The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა)

რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დადუნაშვილი ელგუჯა, აბაშიძე ლევან, გოგიბერიძე გია
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: დადუნაშვილი, ელგუჯა და სხვ.

რელიგიურ ურთიერთობათა რეგულირების ზოგიერთი ასპექტი (სექტა) / [ავტ.: ელგუჯა დადუნაშვილი, ლევან აბაშიძე, გია გოგიბერიძე] ; კავშირი "ჰუმან. საზ.", ფრიდრიხ ებერტის ფონდი. - თბ., 2002. - 60გვ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 19022]

UDC: 2-79

აბაშიძე, ლევან (ავტ.);  გოგიბერიძე, გია (ავტ.); 

თემატიკა:
- რელიგიური სექტები;

K 244.655/3 - საერთო ფონდი
K 242.139/3 - საერთო ფონდი
K 242.140/3 - საერთო ფონდი
289/დ-134 - სამოქალაქო განათლების დარბაზი
F 80.381/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © კავშირი ,,ჰუმანური საზოგადოებისათვის”
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: კავშირი ,,ჰუმანური საზოგადოებისათვის” ფრიდრიხ ებერტის ფონდი FRIEDRICH EBERT STIFUNG ბროშურაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის ოფიციალურ პოზიციას თბილისი – 2002 რედაქტორი: ელგუჯა დადუნაშვილი რეცენზენტი: პაატა ზაქარეიშვილი



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


რწმენის საფუძველზე საზოგადოების ჯგუფებს შორის დაპირისპირებას, ცივილიზაციის ისტორიის მანძილზე თუმცა არასოდეს დაუკარგავს თავისი სიმწვავე, განსაკუთრებულ მასშტაბებს მან მაინც უკანაკნელ ასწლეულში მიაღწია. ამ მხრივ, როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი ითამაშა კომუნიკაციის საშუალებების განვითარებამ.

კიდევ უფრო მტკივნეული ხასიათი შეიძინა პრობლემამ იქ, სადაც ხანგრძლივი დიქტატისაგან გათავისუფლებული საზოგადოება უნარსმოკლებული აღმოჩნდა შეგუებოდა მოვლენების ბუნებრივ და კანონზომიერ განვითარებას. ერთ-ერთ ასეთ ქვეყანას წარმოადგენს საქართველოც. ქვეყანაში რწმენის თავისუფლების პრინციპის დამკვიდრებამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა საზოგადოების ცხოვრებაში. მკაცრად რეგლამენტირებული საარსებო გარემოდან თავისუფალი კონკურენციის პირობებზე გადასვლამ მნიშვნელოვან შეცვალა როგორც რელიგიურ ორგანიზაციათა მოღვაწეობის ტაქტიკა, ისე ურთიერთშორის დამოკიდებულება. აქტიური ხასიათი შეიძინა „სულებისათვის ბრძოლამ“, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად მორწმუნეებიც ჩაებნენ. ამგვარი ბრძოლა, რომელიც, როგორც წესი, პირადი მაგალითია და სიტყვით ზემოქმედების ხასიათს უნდა ატარებდეს, დღეს მნიშვნელოვნად კარგავს თავის ბუნებრივ სახეს და იძულების, მოსყიდვისა თუ შანტაჟის ფორმას ღებულობს.

ასეთ პირობებში საზოგადოების ყურადღება ბუნებრივია სახელმწიფოსაკენაა მიმართული და პრობლემის გადასაჭრელად მისგან მოითხოვს აქტიურ მოქმედებას. სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო აქტივობა აქტიურ მოქმედებას. სახელმწიფოს მხრიდან შესაძლო აქტივობა პრობლემის გადაჭრით დაინტერესებულ სხვადასხვა მხარეს სხვადასხვანაირად წარმოუდგენია. განსხვავება ამგვარ შეხედულებებს შორის, რაც უმეტესად პოლარულ ხასიათს ატარებს, ნაკლებ შესაძლებლობას უტოვებს სახელმწიფოს, მიაღწიოს გონივრულ კონსენსუსს. მით უმეტეს, არაეფექტურია ამგვარი აქტივობის შედეგები იქ, სადაც სახელმწიფოსა და საზოგადოებას მსგავს ურთიერთობათა რეგულირების ნაკლები გამოცდილება გააჩნია.

პრობლემა, რომლის შესახებაც დღეს გვიწევს საუბარი შეიძლება ითქვას, ერთნაირად აწუხებს მსოფლიო საზოგადოების დაწინაურებულ თუ შედარებით ჩამორჩენილ ნაწილს. განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ სად, რა ხერხებით ცდილობენ მის მოგვარებას. წინამდებარე გამოცემის მიზანია, მკითხველებს გააცნოს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომელთა აქტივობა ამ სფეროში რეგლამინტირებულია უპირველეს ყოვლისა დემოკრატიულ ღირებულებათა დაცვის აუცილებლობით და მიზნად ისახავს რწმენის თავისუფლების პრინციპის რეალურ საფუძველზე განხორციელებას. ჩვენი პუბლიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებული ვითარების მიმოხილვას. კერძოდ განხილული იქნება გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიის, ბელგიისა და საფრანგეთის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების საქმიანობა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობისგან საზოგადოების დაცვა, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია და შესაძლო საფრთხის პრევენცია.

ევროპის ზემოთმოხსენებულ ქვეყნებში, ყოველ შემთხვევაში მათ უმეტეს ნაწილში, ეს პრობლემა სექტებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პრობლემის სახელწოდებითაა ცნობილი.

2 სახელდების პრობლემა

▲ზევით დაბრუნება


ეტიმოლოგია, სემანტიკა, ტერმინის
კლასიკური და თანამედროვე გაგება

გარკვეულ წინააღმდეგობას ვაწყდებით მოვლენის სახელდებისას. ყოველი ახალი კომისია, ყოველი ახალი წიგნი თუ ანგარიში მოვლენის თავისებურ, ახალ განსაზღვრებას გვთავაზობს. ყველაზე ფართოდაა გავრცელებული ტერმინი სექტა. არადა, სინამდვილეში სწორედ ეს ტერმინი იწვევს ყველაზე მეტ კამათსა და წინააღმდეგობას. საქმე ისაა, რომ ტერმინს დღეისათვის სულ ცოტა ორი მნიშვნელოვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური.

ლათინური სიტყვა „secta“ სკოლას, სწავლებას ნიშნავს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად იგი მომდინარეობს სიტყვიდან sequi-მიმდევრობა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, მის საფუძველს წარმოადგენს არა სიტყვა sequi, არამედ „secare” რაც გამოყოფას, გამოცალკევებას აღნიშნავს.

თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვირთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. გამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა. ამ უკანასკნელის შესაბამისად სექტა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ახალ კულტურას, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში. ამასთან, აღნიშნული ჯგუფი, თავის თავს განიხილავს არა როგორც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს, არამედ როგორც მასთან დაპირისპირებულ ძალას.

საზოგადოდაც, შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის სექტა წარმოადგენს დაპირისპირების შედეგს არა იმდენად რელიგიურ ურთიერთობათა სფეროში, რამდენადაც საზოგადოებრივში. საქმე ისაა, რომ სექტა თავისი ქმედებებით დისონასში მოდის, არა მარტო იმ რელიგიურ გაერთიანებასთან, რომლის წიაღშიც იგი წარმოიშობა, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან. ცნობილია, რომ ბალანსი, რომელიც ჯგუფებს შორის ურთიერთობისას მიიღწევა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ შინაგან, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელ შეთანხმებაზე, რასაც შეიძლება საერთო მსოფლმხედველობრივი კონსენსუსი ეწოდოს. სექტა, რომელიც უპირისპირდება კონკრეტულ მსოფლმხედველობას, უპირველეს ყოვლისა წინააღმდგებაში მოდის სწორედ ჯგუფებს შორის მიღწეულ ამგვარ საერთო მსოფლმხედველობრივ კონსენსუსთან, ანუ მულტიკულტურული რეალობის პირობებში ჩამოყალიბებულ იმ ბალანსთან, რომლის დაცვაც აუცილებელია მსგავსი საზოგადოების შემდგომი არსებობისათვის.

3 რა არის სექტა

▲ზევით დაბრუნება


ძნელია ჩამოაყალიბო სექტის იმგვარი განსაზღვრება, რომელიც სრულყოფილად წარმოაჩენს აღნიშნული ჯგუფის იმანენტურ ან, უფრო სწორად, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თავისებურებას. ძნელია იმდენად, რამდენადაც არსებობს არაერთი გარდამავალი ნიშანი, რომელიც ცალ-ცალკე აღებული შესაძლებელია თანაბრად ახასიათებდეს როგორც სექტისმაგვარ დაჯგუფებას, ისე დომინანტური მნიშვნელობის რელიგიური გაერთიანების რომელიმე ერთეულს ან სულაც - გაერთიანებას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რელიგიასთან.

და მაინც, არსებობს რაღაც საერთო, უნივერსალური, რაც საშუალებას გვაძლევს ერთი ცნების ქვეშ გავაერთიანოთ მოვლენათა გარკვეული სიმრავლე. ეს არის სექტების კონფლიქტმბადი ბუნება. იგი გამოხატულებას პოულობს ყოველდღიურ ყოფასა თუ ურთიერთობის სფეროში ისეთი ნორმების დამკვიდრების მცდელობაში როგორიცაა:

აბსოლიტურ ჭეშმარიტებაზე ექსკლუზიური პრეტენზიის გამოცხადება, საკუთარი ეთიკისა და სამართლის უმკაცრესი ნორმების ჩამოყალიბება, რომელთა დაცვა აიძულებს ჯგუფის წევრებს მუდმივ კოლიზიაში იყვნენ არსებულ კანონმდებლობასთან, საკუთარი ლექსიკისა და ფრაზეოლოგიის დამკვიდრება; გარემომცველი საზოგადოებასაგან დამცავი საკომუნიკაციო ბარიერების შექმნა, ჯგუფის სულიერი ლიდერის განუსაზღვრელი ძალისა და ღვთიური ნიჭის აღიარება, წევრთა უსიტყვო მორჩილება, როგორც „სულიერი განწმენდისა“ და იერარქიულ საფეხურზე აღმასვლის აუცილებელი პირობა, სექტის წევრთა მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა (ცხოვრების პარტნიორის შერჩევა, სწავლის გაგრძელება, სამსახურის შეცვლა, შვილების გაჩენა), შეზღუდვების დაწესება ყოველდღიურ ყოფაში (გართობის აკრძალვა, შეღზუდვები ჩაცმულობის, საკვების, მკურნალობისმეთოდებისა და მედიკამენტების შერჩევაში და სხვა), წევრთა სამუშაო ძალის ანაზღაურების გარეშე გამოყენება, გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულებების პრინციპის სრული იგნორირება, საკუთარი ჯგუფის ელიტარულობის იდეის დამკვიდრება, არსებული რელიგიური გაერთიანებების როლისა და მნიშვნელობის დაკნინება,

მტრის ხატისა და ჯგუფის საწინააღმდეგოდ მიმართულ საიდუმლო შეთქმულებათა შესახებ თეორიების შეთხზვა. (ასეთი თეორიები ძირითადად იქეთკენაა მიმართული, რათა ჯგუფის წევრთა შორის დამოკიდებულება მაქსიმალურად მიუახლოვდეს სკის ბინადართა ცხოვრების წესს და გაძლიერდეს ჯგუფის შიგნით შეჭიდულობა), სექტის წევრთა საჯარო სამსახურში ინფილტრაცია და ამ გზით საზოგადოებაზე გავლენის გაფართოება, ჯგუფის წევრებისათვის აქტიური მისიონერული საქმიანობის (პროზელიტიზმის) იძულება, როგორც ზემოთ ითქვა, ჩამოთვლილ ნიშანთაგან თითოეული არ არის ნებისმიერი სექტისათვის ერთნაირად დამახასიათებელი. ასევე, ცვალებადია კონფლიქტის აქტიორები და ის სფეროები რომელშიც კონფლიქტი ვლინდება. ასეთი შეიძლება იყოს: კონფლიქტი შინაგან ფსიქიკასთან, ოჯახური კონფლიქტები, სამსახურეობრივი კონფლიქტები, ფინანსური კონფლიქტები, იდეოლოგიური კონფლიქტები.

კონფლიქტებმა შეიძლება თავი იჩინოს როგორც სექტის შიგნით, ისე გარეთ. სექტის შიგნით ადგილი აქვს კონფლიქტებს როგორც რიგით წევრებს შორის, ისე მმართველ ელიტასა და რიგით წევრებს შორის. არსებობს კონფლიქტები მმართველი ელიტის შიგნითაც, რაც ხშირ შემთხვევაში კიდევ ერთი, ახალი ჯგუფის გამოყოფით მთავრდება.

რაც შეეხება კონფლიქტებს სექტის გარეთ, აქ კონფლიქტის ძირითად აქტიორებად გვევლინებიან: სექტა და საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემა, სექტა და სამართლის სისტემა, სექტის წევრები და მათი ადრინდელი გარემოცვა (ოჯახი, ნაცნობები, მეგობრები, კოლეგები, თანამშრონმლები, მეზობლები და სხვა).

ცხადია, სექტების კონფლიქტებად ბუნებაზე მითითებამ არ უნდა შეგვიქმნას მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს სექტებისათვის უცხო იყოს საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობა. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ დიდი ნაწილი სექტებისა საკმაო გამოცდილებას ფლობს აღნიშნული მიმართულებით და აქტიურად იყენებს კიდეც მას თავის მისიონერულ საქმიანობაში.

4 სექტა და საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


4.1 ფსიქო - ბაზარი: მოთხოვნა, მიწოდება

▲ზევით დაბრუნება


რამდენად უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ადამიანები თავიანთი ცხოვრების ყველაზე უფრო ინტიმურ და მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტას სხვებს, არც თუ იშვიათ შემთხვევაში, საეჭვო წარმომავლობის ლიდერებსა თუ ორგანიზაციებს მიანდობენ ხოლმე. მოულოდნელად ემიჯნებიან საზოგადოებას, ჩვეულ გარემოს, იმ ძირითად ინტერესებს, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ემსახურებოდნენ, უარს ამბობენ თავისუფლებაზე და ეს ხდება უმეტეს შემთხვევაში მოულოდნელად, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. ცხადია, ჩნდება კითხვა, რატომ?

როგორც წესი, ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს პიროვნული ფაქტორი თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა, არსებობს საერთო შინაგანი და გარეგანი ფაქტორები, რომლებიც განსაკუთრებით ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ადამინის ცხოვრებაში მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად.

შეიძლება გამოიყოს ადამიანთა რამდენიმე ფსიქო-სოციალური ტიპი, რომელთაც განსაკუთრებული მიდრეკილებები გააჩნიათ ამგვარი ცვლილებებისაკენ. კერძოდ, ასეთებად მოიაზრებიან:

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით მიილტვიან რაღაც ახალი, სხვა ცხოვრებისაკენ. ისინი ცდილობნენ საკუთარ თავზე გამოსცადონ ყოველგვარი სიახლე; უყვართ თავგასდასავლები; აინტერესებთ დაადგინონ საკუთარ შესაძლებლობათა საზღვრები. მათი სურვილია, განიცადონ ინიციაცია, ტრანსფორმაცია, დაიბადონ ახალ ადამიანებად, ადამიანები გაძლიერებულ პროტესტის გრძნობით, ასეთი ადამიანები უკმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით, საზოგადოებითა და მთლიანად სამყაროთი, არასრულყოფილების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანები. ასეთ ადამიანებს გარკვეული პრობლემები გააჩნიათ სხვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ისინი დარწმუნებული არიან იმაში, რომ არ შეუძლიათ სხვებთან კონტაქტის დამყარება, ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან გართულებულ საზოგადოებრივ ურთიერთობას, უჭირთ დამოუკიდებლად ორიენტაცია და ეძებენ მარტივ საშუალებებს თავიანთი ცხოვრების მოსაწყობად, მწვავე კრიზისში მყოფი ადამიანები. ამგვარი კრიზისი შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სქესობრივი გარდატეხის ასაკთან, უმუშევრობასთან, პარტნიორის გარდაცვალებასთან. ამგვარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების სურვილია მიაღწიონ პრობლემის სწრაფ გადაწყვეტას, ადამიანები მძიმე სულიერი პრობლემებით, რომლებიც ნაკლებად ენდობიან მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს და ხსნას ალტერნატიულ საშუალებებში ეძებენ.

აღნიშნული ფაქტორების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენების თვალსაზრისით, ევროპაში განსაკუთრებით წარმატებული ჩანს ფსიქოლოგიური პროფილის რელიგიური თუ ფსევდორელიგიური ჯგუფების საქმიანობა. მაგალითისათვის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მსგავსი პროფილის ჯგუფებს საკუთარი გავლენის ქვეშ ჰყავთ მოქცეული შესაბამისი კონტიგენტის 28%, ამავე მახასიათებლით მეორე ადგილზეა ე.წ. „ქრისტიანული ფონის“ რელიგიური ჯგუფები, 18%.

წარმატება, ადამიანთა აღნიშნული კატეგორიის ჯგუფთან მუშაობისას მეტწილად, დამოკიდებულია იმაზე თუ წევრთა მოზიდვის რა საშუალებები და მეთოდები გააჩნია თითოეულ ჯგუფს თავის არსენალში და რამდენად დროულად ითვალისწინებს თითოეული მათგანი თავის საქმიანობაში ბაზრის კონიუნქტურას.

ცნობილია, რომ წევრთა მოზიდვის განსაკუთრებით ეფექტური მეთოდები გააჩნია საენტოლოგთა სექტას. მხედველობაში გვაქვს, მათ მიერ საზოგადოებისათვის შეთავაზებული მომსახურების ისეთი ფორმები, როგორიცაა: ნარკოტიკებისა და ტოქსიკური ნივთიერების მოხმარების ჩვევისაგან გათავისუფლება, უნივერსალური ტექნოლოგიების ათვისებაში დახმარება, რომელიც „სრულ გარანტიას“ აძლევს მომავალ მომხმარებლებს მიაღწიონ წარმატებას პროფესიულ ასპარეზზე და ადმიანებთან ურთიერთობაში. ამგვარ დაპირებებს ემატება კაპელანის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის ფართო სპექტრი და ენთუზიასტ-საენტოლოგ მღვდელთა საერთაშორისო მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მომსახურებით მიღწეული ეფექტი არ გამოირჩეოდა მდგრადობით, ეიფორიულობის მაღალი ხარისხის გამო იგი მაინც საკმარის საფუძველს წარმოადგენს იმისათვის, რომ წარმატება იქნას მიღწეული მსგავსი მომსახურებით მოსარგებლეთა რაოდენობის მატების თვალსაზრისით.

ფსიქო-ბაზარზე აღნიშნული სეგმენტის ზრდის ერთ-ერთ ხელისშემწყობ ფაქტორად განიხილება აგრეთვე მოსახლეობის რელიგიური განათლების დაბალი დონე და ნაკლებინფორმირებულობა.

4.2 პრევენცია

▲ზევით დაბრუნება


ფსიქოლოგიური ძალადობისაგან მოსახლეობის დაცვის თვალსაზრისით გარკვეულ როლს თამაშობს ადრეული გაფრთხილების სისტემა, მის განხორციელებაში სხვადასხვა წილით მონაწილეობას ღებულობენ როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოებრივი გაერთიანებები და სახელისუფლებლო ძალები. საკუთრივ პრევენციულ ღონისძიებათა სისტემას განეკუთვნება:

დაკვირვება და ანალიზი, ფსიქო-სოციალური ხასიათის კონსულტაციები, ნდობის ტელეფონები, შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებთან შეხვედრების ორგანიზება, ტესტების გავრცელება ფსიქო-სოციალური დახმარებების კეთილსაიმედობის შესამოწმებლად.

მაგალითად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პიროვნების თავისუფლების სექტების გავლენისაგან დასაცავად უპირველესი რიგის ღონისძიებებადაა მიჩნეული: კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების კეთილსაიმედობის გადამოწმება. აგრეთვე, სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეისწავლიან არსებულ მდგომარეობას, და მოახდენენ შესაძლო სიტუაციების მართვის მოდელების შემუშავებას. პოლიტიკური პარტიები, სახელისუფლებო ძალები და შესაბამისი პროფილის საზოგადოებრივი გაერთიანებები ცდილობენ აგრეთვე ხელი შეუწყონ ნდობის ტელეფონებისა და უფასო კონსულტაციების ქსელის გავრცელებას.

პრევენციულ ღონისძიებათა სახით ფართოდ გამოიყენება აგრეთვე ტესტებისა და საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, რომელთა დანიშნულებაა დაეხმაროს მოსახლეობას - დარწმუნდეს შემოთავაზებული ფსიქო-სოციალური დახმარებების კეთილსაიმედობაში.

ქვემოთ გთავაზობთ ერთ-ერთი ამგვარი ტესტის ნიმუშს. ტესტი დახმარების მოსურნე უცნობის კეთილსაიმედობის შესამოწმებლად

უცნობის კეთილსაიმედეობა საეჭვოა თუ:

მასში თქვენ პოულობთ ზუსტად იმას, რასაც ასე გამუდმებით ეძებდით აქამდე. იგი ზედმიწევნით ერკვევა იმაში თუ რა გაწუხებთ თქვენ.

მასთან პირველივე კონტაქტისთანავე თქვენ იწყებთ საგანთა სრულიად ახალ რაკუსში ხედვას.

სამყაროს მისეული ხატი გამაოგნებლად მარტივია და ნებისმიერი პრობლემის ახსნას შეიცავს.

იგი ცდილობს თქვენთან ემოციური კავშირის დამყარებას. ჯგუფის ყველა წევრი თქვენი „საუკეთესო მეგობარი” ხდება.

თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი ახალი მეგობრები მუდამ გაკვირვებას გამოთქვამენ კრიტიკულ შეკითხვებზე ისინი ვერც მაშინ გრძნობენ თავს კარგად, როცა თქვენ უარით პასუხობთ მათ მეგობრულ მიპატიჟებას.

თქვენი ახალი მეგობარი უფრო და უფრო მეტ ადგილს იჭერს თქვენს ცხოვრებაში.

მისი მოქმედებიდან აშკარა ხდება, რომ ადვილია მასთან დაკავშირება - თავიდან მოცილება კი ძნელი.

ძნელია შეიქმნათ ცხადი წარმოდგენა თქვენს ახალ მეგობრებზე. თქვენ არ ძალგიძთ ფიქრი. თქვენი ახალი მეგობრების თქმით „ახსნა იმისა, რომ მათ ჯგუფეში ხდება, შეუძლებელია, ეს უნდა გამოსცადო; საუბარია სრულიად სხვა დონეებზე...“ და სხვა მისთანა.

თქვენს ახალ მეგობარს ჰყავს ხელმძღვანელი, მასწავლებელი, ანუ შუამავალი რეალობასა და ჭეშმარიტების საუფლოს შორის.

თქვენი ახალი მეგობრის სწავლება წარმოადგენს ერთადერთ, უზენაეს ჭეშმარიტებას. ოფიციალურად აღიარებული მეცნიერება, რაციონალური აზრი, გონება გამიჯნული უნდა იქნას როგორც ნეგატიური, აბდაუბდა, სატანური და ბნელი.

თქვენი ახალი მეგობარი აშკარად არ გამოირჩევა რაციონალური დისკუსიის კულტურით: მისი ფიქრით, უდავო ჭეშმარიტების მისაღებად სულაც არაა საჭირო დისკუსია ორგანიზაციისა და სწავლების შესახებ.

ჯგუფი, რომელსაც თქვენი ახალი მეგობარი მიეკუთვნება, ყველა კრიტიკულად განწყობილ პიროვნებას აქცევს იზოლაციაში ან აძევებს თავისი რიგებიდან.

თქვენი ახალი მეგობარი გრძნობს, რომ გარემოცულია მტრებით, რომლებიც შეთქმულებას აწყობენ მის წინააღმდეგ.

მისთვის არსებობს ან მტერი ან მეგობარი: ვინც ჩვენთან არ არის ჩვენი მოწინააღმდეგეა.

ქვეყანა მიექანება კატასტროფისაკენ და მხოლოდ მან იცის რაშია ხსნა. იგი ელიტის წარმომადგენელია, ყველა დანარჩენი, რომლებიც არასწორ გზას ადგანან საინტერესონი არიან მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ჭეშმარიტ გზაზე მოქცევას საჭიროებენ.

იგი მზადაა ნებისმიერი გზით და საშუალებებით ეცადოს თავისი ჭეშმარიტების გავრცელებას (მიზანი ამართლებს საშუალებას).

თქვენი მეგობრები თითქმის მთლიანად ანაწილებენ თქვენს დროს სხვადასხვა საქმიანობებზე და აქტივობებზე (მაგალითად, წიგნების გაყიდვა, კურსებზე სიარული, შეკრებები, ლოცვა, მედიტაცია, ახალი წევრების მოზიდვა და სხვა).

თქვენ იშვიათად ხართ მარტო, ვინმე ჯგუფიდან მუდამ თქვენს გვერდითაა ან ტელეფონით გეხმაურებათ. შესაძლებლობის ფარგლებში თქვენ უნდა ეწვიოთ თქვენს მეგობარს საერთო საცხოვრებელში. კონტროლი თქვენს პირად ცხოვრებაზე საღდება როგორც მხარდაჭერა, იმისათვის, რომ თქვენ უნებლიედ ჭეშმარიტი გზიდან არ გადაუხვიოთ.

თქვენი ეჭვის პასუხად მუდმივად მზადაა სტერეოტიპული პასუხი. კერძოდ ის, რომ მათი სისტემა მუდამ მართებულია, ეს თქვენ ვერ ახერხებთ მასში ღრმად შეღწევას. თუ თქვენ ვერ მიაღწიეთ წარმატებას, ეს თქვენი ბრალია, თქვენ არ გააჩნიათ საკმარისი რწმენა, ცოტას კითხულობთ, ცოტას ლოცულობთ, არ ესწრებით საკმარისი რაოდენობის სემინარებს და ა.შ.

ხანდახან თქვენი ახალი გარემო თქვენ გაშინებთ კიდეც. თვენ თავს გრძნობთ გამუდმებული წნეხის ქვეშ და ხშირად გეუფლებათ დაუცველობის გრძნობა.

5 მსოფლიოში ცნობილი სექტები

▲ზევით დაბრუნება


5.1 იეჰოვას მოწმეები

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

იეჰოვას მოწმეები სათავეს იღებენ ყოფილი ადვენტისტის, ჩარლზ ტეიზ რასელის (Carles Taze Russel) მიერ დაარსებული გაერთიანებისგან „ბიბლიის ჭეშმარიტ შემსწავლელთა საერთაშორისო გაერთიანება“. ეს გაერთიანება ქადაგებდა ბიბლიის შესწავლას ყოველგვარი დამხმარე ლიტერატურის გარეშე. რასელის რწმენით, იესო ქრისტე ამქვეყნად უჩინრად მოვიდა 1874 წელს, ხოლო განცხადებულად გამოჩნდებოდა 1914 წელს, როდესაც ის შემუსრავდა ყველა ამქვეყნიურ ხელისუფლებას და მართლებს ზეცაში აიყვანდა. როდესაც 1914 წელს მსოფლიოს აღსასრული არ დადგა, თვით რასელი კი 1916 წელს აღესრულა, ბუნებრივია, გაერთიანებაში კრიზისი დაიწყო.

ამის შემდეგ არჩევნების მანიპულირების გზით მოძრაობის სათავეში აღმოჩნდა ყოფილი ბაბტისტი და მოსამართლე ჯოზეფ ფრანკლინ რათერფორდი, რომელმაც გაერთიანების სტრუქტურა სრულიად ახლებურ, მკაცრი ცენტრალიზაციის პრინციპზე გადაიყვანა. 1931 წლიდან გაერთიანებას იეჰოვას მოწმეები ჰქვია. გაერთიანების რადიკალიზაციისა და ქვეყნიერების აღსასრულის სულ ახალ-ახალი თარიღების გამო, მოძრაობა ბევრმა დატოვა, თუმცა იეჰოვას მოწმეთა რიცხვი თანდათან ისევ გაიზარდა. 1965 წელს მათ მილიონს გადააჭარბეს, ხოლო ამჯამად ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი დაახლოებით 10 მილიონს უნდა შეადგენდეს.

სწავლება

იეჰოვას მოწმეთა სწავლების საფუძველი ბიბლიაა. მიიჩნევა, რომ ბიბლიის ყოველი სიტყვა უშუალოდ ღმერთისგან არის შთაგონებული. ამიტომ, მისი თითოეული სიტყვა ჭეშმარიტებაა და შეუძლებელია იყოს მასში რაიმე შინაგანი წინააღმდეგობა. აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეები ცნობენ ბიბლიის მხოლოდ ერთ, საკუთარ თარგმანს: „წმინდა წერილის ახალი მსოფლიო თარგმანი“. ეს თარგმანი, ბიბლიის სპეციალისტთა აზრით, სავსეა შეცდომებით და ტენდენციური ინტერპრეტაციებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველი იეჰოვას მოწმე თავის ყოველ ნაბიჯს ბიბლიის მიხედვით დგამს, გასაგები გახდება თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის ამ გამოცემას წევრების მანიპულირებისათვის. ორგანიზაციის ლიდერები დროდადრო, საკუთარი ახალი შეხედულებისა და საჭიროების მიხედვით შეცვლილ რედაქციას სთავაზობენ თავიანთი ორგანიზაციის წევრებს. აბსოლიტურ ჭეშმარიტებად ცხადდება ბოლო ვერსია, ხოლო ძველი დავიწყებას უნდა მიეცეს.

თვით სახელი იეჰოვა, ბიბლიის ებრაელი ტექსტის არასწორი წაკითხვიდან მომდინარეობს. სპეციალისტთა აზრით სწორი უნდა იყოს იაჰვე, ან მსგავსი გამოთქმა, მაგრამ არა იეჰოვა1.

იეჰოვას მოწმეებს ხშირად მოჰყავთ ადგილები ბიბლიიდან საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ეს ადგილები მოჰყავთ ტენდენციურად, საკუთარი ინტერპრეტაციით და საკუთარ თარგმანზე დაყრდნობით და არ უნდა სხვა ინტერპრეტაციის მოსმენა, ამტკიცებენ რა, რომ ბიბლია უშუალოდ, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე უნდა გავიგოთ.

მათი ლიტერატურიდან და ქადაგებებიდან შემდეგი სწავლება იკვეთება:

იეჰოვა არის ღმერთი, რომელიც ყველაზე მაღლაა, ქვეყნიერების, ადამიანთა და ანგელოზთა ზევით. ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფლება და დაეცა. ამის შემდეგ სატანა ცდილობს შეაცდინოს ადამიანი და დაამტკიცოს, რომ ქვეყანაზე არავინ შეინარჩუნა იეჰოვას ერთგულება. სამაგიეროდ არიან ადამიანთა შორის იეჰოვას მოწმეები, რომლებიც, და მხოლოდ ისინი (!) არიან იეჰოვას ერთგულნი.

იესო იყო იეჰოვას უმთავრესი მოწმე. მან ძელზე (და არა ჯვარზე) მორჩილებით მიიღო სიკვდილი. დღევანდელმა იეჰოვას მოწმეებმა იესოს უნდა მიჰბაძონ. მთელი დანარჩენი მსოფლიო სატანის სამსახურშია და განწირულია დასაღუპად.

გადამწყვეტი ბრძოლა სატანასთან იესომ 1914 წელს დაიწყო, როდესაც ის უხილავად მეორედ მოევლინა დედამიწას. ამჯამად სულ ცოტა დრო რჩება გადამწყვეტ ბრძოლამდე, - არმაგედონამდე. ამ ბრძოლაში სატანაა და მისი მომხრეები საბოლოოდ განადგურდებიან, ხოლო მართლები (იეჰოპვას მოწმეები, რომელთა რიცხვი ზუსტად არის განსაზღვრული) ღმერთთან ერთად იმეფებენ.

ყოფა

ყოველ იეჰოვას მოწმეს აქვს დავალება იქადაგოს და ორგანიზაციას ახალი წევრები შესძინოს. გარდა ამისა, ის ვალდებულია რეგულარულად მიიღოს მონაწილეობა საერთო შეკრებაში. ამაში შედის ბიბლიის ქადაგება კვირაობით, ბიბლიის თეოკრატიული სკოლა, სამუშაო კრება და სასწავლო შეკრება. საერთო ჯამში 3-4 შეკრება კვირაში. გარდა ამისა, კარდაკარ სიარული ან ქუჩაში დგომა მისიონერობის მიზნით. ლიტერატურა, რომელსაც მოწმე არიგებს, მან თვითონ უნდა შეიძინოს ორგანიზაციაში.

რას ელოდება ადამიანი, ვინც იეჰოვას მოწმეებს ჩამოშორდება? აღნიშნული სექტის სულიერ წინამღძვართა მტკიცებით, განდგომილები თავიანთ სახელს საგინებელ სიტყვად აქცევენ და გამოძევებულ იქნებიან, რათა მათი ნაწილი ფარისევლებთან ერთად აღირაცხოს და საბოლოოდ ისინი გამწესებულნი იქნებიან არმაგედონში. ვინაიდან წყევლა და გინება ეწევა მათ, მათი ფარისევლობისა და ურწმუნოების გამო, ისინი მიმდინარე ცხოვრებისგან სრულიად მოწყვეტილნი რჩებიან. ნათქვამის მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ გახდება ნათელი, როცა გაიაზრებ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც, თუმცა ჩამოშორდა ამ ორგანიზაციას, მაინც ინარჩუნებს რწმენას აღსასრულის პირას მყოფი სამყაროს შესახებ.

იეჰოვას მოწმეთა კრიტიკოსები ერთ რამეში სრულიად თანხმდებიან, კერძოდ იმაში, რომ ახალი აღთქმის სიხარულის აღსავსე მისიას აქ მუქარის მისია ენაცვლება. ასეთი მრავალრიცხოვანი მცნებებისა და აკრძალვებების დაცვა, როგორც წესი, არავის შეუძლია, განსაკუთრებით უჭირთ ამის გაკეთება ახალგაზრდებს. ზოგიერთი მოწმე მოითხოვს, რომ უგულვებელყოფილ იქნას ყველაფერი, რასაც შეუძლია რწმენაში დააბრკოლოს ადამიანი - მატერიალური საგნები, სხვადასხვა გატაცებები, ქორწინება მხოლოდ სიყვარულის მოტივით და სხვა მრავალი, მათ შორის სწავლა - განათლების მიღებაც.

ფსიქოლოგი და სოციოპლოგი ჯერი ს. ბერგმანი (Jerry S. Bergmann), რომელიც ადრე თავად იყო იეჰოვას მოწმე, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ასაბუთებდა, რომ იეჰოვას მოწმეებს შორის ძალიან ხშირად იჩენს ხოლმე თავს ფსიქიური დაავადებები. ამის მიზეზად სხვათა შორის დასახელებულია შემდეგი გარემოებები:

- არ შეიძლება გამოვლენილი ან ნაჩვენები იქნას მტრული და აგრესიული გრძნობები. აკრძალულია ყურადღების გამფანტველი, ადამიანის განმტვირთველი ჰობის ქონა (როგორც მაგალითად ფოტოგრაფიით გატაცება, თუ საქმე ეხება უფრო სერიოზულ რამეს, ვიდრე ეს უბრალოდ სურათის გადაღებაა); აკრძალულია ასევე უმეტესი სპორტული საქმიანობები. ყოველივე ამის გამო, ადამიანი თავის ბუნებრივ აგრესიას საკუთარი პიროვნებისაკენ მიმართავს, რასაც საბოლოოდ მძიმე დეპრესიამდე ან სულაც თვითმკვლელობის განზრახვამდე მიჰყავს.

- მათი მოძღვრება ამბობს, რომ მორწმუნე არ შეიძლება ფსიქიურად სერიოზულად დაავადდეს. თუ ასეთი რამ მაინც ხდება, მაშინ მას არ ჰქონია სწორი „შთაგონება“, ან იმყოფება დემონების გავლენის ქვეშ.

- იეჰოვას მოწმეებს ძალიან იშვიათად აქვთ კონტაქტი ისეთებთან, ვინც მოწმე არაა. ის ლიტერატურა, რომელიც „საგუშაგო კოშკის საზოგადოებიდან“ არ მიმდინარეობს, არ უნდა წაიკითხონ იეჰოვას მოწმეებმა. როგორც ბერგმანი ამბობს, ამგვარ იზოლაციაში იეჰოვას მოწმეები ოცნების კოშკებს აგებენ და უფრო და უფრო შორდებიან რეალობას.

- ბევრი იეჰოვას მოწმეთაგანი განიცდის ნერვული სისტემის სრულ მოშლას, ვინაიდან ისინი გამუდმებით დაკავებულნი არიან თავიანთი „ეკლესიის“ საქმიანობით - ერთი მოწმე კვირაში საშუალოდ 20 საათს მუშაობს ორგანიზაციისთვის - საკუთარი თავისთვის მას აღარ რჩება დრო. ფსიქიკურად განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ის მოწმეები, რომლებიც ერთხელ თავიანთი მოღვაწეობის აზრს კითხვის ქვეშ დააყენებენ ან აღმოაჩენენ, რომ ამგვარი არანორმალური დატვირთვით მათ სინამდვილეში მხოლოდ შინაგანი სიცარიელისგან თავის გარიდება სურთ.

იეჰოვას მოწმეთა ყოფა საკმაოდ შეზღუდულია უამრავი აკრძალვით. მათ შორის, აკრძალულია:

- დაბადების დღეების აღნიშვნა,
- არჩევნებში მონაწილეობის მიღება,
- ზედმეტი წონის ქონა,
- უწმაწურ ხუმრობაზე სიცილი,
- თვალში საცემი ვარცხნილობის ან ტანსაცმლის ტარება,
- თავის მართლების მცდელობა და სხვა.

ცალკეა აღსანიშნავი სისხლის გადასხმის უმკაცრესი აკრძალვა, რასაც ხშირ შემთხვევაში გამოუსწორებელი შედეგები მოსდევს.

______________________________

1 როგორც ცნობილია, ებრაულ ანბანში არ იყო ხმოვანთა აღმნიშვნელი ასოები. ამიტომ ის, თუ როგორ უნდა გამოთქმულიყო ესა თუ ის სიტყვა მხოლოდ ზეპირი გზით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ღმერთის აღმნიშვნელი სიტყვა ,,იაჰვე“ (ალბათ ასე უნდა გამოითქმოდეს) ის სიტყვაა, რომლის წარმოთქმასაც ებრაელები ვერ ბედავდნენ, და მის ნაცვლად ამბობდნენ სიტყვას ,,ადონაი“ - უფალი. ხმოვან ბგერათა აღმნიშვნელ ნიშანთა გამოგონების შემდეგ ღმერთის აღმნიშვნელ სიტყვა ,,იაჰვე“-ს ,,ადონაი“-ს ხმოვნები მიუწერეს. ამგვარად, სიტყვა ,,იეჰოვა“ უცნაური ჰიბრიდია ,,იაჰვე“-ს თანხმოვნებისა და ,,ადონაი“-ს ხმოვნებისა, რაც შეცდომაა, როგორც ფილოლოგიური, ისე ისტორიული თვალსაზრსით. ანუ, ეს არის სიტყვა, რომელიც არასოდეს წარმოუთქვამთ ებრაელებს.

5.2 საენტოლოგია

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

სიტყვა „საენტოლოგია“ მომდინარეობს ინგლისური სიტყვიდან ,,Science“ - მეცნიერება, და შეიძლება ითარგმნოს როგორც მეცნიერბათმცოდნეობა ან მეცნიერებათმეტყველება.

საენტოლოგიის, როგორც მოძღვრებისა და ეკლესიის დამფუძნებელია ამერიკელი ლაფაიეტ რონალდ ჰაბბარდი (1911 - 1986)

ჰაბბარდმა ინჯინრის განათლება მიიღო, თუმცა შემდგომ მწერლობას მიჰყო ხელი სათავგადასავლო - მეცნიერულ - ფანტასტიკურ ჟანრში. ერთ დროს ის ჰოლივუდშიც მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჰაბბარდი ამერიკის ფლოტში მსახურობდა. ომის შემდეგ კალიფორნიაში ჩავიდა და ნეო-სატანისტურ-ოკულტური სწავლებით დაინტერესდა. ამ სწავლებამ და სამეცნიერო ფანტასტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ჰაბბარდის სწავლებაზე, რომელიც დიანეტიკის სახელითაა ცნობილი.

1950 წელს სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა ჰაბბარდის სტატია „დიანეტიკა - სულიერი ჯანმრთელობის თანამედროვე მეცნიერება“, რომელიც ამერიკაში ბესტსელერი გახდა. ამის შემდეგ, 1954 წელს გამოვიდა წიგნი: „საენტოლოგიოა: აზროვნების საფუძვლები“, რომელშიც დიანეტიკა საენტოლოგიის ერთ-ერთ დარგად გამოცხადდა. ამ წიგნის გამოქვეყნებისთანავე აშშ-ში დაარსდა პირველი საენტოლოგიოური ეკლესია.

50-იანი წლების ბოლოს ჰაბბარდი ინგლისში გადასახლდა.1968 წელს ინგლისის პარლამენტმა ჰაბბარდს და მის უცხოელ მოწაფეებს აუკრძალა ქვეყანაში გაჩერება. მას შემდეგ, რაც ჰაბბარდმა რამდენიმე მთავრობისაგან უარი მიიღო მათ ქვეყანაში შესვლაზე, მან დახურულად გამოაცხადა თავისი ორგანიზაცია, თუმცა კერძო ფლოტის საშუალებით განაგრძო მისიონერული საქმიანობა. 1981 წლიდან ჰაბბარტი საჯაროდ აღარ ჩანდა, ხოლო 1986 წელს გავრცელდა ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

დღეისათვის ჰაბბარდის ორგანიზაცია წარმოადგენს ქვეორგანიზაციების, შვილობილი ორგანიზაციების და შემნიღბავი ორგანიზაციების ჯუნგლებს, რომელშიც გარკვევა ძნელია. ამგვარი სტრუქტურა განპიროვნებულია უმთავრესად იმით, რომ ასეთია მმართველთა სურვილი. ორგანიზაცია მოწყობილთა მკაცრი კონტროლისა და დასჯის პრინციპებზე. რასაც გამუდმებულ მეთვალყურეობას უწევს სექტის უშიშროებას სამსახური „სპეციალურ დავალებათა ორგანიზაცია“ (OSA - Organizaation for Special Aims).

სწავლება

დიანეტიკა, როგორც საენტოლოგიის ნაწილი, მისი ავტორისა და სექტის წევრთა წარმომადგენლების მიხედვით, არის მეცნიერება, რომელიც განმარტავს და ხსნის ადამიანის აზროვნების ფუნქციასა და აგებულებას. ადამიანი შედგება სხეულისაგან, გონებისაგან (Mind) და ტეტანისაგან (Tetan) ანუ სულისაგან. უმთავრესი ადამიანში არის ტეტანი (სული), ვინაიდან ის უკვდავია და ადამიანის სიკვდილის შემდეგ ეძებს ახალ სხეულს.

დიანეტიკის მიხედვით ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანია „გადარჩენა“. ადამიანური ცხოვრების ისტორია ესაა „გადარჩენათა“ თანმიმდევრობა.

დიანეტიკა ამტკიცებს, რომ გონების დანიშნულებაა გადაჭრას გადარჩენასთან დაკავშირებული პრობლერმები. იმისათვის, რომ გონებამ შესძლოს გადასარჩენად მიმართული ქმედებების სწორად შერჩევა, მას სჭირდება ინფორმაციის მიღება, დამახსოვრება და გამოყენება. ამისათვის იგი დაჯილდოებულია უნარით დაიხსომოს („ჩაიწეროს“) სურათები, რომელსაც გარკვეული ენერგია გააჩნია. იმისდა მიხედვით თუ გონების რომელ ნაწილს აქვს აღბეჭდილი ესა თუ ის სურათი, ამ უკანასკნელის ენერგია შეიძლება იყოს დადებითი, ან - უარყოფითი. გონების ეს ნაწილებია ე.წ. „ანალიტიკური გონება“ („Analytical Mind“) და ე.წ. „რეაქციული გონება“ („Reactive Mind“). ადამიანის რეაქციულ გონებაში აღიბეჭდება ინფორმაცია ე.წ. ენგრამები, რომელსაც ადამიანი ღებულობს ფიზიკური ტკივილის თუ უგონოდ ყოფნის დროს ან სულაც „წინა ცხოვრებიდან“. ასე, მაგალითად ავტოავარიის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის რეაქციული გონება ერთმანეთის თანმიმდევრობით იწერს ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ავტომობილების ხმაური, ხალხის ჩოჩქოლი, პოლიციის სასტვენის ხმა, ხმამაღალი გინება და ა.შ. შესაბამისი ენგრამე შედგება ამ შეგრძნებათა ჯამისაგან, სადაც თითოეული შეგრძნება ერთმანეთის ტოლია. ანუ თუ შემდგომში განმეორდება ამგვარ შეგრძნებათა საკმარისი თანმიმდევრობა, - მაგალითად გაიგონებს პოლიციის სასტვენის ხმას და ხმამაღალ გინებას, - ადამიანი სრულად შეიგრძნობს ყველაფერ იმას, რაც შესაბამის ენგრამეშია მოცემული. ანუ მოხდება ძველი ენგრამეს რესტუმილაცია. აქედან გამომდინარე, დიანეტიკა ამტკიცებს, რომ სწორედ ენგრამეა ის ერთადერთი მიზეზი, რომელიც იწვევს გონების გადაცდენებს (ე.წ. აბერაციებს) და ფსიქოსომატიურ დაავადებებს.

ამ სწავლებიდან გამომდინარეობს საენტოლოგთა პრაქტიკა, რომლის არსიც ასეთია: რადგან ადამიანში გროვდება უარყოფითი აბერაციები, იგი დამთრგუნველად მოქმედებს რა „ანალიტიკურ გონებაზე“ ხელს უშლის ადამიანს მიაღწიოს სრულ თავისუფლებას. საენტოლოგიის „ამოცანაა“ სრული თავისუფლების მოპოვება. ამისათვის საჭიროა წაიშალოს უარყოფითი ენგრამები, რისთვისაც სპეციალური ტექნოლოგიაა შემუშავებული.

როგორც საინტოლოგიები ირწმუნებიან, ენგრემებისგან გათავიასუფლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და პრაკტიკულად ადამიანის მთელ ცხოვრებას მოიცავს. ადამიანი ჯერ აღწევს განთავისუფლების პირველ საფეხურს და ის ხდება სუფთა (წმინდა - Clear), ხოლო შემდეგ ის აღწევს საფეხურს OT (Operating Tetan-ქმედითი გონება). OT-ს მოპოვებული აქვს სრული სულიერი თავისუფლება, სრულად აკონტროლებს თავის სხეულს და ფლობს სრულყოფილ ცოდნას გარესამყაროს შესახებ.

ყოფა

ყოველი საენტოლოგის ცხოვრების ცენტრში უნდა იყოს ორგანიზაცია. ის ან მუშაობს საენტოლოგიის ერთ-ერთ ფილიალში (ან ფირმაში), ან დადის კურსებზე. კურსებზე სიარული აუცილებელია. მათი თანმიმდევრობა უსასრულოდ გრძელდება. შესაბამისად იზრდება ფასიც მანამ, ვიდრე საენტოლოგიის მსხვერპლის მთელი ქონება ორგანიზაციის ანგარიშზე არ გადავა. სრულ გაკოტრებამდე მისული ადამიანი რჩება ქუჩაში უნუგეშოდ; მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მმართველი სისტემისკენ გზის გაკვლევას.

მისიონერული საქმიანობა

საენტოლოგთა სექტა აქტიურად იყენებს მარკეტინგის უახლეს მეთოდებს. დამიანის სექტაში მიზიდვისთვის მრავალი ხერხი გამოიყენება: კარდაკარ სიარული, წერილობით მიმზიდველი სამუშაოს შეთავაზაბა, უფასო ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება და სხვა. ასევე ქუჩაში, განსაკუთრებით კი დიდ მაღაზიებთან აგიტაცია და დიანეტიკის წეიგნების გაყიდვა. საენტოლოგთა შესანიღბი ფირმები აცხადებენ თანამშრომელთა მიღებას, ავსებინებენ მათ იგივე ანკეტებს, როგორსაც საენტოლოგთა ეკლესიის წევრობის მსურველები ავსებენ, შემდეგ კი ახალ ,,თანამშრომლებს” აიძულებენ კურსებზე იაროს.

ფართოდ გამოიყენება სექტაში ახალ წევრთა ჩაბმის სხვა მეთოდებიც. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: ის, ვისაც სამსახურში თქვენი დაწინაურების, დაქვეითების ან სულაც დარჩენის ბედი აბარია, გაძლევთ გამუდმებულ რჩევას მონაწილეობა მიიღოთ სემინარის მუშაობაში ან იაროთ ადამიანებთან ურთიერთობის უნარის ასამაღლებელ კურსებზე. თქვენ რა თქმა უნდა, არც გაქვთ არჩევის საშუალება, რადგან დღეს ასე ჭირს სამსახურის შოვნა. სემინარის ორგანიზატორები დეტალურად შეისწავლიან თქვენი ჯანმრთელობისა და ფსიკის მდგომარეობას. თქვენ, არ გექნებათ საშუალება სემინარის განმავლობაში იქონიოთ კონტაქტი თქვენს ოჯახთან, თქვენ აგიხსნიან, რომ ეს და სხვა აკრძალვები აუცილებელია თქვენივე წარმატებებისათვის. გარდა აღნიშნულისა თქვენ აკრძალული გექნებათ: მიიღოთ დამატებითი საკვები ან სითხე, გაესაუბროთ ვინმეს სემინარისათვის განკუთვნილი ოთახის გარეთ, გამორიცხულია სემინარზე დაგვიანების შესაძლებლობა, და ეს მაშინ, როცა თქვენ ჩამორთმეული გაქვთ საათის ტარების უფლება. ამგვარად შევიწროებულსა და დათრგუნულს, სემინარის დამასრულებელ ეტაპზე, თქვენ კვლავ გეძლევათ საშუალება დატკბეთ გემრიელი და უხვი საკვებით, მონაწილეობა მიიღოთ ჯგუფთან ერთად საინტერესო სავარჯიშოების შესრულებაში. თქვენ ეიფორიულ მდგომარეობაში მყოფი ტოვებთ სემინარს და იღებთ გადაწყვეტილებას, კვლავაც მიიღოთ მონაწილეობა მის მუშაობაში, იგივეს ურჩევთ თქვენს ახლობლებსაც.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ამგვარი მეთოდი გავლენას ახდენს დასაქმების პოლიტიკაზე. ადამიანები, რომლებიც ამგვარი სემინარების სერვისით სარგებლობენ სამსახურში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას ხელმძღვანელობენ პრინციპით: „როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში ჩემი მასწავლებელი?“ ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი შეხედულებები სრულ შესატყვისობაში მოდის მასწავლებლისა და, რაც მთავარია, იმ დამქირავებლის შეხედულებებთან, ვინც თქვენ რეკომენდაცია მოგცათ მონაწილერობა მიგეღოთ სემინარის მუშაობაში. ამრიგად, სექტის წევრთა საქმიანობა საბოლოოდ მიმართულია იქეთკენ, რათა ჩამოყალიბდეს აზროვნების ერთიანი ტოტალიტარული სისტემა.

5.3 ღვთის შვილები (სიყვარულის ოჯახი)

▲ზევით დაბრუნება


ისტორია

ღვთის შვილთა გაერთიანება, რომელიც თავის თავს 1978 წლიდან სიყვარულის ოჯახს უწოდებს, დაარსა ამერიკელმა დევიდ ბერგმა. იგი 1919 წელს დაიბადა მქადაგელთა ოჯახში.

40-იანი წლების შუა ხანებში იგი კურირებდა ერთ-ერთ ქრისტიანულ ჯგუფს არიზონაში, რომლის სახელი იყო „Cristian and Missionary Alliance“, შემდეგ იგი ჩამოშორდა ამ ჯგუფს და გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც მან დაარსა ჯგუფი „Teens for Crist“ და ამ გაერთიანებაში ბიბლიის სწავლებას ეწეოდა. როგორც ჩანს, დავიდ ბერგს იმთავითვე სჯეროდა, რომ იგი ღმერთის მიერ მოწოდებული იყო ესქატოლოგიური დროის წინასწარმეტყველად. 1968-69 წლებში მან საცხოვრებელი მანქანა - ფურგუნით შემოიარა ქვეყანა და ქადაგებდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოედნებზე, კაფეებსა და სკოლების წინ. ასე შემოიკრიბა მან ჰიპების ერთი ჯგუფი და მათთან ერთად სახეტიალოდ გაემართა კანადაში. ეს ჯგუფი თან დაჰყვებოდა მას და მართავდა საჩვენებელ წარმოდგენებს. ერთმა რეპორტიორმა მათ „Cildren of God“ შეარქვა.

ჯგუფი დანარჩენი სამყაროსაგან იზოლირებულად ცხოვრობდა და მთლიანად ემორჩილებოდა დევიდ ბერგსა და მის ოთხ „ბავშვს“. დევიდი აცხადებდა, რომ სიწმინდისა და ხსნის პოვნა მხოლოდ ღმერთის ნამდვილ წინასწარმეტყველთან, დევიდ ბერგთან და მის ოჯახში იყო შესაძლებელი. ამგვარ ქადაგებებს ისინი კონფლიკტურ სიტუაციაში შეჰყავდა ჰიპების დროის სხვა ჯგუფთან, რომელსაც ერქვა „Jesus-Peopal“. ცოტა მოგვიანებით მას რთული ურთიერთობა შექმნა აგრეთვე იმ ბავშვების მშობლებთან, რომლებიც მას შეუერთდნენ. ამ ბავშვებმა გაწყვიტეს სასწავლო პროცესი, კონტაქტი თავიანთ მშობლებთან და ყველაფერი, რაც გააჩნიათ გადასცეს დევიდ ბერგს, რომელიც იმჟამად MO-დ იწოდებოდა.

სწავლება

ღვთის შვილთა რწმენის მიხედვით მსოფლიო დგას გარდაუვალი აღსასრულის წინაშე. მხოლოდ იმათ აქვთ გადარჩენის შანსი, ვინც ამ მოძრაობას შეუერთდება და რადიკალურად შეაქცევს ზურგს აღსასრულისთვის განწირულ ამ სამყაროს. ამის ერთგვარი გამოხატუილებაა ახალი სახელის დარქმევა, რომელიც ბიბლიური წარმომავლობისაა. ფაქტობრივად არ არსებობს ამ ახალი მოძრაობის მოძღვრება, ყველაფერი წინასწარმეტყველ დევიდ-მოსე ბერგზეა დამოკიდებული. უმაღლესი მცნებაა-უპიროდ დაემორჩილო მას. ვინაიდან იგი საჯაროდ არ გამოდის და დამალულია, მისი მითითები ვრცელდება ე.წ. MO-ს წერილების მეშვეობით, რომელთაც უდიდესი ავტორიტეტი და მნიშვნელობა ენიჭება. ეს წერილები უმეტესად პორნოგრაფიული ხასიათისაა, სიტყვები „მოყვასის სიყვარული“ თითქმის ყოველთვის გადმოცემულია პორნოგრაფიული პლანის მეშვეობით.

ღვთის შვილთა მოძრაობისათვის საყოველთაოდაა დამახასდიათებელი უკიდურესად კონტრასტული აზროვნება. ყველა, ვინც ამ სექტის გარეთაა, წარმოადგენენ „სისტემიტებს“ (სიტყვიდან სისტემა), რომელთა გამოყენება შეიძლება დაუფიქრებლად. არაფრის სანაცვლოდ, მისგან შეიძლება აიღო ყველაფერი ის, რისი აღებაც შესაძლებელია. გარეგან წინააღმდეგობებში, იქნება ეს მშობლების, სახელმწიფოს თუ ნებისმიერი პიროვნებიდან მომდინარე, ხედავენ სატანის ძალას, რომელსაც სურს დაანგრიოს ის, რაც უკვე შექმნილია. სექტის შიგნით არის სიყვარული და უსაფრთხოება, სექტის გარეთ კი სიცივე და სიძულვილი. ვინც სექტას ტოვებს, ის ღმერთს ღალატობს და სატანას უერთდება. მას საშინელი რამ ელოდება და ამიტომ მისთვის უკეთესია, სექტიდან წავლისთანავე თავი მოიკლას.

ყოფა

ღვთის შვილები ცხოვრობენ „კოლონიებში“ და მუშაობენ „მთელი დღის მისიონერის“ გრაფიკით. დღე გადატვირთულია „MO-ს წერილების“ კითხვით, ბიბლიის გაკვეთილებით, ქუჩაში მისიონერული მუშაობით და ფულის შეგროვებით. თითოეული წევრის საქმიანობა, მის მიერ გაწეული მისიონერული საუბრები, ბიბლიის გაკვეთილებისათვის თუ თვით „საარშიყო თევზაობისთვის“ (Flirty Fising) დახარჯული დროც კი უმკაცრესად აღირიცხება. გარე სამყაროსთან კონტაქტი მხოლოდ და მხოლოდ მისიონერული საქმიანობის გზით ხერხდება. ჯგუფში გაწევრიანება ტოტალურია, ნათესავებთან და ნაცნობებთან ადრე არსებული ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა აუცილებელია. ყოველი ეს ძლიერდება ახალი სახელის დარქმევითა და წევრთა როტაციით. ღვთის შვილები ცხოვრობენ შემოწირულობებითა და MO-ს წერილების, პატარა ბროშურებისა და მუსიკალური კასეტების გაყიდვით შემოსული ფულის ხარჯზე. მწირი შემოსავლიდან 10% MO-ს უნდა გეგზავნოს. კერძო საკუთრება, თუნდაც უმცირესი ფინანსური სახსრის ქონა, მკაცრადაა აკრძალული. სექტაში ლიტერატურა იერარქიის შესაბამისად, გარკვეული საიდუმლო საფეხურების მიხედვით ნაწილდება. ამგვარი განაწილება ხშირად პრიმიტიულ, კომიკურ ხასიათს ატარებს. სანამ ახალი წევრი ლიტერატურას მიიღებს, მისი ტვინი იმდენად „გაირეცხება და გასუფთავდება“, რომ ღმერთის სასჯელის შიშით ის ყველაფერს უწევს ანგარიშს. ამაში შედის FF-ის (Flirty Fising-ის) მისიონერების მეთოდებიც: ახალგაზრდა ვაჟებმა და გოგოებმა მათი სხეულის საშუალებით ახალი ახალგაზრდები უნდა შექმნან: სხვაგვარად რომ ვთქვათ: MO-თვის მათ პროსტიტუციას უნდა მიჰყონ ხელი. აქ გთავაზობთ ნაწყვეტს დევიდ მოსე ბერგის FF-ის სახელმძღვანელო წიგნიდან:

,,31. არ არსებობს არავითარი საფუძველი საიმისოდ, რომ ღმერთის ნაწყალობები არ გამოვააშკარავოთ და არ გამოვაჩინოთ. ამგვარად, შენს სხეულში არაფერია ისეთი, რისიც შენ უნდა გრცხვენოდეს. არაფერია სამარცხვინო შენს მკერდში, არაფერია სამარცხვინო იმაში, რომ შენ შენი მკერდი საყურებლად გამოაჩინო იმდენად, რამდენადაც ეს დასაშვებია და რა დროის განმავლობაშიც ეს ნებადართულია და მისაღები. თუ შენ იცი, რომ შენ ღმერთის შემოქმედება ხარ, მისი ხელების მიერ შექმნილი სასწაული, მაშინ შენ ღმერთს დიდება და პატივი უნდა მიაგო და მისი შემოქმედება საშკარაოზე გამოაჩინო.

32. ნუ გრცხვენია მკერდზე ღრმად ამოჭრილი ტანსაცმლის ტარების, არავითარი მკერდსკრავი, მხოლოდ გამჭირვალე პერანგები. აჩვენეთ ყველაფერი, რაც გაქვთ. ეს არის მისატყუარი, სხვაგვარი მისატყუარი უბრალოდ არ არსებობს. რასაც თევზი არ ეტანება, ის არც არის სატყუარა. ის, რაც მომხიბვლელად, თავბრუდამხვევად და მაცდუნებლად არ გამოიყურება, ის არაა სატყუარა. არანაირი აზრი არ აქვს, სრულიად შებოჭილი წახვიდე იქ და ისე გამოიყურებოდე როგორც ბებიის ბიცოლა ან სხვა ამგვარი.

36. ერთადერთი ბიბლია, რომელსაც ეს ახალგაზრდები კითხულობენ, არიან ეს გასაოცარი გოგონები თავიანთი მკერდებით. ეს არის სიყვარულის ის სახეობა, რომლის გაგებაც მათ შეუძლიათ; სიყვარულის ის სახეობა, რომელსაც ისინი კითხულობენ და ხედავენ, რომლის შეგრძნება და მოსმენა მათ შეუძლიათ უფრო მეტად, ვიდრე ისინი ღმერთის სულიერ სიყვარულს გაიგებენ.

37. ღვთის სული იყენებს შენს სხეულს, შენს ხორცს და შენს თვალებს, როგორც სატყუარას, რათა ისინი მოუწყვეტლად დაგიკავშიროს შენ, დაუკავშიროს შენს სხეულს; და თუ ისინი თვალებში გიყურებენ, ხედავენ ღვთის სულს და შეიგრძნობენ მის სიყვარულს, შემდეგ შენ შეგიძლია საკუთარი ენით მოუთხრო მათ იმის შესახებ, თუ რა არის ყოველივე ამის საფუძველი ანუ რაში მდგომარეობს მარადიული ჭეშმარიტება“.

ეს სექტა გამსჭვალულია მუდმივი მერყეობის შეგრძნებით ბედნიერების გრძნობასა და დანაშაულის გრძნობას შორის. თუ წარმატებული ხარ, მაშინ ეს იესოს შემოქმედებაა, თუ წარუმატებელი ხარ, შენი ბრალია. მათი რწმენით კონტროლდება სექტის ყოველი წევრის არა მარტო თითოეული ქმედება, არამედ თითოეული ნაფიქრიც. სწორედ აქედან მოდის მუდმივი დანაშაულის შეგრძნებაც. სექტის განკარგულებაში არსებული მეთოდებით, შესაძლებელია ადამიანს ტკივილის გზით აიძულონ იმის გაკეთება, რაც სექტის ლიდერებს მოეპრიანებათ, თანაც ისე, რომ ადამიანის ფიზიკურმა დაძაბუნებამ არ გამოიწვიოს მისი ფსიქიკური მოშლილობა... ღვთის შვილებთან ღამე განსაკუთრებით სასურველი დროა დამსჯელი აქციების ჩასატარებლად. დასასჯელს საწოლიდან ააყენებენ ხოლმე და უბრძანებენ, ხალიჩაზე გადავიდეს იმ დანაშაულის საზღაოდ, რაც მან მოიმოქმედა. ყველაფერი ეს ისე კეთდება, რომ კაცი გულწრფელად იჯერებს, თითქოს მან ძალიან ცუდი რამ ჩაიდინა.

ეს ყოველივე ღამით კეთდება, ვინაიდან ღამე, ბუნებრივია, გაცილებით ეფექტურია საამისოდ. ასე, მაგალითად, ერთმა დედამ ორი ღამე ვერ დაიძინა იმიტომ, რომ მისი ახალშობილი საშინლად ტიროდა. ბავშვი სულ რამდენიმე დღისა იყო და ჭვალური ტკივილები აწუხებდა. დილის 10 საათზე დედას ეუბნებიან: მზად იყავი, ჩვენ შემოგივლით, რათა დაგელაპარაკოთ. რა თქმა უნდა, დედას მაშინვე უჩნდებოდა ფიქრი: ნეტა რა დავაშავე? და ასე იწყება აუტანელი დაძაბულობა. იგი ელოდება. გადის 1, 2... 12 საათი ... იგი მთლიანად დაძაბულია, მაგრამ ეშინია საწოლთან მისვლის; ბოლოს, დაღლილობას ნებდება და წვება. უცებ იღება კარი, შემოდიან ხელმძღვანელები და იწყება წამება. ის გადმოჰყავთ საწოლიდან ხალიჩაზე; ამ დამსჯელი აქციიდან სამი საათის შემდეგ ის წამების მომდევნო ეტაპზე გადაჰყავთ. საუზმისას მან ხელმძვანელების წინაშე უნდა აღიაროს თავისი ცოდვები. მისი ბუნტი არსებული წესების წინააღმდეგ ბავშვის დაბადებასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, მან უარი განაცხადა გაეკეთებინათ მისთვის ქირურგიული პროცედურა სამართებლით, ვინაიდან ამგვარ რამეს იგი, როგორც მედიცინაში ჩახედული, არაჰიგიენურად მიიჩნევდა.

სექტა ცდილობს, ჩამოიშოროს ყველა, ვინც ხშირად ან ხანგრძლივად ავადმყოფობს. სამედიცინო დაზღვევა, როგორც წესი, არცერთ მათგანს არ აქვს; სექტაში სჭირდებათ მხოლოდ ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანები, ან ისეთები, ვისაც ბევრი ფული აქვს.

მისიონერული საქმიანობა

რა თქმა უნდა, ღვთის შვილებთან არც ისეა საქმე, რომ იქ მისულები მაშინვე მათ რიგებს შეუერთდნენ „საარშიყო თევზაობის“ (Flirty Fising) და სხვა მეთოდების დანიშნულებაა „თევზი“ ჯგუფში მიიტყუოს. აქ მას ყველა ერთობლივად „დაამუშავებს“. ახალმოსულს შეუქმნიან შთაბეჭდილებას, რომ იგი სრულადაა დაცული და შეუვალი, რომ ის საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული და ყველას უყვარ. იქ ყველა ერთად მღერის და ეს ატმოსფერო საოცრად ლამაზია. ახალ წევრებს, რომელთაც ქრისტიანული რწმენა აქვთ, ისეთი შთაბეჭდილება ექმნებათ, თითქოს აქ მორწმუნეთა ჯგუფი იყოს, რომელიც ძალიან აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს. ისინი ადვილად პოულობენ განსხავებას ყოველივე ნანახსა და კვირა დღის მოსაწყენ ღვთისმსახურებას შორის. ვინც გადაწყვეტს, რომ უფრო ხშირად მოვიდეს აქ, ის შეიტყობს იმათი აღფრთოვანების შესახებაც, ვინც უკვე მიიღო ამგვარი გადაწვეტილება. ამას მოჰყვება ერთგვარი შეთავაზება - მოთხოვნა: სცადოს ჯგუფთან ერთად ცხოვრება. აქ იწყება გადაბირების მეორე ფაზა: ახალმოსული არც ერთი წუთით აღარ რჩება მარტო, ვინმე ყოველთვის არის მის გვერდით; მას აღარ აქვს დრო საიმისოდ, რათა გაანალიზოს არსებული სიტუაცია, ვინაიდან გამუდმებითაა დაკავებული; ეს წერილების კითხვა, ერთობლივი ლოვცები, საგალობლები, კოლონიის დალაგება - დასუფთავება, საუბრები და ა.შ. კაცმა რომ თქვას, საამისოდ დაეჭვების საფუძველიც არ უნდა არსებობდეს, ვინაიდან მთელი ჯგუფი, გამონაკლისის გარეშე, ერთი აზრისაა. გარკვეული დროის შემდეგ, როგორც წესი, ახალმოსული სხვა ჯგუფში გადაჰყავთ, ისე რომ, გავლენა გარედან გამოირიცხება. ამასთან, ყოველგვარი საშუალებებით ბრკოლდება კერძო კონტაქტები გარე სამყაროსთან. თანდათან ისეთი გრძნობა ეუფლება ახალმოსულს, თითქოს სხვანაირად ცხოვრება აღარც შეიძლება.

6 პრეცენდენტები

▲ზევით დაბრუნება


6.1 საენტოლოგთა სასამართლო პროცესი საფრანგეთში (1997 წელი)

▲ზევით დაბრუნება


ჟან-ჟაკ მაზიერს (Mazier), მრავალი წლის განმავლობაში საენტელოგიის ფილიალიას პრეზიდენტს ლიონში, 1996 წლის 22 ნოემბერს მიესაჯა სამი წლით პატიმრობა, აქედან ნახევარი უპირობოდ, და ფულადი ჯარიმა 500 000 ფრანგული ფრანკის ოდენობით. სხვა მსჯავრდებულ საენტოლოგებს, მათ შორის ერთ კათოლიკე მღვდელს, რომელმაც საენტოლოგიოური იერარქიის OT მე-8 საფეხურს მიაღწია, მიესაჯა შედარებით ნაკლები სასჯელი - პირობითი პატიმრობა და უფრო მცირე ფულადი ჯარიმა.

საქმის ისტორია ასეთია: 1988 წლის 24 მარტს პატრიკ ვიკმა (Patrice Vic), ახალგაზრდა ტექნიკოს-მხაზველმა, ორი შვილის მამამ, სიცოცხლე, მოისწრაფა. იგი ნახევარი წლის განმავლობაში ეცნობოდა საენტოლოგიას. პატრიკ ვიკი ტესტის მიხედვით შეფასდა როგორც განადგურების პირას მდგომი ადამიანი და განმეორებით იქნა აუდიტირებული. გაუმჯობესების მაგიერ, იგი უფრო და უფრო ცუდად ხდებოდა. მას ურჩიეს, სასწრაფოდ ჩაეტარებინა განწმენდის კურსი2. პატრიკს ყოველ საღამოს ურეკავდნენ სახლში. მან მთელი თავისი ფული უკვე დახარჯა საენტოლოგებთან, ამიტომ ახლა სესხი უნდა აეღო ბანკიდან. ერთ საღამოს მასთან სახლში მივიდა საენტოლოგთა შეფი მაზიერი (Mazier), რომელიც მას მეორე დღისათვის ბანკიდან სესხად 30000 ფრანკის გამოტანას აიძულებდა, მის ცოლს კი საკუთარი ხელფასით ქმრის ხარჯების გადახდას. ქალბატონი ვიკი უარზე იყო: „ეს ნამდვილი სიგიჟეა“ - პასუხობდა ის. როცა მაზიერი ბოლოს და ბოლოს წავიდა, ახალგაზრდა მამა, პატრიკ ვიკი, უკვე საბოლოოდ იყო გამოსული მწყობრიდან; მას აღარ შეეძლო დაძინება - და იგი მეთორმეტე სართულიდან გადმოხტა.

მისმა დაბნეულმა ქვრივმა რამდენიმე თვის მერე საჩივარი აღძრა ამ საქმესთან დაკავშირებით. საქმის ძიება ხუთ წელს გარგძელდა. საენტოლოგიის ცენტრის ადგილსამყოფელები ლიონსა და პარიზში გამომძიებლის ბრძანებით პოლიციური მეთოდით იქნა შემოწმებული. შედეგი: 25 სქელი ტომი საგამოძიებო აქტებისა. ნაპოვნი იქნა ოქროს ზოდები, საინტერესო საბანკო ამონაწერები და საენტოლოგიის ცენტრის მიერ ყოველდღიურად ლოს ანჯელესში ფაქსით გაგზავნილი საგანგებო ბრძანებები, ასევე ცენტრის ფრანგული ფილიალების ანგარიშები. საენტოლოგები მიმართავდნენ საქმის გაჭინაურების მათთვის კარგად ცნობილ ხერხს. მოთხოვნა მოთხოვნაზე შედიოდა, ითხოვდნენ გამომძიებლის საქმიდან ჩამოცილებას. შეიტანეს საჩივარი პოლიციელების მისამართითაც, მაგრამ ამგვარი ღონისძიებებით შედეგს ვერ მიაღწიეს. ერთ ექიმს, ფსიქიატრიული დასკვნის გამცემს, უჩივლეს ექიმთა პალატაში, მაგრამ არც ამას მოჰყოლია მათთვის სასურველი შედეგი, მასზე მეთვალყურეობა დააწესეს, ჭორების გავრცელება დაიწყეს, მოიპარეს მისი ფოსტა... ექიმმა უჩივლა საენტოლოგებს და მოიგო კიდეც ეს საქმე.

მიუხედავად ამისა, გამოძიება ორი წლის განმავლობაში მაინც დახურული იყო. ამ საქმის პირველი გამომძიებელი თავის სამსახურეობრივ კარიერას ჩამოაშორეს და სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, ახლად დანიშნულ გამომძიებელს კი მოთმინებით უნდა ექექა სქელტანიანი აქტები იმისათვის, რომ საქმეში გარკვეულიყო. ბოლოსდაბოლოს დაინიშნა სასამართლო პროცესი - იგი დაიწყო 30 სექტემბერს და გაგრძელდა 8 ოქტომბრამდე - ბატონი ვიკი უკვე რვანახევარი წლის გარდაცვლილი იყო.

ქალბატონი ვიკის გარდა 29 ადამიანმა შეიტანა საჩივარი საენტოლოლოგთა მისამართით მოტყუებისა და სულიერი ძალადობის მოტივით. ერთი წლის მანძილზე საენტოლოგებმა შესძლეს დაერწმუნებინათ მომჩივართა უმეტესობა, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, უარი ეთქვათ სარჩელზე. შვიდი შეუვალი ადამიანი აგრძელებდა საქმეს და ცდილობდა წარმოეჩინა საკუთარი წამების გზა.

საენტოლოგებმა საგამოძიებო საქმიანობნის დაწყებამდე და მის განმავლობაშიც ლიონში უზარმაზარი კამპანია წამოიწყეს: გამოჩნდნენ საენტოლოგიის მომხრე ადამიანები, მოეწყო ღია კარის დღე, მომსვლელები დაასაჩუქრეს სარეკლამო ბროშურებით; იქ მყოფ ჯურნალისტებს დაურიგდათ საჩუქრების პაკეტები: რონ ჰაბბარდის 800 გვერდიანი უძვირფასესი გამოცემა საენტოლოგიის სასწაულ-მოქმედებათა შესახებ, რომელიც მორთული იყო ბრწყინვალე ვარსვლავების - ჯონ ტრავოლტას, ტომ კრუზის, ჩიკ კორეას, ჯულია მიგენესისა და მრავალ სხვათა ფერადი ფოტოებით; ყველაფერი ეს შემკული იყო რეცენზიებით, რომლის მიხედვითაც რონ ჰაბბარდი ყველა დროის უდიდესი ფილოსოფოსების დონეზე იყო დაყენებული - თუ უფრო მაღლა არა - როგორც კაცობრიობის უდიდესი სასწაულმოქმედი და ა.შ. ყველაფერ ამას ახლდა ვიდეოკასეტაც.

რესკონფერენციაზე მსაენტოლოგიის კრიტიკოსებს ჩვეული ხერხებით დასხნენ თავს, როგორც ფანატიკოსების, ჯადოქრებზე მონადირეებს და გესტაპოს შთამომავლებს. მათი თქმით, საენტოლოგიის წინააღმდეგ მიმართული იქნა სხვადასხვა ბოროტი ძალების - დანაშაულებრივი ფსიქიატრებისა და ინტერპოლის - მიერ შექმნილი, ანტიმეცნიერული, სექტების მოწინააღმდეგეთა მთელი წრე, ამ ბნელ ძალებს საშუალებებიც შეუერთდნენო - ამტკიცებდნენ საენტოლოგები.

განსაკუთრებით საინტერესო იყო საენტოლოგების მოწმეთა - ბრაიან ვილსონის (ინგლისი), ფრანგ ა. ფლინისა (ვაშინგტონი), და იტალიელი მასიმო ინტროვინიეს გამოსვლები, რომელთაგან უკანასკნელი თავის თავს „კონსერვატიულ კათოლიკეს“ უწოდებდა. იგი გაკვირვებული კითხულობდა: „თვითმკვლელობა? რა არის აქ გასაკვირი? რამდენი თვითმკვლელობის ფაქტია ფრანგული პოლიციის რიგებში ანდა იტალიის სასულიერო სემინარიაში?“...

ექვსკვირიანი ფიქრის შემდეგ სასამართლომ მაზიერი დამნაშავედ სცნო პატრიკ ვიკის სიკვდილში. მისი მოქმედებები ბატონ ვიკის სიკვდილის პირდაპირ მიზეზად იქნა გამოცხადებული. მარკ ბრომბერგი, ამ დროს საენტოლოგთა წარმომადგენელი საფრანგეთში, აცხადებდა, რომ ეს იყო „პოლიტიკური განაჩენი“.

გამოძიებამ გამოაშკარავა წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის თანხები. მარტო ლიონში საენტოლოგებს სხვადასხვა ბანკებში გახსნილი ჰქონდათ 15 საბანკო ანგარიში. მღვდელმა აღიარა, რომ მას საენტოლოგებისთვის ფული გადაჰქონდა საზღვარგარეთ. აქ გამოძიებას საქმე ჰქონდა მთელ რიგ დანაშაულებრივ ქმედებებთან, განსაკუთრებით ფინანსური ხასიათისა, რომლებიც ჯარიმას ექვემდებარებოდა. გამოძიებამ, გამოაშკარავა აგრეთვე დანაშაულებრივი მოქმედებები ზეგავლენის მოხდენისა და მეთვალყურეობის გაწევის სფეროებში.

(ჟურნალ „ბერლინერ დიალოგში“ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით. Berliner Dialog, Ostern 1997, eft 1. გვ. 4-5).

___________________________

2 OT იგივე ქმედითი ტეტანის მე-8 საფეხურისათვის მიღწევა გულისხმობს ტეტანზე ანუ იგივე სულზე უშუალო ზემოქმედების უნარის მოპოვებას, განსხვავებით წინა 7 მოსამზადებელი საფეხურისაგან (იხ. წინამდებარე პუბლიკაცია გვ. 23).

3 სულიერი წინსვლის გზაზე ბიოქიმიური ხასიათის ხელისშემშლელი ფაქტორებისაგან გათავისუფლების სპეციალური პროგრამა. ითვალისწინებს ფიზიკური ვარჯიშების, საუნაში სიარულის, ვიტამინებისა და კვების სპეციალურად შერჩეული რაციონის კომპლექსურ ერთობლიობას.

6.2 ქალბატონი არენსის მონათხრობი: „მე ჩემს ნება-სურვილზე უარის თქმაც ვისწავლე“

▲ზევით დაბრუნება


ქალბატონი არენსის1 მონათხრობი: მე ჩემს ნება-სურვილზე უარის თქმაც ვისწავლე

ბიოენერგეტიკა და მედიტაცია ერქვა იმ კურსს, რასაც ჩვენთან საერო უმაღლეს სკოლაში გვთავაზობდნენ. იმ დროისათვის, დაახლოებით ექვსი წლის წინ, ესენი ჩემთვის სავსებით უტოპიური ცნებები იყო. მე ყოველთვის მარტოსული ვიყავი, მიჭირდა ადამიანებთან კონტაქტი და ხალხთან დროის სასიმოვნოდ გატარება. ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, იყო ჩემი მეზობელი. ჩვენ ერთად წავიკითხეთ ეს ანონსი და სპონტანურად გადავწყვიტეთ, ჩვენც შევერთებოდით ამ საქმეს.

მე დიდი აღფრთოვანებით ვიღებდი მონაწილეობას ამ კურსში, ვინაიდან იქ მე ვიგრძენი კურსის ხელმძღვანელის მხრიდან ჩემი პიროვნების მიმართ გამოვლენილი დიდი ინტერესი. იგი ჩემთან სახლშიც მოდიოდა და გარკვეული დროის შემდეგ უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილიც გახდა. ჩვენ ინტენსიური საუბრები გვქონდა, იგი ყურადღებით მისმენდა ხოლმე; პირველად ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ვისაც აინტერესებდა ჩემი წარსული, სავსე ძალადობისა და ჩემს მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობის უამრავი ფაქტებით. რამდენიმე თვის შემდეგ მან მიამბო, რომ ურთიერთობა აქვს მსგავსი მიზნების მქონე ერთ- ერთ ჯგუფთან. მისი თქმით, ეს ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, უსმენენ ერთმანეთს, მარტოობისაგან თავის დაღწევის მიზნით ცხოვრობენ ერთად, ერთად სწავლობენ და ერთად ეწევიან მედიტაციას. იმისათვის, რომ იქ მოხვდე, რამდენიმე გამოცდა უნდა ჩააბარო - მიხსნიდა ის. კანდიდატთა ჯგუფთან ერთად მე უნდა მესწავლა ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან საერთო ენის გამოძებნა და კონსენსუსის პოვნა. საათობით უნდა ვმჯდარიყავი სამედიტაციოდ.

მე ვისწავლე აგრეთვე ჩემი ნებასურვილის უარყოფაც. მაგარი არყის საშუალებით, რომელსაც დიდი რაოდენობით ვსვამდი და რომელიც მეხმარებოდა, ცოტათი მოვშვებულიყავი, ყოველივე ეს უფრო იოლად გამომდიოდა. მე დათრგუნული ვიყავი და უფრო იოლად მანიპულირებადი.

კანდიდატობის ვადის გასვლის შემდეგ მე წარმადგინეს გურუსთან, კარგ კანდიდატად მცნეს და მიმიღეს ჯგუფში, რომელიც ალისტერ კროულის მოძღვრების მიხედვით, სექსუალურ-მაგიურ მიმართულებაზე იყო ორიენტირებული. დიდი რაოდენობით მიღებული ალკოჰოლის გავლენის ქვეშ დადგა დრო ჩემი სულიერი და ფიზიკური შეურაცხოფებისა, დაიწყო ჩემი ნების ბოროტად გამოყენება. დღეები გადიოდა ზუსტად განსაზღვრული განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ხდებოდა „ჩემი საკუთარი ნებით“, „დიდი მიზნის“ მისაღწევად, მიზნისა, რომლის შესახებ ზუსტად არავინ არაფერი იცოდა.

თანაჯგუფელები დიდი გულმოდგინებითა და სიზუსტით უთვალთვალებდნენ ერთმანეთს, ყოველი უმცირესი შეჯახება დადგენილ წესებთან მაშინვე მოეხსნებოდა ხელმძღვანელებს და დამნაშავეც სათანადოდ ისჯებოდა. მაგალითად, მე უნდა დამესუფთავებინა და დამელაგებინა გურუს ადგილსამყოფელი; ახლა მე ამას ვეძახი უბრალოდ დამამცირებელ სამუშაოს, რომელსაც არავინ აკეთებდა ხოლმე ნებით. მძიმე სასჯელი იყო „სექსუალური სამსახურები“ ე.წ. „წინწასულთათვის“. მე უკანასკნელი ბინძური ადამიანი ვიყავი.

ნახევარი წლის შემდეგ მე ვიყავი სრულიად უგრძნობი არსება, რომელიც სავსებით მექანიკურად მოქმედებდა და მხოლოდ ჯგუფის ინტერესებით ცხოვრობდა. ჩემი შვილები სხვაგან გავაბარე და თითქმის მთლიანად გავწყვიტე კონტაქტი ოჯახთან. მე არც ის ვიცოდი, რითი უნდა გამემართლებინა ჩემი საქციელი. ეს, რა თქმა უნდა, იმასაც ნიშნავს, რომ მე შინაგანად არ მჯეროდა იმისა, რასაც ვაკეთებდი. ამ ჩუმმა ეჭვმა ჩემში და ჩემმა სხეულმა, რომელიც დიდი რაოდენობის ალკოჰოლის გავლენის შედეგად აღარ მემორჩილებოდა, გამუდმებულმა სისუსტემ, გაუთავებელმა კანკალმა, გულისრევამ, უძილობამ, გულის ჩივილებმა და მრავალმა სხვა ფაქტორმა იქითკენ მიბიძგეს, რათა სერიოზულად დავფიქრებულიყავი ყველაფერ ამაზე.

დღითიდღე ასე ვუფიქრდებოდი ჩემს მდგომარეობას, სრულიად მარტო ვიდექი იქ და აღარ ვიცოდი, საით წავსულიყავი. ნაცნობები, ვისთანაც მე მივდიოდი, ხოლმე, ცდილობდნენ, ისევ უკან, იმ გარემოში დავებრუნებინე, მაგრამ მე აღარ დავუშვი ხელმეორედ შეცდომის შესაძლებლობა. ამ ჯგუფში გატარებულმა სამმა წელმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, საშინლად უნდობი გავხდი; საკმაო დრო უნდა გავიდეს, რომ ვინმემ ჩემი ნდობა მოიპოვოს. ახლა მე ვიცი, რა მინდა და მარტო ვწყვეტ ყველაფერს.

ახალი ცხოვრება ძალიან რთული გზით დავიწყე, მე ისევ ჩემს ოჯახთან ვარ და აღარასოდეს დავუშვებ, რომ ეს შეიცვალოს.

(ბერლინის მხარის სენატის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა განყოფილების ანგარიშში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით „Konfliktträctige Anbier auf dem Lebensillfemarkt religiäser, weltanscaulicer, psycologiscer, terapeutiscer und sonstiger lebenselfender Prägung“)

____________________

1 ქალბატონის ნამდვილი გვარი შეცვლილია

6.3 ბატონი ომის მონათხრობი: „ფამილარული და ამავე დროს არაბუნებრივი კლიმატი შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე და მაოცებდა“

▲ზევით დაბრუნება


ბატონი ომის1 მონათხრობი: ფამილარული და ამავე დროს არაბუნებრივი კლიმატი შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე და მაოცებდა

ერთი ოჯახის დახმარებით, რომელთანაც მე სპორტული გაერთიანების მეშვეობით ვმეგობრობდი, გავეცანი ერთ-ერთ რეგისტრირებულ ქრისტიანულ კავშირს. ეს ოჯახი უკვე რამდენიმე წელია ამ გაერთიანების მრევლს ეკუთვნოდა. მე უბრალოდ დამაინტერესა და ვკითხე, რა ხდებოდა იქ, როდის და სად ტარდებოდა ხოლმე ღვთისმსახურება. ამდენად, წმინდა ინტერესის გამო, მინდოდა მცოდნოდა, როგორ მიმდინარეობდა იქ ღვთისმსახურება და რას ქადაგებდნენ, რამდენადაც მეც მორწმუნე პროტეატანტი ვარ. ამ ოჯახის მხრიდან ნამდვილად არ ყოფილა ჩემი გადაბირებისა თუ ამ ორგანიზაციის რეკლამირების მცდელობა.

ერთ კვირა დღეს მე უბრალოდ წავედი ამ მრევლის ღვთისმსახურებაზე დასასწრებად, რათა მენახა, თუ რა ხდებოდა იქ. ჩემს მონათხრობს, ალბათ, ისიც უნდა დავუმატო, რომ იმ დროისათვის მე არავითარ კრიტიკულ ფაზაში თუ პიროვნული განადგურების მდგომარეობაში არ ვიმყოფებოდი. როცა იქ მივედი, თვალში მომხვდა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი, რომლებიც ღვთისმსახურების დაწყებამდე ყავას სვამდნენ და ინტერესით საუბრობდნენ ერთმანეთში. იქ მისულებს გულთბილად იღებდნენ, ეხვეოდნენ და თავიანთ გარემოში შეჰყავთ. ამგვარი რამ მე ჩემს ეკლესიაში ჯერ არ განმეცადა. ფამილარული, და მაინც არაბუნებრიოვად მოქმედი კლიმატი გავლენას ახდენდა ჩემზე და მაკვირვებდა. ადამიანთა საოცრად მეგობრული განწყობა ერთმანეთის მიმართ, რომელსაც ახლა მე ეიფორიულს ვუწოდებდი, ემოციურად ძალიან მიზიდავდა. ამგვარ რამეს მე აღვიქვამდი როგორც აღმავალ განწყობას და ცოცხალ, მოქმედ ქრისტიანობას, თუმცა ამას ჩემი გარდაქმნისათვის საკმაო საბუთად არ ვთვლიდი. ქადაგება საინტერესო იყო.

ყოველივე ამისგან თავს შორს ვიჭერდი იმის გამო, რომ აქ ახალ წევრებს ნათლავდნენ, - სხვა ეკლეასიაში მიღებული ნათლობა აქ არ „გადიოდა“, არ აღიარებდნენ. მომეჩვენა, რომ აქ იყო 10-5 კაციანი იერარქია, რომელსაც თავის თავზე ჰქონდა ყველაფერი აღებული. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ აქ უფრო ქრისტიანულ სექტასთან გვქონდა საქმე. ჩემი შვილების მიმართ იჩენდნენ ასაკის შესაბამის მზრუნველობას, მე ვისურვებდი, რომ ჩემს ეკლესიაშიც ასე ყოფილიყო.

ეს ღვთისმსახურება ჩემთვის იმდენად იყო საინტერესო და შთამბეჭდავი, რამდენადაც მე დავინახე, თუ რამხელა მიზიდულობა შეიძლება ჰქონდეს ამგვარ ჯგუფს, რამდენად სწრაფად შეიძლება ემოციური ზეგავლენა მოახდინოს უჩვეულო შთაბეჭდილებებმა და თავი, გარკვეულწილად, ყოველივე ამის მონაწილედ აღიქვა.

ერთ-ერთმა ინტერნაციონალური ხასიათის ღონისძიებამ ნამდვილად დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე; მაგრამ აქვე იმასაც მივხვდი, როგორი ქარიზმატული გავლენა აქვთ მრევლის წევრებზე იერარქიის უმაღლესი რანგის პიროვნებებს. მე არ მინდოდა, ამ მრევლის ნაწილი ვყოფილიყავი, მიუხედავად ამისა, თავს დაეჭვებულად და ზოგჯერ მათ მიმართ არაკეთილგანწყობილად ვგრძნობ, როცა მათგან საუკეთესო გაგებით მეგობრულად შემოთავაზებულ მიპატიჟებაზე სულ უარს ვამბობ ხოლმე.

(ბერლინის მხარის სენატის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა განყოფილების ანგარიშში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით „Konfliktträctige Anbier auf dem Lebensillfemarkt religiäser, weltanscaulicer, psycologiscer, terapeutiscer und sonstiger lebenselfender Prägung“)

_____________________

1 მთხრობელის ნამდვილი გვარი შეცვლილია

6.4 ბატონი ვაისის მონათხრობი: „ჩემი პირველი დღე შვებულების შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივად, ჩემი მოქცევის მცდელობით“

▲ზევით დაბრუნება


ბატონი ვაისის1 მონათხრობი: ჩემი პირველი დღე შვებულების შემდეგ დაიწყო ჩვეულებრივად, ჩემი მოქცევის მცდელობით

ჩემი სამუშაო ადგილის მეშვეობით დავამყარე კონტაქტი ჯგუფთან „JOB-Evangelium“. სამუშაოს მსურველ პრეტენდენტებთან გასაუბრება ძალიან ინფორმაციული იყო და მალე კერძო საუბარში გადაიზარდა. ჩემი ახალი უფროსი ლაპარაკობდა იესოსა და რწმენის შესახებ, რაშიც მე ნეგატიურს ვერაფერს ვხედავდი. როცა მე მას ვუამბე, რომ სწორედ ახლა ვკითხულობდი წიგნს ქალწული მარიამის შესახებ, ამაზე მას ძალიან უყურადღებო რეაქცია ჰქონდა. მე ისიც ვახსენე, რომ ერთი წლის წინ რაღაც ავადმყოფობა გადავიტანე, რომელიც, ექიმების აზრის საპირისპიროდ, განკურნებულ იქნა და ისინი ამას სასწაულად მიიჩნევდნენ. ჩემი უფროსი თვლიდა, რომ იესოს უნდა მიჰყვეს კაცი და რომ სამყაროც და ადამიანებიც ცუდები არიან. პირველი, რაც მე თვალში მომხვდა, იყო ადამიანთა გულითადი დამოკიდებულება ამ ბიუროში.

იმ საქმისათვის, რომელიც ამ საზოგადოებრივი სახსრებით დაფინანსებულ პროექტში უნდა შემესრულებინა, ჩემი კვალიფიკაცია არა თუ საკმარისი, არამედ მეტისმეტიც კი იყო. ორი თვის შემდეგ მე შემიქმნეს ფრიად საპასუხისმგებლო, დაძაბული სამუშაო ატმოსფერო. ეს სწორედ რომ შეეფერებოდა ჩემს ინტერესებს. სამუშაო ხელშეკრუ“. ჩემი ხელშეკრულება გარკვეული ვადით იყო დადებული; უმუშევრობის შიში, საინტერესო სამსახურის პერსპექტივა და ის, რომ სამუშაო სრულად შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს, მავიწყებდა იმ ცუდ შეგრძნებას, რაც მაშინ გამიჩნდა. მიუხევად იმისა, რომ, მე თავიდანვე მქონდა ცოტა უცნაური შეგრძნება ყოველივე ამის მიმართ, მუშაობის დაწყება მაინც გადავწყვიტე. ჩემი უფროსი ყოველივე ამის მიზეზად ლოცვებს ასახელებდა; როგორც თვითონ მიამბო მოგვიანებით, ის თურმე ლოცულობდა იმისათვის, რომ ეს ადგილი მიმეღო. ძალიან მალე მან დამპატიჟა საუზმეზე ერთ რესტორანში. რამდენადაც ახლა მაგონდება, „JOB-Evangelium“ ჯგუფში მომუშავე ადამიანები იქ ყვებოდნენ იმ შთაბეჭდილებების შესახებ, რაც მათ იესოსთან მიმართებაში განიცადეს. საუზმე დაახლოებით 50 გერმანული მარკა ღირდა, რომლის გადახდაც ჩემს უფროსს უნდოდა. მე დიდი ინტერესი არ მქონია ამგვარი საუზმების მიმართ, მაგრამ მისი განაწყენებაც არ მინდოდა და არც ის ვიცოდი, როგორ მეთქვა უარი შეფის მიპატიჟებაზე. შემდეგ მიპატიჟებაზე არ წავსულვარ და ორშაბათს მან არყოფნის მიზეზი გამომკითხა. მე ვცდილობდი, გამომეხატა ჩემი სათქმელი და რაღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს. ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან საქმე უფროსს ეხებნოდა. ცხადია, ამგვარ სიტუიაციაში ჩემს თანასწორ კოლეგასთან ნაკლები სირთულეები მექნებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი უარი დიდი ხნის განმავლობაში ზემოქმედებას მოახდენდა სამუშაო სიტუაციაზე. მე კიდევ მრავალი მოპატიჟება მივიღე წვეულებებზე, სადაც არასოდეს გამოვჩენილვარ. როგორც იქნა, გაანება თავი ჩემმა უფროსმა მიპატიჟებების შემოთავაზებას და სანაცვლოდ ბროშურები და წიგნები შემომთავაზა. ეს ლიტერატურა მე უსათუოდ უნდა წამეკითხა, ვინაიდან ამას შეეძლო პოზიტიურად შეეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. შეფი თითქმის ყოველდღე მეკითხებოდა, წავიკითხე თუ არა წიგნები და რამდენად მომეწონა ისინი.

მე არ ვკითხულობ ამ წიგნებს, რაც წავიკითხე, ყვცელაფერი საშინელებად მომეჩვენა, მაგრამ არც ამის თქმა შემეძლო; იძულებული ვიყავი თავი ისევ წაუკითხაობით მემართლებინა. ჩემს პასუხზე: „დრო არა მაქვს“, გაკვირვებით შემეწინააღმდეგებოდნენ ხოლმე: მირჩევდნენ უსათუოდ გამომენახა საამისოდ დრო, ვინაიდან წაკივთხვის შემდეგ ჩემი ცხოვრება ისე მკვეთრად შეიცვლებოდა პოზიტიური მიმართულებით, რომ ამის წარმოდგენა ახლა არ შემეძლო. მათი თქმით, ისეთი რამ მოხდება, რომლის წარმოდგენა და გააზრება მე ახლა არ შემიძლია. ამისათვის კი აუცილებელია, ჩემი ცხოვრება იესოს და სული წმინდას მიუძღვნია. მე აუცილებლად ხელახლა უნდა დავბადებულიყავი.

დიდხანს არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ჩემს უფროსთან. ჩემი პერმანენტული უარით საკუთარი თავი უკვე სულელად მეჩვენებოდა. იესო, მრევლი, სასწაული და სხვა იყო მნიშვნელოვანი თემა, რომელიც სამუშაო ჯგუფის სხდომების დროს განიხილებოდა. რაღაც დროის შემდეგ ოთხ თანამშრომელთაგან მარტო მე არ ვიყავი, მრევლის წევრი. ერთი თანამშრომელი, რომელიც მუსლიმანი იყო, გადაიყვანეს სხვაგან. ამ დღიდან უაღრესად მარტოდ ვგრძობდი თავს და ძალიან მიჭირდა. მე სრულიად იზოლირებული აღმოვჩნდი, ვინაიდან არ მსურდა მონაწილეობა მიმეღო იმ ლოცვებში, რომელიც ჩემი უფროსის ოთახში ეწყობოდა ხოლმე. თანდათან ვგრძნობდი ზეწოლას, განსაკუთრებით უფროსისაგან. ვინაიდან იგი ხელმძღვანელობდა პროექტს და სამუშაო ადგილებსაც ის ანაწილებდა, აღარ ვიცოდი, როგორი რეაგირება უნდა მომეხდინა ყველაფერ ამაზე. რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვიყავი შემოქმედებითი და საპასუხისმგებლო სამუშაოს მიღებით. მე მეპატიჟებოდნენ ღვთისმსახურებებზე, მიწვევდნენ წმინდა რიტუალებზე და სხვა შეხვედრებზე. მე არასოდეს წავსულვარ იქ და დროთა განმავლობაში ჩემს ირგვლივ სამუშაო კლიმატიც შესამჩნევად იცვლებოდა. არავინ არაფერს მეუბნებოდა სამუშაო პროცესში მიმდინარე ცვლილებების შესახებ, ეს მე რატომღაც ისედაც უნდა მცოდნოდა.

უკვე აღარავინ ლაპარაკობდა იმ ახალი პერსპექტივების შესახებ, რომელიც თავდაპირველად ასე რეალურად დამისახეს. ოთხი თვის თავზე ისეთი მწვავე კუჭის ტკივილი დამეწყო, რომ ორი კვირა ვეღარ მოვახერხე სამუშაოზე მისვლა. შექმნილი სიტუაციის შესახებ ჩემს ექიმთან ვილაპარაკე.

როცა დავბრუნდი სამუშაოზე, ძალიან ცუდი განწყობით შემხვდნენ. არავინ მცემდა ხმას. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ეს ხალხი, იზიარებდა მოძღვრებას, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც ავად არიან, დემონების მიერ არიან შეპყრობილნი. რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, ვცდილობდი, გავცლოდი ჩემს უფროსს, ყოველთვის თავს ვარიდებდი მასთან საუბარს.

სამუშაო ატმოსფერო თანდათან აუტანელი ხდებოდა. აღარ ვიცოდი, როგორ უნდა დამეჭირა თავი, მით უფრო, რომ ჩემი უფროსი არ უწევდა ანგარიშს ჩემს უარს და აგრძელებდა თავის მცდელობას ჩემს მოსაქცევად. ერთხელაც დამიძახა თავის ოფისში და მკითხა, თუ რატომ მეშინოდა შემეცვალა ჩემი ცხოვრება? მე მხოლოდ ახლად უნდა დავბადებულიყავი, მერე ყველაფერი კარგად იქნებოდა. ის ანგარიშს არ უწევდა ჩემს პასუხს - რომ მე ძალიან მომწონს ჩემი ცხოვრება ისეთი, როგორიც ის არის, ვინაიდან მისი აზროვნებისათვის ამგვარი რამ შეუძლებელი იყო.

მე ვეცადე, შეძლებისდაგვარად დიპლომატიურად გამერთმია თავი სიტუაციისათვის. იმ გულითადი დამოკიდებულებისგან, რასაც თავდაპირველად ამჟღავნებდნენ ჩემს მიმართ, უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი. მე ვიღებდი ყველაზე ცუდ და მოსაწყენ სამუშაოს, ზოგჯერ ყველაფერ ამას ჩემს პიროვნულ დაუძლურებლად აღვიქვამდი. შვებულების პერსპექტივა და განსაზღვრული დროით დადებული სამუშაო კონტრაქტი მაძლევდა იმის ძალას, რომ ამეტანა ასეთი პირობები.

შვებულების შემდეგ ჩემი პირველი დღე დაიწყო ჩვეულებისამებრ, ჩემი გადაბირების მცდელობით. გარდა ამისა, შეეცადნენ კონტაქტი დაემყარებინათ ერთ ჩემს ნათესავთან, რომელიც ამავე სართულზე რაღაც კურსებს ესწრებოდა ხოლმე. ახლა უკვე სხვა მონაწილეც მეპატიჯებოდა გამუდმებით - დავსწრებოდი ღვთისმსახურებას. ჩემს „არას“ იგი არ უწევდა ანგარიშს, პირიქით, ძალიან ემოციურად და შეურაცხოფილად იღებდა ამას. ეს იყო უკანასკნელი წვეთი ჩემი მოთმინების ფიალაში. ჩემი სამუშაო ატმოსფერო სრულიად აუტანელი გახდა. შეუძლებელი იყო პერმანენტული ინდოქტრინაციებისგან გათავისუფლება. ახლა უკვე ეს მონაწილე მამარაგებდა ბროშურებით. ჩემს უარს იგი პიროვნულ შეურაცხოფად აღიქვამდა და ცდილობდა, ჩემში სინდისის ქენჯნა გამოეწვია. საკუთარი თავისა უკვე საერთოდ აღარ მჯეროდა, სამსახურში სიარულისაც კი მეშინოდა და კუჭის ტკივილითა და შიშის მდგომარეობაში ყოფნით ვრეაგირებდი ყველაფერ ამაზე.

იმ ფაქტს, რომ არაფერი შემომთავაზეს დაპირებული სამუშაოსგან, აღვიქვამდი, როგორც პიროვნულ მარცხს და უუნარობას. მეგონა, რომ მე ვერ წარმოვაჩინე რიგიანად თავი. ზოგჯერ ეჭვით ვუყურებდი ჩემს ცხოვრებას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: იქნებ სადღაც მართალია ჩემი უფროსი?

ბოლოს ერთ ნეიტრალურ საინფორმაციო სამსახურში მივედი და გამოვიკითხე დაწვრილებით იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელსაც ჩემი უფროსის მრევლი მიეკუთვნება, გულდასმით ავწონ-დავწონე მდგომარეობა და მივედი საბოლოო გადაწყვეტილებამდე: ვინაიდან შეუძლებელი იყო ჩემს სამუშაო ადგილზე შექმნილი მდგომარეობის ჩემთვის სასიკეთოდ შემობრუნდა, თავი უნდა დამენებებინა მუშაობისათვის. პირველ ხანებში მეშინოდა, ჩემს უფროსს არ დაერეკა, ტელეფონთანაც კი აღარ მივდიოდი, მეჩვენებოდა, რომ ის ჩემი კარების წინ იდგა. ჩემი პიროვნული მრწამსი განადგურების პირას იყო მისული; ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, რომ მე საკმ,აოდ სუსტი აღმოვჩნდი, გამეწია წინააღმდეგობა. ვინაიდან მათი ეკლესია ჩემს სახლთან ახლოს მდებარეობდა, მეშინოდა, ქუჩაში ჩემს ყოფილ უფროსს, კოლეგებს, ან მრევლის წევრებს არ გადავყროდი. მიჭირდა სხვა ადამიანებთან ურთიერთობაც. ახლა ახალ სამუშაოს ვეძებ.

თავდაპირველად, როცა ამ პროექტში დავიწყე მუშაობა, ძალიან სასიამოვნო მეჩვენა იქაური გულღია, სიყვარულით სავსე და ადამიანური ატმოსფერო. დროდადრო ვამჩნევდი, რომ ეს გახსნილი ატმოფერო იმას ემსახურებოდა, რომ რაც შეიძლება მეტი გაეგოთ პიროვნების ცხოვრების შესახებ. თავდაპირველად დადებითად ვაფასებდი ჩემი უფროსი მზადყოფნას, დახმარებოდა ადამიანებს, რასაც იგი ჯგუფში და საერთოდ მონაწილეებთან ამჟღავნებდა ხოლმე. შემდეგ უკვე წესად შემოვიდა მიპატიჯებები საუზმეზე და წიგნებისა თუ ბროშურების დარიგება. დროთა განმავლობაში თვალში მომხვდა ის, რომ მონაწილეთა ჯგუფი მხოლოდ მრევლის წევრებისგან შედგებოდა ან იმათგან, ვინც ამ საქმიანობით იყო დაინტერესებული. განაცხადები შემდგომ პროექტში სამუშაოდ ასევე მრევლის წევრებისგან მოდიოდა.

მე კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით.

(ბერლინის მხარის სენატის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის საქმეთა განყოფილების ანგარიშში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით „Konfliktträctige Anbier auf dem Lebensillfemarkt religiäser, weltanscaulicer, psycologiscer, terapeutiscer und sonstiger lebenselfender Prägung”)

_______________________________

1 მთხრობელის ნამდვილი გვარი შეცვლილია

7 სახელმწიფოსა და სექტებს შორის ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


7.1 სახელმწიფო და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


პიროვნების სინდისის თავისუფლების უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების გათვალისწინებით, ევროპის ქვეყნების კონსტიტუციები მოქალაქეთა სინდისისა და რწმენის თავისუფლების შესახებ იდენტურ დებულებებს გვთავაზობს, რაც სახელმწიფოთა მხრიდან სინდისისა და რწმენის თავისუფლების აღიარების მტკიცე საკანონმდებლო გარანტიას ქმნის და ხელს უწყობს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეთა აღმსარებლობის თავისუფლების რეალიზაციას.

ამ სახით გარანტირებული სინდისის თავისუფლება მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად, მხოლოდ შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვიტოს საკუთარი რელიგიური კუთვნილების საკითხი და აირჩიოს მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს მდგომი რელიგიური მიმდინარეობა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ მიეკუთვნება ტრადიციულად მიჩნეულ რელიგიურ მიმდინარეობებს. სახელმწიფოს ფუნქციაა უზრუნველყოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რაც გულისხმობს როგორც პიროვნების თავისუფალი ნების რეალიზაციისათვის სათანადო გარემოს შექმნას, ისე მის დაცვას ისეთი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება პიროვნების უფლებების თავისუფალი რეაიზაციის კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა გამოიწვიოს.

7.2 სახელმწიფო და მოქალაქეთა უსაფრთხოება

▲ზევით დაბრუნება


მზარდი სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული თანამედროვე საზოგადოება, თავის წიაღში მრავალ ისეთ მიმდინარეობას წარმოშობს, რომელთა იდეოლოგიურ საფუძველს რელიგიური მსოფლმხედველობა წარმოადგენს. ამგვარი მიმდინარეობის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებელს მოქალაქეთა ფართო მასების მიმხრობა წარმოადგენს, რისთვისაც ეფექტურად იყენებენ როგორც ფინანსურ, ისე იდეოლოგიური ზემოქმედების ბერკეტებს. სახელმწიფოს მიზანია, ხელი შეუწყოს ნებაყოფლობითი გაერთიანებების, როგორც სამოქალაქო საზხოგადოების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი განვითარებას, თუმცა იმგვარ შემთხვევათა გათვალისწინებით, როგორიცაა ჯგუფის მიერ საკუთარი მიზნების მისაღწევად კანონით აკრძალული ქმედებების გამოყენება, აუცილებელი ხდება სახელმწიფოს მხრიდან მათი საქმიანობის რეგულირება და საკანონმდებლო ნორმების ჩარჩოებში მოქცევა.

7.3 რელიგიურ გაერთიანებათა სამართლებრივი რეგულირების პრაქტიკა

▲ზევით დაბრუნება


რელიგიურ მიმდინარეობათა არსებობა და მათი საქმიანობის რეგულირება ოდითგანვე სახელმწიფოთა განსაკუთრებული ყურადღების ობიექტს წარმოადგენდა. სახელმწიფოს პოლიტიკური ხელისუფლების დაინტერესება გარკვეულწილად განპიროვნებული იყო იმითაც, რომ თავის საქმიანობაში დაყრდნობოდა რელიგიური მსოფლმხედველობის სახით არსებულ იდეოლოგიურ ბაზისს და გამოყენებინა იგი საზოგადოებასთან თავისი დამოკიდებულების განსავითარებლად.

ევროპის სახელმწიფოთა საკანონმდებლო პრაქტიკა, რელიგიურ მიმდინარეობათა საქმიანობის რეგულირების მოდელებს შორის განსხვავების მიუხედავად, განსაკუთრებული ზრუინვის ობიექტად პიროვნების რწმენის თავისუფლების ხელშეწყობას მიიჩნევს.

ნიშანდობლივია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მოქმედი რწმენის თავისუფლების პრინციპისა და რელიგიურ გაერთიანებათა შეუზღუდავი არსებობის პირობებში, აუცილებელია ასევე არსებობდეს გარანტია იმისა, რომ მათი საქმიანობისას უზრუნველყოფილი იქნება ქვეყნის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულება. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რელიგიური თავისუფლებისა და პლურაზმის პირობებში თავის საქმიანობას უამრავი ისეთი ჯგუფიც ახორციელებს, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო რელიგიური მსოფლმხედველობისათვის დამახასიათებელ ისეთ ღირებულებებთან, როგორიცაა ჰუმანიზმი, შემწყნარებლობა, მიმტევლობა, კაცთმოყვარეობა და ა.შ. და თავიანთი აგრესიული და კონფლიქტური ბუნებით ბევრ საფრთხეს შეიცავენ როგორც ადამიანებისათვის, ისე სახელმწიფოს არებობისათვის.

ასეთ პირობებში, ბუნებრივია, სახელმწიფოს მოეთხოვება უზრუნველყოს მათ მიმართ სათანადო, კანონმდებნლობით განსაზღვრული ღონუისძიებების განხორციელება, რაც სხვასთან ერთად, მათი საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი პრინციპების დადგენასაც გულისხმობს.

7.4 რეგისტრაციისა და სამართლის სუბიექტად აღიარების წესი

▲ზევით დაბრუნება


ძირითადი პრინციპი, რაც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და მსგავს გაერთიანებათა შორის ურთიერთობას, გამოიხატება სახელმწიფოთა მიერ მათ აღიარებასა და რეგისტრაციაში. ევროპის ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაციის მექანიზმსა და მათთვის გარკვეული სამართლებრივი პრივილეგიების მინიჭების შესაძლებლობას.

გერმანიის მოქმედი კანონმდებლობა, კონსტიტუციურ დებულებათა შესაბამისად, ითვალისწინებს რელიგიურ გაერთიანებებისათვის როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებას.

ვაიმარის კონსტიტუციის 137-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭება იმ გაერთიანებებს, რომელთა არსებობა და წევრთა რაოდენობა იძლევა მათი ხანგრძლივი საქმიანობისა და ასეთი სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას. (გარდა 137-ე მუხლის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1949 წლის კონსტიტუიციის შემადგენელ ნაწილად იქნა მიჩნეული იმავე ვაიმარის კონსტიტუციის 136-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლები.)

აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 2000 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „რელიგიური საზოგადოება, რომელსაც სურს გახდეს საჯარო სამართლის კორპორაცია უნდა იყოს კანონმორჩილი. მან უნდა მისცეს სახელმწიფოს იმის გარანტია, რომ დაიცავს მოქმედ სამართალს, კომსტიტუციისა და სხვა კანონების ფარგლებში განახორციელებს მისთვის მინიჭებულ უფლებებს, არ ხელყოფს როგორც კონსტიტუციით უზრუნველყოფილ მესამე პირთა, ისე სხვა რელიგიურ გაერთიანებათა კანონიერ უფლებებს“.

გერმანიის ძირითადი კანონის 140-ე მუხლისა და ვაიმარის რესპუბლიკის კონსტიტუციის 137-ე მუხლის საფუძველზე რელიგიური გაერთიანებისათვის მინიჭებული პრივილეგიების სამართლებრივ გამოხატულებას წარმოადგენდა ,,საჯარო სამართლის გაერთიანებების შესახებ“ გერმანიის ფედერალური კანონის მე-2 მუხლის მეორე აბზაცის მესამე ნაწილის დებულება, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი იყო ასეთი გაერთიანებისათვის უფლებაუნარიანობის ჩამორთმევა. 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარმა ტერორისტულმა აქტებმა გაამყარეს მანამდე არსებული მოსაზრებები რელიგიური გაერთიანებისთვის „რელიგიური პრივილეგიის“ მოხსნასთან დაკავშირებით და საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული დებულების გაუქმების თაობაზე. ამრიგად, გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა უშვებს სხვასთან ერთად, რელიგიური გაერთიანებათა საქმიანობის აკრძალვის შესაძლებლობასაც.

რელიგიურ გაერთიანებათა საჯარო სამართლის კორპორაციად ცნობა, ერთის მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან პრივილეგიებისა და უფლებების მინიჭებასთან ხოლო, მეორეს მხრივ, ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის მისაღებად, რელიგიურ გაერთიანებას შეუძლია, აგრეთვე რეგისტრაცია გაიაროს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად და მოიპოვოს კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი. ამგვარი სტატუსი, რა თქმა უნდა, ნაკლებ პრივილეგიებსა და შესაბამისად, ნაკლებ ვალდებულებებს გულისხმობს.

ბუნებრივია, ამის პარალელურად სულაც არ არის აუცილებელი, რომ რელიგიური ჯგუფი სამართლებრივად იყოს ორგანიზებული. მათ თავიასუფლად შეუძლიათ იარსებონ არარეგისტრირებული ფორმითაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში ისინი მოკლებულნი იქნებიან ისეთი უფლებებით სარგებლობას, როგორიცაა ქონებრივი უფლებები, სასამართლოში დავისას წარმომადგენლობის უფლება და სხვა.

ევროპის რიგი ქვეყნების კანონმდებლობა რეგისტრაციას არ მიიჩნევს რელიგიურ გაერთიანებათა საქმიანობის აუცილებელ პირობად. რელიგიურ ჯგუფებს გარანტირებული აქვთ ქვეყანაში მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ანდა სულაც არარეგისტრირებული იურიდიული პირის ფორმით საქმიანობის თავისუფლება. უნდა ითქვას, რომ სექტების უმრავლესობა სწორედ ამგვარი ორგანიზაციული ფორმით წარმართავს თავის საქმიანობას ევროპაში. ამას ზოგჯერ ისიც უწყობს ხელს, რომ ესა თუ ის ქვეყანა თავის კანონმდებლობაში გარკვეულ მოთხოვნას აწესებს გაერთიანების რელიგიურად მიჩნევისა და მის ასეთად რეგისტრაციისათვის. ამ მხრივ პირველ ყოვლისა აღსანიშნავია მოთხოვნა რელიგიურ გაერთიანებად არსებობის ხანგრძლივობისა და წევრთა რაოდენობის შესახებ, რისი დაკმაყოფილების შესაძლებლობაც მხოლოდ შესაბამის ქვეყნებში მოქმედ ტრადიციულ რელიგიურ გაერთიანებებს გააჩნიათ.

1998 წლის იანვარში ავსტრიის რესპუბლიკაში მიღებული იქნა ფედერალური კანონი რელიგიური თემების სამართალსუბიექტურობის შესახებ. „სამართლებრივად აღიარებული რელიგიური საზოგადოების“ სტატუსთან ერთად გაჩნდა „სახელმწიფოებრივად რეგისტრირებული რელიგიური თემების“ სტატუსიც, ამ უკანასკნელისადმი წაყენებული გაცილებით იოლი სარეგისტრაციო მოთხოვნებით. ამასთან, განისაზღვრა ისიც, თუ ვინ მიეკუთვნება ასეთ გაერთიანებებს. კანონის მიხედვით, სახელმწიოფო დაწესებულება ამოწმებს და უარს ეუბნება რელიგიურ საზოგადოებნას რეგისტრაციაზე, თუ ამ უკანასკნელის საქმიანობა და პრაქტიკა ხელყოფს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესებს ან საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ ჯანმრთელობას. თუ ისინი არ ერევიან ახალგაზრდობის ფსიქოლოგიურ განვითარებაში, ან თუ თავიანთი რწმენის გავრცელებაში არ იყენებენ ფსიქოთერაპიულ მეთოდებს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაკლები გამოცდილების მქონე სექტის ტიპის გაერთიანებები შედარებით იშვიათად იყენებენ სახელმწიფოსაგან რაიმე დახმარებისა თუ შეღავათის მიღების შესაძლებლობას. სახელმწიფოში ისინი ისინი, პირველ ყოვლისა, თავიანთ ოპონენტს ხედავენ და მისგან გარკვეულ იზოლაციურ მდგომარეობაში ყოფნას ამჯობინებენ. ისინი თვითდამკვიდრების, თვითრეალიზაციის პრინციპის შესაბამისად, ცდილობენ თავიანთი მსოფლმხედველობის გავრცელებას. რეგისტრაცია მათთვის მხოლოდ ქონებრივი ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებელი კომპონენტია, რომელიც უზრუნველყოფს მათი საკუთრების გამიჯვნას კერძო პირთა საკუთერებისაგან, ასევე მათ ხელთ აკუმულირებული თანხების თავიანთი მიზნების შესაბამისად გამოყენებას. სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით სექტებად მიჩნეული გაერთიანებები, როგორც წესი, არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნძდებიან.

7.5 მეთვალყურეობის განხორციელება, სპეციალურ მოხსენებათა ინსტიტუტი

▲ზევით დაბრუნება


სექტების სწრაფვა - თავიანთ რიგებში მოიზიდონ წევრთა დიდი რაოდენობა და მიაღწიონ მათზე სხვადასხვა ხერხით განუსაზღვრელი ძალაუფლების გავრცელებას - ბუნებრივად წარმოშობს მათი საქმიანობის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან კონფლიქტს. აღნიშნულის გამო სახელმწიფოთა წინაშე, მათი საქმიანობის რეგულირების ახალი ფუნქცია წარმოიშობა, რაც მათ მიერ სექტების საქმიანობაზე მეთვალყურეობასა და მათ მიერ შექმნილი პრობლემების აღწერა- შეფასებაში გამოიხატება. სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს აგრეთვე ამგვარი ჯგუფების მიერ შექმნილი პრობლემების აღმოფხცვრის სამართლებრივი გზების ძიება.

ამ კუთხით სახელმწიფოთა საქმიანობის ძირითად პრიორიტეტს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. ევროპის ქვეყნების სახელმწიფოთა საქმიანობაში ფართოდ გამოიყენება სპეციალური ანგარიშების ინსტიტუტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო (უმეტეს შემთხვევაში სამართლებრივი პროფილის) აფრთხილებს საზოგადოებას იმგვარ ორგანიზაციათა საქმიანობის შესახებ, რომელნიც ზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, მიზანმიმართულად ახდენენ მათ ფსიკიკურ თუ ფინანსურ დაკაბალებას, ქადაგებენ ძალადობას, სისასტიკეს, აგრესიულობას, ან თავიანთი ქმედებებით ზიანს აყენებენ ადამიანის და მისი ოჯახის წევრების ფიზიკურ თუ ფსიკიკურ მდგომარეობას. მათი საქმიანობის პრინციპების რეალური სურათის აღწერასთან ერთად მოხსენება შეიცავს გაფრთხილებას კონკრეტული ჯგუფების საშიშროების შემცველი საქმიანობის შესახებ, აგრეთვე მითითებას, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელონ ადამიანებმა მათთან ურთიერთობისას.

ევროპის სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი აქვეყნებს ვრცელ მოხსენებებს, რომლებშიც მოცემულია საშიშად მიჩნეულ სექტების ჩამონათვალი და მათი საქმიანიობის აღწერა. რიგი ქვეყნების მოხსენებები (მაგალითად, საფრანგეთისა და ბელგიის) დეტალურად აღწერს სექტისტიპის მიმდინარეობათა საქმიანობის იმ მხარეებს, ისინი საფრთხეს უქმნიან სახელმწიფოსა და საზოგადოებას. სხვა ქვეყნების (მაგალითად, შვედეთის) ანალოგიურ მოხსენებაში კი განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება იმ საშიშროებაზე, რომელიც ინდივიდისკენაა მიმართული.

საფრანგეთის მოხსენება მოიცავს 170 სექტის ტიპის მოძრაობისა და 800 შედარებით მცირე დაჯგუფების საქმიანობის აღწერას. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებაში ვრცლადაა წარმოდგენილი ასეთი მოძრაობების მხრიდან მომდინარე საშიშროება როგორც ცალკეული ინდივიდისათვის, ისე სახელმწიფოსა თუ საზოგადოებისათვის, მასში ვერსად ნახავთ თუნდაც მინიშნებას ისეთი სპეციალური კანონების მიღების საჭიროებაზე, რომლებიც შეზღუდავდნენ დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის უმთავრეს პირობას - თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების უზენაესობას. მოხსენებაში აქცენტი გადატანილია არსებული სამართლებრივი ნორმების უფრო ეფექტურად გამოყენების აუცილებლობაზე.

ბელგიის ანგარიში მოიცავს სექტის ტიპის 189 ორგანიზაციის საქმიანობის აღწერას, რომლებიც, ანგარიშის ავტორთა აზრით, საშიშროებას უქმნიან სახელმწიფოსა და ცალკეულ ინდივიდს. მოხსენება განსაკუთრებით უსვამს ხაზს სექტებისათვის დამახასიათებელ ისეთ თავისებურებებს როგორიცაა: ადამიანის უმწეო მდგომარეობით სარგებლობა და თვითმკლელობისაკენ აქტიური მოწოდება.

აღსანიშნავია, რომ ბელგიაში ქვეყნის პარლამენტის საგამომძიებო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა არაკანონიერი საკულტო პრაქტიკის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებას, 1998 წლიდან ფუნქციონირებს მავნე სექტისმაგვარ ორგანიზაციათა შემსწავლელი საკონსულტაციო ცენტრი (CIAOSN). შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რაც აღნიშნული ცენტრის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს „მავნე სექტისმაგვარ ორგანიზაციად“ განიხილავს ფილოსოფიური ან რელიგიური მიმართულების იმგვარ ჯგუფებს, რომლებიც თავიანთი პრაქტიკითა და არსით ითვალისწინებენ საზოგადოებასთან ან პიროვნებისათვის ზიანის მომტან ან მისი ღირსების შემლახავ საქმიანობას. იმის დასადგენად თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ზიანის მომტანად, კომისიის მიერ განსაზღვრული შემდეგი 13 კრიტერიუმი:

  • ახალი წევრების მოზიდვა არაკეთილსინდისიერი მეთოდების გამოყენებით;

  • შემეცნებითი მანიპულირება;

  • ადეპტებსა და მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ზეწოლის განხორციელება;

  • აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა;

  • ძალადობის გამოყენება, განსაკუთრებით სექსუალური ხასიათისა;

  • ოჯახის დაშლისაკენ მიმართული ქმედებები

  • ბავშვების მოტაცვება, მშობლებისათვის შვილების ჩამოშორება;

  • მოძრაობიდან თავისუფლად გასვლის უფლების ჩამორთმევა;

  • ზღვარგადასული ფინანსური მოთხოვნები;

  • ორგანიზაციის წევრთა ექსპლუატაცია;

  • დემოკრატიული საზოგადოების ბოროტების მიზეზად გამოცხადება და მისგან გამიჯვნა;

  • საზოგადოების ნგრევის მიზნად დასახვა;

  • ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად არაკანონიერი მეთოდების გამოყენება.

ავსტრიის მოხსენება სხვა მრავალ საშიშროებათა შორის, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს ინდივიდს და საზოგადოებას, განსაკუთრებით გამოყოფს სექტების ეგოისტურ, მოგებაზე ორიენტირებულ დაინტერესებასა და ტოტალიტარულ მიზანსწრაფვას.

სპეციალურ მოხსენებათა ეფექტურობა ზოგჯერ მნიშვნელოვნად მცირდება თუ არ ხერხდება ამა თუ იმ სექტის საქმიანობაში კონკრეტული კანონდარღვევის გამოვლენა. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა სახელმწიფო ორგანოების გააქტიურებასა და სათანადო ღონისძიებების ჩატარებას ნებადართულს ხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დასტურდება, რომ ამგვარი ორგანიზაცია -

ა) თავის მოქმედებაში იყენებს ძალადობას,
ბ) არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან წარმოშობს საშიშროებას კანონისა და დემოკრატიის წინააღმდეგ,
გ) თავიანთი წევრების მიმართ სისტემატურად არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს,
დ) თუ საზღვარგარეთის რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში წარსულში აკრძალული იყო მათი საქმიანობა.

მაგალითად, 1998 წლის ივლისის თვეში შვეიცარიაში იუსტიციისა და პოლიციის დეპარტამენტის ინიციატივით აღწერილი იქნა „საენტოლოგების“ საქმიანობა, აღწერის მიზანს წარმოადგენდა განესაზღვრა, ის, თუ რა გარანტიები არსებობდა იმისათვის, რომ სახელმწიფო და საზოგადოება დარწმუნებულიყო მათი საქმიანობის უსაფრთხოებაში. გამოკვლევამ აჩვენა, რომ „საენტოლოგები“ მრავალმხრივ აქტიურ მოღვაწეობას ეწევიან, მათი საქმიანობის სულ უფრო ორგანიზებულ სახეს იღებს, რომელსაც საფუძვლად უდევს ფინანსური ინტერესები, მაგრამ ყოველივე ეს ხორციელდება კანონდარღვევის გარეშე. ამასთან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი საქმიანობის შესასწავლად დაკვირვებისა და გამოკვლევის ცენტრების შექმნა. აღნიშნული ცენტრების დაკვირვების ობიექტები „საენტოლოგებთან“ ერთად სხვა ანალოგიური სექტებიც უნდა ყოფილიყო. ამგვარი ცენტრების შექმნის შესაძლებლობამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

1996 წელს გერმანიის ბუნდესტაგში შეიქმნა საგამოძიებო კომისია „ე.წ. სექტები და ფსიქოჯგუფები“. კომისიის მიზანს წარმოადგენდა ასეთი მიმდინარეობების საქმიანობის შესწავლა და სათანადო რეიომენდაციების მომზადება. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო შესაბამისი სფეროს მრავალმა ექსპერტმა. მათი მუშაობის შედეგად გაანალიზდა ამგვარი ჯგუფების კონფლიკტური პოტენციალი და მათ მიერ მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფს შესაძლო შემთხვევები. კომისიის უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციას წარმოადგენდა მოქალაქეთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა. რეკომენდაციები გულისხმობდა კურსების, სემინარების, ტრეინინგჯუფებისა და სხვა ანალოგიურ გაერთიანებათა მოწყობა-ორგანიზებისას, მასში მონაწილეობის მიმღებ პირთა დაცვის მოდელური პრინციპების ჩამოყალიბებას, ფინანსური მაქინაციებისა და მანიპულაციის ტექნოლოგიების გამოვლენასა და აღკვეთას. მაგალითად, მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც სხვა პირს სთავაზობს მის გაერთიანებაში შესვლასა და საქმიანობას, ანდა მისი მომსახურეობით სარგებლობას, მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია:

- შეთავაზების მიზნის, შინაარსისა და მეთოდის შესახებ.
- სწავლების მეთოდოლოგიისა და მასწავლების პროფესიული კვალიფიკაციის შესახებ,
- შეთავაზების და მასთან დაკავშირებული კურსის სახეობის, ხანგრძლივობისა და ხარჯების თაობაზე.

ევროპის ქვეყნებში აპრობირებული წესების მიხედვით იქ, სადაც საფრთხე ემუქრება ადამიანის ძირითად უფლებებს, ფსიქიკურ ან/და ფინანსურ კაბალაში ჩავარდნით ან მისთვის სულიერი და ფიზიკური ზიანის მიყენებით, სახელმწიფო უფლებამოსილია გააფრთხილოს თავისი მოქალაქეები. საფუძველი ამგვარი გაფრთხილებისა არის კონკრეტული ან აბსტრაქტული საშიშროება, რომელიც მომდინარეობს, რომელიმე დაჯგუფებიდან და ემუქრება ინდივიდის კანონით დაცულ კეთილდღეობას.

7.6 აკრძალვები და დასჯადობა

▲ზევით დაბრუნება


მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს რიგი ქვეყნების კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს მოქალაქეთა უფლებებისათვის საფრთხის შემცველი საქმიანობის რეკლამირებას. მაგალითად, საწარმო რომელიც დასაქმებასა და მაღალ ანაზღაურებას სთავაზობს ამ თუ იმ პიროვნებას, სინამდვილეში წარმოადგენს რა სექტის ტიპის მიმდინარეობების კონტროლის ქვეშ მყოფ საწარმოს, მიზნად ისახავს მასში დასაქმებულ პირებზე იდეოლოგიური ზეგავლენის გავრცელებასა და ამ გზით დამორჩილებას, რაც შემდგომში მათი შრომითი უფლებების არსებით დარღვევას განაპირობებს. სახელდობრ, გაფიცვის, პროფკავშირულ გაერთიანებებში მონაწილეობის, საპენსიო უზრუნველყოფისა და აუცილებელი დაზღვევის მიღების უფლებების შეზღუდვას.

ნიშანდობლივია რიგი ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, იკრძალება რეკლამა საჯარო ადგილებში. ამ მხრივ საგულისხმოა შვეიცარიის კანონმდებლობა და ამ ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა.

შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ განიხილა საენტოლოგებთან დაკავშირებული ორი საქმე, რომელიც ეხებოდა საჯარო ადგილას რეკლამირების კანონიერების საკითხს.

ერთ-ერთი საქმე ეხებოდა ბაზელის კანტონის საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც არეგულირებს რა საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს ქალაქის ქუჩებში, ითვალისწინებს მათი ქმედებების აღკვეთას, ვინც შეეცდება მოტყუებით ან არაპატიოსანი მეთოდით გადაიბიროს ფეხით მოსიარულეები.

ეს საკანონმდებლო ნორმა ასეთი შინაარსისაა:

„II განსაკუთრებული განკარგულება
A. საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი
გადაბირება ქალაქის ქუჩებში

§ 23ა. ამ კანონის თანახმად ისჯება: ვინც ქუჩაში ფეხით მოსიარულეებს მოტყუებით ან არაპატიოსანი მეთოდით გადაიბირებს ან გადაბირებას შეეცდება.

პოლიცია უფლებამოსილია დაატოვებინოს გადამბირებელს შესაბამისი საზოგადოებრივი ადგილი ან ზოგადად აღკვეთოს ეს ქმედება, თუ არის იმის ნიშნები, რომ გადაბირება უკანონოდ, აშკარა ტყუილით ან სხვა არაპატიოსანი მეთოდებით წარმოებს, ან თუ გამვლელები უსიამოვნოდ წუხდებიან ამგვარი ქმედებებით“.

მომჩივანი მხარე ამტკიცებდა, რომ ეს ნორმა სპეციალურად საენტოლიოგებისთვის არის მიღებული და იგი დისკრიმინაციული ხასიათისაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, რომ ნორმა არაა დისკრიმანიციული; ის ზოგადი შინაარსისაა, მიმართულია გადაბირების არასასურველი ფორმების წინააღმდეგ და ემსახურება საზოგადოების ინტერესებს. შესაძლოა ამ კანონში გამოყენებული ტერმინები ბუნდოვანი შინაარსისაა და მათი განმარტება სიძნელეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს საკითხი ცდება არსებული საჩივრის საგანს.

მეორე შემთხვევაში ფედერალურ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა რამდენად მართებული იყო ციურიხის პოლიციის ქმედება 1994 წლის 30 ნოემბერს, როდესაც მან არ დართო ნება ციურიხის საენტოლოგთა ეკლესიას დაერიგებინა საჯარო ადგილებში პერსონალური ტესტები და ბროშურები.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ქმედებებს განიხილავდნენ არა როგორც რელიგიურ საქმიანობას, არამედ, როგორც გადაბირებისთვის გამიზნულ სარეკლამო ღონისძიებას. ისინი ხელმძღვანელობდნენ ქალაქის საბჭოს 1972 წლის გადაწყვეტილებით, რომელიც არეგულირებს საჯარო ადგილებში ცალკეული ქმედების დაშვების შესაძლებას. ამ ნორმის მიხედვით საჯარო ადგილებში იკრძალება სარეკლამო ხასიათის ბეჭდვითი მასალის გავრცელება.

ფედერალურმა სასამართლომ 2000 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით განსაზღვრა, რომ მართალია, სარეკლამო ღონისძიებების შეზღუდვა საჯარო ადგილებში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება, (იგი აფერხებს ფეხით მოსიარულეთა მოძრაობას, ამასთან მოითხოვს დამატებით დასუფთავებას), საჯარო ადგილას ყოველგვარი სარეკლამო ღონისძიების დაუშვებლობა მაინც გაუმართლებელ შეზღუდვად უნდა იქნას მიჩნეული. კომერციული საქმიანობის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში ნებადართული უნდა იყოს საჯარო ადგილებში კომერციული საქმიანობის რეკლამირება, ხოლო გადაწყვეტილება ყოველ მსგავს შემთხვევებში, არსებული პირობებისა და კონკრეტული აქციის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იქნას მიღებული.

დღევანდელი შეფასებით სახელმწიფოებისათვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომრავლებული სექტის ტიპის გაერთიანებათა აგრესიისაგან საზოგადოების დაცვა. განსაკუთრებით ისეთი მიმდინარეობებისაგან, რომლებიც რელიგიური ფანატიზმით ხასიათდებიან. რელიგიური ფანატიზმის გაღვივების საქმეში, განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა სექტების როლი მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული. ფანატიზმის თანმდევი შედეგები მძიმედ აისახება საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ვინაიდან მას თან სდევს ისეთი მოვლენები, როგორიცაა მასობრივი ფსიქოზის გავრცელება და თვითმკვლელობები, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში გახშირებული ტერორისტული აქტების ორგანიზატორებად და შემსრულებლად სწორედ ფსიქოლოგიურად კარგად დამუშავებული ფუნდამენტალისტები გვევლინებიან. ევროპის პრესაში ხშირია სენსაციური ისტორიოები სექტების მსხვერპლის, ოკულტიზმისა და სატანიზმის შესახებ. განსაკუთრებით გახშირებული სახე მიიღო სექტის ტიპის ორგანიზაციათა საქმიანობამ ათასწლეულის მიწურულს, როცა ღირებულებათა გადაფასებისა და მორალურ ფასეულობათა ნაკლებობის ფონზე განსაკუთრებით გააქტიურდა ფუნდამენტალისტური ტენდეციებისა და აპოკალისფური შეხედულებების მქონე სექტების საქმიანობა. ყოველივე ამან სახელმწიფოებს რიგი რადიკალური ნაბიჯების გადადგმისაკენ უბიძგა, რაც სხვასთან ერთად დასჯადობის ეფექტური მექანიზმების შემოღებაშიც გამოიხატება.

ევროპის რიგი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალური საკანონმდებლო აქტებით დაარეგულიროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დამრღვევი გაერთიანებების საქმიანობა თვით მათი აკრძალვის შესაძლებლობის გათვალისწინებით.

მაგალითად, საფრანგეთში 2001 წლის 12 ივნისს მიღებული იქნა კანონი, რომელიც ითვალისწინებს ზოგიერთი იურიდიული პირის სამოქალაქო წესით გაუქმებას (დისოლუციას). კერძოდ, აღნიშნული კანონით შესაძლებელია იმ ორგანიზაციათა გაუქმება, რომლის საქმიანობასაც ადამიანებზე ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების განხორციელება და მათი ექსპლუატაცია შეადგენს.

საზოგადოებრივი გაერთიანების საქმიანობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს შესაბამისი ორგანიზაციის ან იურიდიული პირის წევრთა ანდა ხელმძღვანელთა მიმართ გამოტანილი საბოლოო სისხლის სამართლის განაჩენი ისეთი სამართალდარღვევებისათვის, როგორიცაა:

  • ადამიანის სიცოცხლისათვის, მისი ფიზიკური, თუ ფსიქიკური ხელშეუხებლობისათვის განზრახ საფრთხის შექმნა;

  • პიროვნების თავისუფლებისა და ღირსების შეურაცხოფა ან მათი საფრთხეში

  • ჩაგდება;

  • განზრახ სხვისი სიცოცხლის მოსპობა;

  • ადამიანი სიცოცხლის ხელყოფა იმ საშუალებების გამოყენებით ან იმ საშუალებების დანიშვნით, რომელიც ქმნის მოწამვლის საშიშროებას ან/და რომელმაც შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს;

  • ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, უყურადღებობით, უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვის შეუსრულებლობით;

  • ადამიანის წამება ან მისი მიმართ სასტიკი მოპყრობა;

  • ძალადობრივი ქმედება, რომელმაც გამოიწვია შრომისუნარობის დროებითი დაკარგვა;

  • სისტემატური ძალადობრივი ქმედება ჩადენილი არასრულწლოვანის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ;

  • არაერთხელ განხორციელებული არაკეთილსინდისიერი სატელეფონო ზარი;

  • მკვლელობის განხორციელების მუქარა;

  • სექსუალური აგრესია, რომელიც ჩადენილია ძალადობით, იძულებით, მუქარით ან მოტყუებით;

  • გაუპატიურება;

  • სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ;

  • ნარკოტიკული დანაშაულებები, მათ შორის ისეთი დაჯგუფებების შექმნა და ხელმძღვანელობა, რომლის მიზანია ნარკოტიკული საშუალებების წარმოება, დამზადება, შემოტანა, გატანა, ტრანსპორტირება, შენახვა, შეთავაზება, გადაცემა, შეძენა და უკანონო მოხმარება;

  • მავნე ნივთიერების დანიშვნა წამლის სახით, რამაც ზიანი მიაყენა სხვა პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ხელშეუხებლობას;

  • უკანონო ქონების ან შემოსავლის ლეგალიზაცია;

  • განსაკუთრებული რისკის გარეშე ადამიანის სხეულის ხელმყოფი ქმედებისათვის ხელის შეშლისათვის თავის არიდება;

  • ადამიანებზე ბიოსამედიცინო გამოკვლევის ორგანიზება ან ჩატარება, შესაბამისი პირის, მისი მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე;

  • ორსული ქალის ნებართვის გარეშე ორსულობის შეწყვეტა, ან ქალისათვის ისეთი საშუალებების გადაცემა, რომელმაც შეიძლება მისი ფეხმძიმობის შეწყვეტა გამოიწვიოს;

  • პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა;

  • სიკვდილის გამომწვევი საშუალებების პროპაგანდა და რეკლამირება;

  • პირის დაპატიმრება, მოტაცება, დაკავება ანდა თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა, ხელისუფლების კანონიერი ორგანოების თანხმობის გარეშე;

  • შუამავლობა პროსტიტუციაში;

  • გვამის ხელშეუხებლობის დარღვევა ანდა საფლავის შებილწვა;

  • სხვა პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა, მისი კონფიდენციალურად გამოთქმული აზრის გავრცელება მისი თანხმობიოს გარეშე;

  • სხვა პირის საცხოვრებელ ადგილას შეღწევა მოტყუებით ან მუქარით;

  • პირის ნებართვის გარეშე მისი საუბრის ან გამოსახულების დამონტაჟებული წესით გაშვება, თუ ცხადი არ არის, რომ ეს არის მონტაჯი ან თუ არ ხდება ამაზე მითითება;

  • საიდუმლო ინფორმაციის გახმაურება;

  • სასამართლოს, სამედიცინო ან ადმინისტრაციულ ორგანოებისათვის სასტიკი მოპყრობის, სექსუალური ძალმომრეობის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა;

  • სხვისი კორესპოდენციის გახსნა, განადგურება, დაკავება ან მოპარვა;

  • პერსონალური მონაცემების დამუშავება ამ ინფორმაციის მიღებაზე, უფლწებამოსილების არმქონე პირის მიერ;

  • სათანადო ნებართვის გარეშე ინფორმაციის შენახვა, რომელიც ამჯღავნებს პირის რასობრივ წარმომავლობას, მის პოლიტიკურ, რელიგიურ შეხედულებებს;

  • პერსონალური მონაცემების გამოყენება არადანიშნულებისამებრ ან ნებართვის გარეშე;

  • არასრულწლოვანის მიტოვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შესაძლებელი იყო მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

  • სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა;

  • შვილად აყვანის წესების დარღვევა;

  • არასრულწლოვანის წაქეზება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გამოყენებაზე;

  • არასრულწლოვანის წაქეზება მის მიერ დანაშაულის ან გადაცდომის სისტემატიურად ჩადენისათვის;

  • ქურდობა;

  • გამოძალვა; შანტაჟი;

  • ნდობის ბოროტად გამოყენება; ასევე მომხმარებელთა კოდექსით გათვალისწინებული ისეთი სამასრთალდარღვევების ჩადენა, როგორიცაა ცრუ რეკლამის განთავსება, თაღლითობა, ფალსიფიკაცია;

  • არალეგალური სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა.

აღნიშნული კანონი კრძალავს გაუქმებული იურიდიული პირის მიერ საქმიანობის ფარულად გაგრძელებას ან იურიდიული პირის აღდგენას, რაც თავის მხრივ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებას და იმ პირებს, რომლებიც მოახდენენ ასეთი გაერთიანების აღდგენას ამ მხარს დაუჭერენ მათი საქმიანობის ფარულ გაგრძელებას, ეკისრებათ სისხლისამართლებრივი პასუხიმგებლობა.

8 სექტა და ადამიანის უფლებები

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფოებრივი მიდგომა სექტების საკითხისადმი განპიროვნებულია ერთის მხრივ სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანით - უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და მეორეს მხრივ - ვალდებულებებით, დაიცვას ადფამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, კოპნკრეტულად კი რწმენისა და აღმსრულებლის თავისუფლება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან აქტივობა, ცხადია, ნაკარნახევია მოქალაქეთა უსაფრთხოების და არა ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის აუცილებლობით. თუმცა საკითხი სხვადასხვა შემთხვევაში იმგვარადაცაა წარმოჩენილი, თითქოს სახელმწიფოს აქტივობა მიმართული იყოს პიროვნების რწმენისა და აღმსარებლობის უფლების ხელყოფის რეალური საფრთხის გათვალისწინებით და მიზნად ისახავდეს მორწმუნეთა იძულებისაგან დაცვას - მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი ხასიათის გაერთიანებების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში (სემინარები, ფსიქოპროცედურები და სხვა), ისარგებლოს უფლებით - თავისი სურვილისამებრ ჩამოშორდეს ამა თუ იმ ორგანიზციას და არ გახდეს სხვადასხვა სახის მანიპულაციათა მსხვერპლი.

განსაკუთრებით გამოკვეთილი სახე შეიძინა პრობლემის ამგვარმა ხედვამ ევროპაში. ევროპელი სპეციალისტების აზრით, აშშ კონსტიტუციის პირველი შესწორების (First Amendment) იდეოლოგიზაციამ, მასში ნაგულისხმები რელიგიური თავისუფლების საპირისპირო მდგომარეობა წარმოშვა. ამ იდეოლოგიზაციამ გააძლიერა რელიგიურ ორგანიზაციათა ძალა-უფლება პიროვნების საზიანოდ, რელიგიური თავისუფლება გადაიქცა ორგანიზაციის თავისუფლებად - მოახდინოს პიროვნების მანიპულირება და ამჟამად ყოველი მცდელობა დავიცვათ პიროვნება ორგანიზაციისაგან ისეა ინტერპრეტირებული, როგორც რელიგიური თავისუფლების ხელყოფა. პიროვნების ორგანიზაციისაგან დაცვა გულისხმობს მისი უფლების რეალიზაციას - საჭირო შემთხვევაში თავისუფლად დატოვოს ესა თუ ის ორგანიზაცია და არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი.

როგორც ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოში მიაჩნიათ, ადამიანის უფლების დარღვევად არ უნდა ჩაითვალოს აგრეთვე „სამუშაოს აკრძალვის“1 წესის სექტის წევრებზე გავრცელება. საუბარი უმთავრესად ეხება საენტოლოგთა ორგანიზაციის წევრთა საჯარო სამსახურში მიღებას.

თუ დამტკიცებულია, რომ საენტოლოგების ნდობა პრინციპულად შეუძლებელია, მაშინ, ბუნებრივია, მათ საჯარო სამსახურში მიღებაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. მათ არ შეუძლიათ გასწიონ საზოგადოებისათვის სასრგებლო სამსახური. შესაბამის სტრუქტურებს რიგ ევროპულ სახელმწიფოებში მიიჩნიათ, რომ ამგვარი აკრძალვით სექტას კი არ ართმევენ კანონით მინიჭებულ უფლებას, არამედ მხოლოდ უარს ეუბნებიან იმ უპირატესობაზე, რასაც საჯარო სამსახურში ყოფნა გულისხმობს.

საერთოდ, არ შეიძლება კაცს თვალში არ მოხვდეს ის დიდი განსხვავება, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის დამოკიდებულების ევროპულ და ამერიკულ მოდელებს შორის შეინიშნა. ეს განსხვავება იმდენად დიდია, რომ დღეს ხმამაღლა საუბრობენ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახით ორი განსხვავებული სამყაროს არსებობაზე. განსხვავებული დამოკიდებულება, რასაც ევროპის სახელმწიფოები იჩენენ ახალი რელიგიური გაერთიანებების მიმართ ადმინისტრაციული რეურსების საკმაოდ აქტიურ გამოყენებაში გამოიხატება.

ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ყოველთვის განიხილავდა რწმენის თავისუფლების საკითხს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად, თავის მხრივ, მოუწოდებს ევროპის სახელმწიფოებს მეტი ლიბერალიზმი გამოიჩინონ აღნიშნულ სფეროში, არ დაუშვან საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გადახვევა და იზრუნონ იმისათვის, რათა თავიდან იქნას არიდებული შეუწყნარებლობისა თუ რელიგიური დისკრინმინაციის ყოველგვარი გამოვლენა.

_________________

1 სამუშაოს აკრძალვა (Berufsverbot) - გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მიღებული პრაქტიკა, რომლის მიხედვით გარკვეული პარტიის თუ დაჯგუფების წევრები (მაგ. კომუნისტები, ფაშისტები) არ დაიშვებიან გარკვეულ სამუშაოზე. მაგალითად, მასწავლებლად, ატომურ ელექტროსადგურებზე და სხვა.

9 ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


1. Risiken und Nedenwirkungen, erausgeber Senatsverwaltung für Bildung, Jugend und Sport, Ausgade 2002, Internet: www.sendjs,berlin.de/sog_sekten

2. Scientology und Sekten in der Scweiz, Berict zuanden des Eidgenössiscen Justiz-und Polizeidepartementes, Dezember 2000, erausgegeden vom Eidgenössiscen Justiz-und Polizeidepartement

3. Statens pffenttliga utredningar 1998:13 Socialdepartementet: In Good Fait, Englis Summary, Stockgolm, 1998

4. Assemblée Nationale: Les sectes en France, Paris, 1996

5. Cambre des Représentants de Belgque: Enquete parlementaire, 313/7+8-95/96, Brüssel, 1997

6. Bundesministerium für Umwelt, Jugend und familie (Österreic), Sekten. Wissen Scützt, Wien, 1997