The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საქართველოს დიდი სტრატეგია

საქართველოს დიდი სტრატეგია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია
საავტორო უფლებები: ©სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი (CTC)
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


უსაფრთხოება, რომელიც რთული და კომპლექსური ცნებაა, საბოლოო ჯამში ფიზიკურ უსაფრთხოებაზე დაიყვანება. უსაფრთხოების ქვაკუთხედია უსაფრთხოების დილემის ცნება, რაც შემდეგში მდგომარეობს: ორი სუბიექტიდან ერთ-ერთის გაძლიერება მეორის შიშს იწვევს. ანუ უსაფრთხოების დილემა იმაში მდგომარეობს, რომ განვითარება ძნელია სხვისი ინტერესების შელახვის გარეშე, ამიტომ ყოველთვის ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდე. პოლიტიკა შიშზე დგას, მიზნად კი შიშისგან განთავისუფლება აქვს.

8 January, 1918:

President Woodrow Wilson's Fourteen Points

What we demand in this war, … is nothing peculiar to ourselves. It is that the world be made fit and safe to live in; and particularly that it be made safe for every peace-loving nation which, like our own, wishes to live its own life, determine its own institutions, be assured of justice and fair dealing by the other peoples of the world as against force and selfish aggression.

All the peoples of the world are in effect partners in this interest, and for our own part we see very clearly that unless justice be done to others it will not be done to us. The program of … peace, therefore, is our program; and that program, the only possible program, as we see it, is this:

* * *

დღეს საქართველოში უმთავრეს საკითხთან დაკავშირებით პრინციპულად არ ვლაპარაკობთ: პოლიტიკოსს რომ რაციონალური აზროვნება სჭირდება, ხალხს თითქმის აღარც სჯერა. არადა, თუ გონიერებას მოსთხოვ, ქართველ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მაშინვე სახლში უნდა გაუშვა, რადგან მათ რეალობის აღქმის უნარი დაკარგული აქვთ. ისინი სათანადო ცოდნას და უნარებს არ ფლობენ იმისათვის, რომ რეალობა სწორად შეაფასონ. მათ არ შეუძლიათ ხალხთან ლაპარაკი და ამიტომ უნდა დაიმალნონ; მათ არ უნდა განმარტონ თავისი გადაწყვეტილებების მიზეზები, რადგან ვერ ახსნიან; მათ მხოლოდ უნდა მოგვიწოდონ და ჩემოწერილი არგუმენტები გვესროლონ. ისინი გარემოს არ აკვირდებიან, არ ცდილობენ, რომ გონება გამოიყენონ. მხოლოდ ხრიკებს იგონებენ ზურგის ტვინით. არადა, გარემო მრავალფეროვანია. ის მუდმივად იცვლება და რაციონალიზმიც სწორედ ის არის, რომ ამ ცვლილებებს გონება მიადევნო. გონების მიდევნება აუცილებელია. ეს მინიმუმ უსაფრთხოებისთვის, ანუ სიცოცხლისთვის არის საჭირო. უსაფრთხოება უმთავარესია. მშვიდობა და განვითარება არის ის ძირითადი, რაზეც ყველა თანხმდება.

* * *

საქართველოში ბოლოხანს განვითარებული მოვლენები თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები წინ მიდის და ხალხის სამოქალაქო აქტივობაც სულ უფრო იზრდება. შეცდომა იქნებოდა, გველაპარაკა დემოკრატიის სისუსტეზე ქვეყანაში, სადაც ერთ საღამოში ათიათასობით ადამიანი გარეთ გამოდის, რათა თავისი პოზიცია დააფიქსიროს. უკვე მეორედ უკანასკნელ ოთხ წელიწადში დიდი რაოდენობით ხალხი თავს იყრის დედალაქის მთავარ მოედანზე და ქვეყანაში კონკრეტულ ცვლილებებს ითხოვს. არსებობს კონსენსუსი მშვდობაზე და განვითარებაზე. ეს ადამიანთა პოზიტიურ სამოქალაქო აქტივობაზე და შესაბამის საზოგადოებაზე მეტყველებს. ფაქტია ისიც, რომ ხალხის პროტესტი მოჰყვება ხოლმე უსამართლობასა და გაუმართლებელ შეზღუდვებს, რადგან ქვეყანა დასახლებულია გონიერი და პროგრესული ადამიანებით, რომლებიც დემოკრატიის წინსვლას და განვითარებული საზოგადოების იდეის დამკვიდრებას უწყობენ ხელს. „ვარდების რევოლუცია“, ბევრის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, გამოდგა არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ - ხალხის რევოლუცია. ხალხი დღესაც ცვლილებებს ითხოვს. ვარდების რევოლუცია, ამ აზრით, ახალ აზრს იძენს. ის შეიძლება მოვიაზროთ როგორც ნამდვილი დემოკრატიზაციის პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება. ამჯერად ლიბერალური დემოკრატიის დრო დგება.

2 გონიერი უსაფრთხოება

▲ზევით დაბრუნება


თხუთმეტი წელია, რაც უსაფრთხოება უპირველესი პრობლემა გახდა საქართველოში. უსაფრთხოებას იმიტომ ვამბობთ, რომ ის ყველა პრობლემის სათავეა და საბოლოო ჯამში ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება. ხვალინდელი დღის შიში, სოციალური დაუცველობა, ბუნდოვანი მომავალი თუ კონფლიქტები - ყველა ეს დარღვეულ უსაფრთხოებას აღწერს. ეს ის სიტუაციაა, როცა აბურდული საგარეო ურთიერთობები პირდაპირ აისახება ადამიანების ყოფაზე. მიზეზები კი, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, გარეთ კი არა, შინაა საძებარი.

დამოუკიდებლობის პერიოდში ჩვენ უკვე გამოვცადეთ რომანტიზმიც, კორუფციაც და აგრესიაც. დიდი იმედგაცრუებებისა და ხელმოცარვების მიუხედავად, ამასობაში დაგროვდა დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, გაიზარდა ახალი თაობა და დღეს შესაძლებელია, რომ პოლიტიკაში გონებას ვუხმოთ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო პრობლემებშია ჩაძირული, გზა მაინც არსებობს და ეს გზა დამოუკიდებელი, სტერეოტიპებისგან დაცლილი და თავისუფალი აზროვნებაა. ჩვენ თუ თავისუფლება გვინდა, პირველ რიგში აზრით უნდა განვთავისუფლდეთ, უნდა განვთავისუფლდეთ სტერეოტიპებისგან, იდეოლოგიებისგან და უპრინციპობისგან.

უსაფრთხოება, რომელიც რთული და კომპლექსური ცნებაა, საბოლოო ჯამში ფიზიკურ უსაფრთხოებაზე დაიყვანება. უსაფრთხოების ქვაკუთხედია უსაფრთხოების დილემის ცნება, რაც შემდეგში მდგომარეობს: ორი სუბიექტიდან ერთ-ერთის გაძლიერება მეორის შიშს იწვევს. ანუ უსაფრთხოების დილემა იმაში მდგომარეობს, რომ განვითარება ძნელია სხვისი ინტერესების შელახვის გარეშე, ამიტომ ყოველთვის ჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდე. პოლიტიკა შიშზე დგას, მიზნად კი შიშისგან განთავისუფლება აქვს.

დღეს საქართველო ნატოსაკენ მიისწრაფის. ჩვენ დიდი ხანია ვიძახით, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების მატარებელი ხალხითაა დასახლებული და ამიტომ ევროპისკენაც მივისწრაფით. ძნელად თუ ვინმე აღიარებს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში მხოლოდ ღირებულებების გამო კი არ ხდება, არამედ უფრო უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე. ინსტიქტების გააზრება რომ ხდებოდეს, მაშინ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული ლავირების მეტი შანსი ექნებოდა. რაციო ისევ ტრადიციულ კუთხეში დავაყენეთ, არადა, შეიძლებოდა მისგან რამე სარგებელი მიგვეღო.

საქართველოს პოლიტიკას აკლია საჯაროობა, ტვინი და პროფესიონალიზმი, ანუ აკლია ხალხთან კონტაქტი, ისტორიის გააზრება და მომავლის ხედვა. მაგალითად, ქვეყანაში თითქმის არ მიდის მსჯელობა იმ სერიოზული ცვლილებების შესახებ, რაც უკანასკნელ წლებში გამოვცადეთ. ამ საკითხებზე ძალზედ ცოტა, ან არაფერი იწერება და ითქმება. რაც უხვადაა, ესაა ლოზუნგები, რომლებიც ყველა მხრიდან თავზე გვაყრია. აზროვნება ცოტაა.

ქვემოთ ძალზედ მოკლედ მოვხაზავთ იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც, ჩვენის ხედვით, განვითარდა და კვლავაც ვითარდება ის პროცესები, რომლებიც ერთის მხრივ პირდაპირ შეეხო საქართველოს უსაფრთხოებას, მეორეს მხრივ კი განსაზღვრა ჩვენი დღევანდელი დღე და ასევე განსაზღვრავს მომავალს.

3 1. საქართველო და გარემომცველი სამყარო

▲ზევით დაბრუნება


საქართველო არსებობს ისეთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, სადაც ერთის მხრივ საზღვრის მთელი პერიმეტრის ერთი მესამედით რუსეთს ემიჯნება, შემდეგ აკრავს აზერბაიჯანი და სომხეთი, დაკავშირებულია ხმელეთის მცირე ნაწილით თურქეთთან, ხოლო ზღვით - თურქეთთან და რუსეთთან. სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ასევე უკავშირდებიან საქართველოს ზღვის მეშვეობით, სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

რეგიონული კონტექსტის გარდა არსებობს გლობალური კონტექსტიც, რომელიც XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული ნიშნავდა რეგიონში რუსეთის ჰეგემონობის დასუსტებას და დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ გავლენის გაძლიერებას კავკასიაში. ასეთი დინამიკა შენარჩუნდა უკანასკნელ დრომდე და ძირითადად ძლიერდებოდა რუსეთის დასუსტების ფონზე, რაც 1999 წლამდე შეუქცევად პროცესად გამოიყურებოდა. დღეს რუსეთი 7-8 წლის წინანდელთან შედარებით ბევრად ძლიერი სახელმწიფოა და წინსვლის ტემპს კვლავაც ინარჩუნებს. გლობალური პროცესები ისეთნაირად ლაგდება, რომ ევრაზიაში აშშ-ს ექსკლუზიური გავლენის შერბილებას უცილოს ხდის, თუმცა ისიც ფაქტია, რომ აშშ შეინარჩუნებს გავლენას ევრაზიაში მიმდინარე მოვლენებზე.

აშშ პოლიტიკამ, რომელიც მსოფლიოს ერთ ნაწილში ძალის პრევენციულ გამოყენებას გულისხმობდა, ვერ მოიტანა ისეთი შედეგები, რასაც ამ პოლიტიკის ავტორი - აშშ რესპუბლიკური ადმინისტრაცია - მსოფლიოს პირდებოდა. ავღანეთსა და ერაყში დღეისათვის მივიღეთ არა სტაბილური და დემოკრატიულად განვითარებადი ახალი სახელმწიფოები, არამედ - მაღალი რისკის შემცველი ტერიტორიები, რომლებიც ჩათრევით ემუქრება მსოფლიოს არაერთ სახელმწიფოს. აქტიური მოქმედებების დაწყებიდან ათიოდ წლის თავზე აშშ იძულებული ხდება, რომ ერთხელ აღებული გეზი დააგდოს და ალტერნატიული გზები ეძებოს, თუმცა არც ისე, რომ რუსეთს ან სხვა რომელიმე აქტორს გზა მოუნთავისუფლოს. აშშ რჩება კონტინენტზე და ცდილობს, რომ ისეთი ახალი ბალანსი გააფორმოს, რომელიც ერთის მხრივ სტაბილურობას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი არ იქნება მუქარის შემცველი თავად აშშ ინტერესებისთვის, არც დღეს და არც მომავალში.

ამავე პერიოდის აშშ პოლიტიკის წარმატებული მაგალითებია საქართველო და უკრაინა, სადაც აშშ დემოკრატიზაციის პროცესს უჭერდა მხარს და ძალისხმევას არ იშურებდა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, საქართველოსა და უკრაინაში ავღანეთისა და ერაყისაგან განსხვავებული ნიადაგი იყო, რამაც აშშ-ს საშუალება მისცა, რომ დემოკრატიული პროცესები წარმატებით განევითარებინა.

ამ ორი განსხვავებული რეალობის შედეგად დღეს სახეზე გვაქვს სიტუაცია, რომელიც ერთის მხრივ აშშ-ს პოლიტიკის შეცვლისაკენ უბიძგებს, მეორეს მხრივ კი წარმატებებზე ლაპარაკის საშუალებას აძლევს. ბუნებრივია, მომავალში უპირატესობა მიენიჭება იმ პოლიტიკას, რომელმაც უკეთესი შედეგები აჩვენა. არაძალადობრივი მიდგომები ამ პოლიტიკის ძირითადი ნიშანი იქნება. ხელისუფლების სათავეში დემოკრატების მოსვლის შემდეგ აშშ აირჩევს მართალია დროში შედარებით გაწელილ, მაგრამ კონსტრუქციულ მოლაპარაკებებზე და ბუნებრივ გავლენაზე დამყარებულ რაციონალურ მიდგომებს და თამაშის ასეთ წესს უკარნახებს თავის პარტნიორებსაც. იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც საერთაშორისო არენაზე აშშ-ს დაუგროვდა, იზოლაციონიზმის რიტორიკას მომავალი არ ექნება.

კავკასიაში აშშ ინტერესები ძირითადად უკავშირდება ორ თემას და აქ რეგიონის გეოპოლიტიკა სრულიად გადამწყვეტი მუდმივაა. ერთის მხრივ, კავკასიაში რუსეთის ჰეგემონიის აღკვეთა ნიშნავს, რომ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე აღარ დაიხატება საბჭოთა კავშირის მსგავსი მონსტრი, რომელიც არამარტო საკუთარ გავლენას გაავრცელებს მთელს აზიაში, არამედ - სერიოზულ გავლენას მოახდენს ენერგომატარებლების ფასებზე და შექმნის ისეთ ალიანსებს, რაც სერიოზულ მუქარებს შეუქმნიდა დასავლური ცივილიზაციის უსაფრთხო განვითარებას. შესაბამისად, აშშ-ც და ევროპაც მხარს დაუჭერს ისეთი რეჟიმების ჩამოყალიბებას, რომლებიც რუსეთის მიერ რეგიონის მონოპოლიზებას შეეწინააღმდეგებიან და ამავდროულად ხელს შეუწყობენ რეგიონში დემოკრატიიზაციისა და თავისუფალი ინტერაქციის განვითარებას.

საქართველო ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა შტატებისთვის. ჯერ ერთი, საქართველო კავკასიური კორიდორია არა მარტო კასპიის რესურსებისათვის, არამედ ევრაზიის ჩრდილოეთი და სამხრეთი „ნახევარსფეროების“ დასაკავშირებლად. ასევე, საქართველო იმ ძალიან მცირე სახელმწიფოთაგანია, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმატებულ დემოკრატიად შეიძლება ჩაითვალოს, და რაშიც აშშ დამსახურება ძალიან დიდია.

ევროპა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს თვით ნატოშიც ბევრი ლაპარაკია მისი როლის გაძლიერებაზე, მაინც პასიური რჩება. ევროპა ცდილობს, რომ საკითხებს ფილოსოფიურად მიუდგეს, არ ჩაერთოს ისეთ გრძელვადიან დაპირისპირებაში, რაც შემდეგ უარყოფითად აისახებოდა თავად ევროპის გრძელვადიან უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. მას არა აქვს ჰეგემონობის ამბიცია. როგორც შედარებით მცირე სახელმწიფოთა გაერთიანებას, ევროკავშირს თანამშრომლობისა და რაციონალური ურთიერთქმედების ენა ესმის, რაც ერთის მხრივ ევროპის კულტურული თავისებურებებითაა შეპირობებული, მეორეს მხრივ კი ბევრი არაევროპელი შედარებით მცირე ნაციისთვისაც მისაღები მოდელია. ეს არის ერთგვარი ბუნებრივი ალიანსი, რომელიც ევროპულ ღირეულებებს პოლიტიკის ძალას ანიჭებს. ამიტომ ევროპა ხელს შეუწყობს პროცესების იმგვარად წარმართვას, რაც მსოფლიოში ძალთა თუნდაც დინამიურად გარდამავალი, მაგრამ სტაბილური ბალანსის შექმნას შეუწყობდა ხელს. ეს მოდელი საქართველოს ინტერესებში მთლიანად ეწერება.

კავკასიაში ევროპას არ გააჩნია პირდაპირი ინტერესი, თუმცა რუსეთის უსაზღვრო გაძლიერება მისთვის ასევე პრობლემატურია. ბუნებრივია, ევროპა მხარს უჭერს რეგიონის დემოკრატიზაციას და კავკასიაში რუსეთის ექსკლუზიური გავლენის შესუსტებას, მაგრამ ცალკე ევროპული კულტურა, ცალკე კი რუსეთთან უშუალო მოსაზღვრეობა და რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულება განსაზღვრავს, რომ ევროპა რადიკალურ ნაბიჯებს ერიდება და მსოფლიო პოლიტიკაში უფრო შუალედურ პოზიციას იკავებს. საქართველოსთვის ევროპა ის ოქროს შუალედია, რომელში აღმოჩენაც რეალურად ჩვენს მიზანს უნდა შეადგენდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს ისიც, რომ გარდა გარკვეული სტანდარტისა, რომლის დაკმაყოფილება საქართველოს საერთო ევროპულ ოჯახში გაწევრიანებამდე მოუწევს, არსებობს ევროპის უსაფრთხოების ცნება, რაც განსაზღვრავს ევროპის ასიმატრიულ მზადყოფნას ამა თუ იმ ნაბიჯის გადასადგმელად. ესეც არ იყოს, ევროკავშირი ერთობ კომპლექსური ორგანიზაციაა და, როგორც წესი, გადაწყვეტილების მიღება შესაბამისად რთულ პროცესებთან არის ხოლმე დაკავშირებული.

აზერბაიჯანი საქართველოს გრძელვადიანი და სასურველი პარტნიორია. ამისი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანის მდებარეობა ერთის მხრივ, საქართველოსი კი მეორეს მხრივ, აუცილებლობით განსაზღვრავს ასეთ პარტნიორობას. აზერბაიჯანთან მეტი დაახლოება და მეტი ეკონომიკური ინტეგრაცია მხოლოდ წაადგება საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც. სასურველია, რომ ხსენებული პარტნიორობა თუნდაც არა ინსტიტუციონალიზებულ, მაგრამ გრძელვადიან სტრატეგიულ თანამშრომლობაში გადაიზარდოს. კულტურულ ნიადაგზე პროვოკაციები უნდა გამოირიცხოს. სხვა საფრთხე საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს არ ემუქრება.

სომხეთი ასევე სასურველი მეზობელია ჩვენთვის, მაგრამ სომხეთის მდებარეობა ერთის მხრივ, მისი აზერბაიჯანთან კონფლიქტი კი მეორეს მხრივ, განსაზღვრავს, რომ სომხეთი პრობლემატური პარტნიორია ისეთ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომელიც რეგიონში რუსეთის გავლენის შერბილებას გულისხმობს. სომხეთს აქვს უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც ისტორიული გამოცდილებითაა განპირობებული, თუმცა რაციონალური მიდგომის შემთხვევაში გადაუჭრელი პრობლემები არც აქ არსებობს. საქართველოს ინტერესი ისაა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული უთანხმოება ცივილიზებულად გადაიჭრას და სომხეთს გზა გაეხსნას კეთილმეზობლობისა და სრულმასშტაბიანი ეკონომიკური ინტეგრაციისაკენ როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან.

თურქეთმა დაამტკიცა, რომ მეზობლებთან ცივილიზებული ურთიერთობის მომხრეა. მრავალი თვალსაზრისით, დღეს თურქეთი ხიდის როლს ასრულებს კავკასიასა და ნატოს, კავკასიასა და ევროპას შორის. თურქეთის შესვლა ევროკავშირში პირდაპირ უპასუხებს საქართველოს ინტერესებს. ეს მშვიდობას და განვითარებას მოუტანს რეგიონს.

საქართველოსთვის უსაფრთხოების მთავარ პრობლემად ისევ რუსეთთან ურთიერთობა რჩება.

4 2. პატარა სახელმწიფოს სტრატეგია

▲ზევით დაბრუნება


ამ მცირე ფორმატში შეუძლებელია, რომ თემა დაწვრილებით მიმოვიხილოთ, მაგრამ ძირითადი პრინციპების მოხაზვას მოვახერხებთ:

მცირე სახელმწიფოს ორიდან ერთი სტრატეგიის არჩევა შეუძლია დიდის წინააღმდეგ: (1) ან სხვა დიდ სახელმწიფოსთან შეკრას ალიანსი, ან (2) ერთი დიდი სახელმწიფო მეორეს წაკიდოს.

შესაბამისად, ერთადერთი ძალა, რომელიც მცირე სახელმწიფოს დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ აქვს, ეს სხვა დიდი სახელმწიფოს ძალის ფუნქციაა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმულები მცირე სახელმწიფოების კლასიკურ სტრატეგიად მიიჩნევა, ისინი ცივი ომის დროინდელია, როდესაც ძალთა წონასწორობა ორპოლუსიან სამყაროში ყალიბდებოდა. დღევანდელი მრავალპოლუსიანი სამყარო ერთის მხრივ ზღუდავს დასახელებული სტრატეგიების უნივერსალურობას, მეორეს მხრივ კი ახალ სტრატეგიებს უხსნის გზას.

ამათგან პირველია ე.წ. „შიდა“ ალიანსების სტრატეგია, რაც გულისხმობს თავად დაპირისპირებული სახელმწიფოს ფარგლებში კავშირების გაძლიერებას ისეთ ძალებთან, რომელთაც გავლენის მოხდენა შეუძლიათ ამ სახელმწიფოს გადაწყვეტილებების მიმღებებზე.

მეორე სტრატეგია ასევე კონკრეტულ ჯგუფებზე გავლენას ისახავს მიზნად, მაგრამ არა გარიგების, არამედ - ზეწოლის გზით. მისი გამოყენება შესაძლებელი ხდება ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ მცირე სახელმწიფო ისეთ ქონებას ან ბაზარს აკონტროლებს, რომლის ბლოკირებამ დიდ სახელმწიფოზე ან მის მნიშვნელოვან ნაწილზე თუ გავლენიან ჯგუფზე არასასურველი ეფექტი შეიძლება მოახდინოს.

მესამე სტრატეგია ტექნიკური არგუმენტების ომის სფეროდანაა, ანუ მცირე სახელმწიფო დიდზე უკეთ მომზადებული უნდა უჯდებოდეს მოლაპარაკებათა მაგიდას და დიპლომატიურ ომს არგუმენტების საშუალებით იგებდეს.

შეიძლება ითქვას, რომ ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ზოგიერთი ეს სტრატეგია მოსინჯა. ამის დანახვა შეიძლება როგორც რუსული ბიზნესისთვის კარის ფართოდ გახსნაში, ისე პროვოკაციულ რიტორიკაში, რომელიც დასავლეთის რუსეთზე გადაკიდებას ისახავდა მიზნად. ნატოსთან ალიანსის თემის წინ წამოწევაც ერთ-ერთ კლასიკურ სტრატეგიას ასახავს. მაგრამ მთავარი შეცდომა, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაუშვა, ესაა ერთის მხრივ კომპეტენტური კადრების იგნორირება, მეორეს მხრივ კი დაუფიქრებელი და ცანცარული პოლიტიკის წარმოება, როცა ხელისუფლება გარანტიების გარეშე მოქმედებდა და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ზუსტი გათვლების გარეშეც. ამ ხელისუფლების დროს იმის მაგივრად, რომ გაძლიერებულიყო, პრაქტიკულად დაიშალა უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელსაც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოსათვის საექსპერტო მომსახურება უნდა გაეწია. ამასთან, ფაქტიურად გაქრა ის ფილტრი, რომელიც პრეზიდენტსა და უწყებრივ ინტერესებს შორის უნდა არსებობდეს. საერთო ჯამში, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა მთელი ამ დროის განავლობაში ხასიათდებოდა ქაოტურობით, იმპულსურობით და, საბოლოო ჯამში, არაპროფესიონალიზმით, რამაც ძალიან ბევრი მიმართულებით მისი მუშაობის უშედეგობა გამოიწვია.

არის ორი რამ, რაც უნდა ახსოვდეს მცირე სახელმწიფოს დიდ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას: (1) მოგება ნიშნავს არა მოწინააღმდეგის დამარცხებას, არამედ - მის დაყოლიებას; და (2) მცირე სახელმწიფოს ძალა არის არა აბსოლუტური ძალა, არამედ - ე.წ. აგრეგირებული სტრუქტურული ძალა, რომელიც მიმართულია არა აბსოლუტური ძალის, არამედ - კონკრეტული საკითხის გარშემო მობილიზებული ძალის წინააღმდეგ.

5 3. რუსეთი, ნატო, კავკასია და საქართველოს პერსპექტივები

▲ზევით დაბრუნება


საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ რუსეთი ისეთსავე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როგორშიც სხვა საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობა. ხალხი გრძნობდა, რომ უსაფრთხოება დაცული არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ლიდერები რუსეთის დემოკრატიზაციისა და მშვიდობიანი განვითარების ლოზუნგს აჟღერებდნენ, ხალხი უცხოსადმი უნდობლობით განიმსჭვალა, რადგან ქვეყნის შიგნით უნიათო მმართველს ხედავდნენ, უცხოს კი სიტყვაზე ვერ ენდობოდნენ. ამ უნდობლობის რესურსზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდა ისეთი ძალის მოსვლა ხელისუფლებაში, რომელიც ხალხს ძლიერ ხელს აჩვენებდა და უკეთეს უსაფრთხოებას მისცემდა. ელცინის ხელში რუსეთმა მხოლოდ იმიტომ გაძლო, რომ რამდენიმე წელი ასეთი მოცულობის ძვრებისათვის დრო არაა, რუსეთი კი ძალიან დიდი ქვეყანაა და მისი ზღვარგადასული დასუსტებისა ყველას ეშინოდა. მსოფლიოს სახელმწიფო ლიდერები ამას ხმამაღლა აცხადებდნენ კიდეც და ბევრ ფულსაც ხარჯავდნენ იმისათვის, რომ რუსეთის რესურსები უმართავი არ გამხდარიყო.

პუტინმა მოახერხა, რომ ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა, მაგრამ რუსეთის განვითარებას რამდენიმე ძირითადი მიზეზი მაინც აფერხებს. ესენია: 1. დემოგრაფიული დინამიკა; 2. საერთაშორისო რეჟიმებში არასაკმარისი ინტეგრაცია; 3. ეთნიკური კონფლიქტები. რუსეთი ასე თუ ისე მაინც უმკლავდება ამ პრობლემებს, მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც ნატოსა და რუსეთს შორის სრულ ურთიერთნდობაზე ლაპარაკი არ გვიწევს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მოსკოვი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს. რუსეთს ეშინია, რომ ნატომ მომავალში აშშ აქტივისტური საგარეო პოლიტიკის სტილში არ იმოქმედოს. ესეც არ იყოს, ნატო დიდი მანქანაა, რომელიც დასავლეთს ხმამაღლა ლაპარაკის საშუალებას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამიტომ რუსეთი ფიქრობს, რამდენად მისაღებია მისთვის ასეთი მანქანის კიდევ უფრო გაძლიერება. მართალია, დემოკრატიული რუსეთის ნატოში ინტეგრაცია ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ დღევანდელ რუსეთს ნატო თავად არ მიიღებს, გარდაქმნა კი რუსეთისთვის ძალიან დიდ ცვლილებებს უკავშირდება, თანაც ისეთს, დღევანდელი რუსეთისთვის თავადვე რომ შეიცავენ უსაფრთხოების რისკებს. ამიტომ რუსეთიც და ევროპაც იძულებულნი არიან, რომ შორიახლოს დაიჭირონ თავი ერთმანეთისგან.

კავკასია ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. კავკასია ნატოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთისთვის ეს რეგიონი სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს. საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევაში რუსეთს შეეშინდება არამარტო იმისა, რომ კონტროლს დაკარგავს შავ ზღვაზე, არამედ იმისაც, რომ ნატოს მოსაზღვრეობა უარყოფითად აისახება მის შიდა უსაფრთხოებაზე და ეთნო-კონფლიქტებზე. რუსეთს შეეშინდება, რომ თუ ნატო ძალიან ახლოს მოუშვა, მაშინ არათუ შავ ზღვას და კავკასიას, არამედ - კასპიის ზღვასაც დაკარგავს თავისი ენერგორესურსებიანად. შესაბამისად დაკარგავს კონტროლს კასპიის გადაღმა სახელმწიფოებზე და პოლიტიკის ცენტრი აღმოსავლეთით გადაუნაცვლდება, სადაც ასევე ძალიან არასახარბიელო სიტუაცია დახვდება მზარდი ჩინეთისა და ინდოეთის სახით. ეს შეხედულება რუსეთში განსაკუთრებით მძაფრი გახდა მას შემდეგ, რაც აშშ ხელისუფლებაში რესპუბლიკელები მოვიდნენ. ასეა თუ ისე, კავკასიისა და კასპიის ზღვის გარეშე რუსეთი აზიური სახელმწიფოა. შეიძლება ძალიან რადიკალურად ჟღერს, მაგრამ ეს სცენარი ასე გამოიყურება და თანაც, რუსეთში მისი რეალურობისა ძალიან ბევრს სჯერა. ესეც არ იყოს, რამდენიც უნდა ამტკიცონ მსოფლიო ლიდერებმა, რომ ისინი რუსეთის დაშლას არ დაუშვებენ, რუსეთისათვის სხვების მიერ ბოძებული უსაფრთხოება, სულ მცირე, შეურაცხმყოფელი იქნება. მაგრამ შეურაცხყოფის გარდა ეს იქნება აბსურდი, რადგან ხალხი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას უცხოს ვერ მიანდობს.

ასეა თუ ისე, ზემოთქმული ნიშნავს, რომ რუსეთს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე, სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და მათ მოსაპოვებლად იბრძვის. რამდენადაც რაციონალური იქნება გარემოს პასუხი რუსეთის ლეგიტიმურ ინტერესებზე, იმდენად პროგნოზირებადი და მშვიდობიანი იქნება პროცესები ზოგადად. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ კავკასია რუსეთისათვის აბსოლუტურად გადამწყვეტია. კავკასიის დაკარგვა რუსეთისთვის ნიშნავს, რომ ისეთი საყრდენი დაკარგა, რაც მის უეჭველ დასუსტებას და საბოლოო დაშლას გამოიწვევს. ფიგურალურად რომ ვთქვათ, სანამ რუსეთი თავად არ შეუერთდება ნატოს, ხსენებული შიში მუდმივად იარსებებს.

რაც შეეხება ნატოს, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება საქართველოს წევრად მიღებას, თუ ეცოდინება, რომ ასეთი ნაბიჯი ევროპას დამატებით პრობლემებს არ შეუქმნის. ცხადია, ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ რუსეთი ბოლომდე იბრძოლებს კავკასიასა და კასპიის აუზში გავლენის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. კითხვა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად თავგანწირულ ნაბიჯზე წავა რუსეთი. ასეა თუ ისე, თუ ნატო იგრძნობს, რომ რუსეთი მას საფრთხეს ვერ შეუქმნის, მაშინ კავკასიაში გაბედულად შემოვა და იმასაც შეეცდება, რომ რუსეთთან კონფრონტაციის რიტორიკის ნაცვლად თანამშრომლობისა და მეგობრობის რიტორიკას მიმართოს. შეუძლია რუსეთს ნატოსთვის მუქარის შექმნა? - ესაა კითხვა, რომელზე პასუხიც მრავალი სხვა პრობლემის გასაღებს წარმოადგენს.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვას პასუხი გასცეს. ჯერ-ჯერობით ფაქტია, რომ ნატოსთან ინტეგრაციისა და კონფლიქტების სწრაფი დარეგულირების რიტორიკის პასუხად საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის გააქტიურება და გაეროს უარყოფითი რეზოლუციები მიიღო. ფაქტია ისიც, რომ ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი ძირითადად დაპირებებს ასახავს. რუსეთი ახერხებს, რომ დარჩეს თამაშში და ნატოს გლობალურად ეთამაშოს, საქართველო კი, როგორც პატარა ქვეყანა, ამ პროცესებზე დამოუკიდებელ გავლენას ვერ ახდენს. რუსეთის ერთ-ერთ კოზირს ირანის ბირთვული ენერგიის ფაქტორი წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ რუსეთი ბოლომდე გაათამაშებს ამ კარტს, რათა აშშ-ს აღმოსავლეთისაკენ გზას მოუჭრას. ზოგიერთ სხვა შედარებით უმნიშვნელო ბერკეტთან ერთად რუსეთის ხელშია, აგრეთვე, ევროპის ენერგომომარაგებისა და კოსოვოს კარტი, რომელიც რუსეთს დასავლეთთან ეფექტიან ვაჭრობაში ეხმარება. ერთი სიტყვით, რუსეთი ცდილობს ისეთი მუქარები შეუქმნას დასავლეთს, რომლებიც შემაკავებელ ფუნქციას შეასრულებენ რუსეთის უშუალო სამეზობლოში. ამასთანავე, მოსკოვი ცდილობს, რომ მკვიდრი საფუძველი ჩაუყაროს დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ფორმატს, რაც კიდევ უფრო გაუმყარებდა პოზიციებს საკუთარი საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რუსეთი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფითაა დაკავებული, რაც მას ჯერ-ჯერობით წარმატებით გამოსდის.

როდესაც საქართველოს ხელისუფლება ხმამღლა აცხადებს, რომ ნატოში „სულ მალე“ შევა, ის მოსკოვს აიძულებს, რომ თბილისს პასუხი გასცეს. რუსეთს დიპლომატიის დიდი სკოლა აქვს და ამიტომ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, კარგად იცის: პასუხი დამაჯერებელი უნდა იყოს. ამიტომაც ვიღებთ რუსეთის მოქალაქეებს კონფლიქტურ ზონებში, ვიღებთ დიდძალი დამატებითი იარაღის, ინსტრუქტორების, ინვესტიციებისა და ტურისტების შემოდინებას, ვიღებთ ეკონომიკურ ემბარგოს და ქართველების დევნას რუსეთიდან, რასაც საქართველო ჯეროვან პასუხს ვერ აძლევს. სამაგიეროდ, იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალა და შეუპოვრობა დაანახოს საკუთარ მოსახლეობას, ვიღებთ არამარტო დადებით ძვრებს, როგორიცაა, მაგალითად, თავდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი ან ზემო აფხაზეთში ეფექტური კონტროლის დამყარება, არამედ ასევე უზომო თანხების ხარჯვას ე.წ. „PR“-ზე, აგრესიულ რიტორიკას და ასეთსავე პოლიტიკას, სხვადასხვა სახის პროვოკაციას, რეპრესიებს, შინ თუ გარეთ არსებული პოლიტიკური ოპონენტების ლანძღვას და დაცინვას, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას, უსამართლო სასამართლოებს და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარი დაუფიქრებელი ქმედებების შედეგად, რეალობა დასამალი უხდება.

როგორც უკვე ვთქვით, ნატოში შესვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად ნატო გადაწყვეტს ამას. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე, ნატოს მოტივაცია საკმარისად აქვს კავკასიაში შემოსასვლელად, მაგრამ არსებობს ხელშემშლელი გარემოებები, რომელთაგან ზოგზე ვისაუბრეთ, ზოგი კი თავად საქარველოშია საძიებელი. ასეთთა შორისაა უსამართლო სასამართლოები, კორუფცია რომელზეც ისევ გვიწევს ლაპარაკი, მოუგვარებელი კონფლიქტები, რეპრესიული მმართველობა, სტანდარტებისგან ჯერ კიდევ შორს მდგარი თავდაცვის სისტემა და მრავალი სხვა. მაშასადამე, თუ ჩვენ ნატოში შესვლა გვინდა, ჯერ საკუთარი პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, ნატოს კი ვაცალოთ, რომ ურთიერთობა თავად გაარკვიოს რუსეთთან. წამქეზებლური პოლიტიკით ვერც ნატოსთან ვიმუშავებთ.

ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნატო დაინტერესებულია კავკასიით. კონფრონტაციული რიტორიკით ჩვენ მხოლოდ ხელს ვუშლით მასაც და ჩვენს თავსაც. ამასობაში კი ვიუარესებთ უსაფრთხოების გარემოს და კიდევ უფრო შორს ვცილდებით ოცნებას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

როგორც ვთქვით, საკეთებელი ჩვენს ეზოშიც ბევრი გვაქვს, დღეის მდგომარეობით კი დსთ-ც ჩვენი „ეზოა“. იმის გამო, რომ ჩვენს ინტერესებში პირდაპირ შედის ნატო-რუსეთი წინააღმდეგობის მოხსნა, ამიტომ უარი კი არ უნდა ვთქვათ დსთ-ში მუშაობაზე, არამედ - ამ წინააღმდეგობის მოხსნას უნდა შევუწყოთ ხელი. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნატოში გარდაუვალ და სასწრაფო ინტეგრაციაზე ლაპარაკის შეჩერება. ჩვენ უნდა დავრჩეთ ნატოსთან დიალოგის რეჟიმში, გავაძლიეროთ მუშაობა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, ავწიოთ როგორც სამხედრო, ასევე დემოკრატიული სტანდარტები, მაგრამ ამავდროულად უნდა ველაპარაკოთ რუსეთს და არა მარტო ველაპარაკოთ, არამედ - ვეთანამშრომლოთ მას. რუსეთმა უნდა დაინახოს, რომ საქართველოში კონფრონტაციის პოლიტიკას აქვს ალტერნატივა. ამასთან, ჩვენ ღიად უნდა დავტოვოთ საკითხი ნატოში ინტეგრაციის თაობაზე და ღიადვე დავუკავშიროთ ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გარანტიებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დავტოვოთ სავაჭრო როგორც ჩვენთვის, ასევე რუსეთისთვის და ასევე ნატოსთვის.

6 4. რა ვაკეთოთ

▲ზევით დაბრუნება


ჩვენ არ უნდა შევაჩეროთ ნატო-სთან დიალოგი, მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ ალიანსში სასწრაფო ინტეგრაცია ერთადერთი გამოსავალი არ არის. საქართველოს ნატოში გაწევრიანება იმდენად მიუღებელი საკითხია რუსეთისთვის, რომ მოსკოვი თბილისის ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული და თავადაც იმოქმედებს ამის წინააღმდეგ. გარდა იმისა, რომ მოსკოვმა შეიძლება წარმატებას მიაღწიოს, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის რუსეთის წარმატება დამატებითი მარცხი იქნება, რადგან ის ხალხის განწყობაზე იმოქმედებს.

საქართველოს წევრობა დსთ-ში დღეს ყოვლად არაეფექტური და წამგებიანია. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ერთის მხრივ, სულ მცირე, ფორმალურ დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოს ნატო-ში გასაწევრიანებლად, მეორეს მხრივ კი თბილისი ვერაფერს იგებს დსთ-ს წევრობით. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ მისი საგარეო პოლიტიკური ორიენტირები შესაბამისად გაეფორმებინა და ჩიხში შევიდა. არც ის ჩანს რეალისტური, რომ რაიმე მალე შეიცვლება. სამაგიეროდ, გვესმის ლამის ომისკენ მოწოდებები და მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად და შესაშინებლად გამიზნული კონფრონტაციული განცხადებები პრეზიდენტის მხრიდან. საქართველოს საერთაშორისო სტატუს-კვოს შესახებ კი არსებობს სრული გაურკვევლობა, რაც უნდა მოიხსნას.

ერთი შეხედვით, საქართველომ უნდა აირჩიოს ან დსთ, ან ნატო. მოვლენების სხვაგვარი დალაგება თითქოს წარმოუდგენელი ჩანს, სინამდვილეში კი აქ ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, თუ რამდენად ლეგიტიმურია არჩევანის ასეთი გამძაფრება, რადგან არ არსებობს რაიმე ფორმალური ან მოსალოდნელი დაპირისპირება ნატოსა და რუსეთს შორის. პირიქით, ნატოსა და რუსეთს შორის არსებობს პარტნიორობის ფორმატი, თუცა არსებობს გადაუჭრელი საკითხებიც, რომლებსაც ნატოცა და რუსეთიც დიალოგის რეჟიმში წყვეტენ.

ერთის მხრივ, ნატოში გასაწევრიანებლად არსებობს მხოლოდ საქართველოს დეკლარირებული სურვილი და ლამის სპეციალურად საქართველოსთვის გამოგონილი ინტენსიური დიალოგის რეჟიმი, მეორეს მხრივ კი სახეზეა ნატოს ღია ყოყმანი და რუსეთის საწინააღმდეგო პოზიცია. ასეთი ვითარება დიდწილად სწორედ საქართველოს ქცევითაა განპირობებული და ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობას აღწერს. საჭიროა აქედან გამოსვლა.

საქართველოსთვის ნატო არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტს, არამედ - ერთგვარ ცივილიზაციურ ორიენტირსაც წარმოადგენს. როგორც ცივილიზაციური ორიენტირი, ნატოც და, განსაკუთრებით, ევროკავშირიც საქართველოს უცვლელ პრიორიტეტებს უნდა წარმოადგენდეს, ხოლო უსაფრთხოების გარანტიები არსებული რეალობის მაქსიმალური გათვალისწინებით უნდა ჩამოვაყალიბოთ. შესაბამისად, ცივილიზაციური ორიენტირისაკენ სვლა დაწყებულია და უნდა განვაგრძოთ, უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი დიდი მოთმინება და პროფესიონალიზმი სჭირდება.

საქართველოს დრო შეუძლია ეფექტურად დახარჯოს ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად, ხმამაღალი გამომწვევი განცხადებები კი მხოლოდ რუსეთთან დაპირისპირების გაღრმავებას უწყობს ხელს. ხმაური ზედმეტია. ხალხის დაძაბვა და დარაზმვა საჭირო არ არის.

საქართველომ უნდა გამოიყენოს დრო, გახსნას მოლაპარაკებების ახალი ფორმატი რუსეთთანაც და ნატოსთანაც და ორივე მხარესთან ღიად დააყენოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხები. მოსალოდნელია, რომ თუ თავიდანვე რეალისტურ სცენარს არ დავდებთ, მაშინ ნატოს ყოყმანი კვლავ გაგრძელდება, მოსკოვი კი დიალოგზე საერთოდ არ წამოვა და მორიგ აბსურდამდე მივალთ. ასეთი მაგალითი უკვე გვქონდა სააკაშვილის ხელისუფლების მოღვაწეობის პირველ პერიოდში. ანუ, ნატოში შესვლა-არშესვლის თემა მოლაპარაკებების ბერკეტად უნდა გამოვიყენოთ, ეს კი ალტერნატიული სცენარების არსებობას მოითხოვს.

ისეთი რეალისტური სცენარი, რომელიც ამავდროულად საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს შექმნიდა, შეიძლება იყოს რუსეთის თანხმობის გარეშე ნატოში ინტეგრაციაზე საქართველოს უარი; კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში სამხედრო გადაწყვეტაზე უარის თქმა; კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების დატოვება; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე თანხმობა.

სანაცვლოდ საქართველომ უნდა მიიღოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რუსეთის მხრიდან დასმული კითხვების საბოლოო მოხსნა; ლტოლვილების დაბრუნება; საქართველოს საზღვრის კონფლიქტის ზონის ნაწილის ეფექტური გაკონტროლება ქართულ მხარესთან ერთად;საქართველოს ლეგიტიმური ინტერესების ეფექტური აღიარება; ყველანაირი ეკონომიკური შეზღუდვის მოხსნა; დსთ-ს ეკონომიკურ სტრუქტურებში უფრო ფართოდ წარმოდგენა. რუსეთს ყოველგვარი პანიკისა და აჟიოტაჟის გარეშე უნდა ეთქვას, რომ საქართველო მზადაა დიალოგისათვის და განიხილავს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ალტერნატიულ გზებს. მთავარი ისაა, რომ კონფლიქტები მოგვარდეს, იყოს მშვიდობა და განვითარება. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

რუსეთსა და საქართველოს შორის უნდა გაფორმდეს ჩარჩო ხელშეკრულება, რომელშიც ყველა შეთანხმებული საკითხი დეტალურად გაიწერება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ვალდებულებების შესრულება.

ნატოსთან, რუსეთთან, სხვა მეზობლებსა და პარტნიორებთან ურთიერთობების დალაგების პარალელურად საქართველომ უნდა შექმნას გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მყარი გარანტიები თავად ქვეყნის შიგნით. ეს სამართლიანობაზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, თავისუფლებაზე და განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოების მშენებლობა უნდა იყოს.

შიდა პოლიტიკაში ეს უნდა ნიშნავდეს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას;ადამიანის პრიმატის აღიარებას და განვითარებაზე ორიენტაციას; პოლიტიკაში ზნეობის პრიმატის აღიარებას და ზნეობაზე დამყარებული მმართველობის განხორციელებას; რელიგიურ, ეთნიკურ და სოციალურ ტოლერანტობას; გააზრებულ და პროფესიონალურ მმართველობას. დროა ხარისხზეც ვიფიქროთ.

საგარეო პოლიტიკაში ეს უნდა ნიშნავდეს კონსტრუქციული და მშვიდობიანი დიალოგის მხარდაჭერას; ჰუმანიტარულ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას; ქართული ჯარის მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში უნდა დავუშვათ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციის ან ალიანსის ფორმატით, რაც უნდა აისახოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში; ეს უნდა ნიშნავდეს აგრესიულ რიტორიკაზე საბოლოოდ უარის თქმას; ახალი, ჭეშმარიტი დემოკრატიის გამოსვლას საერთაშორისო ასპარეზზე;

კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში ეს უნდა ნიშნავდეს ლტოლვილების დაბრუნებას და კონფლიქტის ყველა მხარის უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებას.

ლტოლვილების დაბრუნების საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობაში. დღევანდელი ხელისუფლების რიტორიკა ძალიან აგრესიულია და უტოპიურად სწრაფი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის მოგვარების პროცესის ძირითადი ეტაპი ლოზუნგად ვაქციოთ. ლტოლვილების დაბრუნება უნდა იყოს ძირითადი მიზანი და ლოზუნგი კონფლიქტებთან დაკავშირებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტების საბოლოო მოგვარება (განსაკუთრებით - რიტორიკით „ტერიტორიების დაბრუნება“) არ იქცეს დაკვეთად ერთი რომელიმე ხელისუფლების მიმართ და ეს არ იქცეს ხელისუფლების მიზნად იმ პირობებში, თუ ამისათვის აუცილებელი მრავალი სხვა ფაქტორი ჯერაც მოუგვარებელია. კონფლიქტების მოგვარება უნდა იყოს ხალხის მიზანი და კონფლიქტის მოგვარებისაკენ ნაბიჯების გადადგმა უნდა იყოს ხალხის მოთხოვნა ნებისმიერი ხელისუფლებისადმი. ხალხის ასეთი მიდგომა აგვაცილებს ავანტურისტულ ქმედებებს ამა თუ იმ ჯგუფის მიერ.

როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ კონფლიქტს ხვალ მოაგვარებს, ის იტყუება და საშიშია. მაგრამ როდესაც ხელისუფლება ზნეობრივი პრინციპებით ხელმძღვანელობს და არა მხოლოდ დაწერილი სტატისტიკით, მაშინ ის ნდობას იმსახურებს.

კონფლიქტი როცა მოგვარდება, ამას ყველა უთქმელად დაინახავს. ხელისუფლების საქმე ამ შემთხვევაში ქაღალდების გაფორმება იქნება. მანმადე ხელისუფლების საქმე ის უნდა იყოს, რომ მრჩეველისა და უზრუნველმყოფის ფუნქცია შეასრულოს. საზოგადოებამ უდიდესი როლი უნდა შეასრულოს შერიგების პროცესში. ხელისუფლებამ გზა უნდა გაუხსნას ხალხს ერთმანეთისაკენ.

ლტოლვილების დაბრუნებას სჭირდება როგორც დაბრუნებულთა, ასევე - იქ მყოფი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ყველა სხვა საკითხზე ლაპარაკი შეწყდეს და გადაწყდეს ეს საკითხი - ლტოლვილები დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მხარი უნდა დაუჭირონ ლტოლვილების მშვიდობიან რეინტეგრაციას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. სადაც შესაძლებელი იქნება, ფული უნდა დახარჯოს საქართველომ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არავის დაუთმოს პირველობა აფხაზთა და ოსთა კანონიერი ინტერესების დაცვასა და ხელშეწყობაში.

ლტოლვილების სიცოცხლის დანაშაულებრივი ხელყოფის წინააღმდეგ უნდა ხმამაღლა წავიდეს მსჯელობა და ნორმატიულ დოკუმენტებში უნდა აისახოს ეთნიკური აფხაზებისა და ოსების სიცოცხლის დანაშაულებრივი ხელყოფის აღმკვეთი პრინციპები, ასევე მათი კანონიერი და სამართლიანი მოთხოვნებისა და მისწრაფებების დაკმაყოფილების გარანტიები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ლტოლვილების დაბრუნება არ იქნას აღქმული ქართული მხარის გამარჯვებად. ლტოლვილები უნდა გახდნენ საქართველოს იდეალების ექსპორტიორები აფხაზეთსა და ოსეთში და პირიქით. ეს უნდა იყოს ნამდვილი რეინტეგრაცია და შერიგება. ყველა სხვა საკითხზე ლაპარაკი უნდა შეწყდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს სპეციალური მუშაობა ლტოლვილებთან. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი საკითხი. ლტოლვილებმა უნდა ისწავლონ კონფლიქტის მართვის ელემენტარული პრინციპები, დაიცხრონ აგრესია და წინასწარ კარგად გაეცნონ იმ გარემოს, სადაც ბრუნდებიან. გაეცნონ იმ ფორმალურ თუ არაფორმალურ წესებს, რაც ადგილზე მოქმედებს. საჭიროა მსგავსი ხასიათის მუშაობის ჩატარება დღეს ადგილზე დარჩენილ მოსახლეობასთანაც.

ისტორიკოსებმა უნდა იმუშავონ იმისათვის, რომ მოხდეს აფხაზურ-ქართული და ოსურ-ქართული კონტაქტების ისტორიის რეკონსტრუირება. ასევე, უნდა გასაგებად და დამაჯერებლად ითქვას სიმართლე რუსეთის როლის შესახებ, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში სამართლიანად ასოცირდებოდა საბჭოთა იმპერიასთან და, შესაბამისად, არ სარგებლობდა მხარდაჭერით. ამიტომ რუსეთი, რომელსაც საბჭოთა იმპერიის მემკვიდრეობის ამბიციაც ჰქონდა და ამ ამბიციის რეალური საფუძველიც, ახალი ქართული სახელმწიფოს მტრად იქცა და საქართველოზე კონტროლის აღდგენის მიზნით, თბილისის წინააღმდეგ ეთნიკური უმცირესობების წაქეზება დაიწყო იმ დაპირებით, რომ მათ დანაშაულებრივ ქმედებას პოლიტიკურ საფარველს მისცემდა. ზოგი ოსი და აფხაზი მართლა აენთო დამოუკიდებლობის იდეით, ბევრმა კი შექმნილი სიტუაცია კარგად გამოიყენა. ასეა თუ ისე, კონფლიქტი მოხდა და აფხაზეთშიც და ოსეთშიც კონფლიქტს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. სხვა ბევრი უსიამოვნო თუ სასიამოვნო სიმართლეც უნდა ითქვას.

რუსეთმა უნდა მიიღოს თავისი გარანტიები და სამართლიანად მოიქცეს. დღეს საჭიროა, რომ სამართალი გაირჩეს და შერიგება მოხდეს, მათ შორის რუსეთთანაც. დროა დავამსხვრიოთ მითები და მშვიდობაზე ვიზრუნოთ. ხალხმა დასკვნები უნდა გააკეთოს და დაიმახსოვროს.

7 5. რით დავიწყოთ

▲ზევით დაბრუნება


დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა დათმოს და არჩევნები კონსტიტუციურ ფარგლებში დანიშნოს. დრო მაინც ყველას საკმარისად ექნება, რომ საკუთარი სიმართლე ამტკიცოს. ეს დათმობა აუცილებელია, რომ ქვეყანაში სიტუაცია ზედმეტად არ დაიძაბოს. უნდა ყველა შეთანხმდეს, რომ ხალხია მთავარი და არა - ხელისუფლებაში ყოფნა.

ხალხი კარგად უნდა დაფიქრდეს და მხარი პროფესიონალებს დაუჭიროს. პროფესიონალები პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ. ხალხი მართალია და სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. ხალხი ლმობიერი და სამართლიანი უნდა იყოს.

არსებობს აზრთა სხვადასხვაობა საპარლამენტო და საპრეზიდენტო მოწყობის შესახებ. არგუმენტი საპარლამენტო რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირითადად ესაა: „საზოგადოება მზად არაა“. საპრეზიდენტო რესპუბლიკის საწინააღმდეგოდ ეს ისმის: „ცენტრალიზებული მმართველობა არ ამართლებს. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ცენტრალიზებული მმართველობა ხელს უწყობს ძალაუფლების უზურპაციას. ხალხი და მისი ინტერესები გვერდზე რჩება“.

ამათგან მეორე უდავოა. რაც შეეხება იმას, რომ საზოგადოება მზად არაა, ეს მცდარი ჩანს. საქართველოს ხალხი მშვიდობისმოყვარე და ცოდნაზე ორიენტირებულია. ისტორიაში არ არსებობს მაგალითი, რომელიც ქართველების, რომელიც ქვეყანაში ყველაზე დიდი პოპულაციაა, რთულ ადაპტაციაზე მიუთითებდა. ყველაფერი საწინააღმდეგოზე მეტყველებს. ქართველები ცნობილნი არიან ნიჭიერებით, გონებაგახსნილობით, განათლებისადმი და განახლებისადმი სწრაფვით, მშვიდობისმოყვარეობით, ტოლერანტობით, სტუმართმოყვარეობით და უცხოსადმი პატივისცემით. ეს სრულიად საკმარისი კრიტერიუმებია იმისათვის, რომ საზოგადოების მზადყოფნაზე ვილაპარაკოთ. ესეც არ იყოს, უდავოა ისიც, რომ ძლიერი საპრეზიდენტო მოდელი საერთაშორისო არენაზე ლავირების საშუალებას ზღუდავს. ძლიერი პარლამენტი კი მოსაზრებათა პლურალიზმს და რეალობასთან ადაპტაციის მეტ საშუალებას უზრუნველყოფს.

პროფესიონალიზმი, რომელიც, როგორც ამბობენ, ოპოზიციას აკლია, სინამდვილეში საერთო პრობლემაა. ამიტომ პროფესიონალიზმი ოპოზიციას კი არ აკლია, არამედ - ზოგადად არსებობს პროფესიონალიზმის დეფიციტი საზოგადოებაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში კადრი იმის მიხედვით იცვლება, თუ რომელი „ბანაკი“ მოვა ხელისუფლებაში. შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე არსებობდეს საყოველთაო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ სამოხელეო კორპუსი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ინიშნებოდეს. საჯარო სამსახური პოლიტიკური პროცესებისაგან დამოუკიდებელი და პროფესიული ინსტიტუტი უნდა იყოს. სამოხელეო კარიერის კიბე კანონით უნდა რეგულირდებოდეს.

ქვეყანა პარლამენტმა უნდა მართოს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მხოლოდ პოლიტიკურ თანამდებობებს უნდა ეხებოდეს. არ შეიძლება ნახევარი ქვეყანა „პრეზიდენტის გუნდი“ იყოს და არც მოწინააღმდეგე „ბანაკებში“ უნდა იყოს დანაწილებული საზოგადოება. აზრის გამოხატვა თავისუფალი და დაცული უნდა იყოს. ახალმა ხელისუფლებამ წინას მიერ მოცილებული ნაგავი ქვეყანაში არ უნდა დააბრუნოს.

სახელმწიფო სამართლიანი და ლმობიერი უნდა იყოს. სახელმწიფო ხალხისათვის უნდა არსებობდეს. მან ხალხი უნდა დაიცვას და ხელი შეუწყოს განვითარებაში. სახელმწიფოს ჩინოვნიკები ხალხს ემსახურებიან, ხალხი კი მათ ფულს და მადლობას უხდის. ხალხი ძლიერია და ბრძენია. ხალხი მომთმენი, მაგრამ სამართლიანია. სახელმწიფოს ჩინოვნიკები ჩვენი მეზობლები არიან, სახელმწიფო მათი სამსახურია.

არჩევნები სამართლიანი უნდა იყოს. ქვეყანაში მსჯელობა უნდა იყოს და არა - ომი და ისტერია. ხალხი კომპლექსებისაგან უნდა განთავისუფლდეს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რას ფიქრობს ხალხი.

უსაფრთხოება ყველას მიზანია. ხალხმა ეს უნდა გაითვალისწინოს. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ხალხი მართავს. იგივე უნდა გაიგოს ამერიკამაც, ევროპამაც და აზიამაც. მშვიდობა, სამართლიანობა და განვითარება საქართველოს ხალხის მიზანია.

ანდრო ბარნოვი

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტი

09.10.2007