოთხოვნის ეს პუნქტები დაცული იქნებოდა, საჩუქრის მიმღები ვალდებული იყო მიეღო ბოძებული. III ს-დან პატრონის უფლება გაეუქმებინა ჩუქება (revocare donationem) თავისუფლებამინიჭებულის (ლიბერტინუსი) უდიერი საქციელის გამო (თუ თავისუფლებამინიჭებული მატერიალურ ზიანს, შეურაცხყოფას მიაყენებდა პატრონს, საფრთხეში ჩააგდებდა მის სიცოცხლეს) სამართლებრივი პროცედურის დაცვით სრულდებოდა. საჭირო იყო საჯარო განცხადების გაკეთება და შესაბამისი სამართლებრივი აქტის გაფორმება. თავდაპირველად ეს უფლება ვრცელდებოდა მხოლოდ მშობლებზე, რომელთაც შვილს უბოძეს საჩუქარი, მოგვიანებით კი ყველა ტიპის მბოძებელს ითვალისწინებდა. სამართლებრივ განხილვას არ ექვემდებარებოდა მხოლოდ იმ ტიპის ჩუქება, რომელიც სიცოცხლის გადარჩენისკენ იყო მიმართული. ამის გარდა პატრონს, რომელსაც არ ჰყავდა შვილები, შეეძლო საჩუქარი უკან გამოეთხოვა იმ შემთხვევაში, თუ შვილი გაუჩნდებოდა. ჩვეულებრივი ჩუქების (donatio simplex) გარდა არსებობს ჩუქების გარკვეული ტიპები:

1) donatio ante nuptias - ნიშნობასთან (ნიშნობა, რომი) დაკავშირებით სიძეს მიაქვს პატარძლისათვის საჩუქარი, რაც ყურადღების გამოხატვის ფორმას წარმოადგენს და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნიშნობა ქორწინებაში (ქორწინება, რომი) არ გადაიზრდება, მისი უკან გამოთხოვა არ ხდებოდა. მოგვიანებით ეს ჩუქება იძენს სამართლებრივ დატვირთვას, ამტკიცებს დანიშვნას, სჯის გაყრის შემთხვევაში დამნაშავე მხარეს, უზრუნველყოფს ცოლს და მის შვილებს დაქვრივების შემდეგ.

2) donatio inter virum et uxorem - ქორწინების პერიოდში ცოლ-ქმარსა და მათ ოჯახებს შორის საჩუქრების გაცვლა. მოგვიანებით ჩუქების ეს ტიპი აიკრძალა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ არ მომხდარიყო სპეციალურად მეუღლეთა ქონების განგებ შეცვლა. ეს აკრძალვა მოგვიანებით შერბილდა (ქორწინების დროს მჩუქებლის გარდაცვალების შემთხვევაში საჩუქარი, თუკი ადრევე არ მოხდა მასზე უარის თქმა, უნდა ჩაითვალოს კანონიერად). ამასთანავე მოქმედებდა სპეციალური ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებას (მაგ., შეგნებულად რეალურ ფასთან შედარებით უფრო იაფად გაყიდვა).

3) donatio mortis causa - ჩუქება, რომელიც დამოკიდებულია მომავალ გარემოებებზე (ვისაც მიემართება საჩუქარი, არ უნდა გარდაიცვალოს მჩუქებელზე ადრე). ჩუქების ამ ფორმაში ორი ჯგუფი გამოიყოფა: ა) საკუთრების უფლება საგანზე მომენტალურად გადადის იმის ხელ- ში, ვისაც მიემართება საჩუქარი. ბ) საკუთრების უფლება მხოლოდ მჩუქებლის სიკვდილის შემდეგ გადადის იმის ხელში, რომელსაც მიემართება საჩუქარი. თუ ის პირი, რომელსაც გადაეცა საჩუქარი, პირველი აღესრულება, მჩუქებელს შეუძლია უკან გამოითხოვოს საჩუქარი.

4) donatio propter nuptias - იუსტინიანუსის სამართალში ქმრის საჩუქარი ცოლისადმი ძირითადად იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ დაქვრივების შემთხვევაში მატერიალურად უზრუნველეყო ცოლი და მისი შვილები.

5) donatio sub modo - ჩუქება, რომელსაც თან ახლავს დამატებითი ვალდებულებების შესრულება, მაგ., მჩუქებელი მოითხოვს იმ პირისაგან, რომელსაც აძლევს საჩუქარს, ამ საჩუქრის ნაწილი გამოიყენოს სხვადასხვა მიზნებისათვის. თუ პიროვნება ამ პირობით მიიღებს საჩუქარს, ის ვალდებულია, შეასრულოს მიცემული პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან უკან უნდა დააბრუნოს საჩუქარი.

8.25

▲ზევით დაბრუნება


ცენზორი (censor) - რომის მაგისტრატი, რომელსაც, როგორც წესი, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ 18 თვით კონსულართა რიგებიდან ირჩევდნენ. ცენზორთა მთავარი ამოცანა იყო ცენზის გატარება და მხედრებისა და სენატორების ადრინდელი სიის შემოწმება. ცენზორს უფლება ჰქონდა, ამოეშალა სიიდან ძველი სახელები და ახალი ჩაეწერა. ცენზორი რომის მოქალაქეთა ზნეობის დაცვის ფუნქციას იღებდა თავის თავზე. გარდა ამისა, ცენზორის ფუნქცია იყო სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ქონების განკარგვა, ზედამხედველობა სახელმწიფო მშენებლობებზე - ქუჩებზე, ტაძრებზე, ქალაქის კედელსა და ა.შ. იმპერატორების ეპოქაში ცენზორის მოვალეობას თავად იმპერატორი ასრულებდა.

ცენტუმვირები (centumviri - ასი კაცი) - რომაული სასამართლო კოლეგიის წევრები, რომლებიც არჩევდნენ კერძო სამართებლივ საკითხებს (უპირატესად ქონებრივ და სამემკვიდრეო საქმეებს).

ციცერონი მარკუს ტულიუსი (Marcus Tullius Cicero) (ძვ. წ. 106-43 წწ) - ახალი ადამიანი, უდიდესი რომაელი ორატორი და პოლიტიკური მოღვაწე, ფილოსოფოსი და მწერალი, ადვოკატი. განსაკუთრებული გავლენა ციცერონის განათლებაზე მოახდინა პოეტმა არქიამ. ციცერონის ნიჭი და მჭევრმეტყველება ადრიდანვე, სულას დიქტატურისას გამოვლინდა. მისი რიტორიკის მასწავლებლები იყვნენ: კრასუსი, ანტონიუსი, სულპიციუსი, კოტა და სხვები, სამართლის - ორივე მუკიუს სკევოლა, ფილოსოფიის - ეპიკურელი ფედროსი, შემდგომში ფილონ ლარისელი, სტოიკოსი დიდო. ჩინებულად განათლებული ორატორი ციცერონის კრედო სამართლიანობა და კანონიერი წესრიგი იყო.

ციცერონმა იმოგზაურა საბერძნეთსა და აზიაში, კუნძულ როდოსზე (ძვ. წ. 79-77 წწ.), იქაც უსმენდა და სწავლობდა აკადემიკოს ანტიოქოს ასკალონელისაგან, ეპიკურეელ ზენონისა, რიტორ დემეტრიოსის, ორატორ მილონის, სტოიკოს პოსეიდონიოსისაგან. ატიკუსთან მეგობრობა კი სიკვდილამდე არ შეუწყვეტია. რომში დაბრუნებისას ძვ. წ. 76 წ-ს იგი ერთხმად აირჩიეს კვესტორად ლილიბეიში და მშვენივრად ასრულებდა ამ მოვალეობას - ამარაგებდა რომს პურით, მაგრამ მალე მიხვდა, რომ რომში უნდა ეტრიალა, რომ სათანადოდ დაეფასებინათ. სენატორად გახდომისას მტკიცე ნებისყოფის, პატიოსნების და მჭევრმეტყველების წყალობით სენატის ბურჯი შეიქმნა. ხალხის კეთილგანწყობაც არა პირფერობით, არამედ საერთო სიკეთეზე ზრუნვით მოიპოვა. ძვ. წ. 69 წ-ს კურულის ედილად აირჩიეს. ამ თანამდებობაზე იგი დიდ ხელგაშლილობას არ იჩენდა, კვლავ აგრძელებდა ადვოკატურ მოღვაწეობას. ძვ. წ. 63 წ-ს კონსულად აირჩიეს. მან გახსნა კატილინას შეთქმულება და სამშობლოს გადარჩენისთვის „სამშობლოს მამის“ (pater patriae) სახელი მოიპოვა; მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა მისი დიდება, როცა კონსულობის ვადის ბოლო დღეს მოინდომა თავის დამსახურებაზე სიტყვა წარმოეთქვა, სახალხო ტრიბუნმა კვინტუს მეტელუსმა გააჩერა და მხოლოდ ჩვეულებრივი ფიცი ათქმევინა. კატილინას მომხრეების დასჯისთვის იგი იძულებული გახდა რომი დაეტოვებინა 58 წ., მისი სახლი დაანგრიეს, ქონება გაუჩანაგეს, მაგრამ მომდევნო წ-ს იგი დააბრუნეს და ხალხი მას აღფრთოვნებით შეხვდა. მაგრამ ის აღარ იყო უკვე ისეთი ძლიერი, როგორც ადრე. მან ტრიუმვირებს შეაფარა თავი და ორატორული მოღვაწეობა გააძლიერა. ამავე დროს დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა და სამხედრო დიდებასაც მიაღწია, მიიღო იმპერატორის ტიტული. მაგრამ მიხვდა, რომ სამოქალაქო ომი გარდაუვალი იყო და თავის მამულში ფილოსოფიას მიჰყო ხელი. კეისრის მკვლელობის შემდეგ (15 მარტი 44 წ.) იგი კვლავ შეუდგა სახელმწიფო მოღვაწეობას. მისი წინადადებით გამოცხადდა საყოველთაო ამნისტია, მაგრამ მალე კეისრის მომხრეებმა ციცერონი აიძულეს, დაეტოვებინა რომი.

ციცერონი გადაწყვეტილებებს ხშირად იცვლიდა და 5 თვის შემდეგ კვლავ დაბრუნდა რომში, დაწერა ფილიპიკები (44 სექტემბრიდან 43 წ-მდე) ანტონიუსის წინააღმდეგ. ციცერონი მიემხრო ოქტავიანუსს, რომელმაც თავი კონსულად გამოაცხადა და შეუერთდა ანტონიუსსა და ლეპიდუსს (43 ოქტომბერი). ტრიუმვირატის შექმნის შემდეგ ციცერონი და 16 რესპუბლიკელი შერისხეს. ეს ამბავი ციცერონმა თავის ტუსკულანუმის ვილაში გაიგო, დაიბნა და მეგობრების რჩევით გაიქცა, მაგრამ მდევარი დაეწია და მოკლა. ორატორის თავი და მარჯვენა ხელი მის მტერ ანტონიუსს მიართვეს და რომში ყველას სანახავად ორატორის ტრიბუნაზე დადეს.

ციცერონი ზნეობრივი, პატიოსანი და ამავე დროს პატივმოყვარე ადამიანი გახლდათ. პოლიტიკურ მოღვაწეობაში სამშობლოს, სამართლისა და თავისუფლების მოყვარული ვაჟკაცურად ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოსთვის საშიშ მტრებს, მაგრამ პოლიტიკური შორსმჭვრეტელობითა და თანმიმდევრულობით ვერ გამოირჩეოდა და არჩეული პრინციპის ერთგული ვერ რჩებოდა.

ციცერონმა საზოგადოებრივი ცხოვრება დაიწყო დემოკრატად, შემდეგ სენატის კონსერვატორული პარტიის მეთაური გახდა, შემდეგ პომპეუსს მიემხრო და ბოლოს კეისარს ემსახურებოდა. ცნობილია მისი პოლიტიკური, სასამართლო, დასაცავი სიტყვები. მწერალი და რიტორი ციცერონი ცდილობდა მოერიგებინა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულება მჭევრმეტყველებაში: არქაული და ახალი.

ციხე (carcer) - რომში პიროვნების დაპატიმრებას სხვადასხვა მიზეზით მიმართავდნენ:

1) დაუმორჩილებელ მოქალაქეს სახელმწიფო უწყება სვამდა ციხეში.

2) არაკეთილსინდისიერი მოვალეების დასაკავებლად (ნექსუმი).

3) აპატიმრებდნენ ეჭვმიტანილებს და ბრალდებულებს, რათა ხელი შეეშალათ გაქცევაში.

4) ძალიან იშვიათად მიმართავდნენ დაპატიმრებას, როგორც სასჯელის ფორმას.

რომში ძალიან ბევრი სახელმწიფო საპატიმრო იყო, მათ შორის უძველესი carcer Mamertinus კაპიტოლიუმში, უფრო გვიანი პერიოდის - Lautumiae (ქვის მაღარო). სახელმწიფო ციხეების პარალელურად არსებობდა ე.წ. შინაპატიმრობის პრაქტიკა (libera custodia), ასევე კერძო დაპატიმრების პრაქტიკა, როდესაც მაგ., ვალის გადაუხდელობის გამო კრედიტორი სახლში ამწყვდევდა მოვალეს ვალის გადახდამდე ან იმ დრომდე, სანამ მოვალე საკუთარი შრომით არ გადაიხდიდა კრედიტს (არ გამოიმუშავებდა მას).

ცრუმოწმეობა (δίκη ψευδομαρτυρίων) - სამართლებრივი დევნა ყალბი ჩვენების მიცემისთვის, კერძო ხასიათის ბრალდება მოწმის წინააღმდეგ. თავისი ხასიათით ეს იყო მეორადი ქმედება აღძრული იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც წინა სასამართლო განხილვაზე მოწმედ გამოდიოდა და რომელსაც ბრალი წარედგინა, როგორც ცრუ ან არაკანონიერი ჩვენების მიცემისათვის.

8.26

▲ზევით დაბრუნება


ძევგიტები (ζευγϊται) - ათენში სოლონის რეფორმამდე საშუალო ქონებრივი მდგომარეობის მოქალაქეები ძევგიტებად იწოდებოდნენ. ისინი ზოგად ხაზებში გლეხებისა და დემიურგოსების (ხელოსნების) ფენას შეესაბამებოდნენ. სოლონმა ძევგიტები მის მიერ ქონებრივი ცენზის მიხედვით დაყოფილ მოქალაქეთა მესამე ფენას უწოდა, რომელთა წლიური შემოსავალი 300- დან 200 მედიმნ ხორბალს (ან სხვა პროდუქტში მის ეკვივალენტს თუ ფულად თანხას) შორის მერყეობდა. სინამდვილეში ატიკის მიწათმოქმედთა და ხელოსანთა უმეტესობა ამ კლასში ექცეოდა და იგი ათენის ჰოპლიტთა უმთავრეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. თითოეულ ძევგიტს თავისი სამხედრო აღჭურვილობა უნდა უზრუნველეყო. სოლონის კანონმდებლობით ძევგიტებს სრული სამოქალაქო უფლებები მიენიჭათ, თუმცა მათ მხოლოდ დაბალი რანგის სახელმწიფო თანამდებობების დაკავება შეეძლოთ. კლისთენესის დროიდან მოყოლებული ძევგიტებს უფლება მიეცათ სტრატეგოსებად ყო ფილიყვნენ არჩეულნი, ხოლო ძვ. წ. 457/6 წ-დან მათ უკვე არქონის თანამდებობის დაკავებაც ხელეწიფებოდათ.

8.27

▲ზევით დაბრუნება


წამება (tormentum - torquere) - რესპუბლიკის ხანაში ბრალდებულთა და მოწმეთა წამება (როგორც ჩვენებების ან ბრალის აღიარების მიღების საშუალება) (ეს შეეხებოდა როგორც რომის მოქალაქეებს, ისე ნებისმიერ თავისუფალ პიროვნებას) აკრძალული იყო. თუ შევადარებთ იმ პერიოდში სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, ამ მხრივ, ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა და წინგადადგმული ნაბიჯი სამართალწარმოებაში. მხოლოდ ტიბერიუსის ხანიდან იწყება წამების გამოყენება თავდაპირველად იმ საქმეების შემთხვევაში, რომლებიც მოიცავდა თანამდებობის პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებებს (crimen maiestatis), შემდეგ კი უკვე წამება სხვა დანაშაულებების გამოძიებისასაც გამოიყენებოდა. დომინატის ხანაში წამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ ჯალათს (carnifex) არ ჰქონდა უფლება რომში ცხოვრებისა. fustis - fustigatio (ჯოხი - ჯოხით ცემა) - როგორც ფიზიკური დასჯის ფორმა ძალიან გავრცელებული იყო. fustiarium supplicium - სიკვდილამდე ჯოხით ცემა. ამ მეთოდით სჯიდნენ სიკვდილით დეზერტირებს და მონებს. მონებს ყველა ეპოქაში აწამებდნენ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმ მიზნით, რომ თავიანთი პატრონის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. მონებს საკუთარი პატრონის მოწმედ გამოსვლა ეკრძალებოდათ. მონათა წამება და სიკვდილით დასჯა ოჯახის უსაფრთხოების დაცვის პროფილაქტიკულ საშუალებად ითვლებოდა. verberatio - წკნელით ცემა. აწამებდნენ სპეციალური მანქანის საშუალებითაც, რომელიც წააგავდა ცხენს (ოთხ ფეხზე დამაგრებული მორები) და ეწოდებოდა eculeus. მას იყენებდნენ ადამიანის ხელების და ფეხების გასაჭიმად. წამებისას გამოიყენებდნენ გავარვარებული მეტალის ფირფიტებს ამოსაშანთად და თვალების ამოსაწვავად (laminae).

წილის ყრა, ფშავი - მიწების პერიოდული დაყოფა/ გადანაწილება. სახნავ-სათესი მიწა ფშავში მცირე იყო და მისი 1/3 უვარგისი იყო. საყანე მიწები ასეა დაყოფილი: სახატო, კარისპირის, ნაწილარი, სამთო ნაწილარი და სახირხატო (უვარგისი). სახატო მიწები წილის ყრაში არ შედიოდა. ის ხატს ეკუთვნოდა. სახატო მამულებით ხატის მსახურნი სარგებლობენ. წილის ყრა მოსახლეობის ზრდა-ცვალებადობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 10-15 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩატარებულიყო. წილის ყრის დროს სოფელი შეიკრიბებოდა, ირჩევდა მიწის მზომელებს, რომლებიც ყველა ნაკვეთს გაზომავდნენ და მთელ ჯამს გაყოფდნენ მეკომურთა რიცხვზე. ადრე მეკომური წილის ყრის დროს თავის ნიშნით დაჭდეულ ჩხირს მოიტანდა. ამ ჩხირებს ქუდში ჩაყრიდნენ და ბერიკაცები მიწის ნორმას ასახელებდნენ. ამავე დროს ვინმე თვალდახუჭული ქუდიდან ჩხირს იღებდა და ვისი ნაჭდვიც იყო, წილის მიწაც მას ერგებოდა. დროთა განმავლობაში წილის ყრა ქაღალდით შეიცვალა. თუ წილისყრის დროს ერთ მეკომურს ნორმაზე ზედმეტი აღმოაჩნდებოდა, მეორე მეკომურს უნაწილებდნენ. შესაძლებელი იყო მეკომურთა შორის მიწების გაცვლაც, მაგრამ ნაწილარი მიწის იჯარით გაცემა ან გაყიდვა აკრძალული იყო.

8.28

▲ზევით დაბრუნება


ჭდის ამოგდება, ფშავი - ჭდე ამონათალს ნიშნავს. ფშავში საზოგადოებიდან მოკვეთილი თემთან კვლავ შესარიგებლად ხეზე ნაფოტს ამოთლიდა, ანუ ჭდეს ამოაგდებდა. იხ. ჩვეულებითი სამართალი.

8.29

▲ზევით დაბრუნება


ხაზინა (aerarium Populi Romani) - რესპუბლიკის ხანაში სახელმწიფო ხაზინა, რომელიც სატურნის ტაძარში ინახებოდა, სადაც შედიოდა სახელმწიფო შემოსავლები, პირველ ყოვლისა, გადასახადები რომაელი მოქალაქეებისაგან - ტრიბუტუმი და სპეციალური გადასახადები, რომლებსაც იხდიდნენ ერარიები (aerarii), უშვილოები, გაუთხოვარი ქალები და ქვრივები, პროვინციის მოსახლეობიდან - სტიპენდიუმი და ვექტიგალი, შემოსავლები სახელმწიფო მიწებიდან (ager publicus), მაღაროებიდან, საბაჟოდან, თესაურუსი, სამხედრო ალაფი და სხვა. სახელმწიფო ხაზინას განაგებდნენ კვესტორები (quaestores aerarii) სენატის კონტროლის ქვეშ, რომლის ნებართვის გარეშე მათ თანხის გამოტანა ხაზინიდან არ შეეძლოთ, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - კონსულის ბრძანებით. ამასთანავე, ხაზინა წარმოადგენს მთავარ სახელმწიფო არქივს (aerarium tabularium), სადაც ინახებოდა მიღებული კანონები, სენატის დადგენილებები, მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი აქტები და სახელმწიფო დოკუმენტაცია (tabulae publicae da tabulae censoriae). პრინციპატის ხანაში ხაზინა პრეტორების ზედამხედველობის ქვეშ იყო (praetores aerarii), რომელთაც იმპერატორი ნიშნავდა, მოგვიანებით იგი ისევ კვესტორების ხელში გადადის. ძირითადი ფინანსური საკითხები დროთა განმავლობაში გადავიდა სხვა უწყებაში - ფისკუსში, ამიტომ ერარიუმის მნიშვნელობა ნელ-ნელა ქვეითდება, მითუმეტეს, რომ იმპერატორებს თანმიმდევრულად გადმოჰქონდათ შემოსავლები ერარიუმიდან ფისკუსში. საბოლოოდ, ავრელიანუსის დროს, ერარიუმი გადაკეთდა ქალაქ რომის ხაზინად (arca publica).

ხევისბერი, მთა - ხევისბერი თავის ხეობაში სრული ბატონი იყო. მისი სისხლი გამგებლის სისხლს უდრიდა და შეფასებული იყო ექვს ათას თეთრად. ხევისბერი უფროსი იყო როგორც მთელი ხევისა, ისე თავისი გვარისა. გვაროვნულ წეს-წყობილებაში ხევისბრობა მემკვიდრეობით გადადიოდა. თუ ხევისბრის გვარიდან არავინ იყო, მაშინ ერისთავი და გამგებელი ირჩევდა ისეთ კაცს, რომელიც მეფის ერთგულიც იქნებოდა და ქვეყნისაც. ხევისბერი, ფაქტობრივად, დარბაზს ექვემდებარებოდა. შესაბამისად, ხევისბრობაც პოლიტიკური ორგანო იყო და ხევისბერი ისეთივე ფეოდალური მოხელე იყო, როგორც ერისთავი, გამგებელი.

ხევისბრის ფუნქციებში უმთავრესად სამხედრო საქმეები შედიოდა. იგი იყო ლაშქართ თავადი. საჭიროების შემთხვევაში, მას დროშა უნდა აღემართა და წინ გაძღოლოდა ლაშქარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამული ჩამოერთმეოდა და ერთ წელიწადში უკან დაუბრუნდებოდა, თუ დაიმსახურებდა. კანონით ხევისბრის მოვალეობაში რელიგიური საქმეები არ შედიოდა, თუმცა ძველ საქართველოში მათ მიითვისეს ეს ფუნქცია და საეკლესიო წესების აღმსრულებლები გახდნენ. ხევისბერს სასამართლო საქმეებშიც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა დაკისრებული. ხევისბერი თავისი წოდებრივი ღირსებით აზნაურს ეთანაბრებოდა.

უფრო მოგვიანებით ხევისბრობა სხვა დაწესებულებად იქცა, რომელსაც საფუძვლად კანონი აღარ აქვს. ხევისბერი აღარ არის სახელმწიფო მოხელე. მას არც სამხედრო ფუნქციები აკისრია და ძირითადად რელიგიური საქმეების აღმსრულებელია.

ხევისბერი ფშავში - ხევისბერი ფშავში ხატის მსახურთა ზოგადაღმნიშვნელი სახელია, ხატის მსახურთა (მედროშის, მეთასგანძის, მეზარის, მეკურატის, მეპურის მესუფრაჯის, მესანთლის) თანამდებობების აღსანიშნავად. ფშავში გვხვდება მედროშე ხევისბერი, მეთასგანძე ხევისბერი, მეკოდ-საფუვრე ხევისბერი, მესანთლე ხევისბერი, მეზარე, მეპურე, მეკურატე და ა.შ. ხევისბერი.

მთელი ფშავი 12 თემად იყო დაყოფილი და თითოეულ თემს გვარის ხევისბერი განაგებდა. ხევისბრების სათავეში იდგა თავხევისბერი, რომელსაც ყველა ხევისბერი ემორჩილებოდა. თავხევისბერს ეკითხებოდა სათემო საქმეები: საკლავის დაკვლა, სახატო წესრიგის დამყარება, სოფლის წესების დაცვა და სალაშქრო საქმეები. ის ხელში ლაშარის დროშით და ჯვრით აფიცებდა და წინ მიუძღოდა საომრად მიმავალ ლაშქარს. თითოეულ თემში საქმეებს აწესრიგებდა თემის ხევისბერი და გვარის ბჭეები. თუ საქმეს ხევისბერი ვერ გადაჭრიდა ან ეს მისთვის მძიმე საქმე იყო, მაშინ თავხევისბერს მიმართავდნენ, რომლის გადაწყვეტილება თემისათვის სავალდებულო იყო, თავხევისბერს ებარა ლაშქრის დროშაც.

ლაშქრობისა და ზავის საქმეს არჩევდა და წყვეტდა თორმეტივე თემის საერთო ყრილობა, რომელსაც თავხევისბერი ხელმძღვანელობდა. ამისთვის იწვევდნენ ყველა თემის ხევისბერსა და საპატიო მოხუცებს და იკრიბებოდნენ მინდორში ან ღელეში ღამის თევით, თან სურსათიც მიჰქონდათ. თავხევისბრის წინამძღოლობით ადიოდნენ ლაშარის გორაზე, სადაც თავხევისბრის „საბჭეო სკამი“ იდგა. თავხევისბერი გამოიტანდა დროშას და ყველანი ფიცს დებდნენ. თუ მტერზე გალაშქრება გადაწყდებოდა, თავხევისბერი დროშით ხელში წინ მიუძღოდა.

ფშავის ბჭეები მტყუანს სათანადო სასჯელსაც მიუსჯიდნენ, რომელთა შორის ყველაზე მძიმე იყო ჩაქოლვა და მოკვეთა. ამავე ხევისბრებს ეკითხებოდათ ფშავ-ხევის საგარეო საქმეების მოწესრიგება და ლაშქრობისა და ზავის საკითხები.

თუ დანიშნულ ქალს სხვა მთხოვნელი გამოუჩნდებოდა ან მშობლები აზრს შეიცვლიდნენ, საქმეს ბჭეები იძიებდნენ და თუ ქალის მშობლებისგან თანხმობა ნათქვამი იყო, ქალი მასზე უნდა გაეთხოვებინათ.

ხევისბრის ფუნქციებში შედიოდა ასევე დანიშნული ქალ-ვაჟის დამწყალობება (იხ. ქორწინება, მთა, ფშავი).

ხევისბრად დადგომა ხდებოდა 15-16 წლის ასაკში ხატისგან დამიზეზებით. ხევისბრად მისასვლელ ახალგაზრდას ხატი პატარაობიდანვე ამიზეზებდა, ავად გახდიდა, ან გააქადაგებდა და „სიწმინდეს დაავალებდა“. დამიზეზებულს მკითხავები ხევისბრად მისვლას ურჩევდნენ. ხევისბრები ხატში მიბარებული ყმებიდან დგებოდნენ. ფშავში ყველა გვარს თავისი წარმომადგენელი ჰყავდა ხევისბრის სახით. ყოველი მკვიდრი გვარიდან აუცილებლად დგებოდა თუნდაც ერთი ხევისბერი. გარდა მკვიდრი გვარისა, ხევისბრად დგებოდნენ აგრეთვე ხელდებულისა და მოყვანილისგანაც. ზოგიერთ თემში ამა თუ იმ გვარის ხევისბრის უფლებას შეადგენდა თავხევისბრად, მეთასგანძედ ან მედროშედ დადგომა, მაგრამ ხატში იყვნენ ისეთი ხევისბრებიც, რომლებსაც ჯერ არაფერი ებარათ და მხოლოდ „საუმცროსო საქმეს“ აკეთებდნენ: შეშა მოჰქონდათ, ქადებს ჭრიდნენ და ა.შ.

ხევისბრად დადგომის დროს მსხვერპლად შესაწირ საკლავთა რიცხვს განსაზღვრავდა „თანამდებობა“. თავხევისბრობის შემთხვევაში ხევისბერი 8 ცხვარსა და ერთ კურატს სწირავდა. თუ მეთას-განძედ ან მედროშედ დგებოდა, მაშინ ხუთ საკლავს სწირავდა. შეიძლებოდა საკლავის ნაწილ-ნაწილ შეწირვა. თუ ახალგაზრდა მხოლოდ ხევისბრად დგებოდა, მაშინ მხოლოდ ერთ კურატსა და ერთ ცხვარს სწირავდა. ხევისბრად დადგომა ეკონომიკურად ძლიერ ოჯახს შეეძლო.

ხევის გაგა, ხევი - ხალხის მიერ არჩეული ხევის მმართველი და თავკაცი. მის ფუნქციებში შედიოდა თითქმის ყველა სათემო საქმე. ხალხი მას მოძღვარს, ლაშქართბელადსა და ერობის კანონმდებელს უწოდებდა. ხევის გაგას, სხვა უფლება-მოვალეობასთან ერთად, მინდობილი ჰქონდა მოსისხლე საგვარეულოების დაზავება. იგი ითვლებოდა ბჭეთუფროსად და მისი უფლებები ადათით განმტკიცებული კანონებით განისაზღვრებოდა. იგი თვალყურს ადევნებდა თემის ბჭეებს.

ჩვეულებრივ, მოსისხლეთა დაზავება გვარის უფროსებისა და სოფლის თავკაცების ინიციატივით ხდებოდა, თუ სისხლი „მძიმე“ არ იყო. ხოლო თუ მესისხლეობა დაუსრულებელი მკვლელობებითა და სისხლის აღებით ხასიათდებოდა, მაშინ საჭირო ხდებოდა საქმის სათემოდ აღძვრა გაგას მეთაურობით. მანამდე კი საშუღლო აზარი უნდა ათავებულიყო. გაგა თავყადეზე - ბჭობის ადგილას საუფროსო სკამზე, გრძელ ქვაზე ჯდებოდა. თავდაპირველად შერიგებაზე დაიყოლიებდა მოსისხლე გვარების თავკაცებს, რომლებიც ულვაშნაფიც სიტყვას აძლევდნენ მას. ამ ფიცის აღების შემდეგ უახლოესი დღესასწაულის ალიონზე სოფელს გააღვიძებდა კოშკის თავზე გადმომდგარი გაგას მაცნის ბუკის ხმა. უკვე დილით ორი შუბოსანი გუშაგი გაგას სამკვიდრებლის კარიბჭეს გააღებდა, საიდანაც მედიდურად გამოდიოდა ხევის გაგა საუფლებო კვერთხითა და შვინდისფერი წამოსასხამით. გაგა დუმილით მიემართებოდა სამან-საყუდის გალავნისკენ. მას ასევე დუმილით მიჰყვებოდა ქუდმოხდილი და შეიარაღებული ვაჟკაცების ორი მწკრივი. სამან-საყუდის აღმოსავლეთ ჭიშკართან კვერთხით ხელში წარმოთქვამდა შესარიგებელ სიტყვას. მაშინვე გაიღებოდა აღმოსავლეთის ჭიშკარი, საიდანაც ორი თმაგაშლილი, თეთრებში ჩაცმული 10-12 წლის გოგონა შეეგებებოდა გაგას და მუხლმოყრილი მიართმევდა მცირე ტაბლას, რომელზეც პური, მარილი და დოქით სუფთა წყალი იდგა. გაგა დაილოცებოდა და კვლავ სიტყვას წარმოთქვამდა. მოსისხლეთა ორი თავკაცი იმეორებდა გაგას მოქმედებას.

ამის შემდეგ მთელი პროცესია მიჰყვებოდა ხევის გაგას. როდესაც თავის საუფროსო სკამზე დაბრძანდებოდა, ხალხი ორ მწკრივად შემოერტყმებოდა საბჭო ადგილს და გაგა იწყებდა საქმის გარჩევას.

გაგას ბრძანებით, წინ წამოდგებოდა მოსისხლე გვარის ორი თავკაცი და ერობის წევრებს მოახსენებდა, რომ მოსისხლე გვარებს სურდათ ერთმანეთთან შერიგება, რომ ორივე გვარს თანაბრად ჰქონდა გაღებული მსხვერპლი, საშუღლო აზარიც ათავებული იყო. ამის შემდეგ საბჭოს წევრები განერიდებოდნენ თავყადეს. საბჭოდ მხოლოდ გაგა და საბჭოს 8 წევრი რჩებოდა, რომლებიც ადრევე იყვნენ შერჩეულნი გაგას მიერ. ერთმანეთთან თათბირის შემდეგ გაგას მეთაურობით ყველანი დაზავების რიტუალის აღსრულებისათვის განკუთვნილ ადგილას მიდიოდნენ.

სუფთა ადგილას ამოთხრიდნენ ორმოს, სადაც გაგა ჩუმად ლოცულობდა. შემდეგ მის წინაშე წარდგებოდნენ თავკაცები და მუხლებზე დაიჩოქებდნენ. გაგა შუაში გატეხდა ხმალს, ორმოში ჩააგდებდა და იტყოდა: „მიწამ ზიდოს ის ცოდვა, რაც ძმათ საშუღლოდ დაღვრილა“. გაგას მოქმედებას იმეორებდა ყველა იქ შეკრებილი. მამაკაცების შემდეგ ქალებიც სწირავდნენ შესაწირს, საყურეს, ბეჭედს.... ყველაზე ბოლოს გაგას მაცნე ჩამოვიდოდა კოშკიდან და თავის ზანზალაკებიან შუბს გატეხდა და ჩააგდებდა ორმოში.

ხევის გაგა კვლავ ორმოს მიუახლოვდებოდა და ერთ მუჭა მიწას მიაყრიდა, რასაც ყველა იქ დამსწრე იმეორებდა. როდესაც ორმო მიწით ამოივსებოდა, ორმოს თავში სამი დიდი და პატარა ქვა ჩაიფლებოდა, რომელსაც „სამანი“ ეწოდებოდა.

ამ ცერემონიის შემდეგ გაგა დასავლეთ ჭიშკრისკენ გაემართებოდა, სადაც იმავე ასაკის ორი უკვე თმადაწნული გოგო შემოეგებებოდა უხვი საჭმლითა და ლუდით (თმაგაშლილი მწუხარებისა და გლოვის ნიშანია, თმადაწნილი - გლოვის მხიარულებით შეცვლისა).

ხელოსანი, ხევსურეთი - სრულუფლებიანი მეთემე მამაკაცი. ხელოსნებად დადგომა ხდებოდა 15-16 წლის ასაკში, როდესაც ახალგაზრდა „სახელოში ჩადგომის“ ან ზღურბლის დალახვის წესს შეასრულებდა. ხელოსნად გახდომას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მეთემე მამაკაცის დაბადებიდან იწყებოდა და 15-16 წლამდე გრძელდებოდა. ხელოსნად გახდომის აუცილებელი პირობა იყო ჯვარში განსაზღვრული წესების შესრულება: განათვლა, მიბარება, სახელოში ჩადგომა/ზღურბლის დალახვა, რომლებსაც მხოლოდ უნჯთაგან ანუ მკვიდრთაგან დადგენილი სრულუფლებიანი მეთემეები ასრულებდნენ. შესაბამისად, უნჯ//მკვიდრ თემებში ყველა მამაკაცი ხელოსანი იყო - სრულუფლებიანი მეთემე, მაგრამ დროთა განმავლობაში მკვიდრი მოსახლეობის შიგნითაც საზოგადოებრივი უფლებების მიხედვით მოხდა დიფერენციაცია. არსებობდა თემები, რომლებშიც ყველა მეთემე მამაკაცს აღარ ჰქონდა აღნიშნული წესების შესრულების უფლება, რადგან ზოგიერთ მათგანს ჯვარ-ხატი “არ ითხოვდა”. ე.ი. ჯვარ-ხატის უკან დგას არა უნჯი//მკვიდრი მოსახლეობის წევრი, არამედ ნაწილი. თითოეულ გვარს უკვე თავისი წარმომადგენელი ჰყავდა სათემო სალოცავში.

ხელოსანთა, სრულუფლებიანთა წრის შეზღუდვას ეკონომიკური ფაქტორიც განაპირობებდა. ყველა ზემოხსენებული წესის შესრულება შეეძლო მხოლოდ ეკონომიკურად შეძლებულ ოჯახებს. თუ მეთემის ოჯახი ვერ შეძლებდა, მაგალითად, სახელოში ჩადგომის, ან ზღურბლის დალახვის წესების შესრულებას, ხევსურული ნორმების მიხედვით არსებობდა შეღავათები: ახალგაზრდა მხოლოდ გაინათლებოდა ერთი სამსხვერპლო საკლავით და ისე მივიდოდა ხელოსნად, მაგრამ ასეთი ხელოსანი სრულუფლებიანად აღარ ითვლებოდა. იგი, ზღურბლდალახულთან შედარებით, ნაკლები უფლებებით სარგებლობდა.

ხევსურეთში საზოგადოებრივი (მმართველობითი) ფუნქციის მქონე მეთემენი (ქადაგი, ხუცესი, მედროშე, მაგანძური) ამავე ჯვარის ხელოსანთაგან გამოიყოფოდნენ. შესაბამისად, ხელოსანს უნდა შეესწავლა ჯვარში ყველას - ხუცესის, მედროშის, მეზარისა თუ სხვათა საქმე. ხელოსანთაგან ჯვარიონის (ქადაგი, ხუცესი, მედროშე, მაგანძური) გამოყოფის რამდენიმე წესი იყო ხევსურეთში: 1) რიგითი, წილისყრით, ჯვარის დროებით მსახურად; 2) ქადაგისგან არჩევით, ჯვარის მუდმივ მსახურად; 3) მემკვიდრეობითი წესი. დროებითი მსახურნი კვლავ უბრუნდებოდნენ ხელოსანთა რიგებს, სანამ კვლავ არ დააყენებდნენ რომელიმე მსახურად.

სახელოიან, ზღურბლდალახულ ხელოსნებს, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებისა, ჰქონდათ შემდეგი უფლებები: 1) ითვლებოდნენ თემის მმართველობის უმაღლესი ორგანოს - დარბაზის შემადგენლობაში. დარბაზში მათთვის განკუთვნილი იყო სპეციალური სკამები, რომლებზე დაჯდომაც არავის არ შეეძლო. ისინი ესწრებოდნენ დარბაზში პურობას, ჟამისწირვას და ა.შ. 2) მათ წილი ეკუთვნოდათ ჯვარხატის ყველა შემოსავალში. იქნებოდა ეს ადგილის ბეგარა, ძღვენი თუ სხვა რამ შესაწირი, რომელსაც „ხელის წილი“ ეწოდებოდა. მაგრამ ზღურბლდალახულ ხელოსანთა შორისაც არსებობდა დიფერენციაცია ასაკისა და ამა თუ იმ გვარის მიხედვით, რომლებიც უპირატესობით სარგებლობდნენ.

ყველა ხელოსანი, უფლებრივი განსხვავების მიუხედავად, ერთნაირი ვალდებულებებით იყო დაკავშირებული ჯვარ-ხატებთან. წელიწადში ერთხელ, ე.წ. დიდ დღეობებში ხელოსანს ჯვარში უნდა მიეყვანა ერთი საკლავი - ხბო, ცხვარი ან ბატკანი. საკლავს მსხვერპლად შესწირავდნენ, სისხლს კი ხელებზე, შუბლსა და გულზე იცხებდა ხელოსანი. საკლავის ხორცი ჯვარში რჩებოდა, ტყავი კი პატრონს მიჰქონდა სახლში. ჯვარში წასვლის დროს ხელოსანს მიჰქონდა „საშუამავლო“, „სეფე-ქადა“, სანთელი და არაყი.

ღრმად მოხუცებული მეთემე გამოდიოდა ხელოსნობიდან, იგი ჯვარში ვეღარ შევიდოდა, და თუ რაიმე თანამდებობა ეკავა, იმისგანაც თავისუფლდებოდა.

სათათბიროდ ან რაიმე საქმის გადასაწყვეტად ხელოსნებს კრებდა ხუცესი.

ხელშეუხებლობა (sacrosanctus, sacrum - ფიცი, sanctus - ხელშეუხებელი) - პლებსის საზეიმო ფიცი, რომლის თანახმადაც სიკვდილით ისჯებოდა ნებისმიერი თავდასხმა სახალხო ტრიბუნებზე, რაც მათ ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა მოვალეობის შესრულების მთელი პერიოდისათვის. ძვ. წ. 492 წ-ს სახალხო ტრიბუნების ხელშეუხებლობა სპეციალური კანონით დამტკიცდა. ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ ასევე ელჩები.

ხეობა, სვანეთი (სვან. ხეობ) - საზოგადოებათა კავშირი სვანეთში. კავშირი იკრიბებოდა საჭიროების დროს თემის მახვშის - უფროსის განკარგულებით გარკვეულ ადგილებში: მაგ., სოფ. „ლალვერში“, ლახამულასა და იფარის საზოგადოების შუა, იფარის საზოგადოებაში მდებარე მინდორზე, ე.წ. სვიმონზე და სოფ. უშგულში. ამ ადგილებში იკრიბებოდნენ მაშინ, როდესაც კრებაზე გასარჩევი საქმე მთელ სვანეთს ეხებოდა. მაგ., თუ რომელიმე თავადიშვილის გვარეულობა ხეობას დაპყრობას უპირებდა ან თუ მთელი ხეობა აპირებდა მეზობელ ხალხებზე თავდასხმას. ხევის კრებაზე ესწრებოდნენ თითოეული საზოგადოებიდან მახვშიები, რამდენიმე დეპუტატი და თითო კაცი მეკომურიდან. ასეთი ყრილობა თავისუფალ სვანეთში მოხდა 1875 წ-ს, როცა ხალხი აჯანყდა.

ხმის მიცემა - ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში სახალხო კრების უმეტეს დადგენილებათა მიღება, ისევე როგორც ცალკეულ სფეროთა მაგისტრატთა არჩევნები, ხელის აწევით (χειροτονία) წყდებოდა. იშვიათ შემთხვევებში დადგენილებათა მიღება ხმაურიანი თანხმობით ხდებოდა, როგორც მაგალითად სპარტელი ეფოროსების არჩევისას. როცა საქმე ინდივიდს (έπ' άνδρί) ეხებოდა, ხმის მიცემა საიდუმლო კენჭისყრით (ψήφισμα ψήφιος-იდან = ხმის მისაცემი კენჭი) სრულდებოდა (ψήφισμα ამასთანავე სახალხო კრების დეკრეტის სახელწოდება იყო). იგივე მეთოდი მსაჯულთა (იხ. დიკასტესი) მიერ განაჩენის გამოტანის დროს გამოიყენებოდა. ამ პრინციპს ვხვდებით ოსტრაკისმოსის შემთხვევაშიც, როდესაც ხმის მიმცემი თავის არჩევანს თიხის ნატეხზე დაფიქსირებით გამოხატავდა.

ხუცესი (ხუცი), ხევსურეთი - ხატის კაცი, მას აუცილებლად ხატი ნიშნავდა ქადაგის პირით. ქადაგი კი ხატის ნება-სურვილის განმცხადებელი იყო.

ყველა სოფელს თავისი ხუცესი ჰყავდა. სოფლის გარეთ მისი ხუცესობა არ ვრცელდებოდა. ხუცესს ხატი ირჩევდა. მას რაიმე ავადმყოფობას მოუვლენდა, რაც მისი ხუცესად დაყენების მიზეზი ხდებოდა. ხუცესად დანიშვნის დროს უნდა დაკლულიყო საკლავი. ხუცესს ვერავინ შეცვლიდა, თუ თავად არ მოინდომებდა და არ დაანებდა თავს ხუცობას. მის მოვალეობას საღმრთო წესების აღსრულება შეადგენდა: ლოცულობდა, „ხუცობდა“ - კლავდა საკლავს, ტაბლას აკურთხებდა, მიცვალებულს წესს უგებდა, ხალხს აქორწინებდა, საღმრთოს გადაიხდიდა, ხატობას ხალხს ამწყალობებდა და ა.შ.

ხუცესის მოვალეობაში მკითხაობაც შედიოდა. მას შეეძლო გაეგო, ვის რა მოუვიდოდა, ავად ვინ გახდებოდა, საქონელს რა დაემართებოდა და ა.შ. იგი ძილის დროს თავქვეშ დაიდებდა სამკითხაოდ მოსულის ქუდს, სარტყელს, ტალავარს და სწორედ სიზმარში ხედავდა მის ბედს.

ხუცესს დიდი გავლენა ჰქონდა, იგი ზნეობის მაგალითს აძლევდა საზოგადოებას. ხატობის დროს ხუცესი მშვიდობისა და წესიერების დამცველიც იყო. მას უფლება ჰქონდა მოჩხუბარი დაეჯარიმებინა, ჯარიმად ცხვარი დაეკლა, ფულიც წაერთმია.

სოფელში ხატი, დროშა და განძი ხუცესსა და დეკანოზს ებარა. დღეობას მათ ეს წმინდა ნივთები უნდა მიეტანათ იმ ადგილას, სადაც ხატობა იმართებოდა. ხატი ხუცესს ეჭირა, დროშა და განძი - დეკანოზებს. ხატობის მეოთხე დღეს საღამოს მიაბრძანებდნენ ამ ნივთებს მიუვალ ადგილას. როცა ხატისა და დროშის წაბრძანების წინ ხუცესი და დეკანოზები ლუდით სავსე თასებს აიღებდნენ ხელში, ხალხი თავმოდრეკილი დგებოდა. ხუცესი კი იწყებდა მოღალატეების, ქურდების დარისხებას, შემდეგ კი თასიდან ლუდს ღვრიდა, ასე დაიღვაროს მათი ოჯახიო. ხუცესის დარისხებას ქალებიცა და ბავშვებიც უნდა დასწრებოდნენ.

ხუცესი დიდი პატივით სარგებლობდა ხალხში, ნებისმიერ შეკრებაზე, ლხინსა თუ ჭირში, როგორც პირველი კაცი, ყველგან თავში იჯდა. მას შეურაცხყოფას ვერ გაუბედავდნენ.

ამ შრომისა და სამსახურის ფასად ხუცესს საკლავიდან ეკუთვნდა ფეხშო და ტყავი. ვინაიდან, ხატობას ბევრი საკლავი იკვლებოდა და ხუცესს მეტი ჯაფა უწევდა, ტყავ-ფეხშოების გაყოფის დროს (იყოფდნენ ხუცესები და დეკანოზები) დიდი ნაწილი ხუცესს რჩებოდა. როცა საქონლის ჭირი ჩნდებოდა, საქონელიც ხუცესს უნდა დაეკლა ხატის შესაწირად, რათა ხატს სხვა საქონელი დაეხსნა ჭირისგან.

ხუცესი ხატობამდე ექვსი კვირით ადრე იცავდა სიწმინდეს. არ უნდა მიკარებოდა ცოლს. თუ ძილში ცოლს ან სხვა ქალს ნახავდა, აუცილებლად უნდა განბანილიყო, თუმცა ხუცობა მაინც აღარ შეეძლო იმ დროს. ხუცესი ერიდებოდა როგორც ნაბოსლარ ქალს, ისე თავად ბოსელს და იმ გზას, რომელზეც, შესაძლოა, ნაბოსლარს გაევლო. მას აუცილებლად უნდა ემარხულა, ხელ-პირი დაებანა, ხოლო დიდი ხატობის დროს კი მთელი ტანი განებანა.

8.30

▲ზევით დაბრუნება


ჯარისკაცთა იმპერატორები - ახ. წ. 235-284 წწ-ის რომაელი იმპერატორები, რომლებიც სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს და რომელთა ტახტის დასაყრდენი ჯარი იყო. ჯარი იმპერიის პირველივე წლებიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული ხელისუფლებასთან. I-III სს-ში რომში ძალაუფლება ხშირად იცვლებოდა. ამ ცვლილებაში დიდ როლს თამაშობდა პრეტორიანთა გვარდია. 68-69 და 193-197 წწ-ში მოვლენათა ცვლილებებზე დიდი გავლენა მოახდინა პროვინციის ლეგიონებმა, მაგრამ სევერუსის დროს ლეგიონერები სულ უფრო და უფრო ხშირად აცხადებდნენ თავიანთ მხედართმთავრებს უმაღლეს მმართველებად, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვებოდა. ტახტის ხელში ჩაგდების ასეთი ხერხი იმპერიის კრიზისის დროისთვის (ახ. წ. III ს.) იყო დამახასიათებელი. მოსახლეობის ფენებს შორის ბრძოლაში გამომჟღავნდა დაპირისპირება ქალაქის საშუალო ფენასა (რომელთა მეურნეობაში უმეტესწილად მონები მუშაობდნენ) და და მსხვილ მიწათმოქმედებს შორის, რომლებიც კოლონიებს უწევდნენ ექსპლუატაციას.

ჯურუმი (ჯარიმა), ხევსურეთი - გამოსასყიდი. თუ გარდაიცვლებოდა გახიზნული მკვლელის რომელიმე ნათესავი, რომელიც მასთან ერთად იყო დაბრუნებული სოფელში, დამარხვის უფლება არ ჰქონდათ, სანამ მოკლულის ნათესავებს ჯურუმს - სამ ცხვარს არ მისცემდნენ. ასეთივე გამოსასყიდი იყო დანიშნული იმ შემთხვევისთვისაც, თუ მკვლელის ოჯახი მოიპოვებდა სამლოცველოში მისვლის ან წისქვილში წყლის დათმობის უფლებას.

8.31

▲ზევით დაბრუნება


ჰადრიანუსი/ადრიანე (Hadrianus Caesar Traianus Augustus) (ახ. წ. 76-138 წწ.) - რომაელი იმპერატორი (ახ. წ. 117 წ-დან); ყმაწვილი დიდ ინტერესს იჩენდა მეცნიერებებისადმი, ადრე დაიწყო სახელმწიფო სამსახური. 15 წლის ესპანეთში გაემგზავრა. ჯარში მსახურობდა. რომის იმპერატორმა ტრაიანუსმა ჰადრიანუსს თავისი ნათესავი საბინა მიათხოვა (ახ. წ. 100 წ.). ჰადრიანუსი მონაწილეობას იღებდა დაკიისა და პართიის ბრძოლაში, ახ. წ. 108 წ-ს იყო კონსული და ნაცვალი პანონიასა და სირიაში. ტრაიანუსმა სიკვდილის წინ იშვილა და მემკვიდრედ გამოაცხადა. ჰადრიანუსმა არ გააგრძელა თავისი წინამორბედის დამპყრობლური პოლიტიკა, ახ. წ. 117 წ-ს უარი თქვა არმენიასა და მესოპოტამიაზე, დაამთავრა პართიის ომი და იზრუნა საზღვრების დაცვაზე. ხანგრძლივ მოგზაურობაში ახ. წ. 121-125 წწ-ში (ხშირად ფეხითაც დადიოდა) ამოწმებდა („იმპერატორის მოგზაურობა“) დასავლეთ და აღმოსავლეთ პროვინციებს (ბრიტანიიდან ეგვიპტემდე), ახ. წ. 128 წ-ს აფრიკასა და ახ. წ. 128-132 წწ-ში კვლავ აღმოსავლეთ პროვინციებს, იგებდა მცხოვრებლების მდგომარეობას, ურიგებდა პურსა და ფულს, მოწყალებას იჩენდა. შიდა პოლიტიკაში ჰადრიანუსმა სენატის გავლენა შეამცირა. ახ. წ. 118 წ-ს მან ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ტრაიანუსის ოთხი სენატორი - მხედართმთავარი, ახ. წ. 136 წ-ს კი - სხვა სენატორებიც, რომლებიც მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ.

ადრინდელი სოლომონის ტაძრის ადგილზე იუპიტერის ტაძრის მშენებლობით იუდეველები გაანაწყენა, ისინი მის წინააღმდეგ გამოვიდნენ, მაგრამ ჰადრიანუსმა იუდეველების (580 000 კაცი) ბოლო დიდი აჯანყება მკაცრად ჩაახშო (ახ. წ. 132-135 წწ.).

ჰადრიანუსმა მოხელეთა აპარატის შექმნით იმპერატორის ძალაუფლება გაამყარა. უპირველეს ყოვლისა, ახლად შექმნილ სახელმწიფო საბჭოში აზატების ნაცვლად თანამშრომლობისათვის მოიწვია მხედრები. უნიფიკაციის წყალობით უვადო ედიქტმა (edictum perpetuum) პრეტორების უფლების განვითარება დაასრულა. სამართლებრივ და ფინანსურ რეფორმებთან ერთად გატარდა ჯარის რეფორმა, რომელიც ჯარისკაცებს საშუალებას აძლევდა მხედრების ფენამდე ამაღლებულიყვნენ. გადასახადების შესუსტებას, კოლონებზე ზრუნვას, მონური უფლებების ჰუმანიზაციას სახელმწიფოს კონსოლიდაცია უნდა მოეხდინა.

ჰადრიანუსმა იტალიაში ბევრი სკოლა დააარსა და მასწავლებლებს ხელფასი დაუნიშნა. იგი აქტიურ სამშენებლო მუშაობას ეწეოდა - რომში აშენდა პანთეონი და მავსოლეუმი (თანამედროვე წმ. ანგელოზის ტაძარი). ტიბრის მახლობლად მდებარე მის ვილაში, სასახლეებიან, ბიბლიოთეკიან, თერმებიან და პალესტრიან მონუმენტურ კომპლექსში დადგა ათენის „სტოა პოიკილეს“ ასლი. პროვინციებში ხელი შეუწყო რომანიზაციას, ქალაქებისა (მათ შორის ჰადრიანოპოლისის) და კოლონიების დაარსებას, კვლავ აღადგინა იერუსალიმი და გააშენა. ელინოფილი ჰადრიანუსი ხელოვნებას, ფილოსოფიას მფარველობდა, ათენს ამკობდა შესანიშნავი ნაგებობებით (ოლიმპეიონი). მისი ბრძანებით გამოიცა ჰადრიანუსის მუდმივი ედიქტი (edictum perpetuum Hadriani), ჰადრიანუსის წერილი (epistula Hadriani), ჰადრიანუსის სიტყვა (oratio Hadriani), ჰადრიანუსის ბრძანებულება (rescriptum Hadriani), ჰადრიანუსის კანონი (lex Hadriana). უშვილო ჰადრიანუსმა იშვილა თავისი მემკვიდრე ანტონინუს პიუსი.

ჰელენოტამიასები - სიტყვასიტყვით „ბერძენთა ხაზინადრები“, დელოსის ლიგის ფინანსური ზედამხედველნი. ძვ. წ. 474-454 წწ-ში მათი შტაბბინა დელოსზე მდებარეობდა, შემდეგ იგი ათენში გადაიტანეს. ჰელენოტამიასები თავდაპირველად ათი ათენელი მოქალაქე იყო, რომელთა არჩევნებიც ათენში იმართებოდა. ძვ. წ. 454 წ-ის შემდეგ მათი არჩევა, სავარაუდოდ, ხმის მიცემით ხდებოდა, ჩვეულებრივ თითო ჰელენოტამიასი თითო ფილედან იყო არჩეული. დელოსის ლიგაში შემავალი ქალაქებიდან ხარკს ჰელენოტამიასები აპოდექტესების მეშვეობით ღებულობდნენ. მათ აუდიტს ლოგისტები აწარმოებდნენ. ჰელენოტამიასებს ევალებოდათ, განეკარგათ მიღებული ხარკი, სახალხო კრების მითითებით გადაეცათ იგი დანიშნულებისამებრ - უმთავრესად სტრატეგოსებისათვის, ცალკეულ შემთხვევებში კი სხვა მიზნებისთვის, ასე მაგალითად, აკროპოლისის მშენებლობისათვის. ძვ. წ. 411 წ-ის შემდეგ მათი უფლებები გაფართოვდა (იხ. კოლაკრეტესები). ძვ. წ. 404 წ-ს ათენის იმპერიის დაცემის შემდეგ ჰელენოტამიასის თანამდებობა გაუქმდა.

ჰელიაია (ήλιαία) - როგორც ჩანს, ეს ტერმინი თავდაპირველად მხოლოდ კრების აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო. თუმცა ათენში იგი იხმარებოდა მოქალაქეთა იმ თავყრილობების აღსანიშნავად, რომლებიც შეკრებილი იყვნენ ან მაგისტრატების განაჩენთა წინააღმდეგ აპელაციის (ეფესისის) მოსასმენად, ანდა გარკვეული საზღვრების ზემოთ სასჯელის დასადებად სოლონის მიერ შემოტანილი პროცედურის შესაბამისად. მას შემდეგ რაც ეს ფუნქცია დიკასტესებს - მსაჯულებს დაეკისრათ, ჰელიაია ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენებოდა მსაჯულთა მთელი კრებულის აღსანიშნავად; შესაბამისად, ήλιαστής ნიშნავდა „მსაჯულს“ - δικατής-ის სინონიმს. მაგრამ უფრო ხშირად ჰელიაია ნახმარი იყო ერთი კონკრეტული სასამართლოს - თესმოთეტესების სასამართლოს აღსანიშნავად.

ჰეტაირიები/ჰეტერიები (έταιρίαι) - „მეგობართა“ (έταϊροι) გაერთიანებები. ზოგიერთ კრეტულ ქალაქში მოქალაქეები ჰეტაირიებად იყვნენ დაჯგუფებულნი, რაც სამხედრო სისტემის ნაწილებს ჰქმნიდა. ამ გაერთიანების თითოეულ წევრს ჰქონდა თავისი მაგიდა საერთო სადილებსა თუ ქალაქის „ანდრეიონში“. არსებობს მონაცემები, რომ სიტყვები έταϊρος და έταιρία პროფესიონალური გილდიების მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა, თუმცა ჩვენთვის ყველაზე მეტად ნაცნობი ჰეტაირიები პოლიტიკურ ფრაქციებს წარმოადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი თანამზრახველთა მეტ-ნაკლებად დროებითი გაერთიანებები იყო. ცალკეულ შემთხვევებში მათ συνωμοίαι ეწოდებოდათ (სახელწოდება ერთგულების ფიციდან მომდინარეობდა). ჰეტაირიები საბერძნეთის მრავალ ქალაქში დასტურდება არქაული პერიოდიდან მოყოლებული რომაული პერიოდის ჩათვლით. ისინი არსებული რეჟიმის შენარჩუნებისა თუ მისი გადაგდებისათვის, ლიდერების პიროვნული ამბიციების დასაკმაყოფილებლად და სასამართლოებსა თუ არჩევნებში ურთიერთდახმარების მიზნით იყვნენ შექმნილნი. ათენში პოლიტიკური ლიდერები კილონიდან მოყოლებული ჰეტაირიებს ქმნიდნენ. ამ წესიდან გამონაკლისი, გადმოცემის თანახმად, არისტიდესი იყო. დემოკრატიის გამარჯვების შემდეგ მისი მოწინააღმდეგეები ხშირად ჰეტაირიების მეშვეობით მოქმედებდნენ, ასე მაგალითად, 400-თა მმართველობის და ოცდაათი ტირანის შემთხვევებში. ჰეტაირიების ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ ორატორების მიერ დამოწმებული კანონი ძვ. წ. 403 წ-ს დემოკრატიის აღდგენის დროს უნდა ყოფილიყო მიღებული.

ჰეტერა (έταίρα) - „მამაკაცთა თანამგზავრი“. პირველად ეს ტერმინი ჰეროდოტესთან (ჰეროდოტე, 2. 134) დასტურდება. ჰეტერები მეძავი ქალები იყვნენ, რომლებიც სექსუალური სურვილებით ვაჭრობდნენ. ისევე როგორც ანტიკურობაში, დღესაც მეცნიერებაში არაა ერთიანი თვალსაზრისი, თუ მეძავთა რომელ კატეგორიას მოიცავს ტერმინი „ჰეტერა“. ერთი მოსაზრების თანახმად, ეს იყო უბრალოდ ატიკური ევფემიზმი მთლიანად მეძავთა ფენისა (მონისაც და თავისუფალისაც), იქნებოდნენ ისინი ქურუმის პროსტიტუტები, ქალაქის ან კერძო საროსკიპოს მეძავები, თუ დახვეწილი, ინტელექტუალურად გაწვრთნილი, ძვირადღირებული კურტიზანები (μεγαλομίσθωοι). სხვა თვალსაზრისის მიხედვით, ჰეტერები დაბალი რანგის πορνή-სა (პროსტიტუტი) და πολλάκη-საგან (ხარჭისაგან) განსხვავებით, სოციალურად მაღალ საფეხურზე მდგომ მეძავებს ეწოდებოდათ. მათი მოვალეობა მამაკაცთა გართობა იყო. აკი ამბობს კიდეც დემოსთენეს ორატორი, რომ ჰეტერები სიამოვნების მოსანიჭებლად გვყავსო (დემოსთენე, LIX, 122). ამ მიზნისათვის ჰეტერებს ინტელექტუალურად წვრთნიდნენ, ასწავლიდნენ პოეზიასა და მუსიკას. თუმცა ხშირად ჰეტერების განსწავლულობა გადაჭარბებით არის შეფასებული. ჰეტერა უფრო მეტად გაწვრთნილი პირი იყო, ვიდრე დაბადებით კულტურული პიროვნება. მათ შორის ყველაზე მომხიბლავნი და ნიჭიერნი (მაგ., ფრინე, ლაისი, ნეერა, თაისი, ლეონტიონი) გამოჩენილი პოლიტიკოსების, ფილოსოფოსების თუ ხელოვანთა საყვარელნი ხდებოდნენ.

ყველაზე ცნობილი ჰეტერა პერიკლეს საყვარელი ასპასია იყო. ასპასიაზე ბევრს წერდნენ და კამათობდნენ ანტიკურობაში. თუმცა მის შესახებ მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისია გამოთქმული, ერთი უდავოა, ასპასია თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და საინტერესო ქალი გახლდათ. როგორც ჩანს, ასპასიას მხატვრულმა სახემ გააერთიანა ყველა ის ოსტატობა, ცოდნა და წარმატება, რომლისთვისაც კი ქალს ანტიკურ ეპოქაში თეორიულად შეიძლებოდა მიეღწია.

ჰეტერების ე.წ. „დიდი ეპოქიდან“ (ძვ. წ. V ს-ის ბოლო - ძვ. წ. III ს.) მომდინარეობს ყველაზე ცნობილ ჰეტერათა ამბები, ამ დროს წარმოიქმნა მათ შესახებ დიდძალი ლიტერატურა. ახალ კომედიაში ამ პროფესიის რეალური და ფიქტიური წარმომადგენლები მოქმედებდნენ. ჰეტერათა მიმართ დამოკიდებულება ამ ჟანრში ცინიკურიდან რომანტიკულამდე მერყეობს.

ჰიბარი, სვანეთი - ჯარიმა, რომელსაც იხდიდნენ ქურდობის შემთხვევაში საზოგადოებისა და ნაქურდალის პატრონის სასარგებლოდ. ასევე, თუ ყრილობის ნებართვის გარეშე ვინმე უცხო ქვეყანაში გაემგზავრებოდა, მას ჯარიმად ჰიბარს ახდევინებდნენ.

ჰელოტი (εϊλως) - ზოგიერთ ბერძნულ ქალაქსახელმწიფოში არსებობდა მოსახლეობის გარკვეული სოციალური ფენა, რომლებიც ამა თუ იმ კერძო პირის პირად საკუთრებაში მყოფ მონებს არ წარმოადგენდნენ. ლექსიკოგრაფოს პოლუქსის განმარტებით, მონებსა და თავისუფალთა შორის შუალედური მდგომარეობა ეკავათ ლაკედემონელ ჰელოტებს, თესალიელ პენესტებსა და კრეტელ კლაროტებსა და მნოიტებს (პოლუქსი, ონომასტიკონი, 3, 83). მონებისაგან განსხვავებით, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ, ჰელოტები თავიანთ საკუთარ ტერიტორიაზე იქნენ დამორჩილებულნი, სავარაუდოდ, ან ბნელი წლების ეპოქაში, ანდა მოგვიანებით, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით ბერძენთა ექსპანსიის დროს. ჰელოტები, უმეტესწილად, მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას ეწეოდნენ. მათ გამორჩეული როლი შედარებით ნაკლებად ურბანიზებულ ქალაქ-სახელმწიფოებში ჰქონდათ. ჰელოტების შესახებ ცნობები, უმთავრესად, სპარტიდან მოგვეპოვება.

ლაკონიაში ჰელოტთა სისტემის წარმოქმნა, როგორც ჩანს, მიკენური ეპოქის დასრულების შემდეგ გაშლილ მიგრაციულ და თავიდან დასახლების პროცესებს უკავშირდება. ჰელოტთა რიცხვი არა მარტო სპარტიატების, არამედ ლაკონიის თავისუფალი მოსახლეობის რაოდენობას აღემატებოდა. მონებისაგან განსხვავებით, ჰელოტები ოჯახურ და ერთობის თავდაპირველ კავშირებს ინარჩუნებდნენ. ისინი სახელმწიფოს „კუთვნილებაში“ იყვნენ (სტრაბონი, 8. 5. 4), რომელსაც ერთადერთს ხელეწიფებოდა მათი გათავისუფლება. ამას ადგილი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჰქონდა. ასე მაგალითად, პელოპონესის ომში მამაკაცთა რიცხვის კლებამ აიძულა სპარტელები, რომ ჰოპლიტთა დანაყოფებში მრავალი ჰელოტი შეეყვანათ.

კლეროსებზე (მიწის ნაკვეთებზე) მიმაგრებული ჰელოტების მოვალეობას სპარტიატების სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ისინი სპარტიატებს განსაზღვრულ ღალას უხდიდნენ (ნამატს თავად იტოვებდნენ). არ არის ცნობილი, თუ რამდენად შეეძლო კონკრეტულ სპარტიატს განეკარგა თავისი ჰელოტი - მიეცა იგი საჩუქრად ან მზითვში, ან თუნდაც გაეყიდა. ჰელოტთა დასჯის შემთხვევებს როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირთა მხრიდან ჰქონდა ადგილი.

სპარტელები ჰელოტებს ერთობ დაუნდობლად ეპყრობოდნენ. ეფოროსები პერიოდულად მათ ომს უცხადებდნენ. ჰელოტები ხშირად ამჟღავნებდნენ უკმაყოფილებას, რაც ზოგჯერ ამბოხე335 ბის სახეს იღებდა. ეს გარემოება მათ მიმართ სპარტიატების მუდმივი შიშისა და უნდობლობის მიზეზი იყო.

ჰოპლიტი (όπλίτης) - მძიმედ შეიარაღებული ქვეითი მეომარი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების საჯარისო ფორმირებებში. ჰოპლიტები იბრძოდნენ შეკრულ ფალანგებში, რომლებიც ძვ. წ. VII ს-იდან მოყოლებული ათენსა და სპარტაში სამხედრო ძალების ორგანიზაციის გადამწყვეტი სისტემა გახდა. ჰოპლიტის აღჭურვილობა შედგებოდა მუზარადის, ჯავშანის, საბარკულისა და მძიმე ფარისაგან, რომელიც მისი მთავარი თავდაცვითი საშუალება იყო. ჰოპლიტის მთავარ საბრძოლო იარაღს შუბი და მოკლე მახვილი წარმოადგენდა. ჰოპლიტებად მსახურობდნენ ის მოქალაქენი, რომელთაც არ შეეძლოთ ცხენების შენახვა, თუმცა გააჩნდათ იმის სახსრები, რომ საკუთარი თავი თვითონ აღეჭურვათ. ძვ. წ. V ს-ის დასასრულს ათენში ჰოპლიტად კვალიფიკაცია ძევგიტთა სოლონისეულ კლასს შეესაბამებოდა.

9 ილუსტრაციები:

▲ზევით დაბრუნება


1) თემისი, ბრაზილია, ავტორი - ალფრედო კეშიატი

0x01 graphic

2) დემოკრატია, ათენის აგორას მუზეუმი,
S 2370, დაახლ. ძვ.. 335-330 წწ.

0x01 graphic

3) არეტე, ეფესო, ცელსუსის ბიბლიოთეკა

0x01 graphic

4) კლისთენესი, თანამედროვე ბიუსტი,
ოჰაიო, მთავრობის სახლი

0x01 graphic

5) პერიკლე, ბიუსტი სახელწოდებით
ათენელი პერიკლე, ქსანთიპოსის ვაჟი”, ბერძნული
ორიგინალის რომაული ასლი (ძვ. . 430 .)

0x01 graphic

6) ძმები გრაკქუსები, ეჟენ გიიომი, (1853 .), ლუვრი

0x01 graphic

7) ნემესისი, ახ. . II ., ლუვრი, (M 4873)

0x01 graphic

8) თემისის მარმარილოს ქანდაკება ნემესისის
ტაძრიდან, რამნუსი, ატიკა, მოქანდაკე:
ხერესტრატოსი, ძვ. . III ., ათენის არქეოლოგიური მუზეუმი, №231

0x01 graphic

9) ათენის აგორა

0x01 graphic

10) SPQR (senatus populusque Romanus) -
აბრევიატურა (სენატი და რომაელი ხალხი),
რომის რესპუბლიკის მმართველობის ფორმა;
მილანი, ვიტორიო ემანუელის გალერეა

0x01 graphic

11) ათენის სტოა (რეკონსტრუირებული)

0x01 graphic

12) მახვშის სავარძელი, სვანეთი

0x01 graphic

13) ლაშარის ჯვარი, ხევსურეთი

0x01 graphic

14) ვახტანგ VI, უცნობი მხატვარი,
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი. თბილისი

0x01 graphic

15) დავით აღმაშენებელი, შიომღვიმის ფრესკა

0x01 graphic