![]() |
ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი |
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭოს |
თარიღი: 1998 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
რას წარმოადგენს ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ?
ჩარჩო კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 1 თებერვლიდან, წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სრულყოფილ შეთანხმებას შექმნილს იმ პირთა უფლებების დასაცავად, რომელნიც განეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობას. მხარეები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ სრული და ეფექტური თანასწორობა ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ პირთათვის. ასევე, შექმნან პირობები, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ გამოამჟღავნონ, დაიცვან და განავითარონ თავიანთი კულტურა და თვითმყოფადობა.
რატომ ჰქვია „ჩარჩო“ კონვენცია?
სიტყა „ჩარჩო“ ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოებს ეძლევათ საშუალება განმარტონ მოცემული კონვენციის დებულებები მათი ქვეყნისათვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით ეროვნულ კანონმდებლობასა და სათანადო სახელმწიფო პოლიტიკაზე დაყრდნობით. ეს არავითარ შემთხვევაში არ ასუსტებს კონვენციის სამართლებრივ ვალდებულებას.
რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო მხარე ჩარჩო კონვენციის რატიფიცირებისას?
ჩარჩო კონვენციის დებულებები მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის:
დისკრიმინაციის არარსებობას;
ეფექტური თანასწორობის უზრუნველყოფას;
კულტურის, რელიგიის, ენის და ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის პირობების შექმნას;
მშვიდობიანი შეკრების, გაერთიანების, გამოხატვის, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას;
მასმედიის ხელმისაწვდომობასა და გამოყენებას;
ენის თავისუფლებას:
- უმცირესობის ენის გამოყენების უფლებას, კერძოდ და საჯაროდ, ისევე როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობისას;
- სახელისა და გვარის უმცირესობის ენაზე გამოყენების უფლებას;
- პირადი ხასიათის ინფორმაციის უმცირესობის ენაზე გამოსახვის უფლებას;
- უმცირესობის ენაზე ტოპოგრაფიულ დასახელებებს;
განათლებას:
- უმცირესობის ენაზე სწავლის და ინსტრუქტაჟის მიღების უფლებას;
- საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის უფლებას;
ტრანსსასაზღვრო კონტაქტებს;
საერთაშორისო და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობას;
ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას;
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას;
იძულებითი ასიმილაციის აკრძალვას;
რას ნიშნავს ეროვნული უმცირესობა?
ჩარჩო კონვენცია არ შეიცავს „ეროვნული უმცირესობის“ კონცეფციის განსაზღვრას, რადგან არ არსებობს ზოგადი დეფინიცია, რომელსაც ეთანხმება ევროპის საბჭოს წევრი ყველა ქვეყანა. ჩარჩო კონვენციის ყოველ მხარეს ეძლევა საშუალება თვითონ შეაფასოს თავის ტერიტორიაზე თუ რომელ ჯგუფს ეხება ჩარჩო კონვენცია. ეს არჩევანი უნდა გაკეთდეს კეთილი განზრახვით საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებისა და ჩარჩო კონვენციის მე-3 მუხლის ფუნდამენტალური პრინციპების შესაბამისად.
ამ საკითხებს თავის დასკვნაში შეისწავლის ჩარჩო კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტი. კომიტეტი ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ ჩარჩო კონვენციის განხორციელება არ უნდა გახდეს საშუალება თვითნებური ან გაუმართლებელი მოქმედებებისა.
საკონსულტაციო კომიტეტისთვის ჩარჩო კონვენცია არ წარმოიდგენს ყოვლისმომცველ დოკუმენტს. საკონსულტაციო კომიტეტი განიხილავს თითოეულ მუხლს იმ ჯგუფების საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც მოიცავს ჩარჩო კონვენცია, აღიარებს რა იმას, რომ კონვენციის ზოგიერთ მუხლს სხვა მუხლებთან შედარებით საშუალება აქვს მოიცვას უფრო ფართო სპექტრი ჯგუფებისა.
მაგალითად, მე-6 მუხლი ტოლერანტობასა და კულტურათშორისი დიალოგის შესახებ შეიცავს თავის თავში უფრო ფართო სპექტრს ჯგუფებისა ვიდრე მე-10(2) მუხლი, რომელიც ეხება ენის გამოყენებას საზოგადოებრივ ორგანოებთან ურთიერთობისას.
ზოგიერთმა პირმა შეიძლება ისარგებლოს მხოლოდ რამოდენიმე და არა აუცილებლად ყველა მუხლით.
როგორ ხდება ჩარჩო კონვენციასთან სახელმწიფოს შესაბამისობის მონიტორინგი?
ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა
დაცვის შესახებ
სამეთვალყურეო მექანიზმი
ვინ არის მონიტორინგზე პასუხისმგებელი?
მინისტრთა კომიტეტი და საკონსულტაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები, ჩართულნი არიან ჩარჩო კონვენციის მონიტორინგში.
როგორ მოვიპოვოთ მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაცია?
მოხსენებით სისტემაზე დაყრდნობით, მონიტორინგის პროცედურა მოითხოვს ყოველი სახელმწიფოსაგან პირველი მოხსენების წარდგენას კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში და დამატებით მოხსენებების წარდგენას ყოველი მომდევნო ხუთი წლის ბოლოს, ან მინისტრთა კომიტეტის სპეციალური მოთხოვნით. თუ საჭირო იქნება განსაკუთრებული დამატებითი ინფორმაცია, საკონსულტაციო კომიტეტი ასევე უგზავნის სახელმწიფოებს წერილობით კითხვარებს.
სახელმწიფო მოხსენებების მომზადებისას ხშირად ტარდება კონსულტაციები არასამთავრობო და უმცირესობის ორგანიზაციებთან, რომლებსაც ასევე შეუძლიათ წარადგინონ ალტერნატიული მოხსენება ან ინფორმაცია.
ამ მოხსენებების განხილვისას საკონსულტაციო კომიტეტი იყენებს სახელმწიფოებრივ და არასახელმწიფოებრივ პირთა მიერ მიწოდებულ მრავალმხრივ წერილობით ინფორმაციას.
საკონსულტაციო კომიტეტი ასევე ახორციელებს ვიზიტებს, სადაც ხვდება ხელისუფლების წარმომადგენელებს, პარლამენტარებს, უმცირესობის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სპეციალიზირებულ ორგანოებსა და სხვა თანამოსაუბრეებს.
რა ხდება იმის შემდეგ, რაც საკონსულტაციო კომიტეტი დაამთავრებს შეაფასებას?
სახელმწიფო მოხსენების განხილვის შემდეგ, საკონსულტაციო კომიტეტი მიიღებს დასკვნას, რომელიც გადაეცემა დაინტერესებულ სახელმწიფოს, რომელსაც ეძლევა საშუალება გააკეთოს კომენტარი ამ დასკვნაზე. სახელმწიფოს შეუძლია ამ ეტაპზე საჯაროდ გამოაქვეყნოს საკონსულტაციო კომიტეტის დასკვნა, რაც უკვე განუხორციელებია რიგ სახელმწიფოს. პასუხის მომზადებისას, სახელმწიფოებს შეუძლიათ შემდგომი კონსულტაციების ჩატარება არასამთავრობო და უმცირესობის ორგანიზაციებთან.
შემდგომ, უკვე მინისტრთა კომიტეტი იღებს რეზოლუციას, რომელიც შეიცავს დასკვნებს და რეკომენდაციებს სახელმწიფოსთვის ჩარჩო კონვენციის განსახორციელებლად. ეს რეზოლუცია საჯაროდ გამოაქვეყნდება ისევე, როგორც სახელმწიფოს მიერ გაკეთებული კომენტარები და საკონსულტაციო კომიტეტის დასკვნა, თუ ეს უკანასკნელი უკვე არ იყო საჯარო განხილვის საგანი.
შემდგომ რა ღონისძიებებია ჩასატარებელი?
ხელისუფლებას მოეთხოვება რეგულარულად აცნობოს საკონსულტაციო კომიტეტს, თუ რა ზომები იქნა მიღებული მონიტორინგის პროცესის საპასუხოდ. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეუძლიათ ჩაებნენ შემდგომ ღონისძიებებში, რათა უზრუნველყონ ეფექტური განხორციელება.
ვინ წყვეტს თუ ვინ განეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას?
პიროვნება თავისუფალია გადაწყვიტოს აქვს თუ არა მას სურვილი, რომ ის ჩათვალონ ეროვნულ უმცირესობად.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია თვითნებურად აირჩიოს რომელ ეროვნულ უმცირესობას განეკუთნოს. პიროვნების არჩევანი უნდა ეყრდნობიდეს ობიექტურ კრიტერიუმს, დაკავშირებულს პიროვნების პირადობის დამადასტურებელ ნიშნებთან, როგორიცაა ენა, რელიგია და კულტურა.
ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის სამდივნო
ადამიანის უფლებების გენერალური დირექტორატი
ევროპის საბჭო
სტრასბურგი
ფაქსი:+33 (0)3 90 21 49 18
ტელ.:+33 (0)3 90 21 44 33
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ
ვებსაიტი: http://www.coe.int/minorities/
მინორიტიეს.fcnm@coe.int
ვებსაიტი შეიცავს უახლეს ინფორმაციასა და დოკუმენტებს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს საქმიანობაზე:
უახლესი ამბების მიმოხილვა ჩარჩო კონვენციის მონიტორინგის შესახებ;
ძირითადი საკანონმდებლო დოკუმენტები;
მინიტორინგის პროცესში შექმნილი საზოგადოებრივი ანგარიშები და დასკვნები: მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციები, საკონსულტაციო კომიტეტის დასკვნები და სახელმწიფო ანგარიშები;
მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებების აღწერა; სტაბილურობის პაქტის პროექტები და მთავრობათშორისი საქმიანობა;
კავშირები ვებსაიტებთან, რომლებიც განიხილავენ იმ პირთა უფლებების დაცვას, რომლებიც განეკუთვნებიან ეროვნულ უმცირესობებს.