The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სულიერი მემკვიდრეობა 1 დედა ტერეზა

სულიერი მემკვიდრეობა 1 დედა ტერეზა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: დედა ტერეზა
თემატური კატალოგი რელიგია
წყარო: ტერეზა (დედა)

არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული... / დედა ტერეზა ; [მერაბ ღაღანიძის რედ. ; მხატვ.: ვაჟა ორბელაძე] ; ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი. - თბ. : ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრის გამ-ბა, 2004. - 199გვ. ; 20სმ.. - (სულიერი მემკვიდრეობა, 1). - ISBN: 99928-0-988-4 : [ფ.ა.][MFN: 21384]

UDC: 27-788-055.2 + 27-76-051

K 244.485/3 - საერთო ფონდი
K 244.486/3 - საერთო ფონდი
F 84.642/3 - ხელუხლებელი ფონდი
 

საავტორო უფლებები: © მერაბ ღაღანიძე
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: არ არსებობს იმაზე დიდი სიყვარული... ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრის გამოცემა თბილისი 2004 მერაბ ღაღანიძის რედაქციით მხატვარი ვაჟა ორბელაძე © ქრისტიანული თეოლოგიისა და კულტურის ცენტრი, 2004



1 წინათქმა ქართული გამოცემისათვის

▲ზევით დაბრუნება


მე ვისურვებდი, რომ ამ წიგნის ქართულმა თარგმანმა მკითხველამდე მიიტანოს სახარების კეთილსურნელება, რომელიც ჩვენს ცხოვრებას მარადისობის შეგრძნებას ანიჭებს. ამ გამოცემით მსურს მადლიერება გამოვხატო ყველა იმ დისა და თანამუშაკის მიმართ, ვინც ყველგან, ჩვენს ქვეყნებში, გულმოწყალების შუქს ჰფენს. მადლობა ყველას, ვინც ყოველდღიურად უერთებს თავის მსხვერპლს ქრისტეს მსხვერპლს. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი წამებული ქვეყნის ბაგეებზე ღიმილს ბადებს...

მამა პიერ დიუმულენი,
თბილისის სულხან-საბა ორბელიანის
სახელობის თეოლოგიის, ფილოსოფიის, კულტურისა და
ისტორიის ინსტიტუტის რექტორი

2 მთარგმნელისაგან

▲ზევით დაბრუნება


ესაა დედა ტერეზას უკანასკნელი წიგნი, მისი ყველაზე სანუკვარი ფიქრებისა და მიზნების გაცხადება. მისი თარგმნა გადამაწყვეტინა ნეტარი ტერეზა კალკუტელის ცხოვრებამ, რომელიც მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვროს თითოეულმა ქრისტიანმა. გიყვარდეს, გასცემდე, ეხმარებოდე და არ ითხოვდე სამაგიეროს, - რა უნდა იყოს ამაზე უფრო წმიდა და ამაღლებული! თავისი ცხოვრებითა და საქმიანობით დედა ტერეზა გვასწავლიდა, რომ ქრისტეს სიყვარული ადამიანების სიყვარულით უნდა გამოვხატოთ და დავამტკიცოთ, - ესაა ჩვენი დანიშნულება, რადგან თითოეული ჩვენგანი ღმერთმა თავისი სახის მსგავსად, თავის ხატად შექმნა და „არ არსებობს ამაზე დიდი სიყვარული“. ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ, და თუ ჩვენც იმავე გრძნობით ვუპასუხებთ, მაშინ გულისხმიერება, თანალმობა, დახმარება დამთრგუნველი მოვალეობა კი არ იქნება, არამედ ჩვენი ცხოვრების აზრი, ჩვენი მოწოდება გახდება. ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია, თანაც უანგაროდ, და ამით გამოვხატოთ უფლის სიყვარული, რასაც სხვა გზით ვერ დავამტკიცებთ, თუ არა მოყვასისადმი სიყვარულითა და თანალმობით.

თინა ჯანაშვილი

3 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


როგორც კი სული მიიღებს ღმრთის
შეცნობის მადლს, ის უმალვე
უნდა გაეშუროს მის მოსაძებნად.

დედა ტერეზა

დედა ტერეზას მიმართ მსოფლიო საზოგადოების მზარდი ყურადღება გამოწვეულია არა იმით, რომ იგი წარმოადგენს მსხვილ პიროვნებას ლიტერატურაში ან ღმრთისმეტყველებაში, არამედ იმით, რომ იგი არის წარმოუდგენელი ღიაობისა და თანალმობის ადამიანი. მან უპასუხა თავის მოწოდებას: შინაგანმა ძახილმა იგი ჯერ ლორეტელ დათა ორდენში მიიყვანა, ხოლო შემდეგ კი მას მოუხმო, რათა მთელი თავისი ცხოვრება ღატაკთა მსახურებისათვის მიეძღვნა, რისთვისაც მან ჩამოაყალიბა ახალი რელიგიური ორდენი - გულმოწყალების მისიონერები. თავისი სრული ღიაობის წყალობით იგი გრძნობს ამსოფლიურ ტანჯვას - იქნება ეს მოხუცისა თუ ბავშვისა, გინდაც სხვა ნებისმიერი ადამიანისა. მან კარგად იცის, თუ რა არის თანალმობა და რა არის უკიდეგანო ადამიანური ტანჯვა.

ყველაზე სიღრმისეული ფიქრებიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წინამდებარე წიგნს, ჩვენ ვიგებთ იმ ქალის ზოგიერთ პიროვნულ საიდუმლოს, რომლის შესახებაც ხშირად ამბობენ, რომ იგი ტანითაა პატარა, მაგრამ დიადია სულით; რომელიც საკუთარ თავზე იღებს ზრუნვას იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ჩვეულებრივ უგულებელყოფენ. იგი გვეუბნება, რომ სწორედ ქრისტიანობის პიროვნული გაგება, შთაგონებული, პირველ ყოვლისა, სულიერი ალღოთი, ლოცვის ნამდვილი უნარით, ქრისტესეული გარდამქმნელი თანამყოფობით, აძლევს მას სიმტკიცისა და თანალმობის ძალას.

დედა ტერეზას ზოგიერთი აზრი და სიტყვები, რაც მისი ღმრთისმოსაობის ანარეკლს წარმოადგენს, თანამედროვე განათლებულ ადამიანს შეიძლება გულუბრყვილოდ და უადგილოდ მოკრძალებულად მოეჩვენოს. თავად მე ამ სტრიქონების კითხვისას ხანდახან ფიქრებით ვუბრუნდებოდი ჩემს დაწყებით სკოლას, სადაც დები მასწავლიდნენ „გრძნობათა და სხეულის მოკვდინებას“. მაგრამ, განა სიბრძნე არ არის იმ გზების აღმოჩენა, რომელიც მოაკვდინებს ყოველდღიურ ამაოებას და რომელიც ადამიანს ათავისუფლებს ზრუნვისაგან საკუთარი „მე“-ს გამო? დედა ტერეზას შემთხვევაში აშკარაა, რომ „ეგო“-ს მუდმივი მოკვდინების პრაქტიკას - ლოცვის საშუალებით - უნარი შესწევს, მიგვიყვანოს სავსე და დატვირთულ არსებობამდე, პიროვნების უძვირფასეს გახსნამდე. თანამედროვე ფსიქოლოგიას შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს რელიგიისაგან, რომელიც ათასწლეულების მანძილზე შთაგვაგონებს იმ ჭეშმარიტებას, რომ საკუთარ „მე“-ზე უარის თქმას სულის გახსნისაკენ მივყავართ.

დედა ტერეზას სიტყვების წაკითხვისას ვცდილობ, აღვიქვა ისინი არა როგორც გულუბრყვილონი, არამედ როგორც ბრძნულნი, ოღონდ სიბრძნის იმ მნიშვნელობით, რაც დღეს ხშირად ჩრდილში ექცევა: იმის მაგივრად, რომ ტანჯვას გაექცეს, იგი მას საკუთარ თავში იღებს; იმის მაგივრად, რომ ეცადოს, გმირულად დაძლიოს სიკვდილი, როგორც ამისკენ ისწრაფვის თანამედროვე დასავლური სამედიცინო იდეოლოგია, იგი მთელ თავის ყურადღებას მიმართავს მომაკვდავის გრძნობებსა და ცნობიერებაზე; და ის, რომ იგი ასე ყურადღებიანია ბავშვების გრძნობათა მიმართ, ჩემთვის აშკარა ნიშანია იმისა, რომ იგი ღრმად იცნობს სამშვინველის შინაგან გზებს.

გავრცელებული ფსიქოლოგიური ენით რომ ვთქვათ, ინტუიცია, საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარ თავზე მუშაობა პიროვნების თვითრეალიზაციის ნებისმიერი გზის არსს წარმოადგენს. მაგრამ ადვილი შესაძლებელია, დედა ტერეზამ ბევრი რამ ასწავლოს ფსიქოლოგებს: მაგალითად, როცა იგი მოგვითხრობს იმ გარდაქმნის შესახებ, რაც იმ ქალში მოხდა, რომელმაც, მისი საღი რჩევის კვალობაზე, სადად ჩაცმა-დახურვა დაიწყო. დედა ტერეზას ურყევი რწმენის უკან დგას ადამიანის პიროვნების მექანიზმთა ფაქიზი ცოდნა.

შესაძლოა, ზოგიერთ მკითხველს ხელი შეუშალოს იმან, რომ დედა ტერეზა თავისი ქრისტიანული რწმენის შესახებ ლაპარაკობს არა აპოლოგეტური ხერხებით, არამედ უპირატესობას აძლევს სიყვარულისა და ლოცვის ენას. მაგრამ სწორედ ხომ რელიგიის არაჯანსაღმა, რეაქციულმა, პროზელიტურმა ფორმებმა აქციეს რელიგიური ინსტიტუციები ბევრისათვის მიუღებლად. ამიტომ ამგვარ მკითხველებს ვურჩევდი, უარი ეთქვათ ნორმატიულ და ინფანტილურ ცნებებზე, რომლითაც ისინი შეკაზმავენ ხოლმე ღმრთისმეტყველებას, და უბრალოდ ყური დაუგდონ მომთხოვნ და მღელვარე უწყებას, რომელიც დედა ტერეზას აშკარად თავის რწმენად მიაჩნია. და თუ მე შემიძლია წავიკითხო რომელიმე ბუდჰისტის სიტყვები, რომელიც მომიწოდებს, ცხოველებში დავინახო ბუდჰას ბუნება, მაშინ მე ასევე შემიძლია მივჰყვე დედა ტერეზას მოწოდებას, დავინახო მომაკვდავ ადამიანში იესო, აღვიქვა მთელი კაცობრიობა როგორც იესოს მისტიკური სხეული.

ძალიან ხშირად რელიგიას მიიჩნევენ და განიცდიან როგორც სუფთა სულიერ საქმიანობას, ხანდახან მას ინტელექტუალურ ვარჯიშობადაც კი წარმოიდგენენ, რომელიც სხვადასხვა ტრაქტატებსა და კომენტარებს მოიცავს. დედა ტერეზაში, მის ცხოვრებაში, მის სიტყვებში ჩვენ ვიპოვით რელიგიის სულს, მისი რწმენა განუყოფელია მისი თანალმობისაგან, ხოლო მისი თანალმობა - მისი ქმედებისაგან. და პირიქით, რელიგიურ დაჯგუფებებში, რომელთაც სუფთა სულიერებაზე აქვთ პრეტენზია, ხშირად ვხედავთ მიმდევრებს, რომლებიც მზად არიან ხმაურით, შეუწყნარებლად გამოაცხადონ თავისი „კრედო“, მაგრამ მათს გარემოში (რომლებიც აგრერიგად მიისწრაფვიან, ყველანი თავიანთ სარწმუნოებაზე მოაქციონ) ვერ ვიპოვით ვერანაირ ყურადღებას ღატაკებისა და ავადმყოფების მიმართ. თუ რელიგია, უპირველეს ყოვლისა, რაღაც ინტელექტუალურ მოვლენას წარმოადგენს, სულიერება ვერასოდეს იქცევა სამყაროსადმი თანალმობის ქმედებად.

ის, რაც, საერთოდ, არ გვხვდება დედა ტერეზას მგზნებარე სიტყვებში, ესაა სწორედ სურვილი, მოგვაქციოს საკუთარ რწმენაზე. იგი სჯერდება იმას, რომ საუბრობს ამ რწმენის დიადი ძალისა და თავისი მუშაობის შესახებ ღატაკებთან და ავადმყოფებთან. ეპიზოდები, რომელთაც იგი იხსენებს, სულაც არ ემსახურება იმას, რომ თავს მოგვახვიოს საკუთარი რელიგიური შეხედულებები, - ძირითადად, მათი მიზანია, უბრალოდ გვაჩვენოს, თუ როგორ ღრმად იცვლებიან ადამიანური არსებანი, როგორ ხელახლა აღმოაჩენენ ადამიანები თავიანთ ადამიანობას, თავიანთ ღირსებას და შეიგრძნობენ ბედნიერების თუნდაც რამდენსამე წამს, როცა მათ მიმართ სიყვარულისა და მზრუნველობის უმარტივეს ნიშნებს გამოამჟღავნებენ.

ბევრს მოსწონს დახატოს დედა ტერეზა როგორც „ცოცხალი წმიდანის“ იშვიათი ნიმუში. მეც ვუერთდები ამ გრძნობას. ჩვენ გვჭირდება წმიდანები, როგორც გვჭირდება, მაგალითად, მოდიდან გასული ყველა ეს სიტყვა: „ცოდვა“, „მადლი“, „რწმენა“, „ბოროტება“... და, ეს იმისათვის, რათა ფილოსოფიურად და თეოლოგიურად გავიაზროთ ჩვენი გამოცდილება, რადგან დღეს ჩვენი განაზრებანი ძალიან ხშირად შემოიფარგლება ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური ან პოლიტიკური ასპექტებით. ამგვარად შემოფარგლული აზროვნების წესი ავიწროებს ჩვენს გამოცდილებას, აქცევს მას ზედაპირულად და, ამავე დროს, კვებავს იმ ილუზიას, რომ თუკი ჩვენ ჯანმრთელები და დაცულნი ვიქნებით, არავითარი პრობლემა აღარ შეგვაწუხებს.

დედა ტერეზას სიტყვები, მისი ქმედებანი არ თავსდება სოციალური ან მეცნიერული წყების ამგვარად შეზღუდულ ფარგლებში. ლოცვა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა მისთვის არ გაუფასურებულა, და სწორედ ამაშია მისი ფასეულობანიც და მთელი მისი ცხოვრების ღვაწლიც. თუ ჩვენ მას აღვიქვამთ როგორც წმიდანს, მოგვეჩვენება, რომ შეუძლებელია მისი გაყოლა, მაგრამ აზრები, რომელთაც იგი აქ გაგვანდობს, ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, როგორც იგი თავად ამბობს, შეგვიძლია გავხდეთ წმიდანნი, - არა იმათ, ვინც უმანკო და უმწიკვლოა, ვისაც არ ესაჭიროება სულ ერთი და იმავე შეცდომებისა და დაცემების ყოველდღიური აღსარება, არამედ იმათ, ვისაც საკუთარი თავი ძღვნად მიაქვს ადამიანთათვის, განსაკუთრებით, განსაცდელში მყოფთათვის, და ყველა იმისათვის, ვინც წარმოადგენს ჩვენს ოჯახებს, ჩვენს უახლოეს გარემოცვას, მთელს მსოფლიოს - ჩვენს მსოფლიოს.

ტომას მური
1997 წლის მარტი

4 ლოცვის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ლოცვა - ყველაფერში, ყველგან.
დედა ტერეზა

რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ...
იესო - თავის მოწაფეებს,
გეთსიმანიის ბაღში

ლუკა 22:46

მე ვფიქრობ, რომ არავის ისე არ სჭირდება ღმრთის დახმარება და წყალობა, როგორც მე. ხშირად თავს ისე უსუსურად და უძლურად ვგრძნობ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ სარგებლობს ჩემით ღმერთი. რამდენადაც მე არ შემიძლია დავეყრდნო საკუთარ ძალებს, მე მას მივმართავ დღე-ღამის მანძილზე ოცდაოთხი საათის განმავლობაში. და თუკი დღე-ღამეში იქნებოდა უფრო მეტი საათი, მთელი ამ საათების განმავლობაში ისევ მას მივმართავდი დახმარებისა და წყალობისათვის. ყველანი ღმერთს უნდა დავეყრდნოთ ლოცვის საშუალებით.

ჩემი საიდუმლო უსაზღვროდ მარტივია. მე ვლოცულობ. ლოცვის საშუალებით კი ვუერთდები ქრისტეს. მე ვხვდები, რომ მის მიმართ ლოცვა - მის მიმართ სიყვარულია.

სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ლოცვა, ერთადერთი ნამდვილი ლოცვა: ქრისტეს ხმა. სრულყოფილი ლოცვა სიტყვათა სიმრავლით კი არ გამოიხატება, არამედ სწრაფვის სიძლიერით, რომელსაც იესოსთან ავყავართ.

გიყვარდეს ლოცვა. ეცადე, რომ დღის განმავლობაში ხშირად იგრძნო ეს სურვილი. ლოცვა აფართოებს გულს, აძლევს მას უნარს, მიიღოს ღმრთის ის ძღვენი, რომელსაც თავად იგი წარმოადგენს. ითხოვე, ეძიე და შენი გული გაიზრდება იმდენად, რომ შეძლებს მიიღოს იგი და შეინახოს როგორც მონაპოვარი.

ჩვენ ხომ ასე ვინდომებთ, კარგად ვილოცოთ, შემდეგ კი ვმარცხდებით, სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და უარს ვამბობთ, კიდევ ერთხელ ვცადოთ. თუ გინდა კარგად ილოცო, უფრო მეტად უნდა ილოცო. ღმერთი იღებს ჩვენს წარუმატებლობებს, მაგრამ არ სურს ჩვენი სასოწარკვეთა და თავგზის აბნევა. მას სურს გვხედავდეს ჩვენ - უფრო მეტად ბავშვურებს, უფრო მეტად მორჩილებს, უფრო მეტად მადლიერებს ჩვენს ლოცვებში. მას სურს, რომ გვახსოვდეს იესოს მისტიკური სხეულისადმი ჩვენი საერთო კუთვნილების შესახებ, რომელიც გამოიხატება ჩვენს დაუცხრომელ ლოცვაში.

ჩვენს ლოცვებში ერთმანეთს უნდა ვეხმარებოდეთ. გავათავისუფლოთ ჩვენი გონება. ნუ ვილოცებთ დიდხანს, - არაა საჭირო, რომ ჩვენი ლოცვები უსასრულოდ გრძელდებოდეს. დაე, ის იყოს მოკლე და სიყვარულით აღსავსე. მოდით, ვილოცოთ მათთვის, ვინც არ ლოცულობს. ნუ დაგავიწყდება: მას, ვისაც უნდა, რომ იცოდეს სიყვარული, მან უნდა იცოდეს ლოცვა.

ლოცვას, რომელიც ერთდროულად მოდის გონებიდან და გულიდან, უწოდებენ გონითს. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მოწოდებულნი ვართ სრულყოფისათვის და დაუღალავად უნდა ვიღვაწოთ ამის მოსაპოვებლად. ამისათვის კი სრულიად აუცილებელია გონითი ლოცვის ყოველდღიური პრაქტიკა, რადგან ასეთი ლოცვა არის ჰაერი, რომლითაც სუნთქავს სამშვინველი, ხოლო სიწმიდე ამის გარეშე შეუძლებელია.

მხოლოდ გონითი ლოცვით, მხოლოდ სულიერი განაზრებით შეგვიძლია განვავითაროთ ლოცვის უნარი.

გონითი ლოცვა მატულობს სისადავის მატებასთან ერთად, ესე იგი, უნართან ერთად, დავივიწყოთ საკუთარი თავის შესახებ, დავძლიოთ სხეული და გრძნობები, და მუდმივად ავაღორძინოთ ის სურვილები და სწრაფვანი, რომლებიც ასაზრდოებს ჩვენს ლოცვას. როგორც ამბობდა წმ. იოანე მარია ვიანეი, უნდა „დავხუჭოთ თვალები, დავმუწოთ პირი და გავხსნათ გული“. სიტყვიერი ლოცვისას ჩვენ ველაპარაკებით ღმერთს, გონითი ლოცვისას - იგი თავად გველაპარაკება. სწორედ ამ დროს გადმოიღვრება იგი ჩვენში. ჩვენი ლოცვები უნდა შედგებოდეს მხურვალე, მგზნებარე სიტყვებისაგან, რომლებიც გადმოედინება სიყვარულით აღსავსე გულიდან. შენს ლოცვებში მიმართე ღმერთს უდიდესი მოწიწებითა და უდიდესი ნდობით.

არ მოუნელო, მაგრამ არც აჩქარდე, ნუ იღაღადებ, მაგრამ ნურც დადუმდები. უდიდესი თვინიერებით, სისადავით, ყოველგვარი აღგზნების გარეშე, მიუძღვენი ღმერთს სადიდებელი მთელი გულითა და მთელი სულით.

დაე, ღმრთის სიყვარული ერთ მშვენიერ დღეს მთლიანად და სრულად დაეუფლოს შენს გულს, - დაე, ეს სიყვარული იქცეს მის მეორე ბუნებად; დაე, შენი გული ნუღარ აიტანს, რომ მასში შეიჭრას ის, რაც ეწინააღმდეგება ამ სიყვარულს; დაე, მუდმივად ზრუნავდეს შენი გული ამ სიყვარულის ზრდისთვის და ამის მისაღწევად მუდამ ისწრაფვოდე, რომ ყველაფერში ღმრთის ნებას აღასრულებდე და არასოდეს არაფერზე ეუბნებოდე მას უარს; დაე, მიიღოს შენმა გულმა ის, რაც მას ელის უფლის ხელიდან; დაე, ის იყოს იმდენად შეუპოვარი, რომ მან არასოდეს ჩაიდინოს ნებაყოფლობით და შეგნებულად რამე ცოდვა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს მოხდება სისუსტის ან მარცხის გამო, იმისათვის, რათა იგემო მორჩილება და ისწავლო სრაფად წამოდგომა დაცემის შემდეგ. ამგვარი გული კი დაუღლელად ილოცებს.

ადამიანებს სწყურიათ ღმრთის სიტყვა, რომელსაც მოაქვს მშვიდობა, ერთიანობა, სიხარული. მაგრამ შენ შეგიძლია მას უძღვნა მხოლოდ ის, რაც შენ გაქვს. სწორედ ამიტომ უნდა გააღრმავო შენი ლოცვითი ცხოვრება.

იყავი გულწრფელი ლოცვისას. გულწრფელობა მორჩილებაა, და შენ ვერ შეიძენ მორჩილებას, თუ ვერ შეეგუები დამცირებას. ყველაფერი, რაც თქმულა მორჩილების შესახებ, არაა საკმარისი, რათა გასწავლოს მორჩილება. არც ის არის საკმარისი, რაც მის შესახებ წაგიკითხავს. დამცირებებს მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ გაექცევი. ამათგან ყველაზე უფრო დიდი კი იმის გაგებაა, რომ შენ არარა ხარ. სწორედ ამას გვასწავლის ღმერთთან ლოცვითი წარდგომა.

ხშირად ღრმა და მხურვალე მზერა ქრისტეს მიმართ - საუკეთესო ლოცვაა: მე ვუყურებ მას, ის კი მე მიყურებს. ამ პირისპირ დგომისას შენ შეგიძლია მხოლოდ იმას ჩასწვდე, რომ შენ არაფერი, სრულიად არაფერი ხარ.

* * *

თუკი არ იცი, როგორ უნდა ილოცო, მოგეჩვენება, რომ ლოცვა გიძნელდება. ამიტომ ამ დროს ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. პირველ რიგში უნდა მივმართოთ სიჩუმეს. ჩვენ ვერ წარვდგებით ღმრთის პირისპირ, თუ პრაქტიკულად არ განვიცდით სიჩუმეს, როგორც შინაგანს, ასევე გარეგანს.

ჩვენს შიგნით მდუმარების დამყარება სულაც არაა ადვილი, მაგრამ ძალისხმევა აუცილებელია. მხოლოდ მდუმარებაში მოვიპოვებთ ახალ ძალასა და ნამდვილ მთლიანობას. ღმრთის ძალა ჩვენს ყოვლისშემძლე ძალად იქცევა; ასევე მოხდება ჩვენი აზრების მის აზრებთან გაერთიანებისას, ჩვენი ლოცვების - მის ლოცვებთან, ჩვენს ქმედებათა - მის ქმედებებთან, ჩვენი ცხოვრების - მის ცხოვრებასთან შერწყმისას. ღმერთთან ერთიანობა ლოცვის, მორჩილების, სიყვარულის ნაყოფია.

გულის მდუმარებაში ღმერთი ლაპარაკობს. თუ შენ ღმრთის წინაშე სიჩუმით და ლოცვით წარდგები, იგი ილაპარაკებს შენთან. მაშინ კი შეიცნობ, რომ არარა ხარ. მხოლოდ მაშინ შეიცნობ შენს არარაობას, შენს სიცარიელეს. ამ დროს ღმერთი მისი საკუთარი თავით აღგავსებს. დიდ მლოცველთა სულები დიდი მდუმარების სულებია.

მდუმარება საშუალებას გვაძლევს, ყველაფერი სხვანაირად დავინახოთ. ჩვენ გვჭირდება სიჩუმე, რათა შევეხოთ სხვა სულებს. მთავარი ის კი არაა, რას ვლაპარაკობთ ჩვენ, არამედ ის, თუ რას ამბობს ღმერთი: რას გვეუბნება იგი ჩვენ და რას ამბობს ჩვენი მეშვეობით. მსგავს მდუმარებაში მოგვისმენს იგი ჩვენ, მოუწოდებს ჩვენს სულებს და ჩვენ გავიგონებთ მის ხმას.

ისმინე მდუმარებაში. იმის გამო, რომ შენი გული დაკავებულია ათასი სხვადასხვა რამით, ვეღარ ახერხებ მასში ღმრთის ხმის გაგონებას. მაგრამ როგორც კი მას ყურს მიუგდებ შენი დამშვიდებული გულის სიღრმეში, ის ღმრთით აღივსება. ეს მრავალ მსხვერპლს მოითხოვს. როცა ვაზროვნებთ, როცა გვინდა ვილოცოთ, ამისათვის საჭიროა მოვემზადოთ. დაუყოვნებლად! საუბარი ეხება მხოლოდ ლოცვისაკენ მიმავალი გზის პირველ მონაკვეთებს, მაგრამ თუკი მას მტკიცედ არ გავივლით, მაშინ ვერასოდეს მივაღწევთ უკანასკნელს: ღმრთის თანამყოფობას.

აი, რატომაა საჭირო, რომ სწავლება თავიდანვე სრულყოფილი იყოს: ჩვენ ვსწავლობთ ჩვენს გულში ღმრთის ხმის მოსმენას; და ღმერთი იწყებს ლაპარაკს. შემდეგ გულის სისავსიდან ბაგეებთან ადის ის, რაც მათ უნდა წარმოთქვან. აქ ხდება შეერთება. გულის მდუმარებაში ღმერთი მეტყველებს, შენ კი მხოლოდ უნდა მოუსმინო მას. ხოლო მას შემდეგ, რაც ღმრთით აღსავსე შენი გული სისავსეს მოიპოვებს, შენი გული სიყვარულით, თანალმობით, რწმენით აღივსება. აი, მაშინ დადგება ბაგეებით მეტყველების ჟამი.

დაიმახსოვრე: ვიდრე ილაპარაკებ, აუცილებელია უსმინო და მხოლოდ მაშინ შეძლებ გაფართოებული გულის სიღრმეებიდან ალაპარაკდე, ხოლო ღმერთი გაიგონებს შენს ხმას.

ყველა დროისა და ყველა რელიგიის მჭვრეტელები და ასკეტები ღმერთს ყოველთვის ეძებდნენ მდუმარებაში, განმარტოებაში - ტყეებში, მთებში, უდაბნოებში. თავად იესომ იცხოვრა ორმოცი დღე სრულ მარტოობაში, როცა მრავალი საათი გაატარა მდუმარებაში, გული გულთან მამასთან.

ჩვენ თვითონ მოწოდებულნი ვართ, დროდადრო წავიდეთ უფრო ღრმა მდუმარებაში და მარტონი დავრჩეთ ღმერთთან. ვიყოთ მასთან და არა ჩვენს წიგნებთან, ფიქრებთან, მოგონებებთან, ვიყოთ სრულ სიღატაკეში, ვიყოთ მის თანამყოფობაში მდუმარენი, უმოძრაონი, დაცლილნი, მომლოდინენი.

ღმერთს ვერ ვიპოვით ხმაურში, ფუსფუსში. შეხედე ბუნებას: ხეები, ყვავილები, ბალახი ჩუმად იზრდება; ვარსკვლავები, მთვარე, მზე ჩუმად მოძრაობს. მთავარია არა ის, რისი თქმა შეგვიძლია ჩვენ, არამედ ის, თუ რას გვეუბნება ღმერთი ჩვენ ან რას ეუბნება სხვა ადამიანებს ჩვენი მეშვეობით. მდუმარებაში გვისმენს იგი ჩვენ; მდუმარებაში ელაპარაკება ჩვენს სულს; მდუმარებაში გვეძლევა უფლება გავიგონოთ მისი ხმა:

მდუმარება თვალთა.
მდუმარება ყურთა.
მდუმარება ბაგეთა.
მდუმარება გონებისა.
ხოლო მდუმარებაში გულისა
ალაპარაკდება ღმერთი.

შენთვის გულის მდუმარება აუცილებელია იმისათვის, რათა ყველგან გესმოდეს ღმრთისა: კარში, რომელიც იხურება; ადამიანში, რომელიც გიხმობს; ჩიტებში, რომლებიც გალობენ; და კიდევ - ცხოველებში, მცენარეებში.

თუ გულისყურს მივაპყრობთ მდუმარებას, მაშინ გაგვიადვილდება ლოცვა. ყოველივე იმაში, რაც ითქმება და იწერება, იმდენი ლაყბობაა, იმდენი სიტყვა, რომელთაც ვიმეორებთ ან ერთმანეთს გადავცემთ. ჩვენი ლოცვითი ცხოვრება კი ზარალდება იმის გამო, რომ ჩვენს გულებში მდუმარებას არ დაუსადგურებია.

მე შევეცდები, ბრძნულად შევინახო მდუმარება ჩემს გულში, რათა ამ დუმილში გავიგონო ღმრთაებრივი სიტყვები ნუგეშისცემისა, და რათა გულის სისავსიდან მეც, ჩემი მხრივ, შევძლო ნუგეში ვცე იესოს, რომელიც ასე მწუხარეა, შეფარებული ღატაკთა დარდის ქვეშ.

* * *

ნამდვილი ლოცვა - ესაა გაერთიანება ღმერთთან, ისეთივე ცხოველმყოფელი, როგორც ვაზისა და მისი ყლორტების ერთიანობა (თუ იმ სახით ვისარგებლებთ, რომელსაც თავად იესო გვაწვდის იოანეს სახარებაში). ჩვენ ლოცვა გვესაჭიროება. ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ერთიანობამ ნაყოფი გამოიღოს. ნაყოფი კი ისაა, რასაც ჩვენი ხელებით ვქმნით: საკვები, ტანსაცმელი, ფული, რაც კი გაგიხარდებათ. ყველაფერი ეს ღმერთთან ჩვენი ერთიანობის ნაყოფია. ჩვენ გვესაჭიროება ისეთი არსებობა, რომელიც ეძღვნება ლოცვას, ღარიბებს, მსხვერპლის გაღებას, - იმისათვის, რათა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ვაკეთოთ სიყვარულით.

მსხვერპლი და ლოცვა ერთმანეთს ავსებს. არ არსებობს ლოცვა მსხვერპლის გარეშე, ხოლო მსხვერპლი ლოცვის გარეშე. იესოს ცხოვრება - ეს იყო მამასთან უღრმესი ერთიანობა, მან კი ეს სოფელი განვლო. ასე უნდა იყოს ჩვენთვისაც. გავყვეთ მას გვერდით. ჩვენ უნდა მივცეთ ქრისტეს საშუალება, რათა გამოგვიყენოს ჩვენ, გვაქციოს საკუთარ სიტყვად და საკუთარ ქმედებად. გავიყოთ მისი საკვები და მისი სამოსი დღევანდელ სამყაროში.

თუ ჩვენ არ გავავრცელებთ ჩვენს გარშემო ქრისტეს ნათელს, მაშინ სიბნელის შეგრძნება, რომელიც ასე თრგუნავს თანამედროვე მსოფლიოს, კიდევ უფრო მოიმატებს.

ჩვენ მოწოდებულნი ვართ, გვიყვარდეს ეს სოფელი. თავად ღმერთმა ისე შეიყვარა ის, რომ მას იესო უძღვნა. დღეს კი, მას ისე უყვარს იესო, რომ მას უძღვნის ჩვენს თავს, შენს თავს და ჩემს თავს, იმისათვის, რათა ჩვენ გავხდეთ მისი სიყვარული, მისი თანალმობა, მისი ცოცხალი თანამყოფობა ლოცვაში, მინდობაში, თავგანწირვაში. პასუხი, რომელსაც ღმერთი შენგან მოელის, ისაა, რომ ისწავლო ჭვრეტა.

„დავიჭიროთ“ იესო სიტყვაზე, მის საკუთარ სიტყვაზე, და ვიქნებით მჭვრეტელნი შუაგულ სამყაროში, ვინაიდან თუკი რწმენა გვაქვს, მუდმივად ღმრთის თანამყოფობაში ვიმყოფებით.

ჩვენი არსებობა დაკავშირებული უნდა იყოს ცოცხალ ქრისტესთან, რომელიც ჩვენში იმყოფება. თუ ღმრთის თანამყოფობაში არ ვცხოვრობთ, ვერ შევძლებთ ვიყოთ თანმიმდევრულნი. რას ნიშნავს მჭვრეტელობა? იცხოვრო იესოს ცხოვრებით. სწორედ ასე მესმის ეს. გიყვარდეს იესო, იცხოვრო მისი ცხოვრებით შენი ცხოვრების წიაღ, იცხოვრო შენი ცხოვრებით იესოში მყოფობით. აი, რა არის მჭვრეტელობა. მაგრამ იმისათვის, რათა ვხედავდეთ, რათა ვჭვრეტდეთ, აუცილებელია სუფთა გული, გათავისუფლებული შურისაგან, მრისხანებისაგან, ბოროტი სულისკვეთებისაგან, და განსაკუთრებით - უსიყვარულობისაგან.

ჩემთვის მჭვრეტელობა წარმოადგენს არა ბნელ ოთახში ჩაკეტვას, არამედ იმას, რომ საშუალება მივცეთ იესოს, ჩვენში შემოვიდეს თავისი ტანჯვით, თავისი სიყვარულით, თავისი მორჩილებით; ილოცოს ჩვენთან ერთად, იყოს ჩვენთან ერთად და აკურთხოს ჩვენი მეშვეობით სხვები.

სიცოცხლე და მჭვრეტელობა ერთიანია და აქ ლაპარაკია არა იმის შესახებ, რომ ვაკეთოთ, არამედ იმის შესახებ, რომ ვიყოთ. ლაპარაკია სინამდვილეში ჩვენი სულის მთლიან დამორჩილებაზე სული წმიდის მიმართ, რომელიც ჩვენზე გარდამოავლენს ღმრთის სისავსეს და რომელიც აგზავნის მთელს სამყაროში სიყვარულის თავის პირად მოწოდებას.

ნუ დავკარგავთ დროს იმაზე, რომ ჩვენს მჭვრეტელობით ცხოვრებაში ვეძებოთ რაღაც არაჩვეულებრივი გამოცდილება ან განცდა; ვეცადოთ ვიცხოვროთ მხოლოდ რწმენით, ვიყოთ მუდამ მღვიძარენი, ყოველთვის მზადმყოფნი უფლის მოსვლისათვის, შევასრულოთ ჩვენი ჩვეულებრივი მოვალეობანი არაჩვეულებრივი მგზნებარებით.

რა არის მჭვრეტელობითი ცხოვრება, რომელსაც ჩვენ უნდა მივსდევდეთ? ეს არის შეგნება იმისა, რომ ღმერთი მუდამ ჩვენთან არის და რომ მას ჩვენ ფაქიზად ვუყვარვართ ჩვენი ცხოვრების ყველა წვრილმანის ჩათვლით. ეს ნიშნავს, ვიყოთ ყოველთვის მის განკარგულებაში, გვიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულითა და მთელი ძალით, რა სახითაც უნდა მოდიოდეს იგი ჩვენთან. მიისწრაფვის კი იესოსკენ შენი გული, შენი გონება უმალვე, როგორც კი გაიღვიძებ? სწორედ ხომ ესაა ლოცვა: მიმართო გული და გონება ღმრთისაკენ.

ლოცვა ჭეშმარიტი სიცოცხლეა ერთიანობაში, ლოცვა ქრისტესთან შერწყმაა. ამიტომ ის ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი, რომლითაც ჩვენ ვსუნთქავთ, როგორც სისხლი, რომელიც მიმოიქცევა ჩვენს ძარღვებში, და როგორც ყველაფერი ის, რაც ჩვენში, ღმრთის მადლით, აღვივებს სიცოცხლეს. მაგრამ თავდაჭერილი ლოცვა არ არის საკმარისი, - უნდა ვილოცოთ გზნებით, მოწიწებით, სიყვარულით; უნდა ვილოცოთ დაჟინებით, სიყვარულის უდიდესი აღტაცებით. თუ არ ვილოცებთ, ჩვენი დამოწმება ამაო იქნება, ხოლო სიტყვები ფუჭად გაიჟღერებენ.

ჩვენ გვჭირდება ისიც, რომ ჩვენთვის ლოცულობდნენ იმის გამო, რათა ჩვენ უკეთესად ვემსახუროთ ღმრთის საქმეს, რათა ყოველ წამს შეგვეძლოს მთლიანად დავემორჩილოთ მას. როგორია ჩვენი ვალი? თავი არ დავზოგოთ, რათა ყოველთვის ვიაროთ ღმერთთან ერთად; დავინახოთ იგი ყველაში, ვისაც კი შევხვდებით; და ვიცხოვროთ განუწყვეტელ ლოცვაში.

საკუთარი თავის შეცნობა გვაიძულებს, მუხლი მოვიდრიკოთ: ესაა სიყვარულისათვის აუცილებელი მდგომარეობა. რადგან ღმრთის შეცნობა ბადებს სიყვარულს, ხოლო საკუთარი თავის შეცნობა - მორჩილებას. თვითშემეცნება ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა ჩვენს ცხოვრებაში. როგორც წმ. ავგუსტინე ამბობს: „თავდაპირველად აღავსე საკუთარი თავი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ გაცემას“.

საკუთარი თავის შეცნობა გვიცავს ამპარტავნებისაგან, განსაკუთრებით, როცა ცხოვრების განმავლობაში ბევრი ცდუნება გვხვდება. უდიდესი და გავრცელებული შეცდომაა: თავი იმდენად ძლიერად ჩათვალო, რომ ადგილიდან ფეხის მოცვლა აღარ გინდოდეს. თუ თითს ცეცხლში შეჰყოფ, ის დაგეწვება. ყველამ უნდა გავიაროთ ეს გამოცდა ცეცხლით. ცდუნებას ღმერთი დაუშვებს ხოლმე. ჩვენზეა დამოკიდებული, შევცოდავთ თუ არა.

***

იმისათვის, რათა ნაყოფიერად ვილოცოთ, ლოცვა უნდა გადმოდიოდეს გულიდან და უნდა შეეძლოს, რომ შეეხოს ღმრთის გულს. დავუკვირდეთ, როგორ ასწავლიდა იესო ლოცვას თავის მოწაფეებს. ყოველთვის, როცა წარმოვთქვამთ „მამაო ჩვენო“-ს, წარმოვიდგენ, რომ ღმერთს მზერა გადააქვს თავის ხელებზე, - იქ, სადაც ჩვენ ჩაგვიფიქრა. „აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული“ (ესაია 49:16). იგი უყურებს საკუთარ ხელებს და გვხედავს ჩვენ, იქ მობუზულებს. როგორი სასწაულია ღმრთის სიფაქიზე!

მუდამ ვილოცოთ, მუდამ ვთქვათ „მამაო ჩვენო“, ვიცხოვროთ ამით და მაშინ წმიდანები გავხდებით. რადგან იქ არის ყველაფერი: ღმერთი, მე, მოყვასი. თუ შემიძლია მიტევება, მაშინ შემიძლია ვიყო წმიდა, შემიძლია ვილოცო. ყველაფერი იბადება მორჩილი გულიდან; თუკი ჩვენი გული ამგვარი იქნება, გვეცოდინება, როგორ გვიყვარდეს ღმერთი, საკუთარი თავი და მოყვასი. აქ არაფერია რთული, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ხომ ასე ვირთულებთ ცხოვრებას, ვტვირთავთ მას იმდენი უსარგებლო რამით. მთავარია მხოლოდ ერთ რამ: ვიყოთ მორჩილნი და ვილოცოთ. რაც მეტს ვილოცებთ, მით უკეთესად ვილოცებთ.

ბავშვს არაფრად უღირს, თავისი წრფელი აზრები მარტივად, მაგრამ ტევადად გამოხატოს. განა იესო არ ეუბნება ნიკოდემოსს: „იყავი როგორც ბავშვი“? თუ სახარების მიხედვით ვილოცებთ, ამით საშუალებას მივცემთ იესოს, იზარდოს ჩვენში. ამიტომ ილოცე სიყვარულით, ბავშვების მსგავსად, მძაფრი სურვილით; გიყვარდეს ძლიერად და შეიყვარე ის, ვინც არ უყვართ.

ყველა ჩვენი სიტყვა იქნება ფუჭი, თუ ის შიგნიდან არ გადმოდის. სიტყვები, რომლებიც არ გამოაშუქებს ქრისტეს ნათელს, კიდევ უფრო ამუქებს წყვდიადს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უნდა ვილოცოთ და ვითხოვოთ ნათელი, - იმისათვის, რათა შევიცნოთ ღმრთის ნება; იმისათვის, რათა ვითხოვოთ სიყვარული. სიყვარული კი დაგვეხმარება მივიღოთ ღმრთის ნება და ვიპოვოთ გზა მის აღსასრულებლად.

ლოცვა გულის გამხსნელი
უდიდესი ზებუნებრივი ძალაა.

წმ. ტერეზა ლიზიელი

მიტომ გეუბნებით თქვენ:
ყველაფერი, რასაც ითხოვთ ლოცვაში,
გწამდეთ, რომ მოგეცემათ, და ასეც იქნება.

იესო
მარკოზი 11:24

5 სიყვარულის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც ღმერთს
უყვარს თითოეული თქვენგანი:
ძლიერი და განსაკუთრებული სიყვარულით.
დაე, თითოეული იყოს სხვების მოყვარული;
უმჯობესია შეცდომა -კეთილმოსურნეობის გამო,
ვიდრე სასწაული - მის გარეშე.

დედა ტერეზა

ხოლო ის მკერდზე მიეკრა იესოს
და უთხრა მას:
უფალო, ვინ არის?

იესო
იოანე 13:25

იესო ამ სოფლად მოვიდა ერთადერთი მიზნით. იგი მოვიდა, რათა მოეტანა სახარება იმის შესახებ, რომ ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ, რომ იგი არის სიყვარული, რომ მას ვუყვარვართ შენ და მე, რომ მან შემოგვწირა თავისი სიცოცხლე.

ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ უნაზესი სიყვარულით. ყველაფერი ის, რის სასწავლებლადაც მოვიდა იესო, ესაა ნაზი ღმრთაებრივი სიყვარული. „შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ“ (ესაია 43:1).

სახარებაში ყველაფერი უსაზღვროდ მარტივია. გიყვარვარ მე შენ? მაშინ დაიცავი ჩემი მცნებები. მასში ათასნაირადაა ნათქვამი ერთი და იგივე: „გიყვარდეთ ერთმანეთი“. „გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით“ (მეორე რჯული 6:5). ესაა დიდი ღმრთის ბრძანება, შეუძლებელს კი იგი არასოდეს მოითხოვს. სიყვარული წელიწადის ყველა დროთა ნაყოფია, - ყველასათვის ხელმისაწვდომი. განურჩევლად ყველას შეუძლია მოიწიოს იგი, - ყველას, გამონაკლისის გარეშე. ყველას შეუძლია მივიდეს ამ სიყვარულთან განაზრებათა საშუალებით, ლოცვისა და მსხვერპლის სულისკვეთების საშუალებით, მოუღლელი შინაგანი ცხოვრების საშუალებით. ნუ ვიფიქრებთ, რომ ნამდვილი სიყვარული აუცილებლად რაღაც არაჩვეულებრივი უნდა იყოს.

ჩვენ გვჭირდება, რომ გვიყვარდეს დაუღალავად. რა ანათებს ლამპარს? მუდმივად - ზეთის უმცირესი წვეთები. რა არის ზეთის ეს წვეთი ჩვენს საკუთარ ლამპარში? ყოველდღიური ცხოვრების ყველაზე უმნიშვნელო რამეები: ერთგულება, კეთილმოსურნე სიტყვა, ფიქრი სხვა ადამიანთა გამო, გაჩუმების, ცქერის, მეტყველების, ქმედების უნარი. ნუ ეძებ იესოს შორს. იგი არაა სადღაც გარეთ, იგი შენშია. შეინარჩუნე ლამპარი ანთებული და შენ შეიცნობ მას.

იესოს ამ სიტყვებმა - „გიყვარდეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე თქვენ შეგიყვარეთ“ - არა მარტო უნდა გაგაბრწყინოთ, არამედ უნდა ამოშანთოს ეგოიზმი, რომელიც ხელს უშლის სიწმიდის ზრდას. იესოს ვეყვარებით ჩვენ „ბოლომდე“, სიყვარულის უმაღლეს ზღვრამდე: ჯვრამდე. ეს სიყვარული უნდა გადმოდიოდეს შიგნიდან, იესოსთან ჩვენი ერთიანობიდან. სიყვარული ჩვენთვის უნდა იყოს სუნთქვის ან სიცოცხლის მსგავსი, და ასე ყოველდღიურად, სიკვდილამდე.

* * *

ჩემი საკუთარი გამოცდილებით იმდენად ღრმად ვიგრძენი ადამიანური სისუსტე, უძლურება; აქამდე ვგრძნობ მას. მაგრამ თავად ეს მდგომარეობაც ჩვენ უნდა გვემსახურებოდეს. უნდა ვიშრომოთ ქრისტესთვის მორჩილი გულით, თვით ქრისტესეული მორჩილებით. იგი მოდის, რათა ვემსახუროთ მას, რათა ჩვენ ვიქცეთ მის სიყვარულად და თანალმობად ამ სოფელში, მიუხედავად ჩვენი სისუსტისა და უძლურებისა.

ერთხელ გადავაწყდი თხრილში ჩაწოლილ ადამიანს. მისი სხეული მატლებით იყო დაფარული. მე იგი ჩვენთან, მომაკვდავთა თავშესაფარში, მივიყვანე. და რას ფიქრობთ, რას ამბობდა იგი? არავის წყევლიდა, არავის ლანძღავდა. მან უბრალოდ მითხრა: „მე მხეცივით გარეთ ვცხოვრობდი, მაგრამ მოვკვდები, როგორც ანგელოზი, როგორც ადამიანი, რომელიც უყვარდათ და რომელზეც ზრუნავდნენ!“. მის დასაბანად ჩვენ სამი საათი დაგვჭირდა. ბოლოს მან ერთ დას ახედა და თქვა: „დაო, მე ვბრუნდები შინ - ღმერთთან“. მალე იგი გარდაიცვალა. არასოდეს მინახავს ისეთი ნათელი ღიმილი, როგორიც ამ ადამიანის სახეზე აღიბეჭდა. იგი ნამდვილად დაბრუნდა შინ - ღმერთთან. ხომ ხედავთ, რა შეუძლია სიყვარულს? შეიძლება, მაშინ იმ დას ამაზე არც უფიქრია, მაგრამ იგი ეხებოდა იესოს სხეულს. განა იესომ არ თქვა: „რაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ“ (მათე 25:40)? სწორედ ამგვარად ჩვენ, შენ და მე, შევდივართ, ვმონაწილეობთ ღმრთის ჩანაფიქრში.

შევეცადოთ გავიგოთ, რამდენად ფაქიზია ღმრთის სიყვარული. იმიტომ, რომ თავად ამბობს საღმრთო წერილში: „განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ. აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული“ (ესაია 49:15-16). როცა მარტოხელად, გარიყულად, სნეულად და მიტოვებულად გრძნობ თავს, გაიხსენე, რომ შენ ძვირფასი ხარ ღმრთისათვის. მას უყვარხარ შენ. გამოავლინე, შენი მხრივ, ამგვარი სიყვარული სხვების მიმართ, რადგან ესაა ყველაფერი, რის სასწავლებლადაც მოვიდა ჩვენთან იესო.

მე მახსენდება ერთი დედა თორმეტი შვილისა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი საშინელი ხეიბარი იყო. აღწერაც კი მიჭირს, თუ რა არსება იყო იგი. მე შევთავაზე დედას, რომ ბავშვი ჩვენს თავშესაფარში წაგვეყვანა, სადაც ამგვარადვე ტანჯული ბევრი სხვა ბავშვი ცხოვრობდა. ქალი ატირდა: „გაფიცებთ, დედაო, ნუ მეუბნებით ამას! ეს ბავშვი ყველაზე დიდი საჩუქარია, რომლითაც ღმერთმა მე და ჩემი ოჯახი დაგვაჯილდოვა. მთელი ჩვენი სიყვარული მას ეკუთვნის. ჩვენი ცხოვრება დაცარიელდება, იგი რომ აღარ გვყავდეს“. მისი სიყვარული აღსავსე იყო გაგებითა და სიფაქიზით. ჩვენ კი გვაქვს ამგვარი სიყვარული? ვხვდებით კი, რომ ჩვენი შვილი, ან ქმარი, ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმა საჭიროებს ამგვარ გაგებას, ჩვენი ხელების სითბოს?

არასოდეს დამავიწყდება ის დღე ვენესუელაში, როცა ერთი ოჯახის სანახავად მივედი, რომელმაც ჩვენ ცხვარი გვაჩუქა. მე მივედი, რათა მადლობა გადამეხადა, და იქ დავინახე ბავშვი - საშინლად დასახიჩრებული ხეიბარი. დედას ვკითხე, თუ რა ერქვა ბავშვს. მისი პასუხი უმშვენიერესი იყო: „ჩვენ მას სიყვარულის მასწავლებელს ვეძახით, რადგანაც იგი განუწყვეტლად გვასწავლის სიყვარულს. ყველაფერი, რასაც მისთვის ვაკეთებთ, არის ჩვენი ქმედითი სიყვარული ღმრთისადმი“.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანნი ვართ ღმრთისათვის. არასოდეს მომწყინდება, ისევ და ისევ გავიმეორო, რომ ღმერთს ფაქიზად ვუყვარვარ. სწორედ იმისათვის გვჭირდება სიმამაცე, სიხარული, სიმტკიცე, რომ ვერაფერმა დაგვაშოროს ქრისტეს სიყვარულს.

მე ვგრძნობ, თუ რა ხშირად ვართ მიჯაჭვულნი ცხოვრების მხოლოდ უარყოფით მხარეებს, იმას, რაც ცუდია. ჩვენ რომ უფრო მეტი სურვილი გვქონდეს, დავინახოთ სიკეთე, დავინახოთ ის სილამაზე, რაც ირგვლივ გვარტყამს, შევძლებდით გარდაგვექმნა ჩვენი ოჯახები, შემდგომ - კარის მეზობლები, მერმე - ისინი, ვინც ჩვენს უბანში, ჩვენს ქალაქში ცხოვრობს. ჩვენ შევძლებდით მოგვეტანა სიმშვიდე და სიყვარული ამსოფლად, რომელიც ასე მოწყურებულია ამას.

თუ მართლა გვინდა დავიპყროთ მსოფლიო, ეს უნდა გავაკეთოთ არა ბომბებითა და სხვა გამანადგურებელი იარაღით. ჩვენ მსოფლიოს სიყვარულით დავიპყრობთ. ურთიერთგადავაწნათ ჩვენი სიცოცხლენი, მოვქსოვოთ ისინი სიყვარულისა და მსხვერპლშეწირვის ძაფებით, და ჩვენ შევძლებთ მსოფლიოს დაპყრობას.

ყველაზე შთამაგონებელი პროექტებიც კი აზრს კარგავს იმ ადამიანისათვის, ვინც ისწრაფვის გამოამჟღავნოს უდიდესი სიყვარული ღმრთისა და მოყვასის მიმართ. მხოლოდ სიყვარულის ძალა, რომელსაც ჩვენს ქმედებებში ვდებთ, ანიჭებს მათ მშვენიერებას უფლის თვალში.

ომი და მშვიდობა იწყება ყველა ოჯახის შიგნით. თუ ჩვენ გვინდა, რომ მართლაც მშვიდობა სუფევდეს ყველგან, დავიწყოთ იმით, რომ შევიყვაროთ ერთმანეთი ჩვენს ოჯახებში. ხშირად ჩვენ, უბრალოდ, იმასაც კი ვეღარ ვახერხებთ, ერთმანეთს გავუღიმოთ: ცოლმა - ქმარს, ქმარმა კი - ცოლს.

იმისათვის, რათა სიყვარული ნამდვილი იყოს, ის, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს სიყვარული ახლობლების მიმართ. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ისინი, ვინც ყველაზე ახლოა ჩვენთან, - ჩვენს საკუთარ სახლში. იქიდან კი სიყვარული გავრცელდება იმათზე, ვისაც ის სჭირდება.

ადვილია გვიყვარდეს იგი, ვინც დედამიწის მეორე ბოლოში ცხოვრობს, ხოლო ბევრად უფრო ძნელია - ისინი, ვინც ჩვენს გვერდითაა. უფრო მარტივია მისცე ბრინჯი მშიერს, ვიდრე ანუგეშო, შეიფარო უბედური ან გარიყული.

მინდა, რომ ღატაკი შენს სახლში ეძიო. შენი სიყვარული, პირველ ყოვლისა, იქ უნდა დაიწყოს. მინდა, რომ სახარება, პირველ ყოვლისა, შენს ახლობლებს მიუტანო, მინდა, რომ იზრუნო უახლოეს მეზობელზე. თუმცა, იცნობ კი, საერთოდ, მას?

* * *

ბაგეები გულის სისავსით ლაპარაკობენ. თუ შენი გული სიყვარულითაა აღსავსე, შენი მეშვეობით სიყვარული „ილაპარაკებს“. მინდა, რომ ყოველი თქვენგანის გული აღვსებული იყოს სიყვარულით.

ნუ იფიქრებ, რომ იმისათვის, რათა სიყვარული ნამდვილი და ყოვლისმომცველი იყოს, ის აუცილებლად უნდა იყოს სასწაულებრივი. არა. საჭიროა მუდმივად გვქონდეს მოთხოვნილება, გვიყვარდეს ის, ვინც გვიყვარს.

ერთხელ ნაგვის გროვაში ვიპოვე ციებ-ცხელებისაგან მოკუნტული ქალი. იგი კვდებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაუსრულებლად ამტკიცებდა: „ეს ყველაფერი ჩემი ვაჟიშვილის გამო დამემართა!“. მე მას ხელი შევაშველე და მონასტერში მივიყვანე. გზაში ვცდილობდი, დამერწმუნებინა იგი, მიეტევებინა შვილისათვის. ამისათვის რაღაც დრო დაგვჭირდა, მაგრამ ბოლოს მან მითხრა: „დიახ, მე მივუტევებ მას!“. და ეს სიტყვები მას ნამდვილად გულმოწყალებამ ათქმევინა იმ დროს, როცა იგი გარდაცვალებისთვის ემზადებოდა. ამ ქალს არ ესმოდა, რომ იგი ავადაა, რომ მას ციებ-ცხელება თუთქავს, რომ იგი კვდება. მას გული გაუტეხა შვილის უსიყვარულობამ. წმიდა სამშვინველნიც კი ხშირად გაივლიან არცთუ უმნიშვნელო შინაგანი გამოცდის წიაღ და იციან, თუ რა არის წყვდიადი. მაგრამ თუკი ჩვენ გვინდა, რომ სხვებმა აღიქვან იესოს თანამყოფობა, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ ამაში დარწმუნებულნი.

ათასობით ადამიანი ინატრებდა, ჰქონდეს ის, რაც ჩვენ გვაქვს; და მაინც, ღმერთმა დაგვაყენა იქ, სადაც ჩვენ ვართ, რათა გავიზიაროთ სხვების მიმართ სიყვარულის სიხარული. მას უნდა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვწირავდეთ თავს ვიდრე ტკივილამდე. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენს გავცემთ; მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენ სიყვარულს ვდებთ ჩვენს ძღვენში.

უწმიდესი მამის სიტყვებით, ყველა ჩვენგანს უნდა შეეძლოს „გაასუფთაოს ჭუჭყიანი, გაათბოს გაციებული, გააძლიეროს დასუსტებული, გაანათოს დაბნელებული“. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ვაღიაროთ ქრისტეს სიყვარული და გვიყვარდეს ისე, როგორც მას უყვარდა.

იქ, სადაც ღმერთია, სიყვარულიცაა; იქ, სადაც სიყვარულია, ყოველთვის არის მსახურების შესაძლებლობა. სამყაროს მოსწყურდა ღმერთი.

როცა ერთმანეთში დავინახავთ ღმერთს, ერთმანეთს შევიყვარებთ ისე, როგორც მან შეგვიყვარა ჩვენ ყველანი. მცნებების აღსრულება სწორედ ესაა - გვიყვარდეს ერთმანეთი. სწორედ ამის სათქმელად მოვიდა იესო: რომ ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ და მას უნდა, რომ ჩვენ გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორც მას ვუყვარვართ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ შექმნილნი ვართ დიდი საქმეებისათვის, - არა მხოლოდ იმისათვის, რათა ვიყოთ ამ სოფელში სიის რომელიღაც ნომრად, არა მხოლოდ იმისათვის, რათა მოვიპოვოთ დიპლომები და სერტიფიკატები ან ვეწეოდეთ ამა თუ იმ საქმიანობას. ჩვენ შექმნილნი ვართ, რათა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ.

***

ყოველთვის იყავი ერთგული მცირედში, წვრილმანებში, რადგან იქაა ჩვენი ძალა. ღმრთისათვის არ არსებობს არაფერი მცირე. იგი არაფერს ანიჭებს ნაკლებ მნიშვნელობას. მისთვის ყველაფერი უსასრულოა. იყავი ერთგული უმცირეს საქმეებში, - არა თავად მათ გამო, არამედ ღმრთის უდიდესი ნების გამო, რომელსაც მე თვითონ უდიდეს პატივს მივაგებ.

ნუ ისწრაფვი შთამბეჭდავი საქმეებისკენ. ჩვენ შეგნებული უარი უნდა ვთქვათ სურვილზე, დავინახოთ ჩვენი შრომის ნაყოფი. უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია, - ისე კარგად, როგორც ძალგვიძს. დანარჩენი კი ღმერთს მივანდოთ. მნიშვნელოვანია თავის შეწირვა, სიყვარულის ის ხარისხი, რომელსაც შენ ჩადებ ყოველს შენს ქმედებაში.

ნუ მიეცემი სასოწარკვეთას წარუმატებლობის შემთხვევაში, - თუკი შენ ყველაფერი გააკეთე, რის გაკეთებაც შეგეძლო. უარი თქვი დიდებაზე, - თუ რამის მიღწევა მოახერხე. ის ღმერთს დაუთმე უღრმესი მადლიერებით.

თუ თავს დათრგუნულად გრძნობ, ეს ამპარტავნების ნიშანია, - ნიშანი იმისა, რომ ზედმეტად დარწმუნებული ხარ საკუთარ ძალაში. ნუღარ გაწუხებს, რას ფიქრობს ხალხი. იყავი მორჩილი, და არასოდეს არაფერი აგაფორიაქებს. უფალმა შემკრა იქ, სადაც ვარ, და იგი გამხსნის.

როცა ავადმყოფებსა და ღატაკებს ვუვლით, ქრისტეს ტანჯულ სხეულს ვეხებით, და ეს შეხება საკმარისია, რათა სიმამაცით აღგვავსოს; ის გვიბიძგებს, დავივიწყოთ ზიზღის ბუნებრივი გრძნობა. ჩვენ გვჭირდება ღრმა რწმენისმიერი ხედვა, რათა ქრისტე დავინახოთ გონჯ სხეულსა და ბინძურ ძონძებში, რომლის ქვეშაც შემალულა კაცთა შორის უმშვენიერესი ძე კაცისა. ჩვენ გვჭირდება ქრისტეს ხელები, რათა შევეხოთ ამ სხეულებს, დასახიჩრებულებს ტკივილითა და ტანჯვით. უმაღლესი სიყვარული საკუთარ თავს არ ზოგავს, ის კმაყოფილდება იმით, რომ გასცემს.

* * *

სიყვარულისა და გულმოწყალების საქმენი სხვა არაფერია, თუ არა ღმრთის სიყვარულის გადმოღვრა, რომელმაც ჩვენ უნდა გვიწინამძღვროს.

გულმოწყალე სიყვარული ცოცხალ ალს ჰგავს: რაც უფრო მშრალია საწვავი, მით უფრო ბრწყინვალე და გიზგიზაა ცეცხლი. ასევეა ჩვენი გულებიც, - რაც უფრო თავისუფალდება ყოველგვარი მიწიერი მიჯაჭვულობისაგან, მით უფრო მეტად იძენს თავისუფლად დამორჩილების უნარს, - რათა ემსახუროს. ღმრთის სიყვარულმა უნდა შვას მსახურება - უსიტყვო, უანგარო. რაც უფრო გულის გამაწვრილებელი ხდება შრომა, მით უფრო მეტი უნდა იყოს სიყვარული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაპარაკია იმის შესახებ, რომ დაეხმარო უფალს, დამალულს ღატაკის ძონძებქვეშ. იმისათვის, რათა სიყვარული ნაყოფიერი იყოს, ძალისხმევა გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს ლაპარაკობენ გულმოწყალებაზე, ყურადღების მიღმა გვრჩება ის, რომ მოყვასის სიყვარულის მცნებას ღმერთი პირველი მცნების თანაბრად მიიჩნევს.

იმისათვის, რათა შევძლოთ გვიყვარდეს, გვჭირდება რწმენა, რადგან რწმენა ქმედითი სიყვარულია; ხოლო იმისათვის, რათა ქმედითად გვიყვარდეს, ჩვენ უნდა ვხედავდეთ და ვეხებოდეთ. ქმედითი რწმენა ლოცვის საშუალებით, ქმედითი რწმენა მსახურების საშუალებით: ეს ერთი და იგივეა, იგივე სიყვარული, იგივე თანალმობა. რამდენიმე წლის წინათ - ვერასოდეს შევძლებ ამის დავიწყებას - კალკუტაში ჩამოვიდა ახალგაზრდა ფრანგი ქალი. იგი ძალიან დათრგუნული ჩანდა. მან სამუშაოდ მომაკვდავთა თავშესაფარში მოსვლა გადაწყვიტა. ათი დღის შემდეგ მან ჩემი ნახვა მოისურვა. მაკოცა და ასე მითხრა:

- მე ვიპოვე იესო!

- სად? და რა გააკეთე, როცა იგი იპოვე?

- ამ თხუთმეტი წლის მანძილზე პირველად წავედი აღსარების სათქმელად და ზიარების მისაღებად.

- კიდევ რა გააკეთე?

- მე გავუგზავნე მშობლებს დეპეშა, სადაც შევატყობინე, რომ ვიპოვე იესო.

მე შევხედე მას და ვუთხარი:

- ახლა კი ჩაალაგე შენი ნივთები და დაბრუნდი შინ. დაბრუნდი შენიანებთან და მიუტანე შენს მშობლებს სიხარული, სიყვარული და მშვიდობა.

იგი დაბრუნდა თავის სამშობლოში გაბრწყინებული, რადგან მისი გული სავსე იყო იმ სიხარულით, რომელიც მას თავისი ახლობლებისათვის მიჰქონდა. რატომ? იმიტომ, რომ მან დაკარგა ყმაწვილური უმანკოება და ხელახლა მოიპოვა ის.

ღმერთს უყვარს, როცა ის ადამიანი, ვინც გასცემს, მხიარულია. ყველაზე უკეთესი საშუალება ღმრთისა და მოყვასის მიმართ მადლიერების გამოსახატავად - ყველაფრის სიხარულით მიღებაა. მხიარული გული ბუნებრივად უერთდება სიყვარულით მოცულ გულს. ღატაკები იესოსაკენ იმიტომ მიისწრაფვოდნენ, რადგან მასში იყო უმაღლესი ძალა, რომელიც გადმოიღვრებოდა მისი თვალებიდან, ხელებიდან, სხეულიდან; ეს იყო სრულიად აშკარა ძალაუფლება, ძღვენი ღმრთისა და ადამიანთათვის.

დაე, არაფერმა არასოდეს აგავსოს ტკივილებითა და დარდით იმდენად, რომ ქრისტეს აღდგომის სიხარული დაგვიწყებოდეს. სიხარული მხოლოდ ტემპერამენტის საკითხი კი არაა, - საქმე ეხება ღმრთისა და სულთა მსახურებას. მას ყოველთვის სჭირდება ძალისხმევა. ეს კი, უბრალოდ, კიდევ ერთი მიზეზია, რათა მისი მოპოვება სცადო და საკუთარ გულში მისი ზრდა მოინდომო. მაშინაც კი, როცა ცოტა რამ გვექნება გასაცემად, ჩვენ დაგვრჩება სიხარული, რომელიც ღმრთისაგან შეყვარებულ გულში ცოცხლობს.

ყველგან, მთელ მსოფლიოში, ადამიანები მოშიებულნი არიან ღმრთის სიყვარულს, იტანჯებიან მის მიმართ წყურვილით. ჩვენ მოვიკლავთ ამ წყურვილს, თუკი გავავრცელებთ სიხარულს. გარდა ამისა, ის ცდუნებისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. იესოს შეუძლია, მთლიანად დაეუფლოს სამშვინველს, ოღონდ თუკი სამშვინველი მას სიხარულით დაუთმობს თავს.

* * *

ერთხელ მკითხეს: „თქვენ გათხოვილი ხართ?“, მე კი ვუპასუხე: „დიახ, და მე ხშირად მიჭირს, გავუღიმო იესოს, იმიტომ, რომ იგი ძალიან მომთხოვნია“. ღმერთი არსებობს ჩემში უფრო ღრმად და იდუმალად, ვიდრე მე თვითონ: „მისით ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ და ვართ“ (საქმენი 17:28).

იგი ყველას გვაძლევს სიცოცხლეს, ყველა არსებას გვაძლევს ძალასა და ყოფნას. მას რომ ყველა არ გაემხნევებინა თავისი თანამყოფობით, ყველაფერი დამთავრდებოდა და ყველაფერი არარსებობაში დაბრუნდებოდა. იცოდე, რომ შენ გარემოცული ხარ, შეფუთული ხარ ღმრთით, რომ შენ ჩანთქმული ხარ მასში. მისი სიყვარული უსაზღვროა და მასთან ერთად არაფერია შეუძლებელი.

ცხოვრების მიწურულს ჩვენ ვიქნებით
გასამართლებული იმისდა მიხედვით,
თუ როგორ გვიყვარდა.

წმ. იოანე ჯვრისა

ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა,
რომ მისცა თვისი ძე მხოლოდშობილი,
რათა ყველა, ვისაც სწამს იგი,
კი არ წარწყმდეს,
არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.

იესო
იოანე 3:16

6 ძღვნის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მიეცი შენი ხელები, რათა ემსახურო,
და შენი გული, რათა გიყვარდეს.

დედა ტერეზა

მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ:
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ,
რომ ამ საწყალმა ქვრივმაყველა ჩამგდებზე
მეტი ჩააგდო საგანძურში. ვინაიდან ყველა
აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა,
ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე,
მთელი თავისი საბადებელი.

იესო
მარკოზი 12:43-44

მე მოგიყვები ერთ ამბავს. ერთხელ ღამით ჩვენთან მოვიდა ერთი კაცი და მითხრა: „აგერაა ოჯახი, სადაც რვა ბავშვი ჰყავთ და რომელთაც უკვე რვა დღეა, არაფერი უჭამიათ“. ავიღე საჭმელი და მათთან წავედი. თავზარი დამცა ამ ბავშვების შიმშილით დასახიჩრებულმა სახეებმა. მათს გამომეტყველებაში ვერ ამოიკითხავდი ვერც მწუხარებას, ვერც სევდას, მხოლოდ - უდიდეს ტანჯვას, გამოწვეულს შიმშილით. როცა დედას ბრინჯი მივეცი, მან ის ულუფებად გაყო, ერთი ულუფით კი იგი შინიდან გავარდა. როცა იგი დაბრუნდა, შევეკითხე: „სად წახვედით?“. „მეზობლებთან. ისინიც შიმშილობენ“, - უბრალოდ მიპასუხა მან.

მე არ გამკვირვებია მისი გულუხვობა - არსებობენ კი უფრო მეტად გულუხვნი, ვიდრე ღატაკები არიან? გამიკვირდა ის, რომ მან იცოდა მეზობლების შიმშილობის შესახებ. როცა ვიტანჯებით, ჩვენ ხომ ისე ვართ მოცული საკუთარი თავით, რომ საერთოდ არ ვფიქრობთ სხვაზე.

* * *

აქ, კალკუტაში, ზოგიერთი არაქრისტიანი მუშაობს ქრისტიანებთან ერთად: მომაკვდავთა თავშესაფარში, სხვა ადგილებში. სხვები გვეხმარებიან კეთროვანთა მოვლისას. ერთხელ ერთმა ავსტრალიელმა, რომელიც ჩვენთან სტუმრობდა, საკმაოდ ღირებული შემოწირულობა გადმოგვცა. მაგრამ თან დააყოლა: „ყველაფერი ეს, ბოლოს და ბოლოს, ზედაპირული რამეა, ახლა კი მინდა მოგიძღვნათ რამე პირადად ჩემგან“. ამის შემდეგ იგი რეგულარულად დადის მომაკვდავთა თავშესაფარში. იქ იგი ასუფთავებს ავადმყოფებს, ესაუბრება მათ. ეს ადამიანი გვწირავს არა მარტო თავის ფულს, არამედ თავის დროსაც. მას შეეძლო ერთიცა და მეორეც თავისათვის დაეხარჯა. მაგრამ მას სურს საკუთარი თავი ძღვნად მიიტანოს.

ხშირად ვითხოვ, რომ შემოწირულობა არ იყოს ფულადი. მაგრამ რა გვეგულება ისეთი, რაც სრულიად შეუძლებელია ვიყიდოთ? მე ვისურვებდი თავად იმ ადამიანის ყოფნას, რომელიც გასცემს, რათა იგი შეეხოს მათ, ვისაც აძლევს, გაუღიმოს მათ, მიაქციოს ყურადღება.

თუ ჩვენი ღატაკები იხოცებიან შიმშილისაგან, არა იმიტომ, რომ ღმერთმა გაწირა ისინი, არამედ იმიტომ, რომ შენ და მე არა ვართ საკმარისად გულუხვები; იმიტომ, რომ ჩვენ არ წარმოვადგენთ სიყვარულის იარაღს უფლის ხელში; იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვცნობთ ქრისტეს, როცა იგი ისევ და ისევ თვალწინ გვეცხადება მშიერი კაცის, მარტოხელა ქალის, სითბოს მოსაპოვებლად თავშესაფრის მაძიებელი ბავშვის სახით.

ზოგჯერ მდიდრები მიისწრაფვიან სხვებს უწილადონ თავიანთი ქონება, მაგრამ ამას თავისებურად ცდილობენ. სამწუხაროა, რომ ისინი არასოდეს გასცემენ ისე, რათა იგრძნონ, რომ მათაც რამე სჭირდებათ. ახალმა თაობებმა, განსაკუთრებით ბავშვებმა, ეს ბევრად უკეთ იციან. არიან პაწია ინგლისელები, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარ რამეზე, რათა საშუალება ჰქონდეთ, ჩვენს ბავშვებს ფუნთუშა უყიდონ. არიან პაწია დანიელები, რომლებიც შემოსწირავენ, რათა ჩვენმა ბავშვებმა ყოველდღიურად თავიანთი წილი ჭიქა რძე მიიღონ. პაწია გერმანელებიც ასევე იქცევიან, რათა ყველაზე ღატაკებს გამაკაჟებელი წამლები გამოუგზავნონ. აი, კონკრეტული გზები, რათა ვისწავლოთ სიყვარული. როცა ეს ბავშვები გაიზრდებიან, მათ ეცოდინებათ, რა არის გაცემა.

* * *

რამდენიმე ხნის წინათ გავემგზავრე ეთიოპიაში. ჩვენი დები იქ მუშაობდნენ ყველასათვის ცნობილი საშინელი გვალვისას. როცა უკან ვბრუნდებოდი, გარს შემომეხვია ბავშვების ჯგრო. „წაუღე ეს ბავშვებს! მიუტანე მათ!“- ყვიროდნენ ისინი. მათ ხელში ეჭირათ უამრავი საჩუქარი ჩვენი ღატაკებისათვის. შემდეგ ჩემთან მოვიდა სულ პატარა ბიჭი, რომელსაც ცხოვრებაში პირველად მისცეს შოკოლადის ნატეხი, და მან მითხრა: „მე არ მინდა შევჭამო. აიღე, მიეცი ბავშვებს“. ის, რაც მომცა ამ პაწიამ, განუზომელია. მან გასცა ის, რაც მისთვის უსაზღვროდ ძვირფასი იყო. იგი ნამდვილად გასცემდა.

გიგრძვნია კი როდისმე გაცემის სიხარული? მე მინდა, რომ შენ გასცემდე არა სიჭარბის გამო. მე არასოდეს მიმიღია არაფერი იმათგან, ვინც შეწირულობათა გაცემა პროფესიულ კოლექციონერობად აქცია. არასოდეს. მინდა, რომ გასცემდე რამეს თავად შენგან. ყველაზე მთავარია სიყვარული, რომელსაც ჩადებ შენს ძღვენში.

არც ის მინდა, რომ ადამიანები იძლეოდნენ თავიანთი კომფორტის მიზნით, რათა „გაათავისუფლონ ადგილი“. კალკუტაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც იმდენი ფული აქვთ, რომ მათ უბრალოდ სურთ, გათავისუფლდნენ მისგან, - ესე იგი, სხვანაირად რომ ვთქვათ, დამალონ.

არც ისე დიდი ხნის წინათ მივიღე ამანათი, რომელიც „კრაფტის“ ქაღალდში იყო შეხვეული. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მასში? საფოსტო მარკები, ღია ბარათები, კიდევ რაღაც ამგვარი? მე ის გვერდით გადავდე. რამდენიმე საათის შემდეგ ის მაინც გავხსენი და თვალებს არ დავუჯერე, - მასში ოცი ათასი რუპია იყო; მაგრამ არავითარი მინიშნება გამომგზავნზე, არც ერთი სიტყვა, არაფერი. შესაძლოა, გამომგზავნს სწორედ ამ თანხის დაფარვა სურდა გადასახადებისაგან.

არ მიყვარს, როცა მიგზავნიან იმას, რისგანაც გათავისუფლება სურთ. გაცემა - ეს სრულიად სხვა რამეა. ესაა განაწილება.

არ მინდა, რომ გასცე ის, რაც მოგრჩება. მინდა, რომ შენ გასცე ის, რაც სასურველია შენთვის, და რომ შენ შეიგრძნო ეს სწორედ ასე!

ერთხელ მივიღე თხუთმეტი დოლარი ადამიანისაგან, რომელიც ოცი წლის განმავლობაში დამბლადაცემული იყო. ავადმყოფობის გამო იგი მხოლოდ მარჯვენა ხელს ფლობდა. ერთადერთი რამ, რისი ატანაც მას შეეძლო, იყო თამბაქო. და აი, რა მომწერა მან: „ერთი კვირაა, რაც მოწევას თავი დავანებე. აი, თანხა, რომლის დაზოგვაც შევძელი“. ალბათ, ეს მას დიდ ძალისხმევად დაუჯდა. მისი ფულით ვიყიდე პური და გაჭირვებულებს მივუტანე. ასე, გამცემმაც და მიმღებმაც ერთად შეიცნეს სიხარული.

ერთი რამ ყველამ უნდა ვისწავლოთ. უნარი, სხვებს გაუზიარო სიყვარული - ღმრთის წყალობაა. დაე, ჩვენც ვიყოთ ისეთნი, როგორიც იყო იესო. შევიყვაროთ ერთმანეთი, როგორც მან შეგვიყვარა ჩვენ. შევიყვაროთ ერთმანეთი განუყოფელი სიყვარულით. შევიცნოთ საკუთარი გამოცდილებით ღმრთისა და ერთმანეთის სიყვარულის სიხარული.

თითოეული ავადმყოფობის სამკურნალოდ არსებობს უამრავი წამალი და საშუალება. მაგრამ, სანამ არ მოიძებნება მზრუნველი ხელი, რომელიც მზადაა მსახურებისათვის, დიდსულოვანი გული, რომელიც მზადაა ალერსისათვის, არა მგონია, რომ შესაძლებელი იყოს იმ საშინელი სენისაგან განკურნება, რომელსაც სიყვარულის ნაკლებობა ჰქვია.

არც ერთ ჩვენგანს არა აქვს უფლება, განსაჯოს ვინმე, ვინც უნდა იყოს იგი. მაშინაც კი, როცა ვხედავთ, რომ ადამიანი იღუპება და ვერ გაგვიგია, რატომ ხდება ასე. განა იესომ არ დაგვიბარა, რომ არ უნდა განვსაჯოთ? იქნებ ჩვენ თვითონ შევუწყვეთ ხელი იმას, რომ ეს ადამიანები ისეთები გახდნენ, როგორებიც არიან. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ისინი ჩვენი ძმები და დებია. ეს კეთროვანი, ეს ლოთი, ეს ავადმყოფი - ძმები არიან, იმიტომ, რომ ისინიც დიდი სიყვარულისათვის იყვნენ შექმნილნი. ეს არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს. ქრისტემ თვითონ გააიგივა თავი მათთან, როცა თქვა: „რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ“ (მათე 25:40). შესაძლოა, ეს ადამიანები სადღაც ქუჩაში აღმოჩნდნენ, - მოკლებულნი ყოველგვარ ზრუნვასა და სიყვარულს, - იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გავიმეტეთ მათთვის ყურადღება და გულისყური. იყავიუსაზღვროდ ფაქიზი და რბილი ტანჯულ ღატაკთან ურთიერთობისას. ჩვენ ხომ ასე ცუდად გვესმის, თუ რისი ატანა უწევს მას. ყველაზე მძიმე კი ისაა, როცა შენ არ მიგიღებენ.

თუკი რამეს შეუძლია „უზრუნველყოს“ ჩვენთვის ზეცა, ესაა სიყვარულის ქმედებანი, გულმოწყალება და დიდსულოვნება, რომლითაც ჩვენ განვმსჭვალავთ ჩვენს ცხოვრებას. ვიცით კი, თუ რა შეუძლია უბრალო ღიმილს? ჩვენ ვაცხადებთ, რომ ღმერთი გვიღებს, გვიგებს, გვპატიობს. მაგრამ ვართ კი ჩვენ ამის ცოცხალი დადასტურება? ხედავენ კი ჩვენში, ცოცხლებში, მიღების ამ მზადყოფნას, ამ გაგებასა და მიტევებას?

ვიყოთ გულახდილნი ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებებში. გვეყოს გამბედაობა, მივიღოთ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც ვართ. ნუ გავოცდებით, ნუ მივცემთ თავს უფლებას, ავფორიაქდეთ პირად დამარცხებათა გამო; უკეთესია, დავინახოთ სიკეთე, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩაბუდებული. ვიპოვოთ ის, რადგან ყოველი ჩვენგანი შეიქმნა ღმრთის ხატად. ნუ დაგავიწყდება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არა ვართ წმიდანნი, მაგრამ შევეცადოთ გავხდეთ. ამიტომ ვიყოთ უკიდურესად მშვიდნი საკუთარ შეცდომათა და წარუმატებლობათა მიმართ.

გამოვიყენოთ ჩვენი ენა მხოლოდ სხვების სასიკეთოდ, რადგან ბაგენი გულის სიუხვიდან მეტყველებენ. სანამ გასცემ, გასაცემი უნდა გქონდეს. ის ადამიანი, ვისი მიზანიც გაცემაა, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვითარდებოდეს ღმრთის შეცნობაში.

* * *

ერთხელ, არც ისე დიდი ხნის წინათ, ჩემთან მოვიდა ერთი ძალიან მდიდარი ინდოელი ქალბატონი. დაჯდა თუ არა, მან განმიცხადა: „მსურს, რომ თქვენს საქმიანობაში მივიღო მონაწილეობა“. ინდოეთში სულ უფრო მეტი ადამიანი გვთავაზობს დახმარებას ამგვარი სახით. მე დასტური მივეცი. მაგრამ მან მაშინვე გამიმხილა თავისი ერთ-ერთი სისუსტე: „მე მიყვარს ნატიფი სარი“. ის, რაც მას ეცვა, ალბათ, რვაასი რუპია მაინც ღირდა, ესე იგი, დაახლოებით ასჯერ ძვირი, ვიდრე ჩემი სამოსი.

მე დავიწყე ლოცვა ქალწული მარიამის მიმართ, რათა იგი დამხმარებოდა, მეპოვა სწორი პასუხი ამ ქალის სიტყვებზე. მაშინ მას ვუთხარი: „დავიწყოთ სარით. როცა შემდგომში შეიძენთ, რვაას რუპიად ღირებულის სანაცვლოდ, იყიდეთ ისეთი, ხუთასი რუპია რომ ღირს, ხოლო დარჩენილი თანხით იყიდეთ რამდენიმე ცალი იმ ქალებისათვის, რომლებსაც ის საერთოდ არა აქვთ“. დღეს ეს ქალბატონი ას რუპიად ღირებულ სარის ატარებს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ნება არ დავრთე, უფრო იაფფასიანი ეტარებინა. მან აღიარა, რომ მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე გასცა. ასე მგონია, რომ ადამიანი, რომელიც მიჯაჭვულია სიმდიდრეზე, სინამდვილეში ერთ-ერთი უღატაკესია. მაგრამ, თუ იგი დაიწყებს თავისი ფულის გამოყენებას ღატაკთა მსახურებისათვის, ის ხდება მდიდარი, ძალიან მდიდარი.

სიფაქიზემ მოაქცია უფრო მეტი სული, ვიდრე მონდომებამ, ცოდნამ და მჭევრმეტყველებამ. იქ, სადაც სიფაქიზეა, სიწმიდე სწრაფად იმატებს. მსოფლიო დაჟინებით ეძებს სიფაქიზესა და სირბილეს.

ნუ დაგავიწყდება: ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი.

ბუნებისმიერი სინდისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავმიჯნოთ კეთილი და ბოროტი, ყოველ ადამიანში არსებობს. მე ურთიერთობა მაქვს ათასობით ადამიანთან, როგორც ქრისტიანებთან, ისე არაქრისტიანებთან, და ვხედავ, როგორ იღწვის ეს სინდისი მათს ცხოვრებაში, როგორ აახლოვებს მათ ღმერთთან. თითოეულ ჩვენგანში ცხოვრობს ღმრთის უსაზღვრო წყურვილი. ყველას რომ უნარი გვქონოდა, ღმრთის ხატი აღმოგვეჩინა ჩვენს მოყვასში, განა ტანკები და გენერლები დაგვჭირდებოდა?

გიყვარდეს თავდაუზოგავად იგი,
ვინც თავდაუზოგავად შეეწირა
შენს მიმართ სიყვარულს.

წმ. კლარა ასიზელი

გაეცით და მოგეცემათ.

იესო
ლუკა 6:38

7 სიწმიდის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი მისიაა, გადავცეთ ღმრთის სიყვარული,
ოღონდ არა მკვდარი ღმრთისა,
არამედ ცოცხალი ღმრთისა,
სიყვარულის ღმრთისა.

დედა ტერეზა

ასწავლეთ მათ, დაიცვან ყველაფერი,
რაც მე გიბრძანეთ;
და აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ,
ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამენ.

იესო
მათე 28:20

ჩვენ უნდა გვაფიქრებდეს ის, რასაც ღმერთი გვეუბნება და არა ის, თუ რას ან ვის იყენებს იგი, რათა ეს გვითხრას. მე მხოლოდ კალამი ვარ მის ხელში. ხვალ იგი იპოვის ვისმე, ჩემზე მეტად უფრო უმნიშვნელოს, უფრო უიარაღოს და მე მგონია, რომ მასთან ერთად და მისი მეშვეობით უფრო მეტ სასწაულს მოახდენს.

ყველამ ვიცით ეს. იგია ღმერთი, რომელსაც ვუყვარვართ, - იგი, რომელმაც შეგვქმნა. როცა მას მივმართავთ, შეგვიძლია შევთხოვოთ: „მამაო ჩვენო, დამეხმარე მე! მსურს ვიყო წმიდა, მსურს ვიყო კეთილი, მსურს მიყვარდეს“. წმიდანობა ფუფუნება არაა, რომელიც შემოსაზღვრულია რაღაც ელიტური წრით; ის სულაც არაა განკუთვნილი ზოგიერთ რჩეულთათვის. ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ ამისათვის, - შენც, მეც და ყველა სხვა დანარჩენი. ეს არაა რთული ამოცანა, რადგან სიყვარულის სწავლით ჩვენ სიწმიდეს ვსწავლობთ.

თუ გინდა, რომ წმიდანი გახდე, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გინდოდეს. იესოს სურს, რომ ჩვენ წმიდანნი ვიყოთ, იმგვარნი, როგორიცაა მისი მამა. წმიდანობა ნიშნავს, სიხარულით აღასრულო ღმრთის ნება.

იმის თქმა, რომ წმიდანობა გსურს, ამას ნიშნავს: „მსურს გავთავისუფლდე ყველაფრისაგან, რაც არ არის ღმერთი. მე ვათავისუფლებ გულს ყოველივე მატერიალურისაგან. მე უარვყოფ ჩემს საკუთარ ნებას, ჩემს გემოვნებას, ჩემს ოცნებებს, ჩემს მერყეობას; და მე გავხდები ღმრთის ნების მგზნებარე მონა“.

იმისათვის, რათა გახდე წმიდა, საჭიროა მორჩილება და ლოცვა. იესომ გვასწავლა, როგორ ვილოცოთ; მან დაგვმოძღვრა, რომ მივბაძოთ მას და ვისწავლოთ თვინიერება და გულწრფელი მორჩილება. მაგრამ აქედან ვერაფერს განვახორციელებთ, თუ არ გვეცოდინება, რა არის მდუმარება. მორჩილება, ისევე როგორც ლოცვა, იმატებს სმენის, გონებისა და ენის წყალობით, რომელმაც იგემა მდუმარება ღმრთის სიახლოვეს, - მდუმარება, სადაც თავად ღმერთი მიმართავს გულს. შევეცადოთ, მართლა დავეუფლოთ სიწმიდის გაკვეთილს, რომელიც იესომ ჩაგვიტარა, თავისი თვინიერი და მორჩილი გულით. პირველი გაკვეთილი, რომელსაც გვიტარებს მისი გული, - ესაა გამოვცადოთ ჩვენი სინდისი, ხოლო დანარჩენი - სიყვარული, მსახურება - უთუოდ მოვა.

ასეთი გამოცდა მოხდება არა მხოლოდ ჩვენი საკუთარი საშუალებებით, არამედ, უფრო მეტად, ჩვენსა და იესოს შორის სიღრმისეული გაცვლით. ერთი წუთიც არ დაკარგო საკუთარ უძლურებათა საჭვრეტად. ჩვენ უნდა ავამაღლოთ გული ღმერთთან და ხელი არ შევუშალოთ მის შუქს, გაგვანათოს ჩვენ.

თუ მორჩილი ხარ, არაფერი შეგეხება: არც ქება, არც ზიზღი, იმიტომ, რომ გეცოდინება, ვინ ხარ შენ. თუ გკიცხავენ, შენ ეს არ შეგეხება; თუ ვინმე წმიდანად მიგიჩნევს, ამით არ იტრაბახებ. თუ მართლა წმიდანი ხარ, - დიდება ღმერთს! თუ ცოდვილი ხარ, ნუ დარჩები ასეთად. ქრისტე ჩვენგან ითხოვს, დავისახოთ ყველაზე მაღალი მიზნები, ვემსგავსოთ არა მარტო აბრაამს, დავითს ან სხვა მართალთ, არამედ ზეციერ მამას!

„თქვენ კი არ ამირჩიეთ მე, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ“.

იესო
იოანე 15:16

* * *

ჩემში განუწყვეტლად ცოცხლობს განცდა, რომ ყველგან, უსასრულოდ, ხელახლა ცოცხლდება ქრისტეს ტანჯვა. ვართ კი მზად მასში მონაწილეობისათვის? ვართ კი მზად, გავიზიაროთ სხვისი ტანჯვა, და არა მხოლოდ იქ, სადაც სიღატაკე სუფევს, არამედ ყველგან, მთელს დედამიწაზე? ასე მგონია, რომ დასავლეთს უფრო გაუჭირდა სიღატაკისა და ტანჯვის პრობლემათა გადაწყვეტა. როცა ქუჩაში მშიერ კაცს ვუპატრონებ და მას ერთი ჯამი ბრინჯით ან პურის ნატეხით ვაპურებ, ამით მას შიმშილს ვუმსუბუქებ. მაგრამ დაცემული ადამიანი, - რომელიც გრძნობს, რომ არავის სჭირდება, არავის უყვარს, რომელსაც არ ტოვებს შიში, რომელმაც იცის, რომ იგი მოკვეთილია საზოგადოებისაგან, - ჩავარდნილია ბევრად უფრო ღრმა და მანკიერ სიღატაკეში. ამგვარი სიღატაკის საწინააღმდეგო საშუალებათა პოვნა ბევრად უფრო ძნელია.

ადამიანები მოშიებულნი არიან ღმერთს. მათ სწყურიათ სიყვარული. ვაცნობიერებთ კი ამას? ვიცით კი ამის შესახებ? ვხედავთ კი? გვაქვს კი თვალები, რომ ეს დავინახოთ? როგორ ხშირად ვაცეცებთ თვალებს, არსად ვაჩერებთ ჩვენს მზერას, თითქოს უბრალოდ მივხეტიალობთ ამ სოფლად, მივაბიჯებთ ახლომახლო. ჩვენ უნდა გავახილოთ თვალები და დავინახოთ.

ჩვენ არ შეგვიძლია ქრისტეს ნახვა: როგორ გამოვხატოთ მის მიმართ სიყვარული? მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ მოყვასს და შეგვიძლია მისთვის გავაკეთოთ ის, რასაც ქრისტესთვის გავაკეთებდით. ვიყოთ გახსნილნი ღმრთის მიმართ, რათა მან შეძლოს ჩვენი გამოყენება. გავხადოთ ჩვენი სიყვარული ქმედითი. დავიწყოთ საკუთარი ოჯახით, კარის მეზობლებით. ეს ძნელია, მაგრამ ყველაფერი სწორედ აქ იწყება. ჩვენ ვართ ქრისტეს თანამუშაკნი, ნაყოფიერი რტონი, ვაზზე ამოზრდილნი.

გახსოვდეს ეს. თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იმისათვის, რათა გიყვარდეს რომელიმე ადამიანი, საჭიროა მიუახლოვდე მას. თუ დაველოდებით გაჭირვებულთა განსაზღვრულ რაოდენობას, რათა ვიმოქმედოთ, მაშინ ჩვენ ჩავიკარგებით ციფრებსა და სტატისტიკაში, და ვერასოდეს შევძლებთ პატივისცემისა და სიყვარულის გამოვლინებას ნებისმიერის მიმართ. ჩემთვის ამ სოფლად ყველა არსება განუმეორებელია.

* * *

როცა ჩვენი დები ცეილონზე იმყოფებოდნენ, ამ ქვეყნის ერთ-ერთმა მინისტრმა მითხრა ასეთი საოცარი რამ: „იცით, დედაო, მე მიყვარს ქრისტე, მაგრამ მძულს ქრისტიანები“. მე ვკითხე, როგორ შეიძლება ასე? „იმიტომ, რომ ქრისტიანებს არ მოაქვთ ჩვენთან ქრისტე. ისინი არ ცხოვრობენ თავიანთი ქრისტიანული ცხოვრების მთელი სისავსით“. განდჰიც დაახლოებით ამდაგვარად ამბობდა: „ქრისტიანებს რომ ჭეშმარიტად ქრისტიანულად ეცხოვრათ, ინდოეთში ერთი ჰინდუისტიც არ დარჩებოდა“. განა ეს მართალი არ არის? ქრისტეს მიმართ სიყვარული უნდა წაგვიძღვეს, რათა დავიხარჯოთ ბოლომდე, დაუთვლელად.

როგორია ღმრთის სრული ნება ჩვენს მიმართ? შენ უნდა გახდე წმიდანი. წმიდანობა ყველაზე დიდი ძღვენია იმ ძღვენთა შორის, რაც ღმერთს შეუძლია მოგვცეს, - იმიტომ, რომ ჩვენ მან ამისათვის შეგვქმნა. მას, ვისაც უყვარს, მორჩილებას მოვალეობაზე წინ დააყენებს; აქაა წმიდანობის საიდუმლო.

როგორც წმ. ფრანჩესკო ამბობს, თითოეული ჩვენგანი არის ის, რაც იგი ღმრთის თვალში არის, - არც მეტი და არც ნაკლები. ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ, გავხდეთ წმიდანნი. ამ მოწოდებაში უჩვეულო არაფერია. ჩვენ შექმნილნი ვართ ღმრთის ხატად, - იმისათვის, რათა გვიყვარდეს და ვუყვარდეთ.

იესოს გამოუთქმელად მხურვალედ სურს ჩვენი სრულყოფილება. „ვინაიდან ესაა ნება ღმრთისა: სიწმიდე თქვენი“ (1 თესალონიკელთა 4:3). მისი უწმიდესი გული აღსავსეა დაუცხრომელი სურვილით, დაინახოს, თუ როგორ მივდივართ წინ ამ გზით.

ყოველდღიურად უნდა განვაახლოთ ჩვენი გადაწყვეტილება, მივაღწიოთ სულ უფრო მეტ მგზნებარებას, თითქოს ეს ხდებოდეს ჩვენი მოქცევის პირველ დღეს, და უნდა ვთქვათ: „დამეხმარე მე, უფალო ღმერთო ჩემო, ყველა ჩემს კეთილ გადაწყვეტილებაში, შენს მიმართ მსახურებაში, და მიწყალობე მე დღეს ნამდვილად დაწყების უნარი, რადგან ყველაფერი, რაც აქამდე გამიკეთებია, არაფერია“.

მაგრამ ჩვენ ვერ განვახლდებით, თუკი არ გვყოფნის მორჩილება ვაღიაროთ, თუ ჩვენში კერძოდ რისი განახლება გვჭირდება.

ნუ გეშინია. ჯვარი და დაბრკოლებანი მოვლენ შენთან, როგორც ნამდვილი ნიშანი იმისა, რომ იესომ იმდენად მიგაახლოვა საკუთარ გულთან, თავისი ტანჯვაც კი შეუძლია გაგინაწილოს. ღმრთის გარეშე ჩვენს გარშემო შეგვიძლია დავთესოთ მხოლოდ შფოთვა და დარდი.

ჩვენ ყველანი ისე მივისწრაფვით სამოთხისაკენ, სადაც ღმერთი იმყოფება, მაგრამ ეს ხომ ჩვენს ხელთაა - ვიყოთ მასთან ზეცაში აქ და ახლა,და გავიხაროთ მასთან ერთად ამ წუთას. იმისათვის, რათა ვიყოთ ბედნიერნი მასთან ერთად აქ და ახლა, საჭიროა გვიყვარდეს ისე, როგორც მას უყვარს, დავეხმაროთ ისე, როგორც იგი ეხმარება, გავცეთ ისე, როგორც იგი გასცემს, ვიმსახუროთ ისე, როგორც იგი მსახურობს, მხარში ამოვუდგეთ ისე, როგორც მან იცის მხარში ამოდგომა, ვიცხოვროთ გვერდიგვერდ მასთან ერთად დღე და ღამე, ვიგრძნოთ მისი ყოფნა მიტოვებულობის სამოსელქვეშ.

იესო დაგეხმარება შენს საქმიანობაში, თუ შენ საშუალებას მისცემ, თუ შენ ხელს არ შეუშლი. ჩვენ ვერევით ღმრთის ჩანაფიქრში, როცა იქ შევუშვებთ შეუსაბამო რამეს ან ვინმეს. იყავი მკაცრი საკუთარი თავის მიმართ სულის სიღრმეში, მაგრამ იყავი მკაცრი იმის მიმართაც, რასაც გარედან მიიღებ. მაშინაც კი, თუკი შენს გვერდით ლაპარაკობენ შესანიშნავ რამეებზე, ჩაიფიქრებენ საოცარ გეგმებს, მაინც არაფერმა უნდა გათქმევინოს უარი იმ კონკრეტულ ძღვენზე, რომელიც შენ ღმერთს მიუძღვენი.

შევთხოვოთ უფალს, რომ ცდუნების ჟამს იგი იყოს ჩვენ გვერდით. ნუ შეგვეშინდება, იმიტომ, რომ ღმერთი, რომელსაც ვუყვარვართ, არ დაახანებს დასახმარებლად მოსვლას. თუმცა ორმაგი პატივისცემა - საკუთარი თავისა და სხვებისადმი - გვავალებს მოვექცეთ ყველას კეთილგანწყობით, მაგრამ ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე.

არავითარი სასოწარკვეთა, არავითარი დაბნეულობა! ეს ხომ ყოველგვარ აზრს კარგავს იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩავწვდებით ღმრთაებრივი სიყვარულის სიფაქიზეს. შენ ძვირფასი ხარ მისთვის. მას უყვარხარ ისე ფაქიზად, რომ თავის ხელებზე აღგბეჭდა. როცა შენი გული შფოთავს, როცა ის დასერილია, როცა ის მზადაა გასასკდომად, გაიხსენე და გაიმეორე შენთვის: „მე ძვირფასი ვარ მის თვალში. მე მას ვუყვარვარ. მე მან მომიხმო სახელით. მე ვეკუთვნი მას. მას მე ვუყვარვარ. მე ღმერთს ვუყვარვარ“. ამ სიყვარულის დასამტკიცებლად იგი მოკვდა ჯვარზე.

როგორ არ ვგავართ მას. რა მცირეა ჩვენში სიყვარული, თანალმობა, გულმოწყალება, სიფაქიზე. ჩვენ არ ვართ ღირსნი, ვიყოთ ასე ახლოს მის გვერ როგორ არ ვგავართ მას. რა მცირეა ჩვენში სიყვარული, თანალმობა, გულმოწყალება, სიფაქიზე. ჩვენ არ ვართ ღირსნი, ვიყოთ ასე ახლოს მის გვერდით, ასე მისაწვდომი იყოს მისი გული. როგორ ვაღრმავებთ მის ჭრილობებს ჩვენი ცოდვებით. ამიტომ ნუ ვივლით მარტოობაში, ვანდოთ ჩვენი ხელი მის ხელს. ჩვენს მამას ვუყვარვართ. მან მოგვცა სახელი. ჩვენ ვეკუთვნით მას ყველა ჩვენი უბადრუკობით, ყველა ჩვენი ცოდვით, სისუსტეებითა და სიკეთითაც კი. ჩვენ მისნი ვართ. ჩვენი სიცოცხლის განხორციელება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ღრმად და თავისუფლად ვიქნებით დაფუძნებულნი იესო ქრისტეში, ჩვენს უფალში.

როცა ინდოეთში უმაღლესი რანგის ფუნქციონერები შემეკითხნენ: „თქვენ რა, ცდილობთ ჩვენ ყველანი ქრისტიანებად გვაქციოთ?“, მე ასეთი პასუხი გავეცი: „რა თქმა უნდა, მე მინდა გადმოგცეთ ის საგანძური, რომელიც მე მაქვს, მაგრამ არ შემიძლია. მე შემიძლია მხოლოდ ვილოცო, რათა ის თქვენც მოიპოვოთ“.

ერთხელ ერთი კაცი შემეკითხა: „რატომ მიემგზავრებით საზღვარგარეთ? განა ინდოეთში ცოტა ღატაკია?“. მე ასე ვუპასუხე: „იესომ ხომ მოგვიწოდა, წავიდეთ და ვიქადაგოთ ყველა ხალხს შორის“ . ამისათვის ჩვენ უნდა მოვიაროთ მთელი დედამიწა, მივიტანოთ უწყება მისი სიყვარულისა და თანალმობის შესახებ. კიდევ ერთი შემთხვევა: როცა ერთმა ინდოელმა ექიმმა დაინახა, როგორი მზრუნველობით უვლიდა ავადმყოფს ერთი ჩვენი და, - ავადმყოფს, რომელიც მისმა კოლეგებმა უკვე განუკურნებლად მიიჩნიეს, - ექიმმა გამანდო: „მე აქ უღმერთო მოვედი. აქედან ღმერთთან ერთად მივდივარ“.

ზნეობრივი გარდაქმნის მუშაკობა მდუმარებაში გავრცელდება, პატივისცემისა და სიყვარულის მეშვეობით. და ის მით უფრო უკეთ იქნება მიღებული, რაც უფრო შეუმჩნეველი დარჩება. სამშვინველიდან სამშვინველამდე - ერთი სამშვინველი გადასცემს, მეორე კი იღებს.

* * *

ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენი ცხოვრების მაგალითით, რომელიც მთლიანად უნდა განვვლოთ ჩვენს უფალში, იესო ქრისტეში, და მასთან ერთად ცხოვრებით; ჩვენ უნდა დავამოწმოთ სახარების ჭეშმარიტება ჩვენი აბსოლუტური ერთგულებითა და მხურვალე სიყვარულით ქრისტესა და მისი ეკლესიის მიმართ. ამასთან ერთად, ღმრთის სიტყვა უნდა მოვფინოთ უშიშრად, ღიად, მკაფიოდ, ისე, როგორც გვასწავლის ეკლესია და ყოველთვის, როგორც კი საშუალება მოგვეცემა.

მხარში უნდა ამოვუდგეთ იმათ, ვინც ცდუნებას განიცდის, - ჩვენი ლოცვით, მონანიებით, გაგებით; და, როცა შესაძლებელი იქნება, შევეწიოთ მათ იმ სიტყვებით, რომელთაც უნარი აქვს დაეხმაროს ადამიანებს მათს მარტოობაში; ვიზრუნოთ ავადმყოფებსა და სასოწარკვეთილებზე სიყვარულითა და ყურადღებით პირადად თითოეულის მიმართ; თანავუგრძნოთ მათ თავიანთ ტკივილებსა და შიშში; მათთან ერთად ვითხოვოთ, რათა მათ ზეგარდმო განკურნება და შვება ერგოთ; გავამხნევოთ ისინი, რათა მათ შეძლონ თავიანთი ტანჯვა მიუძღვნან უფალს ამ სოფლის სახსნელად.

მოთმინებით უნდა ავიტანოთ უსამართლობა და არ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ბოროტების ჩამდენთ. თუ მარჯვენა ლოყაში გაგვარტყამენ, მივუშვერთ მარცხენას; თუ რამეს წაგვართმევენ, ნუ ვეცდებით წართმეული უკან დავიბრუნოთ. ვაპატიოთ შეურაცხყოფა, მოვსპოთ შურისძიების სულისკვეთება და მივუზღოთ ბოროტებას სიკეთით, შევიყვაროთ ჩვენი მტრები და ვილოცოთ ჩვენს მდევნელებზე, ვაკურთხოთ იგი, ვინც ჩვენ გვწყევლის.

* * *

აი, ნდობისა და სიყვარულის გზა:

...მივეცეთ სრულად, უსიტყვოდ და მოუბრუნებლად ღმერთს, ჩვენს მამას, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ ყველაფერი დაკარგულია.

...მხოლოდ იგი მივიჩნიოთ ჩვენს სიმტკიცედ და საყრდენად.

...უარი ვთქვათ ეჭვებსა და სასოწარკვეთაზე, ვანდოთ ყველა შიში და საზრუნავი უფალს და გავაგრძელოთ სვლა წინ სრულიად თავისუფლად.

...ვიყოთ უშიშარნი ყველა წინააღმდეგობის წინაშე და ვიცოდეთ, რომ ღმრთისათვის არაფერია შეუძლებელი.

...ყველაფერში მივენდოთ ჩვენს ზეციერ მამას უშუალო ბავშვური გზნებით, ამასთან ერთად, ვიყოთ დარწმუნებული ჩვენს სრულ არარსებობაში და თამამად ვირწმუნოთ მისი მამობრივი სიკეთე.

მივუძღვნათ მადლობა ღმერთს მთელი იმ სიყვარულისთვის, რომელიც მას ჩვენს მიმართ აქვს და რომელსაც ამჟღავნებს ასეთი სხვადასხვაგვარი ხერხებითა და ყველგან. ჩვენ კი პასუხად, მადლიერებითა და თაყვანისცემით, ავირჩევთ სიწმიდეს, იმიტომ, რომ იგი წმიდაა.

როგორც კი მივხვდი, რომ ღმერთი არსებობს,
მივხვდი ისიც, რომ ვერ შევძლებ ვიცხოვრო ისე,
თუ არა მხოლოდ მისთვის...
რწმენა ნიღაბს აცლის სამყაროს და
ყველაფერში დაგვანახებს ღმერთს.
რწმენა ყველაფერს შესაძლებელს ხდის და
უაზრობად აქცევს ისეთი ცნებებს,
როგორებიცაა: შფოთვა, ხიფათი, შიში.
ასე რომ, მორწმუნე ცხოვრებას გაივლის
მშვიდად და უშფოთველად,
გამხნევებული ღრმა სიხარულით,
რომელსაც, ბავშვის მსგავსად,
ხელი დედისათვის აქვს ჩაკიდებული.

შარლ დე ფუკო

ახლა კი გწამთ? აჰა, მოდის ჟამი,
და მოვიდა კიდეც, როცა სათითაოდ
გაიფანტებით და მარტო
დამტოვებთ; მაგრამ არა ვარ მარტო,
ვინაიდან მამა ჩემთანაა.
ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში.
ჭირი გექნებათ ქვეყნად;
მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანა.

იესო
იოანე 16:31-33

8 შრომისა და მსახურების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ასე მგონია, რომ თუ ღმერთი
ჩემზე უსარგებლო ადამიანს იპოვის,
მისი საშუალებით იგი კიდევ უფრო
დიდ საქმეებს მოიმოქმედებს.
იმიტომ, რომ ეს საქმე - მისი საქმე იქნება.

დედა ტერეზა

და მითხრა მე: შენთვის საკმარისია
ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა
აღსრულდება უძლურებაში.
ამიტომაც მეტი ხალისი
დავიქადი ჩემს უძლურებას
რათა ქრისტეს ძალა დაემკვიდროს ჩემში.

იესო - პავლეს
2 კორინთელთა 12:9

ხდება ხოლმე, რომ, როცა ვმუშაობ, ვერ ვახერხებ, მთელი ყურადღება ღმერთს მივაპყრო, - მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ღმერთი ამას არც ითხოვს ჩემგან. მაინც, მე შემიძლია მთელი ძალით ვისურვო და ვისწრაფვო, ჩემი შრომა იესოსთან ერთად და იესოსთვის შევასრულო. ეს შესანიშნავია და სწორედ ეს უნდა ღმერთს. მას უნდა, რომ ჩვენი ნება და ჩვენი სურვილი მიმართული იყოს მისკენ, ჩვენი ოჯახისაკენ, ბავშვებისაკენ, ძმებისა და ღატაკებისაკენ.

თითოეული ჩვენგანი სრულიად უბრალო ხელსაწყოს წარმოადგენს. თუ დავაკვირდებით ელექტრომოწყობილობას, ჩვენ დავინახავთ ერთმანეთზე გადახლართულ დიდ და პატარა, ძველ და ახალ, იაფფასიან და ძვირფას მავთულებს. თუ მათში დენი არ გაივლის, შუქი არ აინთება. ეს მავთულები - მე და შენ ვართ. დენი ღმერთია.

ჩვენ შეგვწევს უნარი, ჩვენში გავატაროთ დენი, საშუალება მივცეთ მას, გამოგვიყენოს ჩვენ და ავანთოთ ამ სოფლად შუქი, ან არადა, უარი ვთქვათ, რომ გამოყენებული ვიქნეთ და ამით ხელი შევუწყოთ წყვდიადის გავრცელებას.

* * *

შესაძლოა, მეზობელ ბინაში ან მეზობელ სახლში ცხოვრობს ბრმა, რომელსაც გავახარებთ ჩვენი მისვლით და იმით, რომ გაზეთს ხმამაღლა წავუკითხავთ. შესაძლოა, იქ ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც ისეთი რამე სჭირდება, რაც შენ უმნიშვნელოდ, ძალიან უბრალოდ გეჩვენება, მაგალითად, რათა ვიღაცა დარჩეს მათ ბავშვთან ნახევარი საათით. არის ბევრი ისეთი წვრილ-წვრილი რამ, რაც იმდენად უმნიშვნელოდ გვეჩვენება, რომ ზოგიერთები საერთოდ ივიწყებენ მას.

არასოდეს ვაზროვნებ მასების, ჯგუფების კატეგორიებით, არამედ ყოველთვის აღვიქვამ მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს. თუკი ვიფიქრებდი ბევრზე, მასებზე, ვერასოდეს ვერაფერს მოვიმოქმედებდი. ჩემთვის მთავარია პიროვნება. მე პირისპირ შეხვედრისა მჯერა.

გულის სისავსე ვლინდება ჩვენს ქმედებებში: იმაში, თუ როგორ ვექცევი იმ კეთროვანს ან ამ მომაკვდავს, იმ უსახლკაროს. ხშირად აღმოჩნდება, რომ უსახლკაროსთან მუშაობა უფრო ძნელია, ვიდრე ჩვენი თავშესაფრის მომაკვდავთან, იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს აქვს მეტი სიმშვიდე, მოლოდინი, ღმერთთან მისვლის მზადყოფნა.

როცა ავადმყოფს ან კეთროვანს უახლოვდები, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ ქრისტეს სხეულს ეხები. მაგრამ როცა ლაპარაკია ლოთზე, რომელიც ღრიალებს ქუჩაში, ძნელია იფიქრო, რომ თვალწინ ხედავ იესოს. როგორი სუფთა და სიყვარულით აღსავსე უნდა იყოს ჩვენი ხელები, რათა ამ ადამიანების მიმართ თანალმობა გამოვამჟღავნოთ.

დავინახოთ იესო ადამიანში, სულიერად ყველაზე უბადრუკ ადამიანში, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სუფთა გული გვაქვს. რაც უფრო მეტად არის დასახიჩრებული ღმრთის სახება ადამიანში, მით უფრო მეტი რწმენითა და მოწიწებით უნდა ვეძებოთ მასში იესოს სახე და ვემსახუროთ მას. ჩვენ პატივად მიგვაჩნია ვემსახუროთ ქრისტეს, შეფარულს სულიერად ყველაზე ღატაკთა ძონძებქვეშ. გავაკეთოთ ეს ღრმა მადლიერებითა და ღმრთისმოშიშებით, მოყვასისადმი დახმარების მგზნებარე სულისკვეთებით.

მსახურების სიყვარული და სიხარული ამ შრომის არამიმზიდველობის პროპორციული უნდა იყოს. მე რომ ვერ შემძლებოდა, მიმეხედა ქალისათვის, რომელიც ვირთხების მიერ იყო დაკბენილი, - სახეზე, ფეხებზე და ა.შ., - მე ვერ შევძლებდი გულმოწყალების მისიონერი გავმდარიყავი. ზიზღი ნორმალური ადამიანური გრძნობაა. მიუხედავად ამგვარი გრძნობებისა, თუ მსახურებას თავს ვსწირავთ მთელი გულით, თავისუფალი ნებით, მაშინ გავხდებით წმიდანები. წმ. ფრანჩესკო ასიზელი კეთროვანთა დანახვისას თავდაპირველად გულის ზიდებას განიცდიდა, მაგრამ შემდგომ მან თავისი ზიზღი დაძლია.

რასაც უნდა აკეთებდე, თუნდაც, უბრალოდ, ვიღაცას ქუჩაზე გადასვლისას დაეხმარო, შენ ამას იესოს უკეთებ. ჭიქა წყლის მიწოდებისას შენ მას იესოს აწოდებ. ეს სულ მცირე რჩევაა, მაგრამ უსაზღვროდ მნიშვნელოვანი, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად აცისკროვნებს სიცოცხლეს.

ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ქრისტეს სიყვარულისა, იმგვარი სიყვარულისა, როგორითაც მას ვუყვარვართ. ნებისმიერი შრომა, - თუნდაც ის მოკრძალებული და შეუმჩნეველი იყოს, - ქრისტესადმი ქმედითი სიყვარულით უნდა აკეთო.

და რაც უნდა მშვენიერი იყოს შენი საქმე, ნუ იქნები მასზე მიჯაჭვული, - იყავი ყოველთვის მზად, უარი თქვა მასზე. ის, რასაც შენ აკეთებ, შენი არ არის. ნიჭი, რომლითაც ღმერთმა დაგაჯილდოვა, შენ არ გეკუთვნის; ის შენ მოგეცა, რათა ღმრთის სადიდებლად გამოიყენო. იყავი დიდსულოვანი და გამოიყენე ყველაფერი, რაც შენშია, რათა სათნოეყო უფალს. რა უნდა ვისწავლოთ? ვიყოთ თვინიერნი და მორჩილნი. თუკი ჩვენ ამგვარნი გავხდებით, ვისწავლით ლოცვას; თუკი ლოცვას ვისწავლით, იესოს მივეკუთვნებით; თუკი მას მივეკუთვნებით, რწმენას ვისწავლით; თუკი რწმენას ვისწავლით, სიყვარულს ვისწავლით; ხოლო სიყვარულის უნარის მოპოვებით მსახურებას ვისწავლით.

იმყოფებოდე ლოცვაში. ლოცვით მოიპოვებ რწმენას, რწმენის მოპოვების შემდეგ კი ბუნებრივად გაგიჩნდება მსახურების სწრაფვა. მას, ვინც ლოცულობს, რწმენა ძალუძს; როცა რწმენაა, ის აუცილებლად მიისწრაფვის, გახდეს ქმედითი. რწმენა ქმედებაში - სწორედ ეს არის მსახურება.

ემსახურო სხვას - სიყვარულის ნაყოფია. სიყვარულს მივყავართ იმისკენ, რომ ვთქვათ: „მე მსურს მსახურება“. სრულყოფილი მსახურების ნაყოფს კი მშვიდობა წარმოადგენს. ჩვენ ყველამ მშვიდობის დასამკვიდრებლად უნდა ვიმსახუროთ.

* * *

რამდენიმე დღის წინ მკითხეს, თუ რა რჩევას მივცემდი პოლიტიკოსებს. მე არ მიყვარს ამ საკითხებში ჩარევა, მაგრამ ამჯერად პასუხი მყისვე მომივიდა: „მათ მეტი დრო უნდა გაატარონ მუხლებზე. მე მგონია, რომ ეს მათ დაეხმარებოდა უკეთ მართვაში“.

ეცადე, იყო ღმრთის ანარეკლი იმ საზოგადოებაში, სადაც ცხოვრობ. ჩვენ ხშირად ვხედავთ, როგორ უბრუნდებათ უპოვართა სულებს სიხარული, როცა ისინი ამჩნევენ, რომ ჩვენ, ვინც ვზრუნავთ მათზე და ვისაც გვიყვარს ისინი, ბევრნი ვართ. ხოლო თუ საუბარია სნეულებზე, ამ შემთხვევაში მათი ჯანმრთელობა უმჯობესდება.

ნურასოდეს დაგვავიწყდება, რომ, როცა ღატაკებს ვემსახურებით, ჩვენ გვეძლევა შესანიშნავი შესაძლებლობა, ღმრთივსასურველი საქმე ვაკეთოთ. როცა მთელი გულით ვსწირავთ თავს ღატაკებს, მათი სახით - მათი დამახინჯებული სახით - თვით ქრისტეს ვემსახურებით. მან ხომ თავად თქვა: „ამით მე შემეწიეთ“.

ხელიდან არ გაუშვა თვით ყველაზე მცირედი
მსხვერპლის გაღების არანაირი შესაძლებლობა,
იქნება ეს ღიმილი თუ საამებელი სიტყვა;
აკეთე გულმოდგინებით ყველაზე
წვრილმანი საქმე და ეს ყველაფერი
სიყვარულით აკეთე.

წმ. ტერეზა ლიზიელი

და მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ:
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს
მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.

იესო
მათე 25:40

9 იესოს პიროვნების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


იესო ჭეშმარიტებაა, რომელიც უნდა ითქვას.

დედა ტერეზა

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც ვიქმ,
თავადაც იქმს, და უმეტესსაც იქმს,
ვინაიდან მე მამასთან მივალ.
და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით,
შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
და რაც უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით,
შეგისრულებთ.

იესო
იოანე 14:12-14

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩიტი. როცა მან ჯვარცმული იესო და მისი ეკლის გვირგვინი დაინახა, მის გარშემო ფრენა დაიწყო, ხან ახლოს მიუფრინდებოდა, ხან უკან გაფრინდებოდა და ცდილობდა, როგორმე ერთი ეკალი მაინც გამოეგლიჯა. ხოლო როცა მან ეს მოახერხა, თავად დაიჭრა. ამ დღიდან ამ ჩიტს ყელწითელას უწოდებენ.

ყველა ჩვენგანი ასეთი ჩიტი უნდა იყოს. რა გავაკეთე? როგორ დავუამე გული? აქვს კი მნიშვნელობა ჩემს შრომას? ყელწითელას უნდოდა, მხოლოდ ეკალი ამოეძრო. როცა ჯვარს ვუყურებ, ეს ჩიტი მახსენდება. რა ხშირად ვიყურებით, მაგრამ ვერ ვამჩნევთ. შემიძლია კი დავინახო გაჭირვებული, უბედური ადამიანი? ყოველმა ჩვენგანმა უნდა ზიდოს თავისი ჯვარი და გაჰყვეს იესოს გოლგოთაზე ასვლისას, თუკი უნდა, მასთან ერთად მიაღწიოს მწვერვალს. იმისათვის, რათა იყოს უეჭველი, მსხვერპლმა უნდა დაგვაცარიელოს ჩვენი საკუთარი თავისაგან. იესომ ამოგვირჩია ყველა ჩვენგანი, რათა თითოეული ჩვენგანი მისი სიყვარული და მისი შუქი იყოს ამ სოფლად.

ნუ დაივიწყებ, რომ მან ამოგვირჩია ჩვენ, და არა ჩვენ ამოვირჩიეთ იგი. ჩვენ კი უნდა ვუპასუხოთ იმით, რომ ღმრთისათვის რამე მშვენიერი გავაკეთოთ. ამისათვის საჭიროა მთლიანად გავწიროთ თავი... უნდა ჩავებღაუჭოთ იესოს, ჩამოვეკიდოთ მას, ჩავკიდოთ ხელი და აღარასოდეს, არც ერთი წამით, არ გავუშვათ იგი. ჩვენ უნდა ვიყოთ შეყვარებულები იესოზე.

უბიწობის აღთქმით არა მარტო ცოლქმრობაზე ვამბობ უარს, არამედ მივენდობი ღმერთს და ვაძლევ მას საშუალებას, თავისუფლად განაგოს ყველა ჩემი მისწრაფება. მე უკვე აღარ შემიძლია სუფთა სინდისით შევიყვარო სხვა ადამიანი იმ სიყვარულით, როგორითაც ქალს შეუძლია მამაკაცის შეყვარება. მე აღარა მაქვს უფლება, მიჯაჭვული ვიყო სხვა არსების მიმართ, - მხოლოდ ღმრთის მიმართ.

და რა, გამოდის, რომ ჩვენ უგულო არსებანი, ხის ტიკინები ვართ? განა შევძლებთ, უბრალოდ ვთქვათ: „ჩემთვის სულერთია, ჩემთვის ყველა ადამიანი ერთნაირია“? ვერა, ნამდვილად ვერა. ჩვენ უნდა დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ და ყველაფერი ეს უნდა დავიცვათ ღმრთის საიდუმლოში, - ღმრთისა, რომელსაც მივუძღვენით მთელი ჩვენი ცხოვრება, როგორც საზოგადო, ისე შინაგანი.

უბიწობა მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ მე გაუთხოვარი ვცხოვრობ. ეს ნიშნავს, რომ მე მიყვარს იესო იმ სიყვარულით, რომელსაც ვერავის ვუწილადებ. უბიწობა რაღაც უფრო ღრმა, ცოცხალი და ნამდვილია. ეს ნიშნავს მის სიყვარულს თავისუფლებისა და სიღარიბის სრული და ფაქიზი სისავსით.

იესოს სიტყვები - „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“ (იოანე 15:12) - უნდა იყოს მანათობელი სინათლე, რომელიც შთანთქავს ჩვენს ეგოიზმს. იმისათვის, რათა ამ სიყვარულმა სიცოცხლე შეინარჩუნოს, საჭიროა მისი გამოკვება მსხვერპლით, და ეს მსხვერპლი, პირველ რიგში, უნდა იყოს „ეგო“. უარყო საკუთარი თავი, - ნიშნავს რწმენისეული ქმედებით უარი თქვა შენს ნებაზე, გონებაზე, სიცოცხლეზე. ჩემი სამშვინველი შეიძლება ჩაინთქას წყვდიადში, ხოლო განსაცდელი ჩემი დაბრმავებული განდგომის ყველაზე სანდო გამოცდაა.

კიდევ, საკუთარი თავისაგან განდგომა სიყვარულს ნიშნავს. რაც მეტია თვითუარყოფა, მით მეტად გვიყვარს ღმერთი და ადამიანი.

* * *

ვარ კი დარწმუნებული, რომ იესოს ვუყვარვარ და რომ მე მიყვარს იგი? ეს დაჯერება მზის სხივის მსგავსია, რომელიც ააღორძინებს სიცოცხლის წყაროს, რომელიც ხელს უწყობს სიწმიდის კვირტების გაფურჩქვნას. ეს დაჯერება ქვაკუთხედია, რასაც ეფუძნება სიწმიდე. რა უნდა გავაკეთოთ მის მოსაპოვებლად? უნდა ვიცნობდეთ იესოს, გვიყვარდეს იესო, ვემსახუროთ იესოს. ჩვენ ვიცნობთ მას ლოცვის, განაზრების, სულიერი შრომის მეშვეობით; ჩვენ გვიყვარს იგი ზიარების, საიდუმლოთა და ღრმა შინაგანი ერთიანობის მეშვეობით. შევეცადოთ ვიცხოვროთ მასთან ერთად განმარტოებით იმ სალოცავში, რასაც ჩვენი გულის სიღრმე წარმოადგენს.

თავის ვნებათა ჟამს უფალმა ჩვენმა თქვა: „იყავნ ნება შენი; არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ გნებავს“. და ამის თქმა მისთვის იყო ყველაზე ძნელი გამოცდა, თუნდაც იმ წუთას. მაგრამ კომენტარებში ნათქვამია, რომ გეთსიმანიის ბაღში მან უფრო მეტი ტანჯვა განიცადა, ვიდრე გოლგოთაზე. იქ მოხდა მისი სულისა და გულის ჯვარცმა, მაშინ როცა გოლგოთაზე - სხეულის ჯვარცმა. ჩვენ ვიცით, რა ძნელი იყო მისთვის ეს ჟამი, რადგან მან თავად ითხოვა: „არ შეგეძლოთ, ერთი საათი გეფხიზლათ ჩემთან ერთად?“ ჩვენ ვიცით, რომ იგი ელოდებოდა ნუგეშს. აი, ეს არის უანგარო თავგანწირვა: არავის უყვარდე, არავინ გიღებდეს, არ იყო არავინ, იმიტომ, რომ ყველაფერი მიეცი ქრისტეს.

როცა იესო ამ სოფლად მოვიდა, იმდენად შეუყვარდა ეს სოფელი, რომ მისთვის სიცოცხლე გასწირა. იგი მოვიდა, რათა დაეცხრო ჩვენი შიმშილი ღმრთის მიმართ. როგორ გააკეთა მან ეს? თავად გახდა პური ცხოვრებისა. იგი ჩვენს გამო გახდა პატარა, სუსტი, უიარაღო. ამ პურის ნამცეცები იმდენად მცირეა, რომ ჩვილსაც შეუძლია მისი დაღეჭვა, რომ მომაკვდავსაც ძალუძს მისი გადაყლაპვა. იგი გახდა პური ცხოვრებისა, რათა დაეკმაყოფილებინა ჩვენი წყურვილი ღმრთის მიმართ, სიყვარულის წყურვილი.

არა მგონია, როდესმე შევძლებდით ღმრთის შეყვარებას, იესო რომ არ გამხდარიყო ერთი ჩვენგანი. სწორედ იმისათვის, რათა ჩვენ შეგვძლებოდა ღმრთის სიყვარული. იგი ჩვენი მსგავსი გახდა ყველაფერში, გარდა ცოდვისა. ღმრთის ხატად შექმნილნი, იმიტომ შეგვქმნეს, რათა გვყვარებოდა, რადგან ღმერთი სიყვარულია. თავისი ტანჯვით იესომ გვასწავლა, როგორ ვაპატიოთ სიყვარულის მეშვეობით, როგორ დავივიწყოთ მორჩილების მეშვეობით. იპოვე იესო და შვებას მოიპოვებ.

არაფერს დართო ნება, რათა ჩაერიოს იესოს მიმართ შენს სიყვარულში. შენ მას ეკუთვნი. ვერაფერს შეუძლია, მას მოგწყვიტოს. მთავარია, ეს ყოველთვის გახსოვდეს. იგი იქნება შენი სიხარული, შენი ძალა. თუ შენ გაჰყვები ამ მცნებას, მაშინ ვერავითარი განსაცდელი, რომლებიც თავს დაგატყდება, ვერ გაგტეხს. ნუ დაგავიწყდება, რომ შენ შექმნილი ხარ, რათა მოახდინო სასწაულები.

ნუ გეშინია, უთხრა იესოს „დიახ“, რადგან არ არსებობს უფრო დიდი სიყვარული, ვიდრე მისი სიყვარულია და უფრო დიდი სიხარული, ვიდრე მისი სიხარულია. როცა ვლოცულობ შენზე, ვითხოვ, რათა შეგეძლოს ღმრთის გაგება, ვითხოვ, რათა გეყოს სიმამაცე, უპასუხო მის მოწოდებას უბრალო სიტყვით: „დიახ“. რატომ აგირჩია შენ? რატომ ამირჩია მე? ეს საიდუმლოა.

ქრისტემ თქვა: „მე ვიყავი მშიერი, და თქვენ დამაპურეთ“. მას სწადდა არა მარტო პური, არამედ კეთილმოსურნეობა და სიყვარული, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ხარ სასურველი, მიღებული, გაგრძნობინებს, რომ შენ მნიშვნელოვანი ხარ სხვისთვის. იგი შიშველი იყო არა მარტო ფიზიკურად, - იგი განძარცვული იყო თავმოყვარეობისა და პატივისაგან, რადგან უდიდესი უსამართლობა, რაც შეიძლება ჩაიდინო ღატაკთან დამოკიდებულებაში, ესაა - გეჯავრებოდეს იგი იმიტომ, რომ იგი ღატაკია. მას წაართვეს არა მარტო ჭერი და კერა, არამედ ყველაფერი ის, რაც წაართვეს მსოფლიოს ყველა განკიცხულს, დევნილს, მაწანწალას, რომლებზეც არავინ ზრუნავს.

გადი ქუჩაში, მეტს ნუღარ იმსჯელებ. შეხედე იმ ადამიანს კუთხეში და მიდი მასთან. შეიძლება, ამან იგი გააღიზიანოს, მაგრამ შენ იქ იქნები, მის გვერდით. შენ იმყოფები მის გვერდით. შენი თანადგომა, რომელიც შენს შიგნითაა, დასანახი უნდა გახადო, - სიყვარულისა და ყურადღების მეშვეობით, რომლითაც ამ ადამიანს მიმართავ. რატომ? იმიტომ, რომ შენთვის ის არის იესო. დიახ, იესო, რომელსაც არ შეუძლია მიგიღოს, და ამიტომ შენ თვითონ უნდა შეგეძლოს მასთან მისვლა. იესოს, ძმათა შორის ამ ყველაზე მცირეს სახით, შია არა მარტო ერთი ლუკმა პური, არამედ სიყვარული, აღიარება, ის, რომ იყოს ვინმესათვის მნიშვნელოვანი.

* * *

რა წარმოადგენს ჩემი სულიერი ცხოვრება? იესოსთან სიყვარულისმიერ ერთიანობას, სადაც ღმრთაებრივი და ადამიანური სამუდამოდ შერწყმიან ერთმანეთს. ის ყველაფერი, რასაც მთხოვს იესო, არის თავის გადადება მისთვის მთელი ჩემი სიღატაკითა და არარაობით.

იესო ამბობს: „ნება მომეცი, გასწავლო“. განაზრებათა დროს აუცილებლად დაუსრულებლად უნდა ვიმეოროთ: „იესო, გამხადე მე წმიდა, შენი თვინიერი და მორჩილი გულის მსგავსად“. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ იმ სულისკვეთებით, რომლითაც იესო გვთხოვს პასუხს. განაზრება, სახარების შესწავლა საშუალებას გვაძლევს, უკეთესად შევიცნოთ იგი. მაგრამ ნამდვილად გვესმის კი, ვინ არის იგი მთელი თავისი მორჩილებით?

იესო მთხოვს, მივენდო მას, ჩავაბარო ჩემი ნდობა მას და მხოლოდ მას; მივეცე მას უსიტყვოდ. მაშინაც, როცა ყველაფერი ცუდადაა, მაშინაც, როცა თავს ვგრძნობ მორყეული ხომალდის მსგავსად, რომელსაც აღარც საჭე აქვს და აღარც აფრა, მაინც მას უნდა მივენდო. უარი უნდა ვთქვა ღმრთაებრივი ჩანაფიქრის სულ მცირე „კონტროლის“ სურვილზეც კი; სურვილზე, გავთვალო გზის მონაკვეთები, რომელიც მან გამიმზადა; სურვილზე, გავიგო რამდენად შორს წავედი სიწმიდის გზაზე. რამდენადაც ვთხოვ მას, მაკურთხოს, იმდენად უნდა დავუთმო მას, თავად აირჩიოს გამოვლინებები, და კიდევ უფრო მეტად - საშუალებები.

მოშიებული სიყვარულს, იგი გიცქერის შენ.
მოწყურებული სინაზეს, იგი გევედრება შენ
მონატრებული ერთგულებას, იგი გენდობა შენ.
ავადმყოფი და მიტოვებული, იგი მოგითხოვს შენ.
მიუსაფარი, იგი მიისწრაფვის შენი გულის საფარქვეშ.
მას სწყურიხარ შენ,
გახდები კი ყველაფერი ეს მისთვის?

აი, ჩვენი მჭვრელობითი ცხოვრების უბრალოება: ის საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ღმერთი ყველაფერში, ყველაში, ყოველთვის და ყველგან! მისი ხელი, რომელიც ყველაფერშია, რაც ხდება, გვაკეთებინებს ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ: განვიაზროთ და ვიშრომოთ, ვისწავლოთ და ვიურთიერთოთ, ვჭამოთ და ვიძინოთ, - იესოში, იესოსთან ერთად, იესოსთვის და იესოსთან მიმართებაში, მამის მოყვარული მზერის ქვეშ და ყოველთვის მზად ვიყოთ, მივიღოთ იგი, როგორი გარეგნობაც უნდა ჰქონდეს მას. გაოგნებული ვიყავი, რომ ვიდრე ილაპარაკებდა ღმრთის სიტყვის შესახებ, ვიდრე აუწყებდა ადამიანებს ნეტარების მცნებებს, იესომ შეიბრალა და დააპურა ისინი. და მხოლოდ შემდეგ დაიწყო ქადაგება.

გიყვარდეს იესო დიდსულოვნად; გიყვარდეს იგი ნდობით, ნუ იყურები უკან და ნურაფრისა გეშინია. მიენდე მას მთლიანად. იგი შენ გამოგიყენებს იარაღად, რათა მოახდინოს სასწაულები, თუკი მის სიყვარულს უკეთ გააცნობიერებ, ვიდრე საკუთარ სისუსტეს. ირწმუნე იგი, მიენდე მის ხელებს ნდობის ბრმა და სრული გატაცებით, რადგან იგი იესოა. გწამდეს, რომ იესო და მხოლოდ იგი არის სიცოცხლე; იცოდე, სიწმიდე ისევ იესოა, რომელიც შენი სულის სიღრმეში ცხოვრობს; მხოლოდ მაშინ შეძლებს, შენს თავს მოახდინოს ის, რაც მას ნებავს.

ვინ არის ჩემთვის იესო?
იესო სიტყვაა ხორცშესხმული;
იესო პურია ცხოვრებისა;
იესო მსხვერპლია, ჯვარცმული ჩვენი ცოდვების გამო;
იესო მსხვერპლია, შეწირული ზიარებაში ამ სოფლის ცოდვათა და ჩემი ცოდვების გამო;
იესო სიტყვაა, რათა ის წარმოვთქვათ;
იესო ჭეშმარიტებაა, რათა ის ვიქადაგოთ;
იესო გზაა, რათა ის გავიაროთ;
იესო შუქია, რათა ის ავანთოთ;
იესო ცხოვრებაა, რათა ის ვიცხოვროთ;
იესო სიყვარულია, რათა ის გვიყვარდეს;
იესო სიხარულია, რათა ის ვუწილადოთ;
იესო მშვიდობაა, რათა ის გავცეთ;
იესო მშიერია, რათა იგი დავაპუროთ;
იესო მწყურვალია, რათა მას ვასვათ;
იესო შიშველია, რათა იგი შევმოსოთ;
იესო მაწანწალაა, რათა იგი მივიღოთ;
იესო სნეულია, რათა მას მივხედოთ;
იესო მარტოხელაა, რათა იგი შევიყვაროთ;
იესო დევნილია, რათა მას თავშესაფარი მივცეთ;
იესო კეთროვანია, რათა მას წყლულები მოვბანოთ;
იესო მიუსაფარია, რათა მას გავუღიმოთ;
იესო ლოთია, რათა მას მოვუსმინოთ;
იესო შეშლილია, რათა იგი დავიცვათ;
იესო პატარა ბავშვია, რათა მას ჩავეხუტოთ;
იესო ბრმაა, რათა მას გზა გავაგნებინოთ;
იესო მუნჯია, რათა მის მაგივრად ვილაპარაკოთ;
იესო ხეიბარია, რათა იგი სასეირნოდ წავიყვანოთ;
იესო ნარკომანია, რათა მას დავეხმაროთ;
იესო მეძავია, რათა გვერდში ამოვუდგეთ;
იესო პატიმარია, რათა იგი მოვინახულოთ;
იესო მოხუცებულია, რათა მას ვემსახუროთ;
ჩემთვის კი:
იესო ჩემი ღმერთია;
იესო ჩემი მეუღლეა;
იესო ჩემი სიცოცხლეა;
იესო ჩემი ერთადერთი სიყვარულია;
იესო ჩემი ყოველია ყოველივეში;
იესო ჩემი ყველაფერია.

იესო, მიყვარხარ მთელი გულით, მთელი არსებით. ყველაფერი მას დავუთმე, ჩემი ცოდვებიც კი, და მან მე დამწინდა მთელი სიყვარულითა და სინაზით. ახლა და სამუდამოდ ჯვარცმული ქრისტეს პატარძალი ვარ.

მე აღარ ვეკუთვნი ჩემს თავს.
ვცოცხლობ თუ ვკვდები,
ჩემს მხსნელს ვეკუთვნი.
საკუთარი არაფერი გამაჩნია;
ჩემი ყველაფერი ღმერთია,
და მთელი ჩემი არსება მას ეკუთვნის.
არ მესმის სიყვარული ღმრთის გამო
ან ღმრთის მიერ.
ვერ ვიტან სიტყვებს გამო და მიერ,
რადგან ერთიც და მეორეც ვარაუდობს,
რომ ჩემსა და ღმერთს შორის
შეიძლება რაღაც იდგეს.

წმ. ეკატერინე გენუელი

როგორც მე შემიყვარა მამამ,
მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ;
დარჩით ჩემს სიყვარულში!
თუ დაიცავთ ჩემს მცნებებს,
დარჩებით ჩემს სიყვარულში;
როგორც მე დავიცავი მამის ჩემის მცნებანი
და ვრჩები მის სიყვარულში.
ეს გითხარით თქვენ,
რათა ჩემი სიხარული თქვენში დარჩეს.
და სრულ იყოს თქვენი სიხარული.

იესო
იოანე 15:9-11

10 სიღატაკისა და ღატაკის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


სიღატაკე ღმერთს არ შეუქმნია;
ის ჩვენ შევქმენით.
ღმრთის წინაშე ჩვენ ყველანი ღატაკები ვართ.

დედა ტერეზა

ნეტარ არიან ღატაკნი სულითა,
ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი.

იესო
მათე 5:3

ღატაკს არა მარტო პური სჭირდება, იგი იტანჯება ადამიანური ღირსების წყურვილით. სიყვარული, ანუ ფაქტი ჩვენი არსებობისა სხვა ადამიანისათვის, ჩვენთვის სრულიად აუცილებელია.ყველაზე დიდ შეცდომას მაშინ ვუშვებთ, როცა ადამიანებს ხელს ვკრავთ. იმას არ ვჯერდებით, რომ ღატაკებს უარს ვეუბნებით ერთ ლუკმა პურზე, - ჩვენ მათ არაფრად ვაგდებთ, ვყრით ქუჩაში, ვულახავთ ადამიანურ ღირსებას, რომლის სრული უფლებაც აქვთ მათ როგორც ღმრთის შვილებს.

მსოფლიო შიმშილობს არა მარტო პურის უქონლობის გამო, არამედ სიყვარულის ძიებაშიც, მას სწყურია იყოს აღიარებული, სასურველი. ადამიანებს სწყურიათ, იგრძნონ ქრისტეს ყოფნა. რამდენ ქვეყანაში არსებობს ყველაფრის სიუხვე, გარდა ქრისტეს ყოფნისა, გარდა ამ კეთილმოსურნეობის სულისკვეთებისა. ღატაკი ყველგანაა. არსებობს მთელი კონტინენტები, სადაც სიღატაკე უფრო სულიერ ხასიათს ატარებს, სადაც ეს სიღატაკე მდგომარეობს მარტოსულობაში, დათრგუნულობაში, უგრძნობელობაში. მაგრამ ამერიკაშიც და ევროპაშიც მინახავს უპოვარი ადამიანები, რომელთაც ყუთებზე, ძონძებზე, პირდაპირ ქუჩაში სძინავთ. პარიზის, ლონდონისა თუ რომისათვის კარგადაა ცნობილი სიღატაკის ეს გამოვლინება. რა ადვილია, ელაპარაკო ღატაკებს ან იზრუნო მათზე, რომლებიც სადღაც შორს არიან. უფრო ძნელია და, შესაძლოა, ნაკლებ კეთილგონივრულია, ყურადღება მიაქციო და იზრუნო გაჭირვებულებზე, რომლებიც ჩვენგან ორი ნაბიჯის მოშორებით ცხოვრობენ.

ბრინჯი და პური, რასაც მშივრებს ვურიგებ, მათ შიმშილს უკლავს. მაგრამ რა ძნელია გამოეხმაურო იმათ გაჭირვებას, ვინც საზოგადოებისაგან განკიცხული და მიტოვებულია.

თქვენ, დასავლელებმა, ბევრად უკეთ იცით სულიერი სიღატაკე, ვიდრე ნივთიერი სიღატაკე, ამიტომ თქვენი ღატაკნი, ალბათ, ყველაზე გაჭირვებულნი არიან. თუმცა, განა მდიდრები ხშირად თავიანთ შორის არ მოითვლიან სულიერად სრულებით ღატაკთ? მე მგონია, რომ ძნელი არ არის, დააპურო მშიერი და ლოგინი გაუშალო მიუსაფარს, მაგრამ საჭიროა უსაზღვრო მოთმინება, რათა დაამშვიდო, გაუქარვო დარდი, მრისხანება და მარტოსულობა, ნასაზრდოები სულიერი გაუცხოებით.

* * *

დედამიწის ყოველი კუთხიდან ინდოეთში ჩამოდიან ახალგაზრდები, რომელთაც აირჩიეს ცხოვრება უკიდურეს სიღარიბეში, და უფრო მეტ სიღარიბეშიც კი, ვიდრე ჩვენ ვცხოვრობთ. მათ ამოძრავებთ სურვილი, გათავისუფლდნენ იმ გარემოს ფუფუნებისაგან, რომელსაც ისინი წარმოშობით ეკუთვნიან. ისინი, ასე მგონია, თავს ქრისტესეული სიღარიბის ნიმუშად თვლიან. არაა საკმარისი, იცოდე სიღარიბის მდგომარეობა, თავად უნდა იგემო სიღარიბე. ხოლო იყო ღარიბი, ნიშნავს არაფერს ფლობდე. დღეს ფუფუნებაში დაბადებული ბევრი ადამიანი თვითონ ცდილობს გაიგოს, რას ნიშნავს ეს - არ გაგაჩნდეს არაფერი.

თუ არ იცი, სწორად როგორ გამოიყენო სიმდიდრე, - ნივთიერი იქნება ის თუ სულიერი, - ის დაგახრჩობს შენ. რადგან ღმერთსაც კი არ შეუძლია მისცეს რამე იმ გულს, რომელიც უკვე მთლიანად გადავსებულია. რაღაც მომენტში კი გარდაუვალად დაიბადება ფულის მადა და სიხარბე ყველაფერი იმის მიმართ, რისი მოტანაც მას შეუძლია: იქნება ეს ფუფუნება თუ ძვირფასი ტანსაცმელი, ზედმეტი საჭმელი თუ გართობა. მოთხოვნილებები იზრდება, ერთს მეორე მოჰყვება. ბოლოს და ბოლოს გარდაუვალად მოვა დაუკმაყოფილებლობის მოუთოკავი გრძნობა. შევეცადოთ, ვიყოთ რაც შეიძლება „ცარიელნი“, რომ ღმერთმა ჩვენი ავსება შეძლოს.

ჩვენი უფალი ამის ცოცხალი მაგალითია: თავისი ადამიანური არსებობის პირველივე დღიდან გაიგო მან, თუ რა არის სიღარიბე, რომლის განცდა არ შეუძლია არც ერთ ადამიანს. „რადგან იცით უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, ღატაკი გახდა თქვენი გულისთვის, რათა მისი სიღატაკით გამდიდრებულიყავით“ (2 კორინთელთა 8:9). მან თავად თქვა უარი თავის ყველანაირ სიმდიდრეზე. აი, სწორედ აქ წარმოიშვება წინააღმდეგობა: თუ მინდა ვიყო ღატაკი, როგორიც იყო ქრისტე, რომელიც, - მდიდარი, - გაღატაკდა, რა უნდა გავაკეთო მე? ჩვენ უნდა შეგვრცხვეს, რომ ვიყოთ უფრო მდიდარნი, ვიდრე იესო იყო, რომელიც ჩვენს სახსნელად გახდა ღატაკი.

ჯვარზე იესო ყველაფრის გარეშე დარჩა. თვით ჯვარი მან პილატესაგან მიიღო, ლურსმნები და ეკლის გვირგვინი - ჯარისკაცებისაგან. იგი იყო შიშველი. როცა მოკვდა, იგი ჩამოხსნეს ჯვრიდან, მას ამოაძვრეს ლურსმნები და მოხსნეს ეკლის გვირგვინი. იგი გაახვიეს გულმოწყალე ადამიანის მიერ მოტანილ ნაჭრის ნაგლეჯში და დაკრძალეს აკლდამაში, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მას ხომ შეეძლო მომკვდარიყო მეფურად ან საერთოდ აეცდინა სიკვდილი. მაგრამ მან აირჩია სიღატაკე, იმიტომ, რომ იცოდა, ეს იყო ღმერთთან მისვლის და ქვეყნად მისი სიყვარულის მოტანის ჭეშმარიტი საშუალება.

სიღარიბე თავისუფლებაა. რადგან ის, რაც მაქვს, მე არა მფლობს, არ მბოჭავს; ხელს არ მიშლის, რათა ვუწილადო; ხელს არ მიშლის, რათა საკუთარი თავი დავთმო.

* * *

რამდენიმე კვირის წინათ ქუჩაში პატარა გოგონას გადავაწყდი. სახეზე ეტყობოდა, რომ შიმშილობდა, მაგრამ ვერ მივხვდი, რამდენი დღის უჭმელი იყო. მე მას პურის ნატეხი მივაწოდე. იგი ნამცეცების ჭამას შეუდგა. „ჭამე, მიდი, ჭამე! შენ ხომ მშიერი ხარ,“ - ვუთხარი. მაგრამ მან ამომხედა და მიპასუხა: „მეშინია, რომ როცა პური გამითავდება, მე ისევ მექნება ჭამის სურვილი“.

რაც შეგვეხება ჩვენ, გულმოწყალების მისიონერებს, უმკაცრესი სიღარიბე უნდა იყოს ჩვენი დამცველი. ჩვენ არ გვინდა, როგორც ეს ხშირად მომხდარა, დავიწყოთ ღარიბების მსახურებით, ხოლო შემდეგ, შეუმჩნევლად, დავამთავროთ მდიდრების მსახურებით. იმისათვის, რათა გავუგოთ მათ, ვისაც არაფერი გააჩნია, და რათა დავეხმაროთ მათ, ჩვენც იმდაგვარადვე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ისინი ცხოვრობენ. ერთადერთი განსხვავება, რომელიც ჩვენს შორის შეიძლება არსებობდეს, ისაა, რომ მათი სიღარიბე მათი ხვედრია, ჩვენი სიღარიბე კი - ჩვენი არჩევანი.

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ უფლება გვაქვს, განვსაჯოთ მდიდრები. ჩვენ გვსურს არა კლასთა ბრძოლა, არამედ მათი შეხვედრა, რომლის დროსაც მდიდარი გადაარჩენს ღარიბს, ღარიბი კი - მდიდარს.

ჩვენი სიღარიბე ღმრთის წინაშე ჩვენი მორჩილებაა, რათა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვილი მდგომარეობა, უძლურება და არარაობა; ესაა ჩვენი უნარი, ვაღიაროთ ჩვენი სიღატაკე, მაგრამ ისე, რომ ამ აღიარებაში მჟღავნდებოდეს ღმერთზე მინდობა, ყველაფრის მოლოდინი მხოლოდ მისგან, ჩვენი მამისაგან. ჩვენი სიღარიბე უნდა იყოს ნამდვილი სახარებისეული სიღარიბე: ფაქიზი, ალერსიანი, ბედნიერი, რაც უნდა განვიცადოთ გულით, რომელიც ყოველთვის მზადაა სიყვარულის ნიშნის მოსაცემად. სიღარიბე სიყვარული და თავგანწირვაა. იმისათვის, რათა შეგვეძლოს გაცემა, საჭიროა გათავისუფლება ყოველნაირი ეგოიზმისაგან.

სიღარიბე ჩვენთვის აუცილებელია, რადგან ღარიბებთან ვმუშაობთ. ისინი ჩივიან ცუდი საჭმლის გამო - ჩვენც ხომ იმავე საჭმელს ვჭამთ; ისინი ამბობენ: „გუშინ ისე ცხელოდა, რომ შეუძლებელი იყო დაძინება“, - ჩვენ ვუპასუხებთ: „დიახ, ჩვენც ცუდად გვეძინა სიცხის გამო“. ისინი თვითონ რეცხავენ საკუთარ ტანსაცმელს, დადიან ფეხშიშველნი - ჩვენც ასე ვიქცევით. ჩვენ უნდა დავეშვათ, რათა ავაყენოთ ისინი. ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისევე, როგორც ისინი, მათს გულებს აღებს. ზოგჯერ ხდება, რომ მათ მხოლოდ ერთი ვედრო წყალი აქვთ. ჩვენც ასე გვაქვს. ისინი რიგში უნდა იდგნენ, ჩვენც ვდგავართ. საკვები, ტანსაცმელი ისეთივე უნდა გვქონდეს, როგორიც მათ აქვთ. მარხვას, როგორც ასეთს, ჩვენ არ ვიცავთ. ჩვენი მარხვა ისაა, რომ ვჭამოთ ის, რაც შეგვხვდება.

იმისათვის, რათა ჩვენი ცხოვრება ნაყოფიერი იყოს, ის უნდა იყოს აღსავსე ქრისტეთი; რათა მივუტანოთ სხვებს მისი მშვიდობა, მისი სიხარული და სიყვარული, თავად ჩვენში უნდა გვქონდეს ისინი, რადგან ვერ გავცემთ იმას, რაც არ გაგვაჩნია - ეს იმას ჰგავს, ერთ ბრმას მეორე ბრმა რომ მიჰყავდეს. ღატაკები ჯურღმულებში იესოს გარეშე ცხოვრობენ, ჩვენ კი პატივი გვაქვს, მათ ჭერქვეშ შევიდეთ. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე; მნიშვნელობა აქვს, თუ რანი ვართ მათთვის. ჯურღმულში მხოლოდ იმისათვის მისვლა, რომ უბრალოდ მივიდეთ, არაა საკმარისი; ასე მათ იესოსთან ვერ მივიყვანთ. თუ მხოლოდ საკუთარი თავით, საკუთარი საქმეებით ვიქნებით დაკავებულნი, ჩვენ ვერ მივაღწევთ იდეალს.

ჩვენ ვახორციელებთ სიღარიბის სათნოებას, როცა ვკემსავთ ჩვენს ტანსაცმელს, რაც შეიძლება სწრაფად და წესიერად. დახეული ტანსაცმელი სამარცხვინო არაა. წმ. ფრანჩესკო ასიზელის შესახებ მოგვითხრობენ, რომ როცა იგი გარდაიცვალა, მისი შესამოსელი წარმოადგენდა ძონძების გროვას, რომელშიც შეუძლებელი იყო გაგერჩია, რა ქსოვილიდან იყო ის თავდაპირველად შეკერილი.

სახარება გვეუბნება, რომ იესომ, სანამ იგი დამოძღვრავდა შეკრებილ ხალხს, რომელიც ისე მიჰყვებოდა მას, რომ ჭამაც კი დაჰვიწყებოდათ, შეიბრალა ისინი. პრაქტიკულად რაში გამოიხატა მისი სიბრალული? მან გაამრავლა პური და თევზი, რათა დაეპურებინა ისინი. მან მათ იმდენი საკვები მისცა, რომ ისინი სავსებით დანაყრდნენ და თან თორმეტი ყუთი ნამუსრევი დარჩათ. ამის შემდეგ დამოძღვრა ისინი იესომ. მხოლოდ მაშინ ამცნო მათ სახარება. სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც: გული მოვუჯეროთ ღარიბებს ყოველდღიური ხორციელი საჭიროებით, ვიდრე მათ ქრისტეს შესახებ დაველაპარაკებით.

იესო მაძლევს საშუალებას, დავაპურო იგი, როცა მშიერს ვაპურებ; შევმოსო იგი, როცა შიშველს ვმოსავ; განვკურნო იგი, როცა სნეულს ვუვლი და შევთავაზო მას თავშესაფარი, როცა მიუსაფარს შევიფარებ.

* * *

მახსენდება ქალი, რომელსაც ქუჩაში გადავაწყდი და რომელიც, ჩანდა, შიმშილით კვდებოდა. მე მას ჯამი ბრინჯი მივაწოდე. იგი მას დიდხანს დაჰყურებდა. რაკი ვცდილობდი დამერწმუნებინა იგი, რომ ეჭამა, მან მითხრა: „ვერ დამიჯერებია, რომ ეს ბრინჯია. იმდენი ხანია, ის აღარ მიჭამია“. იგი არ განსჯიდა, არ განიკითხავდა მდიდრებს. ერთიც არ დაუჩივლია. მას უბრალოდ არ სჯეროდა, რომ მის თვალწინ ბრინჯი იყო.

* * *

რას ნიშნავს სიღატაკე? უპირველესად პურის, ტანსაცმლის, სახლის უქონლობას. მაგრამ ამას გარდა? არსებობს კიდევ უფრო დიდი სიღატაკე: იყო განკიცხული, შეზიზღებული, არ გყავდეს არავინ, რომელსაც შენიანად, ახლობლად მიიჩნევდი.

ვიცნობთ კი ჩვენს ღატაკებს? ვიცით კი, ვინ არის ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახში ღატაკი? შესაძლოა, იგი არ ეძებს ლუკმაპურს. შესაძლოა, იგი ჩვენი ერთ-ერთი შვილია, ან ქმარია, ან ცოლი, არა მშიერი, არა უპოვარი, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ არც ერთი მათგანი თავს გარიყულად, სიყვარულს მოკლებულად არ გრძნობს? სად არის შენი მოხუცებული დედა და მამა? მიტოვებულობა - აი, ნამდვილი უბედურება, აი, საშინელი სიღატაკე.

იმდენი მარტოსული ადამიანია შენს ირგლივ: საავადმყოფოებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქუჩაში! ნიუ იორკში ჩვენი დები მომაკვდავ ღარიბებს შორის მუშაობენ. რა მძიმეა ამ არსებათა ცქერა! მათ მხოლოდ ქუჩური მეტსახელით იცნობენ. მაგრამ ყოველი მათგანი ხომ ვიღაცის შვილია. როდესღაც, თუნდაც ერთხელ, ისინი ხომ ვიღაცას უყვარდა. მათაც ხომ ცხოვრების განმავლობაში ვიღაც უყვარდათ.

იცოდე, რომ ღარიბთა შორის უღარიბესი შენს მეზობლებს შორისაა, შენს უბანშია, შენს ქალაქში, შენს პროვინციაში და, შესაძლოა, შენს ოჯახშიც კი. შეეცადე იცნო ისინი, და ეს დაგეხმარება, შეიყვარო ისინი. სიყვარული კი გიბიძგებს, ემსახურო მათ. მხოლოდ მაშინ დაიწყებ ცხოვრებას იესოს მსგავსად, ცხოვრებას სახარების მიხედვით. შესწირე თავი ღარიბთა მსახურებას. გაუხსენი საკუთარი გული მათ მიმართ სიყვარულს. გახდი ღმრთის გულმოწყალების ცოცხალი დასტური.

ღარიბებს არ სჭირდებათ ჩვენი თანალმობა და სიბრალული; მათ ჩვენი დახმარება ესაჭიროებათ. და ის, რასაც ისინი ჩვენ გვაძლევენ, აჭარბებს ჩვენს მიერ გაცემულს.

ღარიბები არაჩვეულებრივი ადამიანებია. მათ აქვთ საკუთარი ღირსების გრძნობა, რომლის უგულებელყოფა შეუძლებელია. რამდენადაც ღარიბები ჩვენთვის ხშირადაც უცნობებად რჩებიან, ჩვენ ნაკლებად ვახერხებთ მათი ამ ღირსების შემჩნევას. მაგრამ, პირველ ყოვლისა, მათ ჰყოფნით სიმამაცე, იცხოვრონ იმ ცხოვრებით, რომლითაც ცხოვრობენ. მათ მისჯილი აქვთ იცხოვრონ ასე; სიღატაკე მათ თავს მოახვიეს. ჩვენ შეგვიძლია, ავირჩიოთ ასეთი ცხოვრება ან არ ავირჩიოთ; ისინი კი იძულებულნი არიან, მიიღონ ის.

* * *

ღარიბები ჩვენი ლოცვაა. ისინი ღმერთს საკუთარ თავში ატარებენ. ღმერთმა შექმნა სამყარო და ნახა, რომ კარგია. ღმერთმა შექმნა ადამიანი და ნახა, რომ კარგია. მან შექმნა ყოველი ნივთი და ნახა, რომ კარგია. როგორ შეგვიძლია ვიწუწუნოთ, რომ ქვეყანაზე არსებობს სიღატაკე და ტანჯვა და ამაში ღმერთი დავადანაშაულოთ? განა ეს პატიოსანი საქციელია? ღმერთმა ნახა, რომ ყოველივე შექმნილი კარგია. სხვა საქმეა, ჩვენ როგორ ვექცევით ყველაფერ ამას.

იმისათვის, რათა დაგვეხმაროს ზეცის მოპოვებაში, ქრისტემ ერთი პირობა დაგვიდო: ჩვენი სიკვდილის ჟამს, შენ და მე, ვინც უნდა ვიყოთ და სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, ვიყავით ქრისტიანები თუ არ ვიყავით, ყოველი ადამიანური არსება, მოყვარული ღმრთის ხელით მის ხატად შექმნილი, უნდა წარვდგეთ მის წინაშე და ვიქნებით განსჯილი იმის მიხედვით, თუ რანი ვიყავით ღარიბთათვის, იმის მიხედვით, თუ რა გავაკეთეთ მათთვის. ამ საზომს ვერაფერი შეედრება. ჩვენ უკეთ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღარიბები კაცობრიობის იმედს წარმოადგენს, რაკი ჩვენ განვისჯებით იმის მიხედვით, თუ როგორ ვექცეოდით მათ. ამგვარია სინამდვილე, რომელსაც ჩვენ შევეხლებით, როცა უფლის საყდრის წინაშე წარვდგებით: „მე ვიყავი მშიერი. მე ვიყავი შიშველი. არ მქონდა ჭერი. და რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ“.

როცა ვაღიარებთ, რომ ჩვენი მეზობელი, რომელიც იტანჯება, თავად ღმრთის სახეა, და როცა ჩვენ შევიცნობთ ამ ჭეშმარიტებას ყველა მისი შესაძლო შედეგით, მაშინ აღარასოდეს იქნება სიღატაკე, და გულმოწყალების მისიონერებსაც აღარაფერი დარჩებათ საკეთებელი.

ქრისტემ არჩია მოსულიყო ამ სოფლად
განკიცხული, გაჭირვებული და ღატაკი,
რადგან იმას, ვინც,
უკიდურესი გაჭირვების გამო,
ქვეყნად იტანჯება, უფალში შეეძლოს გახდეს
მდიდარი: ცათა სასუფევლის მფლობელი.
იხაროდეთ და იშვებდეთ.

წმ. კლარა ასიზელი

რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის
თუ ვინც სუფრას ემსახურება?
რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის;
ხოლო მე ვარ თქვენს შორის,
როგორც მსახური.

იესო
ლუკა 22:27

11 მიტევების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ყველა ადამიანური არსება
ღმრთის ხელიდანაა გამოსული,
და ყველამ რაღაც ვიცით ჩვენს მიმართ
ღმრთის სიყვარულის შესახებ.
რა რელიგიასაც უნდა ვეკუთვნოდეთ,
ვიცით, რომ თუ ნამდვილად გვინდა
გვიყვარდეს, უპირველეს ყოვლისა,
უნდა ვისწავლოთ მიტევება.

დედა ტერეზა

და მოგვიტევე ჩვენ ვალები ჩვენი,
როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა.

იესო
მათე 6:12

ნიუ იორკში ჩვენ გავხსენით სახლი შიდსით დაავადებულთათვის, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად გარიყულ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებიან. როგორი დაუჯერებელი გარდაქმნა მოხდა მათს ცხოვრებაში უბრალოდ იმის გამო, რომ რამდენიმე დამ, რომელთაც გადაწყვიტეს მათზე ეზრუნათ, ამ ადამიანებს თავშესაფარი მისცეს. ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც მათ იგრძნონ, რომ ისინი უყვართ, რომ ისინი ვიღაცისათვის არსებობენ. ეს იმდენად ცვლის მათს ცხოვრებას, რომ სიკვდილიც კი უფრო ლამაზი ხდება. არც ერთი მათგანი არ წასულა ამ სოფლიდან სასოწარკვეთილი.

ერთხელ ერთმა დამ დამირეკა, რათა მოეთხრო ახალგაზრდა კაცის აგონიის შესახებ, რომელიც - უცნაური ამბავია! - საკუთარ თავს ნებას არ აძლევდა, მომკვდარიყო: „დაო, მე არ შემიძლია მოვკვდე მანამ, სანამ მამაჩემი არ მომიტევებს!“, - ამბობდა იგი.

ერთი ჩვენს დათაგან წავიდა მამის მოსაძებნად და იპოვა იგი. შემდეგ მოხდა რაღაც დაუჯერებელი, - პირდაპირ გაცოცხლებული ფურცელი სახარებიდან. მამა მოეხვია შვილს და შესძახა: „ჩემო შვილო! ჩემო საყვარელო შვილო!“, შვილი კი მამას შენდობას შესთხოვდა: „მაპატიე, მაპატიე!“. და ორივე ასე დარჩა, - ნაზად ჩახუტებული. რამდენიმე საათის შემდეგ ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

როცა ჩვენ მივხვდებით, რომ ყველანი ცოდვილები ვართ, რომ ყველას გვჭირდება მიტევება, მაშინ ძნელი აღარ იქნება, სხვებს მივუტევოთ. იმისათვის, რათა შევძლოთ მიტევება, ჩვენ თავად უნდა ვიყოთ მიტევებულნი. თუ ამას ვერ მივხვდებით, ძალიან ძნელია უთხრა - „მოგიტევებ“- იმას, ვინც ამის იმედით მოდის შენთან.

* * *

აღსარება საოცარი მოვლენაა, - უდიდესი სიყვარულის აქტი. სააღმსარებლოში შევდივართ ცოდვილნი, ჩვენი ცოდვებით, იქიდან კი გამოვდივართ ცოდვილები, ცოდვების გარეშე.

აღსარება მხოლოდ მორჩილებაა, ოღონდ ქმედებაში. ოდესღაც ჩვენ მას მონანიებას ვუწოდებდით, მაგრამ სინამდვილეში საქმე გვაქვს სიყვარულის საიდუმლოსთან, მიტევების საიდუმლოსთან. როცა ჩემსა და ქრისტეს შორის ჩნდება ნაპრალი, როცა ჩემს სიყვარულში ჩნდება ბზარი, მისი ამოვსება ათასი რამით შეიძლება. აღსარება ის ჟამია, როცა საშუალებას ვაძლევ ქრისტეს, გამათავისუფლოს ყველაფერი იმისაგან, რაც გაყოფს, რაც ანგრევს.

ჩემი უპირველესი სინამდვილე ჩემი ცოდვების სინამდვილე უნდა იყოს. უმრავლესობას გვემუქრება საფრთხე, დაგვავიწყდეს, რომ ცოდვილები ვართ და რომ, როგორც ცოდვილებმა, აღსარებაზე უნდა ვიაროთ. ჩვენ უნდა მივიდეთ ღმერთთან, რათა ვუთხრათ მას, თუ როგორ ვინანიებთ ყველაფერს, რაც ჩავიდინეთ და რითაც იგი შეურაცხვყავით.

სააღმსარებლო არ არის ბანალური საუბრებისა და ლაყბობის ადგილი. იქ მხოლოდ ერთი რამ არსებობს: ჩემი ცოდვები, ჩემი სინანული, ჩემი თხოვნა; აგრეთვე ის, თუ როგორ დავძლიო ცდუნება, როგორ ვისწრაფვო სათნოებისაკენ, როგორ წავიდე წინ უფლის მიმართ სიყვარულში.

მონანიება სრულიად აუცილებელია. სხვას არაფერს შეუძლია, ამგვარი ძალით მოთოკოს ჩვენი მოუწესრიგებელი მშვინვიერი ვნებანი და მისაღები ზომის ჩარჩოებში მოაქციოს ჩვენი ბუნებრივი სურვილები. აღსარების მეშვეობით ჩვენ ვეზიარებით იმ ზეციურ სიხარულსა და ნეტარებას, რომელიც აღემატება ყველა მიწიერ სიამოვნებას ისევე, როგორც სული აღემატება სხეულს, ხოლო ზეცა - ქვეყანას. ჩვენი სინანული - ესაა ღმრთის, ადამიანისა და მთელი შექმნილი სამყაროს მიმართ სრულყოფილი სიყვარულის აქტი. ესაა სასიხარულო გაიგივება ჯვარცმულ ქრისტესთან; ესაა მხურვალე სურვილი ჩავინთქათ მასში, რათა ჩვენში დარჩეს მხოლოდ უფალი თავისი ბრწყინვალე დიდებით, ყველა ადამიანის მეგზურად მამისაკენ.

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა უცნაური რამ მკითხა:

- თქვენ თვითონ დადიხართ აღსარებაზე?

- დიახ, - ვუპასუხე მე, - ყოველ კვირას.

- ღმერთი, როგორც ჩანს, ძალზე მომთხოვნი ყოფილა, თუ თქვენც კი იძულებული ხართ, აღსარებაზე იაროთ.

მაშინ მე ვუპასუხე:

- ხანდახან თქვენი ბავშვი ცუდად იქცევა ხოლმე. და რა ხდება, როცა იგი გეუბნებათ: „მამიკო, მე ხომ არ მინდოდა!“. რას აკეთებთ ამ დროს? გულში ჩაიხუტებთ და კოცნით მას. რატომ? იმიტომ, რომ მას ამით ეუბნებით, რომ იგი გიყვართ. ღმერთიც იმავეს აკეთებს. მას ნაზად ვუყვარვართ. როცა ვცოდავთ ან რამეს დავაშავებთ, მოდით, შევეცადოთ, რომ ამანაც კი ღმერთთან დაგვაახლოვოს. ვუთხრათ მას მორჩილად: „მე ვიცი, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ჩემს ამ დაცემასაც შენ შემოგწირავ“.

შეცოდებისას, დაცემისას, მივიდეთ მასთან და ვუთხრათ: „ვნანობ! ვინანიებ!“. ღმერთი მამაა და იგი შეგვიწყალებს. მისი გულმოწყალება ჩვენს ცოდვებზე უფრო დიდია. იგი მოგვიტევებს.

* * *

აი, ესაა მორჩილება: გეყოს სიმამაცე, რათა აიტანო დამცირება და ღმრთისაგან მიიღო მოტევება. ჩვენი სამშვინელნი უნდა დაემსგავსოს გამჭვირვალე კრისტალს, რომელსაც დაუბრკოლებლად განმსჭვალავს მზერა. ეს კრისტალი შეიძლება გაჭუჭყიანდეს, დაიმტვეროს. იმისათვის, რათა გულს მოვაშოროთ მტვერი და გავასუფთავოთ, აუცილებელია სინდისის გამოცდა. ღმერთი ამაში დაგვეხმარება იმდენად, რამდენადაც ჩვენ მივცემთ ამის საშუალებას; თუ ჩვენი ნება ამგვარი იქნება, მაშინ მისი ნება ჩვენსას აღავსებს.

ალბათ, სწორედ ეს გვაკლია. სინდისის გამოცდა სარკეა, რომელსაც ბუნების წინ ვდგამთ; ეს ერთგვარი მოსმენაა, აუსკულტაციაა (რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე), მაგრამ მას ვერავინ აუვლის გვერდს, ვისაც სწორად უნდა შეიცნოს თავისი ცოდვები. თუ ჩვენ ამას უდიდესი გულისყურით გავაკეთებთ, შესაძლოა დავინახოთ, რომ ის, რაც ჩვენ დაუძლეველ დაბრკოლებად მიგვაჩნდა, ჩვეულებრივი ხელის შემშლელი აღმოჩნდება, რომლის გადალახვა არცთუ ძნელია. საკუთარი ცოდვის ცოდნა გვეხმარება ამაღლებაში. საკუთარი თავის ცოდნა აუცილებელია აღსარებისათვის. სწორედ ამიტომ არსებობდნენ წმიდანები, რომლებიც თავიანთ თავს გამოუსწორებელ დამნაშავეებად მიიჩნევდნენ. ისინი ჭვრეტდნენ ღმერთს, ჭვრეტდნენ საკუთარ თავს და ხედავდნენ განსხვავებას. ხშირად თავს შეურაცხყოფილად და გულნატკენად ვგრძნობთ, იმიტომ, რომ არ ვიცნობთ საკუთარ თავს, იმიტომ, რომ ჩვენი მზერა არ იყო მიმართული მხოლოდ ღმრთისაკენ, და ჩვენ მის შესახებ არა გვაქვს არანაირი კონკრეტული ცოდნა. როცა წმიდანებს ასეთი შეძრწუნება მოიცავდა ხოლმე, ამ დროს ისინი სავსებით რეალისტები იყვნენ და ამგვარი გრძნობის გამოგონება მათ არ სჭირდებოდათ.

იმის ცოდნა, თუ რანი ვართ, გაგვაძლიერებს. ცოდვა და თვითკმაყოფილება კი ძალას გამოგვაცლის და დაგვთრგუნავს. ამის ცოდნა წარმოშობს უდიდეს ნდობასა და უეჭველობას. იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მიმართავ იესოს, რათა მხარში ამოგიდგეს შენს სისუსტეთა დასაძლევად. მაგრამ თუკი თავს ძლიერად მიიჩნევ, მაშინ უფალი აღარ გჭირდება.

შერიგება იწყება ჩვენით. ის იწყება სუფთა გულიდან, - გულიდან, რომელსაც უნარი შესწევს, დაინახოს ღმერთი სხვა ადამიანებში.

* * *

გულმოწყალების მისიონერთა წესდებაში არის რამდენიმე შესანიშნავი სტრიქონი, რომელიც გვახსენებს იესოს სიფაქიზეს, მის სიყვარულსა და ერთგულ მეგობრობას. იმისათვის, რათა ეს სიყვარული განსაკუთრებულად იყოს განცდილი, რათა იყოს უფრო მტკიცე, იესო ჩვენ გვიძღვნის ზიარებას. ამისათვის სიყვარულის ყოველი მისიონერი უნდა საზრდოობდეს ზიარებით, ამისათვის ღმრთაებრივი სიყვარულის ნამდვილმა დესპანმა უნდა იცხოვროს ზიარებით ისე, რომ მთელი მისი გული და სიცოცხლე მასთან უნდა იყოს დაკავშირებული. გულმოწყალების ვერც ერთი მისიონერი ვერ შეძლებს, სხვას მიუტანოს იესო, თუკი იესო მის გულში არ ცხოვრობს.

ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებულია ზიარებაზე. ჩვენი რწმენით ქრისტეს სხეულის მიმართ, ჩვენი სიყვარულით ქრისტეს სხეულის მიმართ, - რომელსაც პურის სახე აქვს, - ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობით ვიღებთ ქრისტეს: „მშიერი ვიყავი და თქვენ დამაპურეთ მე. მსხემი ვიყავი და თქვენ მიმიღეთ მე. შიშველი ვიყავი და თქვენ შემმოსეთ მე“.

თვით ზიარება ქრისტეს ვნებებთანაა დაკავშირებული. ერთ დილას ზიარების განაწილებაში ვმონაწილეობდი: ორ თითს შორის იესო მეჭირა. ეცადე გაიგო, რომ იესომ თავად დართო ნება, რათა იგი დაენაწილებინათ.

ზიარებაში უფრო მეტია ჩადებული, ვიდრე უბრალოდ მისი მიღების ფაქტი. მისი მიღებით ჩვენ ვიოკებთ ქრისტეს შიმშილს. იგი გვეუბნება: „მოდით ჩემთან“. იგი მოშიებულია ჩვენს სულებს. სახარებაში არსადაა ნათქვამი: „წადით“, არამედ ყოველთვის ნათქვამია: „მოდით“. სთხოვე იესოს, იყოს შენთან, იშრომოს შენთან ერთად, რათა შეძლო, ლოცვით შესწირო შენი შრომა ძღვნად და მსხვერპლად. დარწმუნებული უნდა იყო, რომ იესო მიიღე. ამის შემდეგ ვეღარ შეძლებ, საშუალება მისცე ბალღამს, დაეუფლოს შენს ენას, ფიქრებს ან გულს.

არასოდეს არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ზიარება და ღატაკი, ან ღატაკი და ზიარება. მან დააცხრო ჩემი შიმშილი უფლისადმი, ახლა კი მე მივდივარ, რათა დავაცხრო მისი შიმშილი სულების მიმართ, მისი წყურვილი სიყვარულისა.

ზიარება ლოცვის საიდუმლოა, ის არის ქრისტიანული ცხოვრების წყარო და მწვერვალი. მაგრამ ჩვენი ზიარება არ იქნება დასრულებული, თუ მას არ მივყავართ ღატაკთა სიყვარულისა და მსახურებისაკენ.

ვიღაცამ შეიძლება იკითხოს: „ვინ არიან ღატაკები ღატაკთა შორის?“. ეს ყველა ისაა, ვინც გარიყულია, მშიერია, დავიწყებულია, უპოვარია: მაწაწანწალები, კეთროვნები, ლოთები, ნარკომანები. ამასთანავე, ჩვენ თვითონ. გულმოწყალების მისიონერებიც ღატაკთა შორის ღატაკები ვართ. ვერც მუშაობას, ვერც ჭვრეტას, ვერც სიყვარულს - ვერაფერს შევძლებთ ქრიტესთან ზიარების გარეშე.

როცა ვიხსენებთ, რომ დღეს დილით, ზიარებისას, ხელით გვეჭირა სრული ღმრთაებრივი სიწმიდე, კიდევ უფრო ძლიერად გვინდა, თავი შევიკავოთ ყველაფერი იმისაგან, რასაც ჩვენი სისუფთავის დაბინძურება შეუძლია. აქედან იბადება წრფელი და ღრმა პატივისცემა საკუთარი პიროვნების მიმართ. პატივისცემა, რომელიც ვრცელდება სხვების მიმართაც, გვიბიძგებს მოვექცეთ მათ ფაქიზად, ამასთანავე, თავი შევიკავოთ ყოველგვარი უთავბოლო სენტიმენტალობისაგან.

წმიდა ზიარება, როგორც თვითონ სიტყვაც მიგვანიშნებს, ღრმა შინაგანი გაერთიანებაა იესოსი ჩვენთან, ჩვენს სხეულთან და სულთან. წმიდანებმა ისე კარგად იცოდნენ ეს, რომ შეეძლოთ რამდენიმე საათის მანძილზე გამოეხატათ მადლიერება. ეს არანაირ კომენტარს არ საჭიროებს.

ვის შეუძლია ჩასწვდეს „ღმრთის სიბრძნისა და წვდომის დაუძლეველ სიღრმეს“? „რაოდენ გონებამიუწვდომელნი არის მისნი მსჯავრნი და გამოუკვლეველნი მისნი გზანი! - შეჰღაღადებს წმიდა პავლე, - რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება, ან ვინ იყო მისი თანამზრახველი?“ (რომაელთა 11:33-34).

თუ ნამდვილად გინდა, სიყვარულის ზრდა, დაუბრუნდი ზიარებას; და კიდევ, - მოდი, დღის განმავლობაში ხშირად გავიმეოროთ: „უფალო, განმბანე ჩემი ბრალისაგან და ჩემი ცოდვისაგან განმწმიდე“.

* * *

თვით ქრისტე გახდა ცხოვრების პური. მას ეწადა, ჩვენთვის მოეძღვნა საკუთარი თავი განსაკუთრებული, ძალიან უბრალო და ხელშესახები სახით, რადგან ადამიანისათვის ძნელია, უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს.

უფალი გულმოწყალებით იღებს
მონანიე ცოდვილს.

წმ. ტერეზა ლიზიელი

ხოლო თუ შენ მიგაქვს შესაწირავი
საკურთხეველთან და იქ გაიხსენებ,
რომ შენი ძმა ძვირს იზრახავს შენთვის,
დაუტევე შენი შესაწირავი საკურთხევლის წინ,
წადი, ჯერ შემოირიგე შენი ძმა,
და მხოლოდ შემდეგ მოდი
და შესწირე შესაწირავი.

იესო
მათე 5:23-24

12 ბავშვისა და ოჯახის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მე თანახმა ვარ მივიღო ნებისმიერი ბავშვი,
ნებისმიერ დროს,
იქნება ეს დღისით თუ ღამით.
მხოლოდ მითხარით, და მე მოვალ მათთვის.

დედა ტერეზა

ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ:
მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ,
ვინაიდან მათნაირებისაა
ღმრთის სასუფეველი.

იესო

მარკოზი 10:14

მტკიცედ ვარ დარწმუნებული ერთ რამეში და მსურს ეს რწმენა შენც გაგიზიარო. სიყვარული სათავეს იღებს ყოველ ოჯახში. ყოველი ადამიანი კი უნდა დარწმუნდეს, რომ მის ოჯახში დიდი სიყვარული ცოცხლობს. როცა სიყვარული ჩვენს სახლს აღავსებს, მაშინ შეგვიძლია ის ირგვლივ მყოფთაც გავუზიაროთ. მაშინ ის თავისით გავრცელდება, და შენ შეგიძლება უთხრა სხვას: „დიახ, აქაა სიყვარული“. და გაუნაწილო ის იმათ, ვინც გვერდითაა.

* * *

ქუჩაში ერთ გოგონას გადავაწყდი და ბავშვთა თავშესაფარში მოვიყვანე, - სანატრელ ადგილას, სადაც კარგად აჭმევენ. მან იქ სუფთა ტანსაცმელი მიიღო, და ჩვენც შევეცადეთ, ისე გაგვეხალისებინა იგი, როგორც შეგვეძლო.

რამდენიმე საათის შემდეგ პაწია გაუჩინარდა. მე მის მოსაძებნად წავედი, მაგრამ ვერსად ვიპოვე. რამდენიმე დღე მოვანდომე მის პოვნას. როცა უკან დავაბრუნე, ერთ-ერთ დას ვთხოვე: „დაო, ძალიან გთხოვ, სადაც უნდა წავიდეს, უკან გაჰყევი“.

გოგონა ისევ გაუჩინარდა. მაგრამ დამ შეძლო დაედგინა, სად და რატომ დადიოდა იგი. გამოირკვა, რომ იგი ყოველთვის ბრუნდებოდა დედასთან, რომელიც ერთი ქუჩის ბოლოს ხის ქვეშ ცხოვრობდა და რომლის მთელ ავეჯს ორი ქვა შეადგენდა, რომლებსაც ეს ქალი სამზარეულოს მაგიდად და ქურად იყენებდა.

დამ ეს ყველაფერი ამიხსნა, რის შემდეგაც მე მასთან წასვლა გადავწყვიტე. გოგონას სახეზე ამოიკითხავდით უზარმაზარ სიხარულს, რადგან იგი იმყოფებოდა დედასთან, რომელსაც იგი უყვარდა და რომელიც მას უმზადებდა მის საყვარელ კერძს ამ თვითნაკეთ ქურაზე, პირდაპირ ქუჩაში.

- რატომ არ გინდა დარჩე ჩვენთან? შენ შეგეძლო იმდენი ლამაზი ნივთით გესარგებლა ჩვენს თავშესაფარში, - ვუთხარი მე.

- არ შემიძლია ვიცხოვრო დედის გარეშე. მე მას ვუყვარვარ, - მიპასუხა მან.

ეს გოგონა უფრო ბედნიერი იყო, როცა იკვებებოდა დედამისის მიერ მომზადებული საცოდავი კერძებით, ვიდრე მაშინ, როცა ჭამდა იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობდით. მთელი იმ დროის განმავლობაში, როცა ის ჩვენთან იყო, მის სახეზე ღიმილს იშვიათად თუ მოჰკრავდი თვალს. როცა მე ის დედასთან ერთად ქუჩაში ვიპოვე, ორივე იღიმებოდა. რატომ? იმიტომ რომ - ორივე ერთად - ისინი ოჯახს შეადგენდნენ.

* * *

მაშინვე, როგორც კი სახლში სიყვარული ჩნდება, ასე მიმაჩნია, ჩვენს შვილებს ერთმანეთის სიყვარული უნდა ვასწავლოთ. მე მგონია, ამას შეუძლია ისინი იმდენად გააძლიეროს, რომ შემდგომ ისინი სიყვარულის გადაცემას სხვებისთვისაც შეძლებენ.

ახლა უკვე აღარ მახსოვს, რომელ ქალაქში მოხდა ეს, მაგრამ ნათლად მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა ქუჩები, სადაც არ იყვნენ ბავშვები. მე მაკლდა ისინი. უცებ, როცა ქუჩით ქვემოთ ვეშვებოდი, დავინახე საბავშვო ეტლი, რომელიც ახალგაზრდა ქალს მოჰყავდა. ქუჩაზე გადავედი, უბრალოდ იმისათვის, რათა ჩვილისთვის დამეხედა. და მე შევძრწუნდი, როცა ეტლში, ბავშვის მაგივრად, ძაღლი დავინახე. როგორც ჩანს, ამ ქალს სურდა, ასე შეევსო თავისი გულის ამოუვსები სიცარიელე: ვინაიდან მას არ შეეძლო ბავშვის ყოლა, იგი რაღაცით ჩანაცვლებას ცდილობდა. მე ძალიან მიყვარს ცხოველები, მაგრამ ამ სურათმა შემაძრწუნა.

ადამიანებს ეშინიათ, იყოლიონ ბავშვები. ბავშვებს აღარ ეკუთვნით ის ადგილი, რომელიც მათ ადრე ჰქონდათ ოჯახის წიაღში. დღეს ბავშვები ასე გულისწამღებად მარტონი არიან! როცა ისინი სკოლიდან ბრუნდებიან, შინ მათ არავინ ხვდება. მაშინ ისინი ქუჩაში გადიან. ჩვენი შვილები შინ უნდა დავაბრუნოთ. საოჯახო კერის შუაგულში დედა უნდა იყოს; ბავშვებს სჭირდებათ დედა. თუ დედა შინაა, ბავშვებიც შინ არიან. იმისათვის, რათა ოჯახი მთლიანი იყოს, დედასა და შვილებს, თავის მხრივ, სჭირდებათ მამა. როცა მათ ერთად შეკრების საშუალებას ვაძლევთ, ჩვენ ღმრთის ნებას აღვასრულებთ.

ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რათა ვიყოთ სიყვარულის მოწმენი, რათა ვიზეიმოთ სიცოცხლე, რადგანაც ის შექმნილია ღმრთის ხატად. ცხოვრობდე - ეს ნიშნავს გიყვარდეს და უყვარდე. და როგორ შეგვიძლია, არ დავიკავოთ მტკიცე პოზიცია ბავშვების დასაცავად? დაე, არც ერთი ბიჭუნა, არც ერთი გოგონა არასოდეს დარჩეს უსიყვარულოდ! ყოველი ბავშვი ღმრთაებრივი სიყვარულის ნიშანია, და ეს თვალსაზრისი მთელს დედამიწაზე უნდა გავრცელდეს.

თუ ყურს მოჰკრავ, რომ რომელიმე ქალს არ უნდა იყოლიოს თავისი ბავშვი, რომ მას აბორტის გაკეთება სურს, შეეცადე დაარწმუნო იგი, რომ ბავშვი მე მომიყვანოს. მე მეყვარება იგი - ნიშანი ღმრთაებრივი სიყვარულისა.

სხვებისათვის დამითმია იმაზე კამათი, რა არის კანონიერი და რა - არა. უბრალოდ, მგონია, რომ არც ერთი ადამიანის გულმა არ უნდა დაუშვას სიცოცხლის ხელყოფა, არც ერთი ხელი არ უნდა აღიმართოს სიცოცხლის გასანადგურებლად. სიცოცხლე ღმრთის სიცოცხლეა ჩვენში. სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი ძღვენია იმ ძღვენთა შორის, რომლითაც ღმერთმა ადამიანი დაასაჩუქრა. ადამიანი კი შექმნილია ღმრთის ხატად. სიცოცხლე ღმერთს ეკუთვნის, და ჩვენ არა გვაქვს არავითარი უფლება, მოვსპოთ ის.

***

ანგელოზის სტუმრობის შემდეგ მარიამი უმალ გაემართა თავის ნათესავთან, ელისაბედთან, რომელიც თავადაც ბავშვს ელოდებოდა. და მისი „ყრმა შეიძრა“ დედის მუცელში. რა სასწაულია - ყოვლისშემძლე ღმერთმა აირჩია უშობელი ჩვილი, რათა მას ეუწყებინა მისი ძის მოსვლა!

ხარებისა და სტუმრობის საიდუმლოში მარიამი წარმოადგენს თვით სიცოცხლის განსახიერებას, - იმგვარი სიცოცხლისა, რომლითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ: თავდაპირველად იგი იესოს იღებს თავის ცხოვრებაში; შემდეგ სხვებს უზიარებს იმას, რაც იტვირთა.

ყოველთვის, როცა ვიღებთ წმიდა ზიარებას, იესო-სიტყვა ხორციელდება ჩვენს ცხოვრებაში, - ძღვენი ღმრთაებრივი, შესანიშნავი, კურთხეული, განუმეორებელი. ასეთი იყო ზიარება იმთავითვე: ძის მიძღვნა მასში, იმ ქალწულში, სადაც ღმერთმა თავისი პირველი საკურთხეველი დაადგინა. მარიამი ერთადერთია, ვისაც სრული რწმენით შეეძლო ემტკიცებინა: „ეს არის სხეული ჩემი“ - ამ წუთიდან მან საკუთარი სხეული, საკუთარი ძალა, მთელი თავისი არსება იესოს სხეულის ჩამოყალიბებისათვის გაიღო.

იმით, რომ მარიამი ეკლესიის დედად გამოაცხადა, დედაეკლესიამ ქალი უდიდეს სიმაღლეზე აღამაღლა ღმრთის წინაშე.

* * *

როცა ჩვენ ბანგლადეშში მიგვიწვიეს, რათა მზრუნველობა გაგვეწია იმ ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც ჯარისკაცებმა გააუპატიურეს, მაშინვე გაჩნდა აუცილებლობა, გაგვეხსნა ბავშვთა თავშესაფარი. მართალია, ეს მოვახერხეთ, მაგრამ გარკვეული სიძნელეების წინაშე აღმოვჩნდით, რადგან გაუპატიურებულ ქალთა სოციალური რეინტეგრაცია ეწინააღმდეგება როგორც ჰინდუისტთა, ასევე მუსლიმთა აზროვნების წესს. მაგრამ როცა ბანგლადეშის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ახალგაზრდა ქალები ეროვნული გმირებია, რომლებიც, როცა თავიანთი პატიოსნების დასაცავად იბრძოდნენ, ამით თავისი ქვეყნისათვის იბრძოდნენ, მაშინ მათი მშობლებიც კი დათანხმდნენ, მოენახულებინათ ისინი. და მაინც, ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ აუცილებელია აბორტის გაკეთება. მაშინ მე ვუთხარი მთავრობას: „ნუთუ გინდათ, რომ ამ ქალებს, რომელთაც მხოლოდ ის დააშავეს, რომ ძალადობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, უბიძგოთ დანაშაულისკენ, რაც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვება?“. მადლობა ღმერთს, რომ მთავრობამ მიიღო ჩვენი წინადადება, ჩვენს თავშესაფარში მიგვეღო ყოველი ბავშვი, რომელიც დაიბადებოდა და რომელსაც აბორტი ემუქრებოდა. ორმოცი ბავშვიდან, რომელიც ჩვენ მოგვცეს, მესამედზე მეტი აიყვანეს დიდსულოვანმა ოჯახებმა კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან.

დარწმუნებული ვარ, რომ ცრემლები ბავშვებისა, რომლებიც არასოდეს დაბადებულან, რადგან ისინი მოკლეს მანამდე, სანამ მზის სინათლეს იხილავდნენ, ღრმა ჭრილობას აყენებს ღმერთს.

* * *

ჩვენ შევთხოვდით ღმერთს, რათა ჩვენთვის გამოეგზავნა ჯანმრთელი სხეულისა და ჯანმრთელი სულის ადამიანი, რომელიც ხელს შეუწყობდა ოჯახების კეთილდღეობასა და აყვავებას და დაეხმარებოდა ინდოელ ქალებს, დაეძლიათ საკუთარი პრობლემები. მავრიკის კუნძულიდან ჩამოვიდა ერთი და, რომელმაც ოჯახის დაგეგმარების კურსი გაიარა.

დღეს სამი ათასზე მეტი ოჯახი სარგებლობს ოჯახის დაგეგმარების ამ ბუნებრივი მეთოდით, და 95%-ის შემთხვევაში ის წარმატებული აღმოჩნდა. ადამიანები მოდიან ჩვენთან, რათა გამოხატონ მადლიერება: „ჩვენმა ოჯახმა შეინარჩუნა ერთიანობა, ჯანმრთელობა და ჩვენ გვიჩნდება ბავშვი მაშინ, როცა ჩვენ გვსურს“:.

მე ვფიქრობ, რომ საჭიროა ამ მეთოდის გავრცელება ყველა ქვეყანაში; თუკი ჩვენი ღარიბები მიიღებდნენ მას, მათი ოჯახური ცხოვრება, დამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახურ წიაღში გახდებოდა უფრო მშვიდი, უფრო აღსავსე სიყვარულით.

ხშირად ადამიანები დამცინოდნენ იმის გამო, რომ ამ ბუნებრივ მეთოდს ვასწავლიდით. ისინი ამბობენ: „დედა ტერეზა მოუქანცველად ლაპარაკობს ოჯახის დაგეგმარებაზე, მაგრამ პრაქტიკულად არ ახორციელებს. ყოველდღიურად მას სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი ჰყავს“.

ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი ბავშვთა თავშესაფრები გადაჭედილია. და იმის მიხედვით, თუ როგორ განუწყვეტლად იმატებს ბავშვების რაოდენობა, ღმერთი, როგორც ჩანს, ჩვენს მიმართ სულ უფრო უჩვეულოდ ავლენს საკუთარ თავს. განსაცვიფრებელია, ხედავდე იმ სიყვარულს, რომელიც ეფინება ამ გარიყულ პატარებს, რომელთაც, რომ არა ეს სიყვარული, შეიძლება სიცოცხლე თხრილებში დაემთავრებინათ.

* * *

მე მგონია, რომ თანამედროვე მსოფლიო იმიტომაა აყირავებული და იმიტომაა ქვეყნად ამდენი ტანჯვა, რადგან ყოველ სახლში სიყვარულის ნაკლებობაა. ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს ბავშვებისათვის. ჩვენ ვერ ვპოულობთ დროს ერთმანეთისათვის. ჩვენ არ გვინდა გამოვნახოთ რამდენიმე წამი, რათა უბრალოდ ერთად ყოფნით გავიხაროთ. სწორედ სიყვარულის ეს ნაკლებობა წარმოშობს უბედურების იმ განცდას, რომელიც მსოფლიოში ბატონობს.

შეგვიძლია კი გავიგოთ, რა სჭირდებათ ჩვენს შვილებს? ბრუნდებიან კი ისინი შინ ჩვენთან ერთად, როგორც იესო ბრუნდებოდა თავის დედასთან ერთად? ვუქმნით კი მათ ნამდვილ საოჯახო კერას?

როცა ჩვენგან დაშორებული ჩვენი შვილები ცუდი გავლენის ქვეშ აღმოჩნდებიან ხოლმე, განვიცდით კი მათ მიმართ ღრმა სიფაქიზეს, რომელსაც შეეძლო აღეძრა სურვილი, მოგვეძებნა ისინი და დაგვებრუნებინა შინ, თვინიერად მიგვეღო ისინი საკუთარ ჭერქვეშ და გვყვარებოდა ისინი მთელი გულით?

ჩანს, დღეს ყველა საშინელ გაწამაწიაში ცხოვრობს და სულ უფრო ძნელი ხდება კომფორტისა და სიმდიდრისადმი სულ უფრო მზარდი წყურვილის დაოკება. შვილებს სრულიად არა აქვთ დრო მშობლებისათვის, მშობლებს არა აქვთ დრო შვილებისათვის და კიდევ უფრო ნაკლებად - ცოლქმარს ერთმანეთისათვის, ცოლქმრული ცხოვრებისათვის. ასეა, მშვიდობის მეუფების ბზარი ოჯახებზე გადის.

გადაეცი შენს ოჯახს ლოცვა; გადაეცი ის შენს შვილებს. ასწავლე მათ ლოცვა. რადგან ბავშვი, რომელიც ლოცულობს, ბედნიერი ბავშვია. ოჯახი, რომელიც ლოცულობს, ერთიანი ოჯახია. ჩვენ ასე ხშირად ვისმენთ დანგრეული ოჯახების შესახებ. მაგრამ ყურადღებით დავაკვირდეთ, რატომ დაინგრა ისინი? ასე მგონია, იმიტომ, რადგან მათ არასოდეს განუცდიათ ერთიანობა ლოცვაში. ლოცვით მათ არასოდეს არ მიუძღვნიათ თავი უფლისათვის.

* * *

მე ყოველთვის ვიხსენებ დედაჩემს. მთელი დღის განმავლობაში იგი ძალიან დაკავებული იყო. მაგრამ როგორც კი მოსაღამოვდებოდა, იგი ჩქარობდა მოემთავრებინა ყველა საშინაო საქმე და მამაჩემის შესახვედრად ემზადებოდა. მაშინ ეს რიტუალი ჩვენ გვართობდა, უწყინრად ვეხუმრებოდით კიდეც მას ამის თაობაზე. მხოლოდ ახლა ვხვდები, როგორი ფაქიზი იყო მისი სიყვარული მეუღლის მიმართ. როცა უნდა მოსულიყო იგი, დედა ყოველთვის მზად იყო, ღიმილით დახვედროდა მას.

თანამედროვე სამყაროს აურზაურში განა ბევრმა ჩვენგანმა მოძებნა კი იგი, ვინც ჩვენს დაბრუნებას ღიმილით დაელოდება? როცა დღეს ჩვენს შვილებს ვეხმარებით გახდნენ ისეთები, როგორებიც უნდა იყვნენ, ამით ჩვენ მათ ხვალისათვის ვაძლევთ სიმამაცეს, რათა ცხოვრების გამოწვევა დიდი სიყვარულით მიიღონ. ეს სიყვარული, რომელიც მათ შინ ეგულებათ და რომელიც მათ ჩვენ უნდა ვასწავლოთ, მხოლოდ ის სიყვარული შეიძლება იყოს, რასაც ისინი მშობლებს შორის ხედავენ. ისინი კი, თავის მხრივ, მხოლოდ ასე შეძლებენ სიყვარულის გადაცემას.

ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად, კონკრეტულად უყვართ ერთმანეთი, ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან მსოფლიოში. ღარიბები ამას ცოცხლად ადასტურებენ. მათ უყვართ თავიანთი შვილები, უყვართ თავისი ოჯახი. და თუნდაც საჭმელად ძალზე მცირედი ან, საერთოდ, არაფერი ჰქონდეთ, ეს მათ ხელს არ უშლით, რათა ბედნიერნი იყვნენ.

იესო ოჯახში დაიბადა და ნაზარეთში ოცდაათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მან, სამყაროს მაცხოვრად მოსულმა, მაინც, ოცდაათი წელი მორჩილებით შრომაში გაატარა, როგორც ყველაზე ჩვეულებრივმა ადამიანმა, და იცხოვრა არაფრით გამორჩეულ ქალაქში. მთელი ეს წლები მან ოჯახში ცხოვრებას დაუთმო.

ბავშვი უდიდესია იმ ძღვენთა შორის, რომელიც ღმერთმა ოჯახს შეუძლია მიუძღვნას, რადგან ბავშვი მშობლების სიყვარულის ნაყოფია.

თუ გინდათ ბედნიერი ოჯახი იყოთ,
თუ გინდათ წმიდა ოჯახი იყოთ,
დაუთმეთ თქვენი გულები სიყვარულს.

დედა ტერეზა

მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა:
მოუშვით ბავშვები, ნუ უშლით
ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მათნაირებისაა
ღმრთის სასუფეველი...
... და აღარც სიკვდილი ხელეწიფებათ;
ვინაიდან ანგელოზთა სწორნი
და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან.

იესო
ლუკა 18:16; 20:36

13 ტანჯვისა და სიკვდილის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საფასური, რომელსაც ღმერთი გვიხდის
ჩვენი თავგანწირვისათვის,
თავად იგია, - ღმერთი.

დედა ტერეზა

მოდით ჩემთან,
ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი,
და მე მოგიფონებთ თქვენ.
დაიდგით ქედზე ჩემი უღელი
და ისწავლეთ ჩემგან,
ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი,
და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
ვინაიდან უღელი ჩემი ამოა,
და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

იესო
მათე 11:28-30

ჩემი ფიქრები ხშირად მომართულია შენკენ, ტანჯულისაკენ; და მე მსხვერპლად ვწირავ შენს ტანჯვას, რომელიც ასე დიდია, მაშინ როცა ჩემი საკუთარი - ასე უმნიშვნელოა. შენ, რომელიც სნეული ხარ და რომლისთვისაც ყველაფერი მძიმე გამხდარა, ეძებე თავშესაფარი ქრისტეს გულში. სწორედ იქ მოიპოვებს ჩემი საკუთარი გული, შენთან ერთად, ძალასა და სიყვარულს.

* * *

ხშირად, როცა ჩემი შრომა ჩემთვის გამოცდად იქცევა ხოლმე, მე ვფიქრობ ჩვენს იმ თანამუშაკებზე, რომლებიც ავად არიან და იესოს მივმართავ: „მოხედე მათ, შენს ტანჯულ შვილებს, და აკურთხე ჩემი საქმე მათ მიმართ სიყვარულის გამო“. მე თავს უმალვე მხნედ ვგრძნობ. თუ ხედავ, ისინი ჩვენი უჩინარი საგანძურია, გულმოწყალების მისიონერთა იდუმალი ძალა. მე თვითონ დიდი სიხარული მეუფლება ხოლმე და ახალი ენერგია აღავსებს ჩემს სამშვინველს ყოველთვის, როგორც კი ფიქრს ვიწყებ მათზე, ვინც სულიერად ერთიანია ჩვენთან.

სულ ცოტა ხნის წინ ბენგალიას, ყოველი მხრიდან, ჭეშმარიტი გულმოწყალების სახით, ნამდვილი ციური მანანა მოევლინა. საიდან აღარ მოდიოდა საკვები და ტანსაცმელი, რომელსაც აგზავნიდნენ ქალები და კაცები, ბავშვები და მთელი სკოლები, რათა მუსონის საშინელი შედეგები შეემსუბუქებინათ. კატაკლიზმა თავზარდამცემი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან რაღაც მშვენიერი გააცოცხლა. მან დაბადა უნარი და სურვილი გაზიარებისა. მან დაბადა ზრუნვა და ყურადღება ჩვენი ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც ამ სტიქიური უბედურებისას დაზარალდნენ. ისინი, ვინც ამ თანაგრძნობას იჩენდა, ყველგან იყვნენ და უამრავნი იყვნენ; იქ ნახავდით ადამიანებს, რომლებიც დაზარალებულებს საჭმელს უმზადებდნენ. და ამაღლებული იყო იმის ნახვა, თუ განსაცდელი როგორ დაეხმარა ამდენ ადამიანს ამდენი სიკეთის გამოვლინებაში.

არანაირი ტანჯვა ჩვენი ცხოვრებიდან მთლიანად არ ქრება. ამიტომ ტანჯვის ნუ შეგეშინდება. შენი ტანჯვა შეიძლება გახდეს სიყვარულის დიდი საბაბი, თუ შენ შეგიძლია ამით ისარგებლო, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ მისი დამკვიდრებით დედამიწაზე მშვიდობა მკვიდრდება. თავისთავად და თავის თავში ტანჯვა უნაყოფოა. მაგრამ ის, რაც ქრისტეს ტანჯვასთან ერთიანობაში განიცდება, შეიძლება აღმოჩნდეს სიყვარულის შესანიშნავი ძღვენი და ნიშანი. ის, რაც გადაიტანა თავად ქრისტემ, აღმოჩნდა ძღვენი, სიყვარულის უდიდესი ძღვენი, რადგან მისი ტანჯვით გამოსყიდულ იქნა ჩვენი ცოდვები.

ტანჯვა, ტკივილი, დარდი, დამცირება, გამოფიტულობა - ყველაფერი ეს სხვა არაფერია, თუ არა იესოს ამბორი, ნიშანი იმისა, რომ შენ იმდენად ახლობელი გახდი მისთვის, რომ მას შეუძლია შენ გეამბოროს.

გახსოვდეს, რომ იესოს ტანჯვა ყოველთვის გვირგვინდება მისი აღდგომის სიხარულით; შენც, როცა გულში იესოს ტანჯვას იგრძნობ, გახსოვდეს, რომ გარდაუვალად დადგება აღდგომა. დაე, ნურასოდეს ნურაფერი დაგაღონებს იმდენად, რომ ქრისტეს აღდგომის სიხარული დაგავიწყოს.

* * *

ოცდახუთი წლის მანძილზე მოვძებნეთ და მივიღეთ ქუჩაში მიტოვებული ექვსი ათასი უსახლკარო, და კიდევ, თვრამეტი ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაც ლამაზი სიკვდილი განიცადეს. ყოველთვის, როგორც კი ვინმეს ვუპატრონებ ხოლმე, მას მაშინვე ერთ ჯამ ბრინჯს ვაძლევთ და იგი რამდენიმე წამში ცოცხლდება. ერთ ღამეს, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვიყვანეთ ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ქალი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო: წყლულებით დაფარულ მის სხეულზე მატლები დაფუთფუთებდნენ. დებს ვუთხარი, რომ მას მე მოვუვლიდი, და ვთხოვე მათ, დანარჩენი სამისათვის მიეხედათ. მართლაც, ამ ქალს ყველაფერი გავუკეთე, რაც ჩემს სიყვარულს შეეძლო მისთვის გაეკეთებინა. როცა მას ვაწვენდი, მან ხელი მომკიდა. მან ძლივ-ძლივობით მითხრა: „გმადლობთ“, და ჩაქრა. ყოველივე ამაში იყო სიდიადე - სიყვარულის სიდიადე. მას სწყუროდა სიყვარული და ის სიკვდილის წინ მიიღო. მან წარმოთქვა მხოლოდ ერთი სიტყვა, მაგრამ ეს საკმარისი იყო, რათა გადმოეცა მთელი თავისი ფაქიზი კეთილგანწყობა.

ნიუ იორკში ჩვენ გვაქვს თავშესაფარი იმათთვის, რომელნიც დაავადებულნი არიან „დასავლური კეთრით“, როგორც მე მას ვუწოდებ, ანუ შიდს-ით. მე გავხსენი ეს თავშესაფარი შობის წინა დღეებში, როგორც ძღვენი იესოსათვის მისი დაბადების დღის გამო. ჩვენ დავიწყეთ თხუთმეტი საწოლით, - ყველაზე ნაკლებად უზრუნველყოფილი ავადმყოფებისა და იმ ოთხი ახალგაზრდისათვის, რომლებიც მე შევძელი გამომეხსნა ციხიდან, სადაც სიკვდილი მათ ასე აშინებდა. ისინი იყვნენ ჩვენი პირველი პაციენტები. მე მათთვის პატარა სამლოცველო მოვაწყვე. ამდენად, ამ ახალგაზრდა ხალხს, რომლებიც არასოდეს ყოფილან ახლოს იესოსთან, შეეძლოთ მისულიყვნენ მასთან ნებისმიერ დროს, როცა მოისურვებდნენ. ღმრთის კურთხევითა და მისი სიყვარულის წყალობით მათი გულები სრულიად გარდაიქმნა.

როცა იქ დავბრუნდი, ერთი მათგანის მდგომარეობა გაუარესებული დამხვდა. საჭირო გამხდარა მისი გადაყვანა საავადმყოფოში. ჩვენ მის სანახავად წავედით. როცა დაგვინახა, ასე მითხრა: „დედა ტერეზა, შენ ჩემი მეგობარი ხარ. მე მინდა პირისპირ დაგელაპარაკო“. როცა დები გავიდნენ, მან მხოლოდ მაშინ დაიწყო ლაპარაკი. და აი, რა მითხრა ამ ახალგაზრდამ, რომელიც თავისი ცხოვრების ოცდახუთი წლის მანძილზე არც ერთხელ არ ყოფილა აღსარებაზე, არც ერთხელ არ მიუღია წმიდა ზიარება და არასოდეს არაფერი საერთო არ ჰქონია იესოსთან. ამის მიუხედავად, ასეთი სიტყვები გავიგონე: „იცი, დედა ტერეზა, როცა საშინელი თავის ტკივილი მეწყება, მე მას ვადარებ ტკივილს, რომელსაც იესო ეკლის გვირგვინისაგან განიცდიდა. როცა ზურგში მტეხავს, მე ვიხსენებ იესოს გაშოლტვას. როცა ჩემი ხელფეხი ნევრალგიითაა შეპყრობილი, ჩემს ტკივილს ჯვარცმული იესოს წამებას ვადარებ. ახლა გთხოვ, უკან დამაბრუნოთ, თქვენს სახლში. მე მინდა შენს ახლოს მოვკვდე“.

ექიმის ნებართვით, იგი ჩვენს თავშესაფარში გადავიყვანე. იგი სამლოცველოში მოვათავსეთ. არასოდეს მინახავს, რომ ვინმეს ისე მიემართა ღმრთისთვის, როგორც ამას ეს ჩვენი ავადმყოფი აკეთებდა. ამ ახალგაზრდასა და იესოს შორის ამგვარი სიყვარული დამყარდა. სამი დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

ძნელია იმ ცვლილების ახსნა, რომელიც ამ ახალგაზრდა ადამიანში მოხდა. როგორ მოხდა ეს? შესაძლებელია, უბრალოდ, დების კეთილმოსურნე ყურადღების წყალობით, რომლებმაც დაარწმუნეს იგი, რომ ღმერთს იგი უყვარდა.

როგორც ქრისტიანები, ჩვენ შექმნილნი ვართ უმაღლესი მიზნისათვის, მოწოდებულნი ვართ წმიდანობისათვის, რადგან ღმრთის ხატად ვართ შექმნილნი. ამიტომ, როცა ვინმე კვდება, ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანი ბრუნდება შინ, - იქ, სადაც ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ.

* * *

ერთ-ერთი ჩვენს დათაგან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაემგზავრა. სწორედ იმ დღეს, როცა მას დიპლომი უნდა აეღო, იგი ავად გახდა: გამომჟღავნდა სენი, რომელიც მას დიდი ხანია ტანჯავდა. უკვე მომაკვდავმა, მან იკითხა: „რატომ მომიხმო იესომ ასე მოკლე დროით მსახურებისათვის?“. მისმა წინამძღვარმა კი მას უპასუხა: „იესოს სჭირდები შენ და არა შენი საქმეები“. და ამან სრულიად დაამშვიდა იგი.

სიკვდილის ჟამს ჩვენ განგვსჯიან არა ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების რაოდენობის მიხედვით, არამედ იმ სიყვარულის მიხედვით, რაც ჩვენ მათში ჩავდეთ, - იმ სიყვარულისა, რომელსაც თავგანწირვა წარმოშობს, იმ სიყვარულისა, რომელიც ტკივილით განიცდება.

საბოლოო ჯამში, სიკვდილი, უბრალოდ, ყველაზე მსუბუქი და სწრაფი გზაა ღმერთთან დასაბრუნებლად. ნეტავ შეგვეძლოს, დავეხმაროთ ადამიანებს, გაიგონ, რომ ჩვენ ღმრთიდან გამოვედით და მასში უნდა დავბრუნდეთ.

სიკვდილი ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ის თავისებური მწვერვალია: გარდავიცვალოთ და მოვიპოვოთ შვება ღმერთში. სიკვდილი შეიძლება ლამაზი იყოს, შეიძლება დღესასწაული იყოს. ესაა წასვლის ჟამი, როცა შინ ვბრუნდებით. იგი, ვინც ღმერთში კვდება, მშობლიურ სახლში მიემართება. რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვაკლდება იგი, ვინც წავიდა. მაგრამ სილამაზე, რომელსაც ვხედავთ ამ მოვლენაში, ამით არ კნინდება. ადამიანი წავიდა ღმერთთან, დაბრუნდა შინ, ღმერთთან.

მე ვკვდებოდი ღმრთის ნახვის სურვილით
და არ ვიცოდი, როგორ მიმეღწია
ამგვარი ცხოვრებისათვის,
თუ არა სიკვდილით.
გონებაში მიტრიალებს და კრთება
დიდებული სანახაობა
ღმრთაებრივ ბრწყინვალებაში მოციმციმე
იმ სამყაროსი, სადაც უნდა გავეშურო.

წმ. ტერეზა ავილელი

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
ვინც ისმენს ჩემს სიტყვას,
და სწამს ჩემი მომავლინებელი,
აქვს საუკუნო სიცოცხლე,
და არ მივა სამსჯავროდ,
არამედ გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
მოვა დრო, და მოვიდა კიდეც,
როცა მკვდრები მოისმენენ ღმრთის ძის ხმას,
და ვინც მოისმენს, იცოცხლებს.

იესო
იოანე 5:24-25

14 გულმოწყალების მისიონერთა ორდენის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


იმისათვის, რათა იყო
გულმოწყალების მისიონერი,
უნდა იყო ფიზიკურად და სულიერად
ჯანმრთელი, უნდა შეგეძლოს სწავლა,
უნდა გქონდეს ზომიერად საღი აზრი
და მხიარული განწყობილება.

დედა ტერეზა

ერთიღა გაკლია:
წადი, გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია
და მიეცი გლახაკთ,
და გექნება საუნჯე ცაში.
აიღე შენი ჯვარი, და მოდი და გამომყევ მე.

იესო
მარკოზი 10:21

ჩვენი დები და ძმები საკუთარ თავს გულმოწყალების მისიონერებს უწოდებენ. ეს ახალგაზრდა ადამიანები ღმრთაებრივი სიყვარულის დესპანებად არიან მოწოდებულნი. მისიონერი ისაა, ვინც გაგზავნილია მისიით, უწყებით, რომელიც გადაცემულ უნდა იქნეს. როგორც იესო იყო გამოგზავნილი თავისი მამის მიერ, ჩვენც ასევე მის მიერ გამოგზავნილნი და მისი სულით აღვსილნი ვართ, - იმისათვის, რათა ვიყოთ სიყვარულისა და თანალმობის მისეული სახარების მოწმენი, უპირველესად ჩვენი საკრებულოების წიაღში, შემდგომ კი, ჩვენი მსახურებით ღატაკთა შორის უღატაკესთათვის, - მთელს მსოფლიოში.

ყოველთვის ვიცოდი, რომ ღმერთი ჩემგან რაღაცას ელოდება. თორმეტი წლისა ვიყავი და მშობლებთან ერთად სკოპიეში ვცხოვროდი, როცა პირველად ვიგრძენი მონაზვნად გახდომის სურვილი. იქ შესანიშნავი მღვდლები იყვნენ, რომლებიც ეხმარებოდნენ გოგონებსა და ჭაბუკებს, გაჰყოლოდნენ თავიანთ მოწოდებას იმის მიხედვით, თუ რისკენაც მოუწოდებდა ღმერთი თითოეულ ჩვენგანს. სწორედ იმ დროს მივხვდი, რომ უნდა ვემსახურო ღატაკებს.

თორმეტიდან თვრამეტ წლამდე დავკარგე სწრაფვა რელიგიური ცხოვრებისაკენ. და მაინც, თვრამეტი წლისამ გადავწყვიტე, სახლი დამეტოვებინა და ლორეტის ღმრთისმშობლის დებთან მივსულიყავი. ამის შემდეგ უმცირესი ეჭვიც კი აღარ შემპარვია ამგვარი გადაწყვეტილების სისწორეში. ეს ღმრთის ნება იყო, არჩევანი ღმერთმა გააკეთა. ლორეტელმა დებმა თავიანთი ცხოვრება მასწავლებლობას მიუძღვნეს, რაც მოციქულობის ერთ-ერთი ნამდვილი გამოვლინება. მაგრამ ჩემი პირადი მოწოდება - თვით რელიგიური ცხოვრების შიგნით - მიმართული იყო ღატაკთა მსახურებისაკენ. ეს იყო მოწოდება, რომელიც ჩემი მოწოდების სიღრმიდან ისმოდა, - რაღაც მეორე მოწოდების მსგავსი. ეს იყო ბრძანება, დამეტოვებინა ლორეტელთა ორდენი და მემსახურა უსახლკარო ღატაკთათვის.

1946 წელს, როცა მატარებლით მივემგზავრებოდი დარჯილინგში, რეკოლექციაზე, სულიერ წვრთნაზე, მე ვიგრძენი მოწოდება, მიმეტოვებინა ყველაფერი, უარი მეთქვა ყველაფერზე, გავყოლოდი ქრისტეს, წავსულიყავი ღატაკთა უბნებში და მემსახურა ყველაზე მიუსაფართა შორის.

* * *

ჩვენი სულიერი ცხოვრება - ღმრთისადმი მიძღვნილი ცხოვრებაა. ჩვენი შრომა ჩვენი ლოცვაა, - იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ამას იესოსთან ერთად და იესოსადმი სიყვარულის გამო ვაკეთებთ.

მოწოდება ქრისტეს ძღვენია. მან თავად თქვა: „მე აგირჩიეთ თქვენ“. ყოველი მოწოდება ნამდვილად ქრისტესეული უნდა იყოს. საქმე, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ საშუალებაა, რომლის დახმარებითაც ჩვენ კონკრეტულად ვამჟღავნებთ ღმრთის მიმართ სიყვარულს.

ჩვენი მოწოდება სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ვეკუთვნოდეთ ქრისტეს. საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, მხოლოდ საშულებაა, რათა ცოცხალი ქმედებით გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული

ღმრთის მიმართ.

ღმრთივშეწირული სიცოცხლის ყველა გამოვლინება - იქნება ეს მონაზონი, მღვდელი და თვით უწმიდესი მამა - ყველა დამოკიდებულია ერთსა და იმავე მოწოდებაზე: ვეკუთვნოდეთ ქრისტეს. „მე აგირჩიე შენ, რათა მეკუთვნოდე მე“. ესაა ჩვენი მოწოდება. გამოვლინებები, საშუალებები, რომლითაც მას ვახორციელებთ, შესაძლოა, განსხვავებული იყოს. ჩვენი სიყვარული იესოს მიმართ, რომელიც ქმედებაში ვლინდება, მხოლოდ საშუალებაა, სამოსია, ტანსაცმელია. მე ვატარებ ამგვარ ტანსაცმელს, შენ - სხვანაირს. ეს შესაძლებლობის საკითხია. მაგრამ მოწოდება სხვა რამეა. ქრისტიანის მოწოდება - იესოა.

ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ ღმრთის მიერ. როგორც მისიონერები, ჩვენ უნდა ვიყოთ ღმრთაებრივი სიყვარულის დესპანნი, მზად უნდა ვიყოთ, რომ დაუყოვნებლად, მარიამის მსგავსად, გავეშუროთ სულთა მოსაძებნად; უნდა ვიყოთ ჩაუქრობელი სანთლები, რომლებიც შუქს აწვდის ადამიანებს; უნდა ვიყოთ ამ სოფლის მარილი; სული, რომელიც მხოლოდ ერთი სურვილითაა შეპყრობილი - და ეს სურვილი უნდა იყოს იესო.

ჩვენ უეჭველად უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს „დიახ“, როცა ამას ღმერთს ვეუბნებით. ეს „დიახ“ ნიშნავს, რომ მე გეძლევი მთლიანად, უსიტყვოდ, არ ვფიქრობ საფასურზე, ყოველგვარ ამგვარ მსჯელობათა გარეშე: „სწორია კი ეს?“, „ასე უნდა გავაკეთო ეს?“. ღმრთისადმი ნათქვამი ჩვენი „დიახ“ უკანმოუხედავი უნდა იყოს.

მხოლოდ ღმერთს უნდა მიანდო მომავალი, რადგან გუშინდელი დღე უკვე გავიდა, ხვალინდელი ჯერ არ დამდგარა, ხოლო ჩვენ კი მხოლოდ დღევანდელი დღე გვაქვს იმისათვის, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, შეიცნონ ღმერთი, შეიყვარონ და ემსახურონ მას.

ღმრთისადმი სრული მინდობა უნდა მჟღავნებოდეს დიდშიც და მცირედშიც. საკმარისია მხოლოდ ერთი სიტყვა „დიახ!“: „მე ვიღებ ყველაფერს, რასაც შენ მაძლევ, და გაძლევ ყველაფერს, რასაც შენ იღებ“. არაა აუცილებელი, ჩაიდინო რაღაც განსაკუთრებული, იაზროვნო ან ჩამოაყალიბო აზრი რაღაც განსაკუთრებულად; საკმარისია უბრალო თანხმობა: მე ვეძლევი ღმერთს, მე მას ვეკუთვნი.

თუკი რამე მეკუთვნის, სრული უფლება მაქვს, ვისარგებლო ამ ნივთით ისე, როგორც საჭიროდ მიმაჩნია. მე ვეკუთვნი ღმერთს, - ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია მომექცეს ისე, როგორც მას სურს.

ასეთი სრული დათმობა გულისხმობს სიყვარულსა და ნდობას. შეუძლებელია, მთლიანად დაუთმო, თუკი მთლიანად არ ენდობი, თუ შთაგონებული არ ხარ სიყვარულის ლტოლვით. იესო მიენდო მამას იმიტომ, რომ იცოდა, როგორ უყვარდა იგი მამას.

„მე და მამაჩემი ერთნი ვართ“.
„მამაჩემი ჩემშია, მე კი - მასში“.
„მე მარტო არ ვარ, რადგან მამაა ჩემთან“.
„მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს“.

გადაიკითხე იოანეს სახარება და ნახავ, რამდენჯერ იყენებს იქ იესო სიტყვას „მამა“.

უნდა დავიცალოთ, თუ გვინდა, რომ ღმერთმა აღგვავსოს. უნდა შეგვეძლოს, სრულად უარვყოთ საკუთარი თავი, - იმდენად, რომ ღმერთმა შეძლოს მთლიანად, უმეტნაკლებოდ დაგვეუფლოს. ჩვენ უნდა მივცეთ მას ყველაფერი, რასაც იგი მოგვთხოვს და მივიღოთ მისგან ყველაფერი, რასაც იგი მოგვცემს.

უანგარო თავგანწირვა გულისხმობს ღმრთისადმი საკუთარი თავის სრულ დათმობას, იმიტომ რომ მან მთლიანად დაგვითმო თავისი თავი. თუ ღმერთი, რომელსაც ჩვენი არაფერი ჰმართებს, ისწრაფვის მოგვცეს ჩვენ - არც მეტი, არც ნაკლები - საკუთარი თავი, განა შეგვიძლია საპასუხოდ მას ჩვენი თავის მხოლოდ ნაწილი დავუთმოთ?

როცა უარს ვამბობ საკუთარ თავზე, ამით მე ღმერთს ვუთმობ თავს, რათა მან ჩემში ცხოვრება შეძლოს. როგორი ღარიბები ვიქნებოდით, ღმერთს რომ ჩვენთვის არ მოეცა მისთვის თავგანწირვის უნარი! და რამხელა სიმდიდრის მფლობელები ვართ ახლა! როგორი ადვილია ღმრთის მოპოვება! ჩვენ ვეძლევით მას, ის ხდება ჩვენი, და ჩვენ არაფერი გვაქვს, გარდა ღმრთისა.

საკუთარ არარაობაში დარწმუნებულნი, ღმრთის მიერ კურთხეული მორჩილებით, ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი დაეჭვების გარეშე, რადგან ღმერთთან ერთად ყველაფერია შესაძლებელი.

იესოს ხშირად ვეუბნებით: „გაგვხადე შენს ტანჯვათა თანამონაწილე“, მაგრამ როგორც კი ვინმე ყრუ აღმოჩნდება ჩვენი სიტყვების მიმართ, რა ადვილად ვივიწყებთ იესოსთან ამ თანამონაწილეობას! განა საკმარისი არ იქნებოდა გაგვეხსენებინა, რომ სწორედ იესო გვაძლევს საშუალებას, ამა თუ იმ ადამიანის ან ამა თუ იმ გარემოებათა წყალობით რამე მშვენიერი გავაკეთოთ იესოსათვის.

თუ ჩვენს გულში სისასტიკე იდებს ბინას, თუ ჩვენ დამცირების მიღება გვიჭირს, მაშინ მორჩილებას ვერ ვისწავლით. მისი აბსტრაქტულად სწავლა კი შეუძლებელია. იესომ დაითმინა დამცირება.მან დაიმცირა თავი, რათა აღესრულებინა მამის ნება, და ეს მან გააკეთა თავიდან ბოლომდე.

ჩვენს გულსა და გონებაში მუდმივად უნდა ვატაროთ ის, რაც ღირებულია იესოსათვის. ჩვენ უნდა გავამჟღავნოთ მისი ყოფნა იქ, სადაც იგი ჯერ არ არის, ვიაროთ წინ უშიშრად, მამაცურად შევხვდეთ საფრთხესა და სიკვდილს, იესოს მსგავსად, მასთან ერთად და მისთვის. მზად უნდა ვიყოთ, ნებისმიერ დღეს მივიღოთ სიკვდილის აუცილებლობა; და თუ გვინდა, ჩვენი სულები ღმერთთან მივიყვანოთ, მზად უნდა ვიყოთ იმ საფასურის გადასახდელად, რაც მან გადაიხადა ჩვენთვის. მზად უნდა ვიყოთ, ნებისმიერ დროს გავემგზავროთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში; მივიღოთ და პატივი ვცეთ სხვა ხალხთა წეს-ჩვეულებებს, მათს ენას და მათი ცხოვრების წესს; ყოველთვის, საჭიროებისდა მიხედვით, შევძლოთ შეგუება; ვიყოთ ბედნიერნი ნებისმიერი სამუშაოს დაწყებისას; გვიხაროდეს ყოველი გაღებული მსხვერპლი, რასაც მოითხოვს ჩვენი მისიონერული ცხოვრება. ყველაფერ ამაში იგულისხმება შეგნებული პასუხისმგებლობა, ებრძოლო ყოველნაირ მოდუნებას საკუთარ თავში, ასევე კომფორტისადმი სიყვარულს, რომელიც ისევ მიგვიყვანდა რამდენადაც მოსახერხებელ, იმდენადვე გამოფიტულ საშუალოობამდე. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ავაგოთ ჩვენი ცხოვრება ქრისტესთან ჯანსაღ მეტოქეობაზე, მოწოდებულნი ვართ, ვიყოთ სარიში ჩაცმული მებრძოლები, იმიტომ რომ დღეს ეკლესიას მებრძოლები სჭირდება. ჩვენი საბრძოლო დევიზი უნდა იყოს: „არა გაქცევა, არამედ ბრძოლა“.

დღეს ღმრთის ეკლესიას წმიდანები სჭირდება. ჩვენ კი იესოს სახელით, თავისუფლად უნდა ვიაროთ ქალაქებსა და სოფლებში, მთელს მსოფლიოში, მათ შორის, იქაც, სადაც მეფობს სიღატაკე და საფრთხე; გავემართოთ იქ მარიამთან ერთად, იესოს უმანკო დედასთან ერთად, სულიერად ყველაზე ღატაკთა მოსაძებნად, ფაქიზი სიყვარულით, რომელიც ღმრთისაგან გვეძლევა; მივუტანოთ მათ ხსნისა და იმედის სახარება; ვიმღეროთ მათთან ერთად მათი სიმღერები, მივუტანოთ მათ ღმრთის სიყვარული, მისი მშვიდობა და მისი სიხარული. და კიდევ, სულიერად ვიყოთ ყველგან, ღმრთის მიერ შექმნილი უზარმაზარი სამყაროს ყოველ კუთხეში, ყველაზე შორი პლანეტიდან - ოკეანის უფსკრულებამდე, მიტოვებული მონასტრის სამლოცველოდან - დაცარიელებულ ტაძრამდე, რომელიმე ქალაქის აბორტის ცენტრიდან - საპატიმრომდე, ერთი კონტინენტის მდინარის სათავიდან - დედამიწის მეორე ბოლოში, მთის ფერდობზე შემალულ უკაცურ გამოქვაბულებამდე; თვით ზეცაში და ჯოჯოხეთის კარიბჭესთან, სადაც ერთად ვილოცებთ ღმრთის ყოველი ქმნილების გამო, რათა ყოველი არსება, ვისთვისაც ღმრთის ძის სისხლი დაიღვარა, ცხონებული და კურთხეული იყოს.

დღევანდელ მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებისათვის. ჩვენ ვერ ვახერხებთ ასეთი საქმეებისათვის დროის გამონახვას, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველდღიურად, მუდამ ვხვდებით შიმშილით მომაკვდავ ადამიანებს, მომაკვდავებს იმის გამო, რომ მათ თუნდაც მცირეოდენი ლუკმაპური და სიყვარული არ გააჩნიათ. უნდა ვიბრძოლო თუ არა სამართლიანობისათვის, როცა ჩემს თვალწინ იხოცებიან იმის გამო, რომ მათ არა აქვთ ჭიქა რძე? ამავე დროს, უნდა ვთქვა, რომ სულაც არ ვკიცხავ მათ, ვინც ასეთ ბრძოლას ეწევა. ღმრთის ხალხში, დარწმუნებული ვარ, კანონიერად არსებობს განსხვავებანი. უბრალოდ, ჩემთვის უმთავრესია ვემსახურო ყველაზე უპოვართ. გულმოწყალების მისიონერები ჩვენი მოწოდებით წარვდგებით მსოფლიოს წინაშე, როგორც მშვიდობის დესპანები, ქმედითი სიყვარულის ქადაგებით, - სიყვარულისა, რომელსაც შეუძლია გადალახოს ყველა საერთაშორისო, ერთაშორისი და რელიგიათაშორისი დაბრკოლებები.

ქალაქის ჯურღმულებში დებმა ყოველთვის უნდა გახსნან თავშესაფარი, რათა იქ თავი მოუყარონ ქუჩის ბავშვებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი. მათი უპირველესი და უშუალო საზრუნავია: დაბანონ ისინი, დააპურონ და მხოლოდ ამის შემდეგ ასწავლონ, მოამზადონ სკოლაში წასასვლელად. მათ უნდა ელაპარაკონ ღმრთის სიყვარულის შესახებ ისე, რომ ეს იყოს უბრალოდ, მიმზიდველად ნათქვამი და, ამასთანავე, გამოაღვიძოს ისინი.

როცა ვხედავ, რომ დებიდან რომელიმეს არ ყოფნის მოთმინება, მე მას ვუკრძალავ ღატაკებთან წასვლას. მათ დარდის ისედაც საკმარისი მიზეზი აქვთ; განა უფლება გვაქვს, კიდევ დავამძიმოთ ისინი ჩვენი საკუთარი სევდით, როცა ამდენი გაჭირვება და დარდი არსებობს? ჩვენი ბუნება - ამდენად ადამიანური - ჩვენგან განუყოფელია თავიდან ბოლომდე. ყოველდღიურად მძიმე შრომა გვმართებს, რათა ჩვენს თავზე გავიმარჯვოთ. ვითხოვოთ ერთმანეთის პატიების მადლი, იესოს სიტყვისამებრ. სწორედ ამიტომ ჩვენი დები მისდევენ ცხოვრებას, რომელიც აღსავსეა ლოცვითა და მსხვერპლის გაღებით. სწორედ ამიტომ ყოველ ცისმარე დღეს ვიწყებთ ზიარებითა და განაზრებისათვის გამოყოფილი დროით.

ყოველ საღამოს, როცა ჩვენი შრომის შემდეგ ვბრუნდებით, ერთი საათით სამლოცველოში ვიკრიბებით, უწმიდესი ძღვნის მიმართ თაყვანის საცემად. მწუხრის დადგომის სიმშვიდეში, ქრისტეს თანამყოფობით, ჩვენ შვებას მოვიპოვებთ. იესოსთან სიახლოვის ეს საათი უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენს კონგერაციაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც ყოველდღიური თაყვანისცემის პრაქტიკა დავნერგეთ. იესოს მიმართ ჩვენი სიყვარული უფრო მეგობრული გახდა, ერთმანეთის მიმართ ჩვენი სიყვარული კი - უფრო გულთბილი. ხოლო ღარიბების მიმართ ჩვენს სიყვარულში უფრო მეტი თანალმობა გაჩნდა.

ჩვენი დები და ძმები ემსახურებიან ღატაკთა შორის ყველაზე ღატაკებს: ავადმყოფებს, მომაკვდავებს, კეთროვნებს, მიუსაფარ ბავშვებს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ღატაკთაგან არასოდეს მსმენია ბუზღუნი ან წყევლა-კრულვა, არასოდეს მინახავს, მათ შორის ვინმე სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილიყოს. ღატაკები საოცარი ადამიანებია; მათ შეუძლიათ ყველაზე სასტიკ სიძნელეებსაც კი გაუძლონ.

ადამიანთა გულგრილობა, რომლებიც ისე ჩაგვივლიან გვერდით, რომ არც კი შეხედავენ იმათ, ვისაც ჩვენ ვპატრონობთ, იმის ნიშანია, რომ მათ არ იციან, რა არის რწმენა ან ძალზე მცირე რწმენა აქვთ. ისინი რომ შინაგანად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იგი, ვინც ხოხავს, ვისაც არა აქვს წამოდგომის უნარი, მათი ძმაა ან დაა, ვფიქრობ, რამეს უთუოდ იღონებდნენ. სამწუხაროდ, მათ არ იციან, თუ რა არის თანალმობა, და არც ის იციან, თუ ვინ არიან ეს უბედურები. ამას რომ მიმხვდარიყვნენ, ისინი მაშინვე მიხვდებოდნენ იმ ადამიანურ არსებათა მთელ სიდიადეს, რომლებიც გზისპირა თხრილებში არიან გართხმულნი. ისინი ძალდაუტანებლად შეიყვარებდნენ მათ, ხოლო თუ შეიყვარებდნენ, მაშინ მიხედავდნენ კიდეც.

მსოფლიოს თვალში სრულ სიგიჟედ ჩანს, რომ გვახარებს ღარიბული საკვები, რომ ჩვენ ვიგემოვნებთ უხეშ, უგემურ ფაფას; რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს იაფფასიანი ქსოვილითა და ძველი შესამოსლიდან შეკერილი მხოლოდ სამი გაცვეთილი კაბა, მაგრამ რომელთაც ჩვენ გულმოდგინედ ვუვლით, იმიტომ, რომ უარს ვამბობთ, შევიძინოთ ახალი; რომ ჩვენ მოგვწონს ფორმადაკარგული, დახეული ფეხსაცმლით სიარული და ბანაობა წყლით სავსე გობში პირდაპირ ჩვენს ვიწრო ოთახებში; რომ ჩვენ ვიტანჯებით სიცხისაგან, მაგრამ არ ვხმარობთ ვენტილატორებს; რომ ჩვენ დავდივართ ცარიელი კუჭით და გამშრალი პირით, მაგრამ არ ვთანხმდებით, სხვებთან ვისადილოთ; რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არც რადიო, არც ფირსაკრავი, რომლებსაც შეუძლია მოგვიხსნას ნერვული დაძაბულობა გრძელი, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ; რომ ჩვენ დავდივართ ფეხით ან ველოსიპედით, წვიმასა და ზაფხულის პაპანაქებაში; რომ ჩვენ მხოლოდ ხალხით გადაჭედილი ტრამვაის მეორე კლასით და მატარებლის მესამე კლასით ვმგზავრობთ; რომ ჩვენი საწოლები ხმელია, იმიტომ რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვით სქელ, რბილ ლეიბებზე, რომლებსაც შეეძლო ჩვენი დაღლილი, დამაშვრალი სხეულებისათვის ასეთი შვება მოეტანა; რომ ჩვენ გვირჩევნია სამლოცველოში თხელ, უხეშ ფარდაგზე დავიჩოქოთ; რომ ჩვენ გვახარებს ღამის გათენება საავადმყოფოს საერთო პალატებში, სადაც ქრისტეს ღატაკთა შორის ვრჩებით, იმის მაგივრად, რომ ვისარგებლოთ ცალკე ოთახებით, რომელთაც ჩვენ გვთავაზობენ; რომ ჩვენ გვეამაყება, ვიმუშაოთ მტვირთავებად ჩვენს დაწესებულებებში და მის გარეთ, - მაშინ, როცა შეგვეძლო დაგვექირავებინა მოსამსახურე ან საკუთარი თავისათვის უფრო მსუბუქი საქმე მოგვენახა; რომ ჩვენ გვსიამოვნებს, ვასუფთავოთ საპირფარეშოები და ვხეხოთ სიბინძურე, ისე, თითქოს ლაპარაკი იყოს ამქვეყნად ყველაზე მშვენიერი საქმიანობის შესახებ; და რომ ყველაფერ ამას ჩვენ ვუწოდებთ უფლის სადიდებელს! რამდენი ადამიანია, რომელიც ფიქრობს ასე, მიიჩნევს ასე, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ ვხარჯავთ ჩვენს ძვირფას სიცოცხლეს, ვმარხავთ ჩვენს ნიჭს!

დიახ, ნამდვილად, ოდენ გონების თვალსაწიერიდან, ჩვენი ცხოვრება ფუჭადაა გაფლანგული. დიახ, ჩვენს სიცოცხლეს აზრი არა აქვს ქრისტეს გარეშე, თუ არ გავითვალისწინებთ მისი სიღატაკის მთელ თვალსაჩინოებას.

ჩვენი შესანიშნავი საქმე, რომელსაც ღატაკებისათვის ვაკეთებთ, პრივილეგიაა, ძღვენია. მე მგონია, რომ თუ ღატაკებთან ამ სიყვარულით წავალთ, - ერთადერთი სურვილით, ვაჩუქოთ მათ ღმერთი, მივიტანოთ მათ ჭერქვეშ ქრისტეს სიხარული, რაშიცაა ჩვენი ძალა, და თუ ჩვენი ნახვით ისინი ჩვენში იესოს, მის სიყვარულს და მის თანალმობას დაინახავენ, - მაშინ ქვეყანა, ალბათ, მალე მოიპოვებს სიყვარულსა და სიშვიდეს.

* * *

სიმართლე რომ ითქვას, ღმრთაებრივი სიყვარულის სიფაქიზე სრულიად წარმოუდგენელი რამ არის. ჯვრის ცქერისას ვხვდებით, როგორ შეგვიყვარა ჩვენ იესომ. ბარძიმის ცქერისას ვხვდებით, რამდენად ვუყვარვართ მას ახლა. იყავი პირისპირ იესოსთან და შენი გული აივსება სიხარულით, რომელიც მხოლოდ იესოს შეუძლია მოგცეს.

შეეცადე, ადიდო ღმერთი შენი ცხოვრების საქმეებით. მაშინ შენ დაინახავ ფერისცვალებას, - საკუთარი ცხოვრების, ოჯახის, საკრებულოსა და მთელი გარემოს ფერისცვალებას. ეკლესია - ყოველი ჩვენგანია: შენ და მე.

„შენ სახელით მოგიწოდე, - თქვა იესომ, - შენ ჩემი ხარ. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის. მე შენ მიყვარხარ:“. თუ ქრისტე გიყვარს, შენთვის ძნელი არ იქნება, მთლიანად ეკუთვნოდე იესოს და მისცე იგი ყველას, ვისაც შეხვდები...

...ღმერთს ვუყვარვარ მე.
მე აქ ვარ არა მხოლოდ იმისათვის,
რომ შევავსო რომელიღაც მწკრივი,
რომელიღაც ადგილი,
ვიყო სიის რომელიღაც ნომრად.
მან ამირჩია მე განსაზღვრული მიზნისათვის.
მე ეს ვიცი.

დედა ტერეზა

მე ვარ ნათელი ქვეყნისა;
ვინც გამომყვება, აღარ ივლის ბნელში,
არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.

იესო
იოანე 8:12

15 საუბრისას

▲ზევით დაბრუნება


...მოდით კურთხეულნო მამის ჩემის მიერ,
და დაიმკვიდრეთ სასუფეველი,
თქვენთვის გამზადებული
ქვეყნის დასაბამიდან.
რადგან მშიოდა, და მომეცით საჭმელი;
მწყუროდა, და მასვით;
უცხო ვიყავი, და შემიწყნარეთ;
შიშველი ვიყავი, და შემმოსეთ;
სნეული ვიყავი, და მომხედეთ;
საპყრობილეში ვიყავი, და მინახულეთ...
...ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
რითაც კი შეეწიეთ
ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს,
იმით მე შემეწიეთ.

იესო
მათე 25:34-36; 40

ამ საუბრისას დედა ტერეზა ღიად ლაპარაკობს ორდენის შესახებ, რომელიც მან დააფუძნა, თავისი საქმის შესახებ, რაც მთელს მსოფლიოში ხორციელდება „ღატაკთათვის ღატაკთა შორის“, და, აგრეთვე, საუბრობს თავისი რწმენის ირგვლივ.

ეს დიალოგი შედეგი და ნაყოფია რამდენიმე საუბრისა დედა ტერეზასა და ხოსე ლუის ბონსალეს-ბალადოს შორის.

- დედა ტერეზა, მსუბუქად მიგაჩნიათ თუ არა თქვენი შრომა ღატაკებს შორის?

თავისთავად, ვერაფერი იქნება ადვილი, დაუღლელი ლოცვისა და თავგანწირვის სულისკვეთების გარეშე; იმ უნარის გარეშე, რომ ღატაკები აღვიქვათ როგორც ქრისტე, რომლის ვნებანი ისევ გრძელდება. ბედნიერნი ვიქნებოდით, რომ შეგვძლებოდა ღატაკთათვის უზრუნველგვეყო სამყაროსთან თანაცხოვრება. იმათ, ვისაც წართმეული აქვს ყველაზე აუცილებელი ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება, უძნელდებათ იცხოვრონ ჰარმონიულად, სოლიდარულნი იყვნენ ირგვლივ მყოფთა მიმართ, უძნელდებათ არ დაინახონ მათში საშიში მეტოქე, რომელიც მათს მდგომარეობას კიდევ უფრო გაუარესების საფრთხით ემუქრება. ამიტომ ჩვენ უფლება არა გვაქვს შევთავაზოთ მათ რამე ნაკლები, ვიდრე სიყვარულის დამოწმებაა; ვიდრე ის, რომ თითოეულ მათგანში ვხედავდეთ ქრისტეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთის გარეგნობა საძაგელია.

- თქვენი წყალობით იმდენი ახალი მოწოდება ჩნდება! რას აკეთებთ ამისათვის?

მათ ღმერთი აგზავნის. ეს ახალგაზრდა ადამიანები მოდიან და ხედავენ. ხანდახან ისინი ძალიან შორიდან მოდიან. ბევრმა მათგანმა ჩვენი არსებობის შესახებ ჟურნალებიდან შეიტყო.

- საკმარისია კი ის რაოდენობა დებისა და ძმებისა, რომელიც თქვენს განკარგულებაშია?

სამწუხაროდ, მოთხოვნილება ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე იმის შესაძლებლობა, რომ ვუპასუხოთ მას.

- რა გიბიძგებთ ამდენი ახალი სახლის გასახსნელად?

თუ ღმერთი გვიგზავნის ამდენ ახალ მოწოდებას, რომელთა რაოდენობა არ იკლებს, ეს, ალბათ, ხდება არა იმისათვის, რათა ისინი მონასტერში გამოვკეტოთ, არამედ იმისათვის, რომ ღმერთს სურს, უფრო იმატოს ღატაკთა შორის ყველაზე ღატაკთა დახმარების გარჯამ.

- ხელმძღვანელობთ თუ არა რაიმე განსაზღვრული კრიტერიუმებით, როცა ახალ სახლს ხსნით ინდოეთში ან საზღვარგარეთ?

ადგილობრივი ეპისკოპოსის წინასწარი მიწვევის გარეშე არაფერს ვხსნით. სინამდვილეში, ამჟამინდელი მოთხოვნილება ბევრად აღემატება ჩვენს საშუალებებს. როგორც წესი, და ჩვენი წესდების თანახმადაც, როცა მიწვევას ვიღებთ, თავდაპირველად მივემგზავრებით ადგილზე, რათა გავიგოთ, როგორია იქ ღატაკთა ცხოვრების პირობები. ჩვენს გადაწყვეტილებას, გავხსნათ ახალი სახლი, ერთადერთი მიზანი აქვს - ღატაკთათვის მსახურება. ამიტომ გადაწყვეტილებას ჩვეულებრივ ვიღებთ მხოლოდ ინფორმაციის მოკრების შემდეგ, გარდა საგანგებო შემთხვევებისა, -ვგულისხმობ უკიდურესი საჭიროების შემთხვევებს.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ ფორმას?

ყველაზე მცირეს ან, საერთოდ, არანაირს. რაც შეეხება ჩვენს შესამოსელს, - მიუხედავად იმისა, რომ სარი ჩვენთვის ჩვეულია, - მაინც მზად ვართ, შევცვალოთ ან შევანაცვლოთ ის ნებისმიერი სხვა ტანსაცმლით, თუ ეს გარკვეულ გარემოში ხელს შეგვიშლის, რათა ადამიანებმა თავისიანებად მიგვიღონ. ჩვენ შევცვლით მას ნებისმიერი სხვა ჩასაცმელით, თუკი ის უკეთესად იქნება მიღებული იქ, სადაც სამუშაოდ გასამგზავრებლად ვართ მოწოდებულნი.

- საიდან მოდის ეს ძალა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, აკეთოთ თქვენი საქმე?

იმთავითვე გვისწავლია ქრისტეს ცნობა სიღატაკის, ავადმყოფობის, გარიყულობის საცოდავ საფარველქვეშ. თვით ქრისტე ყოველთვის წარმოდგება ჩვენს წინაშე მომაკვდავის, დამბლადაცემულის, კეთროვნის, ხეიბრის, ობლის ყოველთვის წმიდათაწმიდა, იდუმალი სახით. რწმენა ჩვენს ამოცანას, - რომელიც განსაკუთრებულ მომზადებასა და საგანგებო მოწოდებას საჭიროებს, - აიოლებს, ან, ყოველ შემთხვევაში, ასატანს ხდის. რწმენის გარეშე ჩვენი საქმიანობა შეიძლება გადაქცეულიყო ჩვენი რელიგიური ცხოვრების დაბრკოლებად, იმიტომ, რომ ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ღმრთისმგმობელობას, ბოროტებისაკენ მიდრეკილებას, ღმრთის უარყოფას.

- როგორი მნიშვნელობა აქვს თქვენს მსახურებაში რელიგიურ საკითხებს?

ჩვენ სოციალური დახმარების თანამშრომლები კი არა, მისიონერები ვართ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევანგელიზაციას ვცდილობთ მხოლოდ მსახურებით; ვისწრაფვით, საშუალება მივცეთ ღმერთს, ამაში გამოამჟღავნოს თავი. ობოლთა ჩვენს თავშესაფრებში ბავშვებს კატეხიზმოს ვასწავლით. ხოლო რაც შეეხება უფროსებს, ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიჩენთ ინიციატივას, თუკი ისინი თავად გვეკითხებიან ან გვთხოვენ, რომ რწმენის გზაზე დავაყენოთ. ჩვენი ორდენის ყოველი წევრი, - ყოველი და, - ნოვიციატის დროს კარგ რელიგიურ განათლებას იღებს, ხოლო შემდეგ ისინი გადიან განსხვავებულ, უფრო საგანგებო მომზადებას. რამდენადაც ჩვენ არ გვიყვარს იმათი ადგილების დაკავება, ვინც ჩვენზე უფრო კომპეტენტურად მიგვაჩნია ზოგიერთ საკითხში, ამიტომ ჩვენ სიხარულით მივმართავთ, მაგალითად, მღვდლებს, რათა რთულ შემთხვევებში მათს გადაწყვეტილებებს დავემორჩილოთ (რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ საკითხებს, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მსახურებასთან). რაც შეეხება ჩვენს ქმედებათა კრიტერიუმს, მისი საფუძველია არა გაჭირვებული ადამიანის რელიგიური რწმენა, არამედ თავად გაჭირვება. იმათი რელიგიური კუთვნილება, ვისაც ჩვენ ვეხმარებით, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს სიღატაკესა და ყოფით გაჭირვებაზე.

- ეხმარებიან თუ არა ვინმეს გულმოწყალების მისიონერები გამორჩეულად?

ასეთები რომც იყვნენ, გამორჩეული იქნებოდნენ ყველაზე ღატაკნი, ყველაზე მიტოვებულნი, ისინი, ვის გამოც არავინ ზრუნავს: ობლები, მომაკვდავები, კეთროვანნი.

- ზოგიერთს მიაჩნია, რომ თქვენი ორდენის საქმიანობა, განსაკუთრებით მომაკვდავთა თავშესაფარში, მხოლოდ ახანგრძლივებს იმათ უბედურებას, ვისაც იქ იღებთ. ვინც გამოჯანმრთელდება, ისევ ქუჩაში ბრუნდება და ისევ იმავე პრობლემებს ეჯახება: სიღატაკეს, ავადმყოფობას. რას იტყოდით ამის შესახებ?

ყოველთვის, როცა ეს შესაძლებელია, ვცდილობთ არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ სამედიცინო დახმარებით. ჩვენ ვცდილობთ, მივაღწიოთ სრულ ადამიანურ და სოციალურ რეაბილიტაციას. მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ხშირად ადამიანებს, რომლებსაც ჩვენ ვპატრონობთ, ჩვენი დაწესებულებების კედლებში ყოფნას ქუჩის ცხოვრების თავისუფლება ურჩევნიათ. ამაში კი ჩვენ შეიძლება მათ ხელი შევუშალოთ. ჩვენ იმ რწმენით ვმოქმედებთ, რომ ყოველთვის, როცა ღატაკს ვაპურებთ, ჩვენ ამით თვით ქრისტეს ვაპურებთ; როცა შიშველს შევმოსავთ, ჩვენ ამით თვით ქრისტეს ვმოსავთ; როცა მომაკვდავს შევიფარებთ, ჩვენ ამით თვით ქრისტეს ვმასპინძლობთ.

- ზოგიერთს მიაჩნია, რომ გულმოწყალების მისიონერთა სამედიცინო განათლება საკმაოდ ზერელეა, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება მძიმე შემთხვევებს...

დიახ, ეს ასეა. ჩვენი სამედიცინო განათლება შეზღუდულია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ იმათ და ვიზრუნოთ იმათზე, ვისზეც არავინ ზრუნავს. მათ შორის სამედიცინო კუთხითაც.

- კიდევ ამბობენ, რომ ყურადღება, რომელსაც თქვენ უთმობთ უიმედო შემთხვევებს, შეიძლებოდა მიმართულიყო სხვების სასარგებლოდ.

ჩვენ გვინდა დავეხმაროთ იმათ, ვისაც დახმარება სჭირდება. მიუხედავად ამისა, უპირატესობას ყოველთვის ვანიჭებთ იმათ, ვისაც უფრო მეტად ესაჭიროება დახმარება. ჩვენ არავის შევაქცევთ ზურგს და არავინაა გამორიცხული ჩვენი მსახურებიდან. ყოველ ტანჯულ ძმაში ტანჯული ქრისტეს სახებას ვხედავთ. მაშინაც კი, როცა აუცილებლობის ან არასაკმარისი საშუალებების გამო ჩვენი დახმარება ადამიანთა მცირე რაოდენობით უნდა შემოვსაზღვროთ, სურვილი მაინც გვაქვს, გულმოწყალების სივრცე უსასრულობამდე გავაფართოვოთ.

- განა მართალი არაა, რომ მომაკვდავთათვის ხანდახან თქვენ თითქმის ვერაფერს აკეთებთ ან ძალიან ცოტას გაკეთება შეგიძლიათ?

ჩვენ ის მაინც შეგვიძლია, რომ მათ დავუტოვოთ უმნიშვნელოვანესი ხატი, - ხატი ადამიანებისა, ვისაც მათი სიყვარულის სურვილი აქვთ. მომაკვდავნიც ღმრთის შვილები არიან და სიყვარულს ისევე იმსახურებენ, თუ უფრო მეტად არა, როგორც სხვა დანარჩენნი.

- გქონიათ თუ არა როდისმე ზიზღის მსგავსი გრძნობა ამგვარი სიღატაკის ხილვისას?

დიახ, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ ავადმყოფებთან, უსახლკარო მოხუცებთან, კეთროვნებთან და ობლებთან. ვერ უარვყოფ, რომ ხანდახან ეს ამოცანა რთულია, ხოლო პირობები - არახელსაყრელი. მაგრამ ყოველ ჩვენგანს, გამონაკლისის გარეშე, გვირჩევნია მუშაობა ღარიბებთან და არა მდიდრებთან. ეს ჩვენი ცხოვრების საქმეა. ნოვიციატის დროს, ესე იგი ორი წლის განმავლობაში, ნახევარი დღე ღატაკებს ვუვლით. ახალმოსულები გამოცდილი დების ხელმძღვანელობით მუშაობენ. მანამ, ვიდრე ისინი სამუდამო აღთქმებს დადებენ, დები რამდენიმე წლის მანძილზე ღატაკებს ემსახურებიან. ამგვარად ჩვენი მსახურება თითქმის ჩვეულებრივი ხდება, რაც მას უფრო უბრალოს, თითქმის ინსტინქტურს და ბუნებრივს ხდის, მაგრამ - არა მექანიკურს.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენს მისიას: დაეხმარო?

მსახურება არ შემოიფარგლება მარტო მატერიალური დახმარების შეთავაზებით. ჩვენ გვინდა ღატაკებს მივცეთ ყველაფერი, რაც მათ აუცილებლად სჭირდებათ, რათა თავი მიტოვებულად კი არა, არამედ ყურადღებით გარემოცულად იგრძნონ. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მსახურებით მთლიანად განხორციელდეს ის გრძნობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთმა მაღალჩინოსანმა ჩვენს ერთ დას გაუზიარა: „ქრისტე ხელახლა მოდის ჩვენთან ერთად, - ადამიანებისათვის სიკეთის კეთების მეშვეობით“.

- რას აკეთებთ კეთროვანთათვის?

ჩვენ ვეხმარებით ამ ავადმყოფობით დაღდასმულ ოცი ათასზე მეტ ადამიანს კალკუტაში და ორმოცდაათი ათასზე მეტს - მთელს ინდოეთში. ვიცით, რომ ქვეყნისათვის, სადაც ოთხ მილიონზე მეტია კეთრის მსხვერპლი, ეს არაფერია. პირველი, რასაც ვაკეთებთ იმათთვის, ვისაც ჩვენთან ვიღებთ, მათი იმაში დარწმუნებაა, რომ ისინი ნამდვილად კეთრით არიან დაავადებულნი. ჩვენ მათ უზრუნველვყოფთ აუცილებელი მკურნალობით და ვცდილობთ მათს განკურნებას. დღეს კეთროვნები გამოკეტილი აღარ უნდა იყვნენ. თუ დროულად ჩავერევით, შესაძლოა მათი სრული განკურნება. ამიტომ დები, პირველ ყოვლისა, ცდილობენ დაარწმუნონ ადამიანები, რომ ავადმყოფობას უნდა ებრძოლონ. ინდოეთში, ადამიანთა რელიგიურ ცნობიერებაში, კეთრი მიჩნეულია ღმრთის სასჯელად. დები ყველაფერს აკეთებენ, რათა ამოიძირკვოს ეს შეხედულება და საფუძველი ჩაეყაროს კეთრის ნამდვილ მკურნალობას.

- ვისგან იღებთ დახმარებას?

მადლობა ღმერთს, ყველასაგან! ჩვენ გვყავს ქველმოქმედნი და თანამშრომლები ჰინდუისტთა, მუსლიმთა, პარსთა, ებრაელთა, ბუდჰისტთა, პროტესტანტთა და, რა თქმა უნდა, კათოლიკეთა ორის.

- შეგშინებიათ თუ არა როდისმე, რომ უცებ შეიძლება უსახსროდ დარჩეთ?

ჩვენ არასოდეს გვაქვს ზედმეტი, მაგრამ არასოდეს გვიგრძვნია იმის უკმარისობა, რაც გვჭირდება. ასეთი წონასწორობა ყოველთვის მყარდება თითქმის სასწაულებრივად და უეცრად. მომხდარა, რომ გაგვიღვიძია ყოველგვარ საშუალებათა გარეშე და შიშით, რომ ვეღარ დავეხმარებით გაჭირვებულებს. მაგრამ გადის რამდენიმე საათი და მოდის პროდუქტები, მოდის ფული, მოულოდნელად და ხშირად ანონიმურად. ჩვენი შემომწირველები ხან რელიგიურნი არიან, ხან - არა; ხან მდიდრები არიან, ხან - ღარიბები; დახმარება ყოველი მხრიდან მოდის.

- რას წარმოადგენს თქვენი სამუშაო?

თავისთავად, ის არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. ეს, უეჭველად, ყველაზე მორჩილი საქმეა, რომელიც კი შეიძლება არსებობდეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მისი ფასეულობა ღმრთის მიმართ სიყვარულის სულისკვეთებაშია, რომელიც თავად ღმრთის მიერ არის შთაგონებული. შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი, თუ არ გიყვარს მოყვასი. ამავე დროს, მოწყალების არც ერთი მისიონერი არ ივიწყებს ქრისტეს სიტყვებს და ცდილობს დააპუროს და შემოსოს იესო, მოინახულოს იგი ღარიბის სახით.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ მიტოვებულ ბავშვებთან თქვენი მუშაობის შესახებ?

ჩვენ სწორედ მათგან დავიწყეთ და ძველებურად ისევ მათთან ვართ, თუმცა ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ობლები, მიტოვებული ბავშვები, სამწუხაროდ, იმგვარ ბავშვთა წყებას განეკუთვნება, რომელთა უკმარისობას არ განვიცდით. ჩვენი საკრებულოს არსებობის პირველ წლებში პოლიციელმა მოგვიყვანა ბავშვების მთელი ჯგრო, რომლებიც ქურდობის დროს დააკავეს. ისინი ძალიან პატარები იყვნენ იმისათვის, რათა სხვა დამნაშავეებთან ერთად ციხეში გაეგზავნათ. მე შევეკითხე მათ, რატომ ჩაიდინეს ეს საქციელი. ბავშვებმა ამიხსნეს, რომ ყოველ საღამოს, ხუთიდან შვიდ საათამდე, უფროსები მათ ქურდობის გაკვეთილებს უტარებდნენ.

- როგორი მომავლის იმედი უნდა ჰქონდეთ ბავშვებს, რომლებსაც თქვენ ეხმარებით?

არა მგონია, არსებობდეს ინდოეთისათვის დახმარების გაწევის უკეთესი საშუალება, ვიდრე ის, რომ მოვუმზადოთ უკეთესი მომავალი დღევანდელ ბავშვებს. ჩვენ ვზრუნავთ ყველაზე ღარიბებზე, რომელთაც ვპოულობთ ჯურღმულებში. ყოველი მათგანისათვის თვეში მხოლოდ რამდენიმე დოლარია საჭირო. და რა ამაღელვებელია ნახო, რომ ამისათვის სხვა ქვეყნის ბავშვები - ფრანგები, ინგლისელები, გერმანელები, ესპანელები, იტალიელები - გვიგზავნიან ნაწილს თავიანთი დანაზოგიდან. ყოველ ბავშვს, რომელსაც ვიღებთ, შემნახველ სალაროში ანაბარს ვუხსნით. თუ ნიჭიერია, მაშინ, როცა მოიზრდება, იგი საშუალო განათლებას მიიღებს. ისინი, ვისაც საჭირო მონაცემები არ აღმოაჩნდება, იღებენ სპეციალურ განათლებას, რათა შემდგომში რამე სამუშაოს შესრულება შეძლონ.

- თქვენ აშკარა უსამართლობათა მოწმე ხართ ხოლმე. რას შვრებით ამ დროს?

უსამართლობათა დანახვა ყველას შეუძლია. მასების ცხოვრების გაუმჯობესების უზრუნველყოფა, - მასებისა, რომლებიც უსამართლობისაგან იჩაგრებიან, - საერთაშორისო ორგანიზაციების საქმეა. ჩვენ კი ყოველდღიური ურთიერთობა გვიწევს მათთან, ვისაც საზოგადოებამ ზურგი შეაქცია. ჩვენი უპირველესი მიზანია, დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა თავიანთი განვითარება ბოლომდე მიიყვანონ. ჩვენ ვცდილობთ აღვუდგინოთ ღირსების გრძნობა, რომელიც მათ უნდა ჰქონდეთ, როგორც ადამიანურ არსებებს და როგორც ერთი მამის შვილებს. ამისათვის კი ჩვენ არ გვჭირდება იმის გარკვევა, კვდებიან ისინი თუ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე ელით წინ.

- გეხმარებათ თუ არა ინდოეთის მთავრობა?

ჩვენ არ ვიღებთ რამე პირდაპირ დახმარებას, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მთავრობა მხარში გვიდგას, და ძალიან მნიშვნელოვნად, თავისი ნდობითა და პატივისცემით, რასაც ის ჩვენს მიმართ გამოხატავს. ეს თანადგომა ვლინდება სხვადასხვა სახით, როგორიცაა, მაგალითად, დახმარება მიწის ნაკვეთების მოპოვებაში ან უფასო მგზავრობა რკინიგზით.

- სარგებლობთ თუ არა რამე განსაკუთრებული სტატუსით? გათავისუფლებულია თუ არა გადასახადისაგან ყველაფერი ის, რაც თქვენთვის შემოაქვთ?

საკვები, წამლები, სამედიცინო საშუალებები, ტანსაცმელი და ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი მუშაობისათვის - ავეჯი, საბეჭდი მანქანები, საკერავი მანქანები - ჩვენ თავისუფლად შემოგვაქვს. ყველაფერი დანარჩენისათვის ნებართვა გვჭირდება. მაგრამ ყველა ეს ქონება ძღვენია, რომელიც განკუთვნილია ღატაკებისათვის და ამიტომ არ წარმოადგენს გარიგების საგანს. ყველაფერი ეს გაჭირვებულებს ხმარდება და მნიშვნელობა არა აქვს, რა ეროვნებას, იდეოლოგიას თუ სარწმუნოებას ეკუთვნიან ისინი. მათი რიცხვი კი, ვისაც უჭირს, ხომ ისე დიდია!.. ერთადერთი, რისი გაკეთებაც ჩვენ გვევალება, ისაა, რომ მთავრობას უნდა განვუცხადოთ, რას წარმოადგენს ეს ძღვენი. მთავრობა კი, რომელმაც მშვენივრად იცის, რაში გამოიყენება ის, საჭირო ნებართვას იძლევა. ყველაფერი მოხმარდება ღარიბებს. ამიტომ ჩვენ გვენდობიან.

- როგორ ანაწილებთ ყველაფერ იმას, რასაც იღებთ?

ჩვენ გვაქვს ანგარიშის წიგნი, რომელშიც შეგვაქვს ყველაფერი, რასაც ვიღებთ; ყველაფერი, რასაც ვხარჯავთ; ყველაფერი, რასაც ვაძლევთ და რისთვისაც ვაძლევთ. მაგალითად, თუ ვინმე გვაძლევს ას რუპიას კეთროვნებისათვის, ჩვენ თანხას მხოლოდ ამ მიზნისათვის ვიყენებთ. ჩვენ პატივს ვცემთ შემომწირავის ნებას.

- ჩანს, ინდოეთის მთავრობას განზრახული აქვს, შეამციროს უცხოელი მისიონერების მოღვაწეობა. გეხებათ თუ არა ეს თქვენ?

ჩვენ დავფუძნდით ინდოეთში, აქ მდებარეობს ჩვენი პირველი სახლი. ამიტომ ამგვარი განზრახვანი ჩვენ არ გვეხება. ამასთანავე, ჩვენ თავს ვარიდებთ ევანგელიზაციის რამე სხვაგვარ საშუალებას, გარდა ჩვენი მსახურებისა. ეს სავსებით საკმარისია ჩვენი დამოწმებისათვის. თუკი რომელიმეს იმათგან, ვისაც ჩვენ ვეხმარებით, გაუჩნდება სურვილი, გახდეს კათოლიკე, მან უნდა მიმართოს მღვდელს. ჩვენი ერთადერთი რელიგიური მიზანია, რათა დავეხმაროთ ყველას, ვისაც კი ვხვდებით, ღმერთთან მიახლოებაში.

- გეგულებათ თუ არა დამხმარეები კიდევ სადმე სხვაგან?

რა თქმა უნდა! ჩვენ თავიდანვე ვვარაუდობდით, რომ სხვები დაგვეხმარებოდნენ. განსაკუთრებით ის საერო პირები, რომლებიც ორდენთან არიან დაკავშირებულნი. ჩვენ მათ თანამუშაკებს ვუწოდებთ. ისინი სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან, - დაწყებული სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებით, რომლებიც გვიგზავნიან იმას, რისი დაზოგვაც თავად მოახერხეს, ანდა აგვარებენ სახსრების შეგროვებას თავიანთი ინდოელი დებისა და ძმებისათვის. მართალია, ჩვენი ორდენი უთუოდ აღიარებულია, მაგრამ ცოტა რამის გაკეთებას თუ შევძლებდით, ათასობით თანამუშაკის დიდსულოვნების გარეშე მთელი მსოფლიოდან.

- ყველა ორდენი ვერ ახერხებს თავდაპირველი სულისკვეთების შენარჩუნებას. ემუქრება თუ არა გულმოწყალების მისიონერებს თავიანთი სულისკვეთების დაკარგვა?

მეოთხე აღთქმა, რომელსაც ჩვენ ვდებთ, გვავალდებულებს, სრული უანგარობით ვემსახუროთ ღატაკებს ღატაკთა შორის. ამან უნდა დაგვიცვას იმ საფრთხისაგან, რის შესახებაც თქვენ საუბრობთ. ჩვენი მისია იმდენად ცხადია, რომ შეუძლებელია, რამე საეჭვო იყოს. ღატაკებმა იციან, ვინ არიან ისინი და როგორია მათი ადგილი. ისინი არიან ჩვენი ორდენის შექმნის მიზეზი. სწორედ ისინი ქრისტეს მიერ წარმოადგენენ ჩვენი არსებობის საზრისს.

- ხომ არ განიცდით ხანდახან ცდუნებას, იმუშაოთ მდიდრებთან, სადაც ყველაფერი უფრო ადვილი იქნებოდა?

ღატაკები ჩვენი ცხოვრების საზრისია. ჩვენ მათთვის დავიბადეთ და მხოლოდ მათ ვუძღვნით თავს. ამიტომ ვერავითარი ცდუნება ვერ აგვაცდენს მათ.

- ცდილობთ მიიტანოთ თქვენი საქმიანობით რამე განსაკუთრებული უწყება?

სიყვარული არ გულისხმობს სხვა უწყებას, გარდა სიყვარულისა. ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ, განვიცადოთ ქრისტეს სიყვარული ძალიან კონკრეტულად, ყოველს ჩვენს ქმედებაში. ჩვენ ვქადაგებთ ჩვენი ქმედებებით, მოძრაობით, მაგრამ არა სიტყვებით. ამგვარია ჩვენი საშუალებები სახარების დასამოწმებლად.

- გრძნობთ თუ არა, რომ ადამიანებს თქვენ უყვარხართ?

დიახ, ძირითადად ასეა. იმის მიუხედავადაც კი, რომ იმ უკიდურესი გაჭირვების გამო, რომელშიც ინდოელთა უმრავლესობა ცხოვრობს, ჩვენს მიმართ უეჭველი სიყვარული ძნელად აღსაქმელია. ადამიანები ხედავენ, რომ ჩვენ მათ შორის ვცხოვრობთ და ისე, როგორც ისინი, - სიღარიბეში. ისინი ძალიან აფასებენ ამას. თუმცა ყოველთვის ყველაფერი ასე მშვიდობიანად არ ხდება. არის შემოტევები შურისა, შეუწყნარებლობისა, როცა ჩვენ ვერ ვაძლევთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ ან რასაც გვთხოვენ, ანდა როცა ვიღაც ვერ იტანს, რომ ჩვენ, პირველ ყოვლისა, ყველაზე გაჭირვებულებს ვეხმარებით. როცა ასეთი რამ ხდება, რაციონალური არგუმენტები უძლურია ხოლმე. საჭიროა მოცდა, სანამ ყველაფერი ჩაწყნარდება. როგორც კი ისევ სიმშვიდე დაისადგურებს, ჩვენ თითქმის ყოველთვის ვხედავთ შესამჩნევ ცვლილებას ურთიერთობაში.

- მოქცეულა თუ არა ვინმე კათოლიკედ იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც თქვენ ეხმარებით?

დიახ, მოქცევა მომხდარა, მაგრამ ამისაკენ ჩვენ უშუალოდ არასოდეს ვუბიძგებთ. პრაქტიკული ქრისტიანული სიყვარულით ჩვენ ვუახლოვდებით ღმერთს და ვცდილობთ, დავეხმაროთ სხვებს, გააკეთონ იგივე. მაგრამ ჩვენ არ ვისწრაფვით, ვინმე მოვაქციოთ ნებისმიერი სახის რელიგიური ზეგავლენის ქვეშ. როცა იღებენ სიყვარულს, იღებენ ღმერთს, და პირიქით. ასეთია ჩვენი დამოწმება. ამავე დროს, შეცდომა იქნებოდა იმის დავიწყება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ინდოეთში, იმ ხალხს შორის, რომელსაც ეამაყება თავისი კულტურული და რელიგიური ტრადიციები და რომელიც ამიტომ ეჭვით უყურებს პროზელიტიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.

- როგორია გულმოწყალების მისიონერთა ურთიერთობა თავიანთ ოჯახებთან?

იმ წუთიდან, როგორც კი საკუთარ თავს ღატაკთა მსახურებას მივუძღვნით, სწორედ ისინია ჩვენი ოჯახი. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ნათესაური კავშირების უარყოფას ჩვენს ბუნებრივ ოჯახებთან, მაგრამ კონტაქტები მცირეა. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - მაგალითად, მისიის სხვა ქვეყანაში გადასვლისას - გვაქვს უფლება, მოვინახულოთ ჩვენი ოჯახი. რამე უფრო მეტის გაკეთება შეუძლებელია. ჯერ ერთი, ჩვენი სიღარიბის გამო: ჩვენ არ გვაქვს მგზავრობის თანხა. მეორე, იმიტომ, რომ არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია მიატოვოს თავისი ადგილი, რადგან ავადმყოფებს, მომაკვდავებს, კეთროვნებს, ობლებს სხვა არავინა ჰყავთ, ვინც მათზე იზრუნებდა.

16 ლოცვები და ლექსები

▲ზევით დაბრუნება


გულმოწყალების მისიონერთა ყოველდღიური ლოცვა
(შთაგონებული კარდინალ ნიუმენის ლოცვით)

საყვარელო უფალო,
დამეხმარე, მოვფინო
შენი კეთილსურნელება
ყველგან იქ,
სადაც კი წავალ.
აღავსე ჩემი სული
შენი სულით
და შენი ცხოვრებით.
შემოდი ჩემს ცხოვრებაში,
დაეუფლე მას იმგვარად,
რომ ის იქცეს
მხოლოდ შენს გამოშუქებად.
მაქციე იმ არსებად,
ვისშიც შენ ამობრწყინდები
და იყავი ჩემში იმდენად,
რომ ყოველმა
ჩემთან შემხვედრმა სულმა
იგრძნოს შენი მყოფობა
ჩემს სულში,
რომ ადამიანებმა
აღაპყრონ თვალნი
და დაგინახონ
მხოლოდ შენ, -
და არა მე, -
უფალო!
იყავი ჩემში,
რათა მეც ისე გავბრწყინდე,
როგორც შენ ბრწყინავ, -
გავბრწყინდე ისე,
რომ ვიქცე
სხვათათვის შუქად.
მაშინ კი, უფალო,
მთელი სამყარო იქნება შენი,
და მასში ჩემი
აღარ იქნება აღარაფერი.
შენ გაასხივოსნებ
ადამიანებს ჩემი შემწეობით.
ნება მომეცი, გადიდო ისე,
როგორც შენ გნებავს
ყველაზე მეტად.
მოჰფინე შენი ნათელი ყველას,
ვინც ჩემს ირგვლივაა.
მომეცი უნარი,
გიქადაგო ქადაგების გარეშე, -
არა სიტყვებით,
არამედ მაგალითით,
გადამდები ძალით;
იმისი კეთილი ზემოქმედებით,
რასაც ვაკეთებ;
შენი ყოფნის სისავსით
ჩემს გულში.
ამენ.

თანამუშაკთა ყოველდღიური ლოცვა
(შთაგონებული წმ. ფრანჩესკო ასიზელის ლოცვით)

გაგვხადე, უფალო, ღირსი,
რათა ვემსახუროთ ჩვენს ძმებს,
რომლებიც ამ უზარმაზარ სამყაროში
სიღატაკესა და შიმშილში
ცხოვრობენ და კვდებიან.

მიეცი მათ დღეს ჩვენი ხელით
პური მათი არსობისა,
ხოლო ჩვენი თანამლმობი სიყვარულით -
მშვიდობა და სიხარული.

მაქციე, უფალო,
ცოცხალ ნიშნად შენი მშვიდობისა,
რათა შემეძლოს მივიტანო -
იქ, სადაც სიძულვილია, - სიყვარული;
იქ, სადაც ბოროტებაა, - გულმოწყალება;
იქ, სადაც განხეთქილებაა, - თანხმობა;
იქ, სადაც ცდომილებაა, - ჭეშმარიტება;
იქ, სადაც დაეჭვებაა, - რწმენა;
იქ, სადაც სასოწარკვეთაა, - იმედი;
იქ, სადაც წყვდიადია, - სინათლე;
იქ, სადაც მწუხარებაა, - სიხარული.

უფალო, მომეცი ძალა, რათა
ვანუგეშო
და არ ველოდებოდე ნუგეშს;
გავუგო
და არ ველოდებოდე გაგებას;
მიყვარდეს
და არ ველოდებოდე სიყვარულს;
რადგან
საკუთარი თავის დავიწყებით
საკუთარ თავს მოვიპოვებთ;
მიტევებით მოტევებას მოვიპოვებთ;
და როცა ვკვდებით,
მარადიული ცხოვრებისათვის ვიღვიძებთ.

დედა ტერეზას ლოცვა

ტანჯულო იესო,
მომეცი უნარი,
დღეს და ყოველდღე,
ცხოვრების მანძილზე,
შენ დაგინახო
ყოველ ტანჯულში, -
და შენ გემსახურო
მისი მსახურებით.
მომეცი უნარი, შეგიცნო,
როცა შენი სახე დაფარულია
მრისხანების,
სისასტიკის,
სიბრიყვის
ულაზათო ნიღბით
და გითხრა:
„ტანჯულო იესო,
რა ტკბილია
შენდამი მსახურება!“

მომეცი, უფალო,
რწმენით განმსჭვალული
ხედვის უნარი
და ჩემი შრომა
აღარასოდეს იქნება ერთფეროვანი,
ხოლო სიხარული, -
რომლითაც აღვასრულებ
ტანჯული ღატაკის
ყოველ სურვილს
ან თუნდაც მის ციცქნა ახირებას, -
იყოს სრულყოფილი.
შენ კი, სათაყვანო სნეულო,
ჩემს გულში
უფრო მეტად სათაყვანოვ,
რაკი შენი სახით
მე ვუმზერ ქრისტეს,
იცოდე, როცა შენ გემსახურები -
ეს პატივია ჩემთვის.

ღმერთო,
ჩემთვის ტანჯულო იესო,
რომელმაც ინებე იესოდ ყოფნა,
იყავ შემწყნარებელი
ჩემს მიმართ,
იყავ გულმოწყალე
ჩემს ცოდვათა მიმართ,
იყავ გულისყურით აღსავსე
მხოლოდ მაშინ,
როცა ვისწრაფვი,
გემსახურო შენ
და მიყვარდე შენ -
ყოველს შენს ტანჯულ შვილში.
უფალო,
მომანიჭე უნარი,
ვიზარდო რწმენაში.
აკურთხე ჩემი ძალისხმევა
და ჩემი შრომა,
აწ და მარადის
და უკუნითი უკუნისამდე.

დედა ტერეზას ლექსები
რა უნდა ღმერთს

1

წამომყევი სიღატაკის ქვეყანაში,
იქ, სადაც ბატონობს გარდაუვალი სიკვდილი,
წამომყევი გაუკაცურების მხარეში.
ნუთუ ვერ ხედავ, როგორ შიათ,
ნუთუ აღარ შეგრჩენია გულმოწყალება?
შენი და ჩემი მსგავსი არსებანი,
შექმნილნი ცრემლით და ღიმილით,
გევედრებიან, შეეწიო,
და მათ არაფრად არგია
შენი ორჭოფობა.

რეფრენი:

დაე, ყოველმა ჩვენგანმა
ის გაუკეთოს მოყვასს,
რაც ღმერთს სურს ყველაზე მეტად, -
რამე კეთილი,
ის, რაც სიყვარულის გამჟღავნება იქნება;

დაე, ყოველმა ჩვენგანმა
ის გაუკეთოს მოყვასს,
რაც ღმერთს სურს ყველაზე მეტად, -
რამე მშვენიერი,
ის, რაც სიყვარულის გამჟღავნება იქნება.

2

როგორ გრძელდება დაისი,
როცა დღე იწურება, -
გრძელდება ყველასთვის.
და ტირის ბალღი, და იმედი აქვს,
რომ დილამდე ვინძლო სული მიიტანოს,
ან იქნებ ეს დილა აღარც დადგეს აღარასოდეს.
დედამიწის ყოველ კუთხეში
ცხოვრების ჭაპანს ეწევიან ჩვენი ძმები, -
ვინც განწირულია სიღატაკისთვის.
არის კი სადმე მხარე, სადაც ისინი არ ბინადრობენ?
მათ დასანახად საჭიროა მხოლოდ თვალები, -
თუკი გვინდა, რომ მათ ვხედავდეთ,
თუკი გვინდა, მათ შესახებ რამე ვიცოდეთ.
გაუცხადე შენი სიყვარული ადამიანებს,
იმგვარი, როგორც გაგიცხადა
თავად შენ - ღმერთმა,
და გამოკვებე მისი სამწყსო ზეცის მანანით,
რომლითაც მან შენ გამოგკვება,
რადგან ყოველი მას უყვარს ისე,
როგორც შენ უყვარხარ.

სიყვარული

სიყვარული მიდის გზაზე,
და მისი სამოსის კიდე
მიეხეტება ტალახში,

და მიხვეტავს უწმიდურებას
გზებიდან და ქუჩებიდან.

და ეს იმიტომ, რომ მას ეს შეუძლია,
და ეს იმიტომ, რომ მან ეს უნდა შეძლოს.

17 მოკლე ბიოგრაფიული ქრონიკა

▲ზევით დაბრუნება


აჰა, დედა შენი.

იესო
იოანე 19:26

აგნეს გონჯა ბოიაჯუ, უფრო ცნობილი თავისი მონაზვნური სახელით - დედა ტერეზა, რომელიც დაიბადა ბალკანეთში, ევროპაში, 1910 წელს და გარდაიცვალა კალკუტაში, ინდოეთის შუაგულში, 1997 წელს, ის ადამიანია, ვინც მიუსაფართათვის მსახურებით განასახიერებდა ქრისტიანულ გულმოწყალებას XX საუკუნეში. თავისი ამ ღვაწლით იგი იხვეჭს მთელი მსოფლიოს პატივისცემას, მრავალ საერთაშორისო ჯილდოს (მათ შორის ნობელის მშვიდობის პრემიას), აგრეთვე ნამდვილ მეგობრობას მსოფლიოს მესაჭეებთან: პაპებთან, პრეზიდენტებთან და მეფეებთან. ამის მიუხედავად, დედა ტერეზა ძველებურად აგრძელებს ყოველდღიურ სამუშაოს მის მიერ შექმნილ ორდენში, რითაც არ ღალატობს თავის დაჟინებულ მტკიცებას, რომ აუცილებელია თავის დამდაბლება. უდიდესი სახელისა და პოპულარობის მიუხედავად, იგი უპირველესად რჩება გულმოწყალების მისიონერთა ორდენის დამაარსებლად, რომელიც დღეს 4500-ზე მეტ დასა და ძმას აერთიანებს, რომლებიც 364 სახლში შრომობენ.

ფსალმუნთმგალობლის მიერ დახატული მართალი ადამიანის სახე ყველაზე კარგად შეესაბამება დედა ტერეზას:

უფლის სახლში დარგულნი,
ჩვენი ღმრთის ეზოებში აყვავდებიან;
სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს -
წვნიანსა და ხასხასას,
რათა განვაცხადო, რომ მართალია
უფალი, ჩემი საყრდენი,
და არა არის მასში უსამართლობა.

(ფსალმუნი 92:14-16)

16 აგვისტო, 1910: ალბანური წარმოშობის, თუმცა მაკედონიაში, სკოპიეში, მცხოვრებ ბოიაჯუების ოჯახს შეეძინა ქალიშვილი. იგი ნიკოლე ბოიაჯუს და დრანა ბერნაის (რომლებიც 1900 წელს დაქორწინდნენ) მესამე, ბოლო შვილია. მისი და, აგა, დაიბადა 1905 წელს; ძმა, ლაზარი, - 1907 წელს.

27 აგვისტო, 1910: გოგონა მონათლეს იესოს უწმიდესი გულის ეკლესიაში და სახელად უწოდეს აგნეს გონჯა. მისი მშობლები ღრმადმორწმუნე კათოლიკეები არიან, განსაკუთრებით - დედა.

1919: ნიკოლე, აგნესის მამა, მოულოდნელად გარდაიცვალა. სავარაუდოა, რომ იგი მოწამლეს ერთერთ პოლიტიკურ შეკრებაზე. იგი იყო მტკიცე ნაციონალისტი და მუნიციპალური მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

1915-1924: სრულიად ჩვეულებრივი ბავშვობისა და სრულიად ჩვეულებრივი სასკოლო წლებისას აგნესი გამოირჩევა მხოლოდ სუსტი ჯანმრთელობით და აშკარად გამოხატული ყურადღებით წმიდათა ცხოვრებისა და მისიონერთა მონათხრობების მიმართ, რომელთაც იგი აღმოაჩენს მაშინ, როცა ხდება ახალგაზრდული კათოლიკური ორგანიზაციის - „მარიამის ასულების“ - მონაწილე.

აი, რას ამბობს თვით დედა ტერეზა თავისი სიყმაწვილის წლების შესახებ: „ჩვენ ვიყავით ძალიან ერთიანნი, განსაკუთრებით მამის სიკვდილის შემდეგ. ვცხოვრობდით ერთმანეთისათვის და თითოეული აკეთებდა ყველაფერს, რაც კი შეეძლო, რათა სხვები ყოფილიყვნენ ბედნიერები“.

ლაზარმა, ერთადერთმა ვაჟმა, მეხსიერებაში შემოინახა, უპირველეს ყოვლისა, ოჯახის რელიგიური ცხოვრება: „ჩვენ ვცხოვრობდით იესოს უწმიდესი გულის სამრევლო ეკლესიის ახლოს. ადვილი მისახვედრია, რომ დედაჩემმა და ჩემმა დებმა გადაწყვიტეს, თანაბრად გაეყოთ დრო ეკლესიასა და სახლს შორის. ისინი მონაწილეობდნენ ყველაფერში: გუნდში, ღმრთისმსახურებაში, სამისიონერო კონფერენციებში“. იგი განსაკუთრებით აღნიშნავს დედამისის გულუხვობას: „იგი არასოდეს დაუშვებდა, რომ თუნდაც ერთი იმ მრავალრიცხოვან ღარიბთაგან, რომლებიც ჩვენთან დადიოდნენ, ჩვენგან მშიერი წასულიყო. როცა ჩვენ ვსაყვედურობდით მას, თუნდაც უტყვი საყვედურით, იგი გვეუბნებოდა: „ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუნდაც ისინი არ იყვნენ ჩვენი ოჯახის წევრები, თუნდაც ისინი ღატაკები იყვნენ, ისინი ჩვენი ძმები არიან“.

12 წლის ასაკში აგნესმა პირველად იგრძნო, - მართალია, ბუნდოვნად, - მოწოდება ღმრთივშეწირული ცხოვრების მიმართ. მისი საკრებულოს მოძღვრები, იეზუიტები, აღვივებდნენ მის მისწრაფებას მისიონერული საქმიანობის მიმართ. სწორედ ამ დროს ლაზარი ავსტრიაში მიემგზავრება, სადაც, სამხედრო აკადემიაში სწავლის შემდეგ, ხდება კავალერიის ოფიცერი.

1928: აგნესის მოწოდება დასტურდება აშკარა მინიშნებით. როცა იგი ლოცულობდა სკოპიეს ღმრთისმშობლის საკურთხევლის წინ, მისი სიტყვებით, „ღმრთისმშობელი თავისი შუამდგომლობით დამეხმარა, მეპოვნა, რისთვის ვარ მოწოდებული“. ერთ-ერთი იეზუიტი მამის მხარდაჭერით, აგნესმა ითხოვა, მიეღოთ იგი ლორეტის ღმრთისმშობლის დათა ორდენში, რომელიც XVI საუკუნეში დააფუძნა მერი უარდმა. იგი გრძნობს, რომ მას იზიდავს სამისიონერო საქმიანობა ინდოეთში.

26 სექტემბერი, 1928: პოსტულანტად მიღებული აგნესი გადაკვეთს ევროპას, რათა ჩავიდეს დუბლინში, ლორეტელი დების პირველ სახლში.

1 დეკემბერი, 1928: ინგლისური ენის ორთვიანი ინტენსიური შესწავლის შემდეგ, აგნესი ჯდება გემში, რომელიც ინდოეთში მიცურავს. იგი იქ ჩადის 37 დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 1929 წლის 6 იანვარს. ერთი კვირით კალკუტაში ყოფნის შემდეგ, იგი მიემგზავრება დარჯილინგში, რომელიც გაშენებულია ჰიმალაის ფერდობზე. სწორედ იქ იწყება მისი ნოვიციატი.

24 მაისი, 1931: ორწლიანი ნოვიციატის შემდეგ, აგნესი დებს დროებით აღთქმებს. იგი შეიცვლის სახელს, ამიერიდან მას ეწოდება ტერეზა: „მე თვითონ ავირჩიე ეს სახელი, მაგრამ ვფიქრობდი არა დიდ ტერეზა ავილელზე, არამედ ტერეზა ლიზიელზე“.

1931-1937: და ტერეზა ცხოვრობს კალკუტაში, სადაც ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობს წმ. მარიამის სკოლაში, რომელსაც მისი ორდენი მეურვეობს.

4 მაისი, 1937: დროებითი აღთქმების მრავალჯერადი განახლების შემდეგ, და ტერეზა უკვე სამუდამო აღთქმებს დებს და წმ. მარიამის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ხდება: „მე ვიყავი ორდენის ყველაზე ბედნიერი და. საკუთარი თავი სრულად დავუთმე სწავლებას, რომელიც, თუკი მას ღმრთის სიყვარულით ასრულებ, ნამდვილი სამოციქულო საქმიანობაა. მე ეს ძალიან მომწონდა“.

10 სექტემბერი, 1946: ღმერთი მას ღატაკთა მსახურებისაკენ მოუწოდებს. დედა ტერეზა ამ მოვლენას „სულიერების დღეს“ უწოდებს. აი, რას მოგვითხრობს თავად: „მატარებლით კალკუტიდან დარჯილინგში მივემგზავრებოდი, რათა მონაწილეობა მიმეღო სულიერ წვრთნებში, და მშვიდად ვლოცულობდი, როცა უცებ ვიგრძენი ჩემში სხვა მოწოდება, - იმის შიგნით, რასაც მივყვებოდი. ეს უწყება აბსოლუტურად არაორაზროვანი იყო. მე უნდა დამეტოვებინა მონასტერი და მთლიანად დამეთმო თავი ღატაკთა მსახურებისა და მათ შორის ცხოვრებისათვის. ეს იყო ბრძანება. მე ვიცოდი გზის მიზანი, მაგრამ არ ვიცოდი ამ გზაზე შედგომის საშუალებანი“.

1948: ლორეტელი დების დატოვება ძნელი და მტკივნეული აღმოჩნდა. და ტერეზას საგანგებო ნებართვა რომიდან უნდა მიეღო, მის მოძღვართა წინასწარი შუამდგომლობის საფუძველზე. ბოლოს და ბოლოს მან მოიპოვა უფლება, ეცხოვრა ღმრთივშეწირული ცხოვრებით, ოღონდ მონასტრის გარეთ. 16 აგვისტოს იგი იხდის ლორეტელი დების შესამოსელს და იმოსება თეთრი სარით, როგორსაც ატარებენ ინდოელი ღარიბები, მაგრამ შემოვლებული ლურჯი ზოლით, რაც სიმბოლურად ხაზს უსვამდა მის სურვილს, მიებაძა მარიამ ღმრთისმშობლისათვის. მედდის მოკლე კურსის გავლის შემდეგ დედა ტერეზა მიემართება კალკუტის ჯურღმულებისაკენ, რომელთაც უკვე აღარასოდეს მიატოვებს. ამავე წელსვე იგი ითხოვს ინდოეთის მოქალაქეობას, რასაც მოიპოვებს კიდეც.

19 მარტი, 1949: დედა ტერეზას მხარში ამოუდგება პირველი მიმდევარი, სუბაშნი დასი, მისი ყოფილი მოწაფე, რომელმაც შემთხვევითი სტუმრობის შემდეგ გადაწყვიტა, მასთან დარჩენილიყო. იგი გახდება ჯერ კიდევ არარსებული ორდენის პირველი მონაზონი.

10 ივლისი, 1950: რომი ნებართვას იძლევა, დაფუძნდეს გულმოწყალების მისიონერთა ორდენი. ძალიან მალე სხვა ახალგაზრდა ქალებიც გაჰყვებიან სუბაშნი დასის მაგალითს. როგორც თვითონ დედა ტერეზა მოგვითხრობს, „ყველა მათგანმა მე სკოლაში გამიცნო და ყველას უნდოდა, თავი შეეწირა ღმრთის მსახურებისათვის. ისინი ჩქარობდნენ ამის გაკეთებას“.

7 ოქტომბერი, 1950: რომში, ღმრთისმშობლის სავარდის დღესასწაულზე, გამოქვეყნდა დეკრეტი ორდენის დაფუძნების შესახებ. ასი პოსტულანტი იწყებს ორწლიან ნოვიციატს.

1952: დედა ტერეზა აფუძნებს თავშესაფარს მომაკვდავთათვის. ორდენის წევრია ოცდაათი ქალი, რომელთაგან თორმეტმა უკვე საზეიმო აღთქმები დადო. დებს უწინდებურად არა აქვთ მონასტერი და ისინი ცხოვრობენ ბინაში, რომელიც მათ ერთმა მფარველმა დაუთმო. ისინი მთელ დროს ანდომებენ ლოცვას, სწავლას, კატეხიზაციას, ამავე დროს, ზრუნავენ მიტოვებულ ბავშვებზე, ქუჩის მაწანწალებზე და ქალაქის ჯურღმულებში შეფარებულ სნეულებზე. 22 აგვისტოს, უმანკო ქალწულის მარიამის დღესასწაულზე, დედა ტერეზა ხსნის სახლს ყველაზე მიუსაფართათვის კალკუტის ცენტრში, ჰინდუისტების ტაძრის, კალიგატის, მახლობლად. ადგილობრივი მცხოვრებნი ამ სახლს „სუფთა გულის სახლს“ შეარქმევენ. ეს თავშესაფარი ამიერიდან აღარასოდეს დაცარიელდება.

1953: ორდენის პირველი სახლი დაფუძნებულია. „ლოცვებით ზეცის წალეკვის შედეგად“, დებმა მოიპოვეს შესაძლებლობა, შეეძინათ შენობა ქვედა წრიულ გზაზე, N54. ამ ფართო სახლში დამკვიდრდება ორდენის შტაბ-ბინა. ამავე ქუჩაზე დებმა გახსნეს თავშესაფარი ობლებისათვის, - ხშირად ეს ბავშვები იმ ადგილობრივ მცხოვრებთა შვილები იყვნენ, რომლებიც მომაკვდავთა თავშესაფარში გარდაიცვალნენ. ამას გარდა, მათ ჩაფიქრებული აქვთ, დააფუძნონ სახლი კეთროვანთათვის, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უარის თქმა უწევთ, მოსახლეობის მტრული და მიუღებელი დამოკიდებულების გამო. ამიტომ ისინი სჯერდებიან „მოძრავ“ სამედიცინო პუნქტებს მანამ, სანამ გახსნიან ცენტრებს ტიტაგარში და შანტი-ნაგარში, კალკუტის გარეუბანში.

1962: დედა ტერეზა დაჯილდოვდება ლოტოსის ორდენით და მაგსაისაის პრემიით, რაც ადასტურებს იმ აღიარებას, რომელიც მას მოპოვებული ჰქონდა აზიაში, თუმცა, ამავე დროს, იგი დასავლეთისათვის ჯერ უცნობი რჩებოდა.

1 თებერვალი, 1965: ამიერიდან ორდენის წევრია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სამასი და. მათ უკვე აქვთ რამდენიმე სახლი. რომში პაპი პავლე VI, აზიის ეპისკოპოსთა შუამდგომლობით, აცხადებს ორდენს „საქებრად“ და ამტკიცებს მის სრულ კანონიკურ უფლებამოსილებას ეკლესიის ყველა ინსტანციაში. ვენესუელელი ეპისკოპოსი, ბარკიზიმეტო, სასწრაფოდ იწვევს მათ თავშესაფრის გასახსნელად, რაც წარმოუდგენელი მისიონერული წარმატების დასაწყისს ნიშნავდა.

1965-1971: მთელს მსოფლიოში, - ადგილობრივი ეპისკოპოსების მიწვევით, - იხსნება ახალი სახლები: აფრიკაში, ავსტრალიაში, ევროპაში. პავლე VI პირადად იწვევს გულმოწყალების მისიონერებს რომში დასამკვიდრებლად. პაპი, რომელიც დედა ტერეზას მოთაყვანე და მფარველი იყო, ანიჭებს მას ვატიკანის მოქალაქეობას, რათა მას მისიონერული მოგზაურობანი გაუადვილოს.

3 მარტი, 1969: პაპი პავლე VI ამტკიცებს თანამუშაკთა წესდებას, რომლითაც იგი დაკავშირებული აღმოჩნდება ორდენთან.

26 მარტი, 1969: ოფიციალურად მტკიცდება გულმოწყალების მისიონერთა თანამუშაკების საძმო. საერო პირთა ეს საერთაშორისო ორგანიზაცია საოცარი სისწრაფით იზრდება, - იმდენად, რომ მის წევრთა დათვლა ყოველთვის რთული იქნება.

1970: დედა ტერეზა რამდენიმე საერთაშორისო პრემიით ჯილდოვდება: კეთილი სამარიტელის პრემიით - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტემპლტონის პრემიით - ინგლისში, მშვიდობისათვის ღვაწლის გამო იოანე XXIII-ის პრემიით - იტალიაში. მისი საქმიანობა პრესის ძალისხმევით დასავლეთში ცოცხალ ენ-თუზიაზმს აღძრავს.

12 ივლისი, 1972: დრანა ბერნაი, დედამისი, რომელსაც კომუნისტური ხელისუფლება არ აძლევდა ქვეყნის დატოვების უფლებას, ალბანეთში გარდაიცვალა.

1974: კვდება დედა ტერეზას დაც, აგა ბიოაჯუ, რომელიც, ასევე, ალბანეთში ცხოვრობდა.

17 ოქტომბერი, 1979: დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია. 10 დეკემბერს, თავის გამოსვლაში, იგი ამბობს, რომ პრემიას იღებს მხოლოდ „ღატაკთა სახელით“, რომელთაც მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა.

1980-1985: ორდენში სულ უფრო მეტია ახალი მოწოდებები; იხსნება უფრო მეტი ახალი სახლი: 18 -1981 წელს, 12 - 1982 წელს, 14 - 1983 წელს. ორდენი უკვე არსებობს ლიბანში, გერმანიაში, იუგოსლავიაში, მექსიკაში, ბრაზილიაში, პერუში, კენიაში, ჰაიტიზე, ესპანეთში, ბელგიაში და ა.შ.

1986-1989: ორდენი ცდილობს დაფუძნდეს იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩვეულებრივ ჩაკეტილია მისიონერებისათვის: ეთიოპიაში, სამხრეთ იემენში და საბჭოთა კავშირში, სადაც მიხაილ გორბაჩოვის მიწვევით, მოსკოვის ცენტრში დედა ტერეზა ხსნის თავშესაფარს.

თებერვალი, 1986: პაპი იოანე პავლე II ინდოეთში ოფიციალური სტუმრობისას ხანგრძლივი დროით ჩერდება დედა ტერეზასთან.

21 მაისი, 1988: გულმოწყალების მისიონერები რომში ხსნიან დიდ თავშესაფარს უსახლკაროთათვის; მას დაერქმევა „მარიამის ძღვენი“, ნიშნად ამ წლისა, რომელიც მარიამისადმი იყო მიძღვნილი.

1988-1989: დედა ტერეზა ორჯერ ხვდება საავადმყოფოში გულის პრობლემების გამო, რასაც სტიმულატორის ჩადგმა მოჰყვა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არ უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას და თავდაუზოგავად და დაუღლელად შრომობს. თავად პაპი სთხოვს მას, მიხედოს თავის ჯანმრთელობას.

29 ივნისი, 1989: დედა ტერეზა ჩამოდის თბილისში, რის შედეგადაც საქართველოში მოღვაწეობას იწყებენ გულმოწყალების მისიონერები.

16 აპრილი, 1990: ჯანმრთელობის პრობლემების გამო და იმისათვის, რათა უკეთ იმსახუროს ორდენის შიგნით, დედა ტერეზა უარს ამბობს, დარჩეს გულმოწყალების მისიონერთა გენერალურ წინამძღვრად. სექტემბერი, 1990: მიუხედავად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, დედა ტერეზა იძულებულია, ისევ ჩაერთოს საქმიანობაში, და იგი ხელახლა აირჩიეს ორდენის გენერალურ წინამძღვრად.

იანვარი, 1991: ერაყის ომის დროს, საომარ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, დედა ტერეზა მოუწოდებს ჯორჯ ბუშსა და სადამ ჰუსეინს, შეიცოდონ „უდანაშაულონი“. ომის დამთავრების შემდეგ დების ჯგუფი იგზავნება ბაღდადში, - კონფლიქტისას დაზარალებულთა მისახედად.

1991-1993: დედა ტერეზას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ორჯერ, მეხიკოსა და დელიში, იგი ყველას თვალწინ გონებას კარგავს. მიუხედავად ამისა, ეს მას ხელს არ უშლის, გაემგზავროს პეკინში 1993 წელს.

30 აგვისტო, 1993: ორდენის მომავალზე ჩაფიქრებულმა დედა ტერეზამ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან თანამუშაკებად მიჩნეული იყვნენ მხოლოდ ის საერო პირები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი გულმოწყალების მისიონერთა საქმიანობაში.

აპრილი, 1996: დედა ტერეზას აწვენენ საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც მან დაცემის შედეგად ლავიწი მოიტეხა.

აგვისტო, 1996: მალარიის შეტევების შედეგად დედა ტერეზა კვლავ საავადმყოფოშია, მისი მდგომარეობა კიდევ უფო მძიმდება ფილტვებზე გართულებების გამო. საავადმყოფოდან გამოსვლისთანავე იგი კვლავ უბრუნდება თავის ყოველდღიურ მსახურებას და პატრონობს ქალაქის ჯურღმულთა ღატაკებს.

5 სექტემბერი, 1997: დედა ტერეზა გარდაიცვალა „ღმრთის მშვიდობასა შინა“. მთელი მსოფლიო გლოვობს იმას, ვისაც საერთაშორისო პრესამ „თანამედროვე წმიდანი“ უწოდა.

19 ოქტომბერი, 2003: რომის პაპმა, იოანე პავლე II-მ, დედა ტერეზა ნეტარად შერაცხა.