![]() |
პოლიცია და მედიასთან ურთიერთობის პოლიტიკა (რეკომენდაციები) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი მედია |
საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რეკომენდაციები შემუშავებულია ჩრ. ირლანდიის პოლიციის პრეს-სამსახურის, ბრიტანეთის მედიასთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პოლიციელთათვის და აშშ-ის პოლიციის პრეს-სამსახურების მაგალითების გათვალისწინებით. გამოყენებულია ასევე, 2004-2005 წლებში პოლიციის აკადემიაში ბრიტანეთის საბჭოს და ALPE-ის მიერ მოწვეული დიდი ბრიტანეთის პოლიციის პრეს-სამსახურების ექსპერტების მიერ ჩატარებული ლექციების კურსი პოლიციის მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე. ALPE ფონდი თბილისი 0108, ალ ჭავჭავაძის 8/33 ტელ: 995 32 92 29 14 99 65 12 ფაქსი: 995 32 92 05 96 ელ ფოსტა: office@alpe.ge liberty@liberty.ge თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი, 0108, გრიბოედოვის 23; ტელ: 995 32 93 66 ფაქსი: 995 32 93 67 84 , ელ ფოსტა liberty@liberty.ge ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ცენტრი საქართველო, ბათუმი 6000, ნოე ჟორდანიას 17 ტელ/ფაქსი: 995 222 77439 , 77441, 70888 ელ-ფოსტა: regionalcenter@mail.ru გამოცემა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ წიგნში გადმოცემული თვალსაზრისი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ევროკომისიის ოფიციალურ შეხედულებებს The opinions expressed in this publication do not nessesarily represent those of the Europian Comission |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოების უდიდეს ნაწილს იშვიათად აქვს უშუალო შეხება პოლიციასთან. ასე რომ, საზოგადოებრივი აზრი პოლიციის შესახებ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას წაიკითხავენ, მოისმენენ და ნახავენ მოქალაქეები ამ სტრუქტურის შესახებ მედიის საშუალებებით.
პოლიციის სამსახურის მოქმედების მთავარი პრინციპი არის გამჭვირვალობა, რათა საზოგადოება იცნობდეს მის რეალურ სახეს. ჟურნალისტებს შეუძლიათ დაეხმარონ პოლიციას მოიპოვოს იმ საზოგადოების ნდობა, რომელსაც ემსახურება. ასევე შეუძლიათ დახმარება გაუწიონ პოლიციას ავტორიტეტისა და მხარდაჭერის მოპოვებში, იმ პრობლემების და სირთულეების გაშუქებით, რომელთა გადაჭრაც ყოველდღე უხდებათ პოლიციის თანამშრომლებს.
მედიას უზომოდ დიდი ძალაუფლება აქვს და პოლიცია უნდა ცდილობდეს, რომ ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. პოლიციისადმი საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების საშუალებაა საზოგადოებას გააცნოს თავიანთი მუშაობის ამსახველი ახალი ამბები, რაც შეამცირებს გარკვეულ შიშს სხვადასხვა პოლიციური გამოძიების მიმართ. ადგილობრივ გაზეთებში, რადიოსა და ტელევიზიაში გაშუქებული სიუჟეტები, რომლებშიც პოლიცია დახმარების აღმომჩენია, ათასობით ადამიანს პოლიციის მიმართ კეთილად განაწყობს და რადიკალურად ცვლის დამოკიდებულებას.
ინფორმაციის გაცემაზე დამატებითი ბარიერების შექმნამ და თავის არიდებამ შეიძლება გამოიწვიოს დესტრუქციული ჭორების, გაუგებრობებისა და უზუსტობების გავრცელება. პოლიციის შესაბამისმა სამსახურმა, რომელიც პასუხისმგებელია მედიასთან ურთიერთობაზე, მთავარ პოლიტიკად უნდა დაამკვიდროს ღიად და გამჭვირვალედ მუშაობა. ზოგადად, დადასტურებული ფაქტია, რომ მედიის მუშაობა პოლიციისთვის შეიძლება ძალიან მომგებიანი იყოს.
თუ პოლიცია გამოიჩენს ინიციატივას, მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, ე.წ. მესიჯები, მიიტანოს საზოგადოებამდე არა მხოლოდ კონკრეტული დანაშაულების, არამედ კარგი რეპუტაციის მომტანი და წარმატებული ოპერაციების, პოლიციაში მიმდინარე საზოგადოებასთან პარტნიორული პროექტებისა და კამპანიების შესახებაც.
პოლიციის სამსახურის პოლიტიკა არის ღიაობა და ანგარიშვალდებულება. აპარატის ყველა თანამშრომელს, მიუხედავად რანგისა და თანამდებობისა, შეუძლია პასუხი გასცეს მედიის შეკითხვებს, თუკი აქვს პოლიციის შესაბამისი სამსახურის ნებართვა, იცის ყველა საჭირო ფაქტი და არ გასცემს დახურულ ან საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც კონფიდენციალურია სამართლებრივი, ოპერატიული და დისციპლინური მიზეზების, ასევე დაზარალებულის ან მისი ოჯახის მოთხოვნის გამო. სტრატეგიულ საკითხებზე კომენტარის გაკეთებამდე, აპარატის თანამშრომელმა კონსულტაცია უნდა გაიაროს პოლიციის სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირთან.
რეკომენდაციები
ამ სახელმძღვანელოს მიზანია შეამციროს შესაძლო გაუგებრობები და უზუსტობები მედიასთან ყოველდღიური მუშაობისას. პოლიციის თითოეულ თანამშრომელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ამ სამსახურისთვის კარგი იმიჯის შექმნასა და მედიასთან კონსტრუქციული და პროფესიული ურთიერთობის დამყარებაში.
წინამდებარე მედიაპოლიტიკა შემუშავდა პოლიციის, მედიისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან გამართული მრავალი შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად. მსგავსი სახელმძღვანელო ჩვენ მიერ გამოიცა რამდენიმე წლის წინ და სასამართლო ხელისუფლებასა თუ სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული პრესცენტრების მუშაობის წესებთან დაკავშირებით გარკვეულ რჩევებს შეიცავდა.
თუმცა, პოლიციის მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, საჭიროდ მიგვაჩნია ამ ძალოვანი უწყებისთვის ცალკე შეგვემუშავებინა გზამკვლევი იმისათვის, რომ პოლიციასა და მედიას შორის ურთიერთობა დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.
![]() |
2 მედიაპოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციის თანამშრომლებს და შს სამინისტროს სხვა მოხელეებს ინფორმაციის დაბალანსების ვალდებულება ეკისრებათ. ერთი მხრივ, პოლიცია უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოებისა და მედიის წინაშე, მეორე მხრივ კი, დაცული უნდა იყოს კერძო პირებთან ან პოლიციის ოპერაციებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია.
პოლიციის შესაბამისმა დანაყოფმა (მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური) უნდა უზრუნველყოს პროფესიული კავშირი პოლიციასა და მედიას შორის. ეს სამსახური პოლიციელებს და აპარატის სხვა თანამშრომლებს უნდა ეხმარებოდეს, განმარტონ პოლიციის სამსახურის პოზიცია ამა თუ იმ კონკრეტული მოვლენის ან საქმის შესახებ, ისევე როგორც, განახორციელოს მუშაობა წარმატებული საქმიანობის აღიარებისთვის.
გაზრდილი დეცენტრალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელების და თანამშრომლების წახალისება, რათა მათ საკუთარი სფეროების მიხედვით პოზიტიური კუთხით ითანამშრომლონ მედიასთან და მიაწოდონ ინფორმაცია ადგილობრივი ამბების შესახებ, რაც ბუნებრივად გამოიწვევს საზოგადოების უფრო დიდ დაინტერესებას.
რა თქმა უნდა, ყველა რანგის თანამშრომელს უფლება არა აქვს სათანადო კოორდინაციისა და ნებართვის გარეშე მედიას ესა თუ ის ინფორმაცია მიაწოდოს. ეს სტრატეგიულადაც არ არის მიზანშეწონილი. უმთავრესი ფაქტორი არის ის, რომ ინფორმაცია იყოს კვალიფიციური. ამიტომაც ნებართვას გასცემს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც იმავდროულად რჩევას აძლევს თანამშრომლებს კომენტარებისა და განცხადებების გაკეთებისას. ზოგადკორპორაციული მნიშვნელობის საკითხებზე სამსახური უნდა იძლეოდეს ძირითად ინფორმაციულ მონახაზს, რისი გათვალისწინებაც ყველა მოხელისათვის აუცილებელია.
სასურველია, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საწყის ეტაპზევე ჩაერთოს ისეთი ოპერაციების ან ინიციატივის დაგეგმვაში, რომელიც სავარაუდოა, რომ საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს.
პოლიციის თანამშრომელი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მედიისათვის განცხადების გაკეთებას აპირებს, ვალდებულია ბრიფინგამდე მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის შესაბამის წარმომადგენელს. თავი სმხრივ, სამსახური ვალდებულია ყველა ზომას მიმართოს იმისათვის, რომ მისმა წარმომადგენელმა შეძლოს ადგილზე სიტუაციის მართვა.
იმ შემთხვევაში, თუ კომენტარი ეხება მძიმე დანაშაულის გამოძიებას, აუცილებელია, ეს კომენტარი შეთანხმდეს ზედამხედველ გამომძიებელთან ან პროკურორთან. ნებისმიერი ისეთი მნიშვნელოვანი გამოძიების დაწყებისას ან მიმდინარეობისას, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი, სასურველია, მედიასტრატეგია თავიდანვე განსაზღვრული იყოს.
თუ პოლიციელებს, ან აპარატის სხვა სამოქალაქო თანამშრომლებს სურვილი აქვთ წერილი ან სტატია გამოაქვეყნონ, მათ შესაბამისი თანხმობა უნდა მიიღონ მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისგან, რომელთაც შეუძლიათ რჩევა მისცენ სტატიის სტილის, ტონის და მოცულობის შესახებ.
თუ აპარატის ნებისმიერ თანამშრომელს დაუკავშირდება მედიის წარმომადგენელი, მათ უარი უნდა განაცხადონ კომენტარზე მანამ, სანამ არ გაივლიან კონსულტაციას საკუთარ ხელმძღვანელობასთან ან მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან. მედიასთან ურთიერთობა, როდესაც საქმე ეხება პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ფაქტებს, აუცილებლად მოითხოვს შესაბამის ცოდნასა და კვალიფიკაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიციის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება საკმაოდ არასასურველი შედეგი მოიტანოს.
![]() |
3 ზოგადი რჩევები |
▲ზევით დაბრუნება |
გაითვალისწინეთ, რომ მედიას ყოველთვის აინტერესებს პოლიციის საქმიანობა, ყოველთვის მზად იყავით ამისთვის. შეძლებისდაგვარად, თუ ისეთ საკითხზე მუშაობთ, რომელიც, სავარაუდოდ, პრესის ინტერესს გამოიწვევს, ეცადეთ ყოველთვის მომზადებული იყოთ და კავშირი იქონიეთ მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთან.
მოერიდეთ პროფესიული ჟარგონებით და „პოლიციის ენით“ საუბარს, როდესაც მედიის წარმომადგენლებს ესაუბრებით.
თუ თქვენ დაგიკავშირდათ ჟურნალისტი, რომელიც ერთ კონკრეტულ ისტორიაზე მუშაობს, ეცადეთ სხვა ჟურნალისტს არ მისცეთ ეს ინფორმაცია, თუ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე თავად არ დაგისვამენ კითხვას.
დაიმახსოვრეთ, რომ ყველა ჟურნალისტი არ იცნობს პოლიციის პროცედურებს და შესაბამის შეზღუდვებს რეპორტაჟის მომზადების დროს, ასე რომ, თუ თქვენ არ გაქვთ უფლება გასცეთ ინფორმაცია, ყოველთვის დაასაბუთეთ მიზეზი.
აუცილებელია კრიმინალურ ან საგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისაგან მიიღოთ წინასწარი თანხმობა მედიისთვის ამ შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად.
შეეცადეთ არ გააკეთოთ კომენტარი და არ გამოთქვათ საკუთარი მოსაზრება ისეთ შემთხვევებზე, რომლებსაც სათანადოდ არ იცნობთ - ყოველთვის ისაუბრეთ ფაქტებზე. არ მისცეთ საკუთარ თავს ისეთი კომენტარების გაკეთების უფლება, რაც აწყობს მხოლოდ ჟურნალისტს მის მიერვე შექმნილი ვერსიის დასასაბუთებლად.
ეცადეთ იშვითად გამოიყენოთ ფრაზა - „კომენტარს არ ვაკეთებ“. ეს თავდაცვით პოზიციად აღიქმება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს რაიმეს მალავთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორი პასუხი გასცეთ ჟურნალისტების შეკითხვებს, დეტალურად ჩაინიშნეთ და უთხარით, რომ მალე დაუკავშირდებით და გასცემთ პასუხს. ამ შემთხვევაშიც რჩევისათვის პრესსამსახურს მიმართეთ.
არასდროს დათანხმდეთ ,,არაოფიციალურ” ან „არაგამოსაქვეყნებელ“ კითხვებზე კომენტარის გაკეთებას.
არასდროს გასცეთ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს სამართალწარმოებას, იქნება ეს დაკავშირებული დანაშაულების თუ პოლიციელთა დისციპლინური დევნის საკითხებთან.
![]() |
4 მედიისათვის საინტერესო საკითხთა საკონტროლო სია |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალისტს, როგორც წესი, შემდეგი სახის ინფორმაცია აინტერესებს:
ზოგადი ინფორმაცია შემთხვევის შესახებ. მოერიდეთ ისეთი დეტალების გამჟღავნებას, რომლებიც გამოძიების რომელიმე ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
სად მოხდა შემთხვევა - კლუბში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ბინაში? და ა.შ.
როდის მოხდა - დრო და თარიღი;
ვინ იყო მონაწილე - სქესი, ასაკი, სამსახურებრივი მდგომარეობა, საცხოვრებელი ადგილი. არასოდეს გასცეთ ინფორმაცია სახლის ზუსტი მისამართის შესახებ. ზუსტი ვინაობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში დასახელდეს, თუ მიღებული გაქვთ სპეციალური ნებართვა.
დეტალები დაზიანებების შესახებ, რომელ საავადმყოფოებში გადაიყვანეს დაზარალებულები (თუ გამომძიებლისაგან მიღებული გაქვთ შესაბამისი ნებართვა) და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ინფორმაცია მოპარული ნივთების შესახებ;
დეტალური ინფორმაცია დამნაშავეთა შესახებ/თუ ფიგურირებს მანქანა მოწმეთა ჩვენებების მიხედვით;
სქესი, ასაკი და სამსახურებრივი მდგომარეობა ყველა იმ ადამიანის, რომლებიც დააკავეს, დეტალები წარდგენილი ბრალის შესახებ, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან თუ გათავისუფლდნენ გირაოს საშუალებით, რომელ სასამართლოში აპირებენ გასაჩივრებას და როდის;
პოლიციის იმ თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც უნდა დაუკავშირდნენ მოწმეები ან ის ადამიანები, რომელთაც გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია გააჩნიათ;
პრესა მოითხოვს ფოტოს თუ შემთხვევაში ფიგურირებს უგზოუკვლოდ დაკარგული ან გარდაცვლილი ადამიანი. ამ შემთხვევაში აუცილებელია უშუალოდ უფროსის ან უფროსი გამომძიებლის ნებართვა.
![]() |
5 როგორ ვესაუბროთ ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს |
▲ზევით დაბრუნება |
ჟურნალისტები ხშირად ახორციელებენ ,,შესამოწმებელ სატელეფონო ზარებს” პოლიციის განყოფილებებში იმისათვის, რომ მოიპოვონ ინფორმაცია შემთხვევებისა და ოპერაციების შესახებ შესაბამის სამოქმედო ტერიტორიებზე. ამ სატელეფონო ზარების საშუალებით შეგიძლიათ გარკვეული განცხადებების გაკეთება ან საზოგადოებისათვის რჩევების მიცემა.
დარწმუნდით, რომ იცით ჟურნალისტის სახელი და გაზეთის სახელწოდება, სადაც ის მუშაობს;
თუ ჟურნალისტი არახელსაყრელ დროს გირეკავთ, ან არ ხართ დარწმუნებული რა პასუხი გასცეთ მის შეკითხვას, ჩაიწერეთ მისი შეკითხვები და უთხარით, რომ მოგვიანებით დაუკავშირდებით. ამგვარად, თქვენ მოიგებთ დროს, რათა გადაამოწმოთ ფაქტები და ზუსტად ჩამოყალიბდეთ, რისი თქმა გსურთ. თუ გსურთ გარკვეული ინფორმაციის პრესაში გამოქვეყნება, გაითვალისწინეთ ჟურნალისტების ვადები დროსთან დაკავშირებით და, შეძლებისდაგვარად, დროულად დაუკავშირდით მას;
ნუ დაკარგავთ შესაძლებლობას, ჟურნალისტს მიაწოდოთ დადებითი ხასიათის ახალი ამბები;
ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, რაც იცით, აირიდეთ კითხვები პოლიტიკის, გამოძიების და ოპერაციების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობა არ მიგიღიათ;
არ ისაუბროთ პროფესიული ჟარგონებით;
არასოდეს დაგავიწყდეთ, ვის ესაუბრებით. ცინიკური გამონათქვამები, წამოსროლილი სიტყვები და იუმორისტული გადახვევები შეიძლება გახდეს სტატიის სათაური;
პრესის სატელეფონო ზარის იგნორირება არ ნიშნავს, რომ ის აღარ განმეორდება. თუ არ გსურთ მედიასთან საუბარი, დააკავშირეთ ჟურნალისტი შს სამინისტროს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
![]() |
6 სატელევიზიო და რადიოინტერვიუები |
▲ზევით დაბრუნება |
სატელევიზიო და რადიოინტერვიუ საშუალებას გაძლევთ ესაუბროთ ათასობით ადამიანს, რომელთაც შეუძლიათ დახმარება გაგიწიოთ გამოძიებაში. თუ თქვენ რამდენიმე წუთს დაუთმობთ ინტერვიუსათვის მომზადებას, გაცილებით თავდაჯერებულად და მშვიდად იგრძნობთ თავს.
ძირითადი საკითხები
წინასწარ და ზუსტად ჩამოაყალიბეთ, რა მესიჯის გადაცემა გსურთ;
კარგად დაიმახსოვრეთ ფაქტები და გამოაცხადეთ ტელეფონის ნომრები, რომელზეც გსურთ, რომ მოქალაქეებმა დარეკონ;
მიზნად დაისახეთ პოზიტიური პრეზენტაცია - იყავით თავდაჯერებული.
დაამყარეთ საკუთარი კონტაქტი მედიასთან
შეამოწმეთ ჟურნალისტის ვინაობა, რომელი ორგანიზაციისათვის მუშაობს და რომელ პროგრამაში გავა თქვენი ინტერვიუ;
ინტერვიუ გადაიცემა პირდაპირი ეთერით თუ ჩანაწერით?
რამდენი ხანი გაგრძელდება?
რა საკითხები გაშუქდება ინტერვიუს დროს?
იკითხეთ, სავარაუდოდ რა კითხვები იქნება დასმული;
იკითხეთ კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას;
ჰკითხეთ ჟურნალისტს, რაში მდგომარეობს პირველი შეკითხვის არსი.
მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ თქვენი მოტივაცია
ცდილობთ დახმარების მოპოვებას?
ითხოვთ საზოგადოების მხარდაჭერას?
ცდილობთ პოლიციის მუშაობის დადებითი კუთხით წარმოჩენას?
პასუხობთ კრიტიკას ან ბრალდებებს?
რჩევას აძლევთ და არწმუნებთ საზოგადოებას?
პრაქტიკული მომზადება
ჩაინიშნეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად გსურთ, რომ გააჟღეროთ ინტერვიუში;
გაითვალისწინეთ და იფიქრეთ ყველა შესაძლო კითხვასა და პასუხზე;
იფიქრეთ, რამდენად ამყარებენ ფაქტები თქვენს პოზიციას. გამოიყენეთ მაგალითები გამოთქმული აზრის ილუსტრაციისათვის;
ნუ მოელით, რომ ჟურნალისტი ადვილ კითხვებს დაგისვამთ, და სურს თქვენი დახმარება, თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად გადმოსცემთ სათქმელს;
დარწმუნდით, რომ ზუსტად იცით პოლიციის სამსახურის პოზიცია ნებისმიერ საკითხზე, რაზეც თქვენ მსჯელობთ.
და დაიმახსოვრეთ...
ყოველთვის ჩათვალეთ, რომ მიკროფონი ან კამერა ჩართულია;
უყურეთ ჟურნალისტს და არა კამერას;
თუ გიღებენ საკუთარ კაბინეტში, მოაწესრიგეთ იგი და შეინახეთ ყველა კონფიდენციალური მასალები თვალსაჩინო ადგილიდან;
შეამოწმეთ, როგორ გამოიყურებით;
გადართეთ სატელეფონო ზარები და გამორთეთ მობილური ტელეფონი;
ნუ მოერიდებით ჟესტიკულაციას, თუ ეს თქვენ დაგეხმარებათ უკეთ გამოხატოთ აზრი;
მოერიდეთ პოლიციის ჟარგონებს - ისაუბრეთ მაქსიმალურად მარტივად;
თუ არაფერი გაქვთ სათქმელი, ნუ დათანხმდებით ინტერვიუზე. კამერის ან მიკროფონის წინ აღმართული ცივი კედელი ვერანაირ სარგებელს მოუტანს პოლიციის სამსახურის იმიჯს.
![]() |
7 ინფორმაციის კატეგორიები |
▲ზევით დაბრუნება |
ავტოსაგზაო შემთხვევები
ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირად ექცევა მედიის ინტერესის არეალში. ასეთი შემთხვევები ხშირია და მედიაც რუტინულად აშუქებს ასეთ ფაქტებს. მიუხედავად ინტენსიურობისა, აუცილებელია რამდენიმე სტანდარტული ნორმის დაცვა: არასოდეს გამოთქვათ სუბიექტური მოსაზრება შეჯახების მიზეზებთან დაკავშირებით. ნუ მიაწოდებთ პრესას ინფორმაციას გარდაცვლილი ადამიანების შესახებ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ოფიციალური ამოცნობის პროცედურები ჩატარებულია და შესაბამისი ადამიანები ინფორმირებულები არიან.
მოპარული თანხის ოდენობა
ბანკებზე, სამშენებლო კომპანიებზე და საფოსტო ოფისებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მოპარული თანხების შესახებ დეტალები, როგორც წესი, არ უნდა გაუმჟღავნოთ მედიას უფროსი გამომძიებლის და შესაბამისი კომპანიის ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე. ზოგადი საკითხები შემთხვევის შესახებ შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ, ხოლო რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ამ შემთხვევაში მიმართვა ხდება უშუალოდ კომპანიისადმი. თანხის ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ როგორც მცირე / დიდი, ან უბრალოდ ,,გარკვეული თანხა”.
განცხადებები ნათესავებისათვის
განცხადებები ნათესავებისათვის შეიძლება გაკეთდეს ცენტრალიზებულად ანუ მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან. მედია საშუალებით ნათესავების ძებნის გამოცხადება უნდა განხორციელდეს სწორედ ამ სამსახურის ეგიდით, იმ შემთხვავაში, როდესაც კონკრეტულ მოქალაქეს არ შეუძლია (მაგალითად, ფიზიკური მდგომარეობის გამო) დაასახელოს ნათესავების კოორდინატები ან მიმართოს ახლობლებს, დაუშვებელია გარდაცვლილი მოქალაქის ნათესავებისა და ახლობლებისათვის მიმართვა ტელე ან რადიოეთერის მეშვეობით.
დაკავება და ბრალდება
როდესაც, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქმე გადადის შემდგომ ფაზაში წინასწარი დაკავების და სხვა ზომების შეფარდებისას, ამ ეტაპზე ჟურნალისტს ეკისრება პასუხისმგებლობა, არ გამოაქვეყნოს და არ გააშუქოს ისეთი დეტალები, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს სამართლიანი სასამართლო. ამიტომაც, თუ ინფორმაცია ამ კონკრეტულ დანაშაულზე უკვე გავრცელებულია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიის წარმომადგენლებს ეცნობოთ საქმის განხილვის დაწყების შესახებ. პოლიციელებმა უნდა დააკონკრეტონ, მოხდა თუ არა ადამიანის დაკავება, თუ დამნაშავე პოლიციის განყოფილებაში ნებაყოფლობით მოვიდა.
დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს საქმის სასამართლო განხილვის წარმოების პროცესი, აგრეთვე დაუშვებელია ეჭვმიტანილის იდენტიფიკაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. თუმცა გირჩევთ, ზემოთ მოყვანილი მიზეზები არ გამოიყენოთ იმისათვის, რომ საერთოდ არ გასცეთ ინფორმაცია - შეგიძლიათ ისაუბროთ შემთხვევის ძირითად ფაქტებზე. მაგალითად:
,,პოლიციამ დააკავა 21 წლის ახალგაზრდა კაცი ამ და ამ საქმესთან დაკავშირებით, დღეს, მოგვიანებით, მოხდება მისი დაკითხვა”.
მას შემდეგ, რაც მოხდება ეჭვმიტანილის დაკავება, უარი უნდა თქვათ პრეს-კონფერენციებსა და მედიაინტერვიუებზე, გარდა ზემოთ მოყვანილი განცხადებებისა.
აგრეთვე სასურველია მედიას ვაცნობოთ, რომ მოქალაქეს პროცედურების დაცვით ბრალი უკვე წაუყენეს.
მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება პიროვნებისათვის ბრალის წაყენება და მისი სასამართლოს წინაშე წარდგენა, დაშვებულია მისი ასაკის, სქესის, სამსახურებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის და ბრალდების ყველა დეტალის შესახებ ინფორმაციის გაცემა.
ცეცხლის განზრახ წაკიდება და ხანძარი
მედიას შეიძლება მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ხანძრის შესახებ სახანძრო სამსახურთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამ საქმით დაკავებული გამომძიებლისაგან მიღებული რჩევის საფუძველზე განაცხადეთ, არსებობს თუ არა ეჭვმიტანილი, აგრეთვე გამოიყენეთ შესაძლებლობა და მიმართეთ თხოვნით მოწმეებს. დაუშვებელია ხანძრის მიზეზის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, სანამ ზუსტად არ დადგინდება გამომწვევი მიზეზი. დეტალური ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც დაშავდა ან დაიღუპა ხანძრის დროს, შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოხდება მათი ფორმალური ამოცნობა და ნათესავების ინფორმირება.
თავდასხმა
სასურველია, არ გავავრცელოთ ინფორმაცია ქვეყანაში მომხდარი ყველა თავდასხმის შესახებ, იმისათვის, რომ არ გაიზარდოს მოსახლეობის შიშის ფაქტორი დანაშაულის მიმართ. მომხდარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სერიოზული დანაშაულია, ან თუ არის მასში უჩვეულო ასპექტები. ჩვენი პოლიტიკაა არ გავამჟღავნოთ სახელები და არ გამოვაქვეყნოთ დაზარალებულთა სურათები, მათი და უფროსი გამომძიებლის ნებართვის გარეშე. აგრეთვე არ უნდა გამჟღავნდეს ინფორმაცია დაზარალებულის მისამართის შესახებ.
თავდასხმა - ფიზიკური ძალადობა პოლიციელებზე
ჩვენი რეკომენდაციაა მედიას არ შევატყობინოთ პოლიციელებიზე თავდასხმის ყველა ფაქტს, მაგრამ თუ პოლიციელმა მოვალეობის შესრულების დროს სერიოზული დაზიანება მიიღო, შესაძლებელია გაცხადდეს მათი ვინაობა, რანგი და პოლიციის განყოფილება მხოლოდ დაზარლებულთან გასაუბრებისა და იმ პოტენციური რისკის შეფასების შემდეგ, რაც შეიძლება ამ მოქმედებით განიცადოს პოლიციელმა.
შანტაჟი
მედიის მიერ თაღლითების მოქმედებებისა და ყაჩაღობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოუწოდებს საზოგადოებას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. შეძლებისდაგვარად, გაეცით დეტალური ინფორმაცია იმ ქუჩების სახელწოდების მითითებით, სადაც მოხდა ესა თუ ის შემთხვევა, რაც აამაღლებს საზოგადოებრივ ცნობიერებას და გააადვილებს მოწმეთა მოძებნას. თუ ქუჩის სახელწოდების გამოცხადებით გამჟღავნდება დაუცველი მსხვერპლის ვინაობა, მიუთითეთ სხვა ახლომდებარე ქუჩა. ყოველთვის გამოიყენეთ შესაძლებლობა და რჩევა მიეცით მოსახლეობას დანაშაულის პრევენციისათვის.
განგაში ბომბის არსებობის გამო/ცრუ განგაში და საეჭვო ყუთები
ინფორმაცია ბომბის არსებობის შესახებ/ცრუ განგაშსა და საეჭვო ყუთებზე უნდა გადამოწმდეს, მითითებული უნდა იყოს ისეთი დეტალები როგორიც არის: დრო, ადგილი, იყო თუ არა გამოძახებული გამნაღმველი ჯგუფი და მოხდა თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია ან მოძრაობის შეფერხება.
გამბედაობა
მედიას ყოველთვის აინტერესებს გმირული ისტორიები. თუ პოლიციელებმა ან საზოგადოების წარმომადგენლებმა გამოიჩინეს გმირობა, უნდა დაუკავშირდეთ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და გაავრცელოთ მედიარელიზი, ბუნებრივია, თუ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, უსაფრთხოება არ დგას რისკის ქვეშ.
ორგანიზმში ალკოჰოლის არსებობის შესამოწმებელი
სუნთქვითი ტესტები
პოლიციის სამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც ეს ტესტები ჩაუტარდათ. თუ ჟურნალისტს სხვა წყაროებიდან აქვს ინფორმაცია, რომ პიროვნებას ჩაუტარდა ასეთი ტესტი, ჩვენ არც უარვყოფთ არც ვადასტურებთ ინფორმაციას და მძღოლის ვინაობას. მაგრამ თუ მძღოლს დანაშაულში წარედგინა ბრალი, შესაძლებელია გამჟღავნდეს გარკვეული დეტალები.
ქურდობა სხვის შენობაში შეღწევით
ყაჩაღობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, შესაძლებელია მოხდეს მოპარული ქონების დაბრუნება. თუ დაზარალებული პირი ითხოვს, რომ არ გამჟღავნდეს მის შესახებ ინფორმაცია, ეს სურვილი უნდა დაკმაყოფილდეს. თუმცა დეტალური ინფორმაცია საკუთრივ შემთხვევის შესახებ შეიძლება გამჟღავნდეს - ადგილმდებარეობა (სახლის ზუსტი მისამართის მითითების გარეშე), დეტალური ინფორმაცია თუ რა მოხდა და რა არის მოპარული, თუ ამ ინფორმაციის გაცხადებით არ გამოაშკარავდება დაზარალებულის ვინაობა, ნუ აღწერთ შენობაში შეღწევის კონკრეტულ მეთოდებს.
გაფრთხილება
არასდროს გასცეთ ინფორმაცია იმ პიროვნების შესახებ, რომელსაც გაფრთხილება აქვს მიღებული ამა თუ იმ დარღვევისათვის. თუ კითხვა ეხება კონკრეტულ საქმეს, მიუთითეთ, რომ ქალმა ან მამაკაცმა მიიღო გაფრთხილება.
საჩივრები პოლიციელების წინააღმდეგ
პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრები და მათ შესახებ კითხვები უნდა გადაგზავნილი იქნას შსს-ის გენერალ ინსპექციაში, ომბუდსმენის აპარატში ან გენერალურ პროკურატურაში.
დაზარალებულ პირთა მდგომარეობის პირობების შემოწმება
ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ზუსტ საიდენტიფიკაციო მონაცემებს იმ პიროვნებების ვინაობის შესახებ, რომელთაც შეემთხვათ ავარია თუ სხვა ინციდენტი, მედიისათვის არ გაიცემა.
კონსულტაციები სხვა უწყებებთან
ხშირ შემთხვევაში პოლიციელებს უწევთ მონაწილეობის მიღება სხვა უწყებებისა და სამსახურების მუშაობაში. როგორც წესი, უშუალოდ პასუხისმგებელი უწყება ავრცელებს ინფორმაციას და ამყარებს კონტაქტს მედიასთან, თუმცა, თუ საჭიროა ერთობლივი მედიარელიზის ან კომენტარის გაკეთება, დაიმახსოვრეთ, რომ სჯობს გადაჭარბებული კონსულტაციები, ვიდრე არასაკმარისი. ნუ გააკეთებთ კომენტარს სხვა სააგენტოების საქმიანობისა და როლის შესახებ, თუ მათთან არ გაგივლიათ კონსულტაცია. ყოველთვის შეეცადეთ, არ ჩაგითრიონ სხვა უწყებების კრიტიკაში.
საკვები პროდუქტების დაბინძურება
სასწრაფოდ შეატყობინეთ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ნებისმიერი პროდუქტის შესაძლო საფრთხის ან უშუალოდ მოწამვლის შესახებ, რადგან ამ სახის ინფორმაციის გავრცელებისათვის არსებობს სპეციალური პროცედურები. არ გასცეთ დეტალური ინფორმაცია უფროსი გამომძიებლის ნებართვის გარეშე. დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება უსაფუძვლო პანიკა გამოიწვიოს.
ყალბი ფული
ერთდერთი ინფორმაცია, რაც შეიძლება გავრცელდეს ყალბი ფულის შესახებ, უნდა შეესაბამებოდეს დოკუმენტის ყალბად ცნობის ძირითად კომპონენტებს: ქაღალდის ხარისხი, მელნის ფერი და ა.შ. არ უნდა დასახელდეს შესაძლო თანხის ოდენობა, რომელიც, სავარაუდოდ, მოძრაობაშია. ამ სახის ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, აუცილებელია კონსულტაციები.
დანაშაულის პრევენცია
უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა დანაშაულის პრევენციის პროპაგანდისათვის. დანაშაულის ჩადენის მიმართ შიშის გაღვივების და, ამავდროულად, დანაშაულის პრევენციისათვის რჩევების მიცემა მედიის საშუალებით ნებისმიერი თანამშრომლის ვალდებულებაა.
დანაშაულის შეჩერება
პოლიციის სამსახური სრულ მხარდაჭერას უცხადებს დანაშაულის აღკვეთის სქემას, რომელიც საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას უფასო ტელეფონის საშუალებით ანონიმურად დაუკავშირდნენ პოლიციას. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ამ ნომრის საჯაროდ გამოცხადება, იმ ფაქტორის ხაზგასმით, რომ ზარის ავტორებს უფლება აქვთ არ დაასახელონ საკუთარი ვინაობა.
მონაცემები დამნაშავის შესახებ (ნასამართლობა, ასაკი და სხვა)
მონაცემები დამნაშავის შესახებ არის კონფიდენციალური და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მედიისათვის ინფორმაციის მიწოდება პიროვნების ნასამართლობის შესახებ თუ ეს ფაქტი არ არის უშუალო კავშირში დანაშაულის გამომწვევ მიზეზთან და ხელს არ უწყობს დანაშაულის გახნას.
აღწერილობა
როდესაც აღწერთ დამნაშავეს, მიუთითეთ მისი სქესი, ასაკი, სიმაღლე, თმის ფერი, სტილი და ჩაცმულობა. შეიძლება, აგრეთვე, აღინიშნოს სხვა ისეთი სპეციფიკური დამახასიათებელი ნიშანი, როგორიცაა: ნაჭრილობევი, ტატუირება ან დაბადების ნიშანი. მიუთითეთ პიროვნების ეთნიკური/რასობრივი კუთვნილება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში (თუ ეს გარემოება ხელს უწყობს აღწერილობის სიზუსტეს) და მოერიდეთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, რომელიც შეიძლება დისკრიმინაციულად ჩაითვალოს. დამნაშავეთა აღწერა რეგულირდება გარკვეული წესებით და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა მედიას, უნდა იყოს ზუსტად ჩაწერილი, რადგან დაცვის მხარემ შესაძლოა მოითხოვოს ეს ინფორმაცია.
დისციპლინური საკითხები/უფლებამოსილების დროებით შეჩერება, დროებით გადაყენება თანამდებობიდან მედიის ნებისმიერი კითხვა იმ პოლიციელების შესახებ, ვისი საკითხიც სისხლის სამართლებრივ ან შიდადისციპლინურ წარმოებაშია, უნდა გადაიგზავნოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
დოკუმენტური ფილმის გადაღების მოთხოვნა
სატელევიზიო არხებისა და დამოუკიდებელი კომპანიების თხოვნა, რომ პოლიციის სამსახურის აპარატმა მონაწილეობა მიიღოს დოკუმენტურ გადაცემებში, ყოველთვის უნდა გადაეგზავნოს ცენტრალურ ოფისს. ნებისმიერი ამგვარი თანამშრომლობის მოთხოვნა იქნება ეს დოკუმენტურ ფილმსა თუ სხვადასხვა გადაცემაში მონაწილეობაზე, უნდა მოხდეს წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მოკლედ იქნება ჩამოყალიბებული პროგრამის მთავარი არსი, სხვა მონაწილე პირები და ა.შ. მედიას უნდა ეცნობოს, რომ მათ წინადადებას უმოკლეს ვადაში განიხილავთ და წერილობით გამოეხმაურებით. (გთხოვთ, აგრეთვე, იხილოთ პუნქტი: ,,ჟურნალისტები, რომლებიც პოლიციელებს დაჰყვებიან ჩხრეკაზე /ოპერაციებზე/ პატრულირებაზე”).
მედიკამენტური და საწამლავი
ნივთიერებები / დაკარგვა თუ ქურდობა
სასურველია მედიარელიზის გამოქვეყნება თუ დაიკარგა ან მოიპარეს საწამლავი, ან ისეთი მედიკამენტი, რომელიც ექიმის რეცეპტს საჭიროებს, იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების გაფრთხილება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. დაასახელეთ მედიკამენტი ან საწამლავი ნივთიერება, ახსენით შესაძლო გართულებები და ყურადღება გაამახვილეთ იმ სასწრაფო, აუცილებელ სამედიცინო ჩარევაზე, რაც ამ მედიკამენტის მიღების შემთხვევაში არის აუცილებელი. ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ავრცელებთ, დამოწმებული უნდა იყოს ექსპერტის მიერ, მაგალითისათვის ფარმაცევტის ან კონკრეტული სპეციალობის ექიმის მიერ. არ გაავრცელოთ ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება ამ დანაშაულის განმეორებას შეუწყოს ხელი. მოახდინეთ მედიის ინფორმირება თუ ნაპოვნი იქნება მედიკამენტი და გამოთქვით მადლიერება მათ მიმართ ამ საქმის გაშუქებისა და გაწეული დახმარებისათვის.
თანასწორობა
პოლიციის სამსახურის თანამშრომლებმა არ უნდა ისაუბრონ რასისტული, სექსისტური, ჰომოფობიური ან სხვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ენით. პიროვნების აღწერისას (დაკარგული პიროვნება, დანაშაულის მსხვერპლი ან ეჭვმიტანილი) არ მიუთითოთ ამ ადამიანის რელიგია, კანის ფერი, ეთნიკური წარმომავლობა, სექსუალური ორიენტაცია, თუ ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ აუცილებლობას. განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდეთ კანის ფერის და/ან რასის ხსენების საკითხს, როდესაც აზუსტებთ დეტალებს პიროვნების შესახებ.
გაქცეული პატიმრები
იმ შემთხვევაში, თუ მოგმართეს კონკრეტული კითხვით, ნებადართულია გაქცევის ძირითადი გარემოებების დაზუსტება, როგორიცაა: სად და როდის მოხდა; როგორც წესი, გაქცეული პიროვნების ვინაობა არ უნდა გამოცხადდეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე ჩატარდა სასამართლო პროცესი ან თუ გაქცეული პიროვნება ითვლება სახიფათოდ და აუცილებელია საზოგადოების გაფრთხილება. მედიის კითხვები უნდა გადაიგზავნოს პრესსამსახურში ან რეგიონულ განყოფილებაში, ხოლო ინფორმაციის გაცემა მოხდება მხოლოდ უფროს გამომძიებელთან კონსულტაციის შემდეგ.
ციხიდან გაქცევა
ციხიდან გაქცევის შესახებ სასწრაფოდ უნდა ეცნობოს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მათ კონსულტაცია უნდა გაიარონ უფროს გამომძიებელთან და ციხის უფროსებთან გაქცევის გარემოებათა შესახებ, აგრეთვე შეათანხმონ, რა სახით მოახდინონ რეაგირება მედიის კითხვებზე.
აფეთქებები
არაკრიმინალური
არაკრიმინალური აფეთქებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაშვებულია მას შემდეგ, რაც უფროსი გამომძიებელი დაამოწმებს ძირითად ფაქტებს. დეტალები ზარალის, მსხვერპლის, სასწრაფო დახმარების შესახებ შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ უფროსი გამომძიებლის თანხმობის შემთხვევაში. არ გააკეთოთ კომენტარი აფეთქების გამომწვევი მიზეზის თაობაზე. მედიას უნდა გადასცეთ ინფორმაცია სხვა შესაბამისი ორგანიზაციების თაობაზე.
კრიმინალური/ტერორისტული
მედიის კითხვები იმ აფეთქებების შესახებ, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს კრიმინალურ/ტერორისტული დანაშაულის ელემენტს, სასწრაფოდ უნდა ეცნობოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. პოლიციის სამსახურის პოლიტიკის მიხედვით არ გაიცემა ინფორმაცია, რომელ ორგანიზაციას თუ პიროვნებას მისცეს გაფრთხილება ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ.
ცეცხლსასროლი იარაღი
ცენტრალურ ოფისისა და რეგიონულ პრესსამსახურებს უნდა ეცნობოს ცეცხლსასროლი იარაღით მომხდარი ყველა შემთხვევის შესახებ. არ შეიძლება დაკონკრეტება, თუ რამდენი შეიარაღებული ოფიცერი იყო გაგზავნილი შემთხვევის ადგილას. არ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია გამოყენებული ტაქტიკის, შეღწევის მეთოდებისა თუ სპეციალური აპარატურის შესახებ.
ბალისტიკური ტესტები
პოლიციის სამსახური ხელმძღვანელობს პოლიტიკით, არ გაავრცელოს ინფორმაცია ბალისტიკური ექსპერტიზის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია ნებისმიერი კონკრეტული იარაღის ან იარაღების ისტორიის შესახებ, რადგან შესაძლებელია წარმოიშვას იურიდიული საკითხები შემდგომ სასამართლო განხილვის სტადიაზე.
ნაპოვნი ქონება
პრესსამსახურები გაგიწევენ დახმარებას ნაპოვნი ქონების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, იმისათვის, რომ მოიძებნოს პატრონი. მედიას განსაკუთრებით აინტერესებს ძვირად ღირებული და იშვიათი ქონების შესახებ ინფორმაცია. ყოველთვის დატოვეთ გამოუცხადებელი ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ამ ნივთის თაობაზე, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე პრეტენზიას ნამდვილი პატრონი აცხადებს.
თაღლითობა
თუ საზოგადოება ინფორმირებული იქნება მომხდარი თაღლითობების შესახებ, ისინი შეეცდებიან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ნუ გაახმაურებთ თაღლითობის ისეთ დეტალებს, რამაც შეიძლება ამ დანაშაულის კოპირება გამოიწვიოს. კითხვები მსხვილი თაღლითობების შესახებ უნდა გადაეგზავნოს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
მსხვილი თაღლითობის გამოძიებისას, რომელშიც რამდენიმე პოლიციის მოსამსახურეა ჩართული, მედიარელიზის გავრცელებამდე პრესსამსახური უნდა დაუკავშირდეს სპეციალურ სამსახურს.
რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვებს იმ ბიზნესმენთა ფინანსებისა და ვინაობის შესახებ, ვისზეც, მათი აზრით, გამოძიება მიმდინარეობს, პოლიციის სამსახურის თანამშრომლებმა უარი უნდა განაცხადონ ამ თემის კომენტირებაზე და მაქსიმალური ზომები უნდა მიიღონ, რომ ჟურნალისტებმა უარის საფუძველზე არ გააკეთონ მცდარი დასკვნები.
პიროვნების ამოცნობა
ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვის აუცილებლობიდან, ასევე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ არის საჭირო მედიას შეატყობინოთ, რომ ტარდება ან ჩატარდა პიროვნების ამოცნობის პროცედურა. ამოცნობის პროცედურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის, განსაკუთრებით კი შედეგების, მედიისათვის გაცხადება უნდა მოხდეს საქმის ვითარების კონტექსტის გათვალისწინებით, სათანადო კონსულტაციის შედეგად ისე, რომ არ დაზარალდეს რიგითი მოქალაქის ინტერესები.
შეთანხმებები პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ
ასეთი შეთანხმებების პრაქტიკა აპრობირებულია ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეს იმისათვის კეთდება, რომ პოლიციის სამსახურმა თავი დაიზღვიოს ისეთი სარჩელებისაგან და მოქალაქეთა პრეტენზიებისაგან, რომელიც შესაძლოა ამა თუ იმ პუბლიკაციების შედეგად წარმოიშვას. ასეთი შეთანხმებები ფორმდება იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც პოლიციელებს ამა თუ იმ შემთხვევის ადგილებზე დაჰყვებიან. ასეთი ურთიერთობის დამკვიდრება და პრაქტიკული რეალიზაცია მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციით უნდა მიმდინარეობდეს.
დაზვერვა
ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში პოლიციური პრაქტიკის განსაკუთრებულ სფეროდ სადაზვრვეო საქმიანობაა მიჩნეული. ამ საქმიანობისადმი მოდგომაც განსაკუთრებულია, რადგან პოლიციის სამსახური ყოველთვის მკაფიოდ აცხადებს საკუთარ პოზიციას, რომ მძიმე დანაშაულთან ბრძოლისას მნიშვნელოვანწილად იყენებს დაზვერვის ყველა კანონიერ საშუალებებს, რაშიც ინფორმატორებიც იგულისხმება. დაზვერვის სამსახური უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.
წლების განმავლობაში დადასტურდა, რომ დაზვერვა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისა და დანაშაულის აღკვეთის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. შესაბამისად, დაზვერვა იყენებს ყველა კანონიერ საშუალებას იმისათვის, რომ გაზარდოს საკუთარი შესაძლებლობები და მოვალეობის შესრულებისას გამოირჩეოდეს მაღალი პროფესიონალიზმით. შესაბამისად, ამ საკითხების მედიაში განხილვის დროს, პოლიციამ უნდა იმოქმედოს ინფორმაციისკოორდინაციისა და ანალიზის რეჟიმში, რადგან ეს კრიმინალთან ბრძოლისა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა საკითხებს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უშეცდომო მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკისრება. პოლიციის თანამშრომლებმა ზედმიწევნით უნდა გაითვალისწინონ ამ სამსახურის მითითებები.
ინტერნეტი
პოლიციის სამსახურის მედიარელიზების უმეტესი ნაწილი განთავსებულია მათსავე ვებგვერდზე. ოფიცრებს სხვა რელევანტური მასალების განთავსებაც შეუძლია ამ ვებგვერდზე, რისთვისაც ისინი უნდა დაუკავშირდნენ სპეციალისტს, რომელიც საინფორმაციო მენეჯმენტის დეპარტამენტში მუშაობს.
ინტერვიუები
თუ პოლიციის თანამშრომელს მედიამ ინტერვიუსათვის მიმართა, სასურველია ეს საკითხი მედიასა და საზოგადოების ურთიერთობის სამსახურთან შეათანხმოთ და დააზუსტოთ ის მესიჯები, რომელიც უწყების კონსოლიდიტებულ პოზიციას ასახავენ.
ჟურნალისტები, რომლებიც ოფიცრებს ჩხრეკებზე, ოპერაციებსა და
პატრულირებაზე დაჰყვებიან
ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში დამკვიდრებულია პრაქტიკა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს პოლიციურ ოპერაციებზე დასწრების შესაძლებლობა ეძლევათ. ეს ხდება მაშინ, როდესაც დასწრებამ შეიძლება სარგებელი მოუტანოს თავად პოლიციის მუშაობას. ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილებას მხოლოდ პოლიციური უწყება იღებს. აპრობირებული პრაქტიკაა, როდესაც მედია საშუალების წარმომადგენელთან პასუხისმგებლობის მოხსნის ხელშეკრულება ფორმდება. როგორც წესი, ასეთი შეთანხმება პოლიციის იურიდიული მრჩევლის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ საბოლოო რედაქტირების უფლებას გულისხმობს. ეს კეთდება იმისათვის, რომ შემდგომში საზოგადოებას საშუალება ჰქონდეს გამიჯნოს პოლიციის მიერ დადასტურებული ინფორმაცია იმისაგან, რასაც ჟურანლისტური ინტერპრეტაცია ეწოდება. იმ შემთხვევაში თუ პოლიცია გადაწყვეტს მიმართოს ურთიერთობის ასეთ პრაქტიკას, ყოველივე შესაბამისი უწყებრივი სამსახურის უშუალო მონაწილეობითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა წარიმართოს. როგორც წესი, მედიის წარმომადგენლებს წინასწარ არ მიეწოდებათ ინფორმაცია სერიოზული ოპერაციების შესახებ, თუ ამისათვის არ არსებობს განსაკუთრებული მიზეზები.
ამგვარი პოლიტიკა არ ემსახურება მიზანს, რომ აუკრძალოს მედიას პოლიციის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე დასწრება ან პოლიციელთა გადაღება, მისი მთავარი მიზანია პოლიციის სამსახურის საქმიანობა სრულიად შეესაბამებოდეს კანონებს და დაიცვას დაზარალებულთა, მოწმეთა, ეჭვმიტანილთა და საზოგადოების უდანაშაულო წარმომადგენლების უფლებები.
პირი, რომელმაც გაიტაცა მანქანა გასეირნების მიზნით
როდესაც საქმე ეხება მანქანის გატაცებას გასეირნების მიზნით, პოლიციური სტანდარტი გულისხმობს, რომ აუცილებელია დიფერენცირებული მიდგომა ასეთი ინფორმაციებისადმი, რათა მოქალაქე არ გამოცხადდეს პროფესიონალ გამტაცებლად ან ჩამოყალიბებულ კრიმინალად.
ადამიანის გატაცება/მოტაცება
გატაცების თუ მოტაცების შემთხვევებში, როდესაც ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშ იმყოფება, შეიძლება მედიას მივმართოთ თხოვნით თანამშრომლობაზე. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ პოლიციის უფროსმა (ან მოადგილემ). მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა უნდა მოახდინოს გეგმის კოორდინაცია და დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ინფორმაცია მომხდარი ინციდენტის შესახებ.
ინფორმაციის გაჟონვა მედიაში
ინფორმაციამ, რომელიც გაჟონავს მედიაში, შეიძლება შეარყიოს პოლიციის სამსახურის რეპუტაცია და გამოიწვიოს მრავალი გაუგებრობა და დაბნეულობა კოლეგებსა და საზოგადოებაში. თანამშრომლებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ბოროტი განზრახვით ინფორმაციის გაჟონვამ ან დაუფიქრებელმა /მაგ. არაოფიციალურად გაკეთებულმა კომენტარებმა/ განცხადებამ. მათ, აგრეთვე, უნდა იცოდნენ, რომ ამგვარი საქციელი დისციპლინურ დარღვევად ითვლება.
სერიოზული ინციდენტი (დანაშაული)
ხშირად კორესპონდენტები პოლიციის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე წუთის ინტერვალით მოდიან დანაშაულის ადგილას, ამიტომ საჭიროა მათი მართვა. დანაშაულის ადგილას მყოფი პოლიციელები, შეძლებისდაგვარად, სწრაფად უნდა დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და მოითხოვონ პრესმოხელე. პრესმოხელე ყოველთვის უნდა ზრუნავდეს, რომ დაესწროს სერიოზულ ინციდენტებს და დახმარება გაუწიოს უფროს გამომძიებელს მედიასთან ურთიერთობაში.
ჟურნალისტების თხოვნები
გაზეთის, ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორები ზოგჯერ უკავშირდებიან პირდაპირ პოლიციის ოფიცრებს და პროგრამებისა თუ სტატიების მომზადებაში დახმარებას სთხოვენ. ეს მათი ლეგიტიმური უფლებაა და ზოგჯერ სასარგებლოა ხარისხიანი მასალის მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, კარგი იქნება, თუ პოლიციის ოფიცრები ამის შესახებ ინფორმაციას მიაწოდებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ჟურნალისტები ანალოგიური თხოვნით ხშირად ჯერ პრესმოხელეებს უკავშირდებიან. ინფორმაციის გაზიარება სასარგებლო იქნება იმ თვალსაზრისით, რომ თავიდან აიცილებთ წინააღმდეგობრივი ინფორმაციის გაცემას და იმიტომაც, რომ პრესმოხელე მეტ ინფორმაციას ფლობს ამ ჟურნალისტური პროექტების შესახებ. გარდა ამისა, თავიდან იქნება აცილებული ძალისხმევის დუბლირება.
უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანები
საჯაროობა ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძებნაში. ამიტომ პოლიციელებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, როგორც გამოძიების მნიშვნელოვანი საშუალება. განსაკუთრებით ეს ეხება დაუცველ ფენებს - თუ პიროვნება ან ძალიან მოხუცია, ან ძალიან ახალგაზრდა, ან საფრთხეშია. ინფორმაცია დაკარგული ბავშვის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
დაკარგული ადამიანის ბოლოდროინდელი ფოტოსურათი ზრდის მედიის მიერ ამ სიუჟეტის ხშირი გაშუქების შანსებს. დაკარგული პიროვნების ვინაობა, აღწერილობა და ფოტოსურათი შეიძლება გამოცხადდეს მხოლოდ მისი ოჯახის წევრის ნებართვის საფუძველზე. თუ საქმე ახალგაზრდა ადამიანს ეხება, საჭიროა მშობლის ან მეურვის ნებართვა. თუ დაკარგულ ბავშვზე მზრუნველობა აღებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას ან იგი სასამართლოს მეურვეობის ქვეშ იმყოფება, პრესისათვის მის შესახებ ინფორმაციის გაცემამდე აუცილებელია სასამართლოს ან სოციალური სამსახურის თანხმობა.
აუცილებლად შეატყობინეთ პრესმოხელეს, თუ დაბრუნდა ან ნაპოვნია დაკარგული ადამიანი, რათა მოხდეს მედიის მიერ გაწეული დახმარებისათვის მადლობის გადახდა.
მკვლელობა/საეჭვო სიკვდილი
მკვლელობა მედიის დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელები, შეძლებისდაგვარად, მალე დაუკავშირდნენ პრესმოხელეს და შემდეგ მოამზადონ განცხადება. პირველი განცხადების გავრცელება მედიისთვის მხოლოდ უფროს გამომძიებელთან კონსულტაციის შემდეგ შეიძლება; ხოლო სიკვდილის მიზეზები მოიხსენიება როგორც ,,საეჭვო”, სანამ უფროსი გამომძიებელი ოფიცერი არ დაადგენს სიკვდილის მიზეზს. არ შეიძლება გამოცხადდეს გარდაცვლილის ვინაობა, სანამ ამის შესახებ შეტყობინებას არ მიიღებენ ამ ადამიანის ნათესავები და არ ჩატარდება სხეულის ოფიციალური ამოცნობის პროცედურა.
ნებისმიერი სახის მედიარელიზი მკვლელობის შესახებ უნდა დაამტკიცოს უფროსმა გამომძიებელმა. მხოლოდ მას ან სპეციალურად გამოყოფილ პოლიციელს/პრესმოხელეს შეუძლიათ ისაუბრონ მკვლელობის შესახებ. პრესმოხელესთან დაკავშირება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში. პრესმოხელე უნდა დაესწროს უფროსი გამომძიებლის მიერ მედიისათვის ჩატარებულ ნებისმიერ ბრიფინგს, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც გარკვეული მიზეზებით ვერ ხერხდება მისი დასწრება.
დაზარალებულთა დასახელება
პოლიციის სამსახურმა შეიმუშავა პოლიტიკა იმ დაზარალებულთა დასახელებისათვის, რომლებიც მკვლელობებში, საგზაო შემთხვევებსა და სხვა ინციდენტებში არიან ჩართული, რაც ემსახურება მიზანს, დააბალანსოს როგორც დაზარალებულის, ისე მედიის ინტერესები. ეს სტრატეგია ასახულია სახელმძღვანელო პრინციპებში, რომელიც შემუშავდა მედიის მრჩეველთა ჯგუფის მიერ და ითვალისწინებს კანონმდებლობას მონაცემთა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.
მთავარი საკითხები:
უნდა მივმართოთ ყველა ზომას იმისათვის, რომ დავადგინოთ, სურს თუ არა დაზარალებულს მის შესახებ მედიაში გავრცელდეს ინფორმაცია.
პოლიციის სამსახურის თანამშრომლებმა ყოველთვის უნდა დასვან დაბალანსებული შეკითხვა, როდესაც დაზარალებულის ნების გამოვლენას ცდილობენ. ოფიცერმა პასუხები შესაბამის ფორმებში უნდა ჩაწეროს.
თუ დაზარალებულს არ სურს მედიისათვის პერსონალური ინფორმაციის გაცემა, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეს სურვილი, თუ გამომძიებელი არ გადაწყვეტს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებას ოპერატიული მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა, ყოველთვის შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელება უშუალოდ ინციდენტის შესახებ, თუ ამ ინფორმაციის გაცემით არ გამოაშკარავდება დაზარალებულის ვინაობა. მაგალითად, თუ საუბარია შემთხვევაზე, რომელიც ძალიან პატარა ქალაქში, დაზარალებულის სახლის წინ მოხდა და დასახელებული იქნება სახლის ზუსტი მისამართი.
თუ შეუძლებელია იმის დადგენა, სურს თუ არა დაზარალებულს საკუთარი ვინაობის პრესისათვის გამჟღავნება, არ უნდა დავასახელოთ მისი ვინაობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ გამომძიებელი ოჯახთან შეთანხმებით გადაწყვეტს, რომ გამოცხადებას ოპერატიული მნიშვნელობა აქვს.
თუ პოლიციელმა იცის ან ეჭვობს, რომ დაზარალებული შეიძლება საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს მისი ვინაობის გამჟღავნების შემთხვევაში, მან უნდა ურჩიოს მოქალაქეს მედიასთან ურთიერთობისაგან თავი შეიკავოს.
არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მედიისათვის გარდაცვლილი ადამიანის ვინაობის გამჟღავნება, თუ ამის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და გამომძიებელი ოფიცერი არ გასცემს ნებართვას ამ ინფორმაციის გავრცელებისათვის. აუცილებელია გარდაცვლილის ოჯახის გაფრთხილება მედიის სავარაუდო ინტერესის შესახებ და რომ საქმის გახსნის შემდეგ დაზარალებულის ვინაობა საჯარო ინფორმაციად ითვლება. მიუხედავად ამისა, თუ ოჯახი უარს აცხადებს გვარის გამოცხადებაზე და ეს მოქმედება არ მოახდენსნეგატიურ გავლენას გამოძიებაზე, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი სურვილი. თუმცა, მედიამ უნდა იცოდეს, რომ ამ კონკრეტული ინფორმაციის არგაცემა უშუალოდ ოჯახის მოთხოვნაა.
დაზიანებული ადამიანის შესახებ ინფორმაციის გაცემამდე მხედველობაში უნდა მიიღოთ ნებისმიერი მიმდინარე ან მოსალოდნელი იურიდიული პროცედურები (მაგ.: თუ ადამიანმა დაზიანება მიიღო მოპარულ მანქანაში). თუ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია დაზარალებულის დაკავება, არ გაამჟღავნოთ დაზარალებულის ვინაობა, სანამ არ მოხდება მისთვის ბრალის წაყენება, თუნდაც მისი თანხმობის შემთხვევაში.
ჟურნალისტებს, პოლიციის გარდა, სახელების დადგენის ბევრი სხვა წყარო აქვთ; ხშირად ისინი პოლიციას საკუთარი ინფორმაციის დასაზუსტებლად მიმართავენ. თითოეულ შემთხვევაში განსჯა ხდება კონკრეტულ გარემოებებზე დაყრდნობით. მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, თუ რამდენად შეუწყობს ხელს ინფორმაციის დადასტურება ფაქტების ზუსტად გაშუქებას და რამდენად იქნება ეს მომგებიანი, ერთი მხრივ, დაზარალებულისთვის და, მეორე მხრივ, პოლიციისათვის.
რჩევისათვის დაუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ან ამ საკითხზე მომუშავე პრესმოხელეს, ან გაეცანით პოლიციის სამსახურის დაზარალებულების და მოწმეების დასახელების პოლიტიკას (იხილეთ, აგრეთვე, საგზაო შემთხვევები და ახალგაზრდა დამნაშავეები).
საკანონმდებლობო სიახლეები
ჟურნალისტების შეკითხვები, თუ რას ფიქრობენ პოლიციელები ახალ კანონებსა თუ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, უნდა გადაეგზავნოს პრესმოხელეს.
არა ოქმისათვის გაკეთებული განცხადებები
თუ ამბავი საკმარისად საინტერესოა, ჟურნალისტისათვის არ არსებობს ისეთი კატეგორია, როგორიც არის ,,არა ოქმისათვის”. ოფიციალურად, ,,არა ოქმისათვის” ნიშნავს ჟურნალისტს მიაწოდო დამატებითი ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგი ურთიერთობა გაკავშირებთ ჟურნალისტთან, თუ ეს ისტორია ძალიან კარგად ჟღერს , თქვენ მიერ ,,არა ოქმისთვის” მიცემულ კომენტარს აუცილებლად წაიკითხავთ გაზეთში ან მოისმენთ და ნახავთ რადიოსა თუ ტელევიზიის საშუალებებით.
ფოტოსურათები
დამნაშავე მსჯავრდებულები
პოლიციის ხელთ არსებული დამნაშავის ოფიციალური ფოტოსურათი შეიძლება გადაეცეს მედიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გზით, უფროს გამომძიებელთან კონსულტაციის შედეგად. მაშინაც კი, როდესაც პირი ციხეშია (იმ შემთხვევაში თუ კანონიერ ძალაშია შესული მის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი), მისი ფოტოსურათის, სატელევიზიო გამოსახულების ტირაჟირება უნდა მოხდეს გარკვეული ინფორმაციის ანალიზისა და კონტექსტის გათვალისწინებით. გადაწყვეტილება უნდა ეცნობოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურს. სამართლებრივი არგუმენტაცია კი ეფუძნება ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლს, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს პიროვნების სიცოცხლის დაცვას ავალდებულებს.
რაც შეეხება ბრალდებულების ფოტოსურათებს, პოლიციამ შეიძლება გამოაქვეყნოს ისინი ან მომძლავრებული საჯარო ინტერესის, ან სერიოზული დანაშაულის გახსნის მიზნით. სერიოზულ დანაშაულებში იგულისხმება:
მკვლელობა, არაწინასწარგანზრახული მკვლელობა, გატაცება, გარკევული სექსუალური ძალადობები.
ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე შედეგის დადგომა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ან საზოგადოებრივი წესრიგისათვის სერიოზული ზიანის მიყენება, მართლმსაჯულების განხორციელებასა და დანაშაულის გამოძიებაში ჩარევა, ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი, სერიოზული ზიანის მიყენება ამა თუ იმ ადამიანისათვის, მნიშვნელოვანი ფინანსური მოგების ან დანაკარგის მიყენება ნებისმიერი პიროვნებისათვის.
ფოტოსურათს გასცემს მხოლოდ პრესმოხელე. სურათის გაცემამდე რეკომენდირებულია ეს საკითხი გადამოწმდეს იურიდიულ დეპარტამენტთანაც.
შემთხვევის ფოტოსურათები
პოლიციის სამსახურის მიზნებსა და ამოცანებში არ შედის იმ ფოტოსურათების მედიაში გავრცელება, რომელზეც აღბეჭდილია დანაშაულის ადგილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ფოტოები გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით სასამართლოში. კონკრეტული მოთხოვნის შემთხვევაში, დაშვებულია ფოტოსურათის გაცემა გამომძიებლის ნებართვით.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მედიის წარმომადგენლები თხოულობენ იმ პოლიციელთა ფოტოსურათებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქმის გამოძიების პროცესში, ან თუ ისინი დაშავდნენ და სერიოზულად დაზიანდნენ. პოლიციის თანამშრომლის ფოტოს გაცემა მოხდება პოტენციური რისკის და ოფიცრის უსაფრთხოების შეფასების შემდეგ.
ეჭვმიტანილები
ეჭვმიტანილთა სურათები გაიცემა მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში, რაც მკაცრად რეგლამენტირებულია. ეჭვმიტანილის ფოტოს გაცემა დაუშვებულია უფროსი გამომძიებლის, მაღალი რანგის ოფიცრისა და პროკურორის ნებართვის გარეშე.
დაზარალებულები
დაზარალებულის ფოტოსურათი არ გაიცემა დაზარალებულის ან მისი ნათესავის ნებართვის გარეშე. თუმცა, გასათვალისწინებელია, აგრეთვე, ის გარემოება, რომ დაშავებული მსხვერპლის ფოტოს ჩვენება ძალიან ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს და ხელს უწყობს მოწმეების გამოხმაურებას და დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
ზოგადი პოლიტიკა
როგორც წესი, როდესაც პოლიციელი/აპარატის თანამშრომელი შემთხვევის შესახებ საუბრობს მედიასთან, მათ არ უნდა გადაუხვიონ ფაქტებს, გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს - რა, როდის, სად, ვინ, რატომ და როგორ. ნუ შეეცდებით გამოთქვათ საკუთარი მოსაზრებები. ნებისმიერი კითხვა პოლიციის ზოგადი პოლიტიკის შესახებ უნდა გადაამისამართოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან.
გაშუქება პოზიტიური კუთხით
ბუნებრივი და გასაგებია, რომ პრესის ძირითადი ინტერესი სერიოზული დანაშაულისკენ არის მიმართული, თუმცა პოლიციის საქმიანობის უდიდესი ნაწილი არ არის დაკავშირებული დანაშაულთან, არამედ ეთმობა საზოგადოებასთან მუშაობას მათი უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, პრობლემების გადაჭრას და ცხოვრების დონის ამაღლებას. ჩვენ გვევალება, მუდმივად ვეცადოთ მედიის დაბალანსება პოლიციის პოზიტიური საქმიანობის უკეთ გაშუქებაში საშუალებით. ჟურნალისტებს ყოველთვის აინტერესებთ უჩვეულო და ახალი პროექტები, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ გავაგებინოთ მათ, რას ვაკეთებთ. დაუკავშირდით ცენტრალურ ან რეგიონულ ოფისის პრესსამსახურს და თხოვეთ დახმარება მედიარელიზის მომზადებაში.
პრესკონფერენციები
პრესკონფერენცია ეფექტური საშუალებაა როდესაც მედიაში დიდი დაინტერესებაა მძიმე დანაშაულთან ან სერიოზულ შემთხვევასთან დაკავშირებით. პრესკონფერენციის საშუალებით შესაძლებელია. შედარებით მცირე დროში დაკმაყოფილდეს მედიის მრავალრიცხოვან წარმომადგენელთა ინტერესი.
პრესკონფერენციის ჩატარება ყოველთვის უნდა მოხდეს მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მენეჯერის დახმარებით, რომლებიც მოიწვევენ მედიის დაინტერესებულ წარმომადგენლებს. პრესმოხელე ყოველთვის უნდა დაესწროს პრესკონფერენციას, კოორდინირება გაუწიოს ღონისძიებას და ინფორმაცია მიაწოდოს უფროს გამომძიებელს მედიის სავარაუდო კითხვების შესახებ.
პრესის ფოტოგრაფები
პრესის ფოტოგრაფებს და ვიდეოოპერატორებს ყოველთვის სურთ, რაც შეიძლება ახლოს მივიდნენ შემთხვევის ადგილთან. ისინი არ მოშორდებიან იქაურობას, სანამ არ გადაიღებენ ფოტოს. უმეტეს შემთხვევაში მიზანშეწონილია ფოტო და ვიდეოგადამღებებისათვის შეირჩეს ადგილი, საიდანაც ისინი გადაიღებენ და ხელს არ შეუშლიან სხვადასხვა სამსახურს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაში. ეს მიდგომა ბევრად გამართლებულია, ვიდრე საერთოდ უარი უთხრათ გადაღებაზე და მოქმედების შესაძლებლობა მათ უნარებს მიანდოთ.
როდესაც ინციდენტი კონტროლირებადი გახდება, უფროსმა ოფიცერმა შეიძლება პრესის წარმომადგენლები უფრო ახლოს მიუშვას შემთხვევის ადგილთან. პოლიციელებს ვერ მოვთხოვთ პასუხს ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათებისა და ფირის ხარისხზე - ეს საკითხი რედაქტორების გადასაწყვეტია.
![]() |
8 მედიაანონსი, მედიარელიზი, საინფორმაციო პაკეტი |
▲ზევით დაბრუნება |
მედიარელიზი პოლიციის სამსახურის ოფიციალური დოკუმენტია, რომელიც იბეჭდება ორგანიზაციის ბლანკზე და შედგენილია თანამიმდევრული კორპორაციული სტილის დაცვით. პიროვნებას, რომელსაც სურს მედია - რელიზის გამოცემა პოლიციის მუშაობის პოზიტიურად გაშუქების მიზნით, რჩევისათვის უნდა მიმართოს პრესმოხელეს.
თავშივე აღვნიშნავთ, რომ მედიაანონსი და მედიარელიზი იგივეა, რაც პრესანონსი და პრესრელიზი. თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, რომელ ტერმინს დაამკვიდრებთ პრაქტიკაში.
მედიაანონსი. პირველი, რაც ამა თუ იმ ღონისძიების დაგეგმვისთანავე უნდა გააკეთოთ, ეს მედიაანონსის მომზადებაა. მედიაანონსი შეიცავს შეტყობინებას მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ. ის, პირველ რიგში, საინფორმაციო სააგენტოებს უნდა გადაუგზავნოთ, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა საინფორმაციო საშუალებებში გაავრცელებენ თქვენს შეტყობინებას. რამდენადაც მედიაანონსი არჩევანის საშუალებას აძლევს ჟურნალისტს - გადაწყვიტოს დაესწრება თუ არა თქვენს ღონისძიებას, ანუ დააინტერესებს თუ არა ეს მის მკითხველს, ეს შეტყობინება ისე უნდა დაწეროთ, რომ ჟურნალისტების დაინტერესება და მოზიდვა შეძლოთ.
მედიაანონსის, ისევე როგორც მედიარელიზის დაწერის მთელი სირთულე მის სიმარტივეშია. თუ გავიხსენებთ პასკალის ცნობილ სიტყვებს - დრო არ მქონდა, მოკლე წერილი დამეწერაო, - შეიძლება ითქვას, რომ მოკლე და ზუსტი ფორმულირებების გაკეთება გაცილებით რთულია, ვიდრე ვრცელი სტატიის წერა. მედიაანონსიცა და მედიარელიზიც, საგაზეთო სტატიის მსგავსად, ჩვეულებრივ გადაბრუნებული პირამიდის პრინციპს ეფუძნება და პასუხს სცემს შეკითხვებზე:
ვინ?
რა?
სად?
როდის?
რატომ?
როგორ?
მედიაანონსის ნიმუში:
____________________________
ორგანიზაციის ქუდი
(დასახელება, რეკვიზიტები)
________________________________________________________
თარიღი (მოათავსეთ ზემოთ)საკონტაქტო პირი (იმ პიროვნების
სახელი და გვარი ვისაც შეიძლება
დამატებითი შეკითხვებით მიმართონ)
____________________________
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა
რა?
პრესკონფერენცია ეძღვნება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას.
ვინ?
ევროკავშირში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში თ.ბ.
როდის?
თარიღი... საათი
სად?
პრესკონფერენციის ადგილი და მისამართი
რატომ?
საქართველოს ეკონომიკური დონე გაუტოლდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკურ დონეს.
მედიარელიზი. თუ მედიაანონსი ჟურნალისტთა ყურადღების მოსაზიდად არის გამიზნული და სრულ ინფორმაციას მოსალოდნელი ღონისძიების შესახებ არ შეიცავს, მედიარელიზის დანიშნულება უფრო ინფორმირებულობაა და, აქედან გამომდინარე, ის ზუსტად და დეტალურად უნდა აღწერდეს მოვლენას. მედიარელიზი ორ ძირითად მოთხოვნას უნდა პასუხობდეს:
1. ინფორმაციის ფლობა
2. საინტერესოდ უნდა იყოს გადმოცემული ინფორმაცია.
ზოგიერთ ქვეყნებში მედიარელიზს დაგეგმილ ღონისძიებამდე ავრცელებენ. თუმცა, ჩვენში მეტად მიზანშეწონილია მედიარელიზის უშუალოდ პრესკონფერენციაზე ან სხვა ღონისძიებაზე დარიგების ან ღონისძიების შემდეგ მისი გავრცელების პრაქტიკა. რადგანაც თუ ჟურნალისტს წინასწარ ექნება ამომწურავი ინფორმაცია თქვენი ღონისძიების შესახებ, მან შესაძლოა, ღონისძიებაზე დასწრებით თავი არ შეიწუხოს. თუმცა, აქ თავს იჩენს მეორე პრობლემა: ზოგჯერ ჟურნალისტები იმდენად არაინფორმირებული არიან გასაშუქებელი თემის შესახებ, რომ უმჯობესია მათ წინასწარ მიაწოდოთ წერილობითი ინფორმაცია მედიარელიზისა და საინფორმაციო პაკეტის სახით. წერილობითი სახით ინფორმაციის დარიგება ეხმარება ჟურნალისტს, მასალის წერისას, კიდევ ერთხელ გადაამოწმოს ის ფაქტობრივი მონაცემები, რომლებზეც პრესკონფერენციაზე იყო საუბარი და შესაძლოა, მას მხედველობიდან გამორჩა. პოსტ ფაქტუმ პრესრელიზის გავრცელება საჭიროა იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, რომლებმაც, მართალია, ვერ მოახერხეს აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრება, მაგრამ სჭირდებათ ინფორმაცია აღნიშნული ღონისძიების შესახებ. პრესკონფერენციის შემდეგ მედიარელიზში შეგიძლიათ, ის დამატებითი ინფორმაციაც შეიტანოთ, რომელმაც პრესკონფერენციაზე გაიჟღერა და რაც, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფორმაციის მსგავსად, მედიარელიზიც გადაბრუნებული პირამიდის პრინციპით იწერება და პირველივე აბზაცში პასუხობს კითხვებს: ვინ? რა?როდის? სად? რატომ და როგორ? ჟურნალისტისგან განსხვავებით, მედიარელიზის დაწერისას, პრესმოხელე, გარკვეულწილად შეზღუდულია: ის მხოლოდ მშრალ ინფორმაციას იძლევა, საგაზეთო ენისგან განსხვავებით, რომელიც ჟარგონებსაც კი იტანს, მედიარელიზის ენა უფრო ოფიციალურია. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მედიარელიზი ისეთი მძიმე ენით უნდა დაწეროთ, რომ თქვენი დაწერილის გადაკითხვის სურვილი არათუ ჟურნალისტს, თავადვე გაგიქრეთ. მშრალი ინფორმაციის დაწერაც კი შესაძლებელია მარტივი, გასაგები ენით. მაინცდამაინც ნუ მიეტანებით რთულ, მხოლოდ თქვენი უწყების ხელმძღვანელისთვის გასაგებ ტერმინოლოგიას, „გაადამიანურეთ“ ოფიციალური სტატისტიკა იმდენად, რომ ციფრებშიც კი ამბავი იკითხებოდეს.
პირველი აბზაცის შემდეგ, რომელიც ძირითად ამბავს გადმოსცემს, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოიშველიოთ ციტატა, რათა მედიარელიზი უფრო ცოცხალი გახდეს. თუმცა, საგაზეთო სტატიისგან განსხვავებით, ზედმეტი ციტირება თქვენს ნაწერს ნამდვილად გადატვირთავს, ამიტომაც აქაც შეინარჩუნეთ ზომიერების გრძნობა.
ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება მედიარელიზს პირდაპირ აქვეყნებს ხოლმე, ამიტომაც თქვენ მიერ მომზადებული რელიზის პუბლიკაცია იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად გასაგებად იტყვით თქვენს სათქმელს. ხაზგასმით აღნიშნეთ, რა სიახლესთან გვაქვს საქმე და რატომ არის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი.
პირველი აბზაცი, ინფორმაციული თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლო აბზაცებში კი ინფორმაციის მნიშვნელობა გრადაციას განიცდის.
რეკომენდაციები
მედიარელიზის ნიმუში:
___________________________
ორგანიზაციის ქუდი
(დასახელება, რეკვიზიტები)
___________________________ _________________________
თარიღი (მოათავსეთ ზემოთ) საკონტაქტო პირი (იმ პიროვნების სახელი და გვარი, ვისაც შეიძლება
დამატებითი შეკითხვებით მიმართონ)
_________________________
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი
(სათაური, რომელიც აჯამებს ინფორმაციას მოათავსეთ ზემოთ)
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა
პირველ აბზაცში მედიარელიზი პასუხს სცემს შეკითხვებს:
ვინ? რა? როდის? სად? რატომ? როგორ?
მაგალითად:
20 ოქტომბერს (როდის?), ბრიუსელში (სად?) ევროკავშირში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საკითხებში თ.ბ-მ (ვინ?), საქართველოს მთავრობის სახელით (როგორ?), ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა (რა?). ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკის დონეს მნიშვნელოვნად აამაღლებს (რატომ?).
მეორე აბზაცში უფრო დეტალურად აღწერეთ მოვლენა და განმარტეთ ის, თუ როგორ აისახება ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეკონომიკაზე. ამის საილუსტრაციოდ შეგიძლიათ მოახდინოთ ავტორიტეტული ექსპერტის ციტირება.
მესამე აბზაცში მიუთითეთ, თუ რა ღონისძიებები უძღოდა წინ ოფიციალური განაცხადის შეტანას და რა დონეს მიაღწია საქართველოს ეკონომიკამ (შეგიძლიათ, მოიშველიოთ სტატისტიკა) ევროკავშირში გაწევრიანებამდე.
საინფორმაციო პაკეტი. საინფორმაციო პაკეტი უფრო დეტალიზებულია და გაცილებით მეტ ინფორმაციას მოიცავს. აქ შეიძლება აისახოს როგორც საკითხის წინაისტორია, ასევე აღნიშნულ საკითხზე სხვა ქვეყნების გამოცდილება, დეტალური სტატისტიკა, სამომავლო სტრატეგია. საინფორმაციო პაკეტში შეიძლება ჩადოთ ფოტომასალაც, საგაზეთო პუბლიკაციების ქსერო - ასლები, იმ პირის ბიოგრაფიული ცნობები, ვინც ატარებს პრესკონფერენციას, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ ეს ბიოგრაფია ჟურნალისტებისთვის რაიმეს მთქმელია...
როგორც წესი, საინფორმაციო პაკეტით უფრო პედანტი ჟურნალისტები ინტერესდებიან. თუმცა, საინფორმაციო პაკეტის გამოყენება იმაზეც არის დამოკიდებული, თუ ვინ რა მიმართულებით აშუქებს მოვლენას.
მაგალითად, პოლიტიკურმა მიმომხილველმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება შესაძლოა, პოლიტიკურ რაკურსში გააშუქოს და ამ მოვლენის პოლიტიკურ ასპექტებზე გაამახვილოს ყურადღება. ხოლო ეკონომიკური მიმომხილველი უფრო იმ ეკონომიკური პერსპექტივებით დაინტერესდება, რასაც ევროკავშირის წევრობა საქართველოს უქადის და რაც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება. ამდენად, ამ თემაზე მომზადებულმა საინფორმაციო პაკეტმა, თავისი სტატისტიკითა და სხვა ქვეყნების მაგალითებით, შესაძლოა, უფრო ეკონომიკური მიმომხილველები დააინტერესოს.
შენიშვნა: შემოთავაზებული მაგალითი, თავისი შინაარსით, დიდ პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პრინციპით მხოლოდ განსაკუთრებული ინფორმაციის შემცველი მედიარელიზები უნდა იწერებოდეს. სასურველია, რომ ამავე პრინციპით დაიწეროს ისეთი მედიარელიზები, რომლებიც უწყების რუტინულ, ყოველდღიურ საქამიანობას ასახავს, მაგალითად: რომელიმე საყურადღებო დანაშაულის გახსნის ფაქტი ან საშიშ კრიმინალთა დაკავება.
ბრიფინგები წინასასამართლო ეტაპზე
წინასასამართლო ბრიფინგები არ უნდა ჩატარდეს მაღალი რანგის ოფიცრის, სახელმწიფო ბრალდების დეპარტამენტის და პრეს სამსახურის თანხმობის გარეშე. ნებართვების მკაცრი რეგლამენტირება გულისხმობს რომ ასეთი ბრიფინგები უნდა ტარდებოდეს გამონაკლის შემთხვევებში და არა როგორც წესი.
ეს გამონაკლისი შემთხვევები უნდა ასახავდეს:
პოლიციის სამაგალითო მუშაობას;
დანაშაულის გამოაშკარავების ნოვატორულ და უჩვეულო მეთოდების დემონსტრირებას;
საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდეს;
უნდა ჩატარდეს მაშინ, როდესაც დიდია მედიის ინტერესი, ბრიფინგი უნდა იყოს კონტროლირებადი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფაქტების გაშუქების სიზუსტე და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დაზარალებულთა და მათი ნათესავების უსიამოვნება.
საზოგადოებრივი არეულობა
ინფორმაცია საზოგადოებრივი არეულობების შესახებ შეიძლება გადაეცეს მედიას. ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს ისეთ დეტალებს, როგორიც არის: რამდენი ადამიანი მონაწილეობდა, დაშავდა და დაზარალდა. მედიისათვის გაკეთებული ნებისმიერი განცხადება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თუ რამდენი ადამიანის დაკავება მოხდა, ამ ადამიანების ვინაობა და სასამართლო განხილვების თარიღები.
პოლიციის მიერ დევნის განხორციელება
პოლიციის მიერ დევნის განხორციელების შესახებ ინფორმაცია, როგორც წესი, მედიას არ გადაეცემა, თუ ის არ დასრულდა ფატალურად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მედიისათვის ცნობილია კონკრეტული ფაქტის შესახებ, შესაძლებელია ზოგადი ინფორმაციის მიწოდება, დადასტურება ფაქტისა, რომ პოლიცია ახორციელებდა მანქანის დევნას, ამ შემთხვევის დრო და ადგილი, რა მიზეზით დაიწყო და ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დაზიანებას.
საქმის დეტალების საბოლოო გარკვევამდე ნუ დააკონკრეტებთ, როგორ მოხდა ინციდენტი, თუმცა დაადასტურეთ, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
გაუპატიურება/სექსუალური ძალადობა/უხამსი შეურაცხყოფა
მედიისათვის არ გაიცემა არანაირი სახის ინფორმაცია, რომელიც გამოაშკარავებს სექსუალური ძალადობის მსხვერპლს - დაუშვებელია როგორც ამ ადამიანის დასახელება, ასევე ვინაობის დადასტურება. პირადი ინფორმაცია, როგორიც არის: ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა და ჰყავს თუ არა შვილები, შეიძლება გაიცეს მხოლოდ უფროსი გამომძიებლის ნებართვით, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია არ მისცემს ჟურნალისტებს შესაძლებლობას თავად დაასკვნან, ვინ არის მსხვერპლი.
ნაბადართულია ძირითადი მომენტების საჯაროდ გამოცხადება, იმისათვის რომ სხვებმა მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და/ან მოწმეები გამოცხადნენ. თუმცა, ნუ გამოაქვეყნებთ მომხდარი ძალადობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. ზედმეტმა დეტალებმა შეიძლება კიდევ უფრო გაუმძაფროს განცდა დაზარალებულს და მის ოჯახს. პოლიციელბმა შემთხვევა უნდა მოიხსენიონ როგორც “გაუპატიურება”, “უხამსი შეურაცხყოფა” ან “მძიმე სექსუალური დანაშაული”. ზოგიერთ შემთხვევებში, ჟურნალისტებმა შეიძლება ითხოვონ დაზარალებულთან გასაუბრება, თქვენ უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ ვინაობა არ გამოქვეყნდება. ნებისმიერი ამგვარი თხოვნა უნდა გადაგზავნოთ უფროს გამომძიებელთან ან უფლებამოსილ პრესმოხელესთან.
პოლიციის მიერ მის ხელთ არსებული
ვიდეომასალის გამოქვეყნება
ვიდეომასალის გადაცემა მედიისათავის დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული სიტუაცია აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
გადაიცემა მიმართვა მოწმეებისადმი ან ეჭვმიტანილთა გამოაშკარავების მცდელობა;
როდესაც პოლიცია დარწმუნებულია, რომ ვიდეომასალამ შესაძლოა, უზრუნველყოს საგზაო უსაფრთხოება და / ან ზოგადად დანაშაულის პრევენციის რჩევები;
როდესაც პოლიცია დარწმუნებულია, რომ ეს მასალა გაამხნევებს საზოგადოებას (მაგ. პოლიციის მიერ კრიმინალების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები და სხვა);
როდესაც მასალის გავრცელებით გაიფანტება და გაქარწყლდება ისეთი ჭორები და ვარაუდები, რომელიც საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს;
როდესაც ხდება პოლიციის კარგი მუშაობის დემონსტრირება, რომლის შედეგადაც მოხდა ეჭვმიტანილთა დაკავება და დანაშაულის გახსნა;
ხდება პოლიციის ანგარიშვალდებულების დემონსტრირება.
აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება, რომ ვიდეომასალის გავრცელებამ საფრთხე არ შეუქმნას მიმდინარე ან მომავალ სამართლებრივ პროცედურებს და, გარდა ამისა, მისი გაცემა უნდა მოხდეს მაღალი რანგის ოფიცრის თანხმობით.
მასალების გავრცელება ყოველთვის უნდა მოხდეს მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის საშუალებით. თითოეული მასალის გავრცელებისას უნდა გაფორმდეს ხელეშეკრულება, რომელშიც დეტალურად გაიწერება მასალის გამოყენების, კოპირებისა და დაარქივების პირობები და ა.შ. ამ შეთანხმების ასლი ინახება მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. პოლიციის სამსახურში დღეში 24 საათის განმავლობაში მუშაობს მედიის მონიტორინგის სამსახური. ხდება ყველა სატელევიზიო და რადიო ახალი ამბების გადმოცემების ჩაწერა, თუმცა აუცილებელია იმ გარემოების ხაზგასმა, რომ პოლიციის სამსახურს არ გააჩნია საავტორო უფლება ამ ჩანაწერებზე და მათ ვერ გამოიყენებს სასამართლოში მტკიცებულების სახით. იმისათვის, რომ ამ მასალას მიეცეს მტკიცებულების ძალა, საჭიროა მისი ოფიციალური დამტკიცება ავტორების და გადამღები ოპერატორის მიერ.
სიკვდილისაგან, ტრამვის მიღებისაგან ხსნა
მედიას ყოველთვის აინტერესებს პოლიციელებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი გმირული საქციელი. არ გამოაცხადოთ თვითმკვლელობის მცდელობით დაზარალებულთა ვინაობა, და ყოველთვის დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ ამ შემთხვევების აღწერას - გამოიყენეთ სიტყვა ,,გადმოვარდა” და არა ,,გადმოხტა” და ა.შ. დეტალური ინფორმაცია სხვა ინციდენტებით დაზარალებულთა შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ ამ დაზარალებულთა თანხმობით. (იხილეთ, აგრეთვე, დაზარალებულთა დასახელება).
პრემიები
ინფორმაცია დანაშაულის გახსნასთან დაკავშირებული პრემიის შესახებ შეიძლება გადაეცეს მედიას მხოლოდ უფროსი გამომძიებლის თანხმობით.
საგზაო შემთხვევები
პოლიციის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას მხოლოდ იმ საგზაო შემთხვევების შესახებ, რომელიც სერიოზული დაზიანებით ან ფატალური შედეგით დასრულდა, იმ მიზეზით, რომ საგზაო შემთხვევების რაოდენობა ძალიან დიდია. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია ისეთი საგზაო შემთხვევების შესახებ რომელსაც საერთოდ არ მოყჰოლია დაზიანება, მაგრამ უჩვეულობით გამოირჩევა, მაგ: რამდენიმე მანქანის შეჯახება, სასწრაფო დახმარების მანქანის შეჯახება და ა.შ. მედიის მიერ საგზაო შემთხვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აუცილებლად უნდა დასახელდეს შემთხვევის თარიღი, დრო და ადგილი, მოხდა თუ არა მოძრაობის შეფერხება, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიმართვა მოწმეებისადმი და პოლიციელების საკონტაქტო ინფორმაცია. დაუშვებელია საგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ადამიანის გამოცხადება, სანამ არ მოხდება მათი ამოცნობა და ნათესავების ინფორმირება.
ძარცვა
განცხადებები პრესისათვის, რომელშიც მიმართავთ მოწმეებს, აღწერთ დამნაშავეებს და მანქანებს, რომლითაც სავარაუდოდ სარგებლობდნენ დამნაშავეები, შეიძლება გაკეთდეს ძალიან სწრაფად ცენტრალური და რეგიონული პრესსამსახურების მიერ. არ გადასცეთ მედიას დაზარალებულისა და აპარატის თანამშრომლის ვინაობა, რომელიც საფრთხეშია. კომპანიების უმეტესობას, ბანკებს და სამშენებლო ფირმებს საკუთარი სტრატეგია გააჩნიათ სათვალთვალო აპარატით გადაღებული მასალის და ფოტოების გავრცელებისთვის. შესაბამისად, უნდა მოხდეს გადამოწმება ამ კომპანიებთან, სანამ ამგვარ მასალას გამოაქვეყნებთ.
სექსუალური ძალადობა
პოლიციის სამსახური არ საუბრობს მედიასთან სექსუალური მოძალადეების შესახებ. მედიის კითხვები ამ დამნაშავეებთან დაკავშირებით უნდა გადაიგზავნოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სასამართლო განხილვის შემდეგ გაკეთებული განცხადებები
ჟურნალისტები ხშირად სთხოვენ პოლიციის ოფიცრებს განცხადების გაკეთებას სასამართლოს დამთავრებისთანავე. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ სასამართლო პროცესებს, რომელიც ბრალდებულის გამართლებით სრულდება. პოლიციის ოფიცრები უნდა მოერიდონ ისეთი განცხადებების გაკეთებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მეტი არავინ არის ეჭვმიტანილი ან საქმე დახურულად ცხადდება, რადგან ამგვარი განცხადება შეიძლება მადისკრედიტირებელი იყოს გამართლებულისათვის, რაც ნიშნავს, რომ ის ერთდერთი ეჭვმიტანილი იყო საქმეში. თუ ჟურნალისტი სასამართლოს გარეთ მიმართავს ოფიცერს კითხვით, მან მოკლე განცხადება უნდა გააკეთოს, მაგალითად: ,,სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ გადავსინჯავთ საქმეს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ უფრო კონკრეტულ განცხადებას”. ამის შემდეგ ოფიცერი უნდა დაუკავშირდეს პრესმოხელეს და მოამზადოს შეთანხმებული განცხადება. არასოდეს გააკეთოთ კომენტარი, რომელიც წინააღმდეგობაშია სასამართლოს განაჩენთან.
წარმოებაში არსებული სასამართლო საქმეები
(იხილეთ დაკავება და ბრალის წაყენება)
თვითმკვლელობა/თვითმკვლელობის მცდელობა/უეცარი სიკვდილი
მხოლოდ სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს გარდაცვალება იყო თუ არა თვითმკვლელობით გამოწვეული. ეს სიტყვა არ უნდა იყოს გამოყენებული, სანამ არ გამოცხადდება სასამართლო გადაწყვეტილება. შესაძლებელია ისეთი განცხადებების გაკეთება, როგორიც არის: ,,ამ ეტაპზე არ არსებობს საეჭვო გარემოებები და ჩვენ არ გვყავს კონკრეტული ეჭვმიტანილი”, აგრეთვე, პრესას შეიძლება ეცნობოს სად იყო ნაპოვნი გარდაცვლილის სხეული. დაუშვებელია გარდაცვლილი პიროვნების ვინაობის გამოცხადება, სანამ არ მოხდება ოჯახის წევრის ინფორმირება და არ ჩატარდება ოფიციალური ამოცნობის პროცედურა. ოფიცრებმა უნდა გააფრთხილონ ოჯახის წევრები, რომ, სავარაუდოდ მედია დიდ ინტერესს გამოიჩენს ამ საქმისადმი და დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება გვამის გამოკვლევის დასრულების შემდეგ.
ინფორმაცია თვითმკვლელობის მცდელობებთან დაკავშირებით, როგორც წესი, არ მიეწოდება მედიას, თუმცა, შესაძლოა, დადასტურდეს ზოგადი ინფორმცია თუ რეპორტიორებს უკვე გააჩნიათ ინფორმაცია სხვა წყაროდან აქვთ მოპოვებული.
ტერორისტული შემთხვევები
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ყველა საეჭვო ტერორისტული მოქმედების შესახებ, აგრეთვე მედიის წარმომადგენელთა ყველა შეკითხვა უნდა გადაიგზავნოს ცენტრალური ოფისში. ამ შემთხვევაზე პასუხიმგებელმა ოფიცერმა უნდა გასცეს ნებართვა პრესისათვის მისაცემ განცხადებაზე.
ქურდობა
ქურდობასა და სხვა მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება მედიისათვის ნებადართულია, თუმცა დაზარალებულის ვინაობის გამოაშკარავება შესაძლებელია მხოლოდ მისივე თანხმობით. გამომძიებელ ოფიცერს შეუძლია გამოაქვეყნოს დაზარალებულის ვინაობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი წინ წაწევს გამოძიებას (იხილეთ, აგრეთვე, დაზარალებულ პირთა / მოწმეთა დასახელება).
მოწმეები
არანაირი ინფორმაცია, რომლითაც შეიძლება მოხდეს მოწმის ვინაობის გამოაშკარავება, არ გაიცემა მედიისათვის უფროსი გამომძიებლისა და თავად მოწმის ნებართვის გარეშე.
ახალგაზრდა დამნაშავეები
დაუშვებელია მედიისათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელმაც შესაძლოა, გამოაშკარავოს არასრულწლოვანი დამნაშავე (17 წლამდე ახალგაზრდები). თუ არასრულწლოვანი ბრალდებულია დანაშაულში, მედიისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია - მისი ასაკი და ქალაქი, სადაც ცხოვრობს. არ დააკონკრეტოთ, რომელ სკოლაში დადის არასრულწლოვანი.
ახალგაზრდები
თუ გსურთ გამოაქვეყნოთ პერსონალური ინფორმაცია ან ბავშვის, ან ახალგაზრდის ფოტოსურათი, ყოველთვის გაესაუბრეთ მის მშობელს ან მეურვეს.
რეკომენდაციები
![]() |
9 ჟურნალისტური სტანდარტი |
▲ზევით დაბრუნება |
იმისათვის, რომ ეფექტიანად ვითანამშრომლოთ მედიასთან სასურველია მეტნაკლებად გავიაზროთ ის ამოცანები, რომელთაც ჟურნალისტიკა ისახავს მიზნად და ლოგიკა, რომლითაც პროფესიონალი ჟურნალისტი მოქმედებს. ეს ხელს შეუწობს მედიისათვის განკუთვნილი ინფორმაციის ისე და იმ სახით მომზადებას, რომელსაც პროფესიონალი ჟურნალისტი უწყებრივი პრესსამსახურისაგან მოელის. დემოკრატიულ ინსტიტუტებს, შორის ჟურნალისტიკა გამოირჩევა იმით, რომ მის სტატუსს არც სოციალური კონტრაქტი, არც არჩევნები, არც ხალხის მიერ დელიგირებული ძალაუფლება და არც ის კანონმდებლობა არ განსაზაღვრავს, რომელიც მას უკავშირდება. ჟურნალისტიკის პრესტიჟის უმთავრესი დასაყრდენი ფაქტორი მისმიერვე დადგენილი პასუხისმგებლობის ნორმა და კარგი საზოგადოებრივი სერვისისკენ სწრაფვაა. სწორედ ამ ამოცანის მისაღწევად, ტრადიციული დემოკრატრიის ქვეყნებში, მოქმედებს თავად ჟურნალისტების მიერ შემუშავებული ეთიკის ნორმები. 2003 წელს საქრთველოში მოქმედი მედია საშულებების წარმომადგენელმა ჟურნალისტებმაც შეიმუშავეს ასეთი ნორმები და ხელი მოაწერეს მედიის პროფესიულ სტანდარტს. ამ სტანდარტის თანახმად მედია აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ფლობდეს დროულ, ზუსტ და დაუმახინჯებელ ინფორმაციას. ჟურნალისტი აღიარებს ვალდბულებას საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი, მიუკერძოებელი და უტყუარი ინფორმაცია და დაიცვას პროფესიული სტანდარტი.
ძირითადი დებულებები
ინფორმაციის, თვალსაზრისი და კომენტარის გამიჯვნა;
ინფორმაციის მიწოდებისას ფაქტი, ჟურნალისტის ჟურნალისტის თვალსაზრისი და მესამე პირის კომენტარი ერთმანითისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს.
ინფორმაციის წყარო
თუ წყარო ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ პირობით თანხმდება. რომ ჟურნალისტი არ გაამჟღავნებს მის ვინაობას, თავის მხრივ, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება მაშინაც კი, თუ ასეთი პოზიცია პრობლემას შეუქმნის მას.
შემოთავაზებული დათქმა: თუ დადასტურდა, რომ წყარომ შეგნებულად და ბოროტი განზრახვით შეიყვანა ჟურნალისტი შეცდომაში, მაშინ ეს პირობა შესაძლოა დაირღვეს.
ინფორმაციის ამა თუ იმ წყაროს შესაძლოა, პირადი ინტერესი ამოძრავებდეს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, ჟურნალისტი კრიტიკულად მოეკიდოს თავის წყაროს;
პროფესიული სტანდარტი გულისხმობს ფაქტების გადამოწმებას სხვა დამოუკიდებელი წყაროების საფუძველზე. თუ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, ინფორმაციის გავრცელებისას უნდა გაკეთდეს შესაბამისი დათქმა;
წყაროს დასახელება დამაჯერებლობას მატებს ინფორმაციას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ინფორმაციის წყაროს დაცვის აუცილებლობას.
პასუხის უფლება და შესწორება
კრიტიკის ობიექტს უფლება აქვს, საზოგადოებას ამცნოს საკუთარი მოსაზრება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
არასწორი ინფორმაცია უნდა გასწორდეს, როგორც კი ცნობილი გახდება გამოქვეყნებულ ინფორმაციასი არსებული შეცდომის შესახებ. შესწორება უნდა მოხდეს თანაზომადი ფორმით, რათა მკითხველმა/აუდიტორიამ იოლად შეამჩნიოს იგი.
დისკრიმინაცია
ჟურნალისტი მხოლოდ იმ შემთხვავში მიუთითებს ამა თუ იმ პირის ეთნიკურ და რასობრივ კუთვნილებას, პოლიტიკურ და რელიგიურ მრწამსს, სოციალურ მდგომარეობას, კანის ფერს თუ სექსუალურ ორიენტაცია, თუ ეს ინფორმაცია პირდაპირ კავშირშია საქმის არსთან.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
მედიამ პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას;
ადამიანის პირადი ცხოვრება, ამ პირის თანხმობის გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაშუქდეს მედიის საშუალებაში, თუ ეს შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერსს;
ჟურნალისტი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ბავშვების და იმ პირების პირად ცხოვრებას, რომლებიც ვერ აცნობიერებენ მათი განცხადებებით ან მოქმედებებით გამოწვეულ შედეგს.
შემოთავაზებული დათქმა: თუ ეს პირი არის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებეის მიმღები ან ასეთ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდა შეუძლია, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებრივ ინტერსს შეესაბამება.
ჟურნალისტმა ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს დაზარალებულთა და მათი ახლობლების ინტერესები, როცა საქმე უბედური შემთხვევების ან დანაშაულის გაშუქებას ეხება: არ დაასახელოს დაზარალებული პირის ვინაობა, ამ პირთა ოჯახის წევრებისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
შემოთვაზებული დათქმა: თუ ეს პირი არის საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებბეის მიმღები ან ასეთ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდა შეუძლია.
არასრულწლოვანები
ინფორმაციამ არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ არ უნდა შეაფერხოს და გაართულოს მისი საზოგადოებრივი რეაბილიტაცია. ასეთ შემთხვევაში არ უნდა იყოს შესაძლებელი ვინაობის იდენტიფიცირება (თუ საქმე რეციდივს არ ეხება).
ინფორმაციის მოპოვება
ჟურნალისტი ინფორმაციას მოიპოვებს ღია საშუალებებით;
ფარული საშუალებებით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვება სხვა გზებით შეუძლებელია.
სასამართლო პროცესები, კრიმინალური ამბები
სასამართლო პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტი ვალდებულია, მიუკერძოებლად, ხარისხობრივად თანაბრად წარმოადგინოს მხარეთა პოზიციები;
ჟურნალისტმა მკვეთრად უნდა გამიჯნოს ეჭვი და დამტკიცებული ბრალეულობა;
ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
პროფესიული სტანდარტი მოითხოვს იმ სასამართლო პროცესის შედეგის გამოქვეყნებას, რომლის მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო საშუალება მანამდე იუწყებოდა;
ჟურნალისტმა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლის თანხმობის გარეშე არ უნდა მოახდინოს მისი იდენტიფიცირება.
პირადი გამორჩენა/ანგარება
პროფესიულ სტანდარტებთან შეუთავსებელია, რომ ინფორმაციის გავრცელების ან გაუვრცელებლობის საზღაურად ჟურნალისტმა ან მისი ოჯახის წევრმა გარეშ პირებისგან მიიღოს რაიმე სარგებელი.
ინტერესთა კონფლიქტი
ჟურნალისტის პროფესია შეუთავსებელია აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობასთან, სარეკლამო თუ საზოგადოებასთან ურთერთობის და სპეაციალურ სამსახურებში თანამშრომლობასთან, აგრეთვე სხვა საქმიანობასთან, რომელმაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს ჟურნალისტისა და ჟურნალისტის პროფესიის სანდოობა.
საავტორო უფლებები
იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე საავტორო უფლებების დაცვას ესხება და ჟურნალისტი სარგებლობს უკვე გამოქვეყნებული/გავრცელბული ინფორმაციით, პროფესიული სტანდარტი მოითხოვს ავტორის ვინაობის მითითებას.
რეკლამა
ჟურნალისტური ინფორმაცია და სარეკლამო მასალა მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისაგან.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გაშუქებისას საჭიროა მიეთითოს კვლევის მეთოდი, გამოკითხულთა რაოდენობა, დასმული შეკითხვის ზუსტი ტექსტი, სავარაუდო ცდომილება, კვლევის ჩატარების დრო, დამკვეთი და შემსრულებელი.
ფოტოილუსტრაცია
კონკრეტული ინფორმაციის ილუსტრაცია მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული საარქივო, სიმბოლური და დამონტაჟებული გამოსახულებეისაგან.
მედია საბჭო
2006 წელს მედია საშუალებათა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით დაფუძნდა მედია საბჭო. ასეთი საბჭო მედიის თვითრეგულირების ორგანოა და განიხილავს ყველა იმ დავას, რომელიც მედიის პროფესიული სტანდარტის დარღვევას უკავშირდება.
![]() |
10 საინფორმაციო საშუალებების კოორდინატები |
▲ზევით დაბრუნება |
ტელევიზიები:
ორგანიზაცია
|
ტელეფონი |
ფაქსი |
რუსთავი 2
|
201111 |
200012 |
იმედი
|
919141/51/52/58/ 919324 |
919158
|
მზე |
333817 212111 335591 335518 |
334174
|
კავკასია
|
999442 920216 |
999837
|
საზოგადოებრივი მაუწყებლობა
|
334585 338331 923800 |
368668 |
საინფორმაციო სააგენტოები:
ორგანიზაცია
|
ტელეფონი |
ფაქსი |
პრაიმ ნიუსი
|
923212 923202 |
923202
|
კავკაზუს პრესი
|
983581 |
|
იფრინდა
|
990377 987365 |
|
ასოშეიტედ პრესი
|
995365 |
|
ბლექ სი პრესი
|
931302 931749 |
|
ინტერპრესნიუსი
|
450507 |
|
როიტერი
|
999370 |
936919 |
კონტაქტი
|
330479 221845 |
|
მედიანიუსი
|
911181 910507 |
942122
|
ჯიეიჩენი
|
437743 990498 |
990498
|
გაზეთები:
ორგანიზაცია
|
ტელეფონი |
ფაქსი |
ახალი თაობა
|
952589 |
|
ალია |
333170 212118 212033/88/90/06 |
|
რეზონანსი
|
969260 942857 956938 356147/48 |
956938 |
24 საათი
|
202424 200024 |
202425
|
ქრონიკა
|
|
|
მესენჯერი
|
939169 |
|
ხვალინდელი დღე
|
395178
|
|
კვირის პალიტრა
|
333954 335032 |
987444 |
რადიო:
ორგანიზაცია
|
ტელეფონი |
ფაქსი |
რადიო იმედი
|
333310 921198 |
|
რადიო მწვანე ტალღა
|
936274 997169 |
997169 |
რადიო თავისუფლება
|
922267 |
|
რადიო ფორტუნა
|
332993 |
330314 |