The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა

მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების როლი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დურმიშიძე ნუგზარ, ტორონჯაძე ირაკლი
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ნუგზარ დურმიშიძე

ირაკლი ტორონჯაძე

 

დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაპირისპირების დამთავრებას მოჰყვა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ძირფესვიანი ტრანსფორმაცია, თუმცა ჯერჯერობით ამ გარდაქმნათა მხოლოდ საწყის ეტაპზე ვიმყოფებით: ჯერაც არ შექმნილა არც ,,ახალი მსოფლიო წესრიგი” და არც უსაფრთხოების რაიმე სხვა უნივერსალური სისტემა. უფრო მეტიც, დღესდღეობით ჯერაც შეუძლებელია განისაზღვროს მომავალი სისტემის არსი და ჩამოყალიბდეს მისი ძირითადი პრინციპები, ნორმები და ფუნქციონირების თავისებურებანი.

ცივი ომის დამთავრებამ, ვარშავის ხელშეკრულების რღვევამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ ბოლო მოუღო ბიპოლარულ სისტემას. ეს იყო გეოპოლიტიკური ძვრა, რომელიც შეიძლება პირველი ან მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას შევადაროთ. თუმცა, ამ სამ მოვლენას შორის არის არსებითი განსხვავებებიც: პირველი - მეოცე საუკუნის 90-იან წლებში არ არსებობს ისეთი გამარჯვებული მხარე, რომელიც შეძლებდა დანარჩენებისათვის ძალით მოეხვია თავზე მსოფლიო წესრიგის მისეული გაგება; მეორე - ცივი ომის ეპოქის დამთავრებას თან ახლავს ლოკალური ომების პერიოდის განახლება.

თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერებების არსენალში ,,ორი ბლოკის ლოგიკის” შემცვლელი რამდენიმე პარადიგმა მოიპოვება:

პირველი - აქცენტს აკეთებს სივრცობრივ განსხვავებაზე ცენტრსა და პერიფერიას შორის, ამასთან, პერიფერიას უპირისპირებს ცენტრს, განვითარებად ქვეყნებს - განვითარებულებს, სამხრეთს - ჩრდილოეთს. ამ დროს ერთი სახის ფუნდამენტალიზმს ცვლის მეორე სახის ფუნდამენტალიზმი: პოლიტიკური რელიგიების ადგილას მოდის რელიგიათა პოლიტიზაცია, რაც, მრავალი მკვლევარის აზრით, გარდაუვლად წარმოშობს ახალ კრიზისებს.

მეორე პარადიგმა ყურადღებას ამახვილებს სამხედრო დარგში მომხდარ ცვლილებებზე. საუბარია ომების ძველ და ახალ თაობებს შორის განსხვავებაზე. ოპერაციამ ,,ქარიშხალი უდაბნოში” მოახდინა ტრადიციული სტრატეგიული ხელოვნების დასასრულის დაწყების დემონსტრირება: როდესაც სამხედრო ოპერაციის მიზანი არა მტრის ცოცხალი ძალის განადგურებაა, არამედ - კავშირგაბმულობის მოსპობით მართვის სისტემის მოშლა და ამით მოწინააღმდეგის სამხედრო პოტენციალის განეიტრალება. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების სერიოზულობა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ს ოპერაციამ იუგოსლავიაში, თალიბების ელვისებურმა კრახმა ავღანეთში.

მესამე პარადიგმა - ეროვნული, ითვალისწინებს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რენაციონალიზირების პრობლემას. მრავალეროვანი იმპერიების კრახმა სიცოცხლე შთაბერა ეროვნული იდენტურობის პრობლემას. ეთნიკური, კლანური, რელიგიური წინააღმდეგობები ემორჩილებიან ნაცია-სახელმწიფოს ჩამოყალიბების დინამიკას.

მეოთხე პარადიგმა ასახავს იმ რეგიონალური სისტემების ფუნქციონირების კანონზომიერებებს და თავისებურებებს, რომელთაგან თითოეულის ცენტრში იმყოფება სახელმწიფო, რომელიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს მოვლენების განვითარებაზე რეგიონში: ,,დიდი ირანი”, ,,დიდი ჩინეთი”, ,,დიდი პაკისტანი” და ა.შ. ჰ. კისინჯერი თვლის, რომ XXI საუკუნის საერთაშორისო სისტემა წარმოდგენილი იქნება ექვსი ძირითადი ძალის ცენტრით მაინც. ესენია: აშშ, ევროპა, იაპონია, რუსეთი, ჩინეთი და ალბათ ინდოეთი. ამის გარდა, იარსებებს საშუალო და მცირე სახელმწიფოთა სიმრავლე. კისინჯერის ექვსი ძირითადი ,,ძალის ცენტრი” მიეკუთვნება ხუთ სხვადასხვა ცივილიზაციას, ამიტომ იგი თვლის, რომ XXI საუკუნის საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა განპირობებული იქნება სხვადასხვა ცივილიზაციების ურთიერთქმედებით.

და ბოლოს, მეხუთე პარადიგმა განისაზღვრება ცივილიზაციათა შეჯახების იდეით. ცნობილი პოლიტოლოგი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი ჰანტინგტონი თვლის, რომ არ არსებობს ზოგადად ,,კაცობრიობა”, არამედ არსებობენ ცივილიზაციები: იუდეო-ქრისტიანული, მუსლიმანური, ცივილიზაცია, რომლის საფუძველში დევს ბუდიზმი და ა.შ. უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ ის კონფლიქტები, რომელთა წინააღმდეგობის ხაზი ემთხვევა ცივილიზაციათა შორის ბზარის ხაზს.

საერთაშორისო ურთიერთობების ახალი, ფორმირების პროცესში მყოფი სისტემის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთი ზემოთ მოყვანილი პარადიგმიდან არ დომინირებს, ისინი ერთდროულად ურთიერთქმედებენ.

აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ეგიდით მომზადებული მოხსენების ავტორთა აზრით, ფორმირებადი მსოფლიო წესრიგის საბოლოო სახე დამოკიდებული იქნება ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა:

● აშშ-ს მსოფლიო საქმეებში ჩართულობის ხარისხი;

● ევროპული ინტეგრაციის პროგრესი, როგორც ევროკავშირის ფარგლებში, ასევე მთელ ევროპაზე დასავლეთის ინსტიტუტების გავრცელების გზაზე;

● რუსეთთან ურთიერთობების განვითარება და რუსეთის დამოკიდებულება მეზობელ ქვეყნებთან;

● იაპონიის მიერ ახალი საერთაშორისო ვალდებულებების თავის თავზე აღების ხარისხი;

● ჩინეთის უნარი, შეინარჩუნოს მთლიანობა და განაგრძოს მშვიდობიანი განვითარების გზა;

● ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლი.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ამ ჩამონათვალს უნდა დაემატოს პოტენციური პრობლემები და გამოწვევები ღერძზე სამხრეთი-ჩრდილოეთი, ისლამური სამყაროს მზარდი მნიშვნელობა, თანაფარდობა უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის და ა.შ.

საქმე ის არის, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოიშვა ახალი განზომილება, რომლის მთავარი ასპექტი შემდეგნაირად შეიძლება გამოიხატოს: დღევანდელ მსოფლიოში, საშიშროების მთავარი წყარო, არის არა სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები, არამედ კონფლიქტები ერთი ქვეყნის შიგნით (მათ შორის) და საერთაშორისო ტერორიზმი, რომელსაც მხარს უჭერენ ე.წ. განდგომილი ქვეყნები.

ეს პრობლემა განსაკუთრებული აქტუალობით წამოიჭრა იმ დროს, როცა მსოფლიო ომის გაჩაღებასა და წინასწარი ბირთვული დარტყმის საშიშროება ფაქტიურად ნულამდე იქნა დაყვანილი. მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა კონფლიქტების ხასიათმა და ინტენსიურობამ: კომუნისტურ აღმოსავლეთსა და დემოკრატიულ დასავლეთს შორის იდეოლოგიური ანტაგონიზმით და ბლოკური დაპირისპირებით გამოწვეული სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტები თანდათანობით წარსულს ჩაბარდა.

შეიცვალა მუქარათა ხასიათიც უსაფრთხოების სფეროში. წარსულში უსაფრთხოების გაგება ასოცირდებოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სამხედრო ბალანსის შენარჩუნებასთან. აქედან გამომდინარე, შეიარაღებაზე კონტროლის პროცესი მიმართული იყო მოწინააღმდეგე ბლოკების სამხედრო პოტენციალების თანაფარდობის ასიმეტრიის აღკვეთისაკენ, შეიარაღებული ძალების და შეიარაღების დონის შემცირებისაკენ; ამავე დროს, ცდილობდნენ ურთიერთობების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა გახსნილობაზე, ტრანსპარენტულობაზე და ამოცნობადობაზე. ასეთმა პოლიტიკურმა ფილოსოფიამ ხელი შეუწყო როგორც ზესახელმწიფოებს შორის სტრატეგიული ბირთვული ძალების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ მრავალმხრივი ხელშეკრულების დადებას. იმდენად რამდენადაც საერთაშორისო პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებს ჰქონდა, იგულისხმებოდა, რომ ლოკალურ კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები გადაწყდებოდა შესაბამისი ბლოკის შიგნით. განვითარებადი ქვეყნების პრობლემები, ასევე იმ სახელმწიფოთა შეიარაღების ზრდის საკითხები, რომლებიც არცერთ ბლოკში არ შედიოდნენ, პრიორიტეტულების რიცხვში არ ხვდებოდნენ.

ამჟამად სიტუაცია მკვათრად არის შეცვლილი:

1. უსაფრთხოება და თავდაცვა დიდ სახელმწიფოთა, ასევე მთელ რიგ სახელმწიფოთა მიერ გაიაზრება გაცილებით ფართოდ, ვიდრე ადრე. ისინი უკვე აღარ დაიყვანება მხოლოდ სამხედრო განზომილებაზე, თუმცა ეს უკანასკნელი კვლავ რჩება არსებით კომპონენტად. უსაფრთხოების გაგება სულ უფრო და უფრო მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ეკონომიკა, ეკოლოგია, დემოგრაფია, კომუნიკაციები, ცივილიზაციისა და ტექნოლოგიების განვითარება.

2. დაძაბულობა და მუქარები, რომლებიც ადრე ატარებდნენ ბლოკთაშორის ხასიათს და კონცეტრირებული იყვნენ გაყოფის ხაზზე აღმოსავლეთი-დასავლეთი, ამჟამად მჟღავნდებიან მრავალ რეგიონში. ამავდროულად პოტენციური ანტაგონიზმის ვექტორები მიმართულია ხაზისკენ ჩრდილოეთი-სამხრეთი. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია იმ ტიპის კონფრონტაციასთან, რომელიც აღწერა თავის ,,ცივილიზაციათა შეჯახებაში” სამუელ ჰანტინგტონმა, ასევე - თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ტენდენციებთან.

3. ცივი ომის შემდეგ კონფლიქტები ატარებენ საშინაო ან რეგიონალურ ხასიათს. ცივი ომის დროინდელი ბლოკებს შორის კონფლიქტების შეკავების მიზნით შექმნილი უსაფრთხოების ინსტიტუტები და სტრუქტურები ადეკვატურად ვერ პასუხობენ თანამედროვე ამოცანებს. მიუხედავად ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯებისა, შესაბამისი ინსტიტუტებისა და სტრუქტურების ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ შორსაა სასურველი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შექმნისაგან.

რიგი ფუნდამენტალური საკითხებისა წარმოიშვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალ როლთან დაკავშირებით. მთავარი დილემა მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უნდა გაატაროს საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი ღონისძიებები: ერთ-ერთი სახელმწიფოს ინიციატივით ან ხელმძღვანელობით, თუ გაერო-მ, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციამ, განახორციელოს დამოუკიდებელი ქმედებები. სხვაგვარად, ვინ იქნება მსოფლიოში წესრიგის გარანტი?

ეს პრობლემა ეხება არა იმდენად საერთაშორისო ურთიერთობების ახალ სისტემას, რამდენადაც (რაც უფრო მნიშვნელოვანია) მისი შინაარსის ძირეულ შეცვლას. საჭიროა მოხდეს თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის ისეთი პრინციპების ახლებურად გააზრება, როგორიცაა ერთი მხრივ, სახელმწიფოთა თანასწორობა და ჩაურევლობა და გენოციდისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებისა თუ საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში მხილების შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცალკეულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება, მეორე მხრივ.

ამ თვალსაზრისით, ძნელია გადააფასო ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკაბშირეების მიერ ავღანეთში თალიბანთა წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებათა მნიშვნელობა. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი არაბი მულტიმილიონერის ბინ ლადენის სავარაუდო ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ აშშ-მა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად გამოცხადებული მიზნით - საერთაშორისო ტერორიზმის მფარველი რეჟიმის ხელისუფლებიდან მოცილება და ნომერ პირველი ტერორისტის უვნებელყოფა.

კლასიკურ საერთაშორისო სამართალში ეს განხილულ იქნებოდა, როგორც საშინაო საქმეებში ჩარევა. კერძოდ, შეიარაღებული ინტერვენციის აკრძალვის დარღვევა. მაგრამ რაკი წანამძღვრად გვევლინება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკა, შეჭრა განიხილება, როგორც შეიარაღებული მშვიდობისმყოფელი აქცია (თუნდაც გაერო-ს მანდატის არარსებობის მდუმარე აღიარებით). ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის ასეთი ინტერპრეტაცია შესაძლოა მოასწავებს ნახტომს კლასიკური საერთაშორისო სამართლიდან მსოფლიო სამოქალაქო კოსმოპოლიტური სამართლისკენ მიმავალ გზაზე.

შევეცდებით უფრო ფართოდ განვიხილოთ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ტენდენციები ზემოაღნიშნული პარადიგმების ფარგლებში და ამ კონტექსტში წარმოვადგინოთ საქართველოს ადგილისა და როლის ჩვენეული ხედვა.

* * *

ეროვნული უსაფრთხოება ნებისმიერი ქვეყნისათვის ამოუწურავი თემაა, რადგან თვით ყველაზე ძლიერი და მდიდარი სახელმწიფოებიც არ არიან ამ მხრივ აბსოლუტურად გარანტირებული. ეს თვითონ ქვეყნის პოლიტიკის მართებულობასა და ძალისხმევაზეა დამოკიდებული. მით უფრო, საქართველოს, რომელიც ახლახან შეუდგა დიდი ხნის ,,დავიწყებული” სახელმწიფოებრიობის აღდგენას, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ძალიან ბევრი რამ აქვს გასააზრებელი და გასაკეთებელიც.

ეროვნული უსაფრთხოება მრავალ სხვადასხვა მიმართულებებს, ასპექტებსა თუ ფაქტორებს მოიცავს. წინამდებარე წერილის მიზანია მსოფლიო პოლიტიკის ცივილიზაციური ასპექტების განხილვა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან მიმართებაში.

სამუელ ჰანტინგტონის განმარტებით, კაცობრიობის ისტორია ცივილიზაციათა ისტორიაა. ცივილიზაცია არის ცნობიერების, მენტალიტეტის, რელიგიის, კულტურის, ცხოვრებისა და აზროვნების წესის ერთობლიობა, რომელიც ერის, სოციუმის, სახელმწიფოსა და სახელმწიფოთა კავშირების ჩამოყალიბების პროცესს განსაზღვრავს.

სახელმწიფოთა სამხედრო, პოლიტიკური თუ სხვა სახის კავშირები, მათი დაჯგუფება რომელიმე ლიდერი ქვეყნის გარშემო არასდროს იქმნება მარტო იმისთვის, რომ შეიქმნას. იგი მუდამ პოტენციურად ვინმეს ან რაიმეს წინააღმდეგ არის მიმართული, რასაც საუკეთესო შემთხვევაში თავდაცვითი ხასიათი აქვს. არ არის აუცილებელი სახელმწიფოთა ალიანსის ან რეგიონული ორგანიზაციის წარმოშობის ერთადერთი მიზეზი ცივილიზაციური იდენტურობა იყოს; შეიძლება (და უფრო ხშირად ასეც არის), მხოლოდ და მხოლოდ მოცემული პოლიტიკური მომენტიდან გამომდინარე, ინტერესთა თანხვედრას ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ცივილიზაციური ფაქტორების გაუთვალისწინებლობა არ იქნებოდა მართებული.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჰანტინგტონი თვლის, რომ ცივი ომის შემდეგ პირველი, რაც შეინიშნება, ეს არის სერიოზული ცვლილებები ხალხთა მირ საკუთარი ცივილიზაციური იდენტურობის ,,დაზუსტების” თვალსაზრისით; ხდება მსოფლიო პოლიტიკის ,,სტრუქტურირება” კულტურათა საზღვრების გასწვრივ. ცივი ომის დროინდელი ბიპოლარული სამყარო ეტაპობრივად გადადის მულტიპოლარულ და მულტიცივილიზაციურ განზომილებაში. ამერიკელი პოლიტოლოგის აზრით, ცივი ომის შემდგომ მსოფლიოში დაპირისპირების სიმძიმის ცენტრი იდეოლოგიური სფეროდან აუცილებლად გადაინაცვლებს ცივილიზაციურში, ანუ ადგილი ექნება ცივილიზაციათა შეჯახებას (Crash of Civilizations).

მომავალში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება არა იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, არამედ კულტურული სხვაობა ხალხთა შორის. ხალხები და ერები კვლავ ითხოვენ პასუხს საკრამენტულ კითხვაზე: ვინ ვართ ჩვენ? საიდან მოვდივართ და საით მივდივართ? გარკვეული პასუხი კი ისევ არ ჩანს. ადამიანები ერთმანეთს მოიაზრებენ ეთნიკურ, ენობრივ, კულტურულ, რელიგიურ, ისტორიულ, სახელმწიფოებრივ, რეგიონულ და ბოლოს, ცივილიზაციურ ერთობაში. გარკვეულ პასუხს კითხვაზე - ვინ ვართ ჩვენ?, მივიღებთ მაშინ როდესაც გვეცოდინება თუ ვინ არა ვართ. ასევე მაშინ გავიგებთ ყველაზე ზუსტად, თუ ვისი ან რისი წინააღმდეგი შეიძლება და უნდა ვიყოთ.

პოლიტიკა და აქედან გამომდინარე პოლიტიკური აზროვნება, სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე წარმოიშვა და მას იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენიც ცივილიზებულ კაცობრიობას. ბევრი რამ შეიცვალა ამ ხნის მანძილზე: იცვლებოდა პოლიტიკური სიტუაცია და კონიუნქტურა, იცვლებოდა ინტერესები, შეხედულებები და კრიტერიუმები, რელიგიები, იდეოლოგიები, თვით სახელმწიფოები და რეგიონები, მაგრამ ერთი რამ იყო და არის მუდმივი: პოლიტიკურ აზროვნებას, მის მიმართულებებსა და ორიენტირებს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ეროვნული მენტალიტეტი, რომელსაც, თავის მხრივ, ცივილიზაციური კუთვნილება განაპირობებს. ყოველი ადამიანის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ წმინდა ფილოსოფიურ ნააზრევში ჩანს მისი ერის მენტალიტეტი და შესაბამისად, ცივილიზაციური კუთვნილება. საილუსტრაციოდ შეგვიძლია შემოგთავაზოთ, სხვადასხვა დროის ზოგიერთი ცნობილი პოლიტიკოსისა და ფილოსოფოსის შეხედულებანი განსახილველი საკითხის გარშემო.

არისტოტელეს განმარტებით ,,ყოველი სახელმწიფო ერთგვარ კავშირს წარმოადგენს, ნებისმიერი კავშირი კი რაიმე სიკეთის მიღწევას ისახავს მიზნად, რადგან ყველა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რაც სიკეთე ჰგონია.” სახელმწიფო არის ოჯახებისა და გვარების კავშირი შექმნილი ბედნიერი, სრულყიფილი და თავისუფალი ცხოვრებისათვის. არისტოტელე გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდა პილიტიკურ დამოუკიდებლობას, რომლის გარეშეც სახელმწიფო წყვეტს არსებობას და გაურკვეველ ტერიტორია-აბსტრაქტად გადაიქცევა. ეს მოსაზრება განსაკუთრებით აქტუალურად ჟღერს დღეს, მრავალეროვანი იმპერიების კრახის ეპოქაში, როდესაც მთავარი აქცენტი გადატანილია სახელმწიფო-ნაციის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, ძნელი სათქმელია თუ რა მიმართულებით წავა ეს პროცესი გლობალიზაციისა და ინტეგრაციის დღევანდელი ტემპების პირობებში.

არისტოტელესეული კლასიფიკაციით სახელმწიფოები იყოფიან დადებით სახელმწიფოებად და მათ დამახინჯებულ ფორმებად. ტირანია, იგივე დიქტატურა, არისტოტელეს მონარქიის დამახინჯებად მიაჩნია, ანარქია - დემოკრატიის, ოლიგარქია კი - არისტოკრატიის. რამდენადაც ტირანია სახელმწიფოს ხელმძღვანელის პირად ინტერესებს ემსახურება, ოლიგარქია - მდიდართა ფენის, ანარქია კი ღარიბთა ინტერესებს გამოხატავს, სამივე უარყოფით სახელმწიფოთა ჯგუფს მიეკუთვნება, ვინაიდან ზრუნავენ საზოგადოების მხოლოდ ნაწილზე და არა მთლიანად, საზოგადოებაზე.

სახელმწიფოს ყველაზე უარყოფითი ფორმა არის ტირანია (დიქტატურა). ტირანი ზრუნავს მხოლოდ თავის პირად კეთილდღეობაზე და არა ხალხზე. იგი აღატაკებს მოსახლეობას, მუდმივად აწარმოებს ომებს, რათა თავისი, როგორც სახელმწიფოს დამცველის საჭიროება დაასაბუთოს, არ ენდობა საკუთარ გარემოცვასაც კი. დიქტატურის ყველაზე დიდი დანაშაულია ე.წ. ოსტარკიზმი, ანუ გამოჩენილი და ღირსეული ადამიანების დევნა-განადგურება, მაშინ, როდესაც დიდ პატივში არიან მლიქვნელები და დემაგოგები, რომლებიც ტირანის ყოველგვარ ბოროტებას ხოტბას ასხამენ.

ტირანიას ბუნებრივად უპირისპირდება დემოკრატია - ხალხის მმართველობა. რამდენადაც არისტოტელე ადამიანს განსაზღვრავს როგორც პოლიტიკურ არსებას (Zoon politikon), მისი აზრით, ადამიანი ყოველთვის მიისწრაფის საზოგადოებრივი ცხოვრებისაკენ, ანუ პოლიტიკისაკენ. პოლიტიკური მოღვაწეობის სფერო მას მიაჩნია საერთო სახალხო სფეროდ, რადგან ის ეხება თითოეული ადამიანის ინტერესებს. არისტოტელე მოითხოვდა სახელმწიფოს მართვაში ჩაბმულიყო მოსახლეობის რაც შეიძლება მეტი რაოდენობა, ვინაიდან ,,ყველანი ერთად ან უკეთესნი არიან ერთ რომელიმე მცოდნეზე, ან სულაც არ არიან მასზე უარესნი”. უმრავლესობა გაცილებით უკეთ განსჯის ვიდრე ერთი ადამიანი. როგორც ვხედავთ, აშკარაა არისტოტელეს უაღრესად დადებითი განწყობა დემოკრატიული სახელმწიფო სისტემის მიმართ, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ არისტოტელე ყოველმხრივ დადებითად აფასებდა დემოკრატიას. აქვე შეიძლება უინსტონ ჩერჩილის ცნობილი სიტყვებიც გავიხსენოთ: ,,დემოკრატია ძალიან ცუდი წყობაა, მაგრამ სამწუხაროდ უკეთესი ჯერ არ შექმნილა.”

არისტოტელე მომხრე იყო კანონის წინაშე თანასწორობისა, მაგრამ ღირსეული ადამინების უღირსებთან რეალური უფლებრივი გათანაბრება კი უსამართლობად მიაჩნდა. არისტოტელეს მიხედვით დემოკრატია აგებს არისტოკრატიასთან, რადგან დემოკრატია ემყარება მოსახლეობის უპოვარ ფენებს, ხოლო არისტიკრატია, ანუ რჩეულთა შორის რჩეულთა მმართველობა - ღირსეულ და ზნემაღალ ადამიანებს. არისტოკრატიას ახასიათებს განათლება, ზნეობა და კეთილშობილი წარმოშობა, დემოკრატიას კი, პირიქით - მდაბიო წარმოშობა, სიღატაკე და უკულტურობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დიდი ფილოსოფოსის სიმპატიები არისტოკრატიული რესპუბლიკისაკენ უფრო იხრებოდა.

არისტოტელეს თავისი მოსაზრება აქვს სუბორდინაციისა და იერარქიული სტრუქტურის თაობაზე, რასაც საკმაოდ ორიგინალური ფორმით გამოხატავს. მისი აზრით საზოგადოება მონობისათვის და ბატონობისათვის მოწოდებულ ადამიანებად იყოფა. არიან ბუნებით მორჩილებად და მბრძანებლებად, ანუ მეთაურებად დაბადებული ადამიანები. როდესაც ერთი მეორეს ემორჩილება, ეს ორივესთვის სასარგებლოა, ვინაიდან დაცულია ბუნებრივი ჰარმონია, მაგრამ დიდი უსამართლობაა, როცა მონად დაბადებულებს ემორჩილებიან საბატონოდ დაბადებულნი.

სახელმწიფო საქმიანობას არისტოტელე აზროვნებას უკავშირებს, აზროვნების ადგილსამყოფელად კი სულს მიიჩნევს. სულს არისტოტელე ორ ნაწილად ყოფს. რაციონალურ, ანუ გონიერ და ირაციონალურ, ანუ გრძნობიერ (რომელსაც იგი უგუნურსაც უწოდებს) ნაწილებად. ალბათ აქედან იღებს სათავეს racio-ს ცნობილი ფენომენი, რომელიც შემდგომში მთელი ევროპული მენტალიტეტის საფუძველი გახდა.

იმავე პერიოდში არანაკლებ პოპულარული იყო სულ სხვა, საპირისპირო პოლიტიკური თეორიები: სოკრატესა და პლატონის, შეიძლება ითქვას, წმინდა წყლის კომუნისტურ გამთანაბრებლური შეხედულებები, რომელებიც ცოლებისა და შვილების გაერთიანებასაც კი ქადაგებდნენ. ამაზეც კი საერთო საკუთრების დაწესებას ითხოვდნენ, წარმოების საშუალებებზე რომ არაფერი ვთქვათ.

ასე რომ, ჩვენს სამყაროში ახალი არაფერი ხდება და ცარიელ ადგილას არაფერი იქმნება. ყუველი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ზემოთ თქმულიც ამის დადასტურებას წარმოადგენს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ცივილიზაციური ცვლილებები, რომლებიც დროთა მანძილზე ამა თუ იმ ერის ორგანულ განუყოფელ ნაწილად და სხვებისგან განმასხვავებელ ძირითად ნიშნად იქცევა, მეტად მარტივად გასაგები, პრაგმატული მიზნებითაა განპირობებული, ამაღლებული და რომანტიული საფარის მიუხედავად. ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ მარტინ ლუთერის მოღვაწეობა გერმანიაში, და საერთოდ რეფორმაცია XXIV საუკურის ევროპაში.

გავრცელებული აზრის მიხედვით, იმ დროისათვის გერმანია, როგორც რელიგიური და მრავალწილად კულტურული, ასევე პოილიტიკური თვალსაზრისით რომის მორჩილ ქვეყანას წარმოადგენდა, რადგან კაიზერი (იმპერატორი) მხოლოდ მაშინ ითვლებოდა ლეგიტიმურ ხელისუფლად, თუ იგი რომის პაპისგან იყო კურთხეული და ტახტზე დამტკიცებული. რელიგიური და სამეცნიერო ხასიათის ლიტერატურა, ისევე როგორც ოფიციალური პოლიტიკური დოკუმენტები და დიპლომატიური შეთანხმებები, როგორც წესი, ლათინურად იწერებოდა. ეკლესიაში ღვთისმსახურება მხოლოდ ლათინურად ტარდებოდა. მრევლის უმრავლესობას, რომელსაც უმთავრესად საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები შეადგენდა, ამ ,,უცხო ენის” არაფერი გაეგებოდა.

ასეთ პირობებში გერმანელ ხალხს არ ქონდა თავისი ეროვნული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის სრულფასოვანი განვითარების საშუალება. სწორედ ამიტომ გამოიწვია გერმანიაში უდიდესი აჟიოტაჟი 1517 წელს ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორის მარტინ ლუთერის მიერ ქალაქის ეკლესიის კარებზე გამოკრულმა ოთხმოცდათხუთმეტმა თეზისმა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმდინარეობას ქრისტიანულ რელიგიაში - პროტესტანტიზმს, რომელმაც გერმანიასა და სკანდინავიაში ლუთერანიზმის სახელი მიიღო. გერმანელი ხალხისათვის ეს არა მარტო რელიგიური რეფორმა, არამედ ეროვნული მოძრაობის ტოლფასი მოვლენა იყო, რომელსაც გერმანული არისტოკრატიის დიდმა ნაწილმაც დაუჭირა მხარი.

ლუთერი რიმელმაც თავისი მოძღვრება, ძირითადად პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლეს საფუძველზე ააგო, და რომელმაც პირველად თარგმნა წმინდა წერილი ლათინურიდან გერმანულად, წინა პლანზე წამოსწია რწმენის ფაქტორი, ხოლო გონებრივი, აზრობრივი მომენტი მეორეხარისხოვნად მიიჩნია. იგი საერთოდ უარყოფდა ყოველგვარ სქოლასტიკას. მისი აზრით, სადაც გონება და სწავლა გაერეოდა, იქ რწმენა იკარგებოდა. ლუთერი აკრიტიკებდა კათოლიკური ეკლესიის წოდებრივ-იერარქიულ სტრუქტურას, პომპეზურ რიტუალებს და დოგმატურ-სქოლასტიკურ სისტემას, რომლის მიხედვითაც, ადამიანის ურთიერთობა ღმერთთან, მხოლოდ პაპისა და სამღვდელოების შუამავლობით იყო დასაშვები. ლუთერი გმობდა ინდულგენციებით ვაჭრობას, როგორც სამარცხვინო ფაქტს ყოველი ქრისტიანისათვის, რომელიც მდიდარს საშუალებას აძლევდა ფულით გამოესყიდა ცოდვები, უქონელი კი ამის საშუალებას მოკლებული იყო. ლუთერისათვის ყველაფრის საწყისს შინაგანი რწმენა წარმოადგენდა, რომლის თანახმად, თითოეულ ადამიანში არის ღვთის მადლი, ადამიანს შეუძლია პირდაპირი, უშუალო კავშირი ჰქონდეს ღმერთთან და ყველას შეუძლია თავის თავის მღვდელი იყოს, რადგან ჭეშმარიტად მორწმუნე ქრისტიანი ისევე ძლიერია, როგორც თავად იესო ქრისტე. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარტინ ლუთერი ნამდვილად პირველადი სარწმუნეობის ერთგული მიმდევარი და ხალხზე მზრუნველი ადამიანია, რომ არა ორი საჩოთირო მომენტი: ლუთერი სასტიკად დაუპირისპირდა სახალხო მოძრაობას ტომას მიუნცერის (ეს უკანასკნელი ლუთერს თავის სულიერ მამად და მასწავლებლად თვლიდა) მეთაურობით, რომელიც არა მარტო რომის დიქტატის, არამედ ადგილობრივი ფეოდალური ელიტის წინააღმდეგაც იყო მიმართული; იგი აშკარად მოუწოდებდა მეამბოხე გლეხობის დაუნდობელი გაჟლეტისაკენ და საერთოდ, ლუთერისათვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ადამიანთა უფლებრივ თანასწორობაზე საუბარიც კი. და მეორე, ცნობილია ლუთერის სრული შეურიგებლობა ნებისმიერი განსხვავებული აზრის მიმართ, თანამორწმუნეებისგანაც კი; და ეს იმ დროს, როდესაც თვითონ კათოლიკურ დოგმატიზმს ებრძოდა. აღსანიშნავია ჰეგელის მოსაზრება იმაზე, რომ ცხოვრებისა და აზროვნების ლუთერისეული წესი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ბურჟუას ცხოვრებისა და აზროვნების წესისაგან. ყოველივე ამის შემდეგ ძნელია ბოლომდე ირწმუნო ლუთერის მისწრაფება უზენაესი ჭეშმარიტებისაკენ და ეჭვი არ შეგეპაროს მის გულწრფელობაში.

რაც შეეხება ე.წ. ინგლისურ რეფორმაციას, იგი თავიდან ბოლომდე მეფე ჰენრი VIII-ს ფინანსური და მატრიმონიალური პრობლემებით იყო განპირობებული. თავად რეფორმა არსებითად ერთობ ზედაპირული გახლდათ, თუმც კი მონასტრებისა და კარდინალის ინსტიტუტის გაუქმებამ სამეფო ხაზინას დიდი შემოსავალი მოუტანა. ამიტომაცაა, რომ პროტესტანტულ ეკლესიებს შორის ანგლიკანური ანუ ეპისკოპალური ეკლესია კანონიკური და სტრუქტურული თვალსაზრისით ყველაზე ახლოსაა კათოლიკურთან.

სწორედ ამ საკითხში იჩენს თავს წმინდა ცივილიზაციური ფაქტორების როლი. პროტესტანტიზმი წარმატებით განვითარდა და საყოველთაო გავრცელება ჰპოვა ეთნოგენეტიკურად გერმანული ჯგუფის ქვეყნებში (ავსტრიის გარდა). რომანულ-ლათინური მოდგმის ერებში კი რეფორმაციას არავითარი წარმატება არ ჰქონია, რადგან ამ ხალხებისათვის ყოველივე რომაული მენტალიტეტის განუყოფელ ნაწილს და ეროვნული კულტურის საფუძველს წარმოადგენს. ასე რომ, ვფიქრობთ მცირეოდენ გადახედვას საჭიროებს ჰანტინგტონის პოპულარული მოსაზრება დასავლური სამყაროს სრული ცივილიზაციური იდენტურობის თაობაზე, რომელიც მსოფლიოს ხუთ ცივილიზაციად ჰყოფს: ევრო-ამერიკა - იგი დასავლეთ ევროპას და ამერიკის მთელ კონტინენტს მოიცავს და მისი საზღვარი გადის ბალკანეთის კათოლიკურ-მუსლიმანურ და მართლმადიდებლურ ნაწილებს შორის; ევრაზია-პოსტსაბჭოური სივრცე საბერძნეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან და სერბია-ჩერნოგორიასთან ერთად და ყოფილი საბჭოთა კავშირი, ცეტრალური აზიის გარეშე; ისლამისტანი - სამყარო მაროკოდან ინდონეზიამდე; ინდური ცივილიზაცია; ე.წ. კონფუციანა - ჩინეთი, ინდოჩინეთი, კორეა და იაპონია.

აქ შეიძლება წმინდა ცივილიზაციურ საკითხებზეც ვიდავოთ: ჩინეთის, კორეისა და ვიეტნამისათვის ორგანული კონფუციენალობა, არ გვგონია, რომ იაპონიაზეც ვრცელდებოდეს.

კიდევ ერთი კითხვა შეიძლება დაიბადოს: რატომ მოიაზრება სომხეთი მართლმადიდებლურ ცივილიზაციაში? ხოლო, რაც შეეხება საბერძნეთს, იგი დიდი ხანია ნატო-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, რაშიც მას ,,აღმოსალური ორთოდოქსობა” აბსოლუტურად არ უშლის ხელს. და ბოლოს, რა ,,დააშავა” აფრიკამ? რატომ არ არის იგი ჰანტინგტონისეულ არც ერთ ცივილიზაციაში?

ვფიქრობთ, ალბათ ეს მსოფლიო პოლიტიკური ელიტისათვის ასე ვთქვათ, ,,სამუშაო სქემაა” რომელიც დროებით ხასიათს ატარებს და საფუძვლად შეიძლება გამოდგეს მომავალი ე.წ. მსოფლიო წესრიგისათვის. მანამდე კი, ალბათ, მრავალჯერ დაექვემდებარება გადასინჯვას.

ზემოთქმულის თვალსაჩინო დადასტურებაა თუნდაც ოსვალდ შპენგლერი - XX საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი გერმანელი პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი, რომლის აზრებსა და შეხედულებებს საერთო უფრო მეტი კლასიკურ აღმოსავლურ აბსოლუტიზმთან და დესპოტიასთან უფრო აქვს, თითქოს, ვიდრე დასავლურ პოლიტიკურ აზროვნებასთან. შპენგლერი უგულებელყოფს სახემწიფოს მართვის დემოკრატიულ სისტემას, როგორც რეალობას; იგი მას ერთგვარ შირმად, აბრად მიიჩნევს, სახელმწიფო შპენგლერისათვის ძლიერი, ავტორიტარული რეჟიმის განსახიერებას წარმოადგენს. ქვეყნის მმართველი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური მრწამსისა და იდეოლოგიისაგან, მისი მიზანი მხოლოდ სახელმწიფოს სიძლიერე უნდა იყოს და ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი გზა დასაშვებია. საგარეო პოლიტიკის წარმოების ძირითად საშუალებად კი შპენგლერს ომი მიაჩნია. მისი თეორიის თანახმად დროებითი მშვიდობიანობის პერიოდშიც კი მიმდინარეობს ფარული ომი, ანუ მზადება დიდი, ,,ნამდვილი” ომისათვის. შპენგლერის ცნობილი ფორმულა: ისტორია არის პოლიტიკა, პოლიტიკა კი - ომი. რაოდენ მისაღებია ეს ფორმულა ადამიანებისათვის, რომელთა აზროვნებაც აგებულია სახელგანთქმული ბრიტანული პარლამენტარიზმის, ფრანგული ლიბერალიზმისა და ამერიკული დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე?! სახელმწიფო პოლიტიკაში შპენგლერის იდეალია ე.წ. ცეზარიზმი, რაც შესაძლოა სავსებით მიესადაგებოდა რომის იმპერიის მონარქიული პერიოდის პოლიტიკურ აზროვნებას, მაგრამ სრულიად შეუთავსებელია თანამედროვე დასავლური მენტალიტეტისათვის.

თეოდორ დოსტოევსკი, გამოუცნობი რუსული სულის მესაიდუმლე, თვლიდა, რომ ქვეყნად ყველაზე დიადი იდეაც კი არ ღირს ბავშვის ერთ ცრემლად და ამავე დროს გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ დადგა დრო რუსეთის ძლევამოსილი არმიის მიერ წმინდა ქალაქ კონსტანტინოპოლის განთავისუფლებისათვის, რითაც აშკარად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს. მას ალბათ ვერ წარმოედგინა, რომ რუსეთის არმიაც კი ვერ შესძლებდა უსისხლოდ და უცრემლოდ გაენთავისუფლებინა წმინდა ქალაქი. თუ ოსვალდ შპენგლერი პოლიტოლოგია, რომელსაც უმთავრესად ლოგიკური აზროვნება და ცივი გონება მართავს, დოსტოევსკი არის მწერალი-ჰუმანისტი, უფრო, ასე ვთქვათ, სულიერად მოაზროვნე ადამიანი და ამდენად, საკვირველია მისგან ასეთი ოდიოზური და ურთიერთგამორიცხავი მოსაზრებანი. ვფიქრობთ, ბევრი რამ არის საერთო გერმანულ და რუსულ მენტალიტეტში, კერძოდ, პოლიტიკურ აზროვნებაში, რომელსაც ხშირად ფილოსოფიური ფასადი ფარავს. რუსული და გერმანული აზროვნებისთვის დამახასიათებელია შინაგანი, ეზოთერული ფიქრთმეტყველება, საკუთარი ისტორიისა და კულტურის გაფეტიშება, სისხლხორცეული, გენეტიკური მილიტარიზმი და რაც მთავარია, მარადიული ნოსტალგია და ძიება რაღაც დაკარგულის მიმართ, რომლის რაობას ნათლად ვერც აცნობიერებენ, რომელიც ხან გუშინდელი დღიდან მოსძახის, ხანაც საუკუნეთა სიღრმიდან უხმობს, დაუკმაყოფილებლობის მუდმივი და უმტკივნეულესი განცდა, დამცირებულისა და შეურაცყოფილის საბედისწერო კომპლექსი. და მუდამ, როგორც წესი, ყველაფერში სხვა არის დამნაშავე, რაღაც გარეშე ძალები, კონკრეტული თუ აბსტრაქტული, მიწიერი თუ ზეციური, მაგრამ სხვა, აუცილებლად სხვა! საკუთარ თავში მიზეზის ძიება იმთავითვე გამორიცხულია. დღეისათვის ამგვარი შედარება შეიძლება ნაკლებეფექტურად ჩანდეს, ვინაიდან თანამედროვე გერმანულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ და კულტურამ წარმატებით გადალახა ის ბარიერები, რაც აქამდე ვერ გადაულახავს რუსეთს, მაგრამ ჩვენ ეთნოგენეტიკასა და მენტალიტეტზე ვსაუბრობთ, რომელიც არასდროს ქრება ბოლომდე, იგი სადღაც ძალიან ღრმად იმალება და საჭიროების, ანუ ხელსაყრელი მომენტის დროს აუცილებლად იფეთქებს. ჩვენი აზრით, ევროპის სხვა არცერთ ქვეყანაში არ დაიბადება და არც დაბადებულა ნიცშე, შტაინერი და ბერდიაევი. შეიძლება ითქვას, რომ პროტესტანტულ გერმანიას, მრავალ ასპექტში, მართლმადიდებლურ რუსეთთან მეტი აქვს საერთო, ვიდრე ზოგიერთ თანამორწმუნე ქვეყანასთან. მართალია რუსეთსა და გერმანიას ხშირად ჰქონიათ ერთმანეთთან საომარი დაპირისპირება, მაგრამ ეს უფრო გეოპოლიტიკურ ინტერესთა შეჯახებით იყო განპირობებული, ვიდრე ცივილიზაციური შეუთავსებლობით. აქვე აღვნიშნავთ, რომ ცივილიზაციურად იდენტური ქვეყნები - რუსეთი და ბულგარეთი, ორივე მსოფლიო ომში ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. სამუელ ჰანტინგტონი კი რუსებსა და გერმანელებს შორის მკვეთრ ცივილიზაციურ მიჯნას აწესებს და მათ ერთად ყოფნას შეუძლებლად თვლის. და კიდევ: როდესაც დასავლეთზე (ევრო-ამერიკა), როგორც თავისუფლებისა და პროგრესის ანალოგიურ მცნებაზე, როგორც დემოკრატიული, ლიბერალური და ჰუმანისტური ფასეულობებით აღსავსე სამყაროზე ვსაუბრობთ, რომლისთვისაც მიუღებელია სხვა ცივილიზაციებთან ახლო კონტაქტი, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ორი ყველაზე ტოტალიტარული, ექსტრემისტული და ანტიჰუმანური იდეოლოგია: კომუნიზმი და ფაშიზმი, სწორედ განათლებულ ევროპაში იშვა და არა სადღაც, აღმოსავლეთში.

რა შეიძლება ითქვას ჩვენს მიერ განსახილველ ასპექტში საქართველოსთან მიმართებით? საქართველომ ერთხელ უკვე გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი 200 წლის წინ, რაც, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფოებრიობის დაკარგვად დაუჯდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველთა ეროვნული ცნობიერების დაკნინება-დაჩლუნგების და სულიერ-კულტურული ასიმილაციის საქმეში არც ერთ მუსლიმ თუ წარმართ დამპყრობელს არ მიუღწევია ისეთი წარმატებისათვის, როგორსაც მიაღწია ერთმორწმუნე რუსეთმა. მეორე ანექსია ქართველების სურვილზე აღარ იყო დამოკიდებული; 1921 წელს საქართველოსთვის, სამწუხაროდ, არაფერი უკითხავთ. თუმცა, ცივილიზაციური ფაქტორი მცირე დოზით აქაც ფიგურირებდა: საქმე ის გახლავთ, რომ პიველი რესპუბლიკის მმართველ სოციალ-დემოკრატებს, იგივე მარქსისტებს, იდეოლოგიური თვალსაზრისით რუს ბოლშევიკებთან მეტი ჰქონდათ საერთო, ვიდრე ქართველ ნაციონალ-პატრიოტებთან. საბჭოთა კავშირი კი, ჩვენი პირადი შეხედულებით, თავისი სოციალისტური ბლოკით, არა მარტო ზესახელმწიფოსა და ტოტალიტარულ იმპერიას, არამედ მთელ ცივილიზაციას წარმოადგენდა, ავი იყო თუ კარგი, მაინც ცივილიზაცია გახლდათ, რადგან მასში დამკვიდრებული ფასეულობებისა და მენტალიტეტის ანალოგი მსოფლიოში არ მოიძებნებოდა. ასე რომ, 1991 წლის დეკემბერში დაინგრა არა მარტო ბოროტების იმპერია, არამედ მთელი ცივილიზაცია, რომელიც მეტეორივით შემოიჭრა კაცობრიობის ისტორიაში, მძლავრად შეარყია და ააფორიაქა მსოფლიო, მაგრამ ერთ საუკუნესაც ვერ გაუძლო, სამოცდაათ წელიწადში გაქრა ისევე უეცრად, როგორც გამოჩნდა; თუმცა იმ ავბედითი ცივილიზაციის გადოინაშთები და რეციდივები ახლაც საკმაოდ ხშირად გვახსენებენ თავს.

ამჟამად, დამოუკიდებელი საქართველო კიდევ ერთხელ დგება ისტორიული არჩევანის წინაშე: ვინ დაიგულოს უპირველეს მოკავშირედ და თუ გნებავთ, მფარველად, ვისზე აიღოს ორიენტაცია, რომ იტყვიან, ვის მიეკედლოს? ეს მტანჯველი კითხვა ყველა მცირერიცხოვანი ერის ხვედრია, მით უფრო დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, როდესაც ჩვენზე გაცილებით დიდ სახელმწიფოებსაც აღარ ძალუძთ ყველაფრის დამოუკიდებლად გადაწყვეტა და განხორციელება. განსაკუთრებით აქტუალურია ორიენტაციის საკითხი საქართველოსათვის, მისი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. აქ სხვადასხვა ფაქტორებისა და ასპექტების დიდი ერთობლიობა იყრის თავს. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ცივილიზაციური ფაქტორი, ამ კუთხით კი მწარე გაკვეთილები ისტორიას ჩვენთვის არ დანანებია. საქართველომ დიდი ხანია ამოწურა შეცდომების ლიმიტი, მეტი შეცდომის დაშვების უფლება მას აღარ აქვს. ლოდინი, თუ როდის ჩამოყალიბდება ჩვენი ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობელი სამართლებრივ, სამოქალაქო, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც ენდობი, შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. რუსეთი კიდევ დიდხანს ვერ განთავისუფლდება იმპერიული და სუპერდერჟავული წარსულის მაზოხიზმისაგან. იგი დღესაც ისე გვიყურებს, როგორც თავის დროებით დაკარგულ პროვინციას, თუ გუბერნიას და არა როგორც სახელმწიფოს, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვერც ჩვენ განვთავისუფლებურვართ ბოლომდე კოლონიური კომპლექსისაგან და ხშირად გვიჭირს დამოუკიდებლად მოქმედება, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. არადა, თუ უპირველეს ყოვლისა ჩვენ არ ვირწმუნეთ, რომ სახელმწიფო ვართ, სხვა მით უფრო არ ირწმუნებს და ვერავის მოვთხოვთ პატივი გვცეს თუ თვითონ არ ვეცით ჩვენს თავს პატივი. ამ ფონზე, უდავოდ მისასალმებელია პარტნიორული ურთიერთობების შესამჩნევი გააქტიურება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და მთლიანად დასავლეთთან ანტიტერორისტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირეობისაკენ. ცივილიზაციურად აშშ არ არის ჩვენი მონათესავე ქვეყანა, მაგრამ მას აქვს ჩვენი ქვექნის მიმართ გარკვეული სერიოზული ინტერესები, რომლებიც სავსებით ემთხვევა საქართველოს არცთუ მოკლევადიან ეროვნულ ინტერესებს. იგი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და შემდგომი განმტკიცების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი გახლავთ.

რაც შეეხება რუსეთს, მასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საწინააღმდეგო, წესით, არავის უნდა ჰქონდეს რაიმე. პირიქით, სასურველიც არის თუ საუკუნოვან ტრადიციებს შორის საუკეთესოს შევინარჩუნებთ, მაგრამ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ალბათ მისგან მაქსიმალურად შორს ყოფნა აჯობებს.