![]() |
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები და მათი დამატებითი ოქმები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი |
საავტორო უფლებები: © წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები და მათი დამატებითი ოქმები - თბ. : წითელი ჯვრის საერთ. კომ-ტი, 2003 - 433გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.][MFN: 19024] International committee of The red cross 19, avenue de la pax, CH-1202 Geneve T+41227346001,F +41227332057 E-mail: shop.gva@icrc.org www:icrc.org წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისი 2008 წელი |
![]() |
1 ჟენევის 1949 წლის კონვენციები და მათი დამატებითი ოქმები. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, 2008 წ. 390 გვ. |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის ოთხი კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთა მონაწილეც თითქმის ყველა სახელმწიფოა.
კონვენციები იცავს მოქმედ ჯარში დაჭრილებსა და ავადმყოფებს, საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს, სამხედრო ტყვეებს, აგრეთვე, სამოქალაქო მოსახლეობას, რომელიც საერთაშორისო კონფლიქტის დროს აღმოჩნდა უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. ჟენევის ოთხივე კონვენციისათვის საერთო მე-3 მუხლი უზრუნველყოფს არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა მინიმალურ დაცვას.
I დამატებითი ოქმი ეხება და განსაზღვრავს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებს და ადგენს სამხედრო მოქმედებების შედეგებისაგან სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის პრინციპებს. II დამატებითი ოქმი ავსებს და ავრცობს არასაერთაშორისო შეაიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვის პრინციპს. III დამატებითი ოქმი კი ეხება დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღებას.
წითელი ჯვრის
საერთაშორისო კომიტეტი
2008 წელი
![]() |
2 ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა დახმარების შესახებ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის გადასინჯვის მიზნით, 1949 წლის 21 აპრილიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჟენევაში მიმდინარე დიპლომატიური კონფერენციის მონაწილე მთავრობათა უფლებამოსილი ქვემორე ხელისმომწერი წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგზე:
![]() |
2.1 თავი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ნებისმიერ გარემოებაში შეასრულონ და უზრუნველყონ წინამდებარე კონვენციის შესრულება.
მუხლი 2
იმ დებულებათა გარდა, რომლებიც უნდა მოქმედებდეს მშვიდობიან დროს, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს საომარ მდგომარეობას.
კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან მთლიანი ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.
თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთს შორის ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს მის დებულებებს.
მუხლი 3
ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია გამოიყენოს, სულ მცირე, შემდეგი დებულებანი:
(1) პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი და რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერ სხვა მსგავს კრიტერიუმზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ამ მიზნით, აკრძალულია და ყველგან და ყოველთვის, აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(ა) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;
(ბ) მძევლად აყვანა;
(გ) ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
(დ) სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ სავალდებულოდ აღიარებული სასამართლო გარანტიების გათვალისწინებით;
(2) დაჭრილებსა და ავადმყოფებს თავი უნდა მოუყარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.
მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან, სპეციალური შეთანხმებების გზით შეასრულონ წინამდებარე კონვენციის ყველა ან ცალკეული დებულება.
ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენებას არ ექნება გავლენა კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზე.
მუხლი 4
ნეიტრალური სახელმწიფოები წინამდებარე კონვენციის დებულებებს ანალოგიურად გამოიყენებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეების შეიარაღებული ძალების იმ დაჭრილებისა და ავადმყოფების, სამედიცინო და სასულიერო პერსონალის მიმართ, რომლებიც მიღებული ან ინტერნირებულნი არიან მათ ტერიტორიაზე, იგივე ვრცელდება ნაპოვნი ცხედრების მიმართაც.
მუხლი 5
მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ წინამდებარე კონვენცია მოქმედებს მათ საბოლოო რეპატრიაციამდე.
მუხლი 6
მე-10, მე-15, 23-ე, 28-ე, 31-ე, 36-ე, 37-ე და 52-ე მუხლებით საგანგებოდ გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომლის ცალკეულ მოგვარებასაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან. არც ერთმა ასეთმა სპეციალურმა შეთანხმებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ავადმყოფთა და დაჭრილთა, სამედიცინო პერსონალისა და სამხედრო სასულიერო პირების წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას და არ უნდა შეზღუდოს მათთვის კონვენციით მინიჭებული უფლებები.
ავადმყოფები და დაჭრილები, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალი სარგებლობენ ამ შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამდე, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ზემოაღნიშნული ან მომდევნო შეთანხმებები შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ საპირისპირო დებულებებს, ან კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ უფრო ხელსაყრელი ღონისძიებებია დაწესებული.
მუხლი 7
ავადმყოფებს და დაჭრილებს, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან იმ უფლებებზე, რომლებიც მათთვის წინამდებარე კონვენციით არის უზრუნველყოფილი ან, მათი არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია წინა მუხლში მითითებული სპეციალური შეთანხმებებით.
მუხლი 8
წინამდებარე კონვენციის გამოყენება ეფუძნება იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარეების თანამშრომლობასა და კონტროლს, რომელთაც ეკისრებათ კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს, თავიანთი დიპლომატიური ან საკონსულო პერსონალის გარდა, შეუძლიათ საკუთარი ან სხვა ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთაგან დელეგატების დანიშვნა. ამ დელეგატების დასანიშნად საჭიროა იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც მათ მისია უნდა შეასრულონ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან დელეგატებს მუშაობის განხორციელებისას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი.
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებენ.
მუხლი 9
წინამდებარე კონვენციის დებულებები დაბრკოლებას არ წარმოადგენს დაჭრილთა და ავადმყოფთა, ისევე როგორც სამედიცინო და სასულიერო პერსონალის დაცვისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნის მქონე ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, რომელიც, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეების თახმობით, შესაძლებელია განახორციელოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ან ნებისმიერმა სხვა მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ.
მუხლი 10
მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ და სრული მიუკერძოებლობის და ქმედითობის გარანტიის მიმცემ ორგანიზაციას ანდონ წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
თუ დაჭრილებსა და ავადმყოფებზე ან სამედიცინო პერსონალსა და სამხედრო სასულიერო პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან პირველ პარაგრაფში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან თავის თავზე აიღოს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დასახელებული მფარველი სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.
თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის განხორციელება, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს, ან მიიღოს რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის, მაგალითად ისეთის როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, წინადადება თავის თავზე აიღოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.
ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს სათანადო გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.
დაუშვებელია ზემოთაღნიშნული დებულებების დარღვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებების საფუძველზე, როცა საომარი მდგომარეობის გამო თუნდაც დროებით შეზღუდულია ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს შესაძლებლობა თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, თუ ოკუპირებულია ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.
წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება ზემოთხსენებული მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.
მუხლი 11
დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მხარეთა შორის მოცემული კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების არსებობის შემთხვევაში, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მფარველი სახელმწიფოები კეთილ სამსახურს გაუწევენ მხარეებს აღნიშნული უთანხმოებების მოსაგვარებლად.
ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით თუ საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების, კერძოდ კი დაჭრილებსა და ავადმყოფებზე, ისევე როგორც სამედიცინო და სასულიერო პერსონალზე პასუხიმგებელ ხელისუფალთა შეხვედრა სათანადოდ შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ მიღებული შემოთავაზებები. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მხარდასაჭერად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც მოწვეული იქნება აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
![]() |
2.2 თავი II დაჭრილები და ავადმყოფები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 12
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მომდევნო მუხლში მითითებული სხვა პირები, დაჭრის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ მფარველობითა და დაცვით.
კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელთაც იმყოფებიან აღნიშნული პირები, მათ უზრუნველყოფს ჰუმანური მოპყრობითა და მოვლით სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა მსგავს კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მკაცრად იკრძალება მათი სიცოცხლისა და პიროვნების ხელყოფა; კერძოდ, მათი მოკვლა ან განადგურება, წამება ან მათზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით სამედიცინო მომსახურებისა და მოვლის გარეშე მიტოვება, ასევე პირობების განზრახ შექმნა მათი დასნებოვანებისათვის.
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თანმიმდევრობაში უპირატესობის მინიჭება დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის სამედიცინო მიზეზებით.
ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესისათვის შესაფერისი განსაკუთრებული პატივისცემით.
კონფლიქტის მონაწილე მხარემ, რომელიც იძულებულია მოწინააღმდეგეს დაუტოვოს დაჭრილები და ავადმყოფები, მათი მოვლის მიზნით უნდა დატოვოს თავისი სამედიცინო პერსონალისა და ინვენტარის ნაწილი, იმდენად რამდენადაც აღნიშნულის საშუალებას იძლევა სამხედრო ინტერესები.
მუხლი 13
წინამდებარე კონვენცია გამოიყენება იმ დაჭრილებისა და ავადმყოფების მიმართ, რომლებიც შემდეგ კატეგორიებს განეკუთვნებიან:
(1) კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა.
(2) სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა, იმ ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც ეკუთვნიან კონფლიქტის მონაწილე მხარეს და მოქმედებენ საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაშიც როდესაც ეს ტერიტორია ოკუპირებულია, იმ პირობით, რომ აღნიშნული ლაშქრები და რაზმები, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების ჩათვლით, აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
(ა) მათ ჰყავთ მეთაური, რომელიც პასუხს აგებს ხელქვეითებზე;
(ბ) აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;
(გ) ღიად ატარებენ იარაღს;
(დ) თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.
(3) რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად თვლის თავს, რომელსაც არ სცნობს მისი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო.
(4) შეიარაღებული ძალების თანმხლები, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არმყოფი პირები, როგორებიც არიან სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, სამხედრო კორესპონდენტები, მომმარაგებლები, შეიარაღებული ძალების საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფებისა და სამსახურების წევრები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელსაც ისინი თან ახლავან.
(5) კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, კაპიტნების, ლოცმანებისა და იუნგების ჩათვლით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟი, რომლებიც საერთაშორისო სამართლის რაიმე სხვა დებულებათა ძალით მოპყრობის უფრო შეღავათიანი რეჟიმით არ სარგებლობენ.
(6) არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად იღებს ხელში იარაღს შემოჭრილი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შეიარაღებულ შენაერთებად ფორმირებას, იმ პირობით, რომ ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს.
მუხლი 14
მე-12 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი მეომარი მხარის დაჭრილები და ავადმყოფები სამხედრო ტყვეებად ჩაითვლებიან და მათ მიმართ გამოიყენება ტყვეებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ნორმები.
მუხლი 15
ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ბრძოლის შემდეგ, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაყოვნების გარეშე უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი ზომა დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსაძებნად და გამოსაყვანად, რათა დაიცვან ისინი გაძარცვისა და უდიერად მოპყრობისაგან, უზრუნველყონ მათი სათანადო მოვლა, ასევე მოძებნონ გარდაცვლილები მათი გაძარცვის თავიდან ასაცილებლად.
ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, უნდა დაიდოს შეთანხმება ზავის ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ან შედგეს ადგილობრივი შეთანხმებები, რათა შესაძლებელი გახდეს ბრძოლის ველზე დარჩენილი დაჭრილების გამოყვანა, გაცვლა და ტრანსპორტირება.
ანალოგიურად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეიძლება დაიდოს ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარშემორტყმული ზონიდან დაჭრილთა და ავადმყოფთა გაყვანის ან გაცვლის შესახებ, აგრეთვე ამ ზონაში მიმავალი სამედიცინო და სასულიერო პერსონალისა და აღჭურვილობის შეშვების თაობაზე.
მუხლი 16
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში უნდა განახორციელონ ყველა მონაცემის რეგისტრაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ხელში ჩავარდნილი, მოწინააღმდეგე მხარის დაჭრილთა, ავადმყოფთა და გარდაცვლილთა ვინაობის დადგენას.
ამ ცნობებში, შეძლებისდაგვარად, უნდა შედიოდეს შემდეგი მონაცემები:
(ა) სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი;
(ბ) სამხედრო, დანაყოფის, პირადი ან სერიული ნომერი;
(გ) გვარი;
(დ) სახელი ან სახელები;
(ე) დაბადების თარიღი;
(ვ) ყველა სხვა ცნობა, რომელიც მის პირადობის მოწმობაში ან ამოსაცნობ მედალიონშია მოცემული;
(ზ) დატყვევების ან გარდაცვალების თარიღი და ადგილი;
(თ) მონაცემები დაჭრის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
ზემოთაღნიშნული მონაცემები შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა გადაეცეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს. მფარველი სახელმწიფოს ან სამხედრო ტყვეების საქმეთა ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით მიღებულ მონაცემებს ბიურო გადასცემს სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა მოამზადონ და ამავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადაუგზავნონ გარდაცვალების მოწმობები ან გარდაცვლილთა სათანადოდ დამოწმებული სიები. ისინი აგროვებენ და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცემენ ორმაგი ამოსაცნობი მედალიონების ნახევარს, ანდერძებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილთა ახლო ნათესავებისათვის, ასევე ფულს და ყველანაირი სუბიექტური ან ობიექტური ფასეულობის მქონე ნივთს, რომლებიც გარდაცვლილს უპოვეს. ეს და სხვა ამოუცნობი ნივთები გადაიგზავნება დალუქულ შეკვრაში, რომელთაც თან ერთვის გარდაცვლილთა ვინაობის დასადგენი აუცილებელი მონაცემებისა და ამანათის შემადგენლობის სრული ნუსხა.
მუხლი 17
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ გარდაცვლილთა დასაფლავება ან კრემაცია მოხდეს შეძლებისდაგვარად ინდივიდუალურად და მას წინ უძღოდეს საგულდაგულო, თუ შესაძლებელია, სამედიცინო გამოკვლევა სიკვდილის კონსტატაციის, ვინაობის დადგენისა და ამის შესახებ შესაძლო ანგარიშის წარდგენის მიზნით. ორმაგი ამოსაცნობი მედალიონის ერთი ნახევარი ან თავად მედალიონი, თუ ის განუყოფელია, სხეულზე უნდა დარჩეს.
ცხედრების კრემაცია დასაშვებია მხოლოდ სამედიცინო ჰიგიენის განსაკუთრებული მოსაზრებებით ან მიცვალებულთა რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებული მოტივებით. კრემაციის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, მათ შორის კრემაციის მიზეზების მითითებით, უნდა იყოს აღნიშნული გარდაცვალების შესახებ ცნობაში ან მიცვალებულთა დამოწმებულ სიაში.
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მიცვალებულების ღირსეულად, შეძლებისამებრ მათი რელიგიური წესების დაცვით, დაკრძალვა, მათი საფლავებისათვის პატივის მიგება, შეძლებისდაგვარად გარდაცვლილთა საფლავების ნაციონალური კუთვნილების მიხედვით დაჯგუფება, მათი შესაბამისი მოვლა და იმგვარად აღნიშვნა, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებელი მათი მოძებნა. ამ მიზნით კონფლიქტის მონაწილე მხარეები საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ქმნიან სასაფლაოთა რეგისტრაციის ოფიციალურ სამსახურს, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს ექსჰუმაცია და უზრუნველყოფილი იყოს, საფლავების ადგილმდებარეობისდა მიუხედავად, ცხედართა ამოცნობა და სამშობლოში მათი შესაძლო გადასვენება. იგივე ეხება მიცვალებულთა ფერფლსაც, რომელსაც მიცვალებულთა სამშობლოს სურვილის მიხედვით, სათანადო განკარგულების გაცემამდე, სასაფლაოთა რეგისტრაციის ოფიციალური სამსახური ინახავს.
როგორც კი შესაძლებელი იქნება, მაგრამ არა უგვიანეს საომარი მოქმედებების დასრულებისა, აღნიშნული სამსახურები, მე-16 მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული ცნობათა ბიუროს მეშვეობით გაცვლიან სიებს, რომლებშიც მითითებული იქნება საფლავთა ზუსტი ადგილმდებარეობა და ნიშანი, ისევე როგორც დაკრძალულთა შესახებ მონაცემები.
მუხლი 18
სამხედრო ხელისუფლებას შეუძლია კაცთმოყვარეობისაკენ მოუ-წოდოს ადგილობრივ მოსახლეობას და სთხოვოს, რომ მოხალისეებმა, მისივე ზედამხედველობის ქვეშ, შეაგროვონ დაჭრილები და მოუარონ ავადმყოფებს. ის პირები, რომლებიც ამ მოწოდებას გამოეხმაურებიან უზრუნველყოფილნი იქნებიან სათანადო დაცვითა და პირობებით. მოწინააღმდეგე მხარემ მოცემულ რაიონზე თავისი კონტროლის დადგენის ან აღდგენის შემთხვევაში აღნიშნულ პირებს უნდა მიანიჭოს მსგავსი დაცვა და უზრუნველყოს იგივე პირობებით.
სამხედრო ხელისუფლებამ მოსახლეობასა და საქველმოქმედო საზოგადოებებს მოწინააღმდეგის შემოჭრის ან ოკუპაციის რაიონებშიც კი უნდა მისცეს დაჭრილებისა და ავადმყოფების, თავის სურვილისამებრ შეგროვებისა და მოვლის ნებართვა მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა ეპყრობოდეს ამ დაჭრილებსა და ავადმყოფებს, კერძოდ, თავი შეიკავოს მათ მიმართ ძალადობის გამოვლენისგან.
დაუშვებელია ვინმეს დევნა ან გასამართლება იმის გამო, რომ იგი დაჭრილებს ან ავადმყოფებს უვლიდა.
წინამდებარე მუხლის დებულებები ოკუპანტ სახელმწიფოს არ ათავისუფლებს დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის მორალური და ფიზიკური ზრუნვის ვალდებულებისაგან.
![]() |
2.3 თავი III სანიტარული ფორმირებები და დაწესებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 19
დაუშვებელია თავდასხმა მუდმივმოქმედ სანიტარულ დაწესებულებებსა და სამედიცინო სამსახურის მოძრავ სანიტარულ ფორმირებებზე. ისინი ყოველთვის უნდა სარგებლობდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეების მხრიდან მფარველობითა და დაცვით. მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნისას, სამედიცინო პერსონალი განაგრძობს საქმიანობას ანამდე, სანამ მათი ხელში ჩამგდები სახელმწიფო თავად არ უზრუნველყოფს აღნიშნულ დაწესებულებებსა და ფორმირებებში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სათანადო მოვლას.
პასუხისმგებელი ორგანოები იზრუნებენ იმაზე, რომ ზემოხსენებული სანიტარული დაწესებულებები და ფორმირებები შეძლებისამებრ ისე განლაგდნენ, რომ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში მათ არ შეექმნათ საფრთხე.
მუხლი 20
დაუშვებელია ხმელეთიდან თავდასხმა ჰოსპიტალურ ხომალდებზე, რომლებიც სარგებლობენ საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დაცვით.
მუხლი 21
დაცვა, რომლითაც მუდმივი სანიტარული დაწესებულებები და სამედიცინო სამსახურის მოძრავი სანიტარული ფორმირებები სარგებლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, როდესაც მოცემული დაწესებულებები გამოიყენება მოწინააღმდეგისათვის ზიანის მისაყენებლად, მათი ჰუმანიტარული ვალდებულებების ფარგლებს მიღმა, გამოიყენება. ამასთანავე, დაცვა შეიძლება შეწყდეს მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც, ყველა შესაბამის შემთხვევაში, გონივრულ ვადას აწესებს და მას შემდეგ მოქმედებს, რაც ამგვარი გაფრთხილება შედეგს არ გამოიღებს.
მუხლი 22
სანიტარული ფორმირებების ან დაწესებულებებისათვის მე-19 მუხლით გარანტირებული დაცვის შეწყვეტის საფუძვლად არ ჩაითვლება შემდეგი გარემოებები:
(1) სამედიცინო ფორმირების ან დაწესებულების პირადი შემადგენლობა შეიარაღებულია და თავისი იარაღით სარგებლობს თავდაცვის ან თავისი დაჭრილებისა და ავადმყოფების დასაცავად;
(2) შეიარაღებული სანიტრების არყოფნის გამო ფორმირებას ან დაწესებულებას იცავს პიკეტი, გუშაგი ან მცველთა რაზმი;
(3) სანიტარულ ფორმირებასა თუ დაწესებულებაში ნაპოვნი იქნება დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის ჩამორთმეული სასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის შესაბამისი სამსახურისათვის გადაცემული;
(4) ფორმირებასა თუ დაწესებულებაში იმყოფება ვეტერინარული სამსახურის პირადი შემადგენლობა და ქონება, რომელიც არ არის მისი უშუალო შემადგენელი ნაწილი;
(5) სამედიცინო ფორმირებებისა და დაწესებულებების, ან მათი პერსონალის ჰუმანიტარული მოღვაწეობა ვრცელდება დაჭრილ და ავადმყოფ სამოქალაქო პირებზეც.
მუხლი 23
მშვიდობიან პერიოდში მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, ხოლო საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ - კონფლიქტის მონაწილემხარეებს, შეუძლიათ თავის ტერიტორიაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, შექმნან სანიტარული ზონები და ადგილები, რომლებიც იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ საომარი მოქმედებებისაგან დაიცვას დაჭრილები და ავადმყოფები, ასევე პერსონალი, რომელსაც აკისრია ამ ზონებისა და ადგილების მოწყობა და მართვა, აგრეთვე მათში თავმოყრილ პირთა მოვლა.
საომარი მოქმედებების დაწყებისა და მიმდინარეობისას დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები მათ მიერ შექმნილი სანიტარული ზონებისა და ადგილების ურთიერთშეტყობინების შესახებ. ამ მიზნით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული შეთანხმების პროექტში მითითებული დებულებებით და იმ ცვლილებებით, რომელთა შეტანასაც აუცილებლად ჩათვლიან.
მფარველი სახელმწიფოები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოწვეული იქნებიან კეთილი სამსახურის გასაწევად ასეთი სანიტარული ზონებისა და ადგილების შექმნისა და ცნობის გასაადვილებლად.
![]() |
2.4 თავი IV პირადი შემადგენლობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 24
სამედიცინო პერსონალი, რომელიც დაჭრილთა და ავადმყოფთა მოძიების, შეგროვების, გადაყვანის ან მკურნალობის, ასევე დაავადებების თავიდან აცილების განსაკუთრებულ ფუნქციებს ასრულებს, აგრეთვე პერსონალი, რომელსაც გააჩნია სანიტარული ფორმირებებისა და დაწესებულებების მართვის განსაკუთრებული დანიშნულება, ისევე როგორც შეიარაღებულ ძალებს მიკუთვნებული სასულიერო პირები, ყველა გარემოებაში პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ.
მუხლი 25
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც სპეციალურად არის მომზადებული, რათა საჭიროების შემთხვევაში იმსახუროს დამხმარე სანიტრებად ან მზიდავებად, დაჭრილებისა და ავადმყოფების მოძიების, შეგროვების, გადაყვანის ან მკურნალობის მიზნით, თანაბარი პატივისცემით და დაცვით სარგებლობენ მათ მიერ ამ მოვალეობათა განხორციელების მომენტში მოწინააღმდეგესთან უშუალო კონტაქტისას ან მის ხელში ჩავარდნისთანავე.
მუხლი 26
თავისი მთავრობის მიერ სათანადოდ აღიარებული და უფლებამოსილი წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებებისა და დახმარების სხვა ნებაყოფლობითი საზოგადოებების პირადი შემადგენლობა, რომელიც გამოიყენება 24-ე მუხლში მითითებული პირადი შემადგენლობის ფუნქციების ანალოგიური ფუნქციების განხორციელებისათვის, უთანაბრდება ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებულ პირად შემადგენლობას, სამხედრო კანონებისა და განკარგულებებისადმი დამორჩილების პირობით.
ზემოაღნიშნულ საზოგადოებათა ფაქტობრივად გამოყენების დაწყებამდე, თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე, იქნება ეს მშვიდობიან დროს, საომარი მოქმედებების დაწყებისას თუ მიმდინარეობისას, მეორე მხარეს აცნობებს იმ საზოგადოებების დასახელებას, რომელთაც ის, საკუთარი პასუხისმგებლობით მიანიჭებს თავისი შეიარაღებული ძალების რეგულარული სანიტარული სამსახურისათვის დახმარების გაწევის უფლებამოსილებას.
მუხლი 27
ნეიტრალური ქვეყნის აღიარებულ საზოგადოებას კონფლიქტის მონაწილე მხარისათვის საკუთარი სანიტარული პერსონალით ან ფორმირებებით დახმარების გაწევა შეუძლია მხოლოდ თავისი მთავრობის წინასწარი თანხმობითა და საკუთრივ კონფლიქტის მონაწილე მხარის ნებართვით. აღნიშნული სანიტარული პერსონალი და ფორმირებები კონფლიქტის მონაწილე მხარის კონტროლის ქვეშ ექცევიან.
ნეიტრალური სახელმწიფოს მთავრობა მისი თანხმობის შესახებ აცნობებს დახმარების მიმღები სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარეს. კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომელიც დახმარების მიღებაზე თანხმდება, ვალდებულია შეატყობინოს ეს მოწინააღმდეგე მხარეს მანამდე, სანამ ამ დახმარებით სარგებლობას დაიწყებს.
აღნიშნული დახმარება არავითარ შემთხვევაში არ უნდა განიხილებოდეს როგორც კონფლიქტში ჩარევა.
პირველ პარაგრაფში აღნიშნული პერსონალი სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მე-40 მუხლით გათვალისწინებული პირადობის მოწმობებით მანამდე, სანამ დატოვებს იმ ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიას, რომელსაც ის ეკუთვნის.
მუხლი 28
მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრილი 24-ე და 26-ე მუხლებში მითითებული პერსონალი დატოვებული იქნება მანამდე, სანამ ამას სამხედრო ტყვეთა სამედიცინო მდგომარეობა, სულიერი მოთხოვნილებები და რაოდენობა მოითხოვს.
ამგვარად დატოვებული პერსონალის წევრები სამხედრო ტყვეებად არ ჩაითვლებიან, მაგრამ ისინი, სულ მცირე, ისარგებლებენ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციით გათვალისწინებული ყველა დებულებით. ზემოაღნიშნული პერსონალის წევრები, მათი დამკავებელი ქვეყნის სამხედრო კანონებისა და განკარგულებების ფარგლებში, ამ ქვეყნის კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელობით და პროფესიული ეთიკის შესაბამისად აგრძელებენ თავიანთი სამედიცინო და სასულიერო ვალდებულებების შესრულებას უპირატესად იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების სასარგებლოდ, რომელთაც თავად ეკუთვნიან. გარდა ამისა, თავიანთი სამედიცინო და სასულიერო მოვალეობების შესრულების მიზნით, ისინი სარგებლობენ შემდეგი შეღავათებით:
(ა) უფლებამოსილი არიან პერიოდულად მოინახულონ ბანაკის გარეთ, სამუშაო ბანაკებსა და ჰოსპიტლებში მყოფი სამხედრო ტყვეები. ამ მიზნით, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო მათი სარგებლობისათვის გამოყოფს საჭირო სატრანსპორტო საშუალებებს.
(ბ) ყოველ ბანაკში რანგით და სტაჟით უფროსი სამხედრო ექიმი ბანაკის სამხედრო ხელისუფლების წინაშე პასუხისმგებელია დაკავებული სანიტარული პერსონალის პროფესიულ საქმიანობაზე. ამ მიზნით, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს უთანხმებენ სანიტარული პერსონალისა და 26-ე მუხლში მითითებულ საზოგადოებათა პერსონალის წოდებათა თანაფარდობას. აღნიშნულ ექიმს, ისევე როგორც სასულიერო პირებს, შესაძლებლობა ექნებათ ბანაკის სამხედრო და სამედიცინო ხელისუფლებას, რომელიც ამ უკანასკნელთ შეუქმნის ამ საკითხზე კორესპონდენციის საწარმოებლად სათანადო პირობებს, უშუალოდ მიმართონ საკუთარ პროფესიულ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
(გ) მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პერსონალი უნდა დაემორჩილოს ბანაკის შინაგანაწესს, დაუშვებელია მათი იძულება შეასრულონ ნებისმიერი სამუშაო, რომელიც არ არის დაკავშირებული მის სამედიცინო ან რელიგიურ მოვალეობებთან.
საომარი მოქმედებების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები თანხმდებიან დაკავებული პერსონალის შესაძლო გათავისუფლებაზე და ადგენენ გათავისუფლების პროცედურას.
არც ერთი ზემოაღნიშნული დებულება არ ათავისუფლებს ტყვედ ამყვან სახელმწიფოს მასზე დაკისრებული მოვალეობებისაგან სამხედრო ტყვეთა სამედიცინო და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.
მუხლი 29
25-ე მუხლში მითითებული პერსონალი მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრისას ისარგებლებს სამხედრო ტყვის სტატუსით, თუმცა, საჭიროების მიხედვით მოხდება მათი გამოყენება სანიტარული მოვალეობების შესასრულებლად.
მუხლი 30
პერსონალი, რომელთა დაკავება არ არის აუცილებელი 28-ე მუხლის მიხედვით, უნდა დაუბრუნდნენ კონფლიქტის მონაწილე იმ მხარეს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, და ეს უნდა მოხდეს მაშინვე როგორც კი გაიხსნება მათ დასაბრუნებლად გზა და საომარი მდგომარეობა ამას შესაძლებელს გახდის.
დაბრუნების მოლოდინში ისინი არ ჩაითვლებიან სამხედრო ტყვეებად, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისარგებლებენ სულ მცირე, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციით გათვალისწინებული შეღავათებით. მოწინააღმდეგე მხარის ზედამხედველობით ისინი გააგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას. მათ უპირატესად კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად გამოიყენებენ, რომელსაც ისინი განეკუთვნებიან.
გამგზავრებისას მათ თან მიაქვთ კუთვნილი ნივთები, პირადი ქონება, ძვირფასეულობა და ინსტრუმენტები.
მუხლი 31
30-ე მუხლის თანახმად დასაბრუნებელი პერსონალის შერჩევა არ უნდა ემყარებოდეს რასობრივ, რელიგიურ ან პოლიტიკურ მოსაზრებებს, იგი უპირატესად მათი დაკავების ვადის ხანგრძლივობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს.
სამხედრო მოქმედების დაწყებისთანავე მონაწილე მხარეებს სპეციალური შეთანხმებებით შეუძლიათ დაადგინონ დასაკავებელი პერსონალის პროცენტული რაოდენობა, რომელიც ტყვეთა რაოდენობისა და ბანაკებში მათი განაწილების პროპორციული იქნება.
მუხლი 32
მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი 27-ე მუხლში მითითებული პირების დაკავება დაუშვებელია.
სხვაგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში მათ ნებას დართავენ დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას ან, თუ ეს შეუძლებელია, დაბრუნდნენ კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის სამსახურშიც ისინი იმყოფებოდნენ; აღნიშნული უნდა მოხდეს მაშინვე, როგორც კი გაიხსნება დასაბრუნებელი გზა და სამხედრო თვალსაზრისით ეს შესაძლებელი გახდება.
გათავისუფლების მოლოდინში, მოწინააღმდეგე მხარის ზედამხედველობით, ისინი განაგრძობენ მუშაობას უპირატესად კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის დაჭრილებისა და ავადმყოფების მოსავლელად, რომლის სამსახურშიც ისინი იმყოფებოდნენ.
გამგზავრებისას აღნიშნული პირები თან წაიღებენ კუთვნილ ნივთებს, პირად ქონებას, ძვირფასეულობას, ინსტრუმენტებს, იარაღს და, თუ შესაძლებელია, მათ კუთვნილ გადაადგილების საშუალებებსაც.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები ამ პერსონალს, ვიდრე იგი მათი ზედამხედველობის ქვეშაა, ისევე უზრუნველყოფენ საკვებით, საბინაო პირობებით, ფინანსებითა და ხელფასებით, როგორც თავიანთი შეიარაღებული ძალების შესაბამის პერსონალს. საკვები თავისი რაოდენობით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით ისეთი უნდა იყოს, რომ უზრუნველყოს ამ პერსონალის ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა.
![]() |
2.5 თავი V შენობა-ნაგებობებები და ნივთები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 33
შეიარაღებული ძალების მოძრავი სანიტარული ფორმირებების მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნილი ქონება, შენარჩუნებული იქნება დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად.
მუდმივ სანიტარულ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობები, ქონება და საწყობები ომის კანონების რეგულრების საგნად რჩება. მანამდე, სანამ არსებობს მათი გამოყენების საჭიროება დაჭრილთა და ავადმყოფთა მოსავლელად, დაუშვებელია მათი გამოყენება სხვა დანიშნულებით. მიუხედავად ამისა, უკიდურესი სამხედრო აუცილებლობისას, მოქმედი ჯარის ნაწილების მეთაურებს შეუძლიათ აღნიშნული შენობა-ნაგებობებისა და ნივთების გამოყენება იმ პირობით, რომ მათ წინასწარ უზრუნველყონ სათანადო პირობები დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის.
დაუშვებელია წინამდებარე მუხლში მითითებული ქონებისა და საწყობების წინასწარი განზრახვით განადგურება.
მუხლი 34
დახმარების აღმომჩენ საზოგადოებათა ის მოძრავი და უძრავი ქონება, რომლებზეც ვრცელდება ამ კონვენციით დაწესებული შეღავათები ითვლება კერძო საკუთრებად.
მებრძოლთათვის ომის კანონებითა და ჩვეულებებით გათვალისწინებული რეკვიზიციის უფლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს, ისიც მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფილი იქნება დაჭრილთა და ავადმყოფთა კეთილდღეობა.
![]() |
2.6 თავი VI სანიტარული ტრანსპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 35
ტრანსპორტი, რომელშიც დაჭრილები და ავადმყოფები იმყოფებიან ან მოთავსებულია სამედიცინო აღჭურვილობა, ისეთივე მფარველობითა და დაცვით უნდა სარგებლობდეს, როგორითაც მოძრავი სანიტარული ფორმირებები.
ასეთი ტრანსპორტი და გადასაყვანი საშუალებები, მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, დაექვემდებარება ომის კანონების მოქმედებას იმ პირობით, რომ მათი ხელში ჩამგდები, კონფლიქტის მონაწილე მხარე ყველა გარემოებაში იზრუნებს მასში მყოფ დაჭრილებსა და ავადმყოფებზე.
სამოქალაქო პერსონალი და რეკვიზიციის წესით მოპოვებული ყველა სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საერთაშორისო სამართლის ზოგად ნორმებს.
მუხლი 36
არ შეიძლება თავდასხმა სანიტარულ საჰაერო ხომალდებზე, ანუ აპარატებზე, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ დაჭრილთა და ავადმყოფთა ევაკუაციისათვის და სანიტარული პერსონალისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისათვის. ისინი უნდა სარგებლობდნენ მეომარი მხარეების პატივისცემით იმ პირობით, რომ ფრენას აწარმოებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე სპეციალურად გათვალისწინებულ სიმაღლეზე, დროსა და მარშრუტებზე.
ეროვნული დროშის ფერებთან ერთად, ქვედა, ზედა და გვერდით სიბრტყეებზე მათ უნდა ჰქონდეთ 38-ე მუხლში მითითებული მკაფიოდ განსაზღვრული განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე, უნდა ჰქონდეთ საომარი მოქმედებების დასაწყისში ან მათი მიმდინარეობისას მეომარ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ნებისმიერი სახის სხვა ნიშანი ან ამოსაცნობი საშუალებები. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მოწინააღმდეგის ან მოწინააღმდეგის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენა აკრძალულია.
სანიტარული საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. მოთხოვნის შედეგად დაშვების შემთხვევაში შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი თავისი მგზავრებითურთ შეძლებს ფრენის გაგრძელებას.
მოწინააღმდეგის ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იძულებით დაშვების შემთხვევაში, ეკიპაჟი, ისევე როგორც დაჭრილები და ავადმყოფები სარგებლობენ სამხედრო ტყვის სტატუსით. სანიტარიულ პერსონალს უნდა მოეპყრონ. 24-ე და მომდევნო მუხლების შესაბამისად.
მუხლი 37
კონფლიქტის მონაწილე მხარეების სანიტარულ საჰაერო ხომალდებს, წინამდებარე მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული პირობების მიხედვით, შეუძლიათ გადაიფრინონ ნეიტრალური ქვეყნების ტერიტორიაზე და დაფრინდნენ აუცილებლობის შემთხვევაში ან შუალედური შესვენებისათვის. მათ წინასწარ უნდა აცნობონ ნეიტრალურ სახელმწიფოებს მათ ტერიტორიაზე გადაფრენის შესახებ და დაემორჩილონ დაფრენის ან წყალზე დაშვების ყოველგვარ მოთხოვნას. ისინი თავდასხმისაგან დაცული იქნებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინტერესებულ ნეიტრალურ სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმებულ სიმაღლეზე, მარშრუტითა და საათებში იფრენენ.
თუმცა, ნეიტრალურ სახელმწიფოებს შეუძლიათ დააწესონ თავიანთ ტერიტორიებზე სანიტარული ხომალდის ფრენის ან დაფრენის პირობები ან შეზღუდვები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ თანაბრად იქნება გამოყენებული.
თუ ნეიტრალურ სახელმწიფოსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე სანიტარული საჰაერო ხომალდიდან გადმოყვანილი დაჭრილები და ავადმყოფები ნეიტრალურმა სახელმწიფომ, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, იმგვარად უნდა დააკავოს, რომ მათ ვეღარ შეძლონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა. აღნიშნულ დაჭრილთა და ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციასა და ინტერნირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რომელზეც ისინი დამოკიდებულნი არიან.
![]() |
2.7 თავი VII განმასხვავებელი ემბლემა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 38
შვეიცარიის მიმართ პატივისცემის აღსანიშნავად, თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ჰერალდიკური ნიშანი, შედგენილი ფედერალურ ფერთა საპირისპირო განლაგებით, შენარჩუნებულია შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის ემბლემად და განმასხვავებელ ნიშნად.
ამასთანავე, იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც განმასხვავებელი ნიშნის სახით წითელი ჯვრის მაგივრად უკვე იყენებენ თეთრ ფონზე გამოსახულ წითელ ნახევარმთვარეს ან წითელ ლომსა და მზეს, ეს ემბლემები ასევე აღიარებულია წინამდებარე კონვენციით.
მუხლი 39
კომპეტენტურ სამხედრო ხელისუფალთა კონტროლის ქვეშ, ემბლემა გამოსახული იქნება დროშებზე, სამკლაურებსა და სანიტარული სამსახურის კუთვნილ ყველა აღჭურვილობაზე.
მუხლი 40
24-ე, 26-ე და 27-ე მუხლებში აღნიშნული პერსონალი მარცხენა ხელზე ატარებს წყალგამძლე სამკლაურს, რომელზეც გამოსახულია განმასხვავებელი ემბლემა და რომელიც სამხედრო ხელისუფლების ორგანოების მიერ ბეჭდითაა დამოწმებული და გაცემული.
ამ პერსონალს, მე-16 მუხლში მითითებული პირადობის დამადასტურებელი მედალიონის გარდა, აქვს პირადობის სპეციალური მოწმობა განმასხვავებელი ემბლემით. ეს მოწმობა უნდა იყოს წყალგამძლე და ისეთი ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბით ტარება. მოწმობა უნდა შეივსოს შესაბამისი ქვეყნის ენაზე და მასში, სულ მცირე, მითითებული უნდა იყოს მფლობელის გვარი და სახელი, დაბადების წელი, სამხედრო წოდება და ნომერი, ასევე, აღნიშნული უნდა იყოს თუ რა სტატუსით აქვს მას წინამდებარე კონვენციის დაცვით სარგებლობის უფლება. მოწმობაზე უნდა იყოს მფლობელის ფოტოსურათი, მისი ხელმოწერა ან თითების ანაბეჭდი, ან ორივე ერთად. მოწმობა სამხედრო ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით უნდა იყოს დამტკიცებული.
ჯარს შიგნით უნდა არსებობდეს ერთნაირი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, შეძლებისამებრ, ერთი ტიპის უნდა იყოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეიარაღებულ ძალებში არსებული მოწმობებიც. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშით. საომარი მოქმედებების დაწყებისას ისინი ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ გამოყენებულ ნიმუშს. ყოველი მოწმობა, შეძლებისდაგვარად, უნდა დამზადდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს ის სახელმწიფო შეინახავს, რომელსაც ეს პირი ეკუთვნის.
ზემოაღნიშნულ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას განმასხვავებელი ნიშნები ან პირადობის მოწმობა, ისევე როგორც სამკლაურის ტარების უფლება. მათი დაკარგვის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მიიღოს მოწმობისა და განსხვავების ნიშნების დუბლიკატები.
მუხლი 41
25-ე მუხლში მითითებული პერსონალი მხოლოდ სამედიცინო მოვალეობების შესრულების დროს ატარებს თეთრ სამკლაურს, რომელსაც ცენტრში აქვს მცირე ზომის განმასხვავებელი ნიშანი. ეს სამკლაური სამხედრო ხელისუფალთა მიერ ბეჭდითაა დამოწმებული და გაცემული.
ამ პერსონალის სამხედრო მოწმობებში იქნება მითითება მფლობელის მიერ სამედიცინო მომზადების გავლის, მისი მოვალეობების დროებითი ხასიათის და სამკლაურის ტარების უფლების შესახებ.
მუხლი 42
კონვენციის განმასხვავებელი დროშა შეიძლება აღიმართოს მხოლოდ იმ სანიტარული ფორმირებებისა და დაწესებულებების თავზე, რომლებსაც იცავს კონვენცია და ისიც მხოლოდ სამხედრო ხელისუფლების თანხმობით.
მოძრავ ფორმირებებსა და მუდმივ დაწესებულებებზე კონვენციის დროშასთან ერთად შეიძლება აღიმართოს კონფლიქტის მონაწილე იმ ქვეყნის ეროვნული დროშა, რომელსაც მოცემული ფორმირება ან დაწესებულება ეკუთვნის.
მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი სანიტარუ-ლი ფორმირებები მხოლოდ კონვენციის დროშას აღმართავენ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები, შესაძლებლობის ფარგლებში და სამხედრო მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღებენ აუცილებელ ზომებს რათა თავიდან აიცილონ შესაძლებელი სამხედრო მოქმედები და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფენ რომ სანიტარული ფორმირებებისა და დაწესებულებების აღმნიშვნელ განმასხვავებელ ემბლემებს მკაფიოდ არჩევდნენ მოწინააღმდეგის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები.
მუხლი 43
ნეიტრალური ქვეყნების სანიტარულმა ფორმირებებმა, რომლებიც 27-ე მუხლის პირობების თანახმად დაშვებული არიან ერთ-ერთი მეომარი მხარისათვის დახმარების აღმოსაჩენად, კონვენციის დროშასთან ერთად ამ მეომარი მხარის ეროვნული დროშაც უნდა აღმართონ, თუკი ეს უკანასკნელი 42-ე მუხლით მინიჭებული უფლებებით სარგებლობს.
შესაბამისი სამხედრო ხელისუფლების საწინააღმდეგო ხასიათის ბრძანების არსებობის შემთხვევების გარდა, მათ ნებისმიერ გარემოებაში შეუძლიათ აღმართონ მათი ეროვნული დროშა, მაშინაც კი, თუ ისინი მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდებიან.
მუხლი 44
გარდა წინამდებარე მუხლის შემდგომ პარაგრაფებში მითითებული შემთხვევებისა, თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა და სიტყვები „წითელი ჯვარი“ ან „ჟენევის ჯვარი“, მშვიდობიანობის ან ომის დროს შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ წინამდებარე კონვენციით და ანალოგიური საკითხების შესახებ არსებული სხვა კონვენციებით დაცული სანიტარული ფორმირებების და დაწესებულებების, პერსონალის და ქონების აღსანიშნავად და დასაცავად. იგივე ეხება 38-ე მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებულ ემბლემებს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც იყენებენ მათ. წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებები და 26-ე მუხლში მითითებული სხვა საზოგადოებები წინამდებარე პარაგრაფის დებულებათა ფარგლებში უფლებამოსილი იქნებიან ისარგებლონ ამ კონვენციის დაცვის მიმნიჭებელი განმასხვავებელი ემბლემით.
გარდა ამისა, წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნულ საზოგადოებებს შეუძლიათ მშვიდობიან დროს, თავიანთი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ისარგებლონ წითელი ჯვრის ემბლემითა და სახელით იმ საქმიანობების განხორციელებისას, რომელიც შეესაბამება წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ ფორმულირებულ პრინციპებს. როდესაც ასეთი საქმიანობა ომის პერიოდში ხორციელდება, ემბლემა ისე უნდა იყოს გამოყენებული, რომ არ წარმოშვას კონვენციის დაცვის მინიჭების მიზნით მისი გამოყენების ვარაუდი; ემბლემა უნდა იყოს შედარებით მცირე ზომის და არ უნდა გამოისახოს სამკლაურებზე და შენობათა სახურავებზე.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი სათანადოდ უფლებამოსილი პერსონალისათვის ნებადართული იქნება თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის ემბლემით ნებისმიერ დროს სარგებლობა.
გამონაკლისი ზომის სახით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ერთ-ერთი ეროვნული საზოგადოების სპეციალური ნებართვით, კონვენციის ემბლემის გამოყენება შეიძლება მშვიდობიანობის პერიოდში სანიტარული სატრანსპორტო საშუალებებისა და დაჭრილთა და ავადმყოფთა უსასყიდლოდ დახმარებისათვის განკუთვნილი პუნქტების ადგილმდებარეობის აღსანიშნად.
![]() |
2.8 თავი VIII კონვენციის შესრულება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 45
კონფლიქტის მონაწილე თითოეულმა მხარემ თავისი მთავარსარდლობის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მუხლების ზედმიწევნით შესრულება და იზრუნოს გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე წინამდებარე კონვენციის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 46
აკრძალულია რეპრესალიები კონვენციით დაცული დაჭრილების, ავადმყოფების, პერსონალის, შენობება-ნაგებობებისა და აღჭურვილობის წინააღმდეგ.
მუხლი 47
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ წინამდებარე კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, შეძლებისამებრ, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს გაეცნოს მთელი მოსახლეობა და, კერძოდ, მებრძოლი შეიარაღებული ძალები, სამედიცინო და სამხედრო სასულიერო პერსონალი.
მუხლი 48
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით, ხოლო ომის დროს მფარველი სახელმწიფოების დახმარებით ერთმანეთს გადასცემენ წინამდებარე კონვენციის ოფიციალურ თარგმანთა ტექსტებს, ასევე კანონებსა და დადგენილებებს, რომელიც შესაძლოა მის განსახორციელებლად მიიღონ.
![]() |
2.9 თავი IX ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 49
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული უხეში დარღვევების ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ.
თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი უხეში დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი შესაბამის სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.
თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს წინამდებარე კონვენციის დებულებების საწინააღმდეგო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ უხეშ დარღვევებს.
ბრალდებული პირები ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებით და დაცვის უფლებით, რომლებიც არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები უფლებების დამდგენი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით.
მუხლი 50
წინა მუხლში აღნიშნულ უხეშ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის, სამხედრო აუცილებლობის არ მქონე ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო, თვითნებური ნგრევა და ქონების მითვისება.
მუხლი 51
არც ერთ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია თავისი თავის ან რომელიმე სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ან სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ეკისრება წინა მუხლში მითითებულ დარღვევებთან მიმართებაში.
მუხლი 52
კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნის საფუძველზე, დაინტერესებული მხარეების მიერ დაადგენილი პროცედურით, უნდა დაიწყოს გამოძიება კონვენციის სავარაუდო დარღვევების შესახებ.
თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან გამოძიების პროცედურაზე, ისინი ურთიერთშეთანხმებით აირჩევენ არბიტრს, რომელიც გადაწყვეტს პროცედურის საკითხს.
როგორც კი დაადგენენ დარღვევის ფაქტს, კონფლიქტის მონაწილე მხარეები აღკვეთენ მას და შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში მიიღებენ ზომებს მისი ჩამდენის დასასჯელად.
მუხლი 53
იმ კერძო პირების, საზოგადოებრივი თუ კერძო საზოგადოებების, ფირმების ან კომპანიების მიერ, რომელთაც წინამდებარე კონვენციის თანახმად საამისო უფლებამოსილება არ გააჩნიათ, ემბლემით ან „წითელი ჯვრის“ ან „ჟენევის ჯვრის“ ემბლემით სარგებლობა, აგრეთვე მათდამი მიმსგავსებული ყოველგვარი ნიშნის ან ემბლემის გამოყენება, იკრძალება ნებისმიერ დროს, სარგებლობის მიზნისა თუ გამოყენების დასაწყისის მიუხედავად.
ფედერალურ ფერთა საპირისპირო განლაგების მიღებით შვეიცარიის მიმართ გამოხატული პატივისცემის ნიშნად და შვეიცარიის გერბის კონვენციით დადგენილ განმასხვავებელ ნიშანთან აღრევის თავიდან ასაცილებლად, კერძო პირების, საზოგადოებების ან ფირმების მიერ შვეიცარიის კონფედერაციის გერბით ან მისდამი მიმსგავსებული ნიშნებით სარგებლობა საწარმოო ან სავაჭრო ნიშნებად, ან ამ ნიშანთა შემადგენელ ნაწილებად, ასევე კომერციული კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო მიზნებით, ან იმგვარ პირობებში სარგებლობა, რომლებმაც შეიძლება შელახოს შვეიცარიელთა ეროვნული გრძნობები, იკრძალება ნებისმიერ დროს. მიუხედავად ამისა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, რომლებიც ადრე სარგებლობდნენ პირველ პარაგრაფში აღნიშნული ემბლემებით, დასახელებებით, ნიშნებით ან აღნიშვნებით და არ იყვნენ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის მონაწილენი, შეიძლება დაუწესდეთ მაქსიმალური ვადა სამი წლის სახით რათა შეწყვიტონ მათი გამოყენება. შესაწყვეტად, ვადა აითვლება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან, იმ პირობით, რომ ამ ემბლემებით სარგებლობამ ომის დროს არ უნდა შექმნას კონვენციით გათვალისწინებული დაცვის მინიჭების შთაბეჭდილება.
წინამდებარე მუხლის პირველ პარაგრაფში გათვალისწინებული აკრძალვა, წინანდელი სარგებლობით მოპოვებულ უფლებებზე რაიმე ზეგავლენის მოხდენის გარეშე, მოქმედებს 38-ე მუხლის მეორე პარაგრაფში აღნიშნული ემბლემებისა და აღნიშვნების მიმართაც.
მუხლი 54
თუკი მაღალი ხელშემკვრელი მხარეების კანონმდებლობა აღარ შეესაბამება კონვენციას, ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა ნებისმიერ დროს თავიდან აიცილონ და აღკვეთონ 53-ე მუხლში მითითებული ბოროტად გამოყენების შემთხვევები.
![]() |
2.10 დასკვნითი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 55
წინამდებარე კონვენცია შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო უზრუნველყოფს კონვენციის ოფიციალური თარგმანის შესრულებას რუსულ და ესპანურ ენებზე.
მუხლი 56
მოცემული რიცხვით დათარიღებული წინამდებარე კონვენცია 1950 წლის 12 თებერვლამდე ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ჟენევის 1949 წლის 21 აპრილს გახსნილ კონფერენციაში, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ამ კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა დახმარების შესახებ ჟენევის 1864, 1906 ან 1929 წლების კონვენციების მხარეები არიან.
მუხლი 57
წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოხდება შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება ბერნში.
თითოეული სარატიფიკაციო სიგელის გაცემის შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან რომელმაც თანხმობა განაცხადა მიერთების თაობაზე.
მუხლი 58
წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ექვსი თვის შემდეგ იმ მომენტიდან, რაც მოხდება არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება. ამის შემდეგ, თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის იგი ძალაში შევა მისი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 59
წინამდებარე კონვენცია მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობისას ცვლის 1864 წლის 22 აგვისტოს, 1906 წლის 6 ივლისისა და 1929 წლის 27 ივლისის კონვენციებს.
მუხლი 60
წინამდებარე კონვენცია, ძალაში შესვლის დღიდანვე, ღიაა მიერთებისათვის ყველა სახელმწიფოსათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია.
მუხლი 61
მიერთების შესახებ ყოველი შეტყობინება წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს. მიერთება ძალაში შევა საბჭოს მიერ წერილობითი ცნობის მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო მიერთების შესახებ აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომელმაც მიერთების თაობაზე განაცხადა.
მუხლი 62
დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას, ასევე განცხადებები მიერთების შესახებ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დაწყებამდე, ან მის შემდეგ გააკეთეს დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო სასწრაფოდ აცნობებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან მიღებულ სარატიფიკაციო სიგელებისა ან მიერთების შესახებ განცხადებების თაობაზე.
მუხლი 63
ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება.
დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, რომელიც მას ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას გადასცემს.
დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მოცემული ქვეყანა კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული ოპერაციების დასრულების შემდეგ.
დენონსაცია მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც იგი მოახდინა. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, ვინაიდან ისინი ცივილიზებულ ხალხთა შორის დამყარებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და საზოგადოებრივი სინდისითაა ნაკარნახევი.
მუხლი 64
შვეიცარიის ფედერალური საბჭო წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს აწვდის მის მიერ მიღებულ ყველა ცნობას წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების, დენონსაციის ან მასთან მიერთების შესახებ.
ამის დასტურად, სათანადო რწმუნებების წარმდგენმა ქვემორე ხელის მომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივებში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას ხელი მოაწერა ან მას მიუერთდა.
![]() |
2.11 დანართი I სანიტარული ზონებისა და ადგილების შესახებ შეთანხმების პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1
სანიტარული ზონები განკუთვნილია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 23-ე მუხლში ნახსენები პირებისათვის, ასევე პერსონალისათვის, რომელსაც ამ ზონებისა და ადგილების ორგანიზება, მართვა და ამ ზონებში მყოფ პირთა მოვლა ევალება.
მიუხედავად ამისა, პირებს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ამგვარი ზონების ტერიტორიაზე აქვთ, მიეცემათ ამ ზონებში დარჩენის უფლება.
მუხლი 2
არც ერთი პირი, რომელიც რაიმე მიზეზით იმყოფება სანიტარულ ზონაში, არ უნდა ასრულებდეს სამუშაოს, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან ან სამხედრო მასალების დამზადებასთან, როგორც ზონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მუხლი 3
სახელმწიფო, რომელიც ქმნის სანიტარიულ ზონას, მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა ზონაში შესვლის ან ყოფნის უფლების არმქონე პირებს აეკრძალოთ იქ შესვლა.
მუხლი 4
სანიტარული ზონები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
(ა) ისინი უნდა შეადგენდნენ მხოლოდ მცირე ნაწილს იმ ტერიტორიისა, რომელზეც კონტროლს მათი შემქმნელი სახელმწიფო ახორციელებს.
(ბ) შემდგომი შესაძლო დასახლების გამო, ისინი არ უნდა იყოს მჭიდროდ დასახლებული.
(გ) ისინი უნდა მდებარეობდნენ ყოველგვარი სამხედრო ობიექტისაგან, მსხვილი სამრეწველო ან ადმინისტრაციული დაწესებულებებისაგან მოშორებით, რომლებიც ასევე არ უნდა შედიოდნენ მათ შემადგენლობაში.
(დ) ისინი არ უნდა მდებარეობდნენ იმ რაიონებში, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება საომარი მოქმედებების წარმართვისათვის მნიშვნელოვანი გახდეს.
მუხლი 5
სანიტარული ზონების მიმართ გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:
(ა) არ შეიძლება მათ ტერიტორიაზე არსებული სავალი გზების და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება შეიარაღებული ძალების გადასაყვანად და საბრძოლო მასალების გადასატანად, ტრანზიტითაც კი.
(ბ) სამხედრო საშუალებები მათ არავითარ შემთხვევაში არ დაიცავენ.
მუხლი 6
სანიტარული ზონები აღინიშნება თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრით (წითელი ნახევარმთვარით, წითელი ლომითა და მზით), რომლებიც განლაგებულია ზონის პერიმეტრზე და შენობებზე. ღამით შეიძლება მათი აღნიშვნა იგივე მეთოდითა და შესაბამისი განათების გამოყენებით.
მუხლი 7
მშვიდობიან დროს ან საომარი მოქმედებების დაწყებისას, ყოველი სახელმწიფო თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს გადასცემს იმ სანიტარული ზონების სიას, რომლებიც განლაგებულია მათ იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე. ასევე, ის შეატყობინებს მათ ომიანობის პერიოდში შექმნილი ყოველი ახალი ზონის შესახებ.
მოწინააღმდეგე მხარის მიერ ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომენტიდან ეს ზონა კანონიერად არსებულად ჩაითვლება.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე ჩათვლის, რომ ამ შეთანხმების პირობები არ იყო შესრულებული, მას შეუძლია უარი განაცხადოს ზონის აღიარებაზე იმ მხარისადმი სასწრაფო შეტყობინების გზით, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, ან შეუძლია აღიაროს ეს ზონა მე-8 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის დაწესების პირობით.
მუხლი 8
ყოველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შექმნილი ერთი ან რამდენიმე სანიტარული ზონა, უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ერთმა ან მეტმა სპეციალურმა კომისიამ განახორციელოს კონტროლი აღნიშნულ ზონებზე, რათა შემოწმდეს არსებული პირობებისა და ვალდებულებების შესრულება. ამ მიზნით, სპეციალური კომისიის წევრებს ექნებათ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ზონაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესვლისა და მათში მუდმივი ცხოვრების უფლებაც კი. მათ უნდა შეუქმნან კონტროლის განხორციელების სფეროში მოვალეობების შესრულების ყველა პირობა.
მუხლი 9
იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიები დაადგენენ ისეთ ფაქტებს, რომლებიც, მათი თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სახელმწიფოს, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება აღნიშნული ზონა, და დააწესონ ხუთდღიანი ვადა ამ საკითხის გადასაწყვეტად. მათ ამის შესახებ შესაბამისად უნდა აცნობონ იმ სახელმწიფოს, რომელმაც ეს ზონა ცნო.
თუ დადგენილი ვადის ამოწურვისას სახელმწიფო, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, არ დაემორჩილება გაფრთხილებას, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი აღარ არის შეზღუდული წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც აღნიშნულ სანიტარულ ზონას შეეხება.
მუხლი 10
ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ქმნის ერთ ან რამდენიმე სანიტარულ ზონას ან ადგილს, ასევე ყველა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც ეცნობება ამ ზონის არსებობის შესახებ, დანიშნავს ან ნეიტრალურ სახელმწიფოს სთხოვს დანიშნოს მე-8 და მე-9 მუხლებში მითითებული სპეციალური კომისიის წევრები.
მუხლი 11
დაუშვებელია თავდასხმა სანიტარულ ზონებზე. ისინი ყოველთვის კონფლიქტის მონაწილე მხარეთა დაცვითა და პატივისცემით სარგებლობენ.
მუხლი 12
ტერიტორიის ოკუპაციის დროს, მასზე მდებარე სანიტარული ზონები განაგრძობენ დაცვით სარგებლობას და გამოიყენებიან დანიშნულებისამებრ.
მიუხედავად ამისა, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ამ ზონის დანიშნულების შეცვლა იმ პირობით, რომ ის უზრუნველყოფს მასში მყოფი პირების უსაფრთხოებას.
მუხლი 13
წინამდებარე შეთანხმება ასევე გამოიყენება იმ ადგილების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფო იმავე მიზნით იყენებს, რაც სანიტარულ ზონებს.
![]() |
2.12 დანართი II |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3 ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საზღვაო ომისათვის ჟენევის 1906 წლის კონვენციის პრინციპების გამოყენების შესახებ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის X კონვენციის გადასინჯვის მიზნით, 1949 წლის 21 აპრილიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჟენევაში მიმდინარე დიპლომატიური კონფერენციის მონაწილე მთავრობათა ქვემორე ხელისმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგზე:
![]() |
3.1 თავი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ნებისმიერ გარემოებაში შეასრულონ და უზრუნველყონ წინამდებარე კონვენციის შესრულება.
მუხლი 2
იმ დებულებათა გარდა, რომლებიც უნდა მოქმედებდეს მშვიდობიან დროს, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს საომარ მდგომარეობას.
კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან მთლიანი ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.
თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთს შორის ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს მის დებულებებს.
მუხლი 3
ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია გამოიყენოს, სულ მცირე, შემდეგი დებულებანი:
(1) პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი და რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერ სხვა მსგავს კრიტერიუმზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ამ მიზნით, აკრძალულია და ყოველთვის, განურჩევლად ადგილისა, აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(ა) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;
(ბ) მძევლად აყვანა;
(გ) ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
(დ) სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ სავალდებულოდ აღიარებული სასამართლო გარანტიების გათვალისწინებით;
(2) დაჭრილებსა და ავადმყოფებს თავი უნდა მოუყარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.
მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეეცადონ, რომ სპეციალური შეთანხმებების გზით შეასრულონ წინამდებარე კონვენციის ყველა ან ცალკეული დებულებები.
ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენებას არ ექნება გავლენა კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზე.
მუხლი 4
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სახმელეთო და საზღვაო ძალებს შორის საომარი მოქმედებების შემთხვევაში წინამდებარე კონვენციის დებულებები მხოლოდ ხომალდის ბორტზე მყოფი შეიარაღებული ძალების მიმართ მოქმედებს.
ეს ძალები, ხმელეთზე გადმოსხმისთანავე მოექცევიან მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მოქმედების სფეროში.
მუხლი 5
ნეიტრალური სახელმწიფოები წინამდებარე კონვენციის დებულებებს ანალოგიურად გამოიყენებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეების შეიარაღებული ძალების იმ დაჭრილებისა და ავადმყოფების, სამედი-ცინო და სასულიერო პერსონალის მიმართ, რომლებიც მიღებული ან ინტერნირებულნი არიან მათ ტერიტორიაზე, იგივე ვრცელდება ნაპოვნი ცხედრების მიმართაც.
მუხლი 6
მე-10, მე-15, 23-ე, 28-ე, 31-ე, 36-ე, 37-ე და 52-ე მუხლებით საგანგებოდ გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომლის ცალკეულ მოგვარებასაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან. არც ერთმა ასეთმა სპეციალურმა შეთანხმებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ავადმყოფთა და დაჭრილთა, სამედიცინო პერსონალისა და სამხედრო სასულიერო პირების წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას და არ უნდა შეზღუდოს მათთვის კონვენციით მინიჭებული უფლებები.
ავადმყოფები და დაჭრილები, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალი სარგებლობენ ამ შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამდე, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ზემოაღნიშნული ან მომდევნო შეთანხმებები შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ საპირისპირო დებულებებს, ან კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ უფრო ხელსაყრელი ღონისძიებებია დაწესებული.
მუხლი 7
ავადმყოფებს და დაჭრილებს, აგრეთვე სამედიცინო და სასულიერო პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან იმ უფლებებზე, რომლებიც მათთვის წინამდებარე კონვენციით არის უზრუნველყოფილი ან, მათი არსებობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია წინა მუხლში მითითებული სპეციალური შეთანხმებებით.
მუხლი 8
წინამდებარე კონვენციის გამოყენება ეფუძნება იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარეების თანამშრომლობასა და კონტროლს, რომელთაც ეკისრებათ კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს, თავიანთი დიპლომატიური ან საკონსულო პერსონალის გარდა, შეუძლიათ საკუთარი ან სხვა ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთაგან დელეგატების დანიშვნა. ამ დელეგატების დასანიშნად საჭიროა იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც მათ მისია უნდა შეასრულონ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან დელეგატებს მუშაობის განხორციელებისას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი.
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებენ.
მუხლი 9
წინამდებარე კონვენციის დებულებები დაბრკოლებას არ წარმოადგენს დაჭრილთა და ავადმყოფთა, ისევე როგორც სამედიცინო და სასულიერო პერსონალის დაცვისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნის მქონე ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, რომელიც, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეების თახმობით, შესაძლებელია განახორციელოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ან ნებისმიერმა სხვა მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ.
მუხლი 10
მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ და სრული მიუკერძოებლობის და ქმედითობის გარანტიის მიმცემ ორგანიზაციას ანდონ წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
თუ დაჭრილებსა და ავადმყოფებზე ან სამედიცინო პერსონალსა და სამხედრო სასულიერო პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან პირველ პარაგრაფში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან თავის თავზე აიღოს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დასახელებული მფარველი სახელმწიფოს მიერ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.
თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის განხორციელება, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს, ან მიიღოს რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის, მაგალითად ისეთის როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, წინადადება, თავის თავზე აიღოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.
ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს სათანადო გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.
დაუშვებელია ზემოთაღნიშნული დებულებების დარღვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებების საფუძველზე, როცა საომარი მდგომარეობის გამო თუნდაც დროებით შეზღუდულია ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს შესაძლებლობა თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, თუ ოკუპირებულია ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.
წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება ზემოთხსენებული მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.
მუხლი 11
დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მხარეთა შორის მოცემული კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე არსებული უთანხმოების არსებობისას, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მფარველი სახელმწიფოები კეთილ სამსახურს გაუწევენ მხარეებს აღნიშნული უთანხმოებების მოსაგვარებლად.
ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით თუ საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების, კერძოდ კი დაჭრილებსა და ავადმყოფებზე, ისევე როგორც სამედიცინო და სასულიერო პერსონალზე პასუხიმგებელ ხელისუფალთა შეხვედრა სათანადოდ შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ მიღებული შემოთავაზებები. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მხარდასაჭერად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ წარგზავნილი პირი, რომელიც მოწვეული იქნება აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
![]() |
3.2 თავი II დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 12
შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და მომდევნო მუხლში მითითებული სხვა პირები, დაჭრის ან ავადმყოფობის შემთხვევაში, ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ მფარველობითა და დაცვით.
კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელთაც იმყოფებიან აღნიშნული პირები, მათ უზრუნველყოფს ჰუმანური მოპყრობითა და მოვლით სქესის, რასის, ეროვნების, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სხვა მსგავს კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მკაცრად იკრძალება მათი სიცოცხლისა და პიროვნების ხელყოფა; კერძოდ, მათი მოკვლა ან განადგურება, წამება ან მათზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით სამედიცინო მომსახურებისა და მოვლის გარეშე მიტოვება, ასევე პირობების განზრახ შექმნა მათი დასნებოვანებისათვის.
სამედიცინო დახმარების აღმოჩენის თანმიმდევრობაში უპირატესობის მინიჭება დასაშვებია მხოლოდ გადაუდებელი ხასიათის სამედიცინო მიზეზებზე დაფუძნებით.
ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესისათვის შესაფერისი განსაკუთრებული პატივისცემით.
მუხლი 13
წინამდებარე კონვენცია გამოიყენება იმ დაჭრილებისა და ავადმყოფების მიმართ, რომლებიც შემდეგ კატეგორიებს განეკუთვნებიან:
(1) კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა.
(2) სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შე მადგენლობა, იმ ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც ეკუთვნიან კონფლიქტის მონაწილე მხარეს და მოქმედებენ საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაშიც როდესაც ეს ტერიტორია ოკუპირებულია, თუმცა იმ პირობით, რომ აღნიშნული ლაშქრები და რაზმები, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების ჩათვლით, აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
(ა) მათ ჰყავთ მეთაური, რომელიც პასუხს აგებს ხელქვეითებზე;
(ბ) აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;
(გ) ღიად ატარებენ იარაღს;
(დ) თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.
(3) რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად თვლის თავს, რომელსაც არ სცნობს მისი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო.
(4) შეიარაღებული ძალების თანმხლები, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არმყოფი პირები, როგორებიც არიან სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, სამხედრო კორესპონდენტები, მომმარაგებლები, შეიარაღებული ძალების საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფებისა და სამსახურების წევრები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელსაც ისინი თან ახლავან.
(5) კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, კაპიტნების, ლოცმანებისა და იუნგების ჩათვლით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟი, რომლებიც საერთაშორისო სამართლის რაიმე სხვა დებულებათა ძალით მოპყრობის უფრო შეღავათიანი რეჟიმით არ სარგებლობენ.
(6) არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად იღებს ხელში იარაღს შემოჭრილი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შეიარაღებულ შენაერთებად ფორმირებას, იმ პირობით, რომ ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს.
მუხლი 14
მეომარი მხარის ნებისმიერ სამხედრო ხომალდს შეუძლია, ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, მოითხოვოს სამხედრო-ჰოსპიტალურ ხომალ-დებზე, საქველმოქმედო საზოგადოებათა ან კერძო პირთა ჰოსპიტალურ გემებზე, ასევე სავაჭრო გემებზე, იახტებსა და მსუბუქ გემებზე მყოფი დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების გადაცემა, თუკი დაჭრილთა და ავადმყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებელს ხდის მათ გადაცემას და თუ სამხედრო ხომალდს შეუძლია სათანადო სამედიცინო მოვლისათვის ადეკვატური პირობების უზრუნველყოფა.
მუხლი 15
თუ დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები ნეიტრალურმა სამხედრო გემმა ან ნეიტრალურმა სამხედრო საჰაერო ხომალდმა აიყვანა, იმ შემთხვევებში, როდესაც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, საჭიროა იმის უზრუნველყოფა, რომ მათ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა ვეღარ შეძლონ.
მუხლი 16
მე-12 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები სამხედრო ტყვეებად ჩაითვლებიან და მათ მიმართ გამოიყენება სამხედრო ტყვეებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ნორმები. ტყვედ ამყვანს უფლება აქვს, არსებული გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვიტოს მათი თავისთან დატოვება, გადაგზავნა საკუთარ პორტში, ნეიტრალურ პორტში ან დააბრუნოს თვით მოწინააღმდეგის პორტშიც კი. უკანასკნელ შემთხვევაში, ამ გზით საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული სამხედრო ტყვეები ვეღარ შეძლებენ სამხედრო სამსახურის გაწევას ომის მიმდინარეობის მთელ პერიოდში.
მუხლი 17
ნეიტრალურ პორტში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების თანხმობით გადასხმული დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები, ნეიტრალურ სახელმწიფოსა და მეომარ მხარეებს შორის საწინააღმდეგო ხასიათის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, როდესაც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, იმგვარად იქნებიან დაცულნი, ნეიტრალური სახელმწიფოს მიერ, რომ ვეღარ შეძლონ სამხედრო მოქმედებებში ხელმეორედ მონაწილეობა.
ჰოსპიტალიზაციისა და ინტერნირების ხარჯები იმ სახელმწიფომ უნდა გაიღოს, რომელსაც ეკუთვნიან დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები.
მუხლი 18
თითოეული ბრძოლის შემდეგ კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ყველა შესაძლებელი ზომა დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მოსაძებნად და გამოსაყვანად, რათა დაიცვან ისინი გაძარცვისა და უდიერად მოპყრობისაგან, უზრუნველყონ მათი სათანადო მოვლა, ასევე მოძებნონ გარდაცვლილები და თავიდან აიცილონ მათი ძარცვა.
ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის დაიდება ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარემოცული ზონიდან დაჭრილთა და ავადმყოფთა საზღვაო გზით ევაკუაციის შესახებ და ამ ზონაში მიმავალი სამედიცინო და სამხედრო სასულიერო პერსონალისა და აღჭურვილობის დაშვების თაობაზე.
მუხლი 19
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში უნდა განახორციელონ ყველა მონაცემის რეგისტრაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ხელში ჩავარდნილ, მოწინააღმდეგე მხარის დაჭრილთა, ავადმყოფთა და გარდაცვლილთა ვინაობის დადგენას.
ამ ცნობებში, შეძლებისდაგვარად, უნდა შედიოდეს შემდეგი მონაცემები:
(ა) სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი;
(ბ) სამხედრო, დანაყოფის, პირადი ან სერიული ნომერი;
(გ) გვარი;
(დ) სახელი ან სახელები;
(ე) დაბადების თარიღი;
(ვ) ყველა სხვა ცნობა, რომელიც მის პირადობის მოწმობაში ან ამოსაცნობ მედალიონშია მოცემული;
(ზ) დატყვევების ან გარდაცვალების თარიღი და ადგილი;
(თ) მონაცემები დაჭრის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
ზემოთაღნიშნული მონაცემები შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა გადაეცეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს. მფარველი სახელმწიფოს ან სამხედრო ტყვეების საქმეთა ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით მიღებულ მონაცემებს ბიურო გადასცემს სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა მოამზადონ და ამავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადაუგზავნონ გარდაცვალების მოწმობები ან გარდაცვლილთა სათანოდოდ დამოწმებული სიები. ისინი აგროვებენ და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცემენ ორმაგი ამოსაცნობი მედალიონების ნახევარს, ანდერძებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს გარდაცვლილთა ახლო ნათესავებისათვის, ასევე ფულს და ყველანაირი სუბიექტური ან ობიექტური ფასეულობის მქონე ნივთს, რომლებიც გარდაცვლილს უპოვეს. ეს და სხვა ამოუცნობი ნივთები გადაიგზავნება დალუქულ შეკვრაში, რომელთაც თან ერთვის გარდაცვლილთა ვინაობის დასადგენი აუცილებელი მონაცემებისა და ამანათის შემადგენლობის სრული ნუსხა.
მუხლი 20
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ გარდაცვლილთა ზღვაში დასაფლავება ინდივიდუალურად განხორციელდეს და მას წინ უძღოდეს ცხედართა საგულდაგულო გამოკვლევა და, თუ შესაძლებელია, სამედიცინო გამოკვლევა სიკვდილისა და ვინაობის დადგენისა და ამის შესახებ შესაძლო ანგარიშის წარდგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, როცა გამოიყენება ორმაგი ამოსაცნობი მედალიონი, მისი ერთი ნახევარი სხეულზე უნდა დარჩეს. თუ გარდაცვლილებს ხმელეთზე გადაიყვანენ, მათზე გავრცელდება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დებულებები.
მუხლი 21
კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მოუწოდონ ნეიტრალური სავაჭრო გემების, იახტებისა და მსუბუქი გემების კაპიტნებს გამოიჩინონ კაცთმოყვარეობა, რათა მათ ბორტზე მიიღონ დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები და მოუარონ მათ, აგრეთვე შეაგროვონ გარდაცვლილები. ნებისმიერი სახის გემი, რომელიც ამ მოწოდებას გამოეხმაურება, ასევე ისინი, რომლებიც საკუთარი ინიციატივით აიყვანენ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს, ამ დახმარების გაწევისათვის სპეციალური დაცვითა და ხელშეწყობით ისარგებლებენ.
დაუშვებელია აღნიშნული ხომალდების დაკავება ასეთი გადაყვანის განხორციელების გამო; თუმცა, მათთვის საწინააღმდეგო დაპირების არარსებობის შემთხვევაში, ისინი შეიძლება დაკავებულ იქნან ნეიტრალიტეტის შესაძლო დარღვევის გამო.
![]() |
3.3 თავი III ჰოსპიტალური ხომალდები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 22
დაუშვებელია სამხედრო ჰოსპიტალურ ხომალდებზე, ანუ სახელმწიფოების მიერ დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების დახმარების, მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევის და მათი გადაყვანის სპეციალური და ერთადერთი მიზნით აგებულ ან აღჭურვილ ხომალდებზე თავდასხმა ან მათი შეპყრობა. ისინი ყოველთვის პატივისცემით და დაცვით უნდა სარგებლობდნენ იმ პირობით, რომ ამ ხომალდების გამოყენებამდე 10 დღით ადრე კონფლიქტის მონაწილე მხარეებს აცნობებენ მათ დასახელებებსა და აღწერილობას.
შეტყობინება უნდა მოიცავდეს მონაცემებს სარეგისტრო ბრუტო-ტონაჟის, ცხვირიდან კიჩომდე ხომალდის სიგრძისა და ანძებისა და მილების რაოდენობის შესახებ.
მუხლი 23
დაუშვებელია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ სანაპირო დაწესებულებებზე ზღვიდან თავდასხმა ან ცეცხლის გახსნა.
მუხლი 24
ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებსაც იყენებენ წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებები, ოფიციალურად აღიარებული დახმარების აღმომჩენი საზოგადოებები ან კერძო პირები, სარგებლობენ სამხედრო ჰოსპიტალური გემების მსგავსი დაცვით და იკრძალება მათი შეპყრობა იმ პირობით, რომ მათ ოფიციალური დავალება აქვთ მიღებული კონფლიქტის მონაწილე იმ მხარისაგან, რომელზეც ისინი არიან დამოკიდებულნი და რომ შესრულებულია შეტყობინების შესახებ 22-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ამ ხომალდებს უნდა ჰქონდეთ ხელისუფლების სათანადო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც მოწმობს, რომ აღჭურვისა და გაგზავნის მომენტში ეს ხომალდები ამ უკანასკნელთა ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
მუხლი 25
ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებსაც ნეიტრალური სახელმწიფოს წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებები, ოფიციალურად აღიარებული დახმარების აღმომჩენი საზოგადოებები ან ნეიტრალურ სახელმწიფოთა კერძო პირები იყენებენ, სარგებლობენ სამხედრო ჰოსპიტალური გემების მსგავსი დაცვით და იკრძალება მათი შეპყრობა იმ პირობით, რომ თავისი მთავრობის წინასწარი თანხმობით და კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარის ნებართვით, ისინი ერთ-ერთ მხარეს დაექვემდებარნენ და შესრულებულია შეტყობინების შესახებ 22-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 26
22-ე, 24-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული დაცვა ვრცელდება ნებისმიერი ტონაჟის ჰოსპიტალურ ხომალდებსა და მათ სამაშველო ნავებზე მიუხედავად იმისა, თუ სად გამოიყენებიან ისინი. გარდა ამისა, მაქსიმალური მოხერხებულობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა ეცადონ შორ მანძილზე და ღია ზღვაში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა გადასაყვანად გამოიყენონ მხოლოდ 2,000 ბრუტო-ტონაჟზე მეტი წყალწყვის მქონე ჰოსპიტალური ხომალდები.
მუხლი 27
სახელმწიფოს ან ოფიციალურად აღიარებული დახმარების აღმომჩენი საზოგადოების მიერ სანაპირო სამაშველო ოპერაციების შესასრულებლად გამოყენებული მცირე გემები პატივისცემითა და დაცვით ისარგებლებენ იმავე პირობებით, რომლებიც 22-ე და 24-ე მუხლებითაა გათვალისწინებული და იმდენად, რამდენადაც ეს ოპერატიული მოთხოვნების თვალსაზრისით იქნება შესაძლებელი.
იგივე ეხება მუდმივ სახმელეთო ნაგებობებს, რომლებითაც, თავიანთი ჰუმანიტარული მოვალეობების შესასრულებლად, ექსკლუზიურად სარგებლობენ აღნიშნული გემები.
მუხლი 28
სამხედრო ხომალდის ბორტზე ბრძოლის შემთხვევაში ლაზარეთები შეძლებისამებრ დაცული და დანდობილი უნდა იყოს. ლაზარეთები და მათი აღჭურვილობა ომის კანონების მიმართ დაქვემდებარებული რჩება, მაგრამ არ შეიძლება მათი დანიშნულებისაგან განსხვავებული მიზნისთვის გამოყენება, მანამდე სანამ ისინი დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის იქნება საჭირო. მიუხედავად ამისა, უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში მეთაურს, რომლის ხელისუფლებაშიც ისინი აღმოჩნდებიან, შეუძლია მათი გამოყენება მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფილი იქნება ლაზარეთში მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის სათანადო მოვლა.
მუხლი 29
ნებისმიერ ჰოსპიტალურ ხომალდს, რომელიც მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილ პორტში იმყოფება, უნდა მიეცეს აღნიშნული პორტის დატოვების უფლება.
მუხლი 30
22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდები დახმარებას უწევენ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს მათი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ არ გამოიყენონ ეს ხომალდები რაიმე სამხედრო მიზნისათვის.
ამგვარმა ხომალდებმა არ უნდა შეზღუდონ მებრძოლთა მოძრაობა.
ბრძოლის დროს და ბრძოლის შემდეგ ისინი საკუთარი რისკით მოქმედებენ.
მუხლი 31
კონფლიქტის მონაწილე მხარეებს აქვთ 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდების კონტროლისა და დათვალიერების უფლება. მათ შეუძლიათ უარი თქვან მათ დახმარებაზე, უბრძანონ წასვლა, გარკვეული კურსით სვლა, აკონტროლონ მათი რადიოაპარატურისა და კავშირის სხვა საშუალებების გამოყენება და, თუ მდგომარეობის სერიოზულობა ამას მოითხოვს, შეუძლიათ დააკავონ კიდეც ეს ხომალდები არა უმეტეს 7 დღის ვადით იმ მომენტიდან, როდესაც მოხდა ხომალდის დათვალიერება.
მხარეებს შეუძლიათ ხომალდზე დროებით დანიშნონ კომისარი, რომლის ერთადერთი მოვალეობაც იქნება წინა პარაგრაფში მითითებულ დებულებათა საფუძველზე გაცემული ბრძანებების აღსრულებისათვის თვალყურის დევნება.
რამდენადაც შესაძლებელი იქნება, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ჰოსპიტალური ხომალდის ჟურნალში ხომალდის მეთაურისათვის გასაგებ ენაზე ჩაწერენ მათ მიერ გაცემულ ბრძანებებს.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივი აქტის ან სპეციალური შეთანხმების ძალით საკუთარ ჰოსპიტალურ ხომალდებზე მოათავსონ ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც დაამოწმებენ წინამდებარე კონვენციის დებულებათა მკაცრ შესრულებას.
მუხლი 32
22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში აღნიშნული ხომალდები არ უთანაბრდება სამხედრო ხომალდებს ნეიტრალურ პორტში მათი ყოფნის თვალსაზრისით.
მუხლი 33
საომარი მოქმედებების მსვლელობის მთელ პერიოდში დაუშვებელია ჰოსპიტალურ ხომალდებად გადაკეთებული სავაჭრო გემების სხვა მიზნებისთვის გამოყენება.
მუხლი 34
დაცვა, რომლითაც ჰოსპიტალური გემები და ლაზარეთები სარგებლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, როდესაც ისინი გამოიყენება, მათი ჰუმანიტარული ვალდებულებების ფარგლებს გარეთ, მოწინააღმდეგისათვის ზიანის მისაყენებლად. ამასთანავე, დაცვა შეი-ძლება შეწყდეს მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც, ყველა შესაბამის შემთხვევაში გონივრულ ვადას აწესებს და მას შემდეგ, რაც ამგვარი გაფრთხილება შედეგს არ გამოიღებს.
კერძოდ, ჰოსპიტალური ხომალდები არ უნდა ფლობდნენ და არ უნდა სარგებლობდნენ საიდუმლო კოდით თავიანთი რადიოგადამცემის ან კავშირის სხვა საშუალებებისათვის.
მუხლი 35
ჰოსპიტალურ ხომალდებსა და ხომალდზე არსებულ ლაზარეთებზე დაწესებული დაცვის შეწყვეტის საფუძვლად არ ჩაითვლება შემდეგი გარემოებები:
(1) ის, რომ ხომალდის ეკიპაჟი ან ლაზარეთის პერსონალი შეიარაღებულია წესრიგის დაცვის, თავდაცვის, დაჭრილთა და ავადმყოფთა დაცვის მიზნით.
(2) ის, რომ ხომალდზე არის ექსკლუზიურად ნაოსნობისა და კავშირის უზრუნველყოფისათვის საჭირო აპარატურა.
(3) ის, რომ ჰოსპიტალურ ხომალდებზე ან ლაზარეთში აღმოჩენილია დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირებისათვის ჩამორთმეული იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც სათანადო სამსახურს ჯერ არ ჩაბარებია.
(4) ის, რომ ჰოსპიტალური ხომალდებისა და ხომალდზე არსებული ლაზარეთების ჰუმანიტარული საქმიანობა ვრცელდება დაჭრილ, ავადმყოფ და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ სამოქალაქო პირებზე.
(5) ის, რომ დადგინდა ჩვეულებრივად საჭიროზე მეტი რაოდენობის, ექსკლუზიურად სამედიცინო ფუნქციების მქონე პერსონალისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირების ფაქტი.
![]() |
3.4 თავი IV პირადი შემადგენლობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 36
ჰოსპიტალური ხომალდების სასულიერო, სამედიცინო და სანიტარული პერსონალი და მათი ეკიპაჟი პატივისცემითა და დაცვით სარგებლობს; დაუშვებელია ჰოსპიტალურ ხომალდებზე სამსახურის დროს მათი შეპყრობა მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა ხომალდზე დაჭრილები და ავადმყოფები.
მუხლი 37
მე-12 და მე-13 მუხლებში ჩამოთვლილი პირების სამედიცინო და სასულიერო მომსახურებისათვის განკუთვნილი სასულიერო, სამედიცინო და სანიტარული პერსონალი მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრის შემთხვევაში პატივისცემითა და დაცვით სარგებლობს; მას შესაძლებლობა ექნება განაგრძოს თავისი პროფესიული მოვალეობების შესრულება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება დაჭრილთა და ავადმყოფთათვის. ამის შემდეგ, პერსონალი უკან უნდა გაიგზავნოს, როგორც კი ამას შესაძლებლად ჩათვლის მთავარსარდალი, რომლის ხელისუფლებაშიც ის იმყოფება. ხომალდის დატოვებისას პერსონალს შეუძლია კუთვნილი ნივთები თან წაიღოს.
თუმცა, თუ სამხედრო ტყვეთა სამედიცინო და სასულიერო მოთხოვნილებების გამო აუცილებელი ხდება აღნიშნული პერსონალის ნაწილის დაკავება, ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული მისი უმოკლეს ვადაში ხმელეთზე დასაბრუნებლად.
ხმელეთზე გადასხმის შემდეგ დაკავებული პერსონალი მოხვდება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დებულებათა მოქმედების სფეროში.
![]() |
3.5 თავი V სანიტარული ტრანსპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 38
ამ მიზნით დაქირავებულ ხომალდებს აქვთ შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან დაჭრილთა და ავადმყოფთა მკურნალობისათვის ან დაავადების გავრცელების აღსაკვეთად საჭირო საშუალებების ტრანსპორტირების უფლება, იმ პირობით, რომ მათი რეისების შესახებ მონაცემები ეცნობება მოწინააღმდეგე სახელმწიფოს და იგი თანხმობას განაცხადებს. მოწინააღმდეგე სახელმწიფოს უფლება აქვს დაათვალიეროს ხომალდები, მაგრამ არ შეუძლია ამ ხომალდების შეპყრობა ან მათ მიერ ტრანსპორტირებული საშუალებების დაყადაღება.
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმებით, გადასატან საშუალებათა კონტროლის განხორციელების მიზნით, ამ ხომალდების ბორტზე შესაძლებელია ნეიტრალურ მეთვალყურეთა განთავსება. ამ მიზნით, აღნიშნული საშუალებები მათთვის თავისუფლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მუხლი 39
არ შეიძლება თავდასხმა სანიტარულ საჰაერო ხომალდებზე, ესე იგი აპარატებზე, რომლებიც მხოლოდ დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა ევაკუაციის, სანიტარული პერსონალისა და აღჭურვილობის ტრანსპორტირებისათვის გამოიყენება. ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეების პატივისცემით უნდა სარგებლობდნენ იმ პირობით, რომ ისინი ფრენას აწარმოებენ კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანხმებით სპეციალურად გათვალისწინებულ სიმაღლეზე, დროსა და მარშრუტებზე.
ეროვნული დროშის ფერებთან ერთად, ქვედა, ზედა და გვერდით სიბრტყეებზე მათ უნდა ჰქონდეთ 41-ე მუხლში მითითებული მკაფიოდ განსაზღვრული განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე, უნდა ჰქონდეთ საომარი მოქმედებების დასაწყისში ან მათი მიმდინარეობისას კონფლიქტის მხარეთა შეთანხმებით დადგენილი ნებისმიერი სახის სხვა ნიშანი ან ამოსაცნობი საშუალებები.
თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მოწინააღმდეგის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ფრენა აკრძალულია.
სანიტარული საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ მიწაზე დაფრენის ან წყალზე დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. მიწაზე ან წყალზე იძულებითი დაფრენის შემთხვევაში, შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი მგზავრებიანად შეძლებს ფრენის გაგრძელებას.
მოწინააღმდეგის ან მის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე იძულებით დაშვების შემთხვევაში, ეკიპაჟი, ასევე დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები იძენენ სამხედრო ტყვის სტატუსს. სანიტარულ პერსონალს უნდა მოეპყრონ 36-ე და 37-ე მუხლების შესაბამისად.
მუხლი 40
კონფლიქტის მონაწილე მხარეების სანიტარულ საჰაერო ხომალდებს, წინამდებარე მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული პირობების მიხედვით, შეუძლიათ გადაიფრინონ ნეიტრალური ქვეყნების ტერიტორიაზე, დაფრინდნენ აუცილებლობის შემთხვევაში ან შუალედური შესვენების მიზნით. მათ წინასწარ უნდა აცნობონ ნეიტრალურ სახელმწიფოებს მათ ტერიტორიაზე გადაფრენის შესახებ და დაემორჩილონ დაფრენის ან წყალზე დაშვების ყოველგვარ მოთხოვნას. ისინი თავდასხმისაგან დაცული იქნებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინტერესებულ ნეიტრალურ სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილ სიმაღლეზე, მარშრუტითა და საათებში იფრენენ.
თუმცა, ნეიტრალურ სახელმწიფოებს, საკუთარ ტერიტორიებზე, შეუძლიათ დააწესონ სანიტარული ხომალდის ფრენის ან დაფრენის პირობები ან შეზღუდვები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ თანაბრად იქნება გამოყენებული.
თუ ნეიტრალურ სახელმწიფოებსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობით ნეიტრალურ ტერიტორიაზე სანიტარული საჰაერო ხომალდიდან გადმოყვანილი დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები ნეიტრალურმა სახელმწიფომ, როდესაც ამას საერთაშორისო სამართალი მოითხოვს, იმგვარად უნდა დააკავოს, რომ მათ აღარ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. ამ დაჭრილთა და ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაციასა და ინტერნირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რომელზეც ისინი დამოკიდებულნი არიან.
![]() |
3.6 თავი VI განმასხვავებელი ემბლემა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 41
კომპეტენტურ სამხედრო ხელისუფალთა კონტროლის ქვეშ, თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა გამოსახული იქნება დროშებზე, სამკლაურებსა და სანიტარული სამსახურის კუთვნილ ყველა აღჭურვილობაზე.
ამასთანავე, ის ქვეყნები, რომლებიც განმასხვავებელი ნიშნის სახით წითელი ჯვრის ნაცვლად უკვე იყენებენ თეთრ ფონზე გამოსახულ წითელ ნახევარმთვარეს ან წითელ ლომსა და მზეს ისევე ისარგებლებენ დაცვით, რადგანაც აღნიშნული ემბლემებიც აღიარებულია წინამდებარე კონვენციით.
მუხლი 42
36-ე და 37-ე მუხლებში აღნიშნული პერსონალი მარცხენა ხელზე ატარებს წყალგამძლე სამკლაურს, რომელზეც გამოსახულია განმასხვავებელი ემბლემა და რომელიც სამხედრო ხელისუფლების ორგანოების მიერ ბეჭდითაა დამოწმებული და გაცემული.
ამ პერსონალს, მე-19 მუხლში მითითებული პირადობის დამადასტურებელი მედალიონის გარდა, აქვს პირადობის სპეციალური მოწმობა განმასხვავებელი ემბლემით. ეს მოწმობა უნდა იყოს წყალგამძლე და ისეთი ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბით ტარება. მოწმობა უნდა შეივსოს შესაბამისი ქვეყნის ენაზე და მასში, სულ მცირე, მითითებული უნდა იყოს მფლობელის გვარი და სახელი, დაბადების წელი, სამხედრო წოდება და ნომერი, ასევე, აღნიშნული უნდა იყოს თუ რა სტატუსით აქვს მას წინამდებარე კონვენციის დაცვით სარგებლობის უფლება. მოწმობაზე უნდა იყოს მფლობელის ფოტოსურათი, მისი ხელმოწერა ან თითების ანაბეჭდი, ან ორივე ერთად. მოწმობა სამხედრო ხელისუფლების რელიეფური ბეჭდით უნდა იყოს დამტკიცებული.
ჯარს შიგნით უნდა არსებობდეს ერთნაირი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, შეძლებისამებრ, ერთი ტიპის უნდა იყოს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეიარაღებულ ძალებში არსებული მოწმობებიც. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშით. საომარი მოქმედებების დაწყებისას ისინი ერთმანეთს აცნობებენ მათ მიერ გამოყენებულ ნიმუშს. ყოველი მოწმობა, შეძლებისდაგვარად, უნდა დამზადდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს ის სახელმწიფო შეინახავს, რომელსაც ეს პირი ეკუთვნის.
ზემოთაღნიშნულ პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას განმასხვავებელი ნიშნები ან პირადობის მოწმობა, ისევე როგორც სამკლაურის ტარების უფლება. მათი დაკარგვის შემთხვევაში, მას უფლება აქვს მიიღოს მოწმობისა და განსხვავების ნიშნების დუბლიკატები.
მუხლი 43
22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მითითებული ხომალდები შემდეგი ნიშნებით უნდა გამოირჩეოდნენ:
(ა) გარეთა ზედაპირი მთლიანად უნდა იყოს თეთრი.
(ბ) რაც შეიძლება დიდი ზომის ერთი ან რამდენიმე მუქი წითელი ფერის ჯვარი გამოსახული უნდა იყოს კორპუსის ყველა მხარესა და ჰორიზონტალურ სიბრტყეებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო ხილვადობა ზღვაზე და ჰაერიდან.
ყველა ჰოსპიტალური ხომალდი ამოცნობისათვის აღმართავს თავის ეროვნულ დროშას. ამას გარდა, თუ ისინი ნეიტრალურ ქვეყანას ეკუთვნიან, აღმართავენ კონფლიქტის მონაწილე იმ სახელმწიფოს დროშასაც, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან. თეთრი დროშა წითელი ჯვრის გამოსახულებით მთავარ ანძაზე რაც შეიძლება მაღლა უნდა აღიმართოს.
სამედიცინო სამსახურის მიერ გამოყენებული ჰოსპიტალური ხომალდების სამაშველო ნავები, სანაპირო მაშველი გემები და ყველა პატარა გემი თეთრად უნდა შეიღებოს და მასზე მკვეთრად გამოისახოს მუქი წითელი ჯვრები. ზოგადად, დაცული უნდა იყოს ჰოსპიტალური ხომალდების დაცვისათვის ზემოთ დადგენილი ამოცნობის სისტემა.
თუ ზემოაღნიშნულ გემებს ღამისა და შეზღუდული ხილვადობის პირობებში მათთვის გათვალისწინებული დაცვის უზრუნველყოფა სურთ, მათ, კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის ნებართვით, რომლის ხელისუფლებაშიც ისინი იმყოფებიან, უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა მათი შეფერილობა და განმასხვავებელი ემბლემები საკმარისად კარგად გამოჩნდეს.
31-ე მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგის მიერ დროებით დაკავებულმა ჰოსპიტალურმა ხომალდებმა უნდა დაუშვან კონფლიქტის იმ მონაწილე მხარის დროშა, რომელსაც ეკუთვნიან ან რომლის სამსახურშიც იმყოფებიან.
სანაპირო მაშველმა გემებმა, თუ ისინი განაგრძობენ ოკუპირებული ბაზებიდან ოკუპანტი ქვეყნის თანხმობით მოქმედებას, შესაძლებელია განაგრძონ თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრის დროშასთან ერთად ეროვნული დროშის აღმართვა ზღვაში გასვლის დროს, კონფლიქტში მონაწილე ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ ამის წინასწარ შეტყობინების პირობით.
წითელი ჯვრის ემბლემასთან დაკავშირებული ამ მუხლის ყველა დებულება 41-ე მუხლში მითითებული ყველა ემბლემის მიმართ თანაბრად გამოიყენება.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყოველთვის ეცდებიან დადონ შეთანხმებები, რათა ჰოსპიტალური ხომალდების ამოცნობის ხელშესაწყობად ყველაზე თანამედროვე ხელმისაწვდომი მეთოდები გამოიყენონ.
მუხლი 44
43-ე მუხლში მითითებული ამოსაცნობი ნიშნების გამოყენება შეიძლება როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს მხოლოდ 43-ე მუხლში მითითებული ხომალდების დაცვის ან აღნიშვნის მიზნით. გამონაკლისი შეიძლება განპირობებული იყოს რომელიმე სხვა საერთაშორისო კონვენციით ან კონფლიქტის მონაწილე ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის შეთანხმებით.
მუხლი 45
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, თუ მათი კანონმდებლობა უკვე არ შეესაბამება კონვენციას, აუცილებელ ზომებს მიიღებენ, რათა ნებისმიერ დროს თავიდან აიცილონ და აღკვეთონ 43-ე მუხლში მითითებული განმასხვავებელი ნიშნების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.
![]() |
3.7 თავი VII კონვენციის შესრულება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 46
კონფლიქტის მონაწილე თითოეულმა მხარემ, წინამდებარე კონვენციის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, თავისი მთავარსარდლობის მეშვეობით უნდა უზრუნველყოს ზემოაღნიშნული მუხლების ზედმიწევნით შესრულება და იზრუნოს გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე.
მუხლი 47
აკრძალულია რეპრესალიები კონვენციით დაცული დაჭრილების, ავადმყოფების, ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების, პერსონალის, ხომალდებისა და აღჭურვილობის წინააღმდეგ.
მუხლი 48
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ წინამდებარე კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, შეძლებისამებრ, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს გაეცნოს მთელი მოსახლება და, კერძოდ, მებრძოლი შეიარაღებული ძალები, სამედიცინო და სამხედრო სასულიერო პერსონალი.
მუხლი 49
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით, ხოლო ომის დროს მფარველი სახელმწიფოების დახმარებით ერთმანეთს გადასცემენ წინამდებარე კონვენციის ოფიციალურ თარგმანთა ტექსტებს, ასევე კანონებსა და დადგენილებებს, რომელიც შესაძლოა მის განსახორციელებლად მიიღონ.
![]() |
3.8 თავი VIII ბოროტად გამოყენებისა და დარღვევების აღკვეთა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 50
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული უხეში დარღვევების ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირების წინააღმდეგ.
თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი უხეში დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი შესაბამის სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.
თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს წინამდებარე კონვენციის დებულებების საწინააღმდეგო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ უხეშ დარღვევებს.
ბრალდებული პირები ყველა გარემოებაში უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებით და დაცვის უფლებით, რომლებიც არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები უფლებების დამდგენი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით.
მუხლი 51
წინა მუხლში აღნიშნულ უხეშ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, მათ შორის ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის, სამხედრო აუცილებლობის არ მქონე ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო, თვითნებური ნგრევა და ქონების მითვისება.
მუხლი 52
ერთ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია თავისი თავის ან რომელიმე სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ან სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ეკისრება წინა მუხლში მითითებულ დარღვევებთან მიმართებაში.
მუხლი 53
კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნის საფუძველზე, დაინტერესებული მხარეების მიერ დადგენილი პროცედურით, უნდა დაიწყოს გამოძიება კონვენციის სავარაუდო დარღვევების შესახებ.
თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან გამოძიების პროცედურაზე, ისინი ურთიერთშეთანხმებით აირჩევენ არბიტრს, რომელიც გადაწყვეტს პროცედურის საკითხს.
როგორც კი დაადგენენ დარღვევის ფაქტს, კონფლიქტის მონაწილე მხარეები აღკვეთენ მას და შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში მიიღებენ ზომებს მისი ჩამდენის დასასჯელად.
![]() |
3.9 დასკვნითი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 54
წინამდებარე კონვენცია შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო უზრუნველყოფს კონვენციის ოფიციალური თარგმანის შესრულებას რუსულ და ესპანურ ენებზე.
მუხლი 55
მოცემული რიცხვით დათარიღებული წინამდებარე კონვენცია 1950 წლის 12 თებერვლამდე ღიაა ხელმოსაწერად ყველა სახელმწიფოსათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ჟენევის 1949 წლის 21 აპრილს გახსნილ კონფერენციაში, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ამ კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ საზღვაო ომისათვის ჟენევის 1906 წლის კონვენციის პრინციპების გამოყენების შესახებ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის X კონვენციის ან მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა დახმარების შესახებ ჟენევის 1864, 1906 ან 1929 წლების კონვენციების მხარეები არიან.
მუხლი 56
წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოხდება შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება ბერნში.
თითოეული სარატიფიკაციო სიგელის გაცემის შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან რომელმაც თანხმობა განაცხადა მიერთების თაობაზე.
მუხლი 57
წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ექვსი თვის შემდეგ იმ მომენტიდან, რაც მოხდება არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება.
ამის შემდეგ, თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის იგი ძალაში შევა მისი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 58
წინამდებარე კონვენცია მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობისას ცვლის საზღვაო ომისათვის ჟენევის 1906 წლის კონვენციის პრინციპების გამოყენების შესახებ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრის X კონვენციას.
მუხლი 59
წინამდებარე კონვენცია, ძალაში შესვლის დღიდანვე, ღიაა მიერთებისათვის ყველა სახელმწიფოსათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია.
მუხლი 60
მიერთების შესახებ ყოველი შეტყობინება წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს. მიერთება ძალაში შევა საბჭოს მიერ წერილობითი ცნობის მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო მიერთების შესახებ აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომელმაც მიერთების თაობაზე განაცხადა.
მუხლი 61
დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას, ასევე განცხადებები მიერთების შესახებ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დაწყებამდე, ან მის შემდეგ გააკეთეს დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო სასწრაფოდ აცნობებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან მიღებულ სარატიფიკაციო სიგელების ან მიერთების შესახებ განცხადებების თაობაზე.
მუხლი 62
ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება.
დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, რომელიც მას ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას გადასცემს.
დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მოცემული ქვეყანა კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული ოპერაციების დასრულების შემდეგ.
დენონსაცია მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც იგი მოახდინა. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, ვინაიდან ისინი ცივილიზებულ ხალხთა შორის დამყარებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და საზოგადოებრივი სინდისითაა ნაკარნახევი.
მუხლი 63
შვეიცარიის ფედერალური საბჭო წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს აწვდის მის მიერ მიღებულ ყველა ცნობას წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების, დენონსაციის ან მასთან მიერთების შესახებ.
ამის დასტურად, სათანადო რწმუნებების წარმდგენმა ქვემორე ხელის მომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივებში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას ხელი მოაწერა ან მას მიუერთდა.
![]() |
3.10 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4 ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის გადასინჯვის მიზნით, 1949 წლის 21 აპრილიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჟენევაში მიმდინარე დიპლომატიური კონფერენციის მონაწილე მთავრობათა ქვემორე ხელისმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგზე:
![]() |
4.1 კარი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ნებისმიერ გარემოებაში შეასრულონ და უზრუნველყონ წინამდებარე კონვენციის შესრულება.
მუხლი 2
იმ დებულებათა გარდა, რომლებიც უნდა მოქმედებდეს მშვიდობიან დროს, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს საომარ მდგომარეობას.
კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან მთლიანი ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.
თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთს შორის ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს მის დებულებებს.
მუხლი 3
ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია გამოიყენოს, სულ მცირე, შემდეგი დებულებანი:
(1) პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი და რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერ სხვა მსგავს კრიტერიუმზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ამ მიზნით, აკრძალულია და ყველგან და ყოველთვის, აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(ა) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;
(ბ) მძევლად აყვანა;
(გ) ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
(დ) სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ სავალდებულოდ აღიარებული სასამართლო გარანტიების გათვალისწინებით;
(2) დაჭრილებსა და ავადმყოფებს თავი უნდა მოუყარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.
მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან, სპეციალური შეთანხმებების გზით, შეასრულონ წინამდებარე კონვენციის ყველა, ან ცალკეული დებულებები.
ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენებას არ ექნება გავლენა კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზე.
მუხლი 4
ა. წინამდებარე კონვენციის შესაბამისად, სამხედრო ტყვეებად ითვლებიან მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრილი პირები, რომლებიც ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას მიეკუთვნებიან:
(1) კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, ასევე ამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სახალხო ლაშქრისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა.
(2) სხვა ლაშქრებისა და მოხალისეთა რაზმების პირადი შემადგენლობა, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების იმ პირადი შემადგენლობის ჩათვლით, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეს ეკუთვნიან და საკუთარ ტერიტორიაზე ან მის გარეთ მოქმედებენ. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როცა ეს ტერიტორია ოკუპირებულია, თუმცა იმ პირობით, რომ ასეთი ლაშქრები ან რაზმები, ორგანიზებული წინააღმდეგობის მოძრაობების ჩათვლით, შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ:
(ა) მათ მეთაურობს პირი, რომელიც პასუხს აგებს ხელქვეითებზე;
(ბ) აქვთ განსაზღვრული, შორიდან გასარჩევი განმასხვავებელი ნიშანი;
(გ) ღიად ატარებენ იარაღს;
(დ) თავიანთი ოპერაციების განხორციელებისას მოქმედებენ ომის კანონებისა და ჩვეულებების შესაბამისად.
(3) რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელიც იმ მთავრობის ან ხელისუფლების დაქვემდებარებულად თვლის თავს, რომელსაც მისი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო არ ცნობს.
(4) შეიარაღებული ძალების თანმხლები, მაგრამ უშუალოდ მის შემადგენლობაში არმყოფი პირები, როგორებიც არიან სამხედრო თვითმფრინავების ეკიპაჟის სამოქალაქო წევრები, ომის კორესპონდენტები, მომმარაგებლები, შეიარაღებული ძალების საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფებისა და სამსახურების წევრები, იმ პირობით, რომ მათ ამისათვის მიღებული აქვთ იმ შეიარაღებული ძალების ნებართვა, რომელსაც ისინი თან ახლავან და რისთვისაც შეიარაღებული ძალები მათ უზრუნველყოფენ დანართში მოცემული ნიმუშის მსგავსი პირადობის მოწმობით.
(5) კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სავაჭრო ფლოტის გემების ეკიპაჟის წევრები, კაპიტნების, ლოცმანებისა და იუნგების ჩათვლით, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის ეკიპაჟი, რომლებიც საერთაშორისო სამართლის რაიმე სხვა დებულებათა ძალით მოპყრობის უფრო შეღავათიანი რეჟიმით არ სარგებლობენ.
(6) არაოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა, რომელიც მოწინააღმდეგის მოახლოებისას სტიქიურად იღებს ხელში იარაღს შემოჭრილი ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, მაგრამ ვერ ასწრებს რეგულარულ შეიარაღებულ შენაერთებად ფორმირებას, იმ პირობით, რომ ღიად ატარებს იარაღს და იცავს ომის კანონებსა და ჩვეულებებს.
ბ. წინამდებარე კონვენციის თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს მოეპყრობიან სამხედრო ტყვეების ანალოგიურად:
(1) პირები, რომლებიც ოკუპირებული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნიან ან ეკუთვნოდნენ, თუ ოკუპანტი ქვეყანა მათი ამ კუთვნილების გამო აუცილებლად მიიჩნევს მათ ინტერნირებას, მიუხედავად იმისა, რომ მან მანამდე გაათავისუფლა აღნიშნული პირები საომარი მოქმედებების ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა მიმდინარეობისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ წარუმატებლად სცადეს შეერთებოდნენ შეიარაღებულ ძალებს, რომელთაც ისინი ეკუთვნიან და რომლებიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ, ან თუ არ დაემორჩილნენ მათი ინტერნირების მიზნით გამოძახებას.
(2) ნეიტრალური ან არამეომარი სახელმწიფოების მიერ თავიანთ ტერიტორიაზე მიღებული პირები, რომლებიც წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილ ერთ-ერთ რომელიმე კატეგორიას მიეკუთვნებიან და რომელთა ინტერნირებაც მათ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა განახორციელონ, თუ მათთვის უფრო შეღავათიანი რეჟიმის შემოღებას არ მიანიჭებენ უპირატესობას; ამ პირებზე არ ვრცელდება მე-8, მე-10, მე-15 მუხლების, 30-ე მუხლის მეხუთე პარაგრაფის, 58-67-ე, 92-ე, 126-ე მუხლების დებულებები; აგრეთვე, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს და დაინტერესებულ ნეიტრალურ ან არამეომარ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში, იმ მუხლების დებულებები, რომელიც ეხება მფარველ სახელმწიფოებს. ასეთი დიპლომატიური ურთიერთობების არსებობისას, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, რომლებსაც ეკუთვნიან აღნიშნული პირები, უფლება აქვთ განახორციელონ მათ მიმართ წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული ფუნქციები იმ ვალდებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, რომლებსაც ეს მხარეები ჩვეულებრივ დიპლომატიური და საკონსულო პრაქტიკისა და ხელშეკრულებების შესაბამისად ახორციელებენ.
გ. ეს მუხლი არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს წინამდებარე კონვენციის 33-ე მუხლით გათვალისწინებულ სამედიცინო და სამხედრო სასულიერო პერსონალის სტატუსზე.
მუხლი 5
წინამდებარე კონვენცია მე-4 მითითებული პირების მიმართ გამოიყენება მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის მომენტიდან მათ საბოლოო გათავისუფლებასა და რეპატრიაციამდე.
საომარ მოქმედებაში მონაწილე და მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნილ პირთა მე-4 მუხლში ჩამოთვლილ კატეგორიათაგან ერთ-ერთისადმი კუთვნილების თაობაზე ეჭვის აღძვრის შემთხვევაში აღნიშნული პირები, უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მათი სტატუსის განსაზღვრამდე, წინამდებარე კონვენციის დაცვით ისარგებლებენ.
მუხლი 6
მე-10, 23-ე, 28-ე, 33-ე, მე-60, 65-ე, 66-ე, 67-ე, 72-ე, 73-ე, 75-ე, 109-ე, 110-ე, 118-ე, 119-ე, 122-ე და 132-ე მუხლებით გათვალისწინებული საგანგებო შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ საკითხზე, რომლის განსაკუთრებულად მოგვარებასაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან. არც ერთმა ასეთმა სპეციალურმა შეთანხმებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს სამხედრო ტყვეების წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას, ასევე არ უნდა შეზღუდოს კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებები.
სამხედრო ტყვეები სარგებლობენ ამ შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამ, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზემოაღნიშნული ან მომდევნო შეთანხმებები შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ საპირისპირო დებულებებს, ან მათ მიმართ კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ უფრო ხელსაყრელი ღონისძიებებია გამოყენებული.
მუხლი 7
სამხედრო ტყვეებს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ უარი თქვან იმ უფლებებზე, რომლებიც მათთვის წინამდებარე კონვენციითა და წინა მუხლში გათვალისწინებული სპეციალური შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში - თუისინი ამგვარ დებულებებს შეიცავენ- არის უზრუნველყოფილი.
მუხლი 8
წინამდებარე კონვენციის გამოყენება ხორციელდება მფარველი სახელმწიფოს ხელშეწყობითა და კონტროლით, რომელსაც ეკისრება კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს, თავიანთი დიპლომატიური ან საკონსულო პერსონალის გარდა, შეუძლიათ საკუთარი ან სხვა ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთაგან დელეგატების დანიშვნა. ამ დელეგატების დასანიშნად საჭიროა იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც მათ მისია უნდა შეასრულონ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან დელეგატებს მუშაობის განხორციელებისას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი.
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში
უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებენ.
მუხლი 9
წინამდებარე კონვენციის დებულებები დაბრკოლებას არ წარმოადგენს სამხედრო ტყვეთა დაცვისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნის მქონე ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, რომელიც შეიძლება განახორციელოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ან ნებისმიერმა სხვა მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეების თახმობით.
მუხლი 10
მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება ანდონ სრული მიუკერძოებლობის და ქმედითობის გარანტიის მიმცემ ორგანიზაციას.
თუ სამხედრო ტყვეებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან პირველ პარაგრაფში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმყოფებიან, თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან თავის თავზე აიღოს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დასახელებული მფარველი სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.
თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის განხორციელება, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს, ან მიიღოს რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, წინადადება თავის თავზე აიღოს წინამდებარე კონვენციის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.
ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.
დაუშვებელია ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, როცა საომარი მდგომარეობის გამო თუნდაც დროებით შეზღუდულია ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს შესაძლებლობა თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, თუ ოკუპირებულია ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი.
წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.
მუხლი 11
მფარველი სახელმწიფოები ყოველთვის, როდესაც დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე ამას მიზანშეწონილად ჩათვლიან, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების შემთხვევაში, კეთილ სამსახურს გაუწევენ მხარეებს უთანხმოებათა მოგვარების მიზნით.
ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მათი წარმომადგენლების, კერძოდ, სამხედრო ტყვეებზე პასუხისმგებელ ხელისუფალთა შეხვედრა შესაბამისად შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან მსვლელობა მისცენ ამ თვალსაზრისით მათთვის შეთავაზებული წინადადებების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მხარდასაჭერად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელსაც მიიწვევენ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
![]() |
4.2 კარი II ზოგადი ხასიათის დებულებები სამხედრო ტყვეთა დაცვის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 12
სამხედრო ტყვეები მოწინააღმდეგე სახელმწიფოს და არა მათი ტყვედ ჩამგდები ცალკეული პირების ან სამხედრო შენაერთების ხელისუფლებაში იმყოფებიან. მიუხედავად იმ პასუხისმგებლობისა, რომელიც ცალკეულ პირებს შეიძლება დაეკისროთ, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობაზე პასუხს დამატყვევებელი სახელმწიფო აგებს.
სახელმწიფოს თავის ხელში მყოფი სამხედრო ტყვეების გადაცემა შეუძლია მხოლოდ ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსათვის და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სახელმწიფოს, რომელსაც ტყვეები უნდა გადასცეს, სურს და შეუძლია ამ კონვენციის დებულებათა დაცვა. როდესაც ტყვეებს ამგვარი პირობების დაცვით გადასცემენ, კონვენციის გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა მათ მიმღებ სახელმწიფოს მანამ ეკისრება, სანამ ტყვეები მისი მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.
თუმცა, თუ ეს სახელმწიფო ამ კონვენციის ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის მარეგულირებელ დებულებებს არ შეასრულებს, სახელმწიფომ, რომელმაც ტყვეები გადასცა, მფარველი სახელმწიფოსგან შეტყობინების მიღებისთანავე მდგომარეობის გამოსასწორებლად ეფექტური ზომები უნდა მიიღოს ან მოითხოვოს სამხედრო ტყვეების დაბრუნება. ამგვარი მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს.
მუხლი 13
სამხედრო ტყვეებს ყოველთვის ჰუმანურად უნდა მოეპყრონ. აკრძალულია და წინამდებარე კონვენციის მძიმე დარღვევად ჩაითვლება დამატყვევებელი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი არაკანონიერი მოქმედება ან უმოქმედობა, რამაც შეიძლება მის ხელში მყოფი ტყვის გარდაცვალება გამოიწვიოს ან მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეუქმნას. კერძოდ, დაუშვებელია სამხედრო ტყვეთა დასახიჩრება ან მათზე ნებისმიერი სახის სამედიცინო ან სამეცნიერო ცდის ჩატარება, რომელიც მათი მკურნალობის მოსაზრებებით და მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ არის გამართლებული.
ამგვარადვე, სამხედრო ტყვეები ყოველთვის დაცული უნდა იყვნენ, განსაკუთრებით ძალადობისა და დაშინების ნებისმიერი აქტისაგან და შეურაცხყოფისა და ხალხის ცნობისმოყვარეობისგან.
აკრძალულია სამხედრო ტყვეების მიმართ რეპრესალიების გამოყენება.
მუხლი 14
ნებისმიერ გარემოებაში სამხედრო ტყვეებს აქვთ მათი პიროვნებისა და ღირსების პატივისცემის უფლება.
ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესის მიმართ შესაფერისი პატივისცემით და ყველა შემთხვევაში იმაზე არანაკლებ, ვიდრე მამაკაცებს. სამხედრო ტყვეები სრულად ინარჩუნებენ თავიანთ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას, რომლითაც დატყვევების დროს სარგებლობენ. დამატყვევებელ სახელმწიფოს თავის ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ ამ უფლებაუნარიანობით მინიჭებული უფლებების შეზღუდვა შეუძლია იმდენად, რამდენადაც ამას ტყვეობის პირობები მოითხოვს.
მუხლი 15
დამატყვევებელი სახელმწიფო ვალდებულია უფასოდ უზრუნველყოს სამხედრო ტყვეთა არსებობის პირობები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესატყვისი სამედიცინო დახმარება.
მუხლი 16
წინამდებარე კონვენციის დებულებების გათვალისწინებით, რომლებიც წოდებასა და სქესს შეეხება, დამატყვევებელი სახელმწიფო ყველა ტყვეს თანაბრად უნდა მოეპყროს რასის, ეროვნების, აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებების ან ანალოგიურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს პრივილეგირებული რეჟიმების არსებობა, რომლებიც ტყვეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის ან კვალიფიკაციის მიხედვით შეიძლება შემოიღონ.
![]() |
4.3 კარი III ტყვეობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.3.1 ნაწილი I ტყვეობის დასაწყისი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 17
ყოველი სამხედრო ტყვე დაკითხვისას ვალდებულია აცნობოს მხოლოდ თავისი გვარი, სახელი და წოდება, დაბადების თარიღი და სამხედრო დანაყოფის, პირადი ან სერიული ნომერი ან, მისი არქონის შემთხვევაში, სხვა თანაბარი მნიშვნელობის ინფორმაცია. თუ სამხედრო ტყვე შეგნებულად დაარღვევს ამ წესს, იგი შეიძლება მისი წოდების ან მდგომარეობის სამხედრო ტყვეებისათვის გათვალისწინებული უპირატესობების შეზღუდვის საფრთხის წინაშეაღმოჩნდეს.
კონფლიქტში მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია, მის იურისდიქციაში მყოფი ყოველი პირი, რომელიც შეიძლება ტყვედ ჩავარდეს, უზრუნველყოს გვარის, სახელის, წოდების, სამხედრო, დანაყოფის, პირადი ან სერიული ნომრის ან სხვა თანაბარი ინფორმაციისა და დაბადების თარიღის მითითების მქონე პირადობის მოწმობით. ამას გარდა, ეს მოწმობა შეიძლება შეიცავდეს მფლობელის ხელმოწერას ან თითის ანაბეჭდს, ან ორივეს ერთად; ასევე, საკუთარი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა მონაცემს, რომლის მითითებასაც კონფლიქტის მონაწილე მხარე მოისურვებს. პირადობის მოწმობა შეძლებისამებრ 6,5ხ10სმ. ზომის უნდა იყოს და ჰქონდეს ასლი. სამხედრო ტყვე ვალდებულია ნებისმიერი მოთხოვნისთანავე წარადგინოს მოწმობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისთვის ამ პირადობის მოწმობის ჩამორთმევა.
დაუშვებელია ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიღების მიზნით სამხედრო ტყვეების მიმართ ფიზიკური ან მორალური წამების ან სხვა სახის იძულებითი აქტების გამოყენება. დაუშვებელია მუქარა, შეურაცხყოფა ან ნებისმიერი სახის დევნა და შევიწროება იმ სამხედრო ტყვეების მიმართ, რომლებმაც შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადეს.
სამხედრო ტყვეები, რომელთაც თავიანთი ფიზიკური ან ფსიქიური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საკუთარი პიროვნების შესახებ ცნობების მიწოდება, სამედიცინო სამსახურს გადაეცემიან. ამ სამხედრო ტყვეთა ვინაობა, წინა პარაგრაფის დებულებათა გათვალისწინებითა და ყველა ნებადართული ხერხის გამოყენებით უნდა დადგინდეს. სამხედრო ტყვეთა დაკითხვა მათთვის გასაგებ ენაზე უნდა წარმოებდეს.
მუხლი 18
პირადი მოხმარების ყველა ნივთი და საგანი, გარდა იარაღის, ცხენების, საომარი აღჭურვილობისა და სამხედრო დოკუმენტებისა, რჩება სამხედრო ტყვეთა განკარგულებაში, ისევე როგორც ჩაჩქანები, აირწინაღები და მსგავსი ნივთები, რომლებიც მათ ინდივიდუალური დაცვისათვის გადაეცათ. მათ განკარგულებაში ასევე რჩება ნივთები და საგნები, რომლებიც მათი სამხედრო შემოსვის და კვებისათვის გამოიყენება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ნივთები და საგნები ოფიციალურ სამხედრო აღჭურვილობას მიეკუთვნება.
სამხედრო ტყვეები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არასდროს უნდა დარჩნენ. დამატყვევებელი სახელმწიფო ასეთ დოკუმენტებს აძლევს იმ პირებს, რომელთაც ისინი არა აქვს.
სამხედრო ტყვეს არ შეიძლება ჩამოერთვას წოდებისა და სახელმწიფოსადმი კუთვნილების ნიშნები, ორდენები და ნივთები, რომლებსაც, უმთავრესად პირადი ან სუბიექტური ფასეულობა აქვთ.
სამხედრო ტყვეებს მათ მფლობელობაში არსებული ფულადი თანხა შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ ოფიცრის განკარგულებით და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხის რაოდენობისა და მფლობელის მონაცემები სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირდება და ტყვეებს დაწვრილებითი ხელწერილი გადაეცემათ, რომელშიც გარკვევითაა აღნიშნული ხელწერილის გამცემი პირის სახელი, წოდება და სამხედრო ნაწილი. დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში არსებული თანხა ან ის თანხა, რომელიც სამხედრო ტყვის თხოვნით ამ ვალუტაზე გაიცვალა, მის პირად ანგარიშზე შეიტანება 64-ე მუხლის შესაბამისად.
დამატყვევებელ სახელმწიფოს სამხედრო ტყვისათვის ძვირფასი ნივთების ჩამორთმევა მხოლოდ უსაფრთხოების მოსაზრების საფუძველზე შეუძლია. ასეთ შემთხვევებში დაცული იქნება იგივე წესი, რაც ფულადი თანხის ჩამორთმევის შემთხვევაში.
აღნიშნული ნივთები, ასევე ჩამორთმეული ფულადი თანხა, თუ ისინი დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში არ იყო და მისი გაცვლა მფლობელს არ უთხოვია, დამატყვევებელმა სახელმწიფომ უნდა შეინახოს და ტყვეობის დამთავრებისთანავე სამხედრო ტყვეებს იმავე სახით დაუბრუნოს, როგორითაც ჩამოერთვათ.
მუხლი 19
სამხედრო ტყვეები, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტყვედ ჩავარდნიდან უმოკლეს ვადაში უნდა იყვნენ ევაკუირებულნი სამხედრო მოქმედებათა ზონიდან საკმაოდ დაშორებულ ბანაკებში.
საშიშ ზონაში დროებით შეიძლება დატოვონ მხოლოდ ის სამხედრო ტყვეები, რომლებსაც ევაკუაცია, მათი ჭრილობის ან ავადმყოფობის მდგომარეობის გამო, უფრო სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე ადგილზე დატოვება. აუცილებლობის გარეშე არ შეიძლება სამხედრო მოქმედებათა ზონიდან მათი ევაკუაციის მოლოდინში სამხედრო ტყვეების საფრთხეში ჩაყენება.
მუხლი 20
სამხედრო ტყვეთა ევაკუაცია ყოველთვის ჰუმანურად და იმ პირობების ანალოგიურად უნდა მოხდეს, რომელთაც დამატყვევებელი სახელმწიფო საკუთარ ჯარებს მათი გადაადგილებისას ანიჭებს.
სახელმწიფომ ევაკუირებული სამხედრო ტყვეები სათანადო რაოდენობის საკვებით, სასმელი წყლითა და ტანსაცმლით უნდა მოამარაგოს და უზრუნველყოს სამედიცინო დახმარებით. ევაკუაციის დროს, დამატყვევებელმა სახელმწიფომ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ყველა ზომა უნდა მიიღოს და პირველი შესაძლებლობისთანავე შეადგინოს ევაკუირებულ სამხედრო ტყვეთა სია.
იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ტყვეებს ევაკუაციისას სატრანზიტო ბანაკების გავლა მოუწევთ, მათი იქ ყოფნა რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს.
![]() |
4.3.2 ნაწილი II სამხედრო ტყვეების ინტერნირება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.3.2.1 თავი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 21
დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია სამხედრო ტყვეთა ინტერნირება. მას შეუძლია აუკრძალოს მათ ინტერნირების ბანაკის დადგენილი მიჯნის გარეთ გასვლა ან, თუ ბანაკს გარს მესერი აკრავს, ამ მესერს გარეთ გასვლა. წინამდებარე კონვენციის დებულებებით გათვალისწინებული იმ შემთხვევების გარდა, რომლებიც დისციპლინარულ და სისხლისსამართლებრივ სანქციებს ეხება, დაუშვებელია სამხედრო ტყვეთა ჩაკეტილ შენობაში მოთავსება, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც მიღებული ზომები მათი ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელია. ყოველ შემთხვევაში, ამ ღონისძიების გამოყენება მხოლოდ იმ პერიოდის განმავლობაშია დასაშვები, სანამ მისი გამომწვევი მიზეზები არ შეწყდება.
სამხედრო ტყვეებს პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე შეიძლება ნაწილობრივი ან სრული თავისუფლება მიენიჭოთ იმდენად, რამდენადაც ასეთი რამ იმ სახელმწიფოს კანონმდებლობითაა დაშვებული, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. კერძოდ, ეს ღონისძიება მაშინ გამოიყენება, როდესაც მას შეუძლია ტყვეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი. არ შეიძლება ტყვეთა იძულებით პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებაზე დათანხმება.
საომარი მოქმედებების დაწყებისას, კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე მოწინააღმდეგე მხარეს აცნობებს იმ კანონებსა და წესებს, რომელიც მის მოქალაქეებს ნებას რთავს ან უკრძალავს პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებას დაეთანხმონ. ამგვარად შეტყობინებული კანონებისა და წესების შესაბამისად პატიოსანი სიტყვის ან პირობის მიცემის საფუძველზე გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები ვალდებული არიან საკუთარი ღირსებით ზუსტად შეასრულონ აღებული ვალდებულებები როგორც იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, ისე მათი დამატყვევებელი სახელმწიფოს მიმართაც. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფომ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, მათგან არ უნდა მოითხოვოს ან არ უნდა მიიღოს რაიმე სამსახური, რომელიც მათ მიერ მიცემულ სიტყვას ან პირობას ეწინააღმდეგება.
მუხლი 22
სამხედრო ტყვეების ინტერნირება შეიძლება მხოლოდ ხმელეთზე განლაგებულ ისეთ ნაგებობებში, რომლებიც ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით ყველა გარანტიას ქმნის. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, რომელიც თავად ტყვეთა ინტერესებითაა გამართლებული, არ შეიძლება მათი ინტერნირება ციხის შენობებში.
არაჯანსაღ ან მათი ჯანმრთელობისათვის საზიანო კლიმატის პირობებში ინტერნირებული სამხედრო ტყვეები პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გადაიყვანონ უფრო ხელსაყრელი კლიმატის ადგილებში.
დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეებს ბანაკებში ან ბანაკის სექტორებში განათავსებს მათი ეროვნების, ენისა და ჩვეულებების გათვალისწინებით, მხოლოდ იმ პირობით, რომ სამხედრო ტყვეებს იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეებისგან არ განაცალკევებენ, რომელშიც ისინი ტყვედ ჩავარდნის მომენტში მსახურობდნენ. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ამაზე თანხმობას თავად ტყვეები გამოთქვამენ.
მუხლი 23
არც ერთი სამხედრო ტყვე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიგზავნოს იმ რაიონში, სადაც შეიძლება საომარი მოქმედებების ზონიდან უშუალოდ ცეცხლის ზონაში მოხვდეს. ასევე დაუშვებელია მათი დაკავება აღნიშნულ რაიონებში და ობიექტების საომარი ოპერაციებისაგან დაცვის მიზნით რაიმე პუნქტში ან რაიონში მათი ყოფნით სარგებლობა.
სამხედრო ტყვეები, ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობის მსგავსად, საჰაერო თავდასხმებისა და ომის სხვა საშიშროებისგან თავდასაცავად უნდა სარგებლობდნენ თავშესაფრებით. სამხედრო ტყვეებს, იმ პირების გამოკლებით, რომლებიც აღნიშნულ საფრთხეთაგან თავიანთი ნაგებობების დაცვაში მონაწილეობენ, რაც შეიძლება სწრაფად, განგაშის დაწყებისთანავე უნდა მიეცეთ თავშესაფარში შესვლის შესაძლებლობა. სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად გატარებული ყველა სხვა ღონისძიება უნდა გატარდეს სამხედრო ტყვეების მიმართაც.
დამატყვევებელი სახელმწიფოები, მფარველ სახელმწიფოთა მეშვეობით ერთმანეთს აცნობებენ ყველა საჭირო მონაცემს სამხედრო ტყვეთა ბანაკების გეოგრაფიული ადგილმდებარეობის შესახებ.
დღისით, როცა საომარი მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს შესაძლებელი იქნება, ბანაკები უნდა აღინიშნოს ასოებით „PW“ ან „PG“, რომლებიც ისე უნდა განლაგდეს, რომ საჰაერო სივრციდან გარკვევით ჩანდეს. თუმცა, დაინტერესებულ სახელმწიფოებს შეუძლიათ აღნიშვნის სხვა სისტემაზეც შეთანხმდნენ. ასეთი აღნიშვნა მხოლოდ სამხედრო ტყვეთა ბანაკებისთვისაა ნებადართული.
მუხლი 24
მუდმივი ხასიათის ტრანზიტული ან დასახარისხებელი ბანაკები თავისი მოწყობით უნდა პასუხობდეს წინამდებარე ნაწილში გათვალისწინებულის მსგავს პირობებს და მათში უნდა არსებობდეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის ისეთივე რეჟიმი, როგორიც სხვა ბანაკებში.
![]() |
4.3.2.2 თავი II სამხედრო ტყვეების განთავსება, კვება და ტანსაცმელი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 25
სამხედრო ტყვეთა ბანაკებში განთავსების პირობები იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს, რომლებითაც იმავე ადგილას განლაგებული დამატყვევებელი სახელმწიფოს ჯარები სარგებლობენ. ეს პირობები სამხედრო ტყვეთა ჩვევებისა და ჩვეულებების გათვალისწინებით უნდა დადგინდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს საზიანო მათი ჯანმრთელობისათვის.
კერძოდ, ზემოაღნიშნული დებულებები გამოიყენება სამხედრო ტყვეების საძილე სათავსოების მიმართ, როგორც ფართობის საერთო ზომისა და მინიმალური კუბატურის, ისე აღჭურვილობისა და საძილე საშუალებების, მათ შორის საბნების თვალსაზრისით.
სამხედრო ტყვეების ინდივიდუალური ან კოლექტიური მოხმარებისათვის განკუთვნილი შენობები მთლიანად უნდა იყოს დაცული ნესტისაგან, საკმარისად უნდა თბებოდეს და ნათდებოდეს, განსაკუთრებით სიბნელის დადგომასა და სინათლის გამორთვის დადგენილი დროის შორის მონაკვეთში. მიღებული უნდა იყოს ყველა ხანძარსაწინააღმდეგო ზომა.
იმ ბანაკებში, სადაც მამაკაცებთან ერთად სამხედრო ტყვე ქალები იმყოფებიან, მათთვის ცალკე საძილე სათავსოები უნდა უზრუნველყონ.
მუხლი 26
კვების ძირითადი დღიური რაციონი თავისი რაოდენობით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით საკმარისი უნდა იყოს სამხედრო ტყვეთა ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და მათი წონაში დაკლების ან არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ანგარიში უნდა გაეწიოს სამხედრო ტყვეთათვის ჩვეულ კვების რეჟიმსაც.
დამატყვევებელმა სახელმწიფომ მომუშავე სამხედრო ტყვეები, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს კვების დამატებითი რაციონით.
სამხედრო ტყვეები უნდა მოამარაგონ სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობით. თამბაქოს მოწევა ნებადართული უნდა იყოს.
სამხედრო ტყვეები შესაძლებლობების მაქსიმალურ ფარგლებში ჩაერთვებიან თავიანთი საკვების მომზადების პროცესში. ამ მიზნით შესაძლებელია სამზარეულოში მათი დასაქმება. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მოამზადონ კერძები მათ ხელთ არსებული დამატებითი პროდუქტებისგან.
კოლექტიური სადილობისათვის სათანადო სათავსოები უნდა გამოიყოს.
აკრძალულია კვებასთან დაკავშირებული ყოველგვარი კოლექტიური დისციპლინური სასჯელის დაკისრება.
მუხლი 27
დამატყვევებელი სახელმწიფო, იმ ადგილის კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სადაც სამხედრო ტყვეები იმყოფებიან, სამხედრო ტყვეებს უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობის ტანსაცმლით, თეთრეულითა და ფეხსაცმლით. დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ ხელში ჩაგდებული მოწინააღმდეგე მხარის შეიარაღებული ძალების საფორმო ტანსაცმლის გამოყენება შეიძლება სამხედრო ტყვეების შესამოსად, თუ ეს უკანასკნელი კლიმატური პირობების შესაფერისია.
ზემოაღნიშნული ნივთების რეგულარულ შეცვლა-განახლებას დამატყვევებელი სახელმწიფო უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მომუშავე სამხედრო ტყვეები შესაბამის ტანსაცმელს ყველგან მიიღებენ, სადაც ეს მათი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე იქნება აუცილებელი.
მუხლი 28
ყველა ბანაკში უნდა მოეწყოს სურსათ-სანოვაგის მაღაზიები, სადაც სამხედრო ტყვეები შეძლებენ შეიძინონ კვების პროდუქტები, საპონი, თამბაქო და პირადი მოხმარების საგნები, რომელთა გასაყიდი ფასიც ადგილობრივ საბაზრო ფასებს არ უნდა აღემატებოდეს.
სურსათ-სანოვაგის მაღაზიების ვაჭრობიდან მიღებული მოგება სამხედრო ტყვეების ინტერესებს უნდა მოხმარდეს, რისთვისაც უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი. ტყვეთა წარმომადგენელს უფლება ექნება მონაწილეობა მიიღოს სურსათ-სანოვაგის მაღაზიის მუშაობასა და ამ ფონდის გამოყენებაში.
ბანაკის ლიკვიდაციის შემთხვევაში, სპეციალური ფონდის საკრედიტო სალდო გადაეცემა რომელიმე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, რათა ის იმ სახელმწიფოების სამხედრო ტყვეთა ინტერესებისთვის გამოიყენონ, რომლის მოქალაქენიც სამხედრო ტყვეები იყვნენ და რომლებმაც ამ ფონდის შექმნაში თავისი წვლილი შეიტანეს. საყოველთაო რეპატრიაციისას, დაინტერესებულ ქვეყნებს შორის საწინააღმდეგო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მოგება დამატყვევებელ სახელმწიფოსთან რჩება.
![]() |
4.3.2.3 თავი III ჰიგიენა და სამედიცინო დახმარება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 29
დამატყვევებელი სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ჰიგიენასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ზომა, რომელიც საჭიროა ბანაკებში სისუფთავისა და ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი მდგომარეობის შესაქმნელად და ეპიდემიების გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
დღისით და ღამით სამხედრო ტყვეების განკარგულებაში იქნება საპირფარეშოები, რომლებიც ჰიგიენის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. ყველა ბანაკში, სადაც სამხედრო ტყვე ქალები იმყოფებიან, მათთვის ცალკე საპირფარეშოები უნდა გამოიყოს.
აბანოებისა და საშხაპეების გარდა, რომლებიც ბანაკებში მოეწყობა, სამხედრო ტყვეები სხეულის ყოველდღიური ჰიგიენის დაცვისა და თეთრეულის გასარეცხად საკმარისი წყლითა და საპნით იქნებიან უზრუნველყოფილნი; საამისოდ გამოიყოფა მათთვის საჭირო სათავსოები, საშუალებები და დრო.
მუხლი 30
ყოველ ბანაკს ექნება შესაბამისი ლაზარეთი, სადაც სამხედრო ტყვეები საჭირო სამედიცინო დახმარებას მიიღებენ და სადაც მათ აუცილებელი კვების რეჟიმით უზრუნველყოფენ. საჭიროების შემთხვევაში, გადამდები სნეულებებით და სულიერად დაავადებული ავადმყოფებისათვის შეიქმნება იზოლატორები.
სამხედრო ტყვეები, რომლებიც მძიმედ არიან ავად ან რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციალურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს, უნდა განთავსდნენ მათი მკურნალობის შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ სამხედრო თუ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში მაშინაც კი, თუკი ახლო მომავალში მოსალოდნელია მათი რეპატრიაცია. განსაკუთრებული პირობები შეიქმნება ინვალიდების, კერძოდ ბრმების მოსავლელად და რეპატრიაციის მოლოდინში მათ სარეაბილიტაციოდ.
სამხედრო ტყვეებს სამედიცინო დახმარებას უპირატესად იმ სახელმწიფოს სამედიცინო პერსონალი აღმოუჩენს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და რომელიც, შეძლებისამებრ, იგივე ეროვნული კუთვნილებისაა. არ შეიძლება ხელი შეეშალოს სამხედრო ტყვეთა სამედიცინო პერსონალთან მიღებაზე მისვლას. ტყვედ ამყვანი ხელისუფლება ყოველ სამხედრო ტყვეს, რომელიც მკურნალობს, მისი თხოვნის საფუძველზე, მისცემს ოფიციალურ ცნობას დაავადების ან ჭრილობის ხასიათის, მკურნალობის ხანგრძლივობისა და ხასიათის შესახებ. ამ ცნობის დუბლიკატი სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გაეგზავნება.
სამხედრო ტყვეთა მკურნალობის ხარჯებს, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის აუცილებელი რაიმე მოწყობილობების, კერძოდ, კბილის ან სხვა პროთეზების და სათვალეების შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების ჩათვლით, გაიღებს დამატყვევებელი სახელმწიფო.
მუხლი 31
სამხედრო ტყვეთა სამედიცინო შემოწმება უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, თვეში ერთხელ. სამედიცინო შემოწმებისას შემოწმდება და ჩაიწერება თითოეული სამხედრო ტყვის წონა. კერძოდ, ეს შემოწმებები მიზნად ისახავს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, კვებასა და სამხედრო ტყვეთა სისუფთავეზე ზედამხედველობას, აგრეთვე გადამდები სნეულებების, განსაკუთრებით ტუბერკულოზის, მალარიისა და ვენერიული დაავადებების გამოვლენას. ამისათვის გამოიყენება ყველაზე ეფექტური ხელმისაწვდომი მეთოდები, მაგალითად, ტუბერკულოზის ადრეულ სტადიაში გამოსავლენად - მიკროფირზე პერიოდული ზოგადი რენტგენის სურათების გადაღება.
მუხლი 32
სამხედრო ტყვეებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურს არ ეკუთვნიან, მაგრამ არიან ექიმები, კბილის ექიმები, სანიტრები (ქალები და მამაკაცები) დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია თავიანთი სამედიცინო მოვალეობების შესრულება იმ სამხედრო ტყვეთა სასარგებლოდ მოსთხოვონ, რომლებიც მათ მსგავსად იმავე სახელმწიფოს ეკუთვნიან. ასეთ შემთხვევაში ეს პირები კვლავაც სამხედრო ტყვეებად დარჩებიან, მაგრამ ისეთივე მოპყრობით ისარგებლებენ, როგორითაც დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ დაკავებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი. ისინი 49-ე მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა სამუშაოსგან გათავისუფლდებიან.
![]() |
4.3.2.4 თავი IV სამხედრო ტყვეებისთვის დახმარების გასაწევად დაკავებული სამედიცინო და სასულიერო პერსონალი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 33
დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ სამხედრო ტყვეთათვის დახმარების გასაწევად დაკავებული სამედიცინო და სასულიერო პერსონალი სამხედრო ტყვეებად არ ჩაითვლებიან. მიუხედავად ამისა, ისინი, სულ მცირე, წინამდებარე კონვენციით მინიჭებული უპირატესობებითა და მფარველობით ისარგებლებენ; მათ სამხედრო ტყვეთათვის სამედიცინო და სასულიერო დახმარების გაწევისათვის აუცილებელი ყველა პირობა შეექმნებათ.
აღნიშნული პირები დამატყვევებელი სახელმწიფოს სამხედრო კანონებისა და განკარგულებების ფარგლებში და ამ ქვეყნის საამისოდ უფლებამოსილი ორგანოების ხელმძღვანელობით, პროფესიული ეთიკის შესატყვისად თავიანთი სამედიცინო და სასულიერო მოვალეობების შესრულებას უპირატესად იმ შეიარაღებული ძალების სამხედრო ტყვეების მიმართ განაგრძობენ, რომელსაც თავად ეკუთვნიან. გარდა ამისა, სამედიცინო და სასულიერო მოვალეობების შესრულებისას ისინი შემდეგი შეღავათებით ისარგებლებენ:
(ა) უფლებამოსილი იქნებიან პერიოდულად მოინახულონ ბანაკის გარეთ სამუშაო ბანაკებსა და ჰოსპიტლებში მყოფი სამხედრო ტყვეები. ამ მიზნით, დამატყვევებელმა სახელმწიფომ უნდა გამოყოს მათთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებები.
(ბ) ყოველ ბანაკში წოდებითა და სტაჟით უფროსი სამხედრო ექიმი ბანაკის სამხედრო ხელისუფლების წინაშე პასუხისმგებელია დაკავებული სამედიცინო პერსონალის პროფესიულ საქმიანობაზე. ამ მიზნით, საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს სამედიცინო პერსონალის, აგრეთვე მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 26-ე მუხლში მითითებულ საზოგადოებათა პერსონალის წოდებათა შეფარდებას უთანხმებენ. ამ ექიმებსა და სასულიერო პირებს მათ პროფესიულ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ბანაკის სამხედრო და სამედიცინო ხელისუფლებისთვის პირდაპირ მიმართვის შესაძლებლობა ექნებათ; ეს უკანასკნელნი მათ ამ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოების სათანადო შესაძლებლობას შეუქმნიან.
(გ) მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული პერსონალი ბანაკის შინაგანაწესს ემორჩილება, არ შეიძლება მათი იძულება შეასრულონ სამუშაო, რომელიც მათ სამედიცინო ან რელიგიურ მოვალეობებს არ უკავშირდება.
საომარი მოქმედებების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები დაკავებული პერსონალის შესაძლო გათავისუფლებაზე თანხმდებიან და ამგვარი გათავისუფლების პროცედურულ წესს ადგენენ.
არც ერთი წინა დებულება დამატყვევებელ სახელმწიფოს არ ათავისუფლებს სამხედრო ტყვეთა სამედიცინო და სასულიერო ხასიათის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სფეროში მასზე დაკისრებული მოვალეობებისგან.
![]() |
4.3.2.5 თავი V რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 34
სამხედრო ტყვეებს სრული თავისუფლება მიენიჭებათ მათი რელიგიური წესების აღსასრულებლად, შესაბამის რელიგიურ წირვებზე დასწრების ჩათვლით, იმ პირობით, რომ ისინი სამხედრო ხელისუფლების მიერ დაწესებულ დისციპლინურ წესრიგს დაიცავენ.
უნდა გამოიყოს რელიგიური მსახურებისათვის საჭირო სათავსოები.
მუხლი 35
მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრილ სამხედრო სასულიერო პერსონალს, რომელიც სამხედრო ტყვეთა დასახმარებლად დარჩა ან დააკავეს, უფლება ექნება მათ სულიერ მოთხოვნილებებს მოემსახუროს და თავისი რელიგიური აღმსარებლობის შესაბამისად, თავისი მოვალეობები ერთმორწმუნეთა შორის თავისუფლად აღასრულოს. მათ სხვადასხვა ბანაკსა და სამუშაო რაზმში გაანაწილებენ, სადაც იმავე შეიარაღებული ძალების კუთვნილი, იმავე ენაზე მოსაუბრე ან იმავე რელიგიური აღმსარებლობის სამხედრო ტყვეები იმყოფებიან. სასულიერო პერსონალს საჭირო საშუალებები მიეცემა მათი ბანაკის ფარგლებს გარეთ მყოფი სამხედრო ტყვეების მოსანახულებლად, 33-ე მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით. აღნიშნული პირები მათ რელიგიურ მოვალეობებთან დაკავშირებით ისარგებლებენ დამაკავებელი სახელმწიფოს სასულიერო ხელისუფლებასა და საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციებთან თავისუფალი მიმოწერის უფლებით; აღნიშნული მიმოწერა შეიძლება დაექვემდებაროს ცენზურას. მათ მიერ ამ მიზნით გაგზავნილი წერილები და საფოსტო ბარათები 71-ე მუხლით დადგენილ ნორმაში არ მოექცევა.
მუხლი 36
ტყვედ ჩავარდნილი სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთი შეიარაღებული ძალების სასულიერო პერსონალის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, უფლებამოსილი იქნებიან მათი რელიგიური აღმსარებლობისდა მიუხედავად, თავისუფლად განახორციელონ თავისი მოვალეობები ერთმორწმუნეთა შორის. ამ თვალსაზრისით, მათ ისევე მოეპყრობიან, როგორც დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ დაკავებულ სამხედრო სასულიერო პერსონალის წარმომადგენლებს. დაუშვებელია მათთვის რაიმე სხვა სახის სამუშაოს შესრულების იძულება.
მუხლი 37
იმ შემთხვევებში, როცა სამხედრო ტყვეები დაკავებული სამხედრო სასულიერო პერსონალის წარმომადგენლის ან მათი აღმსარებლობის სამხედრო ტყვე სასულიერო პირის სულიერი დახმარებით არ სარგებლობენ, დაინტერესებულ სამხედრო ტყვეთა თხოვნით, ამ მოვალეობათა შესასრულებლად მათი ან მსგავსი აღმსარებლობის სასულიერო პირი დაინიშნება, ან, თუ ასეთი პირი არ ჰყავთ, ამ საქმის მცოდნე სამოქალაქო პირი, თუ ეს რელიგიური თვალსაზრისით დასაშვებია. ეს დანიშვნა უნდა დაამტკიცოს დამატყვევებელმა სახელმწიფომ. ის დაინტერესებული სამხედრო ტყვეების საზოგადოების თანხმობითა და, საჭიროების შემთხვევაში, იმავე აღმსარებლობის ადგილობრივი სასულიერო ხელისუფლების დასტურით უნდა განხორციელდეს. ამგვარად დანიშნული პირი ვალდებული იქნება დამატყვევებელი სახელმწიფოს მიერ დისციპლინისა და სამხედრო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული წესებით იმოქმედოს.
მუხლი 38
პატივისცემით მოეპყრობა რა ყოველი სამხედრო ტყვის პირად მიდრეკილებებს, დამატყვევებელი სახელმწიფო ხელს შეუწყობს სამხედრო ტყვეთა ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და გასართობ აქტივობას. მან საამისოდ სამხედრო ტყვეობის განმგებლობაში შესაბამისი სათავსოებისა და საჭირო ინვენტარის გადაცემის გზით აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს.
სამხედრო ტყვეებს უნდა ჰქონდეთ ფიზიკური ვარჯიშისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა, სპორტისა და სპორტული თამაშების ჩათვლით. ამ მიზნით, ყოველ ბანაკში საკმარისი ზომის თავისუფალი სივრცე უნდა გამოიყოს.
![]() |
4.3.2.6 თავი VI დისციპლინა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 39
სამხედრო ტყვეთა ყოველი ბანაკი დამატყვევებელი სახელმწიფოს რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პასუხისმგებელი ოფიცრის უშუალო დაქვემდებარებაში მოექცევა. ამ ოფიცერს წინამდებარე კონვენციის ტექსტი თან ექნება; იგი უზრუნველყოფს კონვენციის ტექსტის დებულებების გაცნობას ბანაკის მთელი პერსონალისა და მცველებისათვის და პასუხისმგებელი იქნება თავისი მთავრობის კონტროლის ქვეშ კონვენციის დებულებათა გამოყენებაზე.
სამხედრო ტყვეებმა, ოფიცრების გამოკლებით, დამატყვევებელი ქვეყნის ჯარის ოფიცრების მიმართ უნდა გამოხატონ მათი არმიის წესდებით გათვალისწინებული მისალმებისა და პატივისცემის გარეგანი ნიშნები.
სამხედრო ტყვე-ოფიცერი მხოლოდ მასზე უფროსი წოდების მქონე დამატყვევებელი სახელმწიფოს ოფიცრებს ესალმება, მაგრამ ვალდებულია მიესალმოს ბანაკის უფროსს, მიუხედავად მისი წოდებისა.
მუხლი 40
ნებადართული უნდა იყოს განმასხვავებელი და მოქალაქეობის აღმნიშვნელი ნიშნების, ასევე ორდენების ტარება.
მუხლი 41
სამხედრო ტყვეთა ენაზე დაწერილი წინამდებარე კონვენციის და მისი დანართების ტექსტი, აგრეთვე მე-6 მუხლით გათვალისწინებული ყველა სპეციალური შეთანხმების შინაარსი ყველა ბანაკში ისეთ ადგილზე გამოიკვრება, სადაც თითოეულ სამხედრო ტყვეს მისი წაკითხვის შესაძლებლობა მიეცემა. შესაბამისი თხოვნის საფუძველზე, კონვენციის ტექსტს იმ სამხედრო ტყვეებსაც გააცნობენ, რომელთაც თვითონ ამის წაკითხვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
სამხედრო ტყვეებს სამხედრო ტყვეთა მოქცევასთან დაკავშირებულ ყოველგვარ წესს, ბრძანებას, განცხადებასა და პუბლიკაციას მათთვის გასაგებ ენაზე მიაწვდიან. მათ ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად გააკრავენ და ეგზემპლიართა გარკვეულ რაოდენობას ტყვეთა წარმომადგენელს გადასცემენ. ცალკეულ სამხედრო ტყვეთა მიმართ ყველა ბრძანება და განკარგულება ასევე მათთვის გასაგებ ენაზე უნდა გაიცეს.
მუხლი 42
სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ, კერძოდ, მათი გაქცევის ან გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, იარაღის გამოყენება, უკიდურესი სახის ღონისძიებაა და მას ვითარებიდან გამომდინარე ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს გაფრთხილებები.
![]() |
4.3.2.7 თავი VII სამხედრო ტყვეების სამხედრო წოდებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 43
საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლში მითითებული ყველა პირის სამხედრო წოდებასა და თანამდებობას შეატყობინებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთნაირი მოპყრობა თანაბარი წოდების ტყვეების მიმართ. მოგვიანებით დადგენილი თანამდებობები და წოდებები ანალოგიურ შეტყობინებას დაექვემდებარება.
დამატყვევებელი სახელმწიფო ცნობს სამხედრო ტყვეთა წოდებრივ დაწინაურებას, რომლის შესახებაც, შესაბამისი სახით, იმ სახელმწიფოსგან შეიტყობს, რომელსაც ეს ტყვეები ეკუთვნიან.
მუხლი 44
ოფიცრებსა და მათთან გათანაბრებულ სამხედრო ტყვეებს მათი წოდებისა და ასაკის შესაბამისი პატივისცემით უნდა მოეპყრონ.
ოფიცერთა ბანაკების მომსახურების უზრუნველსაყოფად, ოფიცერთა და მათთან გათანაბრებული პირების წოდებათა გათვალისწინებით, უნდა გამოიყოს იმავე შეიარაღებული ძალების და, თუ შესაძლებელია, იმავე ენაზე მოსაუბრე სამხედრო ტყვე ჯარისკაცთა სათანადო რაოდენობა. არ შეიძლება ასეთი მორიგეებისთვის ნებისმიერი სხვა სახის სამუშაოს შესრულების დაკისრება.
წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა ყოველნაირად უნდა წახალისდეს თავად ოფიცერთა მიერ.
მუხლი 45
სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ოფიცრები ან მათთან გათანაბრებული პირები არ არიან, მათი წოდებისა და ასაკის შესაბამისი პატივისცემით მოეპყრობიან.
წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა ყოველნაირად უნდა წახალისდეს თავად სამხედრო ტყვეთა მიერ.
![]() |
4.3.2.8 თავი VIII სამხედრო ტყვეთა გადაყვანა მათი ბანაკში მიყვანის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 46
სამხედრო ტყვეთა გადაყვანის საკითხის გადაწყვეტისას, დამატყვევებელმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს თვით სამხედრო ტყვეთა ინტერესები, რათა მათ რეპატრიაციას დამატებითი სიძნელეები არ შეუქმნას.
სამხედრო ტყვეთა გადაყვანა ყოველთვის ჰუმანურად უნდა განხორციელდეს და არ უნდა მოხდეს იმაზე ცუდ პირობებში, რომელთაც დამატყვევებელი სახელმწიფო გადაადგილებისას საკუთარ ჯარებს უქმნის. ყოველთვის მხედველობაში უნდა მიიღებოდეს კლიმატური პირობები, რომელსაც სამხედრო ტყვეები არიან მიჩვეულნი და გადაადგილების პირობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მათი ჯანმრთელობისათვის საზიანო.
ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ სამხედრო ტყვეების გადაადგილებისას მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უნდა მოამარაგოს საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლითა და საკვებით, ამასთანავე, უზრუნველყოს ისინი აუცილებელი ტანსაცმლით, თავშესაფრითა და სამედიცინო დახმარებით. ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ყველა ზომა, განსაკუთრებით ზღვით გადაყვანისას, და მათ გამგზავრებამდე შეადგინოს გადასაყვან სამხედრო ტყვეთა სრული სია.
მუხლი 47
დაჭრილ და ავადმყოფ სამხედრო ტყვეებს, თუ მათი უსაფრთხოება ამას დაჟინებით არ მოითხოვს, არ გადააადგილებენ მანამდე, სანამ გადაადგილება მათი ჯანმრთელობისათვის საფრთხის მომცველი იქნება. სამხედრო ტყვეთა რომელიმე ბანაკთან ფრონტის ხაზის მოახლოებისას, ბანაკში მყოფ სამხედრო ტყვეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადააადგილებენ, თუ ეს საკმარისი უსაფრთხოების პირობებშია შესაძლებელი ან თუ ადგილზე დატოვება მათ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე გადაყვანა.
მუხლი 48
გადაყვანის შემთხვევაში სამხედრო ტყვეებს ოფიციალურად უნდა შეატყობინონ მათი გადაადგილების შესახებ და აცნობონ ახალი საფოსტო მისამართი. ეს შეტყობინება უნდა განხორციელდეს წინასწარ, რათა ტყვეებმა მოასწრონ ნივთების ჩალაგება და ახლო ნათესავების გაფრთხილება.
სამხედრო ტყვეებს ნებას რთავენ თან წაიღონ პირადი ნივთები, კორესპონდენცია და მათ სახელზე მოსული გზავნილები. როცა ამას გადაყვანის გარემოებები მოითხოვს, ამ ნივთების წონა შეიძლება იმ ზომამდე შეიზღუდოს, რომლის ნორმალურად ტარებაც სამხედრო ტყვეს შეუძლია, მაგრამ ნებადართული წონა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 25 კილოგრამს ადამიანზე.
ადრინდელი ბანაკის მისამართზე გაგზავნილი კორესპონდენცია და გზავნილები მათ დაუყოვნებლივ გადაეგზავნებათ. ბანაკის მეთაური, სამხედრო ტყვეთა წარმომადგენელთან შეთანხმებით, მიიღებს აუცილებელ ზომებს სამხედრო ტყვეთა საერთო ქონებისა და იმ საგნების გადატანის უზრუნველსაყოფად, რომელთა თან წაღებაც მათ მეორე პარაგრაფში მითითებული შეზღუდვების გამო ვერ მოახერხეს.
გადაადგილების ხარჯებს გაიღებს ტყვედ ამყვანი სახელმწიფო.
![]() |
4.3.3 ნაწილი III სამხედრო ტყვეთა დასაქმება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 49
ტყვედ ამყვან სახელმწიფოს შეუძლია შრომისუნარიანი სამხედრო ტყვეების სამუშაო ძალის სახით გამოყენება მათი ასაკის, სქესის, სამხედრო წოდებისა და ფიზიკური მონაცემების გათვალისწინებით, რათა მათ კარგი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა შეინარჩუნონ.
დატყვევებულ უნტერ-ოფიცრებს შეიძლება მხოლოდ საზედამხედველო სამუშაოს შესრულება მოეთხოვოთ. უნტერ-ოფიცრებს, რომლებსაც ასეთი სამუშაო არ მოეთხოვებათ, შეუძლიათ მათთვის შესაფერისი სხვა სამუშაოს გამოყოფა ითხოვონ, რომელიც მათთვის შეძლებისამებრ უნდა გამოიძებნოს. თუ ოფიცრები და მათთან გათანაბრებული პირები მათთვის შესაფერის სამუშაოს ითხოვენ, მათ იგი შეძლებისამებრ მიეცემათ, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია მათი იძულებით მუშაობა.
მუხლი 50
თავისი ბანაკების მართვასთან, აღჭურვასა და წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სამუშაოების გარდა, სამხედრო ტყვეები იძულებითი წესით შეიძლება მხოლოდ ისეთი კატეგორიების სამუშაოებზე ამუშაონ, როგორიცაა:
(ა) სოფლის მეურნეობა;
(ბ) მრეწველობის მომპოვებელი ან გადამამუშავებელი დარგები, გარდა მეტალურგიული, მანქანათმშენებლობისა და ქიმიური მრეწველობის, ასევე სამხედრო ხასიათის ან სამხედრო მიზნის არმქონე საზოგადოებრივი სამუშაოები და მშენებლობები;
(გ) სატრანსპორტო ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, რომლებსაც სამხედრო ხასიათი ან დანიშნულება არა აქვს;
(დ) კომერციული საქმიანობა, ხელოვნება და ხელოსნობა;
(ე) საოჯახო მომსახურების სამუშაოები;
(ვ) კომუნალური მომსახურება, რომელსაც სამხედრო ხასიათი ან დანიშნულება არა აქვს.
ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევის შემთხვევაში სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ წარადგინონ საჩივარი 78-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 51
სამხედრო ტყვეები შესაფერისი სამუშაო პირობებით უნდა უზრუნველყონ განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბინას, კვებას, ტანისამოსსა და აღჭურვილობას შეეხება; ეს პირობები არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, რითაც მსგავს სამუშაოებზე მომუშავე ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მოქალაქეები სარგებლობენ. ამასთანავე, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული კლიმატური პირობებიც. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო სამხედრო ტყვეთა შრომის გამოყენებისას, სამუშაო ადგილებზე მათ უზრუნველყოფს შრომის დაცვასთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობის შესრულებას, კერძოდ კი უსაფრთხოების წესების დაცვას.
სამხედრო ტყვეებმა უნდა გაიარონ მომზადება და მათ მიმართ უნდა გატარდეს შრომის დაცვის ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოს და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის გათვალისწინებული ამგვარი ღონისძიებების მსგავსია. 52-ე მუხლის დებულებათა შესრულების პირობით, დასაშვებია სამხედრო ტყვეების დასაქმება ისეთ ჩვეულებრივ რისკთან დაკავშირებულ სამუშაოებზე, რომელსაც სამოქალაქო პირები ექვემდებარებიან.
ყოვლად დაუშვებელია უფრო მძიმე სამუშაო პირობების შექმნა დისციპლინური ღონისძიებების გატარებით.
მუხლი 52
არ შეიძლება სამხედრო ტყვის არაჯანსაღ ან სახიფათო სამუშაოზე გამოყენება, თუ იგი ამაზე ნებაყოფლობით არ თანხმდება.
არ შეიძლება რომელიმე სამხედრო ტყვის ისეთ სამუშაოზე გამოყენება, რომელიც დამატყვევებელი სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურისათვის დამამცირებლად ითვლება.
ნაღმების ან სხვა მსგავსი ჭურვების გაუვნებელყოფა სახიფათო სამუშაოდ ჩაითვლება.
მუხლი 53
სამხედრო ტყვეთა სამუშაო დღის ხანგრძლივობა, სამუშაოზე მისასვლელად და უკან დასაბრუნებელი საჭირო დროის ჩათვლით, ნორმას არ უნდა აჭარბებდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მოქალაქეთა რიგებიდან ამ რაიონში იმავე სამუშაოზე მომუშავე სამოქალაქო მუშაკებისათვის დადგენილი სამუშაო დღის ხანგრძლივობას.
სამხედრო ტყვეებს სამუშაო დღის შუაში უნდა მიეცეთ სულ მცირე ერთი საათის შესვენება მაინც; თუ ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მუშაკებისათვის გათვალისწინებული შესვენება უფრო ხანგრძლივია, იგი ამ უკანასკნელის მსგავსი უნდა იყოს. გარდა ამისა, სამხედრო ტყვეებს, კვირაში ერთხელ დამატებით, უპირატესად კვირა დღეს ან მათ ქვეყანაში დაწესებულ დასვენების დღეს, უწყვეტი ოცდაოთხსაათიანი დასვენების უფლება უნდა მიეცეთ. ამასთანავე, ყოველ სამხედრო ტყვეს, რომელმაც ერთი წელი იმუშავა, უნდა მიეცეს უწყვეტი რვადღიანი დასვენება სამუშაო ანაზღაურების შენარჩუნებით.
ისეთი სამუშაო ფორმის გამოყენებამ, როგორიცაა ნარდობა, არ უნდა გამოიწვიოს სამუშაო დღის მეტისმეტად გახანგრძლივება.
მუხლი 54
სამხედრო ტყვეთა სამუშაო ანაზღაურების ოდენობა წინამდებარე კონვენციის 62-ე მუხლის დებულებების თანახმად განისაზღვრება.
სამხედრო ტყვეებს, რომლებიც სამუშაოზე უბედური შემთხვევის გამო დაშავდნენ, მუშაობისას ან სამუშაოსთან დაკავშირებით დაავადდნენ, მათი მდგომარეობის შესაბამისი სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ. ამას გარდა, ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ მათ უნდა მისცეს სამედიცინო მოწმობა, რომლითაც ისინი თავისი უფლებების დასაბუთებას შეძლებენ იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც თავად ეკუთვნიან. მოწმობის ასლი 123-ე მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გადაეცემა.
მუხლი 55
სამხედრო ტყვეთა შრომითი ვარგისიანობა პერიოდულად, სულ მცირე თვეში ერთხელ სამედიცინო გამოკვლევების გზით მოწმდება. შემოწმების დროს, სამხედრო ტყვის მიერ შესრულებული სამუშაოს ხასიათს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს.
თუ სამხედრო ტყვე თავს შრომისუუნაროდ მიიჩნევს, მას ნება უნდა დართონ ეჩვენოს ბანაკის სამედიცინო პერსონალს. ექიმებს შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ მათი აზრით შრომისუუნარო ტყვეების სამუშაოსგან გათავისუფლებას.
მუხლი 56
სამუშაო რაზმების ორგანიზაცია და ადმინისტრაცია ისეთივე უნდა იყოს, როგორიც სამხედრო ტყვეთა ბანაკებისთვისაა გათვალისწინებული.
ყველა სამუშაო რაზმი სამხედრო ტყვეთა ბანაკის კონტროლს ემორჩილება და ადმინისტრაციულად მას ექვემდებარება. სამხედრო ხელისუფლების ორგანოები და აღნიშნული ბანაკის უფროსი, თავისი მთავრობის კონტროლის ქვეშ, პასუხს აგებენ სამუშაო რაზმში წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულებაზე.
ბანაკის მეთაურს მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს მის ბანაკს დაქვემდებარებული სამუშაო რაზმების სია და უნდა წარუდგინოს იგი მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე სხვა ორგანიზაციების დელეგატებს, რომლებიც შეიძლება ბანაკს ეწვიონ.
მუხლი 57
სამხედრო ტყვეებს, რომლებიც კერძო პირებთან მუშაობენ, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს უკანასკნელნი მათი დაცვისა და მფარველობის პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებენ, სულ მცირე ისევე უნდა მოეპყრონ, როგორც ეს წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული. სამხედრო ტყვეების მოვლის, მათზე ზრუნვის, მათთან მოპყრობისა და სამუშაოს ანაზღაურების სრული პასუხისმგებლობა იმ ტყვედ ამყვან სახელმწიფოს, სამხედრო ხელისუფლების ორგანოებსა და ბანაკის მეთაურს ეკისრება, რომელსაც სამხედრო ტყვეები ექვემდებარებიან.
ასეთ სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ იმ ბანაკების წარმომადგენლებთან ჰქონდეთ კავშირი, რომლებსაც ისინი ეკუთვნიან.
![]() |
4.3.4 ნაწილი IV სამხედრო ტყვეთა ფულადი სახსრები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 58
საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, ამ საკითხის მფარველ სახელმწიფოსთან შეთანხმებამდე, დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია დაადგინოს, ნაღდი ანგარიშით ან სხვა ანალოგიური ფორმით, იმ თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც სამხედრო ტყვემ შეიძლება თან იქონიოს. სამხედრო ტყვისათვის ჩამორთმეული ან დაკავებული ზედმეტი თანხა, რომელიც მისი კანონიერი საკუთრებაა, ისევე როგორც მის მიერ შეტანილი ყველა ფულადი ანაბარი, მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხება და მისი თანხმობის გარეშე სხვა ვალუტაზე არ გაიცვლება.
იმ შემთხვევაში, როცა სამხედრო ტყვეებისთვის ნებადართული იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით ბანაკის გარეთ რაიმეს შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა, ფულს თავად სამხედრო ტყვე ან ბანაკის ადმინისტრაცია იხდის, გადახდილი თანხის შესაბამისი სამხედრო ტყვის პირადი ანგარიშის დებეტზე შეტანით. ამ კუთხით დამატყვევებელი სახელმწიფო ვალდებულია შეიმუშაოს სათანადო პროცედურები.
მუხლი 59
მე-18 მუხლის თანახმად დატყვევების მომენტში სამხედრო ტყვისათვის დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში ჩამორთმეულ ფულად სახსრებს, წინამდებარე ნაწილის 64-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, თითოეული მათგანის პირადი ანგარიშის კრედიტზე შეიტანენ.
ტყვეთა პირადი ანგარიშის კრედიტზე ასევე შეიტანენ დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში არსებულ იმ ფულად სახსრებსაც, რომლებიც დატყვევების მომენტში ტყვეებისათვის ჩამორთმეული სხვა ვალუტის გაცვლის შედეგად მიიღება.
მუხლი 60
სამხედრო ტყვეებს დამატყვევებელი სახელმწიფო ფულადი უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიურად უხდის ავანსს. ავანსის რაოდენობა ამ ქვეყნის ვალუტაზე გადაანგარიშებული შემდეგი თანხებით განისაზღვრება:
I კატეგორია: სერჟანტზე ნაკლები წოდების ტყვეები - 8 შვეიცარიული ფრანკი.
II კატეგორია: სერჟანტები და სხვა უნტერ-ოფიცრები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 12 შვეიცარიული ფრანკი.
III კატეგორია: მაიორზე ნაკლები წოდების ოფიცრები კაპიტნის წოდების ჩათვლით ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 50 შვეიცარიული ფრანკი.
IV კატეგორია: მაიორები, ვიცე-პოლკოვნიკები, პოლკოვნიკები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 60 შვეიცარიული ფრანკი.
V კატეგორია: გენერლები ან შესაბამისი წოდების ტყვეები - 75 შვეიცარიული ფრანკი.
თუმცა, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს სპეციალური შეთანხმებების მეშვეობით შეუძლიათ ზემოაღნიშნული კატეგორიების სამხედრო ტყვეთათვის კუთვნილი ავანსის ოდენობა შეცვალონ.
ამას გარდა, თუ პირველ პარაგრაფში მითითებული თანხა ტყვედ ამყვან სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურეთათვის განკუთვნილ გასამრჯელოს ბევრად აღემატება ან ტყვედ ამყვან სახელმწიფოს რაიმე მიზეზით სერიოზულ სიძნელეებს შეუქმნის, ეს უკანასკნელი იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც ეკუთვნიან სამხედრო ტყვეები, ზემოხსენებული თანხის ოდენობის ცვლილების შესახებ სპეციალური შეთანხმების დადებამდე განახორციელებს შემდეგ ქმედებებს:
(ა) განაგრძობს სამხედრო ტყვეთა პირად ანგარიშზე პირველ პარაგრაფში მითითებული თანხის ჩარიცხვას;
(ბ) დროებით შეზღუდავს თანხების იმ ოდენობას, რომელიც ავანსის თანხიდან ეძლევათ პირადი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გონივრული ოდენობის თანხით, რომელიც, ამასთანავე, პირველი კატეგორიის პირთათვის იმ თანხაზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომელსაც დამატყვევებელი სახელმწიფო საკუთარი შეიარაღებული ძალების წევრებს უხდის.
ნებისმიერი შეზღუდვის მიზეზი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს.
მუხლი 61
დამატყვევებელმა სახელმწიფომ იმ სახელმწიფოსაგან, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, უნდა მიიღოს მათთვის დამატებითი ფულადი უზრუნველყოფის სახით გამოგზავნილი ფულადი სახსრები იმ პირობით, რომ ეს თანხა ერთი და იმავე კატეგორიის სამხედრო ტყვეებზე თანაბრად განაწილდება, ამ სახელმწიფოზე დამოკიდებულ აღნიშნული კატეგორიის ყველა ტყვეს გადაეცემა და რომ ამ ფულად სახსრებს უმოკლედ ვადაში, 64-ე მუხლის თანახმად თითოეული ტყვის პირად ანგარიშზე შეიტანენ. მოცემული დამატებითი ფულადი სახსრები დამატყვევებელ სახელმწიფოს ამ კონვენციით მისთვის დაკისრებული რაიმე მოვალეობისაგან არ ათავისუფლებს.
მუხლი 62
ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხელისუფლება სამხედრო ტყვეებს, რომლებიც უშუალოდ მის გამგებლობაში იმყოფებიან, უხდის მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის სამართლიანი ოდენობის გასამრჯელოს. აღნიშნული ხელისუფლება ადგენს გასამრჯელოს ოდენობას, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს ერთ მეოთხედ შვეიცარიულ ფრანკზე ნაკლები სრული სამუშაო დღისათვის. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით მის მიერ დადგენილ დღიური გასამრჯელოს ოდენობას აცნობებს იმ ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან.
ხელისუფლება, რომლის უშუალო გამგებლობაშიც იმყოფებიან სამხედრო ტყვეები, გასამრჯელოს იმ სამხედრო ტყვეებსაც უხდის, რომლებიც ბანაკის მართვასთან, შიდა მოწყობასთან და მოვლა-მოწესრიგებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებითა და ხელობით მუდმივად არიან დაკავებულნი; ასევე იმ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც ჩართულნი არიან თანამებრძოლთა სამედიცინო და სასულიერო მომსახურებაში.
ტყვეთა წარმომადგენლის, მისი თანაშემწეების ან მისი კონსულტანტების, თუ ასეთები არსებობენ, სამუშაო გასამრჯელო სურსათ-სანოვაგის მაღაზიებიდან შემოსული მოგების ფონდიდან უნდა იყოს ანაზღაურებული. შესრულებული სამუშაოსათვის გასამრჯელოს ოდენობას ადგენს ტყვეთა წარმომადგენელი და შემდგომში ამტკიცებს ბანაკის უფროსი. ასეთი ფონდის არარსებობის შემთხვევაში, ამ სამხედრო ტყვეებს სამართლიანი ოდენობის სამუშაო გასამრჯელოს დამატყვევებელი ხელისუფლება უხდის.
მუხლი 63
სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ მათ სახელზე პერსონალურად ან კოლექტიურად გამოგზავნილი ფულადი გადარიცხვები მიიღონ.
ყოველ სამხედრო ტყვეს უფლება აქვს შემდეგ მუხლში მითითებული თავისი ანგარიშის საკრედიტო სალდო ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში გამოიყენოს, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოთხოვნილი თანხის გადახდას. იმ პირობით, რომ შესრულდება დამატყვევებელი სახელმწიფოს თვალსაზრისით აუცილებელი ფინანსური და სავალუტო შეზღუდვები, სამხედრო ტყვეებს შესაძლებლობა ექნებათ გადარიცხვები საზღვარგარეთაც აწარმოონ. ასეთ შემთხვევაში უპირატესობა სამხედრო ტყვეთა კმაყოფაზე მყოფი პირების სახელზე გადარიცხვებს მიენიჭება.
სამხედრო ტყვეს ნებისმიერ შემთხვევაში და იმ სახელმწიფოს თანხმობით, რომელსაც იგი ეკუთვნის, ექნება თავის ქვეყანაში თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა შემდეგი პროცედურის შესაბამისად: დამატყვევებელი სახელმწიფო, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით, ზემოაღნიშნულ სახელმწიფოს გადასცემს ავიზოს, რომელშიც არის ყველა აუცილებელი მონაცემი გადამხდელისა და ფულის მიმღების შესახებ, ასევე აღნიშნულია გადასახდელი თანხის რაოდენობა დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში. აღნიშნულ ავიზოს ხელს აწერენ დაინტერესებული სამხედრო ტყვე და ბანაკის მეთაური. დამატყვევებელი სახელმწიფო ამ თანხას სამხედრო ტყვის ანგარიშის დებეტზე ჩაწერს; ამ დებეტს დამატყვევებელი სახელმწიფო იმ სახელმწიფოს კრედიტზე ჩაწერს, რომელსაც სამხედრო ტყვე ეკუთვნის.
ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენების მიზნით, დამატყვევებელ სახელმწიფოს შეუძლია წინამდებარე კონვენციის V დანართში მოყვანილი სამოდელო წესებით ისარგებლოს.
მუხლი 64
დამატყვევებელი სახელმწიფო ყოველი სამხედრო ტყვის სახელზე ხსნის პირად ანგარიშს, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს:
(1) თანხას, რომელიც სამხედრო ტყვეს ეკუთვნის ან მიღებული აქვს ფულადი უზრუნველყოფისათვის ავანსის, სამუშაო გასამრჯელოს სახით ან რაიმე სხვა წყაროდან; სამხედრო ტყვეთათვის დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში ჩამორთმეულ ფულად თანხას; სხვა ჩამორთმეულ თანხას, რომელიც სამხედრო ტყვის თხოვნით აღნიშნული ქვეყნის ვალუტაშია გადაყვანილი.
(2) ტყვისთვის ნაღდ ანგარიშზე ან სხვა მსგავსი ფორმით გაცემულ თანხას; მისი სახელით ან თხოვნით გადარიცხულ თანხას; 63-ე მუხლის მესამე პარაგრაფის თანახმად გადარიცხულ თანხას.
მუხლი 65
სამხედრო ტყვის ანგარიშში გაკეთებული ყოველი ჩანაწერი ხელმოწერილი ან პარაფირებული უნდა იყოს სამხედრო ტყვის ან მისი სახელით მოქმედი ტყვეთა წარმომადგენლის მიერ.
სამხედრო ტყვეებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ანგარიშების მდგომარეობის გაცნობისა და მათი ასლების მიღების შესაძლებლობა, აღნიშნული ანგარიშების შემოწმების უფლება, ასევე, აქვთ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ბანაკების მონახულების ჟამს.
სამხედრო ტყვეებს ერთი ბანაკიდან მეორეში გადაყვანისას თან მიჰყვებათ მათი პირადი ანგარიშებიც. ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნისათვის ტყვეების გადაცემის შემთხვევაში თანხა, რომელიც დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტაში არ არის გადაყვანილი, ტყვეებთან ერთად გადადის. ანგარიშის კრედიტზე დარჩენილი თანხის შესახებ მათ უნდა მიეცეთ სათანადო მოწმობა.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დროდადრო, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით, ერთმანეთს სამხედრო ტყვეთა ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობა აცნობონ.
მუხლი 66
სამხედრო ტყვის გათავისუფლების ან რეპატრიაციის შედეგად ტყვეობის დამთავრების შემდეგ დამატყვევებელმა სახელმწიფომ მას უნდა მისცეს სათანადოდ რწმუნებული ოფიცრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება მისთვის კუთვნილი საკრედიტო სალდო. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით, იმ სახელმწიფოს, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, უგზავნის იმ სამხედრო ტყვეთა სიებს, რომელთა ტყვეობა რეპატრიაციით, გათავისუფლებით, გაქცევით, გარდაცვალებით ან სხვაგვარად დასრულდა, სიებს თან უნდა ახლდეს საკრედიტო სალდოს შესახებ ინფორმაცია. ამ სიის თითოეული ფურცელი ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს რწმუნებული წარმომადგენლის მიერ უნდა დამოწმდეს.
ამ მუხლის ნებისმიერი ზემოაღნიშნული დებულება შეიძლება კონფლიქტის მონაწილე მხარეთა ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე შეიცვალოს.
სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის სამხედრო ტყვე, პასუხისმგებელია მასთან იმ საკრედიტო სალდოს გასწორებაზე, რომელიც მას და მატყვევებელი სახელმწიფოსგან ტყვეობის დამთავრების შემდეგ ეკუთვნის.
მუხლი 67
მე-60 მუხლის თანახმად ტყვეებისათვის ფულადი უზრუნველყოფის სახით გაცემული ავანსები იმ სახელმწიფოს მიერ გაცემულ ავანსებად ითვლება, რომელსაც იგი ეკუთვნის. ამგვარი ავანსები, აგრეთვე 63-ე მუხლის მესამე პარაგრაფში და 68-ე მუხლში გათვალისწინებული სხვა გადახდილი თანხა, საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენს.
მუხლი 68
სამხედრო ტყვის ნებისმიერი მოთხოვნა სამუშაოს შედეგად დასახიჩრების ან ინვალიდობისათვის კომპენსაციის თაობაზე მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელსაც იგი ეკუთვნის. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, ყველა შემთხვევაში, 54-ე მუხლის თანახმად გასცემს დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია დასახიჩრების ან ინვალიდობის სახე, მისი გამომწვევი გარემოებები და მონაცემები გაწეული სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს პასუხისმგებელი ოფიცერი, ხოლო სამედიცინო მონაცემებს სამედიცინო სამსახურის ექიმი ამოწმებს.
სამხედრო ტყვის ნებისმიერი მოთხოვნა იმ პირადი ნივთების, ფულისა თუ ძვირფასეულობის კომპენსაციის თაობაზე, რომელიც ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ მას მე-18 მუხლის თანახმად ჩამოართვა და რომელიც მას რეპატრიაციის დროს არ დაუბრუნდა, ასევე კომპენსაციის მოთხოვნა ზარალისათვის, რომელიც, მისი აზრით მან დამატყვევებელი სახელმწიფოს ან მისი ნებისმიერი წარმომადგენლის გამო განიცადა, ეგზავნება იმ სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირი ეკუთვნის. თუმცა, ტყვეობაში ყოფნის დროს პირადი მოხმარებისათვის აუცილებელი ყოველგვარი ნივთი ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხარჯზე გამოიცვლება. დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეს ყველა შემთხვევაში აძლევს პასუხისმგებელი ოფიცრის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელშიც მითითებულია ყველა ის მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ნივთები, ფული ან ძვირფასეულობა მას არ დაუბრუნდა. ამ დოკუმენტის ასლს 123-ე მუხლში მითითებული სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალური სააგენტო იმ სახელმწიფოს უგზავნის, რომელსაც ეკუთვნის სამხედრო ტყვე.
![]() |
4.3.5 ნაწილი V სამხედრო ტყვეთა ურთიერთობა გარე სამყაროსთან |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 69
მოხვდებიან რა სამხედრო ტყვეები ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხელისუფლებაში, მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით დამატყვევებელი სახელმწიფო სამხედრო ტყვეებს და იმ სახელმწიფოს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, წინამდებარე ნაწილის დებულებათა შესასრულებლად მიღებული ღონისძიებების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინებს. ამასთანავე, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო დაინტერესებულ მხარეებს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას აცნობებს.
მუხლი 70
ყოველ სამხედრო ტყვეს, დატყვევების მომენტიდან ან ბანაკში მიყვანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა, მაშინაც კი, როცა ეს სატრანზიტო ბანაკია, აგრეთვე ავადმყოფობის ან ლაზარეთში ან სხვა ბანაკში გაგზავნის შემთხვევაში, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ერთი მხრივ თავის ოჯახს, მეორე მხრივ კი 123-ე მუხლში გათვალისწინებულ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალურ სააგენტოს გაუგზავნოს საფოსტო ბარათი, რომელიც შეძლებისამებრ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშის მიხედვით შედგება. ამ საფოსტო ბარათით იგი აცნობებს ტყვედ ჩავარდნის ფაქტს, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისამართს. აღნიშნული ბარათები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიგზავნოს და მათი ნებისმიერი სახით დაყოვნება დაუშვებელია.
მუხლი 71
სამხედრო ტყვეებისათვის ნებადართულია წერილებისა და საფოსტო ბარათების გაგზავნა და მიღება. თუ დამატყვევებელი სახელმწიფო აუცილებლად მიიჩნევს სამხედრო ტყვის მიერ წარმოებული კორესპონდენციის შეზღუდვას, მან, სულ მცირე თვეში ორი წერილისა და ოთხი ბარათის გაგზავნის ნება მაინც უნდა მისცეს 70-ე მუხლში გათვალისწინებული ბარათების გამოკლებით, რომლებიც, შეძლებისამებრ, წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშების მიხედვით შედგება. სხვა შეზღუდვების შემოღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა მფარველი სახელმწიფო საფუძვლიანად მიიჩნევს, რომ ეს შეზღუდვები თავად სამხედრო ტყვეთა სასიკეთოდ ხდება ან იმ სიძნელეთა გამო, რომლებსაც დამატყვევებელი სახელმწიფო აუცილებელი ცენზურისათვის საჭირო სათანადო რაოდენობის კვალიფიციური თარჯიმნების მოძიება ში აწყდება. როცა სამხედრო ტყვეების მისამართით მოსულ კორესპონდენციაზე წესდება შეზღუდვა, ამის შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში დამატყვევებელი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. ასეთი წერილები და ბარათები დამატყვევებელი სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველაზე სწრაფი საშუალებებით იგზავნება; მათი დაკავება ან შეფერხება დისციპლინური ზემოქმედების მიზნით დაუშვებელია.
იმ სამხედრო ტყვეთათვის, რომლებსაც ახლო ნათესავებისგან დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ ცნობები ან ჩვეულებრივი გზით მათი მიღების ან გაგზავნის შესაძლებლობა არა აქვთ, აგრეთვე მათთვის, რომლებიც თავისი სამშობლოსგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, ნებადართული იქნება დეპეშების გაგზავნა. დეპეშების საფასური უნდა იქნას შეტანილი დამატყვევებელ სახელმწიფოსთან არსებული მათი ანგარიშის დებეტზე ან უნდა გადაიხადოს მათ განკარგულებაში არსებული ნაღდი ფულით. დეპეშების გაგზავნის შესაძლებლობა სამხედრო ტყვეებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებშიც უნდა მიეცეთ.
როგორც წესი, სამხედრო ტყვეების კორესპონდენციის წარმოება ხდება მშობლიურ ენაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ დაუშვან კორესპონდენციის სხვა ენებზე წარმოებაც.
სამხედრო ტყვეთა კორესპონდენციის ტომრები სათანადოდ უნდა დაილუქოს, მათზე ტომრის შემადგენლობის ზუსტი აღწერის მქონე ეტიკეტი უნდა დაიკრას და დანიშნულების ადგილის საფოსტო განყოფილების მისამართზე გაიგზავნოს.
მუხლი 72
სამხედრო ტყვეებს ფოსტით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილები, რომლებშიც შეიძლება იყოს კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, მედიკამენტები, ასევე მათი რელიგიური მოთხოვნილებების, განათლებისა და გართობისთვის საჭირო ნივთები წიგნების, რელიგიური დანიშნულების საგნების, სამეცნიერო მუშაობისთვის საჭირო აპარატურის, საგამოცდო მასალების, მუსიკალური ინსტრუმენტების, სპორტული ინვენტარისა და იმ მასალების ჩათვლით, რომელიც სამხედრო ტყვეებს სწავლის ან შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
აღნიშნული გზავნილები ტყვედ ამყვან სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციით მისთვის დაკისრებული ვალდებულებებისგან არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს.
ამგვარ გზავნილებზე შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომელიც თვით სამხედრო ტყვეთა ინტერესებიდან გამომდინარე, მფარველი სახელმწიფოს მიერაა შეთავაზებული, ანდა, რომლებიც ტრანსპორტისა და საკომუნიკაციო სისტემის განსაკუთრებული გადატვირთვის შემთხვევაში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის მიერაა შეთავაზებული, ისიც მხოლოდ მათი გზავნილების მიმართ.
ინდივიდუალური და კოლექტიური გზავნილების გაგზავნის წესი, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გახდეს დაინტერესებულ სახელმწიფოთა სპეციალური შეთანხმების საგანი, აღნიშნულიმა წესებმა სამხედრო ტყვეთა დასახმარებლად გამოგზავნილი ამანათების მიღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხოს. აკრძალულია პროდუქტებსა და ტანისამოსთან ერთად წიგნების ჩადება. მედიკამენტები, როგორც წესი, კოლექტიური გზავნილებით იგზავნება.
მუხლი 73
დაინტერესებულ სახელმწიფოთა შორის დახმარების კოლექტიური გზავნილების მიღებისა და განაწილების წესის შესახებ სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე კონვენციაზე თანდართული, კოლექტიურ გზავნილებთან დაკავშირებული წესები.
ზემოაღნიშნული სპეციალური შეთანხმებები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ტყვეთა წარმომადგენლების უფლებას მიიღონ და სამხედრო ტყვეთა ინტერესების შესაბამისად გაანაწილონ და განკარგონ სამხედრო ტყვეებისთვის განკუთვნილი კოლექტიური გზავნილები.
ამასთანავე, ამ შეთანხმებებით დაუშვებელია მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეების დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის გზავნილების გადაცემაზე პასუხისმგებელი წარმომადგენლების კოლექტიური გზავნილების მიმღებთა შორის განაწილების ზედამხედველობის უფლების შეზღუდვა.
მუხლი 74
სამხედრო ტყვეთათვის განკუთვნილი დახმარების ყოველგვარი გზავნილი თავისუფლდება საიმპორტო, საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან.
კორესპონდენცია, დახმარების გზავნილები და ნებადართული ფულადი გადარიცხვები, რომლებიც სამხედრო ტყვეების მისამართით ან მათ მიერ პირდაპირ ან 122-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობათა ბიუროს, ან 123-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით ფოსტითაა გაგზავნილი, თავისუფლდება ყოველგვარი საფოსტო გადასახადისგან როგორც გამგზავნ და დანიშნულების, ისე შუალედურ სახელმწიფოებშიც.
სამხედრო ტყვეთათვის გათვალისწინებული დახმარების გზავნილების გადაგზავნასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც თავისი წონის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო მათ ფოსტით ვერ გაეგზავნებათ, მის კონტროლს დაქვემდებარებულ მთელ ტერიტორიაზე გაიღებს და მატყვევებელი სახელმწიფო. კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოები გაიღებენ მათ ტერიტორიაზე გადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, გზავნილების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებზეც ზემოაღნიშნული შეღავათები არ ვრცელდება, გამგზავნი გადაიხდის.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან, შეძლებისამებრ სამხედრო ტყვეების მიერ ან მათთვის გაგზავნილი დეპეშებისათვის დაწესებული ნიხრი შეამცირონ.
მუხლი 75
იმ შემთხვევაში, როცა საომარი მოქმედებები დაინტერესებულ სახელმწიფოებს ხელს უშლის 70-ე, 71-ე, 72-ე და 77-ე მუხლებში მითითებული ვალდებულების შესრულებაში, დაინტერესებულ მფარველ სახელმწიფოებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ აღიარებულ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას შეუძლიათ თავის თავზე აიღონ ამ გზავნილების სათანადო სატრანსპორტო საშუალებებით (სარკინიგზო ვაგონები, საბარგო ავტომანქანები, გემები, თვითმფრინავები, ა.შ.) გადაზიდვა. ამ მიზნით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან გამოყონ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები და დაუშვან მათი მოძრაობა მათთვის აუცილებელი საშვების გაცემის გზით.
ამ სატრანსპორტო საშუალებებით დასაშვებია შემდეგი ტვირთის გადაზიდვა:
(ა) კორესპონდენცია, სიები და ანგარიშები, რომლებსაც ერთმანეთში 123-ე მუხლში მითითებული ცნობათა ცენტრალური სააგენტო და 122-ე მუხლში მითითებული ეროვნული ბიურო ცვლიან;
(ბ) სამხედრო ტყვეთა შესახებ კორესპონდენცია და ანგარიშები, რომელსაც ცვლიან მფარველი სახელმწიფოები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან სამხედრო ტყვეთა დამხმარე სხვა ორგანიზაციები როგორც თავის წარმომადგენლებთან, ისე კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან.
ეს დებულებები არ ზღუდავს კონფლიქტის მონაწილე ნებისმიერ მხარეს უზრუნველყოს ტრანსპორტირების სხვა საშუალება, თუკი ამგვარი უპირატესობა განსაზღვრულია, ან გასცეს საშვი იმ პირობებით, რომლებიც ორმხრივი შეთანხმებებით შეიძლება დადგინდეს.
სპეციალური შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში ამ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს კონფლიქტის მონაწილე მხარეები იმის პროპორციულად გაიღებენ, თუ რომელი მათგანის მოქალაქეთა სასარგებლოდაა ეს მომსახურება გაწეული.
მუხლი 76
სამხედრო ტყვეების მისამართით ან მათ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ცენზურა შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს. ცენზურის განხორციელება მხოლოდ გამგზავნ და მიმღებ სახელმწიფოებს შეუძლიათ და ისიც თითოეულ მათგანს მხოლოდ ერთხელ.
სამხედრო ტყვეების მისამართით გზავნილების დათვალიერება ისეთ პირობებში არ უნდა მოხდეს, რომელსაც შეუძლია გზავნილებში მოთავსებული კვების პროდუქტების დაცულობას საფრთხე შეუქმნას; იმ შემთხვევებში, როცა საქმე ბეჭდვით ან წერილობით მასალებს ეხება, დათვალიერება ადრესატის ან მისი სათანადოდ რწმუნებული თანადატყვევებული პირის თანდასწრებით უნდა მოხდეს. არ შეიძლება ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილების ტყვეებისათვის გადაცემის შეფერხება ცენზურასთან დაკავშირებული სირთულეების მიზეზით.
კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ სამხედრო ან პოლიტიკური მიზეზებით შემოღებული კორესპონდენციის ნებისმიერი აკრძალვა მხოლოდ დროებით ხასიათს უნდა ატარებდეს და რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს.
მუხლი 77
ტყვედ ამყვანი სახელმწიფოები ყველა პირობას შექმნიან იმისთვის, რომ მფარველი სახელმწიფოს ან 123-ე მუხლში გათვალისწინებული სამხედრო ტყვეთა საქმეების ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, მოხდეს სამხედრო ტყვეთათვის განკუთვნილი ან მათ მიერ წარმოდგენილი აქტების, საქმიანი ქაღალდებისა და დოკუმენტების, განსაკუთრებით მინდობილობებისა და ანდერძების გადაცემა.
ყველა შემთხვევაში, დამატყვევებელი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან სამხედრო ტყვეებს დაეხმარონ ამ დოკუმენტების მომზადებასა და აღსრულებაში; კერძოდ, დართონ ნება გაიარონ იურისტთან კონსულტაცია და მიიღონ აუცილებელი ზომები ტყვეთა ხელმოწერის დასამოწმებლად.
![]() |
4.3.6 ნაწილი VI სამხედრო ტყვეთა ურთიერთობა ხელისუფლებასთან |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.3.6.1 თავი I სამხედრო ტყვეთა საჩივრები ტყვეობის რეჟიმის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 78
სამხედრო ტყვეებს უფლება აქვთ, მათი ტყვეობის პირობების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ იმ სამხედრო ხელისუფლებას, რომლის განმგებლობაშიც იმყოფებიან.
მათ ასევე აქვთ შეუზღუდავი უფლება ტყვეთა წარმომადგენლის მეშვეობით ან, თუ საჭიროდ ჩათვლიან, პირადად, მიმართონ მფარველ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, რათა მათი ყურადღება ტყვეობის იმ ასპექტებს მიაპყრონ, რომელთან მიმართებაშიც მათ რაიმე საჩივარი შეიძლება ჰქონდეთ.
ეს შუამდგომლობები და საჩივრები არ შეიზღუდება და 71-ე მუხლში მითითებული კორესპონდენციის კვოტის შემადგენელ ნაწილად არ ჩაითვლება. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადასცენ და მათი დაუსაბუთებლობის დამტკიცების შემთხვევაში აღნიშნულ ქმედებებს რაიმე ზომები არ უნდა მოყვეს.
ტყვეთა წარმომადგენლებს შეუძლიათ მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ბანაკებში შექმნილი მდგომარეობისა და სამხედრო ტყვეთა საჭიროებების შესახებ პერიოდული მოხსენებები გაუგზავნონ.
![]() |
4.3.6.2 თავი II სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 79
სამხედრო ტყვეთა სამყოფელ ყველა ადგილას, ოფიცერთა სამყოფელი ადგილების გამოკლებით, სამხედრო ტყვეები თავისუფლად, ფარული კენჭისყრით, ყოველ ექვს თვეში, აგრეთვე ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში, აირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებმაც ისინი სამხედრო ხელისუფლების ორგანოთა, მფარველ სახელმწიფოთა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და მათი დამხმარე სხვა ორგანიზაციების წინაშე უნდა წარმოადგინონ. შესაძლებელია ტყვეთა წარმომადგენლების გადარჩევა.
ოფიცერთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ბანაკებში ან შერეულ ბანაკებში ტყვეთა წარმომადგენლებად ცნობენ წოდებითა და სტაჟით უფროს სამხედრო ტყვე ოფიცერს. ოფიცერთა ბანაკებში მათ ეხმარება ოფიცერთა წრიდან არჩეული ერთი ან რამდენიმე კონსულტანტი; შერეულ ბანაკებში მათ თანაშემწეებს აირჩევენ იმ სამხედრო ტყვეებიდან, რომელთაც არ აქვთ ოფიცრის წოდება.
სამხედრო ტყვეთა შრომით ბანაკებში უნდა განთავსდნენ იმავე მოქალაქეობის სამხედრო ტყვე ოფიცრები, რათა მათ სამხედრო ტყვეებისათვის დაკისრებული ადმინისტრაციული ფუნქციები შეასრულონ. ამ მუხლის პირველი პარაგრაფის დებულებათა თანახმად ეს ოფიცრები შეიძლება ტყვეთა წარმომადგენლებად იქნენ არჩეულნი. ასეთ შემთხვევაში ტყვეთა წარმომადგენლის თანაშემწეებს აირჩევენ იმ სამხედრო ტყვეებიდან, რომელთაც ოფიცრის წოდება არა აქვთ.
ტყვეთა ყოველი არჩეული წარმომადგენელი, ვიდრე იგი თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგებოდეს, უნდა დაამტკიცოს ტყვედ ამყვანმა სახელმწიფომ. იმ შემთხვევაში, თუ დამატყვევებელი სახელმწიფო უარს იტყვის სამხედრო ტყვეების მიერ არჩეული სამხედრო ტყვის დამტკიცებაზე, მან უარის მიზეზები უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს.
ყველა შემთხვევაში ტყვეთა წარმომადგენლის მოქალაქეობა, ენა და ჩვეულებები იგივე უნდა იყოს, რაც იმ სამხედრო ტყვეებისა, რომლებსაც იგი წარმოადგენს. ამრიგად, მოქალაქეობის, ენისა და ჩვეულებების მიხედვით სხვადასხვა სექტორში განაწილებულ სამხედრო ტყვეებს, წინა პარაგრაფების დებულებათა მიხედვით, ყოველ სექტორში თავისი ტყვეთა წარმომადგენელი ეყოლებათ.
მუხლი 80
ტყვეთა წარმომადგენლებმა ხელი უნდა შეუწყონ სამხედრო ტყვეთა ფიზიკურ, მორალურ და ინტელექტუალურ კეთილდღეობას.
კერძოდ, თუ ტყვეები ურთიერთდახმარების სისტემის ორგანიზებას გადაწყვეტენ, ეს ორგანიზება ტყვეთა წარმომადგენლის განმგებლობაში უნდა მოექცეს წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით მასზე დაკისრებული სპეციალური ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად.
ტყვეთა წარმომადგენლები, მხოლოდ თავისი ვალდებულებებიდან გამომდინარე, სამხედრო ტყვეების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე პასუხს არ აგებენ.
მუხლი 81
ტყვეთა წარმომადგენლები არ უნდა აიძულონ შეასრულონ ნებისმიერი სხვა სამუშაო, რომელიც დააბრკოლებს მათი ფუნქციების შესრულებას.
ტყვეთა წარმომადგენლებს შეუძლიათ სამხედრო ტყვეთაგან დანიშნონ თანაშემწეები. მათ მიეცემათ ყველა პრაქტიკული საშუალება, კერძოდ, მათი ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი გადაადგილების გარკვეული თავისუფლება (სამუშაო რაზმების მონახულება, დახმარების გზავნილების მიღება, ა.შ.).
ტყვეთა წარმომადგენლებისათვის ნებადართული იქნება იმ სათავსოების მონახულება, რომლებშიც სამხედრო ტყვეები არიან განთავსებულნი და ამ უკანასკნელთ ექნებათ თავის წარმომადგენელთან თავისუფალი კონსულტაციის უფლება.
ამასთანავე, ტყვეთა წარმომადგენლებს ექნებათ დამატყვევებელ ხელისუფლებასთან, მფარველ სახელმწიფოებთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და მათ დელეგატებთან, შერეულ სამედიცინო კომისიებთან, აგრეთვე სამხედრო ტყვეთა დამხმარე სხვა ორგანიზაციებთან საფოსტო და სატელეგრაფო მიმოწერის წარმოების ყველა შესაძლებლობა. ასეთივე შეთავაზებით ისარგებლებენ სამუშაო რაზმების ტყვეთა წარმომადგენლები ძირითადი ბანაკის ტყვეთა წარმომადგენელთან მიმოწერისას. დაუშვებელია ასეთი მიმოწერისათვის რაიმე შეზღუდვის დაწესება და იგი 71-ე მუხლში მითითებული კვოტის სათვალავში არ უნდა მოექცეს.
ტყვეთა წარმომადგენელს, რომელიც სხვა ადგილას გადაჰყავთ, თავისი შემცვლელის საქმის კურსში ჩასაყენებლად საკმარისი დრო უნდა მიეცეს.
ტყვეთა წარმომადგენლის გადაყენების შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების მიზეზები უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს.
![]() |
4.3.6.3 თავი III სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური სასჯელები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.3.6.3.1 I - ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 82
სამხედრო ტყვეები ემორჩილებიან ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მოქმედ კანონებს, წესდებებსა და ბრძანებულებებს; დამატყვევებელი სახელმწიფო უფლებამოსილია სასამართლო ან დისციპლინური ზომები აღნიშნული კანონების, წესდებების ან ბრძანებულებების დამრღვევი ნებისმიერი სამხედრო ტყვის მიმართ მიიღოს. მიუხედავად ამისა, დაუშვებელია ამ თავის დებულებების საწინააღმდეგო სასამართლო საქმის წარმოება ან სასჯელის დაწესება. როცა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს რომელიმე კანონით, წესდებით ან ბრძანებულებით სამხედრო ტყვის მიერ ჩადენილი ქმედება დასჯადად ცხადდება და ამავე დროს დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრის მიერ ჩადენილი იგივე ქმედება დასჯადი არ არის, ასეთ ქმედებას შეიძლება მოყვეს მხოლოდ დისციპლინური სასჯელის დაკისრება.
მუხლი 83
იმის გადაწყვეტისას, თუ რა სახის სასჯელი - სასამართლო თუ დისციპლინური - უნდა იქნას გამოყენებული სამართალდარღვევის ჩადენაში ბრალდებული სამხედრო ტყვის მიმართ, დამატყვევებელმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს, რომ ხელისუფლების შესაბამისმა ორგანომ ამ საკითხის შეფასებისას მაქსიმალური შემწყნარებლობა გამოიჩინოს და ყველა შესაძლო შემთხვევაში მიმართოს უფრო დისციპლინურ ზომებს, ვიდრე სასამართლო წესით დევნას.
მუხლი 84
სამხედრო ტყვეები მხოლოდ სამხედრო სასამართლოებმა უნდა გაასამართლონ, გამონაკლისია შემთხვევები, როცა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს კანონმდებლობით სამოქალაქო სასამართლოები უფლებამოსილნი არიან გაასამართლონ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წევრები იმავე დანაშაულისათვის, რომლის ჩადენაც სამხედრო ტყვეს ედება ბრალად.
ყოვლად დაუშვებელია სამხედრო ტყვეები გაასამართლოს ნებისმიერი სახის სასამართლომ, რომელიც არ უზრუნველყოფს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საყოველთაოდ აღიარებულ ძირითად გარანტიებს, კერძოდ ბრალდებულისათვის 105-ე მუხლით გათვალისწინებულ დაცვის უფლებებსა და საშუალებებს.
მუხლი 85
სამხედრო ტყვეები, რომლებიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს კანონმდებლობით დატყვევებამდე ჩადენილი ქმედებებისათვის იდევნებიან, მსჯავრდების შემთხვევაშიც კი წინამდებარე კონვენციის დაცვით სარგებლობენ.
მუხლი 86
სამხედრო ტყვე ერთი და იმავე დანაშაულის გამო ან ერთი და იმავე ბრალდებით მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაისაჯოს.
მუხლი 87
ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს სამხედრო ხელისუფლებამ და სასამართლოებმა სამხედრო ტყვეებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუსაჯონ რაიმე სხვა სასჯელი, გარდა იმისა, რომელიც ასეთივე ქმედებისთვის ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წევრებისთვისაა გათვალისწინებული.
სასჯელის გამოტანისას სასამართლოებმა და ხელისუფლებამ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ვინაიდან ბრალდებული ამ სახელმწიფოს მოქალაქე არ არის, ის ტყვედ ამყვან სახელმწიფოსთან არ არის დაკავშირებული ერთგულების ვალდებულებით და რომ იგი მის ხელისუფლებაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იმყოფება. ზემოაღნიშნულ სასამართლოებსა და ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნებათ შეამსუბუქონ სასჯელი სამართალდარღვევისათვის, რომლის ჩადენაც სამხედრო ტყვეს ბრალად ედება და რისთვისაც ვალდებული არ იქნებიან დაიცვან ამ ქმედებისთვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ზომა.
აკრძალულია კოლექტიური სასჯელის დაკისრება ინდივიდუალური დარღვევისათვის, სხეულის ყოველგვარი დასახიჩრება, დღის სინათლეს მოკლებულ შენობებში მოთავსება და საერთოდ, ნებისმიერი სახის წამება ან სისასტიკის გამოვლინება.
ტყვედ ამყვან სახელმწიფოს არა აქვს უფლება რომელიმე სამხედრო ტყვეს წოდება ჩამოართვას ან განმასხვავებელი ნიშნის ტარება აუკრძალოს.
მუხლი 88
სამხედრო ტყვე ოფიცრებს, უნტერ-ოფიცრებს ან ჯარისკაცებს, რომლებიც დისციპლინურ ან სისხლის სამართლის სასჯელს იხდიან, არ უნდა მოეპყრონ უფრო მკაცრად, ვიდრე ეს მსგავსი სასჯელისათვის ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების თანაბარი წოდების წევრებისათვის არის გათვალისწინებული.
სამხედრო ტყვე ქალებს არ უნდა მიესაჯოთ იმაზე მკაცრი სასჯელი, ან მათ მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში არ უნდა მოეპყრონ იმაზე მკაცრად, ვიდრე ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრ იმ ქალებს, რომლებიც მსგავსი სამართალდარღვევისათვის არიან დასჯილნი.
არავითარ შემთხვევაში სამხედრო ტყვე ქალებს არ უნდა მიესაჯოთ იმაზე მკაცრი სასჯელი ან სასჯელის მოხდის პერიოდში არ უნდა მოეპყრონ იმაზე მკაცრად, ვიდრე ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრ მამაკაცებს, რომლებიც მსგავსი სამართალდარღვევისთვის არიან დასჯილნი.
სამხედრო ტყვეებს დისციპლინური ან სისხლის სამართლის სასჯელის მოხდის შემდეგ ისევე უნდა მოეპყრონ, როგორც სხვა სამხედრო ტყვეებს.
![]() |
4.3.6.3.2 II - დისციპლინური ზომები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 89
სამხედრო ტყვეების მიმართ შეიძლება გამოყენებული იყოს დასჯის შემდეგი დისციპლინური ზომები:
(1) ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს სამხედრო ტყვეთათვის მე-60 და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული ხელფასისა და ფულადი უზრუნველყოფისთვის განსაზღვრული ავანსის 50 პროცენტს და ამასთანავე, ვადით არა უმეტეს 30 დღისა.
(2) წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უპირატესობების გამოკლებით, დამატებით მინიჭებული უპირატესობების ჩამორთმევა.
(3) მწყობრგარეშე განაწესები, არა უმეტეს დღეში ორი საათისა.
(4) დაპატიმრება.
მე-3 პუნქტში მითითებული ზომა ოფიცრების მიმართ არ გამოიყენება.
დისციპლინური ზომები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არაადამიანური, სასტიკი ან სამხედრო ტყვეთა ჯანმრთელობისათვის სახიფათო.
მუხლი 90
ცალკეული დისციპლინური ზომის ხანგრძლივობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ დღეს. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, საქმის მოსმენამდე ან დისციპლინური ზომის გამოტანამდე, წინასწარი დაკავების ვადა სამხედრო ტყვეთათვის გამოტანილი სასჯელის ვადაში ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული მაქსიმალური ოცდაათდღიანი ვადა იმ შემთხვევაშიც არ უნდა გაიზარდოს, თუ სამხედრო ტყვემ დისციპლინური ზომის გამოტანის მომენტში დისციპლინური წესით პასუხი ერთდროულად რამდენიმე გადაცდომისთვის უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, უკავშირდება თუ არა ერთმანეთს ეს გადაცდომები.
დისციპლინური ზომის დადების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან მის აღსრულებამდე ერთ თვეზე მეტი არ უნდა გავიდეს.
თუ სამხედრო ტყვეს ახალ დისციპლინურ ზომას დააკისრებენ, თითოეული ზომის აღსრულებას შორის, თუ ერთ-ერთი ზომის ხანგრძლივობა ათ ან მეტ დღეს აღწევს, არანაკლებ სამი დღე უნდა გავიდეს.
მუხლი 91
სამხედრო ტყვის გაქცევა წარმატებულად ჩაითვლება, თუ:
(1) იგი შეუერთდა მოკავშირე ქვეყნის ან იმ სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს, რომელსაც ეკუთვნის;
(2) მან დამატყვევებელი სახელმწიფოს ან მისი მოკავშირის ხელისუფლების ქვეშ მყოფი ტერიტორია დატოვა;
(3) იგი მოხვდა ხომალდზე, რომელიც მოკავშირე ქვეყნის ან იმ ქვეყნის დროშით ცურავს, რომელსაც ეს პირი ეკუთვნის და დამატყვევებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფება, მაგრამ იმ პირობით, რომ აღნიშნული ხომალდი ამ უკანასკნელის კონტროლს არ ექვემდებარება.
სამხედრო ტყვეები, რომლებიც ამ მუხლის მიხედვით წარმატებით განხორციელებული გაქცევის შემდეგ კვლავ ტყვედ ჩავარდებიან, გაქცევისათვის არ უნდა დაისაჯონ.
მუხლი 92
სამხედრო ტყვე, რომელმაც გაქცევა სცადა ან რომელიც 91-ე მუხლის მიხედვით წარმატებულად მიჩნეული გაქცევის განხორციელებამდე დაიჭირეს, რეციდივის შემთხვევაშიც კი მხოლოდ დისციპლინური წესით უნდა დაისაჯოს.
ხელმეორედ დაჭერილი სამხედრო ტყვე დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის სამხედრო ხელისუფლებას.
88-ე მუხლის მეოთხე პარაგრაფის გვერდის ავლით, შესაძლებელია განსაკუთრებული ზედამხედველობა დაუწესონ იმ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც წარუმატებელი გაქცევისათვის იხდიან სასჯელს. ასეთმა ზედამხედველობამ გავლენა არ უნდა იქონიოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უნდა აღსრულდეს სამხედრო ტყვეთა ბანაკში და არ უნდა გამოიწვიოს წინამდებარე კონვენციით მათთვის მინიჭებული რაიმე გარანტიის ჩამორთმევა.
მუხლი 93
გაქცევა ან გაქცევის მცდელობა რეციდივის შემთხვევაშიც კი არ უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, თუ სამხედრო ტყვე გაქცევის ან გაქცევის მცდელობისას ჩადენილ სამართალდარღვევაზე პასუხს სასამართლოს წინაშე აგებს.
83-ე მუხლში მითითებული პრინციპის თანახმად, სამხედრო ტყვეების მიერ გაქცევის ხელშეწყობის ერთადერთი მიზნით ჩადენილი დანაშაული, რომელსაც ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აქტები არ ახლავს, მაგალითად, საზოგადოებრივი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ქურდობა, რომელიც გამდიდრების სურვილით არ არის განპირობებული, ყალბი დოკუმენტების დამზადება ან გამოყენება, სამოქალაქო ტანისამოსის ტარება, მხოლოდ დისციპლინური წესით უნდა დაისაჯოს.
გაქცევის ან გაქცევის მცდელობის დამხმარე ან თანამონაწილე სამხედრო ტყვეები მხოლოდ დისციპლინური წესით დაისჯებიან.
მუხლი 94
გაქცეული სამხედრო ტყვის ხელახალი დაკავების შესახებ შეტყობინება 122-ე მუხლში გათვალისწინებული წესით იმ სახელმწიფოს, რომელსაც იგი ეკუთვნის იმ შემთხვევაში უნდა გაეგზავნოს, თუ ადრე მისი გაქცევის შესახებ მას უკვე აცნობეს.
მუხლი 95
დისციპლინური გადაცდომისათვის ბრალდებულ სამხედრო ტყვეებს წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში აიყვანენ, თუ მსგავსი გადაცდომისათვის წინასწარი პატიმრობა გათვალისწინებულია ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებისათვის ან თუ ამის განხორციელება აუცილებელია ბანაკში წესრიგისა და დისციპლინის შესანარჩუნებლად.
დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის ვადა ყველა სამხედრო პატიმრისათვის აბსოლუტურ მინიმუმამდე დაიყვანება და არ უნდა აჭარბებდეს თოთხმეტ დღეს.
ამ თავის 97-ე და 98-ე მუხლების დებულებანი იმ სამხედრო ტყვეთა მიმართ გამოიყენება, რომლებიც დისციპლინური გადაცდომისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
მუხლი 96
დისციპლინის დამრღვევი ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული.
იმ შემთხვევების გამოკლებით, რომლებიც სასამართლო ორგანოებისა და უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების კომპეტენციაში შედის, დისციპლინური ზომების დაკისრება შეუძლია ბანაკის მეთაურის უფლებამოსილებით აღჭურვილ ოფიცერს ან პასუხისმგებელ ოფიცერს, რომელიც მას ცვლის ან რომელსაც მან თავისი დისციპლინური უფლებამოსილება გადასცა.
ყოვლად დაუშვებელია ასეთი უფლებამოსილების სამხედრო ტყვისათვის გადაცემა და ამ უკანასკნელის მიერ მისი განხორციელება.
ნებისმიერი დისციპლინური ზომის დაკისრებამდე სამხედრო ტყვეს ზუსტად ეცნობება ის გადაცდომები, რომელთა ჩადენაც მას ბრალად ედება და საშუალება მიეცემა თავისი მოქმედება ახსნას და თავი დაიცვას. კერძოდ, მას ნება უნდა დართონ მოიწვიოს მოწმეები და, საჭიროების შემთხვევაში, კვალიფიციური თარჯიმნის მომსახურებით ისარგებლოს. გადაწყვეტილება სამხედრო ტყვესა და ტყვეთა წარმომადგენელს უნდა აცნობონ.
ბანაკის მეთაურმა უნდა აწარმოოს დისციპლინური სასჯელების რეესტრი, რომელიც მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელთათვის გასაცნობად ხელმისაწვდომი იქნება.
მუხლი 97
ყოვლად დაუშვებელია დისციპლინური სასჯელის მოსახდელად სამხედრო ტყვეების გამასწორებელ დაწესებულებებში (ციხე, გამასწორებელი დაწესებულება, საკატორღო ციხე, ა.შ.) გადაყვანა.
დისციპლინური ზომების მოხდისათვის გათვალისწინებული ყველა შენობა 25-ე მუხლით გათვალისწინებულ ჰიგიენის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. სასჯელის მოხდის პერიოდში, 29-ე მუხლის შესაბამისად, სამხედრო ტყვეებს საკუთარი თავის ჰიგიენური მოვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
ოფიცრები ან მათთან გათანაბრებული პირები შენობაში უნტერ-ოფიცრებთან ან რიგითებთან ერთად არ უნდა დააკავონ.
სამხედრო ტყვე ქალები, რომლებიც დისციპლინურ ზომებს იხდიან, მამაკაცებისგან განცალკევებულ სათავსებში და ქალების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განთავსდნენ.
მუხლი 98
სამხედრო ტყვეები, რომლებიც დისციპლინურ სასჯელს პატიმრობის სახით იხდიან, განაგრძობენ ამ კონვენციის დებულებებით სარგებლობას იმ დებულებათა გამოკლებით, რომლებიც მათი დაპატიმრების შედეგად არ გამოიყენება. ყოვლად დაუშვებელია მათთვის 78-ე და 126-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების ჩამორთმევა.
სამხედრო ტყვეებს, რომლებსაც დისციპლინური ზომები დაეკისრათ, არ შეიძლება ჩამოერთვათ მათ წოდებასთან დაკავშირებული უპირატესობანი.
სამხედრო ტყვეებს, რომლებსაც დისციპლინური ზომები დაეკისრათ, ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშისა და ღია ჰაერზე არანაკლებ ორი საათით ყოფნის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
მათთვის, თხოვნის საფუძველზე, ნებადართული იქნება ყოველდღიური სამედიცინო შემოწმების გავლა. ისინი ჯანმრთელობის მდგომარების შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ბანაკის ლაზარეთში ან ჰოსპიტალში მოთავსდებიან.
მათ ნებადართული ექნებათ წერილების წაკითხვა და დაწერა, ისევე როგორც მათი მიღება და გაგზავნა. თუმცა, მათთვის ამანათებისა და ფულადი გადარიცხვების გადაცემა შეიძლება სასჯელის მოხდამდე გადაიდოს; ისინი ამ დროის განმავლობაში ტყვეთა წარმომადგენელს გადაეცემა, რომელიც ამანათებში მოთავსებულ მალფუჭებად პროდუქტებს ლაზარეთში მყოფ ტყვეებს გადასცემს.
![]() |
4.3.6.3.3 III - სამართალწარმოება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 99
არც ერთი სამხედრო ტყვე არ შეიძლება სასამართლოს გადასცენ ან გაასამართლონ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის მომენტში დამატყვევებელი სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობით ან საერთაშორისო სამართლით დასჯადი არ იყო.
არ შეიძლება სამხედრო ტყვეზე ნებისმიერი სახის მორალური ან ფიზიკური ზემოქმედება იმ მიზნით, რომ მან თავი იმ ქმედების ჩადენაში ცნოს დამნაშავედ, რომელიც მას ბრალად ედება.
არ შეიძლება არც ერთი სამხედრო ტყვის გასამართლება, თუ მას თავდაცვისა და კვალიფიციური დამცველის დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდა.
მუხლი 100
პირველი შესაძლებლობისთანავე, სამხედრო ტყვეებს და მფარველ სახელმწიფოებს უნდა ეცნობოთ იმ სამართალდარღვევების შესახებ, რომელიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს კანონებით სიკვდილით ისჯება.
ამის შემდეგ, დაუშვებელია რაიმე სამართალდარღვევისთვის სიკვდილით დასჯის დაწესება, თუ ამას არ დაეთანხმება სახელმწიფო, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან.
სასიკვდილო განაჩენი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანონ, თუ 87-ე მუხლის მეორე პარაგრაფის თანახმად, სასამართლოს ყურადღება განსაკუთრებულად იმ ფაქტის მიმართ იქნება მიმართული, რომ სამხედრო ტყვე ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის, იგი მის მიმართ ერთგულების ვალდებულებით არ არის დაკავშირებული და რომ მის ხელისუფლებაში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად იმყოფება.
მუხლი 101
სამხედრო ტყვისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იგი სისრულეში მოიყვანება მფარველი სახელმწიფოს მიერ მითითებულ მისამართზე 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაწვრილებითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ.
მუხლი 102
სამხედრო ტყვეთა მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად ჩაითვლება, თუ იგი იმავე სასამართლოს მიერ და ისეთივე წესითაა გამოტანილი, რომელიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრთათვისაა გათვალისწინებული და ამას გარდა იმ პირობით, რომ განაჩენის გამოტანისას დაცული იყო წინამდებარე თავის დებულებები.
მუხლი 103
სამხედრო ტყვეთა მიმართ ყოველი სასამართლო გამოძიება ისეთი სისწრაფით უნდა წარმოებდეს, რის საშუალებასაც არსებული გარემოებები ქმნის და იმგვარად, რომ სასამართლო პროცესი რაც შეიძლება დროულად ჩატარდეს. არც ერთი სამხედრო ტყვე წინასწარ პატიმრობაში არ უნდა აიყვანონ, თუ ანალოგიური სამართალდარღვევისათვის ამგვარი ღონისძიება დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებისათვის არ არის გათვალისწინებული და თუ ამას სახელმწიფო უშიშროების ინტერესები არ მოითხოვს. წინასწარი პატიმრობის ვადა არავითარ შემთხვევაში სამ თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
წინასწარი პატიმრობის ვადა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში ჩაითვლება, რომელიც მას მიესჯება და ეს ვადა სასჯელის განსაზღვრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს.
წინასწარ პატიმრობაში მყოფი სამხედრო ტყვეები ამ თავის 97-ე და 98-ე მუხლების დებულებებით სარგებლობას განაგრძობენ.
მუხლი 104
ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ სამხედრო ტყვის წინააღმდეგ სასამართლო დევნის დაწყების შემთხვევაში იგი ამას მფარველ სახელმწიფოს უმოკლეს ვადაში აცნობებს, მაგრამ არა უგვიანეს სამი კვირისა სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებამდე. სამკვირიანი ვადა მფარველი სახელმწიფოს მიერ ტყვედ ამყვანი სახელმწიფოსათვის წინასწარ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი ასეთი შეტყობინების მიღების მომენტიდან იწყება.
აღნიშნული შეტყობინება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს:
(1) სამხედრო ტყვის გვარი, სახელი, სამხედრო წოდება, სამხედრო, შენაერთის, პირადი ან სერიული ნომერი, დაბადების თარიღი და პროფესია ან ხელობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
(2) ინტერნირების ან დაკავების ადგილი;
(3) ბრალდების ან ბრალდებათა დაწვრილებითი გადმოცემა კანონის მოქმედი მუხლების მითითებით;
(4) სასამართლოს დასახელება, რომელიც საქმეს განიხილავს და საქმის განხილვის დრო და ადგილი.
ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ასეთივე შეტყობინებას სამხედრო ტყვეთა წარმომადგენელსაც უგზავნის.
თუ საქმის განხილვის დაწყებისას არ დადასტურდება, რომ მფარველმა სახელმწიფომ, სამხედრო ტყვემ და დაინტერესებულმა ტყვეთა წარმომადგენელმა ზემოაღნიშნული შეტყობინება მიიღეს, უკიდურეს შემთხვევაში სასამართლო მოსმენის დაწყებამდე სამი კვირით ადრე მაინც, საქმის მოსმენა აღარ შედგება და გადაიდება.
მუხლი 105
სამხედრო ტყვეს უფლება აქვს ერთ-ერთი თანადატყვევებულის დახმარებით ისარგებლოს, თავისი არჩეული კვალიფიციური ადვოკატი იყოლიოს, სასამართლოში მოწმეების გამოძახება ითხოვოს და, თუ საჭიროდ ჩათვლის, კომპეტენტური თარჯიმნის მომსახურებით ისარგებლოს. მას ამ უფლების შესახებ წინასწარ, საქმის მოსმენის დაწყებამდე დამატყვევებელი სახელმწიფო აცნობებს.
თუ სამხედრო ტყვე დამცველს არ აირჩევს, მფარველი სახელმწიფო მას ასეთს დაუნიშნავს, რისთვისაც მის განკარგულებაში არანაკლებ ერთი კვირა იქნება. ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, თხოვნის საფუძველზე მფარველ სახელმწიფოს კვალიფიციური პირების სიას გადასცემს, რომელთაც შეუძლიათ დაცვის უზრუნველყოფა. იმ შემთხვევაში, როცა არც სამხედრო ტყვე და არც მფარველი სახელმწიფო დამცველს არ აირჩევს, ბრალდებულის დასაცავად კვალიფიციურ ადვოკატს ტყვედ ამყვანი სახელმწიფო თავად დანიშნავს.
ადვოკატს ან დამცველს საქმის მოსმენის დაწყებამდე თავის განკარგულებაში უნდა ჰქონდეს სულ მცირე ორი კვირა, რათა დაცვისათვის მოემზადოს, ისევე როგორც ამისათვის აუცილებელი ყველა საშუალება ხელთ ჰქონდეს. კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს ბრალდებულის შეუზღუდავად მონახულებისა და მასთან მოწმეების გარეშე საუბრის შესაძლებლობა. ამასთანავე, მისთვის შესაძლებელი უნდა იყოს დაცვის ნებისმიერ მოწმესთან მოთათბირება, სამხედრო ტყვეების ჩათვლით. ამგვარი შესაძლებლობებით იგი განაჩენის გასაჩივრების ვადის გასვლამდე ისარგებლებს.
სასამართლო სხდომის გახსნის დღემდე, საკმაოდ ხანგრძლივი დროით ადრე, ბრალდებული სამხედრო ტყვე მიიღებს მისთვის გასაგებ ენაზე ჩამოყალიბებულ საბრალდებო დასკვნას, ასევე დოკუმენტაციას, რომელსაც ბრალდებულს დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში მოქმედი კანონების მიხედვით ჩვეულებრივ აცნობენ. აღნიშნული დოკუმენტაცია, ანალოგიურ გარემოებებში, სამხედრო ტყვის ადვოკატს ან დამცველსაც უნდა გადაეცეს.
მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს უფლება ექნებათ სასამართლო სხდომებს დაესწრონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო უშიშროების ინტერესებიდან გამომდინარე ისინი დახურულ კარს მიღმა უნდა გაიმართოს. ასეთ შემთხვევებში დამატყვევებელი სახელმწიფო მფარველ სახელმწიფოს ამის შესახებ შესაბამისად აცნობებს.
მუხლი 106
ყოველ სამხედრო ტყვეს, დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში შემავალი პირების მსგავსად, მის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენის სააპელაციო ან საკასაციო გზით გასაჩივრების ან საქმის ხელახალი განხილვის თხოვნის უფლება ექნება. იგი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული თავისი ზემოაღნიშნული უფლებისა და იმ ვადის შესახებ, რომლის განმავლობაშიც მისი განხორციელება შეუძლია.
მუხლი 107
რომელიმე სამხედრო ტყვის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი განაჩენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მფარველ სახელმწიფოს მოკლე შეტყობინების სახით, რომელშიც აგრეთვე მითითებული უნდა იყოს, აქვს თუ არა ბრალდებულს განაჩენის სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრების ან საქმის ხელახალი განხილვის თხოვნის უფლება. ასეთივე შეტყობინება გადაეცემა დაინტერესებულ ტყვეთა წარმომადგენელს, აგრეთვე ბრალდებულ სამხედრო ტყვეს მისთვის გასაგებ ენაზე, თუკი განაჩენი მისი თანდასწრებით არ გამოცხადდა. გარდა ამისა, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო დაუყოვნებლივ აცნობებს მფარველ სახელმწიფოს ბრალდებულის გადაწყვეტილებას გასაჩივრების უფლების გამოყენების ან გამოუყენებლობის შესახებ.
იმ შემთხვევაში, როცა განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს ეხება, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო მფარველ სახელმწიფოს უმოკლეს ვადაში გაუგზავნის დაწვრილებით შეტყობინებას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
(1) განაჩენის ზუსტი ტექსტი;
(2) მოკლე ანგარიში წინასწარი გამოძიებისა და სასამართლოს მსვლელობის შესახებ, რომელშიც განსაკუთრებით ხაზგასმული იქნება ბრალდებისა და დაცვის ასპექტები;
(3) შესაბამის შემთხვევაში იმ დაწესებულების დასახელება, სადაც განაჩენი სისრულეში მოიყვანება.
წინა ქვე-პარაგრაფებში მითითებული შეტყობინებები მფარველ სახელმწიფოს გაეგზავნება მისამართზე, რომელსაც ის დამატყვევებელ სახელმწიფოს წინასწარ აცნობებს.
მუხლი 108
კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გამოტანილ სასჯელს სამხედრო ტყვეები იმავე დაწესებულებებში და ისეთივე პირობებში მოიხდიან, როგორიც დამატყვევებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების წევრებისთვისაა გათვალისწინებული. ყველა შემთხვევაში, ეს პირობები ჰიგიენისა და ჰუმანურობის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
სამხედრო ტყვე ქალები, რომელთა მიმართაც ამგვარი განაჩენია გამოტანილი, ცალკე შენობაში უნდა განათავსონ და ქალთა პერსონალის მეთვალყურეობა დაუწესონ.
თავისუფლებააღკვეთილი სამხედრო ტყვეები ნებისმიერ შემთხვევაში კვლავაც წინამდებარე კონვენციის 78-ე და 126-ე მუხლების დაცვით ისარგებლებენ. გარდა ამისა, მათ ნებას დართავენ მიიღონ და გაგზავნონ კორესპონდენცია, მიიღონ თვეში არანაკლებ ერთი დახმარების გზავნილი, რეგულარულად ისეირნონ სუფთა ჰაერზე; ისინი აგრეთვე მიიღებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო სამედიცინო და სასულიერო დახმარებას, რომელიც შეიძლება მათ დაჭირდეთ. სასჯელი, რომელიც მათ შეიძლება დაეკისროთ, 87-ე მუხლის მესამე პარაგრაფის დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.
![]() |
4.4 კარი IV ტყვეობის დასასრული |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.4.1 ნაწილი I პირდაპირი რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 109
ამ მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებული დებულებების თანახმად, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან, მომდევნო მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად სამშობლოში გაგზავნონ მძიმე ავადმყოფი და მძიმედ დაჭრილი სამხედრო ტყვეები, მათი წოდებისა და რაოდენობის მიუხედავად, მას შემდეგ, რაც მათი ფიზიკური მდგომარეობა მათ გადაყვანას შესაძლებელს გახდის.
სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის მთლიან პერიოდში კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან შესაბამისი ნეიტრალური სახელმწიფოების დახმარებით ორგანიზება გაუწიონ მომდევნო მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსებას. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ დიდი ხნით ტყვეობაში მყოფი ჯანმრთელი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციაზე ან ინტერნირებაზე.
საომარი მოქმედებების დროს დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პარაგრაფის თანახმად რეპატრიაციისათვის მომზადებული რომელიმე დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვის მისი სურვილის საწინააღმდეგოდ რეპატრიაცია.
მუხლი 110
პირდაპირ რეპატრიაციას ექვემდებარებიან:
(1) განუკურნებადი დაჭრილები და ავადმყოფები, რომელთა გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები, როგორც ჩანს, ძალზე დაქვეითებულია.
(2) დაჭრილები და ავადმყოფები, რომლებიც, ექიმთა პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში ვერ განიკურნებიან, რომელთა მდგომარეობა მოვლას მოითხოვს, ხოლო გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები, როგორც ჩანს, ძალზე დაქვეითებულია.
(3) განკურნებული დაჭრილები და ავადმყოფები, მაგრამ რომელთა გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობები საგრძნობლად, და როგორც ჩანს სამუდამოდ არის დაქვეითებული.
ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას ექვემდებარებიან:
(1) დაჭრილები და ავადმყოფები, რომელთა განკურნებაც შესაძლებელია დაჭრის მომენტიდან ან ავადმყოფობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში, თუ ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა იძლევა სავარაუდო და სწრაფი განკურნების საშუალებას.
(2) სამხედრო ტყვეები, რომელთა გონებრივი ან ფიზიკური მდგომარეობისათვის, ექიმთა აზრით, შემდგომი ტყვეობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და რომელთათვის ამ საფრთხის თავიდან აცილება ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებით იქნებოდა შესაძლებელი.
პირობები, რომლებსაც ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსებული სამხედრო ტყვეები მათი რეპატრიაციისათვის უნდა აკმაყოფილებდნენ, ასევე მათი სტატუსი დაინტერესებულ ქვეყნებს შორის შეთანხმებით განისაზღვრება. ჩვეულებრივ, ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებული სამხედრო ტყვეებიდან რეპატრირებული იქნებიან შემდეგი კატეგორიის ტყვეები:
(1) ისინი, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად პირდაპირი რეპატრიაციის პირობებს აკმაყოფილებენ;
(2) ისინი, რომელთა გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები მკურნალობის შემდეგაც მნიშვნელოვნად დაქვეითებულია.
კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებულ მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმებების არარსებობისას, რომლებიც ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი რეპატრიაციის ან განთავსების საჭიროების გამომწვევ ინვალიდობის ან დაავადების შემთხვევებს განსაზღვრავს, ისინი წინამდებარე კონვენციაზე თანდართული დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყანაში პირდაპირი რეპატრიაციის და განთავსების შესახებ სამოდელო შეთანხმებისა და შერეული სამედიცინო კომისიების შესახებ წესების შესაბამისად დადგინდება.
მუხლი 111
ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან და შეთანხმებისამებრ ნეიტრალური სახელმწიფო, ეცდებიან დადონ შეთანხმებები, რომლებიც შესაძლებელს გახდის საომარი მოქმედებების დამთავრებამდე ზემოაღნიშნული ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტყვეთა ინტერნირებას.
მუხლი 112
საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე უნდა დაინიშნოს შერეული სამედიცინო კომისიები დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეების შემოწმებისა და მათთან დაკავშირებით ყველა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. ამ კომისიათა დანიშვნა, მოვალეობანი და საქმიანობა წინამდებარე კონვენციაზე თანდართული წესების დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს.
თუმცა, სამხედრო ტყვეები, რომლებიც ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს სამედიცინო ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრით აშკარად მძიმედ დაჭრილი ან მძიმე ავადმყოფები არიან, რეპატრიაციას შერეულ სამედიცინო კომისიაში სავალდებულო შემოწმების გავლის გარეშეც შეიძლება დაექვემდებარონ.
მუხლი 113
გარდა ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს სამედიცინო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მითითებული სამხედრო ტყვეებისა, წინა მუხლში ხსენებულ შერეულ სამედიცინო კომისიებში შემოწმებაზე გამოცხადების უფლება ექნებათ ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიების დაჭრილ ან ავადმყოფ სამხედრო ტყვეებს:
(1) დაჭრილები და ავამდყოფები, რომელთაც აქვთ ბანაკში მომუშავე მათი თანამემამულე ექიმის ან ქირურგის ან იმ ექიმის ან ქირურგის რეკომენდაცია, რომელიც იმ სახელმწიფოს მოკავშირე კონფლიქტის მონაწილე იმ სახელმწიფოს მოქალაქეა, რომლის სახელზეც ირიცხებიან სამხედრო ტყვეები.
(2) საკუთარ ტყვეთა წარმომადგენლის მიერ რეკომენდებული დაჭრილები და ავადმყოფები.
(3) დაჭრილები და ავადმყოფები, რომლებიც რეკომენდებული არიან იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, ან ამ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ტყვეთა დამხმარე ორგანიზაციის მიერ.
სამხედრო ტყვეებს, რომლებიც არც ერთ მითითებულ კატეგორიას არ ეკუთვნიან, მაინც შეუძლიათ შერეული სამედიცინო კომისიის შემოწმებაზე გამოცხადება, ოღონდ ისინი შემოწმებას მას შემდეგ გაივლიან, რაც ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შემოწმება დასრულდება.
შერეული სამედიცინო კომისიის შემოწმებაზე გამოცხადებულ სამხედრო ტყვეთა თანამემამულე ექიმს ან ქირურგს, ისევე როგორც ტყვეთა წარმომადგენელს, უფლება აქვთ ამ შემოწმებას დაესწრონ.
მუხლი 114
ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციასა ან განთავსებასთან მიმართებაში ამ კონვენციის დებულებათა მოქმედება ვრცელდება სამხედრო ტყვეებზე, რომლებიც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდნენ, თუ მათი დაშავება საკუთარი ბრალით არ არის გამოწვეული.
მუხლი 115
არც ერთი სამხედრო ტყვე, რომელსაც დისციპლინური ზომა აქვს დაკისრებული, თუ იგი ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციის ან განთავსების პირობებს აკმაყოფილებს, არ შეიძლება იმ მოტივით დააკავონ, რომ მას სასჯელი ჯერ არ მოუხდია.
ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს შესაბამისი თანხმობით, რეპატრიაცია ან განთავსება შესაძლებელია ნეიტრალურ ქვეყანაში რეპატრიაციის ან განთავსებისათვის გამიზნული, სასამართლო გამოძიებაში მყოფი ან სასამართლოს მიერ მსჯავრდებული სამხედრო ტყვეების პროცესის დასრულებამდე ან სასჯელის მოხდამდეც.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს აცნობებენ იმ პირთა გვარებს, რომლებსაც საქმის განხილვის დასრულებამდე ან სასჯელის მოხდამდე დააკავებენ.
მუხლი 116
სამხედრო ტყვეთა რეპატრიაციის ან ნეიტრალურ ქვეყანაში მათი გადაყვანის ხარჯებს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს საზღვრიდან მოყოლებული, გაიღებს ის სახელმწიფო, რომელსაც აღნიშნული ტყვეები ეკუთვნიან.
მუხლი 117
არც ერთი რეპატრირებული პირი არ შეიძლება დასაქმდეს მოქმედ სამხედრო სამსახურში.
![]() |
4.4.2 ნაწილი II სამხედრო ტყვეთა გათავისუფლება და რეპატრიაცია სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 118
სამხედრო ტყვეების გათავისუფლება და რეპატრიაცია საომარ მოქმედებათა დასრულებისთანავე უნდა მოხდეს.
ამ საკითხის შესახებ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით დადებულ შეთანხმებაში შესაბამისი დადგენილებების ან თვით ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ყოველი ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, წინა პარაგრაფში მითითებული პრინციპის თანახმად, თავად შეადგენს და დაუყოვნებლივ განახორციელებს რეპატრიაციის გეგმას.
ორივე შემთხვევაში მიღებულ ზომებს აცნობებენ სამხედრო ტყვეებს.
სამხედრო ტყვეთა რეპატრიაციის ხარჯები ყველა შემთხვევაში სამართლიანად განაწილდება ტყვედ ამყვან სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან. ეს განაწილება შემდეგ საფუძველზე მოხდება:
(ა) თუ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს ესაზღვრება, ის ქვეყანა, რომელსაც სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, რეპატრიაციის ხარჯებს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს საზღვრიდან მოყოლებული გაიღებს.
(ბ) თუ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს არ ესაზღვრება, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ტრანსპორტირების ხარჯებს გაიღებს თავისი ტერიტორიის საზღვრამდე ან იმ სახელმწიფოს ტერიტორიასთან უახლოეს გასამგზავრებელ პორტამდე, რომელსაც ტყვეები ეკუთვნიან. რეპატრიაციასთან დაკავშირებულ დანარჩენ ხარჯებზე დაინტერესებული მხარეები დადებენ შეთანხმებას მათი სამართლიანად გაყოფის შესახებ. ყოვლად დაუშვებელია ამ შეთანხმების დადება გახდეს რეპატრიაციის შეყოვნების გასამართლებელი მიზეზი.
მუხლი 119
რეპატრიაცია განხორციელდება სამხედრო ტყვეთა გადაყვანის შესახებ წინამდებარე კონვენციის 46-48-ე მუხლებით დადგენილი პირობების მსგავს პირობებში და 118-ე მუხლისა და ქვემო პარაგრაფების დებულებათა გათვალისწინებით.
სამხედრო ტყვეებს, რეპატრიაციის დროს, უბრუნდებათ მე-18 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული ძვირფასი ნივთები და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ვალუტაში გადაუცვლელი ნებისმიერი უცხოური ვალუტა. ძვირფასი ნივთები და უცხოური ვალუტა, რომელიც რაიმე მიზეზით რეპატრიაციის დროს სამხედრო ტყვეებს არ დაუბრუნდათ, 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს გადაეცემა.
სამხედრო ტყვეებს შეუძლიათ თან წაიღონ პირადი ნივთები, ნებისმიერი კორესპონდენცია და მათ სახელზე მოსული ამანათები. თუ რეპატრიაციის გარემოებები ამას მოითხოვს, წონა შეიძლება იმ ნორმამდე შეიზღუდოს, რომლის ნორმალურად ტარებაც სამხედრო ტყვეს შეუძლია. ყველა შემთხვევაში, თითოეული ტყვე უფლებამოსილი იქნება თან წაიღოს არანაკლებ ოცდახუთი კილოგრამი ტვირთი.
რეპატრირებული სამხედრო ტყვის სხვა პირადი ნივთები შესანახად დარჩება დამატყვევებელ სახელმწიფოში, რომელიც მას ამ ნივთებს გადაუგზავნის მაშინვე, როგორც კი ტრანსპორტირებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ შეთანხმებას დადებს ქვეყანასთან, რომელსაც ეკუთვნის სამხედრო ტყვე.
სამხედრო ტყვეები, რომელთა მიმართაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შეიძლება დააკავონ სასამართლოს დამთავრებამდე ან, შესაბამის შემთხვევებში, სასჯელის მოხდამდე. იგივე დებულება გამოიყენება სისხლის სამართლის დანაშაულისათვის მსჯავრდებული სამხედრო ტყვეების მიმართაც.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ერთმანეთს უნდა შეატყობინონ იმ სამხედრო ტყვეთა გვარები, რომლებსაც სასამართლოს დამთავრებამდე ან სასჯელის მოხდამდე დააკავებენ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა შეთანხმდნენ ისეთი კომისიის შექმნაზე, რომლის მიზანიც იქნება ქვეყანაში გაფანტული სამხედრო ტყვეების მოძებნა და უმოკლეს ვადაში მათი რეპატრიაციის უზრუნველყოფა.
![]() |
4.4.3 ნაწილი III სამხედრო ტყვეთა გარდაცვალება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 120
სამხედრო ტყვეთა მიერ შედგენილი ანდერძი უნდა აკმაყოფილებდეს მათი სამშობლოს კანონებით დაწესებულ ნამდვილობის პირობებს. აღნიშნული ქვეყანა ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა ეს პირობები დამატყვევებელ სახელმწიფოს შეატყობინოს. ტყვეთა თხოვნით ან მათი გარდაცვალების შემდეგ, ყველა შემთხვევაში, ანდერძები მფარველ სახელმწიფოს, ხოლო დამოწმებული ასლები - ცნობათა ცენტრალურ სააგენტოს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს.
წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ფორმით შედგენილი გარდაცვალების აქტები ან პასუხისმგებელი ოფიცრის მიერ დამოწმებული ტყვეობაში ყველა გარდაცვლილი პირის სია უმოკლეს ვადაში 122-ე მუხლის თანხმად შექმნილ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცნობათა ბიუროს გადაეცემა. გარდაცვალების აქტები ან დამოწმებული სიები უნდა შეიცავდეს მე-17 მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებულ მონაცემებს სამხედრო ტყვეთა ვინაობის შესახებ, აგრეთვე გარდაცვალების დროსა და ადგილს, გარდაცვალების მიზეზს, დაკრძალვის დროსა და ადგილს და საფლავის ამოცნობისათვის საჭირო ყველა მონაცემს.
სამხედრო ტყვის დაკრძალვას ან კრემაციას, გარდაცვალების კონსტატაციისა და გარდაცვალების აქტის შედგენის, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, ვინაობის დადგენის მიზნით, წინ უნდა უსწრებდეს სხეულის სამედიცინო შემოწმება.
ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ტყვეობაში გარდაცვლილი სამხედრო ტყვეები პატივით და თუ შესაძლებელია, მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად დაკრძალონ, გარდაცვლილთა საფლავებს პატივი უნდა მიეგოს, იგი მოვლილი და იმგვარად აღნიშნული უნდა იყოს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდეს მათი მოძებნა. ყველა შესაძლო შემთხვევაში, სამხედრო ტყვეები, რომლებიც ერთსა და იმავე სახელმწიფოს ეკუთვნიან, ერთ ადგილას უნდა დაიკრძალონ.
გარდაცვლილი სამხედრო ტყვეები ინდივიდუალურ საფლავებში უნდა დაიკრძალონ, გამონაკლისია შემთხვევები, როცა გარდაუვალი გარემოებები მათ საძმო საფლავში დაკრძალვას მოითხოვს. ცხედართა კრემაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჰიგიენის განსაკუთრებული მოსაზრებების, რელიგიური მოტივების ან აშკარად გამოთქმული სურვილის საფუძველზე. კრემაციის შემთხვევაში, კრემაციასა და მისი მიზეზების შესახებ გარდაცვალების აქტში უნდა იყოს მითითებული.
იმისათვის, რომ საფლავების მოძებნა ყოველთვის შესაძლებელი იყოს, დაკრძალვისა და საფლავების შესახებ ყველა მონაცემი ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ შექმნილ საფლავთა რეგისტრაციის სამსახურში უნდა დარეგისტრირდეს. საფლავთა სიები და მონაცემები საფლავებში და სხვა ადგილებში დაკრძალული სამხედრო ტყვეების შესახებ იმ სახელმწიფოს გადაეცემა, რომელსაც ისინი ეკუთვნოდნენ. საფლავების მოვლისა და ცხედართა ყველა შემდგომი გადაადგილების რეგისტრაციის პასუხისმგებლობა იმ სახელმწიფოს ეკისრება, რომელიც მოცემულ ტერიტორიას აკონტროლებს, თუ იგი წინამდებარე კონვენციის მონაწილეა. ეს დებულებები გამოიყენება ფერფლის მიმართაც, რომელსაც საფლავთა რეგისტრაციის სამსახური იმ დრომდე შეინახავს, ვიდრე მისი ბედი სამხედრო ტყვეთა სამშობლოს სურვილის შესაბამისად არ გადაწყდება.
მუხლი 121
სამხედრო ტყვის გარდაცვალების ან მძიმედ დაჭრის ყოველ შემთხვევაში, რომელიც ყარაულის მიზეზითაა გამოწვეული ან რომელიც ეჭვს იწვევს, რომ რომ ამ უკანასკნელის, სხვა სამხედრო ტყვის ან ნებისმიერი მესამე პირის მიზეზით მოხდა, ასევე დაუდგენელ გარემოებებში გარდაცვალების ყველა შემთხვევაში, ტყვედ ამყვან სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყოს ოფიციალური გამოძიება.
ამასთან დაკავშირებით მფარველ სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ. მოწმეებს, განსაკუთრებით სამხედრო ტყვეებს, ჩვენებები უნდა ჩამოართვან და მათი შინაარსის შემცველი ანგარიში მფარველ სახელმწიფოს გაუგზავნონ.
თუ გამოძიების შედეგად ერთი ან რამდენიმე პირის ბრალეულობა დადგინდება, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო დამნაშავის ან დამნაშავეთა სასამართლოს წინაშე წარდგენისათვის ყველა ზომას მიიღებს.
![]() |
4.5 კარი V ცნობათა ბიურო და სამხედრო ტყვეთა დახმარების საზოგადოებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 122
კონფლიქტის დაწყებისთანავე და ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე გახსნის მის ხელისუფლებაში მყოფ სამხედრო ტყვეთა საქმეების ცნობათა ბიუროს. ნეიტრალური და არამეომარი სახელმწიფოები, რომლებიც თავის ტერიტორიაზე მე-4 მუხლში მითითებული რომელიმე კატეგორიის პირებს მიიღებენ, ამ პირთა მიმართ ასევე იმოქმედებენ. დაინტერესებულმა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ ცნობათა ბიუროს ჰქონდეს ეფექტური საქმიანობის უზრუნველყოფისათვის საჭირო შენობები, აღჭურვილობა და ჰყავდეს პერსონალი. მას უფლება ექნება ასეთ ბიუროში დაასაქმოს სამხედრო ტყვეები იმ პირობების დაცვით, რომელიც სამხედრო ტყვეთა დასაქმების შესახებ წინამდებარე კონვენციის ნაწილშია გათვალისწინებული.
შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე თავის ცნობათა ბიუროს შეატყობინებს ამ მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პარაგრაფებში მითითებულ ყველა მონაცემს მის ხელში ჩავარდნილი მოწინააღმდეგე მხარის ყველა წარმომადგენლის შესახებ, რომელიც მე-4 მუხლში ჩამოთვლილ რომელიმე კატეგორიას ეკუთვნის. ნეიტრალური და არამეომარი მხარეები მათ მიერ თავის ტერიტორიაზე მიღებული ამ კატეგორიების პირების მიმართ ასევე მოიქცევიან.
მონაცემებს, ერთი მხრივ მფარველი სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი 123-ე მუხლით გათვალისწინებული ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, ბიურო დაუყოვნებლივ და უსწრაფესი საშუალებით გადაუგზავნის დაინტერესებულ ქვეყნებს.
ეს მონაცემები შესაძლებელს გახდის დაინტერესებული ახლო ნათესავების სწრაფად ინფორმირებას. თითოეულ სამხედრო ტყვესთან დაკავშირებულ ამ მონაცემებში, მე-17 მუხლის დებულებათა დაცვით, თუ ცნობათა ბიურო ამგვარ მონაცემებს ფლობს, მითითებული უნდა იყოს გვარი, სახელი, სამხედრო წოდება, სამხედრო, შენაერთის, პირადი ან სერიული ნომერი, დაბადების ადგილი და ზუსტი თარიღი, სახელმწიფო, რომელსაც იგი ეკუთვნის, მამის სახელი და დედის ქალიშვილობის გვარი, იმ პირის გვარი და მისამართი, რომელიც უნდა იყოს ინფორმირებული, ასევე მისამართი, რომელზედაც სამხედრო ტყვისათვის კორესპონდენციის გაგზავნაა შესაძლებელი.
ცნობათა ბიურო შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისაგან მიიღებს ცნობებს ტყვის გადაყვანის, გათავისუფლების, რეპატრიაციის, გაქცევის, განთავსებისა და გარდაცვალების ყველა შემთხვევის შესახებ და მათ ამ მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებული წესით გადასცემს.
ასევე რეგულარულად, თუ შესაძლებელია ყოველკვირეულად, გადაიცემა ცნობები მძიმედ დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ცნობათა ბიურო ასევე ვალდებული იქნება უპასუხოს სამხედრო ტყვეთა, მათ შორის ტყვეობაში გარდაცვლილთა შესახებ გამოგზავნილ ყველა შეკითხვას, რომელიც საჭირო იქნება მოთხოვნილი და მის ხელთ არარსებული ცნობების მოპოვებისათვის.
ცნობათა ბიუროს ყოველი წერილობითი შეტყობინება ხელმოწერით ან ბეჭდით უნდა დამოწმდეს.
გარდა ამისა, ცნობათა ბიურო ვალდებულია მოაგროვოს და დაინტერესებულ ქვეყანას გადასცეს ყველა ფასეული ნივთი, ფულადი სახსრების ჩათვლით (ნებისმიერ ვალუტაში, გარდა დამატყვევებელი სახელმწიფოს ვალუტისა), აგრეთვე სამხედრო ტყვეების მიერ რეპატრიაციის, განთავისუფლების, გაქცევის ან გარდაცვალებისას დატოვებული ახლო ნათესავებისათვის საინტერესო დოკუმენტები. ეს ნივთები ბიუროს ბეჭდით დალუქული შეკვრებით გადაიგზავნება. მათ თან დაერთვება დოკუმენტი, რომელშიც ნათლად იქნება მითითებული მფლობელის ვინაობის დაწვრილებითი მონაცემები და შეკვრებში მოთავსებული ნივთების ზუსტი ნუსხა. სამხედრო ტყვეთა კუთვნილ ამგვარ სხვა პირად ნივთებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე გადასცემენ.
მუხლი 123
სამხედრო ტყვეთა საქმეების ცნობათა ცენტრალური სააგენტო ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა დაარსდეს. თუ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის, იგი დაინტერესებულ მხარეებს მსგავსი სააგენტოს შექმნის ორგანიზებას შესთავაზებს.
სააგენტოს დაეკისრება სამხედრო ტყვეთა შესახებ ყოველგვარი ინფორმაციის შეგროვება, რომლის მიღებასაც იგი ოფიციალური ან კერძო წყაროების მეშვეობით მოახერხებს. მან ეს მონაცემები შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში სამხედრო ტყვეთა სამშობლოს ან იმ სახელმწიფოს უნდა გადასცეს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან. კონფლიქტის მონაწილე მხარეები სააგენტოს შეუქმნიან ყველა შესაძლებლობას მითითებული მონაცემების გადასაცემად.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ კი ისინი, რომელთა მოქალაქეებიც ცენტრალური სააგენტოს მომსახურებით სარგებლობენ, სააგენტოსათვის საჭირო ფინანსური დახმარების გასაწევად იქნებიან მიწვეულნი.
მოცემული დებულებები ისე არ უნდა განიმარტოს, თითქოს ისინი ზღუდავენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და 125-ე მუხლში მითითებული სხვა დამხმარე ორგანიზაციების ჰუმანიტარულ საქმიანობას.
მუხლი 124
ცნობათა ეროვნული ბიუროები და ცნობათა ცენტრალური სააგენტო თავისუფლდებიან საფოსტო გადასახადებისაგან და სარგებლობენ 74-ე მუხლში მითითებული ყველა შეღავათით; შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად მათ უნდა მიეცეთ ტელეგრაფით უფასოდ ან უკიდურეს შემთხვევაში, მკვეთრად შემცირებული ნიხრით სარგებლობის უფლება.
მუხლი 125
იმ შემთხვევების გარდა, როცა ტყვედ ამყვანი ქვეყნები იღებენ ზომებს, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევენ თავისი უშიშროების უზრუნველყოფის ან სხვა გონივრულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რელიგიური ორგანიზაციების, დახმარების საზოგადოებათა ან ტყვეთა დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ტყვედ ამყვანი სახელმწიფოსაგან თავისთვის, აგრეთვე მათ მიერ შესაბამისად აკრედიტირებული და სრულუფლებიანი წარმომადგენლებისათვის მიიღებენ სამხედრო ტყვეთა მონახულების, მათ შორის, დახმარების ამანათების განაწილების, სასულიერო და აღმზრდელობითი დანიშნულების მქონე, ასევე გართობისა და ბანაკის შიგნით დასვენების უკეთ ორგანიზებისათვის ნებისმიერი საგნების განაწილების აუცილებელ ყველა შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული საზოგადოებები ან ორგანიზაციები შეიძლება ტყვედ ამყვან ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში დაფუძნდეს, ან ჰქონდეს საერთაშორისო ხასიათი.
ტყვედ ამყვან სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს ორგანიზაციებისა და საზოგადოებების რიცხვი, რომელთა წარმომადგენლებსაც საკუთარი კონტროლის ქვეშ მის ტერიტორიაზე საქმიანობის ნებას დართავს. თუმცა, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს იმ პირობით, რომ იგი ყველა სამხედრო ტყვისათვის ქმედით და საკმარის დახმარებას ხელს არ შეუშლის.
ამ სფეროში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განსაკუთრებული მდგომარეობა ყოველთვის აღიარებული და პატივცემული უნდა იყოს.
სამხედრო ტყვეთათვის ზემოაღნიშნული დანიშნულების მქონე ამანათების ან საგნების გადაცემის მომენტში, ან, უკიდურეს შემთხვევაში ცოტა ხნის შემდეგ, დამხმარე საზოგადოებას ან სხვა გამგზავნ ორგანიზაციას გაეგზავნება სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი ცალკეული ხელწერილები თითოეული ამანათის მიღების შესახებ. იმავდროულად, ადმინისტრაციული ხელისუფლების ორგანოები, რომელთა გამგებლობაშიც სამხედრო ტყვეები იმყოფებიან, წარადგენენ ხელწერილებს სამხედრო ტყვეთათვის გამოგზავნილი ტვირთების მიღების შესახებ.
![]() |
4.6 კარი VI კონვენციის შესრულება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.6.1 ნაწილი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 126
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან დელეგატებს უფლება ექნებათ მოინახულონ სამხედრო ტყვეთა ყველა ადგილსამყოფელი, კერძოდ, ინტერნირების, დაკავების და სამუშაო ადგილები. მათ აგრეთვე უფლება ექნებათ შევიდნენ სამხედრო ტყვეთა მიერ დაკავებულ ყველა შენობაში; ასევე, მათთვის ნებადართული იქნება ერთი ადგილიდან მეორეში გადასაყვანი სამხედრო ტყვეების გამგზავრების, ტრანზიტის ან ჩამოსვლის ადგილების მონახულება. ისინი შეძლებენ სამხედრო ტყვეებთან, კერძოდ კი მათ წარმომადგენლებთან მოწმეების გარეშე ინდივიდუალურად ან თარჯიმნის მეშვეობით გასაუბრებას.
მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და დელეგატებს მოსანახულებელი ადგილების არჩევაში სრული თავისუფლება ენიჭებათ. ამ ვიზიტების ხანგრძლივობა და რაოდენობა არ უნდა შეიზღუდოს. მათი აკრძალვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის გამო, ისიც მხოლოდ დროებითი და გამონაკლისი ღონისძიების სახით.
ტყვედ ამყვან სახელმწიფოს და იმ სახელმწიფოს, რომელსაც აღნიშნული სამხედრო ტყვეები ეკუთვნიან, შესაბამის შემთხვევებში შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ ტყვეთა მონახულებებში მონაწილეობის მისაღებად თანამემამულეების დაშვების თაობაზე. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატები ამავე უფლებებით სარგებლობენ. ამ დელეგატთა დანიშვნა იმ ქვეყნის თანხმობაზეა დამოკიდებული, რომლის ხელისუფლებაში მყოფი სამხედრო ტყვეების მონახულებაც სურთ.
მუხლი 127
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ წინამდებარე კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, შეძლებისამებრ, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს გაეცნოს მათი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და მთელი მოსახლეობა.
სამხედრო და სხვა ხელისუფლების ნებისმიერ წარმომადგენლებს, რომელთაც ომის დროს სამხედრო ტყვეებზე პასუხისმგებლობა აკისრიათ, უნდა ჰქონდეთ ამ კონვენციის ტექსტი და აუცილებლად უნდა იცნობდნენ მის დებულებებს.
მუხლი 128
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით, ხოლო ომის დროს მფარველი სახელმწიფოების დახმარებით ერთმანეთს გადასცემენ წინამდებარე კონვენციის ოფიციალურ თარგმანთა ტექსტებს, ასევე კანონებსა და დადგენილებებს, რომელიც შესაძლოა მის განსახორციელებლად მიიღონ.
მუხლი 129
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული უხეში დარღვევის ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირებისათვის.
თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი უხეში დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.
თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს წინამდებარე კონვენციის დებულებების შეუსაბამო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ უხეშ დარღვევას.
ყველა გარემოებაში ბრალდებული პირები უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებით და დაცვის უფლებით, რომელიც წინამდებარე კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით გათვალისწინებულ გარანტიებზე ნაკლებად ხელსაყრელი არ უნდა იყოს.
მუხლი 130
წინა მუხლში აღნიშნულ უხეშ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩათვლით, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის, სამხედრო ტყვის იძულება იმსახუროს მოწინააღმდეგე ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ან წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მიუკერძოებელი და რეგულარული სასამართლო საქმის წარმოების უფლების ჩამორთმევა.
მუხლი 131
არც ერთ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია თავისი თავის ან რომელიმე სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ან სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინა მუხლში მითითებულ დარღვევებთან მიმართებაში ეკისრება.
მუხლი 132
კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნით, უნდა დაიწყოს გამოძიება კონვენციის დარღვევის შესახებ ნებისმიერი მტკიცების თაობაზე, იმ პროცედურით, რომელსაც დაინტერესებული მხარეები დაადგენენ.
თუ მხარეები გამოძიების პროცედურაზე ვერ შეთანხმდებიან, ისინი ურთიერთშეთანხმებით აირჩევენ არბიტრს, რომელიც გადაწყვეტს პროცედურულ საკითხს.
როგორც კი დარღვევის ფაქტს დაადგენენ, კონფლიქტის მონაწილე მხარეები აღკვეთენ მას და შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში მიიღებენ ზომებს მისი ჩადენისათვის დასასჯელად.
![]() |
4.6.2 ნაწილი II დასკვნითი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 133
წინამდებარე კონვენცია შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო უზრუნველყოფს კონვენციის ოფიციალური თარგმანის შესრულებას რუსულ და ესპანურ ენებზე.
მუხლი 134
წინამდებარე კონვენცია მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობისას ცვლის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციას.
მუხლი 135
იმ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, რომლებიც შეზღუდულნი არიან სახმელეთო ომის წარმოების კანონებისა და ჩვეულებების შესახებ ჰააგის კონვენციით, იქნება ეს 1899 წლის 29 ივლისისა თუ 1907 წლის 18 ოქტომბრის კონვენცია, და რომლებიც წინამდებარე კონვენციის მხარეები არიან, ეს უკანასკნელი ზემოაღნიშნულ ჰააგის კონვენციებზე თანდართული წესების II თავს ავსებს.
მუხლი 136
მოცემული რიცხვით დათარიღებული წინამდებარე კონვენცია 1950 წლის 12 თებერვლამდე ღიაა ხელმოსაწერად ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ჟენევის 1949 წლის 21 აპრილს გახსნილ კონფერენციაში, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ამ კონფერენციაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის მხარეები არიან.
მუხლი 137
წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოხდება შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელები დეპონირდება ბერნში. თითოეული სარატიფიკაციო სიგელის გაცემის შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომელმაც მიერთების თაობაზე თანხმობა განაცხადა.
მუხლი 138
წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ექვსი თვის შემდეგ იმ მომენტიდან, რაც არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელი იქნება დეპონირებული.
ამის შემდეგ, თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის იგი ძალაში შევა მისი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 139
წინამდებარე კონვენცია, ძალაში შესვლის დღიდანვე, ღიაა მიერთებისათვის ყველა სახელმწიფოსათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია.
მუხლი 140
მიერთების შესახებ ყოველი შეტყობინება წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს. მიერთება ძალაში შევა საბჭოს მიერ წერილობითი ცნობის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო შეერთების შესახებ აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომელმაც შეერთების თაობაზე განაცხადა.
მუხლი 141
მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას დაუყოვნებლივ შედის ძალაში დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები, ასევე მიერთების შესახებ განცხადებები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დაწყებამდე, ან ამის შემდეგ გააკეთეს. შვეიცარიის ფედერალური საბჭო სასწრაფოდ აცნობებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან მიღებულ სარატიფიკაციო სიგელებისა ან მიერთების შესახებ განცხადებების თაობაზე.
მუხლი 142
ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება.
დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, რომელიც მას ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას გადასცემს.
დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მოცემული ქვეყანა კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლებასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული ოპერაციების დასრულების შემდეგ.
დენონსაცია მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც იგი მოახდინა. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, ვინაიდან ისინი ცივილიზებულ ხალხთა შორის დამყარებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და საზოგადოებრივი სინდისითაა ნაკარნახევი.
მუხლი 143
შვეიცარიის ფედერალური საბჭო წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს აწვდის მის მიერ მიღებულ ყველა ცნობას წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების, დენონსაციის ან მასთან შეერთების შესახებ.
ამის დასტურად, სათანადო რწმუნებების წარმდგენმა ქვემორე ხელის მომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივებში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას ხელი მოაწერა ან მას მიუერთდა.
![]() |
4.7 დანართი I სამოდელო შეთანხმება პირდაპირი რეპატრიაციისა და დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო ტყვეების ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსების შესახებ (იხ. 110-ე მუხლი) |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.7.1 I - პირდაპირი რეპატრიაციისა და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსების პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
ა.- პირდაპირი რეპატრიაცია
პირდაპირ რეპატრიაციას ექვემდებარებიან:
(1) ყველა სამხედრო ტყვე, რომელმაც ტრავმის შედეგად შემდეგი სახის დაზიანებები მიიღო: ერთი კიდურის დაკარგვა, დამბლა, სახსრების დაზიანება და სხვა სახის დაზიანებები იმ პირობით, რომ მათ ერთი ხელის ან ფეხის დაკარგვა მოჰყვა ან ისინი ერთი ხელის ან ერთი ფეხის დაკარგვის ტოლფასია.
ამ შემთხვევების უფრო ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ერთი ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასად ჩაითვლება შემდეგი შემთხვევები:
(ა) ხელის, ყველა თითის, ან ერთი ხელის საჩვენებელი და ცერა თითების, ფეხის ან ერთი ფეხის ყველა თითისა და ტერფის ძვლების დაკარგვა.
(ბ) ანკილოზი, ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვა, ნაწიბური შევიწროება, რომელიც ხელის მტევნის თითების ერთ-ერთი დიდი სახსრის ან ყველა სახსრის მოძრაობის დარღვევას იწვევს.
(გ) გრძელი ძვლების ფსევდოართრიტი.
(დ) დაზიანება, რომელიც გამოწვეულია მოტეხილობით ან სხვა ტრავმით და რომელსაც თან ახლავს ქმედუნარიანობის ან ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობის სერიოზული დაქვეითება.
(2) ყველა დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომელთა მდგომარეობამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, ამასთან, პროგნოზის მიხედვით, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გამოირიცხება დაჭრიდან ერთი წლის განმავლობაში გამოჯანმრთელების შესაძლებლობა, მაგალითად:
(ა) ჭურვის ნამსხვრევი გულის არეში, იმ შემთხვევაშიც, თუ შერეულმა სამედიცინო კომისიამ მძიმე მოშლილობათა არსებობა ვერ დაადგინა.
(ბ) ლითონის ნამსხვრევი თავის ტვინის ან ფილტვის არეში, იმ შემთხვევაშიც, თუ სამედიცინო კომისიამ შემოწმებისას ადგილობრივი ან საერთო რეაქციის არსებობა ვერ დაადგინა.
(გ) ოსტეომიელიტი, რომლის მკურნალობა დაჭრიდან ერთი წლის განმავლობაში გამოირიცხება და რომელმაც, სავარაუდოდ, სახსრის ანკილოზი ან ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასი სხვა დაზიანებები უნდა გამოიწვიოს.
(დ) დიდი სახსრის შემავალი ჭრილობა, რომელიც მის დაჩირქებას იწვევს.
(ე) თავის ქალის დაზიანება, ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვით ან გადაადგილებით.
(ვ) სახის ჭრილობა ან დამწვრობა, ქსოვილების დაკარგვითა და ფუნქციის დაზიანებით.
(ზ) ზურგის ტვინის დაზიანება.
(თ) პერიფერიული ნერვების დაზიანება, რომლის გართულება ხელის ან ფეხის დაკარგვის ტოლფასია და რომლის მკურნალობა დაზიანებიდან ერთ წელზე მეტს მოითხოვს, მაგალითად: მხრისა ან წელ-გავის წნულის, შუა ან საჯდომი ნერვის ჭრილობა, აგრეთვე სხივის და იდაყვის ნერვების ან მცირე წვივისა და დიდი წვივის ნერვების ერთობლივი კომბინირებული ჭრილობა. სხივის, იდაყვის, მცირე წვივის და დიდი წვივის ნერვების იზოლირებული დაზიანების შემთხვევაში, დაჭრილები რეპატრიაციას არ ექვემდებარებიან, კონტრაქტურისა და ნეიროტროფიული მოშლილობის შემთხვევების გარდა.
(ი) საშარდე სისტემის დაზიანება, რომელიც მის ფუნქციონირებას სერიოზულად არღვევს.
(3) ყველა ავადმყოფი სამხედრო ტყვე, რომელთა ავადმყოფობამ ქრონიკული ხასიათი მიიღო და, პროგნოზის მიხედვით, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გამოირიცხება გამოჯანმრთელების შესაძლებლობა დაავადმყოფებიდან ერთი წლის განმავლობაში, მაგალითად:
(ა) ნებისმიერი ორგანოს განვითარებადი ტუბერკულოზი, რომელიც სამედიცინო პროგნოზით განკურნებას ან ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობისას მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ ექვემდებარება.
(ბ) ეკსუდატიური პლევრიტი.
(გ) სასუნთქი ორგანოების არატუბერკულოზური წარმოშობის სერიოზული დაავადებები, რომლებიც განუკურნებლად ითვლება, მაგალითად: ფილტვის მძიმე ემფიზემა ბრონქიტით ან მის გარეშე; ქრონიკული ასთმა *; ქრონიკული ბრონქიტი*, რომელიც ერთი წლის ტყვეობის განმავლობაში გრძელდება; ბრონქოექტაზია*; ა.შ.
(დ) სისხლის მიმოქცევის ორგანოების ქრონიკული მძიმე დაზიანება, მაგალითად: გულისა და მიოკარდის სარქველების დაზიანება დეკომპენსაციის ნიშნებით*, რომლებიც აღმოჩენილი იყო ტყვეობის დროს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შერეულ კომისიას არ შეუძლია გამოკვლევის დროს დაადგინოს არცერთი ნიშანი; პერიკარდისა და ძარღვების დაზიანება (ბიურგერის დაავადება, მსხვილი ძარღვების ანევრიზმა); ა.შ.
(ე) საჭმლის მომნელებელი ორგანოების მძიმე ქრონიკული დაზიანება, მაგალითად: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული; ტყვეობის დროს გადატანილი კუჭის ქირურგიული ოპერაციის შედეგები; ქრონიკული გასტრიტი, ენტერიტი ან კოლიტი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გრძელდება და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აუარესებს; ღვიძლის ციროზული ანთება; ქრონიკული ქოლეცისტოპათია*; ა.შ.
(ვ) შარდ-სასქესო ორგანოების მძიმე ქრონიკული დაზიანება, მაგალითად: ქრონიკული ნეფრიტი შემდგომი გართულებებით; ტუბერკულოზური თირკმლის ამოკვეთა; ქრონიკული პიელიტი ან ცისტიტი; ჰიდრონეფროზი ან პიონეფროზი; მძიმე ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები; ფეხმძიმობა და მასთან დაკავშირებული ავადმყოფური გამოვლინებები, როდესაც შეუძლებელია ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსება; ა.შ.
(ზ) ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა: ყველა აშკარად გამოხატული ფსიქოზი და ფსიქონევროზი, მაგალითად მძიმე ისტერია, ტყვეობაში ყოფნით გამოწვეული მძიმე ფსიქონევროზი, რომელიც შესაბამისი წესით დადგენილია სპეციალისტის მიერ*; ბანაკის ექიმის მიერ შესაბამისი წესით დადგენილი ნებისმიერი სახის ეპილეფსია*; ტვინის არტერიოსკლეროზი; ქრონიკული ნევრიტი, რომელიც ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდება; ა.შ.
(თ) ვეგეტატიური ნერვიული სისტემის მძიმე ქრონიკული დაავადებები, რომელთაც თან ახლავს ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დაქვეითება, საერთო გამოფიტვითა და წონის შესამჩნევი დაკლებით.
(ი) ორივე თვალის სიბრმავე ან ერთი თვალის სიბრმავე, თუ მეორე თვალის მხედველობა ერთზე ნაკლებია მაკორეგირებელი სათვალეების გამოყენების მიუხედავად; მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, რომელიც არ შეიძლება აღდგეს 1/2-მდე ცალ თვალში მაინც*; თვალის სხვა სერიოზული დაავადებები, მაგალითად: გლაუკომა, თვალის ფერადი გარსის ანთება, სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, ტრაქომა; ა.შ.
(კ) სმენის მოშლილობა, მაგალითად სრული ცალმხრივი სიყრუე, თუ მეორე ყური ვერ არჩევს ერთი მეტრის მანძილიდან ჩვეულებრივი ხმით ნათქვამ სიტყვებს*; ა.შ.
(ლ) ნივთიერებათა ცვლის მძიმე დაავადებები, მაგალითად: შაქრის დიაბეტი, რომელიც ინსულინით მკურნალობას მოითხოვს; ა.შ.
(მ) შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მძიმე დაავადებები, მაგალითად: ტირეოტოქსიკოზი; ჰიპოტერიოზი; ედისონის დაავადება; სიმონდსის კახექსია; ტეტანია; ა.შ.
(ნ) სისხლმბადი ორგანოების მძიმე ქრონიკული დაავადებები.
(ო) მძიმე ქრონიკული ინტოქსიკაცია: ტყვიით, ვერცხლისწყლით მოწამლვა, მორფინიზმი, კოკაინიზმი, ალკოჰოლიზმი, აირებით ან სხვადასხვა სხივებით მოწამლვა, ა.შ.
(პ) საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების ქრონიკული მოშლილობა, ფუნქციების მკვეთრად გამოხატული დარღვევებით, მაგალითად: დეფორმირებადი ართროზი; ქრონიკული და პროგრესირებადი, პირველადი და მეორადი პოლიართრიტები; რევმატიზმი მძიმე კლინიკური გამოვლენებით; ა.შ.
(ჟ) კანის მძიმე ქრონიკული დაავადებები, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება.
(რ) ყველა ავთვისებიანი წარმონაქმნი.
(ს) მძიმე ინფექციური ქრონიკული დაავადებები, რომელიც დაავადების დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში გრძელდება, მაგალითად: მალარია მკვეთრად გამოხატული ორგანული ცვლილებებით; ამებური ან ბაცილური დიზენტერია სერიოზული მოშლილობებით; მესამე სტადიის ვისცერალური სიფილისი, რომელიც მკურნალობას არ ექვემდებარება; კეთრი; ა.შ.
(ტ) მძიმე ავიტამინოზები და დისტროფიები.
ბ. - ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება
ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას ექვემდებარებიან:
(1) ყველა დაჭრილი სამხედრო ტყვე, რომელიც განუკურნებელია ტყვეობის პირობებში, მაგრამ რომელიც შეიძლება განიკურნოს ან რომელთა ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსების შემთხვევაში.
(2) სამხედრო ტყვეები, რომლებიც დაავადებულნი არიან ტუბერკულოზის ნებისმიერი ფორმით, მიუხედავად დაავადებული ორგანოსა, და რომელთა ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა ხელს შეუწყობს მათ განკურნებას ან ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. გამონაკლისია ტუბერკულოზის საწყისი სტადია, რომელიც ტყვედ ჩავარდნამდე განიკურნა.
(3) სამხედრო ტყვეები, რომელთაც აწუხებთ სასუნთქი, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი, ნერვული სისტემის, გრძნობის, შარდ-სასქესო ორგანოების, საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, კანის სისტემისა და სხვა დაავადებები, რომელთა ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა აშკარად უკეთეს შედეგს გამოიღებდა, ვიდრე ტყვეობაში.
(4) სამხედრო ტყვეები, რომლებმაც ტყვეობაში თირკმლის არატუბერკულოზური დაავადების შედეგად თირკმლის ამოკვეთის ოპერაცია გადაიტანეს; განკურნების სტადიის ან ფარული ფორმის ოსტეომიელიტის შემთხვევები; შაქრის დიაბეტი, რომელიც ინსულინით მკურნალობას არ საჭიროებს; ა.შ.
(5) სამხედრო ტყვეები, რომლებიც ომით ან ტყვეობით გამოწვეული ნევროზებით დაავადდნენ.
ტყვეობაში ყოფნით გამოწვეული ნევროზით დაავადებულები, რომლებიც ვერ განიკურნენ ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებიდან სამ თვეში ან რომლებიც ამ დროის გასვლის შემდეგ გამოჯანმრთელების გზაზე აშკარად არ იმყოფებიან, რეპატრიაციას ექვემდებარებიან.
(6) ყველა სამხედრო ტყვე, რომელსაც ქრონიკული ინტოქსიკაცია (აირით, ლითონებით, ალკალოიდებით, ა.შ.) აწუხებს და რომელთათვის ნეიტრალურ ქვეყანაში მკურნალობა განსაკუთრებით სასარგებლოა.
(7) ყველა სამხედრო ტყვე ფეხმძიმე ქალები ან დედები, რომელთაც ჩვილი ან მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.
ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას არ ექვემდებარება:
(1) ქრონიკული ფსიქოზის შესაბამისი წესით დადგენილი ყველა შემთხვევა.
(2) ნერვიული სისტემის ორგანული ან ფუნქციონალური დაავადებების ყველა შემთხვევა, რომელიც განუკურნებლად ითვლება.
(3) ყველა ინფექციური დაავადების შემთხვევა იმ პერიოდში, როდესაც ისინი გადამდებია, ტუბერკულოზის გამოკლებით.
______________________
* შერეული სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებები უმეტესწილად ბანაკის ექიმთა და სამხედრო ტყვეების თანამემამულე ექიმების ჩანაწერებს ან დამატყვევებელი სახელმწიფოს ექიმ-სპეციალისტთა შემოწმებებს უნდა ეფუძნებოდეს .
![]() |
4.7.2 II - ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
(1) ზემოაღნიშნული ყველა პირობა უნდა ზოგადად განიმარტოს და გამოყენებული იყოს ყველაზე ფართო გაგებით.
ასეთ ლიბერალურ მიდგომას პირველ რიგში საჭიროებს ომით ან ტყვეობით გამოწვეული ნევროპათიის ან ფსიქოპათიის მდგომარეობა, ისევე როგორც ტუბერკულოზის ყველა სტადიის შემთხვევები. სამხედრო ტყვეები, რომლებიც არაერთხელ დაიჭრნენ, მაგრამ ცალკეული ჭრილობა რეპატრიაციას არ ექვემდებარება, გაითვალისწინებენ რა ჭრილობის დიდი რაოდენობით გამოწვეულ ფსიქიკურ ტრავმას, იმავე პრინციპით უნდა შემოწმდნენ.
(2) ყველა უდავო შემთხვევა, რომელიც პირდაპირ რეპატრიაციას ექვემდებარება (ამპუტაცია, სრული სიბრმავე ან სიყრუე, ფილტვების ღია ტუბერკულოზი, ფსიქიკური დაავადება, ავთვისებიანი წარმონაქმნი, ა.შ.), შეძლებისამებრ მოკლე ვადაში უნდა შემოწმდეს და რეპატრირებული იყოს ბანაკის ექიმის ან ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ დანიშნული სამხედრო სამედიცინო კომისიების მიერ.
(3) ომამდე მიღებული ჭრილობები და დაავადებები, რომელთა მდგომარეობა არ გაუარესდა, ისევე როგორც ომის დროს მიღებული ჭრილობები, რომლებმაც სამხედრო სამსახურის გაგრძელება არ შეაფერხეს, პირდაპირ რეპატრიაციას არ ექვემდებარება.
(4) მოცემული დანართის დებულებები უნდა თანაბრად განიმარტოს და იყოს გამოყენებული კონფლიქტში მონაწილე ყველა სახელმწიფოს მიერ. დაინტერესებული სახელმწიფოები და ორგანოები შერეულ სამედიცინო კომისიებს მათი ამოცანების შესრულებისათვის საჭირო ყველა პირობით უზრუნველყოფენ.
(5) *-ით ზემოაღნიშნული მაგალითები მხოლოდ ტიპიურ შემთხვევებს წარმოადგენს. შემთხვევები, რომელიც აღნიშნულ დებულებებს არ შეესაბამება, წინამდებარე კონვენციის 110-ე მუხლისა და წინამდებარე შეთანხმების პრინციპების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.
![]() |
4.8 დანართი II წესები შერეული სამედიცინო კომისიების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
(იხ. 112-ე მუხლი)
მუხლი 1
კონვენციის 112-ე მუხლით გათვალისწინებული შერეული სამედიცინო კომისიები შედგება სამი წევრისაგან, რომელთაგან ორი ნეიტრალური ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს, ხოლო მესამე კი დაინიშნოს ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს მიერ. ერთ-ერთი ნეიტრალური წევრი კომისიას თავმჯდომარეობს.
მუხლი 2
ორივე ნეიტრალური წევრი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მფარველ სახელმწიფოსთან შეთანხმებითა და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე ინიშნება. მათ შეუძლიათ განთავსდნენ როგორც თავის სამშობლოში, ისე სხვა ნეიტრალურ ქვეყანაში ან ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
მუხლი 3
ნეიტრალური წევრების კანდიდატურები მოწონებული უნდა იყოს კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეების მიერ, რომლებიც თავის თანხმობას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და მფარველ სახელმწიფოს აცნობებენ. შეტყობინების მომენტიდან ეს პირები კომისიის ნამდვილ დანიშნულ წევრებად ითვლებიან.
მუხლი 4
უნდა დაინიშნოს წევრების მოადგილეების საკმარისი რაოდენობაც, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ ნამდვილი წევრების ადგილი დაიკავონ. ეს დანიშვნა ნამდვილი წევრების დანიშვნასთან ერთად ხდება, ან, ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ უმოკლეს შესაძლებელ ვადაში.
მუხლი 5
თუ რაიმე მიზეზების გამო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ნეიტრალური წევრების დანიშვნას ვერ შეძლებს, ეს დანიშვნა სამხედრო ტყვეთა ინტერესების მფარველი სახელმწიფოს მიერ განხორციელდება.
მუხლი 6
შესაძლებლობის ფარგლებში, ნეიტრალური წევრებიდან ერთ-ერთი ქირურგი, ხოლო მეორე კი თერაპევტი უნდა იყოს.
მუხლი 7
ნეიტრალური წევრები სრულიად დამოუკიდებელნი იქნებიან კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან, რომლებიც ვალდებული არიან მათ მათი მოვალეობების შესასრულებლად ყველა შესაძლებლობა შეუქმნან.
მუხლი 8
ტყვედ ამყვან სახელმწიფოსთან შეთანხმებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა წინამდებარე წესების მე-2 და მე-4 მუხლებში აღნიშნული დანიშვნების დროს კანდიდატთა სამსახურის პირობები უნდა განსაზღვროს.
მუხლი 9
ნეიტრალური წევრების დამტკიცებისთანავე, შერეული სამედიცინო კომისიები თავის საქმიანობას შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეუდგებიან, ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი დამტკიცებიდან არა უგვიანეს სამი თვის ვადაში.
მუხლი 10
შერეული სამედიცინო კომისიები კონვენციის 113-ე მუხლში აღნიშნულ ყველა ტყვეს შეამოწმებენ და წამოაყენებენ წინადადებებს რეპატრიაციის, რეპატრირებულთა წრიდან გამორიცხვის ან შემოწმებების გადავადების თაობაზე. გადაწყვეტილებები ხმათა უმრავლესობით მიიღება.
მუხლი 11
შემოწმებიდან ერთი თვის განმავლობაში, შერეული სამედიცინო კომისიის მიერ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება ტყვედ ამყვან სახელმწიფოს, მფარველ სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უნდა ეცნობოს. შერეული სამედიცინო კომისია მიღებულ გადაწყვეტილებას აგრეთვე ყოველ შემოწმებულ სამხედრო ტყვეს აცნობებს და წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშის შესაბამის მოწმობას იმ პირზე გასცემს, რომლის რეპატრიაციასაც ის რეკომენდაციას უწევს.
მუხლი 12
ტყვედ ამყვანი სახელმწიფო ვალდებულია შერეული სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებები ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ სათანადო წესით მიღებული შეტყობინებიდან სამი თვის განმავლობაში შეასრულოს.
მუხლი 13
თუ რომელიმე სახელმწიფოში აუცილებელია შერეული სამედიცინო კომისიის საქმიანობა და ამასთანავე მის ტერიტორიაზე არ იმყოფება არცერთი ექიმი, რომელიც ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეა, ან თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია სხვა ქვეყანაში მცხოვრები ნეიტრალური ქვეყნის მოქალაქე ექიმების კომისიაში დანიშვნა, ტყვედ ამყვანი სახელმწიფო, მფარველ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თვითონ შექმნის სამედიცინო კომისიას, რომელიც იმავე ფუნქციებს შეასრულებს, რაც შერეული სამედიცინო კომისია წინამდებარე წესების პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-8 მუხლების თანახმად.
მუხლი 14
შერეული სამედიცინო კომისიები მუდმივად იმოქმედებენ და თითოეულ ბანაკს, დროის გარკვეულ შუალედებში, სულ მცირე ექვს თვეში ერთხელ მაინც მოინახულებენ.
![]() |
4.9 დანართი III წესები სამხედრო ტყვეებისთვის დახმარების კოლექტიური გზავნილების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
(იხ. 73-ე მუხლი)
მუხლი 1
სამხედრო ტყვეების წარმომადგენლებს ნებადართული ექნებათ მათ განკარგულებაში მყოფი დახმარების კოლექტიური გზავნილების განაწილება ყველა იმ ტყვეს შორის, რომელიც მათ ბანაკს ეკუთვნის, იმათი ჩათვლით, ვინც საავადმყოფოებში, ციხეებსა ან სხვა გამასწორებელ დაწესებულებებში იმყოფება.
მუხლი 2
კოლექტიური დახმარების გზავნილების განაწილება დონორების მითითებებისა და სამხედრო ტყვეების წარმომადგენლების მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. თუმცა, სამედიცინო მასალების შემცველი გზავნილების განაწილება უპირატესად უფროს ექიმებთან შეთანხმებით განხორციელდება; ამასთან, ჰოსპიტლებსა და ლაზარეთებში ამ უკანასკნელებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ მითითებებს იმ ფარგლებში გადაუხვიონ, რამდენადაც ეს ავადმყოფების მოთხოვნებითაა ნაკარნახევი. ამგვარად დადგენილ ფარგლებში დახმარების განაწილება ყოველთვის სამართლიანად უნდა ხორციელდებოდეს.
მუხლი 3
იმისთვის, რათა სამხედრო ტყვეების წარმომადგენლებს ან მათ თანაშემწეებს ჰქონდეთ მიღებული ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის შემოწმების და ამ საკითხზე შემომწირველებისათვის დეტალური მოხსენების შედგენის შესაძლებლობა, მათ ნებას უნდა დართონ, რათა გავიდნენ ბანაკის ახლობლად მდებარე დახმარების ტვირთის მიღების პუნქტებში.
მუხლი 4
სამხედრო ტყვეების წარმომადგენლებს მისცემენ საჭირო შესაძლებლობას იმისათვის, რათა დარწმუნდნენ, რომ ბანაკის ყველა ქვედანაყოფსა და ფილიალში კოლექტიური დახმარების ტვირთის განაწილება მათი მითითებების შესაბამისად ხდება.
მუხლი 5
სამხედრო ტყვეების წარმომადგენლებს ნებას დართავენ შეავსონ შემომწირველებისათვის განკუთვნილი ბლანკები ან ანკეტები, რომელიც დახმარების კოლექტიურ ტვირთებს ეხება (განაწილება, მოთხოვნილებები, რაოდენობა, ა.შ.), აგრეთვე, ამგვარი ბლანკებისა და ანკეტების შევსება დაავალონ სამუშაო ჯგუფებში ტყვეთა წარმომადგენლებს ან ლაზარეთებისა და ჰოსპიტლების მთავარ ექიმებს. სათანადოდ შევსებული ამგვარი ბლანკები და ანკეტები შემომწირველებს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეთ.
მუხლი 6
იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბანაკის სამხედრო ტყვეებს შორის კოლექტიური დახმარების ტვირთის რეგულარული განაწილება და იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც სამხედრო ტყვეების ახალი კონტინგენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას, სამხედრო ტყვეების წარმომადგენლებს ნებას დართავენ, კოლექტიური დახმარების ტვირთის საკმარისი რაოდენობის მარაგი შექმნან და შეინახონ. ამ მიზნით, მათ შესაბამისი საწყობები უნდა გააჩნდეთ, თითოეული საწყობი ორ ბოქლომზე უნდა იკეტებოდეს, ამასთან ერთ-ერთის გასაღები სამხედრო ტყვეების წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს, ხოლო მეორე კი ბანაკის უფროსს.
მუხლი 7
კოლექტიური დახმარების ტვირთის სახით ტანსაცმლის მიღების შემთხვევაში, თითოეული სამხედრო ტყვე უკიდურეს შემთხვევაში ტანსაცმლის ერთ სრულ კომპლექტს, შეინახავს ისევე როგორც თავის საკუთრებას. იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ტყვეს ერთზე მეტი კომპლექტი აქვს, სამხედრო ტყვეების წარმომადგენლებს შეუძლიათ შედარებით უზრუნველყოფილ პირებს ზედმეტი ნივთები ან ზოგიერთი სხვა საგანი ჩამოართვან, რომელთა რიცხვი ნორმას (ერთი კომპლექტი) აღემატება, თუ ეს ნაკლებად უზრუნველყოფილი სამხედრო ტყვეების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვისაა საჭირო. ამასთან, მას თეთრეულის, წინდების ან ფეხსაცმლის მეორე კომპლექტის ჩამორთმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როდესაც არ არსებობს ამ ნივთებით იმ სამხედრო ტყვის უზრუნველყოფის საშუალება, რომელსაც ეს ნივთები საერთოდ არ აქვს.
მუხლი 8
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ კი ტყვედ ამყვანი სახელმწიფოები შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად და ამასთანავე მოსახლეობის სურსათით მომარაგების მარეგულირებელი დებულებების გათვალისწინებით, ნებას დართავენ მათ ტერიტორიებზე სამხედრო ტყვეებს შორის დახმარების კოლექტიური ტვირთების განაწილების მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვებს. ისინი ანალოგიურად ხელს შეუწყობენ ფულადი სახსრების გადაცემას და ტექნიკური ან ადმინისტრაციული ხასიათის სხვა ფინანსურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანიც გახლავთ ამგვარი შესყიდვების განხორციელება.
მუხლი 9
ზემოაღნიშნული დებულებები ხელს არ უშლის როგორც სამხედრო ტყვეების უფლებას, მიიღონ კოლექტიური დახმარების ტვირთი ბანაკში ჩასვლამდე ან გადაყვანის დროს, ისე მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან სამხედრო ტყვეებისათვის დახმარების გამწევი და ამგვარი ტვირთების განაწილებაზე პასუხისმგებელი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლის შესაძლებლობას, უზრუნველყონ მიმღებებს შორის მათი განაწილება ნებისმიერი იმ ხერხით, რომელსაც ისინი შესაფერისად ჩათვლიან.
![]() |
4.10 დანართი IV |
▲ზევით დაბრუნება |
ა. პირადობის მოწმობა
(იხ. მე-4 მუხლი)
შენიშვნა: სასურველია, რომ ეს მოწმობა შედგენილი იყოს ორ ან სამ ენაზე, რომელთაგან ერთ-ერთი საერთაშორისო მნიშვნელობისაა. წყვეტილი ხაზის გასწვრივ გადასაკეცი მოწმობის ზომებია 13X10სმ.
ბ. - ბარათი დატყვევების შესახებ
(იხ. 70-ე მუხლი)
შენიშვნა: ეს ბარათი შედგენილი უნდა იყოს ორ ან სამ ენაზე, კერძოდ, ტყვის მშობლიურ ენასა და ტყვედ ამყვანი სახელმწიფოს ენაზე. ზომები: 15X10,5სმ.
გ. - საფოსტო ბარათი და წერილი
(იხ. 71-ე მუხლი)
1. საფოსტო ბარათი
შენიშვნა: ეს ბარათი შედგენილი უნდა იყოს ორ ან სამ ენაზე, კერძოდ, ტყვის მშობლიურ ენასა და დამატყვევებელი სახელმწიფოს ენაზე.
ზომა: 15X10სმ.
გ. - საფოსტო ბარათი და წერილი
(იხ. 71-ე მუხლი)
2. წერილი
შენიშვნა: ეს ფორმა შედგენილი უნდა იყოს ორ ან სამ ენაზე, კერძოდ, ტყვის მშობლიურ ენასა და დამატყვევებელი სახელმწიფოს ენაზე. ის აღნიშნულ ხაზზე უნდა გაიკეცოს. ზედა ნაწილი ჩაიდება განაჭრელში (აღნიშნულია* ნიშნით) და ამგვარად კონვერტს წარმოადგენს. უკანა მხარე, რომელიც დახაზულია საფოსტო ბარათის მაგვარად (იხ. დანართი IV, ნიმუში გ1), განკუთვნილია სამხედრო ტყვისათვის და მასზე დაახლოებით 250 სიტყვა თავსდება. გაშლილი ფორმის ზომა: 29X15სმ.
დ. - შეტყობინება გარდაცვალების შესახებ
(იხ. 120-ე მუხლი)
შენიშვნა: ეს ბარათი შედგენილი უნდა იყოს ორ ან სამ ენაზე, კერძოდ, ტყვის მშობლიურ ენასა და დამატყვევებელი სახელმწიფოს ენაზე. ზომა: 21X30სმ.
ე. - ცნობა რეპატრიაციის შესახებ
(იხ. დანართი II, მე-11 მუხლი)
ცნობა რეპატრიაციის შესახებ
თარიღი:
ბანაკი:
ჰოსპიტალი:
გვარი:
სახელი:
დაბადების თარიღი:
წოდება:
პირადი ნომერი:
სამხედრო ტყვის ნომერი:
ჭრილობა/დაავადება:
კომისიის გადაწყვეტილება:
შერეული სამედიცინო კომისიის
თავმჯდომარე:
A = პირდაპირი რეპატრიაცია
B = ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსება
NC = მეორადი შემოწმება
![]() |
4.11 დანართი V სამოდელო წესები ტყვეთა მიერ საკუთარ ქვეყანაში გადაგზავნილი ფულადი სახსრების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
(იხ. 63-ე მუხლი)
(1) 63-ე მუხლის მესამე პარაგრაფში აღნიშნული ავიზო შემდეგ მონაცემებს შეიცავს:
(ა) გადახდის მწარმოებელი სამხედრო ტყვის ნომერს, როგორც ეს მე-17 მუხლშია აღნიშნული, წოდებას, გვარს, სახელსა და მამის სახელს;
(ბ) მიმღების გვარსა და წარმომავლობის ქვეყანაში მის მისამართს;
(გ) გადასახდელი ფულადი თანხის ოდენობას იმ ქვეყნის ვალუტაში, რომელშიც იმყოფება სამხედრო ტყვე.
(2) ავიზოს ხელს მოაწერს სამხედრო ტყვე ან, თუ მას წერა არ შეუძლია, მასზე თავის ნიშანს დასვამს, აღნიშნული უნდა დამოწმდეს სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლის მიერ.
(3) ბანაკის უფროსი ავიზოს დაურთავს ცნობას იმის თაობაზე, რომ სამხედრო ტყვეს აქვს საკრედიტო სალდო, რომელიც არ არის გადასახდელ თანხაზე ნაკლები.
(4) ავიზო შეიძლება სიების სახით შედგეს; ასეთი სიის ყოველი ფურცელი სამხედრო ტყვეთა წარმომადგენლის მიერ უნდა დამოწმდეს და დადასტურდეს ბანაკის უფროსის მიერ.
![]() |
5 ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენცია ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ კონვენციის შესამუშავებლად, 1949 წლის 21 აპრილიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჟენევაში მიმდინარე დიპლომატიური კონფერენციის მონაწილე მთავრობათა ქვემორე ხელისმომწერი უფლებამოსილი წარმომადგენლები შეთანხმდნენ შემდეგზე:
![]() |
5.1 კარი I |
▲ზევით დაბრუნება |
თავი I ზოგადი დებულებები
მუხლი 1
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ნებისმიერ გარემოებაში შეასრულონ და უზრუნველყონ წინამდებარე კონვენციის შესრულება.
მუხლი 2
იმ დებულებათა გარდა, რომლებიც უნდა მოქმედებდეს მშვიდობიან დროს, წინამდებარე კონვენცია გამოიყენება გამოცხადებული ომის ყველა შემთხვევაში ან ნებისმიერი სხვა სახის შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ორ ან რამდენიმე მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შორის, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთი მხარე არ ცნობს საომარ მდგომარეობას.
კონვენცია აგრეთვე გამოიყენება მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ნაწილობრივი ან მთლიანი ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა აღნიშნულ ოკუპაციას შეიარაღებულ წინააღმდეგობას არ უწევენ.
თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი სახელმწიფო არ არის წინამდებარე კონვენციის მხარე, ის სახელმწიფოები, რომლებიც კონვენციის მხარეები არიან, ერთმანეთს შორის ურთიერთობებში კვლავაც კონვენციით შეზღუდულნი რჩებიან. ამასთან, ისინი კონვენციით შეზღუდულნი იქნებიან ზემოაღნიშნული სახელმწიფოს მიმართაც, თუ ეს უკანასკნელი ცნობს და გამოიყენებს მის დებულებებს.
მუხლი 3
ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ვალდებულია გამოიყენოს, სულ მცირე, შემდეგი დებულებანი:
(1) პირები, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ჩათვლით, რომლებმაც დაყარეს იარაღი და რომლებიც ავადმყოფობის, დაჭრის, დაკავების ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო აღარ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ყველა შემთხვევაში უნდა სარგებლობდნენ ჰუმანური მოპყრობით რასის, კანის ფერის, რელიგიის ან რწმენის, სქესის, წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის ან ნებისმიერ სხვა მსგავს კრიტერიუმზე დაფუძნებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
ამ მიზნით, აკრძალულია და ყველგან და ყოველთვის, აკრძალული იქნება ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(ა) პირის სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის ხელყოფა, კერძოდ, ნებისმიერი სახის მკვლელობა, დასახიჩრება, სასტიკი მოპყრობა და წამება;
(ბ) მძევლად აყვანა;
(გ) ღირსების შელახვა, კერძოდ, შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი მოპყრობა;
(დ) სამართალში მიცემა და სასჯელის აღსრულება სათანადო წესით დაფუძნებული სასამართლოს მიერ გამოტანილი წინასწარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, ცივილიზებული თანამეგობრობის მიერ სავალდებულოდ აღიარებული სასამართლო გარანტიების გათვალისწინებით;
(2) დაჭრილებსა და ავადმყოფებს თავი უნდა მოუყარონ და აღმოუჩინონ სათანადო დახმარება.
მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, მაგალითად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, შეუძლია კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზოს თავისი სამსახური.
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან, სპეციალური შეთანხმებების გზით შეასრულონ წინამდებარე კონვენციის ყველა ან ცალკეული დებულება.
ზემოაღნიშნულ დებულებათა გამოყენებას არ ექნება გავლენა კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივ სტატუსზე.
მუხლი 4
წინამდებარე კონვენცია იცავს იმ პირებს, რომლებიც კონფლიქტის ან ოკუპაციის დროს, ამა თუ იმ მიზეზის გამო, დროის გარკვეულ მონაკვეთში იმყოფებიან კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის ან ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში, რომლის მოქალაქეებიც ისინი არ არიან.
კონვენციის არამონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეები არ სარგებლობენ მოცემული კონვენციის დაცვით. ნეიტრალური ან თანამეომარი სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებიც ერთ-ერთი მეომარი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაცვით ვერ ისარგებლებენ მანამდე, სანამ იმ სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, რეგულარული დიპლომატიური წარმომადგენლობა ეყოლება იმ სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან მოცემული პირები.
მიუხედავად ამისა, როგორც ეს მე-13 მუხლშია განსაზღვრული, II კარის დებულებანი უფრო ფართოდ გამოიყენება.
პირები, რომლებიც იმყოფებიან მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის, ან საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის, ან სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის დაცვის ქვეშ, წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ პირებად არ ჩაითვლებიან.
მუხლი 5
კონფლიქტის მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მყოფ იმ პირს, რომელიც წინამდებარე კონვენციის დაცვით სარგებლობს და რომლის შესახებაც კონფლიქტის მონაწილე ამ მხარეს კანონიერი საფუძველი აქვს იფიქროს, რომ იგი მისი უშიშროებისათვის საზიანო საქმიანობას ეწევა, ან როდესაც ამგვარი საქმიანობა უკვე დამტკიცებულია, არ ექნება წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული იმ უფლებებითა და უპირატესობებით სარგებლობის უფლება, რომელთა ამ პირისათვის მინიჭებაც მოცემულ სახელმწიფოს ზიანს მიაყენებს.
თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯაშუშობის ან დივერსიის გამო წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფ პირს დააკავებენ, ან თუ ის კანონიერადაა ეჭვმიტანილი ოკუპანტი სახელმწიფოს უშიშროებისათვის საზიანო მოღვაწეობაში, სამხედრო უშიშროების უცილობელი მოსაზრებებით, შესაძლებელია ჩამოართვან წინამდებარე კონვენციით მინიჭებული კავშირის დამყარების უფლება.
მიუხედავად ამისა, თითოეულ შემთხვევაში, ასეთი პირები ჰუმანური მოპყრობით ისარგებლებენ, ხოლო სასამართლოს წესით დევნის შემთხვევაში მათ არ ჩამოერთმევათ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი და სტანდარტული სამართალწარმოების უფლება. ამასთანავე, შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში მათ სრულად მიენიჭებათ ამ სახელმწიფოს ან სათანადო შემთხვევაში ოკუპანტი სახელმწიფოს უშიშროების ზომების შესაბამისი ყველა ის უფლება და უპირატესობა, რომელსაც წინამდებარე კონვენცია ითვალისწინებს დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის.
მუხლი 6
წინამდებარე კონვენცია მოქმედებას იწყებს მე-2 მუხლში მითითებული ნებისმიერი კონფლიქტის ან ოკუპაციის დაწყების მომენტიდან.
კონფლიქტის მონაწილე მხარეების ტერიტორიებზე წინამდებარე კონვენციის მოქმედება სრულდება საომარი მოქმედებების მთლიანად დამთავრების შემდეგ.
კონვენციის მოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასრულდება საომარი მოქმედების დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ; თუმცა, ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია, რომ, ოკუპაციის პერიოდში, იმ მოცულობით, რომლითაც იგი ამ ტერიტორიაზე მთავრობის ფუნქციებს ასრულებს, დაიცვას წინამდებარე კონვენციის 1-12-ე, 27-ე, 29-34-ე, 47-ე, 49-ე, 51-ე, 52-ე, 53-ე, 59-ე, 61-77-ე და 143-ე მუხლები.
დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომელთა გათავისუფლება, რეპატრიაცია ან ხელახალი განთავსებაც განხორციელდება ამ ვადების შემდეგ, მთელი ამ დროის განმავლობაში ისარგებლებენ წინამდებარე კონვენციის დაცვით.
მუხლი 7
მე-11, მე-14, მე-15, მე-17, 36-ე, 108-ე, 109-ე, 132-ე, 133-ე და 149-ე მუხლებით საგანგებოდ გათვალისწინებული შეთანხმებების გარდა, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ დადონ სხვა სპეციალური შეთანხმებები ნებისმიერ საკითხზე, რომლის განსაკუთრებულად მოგვარებასაც ისინი მიზანშეწონილად ჩათვლიან. არც ერთმა ასეთმა სპეციალურმა შეთანხმებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ მდგომარეობას, ასევე არ უნდა შეზღუდოს კონვენციით მათთვის მინიჭებული უფლებები.
დაცვის ქვეშ მყოფი პირები სარგებლობენ ამ შეთანხმებებით მინიჭებული უპირატესობებით მანამ, სანამ მათზე ვრცელდება კონვენციის მოქმედება, გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ზემოაღნიშნული ან მომდევნო შეთანხმებები შეიცავს მკაფიოდ გამოხატულ საპირისპირო დებულებებს, ან აღნიშნულ პირთა მიმართ კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მიერ უფრო ხელსაყრელი ღონისძიებებია გამოყენებული.
მუხლი 8
დაცვის ქვეშ მყოფ პირებს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლიათ მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადონ უარი იმ უფლებებზე, რომლებიც მათთვის წინამდებარე კონვენციითა და წინა მუხლში გათვალისწინებული სპეციალური შეთანხმებების არსებობის შემთხვევაში - თუ ისინი ამგვარ დებულებებს შეიცავენ - არის უზრუნველყოფილი.
მუხლი 9
წინამდებარე კონვენციის გამოყენება ეფუძნება იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარეების თანამშრომლობასა და კონტროლს, რომელთაც ეკისრებათ კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესთა დაცვა. ამ მიზნით, მფარველ სახელმწიფოებს, თავიანთი დიპლომატიური ან საკონსულო პერსონალის გარდა, შეუძლიათ საკუთარი ან სხვა ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეთაგან დელეგატების დანიშვნა. ამ დელეგატების დასანიშნად საჭიროა იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც მათ მისია უნდა შეასრულონ.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ან დელეგატებს მუშაობის განხორციელებისას შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი.
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები ან დელეგატები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდნენ მათი მისიის წინამდებარე კონვენციით განსაზღვრულ ფარგლებს. კერძოდ, მათ მხედველობაში უნდა მიიღონ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების აუცილებელი მოთხოვნები, სადაც თავიანთ მისიას ასრულებენ.
მუხლი 10
წინამდებარე კონვენციის დებულებები დაბრკოლებას არ წარმოადგენს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის მიზნის მქონე ჰუმანიტარული საქმიანობისათვის, რომელიც, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეების თახმობით, შეიძლება განახორციელოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ან ნებისმიერმა სხვა მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ.
მუხლი 11
მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ სრული მიუკერძოებლობის და ქმედითობის გარანტიის მიმცემ ორგანიზაციას ანდონ წინამდებარე კონვენციით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება.
თუ წინამდებარე კონვენციით დაცულ პირებზე რაიმე მიზეზით არ ვრცელდება ან აღარ ვრცელდება მფარველი სახელმწიფოს ან პირველ პარაგრაფში მითითებული ორგანიზაციის საქმიანობა, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, თხოვნით უნდა მიმართოს ნეიტრალურ სახელმწიფოს ან ასეთ ორგანიზაციას, რათა მან თავის თავზე აიღოს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ დასახელებული მფარველი სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება.
თუ ამგვარი გზით ვერ მოხერხდება მფარველობის განხორციელება, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, თხოვნით უნდა მიმართოს, ან მიიღოს რომელიმე ჰუმანიტარული ორგანიზაციის, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, წინადადება თავის თავზე აიღოს წინამდებარე კონვენციის მიხედვით მფარველი სახელმწიფოებისათვის დაკისრებული ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულება.
ამ მიზნით დაინტერესებული სახელმწიფოს მიერ მოწვეული ან საკუთარი სამსახურის შემთავაზებელი ნებისმიერი ნეიტრალური სახელმწიფო ან ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მოქმედებდეს კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის მიმართ, რომელზეც დამოკიდებულნი არიან წინამდებარე კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირები, და წარმოადგინოს საკმარისი გარანტიები იმისა, რომ მას შეუძლია შესაბამისი ფუნქციების თავის თავზე აღება და მათი მიუკერძოებლად შესრულება.
დაუშვებელია ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევა სახელმწიფოთა შორის დადებული სპეციალური შეთანხმებებით, როცა საომარი მდგომარეობის გამო, თუნდაც დროებით, შეზღუდულია ერთ-ერთი ამ სახელმწიფოს შესაძლებლობა თავისუფლად აწარმოოს მოლაპარაკება სხვა სახელმწიფოსთან ან მის მოკავშირეებთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ სახელმწიფოს მთელი ტერიტორია ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია.
წინამდებარე კონვენციაში მფარველი სახელმწიფოს სახელწოდებაში ყველგან იგულისხმება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული მისი შემცვლელი ორგანიზაციაც.
ამ მუხლის დებულებები გავრცელდება და გამოიყენება ნეიტრალური სახელმწიფოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან მეომარი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელშიც სახელმწიფოს, რომლის მოქალაქეები ისინი არიან, რეგულარული დიპლომატიური წარმომადგენლობა არა აქვს.
მუხლი 12
მფარველი სახელმწიფოები ყოველთვის, როდესაც დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერესებიდან გამომდინარე ამას მიზანშეწონილად ჩათვლიან, განსაკუთრებით კი კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების ან განმარტების თაობაზე უთანხმოების შემთხვევაში, კეთილ სამსახურს გაუწევენ მხარეებს უთანხმოებათა მოსაგვარებლად.
ამ მიზნით, თითოეულ მფარველ სახელმწიფოს შეუძლია ერთ-ერთი მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შესთავაზოს კონფლიქტის მონაწილე მხარეების წარმომადგენლების, კერძოდ, დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე პასუხიმგებელ ხელისუფალთა შეხვედრა შესაბამისად შერჩეულ ნეიტრალურ ტერიტორიაზე. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან მსვლელობა მისცენ ამ თვალსაზრისით მათთვის შეთავაზებული წინადადებების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში, მფარველ სახელმწიფოებს შეუძლიათ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მხარდასაჭერად წარუდგინონ ნეიტრალური სახელმწიფოს წარმომადგენელი ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ დელეგირებული პირი, რომელიც მიწვეულ იქნება აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.
![]() |
5.2 კარი II ზოგადი ხასიათის დებულებები ომის გარკვეული შედეგებისგან მოსახლეობის დაცვის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 13
II კარის დებულებები უნდა გავრცელდეს კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოების მთელ მოსახლეობაზე რასის, ეროვნების, რელიგიის ან პოლიტიკური შეხედულების საფუძველზე ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და ხელი უნდა შეუწყოს ომით მიყენებული ტანჯვის შემსუბუქებას.
მუხლი 14
მშვიდობიან პერიოდში მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს და საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ - კონფლიქტის მონაწილემხარეებს, შეუძლიათ თავის ტერიტორიაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებულ ტერიტორიაზეც, შექმნან სანიტარული და უსაფრთხოების ზონები და ადგილები, რომლებიც იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ საომარი მოქმედებებისაგან დაიცვას დაჭრილები, ავადმყოფი და ასაკოვანი პირები, თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვები, ფეხმძიმე ქალები და შვიდ წლამდე ასაკის ბავშვთა დედები.
საომარი მოქმედებების დაწყებისა და მიმდინარეობისას დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები მათ მიერ შექმნილი ზონებისა და ადგილების ურთიერთცნობის შესახებ. ამ მიზნით, მათ შეუძლიათ ისარგებლონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული შეთანხმების პროექტში მითითებული დებულებებით, იმ ცვლილებებით, რომელთა შეტანასაც აუცილებლად ჩათვლიან.
მფარველი სახელმწიფოები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოწვეული იქნებიან კეთილი სამსახურის გასაწევად ასეთი სანიტარიული და უსაფრთხოების ზონებისა და ადგილების შექმნისა და ცნობის გასაადვილებლად.
მუხლი 15
კონფლიქტის მონაწილე ყოველ მხარეს უშუალოდ ან ნეიტრალური სახელმწიფოს ან ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით, შეუძლია მიმართოს მოწინააღმდეგე მხარეს წინადადებით, რათა საომარი მოქმედებების რაიონებში შეიქმნას ნეიტრალური ზონები, საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ საფრთხეთაგან შემდეგი პირების განურჩევლად დასაცავად:
(ა) დაჭრილი და ავადმყოფი კომბატანტები და არაკომბატანტები;
(ბ) სამოქალაქო მოსახლეობა, რომელიც არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში და ამ ზონებში ყოფნის დროს სამხედრო სახის სამუშაოს არ ასრულებს.
როგორც კი კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან ნეიტრალური ზონის ადგილსამყოფლის, ხელმძღვანელობის, მომარაგებისა და ზედამხედველობის შესახებ, კონფლიქტის მონაწილე მხარეთა წარმომადგენლები შეადგენენ და ხელს მოაწერენ წერილობით ხელშეკრულებას. აღნიშნული შეთანხმებით დადგინდება ზონის ნეიტრალურობის დასაწყისი და ხანგრძლივობა.
მუხლი 16
დაჭრილები და ავადმყოფები, ისევე როგორც ინვალიდები და ფეხმძიმე ქალები განსაკუთრებული დაცვითა და მფარველობით ისარგებლებენ.
რამდენადაც ეს საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი, კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე ხელს შეუწყობს დაჭრილთა და გარდაცვლილთა მოძიებას, დახმარებას გაუწევს ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს და იმ პირებს, რომელთაც სერიოზული საფრთხე ემუქრებათ და დაიცავს მათ გაძარცვისა და უდიერად მოპყრობისგან.
მუხლი 17
კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან დადონ ადგილობრივი შეთანხმებები ალყაშემორტყმული ან გარემოცული ადგილებიდან დაჭრილების, ავადმყოფების, ინვალიდების, მოხუცების, ბავშვებისა და მშობიარეების ევაკუაციისა და ამ ადგილებში ყველა აღმსარებლობის სასულიერო პირის, სამედიცინო პერსონალისა და სანიტარიული აღჭურვილობის გადაადგილების შესახებ.
მუხლი 18
დაუშვებელია დაჭრილების, ავადმყოფების, ინვალიდებისა და მშობიარეების დასახმარებლად ორგანიზებულ სამოქალაქო საავადმყოფოებზე ნებისმიერ გარემოებებში თავდასხმის განხორციელება. კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან ისინი ყოველთვის პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდნენ.
კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოები ყველა სამოქალაქო საავადმყოფოს უზრუნველყოფენ მოწმობით, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ ეს სამოქალაქო საავადმყოფოები და მათ მიერ დაკავებული შენობები ისეთი მიზნებისათვის არ გამოიყენება, რომელთა გამოც მათ მე-19 მუხლის თანახმად შეიძლება განსაზღვრულ დაცვაზე უარი ეთქვათ.
სამოქალაქო საავადმყოფოები სახელმწიფოთა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე აღინიშნება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლში მითითებული ემბლემით.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რამდენადაც ეს საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე იქნება შესაძლებელი, მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა ყოველგვარი აგრესიის თავიდან ასაცილებლად მოწინააღმდეგის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები სამოქალაქო საავადმყოფოების აღმნიშვნელ განმასხვავებელ ნიშნებს მკაფიოდ ხედავდნენ.
იმ საშიშროების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება დაემუქროს სამხედრო ობიექტებთან ახლომდებარე საავადმყოფოებს, რეკომენდებულია მათი ამ ობიექტებისგან რაც შეიძლება მოშორებულ ადგილებში განლაგება.
მუხლი 19
დაცვა, რომლითაც სარგებლობენ სამოქალაქო საავადმყოფოები, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ მათ ჰუმანიტარული ვალდებულებების შესრულების გარდა იყენებენ მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების განსახორციელებლად. თუმცა, დაცვა წყდება მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც ყველა საჭირო შემთხვევაში აწესებს გონივრულ ვადას და სრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამგვარმა გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო.
მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებად არ ჩაითვლება ამ საავადმყოფოებში დაჭრილი ან ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობა ან მათთვის ჩამორთმეული იმ პირადი იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვა, რომელიც სათანადო ორგანოებს ჯერ არ ჩაბარებია.
მუხლი 20
დაცვითა და მფარველობით ისარგებლებენ პირები, რომლებიც სისტემატურად და მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურებით და ადმინისტრაციით არიან დაკავებული, იმ პერსონალის ჩათვლით, რომელიც ახორციელებს დაჭრილი და ავადმყოფი სამოქალაქო პირების ან ინვალიდებისა და მშობიარეების მოძიებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და მკურნალობას.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საომარი მოქმედებების ზონებში ზემოაღნიშნული პერსონალის გამორჩევა ხდება პირადობის მოწმობით, რომელშიც მითითებულია მფლობელის სტატუსი, ჩაკრულია ფოტოსურათი და დასმულია პასუხისმგებელ ხელისუფალთა რელიეფური ბეჭედი. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს პერსონალი მარცხენა ხელზე ბეჭედდარტყმულ, ნესტის გამძლე სამკლაურს ატარებს, რომელსაც სახელმწიფო გასცემს და რომელზეც აღიბეჭდება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლში მითითებული ემბლემა.
სხვა პერსონალს, რომელიც ემსახურება სამოქალაქო საავადმყოფოებს და მათ ადმინისტრირებას აწარმოებს, პატივს სცემენ და იცავენ; მას უფლება აქვს ზემოაღნიშნული და ამ მუხლის დებულებების შესაბამისი სამკლაური იმ დრომდე ატაროს, ვიდრე მას ამგვარი მოვალეობების შესასრულებლად იყენებენ. მათ პირადობის მოწმობაში უნდა აღინიშნოს, თუ რა მოვალეობებს ასრულებენ ისინი.
ყველა სამოქალაქო საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვალდებულია, შესაბამისი ეროვნული ან საოკუპაციო ხელისუფლებისათვის წარსადგენად მზად ჰქონდეს მოცემულ მომენტში საავადმყოფოში მომუშავე ასეთი პერსონალის სია.
მუხლი 21
დაჭრილი და ავადმყოფი სამოქალაქო პირების, ინვალიდებისა და მშობიარეთა ტრანსპორტირება, რომელიც განხორციელდება ხმელეთზე სატრანსპორტო კოლონებით და სანიტარიული მატარებლებით ან ზღვაზე ამგვარი ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი ხომალდებით, ისეთივე დაცვითა და პატივისცემით უნდა სარგებლობდეს, როგორც
ეს მე-18 მუხლში მითითებული საავადმყოფოებისთვისაა გათვალისწინებული. სატრანსპორტო საშუალებები, სახელმწიფოთა თანხმობის საფუძველზე უნდა აღინიშნოს მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლში მითითებული განმასხვავებელი ემბლემით.
მუხლი 22
აკრძალულია თავდასხმა საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც მხოლოდ დაჭრილი და ავადმყოფი სამოქალაქო პირების, ინვალიდების, მშობიარეთა ან სამედიცინო პერსონალის გადასაყვანად და სანიტარიული აღჭურვილობის გადასაზიდად გამოიყენება. ისინი პატივისცემით უნდა სარგებლობდნენ მხოლოდ იმ პირობით, რომ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს შორის შეთანხმებულ სპეციალურად განსაზღვრულ სიმაღლეზე, დროსა და მარშრუტით იფრენენ.
ისინი შეიძლება აღინიშნოს მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული განმასხვავებელი ემბლემით.
თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, მოწინააღმდეგის ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფრენა აკრძალულია.
ამგვარი საჰაერო ხომალდები უნდა დაემორჩილონ დაშვების ნებისმიერ მოთხოვნას. მოთხოვნის საფუძველზე დაშვების შემთხვევაში, შესაძლო შემოწმების შემდეგ, საჰაერო ხომალდი ფრენის გაგრძელებას შეძლებს თავისი მგზავრებითურთ.
მუხლი 23
ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე თავისუფლად გაატარებს სამედიცინო და სანიტარიული საშუალებების ან რელიგიური მსახურებისათვის აუცილებელი საგნების შემცველ ყველა გზავნილს, რომელიც მხოლოდ სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის სამოქალაქო მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი, თუნდაც ეს მხარე მისი მოწინააღმდეგე იყოს. ასევე თავისუფლად უნდა გატარდეს საკვები პროდუქტების, ტანსაცმლისა და მატონიზებელი საშუალებების შემცველი ყველა ამანათი, რომელიც თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების, ორსული ქალებისა და მშობიარეებისთვისაა განკუთვნილი.
ხელშემკვრელი მხარის ვალდებულება - თავისუფლად გაატაროს წინაპარაგრაფში მითითებული ყველაგზავნილი - დამოკიდებულიაიმაზე, დარწმუნდა თუ არა მოცემული სახელმწიფო, რომ არ არსებობს სერიოზული საფუძველი ივარაუდოს შემდეგი:
(ა) გზავნილები შეიძლება დანიშნულების ადგილას არ მოხვდეს;
(ბ) კონტროლი შეიძლება იყოს არაეფექტური;
(გ) გზავნილის გატარებამ შეიძლება გარკვეულწილად ხელი შეუწყოს მოწინააღმდეგე მხარის სამხედრო ძალის ან ეკონომიკის აღმავლობას, თუ გზავნილის შემადგენელი საგნები ცვლიან საქონელს, რომელიც, სხვა შემთხვევაში ამ სახელმწიფოს უნდა ეწარმოებინა, ან თუ იგი ამ საქონლის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულს, საგნებსა და სამუშაო ძალას გამოათავისუფლებს.
პირველ პარაგრაფში მითითებულმა სახელმწიფომ, რომელიც თანახმაა გზავნილების გატარებაზე, დათანხმების პირობად შეიძლება გზავნილების მოსარგებლეთა შორის განაწილებისას მფარველი სახელმწიფოს მიერ ადგილზე კონტროლის განხორციელება მოითხოვოს.
ასეთი გზავნილების გადაგზავნა რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს და მათი თავისუფლად გატარებისათვის თანხმობის მიმცემ სახელმწიფოს უფლება აქვს დააწესოს გადაგზავნისათვის საჭირო ტექნიკური პირობები.
მუხლი 24
კონფლიქტის მონაწილე მხარეები აუცილებელ ზომებს მიიღებენ, რათა თხუთმეტ წლამდე ასაკის დაობლებული ან ომის შედეგად ოჯახს დაცილებული ბავშვები საკუთარი თავის ანაბრად არ დარჩნენ და ხელი შეეწყონ მათზე ზრუნვას და მათ რელიგიასა და აღზრდასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას. მათი აღზრდა, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაეკისროთ მსგავსი კულტურული ტრადიციის ადამიანებს.
მფარველი სახელმწიფოს არსებობის შემთხვევაში მისი თანხმობით და იმის გარანტიით, რომ პირველ პარაგრაფში მითითებული პრინციპები სათანადოდ შესრულდება კონფლიქტის მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ კონფლიქტის მსვლელობის პერიოდში აღნიშნული ბავშვების ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებას.
გარდა ამისა, ამოსაცნობი მედალიონით ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენებით, ისინი შეეცდებიან დაადგინონ თორმეტ წლამდე ასაკის ყველა ბავშვის ვინაობა.
მუხლი 25
ყოველ პირს, რომელიც იმყოფება კონფლიქტის მონაწილე მხარის ან მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეუძლია პირადი შეტყობინება გაუგზავნოს ოჯახის წევრებს და მათგანაც მიიღოს ცნობები მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა. ეს კორესპონდენცია სწრაფად უნდა გადაიგზავნოს და შეძლებისდაგვარად არ უნდა დაყოვნდეს.
თუ შექმნილი გარემოებების გამო გართულებული ან შეუძლებელია ფოსტით მიმოწერა, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეები მიმართავენ ნეიტრალურ შუამავალს, მაგალითად 140-ე მუხლში მითითებულ ცენტრალურ სააგენტოს, წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნულ საზოგადოებებს, რათა მასთან ერთად განსაზღვრონ თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მათი მოვალეობების უკეთესად შესრულება.
თუ კონფლიქტის მონაწილე მხარეები ოჯახური მიმოწერის შეზღუდვას აუცილებლად ჩათვლიან, ეს შეზღუდვები უნდა შემოიფარგლოს სტანდარტული ბლანკების შემოღებით, რომლებზეც თავსდება ოცდახუთი სიტყვა. თვეში გასაგზავნი ბლანკების რაოდენობა შეიძლება ერთამდე შეიზღუდოს.
მუხლი 26
კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ხელს შეუწყობს ომის შედეგად განცალკევებული ოჯახის წევრთა ძებნას და შესაძლებლობის შემთხვევაში - მათ შეხვედრას. კერძოდ, იგი ხელს შეუწყობს ამ საქმით დაკავებული ორგანიზაციების მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ ეს ორგანიზაციები სახელმწიფოსათვის მისაღებია და ემორჩილებიან მის მიერ დადგენილ უსაფრთხოების წესებს.
![]() |
5.3 კარი III დაცვის ქვეშ მყოფ პირთა სტატუსი და მოპყრობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.3.1 ნაწილი I საერთო დებულებები კონფლიქტის მონაწილე მხარეთა ტერიტორიებისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 27
დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ნებისმიერ გარემოებაში აქვთ მათი პიროვნების, ღირსების, ოჯახური უფლებების, რელიგიური მრწამსისა და წესების, ჩვევებისა და ადათების პატივისცემის უფლება. მათ ყოველთვის ჰუმანურად უნდა ეპყრობოდნენ, კერძოდ, იცავდნენ ძალადობისა და მუქარის ნებისმიერი აქტისაგან, შეურაცხყოფისა და ხალხის ცნობისმოყვარეობისაგან.
ქალები განსაკუთრებით უნდა იყვნენ დაცულნი მათი ღირსების შეურაცხყოფისაგან, კერძოდ, გაუპატიურების, იძულებითი პროსტიტუციის ან მათი ზნეობის ნებისმიერი სახის სხვა ხელყოფისაგან.
ჯანმრთელობასთან, ასაკსა და სქესთან დაკავშირებული დებულებების გათვალისწინებით, კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ყველა მათგანს თანაბრად უნდა ეპყრობოდეს ყოველგვარი, კერძოდ კი რასის, რელიგიურ ან პოლიტიკურ შეხედულებებზე დაფუძნებული, დისკრიმინაციის გარეშე.
თუმცა, ამ პირთა მიმართ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ისეთი ღონისძიებების გამოყენება, რომელიც შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს საომარი მოქმედებების გამო.
მუხლი 28
დაცვის ქვეშ მყოფი პირის რომელიმე პუნქტსა და რაიონში ყოფნა არ შეიძლება ამ ადგილებში საომარი ოპერაციების თავიდან აცილების საბაბად იყოს გამოყენებული.
მუხლი 29
კონფლიქტის მონაწილე მხარე, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, პასუხს აგებს მისი წარმომადგენლების მიერ მათ მიმართ მოპყრობაზე, რაც საკუთრივ ამ წარმომადგენლებს პირადი პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს.
მუხლი 30
დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ყველანაირი შესაძლებლობა ექნებათ, რათა მიმართონ მფარველ სახელმწიფოებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, იმ სახელმწიფოს წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნულ საზოგადოებას, რომელშიც ისინი იმყოფებიან, ასევე ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც მათთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია.
ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ ორგანიზაციებს საჭირო ყველა შესაძლებლობას შეუქმნიან იმ ფარგლებში, რომელიც საომარი ან უშიშროების მოსაზრებებით დადგინდება.
მფარველი სახელმწიფოებისა და 143-ე მუხლით გათვალისწინებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატების ვიზიტების გარდა, ოკუპანტი სახელმწიფოები ან სახელმწიფოები, რომელთა ხელისუფლებაშიც დაცვის ქვეშ მყოფი პირები იმყოფებიან, შეძლებისამებრ, ხელს შეუწყობენ დაცვის ქვეშ მყოფი პირების სხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ მონახულებას, რომელთა მიზანია მათთვის სულიერი და მატერიალური დახმარების აღმოჩენა.
მუხლი 31
დაუშვებელია დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ ფიზიკური ან მორალური იძულების რაიმე ზომის გამოყენება, მათგან ან მესამე პირთაგან ინფორმაციის მიღების მიზნით.
მუხლი 32
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები სპეციალურად შეთანხმდებიან იმაზე, რომ თითოეულ მათგანს ეკრძალება ისეთი ზომების გატარება, რომელთაც მათ ხელისუფლებაში მყოფი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის ფიზიკური ტანჯვის მიყენება ან მათი სიკვდილის გამოწვევა შეუძლია. ეს აკრძალვა ვრცელდება არა მხოლოდ მკვლელობაზე, წამებაზე, ფიზიკურ დასჯაზე, სხეულის დასახიჩრებაზე, სამედიცინო ან სამეცნიერო ცდებზე, რომლებიც დაცვის ქვეშ მყოფი პირის მკურნალობის მოთხოვნებით არ არის გამოწვეული, არამედ სამოქალაქო ან სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ყოველგვარი სახის უხეში ძალადობის აქტებზეც.
მუხლი 33
დაუშვებელია დაცვის ქვეშ მყოფი პირის დასჯა სამართალდარღვევისთვის, რომელიც მას პირადად არ ჩაუდენია. კოლექტიური სასჯელები, ისევე როგორც დაშინების ყოველგვარი ღონისძიება ან ტერორი აკრძალულია.
აკრძალულია ძარცვა.
აკრძალულია რეპრესალიები დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და მათი ქონების მიმართ.
მუხლი 34
აკრძალულია მძევლების აყვანა.
![]() |
5.3.2 ნაწილი II კონფლიქტის მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მყოფი უცხოელები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 35
დაცვის ქვეშ მყოფ ნებისმიერ პირს, რომელმაც ტერიტორიის დატოვების სურვილი შეიძლება კონფლიქტის დასაწყისში ან მისი მიმდინარეობისას გამოთქვას, ამის გაკეთების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მისი გამგზავრება ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება. გამგზავრების შესახებ ამ პირთა შუამდგომლობები ჩვეულებრივად დადგენილი წესით უნდა განიხილონ და გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში. პირებს, რომლებმაც გამგზავრების უფლება მიიღეს, შესაძლებლობა ექნებათ მათი მგზავრობისათვის საჭირო ფული მოიპოვონ და თან წაიღონ საკმარისი რაოდენობის პირადი მოხმარების საგნები და ნივთები.
პირს, რომელსაც გამგზავრებაზე უარს ეტყვიან, უფლება ექნება მოითხოვოს უმოკლეს ვადაში ამ უარის გადასინჯვა სასამართლოს ან დამკავებელი სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით დანიშნული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოთხოვნის შემთხვევაში, მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ინფორმაცია ტერიტორიის დატოვების ნებისმიერ შუამდგომლობაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ და ყველა იმ პირის გვარის შესახებ, რომელსაც გამგზავრებაზე უარი ეთქვა, მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს უშიშროების მოსაზრებებს არ ეწინააღმდეგება ან თუ ამაზე თვით დაინტერესებული პირები არ აცხადებენ უარს.
მუხლი 36
წინა მუხლის საფუძველზე ნებადართული გამგზავრება უნდა განხორციელდეს უშიშროების, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში. დამკავებელი სახელმწიფოს ტერიტორიის გასამგზავრებელი პუნქტიდან წარმოშობილ, მგზავრობასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რომელშიც მიემგზავრებიან აღნიშნული პირები, ხოლო ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსებისას კი ქვეყანა, რომლის მოქალაქენიც ამ შესაძლებლობით სარგებლობენ. ამ გადაადგილებათა პრაქტიკული პირობები, აუცილებლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმებით განისაზღვრება.
ზემოაღნიშნული არ ეხება სპეციალურ შეთანხმებებს, რომელიც შეიძლება დაიდოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი მათი მოქალაქეების გაცვლისა და რეპატრიაციის საკითებხზე.
მუხლი 37
დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს ან სასჯელს თავისუფლების აღკვეთით იხდიან, პატიმრობის პერიოდში უნდა მოეპყრონ ჰუმანურად.
გათავისუფლებისთანავე მათ შეუძლიათ, წინა მუხლების შესაბამისად, მოითხოვონ ტერიტორიის დატოვების ნებართვა.
მუხლი 38
გარდა წინამდებარე კონვენციით, კერძოდ 27-ე და 41-ე მუხლებით გათვალისწინებული განსაკუთრებული ღონისძიებებისა, დაცვის ქვეშ მყოფი პირების მდგომარეობა მშვიდობიან დროს უცხოელებთან მოპყრობის წესებით მოწესრიგდება. ნებისმიერ შემთხვევაში მათ უფლება ექნებათ:
(1) მიიღონ მათთვის გამოგზავნილი ინდივიდუალური ან კოლექტიური დახმარება.
(2) ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღონ სამედიცინო დახმარება და იმკურნალონ საავადმყოფოში ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს მოქალაქეებმა.
(3) აღასრულონ რელიგიური მოვალეობანი და მიიღონ სულიერი დახმარება თავიანთი აღმსარებლობის სამღვდელოების პირისაგან.
(4) ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მსგავსად გაემგზავრონ იმ რაიონიდან, რომელიც განსაკუთრებულ საომარ საფრთხეში იმყოფება.
(5) ისარგებლონ თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების, ორსული ქალებისა და შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების დედების იმავე უპირატესობებით, რომელიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ.
მუხლი 39
დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებმაც ომის შედეგად დაკარგეს თავისი შემოსავალი, შესაძლებლობა უნდა მიეცეთ მოძებნონ ანაზღაურებადი სამსახური. უშიშროების მოთხოვნებისა და მე-40 მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, ეს შესაძლებლობა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც იმ სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვთ, რომლის ტერიტორიაზეც ეს პირები იმყოფებიან.
როდესაც კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ განხორციელებული კონტროლის ზომების შედეგად არ შეუძლიათ ცხოვრების მატერიალური უზრუნველყოფა და განსაკუთრებით მაშინ, როცა უშიშროების ინტერესების გამო არ შეუძლიათ ჰქონდეთ მათთვის მისაღები პირობებით ანაზღაურებადი სამუშაო, აღნიშნულმა სახელმწიფომ მათი და მათ კმაყოფაზე მყოფი პირების ცხოვრება უნდა უზრუნველყოს.
დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ყველა შემთხვევაში შეუძლიათ მიიღონ დახმარება თავისი ქვეყნის, მფარველი სახელმწიფოს ან 30-ე მუხლში მითითებული დამხმარე საზოგადოებებისაგან.
მუხლი 40
დაცვის ქვეშ მყოფი პირები იძულებით მხოლოდ იმ მოცულობით შეიძლება ამუშაონ, რამდენადაც ეს მისაღებია კონფლიქტის მონაწილე იმ მხარის მოქალაქეებისათვის, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებიან აღნიშნული პირები.
თუ დაცვის ქვეშ მყოფი პირები მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეები არიან, ისინი შეიძლება აიძულონ შეასრულონ იმგვარი სამუშაო, რომელიც აუცილებელია ადამიანების საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლით, ტრანსპორტითა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საომარ მოქმედებებს.
წინა ორ პარაგრაფში მითითებულ შემთხვევებში, დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებსაც იძულებით ამუშავებენ, სამუშაო პირობებისა და გარანტიების, კერძოდ, ხელფასის, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, ტანსაცმლისა და აღჭურვილობის, მოსამზადებელი სწავლების, სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებებისათვის კომპენსაციის მიღებისას უთანაბრდებიან მოცემულ სახელმწიფოს მუშებს.
ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევის შემთხვევაში დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უფლება აქვთ 30-ე მუხლში მითითებული გასაჩივრების უფლებით ისარგებლონ.
მუხლი 41
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, წინამდებარე კონვენციაში მითითებულ კონტროლის ზომებს არასაკმარისად ჩათვლის, იგი ვერ შეძლებს 42-ე და 43-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებულ გარკვეულ ადგილას საცხოვრებელზე მიმაგრებაზე ან ინტერნირებაზე უფრო მკაცრი ზომების განხორციელებას.
39-ე მუხლის მეორე პარაგრაფის დებულებათა გამოყენების დროს იმ პირების მიმართ, რომელთაც სხვა ადგილებში საცხოვრებელზე გადაყვანის გამო თავისი საცხოვრებელი ადგილების დატოვება მოთხოვეს, დამკავებელმა სახელმწიფომ რაც შეიძლება ზუსტად უნდა დაიცვას ამ კონვენციის III კარის IV ნაწილით დადგენილი მოპყრობის სტანდარტები.
მუხლი 42
განკარგულება დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტერნირების ან საცხოვრებელზე გადაყვანის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაიცეს, როცა ეს დამკავებელი სახელმწიფოს უშიშროების აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს.
თუ ნებისმიერი პირი მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მეშვეობით ინტერნირებას ნებაყოფლობით ითხოვს და თუ მისი პირადი მდგომარეობა ამას აუცილებელს ხდის, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც ის იმყოფება, მისი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.
მუხლი 43
დაცვის ქვეშ მყოფ ინტერნირებულ ან გარკვეულ ადგილას საცხოვრებელზე მიმაგრებულ პირს უფლება აქვს სასამართლოს ან დამკავებელი სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით შექმნილ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მოსთხოვოს ამ გადაწყვეტილებათა უმოკლეს ვადაში გადასინჯვა. თუ ინტერნირება ან გარკვეულ ადგილას საცხოვრებელზე განთავსება ძალაში რჩება, სასამართლომ ან შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანომ პერიოდულად, ყოველ შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა გადასინჯოს საკითხი, რათა, თუ მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, პირველადი გადაწყვეტილება ამ პირისათვის ხელსაყრელად შეიცვალოს.
თუ დაინტერესებულ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, დამკავებელმა სახელმწიფომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს ინტერნირებული ან გარკვეულ საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრებული დაცვის ქვეშ მყოფი ყველა პირის გვარი, ასევე იმ პირთა გვარები, რომლებიც ინტერნირების ან საცხოვრებელზე მიმაგრებული ადგილებიდან გათავისუფლდნენ. წინამდებარე მუხლის პირველ პარაგრაფში მითითებული სასამართლოების ან ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებიც მფარველ სახელმწიფოს ასევე სწრაფად და იმავე პირობების დაცვით უნდა ეცნობოს.
მუხლი 44
წინამდებარე კონვენციაში მითითებული კონტროლის ზომების გამოყენებისას, დამკავებელი სახელმწიფო ლტოლვილებს, რომლებიც ფაქტობრივად არც ერთი მთავრობის მფარველობით არ სარგებლობენ, არ უნდა მოეპყროს როგორც მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეებს მხოლოდ მათი ეროვნული კუთვნილების გამო.
მუხლი 45
არ შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფი პირების ისეთი სახელმწიფოსათვის გადაცემა, რომელიც ამ კონვენციის მხარე არ არის.
ეს დებულება საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ დაცვის ქვეშ მყოფი პირების რეპატრიაციას ან მათი უწინდელი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოში დაბრუნებას არცერთ შემთხვევაში არ შეუშლის ხელს.
სახელმწიფოს მის ხელისუფლებაში მყოფი დაცვით მოსარგებლე პირების გადაცემა შეუძლია მარტო ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსათვის და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ სახელმწიფოს, რომელსაც ისინი უნდა გადაეცეს, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულება სურს და შეუძლია. ასეთი გადაცემის შემდეგ წინამდებარე კონვენციის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მათ მიმღებ სახელმწიფოს ეკისრება მანამდე, სანამ დაცვის ქვეშ მყოფი პირები მისი მფარველობის ქვეშ იქნებიან. თუმცა, თუ ეს სახელმწიფო არ შეასრულებს წინამდებარე კონვენციის დებულებებს ნებისმიერი მნიშვნელოვან პუნქტთან მიმართებაში, სახელმწიფომ, რომელმაც დაცვის ქვეშ მყოფი პირები გადასცა, მფარველი სახელმწიფოსაგან შეტყობინების მიღებისთანავე მდგომარეობის გამოსასწორებლად ეფექტური ზომები უნდა მიიღოს ან მოითხოვოს დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაბრუნება. ამგვარი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფი პირის გადაცემა სახელმწიფოსათვის, სადაც მას პოლიტიკური შეხედულებებისა თუ რელიგიური მრწამსის გამო დევნის საფრთხე შეიძლება დაემუქროს.
ამ მუხლის დებულებები არ ეწინააღმდეგება საომარი მოქმედებების დაწყებამდე ექსტრადიციის შესახებ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ექსტრადიციას.
მუხლი 46
დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ მიღებული შეზღუდვის ღონისძიებები, თუ ეს მანამდე არ განხორციელდა, საომარი მოქმედებების დამთავრებიდან უმოკლეს ვადაში გაუქმდება.
მათ ქონებასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვები საომარი მოქმედებების დასრულებიდან უმოკლეს ვადაში, დამკავებელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად გაუქმდება.
![]() |
5.3.3 ნაწილი III ოკუპირებული ტერიტორიები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 47
ოკუპაციის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ დაწესებულებებში ან სამთავრობო უწყებებში მომხდარი ნებისმიერი ცვლილება, არც ოკუპირებულ და ოკუპანტ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებები, ან ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის ანექსია არავითარ შემთხვევაში და არასგზით არ წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი დაცვით მოსარგებლე პირებისათვის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული უპირატესობების ჩამორთმევის საფუძველს.
მუხლი 48
დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, რომლებიც ოკუპირებული სახელმწიფოს მოქალაქეები არ არიან, შეუძლიათ ტერიტორია 35-ე მუხლის დებულებათა დაცვით დატოვონ. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას ოკუპანტი სახელმწიფო მიიღებს მითითებულ მუხლში განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 49
აკრძალულია ნებისმიერი მოტივით განპირობებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინდივიდუალური ან მასობრივი იძულებითი გადაადგილება ან დეპორტირება ოკუპირებული ქვეყნიდან ოკუპანტი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა ოკუპირებული თუ არაოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე.
თუმცა, ოკუპანტი სახელმწიფოსათვის შესაძლებელი იქნება გარკვეული ოკუპირებული რაიონის მთლიანი ან ნაწილობრივი ევაკუაცია, თუ ეს მოსახლეობის უსაფრთხოების ან განსაკუთრებული სამხედრო ხასიათის მოსაზრებებითაა განპირობებული. ასეთი ევაკუაციის დროს, დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაყვანა დაშვებულია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარად ევაკუირებული მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ ადგილს მოცემულ რაიონში საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე დაუბრუნდება.
ასეთი გადაადგილებების ან ევაკუაციის განხორციელებისას ოკუპანტმა სახელმწიფომ დაცვის ქვეშ მყოფი პირები, შესაძლებლობის ფარგლებში, სათანადო სათავსებით უნდა უზრუნველყოს. ეს გადაადგილებები უსაფრთხოების, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში უნდა განხორციელდეს. დაუშვებელია ერთი ოჯახის წევრთა განცალკევება.
ნებისმიერი გადაადგილების ან ევაკუაციის შესახებ მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
ოკუპანტმა სახელმწიფომ დაცვის ქვეშ მყოფი პირები განსაკუთრებულად სახიფათო რაიონში მხოლოდ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მნიშვნელოვანი სამხედრო ხასიათის მოსაზრებების გამო შეიძლება დააკავოს.
ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეპორტირება ან გადაყვანა.
მუხლი 50
ოკუპანტმა სახელმწიფომ ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ხელი უნდა შეუწყოს ბავშვებზე ზრუნვით და მათი აღზრდით დასაქმებული ყველა დაწესებულების სათანადო ფუნქციონირებას.
ოკუპანტმა სახელმწიფომ ყველა აუცილებელი ზომა უნდა მიიღოს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვების ვინაობის დადგენასა და მათი ნათესაური კავშირების რეგისტრაციას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიცვალოს ბავშვების სამოქალაქო მდგომარეობა, ასევე ისინი არ უნდა ჩაირიცხონ ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებულ ფორმირებებსა და ორგანიზაციებში.
თუ ადგილობრივ დაწესებულებებს არ შეუძლიათ ამ ფუნქციათა შესრულება, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები ობოლი ან ომის შედეგად მშობლებს დაცილებული ბავშვების მოვლასა და სწავლებაზე, თუ მათზე ახლო ნათესავები ან მეგობრები ვერ ასრულებენ აღნიშნულ ფუნქციას; სწავლებას, შეძლებისამებრ, მათივე ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და მათ ენაზე მოლაპარაკე პირები უნდა უძღვებოდნენ.
136-ე მუხლის თანახმად შექმნილი ბიუროს სპეციალური განყოფილება ყველა ზომას მიიღებს, რათა ზუსტად დადგინდეს იმ ბავშვთა ვინაობა, რომელიც ეჭვს იწვევს. მათ ხელთ არსებული მონაცემები ბავშვის მშობლების და სხვა ახლო ნათესავების შესახებ ყოველთვის უნდა დარეგისტრირდეს.
ოკუპანტმა სახელმწიფომ არ უნდა დააბრკოლოს თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების, ორსული ქალებისა და შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების დედების მიმართ კვების, სამედიცინო მოვლისა და საომარი მოქმედებებისგან დაცვის სფეროში ოკუპაციამდე მიღებული პრეფერენციალური ზომების განხორციელება.
მუხლი 51
ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია აიძულოს დაცვის ქვეშ მყოფი პირი იმსახუროს მის შეიარაღებულ ან დამხმარე ძალებში. ყოველგვარი ზეგავლენა ან პროპაგანდა ჯარში ნებაყოფლობით შესვლის შესახებ აკრძალულია. ოკუპანტ სახელმწიფოს იძულებით სამუშაოებზე შეუძლია გაგზავნოს მხოლოდ თვრამეტ წელს გადაცილებული დაცვის ქვეშ მყოფი პირები. ისინი იგზავნებიან სამუშაოზე, რომელიც აუცილებელია საოკუპაციო ჯარის საჭიროებისათვის ან დაკავშირებულია დაკავებული ადგილის მოსახლეობის კომუნალურ მომსახურეობასთან, ჯანმრთელობასთან, ან საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფასთან. დაუშვებელია დაცვის ქვეშ მყოფი პირების იძულება შეასრულონ ისეთი სამუშაო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საომარ ოპერაციებში მათი მონაწილეობა. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია აღნიშნულ პირებს მოსთხოვოს ძალის გამოყენებით დაიცვან ნაგებობები, რომელშიც ასრულებენ იძულებით სამუშაოს.
სამუშაო სრულდება მხოლოდ იმ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, სადაც ეს პირები იმყოფებიან. ყოველი მათგანი, შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვეულ სამუშაო ადგილზე დარჩება. მუშაობა სამართლიანად ანაზღაურდება და იგი მომუშავეთა ფიზიკურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შეესაბამება. ოკუპირებულ ქვეყანაში მოქმედი კანონები სამუშაო პირობებისა და შრომის დაცვის შესახებ, კერძოდ, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, აღჭურვილობის, წინასწარი მომზადების, სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების კომპენსაციის შესახებ გამოიყენება დაცვის ქვეშ მყოფი იმ პირების მიმართაც, რომლებიც ამ მუხლში მითითებულ სამუშაოებს ასრულებენ.
იძულებით შრომით საქმიანობაში ჩაბმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწვევდეს მომუშავეთა სამხედრო ან ნახევრად გასამხედროებულ ორგანიზაციებში მობილიზაციას.
მუხლი 52
არავითარ კონტრაქტს, შეთანხმებას ან დებულებას არ შეუძლია შეზღუდოს ნებაყოფლობით ან იძულებით მომუშავე პირების უფლება, მიუხედავად ამ პირების ადგილსამყოფელისა, მიმართონ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელს ამ სახელმწიფოსაგან შუამდგომლობის მისაღებად.
აკრძალულია ყოველგვარი ღონისძიება, რომელიც უმუშევრობის გამოწვევის ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუშაობის შესაძლებლობის შეზღუდვისკენაა მიმართული და რაც მიზნად ისახავს მშრომელი მოსახლეობის ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ მუშაობის იძულებას.
მუხლი 53
აკრძალულია ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ კერძო პირების ან სახელმწიფოს, საზოგადოებრივი ან კოოპერაციული ორგანიზაციების ინდივიდუალურ ან კოლექტიურ საკუთრებაში მყოფი მოძრავი ან უძრავი ქონების განადგურება, თუკი ეს უკანასკნელი საომარი ოპერაციებისათვის უკიდურეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.
მუხლი 54
ოკუპანტ სახელმწიფოს ეკრძალება შეცვალოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე თანამდებობის პირთა ან მოსამართლეთა სტატუსი, მიმართოს მათ წინააღმდეგ სანქციები, იძულების ღონისძიებები ან შეავიწროვოს ისინი იმის გამო, რომ სინდისის კარნახით ისინი მოვალეობათა შესრულებას არიდებენ თავს.
ეს აკრძალვა არ ეწინააღმდეგება 51-ე მუხლის მეორე პარაგრაფის დებულებათა გამოყენებას და არ ეხება ოკუპანტი სახელმწიფოს უფლებას თანამდებობის პირები დაკავებული პოსტებიდან მოხსნას.
მუხლი 55
ოკუპანტმა სახელმწიფომ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უნდა უზრუნველყოს სამოქალაქო მოსახლეობა სურსათითა და სანიტარიული საშუალებებით. კერძოდ, თუ ოკუპირებული ტერიტორიის რესურსები არასაკმარისია, მან სურსათის მარაგი, სანიტარული საშუალებები და სხვა საგნები უნდა შემოიტანოს.
ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სურსათის მარაგის ან სხვა საგნების, ასევე სამედიცინო ქონების რეკვიზიცია შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საოკუპაციო ჯარისა და ადმინისტრაციის სასარგებლოდ, მხოლოდ იმ პირობით, რომ სამოქალაქო მოსახლეობის მოთხოვნილებები გათვალისწინებული იქნება. სხვა საერთაშორისო კონვენციათა დებულებების შესრულების პირობით, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყოველი რეკვიზიციის სამართლიანი ანაზღაურებისათვის საჭირო ზომები.
მფარველ სახელმწიფოს, გადაუდებელი საომარი მოთხოვნებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გათვალისწინებით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეამოწმოს მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სურსათითა და სანიტარული საშუალებებით მომარაგებისმხრივ.
მუხლი 56
ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით უზრუნველყოს და ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით მხარი დაუჭიროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამედიცინო დაწესებულებებისა და საავადმყოფოების მუშაობას, ჯანდაცვასა და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვას. კერძოდ, მან უნდა გამოიყენოს პროფილაქტიკური და პრევენციული ზომები, რომელიც აუცილებელია გადამდები სნეულებებისა და ეპიდემიების წინააღმდეგ საბრძოლველად. ყველა კატეგორიის სამედიცინო პერსონალისათვის ნებადართული იქნება თავისი მოვალეობების შესრულება.
თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი საავადმყოფოები შეიქმნება, ხოლო ოკუპირებული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ამ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებენ, საოკუპაციო ხელისუფლებამ, საჭიროების შემთხვევაში, ეს საავადმყოფოები მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა აღიაროს. მსგავს გარემოებებში, მე-20 და 21-ე მუხლების დებულებათა თანახმად ოკუპანტმა ხელისუფლებამ საავადმყოფოთა პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები უნდა აღიაროს.
ოკუპანტმა სახელმწიფომ ჯანდაცვისა და ჰიგიენის სფეროში ღონისძიებათა მიღებისა და განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის მორალური და ეთიკური მოთხოვნები.
მუხლი 57
ოკუპანტ სახელმწიფოს სამოქალაქო საავადმყოფოთა რეკვიზიცია შეუძლია დროებით და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების მოვლის უკიდურესი აუცილებლობა მოითხოვს და იმ პირობით, რომ ამ საავადმყოფოებში მოთავსებული ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის და სამოქალაქო მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები დროულად იქნება მიღებული.
სამოქალაქო საავადმყოფოთა ქონებისა და მარაგების რეკვიზიცია არ შეიძლება განხორციელდეს მანამ, სანამ ისინი სამოქალაქო მოსახლეობის მოთხოვნებისთვისაა აუცილებელი.
მუხლი 58
ოკუპანტი სახელმწიფო სასულიერო პირებს ნებას დართავს სულიერი დახმარება გაუწიონ ერთმორწმუნეებს.
ოკუპანტი სახელმწიფო რელიგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიიღებს საჭირო წიგნებისა და საგნების შემცველ გზავნილებს და ხელს შეუწყობს მათ გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
მუხლი 59
თუ ოკუპირებული ტერიტორიის მთელი მოსახლეობის ან მისი ნაწილის მომარაგება არასაკმარისია, ოკუპანტი სახელმწიფო აღნიშნული მოსახლეობის დასახმარებლად გაწეულ ღონისძიებებზე უნდა დათანხმდეს და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ხელი შეუწყოს მათ განხორციელებას.
ამგვარი ღონისძიებები, რომლებიც სახელმწიფოებმა ან მიუკერძოებელმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, შეიძლება განახორციელონ, მოიცავს სურსათის, სანიტარული საშუალებებისა და ტანსაცმლის შემცველი ამანათების გაგზავნას.
ყოველმა ხელშემკვრელმა მხარემ აღნიშნული გზავნილები თავისუფლად უნდა გაატაროს და მათი დაცვა უზრუნველყოს.
სახელმწიფოს, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გზავნილებს თავისუფლად ატარებს, უფლება აქვს გზავნილები შეამოწმოს, მოახდინოს მათი გადაზიდვის დადგენილი ვადებისა და მარშრუტების შესაბამისად რეგულირება და მფარველი სახელმწიფოს შუამავლობით დარწმუნდეს, რომ ეს გზავნილები ნამდვილად გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად და არა ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებისათვის გამოიყენება.
მუხლი 60
დახმარების გზავნილები ოკუპანტ სახელმწიფოს 55-ე, 56-ე და 59-ე მუხლებით მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს. ოკუპანტმა სახელმწიფომ დახმარების ტვირთებს რაიმე სხვა დანიშნულება არ უნდა მისცეს, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც უნდა განხორციელდეს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ინტერესებისათვის და მფარველი სახელმწიფოს თანხმობით.
მუხლი 61
ზემოაღნიშნულ მუხლებში მითითებული დახმარების ტვირთების განაწილება მფარველი სახელმწიფოს ხელშეწყობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. ეს ვალდებულება ოკუპანტ სახელმწიფოსა და მფარველ სახელმწიფოს შორის ხელშეკრულებით შეიძლება გადაეცეს ნეიტრალურ ქვეყანას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან ნებისმიერ სხვა მიუკერძოებელ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას.
ასეთი ტვირთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოველგვარი მოსაკრებლის, გადასახადის ან საბაჟო ბეგარისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს უკანასკნელი ამ ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არის აუცილებელი. ოკუპანტმა სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ამ ტვირთების რაც შეიძლება სწრაფ განაწილებას.
ყველა ხელშემკვრელი მხარე უნდა ეცადოს ნება დართოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გასაგზავნი ტვირთების უფასოდ გადატანასა და ტრანსპორტირებას.
მუხლი 62
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, თუ ეს უშიშროების ინტერესებს საფრთხეს არ შეუქმნის, შეძლებენ მათთვის პერსონალურად გამოგზავნილი ამანათების მიღებას.
მუხლი 63
ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ განსაკუთრებული ხასიათის უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე შემოღებული დროებითი და გამონაკლისი ხასიათის ღონისძიებების შესრულების პირობით:
(ა) წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) აღიარებულ ეროვნულ საზოგადოებებს შეუძლიათ მოღვაწეობა განაგრძონ წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციებით განსაზღვრული წითელი ჯვრის პრინციპების შესაბამისად. სხვა დამხმარე ორგანიზაციებს ნებას დართავენ მსგავს პირობებში განაგრძონ მათი ჰუმანიტარული მოღვაწეობა;
(ბ) ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია ამ საზოგადოებების სტრუქტურასა და პერსონალში რაიმე ცვლილების შეტანა მოითხოვოს, თუ ამას აღნიშნული მოღვაწეობისათვის ზიანის მოტანა შეუძლია.
იგივე პრინციპები გამოიყენება უკვე არსებული ან შემდგომში შექმნილი იმ არასამხედრო სპეციალური ორგანიზაციების მოღვაწეობისა და პერსონალის მიმართ, რომლებიც ძირითადად საზოგადოებრივად სასარგებლო სამსახურების მხარდაჭერის, დახმარების განაწილებისა და სამაშველო ღონისძიებათა ორგანიზების გზით სამოქალაქო მოსახლეობის ცხოვრების პირობების უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად.
მუხლი 64
ოკუპირებული ტერიტორიების სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალაში რჩება იმ გამონაკლისით, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ეს უკანასკნელი შეიძლება გაუქმდეს ან შეჩერდეს, თუკი იგი საფრთხეს უქმნის ამ სახელმწიფოს უშიშროებას ან წინამდებარე კონვენციის შესრულებას უშლის ხელს. ზემოაღნიშნული მოსაზრებისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებლობის გათვალისწინებით, ოკუპირებული ტერიტორიის სასამართლო ორგანოები თავისი ფუნქციების შესრულებას ამ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სამართალდარღვევის შემთხვევაში აგრძელებენ.
თუმცა, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობა დაუქვემდებაროს კანონების მოქმედებას, რომელიც არსებითად აუცილებელია მის მიერ წინამდებარე კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, ტერიტორიის ნორმალური მართვისა და ოკუპანტი სახელმწიფოს ჯარების ან ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობისა და ქონების, ასევე, მათ მიერ გამოყენებული ობიექტებისა და საკომუნიკაციო ხაზების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 65
ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ მიღებული სისხლის სამართლის კანონმდებლობა ძალაში მას შემდეგ შედის, რაც გამოქვეყნდება და მოსახლეობა მას საკუთარ ენაზე გაეცნობა. ამ კანონმდებლობას უკუქცევითი ძალა არ უნდა ჰქონდეს.
მუხლი 66
ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ 64-ე მუხლის მეორე პარაგრაფის საფუძველზე მიღებული სისხლისსამართლებრივი ხასიათის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ბრალდებულის გადაცემა მის მიერ შესაბამისად შექმნილი არაპოლიტიკური სამხედრო სასამართლოებისათვის, მხოლოდ იმ პირობით, რომ სასამართლო სხდომები ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების სხდომები უპირატესად ოკუპირებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს.
მუხლი 67
სასამართლოებს შეუძლიათ კანონმდებლობის მხოლოდ ის დებულებები გამოიყენონ, რომელიც სამართალდარღვევის ჩადენამდე მოქმედებდა და სამართლის ძირითად პრინციპებს, კერძოდ კი სასჯელის დანაშაულთან თანაზომიერების პრინციპს შეესაბამება. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ბრალდებული ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე არ არის.
მუხლი 68
თუ დაცვის ქვეშ მყოფი პირი სამართალდარღვევას ერთადერთი მიზნით ჩაიდენს - ზიანი მიაყენოს ოკუპანტ სახელმწიფოს, მაგრამ ეს სამართალდარღვევა არ წარმოადგენს საოკუპაციო ჯარის ან ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობის ფიზიკური ხელშეუხებლობის ან სიცოცხლის ხელყოფას, არ ქმნის სერიოზულ კოლექტიურ საშიშროებას და მნიშვნელოვან ზიანს არ აყენებს საოკუპაციო ჯარის ან ადმინისტრაციის ქონებას ან მათ მიერ გამოყენებულ ობიექტებს, უნდა მოხდეს მისი დააპატიმრება ან ინტერნირება. ამასთან, დაპატიმრების ან ინტერნირების ვადა ჩადენილ სამართალდარღვევას უნდა შეესაბამებოდეს. გარდა ამისა, დაპატიმრება ან ინტერნირება დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიერ ჩადენილი ამგვარი სამართალდარღვევისათვის სასჯელის ერთადერთი ზომა უნდა იყოს. წინამდებარე კონვენციის 66-ე მუხლში მითითებულ სასამართლოებს თავისუფლად შეუძლიათ დაპატიმრება იმავე ვადით ინტერნირებით შეცვალონ.
ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ 64-ე და 65-ე მუხლების შესაბამისად მიღებული სისხლისსამართლებრივი ხასიათის კანონმდებლობა დაცვის ქვეშ მყოფი პირების სიკვდილით დასჯას იმ შემთხვევაში შეიძლება ითვალისწინებდეს, როცა მათ ბრალი მიუძღვით ჯაშუშობაში, ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ სერიოზული დივერსიული აქტების ჩადენაში, წინასწარ განზრახული სამართალდარღვევების განხორციელებაში, რომელთა შედეგად ერთი ან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და იმ პირობით, რომ ოკუპაციამდე მოქმედი ოკუპირებული სახელმწიფოს კანონმდებლობა მსგავსი დანაშაულებისათვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.
სასიკვდილო განაჩენის გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა სასამართლოს ყურადღება განსაკუთრებულად იყო გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებული ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე არ არის და მასთან ერთგულების რაიმე ვალდებულებით არ არის დაკავშირებული.
ნებისმიერ შემთხვევაში, სასიკვდილო განაჩენის გამოტანა ყოვლად დაუშვებელია, თუ სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში დამნაშავეს თვრამეტი წელი არ შესრულებია.
მუხლი 69
ყველა შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის ვადა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში ჩაითვლება, რომელიც შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფ პირს მიესაჯოს.
მუხლი 70
ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაპატიმრება, დევნა ან გასამართლება ოკუპაციამდე ან ოკუპაციის დროებითი შეწყვეტის მომენტში ჩადენილი ქმედებების ან გამოთქმული მოსაზრებებისათვის, გამონაკლისია ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევა. ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კონფლიქტის დაწყებამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავშესაფარს ეძებდა, შეიძლება დაპატიმრებული, სასამართლოსთვის გადაცემული, გასამართლებული ან დეპორტირებული იყოს მხოლოდ საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის ან მანამდე ჩადენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაულებისათვის, რომელთა ჩადენისათვის, ოკუპირებული სახელმწიფოს კანონმდებლობით, დამნაშავე მშვიდობიან დროსაც ექსტრადიციას დაექვემდებარებოდა.
მუხლი 71
ოკუპანტი სახელმწიფოს კომპეტენტურ სასამართლო ორგანოებს განაჩენის გამოტანა საქმის დადგენილი პროცესუალური წესით განხილვის გარეშე არ შეუძლიათ.
ნებისმიერ პირს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო ბრალს უყენებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით მისთვის გასაგებ ენაზე აცნობებენ, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების დაწვრილებითი მითითებით და მისი საქმე, შეძლებისამებრ, უმოკლეს ვადაში განიხილება. მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დევნის ყოველი შემთხვევა. აღნიშნული ეხება ისეთი დანაშაულისთვის დევნას, რომელიც სიკვდილით ან ორი ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მფარველ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია აღნიშნულ საქმეთა მიმდინარეობას გაეცნოს. ამას გარდა, მფარველ სახელმწიფოს უფლება აქვს ამგვარი საქმეებისა და დაცვის ქვეშ მყოფი პირების დევნის შესახებ ყველა მონაცემი მიიღოს.
მფარველ სახელმწიფოს ამ მუხლის მეორე პარაგრაფში მითითებული შეტყობინება დაუყოვნებლივ ეგზავნება; ნებისმიერ შემთხვევაში მფარველმა სახელმწიფომ შეტყობინება საქმის მოსმენის დაწყებამდე სამი კვირით ადრე უნდა მიიღოს. საქმის მოსმენა ვერ დაიწყება, თუ არ დასაბუთდა, რომ ამ მუხლის დებულებები შესრულებულია. შეტყობინება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს:
(ა) ბრალდებულის ვინაობა;
(ბ) ინტერნირების ან პატიმრობის ადგილი;
(გ) ბრალდების ან ბრალდებათა დეტალური ახსნა შესაბამის სისხლის სამართლის დებულებებზე მითითებით;
(დ) სასამართლოს დასახელება, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს;
(ე) საქმის პირველი მოსმენის ადგილი და თარიღი.
მუხლი 72
ყოველ ბრალდებულს უფლება აქვს მისი დაცვისთვის საჭირო მტკიცებულებები წარმოადგინოს და სასამართლოში მოწმეთა გამოძახება ითხოვოს. მას უფლება აქვს აირჩიოს კვალიფიციური დამცველი, რომელიც მას შეუზღუდავად მოინახულებს და რომელსაც დაცვის მოსამზადებლად ყველა საჭირო შესაძლებლობა ექნება.
თუ ბრალდებული ადვოკატს ან დამცველს თავად არ ირჩევს, იგი შეიძლება მფარველმა სახელმწიფომ დანიშნოს. როცა წაყენებული ბრალდება სერიოზულია და მფარველი სახელმწიფო არ არსებობს, ოკუპანტი სახელმწიფო, ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე, ადვოკატს ან დამცველს თავად ნიშნავს.
ყველა ბრალდებული, გარდა მის მიერ გამოთქმული უარისა, წინასწარი გამოძიების დროს, ასევე სასამართლოს სხდომებზე სარგებლობს თარჯიმნის დახმარებით. მას შეუძლია თარჯიმანი ნებისმიერ დროს გააპროტესტოს და მისი შეცვლა მოითხოვოს.
მუხლი 73
ყოველ მსჯავრდებულს შეუძლია ისარგებლოს სასამართლოს მიერ გამოყენებული და კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების უფლებით. იგი სრულად უნდა იყოს ინფორმირებული გასაჩივრების ან შუამდგომლობის დაყენების, ისევე როგორც გასაჩივრების ვადების შესახებ. წინამდებარე ნაწილში გათვალისწინებული სისხლის სამართლის პროცესუალური წესი, რამდენადაც შესაძლებელია, გამოიყენება გასაჩივრების უფლების მიმართაც. იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოს მიერ გამოყენებულ კანონმდებლობაში გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებული დებულებები არ შედის, მსჯავრდებულს შეუძლია განაჩენი ოკუპანტი სახელმწიფოს შესაბამისი ხელისუფლების წინაშე გაასაჩივროს.
მუხლი 74
მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ დაესწრონ ნებისმიერ სასამართლო სხდომას, რომელიც დაცვის ქვეშ მყოფი პირების საქმეს იხილავს, იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის მოსმენა დახურულ კარს მიღმა უნდა წარიმართოს, რაც ამ უკანასკნელმა უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს. მფარველ სახელმწიფოს უნდა შეატყობინონ სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების ადგილი და თარიღი.
ყოველ განაჩენს, რომელიც სიკვდილით დასჯას ან ორი ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, განაჩენის დასაბუთების მითითებით, უმოკლეს ვადაში მფარველ სახელმწიფოს აცნობებენ.
შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას 71-ე მუხლის თანახმად გაკეთებული შეტყობინების შესახებ და თავისუფლების აღკვეთის შესახებ გამოტანილი განაჩენის შემთხვევაში - ცნობას სასჯელის მოხდის ადგილის თაობაზე. სხვა განაჩენები, გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოში ინახება და გადასინჯვისათვის მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს წარედგინებათ. როცა განაჩენი სიკვდილით დასჯას ან ორი ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მისი გასაჩივრების ვადის ათვლა არ დაიწყება მანამდე, სანამ მფარველი სახელმწიფო არ მიიღებს შეტყობინებას განაჩენის შესახებ.
მუხლი 75
სიკვდილმისჯილს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას შეწყალების ან განაჩენის აღსრულების გადავადებისათვის შუამდგომლობის წარდგენის უფლება.
არც ერთი სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ მოიყვანება სულ მცირე ექვსი თვის გასვლამდე მას შემდეგ, რაც მფარველმა სახელმწიფომ განაჩენის დამამტკიცებელი საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება ან შეწყალებაზე უარის მთქმელი ბრძანება მიიღო.
ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც განსაკუთრებული მდგომარეობის გამო საფრთხე ოკუპანტი სახელმწიფოს ან მისი შეიარაღებული ძალების უშიშროებას ექმნება, აღნიშნული ექვსთვიანი ვადა შეიძლება შემცირდეს, რის შესახებაც მფარველ სახელმწიფოს ყოველთვის აცნობებენ. მფარველ სახელმწიფოს შეეძლება მიმართოს კომპეტენტურ ოკუპანტ ხელისუფლებას ამ სასიკვდილო განაჩენის თაობაზე, რისთვისაც მას აუცილებელი დრო მიეცემა.
მუხლი 76
დაცვის ქვეშ მყოფ ბრალდებულ პირებს ოკუპირებულ ქვეყანაში დააპატიმრებენ და სათანადო განაჩენის არსებობის შემთხვევაში ისინი სასჯელს იქვე მოიხდიან. შესაძლებლობების ფარგლებში, მათ სხვა პატიმრებისგან განცალკევებით მოათავსებენ და დაწესდება ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებისათვის საჭირო სამედიცინო და კვების რეჟიმი, რომელიც სულ მცირე ოკუპირებული სახელმწიფოს ციხეების რეჟიმის შესაბამისი იქნება.
აღნიშნული პირები მიიღებენ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის აუცილებელ სამედიცინო დახმარებას.
ამასთანავე მათ ნებისმიერი სახის სულიერი დახმარების მიღების უფლებაც ექნებათ.
ქალებს მოათავსებენ ცალკე სათავსებში, ქალთა პერსონალის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური რეჟიმი.
დაპატიმრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირები შეიძლება მფარველი სახელმწიფოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატებმა 143-ე მუხლის თანახმად მოინახულონ.
ასეთ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ თვეში არანაკლებ ერთი დახმარების გზავნილისა.
მუხლი 77
ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამართალდარღვევისათვის ბრალ-დებული ან სასამართლოების მიერ მსჯავრდებული დაცვის ქვეშ მყოფი პირები, ოკუპაციის დამთავრების შემდეგ, მათზე გახსნილი საქმეებითურთ გათავისუფლებული ტერიტორიის ხელისუფლებას გადაეცემიან.
მუხლი 78
თუ უშიშროების იმპერატიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ოკუპანტი სახელმწიფო აუცილებლად ჩათვლის დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ უსაფრთხოების ზომების მიღებას, უკიდურეს შემთხვევაში მას შეეძლება, მათი გარკვეულ საცხოვრებელზე მიმაგრება ან ინტერნირება.
გადაწყვეტილებას გარკვეულ საცხოვრებელზე მიმაგრების ან ინტერნირების შესახებ იღებს ოკუპანტი სახელმწიფო წინამდებარე კონვენციის საფუძველზე შემუშავებული რეგულარული პროცედურის თანახმად. ეს პროცედურა დაინტერესებულ პირთა მხრიდან აპელაციის უფლებას უნდა ითვალისწინებდეს. აპელაციის შესახებ გადაწყვეტილებები უმოკლეს ვადაში უნდა იყოს მიღებული. თუ საცხოვრებელზე მიმაგრების ან ინტერნირების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში რჩება, შესაბამისი სახელმწიფოს მიერ შექმნილი კომპეტენტური ორგანო მას პერიოდულად, ყოველ ექვს თვეში ერთხელ მაინც გადასინჯავს.
დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც გარკვეულ ადგილას საცხოვრებელზე მიმაგრების გამო იძულებულნი იყვნენ თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ, წინამდებარე კონვენციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა უპირატესობით სარგებლობენ.
![]() |
5.3.4 ნაწილი IV ინტერნირებულებთან მოპყრობის წესები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.3.4.1 თავი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 79
კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერნირება შეუძლიათ მხოლოდ 41-ე, 42-ე, 43-ე, 68-ე და 78-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად.
მუხლი 80
ინტერნირებულები თავის სამოქალაქო უფლებაუნარიანობას სრულად ინარჩუნებენ და მისგან გამომდინარე უფლებებს ახორციელებენ იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას მათი სტატუსი იძლევა.
მუხლი 81
კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რომლებმაც დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტერნირება მოახდინეს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი არსებობა და ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად დაუშვებელია ინტერნირებულთა დახმარების თანხიდან, ხელფასიდან ან მათი კუთვნილი თანხიდან ნაწილის დაქვითვა.
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, უნდა დაეხმაროს ინტერნირებულთა კმაყოფაზე მყოფ იმ პირებს, რომელთაც საარსებო საშუალებანი არა აქვთ ან თავისი თავის რჩენა არ შეუძლიათ.
მუხლი 82
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, შეძლებისამებრ განათავსებს მათი მოქალაქეობის, ენისა და ჩვეულებების მიხედვით. ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქეები არ უნდა იყვნენ განცალკევებით მოთავსებულნი მხოლოდ ენობრივი განსხვავების გამო.
ინტერნირების მთელი პერიოდის მანძილზე ერთი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მშობლები და შვილები ერთად უნდა იყვნენ მოთავსებულნი, გამონაკლისია შემთხვევები, როცა სამუშაო ან ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან წინამდებარე ნაწილის IX თავის დებულებების გამო ყენება დროებით განშორებას აუცილებელს ხდის. ინტერნირებულებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ მათი შვილები, რომლებიც ინტერნირებული არ არიან და მშობლის მზრუნველობას მოკლებულნი არიან, მათთან ერთად იყვნენ ინტერნირებულნი.
ყველა შესაძლო შემთხვევაში ერთი ოჯახის წევრებს ერთ შენობაში მოათავსებენ, სადაც ისინი სხვებისაგან განცალკევებით იცხოვრებენ. მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო ოჯახური ცხოვრების წარსამართად საჭირო ყველა აუცილებელი საშუალება.
![]() |
5.3.4.2 თავი II ინტერნირების ადგილები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 83
სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, ინტერნირების ადგილები სამხედრო თვალსაზრისით განსაკუთრებულად სახიფათო ადგილებში არ უნდა განალაგოს.
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, მოწინააღმდეგე მხარეებს მფარველი სახელმწიფოს მეშვეობით ინტერნირების ადგილების ყველა გეოგრაფიულ მონაცემს აცნობებს.
ყოველთვის, როცა ეს სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება, ინტერნირების ბანაკები ასოებით „IC“ ისე აღინიშნება, რომ ისინი საჰაერო სივრციდან გარკვევით გამოჩნდეს. ამასთანავე, დაინტერესებული მხარეები აღნიშვნის სხვაგვარ წესზეც შეიძლება შეთანხმდნენ. არ შეიძლება ინტერნირებულთა ბანაკის გარდა რომელიმე სხვა ობიექტის ამგვარად აღნიშვნა.
მუხლი 84
ინტერნირებულებს სამხედრო ტყვეებისა და სხვა ნებისმიერი მიზეზით თავისუფლებააღკვეთილი პირებისაგან განცალკევებით მოათავსებენ და მათ საკუთარი ადმინისტრაცია ეყოლებათ.
მუხლი 85
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი და შესაძლო ზომა, რათა ინტერნირებული დაცვის ქვეშ მყოფი პირები ისეთ შენობებსა და ნაგებობებში მოათავსონ, რომლებიც ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით ყველა გარანტიას ქმნის და მკაცრი კლიმატური პირობებისა და საომარი მოქმედებებისგან საკმარის დაცვას უზრუნველყოფს. ინტერნირების ადგილები არაჯანსაღ ან ინტერნირებულთა ჯანმრთელობისათვის მავნე კლიმატის მქონე ადგილებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა განლაგდეს. ყველა შემთხვევაში, როცა დაცვის ქვეშ მყოფი პირები ამგვარ ადგილებში დროებით არიან ინტერნირებულნი, არაჯანსაღ ადგილას იმყოფებიან ან კლიმატი მათ ჯანმრთელობას ვნებს, პირველი შესაძლებლობისთანავე ისინი ინტერნირების სხვა ადგილას უნდა გადაიყვანონ.
ნაგებობები საკმარისად უნდა იყოს დაცული ნესტისგან, კარგად უნდა თბებოდეს და ნათდებოდეს, განსაკუთრებით ეს ეხება სიბნელის დადგომასა და სინათლის გამორთვის დადგენილი დროის შორის ინტერვალს. საძილე შენობები საკმარისად ფართო უნდა იყოს და კარგად უნდა ნიავდებოდეს. ინტერნირებულებს საჭირო საძილე მოწყობილობები და საბნების საკმარისი რაოდენობა უნდა ჰქონდეთ. ამასთან, გასათვალისწინებელია კლიმატი, ინტერნირებულთა ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღე-ღამის განმავლობაში ინტერნირებულების განკარგულებაში იქნება სანიტარული დანადგარები, რომლებიც ჰიგიენის მოთხოვნებს შეესაბამება და მუდმივად სუფთად ინახება. ისინი ყოველდღიური ტუალეტისა და თეთრეულის რეცხვისათვის საპნის საკმარის რაოდენობას მიიღებენ; ამ მიზნით მათ საჭირო დანადგარებიც დაეთმობათ. მათთვის საშხაპეებს და აბანოებსაც მოაწყობენ. რეცხვისა და დასუფთავებისათვის უნდა იქნას გამოყოფილი საკმარისი დრო.
იმ შემთხვევაში, როცა გამონაკლისის სახით დროებით საჭირო ხდება ინტერნირებული ქალების ინტერნირებულ იმ მამაკაცებთან ერთად მოთავსება, რომლებიც მათი ოჯახის წევრები არ არიან, აუცილებლად უნდა მოხდეს ქალებისათვის ცალკე საძინებლებისა და სანიტარიული დანადგარების გამოყოფა.
მუხლი 86
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, მათი აღმსარებლობისდა მიუხედავად, გამოყოფს მათთვის რელიგიური წესების აღსრულებისათვის აუცილებელ სათავსებს.
მუხლი 87
ინტერნირების ყველა ადგილას, გარდა იმისა, სადაც სხვა შესაბამისი საშუალებები არსებობს, უნდა მოეწყოს სურსათ-სანოვაგის მაღაზიები, რათა ინტერნირებულებმა შეძლონ ადგილობრივი საბაზრო ფასების ფარგლებში პროდუქტებისა და ყოველდღიური მოხმარების იმ საგნების შეძენა, რომელთაც მათი ყოფითი პირობებისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება შეუძლია, აღნიშნულ საგნებში იგულისხება საპონი და თამბაქოც.
სურსათ-სანოვაგის მაღაზიების საქმიანობისგან მიღებული მოგება ინტერნირების ადგილას შექმნილ დახმარების ფონდში ჩაირიცხება და ამ ადგილზე მყოფი ინტერნირებულების ინტერესებისათვის გამოიყენება. 102-ე მუხლის შესაბამისად შექმნილ ინტერნირებულთა კომიტეტს უფლება აქვს მეთვალყურეობა გაუწიოს სურსათ-სანოვაგის მაღაზიებში საქმის მიმდინარეობასა და ფონდის მიზნობრივ გამოყენებას.
ინტერნირების რომელიმე ადგილის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ფონდის თანხების ნარჩენი სხვა ინტერნირების ადგილის დახმარების ფონდში გადადის, სადაც იმავე ეროვნების ინტერნირებულები იმყოფებიან, ან, თუ ასეთი ადგილი არ არსებობს - დახმარების ცენტრალურ ფონდში, რომელიც დამკავებელი სახელმწიფოს ხელისუფლებაში მყოფი ყველა ინტერნირებულის დასახმარებლად იარსებებს. საყოველთაო გათავისუფლებისას, დაინტერესებულ ქვეყნებს შორის საწინააღმდეგო შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მოგება დამატყვევებელ სახელმწიფოსთან რჩება.
მუხლი 88
ინტერნირების ყოველ ადგილზე საჰაერო თავდასხმებისა და ომის სხვა საშიშროებათაგან დაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი რაოდენობისა და სათანადო აგებულების თავშესაფრები უნდა აშენდეს. განგაშის შემთხვევაში, ინტერნირებულებს თავშესაფრებში რაც შეიძლება სწრაფად შესვლა უნდა შეეძლოთ, გამონაკლისია პირები, რომლებიც შენობებს იცავენ. ზემოაღნიშნულ საშიშროებათაგან მოსახლეობის დაცვისათვის განხორციელებული ყველა ზომა ინტერნირებულებზეც თანაბრად გავრცელდება.
ინტერნირების ადგილებში ყველა აუცილებელი ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიება უნდა გატარდეს.
![]() |
5.3.4.3 თავი III კვება და ტანსაცმელი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 89
კვების ძირითადი დღიური რაციონი თავისი რაოდენობით, ხარისხითა და მრავალფეროვნებით საკმარისი უნდა იყოს ინტერნირებულთა ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად და არასაკმარის კვებასთან დაკავშირებული მოვლენების თავიდან ასაცილებლად. ანგარიში უნდა გაეწიოს ინტერნირებულთათვის ჩვეულ კვების რეჟიმსაც.
გარდა ამისა, ინტერნირებულებს უნდა მიეცეთ მათ განკარგულებაში არსებული დამატებითი პროდუქტებისაგან კერძების თავად მომზადების შესაძლებლობა.
ინტერნირებულები სასმელი წყლის საკმარისი რაოდენობით უნდა მოამარაგონ. თამბაქოს მოწევა ნებადართული უნდა იყოს.
მომუშავე ინტერნირებულებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თანაზომიერად დამატებითი საკვები უნდა მიეცეთ.
ორსულმა და მშობიარე ქალებმა და თხუთმეტი წლის ასაკამდე ბავშვებმა დამატებითი საკვები მათი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების თანაზომიერად უნდა მიიღონ.
მუხლი 90
ინტერნირებულებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ დაკავების მომენტში მოიმარაგონ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საცვლები და მოგვიანებით, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მარაგი შეიძინონ. თუ ინტერნირებულს კლიმატური პირობების შესაბამისი საკმარისი ტანისამოსი არა აქვს და მისი შეძენა არ შეუძლია, სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, იგი უფასოდ უნდა უზრუნველყოს.
ტანსაცმელი, რომლითაც სახელმწიფო ინტერნირებულებს უზრუნველყოფს, მასზე დატანებული გარეგნული ნიშნებით, არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და დაცინვის საბაბს არ უნდა წარმოადგენდეს.
მომუშავეებმა უნდა მიიღონ შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის შესატყვისი სამუშაო აღჭურვილობა, მათ შორის სპეცტანსაცმელი.
![]() |
5.3.4.4 თავი IV ჰიგიენა და სამედიცინო დახმარება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 91
ინტერნირების ყველა ადგილს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლაზარეთი, რომელსაც უხელმძღვანელებს კვალიფიციური ექიმი. ლაზარეთში ინტერნირებულები საჭირო დახმარებას მიიღებენ და ექნებათ კვების სათანადო რეჟიმი. საჭიროების შემთხვევაში, გადამდები სნეულებებით და სულიერად დაავადებული ავადმყოფებისათვის შეიქმნება იზოლატორები.
მშობიარეებსა და ინტერნირებულებს, რომლებიც მძიმედ არიან დაავადებულნი ან რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც სპეციალურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას ითხოვს, ნებისმიერ დაწესებულებაში მიიღებენ, რომელსაც მათი შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფა შეუძლია. ისინი მიიღებენ სამედიცინო დახმარებას, რომელიც ხარისხით მოსახლეობისათვის გათვალისწინებულს შეესაბამება.
ინტერნირებულებს სამედიცინო დახმარებას უპირატესად მათივე თანამოქალაქე სამედიცინო პერსონალი გაუწევს.
არ შეიძლება ხელი შეეშალოს ინტერნირებულთა სამედიცინო პერსონალთან მიღებაზე მისვლას. დამატყვევებელი სახელმწიფოს სამედიცინო ხელისუფლება ყოველ ინტერნირებულს, რომელიც მკურნალობს, მისი თხოვნის საფუძველზე მისცემს ოფიციალურ ცნობას დაავადების ან ჭრილობის ხასიათის, მკურნალობის ხანგრძლივობისა და ხასიათის შესახებ. ამ ცნობის დუბლიკატი უნდა გაეგზავნოს 140-ე მუხლში მითითებულ ცენტრალურ სააგენტოს.
ინტერნირებულთა მკურნალობა, მათ შორის ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად საჭირო დანადგარებით უზრუნველყოფა, კბილის ან სხვა ხელოვნური პროთეზებისა და სათვალეების ჩათვლით, უფასოა.
მუხლი 92
ინტერნირებულთა სამედიცინო შემოწმება, სულ მცირე, თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს. კერძოდ, ეს შემოწმებები მიზნად უნდა ისახავდეს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, კვებასა და ინტერნირებულთა სისუფთავეზე ზედამხედველობას, აგრეთვე გადამდები სნეულებების, განსაკუთრებით ტუბერკულოზის, მალარიისა და ვენერიული დაავადებების გამოვლენას. ასეთი შემოწმებები მოიცავს კონკრეტულად თითოეული ინტერნირებულის აწონვასა და წელიწადში სულ მცირე ორჯერ რენტგენით გაშუქებას.
![]() |
5.3.4.5 თავი V რელიგიური, ინტელექტუალური და ფიზიკური საქმიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 93
ინტერნირებულებს სრული თავისუფლება მიენიჭებათ მათი რელიგიური წესების აღსასრულებლად, შესაბამის რელიგიურ წირვებზე დასწრების ჩათვლით, იმ პირობით, რომ ისინი დამკავებელი ხელისუფლების მიერ დაწესებულ დისციპლინას დაიცავენ.
ინტერნირებულ სასულიერო პირებს შეუძლიათ თავისუფლად აღასრულონ თავისი მოვალეობანი ერთმორწმუნეთა შორის. ამ მიზნით სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, იზრუნებს, რათა სასულიერო პირები თანაბრად განაწილდნენ ინტერნირების ადგილებში, სადაც იმყოფებიან ერთსა და იმავე ენაზე მოსაუბრე და ერთი აღმსარებლობის ინტერნირებულები. როდესაც სასულიერო პირების საკმარისი რაოდენობა არ არის, სახელმწიფო მათ შესაბამის პირობებს შეუქმნის, კერძოდ კი გამოუყოფს სატრანსპორტო საშუალებებს, რათა მათ ინტერნირების ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება და საავადმყოფოებში მყოფ ინტერნირებულთა მონახულება შეძლონ. სასულიერო პირები იმ სახელმწიფოს სასულიერო ხელისუფლებასთან, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, და რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, მათი აღმსარებლობის საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციებთან თავისუფალი მიმოწერის უფლებით სარგებლობენ. ეს მიმოწერა 107-ე მუხლში მითითებულ ქვოტას არ ექვემდებარება, თუმცა მასზე ვრცელდება 112-ე მუხლის დებულებანი.
იმ შემთხვევაში, როცა ინტერნირებულები მათი აღმსარებლობის სასულიერო პირის სულიერი დახმარებით ვერ სარგებლობენ, ან იმ შემთხვევაში, როცა ეს უკანასკნელნი არასაკმარისი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, იმავე აღმსარებლობის სასულიერო ხელისუფალთ, იმ სახელმწიფოს თანხმობით, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, შეუძლიათ იმავე აღმსარებლობის სასულიერო პირი დანიშნონან, თუეს რელიგიური თვალსაზრისით დასაშვებია - გამოყონ მსგავსი რელიგიის წარმომადგენელი სასულიერო ან სათანადოდ კვალიფიცირებული ერისკაცი. ეს უკანასკნელნი ისარგებლებენ დაკისრებული მოვალეობებიდან გამომდინარე მათთვის გამოყოფილი საშუალებებით. ამგვარად დანიშნულმა პირებმა იმ სახელმწიფოს მიერ, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, დისციპლინისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დადგენილი ყველა წესი უნდა დაიცვან.
მუხლი 94
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, წაახალისებს მათ ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და გასართობ საქმიანობას და მიანიჭებს მათ ასეთ საქმიანობაში მონაწილეობის სრულ თავისუფლებას. სახელმწიფომ ამგვარი საქმიანობა აუცილებელი პრაქტიკული საშუალებებით, კერძოდ, სათავსების გამოყოფით უნდა უზრუნველყოს.
სწავლის გასაგრძელებლად ან ახალი საგნების დასაუფლებლად ინტერნირებულთათვის შეძლებისამებრ ყველა საშუალება უნდა იქნას გამოყოფილი. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბავშვებისა და მოზარდების განათლება; მათ უნდა შეეძლოთ სკოლებში იარონ ინტერნირების ბანაკებში ან მის ფარგლებს გარეთ.
ინტერნირებულებს შესაძლებლობა ექნებათ სპორტული ვარჯიშების შესრულებას, სპორტს ან სუფთა ჰაერზე თამაშებს მისდიონ. ამ მიზნით, ინტერნირების ყველა ადგილას საკმარისი თავისუფალი ფართობი უნდა გამოიყოს. ბავშვებისა და მოზარდებისათვის სპეციალური სათამაშო მოედნები გამოიყოფა.
მუხლი 95
სახელმწიფოს, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, მათი დასაქმება მხოლოდ მათი სურვილის გათვალისწინებით შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია სამუშაო, რომელსაც არაინტერნირებული დაცვის ქვეშ მყოფი პირი იძულებით ასრულებს და რის შედეგად წინამდებარე კონვენციის მე-40 ან 51-ე მუხლები ირღვევა,
აგრეთვე როდესაც სამუშაოს აქვს შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ხასიათი.
ექვსი კვირის მუშაობის შემდეგ ინტერნირებულს შეუძლია მუშაობა ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, რის შესახებაც მან რვა დღით ადრე უნდა განაცხადოს.
ეს დებულებები ხელს არ უშლის ინტერნირების განმახორციელებელ სახელმწიფოს დაასაქმოს ინტერნირებული ექიმები, კბილის ექიმები და სამედიცინო პერსონალის სხვა წევრები სხვა ინტერნირებულთა სასარგებლოდ, გამოიყენონ ინტერნირებულები ბანაკების მოვლასა და მოწესრიგებასთან დაკავშირებულ სამუშაოებზე; შეასრულებინონ მათ სამზარეულო ან სხვა სამეურნეო სამუშაოები და ბოლოს, გამოიყენონ ისინი საჰაერო დაბომბვისა და ომის სხვა საფრთხეთაგან თავდაცვით სამუშაოებში. თუმცა, არც ერთმა ინტერნირებულმა იძულებით არ უნდა შეასრულოს სამუშაო, რომლისთვისაც იგი ადმინისტრაციის მიერ დანიშნული ექიმის დასკვნით ფიზიკურად შეუფერებელია.
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, მთლიანად პასუხისმგებელია მუშაობის პირობებზე, სამედიცინო დახმარებაზე, ხელფასებზე, ასევე იმაზე, რომ ინტერნირებულები სამუშაოზე უბედური შემთხვევის გამო დაშავებისა და პროფესიული ტრავმებისათვის შესაბამის კომპენსაციას მიიღებენ. სამუშაო პირობები და უბედური შემთხვევებისა და პროფესიული ტრავმებისათვის კომპენსაცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში იმავე რაიონში ამგვარი სამუშაოსათვის გათვალისწინებულ პირობებსა და კომპენსაციაზე უარესი ან ნაკლები არ უნდა იყოს, ეროვნულ კანონმდებლობასა და არსებულ პრაქტიკას უნდა შეესაბამებოდეს. ხელფასი სამართლიანობის საფუძველზე დადგინდება ინტერნირებულსა და სახელმწიფოს შორის, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ან, საჭიროების შემთხვევაში, სხვა სამუშაოს მიმცემთან დადებული შეთანხმების თანახმად. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, მოვალეა ყოველგვარი საფასურის გარეშე უზრუნველყოს ინტერნირე ბულთა არსებობა და მათი ჯანმრთელობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარება. ინტერნირებულები, რომლებიც ამ მუხლის მესამე პარაგრაფში მითითებულ სამუშაოებს მუდმივად ასრულებენ, სახელმწიფოსაგან, რომლის ხელისუფლებაშიც ისინი იმყოფებიან, სამართლიან ხელფასს მიიღებენ. მათი სამუშაო პირობები, სამუშაოზე დაშავებისა და პროფესიული ტრავმებისათვის კომპენსაციის მოცულობა იმაზე უარესი ან ნაკლები არ უნდა იყოს, ვიდრე ეს ამ რაიონში მსგავსი სამუშაოებით დაკავებული პირებისთვისაა გათვალისწინებული.
მუხლი 96
ყოველი სამუშაო რაზმი ინტერნირების ადგილის დაქვემდებარებაში იქნება. დამკავებელი სახელმწიფოს შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ ინტერნირების ადგილის კომენდანტი პასუხს აგებენ სამუშაო რაზმებში წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესრულებაზე. კომენდანტი აწარმოებს მის გამგებლობაში მყოფი სამუშაო რაზმების სიას და აცნობებს მას მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების დელეგატებს, რომლებმაც შეიძლება ინტერნირების ადგილები მოინახულონ.
![]() |
5.3.4.6 თავი VI პირადი ნივთები და ფულადი სახსრები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 97
ინტერნირებულებს შეუძლიათ დაიტოვონ პირადი მოხმარების ნივთები და საგნები. ფულადი სახსრების, ჩეკების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვათა, ასევე ძვირფასი ნივთების ჩამორთმევა მხოლოდ დადგენილი პროცედურის თანახმად შეიძლება, რასთან დაკავშირებითაც დაწვრილებითი მიღების ხელწერილები გაიცემა.
თანხები ინტერნირებულის პირად ანგარიშზე 98-ე მუხლის თანახმად ჩაირიცხება. არ შეიძლება ამ თანხების სხვა ვალუტაზე მფლობელის თანხმობის გარეშე გადაცვლა, თუ ამას ამ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობა არ მოითხოვს.
აკრძალულია უმთავრესად სუბიექტური ღირებულების მქონე ფასეულობების ან მოსაგონარი ნივთების ჩამორთმევა.
ინტერნირებული ქალების ჩხრეკა მხოლოდ ქალებს შეუძლიათ.
გათავისუფლების ან რეპატრიაციის შემთხვევაში ინტერნირებული ხელზე იღებს ფულს, რომელიც მის სახელზე გახსნილი პირადი ანგარიშის საკრედიტო სალდოა. ის ასევე მიიღებს ინტერნირების მომენტში ჩამორთმეულ ფულს, ჩეკებს, ფასიან ქაღალდებს და სხვა. გამონაკლისს შეადგენს ის საგნები ან ძვირფასეულობა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით იმ სახელმწიფოს უნდა დარჩეს, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებული იმყოფება. როდესაც ამ კანონმდებლობის თანახმად დაკავებულია ინტერნირებულის კუთვნილი ქონება, მის მფლობელზე ამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი მიღების ხელწერილი გაიცემა.
საოჯახო და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც ინტერნირებულებს ხელთ აქვთ, მათ მხოლოდ ხელწერილით ჩამოერთმევათ. ინტერნირებული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ვინაობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. მათზე, ვისაც ასეთი დოკუმენტები არა აქვთ, დამკავებელი ხელისუფლება გასცემს სპეციალურ დოკუმენტებს, რომელიც ინტერნირების დასრულებამდე ამ პირთა ვინაობის დამადასტურებელი მოწმობების ფუნქციას შეასრულებს.
ინტერნირებულებს შესყიდვების განხორციელების მიზნით შეიძლება ხელზე ჰქონდეთ გარკვეული რაოდენობის ფულადი თანხა ნაღდად ან შესასყიდი კუპონების სახით.
მუხლი 98
ყოველი ინტერნირებული კრედიტის ან შესასყიდი კუპონების სახით რეგულარულად მიიღებს საჭირო თანხას სურსათის ან ისეთი საგნების შესაძენად, როგორიცაა თამბაქო, პირადი ჰიგიენის ნივთები, ა.შ.
გარდა ამისა, ინტერნირებულებმა შეიძლება დახმარება მიიღონ იმ სახელმწიფოსაგან, რომლის მოქალაქეებიც არიან, მფარველი დამხმარე ორგანიზაციების ან თავიანთი ოჯახებისაგან, ისევე როგორც მიიღონ შემოსავალი თავისი ქონებიდან იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, რომლის ხელისუფლებაშიც ისინი იმყოფებიან. დახმარებათა მოცულობა, რომელსაც აგზავნის სახელმწიფო, რომლის მოქალაქენიც ინტერნირებული არიან, ერთნაირი უნდა იყოს ყველა კატეგორიის ინტერნირებულთათვის (ინვალიდები, ავადმყოფები, ორსული ქალები, ა.შ.). ამ სახელმწიფოს მიერ დადგენილი დახმარების მოცულობა, ან დამკავებელი სახელმწიფოს მიერ მისი განაწილება არ უნდა ხდებოდეს დისკრიმინაციის საფუძველზე, რასაც კრძალავს წინამდებარე კონვენციის 27-ე მუხლი.
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ყოველი ინტერნირებულის სახელზე გახსნის პირად ანგარიშს, რომელზეც ჩაირიცხება წინამდებარე მუხლში მითითებული დახმარებები, ხელფასი, ასევე მის სახელზე გადმორიცხული თანხები. ანგარიშზე ასევე ჩაირიცხება ინტერნირებულისთვის ჩამორთმეული თანხები, რომლითაც იგი იმ კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლებდა, რომელიც ინტერნირებულებით დასახლებულ ტერიტორიაზე მოქმედებს. ინტერნირებულებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებლობა ექნებათ ფულადი დახმარება ოჯახებს და მათზე მატერიალურად დამოკიდებულ პირებს გაუგზავნონ. ინტერნირებულები, იმ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში, რომლის ხელისუფლებაშიც ისინი იმყოფებიან, შეძლებენ თავისი ანგარიშიდან პირადი ხარჯების დასაფარად აუცილებელი თანხების გამოტანას. ნებისმიერ დროს მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ თავისი ანგარიშების მდგომარეობას და მიიღონ ამონაწერები. თხოვნის საფუძველზე მფარველი სახელმწიფო ანგარიშების მდგომარეობას გაეცნობა. ინტერნირებულის სხვა ადგილზე გადასვლის შემთხვევაში თავისი პირადი ანგარიში მას თან მიყვება.
![]() |
5.3.4.7 თავი VII ხელმძღვანელობა და დისციპლინა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 99
ინტერნირების ყოველ ადგილს სათავეში უდგას ოფიცერი ან პასუხისმგებელი თანამდებობის პირი დამკავებელი სახელმწიფოს რეგულარული შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან ან სამოქალაქო ადმინისტრაციის კადრებიდან. ინტერნირების ადგილის ხელმძღვანელ ოფიცერს ან თანამდებობის პირს თან ექნება წინამდებარე კონვენციის ტექსტი ოფიციალურ ან ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე და იგი პასუხს აგებს მის შესრულებაზე. ინტერნირებულთა ზედამხედველი პერსონალი წინამდებარე კონვენციის დებულებებსა და მათ გამოსაყენებლად მიღებულ ადმინისტრაციულ ზომებს უნდა იცნობდეს.
წინამდებარე კონვენციის ტექსტი, ასევე ამ კონვენციის შესაბამისად დადებული სპეციალური შეთანხმების ტექსტები ინტერნირებულთათვის გასაგებ ენაზე ინტერნირების ადგილზე გამოიკვრება ან ინტერნირებულთა კომიტეტში შეინახება.
ინტერნირებულ პირებს, მათთვის გასაგებ ენაზე, უნდა აცნობონ ყოველი წესი, ბრძანება, განცხადება და შეტყობინება, რომელსაც ინტერნირების ადგილებში გამოაკრავენ.
ასევე, ცალკეული ინტერნირებულისთვის განკუთვნილ ყოველ ბრძანებასა და განკარგულებას მას მისთვის გასაგებ ენაზე მისცემენ.
მუხლი 100
დისციპლინა ინტერნირების ადგილებში ჰუმანურ პრინციპებს უნდა შეესაბამებოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცავდეს წესებს, რომელიც ინტერნირებულებისაგან მათი ჯანმრთელობისათვის სახიფათო ფიზიკურ დაძაბვას მოითხოვს ან ფიზიკურ ან მორალურ დაცინვას წარმოადგენს. აკრძალულია მოსვირინგება, დაშანთვა და სხვა ამოსაცნობი ნიშნების სხეულზე დადება.
აკრძალულია ინტერნირებულთა დიდი ხნით იძულებით ფეხზე დაყენება, ხანგრძლივი გადაძახილი, დასჯის მიზნით ფიზიკური ვარჯიში, სამხედრო წვრთნა ან საკვების რაციონის შემცირება.
მუხლი 101
ინტერნირებულებს უფლება აქვთ ხელისუფალთ, რომელთა დაქვემდებარებაშიც იმყოფებიან, შუამდგომლობით მიმართონ დადგენილი რეჟიმის თაობაზე.
მათ უფლება აქვთ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ინტერნირებულთა კომიტეტს ან, თუ საჭიროდ თვლიან, უშუალოდ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მიმართონ და აცნობონ მათი ინტერნირების პირობების მიმართ თავისი საჩივრების შესახებ. ეს შუამდგომლობები და საჩივრები სასწრაფოდ და ყოველგვარი ცვლილების გარეშე უნდა გადაიცეს. იმ შემთხვევაში, თუ მათ დაუსაბუთებლად ჩათვლიან, ამას რაიმე სახის სასჯელი არ უნდა მოჰყვეს.
ინტერნირებულთა კომიტეტს შეუძლია მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს პერიოდულად გაუგზავნოს მოხსენება ინტერნირების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და ინტერნირებულთა საჭიროებების შესახებ.
მუხლი 102
ინტერნირების ყოველ ადგილზე თავისუფალი, ფარული კენჭისყრით, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ირჩევენ კომიტეტის წევრებს. კომიტეტი ინტერნირებულებს წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების, მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ყველა სხვა დამხმარე ორგანიზაციის წინაშე. შესაძლებელია ამ კომიტეტის წევრთა გადარჩევა.
არჩეულები თავიანთი მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ შეუდგებიან, რაც მათ არჩევას ინტერნირების განმახორციელებელი ხელისუფლება დაამტკიცებს. კომიტეტის წევრთა დამტკიცებაზე უარის თქმის ან შეცვლის მიზეზები დაინტერესებულ მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს.
მუხლი 103
ინტერნირებულთა კომიტეტებმა ხელი უნდა შეუწყონ ინტერნირებულთა ფიზიკურ, მორალურ და ინტელექტუალურ კეთილდღეობას.
კერძოდ, თუ ინტერნირებულები ურთიერთდახმარების სისტემის ორგანიზებას გადაწყვეტენ, ეს ორგანიზება კომიტეტთა კომპეტენციის ქვეშ უნდა მოექცეს წინამდებარე კონვენციის სხვა დებულებებით მათზე დაკისრებული სპეციალური ვალდებულებების დამოუკიდებლად.
მუხლი 104
ინტერნირებულთა კომიტეტების წევრები არ უნდა აიძულონ შეასრულონ ნებისმიერი სხვა სამუშაო, რომელიც მათი ფუნქციების შესრულებას დააბრკოლებს. ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს შეუძლიათ ინტერნირებულთაგან თანაშემწეები დანიშნონ. მათ მიეცემათ ყველა პრაქტიკული საშუალება, კერძოდ, მათი ვალდებულებების შესრულებისათვის აუცილებელი გადაადგილების გარკვეული თავისუფლება (სამუშაო რაზმების მონახულება, დახმარების გზავნილების მიღება, ა.შ.).
ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს ექნებათ დამატყვევებელ ხელისუფლებასთან, მფარველ სახელმწიფოებთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და მათ დელეგატებთან, აგრეთვე ინტერნირებულთა დამხმარე სხვა ორგანიზაციებთან საფოსტო და სატელეგრაფო მიმოწერის წარმოების ყველა შესაძლებლობა. ასეთივე შეთავაზებით ისარგებლებენ სამუშაო რაზმებში მყოფი კომიტეტის წევრები ინტერნირების ძირითად ადგილზე ინტერნირებულთა კომიტეტთან თავის მიმოწერასთან მიმართებაში. ასეთი მიმოწერისათვის რაიმე შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს და იგი 107-ე მუხლში მითითებული ქვოტის სათვალავში არ უნდა მოექცეს.
ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს, რომლებიც სხვა ადგილას გადაჰყავთ, საკმარისი დრო უნდა მიეცეთ თავისი შემცვლელების საქმის კურსში ჩასაყენებლად.
![]() |
5.3.4.8 თავი VIII გარე სამყაროსთან ურთიერთობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 105
დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტერნირებისთანავე, დამკავებელი სახელმწიფოები შეატყობინებენ მათ, იმ სახელმწიფოს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და მათ მფარველ სახელმწიფოს, წინამდებარე თავის დებულებათა შესასრულებლად მიღებული ღონისძიებების შესახებ. ამასთანავე, დამკავებელი სახელმწიფოები დაინტერესებულ მხარეებს ამ ღონისძიებებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას აცნობებენ.
მუხლი 106
ყოველ ინტერნირებულს, ინტერნირებისთანავე ან ინტერნირების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა, აგრეთვე ავადმყოფობის ან ლაზარეთში ან ინტერნირების სხვა ადგილას გაგზავნის შემთხვევაში, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ერთი მხრივ თავის ოჯახს, მეორე მხრივ კი 140-ე მუხლში გათვალისწინებულ ცენტრალურ სააგენტოს გაუგზავნოს ბარათი ინტერნირების შესახებ, რომელიც შეძლებისამებრ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშის მიხედვით შედგება. ამ საფოსტო ბარათით იგი თავის ნათესავებს აცნობებს დაკავების ფაქტს, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისამართს. აღნიშნული ბარათები რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაიგზავნოს და მათი ნებისმიერი სახით დაყოვნება დაუშვებელია.
მუხლი 107
ინტერნირებულთათვის ნებადართულია წერილებისა და საფოსტო ბარათების გაგზავნა და მიღება. თუ დამკავებელი სახელმწიფო აუცილებლად მიიჩნევს ინტერნირებულის მიერ წარმოებული კორესპონდენციის შეზღუდვას, მან, სულ მცირე თვეში ორი წერილისა და ოთხი ბარათის გაგზავნის ნება მაინც უნდა მისცეს, რომლებიც, შეძლებისამებრ, წინამდებარე კონვენციაზე თანდართული ნიმუშების მიხედვით შედგება. თუ ინტერნირებულთა მისამართით მოსულ კორესპონდენციაზე შეზღუდვები უნდა დაწესდეს, ზოგიერთ შემთხვევაში დამკავებელი სახელმწიფოს თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო, რომელსაც ასეთი ინტერნირებულები ეკუთვნიან,. ასეთი წერილებისა და ბარათების გაგზავნა გონივრულობის ფარგლებში დროულად უნდა მოხდეს; მათი დაკავება ან შეფერხება დისციპლინური ზემოქმედების მიზნით დაუშვებელია.
ინტერნირებულთათვის, რომლებსაც ახლო ნათესავებისგან დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ ცნობები ან ჩვეულებრივი გზით მათი მიღების ან გაგზავნის შესაძლებლობა არა აქვთ, აგრეთვე მათთვის, რომლებიც თავისი სამშობლოსგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, ნებადართული იქნება დეპეშების გაგზავნა, რომლის საფასურსაც ისინი მათ განკარგულებაში არსებული ვალუტის მეშვეობით გადაიხდიან. დეპეშების გაგზავნის შესაძლებლობა ინტერნირებულებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებშიც მიეცემათ.
როგორც წესი, ინტერნირებულების კორესპონდენცია მშობლიურ ენაზე იწარმოება. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ კორესპონდენციის სხვა ენებზე წარმოებაც დაუშვან.
მუხლი 108
ინტერნირებულებს ფოსტით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით შეუძლიათ მიიღონ ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილები, რომლებშიც შეიძლება იყოს კვების პროდუქტები, ტანსაცმელი, მედიკამენტები, ასევე წიგნები და მათი რელიგიური მოთხოვნილებების, განათლებისა და გართობისთვის საჭირო ნივთები. აღნიშნული გზავნილები დამკავებელ სახელმწიფოს წინამდებარე კონვენციით მისთვის დაკისრებული ვალდებულებებისგან არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს.
იმ შემთხვევაში, როცა სამხედრო მოსაზრებებიდან გამომდინარე აუცილებელია ამგვარი გზავნილების რაოდენობის შეზღუდვა, შეტყობინება აღნიშნულის შესახებ გაეგზავნება მფარველ სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას, რომელიც ინტერნირებულებს ეხმარება და ასეთი გზავნილების გადაგზავნაზეა პასუხისმგებელი.
ინდივიდუალური და კოლექტიური გზავნილების გაგზავნის წესი, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულ სახელმწიფოთა სპეციალური შეთანხმების საგანი უნდა გახდეს, რომელთაც ინტერნირებულთა დასახმარებელი გზავნილების მიღება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეაფერხონ. აკრძალულია პროდუქტებსა და ტანისამოსთან ერთად წიგნების ჩადება. მედიკამენტები, როგორც წესი, კოლექტიური გზავნილებით იგზავნება.
მუხლი 109
კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შორის დახმარების კოლექტიური გზავნილების მიღებისა და განაწილების წესის შესახებ სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე კონვენციაზე თანდართული კოლექტიურ დახმარებასთან დაკავშირებული წესები.
ზემოაღნიშნული სპეციალური შეთანხმებები არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს ინტერნირებულთა კომიტეტების უფლებას მიიღონ და მიმღებთა ინტერესების შესაბამისად გაანაწილონ და განკარგონ ინტერნირებულთათვის განკუთვნილი კოლექტიური გზავნილები.
ამასთანავე, ამ შეთანხმებებით დაუშვებელია მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან ინტერნირებულების დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის გზავნილების გადაცემაზე პასუხისმგებელი წარმომადგენლების კოლექტიური გზავნილების მიმღებთა შორის განაწილების პროცესზე ზედამხედველობის უფლების შეზღუდვა.
მუხლი 110
ინტერნირებულთათვის განკუთვნილი დახმარების ყოველგვარი გზავნილი თავისუფლდება საიმპორტო, საბაჟო და სხვა გადასახადებისაგან.
ყველა საფოსტო გზავნილი, ფოსტით გაგზავნილი დახმარების ამანათებისა და სხვა ქვეყნებიდან ინტერნირებულთა სახელზე გადარიცხული ან მათ მიერ უშუალოდ, ან 136-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობათა ბიუროსა და 140-ე მუხლით გათვალისწინებული ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით ფოსტით გაგზავნილი ფულადი თანხების ჩათვლით, თავისუფლდება ყოველგვარი საფოსტო გადასახადისგან
როგორც გამგზავნ და დანიშნულების ქვეყნებში, ისე შუალედურ სახელმწიფოებშიც. ამ მიზნით, 1947 წლის მსოფლიო საფოსტო კონვენციითა როგორც გამგზავნ და დანიშნულების ქვეყნებში, ისე შუალედურ სახელმწიფოებშიც. ამ მიზნით, 1947 წლის მსოფლიო საფოსტო კონვენციითა და მსოფლიო საფოსტო კავშირის ხელშეკრულებებით ბანაკებსა და სამოქალაქო ციხეებში მყოფი მოწინააღმდეგის სამოქალაქო პირების გათვალისწინებული გათავისუფლება საფოსტო გადასახადებისაგან გავრცელდება წინამდებარე კონვენციაში მითითებულ ყველა კატეგორიის ინტერნირებულ დაცვის ქვეშ მყოფ პირზეც. სახელმწიფოები, რომლებიც აღნიშნული ხელშეკრულებების მონაწილენი არ არიან, ვალდებულნი არიან საფოსტო გადასახადებისაგან გათავისუფლება იმავე პირობებით უზრუნველყონ.
ინტერნირებულთათვის განკუთვნილი დახმარების გზავნილების ხარჯებს, რომლებიც თავისი წონის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ფოსტით ვერ იგზავნება, გაიღებს სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან მის კონტროლს დაქვემდებარებულ ყველა ტერიტორიაზე მყოფი ინტერნირებულები. წინამდებარე კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფოები მის ტერიტორიებზე ტრანსპორტირების ხარჯებს თავად გაიღებენ.
ასეთი გზავნილების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომელსაც არ ფარავს ზემოთ მოცემული პარაგრაფებით გათვალისწინებული შემთხვევები, გამგზავნები გაიღებენ.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შეეცდებიან, შეძლებისამებრ შეამცირონ ინტერნირებულების მიერ ან მათთვის გაგზავნილი დეპეშებისათვის დაწესებული ნიხრი.
მუხლი 111
იმ შემთხვევაში, როცა საომარი ოპერაციები დაინტერესებულ სახელმწიფოებს ხელს უშლის შეასრულონ 106-ე, 107-ე, 108-ე და 113-ე მუხლებში მითითებული ვალდებულები მათ შორის უზრუნველყონ საფოსტო და დახმარების გზავნილების გადაზიდვა, დაინტერესებულ მფარველ სახელმწიფოებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ან კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ აღიარებულ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას შეუძლიათ თავის თავზე აიღონ ამ გზავნილების სათანადო სატრანსპორტო საშუალებებით (სარკინიგზო ვაგონები, საბარგო ავტომანქანები, გემები, თვითმფრინავები, ა.შ.) გადაზიდვა. ამ მიზნით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ეცდებიან ეს სატრანსპორტო საშუალებები გამოყონ და დაუშვან მათი მოძრაობა მათთვის აუცილებელი საშვების გაცემის გზით.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებით შეიძლება გადაიზიდოს შემდეგი ტვირთი:
(ა) კორესპონდენცია, სიები და ანგარიშები, რომლებსაც ერთმანეთში 140-ე მუხლში მითითებული ცნობათა ცენტრალური სააგენტო და 136-ე მუხლში მითითებული ეროვნული ბიურო ცვლიან;
(ბ) ინტერნირებულთა შესახებ კორესპონდენცია და ანგარიშები,
რომელსაც მფარველი სახელმწიფოები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან ინტერნირებულთა დამხმარე სხვა ორგანიზაციები ცვლიან როგორც თავის წარმომადგენლებთან, ისე კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან.
ეს დებულებები არ ზღუდავს კონფლიქტის მონაწილე ნებისმიერ მხარეს უზრუნველყოს ტრანსპორტირების სხვა საშუალება ან გასცეს საშვი იმ პირობებით, რომლებიც ორმხრივი შეთანხმებებით შეიძლება დადგინდეს.
ამ სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, გზავნილთა ღირებულების პროპორციულად, გაიღებენ კონფლიქტის მონაწილე ის მხარეები, რომელთა მოქალაქეების სასარგებლოდაც არის ეს მომსახურება გაწეული.
მუხლი 112
ინტერნირებულთა მისამართით ან მათ მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის ცენზურა შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს.
ინტერნირებულთა მისამართით გზავნილების დათვალიერება ისეთ პირობებში არ უნდა მოხდეს, რომელსაც შეუძლია გზავნილებში მოთავსებული კვების პროდუქტების დაცულობას საფრთხე შეუქმნას; დათვალიერება ადრესატის ან მისი სათანადოდ რწმუნებული თანაინტერნირებული პირის თანდასწრებით უნდა მოხდეს. არ შეიძლება ინდივიდუალური ან კოლექტიური გზავნილების ინტერნირებულთათვის გადაცემის შეფერხება ცენზურასთან დაკავშირებული სირთულეების მომიზეზებით.
კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიერ სამხედრო ან პოლიტიკური მიზეზებით შემოღებული კორესპონდენციის ნებისმიერი აკრძალვა მხოლოდ დროებით ხასიათს უნდა ატარებდეს და რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს.
მუხლი 113
სახელმწიფოები, რომელთა ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, შექმნიან ყველა გონივრულ შესაძლებლობას იმისთვის, რომ მფარველი სახელმწიფოს ან 140-ე მუხლში გათვალისწინებული ცენტრალური სააგენტოს ანდა სხვა შესაბამისი საშუალების მეშვეობით, მოხდეს ინტერნირებულთათვის განკუთვნილი ან მათ მიერ შედგენილი ანდერძების, მინდობილობების ან სხვა სახის დოკუმენტების გადაცემა.
სახელმწიფოები, რომელთა ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, ყველა შემთხვევაში დაეხმარებიან ინტერნირებულებს ამგვარი დოკუმენტების სათანადოდ შედგენასა და დამოწმებაში, კერძოდ, ნებას დართავენ მათ გაიარონ კონსულტაციები იურისტთან.
მუხლი 114
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, მიანიჭებს მათ ინტერნირების რეჟიმსა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ყველა შესაძლებლობას, რათა მათ შეძლონ საკუთარი ქონების განკარგვა. ამ მიზნით, აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ან თუ ეს არსებული გარემოებებითაა დაშვებული, ნება დართოს ინტერნირებულებს დატოვონ ინტერნირების ადგილი.
მუხლი 115
ყველა შემთხვევაში, როცა ინტერნირებული პირი, ნებისმიერ სასამართლოში, სამართალწარმოების ერთ-ერთი მხარეა, მისი მოთხოვნის საფუძველზე სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც ის იმყოფება, სასამართლოს მისი დაკავების შესახებ უნდა აცნობოს და კანონიერების ფარგლებში თვალყური ადევნოს, რათა ამ პირის ინტერნირების გამო ზიანი არ მიადგეს მისი საქმის მომზადებასა და წარმართვას, ისევე როგორც ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 116
დროის გარკვეული ინტერვალის შემდეგ და რაც შეიძლება ხშირად, ნებადართული იქნება ყოველი ინტერნირებულის მონახულება მნახველების, პირველ რიგში კი უახლოესი ნათესავების მიერ.
უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და შესაძლებლობის ფარგლებში, განსაკუთრებით ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში, ინტერნირებულებს ნებას დართავენ მოინახულონ მათი ოჯახები.
![]() |
5.3.4.9 თავი IX სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური ზომები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 117
წინამდებარე თავის დებულებათა გათვალისწინებით, იმ ტერიტორიის კანონმდებლობა, სადაც ინტერნირებულები იმყოფებიან, განაგრძობს მოქმედებას ინტერნირების პერიოდში სამართალდარღვევის ჩამდენი ინტერნირებულების მიმართ.
თუ კანონებში, დადგენილებებსა და განკარგულებებში მითითებულია, რომ ინტერნირებულის მიერ ჩადენილი მოქმედება დასჯადია, მაშინ როცა არაინტერნირებული პირის მიერ ჩადენილი მსგავსი ქმედება არ ისჯება, ინტერნირებულ პირს აღნიშნული ქმედებისათვის მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება.
ერთი და იმავე სამართალდარღვევისათვის და ერთი და იმავე ბრალდებით ინტერნირებული მხოლოდ ერთხელ შეიძლება დაისაჯოს.
მუხლი 118
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლოები და ხელისუფლების ორგანოები შესაძლებლობის ფარგლებში მხედველობაში მიიღებენ იმ ფაქტს, რომ ბრალდებული არ არის დამკავებელი სახელმწიფოს მოქალაქე. ისინი თავისუფალი იქნებიან არჩევანში შეამსუბუქონ ინტერნირებულის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სასჯელი და ვალდებულნი არ იქნებიან ამ მიზნით სასჯელის ქვედა ზღვარი დაიცვან.
აკრძალულია მსჯავრდებულის მოთავსება უსინათლო ადგილებში, ისევე როგორც ყოველგვარი სახის სისასტიკის გამოყენება.
ინტერნირებულებს დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი სასჯელის მოხდის შემდეგ არ უნდა მოეპყრან სხვა ინტერნირებულებისგან განსხვავებით.
ყველა შემთხვევაში, წინასწარ პატიმრობაში გატარებული პერიოდი გამოაკლდება სისხლის სამართლის ან დისციპლინური წესით დაკისრებული სასჯელით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადას.
ინტერნირებულთა კომიტეტებს უნდა ეცნობოთ იმ ინტერნირებულთა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეთა და მათი შედეგების შესახებ, რომელთაც ისინი წარმოადგენენ.
მუხლი 119
ინტერნირებულებს შეიძლება დაეკისროთ შემდეგი დისციპლინური სასჯელები:
(1) ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 95-ე მუხლის დებულებებით გათვალისწინებული ინტერნირებულის ხელფასის 50 პროცენტს და განისაზღვროს არა უმეტეს ოცდაათი დღით.
(2) წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული მოპყრობის ფარგლებში და ფარგლებს გარეთ უპირატესობების ჩამორთმევა.
(3) რიგგარეშე განაწესები დღეში არა უმეტეს ორი საათისა, რომელიც ინტერნირების ადგილის მოვლას უკავშირდება.
(4) პატიმრობა.
დისციპლინური სასჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს არაადამიანური, სასტიკი ან ინტერნირებულის ჯანმრთელობისათვის სახიფათო. ინტერნირებულის ასაკი, სქესი და ჯანმრთელობის მდგომარეობა გათვალისწინებული უნდა იყოს.
ნებისმიერი ცალკეული სასჯელის მაქსიმალური ვადა არასოდეს არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ თანმიმდევრულ კალენდარულ დღეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სასჯელის გამოტანის მომენტისათვის ინტერნირებულს უკვე დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სასჯელი რაიმე დარღვევის გამო, მიუხედავად იმისა, უკავშირდება თუ არა ეს დარღვევები ერთმანეთს.
მუხლი 120
გაქცევის ან გაქცევის მცდელობის შემდეგ ხელახლა დაკავებული ინტერნირებულები, რეციდივის შემთხვევაშიც კი, სასჯელს მხოლოდ დისციპლინური წესით იხდიან.
118-ე მუხლის მესამე პარაგრაფის მიუხედავად, გაქცევის ან გაქცევის მცდელობის გამო დასჯილი ინტერნირებულები შეიძლება განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ მოექცნენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს ზედამხედველობა მათ ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს, ის ინტერნირების ადგილზე განხორციელდება და წინამდებარე კონვენციით მინიჭებული რაიმე გარანტიის გაუქმებას არ გამოიწვევს.
გაქცევის ან გაქცევის მცდელობის დამხმარე და თანამონაწილე ინტერნირებულები ბრალდების ამ ნაწილში მხოლოდ დისციპლინური წესით დაისჯებიან.
მუხლი 121
გაქცევა ან გაქცევის მცდელობა რეციდივის შემთხვევაშიც კი არ უნდა ჩაითვალოს დამამძიმებელ გარემოებად, როცა ინტერნირებული გაქცევის დროს ჩადენილ სამართალდარღვევებზე სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გულისხმიერება გამოიჩინონ იმის გადაწყვეტისას, თუ როგორი სასჯელი გამოიტანონ სამართალდამრღვევი ინტერნირებულისათვის - დისციპლინური თუსისხლისსამართლებრივი, განსაკუთრებით გაქცევასთან დაკავშირებულ დარღვევებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა იქნება ეს გაქცევა წარმატებული თუ არა.
მუხლი 122
დისციპლინის დარღვევის ფაქტები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული. ეს განსაკუთრებით გაქცევას ან გაქცევის მცდელობას ეხება. ხელახლა დაკავებული ინტერნირებულები კომპეტენტურ ორგანოებს უმოკლეს დროში უნდა გადაეცენ.
დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში ყველა ინტერნირებულისათვის საქმის მოსმენამდე პატიმრობის ვადა აბსოლუტურ მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და არ უნდა აღემატებოდეს თოთხმეტ დღეს. ყველა შემთხვევაში ასეთ პატიმრობაში გატარებული დრო თავისუფლების აღკვეთის ვადას უნდა გამოაკლდეს.
124-ე და 125-ე მუხლების დებულებები იმ ინტერნირებულთა მიმართ გამოიყენება, რომლებიც დისციპლინური სახის დარღვევების გამო წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
მუხლი 123
სასამართლო ორგანოებისა და უმაღლესი ხელისუფლების უფლებამოსილებისათვის ზიანის მიუყენებლად დისციპლინური სასჯელის დაკისრება შეუძლია მხოლოდ ინტერნირების ადგილის კომენდანტს, ან კომენდანტის შემცვლელ ოფიცერს ანდა პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, რომელსაც კომენდანტმა დისციპლინური უფლებამოსილება გადასცა.
ნებისმიერი დისციპლინური სასჯელის გამოტანამდე, ბრალდებულ ინტერნირებულს დაწვრილებით აცნობებენ მისთვის წაყენებული ბრალდების შესახებ და მისცემენ დაცვისა და საკუთარი ქმედების ახსნა-განმარტების შესაძლებლობას. კერძოდ, ბრალდებულს შეეძლება გამოიძახოს მოწმეები და აუცილებლობის შემთხვევაში კვალიფიციური თარჯიმნის დახმარებას მიმართოს. გადაწყვეტილება ბრალდებულისა და ინტერნირებულთა კომიტეტის ერთ-ერთი წევრის თანდასწრებით უნდა გამოცხადდეს. დისციპლინური სასჯელის გამოტანიდან მის აღსრულებამდე ერთ თვეზე მეტი არ უნდა გავიდ გავიდეს.
თუ ინტერნირებულს დამატებითი დისციპლინური სასჯელი დაეკისრა და თუ თითოეული სასჯელის ხანგრძლივობა ათი ან მეტი დღეა, ყოველი მათგანის აღსრულებას შორის უნდა გავიდეს არანაკლებ სამი დღისა.
ინტერნირების ადგილის კომენდანტმა უნდა აწარმოოს გამოტანილი დისციპლინური სასჯელების რეგისტრაცია; სარეგისტრაციო წიგნი მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ შესამოწმებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მუხლი 124
ყოვლად დაუშვებელია დისციპლინური სასჯელის მოსახდელად ინტერნირებულთა გამასწორებელ დაწესებულებებში (ციხე, გამასწორებელი დაწესებულება, საკატორღო ციხე, ა.შ.) გადაყვანა.
დისციპლინური ზომების მოხდისათვის გათვალისწინებული სათავსები სანიტარიულ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს; კერძოდ, ინტერნირებულთათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადეკვატური საძილე საშუალებები. სასჯელის მოხდის პერიოდში, ინტერნირებულებს საკუთარი თავის ჰიგიენური მოვლის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ.
ინტერნირებული ქალები, რომლებიც დისციპლინურ ზომებს იხდიან ინტერნირებული მამაკაცებისგან განცალკევებულ სათავსებში, ქალების უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა განთავსდნენ.
მუხლი 125
ინტერნირებულებს, რომლებსაც დისციპლინური ზომები დაეკისრათ, ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიშისა და ღია ჰაერზე არანაკლებ ორი საათით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.
მათთვის, მათი თხოვნის საფუძველზე, ნებადართული იქნება ყოველდღიური სამედიცინო შემოწმების გავლა. ისინი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამის სამედიცინო დახმარებას მიიღებენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საინტერნო ლაზარეთში ან ჰოსპიტალში მოთავსდებიან.
მათ ნებადართული ექნებათ წერილების წაკითხვა და დაწერა, ისევე როგორც მათი მიღება და გაგზავნა. თუმცა, მათთვის ამანათებისა და ფულადი გზავნილების გადაცემა შეიძლება სასჯელის მოხდამდე გადაიდოს; ასეთი გზავნილები ამ დროის განმავლობაში ინტერნირებულთა კომიტეტს გადაეცემა, რომელიც ამანათებში მოთავსებულ მალფუჭებად პროდუქტებს ლაზარეთს გადასცემს.
დისციპლინური სასჯელის მოხდამდე არც ერთ ინტერნირებულს არ შეიძლება ჩამოერთვას წინამდებარე კონვენციის 107-ე და 143-ე მუხლების დებულებებით გათვალისწინებული გარანტიები.
მუხლი 126
71-დან 76-ე მუხლების ჩათვლით გათვალისწინებული დებულებანი ანალოგიის გზით გამოიყენება ინტერნირებულთა წინააღმდეგ იმ სამართალწარმოების დროს, რომელიც იმ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან.
![]() |
5.3.4.10 თავი X ინტერნირებულთა გადაცემა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 127
ინტერნირებულთა გადაყვანა ყოველთვის ჰუმანურად უნდა ხორციელდებოდეს. როგორც წესი, გადაყვანა რკინიგზით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებებით და იმ პირობებში უნდა მოხდეს, რომელიც სულ მცირე ისეთივეა, რომელშიც ხდება დამკავებელი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების დისლოკაცია. როგორც გამონაკლისი ზომა, გადაყვანა ქვეითად უნდა განხორციელდეს, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, როცა ინტერნირებულთა ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა და ქვეითად გადაადგილება არავითარ შემთხვევაში მათ ზედმეტად დაღლას არ გამოიწვევს.
სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, გადაყვანის დროს ისინი უნდა უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობისა და კარგი ხარისხის სასმელი წყლითა და საკვებით, რათა შენარჩუნდეს მათი ჯანმრთელობის ნორმალური მდგომარეობა. ინტერნირებულებს ასევე უზრუნველყოფენ საჭირო ტანსაცმლით, შესაფერისი თავშესაფრითა და აუცილებელი სამედიცინო დახმარებით. დამკავებელი სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა გადაადგილების დროს ამ პირთა უსაფრთხოება უზრუნველყოს; გამგზავრების წინ უნდა შედგეს გადასაყვან ინტერნირებულთა სრულ სია.
ავადმყოფი, დაჭრილი ან ინვალიდი ინტერნირებულებისა და მშობიარეების გადაყვანა არ განხორციელდება, თუ გადაადგილებამ მათ ჯანმრთელობას შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს, გამონაკლისია შემთხვევები, როცა ამას მათივე უსაფრთხოება აუცილებლად მოითხოვს.
ფრონტის ხაზის ინტერნირების ადგილთან მოახლოებისას, აღნიშნული ადგილიდან ინტერნირებულთა გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათი გადაადგილება საკმარისი უსაფრთხოების პირობებში განხორციელდება, ან, თუ მათი ადგილზე დატოვება გაცილებით სახიფათოა, ვიდრე გადაადგილება. სახელმწიფომ, რომლის ხელისუფლებაშიც იმყოფებიან ინტერნირებულები, მათ გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ინტერნირებულთა ინტერესები, კერძოდ არ უნდა ჩაიდინოს იმგვარი ქმედება, რომელიც მათ რეპატრიაციას ან საკუთარ სახლებში დაბრუნებას გაართულებს.
მუხლი 128
გადაადგილების შემთხვევაში, ინტერნირებულებს გამგზავრებისა და ახალი საფოსტო მისამართის შესახებ ოფიციალურად უნდა აცნობონ. ეს შეტყობინება წინასწარ ისე უნდა გაკეთდეს, რომ ინტერნირებულებმა თავისი ბარგის შეკვრა და ოჯახის გაფრთხილება შეძლონ.
მათ შეუძლიათ თან წაიღონ პირადი ნივთები, კორესპონდენცია და მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათები. თუ გადაადგილების პირობები ამას მოითხოვს, შეიძლება ბარგის წონა შეიზღუდოს, მაგრამ ყოველ ინტერნირებულს უფლება ექნება წაიღოს არანაკლებ ოცდახუთი კილოგრამისა. მათი ინტერნირების ადრინდელ ადგილზე მისული კორესპონდენცია და გზავნილები მათ დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოთ.
ინტერნირების ადგილის კომენდანტი ინტერნირებულთა კომიტეტთან შეთანხმებით მიიღებს საჭირო ზომებს ინტერნირებულთა კოლექტიური ქონებისა და მეორე პარაგრაფით გათვალისწინებული შეზღუდვების შედეგად ინტერნირებულთა მიერ დატოვებული ნივთების ტრანსპორტირებისათვის.
![]() |
5.3.4.11 თავი XI ინტერნირებულთა გარდაცვალება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 129
ინტერნირებულთა ანდერძები მათი უსაფრთხოდ შენახვის მიზნით პასუხისმგებელ ორგანოებს უნდა გადაეცეთ. ინტერნირებულის გარდაცვალების შემთხვევაში ანდერძს ინტერნირებულის მიერ წინასწარ მითითებულ პირს გადასცემენ.
ყოველი ინტერნირებულის გარდაცვალებას ადასტურებს ექიმი, რის შემდეგაც შედგება აქტი სიკვდილის მიზეზებისა და გარემოებების მითითებით.
ინტერნირების ადგილის ტერიტორიაზე მოქმედი პროცედურის თანახმად შედგენილი, სათანადოდ რეგისტრირებული გარდაცვალების ოფიციალური აქტი და სათანადოდ დამოწმებული ასლი დაუყოვნებლივ გადაეცემა მფარველ სახელმწიფოს და 140-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ცენტრალურ სააგენტოს.
მუხლი 130
დამკავებელი სახელმწიფოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ინტერნირების დროს გარდაცვლილი ინტერნირებული პირები პატივით და თუ შესაძლებელია, მათი რელიგიური მრწამსის თანახმად დაკრძალონ, გარდაცვლილთა საფლავებს პატივი უნდა მიეგოს, ისინი უნდა იყოს მოვლილი და იმგვარად აღნიშნული, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდეს მათი მოძებნა.
გარდაცვლილი ინტერნირებულები ინდივიდუალურ საფლავებში უნდა დაიკრძალონ, გამონაკლისია ის გარდაუვალი გარემოებები, რომელიც მათ საძმო საფლავში დაკრძალვას მოითხოვს. ცხედართა კრემაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ჰიგიენის განსაკუთრებული მოსაზრებების, რელიგიური მოტივების ან აშკარად გამოთქმული სურვილის საფუძველზე. კრემაციის შემთხვევაში, კრემაციასა და მისი მიზეზების შესახებ გარდაცვალების აქტში უნდა იყოს მითითებული. ფერფლს უსაფრთხოდ შენახვის მიზნით ინტერნირების განმახორციელებელი ორგანოები ინახავენ და უმოკლეს დროში გარდაცვლილის ნათესავებს მათი თხოვნის საფუძველზე გადასცემენ.
როგორც კი გარემოებები ამის შესაძლებლობას შექმნის, მაგრამ არა უგვიანეს საომარი მოქმედებების დასრულებისა, სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, 136-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობათა ბიუროს მეშვეობით სახელმწიფოებს, რომელთა სახელზეც გარდაცვლილი ინტერნირებულები ირიცხებიან, გადასცემს გარდაცვლილ ინტერნირებულთა საფლავის სიებს. ეს სიები უნდა მოიცავდეს გარდაცვლილ ინტერნირებულთა ვინაობის დასადგენად აუცილებელ ყველა მონაცემს, ისევე როგორც მითითებას მათი საფლავების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ.
მუხლი 131
ინტერნირებულის გარდაცვალების ან მძიმედ დაჭრის ყველა შემთხვევაში, რომელიც ყარაულის მიზეზითაა გამოწვეული ან რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ამ უკანასკნელის, სხვა ინტერნირებულის ან ნებისმიერი მესამე პირის მიზეზით მოხდა, ისევე დაუდგენელ გარემოებებში გარდაცვალების ყველა შემთხვევაში, დამკავებელმა სახელმწიფომ ოფიციალური გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
ამასთან დაკავშირებით მფარველ სახელმწიფოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ. ნებისმიერ მოწმეს ჩვენება უნდა ჩამოართვან და ამ ჩვენებათა შინაარსის შემცველი ანგარიში უნდა მომზადდეს და აღნიშნულ მფარველ სახელმწიფოს გაეგზავნოს.
თუ გამოძიების შედეგად ერთი ან რამდენიმე პირის ბრალეულობა დადგინდება, დამკავებელი სახელმწიფო დამნაშავის ან დამნაშავეთა სასამართლოს წინაშე წარდგენისათვის ყველა ზომას მიიღებს.
![]() |
5.3.4.12 თავი XII გათავისუფლება. რეპატრიაცია და ნეიტრალურ ქვეყნებში განთავსება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 132
ინტერნირების განმახორციელებელი სახელმწიფო გაათავისუფლებს ყოველ ინტერნირებულს, როგორც კი შეწყდება ინტერნირების გამომწვევი აუცილებელი მიზეზები.
გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ეცდებიან საომარი მოქმედებების დროს დადონ შეთანხმებები ცალკეული კატეგორიის ინტერნირებულთა გათავისუფლების, რეპატრიაციის, საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების ან ნეიტრალურ ქვეყანაში განთავსების შესახებ. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, ფეხმძიმე ქალებს და ჩვილი ან მცირეწლოვანი ასაკის შვილების დედებს, დაჭრილებს და ავადმყოფებს და იმ ინტერნირებულებს, რომლებიც ინტერნირების ადგილებში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან.
მუხლი 133
ინტერნირება საომარი მოქმედებების დასრულებიდან უმოკლეს ვა დაში უნდა შეწყდეს. კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის ტერიტორიაზე მყოფი ინტერნირებულები, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ ისეთი სამართალდარღვევისათვის, რომელიც მხოლოდ დისციპლინური სასჯელის დაკისრებას არ ითვალისწინებს, შეიძლება სასამართლო პროცესის დამთავრებამდეან, შესაბამის შემთხვევებში - სასჯელის მოხდამდე დააკავონ. იგივე ეხება ინტერნირებულებს, რომელთაც უკვე დაკისრებული ჰქონდათ სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.
ინტერნირების განმახორციელებელ სახელმწიფოსა და დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით საომარი მოქმედებების ან ტერიტორიების ოკუპაციის დასრულების შემდეგ შეიძლება შეიქმნას კომიტეტები სხვადასხვა ადგილზე გაბნეული ინტერნირებულების მოსაძიებლად.
მუხლი 134
მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დასრულების შემდეგ უნდა უზრუნველყონ ყველა ინტერნირებულის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება ან ხელი შეუწყონ მათ რეპატრიაციას.
მუხლი 135
სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებაშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, გაიღებს გათავისუფლებული ინტერნირებულების იმ ადგილამდე დაბრუნების ხარჯებს, სადაც ისინი ინტერნირებამდე ცხოვრობდნენ, ან, თუ ისინი დაკავებული იყვნენ ტრანზიტული გადაადგილების დროს ან ღია ზღვაში, სახელმწიფო გაიღებს თანხებს, რათა მათ ტრანზიტული გადაადგილება განაგრძონ ან მათი თავდაპირველი გამგზავრების პუნქტში დაბრუნდნენ.
თუ ინტერნირების განმახორციელებელი სახელმწიფო ინტერნირებულს, რომლის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ადრე მის ტერიტორიაზე მდებარეობდა, უარს ეუბნება წინანდელ ადგილზე ცხოვრების გაგრძელებაზე, იგი ვალდებულია გაიღოს მისი რეპატრიაციის ხარჯები. მაგრამ თუ ინტერნირებულს თავის ქვეყანაში გამგზავრება საკუთარი პასუხისმგებლობით ან იმ მთავრობის ზედამხედველობის ქვეშ სურს, რომელთანაც ერთგულების ვალდებულებითაა დაკავშირებული, დამკავებელი სახელმწიფო არ იქნება ვალდებული მისი ტერიტორიის გარეთ ინტერნირებულის მგზავრობის ხარჯები დაფაროს. დამკავებელი სახელმწიფო არ არის ვალდებული აანაზღაუროს იმ ინტერნირებულთა რეპატრიაციის ხარჯები, რომელთა რეპატრიაციაც მათივე მოთხოვნით მოხდა.
თუ ინტერნირებულთა გადაცემა 45-ე მუხლის შესაბამისად ხორციელდება, გადამცემი და მიმღები სახელმწიფოები შეთანხმდებიან, თუ ხარჯების რომელ ნაწილს აიღებს თავის თავზე თითოეული მათგანი.
ზემოაღნიშნული დებულებები ზიანს არ უნდა აყენებდეს სპეციალურ შეთანხმებებს, რომელიც შეიძლება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის მოწინააღმდეგის ხელში მყოფი მათი მოქალაქეების გაცვლისა და რეპატრიაციის შესახებ დაიდოს.
![]() |
5.3.5 ნაწილი V ცნობათა ბიურო და ცენტრალური სააგენტო |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 136
კონფლიქტის დაწყებისთანავე და ოკუპაციის ყველა შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე დააარსებს ოფიციალურ ცნობათა ბიუროს, რომელმაც უნდა შეაგროვოს და გასცეს ცნობები მის ხელისუფლებაში მყოფი დაცვით მოსარგებლე პირების შესახებ.
კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე მითითებულ ცნობათა ბიუროს უმოკლეს ვადაში გადასცემს ცნობებს თითოეული დაცვის ქვეშ მყოფი იმ პირის მიმართ გატარებული ზომების შესახებ, რომელიც ორ კვირაზე მეტია, რაც დაპატიმრებულია, იძულების წესით არის საცხოვრებელ ადგილზე მიმაგრებული ან ინტერნირებულია. გარდა ამისა, იგი თავის სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანოს დაავალებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ აღნიშნულ ბიუროს მონაცემები, რომელიც ეხება ყოველგვარ ცვლილებას ამ პირებთან დაკავშირებით, მაგალითად მათ გადაყვანას, გათავისუფლებას, რეპატრიაციას, გაქცევას, საავადმყოფოში განთავსებას, დაბადების ფაქტსა და გარდაცვალებას.
მუხლი 137
თითოეული ეროვნული ცნობათა ბიურო დაუყოვნებლივ და არსებული უსწრაფესი საშუალებებით, ერთი მხრივ მფარველი სახელმწიფოს, მეორე მხრივ კი 140-ე მუხლში მითითებული ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, გადასცემს ცნობებს დაცვის ქვეშ მყოფი პირების შესახებ იმ სახელმწიფოებს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან, ან სახელმწიფოებს, რომლის ტერიტორიაზეც ისინი ცხოვრობდნენ. ბიურო ასევე ვალდებულია უპასუხოს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ეხება.
ცნობათა ბიურო გადასცემს დაცვის ქვეშ მყოფი პირების შესახებ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ცნობების გადაცემამ შეიძლება აღნიშნულ პირს ან მის ნათესავებს ზიანი მიაყენოს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი უარი არ შეიძლება ეთქვას ცენტრალური სააგენტოსთვის მონაცემების გადაცემას, რომელიც, არსებული გარემოებების შესახებ გაფრთხილების შედეგად 140-ე მუხლით გათვალისწინებულ უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს მიიღებს.
ნებისმიერი ბიუროდან მიღებული ყველა წერილობითი შეტყობინება ხელმოწერით ან ბეჭდით უნდა იყოს დამოწმებული.
მუხლი 138
ეროვნული ცნობათა ბიუროს მიერ მიღებული და გადაცემული ცნობები დაცვის ქვეშ მყოფი პირის ვინაობის ზუსტად დადგენისა და შეტყობინების მისი ოჯახისათვის გადაცემის საშუალებას უნდა იძლეოდეს. ცნობაში, სულ მცირე, მითითებული უნდა იყოს ამა თუ იმ პირის გვარი, სახელი, დაბადების ადგილი და თარიღი, მოქალაქეობა, უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი, განსაკუთრებული ნიშნები, მამის სახელი და დედის ქალიშვილობის გვარი, ამ პირის მიმართ გატარებული ღონისძიებების ხასიათი და მათი გატარების თარიღი და ადგილი, მისამართი, რომელზეც მისთვის კორესპონდენციის გაგზავნა შეიძლება და იმ პირის მისამართი და გვარი, რომელიც ინფორმირებული უნდა იყოს. ამის მსგავსად, ინფორმაცია მძიმე ავადმყოფი ან მძიმედ დაჭრილი ინტერნირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეგულარულად და, თუ ეს შესაძლებელია, ყოველკვირეულად უნდა გადაიცემოდეს.
მუხლი 139
ამას გარდა, თითოეული ეროვნული ცნობათა ბიურო ვალდებულია შეაგროვოს 136-ე მუხლში მითითებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიერ დატოვებული პირადი ნივთები, რომელიც მათ რეპატრიაციის, გათავისუფლების, გაქცევის ან გარდაცვალების შედეგად დატოვეს; ეს ნივთები დაინტერესებულ პირებს გადაეცემა უშუალოდ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით. ამ ნივთებს გადასცემენ ბიუროს ბეჭდიანი გზავნილებით, რომელსაც თან ერთვის განცხადება მფლობელის ვინაობის დასადგენად აუცილებელი მონაცემებით და გზავნილის შემადგენლობის სრული ნუსხა. აუცილებელია აღნიშნული სახის ნივთების მიღებისა და გაგზავნის დაწვრილებითი აღრიცხვა.
მუხლი 140
დაცვის ქვეშ მყოფ პირთა, კერძოდ კი ინტერნირებულთა საქმეების ცნობათა ცენტრალური სააგენტო ნეიტრალურ ქვეყანაში დაარსდება. თუ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საჭიროდ ჩათვლის, იგი დაინტერესებულ მხარეებს ისეთი სააგენტოს შექმნის ორგანიზებას შესთავაზებს, რომელიც იქნება სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 123-ე მუხლით გათვალისწინებული სააგენტოს მსგავსი.
სააგენტოს დაეკისრება 136-ე მუხლში მითითებული სახის ინფორმაციის შეგროვება, რომლის მიღებასაც იგი ოფიციალური ან კერძო წყაროების მეშვეობით მოახერხებს. მან ეს მონაცემები შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში უნდა გადასცეს ინტერნირებულთა სამშობლოს ან იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც ისინი ცხოვრობდნენ, გამონაკლისია შემთხვევები, როცა ინფორმაციის გადაცემამ შეიძლება შესაბამის პირს ან მის ნათესავებს ზიანი მიაყენოს. კონფლიქტის მონაწილე მხარეები სააგენტოს მითითებული მონაცემების გადასაცემად ყველა გონივრულ შესაძლებლობას შეუქმნიან.
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, კერძოდ კი ისინი, რომელთა მოქალაქეებიც ცენტრალური სააგენტოს მომსახურებით სარგებლობენ, შეიძლება იყვნენ მიწვეულნი სააგენტოსათვის საჭირო ფინანსური დახმარების გასაწევად.
დებულებები ისე არ უნდა განიმარტოს, თითქოს ისინი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და 142-ე მუხლში მითითებული სხვა დამხმარე ორგანიზაციების ჰუმანიტარულ საქმიანობას ზღუდავენ.
მუხლი 141
ცნობათა ეროვნული ბიურო და ცნობათა ცენტრალური სააგენტო თავისუფლდებიან საფოსტო გადასახადებისაგან და სარგებლობენ 110-ე მუხლში მითითებული ყველა შეღავათით; შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მათ უნდა მიეცეთ ტელეგრაფით უფასოდ ან უკიდურეს შემთხვევაში, მკვეთრად შემცირებული ნიხრით სარგებლობის უფლება.
![]() |
5.4 კარი IV კონვენციის შესრულება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.4.1 ნაწილი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 142
იმ შემთხვევების გარდა, როცა დამკავებელი ქვეყნები იღებენ ზომებს, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევენ თავისი უშიშროების უზრუნველყოფის ან სხვა გონივრულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რელიგიური ორგანიზაციების, დახმარების საზოგადოებათა ან დაცვის ქვეშ მყოფ პირთა დამხმარე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დამატყვევებელი სახელმწიფოსაგან თავისთვის, აგრეთვე მათი შესაბამისად აკრედიტირებული და სრულუფლებიანი წარმომადგენლებისათვის მიიღებენ დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მონახულების, მათ შორის, დახმარების ამანათების განაწილების, სასულიერო და აღმზრდელობითი დანიშნულების მქონე, ასევე გართობისა და ინტერნირების ადგილის შიგნით დასვენების უკეთ ორგანიზებისათვის ნებისმიერი საგნების განაწილების აუცილებელ ყველა შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული საზოგადოებები ან ორგანიზაციები შეიძლება დაფუძნდეს დამკავებელ სახელმწიფოში ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ან ატარებდეს საერთაშორისო ხასიათს.
დამკავებელ სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს ორგანიზაციებისა და საზოგადოებების რიცხვი, რომელთა წარმომადგენლებსაც საკუთარი კონტროლის ქვეშ მის ტერიტორიაზე საქმიანობის ნებას დართავს, აღნიშნული უნდა განხორციელდეს იმ პირობით, რომ ეს შეზღუდვა დაცვის ქვეშ მყოფი ყველა პირისთვის ქმედითი იქნება და ხელს არ შეუშლის სათანადო დახმარების აღმოჩენას.
ამ სფეროში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განსაკუთრებული მდგომარეობა ყოველთვის აღიარებული და პატივცემული უნდა იყოს.
მუხლი 143
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლებს ან დელეგატებს უფლება ექნებათ მოინახულონ დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ყველა ადგილსამყოფელი, კერძოდ, ინტერნირების, დაკავებისა და სამუშაო ადგილები. მათ უფლება აქვთ დაცვის ქვეშ მყოფ პირთათვის განკუთვნილ შენობაში შევიდნენ და გაესაუბრონ მათ მოწმეების გარეშე პირადად ან თარჯიმნის დახმარებით.
ასეთი ვიზიტების აკრძალვა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი საომარი აუცილებლობიდან გამომდინარე და ისიც მხოლოდ გამონაკლისი და დროებითი სახით. მონახულებათა ხანგრძლივობა და სიხშირე არ უნდა შეიზღუდოს.
მფარველი სახელმწიფოების წარმომადგენლები და დელეგატები თავისუფლად აირჩევენ მონახულების ადგილებს. დამკავებელი ან ოკუპანტი სახელმწიფო, მფარველი სახელმწიფო და შესაბამის შემთხვევაში სახელმწიფო, რომლის მოქალაქენიც არიან მოსანახულებელი პირები, შეიძლება მოსანახულებლად ინტერნირებულთა თანამოქალაქეების დაშვების თაობაზე შეთანხმდნენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატები უნდა სარგებლობდნენ ანალოგიური უფლებამოსილებებით. მათ დანიშვნას უნდა დაეთანხმოს იმ ტერიტორიების მაკონტროლებელი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ისინი თავის უფლებამოსილებებს განახორციელებენ.
მუხლი 144
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ, როგორც მშვიდობიან, ისე ომის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ წინამდებარე კონვენციის ტექსტი თავიანთ ქვეყნებში და, კერძოდ, მისი სწავლება შეიტანონ სამხედრო და, შეძლებისამებრ, სამოქალაქო სასწავლო პროგრამებში, რათა მის პრინციპებს მთელი მოსახლეობა გაეცნოს.
ნებისმიერ სამოქალაქო, სამხედრო, საპოლიციო თუ სხვა ორგანოებს, რომელსაც ომიანობის დროს შეიძლება დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს, ხელთ უნდა ჰქონდეთ კონვენციის ტექსტი და საგანგებოდ გაეცნონ მის დებულებებს.
მუხლი 145
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, შვეიცარიის ფედერალური საბჭოს მეშვეობით, ხოლო ომის დროს მფარველი სახელმწიფოების დახმარებით ერთმანეთს გადასცემენ წინამდებარე კონვენციის ოფიციალურ თარგმანთა ტექსტებს, ასევე კანონებსა და დადგენილებებს, რომელიც შესაძლოა მის განსახორციელებლად მიიღონ.
მუხლი 146
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ შემოიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დააწესებს ეფექტურ სისხლისსამართლებრივ სასჯელებს მომდევნო მუხლში განსაზღვრული უხეში დარღვევის ჩამდენი ან ასეთი დარღვევის ჩადენის ბრძანების გამცემი პირებისათვის.
თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია ეძებოს პირები, რომელთაც ასეთი უხეში დარღვევების ჩადენა ან მათი ჩადენის ბრძანების გაცემა ედებათ ბრალად და მათი მოქალაქეობის მიუხედავად, გადასცეს ისინი საკუთარ სასამართლოს. ამასთანავე, მას შეუძლია, საკუთარი სურვილით და თავისი კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი პირები სასამართლოს წინაშე წარსადგენად გადასცეს სხვა დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშემკვრელი მხარე ფლობს ასეთი პირების ბრალდებისათვის საკმარის მტკიცებულებებს.
თითოეულმა მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ აუცილებელი ზომები უნდა მიიღოს წინამდებარე კონვენციის დებულებების შეუსაბამო ყველა იმ ქმედების აღსაკვეთად, რომელიც არ წარმოადგენს მომდევნო მუხლში განსაზღვრულ უხეშ დარღვევებს.
ყველა გარემოებაში ბრალდებული პირები უნდა სარგებლობდნენ სათანადო სასამართლო გარანტიებითა და დაცვის უფლებით, რომლებიც არ უნდა იყოს ნაკლებად ხელსაყრელი, ვიდრე ეს გათვალისწინებულია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 105-ე და მომდევნო მუხლებით.
მუხლი 147
წინა მუხლში აღნიშნულ უხეშ დარღვევათა რიცხვს მიეკუთვნება დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე ქმედებასთან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიმართულია კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების ან ქონების წინააღმდეგ: წინასწარ განზრახვით მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ბიოლოგიური ცდების ჩათვლით, წინასწარი განზრახვით მძიმე ტანჯვის ან სერიოზული ზიანის მიყენება სხეულისთვის ან ჯანმრთელობისათვის, დაცვის ქვეშ მყოფი პირის უკანონოდ დეპორტაცია, გადაყვანა ან დაპატიმრება, დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის მოწინააღმდეგე შეიარაღებულ ძალებში მსახურობის იძულება, დაცვის ქვეშ მყოფი პირისათვის წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანად და ჩვეულებრივი წესით გასამართლების უფლების განზრახ ჩამორთმევა, მძევლების აყვანა და ფართო მასშტაბით წარმოებული უკანონო, თვითნებური ნგრევა და ქონების მითვისება, რომელიც სამხედრო აუცილებლობით არ არის გამართლებული.
მუხლი 148
არც ერთ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია თავისი თავის ან რომელიმე სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ან სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს წინა მუხლში მითითებულ დარღვევებთან მიმართებაში ეკისრება.
მუხლი 149
კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის თხოვნით, გამოძიება კონვენციის დარღვევის შესახებ ნებისმიერი მტკიცების თაობაზე უნდა დაიწყოს იმ პროცედურით, რომელსაც დაინტერესებული მხარეები დაადგენენ.
თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან გამოძიების პროცედურაზე, ისინი ურთიერთშეთანხმებით აირჩევენ არბიტრს, რომელიც გადაწყვეტს პროცედურის საკითხს.
როგორც კი დადგინდება დარღვევის ფაქტი, კონფლიქტის მონაწილე მხარეები აღკვეთენ მას და შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში მიიღებენ ზომებს მისი ჩამდენის დასასჯელად.
![]() |
5.4.2 ნაწილი II დასკვნითი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 150
წინამდებარე კონვენცია შესრულებულია ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო უზრუნველყოფს კონვენციის ოფიციალური თარგმანის შესრულებას რუსულ და ესპანურ ენებზე.
მუხლი 151
მოცემული რიცხვით დათარიღებული წინამდებარე კონვენცია 1950 წლის 12 თებერვლამდე ღიაა ხელმოწერისათვის ყველა სახელმწიფოსათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ჟენევის 1949 წლის 21 აპრილს გახსნილ კონფერენციაში.
მუხლი 152
წინამდებარე კონვენციის რატიფიკაცია მოხდება შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში და სარატიფიკაციო სიგელების დეპონირება მოხდება ბერნში.
თითოეული სარატიფიკაციო სიგელის გაცემის შესახებ შედგება ოქმი, რომლის დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც ხელი მოეწერა კონვენციას ან რომელმაც თანხმობა განაცხადა მიერთების თაობაზე.
მუხლი 153
წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა ექვსი თვის შემდეგ იმ მომენტიდან, რაც მოხდება არანაკლებ ორი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება.
ამის შემდეგ, თითოეული მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის იგი ძალაში შევა მისი სარატიფიკაციო სიგელის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 154
იმ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებში, რომლებიც შეზღუდული არიან სახმელეთო ომის წარმოების კანონებისა და ჩვეულებების შესახებ ჰააგის კონვენციებით, იქნება ეს 1899 წლის 29 ივლისისა თუ 1907 წლის 18 ოქტომბრის კონვენცია, და რომლებიც წინამდებარე კონვენციის მხარეები არიან, ეს უკანასკნელი ზემოაღნიშნულ ჰააგის კონვენციებზე თანდართული წესების II და III ნაწილებს ავსებს.
მუხლი 155
წინამდებარე კონვენცია, ძალაში შესვლის დღიდანვე, ღიაა შეერთებისათვის ყველა სახელმწიფოსათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია.
მუხლი 156
მიერთების შესახებ ყოველი შეტყობინება წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს. შეერთება ძალაში შევა საბჭოს მიერ წერილობითი ცნობის მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო მიერთების შესახებ აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომლის სახელითაც კონვენციას ხელი მოეწერა ან რომელმაც მიერთების სურვილი გამოთქვა.
მუხლი 157
მეორე და მესამე მუხლებში მითითებული შემთხვევებისას დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელები, ასევე მიერთების შესახებ განცხადებები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის დაწყებამდე, ან ამის შემდეგ გააკეთეს, დაუყოვნებლივ შედის ძალაში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო სასწრაფოდ აცნობებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებისაგან მიღებულ სარატიფიკაციო სიგელებისა ან შეერთების შესახებ განცხადებების თაობაზე.
მუხლი 158
ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსირება.
დენონსაციის შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოს, რომელიც მას ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის მთავრობას გადასცემს.
დენონსაცია ძალაში შევა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წერილობითი შეტყობინებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, დენონსაცია, რომლის შესახებაც განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მოცემული ქვეყანა კონფლიქტში იყო ჩართული, ძალაში შევა მხოლოდ მშვიდობის დამყარებისა და ამ კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი პირების გათავისუფლებასთან, რეპატრიაციასა და ხელახალ დამკვიდრებასთან დაკავშირებული ოპერაციების დასრულების შემდეგ.
დენონსაცია მოქმედებს მხოლოდ იმ სახელმწიფოსთან მიმართებაში, რომელმაც იგი მოახდინა. ამასთან, იგი არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალდებულებებზე, რომელთა შესრულება კონფლიქტის მონაწილე მხარეებს კვლავაც ეკისრებათ საერთაშორისო სამართლის პრინციპების საფუძველზე, ვინაიდან ისინი ცივილიზებულ ხალხთა შორის დამყარებული ჩვეულებებიდან, ჰუმანურობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს და საზოგადოებრივი სინდისითაა ნაკარნახევი.
მუხლი 159
შვეიცარიის ფედერალური საბჭო წინამდებარე კონვენციის რეგისტრაციას ახდენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში. შვეიცარიის ფედერალური საბჭო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს აწვდის მის მიერ მიღებულ ყველა ცნობას წინამდებარე კონვენციის რატიფიცირების, დენონსაციის ან მასთან მიერთების შესახებ.
ამის დასტურად, სათანადო რწმუნებების წარმდგენმა ქვემორე ხელის მომწერებმა, ხელი მოაწერეს ამ კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში 1949 წლის 12 აგვისტოს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ორიგინალი ინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივებში, ხოლო დამოწმებულ ასლებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო გადასცემს თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც კონვენციას მოაწერა ხელი ან მიუერთდა მას.
![]() |
5.5 დანართი I შეთანხმების პროექტი სანიტარული და უსაფრთხოების ზონებისა და ადგილების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1
სანიტარული და უსაფრთხოების ზონები მკაცრად განკუთვნილია მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 23-ე მუხლსა და ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მე-14 მუხლში ნახსენები პირებისათვის, ასევე პერსონალისათვის, რომელსაც ამ ზონებისა და ადგილების ორგანიზება, მართვა და ამ ზონებში მყოფ პირთა მოვლა ევალება.
მიუხედავად ამისა, პირებს, რომელთაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ამგვარი ზონების ტერიტორიაზე აქვთ, მიეცემათ ამ ზონებში დარჩენის უფლება.
მუხლი 2
არც ერთი პირი, რომელიც რაიმე მიზეზით სანიტარულ და უსაფრთხოების ზონაში იმყოფება, არ უნდა ასრულებდეს სამუშაოს, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული სამხედრო ოპერაციებთან ან სამხედრო მასალების დამზადებასთან, როგორც ზონის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მუხლი 3
სახელმწიფო, რომელიც ქმნის სანიტარულ და უსაფრთხოების ზონას, მიიღებს ყველა შესაძლო ზომას, რათა ზონაში შესვლის ან ყოფნის უფლების არმქონე პირებს აეკრძალოთ იქ შესვლა.
მუხლი 4
სანიტარული და უსაფრთხოების ზონები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
(ა) ისინი უნდა შეადგენდნენ მხოლოდ მცირე ნაწილს იმ ტერიტორიისა, რომელზეც კონტროლს მათი შემქმნელი სახელმწიფო ახორციელებს.
(ბ) შესაძლო დასახლების გამო, ისინი არ უნდა იყოს მჭიდროდ დასახლებული.
(გ) ისინი უნდა მდებარეობდნენ ყოველგვარი სამხედრო ობიექტის, მსხვილი სამრეწველო ან ადმინისტრაციული დაწესებულებებისაგან მოშორებით, რომლებიც ასევე არ უნდა შედიოდნენ მათ შემადგენლობაში.
(დ) ისინი არ უნდა მდებარეობდნენ იმ რაიონებში, რომელიც, სავარაუდოდ, შეიძლება საომარი მოქმედებების წარმართვისათვის მნიშვნელოვანი გახდეს.
მუხლი 5
სანიტარული და უსაფრთხოების ზონების მიმართ გამოიყენება შემდეგი მოთხოვნები:
(ა) არ შეიძლება მათ ტერიტორიაზე არსებული სავალი გზების და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება შეიარაღებული ძალების გადასაყვანად და საბრძოლო მასალების გადასატანად, ტრანზიტითაც კი.
(ბ) სამხედრო საშუალებები მათ არავითარ შემთხვევაში არ დაიცავენ.
მუხლი 6
სანიტარული და უსაფრთხოების ზონები აღინიშნება თეთრ ფონზე გამოსახული ირიბი წითელი ხაზებით, რომელიც ზონის პერიფერიასა და შენობა-ნაგებობებზეა განლაგებული.
ექსკლუზიურად დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის განკუთვნილი ზონები თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ჯვრით (წითელი ნახევარმთვარით, წითელი ლომითა და მზით) აღინიშნება.
ღამით შეიძლება მათი აღნიშვნა იგივე მეთოდით, შესაბამისი განათების გამოყენებით.
მუხლი 7
მშვიდობიან დროს ან საომარი მოქმედებების დაწყებისას, ყოველი სახელმწიფო თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს გადასცემს იმ სანიტარული და უსაფრთხოების ზონების სიას, რომელიც განლაგებულია მათ ხელისუფლებაში მყოფ ტერიტორიაზე. ასევე, ის შეატყობინებს მათ ომიანობის პერიოდში შექმნილი ყოველი ახალი ზონის შესახებ.
მოწინააღმდეგე მხარის მიერ ზემოაღნიშნული შეტყობინების მიღების მომენტიდან ეს ზონა კანონიერად დაარსებულად ჩაითვლება.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე ჩათვლის, რომ ამ შეთანხმების პირობები არ იყო შესრულებული, მას შეუძლია უარი განაცხადოს ზონის აღიარებაზე იმ მხარისადმი სასწრაფო შეტყობინების გზით, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, ან შეუძლია აღიაროს ეს ზონა მე-8 მუხლით გათვალისწინებული კონტროლის დაწესების პირობით.
მუხლი 8
ყოველი სახელმწიფო, რომელმაც აღიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შექმნილი ერთი ან რამდენიმე სანიტარული და უსაფრთხოების ზონა, უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ ერთმა ან მეტმა სპეციალურმა კომისიამ გაუწიოს ამ ზონებს კონტროლი, ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოყვანილ პირობებსა და ვალდებულებებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.
ამ მიზნით, სპეციალური კომისიის წევრებს ექნებათ ნებისმიერ დროს ნებისმიერ ზონაში ყოველგვარი შეფერხების გარეშე შესვლისა და მათში მუდმივი ცხოვრების უფლებაც კი. მათ უნდა შეუქმნან კონტროლის განხორციელების სფეროში მოვალეობების შესრულების ყველა პირობა.
მუხლი 9
იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისიები დაადგენენ რაიმე ფაქტებს, რომლებიც, მათი თვალსაზრისით, ეწინააღმდეგება წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ სახელმწიფოს, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, და დააწესონ ხუთდღიანი ვადა ამ საკითხის გადასაწყვეტად. ამის შესახებ შესაბამისად უნდა ეცნობოს იმ სახელმწიფოს, რომელმაც ეს ზონა ცნო.
თუ დადგენილი ვადის ამოწურვისას სახელმწიფო, რომლის განკარგულებაშიც იმყოფება ეს ზონა, არ დაემორჩილება გაფრთხილებას, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია განაცხადოს, რომ იგი აღარ არის შეზღუდული წინამდებარე შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც აღნიშნულ სანიტარულ ზონას შეეხება.
მუხლი 10
ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ქმნის ერთ ან რამდენიმე სანიტარულ და უსაფრთხოების ზონას, ასევე ყველა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც ეცნობება ამ ზონის არსებობის შესახებ, დაასახელებს, ან მფარველ სახელმწიფოებს ან სხვა ნეიტრალურ სახელმწიფოებს სთხოვს დაასახელონ, მე-8 და მე-9 მუხლებში მითითებული სპეციალური კომისიის წევრობის სათანადო კანდიდატები.
მუხლი 11
არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება თავდასხმა სანიტარულ და უსაფრთხოების ზონებზე. ისინი ყოველთვის კონფლიქტის მონაწილე მხარეთა დაცვითა და პატივისცემით სარგებლობენ.
მუხლი 12
ტერიტორიის ოკუპაციის დროს, მასზე მდებარე სანიტარული და უსაფრთხოების ზონები დაცვით სარგებლობას განაგრძობენ და გამოიყენებიან დანიშნულებისამებრ.
მიუხედავად ამისა, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ამ ზონის დანიშნულების შეცვლა იმ პირობით, რომ ის უზრუნველყოფს მასში მყოფი პირების უსაფრთხოებას.
მუხლი 13
წინამდებარე შეთანხმება ასევე გამოიყენება იმ ადგილების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფო იმავე მიზნით იყენებს, როგორითაც სანიტარულ და უსაფრთხოების ზონებს.
![]() |
5.6 დანართი II წესების პროექტი სამოქალაქო ინტერნირებულთა კოლექტიური დახმარების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1
ინტერნირებულთა კომიტეტებს ნებადართული ექნებათ მათ განკარგულებაში მყოფი დახმარების კოლექტიური გზავნილების განაწილება ყველა იმ ინტერნირებულ პირს შორის, რომელიც აღნიშნული კომიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინტერნირების ადგილის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული, იმათი ჩათვლით, ვინც საავადმყოფოებში, ციხეებსა ან სხვა გამასწორებელ დაწესებულებებში იმყოფება.
მუხლი 2
კოლექტიური დახმარების გზავნილების განაწილება დონორების მითითებებისა და ინტერნირებულთა კომიტეტების მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად განხორციელდება. თუმცა, სამედიცინო მასალების შემცველი გზავნილების განაწილება უპირატესად უფროს ექიმებთან შეთანხმებით განხორციელდება; ამასთან, ჰოსპიტლებსა და ლაზარეთებში ამ უკანასკნელებს შეუძლიათ ზემოაღნიშნულ მითითებებს იმ ფარგლებში გადაუხვიონ, რამდენადაც ეს ავადმყოფების მოთხოვნებითაა ნაკარნახევი. ამგვარად დადგენილ ფარგლებში დახმარების განაწილება ყოველთვის სამართლიანად უნდა ხორციელდებოდეს.
მუხლი 3
იმისთვის, რათა ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს ჰქონდეთ მიღებული ტვირთის ხარისხისა და რაოდენობის შემოწმების და ამ საკითხზე შემომწირველებისათვის დეტალური მოხსენების შედგენის შესაძლებლობა, მათ საშუალება უნდა მიეცეთ გავიდნენ რკინიგზის სადგურებში ან ინტერნირების ადგილის მახლობლად მდებარე დახმარების ტვირთის მიღების პუნქტებში.
მუხლი 4
ინტერნირებულთა კომიტეტებს უნდა მიეცეს საჭირო შესაძლებლობა იმისათვის, რათა დარწმუნდნენ, რომ ინტერნირების ადგილის ყველა ქვედანაყოფსა და ფილიალში კოლექტიური დახმარების ტვირთის განაწილება მათი მითითებების შესაბამისად ხდება.
მუხლი 5
ინტერნირებულთა კომიტეტებს ნებას დართავენ შეავსონ შემომწირველებისათვის განკუთვნილი ბლანკები ან ანკეტები, რომელიც დახმარების კოლექტიურ ტვირთებს ეხება (განაწილება, მოთხოვნილებები, რაოდენობა, ა.შ.), აგრეთვე, დაავალონ ამგვარი ბლანკებისა და ანკეტების შევსება სამუშაო ჯგუფებში ინტერნირებულთა კომიტეტების წევრებს ან ლაზარეთებისა და ჰოსპიტლების მთავარ ექიმებს. სათანადოდ შევსებული ამგვარი ბლანკები და ანკეტები შემომწირველებს დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეთ.
მუხლი 6
იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ინტერნირების ადგილზე ინტერნირებულთა შორის კოლექტიური დახმარების ტვირთის რეგულარული განაწილება და იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც ინტერნირებულთა ახალი კონტინგენტის ჩამოსვლასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას, ინტერნირებულთა კომიტეტებს უნდა მიეცეს საშუალება შექმნან და შეინახონ კოლექტიური დახმარების ტვირთის საკმარისი რაოდენობის მარაგი. ამ მიზნით, მათ შესაბამისი საწყობები უნდა გააჩნდეთ, თითოეული საწყობი ორ ბოქლომზე უნდა იკეტებოდეს, ამასთან ერთ-ერთის გასაღები ინტერნირებულთა კომიტეტს უნდა ჰქონდეს, ხოლო მეორე - ინტერნირების ადგილის უფროსს.
მუხლი 7
მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა, კერძოდ კი დამკავებელმა სახელმწიფოებმა მაქსიმალურად შესაძლებლობების ფარგლებში, მოსახლეობის სურსათით მომარაგების მარეგულირებელი დებულებების გათვალისწინებით, ნება უნდა დართონ მათ ტერიტორიებზე ინტერნირებულთა შორის დახმარების კოლექტიური ტვირთების განაწილების მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ შესყიდვას. ისინი ანალოგიურად ხელს შეუწყობენ ფულადი სახსრების გადაცემას და ტექნიკური ან ადმინისტრაციული ხასიათის სხვა იმ ფინანსური ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია ამგვარი შესყიდვების განხორციელება.
მუხლი 8
ემოაღნიშნული დებულებები ხელს არ უნდა უშლიდეს როგორც ინტერნირებულთა უფლებას, მიიღონ კოლექტიური დახმარების ტვირთი ინტერნირების ადგილზე ჩასვლამდე ან გადაყვანის დროს, ისე მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან ინტერნირებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმომჩენი ორგანიზაციის და ამგვარი ტვირთების განაწილებაზე პასუხისმგებელი სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლის შესაძლებლობას, უზრუნველყონ მიმღებებს შორის მათი განაწილება ნებისმიერი სხვა ხერხით, რომელსაც ისინი შესაფერისად ჩათვლიან.
![]() |
5.7 დანართი III |
▲ზევით დაბრუნება |
I - ბარათი ინტერნირების შესახებ
(ინტერნირების შესახებ ბარათის ზომა - 10X15სმ.)
II. დანართი III
წერილი
(წერილის ზომა - 29X15სმ.)
დანართი III
III - კორესპონდენციის ბარათი
(საკორესპონდენციო ბარათის ზომა - 10X15სმ.)
![]() |
6 ჟენევის 1949 წლის დიპლომატიური კონფერენციის რეზოლუციები |
▲ზევით დაბრუნება |
რეზოლუცია 1
იმ შემთხვევაში, როცა წარმოიშვება დავა წინამდებარე კონვენციების ინტერპრეტაციასა თუ გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელთა სხვა საშუალებებით მოგვარებაც შეუძლებელია, კონფერენცია რეკომენდაციას უწევს დაინტერესებულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ეცადონ ერთმანეთში შეთანხმდნენ, რათა ასეთი დავები განსახილველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ.
რეზოლუცია 2
ვინაიდან მომავალი საერთაშორისო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში შესაძლოა წარმოიშვას გარემოებები, როდესაც სახეზე არ იქნება მფარველი სახელმწიფო, რომელთან თანამშრომლობითა და რომლის ზედამხედველობის ქვეშ გამოყენებული იქნება კონვენციები ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ; და ვინაიდან მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მე-10 მუხლის, საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მე-10 მუხლის, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მე-10 მუხლისა და ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ სრული მიუკერძოებლობის და ქმედითობის გარანტიის მიმცემ ორგანოს ანდონ ზემოხსენებული კონვენციებით მფარველი სახელმწიფოსათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება, კონფერენცია რეკომენდაციას იძლევა უმოკლეს დროში განხილულ იქნას ისეთი საერთაშორისო ორგანოს შექმნის მიზანშეწონილობა, რომლის ფუნქციებიც, მფარველი სახელმწიფოს არარსებობის შემთხვევაში, განისაზღვრება ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ კონვენციების გამოყენებასთან მიმართებაში მფარველ სახელმწიფოთა მოვალეობების შესრულებით.
რეზოლუცია 3
ვინაიდან საომარი მოქმედებების დროს შეთანხმებათა დადება სირთულეებთან არის დაკავშირებული;
ვინაიდან მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 28-ე მუხლის თანახმად საომარი მოქმედებების დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები თანხმდებიან დაკავებული პერსონალის შესაძლო გათავისუფლებაზე და ადგენენ გათავისუფლების პროცედურულ წესს;
ვინაიდან იმავე კონვენციის 31-ე მუხლის თანახმად საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე კონფლიქტის მონაწილე მხარეებს სპეციალური შეთანხმებებით შეუძლიათ დაადგინონ დასაკავებელი პერსონალის პროცენტული რაოდენობა, რომელიც იქნება ტყვეთა რაოდენობისა და ბანაკებში მათი განაწილების პროპორციული,
კონფერენცია თხოვნით მიმართავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეიმუშავოს სამოდელო შეთანხმება ზემოხსენებულ ორ მუხლში აღნიშნულ ორ საკითხთან დაკავშირებით და წარუდგინოს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს დასამტკიცებლად.
რეზოლუცია 4
ვინაიდან მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა დახმარების შესახებ ჟენევის 1929 წლის 27 ივლისის კონვენციის 33-ე მუხლი სამედიცინო პერსონალის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ ახლახანს მიმდინარე ომის დროს მხოლოდ ნაწილობრივ სრულდებოდა და, აქედან გამომდინარე, ასეთი პერსონალის მრავალი წევრისათვის სერიოზულ სირთულეებს ქმნიდა,
კონფერენცია რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოებსა და წითელი ჯვრის ეროვნულ საზოგადოებებს მიიღონ ყველა საჭირო ზომა მშვიდობიან დროს, რათა სათანადოდ უზრუნველყონ სამედიცინო პერსონალი ახალი კონვენციის მე-40 მუხლში მითითებული ნიშნებითა და პირადობის დამადასტურებელი ბარათებით.
რეზოლუცია 5
ვინაიდან ხშირად ხდება წითელი ჯვრის ემბლემის ბოროტად გამოყენება, კონფერენცია რეკომენდაციას უწევს სახელმწიფოებს მიიღონ მკაცრი ზომები, რათა უზრუნველყონ, რომ აღნიშნული ემბლემა, ისევე როგორც მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლში მითითებული სხვა ემბლემები გამოიყენებოდეს მხოლოდ ჟენევის კონვენციებით განსაზღვრულ ფარგლებში, რათა დაცული იყოს მათი ავტორიტეტი და განსაკუთრებული მნიშვნელობა.
რეზოლუცია 6
ვინაიდან წინამდებარე კონფერენციამ ვერ შეძლო დაეყენებინა ერთი მხრივ ჰოსპიტალურ ხომალდებს შორის, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს შორის საკომუნიკაციო საშუალებათა ტექნიკური შესწავლის საკითხი, იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი სცილდებოდა მისი კომპეტენციის ფარგლებს;
ვინაიდან ჰოსპიტალური ხომალდების უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირებისათვის მოცემულ საკითხს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
კონფერენცია რეკომენდაციას უწევს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, რათა მათ უახლოეს მომავალში დაავალონ ექსპერტთა კომიტეტს შეისწავლონ ერთი მხრივ ჰოსპიტალურ ხომალდებს შორის, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს შორის თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებათა ტექნიკური გაუმჯობესების საკითხი, და აგრეთვე განიხილონ საერთაშორისო კოდექსის შემუშავების შესაძლებლობა, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა ასეთი საშუალებების გამოყენების წესებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰოსპიტალური ხომალდების მაქსიმალური დაცვა და ფუნქციონირების ეფექტურობა.
რეზოლუცია 7
კონფერენციას, სურს რა რომ უზრუნველყოფილი იყოს ჰოსპიტალური ხომალდების მაქსიმალური დაცვა, იმედს გამოთქვამს, რომ საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, როდესაც ეს პრაქტიკულად მოსახერხებელი იქნება, ასეთი ხომალდების მიერ თავიანთი ადგილმდებარეობის, მარშრუტისა და სიჩქარის შესახებ შეტყობინებების ხშირად და რეგულარულად გადაცემას.
რეზოლუცია 8
კონფერენციას სურს ყველა ერის წინაშე დაადასტუროს, რომ: რადგან მისი სამუშაო ეფუძნება მხოლოდ ჰუმანიტარულ მიზნებს, იგი გულწრფელად იმედოვნებს, რომ მომავალში მთავრობებს არ დასჭირდებათ ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის კონვენციათა გამოყენება;
მისი უდიდესი სურვილია, რომ როგორც დიდმა, ასევე პატარა სახელმწიფოებმა ყოველთვის შეძლონ უთანხმოებათა მეგობრულად მოგვარება ერებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების გზით, რათა დედამიწაზე სამუდამოდ სუფევდეს მშვიდობა.
რეზოლუცია 9
ვინაიდან სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 71-ე მუხლის თანახმად სამხედრო ტყვეთათვის, რომლებსაც ახლო ნათესავებისგან დიდი ხნის განმავლობაში არ მიუღიათ ცნობები ან ჩვეულებრივი გზით მათი მიღების ან გაგზავნის შესაძლებლობა არა აქვთ, აგრეთვე მათთვის, რომლებიც თავისი სამშობლოსგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი, ნებადართული იქნება დეპეშების გაგზავნა, და დეპეშების საფასური დამატყვევებელ სახელმწიფოსთან არსებული მათი ანგარიშის დებეტზე შეიტანება ან მათ განკარგულებაში არსებული ნაღდი ფულით გადაიხდება, და დეპეშების გაგზავნის შესაძლებლობა სამხედრო ტყვეებს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებშიც მიეცემათ; და ვინაიდან ასეთი დეპეშების ან გზავნილების ხშირად ხელისშემშლელი საფასურის შესამცირებლად აშკარად საჭიროა გზავნილთა დაჯგუფების რაიმე მეთოდის შემოღება, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ზემოაღნიშნულ გარემოებებში სამხედრო ტყვეთა მიერ გამოყენებისათვის ტყვეთა ჯანმრთელობის, სახლში მყოფი ნათესავების ჯანმრთელობის, სწავლის, დაფინანსების, ა.შ. მოკლე სანიმუშო გზავნილთა სერიების შემუშავება და დანომრა, კონფერენცია, აქედან გამომდინარე, თხოვნით მიმართავს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეიმუშაოს ამ მოთხოვნილებათა დამაკმაყოფილებელი სანიმუშო გზავნილთა სერიები და წარუდგინოს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს დასამტკიცებლად.
რეზოლუცია 10
კონფერენცია ითვალისწინებს, რომ პირობები, რომლის თანახმად კონფლიქტის მონაწილე მხარე შეიძლება აღიარებული იყოს მეომარ მხარედ იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც არ არიან ასეთ კონფლიქტში ჩაბმულნი, რეგულირდება საერთაშორისო სამართლის ამ საკითხთან დაკავშირებული ზოგადი წესებით და არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება ჟენევის კონვენციების მიერ.
რეზოლუცია 11
ვინაიდან ჟენევის კონვენციების თანახმად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოეთხოვება ყოველთვის და ნებისმიერ გარემოებებში მზად იყოს ამ კონვენციებით მასზე დაკისრებული ჰუმანიტარული ამოცანების შესასრულებლად,
კონფერენცია ხაზს უსვამს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისათვის რეგულარული ფინანსური მხარდაჭერის საჭიროებას.
![]() |
7 ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი) (1977 წლის 8 ივნისი) |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 პრეამბულა |
▲ზევით დაბრუნება |
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები,
გამოთქვამენ რა თავიანთ გულწრფელ სურვილს, რომ მსოფლიოს ხალხებმა იცხოვრონ მშვიდობიანად,
შეახსენებენ რა, რომ ყოველი სახელმწიფო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების თანახმად ვალდებულია თავი შეიკავოს საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის გამოყენების მუქარისგან ან გამოყენებისგან როგორც ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ისე ნებისმიერი სხვა სახით, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებს არ შეესაბამება,
მიიჩნევენ რა, რომ აუცილებელია იმ დებულებების განმტკიცება და განვითარება, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას ითვალისწინებენ და მათი უფრო ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფისათვის საჭიროა დამატებითი ზომების მიღება,
გამოხატავენ რა რწმენას, რომ წინამდებარე ოქმსა და ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებში არაფერი არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს დაკანონებული ან სანქცირებულია აგრესიის ნებისმიერი აქტი ან ძალის გამოყენების სხვა ფორმა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას არ შეესაბამება,
ადასტურებენ რა შემდგომ, რომ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები და წინამდებარე ოქმი ნებისმიერ გარემოებაში სრულად უნდა გამოიყენებოდეს ყველა პირის მიმართ, რომელიც ამ დოკუმენტების დაცვით სარგებლობს, ყოველგვარი არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე, რომელიც ეფუძნება შეიარაღებული კონფლიქტის ხასიათს, წარმომავლობას, ან მიზეზებს, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა წამოაყენეს, ან რომელიც მათ მიეწერება,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
![]() |
7.2 კარი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1 - ზოგადი პრინციპები და გამოყენების სფერო
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ ნებისმიერ გარემოებაში შეასრულონ და უზრუნველყონ წინამდებარე ოქმის შესრულება.
2. წინამდებარე ოქმით ან სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში სამოქალაქო პირები და კომბატანტები რჩებიან საერთაშორისო სამართლის იმ პრინციპების მოქმედებისა და დაცვის ქვეშ, რომელიც ჩამოყალიბებული ჩვეულებიდან, ადამიანურობის პრინციპებისა და საზოგადოებრივი შეგნების მოთხოვნებიდან გამომდინარეობს.
3. წინამდებარე ოქმი, რომელიც ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებს ავსებს, ამ კონვენციებისათვის საერთო მე-2 მუხლში მითითებულ ვითარებებში გამოიყენება.
4. წინა პარაგრაფში მითითებული ვითარებები მოიცავს შეიარაღებულ კონფლიქტებს, სადაც ხალხები იბრძვიან კოლონიური ჩაგვრის, უცხოელთა ოკუპაციისა და რასისტული რეჟიმების წინააღმდეგ, ახორციელებენ რა თვითგამორკვევის უფლებას, როგორც ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებითა და სახელმწიფოთა შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ დეკლარაციითაა განმტკიცებული.
მუხლი 2 - განსაზღვრებები
ამ ოქმის მიზნებისათვის:
(ა) „პირველი კონვენცია”, „მეორე კონვენცია”, „მესამე კონვენცია” და „მეოთხე კონვენცია” შესაბამისად ნიშნავს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას საზღვაო შეიარაღებულ ძალებში დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ; ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ; ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციას ომის დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის შესახებ; „კონვენციები” ნიშნავს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს ოთხ კონვენციას ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ;
(ბ) „შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმები” ნიშნავს იმ საერთაშორისო შეთანხმებებში მოყვანილ შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედ ნორმებს, რომელთა წევრებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეები არიან, და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს;
(გ) „მფარველი სახელმწიფო” ნიშნავს ნეიტრალურ ან სხვა სახელმწიფოს, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობს, მოწინააღმდეგის თანხმობით დანიშნულია კონფლიქტის მონაწილე მხარის მიერ და თანახმაა კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მფარველ სახელმწიფოზე დაკისრებული ფუნქციები შეასრულოს;
(დ) „შემცვლელი” ნიშნავს მე-5 მუხლის შესაბამისად მფარველი სახელმწიფოს ნაცვლად მოქმედ ორგანიზაციას.
მუხლი 3 - გამოყენების დასაწყისი და დასასრული
იმ დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, რომელიც ნებისმიერ დროს მოქმედებს:
(ა) კონვენციები და წინამდებარე ოქმი გამოიყენება ამ ოქმის პირველ მუხლში მითითებული ნებისმიერი ვითარების დაწყებისთანავე;
(ბ) კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენება კონფლიქტის მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე წყდება საომარი მოქმედებების დამთავრებისთანავე, ხოლოოკუპირებულ ტერიტორიაზე- ოკუპაციის შეწყვეტისთანავე. ორივე შემთხვევაში გამონაკლისს წარმოადგენენ პირები, რომელთა საბოლოო გათავისუფლება, რეპატრიაცია ან რესტიტუცია მოგვიანებით ხორციელდება. ეს პირები კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას მათი საბოლოო გათავისუფლების, რეპატრიაციის ან რესტიტუციის მომენტამდე განაგრძობენ.
მუხლი 4 - კონფლიქტის მონაწილე მხარეთა სამართლებრივი სტატუსი
კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენება, ასევე ამ დოკუმენტებით გათვალისწინებული შეთანხმებების დადება კონფლიქტის მონაწილე მხარეების სამართლებრივ სტატუსზე გავლენას არ მოახდენს. ტერიტორიის ოკუპაცია, ისევე როგორც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენება სადავო ტერიტორიის სამართლებრივ სტატუსზე გავლენას არ მოახდენს.
მუხლი 5 - მფარველი სახელმწიფოებისა და მათ შემცვლელთა დანიშვნა
1. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ვალდებული არიან კონფლიქტის დაწყებისთანავე უზრუნველყონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის ზედამხედველობა და განხორციელება მფარველი სახელმწიფოების სისტემის გამოყენების მეშვეობით, მათ შორის, ამ სახელმწიფოთა დანიშვნა და დამტკიცება ქვემოთ მოცემული პარაგრაფების შესაბამისად. მფარველი სახელმწიფოები მოვალენი არიან კონფლიქტის მონაწილე მხარეების ინტერესები დაიცვან.
2. პირველ მუხლში მითითებული ვითარების დაწყებისთანავე, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების უზრუნველსაყოფად კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე დაუყოვნებლივ ნიშნავს მფარველ სახელმწიფოს და ასევე, დაუყოვნებლივ და იმავე მიზნით, დანიშნული მფარველი სახელმწიფოს მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღიარების შემდეგ, ნებას რთავს მას თავისი საქმიანობა განახორციელოს.
3. თუ მფარველი სახელმწიფო არ არის დანიშნული ან დამტკიცებული პირველ მუხლში მითითებული ვითარების დაწყებისთანავე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ნებისმიერი სხვა მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მსგავსად მოქმედების უფლებისათვის ზიანის მიუყენებლად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შესთავაზებს თავის კეთილ სამსახურს, კონფლიქტის მონაწილე მხარეების თანხმობით მფარველი სახელმწიფოს დაუყონებლივ დანიშვნის მიზნით. ამისთვის, მათ შორის, მას შეუძლია თხოვნით მიმართოს ყოველ მხარეს, რათა წარუდგინონ, სულ მცირე, ხუთი სახელმწიფოს სია, რომელსაც თითოეული მათგანი მოწინააღმდეგე მხარესთან ურთიერთობაში მისი სახელით მოქმედი მფარველი სახელმწიფოს სახით მისაღებად მიიჩნევს, ასევე, სულ მცირე, იმ ხუთი სახელმწიფოს სია, რომელსაც თითოეული მათგანი მოწინააღმდეგე მხარის მფარველი სახელმწიფოს სახით მისაღებად მიიჩნევს; ეს სიები კომიტეტს შესაბამისი თხოვნის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში გაეგზავნება; იგი მათ შეაჯერებს და ორივე სიაში დასახელებულ ნებისმიერ წამოყენებულ სახელმწიფოს თანხმობას სთხოვს.
4. თუ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მფარველი სახელმწიფო არ არის დანიშნული, კონფლიქტის მონაწილე მხარეები დაუყონებლივ მიიღებენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ან მიუკერძოებლობისა და ეფექტიანობის გარანტიის მიმცემი ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის წინადადებას, იმოქმედოს როგორც შემცვლელმა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების გზით და ამ კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით. ამგვარი შემცვლელის მოღვაწეობა კონფლიქტის მონაწილე მხარეების თანხმობაზეა დამოკიდებული; კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყველა ღონეს იხმარენ, რათა ხელი შეუწყონ შემცვლელს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებაში.
5. მე-4 მუხლის შესაბამისად, კონვენციათა და წინამდებარე ოქმის გამოყენების მიზნით მფარველი სახელმწიფოს დანიშვნა და დამტკიცება კონფლიქტის მონაწილე მხარეების ან ნებისმიერი ტერიტორიის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიის სამართლებრივ სტატუსზე გავლენას არ მოახდენს.
6. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების შენარჩუნება ან, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის და მისი მოქალაქეების ინტერესების დაცვის მესამე ქვეყნისათვის მინდობა, ხელს არ შეუშლის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენების უზრუნველსაყოფად მფარველი სახელმწიფოების დანიშვნას.
7. წინამდებარე ოქმში მფარველი სახელმწიფოს ყოველი შემდგომი მოხსენიება ასევე შემცვლელსაც გულისხმობს.
მუხლი 6 - სპეციალურად მომზადებული პერსონალი
1. ჯერ კიდევ მშვიდობიან დროს, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებების დახმარებით შეეცდებიან მოამზადონ სპეციალური პერსონალი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებას და, კერძოდ, მფარველი სახელმწიფოების საქმიანობას.
2. ამგვარი პერსონალის შეკრება და მომზადება სახელმწიფოთა კომპეტენციაა.
3. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისათვის წარსადგენად შეინახავს მათ მიერ ამ მიზნით შედგენილ და მისთვის გადაცემულ ამგვარად მომზადებულ პირთა სიებს.
4. ასეთი პერსონალის ეროვნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მუშაობის მარეგულირებელი პირობები, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეებს შორის სპეციალური შეთანხმებების საგანი იქნება.
მუხლი 7 - შეხვედრები
წინამდებარე ოქმის დეპოზიტარი ერთი ან რამდენიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის და მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა უმეტესობის თანხმობით, მოაწყობს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეხვედრას კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებასთან დაკავშირებული ზოგადი სახის პრობლემების განსახილველად.
![]() |
7.3 კარი II დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.3.1 ნაწილი I ზოგადი დებულებები დაცვის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 8 - ტერმინოლოგია
ამ კონვენციის მიზნებისათვის:
(ა) „დაჭრილები” და „ავადმყოფები” აღნიშნავს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ისე სამოქალაქო პირებს, რომელთაც ტრავმის, ავადმყოფობის ან სხვა ფიზიკური ან ფსიქიკური აშლილობის ან ინვალიდობის გამო სამედიცინო დახმარება ან მოვლა ესაჭიროებათ და რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი მტრული მოქმედებისგან. ეს განსაზღვრებები ასევე ფარავს მშობიარეებს, ახალშობილებსა და სხვა პირებს, რომელთაც შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან მოვლა ესაჭიროებათ, მაგალითად, ფეხმძიმე ქალებს და უმწეოებს, რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი სახის მტრული მოქმედებისაგან;
(ბ) „ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები” აღნიშნავს როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, ისე სამოქალაქო პირებს, რომელთაც მათ გადამყვან საზღვაო ან საჰაერო ხომალდზე ან უშუალოდ მათ თავს დატრიალებული უბედური შემთხვევის გამო ზღვაში ან სხვა წყლებში საფრთხე ემუქრებათ, და რომლებიც თავს იკავებენ ნებისმიერი სახის მტრული მოქმედებისაგან.
აღნიშნული პირები, იმ პირობით, რომ განაგრძობენ ნებისმიერი სახის მტრული მოქმედებისაგან თავის შეკავებას, ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებად ითვლებიან გადარჩენის მომენტიდან იმ დრომდე, ვიდრე კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ სხვა სტატუსს არ მიიღებენ;
(გ) „სამედიცინო პერსონალი” აღნიშნავს კონფლიქტის მონაწილე მხარის მიერ (ე) ქვე-პუნქტში მითითებული სამედიცინო მიზნების აღსრულებისათვის, სამედიცინო ფორმირების ადმინისტრაციულ-სამედიცინო უზრუნველყოფისათვის ან სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებებზე სამუშაოდ და მათი ადმინისტრაციულ-სამეურნეო უზრუნველყოფისათვის დანიშნულ პირებს. ასეთი დანიშვნა შეიძლება მუდმივი ან დროებითი იყოს. ტერმინი მოიცავს:
(i) კონფლიქტის მონაწილე მხარის როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს, პირველ და მეორე კონვენციებში მითითებულ პერსონალს სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციების პერსონალის ჩათვლით;
(ii) წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებებისა და კონფლიქტის მონაწილე მხარის მიერ სათანადოდ აღიარებული და უფლებამოსილი სხვა ეროვნული ნებაყოფლობითი დამხმარე ორგანიზაციების სამედიცინო პერსონალს;
(iii) მე-9 მუხლის მე-2 პარაგრაფში მითითებული სამედიცინო ფორმირებების ან სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების სამედიცინო პერსონალს;
(დ) „სასულიერო პერსონალი” გულისხმობს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, მაგალითად კაპელანებს, რომლებიც მხოლოდ სასულიერო ფუნქციების აღსრულებით არიან დაკავებული და მიკუთვნებული არიან:
(i) კონფლიქტის მონაწილე მხარეთა შეიარაღებულ ძალებს;
(ii) კონფლიქტის მონაწილე მხარის სამედიცინო ფორმირებებს ან სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებებს;
(iii) მე-9 მუხლის მე-2 პარაგრაფში მითითებულ სამედიცინო ფორმირებებს ან სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებებს; ან
(iv) კონფლიქტის მონაწილე მხარის სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებს.
სასულიერო პერსონალის მიკუთვნება შესაძლებელია როგორც მუდმივად, ისე დროებით, და მასზე ვრცელდება (ლ) ქვე-პუნქტის შესაბამისი დებულებები;
(ე) „სამედიცინო ფორმირებები” გულისხმობს სამედიცინო მიზნით, კერძოდ, დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მოძიების, თავმოყრის, ტრანსპორტირების, მათთვის დიაგნოზის დასმის ან მკურნალობის, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის ან დაავადებათა პროფილაქტიკისათვის შექმნილ დაწესებულებებს და სხვა როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ფორმირებებს. მაგალითისთვის, ტერმინი მოიცავს ჰოსპიტლებს და სხვა მსგავს სამედიცინო ინსტიტუტებს, სისხლის გადასხმის ცენტრებს, პრევენციულ სამედიცინო ცენტრებსა და ინსტიტუტებს, სამედიცინო სადგურებსა და ასეთ დაწესებულებათა სამედიცინო და ფარმაკოლოგიურ საწყობებს; სამედიცინო ფორმირებები შეიძლება იყოს სტაციონარული ან მოძრავი, მუდმივი ან დროებითი;
(ვ) „სანიტარული გადაზიდვა” გულისხმობს ხმელეთით, წყლით ან საჰაერო გზით დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დაცვის ქვეშ მყოფი სამედიცინო და სასულიერო პერსონალის გადაყვანას, სამედიცინო აღჭურვილობისა ან საშუალებების გადატანას;
(ზ) „სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები” გულისხმობს ნებისმიერ სამხედრო ან სამოქალაქო, მუდმივ ან დროებით გადასაყვან საშუალებას, რომელიც სანიტარული გადაზიდვისათვის გამოიყენება და რომელსაც კონფლიქტის მონაწილე მხარის ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო ზედამხედველობს;
(თ) „სახმელეთო სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები” გულისხმობს ხმელეთით სანიტარული გადაზიდვის ნებისმიერ საშუალებას;
(ი) „სანიტარული გემები და ხომალდები” გულისხმობს წყლით სანიტარული გადაზიდვის ნებისმიერ საშუალებას;
(კ) „სანიტარული საჰაერო ხომალდი” გულისხმობს ჰაერით სანიტარიული გადაზიდვის ნებისმიერ საშუალებას;
(ლ) „მუდმივი სამედიცინო პერსონალი”, „მუდმივი სამედიცინო ფორმირებები” და „მუდმივი სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები” გულისხმობს განუსაზღვრელი ვადით მოქმედ მხოლოდ სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ პერსონალს, ფორმირებებსა და ტრანსპორტს. „დროებითი სამედიცინო პერსონალი”, „დროებითი სამედიცინო ფორმირებები” და „დროებითი სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებანი” გულისხმობს განსაზღვრული ვადით მოქმედ მხოლოდ სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილ პერსონალს, ფორმირებებსა და ტრანსპორტს. სხვა სპეციალური განმარტებების არარსებობის შემთხვევაში ტერმინები „სამედიცინო ფორმირებები”, „სამედიცინო პერსონალი” და „სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები” როგორც მუდმივ, ისე დროებით კატეგორიებს ეხება;
(მ) „განმასხვავებელი ემბლემა” გულისხმობს თეთრ ფონზე წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი ლომისა და მზის გამომსახველ ემბლემას, როცა ის სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების, სამედიცინო და სასულიერო პერსონალისა და აღჭურვილობის ან საშუალებების დასაცავად გამოიყენება;
(ნ) „განმასხვავებელი სიგნალი” ნიშნავს ნებისმიერ სიგნალს ან შეტყობინებას, რომელიც, წინამდებარე ოქმის I დანართის III თავის შესაბამისად, მხოლოდ სამედიცინო ფორმირებების ან სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების ამოსაცნობადაა დადგენილი
მუხლი 9 - გამოყენების სფერო
1. წინამდებარე კარი, რომლის დებულებები მიმართულია დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ, გამოიყენება ყოველი პირის მიმართ, რომელსაც შეეხო პირველ მუხლში მითითებული ვითარება, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის, ან რომელიმე სხვა მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე დამყარებული არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე.
2. პირველი კონვენციის 27-ე და 32-ე მუხლების შესაბამისი დებულებები გამოიყენება მუდმივი სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების (გარდა ჰოსპიტალური გემებისა, რომელთა მიმართ მეორე კონვენციის 25-ე მუხლის დებულებები მოქმედებს) და მათი პერსონალის მიმართ, რომელიც ჰუმანიტარული მოღვაწეობისთვის კონფლიქტის მონაწილე მხარის განკარგულებაში გადასცა:
(ა) ნეიტრალურმა ან სხვა სახელმწიფომ, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მხარე არ არის;
(ბ) ასეთი სახელმწიფოს მიერ აღიარებულმა და უფლებამოსილმა დამხმარე ორგანიზაციამ;
(გ) მიუკერძოებელმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ.
მუხლი 10 - მფარველობა და ზრუნვა
1. ყველა დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირი, მიუხედავად იმისა, თუ იგი რომელ მხარეს ეკუთვნის, პატივისცემითა და დაცვით სარგებლობს.
2. ნებისმიერ გარემოებაში მათ ადამიანურად მოეპყრობიან და მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში და უმოკლეს ვადაში მდგომარეობის შესატყვის სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ. გამორიცხულია მათი რაიმე ნიშნით განსხვავება, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობით ნაკარნახევისა.
მუხლი 11 - ცალკეული პირების დაცვა
1. დაუშვებელია პირველ მუხლში მითითებული სიტუაციის შედეგად მოწინააღმდეგის ხელისუფლებაში მყოფი, ინტერნირებული, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი პირების ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ხელშეუხებლობისათვის რაიმე მოქმედებით ან დაუდევრობით ზიანის მიყენება. შესაბამისად, აკრძალულია ამ მუხლში მოცემულ პირთა მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება, რომელიც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან არ გამომდინარეობს და არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ სამედიცინო ნორმებს, რომლებიც, ანალოგიურ სამედიცინო შემთხვევებში, პროცედურის ჩამტარებელი სახელმწიფოს არათავისუფლებააღკვეთილი მოქალაქეების მიმართ გამოიყენება.
2. კერძოდ, იკრძალება ასეთ პირთა მიმართ, თუნდაც მათი თანხმობით, შემდეგი ქმედებების ჩადენა:
(ა) ფიზიკური დასახიჩრება;
(ბ) სამედიცინო ან სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება;
(გ) ტრანსპლანტაციის მიზნით ქსოვილების ან ორგანოების ამოკვეთა, გარდა შემთხვევებისა, როცა ამგვარი მოქმედებები გამართლებულია პირველ პარაგრაფში მითითებული პირობების თანახმად.
3. მე-2(გ) პარაგრაფში გათვალისწინებული აკრძალვიდან გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს, როცა სისხლის გადასხმის მიზნით სისხლს ან კანის გადანერგვის მიზნით კანს აბარებენ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ყოველივე ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების ან წაქეზების გარეშე და ამასთან მხოლოდ თერაპიული მიზნებით და საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო ნორმების შესაბამის პირობებში ხდება და როგორც დონორის, ასევე მიმღების საკეთილდღეოდ განხორციელებული კონტროლის ქვეშ ხორციელდება.
4. ნებისმიერი წინასწარ განზრახული ქმედება ან დაუდევრობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი პირის, რომელიც მას არ ეკუთვნის, ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას ან ხელშეუხებლობას, რომელიც არღვევს პირველ და მე-2 პარაგრაფებში მითითებულ აკრძალვებს ან არ პასუხობს მე-3 პარაგრაფის მოთხოვნებს, წინამდებარე ოქმის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.
5. პირველ პარაგრაფში მითითებულ პირებს შეუძლიათ უარი თქვან ნებისმიერ ქირურგიულ ოპერაციაზე. უარის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი შეეცდება პაციენტის მიერ ხელმოწერილი ან დადასტურებული შესაბამისი წერილობითი განცხადება მიიღოს.
6. კონფლიქტის მონაწილე ყოველ მხარეს უნდა ჰქონდეს სამედიცინო ჩანაწერები პირველ პარაგრაფში მითითებული სისხლის ჩაბარების ან კანის გადანერგვის ყველა შემთხვევის შესახებ, თუკი ასეთი რამ ამ მხარის პასუხისმგებლობით ხორციელდება. გარდა ამისა, კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე შეეცდება აღრიცხოს ინტერნირებულ, დაკავებულ ან პირველ მუხლში მითითებული სიტუაციის შედეგად ნებისმიერი ფორმით თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ ჩატარებული ყველა სამედიცინო პროცედურა. ამგვარი ჩანაწერები მზად უნდა იყოს ნებისმიერ დროს მფარველი სახელმწიფოს მიერ შემოწმებისათვის.
მუხლი 12 - სამედიცინო ფორმირებების დაცვა
1. სამედიცინო ფორმირებები ნებისმიერ დროს პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ და თავდასხმის ობიექტს არ წარმოადგენენ.
2. პირველი პარაგრაფი სამოქალაქო სამედიცინო ფორმირებების მიმართ იმ პირობით გამოიყენება, რომ ისინი:
(ა) კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს ეკუთვნიან;
(ბ) კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ხელისუფლების მიერ არიან აღიარებული ან უფლებამოსილი; ან
(გ) უფლებამოსილი არიან წინამდებარე ოქმის მე-9 მუხლის მე-2 პარაგრაფის ან პირველი კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად.
3. კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს თავიანთი სტაციონარული სამედიცინო ფორმირებების განლაგების შესახებ აცნობონ. ამგვარ შეტყობინებათა არარსებობა არ ათავისუფლებს არც ერთ მხარეს პირველი პარაგრაფის დებულებათა დაცვისაგან.
4. არც ერთ ვითარებაში სამედიცინო ფორმირებები არ უნდა გამოიყენებოდეს სამხედრო ობიექტების თავდასხმისგან დასაფარად. კონფლიქტში მონაწილე მხარეები, შესაძლებლობის შემთხვევაში, სამედიცინო ფორმირებებს ისე განალაგებენ, რომ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის დროს მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება.
მუხლი 13 - სამოქალაქო სამედიცინო ფორმირებების დაცვის შეწყვეტა
1. დაცვა, რომლითაც სამოქალაქო სამედიცინო ფორმირებები სარგებლობენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში წყდება, როცა მათ ჰუმანიტარული ფუნქციების შესრულების გარდა, მოწინააღმდეგისათვის საზიანო ქმედებებისთვისაც იყენებენ. თუმცა, დაცვა წყდება მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ, რომელიც ყველა საჭირო შემთხვევაში გონივრულ ვადას აწესებს და მას შემდეგ, რაც გაფრთხილება მხედველობაში არ იყო მიღებული.
2. მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენებად არ ითვლება:
(ა) სამედიცინო ფორმირებათა პერსონალის მიერ თავდაცვის ან მათ მზრუნველობაში მყოფი დაჭრილების და ავადმყოფების დაცვის მიზნით პირადი მსუბუქი იარაღის ტარება;
(ბ) სამედიცინო ფორმირების გუშაგებით, მორიგეებით ან ბადრაგით დაცვა;
(გ) სამედიცინო ფორმირებაში ავადმყოფებისა და დაჭრილებისათვის ჩამორთმეული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალების არსებობა, რომელიც შესაბამისი სამსახურებისათვის ჯერ არ გადაუციათ;
(დ) სამედიცინო ფორმირებებში სამედიცინო ხასიათის მოსაზრებებიდან გამომდინარე სამხედრო მოსამსახურეთა ან სხვა კომბატანტების ყოფნა.
მუხლი 14 - სამოქალაქო სამედიცინო ფორმირებების რეკვიზიციის შეზღუდვა
1. ოკუპანტი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის სამედიცინო მოთხოვნათა დაკმაყოფილება.
2. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია სამოქალაქო სამედიცინო ფორმირებების, მათი აღჭურვილობის, ქონების რეკვიზიცია, ასევე მათი პერსონალის იძულებით მუშაობა, ვიდრე ეს რესურსები სამოქალაქო მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების, მკურნალობაზე მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების უწყვეტი მოვლისათვის იქნება აუცილებელი.
3. იმ პირობით, რომ შესრულდება მე-2 პარაგრაფში მითითებული ზოგადი წესი, ოკუპანტ სახელმწიფოს რეკვიზიციის განხორციელება
შემდეგ კონკრეტულ პირობებში შეუძლია:
(ა) რესურსები აუცილებელია ოკუპანტი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი დაჭრილი და ავადმყოფი პირების ან სამხედრო ტყვეებისათვის გადაუდებელი და სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად;
(ბ) რეკვიზიცია გრძელდება მანამ, სანამ ასეთი საჭიროება არსებობს; და
(გ) დაუყოვნებლივ მიიღება ზომები, რათა კვლავაც უზრუნველყოფილი იყოს იმ სამოქალაქო მოსახლეობისა და მკურნალობაზე მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სამედიცინო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რომელთაც ეს რეკვიზიცია შეეხო.
მუხლი 15 - სამოქალაქო სამედიცინო და სასულიერო პერსონალის დაცვა
1. სამოქალაქო სამედიცინო პერსონალი დაცვითა და პატივისცემით სარგებლობს.
2. აუცილებლობის შემთხვევაში რაიონებში, სადაც საომარი მოქმედებების გამო დარღვეულია სამოქალაქო სამედიცინო სამსახურის მუშაობა, სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს ყველა შესაძლო დახმარებას გაუწევენ.
3. ოკუპანტი სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს ყოველგვარ დახმარებას აღმოუჩენს, რათა მან თავისი ჰუმანიტარული ფუნქციების საუკეთესოდ შესრულება შეძლოს. ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია მოითხოვოს, რომ პერსონალმა სამედიცინო მოსაზრებებისაგან განსხვავებული რაიმე მოსაზრებით რომელიმე პირს უპირატესობა მიანიჭოს. დაუშვებელია პერსონალის იძულება შეასრულოს მისი ჰუმანიტარული ფუნქციების შეუსაბამო ამოცანები.
4. სამოქალაქო სამედიცინო პერსონალს ხელი მიუწვდება ყველგან, სადაც მისი დახმარების საჭიროება არსებობს, ოღონდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება კონტროლისა და უსაფრთხოების ის ზომები, რომელთაც კონფლიქტში მონაწილე დაინტერესებული მხარე აუცილებლად მიიჩნევს.
5. სამოქალაქო სასულიერო პერსონალი პატივისცემითა და დაცვით სარგებლობს. მასზე თანაბრად ვრცელდება კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებები, რომელიც სამედიცინო პერსონალის დაცვასა და ამოცანებს შეეხება.
მუხლი 16 - სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელ პირთა ზოგადი დაცვა
1. ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია სამედიცინო ეთიკის შესაბამისად თავისი ფუნქციების შესრულებისათვის პირის დასჯა, განურჩევლად იმისა, თუ ვისი ინტერესების სასარგებლოდ აკეთებს იგი ამას.
2. სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელი პირები არ უნდა აიძულონ, შეასრულონ სამუშაო, რომელიც არღვევს სამედიცინო ეთიკას ან დაჭრილთა და ავადმყოფთა ინტერესების დამცავ სხვა სამედიცინო ნორმებს, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებებს, ან, რომ თავი შეიკავონ აღნიშნული ნორმებითა და დებულებებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისაგან.
3. სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელი არც ერთი პირი არ უნდააიძულონ, რომ რომელიმე მხარეს - მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ან საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს, გარდა ამ უკანასკნელის კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, მიაწოდოს ინფორმაცია ავადმყოფების ან დაჭრილების შესახებ, რომლებიც მასთან მკურნალობენ ან მკურნალობდნენ, თუ ინფორმაციის გადაცემა, მისი აზრით, პაციენტებს ან მათ ოჯახებს ავნებს. თუმცა, ამასთანავე უნდა შესრულდეს ინფექციური დაავადებების შეტყობინების შესახებ სავალდებულო მოთხოვნები.
მუხლი 17 - სამოქალაქო მოსახლეობისა და დახმარების საზოგადოებების როლი
1. სამოქალაქო მოსახლეობა პატივისცემით უნდა მოეპყროს დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს, თუნდაც ისინი მოწინააღმდეგე მხარეს ეკუთვნოდნენ და არ უნდა დაუშვას მათ მიმართ ძალადობის აქტების გამოყენება. სამოქალაქო მოსახლეობას და დახმარების ორგანიზაციებს, როგორიცაა წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებები, შეუძლიათ საკუთარი ინიციატივითაც კი შეაგროვონ დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები და მოუარონ მათ, თუნდაც დაპყრობილ ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამგვარი ჰუმანიტარული მოქმედებისათვის არავის არ დააზიანებენ, დევნიან, გაასამართლებენ ან დასჯიან.
2. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ თვითონ მიმართონ სამოქალაქო მოსახლეობას და პირველ პარაგრაფში მითითებულ დახმარების საზოგადოებებს შეაგროვონ დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები, მოუარონ მათ, მოიძიონ გარდაცვლილები და აცნობონ მათი ადგილმდებარეობა; ისინი უზრუნველყოფენ იმ პირთა დაცვასა და მხარდაჭერას, რომლებიც ასეთ მოწოდებას გამოეხმაურებიან. საჭიროების შემთხვევაში დაცვასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც დაამყარებს ან აღადგენს თავის კონტროლს ამ ტერიტორიაზე.
მუხლი 18 - ამოცნობა
1. კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე შეეცდება უზრუნველყოს სამედიცინო და სასულიერო პერსონალის, ასევე სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობა.
2. აგრეთვე, კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე შეეცდება გამოიყენოს და განახორციელოს ის მეთოდები და პროცედურები, რომელიც ხელს უწყობს განმასხვავებელი ემბლემებისა და განმასხვავებელი სიგნალების გამომყენებელი სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობას.
3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რაიონებში, სადაც შეიძლება დაიწყოს ან მიმდინარეობს ბრძოლები, სამოქალაქო სამედიცინო პერსონალისა და სამოქალაქო სასულერო პერსონალის ამოცნობა ხდება განმასხვავებელი ემბლემითა და მათი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობით.
4. კომპეტენტური ხელისუფლების თანხმობით, სამედიცინო ფორმირებები და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები განმასხვავებელი ემბლემით აღინიშნება. წინამდებარე ოქმის 22-ე მუხლში მოხსენებული გემები და ხომალდები მეორე კონვენციის დებულებათა შესაბამისად აღინიშნება.
5. განმასხვავებელი ემბლემის გარდა, კონფლიქტის მონაწილე მხარეს შეუძლია, წინამდებარე ოქმის I დანართის III თავის შესაბამისად, ნება დართოს სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებათა ამოცნობისათვის განმასხვავებელი სიგნალების გამოყენებას. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ამ თავით გათვალისწინებული გამონაკლისის სახით, სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ განმასხვავებელი სიგნალები განმასხვავებელი ემბლემების გამოსახვის გარეშე გამოიყენონ.
6. ამ მუხლის 1-5 პარაგრაფების დებულებათა გამოყენება წინამდებარე ოქმის I დანართის I-III თავებით განისაზღვრება. დანართის III თავში მითითებული სიგნალები, რომელიც მხოლოდ სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების აღნიშვნისთვისაა განკუთვნილი, არ უნდა გამოიყენებოდეს სხვა მიზნებისათვის, გარდა ამ თავში მითითებული სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობისა.
7. წინამდებარე მუხლის დებულებებით არ არის ნებადართული მშვიდობიან პერიოდში განმასხვავებელი ემბლემის პირველი კონვენციის 44-ე მუხლის ფარგლებს გარეთ გამოყენება.
8. კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის განმასხვავებელი ემბლემების გამოყენებასთან, კონტროლსა და ბოროტად გამოყენების აღკვეთასთან დაკავშირებული დებულებები განმასხვავებელ სიგნალებსაც შეეხება.
მუხლი 19 - ნეიტრალური და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეები არ არიან
ნეიტრალური და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეები არ არიან, წინამდებარე ოქმის დებულებებს გამოიყენებენ ამ კარის შესაბამისად დაცვის ქვეშ მყოფი პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება მიღებული ან ინტერნირებული იყვნენ მათ ტერიტორიაზე, ასევე მათ მიერ აღმოჩენილ გარდაცვლილთა მიმართ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ეკუთვნიან.
მუხლი 20 - რეპრესალიების აკრძალვა
წინამდებარე კარის თანახმად დაცვის ქვეშ მყოფი პირებისა და ობიექტების მიმართ რეპრესალიები აკრძალულია.
![]() |
7.3.2 ნაწილი II სანიტარული გადაზიდვები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 21 - სახმელეთო სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები
სახმელეთო სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებათა შესაბამისად მოძრავი სამედიცინო ფორმირებებისათვის გათვალისწინებული პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ.
მუხლი 22 - ჰოსპიტალური გემები და სანაპირო - სამაშველო
სანაოსნო საშუალებები
1. კონვენციათა დებულებები, რომლებიც ეხება:
(ა) მეორე კონვენციის 22-ე, 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლში მითითებულ ხომალდებს,
(ბ) მათ სამაშველო ნავებს და მცირე სანაოსნო საშუალებებს,
(გ) მათ პერსონალსა და ეკიპაჟს, და
(დ) ბორტზე მყოფ დაჭრილებს, ავადმყოფებსა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირებს,
ასევე ეხება ვითარებას, როდესაც ამ ხომალდებს გადაჰყავთ დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები, რომლებიც მეორე კონვენციის მე-13 მუხლში მითითებულ არც ერთ კატეგორიას არ ეკუთვნიან. თუმცა, არ შეიძლება ამ სამოქალაქო პირთა გადაცემა სხვა ქვეყნისათვის, რომელსაც ისინი არ ეკუთვნიან, ან ზღვაზე მათი დატყვევება. თუ ეს პირები კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოს ხელისუფლებაში მოექცევიან, რომელსაც ისინი არ ეკუთვნიან, მათზე მეოთხე კონვენციისა და წინამდებარე ოქმის დებულებები გავრცელდება.
2. მეორე კონვენციის 25-ე მუხლში მითითებული ხომალდების კონვენციებით გათვალისწინებული დაცვა ჰოსპიტალურ გემებზეც ვრცელდება, რომლებიც ჰუმანიტარული მოსაზრებებით კონფლიქტის მონაწილე მხარეს დაუთმო:
(ა) ნეიტრალურმა ან სხვა სახელმწიფომ, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობს; ან
(ბ) მიუკერძოებელმა საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ, იმ პირობით, რომ ორივე შემთხვევაში ამ მუხლში ჩამოთვლილი მოთხოვნები შესრულდება.
3. მეორე კონვენციის 27-ე მუხლში მითითებული მცირე სანაოსნო საშუალებები დაცვით მაშინაც სარგებლობენ, როცა ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინება არ გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდებენ გაცვალონ დაწვრილებითი ინფორმაცია ამგვარი სანაოსნო საშუალებების შესახებ, რომელიც მათ ამოცნობასა და დადგენას შეუწყობს ხელს.
მუხლი 23 - სხვა სანიტარული გემები და სანაოსნო საშუალებები
1. სანიტარული გემები და სანაოსნო საშუალებები, გარდა წინამდე ბარე ოქმის 22-ე მუხლში და მეორე კონვენციის 38-ე მუხლში მითითებული გემებისა და სანაოსნო საშუალებებისა, რომლებიც ზღვაში ან სხვა წყლებში იმყოფებიან, ისეთივე პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ, როგორიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად მოძრავი სამედიცინო ფორმირებებისთვისაა გათვალისწინებული. ვინაიდან ეფექტური დაცვა შეიძლება მხოლოდ მათი ამოცნობის შემთხვევაში განხორციელდეს, ამგვარი გემები განმასხვავებელი ემბლემით უნდა აღინიშნოს და მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში დაცული უნდა იყოს მეორე კონვენციის 43-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის დებულებები.
2. პირველ პარაგრაფში მითითებული გემები და სანაოსნო საშუალებები ომის კანონების დაქვემდებარებაში რჩებიან. წყლის ზედაპირზე მყოფ ნებისმიერ სამხედრო ხომალდს, რომელსაც უნარი შესწევს მათ მისი ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულება აიძულოს, შეუძლია მათ გაჩერება, რაიონის დატოვება ან გარკვეული კურსის აღება უბრძანოს, რასაც ისინი უნდა დაემორჩილონ. დაუშვებელია ასეთი გემებისა და სანაოსნო საშუალებების სხვაგვარად ჩამოცილება მათი სამედიცინო მისიისაგან, ვიდრე ისინი საჭირო არიან ბორტზე მყოფი დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირებისათვის.
3. პირველ პარაგრაფში მითითებული დაცვა მხოლოდ მეორე კონვენციის 34-ე და 35-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირობებში წყდება. მე-2 პარაგრაფის შესაბამისად გაცემული ბრძანების შესრულებაზე აშკარა უარი, მეორე კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად, მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენებად ითვლება.
4. კონფლიქტის მონაწილე მხარეს შეუძლია, გამგზავრებამდე რაც შეიძლება ადრე ნებისმიერ მოწინააღმდეგე მხარეს აცნობოს სამედიცინო გემის ან სანაოსნო საშუალების სახელწოდების, ტექნიკური მონაცემების, ცურვის მოსალოდნელი ხანგრძლივობის, კურსისა და მოსალოდნელი სიჩქარის შესახებ, განსაკუთრებით თუ ეს 2,000-ზე მეტი ბრუტოტონის ხომალდებს ეხება. მას ასევე შეუძლია ნებისმიერი სხვა მონაცემი აცნობოს, რომელიც მათ ამოცნობას გააადვილებს. მოწინააღმდეგე მხარე ასეთი ინფორმაციის მიღებას დაადასტურებს.
5. მეორე კონვენციის 37-ე მუხლის დებულებები გამოიყენება ასეთ გემებსა და სანაოსნო საშუალებებზე მყოფი სამედიცინო და სასულიერო პერსონალის მიმართ.
6. მეორე კონვენციის დებულებები გამოიყენება ამ კონვენციის მე-13 მუხლსა და წინამდებარე ოქმის 44-ე მუხლში მითითებული დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების მიმართ, რომლებიც შეიძლება ასეთ გემებსა და სანაოსნო საშუალებებზე იმყოფებოდნენ. დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი სამოქალაქო პირები, რომლებიც მეორე კონვენციის მე-13 მუხლში მითითებულ არც ერთ კატეგორიას არ ეკუთვნიან, ზღვაზე ყოფნისას არ გადაეცემიან არც ერთ სახელმწიფოს, რომელსაც არ ეკუთვნიან; ასევე არ შეიძლება მათი ჩამოსხმა გემებიდან და სანაოსნო საშუალებებიდან, მაგრამ თუ მითითებული პირები კონფლიქტის მონაწილე მხარის ხელისუფლებაში მოექცევიან, რომელსაც არ ეკუთვნიან, მათზე მეოთხე კონვენციისა და წინამდებარე ოქმის დებულებათა მოქმედება გავრცელდება.
მუხლი 24 - სანიტარული საჰაერო ხომალდების დაცვა
წინამდებარე კარის დებულებების თანახმად, სანიტარული საჰაერო ხომალდები პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ.
მუხლი 25 - სანიტარული საჰაერო ხომალდები მოწინააღმდეგე
მხარის კონტროლს დაუქვემდებარებელ რაიონებში
ხმელეთის რაიონებსა და მათ ზემოთ საჰაერო სივრცეში, სადაც ფიზიკურ კონტროლს მოკავშირეთა ძალები ახორციელებენ ან ზღვის რაიონებსა და მათ ზემოთ საჰაერო სივრცეში, სადაც მოწინააღმდეგე მხარის კონტროლი არ ხორციელდება, კონფლიქტის მონაწილე მხარის სანიტარული საჰაერო ხომალდების პატივისცემა და დაცვა არ არის დამოკიდებული მოწინააღმდეგესთან დადებულ რაიმე შეთანხმებაზე. ამის მიუხედავად, კონფლიქტში მონაწილე მხარეს, რომელიც ამ რაიონებში სანიტარულ საჰაერო ხომალდებს იყენებს, მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეუძლია ეს 29-ე მუხლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარეს აცნობოს, განსაკუთრებით კი თუ როდის ასრულებენ ამგვარი ხომალდები გადაფრენას მოწინააღმდეგის „ხმელეთი-ჰაერის” ტიპის იარაღის მიღწევადობის ფარგლებში.
მუხლი 26 - სანიტარული საჰაერო ხომალდები ურთიერთშეხების ან
მსგავს ზონებში
1. ურთიერთშეხების ზონის იმ ნაწილში, სადაც კონტროლს მოკავშირე ძალები ახორციელებენ, და იმ რაიონებში, სადაც კონტროლი არ არის ნათლად გამოხატული, ასევე შესაბამის საჰაერო სივრცეში, სანიტარული საჰაერო ხომალდების დაცვა სრულიად ქმედითი შეიძლება იყოს მხოლოდ კონფლიქტში მონაწილე მხარეების კომპეტენტურ ხელისუფლების ორგანოთა შორის 29-ე მუხლის შესაბამისი წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. თუმცა, ამგვარი შეთანხმების არარსებობის დროს სანიტარული საჰაერო ხომალდები საკუთარი რისკით მოქმედებენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამოცნობისთანავე პატივისცემით სარგებლობენ.
2. „ურთიერთშეხების ზონა” ნიშნავს ხმელეთის ნებისმიერ რაიონს, სადაც მოწინააღმდეგე ძალების მოწინავე ნაწილები ურთიერთშეხებაში იმყოფებიან და განსაკუთრებით ისეთ რაიონს, სადაც ისინი ხმელეთიდან პირდაპირი ცეცხლის მისაღწევ ფარგლებში იმყოფებიან.
მუხლი 27 - სანიტარული საჰაერო ხომალდები მოწინააღმდეგე
მხარის კონტროლს დაქვემდებარებულ რაიონებში
1. კონფლიქტის მონაწილე მხარის სანიტარული საჰაერო ხომალდები განაგრძობენ დაცვით სარგებლობას მოწინააღმდეგის კონტროლს დაქვემდებარებული ხმელეთის ან ზღვის რაიონების თავზე ფრენისას იმ პირობით, რომ ფრენის ნებართვა წინასწარ იყო მიღებული მოწინააღმდეგე მხარის კომპეტენტური ხელისუფლებისაგან.
2. სანიტარული საჰაერო ხომალდი, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ კონტროლს დაქვემდებარებული რაიონის თავზე მოძრაობს უკიდურესი სანავიგაციო შეცდომის ან ფრენის უსაფრთხოებისათვის საშიში გარემოებების გამო, და ასევე პირველ პარაგრაფში ფრენის მითითებული ნებართვის გარეშე ან იმ პირობების დარღვევით, რომლითაც მიღებული იყო ასეთი ნებართვა, ყოველ ღონეს იხმარს, რათა ის ამოიცნონ და მან ეს გარემოებები მოწინააღმდეგე მხარეს შეატყობინოს. როგორც კი მოწინააღმდეგე მხარე სანიტარულ საჰაერო ხომალდს ამოიცნობს, იგი საჭირო ზომებს მიიღებს, რათა 30-ე მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისად გასცეს მიწაზე ან წყალზე დაშვების ბრძანება, ან მიიღოს სხვა ზომები თავისი ინტერესების დასაცავად. ნებისმიერ შემთხვევაში, თავდასხმამდე მან სანიტარულ საჰაერო ხომალდს მიცემული ბრძანების შესასრულებლად დრო უნდა მისცეს.
მუხლი 28 - სანიტარული საჰაერო ხომალდების
გამოყენების შეზღუდვა
1. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ეკრძალებათ სანიტარული საჰაერო ხომალდების გამოყენება მოწინააღმდეგე მხარეზე რაიმე სახის სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად. სანიტარული საჰაერო ადგილზე ყოფნა თავდასხმისაგან სამხედრო ობიექტების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად არ უნდა გამოიყენონ.
2. სანიტარული საჰაერო ხომალდები სადაზვერვო მონაცემების შესაკრებად და გადასაცემად და ამ მიზნებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობის გადასატანად არ უნდა გამოიყენონ. მათ ეკრძალებათ ნებისმიერ იმ პირთა ან იმ ტვირთის ტრანსპორტირება, რომლებიც მე-8 მუხლის (ვ) ქვე-პუნქტის განსაზღვრებაში არ ხვდებიან. არ იკრძალება მგზავრების პირადი ნივთების, ასევე პილოტირების, კავშირისა და ამოცნობის გაადვილებისათვის გამიზნული აპარატურის გადატანა.
3. სანიტარულ საჰაერო ხომალდში შეიძლება იყოს მხოლოდ დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა კუთვნილი იარაღი და საბრძოლო მასალები, რომელიც ჯერ შესაბამისი სამსახურებისათვის არ გადაუციათ, ასევე პირადი იარაღი, რომელიც სამედიცინო პერსონალს თავდაცვისა და მის მზრუნველობაში მყოფი დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების დასაცავად შეიძლება დასჭირდეს.
4. 26-ე და 27-ე მუხლებით გათვალისწინებული ფრენის განხორციელებისას, სანიტარული საჰაერო ხომალდები მოწინააღმდეგე მხარესთან წინასწარი შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მოსაძიებლად არ უნდა გამოიყენონ.
მუხლი 29 - შეტყობინებები დაშეთანხმებები სანიტარული
საჰაერო ხომალდების შესახებ
1. 25-ე მუხლის შესაბამისი შეტყობინებები ან წინასწარი შეთანხმების თაობაზე 26-ე, 27-ე, 28-ე (მე-4 პარაგრაფი) ან 31-ე მუხლის შესაბამისი თხოვნები მოიცავს მონაცემებს სანიტარული საჰაერო ხო მალდების სავარაუდო რაოდენობის, მათი ფრენის გეგმებისა და ამოცნობის საშუალებების შესახებ, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოველი ფრენა 28-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდება.
2. მხარე, რომელმაც 25-ე მუხლის თანახმად შეტყობინება მიიღო, დაუყოვნებლივ ადასტურებს ასეთი შეტყობინების მიღებას.
3. მხარე, რომელიც წინასწარი შეთანხმების შესახებ 26-ე, 27-ე, 28-ე (მე-4 პარაგრაფი) ან 31-ე მუხლის შესაბამის თხოვნას მიიღებს, მთხოვნელ მხარეს უმოკლეს ვადაში აცნობებს:
(ა) თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ;
(ბ) თხოვნაზე უარის თქმის შესახებ; ან
(გ) თხოვნის გონივრული ალტერნატიული წინადადებების შესახებ. მან აგრეთვე შეიძლება შესთავაზოს მოცემულ რაიონში შესაბამის დროს სხვა ფრენების შეზღუდვა ან აკრძალვა. თუ მთხოვნელი მხარე შეთავაზებულ წინადადებებს მიიღებს, იგი ასეთი თანხმობის შესახებ მეორე მხარეს აცნობებს.
4. მხარეები შესაბამის ზომებს მიიღებენ, რათა შეტყობინებების გაგზავნისა და შეთანხმებების დადების უსწრაფესი წესით განხორციელება უზრუნველყონ.
5. მხარეები ასევე შესაბამის ზომებს მიიღებენ, რათა სასწრაფოდ ამ შეტყობინებათა და შეთანხმებათა შინაარსი შესაბამის სამხედრო შენაერთებს გააცნონ და ჩაუტარონ მათ ინსტრუქტაჟი ამოცნობის იმ საშუალებათა შესახებ, რომელსაც კონკრეტული სანიტარული საჰაერო ხომალდი გამოიყენებს.
მუხლი 30 - სანიტარული საჰაერო ხომალდების
დაშვება და შემოწმება
1. სანიტარულ საჰაერო ხომალდებს, რომლებიც დაფრინავენ მოწინააღმდეგე მხარის კონტროლს დაქვემდებარებული რაიონების თავზე ან რაიონებზე, სადაც კონტროლი ნათლად გამოხატული არ არის, გარემოებათა შესაბამისად შეიძლება უბრძანონ ხმელეთზე ან ზღვაზე დაშვება ქვემო პარაგრაფებით გათვალისწინებული შემოწმების ჩასატარებლად. სანიტარული საჰაერო ხომალდები ვალდებულნი არიან ნებისმიერ ასეთ ბრძანებას დაემორჩილონ.
2. ხმელეთზე ან ზღვაზე ბრძანების საფუძველზე ან რაიმე სხვა მიზეზით დაშვების შემთხვევაში სანიტარული საჰაერო ხომალდი შეიძლება შემოწმდეს ერთადერთი მიზნით, რათა დადგინდეს, აკმაყოფილებს თუ არა ის მე-3 და მე-4 პარაგრაფების პირობებს. ნებისმიერი ამგვარი შემოწმება შეუფერხებლად და უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს. შემმოწმებელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დაჭრილთა და ავადმყოფთა ხომალდიდან გადმოყვანა, თუ ამას შემოწმებისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ამ მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობა შემოწმების ან ხომალდიდან გადაყვანის შედეგად არ გაუარესდეს.
3. თუ შემოწმებით დადგინდება, რომ საჰაერო ხომალდი:
(ა) სანიტარული საჰაერო ხომალდია მე-8 მუხლის (კ) ქვე-პუნქტის თანახმად,
(ბ) არ არღვევს 28-ე მუხლის დებულებებს, და
(გ) ფრენას ასრულებს წინასწარი შეთანხმების თანახმად ან ასეთი შეთანხმების დაურღვევლად, როცა ასეთი შეთანხმება აუცილებელია, მაშინ მასში მყოფ მოწინააღმდეგე მხარის, ნეიტრალური სახელმწიფოს ან იმ მხარის წარმომადგენლებს, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობს, ფრენის დაუყოვნებლივ გაგრძელების ნებას დართავენ.
4. თუ შემოწმებით დადგინდება, რომ საჰაერო ხომალდი:
(ა) არ წარმოადგენს სანიტარულ საჰაერო ხომალდს მე-8 მუხლის (კ) ქვეპუნქტის თანახმად,
(ბ) არღვევს 28-ე მუხლის პირობებს, ან
(გ) ფრენას ასრულებს წინასწარი შეთანხმების გარეშე ან მისი დარღვევით, როცა ასეთი შეთანხმება აუცილებელია,
მაშინ ამგვარი საჰაერო ხომალდი შეიძლება დააკავონ. ხომალდში მყოფ პირებს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების თანახმად მოეპყრობიან. ნებისმიერი დაკავებული საჰაერო ხომალდი, რომელსაც მუდმივ სანიტარულ საჰაერო ხომალდად იყენებდნენ, შემდგომშიც მხოლოდ სანიტარული საჰაერო ხომალდის სახით შეიძლება გამოიყენონ.
მუხლი 31 - ნეიტრალური ან სხვა სახელმწიფოები,
რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მხარეები არ არიან
1. წინასწარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, სანიტარული საჰაერო ხომალდი არ უნდა დაფრინდეს ნეიტრალური ან კონფლიქტის არამონაწილე მხარის ტერიტორიაზე. თუმცა, ასეთი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, სანიტარული საჰაერო ხომალდი მთელი ფრენის მანძილზე, ასევე შუალედური დაფრენის დროსაც პატივისცემით სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ისინი ვალდებული არიან, გარემოებების შესაბამისად, ზღვაზე ან ხმელეთზე დაშვების მოთხოვნას დაემორჩილონ.
2. იმ შემთხვევაში, როცა სანიტარული საჰაერო ხომალდი სანავიგაციო შეცდომის ან განსაკუთრებული გარემოებების გამო, რომელიც გავლენას ახდენს ფრენის უსაფრთხოებაზე, დაფრინდება ნეიტრალური ან ისეთი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობს, ყველა ზომას მიიღებს, რათა ის ამოიცნონ და მან ეს გარემოებები შესაბამის მხარეს შეატყობინოს. სანიტარული საჰაერო ხომალდის ამოცნობისთანავე, ასეთი სახელმწიფო ყველა ღონეს იხმარს, რათა გასცეს 30-ე მუხლის პირველი პარაგრაფის შესაბამისი ბრძანება ხმელეთზე ან წყალზე დაშვების შესახებ, ან სხვა ზომებს მიმართავს თავისი ინტერესების დასაცავად. ნებისმიერ შემთხვევაში, თავდასხმამდე მან საჰაერო ხომალდს ბრძანების შესასრულებლად აუცილებელი დრო უნდა მისცეს.
3. როდესაც სანიტარული საჰაერო ხომალდი შეთანხმებების შესაბამისად ან მე-2 პარაგრაფში მითითებული გარემოებებით განპირობებული ბრძანების თანახმად, ან რაიმე სხვა მიზეზით იძულებულია ნეიტრალური ან ისეთი სახელმწიფოს ხმელეთზე ან წყალზე დაეშვას, რომელიც კონფლიქტში არ მონაწილეობს, ის შემოწმდება, რათა დადგინდეს, არის თუ არა ის ნამდვილად სანიტარული საჰაერო ხომალდი. შემოწმება შეუფერხებლად და უმოკლეს ვადაში უნდა განხორციელდეს. შემმოწმებელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს დაჭრილებისა და ავადმყოფების ხომალდიდან გადმოყვანა, თუ ამას შემოწმებისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა შემთხვევაში შემმოწმებელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ შემოწმების ან გადმოყვანის შედეგად დაჭრილებისა და ავადმყოფების მდგომარეობა არ გაუარესდეს. თუ შემოწმება ცხადყოფს, რომ საჰაერო ხომალდი ნამდვილად სანიტარულია, მას საშუალება ექნება მასში მყოფი პირებითურთ განაგრძოს ფრენა იმ პირთა გამოკლებით, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად უნდა დააკავონ. ამასთანავე, ხომალდს ფრენის გაგრძელებისათვის აუცილებელ ყველა პირობას შეუქმნიან. თუ დადგინდა, რომ ეს საჰაერო ხომალდი არ არის სანიტარული, მას დააკავებენ და მასში მყოფ პირებს მე-4 პარაგრაფის შესაბამისად მოეპყრობიან.
4. საჰაერო ხომალდიდან დროებით ჩამოსხმული პირების გამოკლებით, ადგილობრივი ხელისუფლების თანხნობით ნეიტრალური ან კონფლიქტის არამონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩამოსხმული დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები, ასეთ სახელმწიფოსა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის განსხვავებული ხასიათის შეთანხმების არარსებობის შემთხვევის გარდა, ამ სახელმწიფოს მიერ, როცა ამას შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმები მოითხოვენ, იმგვარად იქნებიან დაკავებულნი, რომ მათ ვეღარ შეძლონ საომარ მოქმედებებში კვლავ მონაწილეობა. ინტერნირებასა და საავადმყოფოში მკურნალობასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.
5. ნეიტრალური და სხვა სახელმწიფოები, რომლებიც კონფლიქტში არ მონაწილეობენ, მათ ტერიტორიაზე სანიტარული საჰაერო ხომალდების ფრენასთან ან მათ დაკავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირობასა და შეზღუდვას კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ თანაბრად გამოიყენებენ.
![]() |
7.3.3 ნაწილი III უგზო-უკვლოდ დაკარგული და გარდაცვლილი პირები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 32 - ზოგადი პრინციპი
წინამდებარე ნაწილის დებულებათა განხორციელებისას, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, კონფლიქტის მონაწილე მხარეები და კონვენციებსა და წინამდებარე ოქმში მითითებული საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობაში, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობიანოჯახის უფლებას - იცოდეს თავისი ახლობლების ბედი.
მუხლი 33 - უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები
1. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, და ყველაზე გვიან - საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე, კონფლიქტის მონაწილე თითოეული მხარე მოიძიებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებს, რომელთა შესახებაც მას მოწინააღმდეგე მხარემ აცნობა. ასეთი მოწინააღმდეგე მხარე ამგვარ პირთა ძიების გასაადვილებლად ყველა საჭირო მონაცემს წარმოადგენს.
2. წინა პარაგრაფის შესაბამისად ცნობების შეკრების გასაადვილებლად კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე იმ პირების შესახებ, რომლებიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის თანახმად უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობენ:
(ა) მეოთხე კონვენციის 138-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ახორციელებს მონაცემების რეგისტრაციას იმ პირების შესახებ, რომლებიც საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის შედეგად დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა სახით თავისუფლებააღკვეთილი იყვნენ ორ კვირაზე მეტი ხნით, ან რომლებიც ამგვარი დაკავების დროს გარდაიცვალნენ;
(ბ) მაქსიმალურად ხელს შეუწყობს აღნიშნულ პირთა მოძიებას და მათ შესახებ მონაცემების რეგისტრაციას, თუ ისინი საომარი მოქმედებების ან ოკუპაციის შედეგად რაიმე სხვა გარემოებაში გარდაიცვალნენ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თვითონ განახორციელებს ამგვარ მოძიებას და მონაცემების რეგისტრაციას.
3. მონაცემები პირველი პარაგრაფის თანახმად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული პირების შესახებ და შეკითხვები ამ მონაცემთა შესახებ გადაიცემა უშუალოდ, მფარველი სახელმწიფოს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოძიების ცენტრალური სააგენტოს, ან წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებების მეშვეობით. როდესაც მონაცემები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და მისი მოძიების ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით არ გადაიცემა, კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე უზრუნველყოფს ასევე ასეთი მონაცემების მოძიების ცენტრალური სააგენტოსათვის მიწოდებას.
4. კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების არეალში გარდაცვლილთა მოძიების, ამოცნობისა და გამოყვანისათვის საჭირო ჯგუფების შექმნის თაობაზე, რაც, ამასთანავე, აუცილებლობის შემთხვევაში ასეთი ჯგუფების მოწინააღმდეგე მხარის ტერიტორიაზე მუშაობისას, მათი ამ მხარის პერსონალის მიერ თანხლებასაც უნდა ითვალისწინებდეს. აღნიშნული ჯგუფების პერსონალი ექსკლუზიურად თავისი მოვალეობების შესრულების დროს პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდეს.
მუხლი 34 - გარდაცვლილთა ნეშტი
1. პატივისცემით უნდა მოეპყრონ იმ პირთა ნეშტებს, რომლებიც გარდაიცვალნენ ოკუპაციის ან ოკუპაციასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ან ოკუპაციასთან ანდა საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ პატიმრობაში და რომლებიც არ იყვნენ იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, სადაც საომარი მიზეზების გამო გარდაიცვალნენ. პატივისცემით უნდა მოეპყრონ ამ პირთა დაკრძალვის ადგილებსაც. იმ შემთხვევაში, თუ მათი დაკრძალვის ადგილები კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის მიხედვით უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობს, მათ მეოთხე კონვენციის 130-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად უვლიან ან აღნიშნავენ.
2. როგორც კი გარემოებები და მოწინააღმდეგე მხარეთა შორის ურთიერთობები ამას შესაძლებელს გახდის, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, რომელთა ტერიტორიაზეც არის საომარი მოქმედებების შედეგად ან ოკუპაციის დროს, ან პატიმრობაში დაღუპული პირების საფლავები ან მათი ნეშტის დაკრძალვის სხვა ადგილები, დადებენ შეთანხმებებს, რათა:
(ა) ხელი შეუწყონ გარდაცვლილთა ნათესავებს და რეგისტრაციის ოფიციალური სამსახურების წარმომადგენლებს, რომ მათ ხელი მიუწვდებოდეთ საფლავებზე, და აგრეთვე განისაზღვროს ამგვარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პრაქტიკული ღონისძიებები;
(ბ) განხორციელდეს დაკრძალვის ამგვარი ადგილების მუდმივი დაცვა და მოვლა;
(გ) შესაბამისი სახელმწიფოს, ან თუ ეს სახელმწიფო წინააღმდეგია, ახლო ნათესავთა თხოვნით განხორციელდეს გარდაცვლილთა ნეშტის და პირადი ქონების სამშობლოში დაბრუნება.
3. მე-2 პარაგრაფის (ბ) და (გ) ქვე-პუნქტებში მითითებული შეთანხმებების არარსებობისა და იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილთა სამშობლო არ არის თანახმა საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს დაკრძალვის ადგილების შენარჩუნება, მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც არის ასეთი ადგილები, შეუძლია ნეშტების სამშობლოში დაბრუნებისათვის დახმარების გაწევა შესთავაზოს. ასეთი წინადადების უარყოფის შემთხვევაში, მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ამ წინადადების შეთავაზებიდან ხუთი წლის გასვლისა და შესაბამისი ქვეყნის სათანადოდ შეტყობინების შემდეგ, შეუძლია მიიღოს სასაფლაოებისა და საფლავების შესახებ მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
4. მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც არის ამ მუხლში მითითებული დაკრძალვის ადგილები, ექსჰუმაცია შეუძლია მოახდინოს მხოლოდ:
(ა) მე-2(გ) და მე-3 პარაგრაფების შესაბამისად, ან
(ბ) როცა ეს უზენაესი საზოგადოებრივი აუცილებლობითაა გამოწვეული, სამედიცინო ხასიათის და გამოძიებისათვის აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევების ჩათვლით. ასეთ შემთხვევებში მაღალი ხელშემკვრელი მხარე პატივისცემით ეპყრობა გარდაცვლილთა ნეშტს და შესაბამის სახელმწიფოს ატყობინებს ექსჰუმაციის განზრახვისა და გადასვენების სავარაუდო ადგილის შესახებ.
![]() |
7.4 კარი III ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები - კომბატანტებისა და სამხედრო ტყვეების სტატუსი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.4.1 ნაწილი I ომის წარმოების მეთოდები და საშუალებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 35 - ძირითადი ნორმები
1. ნებისმიერი შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, არ არის შეუზღუდავი მასში მონაწილე მხარეების მიერ ომის მეთოდებისა და საშუალებების არჩევის უფლება.
2. საომარი მოქმედებების დროს აკრძალულია ისეთი იარაღის, ჭურვების, ნივთიერებებისა და ომის წარმოების მეთოდების გამოყენება, რომელთაც ჭარბი ზიანის მიყენება ან ტანჯვის გამოწვევა შეუძლიათ.
3. აკრძალულია ომის წარმოების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს ან რომელთაგან მოსალოდნელია ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი და სერიოზული დაზიანება.
მუხლი 36 - ახალი ტიპის იარაღი
მაღალმა ხელშემკვრელმა მხარემ ომის წარმოების ახალი იარაღის, მეთოდების ან საშუალებების შესწავლის, შეძენის ან მიღებისას უნდა დაადგინოს, აკრძალულია თუ არა ასეთი იარაღის გამოყენება ზოგიერთ ან ყველა გარემოებაში წინამდებარე ოქმის ან მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიმართ მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნებისმიერი სხვა ნორმის მიერ.
მუხლი 37 - ვერაგობის აკრძალვა
1. აკრძალულია მოწინააღმდეგის ვერაგობის გზით მოკვლა, დაჭრა ან ტყვედ ჩაგდება. ვერაგობად ითვლება მოწინააღმდეგის ნდობის მოპოვება, მისთვის იმის შთაგონება, რომ უფლება აქვს დაცული იყოს ან რომ მას დაიცავენ შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად და ამ გზით მოპოვებული ნდობის გაცრუება. ვერაგობის მაგალითებია:
(ა) დაზავების ან კაპიტულაციის დროშის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოების სურვილის სიმულირება;
(ბ) დაჭრის ან ავადმყოფობის შედეგად მწყობრიდან გამოსვლის სიმულირება;
(გ) სამოქალაქო პირის ან არაკომბატანტის სტატუსის ტარების სიმულირება,
და
(დ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ნეიტრალური სახელმწიფოების ან კონფლიქტის არამონაწილე სხვა სახელმწიფოების ნიშნების, ემბლემების ან საფორმო ტანსაცმლის გამოყენებით იმ სტატუსის ტარების სიმულირება, რომელიც მისი მფლობელის დაცვას ითვალისწინებს.
2. საომარი ხრიკების გამოყენება არ არის აკრძალული. ხრიკად ითვლება მოწინააღმდეგის დასაბნევად ან შეცდომაში შესაყვანად ჩადენილი მოქმედება, რომელიც არ არღვევს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის რომელიმე ნორმას და ამასთან არ არის ვერაგული, რამეთუ არ არყევს მოწინააღმდეგე მხარის რწმენას, რომ ამ სამართლის ძალით მას უფლება აქვს დაცული იყოს. ასეთი ხრიკების მაგალითებია: შენიღბვის, ხაფანგების, ცრუ ოპერაციებისა და დეზინფორმაციის გამოყენება.
მუხლი 38 - აღიარებული ემბლემები
1. აკრძალულია წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლემების ან კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული სხვა ემბლემების, ნიშნების ან სიგნალების არადანიშნულებისამებრ გამოყენება. ასევე აკრძალულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს საყოველთაოდ აღიარებული სხვა დამცავი ემბლემების, ნიშნებისა და სიგნალების, მათ შორის დაზავების დროშებისა და კულტურული ფასეულობების დამცავი ემბლემების წინასწარი განზრახვით ბოროტად გამოყენება.
2. აკრძალულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ემბლემის გამოყენება ამ ორგანიზაციის ნებართვის გარეშე.
მუხლი 39 - ეროვნული ემბლემები
1. აკრძალულია შეიარაღებული კონფლიქტის დროს ნეიტრალური სახელმწიფოების ან კონფლიქტის არამონაწილე სახელმწიფოების დროშების, საომარი ემბლემების, სამხედრო წოდებათა განმასხვავებელი ნიშნების ან საფორმო ტანსაცმლის გამოყენება.
2. აკრძალულია მოწინააღმდეგე მხარის დროშების, სამხედრო ემბლემების, სამხედრო წოდებათა განმასხვავებელი ნიშნების გამოყენება თავდასხმის დროს ან საომარი მოქმედებების დასაფარად, ხელშესაწყობად, დასაცავად ან დასაბრკოლებლად.
3. ამ მუხლში ან 37-ე მუხლის 1(დ) პარაგრაფში არაფერია ისეთი, რაც შელახავს ჯაშუშობის ან ზღვაზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს დროშების გამოყენების შესახებ საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
მუხლი 40 - შეწყალება
აკრძალულია ბრძანების გაცემა, რომ არავინ დარჩეს ცოცხალი, აგრეთვე ასეთი ბრძანებით დამუქრება ან საომარი მოქმედებების მის საფუძველზე წარმართვა.
მუხლი 41 - გარანტიები მწყობრიდან გამოსული მოწინააღმდეგე
მხარის პირებისთვის
1. აკრძალულია თავდასხმა პირზე, რომელიც მწყობრიდან გამოსულ პირადაა აღიარებული ან მოცემულ მომენტში ასეთად უნდა იქნეს აღიარებული.
2. მწყობრიდან გამოსულად ითვლება პირი, რომელიც:
(ა) მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში იმყოფება;
(ბ) აშკარად გამოთქვამს ტყვედ ჩაბარების სურვილს; ან
(გ) უგონოდაა ან დაჭრის თუ ავადმყოფობის მიზეზით რაიმე სხვა სახითაა მწყობრიდან გამოსული, რის გამოც თავის დაცვა არ შეუძლია,
მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა აღნიშნულ შემთხვევაში იგი თავს იკავებს მტრული მოქმედებებისაგან და არ ცდილობს გაიქცეს.
3. როდესაც პირები, რომელთაც უფლება აქვთ ისარგებლონ სამხედრო ტყვეებისათვის გათვალისწინებული დაცვით, მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში ხვდებიან ბრძოლის უჩვეულო პირობებში და როცა შეუძლებელია მათი ევაკუაცია მესამე კონვენციის I კარის III ნაწილის თანახმად, ისინი გათავისუფლდებიან და სიფრთხილის ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მუხლი 42 - საჰაერო ხომალდებში მყოფი პირები
1. არც ერთ პირს, რომელიც პარაშუტით ტოვებს განსაცდელში მყოფ საჰაერო ხომალდს, მიწაზე დაშვებისას თავს არ დაესხმიან.
2. პირს, რომელიც პარაშუტით ტოვებს განსაცდელში მყოფ საჰაერო ხომალდს, მოწინააღმდეგე მხარის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დაშვებისას თავდასხმამდე შესთავაზებენ ტყვედ დანებებას, თუკი არ გამოაშკარავდა, რომ იგი მტრული მოქმედების განხორციელებას აპირებს.
3. საჰაერო-სადესანტო ჯარები წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დაცვით არ სარგებლობენ.
![]() |
7.4.2 ნაწილი II კომბატანტებისა და სამხედრო ტყვეების სტატუსი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 43 - შეიარაღებული ძალები
1. კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალები შედგება ყველა ორგანიზებული შეიარაღებული ძალის, ჯგუფის ან შენაერთისაგან, რომელთა სათავეშიც დგას ამ მხარის წინაშე თავის ქვეშევრდომთა მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირი, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს მხარე წარმოდგენილია მთავრობით ან ხელისუფლებით, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე არ ცნობს. ამგვარი შეიარაღებული ძალები უნდა ემორჩილებოდნენ შიდა დისციპლინურ სისტემას, რომელიც, მათ შორის, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას უზრუნველყოფს.
2. კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებულ ძალებში შემავალი პირები (სამედიცინო პერსონალისა და კაპელანების გამოკლებით, რომელზეც მითითებულია მესამე კონვენციის 33-ე მუხლში) არიან კომბატანტები, ანუ მათ უფლება აქვთ უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა საომარ მოქმედებებში.
3. კონფლიქტის მონაწილე მხარე თავის შეიარაღებულ ძალებში გასამხედროებული ან წესრიგის დამცველი სამხედრო ორგანიზაციის ჩართვის ყოველი შემთხვევის შესახებ კონფლიქტის მონაწილე სხვა მხარეებს აცნობებს.
მუხლი 44 - კომბატანტები და სამხედრო ტყვეები
1. 43-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კომბატანტი მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრისას სამხედრო ტყვე ხდება.
2. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი კომბატანტი ვალდებულია დაიცვას შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმები, ამ ნორმათა დარღვევა, მე-3 და მე-4 პარაგრაფებში მითითებული შემთხვევების გამოკლებით, არ ართმევს მას უფლებას ითვლებოდეს კომბატანტად ან მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში მოხვედრისას - სამხედრო ტყვედ.
3. შეიარაღებული მოქმედების შედეგებისაგან სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ხელშესაწყობად, თავდასხმისას ან თავდასხმის მოსამზადებელ საომარ ოპერაციაში მონაწილეობის დროს კომბატანტებმა უნდა გამოარჩიონ საკუთარი თავი სამოქალაქო მოსახლეობისაგან. თუმცა, როცა საომარი მოქმედებების ხასიათის გამო, კომბატანტის სამოქალაქო პირისაგან გარჩევა ჭირს, ეს პირი კომბატანტის სტატუსს იმ პირობით ინარჩუნებს, რომ ღიად ატარებს იარაღს:
(ა) ყოველი სამხედრო შეტაკებისას, და
(ბ) როცა მოწინააღმდეგის თვალსაწიერის არეალშია თავდასხმის მოსამზადებელი საბრძოლო წყობის გაშლის დროს.
ამ პარაგრაფში მითითებული ქმედებები არ ითვლება ვერაგობად 37-ე მუხლის 1(გ) პარაგრაფის მნიშვნელობით.
4. მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილ კომბატანტს, როცა ის მე-3 პარაგრაფის მეორე წინადადებაში მოყვანილ დებულებებს არ ასრულებს, უფლება ერთმევა ითვლებოდეს სამხედრო ტყვედ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი სარგებლობს დაცვით, რომელიც მესამე კონვენციითა და წინამდებარე ოქმით სამხედრო ტყვეთათვის გათვალისწინებულ დაცვას ყველა შემთხვევაში უთანაბრდება. ეს დაცვა მოიცავს დაცვას, რომლითაც სამხედრო ტყვეები, მესამე კონვენციის თანახმად, სასამართლოსთვის გადაცემის და ჩადენილი სამართალდარღვევისათვის დასჯის დროს სარგებლობენ.
5. მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილი ნებისმიერი კომბატანტი, რომელიც მოწინააღმდეგის ხელში ხვდება მაშინ, როცა არ მონაწილეობს თავდასხმაში ან სამხედრო ოპერაციაში, რომელიც თავდასხმისათვის მზადებას წარმოადგენს, მანამდე ჩადენილი ქმედებების გამო არ კარგავს უფლებას ითვლებოდეს კომბატანტად და სამხედრო ტყვედ.
6. ამ მუხლით არ შეილახება ნებისმიერი პირის უფლება ითვლებოდეს სამხედრო ტყვედ მესამე კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად.
7. წინამდებარე მუხლი მიზნად არ ისახავს კონფლიქტის მონაწილე მხარის საფორმო ტანსაცმლით შემოსილი რეგულარული ჯარების შენაერთების შემადგენლობაში შემავალი კომბატანტების მიერ საფორმო ტანსაცმლის ტარების სახელმწიფოთა მიერ საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკის შეცვლას.
8. პირველი და მეორე კონვენციების მე-13 მუხლში მითითებული კატეგორიის პირების გარდა, დაჭრის, ავადმყოფობის ან ზღვაში ან სხვა წყლებში ხომალდის დაღუპვაში მოყოლის შემთხვევაში ამ კონვენციების დაცვით სარგებლობის უფლება ექნება კონფლიქტის მონაწილე მხარის წინამდებარე ოქმის 43-ე მუხლით განსაზღვრული შეიარაღებული ძალების შემადგენლობის ყველა წევრს.
მუხლი 45 - საომარ მოქმედებებში მონაწილე პირთა დაცვა
1. მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში მოხვედრილი სამხედრო მოქმედებაში მონაწილე პირი სამხედრო ტყვედ ითვლება და, შესაბამისად, სარგებლობს მესამე კონვენციის დაცვით, თუ იგი პრეტენზიას აცხადებს სამხედრო ტყვის სტატუსზე, თუ ჩანს, რომ მას უფლება აქვს ფლობდეს ამ სტატუსს ან თუ სახელმწიფო, რომელსაც იგი ეკუთვნის, დამატყვევებელი ან მფარველი სახელმწიფოს შეტყობინების გზით მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოცემული პირის მიერ მითითებული სტატუსის ფლობის და შესაბამისად, მესამე კონვენციის და წინამდებარე ოქმის დაცვით სარგებლობის უფლების თაობაზე ეჭვის აღძვრის შემთხვევაში, იგი ინარჩუნებს ამ სტატუსს და, შესაბამისად, განაგრძობს მესამე კონვენციითა და წინამდებარე ოქმით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას მანამ, სანამ მისი სტატუსი კომპეტენტური სასამართლო ორგანოს მიერ იქნება განსაზღვრული.
2. მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრილ პირს, რომელიც სამხედრო ტყვის სახით არ არის დაკავებული და რომელიც სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს საომარი მოქმედებების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, უფლება აქვს მოითხოვოს სასამართლო წესით მისთვის სამხედრო ტყვის სტატუსის მინიჭება და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების გამოტანა. როცა ეს შესაძლებელი იქნება მოქმედი საპროცესო წესების მიხედვით, გადაწყვეტილება სასამართლოში სამართალდარღვევის თაობაზე საქმის განხილვის დაწყებამდე გამოიტანება. მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ სასამართლოში საქმის განხილვას დაესწრონ, თუკი სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, დახურული სხდომა არ არის გამოცხადებული. ამის შესახებ დამატყვევებელი სახელმწიფო მფარველ სახელმწიფოს სათანადოდ აცნობებს.
3. ნებისმიერ პირს, რომელიც სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება და მეოთხე კონვენციის შესაბამისად უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობს, ყველა შემთხვევაში აქვს წინამდებარე ოქმის 75-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობის უფლება. ნებისმიერ ასეთ პირს, თუ ის ჯაშუშობისათვის არ არის დაკავებული, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას შეუძლია ისარგებლოს მეოთხე კონვენციის მე-5 მუხლისაგან დამოუკიდებლად ამ კონვენციით მინიჭებული კავშირის დამყარების უფლებით.
მუხლი 46 - ჯაშუშები
1. კონვენციის ან წინამდებარე ოქმის ნებისმიერი სხვა დებულებისაგან დამოუკიდებლად, კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის წევრს, რომელიც ჯაშუშობის დროს ხელში ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება არ გააჩნია და მას როგორც ჯაშუშს, ისე შეიძლება მოეპყრონ.
2. კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირი, რომელიც ამ მხარის სახელით აგროვებს ან ცდილობს შეაგროვოს ინფორმაცია მოწინააღმდეგის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, არ ითვლება ჯაშუშად, თუ ამგვარი მოქმედებისას იგი თავისი შეიარაღებული ძალების საფორმო ტანსაცმელს ატარებს.
3. კონფლიქტში მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობის წევრი, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ამ ტერიტორიაზე აგროვებს ან ცდილობს შეაგროვოს სამხედრო მნიშვნელობის ინფორმაცია იმ მხარის სახელით, რომელსაც ეკუთვნის, არ ითვლება ჯაშუშად, თუ არ მოქმედებს მოტყუებით ან, წინასწარი განზრახვით, საიდუმლო ფარულ მეთოდებს არ მიმართავს. უფრო მეტიც, ამგვარი პირი არ კარგავს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლებას და მას ვერ მოეპყრობიან, როგორც ჯაშუშს, თუ იგი არ არის ჯაშუშობის მომენტში დაკავებული.
4. კონფლიქტში მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირი, რომელიც მოწინააღმდეგის მიერ ოკუპირებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ ცხოვრობს და ეწევა ჯაშუშობას, არ კარგავს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლებას და მას არ შეიძლება მოეპყრონ როგორც ჯაშუშს, იმ შემთხვევების გარდა, როცა იგი მანამდე დააკავეს, სანამ თავის შეიარაღებულ ძალებს შუერთდებოდა.
მუხლი 47 - დაქირავებულები
1. დაქირავებულს არა აქვს კომბატანტის ან სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება.
2. დაქირავებული არის ნებისმიერი პირი, რომელიც:
(ა) ადგილზე ან საზღვარგარეთ, სპეციალურად დაიქირავეს შეიარაღებულ კონფლიქტში საბრძოლველად;
(ბ) უშუალოდ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში;
(გ) სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობისას უმთავრესად პირადი მოგების სურვილით ხელმძღვანელობს და რომელსაც კონფლიქტის მონაწილე მხარე ან მისი დავალებით სხვა მხარე მართლაც დაპირდნენ მატერიალურ ანაზღაურებას, რომელიც არსებითად აღემატება ამ მხარის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში შემავალი იმავე რანგისა და ფუნქციების მქონე კომბატანტებისათვის დაპირებულ ან გადახდილ ანაზღაურებას;
(დ) არ არის კონფლიქტის მონაწილე მხარის მოქალაქე ან კონფლიქტის მონაწილე მხარის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი;
(ე) არ შედის კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში; და
(ვ) არ არის გაგზავნილი კონფლიქტის არამონაწილე სახელმწიფოს მიერ ოფიციალური ვალდებულების აღსასრულებლად, როგორც თავისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირი.
![]() |
7.5 კარი IV სამოქალაქო მოსახლეობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.5.1 ნაწილი I საომარი მოქმედებების შედეგებისგან ზოგადი დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.5.1.1 თავი I ძირითადი ნორმა და გამოყენების სფერო |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 48 - ძირითადი ნორმა
კონფლიქტის მონაწილე მხარის სამოქალაქო მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების პატივისცემისა და დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა ყოველთვის უნდა განასხვაონ სამოქალაქო მოსახლეობა და კომბატანტები, სამოქალაქო და სამხედრო ობიექტები და, შესაბამისად, თავიანთი მოქმედება მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ წარმართონ.
მუხლი 49 - თავდასხმის განსაზღვრება და გამოყენების სფერო
1. „თავდასხმა“ ნიშნავს მოწინააღმდეგის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ნებისმიერ აქტს, მიუხედავად იმისა, შეტევის დროს ხორციელდება ის თუ თავდაცვისას.
2. წინამდებარე ოქმის დებულებები თავდასხმის შესახებ ყველა თავდასხმის მიმართ გამოიყენება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ტერიტორიაზე ხორციელდება ის, მათ შორის მოწინააღმდეგის კონტროლს დაქვემდებარებული კონფლიქტის მონაწილე მხარის სახელმწიფო ტერიტორიის ჩათვლით.
3. წინამდებარე ნაწილის დებულებები გამოიყენება ხმელეთზე, ჰაერში ან ზღვაზე მიმდინარე ნებისმიერი საომარი მოქმედების მიმართ, რომელსაც შეუძლია სამოქალაქო მოსახლეობას, ცალკეულ მოქალაქეებს ან ხმელეთზე განლაგებულ სამოქალაქო ობიექტებს ზიანი მიაყენოს. ისინი გამოიყენება ხმელეთზე განლაგებულ ობიექტებზე ზღვიდან ან ჰაერიდან თავდასხმის მიმართაც, მაგრამ არ შეეხება ზღვაზე ან ჰაერში წარმოებული შეიარაღებული მოქმედების დროს მოქმედ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
4. წინამდებარე ნაწილის დებულებები ავსებენ მეოთხე კონვენციით, კერძოდ კი მისი II კარითა და მაღალი ხელშემკვრელი მხარეებისათვის სავალდებულო სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრულ ჰუმანიტარულ დაცვასთან დაკავშირებულ ნორმებს, ასევე სხვა საერთაშორისო ნორმებს, რომლებიც შეეხება ხმელეთზე, ზღვაზე ან საჰაერო სივრცეში მყოფი სამოქალაქო პირებისა და ობიექტების დაცვას საომარი მოქმედებების შედეგებისაგან.
![]() |
7.5.1.2 თავი II სამოქალაქო პირები და სამოქალაქო მოსახლეობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 50 - სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო მოსახლეობის განსაზღვრება
1. სამოქალაქო პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც არ ეკუთვნის მესამე კონვენციის მე-4 მუხლის ა (1), (2), (3) და (6) პუნქტებში, აგრეთვე წინამდებარე ოქმის 43-ე მუხლში მითითებულ პირთა კატეგორიებს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, არის თუ არა ესა თუ ის პიროვნება სამოქალაქო პირი, იგი სამოქალაქო პირად ითვლება.
2. სამოქალაქო მოსახლეობა ყველა სამოქალაქო პირისაგან შედგება.
3. სამოქალაქო მოსახლეობაში იმ ცალკეულ პირთა ყოფნა, რომლებიც სამოქალაქო პირის განსაზღვრებაში არ ხვდებიან, არ ცვლის ამ მოსახლეობის სამოქალაქო ხასიათს.
მუხლი 51 - სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა
1. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები სარგებლობენ სამხედრო ოპერაციების შედეგებისაგან ზოგადი დაცვით. ამ დაცვის განსახორციელებლად, საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებთან ერთად, ნებისმიერ გარემოებაში, დაცული იქნება შემდეგი ნორმებიც.
2. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები არ უნდა გახდნენ თავდასხმის ობიექტები. აკრძალულია ძალადობის აქტი ან ძალადობის მუქარა, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო მოსახლეობაში შიშის დანერგვა.
3. სამოქალაქო პირები წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობენ გარდა იმ შემთხვევებისა და პერიოდისა, როცა ისინი საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობენ.
4. აკრძალულია განურჩეველი ხასიათის თავდასხმები. განურჩეველ თავდასხმებს ეკუთვნის:
(ა) თავდასხმები, რომელიც არ არის მიმართული კონკრეტული სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ;
(ბ) თავდასხმები, რომელთა დროსაც საომარი მოქმედებების წარმართვის ისეთი მეთოდები და საშუალებები გამოიყენება, რომელთა გამოყენება კონკრეტული სამხედრო ობიექტის წინააღმდეგ დაუშვებელია; ან
(გ) თავდასხმები, რომელთა დროს საომარი მოქმედებების წარმართვის ისეთი მეთოდები და საშუალებები გამოიყენება, რომელთა შედეგების შეზღუდვა წინამდებარე ოქმის შესაბამისად შეუძლებელია;
და რომელიც, აღნიშნულიდან გამომდინარე, ყოველ ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო პირებს ან სამოქალაქო მოსახლეობას განურჩევლად აზიანებს.
5. სხვა განურჩეველი თავდასხმების რიცხვში ჩაითვლება:
(ა) თავდასხმა დაბომბვის ნებისმიერი მეთოდის ან საშუალების გამოყენებით, რომლის დროსაც ერთიან სამხედრო ობიექტად ითვლება მთელი რიგი ერთმანეთისაგან განცალკევებული და განსხვავებული სამხედრო ობიექტები, რომლებიც განლაგებულია ქალაქად, სოფლად ან სხვა რაიონში, სადაც ასევე კონცენტრირებულია სამოქალაქო მოსახლეობა ან სამოქალაქო ობიექტები; და
(ბ) თავდასხმა, რომლის შედეგადაც სავარაუდოა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო პირთა დაჭრა ან სამოქალაქო ობიექტების დაზიანება ან ორივე ერთად, რაც აღემატება მოსალოდნელ კონკრეტულ და უშუალო სამხედრო უპირატესობას.
6. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობაზე ან ცალკეულ სამოქალაქო პირებზე თავდასხმა რეპრესალიების სახით.
7. სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების ყოფნა ან გადაადგილება არ უნდა იყოს გამოყენებული გარკვეული რაიონების ან პუნქტების საომარი მოქმედებებისაგან დასაცავად, კერძოდ, სამხედრო ობიექტების თავდასხმისაგან დაცვის ან საომარი მოქმედებების შენიღბვის, მათი ხელშეწყობის ან შეფერხების მიზნით. კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების გადაადგილება არ უნდა წარმართონ თავდასხმებისაგან სამხედრო ობიექტების დაცვის ან დაფარვის მიზნით.
8. ამ აკრძალვების ნებისმიერი დარღვევა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს არ ათავისუფლებს სამოქალაქო მოსახლეობისა და სამოქალაქო პირების მიმართ სამართლებრივი ვალდებულებებისაგან, 57-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ვალდებულების ჩათვლით.
![]() |
7.5.1.3 თავი III სამოქალაქო ობიექტები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 52 - სამოქალაქო ობიექტების ზოგადი დაცვა
1. სამოქალაქო ობიექტი არ უნდა იყოს თავდასხმის ან რეპრესალიის ობიექტი. სამოქალაქოა ყველა ობიექტი, რომელიც არ წარმოადგენს მე-2 პარაგრაფით გათვალისწინებულ სამხედრო ობიექტს.
2. თავდასხმა მკაცრად უნდა შემოიფარგლოს სამხედრო ობიექტებით. სამხედროა ობიექტი, რომელსაც თავისი ხასიათის, განლაგების, დანიშნულების ან გამოყენების თვალსაზრისით ეფექტური წვლილი შეაქვს საომარ მოქმედებებში და რომლის სრული ან ნაწილობრივი განადგურება, დაკავება ან ნეიტრალიზება მოცემულ გარემოებებში საომარ უპირატესობას იძლევა.
3. როცა არსებობს ეჭვი, ხომ არ გამოიყენება სამოქალაქო ობიექტები, მაგალითად, ღვთისმსახურების ადგილები, საცხოვრებელი სახლი ან სხვა საცხოვრებელი ნაგებობები, სკოლა საომარი მოქმედებების ეფექტური მხარდაჭერისათვის, ითვლება, რომ ისინი მხოლოდ სამოქალაქო მიზნებისათვის გამოიყენება.
მუხლი 53 - კულტურული ფასეულობებისა და ღვთისმსახურების
ადგილების დაცვა
შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ ჰააგის 1954 წლის 14 მაისის კონვენციისა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, აკრძალულია:
(ა) მტრული მოქმედების განხორციელება იმ ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების ან ღვთისმსახურების ადგილების მიმართ, რომელიც ხალხთა კულტურულ ან სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს;
(ბ) ამგვარი ობიექტების გამოყენება სამხედრო მოქმედებათა მხარდასაჭერად;
(გ) რეპრესალიების წარმოება ამგვარი ობიექტების მიმართ.
მუხლი 54 - სამოქალაქო მოსახლეობის
არსებობისათვის აუცილებელი ობიექტების დაცვა
1. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის დამშევის, როგორც ომის წარმოების მეთოდის გამოყენება.
2. აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ - საკვების მარაგის, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო რაიონების, ნათესების, საქონლის, სასმელი წყლის მოსამარეგებელი ნაგებობებისა და სასმელი წყლის მარაგის, საირიგაციო ნაგებობების განადგურება, გატანა, მწყობრიდან გამოყვანა, მათზე თავდასხმა იმ განზრახვით, რომ სამოქალაქო მოსახლეობამ ან მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლოს მათი, როგორც საარსებო საშუალებების გამოყენება, განურჩევლად იმისა, თუ რა მოტივი ედო საფუძვლად ამგვარ მოქმედებას - სამოქალაქომოსახლეობის დამშევა, მათი იძულებითი გადასახლება თუ რაიმე სხვა.
3. მეორე პარაგრაფში მითითებული აკრძალვები არ ეხება ამ პარაგრაფში ნახსენებ იმ ობიექტებს, რომელთაც მოწინააღმდეგე მხარე იყენებს:
(ა) მხოლოდ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის არსებობის შენარჩუნებისათვის, ან
(ბ) თუ არსებობის შენარჩუნებისთვის არა, საომარი მოქმედებების პირდაპირი მხარდაჭერის მიზნით მაინც, იმ პირობით, რომ ამ ობიექტების წინააღმდეგ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ჩადენილი ისეთი მოქმედებები, რამაც შეიძლება სამოქალაქო მოსახლეობაში სურსათის ან წყლის უკმარისობა, შიმშილობა ან იძულებითი გადასახლება გამოიწვიოს.
4. დაუშვებელია ამ ობიექტთა რეპრესალიების მიზნად ქცევა.
5. აღიარებულია რა კონფლიქტის მონაწილე ნებისმიერი მხარის საარსებო აუცილებლობად თავისი ეროვნული ტერიტორიის დაცვა მტრის შემოჭრისაგან, დაშვებულია მე-2 პარაგრაფში მითითებული აკრძალვების დარღვევა მის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე, როცა ამას იმპერატიული სამხედრო აუცილებლობა მოითხოვს.
მუხლი 55 - ბუნებრივი გარემოს დაცვა
1. საომარი მოქმედებების დროს ბუნებრივი გარემო დაცული უნდა იყოს ფართო, მასშტაბური, ხანგრძლივი და სერიოზული დაზიანებისაგან. ამგვარი დაცვა მოიცავს ომის წარმოების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენების აკრძალვას, რომელიც მიზნად ისახავს ან რომელთაგან მოსალოდნელია ამგვარი ზიანის მიყენება ბუნებრივი გარემოსათვის და საფრთხის შექმნა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და არსებობისათვის.
2. აკრძალულია ბუნებრივი გარემოსათვის რეპრესალიების გზით ზიანის მიყენება.
მუხლი 56 - სახიფათო ძალის შემცველი
დანადგარებისა და ნაგებობების დაცვა
1. სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები, კერძოდ კაშხლები, დამბები და ატომური ელექტროსადგურები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი, მაშინაც კი, როცა ისინი სამხედრო ობიექტებს წარმოადგენს, თუკი თავდასხმა გამოიწვევს სახიფათო ძალების გამოთავისუფლებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში. თავდასხმის ობიექტი არ უნდა გახდეს ამ დანადგარებსა ან ობიექტებში, ან მათ მახლობლად განლაგებული სამხედრო ობიექტები, თუ ამგვარ თავდასხმას შეიძლება მოჰყვეს დანადგარებიდან ან ნაგებობებიდან სახიფათო ძალების გამოთავისუფლება და, შესაბამისად, თანმდევი მნიშვნელოვანი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
2. თავდასხმებისაგან პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული განსაკუთრებული დაცვა წყდება:
(ა) კაშხლებისა და დამბების მიმართ, როცა მათ ნორმალური ფუნქციონირებისაგან განსხვავებული სახით და საომარი ოპერაციების რეგულარული, არსებითი და უშუალო მხარდაჭერისათვის იყენებენ და თუ თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა;
(ბ) ატომური ელექტროსადგურების მიმართ, თუ ისინი ელექტროენერგიას საომარი ოპერაციების რეგულარული, არსებითი და უშუალო მხარდაჭერისათვის გამოიმუშავებენ და თუ თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა;
(გ) ამ დანადგარებში ან ნაგებობებში, ან მათ მახლობლად განლაგებული სხვა სამხედრო ობიექტების მიმართ, თუ ისინი საომარი ოპერაციების რეგულარული, არსებითი და უშუალო მხარდაჭერისათვის გამოიყენება და თუ თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა.
3. ყველა შემთხვევაში, სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები განაგრძობენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული სრული დაცვის უფლებით სარგებლობას, 57-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების მიღების გზით დაცვის ჩათვლით. თუ დაცვა წყდება ან პირველ პარაგრაფში მითითებულ რომელიმე დანადგარს, ნაგებობას ან სამხედრო ობიექტს თავს ესხმიან, მაშინ მიღებული იქნება უსაფრთხოების ყველა პრაქტიკული ღონისძიება სახიფათო ძალების გამოთავისუფლების თავიდან ასაცილებლად.
4. აკრძალულია პირველ პარაგრაფში მითითებული რომელიმე დანადგარის, ნაგებობის ან სამხედრო ობიექტის რეპრესალიების ობიექტად გადაქცევა.
5. კონფლიქტის მონაწილე მხარეები უნდა ცდილობდნენ, რომ თავიდან აიცილონ პირველ პარაგრაფში მითითებული დანადგარების ან ნაგებობების მახლობლად რაიმე სამხედრო ობიექტის განლაგება. თუმცა, დაშვებულია ისეთი ნაგებობების აგება, რომელთა ერთადერთ მიზანს დაცვის ქვეშ მყოფი დანადგარების ან ნაგებობების დაცვა წარმოადგენს. თავის მხრივ, ასეთი ნაგებობებიც არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი იმ პირობით, რომ მათ არ იყენებენ საომარი მოქმედებების წარმოებისათვის. გამონაკლისს წარმოადგენს დაცვის ქვეშ მყოფი დანადგარების ან ნაგებობების თავდაცვისათვის აუცილებელი მოქმედებები და მათი შეიარაღების ისეთი იარაღით შეზღუდვა, რომელსაც მხოლოდ დაცვის ქვეშ მყოფ დანადგარებზე ან ნაგებობებზე თავდასხმის მოგერიება შეუძლია.
6. მაღალ ხელშემკვრელ და კონფლიქტის მონაწილე მხარეებს სახიფათო ძალის შემცველი ობიექტების დამატებითი დაცვის უზრუნველსაყოფად მოუწოდებენ ამ მიზნის მქონე სხვა შეთანხმებათა დადებას.
7. წინამდებარე მუხლით დაცული ობიექტების ამოცნობის გასაადვილებლად, კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მათი აღნიშვნა სპეციალური ნიშნით - ერთ ღერძზეგანლაგებული სამი ღიანარინჯისფერი წრის ჯგუფით, როგორც ეს წინამდებარე ოქმის I დანართის მე-16 მუხლშია მითითებული. ამგვარი ნიშნის არქონა არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს წინამდებარე მუხლით დაკისრებული ვალდებულებებისაგან.
![]() |
7.5.1.4 თავი IV სიფრთხილის ღონისძიებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 57 - სიფრთხილის ღონისძიებები თავდასხმის დროს
1. საომარი მოქმედებების წარმოებისას მხარეებმა მუდმივად უნდა იზრუნონ სამოქალაქო მოსახლეობის, სამოქალაქო პირებისა და ობიექტების დასანდობად.
2. თავდასხმებთან მიმართებაში მიღებული უნდა იყოს უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებები:
(ა) პირი, რომელიც თავდასხმას გეგმავს ან მისი განხორციელების გადაწყვეტილებას იღებს:
(i) ყველაფერს აკეთებს პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში, რათა დარწმუნდეს, რომ თავდასხმის ობიექტი არ არის არც სამოქალაქო პირი, არც სამოქალაქო ან განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი, არამედ 52-ე მუხლის მე-2 პარაგრაფის მნიშვნელობით სამხედრო ობიექტია და რომ წინამდებარე ოქმის დებულებების შესაბამისად, მასზე თავდასხმა არ არის აკრძალული;
(ii) თავდასხმის განხორციელების საშუალებებისა და მეთოდების შერჩევისას უსაფრთხოების ყველა პრაქტიკულად შესაძლებელ ზომას იღებს, რათა თავიდან აიცილოს შემთხვევითი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო პირთა შემთხვევითი დაჭრა და სამოქალაქო ობიექტების შემთხვევითი დაზიანება და, ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმამდე დაიყვანოს ასეთი ფაქტები;
(iii) თავს იკავებს თავდასხმის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისაგან, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, გამოიწვევს შემთხვევით მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში და სამოქალაქო პირთა შემთხვევით დაჭრას, სამოქალაქო ობიექტების შემთხვევით დაზიანებას ან ერთსაც და მეორესაც, რაც ბევრად აღემატება ნავარაუდებ კონკრეტულ და უშუალო საომარ უპირატესობას;
(ბ) თავდასხმა უქმდება ან ჩერდება, თუ გაირკვა, რომ თავდასხმის ობიექტი არ არის სამხედრო, განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს ან თუ მოსალოდნელია, რომ თავდასხმა გამოიწვევს შემთხვევით მსხვერპლს და დაჭრას სამოქალაქო მოსახლეობაში, სამოქალაქო ობიექტების შემთხვევით დაზიანებას ან ერთსაც და მეორესაც, რაც ბევრად აღემატება ნავარაუდებ კონკრეტულ და უშუალო საომარ უპირატესობას;
(გ) ისეთი მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას შეიძლება შეეხოს, წინასწარი ქმედითი გაფრთხილება უნდა გაკეთდეს, იმ შემთხვევების გამოკლებით, როცა გარემოება არ ქმნის ამის შესაძლებლობას.
3. როცა თანაბარი სამხედრო უპირატესობის მოპოვებისათვის რამდენიმე სამხედრო ობიექტს შორის არჩევანია შესაძლებელი, არჩევანი იმ ობიექტზე უნდა შეჩერდეს, რომელზე თავდასხმაც სამოქალაქო პირებსა და ობიექტებს მინიმალურ საფრთხეს შეუქმნის.
4. ზღვაზე ან ჰაერში საომარი ოპერაციების წარმოებისას კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე, შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული თავისი უფლებებისა და ვალდებულებების თანახმად, გაატარებს უსაფრთხოების ყველა გონივრულ ღონისძიებას, რათა თავიდან აიცილოს სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი და სამოქალაქო ობიექტების დაზიანება.
5. წინამდებარე მუხლის არც ერთი დებულება ისე არ უნდა განიმარტოს, თითქოს ის ნებას რთავდეს სამოქალაქო მოსახლეობაზე, სამოქალაქო პირებსა ან ობიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.
მუხლი 58 - სიფრთხილის ღონისძიებები
თავდასხმის შედეგების წინააღმდეგ
კონფლიქტის მონაწილე მხარეები, მაქსიმალური პრაქტიკული შესაძლებლობის ფარგლებში:
(ა) შეეცდებიან მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლის დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად გაიყვანონ სამოქალაქო მოსახლეობა, ცალკეული სამოქალაქო პირები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული სამოქალაქო ობიექტები სამხედრო ობიექტების მახლობლად განლაგებული რაიონებიდან;
(ბ) თავს აარიდებენ მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში ან მათ მახლობლად სამხედრო ობიექტების განლაგებას;
(გ) მიიღებენ უსაფრთხოების ყველა აუცილებელ ღონისძიებას, რათა საომარი ოპერაციების შედეგად გამოწვეული საფრთხისაგან დაიცვან მათ კონტროლს დაქვემდებარებული სამოქალაქო მოსახლეობა, ცალკეული სამოქალაქო პირები და ობიექტები.
![]() |
7.5.1.5 თავი V განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი ადგილები და ზონები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 59 - დაუცველი ადგილები
1. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ეკრძალებათ დაუცველ ობიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმა.
2. კონფლიქტის მონაწილე მხარის შესაბამის ხელისუფლების ორგანოებს დაუცველ ადგილად შეუძლიათ გამოაცხადონ ნებისმიერი სამოქალაქო პუნქტი, რომელიც შეიარაღებული ძალების ურთიერთშეხების ზონაში ან მის ახლოსაა და ღიაა მოწინააღმდეგის ოკუპაციისათვის. ასეთი ადგილი შემდეგ პირობებს უნდა პასუხობდეს:
(ა) ევაკუირებული უნდა იყოს ყველა კომბატანტი, ისევე როგორც მობილური შეიარაღება და სამხედრო აღჭურვილობა;
(ბ) მტრული მიზნებისათვის არ უნდა გამოიყენებოდეს სტაციონარული სამხედრო დანადგარები ან აღჭურვილობა;
(გ) არც ხელისუფლებამ და არც მოსახლეობამ არ უნდა ჩაიდინოს მტრული მოქმედებები; და
(დ) არ უნდა ხორციელდებოდეს სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერი ღონისძიებები.
3. ამ ადგილას კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების ყოფნა, ასევე საპოლიციო ძალების ყოფნა არ ეწინააღმდეგება მე-2 პარაგრაფში ჩამოთვლილ პირობებს.
4. მე-2 პარაგრაფში გათვალისწინებული განცხადება მოწინააღმდეგის მისამართით კეთდება და მასში რაც შეიძლება ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და აღწერილი დაუცველი ადგილების ფარგლები. კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფო, რომლის სახელზეც ეს განცხადება კეთდება, ადასტურებს მის მიღებას და აღნიშნულ ადგილებს ეპყრობა, როგორც დაუცველს, იმ შემთხვევების გარდა, როცა ფაქტობრივად არ სრულდება მე-2 პარაგრაფში მითითებული პირობები. ასეთ შემთხვევაში იგი დაუყონებლივ აცნობებს ამის შესახებ განმცხადებელ მხარეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა დაცული არ არის მე-2 პარაგრაფის დებულებები, ასეთი ადგილი განაგრძობს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას.
5. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ რომელიმე ადგილის დაუცველად გამოცხადების შესახებ შეთანხმება მიუხედავად იმისა, პასუხობს თუ არა ის მე-2 პარაგრაფის მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში რაც შეიძლება ზუსტად უნდა განისაზღვროს და აღიწეროს აღნიშნული ადგილის საზღვრები; აუცილებლობის შემთხვევაში შეთანხმებით შესაძლებელია ზედამხედველობის საშუალებათა აღწერაც.
6. მხარე, რომელიც ამგვარი შეთანხმებით განსაზღვრულ ადგილს აკონტროლებს, მას შეძლებისამებრ ისეთი ნიშნებით აღნიშნავს, რომელზეც შეიძლება მეორე მხარესთან შეთანხმებულიყო. ასეთი ნიშნები თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსონ, განსაკუთრებით კი ამ ადგილის პერიმეტრზე, საზღვრებზე და გზატკეცილებზე.
7. დაუცველი ადგილი კარგავს დაუცველი ადგილის სტატუსს, როცა აღარ პასუხობს მე-2 პარაგრაფის ან მე-5 პარაგრაფში ნახსენები შეთანხმების პირობებს. ასეთ შემთხვევაში ეს ადგილი აგრძელებს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას.
მუხლი 60 - დემილიტარიზებული ზონები
1. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ეკრძალებათ საომარი მოქმედებების წარმოება ტერიტორიაზე, რომელიც მათ შორის შეთანხმებით დემილიტარიზებულ ზონად არის აღიარებული, თუკი ასეთი რამ ამგვარი შეთანხმების პირობებს ეწინააღმდეგება.
2. ასეთი შეთანხმება ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, იგი შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, უშუალოდ, მფარველი სახელმწიფოს ან ნებისმიერი სხვა მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მეშვეობით, და შეიძლება შეიცავდეს ორმხრივ და ურთიერთშეთანხმებულ განცხადებებს. ასეთი შეთანხმებების დადება შესაძლებელია როგორც მშვიდობიან დროს, ისე საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომაც. შეთანხმებით რაც შეიძლება ზუსტად უნდა განისაზღვროს და აღიწეროს დემილიტარიზებული ზონის ფარგლები და, აუცილებლობის შემთხვევაში, დადგინდეს კონტროლის მეთოდები.
3. ამგვარი შეთანხმების საგანი, ჩვეულებრივ, არის ნებისმიერი ზონა, რომელიც შემდეგ პირობებს პასუხობს:
(ა) ევაკუირებული უნდა იყოს ყველა კომბატანტი, ისევე როგორც მობილური შეიარაღება და საბრძოლო აღჭურვილობა;
(ბ) სტაციონარული სამხედრო დანადგარები და ნაგებობანი არ უნდა გამოიყენებოდეს მტრული მიზნებისათვის;
(გ) არც ხელისუფლებამ და არც მოსახლეობამ არ უნდა ჩაიდინოს მტრული მოქმედებები; და
(დ) უნდა შეწყდეს სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობა.
კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან, თუ როგორ უნდა განიმარტოს (დ) ქვე-პუნქტის პირობები, აგრეთვე იმ პირების შესახებ, რომლებიც უნდა დაუშვან დემილიტარიზებულ ზონაში, გარდა მე-4 პარაგრაფში მითითებული პირებისა.
4. ასეთ ზონაში კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ მყოფი პირების, ასევე საპოლიციო ძალების ყოფნა, რომელთა აქ დატოვების ერთადერთ მიზანს კანონიერებისა და წესრიგის დაცვა წარმოადგენს, მე-3 პარაგრაფში ჩამოთვლილ პირობებს არ ეწინააღმდეგება.
5. მხარე, რომელიც ასეთ ზონას აკონტროლებს, მას შეძლებისამებრ ისეთი ნიშნებით აღნიშნავს, რომელზეც შეიძლება მეორე მხარესთან შეთანხმებულიყო. ასეთი ნიშნები თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსონ, განსაკუთრებით კი ზონის პერიმეტრზე, საზღვრებსა და გზატკეცილებზე.
6. თუ საომარი მოქმედებები დემილიტარიზებულ ზონას უახლოვდება და კონფლიქტში მონაწილე მხარეები ამაზე არ შეთანხმებულან, ვერც ერთი მათგანი ვერ შეძლებს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული მიზნებისათვის ზონის გამოყენებას ან ამ ზონების სტატუსის ცალმხრივად გაუქმებას.
7. თუ კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არსებითად დაარღვევს მე-3 ან მე-6 პარაგრაფების დებულებებს, მეორე მხარე თავისუფლდება ამ ზონისათვის დემილიტარიზებული სტატუსის მიმნიჭებელი შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებებისაგან. ასეთ შემთხვევაში, ზონა კარგავს თავის სტატუსს, მაგრამ აგრძელებს წინამდებარე ოქმის სხვა დებულებებითა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობას.
![]() |
7.5.1.6 თავი VI სამოქალაქო თავდაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 61 - განსაზღვრებები და გამოყენების სფერო
წინამდებარე ოქმის მიზნებისათვის:
(ა) „სამოქალაქო თავდაცვა“ არის ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ჰუმანიტარული ამოცანის შესრულება, რომელთა მიზანია სამოქალაქო მოსახლეობის საფრთხისგან დაცვა და საომარი მოქმედებების ან უბედურების უშუალო შედეგების აღმოფხვრაში მისი დახმარება, ასევე აუცილებელი პირობების შექმნა სამოქალაქო მოსახლეობის გადასარჩენად. ეს ამოცანებია:
(i) შეტყობინება;
(ii) ევაკუაცია;
(iii) თავშესაფრების მიცემა და მოწყობა;
(iv) შუქშენიღბვის ღონისძიებების წარმართვა;
(v) სამაშველო ღონისძიებები;
(vi) სამედიცინო მომსახურება, მათ შორის გადაუდებელი და სასულიერო დახმარება;
(vii) ხანძართან ბრძოლა;
(viii) სახიფათო რაიონების აღმოჩენა და აღნიშვნა;
(ix) გაუსნებოვნება და დაცვის მსგავსი ღონისძიებების განხორციელება;
(x) საგანგებო ვითარებაში თავშესაფრითა და მარაგებით უზრუნველყოფა;
(xi) უბედურების რაიონში აღდგენითი სამუშაოების წარმართვასა და წესრიგის შენარჩუნებაში საგანგებო დახმარების გაწევა;
(xii) აუცილებელ კომუნალურ სამსახურთა სწრაფად აღდგენა;
(xiii) ცხედართა სასწრაფოდ დაკრძალვა;
(xiv) საარსებოდ აუცილებელი ობიექტების დაცვაში დახმარების გაწევა;
(xv) ნებისმიერი ზემოაღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად აუცილებელი დამატებითი საქმიანობა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დაგეგმარებითა და ორგანიზაციით;
(ბ) „სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციები“ აღნიშნავს იმ დაწესებულებებსა და ორგანიზებულ ერთეულებს, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე სახელმწიფოს კომპეტენტური ხელისუფლების მიერაა შექმნილი ან უფლებამოსილი (ა) ქვე-პუნქტში მითითებული ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად და რომლებიც მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენება;
(გ) სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციების „პერსონალი“ აღნიშნავს კონფლიქტში მონაწილე მხარის მიერ მხოლოდ (ა) ქვე-პუნქტში მითითებული ამოცანების შესასრულებლად დანიშნულ პირებს, კონფლიქტის მონაწილე მხარის კომპეტენტური ხელისუფლების მიერ ამგვარი ორგანიზაციების ხელმძღვანელობისათვის დანიშნული პირების ჩათვლით;
(დ) სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციების „ქონება“ აღნიშნავს ამ ორგანიზაციის მიერ (ა) ქვე-პუნქტში მითითებული ამოცანების შესასრულებლად გამოყენებულ აღჭურვილობას, მასალასა და სატრანსპორტო საშუალებებს.
მუხლი 62 - ზოგადი დაცვა
1. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები და მათი პერსონალი წინამდებარე ოქმის, განსაკუთრებით კი წინამდებარე ნაწილის დებულებათა შესაბამისად, პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ. უკიდურესი საომარი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, ისინი უფლებამოსილნი არიან სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებული მათთვის დაკისრებული ამოცანები შეასრულონ.
2. პირველი პარაგრაფის დებულებები გამოიყენება იმ სამოქალაქო პირების მიმართაც, რომლებიც, მართალია, არ არიან სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები, მაგრამ კომპეტენტური ხელისუფლების მოწოდებით და მისი კონტროლის ქვეშ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებს ახორციელებენ.
3. 52-ე მუხლის მოქმედება ვრცელდება სამოქალაქო თავდაცვისათვის გამოყენებულ შენობებსა და ქონებაზე, ასევე სამოქალაქო მოსახლეობისათვის განკუთვნილ თავშესაფრებზე. სამოქალაქო თავდაცვისათვის გამოყენებული ობიექტების განადგურება ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება მხოლოდ იმ მხარეს შეუძლია, რომელსაც ისინი ეკუთვნიან.
მუხლი 63 - სამოქალაქო თავდაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან მათი ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ხელშეწყობას მიიღებენ. ნებისმიერ ვითარებაში დაუშვებელია პერსონალის იძულება შეასრულოს სამუშაო, რომელსაც მის მიერ ამ ამოცანათა ჯეროვანი შესრულების შეფერხება შეუძლია. ოკუპანტმა სახელმწიფომ ამ ორგანიზაციათა სტრუქტურაში ან პერსონალში არ უნდა შეიტანოს რაიმე ცვლილება, რომელსაც მათი მისიის ეფექტური განხორციელებისათვის საფრთხის შექმნა შეუძლია. ამ ორგანიზაციებს არ უნდა მოსთხოვონ აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებისა და მათი ინტერესებისათვის პრიორიტეტის მინიჭება.
2. ოკუპანტმა სახელმწიფომ არ უნდა აიძულოს ან წააქეზოს სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები იმგვარად შეასრულონ თავიანთი ამოცანები, რომ ამან დამღუპველი გავლენა მოახდინოს სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებზე.
3. ოკუპანტ სახელმწიფოს, უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის განიარაღება შეუძლია.
4. ოკუპანტმა სახელმწიფომ თავდაცვის ორგანიზაციებს არ უნდა შეუცვალოს მათი პირდაპირი დანიშნულება და არ უნდა მოახდინოს მათი კუთვნილი ან მათ მიერ გამოყენებული შენობების ან ქონების რეკვიზიცია, თუკი ეს სამოქალაქო მოსახლეობას დააზიანებს.
5. იმ პირობით, რომ დაცული იქნება მე-4 პარაგრაფის ზოგადი დებულება, ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ამ რესურსების რეკვიზიცია ან დანიშნულების შეცვლა შემდეგი კონკრეტული პირობების არსებობისას:
(ა) თუ ეს შენობები ან ქონება სამოქალაქო მოსახლეობის სხვა საჭიროებებისათვისაა აუცილებელი;
და
(ბ) თუ რეკვიზიცია ან დანიშნულების შეცვლა გრძელდება მანამ, სანამ ასეთი აუცილებლობა არსებობს.
6. ოკუპანტმა სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს მოსახლეობის მიერ გამოყენებული ან მისთვის აუცილებელი თავშესაფრების არც რეკვიზიცია, არც დანიშნულების შეცვლა.
მუხლი 64 - ნეიტრალური ან კონფლიქტში არამონაწილე სხვა
სახელმწიფოების სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო
ორგანიზაციები და საერთაშორისო მაკოორდინირებელი
ორგანიზაციები
1. 62-ე, 63-ე, 65-ე და 66-ე მუხლების დებულებები გამოიყენება ნეიტრალური ან კონფლიქტის არამონაწილე სხვა სახელმწიფოების სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების პერსონალისა და ქონების მიმართ, რომელიც კონფლიქტის მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მისი თანხმობით და კონტროლით 61-ე მუხლში მითითებულ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებს ასრულებს. ნებისმიერ დაინტერესებულ მოწინააღმდეგე მხარეს, შეძლებისამებრ უმოკლეს ვადაში აცნობებენ ამგვარი დახმარების გაწევის შესახებ. ეს საქმიანობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონფლიქტში ჩარევად. თუმცა, ამასთანავე, ეს საქმიანობა დაინტერესებული მხარეების უშიშროების ინტერესების სათანადო გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს.
2. კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რომლებიც პირველ პარაგრაფში მითითებულ დახმარებას იღებენ, და ამგვარი დახმარების გამწევი მაღალი ხელშემკვრელი მხარეები აუცილებლობის შემთხვევაში ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ამგვარი საქმიანობის საერთაშორისო კოორდინაციას. ასეთ შემთხვევებში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებზე წინამდებარე თავის დებულებები ვრცელდება.
3. ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალოს ან შეზღუდოს ნეიტრალური ან კონფლიქტში არამონაწილე სხვა სახელმწიფოს სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების მოღვაწეობა იმ შემთხვევაში, როცა მას შეუძლია სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების სათანადო შესრულება საკუთარი სახსრებით ან ოკუპირებულ ტერეტორიაზე არსებული რესურსების გამოყენებით უზრუნველყოს.
მუხლი 65 - დაცვის შეწყვეტა
1. დაცვა, რომლითაც სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები, მათი პერსონალი, შენობები, თავშესაფრები და ქონება სარგებლობს, მხოლოდ იმ შემთვევაში შეიძლება შეწყდეს, როცა ისინი, მათი უშუალო ამოცანების გარდა, მოწინააღმდეგისათვის საზიანო მოქმედებებს ჩადიან ან როდესაც მათ ამგვარი მოქმედებებისათვის იყენებენ. თუმცა, ამავე დროს, დაცვა მხოლოდ შესაბამისი გაფრთხილების შემდეგ წყდება, რომელიც, აუცილებლობის შემთხვევაში გონივრულ ვადას ადგენს და მას შემდეგ, რაც ეს გაფრთხილება მხედველობაში არ იყო მიღებული.
2. მოწინააღმდეგისათვის ზიანის მიყენებად არ ჩაითვლება შემდეგი:
(ა) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანათა განხორციელება სამხედრო ხელისუფლების ხელმძღვანელობითა და კონტროლით;
(ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალის სამხედრო პირებთან თანამშრომლობა ან სამოქალაქო თავდაცვის ან სამოქალაქო ორგანიზაციებში გარკვეული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობა;
(გ) ის გარემოება, რომ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანათა შესრულებას, იმავდროულად, სარგებლობის მოტანა შეუძლია მსხვერპლთათვის სამხედრო მოსამსახურეთა წრიდან, კერძოდ მათთვის, ვინც მწყობრიდან არის გამოსული.
3. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალის მიერ წესრიგის დაცვის ან თავდაცვის მიზნით პირადი მსუბუქი იარაღის ტარება არ ითვლება მოწინააღმდეგისათვის საზიანო მოქმედებად. თუმცა, ხმელეთის იმ რაიონში, სადაც მიმდინარეობს ან დაიწყება ბრძოლები, სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალის კომბატანტებისაგან გარჩევის გასაადვილებლად, კონფლიქტის მონაწილე მხარეები აუცილებელ ზომებს მიიღებენ, რათა მათი პირადი იარაღი შემოიფარგლებოდეს ისეთი ცეცხლსასროლი იარაღით, როგორიცაა პისტოლეტი ან რევოლვერი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადგილებში სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალმა შეიძლება სხვა სახის მსუბუქი იარაღიც ატაროს, იგი პატივისცემითა და დაცვით ისარგებლებს, როგორც კი მას სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალად ამოიცნობენ.
4. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების სამხედრო ყაიდაზე ფორმირება და მათში იძულებითი სამსახური ამ ორგანიზაციებს არ ართმევს წინამდებარე თავით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობის უფლებას.
მუხლი 66 - ამოცნობა
1. კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ცდილობს მიიღოს ზომები, რომელიც უზრუნველყოფს მისი სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების, მათი პერსონალის, შენობებისა და ქონების ამოცნობას, როცა ისინი მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესრულებისთვისაა განკუთვნილი. ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამოქალაქო მოსახლეობისათვის განკუთვნილი თავშესაფრების ამოცნობა.
2. კონფლიქტის მონაწილე ყოველი მხარე ასევე ცდილობს მიიღოს და გამოიყენოს მეთოდები და პროცედურები, რომლებიც სამოქალაქო თავშესაფრების, სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალის, შენობებისა და ქონების ამოცნობის შესაძლებლობას იძლევა. მათზე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი უნდა გამოისახოს.
3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იმ რაიონებში, სადაც მიმდინარეობს ან შეიძლება დაიწყოს ბრძოლები, სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალი საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნითა და მისი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობით ამოიცნობა.
4. სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანია ნარინჯისფერ ფონზე გამოსახული ტოლგვერდა ლურჯი სამკუთხედი, როცა ის სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების, პერსონალის, შენობებისა და ქონების, ასევე სამოქალაქო თავშესაფრების დასაცავად გამოიყენება.
5. სამოქალაქო თავდაცვის ამოცნობის მიზნებისათვის, კონფლიქტის მონაწილე მხარეები განმასხვავებელი ნიშნების გარდა განმასხვავებელი სასიგნალო ნიშნების გამოყენებაზეც შეიძლება შეთანხმდნენ.
6. 1-4 პარაგრაფების დებულებათა გამოყენების რეგლამენტირება წინამდებარე ოქმის I დანართის V თავით ხორციელდება.
7. სამოქალაქო თავდაცვის ამოცნობის მიზნებისათვის, კომპეტენტური სახელმწიფო ხელისუფლების თანხმობით, შესაძლებელია მე-4 პარაგრაფში მითითებული განმასხვავებელი ნიშნებით სარგებლობა მშვიდობიან დროს.
8. მაღალი ხელშემკვრელი და კონფლიქტის მონაწილე მხარეები იღებენ სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნის გამოყენებისადმი კონტროლისა და მისი ბოროტად გამოყენების აღკვეთის ან თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ზომებს.
9. სამოქალაქო თავდაცვის სამედიცინო და სასულიერო პერსონალის, სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობის რეგლამენტირება ასევე მე-18 მუხლით ხორციელდება.
მუხლი 67 - სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებში განწესებული
შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო შენაერთების
პირადი შემადგენლობა
1. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებში განწესებული სამხედრო შენაერთები და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ იმ პირობით, რომ:
(ა) ისინი მუდმივად არიან განწესებული და მხოლოდ 61-ე მუხლში მითითებულ რომელიმე ამოცანას ასრულებენ;
(ბ) ამგვარად განწესებული პირადი შემადგენლობა კონფლიქტის დროს არ ასრულებს რაიმე სხვა სამხედრო მოვალეობას;
(გ) ასეთი პირადი შემადგენლობა თვალსაჩინო ადგილას ატარებს რაც შეიძლება დიდ საერთაშორისო განმასხვავებელ ნიშანს, რითაც მკაფიოდ გამოირჩევა შეიარაღებულ ძალებში შემავალი სხვა პირებისგან და რაც, ამასთანავე, უზრუნველყოფილია მისი სტატუსის დამადასტურებელი წინამდებარე ოქმის I დანართის V თავში აღნიშნული პირადობის მოწმობით;
(დ) ასეთი პირადი შემადგენლობა და შენაერთები წესრიგის დაცვისა და თავდაცვის მიზნით მხოლოდ მსუბუქი იარაღით არიან შეიარაღებული. ამ შემთხვევაში ასევე გამოიყენება 65-ე მუხლის მე-3 პარაგრაფის დებულებები;
(ე) ამგვარი პირადი შემადგენლობა უშუალოდ არ მონაწილეობს სამხედრო მოქმედებებში, სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შერულების გარდა არ ახორციელებს მოწინააღმდეგისთვის საზიანო მოქმედებებს ან არ გამოიყენება ასეთი მოქმედებების ჩასადენად;
(ვ) ამგვარი პირადი შემადგენლობა და სამხედრო შენაერთები სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებს მხოლოდ თავიანთი ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში ასრულებენ. აკრძალულია (ე) ქვე-პუნქტში მითითებული დებულებების შეუსრულებლობა შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი პირის მიერ, რომელიც (ა) და (ბ) ქვე-პუნქტებში მითითებული პირობებითაა შეზღუდული.
2. შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალი სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციებში მომსახურე პირები მოწინააღმდეგის ხელში მოხვედრისას სამხედრო ტყვეები ხდებიან. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესრულებისათვის გამოყენება, ოღონდ მხოლოდ ამ ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებისათვის და იმ პირობით, რომ თუ შესასრულებელი სამუშაო სახიფათოა, მის შესრულებაზე ისინი ნებაყოფლობით დათანხმდებიან.
3. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციაში განწესებული სამხედრო შენაერთების შენობები, მსხვილი აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებები მკაფიოდ უნდა აღინიშნოს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნით. განმასხვავებელი ნიშანი შესაძლებლობების ფარგლებში რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს.
4. სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციებში მუდმივად განწესებული სამხედრო შენაერთების ქონება და შენობები, რომელიც მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესასრულებლადაა განკუთვნილი, მოწინააღმდეგე მხარის ხელში მოხვედრისას კვლავაც ომის კანონების დაქვემდებარებაში რჩებიან. დაუშვებელია მათი სხვა მიზნებისათვის გამოყენება, სანამ ისინი საჭიროა სამოქალაქო ამოცანათა შესასრულებლად. გამონაკლისს წარმოადგენს უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის შემთხვევები, იმ პირობით, რომ სამოქალაქო მოსახლეობის სათანადო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ზომები წინასწარ იყო მიღებული.
![]() |
7.5.2 ნაწილი II სამოქალაქო მოსახლეობის დახმარება |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 68 - გამოყენების სფერო
წინამდებარე ნაწილის დებულებები წინამდებარე ოქმით განსაზღვრული სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ გამოიყენება და 23-ე, 55-ე, 59-ე, მე-60, 61-ე და 62-ე მუხლებისა და მეოთხე კონვენციის სხვა შესაბამისი დებულებების დამატებას წარმოადგენს.
მუხლი 69 - ძირითადი მოთხოვნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. მეოთხე კონვენციის 55-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების გარდა, რომელიც სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებას შეეხება, ოკუპანტი სახელმწიფო მის ხელთ არსებული საშუალებების მაქსიმალურად გამოყენების გზით და ყოველგვარი არაკეთილსასურველი გასხვავების გარეშე, უზრუნველყოფს ტანისამოსს, საძილე მოწყობილობების, თავშესაფრის საშუალებებისა და ოკუპირებული ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა მარაგის, ასევე რელიგიური მსახურების ჩატარებისათვის აუცილებელი ნივთების მიწოდებას.
2. ოკუპირებული ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის დახმარების ღონისძიებები მეოთხე კონვენციის 59-ე, მე-60, 61-ე, 62-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე და 111-ე მუხლებითა და წინამდებარე ოქმის 71-ე მუხლით რეგულირდება და დაუყოვნებლივ ხორციელდება.
მუხლი 70 - დახმარების ოპერაციები
1. როცა კონფლიქტის მონაწილე მხარის კონტროლს დაქვემდებარებული, მაგრამ არაოკუპირებული რომელიმე ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობა 69-ე მუხლში მითითებული საშუალებებით არასაკმარისად მარაგდება, ამგვარი დახმარების ოპერაციებით დაინტერესებულ მხარეთა შორის შეთანხმებათა და ყოველგვარი არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე ტარდება ჰუმანიტარული და მიუკერძოებელი სახის დახმარების ოპერაციები. ასეთი დახმარების გაწევის შემოთავაზება არ ითვლება შეიარაღებულ კონფლიქტში ჩარევად ან მტრულ აქტად. მიღებული დახმარების განაწილებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ ისეთ პირებს, როგორიცაა ბავშვები, ფეხმძიმე ქალები, მშობიარეები და მეძუძური დედები, რომლებიც მეოთხე კონვენციისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად განსაკუთრებული შეღავათებითა და დაცვით სარგებლობენ.
2. კონფლიქტის მონაწილე მხარეები და ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარე ნებას რთავს ყველა იმ ტვირთის, მოწყობილობისა და პერსონალის სწრაფ და შეუფერხებელ გატარებას, რომელიც, წინამდებარე ნაწილის შესაბამისად დახმარების გასაწევად არის განკუთვნილი და ხელს უწყობს მას მაშინაც კი, როცა ასეთი დახმარება მოწინააღმდეგე მხარის სამოქალაქო მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.
3. კონფლიქტის მონაწილე მხარეს და ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც მე-2 პარაგრაფის თანახმად დახმარების გასაწევად ნებას რთავს ტვირთის, აღჭურვილობისა და პერსონალის გატარებას:
(ა) უფლება აქვს შემოიღოს ტექნიკური ზომები, ტვირთის დათვალიერების ჩათვლით, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც ნებადართული იქნება ტვირთის გატარება;
(ბ) შეუძლია ტვირთის გატარების წინაპირობად განაწილების ადგილზე მფარველი სახელმწიფოს მიერ გაკონტროლება დაადგინოს;
(გ) არ შეუძლია რაიმე სახით დახმარების ტვირთის დანიშნულების შეცვლა ან მისი შეჩერება, გარდა შესაბამისი სამოქალაქო მოვალეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა.
4. კონფლიქტის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ დახმარების ტვირთების დაცვას და ხელს უწყობენ მათ სწრაფად განაწილებას.
5. კონფლიქტის მონაწილე მხარეები და ყოველი დაინტერესებული მაღალი ხელშემკვრელი მხარე წაახალისებს და ხელს შეუწყობს პირველ პარაგრაფში მითითებული დახმარების ოპერაციების ეფექტურ საერთაშორისო კოორდინაციას.
მუხლი 71 - დახმარების ოპერაციებში მონაწილე პერსონალი
1. აუცილებლობის შემთხვევაში დახმარების ოპერაციების, განსაკუთრებით ტვირთის ტრანსპორტირებისა და გადანაწილებისათვის საჭირო პერსონალის გამოყოფა შეიძლება იყოს ამ ოპერაციების შემადგენელი ნაწილი; ასეთი პერსონალის მონაწილეობას უნდა დაეთანხმოს მხარე, რომლის ტერიტორიაზეც იგი თავის მოვალეობებს შეასრულებს.
2. ამგვარი პერსონალი პატივისცემითა და დაცვით უნდა სარგებლობდეს.
3. დახმარების ტვირთის მიმღები ყოველი მხარე მაქსიმალური შესაძლებლობების ფარგლებში შეეცდება დაეხმაროს პირველ პარაგრაფში მითითებულ პერსონალს მისი მისიის შესრულებაში. მხოლოდ უკიდურესი სამხედრო მოთხოვნებიდან გამომდინარე შეიძლება ამგვარი პერსონალის საქმიანობისა და მისი გადაადგილების დროებით შეზღუდვა.
4. დახმარების ოპერაციების პერსონალი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გასცდეს წინამდებარე ოქმის შესაბამისად განსაზღვრული მისიის ფარგლებს. კერძოდ, მან მხედველობაში უნდა მიიღოს იმ მხარის უშიშროების მოთხოვნები, რომლის ტერიტორიაზეც თავის მოვალეობებს ასრულებს. ასეთი პერსონალის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი პირის საქმიანობა, რომელიც ამ პირობებს არ ასრულებს, შეიძლება შეწყდეს.
![]() |
7.5.3 ნაწილი III კონფლიქტის მონაწილე მხარის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მოპყრობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.5.3.1 თავი I გამოყენების სფერო და პირთა და ობიექტთა დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 72 - გამოყენების სფერო
წინამდებარე ნაწილში შემავალი დებულებები წარმოადგენს კონფლიქტის მონაწილე მხარის ხელისუფლებაში მყოფი სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ობიექტების ჰუმანიტარულ დაცვასთან დაკავშირებული მეოთხე კონვენციის, კერძოდ მისი I და III კარების ნორმების, ისევე როგორც საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დამატებას.
მუხლი 73 - ლტოლვილები და მოქალაქეობის არმქონე პირები
პირები, რომლებიც საომარი მოქმედებების დაწყებამდე, დაინტერესებული მხარეების მიერ მიღებული შესაბამისი საერთაშორისო აქტების ან თავშესაფრის მიმცემი, ან მათი ბინადრობის სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირებად ან ლტოლვილებად ითვლებოდნენ, ნებისმიერ გარემოებაში და ყოველგვარი არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე, მეოთხე კონვენციის I და III კარების დაცვით მოსარგებლე პირთა წრეს მიეკუთვნებიან.
მუხლი 74 - განცალკევებული ოჯახების გაერთიანება
მაღალი ხელშემკვრელი და კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რათა ხელი შეუწყონ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად განცალკევებული ოჯახების გაერთიანებას, კერძოდ, წაახალისებენ ამ ამოცანის განმახორციელებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებების, ასევე თავისი სათანადო უშიშროების წესების შესაბამისად მოქმედებენ.
მუხლი 75 - ძირითადი გარანტიები
1. იმდენად, რამდენადაც კონფლიქტის მონაწილე მხარის ხელისუფლებაში მყოფ პირებს, რომლებიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისად უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობენ, წინამდებარე ოქმის პირველ მუხლში მითითებული ვითარება ეხებათ, ნებისმიერ გარემოებაში მათ ადამიანურად მოეპყრობიან. ისინი, სულ მცირე, წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დაცვის უფლებით ისარგებლებენ რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის ან რომელიმე სხვა მსგავსი კრიტერიუმის საფუძველზე დამყარებული არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე. თითოეული მხარე პატივისცემით უნდა მოეპყროს ყველა ასეთი პირის პიროვნებას, ღირსებას, შეხედულებებსა და რელიგიურ წეს-ჩვეულებებს.
2. ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს, მიუხედავად იმისა, სამოქალაქო ორგანოების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს თუ სამხედროებმა, აკრძალულია და ყოველთვის აკრძალულად დარჩება შემდეგი ქმედებების ჩადენა:
(ა) პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობაზე ძალადობა, კერძოდ:
(i) მკვლელობა;
(ii) ყველა სახის ფიზიკური თუ ფსიქიკური წამება;
(III) სხეულებრივი სასჯელები; და
(iv) დასახიჩრება;
(ბ) პიროვნული ღირსების შელახვა, კერძოდ, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, პროსტიტუციის იძულება და უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმა;
(გ) მძევლად აყვანა;
(დ) კოლექტიური დასჯა; და
(ე) რომელიმე ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენის მუქარა.
3. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით დაპატიმრებული, დაკავებული ან ინტერნირებული ნებისმიერი პირი მისთვის გასაგებ ენაზე დაუყოვნებლივ უნდა იყოს ინფორმირებული ამ ზომების მიღების მიზეზების შესახებ. სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევებისათვის დაპატიმრების ან დაკავების შემთხვევების გარდა, ასეთი პირები უმოკლეს ვადაში და მაშინვე უნდა გათავისუფლდნენ, როგორც კი დაპატიმრების, დაკავების ან ინტერნირების მიზეზები აღარ იარსებებს.
4. არ შეიძლება განაჩენის გამოტანა ან სასჯელის აღსრულება იმ პირის მიმართ, რომელსაც შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, თუკი მისი დამნაშავედ ცნობა არ ეფუძნებოდა მიუკერძოებელი და სათანადოდ დაფუძნებული სასამართლოს მიერ სამართალწარმოების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების დაცვით გამოტანილ გადაწყვეტილებას, რაც მოიცავს შემდეგს:
(ა) პროცედურით გათვალისწინებული უნდა იყოს ბრალდებულის დაუყოვნებლივ ინფორმირება სამართალდარღვევის დეტალების შესახებ, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, ასევე სასამართლომდე და სასამართლოში საქმის მოსმენისას მისთვის დაცვის ყველა აუცილებელი უფლებისა და საშუალების მინიჭება;
(ბ) პირის გასამართლება შეიძლება მხოლოდ პირადი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველზე;
(გ) არ შეიძლება პირის მსჯავრდება სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევისათვის ისეთი ქმედების ან დაუდევრობის საფუძველზე, რომელიც მისი ჩადენის მომენტში, მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის ან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, სასხლისსამართლებრივ სამართალდარღვევას არ წარმოადგენდა; ასევე არ შეიძლება ასეთი სამართალდარღვევისათვის მისი ჩადენის მომენტში კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელზე უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრება; სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონით უფრო მსუბუქი სასჯელის დადგენის შემთხვევაში, მისი მოქმედება ასეთ სამართალდამრღვევზეც გავრცელდება;
(დ) ყოველი ბრალდებული კანონის შესაბამისად მისი ბრალის დადგენამდე უდანაშაულოდ ითვლება;
(ე) ყოველ ბრალდებულს სასამართლოს წესით საქმის განხილვის მისი თანდასწრებით წარმართვის მოთხოვნის უფლება აქვს;
(ვ) არც ერთი პიროვნება არ შეიძლება აიძულონ მისცეს თავის საწინააღმდეგო ჩვენება ან აღიაროს ბრალი;
(ზ) ყოველ ბრალდებულს უფლება აქვს დაკითხოს მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები ან მოითხოვოს მათი დაკითხვა, გარდა ამისა, გამოიძახოს და დაკითხოს მის სასარგებლოდ ჩვენების მიმცემი მოწმეები, იმავე პირობებით, რომლითაც მის წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი მოწმეები სარგებლობენ;
(თ) არ შეიძლება იმავე მხარის მიერ ისეთი პირის დევნა ან დასჯა სამართალდარღვევისთვის, რომლისთვისაც, იმავე კანონისა და სასამართლო პროცედურის თანახმად, მის მიმართ უკვე იყო გამოტანილი გამამართლებელი ან გამამტყუნებელი საბოლოო განაჩენი;
(ი) ყოველ პირს, რომელიც სამართალდარღვევისათვის სასამართლო წესით იდევნება, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის საჯაროდ გამოცხადების უფლება აქვს; და
(კ) განაჩენის გამოტანისას მსჯავრდებულს უნდა შეატყობინონ სასამართლო ან სხვა წესით განაჩენის გასაჩივრების უფლების, ასევე იმ ვადის შესახებ, რომლის განმავლობაშიც მას ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია.
5. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო თავისუფლებაშეზღუდულ ქალებს მამაკაცებისაგან განცალკევებულ სათავსებში და ქალთა პერსონალის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ მოათავსებენ. ამავე დროს, ოჯახის დაკავების ან ინტერნირების შემთხვევაში, ოჯახის წევრებს შეძლებისდაგვარად, როგორც ცალკე ოჯახს ერთსა და იმავე ადგილას განათავსებენ.
6. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული, დაკავებული ან ინტერნირებული პირები მათ საბოლოო გათავისუფლებამდე, რეპატრიაციასა ან რესტიტუციამდე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგაც წინამდებარე მუხლის დაცვით სარგებლობენ.
7. ომის დანაშაულის ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პირთა დევნასა და სასამართლოს წინაშე მათ წარდგენასთან დაკავშირებით ყოველგვარი ეჭვის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენება შემდეგი პრინციპები:
(ა) ამგვარი დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირთა დევნა და სასამართლოსათვის გადაცემა მოქმედი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ხორციელდება;
და
(ბ) ნებისმიერ ასეთ პირს, რომელიც კონვენციების ან წინამდებარე ოქმის თანახმად, უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობს, წინამდებარე მუხლის შესაბამისად მოეპყრობიან, მიუხედავად იმისა, დანაშაული, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება, წარმოადგენს თუ არა კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევას.
8. წინამდებარე მუხლის არც ერთი დებულება არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს მას შეუძლია შეზღუდოს ან შელახოს ნებისმიერი სხვა დებულება, რომელიც, მოქმედი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, პირველ პარაგრაფში აღნიშნულ პირებს უფრო ფართო დაცვას ანიჭებს.
![]() |
7.5.3.2 თავი II ქალებისა და ბავშვების დაცვის ღონისძიებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 76 - ქალების დაცვა
1. ქალები განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობენ და დაცული უნდა იყვნენ გაუპატიურების, იძულებითი პროსტიტუციისა და უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმისაგან.
2. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებული ან ინტერნირებული ფეხმძიმე ქალებისა და მცირეწლოვანი ბავშვების დედების საქმეები უპირველეს რიგში განიხილება.
3. კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, უარი თქვან ფეხმძიმე ქალების ან მცირეწლოვანი შვილების დედებისათვის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაზე. აღნიშნული ქალების მიმართ ასეთ სამართალდარღვევებზე გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულდება.
მუხლი 77 - ბავშვების დაცვა
1. ბავშვები განსაკუთრებული პატივისცემითა და უღირსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმისგან დაცვით სარგებლობენ. კონფლიქტის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ მათ დაცვითა და დახმარებით, რომელიც მათი ასაკის ან რაიმე სხვა მიზეზის გამო აუცილებელი შეიძლება იყოს.
2. კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყველა შესაძლებელ ღონეს იხმარენ, რათა თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვებმა არ მიიღონ უშუალო მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, კერძოდ, მხარეები თავს შეიკავებენ შეიარაღებულ ძალებში მათი გაწვევისაგან. თხუთმეტ წელს მიღწეული პირების გაწვევისას, რომელთაც ჯერ არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, კონფლიქტის მონაწილე მხარეები შეეცდებიან უპირატესობა ყველაზე ასაკოვან პირებს მიანიჭონ.
3. როცა გამონაკლის შემთხვევაში, მე-2 პარაგრაფის დებულებათა მიუხედავად, თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვები უშუალო მონაწილეობას იღებენ საომარ მოქმედებებში და მოწინააღმდეგის ხელში ხვდებიან, ისინი განაგრძობენ წინამდებარე მუხლით მინიჭებული განსაკუთრებული დაცვით სარგებლობას, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა სამხედრო ტყვეები.
4. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო დაპატიმრებულ, დაკავებულ ან ინტერნირებულ ბავშვებს მოზრდილთაგან განცალკევებით მოათავსებენ, გარდა 75-ე მუხლის მე-5 პარაგრაფის თანახმად გათვალისწინებული შემთხვევისა, როცა ოჯახებს, როგორც ცალკეულ ერთეულებს ათავსებენ.
5. შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული სამართალდარღვევისათვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი არ უნდა აღსრულდეს იმ პირთა მიმართ, ვისაც სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში თვრამეტი წელი არ შესრულებია.
მუხლი 78 - ბავშვების ევაკუაცია
1. კონფლიქტის მონაწილე არც ერთი მხარე არ მიიღებს უცხო სახელმწიფოში ბავშვების ევაკუაციასთან დაკავშირებულ ზომებს, თუკი ბავშვები არ არიან თავისი მოქალაქეები, ისეთი შემთხვევების გარდა, როცა საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ან მკურნალობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ მიზეზებს, ან, როდესაც ბავშვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათი უსაფრთხოებისათვის აუცილებელია დროებითი ევაკუაცია. როცა შესაძლებელია მშობლების ან კანონიერი მზრუნველების მონახვა, საჭიროა ევაკუაციაზე მათი წერილობითი თანხმობის მიღება. თუ ასეთი პირების მონახვა შეუძლებელია, მაშინ ევაკუაციისათვის საჭიროა იმ პირთა თანხმობა, რომელთაც კანონის ან ჩვეულების ძალით ბავშვებზე ზრუნვის უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თითოეული ასეთი ევაკუაცია ხორციელდება მფარველი სახელმწიფოს ზედამხედველობით დაინტერესებულ მხარეებთან, ანუ ევაკუაციის განმახორციელებელ, ბავშვების მიმღებ და იმ მხარესთან შეთანხმებით, რომლის მოქალაქეებიც უნდა იყვნენ ევაკუირებული. ყველა შემთხვევაში, კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე უსაფრთხოების ყველა შესაძლო პრაქტიკულ ზომას მიიღებს, რათა თავიდან აიცილოს ევაკუაციისათვის რაიმე საფრთხის შექმნა.
2. პირველი პარაგრაფის შესაბამისად ევაკუაციის განხორციელების ყველა შემთხვევაში, ევაკუაციაში ყოფნის მთელი დროის მანძილზე და მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში შეუწყვეტლივ, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ბავშვის სწავლება, რელიგიური და მორალური აღზრდის ჩათვლით, მისი მშობლების სურვილის თანახმად.
3. წინამდებარე მუხლის თანახმად ევაკუირებული ბავშვების თავიანთ ოჯახებსა და ქვეყნებში დაბრუნების გასაადვილებლად, ევაკუაციის განმახორციელებელი სახელმწიფოს, და როცა ეს მიზანშეწონილია, მიმღები სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები თითოეული ბავშვის სახელზე ავსებენ ბარათს სურათითურთ, რომელსაც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოძიების ცენტრალურ სააგენტოში აგზავნიან. თითოეული ბარათი, როცა ეს შესაძლებელია და როცა ეს ბავშვისათვის ზიანის მიყენების რისკთან არ არის დაკავშირებული, უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ბავშვის გვარ(ებ)ი;
(ბ) ბავშვის სახელ(ებ)ი;
(გ) ბავშვის სქესი;
(დ) დაბადების ადგილი და თარიღი (თუ დაბადების თარიღი ცნობილი არ არის, მიახლოებითი ასაკი);
(ე) მამის სრული სახელი;
(ვ) დედის სრული სახელი და ქალიშვილობის გვარი;
(ზ) ბავშვის უახლოესი ნათესავები;
(თ) ბავშვის ეროვნება;
(ი) ბავშვის მშობლიური ენა და ნებისმიერი სხვა ენა, რომელზეც იგი ლაპარაკობს;
(კ) ბავშვის ოჯახის მისამართი;
(ლ) ბავშვის ნებისმიერი პირადი ნომერი;
(მ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
(ნ) ბავშვის სისხლის ჯგუფი;
(ო) ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშანი;
(პ) ბავშვის პოვნის თარიღი და ადგილი;
(ჟ) ბავშვის მიერ თავისი ქვეყნის დატოვების თარიღი და ადგილი;
(რ) ბავშვის რელიგიური კუთვნილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
(ს) ბავშვის ამჟამინდელი მისამართი მიმღებ ქვეყანაში;
(ტ) დაბრუნებამდე ბავშვის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალების თარიღი, ადგილი, გარემოებები და დაკრძალვის ადგილი.
![]() |
7.5.3.3 თავი III ჟურნალისტები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 79 - ჟურნალისტთა დაცვის ღონისძიებები
1. შეიარაღებული კონფლიქტის რაიონში სახიფათო პროფესიულ მივლინებაში მყოფი ჟურნალისტები 50-ე მუხლის პირველი პარაგრაფის მნიშვნელობის ფარგლებში სამოქალაქო პირებად ითვლებიან.
2. როგორც ასეთი, ისინი სარგებლობენ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დაცვით იმ პირობით, რომ არ სჩადიან სამოქალაქო პირის სტატუსთან შეუთავსებელ რაიმე ქმედებას და ეს ზიანს არ აყენებს შეიარაღებულ ძალებთან აკრედიტებული სამოქალაქო ჟურნალისტების უფლებას მესამე კონვენციის მე-4 მუხლის ა (4) ქვე-პუნქტით გათვალისწინებულ სტატუსზე.
3. მათ შეუძლიათ წინამდებარე ოქმის II დანართში მოყვანილი ნიმუშის მიხედვით შედგენილი პირადობის მოწმობა მიიღონ. აღნიშნული მოწმობა, გაცემული სახელმწიფოს მიერ, რომლის მოქალაქეცაა ჟურნალისტი ან რომლის ტერიტორიაზეც იგი მუდმივად ცხოვრობს, ან რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება მისი დამსაქმებელი საინფორმაციო სააგენტო, ადასტურებს წარმომდგენის ჟურნალისტის სტატუსს.
![]() |
7.6 კარი V კონვენციებისადაწინამდებარე ოქმის შესრულება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.6.1 ნაწილი I ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 80 - შესრულების ღონისძიებები
1. მაღალი ხელშემკვრელი და კონფლიქტის მონაწილე მხარეები დაუყოვნებლივ იღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მათთვის დაკისრებული ვალდებულებები შეასრულონ.
2. მაღალი ხელშემკვრელი და კონფლიქტის მონაწილე მხარეები გასცემენ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელ ბრძანებებსა და განკარგულებებს, და განახორციელებენ მათ შესრულებაზე კონტროლს.
მუხლი 81 - წითელი ჯვრისა და სხვა ჰუმანიტარული
ორგანიზაციების საქმიანობა
1. კონფლიქტის მონაწილე მხარეები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შესაძლებლობების ფარგლებში ყველა საშუალებას მისცემენ, რათა მან შეძლოს კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება, რომელიც მიზნად კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვას ისახავს; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს კონფლიქტის მსხვერპლთა სასარგებლოდ, კონფლიქტის მონაწილე დაინტერესებული მხარეების თანხმობით, ნებისმიერი სხვა სახის ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელებაც შეუძლია.
2. კონფლიქტის მონაწილე მხარეები წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) თავის შესაბამის ორგანიზაციებს უზრუნველყოფენ ყველა საჭირო საშუალებით, რათა მათ განახორციელონ ჰუმანიტარული საქმიანობა შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დასახმარებლად კონვენციების, წინამდებარე ოქმისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ ფორმულირებული წითელი ჯვრის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
3. მაღალი ხელშემკვრელი და კონფლიქტის მონაწილე მხარეები ყოველი შესაძლო საშუალებით ხელს უწყობენ დახმარებას, რომელსაც წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ორგანიზაციები და წითელი ჯვრის საზოგადოებათა ლიგა1 უწევს შეიარაღებულ კონფლიქტის მსხვერპლთ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებებისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კონფერენციების მიერ ფორმულირებული წითელი ჯვრის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.
4. მაღალი ხელშემკვრელი და კონფლიქტის მონაწილე მხარეები, შესაძლებლობების ფარგლებში, მე-2 და მე-3 პარაგრაფების მსგავსად ყველა საჭირო საშუალებით უზრუნველყოფენ კონვენციებსა და წინამდებარე ოქმში მითითებულ სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს, რომლებიც კონფლიქტის შესაბამისი მხარეების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი არიან და თავის ჰუმანიტარულ საქმიანობას კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებათა შესაბამისად ახორციელებენ.
მუხლი 82 - იურიდიული მრჩევლები შეიარაღებულ ძალებში
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ნებისმიერ დროს და კონფლიქტის მონაწილე მხარეები კი შეიარაღებული კონფლიქტის დროს უზრუნველყოფენ, რომ ჰყავდეთ იურიდიული მრჩევლები, რომელთაც აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლებათ რჩევის მიცემა სათანადო რანგის სამხედრო ხელმძღვანელობისათვის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებისა და შეიარაღებული ძალებისათვის ამ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარების თაობაზე.
მუხლი 83 - გავრცელება
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულებას იღებენ როგორც მშვიდობიან, ისე შეიარაღებული კოფლიქტის დროს, რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ კონვენციები და წინამდებარე ოქმი თავიანთ ქვეყნებში. კერძოდ, შეიტანონ მათი სწავლება სამხედრო მომზადების პროგრამაში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო მოსახლეობის მიერ მათ შესწავლას, რათა ეს დოკუმენტები ცნობილი იყოს როგორც შეიარაღებული ძალების, ისე სამოქალაქო მოსახლეობისთვისაც.
2. ნებისმიერი სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც შეიარაღებული კონფლიქტის დროს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ ტექსტებს სრულად უნდა იცნობდეს.
მუხლი 84 - გამოყენების წესები
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები უმოკლეს ვადაში დეპოზიტარის, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მფარველი სახელმწიფოების მეშვეობით, ერთმანეთს უგზავნიან წინამდებარე ოქმის ოფიციალურ თართარგმანებს, ისევე როგორც მისი განხორციელების უზრუნველსაყოფად მიღებულ კანონებსა და წესებს.
________________
1. 1991 წლის 28 ნოემბერს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა ლიგას დასახელება შეეცვალა და მას „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია” ეწოდა.
![]() |
7.6.2 ნაწილი II კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევათა აღკვეთა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 85 - წინამდებარე ოქმის დარღვევათა აღკვეთა
1. კონვენციების დებულებები მათი დარღვევებისა და მძიმე დარღვევების აღკვეთის შესახებ, წინამდებარე ნაწილის დებულებათა დამატებით, გამოიყენება წინამდებარე ოქმის დებულებათა დარღვევისა და მძიმე დარღვევების აღსაკვეთად.
2. კონვენციების თანახმად მძიმე დარღვევებად მიჩნეული დარღვევები წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევებს წარმოადგენენ, თუ ისინი ჩადენილია მოწინააღმდეგე მხარის ხელისუფლებაში მყოფი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დაცული არიან წინამდებარე ოქმის 44-ე, 45-ე და 73-ე მუხლებით, ჩადენილია მოწინააღმდეგის ხელისუფლებაში მყოფი ან წინამდებარე ოქმის დაცვით მოსარგებლე დაჭრილების, ავადმყოფებისა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირების ან ჩადენილია მოწინააღმდეგე მხარის კონტროლს ქვეშ მყოფი და წინამდებარე ოქმით დაცული სამედიცინო ან სასულიერო პერსონალის, სამედიცინო ფორმირებების ან სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ.
3. მე-11 მუხლით განსაზღვრული მძიმე დარღვევების გარდა, წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევებს წარმოადგენს შემდეგი მოქმედებები, როცა მათ წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების დარღვევით წინასწარი განზრახვით სჩადიან და როცა ისინი სიკვდილს, სხეულის მძიმე დაზიანებას ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებას იწვევს. ასეთი მოქმედებებია:
(ა) სამოქალაქო მოსახლეობის ან ცალკეული სამოქალაქო პირების თავდასხმის ობიექტად გადაქცევა;
(ბ) სამოქალაქო მოსახლეობაზე ან სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმა, როცა ცნობილია, რომ ეს 57-ე მუხლის მე-2(ა)(iii) ქვე-პუნქტის განსაზღვრების შესაბამისად, სამოქალაქო მოსახლეობაში ზედმეტ მსხვერპლს და დაჭრას გამოიწვევს ან სამოქალაქო ობიექტებს დააზიანებს;
(გ) თავდასხმა სახიფათო ძალის შემცველ ნაგებობებსა ან დანადგარებზე, როცა ცნობილია, რომ ეს 57-ე მუხლის მე-2 (ა) (iii) ქვე-პუნქტის განსაზღვრების შესაბამისად, სამოქალაქო მოსახლეობაში ზედმეტ მსხვერპლს და დაჭრას გამოიწვევს ან სამოქალაქო ობიექტებს დააზიანებს;
(დ) დაუცველ ადგილებსა და დემილიტარიზებულ ზონებზე თავდასხმა;
(ე) თავდასხმა პირზე, როცა ცნობილია, რომ იგი მწყობრიდანაა გამოსული;
(ვ) 37-ე მუხლის დარღვევით, წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლემებით ან კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით აღიარებული სხვა დამცავი ნიშნების ვერაგულად გამოყენება.
4. წინა პარაგრაფებსა და კონვენციებში გათვალისწინებული მძიმე დარღვევების გარდა, წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევად ითვლება მოქმედებები, როცა მათ წინასწარი განზრახვით, კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევით სჩადიან. ასეთი მოქმედებებია:
(ა) ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ მეოთხე კონვენციის 49-ე მუხლის დარღვევით თავისი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის გადაყვანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან ოკუპირებული ქვეყნის მთელი მოსახლეობის ან მისი ნაწილის დეპორტაცია ან გადაყვანა ამ ტერიტორიის ფარგლებში ან მის გარეთ;
(ბ) სამხედრო ტყვეების ან სამოქალაქო პირების რეპატრიაციის გაუმართლებელი შეფერხება;
(გ) აპართეიდის პრაქტიკისა და რასობრივ დისკრიმინაციაზე დაფუძნებული პიროვნული ღირსების შემლახველი სხვა არაადამიანური და დამამცირებელი მოქმედების განხორციელება;
(დ) ნათლად ამოსაცნობი ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშებისა და ღვთისმსახურების ადგილების, რომელიც ხალხთა კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს და რომლებსაც, მაგალითად, კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში მიღებული სპეციალური ხელშეკრულებით, განსაკუთრებული დაცვა ენიჭებათ, თავდასხმის ობიექტად გადაქცევა, რაც მათ მნიშვნელოვან ნგრევას იწვევს, თუ დადასტურებული არ არის მოწინააღმდეგე მხარის მიერ 53-ე მუხლის (ბ) ქვე-პუნქტის დარღვევა და როცა ამგვარი ისტორიული ძეგლები, ხელოვნების ნიმუშები ან ღვთისმსახურების ადგილები სამხედრო ობიექტების უშუალო სიახლოვეს არ მდებარეობს;
(ე) კონვენციების დაცვის ქვეშ მყოფი ან წინამდებარე მუხლის მე-2 პარაგრაფში მითითებული პირებისათვის მიუკერძოებელი და რეგულარული სამართალწარმოების უფლების ჩამორთმევა.
5. კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის გამოყენებისათვის ზიანის მიუყენებლად, ამ დოკუმენტების მძიმე დარღვევები ომის დანაშაულებად ჩაითვლება.
მუხლი 86 - უმოქმედობა
1. მაღალმა ხელშემკვრელმა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა აღკვეთონ მძიმე დარღვევები, მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა კონვენციების ან წინამდებარე ოქმის ყველა სხვა დარღვევის აღსაკვეთად, რომელიც სავალდებულო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგია.
2. ის ფაქტი, რომ კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დარღვევა ჩადენილია ქვემდგომი პირის მიერ, მის მეთაურებს არ ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან იმ პირობით, რომ მათ იცოდნენ ან ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომელიც იმ დროისათვის არსებულ ვითარებაში საშუალებას აძლევდათ იმ დასკვნამდე მისულიყვნენ, რომ მათდამი დაქვემდებარებული პირი სჩადის ან აპირებს ჩაიდინოს ასეთი დარღვევა და თუ მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, ასეთი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ყველა პრაქტიკულად შესაძლებელი ზომა არ მიიღეს.
მუხლი 87 - მეთაურთა მოვალეობები
1. მაღალმა ხელშემკვრელმა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა სამხედრო მეთაურებს უნდა მოსთხოვონ, რამდენადაც ეს მათ დაქვემდებარებაში მყოფი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შემავალ და სხვა, მათ დაქვემდებარებაში მყოფ პირებს შეეხება, არ დაუშვან კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევა და, აუცილებლობის შემთხვევაში აღკვეთონ ასეთი დარღვევები და ამის შესახებ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობონ.
2. დარღვევების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, მაღალმა ხელშემკვრელმა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მეთაურებისაგან უნდა მოითხოვონ, რომ მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღონ შესაბამისი ღონისძიებები, რათა მათ დაქვემდებარებაში მყოფმა შეიარაღებული ძალების წევრებმა კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესახებ იცოდნენ.
3. მაღალმა ხელშემკვრელმა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა თითოეული მეთაურისაგან, რომელმაც იცის, რომ მისთვის დაქვემდებარებული ან მის კონტროლს დაქვემდებარებული ნებისმიერი სხვა პირი სჩადის ან აპირებს ჩაიდინოს კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დარღვევა, უნდა მოითხოვოს ყველა იმ ზომის მიღება, რომელიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევათა თავიდან ასაცილებლადაა საჭირო, აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი დარღვევის ჩამდენი პირების წინააღმდეგ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ჩათვლით.
მუხლი 88 - ურთიერთდახმარება სისხლის
სამართლებრივ საკითხებში
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მაქსიმალურად დაეხმარებიან ერთმანეთს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის სერიოზული დარღვევების შემთხვევაში დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებულ საკითხებში.
2. კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის 85-ე მუხლის პირველი პარაგრაფით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობებისათვის ზიანის მიუყენებლად, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები შესაძლებლობის ფარგლებში თანამშრომლობენ ექსტრადიციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ისინი ითვალისწინებენ იმ სახელმწიფოს თხოვნას, რომლის ტერიტორიაზეც მისი მტკიცებით დანაშაული მოხდა.
3. ყველა შემთხვევაში გამოყენებული იქნება დამნაშავის გადაცემის შესახებ თხოვნის მიმღები მაღალი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა. თუმცა, წინა პუნქტში მოყვანილი დებულებები არ ხელყოფს ნებისმიერი სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რომელიც სრულიად ან ნაწილობრივ აწესრიგებს ან მოაწესრიგებს სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებში ურთიერთდახმარების გაწევას.
მუხლი 89 - თანამშრომლობა
კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დებულებების მძიმე დარღვევების შემთხვევაში მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას იმოქმედონ ერთობლივად ან ინდივიდუალურად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად.
მუხლი 90 - ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომისია
1.
(ა) დაარსდება ფაქტების დამდგენი საერთასორისო კომისია (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომისია”) თხუთმეტი წევრის შემადგენლობით, რომლებიც მაღალი მორალური თვისებებითა და აღიარებული მიუკერძოებლობით ხასიათდებიან.
(ბ) მას შემდეგ, რაც ოცი მაღალი ხელშემკვრელი მხარე მე-2 პარაგრაფის შესაბამისად თანხმობას განაცხადებს კომისიის კომპეტენციის აღიარებაზე, კომისიის წევრების ასარჩევად დეპოზიტარი, შემდგომში კი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, მოიწვევს ზემოაღნიშნული მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას. შეხვედრაზე მხარეთა წარმომადგენლები კომისიის წევრებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდან, რომელშიც თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს ერთი კანდიდატურის წარდგენა შეუძლია.
(გ) კომისიის წევრები პირადი კომპეტენციის ფარგლებში მსახურობენ და დაკისრებულ ვალდებულებებს მომავალ შეხვედრაზე ახალი წევრების არჩევამდე ასრულებენ.
(დ) მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კომისიის წევრთა არჩევისას ყურადღებას მიაქცევენ, რომ კომისიაში ასარჩევი თითოეული პირი შესაფერისი თვისებებით ხასიათდებოდეს და კომისიაში უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა.
(ე) გაუთვალისწინებელი ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში, ვაკანსიას თვითონ კომისია შეავსებს, წინა ქვე-პუნქტების დებულებათა გათვალისწინებით.
(ვ) დეპოზიტარი კომისიას მისი ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელ ადმინისტრაციულ დახმარებას გაუწევს.
2.
(ა) მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ ოქმის ხელმოწერისას, რატიფიცირებისას, მიერთებისას ან შემდგომში ნებისმიერ დროს განაცხადონ, რომ ipso facto და წინასწარი შეთანხმების გარეშე, ცნობენ თავის თავზე ამგვარი ვალდებულების მიმღებ ნებისმიერ სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში კომისიის კომპეტენციას შეამოწმოს ასეთი მხარის განცხადებები, როგორც ეს წინამდებარე მუხლითაა ნებადართული.
(ბ) ზემოხსენებული განცხადებები გადაეცემა დეპოზიტარს, რომელიც ასლებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს უგზავნის.
(გ) კომისიის კომპეტენციაში შედის:
(i) ნებისმიერი ფაქტის გამოძიება, რომელიც სავარაუდოდ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დებულებებით განსაზღვრულ მძიმე ან სხვა სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს,
(ii) კეთილი სამსახურის გაწევით ხელი შეუწყოს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმისადმი პატივისცემის დამოკიდებულების აღდგენას.
(დ) სხვა სიტუაციებში, კომისია გამოძიებას იწყებს კონფლიქტის მონაწილე მხარის თხოვნის საფუძველზე და მხოლოდ სხვა დაინტერესებული მხარის ან მხარეების თანხმობით.
(ე) წინამდებარე პარაგრაფის ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, პირველი კონვენციის 52-ე მუხლის, მეორე კონვენციის 53-ე მუხლის, მესამე კონვენციის 132-ე მუხლისა და მეოთხე კონვენციის 149-ე მუხლის დებულებათა მოქმედება კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის ნებისმიერ სავარაუდო დარღვევაზე ვრცელდება.
3.
(ა) დაინტერესებულ მხარეებს შორის განსხვავებული ხასიათის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ყველა გამოძიებას აწარმოებს შვიდი წევრისგან შემდგარი პალატა, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდება:
(i) კომისიის ხუთ წევრს, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მოქალაქეები, გეოგრაფიული რაიონების სამართლიანად წარმოდგენის საფუძველზე და კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე;
(ii) ორ საგანგებო წევრს, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მოქალაქეები, თავად მხარეები ნიშნავენ.
(ბ) გამოძიების ჩატარების შესახებ თხოვნის მიღების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე დაადგენს პალატის შექმნის ვადას. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ აირჩიეს რომელიმე საგანგებო წევრი, კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ ნიშნავს პალატის დაკომპლექტებისათვის აუცილებელ დამატებით წევრს ან წევრებს.
4.
(ა) პალატა, რომელიც მე-3 პარაგრაფის თანახმად შექმნილია გამოძიების ჩასატარებლად, მოუწოდებს კონფლიქტის მონაწილე მხარეებს, გაუწიონ მას დახმარება და წარმოუდგინონ მტკიცებულებები. ამასთანავე, პალატას შეუძლია თავად მოიძიოს სხვა აუცილებელი მტკიცებულებები და გამოძიება ადგილზევე აწარმოოს.
(ბ) ყველა მოპოვებული მტკიცებულება სრულად მიეწოდება დაინტერესებულ მხარეებს, რომელთაც ამ მტკიცებულებათა შესახებ კომისიისათვის შენიშვნების წარდგენის უფლება აქვთ.
(გ) ყოველ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სადავო გახადოს ეს მტკიცებულებები.
5.
(ა) კომისია დაინტერესებულ მხარეებს წარუდგენს პალატის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მოხსენებას იმ რეკომენდაციებთან ერთად, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.
(ბ) თუ პალატამ ვერ შეძლო ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, იგი კომისიას აცნობებს მიზეზებს, რომელთა გამოც ეს ვერ მოახერხა.
(გ) კომისია თავის დასკვნას საჯაროდ არ აცხადებს, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარე მოითხოვს.
6. კომისია ადგენს თავის პროცედურულ წესებს, კომისიასა და პალატაში თავმჯდომარეობის წესების ჩათვლით. ეს წესები უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი ფუნქციების აღსრულებას ნებისმიერ დროს, ხოლო გამოძიების წარმოებისას, მათ შესრულებას იმ პირის მიერ, რომელიც კონფლიქტის მონაწილე რომელიმე მხარის მოქალაქე არ არის.
7. კომისიის ადმინისტრაციული ხარჯები იფარება ნებაყოფლობითი შენატანებითა და იმ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შენატანებით, რომელთაც, მე-2 პარაგრაფის თანახმად გაკეთებული აქვთ განცხადებები. კონფლიქტის მონაწილე მხარე ან მხარეები, რომელიც კომისიას გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართავენ, ავანსად იხდიან პალატის ხარჯების დასაფარად საჭირო თანხას, რომლის ორმოცდაათ პროცენტს ანაზღაურებს მხარე ან მხარეები, რომელთა წინააღმდეგ არის მიმართული განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ. პალატისათვის შემხვედრი განცხადების წარდგენის შემთხვევაში, თითოეულ მხარეს ავანსად შეაქვს აუცილებელი სახსრების ორმოცდაათი პროცენტი.
მუხლი 91 - პასუხისმგებლობა
კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დებულებათა დამრღვევი კონფლიქტის მონაწილე მხარე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, მიყენებული ზარალი აანაზღაუროს. იგი პასუხს აგებს მისი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში მყოფი პირების მიერ ჩადენილ ყველა ქმედებაზე.
![]() |
7.7 კარი VI დასკვნითი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 92 - ხელმოწერა
წინამდებარე ოქმი კონვენციების მონაწილე მხარეთა მიერ ხელმოსაწერად ღიაა საბოლოო აქტის ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ და დარჩება ღიად თორმეტი თვის განმავლობაში.
მუხლი 93 - რატიფიკაცია
წინამდებარე ოქმის რატიფიცირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირებული უნდა იყოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოსთან, კონვენციების დეპოზიტართან.
მუხლი 94 - მიერთება
წინამდებარე ოქმი შესაერთებლად ღიაა კონვენციების მონაწილე ნებისმიერი მხარისათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია. შეერთების აქტი დეპონირებული უნდა იყოს დეპოზიტართან.
მუხლი 95 - ძალაში შესვლა
1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ორი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
2. კონვენციების მონაწილე თითოეული მხარისათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს წინამდებარე ოქმის რატიფიცირებას ან შეერთებას ის ძალაში შედის ამ მხარის მიერ მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 96 - წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის შემდგომი
სახელშეკრულებო ურთიერთობები
1. თუ კონვენციების მონაწილე მხარეები აგრეთვე წინამდებარე ოქმის მონაწილე მხარეს წარმოადგენენ, კონვენციები წინამდებარე ოქმის მიერ მათში შეტანილი დამატებების გათვალისწინებით გავრცელდება.
2. თუ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის წინამდებარე ოქმის მონაწილე, ოქმის მონაწილე მხარეებისათვის ერთმანეთს შორის ურთიერთობისას ოქმი სავალდებულო ხასიათს ატარებს. ამას გარდა, მონაწილე მხარეებისთვის ოქმი სავალდებულოა ოქმის არამონაწილე მხარეებთან ურთიერთობებშიც, თუ ეს უკანასკნელი ოქმის დებულებებს აღიარებს და იყენებს.
3. ხელისუფლებას, რომელიც პირველი მუხლის მე-4 პარაგრაფში აღნიშნულ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მაღალი ხელშემკვრელი მხარის წინააღმდეგ მებრძოლ ხალხს წარმოადგენს, დეპოზიტარის სახელზე ცალმხრივი განცხადების გაკეთების გზით შეუძლია აიღოს ვალდებულება, აღნიშნული კონფლიქტის შემთხვევაში დაიცვას კონვენციები და წინამდებარე ოქმი. დეპოზიტარის მიერ მიღებულ ამგვარ განცხადებას ამ კონფლიქტთან მიმართებაში შემდეგი კონკრეტული შედეგები ექნება:
(ა) კონვენციები და წინამდებარე ოქმი დაუყოვნებლივ შედის ძალაში აღნიშნული ხელისუფლებისათვის, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარისათვის;
(ბ) აღნიშნულ ხელისუფლებას ისეთივე უფლებები ენიჭება და ისეთივე ვალდებულებები ეკისრება, როგორიც კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვისაა გათვალისწინებული; და
(გ) კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დაცვა თანაბრად სავალდებულოა კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისათვის.
მუხლი 97 - შესწორებები
1. ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე ოქმში შესწორებების შეტანის შეთავაზება. ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების ტექსტი გაეგზავნება დეპოზიტარს, რომელიც ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარესთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად წყვეტს, მოიწვიოს თუ არა კონფერენცია შეთავაზებული შესწორების განსახილველად.
2. დეპოზიტარი ამ კონფერენციაზე მოიწვევს ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, და ასევე კონვენციების მონაწილე მხარეებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმზე ხელმომწერნი.
მუხლი 98 - I დანართის გადახედვა
1. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს ოთხი წლისა, ხოლო შემდგომში ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი კონსულტაციებს გამართავს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებთან წინამდებარე ოქმის I დანართის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია მოიწვიოს ტექნიკური ექსპერტების შეხვედრა დანართის გადახედვისა და მასში სასურველი შესწორებების შეტანის მიზნით. თუ შეხვედრის მოწვევის თაობაზე შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა ერთი მესამედი უარს არ გამოთქვამს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეხვედრას დანიშნავს და მასზე დასასწრებად შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს მოიწვევს. ასეთი შეხვედრის მოწვევა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შეუძლია ნებისმიერ დროს, როცა ამას მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ერთი მესამედი მოითხოვს.
2. დეპოზიტარი იწვევს მაღალ ხელშემკვრელ და კონვენციების მონაწილე მხარეთა კონფერენციას ტექნიკური ექსპერტების შეხვედრის მიერ შეთავაზებული შესწორებების განსახილველად, თუ ამას თათბირის შემდეგ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ან მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ერთი მესამედი მოითხოვს.
3. I დანართის შესწორებები შეიძლება მიღებული იყოს ამგვარი კონფერენციის მონაწილე და კენჭისმყრელი მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ორი მესამედის უმრავლესობით.
4. დეპოზიტარი მაღალ ხელშემკვრელ და კონვენციების მონაწილე მხარეებს აცნობებს ამგვარად მიღებული ნებისმიერი შესწორების შესახებ. შესწორება მიღებულად ითვლება ამგვარი შეტყობინების გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ, თუ ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი ხელშემკვრელი მხარეების, სულ ცოტა, ერთმა მესამედმა დეპოზიტარს არ გაუგზავნა განცხადება შესწორების მიუღებლობის თაობაზე.
5. მე-4 პარაგრაფის თანახმად მიღებული შესწორებები ყველა მაღალი ხელშემკვრელი მხარისათვის ძალაში შედის მიღებიდან სამი თვის შემდეგ, გარდა იმ მხარეებისა, რომლებმაც მე-4 პარაგრაფის თანახმად შესწორების მიუღებლობის თაობაზე განაცხადეს. აღნიშნული განცხადების გამკეთებელ ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი უკან გამოხმობა, რის შედეგადაც შესწორება ამ მხარისათვის ძალაში შედის სამი თვის შემდეგ.
6. დეპოზიტარი მაღალ ხელშემკვრელ და კონვენციის მონაწილე მხარეებს აცნობებს ნებისმიერი შესწორების ძალაში შესვლისა და იმ მხარეების შესახებ, რომლებზეც იგი ვრცელდება, ასევე ცალკეული მხარისათვის მისი ძალაში შესვლის თარიღის, მე-4 პარაგრაფის თანახმად გაკეთებული შესწორების მიუღებლობის განცხადებებისა და ასეთი განცხადებების უკან გამოხმობის შესახებ.
მუხლი 99 - დენონსაცია
1. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარე მოახდენს წინამდებარე ოქმის დენონსაციას, დენონსაცია ძალაში შედის მხოლოდ დენონსაციის შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, თუ ამ ერთი წლის ამოწურვამდე მხარე, რომელმაც დენონსაციის შესახებ განაცხადა, აღმოჩნდება პირველ მუხლში მითითებულ რომელიმე სიტუაციაში, დენონსაცია ძალაში შედის შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის დასრულების შემდეგ და არავითარ შემთხვევაში კონვენციებით ან წინამდებარე ოქმით დაცული პირების საბოლოო გათავისუფლებასთან, რეპატრიაციასა ან რესტიტუციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე.
2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება წერილობითი ფორმით გაეგზავნება დეპოზიტარს, რომელიც ამ შეტყობინებას ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს დაუგზავნის.
3. დენონსაცია ძალაშია მხოლოდ იმ მხარისთვის, რომელმაც დენონსაციის შესახებ განაცხადა.
4. პირველი პარაგრაფის თანახმად გაკეთებული არც ერთი დენონსაცია არ შეეხება შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით წინამდებარე ოქმის შესაბამისად დენონსაციის განმცხადებელი მხარის მიერ უკვე აღებულ ვალდებულებებს, ასეთი დენონსაციის ძალაში შესვლამდე ჩადენილი ნებისმიერი ქმედების მიმართ.
მუხლი 100 - შეტყობინებები
დეპოზიტარი მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს და კონვენციების მონაწილე სახელმწიფოებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმის ხელმომწერნი, ატყობინებს:
(ა) 93-ე და 94-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე ოქმზე გაკეთებული ხელმოწერების, დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელებისა და შეერთების აქტების შესახებ;
(ბ) 95-ე მუხლის თანახმად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;
(გ) 84-ე, 90-ე და 97-ე მუხლების თანახმად მიღებული შეტყობინებებისა და განცხადებების შესახებ;
(დ) 96-ე მუხლის მე-3 პარაგრაფის თანახმად მიღებული განცხადებების შესახებ, რომელთა თაობაზე შეტყობინებები უსწრაფესი მეთოდებით უნდა განხორციელდეს; და
(ე) 99-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული დენონსაციების შესახებ.
მუხლი 101 - რეგისტრაცია
1. ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე ოქმი დეპოზიტარის მიერ იგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისთვის.
2. დეპოზიტარი აგრეთვე შეატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული ყველა რატიფიკაციის სიგელის, შეერთების აქტისა და დენონსაციის შეტყობინების შესახებ.
მუხლი 102 - ავთენტიკური ტექსტები
წინამდებარე ოქმის დედანი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები არის თანაბრად ავთენტური, დეპონირებული უნდა იყოს დეპოზიტართან, რომელიც კონვენციების ყველა მონაწილე მხარეს ოქმის დამოწმებულ ასლებს გადასცემს.
![]() |
7.8 დანართი I ამოცნობასთან დაკავშირებული წესები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1 - ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დანართში მოცემული ამოცნობასთან დაკავშირებული წესები ჟენევის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების განხორციელებას ემსახურება; წესების მიზანია ჟენევის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დაცვის ქვეშ მყოფი პერსონალის, საშუალებების, შენაერთების, სატრანსპორტო საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების ამოცნობის გაადვილება.
2. მოცემული წესები თავისი თავიდან გამომდინარე დაცვის უფლებას არ აწესებს. ეს უფლება კონვენციებისა და ოქმის შესაბამისი მუხლებით რეგულირდება.
3. ჟენევის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის შესაბამისი დებულებების თანახმად, უფლებამოსილ ორგანოებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განმასხვავებელი ემბლემებისა და სიგნალების გამოყენება, გამოსახვა, განათება და ცნობადობა არეგულირონ.
4. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, განსაკუთრებით კი კონფლიქტის
მონაწილე მხარეებს ყოველთვის მოუწოდებენ დადონ შეთანხმებები დამატებითი ან სხვა სიგნალების, საშუალებების ან სისტემების შესახებ, რომელიც ამოცნობის შესაძლებლობას აძლიერებს და მოცემულ სფეროში არსებული ტექნოლოგიური პროგრესით სარგებლობის სრულ შესაძლებლობას ქმნის.
![]() |
7.8.1 თავი I პირადობის მოწმობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 2 - მუდმივი სამოქალაქო სამედიცინო და სასულიერო
პერსონალის პირადობის მოწმობა
1. წინამდებარე ოქმის მე-18 მუხლის მე-3 პარაგრაფში აღნიშნული სამოქალაქო სამედიცინო და სასულიერო პერსონალის პირადობის მოწმობა:
(ა) უნდა ატარებდეს განმასხვავებელ ემბლემას და იყოს იმ ზომის, რომ შეიძლებოდეს მისი ჯიბით ტარება;
(ბ) უნდა იყოს რაც შეიძლება გამძლე;
(გ) შედგენილი უნდა იყოს ეროვნულ ან ოფიციალურ ენაზე და, როცა საჭიროა, შესაბამისი რაიონის ადგილობრივ ენაზე;
(დ) უნდა აღნიშნავდეს მფლობელის გვარს, დაბადების თარიღსა (ამ უკანასკნელის დაუდგენლობის შემთხვევაში, წლოვანება მოწმობის გაცემის მომენტში) და პირად ნომერს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
(ე)უნდა მიუთითებდეს, თუ რა ფარგლებში სარგებლობს მფლობელი კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მინიჭებული დაცვით;
(ვ) უნდა ატარებდეს მფლობელის ფოტოსურათს, მის ხელმოწერას ან მისი ცერა თითის ანაბეჭდს, ან ორივეს ერთად;
(ზ) უნდა ჰქონდეს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ბეჭედი და ხელმოწერა;
(თ) უნდა მიუთითებდეს მოწმობის გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
(ი) მოწმობის უკანა მხარეზე, რამდენადაც შესაძლებელია, მითითებული უნდა იყოს მფლობელის სისხლის ჯგუფი.
2. პირადობის მოწმობა ერთგვაროვანი უნდა იყოს ყოველი მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და, შეძლებისდაგვარად, ერთი და იმავე სახის კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარისათვის. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ პირველ ნახატზე მოცემული, ერთ ენაზე შედგენილი ნიმუშით ისარგებლონ. საომარი მოქმედებების დაწყების მომენტიდან, მხარეები ერთმანეთს უგზავნიან მათ მიერ გამოყენებული ფორმის ნიმუშს, თუ ის პირველ ნახატზე მოცემული ნიმუშისგან განსხვავდება. პირადობის მოწმობა, შეძლებისამებრ, ორ ეგზემპლიარად უნდა დამზადდეს, რომელთაგან ერთ-ერთს მოწმობის გამცემი ხელისუფლება შეინახავს და რომელიც მის მიერ გაცემულ მოწმობებზე კონტროლს ახორციელებს.
3. მუდმივ სამედიცინო და სასულიერო პერსონალს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვას პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მის მფლობელს უნდა ჰქონდეს მოწმობის ასლის მიღების უფლება.
მუხლი 3 - დროებითი სამოქალაქო სამედიცინო და სასულიერო
პერსონალის პირადობის მოწმობა
1. დროებითი სამოქალაქო სამედიცინო და სასულიერო პერსონალის პირადობის მოწმობა, შეძლებისდაგვარად, წინამდებარე წესების პირველ მუხლში გათვალისწინებული მოწმობის ანალოგიური უნდა იყოს. კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ პირველ ნახატზე.
2. როცა გარემოებები აბრკოლებს დროებითი სამედიცინო და სასულიერო პერსონალისთვის წინამდებარე წესების მე-2 მუხლში აღწერილი პირადობის მოწმობის ანალოგიური მოწმობის გაცემას, ასეთ პერსონალზე შეიძლება გაიცეს ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს მიერ ხელმოწერილი ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პირს, რომელზეც იგი გაიცა, დროებითი სამედიცინო პერსონალის შემადგენლობაში გარკვეული მოვალეობების შესრულება ევალება და რომელიც, თუ შესაძლებელია, მიუთითებს ამგვარი დანიშვნის ვადას და მისი მფლობელის უფლებას ატაროს განმასხვავებელი ემბლემა. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მფლობელის გვარი და დაბადების თარიღი (თუ ამ უკანასკნელის დადგენა შეუძლებელია - პირის წლოვანება ცნობის გაცემის მომენტისთვის), მისი ფუნქციები და პირადი ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ცნობაზე უნდა იყოს მფლობელის ხელმოწერა ან ცერის ანაბეჭდი, ან ორივე ერთად.
![]() |
7.8.2 თავი II განმასხვავებელი ემბლემა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 4 - ფორმა
განმასხვავებელი ემბლემა (წითელი თეთრ ფონზე), გარემოებებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი ლომისა და მზის1 ფორმასთან დაკავშირებით, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ მე-2 ნახატზე გამოსახული ნიმუშებით იხელმძღვანელონ.
ნახატი 2: წითელი განმასხვავებელი ემბლემები თეთრ ფონზე
მუხლი 5 - გამოყენება
1. განმასხვავებელი ემბლემა, თუ შესაძლებელია, უნდა გამოისახოს ბრტყელ ზედაპირზე, დროშებზე ან სხვა საშუალებით, რომელიც ზედაპირის რელიეფის შესატყვისია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს ყველა შესაძლო მიმართულებიდან და შორი მანძილიდან, განსაკუთრებით კი ჰაერიდან.
2. ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში განმასხვავებელი ემბლემა შეიძლება განათდეს ან ანათებდეს.
3. განმასხვავებელი ემბლემა, თუ შესაძლებელია, ისეთი მასალისგან უნდა დამზადდეს, რომელიც ამოცნობის ტექნიკური საშუალებებით მისი ამოცნობის საშუალებას იძლევა. ემბლემის წითელი ნაწილი დატანებული უნდა იყოს შავი საღებავით შეფერილ ზედაპირზე, რათა გაადვილდეს მისი ამოცნობა, განსაკუთრებით ინფრაწითელი ხელსაწყოების მეშვეობით.
4. სამედიცინო და სასულიერო პერსონალი, რომელიც თავის მოვალეობებს საბრძოლო მოქმედებების რაიონში ახორციელებს, შეძლებისდაგვარად განმასხვავებელ ემბლემიან თავსაბურავს და ტანსაცმელს უნდა ატარებდეს.
____________________
1980 წლიდან მოყოლებული, ლომისა და მზის ემბლემა არც ერთ სახელმწიფოს არ გამოუყენებია.
![]() |
7.8.3 თავი III განმასხვავებელი სიგნალები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 6 - გამოყენება
1. სამედიცინო შენაერთებს ან სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ წინამდებარე თავით გათვალისწინებული ყველა
განმასხვავებელი სიგნალი გამოიყენონ.
2. ეს სიგნალები, რომელთა გამოყენება მხოლოდ სამედიცინო შენაერთებსა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ, არ უნდა იყოს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, შუქოვანი სიგნალის გამოყენების გამოკლებით (იხ. მე-3 პარაგრაფი).
3. თუ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის არ არსებობს სპეციალური შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ცისფერი მოციმციმე შუქების გამოყენებას მხოლოდ სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდებისთვის, ამგვარი სიგნალის გამოყენება არ ეკრძალებათ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, გემებსა და საჰაერო ხომალდებს.
4. დროებით სანიტარულ საჰაერო ხომალდებს, რომლებსაც დროის უკმარისობის ან მათი ტექნიკური მონაცემების გამო არა აქვთ განმასხვავებელი ემბლემა, შეუძლიათ წინამდებარე თავში ნებადართული განმასხვავებელი სიგნალები გამოიყენონ.
მუხლი 7 - შუქოვანი სიგნალი
1. ცისფერი მოციმციმე შუქისგან შემდგარი სიგნალი, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ტექნიკურ სახელმძღვანელოში, (დოკუმენტი №9051), გამიზნულია სამოქალაქო სანიტარული საჰაერო ხომალდის გამოყენებისათვის, მისი კუთვნილების მისანიშნებლად. არც ერთი სხვა საჰაერო ხომალდი ამ სიგნალს არ გამოიყენებს. საჰაერო ხომალდმა, რომელიც ცისფერ მოციმციმე შუქს იყენებს, ნათურები იმგვარად უნდა განალაგოს, რომ შუქოვანი სიგნალი ყველა შესაძლო მიმართულებიდან იყოს ხილვადი.
2. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) სიგნალების საერთაშორისო კოდექსის XIV თავის მე-4 პარაგრაფის დებულებათა თანახმად, ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დაცვით მოსარგებლე ხომალდებს უნდა ჰქონდეთ ერთი ან მეტი ცისფერი მოციმციმე შუქი, რომელიც ყველა შესაძლო მიმართულებიდან უნდა იყოს ხილვადი.
3. სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებებს უნდა ჰქონდეთ ერთი ან მეტი ცისფერი მოციმციმე შუქი, რომელიც რაც შეიძლება შორი დისტანციიდან უნდა იყოს ხილვადი. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა, კერძოდ კი კონფლიქტის მხარეებმა, რომლებიც სხვა ფერის შუქებს იყენებენ, ამის შესახებ შეტყობინება უნდა გააკეთონ.
4. რეკომენდებული ცისფერი შუქი მიიღება, როდესაც მისი ქრომატულობა განათების საერთაშორისო კომისიის (ICI) ქრომატულობის დიაგრამის ფარგლებშია და შემდეგი კოორდინატებით განისაზღვრება:
მწვანე |
y=0.065+0.805x |
თეთრი |
y=0.400-x |
იისფერი |
x=0.133+0.600y |
ცისფერი შუქისთვის ციმციმის რეკომენდებული სიხშირეა 60-100 დაციმციმება წუთში.
მუხლი 8 - რადიოსიგნალი
1. რადიოსიგნალი შედგება საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალებისგან, როგორც ეს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) რადიოკავშირის წესებშია აღწერილი (RR-ის მე-40 და №40 მუხლები).
2. რადიოშეტყობინება, რომელსაც წინ უძღვის პირველ პარაგრაფში მითითებული საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალები, უნდა გადაიცემოდეს ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ინტერვალებით და იმ სიხშირეებზე, რომელიც განსაზღვრულია რადიოკავშირის წესებში, და შეიცავდეს სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ შემდეგ მონაცემებს:
(ა) გამოძახების სიგნალს ან ამოცნობის სხვა აღიარებულ საშუალებას;
(ბ) ადგილმდებარეობას;
(გ) სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობასა და სახეობას;
(დ) სავარაუდო მარშრუტს;
(ე) მგზავრობის საანგარიშო დროს და გამგზავრებისა და დაბრუნების დროს, შესაბამის გარემოებათა გათვალისწინებით;
(ვ) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, როგორიცაა ფრენის სიმაღლე, მეურვეობის ქვეშ მყოფი რადიოსიხშირეები, კავშირის ენა და მეორადი რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემის მუშაობის რეჟიმი და კოდები.
3. იმისთვის, რათა ხელი შეეწყოს პირველ და მეორე პარაგრაფებში, ისევე როგორც წინამდებარე ოქმის 22-ე, 23-ე და 25-31-ე მუხლებში მითითებული კავშირის გაადვილებას, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, კონფლიქტის მხარეებს ან კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, რომელიც მხოლოდ მისი ინიციატივით ან შეთანხმებით მოქმედებს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონვენციაზე დართული რადიოკავშირის წესებში მოცემულ სიხშირეთა განაწილების ტაბულაზე დაყრდნობით, შეუძლია განსაზღვროს და გამოაქვეყნოს მის მიერ შერჩეული ეროვნული სიხშირეები, რომლებითაც ის ამგვარი კავშირის დამყარებისას ისარგებლებს. ამ სიხშირეთა შესახებ უნდა ეცნობოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს, რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 9 - ელექტრონული ამოცნობა
1. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის მე-10 დანართში (ცვლილებებითა და დამატებებით) მითითებული მეორადი რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემა (SSR) შეიძლება გამოყენებული იყოს სანიტარიული საჰაერო ხომალდის მარშრუტის დასადგენად და მიყოლისათვის. SSR-ის სპეციალური მუშაობის რეჟიმი და კოდი სანიტარიული საჰაერო ხომალდისათვის დადგინდება მაღალი ხელშემკვრელი მხარეების, კონფლიქტის მხარეების ან მხარის მიერ, რომელიც შეთანხმებით ან მხოლოდ თავისი ინიციატივით მოქმედებს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პროცედურების შესაბამისად.
2. დაცვის ქვეშ მყოფ სანიტარიულ-სატრანსპორტო საშუალებებს, მათი ამოცნობისა და ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით, შეუძლიათ გამოიყენონ სტანდარტული საავიაციო სარადარო სისტემები და/ან საზღვაო ძიებისა და სამაშველო სარადარო სისტემები.
შესაძლებელი უნდა იყოს დაცვის ქვეშ მყოფი სამედიცინო სატრანსპორტო საშუალების ამოცნობა სხვა სატრანსპორტო საშუალებებისა და საჰაერო ხომალდების მიერ, რომლებიც აღჭურვილია მეორადი რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემით, რადიოლოკაციური გადამცემის მიერ გაცემული კოდის საშუალებით, მაგალითად, 3/A რეჟიმში, რომელიც სანიტარიულ-სატრანსპორტო საშუალებებისთვისაა გამიზნული.
სანიტარიული-სატრანსპორტო საშუალების მიერ გადასაცემი კოდი კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოს მიერ მიკუთვნებული უნდა იყოს ამ სატრანსპორტო საშუალებას და მის შესახებ კონფლიქტის ყველა მხარეს უნდა ეცნობოს.
3. შესაძლებელი უნდა იყოს სანიტარიულ-სატრანსპორტო საშუალებათა ამოცნობა წყალქვეშა მცურავი საშუალებების მიერ, სანიტარიულ-სატრანსპორტო საშუალების მიერ გადაცემული შესაბამისი წყალქვეშა აკუსტიკური სიგნალის მეშვეობით.
წყალქვეშა აკუსტიკური სიგნალი შედგება გამოძახების სიგნალისგან, რომელსაც წინ უძღვის შესაბამის აკუსტიკურ სიხშირეზე (მაგ., 5კზ) მორზეს სისტემით გადაცემული ერთიანი ჯგუფი YYY.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რომელთაც სურთ ზემოაღნიშნული წყალქვეშა აკუსტიკური ამოსაცნობი სიგნალი გამოიყენონ, ამის შესახებ რაც შეიძლება მალე უნდა აცნობონ ამ სიგნალის გამოყენებით დაინტერესებულ მხარეებს და, ჰოსპიტალური გემების გამოყენების შესახებ შეტყობინების გაკეთებისას, დაადგინონ სამუშაო სიხშირე.
4. კონფლიქტის მხარეებს, სპეციალური შეთანხმებით შეუძლიათ დააწესონ სანიტარიული სატრანსპორტო საშუალებების, წყლისა და საჰაერო ხომალდების ამოცნობის მსგავსი სისტემები.
![]() |
7.8.4 თავი IV კომუნიკაცია |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 10 - რადიო კავშირი
1. წინამდებარე ოქმის 22-ე, 23-ე და 25-31-ე მუხლებში აღწერილი პროცედურების შესრულებისას, ამ წესების მე-8 მუხლში მითითებული საგანგებო და განმასხვავებელი სიგნალი წინ უძღვის სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების მიერ რადიოკავშირის დამყარებას.
2. ITU-ს რადიოკავშირის წესების მე-40 (ნაწილი II, № 3209) და № 40 (ნაწილი III, № 3214) მუხლებში ნახსენებ სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებებს შეუძლიათ კავშირი აწარმოონ თანამგზავრი სისტემების მეშვეობით, 37-ე, № 37 და 59 მუხლების დებულებათა შესაბამისად.
მუხლი 11 - საერთაშორისო კოდების გამოყენება
სანიტარულ შენაერთებსა და სატრანსპორტო საშუალებებს აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კოდები და სიგნალები. ეს კოდები და სიგნალები ამ ორგანიზაციათა მიერ დადგენილი სტანდარტების, პრაქტიკისა და პროცედურების შესაბამისად გამოიყენება.
მუხლი 12 - სხვა საკომუნიკაციო საშუალებები
როდესაც შეუძლებელია ორმხრივი რადიოკავშირის დამყარება, შეიძლება გამოყენებული იყოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებულ სიგნალების საერთაშორისო კოდექსსა ან საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის შესაბამის დანართში (ცვლილებებითა და დამატებებით) მოცემული სიგნალები.
მუხლი 13 - ფრენის გეგმა
წინამდებარე ოქმის 29-ე მუხლში გათვალისწინებული, ფრენის გეგმასთან დაკავშირებული შეთანხმებები და შეტყობინებები, შეძლებისდაგვარად, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად უნდა ჩამოყალიბდეს.
მუხლი 14 - სანიტარული საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდებასთან
დაკავშირებული სიგნალები დაპროცედურები
თუ დამკვირვებელი საჰაერო ხომალდი გამოიყენება სანიტარული საჰაერო ხომალდის ამოსაცნობად ფრენის განმავლობაში ან ამ უკანასკნელის წინამდებარე ოქმის 30-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად მიწაზე დაშვების მოთხოვნისათვის, დამკავებელმა და სანიტარულმა საჰაერო ხომალდმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის მე-2 დანართში გათვალისწინებული ვიზუალური და რადიოდაკავების სტანდარტული პროცედურები უნდა გამოიყენოს.
![]() |
7.8.5 თავი V სამოქალაქო თავდაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 15 - პირადობის მოწმობა
1. წინამდებარე ოქმის 66-ე მუხლის მე-3 პარაგრაფით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებათა პერსონალის პირადობის მოწმობის მიმართ წინამდებარე წესების მე-2 მუხლის შესაბამისი დებულებები გამოიყენება.
2. სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის მოწმობა შეიძლება მე-3 ნახატზე მოყვანილ ნიმუშს შეესაბამებოდეს
ნახატი 3: სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის პირადობის მოწმობის ნიმუში (ფორმატი: 74მმX105მმ)
3. თუ სამოქალაქო თავდაცვის პერსონალს ნებადართული აქვს მსუბუქი პირადი იარაღის ტარება, პირადობის მოწმობაში ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდება.
მუხლი 16 - საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი
1. წინამდებარე ოქმის 66-ე მუხლის მე-4 პარაგრაფით გათვალისწინებული სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი არის ნარინჯისფერ ფონზე მოცემული ლურჯი ტოლფერდა სამკუთხედი. ნიმუში მოყვანილია მე-4 ნახატზე:
ნახატი 4: ლურჯი სამკუთხედი ნარინჯისფერ ფონზე
2. რეკომენდებულია, რომ:
(ა) თუ ლურჯი სამკუთხედი გამოსახულია დროშაზე, სამკლაურსა ან მოსასხამზე, მაშინ დროშა, სამკლაური ან მოსასხამი იყოს ნარინჯისფერი;
(ბ) სამკუთხედის ერთ-ერთი კუთხე მიმართული იყოს ვერტიკალურად ზევით;
(გ) სამკუთხედის არც ერთი კუთხე არ ეხებოდეს ნარინჯისფერი ფონის კიდეს.
3. საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი სიდიდით იმხელა უნდა იყოს, როგორსაც გარემოებები მოითხოვს. შესაძლებლობის შემთხვევაში ის დატანილი უნდა იყოს ბრტყელ ზედაპირზე და ყველა შესაძლო მიმართულებიდან და რაც შეიძლება დიდი მანძილიდან გასარჩევ დროშებზე. კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოს ინსტრუქციების შესაბამისად, სამოქალაქო თავდაცვის პერსონალი, რამდენადაც შესაძლებელია, ატარებს თავსაბურავსა და ტანსაცმელს, რომელზედაც გამოსახულია საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანი. ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში ნიშანი შეიძლება ნათდებოდეს ან ანათებდეს; ის ასევე შეიძლება ისეთი მასალისგან დამზადდეს, რომელიც ამოცნობის ტექნიკური საშუალებებით მისი ამოცნობის საშუალებას იძლევა.
![]() |
7.8.6 თავი VI სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 17 - საერთაშორისო სპეციალური ნიშანი
1. საერთაშორისო სპეციალური ნიშანი სახიფათო ძალების შემცველი დანადგარებისა და ნაგებობების შესახებ, როგორც ეს წინამდებარე ოქმის 56-ე მუხლის მე-7 პარაგრაფით არის გათვალისწინებული, წარმოადგენს ერთ ღერძზე განლაგებულ, თანაბარი ზომის ღია ნარინჯისფერ სამი წრის ჯგუფს. ამასთან, მანძილი წრეებს შორის თითო წრის ერთ რადიუსს შეადგენს, ქვემოთ მოყვანილი მე-5 ნახატის შესაბამისად.
2. ნიშანი, ვითარებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება დიდი უნდა იყოს. დიდი ფართობის მქონე ზედაპირზე დატანისას, ის იმდენჯერ უნდა განმეორდეს, რამდენადაც ამას ვითარება მოითხოვს. როცა ეს შესაძლებელია, ნიშანი გამოისახება ბრტყელ ზედაპირზე ან დროშებზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი გარჩევა ყველა შესაძლო მიმართულებიდან და რაც შეიძლება შორი მანძილიდან.
3. დროშაზე გამოსახვისას, მანძილი ნიშნის გარე საზღვრებსა და დროშის მომიჯნავე მხარეებს შორის წრის ერთი რადიუსის ტოლი უნდა იყოს. დროშა მართკუთხა უნდა იყოს და თეთრი ფონი ჰქონდეს.
4. ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში ნიშანი შეიძლება ნათდებოდეს ან ანათებდეს; ის ასევე შეიძლება ისეთი მასალისგან დამზადდეს, რომელიც ამოცნობის ტექნიკური საშუალებებით მისი ამოცნობის საშუალებას იძლევა.
ნახატი 5: სახიფათო ძალის შემცველი დანადგარებისა და ნაგებობების აღმნიშვნელი საერთაშორისო სპეციალური ნიშანი
![]() |
7.9 დანართი II სახიფათო მივლინებებში მყოფი ჟურნალისტების პირადობის მოწმობა |
▲ზევით დაბრუნება |
წინა ხედი
უკანა ხედი
![]() |
8 ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმი არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (II ოქმი) 1977 წლის 8 ივნისი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 პრეამბულა |
▲ზევით დაბრუნება |
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები,
შეახსენებენ რა, რომ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისათვის საერთო მე-3 მუხლში გადმოცემული ჰუმანიტარული პრინციპები საფუძვლად უდევს ადამიანის პიროვნების პატივისცემას შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში, რომელიც საერთაშორისო ხასიათს არ ატარებს,
შეახსენებენ რა, რომ საერთაშორისო დოკუმენტები ადამიანის უფლებების შესახებ უზრუნველყოფენ ადამიანის პიროვნების ძირითად დაცვას,
ხაზს უსვამენ რა, ამგვარი შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა უკეთ დაცვის უზრუნველყოფის აუცილებლობას,
შეახსენებენ რა, რომ მოქმედი სამართლებრივი ნორმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ადამიანის პიროვნება რჩება ჰუმანურობის პრინციპებისა და საზოგადოებრივი შეგნების მოთხოვნათა დაცვის ქვეშ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
![]() |
8.2 ნაწილი I წინამდებარე ოქმის გამოყენების სფერო |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1 - გამოყენების ძირითადი სფერო
1. წინამდებარე ოქმი, რომელიც ავითარებს და ავსებს ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისათვის საერთო მე-3 მუხლს, მისი გამოყენების არსებული პირობების შეუცვლელად, გამოიყენება ყველა შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რომელიც არ ექვემდებარება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების (I) დამატებითი ოქმის პირველი მუხლის მოქმედებას და რომელიც ხდება რომელიმე მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მის შეიარაღებულ ძალებსა და მთავრობის საწინააღმდეგო ძალებს ან სხვა ორგანიზებულ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის, რომლებიც იმყოფებიან რა პასუხისმგებელი მეთაურობის განკარგულებაში, ახორციელებენ კონტროლს ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ისე, რომ საშუალება აქვთ განახორციელონ უწყვეტი და შეთანხმებული საომარი მოქმედებანი და გამოიყენონ ეს ოქმი.
2. წინამდებარე ოქმი არ გამოიყენება შიდა არეულობებისა და დაძაბულობის შემთხვევებში, როგორიცაა ამბოხება, ძალადობის ცალკეული და სპორადული აქტები და სხვა ანალოგიური ქმედებები, რამდენადაც ასეთი შემთხვევები შეიარაღებულ კონფლიქტს არ წარმოადგენს.
მუხლი 2 - ცალკეულ პირთა მიმართ გამოყენების სფერო
1. წინამდებარე ოქმი გამოიყენება ყველა პირის მიმართ, რომელსაც შეეხო პირველ მუხლში განმარტებული შეიარაღებული კონფლიქტი, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის ან აღმსარებლობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა სტატუსის, ან რომელიმე სხვა მსგავს კრიტერიუმებზე (შემდგომში „არაკეთილსასურველი/საზიანო განსხვავება“) დამყარებული არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე.
2. შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებისას ყველა პირი, რომელთაც ასეთ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზით აღკვეთილი ან შეზღუდული ჰქონდათ თავისუფლება, აგრეთვე ის პირები, რომელთაც ამავე მიზეზით შეეზღუდათ ან აღეკვეთათ თავისუფლება კონფლიქტის შემდეგ, ისარგებლებენ მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული დაცვით თავისუფლების ამგვარი აღკვეთის ან შეზღუდვის პერიოდის დასრულებამდე.
მუხლი 3 - ჩაურევლობა
1. არაფერი ამ ოქმში არ უნდა განიმარტოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის ან მთავრობის მოვალეობის ხელყოფა, ყველა კანონიერი საშუალებით შეინარჩუნოს ან აღადგინოს მართლწესრიგი სახელმწიფოში და დაიცვას სახელმწიფოს ერთობა და ტერიტორიული მთლიანობა.
2. არაფერი ამ ოქმში არ უნდა განიმარტოს, როგორც რაიმე მიზეზის გამო მაღალი ხელშემკვრელი მხარის საშინაო ან საგარეო საქმეებში, ან მის ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩარევის გამართლება.
![]() |
8.3 ნაწილი II ადამიანური მოპყრობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 4 - ძირითადი გარანტიები
1. ყველა პირს, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს ან რომელმაც შეწყვიტა მონაწილეობა საომარ მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, შეზღუდულია თუ არა მისი თავისუფლება, უფლება აქვს პატივი სცენ მის პიროვნებას, ღირსებას, შეხედულებებსა და რელიგიურ რწმენას. ნებისმიერ ვითარებაში მათ უნდა მოეპყრონ ადამიანურად, ნებისმიერი არაკეთილსასურველი განსხვავების გარეშე. აკრძალულია „ცოცხლად არ აყვანის” ხასიათის ბრძანების გაცემა.
2. ზემოაღნიშნული საერთო დებულებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას აკრძალულია და აკრძალული იქნება პირველ მუხლში მითითებული პირების მიმართ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
(ა) პიროვნების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარეობის ხელყოფა, კერძოდ მკვლელობა, აგრეთვე ისეთი სასტიკი მოპყრობა, როგორიცაა წამება, დასახიჩრება ან სხეულებრივი სასჯელების ნებისმიერი ფორმა;
(ბ) კოლექტიური დასჯა;
(გ) მძევლად აყვანა;
(დ) ტერორიზმის აქტები;
(ე) პიროვნების ღირსების შებღალვა, კერძოდ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობა, გაუპატიურება, იძულებითი პროსტიტუცია და უხამსი ხელყოფის ნებისმიერი ფორმა;
(ვ) მონობისა და მონებით ვაჭრობის ყველა ფორმა;
(ზ) ძარცვა;
(თ) ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ნებისმიერის ჩადენის მუქარა.
3. ბავშვებს უზრუნველყოფენ აუცილებელი მზრუნველობითა და დახმარებით, კერძოდ:
(ა) ისინი მიიღებენ განათლებას, რელიგიური და ზნეობრივი აღზრდის ჩათვლით, მათი მშობლების სურვილის ან მშობლების არარსებობის შემთხვევაში იმ პირთა სურვილისამებრ, რომლებიც პასუხს აგებენ მათ მზრუნველობაზე;
(ბ) მიიღება ყველა შესაბამისი ზომა დროებით განცალკევებული ოჯახების გასაერთიანებლად;
(გ) თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვებს არ გამოიძახებენ შეიარაღებულ ძალებში ან დაჯგუფებებში და მათ აეკრძალებათ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა;
(დ) თხუთმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვების მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული დაცვა გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი (გ) ქვეპუნქტის დებულებათა მიუხედავად საომარ მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობენ და ტყვედ ვარდებიან;
(ე) საჭიროების შემთხვევაში და შეძლებისდაგვარად მათი მშობლების ან იმ პირთა თანხმობით, რომელნიც კანონით ან წეს-ჩვეულების თანახმად უპირველეს ყოვლის პასუხს აგებენ მათ მზრუნველობაზე, მიიღება ზომები საომარი მოქმედების რაიონებიდან ბავშვების დროებითი ევაკუაციისათვის ქვეყნის შიდა, შედარებით უსაფრთხო რაიონებში და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მათ თან ახლდეთ მათ უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი პირები.
მუხლი 5 - თავისუფლებაშეზღუდული პირები
1. მე-4 მუხლის დებულებათა დამატებით, იმ პირთა მიმართ, რომელთაც შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო თავისუფლება შეეზღუდათ, მიუხედავად იმისა ინტერნირებულნი არიან თუ დაკავებულნი, დაცული იქნება, სულ მცირე, შემდეგი დებულებანი:
(ა) დაჭრილებსა და ავადმყოფებს მოეპყრობიან მე-7 მუხლის შესაბამისად;
(ბ) ამ მუხლში აღნიშნულ პირებს, ისევე, როგორც ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას, მოამარაგებენ სურსათითა და სასმელი წყლით, უზრუნველყოფენ პირობებს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ჰიგიენის დასაცავად, აგრეთვე მკაცრი კლიმატური პირობებისა და შეიარაღებული კონფლიქტების საფრთხისაგან დასაცავად;
(გ) მათთვის ნებადართულია ინდივიდუალური ან კოლექტიური დახმარების მიღება;
(დ) ნებადართული იქნება რელიგიურ წეს-ჩვეულებათა შესრულება და შესაბამისი თხოვნის შესაბამისად, როცა ეს მიზანშეწონილია, სულიერი დახმარების მიღება ისეთი პირებისაგან, როგორიცაა მაგალითად რელიგიური ფუნქციების შემსრულებელი კაპელანი;
(ე) მუშაობისას მათ უზრუნველყოფენ შრომის ისეთივე პირობებითა და გარანტიებით, რომლითაც სარგებლობს ადგილობრივი სამოქალაქო მოსახლეობა.
2. ისინი, ვინც პასუხს აგებს პირველ პარაგრაფში ხსენებულ პირთა ინტერნირებაზე ან დაკავებაზე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში დაიცავენ ასეთ პირებთან დაკავშირებულ შემდეგ დებულებებს:
(ა) იმ შემთხვევის გარდა, როცა ერთი ოჯახის წევრი მამაკაცები და ქალები ერთად თავსდებიან, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე შენობებში განთავსდებიან და ქალები ქალთა უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან;
(ბ) ნებადართული იქნება წერილებისა და საფოსტო ბარათების გაგზავნა და მიღება, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ უფლებამოსილმა ორგანომ შეზღუდოს მათი რაოდენობა;
(გ) ინტერნირებისა და დაკავების ადგილები საომარი მოქმედებების ზონის მახლობლად არ უნდა განლაგდეს. პირველ პარაგრაფში ხსენებული პირები უნდა იყვნენ ევაკუირებული, თუ მათი ინტერნირების ან დაკავების ადგილებს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საფრთხე ემუქრება და თუ შესაძლებელია, რომ აღნიშნული ევაკუაცია განხორციელდეს უსაფრთხოების ადეკვატურ პირობებში;
(დ) ისარგებლონ სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების უფლებით;
(ე) ზიანი არ უნდა მიადგეს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ხელშეუხებლობას ნებისმიერი გაუმართლებელი მოქმედების ან დაუდევრობის შედეგად. შესაბამისად, იკრძალება ამ მუხლში აღნიშნულ პირთა მიმართ რაიმე სამედიცინო პროცედურების ჩატარება, რომლის აუცილებლობა არ არის გამოწვეული მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით და არ პასუხობს საყოველთაოდ მიღებულ იმ სამედიცინო ნორმებს, რომელიც ანალოგიურ ვითარებაში გამოიყენება თავისუფალ პირთა მიმართ.
3. პირები, რომლებზეც პირველი პარაგრაფის დებულებანი არ ვრცელდება, მაგრამ რომელთა თავისუფლებაც შეიზღუდა შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარე რაიმე მიზეზით, სარგებლობენ ადამიანური მოპყრობით მე-4 მუხლისა და ამ მუხლის 1(ა), (გ), (დ) და 2(ბ) პუნქტების შესაბამისად.
4. თუ მიიღება გადაწყვეტილება თავისუფლებააღკვეთილ პირთა განთავისუფლების შესახებ, ისინი, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამ პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს გაატარებენ.
მუხლი 6 - სისხლისსამართლებრივი დევნა
1. ეს მუხლი გამოიყენება შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დანაშაულების სასამართლო წესით დევნისას და დამნაშავეთა დასჯისას.
2. არ იქნება გამოტანილი არც ერთი განაჩენი და დამნაშავეს არ დაეკისრება სასჯელი, თუ გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი მხოლოდ იმ სასამართლოს მიერ, რომელიც დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ძირითად გარანტიებს უზრუნველყოფს. კერძოდ:
(ა) პროცედურა უნდა ითვალისწინებდეს ბრალდებულის დაუყოვნებლივ ინფორმირებას იმ დანაშაულის დეტალების შესახებ, რომლის ჩადენაც მას ბრალად ედება; ბრალდებული, სასამართლომდე და სასამართლოს დროს, დაცვის ყველა აუცილებელი უფლებითა და საშუალებით უნდა სარგებლობდეს;
(ბ) სამართალდარღვევისათვის მსჯავრის დადება დასაშვებია მხოლოდ ინდივიდუალური სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველზე;
(გ) არც ერთი პიროვნება არ იქნება აღიარებული დამნაშავედ იმ დანაშაულის გამო, იქნება ეს ჩადენილი ქმედებითა თუ უმოქმედობით, რომელიც მისი ჩადენის დროისათვის არ წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას; აგრეთვე არ შეიძლება იმაზე უფრო მკაცრი სასჯელის დაკისრება, ვიდრე სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული; თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონი უფრო მსუბუქ სასჯელს დაადგენს, დამნაშავეზე ამ კანონის მოქმედება გავრცელდება;
(დ) ყოველი ეჭვმიტანილი პირი, კანონის შესაბამისად მისი ბრალის დადგენამდე ითვლება უდანაშაულოდ;
(ე) ყოველ ბრალდებულს სასამართლოს წესით საქმის განხილვის მისი თანდასწრებით წარმართვის მოთხოვნის უფლება აქვს;
(ვ) დაუშვებელია პიროვნების იძულება მისცეს საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება ან იძულებით აღიაროს ბრალი.
3. განაჩენის გამოტანის დროს მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს მისი განაჩენის სასამართლოს ან სხვა წესით გასაჩივრების უფლება და ვადა, რომლის განმავლობაში მას შეუძლია აღნიშნული უფლების გამოყენება.
4. დაუშვებელია სასიკვდილო განაჩენის გამოტანა იმ პირთა მიმართ, რომელთაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებიათ თვრამეტი წელი, ასევე დაუშვებელია განაჩენის აღსრულება ფეხმძიმე ქალებისა და მცირეწლოვანი შვილების დედების მიმართ.
5. საომარი მოქმედებების დასრულებისას მმართველი ორგანოები შეეცდებიან, რაც შეიძლება ფართო ამნისტია მიანიჭონ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილე და იმ პირებს, რომელთაც თავისუფლება აღეკვეთათ შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, განურჩევლად იმისა, ინტერნირებულნი არიან ისინი, თუ დაკავებულნი.
![]() |
8.4 ნაწილი III დაჭრილები, ავადმყოფები და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 7 - მფარველობა და ზრუნვა
1. ყველა დაჭრილი, ავადმყოფი და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილი პირი, მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა თუ არა შეიარაღებულ კონფლიქტში, უნდა სარგებლობდეს პატივისცემითა და დაცვით.
2. ყველგან და ყოველთვის მათ უნდა ეპყრობოდნენ ადამიანურად. შეძლებისამებრ და უმოკლეს ვადაში მათ უზრუნველყოფენ სამედიცინო დახმარებითა და მოვლით, რომელსაც მათი მდგომარეობა საჭიროებს. დაუშვებელია მათი განსხვავება სამედიცინო მოსაზრებებისაგან განყენებული მიზეზების გამო.
მუხლი 8 - ძებნა
არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი შეტაკების შემდეგ, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიღებული ყველა შესაძლო ზომა დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა მოსაძებნად და გადასაყვანად, მათი ძარცვისა და ცუდი მოპყრობისაგან დასაცავად, საჭირო მოვლით უზრუნველსაყოფად და გარდაცვლილთა მოსაძებნად მათი გაძარცვის მცდელობის აცილებისა და სათანადოდ დაკრძალვის მიზნით.
მუხლი 9 - სამედიცინო და სასულიერო პერსონალის დაცვა
1. სამედიცინო და სასულიერო პერსონალი უნდა სარგებლობდეს პატივისცემითა და დაცვით, ხოლო მოვალეობების შესრულებისას კი უნდა მიიღონ საჭირო დახმარება. დაუშვებელია პერსონალის იძულება შეასრულოს მის ჰუმანიტარულ მისიასთან შეუსაბამო საქმიანობა.
2. დაუშვებელია იმის მოთხოვნა, რომ თავისი ფუნქციების შესრულებისას სამედიცინო პერსონალმა უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე პირს, გარდა სამედიცინო მიზანშეწონილობით ნაკარნახევი შემთხვევებისა.
მუხლი 10 - სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელ პირთა
ზოგადი დაცვა
1. დაუშვებელია სამედიცინო პერსონალის დასჯა მათ მიერ განხორციელებული, სამედიცინო ეთიკის შესაბამისი, სამედიცინო ფუნქციების შესრულების გამო, მიუხედავად იმისა, თუ რომელმა პირმა ისარგებლა აღნიშნული დახმარებით.
2. დაუშვებელია სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელ პირთა იძულება განახორციელონ ქმედებები ან შეასრულონ სამუშაო, რომელიც არღვევს სამედიცინო ეთიკისა და დაჭრილთა და ავადმყოფთა ინტერესების დამცავ ნორმებს ან ამ ოქმის დებულებებს, ასევე დაუშვებელია პერსონალის იძულება თავი შეიკავონ ამ ნორმებითა და დებულებებით გათვალისწინებული ქმედებების შესრულებისაგან.
3. ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, პატივი უნდა სცენ სამედიცინო ფუნქციების შემსრულებელ პირთა პროფესიულ ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების შესახებ ინფორმაციის მიღებასთან.
4. ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინებით, არც ერთი სამედიცინო ფუნქციის შემსრულებელი პირი არ შეიძლება დაისაჯოს მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ან ნამყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისა და ინფორმაციის გაუცემლობის გამო.
მუხლი 11 - სამედიცინო ფორმირებათა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების დაცვა
1. სამედიცინო ფორმირებანი და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებანი ნებისმიერ დროს პატივისცემითა და დაცვით სარგებლობენ და არ შეიძლება გახდნენ თავდასხმის ობიექტი.
2. დაცვა, რომლითაც სარგებლობს სამედიცინო ფორმირებები და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წყდება, თუ იგი მტრული მოქმედებების განსახორციელებლად გამოიყენება. თუმცა, დაცვა შეწყდება მხოლოდ გაფრთხილების შემდგომ, რომელიც, საჭიროებისამებრ, გონივრულ ვადას ადგენს, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამგვარი გაფრთხილება არ იქნა მხედველობაში მიღებული.
მუხლი 12 - განმასხვავებელი ემბლემა
შესაბამისი კომპეტენტური ხელისუფლების კონტროლით გათვალისწინებულია სამედიცინო ან სასულიერო პერსონალის, სამედიცინო ფორმირებებისა და სანიტარულ-სატრანსპორტო საშუალებების მიერ თეთრ ფონზე წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარის ან წითელი ლომისა და მზის განმასხვავებელი ემბლემის ტარება ან თვალსაჩინო ადგილზე გამოფენა. ემბლემა ნებისმიერ გარემოებაში პატივისცემით სარგებლობს. დაუშვებელია ემბლემის არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
![]() |
8.5 ნაწილი IV სამოქალაქო მოსახლეობა |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 13 - სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა
1. სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები სარგებლობენ სამხედრო ოპერაციების შედეგად წარმოშობილი საფრთხისაგან ზოგადი დაცვით. ამ დაცვის განხორციელების მიზნით, ყოველგვარ ვითარებაში დაცული უნდა იყოს შემდეგი ნორმები.
2. დაუშვებელია სამოქალაქო მოსახლეობაზე, აგრეთვე ცალკეულ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის განხორციელება. აკრძალულია ძალადობის აქტები ან ძალადობის მუქარა, რომლის ძირითადი მიზანია სამოქალაქო მოსახლეობაში შიშის გავრცელება.
3. სამოქალაქო პირები სარგებლობენ ამ ნაწილით გათვალისწინებული დაცვით გარდა იმ შემთხვევისა და პერიოდისა, როცა ისინი უშუალოდ მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში.
მუხლი 14 - სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელი
ობიექტების დაცვა
აკრძალულია სამოქალაქო მოსახლეობაში შიმშილის, როგორც საომარი მოქმედების წარმართვის მეთოდის გამოყენება. ამიტომ, აკრძალულია ამ მიზნით სამოქალაქო მოსახლეობის საარსებოდ აუცილებელი ობიექტების - საკვების მარაგის, სურსათის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო რაიონების, ნათესების, საქონლის, სასმელი წყლით მომარაგების ნაგებობებისა და მათი მარაგის,აგრეთვე საირიგაციო ნაგებობების განადგურება, მათზე თავდასხმა, მათი გადატანა ან მწყობრიდან გამოყვანა.
მუხლი 15 - სახიფათო ძალის შემცველი დანადგარებისა და
ნაგებობების დაცვა
სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები, კერძოდ კი კაშხალები, დამბები და ატომური ელექტროსადგურები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ისინი სამხედრო ობიექტს წარმოადგენენ, თუ ამგვარმა თავდასხმამ შეიძლება სახიფათო ძალთა გამოთავისუფლება და სამოქალაქო მოსახლეობაში თანმდევი მძიმე დანაკარგები გამოიწვიოს.
მუხლი 16 - კულტურული ფასეულობებისა და ღვთისმსახურების
ადგილების დაცვა
შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 1954 წლის 14 მაისის ჰააგის კონვენციის დებულებებისათვის ზიანის მიუყენებლად, აკრძალულია მტრული მოქმედებების განხორციელება იმ ისტორიული ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების ან ღვთისმსახურების ადგილების მიმართ, რომელიც ხალხთა კულტურულ ან სულიერ მემკვიდრეობას წარმოადგენს, ასევე დაუშვებელია ამგვარი ობიექტების გამოყენება სამხედრო მიზნების მისაღწევად.
მუხლი 17 - სამოქალაქო პირების იძულებითი გადაადგილების აკრძალვა
1. არ უნდა გაიცეს ბრძანება კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზებით სამოქალაქო მოსახლეობის გადაადგილების შესახებ, თუ ეს გამოწვეული არ არის სამოქალაქო პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებით ან უკიდურესი სამხედრო აუცილებლობით. ამგვარი გადაადგილების აუცილებლობის შემთხვევაში მიიღება ყველა შესაძლო ზომა სამოქალაქო მოსახლეობის თავშესაფრის, ჰიგიენის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში მისაღებად.
2. დაუშვებელია სამოქალაქო პირთა იძულება დატოვონ საკუთარი ტერიტორია კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
მუხლი 18 - დახმარების საზოგადოებები და დახმარების ოპერაციები
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მყოფ დახმარების საზოგადოებებს, ისეთებს, როგორიცაა წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ორგანიზაციები, შეუძლიათ შესთავაზონ სამსახური შეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა მიმართ თავისი ტრადიციული ფუნქციების შესრულების მიზნით. სამოქალაქო მოსახლეობას, საკუთარი ინიციატივითაც კი, შეუძლია შესთავაზოს დაჭრილთა, ავადმყოფთა და ხომალდის დაღუპვაში მოყოლილ პირთა შეგროვება და მოვლა.
2. თუ სამოქალაქო მოსახლეობა განიცდის უკიდურეს გაჭირვებას საარსებოდ აუცილებელი საშუალებების, როგორიცაა სურსათი და სამედიცინო საშუალებები, მოწოდების უკმარისობის გამო, დაინტერესებული მაღალი ხელშემკვრელი მხარის თანხმობით ტარდება სამოქალაქო მოსახლეობის დახმარების ოპერაციები, რომელიც მხოლოდ ჰუმანიტარულ და მიუკერძოებელ ხასიათს ატარებს და ყოველგვარი დისკრიმინაციული განსხვავების გარეშე ხორციელდება.
![]() |
8.6 ნაწილი V დასკვნითი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 19 - გავრცელება
წინამდებარე ოქმი რაც შეიძლება ფართოდ უნდა გავრცელდეს.
მუხლი 20 - ხელმოწერა
წინამდებარე ოქმი კონვენციების მონაწილე მხარეთა მიერ ხელმოსაწერად ღიაა საბოლოო აქტის ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ და დარჩება ღიად თორმეტი თვის განმავლობაში.
მუხლი 21 - რატიფიკაცია
წინამდებარე ოქმის რატიფიცირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირებული უნდა იყოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოსთან, კონვენციების დეპოზიტართან.
მუხლი 22 - მიერთება
წინამდებარე ოქმი მისაესაერთებლად ღიაა კონვენციების მონაწილე ნებისმიერი მხარისათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია. მიერთების აქტი დეპონირებული უნდა იყოს დეპოზიტართან.
მუხლი 23 - ძალაში შესვლა
1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის ორი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების აქტის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
2. კონვენციების მონაწილე თითოეული მხარისათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს წინამდებარე ოქმის რატიფიცირებას ან შეერთებას, ის ძალაში შედის ამ მხარის მიერ მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 24 - შესწორებები
1. ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე ოქმში შესწორებების შეტანის შეთავაზება. ყოველი შეთავაზებული შესწორების ტექსტი გაეგზავნება დეპოზიტარს, რომელიც ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარესთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტს, მოიწვიოს თუ არა კონფერენცია შეთავაზებული შესწორების განსახილველად.
2. დეპოზიტარი ამ კონფერენციაზე მოიწვევს ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, და ასევე კონვენციების მონაწილე მხარეებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმზე ხელმომწერნი.
მუხლი 25 - დენონსაცია
1. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარე მოახდენს წინამდებარე ოქმის დენონსაციას, დენონსაცია ძალაში შედის მხოლოდ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. თუმცა, თუ ამ ექვსი თვის ამოწურვამდე მხარე, რომელმაც დენონსაციის შესახებ განაცხადა, აღმოჩნდება პირველ მუხლში მითითებულ ვითარებაში, დენონსაცია ძალაში შედის შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ. პირები, რომელთაც თავისუფლება აღკვეთილი ან შეზღუდული აქვთ კონფლიქტთან დაკავშირებული მიზეზების გამო, მაინც აგრძელებენ წინამდებარე ოქმის დებულებებით გათვალისწინებული მფარველობით სარგებლობას მათ საბოლოო გათავისუფლებამდე.
2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება წერილობითი ფორმით გაეგზავნება დეპოზიტარს, რომელიც ამ შეტყობინებას ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს დაუგზავნის.
მუხლი 26 - შეტყობინებები
დეპოზიტარი მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს და კონვენციების მონაწილე სახელმწიფოებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმის ხელმომწერნი, ატყობინებს:
(ა) 21-ე და 22-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე ოქმზე გაკეთებული ხელმოწერების, დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელებისა და შეერთების აქტების შესახებ;
(ბ) 23-ე მუხლის თანახმად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ; და
(გ) 24-ე მუხლის თანახმად მიღებული შეტყობინებებისა და განცხადებების შესახებ.
მუხლი 27 - რეგისტრაცია
1. ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე ოქმი დეპოზიტარის მიერ იგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციოდ და გამოსაქვეყნებლად.
2. დეპოზიტარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს შეატყობინებს წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით მიღებული ყველა რატიფიკაციის სიგელისა და შეერთების აქტის შესახებ.
მუხლი 28 - ავთენტური ტექსტები
წინამდებარე ოქმის დედანი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირებული უნდა იყოს დეპოზიტართან, რომელიც კონვენციების ყველა მონაწილე მხარეს ოქმის დამოწმებულ ასლებს გადასცემს.
![]() |
8.7 1974-77 წწ. დიპლომატიური კონფერენციის მეოთხე სესიაზე მიღებული რეზოლუციები1 |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.7.1 რეზოლუცია 17 ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმის (I ოქმი) დაცვის ქვეშ მყოფი სანიტარული საჰაერო ხომალდების მიერ ამოცნობის ზოგიერთი ელექტრონული და ვიზუალური საშუალებების გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 1974-1977წწ. დიპლომატიური კონფერენცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ, ითვალისწინებს რა, რომ:
(ა) იმისთვის, რათა არ მოხდეს მებრძოლი მხარეების მიერ სანიტარული საჰაერო ხომალდის საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, საჭიროა რაც შეიძლება მალე განისაზღვროს სანიტარული საჰაერო ხომალდების ფრენისას ელექტრონული და ვიზუალური ამოცნობის საკითხი,
(ბ) მეორად საზედამხედველო სარადარო სისტემებს (SSR) აქვთ სანიტარული ხომალდისა და მისი ფრენის სამარშრუტო დეტალების ამოცნობის უნიკალური შესაძლებლობები,
(გ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, არსებული პირობებიდან გამომდინარე, წარმოადგენს SSR-ის მუშაობის რეჟიმებისა და კოდების განსაზღვრისათვის ყველაზე შესაფერის საერთაშორისო ორგანოს,
(დ) ეს კონფერენცია შეთანხმდა ცისფერი მოციმციმე შუქის გამოყენებაზე მხოლოდ სანიტარულ ტრანსპორტირებაში ჩართული საჰაერო ხომალდების ვიზუალურად ამოსაცნობად,
აცნობიერებს რა, რომ სანიტარული საჰაერო ხომალდების ამოცნობისათვის გამიზნული ექსკლუზიური და საყოველთაოდ აღიარებული SSR მუშაობის რეჟიმისა და კოდების წინასწარი შეთანხმებით შექმნა არ არის შესაძლებელი SSR სისტემების ფართო გავრცელების გამო,
1. თხოვნით მიმართავს კონფერენციის პრეზიდენტს, გადასცეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას ეს დოკუმენტი, კონფერენციის სხვა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად და ამ ორგანიზაციას შესთავაზოს შემდეგი:
(ა) სანიტარული საჰაერო ხომალდებისათვის ჩამოაყალიბოს შესაბამისი პროცედურული წესები საერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების დროს შშღ-ის სპეციალური სამუშაო რეჟიმისა და კოდების შესაქმნელად;
და,
(ბ) მხედველობაში მიიღოს ამ კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ცისფერი მოციმციმე შუქი აღიარებულია, როგორც სანიტარული საჰაერო ხომალდების ამოცნობის საშუალება და ამ მიზნით უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
2. მოუწოდებს წინამდებარე კონფერენციაზე მოწვეულ ყველა მთავრობას, რომ კონსულტაციებისას ითანამშრომლონ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
ორმოცდამეთოთხმეტე პლენარული სხდომა
1977 წლის 7 ივნისი
დანართი პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართში მოცემული წესების მე-6 და მე-8 მუხლები
მუხლი 6 - შუქოვანი სიგნალი
1. შუქოვანი სიგნალი, რომელიც ცისფერი მოციმციმე შუქისაგან შედგება, გამოიყენება სანიტარული საჰაერო ხომალდებისათვის მათი კუთვნილების დადგენის მიზნით. არც ერთი სხვა საჰაერო ხომალდი ამ სიგნალს არ გამოიყენებს. რეკომენდებული ცისფერი შუქი შემდეგი სამფეროვანი კოორდინატებით მიიღება:
მწვანე |
y=0.065+0.805x |
თეთრი |
y=0.400-x |
იისფერი |
x=0.133+0.600y |
ცისფერი შუქისთვის ციმციმის რეკომენდებული სიხშირეა 60-100 დაციმციმება წუთში.
2. სანიტარული საჰაერო ხომალდი ამ შუქით ისე უნდა იყოს აღჭურვილი, რომ იგი ყველა შესაძლო მიმართულებიდან იყოს ხილვადი.
3. თუ კონფლიქტის მხარეებს შორის არ არსებობს სპეციალური შეთანხმება ცისფერი მოციმციმე შუქის გამოყენებაზე სანიტარული ტრანსპორტის, წყლისა და საჰაერო ხომალდების ამოსაცნობად, მაშინ ამგვარი სიგნალების გამოყენება სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე და ხომალდებზე აკრძალული არ არის.
მუხლი 8 - ელექტრონული ამოცნობა
1. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის მე-10 დანართში (ცვლილებებითა და დამატებებით) მითითებული მეორადი საზედამხედველო სარადარო სისტემა (SSR) შეიძლება გამოყენებული იყოს სანიტარული საჰაერო ხომალდის მარშრუტის დასადგენად და კვალის დასადგენად. სანიტარული საჰაერო ხომალდისათვის SSR-ის სპეციალური მუშაობის რეჟიმი და კოდი დადგინდება მაღალი ხელშემკვრელი მხარეების, კონფლიქტის მხარეების ან მხარის მიერ, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული პროცედურების შესაბამისად შეთანხმების საფუძველზე ან მხოლოდ საკუთარი ინიციატივით მოქმედებს.
2. კონფლიქტის მხარეებს, სპეციალური შეთანხმებით შეუძლიათ დააწესონ სანიტარული სატრანსპორტო საშუალებების, წყლისა და საჰაერო ხომალდების ამოცნობის მსგავსი სისტემები.
_________________________________
1. წინამდებარე გამოცემაში წარმოდგენილია კონფერენციის მეოთხე სესიის მხოლოდ მე-17, მე-18, მე-19, მე-20, 21-ე, 22-ე და 24-ე რეზოლუციები. პირველ სამ სესიაზე მიღებული რეზოლუციები და მეოთხე სესიაზე მიღებული 23-ე რეზოლუცია კონფერენციის მუშაობას ეხება და ზოგადი ხასიათის არ არის; მათი მოძიება კონფერენციის ოფიციალურ არქივებშია შესაძლებელი.
![]() |
8.7.2 რეზოლუცია 18 ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმის (I ოქმი) დაცვის ქვეშ მყოფი სანიტარული ტრანსპორტის ამოცნობისათვის ვიზუალური სიგნალების გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 1974-1977წწ. დიპლომატიური კონფერენცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ,
ითვალისწინებს რა, რომ:
(ა) საჭიროა გაუმჯობესდეს სანიტარული ტრანსპორტის ვიზუალური ამოცნობა მასზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად,
(ბ) ეს კონფერენცია შეთანხმდა, რომ ცისფერი მოციმციმე შუქი, როგორც ვიზუალური ამოცნობის საშუალება, გამოიყენება მხოლოდ სანიტარულ ტრანსპორტირებაში მონაწილე საჰაერო ხომალდების მიერ,
(გ) სპეციალური შეთანხმების საფუძველზე კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ შეზღუდონ ცისფერი მოციმციმე შუქის გამოყენება მხოლოდ სანიტარული სახმელეთო ტრანსპორტის, წყლისა და საჰაერო ხომალდების ამოსაცნობად, მაგრამ, თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, ამგვარი სიგნალების გამოყენება სხვა სახმელეთო ტრანსპორტისა და ხომალდებისათვის აკრძალული არ არის,
(დ) სანიტარული ტრანსპორტის ამოსაცნობად განმასხვავებელი ემბლემისა და ცისფერი მოციმციმე შუქის გარდა შეიძლება გამოყენებული იყოს ვიზუალური ამოცნობის სხვა საშუალებებიც, როგორიცაა სასიგნალო დროშები და სინათლის კომბინაციები,
(ე) სამთავრობათაშორისო საზღვაო საკონსულტაციო ორგანიზაცია არის ყველაზე შესაფერისი საერთაშორისო ორგანიზაცია საზღვაო გარემოში გამოყენებადი ვიზუალური სიგნალების განსაზღვრისა და საჯაროდ განცხადებისთვის,
მხედველობაში იღებს რა, რომ თუმცა ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციები ცნობენ ჰოსპიტალური საზღვაო ხომალდებისა და სანიტარული საჰაერო ხომალდების უფლებას ატარონ განმასხვავებელი ემბლემები, ამგვარი უფლება არ არის ასახული სამთავრობათაშორისო საზღვაო საკონსულტაციო ორგანიზაციის შესაბამის დოკუმენტებში,
1. სთხოვს კონფერენციის პრეზიდენტს გადასცეს სამთავრობათაშორისო საზღვაო საკონსულტაციო ორგანიზაციას ეს რეზოლუცია, კონფერენციის სხვა დოკუმენტებთან ერთად და ამ ორგანიზაციას შესთავაზოს:
(ა) განიხილოს პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართში ჩამოყალიბებული წესების მე-3 თავის მე-6 მუხლში აღწერილი ცისფერი მოციმციმე შუქის განსაზღვრების შეტანის საკითხი შესაბამის დოკუმენტებში, მაგალითად სიგნალების საერთაშორისო კოდექსში;
(ბ) უზრუნველყოს შესაბამის დოკუმენტებში განმასხვავებელი ემბლემების აღიარება (იხილეთ ზემოაღნიშნული წესების მე-2 თავის მე-3 მუხლი);
(გ) განიხილოს იმგვარი განმასხვავებელი სასიგნალო დროშებისა და სინათლის კომბინაციების (როგორიცაა, მაგალითად თეთრი-წითელი-თეთრი) შემუშავების საკითხი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს სანიტარული ტრანსპორტის ვიზუალური ამოცნობის დამატებით ან ალტერნატიულ საშუალებად;
2. მოუწოდებს წინამდებარე კონფერენციაზე მოწვეულ ყველა მთავრობას, რომ კონსულტაციებისას ითანამშრომლონ სამთავრობათაშორისო საზღვაო საკონსულტაციო ორგანიზაციასთან.
ორმოცდამეთოთხმეტე პლენარული სხდომა
1977 წლის 7 ივნისი
დანართი პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართში მოცემული წესების მე-3, მე-6, მე-10 და მე-11 მუხლები
მუხლი 3 - ფორმა და დამახასიათებელი ნიშნები
1. განმასხვავებელი ემბლემა (წითელი თეთრ ფონზე), გარემოებებიდან გამომდინარე, უნდა იყოს რაც შეიძლება დიდი ზომის. წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი ლომისა და მზის ფორმასთან დაკავშირებით, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ მე-2 სურათზე გამოსახული ნიმუშებით.
2. ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში განმასხვავებელი ემბლემა შეიძლება განათდეს ან ანათებდეს; ის აგრეთვე შეიძლება ისეთი მასალისაგან დამზადდეს, რომელიც სათანადო ტექნიკური საშუალებებით იძლევა მისი ამოცნობის საშუალებას.
[სურათი 2: წითელი განმასხვავებელი ემბლემები თეთრ ფონზე. ]
მუხლი 6 - შუქოვანი სიგნალი
1. შუქოვანი სიგნალი, რომელიც ცისფერი მოციმციმე შუქისაგან შედგება, გამოიყენება სანიტარული საჰაერო ხომალდებისათვის მათი კუთვნილების დადგენის მიზნით. არცერთი სხვა საჰაერო ხომალდი ამ სიგნალს არ გამოიყენებს. რეკომენდებული ცისფერი შუქი შემდეგი სამფეროვანი კოორდინატებით მიიღება:
მწვანე |
y=0.065+0.805x |
თეთრი |
y=0.400-x |
იისფერი |
x=0.133+0.600y |
ცისფერი შუქისთვის ციმციმის რეკომენდებული სიხშირეა 60-100 დაციმციმება წუთში.
2. სანიტარული საჰაერო ხომალდი ამ შუქით ისე უნდა იყოს აღჭურვილი, რომ იგი ყველა შესაძლო მიმართულებიდან იყოს ხილვადი.
3. თუ კონფლიქტის მხარეებს შორის არ არსებობს სპეციალური შეთანხმება ცისფერი მოციმციმე შუქის გამოყენებაზე სანიტარული ტრანსპორტის, წყლისა და საჰაერო ხომალდების ამოსაცნობად, მაშინ ამგვარი სიგნალების გამოყენება სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე და ხომალდებზე აკრძალული არ არის.
მუხლი 10 - საერთაშორისო კოდების გამოყენება
სანიტარულ შენაერთებსა და სატრანსპორტო საშუალებებს აგრეთვე შეუძლიათ გამოიყენონ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და სამთავრობათაშორისო საზღვაო საკონსულტაციო ორგანიზაციის მიერ დადგენილი კოდები და სიგნალები. ეს კოდები და სიგნალები ამ ორგანიზაციათა მიერ დადგენილი სტანდარტების, პრაქტიკისა და პროცედურების შესაბამისად გამოიყენება.
მუხლი 11 - კავშირის სხვა საშუალებები
როდესაც შეუძლებელია ორმხრივი რადიოკავშირის დამყარება, შეიძლება გამოყენებული იყოს სამთავრობათაშორისო საზღვაო საკონსულტაციო ორგანიზაციის მიერ მიღებულ სიგნალების საერთაშორისო კოდექსსა ან საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის შესაბამის დანართში (ცვლილებებითა და დამატებებით) მოცემული სიგნალები.
![]() |
8.7.3 რეზოლუცია 19 ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმის (I ოქმი) დაცვის ქვეშ მყოფი სანიტარული ტრანსპორტის შესახებ შეტყობინებისა და ამოცნობისათვის რადიოკავშირების გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 1974-1977 წწ. დიპლომატიური კონფერენცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ,
ითვალისწინებს რა, რომ:
(ა)სანიტარული ტრანსპორტის ამოსაცნობად და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციისათვის აუცილებელია გამოყენებული იყოს გასარკვევი და საიმედო კავშირის საშუალებები,
(ბ) სანიტარულ ტრანსპორტთან დაკავშირებული კავშირის საშუალებებს სათანადო და შესაფერისი ყურადღება მხოლოდ იმ შემთხვევაში მიექცევა, თუ ის ამოიცნობა საყოველთაოდ აღიარებული სიგნალებით, როგორიცაა „Red Cross“, „Humanity“, „Mercy” ან სხვა ტექნიკურად ან ფონეტიკურად ამოსაცნობი ტერმინით,
(გ) კონფლიქტთან დაკავშირებულ გარემოებათა მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდის რადიოკავშირის შესაბამისი რადიოსიხშირის წინასწარ შერჩევას,
(დ) სანიტარული ტრანსპორტის ამოცნობასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადასაცემად გამოყენებული რადიოსიხშირე უნდა ეცნობოს ყველა მხარეს, რომელმაც შეიძლება გამოიყენოს სანიტარული ტრანსპორტი,
მხედველობაში იღებს რა:
(ა) 1973 წლის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის უფლებამოსილი კონფერენციის № 2 რეკომენდაციას, რომელიც ეხება რადიოკავშირის გამოყენებას ჟენევის 1949 წლის კონვენციების დაცვის ქვეშ მყოფი ჰოსპიტალური ხომალდებისა და სანიტარული საჰაერო ხომალდების გამოსაცხადებლად და ამოსაცნობად,
(ბ) ჟენევის 1974 წლის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მსოფლიო საზღვაო ადმინისტრაციული რადიოკავშირის შესახებ კონფერენციის №Mar 2-17 რეკომენდაციას, რომელიც ეხება რადიოკავშირის გამოყენებას ომის მსხვერპლთა დაცვასთან დაკავშირებული ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციებისა და ამ კონვენციების ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტის დაცვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებათა დანიშვნის, ამოცნობის, მდებარეობის დადგენისა და კავშირის დასამყარებლად, ასევე კონფლიქტში არამონაწილე სახელმწიფოს გემებისა და საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
(გ) საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) მუდმივი ორგანოს - სიხშირეთა რეგისტრაციის საერთაშორისო საბჭოს (IFRB) მიერ მიღებულ მემორანდუმს, რომელიც ეხება ეროვნულ დონეზე რადიოკავშირის საკითხებში კოორდინაციის საჭიროებას,
აღიარებს რა, რომ:
(ა) - სიხშირეთა შექმნა და გამოყენება, მათ შორის უბედურების შესახებ შეტყობინების სიხშირის,
- მობილური სამსახურის სამოქმედო პროცედურები,
- უბედურების, განგაშის, სასწრაფო და უსაფრთხოების სიგნალები, და
- მობილურ სამსახურში კავშირის დამყარების პრიორიტეტულობის წესი დადგენილია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონვენციაზე დართული რადიოკავშირის წესებით,
(ბ) ეს წესები შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციის მიერ,
(გ) საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის შემდეგი რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენცია დაგეგმილია 1979 წლისათვის და წერილობითი წინადადებები რადიოკავშირის წესებში ცვლილებების შეტანის თაობაზე სახელმწიფოებმა უნდა წარმოადგინონ კონფერენციის გახსნამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე,
1. მხედველობაში იღებს იმ ფაქტს, რომ ჟენევის 1979 წლის რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციის დღის წესრიგში შეტანილია სპეციალური საკითხი, რომლის თანახმად:
„2.6 შესწავლილ იქნას ჟენევის 1949 წლის კონვენციების ან მათი ნებისმიერი დამატებითი დოკუმენტის დაცვის ქვეშ მყოფი სანიტარული ტრანსპორტის დანიშვნის, ამოცნობის, მდებარეობის დადგენისა და მათთან კავშირის დამყარებისათვის რადიოკავშირის გამოყენების ტექნიკური ასპექტები”;
2. სთხოვს კონფერენციის პრეზიდენტს გადასცეს წინამდებარე კონფერენციაზე მოწვეულ ყველა სახელმწიფოსა და ორგანიზაციას ეს დოკუმენტი თანდართულ მასალებთან ერთად, რომელიც შეიცავს მოთხოვნებს როგორც რადიოსიხშირეებთან, ისე შესაბამისი სიგნალის საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციის მსვლელობისას უნდა დაკმაყოფილდეს;
3. მოუწოდებს წინამდებარე კონფერენციაზე მოწვეულ ყველა სახელმწიფოს, რაც შეიძლება სწრაფად ჩაატარონ შესაბამისი მზადება 1979 წლის რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციისათვის იმ მიზნით, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში დაცვის ქვეშ მყოფი სანიტარული ტრანსპორტის კავშირისადმი წაყენებული აუცილებელი მოთხოვნები რადიოკავშირის წესებში შესაბამისად აისახოს.
ორმოცდამეთოთხმეტე პლენარული სხდომა
1977 წლის 7 ივნისი
დანართი პირველი დამატებითი ოქმის პირველ დანართში მოცემული წესების მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები
მუხლი 7 - რადიო სიგნალი
1. რადიო სიგნალი უნდა შედგებოდეს რადიო სატელეფონო ან რადიო სატელეგრაფო შეტყობინებისაგან, რომელიც გადაიცემა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის რადიოკავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციის მიერ განსაზღვრული და დამტკიცებული განმასხვავებელი თანმიმდევრული სიგნალით. შესაბამისი სანიტარული სატრანსპორტო საშუალების მიერ შეტყობინების ნიშნის გადაცემამდე ის სამჯერ გადაიცემა. ეს შეტყობინება გადაიცემა ინგლისურ ენაზე შესაბამისი ინტერვალებით, მე-3 პარაგრაფის თანახმად განსაზღვრულ სიხშირეზე ან სიხშირეებზე. აღნიშნული სიგნალის გამოყენება მკაცრად შემოიფარგლება მხოლოდ სანიტარული შენაერთებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ.
2. პირველ პარაგრაფში აღნიშნული განმასხვავებელი თანმიმდევრული სიგნალის გადაცემამდე გასაკეთებელი რადიო შეტყობინება შემდეგ მონაცემებს უნდა შეიცავდეს:
(ა) სანიტარული სატრანსპორტო საშუალების შეტყობინების ნიშანი;
(ბ) სანიტარული სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობა;
(გ) სანიტარული სატრანსპორტო საშუალების ნომერი და სახეობა;
(დ) დაგეგმილი მარშრუტი;
(ე) რამდენადაც შესაძლებელია, მგზავრობის ხანგრძლივობა, გამგზავრებისა და დაბრუნების სავარაუდო დრო;
(ვ) სხვა ნებისმიერი ინფორმაცია, როგორიცაა ფრენის სიმაღლე, გამოყენებული რადიო სიხშირეები, სასაუბრო ენები და მეორადი რადიო ლოკაციური ამოცნობის სისტემის მუშაობის რეჟიმი და კოდები.
3. იმისთვის, რათა ხელი შეეწყოს პირველ და მეორე პარაგრაფებში, ისევე როგორც ოქმის 22-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებში მითითებული კავშირის გაადვილებას, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, კონფლიქტის მხარეებს ან კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს, რომელიც მხოლოდ მისი ინიციატივით ან შეთანხმებით მოქმედებს, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კონვენციაზე დართული რადიო კავშირის წესებში მოცემულ სიხშირეთა განაწილების ტაბულაზე დაყრდნობით, შეუძლია განსაზღვროს და გამოაქვეყნოს მის მიერ შერჩეული ეროვნული სიხშირეები, რომლებითაც ის ამგვარი კავშირის დამყარებისას ისარგებლებს. ამ სიხშირეთა შესახებ უნდა ეცნობოს საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს, რადიო კავშირის მსოფლიო ადმინისტრაციული კონფერენციის მიერ დამტკიცებული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 8 - ელექტრონული ამოცნობა
1. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენციის მე-10 დანართში (ცვლილებებითა და დამატებებით) მითითებული მეორადი რადიოლოკაციური ამოცნობის სისტემა/მეორადი საზედამხედველო სარადარო სისტემა (SSR) შეიძლება გამოყენებული იყოს სანიტარული საჰაერო ხომალდის მარშრუტის დასადგენად და მის კვალზე სასიარულოდ. SSR-ის სპეციალური მუშაობის რეჟიმი და კოდი სანიტარული საჰაერო ხომალდისათვის დადგინდება მაღალი ხელშემკვრელი მხარეების, კონფლიქტის მხარეების ან მხარის მიერ, რომელიც შეთანხმებით ან მხოლოდ საკუთარი ინიციატივით მოქმედებს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პროცედურების შესაბამისად.
2. კონფლიქტის მხარეებს, სპეციალური შეთანხმებით შეუძლიათ დააწესონ სანიტარული სატრანსპორტო საშუალებების, წყლისა და საჰაერო ხომალდების ამოცნობის მსგავსი სისტემები.
მუხლი 9 - რადიოკავშირი
სანიტარული შენაერთებისა და ტრანსპორტის მიერ ოქმის 22-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განხორციელებისას, ამ წესების მე-7 მუხლში მოცემული თანმიმდევრული სიგნალი შეიძლება წინ უსწრებდეს შესაბამისი რადიოკავშირის დამყარებას.
![]() |
8.7.4 რეზოლუცია 20 კულტურული მემკვიდრეობის დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 1974-1977 წწ. დიპლომატიური კონფერენცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ,
მიესალმება რა ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ დამატებითი ოქმის (I ოქმი) 53-ე მუხლის მიღებას, რომელიც ეხება მასში განსაზღვრული კულტურული ფასეულობებისა და ღვთისმსახურების ადგილების დაცვას,
აცნობიერებს რა, რომ 1954 წლის 14 მაისს ჰააგაში ხელმოწერილი კონვენცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს კოლტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და მისი დამატებითი ოქმი წარმოადგენენ უდიდესი მნიშვნელობის დოკუმენტებს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგებისაგან კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისას და რომ ამ კონვენციის გამოყენებას ზიანი არ ადგება წინა პარაგრაფში აღნიშნული მუხლის მიღებით,
მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომლებიც ზემოაღნიშნულ კონვენციას ჯერ არ მიერთებიან, გახდნენ მისი მონაწილეები.
ორმოცდამეთხუთმეტე პლენარული სხდომა
1977 წლის 7 ივნისი
![]() |
8.7.5 რეზოლუცია 21 შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გავრცელება |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 1974-1977 წწ. დიპლომატიური კონფერენცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ,
დარწმუნებული არის რა, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა არის მისი ეფექტური გამოყენების ძირითადი ფაქტორი,
სწამს რა, რომ აღნიშნული სამართლის ფართო ცოდნა თავის წვლილს შეიტანს ჰუმანიტარული იდეალებისა და ერთა შორის მშვიდობის სულისკვეთების განმტკიცების საქმეში,
1. შეახსენებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს, რომ ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენციის შესაბამისად მათ შეძლებისდაგვარად ფართოდ უნდა განავრცონ ამ კონვენციების შესახებ ცოდნა, და რომ კონფერენციის მიერ მიღებული ოქმები განამტკიცებენ და განავრცობენ აღნიშნულ ვალდებულებას;
2. მოუწოდებს ყველა ხელმომწერ სახელმწიფოს მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა შეიარაღებულ კონფლიქტებში მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების შესახებ ცოდნის ეფექტური გავრცელების უზრუნველსაყოფად, კერძოდ:
(ა) წაახალისოს დაინტერესებული ხელისუფლების ორგანოები, რათა მათ დაგეგმონ და განახორციელონ, საჭიროების შემთხვევაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერითა და რჩევით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სწავლება, განსაკუთრებით შეიარაღებული ძალებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის, ეროვნული გარემოებების მაქსიმალურად გათვალისწინებით;
(ბ) მშვიდობიანობის დროს განახორციელოს შესაბამისი პირების წვრთნა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სწავლებისა და მისი განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ დამატებითი ოქმის (I ოქმი) მე-6 და 82-ე მუხლების შესაბამისად;
(გ) შესაბამის ორგანოებს შესთავაზოს უნივერსიტეტებში (სამართლის, პოლიტიკურ მეცნიერებათა, სამედიცინო და სხვა ფაკულტეტებზე) საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სწავლების ინტენსიურობის გაზრდა;
(დ) განათლების ორგანოებს შესთავაზოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების შესახებ კურსების შემოღება საშუალო სკოლებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში;
3. მოუწოდებს წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი ლომისა და მზის ეროვნულ საზოგადოებებს, თავისი ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს შესთავაზონ სამსახური საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გავრცელებაში;
4. სთავაზობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გავრცელებაში, მათ შორის:
(ა) საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დამხმარე სასწავლო მასალების გამოცემით და ჟენევის კონვენციებისა და მათი ოქმების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებით;
(ბ) საკუთარი ინიციატივით ან მთავრობების ან ეროვნული საზოგადოებების მოთხოვნების საფუძველზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე სემინარებისა და კურსების ორგანიზებით და ამ მიზნით სახელმწიფოებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განხორციელებით.
ორმოცდამეთხუთმეტე პლენარული სხდომა
1977 წლის 7 ივნისი
![]() |
8.7.6 რეზოლუცია 22 ჩვეულებრივი სახის შეიარაღების ზოგიერთი სახეობის გამოყენების აკრძალვა ან შეზღუდვა |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 1974-1977 წწ. დიპლომატიური კონფერენცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ,
მოაწყო რა ოთხი შეხვედრა ჟენევაში 1974, 1975, 1976 და 1977 წლებში და მიიღო რა ახალი ჰუმანიტარული წესები შეიარაღებული კონფლიქტებისა და ომის წარმოების მეთოდებისა და საშუალებების შესახებ,
დარწმუნებულია რა, რომ სამოქალაქო მოსახლეობისა და კომბატანტების ტანჯვა შეიძლება მნიშვნელოვნად შემსუბუქდეს, თუ მიიღწევა შეთანხმებები ჰუმანიტარული მიზნებისათვის ჩვეულებრივი შეიარაღების ზოგიერთი სახეობის გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის შესახებ, მათ შორის იმ სახეობათა, რომელიც შეიძლება მომეტებული ზიანის გამომწვევად ან გამოუსწორებელი შედეგების მომტანად ჩაითვალოს,
ადასტურებს რა, რომ ჰუმანიტარული მიზნებისათვის ჩვეულებრივი შეიარაღების ზოგიერთი სახეობის გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის საკითხი მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იყო ჩვეულებრივი შეიარაღების საკითხების სპეციალურ კომიტეტში კონფერენციის ოთხივე სესიაზე, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით 1974 წელს ლუცერნაში და 1976 წელს ლუგანოში გამართულ სამთავრობო ექსპერტთა კონფერენციებზე,
იშველიებს რა ამასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ გამართულ დისკუსიებსა და მის მიერ მიღებულ შესაბამის რეზოლუციებს, ასევე რიგი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მიერ გაკეთებულ განცხადებებს,
ასკვნის რა, ამ დისკუსიებიდან გამომდინარე, რომ არსებობს სურვილი აიკრძალოს ჩვეულებრივი შეიარაღების ის სახეობები, რომელთა მოქმედების მთავარი მიზანია რენტგენის სხივებით აღმოუჩენადი ფრაგმენტებით დაზიანება, და რომ მიღწეულია ფართო შეთანხმებები ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმებისა და ნაღმ-ხაფანგების თაობაზე, ისწრაფვის რა აგრეთვე, რომ მაქსიმალურად შეთანხმებული იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები ცეცხლგამჩენი იარაღის, ნაპალმის ჩათვლით, აკრძალვის ან შეზღუდვის თაობაზე,
მხედველობაში იღებს რა ისეთი ჩვეულებრივი შეიარაღების სხვა ისეთი სახეობის გამოყენების შედეგებს, როგორიცაა მცირე კალიბრის ჭურვები და ზოგიერთი ფეთქებადი და მსხვრევადი იარაღი, ასევე ამგვარი იარაღების აკრძალვის ან შეზღუდვის შესაძლებლობის განხილვის დაწყების ფაქტს,
აღიარებს რა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ამ სამუშაოს გაგრძელება და მისი განხორციელება აშკარა ჰუმანიტარული მოსაზრებებით ნაკარნახები უკიდურესი აუცილებლობის პირობებში,
დარწმუნებულია რა, რომ შემდგომი სამუშაო უნდა დაეფუძნოს როგორც შეთანხმებით უკვე განსაზღვრულ სფეროების განვითარებას, ასევე მიზნად უნდა დაისახოს შეთანხმების ახალი სფეროების ძიება და, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ეცადოს მიაღწიოს რაც შეიძლება ფართო შეთანხმებას,
1. გადაწყვიტა, რომ კონფერენციაში მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებსა და გაეროს გენერალურ მდივანს გაეგზავნოს სპეციალური კომიტეტის მოხსენება და ამ კომიტეტის მიერ მთავრობებისადმი წარმოდგენილი შემოთავაზებები;
2. მოითხოვს ამ დოკუმენტების და ლუცერნასა და ლუგანოს სამთავრობო ექსპერტთა კონფერენციების მოხსენებების სერიოზულ და დაუყოვნებლივ განხილვას;
3. სთავაზობს მთავრობათა კონფერენციის მოწვევას არა უგვიანეს 1979 წლისა, შემდეგი შეთანხმებების მისაღწევად:
(ა) შეთანხმება, ჰუმანიტარული და სამხედრო მოსაზრებების გათვალისწინებით, ჩვეულებრივი შეიარაღების იმ სახეობათა გამოყენების აკრძალვის ან შეზღუდვის თაობაზე, რომელიც შეიძლება მომეტებული ზიანის მომტანად ან გამოუსწორებელი შედეგების გამომწვევად ჩაითვალოს;
და
(ბ) შეთანხმება ამ სახის ნებისმიერი შეთანხმების გადახედვისა და შემდგომი შეთანხმებების თაობაზე წინადადებების განხილვის მექანიზმზე;
4. მოუწოდებს ჩატარდეს კონსულტაციები ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური ასამბლეის 32-ე სესიაზე, რათა მიღწეული იყოს შეთანხმება კონფერენციის მოსამზადებელი საფეხურების თაობაზე;
5. სთავაზობს, რომ ამ მიზნით 1977 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში მოწვეული იყოს ყველა დაინტერესებული მთავრობის საკონსულტაციო შეხვედრა;
6. სთავაზობს, რომ კონსულტაციებში მონაწილე სახელმწიფოებმა განიხილონ, მათ შორის, მოსამზადებელი კომიტეტის დაფუძნების საკითხი, რომლის მიზანი იქნება აღნიშნულ კონფერენციაზე ამ რეზოლუციით გათვალისწინებული შეთანხმების მისაღწევად საუკეთესო საფუძვლის შექმნა;
7. მოუწოდებს გაეროს გენერალურ ასამბლეას, ამ რეზოლუციის მე-4 პარაგრაფის შესაბამისად ჩატარებული კონსულტაციების შედეგების გათვალისწინებით თავის 32-ე სესიაზე მიიღოს ყველა საჭირო შემდგომი ზომა 1979 წელს დაგეგმილი კონფერენციის ჩასატარებლად.
ორმოცდამეჩვიდმეტე პლენარული სხდომა
1977 წლის 9 ივნისი
![]() |
8.7.7 რეზოლუცია 24 მასპინძელი ქვეყნის მიმართ მადლიერების გამოხატვა |
▲ზევით დაბრუნება |
ჟენევის 1974-1977 წწ. დიპლომატიური კონფერენცია შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ,
ჩატარდა რა ჟენევაში შვეიცარიის მთავრობის მოწვევით,
ჩაატარა რა ოთხი სესია 1974, 1975, 1976 და 1977 წლებში, რომელთა განმავლობაში განხილული იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ მომზადებული ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების ორი დამატებითი ოქმის პროექტი,
ისარგებლა რა, ოთხი სესიის მსვლელობისას, შვეიცარიის მთავრობის, ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის და ქალაქ ჟენევის ხელისუფლების მიერ მის განკარგულებაში გადაცემული საშუალებებით,
ღრმად აფასებს რა შვეიცარიის მთავრობის, ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის და ქალაქ ჟენევის ხელისუფლების მიერ კონფერენციის მონაწილეების მიმართ გამოჩენილ მასპინძლობასა და პატივისცემას,
დაასრულა რა თავისი საქმიანობა ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების ორი დამატებითი ოქმისა და სხვადასხვა რეზოლუციების მიღებით,
1. გამოხატავს თავის გულწრფელ მადლიერებას შვეიცარიის მთავრობის მიმართ კონფერენციის წარმატებული საქმიანობის მხარდაჭერისათვის, განსაკუთრებით კონფერენციის პრეზიდენტის, ფედერალური მრჩეველის, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პოლიტიკური დეპარტამენტის თავმჯდომარის, ბატონ პიერ გრაბერის მიმართ, რომლის ბრძნულმა და მტკიცე ხელმძღვანელობამ დიდი წვლილი შეიტანა კონფერენციის წარმატებაში;
2. გამოხატავს თავის გულწრფელ მადლიერებას ჟენევის რესპუბლიკისა და კანტონის და ქალაქ ჟენევის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიმართ, კონფერენციასა და მასში მონაწილეთა მიმართ გულუხვი მასპინძლობისა და პატივისცემისათვის;
3. მადლობას უხდის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და მის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, რომლებიც ერთგულად და მოთმინებით იძლეოდნენ რჩევებს ოქმების პროექტებთან დაკავშირებით წამოჭრილ ნებისმიერ საკითხზე და რომელთა ერთგულებამ წითელი ჯვრის პრინციპებისადმი სტიმული მისცა მთლიან კონფერენციას;
4. გამოხატავს თავის პატივისცემას კონფერენციის გენერალური მდივნის, ელჩის, ბატონ ჟან უმბერტისა და კონფერენციის მთელი შტატის მიმართ, კონფერენციის ოთხწლიანი მსვლელობისას ქმედითი სამსახურის გაწევისათვის.
ორმოცდამეთვრამეტე პლენარული სხდომა
1977 წლის 9 ივნისი
![]() |
8.8 ამონარიდები 1974-77 წწ. დიპლომატიური კონფერენციის საბოლოო აქტიდან |
▲ზევით დაბრუნება |
შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის განმტკიცებისა და განვითარების შესახებ დიპლომატიურმა კონფერენციამ, რომელიც შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მოიწვია, ჟენევაში ოთხი სესია ჩაატარა (1974 წლის 20 თებერვლიდან 29 მარტის ჩათვლით, 1975 წლის 3 თებერვლიდან 18 აპრილის ჩათვლით, 1976 წლის 21 აპრილიდან 11 ივნისის ჩათვლით და 1977 წლის 17 მარტიდან 10 ივნისის ჩათვლით). კონფერენციის მიზანი იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ოფიციალური და კერძო კონსულტაციების შედეგად მომზადებული ორი დამატებითი ოქმის სამუშაო ვარიანტების განხილვა, რომლის მიზანია ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების შევსება.
კონფერენციის პირველ სესიაზე წარმოდგენილი იყო ას ოცდაოთხი სახელმწიფო, მეორე სესიაზე - ას ოცი სახელმწიფო, მესამე სესიაზე - შვიდი სახელმწიფო და მეოთხე სესიაზე - ცხრა სახელმწიფო.
კონფერენციის მუშაობაში ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფის უდიდესი მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიც არსებითად ჰუმანიტარული ხასიათის იყო, და რადგან შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პროგრესული განვითარება და კოდიფიკაცია წარმოადგენს საყოველთაო ამოცანას, რომლის შესრულებაში ეროვნულ - განმათავისუფლებელ მოძრაობებსაც შეუძლიათ თავისი დადებითი წვლილი შეიტანონ, კონფერენციამ რეზოლუცია № 3(I)-ით გადაწყვიტა კონფერენციისა და მისი ძირითადი კომიტეტების განხილვებზე სრულუფლებიანად მონაწილეობისთვის აგრეთვე მოეწვია დაინტერესებული რეგიონული სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ეროვნულ - განმათავისუფლებელი მოძრაობები იმ პირობით, რომ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ სახელმწიფოთა წარმომადგენელ დელეგაციებს ექნებოდათ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, რომელმაც ორი დამატებითი ოქმის სამუშაო ვარიანტები მოამზადა, კონფერენციის მუშაობაში ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა.
კონფერენციამ შეიმუშავა შემდეგი დოკუმენტები:
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (I ოქმი) და დანართები I და II;
ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი ოქმი საერთაშორისო ხასიათის არმქონე შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (II ოქმი).
ეს დამატებითი ოქმები კონფერენციამ 1977 წლის 8 ივნისს მიიღო. ისინი მთავრობებს წარედგინება განსახილველად და 1977 წლის 12 დეკემბრიდან თორმეტი თვის განმავლობაში ღია იქნება ხელმოსაწერად ბერნში, მათი დებულებების თანახმად. ეს დოკუმენტები, მათი დებულებების თანახმად, ასევე ღია იქნება მიერთებისათვის.
შესრულებულია ჟენევაში 1977 წლის 10 ივნისს, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე, რომლის ორიგინალი და თანდართული დოკუმენტები შეინახება შვეიცარიის კონფედერაციის არქივებში.
ამის დასტურად, წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ამ საბოლოო აქტს.
![]() |
9 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციების დამატებითი ოქმი დამატებითი განმასხვავებელი ემბლემის მიღების შესახებ (III ოქმი) 2005 წლის 8 დეკემბერი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 პრეამბულა |
▲ზევით დაბრუნება |
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები,
1) განამტკიცებენ რა 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის კონვენციებისა (კერძოდ, ჟენევის პირველი კონვენციის 26-ე, 38-ე, 42-ე და 44-ე მუხლები), და სათანადო შემთხვევებში მათი 1977 წლის 8 ივნისის დამატებითი ოქმების (კერძოდ, I დამატებითი ოქმის 18-ე და 38-ე მუხლები და II დამატებითი ოქმის მე-12 მუხლი) დებულებებს განმასხვავებელ ემბლემათა გამოყენების შესახებ,
2) სურთ რა შეავსონ ზემოხსენებული დებულებები, რათა გააძლიერონ მათი დაცვითი ფუნქცია და უნივერსალური ხასიათი,
3) აღნიშნავენ რა, რომ წინამდებარე ოქმი არ აზიანებს მაღალი ხელშემკვრელი მხარეების აღიარებულ უფლებას განაგრძონ იმ ემბლემათა გამოყენება, რომელთაც ისინი ჟენევის კონვენციებითა და სათანადო შემთხვევებში მათი დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესაბამისობაში იყენებენ,
4) შეახსენებენ რა, რომ ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების დაცვის ქვეშ მყოფ პირთა და ობიექტთა პატივისცემის ვალდებულება საერთაშორისო სამართალში მათი დაცული სტატუსიდან გამომდინარეობს და არ არის დამოკიდებული განმასხვავებელი ემბლემების, სიმბოლოთა თუ ნიშანთა გამოყენებაზე,
5) ხაზს უსვამენ რა, რომ განმასხვავებელ ემბლემებს არ გააჩნიათ რაიმე რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, რეგიონული თუ პოლიტიკური მნიშვნელობა,
6) ხაზს უსვამენ რა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჟენევის კონვენციებითა და სათანადო შემთხვევებში, მათი დამატებითი ოქმებით აღიარებული განმასხვავებელი ემბლემების გამოყენებასთან დაკავშირებული ვალდებულებების სრულად შესრულების უზრუნველყოფა,
7) შეახსენებენ რა, რომ ჟენევის პირველი კონვენციის 44-ე მუხლში მოცემულია სხვაობა განმასხვავებელ ემბლემათა დაცვითი ფუნქციითა და მანიშნებელი ფუნქციით გამოყენებას შორის,
8) აგრეთვე შეახსენებენ რა, რომ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მოქმედმა ეროვნულმა საზოგადოებებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ემბლემები, რომლის გამოყენებას ისინი ასეთი საქმიანობის ფარგლებში აპირებენ, შეიძლება გამოყენებული იყოს საქმიანობის განხორციელების ქვეყანაში და ტრანზიტის ქვეყანასა თუ ქვეყნებში,
9) აცნობიერებენ რა იმ სირთულეებს, რომელსაც ზოგიერთი სახელმწიფო და ეროვნული საზოგადოება შეიძლება წააწყდეს მოქმედი განმასხვავებელი ემბლემების გამოყენებისას,
10) მიუთითებენ რა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციისა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის გადაწყვეტილებაზე შეინარჩუნონ მათი ამჟამინდელი დასახელებები და ემბლემები,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1. წინამდებარე ოქმის დებულებების შესრულება
და მოქმედების სფერო
1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას ყველა შემთხვევაში შეასრულონ და უზრუნველყონ წინამდებარე ოქმის დებულებების შესრულება.
2. წინამდებარე ოქმი განამტკიცებს და ავსებს 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის ოთხი კონვენციისა („ჟენევის კონვენციები”) და, სათანადო შემთხვევებში, მათი 1977 წლის 8 ივნისის ორი დამატებითი ოქმის („1977 წლის დამატებითი ოქმები”) დებულებებს განმასხვავებელ ემბლემათა, კერძოდ წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი ლომისა და მზის შესახებ, და ვრცელდება იმავე სიტუაციებზე, რომელიც ამ დებულებებშია მითითებული.
მუხლი 2. განმასხვავებელი ემბლემები
1. ჟენევის კონვენციების განმასხვავებელ ემბლემათა გარდა და იმავე მიზნებისათვის, წინამდებარე ოქმი ცნობს დამატებით განმასხვავებელ ემბლემას. განმასხვავებელი ემბლემები თანაბარი სტატუსით სარგებლობენ.
2. მოცემული დამატებითი განმასხვავებელი ემბლემა, რომელიც თეთრ ფონზე გამოხატული წვეროზე მდგომი კვადრატის ფორმის წითელი ჩარჩოსგან შედგება, წინამდებარე ოქმის დანართში არსებულ ილუსტრაციას უნდა შეესაბამებოდეს. მოცემული განმასხვავებელი ემბლემა წინამდებარე ოქმში მოხსენებულია, როგორც „მესამე ოქმის ემბლემა“.
3. მესამე ოქმის ემბლემის გამოყენებისა და პატივისცემის პირობები იდენტურია ჟენევის კონვენციებისა და სათანადო შემთხვევებში 1977 წლის დამატებითი ოქმების მიერ განმასხვავებელი ემბლემებისთვის დადგენილი პირობებისა.
4. მაღალი ხელშემკვრელი მხარეების შეიარაღებული ძალების სამედიცინო და რელიგიურ პერსონალს შეუძლია, მათი ტრადიციული ემბლემებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, დაცვის გაძლიერების მიზნით დროებით გამოიყენოს წინამდებარე მუხლის 1 პუნქტში მითითებული ნებისმიერი განმასხვავებელი ემბლემა.
მუხლი 3. მესამე ოქმის ემბლემის მანიშნებელი გამოყენება
1. იმ მაღალი ხელშემკვრელი მხარეების ეროვნულ საზოგადოებებს, რომლებიც გადაწყვეტენ მესამე ოქმის ემბლემის გამოყენებას, შეუძლიათ სათანადო ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში გამოსაყენებლად, მანიშნებელი მიზნებისათვის მასში ინკორპორირება გაუკეთონ:
ა) ჟენევის კონვენციების მიერ აღიარებულ განმასხვავებელ ემბლემას ან ამ ემბლემათა კომბინაციას; ან
ბ) სხვა ემბლემას, რომელსაც მაღალი ხელშემკვრელი მხარე ფაქტობრივად იყენებდა და რომლის შესახებაც სხვა მაღალ ხელშემკვრელ მხარეებსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს დეპოზიტარის საშუალებით წინამდებარე ოქმის მიღებამდე ეცნობათ.
ინკორპორაცია წინამდებარე ოქმის დანართში არსებულ ილუსტრაციას უნდა შეესაბამებოდეს.
2. ეროვნულ საზოგადოებას, რომელიც ზემოთ მოცემული 1 პუნქტის თანახმად მესამე ოქმის ემბლემაში სხვა ემბლემის ინკორპორირებას გადაწყვეტს, შეუძლია, ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, გამოიყენოს ამ ემბლემის აღნიშვნა და განათავსოს იგი საკუთარ ტერიტორიაზე.
3. ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას და საკუთარი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულ საზოგადოებებს შეუძლიათ წინამდებარე ოქმის მე-2 მუხლში მითითებული განმასხვავებელი ემბლემის დროებით გამოყენება.
4. წინამდებარე მუხლი არ ახდენს ზეგავლენას ჟენევის კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის მიერ აღიარებული განმასხვავებელი ემბლემის სამართლებრივ სტატუსზე, და აგრეთვე არც იმ ნებისმიერი ემბლემის სამართლებრივ სტატუსზე, რომელიც წინამდებარე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მანიშნებელი მიზნებისთვის არის ინკორპორირებული.
მუხლი 4. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციას, აგრეთვე მათ სათანადოდ უფლებამოსილ პერსონალს, განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას და საკუთარი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შეუძლიათ წინამდებარე ოქმის მე-2 მუხლში მითითებული განმასხვავებელი ემბლემის გამოყენება.
მუხლი 5. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
ეგიდით მოქმედი მისიები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში მონაწილე სამედიცინო და რელიგიურ პერსონალს შეუძლია, მონაწილე სახელმწიფოებთან შეთანხმებით, გამოიყენოს 1 და მე-2 მუხლებში მოხსენებული ერთ-ერთი განმასხვავებელი ემბლემა.
მუხლი 6. ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება და დასჯა
1. ჟენევის კონვენციებისა და სათანადო შემთხვევებში 1977 წლის დამატებითი ოქმების დებულებები განმასხვავებელი ემბლემების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ თანაბრად ვრცელდება მესამე ოქმის ემბლემაზე. სახელდობრ, მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა მიიღონ საჭირო ზომები, რათა ყოველთვის აიცილონ თავიდან და დასაჯონ 1 და მე-2 მუხლებში მოხსენებული განმასხვავებელი ემბლემებისა და მათი აღნიშვნების ბოროტად გამოყენება, მათ შორის ვერაგი და ემბლემათა იმიტაციის შემცველი ნიშნისა თუ აღნიშვნის გამოყენება.
2. ზემოთ მოცემული 1 პუნქტის მიუხედავად, მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ ნება დართონ მესამე ოქმის ემბლემის ან მისი იმიტაციის შემცველი ნებისმიერი ნიშნის მანამდელ მომხმარებელს განაგრძონ ასეთი გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ამდაგვარი სახით გამოყენება არ მიანიჭებდა ჟენევის კონვენციებისა და სათანადო შემთხვევებში 1977 წლის დამატებითი ოქმებით გათვალისწინებულ დაცვას და, თუ ასეთი სახით გამოყენებაზე უფლება წინამდებარე ოქმის მიღებამდე იყო შეძენილი.
მუხლი 7. გავრცელება
მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ვალდებულნი არიან, მშვიდობისა თუ შეიარაღებული კონფლიქტების დროს რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელონ წინამდებარე ოქმი მათ ქვეყნებში და, კერძოდ, ჩართონ ოქმის შესწავლა სამხედრო ინსტრუქტაჟის პროგრამებში და ხელი შეუწყონ სამოქალაქო მოსახლეობას მის შესწავლაში, რათა წინამდებარე დოკუმენტი შეიარაღებული ძალებისა და სამოქალაქო მოსახლეობისათვის გახდეს ცნობილი.
მუხლი 8. ხელმოწერა
წინამდებარე ოქმი ჟენევის კონვენციების მონაწილე მხარეთა მიერ ხელმოსაწერად ღიაა მისი მიღების დღიდან და დარჩება ღიად თორმეტი თვის განმავლობაში.
მუხლი 9. რატიფიკაცია
წინამდებარე ოქმის რატიფიცირება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირებული უნდა იყოს შვეიცარიის ფედერალურ საბჭოსთან, ჟენევის კონვენციებისა და 1977 წლის დამატებითი ოქმების დეპოზიტართან.
მუხლი 10. შეერთება
წინამდებარე ოქმი შესაერთებლად ღიაა ჟენევის კონვენციების მონაწილე ნებისმიერი მხარისათვის, რომელსაც მასზე ხელი არ მოუწერია. შეერთების აქტი დეპონირებული უნდა იყოს დეპოზიტართან.
მუხლი 11. ძალაში შესვლა
1. წინამდებარე ოქმი ძალაში შევა ორი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
2. ჟენევის კონვენციების მონაწილე თითოეული მხარისათვის, რომელიც შემდგომში მოახდენს წინამდებარე ოქმის რატიფიცირებას ან შეერთებას, ის ძალაში შევა ამ მხარის მიერ მისი სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების აქტის დეპონირებიდან ექვსი თვის შემდეგ.
მუხლი 12. სახელშეკრულებო ურთიერთობები წინამდებარე
ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ
1. თუ ჟენევის კონვენციების მონაწილე მხარეები აგრეთვე წინამდებარე ოქმის მონაწილე მხარეს წარმოადგენენ, კონვენციები წინამდებარე ოქმის მიერ მათში შეტანილი დამატებების გათვალისწინებით გავრცელდება.
2. თუ კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის წინამდებარე ოქმის მონაწილე, ოქმის მონაწილე მხარეებისთვის ერთმანეთს შორის ურთიერთობისას ოქმი სავალდებულო ხასიათს ატარებს. ამას გარდა, მონაწილე მხარეებისთვის ოქმი სავალდებულოა ოქმის არამონაწილე მხარეებთან ურთიერთობებშიც, თუ ეს უკანასკნელი აღიარებს და იყენებს ოქმის დებულებებს.
მუხლი 13. შესწორებები
1. ნებისმიერ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე ოქმში შესწორებების შეტანის შეთავაზება. ნებისმიერი შეთავაზებული შესწორების ტექსტი გაეგზავნება დეპოზიტარს, რომელიც ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარესთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციასთან კონსულტაციების შედეგად წყვეტს, მოიწვიოს თუ არა კონფერენცია შემოთავაზებული შესწორების განსახილველად.
2. დეპოზიტარი ამ კონფერენციაზე მოიწვევს ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს, და ასევე ჟენევის კონვენციების მონაწილე მხარეებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმზე ხელმომწერნი.
მუხლი 14. დენონსაცია
1. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ხელშემკვრელი მხარე მოახდენს წინამდებარე ოქმის დენონსაციას, დენონსაცია ძალაში შევა მხოლოდ დენონსაციის შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ. თუმცა, თუ ამ წლის ამოწურვამდე მხარე, რომელმაც დენონსაციის შესახებ განაცხადა, აღმოჩნდება შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის სიტუაციაში, დენონსაცია ძალაში შევა შეიარაღებული კონფლიქტის ან ოკუპაციის დასრულების შემდეგ.
2. დენონსაციის შესახებ შეტყობინება წერილობითი ფორმით გაეგზავნება დეპოზიტარს, რომელიც ამ შეტყობინებას ყველა მაღალ ხელშემკვრელ მხარეს დაუგზავნის.
3. დენონსაცია ძალაშია მხოლოდ იმ მხარისთვის, რომელმაც დენონსაციის შესახებ განაცხადა.
4. პირველი პუნქტის თანახმად გაკეთებული არცერთი დენონსაცია არ შეეხება შეიარაღებულ კონფლიქტთან ან ოკუპაციასთან დაკავშირებით წინამდებარე ოქმის შესაბამისად დენონსაციის განმცხადებელი მხარის მიერ უკვე აღებულ ვალდებულებებს, ასეთი დენონსაციის ძალაში შესვლამდე ჩადენილი ნებისმიერი ქმედების მიმართ.
მუხლი 15. შეტყობინებები
დეპოზიტარი მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს და ჟენევის კონვენციების მონაწილე სახელმწიფოებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი წინამდებარე ოქმის ხელმომწერნი, ატყობინებს:
ა) მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად წინამდებარე ოქმზე გაკეთებული ხელმოწერების, დეპონირებული სარატიფიკაციო სიგელებისა და შეერთების აქტების შესახებ;
ბ) მე-11 მუხლის თანახმად წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღის შესახებ, ძალაში შესვლიდან ათი დღის განმავლობაში;
გ) მე-13 მუხლის თანახმად მიღებული შეტყობინებების შესახებ;
დ) მე-14 მუხლის თანახმად განცხადებული დენონსაციების შესახებ.
მუხლი 16. რეგისტრაცია
1. ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე ოქმი დეპოზიტარის მიერ იგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად რეგისტრაციისა და გამოქვეყნებისთვის.
2. დეპოზიტარი აგრეთვე შეატყობინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს წინამდებარე ოქმთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული ყველა რატიფიკაციის სიგელის, შეერთების აქტისა და დენონსაციის განცხადების შესახებ.
მუხლი 17. ავთენტური ტექსტები
წინამდებარე ოქმის დედანი, რომლის არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, რუსული და ესპანური ტექსტები არის თანაბრად ავთენტური, დეპონირებული უნდა იყოს დეპოზიტართან, რომელიც ჟენევის კონვენციების ყველა მონაწილე მხარეს ოქმის დამოწმებულ ასლებს გადასცემს.
![]() |
9.2 დანართი მესამე ოქმის ემბლემა |
▲ზევით დაბრუნება |
(ოქმის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი და მე-3 მუხლის 1 პუნქტი)
მუხლი 1 - განმასხვავებელი ემბლემა
მუხლი 2 - მესამე ოქმის ემბლემის მანიშნებელი გამოყენება
ინკორპორაცია
მე-3 მუხლის
შესაბამისად
![]() |
10 წჯსკ-ს მიზნები და ამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (წჯსკ) არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ჰუმანიტარული მისია. ეს მისია გულისხმობს ომებისა და ქვეყნის შიდა არეულობების მსხვერპლთა სიცოცხლისა და ღირსების დაცვასა და მათთვის დახმარების აღმოჩენას.
ჰუმანიტარული პრინციპების განმტკიცებითა და მათ შესახებ ცოდნის გავრცელებით წჯსკ, აგრეთვე, ცდილობს ტანჯვა ააცილოს ადამიანებს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაარსდა 1863 წელს და დასაბამი მისცა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობას.