![]() |
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების მოსალოდნელი დარეგულირება: გავლენა საქართველოზე ახალი გამოწვევები თუ ახალი შესაძლებლობები? |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საქართველოს უსაფრთხოების საკითხები |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: იანვარი, © CIPDD გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ინსტიტუტების ფონდის (OSI TTF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფონდის თვალსაზრისს. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედია, პოლიტიკური პარტიები, სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. მისამართი: აკაკი წერეთლის გამზირი 72, თბილისი 0154, საქართველო სააბონენტო ყუთი 101, თბილისი 0108, საქართველო ტელ: (995 32) 35 51 54, ფაქსი (995 32) 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org; გია ნოდია მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
![]() |
1 რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
თურქულ-სომხური ურთიერთობების მოსალოდნელი დარეგულირება, შესაძლოა, უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცეს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების სისტემაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მისმა შედეგებმა იქნებ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიც კი დაჩრდილოს, რადგანაც ამ უკანასკნელს დიდი ცვლილებები არ მოუტანია რეგიონულ დაპირისპირებებსა და ალიანსებში.
ამ ეტაპზე საკითხს ორი ტიპის გაურკვევლობა ახლავს თან. ჯერ ერთი, არ ვიცით, წარმატებით დასრულდება თუ არა დარეგულირების პროცესი: ამაში იგულისხმება, მოახდენს თუ არა ორი ქვეყნის პარლამენტი 2009 წლის 10 ოქტომბერს ციურიხში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ოქმების რატიფიკაციას, რითაც გზა გაეხსნება მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების და სასაზღვრო მიმოსვლის აღდგენას. ძირითადი წინაღობა მდგომარეობს იმაში, რამდენად დაუკავშირებს თურქეთის პარლამენტი შეთანხმების რატიფიცირებას მთიანი ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების საკითხს. ამავე დროს, შეთანხმებას ეწინააღმდეგება სომხური საზოგადოების ის ნაწილი, ვისთვისაც მიუღებელია პოზიციის შერბილება სომეხთა წინააღმდეგ განხორციელებული გენოცოდის საკითხში. მეორე მხრივ, გაურკვეველია, თუ რა გავლენას მოახდენს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობათა დარეგულირება უსაფრთხოებით ურთიერთობებზე რეგიონის შიგნით.
ქართველ ექსპერტებს შორის გავრცელებულია აზრი, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირებამ შეიძლება შელახოს საქართველოს როგორც ეკონომიკური, ისე სახელმწიფო-უსაფრთხოებითი ინტერესები. წუხილები სამ ძირითად საკითხს უკავშირდება:
შეთანხმება შეასუსტებს საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი სატრანზიტო ქვეყნის როლს, რასაც ეკონომიკური ზარალი მოჰყვება.
რაკი სომხეთის მთავრობა ნაკლებად იქნება დამოკიდებული საქართველოზე, მან შეიძლება უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი სამცხე-ჯავახეთში მოქმედ სომხურ ნაციონალისტურ ჯგუფებს, რაც ამ მხარის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.
მიმდინარე პროცესი რუსეთ-თურქეთის საერთო ინტერესის ნაწილია, რომელიც ცდილობს დასავლეთის გავლენის შემცირებას რეგიონზე, რაც, საბოლოოდ რუსეთს გაუადვილებს საქართველოს სტრატეგიულ სატელიტად გადაქცევას.
თითოეული ეს საკითხი განხილვას იმსახურებს თუმცა, მათი ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირება დიდი ალბათობით ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის (მათ შორის, საქართველოს) უფრო სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას, და, ამავე დროს, მის ევროპასთან დაახლოებას. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ დარეგულირების დადებითმა შედეგებმა მთლიანობაში პოტენციური რისკები გადაწონოს.
საქართველოს მთავრობას დარეგულირების პროცესზე გავლენის მოხდენის მნიშვნელოვანი ბერკეტები არ აქვს და ამ კუთხით გააქტიურება არც სჭირდება. ამავე დროს, საჭიროა ყურადღების კონცენტრირება პოლიტიკის რამდენიმე სფეროზე:
საქართველოს მთავრობამ თავისი საჯარო რიტორიკით უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირებას, განსაკუთრებით, თუ ის მოიტანს პროგრესს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.
მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას. მთავრობამ და ექსპერტებმა უფრო აქტიურად უნდა განუმარტონ საზოგადოებას ამ კავშირების საჭიროება და მათი ღირებულება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხური თემის მიმართ უნდა გაგრძელდეს და შემდგომ განვითარდეს თანმიმდევრული და ტოლერანტული პოლიტიკა. ის უნდა ითვალისწინებდეს ამ მხარეში მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ინტეგრირების პრო-აქტიურ მეთოდებს, ასევე, ფართო საჯარო დიალოგს ამ მიზნების მიღწევის საუკეთესო გზებზე. სასურველია ამ დიალოგში სომეხი ექსპერტებისა და საჯარო პირების ჩართვაც.
აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ, აკადემიურმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა გააძლიერონ რეგიონული აქტორების, განსაკუთრებით, თურქეთისა და სომხეთის პოლიტიკის ანალიზსა და შესწავლაზე მიმართული საქმიანობა.
![]() |
2 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
დავუკავშიროთ თუ არ დავუკავშიროთ? მთავარი დაბრკოლება
თურქეთი და სომხეთი იმხელა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მიიღებენ ერთმანეთს შორის ურთიერთობების დარეგულირებით, რომ, გასაკვირიცაა, აქამდე რატომ არ გადადგეს ეს ნაბიჯი. სომხეთი გარშემორტყმულია ქვეყნებით, რომლებიც ან მტრულად არიან განწყობილი მის მიმართ (აზერბაიჯანი, თურქეთი) ან, ნორმალური ორმხრივი ურთიერთობების მიუხედავად, სერიოზული პრობლემები აქვთ სომხეთის პარტნიორებთან: საქართველოს ცივი ომი აქვსსომხეთის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან, ხოლო ირანი თითქმის გარიყულია დასავლეთის, სომხეთის მეორე მნიშვნელოვანი პარტნიორის მიერ. თურქეთთან ურთიერთობის გამოსწორება სომხეთს ამოსუნთქვისა და მანევრირების მეტ საშუალებას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ განვითარებასაც წაადგება. თურქეთი, თავის მხრივ, ევროპელთა და ამერიკელთა თვალში მნიშვნელოვნად განიმტკიცებს სამხრეთ კავკასიაში გავლენიანი მოთამაშის სტატუსს და შეარყევს სომხეთის საერთაშორისო ლობის გავლენას, რომლის ძირითადი საქმეა თურქეთის საერთაშორისო დისკრედიტაცია „გენოციდის“ საკითხთან დაკავშირებით.
თურქეთის და აზერბაიჯანის პოზიცია, თურქულ-სომხურიშეთანხმება დაუკავშირონ მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადაჭრის პროგრესს, მათ არა მარტო სომხეთთან, არამედ სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთანაც, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და რუსეთთანაც აპირისპირებს. პროცესის გამარტივების მიზნით ეს უკანასკნელნი მაქსიმალურად ცდილობენ გამიჯნონ ორმხრივი შეთანხმება ყარაბახის საკითხისგან.
სომხეთის მერყეობა ამ საკითხში უკავშირდება არა მიმდინარე პოლიტიკას, არამედ იდენტობისა და კოლექტიური მეხსიერების საკითხებს. თანამედროვე სომხური იდენტობა დიდწილად აიგო 1915 წლის სისხლისღვრის მოგონებებსა და ამ მოვლენის „გენოციდად“ აღიარების გარშემო. სომეხთა გენოციდი რამდენიმე სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე აღიარა, თუმცა უმრავლესობა ნეიტრალური დამოკიდებულების შენარჩუნებას ამჯობინებს. ყველაზე დიდი დათმობა, რაც სომხეთმა ციურიხის შეთანხმებაში გააკეთა, არის თურქი და სომეხი ისტორიკოსების ერთიანი ჯგუფის შექმნა, რომელიც 1915 წლის მოვლენებს შეისწავლის: გამოდის, ტერმინი „გენოციდის“ გამოყენება საკამათო ყოფილა! მთელ მსოფლიოში მცხოვრები სომხები მწვავედ უპირისპირდებიან ერთმანეთს, დასაშვებია თუ არა ასეთი კომპრომისი. თუმცა, ციურიხის ოქმით განსაზღვრულ შეთანხმებას, ძირითადად, სომხური დიასპორა ეწინააღმდეგება, რომელიც უფრო მეტადაა ფოკუსირებული გენოციდის საკითხებზე, ვიდრე სამშობლოში მცხოვრები სომხები. ამ უკანასკნელთა შორის შეთანხმების მომხრეთა პოზიციები გაცილებით მყარია. თუმცა, წინააღმდეგობა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ სომხეთის მთავრობას სხვა დათმობებზე წასვლა გაურთულოს, უპირველეს ყოვლისა, ყარაბახის კონფლიქტთან დაკავშირებით.
თურქეთის მხრიდან მერყეობა მთიანი ყარაბახის კონფლიქტს და მასში აზერბაიჯანის ინტერესებს უკავშირდება. ციურიხის შეთანხმებით, თურქეთს მოუწევს 1993 წელს სომხეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების გაუქმება, რითაც მან ეს ქვეყანა (საბჭოთა) აზერბაიჯანის ავტონომიური ოლქის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ოკუპირების გამო დასაჯა. სანქციების გაუქმება ნიშნავს, რომ თურქეთი ეგუება ქმედებებს, რომლებიც 1993 წელს მიუღებლად მიაჩნდა, და უღალატებს აზერბაიჯანს, რომელიც მას უმთავრეს პარტიორად მიიჩნევს. გამოვა რომ, თურქეთის თვალსაზრისით მაინც, სომხეთს ყარაბახი „შერჩა“.
ეს თურქეთს აწუხებს. მიზეზი მხოლოდენობრივად მონათესავე ერთან თურქული საზოგადოების ეთნო-კულტურული სოლიდარობა არ არის. თურქეთს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს აზერბაიჯანთან და ტრადიციული პარტნიორის ინტერესების ღალატმა შეიძლება რეგიონში მისი პრესტიჟი დააზარალოს. ამიტომაც სურს ციურიხის შეთანხმების რატიფი-ცირება მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადაჭრაში პროგრესს დაუკავშიროს. რა თქმა უნდა, „გადაჭრა“ ყველა საკითხის მოგვარებას არ გულისხმობს, მაგრამ, სულ მცირე, სომხეთმა მკაფიოდ უნდა გამოიჩინოს მზაობა, დატოვოს ყარაბახის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ამჟამად ბუფერული ზონის და მოლაპარაკებებში გასაცვლელი მონეტის ფუნქციას ასრულებს.
სომხეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამგვარ დაკავშირებას. მართალია, ხელშეკრულების ტექსტში ყარაბახი ნახსენები არ არის, მაგრამ თურქეთის საგარეო მინისტრის განზრახვამ, ხელმოწერის ცერემონიის შესავალ გამოსვლაში ეს კონფლიქტი ეხსენებინა, კინაღამ ჩაშალა შეთან-ხმების მიღება. მდგომარეობა გამჭრიახმა დიპლომატიამ იხსნა (რაც აშშ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს მიეწერება): შესავალი გამოსვლებისაერთოდ გაუქმდა. თუმცა, მოგვიანებით თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპერდოღანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თურქულ-სომხური შეთანხმების განხორციელება უნდადაუკავშირდეს პროგრესს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის გადაჭრაში.
ასეთი პოზიცია თურქეთს და აზერბაიჯანს არა მარტო სომხეთთან, არამედ სხვა საერთაშორისო მოთამაშეებთანაც, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და რუსეთთანაც აპირისპირებს. პროცესის გამარტივების მიზნით ეს უკანასკნელნი მაქსიმალურად ცდილობენ გამიჯნონ ორმხრივი შეთანხმება ყარაბახის საკითხისგან. აშშ განსაკუთრებით აქტიურია ამ პროცესში. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ზოგადად, პრეზიდენტ ობამას სჭირდება კონკრეტული მიღწევა მისი სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტურობის დასამტკიცებლად - სხვა თუ არაფერი, ავანსად გაცემული ნობელის პრემია აქვს გასამართლებელი. უფრო კონკრეტულად კი, მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საკუთარი სომხური დიასპორისთვის მიცემული დაპირება, ხელი შეუწყოს კონგრესის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას. დღეს მას ხელს აღარ აძლევს ამ დაპირების შესრულება, რადგან ეს, ამერიკის ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ, თურქეთთან ურთიერთობების გართულებას გულისხმობს. თურქულ-სომხური შეთანხმების მიღწევა ამ მხრივ დაძაბულობას განმუხტავს. რაც შეეხება მთლიანად დასავლელ მოთამაშეებს, მათ ამოქმედებთ ფილოსოფიური რწმენა, რომ რეგიონში ზოგადი ატომოსფეროს შეცვლით და თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირებით აზერბაიჯანი და სომხეთიც მეტად განეწყობიან მათ შორის დაპირისპირების გადასალახად. რუსეთში მსგავსი „პოსტმოდერნისტული“ განწყობების ნაკლებად სწამთ, შესაბამისად, მისი ლიდერების დამოკიდებულებაც უფრო რთულია. მათ მოსწონთ, რომ სომხეთის საქართველოზე დამოკიდებულების შემცირება ამ უკანასკნელის დასუსტებას გამოიწვევს. ამასთან, თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაციება გაუადვილებს მას აზერბაიჯანზე გავლენის გაძლიერებას, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა იქნება.
მდგომარეობის სირთულე შეუძლებელს ხდის დაბეჯითებით პროგნოზს, საბოლოოდ შედგება თუ არა თურქულ-სომხური შეთანხმება. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში იმდენი წინსვლა იქნება მიღწეული, რაც თურქეთს შეთანხმების რატიფიცირების შესაძლებლობას მისცემს. ამ შემთხვევაშიც არ არის ცხადი, ეს „წინსვლა“ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების რეალურ გაუმჯობესებას მოასწავებს, თუ, უბრალოდ, საშუალებას მისცემს თურქეთს „სახის შენარჩუნებით“ მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება. ასევე შესაძლებელია, შეთანხმება ჩავარდეს, რამაც რეგიონში ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა შეიძლება გამოიწვიოს.
მიუხედავად ხსენებული გაურკვევლობისა, ამ ნარკვევში შემდეგი სცენარიდან ამოვალ: მოხდება ციურიხის შეთანხმების რატიფიცირება, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება ყარაბახთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, თუმცა ისინი არასაკმარისი იქნება საიმისოდ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები არსებითად გააუმჯობესოს. რა გავლენას მოახდენს ამ სცენარისგანხორციელება საქართველოს პოზიციებზე რეგიონში?
დაკარგავს თუ არა საქართველო სატრანზიტო ფუნქციას?
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების მოსალოდნელი დარეგულირების შეფასებისას ქართველი ექსპერტები ხშირად რისკებს უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ახალ შესაძლებლობებს. ყველაზე მეტი წუხილი საქონლის ტრანზიტში საქართველოს განსაკუთრებული რეგიონული როლის და მისგან მიღებული ეკონომიკური სარგებლის შემცირებასთან დაკავშირებით გამოითქმება. აქამდე სომხეთი დასავლეთს და ჩრდილოეთს ხმელეთით მხოლოდ საქართველოს გავლით უკავშირდებოდა. თურქულ-სომხური შეთანხმების შემდეგ, სომხეთის ტვირთებმა შეიძლება თურქეთზე გაიარონ. მეტიც, თუ აქამდე სომხეთი მეზობლებთან არსებული დაძაბული ურთიერთობების გამო მონაწილეობას არ ღებულობდა უფრო მასშტაბურ რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებში (როგორიცაა, მაგალითად, ნაბუქოს გაზსადენი), თურქეთთან მისი შერიგების შემთხვევაში სომხეთზე გამავალი გზები შეიძლება უფრო მომგებიანად ჩაითვალოს
ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში იმდენი წინსვლა იქნება მიღწეული, რაც თურქეთს შეთანხმების რატიფიცირების შესაძლებლობას მისცემს. ამ შემთხვევაშიც არ არის ცხადი, ეს „წინსვლა“ სომხეთ- აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების რეალურ გაუმჯობესებას მოასწავებს, თუ, უბრალოდ, საშუალებას მისცემს თურქეთს „სახის შენარჩუნებით” მოახდინოს შეთანხმების რატიფიცირება.
ეს საფრთხე საკმაოდ რეალურია. როცა საქმე სატრანზიტო მარშრუტებს ეხება, გეოეკონომიკა ნულოვან-ჯამიან თამაშად იქცევა: ნავთობი, გაზი ან მსგავსი ტვირთი A-დან B პუნქტში ერთი კონკრეტული გზით გადაიტანება: თუ ქვეყანა ამ გზაზე არ არის, მას „გვერდს უვლიან“, ის კარგავს სატრანზიტო შემოსავალს დაპოლიტიკურ გავლენას, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაზე ყოფნას მოაქვს. შესაბამისად, საქართველოს რაღაც დანაკარგი ექნება. თუმცა, საჭიროა გავზომოთ, რამხელაა ეს დანაკარგი და ხომ არ აღემატება მას ამ პროცესის სხვა შედეგებიდან მიღებული სარგებელი.
საქართველოს რაღაც დანაკარგი ექნება. თუმცა, საჭიროა გავზომოთ რამხელაა ეს დანაკარგი და ხომ არ აღემატება მას ამ პროცესის სხვა შედეგებიდან მიღებული სარგებელი. საქართველოს რაღაც დანაკარგი ექნება. თუმცა, საჭიროა გავზომოთ რამხელაა ეს დანაკარგი და ხომ არ აღემატება მას ამ პროცესის სხვა შედეგებიდან მიღებული სარგებელი.
ეკონომიკური გათვლები სცდება ამ სტატიის ჩარჩოს, თუმცა რამდენიმე საკითხის აღნიშვნა აუცილებელია:
თუმცა ტრანზიტული ქვეყნის როლი საქართველოს მნიშვნელოვან ფუნქციად რჩება, იგი არ არის ცენტრალური, როცა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზეა საუბარი. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნის იმიჯზე (რაც აღიარებულია მისი წინსვლით მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის „ბიზნესის კეთების“ ინდექსში); უფრო კონკრეტულად, ეკონომიკური პოლიტიკა კონცენტრირებულია მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვაზე ენერგეტიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ტვირთების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირება ავტომატურად არ გამოიწვევს სომხეთ-აზერბაიჯანს მორიგებასაც. მეტიც, როგორც წინა ქვეთავში ვთქვით, ციურიხის პროტოკოლის რატიფიცირების საწინდარი ამ უკანასკნელ პრობლემასთან ნაკლები კავშირია. შესაბამისად, აშკარაა, რომ საქართველო შეინარჩუნებს სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყნის სტატუსს, რომელსაც შედარებით კარგი ურთიერთობა აქვს რეგიონის ყველა მოთამაშესთან რუსეთის გარდა; ამიტომ ის კვლავ დარჩება ძირითადი რეგიონული სატრანსპორტო პროექტების სასურველ პარტნიორად. ავიღოთ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მაგალითი: შეიძლება ვიფიქროთ, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირების შედეგად ის მნიშვნელობას დაკარგავს, რადგან სომხეთის ქალაქ გუიმრიზე გამავალი სარკინიგზო მარშრუტის აღდგენა გაცილებით იაფია. მაგრამ თუ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები არ გაუმჯობესდა, ამ უკანასკნელს მაინც დასჭირდება სარკინიგზო კავშირი თურქეთთან საქართველოს გავლით.
თუ განხორციელდა ყველაზე ოპტიმისტური სცენარი, ანუ თურქულ-სომხურ შერიგებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დარეგულებაც მოჰყვა, ეს იმდენად წაადგება რეგიონის საერთო პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას, რომ საქართველოს მიერ მიღებული სარგებელი საგრძნობლად გადააჭარბებს სატრანზიტო ფუნქციის შემცირებისგან მიღებულ დანაკლისს.
ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების საკითხი
კიდევ ერთი წუხილი, რომელსაც ქართველ ექსპერტთა ნაწილი გამოთქვამს, უკავშირდება სომხეთის მთავრობის დამოკიდებულების შესაძლო ცვლილებას სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მიმართ. ჯავახეთი, ანუ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები სომხეთს ესაზღვრება და მათი მოსახლეობის 95 პროცენტზე მეტი ეთნიკურად სომეხია. მათი უმრავლესობა არ ფლობს ქართულ ენას და ნაკლებად ინტეგრირებულია ქართულ საზოგადოებაში. დროდადრო გამოითქმის შიში, რომ მოხდება ჯავახეთის სომხების მობილიზაცია ნაციონალისტური პროგრამების გარშემო, რაც უარეს შემთხვევაში ნიშნავს სეპარატიზმს, ხოლო უკეთეს შემთხვევაში - რეგიონული ავტონომიის მოთხოვნას, რასაც ქართული საზოგადოება სეპარატიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვამს. 1990-იანებიდან მოყოლებული ჯავახეთში მართლაც არსებობენ სომხური ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას უმცირესობების დისკრიმინაციას აბრალებენ და ნაციონალისტურ საკითხებზე მოსახლეობის მობილიზებას ცდილობენ, მაგრამ რეგიონში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობის გაღვივება ამას არ მოუტანია.
თუ ჯავახეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა არ განვითარდა, ამის ერთ-ერთი საწინდარი ისაა, რომ ერევანი ამის წახალისებას არ ცდილობს. 90-იანი წლების დასაწყისის ეთნიკური კონფლიქტების გამოცდილება აჩვენებს, რომ ეთნიკური უკმაყოფილების ღია კონფლიქტად გადაზრდა დიდწილად არის დამოკიდებული „ისტორიული სამშობლოს“ პოზიციაზე. იმ ფაქტმა, რომ სომხეთის ეროვნული მოძრაობა ყარაბაღის საკითხის გარშემო ჩამოყალიბდა, გადამწყვეტი გავლენა იქონია ამ რეგიონში კონფლიქტის გაჩაღებაზე. ჯავახეთის მიმართ კი, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, სომხეთის მთავრობის მოქმედება სტაბილობის შენარჩუნებას უწყობს ხელს: ის მხარს უჭერს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ინიციატივას, თუმცა არასდროს ემხრობა პოლიტიკურ ნაციონალისტურ მოთხოვნებს. მეორე მხრივ, ჯავახეთის საკითხი დიდი ყურადღებით სარგებლობს სომხურ საზოგადოებაში. სომხურ მედიაში ხშირად იბეჭდება სტატიები, რომლებიც საქართველოს მთავრობას სომეხი უმცირესობის უფლებების შელახვაში ადანაშაულებს. აქ ხშირად საუბრობენ ჯავახეთის „გაქართველების“ გეგმაზე, რომელიც რეგიონში ეთნიკური ქართველების ჩასახლებითა და სომხების ასიმილაციით უნდა განხორციელდეს. ნაციონალისტურ საკითხებზე ფოკუსირებული და დიასპორაში საკმაოდ ძლიერი პოზიციების მქონე დაშნაკცუტიუნის პარტია, მთავარ პოლიტიკურ ძალად ითვლება, რომელიც მხარს უჭერს სომხეთის მთავრობის უფრო „მიმწოლ“ პოლიტიკას ჯავახეთთან მიმართებაში და მეტი აქტივობისა და გაბედულებისკენ მოუწოდებს აქ მოქმედ სომხურ ორგანიზაციებს.
აზერბაიჯანთან და თურქეთთან ღია კონფლიქტის პირობებში სომხეთს ჰაერივით სჭირდება საქართველოსთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება. ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტის აზრით, სწორედ ეს ხსნის მის თავშეკავებულ პოზიციას ჯავახეთის მიმართ. თუ ამ ხედვიდან ამოვალთ, თურქულ-სომხური ურთიერთობების გაუმჯობესებამ შეიძლება სიტუაცია შეცვალოს და ეს შემაკავებლი ფაქტორი მოხსნას. 2009 წლის პირველ სექტემბერს, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა უცხოეთში მოღვაწე სომხეთის ელჩებთან შეხვედრაზე თქვა, რომ სომხეთმა მხარი უნდა დაუჭიროს ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის მოთხოვნას სომხური ენისთვის რეგიონული ენისსტატუსის მინიჭებაზე. ეს შეიძლება იმის ნიშნად ჩაითვალოს, რომ სომხეთი აპირებს, გარკვეული ზეწოლა განახორციელოს საქართველოზე ჯავახეთის საკითხში.
პრობლემა რომ ყურადღებას იმსახურებს, ეჭვგარეშეა. ის, რომ სერჟ სარქისიანი დათმობაზე წავიდა თურქეთთან გენოციდის აღიარების საკითხში, და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლით შეიძლება ყარაბახთან მიმართებაშიც რაღაც დათმობა მოუწიოს, მოწყვლადად აქცევს ნაციონალისტური კრიტიკის მიმართ: ოპონენტები დააბრალებენ, რომ ის არის სუსტი ლიდერი, რომელიც პრინციპულ საკითხებს ეკონომიკურ სარგებელზე ცვლის. ამან შეიძლება ცდუნება შეუქმნას, „სისუსტის“ იმიჯი ჯავახეთის საკითხის წინ წამოწევით გააქარწყლოს და ნაციონალისტი კრიტიკოსები ნაწილობრივ მაინც დააშოშმინოს. პირველი სექტემბრის განცხადება ამის ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ, და მას მსგავსი დიპლომატიური სვლები შეიძლება მოჰყვეს.
მთავარი კითხვაა, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს უფრო აქტიური ზეწოლის პოლიტიკა და ხომ არ დაძაბავს ის სიტუაციას ჯავახეთში. შეუძლებელია მთლიანად გამოვრიცხოთ სცენარი, რომ სომხეთის მხარდაჭერით ჯავახეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა გაღრმავდეს. მაგრამ, ყველა ასპექტის გათვალისწინებით, თურქეთთან ურთიერთობების გამოსწორების შემთხვევაშიც საქართველოსთან სერიოზული კონფლიქტისგაჩაღება არ შედის სომხეთის სტრატეგიულ ინტერესებში.
შეუძლებელია მთლიანად გამოვრიცხოთ სცენარი, რომ სომხეთის მხარდაჭერით ჯავახეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა გაღრმავდეს. მაგრამ, ყველა ასპექტის გათვალისწინებით, თურქეთთან ურთიერთობების გამოსწორების შემთხვევაშიც საქართველოსთან სერიოზული კონფლიქტის გაჩაღება არ შედის სომხეთის სტრატეგიულ ინტერესებში.
მეტიც, თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების ერთ-ერთი შედეგი იქნება ყურადღების შემცირება უმთავრესი სიმბოლურ-ნაციონალისტური საკითხის - გენოციდის აღიარების მიმართ. სავარაუდოდ, ეს სომხურ პოლიტიკურ სპექტრში ნაციონალისტებთან შედარებით პრაგმატიკოსთა პოზიციების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. თურქულ-სომხურ ურთიერთობებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო დაშნაკთა პარტია გაემიჯნა სომხეთის მთვრობას და ოპოზიციაში გადავიდა; სამაგიეროდ, ლევონ ტერ-პეტროსიანმა, ოპოზიციის მთავარმა ლიდერმა, ამ საკითხში სარქისიანს დაუჭირა მხარი. მთავრობის მხარდაჭერა მსგავს გადაჯგუფებაზე მიუთითებს. ეს შეიძლება სწორედ ასეთი გადაჯგუფების ნიშანი იყოს, რის დროსაც მცირდება იმ პოლიტიკური ძალების გავლენა, ვინც ყველაზე დიდ სარგებელს ნახავს ჯავახეთში დაძაბულობის გაღვივებისგან.
რეგიონში გლობალურ მოთამაშეთა გავლენების გადანაწილების სცენარები
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის დარეგულირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის, ევროპისა და შეერთებული შტატების ძალთა გადანაწილებაზე. ზოგი ქართველი ექსპერტი ამ მხრივ საფრთხეს ხედავს, რადგან, მათი აზრით, თურქეთ-სომხეთის შეთანხმებას რეგიონში რუსეთის პოზიციებს გამყარება მოჰყვება. აშკარაა, რომ ეს დააზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
როდესაც ორმხრივი თურქულ-სომხური ურთიერთობების შესაძლო დარეგულირების უფრო ფართო შედეგებს ვაფასებთ, სწორედ ეს საკითხია ყველაზე მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუმცა ამ ცვლილების შედეგად საქართველოს გავლენა სომხეთზე ნამდვილად შესუსტდება, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სახიფათო, თუ ვიგულისხმებთ, რომ სომხეთი ახალ ვითარებას საქართველოს ინტრესების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ეს კი, გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ რუსეთის წაქეზებით შეიძლება მოხდეს.
საქართველოსთვის საფრთხის შემცველი შეიძლება თურქეთ-რუსეთის დაახლოება იყოს და არა თავისთავად თურქეთ-სომხეთის ურთიერთობათა დარეგულირება. ხომ არ არის სამხრეთ კავკასიაში დასავლური, ანუ ევროპისა და შეერთებული შტატების გავლენის შემცირება კავკასიის სტაბილობის პლატფორმის ფარული მიზანი? ხომ არ არის თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირება ამ გეგმის ნაწილი? თუ ასეა, საქართველოს შეშფოთების მიზეზი ჰქონია.
რატომ შეიძლება თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებმა რუსეთის გაძლიერება გამოიწვიოს? ეს წარმოდგენა ძირითადად post hoc ergo propter hoc - ის („ამის შემდეგ, მასაშადამე, ამის გამო“) პრინციპზეა დამყარებული. გავრცელებული აზრით, თურქეთ-სომხეთის ურთიერთოებების გააქტიურება 2008 წლის აგვისტოს საქართველო- რუსეთის ომის ერთ-ერთი არაპირდაპირი შედეგი იყო, ხოლო თუ ასეა, ის რუსეთის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. სწორედ ომის დღეებში მოსკოვში ვიზიტისას თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პირველად წამოაყენა კავკასიის სტაბილობის და თანამშრომლობის პლატფორმის ინიციატივა. ამას მალევე მოჰყვა „ფეხბურთის დიპლომატიის“ ფარგლებში პრეზიდენტ გულის ვიზიტი ერევანში. მას შემდეგ, რაც კავკასიის სტაბილობის პლატფორმა გამოცხადდა, სომხეთთან ურთიერთობის დარეგულირების მცდელობა ერთადერთი პრაქტიკული გამოვლინებაა თურქეთის ახალი პოლიტიკისა.
ამდენად, საქართველოსთვის საფრთხის შემცველი შეიძლება თურქეთ-რუსეთის დაახლოება იყოს და არა თავისთავად თურქეთ-სომხეთის ურთიერთობათა დარეგულირება. ხომ არ არის სამხრეთ კავკასიაში დასავლური, ანუ ევროპისა და შეერთებული შტატების გავლენის შემცირება კავკასიის სტაბილობის პლატფორმის ფარული მიზანი? ხომ არ არის თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირება ამ გეგმის ნაწილი? თუ ასეა, საქართველოს შეშფოთების მიზეზი ჰქონია.
პლატფორმის გამოცხადებისთვის შერჩეული დრო შემთხვევითობად არ შეიძლება ჩაითვალოს. ის თურქეთისა და რუსეთის სტრატეგიულ ან ტაქტიკურ ინტერესებში არსებულ თანხვედრაზე უნდა მიუთითებდეს. თურქეთის სვლაში მიზეზთა ორი ჯგუფი შეიძლება გამოიყოს:
აგვისტოს ომის პერიოდში რუსეთმა თურქული პროდუქციის ბლოკირება დაიწყო. ეს საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა თურქეთისთვის, რადგან რუსეთის ბაზრის ხელმისაწვ-
დომობა მისი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია. შესაბამისად, თურქეთს რუსეთის გულის მოგება სჭირდებოდა. რუსეთისთვის კი თურქეთის მიერ შემოთავაზებული კავკასიის სტაბილობის პლატფორმა მომხიბვლელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ის რეგიონში დასავლეთის გავლენის შემცირებას გაითვალისწინებდა.
სტაბილობის პლატფორმა ეხმიანება თურქეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ დავუთოღლუს მიერ გამოცხადებულ მრავალგანზომილობის დოქტრინას. ამ დოქტრინის მიხედვით, თურქეთის საგარეო პოლიტიკა აქამდე მხოლოდ დასავლურ ორიენტაციაზე იყო ფოკუსირებული და მიზნად ისახავდა ნატო-სთან თანამშრომლობასა და ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობას. მრავალგანზომილობის დოქტრინა კი თურქეთის ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით პოზიციების გამყარებას გულისხმობს. სამხრეთ კავკასიაში ამ მიზნის მიღწევას ყველაზე მეტად სომხეთთან ცუდი ურთიერთობები უშლის ხელს, ამიტომ პრიორიტეტი მათ დარეგულირებას უნდა მიენიჭოს.
რამ განაპირობა თურქეთის პოლიტიკის ცვლილება მრავალგანზომილობისკენ? გულისხმობს თუ არა ის დასავლეთისკენ სვლის შეჩერებას, თუ მიმართულია დასავლეთთან მოლაპარაკებებში თურქეთის პოზიციების გაძლიერებაზე?
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ევროპასა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში თურქეთმა მრავალი იმედგაცრუება იწვნია, როგორიცაა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობის შეფერხება, ერაყში შეჭრისას შეერთებული შტატების მიერ თურქეთის ინტერესების უგულებელყოფა და რამდენიმე მნიშვნელოვანი დასავლური სახელმწიფოს მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება. თურქეთი დასავლეთისგან თავს დამცირებულად გრძნობს და დასავლეთის ინტერესების მსახურის მაგივრად, სურს თავი რეგიონში დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოაჩინოს. ამ ნიშნით თურქეთის განწყობა ენათესავება რუსეთისას, რომელსაც დასავლეთის მხრიდან გამოჩენილი ქედმაღლობა ეგზისტენციურ ტრამვად ექცა.
საკმარისია თუ არა დასავლეთის საწინააღმდეგოდ მიმართულ განწყობათა ეს თანხვედრა თურქულ-რუსული სტრატეგიული ღერძის ჩამოსაყალიბებლად? რუსული პოლიტიკის კურსში ასეთი ღერძის შექმნა კარგად ჩაჯდებოდა, თუმცა იმავეს მტკიცება თურქეთთან მიმართებაში გადაჭარბება იქნება. იმედგაცრუებათა მიუხედავად, ანტი-დასავლური განწყობა თურქული პოლიტიკისა დასაზოგადო დისკუსიების მთავარ საკითხად არ ქცეულა. თურქული საზოგადოება დგას იმ დილემის წინაშე, რომ მმართველი პარტიის რელიგიური ტრადიციონალიზმი როგორმე შეუთავსოს ათათურქის მიერ დანერგილ მოდერნიზაციის და ვესტერნიზაციის ფუძემდებლურ პრინციპებს. საგარეო პოლიტიკის მკვეთრად დასავლეთის საპირისპიროდ მიმართვა თურქულ საზოგადოებაში მძაფრ რყევებს გამოიწვევს. ამისი წარმოდგენაც შესაძლებელია, თუმცა უახლოეს მომავალში ნაკლებ სავარაუდოა.
უფრო სავარაუდოა, რომ თურქეთი სხვადასხვა გლობალურ და რეგიონულ აქტორთან, მათ შორის, რუსეთთან, საერთო ინტერესების ძიების პრაგმატულ პოლიტიკას განაგრძობს. ამავე დროს, თუ მას სამხრეთ კავკასიაში უფრო აქტიური როლის შესრულება სურს, რუსეთთან მისი კონკურენცია გარდაუვალია. რა თქმა უნდა, თურქეთი შეეცდება თავიდან აიცილოს რუსეთის გაღიზიანება, თუმცა ამ უკანასკნელის გაძლიერება და, მით უმეტეს, მისი დაკვეთით ქმედება თურქეთის ინტერესს არ შეესაბამება.
მეორე მხრივ, თურქეთის პოზიციების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს შეერთებული შტატებისა და ევროპის ინტერესებს. ის ფაქტი, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირების პროცესს ყველაზე აქტიურად შეერთებული შტატები უჭერს მხარს, ეწინააღმდეგება მის აღქმას რუსეთ-თურქეთის ანტიდასავლური გეგმის ნაწილად. სწორედ შეერთებული შტატები მოითხოვს შეთანხმების ძირითადი დაბრკოლების მოხსნას იმით, რომ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობის დარეგულირება არ დაუკავშირდეს ყარაბახის კონფლიქტის გადაჭრას.
რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ეს მიდგომაც, რომელიც ნაშრომის პირველ ნაწილში აღწერილ მოტივებს ემყარება, შეიძლება კრიტიკის საგანი იყოს: მას აპრიორი გამართლებულად ვერ ჩავთვლით. თუმცა ისიც ცხადია, რომ თურქეთ-სომხეთის შეთანხმების რატიფიცირებისა და განხორციელების შემთხვევაში, აშშ-თურქეთისა და ევროპა-თურქეთის ურთიერთობებში ერთი სერიოზული დაბრკოლება მოიხსნება (ცხადია, ეს მიდგომათა სრულ ჰარმონიზაციას არ ნიშნავს). შესაბამისად, სამხრეთ კავკასიის შანსები, დაუახლოვდეს ევროპას, უფრო გაიზრდება, ვიდრე შემცირდება.
რუსეთს სამხრეთ კავკასიაში გავლენის გაძლიერების რეალური შანსი აზერბაიჯანთან მიმართებაში აქვს. იგი ცდილობს, მისგან რაც შეიძლება ბევრი გაზი შეიძინოს, რათა აზერბაიჯანს ნაბუქოს მსგავს რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობის სურვილი შეუმციროს. ამ ტენდენციის გაძლიერებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას საქართველოს ენერგო-დამოუკიდებლობას, რომელსაც ჰაერივით სჭირდება აზერბაიჯანთან თანამშრომლობა. აზერბაიჯანთან კავშირების განმტკიცებით საქართველოს იზოლირებას რუსეთი თურქეთ-სომხეთის ურთიერთობათა რეგულირების გარეშეც შეეცდებოდა. მაგრამ არსებობს არაპირდაპირი კავშირი: სავარაუდოდ, აზერბაიჯანი შეიძლება რუსეთთან ახლო ურთიერთობით მეტად დაინტერესდეს, თუ იგი დარწმუნდა, რომ თურქეთმა და დასავლეთმა ყარაბახის კონფლიქტში მისი ინტერესები უგულებელყვეს და პრიორიტეტი სომხეთთან ურთიერთობის დარეგულირებას მიანიჭეს.
მიუხედავად იმისა, რომ თურქეთ-სომხეთის დაახლოებით გამოწვეული აზერბაიჯანის უკმაყოფილება სრულიად გასაგებია, რუსეთის გავლენის სფეროში მოხვედრა მის ინტერესებში მაინც არ უნდა შედიოდეს. იგი, ალბათ, კვლავ შეინარჩუნებს რუსეთთან დაბალანსების პოლიტიკას და, წარსულის მსგავსად, მოერიდება მის აშკარა გაღიზიანებას. თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის ყარაბახის კონფლიქტისგან სრული გამიჯვნის შემთხვევაშიც კი აზერბაიჯანის ენერგო-პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებების შეტანა ირაციონალური იქნება.
თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირებისას აზერბაიჯანის ინტერესების უგულებელყოფის კიდევ ერთი ირიბი შედეგი აზერბაიჯან -სომხეთის დაპირისპირების შესაძლო გამწვავებაა. კერძოდ, შემაშფოთებელი იყო აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადება, რომ ყველა შესაძლო საშუალების ამოწურვის შემდეგ აზერბაიჯანი ყარაბახის კონფლიქტის ძალისმიერი გადაჭრის უფლებას იტოვებს. კიდევ ერთი ომი შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს მთელი რეგიონისთვის. თუმცა, ექსპერტთა უმრავლესობა სამართლიანად მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ეს განცხადება ნაკლებად გამოხატავს მის რეალურ განზრახვას და ყარაბახის კონფლიქტში დასავლეთის უფრო აქტიურად ჩართვას ისახავს მიზნად.
თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირება როგორც ასეთი, ნაკლებად გამოიწვევს რუსეთის გავლენის სერიოზულ გაძლიერებას რეგიონში. უფრო პირიქით, ის სომხეთს, რუსეთის ტრადიციულ მოკავშირეს, შეუსუსტებს რუსეთზე ორიენტაციის მოტივს და მას ევროპასთან დაახლოებას გაუადვილებს.
მიუხედავად იმისა, რაც ითქვა, შეუძლებელია გამოირიცხოს რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერება, რაც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს. ამის ძირითადი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ავღანეთ-პაკისტანში, ირანში და პალესტინაში შექმნილი ვითარებით და/ან შიდა ეკონომიკური პრობლემებით გართული დასავლეთი დაკარგავს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის პოლიტიკურ ნებას. ეს ნიშნავს, რომ დასავლეთმა შეიძლება თვალი დახუჭოს „ახლო სამეზობლოდან“ რუსეთის დასავლეთის გამოდევნის მცდელობებზე და, უარეს შემთხვევაში, ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაზეც კი. მაგრამ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირება როგორც ასეთი, ნაკლებად გამოიწვევს რუსეთის გავლენის სერიოზულ გაძლიერებას რეგიონში. უფრო პირიქით, ის სომხეთს, რუსეთის ტრადიციულ მოკავშირეს, შეუსუსტებს რუსეთზე ორიენტაციის მოტივს და მას ევროპასთან დაახლოებას გაუადვილებს.
როგორი უნდა იყოს ქართული პოლიტიკა?
აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობას თურქეთ-სომხეთის დარეგულირების პროცესზე გავლენის მოხდენის მნიშვნელოვანი ბერკეტები არ აქვს და ამ კუთხით გააქტიურება არც სჭირდება. მისი ქმედება უნდა ემყარებოდეს იმ დაშვებას, რომ ამ პროცესის არც ერთი შესაძლო შედეგი - ურთიერთობების დარეგულირება ან შეთანხმების ჩაშლა - საქართველოსთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს. ამავე დროს, სასურველია შემდეგი პოლიტიკური სტრატეგიების მხარდაჭერა:
საქართველოს მთავრობამ თავისი საჯარო რიტორიკით უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დარეგულირებას, განსაკუთრებით, თუ ის მოიტანს პროგრესს მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.
მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას. კონკრეტულად ეს ეხება სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის გზების რეაბილიტაციის პროექტებს, რომელიც სომხეთს შავი ზღვის ქართულ სანაპიროს აკავშირებს და რუსეთთან ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გახსნას, რაც სომხეთისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინტერესს შეადგენს. მთავრობამ და ექსპერტებმა უფრო აქტიურად უნდა განუმარტონ საზოგადოებას ამ კავშირების საჭიროება და მათი ღირებულება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.
ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხური თემის მიმართ უნდა გაგრძელდეს და შემდგომ განვითარდეს თანმიმდევრული და ტოლერანტული პოლიტიკა. ის უნდა ითვალისწინებდეს ამ მხარეში მცხოვრები მოსახლეობის ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ინტეგრირების პროაქტიურ მეთოდებს, ასევე, ფართო საჯარო დიალოგს ამ მიზნების მიღწევის საუკეთესო გზებზე. სასურველია ამ დიალოგში სომეხი ექსპერტებისა და საჯარო პირების ჩართვაც.
აუცილებელია საქართველოს მთავრობამ, აკადემიურმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა გააძლიერონ რეგიონული აქტორების, განსაკუთრებით, თურქეთისა და სომხეთის პოლიტიკის ანალიზსა და შესწავლაზე მიმართული საქმიანობა.