The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

პალიატიური მზრუნველობა და პაციენტის უფლებები (განმარტებები და რჩევები პაციენტებისათვის)

პალიატიური მზრუნველობა და პაციენტის უფლებები (განმარტებები და რჩევები პაციენტებისათვის)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ „კანონის მედიის და ჯანმრთელობის“ ინიციატივა



1 პუბლიკაციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა პალიატიური მზრუნველობასაც მოიცავს. მრავალი წლის მანძილზე ჩვენში იმ პირებისათვის, რომლებიც პალიატიური მზრუნველობას საჭიროებდნენ, მათ შორის, ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტებისათვის, არ არსებობდა ადეკვატური რესურსები. აქ ვგულისხმობთ სათანდო კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალსა და მომსახურების იმ ფორმებს, რომლებსაც ასეთ პაციენტებს შესთავაზებდნენ.

საბედნიეროდ, მსგავსად მრავალი სხვა ქვეყნისა, ჩვენშიც დაიწყო პალიატიური მზრუნველობის განვითარება და, ერთი შეხედვით, «უიმედო» პაციენტებსაც იმედი გამოუჩნდა - ტკივლის და სხვა მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება, ზრუნვა მათ ფსიქოსოციალურ პრობლემებზე. დღეს პაციენტებისათვის გარკვეულ ფარგლებში უკვე ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა, როგორც ბინაზე მოვლის, ისე სტაციონარში (საავადმყოფოში) გაწეული სამედიცინო მომსახურების სახით. პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია, თუ რას ითვალისწინებს პალიატიური მზრუნველობა, როგორ შეიძლება პალიატიური მზრუნველობით გათვალისწინებული მომსახურების მიღება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში.

მეორე მხრივ, პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია, გაერკვნენ მათ ინდივიდუალურ უფლებებში, რომელიც პალიატიური მზრუნველობასთან არის დაკავშირებული ეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა სრულყოფილი ინფორმაციის მიღება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ, პაციენტის ახლობლების როლი გადაწყვეტილების მიღებისას, კონფიდენციალურობის დაცვის საკითხი და სხვა. წინამდებარე პუბლიკაცია სწორედ ზემოაღნიშნული საკითხების განმარტებას ისახავს მიზნად.

2 რას არის პალიატიური მზრუნველობა

▲ზევით დაბრუნება


პალიატიური მზრუნველობა თანამედროვე მედიცინის განუყოფელი ნაწილია. მისი მიზანია ტკივილისა და სხვა ისეთი შემაწუხებელი, ხშირად კი მტანჯველი, სიმტპომების მოხსნა, როგორიცაა ძლიერი სისუსტე, ყაბზობა და ნაწლავთა გაუვლაობა, სლოკინი, გულისრევა და ღებინება, სუნთქვის გაძნელება, ხველა და სხვა. პალიატიური მზრუნველობა ეხმარება და პაციენტებსა და მათ ოჯახებს, აუმჯობესებს მათი ცხოვრების ხარისხს.

საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ, კანონებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“1 და „პაციენტის უფლებების შესახებ“1 პალიატიური მზრუნველობა შემდეგნაირად არის განმარტებული:

აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

პალიატიური მზურნველობა შეიძლება განხორციელდეს საავადმყოფოში (პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაში ან ჰოსპიში) ან ბინაზე.

დღეს საქართველოში პალიატიური მზრუნველობა უკვე დანერგილია, თუმცა მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობა ქვეყნის მოსახლეობისათვის უზრუნველყოფილი არ არის.

__________________

1. პალიატიური მზრუნველობის საკითხებზე ცვლილებები კანონებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „პაციენტის უფლებების შესახებ“ შევიდა 2007 წლის 8 მაისს, საქართველოში პალიატიური მზრუნველობის განვითარების ინიციატორების ძალისხმევის შედეგად.

3 რამდენად ხელმისაწვდომია პალიატიური მზრუნველობა

▲ზევით დაბრუნება


მხოლოდ ხუთიოდე წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდა თანამედროვე სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის (როგორც საავადმყოფოში, ისე ბინაზე მოვლის სახით) მიღება.

ჰოსპისის ტიპის პირველი დაწესებულება, სადაც განუკურნებელი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფ პაციენტებს პალიატიურ მზრუნველობას სთავაზობდნენ, გაიხსნა ფერისცვალების დედათა მონასტერთან თბილისში.

2005 წელს გაიხსნა პალიატიური მზრუნველობის კლინიკა (ონკოპრევენციის ცენტრის პალიატიური მზრუნველობის განყოფილება). არსებობს პალიატიური მზრუნველობის 2-2 საწოლი ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

აღნიშნულ განყოფილებებში პალიატიური მზრუნველობა მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა). კერძოდ, საავადმყოფოში პალიატიური მზრუნველობისათვის მოქლაქეები იხდიან მომსახურების საერთო საფასურის (75 ლარი/დღე) მხოლოდ 30%-ს, რაც ამჟამად დღეში 22.5 ლარს შეადგენს. ანუ, საავადმყოფოში გატარებული თითოეული დღისათვის მოქალაქეები იხდიან 22 ლარს და 50 თეთრს.1

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის პალიატიური მზრუნველობა შესაბამის კლინიკებში უფასოა. მომსახურების საფასურს ფარავს ის სადაზღვევო კომპანია, რომლის პოლისსაც ფლობს დაზღვეული.

ბინაზე პალიატიური მზრუნველობა გრანტით დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში ხელმისაწვდომი გახდა 2004 წლიდან. 2005-2006 წლებიდან ბინაზე პალიატიური მზრუნველობა დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. თბილისში ბინაზე პალიატიურ ზრუნვას ახორციელებს სპეციალურად მომზადებული 2 მობილური ბრიგადა, რომელთაც ერთდროულად 70 პაციენტზე ზრუნვა შეუძლია. მომსახურებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო2.

_____________________

1. ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, მუხლი 6, პუნქტი 8.

2. ინკურაბელურ პაციენტთა ბინაზე პალიატიური მზრუნველობის კომპონენტი ფინანსდება პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

4 ინფორმაციის მიღება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


სრული ინფორმაციის ფლობა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ძალზე მნიშვნელოვანია სამედიცინო მომსახურებისა და ცხოვრების წესის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა, რომ პაციენტს დაუმალონ სერიოზული დაავადების დიაგნოზი და ამის შესახებ პაციენტის ახლობლებს, როგორც წესი, ოჯახის წევრებს აცნობებენ ხოლმე. კანონმდებლობით დადგენილია, რომ პაციენტს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ყოველი შეზღუდვის გარეშე. კერძოდ, კანონში «ჯანმრთელობის დაცვის შესახებ» (მუხლი 7) მითითებულია შემდეგი:

საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე მოიძიოს მეორე აზრი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“ დეტალურად განმარტავს, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა მოგეწოდოთ, როგორც პაციენტს (მუხლი 18);

1. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:

. . .

) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ; ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ; ) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ: ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე გაცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ; ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ.

აქ ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ იმავე კანონში ყურადღება გამახვილებულია თქვენთვის, როგორც პაციენტისათვის ინფორმაციის გასაგები ენით მოწოდებაზე. კერძოდ კანონის მე-19 მუხლში გაცხადებულია შემდეგი:

პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წამომადგენელს ინფორმაცია მიეწოდებათ მათი აღქმის უნარის გათვალისწინებით. განმარტებების მიცემისას სპეციალური ტერმინები მინიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.

ამრიგად, როგორც ერთი, ისე მეორე კანონი უფლებას გაძლევთ მიიღოთ სრული ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, ეს ინფორმაცია უნდა მოგეწოდოთ თქვენთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი ფორმით.

ზემოაღნიშნულთან ერთად თქვენ უფლება გაქვთ გაეცნოთ თქვენს სამედიცინო ჩანაწერებს (სამედიცინო ისტორიას). „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის მე-17 მუხლის თანახმად პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავს ან კანონიერ წამომადგენელს უფლება აქვთ გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვონ სამედიცინო ჩანაწერების ნებისმიერი ნაწილის ასლი.

შეუძლია თუ არა ექიმს დამიმალოს სრულყოფილი ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის შეასხებ

პაციენტისათვის ინფორმაციის დამალვა სერიოზული დაავადების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიცია იყო. დღეს პროფესიული ეთიკაც და კანონმდებლობაც ითხოვს, რომ ექიმმა სიმართლე უთხრას პაციენტს. ამასთან, არის ერთი გამონაკლისი: როცა ექიმს აქვსსაფუძველი ვარაუდისა, რომ დაავადების შესახებ სიმართლის თქმა შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს პაციენტისათვის, მას შეუძლია დაფაროს სრული ინფორმაცია. მაგრამ თქვენ, როგორც პაციენტმა უნდა იცოდეთ, რომ თუ დაჟინებით მოითხოვთ ინფორმაციას, მათ შორის სამედიცინო ისტორიის ნახვას, ექიმი ვალდებულია გითხრათ სრული სიმართლე.

„საექიმო საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონში აღნიშნული საკითხი შემდეგი სახით არის ჩამოყალიბებული (მუხლი 39, პუნქტი 3):

თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს ინფორმაციის მიღებას, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიაწოდოს მას ეს ინფორმაცია.

ამრიგად, თქვენი დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე ექიმი ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაავადების მიმდინარეობის და პროგნოზის, აგრეთვე, მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ.

შემიძლია თუ არა უარი ვთქვა ინფორმაციის მიღებაზე

თქვენ უფლება გაქვთ უარი თქვათ ინფორმაციის მიღებაზე თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და თქვენთვის გასაწევი სამედიცინო მომსახურების შესახებ (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 20).

ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ექიმი ვალდებულია ინფორმირებული თანხმობა მიიღოს თქვენგან ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის წინ და თუ თქვენ სრულყოფილ ინფორმაციის არ მოგაწვდით, თანხმობის მიღება ვერ მოხერხდება (მაგ., ქირურგიული მანიპულაციის ან სხივური თერაპიის წინ). ასეთ შემთხვევაში თქვენვე განსაზღვრეთ, ვისგან მიიღოს ექიმმა ინფორმირებული თანხმობა (თქვენი მეუღლე, შვილი, მშობელი, და ან ძმა და ა.შ.). ექიმი თქვენს ასეთ გადაწყვეტილებას სამედიცინო ისტორიაში დააფიქსირებს და თქვენი ხელის მოწერით გთხოვთ გადაწყვეტილების დადასტურებას.

გადაწყვეტილების მიღება პალიატიური მზრუნველობის შესახებ

ექიმი ვალდებულია ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის წინ თქვენგან მიიღოს ინფორმრიებული თანხმობა. კანონში „პაციენტის უფლებების შესახებ“, ეს მკაფიოდ არის აღნიშნული (მუხლი 22):

სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემ- თხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას.

ინფორმირებული თანხმობის გულისხმობს თქვენთვის მკაფიო, ადვილად გასაგები ინფორმაციის მოწოდებას იმ სამედიცინო მომსახურების თუ ჩარევის შესახებ, რომელსაც ექიმი გთავაზობთ. ექიმმა მხოლოდ მას შემდეგ უნდა გთხოვოთ თანხმობა, როცა დარწმუნდება, რომ თქვენ კარგად გაიაზრეთ რაზეა საუბარი, რატომ უნდა ჩატარდეს სამედიცინო ჩარევა, რა მიზანი აქვს მას, ახლავს თუ არ ტკივილი და დისკომფორტი, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს და რა ალტერნატიული მეთოდები არსებობს.

დაუსვით კითხვები ექიმს, თუ რაიმე გაუგებარია და რომელიმე ზემოთ აღნიშნული საკითხი (მაგ., შესაძლო გართულებები) კარგად ვერ აღიქვით.

თქვენ შეგიძლითა ნებისმიერ შემთხვევაში უარი თქვათ სამედიცინო ჩარევაზე ან აირჩიოთ რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტიდან ერთ-ერთი ან მოიძიოთ მეორე აზრი, ანუ თქვენთვის საინტერესო საკითხზე ესაუბროთ სხვა ექიმს. ამის უფლებას თქვენ კანონი გაძლევთ (კანონი «პაციენტის უფლებების შესახებ», მუხლი 7):

პაციენტს უფლება აქვს მეორე აზრის მოსაძიებლად დაუბრკოლებლად მიმართოს სხვექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.

გახსოვდეთ, რომ ექიმი მოვალეა ჩაგრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განგიმარტოთ თქვენს სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხი და მიიღოს თქვენი თანხმობა ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევის წინ.

რა მოხდება, უარის შემთხვევაში

როგორც უკვე აღინიშნა, თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ სამედიცინო ჩარევაზე. ექიმი შეეცდება, გაარკვიოს, კარგად გაიაზრეთ თუ არა შემოთავაზებული სამედიცინო ჩარევის არსი და მიზანი. ის ასევე შეეცდება გაარკვიოს, ხომ არ ახდენს გავლენას თქვენს გადაწყვეტილებაზე რაიმე დაავადება ან მისი გართუელბა (მაგ., დეპრესია) და შეეცდება სხვა კოლეგებთან ერთად ადეკვატური მკურნალობა შემოგთავაზოთ.

თუ ექიმი დარწმუნდა, რომ თქვენ კარგად გაიაზრეთ ყოველივე და შეგწევთ გადაწყვეტილების მიღების უნარი, ის მოვალეა დაეთანხმოს თქვენს აზრს და არ მიმართოს აღნიშნულ სამედიცინო ჩარევას (კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მუხლი 23.2). ამასთან, ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება არ შეიცვლება თქვენს მიმართ. ისინი კვლავ გააგრძელებენ თქვენზე ზრუნვას და შემოგთავაზებენ სამედიცინო დახმარების ალტერნატიულ, თქვენთვის მისაღებ ფორმებს.

5 ვის ეცოდინება ჩემი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ექიმი და სხვა სამედიცინო პერსონალი ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობა და თქვენი დაავადებისა და მკურნალობის შესახებ აცნობონ მხოლოდ იმ პერსონალს, რომელიც ჩართულია თქვენთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებაში (ექთნები, მომვლელები, კონსულტანტები და სხვა).

რაც შეეხება თქვენს ნათესავებსა და ახლობლებს, მათ ინფორმაცია ექიმმა უნდა მიაწოდოს მხოლოდ თქვენთან შეთანხმების შემდეგ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის და რა მოცულობით მიაწოდოს ინფორმაცია ექიმმა ან სხვა სამედიცინო პერსონალმა. აღნიშნულის თაობაზე „პაციენტის უფლებების შესახებ“ კანონის 21-ე მუხლში გაცხადებულია შემდეგი:

ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.

ამრიგად თქვენი თანხმობის გარეშე ექიმი არავის არაფერს ეტყვის. ცხადია, აქ არ იგულისხმება ის სამედიცინო პერსონალი, რომელიც თქვენზე ზრუნავს.

6 ტკივილი და პალიატიური მზრუნველობა

▲ზევით დაბრუნება


ტკივილი მრავალი დაავადების თანმხლებია. ამასთან, პაციენტს უნდა ჰქონდეს უფლება იცხოვროს ტკივილის გარეშე, თუკი ეს შესაძლებელია.

სამწუხაროდ, ბოლო დრომდე ტკივილის გაყუჩების თანამედროვე მეთოდები არ იყო ჩვენში ფართოდ დანერგილი. აღნიშნულს ხელს უშლიდა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შეზღუდვა კანონმდებლობითა და სხვადასხვა ორგანიზაციული ბარიერებით. არადა მათი რაციონალური გამოყენება, თუ ექიმი კარგად ფლობს ტკივილის მართვის უნარ-ჩვევებს, უსაფრთხო და ეფექტურია.

ტკივილის მართვა პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელოვანი შემადგენელია და ამ დარგის სპეციალისტები კარგად ფლობენ მას. დღეს მათ შეუძლიათ შეარჩიონ პაციენტისათვის აუცილებელი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები სხვადასხვა ფორმითა და დოზით, ნარკოტიკული საშუალებების ჩათვლით. მათ უფლება აქვთ ტკივლის გასაყუჩებლად გამოწერონ ნარკოტიკული საშუალებების შვიდი დღის მარაგი, რაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას იმ პაციენტებს, რომლებიც დაავადების გამო საჭიროებენ ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩეველ საშუალებებს.