The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცხოვრება მუჰამმედისა

ცხოვრება მუჰამმედისა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი რელიგია
საავტორო უფლებები: © ნაკაიძე ტარიელ
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 I. ღვთის სახლი

▲ზევით დაბრუნება


შესაქმის წიგნი მოგვითხრობს, რომ აბრაამი უშვილო იყო, იმედგადაწურული ოდესმე შვილის ყოლაზე და რომ ერთ ღამეს ღმერთმა იგი გაიხმო კარვიდან და უთხრა: „ახლა ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა.“ როდესაც აბრაამმა ვარსკვლავებს მიაპყრო მზერა, გაიგონა ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „ასე იქნება შენი შთამომავლობაც“.1

მაშინ აბრაამის ცოლი, სარა, სამოცდათექვსმეტი წლის იყო, თვით აბრაამი - ოთხმოცდახუთის; სარამ მეუღლეს მისცა თავისი მოახლე აგარი, ეგვი პტელი, რათა მიეღო იგი, როგორც მეორე ცოლი. მაგრამ მწარე და სევდიანი გრძნობები აღმოცენდა ქალბატონსა და მოახლეს შორის, აგარი გაეცალა სარას ბრაზს და, შეჭირვებაში მყოფმა, შეჰღაღადა ღმერთს. ამ უკანასკნელმა მას გამოუგზავნა ანგელოზი, რომელიც აუწყებდა: „დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას, იმდენად, რომ შეუძლებელი იქნება მისი დათვლა მრავალრიცხოვნების გამო“. ანგელოზმა აგრეთვე უთხრა: „აჰა, შენ ორსულადა ხარ, შობ ძეს და დაარქმევ სახელად ისმაელს, ვინაიდან უფალმა მოხედა შენს ჩაგვრას“.2 ამის შემდეგ აგარი დაბრუნდა აბრაამთან და სარასთან და უთხრა, რაც ანგელოზმა ამცნო. როდესაც ძე იშვა, აბრაამმა მას ისმაელი დაარქვა, რაც ნიშნავს: „ღმერთი შეისმენს“.

როდესაც ბიჭმა ცამეტი წლის ასაკს მიაღწია, აბრაამი თავის მეასე წელში იყო, ხოლო სარა - უკვე ოთხმოცდაათი წლისა. ღმერთი ისევ დაელაპარაკა აბრაამს და შეჰპირდა, რომ სარაც უშობდა ვაჟს, რომლისთვისაც ისააკი უნდა დაერქმია. იმის შიშით, რომ უფროსი ვაჟი დაკარგავდა ღვთის კეთილგანწყობას, აბრაამმა ილოცა: „ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!“ ღმერთმა უპასუხა: „ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც... და დიდ ხალხად ვაქცევ. მაგრამ აღთქმას ისააკს დავუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად დღეისსწორს“.3

სარამ შვა ისააკი და მას თვითონვე კვებავდა საკუთარი რძით; როდესაც ბავშვი ძუძუდან მოიშორა, აბრაამს უთხრა, რომ აგარი და მისი ძე აღარ უნდა გაჩერებულიყვნენ მათ სახლში. აბრაამი დიდად დამწუხრდა, ვინაიდან უყვარდა ისმაელი, მაგრამ ღმერთი ისევ დაელაპარაკა და უთხრა, დაჰყოლოდა სარას მოთხოვნას და აღარ ედარდა; ხელმეორედ დაჰპირდა, რომ ისმაელი კურთხეული იქნებოდა.

არა ერთ, არამედ ორ ერს თავის წარსულში აბრაამისათვის უნდა შეეხედა, როგორც მამისათვის - ორ დიდ ერს, ანუ სწორ გზაზე მდგარ ორ ძალას, ორ საშუალებას ზეციური ნების აღსასრულებლად, რადგანაც ღმერთი არ ჰპირდება კურთხევას მას, ვინც ურწმუნოა, და ასევე არ არსებობს არავითარი დიდებულება ღვთის წინაშე, გარდა სულიერი დიდებულებისა. ამრიგად, აბრაამი იყო სათავე ორი სულიერი მდინარისა, რომლებიც ერთად კი არ იდენენ, არამედ - თავიანთი საკუთარი გზით;

და აბრაამმა მიანდო აგარი და ისმაელი ღვთის კურთხევასა და მისი ანგელოზების ზრუნვას სრულიად დარწმუნებულმა იმაში, რომ ისინი კარგად იქნებოდნენ.

ორი სულიერი მდინარე ორი რელიგიაა, ღმერთის ორი სამყარო, ორი წრე, ამდენად - ორი ცენტრი. რაიმე ადგილი არასოდეს არ არის წმინდა ადამიანის არჩევანის საფუძველზე, ის წმინდაა იმიტომ, რომ ამორჩეულ იქნა ზეცაში. აბრაამის ორბიტაზე ორი წმინდა ცენტრი იყო; ერთი მათგანი ახლოს იყო, მეორე, ალბათ, ჯერ არ იცოდა. ამის საპირისპიროდ, აგარი და ისმაელი იქნენ წარგზავნილი არაბეთის ხრიოკ დაბლობზე, სადაც ქანაანიდან აქლემით მგზავრობისას დაახლოებით ორმოც დღეში თუ ჩააღწევდი. დაბლობს ბექა ეწოდებოდა, როგორც ზოგიერთი ამბობს, სივიწროვის გამო: ის გორაკებითაა გარშემორტყმული ყოველი მხრიდან, თუმცა არის სამი უღელტეხილი - ერთი ჩრდილოეთით, ერთი სამხრეთით და ერთიც წითელი ზღვისაკენ, რომელიც ამ ადგილიდან დასავლეთით 50 მილის მანძილზე იწყება. წიგნები არ მოგვითხრობენ, თუ აგარმა და ისმაელმა როგორ მიაღწიეს ბექამდე. შესაძლოა, მათზე მგზავრებმა იზრუნეს, ვინაიდან დაბლობი მდებარეობდა ერთ-ერთ დიდ საქარავნო გზაზე, რომელსაც ზოგჯერ „გუნდრუკის გზას“ უწოდებდნენ, რადგანაც ნელსაცხებლები, საკმეველი და სხვა მსგავსი საქონელი სამხრეთ არაბეთიდან ხმელთაშუა ზღვისაკენ სწორედ ამ გზით მიჰქონდათ; უეჭველია, აგარს ზეგარდმო ეუწყა, რომ ქარავანი დაეტოვებინა, როგორც კი სათანადო ადგილს მიაღწია. ეს მოხდა ცოტა ხნით ადრე, სანამ დედაცა და შვილიც წყურვილმა არ მოიცვა იმ ზომამდე, რომ აგარს შეეშინდა, ისმაელი კვდებაო. მათ შთამომავალთა შორის არსებული ტრადიციის თანახმად, ისმაელმა შეჰღაღადა ღმერთს იმ ადგილიდან, სადაც იწვა სილაში, დედამისი კი კლდეზე იდგა ახლომდებარე მაღლობის ძირას, რათა დაენახა, იყო თუ არა სადმე იმედი შველისა. ვერავინ ვერ დაინახა და სხვა ადგილისაკენ გაეშურა სწრაფად, მაგრამ იქიდანაც ვერ დაინახა ვერც ერთი სულიერი. ნახევრად გონებაწართმეულმა, მან შვიდჯერ წინ და უკან ირბინა ამ ორ ადგილს შორის, სანამ საბოლოოდ, მეშვიდე გადარბენის დასასრულს, როდესაც დასასვენებლად ჩამოჯდა წინამდებარე კლდეზე, ანგელოზი არ დაელაპარაკა. შესაქმის სიტყვებით რომ ვთქვათ:

მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან გაიგო ღმერთმა შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის. ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას. აუხილა თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა.4

ეს წყალი წყარო იყო, რომელიც ღმერთმა სილიდან აღმოაცენა ისმაელის ქუსლის შეხებით; ამის შემდეგ დაბლობი მალევე იქცა ქარავანთა გაჩერების ადგილად, ვინაიდან წყალი უხვი და საუცხოო გამოდგა. მას ზამზამის წყარო ეწოდა.

რაც შეეხება შესაქმეს, ის ისააკისა და მის შთამომავალთა წიგნია და არა აბრაამის მეორე შტოსი. ისმაელის შესახებ იქ ნათქვამია: ღმერთი იყო ყმაწვილთან; გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა და მშვილდოსანი შეიქნა.5 შემდგომ მისი სახელი იშვიათად თუა მოხსენიებული შესაქმეში, მაგალითად, მაშინ, როდესაც აღნიშნულია, რომ ძმებმა, ისააკმა და ისმაელმა, ყეფრონში ერთად მიაბარეს მიწას თავიანთი მამა და რომ რამდენიმე წლის შემდეგ ესავმა ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, ისმაელის ქალიშვილი. მაგრამ არსებობს ისმაელისა და დედამისის არაპირდაპირი ქება ფსალმუნში, რომელიც ასეთი სიტყვებით იწყება: რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა! აქ გადმოცემულია ზამზამის სასწაული დაბლობის გადაკვეთის დროს: ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათ გულში. გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ.6

როდესაც აგარმა და ისმაელმა სათანადო ადგილს მიაღწიეს, აბრაამს ჯერ კიდევ სამოცდათხუთმეტი წლის სიცოცხლე დარჩენოდა. მან მოინახულა თავისი ვაჟი იმ წმინდა მიწაზე, სადაც აგარს უფალი წარუძღვა. ყურანი გვეუბნება, რომ ღმერთმა აბრაამს ზუსტად უჩვენა ადგილი ზამზამის წყაროს მახლობლად. იქ მასა და ისმაელს წმინდა ტაძარი უნდა აეგოთ.7 მათ ეუწყათ, როგორ უნდა აეშენებინათ ის. სახელწოდება ქა‛აბა მომდინარეობს ტაძრის ფორმიდან, რომელიც თითქმის კუბურია. მისი ოთხი კუთხე მიმართულია ქვეყნის მხარეებისაკენ ზუსტად კომპასის შესაბამისად. მაგრამ ყველაზე წმინდა საგანი იმ წმინდა ადგილას არის ზეციური ქვა, რომელიც, როგორც ამბობენ, ანგელოზმა მიუტანა აბრაამს აბუ კუბაისის გორაკიდან, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობს და სადაც ეს ქვა იმ დროიდან მოყოლებული იყო დაცული, რაც ციდან დედამიწაზე მოხვდა. „ის სამოთხიდან ჩამოვარდა და იმაზე უფრო თეთრი იყო, ვიდრე რძე, მაგრამ ადამის ძეთა ცოდვების გამო გაშავდა“.8 ეს შავი ქვა ქა‛აბას აღმოსავლეთ კუთხეში მოათავსეს და, როდესაც წმინდა ტაძრის აგება დასრულდა, ღმერთი ისევ დაელაპარაკა აბრაამს და დაავალა, დაეწესებინა პილიგრიმობის რიტუალი ბექაში ანუ მექაში, როგორც მას მოგვიანებით ეწოდა: განწმინდე ჩემი სახლი მათთვის, ვინც მას გარშემო უვლის, მასთან დგას ან თაყვანისცემით იჩოქებს. და დაუწესე ადამიანებს პილიგრიმობა, რათა მოვიდნენ შენთან ფეხითა და ყოველი გამხდარი აქლემით ყოველი ღრმა ხეობიდან.9

როცა აგარმა აბრაამს მოუთხრო, როგორ ეძებდა დახმარებას, მან პილიგრიმობის რიტუალის ნაწილად დაადგინა, რომ პილიგრიმები შვიდჯერ უნდა წასულიყვნენ წინ და უკან საფასა და მარვას შორის, ასე იწოდა ორი მაღლობი, რომელთა შორისაც აგარი მიმოდიოდა.

მოგვიანებით აბრაამი ლოცულობდა, ალბათ, ქანაანში, შესცქეროდა რა თავის გარშემო მდიდარ საძოვრებს, სხვადასხვა მარცვლეულისა და ხორბლის ყანებს: ჭეშმარიტად, მე დავამკვიდრე შტო ჩემი შთამომავლობისა უნაყოფო დაბლობზე შენს წმინდა სახლთან ახლოს... მაშ, განაწყე მათ საკეთილდღეოდ ადამიანთა გულები და გამოკვებე ისინი ხილით, რათა მადლობელნი იყვნენ.10

_____________________

1. 15 : 5.

2. 16 : 10-11.

3. 17 : 20-1.

4. 21 : 17-10.

5. იქვე.

6. ფსალმუნი 84 : 5-6.

7. XII, 26.

8. წინასწარმეტყველის სიტყვები, თირ. VII, 49. (იხ. სქოლიოთა გასაღები წიგნის ბოლოს.)

9. ყ. XXII, 26-7.

10. ყ. XIV, 37.

2 II. დიდი დანაკარგი

▲ზევით დაბრუნება


აბრაამის ლოცვა შესმენილ იქნა. მექაში განუწყვეტლად მიჰქონდათ ძღვენი პილიგრიმებს, რომლებიც სულ უფრო მეტი რაოდენობით მიდიოდნენ წმინდა სახლში არაბეთის ყველა ნაწილიდან და სხვა ადგილებიდანაც. დიდი პილიგრიმობა სრულდებოდა წელიწადში ერთხელ, მაგრამ ქა‛აბასათვის პატივის მიგება შესაძლებელი იყო მცირე პილიგრიმობითაც ნებისმიერ დროს. ამ რიტუალთა აღსრულება გრძელდებოდა გულმოდგინებითა და ღვთისმოსაობით იმ წესებზე დაყრდნობით, რომლებიც აბრაამმა და ისმაელმა დაადგინეს. ისააკის შთამომავლებიც თაყვანს სცემდნენ ქა‛აბას, როგორც აბრაამის მიერ აგებულ ტაძარს. ისინი მას უფლის ერთ-ერთ შორეულ სამლოცველოდ მიიჩნევდნენ. მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში ერთი ღმერთის თაყვანისცემა შეირყა. ისმაელის შთამომავლები იმდენად გამრავლდნენ, რომ ყველა მათგანი ვეღარ იცხოვრებდა მექის დაბლობზე. ვინც სხვაგან დასამკვიდრებლად მიემგზავრებოდნენ, თან მიჰქონდათ ქვები წმინდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან და მათი თაყვანისცემის რიტუალებს ასრულებდნენ. მოგვიანებით მეზობელ წარმართ ტომთა ზეგავლენით ამ ქვებს მიემატა კერპები. საბოლოოდ კი პილიგრიმებმა კერპების ჩატანა მექაშიც დაიწყეს. ისინი ქა‛აბას სიახლოვეს აღმართეს. სწორედ მაშინ მიატოვეს ებრაელებმა აბრაამის ტაძრის მონახულება.1

წარმართები ირწმუნებოდნენ, რომ კერპები იმ ძალებს წარმოადგენდნენ, რომლებიც შუამავლად მოქმედებდნენ ღმერთსა და ადამიანებს შორის. ამის შედეგად მათი დამოკიდებულება ღმერთთან სულ უფრო ნაკლებად უშუალო ხდებოდა და, რამდენად შორეულადაც ხედავდნენ უფალს, იმდენად ბუნდოვანი იყო საიქიოს რეალურობის მათეული აღქმაც, იქამდე, რომ ბევრს უკვე საერთოდაც აღარ სწამდა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლისა. მაგრამ მათში არსებობდა ცხადი ნიშანი, ვისაც შეეძლო ეს ამოეცნო, რომ ისინი განუდგნენ ჭეშმარიტებას: ვეღარ მიდიოდნენ ზამზამის წყაროსთან, დაავიწყდათ კიდეც, სად მდებარეობდა. ამაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებოდათ ჯურჰუმელებს, რომლებიც იემენიდან იყვნენ მოსული. ისინი დამკვიდრდნენ მექის განმგებლებად. აბრაამის შთამომავლებმა ეს იმიტომ დაუშვეს, რომ ისმაელის მეორე ცოლი ჯურჰუმის ნათესავი იყო. მაგრამ დადგა დრო და ჯურჰუმელებმა დაიწყეს ყოველგვარი უსამართლობის ქმნა, რის გამოც საბოლოოდ გაძევებულ იქნენ. სანამ წავიდოდნენ, მათ დამარხეს ზამზამის წყარო. უეჭველია, ეს შურისძიების მიზნით გააკეთეს, მაგრამ, როგორც ჩანს, იმასაც იმედოვნებდნენ, რომ დაბრუნდებოდნენ და გამდიდრდებოდნენ, ვინაიდან მათ წყარო ამოავსეს წმინდა ადგილის განძით, პილიგრიმთა ძღვენით, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა ქა‛აბაში, შემდეგ კი სილით დაფარეს.

ისინი, როგორც მექის გამგებლები, ჩაანაცვლა ხუზა‛ამ,2 არაბულმა ტომმა, რომელიც ისმაელისაგან მომდინარეობდა და იემენში გადასახლდა, შემდეგ კი ჩრდილოეთში დაბრუნდა. მაგრამ ხუზა‛ელები არ ცდილობდნენ იმ წყლის პოვნას, რომელიც სასწაულებრივად მიეცა მათ წინაპარს. მაშინ სხვა წყაროები იყო უკვე გათხრილი მექაში, ღვთის საჩუქარი აღარ წარმოადგენდა საჭიროებას და წმინდა წყარო ნახევრად მივიწყებულ მოგონებადღა იქცა.

ასე გაიზიარა ხუზა‛ამ ჯურჰუმის დანაშაული. ამ ტომის წარმომადგენელნი სხვა მხრივაც იყვნენ დასადანაშაულებელი: მათმა ერთ-ერთმა ბელადმა, როდესაც ის სირიაში მოგზაურობიდან უკან ბრუნდებოდა, მოაბიტებს სთხოვა, მიეცათ თავიანთ კერპთაგან რომელიმე. მათ მისცეს ჰუბალი, რომელიც წმინდა ადგილას ჩამოიტანა და თვით ქა‛აბაში აღმართა. ის მექის მთავარ კერპად იქცა.

______________________

1. ი.ი. 15.

2. იხ. შენიშვნა არაბულ სახელთა წარმოთქმასთან დაკავშირებით წიგნის ბოლოს.

3 III. კურეიში დაბლობიდან

▲ზევით დაბრუნება


აბრაამისაგან მომდინარე ყველაზე ძლიერ არაბულ ტომთაგან კიდევ ერთი იყო კურეიში. ქრისტეშობიდან დაახლოებით 400 წლის შემდეგ მამაკაცმა, სახელად კუსაიმ, ცოლად შეირთო ასული ჰულაილისა, რომელიც იმხანად ხუზა‛ას ბელადი იყო. ჰულაილს სიძე უფრო მეტად მოსწონდა, ვიდრე საკუთარი ვაჟები, ვინაიდან კუსაი თავისი დროის არაბთა შორის განთქმული იყო. ჰულაილის გარდაცვალებისთანავე, ულმობელი ბრძოლის შემდეგ, რომელიც დასაზავებელი მოლაპარაკებებით დასრულდა, შეთანხმდნენ, რომ მექა კუსაის უნდა ემართა და ის უნდა ყოფილიყო ქა‛აბას მცველი.

ამის შემდგომ კუსაიმ კურეიშის ტომის ის წარმომადგენელნი, რომლებიც ყველაზე ახლოს ენათესავებოდნენ, ჩაიყვანა და დაასახლა წმინდა ადგილის მიმდებარე დაბლობზე. ესენი იყვნენ: მისი ძმა, ზუჰრა, ბიძა, თაიმი, მახზუმი - ბიძაშვილი მეორე ბიძის მხრიდან, აგრეთვე რამდენიმე სხვა ბიძაშვილი, უფრო შორეული. ესენი ყველანი და მათი შთამომავლები ცნობილი იყვნენ, როგორც დაბლობის კურეიში, ხოლო კუსაის უფრო შორეული ნათესავები დამკვიდრდნენ გარშემო მდებარე გორაკების ხევებსა და გაღმა სოფლებში, ამიტომაც შემოგარენის კურეიშად იწოდნენ. კუსაი მათ ისე მართავდა, როგორც მეფე შემოუსაზღვრავი ძალაუფლებით. ისინი მას ყოველწლიურად აძლევდნენ გადასახადს თავიანთი ჯოგებიდან, რათა გამოეკვება ყველაზე ღარიბი პილიგრიმები, რომელთაც საკუთარი თავის უზრუნველყოფა არ შეეძლოთ. მანამდე წმინდა ადგილის მცველნი იქვე ახლოს ცხოვრობდნენ კარვებში, მაგრამ კუსაიმ უთხრა, სახლები აეშენებინათ. თვითონ უკვე აგებული ჰქონდა ფართო საცხოვრებელი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც საკრებულოს სახლი.

ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ სულ მალე უნდა დათესილიყო უთანხმოების მარცვლები. კურეიშის ხაზის გამოკვეთილი თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველ თაობაში ჩნდებოდა ერთი კაცი, ვინც სრულიად გამორჩეული იყო. კუსაის ვაჟთა შორის ასეთი გამოდგა ‛აბდუ მანაფი, რომელიც პატივდებული იყო ჯერ კიდევ მამამისის სიცოცხლეში. მაგრამ კუსაიმ ამჯობინა თავისი პირველი შვილი, ‛აბდ ად-დარი, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაზე ნაკლების შემძლე იყო. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა: „შვილო ჩემო, მე შენ იმავე სიმაღლეზე დაგაყენებ, რომელზეც სხვები დგანან მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მათ უფრო სცემენ პატივს, ვიდრე შენ. ვერავინ ვერ შევა ქა‛აბაში, თუ არა მაშინ, როდესაც შენ გაუხსნი მის კარს. და სხვა არავისი, არამედ შენი ხელი აღმართავს კურეიშისათვის საომარ დროშას. ასევე ვერც ერთი პილიგრიმი ვერ აიღებს მექაში წყალს დასალევად, თუ შენ არ მისცემ ამის უფლებას, ვერც საჭმელს შეჭამს, თუ არა შენგან ბოძებულს, და ვერც რომელსამე საკითხს გადაჭრის კურეიში, თუ ეს შენს სახლში არ იქნება.“1 გადაულოცა რა ამგვარად თავისი ყველა უფლებამოსილება და ძალაუფლება, მას გადასცა საკუთრებაში საკრებულოს სახლი.

‛აბდუ მანაფი, როგორც მშობლის პატივისმცემელი შვილი, უსიტყვოდ დაჰყვა მამის სურვილებს, მაგრამ მომდევნო თაობაში კურეიშის ნახევარი შეიკრიბა ‛აბდუ მანაფის ძის, ჰაშიმის, გარშემო და მოითხოვა, მასზე გადასულიყო უფლებები ‛აბდ ად-დარის ოჯახიდან. ისინი, ვინც ჰაშიმსა და მის ძმებს ემხრობოდნენ, იყვნენ ზუჰრასა და თაიმის შთამომავლები, ასევე კუსაის ყველა შთამომავალი, გარდა უფროსი ვაჟიშვილის შტოსი. მახზუმისა და სხვა შორეული ბიძაშვილების შთამომავლები იმ აზრზე იდგნენ, რომ უფლებები უნდა შენარჩუნებოდა ‛აბდ ად-დარის ოჯახს. ემოციებმა იმდენად იმძლავრა, რომ ‛აბდუ მანაფის ოჯახის ქალებმა ნელსაცხებლით სავსე ჯამი მიიტანეს და დადგეს ქა‛აბასთან, ხოლო ჰაშიმმა და მისმა ძმებმა, ასევე მათმა მოკავშირეებმა მასში ხელები ჩააწეს და წმინდა აღთქმა დადეს, რომ ერთმანეთს არ მიატოვებდნენ, თან ნელსაცხებლიან ხელებს ქა‛აბას ქვებს უსვამდნენ თავიანთი შეთანხმებული კავშირის დასადასტურებლად. ასე გახდნენ ოჯახთა ამ ჯგუფის წევრები ცნობილი, როგორც კეთილსურნელებით ცხებულნი. ‛აბდ ად-დარის მომხრეებმაც დადეს ერთობის ასეთივე ფიცი და მოკავშირეებად იწოდნენ. ძალადობა სასტიკად იყო აკრძალული არა მხოლოდ წმინდა ადგილას, არამედ მექის მიღმა საკმაოდ ფართო წრეში, რომლის დიამეტრიც რამდენსამე მილს აღწევდა. ორივე მხარე ის-ის იყო, რაც აპირებდა ამ წმინდა ადგილიდან გასვლას, რათა სამკვდროსასიცოცხლოდ შებმულიყო, როდესაც შემოთავაზე-ბულ იქნა კომპრომისი. შეთანხმდნენ, რომ ‛აბდუ მანაფის ვაჟებს ექნებოდათ უფლება, აეკრიფათ გადასახადი და უზრუნველეყოთ პილიგრიმები საჭმლითა და სასმელით, ხოლო ‛აბდ ად-დარის ძეები შეინარჩუნებდნენ ქა‛აბას გასაღებს, აგრეთვე სხვა უფლებებს, მათი სახლი კი საკრებულოს სახლად დარჩებოდა.

ჰაშიმის ძმები დათანხმდნენ, რომ აიღებდნენ პასუხისმგებლობას პილიგრიმთა უზრუნველყოფაზე. როდესაც პილიგრიმობის დრო ახლოვდებოდა, ჰაშიმი საკრებულოში ადიოდა და ამბობდა: „კურეიშელნო, თქვენ ღმერთის მეზობლები ხართ, მისი სახლის ხალხი. ამ დღესასწაულზე თქვენთან მოდიან ღმერთის მომნახულებელნი, მისი სახლის მომლოცველნი. ისინი ღმერთის სტუმრები არიან და არავითარ სხვა სტუმრებს არა აქვთ იმედი თქვენი გულუხვობისა ისე, როგორც მის სტუმრებს. ჩემი საკუთარი სიმდიდრე რომ სწვდებოდეს ამ საქმეს, ასეთ უღელს თქვენ არ დაგადებდით.“2

ჰაშიმი დიდ პატივში იყო როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. სწორედ მან დაამკვიდრა ორი დიდი საქარავნო მოგზაურობა მექიდან, ზამთრის ქარავანი იემენის მიმართულებით და ზაფხულის ქარავანი ჩრდილო-დასავლეთ არაბეთსა და მის მიღმა სირია-პალესტინაში, რომელიც იმხანად ბიზანტიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, როგორც რომის იმპერიის ნაწილი. ორივე მოგზაურობის მარშრუტი გადიოდა უძველეს გუნდრუკის გზაზე. ერთ-ერთ პირველ ძირითად გაჩერებას ზაფხულის ქარავნებისათვის წარმოადგენდა იასრიბის ოაზისი, აქლემით თერთმეტი დღის სავალ მანძილზე მექის ჩრდილოეთით. ოდესღაც ეს ოაზისი ძირითადად ებრაელებით იყო დასახლებული, მაგრამ ახლა მას ერთი სამხრეთ-არაბული ტომი აკონტროლებდა. მიუხედავად ამისა, ებრაელები იქ განაგრძობდნენ საკმაოდ წარმატებულ ყოფას, მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თან საკუთარ აღმსარებლობასაც ინარჩუნებდნენ. რაც შეეხება იასრიბის არაბებს, მათ ჰქონდათ გარკვეული მატრიარქალური ტრადიციები და მთლიანობაში კაილას შვილებად იყვნენ ცნობილი ერთ-ერთი თავიანთი წინაპარი ქალის სახელის მიხედვით. მაგრამ ისინი დაიყვნენ ორ განშტოებად, რომლებსაც ავსი და ხაზრაჯი ეწოდათ, როგორც კაილას ორი ვაჟის შთამომავლებს.

ხაზრაჯის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი იყო სალმა, ‛ამრის ასული, ნაჯჯარის ოჯახიდან. ჰაშიმმა მას ცოლობა სთხოვა. ქალმა მოი პოვა პირობა, რომ საკუთარი საქმეების გამგებლობა მისსავე ხელში დარჩებოდა სრულად. როდესაც მან ჰაშიმს ძე უშვა, ბავშვი თავისთან დაიტოვა იასრიბში, სანამ თოთხმეტი წლის თუ უფრო მეტისაც არ გახდა. ჰაშიმი არ იყო ამის წინააღმდეგი მიუხედავად ოაზისის ციებ-ცხელებისა, რომელიც მომსვლელთა-თვის უფრო საშიში იყო, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის. იასრიბის ჰავა უფრო ჯანმრთელი იყო, ვიდრე მექისა. მეტიც, ჰაშიმი ხშირად დადიოდა სირიაში და ჩერდებოდა სალმასთან და ვაჟთან როგორც გამგზავრებისას, ასევე უკანა გზაზე. მაგრამ ჰაშიმს არ ეწერა დიდხანს სიცოცხლე, ერთ-ერთი მოგზაურობისას იგი ავად გახდა ღაზაში, პალესტინაში, და გარდაიცვალა.

ჰაშიმს ჰყავდა ორი ღვიძლი ძმა, ‛აბდუ შამსი და მუტტალიბი,3 ერთიც ნახევარი ძმა, ნავფალი. მაგრამ ‛აბდუ შამსი მეტად დაკავებული იყო ვაჭრობით იემენში, მოგვიანებით ასევე სირიაში, ნავფალი კი არანაკლებ დაკავებული იყო ვაჭრობით ერაყში. ორივე მათგანი დიდი პერიოდით მიდიოდა მექიდან. ამ და, ალბათ, სხვა მიზეზების გამო ჰაშიმის უმცროსმა ძმამ, მუტტალიბმა, მიიღო უფლება, წყალი მიეცა პილიგრიმებისათვის და აეკრიფა გადასახადი მათ დასაპურებლად. ამის შემდეგ მან საკუთარ მოვალეობად ჩათვალა ისიც, რომ ეფიქრა მემკვიდრეზე. ჰაშიმს სამი ვაჟი ჰყავდა სალმას გარდა ცოლებისაგან. მაგრამ, თუ ყველაფერი, რასაც ამბობდნენ, მართალი იყო, ვერც ერთი ამ სამთაგან, აგრეთვე თვით მუტტალიბის ძეთაგან ვერ გაუტოლდებოდა სალმას შვილს. მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, შაიბა (ასე უწოდა მას დედამ) გამოკვეთილ მიდრეკილებას ამჟღავნებდა წინამძღოლობისაკენ. მასზე შესანიშნავი ამბები მუდმივად ჩაჰქონდათ მექაში მოგზაურებს, რომლებსაც ოაზისზე გავლა უწევდათ. საბოლოოდ მუტტალიბი თვითონ წავიდა ჭაბუკის სანახავად და იმან, რაც იხილა, უკარნახა, სალმასთვის ეთხოვა, ძმისშვილზე პირადად მზრუნველობის უფლება მიეცა. სალმას არ სურდა ვაჟიშვილის გაშვება და ჭაბუკმაც უარი თქვა დედის მიტოვებაზე მისი თანხმობის გარეშე. მაგრამ მუტტალიბი ფარ-ხმალს არ ყრიდა, მან დედასაც და შვილსაც მიუთითა, რომ იასრიბში არსებული შესაძლებლობები ვერ შეედრებოდა იმას, რის შეთავაზებაც მექას შეეძლო. როგორც წმინდა სახლის, მთელი არაბეთის პილიგრომობის დიდი ცენტრის, მცველნი, კურეიშელები ყველაზე წარჩინებულნი იყვნენ არაბ ტომთა შორის. და არსებობდა დიდი ალბათობა, რომ შაიბა ერთ დღესაც იმ საქმეს იკისრებდა, რაც მამამისს ევალა, და კურეიშის ერთ-ეთი ბელადი გახდებოდა. მაგრამ ამისათვის ჯერ საჭირო იყო ინტეგრაცია საკუთარ ხალხთან. სხვა ადგილიდან ვინმე უბრალოდ მოსულ ადამიანს არ შეიძლება ჰქონოდა ასეთი პატივის იმედი. ამ არგუმენტებმა სალმაზე შთაბეჭდილება მოახდინა, თანაც, თუ მისი ვაჟი მექაში წავიდოდა, სალმა იოლად ინახულებდა იქ მას და ჭაბუკიც მოინახულებდა დედას იასრიბში. მან შვილს წასვლის უფლება მისცა. მუტტალიბმა ძმისშვილი აქლემზე შემოისვა და, როდესაც მექაში შედიოდნენ, გაიგონა, როგორ თქვეს უცხო ახალგაზრდის მხილველებმა: „‛აბდ ალ-მუტტალიბი“, ესე იგი „ალ-მუტტალიბის მონა“. უპასუხა: „იგი სხვა არავინაა, თუ არა თვით ჩემი ძმის, ჰაშიმის, ვაჟი.“ სიცილი, რომლითაც მის სიტყვებს მიესალმნენ პრელუდია იყო იმ სიხარულისა, რომელმაც მთელი ქალაქი მოიცვა, ვინაიდან ამ კურიოზის ამბავი პირიდან პირში გადადიოდა. იმ დღიდან ჭაბუკს მოფერებით ‛აბდ ალ-მუტტალიბი ეწოდა.

მექაში ჩასვლიდან არც თუ დიდი ხნის შემდეგ ‛აბდ ალ-მუტტალიბს თავის ბიძა ნავფალთან დავა მოუხდა მამის ქონებაზე, მაგრამ მფარველი ბიძისა და იასრიბიდან მიმართული ზეწოლის შედეგად მან მოახერხა საკუთარი უფლებების დაცვა. ჭაბუკმა არც ის იმედები გაუცრუა ხალხს, რომელიც თვითონვე ჩაუსახა ადრე. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მუტტალიბი გარდაიცვალა, არავის დაუყენებია ეჭვქვეშ მისი ძმისშვილის უნარი, თავის თავზე აეღო რთული პასუხისმგებლობა, საკვებითა და წყლით მოემარაგებინა პილიგრიმები. იმასაც კი ამბობდნენ, რომ მან აჯობა თავის მამასაც და ბიძასაც საკუთარი მოვალეობის შესრულებისას.

______________________

1. ი.ი. 83. ამ წიგნში ყოველი ციტატა, რომელიც ბრჭყალებშია მოთავსებული, ნათარგმნია ტრადიციული წყაროებიდან.

2. ი.ი. 87.

3. ეს სახელია ალ-მუტტალიბი, გარდა ვოკატივისა, სადაც „ალ-“ უნდა გამოიტოვოს. მაგრამ, ვინაიდან მოუხერხებელია ამ სუფიქსის (განსაზღვრული არტიკლის) გადმოტანა ტრანსკრიბციაში, მოხდა ვოკატივის განზოგადება თითქმის ყველა იმ სახელისათვის, რომელიც არტიკლით იწყება.

4 V დაკარგულის დაბრუნება

▲ზევით დაბრუნება


ჩრდილო-დასავლეთით ქა‛აბას ებმის მცირე ტერიტორია, რომელიც გარშემორტყმულია ნახევრად წრიული კედლით. ამ კედლის ორი დაბოლოება წმინდა სახლის ჩრდილო და დასავლეთ კუთხეებთან ახლოს მთავრდება, ტოვებს რა გასასვლელს პილიგრიმებისათვის. მაგრამ ბევრი პილიგრიმი აფართოებს თავის წრეს ამ წერტილში, აღნიშნულ ტერიტორიასაც ორბიტაში აქცევს და გარს უვლის დაბალ კედელს. შიდა სივრცე იწოდება, როგორც ჰიჯრ ისმა‛ილ, რადგანაც ისმაელისა და აგარის საფლავები იმ ქვების ქვეშაა, რომლებითაც ეს ადგილია მოკირწყლული.

‛აბდ ალ-მუტტალიბს იმდენად უყვარდა ქა‛აბას სიახლოვეს ყოფნა, რომ ზოგჯერ ბრძანებას გასცემდა ხოლმე, მისთვის ტახტი გაეშალათ ჰიჯრში. ერთ ღამესაც, როდესაც იქ ეძინა, ჩრდილისებური გამოსახულება თავს წამოადგა, როგორც ხილვა, და უთხრა: „ამოთხარე ტკბილი გამჭვირვალება.“ „რა არის ტკბილი გამჭვირვალება?“ იკითხა მან, მაგრამ მოსაუბრე გაუჩინარდა. მიუხედავად ამისა, როცა გაიღვიძა, ისეთი ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე იგრძნო, რომ გადაწყვიტა, მომდევნო ღამესაც იმავე ადგილას დაეძინა. უცნაური მნახველი დაბრუნდა და უთხრა: „ამოთხარე წყალობა.“ მაგრამ მისი კითხვა კიდევ ერთხელ უპასუხოდ დარჩა. მესამე ღამეს ასე უთხრა: „ამოთხარე დაცული განძი“, თუმცაღა მისი შეკითხვის შემდეგ მოსაუბრე ისევ გაქრა. მაგრამ მეოთხე ღამეს ბრძანება ასეთი იყო: „ამოთხარე ზამზამი“; და ამ დროს, როდესაც იკითხა: „რა არის ზამზამი?“ მოსაუბრემ თქვა:

„ამოთხარე ის, არ ინანებ,
რადგან ის შენი მემკვიდრეობაა
შენი ყველაზე დიდებული წინაპრისაგან.
ის არასოდეს დაშრება,
არც შეწყვეტს წყლის მიცემას მრავალრიცხოვან მომლოცველთათვის.“

შემდეგ მოსაუბრემ უთხრა, მოეძებნა ადგილი, სადაც იყო სისხლი და ნაკელი, ჭიანჭველების ბუდე და ასევე იყვნენ ყვავები, რომლებიც კენკავდნენ. საბოლოოდ ებრძანა, ელოცა „ანკარა უხვი წყლისათვის, რომელიც ღმერთის პილიგრიმებს წყურვილს მოუკლავდა მთელი მომლოცველობის განმავლობაში“.1

როდესაც ოდნავ ინათა, ‛აბდ ალ-მუტტალიბი ადგა და ჰიჯრი დატოვა წმინდა სახლის ჩრდილო კუთხიდან, რომელსაც ერაყის კუთხე ეწოდება. შემდეგ გაუყვა ჩრდილო-დასავლეთის კედელს, რომლის მეორე ბოლოშიც ქა‛აბას კარია; ამ უკანასკნელს ჩაუარა და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა აღმოსავლეთის კუთხესთან, სადაც შავ ქვას ემთხვია ღვთისმოსაობით აღსავსე. იქიდან დაიწყო გარშემო სიარულის რიტუალი, უკან ჩაუარა კარს და ერაყის კუთხისაკენ გაემართა, გადაკვეთა ჰიჯრი და დასავლეთის კუთხისაკენ წავიდა, შემდეგ კი იემენის კუთხისაკენ გაეშურა, რომელიც სამხრეთითაა. აბრაამის შვილები, როგორც ისმაელის, ასევე ისააკის შტოდან, გარს უვლიან თავიანთ სიწმინდეებს მზის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. როდესაც ‛აბდ ალ-მუტტალიბი იემენის კუთხიდან შავი ქვისაკენ მიდიოდა, ის ხედავდა აბუ კუბაისის ბნელ ფერდობებს, იმის იქით აღმოსავლეთით კიდევ სხვა გორაკებს, რომლებიც გამოკვეთილად ჩანდა ყვითელი სინათლის ფონზე. შვიდი წრე გააკეთა და ყოველ ჯერზე სინათლე საგრძნობლად იმატებდა, რადგანაც არაბეთში აისი და დაისი მოკლეა. რიტუალის შესრულებისთანავე შავი ქვიდან კარისაკენ წავიდა, ხელში აიღო კლიტიდან ჩამოკიდებული მეტალის რგოლი და წარმოთქვა ლოცვა, რომელიც ღამით ეუწყა.

ფრთების ხმა გაისმა და ჩიტი დაჯდა სილაში ‛აბდ ალ-მუტტალიბის უკან. შემდეგ მეორე ჩიტიც დაჯდა. როგორც კი ვედრება დაასრულა,შებრუნდა და დაინახა, როგორ წავიდნენ ჩიტები ამაყად ყვავებისათვის დამახასიათებელი სიარულით ქანდაკებისმაგვარი ორი კლდისაკენ. ეს კლდეები დაახლოებით ასი იარდის მოშორებით იყო, თითქმის ზუსტად კარის მოპირდაპირე მხარეს. მათ შორის სწირავდნენ კურეიშელები მსხვერპლს, ვინაიდან კერპებად მიაჩნდათ. ‛აბდ ალ-მუტტალიბმა, ყვავების მსგავსად, კარგად იცოდა, რომ იმ ადგილას სილაში ყოველთვის სისხლი იყო. იქვე იყო ნაკელიც. როდესაც ავიდა, ასევე იხილა ჭიანჭველების ბუდე.

‛აბდ ალ-მუტტალიბი სახლში წავიდა და აიღო ორი წერაქვი, რომელთაგან ერთი თავისი ვაჟისათვის, ჰარისისათვის, იყო განკუთვნილი, ვინაიდან ისიც თან წაიყვანა იმ ადგილას, სადაც უნდა გაეთხარა. სილაზე დარტყმისას იარაღების ყრუ ხმამ და უჩვეულო სანახაობამ ხალხის ჯგუფი მიიზიდა, რადგანაც შიდა ეზო ყოველი მხრიდან ჩანდა. და, მიუხედავად იმ პატივისცემისა, რომლითაც ‛აბდ ალ-მუტტალიბი სარგებლობდა, სულ მალე ზოგიერთმა პროტესტი გამოთქვა, რომ ორ კერპს შორის მსხვერპლშეწირვის ადგილას თხრა ღვთის გმობა იყო და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერებულიყო. ‛აბდ ალ-მუტტალიბმა თქვა, რომ არ შეწყვეტდა თავის საქმეს, და ჰარისს უთხრა, მასთან მდგარიყო და თვალყური ედევნებინა, რათა არავინ ჩარეულიყო. ეს დაძაბული მომენტი იყო და, შესაძლოა, არასასიამოვნოდ დასრულებულიყო. მაგრამ ორი ჰაშიმელი მტკიცედ მოტივირებული და ერთიანი იყო, ამბის მაყურებელნი კი ცნობისმოყვარეობამ მოიცვა. არც ეს კერპები, ისაფი და ნა'ილა, ითვლებოდნენ დიდად აღიარებულად მექის კერპთა შორის. ზოგიერთი იმასაც კი ამბობდა, რომ ისინი ჯურჰუმელი კაცი და ქალი იყვნენ, რომლებიც გაქვავდნენ ქა‛აბას წაბილწვის გამო. ასე რომ, ‛აბდ ალ-მუტტალიბი აგრძელებდა თხრას, ვინაიდან რეალურად არაფერი აბრკოლებდა. ზოგიერთი უკვე ტოვებდა კიდეც წმინდა ადგილს, როდესაც უეცრად მან წერაქვი დაჰკრა ქვებს, რომლებიც წყაროს ფარავდა, და ღვთის სამადლობელი ძახილი აღმოხდა. ხალხის ჯგუფი ისევ შეიკრიბა და უფრო გაიზარდა კიდეც. და, როცა ჯურჰუმელების მიერ დამარხული განძის ამოთხრა დაიწყო, ყველამ წამოაყენა პრეტენზია წილზე. ‛აბდ ალმუტტალიბმა თანხმობა განაცხადა და თქვა, რომ ყოველ საგანზე კენჭი უნდა ეყარათ იმის დასადგენად, ის წმინდა ადგილას დარჩებოდა, პირადად მას ერგებოდა თუ ტომში განაწილდებოდა. ეს საეჭვო საკითხების გადაჭრის აღიარებულ მეთოდად იქცა და სრულდებოდა ისრებზე მკითხაობით ქა‛აბას შიგნით მოაბიტური კერპის, ჰუბალის, წინ. ამ შემთხვევაში განძის ნაწილი ქა‛აბას ერგო, ნაწილი კი ‛აბდ ალ-მუტტალიბს. ზოგადად კურეიშელებს არაფერი არ შეხვდათ. ასევე შეთანხმდნენ, რომ ჰაშიმის ოჯახი იქნებოდა თვით ზამზამზე პასუხისმგებელი, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მათი მოვალეობა იყო პილიგრიმებისათვის წყლის მიცემა.

_______________________

1. ი.ი. 93.

5 V ძის შეწირვის აღთქმა

▲ზევით დაბრუნება


‛აბდ ალ-მუტტალიბი პატივცემული იყო კურეიშის მიერ თავისი დიდსულოვნების, სანდოობისა და სიბრძნის გამო. ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი მამაკაციც იყო, მეტად შთამბეჭდავი გარეგნობის მქონე. მისი სიმდიდრე კიდევ ერთი მიზეზი გახლდათ, რის გამოც თავი ბედნიერ ადამიანად უნდა ჩაეთვალა. ახლა კი ეს ყველაფერი იმით დაგვირგვინდა, რომ იგი გამორჩეულ იქნა, როგორც ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც აღდგა ზამზამი. ‛აბდ ალ-მუტტალიბი ღმერთს მადლობდა ამ კურთხევათა გამო, მაგრამ მისი სული ისევ შეშფოთებული იყო იმ მომენტზე ფიქრით, როდესაც მას უთხრეს, შეეწყვიტა თხრა, და როდესაც ყოველივე თითქოს სასწორზე ეკიდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მადლობა ღმერთს! მაგრამ მანამდე არასოდეს უგრძვნია ასე მკაფიოდ საკუთარი უსუსურობა, როგორც ეს თვითონ ეგონა, მხოლოდ ერთი ვაჟის ყოლის გამო. მაგალითად, მისი ბიძაშვილი, უმაია, ‛აბდუ შამსის ოჯახის თავი, კურთხეული იყო მრავალი ძით. ასევე, თუ მთხრელი იქნებოდა მუღირა, მახზუმის ბელადი, მისი ვაჟები ფართო და ძლიერ წრეს შემოარტყამდნენ მამას. მაგრამ ‛აბდ ალმუტტალიბს, მიუხედავად მრავალცოლიანობისა, მხოლოდ ერთი ძე ჰყავდა, რომელიც შეძლებდა მის მხარდაჭერას. იგი უკვე თითქმის შეგუებული იყო ამ ფაქტთან, მაგრამ ღმერთს, რომელმაც ზამზამი მისცა, შეეძლო მისი აღზევება სხვა მხრივაც. იმ წყალობით გამხნევებულმა, რომელიც მიიღო, ‛აბდ ალ-მუტტალიბმა ღმერთს შესთხოვა, მეტი ვაჟები ებოძებინა მისთვის. ამ ლოცვას ისიც დაუმატა, რომ, თუ უფალი აკურთხებდა, ათ ძეს უშობდა და ყველა მათგანს მისცემდა საშუალებას, დაკაცებულიყო, ‛აბდ ალ-მუტტალიბი ერთს მსხვერპლად შესწირავდა ქა‛აბაში.

ლოცვა შესმენილ იქნა: გავიდა წლები და ‛აბდ ალ-მუტტალიბს ცხრა ვაჟი შეეძინა. როდესაც მან აღთქმა დადო, ასე ეგონა, რომ აქ მეტად შორეული შესაძლო ამბავი იგულისხმებოდა. მაგრამ დადგა დრო და მისი ყველა ძე უკვე სრულწლოვანი იყო, გარდა უმცროსისა, რომელსაც ‛აბდ ალლაჰი ერქვა. მამას ფიქრებში სულ ის აღთქმა უტრიალებდა. იგი ცხრავე ვაჟით ამაყობდა, მაგრამ ისინი არასოდეს ჰყვარებია ერთნაირად. დიდი ხნით ადრე გახდა ცხადი, რომ ‛აბდ ალლაჰი ყველაზე მეტად უყვარდა. იქნებ ღმერთიც ამავე ძეს ამჯობინებდა,რომელსაც გამორჩეული სილამაზე მისცა? შესაძლოა, ის ამოერჩია მსხვერპლადაც. ნებისმიერ შემთხვევაში ‛აბდ ალ-მუტტალიბი სიტყვის კაცი იყო. თავში აზრად არც კი გაუვლია აღთქმის დარღვევა. იგი ასევე სამართლიანი ადამიანი გახლდათ დიდი პასუხისმგებლობის გრძნობით, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად ესმოდა ისიც, რა პასუხისმგებლობისათვის უნდა აერიდებინა თავი. იგი არ აპირებდა, თვითონ ეტვირთა იმის გადაწყვეტა, თუ რომელ ძეს შესწირავდა. ასე რომ, როდესაც ‛აბდ ალლაჰი უკვე აღარ შეიძლებოდა მოზარდად ჩათვლილიყო, ‛აბდ ალ-მუტტალიბმა შეკრიბა თავისი ათი ვაჟი, ამცნო უფლისათვის მიცემული პირობის შესახებ და სთხოვა, დახმარებოდნენ სიტყვის შესრულებაში. მათ არჩევანი არ ჰქონდათ და დაეთანხმნენ, მამის აღთქმა მათი აღთქმაც იყო. იკითხეს, რა უნდა გაეკეთებინათ. მან უთხრა, თითოეულ მათგანს საკუთარი ნიშანი დაესვა ისარზე. იმავდროულად უწყება გაუგზავნა კურეიშის ოფიციალურ მეისრე-მკითხავს და სთხოვა, ქა‛აბაში მისულიყო. შემდეგ ვაჟები წმინდა ადგილისაკენ წაიყვანა და მათ წმინდა სახლში შეუძღვა, სადაც მისანს ამცნო თავისი აღთქმის შესახებ. თითოეულმა ძემ წარმოადგინა ისარი, ‛აბდ ალ-მუტტალიბი ჰუბალთან დადგა,ამოიღო დიდი დანა,რომელიც თან წამოეღო,და დაიწყო უფლისადმი ლოცვა. კენჭი ყარეს და ‛აბდ ალლაჰის ისარი ამოვიდა. მამამისმა ხელი მოჰკიდა, მეორე ხელში დანა ეჭირა და ისე წაუძღვა კარისაკენ. პირდაპირ სამსხვერპლოში წასვლა უნდოდა,თითქოს ეშინოდა, საკუთარი თავისათვის რაიმე ფიქრის დრო მიეცა.

მაგრამ ‛აბდ ალ-მუტტალიბმა ვერ გაითვალისწინა თავისი სახლის ქალების ფაქტორი, განსაკუთრებით კი ‛აბდ ალლაჰის დედის, ფატიმასი. მისი სხვა ცოლები გარე ტომებიდან იყვნენ და შედარებით მცირე გავლენა ჰქონდათ მექაში. მაგრამ ფატიმა იყო ქალი კურეიშიდან, მახზუმის ძლიერი ოჯახიდან, დედის მხრიდან კი ‛აბდის, კუსაის ერთ-ერთი ძის, შთამომავალი გახლდათ. მთელი მისი ოჯახი სულ ახლოს იყო, თანაც მზად დახმარების გასაღებად, თუ საჭირო იქნებოდა. ათიდან სამი მისი ვაჟი იყო: ზუბაირი, აბუ ტალიბი და ‛აბდ ალლაჰი. ის იყო აგრეთვე დედა ‛აბდ ალ-მუტტალიბის ხუთი ქალიშვილისა. ისინი ძმების ერთგულნი იყვნენ. ეს ქალები უმოქმედოდ არ დარჩენილან, უეჭველია, რომ სხვა ცოლებმაც ფატიმას მიმართეს დახმარებისათვის იმ საშიშროების გამო, რომელიც ათსავე ვაჟს ემუქრებოდა. ერთ-ერთ მათგანს ხომ მსხვერპლშეწირვის ისარი უნდა რგებოდა.

იმ დროისათვის, როდესაც კენჭი ყარეს, ბევრი ხალხი შეიკრიბა წმინდა ადგილის ეზოში. როდესაც ‛აბდ ალ-მუტტალიბი და ‛აბდ ალლაჰი, მკვდარივით გაფითრებულნი, ქა‛აბას ზღურბლზე გამოჩნდნენ, მახზუმელებში ჩურჩული ატყდა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათი ერთ-ერთი დის ვაჟიშვილი იყო მომავალი მსხვერპლი. „რისთვისაა ეგ დანა?“ - გაისმა ვიღაცის ხმა და სხვებმაც გაიმეორეს შეკითხვა, თუმცა ყველამ იცოდა პასუხი. ‛აბდ ალ-მუტტალიბმა დაიწყო თავისი აღთქმის შესახებ მოყოლა, მაგრამ მას მალევე შეაწყვეტინა სიტყვა მუღირამ, მახზუმის ბელადმა: «შენ მას არ შესწირავ, არამედ უფალს შესთავაზებ მის ნაცვლად სხვა მსხვერპლს და, თუნდაც მისი გამოსასყიდი მახზუმის ძეთა მთელი ქონებაც აღმოჩნდეს, ჩვენ მას გამოვიხსნით». ამ დროს ‛აბდ ალლაჰის ძმებიც გამოვიდნენ წმინდა სახლიდან. მანამდე არც ერთ მათგანს არ ამოუღია ხმა, მაგრამ ახლა მამას მიუბრუნდნენ და შეევედრნენ, მათი ძმა ცოცხალი დაეტოვებინა და რაიმე სხვა მსხვერპლი შეეთავაზებინა უფლისათვის გამოსასყიდის სახით. ერთი ადამიანიც კი არ ყოფილა, ვინც მათ მხარს არ დაუჭერდა, და ‛აბდ ალ-მუტტალიბსაც ძლიერ სურდა, რომ მისთვის მართლაც შეეშალათ ხელი, მაგრამ მაინც სინდისის ქენჯნას განიცდიდა. თუმცა საბოლოოდ დათანხმდა, იასრიბში რჩევა ეკითხა ერთი ბრძენი ქალისათვის, რომელიც ეტყოდა, შეიძლებოდა თუ არა რაიმე კომპენსაცია ამ შემთხვევაში და, თუ პასუხი დადებითი იქნებოდა, რა სახის უნდა ყოფილიყო ეს გამოსასყიდი.

‛აბდ ალ-მუტტალიბმა თან წაიყვანა ‛აბდ ალლაჰი, ასევე ერთი თუ ორი მის ძმათაგან და გაემართა თავისი დაბადების ადგილას, სადაც მხოლოდ ის შეიტყო, რომ ბრძენი ქალი გადასახლებულიყო ხაიბარში, მდიდარ ებრაულ დაბაში ნაყოფიერ დაბლობზე თითქმის ასი მილის მანძილზე იასრიბის ჩრდილოეთით. მათ გზა განაგრძეს და, როდესაც ქალი ი პოვეს და ყველაფერი უამბეს, იგი დაჰპირდა, რომ ამის შესახებ შეეკითხებოდა სულს, რომელთან კავშირშიც იყო, და უთხრა, მეორე დღეს დაბრუნებულიყვნენ. ‛აბდ ალ-მუტტალიბმა ილოცა ღმერთის წინაშე. დილით ქალმა თქვა: „სიტყვა მოვიდა ჩემთან. რა არის თეთრსისხლიანი თქვენთან?“ მათ უპასუხეს, რომ ეს ათი აქლემი იყო. „დაბრუნდით თქვენს ქვეყანაში,“ - თქვა ქალმა - „ერთმანეთის გვერდით დააყენეთ კაცები და ათი აქლემი, შემდეგ კენჭი ყარეთ. თუ ისარი თქვენი კაცებისაკენ დავარდება, კიდევ დაუმატეთ აქლემები და ისევ ყარეთ კენჭი; თუ საჭირო იქნება, კიდევ მოიყვანეთ სხვა აქლემები, სანამ უფალი მათ არ მიიღებს და ისარი მათკენ არ დაეცემა. შემდეგ შესწირეთ მსხვერპლად ის აქლემები და კაცები ცოცხლები დატოვეთ.“

სასწრაფოდ დაბრუნდნენ მექაში და დაუყოვნებლივ შეიყვანეს ქა‛აბას ეზოში ‛აბდ ალლაჰი და ათი აქლემი. ‛აბდ ალ-მუტტალიბი წმინდა სახლში შევიდა, ჰუბალის წინ დადგა და ღმერთს შესთხოვა, მიეღო, რასაც ისინი აკეთებდნენ. შემდეგ კენჭი ყარეს და ისარი ‛აბდ ალლაჰისაკენ დავარდა. მოიყვანეს კიდევ ათი აქლემი, მაგრამ ისარმა კვლავ თქვა, რომ აქლემებს უნდა ეცოცხლათ და კაცი მომკვდარიყო. ასე განაგრძეს ათათი აქლემის მატება და კენჭის ყრა მანამდე, სანამ აქლემთა რიცხვმა ასს არ მიაღწია. მხოლოდ მაშინ დაეცა ისარი აქლემებისაკენ. მაგრამ ‛აბდ ალ-მუტტალიბი უკიდურესად ზუსტი და პატიოსანი იყო: მისთვის ერთი ისრის ჩვენება საკმარისი არ აღმოჩნდა ასეთი დიდმნიშვნელოვანი საკითხის გადასაჭრელად. მან კატეგორიულად მოითხოვა, კენჭი მეორედ და მესამედაც ეყარათ, რაც შეასრულეს კიდეც. ისარი ახლა უკვე ყოველთვის აქლემებისაკენ ვარდებოდა. ‛აბდ ალ-მუტტალიბი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ღმერთმა მიიღო მისგან ეს გამოსასყიდი, და აქლემები შესწირეს, როგორც საჭირო იყო.

6 VI. წინასწარმეტყველის საჭიროება

▲ზევით დაბრუნება


‛აბდ ალ-მუტტალიბი ჰუბალისადმი არ ლოცულობდა, იგი ყოველთვის ღმერთს, ალლაჰს, მიმართავდა. მაგრამ მოაბიტური კერპი მრავალ თაობას ედგა უფლის სახლში და კურეიშისათვის იქცა ერთგვარ განსახიერებად ბარაქასი, ანუ წყალობისა და სულიერი ზემოქმედებისა, რომლითაც ის აღსავსე იყო, როგორც უდიდესი ყველა სიწმინდეს შორის. არაბეთში ჰქონდათ სხვა უფრო მცირე სალოცავებიც, მათ შორის ჰიჯაზში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, როგორც ზოგიერთი თაყვანისმცემელი უწოდებდა, ტაძრები „ღვთის სამი ასულისა,“ ალ-ლათის, ალ-‛უზზასა და მანათისა. იასრიბის სხვა არაბთა მსგავსად, ‛აბდ ალ-მუტტალიბიც პატარაობიდანვე მიჰყავდათ, რათა მუხლი მოედრიკა მანას წინაშე. ეს ტაძარი კუდაიდში მდებარეობდა წითელ ზღვასთან, თითქმის ზუსტად დასავლეთით ოაზისიდან. კურეიშისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ალ-‛უზზას სიწმინდე ნახლას ველზე, აქლემით ერთი დღის სავალზე მექის სამხრეთით. იმავე მიმართულებით კიდევ ერთი დღის მგზავრობას მორწმუნეები მიჰყავდა ტა'იფში, გალავნიან ქალაქში აყვავებულ ზეგანზე. ის დასახლებული გახლდათ საკიფით, დიდი არაბული ტომის, ჰავაზინის, შტოთი. ალ-ლათი „ტა'იფის ქალბატონი“ იყო და მისი კერპი მდიდრულ ტაძარში მოეთავსებინათ. როგორც ამ ღვთეაბის მცველებს, საკიფის წარმომადგენლებს თავი კურეიშის სწორად მიაჩნდათ. თვით კურეიშიც იმდენად შორს მიდიოდა, რომ საუბრობდა ერთდროულად «ორ ქალაქზე», გულისხმობდა რა მექასა და ტა'იფს. მაგრამ, მიუხედავად შესანიშნავი კლიმატისა და ნაყოფიერებისა, „ჰიჯაზის ბაღის“, როგორც ტა'იფს უწოდებდნენ, მკვიდრნი მაინც შურის თვალით უყურებდნენ ჩრდილოეთით მდებარე ხრიოკ დაბლობს, ვინაიდან გულში კარგად იცოდნენ, რომ მათი ტაძარი, რაც უნდა ნაქები ყოფილიყო, ვერასოდეს შეედრებოდა ღმერთის სახლს. თუმცა არც ის სურდათ, რომ სხვაგვარად ყოფილიყო, რადგანაც ისინიც ისმაელის შთამომავალნი იყვნენ და ძირი მექაში ჰქონდათ. მათი გრძნობები ხშირად არაერთგვაროვანი და თვით ურთიერთგამომრიცხავიც იყო. კურეიშელებს კი არავისი შურდათ. მათ იცოდნენ, რომ მსოფლიოს ცენტრში ცხოვრობდნენ და მათ შორის იყო მაგნიტი, რომელსაც შეეძლო მიეზიდა პილიგრიმები დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. ასე რომ, მათ არაფერი არ აიძულებდა, გაეკეთებინათ რაიმე, რაც გაუფუჭებდათ კარგ ურთიერთობას, რომელიც გარეშე ტომებთან დაუმკვიდრდათ.

‛აბდ ალ-მუტტალიბს, როგორც პილიგრიმთა მასპინძელს, ეკისრებოდა ასეთ საქმეებში კარგად გარკვევა. მისი მოვალეობანი ტომთა შორის ამბებს ეხებოდა, რასაც გარკვეულწილად მთელი კურეიშიც იტვირთავდა. პილიგრიმებისათვის უნდა ეგრძნობინებინათ, რომ მექა მათი სახლი იყო; მათ მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოჩენა ნიშნავდა იმასაც, რომ კეთილად უნდა მიეღოთ ისიც, რასაც მომსვლელნი სცემდნენ თაყვანს, და არასოდეს დავიწყებოდათ პატივის მიგება იმ კერპებისათვის, რომლებიც თან მოჰქონდათ პილიგრიმებს. კერპთა მიღების გამართლება და უფლება, ასევე რწმენა მათი ძლევამოსილებისა ტრადიციიდან მომდინარეობდა: ასე აკეთებდნენ მამები, პაპები და დიდი პაპები. მიუხედავად ამისა, ‛აბდ ალმუტტალიბისათვის ღმერთი დიდი რეალობა იყო და უეჭველია, იგი უფრო ახლოს იდგა აბრაამის რელიგიასთან, ვიდრე თანამედროვეთა უდიდესი ნაწილი კურეიშიდან, ხუზა‛ადან, ჰავაზინიდან თუ სხვა არაბულ ტომთაგან.

მაგრამ იმხანად, როგორც ყოველთვის, იყვნენ მცირენი, ვინც სრულად ინარჩუნებდნენ აბრაამის რელიგიის სიწმინდეს. მხოლოდ ისინი აცნობიერებდნენ, რომ კერპთაყვანისმცემლობა შორს იდგა ტრადიციებისაგან და მხოლოდ ინოვაცია იყო, საშიშროება, რომლისგანაც თავი უნდა დაეცვათ. მხოლოდ და მხოლოდ ისტორიაში ღრმად ჩახედვა იყო საჭირო იმის დასანახად, რომ ჰუბალი არაფრით ჯობდა ისრაელის ძეთა ოქროს ხბოს. ამ ჰუნაფებს,1 როგორც ისინი უწოდებდნენ თავიანთ თავს, არავითარი კავშირი არ ჰქონდათ კერპებთან, რომელთა არსებობაც მექაში პროფანაციად და სიბინძურედ მიაჩნდათ. კომპრომისზე უარის თქმამ და ხშირად აზრის ხმამაღლა გამოხატვამ ისინი მექის საზოგადოების პერიფერიაში მოაქცია, სადაც მათ პატივს სცემდნენ, შეიწყნარებდნენ ან ცუდად ეპყრობოდნენ, ნაწილობრივ კონკრეტული პიროვნებიდან გამომდინარე, ნაწილობრივ კი იმის მიხედვით, რამდენად მზად იყო ესა თუ ის ოჯახი მათ დასაცავად.

‛აბდ ალ-მუტტალიბი ჰუნაფათაგან ოთხს იცნობდა. მათგან ყველაზე პატივცემული, სახელად ვარაკა, მისი მეორე ბიძაშვლის, ნავფალის, ძე იყო ასადის ოჯახიდან. ვარაკამ ქრისტიანობა მიიღო. იმ მიდამოების ქრისტიანთა შორის კი არსებობდა რწმენა,რომ მოახლოებული იყო წინასწარმეტყველის მოსვლის დრო. შესაძლოა, ეს რწმენა არ იყო ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მას იზიარებდა აღმოსავლურ ეკლესიათა რამდენიმე პატივცემული იერარქი, ასევე სჯეროდათ ასტროლოგებსა და მისნებს. რაც შეეხება ებრაელებს,ვისთვისაც ასეთი იდეები კიდევ უფრო ახლობელი იყო,ვინაიდან, მათი აზრით, წინასწარმეტყველთა ხაზი მესიით უნდა დაგვირგვინებულიყო, ისინი ერთსულოვანნი იყვნენ წინასწარმეტყველის მოლოდინში. რაბინები და სხვა ბრძენი კაცები ირწმუნებოდნენ, რომ ასეთი წინასწარმეტყველი სულ მალე გამოჩნდებოდა. მისი მოსვლის მაცნე იყო მრავალი ნიშანი, რომელიც უკვე აღსრულებულიყო. მათი აზრით, წინასწარმეტყველი ებრაელი იქნებოდა, ისინი ხომ რჩეული ხალხი იყვნენ. ქრისტიანები, მათ შორის ვარაკა, ამას ეჭვქვეშ აყენებდნენ და ვერ ხედავდნენ მიზეზს, რატომ არ უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველი არაბი. არაბებს უფრო მეტად სჭირდებოდათ წინასწარმეტყველი, ვიდრე ებრაელებს, რომლებიც ბოლოს და ბოლოს მაინც აბრაამის რელიგიას მისდევდნენ, თაყვანს სცემდნენ ერთ ღმერთს და არ ჰქონდათ კერპები. მხოლოდ წინასწარმეტყველს შეეძლო დაეხსნა არაბები ყალბ ღმერთთა თაყვანისცემისაგან. ქა‛აბას გარშემო დიდ წრეში 360 კერპი იყო. გარდა ამისა, თითქმის ყველა სახლს მექაში თავისი ღმერთი ჰყავდა, დიდი ან პატარა კერპი, რომელიც სახლის ცენტრში იდგა და მის მთავარ ადგილს წარმოადგენდა. შენობის დატოვებისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მოგზაურობის მიზნით ხდებოდა, ბოლო ქმედება ასეთი იყო: ადამიანი მიდიოდა კერპთან და ხელს ადებდა მას კურთხევის მისაღებად. იგივე ქმედება პირველი იყო სახლში დაბრუნებისას. ამ მხრივ, მექა სრულიადაც არ იყო გამონაკლისი. ამგვარი პრაქტიკა გავრცელებული იყო მთელ არაბეთში. მართალია, არსებობდა ქრისტიან არაბთა უკვე კარგად დამკვიდრებული საზოგადოებები სამხრეთში,ნაჯრანსა და იემენში,აგრეთვე ჩრდილოეთში,სირიის საზღვრის მახლობლად, მაგრამ ღმერთის ბოლო გამოცხადებას, რომელმაც შეცვალა ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნები და ევროპის ვრცელი ტერიტორია, დაახლოებით ექვსასი წლის განმავლობაში პრაქტიკულად არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია წარმართ საზოგადოებაზე, რომელიც მექის სიწმინდის გარშემო იყო შეკრებილი. ჰიჯაზისა და ნაჯდის დიდი დაბლობის არაბების სმენა დახშული აღმოჩნდა სახარების მისაღებად.

რაც ზემოთ ითქვა, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ კურეიში ან სხვა არაბული ტომები მტრულად იყვნენ განწყობილი ქრისტიანების მიმართ. ისინი ზოგჯერ მიდიოდნენ, რათა პატივი მიეგოთ აბრაამის სალოცავისათვის, და მათ ისევე კეთილად ხვდებოდნენ, როგორც ყველა დანარჩენს. მეტიც, ერთ ქრისტიანს უფლება მისცეს და კიდეც შეაგულიანეს, ღვთისმშობელი მარიამისა და ყრმა ქრისტეს ხატი დაეწერა ქა‛აბას შიდა კედელზე, სადაც ის მკვეთრად გამოირჩეოდა ყველა სხვა ნახატისაგან. მაგრამ კურეიში ამ კონტრასტისადმი მეტ-ნაკლებად გულგრილი იყო. ამ ტომის წარმომადგენელთათვის ეს გახლდათ მხოლოდ კერპთა რაოდენობის ზრდა კიდევ ორით, ასეთი შემწყნარებლობა ნაწილობრივ კავშირში იყო მათ ნაკლებ გამჭრიახობასთან.

თავისი ტომის უმრავლესობისაგან განსხვავებით, ვარაკამ იცოდა კითხვა, მას ნასწავლი ჰქონდა წმინდა წერილი და თეოლოგია. ამდენად, შეეძლო დაენახა, რომ ქრისტეს ერთ-ერთ დაპირებაში, რომელიც ქრისტიანთა მიერ ტრადიციულად განმარტებულია, როგორც მითითება სულთმოფენობაზე, მაინც არის ზოგიერთი ისეთი ელემენტი, რომელიც არ ესადაგება ამ სასწაულს და რაღაც სხვას უნდა მიემართებიდეს, ისეთს, რაც ჯერ არ აღსრულებულა. მაგრამ სიტყვები შეფარული აზრის მატარებელი იყო. რა იგულისხმებოდა ამ ნათქვამში: ის თვითონ კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს. 2

ვარაკას ჰყავდა და,სახელად კუთაილა,რომელიც მეტად ახლოს იყო მასთან. იგი ხშირად ესაუბრებოდა ქალს ამ ამბების შესახებ და მისმა სიტყვებმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ კუთაილა ძალიან ხშირად ფიქრობდა წინასწარმეტყველზე. შესაძლებელია, რომ იგი უკვე მათ შორის იყო?

მას შემდეგ, რაც აქლემთა შეწირვა მიღებულ იქნა, ‛აბდ ალმუტტალიბმა გადაწყვიტა, თავისი შეწყალებული ვაჟისათვის საცოლე მოეძებნა. გარკვეული ფიქრის შემდეგ არჩევანი შეჩერდა ამინაზე, ვაჰბის ასულზე. ვაჰბი კუსაის ძმის, ზუჰრას, შვილიშვილი იყო. ვაჰბი ზუჰრას ბელადი გახლდათ, მაგრამ უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც გარდაცვლილიყო, და ახლა ამინას მეურვეობდა ძმა, სახელად ვუჰაიბი, რომელმაც მამა შეცვალა, როგორც ოჯახის თავკაცმა. ვუჰაიბსაც ჰყავდა გასათხოვარი ქალიშვილი, ჰალა. როდესაც ‛აბდ ალ-მუტტალიბმა საქმე ისე მოაგვარა, რომ ამინა მის ვაჟს უნდა გაჰყოლოდა, ვუჰაიბმა სთხოვა, თავად მას ჰალა შეერთო. შეთანხმდნენ და ყველაფერი მომზადდა ერთდროულად ორი ქორწილისათვის. დათქმულ დღეს ‛აბდ ალ-მუტტალიბმა თავის ძეს ხელი ჩაავლო და ორივე ერთად გაემართა ბანუ ზუჰრას3 საცხოვრებლებისაკენ. გზად მათ უნდა ჩაევლოთ ბანუ ასადის სახლებთან. მოხდა ისე, რომ ვარაკას და, კუთაილა, სახლის შესასვლელთან იდგა, იქნებ განზრახაც, რათა სანახაობისათვის ეცქირა, რადგანაც მექაში ყველამ იცოდა დიდი ქორწილის ამბავი, რომელიც სულ მალე უნდა შემდგარიყო. ‛აბდ ალ-მუტტალიბი უკვე სამოცდაათი წლის იყო, მაგრამ, თავის ასაკთან შედარებით, გასაოცრად ახალგაზრდულ ფორმას ინარჩუნებდა ყველანაირი თვალსაზრისით. ორი სასიძოს ნელი გამოჩენა, მათი ბუნებრივი ელეგანტურობა, რომელსაც კიდევ უფრო ზრდიდა მოსალოდნელი მოვლენის საზეიმობა, ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობა გახლდათ. მაგრამ, როდესაც მიუახლოვდნენ, კუთაილა მხოლოდ ახალგაზრდა კაცს შეჰყურებდა. ‛აბდ ალლაჰი სილამაზით თავისი დროის იოსები იყო. კურეიშის თვით უხუცეს კაცებსა და ქალებსაც კი არ ახსოვდათ, რომ ოდესმე ენახათ მისი სწორი. ახლა იგი თავის ოცდამეხუთე წელში იყო, ახალგაზრდობის სრული ყვავილობის ჟამს. მაგრამ კუთაილა, უპირველეს ყოვლისა, სხვა რამემ მოხიბლა ისევე, როგორც სხვა დროსაც, თუმცა არასოდეს ისე ძლიერად, როგორც ახლა. ეს იყო ნათელი, რომელიც ‛აბდ ალლაჰის სახეს აცისკროვნებდა, თითქოს ამქვეყნიურობის მიღმა სამყაროდან ბრწყინავდა. შესაძლებელია, რომ ‛აბდ ალლაჰი ყოფილიყო წინასწარმეტყველი, რომელსაც ელოდნენ? ან იქნებ წინასწარმეტყველის მამა უნდა ყოფილიყო?

როდესაც ქალს ჩაუარეს, უეცარი იმპულსის ზემოქმედებით მან თქვა: “ო, ‛აბდ ალლაჰ”. მამამ ხელი გაუშვა თითქოს იმის ნიშნად, რომ ბიძაშვილთან სალაპარაკოდ უშვებდა. ‛აბდ ალლაჰი შებრუნდა და სახეში ჩახედა. კუთაილამ ჰკითხა, სად მიდიოდა. “მამაჩემს მივყვები”, თქვა მან უბრალოდ არა იმიტომ, რომ საუბარი არ სურდა, არამედ იმიტომ, რომ დარწმუნებული იყო, ქალმა იცოდა, ის საკუთარ ქორწილში მიდიოდა. „შემირთე მე აქ და ახლავე ცოლად,“ თქვა მან, „და შენ ისევე ბევრი აქლემი გეყოლება, როგორც ისინი, რომლებიც შენს მაგიერ შესწირეს.“ „მე მამაჩემთან ვარ”, უპასუხა ვაჟმა, „მისი სურვილების საწინააღმდეგოდ ვერ ვიმოქმედებ და მას ვერ მივატოვებ.“4

ქორწინებანი ისე შედგა, როგორც დაგეგმილი იყო. ორმა წყვილმა რამდენიმე დღე დაყო ვუჰაიბის სახლში. იმ პერიოდში ‛აბდ ალლაჰი თავის სახლში იყო წასული რაღაცის ასაღებად. იგი კიდევ შეხვდა კუთაილას, ვარაკას დას. ქალის თვალები მას ისეთი გულწრფელობით ეძებდნენ, რომ ვაჟი ისევ გაჩერდა მის გვერდით სალაპარაკოდ. როდესაც კუთაილამ დუმილი არ დაარღვია, ‛აბდ ალლაჰმა ჰკითხა, რატომ აღარ ეუბნებოდა იმავეს, რაც წინა დღეს უთხრა. მან კი უპასუხა: „ის სინათლე, რომელიც შენში გუშინ იყო, შენგან უკვე წავიდა. დღეს შენ აღარ შეგიძლია იმ საჭიროების დაკმაყოფილება, რომელიც მე შენში მქონდა.“5

აღნიშნულ ქორწინებათა წელი იყო 569 ქრისტეს შობიდან. მომდევნო წელი კი ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც სპილოს წელიწადი. ის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არაერთი მიზეზის გამო.

_________________________

1. სიტყვა ჰანიფ-ს (მრ. ჰუნაფა') აქვს „ორთოდოქსის“ მნიშვნელობა. იხ. ყ. VI, 161.

2. იოანე, 16 : 13.

3. ზუჰრას ძენი (ე.ი. შთამომავლები); ბანუ არის მრავლობითი რიცხვი სიტყვისა იბნ, „ვაჟი.“

4. ი.ი. 100.

5. ი.ი. 101.

7 VII. სპილოს წელიწადი

▲ზევით დაბრუნება


იმ დროისათვის იემენი აბისინიელთა მმართველობის ქვეშ იყო და მას მართავდა მეფისნაცვალი, ერთი აბისინიელი, სახელად აბრაჰა. მან დიდებული საკათედრო ტაძარი ააგო სან‛აში და იმედოვნებდა, რომ ასე ჩაანაცვლებდა მექას, როგორც დიდი პილიგრიმობის ადგილს მთელი არაბეთისათვის. მარმარილო მოიტანა შებას დედოფლის ერთ-ერთი მიტოვებული სასახლიდან. სულ ოქროსა და ვერცხლის ჯვრები აღამართვინა, კათედრები კი სპლოს ძვლისა და აბანოზისაგან გააკეთებინა და თავის პატრონს, ნეგუსს, მისწერა: „მეფეო, მე შენთვის ავაშენე ისეთი ეკლესია, რომლის მსგავსიც არასოდეს ყოფილა აგებული სხვა მეფისათვის შენამდე; და მე არ მოვისვენებ მანამდე, სანამ მასში არ გადმოვიტან არაბთა პილიგრიმობას.“ მას არც დაუმალავს თავისი განზრახვა და დიდი იყო გაბრაზება ტომებისა ჰიჯაზსა და ნაჯდში. საბოლოოდ კურეიშის მონათესავე ქინანას ტომიდან ერთი კაცი წავიდა სან‛აში კარგად გააზრებული მიზნით, რომ წაებილწა ტაძარი. ასეც გააკეთა ერთ ღამეში და შემდეგ მშვიდობით დაუბრუნდა თავის ხალხს.

როდესაც აბრაჰამ ყოველივე შეიტყო, მან დაიფიცა, რომ, სამაგიეროდ, ის მიწასთან გაასწორებდა ქა‛აბას. მოემზადა და დიდი არმიითურთ მექისაკენ გაემართა. ჯარს წინ სპილო წაუმძღვარა. სან‛ას ჩრდილოეთით ზოგიერთმა არაბულმა ტომმა სცადა მისი შეფერხება, მაგრამ აბისინიელები მათ გამოუდგნენ და დაიჭირეს მათი წინამძღოლი, ნუფაილი, რომელიც ხათ‛ამის ტომიდან იყო. საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად მან აბრაჰას შესთავაზა, რომ მათი გზამკვლევი იქნებოდა.

როდესაც ჯარმა ტა'იფს მიაღწია, საკიფის წარმომადგენელნი მათ დასახვედრად გავიდნენ, რადგანაც ეშინოდათ, რომ აბრაჰა შეცდომით, ქა‛აბას ნაცვლად, დაანგრევდა მათ ტაძარ ალ-ლათს. სასწრაფოდ მიუთითეს, რომ აბრაჰა ჯერ არ იყო ჩასული იქ, სადაც მიდიოდა, და ახალი გზამკვლევი შესთავაზეს დარჩენილი გზისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ჰყავდა ნუფაილი, ამ შეთავაზებაზე მაინც თანხმობა განაცხადა. მაგრამ ეს კაცი გზაში გარდაიცვალა, მექიდან დაახლოებით ორი მილის მანძილზე, იმ ადგილას, რომელსაც მუღამმისი ეწოდება. იქვე დამარხეს. შემდგომში არაბებმა დააწესეს ამ საფლავზე ქვების სროლა და ადგილობრივი მაცხოვრებლები ამას დღესაც აკეთებენ.

აბრაჰა მუღამმისში შეჩერდა და ცხენოსნები სპეციალური დავალებით გაგზავნა მექის შემოგარენში. გზად მათ ხელთ იგდეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, და თავიანთი ნაალაფარი აბრაჰას გაუგზავნეს, მათ შორის ორასი აქლემი, რაც ‛აბდ ალ-მუტტალიბის საკუთრებას წარმოადგენდა. კურეიშმა და სხვა მეზობელმა ტომებმა სამხედრო თათბირი გამართეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა მტრისათვის წინააღმდეგობის გაწევას. ამასობაში აბრაჰამ კაცი გაგზავნა მექაში და დაავალა, ეკითხა, ვინ იყო იქ უფროსი. ამ უკანასკნელისათვის უნდა ეთქვა, რომ ისინი საომრად არ იყვნენ მოსული, არამედ მხოლოდ ტაძრის დასანგრევად, და, თუ სურდა სისხლისღვრის აცილება თავიდან, აბისინიელთა ბანაკში უნდა მისულიყო.

კურეიშის ოფიციალური ბელადი აღარ არსებობდა იმ დროიდან, რაც ამ ტომის პრივილეგიები და პასუხისმგებლობანი დაიყო ‛აბდ ადდარისა და ‛აბდუ მანაფის სახლებს შორის. მაგრამ ხალხის უმეტესობას საკუთარი აზრი გააჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ ოჯახის უფროსთაგან რომელი იყო პირველი კაცი მექაში, მართალია, არა კანონის ძალით, მაგრამ რეალურად. ამგვარად, აბისინიელების მიერ გაგზავნილი კაცი ‛აბდ ალ-მუტტალიბის სახლში გაუშვეს. იგი თავის ერთ-ერთ ვაჟთან ერთად გაჰყვა ბანაკში. როდესაც აბრაჰამ ის დაინახა, იმდენად მოიხიბლა მისი გარეგნობით, რომ წამოდგა თავისი სამეფო ადგილიდან, რათა მისალმებოდა, შემდეგ გვერდით მიუჯდა ხალიჩაზე და თავის თარჯიმანს უთხრა, გაერკვია, ჯერ მოსულს ხომ არ უნდოდა რაიმეს კითხვა. ‛აბდ ალმუტტალიბმა უპასუხა, რომ არმიამ ხელთ იგდო მის აქლემთაგან ორასი და პატრონს სურდა მათი უკან დაბრუნება. აბრაჰას ცოტა გაუკვირდა ეს სათხოვარი და უთხრა, რომ მასში იმედი გაუცრუვდა, რადგანაც ის თავის აქლემებზე ფიქრობდა და არა რელიგიაზე, რომლის გასანადგურებლადაც მოსულიყვნენ. ‛აბდ ალ-მუტტალიბმა უპასუხა: „მე აქლემების პატრონი ვარ, ასევე ტაძარსაც ჰყავს უფალი, ვინც მას დაიცავს.“ „ის მას ჩემგან ვერ დაიცავს,“ თქვა აბრაჰამ. „ვნახოთ,“ თქვა ‛აბდ ალ-მუტტალიბმა, „მაგრამ დამიბრუნე ჩემი აქლემები.“ აბრაჰამაც გასცა ბრძანება, აქლემები დაებრუნებინათ.

‛აბდ ალ-მუტტალიბი კურეიშთან დაბრუნდა და ქალაქის მახლობელ გორაკებზე გახიზვნა ურჩია. შემდეგ ოჯახის რამდენიმე წევრთან და სხვა პირებთან ერთად მივიდა წმინდა ადგილას. ისინი ტაძრის წინ დადგნენ და ლოცულობდნენ უფლისადმი, დახმარებას ითხოვდნენ მისგან აბრაჰასა და მისი ჯარის წინააღმდეგ. მან თვითონ მოჰკიდა ხელი მეტალის რგოლს ქა‛აბას კარის შუაში და თქვა: „ღმერთო, შენი მონა თავის სახლს იცავს. შენ შენი სახლი დაიცავი!“ როდესაც ასე ილოცა, წავიდა და შეუერთდა კურეიშის დანარჩენ წარმომადგენლებს გორაკების ისეთ წერტილებზე, საიდანაც შეეძლოთ დაენახათ, რა ხდებოდა ქვემოთ, დაბლობზე.

მეორე დილას აბრაჰა მოემზადა, შესულიყო ქალაქში იმ განზრახვით, რომ დაენგრია ქა‛აბა და შემდეგ დაბრუნებულიყო სან‛აში იმავე გზით, რომლითაც მოვიდნენ. მდიდრულად შეკაზმული სპილო ჩაუყენეს სათავეში ჯარს, რომელიც უკვე მზადყოფნაში მოწყობილიყო. და, როდესაც ძლიერმა ცხოველმა სათანადო ადგილს მიაღწია, მისმა ზედამხედველმა, უნაისმა, ის იმავე მიმართულებით მიაბრუნა, საითკენაც ჯარი იყო შებრუნებული, ე.ი. მექისაკენ. მაგრამ ნუფაილი, გიდად იძულებით წამოყვანილი, თითქმის მთელი გზა ჯარის წინ მიდიოდა უნაისთან ერთად და მისგან ისწავლა ბრძანების რამდენიმე სიტყვა, რომელიც სპილოს ესმოდა; როდესაც უნაისმა თავი უკან შეაბრუნა, რათა ადგილიდან დაძვრის ნიშანი დაენახა, ნუფაილმა ხელი მოჰკიდა დიდ ყურს და ჩასძახა ხმადაბალი, მაგრამ კატეგორიული ბრძანება, ცხოველს დაეჩოქა. ამის შედეგად აბრაჰასა და მისი ჯარის გასაკვირად და შესაცბუნებლად სპილომ ნელა და აუჩქარებლად დაიჩოქა მიწაზე. უნაისმა უბრძანა, ამდგარიყო, მაგრამ ნუფაილის სიტყვა იმაზე უფრო ძლიერად დამაჯერებელ ბრძანებას შეიცავდა, ვიდრე რომელიმე ადამიანისა, და სპილო არ იძვროდა. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც კი შეეძლოთ, მის ასაყენებლად, თავშიც კი სცემეს რკინის ჯოხებით და რკინის კაუჭები შეურჭეს მუცელში, მაგრამ ის კლდესავით უძრავად რჩებოდა. შემდეგ მათ მიმართეს ხრიკს, მთელი ჯარი შეაბრუნეს და მცირე მანძილი გაიარეს იემენის მიმართულებით. სპილო მაშინვე ფეხზე წამოდგა, შებრუნდა და უკან გაჰყვა. ისინი იმედიანად შებრუნდნენ, ცხოველიც შებრუნდა, მაგრამ, როგორც კი მექას გაუსწორდა, ისევ დაიჩოქა.

ეს უცხადესი სასწაულებრივი ნიშანი იყო, ერთი ნაბიჯითაც კი აღარ წასულიყვნენ წინ, მაგრამ აბრაჰა დააბრმავა თავისმა პიროვნულმა ამბიციამ იმ სიწმინდის გამო, რომელიც თვითონ ააშენა, აგრეთვე გადაწყვეტილებამ, დაენგრია მისი დიდი მეტოქე. მაშინ უკან რომ მიბრუნებულიყვნენ, იქნებ ასცდენოდათ უბედურება. მაგრამ უეცრად უკვე ძალიან გვიან იყო: დასავლეთის ცა შავად მოიქუფრა და უცნაური ხმა გაისმა. ის თანდათან გაძლიერდა და სიბნელის დიდი ტალღა დაატყდათ თავს ზღვის მხრიდან. მთელი ცა, რასაც კი ზემოთ თვალს აწვდენდნენ, სავსე იყო ჩიტებით. ვინც გადარჩა, ყვებოდა, რომ ისინი მოქანდნენ ისე სწრაფად, როგორც ნამგალები, და თითოეულ ჩიტს ეკავა სამი კენჭი, მუხუდოს გამხმარი მარცვლების ზომისა, ერთი ნისკარტით, ხოლო დანარჩენი ორი თითოეული ფეხის კლანჭით. ისინი ჯარის რიგებს დაუფრენდნენ ხოლმე და თან ამ კენჭებს ესროდნენ. კენჭები ისეთი მაგარი იყო და ისეთი სისწრაფით გატყორცნილი, რომ საომარ ჯავშანსაც კი ხვრეტდა. ყოველმა ქვამ მიზანს მიაღწია და სათანადო კაცი მოკლა, ვინაიდან, როგორც კი სხეული განიგმირებოდა, მისი ხორცი მაშინვე ხრწნას იწყებდა, ზოგჯერ სწრაფად, ზოგჯერ კი თანდათანობით. ქვა ყველას არ მოხვედრია, მათ შორის, ვინც დანდობილ იქნა, იყვნენ უნაისი და სპილო, მაგრამ ყველა გაოგნებული იყო შიშისაგან. გადარჩენილთაგან მცირედნი ჰიჯაზში დარჩნენ და სარჩოს მწყემსობითა და სხვა საქმიანობით შოულობდნენ. მაგრამ ჯარის მთავარი ნაწილი არეულ-დარეული დაბრუნდა სან‛აში: ბევრი გზად გარდაიცვალა, ბევრი კი, მათ შორის აბრაჰა, დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ აღესრულნენ. რაც შეეხება ნუფაილს, იგი ჯარს გაუსხლტა, როდესაც მთელი ყურადღება სპილოსაკენ იყო მიმართული, და უვნებლად მიაღწია მექის გარშემო მდებარე გორაკებს.

იმ დღის შემდეგ კურეიშს არაბებმა „ღვთის ხალხი“ შეარქვეს და ეს ტომი კიდევ უფრო პატივცემული გახდა, ვიდრე მანამდე, რადგანაც ღმერთმა უპასუხა მათ ლოცვას და ქა‛აბა დანგრევისაგან იხსნა. ისინი ისევ დიდ პატივში არიან, მაგრამ სხვა მოვლენის გამო, რომელიც უეჭველად კავშირშია პირველთან და რომელიც იმავე, ე.ი. სპილოს წელს მოხდა.

‛აბდ ალლაჰი, ‛აბდ ალ-მუტტალიბის ვაჟი, ჩიტების სასწაულის დროს მექაში არ იყო. ერთ-ერთი ქარავნით პალესტინასა და სირიაში წასულიყო სავაჭროდ. უკანა გზაზე ის გაჩერდა თავისი ბებიის ოჯახში იასრიბში, სადაც ავად გახდა. ქარავანი მის გარეშე დაბრუნდა მექაში და, როდესაც მისი ავადმყოფობის ამბავი ჩაიტანა, ‛აბდ ალ-მუტტალიბმა ჰარისი გაგზავნა, რათა სახლში წამოეყვანა თავისი ძმა, როგორც კი ის მგზავრობას შეძლებდა. მაგრამ, როდესაც ჰარისი იასრიბელი ბიძაშვილების სახლში ჩავიდა, მის მისალმებას მათ თანაგრძნობით უპასუხეს და იგი მაშინვე მიხვდა, რომ ძმა გარდაცვლოდა.

მექაში დიდი გლოვა იყო, როდესაც ჰარისი დაბრუნდა. ამინას ერთადერთი ნუგეში გახლდათ გარდაცვლილი ქმრის ჯერ დაუბადებელი ბავშვი და მისი სიმშვიდე თანდათან უფრო ძლიერდებოდა, რაც მშობიარობა ახლოვდებოდა. ის სინათლეს გრძნობდა თავის შიგნით და ერთხელაც ისე ძლიერად გამოანათა მისგან, რომ შეძლო ბოსტრას ციხესიმაგრეების დანახვა სირიაში. და მან გაიგონა ხმა, რომელმაც უთხრა: „შენს წიაღში შენ ატარებ ამ ხალხის ბატონს; და, როდესაც ის დაიბადება, თქვი: `მე მას მივანდობ ერთის მფარველობას ყოველი მოშურნის ბოროტებისაგან'; შემდეგ მუჰამედი დაარქვი.“1

ბავშვი რამდენიმე კვირაში დაიბადა. ამინა თავისი ბიძის სახლში იყო და ეს ამბავი აუწყა ‛აბდ ალ-მუტტალიბს, სთხოვდა რა, რომ შვილიშვილის სანახავად მისულიყო. მან ბიჭი ხელში აიყვანა, წმინდა ადგილას წავიდა და წმინდა სახლში შეიყვანა, სადაც აღავლინა სამადლობელი ლოცვა ღმერთისადმი მისი ძღვენისათვის. შემდეგ იგი დედას წაუყვანა, მაგრამ გზად თავისი ოჯახის წევრებსაც აჩვენა. მას თვითონაც მალე უნდა ჰყოლოდა კიდევ ერთი ვაჟი ამინას ბიძაშვილის, ჰალასაგან. იმ დროისათვის მისი ყველაზე პატარა ვაჟი იყო სამი წლის ‛აბბასი, რომელიც სახლის კართან შეეგება. „ეს შენი ძმაა; აკოცე,“ თქვა მან და ახალშობილი გაუწოდა. ‛აბბასმაც აკოცა.

_________________________

1. ი.ი. 102.

8 VIII. უდაბნო

▲ზევით დაბრუნება


არაბული ქალაქების დიდ ოჯახებს ჰქონდათ ტრადიცია, რომ ვაჟიშვილები დაბადებიდან მალევე გაეგზავნათ უდაბნოში, რათა მათ ძუძუ ეწოვათ, ძუძუდან მოცილებული ყოფილიყვნენ და თავიანთი ბავშვობის გარკვეული ნაწილი ერთ-ერთ ბედუინ ტომში გაეტარებინათ. არც მექას ჰქონდა მიზეზი,გამონაკლისი ყოფილიყო,ვინაიდან ეპიდემიები არ გახლდათ იშვიათი და ბავშვთა სიკვდილიანობის ხარისხი მაღალი იყო. მაგრამ მხოლოდ უდაბნოს სუფთა ჰაერი არაა, რის შეთვისებასაც ისინი თავიანთი ვაჟებისათვის ისურვებდნენ. ეს მათი სხეულებისათვის იყო,მაგრამ უდაბნოს ასევე ჰქონდა თავისი უხვი ძღვენი მათი სულებისთვისაც. კურეიშს მხოლოდ ცოტა ხნის წინ დაეწყო მკვიდრი ცხოვრება. სანამ კუსაი მათ ეტყოდა, რომ თავიანთთვის სახლები წმინდა ადგილის გარშემო აეშენებინათ, ისინი მეტ-ნაკლებად მომთაბარენი იყვნენ. ფიქსირებული დასახლებები, ალბათ, გარდაუვალი იყო, მაგრამ ისინი საშიში ჩანდა. მათი წინაპრების ცხოვრების წესი უფრო კეთილშობილური იყო,კარვის მკვიდრთა ცხოვრება, მათი, ვინც ხშირად მოძრაობდა. კეთილშობილება და თავისუფლება განუყოფელია და მომთაბარე თავისუფალი გახლდათ. უდაბნოში კაცი აცნობიერებდა, რომ სივრცის ბატონ-პატრონი იყო, და ამ ბატონობის მეშვეობით იგი გარკვეულწილად თავს აღწევდა დროის ბატონობას. ბანაკის დაშლით ის გუშინდელი დღეებისაგან თავისუფლდებოდა და ხვალინდელი დღე ნაკლებად ფატალურად ეჩვენებოდა, ვინაიდან ამ ხვალინდელი დღის „სად“ და ასევე „როდის“ ჯერ კიდევ გასარკვევი იყო. მაგრამ ქალაქის მკვიდრი პატიმარს ემსგავსებოდა და ერთ ადგილას გაჩერება გუშინ, დღეს, ხვალ იქცეოდა დროის, ყველაფრის დამაქცევლის, სამიზნედ. ქალაქები კორუფციის ადგილი იყო. მათი კედლების ჩრდილში ჩასაფრებულიყო სიზანტე და დაუდევრობა, რომლებიც მზად იყვნენ, დაეჩლუნგებინათ ადამიანის ენერგიული სიფხიზლე და ყურადღება. იქ ყველაფერი კნინდებოდა, თვით ენაც კი, ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საკუთრებათაგანი. მხოლოდ ცოტა არაბს შეეძლო კითხვა, მაგრამ მეტყველების სილამაზე ის უნარი იყო, რომელსაც ყოველი არაბი მშობელი ისურვებდა თავისი შვილებისათვის. კაცის ღირსება დიდად ფასდებოდა მისი მჭევრმეტყველებით და გვირგვინი მჭევრმეტყველებისა პოეზია იყო. დიდი პოეტის ყოლა ოჯახში ნამდვილად საამაყო რამ გახლდათ და საუკეთესო პოეტები თითქმის ყოველთვის უდაბნოს ამა თუ იმ ტომიდან იყვნენ, ვინაიდან სწორედ უდაბნოში იყო სალაპარაკო ენა ყველაზე ახლოს პოეზიასთან.

ასე რომ, უდაბნოსთან კავშირი ყოველ თაობაში უნდა განახლებულიყო: სუფთა ჰაერი - გულ-მკერდისათვის, წმინდა არაბული - ენისათვის, თავისუფლება - სულისათვის. კურეიშის ვაჟთაგან ბევრს ამყოფებდნენ უდაბნოში რვა წლის გამავლობაში, რათა მას ხანგრძლივი შთაბეჭდილება მოეხდინა მათზე, თუმცა წლების უფრო ნაკლები რაოდენობაც საკმარისი იყო ამისათვის.

ზოგიერთი ტომი ბავშვების გაზრდისა და მოვლის საქმეში განსაკუთრებით კარგი რეპუტაციით სარგებლობდა, მათ შორის იყო ბანუ სა‛დ იბნ ბაქრი, ჰავაზინის შორეული შტო, რომლის ტერიტორიაც მექიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა. ამინას სურდა, თავისი ვაჟი ამ ტომის წარმომადგენელი ქალისათვის მიეცა მოსავლელად. ისინი პერიოდულად მოდიოდნენ კურეიშთან აღსაზრდელებისათვის და ზოგს სულ მალე ელოდებოდნენ. მათი მოგზაურობა მექაში ამჯერად აღწერილ იქნა მომდევნო წლებში ერთ-ერთი მათგანის, ჰალიმას, მიერ. ის აბუ ზუ‛აიბის ქალიშვილი იყო. მას თან ახლდა თავისი ქმარი, ჰარისი, და ცოტა ხნის წინ დაბადებული მათი საკუთარი ვაჟი, რომელსაც ძუძუს აწოვებდა. „გვალვის წელი იყო,“ ამბობდა ის, „და აღარაფერი დაგვრჩა. მე შევჯექი ჩემს ნაცრისფერ დედალ სახედარზე, თან გვყავდა ბებერი დედალი აქლემი, რომელიც ერთ წვეთ რძესაც კი არ იძლეოდა. მთელი ღამე არ დაგვაძინა ჩვენმა ვაჟმა, შიმშილისაგან ტიროდა, ვინაიდან საკმარისი რძე არ მქონდა ძუძუებში, რათა ის გამომეკვება. და ჩემი სახედარი ისეთი სუსტი და გადაღლილი იყო, რომ სხვებს ხშირად ვაცდევინებდი.“

ქალი ყვებოდა, როგორ აგრძელებდნენ გზას მხოლოდ და მხოლოდ იმის იმედით, რომ წვიმა წამოვიდოდა, რომელიც საშუალებას მისცემდა აქლემსა და სახედარს, საკმარისად ეძოვათ თავიანთი ცურების თუნდაც ცოტათი გასაბერად, მაგრამ მექაში ისე ჩავიდნენ, რომ წვიმა არ მოსულა. მათ მაშინვე დაიწყეს აღსაზრდელების ძებნა. ამინა თავის ვაჟს სთავაზობდა ხან ერთს, ხან მეორეს, სანამ ყველასთან არ სცადა და ყველამ უარი არ უთხრა. „ეს იმიტომ მოხდა,“ ამბობდა ჰალიმა, „რომ ჩვენ გარკვეულ სარგებელს ველოდით ბიჭის მამისაგან. `ობოლი!' ვამბობდით, `რის გაკეთებას შეძლებენ მისი დედა და ბებია ჩვენთვის?'“ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მათ პირდაპირ ფულადი გასამრჯელო უნდოდათ იმისათვის, რასაც სთავაზობდნენ, რადგანაც ქალისათვის სირცხვილად ითვლებოდა, ფული აეღო ბავშვისათვის ძუძუს წოვებაში. კომპენსაცია, რომლის იმედიც ჰქონდათ, მართალია, არაპირდაპირი და არა უცაბედი, მაგრამ გაცილებით უფრო შორს მიმავალი და ფართო იყო. სარგებელთა ასეთი ურთიერთგაცვლა ქალაქის მცხოვრებლებსა და მომთაბარეებს შორის ბუნებრივი ჩანდა, რადგანაც ორივე მათგანი ღარიბი იყო იმით, რითაც მდიდარი - მისი პარტნიორი, და მდიდარი - იმით, რითაც ღარიბი - პარტნიორი. მომთაბარეს შეეძლო, შემოეთავაზებინა ღმერთის მიერ ბოძებული უძველესი ცხოვრების წესი, აბელის წესი. კაენის შვილებს - ვინაიდან სწორედ კაენი იყო, ვინც პირველი სოფლები ააშენა - ჰქონდათ სიმდიდრე (მატერიალური კეთილდღეობა, საკუთრება) და ძალაუფლება. მომთაბარისათვის სარგებელი იყო მტკიცე კავშირის დამყარება რომელსამე დიდ ოჯახთან. ძიძა იღებდა ახალ ვაჟს, რომელიც მას აღიქვამდა, როგორც მეორე დედას, და შვილის მსგავსი (როგორც შვილს მშობლისადმი) მოვალეობა ჰქონდა მის მიმართ მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. ის ასევე მისი საკუთარი შვილების ძმად გრძნობდა თავს. ეს კავშირი არ გახლდათ უბრალოდ ნომინალური. არაბებში მიღებული იყო, რომ ძუძუ მემკვიდრეობის ერთ-ერთი გზაა და ძუძუს წოვების დროს რძით გადადის მრავალი თვისება ძიძიდან ბავშვზე.

მაგრამ თვით ბავშვისაგან არაფერს ან ძალიან ცოტას ელოდნენ მანამდე, სანამ ის გაიზრდებოდა, ამ დროის განმავლობაში მისი მამა იყო, რომელსაც ეყრდნობოდნენ, როგორც თავისი შვილის მოვალეობების შემსრულებელს. პაპა შორეული იყო, თანაც ამ შემთხვევაში მათ იცოდნენ, რომ ‛აბდ ალმუტტალიბი მოხუცდა და დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. როდესაც ის გარადიცვლებოდა, მისი ვაჟები და არა მისი შვილიშვილი იქნებოდნენ მისი მემკვიდრეები. რაც შეეხება ამინას, ის ღარიბი იყო, ხოლო თვით ბიჭის მამა ხომ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა იმისათვის, რომ სიმდიდრის დაგროვება მოესწრო. მან თავის შვილს დაუტოვა მხოლოდ ხუთი აქლემი, ცხვრებისა და თხების პატარა ფარა და ერთი მონა გოგონა. ‛აბდ ალლაჰის ვაჟი ნამდვილად ერთ-ერთი დიდი ოჯახის შვილი იყო, მაგრამ ის ყველაზე ღარიბი აღსაზრდელი აღმოჩნდა, რომელიც იმ წელს ქალებს შესთავაზეს.

მეორე მხრივ, მართალია, მშვილებლებისაგან არავინ არ ელოდა, რომ ისინი მდიდრები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ არც უკიდურესად გაჭირვებულნი უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომაც ცხადი იყო, ჰალიმა და მისი ქმარი ყველაზე ღარიბები იყვნენ, ვიდრე ნებისმიერი მათი კომპანიონი. რამდენჯერაც არჩევანი უნდა გაკეთებულიყო მასსა და სხვას შორის, სხვას ანიჭებდნენ უპირატესობას და იმ სხვას ირჩევდნენ. სულ მალე პრაქტიკულად ყველა ქალს ბანუ სა‛დის ტომიდან, გარდა ჰალიმასი, ნაშვილები ჰყავდა ბავშვი. მხოლოდ ყველაზე ღარიბი ძიძა იყო აღსაზრდელის გარეშე;

და მხოლოდ ყველაზე ღარიბი აღსაზრდელი რჩებოდა ძიძის გარეშე. „როდესაც მექის დატოვება გადავწყვიტეთ,“ ამბობდა ჰალიმა, „ქმარს ვუთხარი: „მძულს ჩემს მეგობრებთან ერთად დაბრუნება ბავშვის აყვანის გარეშე. წავალ იმ ობოლთან და ავიყვან.” „როგორც გინდა,“ მითხრა მან. „იქნებ ისეც მოხდეს, რომ ღმერთმა გვაკურთხოს მასში.“ ასე წავედი და წამოვიყვანე მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ სხვა ვერავინ ვნახე. მე წავიყვანე ის, სადაც ჩვენი აქლემები და სახედრები იყვნენ გაჩერებული, და, როგორც კი ბავშვი გულში ჩავიკარი, მკერდში მაშინვე რძე მომასკდა მისთვის. მან ჭამა, რამდენიც სურდა. მისმა ძუძუმტემაც ჭამა, რამდენიც სურდა. შემდეგ ორივემ დაიძინა. ჩემი ქმარი წავიდა იმ ჩვენს დედალ აქლემთან და, აი, მისი ცური სავსე იყო. მან მოწველა ის და დალია მისი რძე, მეც დავლიე მასთან ერთად, სანამ ორივე არ დავნაყრდით და მეტი სმა აღარ შეგვეძლო. ჩვენ საუკეთესო ღამე გავატარეთ და დილით ქმარმა მითხრა: „ღმერთმანი, ჰალიმა, ნამდვილად კურთხეული ქმნილებაა, ვინც შენ აიყვანე.“ „ამის იმედი მაქვს,“ ვთქვი მე. შემდეგ ჩვენ გზას გავუდექით, ჩემი სახედრით მივდიოდი და ბავშვი უკან მყავდა. სახედარმა მთელ ჯგუფს გადაუსწრო, ვერც ერთი სხვა სახედარი მას ვერ ეწეოდა. „ეშმაკმა დალახვროს!“ მეუბნებოდნენ, „მოგვიცადე! ეს იგივე სახედარი არაა, რომლითაც ადრე მოდიოდი?“ „დიახ, ღმერთმანი,“ ვუთხარი მე, „ნამდვილად ისაა.“ „რაღაც სასწაული მოხდა მის თავს,“ ამბობდნენ ისინი.

„ჩვენ მივაღწიეთ ჩვენს კარვებამდე ბანუ სა‛დის ქვეყანაში და მე არ ვიცი ღვთის მიწაზე სხვა უფრო ხრიოკი ადგილი, ვიდრე ის იყო იმ დროს. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბავშვი იქ ჩავიყვანეთ ჩვენთან საცხოვრებლად, ჩემი ფარა ყოველ საღამოს დანაყრებული და რძით სავსე ბრუნდებოდა სახლში. ჩვენ მათ ვწველიდით და რძეს ვსვამდით მაშინ, როდესაც სხვებს ერთი წვეთიც კი არ ჰქონდათ. და ჩვენი მეზობლები თავიანთ მწყემსებს ეუბნებოდნენ: „წადით და თქვენი ფარები იქ აძოვეთ, სადაც ის აძოვებს თავისას, გულისხმობდნენ რა ჩემს მწყემსს. მაგრამ მათი ფარები მაინც მშიერი ბრუნდებოდნენ სახლში და რძეს არ იძლეოდნენ, ჩემი კი კარგად გამოკვებილი იყო, რძით სავსე, და ჩვენ არ მოგვკლებია სიხარული ამ მატებისა და ღმერთის საჩუქრისა მანამდე, სანამ ბავშვი ორი წლის შესრულდებოდა და მას ძუძუდან მოვიცილებდი“.1

„ბავშვი კარგად იზრდებოდა,“ განაგრძობდა ჰალიმა, „და სხვა ვერც ერთი ბიჭი ვერ შეედრებოდა მას ზრდაში. როდესაც ის ორი წლის გახდა, უკვე კარგად ჩამოყალიბებული ბავშვი იყო და ისევ თავის დედას წავუყვანეთ, თუმცაღა ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენთან დარჩენილიყო იმ წყალობათა გამო, რომლებიც მოგვიტანა. ასე რომ, ამინას ვუთხარი: „დამიტოვე ჩემი პატარა ვაჟი, სანამ მოძლიერდება, რადგანაც მეშინია, რომ მას თავს დაატყდება მექის ეპიდემია.“ და ჩვენ ბევრი ვეხვეწეთ, სანამ ბავშვი ისევ არ მოგვცა საზრუნავად, და ის სახლში წავიყვანეთ.

„ერთ დღეს, ჩვენი დაბრუნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ბავშვი და მისი ძმა ბატკნებთან იყვნენ ჩვენი კარვების უკან, მისი ძმა მოვარდა და გვითხრა: „ჩემი ის კურეიშელი ძმა! თეთრებში ჩაცმულმა ორმა კაცმა წაიყვანა, დააწვინა, მკერდი გაუხსნა და შიგ ხელებს უფათურებს.“ მე და მამამისი წავედით მასთან და დავინახეთ, რომ ფეხზე იდგა, მაგრამ სახე ძალიან გაფითრებული ჰქონდა. იგი გულში ჩავიკარით და ვუთხარით: „რა გაწუხებს, შვილო?“ მან თქვა: „თეთრებში ჩაცმული ორი კაცი მოვიდა ჩემთან, ძირს დამაწვინა, მკერდი გამიხსნა და იქ რას ეძებდა, არ ვიცი.“ 2

ჰალიმამ და მისმა ქმარმა, ჰარისმა, აქეთ-იქით მიმოიხედეს, მაგრამ ადამიანის ნაკვალევსაც კი ვერ მიაგნეს, არც სისხლი ჩანდა ან რაიმე ჭრილობა, რაზეც ორი ბიჭი ლაპარაკობდა. ვერავითარმა შეკითხვამ ვერ აიძულა ისინი, უკან წაეღოთ თავიანთი სიტყვები ან რაიმე თვალსაზრისით ოდნავაც კი შეეცვალათ. თუმცაღა მათი აყვანილი ბავშვის მკერდზე ერთი ნაკაწრის კვალიც კი არ იყო ან რაიმე სხვა დეფექტი მის პატარა სრულყოფილ სხეულზე. ერთადერთი უჩვეულო შტრიხი მისი ზურგის შუაში იყო მხრებს შორის: პატარა, მაგრამ გამოკვეთილი ოვალური ნიშანი, სადაც ხორცი ოდნავ ამობურცული იყო, თითქოს და კოტოშების ნაკვალევი; მაგრამ ეს ნიშანი ხომ დაბადებიდანვე ჰქონდა.

მომდევნო წლებში მუჰამედს შეეძლო ამ მოვლენის მოყოლა უფრო დაწვრილებით: „ჩემთან ორი კაცი მოვიდა, თეთრებში ჩაცმული, თან ოქროს ჯამი ჰქონდათ, თოვლით სავსე. მათ შემი პყრეს, მკერდი გადამიხსნეს და გული ამომიღეს. ისიც გახლიჩეს და იქიდან ამოიღეს სისხლის შავი შენადედი, რომელიც გადააგდეს. შემდეგ ჩემი მკერდი და გული თოვლით გაწმინდეს.“3 იგი ასევე ამბობდა: „სატანა ეხება ადამის ყოველ ძეს იმ დღეს, როდესაც დედა შობს, გარდა მარიამისა და მისი ვაჟისა.“4

________________________

1. ი.ი. 105.

2. იქვე.

3. ი.ს. I/I, 96.

4. ბ. LX, 54.

9 IX. ორი დიდი დანაკარგი

▲ზევით დაბრუნება


ჰალიმა და ჰარისი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ბიჭები სიმართლეს ამბობდნენ, რის შედეგადაც უფრო მეტად შეშფოთდნენ. ჰარისს ეშინოდა, რომ მათ ნაშვილებ ბიჭს ბოროტი სული დაეუფლა ანდა რაღაც შელოცვამ უწია, ამიტომაც ცოლს უთხრა, სასწრაფოდ წაეყვანა ის თავის დედასთან, სანამ ზიანი, რომელიც ბავშვმა გამოსცადა, ცხადად გამოჩნდებოდა მასში. ასე რომ, ჰალიმამ ისევ მექაში წაიყვანა და გადაწყვეტილი ჰქონდა, არაფერი არ ეთქვა თავისი აზრის შეცვლის ნამდვილ მიზეზზე. მაგრამ ეს ცვლილება ძალიან უცაბედი იყო და ამინამ, რომ არ მოტყუებულიყო, ქალი აიძულა, დაწვრილებით მოეყოლა მთელი ამბავი. როდესაც ყველაფერი გაიგო, მან გააქარწყლა ჰალიმას შიში და უთხრა: „დიდი ამბები ელოდება წინ ჩემს პატარა ვაჟს.“შემდეგ მოუყვა თავისი ფეხმძიმობის შესახებ, აგრეთვე იმ სინათლის შესახებ, რომლის ტარებასაც გრძნობდა თავის შიგნით. ჰალიმა ისევ დარწმუნდა, მაგრამ ამჯერად ამინამ გადაწყვიტა, ბიჭი თავისთან დაეტოვებინა. „დატოვე ჩემთან,“ თქვა მან, „და მშვიდობით დაბრუნდი სახლში.“

ბიჭი ბედნიერად ცხოვრობდა მექაში დედამისთან დაახლოებით სამი წლის განმავლობაში. მან დიდი სიყვარული დაიმსახურა პაპისაგან, ბიძებისა და დეიდებისა თუ ბიცოლებისაგან, აგრეთვე თავისი მრავალი ბიძაშვილისაგან, ვისთანაც თამაშობდა. მისთვის განსაკუთრებით ძვირფასნი იყვნენ ჰამზა და საფიჲჲა, ბავშვები ‛აბდ ალ-მუტტალიბის ბოლო ქორწინებიდან, რომელიც იმავე დღეს შედგა, რომელშიც მუჰამედის მშობლების ქორწილი. ჰამზა მისი ტოლი იყო, საფიჲჲა - ცოტა პატარა. ესენი მუჰამედის ბიძა და მამიდა იყვნენ მამის მხრიდან, ხოლო მისი ბიძაშვილები დედის მხრიდან. ამ სამს შორის ძლიერი და ხანგრძლივი კავშირი შეიკრა.

როდესაც მუჰამედი ექვსი წლის გახდა, დედამისმა გადაწყვიტა, სტუმრად წაეყვანა ნათესავებთან იასრიბში. ისინი ჩრდილოეთისაკენ მიმავალ ერთ ქარავანს შეუერთდნენ. ორი აქლემით წავიდნენ, ერთზე ამინა იჯდა, მეორეზე კი ბიჭი თავის ერთგულ მონა გოგონასთან, ბარაქასთან, ერთად. მოგვიანებით იგი ყვებოდა, როგორ ისწავლა ცურვა წყლის აუზში, რომელიც ეკუთვნოდა მის ხაზრაჯელ ნათესავებს, ვისთანაც გაჩერდნენ, და როგორ ასწავლეს მას ბიჭებმა ფრანის გაფრენა. მაგრამ უკანა გზას რომ დაადგნენ, ამინა მალევე ავად გახდა და ისინი იძულებული შეიქნენ, გაჩერებულიყვნენ, ქარავანმა კი მათ გარეშე განაგრძო გზა. რამდენიმე დღის შემდეგ ქალი გარდაიცვალა, ეს მოხდა აბვა'ში, იასრიბის ახლოს. იგი იქვე დაკრძელს. ბარაქამ ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო, რათა ნუგეში ეცა ბიჭისათვის, რომელიც ახლა უკვე ორმხრივ ობოლი იყო, და რამდენიმე მგზავრის თანხლებით კიდევ ერთხელ ჩაიყვანა მექაში.

პაპამ სრულად აიღო თავის თავზე მუჰამედის მეურვეობა და სულ მალე ცხადი გახდა, რომ მისი განსაკუთრებული სიყვარული ‛აბდ ალლაჰისადმი ახლა უკვე ‛აბდ ალლაჰის ძეზეც გადავიდა. ‛აბდ ალმუტტალიბი ყოველთვის ბედნიერად გრძნობდა თავს, როცა ქა‛აბას ახლოს იყო, ვინაიდან, როდესაც მოისურვა, ჰიჯრში დაეძინა, მაშინ ებრძანა ზამზამის გათხრა. ასე რომ, ოჯახი დივანს უშლიდა ყოველდღიურად წმინდა სახლის ჩრდილში და მამისადმი პატივისცემის ნიშნად მის ვაჟთაგან ვერც ერთი, თვით ჰამზაც კი, ვერასოდეს გაბედავდა იქ დაჯდომას. მაგრამ პატარა შვილიშვილს ეს არ აკავებდა და, როდესაც ბიძები მიუთითებდნენ, სადმე სხვაგან დამჯდარიყო, ‛აბდ ალ-მუტტალიბი ამბობდა: „მოუშვით ჩემი ძე. ვინაიდან, ღმერთმანი, დიდი მომავალი აქვს.“ გვერდით მოისვამდა ხოლმე დივანზე და ხელს უსვამდა ზურგზე. მას ყოველთვის სიამოვნებდა იმის ყურება, რასაც ბავშვი აკეთებდა. თითქმის ყოველდღე იყო შესაძლებელი მათი დანახვა ხელიხელ ჩაკიდებულებისა ქა‛აბაში ან სადმე სხვაგან მექაში. ‛აბდ ალ-მუტტალიბს მუჰამედი თან მიჰყავდა, როდესაც საკრებულოს სხდომებს ესწრებოდა, სადაც ქალაქის თავკაცები იყრიდნენ თავს; ისინი ყველანი ორმოც წელზე მეტისანი იყვნენ და სხვადასხვა საკითხის განსახილველად ხვდებოდნენ. ოთხმოცი წლის მოხუცი არც იმაზე იკავებდა თავს, რომ შვიდი წლის ბიჭისათვის ეკითხა აზრი ამა თუ იმ საკითხზე და, როდესაც მისი კოლეგა წარჩინებულები რაიმეს ეჭვქვეშ დააყენებდნენ, იგი ყოველთვის ამბობდა: „დიდი მომავალი ელის ჩემს შვილს.“

დედის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ობოლს პაპაც გარდაეცვალა. როდესაც სასიკვდილო სარეცელზე იწვა, ‛აბდ ალმუტტალიბმა თავისი შვილიშვილი ჩააბარა აბუ ტალიბს, რომელიც ბიჭის მამის ღვიძლი ძმა იყო. აბუ ტალიბმაც განაგრძო ისეთივე სიყვარულისა და სიკეთის გაცემა, როგორსაც მანამდე მისი ძმისშვილი მოხუცი კაცისაგან იღებდა. იმ დროიდან მოყოლებული მუჰამედი აბუ ტალიბის ერთ-ერთი ვაჟი გახდა და მისი ცოლი, ფატიმა,1 ყველაფერს აკეთებდა, რაც კი შეეძლო, რათა ბიჭისათვის დედა შეენაცვლებინა. მომდევნო წლებში მუჰამედი ამბობდა, რომ ეს ქალი მშიერს დატოვებდა თავის საკუთარ შვილებს, მაგრამ არა მას.

________________________

1. აბუ ტალიბის მსგავსად, ფატიმაც ჰაშიმის შვილიშვილი იყო, კერძოდ, მისი ვაჟის, ასადის, ‛აბდ ალ-მუტტალიბის ნახევარი ძმის, ქალიშვილი.

10 X. ბერი ბაჰირა

▲ზევით დაბრუნება


‛აბდ ალ-მუტტალიბის სიმდიდრემ იკლო მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდში და, რაც მან დატოვა თავისი სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ მცირედ მემკვიდრეობას შეადგენდა მისი ყოველი ვაჟისათვის. ზოგიერთმა მათგანმა კი, განსაკუთრებით ეს ეხება ‛აბდ ალ-‛უზზას, რომელიც ცნობილი იყო აბუ ლაჰაბად, საკუთარი სიმდიდრე დააგროვა. მაგრამ აბუ ტალიბი ღარიბი გახლდათ, ამიტომაც მისი ძმისშვილი იძულებული შეიქნა, გაეკეთებინა ყველაფერი, რათა სარჩო ეშოვა. ამას ის ძირითადად ცხვრებისა და თხების მწყემსვით ახერხებდა, ასე რომ მთელ დღეებს ატარებდა მარტო მექის მახლობელ გორაკებზე ანდა გადაღმა დაბლობ ფერდობებზე. მაგრამ ბიძას ზოგჯერ თან მიჰყავდა მოგზაურობებში და ერთხელ, როდესაც მუჰამედი ცხრა თუ, სხვა წყაროთა მიხედვით, თორმეტი წლის იყო, ისინი სავაჭრო ქარავნით სირიაშიც კი ჩავიდნენ. ბოსტრაში, ერთ-ერთი იმ გაჩერების ახლოს, სადაც მექის ქარავანი ყოველთვის ისვენებდა, იყო სავანე (პატარა მონასტერი), რომელშიც მუდმივად ცხოვრობდა ვინმე ქრისტიანი ბერი თაობიდან თაობამდე. როდესაც ერთი კვდებოდა, სხვა იკავებდა მის ადგილს და მემკვიდრეობით იღებდა ყველაფერს, რაც მონასტერში ხვდებოდა, მათ შორის რამდენსამე ძველ ხელნაწერს. ამ წიგნებში იყო ერთი, რომელიც შეიცავდა წინასწარმეტყველებას არაბთა შორის წინასწარმეტყველის გამოჩენის თაობაზე; ბაჰირა, ბერი, რომელიც იმ დროს სავანეში ცხოვრობდა, კარგად იცნობდა ამ წიგნის შინაარსს. ეს ხელნაწერი მას ყველაზე მეტად აინტერესებდა, რადგანაც, ვარაკას მსგავსად, ისიც გრძნობდა, რომ წინასწარმეტყველის მოსვლა მის სიცოცხლეში აღსრულდებოდა.

ბერი ხშირად ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა მექის ბევრი ქარავანი და ჩერდებოდა მისი მონასტრის შორი-ახლოს, მაგრამ, როდესაც ეს ქარავანი გამოჩნდა, მისი ყურადღება მიი პყრო ისეთმა რაღაცამ, რომლის მსგავსიც მანამდე არასოდეს ენახა: პატარა, ძირს დაკიდული ღრუბელი ნელა მოძრაობდა მათ თავს ზემოთ ისე, რომ ის ყოველთვის მოქცეული იყო მზესა და ერთ თუ ორ მგზავრს შორის. დიდი ინტერესით შეჰყურებდა იგი, როგორ უახლოვდებოდნენ. მაგრამ უეცრად მისი ინტერესი განცვიფრებაში გადაიზარდა, რადგანაც, როგორც კი ისინი ჩამოხდნენ, ღრუბელი აღარ მოძრაობდა და ერთ ადგილას გაჩერდა იმ ხის ზევით, რომლის ქვეშაც ისინი შეეფარნენ, ხოლო თვით ხემ ძირს დახარა თავისი ტოტები მათზე, რათა ორმაგ ჩრდილში ყოფილიყვნენ. ბაჰირამ იცოდა, რომ ასეთი ნიშანი, თუმცაღა მოკრძალებული, მაინც უდიდესი მნიშვნელობის მქონე იყო. მხოლოდ რაიმე დიდი სულიერების საფუძველზე შეიძლებოდა მისი ახსნა და მან მაშინვე იფიქრა წინასწარმეტყველზე, რომელსაც ელოდნენ. იქნებ ისეც იყო, რომ ბოლოსდაბოლოს იგი მოვიდა და ამ მგზავრთა შორის იყო?

მონასტერი ცოტა ხნის წინ მოემარაგებინათ. ბაჰირამ თავი მოუყარა ყველაფერს, რაც ჰქონდა, და ქარავანს აუწყა: „კურეიშის კაცნო, საჭმელი მოგიმზადეთ და მინდა, რომ მოხვიდეთ ჩემთან, ყოველი თქვენგანი, ახალგაზრდა და მოხუცი, მონა და თავისუფალი.“ ისინიც მივიდნენ მის სავანეში, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რაც ბერმა შეუთვალა, მუჰამედი დატოვეს, რათა თვალყური ედევნებინა მათი აქლემებისა და ბარგისათვის. როგორც კი მიუახლოვდნენ, ბაჰირა მათ სახეებს სათითაოდ ჩააკვირდა. მაგრამ ვერ აღმოაჩინა ვერაფერი, რაც შეესაბამებოდა აღწერას მის წიგნში, არც რომელიმე მათგანი ჩანდა შესაბამისი იმ ორი სასწაულის სიდიადისა. იქნებ ყველა მათგანი არ მოვიდა? „კურეიშის კაცნო,“ თქვა მან, „ნურავის დატოვებთ.“ „არავინ არ დაგვიტოვებია,“ უპასუხეს მათ, „იქ მხოლოდ ერთი ბიჭია, ყველაზე ახალგაზრდა ჩვენს შორის.“ „ნუ მოეპყრობით მას ასე,“ თქვა ბაჰირამ, „არამედ დაუძახეთ და მოიყვანეთ და მიეცით უფლება, დაგვესწროს ამ ტრაპეზზე.“ აბუ ტალიბმა და სხვებმა ერთმანეთს უსაყვედურეს თავიანთი დაუფიქრებლობის გამო. „ჩვენ ნამდვილად დასადანაშაულებელნი ვართ,“თქვა ერთმა მათგანმა, „ვინაიდან ‛აბდ ალლაჰის ვაჟი დავტოვეთ და თან არ წამოვიყვანეთ ამ საპატიო ტრაპეზობის გასაზიარებლად.“ ამის შემდეგ ის წავიდა, გადაეხვია მუჰამედს და წაიყვანა, რათა ხალხთან ერთად მჯდარიყო.

ერთი შეხედვა ბიჭის სახეზე საკმარისი იყო ბაჰირასათვის სასწაულების ასახსნელად. უყურებდა რა მას ყურადღებით მთელი სუფრის განმავლობაში, მან შეამჩნია მრავალი ნიშანი როგორც სახეზე, ასევე ტანზეც, რომლებიც შეესაბამებოდა იმას, რაც ეწერა მის წიგნში. როდესაც მათ ჭამა დაამთავრეს, ბერი მივიდა თავის ყველაზე ახლაგაზრდა სტუმართან და მას ბევრი კითხვა დაუსვა მისი ცხოვრების წესზე, ძილზე, საერთოდ, საქმეებზე. მუჰამედმა სიამოვნებით უამბო ამ ყველაფრის შესახებ, რადგანაც კაცი წმინდა იყო და მისი კითხვები თავაზიანი (დელიკატური) და კეთილგანწყობილი. იგი არც იმაზე შეყოყმანებულა, რომ თავისი მოსასხამი აეწია, როდესაც ბერმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა მისი ზურგის ნახვა. ბაჰირა უკვე წინასწარ დარწმუნებული იყო, მაგრამ ახლა ხელმეორედ დარწმუნდა, ვინაიდან ბიჭის მხრებს შუა ის ნიშანი იყო, რომლის ნახვასაც ელოდა, ეს გახლდათ წინასწარმეტყველობის დაღი ზუსტად ისეთი, როგორიც აღწერილი იყო მის წიგნში, და ზუსტად იმ ადგილას. იგი აბუ ტალიბს მიუბრუნდა: „შენ რა ნათესაობა გაკავშირებს ამ ბიჭთან?“ თქვა მან. „ის ჩემი ვაჟია,“ მიუგო აბუ ტალიბმა. „ის არ არის შენი შვილი,“ თქვა ბერმა, „შეუძლებელია, რომ ამ ბიჭის მამა ცოცხალი იყოს.“ „ის ჩემი ძმისშვილია,“ აუხსნა აბუ ტალიბმა. „მაშ, რა დაემართა მამამისს?“ იკითხა ბერმა. „ის გარდაიცვალა,“ მიუგო თანამოსაუბრემ, „ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბიჭი ისევ დედის წიაღში იყო.“ „ეს მართალია,“ თქვა ბაჰირამ. „წაიყვანე შენი ძმისშვილი ისევ თავის ქვეყანაში და დაიცავი ის ებრაელებისაგან, რადგანაც, ღმერთმანი, თუ ისინი დაინახავენ მას და მის შესახებ შეიტყობენ იმას, რაც მე ვიცი, ბოროტებას შეამთხვევენ. შენს ამ ძმისშვილს წინ დიდი ამბები ელის.“

11 XI. რაინდობის შეთანხმება

▲ზევით დაბრუნება


როდესაც აბუ ტალიბმა სირიაში ვაჭრობა დაამთავრა, მექაში დაბრუნდა თავის ძმისშვილთან ერთად, რომელმაც თავისი განმარტოებული ცხოვრება განაგრძო, როგორც მანამდე. მაგრამ მის ბიძებს მიაჩნდათ, რომ, ‛აბბასისა და ჰამზას მსგავსად, მასაც უნდა გაევლო გარკვეული წვრთნა საომარი იარაღების ხმარებაში. ჰამზას აშკარად ეტყობოდა, რომ ძლიერი აგებულების კაცი გამოვიდოდა, რომელსაც ბოძებული ექნებოდა დიდი ფიზიკური ძალა. ის უკვე წარმატებული იყო მახვილით ბრძოლასა და ჭიდაობაში. მუჰამედი საშუალო სიმაღლისა და სიძლიერისა იყო. მას ჰქონდა გამოკვეთილი მიდრეკილება მშვილდოსნობისადმი და ყველანაირ იმედს იძლეოდა, რომ ჩინებული მსროლელი დადგებოდა, როგორც მისი დიდი წინაპრები, აბრაამი და ისმაელი. ამის მტკიცე წინაპირობა გახლდათ მისი მხედველობის სიმახვილე: ცნობილი იყო, რომ მას შეეძლო მინიმუმ თორმეტი ვარსკვლავის დათვლა პლეადების თანავარსკვლავედში.

იმ წლებში კურეიშის ტომი არ ყოფილა ჩაბმული რაიმე ბრძოლაში, გარდა ერთი არარეგულარული და ნაწყვეტ-ნწეყვეტი (ფრაგმენტული) კონფლიქტისა, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც მკრეხელური ომი, ვინაიდან ის დაიწყო ერთ-ერთ წმინდა თვეში. ერთმა ამორალურმა პიროვნებამ ქინანას ტომიდან უსინდისოდ მოკლა კაცი ‛ამირის ტომიდან, რომელიც, თავის მხრივ, ჰავაზინის ტომებს ეკუთვნის ნაჯდში. შემდეგ იმ პიროვნებამ თავი შეაფარა ხაიბარს, მიუვალ ქალაქ-ციხესიმაგრეს. მოვლენათა თანამიმდევრობა უდაბნოს ჩვეულ გეგმას მიჰყვა: ღირსება შურისძიებას მოითხოვდა, ასე რომ მოკლული კაცის ტომი თავს დაესხა ქინანას, მკვლელის ტომს, და კურეიშიც ჩათრეულ იქნა ერთგვარად არაღირსეულად, რადგანაც ქინანასთან კავშირი ჰქონდა. კონფლიქტი სამი თუ ოთხი წელი გაჭიანურდა, სადაც მხოლოდ ხუთი დღე თუ იყო ნამდვილი ბრძოლისა. ჰაშიმის ოჯახის თავი იმხანად გახლდათ ზუბაირი, აბუ ტალიბის მსგავსად, მუჰამედის მამის ღვიძლი ძმა. ზუბაირმა და აბუ ტალიბმა თავიანთი ძმისშვილი თან წაიყვანეს ერთ-ერთ პირველ ბრძოლაში, მაგრამ უთხრეს, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო საბრძოლველად. მიუხედავად ამისა, მას უფლება მისცეს, დახმარება გაეწია მტრის იმ ისრების შეგროვებაში, რომლებიც მიზანს ასცდა. ისინი უნდა მიეწოდებინა თავისი ბიძებისათვის, რათა უკან გაეტყორცნათ.1 მაგრამ ერთ-ერთი მომდევნო ბრძოლის დროს, რომელშიც კურეიშსა და მის მოკავშირეს ცუდი დღე დაადგათ, მას უფლება მისცეს, ეჩვენებინა თავისი უნარი, როგორც მშვილდოსანს, და მას ქება შეასხეს თავისი უშიშრობის გამო. 2

აღნიშნულმა ომმა გააღვივა ისედაც მზარდი უკმაყოფილება, რომლის გამოვლინებისკენაც ისწრაფვის ყოველი მკვიდრი საზოგადოება უდაბნოს კანონის მიმართ. კურეიშის წამყვან მამაკაცთა უმრავლესობა ნამყოფი იყო სირიაში და საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი ის შედარებითი სამართალი, რომელიც გავრცელებული იყო რომის იმპერიაში. აბისინიაშიც შესაძლებელი იყო სამართლის მიღწევა ბრძოლის გარეშე. მარამ არაბეთში არ არსებობდა ამის მსგავსი სამართლებრივი სისტემა, რომლის საშუალებითაც დანაშაულის მსხვერპლი, ან მისი ოჯახი, კომპენსაციას მიიღებდა; ამიტომაც ბუნებრივი იყო, რომ მკრეხელურმა ომმა, ისევე, როგორც მანამდე სხვა კონფლიქტებმა, ბევრი ჩააფიქრა იმაზე, თუ რა გზები და საშუალებები ააცილებდათ მათ იმას, რომ ანალოგიური ამბები კიდევ არ მომხდარიყო. მაგრამ ამჯერად შედეგი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ფიქრები და სიტყვები: იმდენად, რამდენადაც კურეიში დაინტერესებული იყო, ახლა არსებობდა ფართო მზადყოფნა მოქმედებისათვის. და სამართლიანობის მათეული შეგრძნება გამოცდილ იქნა სკანდალური ინციდენტით, რომელიც ბრძოლის დამთავრებიდან რამდენსამე კვირაში მოხდა მექაში.

იემენის პორტ ზაბიდიდან ერთმა ვაჭარმა ძვირფასი საქონელი მიჰყიდა საჰმის ოჯახის წარჩინებულ პირს. აიღო რა საქონელი, საჰმელმა უარი განაცხადა, გადაეხადა დანაპირები ფასი. დაზარალებული ვაჭარი ისევე, როგორც დამზარალებელი, უცხონი იყვნენ მექაში და არ ჰყავდათ მოკავშირე ან პატრონი მთელ ქალაქში, ვისაც დაზარალებული მიმართავდა დახმარებისათვის. მაგრამ ის არ შეშინებულა მეტოქის ქედმაღლური თვითდაჯერებულობით, შედგა აბუ კუბაისის ფერდობზე და მიმართა მთლიანად მთელ კურეიშს ხმამაღალი და მძვინვარე მჭევრმეტყველებით, რათა ენახა, რომ სამართალი აღსრულდებოდა. დაუყოვნებელი პასუხი წამოვიდა იმ ოჯახთა უმრავლესობიდან, რომელთაც არ ჰქონდათ ტრადიციული ალიანსი საჰმთან. კურეიშს ახასიათებდა ნებისმიერ შემთხვევაში ერთად ყოფნა (გაერთიანება), მიუხედავად ოჯახისა (ანუ ეს ეხება ნებისმიერ ოჯახს). მაგრამ იმ კავშირში მაინც ცხადად იყო შეგრძნება იმ ბზარისა, რომელმაც ისინი დაყო ორ ჯგუფად კუსაის მემკვიდრეობაზე, ესენი იყვნენ კეთილსურნელებით ცხებულნი და მოკავშირეები, და საჰმი მოკავშირეთაგანი იყო. მეორე ჯგუფის ერთერთი ლიდერი და ყველაზე მდიდარი კაცი მექაში იმ დროს იყო თაიმის ბელადი, ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯუდ‛ანი, და ახლა ის თავის დიდ სახლს სთავაზობდა, როგორც შეკრების ადგილს, სამართლის ყველა მოყვარულს. კეთილსურნელებით ცხებულთაგან მხოლოდ ‛აბდუ შამსისა და ნავფალის ოჯახები არ იყვნენ. ჰაშიმი, მუტტალიბი, ზუჰრა, ასადი და თაიმი, ყველანი კარგად იყვნენ წარმოდგენილნი, და მათ შეუერთდა ‛ადი, რომელიც მოკავშირეთაგანი იყო. გულწრფელი დისკუსიის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ აუცილებელი იყო დაემკვიდრებინათ რაინდული წესრიგი სამართლის მხარდასაჭერად და სუსტების დასაცავად. ისინი სრული შემადგენლობით წავიდნენ ქა‛აბაში, სადაც წყალი დაასხეს შავ ქვას და დააცადეს, სანამ ჭურჭელში (რეზერვუარში) ჩაგროვდებოდა. შემდეგ ყოველმა კაცმა დალია ასე განწმენდილი წყალი. მარჯვენა ხელი თავს მაღლა ასწიეს და ფიცი დადეს, რომ ამიერიდან მექაში ჩაგვრის ყოველი ფაქტის დროს ისინი, როგორც ერთი კაცი, ისე დადგებოდნენ დაჩაგრულის გვერდით მჩაგვრელის წინააღმდეგ, სანამ სამართალი არ აღსრულდებოდა, არა აქვს მნიშვნელობა, ჩაგრული კურეიშიდან იქნებოდა თუ ვინმე, ვინც სხვა ადგილიდან მოვიდა. ამრიგად, საჰმელი აიძულეს, გადაეხადა თავისი ვალი. არც რომელსამე იმ ოჯახს, რომელმაც შეთანხმებას (პაქტს) თავი აარიდა, შეუთავაზებია მისთვის თავისი დახმარება.

თაიმის ბელადთან ერთად ჰაშიმელი ზუბაირი იყო ერთ-ერთი დამაარსებელი ამ წესისა და მან თან მიიყვანა თავისი ძმისშვილი მუჰამედი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფიცში და მომდევნო წლებში თქვა: „მე ვესწრებოდი ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯუდ‛ანის სახლში ისეთ შესანიშნავ შეთანხმებას, რომ მასში ჩემს მონაწილეობას არ გავცვლიდი წითელი აქლემების რემაში; და ახლაც კი, ისლამში, მე რომ იქ ვიყო გამოძახებული, სიამოვნებით ვუპასუხებდი.“3 კიდევ ერთი, ვინც იქ იყო, გახლდათ მათი მასპინძლის პირველი ბიძაშვილი, აბუ კუჰაფა თაიმიდან, თავის ვაჟ აბუ ბაქრთან ერთად, რომელიც მუჰამედზე ერთი თუ ორი წლით პატარა იყო და მომავალში წინასწარმეტყველის უახლოესი მეგობარი უნდა გამხდარიყო.

_______________________

1. ი.ჰ. 119.

2. ი.ს. I/I, 81.

3. ი.ი. 86.

12 XII. ქორწინების საკითხები

▲ზევით დაბრუნება


ახლა მუჰამედი უკვე ოცი წლის შესრულდა და, რაც დრო გადიოდა, ის უფრო და უფრო მეტ მიწვევას იღებდა, გაჰყოლოდა თავის ამა თუ იმ ნათესავს უცხოეთში მოგზაურობისას. საბოლოოდ დადგა დღე და მას თავისი საქონელი ჩააბარა ვაჭარმა, რომელსაც თვითონ არ შეეძლო მოგზაურობა, და მისმა წარმატებამ ამ უნარში გამოიწვია სხვა დავალებებიც. ამგვარად, მას საშუალება მიეცა, მეტი შემოსავალი გამოემუშავებინა, და ქორწინებაც შესაძლებელი გახდა.

მის ბიძასა და მეურვეს, აბუ ტალიბს, იმხანად სამი ვაჟი ჰყავდა: ყველაზე უფროსი, ტალიბი, დაახლოებით იმავე ასაკის იყო, რაც თვითონ მუჰამედი; ‛აკილი ცამეტი თუ თოთხმეტი წლისა, ხოლო ჯა‛ფარი ოთხი წლის ბიჭი გახლდათ. მუჰამედს უყვარდა ბავშვები და მოსწონდა მათთან თამაში. ის განსაკუთრებით მიეჩვია ჯა‛ფარს, რომელიც ლამაზი და ჭკვიანი ბავშვი იყო და რომელიც თავისი ბიძაშვილის სიყვარულს პასუხობდა ისეთი ერთგულებით, რომელიც ხანგრძლივი აღმოჩნდა. აბუ ტალიბს ქალიშვილებიც ჰყავდა, მათ შორის ერთ-ერთი უკვე გასათხოვარი იყო. მას ფახითა ერქვა, მაგრამ მოგვიანებით ეწოდა უმმ ჰანი'ი და სწორედ ამ სახელით იყო შემდეგ ყოველთვის ცნობილი. მუჰამედს და მას ძალიან შეუყვარდათ ერთმანეთი. მუჰამედმა ბიძას სთხოვა, დაქორწინების ნება მიეცა, მაგრამ აბუ ტალიბს სხვა გეგმები ჰქონდა ქალიშვილთან დაკავშირებით: მისმა ბიძაშვილმა, ჰუბაირამ, დედამისის ძმისშვილმა მახზუმის ოჯახიდან, ასევე ითხოვა უმმ ჰანი'ის ხელი. და ჰუბაირა იყო არა მხოლოდ შეძლებული კაცი, არამედ, თვით აბუ ტალიბის მსგავსად, ნიჭიერი პოეტიც. მეტიც, მექაში მახზუმის ძალაუფლება სულ უფრო იმატებდა მაშინ, როდესაც ჰაშიმისა იკლებდა; და სწორედ ჰუბაირას მიათხოვა აბუ ტალიბმა უმმ ჰანი'ი. როდესაც ძმისშვილმა თავშეკავებულად უსაყვედურა, მან უბრალოდ უპასუხა: „ისინი ცოლებად გვაძლევდნენ თავიანთ ქალიშვილებს“ - უეჭველად თავის დედას გულისხმობდა - „და გულუხვმა კაცმა უნდა გადაიხადოს გულუხვობითვე.“1 პასუხი არ იყო დამაჯერებელი იმდენად, რამდენადაც ‛აბდ ალ-მუტტალიბს გადახდილზე მეტიც ჰქონდა ეს ვალი, რადგანაც თავისი ორი ქალიშვილი, ‛ათიქა და ბარრა, უკვე მითხოვებული ჰყავდა მახზუმის კაცთათვის. რა თქმა უნდა, მუჰამედმა თავისი ბიძის სიტყვები მიიღო, როგორც თავაზიანი და კეთილი გადატანითი სიტყვა იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ეთქვა: მას ჯერ არ ჰქონდა ისეთი მდგომარეობა, რაც დაქორწინების საშუალებას მისცემდა. ყოველ შემთხვევაში, ეს ის იყო, რაც მუჰამედმა თავისთვის გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელმა გარემოებებმა მალე აიძულეს, აზრი შეეცვალა.

მექის ერთ-ერთი მდიდარი ვაჭარი იყო ქალი - ხადიჯა, ხუვაილიდის ქალიშვილი ასადის ოჯახიდან. ის ვარაკას, ქრისტიანის, და მისი დის, კუთაილას, პირველი ბიძაშვილი იყო და, მათ მსგავსად, ისიც შორეულ ბიძაშვილად ერგებოდა ჰაშიმის ძეებს. იგი უკვე ორჯერ იყო გათხოვილი და, ვინაიდან მეორე ქმარი გარდაცვლილი ჰყავდა, მას ჩვევად ჰქონდა, რომ კაცებს ქირაობდა, რათა მათ მისი სახელით ევაჭრათ. ახლა მუჰამედი მთელ მექაში ცნობილი გახდა, როგორც, ალ-ამინი, სანდო, პატიოსანი, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმ ადამიანთა მონაყოლის შედეგი იყო, ვინც მას თავისი სავაჭრო ანდო სხვადასხვა დროს. ხადიჯასაც მრავალი კარგი რამ ჰქონდა მის შესახებ გაგებული ოჯახური არხებიდან და ერთხელაც აუწყა და სთხოვა, რომ მისი სავაჭრო სირიაში წაეღო. მის მიერ გაღებული გასამრჯელო ორჯერ უფრო მეტი იქნებოდა, რაც კი ოდესმე გაუღია კურეიშელი კაცისათვის, თანაც მოგზაურობისათვის შესთავაზა თავისი მსახური ყმაწვილის, სახელად მაისარას, დახმარება. მუჰამედმა თანხმობა განაცხადა იმაზე, რაც ქალმა შესთავაზა, და ყმაწვილთან ერთად ხადიჯას საქონლით დატვირთული ჩრდილოეთისაკენ გაემართა.

როდესაც ბოსტრაში, სირიის სამხრეთით, მივიდნენ, მუჰამედი იმ ხის ჩრდილს შეეფარა, რომელიც პატარა მონასტრის ახლოს იდგა. სავანეში ბერი იყო, სახელად ნესტორი. ვინაიდან მგზავრთა გასაჩერებელი ადგილები ხშირად უცვლელად რჩება, შესაძლოა, ეს იგივე ხე იყო, რომელსაც მუჰამედი დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ შეეფარა ბოსტრის გზაზე თავის ბიძასთან ერთად. ალბათ, ბაჰირა გარდაიცვალა და ის ნესტორმა შეცვალა. როგორც არ უნდა იყოს - ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რაც მაისარამ გვაუწყა - ბერი თავისი სავანიდან გამოვიდა და ყმაწვილს ჰკითხა: „ვინ არის კაცი იმ ხის ძირში?“ „ის კურეიშიდანაა,“ თქვა მაისარამ, შემდეგ კი განმარტების სახით დაამატა: „იმ ხალხთაგანი, ვისაც წმინდა ადგილის დაცვა ევალება.“ „სხვა არავინ, თუ არა წინასწარმეტყველი, ზის იმ ხის ქვეშ,“ თქვა ნესტორმა.2

როდესაც კიდევ უფრო ღრმად შევიდნენ სირიაში, მაისარას მყარად აღებეჭდა სულში ნესტორის სიტყვები, მაგრამ დიდად არ განცვიფრებულა, რადგანაც ამ მოგზაურობის განმავლობაში მისთვის ნათელი გახდა, რომ ის ისეთი ადამიანის საზოგადოებაში იმყოფებოდა, რომლის მსგავსიც სხვა არასოდეს ენახა. ეს კიდევ დადასტურდა იმით, რაც უკან დაბრუნებისას იხილა: იგი ხშირად ამჩნევდა, რომ სიცხე უცნაურად არაშემაწუხებელი იყო, და ერთ დღესაც შუადღისას მას საშუალება მიეცა ძალიან ხანმოკლედ, მაგრამ ნათლად დაენახა ორი ანგელოზი, რომელიც მუჰამედს მზის სხივებს უჩრდილავდა.

როდესაც მექაში ჩავიდნენ, ხადიჯას სახლს მიაშურეს იმ საქონლით, რომელიც სირიის ბაზრებში იყიდეს იმის ფასად, რაც გაყიდეს. ხადიჯა იჯდა და მუჰამედს უსმენდა, როდესაც ის თავიანთ მოგზაურობას აღწერდა და იმ გარიგებათა შესახებ ყვებოდა, რომლებიც გააკეთა. ეს ყველაფერი ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა, რადგანაც ქალმა შეძლო ახლად შეძენილი საქონლის გაყიდვა თითქმის ორჯერ იმაზე უფრო ძვირად, ვიდრე მათში თავიდან იყო გადახდილი. მაგრამ ამგვარი განხილვები შორს რჩებოდა მისი ფიქრებისაგან, ვინაიდან მთელი მისი ყურადღება მიმართული იყო თვით მოსაუბრისაკენ. მუჰამედი ოცდახუთი წლის გახლდათ, საშუალო აღნაგობის, უფრო მეტად ტანთხელი, დიდი თავით, განიერი მხრებით, მთელი მისი დანარჩენი სხეული სრულყოფილად პროპორციული იყო. წვერი და თმა ხშირი და შავი ჰქონდა, არა სულ სწორი, არამედ ოდნავ ტალღოვანი. თმები სადღაც ყურის ბიბილოსა და მხარს შორის ადგილამდე ჩამოზრდოდა, ასევე წვერიც. დიდი კეთილშობილური შუბლი ჰქონდა. მისი ფართო თვალების ოვალი განიერი იყო, საოცრად გრძელი წამწამებითა და ხშირი წარბებით, რომლებიც მცირედ შეისრულიყო, მაგრამ ერთმანეთს არ ებმოდა. ადრეულ აღწერათა უმეტესობაში ნათქვამია, რომ მას შავი თვალები ჰქონდა, მაგრამ ერთ თუ ორ წყაროში აღნიშნულია, რომ მისი თვალები ყავისფერი, თვით ღია ყავისფერიც კი იყო. მუჰამედს არწივისებური ცხვირი ჰქონდა, განიერი და ლამაზი ფორმის ტუჩები - მათი მიმზიდველობა ყოველთვის ხილული იყო, ვინაიდან, მართალია, წვერს იზრდიდა, მაგრამ ულვაშის თმებს არასოდეს აძლევდა საშუალებას, ზედა ტუჩს გადმოფარებოდა. მას თეთრი კანი ჰქონდა, ოღონდ მსუბუქად მზემოკიდებული. მის ბუნებრივ სილამაზეს ემატებოდა მისი სახის ნათელი - ისეთივე, როგორიც მამამისისაგან გამოანათებდა, მაგრამ ვაჟიშვილში ის კიდევ უფრო ძლიერი იყო - და ეს ნათელი განსაკუთრებით შესამჩნევი იყო მის განიერ შუბლსა და თვალებში, რომლებიც შთამბეჭდავად ბრწყინავდა. ხადიჯამ იცოდა, რომ თვითონ ისიც ჯერ კიდევ ლამაზი იყო, მაგრამ ის მუჰამედზე თხუთმეტი წლით დიდი იყო. მიუხედავად ამისა, მზად იქნებოდა ახალგაზრდა კაცი, რომ იგი შეერთო?

როგორც კი მუჰამედი წავიდა, ხადიჯამ რჩევა ჰკითხა მეგობარ ქალს, რომელსაც ნუფაისა ერქვა და რომელიც დაჰპირდა, რომ ვაჟათნ მივიდოდა მისი სახელით და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, მათ შორის ქორწინების საქმეს მოაგვარებდა. ახლა მაისარაც მივიდა თავის ქალბატონთან და მოახსენა ორი ანგელოზის, აგრეთვე იმის შესახებ, რაც ბერმა უთხრა. ქალი ამის შემდეგ თავის ბიძაშვილ ვარაკასთან წავიდა და მონაყოლი ამბები გაუმეორა. „თუ ეს მართალია, ხადიჯა,“ თქვა მან, „მაშინ მუჰამედი ჩვენი ხალხის წინასწარმეტყველია. მე დიდი ხანია, რაც ვიცი, რომ წინასწარმეტყველს უნდა ველოდოთ, და მისი დრო უკვე დადგა.“ 3

ამასობაში ნუფაისა მუჰამედთან მივიდა და ჰკითხა, რატომ არ ირთავდა ცოლს. „მე არ გამაჩნია ქორწინების სახსრები,“ უპასუხა მან. „მაგრამ შენ რომ მოგეცეს სახსრები,“ თქვა ქალმა, „თუ კი შენ შეხვალ ისეთ კავშირში, სადაც არის სილამაზე, ქონება, წარჩინებულება და სიუხვე, თანახმა არ იქნებოდი?“ „ვინაა ის?“ იკითხა მუჰამედმა. „ხადიჯა,“ თქვა ნუფაისამ. „და როგორ შეიძლება ასეთი ქორწინება ჩემთვის იყოს?“ თქვა კაცმა. „ეგ საქმე მე მომანდე,“ იყო პასუხი. „ჩემის მხრივ, მე ეს მსურს.“ 4 ნუფაისა ამ ამბით დაბრუნდა ხადიჯასთან, რომელმაც შემდეგ აუწყა მუჰამედს თავისი თხოვნა, მასთან მისულიყო, და, როდესაც ის მივიდა, ქალმა უთხრა : „ჩემი ბიძის ვაჟიშვილო, მე შეგიყვარე შენ ჩემთან შენი ნათესაობის გამო, აგრეთვე იმიტომ, რომ შენ ყოველთვის ხალხის შუაგულში ხარ და არა განაპირას ამა თუ იმ ამბავთან დაკავშირებით; და მე შეგიყვარე შენ სანდოობისა და კეთილზნიანობისა და მართალი სიტყვის გამო.“5 შემდეგ მან ვაჟს ცოლად შესთავაზა თავი და შეთანხმდნენ, რომ მუჰამედი დაელაპარაკებოდა თავის ბიძებს და ხადიჯაც დაელაპარაკებოდა თავის ბიძას, ‛ამრს, ასადის ძეს, რადგანაც ხუვაილიდი, მისი მამა, უკვე გარდაცვლილიყო. ეს ჰამზა იყო, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, რომელიც ჰაშიმელებმა გააგზავნეს თავიანთ წარმომადგენლად ამ შემთხვევაში, უეჭველად იმის გამო, რომ ის ყველაზე უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ასადის ოჯახთან, რადგანაც მისი ღვიძლი და, საფიჲჲა, ცოტა ხნის წინ ცოლად შეერთო ხადიჯას ძმას, ‛ავვამს. ასე რომ, ჰამზა წავიდა თავის ძმისშვილთან ერთად ‛ამრთან და ხადიჯას ხელი ითხოვა. შეთანხმდნენ, რომ მუჰამედს ქალისათვის უნდა მიეცა ოცი დედალი აქლემი, როგორც გამოსასყიდი.

____________________

1. ი.ს. VIII, 108.

2. ი.ს. I/I, 83. ისლამური ტრადიციის თანახმად, მუჰამედი სხვა არავინაა, თუ არა მისტერიული შილო, რომელზეც „მოგვიანო დღეებში“ უნდა გადასულიყო სულიერი ძალაუფლება, რაც მანამდე ებრაელთა პრეროგატივად რჩებოდა. თვით იესო იუდას შტოს უკანასკნელი წინასწარმეტყველი იყო. ეს წინასწარმეტყველება გაკეთდა იაკობის მიერ უშუალოდ მისი სიკვდილის წინ: მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ, რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში... არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან, ვიდრე არ მოვა შილო; და მის გარშემო შეიკრიბება ხალხი (დაბადება 49 : 1, 10).

3. ი.ი. 121.

4. ი.ს. I/I, 84.

5. ი.ი. 120.

13 XIII. ოჯახი

▲ზევით დაბრუნება


სიძემ დატოვა თავისი ბიძის სახლი და საცხოვრებლად პატარძლის სახლში გადავიდა. გარდა იმისა, რომ ხადიჯა ცოლი იყო, ის ასევე თავისი ქმრის მეგობარიც გახდა, მის მიდრეკილებათა და იდეალთა დიდად გამზიარებელი. მათი ქორწინება საოცრად კურთხეული აღმოჩნდა, ბედნიერებით აღსავსე, თუმცა არც დანაკარგზე დარდის გარეშე. ქალმა მეუღლეს ექვსი შვილი გაუჩინა, ორი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. მათი უფროსი შვილი ბიჭი იყო, სახელად კასიმი, და მუჰამედი ცნობილი გახდა, როგორც აბუ ლ-კასიმი, კასიმის მამა; მაგრამ ბიჭი თავის მეორე დაბადების დღემდე გარდაიცვალა. შემდეგი ბავშვი იყო გოგონა, რომელსაც ზეინაბი დაარქვეს, მას მოჰყვა კიდევ სამი ქალიშვილი, რუკაჲჲა, უმმ ქულსუმი და ფატიმა, და ბოლოს კიდევ ერთი ვაჟი, რომელიც მალევე გარდაიცვალა.

თავისი ქორწილის დღეს მუჰამედმა გაათავისუფლა ბარაქა, ერთგული მონა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო თავისი მამისაგან; და იმავე დღეს ხადიჯამ მას აჩუქა თავისი ერთ-ერთი მონა, თხუთმეტი წლის ყმაწვილი, სახელად ზეიდი. რაც შეეხება ბარაქას, ის მიათხოვეს ერთ იასრიბელ კაცს, რომელსაც მან ძე უშვა და ამის გამო ცნობილი გახდა, როგორც უმმ აიმანი, აიმანის დედა. ზეიდი და რამდენიმე სხვა ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ იყიდა ‛უქაზის დიდ ბაზარზე ხადიჯას ძმისშვილმა, ჰაქიმმა, მისი ძმის, ჰიზამის შვილმა; შემდეგ, როდესაც მამიდამ მოინახულა, ჰაქიმმა მოაყვანინა თავისი ახლად შეძენილი მონები და შესთავაზა, თავისთვის ერთ-ერთი ამოერჩია. ეს ზეიდი იყო, ვინც მან აირჩია.

ზეიდი ამაყობდა თავისი წარმომავლობით: მამამისი, ჰარისა, ქალბის დიდი ჩრდილოური ტომიდან იყო, რომლის ტერიტორიაც მდებარეობდა დაბლობებზე სირიასა და ერაყს შორის; დედამისი არანაკლებ განთქმული მეზობელი ტომის, ტაის, ქალი იყო. იმ პერიოდში აღნიშნული ტომის ერთ-ერთი ბელადი გახლდათ პოეტი-რაინდი ჰათიმი, მთელ არაბეთში სახელგანთქმული თავისი რაინდობითა და ლეგენდარული დიდსულოვნებით. უკვე რამდენიმე წლი გასულიყო მას შემდეგ, რაც ზეიდი დედამისმა წაიყვანა თავისი ოჯახის მოსანახულებლად. იმ სოფელს, რომელშიც ისინი იყვნენ, ბანუ კაინის რამდენიმე ცხენოსანი დაესხა თავს და ბიჭი გაიტაცა. შემდეგ ის მონად გაყიდეს. ჰარისამ, მამამისმა, ვაჟი ამაოდ ეძება. არც ზეიდს უნახავს ქალბის ტომიდან ვინმე მოგზაური, ვინც რაიმე ცნობას წაუღებდა მის მშობლებს. მაგრამ ქა‛აბა პილიგრიმებს მთელი არაბეთიდან იზიდავდა და ერთ დღესაც წმინდა სეზონზე, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ის მუჰამედის მონა გახდა, მან დაინახა თავისი ტომის რამდენიმე კაცი და ქალი მექის ქუჩებში. გასულ წელს რომ ენახა ისინი, მისი გრძნობები ძალიან განსხვავებული იქნებოდა. მას ძლიერ სურდა ამგვარი უცაბედი შეხვედრა, ახლა, მართალია, ეს მოხდა, მაგრამ ამან იგი რთულ და გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენა. მას არ შეეძლო, რომ თავისი ოჯახი განზრახ დაეტოვებინა თავისი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ სრულ არცოდნაში. მაგრამ რა უნდა ეცნობებინა მათთვის? რაც უნდა ყოფილიყო, მან, როგორც უდაბნოს შვილმა, იცოდა, რომ სხვა არაფერი, თუ არა ლექსი, იქნებოდა შესაფერისი ამ შემთხვევისათვის. შეთხზა ლექსი, რომელიც გამოხატავდა მისი ნააზრევის გარკვეულ ნაწილს, მაგრამ უფრო მეტსაც შეიცავდა და გულისხმობდა, ვიდრე გამოხატავდა. შემდეგ იგი მიესალმა ქალბელ პილიგრიმებს და, უთხრა რა, ვინც იყო, თქვა: „გადაეცით ეს სტრიქონები ჩემი ოჯახის წევრებს, რადგანაც ვიცი, რომ მათ ბევრი იდარდეს ჩემზე:

„მართალია, თვითონ მე შორს ვარ, მაგრამ წაუღეთ ჩემი სიტყვები
ჩემი ოჯახის წევრებს: წმინდა სახლში
ვცხოვრობ, იმ ადგილთა შორის, რომელნიც ღმერთმა აკურთხა.
გადადეთ გვერდზე ის დარდები, რომლებიც ჩემთვის გამოსცადეთ,
ნუ დაღლით აქლემებს ჩემს საძებნელად მიწაზე ხეტიალით,
რადგანაც მე, დიდება ღმერთს, ვარ საუკეთესო,
წარჩინებულ ოჯახში, დიდებულში ყველა თვალსაზრისით.“

როდესაც პილიგრიმები სახლში დაბრუნდნენ ამ ახალი ამბით, ჰარისა მაშინვე მექისაკენ გაეშურა თავის ძმასთან, ქა‛ბთან, ერთად; მივიდნენ რა მუჰამედთან, მას სთხოვეს, რომ მათთვის საშუალება მიეცა, გამოესყიდათ ზეიდი ნებისმიერი მაღალი ფასით, რასაც ის იტყოდა. „ნება მივცეთ, აირჩიოს,“ თქვა მუჰამედმა, „და, თუ ის თქვენ აგირჩევთ, ის თქვენია გამოსასყიდის გარეშე; თუ მე ამირჩევს, მე არა ვარ ის კაცი, ვინც სხვას ამჯობინებს მას, ვინც მე ამირჩევს.“ შემდეგ მან ზეიდს დაუძახა და ჰკითხა, თუ იცნობდა იმ ორ ადამიანს. „ეს მამაჩემია,“ თქვა ახალგაზრდამ, „და ეს ბიძაჩემი.“ „შენ მე მიცნობ,“ თქვა მუჰამედმა, „და გიხილავს ჩემი მეგობრული დამოკიდებულება შენს მიმართ, მაშ, აირჩიე ჩემსა და მათ შორის.“ მაგრამ ზეიდის არჩევანი უკვე გაკეთებული იყო და მან მაშინვე თქვა: „მე შენ არც ერთ კაცს არ გამჯობინებ. შენ ჩემთვის ხარ, როგორც მამა და დედა.“ „რას ამბობ, ზეიდ!“ შესძახეს ქალბელმა კაცებმა. „ნუთუ გირჩევნია მონობა თავისუფლებას, მეტიც, მამაშენს, ბიძაშენსა და შენს ოხაჯს?“ „თვით ასეც კია,“ თქვა ზეიდმა, „ამ კაცისაგან ისეთი რამ ვნახე, რომ მას არასოდეს ვარჩევ სხვას.“

ასე რომ, მამა და ბიძა იძულებულნი გახდნენ, დაბრუნებულიყვნენ მიზნის მიუღწევლად. მაგრამ ის ამბავი, რომელიც მათ თავიანთი ტომისათვის უნდა მოეყოლათ, ამბავი ღრმა ურთიერთსიყვარულისა, რომელიც მოიტანა ამ შვილებამ, სრულიადაც არ იყო უბრალო ხელწამოსაკრავი რამ. როდესაც მათ ნახეს, რომ ზეიდი თავისუფალი იყო და პატივდებული, რაც იმას მოასწავებდა, რომ ის მაღალ მდგომარეობას დაიკავებდა წმინდა ადგილის ხალხთა შორის, ისეთს, რომ სარგებლობას მოუტანდა ძმებსა და სხვა ნათსავებს მომდევნო წლებში, ისინი ამას შეეგუვნენ და თავიანთ გზაზე წავიდნენ სიმწრის გარეშე. იმ დღიდან ახალი ჰაშიმელი ცნობილი გახდა მექაში, როგორც ზეიდ იბნ მუჰამედი.

სახლში ყველაზე ხშირად სტუმრად მომსვლელთაგანი იყო საფიჲჲა, ახლა უკვე ხადიჯას მული, ყველაზე ახალგაზრდა მუჰამედის მამიდებს შორის, თვით მასზე ახალგაზრდაც კი; თან მოჰყავდა ხოლმე პატარა ვაჟი, ზუბაირი, რომელსაც სახელი დაარქვა თავისი უფროსი ძმის მიხედვით. ასე რომ, ზუბაირი კარგად იცნობდა ბიძაშვილებს, მუჰამედის ქლიშვილებს, ადრეული წლებიდანვე. საფიჲჲასთან ერთად ასევე მოდიოდა ერთგული მსახური სალმა, რომელმაც ამშობიარა ხადიჯა და მიიღო მისი ყველა შვილი და რომელიც თავის თავს ოჯახის ერთ-ერთ წევრად თვლიდა.

რაც წლები გადიოდა, დროდადრო სტუმრად მოდიოდა ხოლმე ჰალიმა, მუჰამედის გამზრდელი, და ხადიჯა მას ყოველთვის სიყვარულით ეპყრობოდა. ერთ-ერთი ასეთი სტუმრობა დაემთხვა მკაცრი და ხანგრძლივი გვალვის დროს, რომელშიც ჰალიმას ფარა მნიშვნელოვნად შეცოტავდა, და ხადიჯამ მას აჩუქა ორმოცი ცხვარი და ერთ აქლემი.1 იგივე გვალვა, რომელმაც გამოიწვია რაღაც შიმშილობის მსგავსი ჰიჯაზში, ძალიან მნიშვნელოვანი შემატების მიზეზად იქცა მუჰამედის ოჯახისათვის.

აბუ ტალიბს იმაზე უფრო მეტი შვილი ჰყავდა, ვიდრე იმდენი, ვისი ადვილად მხარდაჭერაც შეეძლო, და შიმშილობა მძიმედ დააწვა. მუჰამედმა ეს შენიშნა და მიხვდა, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა. ყველაზე მდიდარი მის ბიძათა შორის იყო აბუ ლაჰაბი, მაგრამ ის რაღაცნაირად დაშორდა დანარჩენ ოჯახს, ნაწილობრივ უეჭველად იმიტომ, რომ მათ შორის მას არასოდეს ჰყოლია ღვიძლი დები ან ძმები, ვინაიდან დედამისის ერთადერთი შვილი გახლდათ. მუჰამედმა არჩია, რომ დახმარება ეთხოვა ‛აბბასისათვის, რომელსაც ამის საშუალება ჰქონდა, რადგანაც წარმატებული ვაჭარი იყო და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ვინაიდან ერთად გაიზარდნენ. თანაბრად ახლოს, მეტად ახლოსაც კი იყო მასთან ‛აბბასის ცოლი, უმმ ალ-ფადლი, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და ყოველთვის გულღიად ხვდებოდა თავიანთ სახლში. ასე რომ, წავიდა მათთან და გამოთქვა მოსაზრება, რომ მათგან თითოეულ ოჯახს უნდა აეღო მზრუნველობა აბუ ტალიბის თითო ვაჟზე მანამდე, სანამ მისი მდგომარეობა გამოსწორდებოდა. ისინი მზადყოფნით დაეთანხმნენ და ორი კაცი წავიდა აბუ ტალიბთან, რომელმაც, როდესაც შეთავაზება გაიგო, თქვა: „გააკეთეთ, რაც გსურთ, ოღონდ დამიტოვეთ ‛აკილი და ტალიბი.“ ახლა ჯა‛ფარი თითქმის თხუთმეტი წლის იყო და უკვე აღარ იყო ყველაზე პატარა ოჯახში. დედამისმა, ფატიმამ, კიდევ ერთი ვაჟი გაუჩინა აბუ ტალიბს, დაახლოებით ათი წლით პატარა, და მას ‛ალი დაარქვეს. ‛აბბასმა თქვა, რომ ის იზრუნებდა ჯა‛ფარზე, ხოლო მუჰამედი დათანხმდა, იგივე გაეკეთებინა ‛ალისათვის. დაახლოებით ამ დროს იყო, რომ ხადიჯამ გააჩინა თავისი ბოლო ბავშვი, ვაჟი, სახელად ‛აბდ ალლაჰი, მაგრამ ბიჭი კიდევ უფრო პატარაც კი გარდაიცვალა, ვიდრე კასიმი. გარკვეულწილად ის ჩაანაცვლა ‛ალიმ, რომელიც ისე გაიზარდა, როგორც ძმა თავისი ოთხი გოგო-ბიძაშვილისა, რადგანაც იმავე ასაკისა იყო, რაც რუკაჲჲა და უმმ ქულსუმი, ცოტათი პატარა ზეინაბზე და ცოტათი დიდი ფატიმაზე. ეს ხუთი ზეიდთან ერთად ქმნიდა მუჰამედისა და ხადიჯას უახლოეს ოჯახურ წრეს. მაგრამ იყო ბევრი სხვა ნათესავიც, რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და რომლებსაც გარკვეული საკუთარი როლი, დიდი თუ პატარა, უნდა ეთამაშათ იმ ისტორიაში, რომელიც აქაა გადმოცემული.

მუჰამედის უფროსმა ბიძამ, ჰარისმა, რომელიც ახლა უკვე გარდაცვლილიყო, ბევრი შვილი დატოვა. მისი ერთი ვაჟი, მუჰამედის ბიძაშვილი, აბუ სუფიანი, ასევე მისი ძუძუმტე იყო, რადგანაც ისიც ჰალიმამ გაზარდა ბანუ სა‛დის ტომში მუჰამედიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ხალხი ამბობდა, რომ აბუ სუფიანი იმათგანი იყო, რომელიც, ოჯახური თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ჰგავდა მუჰამედს, და მათ საერთო ნიშან- თვისებათა შორის იყო მჭევრმეტყველება. მაგრამ აბუ სუფიანი ნიჭიერი პოეტი იყო - ალბათ უფრო ნიჭიერიც, ვიდრე მისი ბიძები, ზუბაირი და აბუ ტალიბი - მაშინ, როდესაც მუჰამედს არასოდეს გამოუვლენია მიდრეკილება, შეეთხზა ლექსი, თუმცაღა მას ვერავინ აჯობებდა არაბული ენის ცოდნასა და ლამაზ მეტყველებაში.

აბუ სუფიანის სახით, რომელიც ასე თუ ისე მისი ასაკის იყო, მუჰამედს ჰყავდა მეგობარი და კომპანიონი. ცოტა უფრო ახლოს სისხლით იყო მამამისის ღვიძლი დების ბევრი შვილი, ესე იგი ‛აბდ ალ-მუტტალიბის ხუთი უფროსი ქალიშვილისა. ამათგან ყველაზე დიდები იყვნენ მამიდამისის, უმაიმას, შვილები, უმაიმასი, რომელიც გათხოვდა ჯაჰშზე. ეს კაცი ასადის ჩრდილო არაბული ტომიდან იყო. 2 მას სახლი ჰქონდა მექაში, რადგანაც ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ისეთი კაცისათვის, ვინც არა თავის, არამედ სხვა ტომში ცხოვრობდა, შესაძლებელი იყო, გამხდარიყო ამ ტომის წევრის მოკავშირე, რომელშიც ამგვარად ნაწილობრივ ინტეგრირებული ხდებოდა, გარკვეულწილად იზიარებდა რა მის პასუხისმგებლობებსა და პრივილეგიებს. ჰარბმა, ახლა ‛აბდუ შამსის ოჯახის უმაიანთა3 შტოს ბელადმა, ჯაჰში თავის მოკავშირედ აქცია, ამდენად, როდესაც უმაიმა ცოლად გაჰყვა ჯაჰშს, იგი პრაქტიკულად ცოლად გაჰყვა შამსელს. მათი უფროსი ვაჟიშვილი, სახელად ‛აბდ ალლაჰი (ეს სახელი დედამ შვილს დაარქვა თავისი ძმის სახელის მიხედვით), დაახლოებით თორმეტი წლით იყო მუჰამედზე პატარა და ბიძაშვილებს ძლიერი სიყვარეული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. უმაიმას ქალიშვილი, ზეინაბი, თავის ძმაზე რამდენიმე წლით უმცროსი, განთქმული სილამაზის მქონე, ამ კავშირის წევრი იყო. მუჰამედი იცნობდა მათ და ორივე მათგანი უყვარდა ადრეული ბავშვობიდანვე; იგივე უნდა ითქვას სხვათა შესახებ, განსაკუთრებით კი აბუ სალამაზე, მუჰამედის მამიდის, ბარას, ვაჟზე.

ეს ძლიერი მიზიდულობა, რომელსაც იწვევდა და რომლის ცენტრშიც იყო ამინი - ასე ეძახდნენ ახლა მუჰამედს - დიდად სცილდებოდა მის საკუთარ ოჯახს; და ხადიჯაც მასთან ერთად იყო ამ ცენტრში, იგი უყვარდათ, მას პატივს სცემდა ყველა, ვინც მიდიოდა დიდებულების ფართო წრეში, იმ წრეში, რომელიც ასევე შეიცავდა თვით ამ ქალის საკუთარ კავშირებს. მასთან განსაკუთრებით ახლოს იყო მისი და, ჰალა, რომლის ვაჟიც, სახელად აბუ ლ-‛ასი, სახლის ხშირი სტუმარი იყო. ხადიჯას ეს დისშვილი ისე უყვარდა, თითქოს მისი საკუთარი შვილი ყოფილიყოს. დროთა განმავლობაში - ვინაიდან მას ყოველთვის მიმართავდნენ დახმარებისათვის და ეკითხებოდნენ რჩევას - ჰალამ სთხოვა, ჭაბუკისათვის ცოლი ეპოვა ხადიჯას. როდესაც ეს უკანასკნელი ქმარს ესაუბრა ამ საკითხზე, მუჰამედმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პატარძალი უნდა ყოფილიყო მათი ქალიშვილი, ზეინაბი, რომელიც მალე მიაღწევდა გასათხოვებელ ასაკს; და, როდესაც დრო დადგა, ისინი დააქორწინეს.

ჰაშიმისა და მუტტალიბის - პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ ოჯახად მიჩნეულთა - იმედები მიმართული იყო მუჰამედისადმი მათი გავლენის აღსადგენად, რომელიც სულ უფრო იკლებდა. მაგრამ ყოველგვარ კლანურ ინტერესებს ზემოთ, კურეიშის მთავარმა პირებმა იგი მიიჩნიეს, როგორც იმ თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი, რომელიც მათ აღემატებოდა და რომელიც მათ შემდეგ განამტკიცებდა მთელი ტომის პატივსა და ძლიერებას მთელ არაბეთში. ალ-ამინს განუწყვეტლად აქებდნენ, ალბათ, სწორედ ამის გამო იყო, რომ აბუ ლაჰაბი ახლა მასთან მივიდა იმ წინადადებით, რომ რუკაჲჲა და უმმ ქულსუმი მის ვაჟებზე, ‛უთბასა და ‛უთაიბაზე, დანიშნულიყვნენ. მუჰამედმა თანხმობა განაცხადა, რადგანაც იგი კარგი აზრისა იყო ამ ორი ბიძაშვილის შესახებ. ნიშნობებიც შედგა.

დაახლოებით ამ დროს იყო, რომ უმმ აიმანი კიდევ ერთხელ გახდა მუჰამედის ოჯახის წევრი. არ არის აღრიცხული, ის დაბრუნდა, როგორც ქვრივი, თუ მას ქმარი გაეყარა. მაგრამ ეჭვი არ ჰქონია იმაში, რომ მისი ადგილი იქ იყო, და მუჰამედიც, თავის მხრივ, ზოგჯერ მიმართავდა, როგორც „დედას“, და მის შესახებ სხვებს ეუბნებოდა: „ესაა ის ერთადერთი, ვინც მე დამრჩა ჩემი ოჯახის წევრთაგან.“4

____________________

1. ი.ს. I/I, 71.

2. ასად იბნ ხუზაიმა, ტომი მექის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მისი ტერიტორია მდებარეობდა ნაჯდის ველის უკიდურეს ჩრდილოეთში. ის არ უნდა აგვერიოს კურეიშის ერთ-ერთ ოჯახში, რომელსაც ასევე ასადი ერქვა.

3. სახელი მიიღო ჰარბის მამის, უმაჲჲას, ‛აბდუ შამსის ძის, მიხედვით.

4. ი.ს. VII, 162.

14 XIV. ქა'აბას აღდგენა

▲ზევით დაბრუნება


ბოლოს აღნიშნულ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით მაშინ, როდესაც ‛ალი მიიყვანეს ოჯახში და მუჰამედი ოცდათხუთმეტი წლის იყო, კურეიშმა გადაწყვიტა ქა‛აბას შეკეთება-აღდგენა. რადგანაც, როგორც ის მაშინ იდგა, კედლები მხოლოდ ადამიანის სიმაღლის ჰქონდა და საერთოდ არ გააჩნდა სახურავი, რაც იმას ნიშნავდა, რომ თვით მაშინაც კი, როდესაც დაკეტილი იყო, შესვლა ადვილად შეიძლებოდა; ცოტა ხნის წინ მოი პარეს მისი განძეულობის რაღაც ნაწილი. ეს განძეულობა ჩალაგებული იყო ერთ სარდაფში, რომელიც ამოეთხარათ შენობის შიგნით მის შესანახად. მათ უკვე ჰქონდათ მთელი ხე-მასალა, რაც საჭირო იყო სახურავისათვის: ბერძენი ვაჭრის გემი გამოირიყა ნაპირზე ჯედდაში და ისე დაზიანდა, რომ მისი შეკეთება შეუძლებელი გახდა, ამრიგად, მათ წაიღეს ამ გემის ძე-მასალა (ძელები), რათა სახურავის კოჭებად გამოეყენებინათ; მოხდა ისე, რომ იმხანად მექაში იმყოფებოდა ერთი კოპტი, რომელიც გამოცდილი დურგალი გახლდათ.

მაგრამ მოწიწება ქა‛აბას წინაშე ისეთი დიდი იყო, რომ მერყეობდნენ და მას ხელს ვერ ადებდნენ. მათ გეგმად ჰქონდათ, დაენგრიათ მისი კედლები, რომლებიც ნაგები იყო არამჭიდრო ქვებით და თავიდან აეგოთ მტკიცედ, მაგრამ ეშინოდათ, რომ ეს მკრეხელობის დანაშაულად ჩამოერთმეოდათ, და მათი მერყეობა დიდად გაიზარდა უზარმაზარი გველის გამოჩენით, რომელმაც დაიწყო ყოველდღე ამოსვლა სარდაფიდან მზეზე ქა‛აბას კედლის პირდაპირ. თუ ვინმე მიუახლოვდებოდა, თავს წამოსწევდა და დაისისინებდა ფართოდ გაღებული ყბებით, ყველას ეშინოდა მისი. მაგრამ ერთ დღესაც, როდესაც მზეში თბებოდა, ღმერთმა მის წინააღმდეგ გამოგზავნა ანგელოზი, რომელმაც ხელი დასტაცა და მასთან ერთად გაფრინდა. ასე რომ, კურეიშელები ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ახლა შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ღმერთს მოსწონს ჩვენი განზრახვა. გვყავს ხელოსნები, ვინც გულით არიან ჩვენთან. და გვაქვს ხე; ღმერთმაც გვიხსნა გველისაგან.“

პირველი კაცი, ვინც ქვა აიღო ერთ-ერთი კედლის წვერიდან, იყო მახზუმელი აბუ ვაჰბი, ფატიმას, მუჰამედის ბებიის, ძმა; მაგრამ, როგორც კი ქვა აღებულ იქნა, ის იმავე წამში ხელიდან გაუსხლტა და თავის ადგილს დაუბრუნდა, ამიტომაც ყველანი წავიდნენ ქა‛აბადან, შეეშინდათ საქმის გაგრძელებისა. შემდეგ მახზუმის ბელადმა, ვალიდმა, აწ უკვე გარდაცვლილი მუღირას ძემ, აიღო წერაქვი და თქვა: „მე დავიწყებ თქვენთვის ნგრევას»; წავიდა ქა‛აბაში და თქვა: „ღმერთო, ნუ გეშინია, ჩვენ მხოლოდ კარგი გვსურს.“ ამის შემდეგ მან დაანგრია კედლის ნაწილი შავ ქვასა და იემენის კუთხეს შორის, ესე იგი სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი; მაგრამ დანარჩენი ხალხი უკან იდგა. „მოდი, დავიცადოთ და ვნახოთ,“ თქვეს მათ, „თუ ის დაისჯება, მეტს აღარ დავანგრევთ და კედელს აღვადგენთ ზუსტად ისე, როგორც იყო; მაგრამ, თუ ის არ დაისჯება, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი კმაყოფილია ჩვენი საქმით, და ჩვენ მას მთლიანად დავანგრევთ.“ ღამემ რაიმე უბედურების გარეშე ჩაიარა და ვალიდი ყოველ მეორე დილას ხელახლა იწყებდა საქმეს, ასე რომ, სხვებიც შეუერთდნენ. როდესაც კედლები სულ დაანგრიეს, ისინი დავიდნენ აბრაამის მიერ ჩაყრილ საძირკვლამდე. ეს იყო მომწვანო რიყის ქვები, როგორც აქლემის კუზი, ერთმანეთის გვერდით ჩალაგებული. ერთმა კაცმა ძალაყინი მოათავსა ამ ქვათაგან ორს შორის, რათა ერთერთი ამოეწია მაღლა; მაგრამ ქვის პირველი შეტოკებისთანავე ძლიერმა ძრწოლამ გადაურბინა მთელ მექას და მათ ეს აღიქვეს, როგორც ნიშანი, რომ საძირკველი ხელუხლებელი უნდა დაეტოვებინათ.

შავი ქვის კუთხის შიგნით მათ ი პოვეს სირიული ნაწერი. ის შეინახეს, რადგანაც არ იცოდნენ, რა იყო, სანამ ერთ-ერთმა ებრაელმა არ წაუკითხა: „მე ვარ ღმერთი, უფალი ბექასი, მე შევქმენი ის იმ დღეს, როცა შევქმენი ცანი და დედამიწა, იმ დღეს, როდესაც ფორმა მივეცი მზესა და მთვარეს, და მე მას გარს დავუყენე ხელშეუხებელი ანგელოზი. ის იმდენი ხანი იდგება, რაც მისი ორი გორაკი, კურთხეული თავისი ხალხისათვის რძითა და წყლით.“ მეორე ნაწერი აღმოჩნდა აბრაამის სადგომი ადგილის ქვემოთ. ეს ადგილი არის პატარა კლდე ქა‛აბას კართან, მასზე არის აბრაამის სასწაულებრივი ნატერფალი: „მექა ღმერთის წმინდა სახლია. მისი მხარდაჭერა მასზე სამი მხრიდან მოდის. ნუ იქნება პირველი მისი ხალხი, ვინც წაბილწავს მას.“

კურეიშმა ახლა მეტი ქვა მოაგროვა და იმას დაუმატა, რაც აქამდე იყო, რათა გაეზარდა შენობის სიმაღლე. ისინი განცალკევებით მუშაობდნენ, კლანებად, მანამდე, სანამ კედლები საკმარისად მაღალი იქნებოდა იმისათვის, რომ კუთხეში კიდევ ერთხელ ჩაესვენებინათ შავი ქვა. შემდეგ სასტიკი უთანხმოება ატყდა მათ შორის, რადგანაც ყოველ კლანს უნდოდა პატივი, რომ ის თავის ადგილას მოეთავსებინა. გამოუვალმა მდგომარეობამ ოთხ თუ ხუთ დღეს გასტანა და დაძაბულობამ იმ ზომამდე მიაღწია, რომ ალიანსები შეიქმნა და დაიწყეს ბრძოლისათვის მზადება, როდესაც მათში ყველაზე მოხუცმა შესთავაზა საქმის მოგვარება. „კურეიშის კაცნო,“ თქვა მან, „თქვენს შორის იმის მსაჯულად, რაზეც ვერ თანხმდებით, მიიღეთ პირველი, რომელიც ამ მეჩეთის კარიბჭის შიგნით შემოაბიჯებს.“1 ქა‛აბას გარშემო ადგილი იწოდებოდა მეჩეთად, არაბულად ეს არის მასჯიდ, თაყვანისცემის ადგილი, ვინაიდან ღმერთის თაყვანისცემის რიტუალი წმინდა სახლის მიმართულებით იქ სრულდებოდა აბრაამისა და ისმაელის დროიდან. ისინი შეთანხმდნენ, რომ მიიღებდნენ მოხუცი კაცის რჩევას; და პირველი, ვინც მეჩეთში შევიდა, იყო მუჰამედი, რომელიც ის-ის იყო, მექაში დაბრუნებულიყო თავისი არყოფნის შემდეგ. როდესაც მას შეხედეს, უეცარად და სპონტანურად მიხვდნენ, რომ ის ამ საქმისათვის სწორი პიროვნება იყო, და მის ჩამოსვლას მიესალმნენ შეძახილებითა და კმაყოფილი ჩურჩულით. „ეს ალ-ამინია,“ ამბობდნენ ზოგიერთები. „ჩვენ ველოდებით მისგან სამართალს,“ ამბობდნენ სხვები, „ეს მუჰამედია.“ როდესაც საქმის ვითარება აუხსნეს, მან თქვა: „ყოველმა კლანმა ხელი მოჰკიდოს გადასაფარებლის კიდეს.“ „შემდეგ ასწიეთ ის ყველამ ერთად.“ და, როდესაც საჭირო სიმაღლემდე აღმართეს, აიღო ქვა და საკუთარი ხელით მოათავსა კუთხეში; შენება განაგრძეს და მის ზემოთ ნაგებობა დაასრულეს.

_______________________

1. ი.ი. 125.

15 XV. პირველი გამოცხადებები

▲ზევით დაბრუნება


დიდი დრო არ გასულა მუჰამედის ავტორიტეტისა და მისიის ამ გარეგნული ნიშნის გამომჟღავნებიდან, რომ მან დაიწყო ძლიერ შინაგან ნიშანთა გამოცდა იმ ნიშნებზე დამატებით, რაც უკვე გაცნობიერებული ჰქონდა. როდესაც მათ შესახებ ეკითხებოდნენ, ის ლაპარაკობდა „ჭეშმარიტ ხილვებზე,“ რომლებიც მასთან მოდიოდა ძილის დროს, და ამბობდა, რომ ისინი იყო, როგორც „სინათლის გამოჩენა აისის ჟამს.“1 ამ ხილვებს უშუალო შედეგად მოჰყვა მარტოობა, რომელიც მისთვის ძვირფასი გახდა, და ის ხშირად მიდიოდა სულიერი განმარტოებისათვის გამოქვაბულში ჰირა'ის მთაზე, მექის მისადგომებთან ახლოს. ამაში არაფერი არ ყოფილა ისეთი, რაც გააკვირვებდა კურეიშს, როგორც განსაკუთრებით უცნაური რამ, რადგანაც განმარტოება ტრადიციულად მიღებული იყო ისმაელის შთამომავალთა შორის და ყოველ თაობაში იყო ერთი ან ორი, ვინც გავიდოდა განმარტოებულ ადგილას დროდადრო, რათა ჰქონოდა ისეთი პერიოდი, რომელიც არ იქნებოდა „დაბინძურებული“ ადამიანთა სამყაროს მიერ. ამ უძველესი ტრადიციის წესების თანახმად, მუჰამედს თან მიჰქონდა საგზალი და ღამეთა გარკვეულ რაოდენობას უძღვნიდა ღმერთის თაყვანისცემას. შემდეგ ის ბრუნდებოდა თავის ოჯახში და ზოგჯერ დაბრუნებისას კიდევ უფრო მეტ საგზალს იღებდა და ისევ მთისაკენ მიეშურებოდა. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ხშირად მომხდარა ისე, რომ მას შემდეგ, რაც ის ქალაქიდან გავიდოდა და უახლოვდებოდა თავისი განმარტოების ადგილს, ცხადად ესმოდა სიტყვები: „მშვიდობა იყოს შენზე, ღმერთის სიტყვის მატარებელო.“ 2 შებრუნდებოდა და ეძებდა მოსაუბრეს, მაგრამ არავინ ჩანდა, თითქოს ეს სიტყვები ხიდან ან ქვიდან მოდიოდა.

რამადანი განმარტოების ტრადიციული თვე იყო და ერთ ღამესაც რამადანის ბოლოს, როდესაც მუჰამედი ორმოცი წლის შესრულებულიყო და განმარტოებით იმყოფებოდა გამოქვაბულში, მასთან მივიდა ადამიანის ფორმის ანგელოზი. ანგელოზმა უთხრა: „წარმოთქვი!“ მან კი თქვა: „მე არა ვარ დეკლამატორი,“ ამის შემდეგ, როგორც თვითონ ყვებოდა, „ანგელოზმა ხელი მომკიდა და ძლიერად მომეხვია, სანამ ამას გავუძლებდი. შემდეგ გამიშვა და თქვა: „წარმოთქვი!“ მე ვუთხარი: „მე არა ვარ დეკლამატორი,“ და მან ისევ მომკიდა ხელი, ძალიან ძლიერად მომეხვია და, როდესაც ჩემი გამძლეობა ამოიწურა, მან გამიშვა და მითხრა: „წარმოთქვი!“, და მე ისევ ვუპასუხე, „მე არა ვარ დეკლამატორი.“ მაშინ მან მესამედაც ისევ ისე მომიჭირა, მერე გამიშვა და თქვა:

„წარმოთქვი სახელით შენი ღმერთისა, რომელმაც შექმნა! მან შექმნა ადამიანი სისხლის პატარა შენადედიდან. წარმოთქვი; და შენი უფალი ყველაზე გულუხვია, ის, ვინც ასწავლა კალმით, ადამიანს ასწავლა ის, რაც მან არ იცოდა.34

მუჰამედმა წარმოთქვა აღნიშნული სტროფი ანგელოზის შემდეგ, რომელმაც მალევე დატოვა; და იგი ყვებოდა: „ისე იყო, თითქოს ეს სიტყვები ჩემს გულზე ამოიტვიფრა.“ მაგრამ მას შეეშინდა, იქნებ მომხდარი იმას ნიშნავდა, რომ ის ჯინისაგან შთაგონებული პოეტი ანდა ბოროტი სულით შეპყრობილი გახდა? ასე რომ, გაიქცა გამოქვაბულიდან და, როდესაც მთის ფერდობის ნახევარი ჩავლილი ჰქონდა, თავის ზემოდან გაიგო ხმა, რომელიც ეუბნებოდა: „მუჰამედ, შენ უფლის სიტყვის მაუწყებელი ხარ და მე გაბრიელი ვარ.“ მან თვალები ზეცას მიაპყრო და იქ იყო მისი სტუმარი, ისევ ისე ნაცნობი, მაგრამ ახლა უფრო აშკარად ხილული ანგელოზი, რომელიც მთელ ჰორიზონტს ფარავდა, და მან ისევ თქვა: „მუჰამედ, შენ უფლის სიტყვის მაუწყებელი ხარ და მე გაბრიელი ვარ.“ წინასწარმეტყველი იდგა და შეჰყურებდა ანგელოზს, შემდეგ ის მისგან შებრუნდა, მაგრამ საითაც არ უნდა გაეხედა, ანგელოზიც იქ იყო ყოველთვის, ჰორიზონტის ყოველ მხარეს, ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით თუ დასავლეთით. საბოლოოდ ანგელოზი გაბრუნდა, წინასწარმეტყველი ფერდობიდან ჩამოვიდა და თავის სახლში წავიდა. „დამაფარე! დამაფარე!“5 უთხრა მან ხადიჯას, დაწვა რა ჯერ ისევ აჩქარებული მთრთოლვარე გულით თავის ტახტზე. შეშფოთებულმა ცოლმა მაშინვე მოუტანა გადასაფარებელი და გადაახურა, ოღონდ ვერ გაბედა, რაიმე ეკითხა. მაგრამ, როდესაც შიში და გაოგნება ცოტა დაიოკა, ცოლს უამბო, რაც ნახა და გაიგო. უთხრა რა გასამხნევებელი სიტყვები მუჰამედს, ხადიჯა წავიდა ამ ყველაფრის სათქმელად თავისი ბიძაშვილი ვარაკასათვის, რომელიც ახლა უკვე მოხუცებული ბრმა კაცი იყო. „წმინდაა! წმინდაა!“ თქვა მან, „იმისაგან, ვის ხელშიცაა ვარაკას სული, მუჰამედზე გადმოვიდა დიდებული ნამუსი,6 თვით ის, რომელიც მოსეს მოევლინა. მუჰამედი ნამდვილად თავისი ხალხის წინასწარმეტყვლია.“ ხადიჯა წავიდა სახლში და ეს სიტყვები გაუმეორა წინასწარმეტყველს, რომელიც ახლა უფრო დამშვიდებული გონებით დაბრუნდა გამოქვაბულში, რათა შეესრულებინა დღეთა რაოდენობა, რომელიც მარტოობაში უნდა მიეძღვნა ღმერთისათვის. როდესაც დაასრულა, იგი პირდაპირ ქა‛აბაში წავიდა, როგორც ჩვევა ჰქონდა, და შეუდგა გარშემო სიარულის რიტუალს, რის შემდეგაც მიესალმა მოხუც და ბრმა ვარაკას, რომელიც შეამჩნია იმათ შორის, ვინც მეჩეთში იჯდა; და ვარაკამ უთხრა: „მითხარი, ჩემო ძმისწულო, რაც ნახე და გაიგონე.“ წინასწარმეტყველმა ყველაფერი უამბო და მოხუცმა კაცმა ისევ გაუმეორა ის, რაც ხადიჯასთვის ჰქონდა ნათქვამი. მაგრამ ამჯერად მან დასძინა: „შენ მატყუარას გიწოდებენ, საშინლად მოგეპყრობიან, განგდევნიან და ომს გაგიმართავენ და, თუ მე იქამდე ვიცოცხლე, ღმერთმა იცის, რომ დახმარებას გავუწევ მის საქმეს.“7 შემდეგ იგი გადაიხარა მისკენ და შუბლზე აკოცა. წინასწარმეტყველი სახლში დაბრუნდა.

ხადიჯასა და ვარაკასაგან მიღებული დასტურს მოჰყვა დასტური ციდანაც მეორე გამოცხადების სახით. როგორი იყო ეს გამოცხადება, არ შემონახულა, მაგრამ, როდესაც მუჰამედს ჰკითხეს, რანაირად მოსდიოდა გამოცხადება, მან ორი გზა აღნიშნა: „ზოგჯერ ის ჩემზე გადმოდის, როგორც ზარის რეკვის ექო, და ეს ძნელია ჩემთვის; და ექო იკლებს, როდესაც მე ვიგებ მათ უწყებას. ზოგჯერ კი ანგელოზი იღებს ადამიანის ფორმას და მელაპარაკება, და მე მესმის, რასაც მეუბნება.“8

გამოცხადება მეორე ჯერზე დაიწყო ერთადერთი ასოთი, ეს არის უადრესი შემთხვევა იმ საიდუმლო ასოების გამოვლენისა, რომლებითაც ყურანის რამდენიმე უწყება იწყება. ასოს მოჰყვა საღვთო ფიცი, დადებული კალმისაგან, რაც უკვე იყო აღნიშნული პირველ გამოცხადებაში, როგორც პირველი საშუალება ღმერთის მიერ ადამიანისათვის თავისი სიბრძნის სწავლებისას. როდესაც ამ კალამზე ჰკითხეს, წინასწარმეტყველმა თქვა: „პირველი რამ, რაც ღმერთმა შექმნა, იყო კალამი. მან შექმნა დაფა და უთხრა კალამს: „დაწერე!“ და კალამმა უპასუხა: „რა უნდა დავწერო?“ მან თქვა: „დაწერე ჩემი ცოდნა ჩემი ქმნილებისა აღდგომის დღემდე.“ შემდეგ კალამმა მოხაზა, რაც ებრძანა.“9 კალმის ფიცს მოჰყვება მეორე ფიცი, იმის მიერ, რასაც ისინი წერენ: და იმას შორის, რასაც ისინი, ანუ ანგელოზები, წერენ ზეცაში ნაკლები კალმებით ნაკლებ დაფებზე, არის ყურანის ზეციური არქეტი პი, რომელსაც მომდევნო გამოცხადებები მოიხსენიებენ, როგორც დიდებულ წარმოთქმას (დეკლამაციას - არაბ. ქურ'āნ)10 ხელუხლებელ დაფაზე11 და წიგნის დედას.12 ორ ფიცს მოჰყვება ღვთიური დადასტურება:

ნუნი. კალმითა და იმით, რასაც ისინი წერენ, შენ არა ხარ შეშლილი შენი უფლის წყალობით შენზე, და შენი იქნება უხვი ჯილდო და, ჭეშმარიტად, შენი ბუნება განუზომელი სიდიადისაა (დიდებულებისაა).13

მას შემდეგ, რაც პირველი უწყება მოვიდა, დადგა სიჩუმის გარკვეული პერიოდი მანამდე, სანამ წინასწარმეტყველმა არ დაიწყო შიში, რომ რაღაცნაირად დაიმსახურა ზეცის წყრომა, თუმცა ხადიჯა გამუდმებით ეუბნებოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ბოლოს, როგორც იქნა, სიჩუმე დაირღვა და მოვიდა კიდევ ერთი დადსტურება, მასთან ერთად პირველი ბრძანებაც, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა მუჰამედის მისიას:

დილის ნათელში და ღამით, როდესაც სიჩუმეა, შენს უფალს არ მიუტოვებიხარ და არც ეჯავრები, და უკანასკნელი შენთვის უკეთესი იქნება, ვიდრე პირველი, და შენი უფალი მოგცემს და მოგცემს, და შენ კმაყოფილი იქნები. და მან ობოლი არ გპოვა და შეგიფარა, გზააბნეული არ გპოვა და სწორი გზა გიჩვენა, საჭიროებაში მყოფი არ გპოვა და გაგამდიდრა? ასე რომ, ობოლს ნუ დაჩაგრავ, მათხოვარს უარს ნუ ეტყვი და შენი უფლის გულუხვი მოწყალების გამო განაცხადე ის!14

_____________________

1. ბ.ი. 3.

2. ი.ი. 151.

3. ყ. XჩVI, 1-5.

4. ბ.ი. 3.

5. ბ.ი. 3.

6. ბერძნული სიტყვა ნომოს, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საღვთო კანონისა ან წერილისა, აქ შეესაბამება გამოცხადების ანგელოზს.

7. ი.ი. 153-4.

8. ბ.ი. 3.

9. თირ. 44.

10. სწორედ აქედან იღებს სახელწოდებას ღვთიური გამოცხადება, რომელსაც ეფუძნება ისლამი.

11. XXXV, 21-2.

12. XII, 39.

13. VIII, 1-4.

14. XჩIII.

16 XVI. ლოცვა (თაყვანისცემა)

▲ზევით დაბრუნება


წინა თავში აღნიშნული ბოლო ორი სიტყვის თანახმად, ახლა მუჰამედმა დაიწყო ანგელოზისა და გამოცხადებების შესახებ ლაპარაკი იმათთან, ვინც, ცოლის შემდეგ, ყველაზე ახლობელი და ძვირფასი იყვნენ მისთვის. მას ჯერ არ გააჩნდა მოთხოვნები, რომლებიც მათთვის უნდა წაეყენებინა, ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ეუბნებოდა, რომ მათ არ გაეხცადებინათ მისი საიდუმლო. მაგრამ ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდა: ერთ დღესაც მასთან მივიდა გაბრიელი მაღალ მიწაზე მექის მახლობლად, ქუსლი დაჰკრა გორაკის კორდს, საიდანაც წყარომ ამოხეთქა. მან ჩაატარა განწმენდის რიტუალი, რათა წინასწარმეტყველისათვის ეჩვენებინა, როგორ უნდა განეწმინდა თავი თაყვანისცემისათვის, და წინასწარმეტყველიც მიჰყვა მის მაგალითს. შემდეგ უჩვენა ლოცვის პოზები და მოძრაობები, დგომა, წინ გადახრა, დაჩოქება, ჯდომა განმეორებული დიდების შესხმით, ესე იგი სიტყვებით ალლაჰუ აქბარ, ღმერთი უდიდესია, და საბოლოო მისალმება ას-სალამუ ‛ალაიქუმ, მშვიდობა იყოს თქვენზე, და წინასწარმეტყველი ისევ მიჰყვა ანგელოზის მაგალითს. შემდეგ ანგელოზი წავიდა და წინასწარმეტყველი დაბრუნდა სახლში. მან ხადიჯას ასწავლა ყველაფერი, რაც თვითონ იხილა და ისინი ერთად ლოცულობდნენ.

ახლა სარწმუნოება დაეფუძნა განწმენდისა და ლოცვის რიტუალს; და ხადიჯას შემდეგ პირველები, ვინც ეს მიიღეს, იყვნენ ‛ალი და ზეიდი, აგრეთვე წინასწარმეტყველის მეგობარი, აბუ ბაქრი თაიმის კლანიდან. ‛ალი მხოლოდ ათი წლის იყო და ზეიდს კი ჯერ არ ჰქონდა გავლენა მექაში, მაგრამ აბუ ბაქრი მოსწონდათ და მას პატივს სცემდნენ, რადგანაც მან ბევრი რამ იცოდა, კარგი მანერები ჰქონდა და მასთან ურთიერთობა სასიამოვნო იყო. ბევრი მიდიოდა მასთან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რჩევისათვის და ახლა მან დაიწყო ჩუმად უწყება ყველა მათგანისათვის, ვისაც, გრძნობდა, რომ შეიძლებოდა ნდობოდა. ურჩევდა, გაჰყოლოდნენ წინასწარმეტყველს. ბევრი დადებითად გამოეხმაურა. იმ ადამიანთაგან, ვინც ყველაზე ადრე უპასუხა ამ მოწოდებას, იყო ორი, ზუჰრელი კაცი, ‛აბდუ ‛ამრი, ‛ავფის ძე, წინასწარმეტყველის დედის შორეული ნათესავი, და აბუ ‛უბაიდა, ალ-ჯარრაჰის ძე, ბანუ ჰარისიდან.

ამათგან პირველთან, ‛აბდუ ‛ამრთან, მიმართებაში მნიშვნელოვანი პრეცედენტი დამკვიდრდა. გამოცხადების ყველაზე გასაოცარ თვისებათაგან იყო ორი ღვთიური სახელი არ-რაჰმან და არ-რაჰიმ. სიტყვა რაჰ'მ, რომელიც არის რაჰ'იმ-ის (მოწყალე) ინტენსიური ფორმა, იმხანად ატარებდა მნიშვნელობას ძალიან, უკიდეგანოდ მოწყალისას. კიდევ უფრო ინტენსიური რაჰ'მან, იმ კონცეფციის არარსებობის გამო, რომელიც, შესაძლოა, მას მისადაგებოდა, საერთოდ აღარ იხმარებოდა. გამოცხადებამ აღადგინა ის ახალი სარწმუნოების ძირეული საჭიროების თანახმად. ეს საჭიროება იმაში გამოიხატებოდა, რომ რელიგიას უნდა ეცოცხლა ტრანსცენდენტურობის სიმაღლეებზე. არის რა იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე არ-რაჰიმ (ყოვლად მოწყალე), სახელი არ-რაჰმან მიემართება მოწყალების თვით არსს, ფუძეს, ღვთის ღვთიურობის უსასრულო მოწყალებას (სიყვარულს, კაცთმოყვარეობას), და ყურანი აშკარად აქცევს მას ალაჰის ეკვივალენტად: შესთხოვეთ ღმერთს (ალაჰს) ან შესთხოვეთ უსასრულოდ კარგს (არ-რაჰმან), რომელსაც არ უნდა შესთხოვოთ, მისია ყველაზე ლამაზი სახელები.1 ღვთიურობის ეს ეპითეტი მეტად ძვირფასი იყო წინასწარმეტყველისათვის და, ვინაიდან სახელი ‛აბდუ ‛ამრი, ‛ამრის მონა, მეტად წარმართული იყო, მუჰამედმა ახალ მორწმუნეს სახელი გადაუკეთა ‛აბდ არ-რაჰმანად, რაც უსასრულოდ კარგის მონას ნიშნავს. ‛ავფის ძე არ იყო ერთადერთი კაცი, რომელსაც მან ასე გადაუკეთა სახელი.

ყველაზე ადრეულ მოქცევათაგან ზოგიერთი თავდაპირველად გამოწვეული იყო ისეთი მიზეზებით, რომელთა მიწერაც შეუძლებელია ადამიანის რაიმე მცდელობისადმი, ხალხი დაერწმუნებინა. აბუ ბაქრი დიდი ხანია, რაც ცნობილი იყო მთელ მექაში თავისი უნარით, განემარტა სიზმრები; ერთ დილასაც მას მოულოდნელად ესტუმრა ხალიდი, ძლიერი შამსელის, სა‛იდ იბნ ალ-‛ასის, ძე. ახალგაზრდა კაცის სახე ჯერ კიდევ იმის ნიშნებს უჩვენებდა, რომ ცოტა ხნის წინ შეძრწუნებული იყო რაღაც შემაშინებელი გამოცდილების გამო; და მან სასწრაფოდ აუხსნა, რომ ღამით ნახა სიზმარი, რომელიც, იცოდა, რომ მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერ მიხვდა, რას ნიშნავდა. შეეძლო აბუ ბაქრს მისთვის ეთქვა ამ სიზმრის მნიშვნელობა? მას ესიზმრა, რომ იდგა დიდი უფსკრულის პირას, რომელშიც ცეცხლი ისე განივრად ბობოქრობდა, რომ ბოლო არ უჩანდა. შემდეგ მოვიდა მამამისი და ცდილობდა, შიგ ჩაეგდო; და, როდესაც ისინი ჭიდაობდნენ კიდეზე, მისი საშინელი შიშის დროს მან იგრძნო, რომ წელზე ვიღაცამ მჭიდროდ შემოხვია ხელი და უკან გაიყვანა, მიუხედავად მამამისის დიდი მცდელობებისა. როდესაც გარშემო მიმოიხედა, დაინახა, რომ მხსნელი იყო ალ-ამინი, მუჰამედი, ძე ‛აბდ ალლაჰისა, და იმ მომენტში გაიღვიძა. „სიხარულს გისურვებ,“ თქვა აბუ ბაქრმა, „კაცი, ვინც შენ გადაგარჩინა, უფლის მოციქულია, ასე რომ, გაჰყევი მას - რადგანაც, თუ გაჰყვები, მისი მეშვეობით შეხვალ ისლამში, რომელიც შენ დაგიცავს ცეცხლში ჩავარდნისაგან.“ ხალიდი პირდაპირ წინასწარმეტყველთან წავიდა და, უთხრა რა თავისი სიზმრის შესახებ, ჰკითხა, რა იყო მისი უწყება და რა უნდა გაეკეთებინა. წინასწარმეტყველმა მას ყველაფერი აუხსნა და ხალიდმა ისლამი მიიღო, რაც საიდუმლოდ შეინახა თავისი ოჯახისაგან. 2

დაახლოებით ამ დროს იყო, რომ სხვა კაცი ‛აბდუ შამსიდან, ვაჭარი, როდესაც სახლში ბრუნდებოდა სირიიდან, ერთ ღამეს გამოაღვიძა ხმამ, რომელიც უდაბნოში იძახდა: „მძინარენო, გაიღვიძეთ, რადგანაც, ჭეშმარიტად, აჰმადი მოვიდა მექაში.“ ვაჭარი იყო ‛უსმანი, ძე უმაიანი ‛აფფანისა, და დედის მხრიდან შვილიშვილი ‛აბდ ალ-მუტტალიბის ერთერთი ქალიშვილის, უმმ ჰაქიმ ალ-ბაიდასი, რომელიც წინასწარმეტყველს მამიდად ერგებოდა. სიტყვები გულში ჩასწვდა, თუმცაღა არ იცოდა, რას ნიშავდა «მოვიდა», ვერც მუჰამედის (ქებულის) აღმატებითი ხარისხიშეიცნო სიტყვა აჰმადში (ყოვლად ქებულში). მაგრამ, სანამ მექამდემივიდოდა, მას დაეწია თაიმელი კაცი, სახელად ტალჰა, აბუ ბაქრისბიძაშვილი; და ტალჰამ გამოიარა ბოსტრაში, სადაც ბერმა ჰკითხა, აჰმადიუკვე გამოჩნდა თუ არა წმინდა ადგილის ხალხთა შორის. „ვინ არისაჰმადი?“ იკითხა ტალჰამ. „‛აბდ ალ-მუტტალიბის ვაჟის, ‛აბდ ალლაჰის,ძე,“ უპასუხა ბერმა, „ახლა მისი თვეა, რომელშიც უნდა გამოჩნდეს;და იგი უკანასკნელია წინასწარმეტყველთაგან.“ ტალჰამ ეს სიტყვები‛უსმანს გაუმეორა, რომელმაც, თავის მხრივ, საკუთარ გამოცდილებაზეუამბო, და დაბრუნებისას ტალჰამ შესთავაზა, რომ წასულიყვნენ მისბიძაშვილ აბუ ბაქრთან, რომელიც ცნობილი იყო, როგორც უახლოესიმეგობარი იმ კაცისა, ვისაც ახლა მათ გონებაში ყველაზე მთავარიადგილი დაეკავებინა. ასე რომ, ისინი მივიდნენ აბუ ბაქრთან და, როდესაცუთხრეს, რაც გაიგეს, მან ისინი მაშინვე წინასწარმეტყველთან წაიყვანა,რათა მისთვის გაემეორებინათ ბერისა და უდაბნოს ხმის სიტყვები. ამისშემდეგ მათ მიიღეს სარწმუნოება.

მეოთხე მოქცევა, არანაკლებ შთამბეჭდავი, ვიდრე აქამდემოხსენიებულნი, იმით, თუ რანაირად მოხდა, იყო ‛აბდ ალლაჰ იბნ მას‛უდისა,ზუჰრას ახალგაზრდა მოკავშირისა. აი, როგორ ყვებოდა ამას თვითონ: „მემაშინ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, ის-ის იყო, რაც კაცობაში შევედი,და ვმწყემსავდი ‛უკბა იბნ აბი მუ‛აითის ფარებს, როდესაც ერთ დღესწინასწარმეტყველმა და აბუ ბაქრმა ჩამიარეს. წინასწარმეტყველმა მკითხა,თუ მქონდა ცოტაოდენი რძე, რომ მათთვის დამელევინებინა. მე ვუპასუხე,რომ ფარები ჩემი კი არ იყო, არამედ ჩემს ზრუნვას მონდობილი, და მე არშემეძლო მათთვის დასალევის მიცემა. წინასწარმეტყველმა თქვა: „გყავსშენ ახალგაზრდა დედალი ცხვარი, რომელსაც არასოდეს შეხებია მამალი?“ მე ვუთხარი, რომ მყავდა, და ის მათ მივუყვანე. წინასწარმეტყველმა დააბა,ხელი დაადო ცურზე და ილოცა, რის შემდეგაც ცური რძით გაიბერა. აბუბაქრმა მოიტანა ქვა, რომელიც სასმისის მსგავსად იყო ჩაღრმავებული.წინასწარმეტყველმა ცხვარი მასში მოწველა და ჩვენ ყველამ დავლიეთ.შემდეგ ცურს უთხრა: „გაშრი,“ და ის გაშრა.“3 რამდენიმე დღის შემდეგ‛აბდ ალლაჰი წინასწარმეტყველთან მივიდა და ისლამი მიიღო. სულ მალე მისგან სამოცდაათი სურა4 ისწავლა ზეპირად, რადგან ამ საქმეშიგამორჩეულად ნიჭიერი იყო; ასევე მოკლე დროში გახდა იგი ყურანისერთ-ერთი ყველაზე კარგი და ავტორიტეტული დეკლამატორი.

წინასწარმეტყველი იტანჯებოდა ზეციდან სიჩუმის პერიოდით,მიუხედავად იმისა, რომ მისი სული ჯერ კიდევ გაოგნებული დაშეშფოთებული იყო ღვთიური სიტყვის უდიდესი ზეგავლენით, რაც მიიღოდა თავისთავად გამომჟღავნდა იმ აიაში, რომელიც მაშინ ჯერ კიდევარ იყო გამოცხადებული: ეს ყურანი მთისთვის რომ გარდმოგვევლინა,ნახავდი, რომ დაიწყებდა მის ქადაგებას მორჩილად, ღმერთისადმი შიშისგამო.5 იმპულსი, რომელმაც უკარნახა, ეყვირა „დამაფარე, დამაფარე,“ კიდევმოდიოდა მასთან ხანდახან; ერთ ღამესაც, როდესაც ის გადასაფარებელშიიყო გახვეული, მის სიმარტოვეს თავს დაატყდა ღვთიური ბრძანება, კიდევუფრო მკაცრი და სასწრაფო, ვიდრე რომელიმე, აქამდე მიღებული, და რომელიც მას ავალებდა, გაეფრთხილებინა ხალხი განკითხვის დღის შესახებ: შენ, რომელიც შენს გადასაფარებელში გახვეულხარ, ადექი და გააფრთხილე! ადიდე შენი ღმერთი! შენი სამოსი განწმინდე! თავი აარიდე უწმინდურობას! . . . რადგანაც, როდესაც საყვირს ჩაბერავენ, ეს იქნება ტანჯვის და არა შვების დღე ურწმუნოთათვის.6 მეორე ღამესაც ის მალევე ააყენა კიდევ მეტმა ბრძანებებმა, რომლებიც მას ეუბნებოდა იმ თაყვანისცემის ინტენსიურობის შესახებ, რასაც ელოდნენ მისგან და მისი მიმდევრებისაგან, და ეს სრულად ადასტურებდა იმ დიდი პასუხისმგებლობის ტვირთის გაცნობიერებას, რომელიც მას უნდა დაკისრებოდა: შენ, ვინც გახვეული ხარ შენს სამოსში, იფხიზლე მთელი ღამე, გარდა მცირე მონაკვეთისა, ნახევარი ღამე ან ნახევარზე ცოტა ნაკლები, ან მოუმატე მას, და ზრუნვითა და სიცხადით იგალობე ყურანი. ჩვენ ჭეშმარიტად მოვავლენთ შენში დიდებული წონის სიტყვას.7 იმავე პასაჟში იყო აგრეთვე ბრძანება: და მიმართე მეხსიერებით შენი უფლის სახელს და თავი მიანდე მას სრული თავდადებით. ღმერთი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა - არ არსებობს მის გარდა სხვა ღმერთი. ასე რომ, ის მიიღე, მასზე მოათავსე შენი იმედი!8 მოვიდა სხვა გამოცხადებებიც, უფრო ნაზი ტონისა, რომლებიც ადასტურებდნენ და აძლიერებდნენ იმ მოწმობებს, რომლებიც უკვე მიეცა წინასწარმეტყველს; და ერთხელაც ანგელოზმა, რომელიც, როგორც წესი, მხოლოდ მისთვის იყო ხილული, უთხრა: „გადაეცი ხადიჯას მშვიდობის მისალმებანი თავისი უფლისაგან.“ ასე რომ, მან ხადიჯას უთხრა: „ხადიჯა, აქ გაბრიელია, რომელიც სალამს გაძლევს მშვიდობით შენი უფლისაგან.“ და, როდესაც ხადიჯამ შეძლო ეპოვა სიტყვები, რომ ელაპარაკა, უპასუხა: „ღმერთი მშვიდობაა და მისგანაა მშვიდობა და გაბრიელზეც იყოს მშვიდობა!“9

ახალი სარწმუნოების პირველი მიმდევრები წინასწარმეტყველისადმი მიმართულ ბრძანებებს ისე იღებდნენ, როგორც მათდამი მიმართულს, ასე რომ, მის მსგავსად, ისინიც ხანგრძლივად იყვნენ მღვიძარებაში. რაც შეეხება ლოცვის რიტუალს, ყურადღებას აქცევდნენ არა მხოლოდ იმას, რომ შეესრულებინათ განწმენდა ამ ლოცვისათვის მოსამზადებლად, არამედ იმასაც, რომ დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ თავიანთი ტანსაცმლის სისუფთავეში, ის თავისუფალი უნდა ყოფილიყო ყოველგვარი უწმინდურობისაგან. სწრაფად სწავლობდნენ ზეპირად ყველაფერს, რაც გაცხადდებოდა ყურანიდან, რათა შეძლებოდათ, წარმოეთქვათ, როგორც ნაწილი თავიანთი თაყვანისცემისა. გამოცხადებები ახლა უფრო ვრცლად მოდიოდა. ისინი დაუყოვნებლივ გადაეცემოდა წინასწარმეტყველის მიერ მათ, ვინც მასთან იყო, შემდეგ პირიდან პირში გადადიოდა, მათ იმახსოვრებდნენ და წარმოთქვამდნენ - ეს იყო გრძელი და სწრაფად მზარდი ლიტანია, რომელიც საუბრობდა ყველგვარი მიწერის ეფემერულობაზე, სიკვდილზე, აღდგომისა და დიდი სამსჯავროს გარდაუვალობზე, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ჯოჯოხეთი ან სამოთხე. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ლაპარაკობდა ღმერთის დიდებაზე, მის განუყოფელ ერთობაზე, მის სიმართლეზე, სიბრძნეზე, სიკეთეზე, მოწყალებაზე, სიუხვესა და ძალაზე; და სულ უფრო ფართოდ განუწყვეტლივ მიუთითებდა მის ნიშნებზე, ბუნების სასწაულებზე, მათ საოცრად ჰარმონიულ თანაარსებობასა და ქმედებაზე, რომელიც ასე მჭევრმეტყველურად ადასტურებდა ერთადერთობას მათიერთადერთი შემქმნელისას. ჰარმონია არის ერთობის ნიშანი სიმრავლეზედა ყურანი ყურადღებას მიაპყრობს ამ ჰარმონიას, როგორც ადამიანისმედიტაციის თემას.

როდესაც მათ მტრულად განწყობილ ურწმუნოთა ყოფნა არუშლიდა ხელს, მორწმუნენი ერთმანეთს ესალმებოდნენ იმ სიტყვებით,რომლებიც წინასწარმეტყველს გაბრიელმა მისცა, როგორც სამოთხისხალხს: „მშვიდობა იყოს თქვენზე!“, რაზეც პასუხია: „და თქვენზეიყოს მშვიდობა!“, მრავლობითი რიცხვი აქ იმიტომ იხმარება, რომ ისგულისხმობს იმ ადამიანის ორ მფარველ ანგელოზსაც, რომელსაცესალმებიან. თავის მიძღვნისა და სამადლობელი ლოცვების შესახებგამოცხადებული აიები სულ უფრო მეტ როლს თამაშობდა მათცხოვრებასა და მსოფლმხედველობაში. ყურანი მოითხოვს, ადამიანსჰქონდეს მადლიერების შეგრძნება, და ეს სამადლობელი საკრამენტი იმასნიშნავდა, რომ უნდა თქმულიყო: დიდება ღმერთს, სამყაროთა მეუფეს; მაშინ,როდესაც თავის მიძღვნა იგულისხმებოდა, უნდა თქმულიყო: სახელითაალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა. ეს იყო პირველი აია ყურანის ყოველისურისა10 და, მისდევდნენ რა წინასწარმეტყველის მაგალითს, ისინი ამფორმულას იყენებდნენ ყურანის ნებისმიერი წარმოთქმის დასაწყისში,შემდგომ უფრო მეტიც, ნებისმიერი რიტუალის დასაწყისში და შემდეგ კიუფრო მეტადაც - ნებისმიერი ქმედებისა და ინიციატივის დასაწყისშიც.მათ იცოდნენ, რომ რელიგიისათვის მიუღებელი იყო რაიმე ბილწი დაწარმართული.

__________________________

1. XVII, 110. ამის შემდეგ მოწყალების სახელები პირდაპირ იქნება მოცემული, როგორც „კარგი, მწყალობელი,“ რათა, არაბულის მსგავსად, ერთი სიტყვა გვქონდეს. ისინი აბსოლუტს (ღმერთს) აღნიშნავენ. იგივე ეხება სხვა ღვთიურ ეპითეტებსაც.

2. ი.ს. IV/I, 68.

3. ი.ს. III/I, 107.

4. ყურანი შედგება 114 არათანაბარი ზომის სურისაგან. ყველაზე გრძელ სურას აქვს 285 მუხლი (აია), ყველაზე მოკლეს კი მხოლოდ სამი.

5. IX, 21. უცაბედი გადასვლა პირველიდან მესამე პირზე ჩვენ...

ღმერთი, ხშირია ყურანში.

6. XXIV, 1-10.

7. XXIII, 1-5.

8. XXIII, 8-9.

9. ი.ჰ. 156.

10. მხოლოდ ერთი სურა, IX, იწყება მოწყალების ეპითეტთა დასახელების გარეშე, მაგრამ ამ დროისათვის ის ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული.

17 XVII. „გააფრთხილე შენი ოჯახი“

▲ზევით დაბრუნება


ისლამისადმი საჯარო მოწოდებები ჯერ არ იყო გაკეთებული, მაგრამ არსებობდა აშკარად მზარდი ჯგუფი თავდადებული მორწმუნეებისა და ინტენსიური თაყვანისმცემლებისა, როგორც ქალებისა, ასევე კაცებისა, მათი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. იმ პირველთა შორის, ვინც მოვიდნენ, მათ გარდა, რომლებიც უკვე მოვიხსენიეთ, იყვნენ წინასწარმეტყველის ბიძაშვილები, ჯა‛ფარი და ზუბაირი; შემდეგ მოვიდნენ სხვა ბიძაშვილები, მისი და მათი მამიდის, უმაიმას, ვაჟები, ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯაჰში და მისი ძმა, ‛უბაიდ ალლაჰი, და მათი დეიდის, ბარრას, ვაჟი, აბუ სალამა. იყო ასევე ორი ბიძაშვილი დედის მხრიდან, სა‛დი, აბუ ვაკკასის ძე ზუჰრადან, და მისი უმცროსი ძმა, ‛უმარი. მაგრამ წინასწარმეტყველის ოთხი ბიძიდან არც ერთი არ ამჟღავნებდა რაიმე მიდრეკილებას, მას გაჰყოლოდა: აბუ ტალიბი არ ეწინააღმდეგებოდა, რომ მისმა ორმა ვაჟმა, ჯა‛ფარმა და ‛ალიმ, ისლამი მიიღეს, მაგრამ საკუთარ თავზე ის ამბობდა, რომ მზად არ იყო, უარეყო მამა-პაპის სარწმუნოება; ‛აბბასი ეშმაკურად არიდებდა თავს ამ ყველაფერს, ჰამზას კი უბრალოდ არ ესმოდა, თუმცა ორივე არწმუნებდა მუჰამედს თავის ურყევ სიყვარულში პირადად მის მიმართ. ხოლო აბუ ლაჰაბი უბრალოდ ამჟღავნებდა თავის დარწმუნებულობას იმაში, რომ მისი ძმისშვილი თავს იტყუებდა, თუ არა უარესი, კერძოდ ის, რომ იგი სხვებს ატყუებდა.

მას შემდეგ, რაც გამოეცხადა აია: გააფრთხილე შენი ოჯახი, ისინი, ვინც შენი ყველაზე ახლობლები არიან, წინასწარმეტყველმა თავისთან მიიხმო ‛ალი და უთხრა: „ღმერთმა მიბრძანა, გავაფრთხილო ჩემი ოჯახი, ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები, მაგრამ ეს საქმე ჩემს ძალებს აღემატება. გაამზადე საჭმელი, ცხვრის ბარკალი, და შეავსე ჭურჭელი რძით, და შეკრიბე ერთად ბანუ ‛აბდ ალ-მუტტალიბი, რათა შევძლო ვუთხრა, რაც მებრძანა.“ ‛ალიმ გააკეთა ზუსტად ისე, როგორც მუჰამედმა უთხრა, არც მეტი, არც ნაკლები, და ჰაშიმის კლანის უმეტესობა მივიდა სუფრაზე, დაახლოებით ორმოცი კაცი. „როდესაც ისინი შეიკრიბნენ,“ ყვებოდა „ალი, „წინასწარმეტყველმა მითხრა, შემეტანა საჭმელი, რომელიც მათთვის გავამზადე. შემდეგ მან აიღო ხორცის ნაჭერი, მოაკბიჩა და უკან დადო თეფშზე, თან თქვა: „აიღეთ ღვთის სახელით.“ კაცებმა რიგრიგობით ჭამეს, რამდენჯერმე, მანამდე, სანამ უკვე აღარავის შეეძლო მეტის ჭამა. მაგრამ,“ ყვებოდა ‛ალი, „მე ვერ შევამჩნიე ვერავითარი ცვლილება საჭმელს, გარდა იმისა, რომ ის გადაადგილდებოდა კაცთა ხელში, და, ვფიცავ ჩემს სიცოცხლეს, იქ მხოლოდ ერთი კაცი რომ ყოფილიყო, მხოლოდ ის შეჭამდა და გაათავებდა იმას, რაც მათ წინ დაიდო. შემდეგ წინასწარმეტყველმა თქვა: „მიეცი მათ სასმელი“, და მეც მივუტანე ჭურჭელი, და ყველამ დალია, სანამ წყურვილს მოიკლავდა, თუმცაღა მხოლოდ ერთი კაციც დააცარიელებდა იმ სასმისს. მაგრამ, როდესაც წინასწარმეტყველი აპირებდა, მათთვის მიემართა, აბუ ლაჰაბმა დაასწრო და თქვა: „თქვენმა მასპინძელმა მოგაჯადოვათ“, რის შემდეგაც ისინი დაიშალნენ, სანამ მუჰამედი რაიმეს თქმას მოახერხებდა.“

მეორე დღეს წინასწარმეტყველმა ‛ალის უთხრა, ზუსტად ისე გაეკეთებინა, როგორც წინა დღეს. ამგვარად, კიდევ ერთი ანალოგიური სუფრა გამზადდა და ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც წინა ჯერზე, გარდა იმისა, რომ წინასწარმეტყველი ყურადღებით იყო და მომზადებული, რათა აუცილებლად მიემართა მათთვის. „‛აბდ ალმუტტალიბის ძენო,“ თქვა მან, „მე არ ვიცნობ არც ერთ არაბს, რომელიც თავის ხალხთან მოსულიყოს იმაზე უფრო დიდებული უწყებით, ვიდრე ეს ჩემი უწყებაა. მე თქვენ გაძლევთ საუკეთესოს ამ სამყაროდანაც და მომავალი სამყაროდანაც. ღმერთმა მიბრძანა, მისკენ მოგიწოდოთ. მაშ, რომელი თქვენგანი დამეხმარება ამაში და იქნება ჩემი ძმა, ჩემი აღმასრულებელი და ჩემი მომდევნო თქვენს შორის?“ მთელ კლანში სიჩუმე ჩამოწვა. ჯა‛ფარსა და ზეიდს, ორივეს შეეძლოთ ლაპარაკი, მაგრამ მათ იცოდნენ, რომ მათი მუსლიმობა ეჭვქვეშ არ იდგა და ამ ყველაფრის მიზანი ახლა სხვათა მოქცევა იყო. მაგრამ, როდესაც დუმილი გაგრძელდა და არ დაირღვა, ოცდაათი წლის ‛ალიმ იგრძნო ბიძგი საიმისოდ, რომ დაელაპარაკა, და თქვა: „ღმერთის მოციქულო, მე ვიქნები შენი დამხმარე ამაში.“ წინასწარმეტყველმა კისერზე დაადო ხელი ‛ალის და თქვა: „ესაა ჩემი ძმა, ჩემი აღმასრულებელი და ჩემი მომდევნო თქვენს შორის. ყური დაუგდეთ და დაემორჩილეთ მას.“ კაცები ფეხზე წამოდგნენ, იცინოდნენ და აბუ ტალიბს ეუბნებოდნენ: „ის გიბრძანებს, საკუთარ ვაჟს უსმინო და დაემორჩილო.“ 1

რაც შეეხება წინასწარმეტყველის მამიდებს, საფიჲჲა არ მერყეობდა, მას გაჰყოლოდა, როგორც ეს მისმა ვაჟმა გააკეთა, მაგრამ მისი ხუთი და გადაუწყვეტაობაში იყო. არვას დამოკიდებულება ტი პიური იყო ყოველი მათგანისათვის: „მე ვიცდი იმის დასანახად, რას გააკეთებენ ჩემი დები,“ ამბოდა ის. მეორე მხრივ, მისი ბიცოლა, უმმ ალ-ფადლი, მერყევი ‛აბბასის მეუღლე, იყო პირველი ქალი ხადიჯას შემდეგ, რომელმაც ისლამი მიიღო. მალე მან შეძლო, მუჰამედთან მიეყვანა თავის დათაგან სამი, ერთი ღვიძლი და, ორი კი ნახევარი და, სალმა და ასმა'ი. ეს სწორედ უმმ ალ-ფადლის ოჯახი იყო, სადაც მოექცა ჯა‛ფარი, და იქვე გაიცნო და შეუყვარდა ასმა'ი, რომელიც ცოტა ხნის წინ ცოლად შეირთო; ჰამზამ კი მოიყვანა მისი და, სალმა. ერთ-ერთი პირველ მოქცეულთაგან იყო უმმ აიმანიც. წინასწარმეტყველმა მასზე თქვა: „ვისაც უნდა, შეირთოს ქალი სამოთხის ხალხიდან, მოიყვანოს უმმ აიმანი.“2 ეს შენიშვნა გაიგო ზეიდმა, რომელმაც ყოველივე ძალიან ახლოს მიიტანა გულთან. ქალი გაცილებით უფროსი იყო, ვიდრე ჭაბუკი, მაგრამ ამას არ გადაურწმუნებია ახალგაზრდა კაცი. იგი თავისი მოსაზრების შესახებ დაელაპარაკა წინასწარმეტყველს, რომელმაც რაიმე სირთულის გარეშე დაარწმუნა უმმ აიმანი, დათანხმებოდა ამ ქორწინებას. მან ზეიდს გაუჩინა ვაჟი, რომელსაც უსამა დაარქვეს. ბიჭი ისე გაიზარდა, როგორც წინასწარმეტყველის შვილიშვილი, რომელიც ძალიან უყვარდა.

_______________________

1. ტაბ. 1171.

2. ი.ს. VII, 162.

18 XVIII. კურეიში მოქმედებას იწყებს

▲ზევით დაბრუნება


ისლამის ამ ადრეულ დღეებში წინასწარმეტყველის მეგობრები (კომპანიონები) ხშირად გადიოდნენ ხოლმე ჯგუფებად მექის გარშემო მთებში მდებარე ვიწრო დაბლობზე (ზეგანზე), სადაც შეძლებდნენ სარიტუალო ლოცვის შესრულებას ერთად ისე, რომ ვერავინ დაინახავდა. მაგრამ ერთ დღესაც კერპთაყვანისმცემლების რაღაც რაოდენობა მივიდა მათთან, როდესაც ისინი ლოცულობდნენ. მათ უხეშად შეაწყვეტინეს ლოცვა დაცინვით. საბოლოოდ მოხდა შეტაკება, ზუჰრელმა სა‛დმა ერთერთ ურწმუნოს დაარტყა აქლემის ყბის ძვალი და დაჭრა. ეს იყო პირველი სისხლი, დაღვრილი ისლამში. მაგრამ ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, თავი შეეკავებინათ ძალადობისაგან, სანამ ღმერთი არ გადაწყვეტდა სხვაგვარად, რადგანაც გამოცხადება განუწყვეტლივ მოუწოდებდა წინასწარმეტყველსა და, შესაბამისად, მათაც, მოთმინებისაკენ. მოთმინებით მიიღეთ, რასაც იტყვიან, და თავაზიანად განშორდით მათ,1 აგრეთვე: ლმობიერად მოეპყარით ურწმუნოებს, ჯერ ვადა მიეცით მათ.2

ძალადობის ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო ორივე მხრიდან, რადგანაც კურეიში მთლიანობაში განწყობილი იყო საიმისოდ, რომ შეეწყნარებინა ახალი სარწმუნოება თუნდაც მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ღიად განაცხადა მის შესახებ, მანამდე, სანამ დაინახეს, რომ ის მიმართული იყო მათი ღმერთების, პრინცი პებისა და დამკვიდრებული ტრადიციების წინააღმდეგ. როგორც კი მათ ეს გაიაზრეს, ზოგიერთი დაწინაურებული კაცი თვითონ მივიდა აბუ ტალიბთან და კატეგორიულად მოითხოვა, მას შეეზღუდა თავისი ძმისშვილის მოღვაწეობა. მან ისინი შემრიგებლური პასუხით გაისტუმრა, მაგრამ, როდესაც ნახეს, რომ არაფერი არ გააკეთა, ისინი ისევ მივიდნენ მასთან და უთხრეს: „აბუ ტალიბ, შენ მაღალი და პატივცემული მდგომარეობა გაქვს ჩვენს შორის და ჩვენ გთხოვეთ, კონტროლის ქვეშ გყოლოდა შენი ძმისშვილი, მაგრამ ასე არ გააკეთე. ღმერთმანი, ვერ მოვითმენთ, რომ ჩვენი მამები შეურაცხყოფილ იყვნენ, ჩვენი გზები დაცინული, ხოლო ჩვენი ღმერთები წაბილწული. ან აიძულე, შეჩერდეს, ან არა და ორივეს შეგებრძოლებით.“ შემდეგ მათ დატოვეს ის და მან, დიდ შეჭირვებაში მყოფმა, დაიბარა თავისი ძმისშვილი და მოუყვა, როგორ დააშინეს, და თქვა: „ჩემო ძმისშვილო, დამინდე მეც და დაინდე შენი თავიც. ნუ დამადებ იმაზე უფრო მძიმე უღელს, ვიდრე იმას, რომლის აწევაც შემიძლია.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „ვფიცავარ ღმერთს, მარჯვენა ხელში მზე რომ ჩამიდონ და მარცხენაში მთვარე იმ პირობით, რომ მე მივატოვო ეს გზა, ვიდრე მას ის (ღმერთი) გამარჯვებულად არ აქცევს, თუნდაც დავიღუპო, არ გადავუხვევ.“ შემდეგ, თვალებზე ცრემლმორეული, ფეხზე წამოდგა და წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ ბიძამ დაუძახა, უკან მიაბრუნდა და უთხრა: „ჩემო ძმისშვილო, წადი და ილაპარაკე, რაც გსურს, რადგანაც, ღმერთმანი, მე არასოდეს მიგატოვებ შენ არავითარ შემთხვევაში.“

როდესაც მათ ნახეს, რომ მათმა სიტყვებმა მიზანს ვერ მიაღწია აბუ ტალიბთან, კურეიში მაინც მერყეობდა, მის ძმისშვილს პირდაპირ დასხმოდა თავს, რადგანაც, როგორც კლანის უფროსს, აბუ ტალიბს ჰქონდა ძალაუფლება ხელშეუხებლობის გარანტიის მიცემისა და მექაში ყველა სხვა კლანის უფროსის ინტერესებში შედიოდა, უფროსობის ეს უფლებები სრულად ყოფილიყო დაცული. ასე რომ, ჯერ-ჯერობით თავი შეიკავეს, რათა უფრო ფართო დევნა მოეწყოთ ახალი სარწმუნოების იმ მიმდევართათვის, რომლებსაც არ გააჩნდათ არავინ, ვინც მათ დაიცავდა.

ამასობაში მოითათბირეს, ეცადათ ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება მათ საწუხარ საკითხთან მიმართებაში. სიტუაცია სულ უფრო მძიმდებოდა: პილიგრიმობის დრო ახლოვდებოდა და მალე მექაში ჩავიდოდა ხალხი მთელი არაბეთიდან. კურეიშს ძალიან კარგი რეპუტაცია ჰქონდა, როგორც მასპინძელს, არა მხოლოდ საკვებისა და სასმლის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ყოველ ადამიანს კარგად ხვდებოდნენ, თვით მომლოცველსაც და მის ღმერთებსაც. მაგრამ წელს პილიგრიმები მოისმენდნენ, როგორ შეურაცხყოფდნენ მუჰამედი და მისი მიმდევარნი მათ ღმერთებს, და ისინი მოწოდებული იქნებოდნენ, მიეტოვებინათ თავიანთ მამაპაპათა სარწმუნოება და მიეღოთ ახალი რელიგია, რომელსაც, როგორც ჩანს, ბევრი არასასურველი რამ ჰქონდა. უეჭველია, ბევრი მათგანი ხელმეორედ აღარ მოვიდოდა მექაში, რაც ცუდი იქნებოდა არა მხოლოდ ვაჭრობისათვის, არამედ ასევე შეამცირებდა პატივს, რომელშიც წმინდა ადგილის მცველნი ახლა იმყოფებოდნენ. უარეს შემთხვევაში არაბები, შესაძლოა, გაერთიანებულიყვნენ, რათა კურეიში გაეძევებინათ მექიდან და დაემკვიდრებინათ სხვა ტომი ან ტომთა ჯგუფი მათ მაგიერ - ზუსტად ისე, როგორც თვითონ მოექცნენ მანამდე ხუზა‛ას, ხოლო ხუზა‛ა კი ჯურჰუმს. ამიტომაც აუცილებელი იყო, სტუმრად მოსული არაბებისათვის ეთქვათ, რომ მუჰამედი სულაც არ იყო კურეიშის წარმომადგენელი. ადვილი იყო მისი წინასწარმეტყველობის უარყოფა, ამისათვის საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმა და არაპირდაპირი გზით სხვათა მიწვევა, რათა მოესმინათ მისი პრეტენზიებისათვის და თვითონ გადაეწყვიტათ. მაგრამ კიდევ რაღაცის თქმა იყო საჭირო დამატებით და სწორედ აქ იყო მათი სისუსტე, რადგანაც ზოგმა დაიწყო ლაპარაკი, რომ ის იყო მკითხავი, ზოგი ამბობდა, თითქოს იგი ბოროტ სულს შეეპყრო, ერთნი ამტკიცებდნენ, პოეტიაო, სხვები კი ამბობდნენ, რომ ის ჯადოქარი იყო. მათ რჩევა ჰკითხეს ვალიდს, მუღირას ძეს, ალბათ, ტომის ყველაზე გავლენიან ადამიანს იმხანად, თუ ამ ბრალდებათაგან რომელი იქნებოდა უფრო დამაჯერებელი, და მან ყველა მათგანი უარყო, როგორც არასასურველი და უსაფუძვლო, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა: მართალია, მუჰამედი არ იყო ჯადოქარი, მაგრამ, სულ მცირე, ჯადოქრებთან ის საერთო ჰქონდა, რომ შეეძლო ადამიანი ჩამოეცილებინა მამისათვის, ძმისათვის, ცოლისათვის თუ ზოგადად ოჯახისათვის. ამიტომაც ურჩია, მათი ერთხმა ბრალდება მიმართული ყოფილიყო სწორედ ამ გზით, კერძოდ კი იქითკენ, რომ მუჰამედი იყო საშიში ჯადოქარი, რომლისთვისაც თავი უნდა აერიდებინათ ნებისმიერი საშუალებით. შეთანხმდნენ, მის რჩევას გაჰყოლოდნენ. გადაწყვიტეს, ქალაქის გარეთ ყველა გზაზე, რომელიც მექას უახლოვდებოდა, დაეყენებინათ ხალხი და თავიდანვე გაეფრთხილებინათ სტუმრები, რომ თავი შორს დაეჭირათ მუჰამედისაგან, რადგანაც მათ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდნენ, როგორი მიმზიდველი შეიძლებოდა ის ყოფილიყო. განა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანი არ იყო მექაში, სანამ ქადაგებას დაიწყებდა? არც მის ენას ჰქონდა დაკარგული მჭევრმეტყველება და არც მის საზოგადოებაში ყოფნას თუნდაც მცირედი თავისი თვალისმომჭრელი დიდებულებიდან.

მექელებმა მონდომებულობითა და თანამიმდევრულობით განახორციელეს თავიანთი გეგმები. მაგრამ, სულ ცოტა, ერთ შემთხვევაში ისინი თავიდანვე განწირულნი იყვნენ წარუმატებლობისათვის. კაცს ბანუ ღიფარიდან, სახელად აბუ ზარრს - ეს ტომი ცხოვრობდა მექის ჩრდილო-დასავლეთით, წითელი ზღვის ახლოს - უკვე გაგონილი ჰქონდა წინასწარმეტყველისა და მისი მოწინააღმდეგეების შესახებ. თანატომელთა უმრავლესობის მსგავსად, აბუ ზარრი დიდი გზების ყაჩაღი იყო, მაგრამ, მათგან განსხვავებით, მტკიცედ სწამდა ერთი ღმერთი და უარს აცხადებდა, მცირედი თაყვანიც კი ეცა კერპებისათვის. მისი ძმა, უნაისი, რაღაც საქმეზე იყო წასული მექაში და, როცა დაბრუნდა, აბუ ზარრს უთხრა: კურეიშში იყო ერთი კაცი, რომელიც ამტკიცებდა, წინასწარმეტყველი ვარო, და ამბობდა, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ერთი ღმერთისა (ალაჰისა), და ამიტომაც მას თავისმა ხალხმა ზურგი შეაქცია. აბუ ზარრი მაშინვე გაემართა მექისაკენ იმაში დარწმუნებული, რომ იქ ნამდვილი წინასწარმეტყველი იყო, და, როდესაც ჩავიდა, კურეიშელებმა, ვინც მისადგომ გზებზე იდგნენ, უთხრეს ყველაფერი, რის ცოდნაც სურდა, მანამდე, სანამ რაიმეს კითხვას მოასწრებდა. მან იოლად მიაგნო გზას წინასწარმეტყველის სახლამდე. წინასწარმეტყველს გრძელ სკამზე წამოწოლილს ეძინა, სახე კი გადასაფარებლის კიდით ჰქონდა დაფარული. აბუ ზარრმა გააღვიძა და მშვიდობის დილა უსურვა. „მშვიდობა იყოს შენზე!“ თქვა წინასწარმეტყველმა. „მითხარი შენი სიტყვები,“ თქვა ბედუინმა. „მე არა ვარ პოეტი,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „არამედ ის, რასაც წარმოვთქვამ, ყურანია და, ვინც ლაპარაკობს, მე არა ვარ, არამედ ღმერთი.“ „წარმოთქვი ჩემთვის,“ თქვა აბუ ზარრმა და მუჰამედმაც წარმოთქვა მისთვის ერთ-რთი სურა, რის შემდეგაც აბუ ზარრმა თქვა: „მე ვმოწმობ, რომ არ არსებობს არავითარი ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და მუჰამედი მისი მოციქულია.“ „ვინ არის შენი ხალხი?“ თქვა წინასწარმეტყველმა და იმ დროს, როდესაც კაცი პასუხობდა, განცვიფრებულმა აათველიერ-ჩაათვალიერა და თქვა: „ნამდვილად ღმერთი მიუძღვის მას, ვისთვისაც ეს სურს.“3 კაგად იყო ცნობილი, რომ ბანუ ღიფარის წარმომადგენლები უმეტესწილად ყაჩაღები იყვნენ. დააკვალიანა რა ისლამში, წინასწარმეტყველმა უთხრა, წასულიყო თავის ხალხთან და დალოდებოდა მის ბრძანებებს. ასე რომ, იგი დაბრუნდა ბანუ ღიფარის ტომში, რომლის ბევრმა წარმომადგენელმაც მისი საშუალებით ისლამი მიიღო. იმავდროულად ის აგრძელებდა თავის საქმიანობას, როგორც დიდი გზების ყაჩაღი, და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კურეიშის ქარავნებს. მაგრამ, როდესაც ქარავანს დააცარიელებდა, სთავაზობდა, დაებრუნებინა ყველაფერი, რაც აიღო, იმ პირობით, რომ ისინი აღიარებდნენ ღმერთის ერთადერთობასა და მუჰამედის წინასწარმეტყველობას.

წინასწარმეტყველთან კიდევ ერთი უცაბედი შეხვედრის შედეგი იყო ისლამის მიღება ბანუ დავსის მიერ. ესეც, ღიფარის მსგავსად, მექის ფარგლებს გარეთ დასავლეთით მცხოვრები ტომი იყო. ტუფაილი, ერთი კაცი დავსიდან, შემდეგ ყვებოდა, როგორ გააფრთხილეს მექაში ჩასვლისას, რომ არ დალაპარაკებოდა ჯადოქარ მუჰამედს და თვით არც კი მოესმინა მისთვის, რათა თავის ხალხს არ ჩამოსცილებოდა. ტუფაილი იყო პოეტი და მნიშვნელოვანი ავტორიტეტის მქონე თავის ტომში. ამიტომაც კურეიშელები განსაკუთრებით მონდომებულნი აღმოჩდნენ მის გაფრთხილებაში და ისე შეაშინეს, ყურადღებით ყოფილიყო, რომ მეჩეთში შესვლამდე მან ორივე ყური დაიცო ბამბით. წინასწარმეტყველი იქ დახვდა, ის-ის იყო, რაც ლოცვის პოზა დაეკავებინა იემენის კუთხესა და შავ ქვას შორის, როგორც ეს სჩვეოდა, სახე მიქცეული ჰქონდა იერუსალიმისაკენ, ქა‛აბას სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელთან, უშუალოდ ტუფაილის წინ. ის ხმამაღლა არ წარმოთქვამდა ყურანის აიებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა მათგანმა მაინც შეაღწია ტუფაილის ყურებში. „ღმერთმა ისურვა“, თქვა მან, „რომ გამეგონა რაღაც იქიდან, რაც წარმოთქმულ იქნა, და მე გავიგონე ლამაზი სიტყვები, ასე რომ, ჩემს თავს ვუთხარი: მე გამჭრიახი კაცი ვარ, პოეტი, და არ შემეშლება, ერთმანეთისაგან გავარჩიო კარგი და ცუდი. მაშ, რატომ არ უნდა მოვისმინო, რას ამბობს ეს კაცი? თუ კარგი იქნება, მივიღებ, თუ ცუდი იქნება, უარვყოფ. მე ვიდექი, სანამ წინასწარმეტყველი ლოცვას განაგრძობდა, შემდეგ მას გავყევი და, როდესაც სახლში შევიდა, უკანვე შევყევი და ვუთხარი: `შენმა ხალხმა რა აღარ მითხრა შენზე და ისე შემაშინა შენთან დაკავშირებით, რომ ყურები დავიცვი, რათა არ გამეგო შენი ლაპარაკი. მაგრამ ღმერთმა მოაწყო ისე, რომ მაინც გავიგონე, რასაც ამბობდი. მაშ, შენ მითხარი სიმართლე იმის შესახებ, თუ ვინ ხარ.'“

წინასწარმეტყველმა მას აუხსნა ისლამი და წარმოთქვა ყურანი, ტუფაილმაც აღიარა ეს სარწმუნოება. შემდეგ დაბრუნდა თავის ხალხთან იმ გადაწყვეტილებით, რომ მოექცია ისინი. მამამისმა და ცოლმაც მიიღეს ისლამი, მაგრამ, დავსის დანარჩენი წარმომადგენლები განზე გადგნენ. იგი იმედგაცრუებული და გაბრაზებული წავიდა მექაში და წინასწარმეტყველს სთხოვა, ისინი დაეწყევლა. ამის საწინააღმდეგოდ წინასწარმეტყველმა ილოცა, ისინი ჭეშმარიტ გზაზე დამდგარიყვნენ, და ტუფაილს უთხრა: „მიდი შენს ხალხთან, მოუწოდე, ილამი მიიღონ, და ლმობიერად მოექეცი მათ.“4 ამ მითითებას მან ზედმიწევნით მისდია და, რაც წლები გადოიდა, დავსის ტომიდან სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი იღებდა ისლამს.

სანამ წინასწარმეტყველს შეხვდებოდა, ტუფაილს მხოლოდ მისი მტრები ჰყავდა ნანახი; მაგრამ სხვა პილიგრიმები შეხვდნენ ასევე მის მიმდევრებს, რომლებმაც იმისაგან სრულიად განსხვავებული ამბავი უთხრეს, რასაც მტრები ამბობდნენ. და ყოველი მათგანი იმას იჯერებდა, რასაც თავისი შინაგანი სამყარო ჰკარნახობდა. ამის შედეგად, ახალი სარწმუნოება, ასე თუ ისე, გაცხადდა მთელ არაბეთში, მაგრამ მასზე იმდენს არსად არ ლაპარაკობდნენ, რამდენსაც იასრიბის ოაზისში.

_________________________

1. XXIII, 10

2. XXVI, 17.

3. ი.ს. IV, 164.

4. ი.ი. 252-4.

19 XIX. ავსი და ხაზრაჩი

▲ზევით დაბრუნება


ავსსა და ხაზრაჯს ალიანსი ჰქონდათ ზოგიერთ ებრაულ ტომთან, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა იასრიბში. მაგრამ მათ შორის ურთიერთობები ხშირად დაძაბული და უარყოფითი გრძნობებით აღსავსე იყო, რაშიც უკანასკნელ როლს არ თამაშობდა შემდეგი გარემოება: მონოთეისტი ებრაელები, რომელთაც გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ღვთის რჩეული ხალხი იყვნენ, ერთგვარი ზიზღითა და ქედმაღლობით უყურებდნენ პოლითეისტ არაბებს, მაგრამ იმავდროულად მათთვის ანგარიში უნდა გაეწიათ, რადგანაც არაბები უფრო ძლიერები იყვნენ. გაღიზიანებისა და გაბრაზების წუთებში, ცნობილია, რომ ებრაელები ამბობდნენ: „იმ წინასწარმეტყველის დრო, რომელიც უნდა გამოიგზავნოს, მოახლოებულია, მასთან ერთად გაგანადგურებთ თქვენ ისევე, როგორც განადგურდნენ ‛ადი და ‛ირამი.“1 და, როდესაც მათ რაბინებსა და მკითხავებს ეკითხებოდნენ, საიდან უნდა მოსულიყო წინასწარმეტყველი, ისინი ყოველთვის იემენისაკენ უთითებდნენ, რაც მათთვის იყო ასევე მექის მიმართულება. და, აი, ახლა იასრიბის არაბებმა გაიგეს, რომ მექაში ერთმა კაცმა წინასწარმეტყველად გამოაცხადა თავი, და ყური მიაპყრეს მას; ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ, როდესაც რაღაც შეიტყვეს მისი უწყების შესახებ,რადგაც უკვე იცნობდნენ საკმაოდ ბევრს ორთოდოქსული სარწმუნოების პრინცი პებიდან. შედარებითი კეთილგანწყობის მომენტებში ებრაელები მათ ელაპარაკებოდნენ ღმერთის ერთადერთობაზე, ადამიანის საბოლოო ბედზე, ამ საკითხებზე ერთად მსჯელობდნენ. ის აზრი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყვნენ, განსაკუთრებით ძნელად მისაღები იყო პოლითეისტებისათვის; როდესაც ეს შენიშნა, ერთ-ერთმა რაბინმა სამხრეთისაკენ მიუთითა და უთხრა,რომ იქიდან უნდა მოსულიყო სულ მალე წინასწარმეტყველი, რომელიც დაადასტურებდა აღდგომის ჭეშმარიტებას.

მაგრამ იასრიბელთა უფრო ღრმა მომზადება მექიდან მოსული ახალი ამბების მისაღებად მოხდა არაპირდაპირი გზით ერთი ებრაელის მიერ, რომელსაც ერქვა იბნ ალ-ჰაჲჲაბანი. იგი სირიიდან იყო ემიგრირებული და რამდენჯერმე იხსნა ოაზისი გვალვისაგან თავისი ლოცვებით წვიმისათვის. ეს მართალი კაცი დაახლოებით იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც წინასწარმეტყველმა მიიღო პირველი გამოცხადება; მან იგრძნო, რომ კვდებოდა - როგორც ავსსა და ხაზრაჯს მოუთხრეს შემდეგ - და თავისიანებს უთხრა: „ებრაელნო, როგორ ფიქრობთ, რამ მაიძულა, მიმეტოვებინა პურისა და ღვინის ქვეყანა და მოვსულიყავი სიძნელეებისა და შიმშილის მიწაზე?“ „შენ უკეთ უწყი,“უთხრეს მათ. „მე ამ ქვეყანაში იმიტომ მოვედი,“ თქვა მან, „რომ ველოდებოდი წინასწარმეტყველის მოსვლას, რომლის დროც მოახლოებულია. ის ამ ქვეყანაში ჩამოვა. მე იმედი მქონდა, იმ დროს გამოჩნდებოდა, რომ შევძლებდი მის გაყოლას. მისი ჟამი ახლოსაა თქვენთან.“2 ეს სიტყვები გულთან ძალიან ახლოს მიიტანა ზოგიერთმა ებრაელმა ახალგაზრდამ, მათ მოხუცის ნათქვამი სწორად გაიგეს, რამაც საშუალება მისცა, მიეღოთ წინასწარმეტყველი, როდესაც იგი მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ებრაელი.

თუმცაღა ზოგადად არაბები მხარს უჭერდნენ კაცს, მაგრამ მისი უწყების წინააღმდეგნი იყვნენ, ხოლო ებრაელები მახრს უჭერდნენ უწყებას, მაგრამ კაცის წინააღმდეგნი იყვნენ. რადგანაც, როგორ შეიძლებოდა, ღმერთს გამოეგზავნა წინასწარმეტყველი, რომელიც არ იყო რჩეული ხალხიდან? მიუხედავად ამისა, როდესაც პილიგრიმებმა იასრიბში ჩაიტანეს ახალი ამბავი წინასწარმეტყველის შესახებ, ებრაელები მაინც დაინტერესდნენ და ბევრ კითხვას აძლევდნენ მომლოცველებს მეტი დეტალების შესტყობად. ოაზისის არაბებმაც იგრძნეს ეს ცნობისმოყვარეობა და ნახეს, უწყების მონოთეისტურმა ხასიათმა როგორ გაზარდა ათმაგად რაბინების ინტერესი, ყოველივე ამან მათზეც შთაბეჭდილება მოახდინა ისევე, როგორც თვით ახალი ამბის მომტანნი იყვნენ შთაბეჭდილების ქვეშ.

გარდა ამ გარემოებებისა, ხაზრაჯის ტომმა კარგად იცოდა, რა მჭიდრო ნათესაური კავშირი ჰქონდა იმ კაცთან, ვინც ამტკიცებდა, რომ წინასწარმეტყველი იყო. იგი იასრიბში სტუმრად იყო ნამყოფი ბავშვობაში თავის დედასთან ერთად და შემდეგ არაერთხელ გაუვლია იქ გზად სირიისაკენ. რაც შეეხება ავსს, ამ ტომის ერთ-ერთმა წარჩინებულმა კაცმა, აბუ კაისმა, შეირთო მექელი ქალი, რომელიც ვარაკას და აგრეთვე ხადიჯას მამიდა იყო. აბუ კაისი ხშირად ყოფილა თავისი ცოლის ოჯახში და ის პატივს სცემდა ვარაკას აზრს ახალი წინასწარმეტყველის შესახებ.

ყველა ეს ფაქტორი იმაზე დამატებით, რომ პილიგრიმებსა და მექის სხვა სტუმრებს მუდმივად მოჰქონდათ ამბები, ახლა ამოქმედდა ოაზისის ხალხში. მაგრამ ამჟამად მათი ყურადღება ძირითადად მაინც მი პყრობილი იყო მათი საშინაო საქმეების პრობლემებზე. ჩხუბი,რომელიც სისხლისღვრით დამთავრდა ავსელსა და ხაზრაჯელს შორის, თანდათან სულ უფრო მეტ კლანს ითრევდა ორივე ტომიდან. თვით ებრაელებიც კი ემხრბოდნენ ერთ ან მეორე მხარეს. სამი ბრძოლა უკვე შედგა, მაგრამ იმის მაგიერ, რომ რაიმე გადაწყვეტილების მომტანი ყოფილიყო,პირიქით,კიდევ უფრო გააქეზა ადამიანები და მოამრავლა შურისძიებათა საჭიროება. მეოთხე, უფრო დიდი მასშტაბის, ბრძოლა გარდაუვალი ჩანდა. სწორედ ამის მხედველობაში მიღებით ავსის ლიდერებს მოუვიდათ იდეა, დელეგაცია გაეგზავნათ მექაში და კურეიშისათვის დახმარება ეთხოვათ ხაზრაჯის წინააღმდეგ.

როდესაც ისინი პასუხს ელოდნენ, წინასწარმეტყველი მივიდა მათთან და ჰკითხა, ხომ არ ისურვებდნენ რაიმე უკეთესს, ვიდრე იმას, რისთვისაც მოვიდნენ. მათ იკითხეს, რა იყო ეს, და მან უთხრა თავისი მისიისა და იმ რელიგიის შესახებ, რომლის ქადაგებაც ებრძანა. შემდეგ წაუკითხა ყურანის ზოგიერთი ადგილი და, როდესაც დაამთავრა, ახლაგაზრდა კაცმა, სახელად იასმა, მუ‛აზის ძემ, შესძახა: „ეს ყველაფერი შენგანაა! ვფიცავარ ჩემს სიცოცხლეს, ჩვენ სხვა რამისთვის მოვედით და არა ამისთვის.“ იასი ისევ დადუმდა და წინასწარმეტყველი მათ განშორდა. კურეიშელებმა კი უარი უთხრეს დახმარებაზე და ისინი მედინაში დაბრუნდნენ. ცოტა ხნის შემდეგ იასი გარდაიცვალა. ვინც მის გადრაცვალებას ესწრებოდნენ, ყვებოდნენ, რომ ესმოდათ, როგორ ადასტურებდა განუწყვეტლივ ღმერთის ერთადერთობას, ადიდებდა და ხოტბას ასხამდა მას ბოლომდე. ამგვარად, ის მიჩნეულია პირველ კაცად იასრიბიდან, ვინც ისლამი მიიღო.

_________________________

1. უძველესი არაბული ტომები, რომლებიც უეცრად განადგურდნენ იმის გამო, რომ უარი განაცხადეს, დამორჩილებოდნენ წინასწარმეტყველებს, ვინც მათ გამოეგზავნათ.

2. ი.ი. 136.

20 XX. აბუ ჯეჰილი და ჰამზა

▲ზევით დაბრუნება


მექაში მორწმუნეთა რიცხვის მუდმივი ზრდა შესაბამისად აძლიერებდა ურწმუნოთა მტრულ განწყობას; ერთ დღესაც, როდესაც კურეიშის რამდენიმე თავკაცი ჰიჯრში შეიკრიბა და მწარედ აქეზებდა ერთმანეთს წინასწარმეტყველის წინააღმდეგ, მოხდა ისე, რომ თვითონ წინასწარმეტყველი შევიდა წმინდა ადგილას. წავიდა რა ქა‛აბას აღმოსავლეთი კუთხისაკენ, იგი ეამბორა შავ ქვას და დაიწყო შვიდი წრის გაკეთება. როდესაც ჰიჯრს ჩაუარა, ხმა აიმაღლეს და ისე წარმოთქვეს მისი საწინააღმდეგო ცილისწამებანი. სახის გამომეტყველებაზე ეტყობოდა, რომ მან გაიგო, რასაც ამბობდნენ. მეორე წრის გაკეთებისასაც ჩაუარა და ისევ შეურაცხყვეს, მაგრამ, როდესაც იგივე გააკეთეს მესამე წრეზეც, გაჩერდა და უთხრა: „კურეიშელნო, გესმით ჩემი? ჭეშმარიტად, იმისი სახელით, ვისაც ხელთ უპყრია ჩემი სული, მე თქვენ მოგიტანთ სისხლისღვრას!“1 ამ სიტყვებმა და იმანაც, როგორც იყო ისინი ნათქვამი, კაცები მონუსხა, თითქოს შელოცვა ყოფილიყოს. ყველანი გახევდნენ და სიტყვას ვერ ძრავდნენ, სანამ საბოლოოდ სიჩუმე არ დაარღვია ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც ყველაზე მეტად აგრესიული იყო, და ახლა ძალიან წყნარად უთხრა: „წადი შენს გზაზე, აბუ ლ-კასიმ, რადგანაც, ღმერთმანი, არ ხარ სულელი ან გიჟი.“ მაგრამ ეს შესვენება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც სულ მალე მათ დაიწყეს ერთმანეთის ბრალდება იმის გამო, რომ ასე გაუაზრებლად მონუსხულები იყვნენ, და მათ დაიფიცეს, მომავალში გამოესწორებინათ ეს წუთიერი სისუსტე.

ისლამის ერთ-ერთი ყველაზე უარესი მტერი იყო მახზუმელი კაცი, სახელად ‛ამრი, თავის ოჯახსა და მეგობრებში ცნობილი, როგორც აბუ ლ-ჰაქამი. არ დააყოვნეს და მუსლიმებმა ეს სახელი შეცვალეს, როგორც აბუ ჯაჰლი, „უმეცრების მამა.“ ის მუღირას შვილიშვილი და ახლა უკვე ასაკოვანი ვალიდის, კლანის უფროსის, ძმისშვილი იყო. აბუ ჯაჰლი დარწმუნებული იყო, თავისი ბიძის მემკვიდრე იქნებოდა, და მან უკვე დაიმკვიდრა გარკვეული პოზიცია მექაში საკუთარი სიმდიდრისა და გარეგნული (მოჩვენებითი) სტუმართმოყვარეობის წყალობით, ნაწილობრივ კი იმითაც, რომ სისასტიკეს იჩენდა და ყოველთვის მზად იყო, შური ეძია იმაზე, ვინც რაიმეში ეწინააღმდეგებოდა ან არ ეთანხმებოდა. ის ყველაზე უფრო დაჟინებული იყო იმ კაცთა შორის, რომლებიც მექის მისადგომებზე იყვნენ და ღიად სდებდნენ ბრალს წინასწარმეტყველს იმაში, რომ ის საშიში ჯადოქარი იყო. იგი ასევე ყველაზე მეტად აქტიურობდა თავისი ტომის უფრო დაუცველ მორწმუნეთა დევნაში, აგრეთვე სხვა კლანებსაც ურჩევდა, იგივე გაეკეთებინათ. მაგრამ ერთ დღესაც მან გაუცნობიერებლად არაპირდაპირი გზით დიდი სამსახური გაუწია ახალ სარწმუნოებას. წინასწარმეტყველი მეჩეთის გარეთ იჯდა საფას კარიბჭესთან, რომელსაც ასე ეწოდა, რადგანაც პილიგრიმები აქედან გადიან, რათა შეასრულონ რიტუალი შვიდჯერ გარბენისა საფას გორაკსა,რომელიც იქვეა, და მარვას გორაკს შორის, რომელიც დაახლოებით 450 იარდის მანძილზეა ჩრდილოეთით. კლდე საფას ძირში აღნიშნავს საწყის პუნქტს ამ უძველესი რიტუალისათვის. წინასწარმეტყველი მარტო იყო წმინდა ადგილას, როდესაც აბუ ჯაჰლი წამოადგა. ახლა მიეცა საშუალება მახზუმელს იმის საჩვენებლად,რომ სულაც არ შეშინებია,და,დადგა რა წინასწარმეტყველის წინ, დაიწყო მისი შეურაცხყოფა ყოველგვარი შეურაცხყოფით, რაც კი შეეძლო. წინასწარმეტყველი უბრალოდ უყურებდა, მაგრამ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს; და საბოლოოდ, ამოანთხია რა მასზე ყველაზე უარესი შეურაცხყოფანი, რაც კი შეეძლო მოეგონებინა, აბუ ჯაჰლი შევიდა მეჩეთში, რათა შეერთებოდა კურეიშის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჰიჯრში იყვნენ შეკრებილნი. წინასწარმეტყველი დასევდიანებული წამოდგა ფეხზე და სახლში წავიდა.

ის-ის იყო, რაც წავიდა, რომ მეორე მხრიდან გამოჩნდა ჰამზა, რომელიც ნადირობიდან მოდიოდა მხარზე მშვილდგადაკიდებული. მას ჩვევად ჰქონდა, ნადირობიდან დაბრუნებისას ჯერ ყოველთვის თაყვანი ეცა წმინდა ადგილისათვის და ისე მისულიყო ოჯახში. როდესაც დაინახა, რომ იგი ახლოვდებოდა, ქალი გამოვიდა თავისი სახლიდან, რომელიც საფას კარიბჭესთან ახლოს იყო, და მას მიმართა. ეს გახლდათ განთავისუფლებული ქალი ახლა უკვე გარდაცვლილი თაიმელი ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯუდ‛ანის ოჯახიდან, იმ კაცისა, რომელიც ოცი წლის წინ იყო ერთ-ერთი ინიციატორი რაინდობის ხელშეკრულების (ჰილფ ალფუდულ) მიღებისა. ჯუდ‛ანის ოჯახის წევრები აბუ ბაქრს ბიძაშვილად ერგებოდნენ. ეს ქალიც კარგად იყო განწყობილი წინასწარმეტყველისა და მისი სარწმუნოებისადმი, ამიტომაც განარისხა აბუ ჯაჰლის მიერ წარმოთქმულმა შეურაცხყოფებმა, ყოველმა სიტყვამ, რომელსაც ყური მოჰკრა. „აბუ ‛უმარა,“2 მიმართა მან ჰამზას, „რომ იცოდე, რანაირად მოექცა მუჰამედს, შენს ძმისშვილს, აბუ ლ-ჰაქამი, ჰიშამის ძე. მან ნახა, როგორ იჯდა ის აქ, და ყველაზე უფრო საშინლად შეურაცხყო და გალანძღა იგი. შემდეგ კი განშორდა“ - ქალმა ხელი გაიშვირა მეჩეთისაკენ იმის საჩვენებლად, სად წავიდა აბუ ლ-ჰაქამი - „და მუჰამედმა ერთი სიტყვაც კი არ მიუგო.“ ჰამზას ძალიან მეგობრული ბუნება და გახსნილი ხასიათი ჰქონდა. ამასთანავე, ის კურეიშის ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი კაციც იყო და, როდესაც ბრაზდებოდა, უაღრესად მრისხანე და ურყევი ხდებოდა. მისი ძლიერი სხეული ისეთმა აღშფოთებამ შეძრა, როგორიც არასოდეს განუცდია, მისმა ბრაზმა თითქოს რაღაც გაათავისუფლა მის სულში და განახორციელა ის გადაწყვეტილება, რაც თითქმის უკვე (ნახევრად) მიღებული ჰქონდა. დიდი ნაბიჯებით შეაბიჯა მეჩეთში და პირდეპირ აბუ ჯაჰლისაკენ გაემართა, თავზე დაადგა, მშვილდი ძირს ჩამოსწია და მთელი ძალით მიაჭირა. „კიდევ შეურაცხყოფ მას,“ თქვა ჰამზამ, „მეც ხომ მისი სარწმუნოებისა ვარ და იმას ვამტკიცებ, რასაც ის? მესროლე მშვილდი, თუ შეგიძლია.“ აბუ ჯაჰლს არ აკლდა სიმამაცე, მაგრამ ამჯერად მან აშკარად იგრძნო, რომ უმჯობესი იყო, ინციდენტი დასრულებულიყო. ამიტომაც, როდესაც ზოგიერთი მახზუმელი, ვინც იქ იყო, ფეხზე წამოდგა მის დასახმარებლად, ანიშნა, არ ამდგარიყვნენ, და თქვა: „მართალია აბუ ‛უმარა, რადგანაც, ღმერთმანი, მე მისი ძმისშვილი ნამდვილად ძალიან უხამსად და ბოროტად შეურაცხვყავი.“

______________________

1. ი.ი. 183.

2. ‛უმარა ჰამზას ქალიშვილი იყო. არაბთა შორის ყველაზე თავაზიანი მიმართვაა, კაცი მოიხსენიო, როგორც „მამა ვინმესი,“ და ქალი, როგორც „დედა ვინმესი.“

21 XXI. კურეიში აკეთებს შეთავაზებებს და აყენებს მოთხოვნებს

▲ზევით დაბრუნება


იმ დღიდან მოყოლებული ჰამზა ერთგულად იცავდა ისლამს და მისდევდა წინასწარმეტყველის ყველა განკარგულებას. მის საუბარს გავლენა ჰქონდა კურეიშზე, რომლის წარმომადგენელნიც ახლა უფრო თავს იკავებდნენ, რომ პირდაპირ შეეწუხებინათ წინასწარმეტყველი, რადგანაც იცოდნენ, მას ჰამზა დაიცავდა. მეორე მხრივ, ამ სრულიად მოულოდნელმა მოვლენამ მათ უჩვენა, რამდენად მძიმე იყო სიტუაცია, ამან გაზარდა იმის შეგრძნებაც, რომ აუცილებელი იყო გადაწყვეტა ეპოვათ და შეეჩერებინათ მოძრაობა, რომელიც, როგორც ეგონათ, მხოლოდ იმით დამთავრდებოდა, რომ მათი მაღალი მდგომარეობა დაეცემოდა არაბთა შორის. ამ საშიშროების მხედველობაში მიღებით, ისინი შეთანხმდნენ, შეეცვალათ თავიანთი ტაქტიკა და მიჰყოლოდნენ რჩევას, რომელიც კრებაზე გააკეთა ‛აბდუ შამსის ერთ-ერთმა წამყვანმა კაცმა, ‛უთბა იბნ რაბი‛ამ. „რატომ არ უნდა წავიდე მუჰამედთან,“ თქვა მან, „და მივცე შეთავაზებები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება მიიღოს? რასაც მიიღებს, ჩვენ დავაკმაყოფილებთ, ოღონდ იმ პირობით, რომ თავს დაგვანებებს (მოგვასვენებს).“ წინასწარმეტყველი მარტო იჯდა ქა‛აბასთან, ამიტომაც ‛უთბა საკრებულოდან გავიდა და მეჩეთისაკენ წავიდა. მან თავის თავზე აიღო ეს საქმე ნაწილობრივ იმიტომაც, რომ ‛აბდუ შამსის, ჰაშიმის ძმის, შვილიშვილი იყო; და, მართალია, ეს კლანები, რომლებსაც სახელი ეწოდათ ‛აბდუ მანაფის, დიდი კუსაის ვაჟის, ამ ორი ძის მიხედვით, სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ, მათ შორის განსხვავება იოლად მოიშლებოდა საერთო წინაპრის წყალობით. მეტიც, ‛უთბა უფრო ნაკლებად მოძალადე და მეტად დი პლომატიური ბუნებისა იყო, ვიდრე კურეიშის უმეტესობა; ის უფრო ჭკვიანიც გახლდათ.

„ჩემო ძმისშვილო,“ უთხრა ‛უთბამ წინასწარმეტყველს, „იცი, რომ ჩვენი ტომის ერთ-ერთი წარჩინებული კაცი ხარ და შენი წარმომავლობა საპატიო ადგილის გარანტიას გაძლევს. ახლა შენი ხალხის წინაშე წამოაყენე დიდად საღევლებელი რამ, რის შედაგედაც ბზარი გაუჩინე საზოგადოებას, მათი ცხოვრების წესი სისულელედ გამოაცხადე, სამარცხვინოდ ილაპარაკე მათ ღმერთებსა და სარწმუნოებაზე, წინაპრებს კი ურწმუნოები უწოდე. თუ ეს სიმდიდრეა, რასაც შენ ეძებ, ჩვენ ჩვენივე ქონებიდან შეგიგროვებთ იმდენს, რომ უმდიდრესი კაცი გახდები ჩვენს შორის. თუ ეს პატივია, რასაც ეძებ, შენ გაგიხდით უფროსად და შენს გარეშე არანაირ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. თუ მეფობა გინდა, ჩვენს მეფედ გაქცევთ; და, თუ შენ თვითონ ვერ იცილებ თავიდან იმ ბოროტ სულს, რომელიც გი პყრობს, ჩვენ გი პოვით ექიმს და დავხარჯავთ ჩვენს სიმდიდრეს მანამ, სანამ მკურნალობა ბოლომდე არ მივა.“ როდესაც საუბარი დაასრულა, წინასწარმეტყველმა უთხრა: „ახლა შენ მომისმინე, ვალიდის მამავ.“ „მოგისმენ,“ თქვა ‛უთბამ, რის შემდეგაც წინასწარმეტყველმა მის წინაშე წარმოთქვა ნაწილი გამოცხადებისა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიეღო.

‛უთბა მომზადებული იყო, მოჩვენებითი ყურადღება გამოეჩინა პოლიტიკის სახით იმ კაცთან მიმართებაში, ვისი დაყაბულებაც უნდოდა, მაგრამ რამდენიმე წინადადების შემდეგ ასეთი აზრები შეცვალა ინტერესმა თვით წარმოთქმული სიტყვების მიმართ. იგი იჯდა ზურგსუკან მკლავებდალაგებული,ხელებს ეყრდნობოდა და ისე უსმენდა,განცვიფრებული იყო იმ ენის სილამაზით, რაც მის ყურებს ესმოდა. აიები,1 რომლებიც წარმოთქმული იყო, ლაპარაკობდა თვით გამოცხადებაზე, დედამიწისა და ზეცის შექმნაზე. შემდეგ ისინი საუბრობდა წინასწარმეტყველებსა და იმ ძველ ხალხებზე, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს მათ, რის გამოც განადგურდნენ და ჯოჯოხეთში შთაინთქნენ. ამას მოსდევდა პასაჟი, რომელიც მოგვითხრობს მორწმუნეებზე, ჰპირდება მათ ამქვეყნად დაცვას ანგელოზების მიერ და ნებისმიერი სურვილის აღსრულებას საიქიოში. წინასწარმეტყველმა თავისი დეკლამაცია შემდეგი სიტყვებით დაასრულა: და მის სასწაულთაგანაა ღამე და დღე, მზე და მთვარე. თაყვანისცემით ნუ დაუხრით თავს მზესა და მთვარეს, არამედ თაყვანისცემით დაუხარეთ თავი ღმერთს, მათ შემქმნელს, თუ მართლა მას სცემთ თაყვანს2 - რის შემდეგაც თავისი შუბლი მიწას შეახო თაყვანისცემით. ბოლოს თქვა: „შენ გაიგე ის, რაც გაიგე, აბუ ლ-ვალიდ, და ახლა არჩევანი შენზეა.“

როდესაც ‛უთბა თავის კომპანიონებთან დაბრუნდა, ისინი ისე გაოცდნენ მისი სახის გამომეტყველების ცვლილებით, რომ შესძახეს: „რა შეგემთხვა, აბუ ლ-ვალიდ?“ მან უპასუხა: „ისეთი სიტყვები მოვისმინე, როგორიც აქამდე არასოდეს გამიგონია. ეს არ არის პოეზია, ღმერთმანი, არც ჯადოქრობა ან წინასწარმეტყველება. კურეიშის კაცნო, მომისმინეთ და ისე მოიქეცით, როგორც მე გეტყვით. ნუ ჩადგებით ამ კაცსა და იმას შორის, რასაც აკეთებს, არამედ მიუშვით, ღმერთმანი, ის სიტყვები, რომლებიც მე მოვისმინე მისგან, მიღებული იქნება, როგორც დიდი ახალი ამბავი (უწყება). თუ არაბები მას დაამარცხებენ, თქვენ მისგან განზე იდგებით, თუ ის გაიმარჯვებს, მაშინ მისი ძალაუფლება თქვენიც იქნება და ყველაზე იღბლიანი ადამიანები აღმოჩნდებით.“ მაგრამ მათ დასცინეს და უთხრეს: „მოგაჯადოვა თავისი ენით.“ „მე ჩემი აზრი გითხარით,“ უპასუხა მან, „გააკეთეთ ის, რაც უმჯობესია თქვენი აზრით.“ იგი აღარ დაპირისპირებია მათ და ყურანის აიებისაგან მიღებული მისი შთაბეჭდილებაც მხოლოდ ზედაპირული იყო. ამასობაში, ვინაიდან მას არ ჰქონდა მიტანილი მათთვის პასუხი არც ერთ იმ კითხვაზე, რაც აინტერესებდათ, ერთ-ერთმა თქვა: „მოდი, დავიბაროთ მუჰამედი, ვესაუბროთ და ვეკამათოთ, რათა არავინ დაგვადანაშაულოს იმაში, რომ ყველა გზა არ ვცადეთ.“ ამიტომაც იგი დაიბარეს და შეუთვალეს: „შენი ხალხის წარჩინებულნი შეკრებილნი არიან, რათა გესაუბრონ,“ და ის სასწრაფოდ წავიდა მათთან, რადგანაც ფიქრობდა, რომ აზრი შეიცვალეს. ძალიან უნდოდა, ისინი სწორ გზაზე დაეყენებინა, მაგრამ მისი იმედები მაშინვე გაქრა, როგორც კი მათ დაიწყეს იმავე შეთავაზებების გაკეთება, რაც მანამდეც ჰქონდათ ნათქვამი. როდესაც დაამთავრეს, მან თქვა: „მე არა ვარ ბოროტი სულით შეპყრობილი, არც თქვენს შორის პატივსა და თქვენზე მეფობას ვეძიებ. მაგრამ ღმერთმა გამომგზავნა თქვენთან, როგორც მოციქული, და გამომიცხადა წიგნი და მიბრძანა, რომ უნდა ვიყო თქვენთვის კარგ ამბავთა მაცნე და გამაფრთხილებელიც. მე თქვენ გადმოგეცით ჩემი უფლის უწყება და კარგი რჩევა მოგეცით. თუ თქვენ მიიღებთ ჩემგან იმას, რაც მოგიტანეთ, ეს კარგი იქნება თქვენთვის ამქვეყნადაც და საიქიოშიც; მაგრამ, თუ უარყოფთ, რაც მოგიტანეთ, მაშინ მე მორჩილად დაველოდები, როგორც განგვსჯის ჩვენ ყველას ღმერთი და რომელი აღმოჩნდება ჩვენს შორის მართალი.“ 3

მათი ერთადერთი პასუხი იყო ის, რომ ახლა დაუბრუნდებოდნენ იმას, რაზეც შეჩერდნენ, ანუ, თუ არ მიიღებდა შეთავაზებას, გეაკეთებინა რაიმე, რაც მათ დაუმტკიცებდა მუჰამედის ღვთაებრივ მოციქულობას და რაც იმავდროულად ცხოვრებას გაუიოლებდა. „სთხოვე უფალს, გადააადგილოს ეს მთები, რომლებიც გარს გვაკრავს, და დაბლობად აქციოს ჩვენი მიწა და მდინარეები წარმოადინოს მასზე ისევე, როგორც სირიასა და ერაყში; და აღადგინოს ზოგიერთი ჩვენი წინაპარი, მათ შორის კუასაი, რათა შევძლოთ და ვკითხოთ, მართალია თუ ტყუილი, რასაც შენ ამბობ. და, თუ შენ ამ ყველაფერს არ გააკეთებ ჩვენთვის, მაშინ შენთვის ითხოვე რაიმე. სთხოვე ღმერთს, რომ გამოგიგზავნოს ანგელოზი, რომელიც დაადასტურებს შენს სიტყვებს და გვეტყვის, რა არის ტყუილი. და სთხოვე, უხვად დააჯილდოვოს შენი ბაღები, ადგილები და ოქრო-ვერცხლის განძეული, რათა ვიცოდეთ, რომ შენ უფლის კეთილგანწყობა გაქვს.“ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „მე არ ვარ ის, ვინც ასეთ რამეებს სთხოვს თავის უფალს, არც ამისთვის ვყოფილვარ გამოგზავნილი, მაგრამ ღმერთმა გამომგზავნა იმისათვის, რომ გაგაფრთხილოთ და კარგი ამბები მოგიტანოთ.“ მათ არ მოისურვეს მისი მოსმენა და თქვეს: „მაშინ ცა ხელებში ნამსხვრევებად ჩამოაქციე,“ დაცინვით მიუთითებდნენ რა უკვე გამოცხადებულ აიაზე: თუ ჩვენ მოვისურვებთ, მათ მიწას შთავანთქმევინებთ და ზეცას ნამსხვრევებად დავალეწავთ.4 „ეს ღმერთმა უნდა გადაწყვიტოს,“ თქვა მან. „თუ მას სურს, ის ამას გააკეთებს.“

მექელებმა არაფერი არ უპასუხეს, მხოლოდ დამცინავად შეხედეს და სხვაგან წავიდნენ (განშორდნენ). მათთვის გამოცხადების ყველაზე ამოუცნობი დამახასიათებელი ნიშანი იყო მუდმივი გამეორება უცნაური სიტყვისა რაჰმან, რომელიც უეჭველად წინასწარმეტყველის შთაგონების წყაროს უკავშირდებოდა. ერთ-ერთი გამოცხადება იწყებოდა სიტყვებით: განუზომლად კარგმა (არ-რაჰმან) ასწავლა ყურანი, 5 და, ვინაიდან მათ უნდოდათ, გაეზიარებინათ ჭორი, თითქოს თავისი სიტყვები მუჰამედს ასწავლა ერთმა კაცმა იამამაში, მათი საბოლოო რეპლიკა ამასთან დაკავშირებით შემდეგი იყო: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ ეს ყველაფერი შენ გასწავლა ერთმა კაცმა იამამაში, რომელსაც რაჰმანი ჰქვია, და რაჰმანს ჩვენ არასოდეს ვირწმუნებთ!“ წინასწარმეტყველი დუმდა და ისინი განაგრძობდნენ: „ჩვენ ახლა შენს წინაშე მართალნი ვართ, მუჰამედ, და ჩვენ ვფიცავართ ღმერთს, რომ არ მოგასვენებთ და არ შევწყვეტთ შენთან ამგვარ მოპყრობას, სანამ არ გაგანადგურებთ, ან შენ არ გაგვანადგურებ ჩვენ.“ და ერთ-ერთმა მათგანმა დაუმატა: „არ დაგიჯერებთ, სანამ ღმერთსა და ანგელოზებს არ მოგვიყვან მოწმეებად / გარანტებად.“ ამ სიტყვებზე წინასწარმეტყველი ფეხზე წამოდგა და წასვლას აპირებდა, როდესაც მახზუმელი ‛აბდ ალლაჰი, აბუ უმაჲჲას ვაჟი, ასევე ადგა და უთხრა: „არც მე დაგიჯერებ მანამდე, ვიდრე არ აიღებ კიბეს და მისი საშუალებით ზეცაში არ ახვალ, და სანამ ოთხ ანგელოზს არ ჩამოიყვან იმის დასადასტურებლად, რომ შენ ის ხარ, რადაც თავს ასაღებ; და თვით ამ შემთხვევაშიც კი არ ვირწმუნებ შენსას.“ ეს ‛აბდ ალლაჰი მამის მხრიდან აბუ ჯაჰლს პირველ ბიძაშვილად ერგებოდა, მაგრამ დედამისი იყო ‛ათიქა, ‛აბდ ალ-მუტტალიბის ქალიშვილი, და მან ვაჟს თავისი ძმის, წინასწარმეტყველის მამის, სახელი დაარქვა. ასე რომ, წინასწარმეტყველი სახლში დამწუხრებული დაბრუნდა, ვინაიდან ასეთი სიტყვები მოისმინა ესოდენ ახლო ნათესავისაგან. ყოველივე, რაც მოხდა, ემატებოდა ზოგად დარდს იმ დიდი დისტანციის გამო, რომელიც ახლა გაჩნდა მასა და მისი ხალხის ლიდერებს შორის.

თუმცაღა მახზუმის კლანიდან, რომელშიც, როგორც ჩანს, ასე ბევრი ზიზღი იყო კონცენტრირებული, მას ჰქონდა, სულ მცირე, მხარდაჭერა აბუ სალამასი, თავისი მამიდის, ბარას, ვაჟისა; და ახლა აქედან მოვიდა მოულოდნელი დახმარება და ძალა ახალი სარწმუნოებისათვის. აბუ სალამას მამის მხრიდან ჰყავდა მდიდარი ბიძაშვილი, არკამი - მათი მახზუმელი პაპები ძმები იყვნენ. იგი წინასწარმეტყველთან მივიდა და ორჯერ წარმოთქვა მოწმობა ლა ილაჰა ილლა ლლაჰ, არ არის ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და მუჰამმადუნ რასულუ ლლაჰ, მუჰამედი ღმერთის მოციქულია. შემდეგ მან თავისი დიდი სახლი საფას მთასთან ისლამის მსახურებას გადასცა. აქედან მოყოლებული მორწმუნეებს გააჩნდათ თავშესაფარი მექის ცენტრში, სადაც შეეძლოთ შეხვედრა და ერთად ლოცვა იმის შიშის გარეშე, რომ ვინმე დაინახავდა და შეაწყვეტინებდა. კურეიში აკეთებს შეთავაზებებს და აყენებს მოთხოვნებს.

__________________________

1. ყურანის მუხლებს ეწოდებათ აიები, ანუ სასწაულები, ვინაიდან ისინი პირდაპირი გამოცხადების გზითაა მიღებული.

2. XVI, 37.

3. ი.ი. 188.

4. XXXIV, 9.

5. V, 1.

22 XXII. კურეიშის ლიდერები

▲ზევით დაბრუნება


წინასწარმეტყველის მიმდევართა რიცხვი განუწყვეტლივ მატულობდა, მაგრამ, რამდენიც ვინმე ახლადმოქცეული კაცი თუ ქალი მასთან მივიდოდა და თავის ერთგულებას განუცხადებდა, საკმაოდ ხშირად ეს იყო არა მონა, განთავისუფლებული მონა ანდა შემოგარენის კურეიშის წევრი, არამედ ახალგაზრდა წარმომადგენელი დაბლობის კურეიშისა გავლენიანი ოჯახიდან, თუმცა ეს გავლენა თვით ამ პიროვნებებზე უკვე აღარ ვრცელდებოდა და მათი მოქცევა აათმაგებდა მათი მშობლებისა და უფროსი ნათესავების მტრულ განწყობას. ‛აბდ არ-რაჰმანი, ჰამზა და არკამი გამონაკლისები იყვნენ, მაგრამ ისინი სულაც არ ყოფილან ლიდერები; წინასწარმეტყველი ცდილობდა, დაეთანხმებინა რომელიმე ბელადი, მაგრამ არც ერთი მათგანი, თვით ბიძამისი აბუ ტალიბიც კი, ოდნავ მიდრეკილებასაც არ უჩვენებდა საიმისოდ, რომ მას შეუერთდებოდა. წინასწარმეტყველს თავისი უწყების გავრცელებაში დიდად დაეხმარებოდა, ისეთი კაცის მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, როგორიც აბუ ჯაჰლის ბიძა, ვალიდი, იყო, რომელიც არა მხოლოდ მახზუმის ბელადი, არამედ, შეიძლება ითქვას, კურეიშის არაოფიციალური ლიდერიც გახლდათ. ის, მეტიც, ისეთი კაცი იყო, რომელიც უფრო გახსნილი ჩანდა დისკუსიისათვის, ვიდრე სხვები; და ერთ დღესაც წინასწარმეტყველს საშუალება მიეცა, პირისპირ დალაპარაკებოდა ვალიდს. მაგრამ, როდესაც ისინი საუბარში ღრმად იყვნენ ჩაფლულნი, ერთმა ბრმა კაცმა ჩაიარა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მიეღო ისლამი, და, როდესაც წინასწარმეტყველის ხმა გაიგო, სთხოვა, მისთვის წარმოეთქვა ყურანის რაიმე ნაწილი. მუჰამედმა უთხრა, მოეთმინა და უფრო ხელსაყრელი მომენტისათვის მოეცადა, ბრმა კაცი ისე ჩააცივდა, რომ ბოლოს წინასწარმეტყველი მოიღუშა და შებრუნდა. მას ჩაეშალა საუბარი, მაგრამ ამ გაწყვეტას არ გამოუწვევია წაგება, რადგანაც ვალიდი სინამდვილეში იმაზე მეტად გახსნილი არ აღმოჩნდა უწყებისათვის, ვიდრე ისინი, ვისი მოქცევაც სრულიად უიმედო ჩანდა.

ახალი სურა გამოეცხადა პრაქტიკულად მაშინვე და ის იწყებოდა ასეთი სიტყვებით: მოიღუშა და შებრუნდა, რადგანაც მასთან მივიდა ბრმა კაცი. გამოცხადება გრძელდებოდა: იმის მიმართ, ვინც თვითკმაყოფილია, დიდად ყურადღებიანი ხარ, თუმცა ეს არ არის შენი საზრუნავი, თუ ის არ განიწმინდება, მაგრამ იმას, ვინც შენთან მონდომებული სიწრფელითა და ღვთის შიშით მოდის, განეშორები (ყურადღებას არ აქცევ).1

დიდი დრო არ გასულა და ვალიდმა, მართლაც, გასცა თავისი თვითკმაყოფილება იმითი, რომ თქვა: „განა გამოცხადებები მუჰამედს ეგზავნება და არა მე, როდესაც მე კურეიშის ყველაზე მთავარი კაცი და მათი უფროსი ვარ? განა ისინი არც მე მეგზავნება და არც აბუ მას‛უდს, საკიფის უფროსს, როდესაც ჩვენ ვართ ორი დიდი ქალაქური დასახლების ორი დიდი კაცი?“2 აბუ ჯაჰლის რეაქცია უფრო ნაკლებად ცივად თავდაჯერებული იყო, მაგრამ უფრო ემოციური. იმის შესაძლებლობა, რომ მუჰამედი უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველი, ძალიან შეუწყნარებელი იყო თვით ერთი წამითაც კი. „ჩვენ და ‛აბდუ მანაფის შვილები,“ თქვა მან, „ერთმანეთს ვექიშპებოდით პიტივისათვის, ერთი მეორის შემდეგ. ისინი იძლეოდნენ საკვებს და ჩვენ ვიძლეოდით საკვებს. მათ ატარეს სხვათა უღელი და ჩვენ ვატარეთ სხვათა უღელი, მათ გასცეს და ჩვენ გავეცით, ვიდრე, ჩვენი თანაბრად მხარდამხარ რბენისას, როგორც ორი ფაშატისა დოღზე, მათ არ თქვეს: „ჩვენში ერთი კაცი წინასწარმეტყველია; მასზე მოდის გამოცხადებები ზეციდან!“ და როდის მივაღწევთ ჩვენ რაიმე ამგვარს? ღმერთმანი, ჩვენ არასოდეს ვირწმუნებთ მას, არასოდეს დავუშვებთ, რომ ის იყოს ჭეშმარიტების მთქმელი.“ რაც შეეხება შამსელ ‛უთბას, მისი სიტყვა ნაკლებად ნეგატიური იყო, მაგრამ ანალოგიურად აკლდა პროპორციულობა (მთავრისა და მეორეხარისხოვნის შესაბამისობის შეგრძნება), რადგანაც მისი პირველი აზრი ის კი არ იყო, რომ მუჰამედს უნდა გაჰყოლოდნენ, თუ ის წინასწარმეტყველი იყო, არამედ ის, რომ მისი წინასწარმეტყველობა პატივს მოუტანდა ‛აბდუ მანაფის ძეებს. ამიტომაც ერთ დღესაც, როდესაც აბუ ჯაჰლმა ირონიულად გაიშვირა ხელი (მიუთითა) თავისი ზიზღის ობიექტისადმი, ‛უთბას უთხრა: „აი, თქვენი წინასწარმეტყველი, ‛აბდუ მანაფის ძენო.“ ‛უთბამ მკვახედ მიუგო: „და რატომ უნდა იყოს შენთვის რაიმე ცუდი იმაში, თუ ჩვენ წინასწარმეტყველი ან მეფე გვეყოლება?“ ეს ბოლო სიტყვა მიუთითებდა კუსაიზე, მოქნილად ახსენებდა მახზუმელს, რომ ‛აბდუ მანაფი კუსაის ვაჟი იყო, ხოლო მახზუმი - მხოლოდ მისი ბიძაშვილი. მუჰამედი საკმაოდ ახლოს იდგა და გაიგონა ეს შელაპარაკება, ახლოს მივიდა და უთხრა: „‛უთბა, შენ ღმერთის გამო კი არ მოგვხდა გულზე ეს სიტყვები, არც მისი მოციქულისათვის, არამედ პირადად შენს გამო. რაც შეგეხება შენ, აბუ ჯაჰლ, შენზე სიწყნარე მოვა. ცოტას იცინებ და ბევრს იტირებ.“3

კურეიშის სხვადასხვა კლანის სიმდიდრე მუდმივად მერყეობდა. იმხანად ორი ყველაზე ძლიერი კლანი იყო ‛აბდუ შამსი და მახზუმი. ‛უთბა და მისი ძმა, შაიბა, იყვნენ შამსელების კლანის ერთ-ერთი შტოს ლიდერები. მათი ბიძაშვილი, ჰარბი, უმაიანთა შტოს ყოფილი ლიდერი, სიკვდილის შემდეგ ჩაანაცვლა თავისმა ვაჟმა, აბუ სუფიანმა, რომელმაც ცოლად შეირთო, სხვა ცოლთა გვერდით, ‛უთბას ქალიშვილი, ჰინდი. აბუ სუფიანის წარმატება როგორც პოლიტიკაში, ასევე ვაჭრობაში, ნაწილობრივ იმის წყალობით ხდებოდა, რომ ის სამართლიანი იყო და შეეძლო ცივად და მოთმინებით ემსჯელა, აგრეთვე გააჩნდა თავშეკავების უნარი, რომელსაც დაუყოვნებლივ გამოამჟღავნებდა, თუ თავისი გამჭრიახი ინტუიცია წარმატების მოპოვებაში უჩვენებდა, რომ ამ გზით რაიმე სარგებელს ნახავდა. მისი ცივგონებიანობა ხშირად იწვევდა იმპულსური და ფეთქებადი ჰინდის გაბრაზებას, მაგრამ ის თითქმის არასოდეს აძლევდა უფლებას ქალს, აზრი შეეცვლევინებინა (რაიმე მერყეობა გამოეჩინა) მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის ნაკლებად აგრესიულად იქცეოდა, ვიდრე აბუ ჯაჰლი, თავის მტრობაში წინასწარმეტყველის მიმართ.

მაგრამ, თუ კურეიშის ლიდერები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ თავის დამოკიდებულებაში წინასწარმეტყველის მიმართ, ისინი ერთხმანი იყვნენ თვით უწყების უარყოფაში. მიაღწიეს რა გარკვეულ წარმატებას ცხოვრებაში - თუმცა უფრო ახალგაზრდები იმედოვნებდნენ, რომ მათთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო - საზოგადო აზრის თანახმად, მიაღწიეს რაღაცას, რაც არაბეთში მიღებული (მიჩნეული) იყო, როგორც ადამიანური დიდებულების იდეალი. სიმდიდრე არ სახელდებოდა ამ დიდებულების ასპექტად, მაგრამ სინამდვილეში ის თითქმის აუცილებლობას წარმოადგენდა საბოლოო ჯამში. დიდ კაცზე ყოველთვის იქნებოდა დიდი მოთხოვნა, როგორც მოკავშირესა და მფარველზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას სანდო მოკავშირენი უნდა ჰყოლოდა თვითონ. ეს მას შეეძლო ნაწილობრივ მოეწყო (მოეგვარებინა) იმით, რომ შეკრავდა საკუთარი ქორწინებისა თუ თავისი ვაჟებისა და ქალიშვილების ქორწინებათა მეშვეობით ძლიერ და შთამბეჭდავ კავშირთა ქსელს. ამ თვალსაზრისით, ბევრის მიღწევა შეიძლებოდა სიმდიდრით, რომელიც დიდ კაცს ისევე სჭირდებოდა, როგორც შესაძლებლობა მასპინძლობისა. კარგი თვისებები გადამწყვეტი ასპექტი იყო იმ იდეალისა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, განსაკუთრებით კი გულუხვობა, მაგრამ არა რაიმე ზეციური ჯილდოს მოსაპოვებლად. ქებულნი ყოფილიყვნენ კაცთა მიერ მთელ არაბეთსა და მის ფარგლებს გარეთაც დიდი გულუხვობისათვის, ლომის მამაცობისათვის, სიტყვისადმი ურყევი ერთგულებისათვის, არა აქვს მნიშვნელობა, რისთვის იქნებოდა მიცემული ეს სიტყვა - მოკავშირეობისათვის, მფარველობისათვის, გარანტიისა თუ რაიმე სხვა მიზნით - ქებულნი ყოფილიყვნენ ამ კარგ თვისებათა გამო სიცოცხლის განმავლობაში და სიკვდილის შემდეგაც, ეს იყო პატივი და უკვდავება, რომელიც, როგორც მათ ეგონათ, აძლევდა ცხოვრებას თავის მიზანს. ვალიდის მსგავსი კაცები გარკვეულწილად გრძნობდნენ ამ დიდებულებას და ეს მათში იწვევდა თვითკმაყოფილებას, რაც მათ ყრუდ აქცევდა უწყების მიმართ, რომელიც ხაზს უსვამდა მიწიერი ცხოვრების ამაოებას - თვით იმ ადგილის ამაოებას, სადაც მათი წარმატება მოხდა. კურეიშელთა უკვდავება დამოკიდებული იყო იმაზე, რომ არაბეთი ისეთად დარჩენილიყო, როგორიც იყო, იმაზე, რომ არაბული იდეალები მომავალშიც სამუდამოდ ისეთად დარჩენილიყო, როგორც წარსულში. ისინი სხვადასხვა ხარისხით მგრძნობიარენი იყვნენ გამოცხადების ენის სილამაზისადმი, მაგრამ, რაც შეეხება მის შინაარსს, მათი სულები სპონტანურად იკეტებოდნენ ისეთი აიების მიმართ, რომლებიც ეუბნებოდა, რომ მათ და მათ პატივცემულ მამა-პაპებს არაფრისათვის არ მიუღწევიათ და მთელი მათი ძალისხმევანი დაკარგული იყო: ეს უფრო დაბალი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა დროსტარება (გართობა) და თამაში; და, ჭეშმარიტად, სასუფეველი საიქიოსი არის სიცოხლე, რომ იცოდნენ მათ. 4

_________________________

1. XXX, 5-10.

2. ი.ი. 238; იხ. ყ. XLIII.

3. ტაბ. 1203, 3.

4. XXIX, 64.

23 XXIII. გაოცება და იმედი

▲ზევით დაბრუნება


ახალგაზრდები და ნაკლებად წარმატებულნი დაუყოვნებლივ სულაც არ იღებდნენ ღვთიურ უწყებას; მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, თვითკმაყოფილება არ უხშობდა მათ სმენას იმ მოწოდების სიმკვეთრისა და კატეგორიულობისადმი, რაც მათ პატარა სამყაროს დაატყდა თავს, როგორც საყვირიდან მიცემული ნიშანი. ხმა, რომელიც ‛უსმანმა გაიგო და რომელიც უდაბნოში იძახდა: „მძინარენო, გაიღვიძეთ,“ ჰგავდა თვით უწყებას და ახლა, ვინც ეს უწყება მიიღო, თითქოს ნამდვილად ძილისაგან გამოფხიზლდა და ახალ ცხოვრებაში შევიდა.

ურწმუნოთა პოზიცია როგორც წარსულში, ისე აწმყოში, შეჯამებულ იქნა სიტყვებში: არ არსებობს არაფერი, თუ არა ამქვეყნიური ცხოვრება... და ჩვენ არ აღვდგებით.1 ამას მოჰყვა ღვთიური პასუხები: თამაშით არ შეგვიქმნია ცა და დედამიწა და, რაც მათ შორისაა,2 და: ასე მიგაჩნიათ, რომ ფუჭად შეგქმენით და ჩვენთან არ იქნებით დაბრუნებულნი?“3 იმათთვის, ვისშიც ურწმუნოება საბოლოოდ არ იყო ჩამოყალიბებული, მოყვანილი სიტყვები სიმართლესავით ჟღერდა; და ეს ეხება მთლიანად გამოცხადებას, რომელიც თავის თავს აღწერდა, როგორც სინათლეს, და თავის თავში იმის ძალის მქონეს, რომ ადამიანები ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა. პარალელური გადამწყვეტი მიზეზი უწყების მისაღებად იყო თვით მოციქული, კაცი, რომელიც, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, იმდენად სავსე იყო სიმართლით, რომ ტყუილს ვერ იტყოდა, და იმდენად სავსე იყო სიბრძნითაც, ვერც თავს მოიტყუებდა. უწყება შეიცავდა გაფრთხილებასა და დაპირებას: გაფრთხილება მათ აიძულებდა, მოქმედება დაეწყოთ, და დაპირება მათ სიხარულით აღავსებდა.

ჭეშმარიტად, მათზე, ვინც ამბობენ: „ჩვენი უფალი ღმერთია,“ და ვინც შემდეგ პირდაპირ მიჰყვებიან მის გზას, ჩამოდიან ანგელოზები, რომლებიც ამბობენ: „ნუ შეშინდებით და ნურც დამწუხრდებით, არამედ ყური მიუგდეთ სასიხარულო ამბებს სამოთხის შესახებ, რომელიც თქვენთვის იქნა დაპირებული. ჩვენ ვართ თქვენი მფარველნი ამ ქვედა/სააქაო ცხოვრებაში და საიქიოშიც, სადაც თქვენ მოგეცემათ, რაც თქვენს სულს სურს, რისთვისაც ლოცულობთ, სიუხვით იმისაგან, რომელიც არის ყოვლად მოწყალე, მწყალობელი.“4

კიდევ ერთი იმ მრავალ აიათაგან, რაც სამოთხეს ეხება და ახლა უკვე გამოცხადებული იყო, საუბრობდა უკვდავების ბაღზე, რომელიც დაპირებულია მართალთათვის. ამის შესახებ ნათქვამია: მათთვის იქ არის ის, რაც სურთ, უკუნითი უკუნისამდე - დაპირება, რომლის აღსრულებაც ითავა უფალმა.5

ჭეშმარიტი მორწმუნენი განმარტებულნი არიან, როგორც ისინი, ვინც ჩვენთან შეხვედრაზე ამყარებენ იმედს, მაშინ, როდესაც ურწმუნონი განმარტებულნი არიან, როგორც ისინი, ვინც არ ამყარებენ იმედს ჩვენთან შეხვედრაზე და ვინც კმაყოფილდებიან ამქვეყნიური ცხოვრებით და თავის უღრმეს მშვიდობას (სიმშვიდეს) მასში ნახულობან და ვერ იღებენ ჩვენს სასწაულებს (აიებს), როგორც სასწაულებს.6 მორწმუნეთა დამოკიდებულება ყველანაირი თვალსაზრისით საპირისპირო უნდა იყოს. ერთ-ერთი ასპექტი სიზმრისმაგვარი ილუზიისა, რომელშიც ურწმუნონი იყვნენ ჩაძირულნი, იყო ბუნების ძღვენთა, წყალობათა დაჯერება. რეალურობისადმი ფხიზლად ყოფნა მხოლოდ იმას კი არ ნიშნავდა, რომ ვინმეს იმედები გადატანილი ყოფილიყო სააქაოდან საიქიოზე, არამედ იმასაც, რომ ამქვეყნად აღფრთოვანება გამოეხატა ღმერთის სასწაულების, ნიშნების მიმართ, რომლებიც აქ მჟღავნდება, აქაა ნაჩვენები. კურთხეულია ის, ვინც მოათავსა ცათა შინა ზოდიაქოს თანავარსკვლავედები და მოათავსა იქ მნათობი და სინათლის მომცემი მთვარე. ეს იგია, ვინც დაადგინა, რომ ერთმანეთს მოსდევდეს ღამე და დღე, როგორც ნიშანი/სასწაული მისთვის, ვინც დაფიქრდება ან მადლობას იტყვის.7

კურეიშის ლიდერებმა თავხედურად მოითხოვეს ისეთი სასწაულები, როგორიცაა ანგელოზის ჩამოსვლა მუჰამედის წინასწარმეტყველობის დასამტკიცებლად და თვით მუჰამედის ასვლა ზეცაში. ერთხელაც, როდესაც სავსემთვარიანი ღამე იდგა, მნათობი სულ ცოტა ხნის წინ ამოსულიყო და ჰირა'ის მთის ზემოთ დაკიდული ჩანდა, ბევრი ურწმუნო მიუახლოვდა წინასწარმეტყველს და მოსთხოვა, შუაზე გაეხლიჩა მთვარე, როგორც ნიშანი იმისა, რომ ნამდვილად ღვთის მოციქული იყო. იქ ბევრი სხვაც მივიდა, მორწმუნე თუ მერყევი, და, როდესაც მოთხოვნა წამოყენებულ იქნა, ყველამ თვალი მიაპყრო მნათობს. დიდი იყო მათი გაოცება, როდესაც ნახეს, რომ ის გაიყო ორ თანაბარ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს სცილდებოდა მანამდე, სანამ ნახევარმა მთვარემ არ გამოანათა მთის ორივე მხარეს. „დაადასტურეთ,“ თქვა წინასწარმეტყველმა.8 მაგრამ მათ, ვინც მოთხოვნა წამოაყენეს, უარყვეს ეს ოპტიკური სასწაული, როგორც უბრალო ჯადოქრობა,9 თქვეს, რომ მან ისინი მოაჯადოვა. მეორე მხრივ, მორწმუნეებმა გაიხარეს, მერყევთაგან ზოგიერთმა მიიღო ისლამი, ხოლო ზოგიერთი კი უფრო ახლოს მივიდა იმ აზრამდე, რომ შეიძლება ასე გაეკეთებინა. ეს უეცარი ზეციური პასუხი ირონიულ გამოწვევაზე გამონაკლისი იყო. დანარჩენი სასწაულებიც, რომლებიც კურეიშმა ითხოვა, პრინცი პში მიცემულ იქნა, მაგრამ არა ზუსტად ისე, როგორც მათ თქვეს, და არა მათ მიერ, არამედ ღმერთის მიერ დათქმულ დროს. იყო ასევე მრავალი მცირე ნიშანი, რომლის მოწმენიც მხოლოდ მორწმუნენი გახდნენ. მაგრამ ასეთი სასწაულები არასოდეს იყო ცენტრში, რადგანაც თვით გამოცხადებული წიგნი იყო ცენტრალური სასწაული ღვთიური განგებისა, რომელიც იმხანად ხდებოდა, ზუსტად ისევე, როგორც ქრისტე იყო ცენტრალური სასწაული წინა განგებისა (ჩარევისა). ყურანის თანახმად, იესო არის როგორც ღვთის მოციქული, ასევე მისი სიტყვა, რომელიც ჩაუსახა (ღმერთმა) მარიამს, და სული მისგან (ღმერთისგან);10 და, როგორც ის იყო სიტყვით შექმნილი ხორცისაგან, ახლაც ანალოგიურად ღვთის ყოფნით ამ სიტყვით შექმნილი წიგნის სამყაროში ისლამი იყო რელიგია თავისი ნამდვილი გაგებით საიქიოსთან კავშირში. ერთ-ერთი ფუნქცია სიტყვით შექმნილი წიგნისა, იმის გათვალისწინებით, რომ ისლამი, როგორც იგი პრეტენზიას აცხადებდა, ფუნდამენტური რელიგიაა,11 იყო შემდგომი: ადამიანში ხელმეორედ უნდა გაეღვიძებინა პირველყოფილი შეგრძნება გაოცებისა, რომელიც დროთა განმავლობაში დაჩლუნგდა ანდა არასწორად იქნა მიმართული. ამიტომაც, როდესაც კურეიში ითხოვს სასწაულებს, ყურანის მთავარი პასუხია, მათ მიეთითოთ ისეთ სასწაულებზე, რომლებიც მანამდე ყოველთვის თვალწინ ჰქონდათ, მაგრამ მათ სასწაულებრიობას ვერ აღიქვამდნენ, ვერ ხედავდნენ:

ვერ დაინახავენ/არ უყურებენ აქლემებს, როგორ შეიქმნენ? და ზეცას, როგორ იქნა აღმართული? და მთებს, როგორ იქნენ ისინი დამკვიდრებულნი? და მიწას, როგორაა ის გადაჭიმული? 12

გაოცება და იმედი, რომელიც მოთხოვნილია მორწმუნისაგან, ორივე არის დამოკიდებულება, პოზიცია ღმერთთან დაბრუნებისა. მადლობის საკრამენტი, ამ სიტყვების წარმოთქმა: დიდება ღმერთს, სამყაროთა მეუფეს, შეიცავს გაოცებას და ნადიდებ საგანს მადიდებელთან ერთად აბრუნებს ყოველივე კარგის ტრანსცენდენტურ საწყისთან. მიძღვნის საკრამენტი, ამ სიტყვების წარმოთქმა: სახელითა ღმერთისა/ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა (უსასრულოდ კარგისა, ყოვლად მოწყალისა), სულს მიმართავს იმავე მიმართულებით იმედის დინებაზე. ამ დაბრუნების გზაზე მთავარი ადგილი უჭირავს ისლამის საბაზისო ლოცვას, ალფათიჰას, გახსნას, რომელსაც ასე იმიტომ ეწოდება, რომ ყურანის პირველი სურაა:13

დიდება ალაჰს, სამყაროთა მეუფეს, უსაზღვროდ კარგს, ყოვლად მოწყალეს (მოწყალეს, მწყალობელს), განკითხვის დღის განმგებელს. შენ გცემთ თაყვანს და შენთან ვეძიებთ შველას. წარგვიძეხი ჩვენ ჭეშმარიტ გზაზე, მათ გზაზე, ვისთვისაც წყალობა გაიღე, არა მათ გზაზე, ვისზეც შენი რისხვაა, და არც მათსაზე, ვინც გზააბნეულია.14

ასევე საბაზისოა, როგორც სრულყოფილი და კონცენტრირებული გამოხატვა ისლამის დოქტრინისა, სურათ ალ-იხლას, სიწრფელის თავი, რომელიც მოთავსებულია ყურანის ბოლოს, ბოლოდან მესამეა, და რომელიც გამოცხადებულ იქნა, როდესაც კერპთაყვანისმცემელმა წინასწარმეტყველს სთხოვა, აღეწერა თავისი უფალი:

თქვი: ის არის ერთადერთი ღმერთი, ღმერთი თავისთავად. ის არ შობს და არც იშობა, და არაფერია მისი მსგავსი.15

_____________________________

1. VI, 29.

2. XXI, 16; XLIV, 38.

3. XXIII, 115.

4. XLI, 30-2.

5. XXV, 1-2.

6. X, 9.

7. XXV, 61-2.

8. ბ. XI, 24.

9. ყ. IV, 1-2.

10. IV, 171.

11. XXX, 30.

12. XXXVIII, 17-20.

13. სურების საბოლოო გადაჯგუფებაში ეს არის რიგით პირველი. მისი ადგილი ისლამურ ლიტურგიაში ამტკიცებს, რომ იგი, სულ მცირე, ჩვიდმეტჯერ წარმოითქმის დღეში.

14. I, 2-7.

15. ჩXII.

24 XXIV. ოჯახური განხეთქილებები

▲ზევით დაბრუნება


ტალიბი და ‛აკილი, აბუ ტალიბის უფროსი ვაჟები, არ დაადგნენ უმცროსი ძმების, ჯა‛ფარისა და ‛ალის, გზას, არამედ, მამის მსგავსად, მოუქცეველნი დარჩნენ, თუმცა ტოლერანტები. სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა აბუ ლაჰაბს: კურეიშის ლიდერებთან ცოტა ხნის წინანდელი კონფრონტაციის შემდეგ ის ღიად მტრული გახდა; და მისმა ცოლმა, უმმ ჯამილმა, შამსელი ლიდერის, აბუ სუფიანის, დამ, შეიძულა წინასწარმეტყველი. მათ აიძულეს თავიანთი ორი ვაჟი, რომ ისინი დაშორებოდნენ რუკაჲჲასა და უმმ ქულსუმს - არ არის ზუსტად ცნობილი, ქორწინებები უკვე შემდგარი იყო თუ წყვილები მხოლოდ დანიშნულები იყვნენ. მაგრამ უმმ ჯამილის კმაყოფილება, რომელიც ამ განშორებასთან დაკავშირებით ჰქონდა, შენელდა, როდესაც გაიგო, რომ მისმა მდიდარმა უმაიანმა ბიძაშვილმა, ‛უსმან იბნ ‛აფფანმა, ითხოვა რუკაჲჲას ხელი და ეს ქალი ცოლად შეირთო. აღნიშნული ქორწინება დიდად სასიამოვნო აღმოჩნდა წინასწარმეტყველისა და ხადიჯასათვის. მათი ქალიშვილი ბედნიერი იყო, ახალი სიძე კი ცოლისა და ოჯახის ერთგული. არსებობდა კიდევ ერთი რამ, რაც მადლობას აღძრავდა: რუკაჲჲა ყველაზე ლამაზი იყო მათ ქალიშვილთა შორის და ერთ-ერთი ულამაზიესი ქალი თავის თაობაში მთელი მექის მასშტაბით; ‛უსმანიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდა, როგორც ლამაზი კაცი. ამ ორი ადამიანის ერთად დანახვა თავისთავად მეტად სასიამოვნო იყო. „ღმერთი ლამაზია და უყვარს სილამაზე.“1 ერთხელ, როდესაც დიდი დრო არ იყო გასული მათი ქორწინებიდან და ცოლიცა და ქმარიც წასული იყვნენ მექიდან, წინასწარმეტყველმა მათთან მაცნე გაგზავნა, რომელიც საკმაოდ გვიან დაბრუნდა, ვიდრე ელოდნენ. მობიდოშება დაიწყო, მაგრამ წინასწარმეტყველმა შეაწყვეტინა და უთხრა: „თუ გინდა, მე თვითონ გეტყვი, რამ შეგაფერხა. შენ იქ იდექი, უყურებდი ‛უსმანსა და რუკაჲჲას და აღფრთოვანებული იყავი მათი სილამაზით.“ 2

იმ დროს წინასწარმეტყველის მამიდამ, არვამ, გადაწყვიტა, მიეღო ისლამი. მისი უეცარი გადაწყვეტილების მიზეზი მისი ვაჟი, ტულაიბი, გახდა. ის იყო თხუთმეტი წლის ჭაბუკი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო ისლამი არკამის სახლში. როდესაც ეს დედამისს უთხრა, მან უპასუხა: „ჩვენ რომ შეგვეძლოს იმის გაკეთება, რის გაკეთებაც კაცებს შეუძლიათ, დავიცავდით ჩვენს ძმისშვილს.“ მაგრამ ტულაიბმა უარი განაცხადა, მიეღო ასეთი გაუგებარი პოზიცია. „რა გიშლის ხელს,“ თქვა მან, „რომ მიიღო ისლამი და მას გაჰყვე? შენმა ძმამ, ჰამზამ, ასე გააკეთა.“ და, როდესაც მან თავი ისე გაიმართლა, როგორც სჩვეოდა, თითქოს და თავის დებს უცდიდა, ყმაწვილმა მაშინვე შეაწყვეტინა და უთხრა: „ღმერთმანი, გთხოვ, რომ წამოხვიდე, მიესალმო ღმერთს, თქვა, რომ ის გწამს და დაადასტურო, არ არსებობს არავითარი ღმერთი, თვინიერ ალაჰისა.“ ქალმა ვაჟს დაუჯერა, და მას შემდეგ მიეცა მამაცობა. მან თავის ძმა აბუ ლაჰაბს უსაყვედურა, რომ ის ასე მოექცა თავიანთ ძმისშვილს.

რაც შეეხება ხადიჯას ნათესავებს, როგორც კი ისლამი გაცხადდა მექაში, მისი ნახევარი ძმა გახდა ერთ-ერთი ყველაზე უარესი და აგრესიული მტერი ახალი სარწმუნოებისა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისი ვაჟის, ასვადისათვის, ისლამი მიეღო, რაც ხადიჯასათვის კომპენსაცია აღმოჩნდა ნავფალის მტრული განწყობის საპირისპიროდ. მაგრამ იმედგაცრუებად იქცა ის, რომ მის საყვარელ ძმისშვილს, შამსელ აბუ ლ- ‛ასს, რომელიც უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც მისი სიძე გამხდარიყო, ჯერ არ ჰქონდა მიღებული ისლამი, განსხვავებით თავისი ცოლის, ზეინაბისაგან; და ახლა კაცზე ხდებოდა დიდი ზეწოლა მისი კლანის ლიდერებისა და სხვათა მიერ, რათა ცოლს გაყროდა. ისინი იქამდეც კი მივიდნენ, რომ ურჩევდნენ, მოეძებნა მექაში ყველაზე მდიდარი, საუკეთესო წრისა და ულამაზესი საცოლე, ჰპირდებოდნენ, რომ, იმ პირობით, თუ ცოლს გაეყრებოდა, ისინი გააერთიანებდნენ თავიანთ ძალისხმევას, რათა ახალი ქორწინება მოეგვარებინათ მისთვის. მაგრამ ზეინაბსა და აბუ ლ-‛ასს ერთმანეთი ძლიერ უყვარდათ, ქალს ყოველთვის ჰქონდა იმედი და ლოცულობდა, რომ ქმარიც მასავით მიიღებდა ისლამს; ის კი, თავის მხრივ, მტკიცედ ეუბნებოდა თავისი კლანის წარმომადგენლებს, რომ მას უკვე ჰყავდა ცოლად ქალი, ვინც თვითონ აირჩია, და არ სურდა ვინმე სხვა. ჰაქიმი, ხადიჯას მეორე ძმისშვილი - მისი ძმის, ჰიზამის, ვაჟი, რომელმაც დაახლოებით ოცი წლის წინ მამიდას აჩუქა ზეიდი - აბუ ლ- ‛ასის მსგავსად, ინარჩუნებდა სიყვარულს ხადიჯასა და მისი სახლისადმი კურეიშის ღმერთების უარყოფის გარეშე; მაგრამ ჰაქიმის ძმამ, ხალიდმა, ისლამი მიიღო. ნამდვილად, შენ არ მიუძღვი ჭეშმარიტ გზაზე მას, ვინც შენ გიყვარს, არამედ ღმერთი მიუძღვის მას, ვინც უნდა.3 სიმართლე, გამოხატული ამ აიაში, მუდმივად მეორდება ყურანში. თუ ასეთი გამოცხადებები ამსუბუქებდა წინასწარმეტყველის პასუხისმგებლობის შეგრძნებას, ისინი ვერ იცავდა მას მწუხარებისაგან, რაც გამოწვეული იყო ისლამის მიმართ მისი მახზუმული ბიძაშვილის, ‛აბდ ალლაჰის, უარყოფითი დამოკიდებულებით; და კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა, რომელმაც, ალბათ, უფრო მეტადაც დაამწუხრა, იყო პოზიცია მისი ბიძის, ჰარისის, ვაჟის, აბუ სუფიანისა, ვინც იყო მისი ძუძუმტე, ბიძაშვილი და ერთ დროს მეგობარიც. მუჰამედს იმედი ჰქონდა, რომ იგი უპასუხებდა მის უწყებას, მაგრამ, პირიქით, მოწოდებამ მათ შორის ბზარი გააჩინა და აბუ სუფიანის გაუცხოება და სიცივე დროთა განმავლობაში უფრო იზრდებოდა, შესაძლოა, მათი ბიძის, აბუ ლაჰაბის, გავლენით. სხვები ჩასწვდნენ ზემოთ ციტირებული აიის ჭეშმარიტებას: აბუ ბაქრს მიბაძეს და ისლამი მიიღეს მისმა ცოლმა უმმ რუმანმა, ასევე ‛აბდ ალლაჰმა და ასმა'მა, ვაჟმა და ქალიშვილმა სხვა ცოლისაგან, რომელიც იმხანად უკვე გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო. უმმ რუმანს ის-ის იყო, რაც მისთვის გაეჩინა მეორე ქალიშვილი, რომელსაც ‛ა'იშა დაარქვეს და რომელიც, ზეიდის ვაჟის, უსამას, მსგავსად, იყო ერთ-ერთი პირველი ბავშვი, ვინც ისლამის წიაღში დაიბადა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აბუ ბაქრის დამსახურება იყო ამდენი მოქცევა, იგი ვერ ახერხებდა, მოექცია თავისი საკუთარი უფროსი ვაჟიშვილი ‛აბდ ალქა‛ ბა. ჭაბუკი წინააღმდეგობას უწევდა თავისი მშობლების ყოველგვარ ძალისხმევას იმაში დასარწმუნებლად, რომ ახალი რელიგია მიეღო. ‛აბდ ალ-ქა‛ბა უმმ რუმანის შვილი იყო.

თუ მორწმუნეები იმედგაცრუებას განიცდიდნენ, მათი ოპონენტები გაღიზიანებული იყვნენ, რადგანაც თავს გრძნობდნენ მექაში რაღაც ახლისა და განუთვლელის პირისპირ, რაც აშინებდათ, ემსჯელათ თავიანთი ცხოვრების გზებზე და რაც ასევე ხელს უშლიდა მათ სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებით კი იმ გეგმებს, რომლებიც დაკავშირებული იყო შვილების ქორწინებასთან. მახზუმელები კმაყოფილნი დარჩნენ, როდესაც მათი კლანის წარმომადგენელი, ‛აბდ ალლაჰი, ასე მწვავედ დაუპირისპირდა თავის ბიძაშვილ მუჰამედს საკრებულოში. ‛აბდ ალლაჰის ძმამ, ზუჰაირმა, მართალია, უფრო ნაკლებად მტრულად განწყობილმა ახალი სარწმუნოებისადმი, ასევე უარი განაცხადა ისლამის მიღებაზე. ‛აბდ ალლაჰის მსგავსად, ისიც ‛ათიქას, ‛აბდ ალ-მუტტალიბის, ქალიშვილის, ძე იყო, მაგრამ მათ მამას, რომელიც იმხანად უკვე გარდაცვლილი იყო, ჰყავდა მეორე ცოლი, ვისაც ასევე ‛ათიქა ერქვა. მან უშვა ქალიშვილი, ჰინდი. გოგნა ძალიან ლამაზი გაიზარდა, ახლა ცხრამეტი წლის შესრულებულიყო და ცოტა ხნის წინ მიეთხოვებინათ მისი ორი ნახევარი ძმის ბიძაშვილის, აბუ სალამასათვის, მახზუმის სხვა შტოდან. მთელი კლანი ძალიან კმაყოფილი დარჩა ამ ორი შტოს დაკავშირების გამო. მაგრამ დიდი იყო მათი აღშფოთება, როდესაც გაცხადდა, რომ აბუ სალამამ ისლამი მიიღო; და ეს აღშფოთება გაორკეცდა, რადგანაც ჰინდი - ანუ უმმ სალამა, ვინაიდან ის ყოველთვის ასე იწოდებოდა - იმის მაგიერ, რომ ქმარი მიეტოვებინა, მის მსგავსად, გახდა წინასწარმეტყველის მიმდევართაგან ერთ-ერთი ყველაზე ერთგული.

მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა აბუ სალამას მამა, დედამისი, ბარრა, გათხოვდა ერთ კაცზე ‛ამირიდან, კურეიშის კლანიდან. მისგან მეორე ვაჟი ეყოლა. ვაჟიშვილს აბუ საბრა ეწოდა. სუჰაილმა, ‛ამირის ბელადმა, ცოტა ხნის წინ მიათხოვა აბუ საბრას თავისი ქალიშვილი, უმმ ქულსუმი. ბარრას, თავისი დისაგან, არვასაგან, განსხვავებით, ჯერ არ ჰქონდა მიღებული ისლამი; მაგრამ აბუ საბრა განიცდიდა გავლენას არა მხოლოდ თავისი ნახევარი ძმის, აბუ სალამასაგან, არამედ აგრეთვე თავისი დედინაცვლისაგან, მამამისის მეორე ცოლის, მაიმუნასაგან. სწორედ მაიმუნასა და მის სამ დაზე, ‛აბბასის, ჰამზასა და ჯა‛ფარის ცოლებზე, თქვა წინასწარმეტყველმა: „ჭეშმარიტად დები ნამდვილი მორწმუნენი არიან“;4 მაიმუნას ქორწინებამ ‛ამირის კლანს ძლიერი რწმენა შესძინა.

სუჰაილს ჰყავდა კიდევ ერთი ქალიშვილი, საჰლა, რომელიც მიათხოვა აბუ ჰუზაიფას, შამსელი ლიდერის, ‛უთბას, ვაჟს. ‛ამირის ძალაუფლება ბოლო ხანებში სწრაფად იზრდებოდა და ეს ქორწინება ჩაფიქრებული იყო, როგორც მეტად მომგებიანი ორივე დაინტერესებული მხარისათვის. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ წყვილმა ისლამი მიიღო; მათ მოჰყვა, თუ ეს უფრო ადრეც მოხდა, მეორე წყვილი, აბუ საბრა და უმმ ქულსუმი. ასე რომ, სუჰაილმა ახალი რელიგიის გამო ორი ქალიშვილი დაკარგა, ამასთანავე, ორი საგანგებოდ შერჩეული სიძე. მან ასევე დაკარგა სამი ძმა, ჰატიბი, სალიტი და საქრანი, ასევე საქრანის ცოლი, მათი ბიძაშვილი, სავდა. მაგრამ, რაც სუჰაილის აზრით ყველაზე უარესი იყო, მისი უფროსი ვაჟი, ‛აბდ ალლაჰი, ასევე გახდა წინასწარმეტყველის ერთგული მიმდევარი.

‛აბდ ალლაჰს ჰქონდა იმედი, რომ ერთ დღესაც მამამისიც მათ შეუერთდებოდა, და ამ იმედებს თვით წინასწარმეტყველიც იზიარებდა, რადგანაც სუჰაილი უფრო მოწყალე და ჭკვიანი კაცი იყო, ვიდრე დანარჩენ ლიდერთა უმეტესობა, და ცნობილია, რომ სულიერ განმარტოებებსაც კი აკეთებდა ხოლმე. მაგრამ, ვინაიდან ის ჯერ კიდევ მტრულ განწყობას ამჟღავნებდა ახალი სარწმუნოებისადმი, არა აგრესიულად, მაგრამ მაინც ურყევად, შვილთა ურჩობა, როგორც ჩანს, აღიზიანებდა.

‛აბდუ შამსში აბუ ჰუზაიფა არ იყო ერთადერთი, ვინც ანგარიში არ გაუწია მშობლების ავტორიტეტს. ხალიდმა, რომელმაც სიზმრად ნახა, როგორ გადაარჩინა წინასწარმეტყველმა ცეცხლისაგან, საიდუმლოდ შეინახა ისლამი, მაგრამ მამამისმა ეს შეიტყო და უბრძანა, ახალი სარწმუნოება უარეყო. ხალიდმა თქვა: „მოვკვდები, მაგრამ მუჰამედის რელიგიას არ მივატოვებ.“5 ამის შემდეგ მას სასტიკად სცემეს და საჭმელ-სასმლის გარეშე გამოამწყვდიეს ოთახში. სამი დღის შემდეგ იგი გაიქცა და მამამისმა მასზე უარი თქვა, მოიკვეთა რაიმე სხვა ქმედებისა და ზომების მიღების გარეშე. ‛უთბა, როგორც მას სჩვეოდა, ნაკლებად აგრესიული და მეტად მომთმენი იყო აბუ ჰუზაიფას მიმართ, ამიტომაც ეს უკანასკნელი თავის მამასთან რჩებოდა და იმედი ჰქონდა, რომ ის დაინახავდა თავისი კერპთაყვანისმცემლობის შეცდომას.

რაც შეეხება ‛აბდუ შამსს, უმაიანთა განშტოებას, ‛უსმანისა და რუკაჲჲაზე მისი ქორწინების გარდა, მათ სხვა დიდი დანაკარგებიც ჰქონდათ. ბანუ ასად იბნ ხუზაიმადან მათმა ბევრმა მოკავშირემ ასევე აღიარა ახალი სარწმუნეობა, სულ თოთხმეტმა, მათ შორის ჯაჰშის ოჯახმა, რომლის წევრებიც, როგორც წინასწარმეტყველის ბიძაშვილები, უეჭველად ლიდერები იყვნენ. ამ დასაფასებელ მოკავშირეებთან ერთად, უმაიანმა ბელადმა, აბუ სუფიანმა, ასევე დაკარგა ქალიშვილიც, უმმ ჰაბიბა, რომელიც მიეთხოვებინა ‛უბაიდ ალლაჰ იბნ ჯაჰშისათვის, ‛აბდ ალლაჰის უმცროსი ძმისათვის.

‛ადის კლანში, მის ერთ-ერთ მთავარ ოჯახში, სიმართლის კავშირის ძალა, რომ გაეწყვიტა უფრო ნაკლები კავშირები, პროტოტი პულად გადმოვიდა ბოლო თაობაში. ნუფაილს ჰყავდა ორი ვაჟი, ხატაბი და ‛ამრი, ორი სხვადასხვა ცოლისაგან; ნუფაილის გარდაცვალების შემდეგ ხატაბის დედა ცოლად გაჰყვა თავის გერს, ‛ამრს, და გაუჩინა შვილი, რომელსაც ზეიდი დაარქვეს. ასე რომ, ხატაბი და ზეიდი ნახევარი ძმები იყვნენ დედის მხრიდან. ზეიდი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კაცთაგან, ვარაკას მსგავსად, რომელიც კურეიშის კერპთაყვანისმცემლობას აღიქვამდა ისე, რაც ის რეალურად იყო; და არა მხოლოდ უარს აცხადებდა ასეთ რიტუალებში მონაწილეობის მიღებაზე, არამედ არ ჭამდა არაფერს, რაც კერპებისათვის იყო შეწირული. ის ამბობდა, რომ თქყვანს სცემდა აბრაამის ღმერთს, და არ ერიდებოდა თავისი ხალხის საჯარო გაკიცხვას. ხატაბი, მეორე მხრივ, ერთგულად მისდევდა კურეიშის ძველისძველ ფესვებგადგმულ რიტუალებს და აღშფოთებული იყო ზეიდის მიერ გამომჟღავნებული უპატივცემულობით იმ ღმერთებისა და ქალღმერთების მიმართ, რომლებსაც ისინი სცემდნენ თაყვანს. ამიტომაც სდევნიდა მას იმდენად, რომ აიძულა, დაეტოვებინდა მექა და გარშემო მდებარე გორაკებზე ეცხოვრა. მან ახალგაზრდათა ჯგუფიც კი შეკრიბა, რომელთაც დაავალა, ზეიდისათვის საშუალება არ მიეცათ, მიახლოებოდა წმინდა ადგილს. დევნილი ამის შემდეგ ჰიჯაზიდან წავიდა და მიაღწია მოსულამდე ერაყის ჩრდილოეთში, იქიდან კი სამხრეთ-დასავლეთ სირიაში გადავიდა, თან ბერებსა და რაბინებს სულ ეკითხებოდა აბრაამის რელიგიის შესახებ, სანამ საბოლოოდ არ შეხვდა ბერს, რომელმაც უთხრა, რომ უკვე დამდგარიყო დრო, როცა ზუსტად იმ ქვეყანაში, სადაც ზეიდი მანამდე ცხოვრობდა, უნდა გამოჩენილიყო წინასწარმეტყველი, რომელიც იქადაგებდა სარწმუნოებას, რასაც ის ეძებდა. მაშინ ზეიდი უკანა გზას დაადგა, მაგრამ ლაჰმის ტერიტორიაზე, სირიის სამხრეთ საზღვარზე, თავს დაესხნენ და მოკლეს. როდესაც ვარაკამ შეიტყო მისი სიკვდილის შესახებ, მან ელეგია (მარსია) დაწერა ზეიდის სადიდებლად. წინასწარმეტყველმაც შეაქო იგი და თქვა, რომ განკითხვის დღეს „ის აღდგება, როგორც მხოლოდ თავის თავში გამაერთიანებელი მთელი ხალხის ღირსებისა.“6

მრავალი წელი გასულიყო ზეიდის სიკვდილიდან, ხატაბიც გარდაიცვალა და მის ვაჟ ‛უმარს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ზეიდის ძესთან, სა‛იდთან, რომელსაც ცოლად ჰყავდა ‛უმარის და, ფატიმა. ბზარი, რაც ორ ოჯახს შორის არსებობდა, დაიხურა. მაგრამ, როდესაც მოვიდა ისლამი, სა‛იდი ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც ის მიიღო, მაშინ, როდესაც ‛უმარი, რომლის დედაც აბუ ჯაჰლის და იყო, გახდა მისი ერთ-ერთი გააფთრებული ოპონენტი. ფატიმამ ქმარს მიბაძა, მაგრამ ისინი ვერ ბედავდნენ, ეს ეთქვათ ფატიმას ძმისათვის, რადგანაც იცოდნენ მისი აგრესიული ხასიათის შესახებ. ‛უმარს ისლამმა სხვა მხრიდანაც შეუტია: მისი ცოლი, ზეინაბი, იყო და ‛უსმანისა, მაზ‛უნის ძისა, ჯუმაჰის კლანიდან; და ეს ‛უსმანი ბუნებით იყო ასკეტი და ამჟღავნებდა მიდრეკილებას მონოთეიზმისაკენ გამოცხადების გარდამოსვლამდეც. ის და მისი ორი ძმა იყვნენ იმ პირველთა შორის, რომელთაც უპასუხეს გამოცხადებას. მათ და ზეინაბს ასევე ჰყავდათ სამი ძმისშვილი, რომელთაც ისლამი მიიღეს. რაც შეეხება თვით ზეინაბს, ‛უმარის ცოლს, აღნიშნულ ეტაპთან დაკავშირებით მასზე რაიმე ცნობა არ შემონახულა, უეჭველად იმიტომ, რომ სადაც არ უნდა ყოფილიყო მისი სიმპათიები, მას სერიოზული მიზეზები ჰქონდა, ისინი საიდუმლოდ დაეცვა. მისი ძმა, ‛უსმანი, კიდევ უფრო უკომპრომისო იყო, ვიდრე ‛უმარი, თუმცაღა ნაკლებად აგრესიული.

ზეინაბი და მისი ძმები იყვნენ უმცროსი ბიძაშვილები თავიანთი კლანის უფროსის, უმაჲჲა იბნ ხალაფისა, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტერი ისლამისა, ისევე, როგორც უშუალოდ მისი ოჯახი. სწორედ მისი ძმა, უბაი, იყო, რომელმაც ერთხელ წინასწარმეტყველს გახრწნილი, გაფუჭებული ძვალი წაუღო და უთხრა: „შენ იმას ამბობ, მუჰამედ, რომ ღმერთს შეუძლია ეს გააცოცხლოს?“ შემდეგ ზიზღიანი ღიმილით ჩაუფშვნა ხელში და მისი ნაწილები შებერვით მიაყარა სახეში წინასწარმეტყველს, რომელმაც უპასუხა: „სწორედ ისე, როგორც მე ვამბობ: ის აღადგენს მას, შენც, როდესაც ასეთი იქნები, როგორც ეს ძვალი; შემდეგ ცეცხლში შეგიყვანს.“7 სწორედ უბაის მიემართება შემდეგი გამოცხადება: მან დაივიწყა, რომ შექმნილი იყო, და თქვა: ვინ გააცოცხლებს ამ ძვლებს მაშინ, როდესაც ისინი განხრწნილია? თქვი: მათ ის გააცოცხლებს, ვინც თავდაპირველად შექმნა. 8

______________________

1. წინასწარმეტყველის გამონათქვამი, ა.ჰ. IV, 133-4.

2. ს. 205.

3. XXVIII, 57.

4. ი.ს. VII, 203.

5. ი.ს. IV/I, 68.

6. ი.ი. 145.

7. ი.ი. 239.

8. XXXVI, 78.

25 XXV. ჟამი

▲ზევით დაბრუნება


ურწმუნოთა მხრიდან დაყენებულ სადავო საკითხთა შორის ერთერთი ყველაზე ხშირად ხსენებული იყო შემდეგი: ღმერთს მათთვის ნამდვილად რაიმე უწყება რომ ჰქონოდა, ანგელოზს გამოუგზავნიდა. ანგელოზები უზრუნველად რომ დადიოდნენ დედამიწაზე, მაშინ ნამდვილად მათზე მოვავლენდით ზეციდან ანგელოზს მოციქულად.1 გაბრიელის გარდამოსვლა დროდადრო მას არ აქცევდა მოციქულად ამ სიტყვის ყურანისეული გაგებით. ამისათვის საჭირო იყო დედამიწაზე მკვიდრად ყოფნა იმ ხალხში, რომლისთვისაც უწყება უნდა გაცხადებულიყო. გამოცხადება აგრეთვე ამბობდა: ისინი, ვინც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრაზე, თუ არ გარდმოევლინათ ანგელოზები ან არ დაინახეს თავიანთი უფალი, ნამდვილად თავიანთ თავში მედიდურობენ და დიდად ქედმაღლობენ. იმ დღეს, როდესაც ანგელოზებს დაინახავენ, მაშინ არ იქნება არავითარი სასიხარულო ამბავი ბოროტის მქნელთათვის, და ისინი იტყვიან: ბარიერი, რომლითაც ჩახერგილია!2 ანუ დახამრებას ითხოვენ, მაგრამ ამაოდ, რადგანაც ბარიერი უნდა აღიმართოს ცასა და დედამიწას შორის. ეს იქნება დასასრული, როდესაც პირდაპირი კავშირი ზეცასთან გამოიწვევს დროისა და სივრცის მიწიერ პირობათა გაქრობასა და თვით დედამიწის ერთიანობის დაშლას. დღე, როდესაც ადამიანები იქნებიან, როგორც გაფანტული ცხვარი, და მთები იქნება, როგორც გაჩეჩილი შალი.3 და დღე, რომელიც ბავშვებს თმას გაუჭაღარავებს.4 ამგვარი აღსასრულის შესახებ მუდმივად გვაფრთხილებს ყურანი. ეს არის ჟამი, რომელიც მოახლოებულია - ცანი და დედამიწა სავსეა მისით.5 მისი დრო ჯერ არ დამდგარა და, როდესაც საღვთო წერილში ნათქვამია, რომ ის მალე იქნება, უნდა გვახსოვდეს: ჭეშმარიტად, დღე შენი უფლისათვის არის ათასი წელი იმისა, რასაც შენ ითვლი.6 მაგრამ უწყების პერიოდი არის მაინც მოლოდინი, ანტიცი პაცია საათისა, ჟამისა.

ეს არის გამომდინარე საგანთა ბუნებიდან, არა თვით მიწიერი საგნებისა, არამედ უფრო ფართო კონტექსტში. რადგანაც, თუ არსებობს ღვთიური ჩარევა, ინტერვენცია ახალი რელიგიის დასამკვიდრებლად, მაშინ აუცილებლად არის გასასვლელი გზა, პასაჟი ზეცასა და დედამიწას შორის არსებულ ბარიერში, არა ისე ფართოდ გახსნილი, რომ ცვლიდეს მიწიერ პირობებს, მაგრამ საკმარისი საიმისოდ, რომ წინასწარმეტყველის მისიის დრო აქციოს სრულიად განსაკუთრებულად, როგორიც იყო დრო იესოსი, მოსესი, აბრაამისა და ნოესი. ყურანი განგების ღამის, ლაილათ ალკადრ, ანუ იმ ღამის შესახებ, როდესაც გაბრიელი გამოეცხადა მუჰამედს გამოქვაბულში ჰირა'ის მთაზე, ამბობს: განგების ღამე უმჯობესია, ვიდრე ათასი თვე. მასშია ანგელოზების სულის გარდამოსვლა.7 და რაღაც ასეთი განუმეორებლობით იყო აღსავსე წინასწარმეტყველისა და არქიანგელოზის ურთიერთობის მთელი პერიოდი.

ჟამის მოლოდინი სამსჯავროს მოლოდინია; და ცოტა ხნით ადრე ყურანმა თავისი თავი გამოაცხადა, როგორც ალ-ფურკან8, კრიტერიუმი, განსხვავება (კეთილისა და ბოროტისა). იგივე ეხება ყოველ გამოცხადებულ წერილს, რადგანაც გამოცხადება არის მარადიულის არსებობა წარმავალში და ეს არაამქვეყნიური არსებობა ერთგვარად აჩქარებს დიდ, საბოლოო სამსჯავროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად დამოუკიდებლად იმისაგან, თვით წინასწარმეტყველი რას იწინასწარმეტყველებდა, საბოლოო ბედისწერა სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში სავსებით შესამჩნევი ხდებოდა. სიკეთისა და ბოროტების დამალული სიღრმეები გამოხმობილი იყო ზედაპირზე. მოციქულის არსებობას ასევე უნდა ჰქონოდა პარალელური ეფექტი, რადგანაც მის მიერ გაძღოლის მიმზიდველი ძალა განსაზღვრავდა იმათ სრულ სიჯიუტეს, ვინც მას ეწინააღმდეგებოდა, მაშინ, როდესაც ისინი, ვინც მას იღებდნენ, შეჰყავდა უშუალოდ თავისი საკუთარი სრულყოფილების ორბიტაში.

მაშინვე გასაგები იყო, გამოცხადება განაპირობებდა იმას, რომ კარგები საკუთარ თავზე მაღლაც კი დადგეგბოდნენ. მაგრამ მხოლოდ მტკივნეული კი არა, დამაბნეველიც იყო ბევრი მორწმუნისათვის ის ფაქტი, რომ ზოგიერთი მათგანი, ვინც სრულიადაც არ მიაჩნდათ ცუდად, უეცრად უეჭველად ბოროტად იქცეოდა. ყურანი მათ ეუბნება, რომ ისინი ამას უნდა ელოდნენ, ვინაიდან მისი აიები აძლიერებს ყველაზე უარეს ოპონენტთა წინააღმდეგობას.

ჭეშმარიტად, ჩვენ მივეცით/ვაუწყეთ მათ ამ ყურანში, რომ წინდახედულობა გამოეჩინათ, და ეს მათ მხოლოდ ზიზღს თუ მატებს.9

ჩვენ მათ ვაშინებთ და ეს მათ მხოლოდ დიდ აღშფოთებას თუ მატებს.10

არავინ არ იცოდა მანამდე აბუ ლაჰაბის ნამდვილი, ფუნდამენტური ბუნება; სხვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფი თვით მეგობარივითაც კი იყო ჯუმაჰის ბელადის, უმაჲჲა იბნ ხალაფისათვის. ყურანი გვთავაზობს ამაღლებულ პარალელს, როდესაც გვეუბნება, როგორ დაიჩივლა ნოემ ღმერთის წინაშე, რომ მისი უწყება მხოლოდ იმას ემსახურებოდა, გეაღრმავებინა ბზარი მასსა და მისი ხალხის უმრავლესობას შორის და ისინი კიდევ უფრო არასწორი გზით წაეყვანა.11

_________________________

1. XVII, 95.

2. XXV, 21-2.

3. ჩI, 4-5.

4. XXIII, 17.

5. VII, 187.

6. XXII, 47.

7. XჩVII, 3-4.

8. ეს XXV სურის სათაურია.

9. XVII, 41.

10. XVII, 60.

11. XXI, 6.

26 XXVI. სამი შეკითხვა

▲ზევით დაბრუნება


კურეიშის ყოველი შეკრების დროს იმართებოდა სულ მცირე დისკუსია მაინც იმის შესახებ, თუ რა მიაჩნდათ მათ თავიანთ ყველაზე დიდ პრობლემად; და ახლა გადაწყვიტეს, ვინმე გაეგზავნათ იასრიბში, რათა რჩევა მიეღოთ ებრაელი რაბინიებისაგან: „ჰკითხეთ მუაჰმედის შესახებ,“ უთხრეს თავიანთ წარგზავნილ პირებს, „აღუწერეთ ის და უთხარით, რასაც ამბობს; ვინაიდან ისინი პირველი წერილის ხალხი არიან და, ჩვენგან განსხვავებით, იცნობენ წინასწარმეტყველებს.“ რაბინებმა პასუხი გაუგზავნეს: „ჰკითხეთ მას იმ სამი რამის შესახებ, რაზეც ჩვენ დაგაკვალიანებთ. თუ ის გი პასუხებთ, მაშინ ღმერთის მიერ გამოგზავნილი წინასწარმეტყველია, მაგრამ, თუ ვერაფერს გეტყვით, მაშინ სიცრუის მთხზველი კაცია. ჰკითხეთ რამდენიმე ახალგაზრდა კაცის შესახებ, ვინც მიატოვეს თავიანთი ხალხი ძველ დროში გარდასულ დღეებში, რა შეემთხვათ მათ, ვინაიდან მეტად გასაკვირველია მათი ამბავი; და ჰკითხეთ მას ამბავი იმისი, ვინც შორს იმოგზაურა და მიაღწია დედამიწის კიდეებს აღმოსავლეთითა და დასავლეთით; და ჰკითხეთ სულის შესახებ, რა არის ის. თუ გეტყვით ამ ყველაფრის შესახებ, გაჰყევით, რადგანაც ის წინასწარმეტყველი იქნება.“

როდესაც წარგზავნილი პირები მექაში დაბრუნდნენ თავიანთი ახალი ამბით, კურეიშელებმა კაცი გაგზავნეს წინასწარმეტყველთან და დაუსვეს სამი შეკითხვა. მან თქვა: „ხვალ გეტყვით,“ მაგრამ არ დაუყოლებია: „თუ ალაჰი ინებებს“; და, როდესაც ისინი მასთან მივიდნენ პასუხებისათვის, იგი იძულებული გახდა, უკან გაებრუნებინა, და ასე მისდევდა დღე დღეს მანამდე, სანამ თხუთმეტმა ღამემ არ გაიარა და მას ჯერ არ ჰქონდა მიღებული რაიმე გამოცხადება, არც გაბრიელი მოსულა მას შემდეგ, რაც კითხვები დაუსვეს. მექელები დასცინოდნენ, მას გულს სტკენდა, რასაც ისინი ამბობდნენ, და დიდად იყო დამწუხრებული იმის გამო, რომ არ იღებდა დახმარებას, რომლის იმედიც ჰქონდა. შემდეგ გაბრიელმა მიუტანა გამოცხადება, რომელიც საყვედურობდა იმ გულისტკივილის გამო, რომელიც ჰქონდა თავისი ხალხის ნალაპარაკევის გამო, და უთხრა პასუხი მათ სამ კითხვაზე. ხანგრძლივი ლოდინი, რომლის გადატანაც / მოთმენაც მოუხდა, ახსნილი იყო შემდეგ სიტყვებში: და ნურაფერზე ნუ იტყვი: მე ამას ნამდვილად გავაკეთებ ხვალ, თუ არა ისე, რომ თქვა: თუ ღმერთს სურს.1

მაგრამ ამ გამოცხადების დაგვიანება, თუმცაღა მტკივნეული წინასწარმეტყველისა და მისი მიმდევრებისათვის, სინამდვილეში დამატებითი ძალა იყო. მისმა ყველაზე უარესმა მტრებმა უარი განაცხადეს, აქედან დასკვნები გამოეტანათ, მაგრამ ბევრი კურეიშელისათვის, ვინც გაორებულ მდგომარეობაში იყო, ეს აღმოჩნდა მძლავრი დადასტურება იმისი განცხადებისა, რომ გამოცხადება მას ციდან მოსდიოდა და თვითონ არ მონაწილეობდა მასში და არც რაიმე კონტროლი ჰქონდა მასზე. შესაძლებელი იყო, რომ, თუ მუჰამედმა გამოიგონა ადრეული გამოცხადებები, იგი რატომღაც ასე დააგვიანებდა ამ უკანასკნელის გამოგონებას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამდენი ვინმე მიდიოდა და ეკითხებოდა?

მორწმუნეებმაც, როგორც ყოველთვის, ძალა მიიღეს თვით ამ გამოცხადებიდან. როდესაც კურეიშმა იკითხა ამბავი ჭაბუკებისა, ვინც დატოვეს თავიანთი ხალხი გარდასულ დღეებში - ამბავი, რომელიც არავის არასოდეს სმენოდა მექაში - არ იცოდნენ, რომ მასში იქნებოდა მითითება მათ თანამედროვე მდგომარეობაზეც, მათი დისკრედიტაციისათვის და მორწმუნეთა სასარგებლოდ. მას ხშირად ეწოდება ეფესელ მძინარეთა ამბავი, რადგანაც იქ მოხდა, რომ ქრისტეს შობიდან III საუკუნის შუა ხანებში რამდენიმე ახალგაზრდა კაცი დარჩა ერთგული ერთი ღმერთის თაყვანისცემისა მაშინ, როდესაც მათი ხალხი ჩავარდა კერპთაყვანისმცემლობაში და მათ დევნა დაუწყო იმის გამო, რომ თანამოქალაქეებს არ მიჰყვებოდნენ. ამ დევნისაგან გადასარჩენად ჭაბუკებმა თავი შეაფარეს გამოქვაბულს, სადაც ისინი სასწაულებრივად მიძინებულ იქნენ 300 წელზე მეტ ხანს.

იმაზე დამატებით, რაც ებრაელებმა უკვე იცოდნენ, ყურანისეული თხრობა2 ლაპარაკობდა დეტალებზე, რაც ადამიანის თვალს არ უნახავს, როგორიცაა, როგორ გამოიყურებოდნენ მძინარენი, როდესაც თავიანთ გამოქვაბულში საუკუნეთა განმავლობაში ეძინათ მისტერიული ძილით, რომელიც არავის უნახავს, როგორ იწვა ზღურბლზე მათი ერთგული ძაღლი თავისი წინა თათებით გაჭიმული.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, დიდ მოგზაურს ზუ ლ-კარნაინ, ორრქიანი, ჰქვია. გამოცხადება აღნიშნავს მის მოგზაურობას შორეულ დასავლეთსა და შორეულ აღმოსავლეთში, შემდეგ კი, პასუხობს რა უფრო მეტს, ვიდრე ჰკითხეს, ის ყვება მესამე მისტერიული მოგზაურობის შესახებ ერთ ადგილას, რომელიც ორ მთას შორისაა და სადაც ხალხი მას შეევედრა, გაეკეთებინა ბარიერი, რაც მათ დაიცავდა გოგისა და მაგოგისაგან და სხვა ჯინისაგან, რომლებიც ავერანებდნენ მათ ქვეყანას; და ღმერთმა მისცა მას ძალა, ბოროტი სულები გამოემწყვდია ისეთ სივრცეში, საიდანაც ვერ გამოაღწევენ ღვთის მიერ მითითებულ დღემდე,3 როდესაც, როგორც წინასწარმეტყველმა თქვა, ისინი ძირს დასცემენ ყველაფერს დედამიწის პირზე. მათი გამოჭრა, გამოვარდნა მოხდება ბოლო ჟამის წინ, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ აღსასრული დადგა.

მესამე კითხვის პასუხად გამოცხადება ადასტურებდა სულის ტრანსცენდენტულობას, აღმატებულებას ადამიანის გონებაზე, რომელსაც არა აქვს უნარი, ჩასწვდეს მას, გაიგოს იგი; ისინი გკითხავენ სულის შესახებ. თქვი: სული გადმოდის ჩემი უფლის ბრძანებით და თქვენ არ მოგცემიათ ცოდნა, გარდა მცირედისა. 4

ებრაელებს ძალიან აინტერესებდათ გაეგოთ, რა პასუხები გასცა მუჰამედმა მათ კითხვებზე; და ამ ბოლო წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც ცოდნას ეხება, მათ ჰკითხეს პირველივე შესაძლებლობისთანავე, ეს მის ხალხს (არაბებს) ეხებოდა თუ მათ (ებრაელებს). „ორივე თქვენგანს,“ თქვა წინასწარმეტყველმა, რასთან დაკავშირებითაც მათ პროტესტი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მიეცათ ყველაფრის ცოდნა, რადგანაც წაიკითხეს თორა, რომელშიც იყო გამოვლინება ყველაფრისა, როგორც თვით ყურანიც ამტკიცებდა.5 წინასწარმეტყველმა უპასუხა: „ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მცირეოდენია თვითონ ღმერთის ცოდნასთან შედარებით; თუმცა იქიდან თქვენ საკმარისი გაქვთ თქვენს საჭიროებათათვის, ამ ყველაფერს რომ ასრულებდეთ.“6 შემდეგ იყო, რომ მოვიდა გამოცხადება ღვთის სიტყვათა შესახებ, რომლებიც მისი ცოდნის მხოლოდ ნაწილს გამოხატავენ: დედამიწაზე ყველა ხე რომ კალამი იყოს და ზღვას შვიდი ზღვა დაემატოს, იმაზე მეტიც რომ იყოს მელანი, ღმერთის სიტყვები ვერ დაიწერება მათ კიდეზე.7

კურეიშის ლიდერებმა არ გაითვალისწინეს რაბინების რჩევა, არც თვით რაბინებმა ცნეს წინასწარმეტყველი მიუხედავად იმისა, რომ, მათი მოლოდინის საპირისპიროდ, უპასუხა ყველა შეკითხვას. მაგრამ პასუხები იმისათვის გამოდგა, რომ სხვები მოქცეულიყვნენ; და, რაც უფრო იზრდებოდა მის მიმდევართა რიცხვი, მით უფრო მეტად გრძნობდნენ ოპონენტები, რომ მათი საზოგადოება და ცხოვრების წესი საშიშროების წინაშე იდგა, და მით უფრო მტკიცედ აწყობდნენ ისინი დევნას ყველა იმ მოქცეულისას, რომელსაც შეიძლებოდა ცუდად მოპყრობოდნენ ოფიციალური სასჯელის გარეშე. თითოეული კლანი დაკავებული იყო თავისი საკუთარი მუსლიმებით: ისინი მათ საპყრობილეში ყრიდნენ, აწამებდნენ ცემით, შიმშილითა და წყურვილით; აგდებდნენ მზისაგან გავარვარებულ მიწაზე მექაში, როდესაც სიცხე თავის ზენიტს აღწევდა, რათა ეიძულებინათ და უარი ეთქმევინებინათ თავიანთ სარწმუნოებაზე.

ჯუმაჰის ბელადს, უმაჲჲას, ჰყავდა აფრიკელი მონა, სახელად ბილალი, რომელიც მტკიცედ მორწმუნე იყო. უმაჲჲა მას შუადღისას გაიყვანდა ხოლმე გარეთ, მიწას მიაჯაჭვავდა გულზე მძიმე ლოდის დადებით და დაიფიცებდა ხოლმე, რომ ამ მდგომარეობაში ამყოფებდა, სანამ არ მოკვდებოდა ან სანამ მუჰამედს არ უარყოფდა და თაყვანს არ სცემდა ალ-ლათსა და ალ-‛უზზას. როდესაც ამას ითმენდა, ბილალი ამბობდა: «ერთი, ერთი»; მოხდა ისე, რომ ასაკოვანმა ვარაკამ ჩაიარა, როდესაც მონა ამ წამებას იტანდა და იმეორებდა: „ერთი, ერთი.“ „ის მართლაც ერთია, ერთი, ბილალ,“ თქვა ვარაკამ. შემდეგ მიუბრუნდა უმაჲჲას და უთხრა: „ვფიცავარ ღმერთს, რომ, თუ შენ მას ასე მოკლავ, მე მის საფლავს წმინდა სამლოცველოდ ვაქცევ.“

კურეიშის ყველა კაცი არ ცხოვრობდა თავის საკუთარ კლანში და აბუ ბაქრმაც იყიდა სახლი ბანუ ჯუმაჰის საცხოვრებელთა შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, უფრო ხშირად ენახათ წინასწარმეტყველი, ვიდრე ყველა დანარჩენ კლანს, რადგანაც იგი, როგორც წესი, ყოველი შუადღის შემდეგ მიდიოდა აბუ ბაქრთან; ამბობენ, წინასწარმეტყველის უწყების ნაწილი ყოველთვის ეწერა მის სახეზე. აბუ ბაქრის სახე ასევე იყო რაღაც წიგნისმაგვარი; და მისი ყოფნა მექის იმ უბანში, რასაც ადრე მთელი კლანი მიესალმებოდა, როგორც დადებით მოვლენას, ახლა იქცა მის ლიდერთა შეშფოთების წყაროდ. სწორედ მისი საშუალებით მიიღო ბილალმა ისლამი; და, როდესაც ნახა, როგორ ტანჯავდნენ, უმაჲჲას უთხრა: „ღმერთის არ გეშინია, ამ საწყალ კაცს ასე რომ ექცევი?“ „ეს შენ ხარ, ვინც ის შეაცდინა,“ მკაცრად უპასუხა უმაჲჲამ, „მაშ იხსენი იმისაგან, რასაც ხედავ.“ „ვიხსნი,“ თქვა აბუ ბაქრმა, „მე მყავს შავი ჭაბუკი, რომელიც უფრო გამძლე და ღონიერია, ვიდრე ეს, თანაც შენი სარწმუნოების კაცია. მას გაგიცვლი ბილალში.“ უმაჲჲა დაეთანხმა, აბუ ბაქრმა წაიყვანა ბილალი და გაათავისუფლა.

აბუ ბაქრს უკვე განთავისუფლებული ჰყავდა სხვა ექვსი მონა. პირველი მათგანი იყო ‛ამირ იბნ ფუჰაირა, დიდი სულიერი ძლიერების მქონე კაცი, რომელიც ერთ-ერთი პირველი მოქცეულთაგანი გახლდათ. ‛ამირი მწყემსი იყო და მას შემდეგ, რაც განთავისუფლებულ იქნა, მან პასუხისმგებლობა აიღო აბუ ბაქრის ფარებსა და რემებზე. კიდევ ერთი, ვინც მან გაათავისუფლა, იყო მონა გოგონა, რომელიც ‛უმარს ეკუთვნოდა. მან ისლამი მიიღო, ამიტომაც ‛უმარი მას სცემდა, რათა უარი ეთქმევინებინა ახალ სარწმუნოებაზე. მოხდა ისე, რომ ამ დროს აბუ ბაქრმა ჩაიარა და ჰკითხა, თუ მიჰყიდდა გოგონას. ‛უმარმა თანხმობა განაცხადა, რის შემდეგაც აბუ ბაქრმა ის წაიყვანა და გაათავისუფლა.

შემავიწროვებელთა შორის ყველაზე უმოწყალო იყო აბუ ჯაჰლი. თუ მოქცეულს ძლიერი ოჯახი ჰყავდა, რომელიც მას დაიცავდა, აბუ ჯაჰლი უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებდა და ჰპირდებოდა, რომ ძირს დასცემდა მის რეპუტაციას და დაცინვის საგნად აქცევდა. თუ ვაჭარი იყო, აშინებდა, რომ ვაჭრობას ჩაუშლიდა, მოუწყობდა რა საზოგადო ბოიკოტს მის საქონელს, რათა იგი გაენადგურებინა. თუ ის იყო სუსტი და დაუცველი მისი საკუთარი კლანიდან, იგი მას აწამებდა; და აბუ ჯაჰლს ჰქონდა ძლიერი კავშირები ბევრ სხვა კლანში, რომლებსაც არწმუნებდა, იგივე გაეკეთებინათ თავიანთი სუსტი და დაუცველი ახლად მოქცეული მუსლიმებისათვის.

სწორედ აბუ ჯაჰლის რჩევით აწამეს მისი კლანის წევრებმა თავიანთი სამი ყველაზე საწყალი მოკავშირე, იასირი, სუმაჲჲა და მათი ვაჟი, ‛ამმარი. მათ უარი განაცხადეს, რომ ზურგი შეექციათ ისლამისათვის. სუმაჲჲა გარდაიცვალა იმ ტანჯვის გამო, რაც მას დაატეხეს. მაგრამ მახზუმისა და სხვა კლანების მსხვერპლთა ნაწილი ვერ უძლებდა წამებას, რაც მოუვლინეს, და მათ მდევნელებს ისინი იმ მდგომარეობამდე მიჰყავდათ, რომ ნებისმიერ რამეზე შეიძლება თანახმა ყოფილიყვნენ. ეუბნებოდნენ: „ალ-ლათი და ალ-‛უზზა თქვენი ღმერთები არ არიან ალაჰის გვერდით?“ ისინი ეთანხმებოდნენ; და ხოჭო რომ გაცოცებულიყო მათ გევრდით და ეკითხათ: „ეს ხოჭოც თქვენი ღმერთი არ არის ალაჰთან ერთად?“ ისინი ისევ დაეთანხმებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავი დაეღწიათ ტკივილისათვის, რომელსაც ვერ უძლებდნენ.

რწმენის ეს უარყოფა მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი იყო, ის პირიდან მოდიოდა და არა გულიდან. მაგრამ ისინი, ვინც ისლამი უარყო, ვეღარ გააგრძელებდნენ ახალი სარწმუნოების პრაქტიკას, თუ არა მხოლოდ ძალიან პირადულად, და ზოგიერთ მათგანს ასეთი განმარტოების საშუალება არც ჰქონდა. თუმცა მათ მიეცათ მაგალითი ცოტა ხნის წინათ გამოვლენილი ამბის სახით, როგორ დატოვეს ახალგაზრდებმა თავიანთი ხალხი და თავშესაფრისათვის ღმერთს მიაშურეს, სხვა ღმერთებს კი არ სცეს თაყვანი. და, როდესაც წინასწარმეტყველმა დაინახა, რომ, მართალია, თვითონ გადაურჩა დევნას, მაგრამ ძალიან ბევრი მის მიმდევართაგან - ვერა, მათ უთხრა: „თქვენ აბისინიელთა ქვეყანაში რომ წახვიდეთ, იქ პოვებთ მეფეს, რომლისგანაც არავინ იტანჯება. ეს, სარწმუნოების თვალსაზრისით, პატიოსნებისა და გულწრფელობის მიწაა. ამგვარად იყოს მანამდე, სანამ ღმერთი არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ განთავისუფლდეთ იმისაგან, რაც ესოდენ გტანჯავთ.“8 ასე რომ, ზოგიერთი მისი მეგობარი აბისინიაში წავიდა; და ეს იყო პირველი ემიგრაცია ისლამში.

_________________________

1. XVIII, 23-4.

2. XVIII, 9-25.

3. XVIII, 93-9.

4. XVII, 85.

5. VI, 154.

6. ი.ი. 198.

7. XXXI, 27.

8. ი.ი. 208.

27 XXVII. აბისინია

▲ზევით დაბრუნება


ემიგრანტებს კარგად შეხვდნენ აბისინიაში და მათ სრული თავისუფლება მიეცათ ღმერთის თაყვანისცემაში. სულ, თუ არ ჩავთვლით პატარა ბავშვებს, რომლებიც თან წაიყვანეს, ისინი დაახლოებით ოთხმოცნი იყვნენ; მაგრამ ყველანი ერთდროულად არ წასულან. გაქცევა საიდუმლოდ დაიგეგმა და შესრულდა შეუმჩნევლად, პატარა ჯგუფებად. მათი ოჯახები მოინდომებდნენ და შეძლებდნენ კიდეც, შეეჩერებინათ, ამის შესახებ რომ სცოდნოდათ; მაგრამ მუსლიმები სრულიად მოულოდნელად წავიდნენ და მექელებმა ვერ გაიაზრეს, რა მოხდა, სანამ ყველა მორწმუნემ უკვე არ მიაღწია თავისი მოგზაურობის დანიშნულების ადგილს. მაგრამ კურეიშის ლიდერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ისინი არ უნდა მოესვენებინათ, რათა მათი კონტროლის გარეშე სხვაგანაც არ დამკვიდრებულიყო საშიში საზოგადოება, რომელიც ათმაგად გაიზრდებოდა, თუ სხვა ახლადმოქცეულები მათ შეუერთდებოდნენ. ამიტომაც სასწრაფოდ შეიმუშავეს გეგმა, გაამზადეს საკმაო რაოდენობა ისეთი საჩუქრებისა, რომლებსაც აბისინიელები განსაკუთრებით აფასებდნენ. ტყავის ნაკეთობები ყველაზე მეტად მოსწონდათ, ასე რომ დიდი რაოდენობით შეაგროვეს შესანიშნავი სხვადასხვაგვარი ტყავი, საკმარისი, რათა დიდი ქრთამი გაეკეთებინათ ნეგუსის ყველა მთავარსარდლისათვის. იყო ასევე მდიდრული საჩუქრები თვით ნეგუსისათვის. შემდეგ მათ საგულდაგულოდ შეარჩიეს ორი კაცი, ერთ-ერთი იყო ‛ამრ იბნ ალ-‛ასი საჰმის კლანიდან. კურეიშმა მათ ზუსტად უთხრა, რაც უნდა გაეკეთებინათ: ისინი თითოეულ მთავარსარდალს დამოუკიდებლად უნდა დაახლოებოდნენ, განკუთვნილი საჩუქარი გადაეცათ და ეთქვათ: „ჩვენი ხალხის ზოგიერთი სულელი ახალგაზრდა კაცი და ქალი გადმოიხვეწა ამ სამეფოში. მათ მიატოვეს თავიანთი საკუთარი სარწმუნოება, არა თქვენი რელიგიის სასარგებლოდ, არამედ იმისათვის, რაც თვითონ გამოიგონეს, იმისათვის, რაც უცნობია ჩვენთვისაც და თქვენთვისაც. ჩვენი ხალხის წარჩინებულებმა გამოგვგზავნეს თავიანთი ხარჯით თქვენს მეფესთან, რათა მან ისინი სახლში დააბრუნოს. ასე რომ, როდესაც მას მათ შესახებ დაველაპარაკებით, ურჩიეთ, ჩვენ გადმოგვცეს და მათ საერთოდ არც კი დაელაპარაკოს, სიტყვაც კი არ გასცეს; ვინაიდან მათმა ხალხმა უკეთ იცის, რა არის მათთვის უმჯობესი.“ ყველა მთავარსარდალმა თანხმობა განაცხადა და კურეიშის ორმა კაცმა საჩუქრები წაუღო ნეგუსს. თან სთხოვეს, რომ ემიგრანტები მათთვის გადაეცა, აუხსნეს რა მიზეზი, როგორც ეს მთავარსარდლებთან გააკეთეს, და საბოლოოდ დაუმატეს: „მათი ხალხის წარჩინებულნი, რომლებიც არიან მათი მამები, ბიძები და ნათესავები, გთხოვენ, დაუბრუნო ისინი მათ.“ მთავარსარდლებიც ესწრებოდნენ აუდიენციას და ახლა ერთხმად შეუჩნდნენ ნეგუსს, დათანხმებოდა მათ თხოვნას და გადაეცა ლტოლვილები, ვინაიდან ნათესავები საუკეთესო მსაჯულნი არიან თავიანთივე ნათესავების საქმეებისა. მაგრამ ნეგუსი უკმაყოფილო დარჩა და თქვა: „არა, ღმერთმანი, მათ არ ვუღალატებ - ხალხს, რომელიც ეძიებდა ჩემგან თავდაცვას და ჩემი ქვეყანა თავშესაფრად აქცია და მე ამომირჩია სხვებს შორის! მათ არ გადმოგცემთ მანამდე, სანამ არ მოვიყვან და არ გამოვკითხავ იმის შესახებ, რასაც ეს ორი კაცი მეუბნება. თუ ისეა, როგორც ესენი ამბობენ, მაშინ გადავცემ, რათა თავიანთ ხალხს დაუბრუნონ. თუ არა და მაშინ მათი კარგი დამცველი ვიქნები მანამდე, სანამ დასჭირდებათ ჩემი მფარველობა.“

შემდეგ ნეგუსმა მოიხმო წინასწარმეტყველის მეგობრები, თან შეკრიბა თავისი ეპისკოპოსები, რომლებმაც მოიტანეს წმინდა წიგნები და გადაშალეს ისინი ტახტის წინაშე. ‛ამრსა და მის მეგობარ წარგზავნილ პირს იმედი ჰქონდათ, რომ თავიდან აიცილებდნენ ამ შეხვედრას ნეგუსსა და ლტოლვილებს შორის, და, მართლაც, მათ ინტერესებში შედიოდა, თავიდან აეცილებინათ, თვით იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ამას აცნობიერებდნენ. რადგანაც არ იცოდნენ, რომ მაშინ, როდესაც აბისინიელები მათ, წარმართ არაბებს, იწყნარებდნენ კომერციული და პოლიტიკური მიზეზების გამო, იმავდროულად ზემოდან დაჰყურებდნენ, როგორც კერპთაყვანისმცემლებს, და კარგად ჰქონდათ გააზრებული ის ბარიერი, რომელიც მათ შორის არსებობდა. თვითონ ისინი ქრისტიანები იყვნენ, ბევრი მათგანი თავდადებულიც; მონათლულები იყვნენ, თაყვანს სცემდნენ ერთ ღმერთს და თავიანთ სხეულში ატარებდნენ ევქარისტიის საკრამენტს. როგორც ასეთი, ისინი მგრძნობიარენი იყვნენ იმ განსხვავების მიმართ, რომელიც არსებობს წმინდასა და უწმინდურს, საკრალურსა და პროფანულს შორის. მათ ასევე კარგად ცოდნენ, რამდენად უწმინდური იყო ისეთი კაცი, როგორც ‛ამრი გახლდათ. ასევე კარგად აღიქვეს - ისევე, როგორც, პირველ რიგში, თვით ნეგუსმა - გულწრფელობა და სიღრმე იმ შთაბეჭდილებისა, რომელიც მათზე მოახდინა მორწმუნეთა ჯგუფმა. მუსლიმები ახლა მეფის მისაღებ დარბაზში შეეყვანათ. და ჩურჩული წამოვიდა ეპისკოპოსებისა და სხვებისგანაც, ვინც იქ იყვნენ, როდესაც დაინახეს, რომ ეს კაცები და ქალები უფრო ახლოს იდგნენ მათთან, ვიდრე ისეთი კურეიშელები, ვისაც ადრე შეხვედროდნენ. მეტიც, უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ და მათ ღირსეულ საქციელს დიდი ბუნებრივი სილამაზეც ემატებოდა.

ყველა მათგანისათვის არ წარმოადგენდა აუცილებლობას ემიგრაცია. ‛უსმანის ოჯახმა მას თავი დაანება იმის მცდელობაში, რომ ისლამზე უარი ეთქმევინებინა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველმა უფლება მისცა, წასულიყო და თან წაეყვან რუკაჲჲა. მათი ყოფნა დევნილთა საზოგადოებისათვის ენერგიის წყაროდ იქცა. მეორე წყვილი, რომელიც მეტად სასიამოვნო სანახავი იყო, იყვნენ ჯა‛ფარი და მისი ცოლი, ასმა'ი. ისინი კარგად იყვნენ დაცული აბუ ტალიბის მიერ, მაგრამ, ლტოლვილებს სჭირდებოდათ ორატორი, რომელიც ამა თუ იმ შეხვედრაზე მათი წარმომადგენელი იქნებოდა, ჯა‛ფარი კი სწორედაც მჭევრმეტყველი იყო. იგი ასევე დაჯილდოებული გახლდათ უნარით, თავის სასარგებლოდ განეწყო თანამოსაუბრე. ერთხელ მას წინასწარმეტყველმა უთხრა: „შენ მე მგავხარ შესახედაობითა და ხასიათით.“1 მან ჯა‛ფარი ამოარჩია ლტოლვილთა საზოგადოების ლიდერად; მის ამ თვისებებს, მიმზიდველობასა და გონიერებას, მეტად აძლიერებდა მუს‛აბი ‛აბდდარიდან, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მოგვიანებით წინასწარმეტყველმა უზარმაზარი მნიშვნელობის მისია დააკისრა მის ბუნებრივ ნიჭთა გამო. ანალოგიურად შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა მახზუმელი, ცნობილი, როგორც შამმასი, რომლის დედაც ‛უთბას და იყო. ეს სახელი, რაც „დიაკვანს“ ნიშნავს, მას იმიტომ მიეცა, რომ ერთხელ მექაში იმყოფებოდა ამ წოდების მქონე ქრისტიანი წარჩინებული პირი, ისეთი ლამაზი კაცი, რომ საყოველთაო აღფრთოვენებას იწვევდა. მაშინ ‛უთბამ თქვა: „მე გიჩვენებთ შამმასს, რომელიც უფრო ლამაზია, ვიდრე ეს,“ და წავიდა და მოუყვანა თავისი დისშვილი. ზუბაირიც, საფიჲჲას ძე, იქ იყო, იყვნენ წინასწარმეტყველის სხვა ბიძაშვილებიც: ტულაიბი, არვას ვაჟი; უმაიმას ორი ძე, ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯაჰში და ‛უბაიდ ალლაჰი ამ უკანასკნელის უმაიან ცოლთან, უმმ ჰაბიბასთან, ერთად; ბარრას ორი ვაჟი, აბუ სალამა და აბუ საბრა, ორივეს თან ახლდა ცოლი. სწორედ ლამაზი უმმ სალამასაგან მოაღწია ჩვენამდე ცნობების უმეტესობამ ამ პირველი ემიგრაციის შესახებ.

როდესაც ყველანი შეიკრიბნენ, ნეგუსი მათ დაელაპარაკა და უთხრა: „რა არის ის სარწმუნოება, რომლითაც თქვენ გამოეყავით თქვენს ხალხს, თუმცაღა არ მიგიღიათ ჩემი რელიგია და არც რომელიმე სხვა ხალხის რელიგია, ვინც ჩვენს გარშემოა?“ ჯა‛ფარმა მას უპასუხა: „მეფეო, ჩვენ უმეცრებაში ჩაფული ხალხი ვიყავით, თაყვანს ვცემდით კერპებს, ვჭამდით ლეშს, შეუწირავი, დაუკლავი ცხოველის ხორცს, სიბილწეს ჩავდიოდით, ძლიერები სუსტებს ჩაგრავდნენ. ასე ვიყავით, სანამ ღმერთმა არ გამოგვიგზავნა წინასწარმეტყველი ჩვენივე წიაღიდან, ის, ვისი წარმომავლობაც ვიცოდით, ასევე მოგვეხსენებოდა მისი სამართლიანობა, სანდოობა და პირდაპირობა. მან მოგვიწოდა ღმერთისაკენ, რომ ჩვენ უნდა დავადასტუროთ მისი ერთადერთობა და მას ვცეთ თაყვანი და უარი ვთქვათ იმაზე, რასაც ჩვენ და ჩვენი მამები სცემდნენ თაყვანს ქვებისა და კერპების სახით; და მან გვიბრძანა, ვილაპარაკოთ მართლად, შევასრულოთ ჩვენი დაპირებები, პატივი ვცეთ ნათესაურ კავშირებსა და ჩვენი მეზობლების უფლებებს, თავი შევიკაოთ დანაშაულისა და სისხლისღვრისაგან. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ღმერთს ვცემთ თაყვანს, მას არაფერს არ ვუყენებთ გვერდით, აკრძალულად მიგვაჩნია ის, რაც მან აკრძალა, და ნებადართულად - რაც დაუშვა. ამ მიზეზთა გამო დაგვი პირისპირდა ჩვენი ხალხი, გვდევნა, რათა უარგვეყო ჩვენი რელიგია და ერთი ღმერთის თაყვანისცემიდან ისევ კერპთაყვანისმცემლობაზე გადავსულიყავით. აი, რატომ მოვედით შენს ქვეყანაში, ამოგარჩიეთ რა შენ სხვებს შორის; და ჩვენ ბედნიერნი ვიყავით შენი მფარველობის ქვეშ და ჩვენი დიდი იმედია, რომ აქ, შენთან, არაფერი ცუდი არ შეგვემთხვევა.“

სამეფო თარჯიმნებმა გადათარგმნეს ყველაფერი, რაც ჯა‛ფარმა თქვა. შემდეგ ნეგუსმა იკითხა, თუ ჰქონდათ თან რომელიმე გამოცხადება, რომელიც მათ თვიანთმა წინასწარმეტყველმა მოუტანა ღმერთისაგან, და, როდესაც ახალგაზრდა მუსლიმმა მიუგო, რომ ჰქონდათ, მეფემ თქვა: „მაშინ წარმოთქვით ის ჩემთვის,“ რის შემდეგაც ჯა‛ფარმა წარმოთქვა ერთი პასაჟი მარიამის სურიდან, რომელიც მათ გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე იქნა გამოცხადებული: და მოიხსენიე წიგნში მარიამი, როდესაც განერიდა თავის ხალხს ერთ ადგილას აღმოსავლეთში და მათგან განცალკევდა; და ჩვენ გავუგზავნეთ ჩვენი სული და ის მის წინაშე წარდგა, როგორც სრულყოფილი კაცი; მან (მარიამმა) თქვა: ყოვლად მოწყალეს მივმართავ შენგან დასაცავად, თუ შენ ღვთისმოშიში ხარ. მან (კაცმა) თქვა: მე მხოლოდ შენი უფლის მოციქული ვარ, რათა გიბოძო წმინდა ყრმა. მან (მარიამმა) თქვა: როგორ იქნება ჩემთვის ყრმა, როდესაც მამაკაცი არ შემხებია და არც მეძავი ვარ? თქვა (კაცმა): შენმა უფალმა ასევე თქვა: ეს იოლია ჩემთვის და ვაქცევთ მას სასწაულად ხალხისათვის და მოწყალებად ჩვენგან, და ეს ამბავი გადაწყვეტილი იყო. 2

დეკლამაციის დროს ნეგუსი ტიროდა, აგრეთვე მისი ეპისკოპოსები, და, როდესაც უთარგმნეს, ისევ იტირეს. ნეგუსმა თქვა: „ეს ნამდვილად იმავე წყაროდანაა მოსული, რომელმაც იესო მოიყვანა.“ შემდეგ მიუბრუნდა კურეიშის ორ წარმომადგენელს და უთხრა: „თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ, რადგანაც, ღმერთმანი, მე მათ არ გადმოგცემთ; მათ არ ვუღალატებ.“

მაგრამ, როდესაც მეფის სამყოფელიდან გაიყვანეს, ‛ამრმა თავის მეგობარს უთხრა: „ხვალ ისეთ რამეს ვეტყვი, რომ მათ, ასე მწვანედ აბიბინებულებს, ძირიანად ამოგლეჯს. მე მას ვეტყვი, როგორ ამტკიცებენ, რომ იესო, ძე მარიამისა, მონაა.“ ამიტომაც მეორე დილით იგი წავიდა ნეგუსთან და უთხრა: „მეფეო, ისინი ავრცელებენ უზარმაზარ ტყუილს მარიამის ძე იესოზე. მოაყვანინე და ჰკითხე, რას ამბობენ მასზე.“ მანაც მოაყვანინა, რათა კიდევ ერთხელ ეთქვათ, რას ამბობდნენ იესოზე, რის გამოც შეწუხდნენ, რადგანაც სხვა დროს არ დასტყდომიათ თავს ასეთი რამ. მათ ერთად მოითათბირეს, თუ რა უნდა ეთქვათ, როდესაც კითხვას დაუსვამდნენ, თუმცა ყველა მათგანმა იცოდა, რომ არჩევანი არ ჰქონდათ და უნდა ეთქვათ ის, რაც ღმერთმა თქვა. როდესაც სამეფო მისაღებში შევიდნენ, მათ ჰკითხეს: „რას ამბობთ იესოზე, მარიამის ძეზე?» ჯა‛ფარმა უპასუხა: „ჩვენ მასზე იმას ვამბობთ, რაც ჩვენმა წინასწარმეტყველმა გვაუწყა, რომ ის არის ღმერთის მონა, მისი მოციქული, მისი სული და მისი სიტყვა, რომელიც მან ჩაუსახა მარიამს, კურთხეულ ქალწულს.“ ნეგუსმა ხის ნაჭერი აიღო და თქვა: „იესო, ძე მარიამისა, ამ ჯოხის სიგრძითაც კი არ აღემატება იმას, რაც შენ თქვი.“ და, როდესაც მთავარსარდლებმა მის გარშემო ფრუტუნი ატეხეს, მან დაუმატა: „მიუხედავად თქვენი ფრუტუნისა.“ შემდეგ მიუბრუნდა ჯა‛ფარსა და მის მეგობრებს და უთხრა: „წადით თქვენს გზაზე, ვინაიდან ჩემს მიწაზე უსაფრთხოდ ხართ. ოქროს მთებისთვისაც არ დავუშავებ რაიმეს ერთ თქვენგანსაც კი“; და, ხელის მოძრაობით კურეიშის წარმომადგენლებისაკენ, მან თავის თანმხლებს უთხრა: „დაუბრუნეთ ამ ორ კაცს თავიანთი საჩუქრები, ვინაიდან ისინი მე არ გამომადგება.“ ასე რომ, ‛ამრი და მეორე კაცი შერცხვენილები დაბრუნდნენ მექაში.

იმავდროულად ის, რაც ნეგუსმა იესოზე თქვა, ხალხში გავრცელდა, შეწუხდნენ და მის წინააღმდეგ გამოვიდნენ, განმარტებას სთხოვდნენ და ადანაშაულებდნენ, რომ მიატოვა მათი სარწმუნოება. ამასთან დაკავშირებით კაცი გაგზავნა ჯა‛ფართან და მის მეგობრებთან და გაუმზადა გემები და შეუთვალა, რომ ამ გემებზე ასულიყვნენ და მზად ყოფილიყვნენ, ზღვაში შეეცურათ, თუ საჭირო იქნებოდა. შემდეგ აიღო ეტრატი და ზედ დააწერა: „ის ადასტურებს, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და რომ მუჰამედი მისი მონაა და მისი მოციქული, და რომ იესო, ძე მარიამისა, არის მისი მონა, მოციქული, სული და სიტყვა, რომელიც მან (ღმერთმა) ჩაუსახა მარიამს.“ შემდეგ ნაწერი მოსასხამის ქვეშ შეიდო და გავიდა თავის ხალხთან, რომელიც მასთან შესახვედრად შეკრებილიყო. უთხრა: „აბისინიელებო, არ მიგაჩნიათ, რომ მე ყველაზე მეტად მაქვს უფლება, თქვენი მეფე ვიყო?“ ისინი დაეთანხმნენ. „მაშინ რას ფიქრობთ ჩემს ცხოვრებაზე თქვენს შორის?“ „ის საუკეთესო ცხოვრება იყო,“ უპასუხეს. „მაშ რა არის ის, რამაც შეგაწუხათ?“ თქვა მან. „შენ მიატოვე ჩვენი რელიგია,“ უპასუხეს, „და მხარი დაუჭირე იმ აზრს, რომ იესო მონაა.“ „მაშ თქვენ რას ამბობთ იესოზე?“ იკითხა მან. „ჩვენ ვამბობთ, რომ ის ძეა ღვთისა,“ უპასუხეს. მაშინ მეფემ ხელი დაიდო მკერდზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ეტრატი ჰქონდა დამალული, და დაადასტურა თავისი რწმენა „ამაში,“ რაც მათ აღიქვეს, როგორც თავიანთი სიტყვები.3 ასე რომ, ისინი კმაყოფილნი დარჩნენ და წავიდნენ, რადგანაც თავს ბედნიერად გრძნობდნენ მისი მმართველობის ქვეშ, მხოლოდ კიდევ ერთხელ დარწმუნება სურდათ; ნეგუსმა კაცი გაგზავნა ჯა‛ფართან და შეუთვალა, რომ შეეძლოთ, გემებიდან ჩამოსულიყვნენ და სახლებში წასულიყვნენ, იქ, სადაც მანამდეც ცხოვრობდნენ მყუდროდ და უსაფრთხოდ.

___________________

1. ი.ს. IV/1, 24.

2. XIX, 16-21.

3. ი.ი. 224.

28 XXVIII. ომარი

▲ზევით დაბრუნება


როდესაც ორი წარგზავნილი პირი მექაში დაბრუნდა ახალი ამბით, რომ მათ კატეგორიული უარი მიიღეს, ხოლო მუსლიმები კი, ნეგუსის სურვილისამებრ, იქ დამკვიდრდნენ, კურეიშელები აღშფოთებულნი და შეშფოთებულნი დარჩნენ. მათ მაშინვე გააძლიერეს მორწმუნეთა რეპრესიები და დევნა, განსაკუთრებით ფართოდ აბუ ჯაჰლის ხელმძღვანელობით, რომლის დისშვილი ‛უმარიც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და თავშეუკავებელი გამოდგა თავის დავალებათა შესრულებისას. ‛უმარი მაშინ დაახლოებით ოცდაექვსი წლის იყო, ძლიერი ახალგაზრდა კაცი, რომლის შეჩერბაც არ გახლდათ იოლი, ის ძალიან შეუპოვარი იყო. მაგრამ, განსხვავებით თავისი ბიძისაგან, ის რელიგიურობასაც ამჟღავნებდა და პრინცი პში ეს იყო მოტივი, რის გამოც უპირისპირდებოდა ახალ სარწმუნოებას. ხატაბმა იგი ისე გაზარდა, რომ სულ თაყვანს მიაგებდა ქა‛აბას და პატივს სცემდა ყველაფერს, რაც განუყრლად იყო დაკავშირებული მასთან ღმერთებისა და ქალღმერთების სახით. ეს ყველაფერი მისთვის შიგ იყო ჩაქსოვილი საკრალურ ერთობაში, რის ეჭვქვეშ დაყენებაც კი დაუშვებელად მიაჩნდა, არა თუ ხელყოფა. კურეიშიც ერთი იყო, მაგრამ ახლა მექა უკვე ორი რელიგიისა და ორი საზოგადოების ქალაქად ქცეულიყო. მეტიც, ის ნათლად ხედავდა, რომ საწუხარს მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა. ერთი კაცი უნდა მოეშორებინათ და ყველაფერი სულ მალე ზუსტად ისე იქნებოდა, როგორც მანამდე. სხვა გამოსავალი არ არსებობდა, მაგრამ ეს რაღაც გამოსავალი მაინც იქნებოდა. იგი ამ აზრს დასტრიალებდა და საბოლოოდ დადგა დღე - დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც წარგზავნილები წარუმატებლად დაბრუნდნენ აბისინიიდან - როდესაც სიბრაზის უეცარმა ტალღამ მას მოქმედებისაკენ უბიძგა. აიღო ხმალი და სახლი დატოვა. როგორც კი გარეთ გავიდა, მაშინვე პირისპირ გადაეყარა ნუ‛აიმ იბნ ‛აბდ ალლაჰს, ერთ-ერთ მეგობარს თავისივე კლანიდან. ნუ‛აიმს ისლამი მიღებული ჰქონდა, მაგრამ ამას საიდუმლოდ ინახავდა ‛უმარისა და მისი სხვა ხალხის შიშით. მრისხანე გამომეტყველებამ, რომელიც ‛უმარის სახეზე შეამჩნია, აიძულა, მისთვის ეკითხა, სად მიდიოდა. „მე მივდივარ მუჰამედთან, იმ რენეგატთან, მოღალატესთან, რომელმაც კურეიში ორად გახლიჩა,“ თქვა ‛უმარმა, „და მე მას მოვკლავ.“ ნუ‛აიმმა სცადა მისი შეჩერება იმაზე მითითებით, რომ თვითონ მას მოკლავდნენ უეჭველად. მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ ‛უმარი ყრუ იყო ასეთი არგუმენტისადმი, სხვა გზა მოიფიქრა, რითაც შეაფერხებდა მაინც, ამ დროს კი მუჰამედს გააფრთხილებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა გაეცა თავისი მეგობარი მუსლიმების საიდუმლო, რომლებიც, მის მსგავსად, მალავდნენ თავიანთ ისლამს; მაგრამ იცოდა, რომ აპტიებდნენ და შეაქებდნენ კიდეც, გამომდინარე გარემოებიდან. „‛უმარ,“თქვა მან, „ჯერ რატომ არ შებრუნდები შენი საკუთარი სახლის ხალხთან და მათ არ გაუსწორდები?“ „ჩემი სახლის რომელ ხალხთან?“ იკითხა ‛უმარმა. „შენს სიძე სა‛იდთან და შენს და ფატიმასთან,“ თქვა ნუ‛აიმმა, „ისინი ორივენი მუჰამედის მიმდევარნი არიან მის რელიგიაში. შენს კისერზე იქნება, თუ მათ ამის ნებას მისცემ.“ ‛უმარი უსიტყვოდ გატრიალდა და თავისი დის სახლისაკენ გაემართა. იქ იყო საწყალი მოკავშირე ზუჰრადან, სახელად ხაბბაბი, რომელიც ხშირად მიდიოდა ყურანის წარმოსათქმელად სა‛იდთან და ფატიმასთან; ის მათთან იმყოფებოდა იმ მომენტშიც, თან ჰქონდა რამდენიმე ნაწერი გვერდი სურისა, რომელსაც ეწოდება ტა-ჰა1 და რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადებულიყო. ისინი ერთად კითხულობდნენ. გაიგეს, რომ ‛უმარი ბრაზიანი ხმით ეძახდა თავის დას, როდესაც სახლს მიუახლოვდა. ხაბბაბი კუთხეში დაიმალა, ფატიმამ კი აიღო ხელნაწერი და თავისი მოსასხამის ქვეშ შეიდო. მაგრამ ‛უმარმა გაიგო მათი ხმა, როდესაც ისინი კითხულობდნენ, და შესვლისთანავე უთხრა: „რა იყო ის სიტყვების ბრახაბრუხი, რამაც ჩემამდე მოაღწია?“ ისინი ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ, რომ არაფერი არ გაუგონია. „ნამდვილად გავიგე,“ თქვა მან, „და მე მითხრეს, რომ თქვენ ორივენი გახდით მუჰამედის მიმდევარნი.“ შემდეგ ის თავის სიძე სა‛იდს მივარდა და მას შეება, როდესაც ფატიმა მივიდა, რათა დაეცვა თავისი ქმარი, ‛უმარმა ისე ძლიერად დაარტყა ქალს, რომ კანი გაუჭრა. „დიახ, სწორედ ასეა,“ უთხრეს მათ, „ჩვენ მუსლიმები ვართ და გვწამს ღმერთი და მისი მოციქული. რაც გინდა, ის გააკეთე.“ ფატიმას ჭრილობიდან სისხლი წამოუვიდა და, როდესაც ‛უმარმა სისხლი დაინახა, შეწუხდა იმის გამო, რაც გააკეთა. მას ხასიათი შეეცვალა და თავის დას უთხრა: „მომეცი ის ნაწერი, რომელსაც, როგორც გავიგონე, ცოტა ხნის წინ კითხულობდი, რათა ვნახო, რა არის, რაც მუჰამედმა მოიტანა.“ მათ მსგავსად, ‛უმარსაც შეეძლო კითხვა, მაგრამ, როდესაც ნაწერი ითხოვა, ფატიმამ თქვა: „ჩვენ გვეშინია, რომ შენ ის განდოთ.“ „ნუ გეშინიათ,“ თქვა მან, შეიხსნა ხმლის საბმელი ქამარი, იარაღი ძირს დადო და თავისი ღმერთები დაიფიცა, რომ, როგორც კი წაიკითხავდა, ხელნაწერს უკან დაუბრუნებდა. ქალმა დაინახა, რომ ის მოლბა და იგი აღავსო სურვილმა, მის ძმას ისლამი მიეღო. „ჩემო ძმაო,“ თქვა მან, „შენ უწმინდური ხარ შენს კერპთაყვანისმცემლობაში, მხოლოდ განწმენდილს შეუძლია, ნაწერს შეეხოს.“ ‛უმარი წავიდა და დაიბანა, დამ კი მისცა ის გვერდი, რომელზეც ეწერა ტა-ჰა სურის დასაწყისი. მან დაიწყო კითხვა და, როდესაც ერთი პასაჟი წაიკითხა, თქვა: „რა ლამაზია და კეთილშობილური ეს სიტყვები!“ ხაბბაბმა ეს გაიგო, გამოვიდა თავისი სამალავი ადგილიდან და თქვა: „‛უმარ, იმედი მაქვს, ღმერთმა შენ ამოგარჩია თავისი წინასწარმეტყველის ლოცვის საშუალებით, ვინაიდან გავიგე, გუშინ ის ლოცულობდა: `ღმერთო, გააძლიერე ისლამი აბუ ლ-ჰაქამით, ჰიშამის ძით, ან ‛უმარით, ხატტაბის ძით!'“ „ხაბბაბ,“ თქვა ‛უმარმა, „ახლა სად იქნება მუჰამედი, რათა მასთან წავიდე და ისლამი მივიღო?“ ხაბბაბმა უთხრა, რომ ის არკამის სახლში იყო საფას კარიბჭის მახლობლად თავის ბევრ მეგობართან ერთად; ‛უმარმა ისევ წელზე შეირტყა თავისი ხმალი და წავიდა საფასაკენ, დააკაკუნა სახლის კარზე და თქვა, ვინც იყო. ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ ნუ‛მანის მიერ, ასე რომ მისი მისვლა მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ განცვიფრებულნი დარჩნენ მისი მორჩილი ინტონაციით. ერთერთი მეგობარი მივიდა კართან, ღრიჩოდან გაიხედა და შეშინებული დაბრუნდა. „ღმერთის მოციქულო,“ თქვა მან, „ეს ნამდვილად ‛უმარია და მას შერტყმული აქვს თავისი ხმალი.“ „შემოუშვით,“ თქვა ჰამზამ, „თუ ის კარგი განზრახვითაა მოსული, უხვად მივცემთ სიკეთეს; და, თუ მისი განზრახვა ბოროტია, საკუთარი ხმლით მოვკლავთ.“ წინასწარმეტყველმა თანხმობა განაცხადა, რომ შეეშვათ, მიეგება მას, ქამარში ხელი წაავლო, შუა ოთახში შეიყვანა და უთხრა: „აქ რამ მოგიყვანა, ხატტაბის ძეო? მე არასოდეს მინახავს შენი მხრიდან თავშეკავება და ახლა ღმერთმა მოგივლინა რაღაც სიმშვიდე.“ „ღმერთის მოციქულო,“ თქვა ‛უმარმა, „იმისათვის მოვედი შენთან, რომ განვაცხადო ჩემი რწმენა ღმერთში, მის მოციქულსა და იმაში, რაც მან მოგვიტანა ღმერთისაგან.“ „ალლაჰუ აქბარ (დიდ არს ალაჰი),“ თქვა წინასწარმეტყველმა ისე, რომ ყველა კაცმა და ქალმა გაიგო: ‛უმარმა ისლამი მიიღო; და ყველამ გაიხარა. 2

უეჭველი იყო, რომ „უმარი საიდუმლოდ არ შეინახავდა თავის გამუსლიმებას. მას უნდოდა, ყველასთვის ეთქვა ეს, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც გამორჩეულად მტრულად იყო განწყობილი წინასწარმეტყველის მიმართ. მომდევნო წლებში იგი ამბობდა ხოლმე: „როდესაც ისლამი მივიღე, იმ ღამეს ჩემთვის ვფიქრობდი, ვინ იყო მექაში ყველაზე აგრესიული მტერი ღმერთის წინასწარმეტყველისა. ჩემი პასუხი იყო: აბუ ჯაჰლი. ასე რომ, მეორე დილით წავედი და კარზე დავუკაკუნე, აბუ ჯაჰლი გამოვიდა და მითხრა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჩემო დისშვილო! რამ მოგიყვანა აქ?' მე ვუპასუხე: „მოვედი იმის სათქმელად, რომ მწამს ღმერთი და მისი მოციქული მუჰამედი; და ვადასტურებ იმის ჭეშმარიტებას, რაც მან მოგვიტანა.“ „ღმერთმა დაგწყევლოს!“ თქვა მან, „მისი წყევლა იყოს იმ ამბავზე, რაც შენ მოიტანე!“ შემდეგ კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.“ 3

_____________________

1. XX.

2. ი.ი. 227.

3. ი.ი. 230.

29 XXIX. ბოიკოტი და მისი გაუქმება

▲ზევით დაბრუნება


‛უმარისათვის მიუღებელი იყო, რომ კურეიში თავის ღმერთებს ღიად ეთაყვანებოდა ქა‛აბაში მაშინ, როდესაც მორწმუნენი ღმერთს საიდუმლოდ სცემდნენ თაყვანს. ამიტომაც ის ქა‛აბას წინ ლოცულობდა ხოლმე და სხვა მუსლიმებსაც აგულიანებდა, მასთან ერთად ელოცათ. ზოგჯერ ის და ჰამზა მორწმუნეთა დიდ ჯგუფთან ერთად მიდიოდნენ წმინდა ადგილას, ასეთ შემთხვევაში კურეიში თავს შორს იჭერდა. ეს ღირსების დაკარგვა იქნებოდა, რომ იქ მდგარიყვნენ და დაეშვათ, რაც იქ ხდებოდა, თუმცა, წინააღმდეგობა რომ გეაწიათ, იცოდნენ, ‛უმარს ვერაფერი შეაჩერებდა. მიუხედავად ამისა, მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ამ ახალგაზრდა კაცისათვის არ მიეცათ ნება, წარმოედგინა, რომ ისინი დაამარცხა. აბუ ჯაჰლის ზეწოლის შედეგად მათ გადაწყვიტეს: საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, აკრძალვა დაედოთ ჰაშიმის მთელ კლანზე, რომლის წევრებიც, გარდა აბუ ლაჰაბისა, მტკიცედ იდგნენ იმ პოზიციაზე, რომ დაეცვათ თავიანთი ნათესავი იმისაგან დამოუკიდებლად, სჯეროდათ თუ არა მისი წინასწარმეტყველობისა. შეიმუშავეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დაადგინეს, რომ არავის არ უნდა შეერთო ქალი ჰაშიმიდან ან გაეთხოვებინა თავისი ქალიშვილი ჰაშიმის კაცზე; არავის არ უნდა მიეყიდა მათთვის რაიმე და არც მათგან ეყიდა რაიმე. ეს მანამდე უნდა გაგრძელებულიყო, სანამ თვითონ ჰაშიმის კლანი არ განდევნიდა მუჰამედს ანდა თვითონ არ გადათქვამდა თავის პრეტენზიას იმაზე, რომ წინასწარმეტყველი იყო. კურეიშის ორმოც ლიდერზე მეტმა მისცა დასტური შეთანხმებას, თუმცა ყველა მათგანი ერთნაირად მომხრე არ იყო ამისა, ზოგიერთი მათგანის დათანხმება გახდა საჭირო. მუტტალიბის კლანმა უარი თქვა, რომ ეღალატა თავისი ჰაშიმელი ბიძაშვილებისათვის, ამიტომაც ისინიც შეყვანილ იქნენ აკრძალვაში. დოკუმენტი ცერემონიით მოათავსეს ქა‛აბას შიგნით.

ერთიანი უსაფრთხოების მიზნით ბანუ ჰაშიმი შეიკრიბა აბუ ტალიბის გარშემო მექის დაბლობის იმ უბანში, სადაც ის და კლანის უმრავლესობა ცხოვრობდნენ. როდესაც წინასწარმეტყველი და ხადიჯა ოჯახითურთ იქ გადავიდნენ, აბუ ლაჰაბი და მისი ცოლი სხვაგან წავიდნენ საცხოვრებლად, მეორე სახლში, რომელიც ჰქონდათ, რათა მთელ კურეიშს დაენახა წინასწარმეტყველისადმი გამოჩენილი ასეთი სოლიდარობა.

აკრძალვა ყოველთვის მთელი სიმკაცრით არ სრულდებოდა, შეუძლებელიც იყო, რომ ყოველი ხვრელი დაელუქათ, ვინაიდან ქალი ისევ საკუთარი ოჯახის წევრად რჩებოდა მას შემდეგც, რაც სხვა კლანში გაათხოვებდნენ. აბუ ჯაჰლი მუდმივად ყურადღებით იყო, მაგრამ მას არ შეეძლო, ყოველთვის თავს მოეხვია სხვებისათვის თავისი სურვილი. ერთხელ ის შეხვდა ხადიჯას ძმისშვილ ჰაქიმს, რომელსაც ახლდა მონა. ამ მონას ფქვილის ტომარა მიჰქონდა, როგორც ჩანს, ბანუ ჰაშიმის სახლებისაკენ მიდიოდნენ. მან მათ ბრალი დასდო, რომ საკვები მტრისათვის მიჰქონდათ, და შეაშინა, რომ ჰაქიმის ამბავს კურეიშის წინაშე გაამჟღავნებდა. როდესაც ისინი კამათობდნენ, მოვიდა აბუ ლ-ბახთარი, სხვა კაცი ასადიდან, და იკითხა, რა ხდებოდა. როდესაც ყველაფერი აუხსნეს, მან აბუ ჯაჰლს უთხრა: „ეს მამიდამისის ფქვილია და მასთან (ჰაქამთან) გაგზავნა ეს მონა, რათა წაეღო (ხადიჯასთვის). გაუშვი ეს კაცი თავის გზაზე.“ არც ჰაქიმი იყო მუსლიმი და არც აბუ ლ-ბახთარი, მაგრამ ამ ფქვილის ტომრის გადაცემა ასადის კლანის ერთი წევრიდან მეორეზე არ შეიძლებოდა კლანის გარეთ ვინმეს საქმე ყოფილიყო. მახზუმელის ჩარევა აღმაშფოთებელი და შეუწყნარებელი ჩანდა. როდესაც აბუ ჯაჰლმა წინააღმდეგობა გააგრძელა, აბუ ლ-ბახთარიმ ამოიღო აქლემის ყბის ძვალი და თავში ისე მაგრად დაჰკრა, რომ თითქმის გონება დააკარგინა. აბუ ჯაჰლი მიწაზე დაეცა, მათ მაგრად დააჭირეს ფეხი, რის გამოც დიდად კმაყოფილი დარჩა ჰამზა, რომელმაც იმ დროს იქ შემთხვევით ჩამოიარა.

ჰაქიმს სრული უფლება ჰქონდა იმისა, რაც გააკეთა, მაგრამ სხვები არღვევდნენ აკრძელვას მის მსხვერპლთადმი სიმპათიის გამო. ჰიშამ იბნ ‛ამრს ‛ამრიდან არ უჩქეფდა ჰაშიმური სისხლი, მაგრამ მის ოჯახს ჰქონდა ბევრი ახლო საქორწინო კავშირი კლანთან; ამიტომაც ღამით ხშირად მიჰყავდა საკვებით დატვირთული აქლემი აბუ ტალიბის უბნის შესასვლელთან. შემდეგ მოხსნიდა აღვირის თოკს, გადაუჭერდა ფერდზე და მათ სახლებთან ჩაატარებდა; მეორე ღამეს აქლემს ტანსაცმლითა და სხვა საჩუქრებით ტვირთავდა.

გარდა ასეთი დახმარებისა ურწმუნოთა მხრიდან, თვითონ მუსლიმები სხვა კლანებიდან, განსაკუთრებით აბუ ბაქრი და ‛უმარი, იგონებდნენ ათასგვარ ხერხს, რათა ხელი შეეშალათ აკრძალვისათვის. როდესაც ორი წელი გავიდა, აბუ ბაქრი უკვე ვეღარ ჩაითვლებოდა მდიდარ კაცად. მაგრამ, მიუხედავად ასეთი დახმარებისა, ორ დაზარალებულ კლანში საკვების მუდმივი დეფიციტი იყო და ზოგჯერ ეს დეფიციტი შიმშილობის ზღვარზე ჩამოდიოდა.

წმინდა თვეების განმავლობაში, როდესაც შეეძლოთ თავშესაფრის დატოვება და თავისუფლად გასვლა იმის შიშის გარეშე, რომ ვინმე თავს მოაბეზრებდათ, წინასწარმეტყველი ხშირად მიდიოდა წმინდა ადგილას, კურეიშელები კი მის იქ ყოფნას იყენებდნენ, რათა შეურაცხყოფა მიეყენებინათ და დაეცინათ მისთვის. ზოგჯერ, როდესაც ის წარმოთქვამდა იმ გამოცხადებებს, რომლებიც აფრთხილებდა კურეიშს იმის შესახებ, რაც დაემართა ძველ ხალხებს, ნადრი ‛აბდ ად-დარიდან ფეხზე წამოდგებოდა და იტყოდა ხოლმე: „ღმერთმანი, მუჰამედი ჩემზე უკეთესი მოსაუბრე არაფრით არ არის. მისი საუბრები მხოლოდ და მხოლოდ ძველ ადამიანთა ზღაპრებია. ისინიც ისე დაიწერა მისთვის, როგორც ჩემები დაიწერა ჩემთვის.“ შემდეგ იგი მათ უყვებოდა როსტომის, ისფანდიარისა და სპარსეთის მეფეთა ამბებს. ამასთან დაკავშირებით გამოცხადებულ იქნა მრავალთა შორის ერთ-ერთი აია, რომელიც ეხება გულს, როგორც გრძნობის ორგანოს, რომლის საშუალებითაც ადამიანს ეძლევა ხედვა ზებუნებრივი რეალობისა. გულის თვალს, მართალია, დახურულს დაცემულ, ცოდვილ ადამიანში, შეუძლია მიიღოს სინათლის გაელვება, და ეს რწმენაა. მაგრამ არასწორი ცხოვრების წესი იწვევს გულზე ჟანგისმაგვარი საფარის დადებას, ამიტომაც ის (გული) ვეღარ შეიგრძნობს ღვთის უწყების ზებუნებრივ წარმომავლობას: თუ მას ჩვენს აიებს წაუკითხავენ, ამბობს: ძველ ადამიანთა ლეგენდებია ეს. არა, მაგრამ ჟანგივით ედება მათ გულებს ის, რასაც ისინი აგროვებენ.1 რაც შეეხება ამის საპირისპირო მდგომარეობას, შინაგანი ხედვის აღმატებულ უნარს, წინასწარმეტყველმა რამდენჯერმე დაადასტურა თავის თავზე, რომ გულის თვალი ღია ჰქონდა თვით ძილის დროსაც კი: „ჩემს თვალს სძინავს, გულს კი ღვიძავს.“2

სხვა გამოცხადებამ, ერთ-ერთმა იმ უიშვიათესთა შორის, რომელიც სახელით მოიხსენიებს წინასწარმეტყველის რომელსამე თანამედროვეს, ახლა დაადასტურა, რომ აბუ ლაჰაბი და მისი ცოლი განწირულნი იყვნენ ჯოჯოხეთისათვის.3 უმმ ჯამილმა ეს შეიტყო და მეჩეთში წავიდა, თან ხელში ქვის როდინი ეჭირა და წინასწარმეტყველს ეძებდა. ეს უკანასკნელი აბუ ბაქრთან ერთად იჯდა. ქალი აბუ ბაქრთან მივიდა და უთხრა: „სად არის შენი მეგობარი?“ კაცმა იცოდა, რომ იგი წინასწარმეტყველს გულისხმობდა, რომელიც იქვე, მათ წინაშე იჯდა, ამიტომაც განცვიფრებისაგან ხმა ვერ ამოიღო. „მე შევიტყვე,“ თქვა ქალმა, „რომ მან ჩემზე სატირა შეთხზა, და, ღმერთმანი, რომ შევხვედროდი, ამ სანაყი ქვით დავამტვრევდი პირს.“ შემდეგ თქვა: „რაც შემეხება მე, ნამდვილად პოეტესა ვარ,“ და წარმოთქვა ლექსი წინასწარმეტყველის შესახებ:

„ჩვენ არ ვემორჩილებით არამზადას, არ ვასრულებთ ბრძანებებს, ის რომ გვკარნახობს, და გვძაგს მისი სარწმუნოება.“

როდესაც ის წავიდა, აბუ ბაქრმა წინასწარმეტყველს ჰკითხა, დაინახა თუ არა ქალმა. „ვერ დამინახა,“ უპასუხა მან, „ღმერთმა წაართვა ჩემი დანახვის უნარი.“ რაც შეეხება „არამზადას“ - არაბულად მუზამმამ, განკიცხული, პირდაპირი ანტონიმი მუჰამმადისა, ნაქების, ხოტბაშესხმულისა - კურეიშმა დაიწყო მისი ასე მოხსენიება შეურაცხყოფის მიზნით. ის თავის მეგობრებს ეტყოდა ხოლმე: „საოცარია არა, როგორც მარიდებს ღმერთი კურეიშისაგან მოყენებულ ზიანს? ისინი მუზამმამს ლანძღავენ, მე კი მუჰამმადი ვარ.“ 4

ჰაშიმსა და მუტტალიბზე დადებული აკრძალვა ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, მაგრამ არავითარი ნიშანი არ არსებობდა იმისა, რომ მან სასურველი შედეგი გამოიღო. მეტიც, მას ჰქონდა არასასურველი და გაუთვალისწინებელი შედეგი, ვინაიდან წინასწარმეტყველმა უფრო მეტი ყურადღება მიი პყრო და ახალ სარწმუნოებაზე კიდევ უფრო მეტად ალაპარაკდნენ მთელ არაბეთში, ვიდრე ოდესმე მანამდე. მაგრამ ამ გარემოებებისაგან დამოუკიდებლად კურეიშის ბევრ წევრს განსხვავებული აზრი ისედაც გაუჩნდა აკრძალვასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ახლო ნათესავები ჰყავდათ დაზარალებულთა შორის. დადგა ცვლილების დრო და პირველი კაცი, რომელმაც მოქმედება დაიწყო, ისევ ჰიშამი იყო, ვინც ასე ხშირად გზავნიდა თავის აქლემს საჭმლითა და ტანსაცმლით ჰაშიმელებთან. მაგრამ მან იცოდა, რომ მარტო ვერაფერს მიაღწევდა, ამიტომაც წავიდა მახზუმელ ზუჰაირთან, წინასწარმეტყველის მამიდის, ‛ათიკას, ორ ვაჟთაგან ერთ-ერთთან, და უთხრა: „კმაყოფილი ხარ იმით, რომ ჭამ საჭმელს, იცვამ ტანსაცმელს და ირთავ ქალებს მაშინ, როდესაც იცი, რა მდგომარეობაში არიან დედაშენის ნათესავები? ისინი ვერც ყიდულობენ და ვერც ყიდიან, ვერც ცოლად ირთავენ და ვერც ათხოვებენ. და ვფიცავარ ღმერთის სახელს, ისინი აბუ ლ-ჰაქამის - აბუ ჯაჰლს გულისხმობდა - მოძმენი რომ ყოფილიყვნენ და მისთვის მოგეწოდებინა იმის გაკეთებისაკენ, რისკენაც შენ გიბიძგა, ის არასოდეს გააკეთებდა ამას.“ „ეშმაკმა დალახვროს, ჰიშამ,“ თქვა ზუჰაირმა, „რა შემიძლია გავაკეთო? მე მარტო ვარ, გვერდით ვინმე სხვა რომ მედგეს, არ მოვისვენებდი, სანამ ამ აკრძალვას არ გავაუქმებდი.“ „მე ვი პოვე კაცი,“ თქვა ჰიშამმა. „ვინ არის ის?“ „მე თვითონ.“ „ი პოვე ჩვენთვის მესამეც,“ თქვა ზუჰაირმა. ასე რომ, ჰიშამი წავიდა მუტ‛იმ იბნ ‛ადისთან, ნავფალის კლანის ერთ-ერთ წამყვან კაცთან - თვით ნავფალის, ჰაშიმისა და მუტტალიბის ძმის, შვილიშვილთან. „ეს შენი სურვილია,“ თქვა მან, „რომ ‛აბდუ მანაფის ვაჟთაგან ორი უნდა დაიღუპოს მაშინ, როდესაც შენ ამას უყურებ კურეიშის მხარდასაჭერად? ღმერთმანი, თუ შენ მათ ამის საშუალებას მისცემ, მაშინ ნახავ, რომ შენც ასევე მოგექცევიან.“ მუტ‛იმმა ითხოვა მეოთხე კაცი, ასე რომ ჰიშამი წავიდა აბუ ლ-ბახთარისთან ასადიდან, იმ კაცთან, რომელმაც აბუ ჯაჰლს დაარტყა ხადიჯას ფქვილის ტომრისათვის, და, როდესაც მან ითხოვა მეხუთე კაცი, ჰიშამი წავიდა კიდევ ერთ ასადელთან, ზა‛ამ იბნ ალ-ასვადთან, რომელიც დათანხმდა, მეხუთე ყოფილიყო. მეექვსე აღარ მოუთხოვია. მათ მოილაპარაკეს, იმავე ღამეს შეხვედროდნენ ჰაჯუნის შემოგარენში, მექის ზემოთ. იქ შეათანხმეს ერთმანეთთან თავიანთი მოქმედების გეგმა და პირობა დადეს, რომ არ მოეშვებოდნენ იმ დოკუმენტის ამბავს, სანამ არ გააუქმებინებდნენ. „მე ყველაზე მეტად ვარ დაინტერესებული,“ თქვა ზუჰაირმა, „ამიტომაც მე ვიქნები, ვინც ილაპარაკებს.“

მეორე დღეს ადრევე შეკრიბეს ხალხი მეჩეთში და ზუჰაირმა, რომელიც გრძელ სამოსში გახვეულიყო, შვიდჯერ შემოუარა ქა‛აბას. შემდეგ მიუბრუნდა საკრებულოს და უთხრა: „მექის ხალხო, ჩვენ უნდა ვჭამდეთ და ვიცვამდეთ მაშინ, როდესაც ჰაშიმის ძენი იღუპებიან, რადგანაც არ შეუძლიათ ყიდვა და გაყიდვა? ღმერთმანი, მე არ დავჯდები მანამდე, სანამ ეს უკანონო აკრძალვა არ დაიხევა.“ „შენ ტყუი!“ თქვა მისმა ბიძაშვილმა აბუ ჯაჰლმა, „ის არ დაიხევა.“ „შენ უარესი მატყუარა ხარ,“ თქვა ზამ‛ამ, „ჩვენ არ ვიყავით თანახმა მის დაწერაზე, როდესაც ის დაიწერა.“ „ზამ‛ა მართალია,“ თქვა აბუ ლ-ბახთარიმ, „ჩვენ არ ვეთანხმებით იმას, რაც მასში წერია, და არც ვასრულებთ.“ „თქვენ ორივენი მართალი ხართ,“ თქვა მუტ‛იმმა, „და ვინც ამას უარყოფს, მატყუარაა. ჩვენ ღმერთს მოვუხმობთ, რათა გახდეს მოწმე ჩვენი უდანაშაულობისა იმაში, რაც მასში წერია.“ ჰიშამმაც იგივე თქვა და, როდესაც აბუ ჯაჰლმა დაიწყო მათი ბრალდება, რომ ისინი წინა ღამეს შეითქვნენ, მუტ‛იმმა მალევე შეაწყვეტინა, შევიდა ქა‛აბაში, რათა დოკუმენტი გამოეტანა. ის ტრიუმფით გამოვიდა, ხელში ეჭირა ეტრატის პატარა ნაგლეჯი: ჭიებს შეეჭამათ აკრძალვა მთლიანად, გარდა დასაწყისი სიტყვებისა: „შენი სახელით, ღმერთო“.

კურეიშის უმეტესობა პრაქტიკულად უკვე თანახმა იყო, მაგრამ ეს უეჭველი ნიშანი საბოლოო და თანაც გადამწყვეტი არგუმენტი აღმოჩნდა. აბუ ჯაჰლმა და მის მსგავსად მოაზროვნე ერთი-ორმა კაცმა იცოდა, რომ წინააღმდეგობა ფუჭი იქნებოდა. აკრძალვა ფორმალურად (ოფიციალურად) გაუქმდა და კურეიშელების დიდი ჯგუფი წავიდა, რათა კარგი ამბავი ეუწყებინა ბანუ ჰაშიმისა და ბანუ მუტტალიბისათვის.

მექაში დიდი შვება იგრძნეს მას შემდეგ, რაც აკრძალვა გაუქმდა, და იმ მომენტისათვის მუსლიმთა წინააღმდეგ მტრობა ერთგვარად ჩაწყნარდა. გაზვიადებული სახით ამ ამბებმა მალე ჩააღწია აბისინიამდეც, რის შედეგადაც ზოგიერთმა ლტოლვილმა მაშინვე დაიწყო მზადება მექაში დასაბრუნებლად, ხოლო დანარჩენებმა, მათ შორის ჯა‛ფარმა, გადაწყვიტეს, კიდევ ცოტა ხანს დარჩენილიყვნენ იქ, სადაც იყვნენ.

იმავდროულად კურეიშის ლიდერებმა თავიანთი ძალისხმევა იქითკენ მიმართეს, რომ წინასწარმეტყველი დაერწმუნებინათ, კომპრომისზე წასულიყო. ეს იყო ის, რითაც ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად ახლოს მიუდგნენ მას. ვალიდმა და სხვა ბელადებმა წამოაყენეს აზრი, რომ განახორციელებდნენ ორივე რელიგიის პრაქტიკას. წინასწარმეტყველი განთავისუფლებულ იქნა თავისი უარის ჩამოყალიბების სირთულისაგან დაუყოვნებელი პასუხით, რომელიც უშუალოდ ციდან ჩამოვიდა ექვსი აიისაგან შემდგარი სურის სახით:

თქვი: ურწმუნოებო, არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ სცემთ თაყვანს; და არც თქვენ ხართ იმის თაყვანისმცემელნი, რასაც მე ვცემ თაყვანს; და არც მე ვარ იმის თაყვანისმცემელი, რასაც თქვენ სცემდით თაყვანს; და არც თქვენ ხართ იმის თაყვანისმცემელნი, რასაც მე ვცემდი თაყვანს; თქვენ თქვენი სარწმუნოება გაქვთ, მე - ჩემი. 5

შედეგად დროებითი კეთილგანწყობა უკვე საგრძნობლად განელებულიყო იმ დროისათვის, როდესაც უკან დაბრუნებულმა ლტოლვილებმა მექის წმინდა შემოგარენის კიდეს მიაღწიეს.

ჯა‛ფარისა და ‛უბაიდ ალლაჰ იბნ ჯაჰშის გარდა, წინასწარმეტყველის ყველა ბიძაშვილი დაბრუნდა. მათთან ერთად მოვიდნენ ასევე ‛უსმანი და რუკაჲჲა. კიდევ ერთი შამსელი, ვინც ‛უსმანთან ერთად დაბრუნდა, იყო აბუ ჰუზაიფა. მას შეძლო თავისი მამის, ‛უთბას იმედი ჰქონოდა, რადგანაც ის მას დაიცავდა. მაგრამ აბუ სალამასა და უმმ სალამას სხვა არაფრის იმედი არ ჰქონდათ, თუ არა დევნისა თავიანთი საკუთარი კლანიდან, ამიტომაც, სანამ მექაში შევიდოდნენ, აბუ სალამამ თავის ჰაშიმელ ბიძას, აბუ ტალიბს, შეუთვალა თხოვნა დაცვაზე, რაზეც თანხმობა მიიღო. ამან მეტად გაანაწყენა მახზუმელები. „შენ ჩვენგან დაიცავი შენი ძმისშვილი მუჰამედი,“ უთხრეს მათ, „მაგრამ რატომ იცავ ჩვენი საკუთარი კლანის წევრს?“ „ის ჩემი დისშვილია,“ უპასუხა აბუ ტალიბმა, „თუ ჩემს დისშვილს არ დავცავ, მაშინ ვერც ძმისშვილს დავიცავ.“ მათ არჩევანი არ ჰქონდათ და საშუალება მისცეს, გამოეყენებინა თავისი უფლებები, როგორც ბელადს. მეტიც, ამ შემთხვევაში აბუ ლაჰაბმა მხარი დაუჭირა თავის ძმას და მახზუმელებმა იცოდნენ, რომ ის იყო მათი ყველაზე ძლიერი მოკავშირე წინასწარმეტყველის წინააღმდეგ, ამიტომაც არ სურდათ მისი შეურაცხყოფა. ის, თავის მხრივ, იქნებ ნანობდა კიდეც იმას, რომ ასე ღიად გამოააშკარავა თავისი უსაზღვრო ზიზღი ძმისშვილის მიმართ აკრძალვის მოქმედების პერიოდში. არა იმიტომ, რომ მისი ზიზღი შემცირდა, არამედ იმიტომ, რომ უნდოდა, კარგი ურთიერთობა შეენარჩუნებინა ოჯახთან, რადგანაც უფროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ, ტრადიციისამებრ, მას უნდა ჰქონოდა იმედი, რომ დაიკავებდა კლანის ბელადის ადგილს; შესაძლოა, ახლა ის უკვე ამჩნევდა აბუ ტალიბში იმის ნიშნებს, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა.

_______________________

1. XXXIII, 13-14.

2. ი.ი. 375; ბ. XIX, 16 და ა.შ.

3. XჩI.

4. ი.ი. 234.

5. ჩIX.

30 XXX. სამოთხე და მარადიულობა

▲ზევით დაბრუნება


კიდევ ერთი ემიგრანტი, ვინც ითხოვა, საკუთარი ხალხისაგან დაეცვათ, იყო ‛უმარის სიძე, ‛უსმან იბნ მაზ‛უნი ჯუმაჰიდან, რადგანაც კარგად იცოდა, რომ თავისი ბიძაშვილები, უმაია და უბაი, დევნას დაუწყებდნენ. ამ შემთხვევაში მახზუმმა მისცა გარანტია სხვა კლანის კაცს: ვალიდმა თვითონ აიყვანა ‛უსმანი თავისი მფარველობის ქვეშ; მაგრამ, როდესაც ‛უსმანმა ნახა, რომ მის მეგობარ მუსლიმებს ავიწროვებდნენ მაშინ, როდესაც თვითონ უსაფრთხოდ დადიოდა, წავიდა ვალიდთან და უარი თქვა დაცვაზე. „ჩემო ძმისშვილო,“ თქვა მოხუცმა კაცმა, „ჩემი ხალხიდან ვინმემ რაიმე დაგიშავა?“ „არა,“ უპასუხა ‛უსმანმა, „მაგრამ მე მსურს მფარველობა ღმერთისგან და სხვა არავისგან.“ ასე რომ, ვალიდთან ერთად წავიდა მეჩეთში და მოხუცმა საჯაროდ გაათავისუფლა იგი დაცვისაგან.

რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ისე, რომ პოეტი ლაბიდი ლექსებს წარმოთქვამდა კურეიშის წინაშე. ‛უსმანიც იყო იმ დიდ ჯგუფში, რომელიც მის მოსასმენად შეკრებილიყო. ზოგადად არაბებს მიდრეკილება ჰქონდათ პოეზიისადმი და თვით ამ ფონზეც კი კურეიშელებს ჰყავდათ ბევრი გამორჩეულად ნიჭიერი პოეტი, როგორებიც იყვნენ აბუ ტალიბი, ჰუბაირა და აბუ სუფიანი, ჰარისის ვაჟი. მაგრამ, ამათ გარდა, კიდევ არსებობდა რამდენიმე, ვინც დიდ პოეტად ითვლებოდა. ლაბიდს ერთხმად მიაკუთვნებდნენ სწორედ ამ გამორჩეულთა რიცხვს. ალბათ, ის იყო ყველაზე დიდი ცოცხალ არაბ პოეტთა შორის და ამიტომაც კურეიში თავს პრივილეგირებულად თვლიდა მისი ყოლის გამო. ერთ-ერთი ლექსი, რომელსაც ის წარმოთქვამდა ახლა, ასე იწყებოდა:

„ეჰ, ყველაფერი, ღმერთის გარდა, არაფერია.“ „შენ მართალი თქვი,“ შენიშნა ‛უსმანმა. ლაბიდმა კი განაგრძო: „ყოველგვარი სიამოვნება გაქრება.“ „ტყუი,“ წამოიძახა ‛უსმანმა, „სამოთხის სიამენი არასოდეს გაქრება.“

ლაბიდი არ იყო მიჩვეული იმას, რომ სიტყვა შეეწყვეტინებინათ. რაც შეეხება კურეიშელებს, ისინი მხოლოდ განცვიფრებულნი და აღშფოთებულნი კი არ დარჩნენ, არამედ დაბნეულნიც, რადგანაც პოეტი მათი სტუმარი იყო. „კურეიშის კაცნო,“ თქვა მან, „ვინც თქვენს შორის იჯდა, როგორც მეგობარი, არასოდეს უბედავდნენ ცუდად მოპყრობას. როდის აქეთაა ეს?“ ჯგუფიდან ერთ-ერთი წმოდგა, რათა ტომის სახელით ბოდიში მოეხადა. „ეს კაცი მხოლოდ სულელია,“ თქვა მან, „სულელების ერთმა ჯგუფმა მიატოვა ჩვენი სარწმუნოება. ნუ დამწუხრდება შენი სული იმის გამო, რაც მან თქვა.“ ‛უსმანი ისეთი შემართებით შეეპასუხა, რომ მოსაუბრე მივიდა, თვალში ძლიერად ჩაარტყა და წარბი დაულურჯა; ვალიდმა, რომელიც ახლოს იჯდა, უთხრა, თვალი არასოდეს დაუზიანდებოდა, მისი მფარველობის ქვეშ რომ დარჩენილიყო. „არა,“ თქვა ‛უსმანმა, „ჩემს დაუზიანებელ თვალს ძლიერ სწყურია იმის ქონა, რაც მის დას (მეორე თვალს) შეემთხვა ღმერთის გზაზე. მე იმისი მფარველობის ქვეშ ვარ, ვინც უფრო ძლიერი და შეუპოვარია, ვიდრე შენ.“ „წამოდი, ჩემო ძმისშვილო,“ უთხრა ვალიდმა, „განაახლე ხელშეკრილება ჩემთან.“ მაგრამ ‛უსმანმა უარი თქვა.

წინასწარმეტყველი არ იმყოფებოდა იმ შეკრებაზე, მაგრამ მან შეიტყო ლაბიდის ლექსისა და იმის შესახებ, რაც მოხდა. მისი ერთადერთი კომენტარი შემოგვრჩა: „უჭეშმარიტესი სიტყვა, რაც იმ პოეტს უთქვამს, არის: `ეჰ, ყველაფერი, ღმერთის გარდა, არაფერია.'“1 მას არ დაუდანაშაულებია ლაბიდი იმ სიტყვათა გამო, რომლებიც უშუალოდ შემდეგ მოდიოდა. პოეტისათვის შეიძლებოდა მიეწერათ ის აზრი, რომ „ყოველგვარი მიწიერი სიამოვნება გაქრება“; მეორე მხრივ, სამოთხე და სიამენი, რომლებიც მარადიულია, შეიძლება გააზრებულ იქნას, როგორც თვით ღმერთის შიგნით, ანუ ღმერთის სახეში არსებული. იმ დროისათვის გადმოსული იყო გამოცხადება: ყველაფერი გარდახდება მისი სახის გარდა,2 და უფრო ადრეულ გამოცხადებაშია სიტყვები: მარადიულია შენი სახე, უფალო, თავისი დიდებულებითა და სიუხვით.3 სადაც ეს სამარადისო სიუხვეა, იქ უნდა იყვნენ მისი მიმღებნიც და ასევე მათი სიამენიც.

ახლა მოვიდა უფრო ნათელი გამოცხადება, რომელიც შეიცავდა შემდეგ პასაჟს - პირველი აია ეხება დიდ სამსჯავროს: იმ დღეს, როდესაც ის (დღე) დადგება, არ ილაპარაკებს არც ერთი სული, თუ არა მისი ნებართვით, და მათ შორის არიან უბედურნი და ბედნიერნი. ისინი, ვინც უბედურნი აღმოჩნდნენ, ცეცხლში იქნებიან, იქ მათ წილად ხვდათ ოხვრა და გოდება, იქ იქნებიან, სანამ ცა და დედამიწა არსებობს, თუ ღმერთმა არ ინება სხვაგვარად. ჭეშმარიტად, უფალი შენი იმის მქნელია, რაც სურს. ხოლო ისინი, ვინც ბედნიერნი აღმოჩნდნენ, ბაღში იქნებიან, იქ დარჩებიან, სანამ ცა და დედამიწა არსებობს, თუ ღმერთმა არ ინება სხვაგვარად - როგორც საჩუქარი, რომელიც არ წაერთმევათ.4

საბოლოო სიტყვები უჩვენებს, რომ ღმერთის სურვილი არაა, სამოთხის საჩუქარი სამსჯავროს შემდეგ წაერთვას ადამიანს, როგორც ეს მოხდა პირველ სამოთხესთან დაკავშირებით. დანარჩენ კითხვებზე, რაც ამ პასაჟს მიემართება, თვითონ წინასწარმეტყველმა უპასუხა, რომელიც თავის მიმდევრებს განუწყვეტლად ესაუბრებოდა აღდგომაზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე. ერთხელ მან თქვა: „რომელსაც, ვინც უნდა, შეჰყავს თავის მოწყალებაში, სამოთხეში შეიყვანს სამოთხის ხალხს, ხოლო ჯოჯოხეთში - ჯოჯოხეთის ხალხს. შემდეგ ის ეტყვის (ანგელოზებს): `მოძებნეთ ის, ვის გულშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მდოგვის მარცვლის წონის რწმენა, და ამოიყვანეთ ჯოჯოხეთიდან'... შემდეგ ისინი კაცობრიობიდან ბევრს ამოიყვანენ და იტყვიან: „უფალო ჩვენო, არც ერთი იმათგანი არ დაგვიტოვებია იქ, ვისზეც შენ გვიბრძანე“, და ეტყვის: „დაბრუნდით და ამოიყვანეთ ის, ვის გულშიც ატომის წონის სიკეთესაც კი ი პოვით.“ შემდეგ ისინი ამოიყვანენ კაცობრიობიდან ბევრს და იტყვიან: „უფალო ჩვენო, არავითარი სიკეთე არ დაგვიტოვებია ჩვენ იქ.“ შემდეგ ანგელოზები თავდებად დადგებიან, ასევე წინასწარმეტყველნი და მორწმუნენი. მაშინ ღმერთი იტყვის: „ანგელოზები თავდებად დადგნენ, წინასწარმეტყველნი თავდებად დადგნენ, მორწმუნენიც თავდებად დადგნენ. ყოვლად მოწყალის თანხმობაღა დარჩა.“ და ის ამოიყვანს ცეცხლიდან იმათ, ვისაც არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ, და ჩაყრის მათ სამოთხის შესასვლელთან მდებარე მდინარეში, რომელსაც სიცოცხლის მდინარე ეწოდება.“5

და მათ შესახებ, ვინც სამოთხეში იქნებიან, წინასწარმეტყველმა თქვა: „ღმერთი ეტყვის სამოთხის ხალხს: „კმაყოფილნი ხართ?“ და უპასუხებენ: „როგორ შეიძლება, რომ კმაყოფილნი არ ვიყოთ, უფალო, რადგანაც შენ მოგვეცი ის, რაც არც ერთი ქმნილებისათვის არ მიგიცია?“ მაშინ ეტყვის: „არ მოგცეთ ამაზე უკეთესი?“ და იკითხავენ: „უფალო, რა არის ამაზე უკეთესი რამ?“ და ეტყვის: „მე მოგივლენთ თქვენ ჩემს რიდვანს.“6 საბოლოო ნეტარება ამ რიდვანისა, რომელიც ზოგჯერ ითარგმნება, როგორც „კარგი სიამე,“ განმარტებულია და აქვს მნიშვნელობა ღმერთის მიერ სულის საბოლოო და აბსოლუტური მიღებისა და ამ სულის წაყვანისა თავისთან სამუდამო კარგ სიამეში. ეს უზენაესი სამოთხე ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ის გამორიცსავს იმას, რასაც სამოთხე ეწოდება ჩვეულებრივი გაგებით, რადგანაც ყურანი გვპირდება, რომ ყოველი კურთხეული სულისათვის იქნება ორი სამოთხე,7 და, როდესაც საიქიოში თავის საკუთარ მდგომარეობაზე საუბრობდა, წინასწარმეტყველი ამის შესახებ ზუსტად ასევე ამბობდა, რომ ეს იქნება ორმაგი კურთხევა, „შეხვედრა ჩემს უფალთან და სამოთხე.“8

______________________

1. ბ. LXIII, 26.

2. XXVIII, 88.

3. V, 27.

4. XI, 105-8.

5. მ. I, 79; ბ. XჩVII, 24.

6. მ. I, 2.

7 . V, 46.

8. ი.ი. 1000.

31 XXXI. მწუხარების წელი

▲ზევით დაბრუნება


ქრისტეს შობიდან 619 წელს, მას შემდეგ, რაც დიდი ხანი არ გასულიყო აკრძალვის გაუქმებიდან, წინასწარმეტყველმა დიდი დანაკლისი განიცადა თავისი ცოლის, ხადიჯას, გარდაცვალების სახით. ქალი სამოცდახუთი წლის იყო და მუჰამედი დაახლოებით ორმოცდაათის. მათ ოცდახუთი წელიწადი იცხოვრეს სრულ ჰარმონიაში, ხადიჯა მხოლოდ ცოლი კი არა, უახლოესი მეგობარიც იყო, ბრძენი მრჩეველი და მთელი ოჯახის დედა, მათ შორის, ‛ალისა და ზეიდისაც. მათი ოთხი ქალიშვილი დიდად დამწუხრებული იყო, მაგრამ წინასწარმეტყველმა შეძლო, ისინი ენუგეშებინა, რადგანაც ამცნო, რომ ერთხელ გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა, ხადიჯასათვის გადაეცა მშვიდობის მისალმება თავისი უფლისაგან და ეთქვა მისთვის, რომ განუმზადა სავანე სამოთხეში.

მალე ხადიჯას სიკვდილს სხვა დანაკარგიც მოჰყვა. ეს დანაკარგი იმდენად დიდი და სულში ჩამწვდომი არ იყო თავისთავად, მაგრამ იმავდროულად აუნაზღაურებელი და უფრო სერიოზული აღმოჩნდა გარე შედეგებით. აბუ ტალიბი ავად გახდა და ცხადი შეიქნა, რომ კვდებოდა. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ის მოინახულა კურეიშის ლიდერთა ჯგუფმა - ‛უთბამ, შაიბამ, აბუ სუფიანმა ‛აბდუ შამსიდან, უმაიამ ჯუმაჰიდან, აბუ ჯაჰლმა მახზუმიდან და სხვებმა - და მათ უთხრეს: „აბუ ტალიბ, იცი ის პატივისცემა, რომელიც შენს მიმართ გვაქვს; ახლა თავს დაგატყდა, რასაც ხედავ, და შენზე ვღელავთ. კარგად უწყი, რა ამბავიც ტრიალებს ჩვენსა და შენს ძმისშვილს შორის. დაუძახე, გადაეცი ჩვენი საჩუქარი და მასაც გამოართვი საჩუქარი ჩვენთვის, რათა მოგვასვენოს და ჩვენც მოვასვენოთ ის. თავი დაგვანებოს და თავი დაანებოს ჩვენს სარწმუნოებასაც.“ ასე რომ, აბუ ტალიბმა მუჰამედი თავისთან მიიხმო და, როდესაც მივიდა, უთხრა: „ჩემო ძმისშვილო, შენი ხალხის ეს წარჩნებულნი შენს გამო მოვიდნენ ერთად, რათა მოგცენ და წაიღონ კიდეც.“ „ასე იყოს,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „მომეცით ერთი სიტყვა - სიტყვა, რომლითაც მართავთ არაბებს და სპარსელებიც თქვენ დაგემორჩილებიან.“ „დიახ, მამაშენის ხათრით,“ თქვა აბუ ჯაჰლმა, „რადგანაც ჩვენ ერთ სიტყვას კი არა, ათსაც მოგცემთ.“ „თქვენ უნდა აღიაროთ,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და უარი უნდა თქვათ იმაზე, რასაც მის გარდა თაყვანს სცემთ.“ მათ ხელები ერთმანეთს შემოჰკრეს და თქვეს: „მუჰამედ, ყველა ღმერთს ერთ ღმერთად აქცევ? შენი შემოთავაზება ნამდვილად უცნაურია!“ შემდეგ ერთმანეთს უთხრეს: „ეს კაცი არაფერს არ მოგცემთ იქიდან, რასაც ითხოვთ, ასე რომ, წადით თქვენს გზაზე და შეინარჩუნეთ თქვენი მამების სარწმუნოება მანამდე, სანამ ღმერთი არ განგსჯით თქვენცა და მასაც.“

როდესაც ისინი წავიდნენ, აბუ ტალიბმა წინასწარმეტყველს უთხრა: „ჩემო ძმისშვილო, როგორც დავინახე, შენ მათგან სანაცვლოდ არაფერი გითხოვია.“ ამ სიტყვებმა წინასწარმეტყველი აღავსო დიდი სურვილით, რომ აბუ ტალიბს ისლამი მიეღო. „ბიძა,“ უთხრა მან, „შენ წარმოთქვი ის სიტყვები, რომელთა მეშვეობითაც მე შემეძლება გიშუამდგომლო აღდგომის დღეს.“ „ჩემო ძმისშვილო,“ უპასუხა მან, „იმის რომ არ შემშინებოდა, კურეიშელები იფიქრებდნენ, მხოლოდ სიკვდილის შიშის გამო წარმოვთქვი ეს სიტყვები, მაშინ წარმოვთქვამდი. მაგრამ ეს წარმოთქმა მხოლოდ იმისთვის იქნებოდა, რომ შენთვის მესიამოვნებინა.“ შემდეგ, როდესაც სიკვდილი მოუახლოვდა აბუ ტალიბს, ‛აბბასმა დაინახა, რომ იგი ტუჩებს ამოძრავებდა, ყური ახლოს მიუტანა, ყურადღებით მოუსმინა და აღნიშნა: „ჩემმა ძმამ ის სიტყვები წარმოთქვა, რომელთა წარმოთქმაც შენ სთხოვე.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა უპასხა: „მე ვერ გავიგე.“

ახლა მექაში უკვე ძალიან უჭირდა თითქმის ყველას, ვისაც ოფიციალური მფარველი არ ჰყავდა. სანამ წინასწარმეტყველს შეუერთდებოდა, აბუ ბაქრი საგრძნობლად გავლენიანი პირი იყო, მაგრამ, ‛უმარისა და ჰამზასაგან განსხვავებით, ის თავისთავად არ იყო საშიში კაცი, ამიტომაც შიშს არ იწვევდა, ეს მხოლოდ იმ ადამიანებში ხდებოდა, ვინც მას აფასებდნენ სულიერი მიზეზების გამო; და, როდესაც აბუ ბაქრის მიერ ისლამის მიღება ბარიერად აღიმართა მასსა და კურეიშის ლიდერთა შორის, ამ კაცებში მისი ზეგავლენა პრაქტიკულად ნულის სწორი გახდა, სამაგიეროდ, გაიზარდა ახალი სარწმუნოების აღმსარებელთა საზოგადოებაში. აბუ ბაქრის სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდებოდა, რადგანაც იგი ცნობილი იყო, როგორც პასუხისმგებელი ბევრ მოქცევაზე; შესაძლოა, ნაწილობრივ სამაგიეროს გადახდის მიზნით იმის გამო, რომ ნავფალის ძემ, ასვადმა, ისლამი მიიღო, ერთ დღეს თვითონ ნავფალმა, ხადიჯას ნახევარმა ძმამ, მოაწყო თავდასხმა აბუ ბაქრსა და ტალჰაზე, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმულები და გაკოჭილები დატოვეს დიდ გზაზე, სადაც ბევრი ხალხი დადიოდა. თაიმის არც ერთ წარმომადგენელს ხელი არ შეუშლია ასადელთათვის, რაც გვავარაუდებინებს, რომ მათ უარი თქვეს თავიანთი კლანის ორ მოწინავე კაცზე, რადგანაც ისინი მუსლიმები იყვნენ.

შესაძლო იყო, მომხდარიყო სხვა ინციდენტებიც. აბუ ბაქრს სულ უფრო და უფრო უარესი ურთიერთობა ჰქონდა ბილალის ყოფილ პატრონთან, უმაიასთან, ჯუმაჰის ბელადთან, იმ კლანისა, რომელშიც ცხოვრობდა; დადგა დრო და მიხვდა, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდა და უნდა წასულიყო. მიიღო რა ნებართვა წინასწარმეტყველისაგან, გაემგზავრა, რათა შეერთებოდა მათ, ვინც აბისინიაში დარჩნენ. მაგრამ, სანამ წითელ ზღვას მიაღწევდა, შეხვდა იბნ ად-დუღუნნა, იმ დროს ლიდერი ტომების პატარა ჯგუფისა მექის ახლოს, კურეიშის მოკავშირე. ეს ბედუინი ბელადი კარგად იცნობდა აბუ ბაქრს მისი კეთილდღეობისა და გავლენის დღეებში, თუმცაღა ახლა მოხეტიალე განდეგილის გარეგნობა ჰქონდა. განცვიფრებულმა ამ ცვლილებით, მან ჰკითხა, რა დაემართა. „ჩემი ხალხი მომექცა ცუდად,“ თქვა აბუ ბაქრმა, „გამომაგდო და ახლა ერთადერთი რამ, რასაც ვეძებ, ისაა, რომ დედამიწაზე ვიმოგზაურო და ვადიდო ღმერთი.“ „რატომ გააკეთეს ეს?“ იკითხა იბნ ად-დუღუნნამ და განაგრძო: «შენ ხომ კლანის მშვენება ხარ, გაჭირვებულის დამხმარე, სიმართლის მოქმედი, ყოველთვის სხვათა საჭიროებათა შემსრულებელი. დაბრუნდი, რადგანაც ჩემი მფარველობის ქვეშ ხარ». ასე რომ, უკან წაიყვანა მექაში და ხალხს დაელაპარაკა: „კურეიშის კაცნო, მე ჩემი მფარველობა მივეცი აბუ კუჰაფას ვაჟს, ასე რომ არავინ არ მოექცეს მას სხვაგვარად, თუ არა კარგად.“ კურეიშელებმა დაადასტურეს ეს მფარველობა და პირობა დადეს, რომ აბუ ბაქრი უსაფრთხოდ იქნებოდა, მაგრამ ბანუ ჯუმაჰის წაქეზებით მფარველს უთხრეს: „დაარწმუნე, რომ თავის ღმერთს შინ, კარს მიღმა, სცეს თაყვანი, ილოცოს და ის წარმოთქვას, რაც სურს, მაგრამ ისევ სადარდებელს ნუ გაგვიჩენს იმით, რომ ეს ყველაფერი გამოაჩინოს და გაახმაუროს, რადგანაც მისი გარეგნობა შთამბეჭდავია და მან იცის, როგორ უნდა მოიქცეს, ამიტომაც გვეშინია, რომ აცდუნებს ჩვენს შვილებსა და ქალებს.“ იბნ ად-დუღუნნამ ეს უთხრა აბუ ბაქრს, ისიც რაღაც პერიოდი მხოლოდ სახლში ლოცულობდა და წარმოთქვამდა ყურანს. მასა და ბანუ ჯუმაჰს შორის არსებული დაძაბულობა დროებით ჩაცხრა. აბუ ტალიბის შემდეგ აბუ ლაჰაბი გახდა ჰაშიმის ბელადი, მაგრამ მფარველობა, რომელიც მან თავის ძმისშვილს მისცა, მხოლოდ ნომინალური იყო, ამიტომაც წინასწარმეტყველს ისე ცუდად ეპყრობოდნენ, როგორც არასოდეს მანამდე. ერთხელ გამვლელი გადაეყუდა მის კარიბჭეზე და დამპალი ნარჩენები ისროლა მის ქოთანში, რომელიც ცეცხლზე იდგა საჭმლის მოსამზადებლად; ერთხელ კი, როდესაც ის თავისი სახლის მთავარ ეზოში ლოცულობდა, ვიღაც კაცმა მას ესროლა ცხვრის შიგნეულობა, სისხლითა და განავლით მოსვრილი. სანამ გადააგდებდა, წინასწარმეტყველმა ის ჯოხის წვერით აიღო, თავის კარიბჭეში დადგა და თქვა: „აბდუ მანაფის ძენო, რა მფარველობაა ეს?“ მან დაინახა, რომ შეურაცხმყოფელი იყო შამსელი ‛უკბა,1 ‛უსმანის მამინაცვალი, რუკაჲჲას ქმარი. კიდევ ერთხელ, როდესაც წინასწარმეტყველი ქა‛აბადან ბრუნდებოდა, ვიღაც კაცმა აიღო მთელი მუჭა ტალახი და სახესა და თავში ესროლა. როდესაც სახლში მივიდა, ერთ-ერთმა ქალიშვილმა დაბანა და გაწმინდა, თან სულ ტიროდა. „ნუ ტირი, პატარა ქალიშვილო,“ თქვა მან, „ღმერთი დაიცავს მამაშენს.“

სწორედ მაშინ გადაწყვიტა მუჰამედმა, დახმარება ეთხოვა საკიფისაგან, ტა'იფის ხალხისაგან - გადაწყვეტილება, რომელიც შესანიშნავად ასახავდა მექაში მისი მდგომარეობის აშკარა სიმძიმეს. სიმართლით ნებისმიერი რამის მიღწევაა შესაძლებელი და ამის იმედი შეიძლება ჰქონოდა საკიფისაგან. მაგრამ ისინი იყვნენ მცველნი ქალღმერთ ალ-ლათის ტაძრისა, რომელსაც მექის სახლის ტოლფას სიწმინდედ მიიჩნევდნენ. თუმცაღა გამონაკლისები ტაიფშიც უნდა ყოფილიყვნენ, როგორც მექაში, ამიტომაც წინასწარმეტყველი უიმედოდ სულაც არ ყოფილა, როდესაც ის უდაბნოდან გაემგზავრა და გეზი აიღო ბაღჩების, ბაღებისა და ნათესი მინდვრებისაკენ, რომლებიც გალავნიანი ქალაქის შემოგარენს წარმოადგენდა და თითქოს ესალმებოდა მუჰამედს. ჩასვლისთანავე იგი გაემართა იმ სამი ძმის სახლისაკენ, ვინც საკიფის ლიდერები იყვნენ იმხანად. ისინი იყვნენ ძენი ‛ამრ იბნ უმაიასი, იმ კაცისა, რომელსაც ვალიდი მიიჩნევდა საკუთარი თავის ერთგვარ ასლად, ორეულად ტა'იფში, „ორი დიდი ქალაქის ორ კაცთაგან ერთ-ერთად.“ მაგრამ, როდესაც წინასწარმეტყველმა სთხოვა, მიეღოთ ისლამი და დახმარებოდნენ თავისი ოპონენტების წინააღმდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა მაშინვე უთხრა: „თუ ღმერთმა შენ გამოგგზავნა, მე ჩამოვხევ ქა‛აბაზე გადაფარებულ ქსოვილს!“ მოერემ იკითხა: „ღმერთმა შენს გარდა ვერავინ ვერ ი პოვა, რომ გამოეგზავნა?“ მესამემ კი წამოიძახა: „მე არასოდეს არ დაგელაპარაკები! რადგანაც, თუ შენ ხარ ღმერთის მოციქული, როგორც ამბობ, მაშინ ძალიან დიდი პიროვნება ხარ საიმისოდ, რომ მე მოგმართო; ხოლო, თუ ტყუი, შეუფერებელია, რომ გესაუბრო.“ ასე რომ, წინასწარმეტყველი ადგა, რათა მათგან წასულიყო, შესაძლოა, განზრახული ჰქონდა, სადმე კიდევ ეცადა ბედი ტა'იფში, მაგრამ, როდესაც გავიდა, მათ გააქეზეს თავიანთი მონები და მსახურები, რათა ეყვირათ და შეურაცხყოფა მიეყენებინათ მისთვის, სანამ ხალხის ბრბო არ შეიკრიბა მის წინააღმდეგ, ამიტომაც იძულებული გახდა, კერძო ბაღისათვის შეეფარებინა თავი. როგორც კი იქ შევიდა, ბრბომ გაფანტვა დაიწყო. წინასწარმეტყველმა თავისი აქლემი პალმაზე მიაბა, ვაზისაკენ გაემართა და მის ჩრდილს შეეფარა.

როდესაც იგრძნო, რომ უსაფრთხოდ და მშვიდობით იყო, ილოცა: „ღმერთო, შენ შემოგჩივი ჩემს სისუსტეს, მიუსაფრობასა და მარტოობას კაცთა შორის. ყოვლად მოწყალეო, შენ ხარ სუსტთა უფალი. და შენ ხარ უფალი ჩემი. ვის ანდობ ჩემს თავს? ვინმე შორეულ უცხო კაცს, ვინც ბოროტად მომეპყრობა? თუ მტერს, რომელიც გააძლიერე ჩემს წინააღმდეგ? მე არ მედარდება საკუთარი თავი, ნუ განმირისხდები. მაგრამ შენი კეთილგანწყობილებით სავსე დახმარება - ის ჩემთვის უფრო განიერი გზა და ფართე ასპარეზი იყო! მე თავს ვაფარებ შენი მხარდაჭერის სინათლეს, სადაც ყოველგვარი სიბნელე განათდება და სადაც ამქვეყნიური და ასევე იმქვეყნიური ამბები სამართლიანადაა მოწესრიგებული, მომივლენ შენს რისხვას თუ ამაცდენ მას? დიახ, შენ შეგიძლია განკიცხვა, თუ არ გაამეს. არ არსებობს არავითარი ძალა და შესაძლებლობა, თუ არა შენი მეშვეობით.“ 2

ადგილი, სადაც წინასწარმეტყველმა თავშესაფარი პოვა, არ იყო ისეთი უკაცრიელი, როგორც ჩანდა. კურეიშის ყოველ კაცს სურდა, იმდენი სიმდიდრე დაეგროვებინა, რომ ეყიდა ბაღი და სახლი ტა'იფის მწვანე გორაკზე, სადაც თავს შეაფარებდა, როდესაც მექის სიცხე ყველაზე მწველი ხდებოდა. ხილის ეს ბაღი არ იყო ვინმე საკიფელისა, არამედ წარმოადგენდა შამსელი ლიდერების, ‛უთბასა და შაიბას, საკუთრების ნაწილს. თვითონ ისინი ახლა თავიანთი ბაღის კუთხეში ისხდნენ, რომელიც ვენახს ეკვროდა. მათ დაინახეს, რაც მოხდა, და შეურაცხყოფილნი დარჩნენ, რადგანაც საკიფელთა ბრბომ გაბედა და ასე მოექცა კურეიშელს, რომელიც, მეტიც, მათსავით ‛აბდუ მანაფის შთამომავალთაგანი იყო. რაც შეეხება იმ განსხვავებებს, რაც მათ შორის არსებობდა, ისინი ხომ ახლა უკვე თითქმის დასრულებული იყო? მათ მუჰამედი ბოლოს ნახეს აბუ ტალიბის სასიკვდილო სარეცელთან. ახლა იგი მფარველის გარეშე იყო, აშკარად უიმედოდ რთულ მდგომარეობაში. იგრძნეს რა, რომ შეეძლოთ კეთილნი ყოფილიყვნენ, მათ დაუძახეს თავიანთ ქრისტიან მონას, რომელსაც ‛ადდასი ერქვა, და უთხრეს: „ყურძნის ეს მტევნები აიღე და ამ თეფშზე დადე. შემდეგ მიუტანე იმ კაცს და უთხარი, ჭამოს.“ ‛ადდასი ისე მოიქცა, როგორც უბრძანეს, და, როდესაც წინასწარმეტყველმა ხელი დაადო ყურძენს, თქვა: „ღმერთის სახელით.“ ‛ადდასი კარგად ჩააკვირდა სახეში და უთხრა: „ეს სიტყვები არ არის ის, რასაც ამ ქვეყნის ხალხი ამბობს.“ „შენ რომელი ქვეყნიდან ხარ?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა, „და რა არის შენი სარწმუნოება?“ „მე ქრისტიანი ვარ,“ მიუგო მან, „ნინევიის ხალხთაგანი.“ „მართალი იონას, მათთას ძის, ქალაქიდან,“ თქვა წინასწარმეტყველმა. „როგორ შეიტყვე შენ იონას, მათთას ძის, შესახებ?“ თქვა ‛ადდასმა. „ის ჩემი ძმაა,“ იყო პასუხი, „ის წინასწარმეტყველი იყო, მეც წინასწარმეტყველი ვარ.“ შემდეგ ‛ადდასი მისკენ გადაიხარა და ეამბორა თავზე, ხელებსა და ფეხებზე.

როდესაც ორმა ძმამ ეს დაინახა, ერთდროულად შესძახა, თითქოს ერთ კაცს ეთქვა: „ნამდვილად მეტისმეტია მონისაგან! იგი უკვე შეცდა!“ ‛ადდასი დაბრუნდა, დატოვა რა წინასწარმეტყველი, რათა მას მშვიდად ეჭამა, მათ კი უთხრეს: „ეშმაკმა დალახვროს, ‛ადდას! რამ გაიძულა, რომ გეკოცნა იმ კაცისათვის თავზე, ხელებსა და ფეხებზე?“ მან უპასუხა: „ბატონო, ამქვეყნად არაფერია ისეთი კარგი, როგორც ეს კაცი. მან ისეთი რაღაცეები მითხრა, რაც შეიძლება მხოლოდ წინასწარმეტყველს სცოდნოდა.“ „ეშმაკმა წაგიღოს, ‛ადდას!“ კიდევ ერთხელ თქვეს მათ, „ნუ მისცემ საშუალებას, გაცდუნოს და შენი სარწმუნოებიდან გადაგიყვანოს, რადგანაც შენი რელიგია უკეთესია, ვიდრე მისი.“

წინასწარმეტყველმა დატოვა ტა'იფი და მექისაკენ გაეშურა, როდესაც ნახა, რომ ამ მომენტში კარგს ვერაფერს მიიღებდა საკიფის ტომისაგან. გვიან იმ ღამეს მიაღწია ნახლას ველს, რომელიც ორ ქალაქს შორის ერთსა და იმავე მანძილზე მდებარეობდა, იმ ორ ქალაქს შორის, რომელიც მას უარყოფდა. და იმ მომენტში, როდესაც ის ასე მწვავედ გრძნობდა ამ უარყოფას, მისი წინასწარმეტყველობა აღიარა კაცმა შორეული ნინევიიდან; ახლა იდგა და ლოცულობდა ნახლაში, უეცრად ჯინებმა ჩამოიარეს - შვიდმა ჯინმა ნასიბინიდან - ისინი მონუსხულნი შეჩერდნენ იმ სიტყვების გამო, რომლებსაც იგი წარმოთქვამდა ყურანიდან. წინასწარმეტყველმა იცოდა, რომ მხოლოდ ადამიანთა სამყაროსათვის არ გამოგზავნილა. გამოცხადებამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა: არ გამოგვიგზავნიხარ სხვა არაფრისათვის, თუ არა მოწყალებად სამყაროთათვის;3 და ერთერთი ყველაზე ადრეული სურა4 მიმართულია როგორც ჯინების, ასევე ადამიანებისადმი, ორივე მათგანს აფრთხილებს ჯოჯოხეთის, როგორც ბოროტებისათვის სასჯელის, შესახებ და ჰპირდება სამოთხეს ორივე მათგანს, როგორც ჯილდოს წესიერებისათვის. ახლა მოვიდა გამოცხადება: თქვი: გამომეცხადა, რომ ჯინთა ჯგუფმა მიაყურადა და შემდეგ თქვეს: ჩვენ ნამდვილად მოვისმინეთ გასაოცარი დეკლამაცია, რომელსაც სიმართლისაკენ მივყავართ, და ჩვენ ვირწმუნეთ ის.5 და სხვა გამოცხადებაში6 აღნიშნულია, როგორ დაბრუნდნენ ჯინები თავიანთ საზოგადოებაში და კატეგორიულად ურჩიეს, გამოხმაურებოდნენ ღმერთის მომხმობელს, როგორც ისინი უწოდებდნენ მუჰამედს.

წინასწარმეტყველს არ უნდოდა იმავე მდგომარეობაში დაბრუნება, რამაც სულ ორი დღის წინ აიძულა, სახლიდან წასულიყო. მაგრამ, მას მფარველი რომ ჰყოლოდა, შეძლებდა თავისი მისიის გაგრძელებას. ჰაშიმელებმა იმედი გაუცრუეს, ამიტომაც ახლა ფიქრები მიმართა დედის კლანისაკენ. იქ არასტანდარტული სიტუაცია იყო, რადგანაც ყველაზე გამოჩენილი და გავლენიანი კაცი ზუჰრაში გახლდათ ახნას იბნ შარიკი, რომელიც პირდაპირი გაგებით არც იყო კლანის წევრი, თვით კურეიშის წევრიც კი. სინამდვილეში საკიფიდან მოვიდა, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო ზუჰრას მოკავშირე, ამიტომაც ზუჰრელებმა თავიანთ ბელადად აღიარეს. წინასწარმეტყველს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, დახმარება ეთხოვა მისგან, როდესაც წამოეწია მხედარი, რომელიც ასევე მექაში მიდიოდა, ოღონდ უფრო ჩქარა. წინასწარმეტყველმა მას სთხოვა, დახმარება გაეწია, ჩასვლისთანავე წასულიყო ახნასთან და გადაეცა: „მუჰამედმა შემოგითვალა: მომცემ მფარველობას, რათა შევძლო ჩემი უფლის უწყების გავრცელება?“ მხედარი კარგად განწყობილი აღმოჩნდა, ამიტომაც ისიც კი აიღო თავზე, მუჰამედისათვის მიეტანა პასუხი, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა, ვინაიდან ახნასმა უბრალოდ შენიშნა, რომ მოკავშირეს არ ჰქონდა უფლება, ესაუბრა იმ კლანის სახელით, რომელთანაც მხოლოდ კავშირი ჰქონდა, და მიეცა მფარველობა, რაც არ იქნებოდა ამ კლანის ვალდებულება. წინასწარმეტყველმა, რომელიც ახლა შორს აღარ იყო მექიდან, იგივე თხოვნა შეუთვალა სუჰაილს. მისი პასუხიც ასევე იმედგამაცრუებელი იყო, თუმცაღა დასახელებულ მიზეზს უარისათვის არაფერი ჰქონდა საერთო ისლამისადმი მის უარყოფით დამოკიდებულებასთან. ეს უფრო ტომური პრინცი პის საკითხი გახლდათ. მექის დაბლობზე მისი კლანი ყველა დანარჩენისაგან იმით გამოირჩეოდა, რომ ლუ'აჲჲის ვაჟის, ‛ამირის, შთამომავალი იყო მაშინ, როდესაც დანარჩენები ყველანი ‛ამირის ძმის, ქა‛ბის, შთამომავლები იყვნენ. სუჰაილმა უბრლოდ თქვა, რომ ‛ამირის ძენი არ იძლევიან მფარველობას ქა‛ბის ძეთა წინააღმდეგ. წინასწარმეტყველმა გადაუხვია იმ გზას, რომელიც მექისაკენ მიდიოდა და შეეფარა გამოქვაბულს ჰირა'ის მთაზე, სადაც პირველი გამოცხადება მიიღო. იქიდან საკუთარი თხოვნა გაუგზავნა თავისთან უფრო ახლოს დაკავშირებულ ლიდერს, მუტ‛იმს, ნავფალის ბელადს, ერთ-ერთს იმ ხუთთაგან, რომლებმაც მოაგვარეს აკრძალვის გაუქმების საქმე, და მუტ‛იმი მაშინვე დასთანხმდა. „შემოვიდეს ქალაქში,“ შეუთვალა მუჰამედს; მეორე დილას, სრულად შეიარაღებულმა, თავის ვაჟებთან და ძმისშვილებთან ერთად თანხლება გაუწია წინასწარმეტყველს და ქა‛აბაში შეიყვანა. აბუ ჯაჰლმა ჰკითხა, ხომ არ გახდნენ ისინი მუჰამედის მიმდევარნი. „ჩვენ მას ვმფარველობთ,“ უპასუხეს მათ; და მახზუმელმა მხოლოდ ამის თქმა შეძლო: „ვისაც თქვენ მფარველობთ, მას ჩვენც ვმფარველობთ.“

________________________

1. ‛უკბა იყო ‛უსმანის დედის , არვას , მეორე ქმარი. ეს ქალი წინასწარმეტყველის ბიძაშვილი გახლდათ და სახელი დაარქვეს თავიანთი მამიდის , არვას , მიხედვით , რომელიც ტულაიბის დედა იყო.

2. ი.ი. 280.

3. XXI, 107.

4. V.

5. XXII, 1-2.

6. XLVI, 30-1.

32 XXXII. სინათლე შენი კეთილგანწყობისა

▲ზევით დაბრუნება


ფატიმამ, აბუ ტალიბის ქვრივმა, ისლამი მიიღო ან ქმრის გარდაცვალებამდე ან შემდეგ, ასევე გააკეთა მისმა ქალიშვილმა, უმმ ჰანი'მა, ‛ალისა და ჯა‛ფარის დამ; მაგრამ უმმ ჰანი'ის ქმარი, ჰუბაირა, სავსებით არ რეაგირებდა ღმერთის ერთადერთობის უწყებაზე. თუმცაღა კარგად ხვდებოდა წინასწარმეტყველს, როცა ის მათ სახლში მიდიოდა, და, თუ ლოცვის დრო იყო ამგვარი ვიზიტისას, ოჯახის ყველა მუსლიმი ერთად ლოცულობდა. ერთხელაც, როდესაც ღამის ლოცვა წინასწარმეტყველთან ერთად ილოცეს, უმმ ჰანი'მა ის მიიწვია, ღამე მათთან დარჩენილიყო. იგი დათანხმდა, მაგრამ ხანმოკლე ძილის შემდეგ ადგა და მეჩეთში წავიდა, რადგანაც უყვარდა ქა‛აბას მონახულება ღამის საათებში. იქ ყოფნისას ისევ მოერია ძილი და ჰიჯრში დაწვა.

„როდესაც ჰიჯრში მეძინა,“ ყვებოდა მუჰამედი, „გაბრიელი მოვიდა და ფეხით შემეხო, რის გამოც წამოვჯექი, მაგრამ ვერაფერი დავინახე და ისევ დავწექი. ის მეორედ მოვიდა, მესამედაც და შემდეგ ხელი წამავლო მკლავში, ავდექი და მის გვერდით დავდექი. მან დიდი მეჩეთისაკენ წამიყვანა. იქ იყო თეთრი ცხოველი, რაღაც გარდამავალი ჯორსა და ვირს შორის, გვერდებზე ფრთებით. ის ფეხებს ამოძრავებდა და ყოველი მისი ნაბიჯი ისეთი შორი იყო, რასაც თვალი გასწვდებოდა.“1

შემდეგ წინასწარმეტყველი ყვებოდა, როგორ ამხედრდა ბურაკზე, ასე ეწოდებოდა იმ ცხოველს; გვერდით არქიანგელოზი დაუდგა, ის უჩვენებდა გზას და ზომავდა ზეციური ცხენის ნაბიჯის სისწრაფეს. ჩრდილოეთისაკენ გაიჭრნენ, იასრიბისა და ხაიბარის იქით, სანამ იერუსალიმამდე არ ჩააღწიეს. იქ შეხვდნენ წინასწარმეტყველნი - აბრაამი, მოსე, იესო და სხვები - და, როდესაც მუჰამედმა ილოცა ტაძართან, ისინი მის უკან შეიკრიბნენ და მათაც ილოცეს. შემდეგ მიუტანეს და შესთავაზეს ორი სასმისი, ერთი ღვინით, მეორე კი რძით სავსე. მან აიღო რძიანი სასმისი და დალია, ღვინიანი კი დატოვა, და გაბრიელმა უთხრა: „შენ დაადექი უპირველეს გზას და მასზე შეაყენე შენი ხალხიც, ღვინო აკრძალულია შენთვის.“

შემდეგ, როგორც ეს დაემართათ სხვებს მანამდე - ენოქს, ელიას, იესოსა და მარიამს - მუჰამედი აღყვანილ იქნა ამქვეყნიური ცხოვრებიდან ზეცაში. ტაძრის მახლობელ კლდესთან იგი ისევ ამხედრდა ბურაკზე, რომელმაც აამოძრავა თავისი ფრთები, მაღლა აფრინდა და თავისი მხედრისათვის გახდა ის, რაც ელიასათვის იყო ცეცხლოვანი ეტლი. ისევ არქიანგელოზი მიუძღვოდა, მას ახლა ზეციური სახე მიეღო, ისინი გასცილდნენ მიწიერი სივრცის, დროისა და სხეულებრივი ფორმების ბატონობის არეს და, როდესაც გადალახეს შვიდი ცა, იგი ისევ შეხვდა იმ წინასწარმეტყველებს, ვისთან ერთადაც ილოცა იერუსალიმში. მაგრამ ქვემოთ ისინი მის წინაშე ისე წარდგნენ, როგორებიც იყვნენ თავიანთი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში, ახლა კი მათ ხედავდა ზეციურ რეალობაში, ისევე, როგორც ისინი ხედავდნენ მას, და იგი აღფრთოვანებული დარჩა მათი გარდაქმნით. იოსების შესახებ ამბობდა, რომ მის სახეს ისეთი ბრწყინვალება ჰქონდა, როგორც სავსე მთვარეს,2 და მას ნაბოძები ჰქონდა არანაკლებ ნახევარი საერთოდ ბუნებაში არსებული სილამაზისა.3 მაგრამ ამას არ შეუმცირებია მუჰამედის აღფრთოვანება თავისი მეორე მოძმის გამო, და იგი განსაკუთრებით აღნიშნავდა აარონის სილამაზეს.4 იმ ბაღების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ზეცაში იხილა, შემდგომში ამბობდა: „სამოთხის თუნდაც უმცირესი ნაწილი, ერთი პატარა რკალისოდენა, უკეთესია, ვიდრე ყველაფერი, რაც მზის ქვეშაა, სადაც ის ამოდის და ჩადის; და, სამოთხის ხალხის ქალი რომ გამოჩნდეს დედამიწის ხალხში, ის აღავსებს სივრცეს ზეცასა და აქაურობას შორის სინათლითა და კეთილსურნელებით.“5 ყველაფერი, რაც მან მაშინ იხილა, სულის თვალით იხილა; და თავისი სულიერი ბუნების შესახებ, მიუთითებდა რა ყოველგვარი მიწიერი ბუნების საწყისზე, მან თქვა: „მე წინასწარმეტყველი ვიყავი, როდესაც ადამი ჯერ კიდევ წყალსა და თიხას შორის იყო.“ 6

მუჰამედის აღმაფრენის უმაღლესი წერტილი გახლდათ უკიდურესი სასრულის ლოტოსის ხე. ასე ჰქვია მას ყურანში და, ერთ-ერთი უძველესი კომენტარის მიხედვით, რომელიც წინასწარმეტყველის სიტყვებს ეფუძნება, ნათქვამია: „ლოტოსის ხე ძირგადგმულია ტახტში, ის აღნიშნავს სასრულს ყოველი მცოდნის ცოდნისას, იქნება ის არქიანგელოზი თუ წინასწარმეტყველმოციქული. მის იქით ყველაფერი არის უკვე დამალული მისტერია, ყველასათვის უცნობი, გარდა ღმერთისა.“7 სამყაროს ამ მწვერვალზე გაბრიელი მის წინაშე წარდგა მთელი თავისი დიდებულებით, როგორც არქიანგელოზი, ისე, როგორც პირველად შეიქმნა.8 შემდეგ, გამოცხადების სიტყვებით: როდესაც გადაეფარა ლოტოსის ხეს ის, რაც ფარავს, არ მორიდებია მზერა და არც გადამეტებულა. და ნამდვილად იხილა თავისი უფლის დიდ სასწაულთაგანი. კომენტარის თანახმად, ღვთიური სინათლე გადმოვიდა ლოტოსის ხეზე, დაფარა ის და ყველაფერი მის გვერდით, ხოლო წინასწარმეტყველმა მას თვალი გაუსწორა ისე, რომ გვერდით არ მიუხედია და არც შებრუნებულა.9 ასეთი იყო პასუხი - ანდა პასუხთაგან ერთ-ერთი - მუჰამედის ვედრებაზე, რომელიც გამოხატულია სიტყვებში: „მე თავშესაფარს ვეძიებ შენი კეთილგანწყობის სინათლეში.“

ლოტოსის ხესთან წინასწარმეტყველმა მიიღო თავისი ხალხისათვის ბრძანება დღეში ორმოცდაათჯერ ლოცვისა; სწორედ მაშინ იყო,10 რომ მას მოევლინა გამოცხადება, რომელიც შეიცავს ისლამის კრედოს: ირწმუნა მოციქულმა ის, რაც მას გამოეცხადა თავისი უფლისაგან, და ყველა მორწმუნემ ირწმუნა უფალი, მისი ანგელოზები, წიგნები (წერილები) და მოციქულები, ჩვენ არ გამოვარჩევთ რომელიმეს მოციქულთა შორის; და თქვეს: ჩვენ გავიგეთ და დავემორჩილეთ შენს მიტევებას/მიმტევებლობას; და შენსკენაა საბოლოო გზა. 11

ისინი ისევ შვიდი ცის გავლით დაბრუნდნენ ქვემოთ, დედამიწაზე, ისევე, როგორც ავიდნენ. წინასწარმეტყველი ყვებოდა: „დაბრუნებისას, როდესაც ჩავუარე მოსეს - და რარიგ კარგი მეგობარი იყო იგი თქვენთვის! - მან მკითხა: „რამდენი ლოცვა დაგეკისრა შენ?' მე ვუთხარი, რომ ორმოცდაათი ყოველდღიურად. მან მითხრა: ერთობლივი ლოცვა რთული რამ არის, შენი ხალხი კი საამისოდ სუსტია. დაბრუნდი შენს უფალთან და სთხოვე, მოვალეობა შეგიმსუბუქოთ შენ და შენს ხალხს.“ ასე რომ, დავბრუნდი და ვთხოვე ჩემს უფალს შემსუბუქება, დან მან მოაკლო ათი. შემდეგ ისევ ჩავუარე მოსეს და გამიმეორა, რაც ადრე მითხრა, ასე რომ, კიდევ დავბრუნდი ჩემს უფალთან და ისევ ათი ლოცვა მომაკლო. მაგრამ, რამდენჯერაც მოსესთან ვბრუნდებოდი, ისევ უკან მგზავნიდა, სანამ საბოლოოდ მხოლოდ ხუთი ლოცვა არ დარჩა. ისევ დავბრუნდი მოსესთან და მან მაინც იგივე გამიმეორა, მაშინ კი ვუპასუხე: `იმდენჯერ დავბრუნდი ჩემს უფალთან და ვთხოვე, რომ უკვე მრცხვენია. კიდევ ვეღარ წავალ.' ამიტომაც არის, რომ ის, ვინც ხუთ ლოცვას ასრულებს ნამდვილი რწმენითა და ღმერთის სიუხვის იმედით, მიიღებს ორმოცდაათი ლოცვის შესაბამის ჯილდოს.“12

როდესაც წინასწარმეტყველი და არქიანგელოზი დაეშვნენ კლდეზე იერუსალიმში, ისინი მექაში იმავე გზით დაბრუნდნენ, რითაც წავიდნენ, გადაასწრეს რა სამხრეთისაკენ მიმავალ ბევრ ქარავანს. ჯერ კიდევ ღამე იყო, როდესაც ქა‛აბას მიაღწიეს. იქიდან წინასწარმეტყველი ისევ თავისი ბიძაშვილის სახლში წავიდა. ქალის სიტყვებით: „განთიადამდე ცოტა ხნით ადრე წინასწარმეტყველმა გაგვაღვიძა და, როდესაც დავამთავრეთ აისის ლოცვა, თქვა: `უმმ ჰანი', მე შენთან ერთად ვილოცე წუხელ ამ ველზე, როგორც დაინახე. შემდეგ წავედი იერუსალიმში და იქ ვილოცე; და ახლა დილის ლოცვა შენთან ერთად ვილოცე, როგორც ხედავ.“ იგი წასასვლელად ადგა და მის ტანსაცმელს ისეთი ძალით მოვეჭიდე, რომ ხელში შემრჩა და წინასწარმეტყველს მუცელი შიშველი დარჩა, თითქოს და ეს უბრალოდ ბამბის ქსოვილი ყოფილიყოს, რომელიც გარშემო ჰქონდა შემოხვეული. „ღმერთის მოციქულო,“ ვუთხარი, „ხალხს ნუ ეტყვი ამის შესახებ.“ „ღმერთმანი, მე მათ ვეტყვი,“ მიპასუხა.“13

მუჰამედი წავიდა მეჩეთში და, ვინც იქ შეხვდა, მოუყვა იერუსალიმში თავისი მოგზაურობის შესახებ. მისმა მტრებმა უეცრად გამარჯვებულად იგრძნეს თავი, რადგანაც ახლა იცოდნენ, შეუვალი მიზეზი ჰქონდათ დასაცინად. კურეიშის ყოველმა ბავშვმაც კი იცოდა, რომ ქარავანს მექიდან სირიაში ჩასასვლელად ერთი თვე სჭირდება და კიდევ ერთი თვე დასაბრუნებლად. კაცების ერთი ჯგუფი აბუ ბაქრთან წავიდა და უთხრა: „ახლა რაღას ფიქრობ შენს მეგობარზე? ის გვეუბნება, რომ წუხელ იერუსალიმში წავიდა, იქ ილოცა და მერე მექაში დაბრუნდა.“ აბუ ბაქრმა ისინი გაკიცხა ტყუილისათვის, მაგრამ მათ დაარწმუნეს, რომ მუჰამედი ახლა მეჩეთში იყო და თავისი მოგზაურობის შესახებ ყვებოდა. „თუ ის ასე ამბობს,“ თქვა აბუ ბაქრმა, „მაშინ ეს მართალია. და რა არის ამაში საკვირველი? იგი მეუბნება, რომ უწყებანი მასთან ზეციდან დედამიწაზე დღის ან ღამის ერთ საათში მოდის, და მე ვიცი, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობს. ეს იმის მიღმაა, იმას აღემატება, რასაც თქვენ აკრიტიკებთ და დასცინით.“14 შემდეგ წავიდა მეჩეთში, რათა გაემეორებინა თავისი დადასტურება: „თუ ის ასე ამბობს, მაშინ ეს მართალია.“ სწორედ ამისთვის წინასწარმეტყველმა მას უწოდა ასსიდდიკ, რაც ნიშნავს „სიმართლის დიდ მოწმეს“ ან „სიმართლის დიდ დამადასტურებელს.“ მეტიც, ზოგიერთ მათგანს, ვინც დაუჯერებლად მიიჩნია ეს ამბავი, ახლა განსხვავებული აზრიც გაუჩნდა, რადგანაც წინასწარმეტყველმა აღწერა ქარავნები, რომლებსაც გზად გაუსწრო, როცა მექაში ბრუნდებოდა, ამბობდა, სად იყვნენ ისინი გაჩერებულნი და დაახლოებით რა დროისათვის უნდა დალოდებოდნენ მათ ჩამოსვლას მექაში; ყველა ზუსტად იმ ვადაში ჩამოვიდა, რაც მან გამოთვალა, სხვა დეტალებიც ზუსტად ემთხვეოდა იმას, რაც აღწერა. იმათ, ვინც მეჩეთში იყო, იგი მოუყვა მხოლოდ იერუსალიმში მოგზაურობაზე, მაგრამ, როდესაც მარტო დარჩა აბუ ბაქრთან და თავის მეგობრებთან, მათ უთხრა შვიდ ზეცაში აჭრის შესახებ, ნაწილობრივ იმასაც მოუყვა, რაც იქ ნახა, რადგანაც უფრო მეტი მოგვიანებით, წლების განმავლობაში, უნდა მოეყოლა, საკმაოდ ხშირად, როგორც პასუხები კითხვებზე.

____________________

1. ი.ი. 246.

2. ი.ი. 270.

3. ა.ჰ. III, 286.

4. ი.ი. 270.

5. ბ.ლ. VI, 6.

6. თირ. XLVI, I; ა.ჰ. IV, 66.

7. ტაბ. თაფსირ, LIII.

8. მ. I, 280; ბ. LIX, 7.

9. ტაბ. თაფსირ, LIII.

10. მ. I, 280.

11. II, 285.

12. ი.ი. 271.

13. ი.ი. 267.

14. ი.ი. 265.

33 XXXIII. მწუხარების წლის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


იმ წელს, რომელიც მწუხარების წელს მოჰყვა, პილიგრიმობა ივნისის დასაწყისს დაემთხვა; მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე წინსწარმეტყველი მინას ველზე წავიდა, სადაც მომლოცველები სამი დღით ბანაკდებიან. ახლა უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც იგი ნახულობდა კარავში მყოფთა სხვადასხვა ჯგუფს და თავის უწყებას უცხადებდა მათ, ვინც უსმენდა, უკითხავდა რა ისეთ გამოცხადებებს, რომლებსაც შესაფერისად მიიჩნევდა იმ მომენტში. მინას შემდეგ მექასთან ყველაზე ახლოს მდებარე პუნქტი არის ‛აკაბა, სადაც გზა მკვეთრად უხვევს მაღლა, დაბლობიდან გორაკებისაკენ, წმინდა ქალაქის მიმართულებით; სწორედ იმ წელს მოხდა, რომ მუჰამედი ‛აკაბაში მივიდა ექვს კაცთან ხაზრაჯის ტომიდან, იასრიბიდან. არც ერთს არ იცნობდა, სამაგიეროდ, ყოველ მათგანს გაგონილი ჰქონდა მუჰამედის პიროვნებისა და იმის შესახებაც, რომ ის თავს წინასწარმეტყველად აცხადებდა. როგორც კი მან უთხრა, ვინც იყო, სახეები ცნობისმოყვარეობით აენთოთ და ყურადღებით მოუსმინეს. ამ კაცთაგან ყოველმა იცოდა მუქარა, რომელიც მათი მეზობლებისაგან, იასრიბელი ებრაელებისაგან, მოდიოდა: „ახლა მალე უნდა გამოიგზავნოს წინასწარმეტყველი. ჩვენ მას გავყვებით და ისე დაგღუპავთ, როგორც დაიღუპნენ ‛ადი და ‛ირამი“; და, როდესაც წინასწარმეტყველმა საუბარი დაასრულა, მათ ერთმანეთს უთხრეს: ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, რომლის მოსვლასაც ებრაელები გვპირდებოდნენ. ნუ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პირველები მივიდნენ მასთან!» ერთი თუ ორი კითხვის შემდეგ, რომლებსაც მუჰამედმა უპასუხა, ექვსთაგან თითოეულმა კაცმა დაადასტურა წინასწარმეტყველის უწყების ჭეშმარიტება და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ისლამის იმ პირობებს, რომლებიც მათ წაუყენა. „ჩვენ მივატოვეთ ჩვენი ხალხი,“ თქვეს მათ, „რადგანაც არ არსებობს ხალხი, ამდენად დაქსაქსული მტრობისა და ბოროტებისაგან, როგორც ისინი; და იქნებ ახლა ისე მოხდეს, რომ ღმერთი მათ გააერთიანებს შენი მეშვეობით. ჩვენ წავალთ მათთან და მოვუწოდებთ, მიიღონ შენი სარწმუნოება ისე, როგორც ჩვენ მივიღეთ; და, თუ ღმერთი მათ გააერთიანებს შენს გარშემო, მაშინ არავინ იქნება შენზე უფრო ძლიერი კაცი.“ 1

წინასწარმეტყველი განაგრძობდა აბუ ბაქრის რეგულარულ მონახულებას მის სახლში ბანუ ჯუმაჰის საცხოვრებლებს შორის. ეს ვიზიტები დასამახსოვრებელი იყო ‛ა'იშას, აბუ ბაქრის უმცროსი ქალიშვილისათვის, როგორც ბავშვობის ძვირფასი მოგონებები. მას არ ახსოვდა დრო, როდესაც მამამისი და დედამისი მუსლიმები არ იყვნენ და როდესაც წინასწარმეტყველი არ იყო მათი ყოველდღიური სტუმარი.

ამავე წლის განმავლობაში, რომელიც ხადიჯას გარდაცვალებას მოჰყვა, წინასწარმეტყველმა სიზმრად ნახა, რომ დაინახა კაცი, რომელსაც ხელში აყვანილი მიჰყავდა ვიღაც, თეთრი აბრეშუმის ქსოვილში გახვეული. კაცმა უთხრა: „ეს შენი ცოლია, გახსენი.“ წინასწარმეტყველმა ასწია აბრეშუმი და იქ იყო ‛ა'იშა. მაგრამ ‛ა'იშა მხოლოდ ექვსი წლის შესრულებულიყო, მას კი უკვე ორმოცდაათისათვის გადაებიჯებინა. თანაც აბუ ბაქრს დაპირება ჰქონდა მიცემული მუტ‛იმისათვის, რომ გოგონას მის ვაჟს, ჯუბაირს, მიათხოვებდა. წინასწარმეტყველმა უბრალოდ თავისთვის თქვა: «თუ ეს ღმერთისაგან არის, ის ამას მოახდენს.“2 რამდენიმე ღამის შემდეგ სიზმარში ნახა ანგელოზი, რომელსაც იგივე აბრეშუმით გადახვეული ტვირთი მიჰქონდა. ამჯერად უკვე თვითონ უთხრა ანგელოზს: „მაჩვენე.“ ანგელოზმა ასწია აბრეშუმი და იქ ისევ ‛ა'იშა იყო. წინასწარმეტყველმა ისევ თქვა: „თუ ეს ღმერთისგან არის, ის ამას მოახდენს.“ 3

თუმცა ამ სიზმრების შესახებ არავისთვის არ მოუყოლია, თვით აბუ ბაქრისთვისაც კი. მაგრამ ახლა უკვე მესამე დადასტურებაც მოვიდა, უფრო სხვა სახის. ხავლა, ‛უსმან იბნ მაზ‛უნის ცოლი, ძალიან ყურადღებიანი იყო წინასწარმეტყველის ოჯახური საზრუნავის მიმართ ხადიჯას გარდაცვალების შემდეგ; და ერთ დღესაც, მის სახლში ყოფნისას, წინასწარმეტყველს ურჩია, მეორე ცოლი შეერთო. როდესაც ჰკითხა, ვინ უნდა მოეყვანა, ქალმა მიუგო: „ან ‛ა'იშა, აბუ ბაქრის ქალიშვილი, ან სავდა, ზამ‛ას ქალიშვილი.“ სავდა, სუჰაილის ბიძაშვილი და რძალი, ახლა ქვრივი იყო, დაახლოებით ოცდაათი წლისა. მისმა პირველმა ქმარმა, საქრანმა, სუჰაილის ძმამ, ის თან წაიყვანა აბისინიაში და ისინი ერთერთი პირველნი იყვნენ მათ შორის, ვინც დაბრუნდნენ. მექაში ჩამოსვლის შემდეგ საქრანი მალევე გარდაიცვალა.

წინასწარმეტყველმა ხავლას სთხოვა,ეცადა მისი ქორწინების მოგვარება იმ ორივე საპატარძლოსთან, რომელიც შესთავაზა. სავდას პასუხი იყო: „მე შენს სამსახურში ვარ, ღმერთის მოციქულო.“ და წინასწარმეტყველმა შეუთვალა: „სთხოვე შენი ხალხის კაცს, რომ გაგათხოვოს.“ მან ამოირჩია თავისი სიძე ჰატიბი, რომელიც იმ დროისათვის ასევე დაბრუნებულიყო აბისინიიდან, და მან მიათხოვა ქალი წინასწარმეტყველს.

იმავდროულად აბუ ბაქრი მუტ‛იმს მოელაპარაკა და იოლად დაარწმუნა, უარი ეთქვა თავისი ვაჟისა და ‛ა'იშას ქორწინებაზე; ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, რაც სავდა შეირთო, ‛ა'იშაც წინასწარმეტყველის ცოლი გახდა იმ ქორწინების საშუალებით, რომლის შესახებაც ქალის მამა და წინასწარმეტყველი შეთანხმდნენ. გოგონა თვითონ არც დასწრებია ამ შეთანხმებას. შემდგომში ყვებოდა, რომ პირველად მაშინ მიხვდა რაღაცას თავისი ახალი სტატუსის შესახებ, როდესაც ერთ დღეს მეგობრებთან ერთად გარეთ თამაშობდა თავისი სახლის ახლოს. დედამისი მივიდა, ხელი წაავლო და სახლში შეიყვანა, თან უთხრა, რომ იმ დროიდან მოყოლებული ის გარეთ აღარ უნდა გასულიყო სათამაშოდ, ამის მაგიერ მისი მეგობრები უნდა მოსულიყვნენ. ‛ა'იშა რაღაცნაირად მიხვდა მიზეზს, თუმცა დედამისს პირდაპირ არ უთქვამს, რომ გათხოვილი იყო; მისი ცხოვრება ჯერ-ჯერობით ისევე გაგრძელდა, როგორც ადრე.

დაახლოებით ამ დროისათვის აბუ ბაქრმა თავისი სახლის პირდაპირ პატარა მეჩეთის აშენება გადაწყვიტა. ის კედლებით იყო გარშემორტყმული, მაგრამ ღიად იხსნებოდა ცისაკენ. იქ ლოცულობდა ხოლმე და წარმოთქვამდა ყურანს. მაგრამ კედლები არ იყო იმდენად მაღალი, რომ გემვლელთათვის შიგნით შეხედვაში ხელი შეეშალა, ამიტომაც ხშირად საკმაოდ ბევრი ხალხი იდგა და უსმენდა მის დეკლამაციას, იმავდროულად ისინი ხედავდნენ მის თაყვანისცემას გამოცხადებული წიგნის მიმართ, რაც სულის, მთელი არსების სიღრმემდე აღწევდა. უმაია ახლა შეშინდა, რომ აბუ ბაქრის მიერ მოქცეულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, და ამ შემთხვევაში კურეიშელებმა დელეგაცია გაგზავნეს იბნ ად-დუღუნნასთან და შეახსენეს, რაზე შეთანხმდნენ მფარველობის აღიარებისას და მიუთითეს, რომ აბუ ბაქრის მეჩეთის კედლები არ იყო საკმარისად მაღალი იმისათვის, რომ ის მისი სახლის ნაწილად ექცია. „თუ თავის უფალს თაყვანს სცემს შინ, მოიქცეს, როგორც უნდა,“ ამბობდნენ ისინი, „მაგრამ, თუ მას ამის გაკეთება ღიად სურს, მაშინ უთხარი, რომ გაუუქმებ შენს მფარველობას.“ მაგრამ აბუ ბაქრმა უარი განაცხადა, რაიმე შეეცვალა ამ მეჩეთთან დაკავშირებით, ამიტომაც ფორმალურად თვითონვე თქვა უარი იბნ ად-დუღუნნასთან დადებულ ხელშეკრულებაზე, რაც ასე განმარტა: „მე კმაყოფილი ვარ ღმერთისაგან მიღებული მფარველობით.“

სწორედ იმ დღეს ამცნო წინასწარმეტყველმა მასა და სხვა მეგობრებს: „მე ვიხილე თქვენი ემიგრაციის ადგილი - კარგად მორწყული მიწა, ფინიკის პალმებით მდიდარი, შავი ქვებით მოფენილ ორ ადგილს შორის.“4

__________________________

1. ი.ი. 287.

2. ბ. XჩI, 20.

3. ბ. XჩI, 20.

4. ბ. XXXVII, 7.

34 XXXIV. იასრიბის გამოხმაურება

▲ზევით დაბრუნება


„და ბოროტებისაგან დაქსაქსული,“ - როდესაც ასე აღწერა თავისი ხალხი, ექვსი იასრიბელი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოექცა, არ აჭარბებდა. ბუ‛ასის ბრძოლა, მოეთხე და ყველაზე სასტიკი კონფლიქტი სამოქალაქო ომისა, სულაც არ აღმოჩნდა გადამწყვეტი, მას არც რაიმე ისეთი მშვიდობა მოჰყოლია, რომელიც დასახელებად ღირდეს, ეს უბრალოდ დროებითი შეთანხმება იყო, რომ იმ მომენტისათვის ბრძოლა შეჩერებულოყო. ქრონიკული დაძაბულობის საშიში, გაჭიანურებული მდგომარეობა, რომელიც აღსავსე იყო უამრავი ძალადობრივი ინციდენტით, ორივე მხარის შედარებით უფრო თავშეკავებულ ადამიანებში აყალიბებდა აზრს, რომ სჭირდებოდათ საერთო ბელადი, ვინც მათ გააერთანებდა ისევე, როგორც კუსაიმ გააერთიანა კურეიში, და რომ არ არსებობდა ამ პრობლემის სხვაგვარი გადაწყვეტა. ოაზისის ერთ-ერთი წამყვანი კაცი, ‛აბდ ალლაჰ იბნ უბაი, ბევრის მიერ პატივცემული იყო, როგორც შესაძლო მეფე. წინა კონფლიქტში მას არ უბრძოლია ავსის წინააღმდეგ, არამედ თავისი ხალხი გაიყვანა ბრძოლის განაპირას. თუმცაღა ის ხაზრაჯიდან იყო, ამტომაც ძალიან საეჭვო ჩანდა, რომ ავსი შეძლებდა ისეთი მეფის მიღებას, რომელიც თავიანთი ტომიდან არ მოდიოდა.

ხაზრაჯის ექვსმა კაცმა ისლამის უწყება გადასცა ყველას, ვინც კი მოუსმინა; შემდეგ ზაფხულს, ე. ი. ქრისტეს შობიდან 621 წელს, ხუთმა მათგანმა გაიმეორა პილიგრიმობა, თან შვიდი სხვა კაცი წაიყვანეს, რომელთაგან ორი იყო ავსიდან. ‛აკაბაში ამ თორმეტმა კაცმა ერთგულების ფიცი მისცა წინასწარმეტყველს და ეს ფიცი ცნობილია, როგორც პირველი ‛აკაბა. ერთ-ერთი მათგანის სიტყვებით: „ჩვენ შევფიცეთ ჩვენი ერთგულება ღმერთის მოციქულს პირველი ‛აკაბას ღამეს, რომ ჩვენ არაფერს არ გავუტოლებდით ღმერთს, რომ არ მოვი პარავდით, არ ვიმრუშებდით, არ მოვკლავდით შვილებს,1 ცილს არავის დავწამებდით; რომ მას არ ვეურჩებოდით იმაში, რაც სიმართლე იყო. და მან გვითხრა: `თუ თქვენ შეასრულებთ ამ ფიცს, მაშინ სამოთხე თქვენია; მაგრამ, თუ თქვენ ჩაიდენთ რომელსამე ამ ცოდვას და შემდეგ ამისათვის სასჯელს მიიღებთ ამქვეყნად, ეს გამოსყიდვის ტოლფასი იქნება. და, თუ თქვენ ყოველივეს დამალავთ აღდგომის დღემდე, მაშინ ღმერთი გადაწყვეტს, დაგსაჯოთ თუ მოგიტეოთ, როგორც მას სურს.“ 2

როდესაც იასრიბში წავიდნენ, წინასწარმეტყველმა გააყოლა მუს‛აბი ‛აბდ ად-დარიდან, რომელიც იმხანად უკვე დაბრუნებულიყო აბისინიიდან. მას მათთვის უნდა წარმოეთქვა ყურანი და მიეცა რელიგიური დარიგება. ის გაჩერდა ას‛ად იბნ ზურარასთან, იმ ექვსი კაციდან ერთ-ერთთან, ვინც გასულ წელს მიიღო ისლამი. მუს‛აბს ასევე უნდა ეხელმძღვანელა ლოცვისათვის, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ისლამი მიიღეს, არც ავსსა და არც ხაზრაჯს ჯერ არ შეეძლო, რომ დაეშვა და ერთმანეთთან მიმართებაში ასეთი პრეცედენტი შეექმნა.

ქიშპობა კაილას ორი ვაჟის შთამომავალთა შორის უკვე დიდი ხანია, რაც გრძელდებოდა. მიუხედავად ამისა, ორ ტომს შორის მაინც ხშირი იყო შერეული ქორწინებები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ქორწინების წყალობით ას‛ადის ხაზრაჯელი მასპინძელი, მუს‛აბი, იყო პირველი დეიდაშვილი სა‛დ იბნ მუ‛აზისა, ავსის ერთ-ერთი კლანის ბელადისა. სა‛დმა კატეგორიულად არ დაუჭირა მხარი ახალ სარწმუნოებას. ამიტომაც გაბრაზებული იყო, თუმცა იმავდროულად დაბნეულიც, როდესაც ხედავდა, რომ მისი დეიდაშვილი, ას‛ადი, მუს‛აბთან და რამდენსამე ახლად მოქცეულ მუსლიმთან ერთად იჯდა ერთ დღესაც ბაღში მისი ხალხის ტერიტორიის შუაში და ჩაბმული იყო გულწრფელ საუბარში მისი კლანის წევრებთან. გადაწყვიტა რა, რომ ბოლო მოეღო ასეთი ქმედებებისათვის, თუმცა იმის სურვილითაც, რომ თვითონ არ ჩაბმულიყო რაიმე უსიამოვნებაში, წავიდა უსაიდთან, რომელიც მის შემდეგ მეორე იყო ძალაუფლებით, და უთხრა: „მიდი ახლა იმ ორ კაცთან, რომლებიც მოვიდნენ ჩვენს უბნებში, რათა გაასულელონ ჩვენი სუსტი მოძმეები“ - იგი უეჭველად გულისხმობდა თავის უმცროს ძმას, აწ გარდაცვლილ იჲასს, რომელიც პირველი კაცი იყო იასრიბიდან, ვინც ისლამი მიიღო - „და გააძევე ისინი; და აუკრძალე მათ, რომ კიდევ მოვიდნენ ჩვენს უბნებში. ას‛ადი ჩემი ნათესავი რომ არ იყოს, შენ აგაცილებდი ამ პრობლემას, მაგრამ ის ჩემი დეიდაშვილია, ამიტომაც მის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებ.“ უსაიდმა აიღო თავისი მახვილი, წავიდა, მათ თავზე წამოადგა და, რამდენადაც შეეძლო, მკაცრი გამომეტყველებით უთხრა: „რამ მოგიყვანათ თქვენ ორნი აქ, ის გინდათ, რომ ჩვენი სუსტი ძმები გაასულელოთ? დაგვანებეთ თავი, თუ ცოტა მაინც უფრთხილდებით თქვენს სიცოცხლეს.“ მუს‛აბმა შეხედა და მშვიდად უთხრა: „რატომ არ დაჯდები და მოისმენ, რა მაქვს სათქმელი? შემდეგ, თუ მოგეწონება, მიიღე; თუ არა და თავი შორს დაიჭირე მისგან.“ „კარგადაა ნათქვამი,“ უპასუხა უსაიდმა, რომელსაც მოეწონა წინასწარმეტყველის წარგზავნილის გარეგნობაცა და საქციელიც; მახვილი მიწაში ჩაასო და გვერდით მიუჯდა. მუს‛აბი მას ესაუბრა ისლამის შესახებ და წაუკითხა ყურანი; უსაიდის გამომეტყველება შეიცვალა, ისე რომ მათ, ვინც იქ იყო, შეძლეს ისლამის დანახვა მის სახეში იმ სინათლის მეშვეობით, რომელმაც იქიდან გამოანათა, და სიმშვიდემ, რომელმაც მას სათნოება მიანიჭა უკვე მანამდე, სანამ სიტყვას წარმოთქვამდა. „რა შესანიშნავია და ლამაზი ეს სიტყვები!“ თქვა მან, როდესაც მუს‛აბმა საუბარი დაამთავრა, „რა არის საჭირო იმისათვის, რომ კაცმა ეს სარწმუნოება მიიღოს?“ აუხსნეს, რომ უნდა დაებანა სხეული თავით ფეხებამდე, რათა განწმენდილიყო. ასევე უნდა გაესუფთავებინა სამოსი, შემდეგ კი ელოცა. იმ ბაღში, სადაც ისინი ისხდნენ, წყარო იყო, ასე რომ მან დაიბანა, გაისუფთავა ტანსაცმელიც, შემდეგ კი დაადასტურა, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და რომ მუჰამედი ღმერთის მოციქულია. მათ ასწავლეს, როგორ უნდა ელოცა, და მანაც ილოცა. შემდეგ თქვა: „ჩემს უკან დგას ერთი კაცი, რომელსაც, თუ ის თვითონ თქვენ გამოგყვათ, უეჭველად გაჰყვება თავისი ხალხის ყველა კაცი, და ახლა მე მას თქვენთან გამოვგზავნი.“

უსაიდი დაბრუნდა თავისი კლანის წარმომადგენლებთან და მანამდეც კი, სანამ მათთან ახლოს მივიდოდა, შორიდანვე შეამჩნიეს, რომ ის უკვე შეცვლილი კაცი იყო. „რა გააკეთე?“ თქვა სა‛დმა. „მე ველაპარაკე იმ ორ კაცს,“ თქვა უსაიდმა, „და, ღმერთმანი, ვერ დავინახე მათში რაიმე საშიშროება და ზიანი. მაგრამ ვუთხარი, რომ აღარ გაეგრძელებინათ ლაპარაკი და მი პასუხეს: `ისე ვიზამთ, როგორც გინდა.“ „როგორც ვხედავ, ვერ გამოდექი სარგებლობის მომტანი,“ თქვა სა‛დმა, შემდეგ მახვილი გამოართვა და იქითკენ წავიდა, სადაც მორწმუნენი ისევ ისხდნენ მშვიდობიანად ბაღში. მან დარწმუნება დაუწყო თავის დეიდაშვილ ას‛ადს და უსაყვედურა, რომ ის ბოროტად იყენებდა მათ ნათესაობას. მაგრამ მუს‛აბმა შეაწყვეტინა და ზუსტად ისე დაელაპარაკა, როგორც უსაიდს, სა‛დიც დაეთანხმა, მოესმინა მისთვის, ხოლო შედეგი საბოლოოდ იგივე აღმოჩნდა.

როდესაც სა‛დმა ლოცვა აღასრულა, ის უსაიდთან დაბრუნდა, აგრეთვე მათთან, ვინც მასთან იყო, და ისინი ერთად წავიდნენ თავიანთი ხალხის საკრებულოში. სა‛დმა მათ მიმართა და უთხრა: „რა შეგიძლიათ მითხრათ თქვენს შორის ჩემი მდგომარეობის შესახებ?“ „შენ ჩვენი უფროსი ხარ,“ უპასუხეს, „საუკეთესო ჩვენს შორის სამართლით და ყველაზე სასიამოვნო მმართველი.“ „მაშინ მე თქვენ გეუბნებით,“ თქვა მან, „ვფიცავარ, არც თქვენს კაცებს დაველაპარაკები და არც ქალებს მანამდე, სანამ არ ირწმუნებთ ღმერთსა და მის მოციქულს.“ და დაღამებამდე არ არსებობდა არც კაცი და არც ქალი მისი კლანისა, ისლამი რომ არ მიეღოს.

მუს‛აბი ას‛ადთან დარჩა დაახლოებით თერთმეტი თვე და ძალიან ბევრი იყო ხალხი, ვინც ისლამი მიიღო. შემდეგ, როდესაც მომდევნო პილიგრიმობის თვე მოახლოვდა, ის დაბრუნდა მექაში, რათა ახალი ამბები ჩაეტანა წინასწარმეტყველისათვის იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდა ავსისა და ხაზრაჯის სხვადასხვა კლანში.

წინასწარმეტყველმა კარგად იცოდა, რომ უხვად მორწყული მიწა შავი ქვებით მოფენილ ორ ადგილს შორის, რომელიც სიზმარში ნახა, იასრიბი იყო, და ისიც იცოდა, რომ ამჯერად უკვე თვითონაც ემიგრანტთაგანი იქნებოდა. ახლა მექაში ცოტა თუ იყვნენ ადამიანები, ვისაც იგი ისე ენდობოდა, როგორც თავის ბიცოლა უმმ ალ-ფადლს. ასევე დარწმუნებული იყო, რომ მისი ბიძა, ‛აბბასი - თუმცა კი მას ილსამი არასოდეს მიუღია - არაფრით არ უღალატებდა და არც იმ საიდუმლოს გასცემდა, რომელიც გაანდო. ასე რომ, ორივე მათგანს უთხრა, იმედოვნებდა, წასულიყო და ეცხოვრა ისარიბში, და ბევრი იყო დამოკიდებული იმ დელეგაციაზე, რომელსაც ელოდებოდნენ ოაზისიდან დამდეგი პილიგრიმობისთვის. როდესაც ეს გაიგო, ‛აბბასმა თქვა, რომ თავის მოვალეობად მიაჩნდა, წაჰყოლოდა ძმისშვილს, შეხვედროდა დელეგატებს და მათთან ესაუბრა, რაზეც წინასწარმეტყველი დასთანხმდა.

დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მუს‛აბი წავიდა, რომ იასრიბის ზოგიერთი მუსლიმი პილიგრიმობისათვის გაემართა, როგორც ეს შეთანხმებული იყო მასა და მათ შორის, სულ სამოცდათორმეტი კაცი და ქალი, იმის იმედით, რომ წინასწარმეტყველს შეხვდებოდნენ. მათი ერთერთი ლიდერი იყო ხაზრაჯელი ბელადი, სახელად ბარა'ი, და მოგზაურობის პირველ დღეებში სადარდელი ფიქრი შემოაწვა. ისინი იყვნენ გზად მექისაკენ, სადაც მდებარეობდა ღმერთის სახლი, ქა‛აბა, პილიგრიმობის უდიდესი ცენტრი მთელი არაბეთისათვის; იქვე იყო წინასწარმეტყველიც, ვისთანაც მიდიოდნენ, სწორედ იქ მოხდა ყურანის გამოცხადებაც და იქითკენ მიჰყავდა ისინი მათ სულებს დიდი აღფრთოვანებით. მაშ, სწორი იყო, რომ, როდესაც ლოცვის დრო მოდიოდა, მათ ამ ადგილისათვის ზურგი უნდა ექციათ და მიბრუნებულიყვნენ ჩრდილოეთით, სირიისაკენ? ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალო ფიქრი, რადგანაც ბარა'ს სულ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩენოდა, და ადამიანებს, ვინც სიკვდილთან ახლოს არიან, ზოგჯერ ებოძებათ ხოლმე წინათგრძნობა. როგორც უნდა ყოფილიყო, იმის შესახებ, რაც თავში მოუვიდა, მან თავის მეგობრებს უთხრა, რის შესახებაც უპასუხეს, რომ, როგორც მათ იცოდნენ, წინასწარმეტყველმა ისურვა ლოცვა სირიისაკენ, ანუ იერუსალიმისაკენ, ამიტომაც არ სურდათ, რაიმე შეეცვალათ ახლა. „მე ქა‛აბასაკენ ვილოცებ,“ თქვა ბარა'მა და ასეც აკეთებდა მთელი მგზავრობის განმავლობაში მაშინ, როდესაც ყველა დანარჩენი იერუსალიმისაკენ ლოცვას აგრძელებდა. ისინი ეცადნენ მის გადარწმუნებას, მაგრამ ამაოდ, თუმცა, როდესაც მექაში ჩავიდნენ, იგი ერთგვარმა წუხილმა შეი პყრო და ქა‛ბ იბნ მალიქს, თავისი კლანის ახალგაზრდას, იასრიბის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ პოეტს, უთხრა: „ჩემო ძმისშვილო, წავიდეთ ღმერთის მოციქულთან და ვკითხოთ იმის შესახებ, რასაც ამ მგზავრობის განმავლობაში ვაკეთებდი, ვინაიდან ეჭვები შემოაწვა ჩემს სულს, როდესაც ვიხილე, რომ ჩემს წინააღმდეგ იყავით.“ მათ ჰკითხეს ერთ კაცს მექაში, სად შეიძლებოდა ენახათ წინასწარმეტყველი, რომელსაც გარეგნულად არ იცნობდნენ. „იცნობთ მის ბიძა ‛აბბასს?“ თქვა კაცმა და მათ უპასუხეს, რომ იცნობდნენ, რადგანაც ‛აბბასი ხშირად ჩადიოდა იასრიბში და იქ კარგად იყო ცნობილი. „როდესაც შეხვალთ მეჩეთში,“ უთხრა კაცმა, „მას დაინახავთ ‛აბბასის გვერდით მჯდომს.“ ასე რომ, ისინი წავიდნენ წინასწარმეტყველთან, რომელმაც ბარა'ის კითხვაზე პასუხად თქვა: „შენ გაქვს მიმართულება, თუ მას დაიცავ.“ ბარა'მა დაიწყო ლოცვა იერუსალიმისაკენ კიდევ ერთხელ, რათა ისე გაეკეთებინა, როგორც აკეთებდა წინასწარმეტყველი, თუმცა ის პასუხი, რომელიც მიიღო, შეიძლება სხვაგვარი აზრითაც ყოფილიყო გაგებული.

მუსლიმებმა მექაში იმგზავრეს ქარავნით იასრიბის პოლითეისტ პილიგრიმებთან ერთად, რომელთაგან ერთმა ისლამი მიიღო მინას ველზე. ეს იყო გამოჩენილი ხაზრაჯელი, აბუ ჯაბირ ‛აბდ ალლაჰ იბნ ‛ამრი, ბანუ სალიმას ლიდერი და დიდად გავლენიანი კაცი. ისინი შეთანხმდნენ, რომ საიდუმლოდ უნდა შეხვედროდნენ წინასწარმეტყველს, როგორც ადრე, ‛აკაბაში, პილიგრიმობის შემდეგ უშუალოდ მეორე ღამეს. ერთ-ერთი მათგანის სიტყვებით რომ ვათქვათ: «იმ ღამეს ჩვენს ხალხთან ერთად გვეძინა ქარავანში, სანამ მესამე ღამე გავიდოდა, და მძინარე ხალხისაგან გავი პარეთ დათქმულ ადგილას ღმერთის წინასწარმეტყველთან, ისე ჩუმად მივი პარებოდით, როგორც კაკაბი სილაზე, სანამ ყველანი პატარა ხეობაში არ შევიკრიბეთ ‛აკაბას მახლობლად. იქ ვიცდიდით, სანამ წინასწარმეტყველი მოვიდოდა, და მასთან ერთად მოვიდა მისი ბიძა ‛აბბასიც, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ თავისი ხალხის სარწმუნოებას აღიარებდა, მაგრამ მაინც უნდოდა, დასწრებოდა თავისი ძმისშვილის მოლაპარაკებას და დარწმუნებულიყო, რომ დაპირებები, რომლებიც მას მიეცემოდა, სანდო იქნებოდა. როდესაც წინასწარმეტყველი დაჯდა, ‛აბბასმა პირველმა დაიწყო ლაპარაკი: `ხაზრაჯის ხალხო - რადგანაც ასე უნდოდათ არაბებს, რომ ეწოდებინათ ხაზრაჯისა და ავსისათვის - თქვენ იცით, როგორ ვაფასებთ მუჰამედს. ჩვენ მას ვიცავდით თავისი საკუთარი ხალხისაგან, რათა პატივცემული ყოფილიყო საკუთარ კლანში და მშვიდობით ეცხოვრა თავის ქვეყანაში. მაგრამ გადაწყვიტა, რომ თქვენსკენ შემობრუნდეს და თქვენ დაგიკავშირდეთ. თუ ფიქრობთ, რომ შეასრულებთ იმას, რასაც მას ჰპირდებით, და დაიცავთ იმ ყველაფრისაგან, რაც დაუპირისპირდება, თქვენი იყოს ის უღელი, ტვირთი, რომელსაც თქვენს თავზე იღებთ. მაგრამ, თუ ფიქრობთ, რომ უღალატებთ და განუდგებით მას შემდეგ, რაც თქვენთან წამოვა, მაშინ ახლავე დაანებეთ თავი.' `გავიგეთ, რასაც ამბობ,' უპასუხეს, `მაგრამ ილაპარაკე შენ, ღმერთის მოციქულო, და ამოარჩიე შენთვისა და შენი უფლისათვის, რაც გსურს.“

მას შემდეგ, რაც წაიკითხა ადგილები ყურანიდან, ერთგულება შეჰფიცა ღმერთსა და ისლამს, წინასწარმეტყველმა თქვა: „მე თქვენთან ვდებ ამ ხელშეკრულებას იმ პირობით, რომ ერთგულება, რომელსაც მპირდებით, გაიძულებთ, ისევე დამიცვათ, როგორც იცავთ თქვენს ქალებსა და ბავშვებს.“ ბარა'ი ადგა, ხელი ასწია და თქვა: „ღმერთის მოციქულო, არსებობს კავშირები ჩვენსა და სხვა კაცთა შორის“ - ის ებრაელებს გულისხმობდა - „და ჩვენ გვსურს მათი გაწყვეტა. მაგრამ ისე ხომ არ მოხდება, რომ, როცა ჩვენ ამას გავაკეთებთ და, თუ შემდეგ შენ ღმერთი მოგცემს გამარჯვებას, დაუბრუნდები შენს ხალხს და დაგვტოვებ ჩვენ?“ წინასწარმეტყველმა გაიღიმა და თქვა: „არა, მე თქვენი ვარ და თქვენ - ჩემი. ვისაც თქვენ ეომებით, მეც ვეომები. ვისთანაც მშვიდობა გაქვთ, მასთან მეც მშვიდობა მექნება.“

შემდეგ მუჰამედმა თქვა: „მომიყვანეთ თქვენგან თორმეტი კაცი, როგორც ლიდერები, რათა მათ თვალყური გაადევნონ თავიანთი ხალხის საქმეებს“. მიუყვანეს თორმეტი ლიდერი, ცხრა ხაზრაჯიდან და სამი ავსიდან, რადგანაც სამოცდათორმეტნი იქ მყოფ კაცთაგან ხაზრაჯიდან იყვნენ და აგრეთვე ორი ქალი, მაშინ, როდესაც მხოლოდ თერთმეტი მოვიდა ავსიდან. ცხრა ხაზრაჯელ ლიდერს შორის იყვნენ ას‛ადი და ბარა'ი; სამ ავსელს შორის კი იყო უსაიდი, რომელიც სა‛დ იბნ მუ‛აზმა გაგზავნა თავის წარმომადგენლად.

როდესაც ხალხი უკვე ფიცის მიცემას აპირებდა წინასწარმეტყველისათვის ერთმანეთის მიყოლებით, ერთმა ხაზრაჯელმა კაცმა, რომელიც თორმეტთაგანი იყო და თანაც უკვე გასულ წელს ჰქონდა ფიცი დადებული, თავის ხალხს ანიშნა, რომ უნდა მოეცადათ, შემდეგ კი მიმართა: „ხაზრაჯელებო, იცით, რას ნიშნავს ფიცის მიცემა ამ კაცისათვის?“ „ვიცით,“ თქვეს მათ, მაგრამ მან ყურადღება არ მიაქცია. „თქვენ ფიცს აძლევთ,“ განაგრძო, „რომ იომებთ ყველა კაცის წინააღმდეგ, წითელი იქნება ის თუ შავი.3 ამიტომაც, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ, როდესაც დაკარგავთ საკუთრებას და ზოგიერთი თქვენი წარჩინებულთაგანი დაიღუპება, მას უღალატებთ, მაშინ ახლავე უღალატეთ, რადგანაც, თუ შემდეგ უღალატებთ, ეს მოგიტანთ სირცხვილს ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. მაგრამ, თუ ფიქრობთ, რომ შეასრულებთ თქვენს აღთქმას, მაშინ დადეთ ის, რადგანაც მასშია, ღმერთმანი, ყოველივე საუკეთესო როგორც ამქვეყნად, ისე იმქვეყნად.“ მათ თქვეს: „ჩვენი ქონება რომც დაიკარგოს და წარჩინებულნი დაიღუპნენ, მაინც დავდებთ ამ ფიცს. და რა იქნება ჩვენთვის საზღაური, ღმერთის მოციქულო, თუ შეგისრულებთ აღთქმას?“ „სამოთხე,“ უპასხა მან, მათ კი თქვეს: „გამოგვიწოდე ხელი,“ მანაც გაუწოდა ხელი და მათ დადეს თავიანთი ფიცი.

სატანა უყურებდა და ისმენდა ყოველივეს ‛აკაბას წვერიდან და, როდესაც მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო, ძალიან ხმამაღლა, რამდენადაც შეეძლო, მაღალი ხმით შეჰყვირა და წარმოთქვა სახელი მუზამმამი, განკიცხული; მუჰამედმა იცოდა, ვინ იყო, ვინც ასე დაიყვრა, და უპასუხა: „ღმერთის მტერო, მე შენ მოსვენებას არ მოგცემ.“

______________________

1. იგულისხმება პრაქტიკა, რომელიც გავრცელდა არაბეთში ღატაკ ბედუინთა შორის, განსაკუთრებით შიმშილობის დროს: ისინი არასასურველ მცირეწლოვან ქალიშვილებს მარხავდნენ.

2. ი.ი. 289.

3. ესე იგი, ნებისმიერ კაცთან. ‛აკაბაში ამ მეორე აღთქმის დადების შემდეგ პირველ ‛აკაბას ეწოდა „ქალთა ფიცი.“ ის გამოიყენებოდა შემდგომშიც, ოღონდ მარტო ქალებისათვის, რადგანაც არ შეიცავდა ომის ვალდებულებებზე რაიმე მითითებას.

35 XXXV. მრავალი ემიგრაცია

▲ზევით დაბრუნება


ახლა წინასწარმეტყველმა თავისი მექელი მიმდევრები შეაგულიანა, ისარიბში წასულიყვნენ ემიგრაციაში. მაგრამ ერთ-ერთ მათგანს ეს უკვე გაკეთებული ჰქონდა. აბუ ტალიბის სიკვდილმა მის ძმისშვილ აბუ სალამას მფარველი დააკარგვინა. იგი იძულებული გახდა, გაქცეულიყო საკუთარი კლანიდან. გაუდგა ჩედილოეთის გზას, აქლემზე შეისვა ცოლი, რომელსაც ხელში ეჭირა მათი პატარა ვაჟი, სალამა. აბუ სალამას თვითონ მიჰყავდა აქლემი. მაგრამ უმმ სალამა მახზუმის სხვა შტოდან, ბანუ მუღირადან, იყო და აბუ ჯაჰლს პირველ ბიძაშვილად ერგებოდა; ქალის ოჯახის ზოგიერთი წევრი მათ გამოედევნა და აქლემის სადავის თოკი ხელიდან გამოჰგლიჯა აბუ სალამას. თავდამსხმელები ბევრნი იყვნენ და მან იცოდა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც ქალს უთხრა, თავისი ოჯახის წევრებთან ერთად უკან დაბრუნებულიყო. იგი შემდგომში მოძებნიდა იმის საშუალებას, რომ ცოლი თავისთან ჩაეყვანა. მაგრამ, როდესაც მახზუმის მისეულმა შტომ ყოველივე შეიტყო, მისი წარმომადგენლები გაბრაზდნენ ბანუ მუღირაზე და უფრო დაამძიმეს ვითარება იმით, რომ პრეტენზია განაცხადეს ბიჭის მეურვეობაზე. ოჯახის სამი წევრი ასე სასტიკად იყო ერთმანეთისაგან განცალკევებული მანამდე, სანამ მთელ კლანს არ შეცოდა ქალი და ნება არ მისცა, წაეყვანა თავისი ვაჟი და ქმართან წასულიყო. იგი სრულიად მარტო, სალმასთან ერთად, გაუდგა გზას აქლემზე ამხედრებული, მაგრამ სულ რაღაც ექვსი მილის გავლის შემდეგ შეხვდა კაცი ‛აბდ ად-დარიდან, ‛უსმან იბნ ტალჰა, რომელიც ჯერ არ იყო მორწმუნე. მან თვითონვე გადაჭრით გააკეთა ისე, რომ ქალი მიაცილა თავისი მოგზაურობის ბოლო პუნქტამდე. მათ შეიტყვეს, რომ აბუ სალამა იყო კუბა'ში, სოფელში, რომელიც მდებარეობს იასრიბის უკიდურეს სამხრეთ წერტილში, სადაც ოაზისი პირდაპირ გადაჰყურებს ლავიან კრატერს, რომელიც არის სწორედ ერთ-ერთი „შავი ქვებით მოფენილი ორი ადგილიდან“; როდესაც ისინი იაქმდე მივიდნენ და დაინახეს პალმის ხეების კორომი, ‛უსმანმა ქალს უთხრა: „შენი ქმარი ამ სოფელშია, მაშ, შედი იქ ღვთის კურთხევით,“ თვითონ კი ისევ მექისაკენ გაბრუნდა უკან. უმმ სალამას არასოდეს დავიწყებია მისი სიკეთე და არასოდეს შეუწყვეტია მისი ქება ასეთი დარბაისლობისა და რაინდობის გამო.

მეორე ‛აკაბას ფიცის შემდეგ კურეიშის მუსლიმებმა დაიწყეს საკმაოდ მოზრდილ ჯგუფებად გადასახლება იასრიბში. იმ სხვების გვერდით, ვინც ერთ-ერთი პირველები წავიდნენ, იყვნენ წინასწარმეტყველის ბიძშვილები, ჯაჰშის ვაჟები და ქალიშვილები, ‛აბდ ალლაჰი და მისი ბრმა ძმა, აბუ აჰმადი, მათი ორი და, ზეინაბი და ჰამნა. მათთან ერთად ბევრი წავიდა ბანუ ასადიდან, რომლებიც, უკვე დიდი ხანია, ‛აბდუ შამსის მოკავშირენი იყვნენ. ჰამზა და ზეიდი ისე წავიდნენ, რომ ცოლები დროებით მექაში დატოვეს, ‛უმარმა კი თან წაიყვანა თავისი ცოლი, ზეინაბი, ასევე მათი ქალიშვილი, ჰაფსა, და უმცროსი ვაჟი, ‛აბდ ალლაჰი. ჰაფსას ქმარი, ხუნაისი საჰმიდან, ასევე მათთან ერთად იყო. აბუ სალამას ნახევარმა ძმამ, აბუ საბრამ, თან წაიყვანა თავისი ცოლი, უმმ ქულსუმი, სუჰაილის ქალიშვილი; და წინასწარმეტყველის სხვა ახალგაზრდა ბიძაშვილები, ვინც ახლა წავიდნენ, იყვნენ ზუბაირი და ტულაიბი.

დიდი ხანი არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მისმა უახლოესმა მეგობრებმა მექა დატოვეს, გარდა აბუ ბაქრისა და ‛ალისა, რომ აბუ ბაქრმაც სთხოვა წინასწარმეტყველს გადასახლების ნებართვა, მაგრამ მან უპასუხა: „ნუ იჩქარებ, იქნებ მოხდეს ისე, რომ ღმერთმა ამ საქმეში გამოგიჩინოს მეგობარი, კომპანიონი.“ აბუ ბაქრი მიხვდა, რომ თვითონ წინასწარმეტყველისათვის უნდა მოეცადა, ამიტომაც ბრძანება გასცა, მის აქლემთაგან ორისათვის ეჭმიათ აკაციის ფოთლები, რომლებიც სინოტივით იყო სავსე, და ასე მოემზადებინათ ისინი ისარიბში გასამგზავრებლად.

კურეიშმა ყველაფერი გააკეთა, რაც კი შეეძლო, იმ მიზნით, რომ ემიგრანტები შეეჩერებინა. სუჰაილის მეორე ქალიშვილი ახლა თავის ქმარს, აბუ ჰუზაიფას, თან გაჰყვა ზუსტად ისევე, როგორც ადრე აბისინიაში წავიდნენ, მაგრამ სუჰაილს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ამჯერად თავისი ვაჟი, ‛აბდ ალლაჰი, ვეღარ გადაურჩებოდა, ამიტომაც თვალს არ აცილებდა მას. იგივე დაემართა საჰმელი ლიდერის, ‛ასის, ვაჟ ჰიშამს, რომელიც ასევე იყო აბისინიელ ემიგრანტთაგანი. სწორედ მისი ნახევარი ძმა, ‛ამრი, იყო, რომელიც კურეიშმა გაგზავნა, რათა ნეგუსი მუსლიმ ლტოლვილთა წინააღმდეგ განეწყო, და ჰიშამი გახდა მისი წარუმატებლობისა და იმედგაცრუების მოწმე. ‛უმარმა, ჰიშამის დეიდაშვილმა, ისე მოაწყო, რომ ისინი ერთად წასულიყვნენ იასრიბში, ოღონდ მექა ცალ-ცალკე უნდა დაეტოვებინათ და ერთმანეთს შეხვედროდნენ ლემის ხეებთან ადათში, ქალაქიდან დაახლოებით ათი მილის მანძილზე ჩრდილოეთით. მახზუმელი ‛აჲჲაშიც მათთან ერთად უნდა წასულიყო; მაგრამ დათქმულ ადგილასა და დროს ჰიშამი არ გამოჩნდა, ამიტომაც ‛უმარმა და მისმა ოჯახმა ‛აჲჲაშთან ერთად გზა განაგრძეს, რადგანაც შეთანხმებული იყვნენ, რომ ერთმანეთს არ უნდა დალოდებოდნენ. ჰიშამის მამამ და ძმამ შეიტყვეს მისი გეგმის შესახებ და ძალით დააბრუნეს უკან; და ისეთი ზეწოლის ქვეშ მოაქციეს, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ისლამზეც კი ათქმევინეს უარი.

რაც შეეხება ‛აჲჲაშს, იგი ისარიბში ჩავიდა ‛უმართან ერთად, მაგრამ თავისმა ნახევარმა ძმებმა, აბუ ჯაჰლმა და ჰარისმა, ჩააკითხეს და უთხრეს, რომ მათმა დედამ დაიფიცა, თმას არ დაივარცხნიდა და მზეს თავს არ მოარიდებდა მანამდე, სანამ ისევ არ იხილავდა წასულ ვაჟიშვილს. ‛აჲჲაში ძალიან დამწუხრდა ამის გამო, მაგრამ ‛უმარმა უთხრა: „მათ სხვა არაფერი უნდათ, თუ არა ის, რომ ისლამზე გათქმევინონ უარი, რადგანაც, ღმერთმანი, მკბენარი რომ აწუხებდეს დედაშენს, თმას დაივარცხნიდა, და მექის სიცხეს რომ შეეწუხებინა, სადმე შეეფარებოდა.“ მაგრამ ‛აჲჲაში ყურს არ უგდებდა და იმას ამტკიცებდა, რომ უნდა მექაში დაბრუნებულიყო, რათა თავისი დედა ფიცისაგან გაეთავისუფლებინა. მას ასევე განზრახული ჰქონდა, წამოეღო ის ფული, რომელიც იქ დარჩა. მაგრამ ნახევარი გზა რომ გაიარეს, აბუ ჯაჰლი და ჰარისი თავს დააცხრნენ, თავით ფეხებამდე გაკოჭეს, სახლში ჩაიყვანეს, როგორც პატიმარი, და ქალაქში შესვლისთანავე თქვეს: „მექის ხალხო, თქვენს სულელებს ისევე მოექეცით, როგორც ჩვენ მოვექეცით ჩვენსას.“ ჰიშამის მსგავსად, ‛აჲჲაშიც აიძულეს, უარი ეთქვა ისლამზე, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იყო მათი საბოლოო გადაწყვეტილება. გარკვეული პერიოდის შემდეგ მათ სინდისის ქენჯნა იგრძნეს და მიხვდნენ, რომ არ არსებობდა გამართლება ასეთი მძიმე ცოდვისათვის, ასეთივე იყო ‛უმარის აზრი. მაგრამ მოგვიანებით მოვიდა გამოცხადება: ჩემო მონებო, რომლებიც უგუნურად მოიქეცით თქვენი თავის საწინააღმდეგოდ, იმედს ნუ გადაიწურავთ ღმერთის მოწყალებაზე, ჭეშმარიტად, ღმერთი მთლიანად მიუტევებს ცოდვებს, ჭეშმარიტად, ის არის ყოვლად მიმტევებელი და მოწყალე; მონანიებით მიბრუნდით თქვენი უფლისაკენ და მას მიანდეთ თქვენი თავი, სანამ სასჯელი მოსულა თქვენზე, როდესაც აღარაფერი გეშველებათ.1 ‛უმარმა ჩაიწერა ეს სიტყვები და მოახერხა ჩანაწერის გაგზავნა ჰიშამისათვის, რომელმაც თქვა: „როდესაც ის ჩემამდე მოვიდა, თვალებთან ახლოს მივიტანე და ისევ შორს წავიღე, მაგრამ ვერ მივხვდი მათ შინაარსს, სანამ არ ვთქვი: `ღმერთო, გამაგებინე მათი აზრი.' შემდეგ ღმერთმა გულში ჩამიგდო, რომ ეს ჩვენთვის გამოვლინდა იმასთან დაკავშირებით, რასაც ვამბობდით საკუთარ თავზე და რასაც სხვებიც ამბობდნენ ჩვენზე.“ ჰიშამმა ეს ჩანაწერი უჩვენა ‛აჲჲაშს, ორივე მათგანმა ხელმეორედ აღიარა ისლამი და დაიწყო ლოდინი უახლოესი შესაძლებლობისათვის, რომ გაპარულიყვნენ.

_________________________

1. XXXIX, 53-4.

36 XXXVI. შეთქმულება

▲ზევით დაბრუნება


ჰიშამისა და ‛აჲჲაშის გარეგნული განდგომა ისლამისაგან მხოლოდ და მხოლოდ პატარა გამარჯვება იყო კურეიშისათვის, რასაც დიდად სწონიდა ემიგრანტების მუდმივი ნაკადი. აღნიშნულ პროცესს ისინი ვერ აკონტროლებდნენ. ზოგიერთი დიდი სახლი მექაში ახლა უკვე პატრონის გარეშე დარჩა; სხვები, რომლებიც ადრე სავსე იყო, თითქმის დაცარიელდა, რადგანაც ერთი-ორი კაციღა თუ დარჩა. იმ ქალაქში, რომელიც ასეთი აყვავებული და ჰარმონიული ჩანდა ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ყველაფერი შეიცვალა ამ ერთი ადამიანის გამო. მაგრამ სანამ მოწყენილობისა და მელანქოლიის ეს შეგრძნებები მოდიოდა და მიდიოდა, არსებობდა მუდმივი შეგრძნება მზარდი საშიშროებისა ჩრდილოეთის იმ ქალაქიდან, სადაც ასე ბევრი პოტენციური მტერი შეიკრიბა ერთად - ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნდათ ნათესაური კავშირები, თუ ეს კავშირები წინააღმდეგობაში მოვიდოდა მათ სარწმუნოებასთან. მათ, ვინც გაიგონეს, როგორ თქვა წინასწარმეტყველმა: „კურეიშო, მე შენ დაგღუპავ,“ ამას ვერ ივიწყებდნენ, თუმცა იმ მომენტისათვის თითქოს არაფერი იყო საშიში. მაგრამ მუჰამედი მათ თავს არიდებდა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ისინი გამუდმებით ადევნებდნენ თვალყურს მის ყოველ მოძრაობას, ქმედებას. მას ორიენტაცია აღებული ჰქონდა იასრიბზე, აქედან გამომდინარე, ის სიტყვები შეიძლებოდა აღმოჩენილიყო არა უბრალოდ მუქარა.

მუტ‛იმის, წინასწარმეტყველის მფარველის, სიკვდილმა თითქოს გზა გახსნა მოქმედებისათვის; ეს გზა კიდევ უფრო რომ გაეხსნა, აბუ ლაჰაბი სპეციალურად არ დაესწრო იმ შეხვედრას, რომელიც ახლა კურეიშის ლიდერებს გაემართათ საკრებულოში. ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, როდესაც გამოითქვა მრავალი წინადადება და უარყოფილ იქნა კიდეც, ისინი შეთანხმდნენ - მართალია, ზოგის მხრიდან დიდი სურვილი არ ყოფილა ამ თანხმობაზე - იმ გეგმაზე, რომელიც წამოაყენა აბუ ჯაჰლმა, როგორც ერთადერთი ეფექტური გადაწყვეტა მათი პრობლემისა. ყველა კლანს უნდა დაესახელებინა ძლიერი, სანდო და გავლენიანი (დიდი კავშირების მქონე) ახალგაზდა კაცი და შერჩეულ მომენტში ყველა მათგანი ერთდროულად უნდა დასხმოდა თავს მუჰამედს, თითოეულს სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა, რათა მისი სისხლი ყოველი კლანის კისერზე ყოფილიყო. ბანუ ჰაშიმი ვერ შეძლებდა, რომ შებრძოლებოდა მთელ კურეიშს, მათ უნდა მიეღოთ ფული სისხლის სანაცვლოდ, რომელსაც რევანშის საფასურად შესთავაზებდნენ; და, აი, ასე მოიცილებდნენ კაცს, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში მათ არ ასვენებდა.

გაბრიელი გამოეცხადა წინასწარმეტყველს და უთხრა, რაც უნდა გაეკეთებინა. შუადღე იყო, უჩვეულო დრო სტუმრობისათვის, მაგრამ წინასწარმეტყველი პირდაპირ წავიდა აბუ ბაქრის სახლში. იგი მაშინვე მიხვდა, როგორც კი მუჰამედი ასეთ დროს დაინახა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა. ‛ა'იშა და მისი უფროსი და, ასმა'ი, მამასთან იყვნენ, როდესაც წინასწარმეტყველი მათთან შევიდა. „ღმერთმა მომცა უფლება, რომ დავტოვო ქალაქი და გადავსახლდე,“ თქვა მან. „ჩემთან ერთად?“ იკითხა აბუ ბაქრმა. „შენთან ერთად,“ უპასუხა წინასწარმეტყველმა. მაშინ ‛ა'იშა შვიდი წლის იყო. შემდგომში იგონებდა: „იმ დღემდე არ ვიცოდი, თუ ადამიანს შეეძლო სიხარულისაგან ტირილი, სანამ არ დავინახე, რომ ამ სიტყვებზე აბუ ბაქრს ცრემლები წამოუვიდა.“

როდესაც გეგმები დაალაგეს, წინასწარმეტყველი სახლში დაბრუნდა, ‛ალის უთხრა, რომ მალე უნდა წასულიყო იასრიბში, და სთხოვა, იგი მექაში დარჩენილიყო მანამდე, სანამ მფლობელებს არ დაუბრუნებდა იმ საქონელს, რომელიც დაელაგებინათ მათ სახლში კარგად შესანახად. წინასწარმეტყველი ხომ ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც ალ-ამინი, იგი ასეთად დარჩა ბოლომდე, ამიტომაც იყო ძელინ ბევრი ურწმუნო, რომელიც მას ანდობდა თავის ქონებას ისე, როგორც სხვა არავის. მან ‛ალის ასევე უთხრა, რომ გაბრიელმა შეატყობინა იმ შეთქმულების შესახებ, რომელიც კურეიშმა დაგეგმა მის წინააღმდეგ.

ახალგაზრდა კაცები, რომლებიც მუჰამედის მოსაკლავად ამოირჩიეს, შეთანხმდნენ, რომ მისი კარიბჭის გარეთ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს დაღამებისთანავე. მაგრამ, სანამ ისინი იცდიდნენ, რათა სრულად შეკრებილიყვნენ, გაიგეს ქალების ხმა, რომელიც სახლიდან გამოდიოდა. ესენი იყვნენ სავდა, უმმ ქულსუმი, ფატიმა და უმმ აიმანი. ამან ისინი შეაფიქრიანა. ერთ-ერთმა კაცმა თქვა, კედელზე რომ აცოცებულიყვნენ და სახლში შეჭრილიყვნენ, მათი სახელები არაბთა შორის მუდმივ უპატივცემულობაში იქნებოდა, ვინაიდან დაარღვევდნენ ქალების პირადულ გარემოს. ამიტომაც გატაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ მათი მსხვერპლი გარეთ გამოვიდოდა, როგორც ეს სჩვეოდა დილაადრიან, თუ უფრო ადრეც არა.

წინასწარმეტყველმა და ‛ალიმ მალევე შეიტყვეს მათი იქ ყოფნა. წინასწარმეტყველმა აიღო მოსასხამი, რომელშიც იძინებდა ხოლმე, და ‛ალის მისცა, თან უთხრა: „შენ ჩემს საწოლში დაიძინე, გაეხვიე ამ ჩემს მწვანე მოსასხამში. დაიძინე მასში და მათგან არაფერი ზიანი არ მოგადგება.“ შემდეგ დაიწყო იმ სურის წარმოთქმა, რომელსაც დასაწყისი ასოების მიხედვით ეწოდება ჲა-სინ; და, როდესაც ამ სიტყვებამდე მივიდა: და ჩვენ დავუბნელეთ მათ მზერა, რათა ვერ დაენახათ,1 ის სახლიდან გავიდა; ღმერთმა, მართლაც, წაართვა მათ მუჰამედის დასანახი მზერა და ის ვერ შეამჩნიეს. მან მათ ჩაუარა და თავის გზაზე წავიდა.

ერთი კაცი მოდიოდა საპირისპირო მხრიდან, ის მუჰამედს შეხვდა და იცნო წინასწარმეტყველი. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც დაინახა მისი კარიბჭის წინ მდგარი კაცები, დაუძახა, რომ, თუ მუჰამედის ნახვა სურდათ, ის შინ არ იყო, რადგანაც ცოტა ხნის წინ სახლიდან გასულიყო. „ეს როგორ უნდა მომხდარიყო?“ იფიქრეს მათ. ერთ-ერთი შეთქმული მუდმივად უთვალთვალებდა სახლს და დაინახა, როგორ შევიდა შიგ წინასწარმეტყველი მანამდე, ვიდრე სხვები მოვიდოდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გარეთ არავინ გამოსულა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იქ იდგნენ. მაგრამ ახლა აღელდნენ, სანამ ერთი მათგანი, რომელმაც იცოდა, სად ეძინა წინასწარმეტყველს, არ წავიდა ისეთ ადგილას, საიდანაც ფანჯარაში შეხედვას შეძლებდა, რაც სრულიად საკმარისი იყო იმაში დასარწმუნებლად, რომ ვიღაცას ეძინა წინასწარმეტყველის საწოლში, მოსასხამში გახვეულს. ამიტომაც მან თავისი მეგობრები დაარწმუნა, რომ მათი კაცი ისევ იქ იყო. მაგრამ, როდესაც გათენდა, ‛ალი ადგა და წავიდა სახლის კარიბჭისაკენ, ისევ მოსასხამში იყო გახვეული; მათ დაინახეს, ვინც იყო იგი და მიხვდნენ, რომ როგორღაც მოატყუეს. მათ ცოტა კიდევ მოიცადეს. უთხელესი მთვარე, რომელიც მნათობის კლებისას დარჩენილიყო საფარის თვეში, ამოვიდა აღმოსავლეთის გორაკებს ზემოთ, მან თანდათან დაიწყო გაფერმკრთალება მზის სინათლის მატებასთან ერთად. წინასწარმეტყველი ისევ არ ჩანდა. მაშინ კი უეცარმა იმპულსმა მათ გადააწყვეტინა, რომ თითოეული თავისი კლანის ბელადთან წასულიყო, რათა განგაში აეტეხათ.

__________________________

1. XXXVI, 9.

37 XXXVII. ჰიჯრა

▲ზევით დაბრუნება


ამასობაში წინასწარმეტყველი დაბრუნდა აბუ ბაქრთან და ისე, რომ დრო არ დაუკარგავთ, ისინი გავიდნენ სახლის უკანა ფანჯრით, სადაც უკვე ელოდებოდათ ორი შეკაზმული აქლემი. წინასწარმეტყველი ამხედრდა ერთ-ერთ მათგანზე, აბუ ბაქრი კი მეორეზე, თან უკან შემოისვა ვაჟიშვილი, ‛აბდ ალლაჰი. როგორც შეთანხმებულნი იყვნენ, ისინი წავიდნენ გამოქვაბულში სავრის მთაზე სამხრეთით, იემენის გზაზე, რადგნაც იცოდნენ, როგორც კი წინასწარმეტყველის წასვლა გამჟღავნდებოდა, მაძებართა და მდევნელთა ჯგუფები გაიგზავნებოდა ქალაქის მთელი ჩრდილოეთ შემოგარენის დასაკავებლად. ცოტა ხნის შემდეგ, რაც მექის წმინდა რკალს გასცდნენ, წინასწარმეტყველმა თავისი აქლემი შეაჩერა, უკან მიიხედა და თქვა: „ღმერთის მიერ შექმნილ დედამიწაზე შენ ხარ ყველაზე ძვირფასი ადგილი ჩემთვისაც და ღმერთისთვისაც და, ჩემს საკუთარ ხალხს რომ არ გამოვეძევებინე შენგან, არასოდეს არ დაგტოვებდი.“

‛ამირ იბნ ფუჰაირი, მწყემსი, რომელიც აბუ ბაქრმა იყიდა, როგორც მონა, და შემდეგ გაათავისუფლა და თავისი ცხვარი ჩააბარა, ახლა მათ მიჰყვებოდა ფარებით, რათა ნაკვალევი მოესპო. როდესაც გამოქვაბულამდე მიაღწიეს, აბუ ბაქრმა თავისი ვაჟი აქლემებიანად გაგზავნა სახლში და დაავალა, მოესმინა, რას იტყოდნენ მექაში მეორე დღეს, როდესაც აღმოაჩენდნენ წინასწარმეტყველის გაუჩინარებას, და მათთვის ამბავი მიეტანა ღამით. ‛ამირს თავისი ცხვარი ჩვეულებრივ უნდა ეძოვებინა სხვა მეცხვარეებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში და შემდეგ გამოქვაბულთან მიერეკა ღამით, რითაც დაფარავდა ‛აბდ ალლაჰის ნაკვალევს სავრსა და მექას შორის.

მეორე ღამეს ‛აბდ ალლაჰი დაბრუნდა გამოქვაბულში და მას თან მიჰყვა თავისი და ასმა'იც, რომელმაც საჭმელი მიუტანა წინასწარმეტყველსა და მამას. მათი ახალი ამბავი ის იყო, რომ კურეიშმა დააწესა ჯილდო ასი აქლემის სახით ნებისმიერისთვის, ვინც შეძლებდა მუჰამედის პოვნას და მის დაბრუნებას მექაში. ცხენოსნები უკვე გასულნი იყვნენ ყველა ჩვეულებრივ გზაზე, რომელიც მექიდან იასრიბისაკენ მიდიოდა, იმის იმედით, რომ ორივეს დაეწეოდნენ - რადგანაც ვარაუდობდნენ, აბუ ბაქრი წინასწარმეტყველთან იყო, ვინაიდან ისიც გამქრალიყო.

მაგრამ სხვები, ალბათ ისეთები, ვისაც ‛აბდ ალლაჰი არ იცნობდა, ფიქრობდნენ, ისინი დამალულები უნდა ყოფილიყვნენ მექის გარშემო გორაკებზე მდებარე უამრავ გამოქვაბულთაგან ერთ-ერთში. მეტიც, უდაბნოს არაბები ძალიან გამოცდილები არიან კვალის მიგნებაში, მაშინაც კი, როდესაც ცხვრის ფარამ მისდია ორი ან სამი აქლემის კვალს, საშუალო შესაძლებლობების მქონე ბედუინიც კი ადვილად, ერთი შეხედვით, დაინახავდა აქლემის ჩლიექების უფრო განიერ ნაკვალევს, რომელიც ცხვრის წვრილი ჩლიქების ნაკვალევით მხოლოდ ნაწილობრივ იქნებოდა ამოშლილი. არ იყო მოსალოდნელი, რომ გაქცეულნი ქალაქის სამხრეთში ყოფილიყვნენ, მაგრამ ასეთი უხვი ჯილდოსათვის ნებისმიერი საშუალება უნდა ეცადათ; და, რა თქმა უნდა, აქლემის ნატერფალი მაინც აღემატებოდა ცხვრებისას იმ ნაკვალევზე, რომელიც სავრის მიმართულებით მიდიოდა.

მეოთხე დღეს მუჰამედისა და აბუ ბაქრის მთის წმინდა თავშესაფრის სიჩუმე დაარღვია ჩიტების ხმამ - კლდის მტრედების ერთმა წყვილმა - როგორც ისინი ფიქრობდნენ - ღუღუნებდნენ და ფრთებს აფრთხიალებდნენ გამოქვაბულის გარეთ. ცოტა ხნის შემდეგ მათ გაიგეს კაცების ხმა ქვემოდან რაღაც დისტანციაზე, თუმცა ეს ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, თითქოს და კაცები მაღლა მთისკენ მიცოცავდნენ. ისინი არ ელოდებოდნენ ‛აბდ ალლაჰს შემოღამებამდე, არა და მზის ჩასვლამდე კიდევ რამდენიმე საათი უნდა გასულიყო, თუმცაღა გამოქვაბულში გასაოცრად ცოტა სინათლე შედიოდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო დღის იმ მონაკვეთისათვის. ხმები ახლა სულ ახლოს იყო - სულ ცოტა ხუთი ან ექვსი კაცისა - და ისინი ისევ სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდნენ. წინასწარმტყველმა შეხედა აბუ ბაქრს და უთხრა: ნუ წუხხარ, რადგანაც, ჭეშმარიტად, ღმერთი ჩვენთანაა.1 შემდეგ კი დაამატა: „რას ფიქრობ შენ ორის შესახებ, როდესაც ღმერთი მათთან ერთად მესამეა?“2 ახლა მათ უკვე გარკვევით ესმოდათ ხმა და ნაბიჯებიც, რომლებიც სულ უფრო ახლოვდებოდა, შემდეგ შეჩერდა: კაცები გამოქვაბულთან იდგნენ. ისინი შეუპოვრად ლაპარაკობდნენ, ერთხმად თქვეს, რომ არ იყო საჭირო გამოქვაბულში შესვლა, რადგანაც არავინ არ იქნებოდა მასში. შემდეგ გაბრუნდნენ და იქით წავიდნენ, საიდანაც მოვიდნენ.

როდესაც მათი მიმავალი ნაბიჯებისა და ლაპარაკის ხმაც მიჩუმდა, წინასწარმეტყველი და აბუ ბაქრი გამოქვებულის პირთან გავიდნენ. მის წინ, ისე, რომ თითქმის ფარავდა შესასვლელს, აკაციის ხე ამოზრდილიყო, დაახლოებით ადამიანის სიმაღლისა, ხე, რომელიც იქ არ იდგა დილით; და იმ ნაპრალზე, რომელიც დარჩენილი იყო ხესა და გამოქვაბულის შესასვლელს შორის, ობობას გაება ქსელი. მათ გაიხედეს ამ აბლაბუდაში და კლდის ჩაღრმავებაში, სწორედ იქ, სადაც კაცს აუცილებლად უნდა დაებიჯებინა ფეხი, რათა გამოქვაბულში შესულიყო, კლდის მტრედს საბუდარი გაეკეთებინა და ისე იჯდა, თითქოს კვერცხები ჰქონდა, მისი მეწყვილე მტრედი კი მოშორებით კლდეზე შემომჯდარიყო.

როდესაც გაიგეს, რომ ‛აბდ ალლაჰი და მისი და მოდიოდნენ დათქმულ დროს, ფრთხილად გადასწიეს გვერდზე ქსელი, რომელიც მათი დამცველი იყო, და ისე გავიდნენ მოსულთა დასახვედრად, რომ არც მტრედი შეუწუხებიათ. ‛ამირიც მოსულიყო, ამჯერად თავის ფარის გარეშე. მან მოიყვენა ბედუინი, რომელსაც აბუ ბაქრმა ჩააბარა მათი მგზავრობისათვის ამორჩეული ორი აქლემი. ეს კაცი ჯერ არ იყო მორწმუნე, მაგრამ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდა, რადგანაც ის შეინახავდა მათ საიდუმლოს და მიიყვანდა თავიანთი მოგზაურობის მიზნამდე გზის მიღმა ისეთი ბილიკებით, რომლებიც მხოლოდ უდაბნოს ნამდვილ შვილს თუ ეცოდინებოდა. ის ქვემოთ, ველზე იცდიდა ორი აქლემით, მესამე კი თავისთვის მოეყვანა. აბუ ბაქრს ‛ამირი უკან უნდა შემოესვა და ისე წაეყვანა, რადგანაც იგი მათ საჭიროებებს მოაგვარებდა. ისინი წავიდნენ გამოქვაბულიდან და ფერდობზე დაეშვნენ. ასმა'მა მოიტანა საგზლის ჩანთა, მაგრამ დაავიწყდა თოკი. ამიტომაც მოიხსნა ქამარი და ორ სიგრძედ დაყო, ერთით ჩანთა კარგად მიამაგრა მამის უნაგირს, მეორე კი თავისთვის გამოიყენა. ასე ეწოდა მას ზედსახელი „ორქამრიანი.“

როდესაც აბუ ბაქრმა წინასწარმეტყველს შესთავაზა ორიდან უფრო კარგი აქლემი, მან თქვა: „მე არ წავიყვან აქლემს, რომელიც არ არის ჩემი საკუთარი.“ „კი მაგრამ ის შენია, ღმერთის მოციქულო,“ მიუგო აბუ ბაქრმა. „არა,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „რამდენი გადაიხადე ამ აქლემში?“ აბუ ბაქრმაც უთხრა. მაშინ წინასწარმეტყველმა თქვა: „მე მას იმავე ფასად ვყიდულობ.“ აბუ ბაქრსაც აღარ გაუგრძელებია თხოვნა, აქლემი ეჩუქებინა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველს მანამდე ბევრი საჩუქარი ჰქონდა მისგან მიღებული, მაგრამ ეს ერთადერთი განსხვავებული შემთხვევა იყო. ეს იყო წინასწარმეტყველის ჰიჯრა, როდესაც მან გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი სახლთან და სამშობლო მიწასთან ღმერთის გამო. მისი შეთავაზება, ემიგრაციის აქტი, მთლიანად მისი უნდა იყოს, არავისთან არ უნდა იყოს გაყოფილი რიმე თვალსაზრისით. ამიტომაც აქლემი, რომლითაც უნდა წასულიყო, მისი საკუთარი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ეს იყო ნაწილი მისი შეთავაზებისა. აქლემის სახელი გახლდათ კასვა'ი და ის მის საყვარელ აქლემად იქცა.

მათმა მეგზურმა ისინი მექიდან ჯერ დასავლეთით წაიყვანა, შემდეგ კი ცოტა სამხრეთით, სანამ წითელი ზღვის სანაპიროს არ მიაღწიეს. იასრიბი მექის ჩრდილოეთითაა, მაგრამ მხლოდ ახლა შეძლეს მათ, გეზი აეღოთ ჩრდილოეთისაკენ. სანაპირო გზა ჩრდილო-დასავლეთისაკენ მიდის, ამიტომაც რამდენიმე დღე ასე მიდიოდნენ. ამ პირველთაგან ერთ-ერთ საღამოს, როდესაც ისინი წყლის გადაღმა ნუბიის უდაბნოს გასცქეროდნენ, რაბი‛ ალ-ავვალის თვის ახალი მთვარე დაინახეს. „სიკეთისა და სისწორის გზაზე დამაყენებელო ნამგალა მთვარევ, მე მწამს ის, ვინც შეგქმნა შენ.“3 წინასწარმეტყველი ასე ამბობდა ხოლმე, როდესაც ახალ მთვარეს დაინახავდა.

ერთ დილას ცოტა შეშფოთდნენ, ვინაიდან შენიშნეს პატარა ქარავანი, რომელიც მათ საპირისპირო მხრიდან უახლოვდებოდა. მაგრამ მათი გრძნობები სასიხარულოდ შეიცვალა, როდესაც დაინახეს, რომ ეს იყო აბუ ბაქრის ბიძაშვილი, ტალჰა, რომელიც სირიიდან ბრუნდებოდა, სადაც ეყიდა ტანსაცმელი და სხვა საქონელი, რომლითაც თავისი აქლემები დაეტვირთა. ის გზად იასრიბში გაჩერდა და იქ ისევ მალე აპირებდა დაბრუნებას, როგორც კი თავის საქონელს გაანაწილებდა მექაში. მან თქვა, რომ წინასწარმეტყველის ჩასვლას ოაზისში მოუთმენლად ელოდნენ; დამშვიდობებისას აჩუქა გამოსაცვლელი ტანსაცმელი, რომელიც უძვირფასესი სირიული თეთრი ქსოვილებისაგან იყო დამზადებული და რომლის მიყიდვასაც ტალჰა აპირებდა კურეიშის ყველაზე მდიდარი კაცებისათვის.

ცოტა ხნის შემდეგ, რაც ტალჰას შეხვდნენ, მათ გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღეს, ახლა უკვე ცოტა დაშორდნენ სანაპიროს და კონტინენტის შიგნით შევიდნენ, შემდეგ ჩრდილო დასავლეთისაკენ გადაუხვიეს, ამჯერად საბოლოოდ პირდაპირ იასრიბისაკენ გაემართნენ. მგზავრობის ერთ მომენტში წინასწარმეტყველმა მიიღო გამოცხადება: ის, ვინც შენ დაგაკისრა ყურანი, ნამდვილად კიდევ ერთხელ დაგაბრუნებს შინ.4

განთიადამდე ცოტა ხნით ადრე, გამოქვაბულის დატოვებიდან მეთორმეტე დღეს, მათ მიაღწიეს ‛აკიკის ველს. გადაკვეთეს ეს ველი და მეორე მხარეს დაიწყეს სვლა ოღრო-ჩოღრო, უსწორმასწორო შავ ფერდობებზე. სანამ წვერზე ავიდოდნენ, მზე უკვე კარგად იყო აწეული და საკმაოდ ცხელოდა. სხვა დღეებში ისინი ჩერდებოდნენ დასასვენებლად, ვიდრე დღის დიდი სიცხე დაცხრებოდა; მაგრამ ახლა მათ გადაწყვიტეს, ასულიყვნენ თავიანთი აღმასვლის უმაღლეს წერტილამდე. და, როდესაც საბოლოოდ დაინახეს დაბლობი, რომელიც ქვემოთ ჩანდა, წარმოუდგენელი იყო, რომ სვლა შეეყოვნებინათ. ადგილი, რომელიც წინასწარმეტყველს ესიზმრა, „კარგად მორწყული მიწა შავი ქვებით მოფენილ ორ კრატერს შორის,“ ახლა მათ წინ იყო გდაშლილი, მონაცრისფრო მწვანედ მოჩანდა პალმის ხის კორომები, ხოლო ღია მწვანედ ხეხილის ბაღები, ბაღჩები და ყვავილნარები, რომლებიც გადაჭიმულიყო დაახლოებით სამი მილის მანძილზე იმ ფერდობის ძირიდან, რომელზეც ახლა ისინი ეშვებოდნენ.

ყველაზე ახლოს მდბარე ამწვანებული ადგილი იყო კუბა'ი, სადაც მექელ ემიგრანტთა უდიდესი ნაწილი პირველად გაჩერდა და სადაც ბევრი მათგანი ახლა ისევ იყო. წინასწარმეტყველმა თავიანთ გზამკვლევს უთხრა: „წაგვიყვანე პირდაპირ ბანუ ‛ამრთან კუბა'ში, შორს ნუ მოუვლი, არამედ ახლოს ქალაქთან,“ - ვიანიდან ასე იწოდებოდა ოაზისის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილი. ის ქალაქი მალე ცნობილი გახდა მთელ არაბეთში და ასევე სხვაგანაც, როგორც „ქალაქი,“ არაბულად ალმადინა, შემდეგ სხვა ენებში წარმოთქმული, როგორც მედინა.

რამდენიმე დღის წინ ოაზისშიც ჩაეღწია იმ ამბავს, რომ წინასწარმეტყველი მექიდან გაქრა და მის პოვნაზე დიდი ჯილდო იყო დაწესებული. კუბა'ის ხალხი ყოველდღე მის მოლოდინში იყო, რადგანაც მისი ჩამოსვლის დრო უკვე კარგა ხნის წინ გასულიყო; ამიტომაც განთიადის ლოცვის შემდეგ ბანუ ‛ამრის ზოგიერთი წევრი გარეთ გადიოდა და ელოდა. მათთან ერთად გადიოდნენ სხვა კლანის კაცები, ვინც იმ სოფელში ცხოვრობდნენ, ასევე კურეიშელი ემიგრანტები, ვინც ჯერ კიდევ იქ სახლობდნენ და ჯერ არ გადასულიყვნენ მედინაში. ისინი გადაკვეთდნენ მინდვრებსა და პალმის კორომებს, გავიდოდნენ ლავიან კრატერთან, გაივლიდნენ გარკვეულ მანძილს და ჩერდებოდნენ მოლოდინში, სანამ შუადღის სიცხე ძალიან არ გაძლიერდებოდა. შემდეგ თავიანთ სახლებში ბრუნდებოდნენ. იმ დილასაც იყვნენ გასული, მაგრამ უკვე უკან დაბრუნებულიყვნენ, როდესაც ოთხმა მგზავრმა დაიწყო დაშვება კლდოვან ფერდობზე. მოლოდინით აღსავსე თვალები აღარ იცქირებოდა იმ მიმართულებით, მაგრამ მზე ანათებდა წინასწარმეტყველისა და აბუ ბაქრის ახალ თეთრ ტანსაცმელს მაშინ, როდესაც, მით უმეტეს, ისინი ჩამოდიოდნენ მოლურჯო შავი ვულკანური ქვებით მოფენილ ფერდობზე, და ერთმა ებრაელმა, რომელიც შემთხვევით თავისი სახლის სახურავზე იყო, ისინი შენიშნა. იგი მაშინვე მიხვდა, ვინ უნდა ყოფილიყვნენ, რადგანაც კუბა'ის ებრაელებმა იკითხეს და მათ უთხრეს, რატომ დაიწყო მათმა ბევრმა მეზობელმა ჯგუფებად გასვლა უდაბნოში ყოველ დილით, თანაც ისე, რომ არც ერთ დღეს არ ტოვებდნენ. ამიტომაც მან რაც შეიძლება ხმამაღლა დაიძახა: «კაილას ძენო, ის ჩამოვიდა, ის ჩამოვიდა!» მოწოდება მაშინვე აიტაცეს და კაცები, ქალები და ბავშვები სახლებიდან საჩქაროდ გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ ნაკადად წავიდნენ ამწვანებულ გზაზე, რომელიც ქვიან ადგილას მიდიოდა. მაგრამ ამჯერად მათ შორს წასვლა აღარ მოუხდათ, რადგანაც მგზავრები უკვე მოსულიყვნენ პალმების ყველაზე განაპირა კორომთან. ეს ყოველმხრივ დიდი სიხარულის შუადღე იყო და წინასწარმეტყველმა მათ მიმართა: „ხალხნო, მიეცით ერთმანეთს მშვიდობის მისალმება; გამოკვებეთ მშიერნი; პატივი ეცით ნათესაურ კავშირებს; ილოცეთ მაშინ, როდესაც ადამიანებს სძინავთ. აი, ასე მშვიდობით შეხვალთ სამოთხეში.“5

გადაწყდა, რომ ის ჩამოხდებოდა ქულსუმთან, კუბა'ის ერთ მოხუც კაცთან, რომელმაც მანამდე უმასპინძლა ჰამზასაც და ზეიდსაც თავის სახლში, როდესაც ისინი მედინაში ჩავიდნენ. ბანუ ‛ამრი, ქულსუმის კლანი, ავსს ეკუთვნოდა, ამიტომაც უეჭველია, ნაწილობრივ იმ მიზეზით, რომ იასრიბის ორსავე ტომს გაენაწილებინა ჩასულთათვის თავისი მასპინძლობა და სტუმართმოყვარეობა, აბუ ბაქრი დააბინავეს ხაზრაჯის კაცთან სოფელ სუნჰში, რომელიც ცოტა უფრო ახლოს იყო მედინასთან. ერთი თუ ორი დღის შემდეგ ‛ალი ჩამოვიდა მექიდან და იმავე სახლში გაჩერდა, რომელშიც წინასწარმეტყველი იყო. მას სულ სამი დღე დასჭირდა საიმისოდ, რომ ის ქონება დაებრუნებინა პატრონებისათვის, რომელიც მათთან ინახებოდა.

მაშინ ბევრი იყო ისეთი, ვინც წინასწარმეტყველთან მისასალმებლად მოვიდა, მათ შორის ზოგიერთი მედინელი ებრაელი. ისინი უფრო მეტად ინტერესის გამო მოვიდნენ, ვიდრე კეთილი ნებით. მაგრამ მეორე თუ მესამე საღამოს გამოჩნდა კაცი, რომელიც გარეგნობით განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისაგან, აშკარად არც არაბი იყო და არც ებრაელი. სალმანი, ასე ერქვა მას, დაიბადა სპარსელი ზოროასტრელების ოჯახში სოფელ ჯაჲჲიში ისპაჰანის მახლობლად, მაგრამ მან ქრისტიანობა მიიღო და სირიაში წავიდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ძალიან ახალგაზრდა იყო. იქ თან ახლდა წმინდა ეპისკოპოსს, რომელმაც, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარემ, ურჩია, წასულიყო მოსულის ეპისკოპოსთან. ისიც მასავით მოხუცი კაცი იყო, მაგრამ საუკეთესო ადამიანი მათ შორის, ვისაც კი იცნობდა. სალმანი გაემართა ერაყის ჩრდილოეთისაკენ და ეს იყო მისთვის დასაწყისი იმ პერიოდისა, როდესაც დიდი ხნით რჩებოდა ხოლმე უხუცეს ქრისტიან ბრძენ კაცებთან, სანამ ერთ-ერთმა მათგანმა ისევ სასიკვდილო სარეცელზე არ უთხრა, რომ სულ ახლოს იყო დრო და წინასწარმეტყველი გამოჩნდებოდა: „ის გამოიგზავნება აბრაამის სარწმუნოებით და მოვა არაბეთში, სადაც თავისი სახლიდან გადასახლდება იმ ადგილას, რომელიც მდებარეობს ორ ლავიან კრატერს შორის, პალმების მიწაზე. მისი ნიშნები, სასწაულები ხილულია: ის შეჭამს ისეთ რამეს, რასაც აჩუქებენ, მაგრამ არა იმას, რაც მოწყალებად მიეცემა; და მის მხრებს შორის არის წინასწარმეტყველის ნიშანი, რომელიც დაბადებიდან აქვს.“ სალმანმა გადაწყვიტა, რომ შეერთებოდა წინასწარმეტყველს, და ქალბის ტომის ვაჭრებს სთხოვა, თან წაეყვანათ არაბეთში. მაგრამ, როდესაც მათ მიაღწიეს ვადი ლ-კურას ‛აკაბას ყურესთან ახლოს წითელი ზღვის ჩრდილოეთით, მათ ის მიჰყიდეს, როგორც მონა, ერთ ებრაელს. მან დაინახა პალმები ვადი ლ-კურაში და დაინტერესდა, ეს ხომ არ იყო ის ქალაქი, რომელსაც ეძებდა, მაგრამ მაინც ეჭვობდა. დიდი ხანი არ გავიდა და ებრაელმა იგი მიჰყიდა თავის ერთ-ერთ ბიძაშვილს ბანუ კურაიზადან მედინაში; და, როგორც კი მან დაინახა, სად მდებარეობდა აღნიშნული ქალაქი, მიხვდა, რომ ეს უეჭველად ის ადგილი იყო, სადაც წინასწარმეტყველი უნდა გადასახლებულიყო.

სალმანის ახალ პატრონს ჰყავდა კიდევ სხვა ბიძაშვილი, რომელიც კუბა'ში ცხოვრობდა; წინასწარმეტყველის ჩამოსვლისთანავე ეს კუბა'ელი ებრაელი მადინისაკენ გაეშურა ახალი ამბითურთ. მან ნახა, რომ მისი ბიძაშვილი თავისი ერთ-ერთი პალმის ქვეშ იჯდა, და სალმანმა, რომელიც ხის კენწეროზე მუშაობდა, გაიგო, როგორ უთხრა მას: „ღმერთმა დასწყევლოს კაილას ხალხი! ახლა ისინი შეკრებილნი არიან კუბა'ში იმ კაცთან, რომელიც მათთან ჩამოვიდა დღეს მექიდან. ამტკიცებენ, წინასწარმეტყველიაო.“ ამ ბოლო სიტყვებმა სალმანი დაარწმუნა, რომ მისი იმედები ახდა, და ეს შთაბეჭდილება ისეთი ძლიერი იყო, რომ მთელი ტანი აუცახცახდა. შეეშინდა, ხიდან არ ჩავარდნილიყო, ამიტომაც დაბლა ჩაცოცდა; როგორც კი ძირს ჩავიდა, მაშინვე გაცხოველებით დაუწყო გამოკითხვა ამ ებრაელს კუბა'იდან, მაგრამ მისი პატრონი გაბრაზდა და უბრძანა, თავის სამუშაოს დაბრუნებოდა ხეზე. იმ ღამეს ის გაი პარა, თან წაიღო ცოტა საგზალი, რომელიც სპეციალურად დაეზოგა, და კუბა'ში წავიდა, სადაც ნახა წინასწარმეტყველი. იგი თავის ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად იჯდა. სალმანი უკვე დარწმუნებული იყო, მაგრამ მაინც მიუახლოვდა მას და შესთავაზა საკვები, რომელზეც უთხრა, რომ, როგორც მოწყალებას, ისე იძლეოდა. წინასწარმეტყველმა თავის მეგობრებს უთხრა, ეჭამათ, თვითონ კი საკვებს არ მიეკარა. სალმანს იმედი ჰქონდა, ოდესმე იხილავდა წინასწარმეტყველის ნიშანს, მაგრამ წინასწარმეტყველის წინაშე ყოფნა და მისი ლაპარაკის მოსმენა საკმარისი იყო ამ პირველი შეხვედრისათვის. ის მედინაში დაბრუნდა გახარებული და მადლობელი.

_______________________

1. IX, 40.

2. ბ.LVII, 5.

3. ა.ჰ. V, 329.

4. XXVIII, 85.

5. ი.ს. I/I, 159.

38 XXXVIII. მედინაში შესვლა

▲ზევით დაბრუნება


წინასწარმეტყველმა ოაზისამდე მიაღწია ქრისტეს შობიდან 622 წლის 27 სექტემბერს, ორშაბათს. სხვადასხვა სახის უწყებებმა მალე ნათელი გახადეს, რომ მედინის ხალხი მოუთმენლად ელოდა მის იქ ჩასვლას, ამიტომაც კუბა'ში მხოლოდ სამი სრული დღე დარჩა, რომელთა განმავლობაშიც საფუძველი ჩაუყარა მეჩეთს, პირველს, რომელიც ისლამში უნდა აშენებულიყო. პარასკევს დილით გაემგზავრა კუბა'იდან და შუადღისას იგი და მისი მეგობრები შეჩერდნენ რანუნა'ის ველზე, რათა ელოცათ ბანუ სალიმთან, ხაზრაჯის კლანთან, რომელიც იქ ელოდებოდა. ეს იყო პირველი პარასკევის ლოცვა, რაც მან ილოცა იმ მიწაზე, რომელიც ამიერიდან მისი სახლი უნდა ყოფილიყო. ზოგიერთი ნათესავი ბანუ ნაჯჯარიდან მოვიდა მის შესახვედრად და ბანუ ‛ამრის რამდენიმე წარმომადგენელიც თან გაჰყვა კუბა'იდან, რამაც მთელი კონგრეგაციის რაოდენობა დაახლოებით ასამდე აიყვანა. ლოცვის შემდეგ წინასწარმეტყველი ამხედრდა კასვა'ზე, აბუ ბაქრი და სხვა კურეიშელებიც ასევე ამხედრდნენ თავიანთ აქლემებზე და მუჰამედთან ერთად გაემგზავრნენ ქალაქისაკენ. მათ მარჯვნივ და მარცხნივ აბჯარასხმული და ხმალამოწვდილი ავსელი და ხაზრაჯელი კაცები მიდიოდნენ, როგორც საპატიო მცველები, იმის დასამტკიცებლად, რომ ფიცი, რომელიც დადეს, ცარიელი სიტყვები არ იყო, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, მაშინ, იმ ადგილას მას არავითარი დაცვა არ სჭირდებოდა. არასოდეს ყოფილა ასეთი სასიხარულო დღე. „ღმერთის მოციქული მოდის! ღმერთის მოციქული მოდის!“ ასეთი იყო მხიარული შეძახილი, რომელიც სულ უფრო მეტი ხმის მიერ წარმოითქმოდა და ვრცელდებოდა იმ კაცებს, ქალებსა და ბავშვებს შორის, ვინც გზის გასწვრივ იდგნენ. კასვა'ი ნელი და მედიდური ნაბიჯებით მიდიოდა ამ პროცესიაში, როდესაც ჩაუარეს სამხრეთ მედინის ბაღებსა და პალმის კორომებს. სახლები ჯერჯერობით ცოტა და შორი-შორს იყო, მაგრამ თანდათან შევიდნენ უფრო მჭიდროდ დასახლებულ უბნებში და ბევრი იყო მოწადინებული, მუჰამედი მიეწვია. „აი, აქ ჩამობრძანდი, ღმერთის მოციქულო, ჩვენ გვაქვს შენთვის ძლიერება, მფარველობა და სიუხვე.“ რამდენჯერმა ავლებდა ამა თუ იმ კლანის ერთი და იგივე კაცი თუ მთელი ჯგუფი ხელს კასვა'ის აღვირის თოკს. მაგრამ ყოველ ჯერზე წინასწარმეტყველი მათ აკურთხებდა და ეუბნებოდა: „გაუშვით, განაგრძოს თავისი გზა, ვინაიდან ის ღმერთის მბრძანებლობის ქვეშაა.“

ერთი მომენტი ასე ჩანდა, რომ აქლემი მიდიოდა ხაზრაჯის დიდი კლანის, ნაჯჯარის, ‛ადის შტოდან წინასწარმეტყველის უახლოესი ნათესავების, სახლებისაკენ, რადგანაც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილისაკენ გადაუხვია, იქ კი ამ კლანის უმეტესობა ცხოვრობდა. მაგრამ ის გასცდა იმ ადგილს, სადაც მუჰამედი გაჩერებული იყო ბავშვობაში თავის დედასთან ერთად, ასევე ყველა სხვა სახლს, რომლებიც მის სიახლოვეს იდგა, მიუხედავად ხალხის უკიდურესად გულწრფელი თხოვნა-დარწმუნებისა, რომ იქ დაედო ბინა. წინასწარმეტყველმა მათაც იგივე პასუხი მისცა, რაც დანარჩენებს, და მათ სხვა არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ დამორჩილებოდნენ. ახლა მან მიაღწია ბანუ მალიქის სახლებს, ესეც ნაჯჯარის შტოს კლანი იყო. ამ ქვეკლანს განეკუთვნებოდა ორი იმ ექვსი კაციდან, ვინც კავშირი შეკრა მასთან პირველი ‛აკაბას დროს წინა წელს. მათი სახელებია ას‛ადი და ‛ავფი; და აი, აქ კასვა'მა გზიდან გადაუხვია და შევიდა გალავანშემოვლებულ ეზოში, სადაც იდგა რამდენიმე ფინიკის პალმა და შენობის ნანგრევები. ერთი დაბოლოება ამ ადგილისა ადრე სასაფლაოდაც გამოიყენებოდა გარკვეული პერიოდი. იქ იყო ასევე ცალკე გამოყოფილი ადგილი ფინიკის გასაშრობად. აქლემი ნელ-ნელა წავიდა უხეშად შემოღობილი ადგილისაკენ, რომელიც ას‛ადს სალოცავად მოეწყო, და იქ შესასვლელთან დაიჩოქა. წინასწარმეტყველმა სადავეები მიუშვა, მაგრამ არ ჩამომხდარა; სულ ცოტა ხანში აქლემი წამოდგა და ნელ-ნელა უკან გამოსვლა დაიწყო, მაგრამ შორს არ იყო წასული, რომ ისევ იქ მიბრუნდა, სადაც პირველად დაიჩოქა. შემდეგ კვლავ დაიჩოქა და მკერდით მიწას გაერთხა. წინასწარმეტყველი ჩამოხდა და თქვა: „თუ ღმერთს სურს, ეს არის საცხოვრებელი.“1

შემდეგ იკითხა, ვისი იყო ეზო, და მუ‛აზმა, ‛ავფის ძმამ, უთხრა, რომ ის ეკუთვნოდა ორ ობოლ ძმას, საჰლსა და სუჰაილს. მათ ას‛ადი მეურვეობდა და წინასწარმეტყველმა სთხოვა, ისინი მასთან მიეყვანა, მაგრამ ძმები უკვე იქ იყვნენ, ამიტომაც მივიდნენ და მუჰამედის წინაშე დადგნენ. მან ჰკითხა, თუ მიჰყიდდნენ ეზოს, და სთხოვა ფასის დასახელება, მაგრამ უთხრეს: „არა, ჩვენ ისე მოგცემთ მას, ღმერთის მოციქულო.“ მაგრამ მან არ მიიღო ეზო, როგორც საჩუქარი, ამიტომაც ფასი ას‛ადის დახმარებით დაფიქსირდა. ამასობაში აბუ აჲჲუბ ხალიდმა, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა, შეაგროვა ბარგი და თავის სახლში შეიტანა. ახლა კლანის სხვა წარმომადგენლები მოვიდნენ და შეეხვეწნენ წინასწარმეტყველს, მათი სტუმარი ყოფილიყო, მაგრამ მან თქვა: „კაცი თავისი ბარგით უნდა იყოს.“ აბუ აჲჲუბი პირველი იყო ამ კლანიდან, ვინც ფიცი დადო მეორე ‛აკაბაზე. იგი თავის ცოლთან ერთად ახლა სახლის ზედა ნაწილში ავიდა, პირველი სართული კი წინასწარმეტყველს დაუთმო. ას‛ადმა კასვა'ი წაიყვანა თავისი საკუთარი სახლის ეზოში, რომელიც ასევე ახლოს იყო.

___________________

1. ბ. LXIII.

39 XXXIX. ჰარმონია და უთანხმოება

▲ზევით დაბრუნება


წინასწარმეტყველმა ბრძანა, მის მიერ ახლად შეძენილი ეზო მეჩეთის შიგნით მოქცეულიყო, ამიტომაც, როგორც კუბა'ში, მათ მაშინვე დაიწყეს მუშაობა. შენობის უდიდესი ნაწილი აგურით ააგეს, მაგრამ ჩრდილოეთის, ანუ იერუსალიმის, კედლის შუაში, ქვები ჩააყოლეს სალოცავი ნიშის ორივე მხარეს. ეზოს პალმები მოჭრეს და მათი ძირითადი ტანი გამოიყენეს, როგორც საყრდენები, რომელსაც ეფუძნებოდა პალმის ტოტებისაგან გაკეთებული სახურავი, თუმცა ეზოს უდიდესი ნაწილი ღიად, გადახურვის გარეშე, დატოვეს.

მედინის მუსლიმებს წინასწარმეტყველმა ანსარები უწოდა, რაც დამხმარეებს ნიშნავს, მაშინ, როდესაც კურეიშისა და სხვა ტომების წარმომადგენლებს, რომელთაც თავიანთი სახლი დატოვეს და ოაზისში გადასახლდნენ, მან შეარქვა მუჰაჯირები, ესე იგი ემიგრანტები. ყველამ მიიღო მონაწილეობა მშენებლობაში თვითონ წინასწარმეტყველის ჩათვლით. მუშაობის დროს თან გალობდნენ ორ სტროფს:

„ღმერთო, არ არსებობს არავითარი სიკეთე, გარდა საიქიოს სიკეთისა, მაშ, შეეწიე ანსარებსა და მუჰაჯირებს.“ ანდა: „არ არსებობს სიცოცხლე, გარდა საიქიოს სიცოცხლისა. შეიწყალე, ღმერთო, მუჰაჯირები და ანსარები.“

ასევე ჰქონდათ იმედი, რომ ეს ორი ჯგუფი გაძლიერდებოდა მესამითაც, ამიტომაც ახლა წინასწარმეტყველმა დადო შეთანხმება ორმხრივი მოვალეობების შესახებ თავის მიმდევრებსა და ოაზისის ებრაელებს შორის, რის თანახმადაც ისინი გააერთიანა მორწმუნეთა საერთო საზოგადოებაში, მაგრამ საშუალება მისცა, არსებულიყო განსხვავებები ამ ორ სარწმუნოებას შორის. მუსლიმებსა და ებრაელებს უნდა ჰქონოდათ ერთნაირი სტატუსი. თუ ებრაელი დაზარალდებოდა, მას ერთნაირად უნდა დახმარებოდა მუსლიმიცა და ებრაელიც, ანალოგიურად იქნებოდა მაშინაც, როცა მუსლიმი დაზარალდებოდა. პოლითეისტებთან ომის შემთხვევაში მათ ისე უნდა ებრძოლათ, როგორც ერთ ხალხს, არც ებრაელებსა და არც მუსლიმებს არ უნდა დაედოთ ზავი განცალკევებით, მშვიდობაც განუყოფელი და ერთიანი უნდა ყოფილიყო. აზრთა სხვადასხვაობის, დისპუტისა თუ პოლემიკის შემთხვევაში საკითხი უნდა გადასცემოდა ღმერთს თავისი მოციქულის მეშვეობით. არ არსებობდა პირდაპირი პირობა, რომ ებრაელებს ფორმალურად უნდა ეღიარებინათ მუჰამედი, როგორც ღმერთის მოციქული და წინასწარმეტყველი, თუმცაღა მთელ დოკუმენტში სწორედ ასე იყო განსაზღვრული მისი სტატუსი.

ებრაელებმა პოლიტიკური მიზეზების გამო მიიღეს ეს ხელშეკრულება. იმ დროისათვის წინასწარმეტყველი უკვე ყველაზე ძლიერი ადამიანი იყო მედინაში და, როგორც ჩანს, ეს ძალაუფლება კიდევ უფრო გაიზრდებოდა. მათ არჩევანი არ ჰქონდათ, უნდა დასთანხმებოდნენ, თუმცა მხოლოდ ძალიან ცოტას მათგან თუ შეეძლო ერწმუნა, რომ ღმერთი გამოგზავნიდა წინასწარმეტყველს, რომელიც არ იყო ებრაელი. თავდაპირველად ისინი გარეგნულად თავაზიანნი იყვნენ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა ეთქვათ ერთმანეთში და რაც არ უნდა მძაფრად ჰქონოდათ შეგრძნება თავიანთი აღმატებულებისა, რჩეული ხალხის უკიდეგანო და შეუდარებელი აღმატებულებისა ყველა დანარჩენ ხალხზე. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სკეპტიციზმი ახალი რელიგის მიმართ, როგორც წესი, შეფარული იყო, ისინი ყოველთვის მზად იყვნენ, ეს გაეზიარებინათ ნებისმიერი არაბისათვის, ვისაც კი ეჭვი გაუჩნდებოდა გამოცხადების ღვთიურობასთან დაკავშირებით.

ისლამის სწრაფი გავრცელება გრძელდებოდა ავსისა და ხაზრაჯის კლანებში და ზოგიერთი მორწმუნე მოუთმენლად ელოდა იმ დღეს, როდესაც, ებრაელებთან დადებული ხელშეკრულების წყალობით, ოაზისი იქნებოდა ერთი ჰარმონიული მთლიანობა. მაგრამ ახლა გამოცხადება გაფრთხილებას იძლეოდა უთანხმოების შეფარულ ელემენტებზე. სწორედ მაშინ იყო, რომ ყურანის ყველაზე გრძელი სურის გამოცხადება დაიწყო. ეს იყო ალ-ბაკარა (ძროხა/დეკეული), რომელიც მოთავსებულია წიგნის დასაწყისში, უშუალოდ ალ-ფათიჰას, ანუ გამხსნელი სურის, შვიდი აიის შემდეგ. ის იწყება იმის განმარტებით, თუ ვინ არის ჭეშმარიტ გზაზე მდგომი: ალიფ - ლამ - მიმ. უეჭველია, რომ ეს წიგნი არის გზამკვლევი (ჭეშმარიტ გზაზე დასადგომად) ღვთისმოშიშთათვის, რომლებსაც სწამთ უხილავი სამყარო, ლოცულობენ და გასცემენ იმას, რაც მათ ვუბოძეთ; და, რომელთაც სწამთ ის, რაც გარდმოგევლინა შენ და რაც გარდმოვლენილ იქნა შენამდე, და დარწმუნებულნი არიან საიქიოში. ესენი არიან თავიანთი უფლის მიერ მითითებულ ჭეშმარიტ გზაზე, ესენი არიან / იქნებიან წარმატებულნი/ნეტარნი.1

შემდეგ, მოიხსენიებიან რა ურწმუნოები, რომელნიც ბრმა და ყრუ არიან ჭეშმარიტების მიმართ, საუბარია ხალხის მესამე ჯგუფზე: ადამიანთაგან არიან ისეთები, ვინც იტყვიან: ვირწმუნეთ ღმერთი და უკანასკნელი დღე; მაგრამ ისინი არ არიან მორწმუნენი... თუ შეხვდებიან მათ, ვისაც სწამთ, ამბობენ: ვირწმუნეთ; თუ განცალკევდებიან თავიანთ ეშმაკებთან, ამბობენ: ჩვენ, ჭეშმარიტად, თქვენთან ვართ, ჩვენ მხოლოდ დავცინით.2 ესენი გახლდნენ ავსისა და ხაზრაჯის წარმომადგენელნი, ვინც ყოყმანში, ეჭვსა და თვალთმაქცობაში იყვნენ თავიანთი არაგულწრფელობის მთელი სხვადასხვა ხარისხით; მათი სატანები, ანუ მათი ბოროტების გამღვივებელნი, იყვნენ ურწმუნო კაცები და ქალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რაც შეეძლოთ, იმ მიზნით, რომ ეჭვის ღვარძლი დაეთესათ. წინასწარმეტყველმა აქ გაფრთხილება მიიღო პრობლემაზე, რომლითაც მექაში სრულებით არ იყო შეწუხებული. იქ იმ ადამიანთა გულწრფელობა, ვინც ისლამი მიიღო, არასოდეს ყოფილა საეჭვო. მოქცევის მიზეზები იქ შეიძლება მხოლოდ სულიერი ყოფილიყო, რადგანაც მიწიერ ამბებთან დაკავშირებით მოქცეული ვერაფერს მოიგებდა, პირიქით, უმეტესწილად წაგებული დარჩებოდა. მაგრამ ახლა უკვე არსებობდა გარკვეული ამსოფლიური მიზეზები ახალი რელიგიის მისაღებად და ეს მიზეზები სულ უფრო მატულობდა. ის დღეები, როდესაც თვალთმაქცები საერთოდ არ იყვნენ მუსლიმთა რიგებში, ისტორიას ჩაბარდა სამუდამოდ.

ზოგიერთი სატანა, რომელიც მოხსენიებულ იქნა, ებრაელი იყო. იგივე გამოცხადება ამბობს: წიგნის ხალხთაგან3 ბევრს ძლიერ სურს, რომ თქვენი რწმენიდან ისევ ურწმუნოებად გაქციოთ იმ შურით, რომელიც მათ გულშია.4 ებრაელები მოუთმენლად ელოდნენ წინასწარმეტყველს, რომლის მოსვლაც ნაწინასწარმეტყველები იყო, მაგრამ არა იმ სულიერი განათლებისათვის, რასაც ის მოიტანდა, არამედ იმიტომ, რომ მოეპოვებინათ ძველებური პრიორიტეტები ისარიბში; და ახლა ისინი აღშფოთებულნი უცქერდნენ იმას, რომ ეს ისმაელის და არა ისააკის შთამომავალი იყო, ვინც ერთი ღმერთის ჭეშმარიტებას ქადაგებდა ისეთი წარმატებით, რომ სავარაუდოდ მას, მართლაც, ღვთიური მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა. მათ ეშინოდათ, რომ მუჰამედი ნამდვილად ის წინასწარმეტყველი იყო, რომელიც დაპირებულ იქნა, და ძლიერ შურდათ იმ ხალხისა, ვისთანაც ის გამოიგზავნა. მაგრამ იმასაც იმედოვნებდნენ, რომ მუჰამედი არ იყო მოციქული, და გამუდმებით ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ საკუთარი თავი და სხვებიც, რომ მას არ გააჩნდა ზეციდან გამოგზავნილი მოციქულისათვის დამახასიათებელი ნიშნები. „მუჰამედი ამტკიცებს, რომ უწყებანი მასთან ზეციდან მოდის, მაგრამ მან ისიც კი არ იცის, სად არის მისი აქლემი,“ თქვა ერთმა ებრაელმა კაცმა იმ დღეს, როდესაც წინასწარმეტყველის ერთ-ერთი აქლემი დაიკარგა. „მე მხოლოდ ის ვიცი, რის ცოდნასაც ღმერთი მაძლევს,“ თქვა წინასწარმეტყველმა, როდესაც ეს გაიგო, „და მან ეს მიჩვენა: აქლემი არის მთის იმ ვიწრო ხეობაში, რომელსაც მე გეტყვით, იქ ხეს გამოსდებია თავისი აღვირის თოკით.“5 ზოგიერთი ანსარი წავიდა და აქლემი სწორედ იქ და ისე ნახა, როგორც მან თქვა.

თავიდან ძალიან ბევრი ებრაელი მიესალმა იმას, რაც მოასწავებდა ოაზისში სამოქალაქო ომის ხელახლა ატეხვის საშიშროების დასასრულს. თუმცაღა იმ საშიშროებაში არსებობდა გარკვეული დადებითი მხარეებიც, რადგანაც არაბთა დაქსაქსულობა მეტად აძლიერებდა არაარაბების სტატუსს, ვინაიდან მათზე იყო დიდი მოთხოვნილება, როგორც მოკავშირეებზე. მაგრამ ავსისა და ხაზრაჯის გაერთიანებამ ძველი მოკავშირეები არასაჭიროდ აქცია და იმავდროულად ისარიბის არაბებს ჯერ არნახული სიძლიერე მიანიჭა. წინასწარმეტყველთან ებრალების ხელშეკრულებამ მათ (ებრაელებს) საშუალება მისცა, გაეზიარებინათ ეს ძლიერება. მაგრამ ეს ამავე დროს ნიშნავდა არაბებზე გაცილებით უფრო ძლიერი ძალის წინააღმდეგ შესაძლო ომის ვალდებულების აღებასაც, იმ ძალისა, რომელიც ოაზისიდან გაცილებით უფრო შორს იყო; შეიძლება ყოფილიყო კიდევ ერთი მძიმე უარყოფითი მხარე მათთვის ამ ახალ წესრიგში, რომელიც ჯერ არც გამოეცადათ, მაშინ, როდესაც ძველი წსერიგი კარგად იცოდნენ და მასში ისე კარგად ერკვეოდნენ, რომ ბევრ მათგანს ისევ სურდა მისი დაბრუნება. ერთი ასაკოვანი ებრაელი პოლიტიკანი ბანუ კაინუა'იდან, კარგად დახელოვნებული იმაში, თუ როგორც უნდა დაეთესა შუღლი არაბულ ტომებს შორის, განსაკუთრებით გაღიზიანებული იყო ავსსა და ხაზრაჯს შორის ამ ახალი მეგობრობით. ამიტომაც ის თავისი ტომის ახალგაზრდებს, რომლებსაც ლამაზი ხმა ჰქონდათ, ავალებდა, წასულიყვნენ და და დამსხდარიყვნენ ანსარებთან, როდესაც ისინი ერთად იკრიბებოდნენ, და მათ წინაშე წარმოეთქვათ ის ლექსები, რომლებიც დაიწერა ორივე ტომის წარმომადგენელთა მიერ უშუალოდ ბუ‛ასის, სამოქალაქო ომის ყველაზე ბოლო ბრძოლის, შემდეგ - მტრის შეურაცხმყოფელი ლექსები, რომლებიც ადიდებდა გმირობას, მიცვალებულთა დატირებანი, შურისძიების მუქარა. ახალგაზრდები სწორედ ისე მოიქცნენ, როგორც მან დაარიგა, რამაც მალე გამოიღო შედეგი და მიი პყრო შეკრებილთა ყურადღება, რადგანაც ისინი აწმყოდან წარსულში გადაიყვანა. ავსის წარმომადგენლებმა მხურვალე ოვაციები არ დაიშურეს თავიანთი პოეზიისათვის, ხაზრაჯელებმა კი იგივე ენთუზიაზმი გამოავლინეს საკუთარი ლექსებისადმი. შემდეგ კამათი დაიწყეს, იკვეხნიდნენ, ერთმანეთს ლანძღავდნენ და ემუქრებოდნენ, სანამ საბოლოოდ არ ამოხეთქა შეძახილმა: „იარაღი! იარაღი!“ და ისინი წავიდნენ ლავიან კრატერში, რათა ხელმეორედ შებრძოლებოდნენ ერთმანეთს. როდესაც ეს ამბავი წინასწარმეტყველმა შეიტყო, მან სასწრაფოდ შეკრიბა ყველა მუჰაჯირი, ვისაც კი ხმა მიაწვდინა, და დაუყოვნებლივ გაეშურა იქ, სადაც მოშუღლენი უკვე საბრძოლოდ გამზადებულიყვნენ. „მუსლიმებო,“ მიმართა მათ, შემდეგ კი ორჯერ წარმოთქვა ღვთიური სახელი, ალლაჰ, ალლაჰ. „თქვენ ისე მოიქცევით,“ განაგრძო მან, „როგორც თქვენი უმეცრების დღეებში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე მე ვარ თქვენში, ღმერთმა გიჩვენათ ჭეშმარიტი გზა ისლამისაკენ და ამით პატივი დაგდოთ, ამიტომაც საშუალება მოგცათ, შეგეწყვიტათ თქვენი წარმართული წესები და ასე დაგეღწიათ თავი ურწმუნოებისათვის, ასე გააერთიანა თქვენი გულები?“ და, როგორც კი მიხვდნენ, რომ ისინი შეაცდინეს, მათ იტირეს, ერთმანეთს გადაეხვივნენ და წინასწარმეტყველთან ერთად ქალაქში დაბრუნდნენ, ახლა უკვე ყურადღებითა და მორჩილებით მისი სიტყვების მიმართ.6

იმ მიზნით, რომ მორწმუნეთა საზოგადოება კიდევ უფრო მყარად გაეერთიანებინა, ახლა წინასწარმეტყველმა დააწესა დაძმობილების პაქტი ანსარებსა და მუჰაჯირებს შორის, ასე რომ ყოველ ანსარს უნდა ჰყოლოდა მუჰაჯირი ძმა, რომელიც მასთან ყველაზე უფრო ახლოს იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი ანსარი, და ყოველ მუჰაჯირს უნდა ჰყოლოდა ანსარი ძმა, რომელიც მასთან ყველაზე უფრო ახლოს იქნებოდა, ვიდრე ნებისმიერი მუჰაჯირი. მაგრამ მან გამონაკლისი დაუშვა თავისთვის და თავისი ოჯახისათვის, რადგანაც ძალიან შესაშური იქნებოდა და მტრულ გრძნობას გამოიწვევდა, რომ მას ძმად შეერჩია ერთ-ერთი ანსარი და უარი ეთქვა სხვების ძმობაზე, ამიტომაც მან ხელი წაავლო ‛ალის და თქვა: „ეს არის ჩემი ძმა“; ხოლო ჰამზა კი ზეიდს დაუძმობილა.

ისლამის მთავარ მოწინააღმდეგეთაგან იყო ორი პიროვნება, ისინი დეიდაშვილები იყვნენ, მაგრამ მამის მხრიდან ერთი ავსელი იყო, მეორე კი ხაზრაჯელი. ორივეს ძალინ დიდი გავლენა ჰქონდა თავის ტომში. ავსის კაცს, სახელად აბუ ‛ამირს, ხანდახან „ბერს“ ეძახდნენ, რადგანაც ის დიდი ხანია, რაც ასკეტურად ცხოვრობდა და ცნობილი იყო, რომ ატარებდა შალის ტანსაცმელს. ის ამტკიცებდა, აბაამის რელიგიის მიმდევარი ვარო, და მოი პოვა გარკვეული რელიგიური ავტორიტეტი იასრიბის ხალხში. იგი მივიდა წინასწარმეტყველთან საკმაოდ მალევე იასრიბში მისი ჩასვლიდან აშკარად იმიტომ, რომ უნდოდა ეკითხა ახალი სარწმუნოების შესახებ. მას პასუხი მიეცა გამოცხადების სიტყვებით, რომელმაც ეს ახალი რელიგია არაერთხელ განსაზღვრა, როგორც აბრაამის სარწმუნოება.7 „კი, მაგრამ მე აბრაამის რელიგიისა ვარ,“ თქვა აბუ ‛ამირმა და, მყარად დადგა რა ამ ახალი სარწმუნოების უარყოფის გზაზე, წინასწარმეტყველი დაადანაშაულა იმაში, რომ მან გააყალბა აბრაამის სარწმუნოება. „არ გამიყალბებია,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „არამედ მე ის მოვიტანე გამჭვირვალედ და წმინდად.“ „მაშ, ღმერთმა დაღუპოს მატყუარა მარტოდმარტო განდეგილობასა და ლტოლვილობაში!“ თქვა აბუ ‛ამირმა. „ასე იყოს!“ უპასუხა წინასწარმეტყველმაც, „სწორედ ასე დამართოს ღმერთმა მას, ვინც ცრუობს!“8

აბუ ‛ამირმა ნახა, რომ მისი ავტორიტეტი სწრაფად ეცემოდა; ის კიდევ უფრო გამწარდა იმით, რომ მისი ვაჟი, ჰანზალა, წინასწარმეტყველის ერთგული გახდა. ეს ცოტა ხნით ადრე მოხდა, სანამ გადაწყვეტდა, რომ თავისი დარჩენილი მიმდევარნი, სულ დაახლოებით ათი, წაეყვანა მექაში, ალბათ არ იცოდა, რომ სწორედ ეს იყო დასაწყისი მის საკუთარ წყევლაში გამოხატული დევნილობისა.

აბუ ‛ამირის ხაზრაჯელი დეიდაშვილი იყო ‛აბდ ალლაჰ იბნ უბაი, რომელიც ასევე გაღიზიანებული იყო წინასწარმეტყველის ჩამოსვლით, არა იმიტომ, რომ მან სულიერი ძალაუფლება დაკარგა, არამედ იმიტომ, რომ დაკარგა დროებითი მთავარი ძალაუფლება იასრიბის ოაზისში. ისიც გამწარებული იყო იმით, რომ ხედავდა, როგორ მიემხრო წინასწარმეტყველს მისი ვაჟი, ‛აბდ ალლაჰი, და ასევე ქალიშვილი ჯამილაც. მაგრამ, განსხვავებით აბუ ‛ამირისაგან, იბნ უბაი მზად იყო, მოეცადა, რადგანაც ფიქრობდა, ახლად მოსულის უსაზღვრო ზეგავლენა ოდესმე შესუსტდებოდა. პარალელურად მისი პოლიტიკა იყო, რაც შეიძლება, ნეიტრალური ყოფილიყო, მაგრამ ხანდახან ძალაუნებურად გასცემდა თავის გრძნობებს.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც ხაზრაჯის სხვა ბელადი, სა‛დ იბნ ‛უბადა, ავად გახდა და წინასწარმეტყველი მის მოსანახულებლად წავიდა. ოაზისის ყველა მდიდარ კაცს თავისი სახლი ციხესიმაგრესავით ჰქონდა აშენებული. გზად მუჰამედმა ჩაუარა მუზაჰამს, იბნ უბაის ციხეს, რომლის კედელთა ჩრდილში თვითონ პატრონი იჯდა და გარს ეხვია თავისი კლანის რამდენიმე წევრი და ასევე სხვა ხაზრაჯელები. მისი ბელადობისადმი პატივისცემის ნიშნად წინასწარმეტყველი ჩამოხდა თავისი სახედრიდან, წავიდა და მიესალმა, მის საზოგადოებაში ჩამოჯდა, წარმოთქვა ყურანი და შესთავაზა, ისლამი მიეღო. როდესაც თქვა ყველაფერი, რის საჭიროებასაც გრძნობდა, იბნ უბაი მიუბრუნდა და უთხრა: „არაფერი იქნებოდა იმაზე უკეთესი, რომ შენი ეს მთელი სიტყვა სიმართლე იყოს. მაშ, დაჯექი შინ, შენს საკუთარ სახლში, და, ვინც შენთან მოვა, იმას უქადაგე ასე, მაგრამ, ვინც არ მოვა, იმას ნუ მოაბეზრებ თავს შენი საუბრით, ნურც მის კრებულში შეხვალ იმით, რაც მას არ მოსწონს.“ „არა,“ გაისმა ხმა, „მოდი ამითი ჩვენთან ჩვენს თავყრილობებზე და გვესტუმრე ჩვენს უბნებსა და სახლებში, რადგანაც ჩვენ ეს გვიყვარს, ის, რაც ღმერთმა მოგვცა თავისი სიუხვით, და ასე გაგვიძღვა ჭეშმარიტი გზისაკენ.“ ეს ‛აბდ ალლაჰ იბნ რავაჰა იყო, კაცი, რომელზეც იბნ უბაი ფიქრობდა, რომ შეეძლო, მისგან მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა ნებისმიერ მომენტში. იმედგაცრუებულმა ბელადმა ახლა განაწყენებით წარმოთქვა ლექსი იმასთან დაკავშირებით, რომ, როდესაც ვინმეს მეგობრები ტოვებენ, იგი თავს დათრგუნულად გრძნობს. ახლა მან გაცილებით უკეთ, ვიდრე ოდესმე, გაიგო, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა. რაც შეეხება წინასწარმეტყველს, იგი მას გაეცალა ღრმად დამწუხრებული, მიუხედავად ‛აბდ ალლაჰის მხურვალე ღვაწლისა; და, როდესაც ავადმყოფი კაცის სახლში შევიდა, კატეგორიული უარი, რომელიც ცოტა ხნის წინ მიეღო, ჯერ ისევ სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი. სა‛დმა მაშინვე ჰკითხა, რა აღელვებდა, და, როდესაც მუჰამედმა უთხრა იბნ უბაის შეუღწევადი ურწმუნოების შესახებ, მან თქვა: „მოთმინებით მოეპყარი მას, ღმერთის მოციქულო, რადგანაც, როდესაც ღმერთმა მოგიყვანა შენ ჩვენთან, თვით მაშინაც კი ჩვენ ვამზადებდით მისთვის დიადემას, რომელიც თავზე უნდა დაგვედგა; ახლა კი ხედავს, რომ შენ მას წაართვი მეფობა.“

წინასწარმეტყველი არასოდეს ივიწყებდა ამ სიტყვებს. რაც შეეხება იბნ უბაის, მან მალე დაინახა, რომ მისი გავლენა, ერთ დროს მეტად დიდი, ახლა სწრაფად იკლებდა და, თუ ის ისლამს არ მიიღებდა, საერთოდაც გაქრებოდა ეს გავლენა. მეორე მხრივ, მან იცოდა, რომ ისლამის ნომინალური მიღება მას განამტკიცებდა თავის ძალაუფლებაში, რადგანაც არაბებს არ სჩვეოდათ თავიანთი ძველი კავშირების გაწყვეტა, თუ ამის გასაკეთებლად რაიმე დიდად სერიოზული მიზეზი არ იქნებოდა. ასე რომ, იმ ამბის შემდეგ დიდი დრო არ გასულიყო, რომ მან გადაწყვიტა, ისლამი მიეღო; მაგრამ, მართალია, ფორმალური დაპირება მისცა წინასწარმეტყველს და შემდეგ რეგულარულად დადიოდა ლოცვებზეც, მორწმუნეები არასოდეს იყვნენ მასში დარწმუნებულნი. იყვნენ სხვებიც, რომლებზეც ასეთივე ეჭვები ჰქონდათ, მაგრამ იბნ უბაი მაინც განსხვავდებოდა მთელი იმ ინდიფერენტული თუ არაგულწრფელი მოქცეულიების უმეტესობისაგან იმ მიზეზით, რომ შორს მიმავალი გავლენა ჰქონდა, რაც მას ყველაზე უფრო საშიშად აქცევდა.

პირცველი თვეების განმავლობაში, როდესაც მეჩეთი ისევ შენდებოდა, მორწმუნეთა საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა ას‛ადის გარდაცვალებით. ეს იყო პირველი კაცი ოაზისიდან, ვინც ერთგულების ფიცი მისცა წინასწარმეტყველს. ეს ის იყო, ვინც უმასპინძლა მუს‛აბს და ვინც ესოდენ ახლოს ითანამშრომლა მასთან იმ ერთი წლის განმავლობაში, რომელიც იყო ორ ‛აკაბას შორის. წინასწარმეტყველმა თქვა: „ებრაელები და წარმართი არაბები აუცილებლად იტყვიან ჩემზე: `ის რომ წინსწარმეტყველი იყოს, მისი მეგობარი არ მოკვდებოდა.' და, მართლაც, ჩემი საკუთარი სურვილი არაფერს არ ამაცილებს არც მე და არც ჩემს მეგობარს ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ.“ 9

შესაძლოა, სწორედ ას‛ადის დაკრძალვაზე შედგა სალმან სპარსისა და წინასწარმეტყველის მეორე შეხვედრა, რადგანაც სალმანი თვითონ ასე აღუწერდა ამ შეხვედრას მოგვიანო წლებში ‛აბბასის ვაჟს: „მე წავედი ღმერთის მოციქულთან, როდესაც ის იყო ბაკი ალ-ღარკადში,10 სადაც ის მიჰყვებოდა ერთ-ერთი თავისი მეგობრის დამკრძალავ ეტლს.“ სალმანმა იცოდა, მუჰამედი იქ იქნებოდა, ამიტომაც მოახერხა სამუშაოდან წასვლა ისეთ დროს, რომ სასაფლაოზე მისულიყო დაკრძალვის შემდეგ, როდესაც წინასწარმეტყველი ჯერ კიდევ იჯდა იქ რამდენსამე ანსართან და მუჰაჯირთან ერთად. „მე მას მივესალმე,“ ყვებოდა სალმანი, „შემდეგ შემოვუარე, რათა დამენახა ნიშანი. მან იცოდა, რაც მსურდა, ამიტომაც მოეჭიდა თავის მოსასხამს და ზურგიდან მოიძრო, მე კი დავინახე წინასწარმეტყველის ნიშანი ზუსტად ისე, როგორც ეს ჩემმა ბატონმა აღმიწერა. მე მისკენ გადავიხარე, ვეამბორე და ვიტირე. შემდეგ ღმერთის მოციქულმა მითხრა, მის წინ დავბრუნებულიყავი. მე დავემორჩილე, წინ დავუჯექი და ჩემი ამბავი ვუამბე. იგი კმაყოფილი იყო, რომ ეს ესმოდათ მის მეგობრებსაც. შემდეგ ისლამი მივიღე.“11 მაგრამ სალმანი ძალიან იყო დაკავებული სამუშაოთი, როგორც მონა, ბანუ კურაიზაში, ამიტომაც შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მას მხოლოდ მცირე კონტაქტის საშუალება ჰქონდა თავის მოძმე მუსლიმებთან.

კიდევ ერთი კაცი წიგნის ხალხიდან, ვინც ისლამი მიიღო იმ დროს, იყო რაბინი ბანუ კაინუკა'იდან, სახელად ჰუსაინ იბნ სალამი. ის საიდუმლოდ მივიდა წინასწარმეტყველთან და ერთგულების ფიცი მისცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მას დაარქვა ‛აბდ ალლაჰი. ახლად მოქცეულმა ურჩია, რომ, სანამ მისი ისლამი ცნობილი გახდებოდა, მისივე ხალხისათვის უნდა ეკითხათ მათ შორის მისი მდგომარეობის შესახებ. წინასწარმეტყველმა ის დამალა თავის სახლში და კაინუკა'ის რამდენსამე წარჩინებულ კაცს სთხოვა, მასთან მისულიყვნენ. „ის ჩვენი ბელადია,“ თქვეს მათ პასუხად მუჰამედის შეკითხვაზე, „და შვილი ჩვენი ბელადისა; ის არის ჩვენი რაბინი და სწავლული კაცი.“ შემდეგ ‛აბდ ალლაჰი გამოვიდა მათ წინაშე და თქვა: „ებრაელნო, გეშინოდეთ ღმერთის, მიიღეთ, რაც მან გამოგიგზავნათ, რადგანაც იცით, რომ ეს კაცი ღმერთის მოციქულია.“ შემდეგ დაადასტურა თავისი ისლამი და ასევე თავისი ოჯახისა; მისმა ხალხმა ის გალანძღა, უარყო მათ შორის მისი კარგი მდგომარეობა, რასაც მანამდე ადასტურებდნენ თვითონვე.

ისლამი უკვე მყარად დამკვიდრდა ოაზისში. გამოცხადებამ ახლა დაადგინა მოწყალების გაღება და მარხვა რამადანის თვეში, ასევე განმარტა, ზოგადად რა იყო აკრძალული და რა - ნებადართული. დღის ხუთი ლოცვა რეგულარულად სრულდებოდა კონგრეგაციაში, როდესაც ყოველი ლოცვის დრო დგებოდა, ხალხი იკრიბებოდა იმ ადგილას, სადაც მეჩეთი შენდებოდა. დროს ყველა განსაზღვრავდა ცაში მზის პოზიციიდან გამომდინარე, ან მისი სინათლის პირველი ნიშნების მიხედვით აღმოსავლეთის ჰორიზონტზე, ანდა მისი ელვარების გაფერმკრთალებით მზის ჩასვლის დროს დასავლეთის მხარეს; მაგრამ არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომაც წინასწარმეტყველმა იგრძნო აუცილებლობა იმისა, რომ უნდა მოეწოდებინა ხალხისათვის, რათა ელოცათ, როდესაც შესაბამისი დრო დადგებოდა. პირველად მან იფიქრა, დაედგინა კაცი, ვინც საყვირს ჩაჰბერავდა, როგორც ამას ებრელები აკეთებდნენ, მაგრამ შემდეგ უპირატესობა მიანიჭა ხის გონგს, ნაკუსს, როგორსაც აღმოსავლელი ქრისტიანები იყენებდნენ იმხანად. ამ მიზნით ხის ორი ნაჭერი ერთად დაამაგრეს. მაგრამ მათ არ ეწერათ გამოყენება, რადგანაც ერთ ღამეს ერთმა ხაზრაჯელმა, სახელად ‛აბდ ალლაჰ იბნ ზეიდმა, რომელიც მეორე ‛აკაბაზე იყო ნამყოფი, ნახა სიზმარი. მეორე დღეს წინასწარმეტყველს დაწვრილებით უამბო: „ვიღაც კაცმა ჩამიარა, მას ორმაგი მწვანე სამოსი ემოსა, თან ნაკუსი მოჰქონდა, და მე ვუთხარი: „ღვთის მონავ, მომყიდი მაგ გონგს?“ „რაში გჭირდება?“ მკითხა. „მისი გამოყენებით ხალხს სალოცავად მოვუწოდებთ,“ ვუპასუხე. „არ გინდა, უკეთესი გზა გიჩვენო?“ მკითხა. „და რაა ეს უკეთესი გზა?“ ვკითხე. მან მი პასუხა: „ის, რომ უნდა თქვათ: დიდ არს ალაჰი, ალლაჰუ აქბარ.“ მწვანეში ჩაცმულმა კაცმა ეს დიდებული სიტყვები ოთხჯერ გაიმეორა, შემდეგ კი მომდევნო სიტყვათაგან თითოეული ორ-ორჯერ თქვა: მე ვადასტურებ, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა:

მე ვადასტურებ, რომ მუჰამედი ღმერთის მოციქულია; მოდით სალოცავად, მოდით გადასარჩენად; დიდ არს ალაჰი; შემდეგ კი კიდევ ერთხელ: არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა. წინასწარმეტყველმა თქვა, რომ ეს იყო ჭეშმარიტი ხილვა, ამიტომაც ‛აბდ ალლაჰი გაგზავნა ბილალთან, რომელსაც შესანიშნავი ხმა ჰქონდა. დაავალა, მისთვის ესწავლებინა ეს სიტყვები ზუსტად ისე, როგორც სიზმრად მოისმინა. ყველაზე მაღალი სახლი მეჩეთის სიახლოვეს ეკუთვნოდა ნაჯჯარის კლანის ერთ ქალს. ბილალი იქ მიდიოდა ხოლმე ყოველი განთიადის წინ, სახურავზე ჯდებოდა და ელოდა, როდის ინათებდა. როდესაც მტრედისფერი სინათლე გამოჩნდებოდა აღმოსავლეთით, ის ხელებს გაშლიდა და ლოცვის ტონით ამბობდა: „ღმერთო, მე გადიდებ შენ და გთხოვ, დაეხმარო კურეიშელებს, რათა მათ მიიღონ შენი სარწმუნოება.“ შემდეგ დადგებოდა და ხმამაღლა მოუწოდებდა ლოცვისაკენ.

_____________________

1. II, 2-5.

2. II, 8, 14.

3. იგულისხმება ბიბლია.

4. II, 109.

5. ი.ი. 361.

6. ი.ი. 386.

7. ი.ი. 135.

8. ი.ი. 41-2.

9 ი.ი. 346.

10. სასაფლაო მედინის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა ტერიტორიაზე.

11. ი.ი. 141; ი.ს. IV, 56.

40 XL. ახალი სახლი

▲ზევით დაბრუნება


როდესაც მეჩეთი თითქმის დასრულებული იყო, წინასწარმეტყველმა გასცა ბრძანება, ორი პატარა საცხოვრებელი მიეშენებინათ აღმოსავლეთის კედლისათვის, ერთი მისი ცოლის, სავდასათვის, მეორე კი მისი საცოლე ‛ა'იშასათვის. მთლიანად შენობის აგებას შვიდი თვე დასჭირდა და იმ დროის განმავლობაში მუჰამედი აბუ აჲჲუბთან ცხოვრობდა. მაგრამ, როდესაც სავდას სახლი თითქმის უკვე მზად იყო, მან გაგზავნა ზეიდი, რათა იგი მედინაში ჩამოეყვანა და მასთან ერთად უმმ ქულსუმი და ფატიმაც; აბუ ბაქრმა კი თავის ვაჟს, ‛აბდ ალლაჰს, შეუთვალა, რომ ჩამოეყვანა უმმ რუმანი, ასმა'ი და ‛ა'იშა. იმავე დროს ზეიდმა ჩამოიყვანა თავისი ცოლი, უმმ აიმანი, და პატარა ვაჟიშვილი, უსამა. ტალჰაც მათ გაჰყვა, გაყიდა მთელი თავისი უძრავი ქონება მექაში და ახლა აღასრულა ჰიჯრა. სულ ცოტა დრო იყო გასული ამ ჯგუფის ჩამოსვლიდან, რომ აბუ ბაქრმა ასმა'ი მიათხოვა ზუბაირს, რომელიც დედამის საფიჲჲასთან ერთად უკვე რამდენიმე თვე იყო, რაც მედინაში დამკვიდრებულიყო. აბუ ბაქრის და, კურაიბა, მექაში დარჩა, რათა მოევლო მამისათვის, აბუ კუჰაფასათვის, რომელიც მოხუცი და ბრმა იყო. კურაიბასაგან განსხვავებით, მას ჯერ არ ჰქონდა მიღებული ისლამი.

ახლა წინასწარმეტყველმა გადაწყვიტა, რომ, უმმ აიმანის გარდა, ზეიდს მეორე ცოლიც უნდა ჰყოლოდა, ისეთი, რომელიც უფრო ახლოს იქნებოდა მასთან ასაკით,ამიტომაც თავის ბიძაშვილ ‛აბდ ალლაჰს,ჯაჰშის ძეს,სთხოვა მისი ლამაზი დის, ზეინაბის, ხელი. პირველად ზეინაბი უარზე იყო და საამისო საფუძველიც ჰქონდა, როგორც გაირკვა. თუმცა მიზეზი, რომელსაც ასახელებდა, კერძოდ კი ის, რომ იგი კურეიშის ქალი იყო, არადამაჯერებელი ჩანდა. დედამისი, უმაიმა, კურეიშის პირდაპირი შათმომავალი ორივე მხრიდან, ცოლად გაჰყვა ასადის კაცს; და, არაფერი რომ ვთქვათ ზეიდის მიერ კურეიშში გადასვლაზე, ნამდვილად ვერავინ ვერ იტყოდა, რომ მისი მშობლების ტომები, ბანუ ქალბი და ბანუ ტაჲჲ, ნაკლები იყო ასადზე. თანაც, როდესაც დაინახა, რომ ეს წინასწარმეტყველის სურვილი იყო, ცოლად გაჰყოლოდა ზეიდს, თანხმობა განაცხადა და ქორწინებაც შედგა. დაახლოებით იმავე დროს ზეინაბის და, ჰამნა, მიათხოვეს მუს‛აბს. ცოტა ხნის შემდეგ კი უმაიმა ჩავიდა მედინაში და ერთგულების ფიცი მისცა წინასწარმეტყველს.

წინასწარმეტყველი და მისი ქალიშვილები ახლა საცხოვრებლად გადავიდნენ სავდასთან მის ახალ სახლში; ერთი თუ ორი თვის შემდეგ გადაწყდა, რომ ‛ა'იშას ქორწილიც უნდა შემდგარიყო. მაშინ ის მხოლოდ ცხრა წლის იყო, შთამბეჭდავი სილამაზის ბავშვი, რაც მოსალოდნელიც იყო, მისი მშობლების გარეგნობიდან გამომდინარე. კურეიშმა მამამისს შეარქვა ‛ათიკი და ზოგიერთი ამბობდა, რომ ეს მისი სახის სილამაზის გამო მოხდა.1 დედამისის შესახებ კი წინასწარმეტყველმა თქვა: „ვისაც უნდა იხილოს, როგორები არიან სამოთხის დიდთვალება ჰურიები, შეხედოს უმმ რუმანს.“2 ‛ა'იშასათვის წინასწარმეტყველი დიდი ხნის განმავლობაში მეტად ახლობელი და ძალიან ძვირფასი იყო. იგი მიჩვეული იყო, რომ მას ყოველდღიურად ხედავდა, გარდა იმ პერიოდისა, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა და წინასწარმეტყველი და ‛ა'იშას მამა უკვე მედინაში გადასახლებულიყვნენ, გოგონა და დედამისი კი ჯერ ისევ მექაში იმყოფებოდნენ. თავისი უადრესი წლებიდან გოგონა ხედავდა, რომ მშობლები მუჰამედს ისეთი სიყვარულითა და მოწიწებით ექცეოდნენ, როგორც სხვა არავის. მათ არც ის გამორჩენიათ, ამის მიზეზი განემარტათ ქალიშვილისათვის: ბავშვმა კარგად იცოდა, რომ მუჰამედი ღმერთის მოციქული იყო, მას სისტემატურად ესაუბრებოდა ანგელოზი გაბრიელი, ის უნიკალური იყო ცოცხალ ადამიანთა შორის, რადგანაც ზეცად აიჭრა და იქიდან შემდგომ დედამიწაზე დაბრუნდა. უბრალოდ მისი ყოფნა, არსებობა მეტყველებდა ამ ამაღლებაზე, გარშემომყოფებს ამცნობდა სამოთხის სიხარულის რაღაც ნაწილს. მის სასწაულებრივ შეხებაში კი ეს სიხარული თვით მატერიალურადაც კი იქცეოდა. მაშინ, როდესაც სხვები სიცხისაგან იყვნენ გათანგულნი, მისი ხელი იყო «უფრო გრილი, ვიდრე თოვლი, და უფრო სურნელოვანი, ვიდრე მუშკი.“3 მეტიც, ასე ჩანდა, რომ დრო მასზე არ მეფობდა, თითქოს უკვდავი იყო. მის თვალებს ოდნავადაც არ მოჰკლებია ელვარება, შავ თმასა და წვერს ისევ ახალგაზრდული ბზინვარება ჰქონდა, ხოლო სხეულს შეენარჩუნებინა გრაციოზულობა კაცისა, რომლის ასაკიც შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ნახევარი იმ ორმოცდაცამეტი წლისა, რაც სპილოს წლიდან გასულიყო.

ქორწილისათვის მცირე სამზადისი შედგა - ყოველ შემთხვევაში, არასაკმარისი საიმისოდ, რომ ‛ა'იშას ეგრძნო რაღაც დიდებული და საზეიმო მოვლენის მოახლოება, ამიტომაც ცოტა ხნით ადრე, სანამ სახლიდან გასვლის დრო დადგებოდა, იგი ეზოში გასხლტა, რათა იქ ეთამაშა გემვლელ მეგობართან. მისივე სიტყვებით: „მე ვთამაშობდი და გრძელი ტალღოვანი თმა ჩამოშლილი მქონდა. ისინი მოვიდნენ, თამაშისათვის თავი დამანებებინეს, წამიყვანეს და მომამზადეს.“ 4

აბუ ბაქრს ბაჰრეინში ეყიდა წითელზოლებიანი ძვირფასი მატერია და ახლა სწორედ ამ მატერიისაგან ‛ა'იშას გაუმზადეს საქორწინო კაბა. ასეთ სამოსში გამოაწყვეს. შემდეგ დადამისმა წაიყვანა ახლად აშენებულ სახლში, სადაც რამდენიმე ანსარი ქალი იცდიდა კარს გარეთ. ისინი გოგონას მიესალმნენ სიტყვებით: «სიკეთე და ბედნიერება - ყველაფერი კარგად იყოს!» შემდეგ წინასწარმეტყველთან შეიყვანეს. იგი იდგა და იღიმებოდა, სანამ ბავშვს ვარცხნიდნენ და კაზმავდნენ. განსხვავებით მისი სხვა ქორწინებებისაგან, ამჯერად არ იყო დაგეგმილი საქორწინო ნადიმი. მოვლენამ მაქსიმალურად სადად ჩაიარა. მოიტანეს რძით სავსე სასმისი, მუჰამედმა ჯერ თვითონ დალია, შემდეგ კი ‛ა'იშას შესთავაზა. გოგონამ მორცხვად განაცხადა უარი, მაგრამ, წინასწარმეტყველმა სასმისი ახლოს მიუტანა და აიძულა, დაელია, შემდეგ კი ჭურჭელი გადასცა მის დას, ასმა'ს, რომელიც იქვე გვერდით იჯდა. სხვებმაც დალიეს იმავე სასმისიდან; შემდეგ ყველანი თავიანთ სახლებში წავიდნენ, სიძე-პატარძალი კი მარტო დატოვეს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში იშვიათად თუ ჩაივლიდა დღე ისე, რომ ‛ა'იშას ერთი ან ორი მეგობარი არ მისულიყო მასთან იმ ეზოში, რომელიც მამამისის სახლს ეკვროდა. წინასწარმეტყველის სახლში გადასვლას არაფერი არ შეუცვლია ამ თვალსაზრისით. ახლა მეგობრები ყოველდღე მოდიოდნენ ‛ა'იშას სანახავად მის საკუთარ სახლში - ახალი მეგობრები, ვინც მედინაში ჩამოსვლის დღიდან შეიძინა, და ასევე ზოგიერთი ძველიც, რომელთა მშობლებიც, მისი დედ-მამის მსგავსად, მექიდან მედინაში გადასახლებულიყვნენ. „მე ვთამაშობდი თოჯინებით,“ ყვებოდა ‛ა'იშა, „გოგონებთან, რომლებიც ჩემი მეგობრები იყვნენ. როდესაც წინასწარმეტყველი შემოვიდოდა, ისინი სახლიდან იპარებოდნენ, ჩვენ კი გავდიოდით, მათ გავეკიდებოდით და უკან შემოგვყავდა, რადგანაც წინასწარმეტყველს უხაროდა, რომ ისინი ჩემთან იყვნენ.“5 ზოგჯერ მათ ვეუბნებოდი: „დარჩით, სადაც ხართ,“6 სანამ განძრევას მოასწრებდნენ. ხან წინასწარმეტყველიც ეთამაშებოდა მათ, რადგანაც უყვარდა ბავშვები და ხშირად უთამაშია თავის საკუთარ ქალიშვილებთან. თოჯინებს მრავალი განსხვავებული როლი ეკისრებოდათ. „ერთ დღეს,“ ყვებოდა ‛ა'იშა, „წინსაწარმეტყველი შემოვიდა, როდესაც მე თოჯინებით ვთამაშობდი, და მკითხა: „‛ა'იშა, ეს რა თამაშია?“ მე ვუპასუხე: „ეს სოლომონის ცხენებია“, და მან გაიცინა.“7 მაგრამ ზოგჯერ, როდესაც შემოვიდოდა, წინასწარმეტყველი მხოლოდ მოსასხამს შემოიხვევდა, რათა ხელი არ შეეშალა მათთვის.

‛ა'იშას ცხოვრებას ჰქონდა თავისი უფრო სერიოზული მხარეც. იასრიბი მთელ არაბეთში ცნობილი იყო ისეთ ადგილად, სადაც გარკვეულ სეზონებზე ციებ-ცხელების დიდი საშიშროება არსებობდა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ოაზისის ადგილობრივი მკვიდრი არ იყო. თვითონ წინასწარმეტყველი გადაურჩა ამ ციებ-ცხელებას, მაგრამ ავადმყოფობა თავს დაატყდა მის ბევრ მეგობარს, მათ შორის, აბუ ბაქრსა და მის ორ ყოფილ მონას, ‛ამირსა და ბილალს, რომელთათვისაც თავისუფლება ებოძებინა და მაშინ ისინი მასთან ცხოვრობდნენ. ერთხელ დილით ‛ა'იშა წავიდა თავისი მამის მოსანახულებლად და დათრგუნული დარჩა, როდესაც სამი მწოლიარე კაცი ასე დასუსტებული და მიშვებული იხილა. „მამაჩემო, როგორა ხარ?“ ჰკითხა მან აბუ ბაქრს, მაგრამ ის ძალიან ცუდად იყო საიმისოდ, რომ სათანადო პასუხი გაეცა ცხრა წლის გოგონასათვის, ამიტომაც უპასუხა ლექსით:

„ყოველი კაცი ყოველ დილით თავის ახლობლებთან ერთად ესალმება კარგ დღეს, სიკვდილი კი იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე მისი სანდლის თასმა.“ გოგონამ იფიქრა, კაცს თვითონაც არ ესმოდა, რას ლაპარაკობდა, ამიტომაც მიუბრუნდა ‛ამირს, რომელმაც ასევე ლექსად უპასუხა, რადგანაც, მართალია, სინამდვილეში არ კვდებოდა, მაგრამ სიკვდილთან მაინც იმდენად ახლოს იყო, რომ უკვე კარგად იცოდა, როგორი იყო ის. ამასობაში სიცხემ გადაუარა ბილალს, თუმცაღა მაინც ძალიან ცუდად იყო და სხვა არაფერი შეეძლო, თუ არა სახლის ეზოში წამოწოლა. მაგრამ მის ხმას ჯერ კიდევ შერჩენოდა საკმარისი ძლიერება საიმისოდ, რომ ეგალობა:

„კიდევ გავათევ ოდესმე ღამეს იმ კვლიავებს შორის, რომლებიც მექის მახლობლად იზრდება, და დავლევ მაჯანნას8 წყალს და ჩემს წინაშე ვიხილავ შამასა და ტაფილს?“9

‛ა'იშა სახლში დიდად შეწუხებული დაბრუნდა. „ისინი ბოდავენ,“ თქვა მან, „ციებ-ცხელების სიცხისაგან ჭკუიდან გადასულან.“ მაგრამ მუჰამედი ცოტა დამშვიდდა, როდესაც ‛ა'იშამ თავისი ბავშვური მყარი მეხსიერების წყალობით თითქმის სიტყვასიტყვით გაუმეორა იმ ლექსების სტრიქონები. გოგონას ხომ კარგად არც ესმოდა, იქ რაზე იყო ლაპარაკი. სწორედ მაშინ ილოცა მუჰამედმა: „ღმერთო, აქციე ჩვენთვის მედინა ისევე ძვირფასად, როგორც მექა, თვით უფრო მეტადაც კი. და აკურთხე ჩვენთვის მისი წყლები და მარცვლეული, განაშორე მას თავისი ციებცხელება ისევე, როგორც მაჰჲა‛აა200 10 მისგან შორს.“11 და ღმერთმა შეისმინა წინასწარმეტყველის ვედრება.

___________________________

1. ი.ჰ. 161.

2. ი.ს. VII, 202.

3. ბ.LXI, 22.

4. ი.ს. VIII, 40-1.

5. ი.ს. VIII, 42.

6. ი.ს. VIII, 41.

7. იქვე, 42.

8. ადგილი მექის მახლობლად.

9. მექის ორი გორაკი.

10. პუნქტი, რომელიც აქლემით დაახლოებით შვიდი დღის სავალზეა დაცილებული მედინიდან.

11. ი.ი. 414.

41 XLI. ომის ზღვარზე

▲ზევით დაბრუნება


ბრძოლის უფლება ეძლევა მათ, რომელნიც იბრძვიან იმიტომ, რომ ცუდად მოეპყრნენ; და ღმერთს შეუძლია, მისცეს მათ გამარჯვება. ისინი, ვინც გამოიყვანეს თავიანთი სახლებიდან უსამართლოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ამბობდნენ: ჩვენი უფალი ღმერთია.1 წინასწარმეტყველმა ეს გამოცხადება მიიღო მედინაში ჩასვლიდან მალევე. მეტიც, იცოდა, რომ ნებართვა ამ შემთხვევაში ბრძანებას უტოლდებოდა და ომის ვალდებულებები ხაზგასმული იყო ებრაელებთან დადებულ ხელშეკრულებაშიც. მაგრამ იმ მომენტში ლაპარაკი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ მცირე თავდასხმებზე. კურეიშის სუსტი წერტილი იყო ქარავნები, ეს განსაკუთრებით ეხება გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებს, როდესაც ამ ტომის სავაჭრო ურთიერთობები სირიასთან მეტად აქტიურდებოდა. აღნიშნულ პერიოდში მათზე შესაძლო იყო ღია თავდასხმა მედინიდან. შემოდგომასა და ზამთარში კურეიში თავის ქარავნებს ძირითადად სამხრეთში გზავნიდა, უმეტესწილად იემენსა და აბისინიაში.

ინფორმაცია, რომელიც მედინაში მიდიოდა ქარავნების შესახებ, იშვიათად თუ იყო ზედმიწევნით ზუსტი და ამიტომაც ხშირად ხდებოდა საჭირო გეგმის შეცვლა საბოლოო მომენტში. პრინცი პში მექის ქარავნებმა აიცდინეს პირველი თავდასხმები მედინიდან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მუსლიმებმა ხელშეკრულება დადეს ბედუინ ტომებთან სტრატეგიულ პუნქტებში წითელი ზღვის სანაპიროს გაყოლებაზე.

როდესაც წინასწარმეტყველი თვითონ წავიდა, ერთ-ერთი მეგობარი დაადგინა მედინის გამგებლად თავისი არყოფნის პერიოდში. და პირველი, ვისაც ასეთი პატივი ხვდა წილად, იყო ხაზრაჯელი ბელადი, სა‛დ იბნ ‛უბადა. ეს მოხდა ჰიჯრიდან თერთმეტი თვის შემდეგ; მანამდე წინასწარმეტყველს არასოდეს მიუღია მონაწილეობა ექსპედიციებში (სამხედრო ოპერაციებში), ყოველთვის, როდესაც ის ზურგში რჩებოდა, ლიდერს აძლევდა თეთრ დროშას, რომელიც შუბზე იყო წამოცმული. პირველად მან ამ მიზნით დაიწყო მხოლოდ იმ მეგობრების გაგზავნა, ვინც მუჰაჯირები იყვნენ, მაგრამ, 623 წლის სექტემბერში მედინამდე მიაღწია ახალმა ამბავმა იმის შესახებ, რომ მექის ერთ-ერთი ქარავანი ბრუნდებოდა ჩრდილოეთიდან უმაიას, ჯუმაჰის ბელადის, ესკორტის თანხლებით, სადაც ასი შეიარაღებული კაცი იყო. უმაია ყოველთვის იყო ისლამის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მტერი; თავდასხმის მეორე მიზეზი ალაფი გახლდათ. ამბობდნენ, რომ საქონელი 2500 აქლემზე იყო დატვირთული. მხოლოდ მუჰაჯირები ვერ გაუმკლავდებოდნენ ას კურეიშელს, ამიტომაც ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველმა გამოიყვანა ორასი კაცი, რომელთაგან თითქმის ნახევარი ანსარები იყვნენ. თუმცა ინფორმაცია კიდევ ერთხელ არაზუსტი აღმოჩნდა და შეტაკება არ შედგა. დაახლოებით სამი თვის შემდეგ მათ ისევ გაუშვეს ხელიდან მდიდარი ქარავანი, რომელიც ნაკლებად დაცული იყო. ის შამსელ აბუ სუფიანს მიჰყავდა სირიაში. ამის შესახებ ცნობამ ძალიან დააგვიანა და, როდესაც წინასწარმეტყველმა და მისმა ხალხმა მიაღწიეს იანბუ‛ის ველამდე, რომელიც მედინის სამხრეთით წითელი ზღვის სანაპიროზე იშლება, ქარავანს უკვე ჩაევლო. მაგრამ აბუ სუფიანი მალე ისევ დაბრუნდებოდა სირიიდან, ალბათ, კიდევ უფრო მდიდარი ტვირთით და შემდეგ, თუ ღმერთი ინებებდა, ისინი აღარ გაუშვებდნენ ხელიდან და დროულად ჩასაფრდებოდნენ.

მართალია, ჯერ რაიმე ბრძოლა არ მომხდარიყო, მაგრამ კურეიში უკვე შეშფოთებული იყო, რომ მისი მტერი დამკვიდრდა იასრიბში. თუმცა მაინც დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს არანაირად არ მოახდენდა რაიმე ზეგავლენას სამხრეთთან მათ ვაჭრობაზე. მაგრამ მალევე გაუცრუვდათ იმედი, რადგანაც ახლა წინასწარმეტყველმა შეიტყო, რომ ერთი ქარავანი ბრუნდებოდა იემენიდან, და მან თავისი ბიძაშვილი, ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯაჰში, კიდევ სხვა რვა მუჰაჯირთან ერთად გაგზავნა, რათა დახვედროდნენ ამ ქარავანს ნახლასთან, ტა'იფსა და მექას შორის. რაჯაბი იდგა, წლის ოთხ წმინდა თვეთაგან ერთ-ერთი, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ‛აბდ ალლაჰს არ დაავალა, რომ თავს დასხმოდა ქარავანს, არამედ მხოლოდ მისი ამბები შეეტყო. უეჭველია, მას სურდა, გაეგო, რამდენად კარგად იყო დაცული სამხრეთის ქარავნები, რათა მათ წინააღმდეგ მომავალში სათანადოდ ემოქმედა.

სულ მალე, რაც მუჰაჯირებმა მიაღწიეს თავიანთი მოგზაურობის საბოლოო პუნქტს და ხელსაყრელ ადგილას ჩასაფრდნენ ძირითადი გზის შორიახლოს, კურეიშის პატარა ქარავანმა ჩაუარათ და იქვე დაბანაკდა, რადგანაც არაფერი არ იცოდნენ ჩასაფრებულების შესახებ. აქლემები დატვირთული იყო ქიშმიშით, ტყავითა და სხვა საქონლით. ‛აბდ ალლაჰი და მისი მეგობრები დილემის წინაშე დადგნენ: წინასწარმეტყველის ერთადერთი პირდაპირი მითითება იყო, მისთვის ამბავი ჩაეტანათ; მაგრამ მას არ აუკრძალავს მათთვის ბრძოლა, არც წმინდა თვე უხსენებია. ისინი ერთმანეთს შეეკითხნენ, ხომ არ ბოჭავდა მათ მხოლოდ წინაისლამური შეთანხმებები? გამოცხადებაზეც დაფიქრდნენ: ბრძოლის უფლება ეძლევა მათ, რომელნიც იბრძვიან იმიტომ, რომ ცუდად მოექცნენ . . . ვინც გამოიყვანეს თავიანთი სახლებიდან უსამართლოდ.2 ისინი ომის მდგომარეობაში იყვნენ კურეიშთან და, სულ მცირე, ორი მახზუმელი მაინც იცნეს ქარავნის ვაჭართა შორის. მახზუმმა ხომ ყველა კლანზე მეტად მტრული დამოკიდებულება გამოამჟღავნა ისლამის მიმართ. რაჯაბის ბოლო დღის დილა გათენდა; მზის ჩასვლისას უკვე შა‛ბანი დადგებოდა, ის უკვე აღარ იყო წმინდა თვე, მაგრამ იმ დროისათვის მათ მტერს, მართალია, აღარ დაიცავდა კალენდარი, სამაგიეროდ, დაიცავდა დისტანცია, რადგანაც შევიდოდნენ მექის გარშემო მდებარე წმინდა სარტყელში; სწორედ ამიტომ მცირე ყოყმანის შემდეგ თავდასხმა გადაწყვიტეს. მათმა პირველმა ისარმა მოკლა ქინდას კაცი, ‛აბდუ შამსის კლანის მოკავშირე. შემდეგ ‛უსმანი, მახზუმის ერთ-ერთი წარმომადგენელი, და ჰაქამი, განთავისუფლებული მონა, ტყვედ ჩაბარდნენ, მაგრამ ‛უსმანის ძმამ, ნავფალმა, მოახერხა მექაში გაქცევა.

‛აბდ ალლაჰმა და მისმა ხალხმა თავიანთი ტყვეები და აქლემები მედინაში წაიყვანეს, ნავაჭრი საქონელიც თან წაიღეს. ნადავლის მეხუთედი ნაწილი მან წინასწარმეტყველისათვის გადადო, ხოლო დანარჩენი მეგობრებთან ერთად გაინაწილა. მაგრამ წინასწარმეტყველმა უარი განაცხადა რაიმეს მიღებაზე და თქვა: „მე თქვენთვის არ დამივალებია, წმინდა თვეში გებრძოლათ,“ რის გამოც მათ თავი განწირულად იგრძნეს. საძმომ ისინი გაკიცხა და დაადანაშაულა რაჯაბის დარღვევაში, ხოლო ებრაელებმა კი თქვეს, ეს იყო ცუდი ნიშანი წინასწარმეტყველისათვის, რადგანაც კურეიშმა დიდ ტერიტორიაზე ფართოდ დაიწყო იმ ამბის გვრცელება, რომ მუჰამედი დამნაშავე იყო მკრეხელობაში. მაშინ მოვიდა გამოცხადება: ისინი გეკითხებიან წმინდა თვისა და მასში ბრძოლის შესახებ. თქვი: მასში ბრძოლა მძიმე შეურაცხყოფაა; მაგრამ ხალხის გადაცდენა ღმერთის გზიდან, მის წინააღმდეგ მკრეხელობა და მისი წმინდა მეჩეთის წინააღმდეგ მკრეხელობა და იქიდან მისი ხალხის გაძევება უფრო მძიმეა ღმერთის წინაშე. და ტანჯვა უფრო მძიმეა, ვიდრე კვლა.3

წინასწარმეტყველმა ეს ისე განმარტა, როგორც ომიანობის ტრადიციული აკრძალვის დადასტურება წმინდა თვეში, მაგრამ გამონაკლისი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამიტომაც მოახდინა ‛აბდ ალლაჰისა და მისი მეგობრების რეაბილიტაცია და გაათავისუფლა იმ შიშსაგან, რომელიც ასე მძიმედ ეწვათ გულზე. მან ასევე მიიღო ნადავლის მეხუთედი მთელი საზოგადოების სასარგებლოდ. მახზუმის კლანმა გამოსასყიდი გამოგზავნა ორი ტყვისათვის, მაგრამ ჰაქამმა, მათმა განთავისუფლებულმა მონამ, ისლამის მიღება არჩია და მედინაში დარჩა, ასე რომ ‛უსმანი მარტო დაბრუნდა მექაში.

სწორედ შა‛ბანის ამ მთვარის თვეში მოვიდა დიდი რიტუალური მნიშვნელობის მქონე გამოცხადებაც. მისი დასაწყისი სიტყვები მიემართება წინასწარმეტყველის განსაკუთრებულ ზრუნვას იმისათვის, რომ ლოცვისას სახე სწორი მიმართულებით ყოფილიყო მიქცეული. მეჩეთში ეს მიმართულება აღნიშნული იყო მიჰრაბით, ანუ სალოცავი ნიშით იერუსალიმის კედელში; მაგრამ, როდესაც ის ქალაქის გარეთ იყო, ამ მიმართულებას განსაზღვრავდა მზით დღის განმავლობაში, ხოლო ვარსკვლავებით, თუ დაღამდებოდა.

ჩვენ ვხედავდით შენი სახის ცვალებად მიქცევას ზეცისაკენ; და ჩვენ მიგაქცევთ შენ იმ კიბლაზე/მიმართულებით, რომელიც დიდად გესიამოვნება; მაშ მიმართე შენი სახე ხელშეუხებელი/წმინდა მეჩეთისაკენ; და, სადაც უნდა იყოთ, მიმართეთ თქვენი სახე მისკენ.4

ამის შემდეგ მიჰრაბი გაკეთდა მეჩეთის სამხრეთ კედელში, რომელიც მექისაკენ იყო მიმართული. ეს ცვლილება სიხარულით მიიღეს წინასწარმეტყველმა და მისმა მეგობრებმა. იმ დღიდან მოყოლებული, მუსლიმები ქა‛აბასკენ შებრუნდნენ თავიანთი სარიტუალო ლოცვების შესრულებისას, დამატებით ასევე სხვა რიტუალების დროსაც.

________________________

1. XXII, 39-40.

2 XXII, 39.

3. II, 217.

4. II, 144.

42 XLII. მარში ბედირისაკენ

▲ზევით დაბრუნება


მოახლოვდა დრო, როდესაც აბუ სუფიანი უნდა დაბრუნებულიყო მთელი იმ საქონლით, რაც მან და მისმა მეგობრებმა შეიძინეს სირიაში. წინასწარმეტყველმა ტალჰა და ‛უმარის ბიძაშვილი, სა‛იდი, ზეიდ ჰანიფის ვაჟი, გაგზავნა ჰავრაში, საკმაოდ მოშორებით მედინის დასავლეთით ზღვის სანაპიროზე, რათა მისთვის ეცნობებინათ, როგორც კი ქარავანი ჩამოვიდოდა. ეს მას საშუალებას მისცემდა, სამხრეთ-დასავლეთისაკენ სწრაფი სვლით გადაესწრო და გზა მოეჭრა ქარავნისათვის სანაპიროზე ცოტა უფრო ქვემოთ. მისი ორი მსტოვარი სტუმართმოყვარეობით მიიღო ჯუჰაინას ბელადმა, რომელმაც ისინი თავის სახლში დამალა, სანამ ქარავანი ჩამოვიდოდა. მაგრამ მათი ძალისხმევა საჭირო აღარ აღმოჩნდა, რადგანაც მედინიდან ვიღაცამ, უეჭველია, ეს კერპთაყვანისმცემელი ან რომელიმე ებრაელი იქნებოდა, უკვე მოასწრო და აცნობა წინასწარმეტყველის გეგმების შესახებ აბუ სუფიანს, რომელმაც სასწრაფოდ დაიქირავა კაცი ღიფარის ტომიდან, სახელად დამდამი, და უბრძანა, მთელი სისწრაფით წასულიყო მექაში და კურეიშისათვის ეთქვა, დაუყოვნებლივ წასულიყვნენ ჯარით მათ გადასარჩენად, ხოლო თვითონ კი მაქსიმალურად სწრაფად წავიდა, დაადგა რა სანაპირო გზას, დღე და ღამე სვლას აგრძელებდა.

მაგრამ მხოლოდ აბუ სუფიანს არ მიუღია ასეთი სასწრაფო ზომები. მართალია, წინასწარმეტყველს თავისი მიზეზები გააჩნდა საიმისოდ, რომ მედინაში დარჩენილიყო, რაც შეიძლება, ხანგრძლივად, რადგანაც მისი საყვარელი ქალიშვილი, რუკაჲჲა, სარიოზულად ავად გახდა, მაგრამ პირადი მოტივები ახლა ვერ იქნებოდა მხედველობაში მიღებული, მან არ გარისკა იმის შიშით, რომ შეიძლება ძალიან დაჰგვიანებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა, არც კი დაეცადა თავისი მსტოვრების დაბრუნებისათვის. იმ დროისათვის, როცა მათ მედინას მიაღწიეს, იგი უკვე გზას გასდგომოდა მუჰაჯირებისა და ანსარების არმიითურთ, სულ სამასხუთი კაცით. მაშინ მედინაში ცხოვრობდა სამოცდაჩვიდმეტი ბრძოლისუნარიანი მუჰაჯირი და ყოველი მათგანი ამ შემთხვევაში ადგილზე იყო, გარდა სამისა: წინასწარმეტყველმა სიძეს, ‛უსმან სა‛იდს, უთხრა, სახლში დარჩენილიყო და მოევლო თავისი ავადმყოფი ცოლისათვის; დანარჩენი ორი კი იყვნენ ტალჰა და სა‛იდი, რომლებიც ძალიან გვიან დაბრუნდნენ სანაპიროდან საიმისოდ, რომ საბრძოლოდ გამზადებულიყვნენ და გზას გასდგომოდნენ.

პირველ ბანაკში, რომელიც ჯერ კიდევ ოაზისში გაშალეს, წინასწარმეტყველის ბიძაშვილმა, სა‛დმა ზუჰრადან, შენიშნა, რომ მისი თხუთმეტი წლის ძმა, ‛უმაირი, შეწუხებული და გულჩათხრობილი ჩანდა, და ამის მიზეზი ჰკითხა. „მეშინია,“ თქვა ‛უმაირმა, „ღმერთის მოციქული დამინახავს და იტყვის, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ, და უკან გამაგზავნის. მე კი ძლიერ მსურს გზის გაგრძელება. იქნებ ღმერთს სურდეს, რომ მოწამეობა მომანიჭოს.“ და ზუსტად ისე, როგორც მას ეშინოდა, წინასწარმეტყველმა იგი შენიშნა, როდესაც ჯარს რიგებად აწყობდა, და თქვა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო და სახლში უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ ‛უმაირმა ტირილი დაიწყო, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ნება დართო, დარჩენილიყო და მონაწილეობა მიეღო სამხედრო ოპერაციაში. „ის ისეთი პატარა იყო,“ იგონებდა სა‛დი, „რომ მე იძულებული გავხდი, საგანგებოდ დამემოკლებინა ხმლის სარტყლის თასმები მისთვის.“

მუსლიმებს ჰყავდათ სამოცდაათი აქლემი, რომლებზეც კაცები რიგრიგობით მხედრდებოდნენ და ისე აგრძელებდნენ გზას, თითო აქლემს იყენებდა სამი ან ოთხი კაცი. ჰყავდათ ასევე სამი ცხენი, რომელთაგან ერთ-ერთი ეკუთვნოდა ზუბაირს. თეთრი დროშა მისცეს მუს‛აბს, უეჭველია, იმიტომ, რომ ის იყო ‛აბდ ად-დარის კლანიდან, რომელსაც წინაპართაგან ჰქონდა მიღებული უფლება, ეტარებინა კურეიშის დროშა ომის დროს. მოწინავე რაზმის შემდეგ თვითონ წინასწარმეტყველი იდგა, მას კი მოსდევდა ორი შავი ვიწრო ალამი, რომელთაგან ერთი მუჰაჯირებს მოჰქონდათ, მეორე კი ანსარებს. ეს დროშები, შესაბამისად, ეპყრათ ‛ალისა და სა‛დ იბნ მუ‛აზს ავსიდან. მედინაში წინასწარმეტყველის არყოფნის ამ პერიოდში ლოცვები უნდა ჩაეტარებინა იბნ უმმ მაქთუმს, ბრმა კაცს, რომელიც მოხსენიებულია გამოცხადებაში შემდეგნაირად: ის (მუჰამედი) მოიღუშა და შებრუნდა, როდესაც მას წამოადგა ბრმა კაცი.

ცოტა ხნით ადრე, სანამ დამდამი ჩავიდოდა, მექაში წინასწარმეტყველის მამიდამ, ‛ათიკამ, ნახა სიზმარი, რომელმაც შეაშინა და დაარწმუნა იმაში, რომ ეს კურეიშისათვის უბედურებას მოასწავებდა. მან თავისთან მიიხმო ძმა, ‛აბბასი, და უთხრა, რაც იხილა სიზმრად: „მე ვნახე კაცი, რომელიც აქლემით მოდიოდა. ის დაბლობზე შეჩერდა და მთელი ხმით დაიძახა: `მოღალატენო, მალე მოელოდეთ უბედურებას, რომელიც სამ დღეში მიწასთან გაგასწორებთ.' მის გარშემო ხალხი შეიკრიბა. შემდეგ მეჩეთში შევიდა, ხალხი კი უკან მიჰყვებოდა. მათი შუაგულიდან იმ აქლემმა იგი ქა‛აბას სახურავზე აიყვანა, მან კი იგივე სიტყვები დაიძახა. შემდეგ აქლემმა ის აიყვანა აბუ კუბაისის მთის მწვერვალზე და იქიდანაც ხალხს ისევე დაუძახა, როგორც მანამდე. შემდეგ კლდე მოგლიჯა, ხმაურით დააგორა ფერდობზე და, როდესაც ამ კლდის ნატეხმა მთის ძირამდე ჩამოაღწია, ნაწილებად დაიმსხვრა, მექაში ერთი სახლიც კი არ დარჩენილა, რომელსაც ამ ნამსხვრევებიდან რომელიმე არ მოხვდებოდა.“

‛აბბასმა დაწვრილებით უმაბო თავისი დის სიზმარი ‛უთბას ვაჟს, ვალიდს, რომელიც მისი მეგობარი იყო, ვალიდმა კი უთხრა მამამისს, შემდეგ ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო. მეორე დღეს აბუ ჯაჰლმა ‛აბბასის თანდასწრებით დამცინავი ხუმრობით წამოიძახა: „‛აბდ ალმუტტალიბის ძენო, როდის აქეთაა, რომ ეს წინასწარმეტყველი ქალბატონი თავის წინასწარმეყველებებს წარმოთქვამს თქვენს შორის? აღარ გყოფნით, რომ თქვენი კაცები იბრალებენ წინასწარმეტყველობას? ახლა თქვენმა ქალებმაც იგივე უნდა აკეთონ?“ ‛აბბასმა ვერ მოახერხა პასუხის გაცემა, მაგრამ აბუ ჯაჰლმა თავისი პასუხი მეორე დღეს მიიღო, როდესაც აბუ კუბაისის კლდეებმა ექო მისცეს დამდამის ძლიერ ხმას. ხალხი ნაკადად გაედინა თავისი სახლებიდან და ასევე მეჩეთიდანაც, რადგანაც მისკენ მიმავალი მხედარი ჯერ ველად ჩამოხდა. აბუ სუფიანმა მას კარგად გადაუხადა, ამიტომაც ის საიმისოდ იყო განწყობილი, რომ თავისი როლი კარგად შეესრულებინა. უნაგირი შეატრიალა და აქლემის თავისაკენ ზურგით დაჯდა; უბედურების დამძიმებულ მომასწავებელ ნიშნად მან ისიც გააკეთა, რომ აქლემს ცხვირზე ჭრილობა მიაყენა, რათა იქიდან სისხლი წამოსულიყო, ხოლო საკუთარი პერანგი კი ტანზე ისე შემოეხია, რომ გრძელ ლენტებად ექცია. „კურეიშის კაცნო,“ გაჰყვიროდა ის, „სატვირთო აქლემები, სატვირთო აქლემები! თქვენი საქონელი, რომელიც აბუ სუფიანთანაა! მუჰამედი და მისი მეგობრები თავს ესხმიან მას! უშველეთ! უშველეთ!“

ქალაქი მალე აურზაურმა მოიცვა. ეს ქარავანი ყველაზე უფრო მდიდარი იყო მთელი წლის განმავლობაში და ბევრს ჰქონდა საიმისო მიზეზი, რომ შეშინებოდა მისი დაკარგვისა. დაახლოებით ათასკაციანი არმია სულ მალე შეიკრიბა. „მუჰამედი და მისი მეგობრები ფიქრობენ, რომ ახლაც ისე იქნება, როგორც იბნ ალ-ჰადრამის ქრავანს დაემართა?“ ამბობდნენ ისინი, გულისხმობდნენ ‛ამრს, ‛აბდუ შამსის მოკავშირეს, რომელიც ისრით იქნა განგმირული წმინდა თვეში ნახლასთან. ‛ადის კლანი ერთადერთი იყო, რომელიც მონაწილეობას არ იღებდა ამ ექსპედიციაში. ყველა კლანის ყოველმა ბელადმა წარადგინა კონტინგენტი, გარდა აბუ ლაჰაბისა, ვინც თავის მაგიერ გაგზავნა მახზუმის კაცი, რომელსაც მისი ფული ემართა. მაგრამ ბანუ ჰაშიმსა და ბანუ მუტტალიბს მაინც ჰქონდათ საკუთარი ინტერესები ამ ქრავნის მიმართ და პატივად მიაჩნდათ მისი დაცვის აღება თავიანთ თავზე, ამიტომაც ტალიბმა გაიყვანა კაცთა ჯგუფები ორივე კლანიდან, ‛აბბასიც მათ გაჰყვა, იქნებ იმიტომაც, რომ აპირებდა მშვიდობიან მოლაპარაკებაზე წასვლას. ჰაქიმი ასადიდან, ხადიჯას დისშვილი, იმავე მიზნით წავიდა. აბუ ლაჰაბის მსგავსად, უმაიამ ჯუმაჰიდან ასევე გადაწყვიტა, სახლში დარჩენილიყო, რადგანაც ის უაღრესად ჭარბწონიანი მოხუცი იყო; მაგრამ, როდესაც მეჩეთში იჯდა, ‛უკბა მასთან მივიდა საკმევლიანი საცეცხლურით, წინ დაუდო და უთხრა: „ამ სურნელებით გაპატიოსნდი, აბუ ‛ალი, რადგანაც შენ ქალთა შორის ხარ.“ „ღმერთმა დაგწყევლოს,“ თქვა უმაიამ და გაემზადა, რათა სხვებთან ერთად გასდგომოდა გზას.

ამასობაში წინასწარმეტყველს მედინიდან პირდაპირ სამხრეთისკენ აეღო გეზი და მიემართებოდა ბადრისაკენ, რომელიც მდებარეობდა სირიიდან მექისაკენ მიმავალი სანაპირო გზის დასავლეთით. ის იმედოვნებდა, რომ სწორედ ბადრში მოუჭრიდა გზას აბუ სუფიანს, და წინ გაგზავნა თავისი ორი ჯუჰაინელი მოკავშირე, ვინც ეს ზონა კარგად იცოდა, რათა მათ შეეტყოთ ქარავნის ამბები. ბადრში ისინი ჩამოხდნენ გორაკზე, რომელიც ჭასთან იყო, და, როდესაც წყალს იღებდნენ, გაიგონეს, იმ სოფლის ორი გოგონა როგორ საუბრობდა ერთმანეთში ვალის შესახებ და ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა: „ქარავანი ხვალ ან ზეგ ჩამოვა, მე მათთან ვიმუშავებ და გადაგიხდი, რაც მმართებს.“ როდესაც ეს სიტყვები გაიგეს, სასწრაფოდ გაბრუნდნენ წინასწარმეტყველთან და ახალი ამბავი ამცნეს. მაგრამ ისინი კიდევ ცოტახანს რომ გაჩერებულიყვნენ, აუცილებლად დაინახავდნენ მარტოხელა მხედარს, რომელიც დასავლეთიდან უახლოვდებოდა ჭას. ეს იყო თვით აბუ სუფიანი, ვინც ქარავნის წინ წამოსულიყო, რათა ენახა, უსაფრთხო იყო თუ არა მექისაკენ გზის გაგრძელება უახლოესი, ესე იგი ბადრის, გზით. როდესაც წყალთან მივიდა, იქ ნახა იმ სოფლის კაცი და ჰკითხა, ხომ არ უნახავს ვინმე უცნობები. მან უპასუხა, რომ დაინახა ორი მხედარი, რომელიც გორაკზე ჩამოხდა, შემდეგ ცოტა წყალი აიღო და თან წაიღო. აბუ სუფიანი ავიდა მათი გაჩერების ადგილას, აიღო აქლემის ნეხვი და ნაწილებად დაფშვნა. მათში ფინიკის კურკები იყო. „ღმერთმანი,“ თქვა მან, „ეს ხომ იასრიბის ფურაჟია.“ სასწრაფოდ გაბრუნდა უკან მათთან, ვინც უკან მოჰყვებოდა, და ქარავანს გადაახვევინა იმ გზიდან, რომელზეც მთელი სისწრაფით მიემართებოდნენ ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ბადრი კი მარცხნივ ჩამოიტოვეს.

ამასობაში ორი მსტოვარი დაბრუნდა წინასწარმეტყველთან ახალი ამბით, რომ ქარავანს ერთ ან ორ დღეში ელოდნენ ბადრში. ისინი აუცილებლად შეჩერდებოდნენ სწორედ ბადრში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაჩერება იყო მექასა და სირიას შორის არსებულ გზაზე. მუსლიმებს საკმარისი დრო ჰქონდათ საიმისოდ, რომ მტერი გაეკვირვებინათ მოულოდნელი თავდასხმით და დაემარცხებინათ კიდეც.

შემდეგ მოვიდა სხვა ამბავიც - კურეიში გზას გამოსდგომოდა ჯარითურთ, რათა დაეცვა თავისი ქარავანი. ეს ყოველთვის იყო განხილული, როგორც შესაძლებლობა, მაგრამ ახლა, როდესაც რეალობად იქცა, წინასწარმეტყველმა საჭიროდ ჩათვალა, მოთათბირებოდა თავის ხალხს და მათთვის მიენდო არჩევანი, წასულიყვნენ თუ უკან დაეხიათ. აბუ ბაქრმა და ‛უმარმა მუჰაჯირების სახელით წინსვლის სასარგებლოდ ილაპარაკეს და შემდეგ იმ მიზნით, რომ ის ყველაფერი, რაც მათ თქვეს, კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, ზუჰრელი მოკავშირე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მოსულიყო მედინაში, სახელად მიკდადი, ფეხზე წამოდგა და თქვა: „ღმერთის მოციქულო, გააკეთე ის, რის გაკეთებაც გიჩვენა ღმერთმა. ჩვენ არ გეტყვით შენ იმას, რაც ისრაელის შვილებმა უთხრეს მოსეს: წადით შენ და შენი ღმერთი და იომეთ; ჩვენ აქ ვისხდებით,1 არამედ ჩვენ ვიტყვით: `წადით შენ და შენი ღმერთი და იომეთ და ჩვენც ვიომებთ თქვენთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ, შენს წინ და შენს უკან.'“ ‛აბდ ალლაჰ იბნ მას‛უდი წლების შემდეგ ყვებოდა იმ დიდი სინათლის შესახებ, რომელმაც გაანათა წინასწარმეტყველის სახე, როდესაც მან გაიგო ეს სიტყვები, და აკურთხა მათი მთქმელი. არა იმიტომ, რომ გაკვირვებული დარჩა - მან ხომ იცოდა, რომ მუჰაჯირები ულაპარაკოდ მასთან იყვნენ. მაგრამ ამასვე იტყოდა ყველა ანსარიც, ვინც ახლა იქ იყო? ჯარი მედინიდან იმ იმედით წამოვიდა, რომ ქარავანს უნდა დასხმოდა თავს. ახლა კი ასე ჩანდა, რომ ისინი გადაეყარნენ რაღაც გაცილებით უფრო რთულს. მეტიც, როდესაც ანსარებმა მას ერთგულების ფიცი მისცეს ‛აკაბაში, თქვეს, რომ არ იყვნენ პასუხისმგებელნი მის უსაფრთხოებაზე მანამდე, სანამ მათ ტერიტორიაზე არ შევიდოდა, მაგრამ, როდესაც უკვე მათთან იქნებოდა, ისე გადაეფარებოდნენ, როგორც საკუთარ ცოლებსა და შვილებს. მზად იქნებოდნენ ახლა მის დასაცავად, ის ხომ იასრიბში არ იყო? „კაცებო, მითხარით თქვენი რჩევა,“ თქვა წინასწარმეტყველმა, ასეთი ზოგადი ფრაზით გამოხატა სათქმელი, მაგრამ გულისხმობდა ანსარებს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე მიხვდა მის აზრებს, თუმცაღა არც ერთ მათგანს ჯერ ხმა არ ამოეღო. მაგრამ ახლა სა‛დ იბნ მუ‛აზი წამოდგა ფეხზე. „როგორც ჩანს,“ თქვა მან, „ჩვენ ვართ კაცები, ვისაც გულისხმობ, ღმერთის მოციქულო.“ და, როდესაც წიანსწარმეტყველმა კვერი დაუკრა, მან განაგრძო: „ჩვენ გვაქვს შენი რწმენა და იმისიც გვჯერა, რაც გვითხარი, და ვადასტურებთ, რომ ჭეშმარიტებაა, რაც მოგვიტანე, და ჩვენ მოგეცით აღთქმა, რომ მოგისმენთ და დაგემორჩილებით. მაშ, გააკეთე, რაც გსურს, ჩვენ შენთან ვართ. იმისი სახელით, ვინც შენ გამოგგზავნა ჭეშმარიტებით, თუ გვიბრძანებ, რომ, აი, იქ, ზღვაში, შევიდეთ, და შენ მასში ჩავარდები, ჩვენც შენთან ერთად ჩავცვივდებით წყალში. ჩვენგან ერთი კაციც კი არ დარჩება აქ. არც იმას ვარიდებთ თავს, რომ ხვალ ჩვენს მტერს შევხვდეთ. კარგად ვართ გამოცდილი ომში, ბრძოლაში სანდონი. ღმერთი ინებებს და გიჩვენებს ჩვენს ისეთ გმირობას, რომ შენს თვალებს სიმშვიდეს დაუბრუნებს.2 მაშ, გაგვიძეხი ღვთის კურთხევით.“

წინასწარმეტყველმა ამ სიტყვებით გაიხარა; და ახლა მან იგრძნო დარწმუნებით, რომ მუსლიმები, მართლაც, იბრძოლებდნენ ან ჯართან ან ქარავანთან, მაგრამ არა ორივე მათგანთან. „წინ,“ თქვა მან, „და მხიარულად იყავით, რადგანაც ყოვლად მაღალი ღმერთი დამპირდა ორიდან ერთ-ერთ მეტოქე მახარეს, და ახლავე თითქოს უკვე ისეა, რომ მე ვხედავ მტერს, რომელიც განადგურებულია.“3

თუმცაღა ისინი უარესისათვის მზად იყვნენ, მაინც კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ შეძლებდნენ ქარავანზე თავდასხმას და მშვიდობით დაბრუნდებოდნენ მედინაში, ალაფითა და ტყვეებით გამდიდრებულნი, სანამ კურეიშის ჯარი ჩამოსვლას მოასწრებდა. მაგრამ, როდესაც მათ მიაღწიეს გასაჩერებელ ადგილს, რომელიც ერთი დღის სავალ მანძილზე უფრო ახლოს იყო ბადრთან, წინასწარმეტყველი აბუ ბაქრთან ერთად წავიდა და მოი პოვა ცნობები მოხუცი კაცისაგან, ვისგანაც შეიტყო, რომ მექელთა ჯარი უკვე ახლოს იყო. როდესაც ბანაკში დაბრუნდა, დაიცადა, სანამ დაღამდებოდა, და თავისი სამი ბიძაშვილი, ‛ალი, ზუბაირი და სა‛დი, რამდენსამე სხვა მეგობართან ერთად გაგზავნა ბადრის ჭასთან, რათა ენახათ, ჯარს ან ქარავანს ან ორივე მათგანს ხომ არ დაელია იქიდან წყალი, ანდა იქ ვინმეს ხომ არ ჰქონდა რაიმე ცნობა რომელიმე მხარის შესახებ. ჭასთან ისინი წააწყდნენ ორ კაცს, რომელიც აქლემებს ჰკიდებდა წყლის მარაგს კურეიშის ჯარისათვის. დაიჭირეს და წინასწარმეტყველს მიუყვანეს, რომელიც ლოცულობდა, როდესაც მასთან მივიდნენ. არ დააცადეს ლოცვის დამთავრება და პირდაპირ დაიწყეს ორი კაცის გამოკითხვა, რომლებმაც თქვეს, რომ წყლის მზიდავები იყვნენ კურეიშის ჯარში. მაგრამ კითხვის მიმცემთაგან ზოგიერთი ამჯობინებდა, ეფიქრა, რომ ისინი ტყუოდნენ, რადგანაც ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, ეს აბუ სუფიანი იყო, ვინც ისინი გამოგზავნა თავისი ქარავნისათვის წყლის ასაღებად, ამიტომაც მათ ცემა დაუწყეს, სანამ არ უთხრეს: „ჩვენ აბუ სუფიანის კაცები ვართ,“ მათაც დაიჯერეს. წინასწარმეტყველმა გააკეთა დამაგვირგვინებელი თაყვანისცემა თავისი ლოცვის დასასრულს, მშვიდობის მისალმება წარმოთქვა და ბოლოს უთხრა: „როდესაც სიმართლეს გეუბნებოდნენ, მათ სცემდით, ხოლო, როდესაც ტყუილი თქვეს, თავი დაანებეთ. ისინი ნამდვილად კურეიშის ჯარიდან არიან.“ შემდეგ ორ ტყვეს მიუბრუნდა. „მითხარით, კურეიშელნო, თქვენების ამბები.“ „ამ გორაკის უკან არიან,“ მიუგეს მათ, ხელი გაიშვირეს რა ‛აკანკალისაკენ, „მის გადაღმა მდებარე ზეგანის მომდევნო ფერდობზე.“ „რამდენი არიან?“ იკითხა მუჰამედმა. „ბევრნი,“ უპასუხეს მათ, დაზუსტებით არ შეეძლოთ ციფრის დასახელება, ამიტომაც ჰკითხა, ყოველდღიურად რამდენ ცხოველს კლავდნენ. „ზოგ დღეს ცხრას და ზოგჯერაც ათს,“ ასეთი იყო პასუხი. „მაშინ მათი რიცხვი სადღაც ცხრაასსა და ათასს შორის მერყეობს,“ თქვა წინასწარმეტყველმა. „კურეიშის რომელი ლიდერები არიან იქ?“ მათ ჩამოთვალეს თხუთმეტი, მათ შორის: ‛აბდუ შამსიდან ძმები, ‛უთბა და შაიბა; ნავფალიდან ჰარისი და ტუ‛აიმა; ‛აბდ ად-დარიდან ნადრი, რომელმაც თავისი სპარსული ამბები ერთხელ ყურანს დაუპირისპირა; ასადიდან ხადიჯას ნახევარი ძმა, ნავფალი; მახზუმდან აბუ ჯაჰლი; ჯუმაჰიდან უმაია; ‛ამირიდან სუჰაილი. მოისმინა რა ეს გამორჩეული სახელები, როდესაც თავის კაცებს დაუბრუნდა, წინასწარმეტყველმა თქვა: „მექამ თქვენსკენ გადმოისროლა თავის მცხოვრებთა საუკეთესო ნაწილი.“

ეს ცოტა ხნით ადრე მოხდა, სანამ ათასკაციანი ჯარის ამბავს აბუ სუფიანი შეიტყობდა. იმ დროისათვის მან მიაღწია ადგილს, რომლიდანაც მისი მაშველნი მასსა და მტერს შორის იყვნენ მოქცეულნი. როდესაც მიხვდა, რომ ახლა ქარავანი უკვე გადარჩენილი იყო, მოციქული გაუგზავნა კურეიშს და შეუთვალა: „თქვენ გამოხვედით თქვენი აქლემების, კაცებისა და საქონლის დასაცავად; ღმერთმა დაიცვა ისინი, ამიტომაც უკან დაბრუნდით.“ ამ ცნობამ ჯარამდე მიაღწია, როდესაც ისინი უკვე დაბანაკებულნი იყვნენ უჰფასთან, ბადრის ცოტა სამხრეთით. თუმცა არსებობდა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც წინ აღარ უნდა წაეწიათ. მთელ ბანაკში მწუხარება ჩამოწვა ერთი სიზმრის, თითქმის ხილვის, გამო, რომელიც ჰქონდა ჯუჰაიმს მუტტალიბიდან. „ძილ-ღვიძილში,“ ყვებოდა ის, „მე ვიხილე კაცი, რომელიც ცხენზე ამხედრებული გვიახლოვდებოდა, აქლემს მოუძღვოდა წინ. შემდეგ ის ჩამოხდა და თქვა: „მოკვდნენ ‛უთბა, შაიბა, აბუ-ლ-ჰაქამი და უმაია,“ - და ასე განაგრძო კურეიშის სხვა ბელადების სახელების ჩამოთვლა. „შემდეგ,“ თქვა ჯუჰაიმმა, „დავინახე, რომ მან თავის აქლემს მკერდში ჭრილობა მიაყენა და ბანაკში არეულდარეულად სარბენად შეუშვა და ერთი კარავიც კი არ დარჩენილა, რომელსაც სისხლი არ მოხვდებოდა.“ როდესაც აბუ ჯაჰლს ეს უთხრეს, მან გამარჯვებული და დამცინავი ტონით აღნიშნა: „კიდევ ერთი წინასწარმეტყველი ყოფილა მუტტალიბის ძეთა შორის.“ ეს „კიდევ ერთი“ იმიტომ თქვა, რომ მუტტალიბი და ჰაშიმი ხშირად გაიაზრებოდა, როგორც ერთიანი კლანი. შემდეგ, იმ მიზნით, რომ უიმედობა გაეფანტა, მან ყველას მიმართა: „ჩვენ არ დავბრუნდებით მანამდე, სანამ ბადრში არ ჩავალთ. სამი დღე ვიქნებით იქ, დავკლავთ აქლემებს, ვიქეიფებთ, ვასხამთ ღვინოს და მომღერალი ქალები დაუკრავენ და იმღერებენ ჩვენთვის; და არაბები შეიტყობენ, როგორ წავედით წინ, გაიგებენ ჩვენი ძლიერი შეკრების შესახებ და სამუდამოდ მოწიწებით იქნებიან ჩვენს მიმართ, წინ ბადრისაკენ!“

ახნას იბნ შარიკი ზუჰრასთან ერთად გამოსულიყო, ვისი მოკავშირეც ის იყო. ახლა მან თავისიანები დაარწმუნა, რომ ყურადღება არ მიექციათ აბუ ჯაჰლისათვის, ასე რომ ისინი ჯუჰფადან მექაში წავიდნენ, ყოველი მათგანი. ტალიბიც დაბრუნდა თავისი კლანის ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, რადგანაც მასსა და კურეიშის სხვა წარმომადგენლებს შორის ასეთი სიტყვები ითქვა: „ჰაშიმის ძენო, ჩვენ ვიცით, რომ, მართალია, წამოხვედით, მაგრამ თქვენი გულები მაინც მუჰამედთანაა.“ ‛აბბასმა გადაწყვიტა ბადრში წასვლა დანარჩენ ჯართან ერთად და თან წაიყვანა თავისი სამი ძმისშვილი, აბუ სუფიანი და ნავფალი, ჰარისის ვაჟები, და ‛აკილი, აბუ ტალიბის ძე.

გორაკის გადაღმა, ცოტა ჩრდილო-აღმოსავლეთით, მუსლიმებს გაეშალათ თავიანთი კარავები. წინასწარმეტყველმა იცოდა, გადამწყვეტი იყო მათთვის, რომ ბადრის წყლებამდე უფრო ადრე მისულიყვნენ, ვიდრე მათი მტერი, ამიტომაც ბრძანა, დაუყოვნებლივ დაძრულიყვნენ. სულ მალე, რაც სვლა დაიწყეს, წვიმა წამოვიდა, რითაც დიდად გაიხარა, რადგანაც ღმერთის კეთილგანწყობის ნიშნად მიიღო, კურთხევად და დარწმუნებად. ამ წვიმამ კაცები გაახალისა, მტვერი გააქრო და იალიალის ველის რბილი სილა გაამყარა, რომელზეც ახლა ისინი მიდიოდნენ; მაგრამ ეს ხელს შეუშლიდა მტერს, ვინაიდან უნდა ამოსულიყო ‛აკანკალის ფერდობებზე, რომლებიც მუსლიმთაგან მარცხნივ ეშვებოდა, ბადრის ველის საპირისპირო მხარეს. ყველა ჭა მდებარეობდა უფრო ახლო მხარის შედარებით ერთგვაროვან ფერდობებზე და წინასწარმეტყველმა ბრძანა, გაჩერებულიყვნენ პირველსავე ჭასთან, რომელსაც მიადგებოდნენ. მაგრამ ხაზრაჯელი კაცი, სახელად ჰუბაბ იბნ ალ-მუნზირი, მასთან მივიდა და უთხრა: „ღმერთის მოციქული, ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვართ, ღმერთმა გამოგიცხადა თუ ეს მოსაზრებაა და საომარი სტრატეგია?“ მუჰამედმა უპასუხა, რომ ეს უბრალოდ მოსაზრება იყო, რაზეც ჰუბაბმა უთხრა: „ეს არაა ის ადგილი, სადაც უნდა ჩამოვხდეთ, არამედ, ღმერთის მოციქულო, გაგვაგრძელებინე გზა, სანამ არ მივალთ ერთ-ერთ იმ დიდ ჭასთან, რომელიც ყველაზე უფრო ახლოსაა მტერთან. იქ ჩამოვხდეთ, დავლუქოთ ყველა სხვა ჭა და ჩვენთვის გავაკეთოთ ცისტერნა. შემდეგ ვებრძოლოთ მტერს, მთელი სასმელი წყალი ჩვენი იქნება, მათ კი არაფერი არ ექნებათ.“ წინასწარმეტყველი მაშინვე დასთანხმდა და ჰუბაბის გეგმა მცირე დეტალების ჩათვლითაც კი ზუსტად განხორციელდა. მომდევნო ჭები დალუქეს და ცისტერნა ააშენეს. ყოველმა კაცმა აავსო თავისი ჭურჭელი.

შემდეგ სა‛დ იბნ მუ‛აზი მივიდა წინასწარმეტყველთან და უთხრა: „ღმერთის მოციქულო, მოდი, შენთვის ავაშენოთ თავშესაფარი და შენი სარბენი აქლემები იქ დავაყენოთ მზადყოფნაში. შემდეგ ჩვენ შევხვდებით მტერს და, თუ ღმერთი გაგვაძლიერებს და გაგვამარჯვებინებს მათზე, ეს სწორედ ისაა, რაც ასე ძლიერ გვსურს. მაგრამ, თუ არა, მაშინ შენ შეგიძლია ამხედრდე და გაემგზავრო იმათთან, ვინც შინ დავტოვეთ. რადგანაც ზოგიერთი ჩვენგანი აქ არ გამოგყოლია, მაგრამ ჩვენი სიყვარული შენს მიმართ არაა უფრო დიდი, ვიდრე მათი, ისინი არც დარჩებოდნენ, რომ სცოდნოდათ, ომში წასვლა მოგიხდებოდა. მათი მეშვეობით დაგიცავს ღმერთი, ისინი მოგცემენ კარგ რჩევას და შენს გვერდით იბრძოლებენ.“ წინასწარმეტყველმა ის ადიდა, დალოცა და თავშესაფარი ააშენეს პალმის ტოტებისაგან.

იმ ღამეს ღმერთმა მშვიდობიანი ძილი მოუვლინა მორწმუნეებს და მათ დასვენებულებმა გაიღვიძეს.4 ეს იყო ქრისტეს შობიდან 623 წლის 17 მარტი, რაც შეესაბამება ჰიჯრის მე-2 წლის რამადანის თვის 17 რიცხვს.5 როგორც კი გათენდა, კურეიშმა წინ წაიწია და ავიდა ‛აკანკალის გორაკზე. მზე უკვე ამოსულიყო, როდესაც გორაკის წვერზე ავიდნენ. წინასწარმეტყველმა დაინახა, როგორ ჩამოდიოდნენ ფერდობებზე მტრები თავიანთ მდიდრულად შეკაზმულ ცხენებსა და აქლემებზე ამხედრებულნი და იალუალის ველისაკენ ეშვებოდნენ ბადრის მიმართულებით, მან ილოცა: „ღმერთო, აი, აქ არიან კურეიშელნი: ისინი მოვიდნენ თავიანთი ამპარტავნებითა და ამაოებით აღსავსენი, გეწინააღმდეგებიან და უარყოფენ შენს მოციქულს. უფალო, გვიბოძე შენი დახმარება, რომელსაც შეგვპირდი! უფალო, ამ დილით გაანადგურე ისინი!“

მექელებმა ბანაკი გაშალეს ფერდობის ძირში. მოეჩვენათ, რომ მუსლიმები უფრო ნაკლებნი იყვნენ, ვიდრე ამას მოელოდნენ, ამიტომაც გაგზავნეს ცხენზე ამხედრებული ‛უმაირი ჯუმაჰიდან, რათა გამოეთვალა, რამდენი იყვნენ, და ენახა, ხომ არ ჰყავდათ დამხმარე ძალა ზურგში. მან მოახსენა, რომ არ არსებობდა არავითარი ნიშანი, რომელიც მიუთითებდა რაიმე სხვა ჯარზე, გარდა იმისა, რაც ახლა მათ პირდაპირ იყო ველის მეორე მხარეს. „მაგრამ, კურეიშის კაცნო,“ დასძინა მან, „არა მგონია, რომელიმე მათგანი ისე მოკვდეს, რომ პირველად თქვენგან თითო მაინც არ მოკლას; და, თუ ისინი თქვენგან იმდენს მოკლავენ, რამდენიც არიან, მაშ რაღა დარჩება ჩვენთვის კარგი ამქვეყნად?“ ‛უმაირს ერთგვარი მისნის რეპუტაცუა ჰქონდა მთელ მექაში, რაც მის სიტყვებს წონას მატებდა. როგორც კი მან საუბარი დაამთავრა, ჰაქიმმა ასადიდან, ხადიჯას ძმისშვილმა, ეს შანსი გამოიყენა, ფეხით გადაჭრა მთელი ბანაკი, სანამ არ მივიდა ‛აბდუ შამსის კაცებთან. „ვალიდის მამავ,“ უთხრა მან ‛უთბას, „შენ ხარ ყველაზე დიდი კაცი კურეიშში, მათი მბრძანებელი, ის, ვისაც დაემორჩილებიან. არ გინდა, რომ დიდებით იყო მოხსენიებული მათ შორის სამარადისოდ?“ „ეს როგორ?“იკითხა ‛უთბამ. „უკან წაიყვანე ხალხი,“ უთხრა ჰაქიმმა, „და შენს თავზე აიღე შენი მოკავშირის, ‛ამრის, სიკვდილის გამოსასყიდი.“ იგი იმას გულისხმობდა, რომ ‛უთბას უნდა მოეხსნა ერთერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ბრძოლისა და გადაეხადა გამოსასყიდი იმ კაცის ნათესავებისათვის, ვინც ნახლაში იქნა მოკლული და ვისი ძმა ‛ამირიც ახლა იმისათვის მოსულიყო, რომ შური ეძია ბრძოლის ველზე. ‛უთბა დასთანხმდა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც უთხრა, მაგრამ ურჩია, სასწრაფოდ დალაპარაკებოდა აბუ ჯაჰლს, კაცს, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა ომი. ამასობაში მან მიმართა ჯარს: „კურეიშის კაცებო, ვერაფერს მოიგებთ მუჰამედთან და მის ხალხთან ბრძოლით. თუ მათ დაამარცხებთ, ყოველმა თქვენგანმა ზიზღით უნდა უცქიროს თვალებში მეორეს, ვინც მოუკლა ბიძა, ბიძაშვილი ანდა უფრო ახლო ნათესავიც კი. ამიტომაც შებრუნდით და დაუთმეთ მუჰამედი დანარჩენ არაბებს. თუ ისინი მოკლავენ მას, ეს ის იქნება, რაც გსურთ; თუ არა და იგი დაინახავს, რომ თქვენ გამოავლინეთ თავშეკავებულობა მის მიმართ.“

‛უთბას, უეჭველია, განზრახული ჰქონდა, მაშინვე მისულიყო ‛ამირ ალჰადრამისთან იმ შეთავაზებით, რომ თვითონ გადაუხდიდა გამოსასყიდს ძმისათვის, მაგრამ აბუ ჯაჰლმა დაასწრო. მან ‛უთბას დაცინვა დაუწყო, რომ ის მშიშარა იყო, ეშინოდა, თვითონ არ მომკვდარიყო ანდა მისი შვილი, აბუ ჰუზაიფა, რომელიც მტრის რიგებში იყო. შემდეგ მიუბრუნდა ‛ამირს და დაჟინებით ურჩია, ხელიდან არ გაეშვა შესაძლებლობა, შური ეძია ძმის გამო. „ადექი,“ უთხრა, „და შეახსენე მათ შენი შეთანხმება და შენი ძმის დაღუპვის ამბავი.“ ‛ამირი ფეხზე წამოხტა, გააფთრებით შემოიხია ტანსაცმელი და მთელი ხმით დაიწყო მოთქმის მსგავსი შეძახილები: „ვაება ‛ამრის გამო! ვაება ‛ამრის გამო!» ასე რომ, ომის ცეცხლი ისევ გაღვივდა, კაცების სულები აღივსო ძალადობით და უკვე ამაო იყო, ‛უთბას ან ვინმე სხვას ეცადა მათი შემობრუნება.

ახლა ყველა ჩაფლული იყო ბრძოლისთვის მზადებაში, რამაც ერთ კაცს იმის გაკეთების საშუალება მისცა, რაც, დიდი ხანია, სურდა. იმის შიშით, რომ თავისი არყოფნის დროს ვაჟიშვილი გაეპარებოდა, სუჰაილმა ეს ვაჟი, ‛აბდ ალლაჰი, თან წამოიყვანა ბადრში. უმაიამ, ჯუმაჰის ბელადმაც, იგივე გააკეთა და თან წამოიყვანა ვაჟიშვილი ‛ალი, რომელიც ადრე ძალით აიძულა, ისლამზე უარი ეთქვა. მაგრამ, ‛ალისაგან განსხვავებით, რომელმაც მერყეობა გამოამჟღავნა, ‛აბდ ალლაჰი ურყევი აღმოჩნდა თავის რწმენაში; ის თვალს მიეფარა ბანაკიდან მახლობელი ბორცვის მიღმა და სწრაფად გაუდგა გზას უსწორმასწორო სილაზე მუსლიმთა ბანაკის მიმართულებით, სადაც პირდაპირ წინასწარმეტყველთან მივიდა და დიდი სიხარული აღიბეჭდა ორივე მათგანის სახეზე. შემდეგ იგი ასეთივე სიხარულით მიესალმა თავის ორ სიძეს, აბუ საბრასა და აბუ ჰუზაიფას.

_______________________

1. ყ. V, 24.

2. „თვალების სიმშვიდე“ არაბთა საყვარელი გამოთქმაა, როდესაც სიხარულისა და სხვა მსგავსი ემოციების გამოხატვა სურთ.

3. ი.ი. 435.

4. იხ. ყ. VIII, 11.

5. nno Hegirae. ისლამური წელთაღრიცხვა იწყება ჰიჯრით.

43 XLIII. ბედირის ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


წინასწარმეტყველმა თავისი ჯარის მოწყობა დაიწყო, მან ჩაუარა ყოველ კაცს, რათა გაემხნევებინა და თავისი რიგები გაეძლიერებინა, თან ხელში ისარი ეჭირა. „რიგში ჩადექი, სავად,“ უთხრა მან ერთ-ერთ ანსარს, რომელიც საგრძნობლად წინ გამოსულიყო, და ისარი ოდნავ უჩხვლიტა მუცელში. „ღმერთის მოციქულო, შენ მე მატკინე“ თქვა სავადმა, „ღმერთმა ჭეშმარიტებითა და სიმართლით გამოგგზავნა, მაშ, მომეცი საზღაური.“ „აიღე,“ უთხრა წინასწარმეტყველმა და თავისი მუცელი გაიშიშვლა, ისარი კი სავადს გაუწოდა. სავადი დაიხარა და იმ ადგილას ეამბორა, სადაც უნდა ეჩხვლიტა. „რამ გაიძულა ამის გაკეთება?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა. მან კი უპასუხა: „ღმერთის მოციქულო, ახლა ჩვენ იმის წინაშე ვდგავართ, რასაც შენ ხედავ; და ვისურვე, რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებში - თუ ეს ასე იქნება - ჩემი კანი შენსას შეხებოდა;“წინასწარმეტყველმა მისთვის ილოცა და აკურთხა იგი.

კურეიშს უკვე წინსვლა დაეწყო. უსწორმასწორო დიუნების გადასწვრივ მექის არმია გაცილებით უფრო მომცრო ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო. მაგრამ წინასწარმეტყველმა ზუსტად იცოდა მათი ნამდვილი რიცხვი და დიდი არათანაბრობა ორ მოწინააღმდეგეს შორის. ახლა იგი აბუ ბაქრთან ერთად დაბრუნდა თავშესაფარში და ილოცა იმ დახმარებისათვის, რომელსაც მას ღმერთი შეჰპირდა.

მუჰამედს მსუბუქად ჩასთვლიმა და, როდესაც გაიღვიძა, თქვა: „გამხიარულდი, აბუ ბაქრ; ღმერთის დახმარება შენზე გადმოვიდა. აი, აქ არის გაბრიელი და მის ხელთაა სადავე იმ ცხენისა, რომელიც მოჰყავს, და ის საომრადაა შეიარაღებული.“ 1

არაბთა ისტორიაში ბევრი ომი ყოფილა თავიდან აცილებული სულ ბოლო წუთში, თვით მაშინაც კი, როდესაც ორი მეტოქე უკვე პირისპირ იყო ერთმანეთთან მიმდგარი. მაგრამ ახლა წინასწარმეტყველი დარწმუნდა, ბრძოლა შედგებოდა, და ეს ძლიერი ჯარი იყო ორიდან ერთერთი პარტია, რომელიც მისდამი იქნა დაპირებული. სვავებმაც იცოდნენ, რომ გარდაუვალი სისხლისმღვრელი შეტაკება ახლოვდებოდა, და უკვე მზად იყვნენ, საკვების ძიებაში თავს დასცხრომოდნენ დახოცილთა სხეულებს, ზოგი ცაში დაფრინავდა წრიულად, ზოგი კი კლდოვან ფერდობზე ჩამომჯდარიყო ორივე ჯარის სიახლოვეს. მეტიც, კურეიშის მოძრაობებიდან ცხადი იყო, რომ ისინი თავდასხმას აპირებდნენ. უკვე ახლოს იყვნენ და გაჩერდნენ ისეთ წერტილში, საიდანაც ადვილად მიუდგებოდნენ ცისტერნას, რომელიც მუსლიმებმა გაკეთეს. ასე ჩანდა, რომ მათი პირველი ნაბიჯი გადადგმული იქნებოდა სწორედ ამ ცისტერნის ხელში ჩასაგდებად.

მახზუმელი ასვადი სხვებზე უფრო სწრაფად დიდი ნაბიჯებით მიდიოდა წინ აშკარად იმიტომ, რომ წყლის დალევა ჰქონდა განზრახული. ჰამზა გავიდა მის შესახვედრად, დაარტყა და დაჭრა ფეხში მუხლს ქვემოთ, მეორე დარტყმით კი მოკლა. შემდეგ ‛უთბა, რომელიც ჯერ ისევ გახელებული იყო აბუ ჯაჰლის დაცინვისაგან, თავისი რიგებიდან წინ გამოვიდა და მოწინააღმდეგეები ინდივიდუალურ ორთაბრძოლაში გამოიწვია. იმ მიზნით, რომ თავიანთი ოჯახისათვის კიდევ უფრო მეტი პატივი შეემატებინათ, მას აქეთ-იქით ამოუდგნენ ძმა, შაიბა, და ვაჟიშვილი, ვალიდი, რომლებიც ასევე წინ გავიდნენ. გამოწვევა მაშინვე მიიღო ‛ავფმა ნაჯჯარიდან, ხაზრაჯის კლანიდან, ის იყო ერთ-ერთი იმ პირველ ექვს ანსართაგან, ვინც ერთგულება შეჰფიცეს წინასწარმეტყველს; ‛ავფთან ერთად წინ გავიდა მისი ძმა, მუ‛ავვიზი. ეს სწორედ მათი უბანი იყო მედინაში, რომელიც კასვა'მა ამოარჩია, როგორც ჰიჯრის უკანასკნელი წერტილი. მესამე, ვინც გამოწვევა მიიღო, გახლდათ ‛აბდ ალლაჰ იბნ რავაჰა, რომელმაც ყური არ ათხოვა თავის ლიდერს, უბაის, როდესაც მან წარმოთქვა „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ მუჰამედის მიმართ, და მოისურვა, თავისთან მოეთავსებინა იგი პატივისცემასა და კომფორტში.

„ვინ ხართ თქვენ?“ იკითხეს კაცებმა გამომწვევი მხრიდან. როდესაც მოწინააღმდეგებმა უპასუხეს, ‛უთბამ თქვა: „დიდგვაროვნები ყოფილხართ და საბრძოლველად ჩვენი სწორი, მაგრამ თქვენგან არაფერი არ გვინდა. ჩვენი გამოწვევა მიმართულია სხვა არავის მიმართ, თუ არა ჩვენი საკუთარი ტომის კაცებისადმი.“ შემდეგ კურეიშის მაუწყებელმა დაიძახა: „მუჰამედ, გამოგზავნე ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი შესაფერისი მებრძოლები ჩვენივე ტომიდან.“ მუჰამედსაც სწორედ ეს სურდა, მაგრამ ანსარების მოწადინებულობას დაჰყვა. ახლა ის თავის საკუთარ ოჯახს მიუბრუნდა, ვინაიდან სწორედ მათი მოვალეობა იყო ბრძოლის დაწყება. გამომწვევთაგან ხომ ორი სიმწიფის ასაკში იყო, ერთი კი ახალგაზრდა. ამის შესაბამისად მუჰამედმა თქვა: „ადექი, ‛უბაიდა, ადექი, ჰამზა, ადექი, ‛ალი.“ ‛უბაიდა, მუტტალიბის შვილიშვილი, იყო ყველაზე დიდი და გამოცდილი კაცი მთელ ჯარში. იგი წარდგა ‛უთბას წინააღმდეგ, ჰამზა შაიბას დაუპირისპირდა, ‛ალი კი - ვალიდს. შერკინებები დიდხანს არ გაგრძელებულა: შაიბა და ვალიდი სულ მალევე განგმირულები ეყარნენ მიწაზე, ჰამზა და ‛ალი კი უვნებელნი დარჩნენ. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც უბაიდამ ‛უთბა მიწაზე დაანარცხა, ამ უკანასკნელისაგან მიიღო მახვილის დარტყმა, რომელმაც ფეხებში დაჭრა. ეს სამთა შეჯიბრი იყო, ამიტომაც ჰამზამ და ‛ალიმ თავიანთი მახვილები ‛უთბასაკენ მიმართეს და ჰამზამ მას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა. შემდეგ მათ თავიანთი დაჭრილი ბიძაშვილი ბანაკში შეიყვანეს. მას იმდენი სისხლი დაეკარგა, რომ სასიკვდილოდ იყო განწირული, მისი ფეხის ჭრილობებიდან უკვე ძვლის ტვინი წვეთავდა. მას მხოლოდ ერთი რამ აფიქრებდა. „მე მოწამე არ ვარ, ღმერთის მოციქულო?“ უთხრა წინასწარმეტყველს, რომელიც მიუახლოვდა. „ნამდვილად ხარ,“ მიუგო მუჰამედმა.

დაძაბული სიჩუმე ორ მოქიშპეს შორის ახლა დაარღვია ისრის ხმამ კურეიშის მხრიდან და ‛უმარის განთავისუფლებული მონა სასიკვდილოდ დაჭრილი დაეცა მიწაზე. მეორე ისარი ყელში მოხვდა ჰარისას, ხაზრაჯელ ახალგაზრდას, რომელიც წყალს სვამდა ცისტერნიდან. ახლა მუჰამედმა მოუწოდა თავის ხალხს: „იმისი სახელით, ვის ხელშიცაა მუჰამედის სული, დღეს არ მოკვდება ჩვენგან არც ერთი კაცი, რომელიც მათ წინააღმდეგ იბრძოლებს დიდი ჯილდოს იმედად, წინ წავა და უკან არ დაიხევს, ღმერთი შეიყვანს მას პირდაპირი გზით თავის სამოთხეში.“2 მისი სიტყვები ახლოს მდგომებმა, ვისაც კარგად ესმოდა, შორს მდგომებს გადასცეს. იმ მომენტში ‛უმაირს ხაზრაჯის ერთ-ერთი კლანიდან, სალიმადან, ხელები სავსე ჰქონდა ფინიკით, რომელსაც ჭამდა. „სასწაული სასწაულთაგან!“ შეჰყვირა მან, „განა ჩემსა და სამოთხეში ჩემს შესვლას შორის მხოლოდ ის არაა, რომ ამ კაცებმა უნდა მომკლან?“ მოისროლა ფინიკის ნაყოფები და ხელი სტაცა მახვილს, რადგანაც მოუთმენლად ელოდა საბრძოლო ბრძანებას.

‛ავფი წინასწარმეტყველთან ახლოს იდგა, იმედგაცრუებული იმის გამო, რომ დაკარგა პატივი, პირველს მიეღო გამოწვევა, ამიტომაც ახლა მუჰამედს მიუბრუნდა და უთხრა: «ღმერთის მოციქულო, რა არის ის, რაც ღმერთს სიხარულით გააცინებს თავის მონაზე?» მაშინვე მოვიდა პასუხი: „როდესაც იგი ჯაჭვის პერანგის გარეშე შევარდება მოწინააღმდეგის რიგებში და აქეთ-იქით მიაწყდება“; ‛ავფი დაუყოვნებლივ შეუდგა ჯავშნის მოხსნას, წინასწარმეტყველმა კი აიღო მთელი მუჭა მოზრდილი ქვებისა და დაიწყო მათი სროლა კურეიშისაკენ, თან იძახდა: „წარხოცილ იქნას ეს სახეები!“ კარგად იცოდა, რომ წყევლა უბედურებას მოასწავებდა მათთვის. შემდეგ თავდასხმის ბრძანება გასცა. საბრძოლო შეძახილი, რომელიც მან მათთვის შექმნა, ჲა მანსურ ამით,3 ახლა ყველა იმ კაცის პირიდან ამოდიოდა, რომელიც დიდი მღელვარებით ნაკადად გაიჭრა წინ. ‛ავფი, თავისი ჯაჭვის პერანგის გარეშე, და ‛უმაირი იყვნენ იმ პირველთა შორის, ვინც მტერს წინა რიგებში შეხვდნენ, და ორივემ მანამდე იბრძოლა, სანამ არ დაიღუპა. მათმა სიკვდილმა, ასევე ‛უბაიდასა და იმ ორი კაცის დაცემამ, ვინც ისარმა იმსხვერპლა, მოწამეთა რიცხვი ხუთამდე გაზარდა. კიდევ მხოლოდ ცხრა ერთგული უნდა დაღუპულიყო იმ დღეს, მათ შორის - მეორე ‛უმაირი, სა‛დის უმცროსი ძმა, რომელსაც სახლში გაგზავნას უპირებდა წინასწარმეტყველი.

შენ არ გისვრია, როდესაც ისროლე, არამედ ღმერთმა ისროლა.4 ეს სიტყვები იყო ნაწილი გამოცხადებისა, რაც მოვიდა უშუალოდ ბრძოლის შემდეგ. იმ დღეს ქვები არ იყო ერთადერთი გამოვლინება ღვთიური ძლიერებისა, რომელიც წინასწარმეტყველის ხელიდან მოდიოდა. ერთ მომენტში, როდესაც კურეიშის წინააღმდეგობამ კულმინაციას მიაღწია, ერთ-ერთ მორწმუნეს ხმალი გადაუტყდა. მან მაშინვე ის იფიქრა, რომ წინასწარმეტყველთან წასულიყო და სხვა იარაღი ეთხოვა. ეს იყო ‛უქქაშა, ჯაჰშის ოჯახის ნათესავი. წინასწარმეტყველმა მას მისცა ხის ხელკეტი და უთხრა: „ამით იბრძოლე, ‛უქქაშა.“ მანაც გამოართვა და დაიწყო მისი მოქნევა. მის ხელში ის იქცა გრძელ, მაგარ და მოელვარე ხმლად. ამ იარაღით იბრძოლა მან ბადრში ბოლომდე და ასევე მონაწილეობა მიიღო წინასწარმეტყველის ყველა სხვა ბრძოლაში. მას დაარქვეს ალ-‛ავნ, რაც ღვთიურ შეწევნას ნიშნავს.

როდესაც მორწმუნეებს ბრძანება მიეცათ თავდასხმაზე, ისინი ამ თავდასხმაში მარტო არ წასულან, რადგანაც წინასწარმეტყველმა ისევ კარგად იცოდა, რომ მან დაპირება მიიღო: მე გაგაძლიერებთ ათასი ანგელოზით, რომლებიც წყებად წამოვლენ თქვენს უკან.5 და ანგელოზებთანაც მივიდა ღვთიური უწყება: როდესაც ღმერთი გამოუცხადებს ანგელოზებს: მე თქვენთან ვარ, მაშ, განამტკიცეთ ისინი, ვინც ირწმუნეს. მათ გულში, ვინც არ ირწმუნეს, შიშს შთავაგდებ, მოჰკვეთეთ თავები (დასცხეთ კისრებზე) და წააცალეთ ყოველი თითი.6

ანგელოზების ყოფნას ყველა გრძნობდა, ეს იყო ძალა მორწმუნეთათვის და შიში ურწმუნოთათვის, მაგრამ იმ ყოფნას მხოლოდ მცირედნი თუ ხედავდნენ, ასევე ცოტას ესმოდა, თანაც სხვადასხვა ხარისხით. მეზობელი არაბული ტომის ორი კაცი გორაკის თავზე ავიდა, რათა იქიდან დაენახა, რა მოხდებოდა, და მიეღო თავისი წილი ნადავლისა ბრძოლის შემდეგ, როგორც იმედოვნებდა. მათ ღრუბელმა ჩაუარა გვერდით, ღრუბელმა, რომელიც აღსავსე იყო ცხენების ჭიხვინით. იმ ორ კაცთაგან ერთ-ერთი მაშინვე მკვდარი დაეცა ძირს. „მას შიშისაგან გული გაუსკდა,“ თქვა მეორემ, რომელიც გადარჩა, გამოიტანა რა დასკვნა იქიდან, რაც საკუთარი გულით შეიგრძნო.

ერთ-ერთი მორწმუნე მტერს მისდევდა, როდესაც ამ მოწინააღმდეგის თავი მისი მხრებიდან მანამდე ჩამოვარდა ძირს, სანამ მორწმუნე მას დაეწეოდა, ეს უხილავი ხელის დარტყმა იყო. ზოგიერთმა სულ ხანმოკლედ დაინახა ანგელოზები, რომლებიც ცხენებზე ამხედრებულნი მოდიოდნენ, ეს ცხენები მიწას არ ეხებოდნენ თავიანთი ფლოქვებით. ანგელოზებს გაბრიელი მიუძღვოდა წინ, მას ყვითელი თავსაბურავი ჰქონდა, დანარჩენი ანგელოზების თავსაბურავები კი თეთრი იყო. თავსაბურავის მეორე ბოლო თავისუფლად გაეშვათ და ამიტომაც ისინი ფრიალებდა მათ უკან. კურეიშის რიგები სულ მალე მეტად აირ-დაირია და ისინი გაიქცნენ, გარდა რამდენიმე მცირე ჯგუფისა, სადაც ანგელოზებს ჯერ არ გაევლოთ. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში დაუცხრომელი გააფთრებით იბრძოდა აბუ ჯაჰლი, სანამ ის მიწაზე არ დასცა მუ‛აზმა, ‛ავფის ძმამ. ამის შემდეგ ‛იქრიმამ, აბუ ჯაჰლის შვილმა, ჭრილობა მიაყენა მუ‛აზს, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ მხარში დაეჭრა. მუ‛აზმა განაგრძო ბრძოლა თავისი ჯანსაღი ხელით, მეორე კი უღონოდ ეკიდა მხოლოდ კანის მეშვეობით. როდესაც ის ძალიან მტკივნეული გახდა, იგი დაიხარა, ფეხი დაიდგა თავის მკვდარ ხელზე, უეცრად წამოიწია, ასე მოიგლიჯა ხელისშემშლელი კიდური და განაგრძო მტრის დევნა. აბუ ჯაჰლი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ მუ‛ავვიზმა, ‛ავფის მეორე ძმამ, იცნო იგი, როდესაც მიწაზე ეგდო, ამიტომაც ლახვარი ჩასცა, რათა განეგმირა. შემდეგ მუ‛ავვიზმა სვლა განაგრძო და მანამდე იბრძოლა, სანამ, ‛ავფის მსგავსად, ბრძოლის ველზე არ დაეცა.

კურეიშის უმეტესობა გადარჩა, მაგრამ დაახლოებით ორმოცდაათი სასიკვდილოდ დაიჭრა, უშუალოდ ბრძოლის ველზე დაეცა ანდა მაშინ დაიღუპა, როდესაც დევნის დროს წამოეწივნენ. დაახლოებით ამდენივე ტყვედ ჩავარდა. წინასწარმეტყველმა თავის მეგობრებს უთხრა: „მე ვიცი, რომ ჰაშიმის ძენი და ასევე სხვები წამოიყვანეს თავიანთი სურვილის გარეშე, მათ სრულიადაც არ უნდოდათ ჩვენთან ბრძოლა.“ მან დაასახელა რამდენიმე ისეთი კაცი, ვინც უნდა დაენდოთ, თუ მათ დაიჭერდნენ. მაგრამ მისი ჯარის უდიდესი ნაწილი ისედაც საიმისოდ იყო განწყობილი, რომ ტყვეების სანაცვლოდ გამოსასყიდი მოეთხოვა და არა ის, რომ ისინი მახვილით განეგმირა.

ვინაიდან კურეიში რაოდენობით ამდენად მეტი იყო მორწმუნეებზე, მაინც მხედველობაში უნდა მიეღოთ შესაძლებლობა მათი ხელახლა გაერთიანებისა და საბრძოლველად უკან დაბრუნებისა, ამიტომაც წინასწარმეტყველი დაარწმუნეს, უკან შესულიყო თავის თავშესაფარში აბუ ბაქრთან ერთად, ამ დროს კი რამდენიმე ანსარი ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს. სა‛დ იბნ მუ‛აზი შესასვლელთან ყარაულობდა ამოწვდილი მახვილით და, როდესაც მისმა მოძმე მეომრებმა თავიანთი ტყვეების შეყვანა დაიწყეს ბანაკში, წინასწარმეტყველი განცვიფრებული დარჩა მისი სახის უკმაყოფილო გამომეტყველებით. „სა‛დ,“თქვა მან, „როგორც ჩანს, რასაც ისინი აკეთებენ, საძულველია შენს თვალში.“ სა‛დმა ჯიქურ დაუკრა კვერი და დასძინა: „ეს პირველი დამარცხებაა, რომელიც ღმერთმა კერპთაყვანისმცემლებს აწვნია; მე უფრო ვისურვებდი, მენახა, როგორ ხოცავენ მათ კაცებს, და არა იმას, რომ მათ ცოცხლებს ტოვებდნენ.“‛უმარიც იმავე აზრზე იდგა, მაგრამ აბუ ბაქრი მომხრე იყო, ტყვეებისათვის სიცოცხლე ეჩუქებინათ იმის იმედად, რომ ადრე თუ გვიან ისინი მორწმუნეები გახდებოდნენ, და წინასწარმეტყველიც მისი აზრისაკენ იხრებოდა. მაგრამ მოგვიანებით იმავე დღეს, როდესაც ‛უმარი თავშესაფარში დაბრუნდა, მან ნახა, რომ წინასწარმეტყველი და აბუ ბაქრი თვალცრემლიანნი იყვნენ იმ გამოცხადების გამო, რომელიც მოსულიყო: წინასწარმეტყველს არ უნდა ჰყავდეს ტყვეები, სანამ იგი დედამიწაზე დიდ სისხლისღვრას არ მოიმოქმედებს.7 თქვენ თქვენთვის უნდა გქონდეთ სარგებელნი ამ ქვეყნისა და ღმერთს ექნება თქვენთვის სარგებელნი საიქიოსი; და ღმერთი ძლევამოსილია და ბრძენი. მაგრამ შემდეგ გამოცხადება ნათლად განმარტავდა, რომ ტყვეთა შეწყნარების გადაწყვეტილება მიიღო ღმერთმა და მისი უკან წაღება დაუშვებელი იყო. წინასწარმეტყველმა მიიღო უწყება თვით ამ ტყვეთა შესახებ: წინასწარმეტყველო, უთხარი იმ ტყვეებს, ვინც შენს ხელთ არიან: თუ ღმერთმა იცის რაიმე სიკეთე თქვენს გულში, უფრო უკეთესს მოგცემთ იმაზე, რომელიც წაღებულ იქნა თქვენგან, და შეგინდობთ თქვენ. ჭეშმარიტად, ღმერთი მიმტევებელია, მოწყალე. 8

თუმცა იყო ერთი კაცი, რომელიც ნამდვილად არ შეიძლებოდა, ცოცხალი დარჩენილიყო. ზოგადად მიაჩნდათ, რომ ის მოკლული იყო, და წინასწარმეტყველმა ბრძანა, მისი გვამი მოეძებნათ. ‛აბდ ალლაჰ იბნ მას‛უდი კიდევ ერთხელ წავიდა ბრძოლის ველზე და გააგრძელა ძებნა, ვიდრე არ მიაგნო იმ კაცს, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა იმისათვის, რომ მექის ხალხში ისლამის მიმართ სიძულვილი გაეღვივებინა. აბუ ჯაჰლს ჯერ კიდევ შერჩენოდა იმდენი სასიცოცხლო ძალა, რომ ეცნო ის მტერი, რომელიც ახლა თავზე წამოსდგომოდა. ‛აბდ ალლაჰი პირველი კაცი იყო, რომელმაც ხმამაღლა წარმოთქვა ყურანი ქა‛აბას წინ, და აბუ ჯაჰლმა მას ძლიერად გაარტყა და სახეში დაჭრა, რადგანაც მაშინ იგი მხოლოდ და მხოლოდ ზუჰრას მოკავშირე იყო და ღარიბი, დედამისი მონა გახლდათ. ახლა ‛აბდ ალლაჰმა მას ფეხი დააჭირა ყელზე. აბუ ჯაჰლმა კი უთხრა: „შენ, მართლაც, მაღლა აფოფხდი, პატარა ცხვარო.“ შემდეგ ჰკითხა, რა მიმართულებით შებრუნდა ომის იღბალი იმ დღეს, იმას გულისხმობდა, რომ შემდგომში ის საპირისპირო მხარეს შებრუნდებოდა. „ღმერთმა და მისმა მოციქულმა გაიმარჯვეს,“ უპასუხა ‛აბდ ალლაჰმა, შემდეგ მტერს თავი მოჰკვეთა და წინასწარმეტყველს წაუღო.

აბუ ჯაჰლი არ იყო კურეიშის ერთადერთი ლიდერი, რომელიც უნდა მოეკლათ ბრძოლის დამთავრების შემდეგ. ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფს მიჰქონდა ჯაჭვის პერანგები, რომლებიც ნადავლის სახით მოეპოვებინა. ამ დროს მან ჩაუარა ზორბა უმაიას, რომელსაც თავისი ცხენი თუ აქლემი დაეკარგა და ამიტომაც გაქცევა ვერ მოეხერხებინა. მასთან იყო მისი ვაჟი, ‛ალი, რომლისთვისაც ხელი ჩაეჭიდა. უმაიამ დაუძახა ერთ დროს თავის მეგობარს: „ამიყვანე ტყვედ, რადგანაც მე უფრო მეტი ფასი მაქვს, ვიდრე ჯაჭვის პერანგებს.“ ‛აბდ არ-რაჰმანი დათანხმდა, ჯაჭვის პერანგები ძირს დაყარა და იგი ვაჟიშვილთან ერთად ტყვედ აიყვანა. მაგრამ, როდესაც ბანაკში მიჰყავდა, ბილალმა დაინახა ისინი და იცნო თავისი ყოფილი ბატონი და მტანჯველი. „უმაია,“ შესძახა მან, „ურწმუნოების თავი! ცოცხალიმც ნუ ვიქნები, თუ ის გადარჩა!“ უკმაყოფილო ‛აბდ არრაჰმანმა პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ისინი მისი ტყვეები იყვნენ, მაგრამ ბილალმა კიდევ ერთხელ შეჰყვირა: „ცოცხალიმც ნუ ვიქნები, თუ ის გადარჩა!“ „გაიგებ თუ არა, რას გეუბნები, შავი დედის შვილო?“ ეუბნებოდა აღშფოთებული დამატყვევებელი, ამ დროს კი ბილალი მთელი ძალით გაჰყვიროდა იმ ხმით, რომელმაც ის მუეძინად აქცია: „ღმერთის ანსარებო, აი, ურწმუნოების თავი, უმაია! ცოცხალიმც ნუ ვიქნები, თუ ის გადარჩა!“ კაცები სირბილით მოვიდნენ ყველა მხრიდან და მჭიდროდ შემოერტყნენ გარს ‛აბდ არ-რაჰმანსა და მის ორ ტყვეს. შემდეგ ვიღაცამ ხმალი ამოიღო და ‛ალი ძირს დასცა, ოღონდ არ მოუკლავს. ‛აბდ არრაჰმანმა ხელი გაუშვა მამას. „შენ თვითონ ეცადე გადარჩენას,“ უთხრა მას, „მაგრამ არ არსებობს არავითარი გადარჩენა, რადგანაც, ღმერთმანი, მე აღარ შემიძლია შენთვის რაიმეს მოცემა!“ ‛აბდ არ-რაჰმანი კაცებმა გვერდით გასწიეს, თავს დააცხრნენ ორივე ტყვეს და სულ მალე ბოლო მოუღეს. მომდევნო წლებში ‛აბდ არ-რაჰმანი ამბობდა ხოლმე: „ღმერთმა შეიწყალოს ბილალი! ჩემი ჯაჭვის პერანგები ხომ დავკარგე, მან კი ჩემი ორი ტყვეც მომტაცა.“

წინასწარმეტყველმა გასცა ბრძანება, ყველა იმ ურწმუნოს გვამი, რომელიც ბრძოლის დროს იქნა მოკლული, ჩაეყარათ ორმოში. და, როდესაც ‛უთბას გვამს მიათრევდნენ, მისი ვაჟის, აბუ ჰუზაიფას, სახე გაფითრდა და მწუხარებით აღივსო. „ღმერთის მოციქულო, არ ჯერ არს, რომ მე რაიმე ვიკითხო შენი ბრძანების შესახებ მამაჩემის ანდა იმ ადგილის შესახებ, სადაც მისი გვამი ჩააგდეს. მაგრამ მე მას ვიცნობდი, როგორც კაცს ბრძნული რჩევებით, მომთმენსა და პატიოსანს, და იმედი მქონდა, რომ ეს თვისებები მას ისლამში შეიყვანდა, მაგრამ, როდესაც ვნახე, რა დაემართა, და როდესაც გამახსენდა, როგორ ურწმუნოებაში დაიღუპა იგი ამ ჩემი იმედების შემდეგ, ამან დამამწუხრა.“ შემდეგ წინასწარმეტყველმა აკურთხა აბუ ჰუზაიფა და მას კეთილი სიტყვები უთხრა.

ბანაკის მშვიდობა და სიწყნარე მალე დაარღვია სიბრაზისაგან აწეულმა ხმებმა, რადგანაც მათ, ვინც უკან იყვნენ დარჩენილი, რათა წინასწარმეტყველი დაეცვათ, მოითხოვეს ნადავლის განაწილება, ხოლო მათ კი, ვინც მტერს სდიეს, კაცები დაატყვევეს და იარაღი და აღჭურვილობა ჩაიგდეს, არ უნდოდათ გაეცათ ის, რაც საკუთარი ხელით მოი პოვეს. მაგრამ, სანამ წინასწარმეტყველი აღადგენდა ჰარმონიას და ბრძანებდა, რომ ის ყველაფერი, რაც მოპოვებულ იქნა, თანაბრად უნდა განაწილებულიყო, სასურველი შედეგი მიღწეულ იქნა უფრო იოლად და სწრაფად გამოცხადების მეშვეობით: ისინი გკითხავენ ომის ნადავლის შესახებ. თქვი: ომის ნადავლი არის ღმერთისა და მოციქულისათვის.9 ასე რომ, წინასწარმეტყველმა გასცა ბრძანება, ყველაფერი, რაც მოი პოვეს, მათ შორის ტყვეები, ერთად შეეკრიბათ და აღარ ეფიქრათ, რომ ეს რომელიმე ცალკე პიროვნების საკუთრება იყო. ამ ბრძანებას დაუყოვნებლივ უსიტყვოდ დაემორჩილა ყველა.

ყველაზე განთქმული ტყვეთა შორის იყო ‛ამირის ბელადი, სუჰაილი, სავდას ბიძაშვილი და მისი მაზლი (პირველი ქმრის ძმა). სხვა, კიდევ უფრო ახლობელნი წინასწარმეტყველისა, იყვნენ მისი ბიძა, ‛აბბასი, სიძე, ზეინაბის ქმარი, აბუ ლ-‛ასი, ბიძაშვილები, ‛აკილი და ნავფალი. მან გასცა ზოგადი ბრძანება, ყველა ტყვეს კარგად მოპყრობოდნენ, თუმცა ისინი აუცილებლად დაბმულნი უნდა ჰყოლოდათ. მაგრამ ფიქრებმა იმის შესახებ, რომ მისი ბიძა ასე იტანჯებოდა ამ დამწყვდევისაგან, იმ ღამეს წინასწარმეტყველი არ დააძინა და მან ბრძანება გასცა, მისი სარტყლები გაეხსნათ. სხვა ტყვეებმა უფრო ნაკლებად მოწყალე დამოკიდებულება მიიღეს უახლოესი ნათესავებისაგან. მუს‛აბმა ჩაუარა თავის ძმა აბუ ‛აზიზს, როდესაც მას აბამდა ანსარი, რომელმაც ის დაატყვევა, და მუს‛აბმა ამ ანსარს უთხრა: „ჩქარა დააბი, რადგანაც დედამისი მდიდარია და შესაძლოა, მისთვის გამოსასყიდი მოგცეს.“ „ძმაო,“ თქვა აბუ ‛აზიზმა, „ასეთი გზით უნდა გადამცე სხვებს?“ „ახლა ეს ანსარია შენს მაგიერ ჩემი ძმა,“მიუგო მუს‛აბმა. მიუხედავად ამისა, მომდევნო წლებში აბუ ‛აზიზი ყვებოდა, როგორ კარგად მოექცნენ მას ანსარები, რომლებმაც ის მედინაში წაიყვანეს, იქიდან კი დედამისმა გამოისყიდა 4 000 დირჰემად.

როგორც კი ნათელი გახდა, რომ მექის ჯერ კიდევ მაინც დიდი, რვაასკაციანი, ჯარის უკან მობრუნების შესაძლებლობა აღარ არსებობდა, წინასწარმეტყველმა ‛აბდ ალლაჰ იბნ რავაჰა სასიხარულო ამბის მაცნედ გაგზავნა ზემო მედინის ხალხთან, ანუ ქალაქის იმ ნაწილში, რომელიც უფრო სამხრეთით იყო, ხოლო ზეიდი გაუშვა ქვემო მედინაში. თვითონ თავის ჯართან დარჩა ბადრში; იმ ღამეს ის წავიდა იმ ორმოსთან, რომელშიც ისლამის მტრების გვამები იყო ჩაყრილი. „თხრილის კაცნო,“ თქვა მან, „წინასწარმეტყველის ნათესავნო, ბოროტი ნათესაობა გამიწიეთ მე. მატყუარას მეძახდით, როდესაც სხვებმა მიმიღეს; ჩემს წინააღმდეგ იბრძოდით, როდესაც სხვები გამარჯვებაში დამეხმარნენ. განა იხილეთ, რომ ჭეშმარიტება იყო ის, რასაც თქვენი უფალი დაგპირდათ თქვენ? მე ვნახე, რომ ჭეშმარიტება იყო ის, რასაც მე დამპირდა ჩემი უფალი.“ მისმა ზოგიერთმა მეგობარმა გაიგონა ეს ყველაფერი და გაიკვირვა, როგორ ელაპარაკებოდა იგი უსიცოცხლო სხეულებს. „თქვენს მიერ იმის მოსმენა, რასაც ვლაპარაკობ, არ არის უკეთესი მათ მიერ მოსმენილზე,“ თქვა მან, „მაგრამ მათ არ შეუძლიათ, პასუხი გამცენ.“10

მეორე დილით ადრე წინასწარმეტყველი მედინისაკენ გაემგზავრა თავის ჯართან და ნადავლთან ერთად. ორი ყველაზე ძვირი ტყვე, რომელთათვისაც მათ ოჯახებს დაეკისრებოდათ სრული გამოსასყიდი 4 000 დირჰემის სახით, იყვნენ ნადრი ‛აბდ ად-დარიდან და ‛უკბა ‛აბდუ შამსიდან. მაგრამ ესენი გახლდნენ ისლამის მტერთაგან ორი ყველაზე უარესი და მათთვის დაბრუნების უფლება რომ მიეცათ, აუცილებლად განაახლებდნენ თავიანთ ბოროტ მოღვაწეობას, თუ ბადრში მუსლიმთა გამარჯვება ამდენად მეტ მტერზე მათ არ დააფიქრებდა. წინასწარმეტყველი ახლა მათ მუდმივად ადევნებდა თვალყურს, მაგრამ არ ჩანდა არავითარი ნიშანი რაიმე ცვლილებისა რომელიმე მათგანის გულში, ამიტომაც მუჰამედისათვის ამ მგზავრობის დროს ნათელი გახდა, რომ ღმერთის სურვილს არ შესაბამებოდა, ისინი ცოცხლები დარჩენილიყვნენ. ერთერთი პირველი გაჩერების დროს მან ბრძანება გასცა, ნადრი მოეკლათ, და ეს ‛ალი იყო, ვინც მას თავი მოჰკვეთა. შემდეგ გაჩერებაზე იგივე ბედი ეწია ‛უკბას ერთ-ერთი ავსელის ხელით. წინასწარმეტყველმა გაანაწილა დანარჩენი ტყვეები და ნადავლი იმ გაჩერებაზე, რომელიც სამი დღის სავალ მანძილზე იყო მედინიდან. მან სცადა, რაც შეიძლება თანაბარი წილი მიეცა ყველასთვის, ვინც ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.

იმ დროისათვის ზეიდმა და ‛აბდ ალლაჰ იბნ რავაჰამ უკვე მიაღწიეს მედინას და იქ დიდმა სიხარულმა დაისადგურა ყველასთვის, გარდა ებრაელებისა და კერპთაყვანისმცემლებისა. მაგრამ ზეიდს იმ სასიხარულო უწყების სანაცვლოდ, რომელიც თვითონ ჩაიტანა მედინაში, ცუდი ამბავი მიაგებეს, კერძოდ, რუკაჲჲა გარდაცვლილიყო. ‛უსმანი და უსამა ეს-ეს იყო, რაც დაკრძალვიდან დაბრუნებულიყვნენ. გოდება ქალაქის იმ ნაწილში კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ზეიდმა ‛აფრას უთხრა, რომ მისი ორი ვაჟი, ‛ავფი და მუ‛ავვიზი, დაიღუპნენ. სავდა თავისი სახლიდან მათთან წავიდა, რათა ორივე მათგანის გლოვა გაეზიარებინა. მაგრამ ზეიდს ასევე უნდა ეთქვა რუბაჲჲი‛ისათვის თავისი სრულიად ახალგაზრდა ვაჟის, ჰარისა იბნ სურაკას, დაღუპვის ამბავი, იმ ჭაბუკისა, რომლის ყელიც მტრის ისარმა გააპო, როდესაც იგი წყალს სვამდა მუსლიმების მიერ გაკეთებული ცისტერნიდან. როგორც კი წინასწარმეტყველი მედინაში დაბრუნდა რამდენიმე დღის შემდეგ, ქალი თვითონ წავიდა მასთან, რათა ეკითხა თავისი ვაჟიშვილის შესახებ. დედა შეწუხებული იყო იმის გამო, რომ მისი შვილი მანამდე დაიღუპა, სანამ ბრძოლა დაიწყებოდა, და ისლამისათვის ხმლის მოქნევა ვერ მოასწრო. „ღმერთის მოციქულო,“თქვა მან, „განა არაფერს მეტყვი ჰარისას შესახებ, თუ ის სამოთხეშია, ჩემს დანაკარგს უფრო იოლად გადავიტან, თუ არა და ჩემი გოდება იყოს სასჯელის საფასური.“ წინასწარმეტყველს ასსეთ კითხვებზე ზოგადად უკვე გაცემული ჰქონდა პასუხი, რადგანაც ის პირობას იძლეოდა, რომ მორწმუნე იმის მიხედვით დაჯილდოვდებოდა, რაც მისი განზრახვა იყო, თუნდაც მისი განხორციელება ვერ მოესწრო: „ქმედებანი აღინუსხება განზრახვათა შესაბამისად.“11 მაგრამ ახლა ამ ქალს კონკრეტულად უპასუხა: ჰარისის დედაო, სამოთხეში ბევრი ბაღია და, ჭეშმარიტად, შენმა ვაჟმა მიაღწია ყველაზე მაღალს, ფირდაუსს.12

_________________________

1. ბ. XIV, 10.

2. ი.ი. 445.

3. ეს შეძახილი მოკლეა არაბულად, მაგრამ არა სხვა ენებზე: „თქვენ, ვინც ღმერთმა გამარჯვებულებად გაქციათ, მოკალით!“

4. VIII, 17.

5. VIII, 9.

6. VIII, 12.

7. ტყვის არასწორად დანდობისათვის დაკარგა საულმა თავისი მეფობა (I სამუელი, 15).

8. VIII, 70.

9. VIII, 1.

10. ი.ი. 454.

11. ბ. I, 1.

12. ბ.LVI, 14.

44 XLIV. დამარცხებულთა დაბრუნება

▲ზევით დაბრუნება


კურეიშის ჯარი მექისაკენ წავიდა პატარ-პატარა ჯგუფებად, მათ წინ მიუძღოდნენ ან უკან მიჰყვებოდნენ ცალკეული პირები. ერთ-ერთი პირველი, ვინც ახალი ამბით დაბრუნდა, იყო ჰაშიმელი აბუ სუფიანი, რომლის ძმა ნავფალიც ტყვედ ჩავარდა. აბუ სუფიანს მეტად მტრული დამოკიდებულება ჰქონდა ახალი სარწმუნოებისადმი, რაც ბიძგს აძლევდა, თვით ამ რელიგიისა და აგრეთვე თავისი ბიძაშვილისა და ძუძუმტის, მუჰამედ წინასწარმეტყველის, წინააღმდეგ ლექსები შეეთხზა. მაგრამ იმან, რაც ბადრში განიცადა, დიდად შეძრა. მისი პირველი აზრი გახლდათ, ქა‛აბაში წასულიყო, და მოხდა ისე, რომ მისი ბიძა, აბუ ლაჰაბი, იჯდა დიდ კარავში, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ზამზამის კარავი. როდესაც თავისი ძმისშვილი დაინახა, აბუ ლაჰაბმა დაუძახა, მასთან დამჯდარიყო და მოეყოლა, რაც მოხდა. „მეტი არაფერია, თუ არა ის,“ უპასუხა აბუ სუფიანმა, „რომ ჩვენ შევხვდით მტერს და უკან გამოვიქეცით, მათ გვდიეს და ისე აიყვანეს ტყვეები, როგორც სურდათ. მე ვერ დავადანაშაულებ ჩვენს ხალხს, რადგანაც დავუპირისპირდით არა მხოლოდ მტერს, არამედ თეთრებში ჩაცმულ კაცებს, რომლებიც ამხედრებულნი იყვნენ ამლაყ ცხენებზე ზეცასა და დედამიწას შორის, ვინც თავიანთი რიგებიდან არავის კარგავდნენ და რომელთაც ვერავინ ვერ აღუდგებოდა წინ.“

იმ მომენტში კარვის კუთხეში იჯდა უმმ ალ-ფადლი და მასთან იყო აბუ რაფი‛ი, ‛აბბასის ერთ-ერთი მონა, რომელიც ისრებს აკეთებდა. ამ ქალის მსგავსად, ისიც მუსლიმი იყო და ისინი თავიანთ ისლამს საიდუმლოდ ინახავდნენ და არავის უმხელდნენ, გარდა რამდენიმე ადამიანისა. მაგრამ ახლა აბუ რაფი‛მა თავის თავში ვეღარ დამალა სიხარული, როდესაც შეიტყო ამბავი წინასწარმეტყველის გამარჯვებისა; როდესაც მან გაიგო „თეთრებში ჩაცმული კაცების შესახებ ზეცასა და დედამიწას შორის,“ აღფრთოვენაბითა და ტრიუმფით შესძახა: „ეს ანგელოზები იყვნენ!“ აბუ ლაჰაბს მაშინვე რისხვის „შეტევა“ დაეწყო და მან აბუ რაფი‛ს ისე დაარტყა, რომ სახეში დაჭრა. მონა ცდილობდა, წინააღმდეგობა გაეწია, მაგრამ ის გამხდარი და სუსტი იყო, მსუქანმა და ზორბა აბუ ლაჰაბმა კი წამოდგომის საშუალება არ მისცა, დაიხარა და კიდევ და კიდევ ურტყამდა. შემდეგ უმმ ალ-ფადლმა აიღო ხის ძელი, რომელსაც ხანდახან იყენებდნენ კარვის საყრდენების გასამყარებლად, და მთელი ძალით დასცხო თავის სიძეს თავში და ყვრიმალზე კანიცა და ხორციც წააცალა, იქ ისეთი ჭრილობა მიაყენა, რომელიც არასოდეს არ განიკურნებოდა. „ასე ანგარიშმიუცემლად მოეპყრობი მას,“ ყვიროდა ქალი, „ახლა, როდესაც მისი პატრონი აქ არ არის, რომ იგი დაიცვას?“ ჭრილობამ გახრწნა დაიწყო და ერთ კვირაში აბუ ლაჰაბის მთელი სხეული დაიფარა ჩირქიანი წყლულებით, რისგანაც სულ მალე გარდაიცვალა.

როდესაც ბრძოლის ამებები კიდევ უფრო დაწვრილებით გავრცელდა და დაღუპულების ოჯახებმა გლოვა დაიწყეს, საკრებულოში სასწრაფოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მათ თავი უნდა შეეკავებინათ. „მუჰამედი და მისი მეგობრები,“ უთხრეს მათ, „გაიგებენ თქვენს ამბავს და გაიხარებენ.“ რაც შეეხება ტყვეთა ნათესავებს, მათ დაავალეს, დაეყოვნებინათ იასრიბში რაიმე გამოსასყიდის გაგზავნის შეთავაზება. ამდენი გამოჩენილი კაცის სიკვდილის შემდეგ უმაიანი აბუ სუფიანი ბევრის თვალში ახლა კურეიშის წამყვან პიროვნებად იქცა; თითქოს იმისათვის, რომ მაგალითი ეჩვენებინა სხვებისათვის, მან ასეთი რამ თქვა თავისი ორი ვაჟის, ჰანზალასა და ‛ამრის, შესახებ, რომელთაგან ერთი დაღუპულიყო, მეორე კი ტყვედ ჩავარდნილიყო: „განა უნდა ვიტანჯო ორმაგი დანაკარგით ჩემი სისხლისა და სიმდიდრისა? მათ მოკლეს ჰანზალა და ახლა ‛ამრი უნდა გამოვისყიდო? დატოვეთ ის მათთან. ჰყავდეთ, რამდენი ხანიც უნდათ!“

აბუ სუფიანის მღელვარე ცოლი, ჰინდი, არც ჰანზალას დედა იყო და არც ‛ამრისა, მაგრამ ბადრის ბრძოლაში მან დაკარგა მამა, ‛უთბა, ბიძა, შაიბა, და ძმა, ვალიდი. და, მართალია, ახლა იკავებდა თავის მოთქმას, მან დაიფიცა, რომ, როდესაც კურეიში რევანშს აიღებდა მუსლიმთა ჯარზე - რაც აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ - ის უმად შეჭამდა ჰამზას ღვიძლს, ჰამზასი, რომელმაც მოკლა მისი ბიძა და რომელმაც სასიკვდილო დარტყმა მიაყენა მამამისსაც.

რაც შეეხება იმ ქარავნის მდიდარ ტვირთს, რომელიც აბუ სუფიანმა უვნებლად ჩაიყვანა მექაში, საკრებულოში ერთხმად შეთანხმდნენ, რომ მთელი მისი სარგებელი უნდა მოხმარებოდა ისეთი დიდი და ძლიერად აღჭურვილი ჯარის შექმნას, რომ მას შეძლებოდა, ფეხქვეშ გაეთელა ნებისმიერი წინააღმდეგობა, რომელსაც მედინა წამოაყენებდა მის წინაშე; ახლა უკვე ქალებიც უნდა გასულიყვნენ კაცების გვერდით, რათა გაემხნევებინათ ისინი და და ბიძგი მიეცათ საგმირო საქმეების ჩასადენად. ასევე შეთანხმდნენ, რომ იმავე მიზნით მოციქულები გაეგზავნათ მთელ არაბეთში თავიანთ მოკავშირეებთან და დაერწმუნებინათ, მათ შეერთებოდნენ ამ თავდასხმაში, და დაესახელებინათ მათთვის ნებისმიერი დამაჯერებელი მიზეზი, რასაც საჭიროდ ჩათვლიდნენ, იმისათვის, თუ რატომ უნდა ყოფილიყვნენ მიჩნეული ახალი სარწმუნოების მიმდევარნი საერთო მტრად.

მაშინ, როდესაც პატივი სცეს და დაემორჩილნენ საკრებულოს დადგენილებას გლოვის თაობაზე, კურეიშელებმა იმავდროულად ყურადღება არ მიაქციეს იმას, რაც ითქვა გამოსყიდვის შესახებ, ამიტომაც სულ მალე თითქმის ყველა კლანიდან მედინის გზას დაადგნენ კაცები, რათა მოლაპარაკებოდნენ დამატყვევებლებს და გაეთავისუფლებინათ ერთი ან ორი თავიანთ ნათესავთაგან თუ მოკავშირეთაგან. აბუ სუფიანმა შეასრულა საკუთარი სიტყვა, მაგრამ მომდევნო პილიგრიმობის დროს დაიჭირა ერთ-ერთი მომლოცველი ოაზისიდან, ავსელი მოხუცი, და თქვა, რომ არ გაათავისუფლებდა მას, სანამ მისი ვაჟიშვილი, ‛ამრი, მასთან არ დაბრუნდებოდა; და პილიგრიმის ოჯახმა წინასწარმეტყველი დაარწმუნა, ამ გაცვლას დათანხმებოდა.

45 XLV. ტყვეები

▲ზევით დაბრუნება


ტყვეები მედინაში მცველებმა ჩაიყვანეს წინასწარმეტყველის ჩასვლიდან მეორე დღეს. სავდა, რომელიც კიდევ ერთხელ წასულიყო ‛აფრას მოსანახულებლად, განცვიფრებული დარჩა, როდესაც სახლში დაბრუნებისას იხილა ბიძაშვილი და სიძე, სუჰაილი, თავისი კლანის ბელადი. იგი კისერზე ხელებმიბმული ოთახის კუთხეში მიმჯდარიყო. ამ სანახაობამ გამოაღვიძა კარგა ხნის წინ მივიწყებული გრძნობები და ქალს ერთი წუთით დაავიწყა ყველაფერი, რამაც ერთმანეთს დააშორა ეს ორი ახლობელი ადამიანი. „აბუ იაზიდ,“ თანაგრძნობით შესძახა სავდამ, „ძალიან იოლად ჩაბარდი. ღირსეული სიკვდილით უნდა მომკვდარიყავი!“ „სავდა!“ მიმართა მას წინასწარმეტყველმა, რომლის იქ ყოფნაც უეცრად ქალმა ვერ შენიშნა. საყვედურის ტონმა მუჰამედის ხმაში სავდა მაშინვე დააბრუნა თავისი წინაისლამური წარსულიდან ისლამურ აწმყოში, თანაც სირცხვილის ერთგვარი შეგრძნებით. ჯერ ისევ არსებობდა იმედი, რომ სუჰაილი ისლამს მიიღებდა და, რა თქმა უნდა, უკვე ძლიერი და აყვავებული თეოკრატია თავის ზეგავლენასა და შთაბეჭდილებას მოახდენდა მასზეც და სხვა ტყვეებზეც. მაგრამ წინასწარმეტყველმა თავის მეგობრებს მიანდო, რომ მათ თავში შეეყვანათ ისლამური და არა წარმართული იდეები. ის ისევ მიუბრუნდა მონანიე სავდას: „შენ რაიმე ცუდს მოიმოქმედებ ღმერთისა და მისი მოციქულის წინააღმდეგ?“

სუჰაილის გამორჩეულობამ, ისევე, როგორც აბუ სუფიანისამ, დიდად მოიმატა ამდენი ლიდერის სიკვდილის გამო. ამ კაცის გავლენის გამოყენება შესაძლებელი იყო საიმისოდ, რომ მოექციათ ბევრი მერყევი ადამიანი არა მხოლოდ მისი, არამედ სხვა კლანებიდანაც; მაგრამ სუჰაილის ყოფნა მედინაში ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგანაც ბანუ ‛ამირმა სასწრაფოდ გაგზავნა თავისი ერთ-ერთი კლანი მის გამოსასყიდად, და ამ კაცმა თანხმობა განაცხადა, მედინაში დარჩენილიყო მძევლად მანამდე, სანამ მისი ბელადი მექაში ჩავიდოდა და მოაგვარებდა იმ თანხის გადახდის საქმეს, რომელზეც შეთანხმდნენ.

თითოეული ტყვე გაინაწილეს სამმა ან მეტმა მებრძოლმა და ახლა ის ჯგუფი ანსარებისა, ვისიც იყო ‛აბბასი, წინასწარმეტყველთან მივიდა თავის ტყვესთან ერთად და უთხრა: „ღმერთის მოციქულო, უფლება მოგვეცი, უარი ვთქვათ გამოსასყიდ თანხაზე, რომელსაც გვთავაზობენ ჩვენი დის ვაჟისათვის.“ „დაში“ გულისხმობდნენ სალმას. მაგრამ წინასწარმეტყველმა უთხრა: „ერთ დირჰემსაც კი არ გაუშვებთ ხელიდან.“ შემდეგ მიუბრუნდა თავის ბიძას და უთხრა: „გამოისყიდე შენი თავი, ‛აბბას, და შენი ორი ძმისშვილი, ‛აკილი და ნავფალი, და შენი მოკავშირე ‛უთბა, რადგანაც შენ მდიდარი კაცი ხარ.“ ‛აბბასმა გააპროტესტა: „მე უკვე მუსლიმი ვიყავი, მაგრამ ხალხმა მაიძულა, მათთან ერთად წამოვსულიყავი საბრძოლველად.“ წინასწარმეტყველმა უთხრა: „რაც შეეხება შენს ისლამს, ღმერთმა უკეთ იცის. თუ მართალია, რასაც ამბობ, იგი შენ დაგაჯილდოებს. მაგრამ გარეგნულად შენ ჩვენს წინააღმდეგ იყავი, მაშ, გადაგვიხადე გამოსასყიდი.“ ‛აბბასმა უპასუხა, რომ ფული არ ჰქონდა, მაგრამ წინასწარმეტყველმა უთხრა: „მაშინ სად არის ის ფული, რომელიც დაუტოვე უმმ ალ-ფადლს? თქვენ ორნი მარტონი იყავით, როდესაც მას უთხარი: „თუ მე მომკლავენ, ამდენია ფადლისათვის, ამდენი ‛აბდ ალლაჰისათვის, კისამისა და ‛უბაიდ ალლაჰისათვის.“ სწორედ მაშინ იყო, რომ რწმენა ნამდვილად შევიდა ‛აბბასის გულში. „იმის სახელით, ვინც შენ გამოგგზავნა ჭეშმარიტებით,“ თქვა მან, „არავინ არ იცოდა ამის შესახებ, გარდა უმმ ალ-ფადლისა და ჩემი. ახლა მე ვიცი, რომ შენ ღმერთის მოციქული ხარ.“1 და იგი დათანხმდა, რომ გამოისყიდდა თავის ორ ძმისშვილს, მოკავშირეებსა და საკუთარ თავსაც.

ერთ-ერთი ტყვე, ვინც წინასწარმეტყველთან ცხოვრობდა, იყო მისი სიძე, აბუ ლ-‛ასი, რომლის ძმა ‛ამრიც ჩამოვიდა მექიდან ფულით, რაც ზეინაბს გამოეგზავნა მის გამოსასყიდად; ფულისათვის მას მოეყოლებინა ონიქსის ყელსაბამი, რომელიც დედამისმა აჩუქა ქორწილის დღეს. როდესაც წინასწარმეტყველმა ყელსაბამი დაინახა, გაფითრდა, რადგანაც მყისვე იცნო, რომ ერთ დროს ის ხადიჯას ეკუთვნოდა. იგი ძლიერ აღელდა და მათ, ვისაც ტყვე ერგებოდა, უთხრა: „იქნებ მოიფიქროთ და გაათავისუფლოთ მისი დატყვევებული ქმარი და თან გამოსასყიდიც უკან დაუბრუნოთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია.“ მათ მაშინვე თანხმობა განუცხადეს, ფულიცა და ყელსაბამიც აბუ ლ-‛ასთან ერთად დააბრუნეს. არსებობდა დიდი იმედი, რომ აბუ ლ-‛ასი ისლამს მიიღებდა მედინაში, მაგრამ ის ასე არ მოიქცა და, როდესაც მექაში მიდიოდა, წინასწარმეტყველმა უთხრა, როგორც კი იქ ჩავიდოდა, ზეინაბი მედინაში გამოეგზავნა. სიძემ დიდად დამწუხრებულმა მისცა ამის პირობა. გამოცხადებამ ნათელი გახადა, რომ მუსლიმი ქალი არ შეიძლება წარმართი კაცის ცოლი ყოფილიყო.

‛აბდ ალლაჰ იბნ ჯაჰშს წილი ჰქონდა ვალიდზე, ახლა უკვე დაღუპული ვალიდის, მახზუმის ყოფილი ბელადის, ყველაზე უმცროს ვაჟზე. ჭაბუკის ორი ძმა, ხალიდი და ჰიშამი, მოვიდნენ მის გამოსასყიდად. ‛აბდ ალლაჰს უნდოდა, რომ 4000 დირჰემზე ნაკლები არ აეღო, და ხალიდს, ტყვის ნახევარ ძმას, არ უნდოდა ამდენის გადახდა, მაგრამ ღვიძლმა ძმამ, ჰიშამმა, უსაყვედურა და უთხრა: „ის ხომ ნამდვილად დედაშენის შვილია,“ რის შემდეგაც ხალიდი დათანხმდა. მაგრამ წინასწარმეტყველი ამ გარიგების წინააღმდეგი იყო და ‛აბდ ალლაჰს უთხრა, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ მათი მამის იარაღი და აბჯარი უნდა ეთხოვა. ხალიდმა ისევ უარი განაცხადა, მაგრამ ჰიშამმა კიდევ ერთხელ დაითანხმა იგი. და, როდესაც მათ თავიანთი რელიკვია მედინაში ჩაიტანეს, თავიანთ ძმასთან ერთად ისევ მექის გზას გაუდგნენ. მაგრამ ერთ-ერთი პირველი შესვენების დროს იგი ძმებს გაუსხლტა და დაბრუნდა მედინაში, სადაც წინასწარმეტყველთან მივიდა და ფორმალურად მიიღო ისლამი, მას კავშირი აღუთქვა. ძმები მას სწრაფად გაეკიდნენ და, როდესაც ნახეს, რაც მოხდა, გაბრაზებულმა ხალიდმა უთხრა: „რატომ არ გააკეთე ეს მანამდე, სანამ გამოგისყიდდით და მამაჩვენის მიერ ბოძებულ განძს ხელიდან გავუშვებდით? რატომ მაშინ არ გახდი მუჰამედის მიმდევარი, თუ ეს შენი მიზანი იყო?“ ვალიდმა უპასუხა, რომ იგი არ იყო ის კაცი, რომლიც კურეიშს თავის თავზე ათქმევინებდა: „ის მუჰამედს მხოლოდ იმიტომ გაჰყვა, რომ გამოსასყიდი არ გადაეხადა.“ შემდეგ ძმებთან ერთად მექაში წავიდა, რათა აეღო თავისი ნივთები, და ეჭვი არ ჰქონია, რომ ისინი რაიმეს მოიმოქმედებდნენ მის წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც კი ჩავიდნენ, იგი მაშინვე დააპატიმრეს და ჩასვეს ‛აჲჲაშთან და სალამასთან ერთად, რომლებიც აბუ ჯაჰლის ნახევარი ძმები იყვნენ და ისინი ‛იქრიმას, აბუ ჯაჰლის ვაჟს, მამამისის სიკვდილის შემდეგ ისევ ყარაულობის ქვეშ ჰყავდა. წინასწარმეტყველი ხშირად ლოცულობდა, რათა სამივეს თავი დაეღწია პატიმრობისათვის, ის აგრეთვე ლოცულობდა ჰიშამისათვის საჰმიდან და ყველა იმ სხვა ადამიანისათვის, ვინც ძალით იყო დაკავებული მექაში.

ჯუბაირი, მუტ‛იმის ძე, ჩამოვიდა, რათა გამოესყიდა თავისი ბიძაშვილი და ორი მოკავშირე, წინასწარმეტყველმა ის თავაზიანად მიიღო. მოსულს უთხრა, რომ, თუ მუტ‛იმი ცოცხალი იყო და მასთან მოვიდოდა პატიმართა სახელით, მაშინ მათ მას გამოსასყიდის გარეშე მისცემდა. ჯუბაირზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ყველაფერმა, რაც მედინაში ნახა; ერთ საღამოს, მზის ჩასვლისას, ის მეჩეთის გარეთ იდგა და ლოცვას უსმენდა. წინასწარმეტყველმა წარმოთქვა სურა, რომელსაც ჰქვია ატ-ტურ, მთა. ის გაფრთხილებას იძლევა დიდ სამსჯავროსა და ჯოჯოხეთზე, შემდეგ კი საუბრობს სამოთხის საკვირველებებზე. ასეთი სიტყვებით მთავრდება: მოთმინებით ელოდე შენი უფლის გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგანაც შენ, ჭეშმარიტად, ჩვენი მხედველობის არეში ხარ; და ადიდე შენი უფალი ქებით, როდესაც დგები, და ადიდე ღამე და მაშინაც, როდესაც ვარსკვლავები ქრებიან. 2

„მაშინ იყო,“ ყვებოდა ჯუბაირი, „რომ რწმენა დაფუძნდა ჩემს გულში.“3 მაგრამ მან ჯერ ყური არ ათხოვა გულის კარნახს, რადგანაც მთლიანად მოეცვა ფიქრებს ბადრში თავისი საყვარელი ბიძის ამასწინანდელი დაღუპვის შესახებ. ტუ‛აიმი, მუტ‛იმის ძმა, იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ჰამზამ მოკლა, და ჯუბაირი თავის საპატიო მოვალეობად მიიჩნევდა მისი სიკვდილის გამო შურისძიებას; იმის შიშით, რომ ეს განზრახვა არ შესუსტებულიყო, იგი სასწრაფოდ გაემგზავრა მექაში, როგორც კი შეთანხმებას მიაღწია გამოსასყიდებთან დაკავშირებით.

გამომსყიდველთა უმეტესობა, სულ მცირე, თავაზიანი მაინც იყო წინასწარმეტყველთან. გამონაკლისი გახლდათ უბაი ჯუმაჰიდან, უმაიას ძმა და ‛უკბას გულითადი მეგობარი; ორივე მათგანი ბრძოლის შემდეგ იქნენ მოკლულნი. როდესაც ის თავის გამოსყიდულ ვაჟთან ერთად ბრუნდებოდა, თქვა, „მუჰამედ, მე მყავს ცხენი, სახელად ‛ავდი, და მას ყოველდღე უხვად ვკვებავ ხორბლით. მოგკლავ, როდესაც მასზე ამხედრებული ვიქნები.“ „არა,“ მიუგო წინასწარმეტყველმა, „ეს მე ვარ, ვინც შენ მოგკლავს, თუ ღმერთს სურს.“4

იმავდროულად მექაში უბაის ორი ძმისშვილი, საფვანი და ‛უმაირი, დიდი სიმწრით ლაპარაკობდა აუნაზღაურებელ დანაკარგზე, რაც კურეიშს იმ ლიდერების დაღუპვამ მიაყენა, რომლებიც ბადრში ორმოში იქნენ ჩაყრილნი. საფვანი უმაიას ვაჟი იყო და ასე ჩანდა, რომ ახლა, როდესაც მამამისი ცოცხლებში აღრ ერია, იგი უნდა გამხდარიყო ჯუმაჰის ლიდერი. მისი ბიძაშვილი, ‛უმაირი, ის კაცი, იყო, ვინც გარშემო შემოუარა მუსლიმთა ჯარს ბადრში და შეაფასა მისი ძლიერება. „ღმერთმანი, აღარ არის არავითარი სიკეთე ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ისინი წავიდნენ, დაიღუპნენ,“ ამბობდა საფვანი. ‛უმაირი ეთანხმებოდა და გულწრფელობასთან ყველაზე მეტად ახლოს ის გახლდათ, ვიდრე თანამოსაუბრე (ე.ი. საფვანი). მისი ვაჟი ერთ-ერთი ტყვეთაგანი იყო, მაგრამ მამას ვალი ჰქონდა და გამოსყიდვას ვერ ახერხებდა, თანაც ისე დათრგუნულად გრძნობდა თავს საკუთარი სიცოცხლითაც კი, რომ მზად იყო მის მსხვერპლად გასაღებად ზოგადი საჭიროებისათვის. „ვალის გამო ვერ გადავიხდი გამოსასყიდს,“ ამბობდა იგი, „მეორეც, არ მინდა, ოჯახი მიუხედავად დავაგდო, თორემ წავიდოდი მუჰამედთან და მას მოვკლავდი.“ „ჩემზე იყოს შენი ვალი,“ ეუბნებოდა საფვანი, „შენი ოჯახი კი ისე იყოს, როგორც ჩემი! მე ვიზრუნებ მათზე მანამდე, სანამ იცოცხლებენ. მათ არაფერი არ დასჭირდებათ, რადგანაც ყველაფერს მე მივცემ.“ ‛უმაირმა მაშინვე მიიღო ეს შეთავაზება და მათ ფიცი დადეს, რომ საიდუმლოდ შეინახავდნენ ამას მანამდე, სანამ საბოლოო მიზანს არ მიაღწევდნენ. შემდეგ მან გალესა თავისი მახვილი, საწამლავი წაუსვა და იასრიბისაკენ გაემართა თითქოსდა იმ მიზეზით, რომ შვილის გამოსყიდვა უნდოდა.

როდესაც ‛უმაირმა ქვემო მედინას მიაღწია, წინასწარმეტყველი მეჩეთში იჯდა. ‛უმარმა დაინახა, რომ ‛უმაირს თავისი ხმალი ზედ ერტყა, შეაჩერა და შიგნით არ უშვებდა, მაგრამ წინასწარმეტყველმა დაუძახა, ჯუმაჰელისათვის უფლება მიეცა, მას მიახლოევბოდა. ასე რომ, ‛უმარმა უთხრა რამდენსამე ანსარს, ვინც მასთან იყვნენ: „შედით და დასხედით ღმერთის მოციქულთან და ყურადღებით იყავით ამ ბოროტმოქმედთან მიმართებაში, რადგანაც არ იქნებოდა გონივრული მისი ნდობა.“ ‛უმაირმა მათ კარგი დღე უსურვა, რაც წარმართული მისალმებაა, და წინსწარმეტყველმა უთხრა: „ღმერთმა ჩვენ უკეთესი მისალმება მოგვცა, ვიდრე ეს შენი მისალმებაა, ‛უმაირ. მშვიდობაა სამოთხის ხალხთა მისალმება.“ შემდეგ ჰკითხა, რატომ მისულიყო მათთან. ‛უმაირმა მიზეზად თავისი ვაჟი დაასახელა. „მაშ, ეს მახვილი რად გინდა?“ უთხრა წინასწარმეტყველმა. „ღმერთმა დასწყევლოს მახვილები!“ თქვა ‛უმაირმა, „განა მათ რაიმე კარგი სამსახური გაგვიწიეს?“ „სიმართლე მითხარი,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „რა მიზნით მოხვედი აქ?“ და, როდესაც ‛უმაირმა გაიმეორა თავისი ვაჟის ამბავი, წინასწარმეტყველმა მას სიტყვა-სიტყვით გაუმეორა ის საუბარი, რომელიც ჰიჯრში ჰქონდა საფვანთან. „მაშ, საფვანმა თავის თავზე აიღო შენი ვალი და შენს ოჯახზე ზრუნვა,“ დაასკვნა მან, «რათა შენ მე მოგეკალი; მაგრამ ღმერთი წინ აღუდგა ამას (ღმერთი ჩადგა ჩემსა და ამ საქმეს შორის.)“ „ვინ გითხრა შენ ეს?“ შესძახა ‛უმაირმა, „რადგანაც, ღმერთმანი, მესამე კაცი არ ყოფილა ჩვენთან.“ „გაბრიელმა მითხრა,“ მიუგო წინასწარმეტყველმა. „ჩვენ მატყუარას გეძახდით,“ თქვა ‛უმაირმა, «როდესაც კეთილი უწყება მოგვიტანე ზეციდან. მაგრამ დიდ არს ღმერთი, რომელმაც ახლა მე ისლამში შემიყვანა. ვადასტურებ, რომ არ არსებობს არავითარი ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და რომ მუჰამედი მისი მოციქულია.“ წინასწარმეტყველი ზოგიერთ იქ მყოფთაგანს მიუბრუნდა და უთხრა: „ასწავლეთ თქვენს ძმას თავისი სარწმუნოება, წაუკითხეთ ყურანი და გაათავისუფლეთ მისი ტყვე ვაჟიშვილი.“5 ‛უმაირს ძალიან უნდოდა მექაში დაბრუნება, რათა ეცადა, სხვებიც მოექცია ისლამზე, მათ შორის საფვანი. წინასწარმეტყველმა მას უფლება მისცა, წასულიყო, და მან ბევრი ხალხი მოაქცია. მაგრამ საფვანმა ის მოღალატედ მიიჩნია და გადაჭრით განაცხადა უარი მასთან საუბარზე და საერთოდ, რაიმე საერთოს ქონაზე. რამდენიმე თვის შემდეგ ‛უმაირი მედინაში დაბრუნდა, როგორც ემიგრანტი, ანუ მუჰაჯირი.

როდესაც აბუ ლ-‛ასი მექაში ჩავიდა, მან ზეინაბს უთხრა, რომ მამამისს შეჰპირდა მის გაგზავნას მედინაში. ისინი შეთანხმდნენ, მათი პატარა ქალიშვილი, უმამა, დედასთან ერთად წასულიყო. ვაჟიშვილი, ‛ალი, მცირეწლოვანი გარდაეცვალათ და ახლა ზეინაბი მესამე ბავშვს ელოდებოდა. როდესაც ყოველგვარი სამზადისი მგზავრობისათვის დამთავრდა, აბუ ლ-‛ასმა მათ გააყოლა თავისი ძმა, ქინანა, როგორც თანმხლები. თავიანთი გეგმები საიდუმლოდ შეინახეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღისით გაემგზავრნენ და მექაში ამის შესახებ დიდი მითქმა-მოთქმა და ლაპარაკი ატყდა, სანამ საბოლოოდ კურეიშმა არ გადაწყვიტა, უკან გაჰყოლოდა და ზეინაბი ‛აბდუ შამსის კლანის წიაღში დაებრუნებინა, რომელსაც იგი ქორწინების საფუძველზე ეკუთვნოდა. როდესაც მიუახლოვდნენ, კაცი, სახელად ჰაბბარი, გაჭენდა და ძალიან ახლოს მივიდა მათთან, თან ხელკეტი მოუღერა ზეინაბს, რომელიც უმამასთან ერთად იჯდა, შემდეგ კი ისევ თავისიანებს შეუერთდა, ვინც ახლა უკვე წამოსწეოდნენ მგზავრებს. ქინანა ჩამოხდა, აიღო მშვილდი, მათკენ შებრუნებული დაიხარა, კაპარჭიდან ყველა ისარი ძირს, სილაზე, წამოყარა თავის წინ. „ერთი თგვენგანიც რომ მომიახლოვდეს,“ თქვა მან, „ღმერთმანი, მე მას ისარს ვესვრი.“ კაცებმა უკან დაიხიეს, როდესაც მან თავისი მშვილდი მოზიდა. მოკლე თათბირის შემდეგ მისი ბელადი, აბუ სუფიანი, და კიდევ ერთი-ორი სხვა ძირს ჩამოხდა და ფეხით წავიდა მისკენ. მან სთხოვა, მშვილდი მოეშვა და საკითხი მათთან ერთად განეხილა. ქინანა დათანხმდა და აბუ სუფიანმა მას უთხრა: „დიდი შეცდომა იყო ქალის ასე საჯაროდ გამოყვანა ხალხის თავკაცების წინაშე მაშინ, როდესაც შენ იცი ის უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა, და ყველაფერი, რაც მუჰამედმა გააკეთა ჩვენს საწინააღმდეგოდ. ეს მიღებული იქნება იმის ნიშნად, რომ ჩვენ შევეგუეთ, და ადამიანები იტყვიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა უძლურება ჩვენი მხრიდან. ჩემს სიცოცხლეს ვფიცავარ, მე არ მინდა, ქალი მამამისს წავართვა, ეს არც გამოგვადგება შურისძიებად. მაგრამ წაიყვანე იგი უკან მექაში და, როდესაც ენების ტრიალი შეწყდება ჩვენი უძლურების შესახებ და გავრცელდება ის ამბავი, რომ გამოგეკიდეთ და ქალი უკან დავაბრუნეთ, შემდეგ ჩუმად გაიყვანე, რათა მამამისთან იყოს.“ ქინანამ მიიღო შეთავაზება და ყველა ერთად დაბრუნდა მექაში. ცოტა ხნის შემდეგ ზეინაბს მუცელი მოეშალა, რაც დაკავშირებული იყო იმ შიშთან, რმელიც მასში ჰაბბარმა აღძრა. როდესაც გამოჯანმრთელდა და საკმარისი დრო გავიდა, ქინანამ ის უმამასთან ერთად ღამით წაიყვანა და გაჰყვა იაჯაჯის ველამდე, მედინიდან რვა მილის მოშორებით. იქ მათ ზეიდი დახვდა, როგორც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი, და მან ისინი უსაფრხოდ ჩაიყვანა მედინაში.

_______________________

1. ტაბ. 1344.

2. II, 48-9.

3. ბ. LII, 25.

4. ვ. 251.

5. ი.ს. IV, 147.

46 XLVI. ბენი კაინუკა

▲ზევით დაბრუნება


უკვე დიდი ხანია, რაც ცხადი გახდა, რომ ებრაელები წინასწარმეტყველთან დადებული ხელშეკრულების შესრულებას საჭიროდ აღარ თვლიდნენ და მათი უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებდა წარმართ კერპთაყვანისმცემლებს ერთი ღმერთის თაყვანისმცემელ მუსლიმებთან შედარებით. თუ ადრე გამოცხადებები ადასტურებდნენ ერთგულებას ანდა არასანდოობას ებრაელთა შორის გარკვეული ცალკეული პირებისას, ახლა უკვე სრულ გაფრთხილებებს იძლეოდნენ მათი უმრავლესობის შესახებ. წინასწარმეტყველსა და მის მიმდევრებს მიეცათ რჩევა, თავი შორს დაეჭირათ მათგან: ისინი გააკეთებენ ყველაფერს საიმისოდ, რომ გაგანადგურონ, და მათ მოსწონთ შენთვის უსიამოვნების შემთხვევა. მათი ზიზღი ცხადია იქიდან, რასაც მათი პირი წარმოთქვამს, და, რასაც მათი გული იტევს, ის კიდევ უფრო დიდია.1

უეჭველია, ახლა ებრაელთა იმედები სულ უფრო და უფრო მეტად იყო მიქცეული თვით წინასწარმეტყველის ტომისაკენ, როგორც ძირითადი საშუალებისაკენ ახალი რელიგიის გასანადგურებლად და, აქედან გამომდინარე, იასრიბის ოაზისის იმად გადაქცევაში, რაც ის მანამდე იყო. წინასწარმეტყველის ქმედებების შესახებ რეგულარულად აწვდიდნენ ინფორმაციას მექაში; და, კურეიშს მის წინააღმდეგ რომ გამოელაშქრებინა და მედინის სამხრეთში ებრაელთა ციხესიმაგრემდე მოეღწია, ანუ მისი მეჩეთიდან სულ ნახევარი დღის სავალ მანძილზე, ასე ჩანდა, რომ მექელთა ჯარი გადამწყვეტ მომენტში გაძლიერდებოდა სოლიდური ებრაული კონტინგენტით.

თუ რაიმე სიკეთეს შეხვდები, ეს ცუდია მათ თვალში და, თუ ბოროტება შეგემთხვევა, ამის გამო ისინი გაიხარებენ.2 ეს მარტივად წარმოჩინდა ებრაელთა რეაქციით ბადრის გამარჯვებასთან დაკავშირებით. როდესაც ამ ამბავმა მედინაში ჩააღწია, კაინუკა‛ის, ნადირისა და კურაიზას ტომებმა ვერ დამალეს თავიანთი უკმაყოფილება. განსაკუთრებით გასაოცარი იყო აშრაფის ძის, ქა‛ბის, შემთხვევა. მამამისი იყო არაბი ტაის ტომიდან, მაგრამ ქა‛ბი თავის თავს დედის შტოს გამო ბანუ ნადირის წევრად თვლიდა და თვით ეს ტომიც მას თავისიანად მიიჩნევდა, რადგანაც დედამისი ებრაელი იყო. პრინცი პში ის ხსენებული ტომის გამორჩეულ წევრად იქცა, ნაწილობრივ თავისი სიმდიდრისა და ძლიერი პიროვნების წყალობით, აგრეთვე იმიტომაც, რომ გარკვეულწილად ცნობილი პოეტი იყო. როდესაც მან გაიგო ზეიდისა და ‛აბდ ალლაჰის მიერ მოტანილი ახალი ამბები, ასევე სახელები კურეიშის იმ სახელგანთქმული კაცებისა, ვინც დაიღუპნენ, შესძახა: „ღმერთმანი, თუ მუჰამედმა ეს კაცები დახოცა, მაშინ ის, რაც დედამიწის შიგნითაა, უკეთესია იმაზე, რაც მის გარეთაა“; და, როდესაც დარწმუნდა, რომ ეს ამბები სიმართლეს შეესაბამებოდა, დაუყოვნებლივ, მუჰამედის ჩასვლამდე, დატოვა მედინა და გაემგზავრა მექაში, სადაც შეთხზა აბუ ჯაჰლის, ‛უთბას, შაიბასა და სხვა დაღუპულების დატირება. იმავდროულად მან კურეიში შეაგულიანა, თავისი ღირსება აღედგინა და რევანში აეღო, შეაგროვებდა რა ჯარის დაუძლეველ რაოდენობას და მას გაუძღვებოდა (თვით კურეიში) იასრიბის წინააღმდეგ.

ქა‛ბის მოღვაწეობის შესახებ ცნობებმა მედინაში ჩააღწია; მაგრამ იმ მომენტში ქა‛ბი მიუწვდომელი იყო და უფრო სასწრაფო ზომები იქნა მიღებული სხვა ებრაული ტომის მიმართ. წინასწარმეტყველმა განსაკუთრებით კარგად იცოდა ბანუ კაინუკა‛ის მოღალატეობისა და სიძულვილის შესახებ, რადგანაც ‛აბდ ალლაჰ იბნ სალლამი ერთ-ერთი წამყვანი კაცი იყო მათ შორის და კარგად უწყოდა მათი საქმეები. მეტიც, სწორედ ისინი იყვნენ მოკავშირეები ხაზრაჯელი იბნ უბაჲჲისა, წარმართების ლიდერისა; მათი ყოფნა უფრო მეტად იგრძნობოდა, ვიდრე სხვა ებრაული ტომებისა, რადგანაც ისინი უფრო ახლოს იყვნენ თვითონ ქალაქთან, ბანუ ნადირი და კურაიზა, ავსის მოკავშირენი, კი გარკვეულწილად მოშორებით ცხოვრობდნენ ქალაქგარეთ.

წინასწარმეტყველმა ცოტა ხნის წინ მიიღო ბრძანება: თუ გეშინია ღალატისა რომელიმე ხალხის მხრიდან, მაშინ უკან დაუბრუნე ხალშეკრულება. ჭეშმარიტად, ღმერთს არ უყვარს მოღალატენი.3 მაგრამ გამოცხადება ასევე ამბობდა: თუ ისინი განწყობილნი არიან სამშვიდობოდ, შენც საიმისოდ განეწყვე და გწამდეს ღმერთისა.4 ამიტომაც არ უნდოდა, გადამწყვეტი ზომები მიეღო, თუ შესაძლებელი იყო რაიმეს მიღწევა უფრო რბილი მეთოდებით, ასე რომ ბადრიდან დაბრუნების შემდეგ ერთერთ პირველ დღეს იგი წავიდა ბანუ კაინუკა‛თან შესახვედრად მათ ბაზარზე მედინის სამხრეთით. იმსჯელა რა იმაზე, რომ, შესაძლოა, ბადრის სასწაულმა ისინი აიძულა, გული შეეცვალათ, გააფრთხილა, თავის თავზეც არ გამოეწვიათ ღმერთის რისხვა, რომელიც თავს დაატყდა კურეიშს. „მუჰამედ,“ უპასუხეს მათ, „მხედველობიდან ნუ გამოგრჩება, რომ შენ იმ კაცთა წინააღმდეგ იყავი, ვინც არ იციან ომი, ამიტომაც აჯობე მათ. მაგრამ, თუ ჩვენ გეომებით, მაშინ გაიგებ, რომ ჩვენ ის კაცები ვართ, ვისიც უნდა გეშინოდეს.“ წინასწარმეტყველი გაბრუნდა და წავიდა, იმ მომენტში მათ ეგონათ, რომ გაიმარჯვეს.

რამდენიმე დღის შემდეგ იმავე ბაზარში მოხდა ინციდენტი, რომელმაც საქმე კულმინაციამდე მიიყვანა: ერთი მუსლიმი ქალი, ვინც იქ რაღაც საქონლის გასაყიდად თუ გადასაცვლელად მივიდა, საშინლად შეურაცხყო ებრაელმა ოქრომჭედელმა. ანსარმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო ამ ამბავს და ქალის დასაცავად მივიდა, ატეხილი ჩხუბის დროს მოკლა შეურაცხმყოფელი, რის გამოც მას თავს დაესხნენ ებრაელები და ახლა ეს მუსლიმი მოკლეს. მისმა ოჯახმა შურისძიება მოითხოვა და საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ანსარები დარაზმა კაინუკა‛ის წინააღმდეგ. მაგრამ სისხლი ორივე მხარეს იყო დაღვრილი, ამიტომაც საქმის მოგვარება იოლად შეიძლებოდა და მისი დაყვანა ნამდვილ პროპორციებამდე, ებრაელებს მუჰამედის მიერ საქმის განსჯა რომ მოეთხოვათ, შეთანხმების თანახმად. მაგრამ მათ ეს შესაძლებლობა ზიზღით უარყვეს. გადაწყვიტეს რა, რომ დადგა დრო, დაუპატიჟებელი სტუმრებისათვის ჭკუა ესწავლებინათ, გაძლიერება ითხოვეს თავიანთი ორი ყოფილი ხაზრაჯელი

მოკავშირისაგან, იბნ უბაისა და ‛უბადა იბნ სამითისაგან, ხოლო თვითონ უკან დაიხიეს - მხოლოდ დროებით, როგორც ფიქრობდნენ - თავიანთ კარგად გამაგრებულ და უზრუნველყოფილ სიმაგრეებში. მათ შეეძლოთ შეეგროვებინათ შვიდიათასკაციანი არმია, რაც ორჯერ იმაზე უფრო მეტი იყო, ვიდრე მუსლიმთა ჯარი ბადრში. სულ მცირე, ამდენივე კაცის იმედი ჰქონდათ იბნ უბაისა და ‛უბადასაგან. როდესაც ისინი გამოჩნდნენ, უეჭველია, იმიტომ გადაწყვიტეს, თავიანთი ციხესიმაგრეებიდან გამოსვლა, რომ წინასწარმეტყველისათვის ეჩვენებინათ, მათი ამასწინანდელი მუქარა ცარიელი სიტყვები არ ყოფილა.

მაგრამ, სინამდვილეში, მუქარა მათი თვითდარწმუნება აღმოჩნდა; და რამდენიმე საათში ისინი განცვიფრდნენ და დამწუხრდნენ, როდესაც იხილეს, რომ ალყაშემორტყმულნი იყვნენ ყოველი მხრიდან ისეთი ჯარით, რომელიც მათსას ბევრად აღემატებოდა რიცხვობრივად, რაც თავისთავად ითხოვდა უპირობო კაპიტულაციას.

იბნ უბაი ‛უბადასთან სათათბიროდ წავიდა, მაგრამ ‛უბადა მტკიცედ დადგა იმაზე, რომ მანამდე არსებული არც ერთი შეთანხმება არ შეიძლება დაპირისპირებოდა მუჰამედთან დადებულ ხელშეკრულებას, და მთელი პასუხისმგებლობა თვითონ კაინუკა‛ს დააკისრა. რაც შეეხება უბაის, მას არ სჩვეოდა, რომ ერთ წუთში მოეჭრა კავშირები, რომლებსაც ასე შეგნებულად ავითარებდა წლების განმავლობაში თავისსა და ასე ძლიერ მოკავშირეთა შორის. მაგრამ შეუძლებელი იყო, რომ ბრმა ყოფილიყო, როგორც ებრაელები იყვნენ ბრმები, და ვერ დაენახა, რომ მის თანამოქალაქეთა უმრავლესობა წინასწარმეტყველის ერთგული გახდა. მას საკმაოდ ხშირად გამოუცდია სიმწარე იმისა, რომ ნათლად ხედავდა, როგორ ამჟღავნებდნენ ერთ დროს მისი მოკავშირეები გაცილებით უფრო მეტ ერთგულებას სხვა მოკავშირეობაში. ორი წლის წინ, თვითონ ალყაშემორტყმულთა დახმარებით, ის გატეხდა გაცილებით უფრო დიდი არმიის ალყას. მაგრამ ახლა იცოდა, რომ, რადგანაც თვითონ წინასწარმეტყველი მოქმედებდა, მის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა. ასე რომ, ბანუ კაინუკა‛ი ამაოდ იცდიდა თავისი სიმაგრეების მიღმა და მისი იმედები თანდათან სასოწარკვეთილებად გადაიქცა, რაც დღეები გადიოდა დახმარების რაიმე ნიშნის გარეშე. მათ ორი კვირა გაუძლეს ამ მდგომარეობას, მაგრამ შემდეგ უპირობოდ ჩაბარდნენ.

ახლა იბნ უბაი გამოვიდა ბანაკში, წინასწარმეტყველს მიუახლოვდა და უთხრა: „მუჰამედ, ჩემს მოკავშირეებს კარგად მოექეცი.“ წინასწარმეტყველმა ის თავიდან მოიშორა, მაგრამ, შემდეგ, როდესაც მოთხოვნა გამეორებულ იქნა, იგი გატრიალდა, რის გამოც იბნ უბაიმ ხელი სტაცა აბჯარზე და კისერთან მოქაჩა. წინასწარმეტყველს სახე დაუბნელდა სიბრაზისაგან. „ხელი გამიშვი,“ უთხრა. „ღმერთმანი, არ გაგიშვებ,“ უპასუხა იბნ უბაიმ, „სანამ არ დამპირდები, რომ მათ კარგად მოექცევი. ოთხასი კაცი უაბჯროდ და სამასი აბჯრით - ისინი მიცავდნენ მე წითლებისა და შავებისაგან. განა ერთ დილას ამოწყვეტ მათ?“ „მე შენ გჩუქნი მათ სიცოცხლეს,“ უთხრა წინასწარმეტყველმა. მაგრამ, იმათთან მიმართებაში, ვინც ხელშეკრულება დაარღვია, გამოცხადება ბრძანებდა: თუ შენ ომში მოერევი მათ, მაშინ მაგალითად აქციე ისინი, რათა გააოგნო, ვინც მათ უკან არიან, რათა ყურადღება მიაქციონ ამას; 5 და, გადაწყვიტა რა, რომ ბანუ კაინუკა‛ს უნდა ჩამორთმეოდა მთელი ქონება და გადასახლებულიყო, მან ‛უბადას უთხრა, თან ხლებოდა, როდესაც ოაზისიდან წავიდოდნენ. განდევნილებმა თავი შეაფარეს მონათესავე ებრალების დასახლებას ჩრდილო-დასავლეთით, ვადი ლ-კურაში, და მათი დახმარებით საბოლოოდ სირიის საზღვრებზე დასახლდნენ.

გადასახლებული ებრაელები მჭედლები იყვნენ და თავიანთი საქონლით ვაჭრობდნენ. მუჰაჯირები და ანსარები დიდად გამდიდრდნენ იმ იარაღითა და აღჭურვილობით, რომელიც მათ შორის განაწილდა მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა კანონით კუთვნილი მეხუთედი აიღო თავისთვის და საკუთარი თეოკრატიული სახელმწიფოსთვის.

_______________________

1. III, 118.

2. III, 120.

3. VIII, 58.

4. VIII, 61.

5. VIII, 57.

47 XLVII. გარდაცვალებები და ქორწინებები

▲ზევით დაბრუნება


ერთ-ერთი პირველი რამ, რაც წინასწარმეტყველმა გააკეთა ბადრიდან დაბრუნების შემდეგ, იყო თავისი ქალიშვილის, რუკაჲჲას, საფლავის მონახულება. ფატიმაც თან გაჰყვა. ეს იყო პირველი დიდი დანაკარგი, რომელიც მათ განიცადეს თავიანთ უახლოეს ოჯახურ წრეში ხადიჯას გარდაცვალების შემდეგ. ფატიმა დიდად დამწუხრებული იყო დის დაკარგვის გამო. მას თვალებიდან ცრემლი სდიოდა, მამამისის გვერდით იჯდა საფლავის კიდეზე. მამა ანუგეშებდა და ცდილობდა, ცრემლები საკუთარი მოსასხამის ბოლოთი შეემშრალებინა მისთვის. მანამდე მუჰამედი მიცვალებულთა დატირების წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ ამან გაუგებრობა გამოიწვია. როდესაც ისინი სასაფლაოდან დაბრუნდნენ, გაიგონეს,რომ ‛უმარს გაბრაზებით აემაღლებინა ხმა იმ ქალთა წინააღმდეგ, ვინც რუკაჲჲასა და ბადრის მოწამეებს დასტიროდნენ. „‛უმარ, მიეცი ნება, იტირონ,“ უთხრა მან. შემდეგ დასძინა: „ის, რაც გულიდან და თვალიდან მოდის,ღმერთისა და მისი მოწყალებისგანაა,ხოლო,რაც ხელიდან და ენიდან მოდის, ის სატანისგანაა.“1 ხელში გულისხმობდა გულ-მკერდში ცემასა და ლოყების ხოკვას, ენაში კი - ხმამაღალ წივილ-კივილს, რომელშიც, როგორც სოციალურ ქმედებაში, ყველა ქალი ჩაებმებოდა ხოლმე.

ფატიმა წინასწარმეტყველის ქლიშვილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო, იმ დროისათვის დაახლოებით ოცი წლის. თავის ოჯახში მუჰამედს უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ‛ალი იქნებოდა ფატიმასათვის ყველაზე შესაფერისი ქმარი, მაგრამ ეს ოფიციალური შეთანხმება არ ყოფილა. აბუ ბაქრმაცა და ‛უმარმაც ითხოვეს მისი ხელი, წინასწარმეტყველმა ჯერ თავი შეიკავა, თუმცა მათთვის არ უთქვამს, თუ გოგონას მითხოვებას უკვე შეჰპირდა სხვა კაცს, არამედ აუხსნა, რომ უნდა მოეცადა სათანადო დროისათვის, რომელიც ზეციდან იქნებოდა მითითებული. მხოლოდ იმ კვირების განმავლობაში, რომლებიც მოჰყვა ბადრიდან დაბრუნებას, იგი დარწმუნდა, რომ დრო დადგა. მაშინ წინასწარმეტყველმა გაამხნევა ‛ალი, ოფიციალურად ეთხოვა ფატიმას ხელი. ‛ალი თავდაპირველად მერყეობდა, რადგანაც ძალიან ღარიბი იყო. მას მემკვიდრეობით არაფერი არ მიუღია მამისაგან, რადგანაც ახალი რელიგიის კანონი მორწმუნეს უკრძალავდა რაიმეს მიღებას მემკვიდრეობით ურწმუნოსაგან. მაგრამ მან შეიძინა მოკრძალებული საცხოვრებელი მეჩეთთან ახლოს და, რადგანაც არავითარი ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა წინასწარმეტყველის სურვილებში, იგი დათანხმდა. მას შემდეგ, რაც ოფიციალური ხელშეკრულება შედგა, წინასწარმეტყველმა კატეგორიულად მოითხოვა, საქორწინო ზეიმის გადახდა. ვერძი შესწირეს მსხვერპლად და ზოგიერთმა ანსარმა მარცვლეული მიიტანა ძღვენის სახით. აბუ სალამას, რომელიც სიძის ბიძაშვილიც იყო და პატარძლისაც, ძლიერ სურდა, დახმარება გაეწია მათთვის, რადგანაც იგი ძალიან იყო დავალებული ‛ალის მამისაგან, რომელმაც მას მისცა მფარველობა აბუ ჯაჰლისა და მისი კლანის სხვა მტრულად განწყობილი წევრებისაგან თავდასაცავად. ასე რომ, უმმ სალამა ‛ა'იშასთან ერთად წავიდა, რათა სახლი გაემზადებინა ახალდაქორწინებული წყვილისათვის და საჭმელიც მიეტანა. მდინარის მიერ დალექილი პლასტებიდან მოაგროვეს რბილი სილა და მოაბნიეს სახლის მიწურ იატაკზე. საქორწინო საწოლი ცხვრის ტყავისაგან იყო გაკეთებული და ზედ იდო ზოლიანი იემენური ნაჭრისაგან შეკერილი თხელი გადასაფარებელი. ბალიში ტყავისა გააკეთეს და პალმის ბოჭკოებით ამოავსეს. შემდეგ მათ დაალაგეს ფინიკი და ლეღვი, რათა ისინი სტუმრებს მიერთვათ ძირითადი კერძის შემდეგ, ტიკიც აავსეს წყლით, რომელსაც სურნელება შეურიეს. ყველა ერთხმად მიიჩნევდა, რომ ეს საქორწინო დღესასწაული იყო ერთ-ერთი ულამაზესი, რომელიც ბოლო ხანებში გამართულიყო მედინაში.

როდესაც წინასწარმეტყველი წავიდა და სტუმრებს ნიშანი მისცა, ახლად დაქორწინებული წყვილი მარტო დაეტოვებინათ, ‛ალის უთხრა, არ მიჰკარებოდა თავის ცოლს მანამდე, სანამ თვითონ უკან არ მობრუნდებოდა. იგი სულ მალე დაბრუნდა კიდეც მას შემდეგ, რაც ბოლო სტუმარიც წავიდა. უმმ აიმანი ჯერ კიდევ იქ იყო, რათა დახმარებოდა, სახლი წესრიგში მოეყვანათ ზეიმის შემდეგ. წინასწარმეტყველს თავის ცხოვრებაში ჰქონდა ბევრი განსაკუთრებული კავშირი, რომელსაც არავიან არ იზიარებდა, გარდა თვითონ მისი და იმ პიროვნებისა, ვინც ამ კავშირში იყო. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ უმმ აიმანი. როდესაც მან ითხოვა შესვლის ნებართვა, სწორედ უმმ აიმანი გამოვიდა ზღურბლზე. „სად არის ჩემი ძმა?“ იკითხა მუჰამედმა. „მამაჩემი და დედაჩემი გენაცვალოს (იყოს შენი გამოსასყიდი), ღმერთის მოციქულო, ვინ არის შენი ძმა?“ „აბუ ტალიბის ვაჟი, ‛ალი,“ მიუგო მან. „როგორ შეიძლება, ის შენი ძმა იყოს,“ თქვა ქალმა, „როდესაც სულ ახლა ქალიშვილი მიათხოვე?“ „ის ისაა, რაც მე ვთქვი,“ უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ცოტაოდენი წყალი მოეტანა, უმმ აიმანი ასეც მოიქცა. წინასწარმეტყველმა ერთი ყლუპი პირში ჩაიყენა, შემდეგ კი ისევ უკან ჩააფურთხა ჭურჭელში. როდესაც ‛ალი გამოვიდა, მუჰამედმა უთხრა, მის წინ დამჯდარიყო; მცირედი წყალი ხელით ამოიღო და ‛ალის მიასხურა მხრებზე, მკერდსა და მკლავებზე. შემდეგ ფატიმას მოუხმო, ის გამოვიდა, თან კაბაზე ფეხს იდგამდა იმ მოწიწებისა და პატივისცემის გამო, რომელიც მამის მიმართ ჰქონდა. მუჰამედმა მასაც ისე გაუკეთა, როგორც ‛ალის, აკურთხა ორივე და აკურთხა მათი შთამომავლობაც. 2

იმ წელს, რომელიც ბადრიდან დაბრუნებას მოჰყვა, ‛უმარის ოჯახმა განიცადა ორი დიდი დანაკლისი. პირველი მათგანი იყო გარდაცვალება მისი სიძის, ხუნაისისა, მისი ქალიშვილის, ჰაფსას, ქმრისა. ის იყო ერთერთი ემიგრანტი აბისინიაში და დაბრუნებისას შედგა მათი ქორწილი. ჰაფსა მხოლოდ თვრამეტი წლის იყო, როდესაც დაქვრივდა. ის იყო ლამაზიცა და განათლებულიც, მამამისის მსგავსად, წერა-კითხვა ჰქონდა ნასწავლი. ხედავდა რა, რომ რუკაჲჲას სიკვდილმა უნუგეშოდ დატოვა ‛უსმანი, ‛უმარმა მას ცოლად შესთავაზა ჰაფსა. ‛უსმანმა უპასუხა, ამაზე ვიფიქრებო, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ‛უმართან მივიდა და უთხრა, რომ მიაჩნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ ჯერ-ჯერობით არ დაქორწინდებოდა. ‛უმარი ძალიან იმედგაცრულებული დარჩა და ერთგვარად ნაწყენიც ‛უსმანის უარის გამო. მაგრამ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი ქალიშვილისათვის კარგი ქმარი ეპოვა, ამიტომაც წავიდა აბუ ბაქრთან, რომელსაც საუკეთესო მეგობრად თვლიდა, და ქორწინება ახლა მას შესთავაზა. აბუ ბაქრმა თავის არიდებით უპასუხა, რამაც კიდევ უფრო მეტად ატკინა გული ‛უმარს, ვიდრე ‛უსმანის გადაჭრითმა უარმა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს უფრო გასაგები იყო, რადგანაც აბუ ბაქრს უკვე ჰყავდა ერთი ცოლი, რომელიც ძალიან უყვარდა მაშინ, როდესაც ‛უსმანი უცოლო იყო. იქნებ მისთვის აზრი შეეცვლევინებინათ? ამიტომაც შემდეგ, როდესაც ‛უმარი წინასწარმეტყველთან იყო, მან გამოხატა თავისი უკმაყოფილება. „აი, ნახავ,“ უპასუხა წინასწარმეტყველმა, „მე შენ გიჩვენებ უკეთეს სიძეს, ვიდრე ‛უსმანი, ხოლო მას ვუჩვენებ უკეთეს სიმამრს, ვიდრე შენ.“ „ასე იყოს!“ თქვა ‛უმარმა ბედნიერი ღიმილით, როდესაც, ერთი წამით დაფიქრების შემდეგ, მიხვდა, რომ უკეთესი კაცი, რომელზეც ლაპარაკი იყო, სხვა არავინ გახლდათ, თუ არა წინასწარმეტყველი, ვინც თვითონ შეირთავდა ცოლად ჰაფსას და რომელიც მეორედ გახდებოდა ‛უსმანის სიმამრი, რადგანაც მას რუკაჲჲას დას, უმმ ქულსუმს, მიათხოვებდა. სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ აბუ ბაქრმა ‛უმარს აუხსნა თავისი დუმილის მიზეზი, კერძოდ კი ის, რომ წინასწარმეტყველს მისთვის განდობილი ჰქონდა თავისი გადაწყვეტილება, ეთხოვა ჰაფსას ხელი, ოღონდ ეს ჯერ არ უნდა გამჟღავნებულიყო.

თავდაპირველად უმმ ქულსუმისა და ‛უსმანის ქორწილი შედგა; და, როდესაც კანონის თანახმად დადგენილი ოთხი თვე გავიდა ხუნაისის სიკვდილის შემდეგ და კიდევ ერთი ბინა მიაშენეს მეჩეთს, გარდა უკვე არსებული ბინებისა, რომლებიც სავდასა და ‛ა'იშას ეკუთვნოდა, წინასწარმეტყველის ქორწილიც აღნიშნეს, დაახლოებით ერთი წელი გასულიყო ბადრის ბრძოლიდან. ჰაფსას მისვლას არ დაურღვევია ოჯახური ჰარმონია. ‛ა'იშა გახარებული იყო, რომ ასაკით უფრო ახლობელი მეგობარი შეიძინა, და სულ მალე, მართლაც, ხანგრძლივი და ღრმა მეგობრობა აღმოცენდა ორ უფრო ახალგაზრდა ცოლს შორის, ხოლო სავდამ კი, რომელიც ერთგვარად დედასავით იყო ‛ა'იშასათვის, ახლა თავისი დედობრივი მზრუნველობა განავრცო ახლად მოსულზეც, ვინც თითქმის ოცი წლით იყო მასზე უმცროსი.

დაახლოებით ამ ქორწინების პერიოდში მოხდა, რომ გარდაიცვალა ‛უმარის ცოლის ძმა, ჰაფსას ბიძა დედის მხრიდან, ‛უსმან იბნ მაზ‛უნი. ორივე, ისიცა და მისი ცოლი ხავლაც, ყოველთვის ძალიან ახლოს იყვნენ წინასწარმეტყველთან და ‛უსმანი იყო ერთგვარი ასკეტი მუჰამედის მეგობართა შორის. ის ასეთივე ასკეტურობით გამოირჩეოდა ისლამის გამოცხადებამდეც. მედინაში გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტად განეწყო მიწიერი სურვილების დასათრგუნად და წინასწარმეტყველისაგან ითხოვა ნებართვა დასაჭურისებაზე, უნდოდა, მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე გაეტარებინა, როგორც მოხეტიალე გლახაკს. „განა კარგი მაგალითი არ გაქვს ჩემი სახით?“ ჰკითხა მას წინასწარმეტყველმა და განაგრძო: „მე ვუერთდები ქალებს, ვჭამ ხორცს, ვმარხულობ და შემდეგ ვხსნი ამ მარხვას, ის, ვინც სხვას ასაჭურისებს ან თვითონ საჭურისდება, არ არის ჩემი ხალხისაგან.“ მაგრამ წინასწარმეტყველს ჰქონდა საიმისო მიზეზი, ეფიქრა, რომ ‛უსმანმა ბოლომდე ვერ გაუგო, ამიტომაც სხვა დროს ისევ დაუსვა შეკითხვა: „განა შენ ჩემი სახით კარგი მაგალითი არ გაქვს?“ ‛უსმანი მხურვალე შემართებით წამოდგა და იკითხა, რას აკეთებდა ცუდად. „შენ მარხულობ ყოველდღე,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „და მღვიძარებაში ხარ ყოველ ღამე და ლოცულობ.“ „დიახ, ეს ნამდვილად ასეა,“ მიუგო ‛უსმანმა, რადგანაც მას სულ უფრო ხშირად ესმოდა, როგორ საუბრობდა მუჰამედი მარხვისა და ღამის ლოცვების მადლზე. „ნუ აკეთებ ასე,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „რადგანაც, ჭეშმარიტად, შენს თვალებს თავისი უფლებები აქვთ შენზე, სხეულსაც თავისი უფლებები აქვს, ოჯახსაც თავისი უფლებები აქვს. მაშ, ილოცე, იძინე, იმარხულე და გახსენი მარხვა.“3

როგორც გამოხატულება პირველადი სარწმუნოებისა, გამოცხადება მუდმივად უსვამდა ხაზს იმის მნიშვნელობას, რომ საჭირო იყო ღმერთისათვის მადლობის გადახდა ცხოვრების თვით ყველაზე ელემენტარულ კურთხევათა, სიკეთეთა გამოც კი. მან მოგცათ თქვენ სმენა და მხედველობა და გულის ცოდნა (ინტუიცია), რათა მადლობელნი იყოთ.4

მის სასწაულთაგანაა ის, რომ შეგიქმნათ ცოლები თქვენგან, რათა იცხოვროთ მათთან, და ქმნა თქვენს შორის სიყვარული და მოწყალება. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაულები იმ ხალხისათვის, ვინც ფიქრობს/აზროვნებს. 5

თქვი: გიფიქრიათ, თუ ღმერთი ღამეს უსასრულოდ აქცევდა თქვენზე აღდგომის დღემდე, ვინ არის ღმერთი, თუ არა ალაჰი, რომ სინათლე მოგივლინოთ? მერე არ გაიგებთ? თქვი: გიფიქრიათ, თუ ღმერთი დღეს უსასრულოდ აქცევს თქვენზე აღდგომის დღემდე, ვინ არის ღმერთი, თუ არა ალაჰი, რომ ღამე მოგივლინოთ, რომელშიც დაისვენებთ? მერე ვერ გაიგებთ? და თავისი მოწყალებისაგან ქმნა მან თქვენთვის ღამე და დღე, რათა დაიძინოთ და შეძლოთ მის სიკეთეთა ძიება, და იქნებ მადლობელნი იყოთ.6 პირველყოფილი (ფუნდამენტურ რელიგიასთან ახლოს მყოფი) ადამიანისათვის ბუნებრივი სიამოვნებანი, ღმერთის მიმართ მადლიერებით ნაკურთხი, თაყვანისცემის გამოვლინებაა; და თავის თავზე მითითებით წინასწარმეტყველი საუბრობდა გრძნობად სიამეებსა და ლოცვაზე ერთსა და იმავე კონტექსტში: „მე მებოძა ის, რომ მყვარებოდა სურნელება და ქალები, და სიმშვიდე მოევლინა ჩემს თვალებს ლოცვის დროს.“7 ‛უსმანის გარდაცვალებისთანავე, ისე, რომ ჯერ დაკრძალვაც არ შემდგარიყო, წინასწარმეტყველი ‛ა'იშასთან ერთად წავიდა ხავლას მოსანახულებლად. შემდგომში ‛ა'იშა ყვებოდა: „წინასწარმეტყველმა მიცვალებულ ‛უსმანს აკოცა და დავინახე, როგორ დასდიოდა ‛უსმანს ლოყაზე მისი ცრემლები.“ დასაფლავებაზე წინასწარმეტყველმა გაიგო, როგორ მიმართა მიცვალებულ ‛უსმანს ერთმა მოხუცმა ქალმა ასეთი სიტყვებით: „გაიხარე, სა'იბის მამავ, რადგანაც სამოთხე შენია.“ წინასწარმეტყველი ერთგვარად უხეშად მიუბრუნდა და უთხრა: „საიდან იცი?“ „ღმერთის მოციქულო,“ შეედავა ქალი, „ეს ხომ აბუ ს-სა'იბია!“

„ღმერთმანი,“ თქვა მუჰამედმა, „ჩვენ მასზე მხოლოდ კარგი ვიცით.“ შემდეგ, იმის საჩვენებლად, რომ პირველი შენიშვნა თვითონ ‛უსმანისწინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ იქითკენ, რომ ამ ქალმა იმაზეუფრო მეტი თქვა, რის უფლებაც ჰქონდა, დასძინა: „საკმარისი იქნებოდა,გეთქვა: `მას უყვარდა ღმერთი და მისი მოციქული.'“ 8

‛უმარმა აღიარა, რომ ერთგვარად შეერყა ის პატივისცემა, რომელიცთავისი მძახლის მიმართ ჰქონდა, იმ ფაქტის გამო, რომ ის არ იქნანაკურთხი მოწამის სიკვდილით. იგი ამბობდა: „როდესაც ‛უსმან იბნმაზ‛უნი გარდაიცვალა და არაბუნებრივი სიკვდილით არ აღესრულა, მისიღირსება ჩემს თვალში მნიშვნელოვანწილად დაეცა და ვთქვი: `უყურეთამ კაცს, რომელიც ყველაზე უფრო მკაცრი იყო ჩვენს შორის ამქვეყნიურსიამეთაგან თავშეკავებაში, ახლა კი ის უბრლოდ გარდაიცვალა, კი არმოიკლა.“ და ასე დარჩა ეს პიროვნება ‛უმარის გონებაში მანამდე,სანამ წინასწარმეტყველიცა და აბუ ბაქრიც ბუნებრივი სიკვდილით არგარდაიცვალნენ. და ის საკუთარ თავს კიცხავდა იმის გამო,რომ ჯეროვნადვერ შეიგრძნო ნამდვილი ფასეულობანი, და თავის თავს ეუბნებოდა: „როგორ შეცდი, ჩვენს შორის საუკეთესონი ხომ გარდაიცვლებიან ხოლმე!“- გარდაცვალებაში ის ბუნებრივ სიკვდილს გულისხმობდა. ასე რომ,‛უსმანის მიმართ მას იგივე პატივისცემა დაუბრუნდა, რაც მანამდე ჰქონდადა რასაც გარეგნულად მაინც ყოველთვის ინარჩუნებდა.

________________________

1. ი.ს. VII, 24.

2. ი.ს. VIII, 12-15.

3. ი.ს. III/I, 289.

4. XVI, 68.

5. XXX, 21.

6. XXVIII, 71-3.

7. ი.ს. I/2, 112.

8. ი.ს. III/I, 289-90.

48 XLVIII. ქვის სკამის ხალხი

▲ზევით დაბრუნება


ერთ-ერთი გრძელი კოლონადის ნაწილი მეჩეთში განკუთვნილი იყო იმ ახლად მოსულებისათვის, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნდათ და არც საარსებო საშუალება. ისინი ცნობილი იყვნენ, როგორც „ქვის სკამის ხალხი,“ აჰლ ას-სუფფა, ქვის იმ გრძელი დასაჯდომის გამო, რომელიც იქ მოთავსდა მათთვის; და, ვინაიდან მეჩეთი იყო გაგრძელება წინასწარმეტყველის საკუთარი საცხოვრებლისა, ის და მისი ოჯახი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ამ გაღატაკებული ლტოლვილების მიმართ, რომელთა რიცხვიც სულ უფრო იზრდებოდა და ვინც პირდაპირ მათ კართან ცხოვრობდნენ. ისინი ყოველდღიურად ხედავდნენ მათ რთულ მდგომარეობას. ეს ის ხალხი იყო, რომელიც ცალკე ან ჯგუფებად ყოველი მხრიდან მოდიოდა, მათ იზიდავდა ისლამის უწყება და ამბები, რაც ესმოდათ მუჰამედსა და მის საზოგადოებაზე. ეს ამბები ახლა მთელ არაბეთს მოედო. ამ საქმეში გარკვეული როლი შეასრულა ბადრის გამარჯვებამ. შესაბამისად, იშვიათად იყო, რომ მათ, ვინც მეჩეთის მომიჯნავე საცხოვრებლებში იყვნენ, შეძლებოდათ ბოლომდე მიეღოთ ულუფა რომელიმე ჭამის დროს. წინასწარმეტყველი იტყოდა ხოლმე: „ერთის საკვები საკმარისია ორისათვის, ორისა - ოთხისათვის, და ოთხისა - რვისათვის.“1

ისევე, როგორც უყვარდა ტკბილი ნელსაცხებლები და სურნელება ზოგადად, მუჰამედი ანალოგიურად უაღრესად მგრძნობიარე იყო სუნის ოდნავი არასასიამოვნობის მიმართაც კი, განსაკუთრებით ეს პირის სუნს ეხება, როგორც თავისას, ისე სხვებისას. ‛ა'იშა ყვებოდა, პირველი, რასაც იგი სახლში შესვლისთანავე აკეთებდა, იყო ის, რომ ხელში იღებდა კბილის საჩიჩქნ ჯოხს, რომელიც პალმის მწვანე ხისაგან იყო გაკეთებული. როდესაც მოგზაურობდა, ‛აბდ ალლაჰ იბნ მას‛უდს ანდობდა, უეჭველად ჰქონოდა გამზადებული ასეთი ჯოხები მისთვის. მეგობრები წინასწარმეტყველის მაგალითს ბაძავდნენ და ასევე ხმარობდნენ კბილის საჩიჩქნ ჯოხს, თანაც პირში წყალს ივლებდნენ ყოველი ჭამის შემდეგ.

შიმშილს არავითარი ზეგავლენა არ ჰქონდა მის ასეთ განსაკუთრებულ მგრძნობიარობაზე, რასაც სხვებისაგან სულ არ ითხოვდა. არსებობდა გარკვეული ტი პები საჭმლისა, რომლის მიღებასაც კანონი ნებადართულად მიიჩნევდა და მუჰამედი საშუალებას აძლევდა თავის მეგობრებს, ამგვარი კერძები ეჭამათ, მაგრამ თვითონ არასოდეს არ მიეკარებოდა. მაგალითად, ასეთი იყო დიდი ხვლიკები, რომლებიც არ მოი პოვებოდა მექაში, მაგრამ გავრცელებული იყო იასრიბსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ზოგჯერ იგი რაიმე კერძზე უარს ამბობდა უფრო მეტად სხვებზე ზრუნვის გამო. ერთხელ ერთმა ანსარმა მას მოხრაკული ხორცი მიართვა და წინასწარმეტყველი ის-ის იყო, აღებას აპირებდა, რომ შენიშნა, როგორი ძლიერი სუნი ჰქონდა ნივრისა, ამიტომაც ხელი უკან წაიღო. მათ, ვინც მასთან ერთად იყვნენ, სასწრაფოდ იგივე გააკეთეს. „რა მოხდა?“ იკითხა წინასწარმეტყველმა. „შენ ხელი უკან გამოსწიე,“ უპასუხეს მათ, „ჩვენც ამიტომ გამოვწიეთ.“ „ჭამეთ, ღმერთის სახელით,“ მიუგო, „მე ახლო საუბარი მაქვს მასთან, ვისთანაც თქვენ არ საუბრობთ.“2 იცოდნენ, რომ ანგელოზს გულისხმობდა. იმ შემთხვევაში კერძი უკვე გაკეთებული იყო და ის არ უნდა დაკარგულიყო, მაგრამ ზოგადად ურჩია, რომ შემდგომში არ ეჭამათ ისეთი საკვები, რომელიც ზედმეტად იყო შეკმაზული ნივრით ანდა ხახვით, გასაკუთრებით კი მეჩეთში წასვლის წინ.3

გათხოვებამდე ფატიმა იყო ერთგვარი მასპინძელი ქვის სკამის ხალხისა. მაგრამ, მიუხედავად იმ მსხვერპლშეწირვებისა, რომლებიც ყოველდღიურად სრულდებოდა წინასწარმეტყველის ოჯახში, მისი ცხოვრება გათხოვების შემდეგ კიდევ უფრო მკაცრი გახდა იმ გაჭირვების გამო, რაც მანამდე არ გამოეცადა. მას არასოდეს ჰკლებია დამხმარე. გარდა თავისი დის, უმმ ქულსუმისა, უმმ აიმანიც იქ იყო, ყოველთვის მზად იმის გასაკეთებლად, რაც შეეძლო. უმმ სულაიმმა თავისი ათი წლის ვაჟიშვილი,ანასი,მსახურად მისცა წინასწარმეტყველს, იგი ბეჯითი და დინჯი იყო თავის ასაკთან შედარებით. იმავდროულად დედამისი და აბუ ტალჰა, მისი მეორე ქმარი, ყოველთვის ახლოს იყვნენ, უკანა სახლში, მზად დახმარებისათვის. იბნ მას‛უდი ისე დაუახლოვდა წინასწარმეტყველს, რომ თითქმის მისი ოჯახის წვრად იქცა; ცოტა ხნის წინ მექიდან დაბრუნებისას ‛აბბასმა თავისი მონა, აბუ რაფი‛ი, წინასწარმეტყველს საჩუქრად გაუგზავნა. წინასწარმეტყველმა ის გაათავისუფლა, მაგრამ ამ თავისუფლებას არ შეუმცირებია მისი სურვილი მსახურებისა. იყო ასევე ხავლაც, ‛უსმან იბნ მაზ‛უნის ქვრივი, რომელიც დიდი ხანია, რაც მათ მსახურად თვლიდა თავს. მაგრამ ახლა ფატიმას არავინ ჰყავდა სახლში დამხმარედ. იმ მიზნით, რომ დაეძლიათ თავიანთი უაღრესი სიღარიბე, ‛ალი ცოტაოდენ ფულს გამოიმუშავებდა, როგორც თულუხჩი, წყლის მზიდავი, ფატიმა კი - როგორც მარცვლეულის დამფქველი. „იმდენი ვფქვი, სანამ ხელები დამიწყლულდებოდა,“ უთხრა მან ‛ალის ერთ დღეს. „იმდენი წყალი ვხაპე და ვზიდე, სანამ მკერდი არ ავიტკიე,“ მიუგო ‛ალიმ, „ღმერთმა მისცა მამაშენს ტყვეები, მაშ, წადი და სთხოვე, მოგცეს მათგან მსახური.“ არც თუ დიდი მონდომებით ფატიმა წავიდა წინასწარმეტყველთან, რომელმაც უთხრა: „რამ მოგიყვანა აქ, პატარა ქალიშვილო?“ „იმისთვის მოვედი, რომ მშვიდობის სალამი მოგცე,“ უპასუხა მან, რადგანაც მორიდების გამო ვერ გაბედა იმის თხოვნა, რასაც აპირებდა. „რა ქენი?“ ჰკითხა ‛ალიმ, როდესაც ქალი ხელცარიელი დაბრუნდა. „შემრცხვა, მეთხოვა,“ უთხრა ფატიმამ, ამიტომაც ორივე ერთად მივიდა წინასწარმეტყველთან, მაგრამ იგი გრძნობდა, რომ ისინი უფრო ნაკლებად გაჭირვებულები იყვნენ, ვიდრე სხვები. „მე თქვენ არ მოგცემთ,“ თქვა მან, „და იტანჯოს ქვის სკამის ხალხმა შიმშილით. არ გამაჩნია საკმარისი სახსარი მათ შესანახად, მაგრამ მე მათზე დავხარჯავ იმას, რაც შეიძლება შემოვიდეს ტყვეთა გაყიდვის შედეგად.“

ცოლ-ქმარი სახლში ერთგვარად იმედგაცრუებული დაბრუნდა, მაგრამ იმ ღამეს, მას შემდეგ, რაც დასაძინებლად წავიდნენ, გაიგონეს წინასწარმეტყველის ხმა. იგი შესვლის ნებართვას ითხოვდა. „კეთილი იყოს შენი მობრძანება,“ უთხრეს და ორივემ წამოდგომა დაიწყო, მაგრამ მან მიუგო: „იყავით, სადაც ხართ,“ და გვერდით მოუჯდა. „არ გითხრათ რაღაც უფრო კარგი, ვიდრე ის, რაც მთხოვეთ?“ ჰკითხა მან და, როდესაც დაეთანხმნენ, განაგრძო: „სიტყვები, რომლებიც გაბრიელმა მასწავლა, თქვენ უნდა თქვათ; დიდება ალაჰს წარმოთქვით ათჯერ ყოველი ლოცვის შემდეგ, და კიდევ ათჯერ - ქება ალაჰს, და ათჯერ - დიდ არს ალაჰი. ხოლო დაწოლის წინ თქვენ თითოეული ეს ფრაზა ოცდაცამეტჯერ უნდა წარმოთქვათ.“ მომდევნო წლებში ‛ალი ამბობდა: „მე ერთხელაც კი არ დამვიწყებია ამ სიტყვების წარმოთქმა მას შემდეგ, რაც ღმერთის მოციქულმა ჩვენ ისინი გვასწავლა.“ 4

ახალგაზრდა წყვილის სახლი არ იყო შორს მეჩეთიდან, მაგრამ წინასწარმეტყველს გაუხარდებოდა, მის ქალიშვილს კიდევ უფრო ახლოს რომ ეცხოვრა მასთან. ქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხაზრაჯელი ჰარისა,წინასწარმეტყველის შორეული ნათესავი,მასთან მივიდა და უთხრა: „ღმერთის მოციქულო, გავიგე, გაგიხარდება, თუ ფატიმას შენთან ახლოს გადმოიყვან. აი, ეს ჩემი სახლია და ყველაზე უფრო ახლოსაა ნაჯჯარის ძეთა საცხოვრებელთაგან შენს სახლთან, და ის შენია. მე და ჩემი ქონება ღმერთისა და მისი მოციქულისათვის ვართ, და მე უფრო ძვირფასად მიმაჩნია ის, რასაც ჩემგან აიღებ, და არა ის, რასაც დამიტოვებ.“ წინასწარმეტყველმა აკურთხა და მიიღო მისი საჩუქარი, შემდეგ კი ქალიშვილი და სიძე გადაიყვანა საცხოვრებლად თავისთან ახლოს, როგორც მეზობლები.

მუჰამედი დიდად გახარებული იყო ჰარისას, აგრეთვე სხვა მედინელთა გულუხვობის გამო როგორც მის, ასევე სხვათა მიმართ. თუმცაღა ერთერთი ქმედება, რომელიც იმავე პერიოდში მოხდა, აღსავსე აღმოჩნდა იმედგაცრუებით. წინასწარმეტყველს კარგი წარმოდგენა ჰქონდა ავსელ აბუ ლუბაბაზე და, როდესაც ბადრში მიდიოდნენ, მუჰამედმა ის უკან გაგზავნა რავჰა'იდან, რათა მისი არყოფნის დროს მედინისათვის მიეხედა. იმავე წელს უფრო მოგვიანებით აბუ ლუბაბას მეურვეობის ქვეშ მყოფი ობოლი წინასწარმეტყველთან მივიდა და პრეტენზია განაცხადა, რომ ერთი პალმის ხე, რომელიც უხვად ისხამდა ნაყოფს, მას ეკუთვნოდა, და ამტკიცებდა, რომ ის მისმა მეურვემ შეცდომით მიისაკუთრა. მათ დაიბარეს აბუ ლუბაბა, რომელმაც თქვა, რომ პალმის ხე მას ეკუთვნოდა, რაც ნამდვილად სიმართლეს შეესაბამებოდა. წინასწარმეტყველმა მოისმინა ეს შემთხვევა, განსაჯა და საქმე მეურვის სასარგებლოდ და ობლის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტა. ობოლი ძალიან დამწუხრდა ამ ხის დაკარგვის გამო, რადგანაც ყოველთვის მიაჩნდა, რომ ის მისი იყო. ეს რომ დაინახა, წინასწარმეტყველმა პალმის ხე საჩუქრად ითხოვა იმ მიზნით, რომ შემდეგ ის ობლისათვის ეჩუქებინა, მაგრამ აბუ ლუბაბამ უარი უთხრა. „აბუ ლუბაბა,“ თქვა მან, „მაშინ ის ობოლს მიეცი და ზუსტად მისი მსგავსი შენი იქნება სამოთხეში.“ მაგრამ აბუ ლუბაბას იმ მომენტში ზედმეტად ჰქონდა გამძაფრებული სამოქალაქო სამართლის პრინცი პების შეგრძნება, გამომდინარე საქმის ზოგადი ვითარებიდან, ამიტომაც ვერ დათანხმდა და ისევ უარი განაცხადა. ამის შემდეგ ერთერთმა ანსარმა, საბით იბნ ად-დაჰდაჰამ, წინასწარმეტყველს უთხრა: „ღმერთის მოციქულო, მე რომ ეს პალმა ვიყიდო და ობოლს მივცე, ასეთივე ხე ჩემი იქნება სამოთხეში?“ „ნამდვილად შენი იქნება,“უპასუხა მუჰამედმა. ანსარი აბუ ლუბაბასთან წავიდა და მას ერთ ხეში პალმების მთელი ბაღი შესთავაზა. აბუ ლუბაბამ ეს შეთავაზება მიიღო და იბნ ად-დაჰდაჰამ პალმა ობოლს აჩუქა.5 წინასწარმეტყველი უაღრესად გახარებული იყო ამის გამო, მაგრამ დამწუხრდა აბუ ლუბაბაზე.

_________________________

1. მ. XXXVI, 176.

2. ი.ს. I/2, 110.

3. ბ. XჩVI, 24.

4. ი.ს. VIII, 16.

5. ვ. 505.

49 XLIX. არასისტემატური საომარი ქმედებები

▲ზევით დაბრუნება


ბადრის ბრძოლის მნიშვნელოვანი მეორეული შედეგი, აგრეთვე იმ ექსპედიციებისა, რომლებიც მანამდე შედგა, იყო ის, რომ ჯუჰაინა და სხვა მეზობელი ტომები წითელი ზღვის სანაპიროდან ახლა მტკიცედ იყვნენ შეკავშირებული მედინასთან. ეს იმას ნიშნავდა, რომ სანაპირო გზა სირიისაკენ პრაქტიკულად ბლოკირებული იყო მექის ქარავნებისათვის; და ეს ბადებდა კითხვას: არსებობდა შესაძლებლობა, კურეიშის ძალა კიდევ უფრო შეესუსტებინათ, თუ მათ ყოველგვარ გზას მოუჭრიდნენ ჩრდილოეთისაკენ, ასევე აღმოსავლეთისა და დასავლეთისაკენ? ეს შეფარული საშიშროება სულაც არ გამორჩენიათ მხედველობიდან თვითონ კურეიშელებს. მათ უკვე გადადგეს გარკვეული ნაბიჯები, რათა გაეძლიერებინათ თავიანთი ალიანსები სულაიმთან და ღატაფანთან, ვის ტერიტორიებზეც უნდა გაევლოთ ქარავნებს, თუ ჩრდილო-აღმოსავლეთის გზას დაადგებოდნენ სპარსეთის ყურის თავისა და იქიდან კი ერაყისაკენ. ეს ტომები ცხოვრობდნენ ნაჯდის დიდ დაბლობზე მექისა და მედინის აღმოსავლეთით. მექის ქარავნების მეშვიდე გაჩერება უწევდა იმ ნაყოფიერი ტერიტორიის შუაგულში, რომელიც დაკავებული იყო სულაიმის მიერ; და ახლა სწორედ ეს ტომი აიძულა სასწრაფოდ კურეიშმა, ხელიდან არ გაეშვა შესაძლებლობა და მძარცველური თავდასხმები განეხორციელებინა იასრიბის შემოგარენზე, იქ, სადაც ყველაზე მეტად მგრძნობიარე იქნებოდა ეს ქალაქი.

მომდევნო თვეებში წინასწარმეტყველს ჰქონდა გაფრთხილება სამ დაგეგმილ რეიდზე ოაზისის აღმოსავლეთ გარეუბნებში, ორი სულაიმის და ერთი ღატაფანის მიერ უნდა განხორციელებულიყო. ყველა ამ შემთხვევაში მან დაასწრო, დაუყოვნებლივ გავიდა რა მათ ტერიტორიაზე. მათაც ჰქონდათ ცნობა მისი მოახლოების შესახებ და მანამდე გაუჩინარდნენ, სანამ შეკრების ადგილს მიაღწევდნენ. მაგრამ ერთ-ერთი ასეთი ექსპედიცია მაინც შთამბეჭდავად წარმატებული აღმოჩნდა. ეს იყო ღატაფანური ტომების, სა‛ლაბასა და მუჰარიბის, წინააღმდეგ და ამჯერად წინასწარმეტყველმა გადაწყვიტა, მიჰყოლოდა მოუხელთებელ ბედუინებს თავიანთ ნახევრად დამალულ სიმაგრეებში ნაჯდის ჩრდილოეთით მდებარე გორაკებზე. მას ერთი სა‛ლაბელი კაცი ეხმარებოდა, რომელმაც ისლამი მიიღო და მუჰამედს გზამკვლევობა შესთავაზა. დაბლობიდან ისინი მუჰარიბის ტერიტორიაზე ავიდნენ, იქ უეცარმა წვიმამ დაასველა ზოგიერთი კაცი, მათ შორის წიანსწარმეტყველი, სანამ ისინი შეფარებას მოასწრებდნენ. წინასწარმეტყველი სხვებისაგან ცოტა გვერდით გავიდა, თავისი ორი სველი სამოსი გაიხადა და ხეზე დაკიდა გასაშრობად, თვითონ კი ძირს დაწვა ხის ძირას და სულ მალე ჩაეძინა. მაგრამ მათ ყველა მოძრაობას, განსაკუთრებით კი მუჰამედისას, ბევრი უხილავი თვალი უცქერდა. მან გამოიღვიძა და დაინახა, რომ თავზე წამოსდგომოდა ხმალამოწვდილი კაცი. ეს სხვა არავინ იყო, თუ არა დუ‛სური, მუჰარიბის ბელადი, რომელიც გახლდათ ძირითადი პასუხისმგებელი განზრახული რეიდის დაგეგმვაზე, რეიდისა, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველმა გაფრთხილება მიიღო. „მუჰამედ,“თქვა მან, „ვინ დაგიცავს შენ ჩემგან ამ დღეს?“ „ღმერთი,“ უპასუხა წინასწარმეტყველმა. მაშინვე გამოჩნდა მათ შორის თეთრებში ჩაცმული გაბრიელი, კაცს მკერდზე ხელი დაადო და უკან გასწია. დუ‛სურს ხმალი ხელიდან გაუვარდა და ის მუჰამედმა აიღო. გაბრიელი ბედუინის მზერის არიდან გაქრა და იგი მიხვდა, რომ ანგელოზი იხილა. „ვინ დაგიცავს შენ ჩემგან?“ თქვა წინასწარმეტყველმა. „არავინ,“ მიუგო დუ‛სურმა, „მე ვადასტურებ, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და მუჰამედი მისი მოციქულია.“ წინასწარმეტყველმა მას უკან მიაწოდა თავისი ხმალი, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბედუინზე. ისინი ერთად წავიდნენ ბანაკში და დუ‛სურს მითითება მიეცა სარწმუნოებაში. შემდეგ იგი დაბრუნდა თავის ხალხთან და დაიწყო მათი მოქცევა ისლამზე.

იმ დროისათვის, როდესაც ჯარი ნაჯდიდან დაბრუნდა, ქა‛ბ იბნ ალაშრაფს მექა დაეტოვებინა და ჩასულიყო თავის ციხე-სიმაგრეში ბანუ ნადირთან, არც თუ შორს მედინის გარეუბნებიდან. გარდა იმ ლექსებისა, სადაც ის კურეიშს ბადრისათვის რევანშის აღებისაკენ მოუწოდებდა, მან დაწერა კიდევ სხვებიც, რომლებშიც აქილიკებდა წინასწარმეტყველსა და მის მეგობრებს; და არაბთა შორის ნიჭიერი პოეტი ბევრ კაცს უდრიდა, რადგანაც მისი ლექსები პირიდან პირში გადადიოდა. თუ ეს კარგი ადამიანი იყო, ის სიკეთის იარაღს წარმოადგენდა, ხოლო, თუ ცუდი, ბოროტების ძალად იქცეოდა, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა აღკვეთილიყო. წინასწარმეტყველმა ილოცა: „უფალო, რამენაირად მომაშორე თავიდან ალ-აშრაფის ძე იმ ბოროტების გამო, რომელსაც ის აცხადებს, და იმ ლექსების გამო, რომლებსაც წარმოთქვამს.“ შემდეგ მათ, ვინც იქ იყვნენ, უხრა: „ვინ არის ჩემთან ერთად ალ-აშრაფის ძის წინაღმდეგ, რადგანაც მან დიდი დარტყმა მომაყენა?“ პირველი, ვინც მოხალისეობა გამოამჟღავნა, იყო ავსელი კაცი, მუჰამედ იბნ მასლამა, სა‛დ იბნ მუ‛აზის კლანიდან. წინსწარმეტყველმა მას უთხრა, სა‛დისაგან ეთხოვა რჩევა. კიდევ ოთხი მოხალისე გამოჩნდა. მაგრამ მიხვდნენ, ვერაფერს მიაღწევდნენ ტყუილებისა და ჭორების გარეშე, მაგრამ მათ ასევე იცოდნენ, რომ წინასწარმეტყველს სძულდა ტყუილი, ამიტომაც წავიდნენ მასთან და უთხრეს, რასაც ფიქრობდნენ. წინასწარმეტყველმა უპასუხა, რომ თავისუფალნი იყვნენ და შეეძლოთ ის ელაპარაკათ, რაც მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა, რადგანაც ამგვარი ხრიკები კანონიერი იყო ომის წარმოებისას, როგორც მისი სტრატეგიის ნაწილი, ხოლო ქა‛ბს ნამდვილად ომი ჰქონდა გამოცხადებული მათ წინააღმდეგ.

ქა‛ბი ყალბი საბაბით იქნა გატყუებული ციხესიმაგრის გარეთ და იქ მოკლული. აღშფოთებითა და პანიკით მოცული ნადირელი ებრაელები წინასწარმეტყველთან წავიდნენ და იჩივლეს, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი კაცი მოღალატეობრივად მოიკლა ყოველგვერი მიზეზის გარეშე. წინასწარმეტყველმა კარგად იცოდა, რომ მათი უმრავლესობა ისევე მტრულად იყო განწყობილი ისლამის მიმართ, როგორც ქა‛ბი. იგი დიდად იმედგაცრუებული გახლდათ ამის გამო, თუმცა უკვე შეეგუა ამ ფაქტს. მაგრამ სასიცოცხლო მიშვნელობისა იყო იმის ჩვენება მათთვის, რომ მხოლოდ მტრული აზრების მოთმენა შეიძლებოდა, მაგრამ არა ქმედებისა. „ისევე რომ დარჩენილიყო, როგორც მსგავსი აზრის მქონე სხვა ხალხი,“ თქვა მან, „ასე ეშმაკურად არ იქნებოდა მოკლული. მაგრამ ის ზიანს გვაყენებდა და ჩვენს წინააღმდეგ ლექსებს თხზავდა. თუ რომელიმე თქვენგანი ასევე მოიქცევა, ანალოგიურად აღესრულება.“1 შემდეგ შესთავაზა, სპეციალური მემორანდუმი დაედოთ იმ ხელშეკრულებაზე დამატებით, რომელიც უკვე ჰქონდათ. ასეც მოიქცნენ.

____________________

1. ვ. 192.

50 L. ბრძოლისათვის მზადება

▲ზევით დაბრუნება


მექელები მწვავედ გრძნობდნენ თავიანთი საქარავნო გზის დაკარგვას წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ. ერთ-ერთი უარყოფითი მხარე იმ ერთადერთი ალტერნატივისა, რაც გააჩნდათ, ის იყო, რომ ნაჯდის დაბლობზე ჭები შედარებით მოშორებით იყო ერთმანეთისაგან განლაგებული. მაგრამ ახლა, როდესაც ზაფხულის თვეები ახლოვდებოდა, მგზავრობის მოწყობა თავისუფლად შეიძლებოდა აქლემების გარკვეული რაოდენობის დამატებით, რომლებიც წყალს გადაზიდავდნენ. მათ გადაწყვიტეს, მდიდარი ქარავანი გაეგზავნათ ერაყში. იგი შედგებოდა ძირითადად ვერცხლის ზოდებისა და ჭურჭლისაგან, რის ფასიც დაახლოებით ასი ათას დირჰემს შეადგენდა, და საფვანს უნდა წაეყვანა. მედინის ზოგიერთ ებრაელს საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა ქარავნის შესახებ და ერთ-ერთმა ანსარმა გაიგო, როგორ მსჯელობდნენ ამის თაობაზე. წინასწარმეტყველმა იცოდა, რომ ზეიდი წინამძღოლობის ნიჭით იყო დაჯილდოებული, და ახლა მან იგი გაგზავნა ცხნეოსანთა ასეულის სათავეში, რათა ქარავანს ჩასაფრებოდა კარადაში, რომელიც წყლით მოსამარაგებელი ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო მთელ გზაზე. შედარებით მცირე, მაგრამ უფრო მოქნილმა სამხედრო ძალამ ზეიდს საშუალება მისცა, გაეთვალისწინებინა ეფექტური საფარის ყოველი ძირითადი დეტალი. მათი უეცარი გააფთრებული თავდასხმის შედეგად, რომელიც სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა, საფვანი და მისი მეგობრები გაიქცნენ, ხოლო ზეიდი თავის ცხენოსნებთან ერთად ტრიუმფით დაბრუნდა მედინაში, რადგანაც თვითონ იქცა მექის სატვირთო აქლემების თანმხლებად, იმ აქლემებისა, რომლებიც დატვირთული იყო ძვირფასი საქონლით, ვერცხლეულითა და სხვა სავაჭრო ნივთებით. მუსლიმებმა ასევე რამდენიმე ტყვეც იგდეს ხელთ.

კარადას უბედურებამ უფრო გაამძაფრა და დააჩქარა მექაში ის მზადება, რომელიც ჯერ კიდევ ბადრის შემდეგ დაწყებულიყო იმ მიზნით, რომ მოუგერიებელი თავდასხმა მოეწყოთ მედინაზე. რაჯაბის წმინდა თვემ ჩაიარა და მასთან ერთად შუა ზამთარმა და ახალმა წელმა (625 ქრისტეს შობიდან). მომდევნო თვეში შედგა ჰაფსას ქორწილი. შემდეგ დადგა რამადანი და ამ მარხვის თვეში ყველა მორწმუნისათვის სასიხარულოდ ფატიმამ შვა ვაჟი. წინასწარმეტყველმა ახალშობილს ყურში ჩასჩურჩულა ლოცვისაკენ მოწოდების სიტყვები და სახელად დაარქვა ალ-ჰასანი, რაც ლამაზს ნიშნავს. მთვარე აივსო, რის შემდეგაც, ერთ თუ ორ დღეში, დადგა ბადრის იუბილე. თვის ბოლო დღეებში წინასწარმეტყველს დაბეჭდილი წერილი მოუტანა ცხენოსანმა, რომელიც მექიდან მედინაში სამ დღეში ჩავიდა. ეს მისი ბიძის, ‛აბბასისაგან, იყო და აფრთხილებდა, რომ სამიათასკაციანი ჯარი უკვე გასვლას აპირებდა მედინაზე თავდასასხმელად. შვიდასი მეომარი აბჯრიანი იყო, ხოლო ცხენოსანთა ნაწილის რიცხვი ორასს აღწევდა. აქლემებიც ისევე ბევრნი იყვნენ, როგორც კაცები, თუ მხედველობაში არ მივიღებთ კიდევ დამატებით სატვირთო აქლემებსა და აგრეთვე იმ აქლემებს, რომლებსაც ქალები გადაჰყავდათ.

როდესაც წერილმა მუჰამედამდე ჩააღწია, კურეიში უკვე გზას გასდგომოდა. აბუ სუფიანმა, მთავარსარდალმა, თან წაიყვანა ჰინდი და ასევე მეორე ცოლიც. შაფვანსაც მიჰყავდა ორი ცოლი, დანარჩენ ბელადებს - მხოლოდ თითო. ჯუბაირი, მუტ‛იმის ძე, მექაში დარჩა, მაგრამ მან არმიას გააყოლა თავისი აბისინიელი მონა, სახელად ვაჰში, რომელიც, ბევრი თანამემამულის მსგავსად, დაოსტატებული იყო შუბის ტყორცნაში. ვაჰში ძალიან იშვიათად თუ აცდენდა თავის ნატყორცნს მიზანს, ამიტომაც ჯუბაირმა უთხრა: „თუ მოკლავ ჰამზას, მუჰამედის ბიძას, ჩემს გამო შურის საძიებლად, შენ თავისუფალი კაცი ხარ.“ ჰინდმა ეს შეიტყო და გაჩერებების დროს, რამდენჯერაც ვაჰშის ჩაუვლიდა ბანაკში ან ის ჩაუვლიდა ქალს, აუცილებლად ეტყოდა: „მიდი, სიბნელის მამაო, ჩააქრე და იხარე!“ მან უკვე განუმარტა მონას, რომ, მისი ბატონის მსგავსად, ამ ქალსაც კლავდა წყურვილი, რომელიც უნდა დაეოკებინა, ჩაექრო, რის სანაცვლოდაც უხვი იქნებოდა ჯილდო.

მუჰაჯირებსა და ანსარებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ერთი კვირა, სანამ მტერი მიადგებოდათ; მაგრამ ამასობაში შესაბამისი ადგილი უნდა გამოეყოთ მედინის კედლებს შიგნით მათთვის და ასევე მათი საქონლისათვის, ვინც ოაზისის გარე ნაწილებში ცხოვრობდნენ. ეს გაკეთდა და არ დარჩენილა არც ერთი ცხენი, აქლემი, ძროხა, ცხვარი ან თხა კედლებს გარეთ. მექელთა გეგმები ცხადი იყო. ამბები მოდიოდა, რომ ისინი დაადგნენ დასავლეთის გზას სანაპიროს მახლობლად. სათანადო დროს გადაუხვიეს უფრო შიგნით კონტინენტისაკენ და მცირე ხნით ჩამოხდნენ დაახლოებით ხუთი მილის მოშორებით მედინის დასავლეთით. შემდეგ რამდენიმე მილი გაიარეს ჩრდილო-დასავლეთისაკენ და დაბანაკდნენ დამუშავებული მიწის ზოლში უჰუდის მთის ძირას. ეს მთა ჩრდილოეთიდან გადაჰყურებს მედინას.

წინსწარმეტყველმა მზვერავები გაგზავნა, რომლებიც მეორე დილით დაბრუნდნენ იმ ცნობით, რომ მტრის რიცხვი სწორედ ისე დიდი აღმოჩნდა, როგორც ეს წერილში იყო აღნიშნული. კურეიშს თან მოეყვანა ასი კაცი საკიფიდან, აგრეთვე ქინანასა და სხვა მოკავშირეთა კონტინგენტები. სამი ათასი და მეტი აქლემი, ასევე ორასი ცხენი ძოვდა მთელ ბალახს და ჯერ კიდევ მოუკრეფავი მარცვლეულის ყანებს ქალაქის ჩრდილოეთით, სულ მალე სიმწვანის მცირედი ნატამალიც კი აღარ დარჩებოდა იქ. ჯარი არ უჩვენებდა იმის ნიშნებს, რომ რაიმე უცაბედ მოქმედებას აპირებდა. მიუხედავად ამისა, იმ ღამეს ქალაქს განსაკუთრებულად იცავდნენ და ორმა სა‛დმა ავსიდან და ხაზრაჯიდან, ანუ იბნ მუ‛აზმა და იბნ ‛უბადამ, კატეგორიულად მოითხოვეს, ეყარაულათ წინასწარმეტყველის კართან, მათ ახლდათ უსაიდი და ერთი ძლიერი მცველი.

წინასწარმეტყველი ჯერ არ იყო შეიარაღებული, მაგრამ მან სიზმრად იხილა, რომ შეუვალი ეცვა აბჯარი და ამხედრებული იყო ვერძზე. ხელში ხმალი ეჭირა და მასში ამოტეხილი ადგილი შენიშნა; ასევე დაინახა ძროხები, რომლებიც, იცოდა, რომ მისი იყო, და ისინი მის თვალწინ მსხვერპლად შესწირეს.

მეორე დილით წინასწარმეტყველმა თავის მეგობრებს უთხრა, რაც ნახა, და განმარტა კიდეც სიზმარი: „შეუვალი ჯავშანი მედინაა, ხმლის ამოტეხილი ადგილი ის დარტყმაა, რომელსაც მე მივიღებ, ხოლო შეწირული ძროხები არიან ჩემი მეგობრები, რომლებიც დაიღუპებიან; რაც შეეხება ვერძს, რმელზეც ამხედრებული ვიყავი, ეს ამ ჯარის ლიდერია, რომელსაც მოვკლავთ, თუ ღმერთი ინებებს.“1 წინასწარმეტყველის პირველი აზრი იყო, რომ მედინიდან არ გასულიყო და ალყაში ჩამდგარიყო ქალაქის კედლებს შიგნით. მიუხედავად ამისა, უნდოდა, სხვებსაც დაედასტურებინათ მისი აზრი, რადგანაც ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, ამიტომაც ბჭობა გამართა, უნდა გასულიყვნენ თუ არა. იბნ უბაი პირველი იყო, ვინც ილაპარაკა: „ჩვენი ქალაქი,“ თქვა მან, „უბიწო ქალწულია, რომლის წინააღმდეგაც არავის არ უქმნია ძალადობა. არასოდეს არ გავსულვართ მის გარეთ მტერზე თავდასასხმელად მძიმე დანაკარგების გარეშე; და არავინ არ შემოსულა მასში ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, პირიქით, ისინი რჩებოდნენ დაზარალებულნი. მაშ, იყვნენ, ღმერთის მოციქულო, საცოდავი იქნება მათი მდგომარეობა, რაც მეტ ხანს დარჩებიან, და, როდესაც დაბრუნდებიან, ისინი დაბრუნდებიან დამწუხრებულნი და განაწყენებულნი, რადგანაც ვერ მიაღწევენ თავიანთ მიზანს და ვერაფერ კარგს ვერ მიიღებენ.“

ასაკოვან მეგობართა დიდი ნაწილი, როგორც მუჰაჯირები, ისე ანსარები, იხრებოდა იბნ უბაის აზრისაკენ. ამიტომაც წინასწარმეტყველმა თქვა: „დარჩით მედინაში, ქალები და ბავშვები ციხესიმაგრეში შეიყვანეთ.“ მხოლოდ მაშინ, როდესაც ასე ილაპარაკა, გახდა ნათელი, რომ ახალგაზრდათა უმრავლესობა ანთებული იყო სურვილით, მტრის წინაღმდეგ გასულიყო. „ღმერთის მოციქულო,“ თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, „წარგვიძეხი მტრის წინააღმდეგ. ნუ აფიქრებინებ, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ მათ წინაშე.“ ამ სიტყვებს თანხმობის ჩურჩული მოჰყვა საკრებულოს სხვადასხვა მხრიდან, სხვებმაც იგივე თქვეს იმ დამატებითი არგუმენტით, რომ მათი უმოქმედობა და რეპრესალიის უქონლობა თავიანთი განადგურებული მარცვლეულის გამო მხოლოდ და მხოლოდ გაამხნევებდა კურეიშს მათ წინააღმდეგ მომავალში, აღარაფერი რომ ვთქვათ ნაჯდის ტომებზე. ჰამზამ, სა‛დ იბნ ‛უბადამ და სხვებმა, კიდევ უფრო გამოცდილებმა, ახლა დაიწყეს ამ აზრისაკენ გადახრა. „ბადრში,“ თქვა ერთმა მათგანმა, „შენ გყავდა მხოლოდ სამასი კაცი და ღმერთმა მაინც მოგცა მტერზე გამარჯვება. ახლა ჩვენ ბევრნი ვართ და იმედით ველოდით ამ შემთხვევას, ღმერთის წინაშე ვლოცულობდით ამისთვის და მანაც კარს მოგვაყენა ეს შესაძლებლობა.“2 შემდეგ ერთ-ერთი იმ უხუცესთაგანი, რომლებიც იქ იყვნენ, წამოდგა სალაპარაკოდ, ეს იყო ავსის კაცი, სახელად ხაისამა. მან ჩამოთვალა ბევრი არგუმენტი, რომლებიც უკვე დასახელებული იყო თავდაცვაში დარჩენის საწინააღმდეგოდ. შემდეგ უფრო პირადულ საკითხზეც ისაუბრა. მისი ვაჟი იყო ერთ-ერთი იმ მცირე მუსლიმთაგანი, რომელიც ბადრის ბრძოლაში მოკლეს. „წუხელ ძილში,“ თქვა მან, „მე ვიხილე ჩემი ვაჟი. მისი გარეგნობა ულამაზესი იყო და მე გავხდი იმის მოწმე, თუ როგორ აუხდა მას ყველა სურვილი სამოთხის ხილის ბაღებსა და მდინარეებს შორის. და მითხრა: „მოდი ჩვენთან და იყავი ჩვენი მეგობარი სამოთხეში. ყველაფერი, რასაც ჩემი უფალი დამპირდა, ვნახე, რომ მართალი ყოფილა. „მე მოხუცი ვარ და ძალიან მინდა, შევხვდე ჩემს უფალს, მაშ, ილოცე ღმერთის მოციქულო, რათა მან მიბოძოს მოწამეობა და სა‛დთან ერთად ყოფნა სამოთხეში.“3 წინასწარმეტყველმა ილოცა ხაისამასთვის, უეჭველია, ჩუმად, გულში, რადგანაც სიტყვები არ შემონახულა. შემდეგ სხვა ანსარი წამოდგა, ამჯერად ხაზრაჯელი მალიქ იბნ სინანი, და თქვა: „ღმერთის მოციქულო, ჩვენს წინაშეა ორი კარგი რამ: ღმერთი ან მათზე გამარჯვებას გვიბოძებს, ან მოწამეებად გვაქცევს. მე არ მადარდებს, რომელი იქნება, რადგანაც, ჭეშმარიტად, სიკეთე ორივეშია.“

ახლა ცხადი გახდა არა მხოლოდ გამომსვლელთა სიტყვებიდან, არამედ ამ გამოსვლებით გამოწვეული საზოგადო თანხმობითაც, რომ უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ქალაქის კედლების შიგნით დარჩენისა და წინასწარმეტყველმაც თავდასხმა გადაწყვიტა. შუადღისას ისინი შეიკრიბნენ პარასკევის ლოცვისათვის და მისი ქადაგების თემა იყო წმინდა ომი და მთელი ის გულწრფელობა და ძალისხმევა, რასაც ის მოითხოვს. წინასწარმეტყველმა თქვა, რომ გამარჯვება მათი იქნებოდა, თუ ურყევად დადგებოდნენ. შემდეგ კი დაავალა, მომზადებულიყვნენ მტერთან შესახვედრად.

ლოცვის შემდეგ ორი კაცი იცდიდა უკან, რათა წინასწარმეტყველს დალაპარაკებოდა, რადგანაც ორივეს სასწრაფო გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ერთ-ერთი მათგანი იყო ჰანზალა, ვაჟი თვითმარქვია აბრაამისტის, აბუ ‛ამირისა, რომელიც ახლა მტრის ბანაკში იმყოფებოდა უჰუდის ძირას, რაც მისმა ვაჟიშვილმა არც იცოდა. ჰანზალას ქორწინების დღე იყო, დღე, რომელიც რამდენიმე კვირით ადრე შეირჩა. ის დანიშნული გახლდათ თავის ბიძაშვილ ჯამილაზე, იბნ უბაის ქალიშვილზე, და ახლა არ უნდოდა ქორწინების გადადება, თუმცა მას ბრძოლაც გადაწყვეტილი ჰქონდა. წინასწარმეტყველმა უთხრა, ქორწილი გადაეხადა და ღამეც მედინაში გაეთია. ბრძოლა მაინც არ დაიწყებოდა მზის ამოსვლამდე და ჰანზალას საკმარისი დრო ექნებოდა საიმისოდ, რომ წინასწარმეტყველს შეერთებოდა მეორე დილით. მას შეეძლო გამოერკვია, რა მიმართულებით წავიდოდა ჯარი.

მეორე კაცი იყო ‛აბდ ალლაჰ იბნ ‛ამრი ბანუ სალიმადან, ხაზრაჯის ერთ-ერთი კლანიდან. ის დაახლოებით სამი წლის წინ საპილიგრიმოდ წავიდა, როგორც წარმართი, და ისლამი მიიღო მინას ველზე, სადაც უყოყმანოდ მისცა კავშირის ფიცი წინასწარმეტყველს მეორე ‛აკაბას დროს. და ახლა, ორი თუ სამი ღამის წინ, მასაც უნახავს ისეთი სიზმარი, რომელიც ძალიან ჰგავდა იმას, რაც ხაისამამ მოახსენა საკრებულოს. როდესაც მას ეძინა, იხილა, რომ მასთან მივიდა ერთი კაცი, რომელშიც შეიცნო ანსარი, სახელად მუბაშშირი. მან უთხრა: „რამდენსამე დღეში შენ ჩვენთან მოხვალ.“ „და სად ხართ თქვენ?“ იკითხა ‛აბდ ალლაჰმა. „სამოთხეში,“ მიუგო მუბაშშირმა, „ჩვენ იქ ვაკეთებთ იმ ყველაფერს, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.“ „შენ ბადრის ბრძოლაში არ მოგკლეს?“ „სწორედ ასეა,“ უთხრა მუბაშშირმა, „მაგრამ შემდეგ მე დამიბრუნდა სიცოცხლე.“ „ჯაბირის მამავ,“ უთხრა წინასწარმეტყველმა ‛აბდ ალლაჰს, როდესაც ამ სიზმრის შინაარსი მოისმინა, „ეს მოწამეობაა.“4 ‛აბდ ალლაჰმა ეს უკვე იცოდა თავის გულში, მაგრამ მაინც უნდოდა წინასწარმეტყველისაგან დადასტურება მიეღო. შემდეგ იგი წავიდა სახლში, რათა ომისათვის მომზადებულიყო და თავის შვილებს გამომშვიდობებოდა. მისი ცოლი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილიყო. მისგან დარჩა ვაჟიშვილი, ჯაბირი, რომელიც ეს- ესაა, კაცობაში შესულიყო, და შვიდი ქალიშვილი, გაცილებით უფრო პატარები, ვიდრე მათი ძმა. ჯაბირი უკვე დაბრუნებულიყო მეჩეთიდან და დაკავებული იყო თავისი იარაღითა და აღჭურვილობით. იმის გამო, რომ ბადრში არ ყოფილა, უფრო მეტად იყო მოწადინებული, წინასწარმეტყველთან ერთად წასულიყო ამჯერად. მაგრამ მამამისი სხვაგვარად ფიქრობდა. „ჩემო ვაჟო,“ თქვა მან, „არ იქნება გამართლებული, რომ ისინი მივატოვოთ - ქალიშვილებს გულისხმობდა - და კაცის გარეშე დავტოვოთ. ძალიან ახალგაზრდები არიან და დახმარება სჭირდებათ და ამის გამო მეშინია. მაგრამ მე უნდა წავიდე ღმერთის წინასწარმეტყველთან ერთად, შესაძლოა, ვეწამო, თუ ღმერთი ამას მიბოძებს, ამიტომაც მათ შენი ზრუნვის ქვეშ ვტოვებ.“

ყველანი ისევ შეიკრიბნენ შუადღის შემდგომი ლოცვისათვის და იმ დროისათვის კაცები ზემო მედინიდან შეგროვდნენ და მეჩეთშო მივიდნენ. ლოცვის შემდეგ წინასწარმეტყველმა აბუ ბაქრი და ‛უმარი თან წაიყვანა სახლში და ისინი მას დაეხმარნენ, საბრძოლველად გამოწყობილიყო. კაცები გარეთ მოეწყვნენ რიგებად, სა‛დ იბნ მუ‛აზი და მისი კლანის წარმომადგენლები მათ საყვედურობდნენ: „თქვენ აიძულეთ ღმერთის წინასწარმეტყველი, გარეთ გასულიყო თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებები მას ზეციდან მოსდის. უკან წაიღეთ ეს გადაწყვეტილება და მიეცით საშუალება, ხელახლა მოიფიქროს.“ როდესაც წინასწარმეტყველი გამოვიდა, მას თავისი ჩალმა მუზარადის ზევიდან ჰქონდა შემოხვეული და სამკერდული ეკეთა, რომლის ქვეშაც ეცვა აბჯარი ტყავის სარტყლით, რაზეც ხმალი ეკიდა. მას მოსართავიც კი გაეკეთებინა ხმალზე, ხოლო ფარი ზურგზე გადაეკიდა. მანამდე ბევრი მათგანი ნანობდა იმ გადაწყვეტილებასა და ორიენტაციას, რომელიც აიღეს, მაგრამ, როგორც კი იგი გამოჩნდა, თქვეს: „ღმერთის მოციქულო, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რაიმეში შეგეწინააღმდეგოთ, მაშ, ის გააკეთე, რაც სწორად მიგაჩნია.“ მაგრამ მან უპასუხა: „წინასწარმეტყველმა არ უნდა გაიხადოს თავისი აღჭურვილობა მანამდე, სანამ ღმერთი არ განსჯის მასა და მის მტრებს. მაშ, ყურადღებით უსმინეთ იმას, რის გაკეთებასაც დაგავალებთ, და წინ წადით ღმერთის სახელით. გამარჯვება თქვენია, თუ მტკიცედ იდგებით.“5 შემდეგ მოითხოვა სამი შუბი და მათ თვალწინ ამ შუბებზე სამი საბრძოლო დროშა დაამაგრა. ავსის დროშა მისცა უსაიდს, ხაზრაჯისა - ჰუბაბს, რომელმაც მას რჩევა მისცა ბადრის ჭებთან დაკავშირებით, ხოლო მუჰაჯირებისა - მუს‛აბს. ისევ ბრმა ‛აბდ ალლაჰ იბნ უმმ მაქთუმს დაავალა ლოცვების ჩატარება თავისი არყოფნის პერიოდში. შემდეგ ამხედრდა საკუთარ ცხენზე, რომელსაც საქბი6 ერქვა, და მოითხოვა მშვილდი, რომელიც მხარზე გადაიკიდა, ხელში კი შუბი აიღო. სხვა არც ერთი კაცი არ იყო ამხედრებული. ორი სა‛დი წინასწარმეტყველის წინ მიდიოდა, კაცები ედგნენ ასევე ორივე მხარეს. მთლიანად ისინი დაახლოებით ათასი იყვნენ.

_______________________

1. ვ. 209.

2. ვ. 210-11.

3. ვ. 212-13.

4. ვ. 266.

5. ვ. 214.

6. მჩქეფარე წყალი; ამ ცხენს ასე იმიტომ ერქვა, რომ თოხარიკით მსუბუქად სიარული შეეძლო.

51 LI. მარში უჰუდისაკენ

▲ზევით დაბრუნება


მზე უკვე ჩადიოდა, როდესაც მუსლიმები მივიდნენ შაიხაინამდე, რომელიც მედინასა და უჰუდს შორის გზის შუაში მდებარეობდა. ბილალმა ხალხს ლოცვისაკენ მოუწოდა და ილოცეს, რის შემდეგაც წინასწარმეტყველმა თავის ჯარს გადახედა. მაშინ იყო, რომ მან შენიშნა რვა ბიჭი, რომლებსაც, მიუხედავად თავიანთი ასაკისა, იმედი ჰქონდათ, ბრძოლაში მიიღებდნენ მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ზეიდის ვაჟი, უსამა, და ‛უმარის ვაჟი, ‛აბდ ალლაჰი, ორივე მათგანი მხოლოდ ცამეტი წლის გახლდათ. წინასწარმეტყველმა მათაც და მათ ექვს მეგობარსაც უბრძანა, სასწრაფოდ სახლში დაბრუნებულიყვნენ. ყმაწვილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთ-ერთმა ანსარმა წინასწარმეტყველი დაარწმუნა, რომ თხუთმეტი წლის რაფი‛ი თავისი კლანიდან, ჰარისადან, უკვე გაცილებით უკეთესი მშვილდოსანი დამდგარიყო, ვიდრე ზოგიერთი უფროსი. ამიტომაც რაფი‛ს უფლება მისცეს, დარჩენილიყო, რის შემდეგაც სამურამ, ობოლმა ნაჯდის ერთ-ერთი ტომიდან, რომლის დედაც ცოლად გაჰყვა ანსარს რაფი‛ის კლანიდან, პრეტენზია განაცხადა, რომ რაფი‛ს არ ჩამოუვარდებოდა ბრძოლაში. წინასწარმეტყველმა ორივე ბიჭს უთხრა, ეჩვენებინათ, რის გაკეთება შეეძლოთ, ამიტომაც ისინი რამდენჯერმე შეეჯიბრნენ ერთმანეთს და სამურამ დაამიტკიცა, რომ მართალი იყო, რასაც ამბობდა. მასაც დართეს ომში წასვლის ნება. დანარჩენი ბიჭები კი თავიანთ ოჯახებში გაგზავნეს.

მექელები იმედოვნებდნენ, რომ მუსლიმები მათ წინააღმდეგ გავიდოდნენ და საშუალებას მისცემდნენ, გამოეყენებინათ თავიანთი ძირითადი ძალა, განსაკუთრებით კავალერია, რაც მათ დიდ უპირატესობას წარმოადგენდა. წინასწარმეტყველმა ეს იცოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტა ქალაქიდან გასვლა. განზრახული ჰქონდა, ამ როცხვობრივი უპირატესობის კომპენსაცია მოეხდინა ისეთი პოზიციის დაკავებით, რომელიც მის ჯარს უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებდა, იმავდროულად მოულოდნელიც იქნებოდა და, შესაბამისად, მტრისთვის დამაბნეველი. მაგრამ მიზნის განსახორციელებლად მას გზამკვლევი სჭირდებოდა, ამის შესახებ გაიკითხა და, როდესაც ბანუ ჰარისას ტერიტორიაზე გაიარა, აღნიშნული კლანის ერთ-ერთი წრმომადგენლის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. ამ კაცმა ძალიან კარგად იცოდა ის მიდამოები.

მედინაში ჰანზალამ და ჯამილამ აღასრულეს თავიანთი ქორწინება; იმ ღამეს, სულ რამდენიმე საათის განმავლობაში, ჯამილამ სიზმარი ნახა. იხილა, რომ მისი ქმარი ზეცის კიდესთან იდგა, მას კარი გაუღეს და ისიც შევიდა, კარი კი მის ზურგს უკან დაიხურა. როდესაც გაიღვიძა, თავისთვის თქვა: „ეს მოწამეობაა.“ მათ განწმენდის რიტუალი შეასრულეს და განთიადის ლოცვა ერთად ილოცეს. ამის შემდეგ კაცი ცოლს დაემშვიდობა, მაგრამ ქალი ჩაეჭიდა და არ გაუშვა, იგი კიდევ დაწვა მასთან. შემდეგ უეცრად თავი გამოჰგლიჯა ჯამილას ხვევნას და თვით განწმენდის რიტუალის გარეშე ჰანზალამ ჩაიცვა თავისი აბჯარი, დაავლო ხელი იარაღს და საჩქაროდ გავიდა სახლიდან.1

წინასწარმეტყველმა გასცა ბრძანება, რომ გათენებამდე ჯარი მზად უდა ყოფილიყო შაიხაინიდან დასაძვრელად. მაგრამ იბნ უბაი იმ ღამეს ელაპარაკა თავის უახლოეს მიმდევრებს და, როდესაც ბანაკის აშლის დრო დადგა, ის მედინისაკენ შებრუნდა უკან და თან გაიყოლა დაახლოებით სამასი კაცი, წარმართები და მერყევი ადამიანები. ამის გამო დიდად შერცხვენილი იყო იბნ უბაის ვაჟი, ‛აბდ ალლაჰი, რომელიც ჯართან ერთად დარჩა. იბნ უბაი არც კი დალაპარაკებია წინასწარმეტყველს და, როდესაც ამის თაობაზე ზოგიერთმა ანსარმა ჰკითხა, მიუგო: „მან მე არ დამიჯერა, სამაგიეროდ, დაუჯერა უმწიფრებსა და ისეთ კაცებს, ვისაც არა აქვთ განსჯის უნარი. არ მესმის, რატომ უნდა დავკარგოთ ჩვენი სიცოცხლე ამ ცუდად შერჩეულ ადგილას.“ მეორე ‛აბდ ალლაჰი, ჯაბირის მამა, მათ გამოუდგა და დაუძახა: „ღმერთმანი, გაფიცებთ, ნუ მიატოვებთ თქვენს ხალხსა და წინასწარმეტყველს უშუალოდ მტრის წინაშე.“ მაგრამ მათ მხოლოდ ეს უპასუხეს: „ჩვენ რომ ვიცოდეთ, თქვენ იბრძოლებთ, არ დაგტოვებდით, მაგრამ გვგონია, ბრძოლა არ შედგება.“ „ღვთის მტრებო,“ უთხრა მათ, „ღმერთი დაეხმარება თავის წინასწარმეტყველს თქვენს გარეშეც.“

ახლა უკვე შვიდას კაცზე ჩამოვიდა ჯარის რიცხვი. მცირე მანძილზე წავიდნენ წინ მტრის მიმართულებით და შემდეგ, ჯერ კიდევ ისე, რომ ბნელოდა, მარჯვნივ გადაუხვიეს და დაადგნენ გზას ვულკანური ტრაქტის გადასწვრივ, სანამ უჰუდის ხეობის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოლოსთან არ მივიდნენ. მათ ისევ გადაუხვიეს და ხეობას ჩრდილო-დასავლეთისაკენ აუყვნენ, გარიჟრაჟის მკრთალ შუქზე გაარჩიეს მექელთა ბანაკი, რომელიც მათ წინაშე გადაიშალა მარცხნივ, ცოტა დაბლა. სვლა განაგრძეს, სანამ უშუალოდ უჰუდსა და მტერს შორის არ აღმოჩნდნენ. წინასწარმეტყველმა მიაღწია იმ ადგილს, სადაც უნდოდა მისვლა. აქ დაღმართი ფერდობი იწყებოდა, რაც მათთვის სასარგებლო იყო. წინასწარმეტყველმა ჯარი გააჩერა და ჩამოხდა. ბილალმა დილის ლოცვისაკენ მოუწოდა, ისინიც, რიგებად მოწყობილნი, ზურგით შებრუნდნენ მთისაკენ. ეს აგრეთვე მათი საბრძოლო წყობაც იყო, რადგანაც მტერი ახლა მუსლიმთა ჯარსა და მექას შორის მოექცა. წინასწარმეტყველი ჯერ ლოცვას წარუძღვა, შემდეგ კი მებრძოლებს მიუბრუნდა და გაამხნევა: „ჭეშმარიტად, დღევანდელ დღეს თქვენ იმ ადგილას დგახართ, რომელიც მდიდარია განძეულობით მისთვის, ვინც კარგად იცის, რასაც აპირებს, და ამ საქმეს უძღვნის თავის სულს მოთმინებით, დარწმუნებით, გულწრფელობითა და ძალისხმევით.“2 როდესაც სიტყვა დაამთავრა, ჰანზალა წინ გამოვიდა, რათა მას მისალმებოდა, რადგანაც ის-ის იყო, რაც მედინიდან ჩამოსულიყო.

წინასწარმეტყველმა ახლა ამოირჩია საუკეთესო მშვილდოსნები: თავისთან დატოვა ზეიდი, სა‛დი, საკუთარი ბიძაშვილი ზუჰრადან, და სა'იბი, ‛უსმან იბნ მაზ‛უნის ვაჟი, აგრეთვე სხვები; მაგრამ მათგან ორმოცდაათს უთხრა, პოზიცია დაეკავებინათ ცოტა უფრო მაღლა მთავარი ძალის მარცხენა მხარეს. მათ უფროსად ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯუბაირი, ავსელი კაცი, დაადგინა და ასეთი ბრძანება მისცა: «შეაკავეთ მათი კავალერია თქვენი ისრებით. ნუ მისცემთ საშუალებას, ჩვენამდე ამოაღწიონ უკანა მხარეს. ბრძოლა ჩვენს სასარგებლოდ წავა თუ საწინაღმდეგოდ, მაინც იდექით ამ ადგილას! თუ დაინახავთ, რომ ჩვენ მტერს ვანადგურებთ და ალაფი მოგვაქვს, ნუ ეცდებით ამაში მონაწილეობას წილის მისაღებად და, თუ დაინახავთ, რომ გვკლავენ, დასახმარებლად ნუ მოხვალთ.“3

წინასწარმეტყველმა სხვა აბჯარი ჩაიცვა, ხმალი აიღო, მაღლა ასწია და თქვა: „ვინ აიღებს ამ ხმალსა და მის სამართლიან მოთხოვნას?“ ‛უმარი მაშინვე გაემართა მის ასაღებად, მაგრამ წინასწარმეტყველი მისგან შებრუნდა და ისევ დაიძახა: „ვინ აიღებს ამ ხმალსა და მის სამართლიან მოთხოვნას?“ ზუბაირმა, თქვა, რომ ის აიღებდა, მაგრამ წინასწარმეტყველმა მასაც ზურგი აქცია და თავისი კითხვა მესამედ გაიმეორა. „რა არის მისი სამართლიანი მოთხოვნა, ღმერთის მოციქულო?“ იკითხა აბუ დუჯანამ, ხაზრაჯელმა კაცმა. „მისი უფლება ისაა,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „რომ შენ მანამდე უნდა აჩეხო მტერი მისი გამოყენებით, სანამ არ დაბლაგვდება და გადაიღუნება.“ „მე ვიღებ მას თავის სამართლიან მოთხოვნასთან ერთად,» უთხრა მან წინასწარმეტყველს და წინასწარმეტყველმაც მისცა ხმალი. მისი წითელი ჩალმა კარგად იყო ცნობილი და ხაზრაჯელებში მას სიკვდილის ჩალმა ერქვა. როდესაც ის მას იხვევდა თავის მუზარადზე, ისევე, როგორც ახლა, იცოდნენ, მტრის უმოწყალოდ ამოხოცვას აპირებდა; და ვერავინ ვერ შეიტანდა ეჭვს იმაში, რომ ეს მისი მტკიცე გადაწყვეტილება იყო, როდესაც ხმალს ხელი დასტაცა და საბრძოლო რიგებს ჩაუქროლა. წინასწარმეტყველმა ეს დაინახა და თქვა: „სიარულის ისეთი მანერაა, რომელიც ღმერთს სძულს, მაგრამ არა ასეთ დროსა და ადგილას (გარდა ასეთი დროისა და ადგილისა).“4

_______________________

1. ვ. 273.

2. ვ. 221.

3. ი.ი. 560.

4. ი.ი. 561.

52 LII. უჰუდის ბრძოლა

▲ზევით დაბრუნება


მზე ახლა უკვე ამოსულიყო და კურეიშელებიც რიგებად მოწყობილიყვნენ, ორივე ფრთაზე ას-ასი ცხენოსანი ეყენათ, მარჯვენა ფლანგს ხალიდი, ვალიდის ძე, ხელმძღვანელობდა, ხოლო მარცხენას - ‛იქრიმა, აბუ ჯაჰლის ვაჟი. ცენტრიდან აბუ სუფიანმა ბრძანება გასცა, დაძრულიყვნენ. მის წინ ‛აბდ ად-დარელ ტალჰას მიჰქონდა კურეიშის დროშა, იქვე ახლოს იყო ტალჰას ორი ძმა და ოთხი ვაჟიშვილი, ისინი მზად იყვნენ, მისი ადგილი დაეკავებინათ, თუ ამას საჭიროება მოითხოვდა. ტალჰასა და მის ძმებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, იმ დღეს დიდება მოეტანათ თავიანთი კლანისათვის. ბადრში მათმა ორმა მედროშემ თავს ნება მისცა, პატივის გარეშე ტყვედ ჩავარდნილიყო, და აბუ სუფიანსაც არ დავიწყებია, ეს ფაქტი შეეხსენებინა მათთვის, როდესაც უჰუდისაკენ მიემართებოდნენ. მუს‛აბმა იცნო თავისი კლანი საპირისპირო მხრიდან, სადაც იგი წინასწარმეტყველის წინ იდგა მუჰაჯირების დროშით ხელში.

როგორც კი ორი მეტოქე ერთმანეთს ისე მიუახლოვდა, რომ ხმის მიწვდენა შეიძლებოდა, აბუ სუფიანი ცოტა წინ გამოვიდა და დაიძახა: „ავსისა და ხაზრაჯის კაცნო, გაეცალეთ ამ ველს და დამიტოვეთ ჩემი ბიძაშვილი. მაშინ ჩვენც წავალთ, რადგანაც არ გვაქვს რაიმე საჭიროება, თქვენ გებრძოლოთ.“ მაგრამ ანსარებმა მას გრგვინვასავით დაატეხეს თავს შეურაცხყოფათა კორიანტელი. შემდეგ სხვა გამოვიდა მექელთა რიგებიდან და ჰანზალა დიდად დამწუხრდა, როდესაც ამ კაცში მამა შეიცნო, რომელიც ახლა თავის იქ ყოფნას ამჟღავნებდა: „ავსის კაცნო, მე აბუ ‛ამირი ვარ!“ ვერ წარმოედგინა, რომ მისი გავლენა, ერთ დროს ასეთი დიდი, უკვე ნულზე ჩამოსულიყო, და, ამის არ მცოდნემ, მანამდე კურეიშს პირობა მისცა, რომ, როგორც კი ის თავის სახელს იტყოდა, მისი კლანის ბევრი კაცი მისკენ გადავიდოდა. პასუხად მხოლოდ წყევლა კი არ მიიღო, არამედ ქვებიც, რამაც იმედგაცრუებული შეაბრუნა უკან.

მექელებს ისევ მიეცათ ბრძანება, მეტოქისკენ წასულიყვნენ, და არც თუ შორს წინა რიგებიდან ქალებიც მიდიოდნენ, რომლებსაც ჰინდი ჩასდგომოდა სათავეში. ისინი თავიანთ დაირებსა და დოლებს სცემდნენ და მღეროდნენ :

წინ, ‛აბდ ად-დარის ძენო; წინ, ვინც ჯარის ზურგს ჰყარაულობთ; დაჰკარით, ყოველი ალესილი მახვილით დაჰკარით.

შემდეგ, როდესაც ქალებმა იგრძნეს, რომ მტერთან უკიდურესად ახლოს მივიდნენ და წინ წასვლა უკვე აღარ შეეძლოთ, მათ დროის ათვლა დაიწყეს დაფდაფების ცემით და კაცებმა გზა განაგრძეს, ჰინდმა კი დაიწყო სიმღერა. ამ სიმღერას ადრე სხვა ჰინდი მღეროდა ერთ-ერთი ძველი ომის დროს:

წადით წინ და ჩვენ მოგეხვევით, რბილ ხალიჩებს დაგიფენთ. მაგრამ, თუ შემობრუნდებით, მიგატოვებთ, მიგატოვებთ და აღარ გვეყვარებით.

როდესაც ორი ჯარი პრაქტიკულად ერთმანეთს უკვე შეერწყა, წინასწარმეტყველის მშვილდოსნებმა ისრების ნაკადი სტყორცნეს ხალიდის კავალერიას და ცხენების ჭიხვინმა ჩაახშო ქალებისა და მათი დაირების ხმა. მექის ჯარის შუაგულიდან ტალჰა გამოიჭრა და მტრის რიგებიდან გამოიწვია კაცი ცალკე შერკინებისათვის. ‛ალი გავიდა მის შესახვედრად, მათ იბრძოლეს და საბოლოოდ ‛ალიმ მეტოქე ძირს დასცა, ხმალი მუზარადზე დაჰკრა, რომელიც გაუტეხა და ყვრმალი გაუხეთქა. წინასწარმეტყველი მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო „ჯარის უფროსი“ - ვერძი, რომელიც სიზმრად იხილა - და ხმამაღლა ადიდა ღმერთი, ალლაჰუ აქბარ, და ეს დიდება ექოდ გავარდა მთელ ჯარში, რადგანაც ის მებრძოლებმა გაიმეორეს. მაგრამ ვერძი მხოლოდ ერთი მსხვერპლის სიმბოლო არ იყო, რადგანაც ახლა ტალჰას ძმამ აიღო მისი დროშა და ის ჰამზამ მოკლა. შემდეგ ზუჰრელმა სა‛დმა ისარი მოარტყა ყელში ტალჰას მეორე ძმას, ხოლო მისი ოთხი შვილი ერთმანეთის მიყოლებით დახოცეს ‛ალიმ, ზუბაირმა და ‛ასიმ იბნ საბითმა ავსიდან. ორი მათგანი მომაკვდავი მიიყვანეს თავიანთ დედასთან, სულაფასთან, რომელიც ახლა ზურგში იყო; და, როდესაც ვაჟებმა უთხრეს, ვინ მიაყენა მათ სასიკვდილო ჭრილობები, ქალმა დაიფიცა, რომ ერთ დღესაც ის ღვინოს დალევდა ‛ასიმის თავის ქალიდან.

არც ერთ ქალს არ ჰქონდა უფლება, მუსლიმებს ბრძოლაში გაჰყოლოდა. მაგრამ ნუსაიბა, ხაზრაჯელი ქალი, გრძნობდა, რომ, მიუხედავად ამისა, მისი ადგილი მაინც ჯართან იყო. მისი ქმარი, ღაზია, და ორი ვაჟი იქ იყვნენ, მაგრამ ეს არ იყო მიზეზი. სხვა ქალების ქმრები და ვაჟებიც ომში იყვნენ, მაგრამ ისინი სახლში დარჩნენ სიამოვნებით. ნუსაიბა იყო იმ ორ ქალთაგან ერთ-ერთი, რომლებიც სამოცდაათ მედინელ კაცთან ერთად გავიდნენ მეორე ‛აკაბაზე, მას, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არც შეეძლო შინ დარჩენა. ამიტომაც იმ დილას ადრე ადგა, ტიკი წყლით აავსო და ბრძოლის ველისაკენ გაეშურა, სადაც იმას მაინც შეძლებდა, რომ დაჭრილებისათვის მოევლო და მწყურვალთათვის წყალი მიეწოდებინა. მიუხედავად ამისა, თან წაიღო ხმალი, აგრეთვე მშვილდი და კაპარჭი. კითხვა-კითხვით გაჰყვა იმ გზას, რომელიც ჯარმა გაიარა, და რაიმე დიდი სირთულის გარეშე მივიდა მთის ძირას მდებარე ცოტა მაღალ ადგილას, სადაც ახლა წინასწარმეტყველს დაეკავებინა თავისი პოზიცია, ბრძოლა კი სულ ცოტა ხნის დაწყებული იყო. წინასწარმეტყველთან იყვნენ აბუ ბაქრი, ‛უმარი და სხვა უახლოესი მეგობრები. ანასის დედაც, უმმ სულაიმი, ასევე ფიქრობდა, ამიტომაც სულ მალე ისიც მივიდა თავისი ტიკით, რომელიც წყლით აევსო. რიგებს უკან მდგომ ჯგუფს მალე ასევე შეუერთდა ორი კაცი მუზაინადან, ერთ-ერთი მომთაბარე ტომიდან, რომელიც ოაზისის დასავლეთით ცხოვრობდა. ორივე მათგანი ახლად მოქცეული მუსლიმი იყო. მათ არ იცოდნენ მექელთა თავდასხმის შესახებ და მედინაში წასულიყვნენ, მაგრამ ქალაქი ნახევრად დაცარიელებული დახვდათ. როდესაც მიზეზი შეიტყვეს, სასწრაფოდ გაემართნენ უჰუდისაკენ, მიესალმნენ წინასწარმეტყველს, აიღეს ხმლები და ბრძოლაში შეცვივდნენ.

აბუ დუჯანამ, რომელიც წითელ ჩალმას ატარებდა, შეასრულა თავისი დაპირება. შემდგომში ზუბაირმა აღიარა: „ჩემი სულის სიღრმეში ჩააღწია ტკივილმა იმის გამო, რომ ღმერთის მოციქულმა, როდესაც მას ხმალი ვთხოვე, ის ჩემგან გასწია და აბუ დუჯანას გადასცა. მაშინ ჩემთვის ვთქვი: `მე ვარ მამამისის დის, საფიჲჲას, ვაჟი და მე კურეიშელი ვარ; და მე მასთან მივედი და მანამდე ვთხოვე ეს ხმალი, სანამ მას სხვა კაცები მოინდომებდნენ, მან კი ის სხვას მისცა და გვერდით გამწია. ღმერთმანი, წავალ და ვნახავ, რის გამკეთებელია აბუ დუჯანა!' და მას გავყევი.“ შემდეგ იგი ყვებოდა, როგორ კლავდა აბუ დუჯანა ყოველ კაცს და ამას ისე იოლად აკეთებდა, თითქოს მთიბავი ყოფილიყოს, მისი ხმალი კი ცელი, ამიტომაც ზუბაირმა გაიზიარა წინასწარმეტყველის გადაწყვეტილება და თავისთვის თქვა: „ღმერთმა და მისმა მოციქულმა უკეთ იციან.“

ჰინდი, დიდი ქალი შთამბეჭდავი გარეგნობით, ჯერ კიდევ კაცებს შორის იდგა და მათ საბრძოლველად აგულიანებდა. ბეწვზე გადაურჩა იმას, რომ აბუ დუჯანას ხმალი არ მოხვედროდა, რადგანაც აბუ დუჯანას ეგონა, ის კაცი იყო. ხმალი აღმართა მის თავზე და, როდესაც მან დაიკივლა, აბუ დუჯანა მიხვდა, რომ ის ქალი იყო. ჰინდის გვერდით მდგომი კაცისაკენ შებრუნდა სასწრაფოდ და დარტყმაც მას მოხვდა. ამის შემდეგ ქალი წავიდა სხვა ცოლებთან და დედებთან, რომლებიც ზურგში იყვნენ. იქ მონები ჰყარაულობდნენ ბანაკს. როდესაც ჰინდი უკან ბრუნდებოდა, მას შეხვდა წინ მიმავალი აბისინიელი ვაჰში. განსხვავებით ველზე მყოფი სხვა მებრძოლებისაგან, ის მხოლოდ ერთი კაცით იყო დაინტერესებული და, ამ დანარჩენების საპირისპიროდ, მშვიდად გამოიყურებოდა, როგორც ცივსისხლიანი. ჰამზას აღრევა ვინმე სხვაში შეუძლებელი იყო, რადგანაც ის გამოირჩეოდა განსაკუთრებულად ძლიერი აღნაგობით, ბრძოლის მანერითა და სირაქლემის ბუმბულით. ვაჰში მას შორიდან ხედავდა, ბრძოლის კიდეს მიუყვებოდა და მიაღწია შედარებით უსაფრთხო ადგილს, რომელიც მაინც ახლოს იყო შუბის მტყორცნელისათვის, რათა ესროლა. ჰამზა ახლა პირისპირ იდგა ‛აბდ ად-დარის უკანასკნელ მედროშესთან და, როდესაც ხმალი აღმართა, სულ ერთი წამით გამოუჩნდა ნახვრეტი თავის აბჯარში. ვაჰშიმ უეცრად შენიშნა ეს შესაძლებლობა, შუბი მოიმარჯვა და ისე ისროლა, რომ მიზანს ზუსტად მოარტყა. ჰამზა რამდენიმე ნაბიჯით წინ წაბარბაცდა, მას უკვე მოეკლა თავისი მეტოქე, მაგრამ ახლა თვითონ დაეცა ძირს, სასიკვდილო აგონიაში მყოფი. ვაჰში უცდიდა, სანამ მისი სხეული მოძრაობას შეწყვეტდა, შემდეგ მასთან მივიდა, შუბი ამოაძრო და მთელი სისწრაფით გაბრუნდა ბანაკისაკენ. როგორც თვითონ ყვებოდა: „გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც მოვედი, მე ის მოვკალი ჩემი თავისუფლებისათვის.“

ჰამზას სიკვდილმა მცირედ შეცვალა თავდაცვაზე გადასვლის ის შეგრძნება, რომელიც თანდათან უკვე გავრცელებას იწყებდა მექის ჯარში. ერთმა სხვა აბისინიელმა, შვიდი დაღუპულის ოჯახის მონამ, ახლა თვითონ აიღო დროშა, მაგრამ მალე ისიც მოკლეს. ცოტა ხანს ის შეუმჩნევლად ეგდო მიწაზე (იგულისხმება, რომ დროშაც ძირს იყო). მართალია, ჰამზას სირაქლემის ბუმბული აღარ ჩანდა, მაგრამ აბუ დუჯანა, ზუბაირი და სხვა მუჰაჯირები თუ ანსარები ისე იბრძოდნენ, როგორც განხორციელება მუსლიმური საბრძოლო მოწოდებისა იმ დღეს: ამით, ამით, რაც ნიშნავს: „მოკალით, მოკალით/მოაკვდინეთ, მოაკვდინეთ.“ ასე ჩანდა, რომ მათ ვერავინ ვერ აღუდგებოდა წინ: ‛ალის თეთრი ბუმბული, აბუ დუჯანას წითელი ჩალმა, ზუბაირის ღია ყვითელი ჩალმა და ჰუბაბის მწვანე ჩალმა გამარჯვების დროშებივით იყო, რომლებიც უკან მყოფ რიგებს აძლიერებდნენ. აბუ სუფიანი ძლივს გადაურჩა ჰანზალას ხმალს. იგი გმირულად იბრძოდა ცენტრთან ახლოს და ის-ის იყო, აბუ სუფიანისათვის უნდა დაერტყა, რომ ერთი ლაისელი კაცი გვერდიდან მოვიდა და ჰანზალას ხელკეტი დაარტყა. ჰანზალა ძირს დაეცა და მტერმა მას უკვე სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.

ბრძოლა თანდათან ძირს წავიდა, ფერდობზე დაეშვა და წინასწარმეტყველს დაშორდა, მექელებმა უკან დახიეს თავიანთი ბანაკისაკენ. ის უკვე დეტალურად ვეღარც არჩევდა, რა ხდებოდა, მაგრამ ხედავდა, მისი კაცები იმ დღეს იგებდნენ. თუმცა ახლა მისი ყურადღება რაღაცამ მიი პყრო მაღლა, ის ბრძოლას აღარ უყურებდა, თითქოს ჩიტების გადაფრენას უცქერდა. ერთ წამში მან უკან მდგომებს მიმართა: „თქვენი მეგობარი - იგი ჰანზალას გულისხმობდა - ანგელოზები განბანენ მას.“ და შემდგომში ჯამილას უთხრა, თითქოს რაიმე ახსნის ძიებაში: „მე დავინახე, რომ ანგელოზები წყლით განბანდნენ ჰანზალას ზეცასა და დედამიწას შორის, იმ წყლით, რომელიც ღრუბლებიდან მოედინებოდა ვერცხლის ჭურჭელში.“ ქალმა წინასწარმეტყველს უამბო თავისი სიზმრის შესახებ და ისიც უთხრა, რომ მის ქმარს შეეშინდა, ბრძოლაში არ დაჰგვიანებოდა, ამიტომაც ქორწინების ღამის შემდეგ ტრადიციული განწმენდის გარეშე წავიდა.

მუსლიმები განაგრძობდნენ წინსვლას მანამდე, სანამ ერთ წერტილში მტრის რიგები მთლად არ აირია. ამდენად, გზა გაიხსნა მათი ბანაკისაკენ და დაიძრა უზარმაზარი ტალღა ალაფს მოწადინებული ხალხისა. ახლა ორმოცდაათი ნარჩევი მშვილდოსანი გარკვეულწილად მოშორებით იყო წინასწარმეტყველისაგან მარცხნივ. მასა და მათ შორის მიწა ძირს ეშვებოდა ფერდობის სახით დაბლობზე, შემდეგ კი მაღლა იწევდა იმ ხელსაყრელი ადგილისაკენ, სადაც მან ისინი დააყენა. ხედავდნენ პირველ რიგებს და, როდესაც შენიშნეს, რომ მათი მეგობრები ის-ისაა, უნდა გამდიდრებულიყვნენ, როგორც ისინი ფიქრობდნენ, მტრის ქონებით, უმრავლესობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ნადავლი. მათი წინამძღოლი, ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯუბაირი, ამაოდ ახსენებდა წინასწარმეტყველის ბრძანებას, არ დაეტოვებინათ თავიანთი პოზიცია არც ერთ შემთხვევაში. უპასუხეს, წინასწარმეტყველს მათთვის არ უბრძანებია, რომ იქ მთელი სიცოცხლე დარჩენილიყვნენ. ახლა ბრძოლა დამთავრებული იყო, როგორც ისინი ამბობდნენ, ურწმუნონი კი - განდევნილნი. დაახლოებით ორმოცი მათგანი ძირს დაეშვა ფერდობზე და გეზი აიღო ბანაკისაკენ, ‛აბდ ალლაჰი კი დატოვეს ერთგული, მაგრამ უაღრესად გადაღლილი მშვილდოსნების მთავარ ჯგუფთან ერთად.

აქამდე მექის კავალერიამ დიდი სარგებლობა ვერ მოიტანა. ცენტრში ორი არმია ისე იყო ერთმანეთს შებმული, რომ იქ ცხენების შესვლა ერთნაირად გადათელავდა ორივე მხარის წარმომადგენლებს, მეორე მხრივ, ისინი ვერც მტრის ზურგამდე მიაღწევდნენ ისე, რომ არ გადაევლოთ გრძელი მონაკვეთი, სადაც ისრების წვიმა წამოვიდოდა მათი გამოჩენისთანავე. მაგრამ ხალიდმა დაინახა, რაც მოხდა, და მიხვდა, რომ მისი დრო დადგა, იგი უსწრაფესი ჭენებით გაუძღვა თავის კაცებს იმ ადგილისაკენ, სადაც მშვილდოსნები იდგნენ. ‛აბდ ალლაჰი და მისი მებრძოლები ამაოდ ცდილობდნენ მათ შეჩერებას ისრებით, შემდეგ დაუშვეს თავიანთი მშვილდები და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამართეს მტერთან ხმლებითა და ხელკეტებით. არც ერთი არ გადარჩა ამ ერთგული ათი კაციდან. ხალიდმა უკან შემოუარა და მტრის ჯარის მთავარ ნაწილს ზურგში დაესხა თავს. ‛იქრიმამ მას მიბაძა და მექელმა ცხენოსნებმა დიდი ზარალი მიაყენეს მორწმუნეთა არეულ რიგებს. ‛ალი და მისი მეგობრები ახლა ახალი საშიშროებისაკენ შებრუნდნენ და ამიტომაც ბევრი კერპთაყვანისმცემელი, რომელიც უკვე გაქცეული იყო, მობრუნდა და ხელახლა ჩაერთო ომში. ბრძოლის ბედი უეცრად შეიცვალა და კურეიშის შეძახილი - „ჰოი, ‛უზზა! ჰოი, ჰუბალ!“ - ახლა უკვე მთელ ველს მოედო. ბევრი მუსლიმი, რომელიც ზურგში ცხენოსნებისაგან დაღუპვას გადაურჩა, შეშინებული იყო და ამიტომაც მთისკენ გაიქცა. იცოდნენ, რომ იქ პოვებდნენ თავშესაფარს. წინასწარმეტყველმა მათ დაუძახა, დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მათი ყურები დახშული იყო მისი ხმის გასაგებად, მათი გონება ახლა სხვა ვერაფერზე ფიქრობდა, გარდა გაქცევისა. მუსლიმთა უმრავლესობა ბრძოლას აგრძელებდა, მაგრამ ახლა თავდაპირველი შემართება ჩამქრალიყო და რიცხვობრივი განსხვავებაც მათ წინააღმდეგ იყო. მათ უკან დახიეს თანდათან და ბრძოლამ ახლა უჰუდის მიმართულებით გადანაცვლება დაიწყო, იქითკენ, სადაც თვითონ წინასწარმეტყველი იყო.

წინასწარმეტყველი და მისი მეგობრები, მათ შორის, ორი ქალიც, ისრის ნაკადებს მიჯრით ესროდნენ მტერს, ეს ჯგუფი ძლიერდებოდა სხვა ადამიანებით მთავარი ძალიდან. მათი ლიდერი ფიქრობდა, რომ დღე მათ საწინააღმდეგოდ შებრუნდა და ახლა საჭირო იყო წინასწარმეტყველის დაცვა. პირველები, ვინც მათ შეუერთდნენ, იყო ორი კაცი მუზაინადან, ვაჰბი და ჰარისი. მტრის ცხენოსანთა ერთი ჯგუფი წინასწარმეტყველს მარცხნიდან მიუახლოვდა. „ვინ ითავებს ამ განაყოფს?“ იკითხა წინასწარმეტყველმა. „მე, ღმერთის მოციქულო,“ ასეთი იყო დაუყოვნებელი პასუხი ვაჰბისა და მან ისეთი სისწრაფითა და მოქნილობით დაუწყო მათ სროლა, რომ ისრები თითქოს მშვილდოსანთა მთელი ჯგუფიდან მიდიოდა, ამიტომაც უკან დაიხიეს. „ვინ არის ამ ესკადრის წინააღმდეგ?“ თქვა წინასწარმეტყველმა, როდესაც ცხენოსნების კიდევ ერთი ჯგუფი გამოჩნდა და მათკენ წამოვიდა. „მე ვარ, ღმერთის მოციქულო,“ თქვა ვაჰბმა და მანაც ისე იბრძოლა, თითქოს ერთი კაცი კი არ ყოფილიყოს, არამედ რამდენიმე, და მტერი უკუიქცა. შემდეგ მესამე ჯგუფიც გამოჩნდა მტრის რიგებდან. „ვინ შეაჩერებს მათ?“ თქვა წინასწარმეტყველმა. „მე შევაჩერებ,“ მიუგო ვაჰბმა. „მაშ, ადექი,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „და გაიხარე, რადგანაც სამოთხე შენია.“ ვაჰბიც სიხარულით დაემორჩილა და, როდესაც ხმალი ამოიწვდინა, თქვა: „მე არ ვიძლევი შეწყალებას და არც ვითხოვ შეწყალებას.“ შემდეგ იგი მტრის წიაღში შეიჭრა, ბრძოლით მიიკვლევდა გზას და ისე გააღწია მეორე მხარეს. ამ დროს აღფრთოვანებულმა წინასწარმეტყველმა და მისმა მეგობრებმა სროლა შეწყვიტეს, რათა ეცქირათ მისი გმირობისა და მამაცობისათვის. „ღმერთო, შეიწყალე ის!“ თქვა წინასწარმეტყველმა, როდესაც ვაჰბი ისევ შემობრუნდა მტრის შუაგულში და მანამდე იბრძოდა, სანამ ყველა მხრიდან არ შემოერტყნენ გარს და არ მოკლეს. შემდეგ ის იპოვეს, მას ხელკეტებისაგან ოცი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომელთაგან თვით ერთიც კი საკმარისი იქნებოდა მის მოსაკლავად, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ ზიანზე, რაც მას ხმლებით მიაყენეს. ვინც კი მისი ბრძოლა იხილა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახსოვდა ეს. ‛უმარი მომდევნო წლებში ამბობდა: „ყველა იმ სიკვდილთაგან, რომელიც მინახავს, სიამოვნებით მოვკვდებოდი იმ მუზაინელის სიკვდილით.“1 და ზუჰრელი სა‛დი ამბობდა, რომ ათი წლის შემდეგ მას ისევ ყურებში ჩაესმოდა წინასწარმეტყველის ხმა, რომელიც ვაჰბს სამოთხის კეთილ უწყებას გადასცამდა.

ბრძოლის მთავარი ნაწილი თანდათან ახლოვდებოდა და მუსლიმები უკან იხევდნენ, ისინი ისევ ფერდობზე ადიოდნენ. საბრძოლო მოწოდებების გვერდით ორივე მხრიდან ისმოდა ინდივიდუალური შეძახილებიც მებრძოლებისაგან - გამოწვევები ცალკე ბრძოლაზე, ანდა სხვა სახის შერკინებაზე, მაგალითად, ისრით ერთმანეთზე დამიზნებაში. „გამოდით, მე ვარ ძე მავანისა.“ აბუ დუჯანა ამბობდა, რომ ის იყო ძე ხარაშისა, რომელიც პაპამისი იყო. საკმაოდ ხშირად გამომწვევის ვინაობა არაზუსტი იყო. ერთ-ერთმა ანსარმა, როგორც გაიგეს, დაიძახა: „გამოდით, მე ვარ ანსარი ჭაბუკი.“ იმ დღეს თვითონ წინსაწარმეტყველმა, სულ მცირე, ერთხელ თქვა: „მე ვარ იბნ ალ-‛ავათიკი,“2 რაც ნიშნავს: „მე ვარ ძე მრავალი ‛ათიკასი,“ მუჰამედი გულისხმობდა თავის ბევრ წინაპარ ქალს3 იმ სახელით. მაგრამ ახლა გამოწვევა წამოვიდა ისეთი პიროვნებისაგან, რომლის ვინაობაც ეჭვს არ იწვევდა. ცხენოსანი გამოვიდა წინ მექელთა რიგებიდან და დაიძახა: „ვინ გამოვა ჩემს წინააღმდეგ? მე ვარ ძე ‛ათიკისა.“ ეს იყო ‛აბდ ალ-ქა'ბა, აბუ ბაქრის უფროსი ვაჟიშვილი, ‛ა'იშას ერთადერთი ღვიძლი ძმა, მათი ოჯახის ერთადერთი წევრი, რომელმაც ისლამი არ მიიღო. აბუ ბაქრმა ძირს დახარა თავისი მშვილდი და ხმალამოწვდილი გასვლას აპირებდა, მაგრამ წინასწარმეტყველმა მას სასწრაფოდ უთხრა: „ჩააგე ხმალი, დაბრუნდი შენს ადგილას და მოგვეცი სიკეთე შენი არსებობისა და აქ ყოფნისა.“ 4

მუსლიმებს ზურგში თავს დაესხა ცხენოსანთა მეორე ნაკადი, რომელსაც ‛აბდ ალ-ქა'ბა მოუძღოდა, ზემოთ ნახსენები გამოწვევის შემდეგ ის უკან შებრუნებულიყო ჯარის რიგებში. „რომელი თქვენგანი გასწირავს თავს ჩვენთვის?“ თქვა წინასწარმეტყველმა. ხუთმა ანსარმა ხმალი ამოიწვდინა და მტერს დაესხა თავს. ისინი მანამდე იბრძოდნენ, სანამ არ დაიხოცნენ, გარდა ერთისა, რომელიც დაიჭრა, მაგრამ მაინც სასიკვდილოდ. დახმარება მალე მოვიდა, რადგანაც ‛ალი, ზუბაირი, ტალჰა, აბუ დუჯანა და სხვები, რომლებიც ბრძოლის წინა რიგებში იყვნენ გაჭრილნი, ახლა ბრძოლით უკანვე გამობრუნებულიყვნენ მტრის ჯარის გამორღვევით, რათა მუჰამედთან ახლოს მისულიყვნენ. მათ უკვე მიაღწიეს წინასწარმეტყველის მხარეს, მაგრამ მასთან მანამდე ვერ მივიდნენ, სანამ ბასრი ქვა არ მოარტყა მტერმა პირში. მას ქვედა ტუჩი გაუსკდა და ერთი კბილიც მოსტყდა. სახიდან სისხლი მოსდიოდა, მაგრამ მის დასაშრობად ყველა ღონეს ხმარობდა. იგი ‛ალის არწმუნებდა, ასევე სხვებსაც, რომ სერიოზულად არ იყო დაშავებული, ამიტომაც ისინი ბრძოლას დაუბრუნდნენ, გარდა ტალჰასი, რომელიც ძალიან დასუსტებულიყო, რადგანაც სისხლი ჰქონდა დაკარგული, და გული წაუვიდა. „შეხედე შენს ბიძაშვილს,“ უთხრა წინასწარმეტყველმა აბუ ბაქრს, მაგრამ ტალჰას თითქმის იმავე წამს დაუბრუნდა ცნობიერება, ხოლო ზუჰრელი სა‛დი და ხაზრაჯელი ჰარის იბნ სიმმა მის მაგიერ გავიდნენ ბრძოლის ველზე. ახლად შემატებულ ძალებთან ერთად ისეთი გააფთრებული თავდასხმა განახორციელეს მტრის წინააღმდეგ, რომ რაღაც მომენტში მათმა რიგებმა უკან დაიხია იმ ხუთი ანსარისაგან, რომლებიც მზად იყვნენ თავიანთი სიცოცხლის გასაწირად. წინასწარმეტყველი მათ შესცქეროდა და ლოცავდა. იმ ხუთიდან ერთმა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, დაიწყო მისკენ ხოხვა. მან ორი კაცი გაგზავნა, რათა ის მასთან მიეყვანათ, როდესაც მიიყვანეს, მან თავი ფეხზე დაადებინა, როგორც ბალიშზე, და არ განძრეულა, სანამ კაცი არ გარდაიცვალა.

„იცოდეთ, სამოთხე ხმლების ჩრდილქვეშაა,“5 თქვა წინასწარმეტყველმა; და მომდევნო წლებში ის იხსენებდა ამ განსაკუთრებულ დროსა და ადგილს, რომელიც ისე უხვად იყო კურთხეული, რომ ერთხელ შესძახა: „განა მე ოდესმე მიმატოვებდნენ ჩემი მეგობრები მთის ძირისა!“ 6

მტერმა თანდათან დაიწყო იმ პოზიციების უკან დაბრუნება, რაც დაკარგა. პატარა ჯგუფში, რომელიც წინაწარმეტყველის გარშემო იყო, მალე გათავდებოდა ისრების მარაგი და ზოგადადაც ასე ჩანდა, რომ მშვილდოსნობის დრო დასრულდა. თუ მტერი ასე გააგრძელებდა წინსვლას, მაშინ ყველა ხმალი სულ მალე ქარქაშში უნდა ჩაეგოთ და ხელჩართულ ბრძოლაზე გადასულიყვნენ, სადაც ერთი მორწმუნის წინააღმდეგ საშუალოდ ოთხი ურწმუნო იქნებოდა. შემდეგ უეცრად ერთი ცხენოსანი გამოვიდა წინ, პირდაპირ იქითკენ წავიდა, სადაც მუჰამედი იყო, და დაიძახა: „სად არის მუჰამედი? ნუ გადავრჩები, თუ ის გადარჩება!“ ეს იყო იბნ კამი'ა, კურეიშის ერთ-ერთი შორეული კლანის წარმომადგენელი, რომელსაც უკვე ბევრი მუსლიმი დაეხოცა. მან სწრაფი მზერა შეავლო ჯგუფს და თავისი მახვილი თვალით იცნო სასურველი მსხვერპლი, ცხენს დეზი ჰკრა და ხმალი ისე მოუქნია წინასწარმეტყველს, რომ უეჭველია, მას ვერვითარი მუზარადი ვერ გაუძლებდა. მაგრამ ტალჰა, რომელიც წინასწარმეტყველის გვერდით იდგა, მისკენ გადაიხარა და შეძლო რაღაცნაირად შეემცირებინა ამ დარტყმის ძალა, თუმცა ამის შედეგად თვითონ მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგრძნება დაკარგა რამდენსამე თითზე. ხმლის პირი ოდნავ ასცდა წინასწარმეტყველის მუზარადის გვირგვინს, გვერდზე ჩამოსხლტა, ცოტათი შეეხო საფეთქელზე, მუზარადის ორი რგოლი ლოყასთან ჩაუგდო და საბოლოოდ მოხვდა მის ორმაგად დაჯავშნილ მხარს. თავში მიყენებულმა დარტყმამ ის ერთი წუთით გააოგნა, ამიტომაც ძირს დაეცა, თავდამსხმელი კი ისევე სწრაფად გაბრუნდა, როგორც მოვიდა. მაგრამ ახლა სხვები ჩაერთნენ თავდასხმაში, მახზუმელი შამმასი წინასწარმეტყველის წინაშე წამოიმართა და წარმოუდგენელი შთაგონებით იბრძოდა - წინასწარმეტყველი მას ახასიათებდა, როგორც ცოცხალ ფარს - მანამდე, სანამ არ დაეცა, მაშინ მისი ადგილი სხვა კაცმა დაიკავა, რომელსაც უკან ნუსაიბა ედგა. ახლა უკვე ქალსაც ამოეღო ხმალი.

გაისმა ხმა, შესაძლოა, თვით იბნ კამი'ასი: „მუჰამედი მოკლეს!“ შეძახილი მთელ ბრძოლის ველს მოედო, რასაც მოჰყვა ალ-‛უზზასა და ჰუბალის დიდება. უჰუდის კლდოვანი ფერდობები ექოს გამოსცემდა და ის მუსლიმები, ვინც იქ შეაფარეს თავი, თვითგვემასა და დარდს მიეცნენ, ხოლო მათ კი, ვინც ისევ ბრძოლას აგრძელებდნენ, შემართება დაკარგეს და ბრძოლიდან უკან გამოვიდნენ თავის გადარჩენის მიზნით. მაგრამ იყო ბევრი გამონაკლისიც, ერთი მათგანი გახლდათ ანასი, ნადრის ძე, რომლის მიხედვითაც სახელი ეწოდა მის დისშვილს, წინასწარმეტყველის მსახურ ანასს. ეს მისი და იყო, ნადრის ქალიშვილი, ვისაც წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ მისი ვაჟი, რომელიც ისრით განიგმირა ბადრში, ფირდაუსში, უმაღლეს სამოთხეში იყო. ანასი მივიდა თავის ორ მეგობართან, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, ცხოვრებამ აზრი დაკარგა, ამიტომაც ვეღარ ახერხებდნენ ვერც ბრძოლის გაგრძელებას და ვერც თავის შველას. „რას უზიხართ აქ?“ შესძახა მან. „ღმერთის მოციქული მოკლეს,“ მიუგეს მათ. „მაშ რაღაში გჭირდებათ თქვენი სიცოცხლე ამის შემდეგ?“ თქვა ანასმა, „ადექით და მოკვდით, როგორც ის მოკვდა!“7 შემდეგ წავიდა, სადაც ყველაზე სასტიკი ბრძოლა იყო გაჩაღებული. იქ ის შეხვდა სა‛დ იბნ მუ‛აზს, რომელმაც შემდგომში წინასწარმეტყველს უთხრა, რომ ანასი მას ეძახდა: „სამოთხე! მე ვგრძნობ მის სურნელს, რომელიც უჰუდის მეორე მხრიდან უბერავს.“ „ღმერთის მოციქულო,“ ამბობდა სა‛დი, „მე ისე ვერ ვიბრძოდი, როგორც ის.“ შემდეგომში მათ ი პოვეს მისი უსიცოცხლო სხეული, მას ოთხმოცზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ისე იყო დამახინჯებული, რომ ვეღარავინ იცნობდა. იგი მხოლოდ მისმა დამ ამოიცნო თითების ფორმის მიხედვით.8

რაც შეეხება მორწმუნეებს, ვინც თავშესაფარი იმ მაღლობებზე პოვეს, რომლებიც დაბლობს გადმოჰყურებდა, მათთვის უკან დახევა უფრო ადვილი იყო, რადგანაც მტრის უმეტესობა გრძნობდა, რომ ბრძოლა ახლა უკვე დამთავრებულიყო და მათაც შეასუსტეს თავიანთი ძალისხმევა. რამდენი კაცი დაიღუპა, ჯერ არ ჰქონდათ დათვლილი, მაგრამ ცხადი იყო, რომ უხვად იძიეს შური მათთვის, ვინც ბადრში დაეცა. თანაც ახლა, როდესაც მოკლეს (როგორც ეგონათ) ის კაცი, ვინც იყო ერთადერთი მიზეზი მთელი ამ შეხლა-შემოხლისა, მათ ნამდვილად დაასამარეს ახალი რელიგია და ფაქტობრივად აღადგინეს ძველი წესრიგი. ჲა ლალ-‛უზზა, ჲა ლა-ჰუბალ! ძალისხმევის ასეთი შესუსტება კურეიშის მხრიდან არსად არ იყო ისეთი საგრძნობი, როგორც მათ შორის, ვინც გარს შემორტყმოდა დაახლოებით ოცკაციან ჯგუფს იმ ადამიანებისას, რომლებიც წინასწარმეტყველის მცველების ფუნქციას ასრულებდნენ. ნათელი იყო, რომ ეს ის მებრძოლები იყვნენ, რომლებიც არასოდეს ჩაბარდებოდნენ ტყვედ და სიკვდილამდე იბრძოლებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა ბევრი მათი მოწინააღმდეგის სიკვდილსაც. ამიტომაც მექელებისათვის უკეთესი იყო, მიაღწიეს რა თავიანთ მთავარ მიზანს, სიცოცხლე შეენარჩუნებინათ და გამარჯვება ეზეიმათ.

წინასწარმეტყველს თითქმის მომენტალურად დაუბრუნდა ცნობიერება და, როდესაც მტერი იქაურობას გაეცალა, ის ფეხზე წმოდგა და თავის მეგობრებს ანიშნა, გაჰყოლოდნენ. ერთი ზეგანის გასასვლელისაკენ წარუძღვა, საიდანაც, როგორც ჩანს, ადვილი იყო უსაფრთხო ადგილას ასვლა, იქიდან კი შეძლებდნენ თვალი ედევნებინათ მტრის მოძრაობისათვის. მაგრამ ახლა მას ძლიერ სტკიოდა ლოყა: მეტალის რგოლები ღრმად ჰქონდა ჩასობილი ხორცში, ამიტომაც ცოტა ხნით ჩამოხდნენ და აბუ ‛უბაიდამ ჯერ ერთ, მერე კი მეორე რგოლს პირი ჩაავლო და ისინი წინასწარმეტყველს ლოყიდან ამოუღო. ჭრილობიდან ისევ სისხლის დენა დაიწყო, ხაზრაჯელმა მალიქმა პირი მიადო ჭრილობას, სისხლი ამოწოვა და გადაყლაპა. ეს ის იყო, რომელმაც მედინაში თქვა: „ჩვენ წინ გვაქვს ორიდან ერთი სიკეთე“; და, შამმასის გარდა, რომელიც გარდაცვლილიყო, ის იყო ყველაზე უფრო მძიმედ დაჭრილი იქ მყოფთა შორის. წინასწარმეტყველმა თქვა: „ვისაც უნდა, იხილოს კაცი, რომლის სისხლიც ჩემსას შეერია, შეხედოს მალიქს, სინანის ვაჟს.“ აბუ ‛უბაიდაც მათ შორის იყო, რადგანაც, როდესაც რგოლების ამოღებას ცდილობდა, ორი კბილი მოსძვრა და პირიდან სისხლი მოსდიოდა. წინასწარმეტყველმა მათ უთხრა: „ვისი სისხლიც ჩემსას შეეხო, მას ცეცხლი ვერ შეეხება.“9

როდესაც ეს პატარა ჯგუფი ზეგანის გასწვრივ დაიძრა, ისინი შეამჩნია ზოგიერთმა მათგანმა, ვისაც უკვე მოესწრო უჰუდისათვის თავის შეფარება, და ისინი მათ შესახვედრად ჩამოვიდნენ. ქა‛ბ იბნ მალიქი ყველაზე წინ მოდიოდა და იგი გაკვირვებული დარჩა, როდესაც დაინახა კაცი, რომელიც თავისი აღნაგობით ზუსტად ისეთი იყო, როგორც წინასწარმეტყველი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უფრო ნელი სიარული ჰქონდა. შემდეგ, ახლოს მისვლისას, ქა‛ბმა დაინახა მისი თვალების შეუდარებელი ბრწყინვალება, რომელიც არავის მზერაში არ აგერეოდა, და ის უკან მომავალ ადამიანებს მიუბრუნდა და დაუძახა: „მუსლიმებო, გიხაროდეთ! ეს ღმერთის მოციქულია!“ წინასწარმეტყველმა ანიშნა, ჩუმად ყოფილიყო, ამიტომაც მას აღარ წამოუძახია კარგი ახალი ამბავი, მაგრამ ის გავრცელდა პირიდან პირში და კაცები ჩქარა მორბოდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს მართალი იყო. იმედნად დიდი იყო სიხარული, რომ თითქოს დამარცხება უეცრად გამარჯვებამ შეცვალა.

მაგრამ ქა‛ბის სასიხარულო შეძახილი გაიგო ერთმა განმარტოებულმა მხედარმა კურეიშიდან, ის ზუსტად იმ ადგილას ჩამომხდარიყო , რომელიც მათ სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს. ეს იყო უბაი , უმაიას ძმა , რომელმაც დაიფიცა , რომ თავის ცხენზე , „ავდზე, ამხედრებული - და ახლა სწორედ ამ ცხენზე იჯდა - წინასწარმეტყველს მოკლავდა. როდესაც შეიტყო, რომ მისი სასურველი მსხვერპლი მკვდარი იყო, ბუნებრივია, იგი მოვიდა მისი გვამის მოსაძებნად, რათა შეემოწმებინა, სიცოცხლის რაიმე ნატამალი ხომ არ დარჩენილიყო მასში; და, გაიგონა რა ქა‛ბის შეძახილი, მან გაქუსლა ზეგანზე, სანამ მუსლიმებს არ წამოეწია. ისინი მისკენ შებრუნდნენ. „მუჰამედ,“ დაიძახა, „თუ შენ გადარჩები, მაშ, მე ნუ გადავრჩენილვარ!“ ზოგიერთი მეგობარი წინასწარმეტყველთან ახლოს მივიდა, სხვები კი უბაიზე თავდასხმას აპირებდნენ, როდესაც წინასწარმეტყველმა მათ უბრძანა, ხელი გაეშვათ; ისინი, ვინც მის გარშემი იყვნენ, შემდგომში ყვებოდნენ, რომ მან ისინი ისე ჩამოიცილა, თითქოს ბუზები ყოფილიყვნენ აქლემის ზურგზე. შემდეგ ჰარის იბნ ას-სიმმას ხელკეტი გამოართვა და მათგან ყველასაგან წინ გამოვიდა. ისინი განძრევას ვერ ბედავდნენ და შიშით შესცქეროდნენ მის სასტიკ და შეუბრალებელ, მოღუშულ სახეს. როგორც ერთ-ერთი მათგანი ყვებოდა: „როდესაც წინასწარმეტყველმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ არსებობს იმაზე უფრო დიდი რისხვა , ვიდრე ის, რამაც იგი მოიცვა.“10 უბაი ამოწვდილი ხმლით მიუახლოვდა, მაგრამ სანამ მოიქნევდა, წინასწარმეტყველმა მას ხელკეტი დაარტყა კისერში. მან ხარივით დაიღრიალა, შემდეგ შეტორტმანდა და კინაღამ გადმოვარდა თავისი ცხენიდან, მაგრამ წონასწორობა აღიდგინა, შებრუნდა და ჭენებით ჩაუყვა ფერდობს, არ შეჩერებულა მანამდე, სანამ მექელთა ბანაკს არ მიაღწია. იქ მისი ძმისშვილი, საფვანი, და მისი კლანის სხვა წევრები შეკრებილიყვნენ. „მუჰამედმა მომკლა,“ თქვა აკანკალებული ხმით. მათ ნახეს მისი ჭრილობა და სერიოზულად არ მოეკიდნენ, მაგრამ თვითონ დარწმუნებული იყო, რომ ეს სასიკვდილო იყო, და, მართლაც, მალე გამომჟღავნდა, რომ არ ცდებოდა. „მან მითხრა, რომ მომკლავდა,“ თქვა უბაიმ, „და, ღმერთმანი, თავს რომ დამსხმოდა, აუცილებლად მომკლავდა.“ ბოლოს და ბოლოს მუჰამედი მკვდარი არ იყო? - შეფიქრიანდნენ მექელები, მაგრამ უბაი ნამდვილად სრულ ჭკუაზე აღარ იყო და თანაც ნებისმიერ შემთხვევაში ადვილი იყო მუზარადიანი ერთი კაცის აღრევა მეორეში.

როდესაც წინასწარმეტყველმა და მისმა მეგობრებმა ზეგანის უმაღლეს წერტილს მიაღწიეს, ‛ალი წავიდა, რათა კლდიდან გამომავალი წყლით აევსო თავისი ტიკი. მან ის წინასწარმეტყველს მიაწოდა, მაგრამ მას არ მოეწონა მისი სუნი, რადგანაც წყალი შეგუბებული, მდორედ მდინარი იყო, და ვერაფრით აიძულა თავი, დაელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწყუროდა, მაგრამ ცოტა მაინც იხმარა ეს წყალი - სახიდან სისხლი ჩამოიბანა. შემდეგ, რადგანაც მათი მიწვდომა ისევ იოლად შეიძლებოდა ველიდან, ბრძანა, კიდევ უფრო მაღლა ასულიყვნენ, და თვითონ სცადა, აცოცებულიყო ერთ კლდოვან ადგილას, საიდანაც კიდევ უფრო მაღლა შეიძლებოდა ასვლა. მაგრამ ის ძალიან დასუსტებული იყო, ამიტომაც ტალჰა ჩაიკუნტა მიუხედავად იმისა, რომ თავისი ჭრილობები საშინლად სტკიოდა, და წინასწარმეტყველს საშუალება მისცა, მისთვის ზურგზე დაებიჯებინა, შემდეგ წამოიწია და ისე აიყვანა მუჰამედი საჭირო სიმაღლეზე. იმ დღეს წინასწარმეტყველმა მასზე თქვა: „ვისაც სურს, იხილოს მიწაზე გართხმული მოწამე, შეხედოს ტალჰას, ‛უბაიდ ალლაჰის ძეს.“11 დროისათვის, როდესაც მათ მიაგნეს ადგილს, რომელიც დროებითი ბანაკისათვის გამოდგებოდა, მზემ თავის ზენიტს მიაღწია და მათ შუადღის ლოცვა ილოცეს. წინასწარმეტყველი ამ ლოცვას უძღვებოდა, თან სულ იჯდა და ყველამ მას მიბაძა. შემდეგ დასასვენებლად წამოწვნენ, ბევრმა მათგანმა ღრმა ძილით დაიძინა და ძალები აღიდგინა, ამ დროს მეთვალყურეები მორიგეობდნენ ხელსაყრელ პოზიციაზე და დაბლობს გადასცქეროდნენ.

______________________

1. ვ. 275.

2. ვ. 280.

3. ი.ს. I/I, 32-4, ასახელებს ათზე მეტს, მათ შორის ჰაშიმის დედასა და ლუ'აჲჲის დედას. სახელი ‛ათიკა მნიშვნელობით ახლოსაა ტაჰირასთან და წმინდას ნიშნავს.

4. ვ. 257.

5. ბ. LII, 22.

6. ვ. 256.

7. ვ. 280.

8. ბ. LVI, 12.

9. ვ. 247.

10 ვ. 152.

11. ი.ჰ. 571.

53 LIII. რევანში

▲ზევით დაბრუნება


კურეიშელნი ახლა დაკავებულნი იყვნენ თავიანთი დაღუპულებითა და დაჭრილებით. დანაკარგები დიდი არ იყო: მხოლოდ ოცი მკვდარი სამიათასიდან. შემდეგ მათ დათვალეს მტრის დანაკარგები და ი პოვეს დაახლოებით სამოცდახუთი მკვდარი, რომელთა უმრავლესობას არ იცნობდნენ. მხოლოდ სამი იყო მუჰაჯირი: ჰამზა ჰაშიმიდან, მუს‛აბი ‛აბდ ად-დარიდან და ‛აბდ ალლაჰი ჯაჰშიდან. რამდენიმე სხეული ბრძოლის ცენტრალური ადგილიდან ცოტა უფრო მოშორებით, როგორც დაღუპულების, ისე დაჭრილებისა, ვერ შეამჩნიეს. მათ შორის იყო შამმასი, ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ მას მოძრაობა არ შეეძლო. ისინი ამაოდ ეძებდნენ მუჰამედის გვამს და, როდესაც ამას აკეთებდნენ, ვაჰში დაბრუნდა ჰამზას სხეულთან, მუცელი გაუფატრა, ღვიძლი ამოკვეთა და ჰინდს მიუტანა. „რა იქნება ჩემი მამაშენის მკვლელის მოკვლისათვის?“ იკითხა მან. „ნაალაფარის მთელი ჩემი წილი,“ იყო ქალის პასუხი. „აი, ჰამზას ღვიძლი,“ უთხრა კაცმა. ჰინდმა გამოართვა, ერთი ადგილი კბილებით ამოაგლიჯა, დაღეჭა და ლუკმა გადაყლაპა, რათა თავისი ფიცი შეესრულებინა, დანარჩენი კი გადააფურთხა. „მაჩვენე, სად არის თვითონ ის,“ თქვა მან და, როდესაც გვამთან მივიდნენ, ჰამზას მოაჭრა ცხვირი, ყურები და ხორცის სხვადასხვა ადგილები. მოიხსნა თავისი ყელსაბამები, კულონები, სამაჯურები და ისინი ვაჰშის მისცა. შემდეგ კი იქ მყოფ ქალებს უთხრა, დაემახინჯებინათ სხვა დაღუპულთა გვამები. ყველამ ასეთი შურისძიების მძივები და მორთულობები გაიკეთეს მიცვალებულებისათვის მოჭრილი ნაწილებისაგან. ჰინდი კლდეზე ავიდა და გამარჯვების სიმღერა შეასრულა. კიდევ იყო ერთი-ორი კურეიშელი, ვისაც სურდა, შურისძიების მიზნით მუსლიმთა გვამები დაესახიჩრებინა, მაგრამ ამან ბედუინ მოკავშირეთა დიდი აღშფოთება გამოიწვია. აბუ სუფიანი ჰამზას პირში ურტყამდა თავის ხელკეტს და ამბობდა: „აი, ეს იგემე, მეამბოხევ!» ამ დროს ჩაიარა ჰულაისმა, ქინანას ერთ-ერთი კლანის ლიდერმა. ხმამაღლა, ისე, რომ აბუ სუფიანს გაეგო, მან თქვა: «ქინანას ძენო, განა შეიძლება, კურეიშის უფროსი იყოს ეს კაცი, რომელიც თავისი მკვდარი ბიძაშვილის სხეულს იმას უკეთებს, რასაც თქვენ ხედავთ?“«ეშმაკმა დალახვროს,“ თქვა აბუ სუფიანმა, „არავის არ უთხრა. ეს მხოლოდ შეცდომა იყო, მეტი არაფერი.“1

ამასობაში აბუ ‛ამირი მივიდა თავისი ვაჟის, ჰანზალას, გვამთან და დიდი მწუხარებით დაიტირა: „განა არ გაფრთხილებდი ამ კაცის შესახებ?“ - წინასწარმეტყველს გულისხმობდა - „მაგრამ შენ ხომ მამის დამჯერი შვილი იყავი, კეთილზნიანი შენს ცხოვრებაში, ახლა კი მკვდარი წევხარ მეგობრებთან ერთად. თუ ღმერთი რაიმე სიკეთეს მისცემს ამ დაღუპულს“ - და მან ჰამზაზე მიუთითა - „ან მუჰამედის რომელსამე მიმდევარს, შენც მოგცეს ეს სიკეთე!“2 შემდეგ მკაცრად შეხედა ჰინდსა და სხვა ქალებსაც და ხმამაღლა თქვა: „კურეიშელნო, არ გაბედოთ ჰანზალას დამახინჯება მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი მტერი იყო და თქვენიც!“ მათაც პატივი სცეს მის სურვილს.

ახლა მიიჩნევდნენ, რომ უბაი არ შემცდარა და წინასწარმეტყველი თავის ჯართან ერთად იყო სადღაც მაღალ ადგილას ველის ზემოთ. მაგრამ ბრძოლა დამთავრდა: შეუძლებელი იყო იერიშის მიტანა მთაზე და მონებს უკვე ნაბრძანები ჰქონდათ, ბანაკის კარვები აეშალათ. როდესაც მათ თავიანთი მიცვალებულები დამარხეს და მტრის მიცვალებულებზე შურისძიებით გული იჯერეს, ის აღჭურვილობა და სერთოდ ყველაფერი, რაც კი გვამებს წააძრეს, აქლემებს აჰკიდეს და წასასვლელად მოემზადნენ. მაგრამ, სანამ გზას გაუდგებოდნენ, აბუ სუფიანი თავის წაბლისფერ ფაშატზე ამხედრდა, მთის ძირისაკენ გაქუსლა, იმ ადგილთან ახლოს მივიდა, სადაც წინასწარმეტყველი და მისი მეგობრები იყვნენ, და, რაც შეეძლო, ხმამაღლა დაიძახა: „ომი რიგ-რიგობით მიდის, ეს არის დღე დღის წილ. ქება შენ, ჰოი, ჰუბალ! განამტკიცე შენი სარწმუნოება!“ წინასწარმეტყველმა ‛უმარს უთხრა, წასულიყო და პასუხი გაეცა ასეთი სიტყვებით: „ღმერთი ყველაზე მაღალია, აღმატებული თავისი დიდებულებით. ჩვენ არა ვართ თანაბარ მდგომარეობაში: ჩვენი მიცვალებულები სამოთხეში არიან, თქვენები კი - გეენაში.“ ასე რომ, ‛უმარი მივიდა იმ უფსკრულის პირას, რომლის ძირშიც აბუ სუფიანი იდგა, და ისე უპასუხა, როგორც წინასწარმეტყველმა დაავალა. აბუ სუფიანმა მისი ხმა იცნო და დაუძახა: „გაფიცებ, მითხარი, ღმერთმანი, ჩვენ მოვკალით მუჰამედი?“ „არა, ღმერთმანი,“ უპასუხა ‛უმარმა, „ის ახლაც უსმენს იმას, რასაც ამბობ.“ „მე ვიცი, რომ შენი სიტყვები შეესაბამება სიმართლეს და არა იბნ კამი'ასი,“ თქვა აბუ სუფიანმა. შემდეგ წასასვლელად შებრუნდა, მაგრამ დასძინა: „ზოგიერთი თქვენი მიცვალებული დაასახიჩრეს. ღმერთმანი, სულაც არ მსიამოვნებს ეს, არც აღშფოთებული ვარ ამის გამო. მე ეს არც ამიკრძალავს და არც მიბრძანებია.“ შემდეგ კიდევ თქვა: „ბადრი იყოს თქვენი შეხვედრის ადგილი ჩვენთან მომავალ წელს!“ ეს რომ გაიგო, წინასწარმეტყველმა ახლა სხვა მეგობარი გაგზავნა კლდის პირას, რათა ასეთი პასუხი დაეძახა: „ეს არის შეხვედრის დათქმული ადგილი ჩვენს შორის.“ 3

აბუ სუფიანი იქით წავიდა, სადაც მისი ჯარი იცდიდა, ცოტა უფრო მოშორებით დაბლობზე, და ისინი სამხრეთისაკენ გაემართნენ. ძალიან შორი იყო საიმისოდ, რომ ‛უმარს ნათლად გაერჩია მათი რიგები, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ზუჰრელი სა‛დი ძირს ჩაგზავნა, რათა მტერს გაჰყოლოდა და ენახა, როგორ მდგომარეობაში იყვნენ. «თუ ისინი მიუძღვიან თავიანთ ცხენებს და ამხედრებულნი არიან აქლემებზე,“ ამბობდა წინასწარმეტყველი, „მექაში მიდიან, მაგრამ, თუ აქლემებს მიუძღვიან და ცხენებზე სხედან, მაშინ მედინისკენ აქვთ გეზი აღებული. და იმის სახელით, ვისაც ეკუთვნის ჩემი სული, თუ მათ ასეთი განზრახვა აქვთ, მე დავეწევი და შევებრძოლები.“ სა‛დი ძირს ჩავიდა იმ ხევში, სადაც წინასწარმეტყველის ულაყი, საქბი, იყო დაბმული მას შემდეგ, რაც უჰუდში ჩამოვიდნენ. ამ ცხენით გაჰყვა მექელებს, სანამ კარგად არ გაარჩია ისინი, შემდეგ საჩქაროდ უკან გამობრუნდა კარგი ახალი ამბით, რომ მათი ცხენოსნები ახლა აქლებემზე ისხდნენ, ხოლო ცხენები გვერდით მიჰყავდათ. როგორც ერთ-ერთი მათგანი ამბობდა მომდევნო წლებში, კერძოდ, ‛ამრი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხალიდთან ერთად კავალერიის მხრიდან გადამწყვეტ თავდასხმაში: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ იბნ უბაი მედინაში დაბრუნდა ჯარის ერთი მესამედით, და ისიც, რომ ავსისა და ხაზრაჯის ზოგიერთი კაცი ქალაქში იყო დარჩენილი. არც იმაში ვიყავით დარწმუნებულნი, რომ ისინი, ვინც უკან დაიხიეს, ისევ არ წამოვიდოდნენ თავდასხმაზე; ბევრი ჩვენგანი დაჭრილი იყო და თითქმის ყველა ჩვენი ცხენი ისრებს დაეკაწრა, ამიტომაც მექის გზას გავუდექით.“

____________________

1. ი.ი. 582.

2. ვ. 274.

3. ვ. 299.

54 LIV. მოწამეთა დაკრძალვა

▲ზევით დაბრუნება


ახლა წინასწარმეტყველი თავის მეგობრებს ძირს, ველისაკენ, ჩაუძღვა. ჰარის იბნ ას-სიმმა გაგზავნეს წინ, რათა ჰამზას გვამი მოეძებნა, მაგრამ, როდესაც მან ის ი პოვა, უაღრესად თავზარდაცემული დარჩა ამ სანახაობისაგან და, ვინაიდან ასეთი საშინელება უნდა ეთქვა წინასწარმეტყველისათვის, მაშინვე ვერ დაბრუნდა, ამიტომაც მის შემდეგ ‛ალიც გაგზავნეს. მან ნახა, რომ ჰარისი გაოგნებული იდგა დასახიჩრებულ გვამთან, და ისინი ერთად დაბრუნდნენ. წინასწარმეტყველმა იხილა, რაც მომხდარიყო, და თქვა: „არასოდეს ვყოფილვარ ისეთი გაბრაზებული, როგორც ახლა; ამიტომაც, როდესაც ღმერთი მომცემს გამარჯვებას კურეიშზე, მე დავამახინჯებ ოცდაათს მათი მიცვალებულებიდან.“1 მაგრამ ამის შემდეგ სულ მალე მოვიდა გამოცხადება: თუ შენ სჯი, მაშინ იმდენად დასაჯე, რამდენადაც დაზარალდი; მაგრამ, თუ მოითმენ, ეს უკეთესია მომთმენისათვის.2 აქედან გამომდინარე, მან არა მხოლოდ თავისი მუქარა არ შეასრულა, არამედ აკრძალა გვამების დასახიჩრება ყოველი ბრძოლის შემდეგ. მეტიც, თვითონ ბრძოლის დროსაც თავისიანებს უთხრა, რომ დაენდოთ ადამიანის სახე, როგორც სხეულის ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავდა ღმერთს: „როდესაც რომელიმე თქვენგანი დაარტყამს, ეცადოს, არ დაარტყას სახეს. . . რადგანაც ღმერთმა ადამი თავისი ხატის მიხედვით შექმნა.“3

‛აბდ ალლაჰ იბნ ჯაჰში ჰამზასთან ახლოს დაეცა და მისი გვამიც დამახინჯებული იყო. მაგრამ, როდესაც წინასწარმეტყველი შებრუნდა მათგან, რათა სხვა მიცვალებულები ენახა, მის მზერას სრულიად განსხვავებული სანახაობა შერჩა. მისი ორი ნათესავის ახლოს მდებარე გვამებს შორის იყო ჰანზალას სხეული. ვერც ერთ კურეიშელ კაცსა და ქალს ვერ გაებედა მისთვის ხელის ხლება, იქ განისვენებდა ზუსტად ისე, როგორც ანგელოზებმა დააწვინეს, თმები ჯერ სველი ჰქონდა წყლით, რომლითაც განბანეს, და ისინი შუა დღის მშრალ მიწაზე ეფინა. არავის არ ჩაუვლია გვერდით ისე, რომ ღმერთისათვის მადლობა არ შეეწირა, რადგანაც მისი სილამაზე და სიმშვიდე ზეციური იყო და ჭირისუფლებს იმას ამცნობდა, რომ ასეთი იყო მათი ახლობელი მოწამეების ახლანდელი მდგომარეობა.

არც თუ მოშორებით იყო სხეულები ხაითამასი და იბნ ად-დაჰდაჰასი - ხაითამასი, რომელსაც თავისი წამებული შვილი გამოეცხადა სიზმარში, როდესაც სთხოვდა, მალე მისულიყო მასთან, და საბით იბნ-დაჰდაჰასი, ვინც პალმის ხე აჩუქა ობოლს. წინასწარმეტყველმა საბითი დაინახა და თქვა: „პალმები, ძირს ჩამოწეული მძიმე მტევნებით დახუნძლული, რამდენი ასეთი ხე აქვს დაჰდაჰას ძეს ახლა სამოთხეში!“4 როდესაც ავსის ერთ-ერთი კლანის წარმომადგენლები საკუთარ მიცვალებულებს ეძებდნენ, მათ თავიანთ გასაოცრად ი პოვეს კაცი, სახელად უსაირიმი, რომელსაც სულ წინა დღეს საყვედურობდნენ, რომ ისლამს არ იღებდა. ყოველთვის, როცა ისლამზე ელაპარაკებოდნენ, იგი იტყოდა ხოლმე: „მე რომ ვიცოდე, რომ მართალია, რასაც თქვენ ამბობთ, მაშინ აღარ ვიყოყმანებდი.“ მიუხედავად ამისა, ის ბრძოლის ველზე იყო, სასიკვდილოდ დაჭრილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი. „აქ რამ მოგიყვანა?“ უთხრეს, „შენს ხალხზე ზრუნავდი თუ ისლამზე?“ „ისლამის გამო,“ მიუგო მან, „უეცრად ვიწამე ღმერთი და მისი მოციქული და მივიღე ისლამი. შემდეგ ავიღე ჩემი ხმალი და დილით ადრე გამოვედი, რათა ღმერთის მოციქულთან ვყოფილიყავი, და მანამდე ვიბრძოდი, სანამ არ დამარტყეს ისე, რომ ახლა აქ ვარ დაცემული.“ მან მეტის თქმა ვეღარ შეძლო და ისინი მასთან დარჩნენ, სანამ გარდაიცვლებოდა. შემდეგ ამის შესახებ წინასწარმეტყველს უამბეს და მანაც დაარწმუნა ისინი, რომ ეს კაცი სამოთხის ხალხთა შორის იყო, და მომდევნო წლებში უსაირიმი ცნობილი გახდა, როგორც კაცი, რომელიც სამოთხეში ისე შევიდა, რომ ერთხელაც კი არ ულოცია თანამიმდევრობით დღის ხუთი ლოცვა.

დახოცილებში ასევე ი პოვეს ერთი უცნობი, როგორც ეს თავიდან მოეჩვენათ, მაგრამ ერთ-ერთმა მუსლიმმა მასში ამოიცნო მუხაირიკი, სწავლული რაბი სა‛ლაბას ებრაული კლანიდან. იმ დილით ადრე, როგორც შემდგომში შეიტყვეს, მან შეკრიბა თავისი ხალხი, რათა მათ შეესრულებინათ თავიანთი ხელშეკრულების პირობა წინასწარმეტყველთან და მას შეერთებოდნენ წარმართებთან ბრძოლაში, მაგრამ ისინი შეედავნენ, რომ შაბათი იყო, რაზეც უპასუხა: „თქვენ, ჭეშმარიტად, არ იცავთ შაბათს.“ შემდეგ დააფიცა, დაედასტურებინათ, რომ, თუ იგი დაიღუპებოდა, მისი ერთადერთი მემკვიდრე მუჰამედი იქნებოდა. „თუ დღეს მომკლავენ,“ თქვა მან, „ჩემი ქონება მუჰამედს ერგება, რათა ისე გამოიყენოს, როგორც ამას ღმერთი უჩვენებს.“ შემდეგ აიღო თავისი ხმალი და სხვა იარაღები და უჰუდისაკენ წავიდა, სადაც მანამდე იბრძოლა, სანამ მოკლავდნენ. დიდი ნაწილი იმ მოწყალებისა, რომელიც მუჰამედმა გაანაწილა მედინაში, მოდიოდა ამ კაცის უხვი პალმის კორომებიდან, რომლებიც წინასწარმეტყველმა მემკვიდრეობით მიიღო მუხაირიკისაგან, „ებრაელთა შორის საუკეთესოსაგან,' როგორც მას ეძახდა.

როგორც კი ნათელი გახდა, რომ მექელები იმავე გზაზე დადგომას აპირებდნენ, საიდანაც მოვიდნენ, ამდენად, გვერდს უქცევდნენ მედინას, ქალებმა დაიწყეს ქალაქიდან გამოსვლა, რათა დაჭრილებისათვის მოევლოთ და საკუთარი თვალით ენახათ, მართალი იყო თუ ტყუილი ის მრავალრიცხოვანი ამბები, რომლებიც, უკვე შუადღიდან მოყოლებული, აღწევდა მათ ყურამდე. იმ ქალთა შორის, ვინც პირველები გავიდნენ, იყვნენ საფია, ‛ა'იშა და უმმ აიმანი. წინასწარმეტყველი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, როდესაც დაინახა, რომ საფია უახლოვდებოდა, ამიტომაც ზუბაირს დაუძახა: „დამეხმარე დედაშენთან მიმართებაში და ჰამზას საფლავი მის მოსვლამდე გათხარეთ. შენ წადი მასთან შესახვედრად და უკან წაიყვანე, რათა არ იხილოს, რაც დაემართა მის ძმას.“ ზუბაირი ქალს მიუახლოვდა და უთხრა: „დედა, ღმერთის მოციქული გავალებს, უკან დაბრუნდე.“ მაგრამ საფიას უკვე შეეტყო ეს ამბავი ბრძოლის ველის განაპირას. „რატომ უნდა დავბრუნდე?“ იკითხა მან, „გავიგე, რომ ჩემი ძმა დაასახიჩრეს, მაგრამ ეს ხომ ღმერთისათვის მოხდა, და ის, რაც ღმერთისათვის ხდება, ასევე უნდა მივიღოთ. გპირდებით, წყნარად და მოთმინებით მოვიქცევი, თუ ღმერთს სურს.“ ზუბაირი წინასწარმეტყველთან დაბრუნდა და ყველაფერი მოახსენა, მანაც ნება დართო ქალს, გზა გაეგრძელებინა. ის მივიდა, თავის ძმას დასცქეროდა, ილოცა მისთვის და წარმოთქვა დაბრუნების აია: ჭეშმარიტად, ჩვენ ღმერთისთვის ვართ და, ჭეშმარიტად, მას დავუბრუნდებით; და ყველა მათგანმა გაიხარა, როდესაც გაახსენდათ, როდის გამოვლინდა ეს აია იმ გამოცხადებიდან, რომელიც ბადრში მოვიდა: ჰოი, თქვენ, ვინც ირწმუნეთ, ეძიეთ ღვთის შეწევნა სიმტკიცესა და ლოცვაში. ჭეშმარიტად, ღმერთი მტკიცეებთანაა. და ნუ იტყვით „მკვდარს“ მათზე, ვინც მოიკლნენ ღმერთის გზაზე, რადგანაც ისინი ცოცხლობენ, მხოლოდ თქვენ ვერ ხედავთ ამას. და ჩვენ ნამდვილად გამოგცდით თქვენ შიშითა და შიმშილით, ქონების, სიცოცხლეთა და მოსავლის დაკარგვით. ჭეშმარიტად, ჩვენ ღმერთისთვის ვართ და, ჭეშმარიტად, მას დავუბრუნდებით. ამისთვისაა კურთხევანი მათი უფლისაგან და მოწყალება; და ესენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი. 5

შემდეგ საფია ადგა და ილოცა თავისი დის, უმაიმას, ძის, ‛აბდ ალლაჰ იბნ ჯაჰშის, სხეულზე, და მას მალე შეუერთდა ფატიმა. ორი ქალი დასტიროდა თავიანთ მიცვალებულებს და წინასწარმეტყველისთვისაც შვება იყო მათთან ერთად ტირილი. ფატიმამ მამას ჭრილობები შეუხვია. მათი ბიძაშვილი, ჰამნა, ‛აბდ ალლაჰის და, გამოჩნდა და მათი დარდი კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგანაც მისთვის უნდა ეთქვათ, რომ დაეღუპა ქმარი, მუს‛აბი, ასევე ძმა და ბიძა. როდესაც ბრძოლა უკვე კარგა ხნის დაწყებული იყო, წინასწარმეტყველმა დაინახა, რომ მუს‛აბს, როგორც ეგონა, ისევ მიჰქონდა დროშა, და მას დაუძახა. მაგრამ კაცმა უპასუხა: „მე არა ვარ მუს‛აბი,“ და წინასწარმეტყველი მიხვდა, ეს ანგელოზი იყო, ხოლო თვითონ მუს‛აბი ან მოკული, ან დაუძლურებული უნდა ყოფილიყო. ახლა იგი გარდაცვლილის სხეულთან იდგა და აიას წარმოთქვამდა: მორწმუნეთაგან არიან კაცები, რომლებიც მართალნი რჩებიან ღმერთთან დადებული თავიანთი პირობისა. ზოგიერთმა მათგანმა თავისი ფიცი უკვე გაამართლა სიკვდილით, ზოგიერთი კი ელის, და ისინი არც მერყეობენ და არც იცვლებიან.6

წინასწარმეტყველმა ბრძანა, ყველა დაღუპილის გვამი მიეტანათ და ჰამზასთან ახლოს დაესვენებინათ, თან საფლავები გაეთხარათ. ჰამზა მოსასხამში გაახვიეს და წინასწარმეტყველმა მასზე წაიკითხა დაკრძალვის ლოცვა, შემდეგ ყოველ მიცვალებულზე ილოცა, სულ სამოცდათორმეტი ლოცვა. როგორც კი საფლავი გაითხრებოდა ხოლმე, მასში ერთად ჩაასვენებდნენ ორ ან სამ მორწმუნეს. ჰამზა და მისი ძმისშვილი, ‛აბდ ალლაჰი, ერთად ჩაასვენეს ერთ საფლავში. წინასწარმეტყველი თვითონ უძღვებოდა ყოველ დაკრძალვას. „მოძებნეთ ‛ამრი, ჯამუჰის ძე, და ‛აბდ ალლაჰი, ამრის ძე,“ თქვა მან, „ისინი ამქვეყნად განუყოფელი მეგობრები იყვნენ, ამიტომაც ერთ საფლავში ჩაასვენეთ.“ მაგრამ ჰინდს, ‛ამრის ცოლსა და ‛აბდ ალლაჰის, ჯაბირის მამის, დას, უკვე ორივეს სხეული მოეტანა და მათთან ერთად თავისი ვაჟის, ხალლადისაც. მან სცადა, გვამები მედინაში წაეღო, თუმცა, როდესაც მისმა აქლემმა ველის ნაპირს მიაღწია, ფეხი აღარ გადადგა წინ - ღმერთის ბრძანებით, როგორც წინასწარმეტყველმა უთხრა - ამიტომაც ქალი იძულებული გახდა, სხეულები უკან მიეტანა ბრძოლის ველზე. სამივე ერთ საფლავში ჩაასვენეს და წინასწარმეტყველი მათ დასცქეროდა, როდესაც მათ მარხავდნენ. „ჰინდ,“ თქვა მან, „ისინი ყველანი სამოთხეში არიან, ‛ამრი, შენი ვაჟი, ხალლადი, და ძმა, ‛აბდ ალლაჰი.“ „ღმერთის მოციქულო,“ მიუგო ჰინდმა, „ილოცე, რომ ოდესმე მეც მათთან მამყოფოს უფალმა.“

განსხვავებით გარდაცვლილთა უმრავლესობისაგან, მუზაინელ კაცს, რომელმაც ასე გმირულად იბრძოლა, თავისი ხალხიდან არავინ ახლდა, რაგანაც მისმა ძმისშვილმაც სიკვდილამდე იომა. ამიტომაც წინასწარმეტყველი მივიდა მის სხეულთან და უთხრა: „ღმერთი იყოს შენით ისეთი კმაყოფილი, როგორც მე ვარ.“7 მას გადააფარეს მწვანეზოლებიანი მოსასხამი, რომელსაც სიცოცხლეში თვითონვე ატარებდა, მაგრამ, როდესაც საფლავში ჩაასვენეს და წინასწარმეტყველმა ეს მოსასხამი მაღლა აუწია, რათა თავზე ჰქონოდა, ფეხები გამოუჩნდა. ამიტომაც დაავალა, ველზე მოეგროვებინათ და მოეტანათ ტეგანი, რასაც მიცვალებულს ფეხებზე დაალაგებდნენ. ასევე გააკეთებინა ბევრი სხვა მიცვალებულისათვის, რათა მათი სახეცა და ფეხებიც დაფარული ყოფილიყო, სანამ მიწა დაეყრებოდათ.

ბოლო საფლავიც დაიხურა, წინასწარმეტყელმა მოაყვანინა თავისი ცხენი, ამხედრდა და ყველანი წავიდნენ ხეობისაკენ, იქითკენ, საიდანაც განთიადისას მოვიდნენ. როდესაც ისინი ლავიან ზოლს მიადგნენ, უთხრა, რიგებად მოწყობილიყვნენ და ღმერთისადმი დიდება და მადლობა აღევლინათ. კაცები ორ რიგად განლაგდნენ, სახით მექისაკენ, უკან ქალები დაუდგნენ, სულ თოთხმეტი. შემდეგ მათ ადიდეს უფალი და ასე ილოცეს: „ღმერთო, ვითხოვ შენს კურთხევას, შენს მოწყალებას, შენს კეთილგანწყობას, შენს პატიებას. ღმერთო, შენგან ვითხოვ უსაფრთხოებას შიშის დღეს და სიუხვეს გაჭირვების დღეს.“8

____________________

1. ი.ი. 584.

2. XVI, 126.

3. ა.ჰ. I, 251; მ. XLV, 32.

4. ვ. 505.

5. II, 153-7.

6. XXXIII, 23.

7. ვ. 277.

8. ვ. 315.

55 LV. უჰუდის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


მზე ჩადიოდა, როდესაც ქალაქს მიუახლოვდნენ, და მათ ილოცეს დაისის ლოცვა, როგორც კი მეჩეთთან მივიდნენ. შემდეგ წინასწარმეტყველი დასასვენებლად დაწვა და ისეთი ღრმა ძილით დაეძინა, რომ ვერ გაიგო, როგორ მოუწოდა ბილალმა ღამის ლოცვისაკენ, მაგრამ, როდესაც გაიღვიძა, მარტომ ილოცა სახლში. ორმა სა‛დმა, შესაბამისად ავსიდან და ხაზრაჯიდან, ღამე გაათენა მეჩეთის კართან, ისინი რიგ-რიგობით ჰყარაულობდნენ, რადგანაც მაინც რჩებოდა იმის შესაძლებლობა, რომ კურეიში მობრუნდებოდა. მეორე დილით ადრე, როდესაც ლოცვა უკვე ილოცეს, წინასწარმეტყველმა ბილალს უთხრა, გამოეცხადებინა მათთვის და სხვებისთვისაც, რომ მტერს უნდა გამოსდგომოდნენ. „მაგრამ არავინ გამოგვყვება,“ უთხრა მან, „გარდა იმათი, ვინც ჩვენთან ერთად იყო გუშინ ბრძოლის ველზე.“

როდესაც ბელადები თავიანთ კლანებს დაუბრუნდნენ, ნახეს, რომ მათი კაცების უმრავლესობა ჭრილობებს უვლიდა, ან მათი ქალები უვლიდნენ მათ ჭრილობებს, რადგანაც ძალიან მცირედი გადარჩა უჰუდში უვნებელი, უმრავლესობა კი მძიმედ იყო დაშავებული. მაგრამ, როდესაც წინასწარმეტყველის მოწოდება გაიგეს, რაც შეიძლება კარგად გადაიხვიეს თავიანთი ჭრილობები და გაემზადნენ ისევ გასასვლელად, გარდა მალიქისა და შამმასისა. მალიქი ძალიან იყო დასუსტებული და მას თავისი ოჯახი უვლიდა. შამმასი, რომლის არც ერთი ახლობელი მედინაში არ იყო, შეცდომით ბრძოლის ველიდან ‛ა'იშას ბინაში მიიყვანეს. მაგრამ უმმ სალამამ თქვა, რომ ის იღებდა თავის თავზე საკუთარი კლანის წარმომადგენლის მოვლას, ამიტომაც მას მიანდეს. რადგანაც მისი სიკვდილი გადრაუვალი ჩანდა, წინასწარმეტყველმა ბრძანა, რომ იგი არ უნდა დაეკრძალათ მედინაში, არამედ თავისი მეგობარი მოწამეების გვერდით უჰუდთან.

წინასწარმეტყველი ერთ-ერთი პირველი გაემზადა მიუხედავად იმისა, რომ ძნელად ამოძრავებდა თავის მარჯვენა მხარს, სადაც მიიღო დარტყმა, რომელიც მის მოსაკლავად იყო მოქნეული მისი თავის მიმართულებით. როდესაც ტალჰა მოვიდა იმის გასაგებად, თუ როდის უნდა გასულიყვნენ, იგი გაოცებული დარჩა, რადგანაც წინასწარმეტყველი ცხენზე ამხედრებული იხილა მეჩეთის კართან. ჩაფხუტი ძირს ჰქონდა ჩამოწეული და მხოლოდ თვალები უჩანდა. მართალია, თავს სუსტად გრძნობდა, მაგრამ ტალჰაც გაქანდა თავისი ცხენისაკენ, რათა წინასწარმეყველისათვის მიებაძა. ბანუ სალიმას იმ წარმომადგენელთაგან, ვინც წავიდნენ, ორმოცი დაჭრილი კაცი იყო, ზოგიერთ მათგანს ათზე მეტი ღრმა ჭრილობა, დაჟეჟილობა თუ ისრის ნაკაწრი ჰქონდა; და, როდესაც ისინი ერთ რიგში იდგნენ წინასწარმეტყველის მიერ დათქმულ ადგილას და მან იხილა, რა ერთგულად შეასრულეს სიტყვა, გაიხარა მათი სულის სიმტკიცის გამო, რომელიც სხეულის ძლიერებას აღემატებოდა, და ილოცა: „ღმერთო, შეიწყალე ბანუ სალიმა!“ მთელი ამ კლანებიდან მხოლოდ ერთი იყო ისეთი, რომელსაც უჰუდთან არ ებრძოლა, ეს ჯაბირი გახლდათ. როდესაც გაიგო დილის მოწოდება, იგი წინასწარმეტყველთან მივიდა და უთხრა: „ღმერთის მოციქულო, მე ძალიან მინდოდა, ბრძოლაში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ მამაჩემმა დამადგინა ჩემი შვიდი პატარა დის პატრონად. ასე ამჯობინა ის ღმერთმა მოწამეობისათვის, რის დიდი იმედიც მე თვითონ მქონდა. მაშ, ახლა მაინც მომეცი უფლება, შენთან ერთად წამოვიდე, ღმერთის მოციქულო.“ და წინასწარმეტყველმაც მას ნება დართო, სხვებთან ერთად წასულიყო.

მუსლიმები პირველად მედინიდან რვა მილის მოშორებით შეჩერდნენ. იმ დროისათვის მტერი დაბანაკებული იყო რავჰასთან, რომელიც არც თუ შორს მდებარეობდა უფრო წინ. ეს რომ შეიტყო, წინასწარმეტყველმა თავის კაცებს დაავალა, ვრცელ ფართობზე გადანაწილებულიყვნან და თითოეულ მათგანს თავისთვის ბევრი შეშა მოემარაგებინა. მზის ჩასვლისათვის ყველაფერი მზად იყო ხუთასზე მეტი სასიგნალო კოცონისათვის და, როდესაც დაბინდდა, ყოველმა კაცმა ცეცხლი დაანთო. ალი შორიდან ჩანდა, თანაც ძალიან ფართო ტერიტორიაზე, თითქოს უზარმაზარი არმია დაბანაკებულიყო. ეს შთაბეჭდილება აბუ სუფიანს დაუდასტურა ერთმა კაცმა ხუზა‛ადან, რომელიც, მართალია, ჯერ კიდევ წარმართი იყო, მაგრამ მუსლიმებისადმი მეგობრულად განწყობილი. მტკნარი სიცრუე უთხრა, რომ მთელი მედინა მექელებს გამოეკიდა, მათ შორის ისინიც, ვინც უჰუდთან არ ყოფილან, და მათი ყველა მოკავშირეც. „ღმერთმანი,“თქვა მან, „თქვენ არ უნდა დაიძრათ მანამდე, სანამ მათი კავალერიის ცხენების შიბლის თმას არ იხილავთ.“ ზოგიერთ კურეიშელს უნდოდა, დაბრუნებულიყვნენ და თავს დასხმოდნენ მედინას, მაგრამ ახლა უყოყმანოდ გადაწყვიტეს, რაც შეიძლება სწრაფად მექისაკენ წასულიყვნენ. მიუხედავად ამისა, აბუ სუფიანმა საბოლოო სიტყვა შეუთვალა წინასწარმეტყველს იმ მგზავრების პირით, რომლებიც მედინაში მიდიოდნენ საკვების შესაძენად. „მუჰამედს ჩემგან გადაეცით,“ ქვა მან, „რომ ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მოვბრუნდეთ და უკან გავაბრუნოთ, პირისაგან მიწისა აღვგაოთ ისიც და მისი მეგობრებიც, ვინც ჯერ კიდევ გადარჩა. უთხარით მას ეს და, როდესაც თქვენ ‛უქაზამდე ჩამოხვალთ დაბრუნებისას, მე თქვენს აქლემებს ქიშმიშით დავტვირთავ.“ ეს წინასწარმეტყველს გადასცეს, მან კი უპასუხა ცოტა ხნის წინ მიღებული გამოცხადების სიტყვებით: ღმერთი ჩვენი საკმარისობაა და, უპირველეს ყოვლისა, მისი უნდა გვწამდეს.1

წინასწარმეტყველმა და მისმა მეგობრებმა ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი თავიანთ ბანაკში გაატარეს, კოცონს კი ყოველ ღამე ანთებდნენ. ეს იყო დრო დიდი დასვენებისა, რომელიც ესოდენ სჭირდებოდათ, და აგრეთვე სიუხვის დღეები. წინა ზაფხულს არაჩვეულებრივი ხილის მოსავალი მოვიდა და სა‛დ იბნ ‛უბადამ ცამეტი აქლემი დატვირთა ფინიკით, ზოგიერთი აქლემი შესწირეს. ხუთშაბათს ისინი მედინაში დაბრუნდნენ.

შამმასი მათი გამგზავრებიდან მალევე გარდაცვლილიყო და უჰუდში დაემარხათ. მალიქიც მუჰამედის არყოფნის პერიოდში აღსრულებულიყო და თავის ოჯახს მედინაში დაეკრძალა. მაგრამ წინასწარმეტყველმა ისიც უჰუდში გადაასვენებინა.

როდესაც უჰუდიდან დაბრუნდა, ‛აბდ ალლაჰმა, იბნ უბაის ვაჟმა, ბრძოლის შემდგომი ღამის ერთი ნაწილი გაატარა ჭრილობის მოწვაში გახურებული მეტალით, ამ დროს კი მამამისი მეტად თავშეუკავებლად კიცხავდა, რადგანაც მისი ძე წავიდა მტერზე თავდასასხმელად. „ღმერთმანი, თითქოს ყველაფერი ვიხილე,“ თქვა მან. „რაც ღმერთმა გააკეთა თავისი მოციქულისა და მუსლიმებისთვის, კარგი იყო,“ მიუგო შვილმა. მაგრამ იბნ უბაი არ იყო ღია ამ არგუმენტის მისაღებად. „დახოცილები ვინც არიან, ჩვენთან რომ ყოფილიყვნენ, ისინი არ დაიხოცებოდნენ,“ აგრძელებდა ის. არც მაშინ გაჩუმებულა, როდესაც მისი ვაჟი წასული იყო მედინიდან სხვა მებრძოლებთან ერთად, არც ებრაელებს შეუკავებიათ თავი იმისაგან რომ, გაცილებით უფრო მყარად, ვიდრე მანამდე, ამტკიცებდნენ: „მუჰამედი სხვა არავინაა, თუ არა მეფობის მაძიებელი. არც ერთ წინასწარმეტყველს არ შეხვედრია ასეთი წინააღმდეგობა და წარუმატებლობა. მას თვითონ დაარტყეს, ისევე როგორც მის მეგობრებს.“

ბევრი რამ, რაც თქვეს როგორც ებრაელებმა, ასევე წარმართებმა, გაუმეორეს ‛უმარს, როდესაც იგი კოცონთა ექსპედიციიდან ბრუნდებოდა. ის მაშინვე მივიდა წინასწარმეტყველთან და ნებართვა სთხოვა, მოეკლა ყველა, ვისაც ასეთ ცილისწამებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მაგრამ წინასწარმეტყველმა აუკრძალა ამის გაკეთება. „ღმერთი გამარჯვებას მისცემს თავის სარწმუნოებას.“ შემდეგ დასძინა: „ხატტაბის ძეო, კურეიში ვეღარასოდეს მიიღებს ამის მსგავს დღეს კიდევ და ჩვენ ჩვენს სალამს მივცემთ კუთხეს,“2 - იგი იმას გულისხმობდა, რომ მუსლიმები შევიდოდნენ მექაში და ემთხვეოდნენ შავ ქვას.

მართალია, ‛უმარს ხელი შეკრული ჰქონდა, მაგრამ იბნ უბაი დაუზარალებელი მაინც არ დარჩენილა. როგორც წესი, მას ეკავა საპატიო ადგილი მეჩეთში პარასკევ დღეს ლოცვის დროს და არავის არასოდეს არ უფიქრია, რომ მისთვის ეს პოზიცია წარმოეთქვა მედინაში. როდესაც წინასწარმეტყველი კათედრაზე ადიოდა, რათა ქადაგება წაეკითხა, იბნ უბაი დგებოდა და ამბობდა ხოლმე: „ხალხნო, ეს არის ღმერთის მოციქული. ღმერთი იყოს მისი შუამდგომლობით მრავალმოწყალე თქვენს მიმართ და მოგცეთ ძლიერება! მაშ, დაეხმარეთ მას, პატივი ეცით, მოუსმინეთ და დაემორჩილეთ.“ შემდეგ ისევ ჯდებოდა. მაგრამ ახლა, როდესაც, ტრადიციისამებრ, ადგა უჰუდის შემდეგ პირველ პარასკევს, ის ანსარები, ვინც ყველაზე ახლოს იყვნენ, ორივე მხრიდან მიადგნენ და უთხრეს: „ღმერთის მტერო, დაჯექი. შენ არ ხარ ღირსი, წინ წარდგე იმის შემდეგ, რაც გააკეთე.“ მან დატოვა საკრებულო, მიიკვლევდა რა გზას მჭიდროდ ჩამსხდარ კაცთა შორის. ერთ-ერთმა ანსარმა, რომელიც მეჩეთის კართან შეხვდა, უთხრა: „დაბრუნდი და საშუალება მიეცი ღმერთის მოციქულს, შენდობა ითხოვოს შენთვის.“ მაგრამ მან უპასუხა: „ღმერთმანი, არ მინდა, პატიება ითხოვოს ჩემთვის.“

უჰუდის შემდგომ დღეებში წინასწარმეტყველმა ბევრი გამოცხადება მიიღო, რომელიც ბრძოლას ეხებოდა. მათში ცხადი გახდა, რომ ორი კლანი, რომლისგანაც შედგებოდა ჯარის საკმაოდ სოლიდური ნაწილი და რომელიც უკან გაბრუნდა ბრძოლის დაწყებიდან სულ ცოტა ხნით ადრე, სერიოზულად ჩაფიქრდა. ახლა ისინი ღმერთმა გააძლიერა და გადაწყვეტილება მიაღებინა. ამ ორიდან ერთ-ერთი იყო ბანუ სალიმას კლანი ხაზრაჯის ტომიდან. მათი საქციელი ძალიან მოეწონა წინასწარმეტყველს, რადგანაც ისინი მტერს გამოედევნენ. როდესაც მათ და ავსის კლანმა, ბანუ ჰარისამ, გაიგეს ეს გამოცხადება,3 თქვეს, რომ ისინი იყვნენ, ვინც მოვლენილ აიებში იგულისხმებოდნენ. მათ აგრეთვე აღნიშნეს, არ ნანობდნენ, რომ რაღაც მომენტში სისუსტე გამოიჩინეს, რადგანაც ამან საბოლოო ჯამში მოუტანა ღვთიური ძლიერება, რაც უკეთესი იყო მათ საკუთარ ძლიერებაზე. სხვა აიები მიემართებოდა იმ გადარჩენილებს კავალერიის უცაბედი თავდასხმიდან, რომლებიც პანიკაში ჩაცვივდნენ და მთას შეაფარეს თავი, განსაკუთრებით კი მათ, ვინც მანამდე წინასწარმეტყველი აიძულა, თავდასხმაზე წასულიყო, რათა მოწამეობისათვის მიეღწიათ. ფიქრობდით, რომ სამოთხეში შეხვიდოდით მანამდე, სანამ ღმერთი შეიცნობდა თქვენგან იმათ, რომლებიც ნამდვილად იბრძვიან და მტკიცენი არიან? სიკვდილი ისურვეთ მანამდე, სანამ მას შეხვდებოდით; ახლა თქვენ უკვე პირისპირ იხილეთ ის!4

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, გამოცხადება ნათელყოფდა, რომ მათ, ვინც თავიდან არ დაემორჩილნენ ბრძანებებს, გამოისყიდეს თავიანთი დანაშაული ბრძოლის ველზე, ამიტომაც შეწყნარებულ იქნენ. ნაწილი ამ გამოსყიდვისა გახლდათ მათი დიდი მწუხარება, როდესაც შეიტყვეს, რომ წინასწარმეტყველი მკვდარი იყო.5 ასევე დადასტურდა, მითითება გაკეთდა რა ძველი ცივილიზაციების ხილულ ნანგრევებზე, რომ არაბეთში ამჟამად დადგენილი წესრიგი მალე შეიცვლებოდა და ისლამი გაიმარჯვებდა: სიცოცხლის გზებმა ჩაიარა შენამდე. იმოგზაურე მიწაზე და ნახე, რა იყო აღსასრული იმათი, ვინც უარყოფდა ღმერთის წინასწარმეტყველებს. ეს არის ნათელი დადასტურება კაცობრიობისათვის, ჭეშმარიტი გზა და შეგონება მართალთათვის. ნუ წაბორძიკდებით და ნურც იდარდებთ, რადგანაც თქვენ მათ დაამარცხებთ, თუ ნამდვილი მორწმუნეები ხართ.6

იყო სხვა მითითებაც მომავალზე, ოღონდ განსხვავებული ხასიათისა: მუჰამედი მხოლოდ მოციქულია და მოციქულები გარდაიცვალნენ მასზე ადრეც. თუ ის გარდაიცვლება ან მას მოკლავენ, განა თქვენ უნდა შებრუნდეთ? ვინც შებრუნდება, ის არ არისხებს ღმერთს; ღმერთი დააჯილდოებს მადლობლებს.7

_________________________

1. III, 173.

2. ვ. 317.

3. III, 122.

4. III, 142-3.

5. III, 152-5.

6. III, 137-9.

7. III, 144.

56 LVI. რევანშის მსხვერპლი

▲ზევით დაბრუნება


ორი თვის განმავლობაში მშვიდობა არაფერს დაურღვევია. შემდეგ მოვიდა ამბავი, ბანუ ასად იბნ ხუზაიმა თავდასხმას გეგმავდა ოაზისზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯაჰშის ოჯახი და სხვა ასადელები, რომლებიც მანამდე მექაში ცხოვრობდნენ, მუსლიმები იყვნენ, უდიდესი ნაწილი ნაჯდის ამ ფართოდ გავრცელებული და ძლიერი ტომისა ჯერ კიდევ ახლო მოკავშირე იყო კურეიშისა, რომელმაც ახლა ისინი გააქეზა, ესარგებლათ უჰუდის დამაბრკოლებელი ფაქტორით. ამიტომაც საჭირო გახდა ეჩვენებინათ მათთვის და მთელი არაბეთისათვის, რომ მუსლიმებმა უჰუდში დამატებითი ძლიერება შეიძინეს და არა სისუსტე. ამ მიზნით წინასწარმეტყველმა გაგზავნა ასორმოცდაათი კარგად შეიარაღებული ცხენოსანი მებრძოლი მათ ტერიტორიაზე ცენტრალური უდაბნოს ჩრდილოეთით თავისი ბიძაშვილის, აბუ სალამას, ხელმძღვანელობით და დაავალა, გაეკეთებინა ყველაფერი, რაც მის ძალაში იყო, რათა მათი ბანაკი მოულოდნელად აეღო. მუსლიმებმა ეს წარმატებით გააკეთეს. ხანმოკლე შეტაკების შემდეგ, რასაც მცირე სისხლისღვრაც მოჰყვა ორივე მხარეს, ბედუინებმა უკან დაიხიეს და სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ, ხოლო მუსლიმები კი თერთმეტი დღის შემდეგ მედინაში დაბრუნდნენ აქლემების დიდი რემითა და ასევე სამი მწყემსით. ექსპედიციამ თავისი მთავარი ამოცანა შეასრულა, კერძოდ კი ის, რომ დაადასტურა ისლამის ძალა, რომელიც სრულიადაც არ იყო შესუსტებული.

დაახლოებით იმავე დროს მოვიდა ცნობა სხვა თავდასხმის საშიშროების შესახებ უფრო სამხრეთიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველი მიხვდა, რომ ისლამის წინააღმდეგ მტრობა ძირითადად მომდინარეობდა ერთი განსაკუთრებით ბოროტი კაცისაგან. ეს გახლდათ ჰუზაილის ლიჰიანური შტოს ბელადი. თუ მას თავიდან მოიშორებდნენ, მაშინ საშიშროება იმ მიდამოებიდან სრულიად უმნიშვნელო გახდებოდა, ამიტომაც მუჰამედმა გაგზავნა ‛აბდ ალლაჰ იბნ უნაისი, ხაზრაჯელი კაცი, იმ დავალებით, რომ ის მოეკლა. „ღმერთის მოციქულო,“ უთხრა მან, „აღმიწერე მე იგი, რათა ვიცნო.“ „როდესაც მას დაინახავ,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „სატანას მოგაგონებს. უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეს ნამდვილად ის კაცია, შემდეგში მდგომარეობს: როდესაც შეხედავ, გაგაკანკალებს.“ ყველაფერი ისე იყო, როგორც მან თქვა. ‛აბდ ალლაჰმა მოკლა ის კაცი, თვითონ კი უვნებლად გაი პარა.

მედინის წინააღმდეგ თავდასხმების იდეას ახლა უკვე თავი დაანებეს, მაგრამ, უეჭველია, თავიანთი ერთ-ერთი მთავარი ბელადის მოკვლის გამო შურისძიების მიზნით მომდევნო თვეში ჰუზაილის რამდენიმე კაცი თავს დაესხა ექვს მუსლიმს, რომელიც მიდიოდა, რათა რელიგიური მითითებები მიეცა ორი შედარებით პატარა მეზობელი ტომისათვის. შეტაკება მოხდა რაჯი‛ში, სარწყავ ადგილას მექის მახლობლად. წინასწარმეტყველის სამი კაცი ამ ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო სამი ტყვედ ჩავარდა, რომელთაგან ერთი შემდეგ მაინც მოკლეს, რადგანაც გაპარვას ცდილობდა. მათ შორის, ვინც დაიღუპნენ, იყო ავსელი ‛ასიმი, რომელმაც ადრე მოკლა კურეიშის ორი მედროშე უჰუდთან. მათმა დედამ ხომ დაიფიცა, რომ მისი თავის ქალიდან ღვინოს დალევდა, ამიტომაც ჰუზაილის კაცები აპირებდნენ, მისთვის მიეყიდათ ‛ასიმის თავი. მაგრამ მიცვალებულს დაბინდებამდე მათგან იცავდა ფუტკრების ნაყარი, ხოლო ღამით ის წყლის ნაკადმა გაიტაცა, ამიტომაც გააფთრებული დედის ფიცი აღარასოდეს არ აღსრულებულა. რაც შეეხება ორ ტყვეს, ხუბაიბს ავსიდან და ზეიდს ხაზრაჯიდან, ისინი მიჰყიდეს კურეიშელებს, რომლებიც ჯერ კიდევ კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ რაიმე გზით შურს იძიებდნენ ბადრში დაღუპულთა გამო. ხუბაიბი იყიდა ბანუ ნავფალის მოკავშირემ და მიჰგვარა ამ კლანის ერთ-ერთ წევრს, რათა მას ის მოეკლა მამამისის დაღუპვის წილ. საფვანმა ზეიდი იმავე მიზნით შეიძინა და ორივე კაცი დააპატიმრეს მექაში მანამდე, სანამ წმინდა თვეები გავიდოდა.

როდესაც დაინახეს საფარის ახალი მთვარე, ორივე პატიმარი წმინდა სარტყლის გარეთ, თან‛იმში, გაიყვანეს. იქ ისინი პირველად შეხვდნენ დაპატიმრების შემდეგ, გადაეხვივნენ და ერთმანეთი შეაგულიანეს, მოთმინებით მიეღოთ ტანჯვა. შემდეგ ბანუ ნავფალმა და სხვებმა, ვინც იქ იყვნენ, ხუბაიბი ცოტა მოშორებით გაიყვანეს და, როდესაც დაინახა, რომ ბოძზე მიკვრას უპირებდნენ, სთხოვა, უფლება მიეცათ, ჯერ ელოცა, და მან შეასრულა სარიტუალო ლოცვის ორი ციკლი. ამბობენ, მან შემოიღო ჩვეულება, რომ დასასჯელებს ასე უნდა ელოცათ სიკვდილამდე. შემდეგ ძელზე მიაბეს და უთხრეს: „უარყავი ისლამი და გაგათავისუფლებთ.“ „მე არასოდეს უარვყოფ ისლამს,“ მიუგო მან, „თუნდაც ამის გაკეთებით ის ყველაფერი მივიღო, რაც არსებობს დედამიწაზე.“ „განა არ გინდა, რომ მუჰამედი იყოს შენს ადგილას,“ უთხრეს მათ, „შენ კი შენს სახლში იჯდე?“ „არ მინდა, რომ მუჰამედი ერთი ეკლითაც კი გაიკაწროს, მე კი ჩემს სახლში ვიჯდე,“ უპასუხა მან. „უარყავი, ხუბაიბ,“ დაუწყეს მათ მტკიცება, „თორემ აუცილებლად მოგკლავთ.“ „ჩემი მოკვლა ღმერთის გამო უბრალო რამ არის, რადგანაც მე მასში ვკვდები,»“ თქვა მუსლიმმა, შემდეგ დასძინა: „რაც შეეხება იმას, რომ ჩემი სახე შემოაბრუნეთ სიწმინდიდან“ - ის მექას გულისხმობდა, რადგანაც მათ ის, მართლაც, სხვა მიმართულებით შეაბრუნეს - „ჭეშმარიტად, ღმერთმა თქვა: საითაც შებრუნდებით, იქაა ღმერთის სახე.“1 ბოლოს აღნიშნა: „ღმერთო, აქ არ არის არც ერთი კაცი, რომელიც შენს მოციქულს მშვიდობის სალამს გადასცემდა ჩემგან, მაშ, შენ წაუღე მას მშვიდობის მოკითხვა ჩემგან.“ იმ მომენტში წინასწარმეტყველი იჯდა ზეიდთან და თავის სხვა მეგობრებთან ერთად მედინაში და უეცრად იგი ისეთ მდგომარეობაში გადავიდა, როდესაც გამოცხადებები გადმოდიოდა მასზე, და მათ გაიგეს, როგორ თქვა: „და მასზე იყოს მშვიდობა და ღმერთის მოწყალება!“ შემდეგ აუხსნა: „ეს გაბრიელია, რომელიც მე გადმომცემს მშვიდობის მისალმებას ხუბაიბისაგან.“2

კურეიშელებმა თან მოიყვანეს დაახლოებით ორმოცი ბიჭი, ვისი მამებიც ბადრში დაიღუპნენ. მათ თითოეულ ბიჭს ლახვარი მისცეს და უთხრეს: „ეს ის არის, ვინც თქვენი მამები მოკლა.“მათ მას ლახვრები შეურჭეს, მაგრამ არ მოუკლავთ, შემდეგ ერთ-ერთი კაცი მივიდა ერთერთ ბიჭთან, მას ხელი ხელზე დაადო და ხუბაიბისათვის სასიკვდილო ჭრილობა მიაყენებინა, სხვამაც ასე გააკეთა, მაგრამ ის კიდევ ერთი საათი იყო ცოცხალი და განუწყვეტლივ იმეორებდა ისლამის ორ მოწმობას: არ არსებობს არავითარი ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და მუჰამედი მისი მოციქულია.

შემდეგ ხუბაიბის მეგობარი, ზეიდი, აწამეს. მანაც ლოცვის ორი ციკლი შეასრულა, სანამ ბოძზე მიაბამდნენ, და იგივე პასუხები გასცა იმავე კითხვებზე. ახნას იბნ აშ-შარიკმა, ზუჰრას მოკავშირემ, რომელიც სხვებთან ერთად გავიდა თან‛იმში, თავი ვერ შეიკავა და შენიშნა: „არც ერთ მამას არ უყვარს თავისი შვილი ისე, როგორც მუჰამედის მეგობრებს უყვართ მუჰამედი.“

როდესაც ‛უბაიდა დაიღუპა თავის ინდივიდუალურ ბრძოლაში ‛უთბასთან ბადრის ბრძოლის დასაწყისში, მას დარჩა ქვრივი, რომელიც ბევრად ახალგაზრდა იყო მასზე. ეს გახლდათ ზეინაბი, ქალიშვილი ხუზაიმასი ‛ამირის მომთაბარე ტომიდან. მას ძალიან მოწყალე ბუნება ჰქონდა და უკვე ისლამამდე ცნობილი იყო, როგორც „ღარიბთა დედა.“ ერთი წელი გასულიყო მისი დაქვრივებიდან და ჯერ გათხოვილი არ იყო. როდესაც მას წინასწარმეტყველმა ხელი სთხოვა, სიამოვნებით დასთანხმდა. მისთვის მეოთხე ბინა გაკეთდა წინასწარმეტყველის სახლში, რომელიც მეჩეთს ეკვროდა. უეჭველია, ამ ახალი კავშირის გამო წინასწარმეტყველს ესტუმრა აბუ ბარა'ი, უკვე ასაკში შესული ბელადი ზეინაბის ტომისა. როდესაც მას ისლამი შესთავაზეს, მოხუცმა კაცმა თქვა, რომ მის მიმართ უარყოფითად არ იყო განწყობილი, მაგრამ ის მაშინ ჯერ არ მიიღო, არამედ ითხოვა, ზოგიერთი მუსლიმი გაეგზავნათ, რათა მათ მითითება მიეცათ მისი მთელი ტომისათვის. წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ ეშინოდა, მათ თავს დაესხმებოდნენ სხვა ტომები. ბანუ ‛ამირი ჰავაზინის განშტოება იყო. მათი ტერიტორია მდებარეობდა სამხრეთით სულაიმისაგან, ასევე ღატაფანის სხვა ტომებისაგან, ვისთან მიმართებაშიც ოაზისი მუდმივად ყურადღებით უნდა ყოფილიყო. მაგრამ აბუ ბარა'ამ პირობა მისცა, არავინ არ დაარღვევდა ხელშეუხებლობის იმ გარანტიას, რომელსაც ის მისცემდა მათ, როგორც ‛ამირის ბელადი. წინასწარმეტყველმაც შეარჩია ორმოცი თავის მეგობართაგან, ვინც ისლამის შესანიშნავი წარმომადგენელნი იყვნენ როგორც სიწმინდით, ასევე ცოდნით, და მათ სათავეში ჩაუყენა ხაზრაჯელი კაცი, მუნზირ იბნ ‛ამრი. ერთ-ერთი მათგანი იყო ფუჰაირა, განთავისუფლებული მონა, რომელიც აბუ ბაქრმა ამოარჩია, რათა თან ხლებოდა წინასწარმეტყველსა და მას ჰიჯრის დროს.

მედინაში ცნობილი არ იყო, რომ აბუ ბარა'ის ლიდერობას ზოგიერთი სადავოდ ხდიდა მის ტომში. მისმა ძმისშვილმა, რომელიც ისწრაფოდა მის მაგიერ ბელადობისათვის, მოკლა წინასწარმეტყველის ერთ-ერთი მეგობარი, ვინც წინასწარ იქნა წარგზავნილი წერილით თვით წინასწარმეტყველისაგან, და თავის ტომს მოუწოდა, დანარჩენი მუსლიმებიც დაეხოცათ. როდესაც აღმოჩნდა, რომ ტომმა პრაქტიკულად უყოყმანოდ მიიღო აბუ ბარა'ის მიერ დაპირებული ხელშეუხებლობის გარანტია, გაბრაზებულმა ძმისშვილმა გამქეზებელი ცნობა გაუგზავნა სულაიმის ორ კლანს, რომლებიც ცოტა ხნის წინ იყვნენ ჩართულნი მედინის წინააღმდეგ მტრულ ქმედებაში. მათ სასწრაფოდ გაგზავნეს შეიარაღებული ცხენოსანი ჯგუფი და გულმშვიდად მყოფი მუსლიმები თავიანთსავე ბანაკში ამოხოცეს მა‛უნას ჭასთან, გარდა ორი კაცისა, რომლებიც გვერდით გასულიყვნენ, რათა თავიანთი აქლემებისათვის ცოტა ეძოვებინათ. ერთ-ერთი მათგანი იყო ჰარის იბნ ას-სიმმა, რომელმაც ასე გმირულად იბრძოლა უჰუდთან. მეორე გახლდათ ‛ამრი ქინანას ტომის დამრას კლანიდან. როდესაც ისინი საძოვრიდან დაბრუნდნენ, აღშფოთდნენ, ვინაიდან დაინახეს ამდენი სვავი, რომელიც თავს დასტრიალებდა მათ ბანაკს, როგორც ბრძოლის ველს შეტაკების დამთავრების შემდეგ; და ნახეს თავიანთი მეგობრები, რომლებიც დახოცილები იწვნენ თავიანთსავე სისხლში, ხოლო ახლოს სულაიმის ცხენოსნები იდგნენ, ვინც ისეთ სერიოზულ ბჭობაში იყვნენ ჩართულნი, რომ ამ ორის მოსვლა ვერ შენიშნეს. ‛ამრი ფიქრობდა, მედინაში გაპარულიყვნენ და ამბავი ჩაეტანათ, მაგრამ ჰარისმა თქვა: „მე არა ვარ ის, რომელიც ბრძოლას განშორდება იმ ველზე, სადაც მუნზირი მოკლეს,“ და მტერს თავს დაესხა. ორი წარმართი მოკლა, სანამ დანარჩენები მათ დაიჭერდნენ და ტყვედ წაიყვანდნენ. უცნაურია, მაგრამ ახლა სულაც არ უნდოდათ გადარჩენილი მუსლიმების მოკვლა, თვით ჰარისისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ მან ეს-ესაა, რაც ორი მათგანი მოკლა. ჰკითხეს, როგორ უნდოდა, რომ მას მოქცეოდნენ. მხოლოდ ის უთხრა, წაეყვანათ იქ, სადაც იყო მუნზირის გვამი, მიეცათ იარაღი და გაეთავისუფლებინათ, რათა მათ ყველას ერთად შებრძოლებოდა. მათ შეუსრულეს სურვილი და მან კიდევ ორი კაცი მოკლა მანამდე, სანამ საბოლოოდ თვითონ დაეცემოდა. ‛ამრი გაათავისუფლეს და სთხოვეს, ეთქვა ყველა თავისი დაღუპული მეგობრის სახელი. ის მათთან ერთად მივიდა თითოეულ მუსლიმთან და ცხენოსნებს უთხრა მათი სახელი და წარმოშობა. შემდეგ ჰკითხეს, რომელიმე მათგანი თუ ეკლდა. მე ვერ ვპოულობ აბუ ბაქრის განთავისუფლებულ მონას, უპასუხა ‛ამრმა, „მას ‛ამირ იბნ ფუჰაირა ერქვა.“ „რა მდგომარეობა ეჭირა თქვენში?“ იკითხეს მათ. „ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს შორის,“ თქვა ‛ამრმა, „ჩვენი წინასწარმეტყველის ერთ-ერთი პირველი მეგობარი.“ „გინდა გითხრა, რა დაემართა მას?“ უთხრა იმ კაცმა, რომელიც მანამდე კითხვებს უსვამდა. შემდეგ მათ დაუძახეს ერთ-ერთ ცხენოსანს თავიანთი ჯგუფიდან, სახელად ჯაბბარს. მას მოეკლა ‛ამირი. ჯაბბარმა იმაბო, როგორ წამოადგა მას უკანიდან და მხრებს შორის ჩასცა ლახვარი. ‛ამირს მკერდიდან სულის საბოლოოდ ამოსვლისას პირიდან აღმოხდა: „ღმერთმანი, მე გავიმარჯვე.“ „ეს რას უნდა ნიშნავდეს?“ ფიქრობდა ჯაბბარი, რადგანაც გრძნობდა, რომ თვითონ ჰქონდა ამ სიტყვების თქმის საფუძველი. მან გაოცებულმა ამოაძრო ლხვარი და კიდევ უფრო გაოცდა, როდესაც უხილავმა ხელებმა მულიმის სხეული მაღლა აიყვანეს ზეცაში, სანამ თვალს არ მიეფარა. ჯაბბარს აუხსნეს, „გამარჯვება“ სამოთხეს ნიშნავს, და მან ისლამი მიიღო. როდესაც წინასწარმეტყველმა ეს ამბავი შეიტყო, თქვა, რომ ანგელოზებმა ‛ამირი აიყვანეს ‛ილლიჲჲუნში,3 რომელიც არის ერთ-ერთი უმაღლესი შრე სამოთხისა.4

სულაიმის კაცები დაბრუნდნენ თავიანთ ტომში, სადაც ამბავი, რომელიც გადახდათ, სულ უფრო და უფრო გავრცელდა და ეს იყო დასაწყისი მათი მოქცევისა. რაც შეეხება განთავისუფლებულ გადარჩენილს, ‛ამრს, მას უთხრეს, რომ ეს ამოჟლეტა გაღვივებული იყო ბანუ ‛ამირის მიერ, ამიტომაც მედინაში დაბრუნებისას მათი ტომის ორი კაცი მოკლა იმ მიზნით, რომ შური ეძია თავისი დახოცილი მეგობრების გამო. მაგრამ ორივე მათგანი სრულიად უდანაშაულო იყო ლოიალური აბუ ბარა'ას წინაშე, თანაც აღიარებდნენ მორწმუნეების ხელშეუხებლობას, ამიტომაც წინასწარმეტყველმა მოითხოვა, რომ მათ გამო მათი უახლოესი ნათესავებისათვის კომპენსაცია გადაეხადათ.

________________________

1. II, 115.

2. ვ. 360.

3. ვ. 349.

4. ყ. XXXIII, 18-19.

57 LVII. ბანუ ნადირი

▲ზევით დაბრუნება


ბანუ ნადირის ებრაული ტომი, უკვე დიდი ხანია, რაც ბანუ ‛ამირის მოკავშირე იყო, ამიტომაც წინასწარმეტყველმა გადაწყვიტა, მათთვის დახმარება ეთხოვა, რათა გამოსასყიდი გადაეხადა. მათ მიაშურა აბუ ბაქრთან, ‛უმართან და თავის სხვა მეგობრებთან ერთად და ყველაფერი განუმარტა. ისინი დასთანხმდნენ, რომ იმას გააკეთებდნენ, რასაც ითხოვდა, და თან დაპატიჟეს, დარჩენილიყვნენ, სანამ მათთვის საჭმელი გამზადდებოდა. წინასწარმეტყველმა მიიღო დაპატიჟება, ზოგიერთი ებრაელი წავიდა, მათ შორის ერთ-ერთი ბელადი, ჰუჲაი, ვითომ იმიტომ, რომ სტუმართა გასართობად მითითებები მიეცა. სანამ ისინი იქ ისხდნენ, ერთერთი ციხესიმაგრის წინ, გაბრიელი მივიდა წინასწარმეტყველთან. მას ვერვინ ხედავდა, გარდა თვით მუჰამედისა. ანგელოზმა წინასწარმეტყველს უთხრა, რომ ებრაელები მის მოკვლას გეგმავდნენ და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო მედინაში. ისიც ადგა და უსიტყვოდ დატოვა იქ მყოფი საზოგადოება, ამიტომაც ყველამ იფიქრა, მალევე უკან დაბრუნდებოდა და მათ შეუერთდებოდა. მაგრამ გავიდა დრო და არ ბრუდნებოდა. აბუ ბაქრმა სხვა მეგობრებს უთხრა, რომ ისინიც უნდა წასულიყვნენ, გამოემშვიდობნენ ებრაელებს და პირდაპირ წინასწარმეტყველის სახლში მივიდნენ. მან აუხსნა, რაც მოხდა, და შემდეგ მუჰამედ იბნ მასლამა გაგზავნა ბანუ ნადირთან და სათქმელიც დააბარა. იგი მთელი სისწრაფით წავიდა მათი ციხესიმაგრისაკენ და ზოგიერთი ლიდერი მას გამოეგება. „ღმერთის მოციქულმა გამომგზავნა თქვენთან,“ უთხრა, „რათა გადმომეცა ეს: `თქვენი იმ განზრახვით, რომ მოგეკალით, დაარღვიეთ ჩემთან დადებული ხელშეკრულება.'“ შემდეგ ასევე უთვლიდა თავიანთი ვერაგული გეგმის ზუსტ დეტალებს. წინასწარმეტყველმა მუჰამედს დაავალა, რომ ებრაელებისათვის საბოლოოდ ეს სიტყვები გადაეცა: „მე თქვენ გაძლევთ ათ დღეს, რათა ჩემი ქვეყნიდან წახვიდეთ. ამის შემდეგ თქვენგან ვისაც ვნახავთ, თავს მოვკვეთთ.“ „მასლამას ძეო,“ უთხრეს ებრაელებმა, „არასოდეს არ გვიფიქრია, რომ ავსის კაცი ასეთ უწყებას მოგვიტანდა.“ „გულები გადასხვაფერდა,“ უპასუხა მან.

ებრაელთა უმეტესობამ გასამგზავრებლად დაიწყო სამზადისი, მაგრამ იბნ უბაიმ მათ შეუთვალა და აიძულა, დარჩენილიყვნენ, და თავის დახმარებას დაჰპირდა. და ჰუჲაიმ, მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც დაარწმუნა ისინი, არ წასულიყვნენ, რადგანაც სჯეროდა, ბედუინი მოკავშირეები მათ არ დატოვებდნენ კრიზისში, აქვე იყვნენ შინაური ძლიერი მოკავშირეებიც ბანუ კურაიზას ებრაელების სახით; მან სასწრაფოდ ითხოვა დახმარება ყველა მათგანისაგან, თავისი ძმა კი წინასწარმეტყველთან გაგზავნა ასეთი უწყებით: „ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს საცხოვრებელსა და საკუთრებას, ისე მოიქეცი, როგორც გინდა.“ „ალლაჰუ აქბარ,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „დიდ არს ალაჰი,“ და მისმა მეგობრებმა, ვინც მასთან ერთად ისხდნენ, ექოდ გაიმეორეს ეს სადიდებელი სიტყვები. „ებრაელებმა ომი გამოაცხადეს,“ უთხრა მათ. მან სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი, დროშა ‛ალის გადასცა და გაემართა ნადირის დასახლებისაკენ, ქალაქიდან ცოტა სამხრეთით. მათ ილოცეს შუადღის შემდგომი (დღის მეორე ნახევრის) ლოცვა ვრცელ ეზოში, რომელიც ებრაელებს მიეტოვებინათ, რადგანაც ის მათი სიმაგრის გარეთ მდებარეობდა. ლოცვის შემდეგ წინასწარმეტყველი თავის ჯარს ციხესიმაგრისაკენ წარუძღვა.

ბასტიონებზე განლაგებულნი იყვნენ მშვილდოსნები და ქვის მსროლელები, რომლებსაც თავიანთ განკარგულებაში ჰქონდათ კლდის ნამტვრევებიც იმ შემთხვევისათვის, თუ ციხესიმაგრის კედლებზე მოხდებოდა თავდასხმა. ორი მხარე ერთმანეთს ისრებსა და ქვებს ესროდა დაბინდებამდე. ებრაელები გაოცდნენ თავიანთი მეტოქის თავდასხმის სისწრაფით, მაგრამ მეორე დღეს - როგორც ეგონათ - დახმარება მოვიდოდა კურაიზასა და იბნ უბაისაგან, შემდეგ ორ-სამ დღეში მათი მოკავშირეები ღატაფანიდანაც აქ იქნებოდნენ. ამასობაში მუსლიმთა ჯარი თანდათანობით ძლიერდებოდა მედინიდან მუდმივად მომავალი კაცებით, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო თავიდანვე ვერ გამოჰყოლოდნენ წინასწარმეტყველს. ღამის ლოცვის დრო რომ დადგა, დიდად გაზრდილი ჯარი უკვე საკმარისი იყო საიმისოდ, რომ მტრისათვის ალყა შემოერტყა ყველა მხრიდან. წინასწარმეტყველმა მათთან ერთად ილოცა, შემდეგ თავისი ათი მეგობრითურთ მედინაში დაბრუნდა, ბანაკი კი ‛ალის ჩააბარა. ისინი დიდების საგალობელს გალობდნენ მთელი ღამე, სანამ განთიადის ლოცვის დრო არ დადგა. წინასწარმეტყველი ისევ მათ შეუერთდა დილით.

დღეები გადიოდა და ბანუ ნადირმა უკვე იმედი დაკარგა იმ დახმარებისა, რომელიც მათგან ბევრს უტყუარი ეგონა. ბანუ კურაიზამ უარი თქვა წინასწარმეტყველთან დადებული ხელშეკრულების დარღვევაზე, ბანუ ღატაფანი კი სიჩუმეს ინარჩუნებდა, რაც გაუგებარი იყო. იბნ უბაი კიდევ ერთხელ გახდა იძულებული, ეღიარებინა, რომ ვერაფერს გახდებოდა. ალყაში მოქცეულთა იმედები გაქრა, სამაგიეროდ, მათ შორის მტრული დამოკიდებულება გაღვივდა. ამ ტომში, უკვე დიდი ხანია, რაც უარყოფითი გრძნობები და სიმწარე დაგროვდა, და ახლა, როდესაც ისინი მთლიანად მოწყვეტილნი იყვნენ გარე სამყაროს, დახმარება კი არსაიდან ჩანდა, მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა. ამან კულმინაციას მიაღწია მაშინ, როდესაც ათი თუ მეტი დღის შემდეგ წინასწარმეტყველმა ბრძანება გასცა, მოეჭრათ პალმის რამდენიმე ხე, რომელიც კედლებიდან კარგად ჩანდა. ეს მსხვერპლშეწირვა იყო, რადგანაც იცოდა, აღნიშნული ტერიტორია ნამდვილად უკვე მას ეკუთვნოდა, მაგრამ ეს ღვთიური ნებართვით მოხდა,1 რაც მიღებულ იქნა, როგორც ბრძანება, რადგანაც ამან დაუყოვნებლივ გამოიწვია მტრის წინააღმდეგობის რღვევა. ისინი ადიდებდნენ თავიანთ პალმებს, რომლებიც მათი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. თუნდაც იძულებულნი რომ ყოფილიყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი მიწა, ამ პალმებს მაინც თავისად ჩათვლიდნენ, რადგანაც ჰქონდათ იმის საფუძველი, რომ ეფიქრათ, ახლო მომავალში დაკარგულის დაბრუნების შანსი მიეცემოდათ. კურეიშმა პირობა დადო, რომ ისლამს ამოძირკვავდა ოაზისიდან. მაგრამ, თუ პალმები მოიჭრებოდა, მრავალი წელი იქნებოდა საჭირო ახლების გასამრავლებად. მხოლოდ რამდენიმე მოიჭრა, მაგრამ სადამდე გასტანდა ეს ჭრა? ჰუჲაიმ წიანასწარმეტყველს შეუთვალა, რომ ისინი დატოვებდნენ ტერიტორიას, მაგრამ წინასწარმეტყველმა უპასუხა, იგი უკვე აღარ იყო თანახმა იმაზე, რომ მათ თან წაეღოთ თავიანთი საკუთრება ლტოლვილობაში. „დატოვეთ თქვენი მიწა,“ თქვა მან, „და თან წაიღეთ ის, რაც აქლემებზე დაგეტევათ, გარდა იარაღისა და აღჭურვილობისა.“

ჰუჲაიმ თავიდან უარი განაცხადა, მაგრამ მისი ტომის კაცებმა აიძულეს, დასთანხმებოდა, და მათ განაახლეს მზადება, რომელიც ორი კვირით ადრე შეწყვეტილ იქნა. სახლის კარები და ფანჯრების ტიხრებიც კი აჰკიდეს თავიანთ აქლემებს და, როდესაც ყველაფერი მზად იყო, ჩრდილოეთისაკენ, სირიის მიმართულებით გაემართნენ. არავის არასოდეს უნახავს ასეთი დიდებული ქარავანი. როდესაც მათ მედინის ხალხმრავალ ბაზარში გაიარეს, აქლემები ერთ რიგად მიდიოდნენ. თითოეული მათგანი ჩავლისას დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენდა როგორც მდიდარი აღკაზმულობის, ასევე უხვი ტვირთის გამო. შესანიშნავი ფარდები უკან გადაეწიათ, რათა გამოეჩინათ თავიანთი ქალები, რომლებსაც აბრეშუმი, ფარჩა და ხავერდი ემოსათ, მწვანე ან წითელი, უმრავლესობა ოქრომკერდით იყო ნაქარგი. ქალებს თან ბაჯაღლო ოქროს სამკაულები აესხათ, ამ ოქროში ჩასმული იყო ლალის, ზურმუხტისა და სხვა ძვირფასი ქვები. ბანუ ნადირი ცნობილი იყო, როგორც წარმატებული და აყვავებული ტომი, მაგრამ აქამდე მათი სიმდიდრის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ხედავდნენ სხვები. ისინი დაფდაფებისა და სალამურების დაკვრით მიდიოდნენ ისე ამაყად, თითქოს იმ პალმების სანაცვლოდ, რომლებიც უკან ჩამოიტოვეს, ასეთივე კარგი ბევრი სხვაც ჰქონდათ და ახლა იქითკენ მიდიოდნენ. ბევრი მათგანი გაჩერდა და დამკვიდრდა იმ მიწაზე, რომელსაც ისინი ხაიბარში ფლობდნენ, მაგრამ სხვებმა გზა განაგრძეს ჩრდილოეთისაკენ და დასახლდნენ იერიქონში ან სირიის სამხრეთში. გამოცხადების მიხედვით, ბანუ ნადირის მიწა და ის ყველაფერი, რაც მათ დატოვეს, წინასწარმეტყველის საკუთრებას წარმოადგენდა, რათა მიეცა ღატაკებისა და გაჭირვებულებისათვის, განსაკუთრებით კი ღარიბი მუჰაჯირებისათვის, რომლებიც თავიანთი სახლებიდან გამოაძევეს.2 მხოლოდ ორ ანსარს მიეცა წილი და ეს მათი უკიდურესი სიღარიბის გამო მოხდა. მაგრამ, უბოძა რა მუჰაჯირებს უდიდესი ნაწილი, ამით ისინი დამოუკიდებელი გახადა და ამგვარად ანსარებიც გაათავისუფლა მათზე ზრუნვის მძიმე მოვალეობისაგან.

_________________________

1. ყ.LIX, 5.

2. IX, 8.

58 LVIII. ომი და მშვიდობა

▲ზევით დაბრუნება


მომდევნო თვეებში, ახალი წლის (626 ქრისტეს შობიდან) შემდეგ ფატიმამ კიდევ ერთი ვაჟი შვა. წინასწარმეტყველს ისე მოსწონდა სახელი ალ-ჰასანი, რომ ახლა უმცროს ძმას ალ-ჰუსაინი (ჰუსეინი) დაარქვა, რაც „პატარა ჰასანს“ ნიშნავს, ანუ „პატარა ლამაზს.“დაახლოებით იმავე დროს მისი ახალი ცოლი, ზეინაბი, „ღარიბთა დედა,“ ავად გახდა და გარდაიცვალა. რვა თვეც კი არ გასულიყო, რაც წინასწარმეტყველს გაჰყვა. იგი თვითონ მიუძღვოდა ცოლის გასვენებას, შემდეგ დაკრძალვის ლოცვა ჩაატარა და ზეინაბი დაასაფლავა თავის ქალიშვილის, რუკაჲჲას, მახლობლად ბაკი‛ში. მომდევნო თვეში მისი ბიძაშვილი, აბუ სალამა, გარდაიცვალა იმ ჭრილობისაგან, რომელიც უჰუდში ჰქონდა მიღებული. ეს ჭრილობა თავიდან ძალიან მალე შეუხორცდა, მაგრამ ახლა ხელმეორედ გაეხსნა. წინასწარმეტყველი მასთან იყო ბოლომდე და ლოცულობდა, როდესაც სული ამოსდიოდა; წინასწარმეტყველმა დაუხურა თვალები გარდაცვალებისას.

აბუ სალამა და მისი ცოლი უაღრესად ერთგული წყვილი იყვნენ, ამიტომაც ქალს ქმართან ხელშეკრულების დადება სურდა, რომ, თუ ერთერთი მათგანი გარდაიცვლებოდა, მეორე აღარ უნდა დაქორწინებულიყო ან გათხოვილიყო ხელმეორედ. მაგრამ ქმარმა უთხრა, თუ მოკვდებოდა, უნდოდა, რომ იგი კიდევ გათხოვილიყო, და ილოცა: „ღმერთო, ჩემს შემდეგ უმმ სალამას მიეცი ისეთი კაცი, რომელიც ჩემზე უკეთესია და არ დაასევდიანებს მას, არც რაიმეს ავნებს.“ აბუ სალამას გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ წინასწარმეტყველი ქალთან მივიდა და ხელი სთხოვა. მან უპასუხა, რომ ეშინოდა, მისთვის შესაფერისი არ იყო. „მე ის ქალი ვარ, რომლის საუკეთესო დროც გარდახდა,“ თქვა, „და ობლების დედა ვარ. მეტიც, დიდად ეჭვიანი ბუნება მაქვს და შენ, ღმერთის მოციქულო, უკვე ერთ ცოლზე მეტი გყავს.“ წინასწარმეტყველმა მიუგო: „ასაკით შენზე ბევრად დიდი ვარ. რაც შეეხება ეჭვიანობას, ვილოცებ, რომ ღმერთმა გაგათავისუფლოს მისგან. ხოლო შენს ობოლ შვილებზე ღმერთი და მისი მოციქული იზრუნებენ.“ აი, ასე დაქორწინდნენ და მან იგი დაამკვიდრა იმ სახლში, რომელიც მანამდე ზეინაბს ეკუთვნოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უმმ სალამა თავის ასაკზე ლაპარაკობდა, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა იყო, სულ ოცდაცხრა წლის. იგი მხოლოდ თვრამეტის შესრულებულიყო, როდესაც აბუ სალამასთან ერთად აბისინიაში წავიდა. რაც შეეხება ეჭვიანობას, სამართლიანად ეშინოდა, რომ მუჰამედთან ქორწინება მისთვის გამოცდა იქნებოდა. და ეს მხოლოდ მისი გამოცდა არ ყოფილა. ‛ა'იშამ იოლად მიიღო ჰაფსა, ასევე ზეინაბიც, მაგრამ ამ ახალ ცოლთან მიმართებაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ნაწილობრივ, უეჭველია, იმიტომ, რომ ახლა ‛ა'იშა უკვე მეთოთხმეტე წელში გადადგა. მანამდე ხშირად ხვდებოდა უმმ სალამას, მასთან ერთად მოამზადა ყველაფერი ფატიმას ქორწილისათვის. ამ ქალისათვის არასოდეს შეუხედავს, როგორც მეტოქისათვის, მაგრამ ახლა, როდესაც ყველა ლაპარაკობდა წინასწარმეტყველის ახალ ქორწინებასა და პატარძლის დიდ სილამაზეზე, ის შეწუხებული და შეშინებული ჩანდა. „მე ძალიან დადარდიანებული ვიყავი,“ ყვებოდა იგი, „იმის გამო, რომ მის სილამაზეზე მელაპარაკებოდნენ. გადავწყვიტე, ახლოდან მენახა, და ვიხილე, რომ გაცილებით უფრო ლამაზი იყო, ვიდრე ამბობდნენ. ამის შესახებ ჰაფსას ვუთხარი, რაზეც მიპასუხა: „რა, ეს მხოლოდ შენი ეჭვიანობის გამოა, იგი არც ისეთი ლამაზია, როგორც ამბობენ.“შემდეგ ისიც წავიდა უმმ სალამას ახლოდან დასათვალიერებლად და მითხრა: „ე ვნახე და ისე არ არის, როგორც შენ ამბობ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ლამაზია.“მე ისევ წავედი უმმ სალამას სანახავად და დავრწმუნდი, რომ ჰაფსა მართალი იყო, მაგრამ მაინც ვეჭვიანობდი.“

ბადრში ხელმეორედ შეტაკების დრო ახლოვდებოდა, რადგანაც სწორედ ასეთი გამოწვევა გააკეთა აბუ სუფიანმა უჰუდის შემდეგ, გამოწვევა, რომელიც წინასწარმეტყველმა მიიღო. მაგრამ გვალვიანი წელი იდგა და აბუ სუფიანმა იცოდა, სიმწვანე საერთოდ არ იქნებოდა, რათა აქლემებსა და ცხენებს გზაში ეძოვათ. მთელი ფურაჟი ექსპედიციისათვის თან უნდა წაეღოთ მექიდან, მათი მარაგი კი უკვე საგრძნობლად შემცირებულიყო. მაგრამ ის სირცხვილისაგან დაიწვებოდა, რომ არ მისულიყო დათქმულ ადგილას, რომელიც თვითონვე შესთავაზა მოწინააღმდეგეს. სასურველი იყო, მუჰამედს დაერღვია ეს პირობა, მაგრამ ისარიბიდან მოდიოდა ამბები, რომ მას უკვე დაწყებული ჰქონდა მზადება და გასვლას აპირებდა. განა შეეძლოთ, მისთვის აზრი შეეცვლევინებინათ? აბუ სუფიანი მოსალაპარაკებლად წავიდა სუჰაილთან, ასევე კურეიშის რამდენსამე სხვა ლიდერთან. მათ გეგმა შეიმუშავეს. ისე მოხდა, რომ იმ დროს მექაში იმყოფებოდა სუჰაილის მეგობარი, სახელად ნუ‛აიმი, ერთ-ერთი მოწინავე კაცი ბანუ აშჯა‛ისა, რომელიც ღატაფანის კლანი იყო. გრძნობდნენ მის სანდოობას და, რადგანაც იგი არ იყო კურეიშელი, შეეძლო, თავი წარმოეჩინა, როგორც ნეიტრალურ და ობიექტურ პირს, ვინც მოვლენებს გვერდიდან უცქერდა. მას ოცი აქლემი შესთავაზეს, თუ მოახერხებდა და მუსლიმებს დაარწმუნებდა, თავი შეეკავებინათ ბადრში გასვლისაგან. ნუ‛აიმი დასთანხმდა და მაშინვე გაემგზავრა ოაზისში, სადაც მან დახატა შემაფიქრიანებებლი სურათი იმ ძალებისა, რომლებსაც აბუ სუფიანი ამზადებდა ბადრში გასაყვანად. ის ესაუბრა საზოგადოების ყველა ნაწილს, მუჰაჯირებს, ანსარებს, ებრაელებსა და წარმართებს. საშიშროების შეფასების შემდეგ თავის რჩევას ასეთი სიტყვებით ამთავრებდა: „დარჩით აქ და მათ წინააღმდეგ ნუ გახვალთ. ღმერთმანი, არა მგონია, რომელიმე თქვენგანი იქ ცოცხალი გადარჩეს.“ ებრაელებსა და წარმართებს გაუხარდათ, როდესაც გაიგეს, რომ მექელები ომისათვის ემზადებოდნენ, და ეს ამბავი მთელ ქალაქში გაავრცელეს. ნუ‛აიმმა თვითონ მუსლიმებზეც მოახდინა შთაბეჭდილება, რომელთაგან ბევრი იხრებოდა იმ აზრისაკენ, რომ ძალიან არაგონივრული იქნებოდა ბადრში გასვლა. ამგვარი დამოკიდებულების შესახებ ხმებმა წინასწარმეტყველის ყურამდეც მიაღწია და ის შეშფოთდა, რომ მას არავინ აღარ გაჰყვებოდა. მაგრამ აბუ ბაქრმა და ‛უმარმა დაარწმუნეს, არავითარ შემთხვევაში არ დაერღვია კურეიშთან დათქმული სიტყვა. „ღმერთი დაიცავს თავის სარწმუნოებას,“ თქვეს მათ, „და ის მისცემს ძალას თავის მოციქულს.“ „მე წავალ,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „მაშინაც კი, სულ მარტო რომ მომიხდეს წასვლა.“

ეს რამდენიმე სიტყვა ნუ‛აიმს თავის აქლემებად დაუჯდა, რადგანაც სულ გააცამტვერა მისი ძალისხმევა სწორედ მაშინ, როდესაც ეგონა, რომ წარმატებას მიაღწია. მაგრამ საკუთარი თავისაგან დამოუკიდებლად მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ყოველივე ამან, ანუ როგორი ფუჭი აღმოჩნდა მისი მცდელობები: მედინაში რაღაც სხვა ძალა მოქმედებდა, რომელიც აღემატებოდა მის ზეგავლენებსა და გამოცდილებას, ამიტომაც გულში ისლამის თესლი ჩაუვარდა. როგორც ადრე იყო დათქმული, მუჰამედი გზას დაადგა ათასხუთას კაცთან ერთად, რომლებიც აქლემებზე ისხდნენ, გარდა ამისა, იყო კიდევ ათი ცხენოსანი. ბევრმა მათგანმა სავაჭროც წაიღო, რადგანაც ბადრის ბაზრობაზე საქმეთა გარიგებასაც აპირებდა.

ამასობაში აბუ სუფიანმა კურეიშელებს უთხრა: „მოდი, გავიდეთ და გავატაროთ ერთი ან ორი ღამე გზაზე, შემდეგ კი დავბრუნდეთ. თუ მუჰამედი ჯერ დაძრული არ არის, გაიგებს, რომ გამოვედით და დავბრუნდით, რადგანაც ის არ გამოვიდა ჩვენს შესახვედრად, რაც მის საწინააღმდეგოდ და ჩვენს სასარგებლოდ ჩაითვლება.“ მაგრამ სრულიად სხვაგვარად მოხდა: წინასწარმეტყველმა და მისმა მეგობრებმა რვა დღე გაატარეს ბადრში და ყველა, ვინც იქ იყო, შორს ავრცელებდა იმ ამბავს, რომ კურეიშმა დაარღვია თავისი სიტყვა, მუჰამედმა და მისმა მეგობრებმა კი შეასრულეს დანაპირები და კურეიშთან საბრძოლველად გამოვიდნენ, როგორც ადრევე თქვეს. როდესაც ეს ყველაფერი მექაში გახდა ცნობილი, რაც მუსლიმების დიდი მორალური გამარჯვება იყო, ხოლო კე რპთაყვანისმცემლებისათვის მეტად სასირცხვილო რამ მთელი არაბეთის თვალში, საფვანმა და სხვებმა მწარედ უსაყვედურეს აბუ სუფიანს, რადგანაც ბადრის ბრძოლა გადადო. მაგრამ ეს დამცირება იმას მაინც ემსახურებოდა, რომ გააორმაგა მათი მზადება საბოლოო რევანშისათვის, რომელიც მიმართული იყო ახალი სარწმუნოების დამაარსებლისა და მისი მიმდევრებისადმი.

ბადრიდან დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველს ერთი მშვიდობიანი თვე ჰქონდა მედინაში. ისლამური მეხუთე, ანუ ქრისტეს შობიდან 626 წლის ივნისში მოვიდა ამბავი, რომ ღატაფანის ზოგიერთი ტომი ისევ აპირებდა თავდასხმას ოაზისზე. მუჰამედი მაშინვე გავიდა ნაჯდის ველზე ოთხასი კაცით, მაგრამ მტერი უკან გაბრუნდა, როდესაც თითქმის უკვე მისული იყვენ მასთან. სწორედ ამ ექსპედიციის დროს, როცა ყველაზე ახლოს იყვნენ შეტაკებასთან, წინასწარმეტყველმა მიიღო გამოცხადება, სადაც იყო მითითება, როგორ უნდა ელოცათ „შიშის ლოცვა,“ ანუ რანაირად შეემოკლებინა ჯარს რიტუალური ლოცვა და ამ სიტუაციისათვის მოერგო მოძრაობები შიშის ჟამს. ზოგიერთი მათგანი კი იყარაულებდა, სანამ დანარჩენები ლოცულობდნენ.1

ერთ-ერთი ანსარი, ვინც ამჯერად წინასწარმეტყველთან ერთად გავიდა, იყო ჯაბირი, ‛აბდ ალლაჰის ძე. მომდევნო წლებში იგი ასე იგონებდა იმ ინციდენტს, რაც მორიგი დაბანაკებისას მოხდა: «ჩვენ წინასწარმეტყველთან ვიყავით, როდესაც ერთმა მეგობარმა მოიყვანა ბარტყი, რომელსაც ახალი ამოსული ჰქონდა ბუმბული. იქვე დაეჭირა. ერთ-ერთი მშობელი ჩიტი მას გამოჰყოლოდა და კაცს ხელებში უვარდებოდა. მე ვხედავდი, ადამიანთა სახეები აღსავსე იყო ცნობისმოყვარეობით, და წინასწარმეტყველმა თქვა: „გაკვირვებული ხართ ამ ჩიტის გამო? თქვენ მისი ნაშიერი წამოიყვანეთ და ის თავისი მოწყალე სინაზით ხელში გივარდებათ. და ვფიცავარ ღმერთს, თქვენი უფალი უფრო მოწყალეა თავის ნაშიერთა მიმართ, ვიდრე ეს ჩიტი თავისი ბარტყის მიმართ.2 და იმ კაცს უთხრა, პატარა ფრინველი იქვე დაესვა, სადაც ი პოვა.“

წინასწარმეტყველმა ასევე თქვა: „ღმერთს ასი წყალობა აქვს და ერთერთი მათგანი გარდმოუვლინა ჯინებსა და ადამიანებს, აგრეთვე საქონელსა და მხეცებსაც, რომლებზეც ვნადირობთ. ამიტომაც ისინი ერთმანეთის მიმართ კეთილი და მოწყალე არიან, ველური ქმნილებაც კი თავისი შთამომავლობის მიმართ სინაზითაა აღვსილი. და ოთხმოცდაცხრამეტი წყალობა ღმერთმა თავისთან დაიტოვა, რათა იქიდან უჩვენოს მოწყალება თავის მონებს დიდი აღდგომის დღეს.“3

ჯაბირი იხსენებდა, როგორ მიდიოდა ჯარი, როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, წინასწარმეტყველი კი რამდენიმე კაცთან ერთად ზურგში მიჰყვებოდათ. მაგრამ ჯაბირის აქლემი ბებერი და უძლური იყო, ამიტომაც იგი მთავარ ძალას ჩამორჩა. სულ მალე მას წინასწარმეტყველი წამოეწია და ჰკითხა, რატომ მიჩანჩალებდა ასე უკან. „ღმერთის მოციქულო,“ უპასუხა ჯაბირმა, „ჩემი ეს აქლემი უფრო სწრაფად ვერ მიდის.“ „დააჩოქე,“ თქვა წინასწარმეტყველმა, თან თავისი აქლემიც დააჩოქა. შემდეგ უთხრა: „მომეცი ეგ ჯოხი,“ და მანაც მისცა. ჯაბირის სიტყვებით: „წინასწარმეტყველმა გამომართვა და ეს ჯოხი ერთი-ორჯერ გადაუჭირა ჩემს აქლემს. შემდეგ მითხრა, ისევ შევმჯდარიყავი, და ერთად განვაგრძეთ გზა. იმის წყალობით, ვინც მოციქული გამოგზავნა, ჩემმა აქლემმა მისას გადაასწრო.

„გზად მე ვსაუბრობდი ღმერთის წინასწარმეტყველთან და მან მითხრა: `მომყიდი ამ შენს აქლემს?' ვუთხარი: `ისე მოგცემ.' `არა,' მი პასუხა, `მომყიდე.'“ ჯაბირი წინასწარმეტყველის ტონიდან მიხვდა, რომ მას ვაჭრობა სურდა. „მე ვთხოვე,“ ყვებოდა ჯაბირი, „დაესახელებინა თავისი ფასი, და მან მითხრა: „მე მას დირჰემად გამოგართმევ.“ „არა,“ ვუპასუხე, „ეს ხომ ძალიან ცოტაა“. „მაშინ ორ დირჰემად,“ მითხრა მან. „არა,” მივუგე მე. და ასე გააგრძელა მან ფასის აწევა, სანამ ორმოც დირჰემამდე, ანუ ერთ უნცია ოქრომდე არ ავდა, რაზეც დავთანხმდი. შემდეგ მითხრა: „გყავს უკვე ცოლი, ჯაბირ?“ როდესაც ვუთხარი, რომ მყავდა, ისევ მკითხა: „უკვე განათხოვარი თუ ქალიშვილი?“ „ერთხელ უკვე განათხოვარი,“ ვუპასუხე. „`რატომ გოგონა არა,“ მითხრა, „შენ მასთან გაერთობოდი, ითამაშებდი, ის კი შენთან?“ „ღმერთის მოციქულო,“ ვუთხარი მე, „მამაჩემი უჰუდის ბრძოლაში დაიღუპა და შვიდი და დამიტოვა, ამიტომაც შევირთე ქალი, რომელიც უკვე დედაა, რათა გოგონები გარს შემოეკრიბა, მათთვის თმა დაევარცხნა და ყველაფერში დახმარებოდა.“ იგი დამეთანხმა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. შემდეგ მითხრა, როდესაც სირარს მივუახლოვდებოდით, რომელიც მედინიდან დაახლოებით სამი მილის მანძილზე იყო დაშორებული, ის მსხვერპლად შესწირავდა აქლემებს და მთელ დღეს იქ გაატარებდა, ჩემი ცოლი კი შეიტყობდა, რომ სახლში ვბრუნდებოდით, და დაიწყებდა მტვრის ბერტყვას თავისი მუთაქებიდან. „ჩვენ არა გვაქვს მუთაქები,“ მივუგე. „გექნებათ,“ მიპასუხა, „როდესაც დაბრუნდები, გააკეთე, რაც გასაკეთებელია.“

„ჩვენი დაბრუნებიდან მეორე დილას ჩემი აქლემი მივიყვანე და წინასწარმეტყველის კართან დავაჩოქე. იგი გამოვიდა და მითხრა, აქლემი იქ დამეტოვებინა და ლოცვის ორი ციკლი შემესრულებინა მეჩეთში. მეც ასე მოვიქეცი. შემდეგ ბილალს დაავალა, ჩემთვის ერთი უნცია ოქრო აეწონა, და მან ცოტა იმაზე უფრო მეტიც მომცა, რაც სასწორს გადახრიდა. ავიღე და წასასვლელად შევბრუნდი, მაგრამ წინასწარმეტყველმა უკან მიმიხმო. „წაიყვანე შენი აქლემი,“ მითხრა, „ის შენია, და ის საფასურიც შეინახე, რაც მისთვის გადაგეხადა.“ 4

სწორედ ამ თვეებში საბრძოლო ქმედებებს შორის სალმან სპარსი წინასწარმეტყველთან მივიდა რჩევისა და დახმარების სათხოვნელად. მისი პატრონი, ებრაელი ბანუ კურაიზადან, ისე მძიმედ ამუშავებდა მედინის სამხრეთით, რომ საერთოდ ვერ მოახერხა ახლო ურთიერთობა მუსლიმურ თემთან. მისთვის გამორიცხული იყო, ყოფილიყო ბადრში ან უჰუდთან ან მონაწილეობა მიეღო რომელსამე უფრო პატარა თაცდასხმაში, რომელთაგან ზოგიერთს თვითონ წინასწარმეტყველი ხელმძღვანელობდა, ზოგიერთი კი გაგზავნილი ჰყავდა. ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა. ნუთუ არ არსებობდა რაიმე გზა, რომ მას თავი დაეღწია ასეთი მდგომარეობისაგან? პატრონს ჰკითხა, რას ითხოვდა მის გასათავისუფლებლად, მაგრამ მან ისეთი დიდი თანხა დაასახელა, რომ ის მიუწვდომელი ჩანდა. სალმანს უნდა გადაეხადა ორმოცი უნცია ოქრო და დაერგა სამასი ფინიკის პალმა. წინასწარმეტყველმა უთხრა, პატრონისათვის თანხმობა მიეწერა ამ ყველაფერზე. შემდეგ დაუძახა თავის მეგობრებს, რათა სალმანს დახმარებოდნენ პალმებით. ისინი ასეც მოიქცნენ, ზოგიერთმა ოცდაათი ნერგი მიიტანა, ზოგიერთმა ოცი და ა.შ., სანამ მთელი რიცხვი არ შეაგროვეს. „წადით და ამოთხარეთ ორმოები ამ ნერგებისათვის, სალმან,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „და მითხარით, როდესაც მორჩებით, რადგანაც ეს ხეები ჩემი საკუთარი ხელით უნდა დავრგო.“მეგობრები სალმანს მიწის მომზადებაში დაეხმარნენ და წინასწარმეტყველმა სამასი ძირი თვითონ დარგო. ყველა ნერგმა იხარა.

რაც შეეხება დანარჩენ ფასს, ადრე წინასწარმეტყველს აჩუქეს ქათმის კვერცხისოდენა ოქრო, რომელიც საბადოდან იყო მოპოვებული. მან ის სალმანს მისცა და უთხრა, მისი საშუალებით ეყიდა თავისუფლება. „რამდენად დაფარავს ეს თანხას, რაც უნდა გადავიხადო?“ იკითხა სალმანმა, რადგანაც ფიქრობდა, რომ ფასს ჯერ კიდევ ბევრი დააკლდებოდა. წინასწარმეტყველმა ოქრო გამოართვა, პირთან მიიტანა და ენა შემოუსვა. შემდეგ ისევ სალმანს დაუბრუნა და უთხრა: „აიღე ის და გადაუხადე მათ მთელი საფასური.“ სალმანმა ებრაელებს აუწონა ორმოცი უნცია იმ ოქროდან და ასე გახდა თავისუფალი კაცი.5

მედინაში კიდევ ერთმა მშვიდობიანმა თვემ ჩაიარა, შემდეგ კი წინასწარმეტყველი სწრაფად გაუძღვა ათას კაცს ჩრდილოეთით დაახლოებით ხუთი მილის მანძილზე დუმათ ალ-ჯანდალის კიდისაკენ. ეს იყო ოაზისი სირიის საზღვართან, რომელიც ყაჩაღებით აივსო, ძირითადად ბანუ ქალბიდან. მათ არაერთხელ მოიტაცეს ზეთისა და ფქვილის, ასევე სხვა საქონლის მარაგი, როდესაც ეს ყველაფერი მედინაში მიჰქონდათ. არსებობდა იმის ფიქრის გარკვეული საფუძველიც, რომ მათ კავშირი შეკრეს კურეიშთან, რაც შემდეგს ნიშნავდა: ისინი თავს დაესხმებოდნენ მედინას ჩრდილოეთიდან, როდესაც დადგებოდა ისლამზე საერთო გააფთრებული შეტევის დღე. წინასწარმეტყველსა და მის მეგობრებს მუდმივად მხედველობაში ჰქონდათ აღნიშნული დღე; და, მართალია, ამ ექსპედიციის უშუალო შედეგი მხოლოდ ის იყო, რომ ყაჩაღები განდევნეს და მათი ფარები და რემები, რომლებიც ოაზისის სამხრეთ საძოვრებზე ბალახობდნენ, მიითვისეს, ყოველივე ამან სასურველი შედეგი გამოიღო და შთაბეჭდილება მოახდინა ზოგადად ჩრდილოეთის ტომებზე იმ თვალსაზრისით, რომ უჩვენა არაბეთში არსებული ახალი მზარდი ძალის არსებობა. ისტორიას ჩაბარდა სამოქალაქო უთანხმოების დრო, რომელმაც მედინა ასე მგრძნობიარედ აქცია გარე თავდასხმების მიმართ. ახლა ეს უთანხმოება ჩაანაცვლა მჭიდროდ გაერთიანებულმა მზარდმა ძალამ, რომელსაც შორ მანძილზე ფართოდ შეეძლო დარტყმა, თანაც გასაოცარი სისწრაფით და, რაც მთავარია, ეს იყო ძალა, რომლისაც უნდა შინებოდათ, რადგანაც მან კარგად იცოდა, რომ თავდასხმა იყო თავდაცვის ყველაზე სანდო ხერხი.

ასეთი გახლდათ გარეგნული შთაბეჭდილება, მაგრამ მათთვის, ვისაც შეეძლო უფრო ახლოს მისვლა, ეს ძალა კიდევ უფრო დიდი იყო, ვიდრე შორიდან ჩანდა, რადგანაც ეფუძნებოდა ერთობას, რომელიც თავისთავად სასწაულია. გამოცხადებამ წინასწარმეტყველს აუწყა: შენ ყველაფერი რომ დაგეხარჯა, რაც კი დედამიწის ზურგზეა, ვერ გააერთიანებდი მათ გულებს. მაგრამ ღმერთმა გააერთიანა მათი გულები.6 თუმცა წინასწარმეტყველის ყოფნას მაინც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ერთობის გასაცნობიერებლად. საბედნიეროდ, მისი მიმზიდველობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერც ერთი ნორმალური კეთილი ნების კაცი მის მიმართ გულგრილი ვერ დარჩებოდა და წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. „თქვენგან არავის არ ექნება რწმენა მანამდე, სანამ მე არ გავხდები მისთვის უფრო ძვირფასი, ვიდრე ვაჟი, მამა და, საერთოდ, ყველა ადამიანი ერთად.“7 მაგრამ წინასწარმეტყველის ეს სიტყვები იმდენად მოთხოვნა არ ყოფილა, რამდენადაც დადასტურება ნაბოძები სიყვარულის სისწორისა - სიყვარულისა, რომელიც თავის გამოხატულებას ასე ხშირად პოვებდა გამონათქვამში: „მამაჩემი და დედაჩემი იყვნენ შენი გამოსასყიდი.“

მშვიდობიანობის პერიოდი არ იყო დასვენების ჟამი წინასწარმეტყველისათვის. მან წამოაყენა იდეალი, რომ ოცდაოთხი საათის ყოველი მესამედი ციკლი განკუთვნილი უნდა ყოფილიყო ლოცვისათვის, მესამედი - საქმისათვის, ხოლო მესამედი - ოჯახისათვის. ეს ბოლო მესამედი შეიცავდა ძილის დროსა და იმ პერიოდებსაც, რომელსაც ოჯახი საკვების მიღებისას ატარებდა ერთად. რაც შეეხება თაყვანისცემას, მისი უდიდესი ნაწილი ღამით სრულდებოდა. გარდა საღამოსა და განთიადის ლოცვებისა, მუსლიმები იმავე თანამიმდევრობით ნებაყოფლობით ლოცვებს წარმოთქვამდნენ. ყურანი კრძალავდა თავისი აიების ხანგრძლივ დეკლამაციას, ამიტომაც წინასწარმეტყველმა დააწესა მთელი რიგი ლიტანიებისა მეტანიებითა და ქებით. ღამის გრძელი თაყვანისცემა დამკვიდრდა, როგორც ნორმა, პირველი გამოცხადებების მეშვეობით, მაგრამ საზოგადოება, რომელშიც ის მიღებულ იქნა, სულიერი რჩეულებისა იყო. მედინასაც ჰყავდა თავისი ასეთი თავდაპირველი რჩეული მორწმუნეები. მაგრამ ისლამის სწრაფმა გავრცელებამ ბოლო წლების განმავლობაში ეს საზოგადოება ერთგვარად უმცირესობად აქცია. ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც ჯგუფი, რომელიც შენთანაა, იმ აიაში, რაც ახლა გამოცხადებულ იქნა იმ მიზნით, რომ შეემსუბუქებინა აუცილებლობა, რომელიც თან ახლდა გრძელ ღამისთევებს: ჭეშმარიტად, ღმერთმა იცის, რომ იცავ მღვიძარებას ღამის ორი მესამედის განმავლობაში, ხანდახან ნახევარი, ხანდახან კი მესამედი ღამის განმავლობაში, შენ და იმათი ჯგუფი, ვინც შენთანაა. ღმერთი გაზომავს ღამესა და დღეს. მან იცის, რომ ვერ შეძლებთ მის გაზომვას ზუსტად, ამიტომაც შეგიმსუბუქათ თქვენ, მაშ, წარმოთქვით ყურანიდან იმდენი, რამდენიც იოლია თქვენთვის. 8

მეგობართაგან რჩეულნი მაინც განაგრძობდნენ ხანგრძლივ ლოცვას ღამით, რომლის ბოლო მესამედიც, წინასწარმეტყველის თქმით, განსაკუთრებული მადლის მომცემი იყო: „ყოველ ღამეს, როდესაც ჯერ კიდევ არ დამდგარა მისი ბოლო მესამედი, ჩვენი უფალი - კურთხეული და დიდებული იყოს იგი - ძირს ჩამოდის ზეცის ყველაზე ქვედა შრეში და ამბობს: `ვინ მიხმობს მე, რომ მას პასუხი გავცე? ვინ აღავლენს ლოცვას ჩემს წინაშე, რომ ვუბოძო, რაც სურს? ვინ მთხოვს პატიებას, რომ მივუტევო?'“9 ამ დროსთან დაკავშირებით ასევე გამოცხადებულ იქნა: ისინი ტოვებენ თავიანთ საწოლებს, რათა მიმართონ უფალს შიშითა და ძლიერი სურვილით, და, რაც მათ ვუბოძეთ, იმას გასცემენ. და არც ერთმა სულმა არ იცის ის დამალული ნეტარება, რომელიც დაცულია მათთვის, როგორც ჯილდო იმისათვის, რის გაკეთებაც სურდათ.10

ყოველდღე ციკლთა ზუსტი განაწილება საათობრივად სამი მიზნით - ლოცვისათვის, საქმისა და ოჯახისათვის - მხოლოდ მიახლოებითი შეიძლებოდა ყოფილიყო. რაც შეეხება ოჯახს, წინასწარმეტყველს თავისი საკუთარი ოთახი არ გააჩნდა და ყოველ საღამოს იგი მიდიოდა იმ ცოლის ბინაში, რომლის ჯერიც იყო, მისთვის სახლი მიეცა მომდევნო ოცდაოთხი საათის განმავლობაში. დღისით მას ხშირად ნახულობდნენ ქალიშვილები და მამიდა, საფიჲჲა, ან ის მიდიოდა მათთან სტუმრად. ფატიმას მამასთან მიჰყავდა თავისი ორი ვაჟიშვილი. ჰასანი ახლა თითქმის წლინახევრის იყო, ხოლო რვა თვის ჰუსეინი უკვე სიარულს იწყებდა. წინასწარმეტყველს ასევე უყვარდა თავისი პატარა შვილიშვილი გოგონა, უმამა, რომელიც თითქმის ყოველთვის თან ახლდა თავის დედას, ზეინაბს. ერთხელ თუ ორჯერ წინასწარმეტყველმა ის მეჩეთში წაიყვანა, ხელში დაიჭირა და ასე ჰყავდა, როდესაც ყურანის აიებს წარმოთქვამდა. ძირს ჩამოსვამდა ხოლმე თავდახრისა და დაჩოქების დროს, შემდეგ კი ისევ ხელში იყვანდა, როგორც კი აღიმართებოდა.11 კიდევ ერთი საყვარელი არსება იყო თხუთმეტი წლის უსამა, ზეიდისა და უმმ აიმანის ვაჟი, ძალიან ძვირფასი წინასწარმეტყველისათვის როგორც მშობლების, ასევე თავისთავად ამ ბიჭის პიროვნების გამო. იგი შვილიშვილად იყო მიჩნეული ოჯახში და ხშირად სახლში გახლდათ ან მის კართან იდგა.

შუადღის შემდეგ თითქმის ყოველთვის წინასწარმეტყველი მიდიოდა აბუ ბაქრთან, როგორც ამას მექაში აკეთებდა. გარკვეულწილად ოჯახის საჭიროებანი და საზოგადო საქმე ერთმანეთს ემთხვეოდა, რადგანაც მას ხშირად სურდა, აბუ ბაქრთან ესაუბრა არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე იქცეოდა იგი ზეიდთან და თავის ორ სიძესთან, ‛ალისთან და ‛უსმანთან. მაგრამ არსებობდა საშიშროება, რომ საქმე მთლიანად მოიცავდა წინასწარმეტყველის ცხოვრებას, რადგანაც ვერც ერთი ხმა ვერ შეედრებოდა მთელ მედინაში მისას, როდესაც გადასაჭრელი ხდებოდა პრობლემა, ან პასუხი იყო გასაცემი კითხვაზე თუ კაზუსი მოსაგვარებელი. თვით ისინიც კი, ვისაც არ სჯეროდათ მისი წინასწარმეტყველობისა, საჭიროების შემთხვევაში მას მიმართავდნენ დახმარებისათვის, თუ განსაკუთრებულად ქედმაღალი არ იყო რომელიმე მათგანი. ჩხუბები მუსლიმებსა და ებრაელებს შორის არ იყო იშვიათი, როდესაც ხშირად ხდებოდა დასაგმობი უადგილო მხურვალე მონდომება, მაგალითად, იყო ერთი ასეთი შემთხვევა: ვიღაც ანსარმა ერთ ებრაელს მხოლოდ იმიტომ გაარტყა, რომ გაიგო, როგორ წარმოთქვამდა იგი ფიცს. „შენ კიდევ იმის სახელით იფიცებ,“ თქვა მუსლიმმა, „ვინც მოსე მთელ კაცობრიობაში გამოარჩია, მაშინ, როდესაც წინასწარმეტყველი ჩვენს შორისაა?“ ებრაელმა იჩივლა წინასწარმეტყველთან, რომლის სახეც აღსავსე იყო რისხვით, როდესაც ის კიცხავდა მოძალადე მუსლიმს. თვითონ ყურანში აღნიშნულია, რომ ღმერთმა ასე მიმართა მოსეს: მოსე, მე გამოგარჩიე შენ მთელ კაცობრიობაში ჩემი უწყებებითა და შენთან ჩემი საუბრით.12 ყურანში აგრეთვე ნათქვამია: ჭეშმარიტად, ღმერთმა გამოარჩია ადამი, ნოე, აბრაამის ოჯახი და ‛იმრანის ოჯახი ყველა სამყაროდან.13 მაგრამ მიხვდა რა, რასაც ის კაცი ფიქრობდა, უთხრა: „ნუ იტყვი, რომ მე უკეთესი ვარ, ვიდრე მოსე.“ 14 როგორც ჩანს, მიუთითებდა რა უადგილო მოწადინების კიდევ ერთ სხვა შემთხვევაზე, მან თქვა: „ნურც ერთი თქვენგანი ნუ იტყვის, რომ მე უკეთესი ვარ, ვიდრე იონა.“15 გამოცხადებამ უკვე მოუვლინა სიტყვები, როგორც ნაწილი მათი კრედოსი: ჩვენ არ განვასხვავებთ ერთმანეთისაგან მის წინასწარმეტყველებს/არ გამოვარჩევთ რომელიმეს მის წინასწარმეტყველთაგან.16

რაც შეეხება საზოგადოების, როგორც ერთობის, კეთილდღეობას შინაგანი ჰარმონიის, ასევე დანარჩენ არაბეთთან და მის მიღმა ტერიტორიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, იშვიათად თუ გავიდოდა დღე, რომ წინასწარმეტყველის რჩევა ან დახმარება არ დასჭირვებოდა ერთ ან მეტ მორწმუნეს სრულიად პირად საკითხში, ან მატერიალურში, მაგალითად, როგორც ეს მოხდა სალმანის შემთხვევაში, ან სულიერში, მაგალითად, როდესაც აბუ ბაქრმა მას მიუყვანა კაცი ბანუ თამიმიდან, სახელად ჰანზალა, ვინც მედინაში დასახლებულიყო. ჰანზალამ თავისი პრობლემით ჯერ აბუ ბაქრს მიმართა, მაგრამ აბუ ბაქრმა იგრძნო, რომ ამ შემთხვევაში პასუხი უმაღლესი ხელისუფლისაგან უნდა წამოსულიყო. კაცის სახე მწუხარებით იყო აღსავსე და, როდესაც წინასწარმეტყველმა ჰკითხა, რა სჭირდა, მან უპასუხა: „ჰანზალა წარმართია, ღმერთის მოციქულო.“ წინასწარმეტყველი ჩაეძია, რას გულისხმობდა. მან კი მიუგო: „ღმერთის მოციქულო, ჩვენ შენთან ვართ და შენ გველაპარაკები გეენასა და სამოთხეზე ისე, თითქოს ისინი ჩვენს თვალწინაა უშუალოდ. შემდეგ შენგან მივდივართ და ჩვენს გონებას მოიცავენ ჩვენი ცოლები და შვილები, საკუთრება, ამიტომაც ბევრი რამ გვავიწყდება.“ წინასწარმეტყველის პასუხმა ნათელი გახადა, იდეალი იყო, სულიერ რეალობათა შეგრძნება ისე შეენარჩუნებინათ, რომ თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების მიმდინარეობა არ შეეცვალათ: „იმის სახელით, ვის ხელშიც ჩემი სულია,“ თქვა მან, „თქვენ ისე ურყევნი რომ იყოთ, როგორც ჩემთან ერთად ყოფნისას, ან როდესაც გახსოვთ ღმერთი, მაშინ ანგელოზები მოვიდოდნენ თქვენს წასაყვანად ხელით, როდესაც თქვენ თქვენს საწოლებში წევხართ ან სადმე გზაში ხართ. მაგრამ, ჰანზალა, ხან ასეა, ხან - ისე, ხან - ასე, ხან - ისე, ხან - ასე, ხან - ისე!“17

ასეთი მოთხოვნები წინასწარმეტყველის დროზე, რა თქმა უნდა, არ უნდა ყოფილიყო თავიდან აცილებული; მაგრამ არსებობდა მზარდი საჭიროება იმისაც, რომ იგი დაცული ყოფილიყო სხვა სახით. და ეს დაცვა, რომელიც ახლა მოვიდა, არ იყო დაუკავშირებელი ერთ საკმაოდ მოულოდნელ მოვლენასთან, რომელმაც ხაზი გაუსვა მის სრულიად გამორჩეულ, პრივილეგირებულ მდგომარეობას. ერთ დღეს მოხდა ისე, რომ წინასწარმეტყველს უნდოდა რაღაცის შესახებ ესაუბრა ზეიდთან, და მის სახლში წავიდა. ზეინაბმა გააღო კარი და, როდესაც იდგა და ეუბნებოდა, რომ ზეიდი გასული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეპატიჟებოდა, შინ შესულიყო, ორ ბიძაშვილს შორის ისეთმა მზერამ გაირბინა, რომ ორივე მათგანს აგრძნობინა, მათ შორის ღრმა და ხანგრძლივი სიყვარული არსებობდა. იმ წუთში წინასწარმეტყველისთვის ცხადი იყო, ზეინაბს უყვარდა, მასაც უყვარდა ზეინაბი და ქალმა იცოდა, რომ მუჰამედს უყვარდა. მაგრამ რას ნიშნავდა ეს? მას გაუკვირდა ამ გრძნობის სიძლიერე, ამიტომაც მი პატიჟებაზე უარი თქვა და, როდესაც წასასვლელად შებრუნდა, ქალმა გაიგო, როგორ ამბობდა: „დიდება უსასრულო ღმერთს! დიდება მას, ვნც განაგებს ადამიანთა გულებს!“ ზეიდი დაბრუნდა, ზეინამბა უთხრა, რომ წინასწარმეტყველი იყო მისული, და ასევე იმ დიდების შესახებაც მოუყვა, რომელიც მან წარმოთქვა და ქალმაც გაიგონა. ზეიდი მაშინვე წავიდა წინასწარმეტყველთან და უთხრა: „ზეინაბმა მაუწყა, რომ ჩემს სახლში მოსულხარ. რატომ არ შემოხვედი შენ, ვინც ჩემთვის იმაზე მეტი ხარ, ვიდრე მამა და დედა? იმიტომ, რომ ზეინაბმა შენი გული მოიგო? თუ ასეა, მე მას გავათავისუფლებ.“ „დატოვე შენი ცოლი შენთან და გეშინოდეს ღმერთის,“ ერთგვარი კატეგორიულობით მიუგო წინასწარმეტყველმა. ერთ სხვა შემთხვევაში მას ნათქვამი ჰქონდა: „კანონიერ მოვლენათა შორის ღმერთისათვის ყველაზე მეტად საძულველია გაყრა.“18 და, როდესაც მეორე დღეს ზეიდი იმავე წინადადებით მივიდა, წინასწარმეტყველმა ისევ კატეგორიულად მოსთხოვა, თავისთან დაეტოვებინა ცოლი. მაგრამ, ქორწინება ზეიდსა და ზეინაბს შორის არ ყოფილა ბედნიერი, ამიტომაც ზეიდმა ამის მოთმენა ვეღარ შეძლო და ზეინაბთან ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე მას გაეყარა. მაგრამ ამას ზეინაბი კანონიერ საცოლედ არ უქცევია წინასწარმეტყველისათვის მიუხედავად იმისა, რომ ყურანმა მხოლოდ შემდეგი დააკონკრეტა: კაცებს ეკრძალებოდათ, შეერთოთ ცოლები თავიანთი ვაჟებისა, რომლებიც უშუალოდ მათგან იყვნენ ნაშობნი. თუმცა მაინც მყარ სოციალურ პრინცი პად რჩებოდა, ერთმანეთისაგან არ განერჩიათ ნაშობი და ნაშვილები ძეები. არც თვითონ წინასწარმეტყველი იყო კანონიერი საქმრო, რადგანაც მას უკვე ჰყავდა ოთხი ცოლი, მაქსიმუმი იმისა, რის ნებასაც ისლამი რთავს.

გავიდა რამდენიმე თვე და ერთხელაც, როდესაც წინასწარმეტყველი ერთ-ერთ ცოლს ესაუბრებოდა, იგი გამოცხადების ძალამ მოიცვა. ცნობიერებაში დაბრუნებისთანავე პირველი სიტყვები, რაც თქვა, იყო: «ვინ წავა ზეინაბთან და აუწყებს კარგ ამბავს, რომ ღმერთმა მომცა ის ქორწინებაში თვით ზეციდან?» სალმა, საფიჲჲას მსახური, რომელიც, დიდი ხანია, რაც წინასწარმეტყველის ოჯახის წევრად თვლიდა თავს, იქვე იყო და სასწრაფოდ წავიდა ზეინაბის სახლში. როდესაც ქალმა ეს სასიხარულო ამბავი შეიყტო, ღმერთი ადიდა, ძირს დაეცა მუხლმოდრეკილი, სახით მექისაკენ. შემდეგ მოიხსნა თავისი ვერცხლის სამაჯურები და სალმას აჩუქა.

ზეინაბი ახალგაზრდა აღარ იყო, თითქმის ორმოცი წელი შესრულებოდა, მაგრამ შეენარჩუნებინა თავისი შთამბეჭდავი სილამაზე. გარდა ამისა, ის დიდად სათნო ქალი გახლდათ, მარხულობდა, იცავდა ხანგრძლივ მღვიძარებებს და ბევრს გასცემდა გლახაკებისათვის. იგი გამოცდილი იყო ტყავზე მუშაობაში და შეეძლო ფეხსაცმელებისა და სხვა საქონლის დამზადება. ყველაფერი, რასაც ასე გამოიმუშავებდა, განკუთვნილი ჰქონდა მოწყალებისათვის. მასთან მიმართებაში არ შეიძლება, ლაპარაკი ყოფილიყო რაიმე ფორმალურ ქორწინებაზე, რადგანაც გამოცხადებულ აიებში ეს ქორწინება აღნიშნულ იქნა, როგორც უკვე შემდგარი: ჩვენ ის შენ მოგათხოვეთ.19 მხოლოდ ისღა რჩებოდა, რომ პატარძალი სიძესთან მიეყვანათ, რაც დაუყოვნებლივ აღსრულდა.

აიები ასევე იძლეოდნენ მითითებას, ნაშვილები ვაჟები წოდებულნი ყოფილიყვნენ იმ მამათა მიხედვით, ვინც ისინი შვეს, ამიტომაც იმ დღიდან ზეიდი ცნობილი გახდა, როგორც ზეიდ იბნ ჰარისა, ნაცვლად ზეიდ იბნ მუჰამედისა, როგორც მანამდე ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ეძახდნენ. მაგრამ ყოველივე ამას არანაირად არ შეუცვლია ან გაუუქმებია თვითონ ეს შვილება, ან რაიმე ზეგავლენა მოუხდენია იმ სიყვარულსა და სიახლოვეზე, რომელიც იყო მშვილებელსა და ნაშვილებს შორის, ვინც ახლა თავიანთ მესამოცე და ორმოცდამეათე წლებს უახლოვდებოდნენ. ეს უბრალოდ იმას შეახსენებდა, რომ მათ შორის არ იყო სისხლით ნათესაობა, და, ამ თვალსაზრისით, გამოცხადება განაგრძობდა: მუჰამედი არ არის თქვენს შორის რომელიმე კაცის მამა, არამედ ის არის ღმერთის მოციქული და წინასწარმეტყველთა ბეჭედი.20

ამავე პერიოდში გამოცხადებები ხაზს უსვამდა დიდ განსხვავებას წინასწარმეტყველსა და მის მიმდევართა შორის. მისთვის არ უნდა მიემართათ სახელით, როგორც ერთმანეთს მიმართავდნენ. უფლება, რომელიც ღმერთმა მისცა თავისი ახალი ქორწინების სახით, რომ ოთხზე მეტი ცოლი ჰყოლოდა, მხოლოდ მას ეხებოდა და არა დანარჩენ საზოგადოებას. უფრო მეტიც, მის ცოლებს მიეცათ ტიტული ერთგულთა დედებისა და მათი სტატუსი ისეთი იყო, რომ მკრეხელობა იქნებოდა ღმერთის თვალში, თუ წინასწარმეტყველზე ქორწინების შემდეგ ისინი ქორწინებაში მიეცემოდნენ სხვა კაცებს. თუ მორწმუნეები მათ დახმარებას სთხოვდნენ - ვინაიდან ხშირად ეძიებდნენ ცოლების შუამდგომლობას წინასწარმეტყველთან - ეს ფარდის მიღმა უნდა გაეკეთებინათ. მათ ასევე მიეცათ მითითება: თქვენ, ვისაც რწმენა გაქვთ, ნუ შეხვალთ წინასწარმეტყველის სახლში საჭმელად სათანადო დროის მოსვლამდე დაცდის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამაის ნება მოგეცემათ. თუ თქვენ მი პატიჟებული ხართ, მაშინ შედით და, როდესაც შეჭამთ, შემდეგ წადით. ნუ დარჩებით საუბრის მოლოდინში. ჭეშმარიტად, ეს შემაწუხებელი იქნება წინასწარმეტყველისათვის და ის თავს აარიდებს, რომ ეს გითხრათ, მაგრამ ღმერთი თავს არ არიდებს სიმართლეს. 21

ასეთი მითითებები აუცილებელი იყო, ვინაიდან მუსლიმებს წინასწარმეტყველი ძალიან უყვარდათ და ძლიერ სურდათ, მასთან ყოფილიყვნენ მაქსიმალურად ხანგრძლივად და ხშირად. ისინი, ვინც მასთან რჩებოდნენ, ყოველთვის ამჟღავნებდნენ, რომ არ უნდოდათ მისი დატოვება. ამის გამო მორწმუნეებს ვერც დაადანაშაულებდნენ, რადგანაც, როდესაც წინასწარმეტყველი ვინმეს ესაუბრებოდა, მისკენ სრულად იყო მიქცეული და ისე ფართოდ აქცევდა მას თავისი ყურადღების საგნად, რომ ადამიანი დარწმუნებული იყო, მას პრივილეგია მიენიჭა და მიეცა გარკვეული თავისუფლებანი, რომლებითაც სხვები ვერ სარგებლობდნენ. როცა იგი ადამიანის ხელს იღებდა, თვითონ არასოდეს არ გაუშვებდა პირველი. მაგრამ, იცავდა რა წინასწარმეტყველს, იმხანად გამოცხადებამ ახალი ელემენტი შეიტანა ლიტურგიაში, რამაც მის ხალხს საშუალება მისცა, გამოეხატა თავისი სიყვარული მის მიმართ და ესარგებლა მისი სულიერი დიდებულებითა და გამოსხივებით არა აუცილებლად მასთან პირადად მისვლით: ჭეშმარიტად, ღმერთი და მისი ანგელოზები უხვად აძლევენ კურთხევას წინასწარმეტყველს. თქვენ, ვინც ირწმუნეთ, გაუგზავნეთ მას კურთხევა და მიეცით მშვიდობის მისალმება.22 ცოტა ხნის შემდეგ წინასწარმეტყველმა თავის ერთ-ერთ მეგობარს უთხრა: „ანგელოზი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „ერავინ ვერ გამოგიგზავნის შენ კურთხევას ერთხელ ისე, რომ ღმერთმა თვითონ მას ათმაგად არ გაუგზავნოს ეს კურთხევა.“ 23

______________________

1. IV, 101-2.

2. ვ. 487.

3. მ. XLIX, 4.

4. ი.ი. 664.

5. ი.ი. 141-2.

6. VIII, 63.

7. მ. I, 16.

8. XXIII, 20.

9. ბ. XIX, 12.

10. XXXII, 16-17.

11. ი.ს. VII, 26.

12. VII, 144.

13. III, 33.

14. ბ.LXV, VII სურა.

15. ბ.LXI, სურა XXXVII.

16. II, 285.

17. მ. XLIX, 2.

18. ა.დ. XII, 3.

19. XXXIII, 40.

20. XXXIII, 37.

21. XXXIII, 53.

22. XXXIII, 56.

23. დ. XX, 58.

59 LIX. ჰენდექი (სანგარი)

▲ზევით დაბრუნება


ბანუ ნადირის ლტოლვილი ებრაელები, რომლებიც ხაიბარში დასახლდნენ, განწყობილნი იყვნენ საიმისოდ, რომ დაკარგული დაებრუნებინათ. მათი იმედები მიმართული იყო კურეიშის მზადებისაკენ წინასწარმეტყველზე საბოლოოდ დასარტყმელად; ისლამის მეხუთე წლის ბოლოს - ეს იყო ქრისტეს შობიდან 627 წლის დამდეგს - აღნიშნული სამზადისი დაგვირგვინდა ჰუჲაისა და ხაიბარის სხვა ებრაელი ლიდერების საიდუმლო ვიზიტით მექაში. „ჩვენ შენთან ვართ,“ უთხრეს მათ აბუ სუფიანს, „რათა გავანადგუროთ მუჰამედი.“ ასე რომ, მან, საფვანმა და კურეიშის სხვა ბელადებმა ებრაელები ქა‛აბას შიგნით შეიყვანეს, სადაც ერთად დადეს მყარი ფიცი ღმერთის წინაშე, რომ ერთმანეთს არ უღალატებდნენ, სანამ დასახულ მიზანს არ მიაღწევდნენ. მაშინ კურეიშს საშუალება მიეცა, ახალი სარწმუნოების ფუძემდებელთან თავისი კონფლიქტის უფლებებისა და სამართლიანობის შესახებ ეკითხა. „ებრაელთა კაცნო,“ თქვა აბუ სუფიანმა, „თქვენ ხართ პირველი წერილის ხალხი და გაქვთ ცოდნა. გვითხარით, რა პოზიციაზე უნდა დავდგეთ მუჰამედთან მიმართებაში. ჩვენი რელიგია უკეთესია, ვიდრე მისი?“ მათ უპასუხეს: „თქვენი სარწმუნოება უკეთესია, ვიდრე მისი, და თქვენ უფრო ახლოს ხართ სიმართლესთან, ვიდრე ის.“

ამ შეთანხმების საფუძველზე მოკავშირეებმა შეიმუშავეს თავიანთი გეგმები. ებრაელებმა ითავეს, რომ აამხედრებდნენ ნაჯდის ველის ყველა მომთაბარეს, ვისაც კი რაიმე წყენა და პრეტენზია ჰქონდა მედინის წინააღმდეგ; სადაც შურისძიების სურვილი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა, საქმე საბოლოოდ ქრთამით უნდა მოეგვარებინათ. ბანუ ასადმა მზადყოფნა გამოხატა და დასთანხმდა დახმარებაზე, რაც შეეხება ბანუ ღატაფანს, მათ დაჰპირდნენ ხაიბარის ფინიკის მოსავლის ნახევარს, თუ ისინი მექელებს შეუერთდებოდნენ. ამ შეთანხმებამ მტრის არმია დაახლოებით ათასი კაცით გაზარდა ღატაფანის კლანებიდან, ესენი იყვნენ ფაზარა, მურრა და აშჯა‛ი. ებრაელებმა წარმატებით მოახერხეს ბანუ სულაიმიდან შვიდასკაციანი კონტინგენტის გადაბირება, მათი რიცხვი მეტიც იქნებოდა უეჭველად, მაგრამ მა‛ნუნას ჭასთან მოწყობილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ამ ტომის პატარა, მაგრამ მაინც მზარდი ჯგუფი ისლამის მიმართ კეთილად იყო განწყობილი. რაც შეეხება სულაიმის სამხრეთ მეზობელს, ბანუ ‛ამირს, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში წინასწარმეტყველთან დადებული შეთანხმების ერთგულნი დარჩნენ.

თვითონ კურეიში და მათი უახლოესი მოკავშირენი ოთხიათასი იყვნენ. რამდენსამე სხვა კონტინგენტთან ერთად ისინი უნდა წასულიყვნენ მექიდან მედინისაკენ დასავლეთის სანაპირო გზით, იმავე მარშრუტით, რომლითაც უჰუდისაკენ გაემართნენ. მეორე ჯარი, პირველზე საგრძნობლად მცირე, მედინას უნდა მისდგომოდა აღმოსავლეთიდან, ანუ ნაჯდის ველიდან. ორი არმია ერთად აღებული სამჯერ უფრო მეტად აღემატებოდა კურეიშის ძალებს უჰუდთან. იქ მუსლიმები დაამარცხეს სამიათასკაციანი ჯარით. ახლა რის გაკეთების იმედი უნდა ჰქონოდათ მათ ათიათასის წინააღმდეგ? მეტიც, ამჯერად ორასკაციანი კავალერიის მაგიერ კურეიშს სამასკაციანი ჰყავდა და კიდევ ერთი ამდენის იმედი თავისუფლად უნდა ჰქონოდა ღატაფანიდან.

გეგმის თანახმად, წარმართები გავიდნენ მექიდან. დაახლოებით ამავე დროს, შესაძლოა, ‛აბბასის ჩუმი მითითებითა და მხარდაჭერით, რამდენიმე ცხენოსანი ბანუ ხუზა‛ადან მთელი სისწრაფით გაემართა მედინისაკენ, რათა წინასწარმეტყველი გაეფრთხილებინა მოახლოებული თავდასხმის შესახებ და მისთვის ეცნობებინა მტრის ძალების დეტალები. მათ მასთან ოთხ დღეში ჩააღწიეს, ამდენად, მხოლოდ ერთი კვირა მიეცა მოსამზადებლად. სასწრაფოდ განგაში ატეხა მთელ ოაზისში, თავისი მიმდევარნი გაამხნევა და დაჰპირდა, რომ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ, თუ იქონიებდნენ მოთმინებასა და ღვთის შიშს, ასევე დაემორჩილებოდნენ ბრძანებებს. შემდეგ, როგორც ეს უჰუდის დროს გააკეთა, მორწმუნეები საბჭოზე შეკრიბა, რომელზეც მრავალი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნებოდა მოქმედების საუკეთესო გეგმა. მაგრამ საბოლოოდ სალმანი წამოდგა ფეხზე და თქვა: «ღმერთის მოციქულო, სპარსეთში, როდესაც ჩნდებოდა კავალერიის თავდასხმის საშიშროება, ჩვენ გარშემო სანგარს შემოვივლებდით ხოლმე, მაშ, მოდი, გავაკეთოთ თხრილი ჩვენს გარშემო». ამ გეგმას ყველა ენთუზიაზმით დაეთანხმა, მათ სრულიადაც არ სურდათ, რომ უჰუდის სტრატეგია გაემეორებინათ.

დრო ცოტა ჰქონდათ და ყველანაირი ღონე უნდა ეხმარათ, რათა არ დარჩენილიყო რაიმე საშიში ცარიელი ადგილი დაცვის სისტემაში. მაგრამ არ იყო აუცილებელი, ეს თხრილი უწყვეტი ყოფილიყო, რადგანაც ბევრგან ციხესიმაგრის მსგავსი სახლების ერთობლიობა იდგა განივრად ქალაქის განაპირას, რაც საკმარის ფორტიფიკაციას წარმოადგენდა თავდასაცავად. ჩრდილო-დასავლეთით კი ეშვებოდა მასობრივი კლდეები, რომლებიც თავისთავად მიუდგომელი იყო და უბრალოდ ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინათ. ამათგან ყველაზე ახლოს მდებარე, ცნობილი, როგორც სალ‛ის მთა, უნდა მოექციათ თხრილის შიგნით, რადგანაც მისი მიმდებარე ტერიტორია არაჩვეულებრივი ადგილი გახლდათ ბანაკისათვის. თვითონ თხრილი ჩრდილოეთის მხრიდან უნდა შემოვლებოდა ბანაკს ფართო რკალის სახით ერთ-ერთი კლდოვანი სიმაღლიდან ქალაქის კედლის აღმოსავლეთ ნაწილის გარკვეულ პუნქტამდე. ეს უნდა ყოფილიყო თხრილის ყველაზე გრძელი ნაწილი რაიმე დამატებითი ელემენტების გარეშე, ამავე დროს, იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილიც.

სალმანმა, რომელიც ამ სტრატეგიის ორგანიზატორი შეიქნა, ზუსტად იცოდა, რა სიგანისა და სიღრმისა უნდა ყოფილიყო თხრილი. მანამდე ბანუ კურაიზასთან მუშაობდა და ისიც კარგად უწყოდა, რომ მათ ჰქონდათ მთელი აღჭურვილობა, რაც საჭირო იყო. მათ არც უთქვამთ უარი, ისინი მუსლიმებისათვის ეთხოვებინათ საერთო საშიშროების დროს, მიუხედავად იმისა, რომ მაინცდამაინც არ უყვარდათ წინასწარმეტყველი. ებრაელთა უმრავლესობა ფიქრობდა, მასთან დადებულ ხელშეკრულებას უფრო პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა, თუმცა მიაჩნდათ, რომ ის არ უნდა დაერღვიათ. წერაქვები, თოხები და ნიჩბები ითხოვეს მათგან. მათ ასევე მისცეს ფინიკის კალათები, რომლებიც მჭიდროდ იყო მოქსოვილი პალმის ბოჭკოებისაგან და გამოდგებოდა ამოთხრილი მიწის გადასაზიდად.

წინასწარმეტყველმა თავისი საზოგადოების თითოეულ განსაზღვრულ ნაწილს დააკისრა პასუხისმგებლობა თხრილის გარკვეულ ნაწილზე და თვითონაც მიიღო სამუშაოებში მონაწილეობა. ისინი სამუშაოდ ყოველდღე განთიადის ჟამს გადიოდნენ ლოცვების შემდეგ და შინ ბრუნდებოდნენ შებინდებისას. ერთ-ერთ პირველ დილას, როდესაც მათ მიუძღვოდა, მან მათ შეახსენა სიმღერა-საგალობელი, რომელსაც მეჩეთის მშენებლობისას ასრულებდნენ:

„ღმერთო, არ არსებობს არავითარი სიკეთე, გარდა საიქიოს სიკეთისა, მაშ, შეეწიე ანსარებსა და მუჰაჯირებს.“ სტროფი მაშინვე აიტაცა ყველამ. ხან კი ასე მღეროდნენ: „არ არსებობს სიცოცხლე, გარდა საიქიოს სიცოცხლისა. შეიწყალე, ღმერთო, მუჰაჯირები და ანსარები.“

მუსლიმები გამუდმებით ახსენებდნენ ერთმანეთს, რომ დრო მცირე იყო. მტერი სულ მალე მათთან იქნებოდა და, თუ რომელიმე კაცი დაღლილობას ოდნავ მაინც გამოამჟღავნებდა, მაშინვე განკიცხვის საგნად იქცეოდა. მეორე მხრივ, სალმანი დიდი პატივისცემის ობიექტი გახდა, რადგანაც იგი მხოლოდ ძალიან ძლიერი და ახოვანი კი არ იყო, არამედ გამოწრთობილიც ბანუ კურაიზასათვის თხრასა და ზიდვაში. „იგი ათი კაცის საქმეს ასრულებს,“ ამბობდნენ და მათ შორის დაიწყო მეგობრული შეჯიბრი. «სალმანი ჩვენიანია,“ პრეტენზიას აცხადებდნენ მუჰაჯირები, მხედველობაში ჰქონდათ რა ის, რომ მან ბევრი ადგილი და სახლი მიატოვა ჭეშმარიტ გზაზე დასადგომად. „ის ერთ-ერთი ჩვენგანია,“ ამბობდნენ ანსარები, „ჩვენ უფრო მეტი უფლება გვაქვს მასზე. „მაგრამ წინასწარმეტყველმა თქვა: „სალმანი ერთი ჩვენგანია, სახლის ხალხთაგან ერთ-ერთი.“1

ამოთხრილი კლდეები და ქვები, რომლებიც სატყორცნ მასალად გამოდგებოდა, ერთად დაახვავეს თხრილის გასწვრივ მედინის მხარეს. მიწა თავზე შემოდგმული კალათებით მიჰქონდათ, ყრიდნენ და იმავე კალათით ქვები მოჰქონდათ. საუკეთესო ქვები იყო სალ‛ის მთის ძირში. კაცებს წელს ზემოთ სამოსი გაეხადათ და მათ, ვისაც კალათაზე არ მიუწვდებოდათ ხელი, თავიანთი ტანსაცმლისაგან ტომრები გააკეთეს და მათი გამოყენებით გადაჰქონდათ მიწა და ქვებიც. პირველ დილას მათ ბევრი ბიჭი გაჰყვა, რადანაც ძლიერ სურდათ, სამუშაოში მონაწილეობა მიეღოთ. მათგან ყველაზე პატარები უკან გაგზავნეს სახლში, მაგრამ წინასწარმეტყველმა ბევრ ბიჭს მისცა უფლება, ამოეთხარათ და ეზიდათ, მაგრამ განუმარტა, რომ მაშინვე უნდა დაეტოვებინათ ბანაკი, როგორც კი მტერი მოახლოვდებოდა. რაც შეეხება მათ, რომლებიც უკან გააბრუნეს უჰუდიდან - უსამას, ‛უმარის ვაჟ ‛აბდ ალლაჰსა და მის მეგობრებს - ახლა ისინი უკვე თხუთმეტი წლისანი იყვნენ, ამიტომაც მათაც და მათი ასაკის სხვა ახალგაზრდებსაც მიეცათ უფლება, კაცების რიგებში ჩამდგარიყვნენ არა მხოლოდ მუშაობის დროს, არამედ მაშინაც, როდესაც ბრძოლა დაიწყებოდა. ერთ-ერთი მათგანი, ბარა'ი, ავსის ტომის კლანიდან, ჰარისადან, მომდევნო წლებში ყვებოდა, რაოდენ ლამაზი იყო წინასწარმეტყველი, რომელიც მას მეხსიერებაში აღებეჭდა თხრილზე მუშაობის დროს. წითელი მოსასხამი შემოერტყა წელზე, მკერდზე მტვერი დასდებოდა, შავი თმები კი იმდენად გრძელი ჰქონდა, რომ მხრებზე სცემდა. „მასზე უფრო ლამაზი არასოდეს არავინ მინახავს,“ ამბობდა იგი. ბარა'ი არ ყოფილა ერთადერთი, რომელიც ხედავდა მის სილამაზეს, ასევე მთელი იმ სცენის სილამაზეს. განსაკუთრებით თვითონ წინასწარმეტყველმა, როდესაც ის მათ უყურებდა, გაიხარა, რომ მუსლიმები ასე უბრალონი და ბუნებასთან ახლოს მყოფნი იყვნენ - ახლოს ადამიანის პირველყოფილ მემკვიდრეობასთან - და დაიწყო სიმღერა, რომელიც ყველამ აიტაცა:

„ეს სილამაზე არ არის ხაიბარის სილამაზე. ეს უფრო უმანკოა, ღმერთო, და წმინდა.“

წინასწარმეტყველი ხან მუჰაჯირებთან მუშაობდა, ხანაც ანსარებთან, ხან თოხით, ხან ბარით, ხან კი მიწას ეზიდებოდა. მაგრამ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, გასაგები იყო, რომ მისთვის უნდა ეცნობებინათ რაიმე უჩვეულო სირთულის შესახებ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს საქმიანობა მეტად მძიმე იყო, მაინც ჩნდებოდა მხიარულების მომენტები. ახლად მოქცეული პიროვნება ბანუ დამრადან, ქვის სკამის ხალხთაგან ერთ-ერთი, ვინც მეჩეთში ცხოვრობდა, მეტად სათნო კაცი იყო, მაგრამ ფიზიკურად შეუხედავი, მეტიც, მშობლებს მისთვის დაერქმიათ ჯუ‛აილი, რომელსაც აქვს მეორეული მნიშვნელობა: „პატარა ხოჭო.“ ცოტა ხნით ადრე წინასწარმეტყველს მისთვის სახელი შეეცვალა და მიეცა ლამაზი სახელი ‛ამრი, რაც ნიშნავს ცხოვრებას, სულიერად კარგად ყოფნას, სარწმუნოებას. როდესაც ერთ-ერთმა მუჰაჯირმა ეს დამრელი თხრილთან მომუშავე დაინახა, ძალაუნებურად წარმოთქვა ლექსი:

„სახელი შეუცვალა ჯუ‛აილიდან ‛ამრად, იმ დღეს დაეხმარა საცოდავ კაცს.“

მუჰაჯირმა ლექსი ‛ამრს გაუმეორა, მათ კი, ვინც ეს გაიგეს, აქედან სიმღერა შექმნეს, თან იცინოდნენ. წინასწარმეტყველი მათ მხოლოდ მაშინ უერთდებოდა, როდესაც ამბობდნენ „‛ამრად“ და „დაეხმარა.“ ამ სიტყვებს იგი განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვამდა. შემდეგ მან ისინი სხვა სიმღერაში აიყოლია:

„ღმერთო, მხოლოდ შენს გზაზე ვიდექით, მხოლოდ შენს გამო გავცემდით მოწყალებას და ვლოცულობდით. მაშ, მოგვივლინე სიმშვიდე და განგვამტკიცე ამ ბრძოლაში. მტრებმა შეგვავიწროვეს და სცადეს ჩვენი შეცდენა, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით.“ 2

დახმარებისათვის პირველად დაიძახა ჯაბირმა, ვინც თხრისას დავიდა დიდ კლდემდე, რომელსაც ვერც ერთი იმ იარაღით ვერ იღებდნენ, რაც თან ჰქონდათ. წინასწარმეტყველმა მოატანინა ცოტა წყალი და მასში ჩააფურთხა. შემდეგ ილოცა, წყალი კლდეს მიასხურა და მათ ამის შემდეგ შეძლეს კლდის ამოღება ნიჩბით, თითქოს ის სილის გროვა ყოფილიყოს.3 მეორე დღეს ერთ მუჰაჯირს დასჭირდა დახმარება. მან რამდენჯერმე ამაოდ სცადა გაეპო ან გადაეადგილებინა კლდის ნამტვრევი, რომელიც თვითონ მოგლიჯა. ამის შემდეგ ‛უმარი წავიდა წინასწარმეტყველთან, რომელმაც წერაქვი აიღო და კლდის ნამტვრევს მთელი ძალით დაჰკრა. იმ მომენტში ელვის მსგავსი ძლიერი სინათლე გამოჩნდა ქალაქის თავზე და შემდეგ სამხრეთით. მან მეორედაც დაჰკრა და ისევ იყო ასეთი გაელვება, მაგრამ ამჯერად უჰუდის თავზე და მის გადაღმა ჩრდილოეთისაკენ. მესამე დარტყმაზე კლდე ნამსხვრევებად დაიშალა, ელვა კი გამოჩნდა აღმოსავლეთით. სალმანმა სამივე გაელვება დაინახა და მიხვდა, რომ ამას რაღაც მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომაც განმარტება სთხოვა წინასწარმეტყველს, რომელმაც უთხრა: „შეამჩნიე ისინი, სალმან? პირველმა სინათლემ მიჩვენა იემენის ციხე-სიმაგრეები, მეორემ - სირიისა, მესამის მეშვეობით კი ვიხილე ქისრას4 თეთრი სასახლე მადა'ინში. პირველის მეშვეობით ღმერთმა მე გამიხსნა იემენი, მეორის მეშვეობით - სირია და დასავლეთი, ხოლო მესამის მეშვეობით - აღმოსავლეთი.“ 5

თხრილზე მომუშავეთა უმრავლესობას საკმარისი საკვები არ ჰქონდა, არა და მძიმე სამუშაო მათ შიმშილს უფრო აძლიერებდა. ჯაბირი განსაკუთრებით შეწუხდა იმის გამო, რომ წინასწარმეტყველი სულ უფრო ხდებოდა (წონაში იკლებდა), რაც მაშინ შეამჩნია, როდესაც მისი დახმარება დასჭირდა თხრილზე მუშაობის დროს. იმ საღამოს მან თავის ცოლს ჰკითხა, წინასწარმეტყველს რაიმე საჭმელს ხომ ვერ მოუმზადებდა. „ჩვენ არაფერი გვაქვს, მხოლოდ ეს ცხვარი გვყავს,“ თქვა ქალმა, „და კიდევ ცოტაოდენი ქერი გვაბადია.“ ჯაბირმა დაკლა/შესწირა ცხვარი. მეორე დღეს მისმა ცოლმა ის შეწვა, ქერი დაფქვა და პური გამოაცხო. შემდეგ, როდესაც უკვე დაღამდა და სიბნელის გამო მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ, ჯაბირი წინასწარმეტყველთან მივიდა და ვახშამზე მიიწვია, რათა ერთად ეჭამათ ცხვრის ხორცი და ქერის პური. „წინასწარმეტყველმა ხელი დამადო,“ ყვებოდა ჯაბირი, „თავისი თითები ჩემსას მჭიდროდ გადააჯაჭვა. მე მინდოდა, მხოლოდ ის გამომყოლოდა, მაგრამ მან მომწოდებელს უთხრა, რომ ხალხისათვის დაეძახა: „გაჰყევით ღმერთის მოციქულს ჯაბირის სახლში. გამოეხმაურეთ, რადგანაც ჯაბირი გიწვევთ.“ ჯაბირმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც მორწმუნეებმა სასოწარკვეთილების ჟამს უნდა წარმოთქვან: ჭეშმარირად, ჩვენ ღმერთისთვის ვართ და მას დავუბრუნდებით, შემდეგ კი წინ წავიდა, რათა თავისი ცოლი გაეფრთხილებინა. „შენ დაპატიჟე ისინი თუ მან?“ ჰკითხა ქალმა. ქმარმა მიუგო: „მან.“ „მაშ, მოვიდნენ,“ თქვა ჯაბირის ცოლმა, „რადგანაც წინასწარმეტყველმა უკეთ უწყის.“ საჭმელი წინ დაუდეს წინასწარმეტყველს, მან აკურთხა ის და მასზე ღმერთის სახელი წარმოთქვა, შემდეგ კი ჭამა დაიწყო. მასთან ერთად ათი კაცი იჯდა, როდესაც ისინი დანაყრდნენ, ადგნენ და სახლში წავიდნენ, მათ მაგიერ სხვა ათი კაცი შემოვიდა და ასე გაგრძელდა, სანამ თხრილზე მომუშავეებმა ყველამ არ დაიკმაყოფილეს შიმშილი. ამის შემდეგაც მაინც დარჩა ცოტაოდენი ცხვრის ხორცი და პური.6

მეორე დღეს წინასწარმეტყველმა დაინახა, გოგონა შევიდა მათ ბანაკში ისე, რომ ხელში რაღაც ეჭირა. მას დაუძახა. ეს იყო ‛აბდ ალლაჰ იბნ რავაჰას დისშვილი. როგორც თვითონ გოგონა ამბობდა: „როდესაც ღმერთის მოციქულს ვუთხარი, რომ ცოტაოდენი ფინიკი მიმქონდა მამაჩემთან და ბიძაჩემთან, მან მითხრა, ხილი მისთვის მიმეცა. მე ნაყოფები ხელში ჩავუყარე, იმდენად ცოტა იყო, რომ ხელის გული ვერც კი დაუფარა. შემდეგ მოატანინა მატერია და ფინიკები მასზე ისროლა, ნაყოფები ნაჭრის ზედაპირზე გაიფანტა. წინასწარმეტყველმა გვერდით მყოფებს დაავალა, მომუშავეთათვის დაეძახათ, რათა მათ სადილი ეჭამათ. ისინიც მოვიდნენ და დაიწყეს ჭამა, ამასობაში ფინიკთა რაოდენობა სულ იმატებდა და იმატებდა ისე, რომ როდესაც კაცები დანაყრდნენ და წავიდნენ, ნაჭრის კუთხეებიდან კიდევ ბევრი ნაყოფი იკრიფებოდა.“7

____________________

1. იგულისხმება წინასწარმეტყველის ოჯახი.

2. ვ. 448-9; ი.ს. II/I, 51.

3. ი.ი. 671.

4. ხოსრო, სპარსეთის მეფე.

5. ვ. 450.

6. ი.ი. 627; ვ. 452.

7. ი.ი. 672.

60 LX. ალყა

▲ზევით დაბრუნება


სანგრის თხრა ახალი დამთავრებული ჰქონდათ - ამას მხოლოდ ექვსი დღე მოანდომეს - როდესაც მოვიდა ამბავი, რომ კურეიშელები მათ უახლოვდებოდნენ ‛აკიკის ველის მხრიდან და ახლა ისინი ქალაქიდან სულ ახლოს, სამხრეთ-დასავლეთით, იყვნენ, იმავდროულად ღატაფანი და ნაჯდის სხვა ტომები უჰუდისაკენ მიემართებოდნენ აღმოსავლეთიდან. ოაზისის გარეთ მდებარე ყველა სახლიდან ხალხი უკვე გაყვანილი იყო და მოთავსებული თავდაცვითი სისტემის შიგნით. წინასწარმეტყველმა ყოველ ქალსა და ბავშვს მიუჩინა ადგილი ციხე-სიმაგრეთა ზედა სართულებზე. შემდეგ თავის კაცებთან ერთად დაბანაკდა, სულ სამიათასი იყვნენ. მათ ადგილი სპეციალურად შეარჩიეს. მისი კარავი წითელი ტყავისა იყო, იგი სალ‛ის მთის ძირას გაეშალათ. ‛ა'იშა, უმმ სალამა და ზეინაბი რიგრიგობით მიდიოდნენ, რათა წინასწარმეტყველთან ყოფილიყვნენ იქ.

მექელთა ჯარმა და მათმა მოკავშირეებმა ცალ-ცალკე ბანაკები გაშალეს უჰუდის მახლობლად. კურეიშს ძალიან ეწყინა, როდესაც ნახა, რომ ოაზისის მარცვლეულის მოსავალი უკვე აღებული იყო. მათი აქლემები ‛აკიკის ველის აკაციებით იკვებებოდნენ. იმავდროულად ღატაფანის აქლემები არსებობდნენ თაფლინდის ორ სახეობაზე, რაც დაბლობის ისეთ ადგილებში იზრდებოდა, რომლებიც უფრო მდიდარი იყო მცენარეული საფარით და ახლოს მდებარეობდა უჰუდთან. მაგრამ არაფერი არ იყო არც ერთი ჯარის ცხენებისათვის გარდა იმ ფურაჟისა, რაც თან ჰქონდათ წამოღებული. ამიტომაც გადამწყვეტი გახდა, რაც შეიძლება, სწრაფად მოეთავებინათ მტერთან საქმე. ამ მიზნით ორი ჯარი გაერთიანდა და ქალაქისაკენ დაიძრა. აბუ სუფიანი მთავარსარდალი გახლდათ, მაგრამ სხვადასხვა ლიდერთაგან თითოეულს თავისი საპატიო დღე ჰქონდა, როდესაც მეომრებს უნდა გასძღოლოდა ნამდვილი ბრძოლისაკენ. ხალიდი და ‛იქრიმა ისევ მექის კავალერიას ედგნენ სათავეში, ‛ამრი ხალიდის ნაწილში იყო. როდესაც ისინი ახლოს მივიდნენ, გამოცოცხლდნენ, ვინაიდან მტრის ბანაკი თავიანთ წინ დაინახეს ქალაქის გარეთ. მათ ეშინოდათ, რომ მტერი ციხეში გამაგრებული დახვდებოდათ, მაგრამ ახლა გარეთ მათ შეეძლოთ მათთვის ეჯობნათ უბრალოდ თავიანთი სიმრავლის გამო. თუმცა, როდესაც უფრო ახლოს მივიდნენ, გაოცდნენ, რადგანაც თავიანთსა და მტერს შორის ფართო თხრილი დაინახეს, მეორე მხარეს სულ მშვილდოსნები იყვნენ ჩამწკრივებულნი. ცხენები ძნელად თუ მიაღწევდნენ ამ თხრილამდე, შემდეგ კი უფრო რთული იქნებოდა მისი გადალახვა, თანაც ახლა უკვე წამოვიდა ისრების წვიმა და იგრძნეს, მტრისათვის მისაწვდომ ადგილას იყვნენ, ამიტომაც უკან დაიხიეს უსაფრთხო დისტანციაზე.

დანარჩენი დღე თათბირს დაეთმო და საბოლოოდ გადაწყდა: მათი იმედი, შეიძლება, დაკავშირებული ყოფილიყო იმასთან, რომ მტერი ეიძულებინათ, თავისი ჯარის უდიდესი ნაწილი მედინის ჩრდილოეთიდან გადაესროლა, რათა ქალაქი სხვა ადგილებში დაეცვა. თუ თხრილს კაცების საკმაო რაოდენობა დაშორდებოდა, მაშინ უკვე ისეთი რთული აღარ იქნებოდა მისი გადალახვა. ახლა მათი ფიქრები მიმართული იყო ბანუ კურაიზასაკენ, რომლის ციხე-სიმაგრეც მედინასთან მისასვლელს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კეტავდა. შეთანხმების თანახმად, ნადირელი ჰუჲაი იმიტომ ჩამოვიდა ხაიბარიდან, რომ ჯარს შეერთებოდა, ახლა მან დიდი მონდომებით შესთავაზა აბუ სუფიანს, ელჩად წასულიყო თავის თანამემაულე ებრაელებთან. მთავარსარდალს არწმუნებდა, იოლად გადაიბირებდა ებრაელებს და დაარღვევინებდა მუჰამედთან დადებულ ხელშეკრულებას; როდესაც მათი დახმარება გარანტირებული იქნებოდა, მაშინ შეძლებდნენ, ქალაქს ერთდროულად ორი მხრიდან დასხმოდნენ თავს. აბუ სუფიანმა სიხარულით მიიღო მისი წინადადება და დააჩქარა, დრო არ დაეკარგა.

ბანუ კურაიზას ეშინოდა ჰუჲაისა; ისინი მას უყურებდნენ, როგორც ცუდი იღბლის მომტანს, ავისმომასწავებელ კაცს, რომელმაც უბდეურება შეამთხვია თავის საკუთარ ხალხს და მათაც იმავეს დამართებდა, თუ საშუალებას მისცემდნენ, გზა გაეგრძელებინა. ყველაზე მეტად იმიტომ უფრთხოდნენ, რომ მას ჰქონდა შთამნთქმელი სულიერი ძალა, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ძნელი იყო. თუ ის რაიმეს მოინდომებდა, ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავდა, არც თვითონ მოისვენებდა და არც სხვებს მოასვენებდა, სანამ თავისას არ მიაღწევდა. ახლა წავიდა ქა‛ბ იბნ ასადის, კურაიზას ბელადის, ციხე-სიმაგრეში. ეს ის პიროვნება იყო, ვინც ხელშეკრულება დადო წინასწარმეტყველთან. ჰუჲაიამ კარიბჭეზე დააკაკუნა და დაიძახა, ვინც იყო. ქა‛ბმა თავიდან უარი უთხრა გაღებაზე. „ეშმაკმა დაგლახვროს, ქა‛ბ,“ თქვა ჰუჲაიმ, „შემომიშვი.“ „შენ დაგლახვროს ეშმაკმა, ჰუჲაი,“ უპასუხა ქა‛ბმა, რადგანაც კარგად იცოდა, რაც უნდოდა მოსულს, „მე ხელშეკრულება მაქვს დადებული მუჰამედთან და არ დავარღვევ იმას, რაც მასა და ჩემს შორისაა.“ „შემომიშვი,“ არ ეშვებოდა ჰუჲაი, „ვილაპარაკოთ.“ „არ შემოგიშვებ,“ პასუხობდა ქა‛ბი. მაგრამ საბოლოოდ ჰუჲაიმ მას ბრალი დასდო, თითქოს უბრალოდ იმიტომ არ უშვებდა, რომ ენანებოდა სტუმრისთვის საკვები გაეყო. ამან ისე აღაშფოთა ქა‛ბი, რომ კარიბჭე გააღო. „ეშმაკმა დაგლახვროს, ქა‛ბ,“ თქვა ჰუჲაიმ, „მე მოგიტნე შენ ხანგრძლივი, სამუდამო დიდება და ძალა, ისეთი, როგორც აღელვებული ზღვა. მე მოგიყვანე კურეიში, ქინანა და ღატაფანი თავიანთი ლიდერებითა და ბელადებით, სულ ათი ათასი კაცი თავიანთი ცხენებითა და ათასი რჩეული მებრძოლით. მათ შემომფიცეს, რომ არ მოისვენებენ მანამდე, სანამ არ ამოძირკვავენ მუჰამედსა და მასთან მყოფებს. ამჯერად მუჰამედი ვეღარ გადარჩება.“ „ღმერთმანი,“ თქვა ქა‛ბმა, „შენ მე მომიტანე სამუდამო სირცხვილი, ღრუბელი წვიმის გარეშე, ცარიელი გრგვინვა და ელვა, მასში მეტი არაფერია. ეშმაკმა დაგლახვროს, ჰუჲაი, წადი და დამტოვე ისე, როგორც ვარ.“ ჰუჲაიმ შეამჩნია, რომ მოწინააღმდეგე სუსტდებოდა, ამიტომაც თავისი მჭევრმეტყველი ენა წაიგრძელა და დაიწყო ლაპარაკი იმ დიდ სარგებელზე, რომელსაც ისინი მიიღებდნენ, თუ ახალი სარწმუნოება აღიხოცებოდა. საბოლოოდ მან უმტკიცესი ფიცი დადო: „თუ კურეიში და ღატაფანი თავიანთ ტერიტორიაზე ისე დაბრუნდებიან, რომ მუჰამედს არ გაანადგურებენ, მე შენთან ერთად შემოვალ შენს ციხე-სიმაგრეში და შენს ბედს გავიზიარებ.“ ამან დაარწმუნა ქა‛ბი, რომ ისლამის გადარჩენის შესაძლებლობა არ არსებობდა, და დასთანხმდა, დაერღვია თავის ხალხსა და წინასწარმეტყველს შორის დადებული ხელშეკრულება. ჰუჲაიმ სთხოვა, მისთვის დოკუმენტი ეჩვენებინა, და, როდესაც ნახა, ის შუაზე გადახია. ახლა ქა‛ბი წავიდა თავისი ტომის ხალხთან, რათა ეთქვა, რაც მოხდა მათ შორის. „რა უპირატესობაა ამაში,“ უთხრეს მათ, „თუ ჰუჲაის მოკლავენ, შენც მასთან ერთად მოგკლავენ?“ თავიდან მას დიდი წინააღმდეგობით შეხვდნენ. სწორედ ბანუ კურაიზასთან ჩამოსულიყო საცხოვრებლად იბნ ალ-ჰაჲჲაბანი, მოხუცი ებრაელი სირიიდან, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ შეხვდებოდა წინასწარმეტყველს, რომელიც მალე უნდა მოსულიყო და რომელიც აღწერა, და ამტკიცებდა, რომ მისი ჟამი მოახლოებული იყო. ბევრი მათგანი გრძნობდა, მუჰამედი მართლაც ის კაცი უნდა ყოფილიყო, თუმცა მხოლოდ მცირედნი თუ შეიძლება ყოფილიყვნენ დაინტერესებული იმ წინასწარმეტყველით, ვინც არ იყო ებრაელი, და კიდევ უფრო ცოტანი იყვნენ ისინი, ვისაც შეეძლოთ პრაქტიკული დასკვნების გამოტანა იქიდან, თუ რამდენად მძიმე იქნებოდა დაპირისპირება წინასწარმეტყველთან, არა აქვს მნიშვნელობა, ებრაელი იქნებოდა ის თუ არაებრაელი. რაც შეეხება უმრავლესობას, ისინი უბრალოდ იმის წინააღმდეგნი იყვნენ, რომ დაერღვიათ პოლიტიკური ხელშეკრულება, მაგრამ, როდესაც ზოგიერთმა წარმართმა მოიტანა ამბები, რომლებიც ამტკიცებდა იმას, რაც ჰუჲაიმ თქვა, ასევე ზოგიერთი ებრაელი ცალკე ჩუმად წავიდა და საკუთარი თვალით იხილა ყველაფერი, საზოგადო აზრმა დაიწყო გადახრა კურეიშისა და მისი მოკავშირეების სასარგებლოდ. მართლაც, შთამბეჭდავი სანახაობა იყო: თხრილის გაღმა დაბლობზე გადაჭიმულნი იყვნენ კაცები და ცხენები სადამდეც თვალი მისწვდებოდა.

ამასობაში ხალიდი და ‛იქრიმა თხრილს ათვალიერებდნენ, მართალია, დისტანციიდან, მაგრამ მაინც ხედავდნენ და სურდათ დაედგინათ, სად შეიძლებოდა მისი გადალახვა ყველაზე ადვილად. „ეს რა ხრიკია!“ ამბობდნენ ისინი გაბრაზებით, «არაბებს არასოდეს არ მიუმართავთ ასეთი ტაქტიკისათვის. მასთან უთუოდ ვინმე სპარსელია». იმედგაცრუებულნი დარჩნენ, რადგანაც იხილეს, რომ საქმე ძალიან კარგად იყო შესრულებული, გარდა ერთი მცირე მონაკვეთისა, რომელიც შედარებით უფრო ვიწრო იყო, ვიდრე დანარჩენი. მაგრამ მას მტკიცედ ყარაულობდნენ. ერთხელ თუ ორჯერ სცადეს ამ ადგილას თავდასხმა, მაგრამ სრულიად ამაოდ. მათ ცხენებს არასოდეს არ ენახათ მანამდე თხრილები და მისგან კატეგორიულად მიიქცეოდნენ ხოლმე უკან. ეს სიტუაცია იქნებ შეცვლილიყო, მაგრამ მოცემულ მომენტში ბრძოლა შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ ისრების ტყორცნა ერთმანეთის მისამართით.

ბანუ კურაიზას მიერ თავისი ხელშეკრულების დარღვევა დამალული არ დარჩენილა. ბევრ წარმართს ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ მხარეს მიმხრობოდა, ამიტომაც მზად იყო, ორი მხარის საიდუმლოებები გაეცა, ერთისა მეორისათვის ეთქვა და პირიქით. ‛უმარი გახლდათ, ვინც პირველმა გაიგო, რომ ახლა ებრაელები პოტენციური მტრები იყვნენ. იგი წავიდა წინასწარმეტყველთან, რომელიც თავის კარავში აბუ ბაქრთან ერთად იჯდა. „ღმერთის მოციქულო,“ თქვა მან, „გავიგე, ბანუ კურაიზამ დაარღვია თავისი პირობა და ახლა ჩვენთან საომარ მდგომარეობაშია.“ წინასწარმეტყველი აშკარად შეწუხდა, ამიტომაც ზუბაირი გაგზავნა სიმართლის შესატყობად. შემდეგ, ანსარებს თავი გარიყულად რომ არ ეგრძნოთ, მიიხმო ორი სა‛დი ავსიდან და ხაზრაჯიდან უსაიდთან ერთად, ახალი ამბავი ამცნო და უთხრა: „წადით და გაიგეთ, მართალია ეს თუ არა. თუ ტყუილია, მაშინ ასევე მითხარით უბრალოდ. მაგრამ, თუ მართალია, მაშინ მითხარით ერთგვარი შემპარავი გზით, რათა მე მივხვდე.“ ისინი ზუბაირის შემდეგ მალევე მივიდნენ კურაიზას ციხე-სიმაგრესთან და ნახეს, რომ მათ, მართლაც, დაერღვიათ ხელშეკრულება. ისინი ებრაელებს არწმუნებდნენ, ისევ აღედგინათ ეს ხელშეკრულება, სანამ ძალიან გვიან არ იქნებოდა, მაგრამ ისინი მხოლოდ ამას პასუხობდნენ: „ვინ არის ღმერთის მოციქული? არ არის არავითარი ხელშეკრულება და არც შეთანხმება მუჰამედსა და ჩვენს შორის.“ მუსლიმები მათ ამაოდ ახსენებდნენ ბანუ კაინუკა‛ისა და ბანუ ნადირის ხვედრს. ქა‛ბი და ყველა დანარჩენი ახლა სრულიად დარწმუნებული იყო კურეიშის გამარჯვებაში და მათ აღარ უსმენდა. როდესაც მათაც ნახეს, რომ ტყუილად ხარჯავდნენ თავიანთ სიტყვებს, ისევ წინასწარმეტყველთან დაბრუნდნენ. „‛ადალი და კარა,“ უთხრეს მას, ეს იყო ორი ტომი, რომელმაც ხუბაიბსა და მის მეგობრებს უღალატა ჰუზაილის კაცებთან. წინასწარმეტყველი ყველაფერს მიხვდა და ადიდა ღმერთი: „ალლაჰუ აქბარ! გაიხარეთ, მუსლიმებო.“

ახლა აუცილებელი იყო, შეემცირებინათ ძალები თხრილთან და გარნიზონი ჩაეყენებინათ თვითონ ქალაქში, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ასი კაცი გამოიხმო. შემდეგ მოვიდა გაფრთხილება, რომ ჰუჲაი აქეზებდა კურეიშსა და ღატაფანს, ღამით თითოეულ მათგანს ათასი კაცი გაეგზავნა კურაიზას ციხე-სიმაგრეში, იქიდან კი თავს დასხმოდნენ ქალაქის ცენტრს, შევარდნილიყვნენ მუსლიმთა ციხე-სიმაგრეებში და გამოეყვანათ მათი ქალები და ბავშვები. მითითებული ღამე, სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენჯერმე გადაიდო და ეს გეგმა საერთოდ აღარც განხორციელებულა; მაგრამ, როგორც კი წინასწარმეტყველმა თავიდან ამ გეგმის შესახებ შეიტყო, მან ზეიდი სამასი კაცის თანხლებით გაგზავნა, რათა ქალაქის ქუჩებში ემორიგევათ. იგი ყოველღამე ადიდებდა ღმერთს და თითქოს ქალაქში ძლიერი მასპინძელი დამკვიდრდა.

ცხენები არ იყო საჭირო ბანაკში, მაგრამ ჯარის ნაწილის წასვლა მწვავედ იგრძნობოდა თხრილთან, რადგანაც იქ ყარაულობა იყო საჭირო დღე და ღამე, ახლა ერთსა და იმავე კაცებს უწევდათ ხანგრძლივი მორიგეობა მრავალი საათის განმავლობაში. დღეები გადიოდა და დაძაბულობა ძალიან იზრდებოდა, რადგანაც ხალიდი და ‛იქრიმა სულ ჩასაფრებული იყვნენ, რომ ესარგებლათ სისუსტის მომენტით. მაგრამ მათ მხოლოდ ერთხელ მოახერხეს, ცოტა უფრო წინ წაწეულიყვნენ თხრილის გადაკვეთის მცდელობისას. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ‛იქრიმამ შეამჩნია, რომ ყველაზე ვიწრო მონაკვეთს ერთ მომენტში ცუდად, უყურადღებოდ ყარაულობდნენ. მან მოახერხა და ცხენით გადაახტა თხრილს, მას კიდევ სამი სხვა ცხენოსანი მიჰყვა. მაგრამ იმ დროს, როდესაც მეოთხე კაცი გადავიდა, ‛ალი და მისი კაცები თხრილის ვიწრო სექტორთან დაბრუნდნენ და ის ისევ შეუღწევადად აქციეს, ამგვარად თავიანთ ტერიტორიაზე მოიმწყვდიეს ცხენოსნები, ვინც უკვე გადასულები იყვნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, ‛ამრმა, ინდივიდუალურ ბრძოლაში გამოიწვია მეტოქე. როდესაც ‛ალი გავიდა, მან უარი განუცხადა და უთხრა: „მეჯავრება შენნაირის მოკვლა. მამაშენი ჩემი კეთილი მეგობარი იყო, ამიტომაც წადი, ძალიან ახალგაზრდა ხარ.“ მაგრამ ‛ალი ძალას ატანდა, ამიტომაც ‛ამრი ცხენიდან ჩამოვიდა და მეტოქეები ერთმანეთისაკენ წავიდნენ. რაღაც დროით ორივე მტვრის კორიანტელმა დაფარა, შემდეგ კი გაიგონეს, როგორ ადიდებდა ღმერთს ‛ალი, და მიხვდნენ, ‛ამრი მკვდარი იყო ან კვდებოდა. ამასობაში ‛იქრიმამ და დანარჩენებმა ისარგებლეს მტრის ყურადღების გაფანტვით და უკან დაბრუნდნენ თხრილის გადაღმა, მაგრამ მახზუმელმა ნავფალმა ვერ შეძლო, თხრილს გადახტომოდა, და ცხენიანად შიგ ჩავარდა. ქვები დაუშინეს, მაგრამ მან დაიძახა: „არაბებო, ამას სიკვდილი ჯობია,“ ისინიც ძირს ჩავიდნენ და მოკლეს.

თხრილის გადაკვეთამ, მართალია, ამჯერად წარუმატებლად დაგვირგვინებულმა, მაინც დაამტკიცა, გადასვლა შესაძლებელი იყო. ამიტომაც მეორე დილით, ჯერ კიდევ მზე არ ამოსულიყო, რომ რამდენსამე ადგილას მოხდა თავდასხმა თხრილზე. წინასწარმეტყველმა მორწმუნეებს შეგონება წაუკითხა და დაჰპირდა გამარჯვებას, თუ მოთმინებასა და სიმტკიცეს გამოიჩენდნენ. ისინიც მყარად იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ დაღლილები იყვნენ ხანგრძლივი ყარაულობის დაძაბულობისაგან. ბანაკის ადგილი კარგად იყო შერჩეული, რადგანაც სალ‛ის მთის გაყოლებაზე მიწა ფერდობის სახით ძირს ეშვებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თხრილის შიდა ნაპირი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე გარე ნაწილი. ისევ და ისევ მთელი დღის განმავლობაში მტერი გადმოსვლას ცდლობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ამიტომაც ნამდვილი ბრძოლა, წინა დღეების მსგავსად, ისრების სროლით შემოიფარგლა. არც ერთ მხარეს არ დაღუპულა ვინმე, მაგრამ სა‛დ იბნ მუ‛აზს მოხვდა ისარი მხარში და ვენა დაუზიანა. კურეიშისა და ღატაფანის ბევრი ცხენი დაიჭრა.

დადგა დრო შუადღის ლოცვისა, მაგრამ ვერც ერთი კაცი ოდნავადაც კი ვერ მოადუნებდა ახლა მზერას. როდესაც დრო უკვე იწურებოდა, ყველაზე უფრო ახლოს მდგომებმა წინასწარმეტყველს უთხრეს: „ღმერთის მოციქულო, ჩვენ არ გვილოცია» - ცხადი ფაქტი, მაგრამ დიდად შემაწუხებელი, ვინაიდან ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა მანამდე ისლამის აღმოცენების დღიდან. თუმცა მისმა პასუხმა ისინი ერთგვარად დაამშვიდა: «ღმერთმანი, არც მე მილოცია.“ შუადღის შემდგომი ლოცვის დროც დადგა და მას მოჰყვა მზის ჩასვლისა. მაგრამ მტერი ისევ განაგრძობდა თავდასხმებს და მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთით სინათლის უკანასკნელი კვალიც კი გაქრა, მტერი მიბრუნდა თავისი ორი ბანაკისაკენ. როგორც კი ისინი თვალს მიეფარნენ, წინასწარმეტყველი თხრილს განშორდა, კაცების ერთ ჯგუფთან ერთად უსაიდი დატოვა, რათა მას გაეგრძელებინა ყარაულობა, ხოლო თვითონ დანარჩენებს ოთხი ლოცვა წარმოათქმევინა, რაც ახლა მათ ვალად დასდებოდათ. ლოცვებს თვითონ ხელმძღვანელობდა. იმ საღამოს ხალიდი უეცრად ისევ გამოჩნდა ცხენოსნების თანხლებით იმის იმედით, რომ თხრილს უყურადღებოდ მიტოვებულს წაასწრებდა, მაგრამ უსაიდმა და მისმა მშვილდოსნებმა თავი კარგად დაიცვეს და ისინი არ მიიახლოვეს.

გამოცხადება იმ დღეების დაძაბულობას მოიხსენიებს, როგორც დროს, როდესაც თვალები სწორად ვეღარ ხედავდნენ, ადამიანებს გული ყელში ამოუვიდათ, და თქვენ უცნაურ ფიქრებს ფიქრობდით ღმერთის შესახებ. იქ გამოიცადნენ და შემოწმდნენ მორწმუნენი, და მათი სულები ძლიერად შეირყა.1

ყველას დაებადა კითხვა, თუ რამდენი ასეთი დღე უნდა გადაეტანათ კიდევ. საკვები თანდათან მცირდებოდა, ღამით კი განსაკუთრებული სუსხი იდგა. ბევრი მცირედ მორწმუნე განერვიულებული იყო შიმშილის, სიცივისა და უძილობისაგან, ამიტომაც თითქმის მზად იყვნენ, შეერთებოდნენ წარმართებს, რომლებიც ავრცელებდნენ იმ აზრს, რომ შეუძლებელი იყო გაეგრძელებინათ ასეთი თავდამსხმელისადმი წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ და მხოლოდ მათ შორის გავლებული თხრილის მეშვეობით, ამიტომაც ქალაქის კედლებს შიგნით უნდა შესულიყვნენ. მაგრამ ჭეშმარიტი მუსლიმების რწმენა გამოავლინა და დაადასტურა ამ რთულმა მდგომარეობამ. მათ მიიღეს შექება გამოცხადებიდან, რადგანაც ყველაზე მძიმე სტრესის დროს, როდესაც მთელ კლანებს ხედავდნენ მათ წინააღმდეგ დარაზმულებს, ამბობდნენ: ეს ისაა, რასაც დაგვპირდნენ ღმერთი და მისი მოციქული. იმან, რაც ღმერთმა და მისმა მოციქულმა წინასწარ გვითხრეს, აუცილებლად უნდა ჩაიაროს. გამოცხადებამ დაუმატა: ამან მხოლოდ გააძლიერა ისინი რწმენასა და თავდადებაში.2 ისინი ასე ლაპარაკობდნენ იმიტომ, რომ გაახსენდათ აია, რომელიც წინასწარმეტყველს გამოეცხადა ორი თუ სამი წლით ადრე: ფიქრობთ, რომ სამოთხეში შეხვალთ მანამდე, სანამ თქვენს თავზე არ მოწეულა იმის მსგავსი რამ, რაც მათ თავზე, ვინც თქვენამდე გარდაიცვალა? შეჭირვებამ და ჭრილობებმა დასძლია ისინი და მერყეობაში ჩაცვივდნენ, სანამ ღმერთის მოციქულმა და მასთან ერთად მათაც, ვისაც რწმენა ჰქონდა, არ თქვეს: როდის მოვა ღვთის დახმარება? ჭეშმარიტად, ახლოსაა ღვთის დახმარება. 3

წინასწარმეტყველმა იცოდა, მისი ხალხიდან ბევრის სულში მოთმინების ძალა უკვე ქრებოდა. მაგრამ ისიც უწყოდა, რომ ყოველი დღის გასვლასთან ერთად მტერიც გრძნობდა იმ მდგომარეობის სირთულესა და სიმძიმეს, რომელშიც თვითონ თავდამსხმელები აღმოჩდნენ, და ეს გულზე ეწვათ. ამიტომაც მან მოძებნა საშუალება და ღამით ღატაფანის ორ ბელადს შეუთვალა, რომ სთავაზობდა მედინის ფინიკის მოსავლის მესამედს, თუ ველიდან წავიდოდნენ. ბედუინებმა უკან შემოუთვალეს: „მოგვეცი მედინის ფინიკის ნახევარი.“ მაგრამ მან უარი განაცხადა, გაეზარდა შეთავაზებული მესამედის რაოდენობა, რაზეც ისინი დასთანხმდნენ. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა ‛უსმანი დაიბარა და დაავალა, სამშვიდობო ხელშეკრულება დაეწერა მორწმუნეებსა და ღატაფანის კლანებს შორის. შემდეგ იხმო ორი სა‛დი და ისინი მის კარავთან მივიდნენ. ერთ-ერთი სა‛დი ავსის ბელადი იყო, დაჭრილი მკლავი შეხვეული ჰქონდა. მათ თქვეს: „ღმერთის მოციქულო, ეს ისეთი რამ არის, რაც შენ გინდა, რომ გაგვაკეთებინო, თუ ის, რაც ღმერთმა გიბრძანა და უნდა აღსრულდეს? იქნებ ისეთი რამ არის, რასაც ჩვენთვის აკეთებ?“ მან უპასუხა: „ეს ისაა, რასაც თქვენთვის ვაკეთებ, ღმერთმანი, ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ ვხედავ, არაბები ერთიანად გიტევენ და ყველა მხრიდან მოგდგომიან, ამიტომაც მინდა, ცოტა შევამცირო მათი დაწოლა თქვენზე.“ მაგრამ დაჭრილმა სა‛დმა უთხრა: „ღმერთის მოციქულო, ჩვენ და ამ ხალხს ღმერთთან ერთად ღვთაებების გვწამდა, თაყვანს ვცემდით კერპებს, რაც არ იყო ღმერთის ნამდვილი თაყვანისცემა, ჩვენ არც ვიცნობდით კარგად ღმერთს. მაშინ მათ იმის ოდნავი იმედიც კი არ ჰქონიათ, რომ ჩვენი ფინიკებიდან თუნდაც ერთს შეჭამდნენ, თუ არა, როგორც სტუმრები, ან ბარტერული გაცვლის შედეგად. და ახლა, როდესაც ღმერთმა ჩვენ ისლამი გვიბოძა, ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენა, ახალი სარწმუნოებითა და შენით გაგვაძლიერა, მათ ჩვენი საქონელი უნდა მივცეთ? ღმერთმანი, არ მივცემთ არაფერს, გარდა მახვილისა. ღმერთმა გადაწყვიტოს, რა უნდა მოხდეს ჩვენს შორის.“ „ისე იყოს, როგორც თქვენ გინდათ,“ თქვა წინასწარმეტყველმა. სა‛დმა ‛უსმანს კალამი და ეტრატი გამოართვა, ხაზი გადაუსვა იმას, რაც ეწერა და თქვა: „გააკეთონ ყველაზე უარესი, რაც სურთ!“4

ეს მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა კრახით დასრულდა, მიმდინარეობდა ორი კლანის, ფაზარასა და მურრას, ბელადებთან. კურეიშის მესამე ღატაფანელი მოკავშირე იყო აშჯა‛ის კლანი, რომელსაც ეკუთვნოდა ნუ‛აიმი, კაცი, ვინც აბუ სუფიანმა და სუჰაილმა მოქრთამეს, რათა მას, თუ შეძლებდა, ეიძულებინა მუსლიმები, არ შეესრულებინათ თავიანთი დაპირება, შეხვედროდნენ მექელებს მეორე ბადრში. მედინაში ვიზიტის დროს მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მუჰამედის იქ ყოფნამ, თანაც, თავის მიზანს რომ ვერ მიაღწია, ისიც გულში ხინჯად ჰქონდა ჩარჩენილი, ამიტომაც ახლა, ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებით აღსავსე, თავისი კლანის დანარჩენ წარმომადგენლებთან ერთად გამოსულიყო, რათა ამ შემთხვევაში მექელთათვის დაეჭირა მხარი. მისი აღფრთოვანება ახალი სარწმუნოების კაცთა მიმართ დადასტურდა და კიდევაც გაძლიერდა, როდესაც მან იხილა, როგორ წინააღმდეგობას უწევდნენ ისინი სამჯერ უფრო ძლიერ არმიას. შემდეგ მოვიდა დრო, როდესაც, როგორც თვითონ აღნიშნავდა: „ღმერთმა ისლამი ჩააგდო ჩემს გულში“; და იმ ღამეს - ეს იყო პრაქტიკულად მაშინვე, რაც ღატაფანთან ცალკე დაზავების პროექტი ჩაიშალა - იგი ქალაქში შევიდა და ბანაკისაკენ გაემართა, იქ მისულმა კი წინასწარმეტყველთან ლაპარაკი ისურვა. „რა მოიტანე აქ, ნუ‛აიმ?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა. „მე იმიტომ მოვედი,“ უპასუხა მან, „რომ განმეცხადებინა ჩემი რწმენა შენში და ის, რომ შენ ჭეშმარიტება მოიტანე. მაშ, დამავალე, რაც გსურს, ღმერთის მოციქულო, რადგანაც მხოლოდ შენ უნდა მბრძანებლობდე ჩემზე, მე კი შევასრულებ შენს ბრძანებას. არც ჩემმა ხალხმა და არც სხვებმა საერთოდ არაფერი არ იციან ჩემი გამუსლიმების შესახებ.“ „გააკეთე მაქსიმუმი, რაც შეგიძლია,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „რათა ისინი ერთმანეთს გადაჰკიდო.“ ნუ‛აიმმა ნებართვა ითხოვა ტყუილების თქმაზე და წინასწარმეტყველმა მიუგო: „თქვი, რაც გინდა, რათა ისინი თავიდან მოგვაშორო, რადგანაც ომი თავისთავად ეშმაკობაა და ხრიკი.“ 5

ნუ‛აიმმა ისევ გადაჭრა ქალაქი და ბანუ კურაიზასაკენ გაეშურა. ის მიიღეს, როგორც ძველი მეგობარი, და საჭმელ-სასმელი შესთავაზეს. „ამისათვის არ მოვსულვარ,“ თქვა მან, „არამედ იმისათვის, რომ გაგაფრთხილოთ, როგორ ვღელავ თქვენს უსაფრთხოებაზე, და მოგცეთ რჩევა.“ შემდეგ გააგრძელა ლაპარაკი და უთხრა, რომ, თუ კურეიში და ღატაფანი საბოლოოდ ვერ დაამარცხებდნენ მტერს, მაშინ ყველანი სახლში გაბრუნდებოდნენ და ებრაელებს მუჰამედისა და მისი მიმდევრების მოწყალების იმედადღა დატოვებდნენ. ამიტომაც მათ უარი უნდა ეთქვათ იმაზე, რომ იარაღს ერთხელაც კი მოიქნევდნენ მანამდე, სანამ მძევლებად არ მიუყვანდნენ წარჩინებულ კაცებს იმის გარანტიად, რომ ისინი არ წავიდოდნენ, ვიდრე მტერს არ დაამარცხებდნენ. ეს რჩევა დიდი ენთუზიაზმით მიიღეს კურაიზელებმა, რომლებიც ძალიან შეშფოთდნენ იმ საფრთხის გამო, რაც სტუმარმა აღუწერა. დაეთანხმნენ, იმას გააკეთებდნენ, რაც მან უთხრა, თან დაჰპირდნენ, არც მის საკუთარ ხალხს და არც კურეიშს არ ეტყოდნენ, რომ მან მისცა მათ ასეთი რჩევა.

შემდეგ ნუ‛აიმი წავიდა თავის ყოფილ მეგობართან, აბუ სუფიანთან, და უთხრა მასაც და კურეიშის სხვა ბელადებსაც, რომლებიც მასთან იყვნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდა მათთვის, ოღონდ იმ პირობით ეტყოდა, თუ მის სახელს არ გაამჟღავნებდნენ. მათაც დაიფიცეს, რომ არავის არ ეტყოდნენ. „ებრაელები ნანობენ, როგორც მოიქცნენ მუჰამედთან,“ თქვა მან, „ამიტომაც მას შეუთვალეს: `ჩვენ ვნანობთ იმას, რაც გავაკეთეთ, დაგაკმაყოფილებს შენ, თუ მძევლებად ავიყვანთ კურეიშისა და ღატაფანის წარჩინებულ კაცებს და გადმოგცემთ, რათა თავი მოჰკვეთო? შემდეგ შენთან ერთად ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც დარჩება.' მუჰამედმაც თანხმობა განუცხადა; ამიტომაც, თუ ებრაელები მოგთხოვენ, მძევლებად გადასცეთ რამდენიმე წარჩინებული კაცი, არავინ არ გადასცეთ, ერთიც კი.“ ბოლოს ის წავიდა თავის ხალხთან, ასევე ღატაფანის სხვა კლანებთან და მათაც იგივე უთხრა, რაც კურეიშს.

თათბირის შემდეგ თავდამსხმელი არმიის ორივე ნაწილმა გადაწყვიტა, მოცემულ მომენტში ჰუჲაისათვის არაფერი არ ეთქვათ, არამედ შეემოწმებინათ ის, რაც ნუ‛აიმმა შეატყობინათ. ამიტომაც მათ ‛იქრიმა გაგზავნეს ბანუ კურაიზასთან ასეთი უწყებით: „მოემზადეთ ხვალინდელი ბრძოლისათვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოვიშოროთ მუჰმედი.“ მათ უპასუხეს: „ხვალ შაბათია, თანაც, სხვა დროსაც არ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად მუჰამედის წინააღმდეგ, თუ არ მოგვცემთ მძევლებს, რომლებიც ჩვენთვის გარანტია იქნებიან, სანამ მტერს ბოლოს არ მოვუღებთ. რადგანაც გვეშინია, თუ ბრძოლა თქვენს საწინააღმდეგოდ წავა, თქვენი ქვეყნისაკენ გაბრუნდებით, ჩვენს ქვეყანაში კი ისევ იმ კაცს დაგვიტოვებთ, რომელსაც მარტონი ვერ გავუმკლავდებით.“ როდესაც კურეიშელებმა და ღატაფანელებმა ეს ყველაფერი შეიტყვეს, თქვეს: „ღმერთმანი, რაც ნუ‛აიმმა გვითხრა, ნამდვილად მართალია.“ და მათ ისევ გაგზავნეს კაცი ბანუ კურაიზასთან და შეუთვალეს, ერთ მძევალსაც კი არ მისცემდნენ, მაგრამ დაავალეს, მიუხედავად ამისა, ებრძოლათ მათთან ერთად, რასაც ებრაელებისაგან მოჰყვა პასუხი, რომ ხმალს ერთხელაც კი არ მოიქნევდნენ, თუ მძევლებს არ მიიღებდნენ.

ახლა აბუ სუფიანი მივიდა ჰუჲაისთან და უთხრა: „სად არის დახმარება, რომელსაც შენი ხალხისაგან დაგვპირდი? მათ მიგვატოვეს და ახლა ჩვენი ღალატიც უნდათ.“ „თორას სახელით, არა!“ უპასუხა ჰუჲაიმ, „ახლა შაბათია და ჩვენ მას ვერ დავარღვევთ. მაგრამ კვირას ისინი იბრძოლებენ მუჰამედისა და მისი მეგობრების წინააღმდეგ, როგორც აგიზგიზებული ცეცხლი.“ მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა მას აბუ სუფიანმა მძევლების მოთხოვნის შესახებ. ჰუჲაი გაოგნებული დარჩა, მისი დაბნეულობა დანაშაულის ნიშნად იქნა აღქმული და აბუ სუფიანმა თქვა: „ვფიცავარ ალ-ლათს, რომ ეს სხვა არავისი, არამედ შენი ხრიკია, მათი და შენი, და შენ მიგიჩნევ შენივე ხალხის შემყვანად ამ ეშმაკობაში.“ „არა,“ ამბობდა ებრაელი, „გეფიცები თორას, რომელიც მოსეს გამოეცხადა სინას მთაზე, მე არა ვარ მოღალატე.“ მაგრამ აბუ სუფიანი არ იყო დარწმუნებული, ამიტომაც, ეშინოდა რა თავისი სიცოცხლის დაკარგვისა, ჰუჲაიმ ბანაკი დატოვა და ბანუ კურაიზას ციხე-სიმაგრისაკენ გაემართა.

რაც შეეხება ურთიერთობებს კურეიშსა და ნაჯდის ტომებს შორის, აქ ნაკლებად არსებობდა საჭიროება რაიმე ქმედებისა ნუ‛აიმის მხრიდან. დაახლოებით ორი კვირა გავიდა და ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ორივე ჯარის მარაგი ილეოდა, სულ უფრო მეტი ცხენები ეხოცებოდათ ყოველდღიურად, ხან შიმშილისაგან, ხანაც ისრისაგან და ხანაც ორივე ამ მიზეზით. ასევე მოკვდა ზოგიერთი აქლემი. კურეიშს მხედველობიდან არ გამორჩენია, რომ ახლა ღატაფანიცა და სხვა მომთაბარე ტომებიც პრაქტიკულად იძულებული მოკავშირეები იყვნენ. მათ ამ კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს უფრო ნადავლის იმედით და არა იმიტომ, რომ მტრულად იყვნენ განწყობილნი ახალი სარწმუნოების მიმართ, ახლა კი მათი იმედები სრულიად ამაო აღმოჩნდა. ბევრს ენის წვერზე ჰქონდა ბრალდებები და ურთიერთუნდობლობა გავრცელდა ორ თავდამსხმელ ჯარში. ექსპედიცია პრინციპში კრახით დამთავრდა და ახლა საბოლოო წარუმატებლობის ბეჭედი დაედო მას ზეციდანაც.

სამი დღის განმავლობაში რიტუალის ლოცვების შემდეგ წინასწარმეტყველი წარმოთქვამდა ვედრებას: „ღმერთო, წიგნის გარდმომავლინებელო, დაუყოვნებელო მეოხო, მოპასუხევ ვედრების მიმართ, აიძულე მოკავშირეები,წავიდნენ,აიძულე ,წავიდნენ და კანკალმა აიტანოს.“6 როდესაც ყველაფერი დამთავრდა,ეს აია იქნა გამოცხადებული: თქვენ, ვისაც გწამთ, დაიმახსოვრეთ ღმერთის მოწყალება თქვენზე , როდესაც მოგადგათ ჯარი, ჩვენ მათ მოვუვლინეთ ქარი და ვეღარ ხედავდით ჯარს.7

იმ დღეების განმავლობაში ამინდი ძალიან ცივი და ნესტიანი იყო, ახლა კი მოზუზუნე ქარი ამოვარდა აღმოსავლეთიდან კოკისპირული წვიმების თანხლებით, რაც ყოველ კაცს იქითკენ უბიძგებდა, რომ თავშესაფარი მოეძებნა. დაღამდა და ველს ახლა ჭექა-ქუხილი დაატყდა თავს. ქარმა შტორმის სისწრაფით დაიწყო ქროლა და, რაც მან ვერ გააკეთა, საბოლოოდ უხილავმა ხელებმა დაასრულა. ორი ბანაკის გადასწვრივ ფეხზე არც ერთი კარავი აღარ დარჩა, ან კოცონი ანთებული, ადამიანები კი ძირს გართხმულიყვნენ და ერთმანეთს მიჰკროდნენ, რათა არ გაყინულიყვნენ სიცივისაგან.

მუსლიმთა ბანაკი ერთგვარად მოცილებული იყო ქარისაგან, რომელსაც იქ არც ერთი კარავი არ წაუქცევია. მაგრამ სუსხით იყო გამსჭვალული მთელი ჰაერი და ამ სუსხმა იმ დაძაბულობასთან ერთად, რომელიც ალყის განმავლობაში დაგროვდა, მორწმუნეები ისე დაასუსტა სულიერად, რომ ასეთ მდგომარეობას თვითონაც კი ვერ წარმოიდგენდნენ. წინასწარმეტყველმა უფრო გვიან ღამით ილოცა, შემდეგ იმ კაცთა შორის გაიარა, ვინც მასთან შემთხვევით ყველაზე ახლოს იყო. ერთ-ერთი მათგანი, ჰუზაიფა, ჲამანის ძე, შემდგომში ყვებოდა, როგორ გაიგეს მათ წინასწარმეტყველის ძახილი: „რომელი თქვენგანი ადგება და წავა იმის სანახავად, რა მდგომარეობაშია მტერი, და შემდეგ დაბრუნდება? მე ვთხოვ ღმერთს, რომ ის ჩემი მეგობარი იყოს სამოთხეში.“ მაგრამ პასუხი არავის არ გაუცია. „ჩვენ ისეთი დაძაბულები და ნერვებაშლილები ვიყავით,“ამბობდა ჰუზაიფა, „ისე გვციოდა და გვშიოდა, რომ არც ერთი კაცი არ წამომდგარა ფეხზე.“ როდესაც ცხადი გახდა, რომ არავის არ უნდოდა ადგომა, წინასწარმეტყველმა ჰუზაიფას დაუძახა, რომელიც წამოდგა და მასთან მივიდა, ის გამოაცოცხლა იმ გარემოებამ, რომ სხვებისაგან გამორჩეულ იქნა. „არ შემეძლო, არ ავმდგარიყავი,“ ყვებოდა იგი, „როდესაც გავიგე, რომ მან ჩემი სახელი წარმოთქვა.“ „შენ წადი,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „შედი და გაიარე კაცებს შორის, ნახე, როგორ არიან, მაგრამ ნურაფერს ნუ მოიმოქმედებ, სანამ ჩვენთან არ დაბრუნდები.“ „მეც წავედი,“ ყვებოდა ჰუზაიფა, „ხალხში გავერიე, როდესაც ქარი და ღვთიური ჯარი თავის საქმეს აღასრულებდნენ მათ წინააღმდეგ.“ იგი ყვებოდა, როგორ გაიკვლია გზა კურეიშელთა გართხმულ სხეულებს შორის - რადგანაც სწორედ მათ ბანაკში წავიდა - სანამ იქამდე არ მივიდა, სადაც მათი ლიდერი იმყოფებოდა. მათ სიცივისაგან გახევებულებმა გაატარეს ღამე, შემდეგ კი, განთიადისაკენ, როდესაც ქარმა კლება დაიწყო, აბუ სუფიანმა ხმამაღლა დაიძახა: „კურეიშელნო, ჩვენი ცხენები და აქლემები იხოცებიან; ბანუ კურაიზამ სიტყვა არ შეასრულა და შევიტყვეთ, რომ ისინი ჩვენს ღალატსაც აპირებენ; ახლა ამ ქარმა დაგვაზარალა, რომელმაც მხედველობა წაგვართვა. მაშ, წავიდეთ ამ ადგილიდან, რადგანაც მე მივდივარ.“ ამ სიტყვების შემდეგ ის წავიდა თავისი აქლემისაკენ და ამხედრდა, იმდენად უნდოდა წასვლა, რომ დაავიწყდა თოკის შეხსნა, ეს მხოლოდ მაშინ გააკეთა, როდესაც აქლემი უკვე სამ ფეხზე წამოდგა. მაგრამ ‛იქრიმამ უთხრა: „შენ ამ ხალხის თავი და ლიდერი ხარ. ასე უეცრად გაგვეცლები და ყველას დაგვტოვებ?“ აბუ სუფიანს შერცხვა, თავისი აქლემი ისევ დააჩოქა და ჩამოხდა. არმიამ ბანაკი დატოვა და მათმა ლიდერმაც მანამდე მოიცადა, სანამ კაცების უმრავლესობა უკვე სახლისაკენ მიმავალ გზაზე არ იდგა. მხოლოდ ამის შემდეგ წავიდა თვითონაც, დაეთანხმა რა ხალიდსა და ‛ამრს იმაში, რომ ისინი ჯარს უკან უნდა გაჰყოლოდნენ ასკაციანი კავალერიის ნაწილით. სანამ იცდიდნენ, ხალიდმა თქვა: «ყოველმა შეგნებულმა ადამიანმა ახლა იცის, რომ მუჰამედს ტყუილი არ უთქვამს,» მაგრამ აბუ სუფიანმა მას მაშინვე შეაწყვეტინა და უთხრა: „შენ ყველაზე მეტად გაქვს უფლება, ასე არ თქვა, ვიდრე რომელიმე სხვა კაცს.“ „რატომ?“ იკითხა ხალიდმა. თანამოსაუბრემ კი უპასუხა: „იმიტომ, რომ მუჰამედმა დაამცრო მამაშენის პატივი და მოკლა შენი კლანის ბელადი, აბუ ჯაჰლი.“

როგორც კი ჰუზაიფამ შეიტყო, რომ კურეიში უკან გაბრუნდა, იგი ღატაფანის ბანაკისაკენ გაემართა, მაგრამ იმ ადგილას უკვე აღარავინ იყო, რადგანაც ქარმა მათი წინააღმდეგობა გატეხა და ახლა ისინიც ნაჯდისაკენ მიემართებოდნენ. ამიტომაც იგი წინასწარმეტყველთან დაბრუნდა. ის იდგა და ლოცულობდა, თავისი ერთ-ერთი ცოლის მოსასხამი შემოეხვია სიცივისაგან თავდასაცავად. „როდესაც დამინახა,“ ყვებოდა ჰუზაიფა, „მანიშნა, მის წინ, ზედ ფეხებთან დავმჯდარიყავი. მოსასხამის ბოლო გადმომაფარა. იმავდროულად დაიხარა და თაყვანისცემა აღასრულა. როდესაც სამშვიდობო მისალმების ბოლო სიტყვები წარმოთქვა, ახალი ამბავი ვამცნე.“ 8

ბილალმა ხალხს გამთენიის ლოცვისაკენ მოუწოდა; როდესაც მათ ილოცეს, იმ დღის მკრთალმა სინათლემ, რომელიც ახლოვდებოდა, გამოაჩინა: თხრილის გადაღმა ველი სრულიად უკაცრიელი იყო. წინასწარმეტყველმა გასცა ნებართვა, რომ ყოველ კაცს შეეძლო, სახლში დაბრუნებულიყო, და მათი უმრავლსობა სწრაფად გაემართა ქალაქისაკენ. შემდეგ იმის შიშით, რომ მოკავშირეები დატოვებდნენ ჯაშუშებს, ან ბანუ კურაიზა იქნებოდა დადარაჯებული და ეცდებოდა, მტერი უკან მობრუნებაში დაერწმუნებინა, შეატყობინებდა რა, რომ თხრილს ახლა აღარავინ ჰყარაულობდა, წინასწარმეტყველმა ჯაბირი და ‛უმარის ვაჟი, ‛აბდ ალლაჰი, დაადევნა თავიანთ წასულ მეგობრებს, რათა უკან მოებრუნებინათ. ისინი ხალხს უკან გაეკიდნენ და მთელი ხმით ეძახდნენ, მაგრამ ერთმა კაცმაც კი არ მოატრიალა თავი. ჯაბირი ბანუ ჰარისას გაჰყვა მთელ გზაზე, ცოტა ხანი მათი სახლების წინ იდგა და ძახილს განაგრძობდა, მაგრამ მას არავინ არ გამოხედა. როდესაც ის და ‛აბდ ალლაჰი საბოლოოდ წინასწარმეტყველთან დაბრუნდნენ და უთხრეს, როგორი სრული კრახიც განიცადეს, მან სიცილი დაიწყო და თვითონაც ქალაქისაკენ წავიდა თავის იმ მეგობრებთან ერთად, ვინც მას ელოდებოდნენ, რათა თან ხლებოდნენ.

____________________

1. XXXIII, 10-11.

2. XXXIII, 22.

3. II, 214.

4. ი.ი. 676.

5. ი.ი. 681; ვ. 480-1.

6. ი.ს. II/I, 53; ვ. 487.

7. XXXIII, 9.

8. ი.ი. 683-4; ვ. 488-90.

61 LXI. ბანუ კურაიზა

▲ზევით დაბრუნება


მუსლიმებმა მხოლოდ რამდენიმე საათით დაისვენეს. როდესაც შუადღის ლოცვა ილოცეს, წინასწარმეტყველთან გაბრიელი მივიდა. იგი შესანიშნავად იყო ჩაცმული, ფარჩის მდიდრული ჩალმა სულ ოქროთი და ვერცხლით ჰქონდა მორთული, ასევე ფარჩიანი ხავერდის ნაჭერი იყო გადაკიდებული იმ ჯორის უნაგირზე, რომელზეც ამხედრებულიყო. „შენ ძირს დასწიე შენი იარაღი, ღმერთის მოციქულო?“ ჰკითხა მან, „ანგელოზებს ჯერ არ დაუწევიათ ძირს თავიანთი იარაღი და მე იმიტომ დავბრუნდი, რომ მტერს ბოლომდე ვდიო, მტერს და სხვას არავის. ჭეშმარიტად, ღმერთი თავისი ძალითა და დიდებულებით გიბრძანებს, მუჰამედ, რომ შენ უნდა წახვიდე კურაიზას ძეთა წინააღმდეგ. მე მათთან უკვე მივდივარ, რათა შევაძრწუნო მათი სულები.“1

წინასწარმეტყველმა ბრძანება გასცა, არავის არ ელოცა შუადღის შემდგომი ლოცვა ისე, რომ მანამდე კურაიზას ტერიტორიაზე არ მისულიყო. დროშა ‛ალის მისცეს და მზის ჩასვლამდე მთელი ციხესიმაგრე გარშემორტყმული იყო იმავე სამიათასკაციანი ძლიერი ჯარით, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია კურეიშსა და მათ მოკავშირეებს თხრილთან.

ალყა ოცდახუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ ებრაელებმა წინასწარმეტყველს შეუთვალეს, მათთვის უფლება მიეცა, აბუ ლუბაბას დალაპარაკებოდნენ და რჩევა ეკითხათ. ბანუ ნადირის მსგავსად, ისინი ავსის ძველი მოკავშირეები იყვნენ და აბუ ლუბაბა იყო მათი ერთერთი მთავარი დამაკავშირებელი ამ ტომთან. წინასწარმეტყველმა ნება დართო, წასულიყო მათთან. როგორც კი მივიდა, მას გარს შემოეხვივნენ ქალები და ბავშვები, რომლებიც ტიროდნენ, ამიტომაც მოღალატე მტრისადმი მისი მრისახანება ბევრად შესუსტდა. როდესაც კაცებმა ჰკითხეს, უნდა დამორჩილებოდნენ თუ არა მუჰამედს, მან თქვა: „დიახ,“ მაგრამ იმავდროულად ყელზე მიიდო ხელი, რათა გაეფრთხილებინა, რომ, მისი აზრით, დამორჩილება სიკვდილით დასჯას უდრიდა. ეს ჟესტი მის ნათქვამს ეწინააღმდეგებოდა და, შესაძლოა, ალყა კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო. თანაც აბუ ლუბაბას დანაშაულის დიდი შეგრძნება დაეუფლა სულის სიღრმეში პალმის იმ ხის გამო, რომელიც ერთ დროს არ მისცა ობოლ ბიჭს, ვინც თვითონ ჰყავდა აყვანილი აღსაზრდელად, მიუხედავად იმისა, რომ მას წინასწარმეტყველმა სთხოვა ამის გაკეთება. „ფეხს წინ ვეღარ ვდგამდი,“ ყვებოდა იგი, „რადგანაც მივხვდი, ღმერთის მოციქულს ვუღალატე.“ მას სახეზე ფერი ეცვალა და აია წარმოთქვა: ჭეშმარიტად, ჩვენ ღმერთისანი ვართ და, ჭეშმარიტად, მას დავუბრუნდებით. „რა გაწუხებს?“ ჰკითხა ქა‛ბმა. „მე ვუღალატე ღმერთსა და მის მოციქულს,“ თქვა აბუ ლუბაბამ და ზედა ოთახიდან ძირს ჩამოვიდა, თან ხელი წვერზე ედო, რომელიც ცრემლებისაგან დასველებოდა. მან ვეღარ შეძლო, რომ იმავე გზაზე გასულიყო, რომლითაც მოვიდა, და პირისპირ შეხვედროდა თავის მეგობარ ავსელებსა და სხვებს, რომლებიც, როგორც იცოდა, მოუთმენლად ელოდნენ, რათა გაეგოთ ამბავი, რომელსაც მიუტანდა, და თან გაჰყოლოდნენ წინასწარმეტყველთან. ის ციხესიმაგრის უკანა მხრიდან გავიდა კარიბჭეში და სულ მალე ქალაქის გზაზე იდგა. პირდაპირ მეჩეთს მიაშურა, ერთ-ერთ სვეტს მიება და თქვა: „არ წავალ ამ ადგილიდან მანამდე, სანამ ღმერთი არ შემიმსუბუქებს იმას, რაც ჩავიდინე.“

წინასწარმეტყველი ელოდებოდა აბუ ლუბაბას დაბრუნებას და, როდესაც საბოლოოდ გაიგო, რაც მოხდა, თქვა: „ის ჩემთან რომ მოსულიყო, მე ღმერთისადმი ვილოცებდი, რათა მისთვის მიეტევებინა, მაგრამ, ვინაიდან მან ის გააკეთა, რაც გააკეთა, ახლა ვერ გავათავისუფლებ, სანამ ღმერთი არ შეუმსუბუქებს მდგომარეობას.“2

აბუ ლუბაბამ სვეტთან გაატარა ათი თუ თხუთმეტი დღე. ყოველი ლოცვის წინ, ან სხვა შემთხვევებშიც, როდესაც ეს საჭირო იყო, მისი ქალიშვილი მიდიოდა მის ასახსნელად; შემდეგ, როდესაც ლოცვას დაასრულებდა, ისევ აბამდა. თუმცა მისი მდგომარეობის სიმძიმე ერთგვარად შემსუბუქდა იმ სიზმრის გამო, რომელიც ნახა ერთ-ერთ ღამეს. მან იგრძნო, რომ თითქოს ჩაფლული იყო ბინძურ შლამში, საიდანაც ვერაფრით ვერ ამოდიოდა, სანამ კინაღამ სული არ შეეხუთა მისი საშინელი სუნისაგან. შემდეგ იხილა მოჩუხჩუხე წყალი, რომლითაც ჭუჭყი ჩამოირეცხა, ჰაერიც ძალიან სუფთა და სურნელოვანი იყო გარშემო. როდესაც გაიღვიძა, აბუ ბაქრთან წავიდა, რათა ეკითხა, რას ნიშნავდა ეს სიზმარი; აბუ ბაქრმა უთხრა, რომ ამ შემთხვევაში მისი სხეული სულს განასახიერებდა, იგი შევიდოდა ისეთ სულიერ მდგომარეობაში, რომელიც მისთვის მეტად მწარე იქნებოდა, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფრისაგან შვებას იგრძნობდა; ისიც სწორედ ამ იმედით ცხოვრობდა დანარჩენი დღეები სვეტთან.

რაც შეეხება ბანუ კურაიზას, ქა‛ბმა შესთავაზა: ვინაიდან ბევრ მათგანს სწამდა, რომ მუჰამედი წინასწარმეტყველი იყო, მათ მისი სარწმუნოება უნდა მიეღოთ და ასე გადაერჩინათ თავიანთი სიცოცხლეცა და ქონებაც. მაგრამ ებრაელებმა უთხრეს, სიკვდილი ერჩიათ, რადგანაც მხოლოდ თორასა და მოსეს სჯულს ცნობდნენ. მაშინ ქა‛ბმა მათ მოქმედების სხვაგვარი გეგმები შესთავაზა, მაგრამ ესეც მიუღებელი აღმოჩნდა. ახლა იქ იყო სამი ახალგაზრდა კაცი ბანუ ჰადლიდან - ბანუ კურაიზას ძმის, ჰადლის, შთამომავლები - რომლებიც თავიანთი ნათესავის ციხესიმაგრეში იყვნენ ალყის განმავლობაში, და მათ გაიმეორეს შეთავაზება, რომელიც პირველად წამოაყენა ქა‛ბმა. როდესაც ისინი პატარა ბიჭები იყვნენ, იცნობდნენ იბნ ალ-ჰაჲჲაბანს, მოხუც ებრაელს სირიიდან, ვინც მათთან მივიდა საცხოვრებლად, და ახლა გაიმეორეს მისი სიტყვები მომავალი წინასწარმეტყველის შესახებ: „მოახლოებულია მისი ჟამი. იყავით პირველნი, ვინც მასთან მიხვალთ, ებრაელებო, რადგანაც ის გამოიგზავნება, რათა დაღვაროს სისხლი და ტყვედ წაასხას მათი ქალები და ბავშვები, ვინც წინ აღუდგებიან. ეს ნუ შეგაბრუნებინებთ მისთვის ზურგს.“ 3 მაგრამ ერთადერთი პასუხი, რომელიც მათ მიიღეს, ასეთი იყო: „ჩვენ არ ვუღალატებთ თორას,“ ამიტომაც ის სამი ახალგაზრდა იმ ღამეს ძირს ჩამოვიდა ციხე-სიმაგრიდან, მუსლიმ ყარაულებს საკუთარი ზრახვა გაანდო, კერძოდ, რომ ისლამი უნდა მიეღო, და ერთგულება შეჰფიცა წინასწარმეტყველს. თვითონ ბანუ კურაიზადან მხოლოდ ორმა მიბაძა მათ მაგალითს. ერთ-ერთმა მათგანმა, ‛ამრ იბნ სუ‛დამ, თავიდანვე უარი განაცხადა, რომ წინასწარმეტყველთან დადებული ხელშეკრულება დაერღვია, და მხოლოდ ფორმალურად დაიჭირა მისგან თავი შორს. ახლა მან წამოაყენა ასეთი მოაზრება, რომ, თუ ისინი ისლამს არ მიიღებდნენ, მაშინ წინასწარმეტყველისათვის უნდა შეეთავაზებინათ ძღვენი ან გადასახადი - „მაგრამ, ღმერთმანი, არ ვიცი, მიიღებს თუ არა იგი ამას.“ თუმცა მათ უპასუხეს, რომ სიკვდილი ერჩიათ, ვიდრე რაიმე გადაეხადათ არაბებისათვის. ამიტომაც თვითონ დატოვა ციხე-სიმაგრე, ყარაულებს ჩაუარა, როგორც მუსლიმმა, და ის ღამე გაათენა მედინის მეჩეთში. მაგრამ მას შემდეგ იგი უკვე აღარავის უნახავს, არ არის ცნობილი, სადმე წავიდა თუ გარდაიცვალა. წინასწარმეტყველმა მასზე თქვა: „ეს ის კაცია, რომელიც ღმერთმა გადაარჩინა თავისი ერთგულების გამო.“ მეორე კაცი, რიფა‛ა იბნ სამავ'ალი, მცველებს გაუსხლტა და თავი შეაფარა სალმა ბინთ კაისთან, წინასწარმეტყველის დეიდასთან, ამინას ნახევარ დასთან, რომელიც ცოლად გაჰყვა ხაზრაჯელს ბანუ ან-ნაჯჯარიდან. სწორედ მის სახლში მიიღო რიფა‛ამ ისლამი.

მეორე დღეს, მიუხედავად აბუ ლუბაბას გაფრთხილებისა, ბანუ კურაიზამ ციხე-სიმაგრის კარიბჭეები გახსნა, წინასწარმეტყველს დაემორჩილა და თავი მიანდო განსასჯელად. კაცები გამოიყვანეს ზურგზე შეკრული ხელებით და მათ გარკვეული ადგილი მიუჩინეს ბანაკში. მეორე მახრეს ქალები და ბავშვები შეკრიბეს. წინასწარმეტყველმა ისინი ჩააბარა ‛აბდ ალლაჰ იბნ სალლამს, ბანუ კაინუკა‛ის ყოფილ მთავარ რაბინს. იარაღი და აღჭურვილობა, ტანსაცმელი და სახლის ნივთები ყოველი სიმაგრიდან შეაგროვეს და ერთად დაალაგეს ერთ ადგილას. ღვინითა და ფინიკის დადუღებული წვენით სავსე დოქები გახსნეს და მათი შიგთავსი მიწაზე დააქციეს.

ავსის კლანებმა წინასწარმეტყველს დელეგაცია გაუგზავნეს და სთხოვეს, ისეთივე მოწყალება გამოეჩინა მათი ყოფილი მოკავშირეების მიმართ, რაც თავის დროზე გამოამჟღავნა ბანუ კაინუკა‛ისადმი, რომელიც ხაზრაჯის მოკავშირე იყო. მან ასე უპასუხა: „ავსის კაცებო, დაგაკმაყოფილებთ, თუ რომელიმე თქვენგანი თვითონ გამოუტანს მათ განაჩენს?“ ისინიც დასთანხმდნენ. ასე რომ, წინასწარმეტყველმა მედინიდან დაიბარა მათი ბელადი, სა‛დ იბნ მუ‛აზი, რომლის ჭრილობაც არ განიკურნა და რომელსაც მეჩეთის მახლობლად უვლიდნენ კარავში. წინასწარმეტყველმა ის იქ იმიტომ მოათავსა, რომ ხშირად მოენახულებინა. რუფაიდა, ასლამის ქალი, მკურნალობდა მის ჭრილობას. მისი კლანის რამდენიმე წევრი მივიდა მასთან, ის სახედარზე შესვეს და ბანაკში წაიყვანეს. „კარგად მოექეცი მოკავშირეებს,“ უთხრეს გზაში, „რადგანაც ღმერთის მოციქულმა შენ დაგავალა მათი განსჯა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეიწყალო ისინი.“ მაგრამ სა‛დი სამართლიანი კაცი იყო. ‛უმარის მსგავსად, ის თავის დროზე ტყვეების დანდობის წინააღმდეგ გამოვიდა ბადრთან და ამგვარი მოსაზრების მართებულობა დაადასტურა კიდეც გამოცხადებამ. ბევრი კურეიშელი კაცი, რომელიც გამოსყიდულ იქნა მაშინ, შემდგომში ისევ შეებრძოლა მუსლიმებს უჰუდთან და ბოლოს კი თხრილთან. და ამ უკანასკნელი კამპანიის დროს მომხვდურთა ძლიერება მნიშვნელოვანწილად გამომდინარეობდა ბანუ ნადირის გადასახლებულ ებრაელთა მტრული საქმიანობიდან. ისინი რომ ადრევე დაეხოცათ, ლტოლვილობაში გაშვების მაგიერ, თავდამსხმელთა არმია იმის ნახევარი იქნებოდა, რაც ცოტა ხნის წინ იხილეს თხრილთან, ბანუ კურაიზაც უეჭველად ერთგული დარჩებოდა წინასწარმეტყველთან დადებული ხელშეკრულებისა. არგუმენტები, რომლებიც წარსულის გამოცდილებიდან მოდიოდა, არ იძლეოდა მოწყალების საშუალებას. მეტიც, სა‛დი თვითონ გახლდათ ერთ-ერთი წარგზავნილი კურაიზასთან კრიზისის მომენტში და იხილა მათი ეშმაკობის უმსგავსობა, როდესაც ეგონათ, რომ მუსლიმთა დამარცხება გარდაუვალი იყო. მართალია, თუ ის მკაცრ განაჩენს გამოიტანდა, ავსის კაცთა და ქალთა უმრავლესობა მას განკიცხავდა, მაგრამ ამას არასოდეს არ ექნებოდა დიდი მნიშვნელობა სა‛დისათვის, ახლა კი საერთოდ აღარც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგანაც ის დარწმუნებული იყო, კვდებოდა. უცბათ შეაწყვეტინა სიტყვა მოსარჩლეებს თავისი კლანიდან: „დადგა დრო, როდესაც, ღმერთის მიზეზით, სა‛დმა აღარ უნდა მიაქციოს ყურადღება განკიცხვას განმკიცხველთაგან.“

სა‛დი ძლიერი აღნაგობის კაცი იყო, ლამაზი და დიდებული გარეგნობის მქონე. როდესაც ის ბანაკში მივიდა, წინასწარმეტყველმა თქვა: „წამოდექით თქვენი უფროსის პატივსაცემად.“ ისინიც წამოდგნენ მასთან მისასალმებლად და თქვეს: „‛ამრის მამავ, ღმერთის მოციქულმა დაგადგინა, რათა განსაჯო შემთხვევა შენი მოკავშირეებისა.“ მან უპასუხა: „მაშ, დაიფიცებთ ღმერთის სახელით და მისით დამიდებთ პირობას, რომ ჩემი განსჯა ვერდიქტი, საბოლოო განაჩენი იქნება მათზე?“ „ვფიცავართ,“ მიუგეს. „ეს მასაც ეხება, ვინც აქ არის?“ დაუმატა სა‛დმა და წინასწარმეტყველს შეხედა, მაგრამ იგი სახელით არ მოუხსენიებია პატივისცემის გამო. „ეხება,“ თქვა წინასწარმეტყველმა. „მაშინ მე ასეთი განაჩენი გამომაქვს,“ თქვა სა‛დმა, „რომ კაცები უნდა დახოცოთ, ქალები და ბავშვები კი დაატყვევოთ.“4 წინასწარმეტყველმა უთხრა: „შენ ღვთის განსჯით განსაჯე მეშვიდე ზეცის სიმაღლიდან.“

ქალები და ბავშვები ქალაქში წაიყვანეს, სადაც ისინი დროებით დააბინავეს, ხოლო კაცებმა ღამე ბანაკში გაათენეს, სადაც თორას წარმოთქვამდნენ, ერთმანეთს ამხნევებდნენ და სიმტკიცისა და მოთმინებისაკენ მოუწოდებდნენ. დილით წინასწარმეტყველმა ბრძანა, გაემზადებინათ თხრილები, ძალიან ღრმა, გრძელი და ვიწრო. ეს ბაზართან უნდა გაეკეთებინათ. იქ ებრაელ კაცებს - სულ შვიდასნი იყვნენ, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მეტნი, ხოლო ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ნაკლებნი - გზავნიდნენ პატარ-პატარა ჯგუფებად. თხრილის პირას სვამდნენ, რომელიც მათ საფლავად უნდა ქცეულიყო. შემდეგ ‛ალი, ზუბაირი და სხვები, შედარებით უფრო ახალგაზრდა მუჰაჯირები და ანსარები, მახვილის მოქნევით ჰკვეთდნენ თავებს ებრელებს.

როდესაც ჰუჲაი შეიყვანეს ბაზარში, იგი მიუბრუნდა წინასწარმეტყველს, რომელიც გვერდით იჯდა თავის ძველ მეგობრებთან ერთად, და უთხრა: „მე ჩემს თავს არ ვადანაშაულებ იმის გამო, რომ შენ დაგი პირისპირდი, მაგრამ ვინც ღალატობს ღმერთს, მასაც ასევე უღალატებენ. ვინც ტოვებს ღმერთს, ისიც ასევე მიტოვებული იქნება.“ შემდეგ თავისიანებს მიუბრუნდა და უთხრა: „ღმერთის ბრძანება, არ შეიძლება, არამართებული იყოს - წერილი, განცხადება და ამოჟლეტა, რომელიც ღმერთმა დააწესა თავის წიგნში ისრაელის ძეთათვის.“ შემდეგ ის დაჯდა თხრილის პირას და მას თავი მოჰკვეთეს.

ბოლოს ვინც დასაჯეს, მათ თავის კვეთამ მოუწიათ ჩირაღდნების სინათლეზე, ვინაიდან უკვე დაღამებულიყო. შემდეგ ერთი მოხუცი ებრაელი, ზაბირ იბნ ბატა, რომლის ხვედრიც ჯერ არ იყო გადაწყვეტილი, წაიყვანეს იმ სახლში, სადაც ქალები იყვნენ დროებით განთავსებულნი. მეორე დილით, როდესაც მათ უთხრეს თავიანთი კაცების ამოჟლეტის ამბავი, ქალაქი აღავსეს გოდების ხმით. მაგრამ ასაკოვანმა ზაბირმა ისინი დაამშვიდა: „გაჩუმდით! განა თქვენ ისრაელის პირველი ქალები და ბავშვები ხართ, რომლებიც დაატყვევეს მას შემდეგ, რაც სამყარო შეიქმნა? თქვენს კაცთა შორის ვინმე მართლაც კარგი რომ ყოფილიყო, თქვენ ამ მდგომარეობისაგან გადაგარჩენდათ. მაგრამ მტკიცედ შეინარჩუნეთ ებრაელთა სარწმუნოება, რადგანაც მასში უნდა მოვკვდეთ ჩვენ და მასში უნდა ვიცხოვროთ იმქვეყნად.“

ზაბირი ყოველთვის იყო ისლამის მტერი და მან ბევრი გააკეთა იმ მიზნით, რომ ხალხი აემხედრებინა წინასწარმეტყველის წინააღმდეგ. მაგრამ იასრიბის სამოქალაქო ომების დროს ბევრი ხაზრაჯელი გადაარჩინა სიკვდილს, მათ შორის, საბით იბნ კაისი, რომელსაც უნდოდა, ამ სიკეთისათვის გადაეხადა, ამიტომაც ის წინასწარმეტყველთან წავიდა და სთხოვა, ზაბირი არ მოეკლათ. „იგი შენია,“ მიუგო წინასწარმეტყველმა. მაგრამ, როდესაც ზაბირმა ამის შესახებ შეიტყო, საბითს უთხრა: „რაში სჭირდება სიცოცხლე მოხუც კაცს ცოლ-შვილის გარეშე?“ ამიტომაც საბითი ისევ მივიდა წინასწარმეტყველთან და მისგან გამოითხოვა ზაბირის ცოლ-შვილი, რაზეც თანხმობა მიიღო. მაგრამ ზაბირმა ახლა უთხრა: „ოჯახი ჰიჯაზში საკუთრების გარეშე, როგორც უნდა გადარჩეს ის?“ საბითი დაბრუნდა წინასწარმეტყველთან, რომელმაც მისცა ზაბირის მთელი ქონება, გარდა იარაღისა და აღჭურვილობისა. მაგრამ იმის გახსენება, რომ მისი ტომის წარმომადგენლები ასე ამოხოცეს, ზაბირს გულზე შემოაწვა, ამიტომაც თქვა: „ღმერთმანი, საბით, იმის გამო, რაც შენ ჩემთან გმართებს, მომეცი საშუალება, ჩემს ხალხს შევუერთდე, მას შემდეგ, რაც ისინი წავიდნენ, მე აღარ მიღირს სიცოცხლე.“ თავიდან საბითმა უარი უთხრა, მაგრამ, როდესაც დაინახა, რომ მოხუცი ებრაელი სერიოზულად ეუბნებოდა ამას, ის ბაზარში წაიყვანა და იქ მას თავი მოჰკვეთა ზუბაირმა. მისი ცოლ-შვილი გაათავისუფლეს, თან ქონებაც დაუბრუნეს. მათ საბითი უწევდა მფარველობას.

რაც შეეხება დანარჩენ ქალებსა და ბავშვებს, ისინი ქონებასთან ერთად დაინაწილეს იმ კაცებმა, ვინც ალყაში იღებდნენ მონაწილეობას. ამ ტყვეთაგან ბევრი გამოიხსნეს ნადირელებმა ხაიბარში. თავის წილში წინასწარმეტყველმა ამოირჩია რაიჰანა, ზეიდის ქალიშვილი, ნადირელი, რომელიც მამამისმა მიათხოვა ერთ კაცს კურაიზადან. ის ძალიან ლამაზი ქალი იყო და წინასწარმეტყველის მონად დარჩა მანამდე, სანამ არ გარდაიცვალა დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ. თავიდან წინასწარმეტყველმა იგი თავისი დეიდის, სალმას, მომვლელად დაადგინა, რომლის სახლისთვისაც უკვე შეეფარებინა თავი რიფა‛ას. მისმა ნათესავებმა ბანუ ჰადლიდან ამ ქალს ბევრი რამ უთხრეს ახალი სარწმუნოების შესახებ. სულ მალე ზემოთ ხსენებული სამი ახალად გამუსლიმებული ებრაელიდან ერთ-ერთი, სა‛ლაბა, წინასწარმეტყველთან მივიდა და ამცნო, რომ რაიჰანამაც ისლამი მიიღო. წინასწარმეტყველმა დიდად გაიხარა. რამდენიმე თვეში ცხადი გახდა, ქალი ყოფილი ქმრისაგან ორსულად არ იყო, ამიტომაც წინასწარმეტყველი მასთან მივიდა და შესთავაზა, რომ გაათავისუფლებდა და შემდეგ კი ცოლად შეირთავდა. მაგრამ რაიჰანამ უპასუხა: „ღმერთის მოციქულო, დამტოვე შენი ძალაუფლების ქვეშ, ასე უფრო ადვილი იქნება ჩემთვისაც და შენთვისაც.“

_______________________

1. ი.ი. 684.

2. ვ. 507.

3. ი.ი. 136.

4. სა‛დის განაჩენი, უეჭველია, უმთავრესად მიმართული იყო ღალატის წინააღმდეგ, მაგრამ ის პრინცი პში ზუსტად შეესაბამებოდა ებრალეთა კანონს ალყით დამარცხებული ქალაქის შესახებ, თუნდაც იქ მოღალატეობასთან არ გვქონოდა საქმე: როდესაც შენი უფალი ღმერთი მას ხელთ ჩაგიგდებს, შენ უნდა მოსპო იქ ყველა მამაკაცი მახვილის პირით, ხოლო ქალები, პატარები, საქონელი და ყველაფერი, რაც არის ქალაქში, მთელი ნადავლი, შენთვის უნდა წამოიღო. - ხელში ჩაგიგდებს მას უფალი, შენი ღმერთი, და მახვილით გაწყვეტ მთელს მამროვანს. მხოლოდ ქალები, ბავშვები, პირუტყვი და ყველაფერი, რაც ქალაქში იქნება - მთელი ნადავლი დაიტაცე. რჯლ. 20:2.

62 LXII. ალყის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


როდესაც სა‛დმა აღასრულა სამსჯავრო ბანუ კურაიზაზე, იგი დაბრუნდა თავის ადგილას მეჩეთთან ახლოს და ისევ ლოგინად ჩაწვა. მან უკვე ილოცა ღმერთის მიმართ, რომ, თუ კიდევ ედო წინ რაიმე ბრძოლაში მონაწილეობა ისლამის მტრების წინააღმდეგ, სიცოცხლე მხოლოდ ამ შემთხვევაში შენარჩუნებოდა, ხოლო, თუ არა, ღმერთს მისთვის სიკვდილი გამოეგზავნა. ამიტომაც ახლა მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ალყის შემდგომ ერთ-ერთ ღამეს წინასწარმეტყველმა იგი სრულიად უგონოდ პოვა. სასთუმალთან ჩამოუჯდა, შემდეგ ფრთხილად მოჰიკდა ხელი თავზე და ასე მიიყრდნო გულზე, თან ილოცა: «უფალო, სა‛დმა ჭეშმარიტად იბრძოლა სწორ გზაზე, შენი მოციქულის სრული რწმენით, არაფერი არ დაუტოვებია გაუკეთებელი, რაც მისი გასაკეთებელი იყო. მაშ, შენთან წაიყვანე მისი სული და საუკეთესოდ მიიღე იგი. შენ მიგყავს შენს ქმნილებათა სულები.“ სა‛დმა გაიგო წინასწარმეტყველის ხმა, თვალები გაახილა და თქვა: „მშვიდობა შენდა, ღმერთის მოციქულო, მე ვადასტურებ, რომ შენ მოიტანე შენი უწყება.“ ერთი თუ ორი საათის შემდეგ, როდესაც წინასწარმეტყველი უკვე სახლში იყო, მასთან გაბრიელი მივიდა და ამცნო, რომ სა‛დი გარდაცვლილიყო.

როდესაც სა‛დს სასაფლაოსაკენ მიასვენებდნენ, კაცები გაოცდნენ მისი სიმსუბუქით, რადგანაც იგი მიძიმე კაცი იყო. ეს წინასწარმეტყველს უთხრეს, მან კი განუმარტა: „დავინახე, რომ მას ანგელოზები მიასვენებდნენ.“ სა‛დი საფლავის პირას დაასვენეს, წინასწარმეტყველი ლოცულობდა, მის უკან კი ასევე ლოცულობდა მრავალი კაცი, ქალი და ბავშვი. შემდეგ, როდესაც მათ მისი სხეული საფლავში ჩაასვენეს, უეცრად წინასწარმეტყველს სახე გაუფითრდა და სამჯერ თქვა: სუბჰან ალლაჰ, „დიდება ღმერთს!“, ეს იყო ღმერთის აბსოლუტური ტრანსცენდენტურობის დადასტურება, რომელსაც, როგორც ახლა, ზოგჯერ წარმოთქვამდნენ ხოლმე იმ შეზღუდვაზე, რაც გადალახულ უნდა იქნას. ყველამ, ვინც იქ იყო, ეს სიტყვები გაიმეორა და სასაფლაოზე ღვთის სადიდებელი ექო გაისმა. შემდეგ წინასწარმეტყველმა წარმოთქვა გამარჯვების სიტყვები, ალლაჰუ აქბარ, „დიდ არს ალაჰი“, და ცერემონიამ ესეც გაიმეორა, ყველამ, ვინც იქ იყო. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რატომ დაკარგა ფერი, წინასწარმეტყველმა თქვა: „საფლავი გადაეფარა თქვენს მეგობარს და მან იგრძნო ის შეზღუდვა, რომელსაც, თუ ვინმე გადალახავდა, სა‛დს უნდა გადაელახა. შემდეგ იგი ღმერთმა თავისი კურთხევით გაათავისუფლა.“1

მომდევნო დღეებში ერთ-ერთი განთიადისას წინასწარმეტყველი უმმ სალამას ბინაში იყო, როდესაც მას გამოუცხადა: „აბუ ლუბაბას მიეტევა.“ „წავიდე და ვაცნობო კარგი ამბავი?“ ჰკითხა მან. „როგორც გინდა,“ მიუგო წინასწარმეტყველმა. ქალი თავისი სახლის კარის ზღურბლზე დადგა, ეს კარი პირდაპირ მეჩეთში გადიოდა იმ სვეტთან ახლოს, რომელზეც აბუ ლუბაბა მიება, და გასძახა: „აბუ ლუბაბა, გაიხარე, რადგანაც ღმერთმა შეგიმსუბუქა მდგომარეობა.“ კაცები, ვინც მეჩეთში იყვნენ, მისკენ გაქანდნენ, რათა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ მან ისინი შეაჩერა და უთხრა: „არ წავალ, სანამ ღმერთის მოციქული არ გამათავისუფლებს თავისი ხელით.“ ასე რომ, წინასწარმეტყველმა მას ჩაუარა, როდესაც სალოცავად მიდიოდა, და ახსნა.

ლოცვის შემდეგ აბუ ლუბაბა წინასწარმეტყველთან მივიდა და უთხრა, რომ უნდოდა რაიმეს გაცემა იმის გამოსასყიდად, რაც დააშავა, და წინასწარმეტყველმა მისგან მიიღო მისი ქონების მესამედი, რადგანაც გამოცხადებაში, რომელმაც იგი გაათავისუფლა, ნათქვამი იყო: გამოართვი მოწყალებად მათი სიმდიდრიდან, რათა განწმინდო ისინი, 2 რაც მიემართებოდა არა მხოლოდ აბუ ლუბაბას, არამედ ასევე სხვა კარგ ადამიანებს, რომლებმაც გარკვეული ცოდვა ჩაიდინეს და შემდეგ საკუთარი თავისუფალი ნებით აღიარეს თავიანთი შეცდომები.

თხრილის სამხედრო ოპერაციიდან დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ წინასწარმეტყველმა შეიტყო, რომ კურეიშელთა მდიდარი ქარავანი სირიიდან ბრუნდებოდა. ზეიდი გაგზავნეს, რათა ასკაციანი ჯარით და ასევე სამოცდაათი დამატებითი ცხენოსნის დახმარებით ამ ქარავნისათვის გზა მოეჭრა. მუსლიმებმა ხელთ იგდეს მთელი ნავაჭრი, სხვა საქონელთან ერთად - ბევრი ვერცხლი, რომელიც საფვანის საკუთრება გახლდათ. კაცების უმეტესობა ტყვედ ჩაიგდეს. ცოტა თუ გადარჩა, მათ შორის იყო აბუ ლ-‛ასი, წინასწარმეტყველის სიძე; როდესაც ის მიუახლოვდა მედინას, რომლის ახლოსაც უნდა ჩაევლო მექაში მიმავალს, აღავსო ძლიერმა მონატრებამ და სურვილმა, ენახა თავისი ცოლი და პატარა ქალიშვილი, უმამა. ღამით იგი საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ შეი პარა ქალაქში და შეძლო, გაერკვია, სად ცხოვრობდა ზეინაბი. მან კარზე დააკაკუნა, ქალმა გააღო და შეუშვა. მალე გათენდა და, როდესაც ბილალმა ხალხს ლოცვისაკენ მოუწოდა, ზეინაბმა ქმარი სახლში დატოვა უმამასთან ერთად, თვითონ კი მეჩეთში წავიდა, რათა, როგორც ყოველთვის, დაეკავებინა თავისი ადგილი დებსა და დედინაცვლებს შორის ქალთა წინა რიგებში, კაცების უკან. წინასწარმეტყველმა წარმოთქვა თავდაპირველი დიდება, რომელიც კაცებმა გაიმეორეს. როდესაც სიჩუმის მოკლე მომენტი დადგა, ზეინაბმა მთელი ხმით დაიძახა: „ხალხნო, მე უსაფრთხოების გარანტიას ვაძლევ აბუ ლ-‛ასს, რაბი‛ის ძეს.“ შემდეგ თვითონაც შეუერთდა ლოცვას და დიდება აღავლინა.

წინასწარმეტყველმა წარმოთქვა მშვიდობის უკანასკნელი მისალმებები, ფეხზე წამოდგა და შეკრებილ ხალხს მიუბრუნდა: „გაიგეთ, რაც მეც გავიგე?“ როდესაც მთელ მეჩეთში ჩურჩულით დაუდასტურეს, რომ გაიგეს, მან განაგრძო: „იმის სახელით, ვის ხელშიც ჩემი სულია, მე არ ვიცოდი ამის შესახებ, სანამ აქ არ გავიგე. უმცირესმა მუსლიმმაც კი შეიძლება მისცეს ვინმეს უსაფრთხოების გარანტია, მფარველობა, რომელიც ყველა დანარჩენმა მუსლიმმა უნდა შეასრულოს.“ შემდეგ თავის ქალიშვილთან მივიდა და უთხრა: „ის მთელი პატივით მიიღე, მაგრამ ნუ მიიკარებ, როგორც ქმარს, რადგანაც შენ მისი აღარ ხარ კანონის მიხედვით.“ ქალმა მამას უთხრა, რომ აბუ ლ-‛ასი შეწუხებული იყო იმ ნავაჭრის დაკარგვით, რომელიც მან თვითონ მოი პოვა ბარტერის საშუალებით სირიაში რამდენიმე კურეიშელი კაცის სახელით, ვინც მას მიანდო თავისი საქონელი, ვინაიდან ის ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ადამიანი იყო მექაში. ამიტომაც წინასწარმეტყველმა სიტყვა შეუთვალა იმათ, ვისაც აბუ ლ-‛ასის საქონელი ჩაეგდო ხელში: „როგორც იცით, ეს კაცი ჩვენი ნათესავია. თქვენ წაგიღიათ ის, რაც მას ეკუთვნოდა. თუ სიკეთეს გამოიჩენთ და ყველაფერს დაუბრუნებთ, დიდად მასიამოვნებთ, მაგრამ, რომც არ მომცეთ, ეს ნადავლია, რომელიც ღმერთმა გიბოძათ, ამიტომაც თქვენ უფრო დიდი უფლება გაქვთ მასზე.“ მათ უთხრეს, რომ ყველაფერს დაუბრუნებდნენ, და ეს ისეთი სიზუსტით აღასრულეს, რომ დააბრუნეს თვით გაცვეთილი, ძველი ტყავის ბოთლები და ხის ნაჭრები. მას აბსოლუტურად ყველაფერი დაუბრუნეს გამონაკლისის გარეშე. თანაც არსებობდა საიმისო ნიშნები, რომ აბუ ლ-‛ასი ისლამს მიიღებდა, ამიტომაც ერთ-ერთმა კაცმა მას უთხრა: „რატომ არ მიიღებ ისლამს და ამ ყველაფერს შენთვის არ აიღებ, ეს ხომ კერპთაყვანისმცემლის საკუთრებაა?“ მაგრამ მან უპასუხა: „ცუდი დასაწყისი იქნებოდა ჩემს მუსლიმობაში, რომ მეღალატა იმ ნდობისათვის, რაც გამიწიეს.“ მან საქონელი მექაში წაიღო და პატრონებს დაუბრუნა. შემდეგ მედინაში დაბრუნდა და ისლამი მიიღო, ერთგულების ფიციც დადო. ამგვარად, ზეინაბი ისევ დაუკავშირდა თავის ქმარს და ამას დიდი სიხარული მოჰყვა როგორც წინასწარმეტყველის ოჯახში, ასევე მთელ მედინაში.

________________________

1. ვ. 529.

2. IX, 103.

63 LXIII. წარმართები

▲ზევით დაბრუნება


ზეიდის წარმატებულმა თავდასხმამ აღმოსავლეთის საქარავნო გზაზე კურეიშელთა ფიქრები კიდევ ერთხელ მიმართა დასავლეთის მარშრუტისაკენ, რომელიც ბევრად ერჩიათ. ახლა მათ გააქეზეს თავიანთი მოკავშირეები წითელი ზღვის სანაპიროზე, ბანუ ლ-მუსტალიკი, ხუზა‛ას კლანი, რათა მედინის წინააღმდეგ გაელაშქრათ, უეჭველი იმედი ჰქონდათ, რომ მხარდაჭერას მიიღებდნენ სანაპიროს სხვა ტომებისგანაც და ასე კიდევ ერთხელ გაეხსნებოდათ გზა დასავლეთისაკენ. მაგრამ ხუზა‛ას სხვა კლანები უფრო კარგად იყვნენ განწყობილნი წინასწარმეტყველის მიმართ, ვიდრე ეს მექელებს შეეძლოთ წარმოედგინათ, ამიტომაც მათმა გეგმებმა წინასწარმეტყველის ყურამდე ძალიან მალე მიაღწია. ამდენად, მას საშუალება მიეცა, ეჩვენებინა თავისი არა თუ შეუმცირებელი, არამედ, პირიქით, მზარდი ძალა და ზეგავლენა ასევე დასავლეთის გზაზე, რომელიც სულ ახლოს გადიოდა მექასთან. რვა დღის შემდეგ, საკმაოდ ადრე, ვიდრე ბანუ ლ-მუსტალიკი გასასვლელად მოემზადებოდა, იგი უკვე დაბანაკებული იყო მათ ტერიტორიაზე ერთ-ერთ სარწყავ ადგილას. იქიდან წინ წავიდა და სწრაფი მანევრით შეძლო მისდგომოდა კარვის მკვიდრთ, რომლებიც ყოველგვარი სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე დანებდნენ. მხოლოდ ერთი მუსლიმი დაიღუპა, ხოლო მტრის რიგებში მოკლულთა რიცხვმა ათს მიაღწია. დაახლოებით ორასი ოჯახი დაატყვევეს, ნადავლი კი შეადგენდა თითქმის ორიათას აქლემსა და ხუთიათას ცხვარსა და თხას.

ჯარი იქ კიდევ რამდენსამე დღეს იყო დაბანაკებული, მაგრამ მათი იქ ყოფნა უსიამოვნო ინციდენტმა შეწყვიტა. ჩხუბი ატყდა ერთ-ერთ ჭასთან სანაპიროს ტომების, ღიფარისა და ჯუჰაინას, ორ კაცს შორის იმის თაობაზე, თუ რომელი სათლი რომელს ეკუთვნოდა. ისინი ერთმანეთს შეებნენ. ღიფარელმა, რომელიც ‛უმარმა დაიქირავა, როგორც თავისი ცხენის გამძღოლი, დახმარებისათვის კურეიშს მოუხმო, ხოლო ჯუჰაინელმა კი თავის ტრადიციულ მოკავშირეს, ხაზრაჯს მიმართა. როგორც მუჰაჯირებიდან, ასევე ანსარებიდან ზოგიერთი გულფიცხი მაშინვე იქ მიიჭრა. მათ ხმლები იშიშვლეს და მალე სისხლიც დაიღვრებოდა, სანამ უფრო ახლო მეგობრები არ ჩაერივნენ საქმეში ორივე მხრიდან. ჩვეულებრივ, ეს დასასრული იქნებოდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ უფრო მეტი წარმართი, ვიდრე სხვა დროს, იღებდა მონაწილეობას ამ ექსპედიციაში; ისინი იყვნენ კარგად ნაცნობ და წყლით მდიდარ ტერიტორიაზე, ამიტომაც საბოლოოდ ყველას ჰქონდა იმედი, რომ ადვილი გამარჯვების შედეგად ისეთი ნადავლიც იქნებოდა, რომელიც ეღირებოდა რაიმედ და გაწეული ძალისხმევის შესაბამისი აღმოჩნდებოდა. ისინი არ იყვნენ მომწიფებული იმის შესაგნებად, რომ მდგომარეობა შეიცვალა, და ფიქრობდნენ, რომ ექსპედიციები, რომლებიც მედინიდან ხორციელდებოდა, ხაზრაჯისა და ავსის ყაჩაღურ თავდასხმებს წარმოადგენდა სხვა ძალების თანხლებით. ბანაკი კაილას ძეებს ეკუთვნოდა: კურეიშელი ლტოლვილები იქ, როგორც ყველგან, უბრალოდ ჩუმი თანხმობით იყვნენ. ამგვარი განწყობით იჯდა იბნ უბაი თავისი ახლობლების ჯგუფთან, როდესაც მის ყურამდე მიაღწია ჩხუბის ხმამ. ერთ-ერთი მათგანი წავიდა, რათა ენახა, რა ხდებოდა. ის დაბრუნდა და სრულიად სწორად თქვა, რომ ‛უმარის კაცები იყვნენ ყველაფერში დამნაშავე და სწორედ თვითონ ის იყო, რომელმაც პირველად დაარტყა მეტოქეს. ამან გააღვივა იმ სიმწარის ნარჩენი ნაკვერჩხლები, რომლებიც, მართალია, მინავლებულიყო, მაგრამ მაინც ჯერ კიდევ არსებობდა თხრილთან გადატანილი მძიმე გამოცდის შემდეგაც. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაძაბულობა მაინც იმატებდა, რადგანაც, წარმართების პოზიციიდან რომ შევხედოთ, მედინაში მუჰამედისა და მუჰაჯირების ყოფნის გამო ამ ქალაქს თითქმის მთელი არაბეთი აღუდგა წინ. ამას ისიც ემატებოდა, რომ მდიდარი და პატივცემული ებრაული ტომები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ მათ საზოგადოებაში, ამოიძირკვნენ, ორი გადაასახლეს, ერთი კი ამოჟლიტეს. ოაზისის სამოქალაქო ომების პრობლემა ნამდვილად მოიხსნა, მაგრამ იბნ უბაი დარწმუნებული იყო, თვითონ რომ დაესვათ მეფედ, მოახერხებდა, თავის ხალხში უთანხმოებანი ისე მოეგვარებინა, რომ ისინი კიდევ უფრო უარეს სხვა მტრობაში არ ჩაერთო. და ახლა ეს საცოდავი ლტოლვილები უსირცხვილოდ ბედავდნენ, თავიანთი კეთილისმყოფლებისათვის ჭისკენ მიმავალი გზა ჩაეხერგათ. „ასე შორს შევიდნენ?“ იკითხა იბნ უბაიმ, „უნდათ, რომ ჩვენზე მოი პოვონ უპირატესობა, ისინი ჩვენივე საკუთარი ქვეყნიდან გვაძევებენ, სხვა არაფერი აღარ შეგვეფერება, თუ არა კურეიშის ეს ძონძები, მაგრამ ძველი ანდაზა გვეუბნება: `კარგად გამოკვებე შენი ძაღლი და ის შენით გამოიკვებება.' ღმერთმანი, როდესაც მედინაში დავბრუნდებით, ჩვენს შორის უფრო მაღალი და ძლიერი გააძევებს უფრო დაბალსა და სუსტს.“ ბიჭი ხაზრაჯიდან, სახელად ზეიდი, რომელიც იმ წრის ნაპირას იჯდა, პირდაპირ წინასწარმეტყველთან წავიდა და უთხრა, რაც იბნ უბაიმ თქვა. წინასწარმეტყველს ფერი ეცვალა და ‛უმარმა, ვინც მასთან ერთად იყო, ურჩია, მოღალატისათვის თავი მოეკვეთათ, მაგრამ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „მაშინ რა ვქნათ, ‛უმარ, თუ ხალხი იტყვის, რომ მუჰამედი თავის საკუთარ მეგობრებს ხოცავს?“ იმავდროულად ერთერთი ანსარი წავიდა იბნ უბაისთან და ჰკითხა, მართლა თქვა თუ არა ის, რაც ბიჭმა ამცნოთ. იბნ უბაი პირდაპირ მივიდა წინასწარმეტყველთან და დაიფიცა, რომ ასეთი რამ არ უთქვამს. ხაზრაჯის რამდენიმე კაცმა, რომლებიც იქ იყვნენ, ასევე მის სასარგებლოდ ილაპარაკეს და იგი დაიცვეს. მათ ძალიან უნდოდათ, რომ უბედურება თავიდან აეცილებინათ. წინასწარმეტყველმა ისე გააკეთა, თითქოს ინციდენტი დამთავრდა, მაგრამ უფრო სანდო გზა უსიამოვნების ასაცილებლად იყო ის, რომ კაცების გონება ახლა სხვა რამით ყოფილიყო დაკავებული, ამიტომაც გასცა ბრძანება, დაუყოვნებლივ აეყარათ ბანაკი.

მანამდე არასოდეს არ ყოფილა შემთხვევა, რომ წინასწარმეტყველს დღის ამ მონაკვეთში გაეცეს ბრძანება წასვლის შესახებ: შუადღის შემდეგ სულ ცოტა დრო გასულიყო. ისინი მხოლოდ მცირე ხნით ჩერდებოდნენ, მხოლოდ სალოცავად, დანარჩენი კი მიდიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შუადღის სიცხე მეტად მწველი იყო, მიდიოდნენ ღამითაც, მომდევნო დღის აისიდან მოყოლებული ისევ შუადღის სიცხემდეც განაგრძობდნენ სვლას. როდესაც მათ საბოლოოდ მიეცათ ბრძანება, გაჩერებულიყვნენ და ბანაკი გაეშალათ, კაცები ისე იყვნენ დაღლილი, რომ მხოლოდ ძილი თუ შეეძლოთ. სვლის დროს წინასწარმეტყველმა სა‛დ იბნ ‛უბადას, რომელიც მუსლიმთათვის უკვე თანდათანობით ცვლიდა იბნ უბაიდას, როგორც ხაზრაჯის მთავარ კაცს, გაანდო, სჯეროდა, რომ ახალგაზრდა ზეიდმა სიმართლე თქვა. „ღმერთის მციქულო,“ თქვა სა‛დმა, „თუ გინდა, შენ გააძევებ მას, რადგანაც ის უფრო დაბალია და სუსტი, ხოლო შენ კი მაღალი და ძლიერი.“ მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველმა სთხოვა, თავშეკავებით მოპყრობოდა იბნ უბაის. წინასწარმეტყველს განზრახული ჰქონდა, აღნიშნული ინციდენტი საერთოდ აღარასოდეს აღარ ეხსენებინა, მაგრამ სულ მალე სა‛დთან საუბრის შემდეგ ეს საქმე უკვე მასზე დამოკიდებული აღარ იყო, რადგანაც გამოცხადება მიიღო. იმ თავს ეწოდება წარმართების სურა. მათგან ერთ-ერთია მოხსენიებული, მართალია, მისი სახელი არ არის აღნიშნული, მაგრამ მითითებულია, რომ მან ზუსტად ის თქვა, რაც ზეიდმა მოისმინა. თუმცაღა წინასწარმეტყველმა ეს სურა არ გამოაცხადა მანამდე, სანამ მედინაში არ ჩავიდნენ. იგი მანამდე მხოლოდ ზეიდთან მივიდა, მისკენ გადაიხარა და ჩასჩურჩულა: „ბიჭო, შენმა ყურმა სიმართლე გაიგონა და ღმერთმა დაადასტურა შენი ნათქვამი.“

ამასობაში ‛აბდ ალლაჰი, იბნ უბაის ვაჟი, ღრმად დამწუხრებული იყო, რადგანაც იცოდა, რომ მამამისმა ეს სიტყვები თქვა. მას ასევე უთხრეს, როგორ ურჩია ‛უმარმა წინასწარმეტყველს, იბნ უბაი სიკვდილით დაესაჯათ, და ეშინოდა, რომ ეს ამბავი გავრცელდებოდა და ნებისმიერ მომენტში გაიცემოდა ბრძანება მის აღსასრულებლად. ამიტომაც ის წინასწარმეტყველთან მივიდა და უთხრა: «ღმერთის მოციქულო, მითხრეს, რომ ‛აბდ ალლაჰ იბნ უბაის მოკვლას ფიქრობ. თუ ეს ნამდვილად გჭირდება, მაშინ მიბრძანე და მე მოგიტან მის თავს. ხაზრაჯში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არავის, არც ერთ ვაჟს არა აქვს მამის მიმართ ისეთი დიდი პატივისცემა და სიყვარული, როგორც მე, და მეშინია, რომ, თუ შენ რომელსამე სხვას უბრძენაბ მამაჩემის მოკვლას, ვერ შევძლებ და სული გამტანჯავს, რომ კაცთა შორის მოსიარულეს ვუყურო მამაჩემის მკვლელს, მე მას აუცულებლად მოვკლავ, ამიტომაც, როგორც მორწმუნის მკვლელი ურწმუნოს გამო, ჯოჯოხეთის ცეცხლში შევალ.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა უთხრა: „არა, მოთმინებით მოვექცეთ მას და ვცადოთ, ჩვენი კარგი მეგობარი იყოს, სანამ ის ჩვენს შორის იქნება.“ 1

________________________

1. ი.ი. 762-8.

64 LXIV. ყელსაბამი

▲ზევით დაბრუნება


‛ა'იშა და უმმ სალამა თან ახლდნენ წინასწარმეტყველს თავის ექსპედიციაში; მზის ჩასვლისას დაბანაკების დროს, იძულებითი მარშიდან ორი თუ სამი დღის შემდეგ, ონიქსის ყელსაბამი, რომელიც ‛ა'იშას ეკეთა, გაიხსნა და მიწაზე დავარდა შეუმჩნევლად. როდესაც მან დანაკარგი შენიშნა, უკვე საკმაოდ ბნელოდა საიმისოდ, რომ ძებნა დაეწყოთ, მას კი არ უნდოდა, მძივის გარეშე წასულიყო. დედამისმა გაუკეთა ის ქორწილის დღეს და ეს იყო მის ნივთთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი. იმ ადგილას წყალი არ მოი პოვებოდა და თავიდან წინასწარმეტყველს გადაწყვეტილი ჰქონდა, მხოლოდ მცირე ხნით გაჩერებულიყვნენ იქ, მაგრამ ახლა გასცა ბრძანება, ბანაკი დილამდე გაეშალათ. გეგმის შეცვლის მიზეზი პირიდან პირში გადადიოდა და ასე გავრცელდა კაცებში. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც მთელი ჯარი იძულებული იყო, ეცადა ასეთ ცუდ ადგილას ერთი ყელსაბამის გამო. ზოგიერთი მეგობარი მივიდა და ეს აბუ ბაქრთან დაიჩივლა. იგი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და თავის ქალიშვილს გაუწყრა ასეთი დაუდევრობსათვის. ახლოს არც ერთი ჭა არ იყო, მეომრებს კი უკვე მთელი წყლის მარაგი დაეცალათ იმ იმედით, რომ თავიანთ ტიკებს სულ მალე გაავსებდნენ იმ წყალუხვ ბანაკში, საითკენაც წასვლას აპირებდნენ. ახლა ვეღარც ილოცებდნენ, რადგანაც მათ არ ჰქონდათ განბანის საშუალება. მაგრამ ღამის ბოლო საათებში მოვიდა აია მიწით (სილით) განწმენდის შესახებ - აღუწერელი მნიშვნელობის მქონე მოვლენა მორწმუნეთა საზოგადოების პრაქტიკული ცხოვრებისათვის: თუ ვერ პოვებთ წყალს, მაშინ განიწმინდეთ სუფთა მიწით, წაისვით ის სახესა და ხელებზე.1 უარყოფითი გრძნობები, რომლებიც აღმოცენდა მებრძოლთა შორის, უმალ ჩაცხრა და უსაიდმა დაიძახა: „ეს არ არის პირველი კურთხევა, რომელიც მოგვიტანეთ თქვენ, აბუ ბაქრის ოჯახის წევრებო.“

როდესაც გათენდა, ყელსაბამს ისევ ვერსად მიაგნეს. ყოველგვარი იმედი გადაეწურათ და უკვე წასვლას აპირებდნენ. ‛ა'შას აქლემი წამოდგა იმ ადგილიდან, სადაც დაჩოქილი იყო, და ყელსაბამიც იქ დახვდათ, მთელი ღამე გდებულა აქლემის ქვეშ.

ერთ-ერთი შემდეგი ბანაკი გაშალეს სასიამოვნო ველზე, სადაც ზოლებად იყო დაღარული სილა. წინასწარმეტყველის კარვები, როგორც ყოველთვის, ოდნავ მოშორებით გაეშალათ დანარჩენებისაგან. იმ დღეს ‛ა'იშას ჯერი იყო, რომ მასთან ყოფილიყო. შემდგომში იგი ყვებოდა, როგორ შესთავაზა წინასწარმეტყველმა, სირბილში შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. „მე ავიკეცე ჩემი სამოსი, მან კი - თავისი. შემდეგ ჩვენ გავიქეცით და შეჯიბრი მან მოიგო.“ „ეს იმ ძველი შეჯიბრის გამო გავაკეთე,“ მითხრა მან, |რომელიც შენ მომიგე.“, იხსენებდა ‛ა'იშა. იგი გულისხმობდა ერთ შემთხვევას, რომელიც ჯერ კიდევ მექაში მოხდა ჰიჯრამდე. ‛ა'იშამ დასძინა განმარტებაც: „წინასწარმეტყველი მამაჩემთან მოვიდა სახლში, მე რაღაც მეჭირა ხელში და მან მითხრა: „მომეცი ეგ,“ მე კი არ მივეცი და მას გავექეცი. იგი გამომეკიდა, მაგრამ მე მასთან შედარებით ძალიან სწრაფად დავრბოდი.“ 2

‛ა'იშას ყელსაბამის შესაკრავი სუსტი იყო და ერთ-ერთი ბოლო გაჩერების დროს, სანამ მედინაში მივიდოდნენ, მძივი კიდევ ერთხელ ჩამოუსრიალდა ყელიდან. ეს მაშინ მოხდა, როდესაც გასვლის ბრძანება უკვე გაცემული იყო, ახალგაზრდა ქალი კი გვერდით იყო გასული ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. დაბრუნებისთანავე იგი და უმმ სალამა თავიანთ საპატიო სააქლემე კარვებში ჩასხდნენ, ფარდები ჩამოაფარეს და სახეები გაიხსნეს. მხოლოდ მაშინ შენიშნა ‛ა'იშამ თავისი ხელახალი დანაკარგი. იგი უეცრად გასხლტა ფარდიდან და ისევ იმ ადგილას წავიდა, სადაც იყო, რათა ყელსაბამი მოეძებნა. ამასობაში კაცებმა აქლემები შეკაზმეს და მიიყვანეს სააქლემე კარვებთან, რომლებიც შესაბამისად თავ-თავის აქლემებზე შემოდგეს. ისინი მიჩვეულნი იყვნენ, რომ არსებითი განსხვავება იყო ამ ორი კარვის წონაში, ერთი ეკუთვნოდა ოცდაათი წლის ქალს, მეორე კი თოთხმეტი წლის გოგონას, რომელიც თავისი ასაკის გამო ძალიან მსუბუქი იყო. ამიტომაც კაცებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ეს მეორე კარავი ახლა კიდევ უფრო მსუბუქიც გახლდათ, ვიდრე სხვა დროს, ამიტომაც ყოველგვარი ფიქრისა და დაყოვნების გარეშე წაიყვანეს აქლემები, რათა დანარჩენებს შეერთებოდნენ და გზას გასდგომოდნენ. „მე ვი პოვე ჩემი ყელსაბამი,“ ყვებოდა ‛ა'იშა, „და დავბრუნდი ბანაკში, მაგრამ იქ ერთი სულიერიც კი აღარ დამხვდა. წავედი, სადაც ჩემი სააქლემე კარავი იყო, რადგანაც ვფიქრობდი, რომ შეამჩნევდნენ ჩემს არყოფნას და უკან მობრუნდებოდნენ. ცოტა ხანს ვიჯექი, მერე თვალები დამეხუჭა და დამეძინა. იქ ვიწექი, როდესაც საფვანმა3 მუ‛ატტალის ძემ, ჩამოიარა. რაღაც მიზეზით ჩამორჩენოდა ჯარს და ბანაკთან ერთად არ გაუთენებია ღამე. როდესაც შემამჩნია, მოვიდა და თავზე წამომადგა. ის მიჩვეული იყო, რომ ჩვენ თავდაბურულებს გვიყურებდა, როდესაც მიცნო, თქვა: „ჭეშმარიტად, ჩვენ ღმერთისანი ვართ და მას დავუბრუნდებით. ეს ღმერთის მოციქულის ცოლია.“ ამ სიტყვებმა გოგონა გამოაღვიძა და მან თავსაბურავი ჩამოიფარა სახეზე. საფვანმა მას თავისი აქლემი შესთავაზა, თვითონ კი ფეხით გაჰყვა და ასე ჩაიყვანა შემდეგ გაჩერებამდე.4

როდესაც ჯარი შემდეგ გაჩერებასთან მივიდა, ‛ა'იშას სააქლემე კარავი ძირს ჩამოსწიეს და მიწაზე დადგეს. იქიდან არავინ არ გამოვიდა და იფიქრეს, რომ გოგონას ჩაეძინა. ყველა განცვიფრებული დარჩა, რადგანაც გაჩერებაზე ყოფნის ბოლოს, როდესაც კაცებმა უკვე დაისვენეს, ის ბანაკში შევიდა აქლემზე ამხედრებული, წინ კი საფვანი მიუძღვოდა. ეს იყო იმ სკანდალის დასაწყისი, რომელმაც შეძრა მედინა და რომლის წამოწყებაც არ დააყოვნეს წარმართებმა თავიანთი ენის ტრიალით. მაგრამ იმ მომენტში წინასწარმეტყველმა და ‛ა'იშამ და ასევე მეგობართა უმრავლესობამ ჯერ არ იცოდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით რა უსიამოვნება ელოდათ. ნადავლი ისე განაწილდა, როგორც ყოველთვის. ერთ-ერთი ტყვე იყო ჯუვაირია, ჰარისის ქალიშვილი. ჰარისი გახლდათ დამარცხებული კლანის ბელადი. ეს ქალი წილად ხვდა ანსარს, რომელმაც მის გამოსასყიდად ძალიან დიდი ფასი დააწესა. ჯუვაირია წინასწარმეტყველთან მივიდა, რათა მისთვის დახმარება ეთხოვა. წინასწარმეტყველი იმ დღეს ‛ა'იშასთან იყო, რომელმაც მოსულ სტუმარს კარი გაუღო. როდესაც შეიტყო, რაც მოხდა, ამის შემდეგ იგი იხსენებდა: „ის ძალიან სანდომიანი და ლამაზი იყო. ვერც ერთი კაცი ვერ შეხედავდა მას ისე, რომ ამ ქალს მისი გული არ დაეპყრო. როდესაც იგი ჩემი ოთახის კართან დავინახე, ცუდი წინათგრძნობით აღვივსე, რადგანაც ვიცოდი, რომ წინასწარმეტყველიც იმავეს დაინახავდა მასში, რაც მე დავინახე. ქალი მასთან შევიდა და უთხრა: „ღმერთის მოციქულო, მე ჯუვაირია ვარ, ქალიშვილი ჰარისისა, თავისი ხალხის მმართველისა. შენ იცი ის უბედურება, რაც თავს დამატყდა, და ახლა შენთან მოვედი, რათა დახმარება გთხოვო ჩემს გამოსასყიდთან დაკავშირებით.“ მან კი უპასუხა: „არ გინდა უკეთესი რამ?“ „რა არის უკეთესი?“ იკითხა ქალმა. მან კი მიუგო: `ის, რომ მე გადავიხდი შენს გამოსასყიდს და ცოლად შეგირთავ.'“ 4

ჯუვაირია სიამოვნებით დასთანხმდა ამ შემოთავაზებაზე, მაგრამ ქორწინება ჯერ არ შემდგარიყო, რომ მამამისი ჩავიდა მედინაში და აქლემები ჩაიყვანა მის გამოსასყიდად. თუმცა ამ აქლემების რიცხვი არ იყო ზუსტად იმედნი, რაც თავიდან დადგინდა და ისიც მზად იყო სწორედ ამდენის გასაცემად. საქმე ისაა, რომ ‛აკიკის ველზე, ცოტა ხნით ადრე, სანამ ოაზისში ჩავიდოდა, ჰარისმა უკანასკნელად დაუწყო ცქერა თავის ლამაზ ცხოველებს და ორი მათგანის სილამაზით ისეთი აღფრთოვენაბული დარჩა, რომ დანარჩენებისაგან გამოარჩია და ისინი ერთ-ერთ პატარა ხეობაში დამალა, რადგანაც თავი ვერ აიძულა, რომ მათთან განშორებას შეგუებოდა. დანარჩენები წინასწარმეტყველთან მიიყვანა და უთხრა: „მუჰამედ, შენ დაატყვევე ჩემი ქალიშვილი. აი, გამოსასყიდი მისთვის.“ „კი, მაგრამ სად არის ორი აქლემი, რომელიც ‛აკიკში დამალე?“ იყო პასუხი. წინასწარმეტყველმა განაგრძო და დეტალებში აღუწერა ის ხეობა, სადაც ორი აქლემი იყო დაბმული. ამის შემდეგ ჰარისმა თქვა: „მე ვადასტურებ, რომ არ არსებობს არავითარი ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და რომ შენ, მუჰამედ, ღმერთის მოციქული ხარ.“ მაშინვე მისმა ორმა ვაჟმაც მიიღო ისლამი. შემდეგ მოაყვანინა ის ორი აქლემიც და ისინი წინასწარმეტყველს მისცა. წინასწარმეტყველმა მას ქალიშვილი დაუბრუნა. ჯუვაირიამ მაშინვე მიიღო ისლამი და წინასწარმეტყველმა მამამისს სთხოვა მისი ხელი. ჰარისი დასთანხმდა.5 ჯუვაირიასთვის ახალი ბინა ააშენეს.

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბანუ მუსტალიკი ახლა წინასწარმეტყველს დაუნათესავდა ქორწინების მეშვეობით, მუჰაჯირებმა და ანსარებმა გაათავისუფლეს მათი ტყვეები, რომლებისთვისაც ჯერ არ იყო გადახდილი გამოსასყიდი. დაახლოებით ასი ოჯახი გაუშვეს. „მე არ ვიცი არც ერთი ქალი,“ ამბობდა ‛ა'იშა, როდესაც ჯუვაირიაზე საუბრობდა, „რომელმაც უფრო დიდი სიკეთე მოუტანა თავის ხალხს, ვიდრე მან.“6

______________________

1. IV, 43.

2. ვ. 427.

3. საფვანი იყო ახალგაზრდა სულაიმელი კაცი, რომელიც მედინაში გადავიდა საცხოვრებლად და ამიტომაც მუჰაჯირად ითვლებოდა.

4. ი.ი. 732; ბ. LII, 15; ვ. 426-8.

5. ი.ი. 729.

6. ი.ჰ. 729.

7. ი.ი. იქვე.

65 LXV. ტყუილი

▲ზევით დაბრუნება


დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც მედინაში დაბრუნდნენ, რომ ‛ა'იშა ავად გახდა. იმ დროისათვის ის ცილისწამება, რომელიც წარმართებმა მთელ ქალაქს მოსდეს მისი და საფვანის შესახებ, უკვე ყველამ იცოდა და ამ ამბავს დიდი და პატარა იმეორებდა. ცოტამ თუ მიიღო ის სერიოზულად, მაგრამ მათ შორის, ვინც ასე მოიქცა, იყო ‛ა'იშას ახლო ნათესავი, მისტა, რომელიც მუტტალიბის კლანიდან გახლდათ და გოგონას მამიდაშვილად ერგებოდა. მეორე მხრივ, სჯეროდათ თუ არა ამისა, ყველამ იცოდა ეს ჭორი, გარდა თვით გოგონასი. თუმცა მან მაინც იგრძნო ერთგვარი ცვლილება წინასწარმეტყველის მხრიდან. ახალგაზრდა ქალს ძალიან მოაკლდა ის სიყვარულით აღსავსე ზრუნვა, რომელსაც ქმარი მანამდე ამჟღავნებდა ყოველთვის, როდესაც ‛ა'იშა ავად ხდებოდა. ახლა ის ოთახში მიდიოდა და მათ, ვინც მის ცოლს უვლიდნენ, ზოგადად მიმართავდა: „როგორ ხართ თქვენ ყველანი დღეს?“ მისი ცოლიც უბრალოდ ამ ყველაში შედიოდა. გოგონას ძალიან ეტკინა გული, მაგრამ მეტისმეტად ამაყი იყო საიმისოდ, რომ დაეჩივლა, ამიტომაც ქმარს ნებართვა სთხოვა, თავის მშობლებთან გაეშვა, სადაც დედამისი მოუვლიდა. „როგორც გინდა,“ უთხრა წინასწარმეტყველმა.

თვით ‛ა'იშას სიტყვებით რომ ვთქვათ: „დედაჩემთან წავედი ისე, რომ არავითარი წარმოდგენა არ მქონდა იმაზე, თუ რას ლაპარაკობდნენ. დაახლოებით ოცი დღის შემდეგ გამოვჯანმრთელდი. ერთ საღამოს გარეთ გავედი მისტას დედასთან ერთად - ამ ქალის დედა მამაჩემის დედის და იყო - და, როდესაც ჩვენ ერთად მივდიოდით, უეცრად კაბის კალთაზე ფეხი დაიდგა და შესძახა: „მისტაც წამოჰკრავს ფეხს რაიმეს!“ „ღმერთმანი,“ ვთქვი მე, „ეს არ უნდა გეთქვა იმ ადამიანზე, რომელიც მუჰაჯირია და ბადრთან იბრძოდა!“ „აბუ ბაქრის ქალიშვილო,“ მი პასუხა მან, „მაშ, არ მოუღწევია შენამდე ახალ ამბავს?“ „რა ამბავს?“ გავიკვირვე მე. შემდეგ მან მითხრა, რა ცილისწამებაც ითქვა და ხალხი როგორც იმეორებდა ამას. „ნამდვილად ასეა?“ დავაზუსტე. `კი, ნამდვილად ასეა!' მომიგო მან, მე სახლში აცრემლებული დავბრუნდი და იმდენი ვიტირე, რომ კინაღამ ღვიძლი გამეპო. „ღმერთმა მოგიტევოს,“ ვუთხარი დედაჩემს, „მთელი ხალხი ჩემზე ლაპარაკობს, შენ კი ამაზე ერთ სიტყვასაც კი არ მეუბნები!“ „ჩემო პატარა ქალიშვილო,“ მითხრა მან, „ასე ახლოს ნუ მიიტან ამას გულთან, რადგანაც იშვიათია, რომ ლამაზი ქალი მიათხოვონ კაცს, რომელსაც ის უყვარს, ხოლო დანარჩენმა ცოლებმა მასზე არ იჭორაონ, სხვები კი იმას იმეორებენ, რასაც ისინი ამბობენ. „მე მთელი ღამე მეღვიძა და ცრემლები უწყვეტად მდიოდა.“ 1

მაგრამ, სინამდვილეში, რა ეჭვიანობაც არ უნდა ყოფილიყო წინასწარმეტყველის ცოლებს შორის, ყველა ეს ქალი მეტად კეთილშობილი იყო, ამიტომაც არც ერთ მათგანს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა რაიმე ჭორების გავრცელებაში. პირიქით, ისინი ‛ა'იშას იცავდნენ და მასზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობდნენ. უახლოეს ადამიანთაგან წიანსწარმეტყველის ოჯახიდან გოგონას დადანაშაულებაში უმეტესწილად აქტიურობდა წინასწარმეტყველის ბიძაშვილი, ჰამნა, ზეინაბის და. იგი იმეორებდა ცილისწამებას და ფიქრობდა, რომ ამით თავის დას კეთილ სამსახურს უწევდა, რადგანაც ზოგადად მიაჩნდათ, ზეინაბი იქნებოდა წინასწარმეტყველის საყვარელი ცოლი, რომ არა ‛ა'იშა; მაგრამ ზეინაბი ძალიან განიცდიდა თავისი დის ასეთ ბოროტ და ურყევ მონდომებას, რასაც მისი სახელით ეწეოდა. კიდევ ერთი ცილისმწამებელი მისტას გვერდით გახლდათ პოეტი ჰასან იბნ საბითი. ამ ყველაფრის სათავეში სინამდვილეში იდგნენ იბნ უბაი და სხვა წარმართები, ყველაფერი მათი წამოწყებული იყო.

წინასწარმეტყველს იმედი ჰქონდა, რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით გამოცხადებას მიიღებდა, მაგრამ როდესაც ეს გამოცხადება არ გამოჩნდა, მან ამბავი გამოჰკითხა არა მხოლოდ თავის ცოლებს, არამედ სხვა ახლობლებსაც. უსამამ, რომელიც ‛ა'იშას ასაკისა იყო, თავგამოდებით დაიცვა გოგონა. „ეს ყველაფერი ტყუილია,“ თქვა მან, „ჩვენ ამ გოგონას შესახებ კარგის მეტი არაფერი ვიცით.“ უასმას დედამაც ასევე ხაზგასმით აქო იგი. რაც შეეხება ‛ალის, მან თქვა: „ღმერთს არ შეუზღუდიხარ შენ და მის გარდა კიდევ ბევრი ქალი არსებობს. მაგრამ ჰკითხე მის მოახლეს და ის ყველაფერს გეტყვის.“ წინასწარმეტყველმა მოახლე დაიბარა და უთხრა: „ბურაირა, შენ ოდესმე შეგინიშნავს ‛ა'იშაში ისეთი რამ, რაც შენში ეჭვს აღძრავდა?“ მან უპასუხა: „იმის სახელით, ვინც შენ სიმართლით გამოგგზავნა, მე მხოლოდ კარგი ვიცი მასზე; სხვაგვარად რომ იყოს, ღმერთი აუწყებდა თავის მოციქულს. მე ვერავითარ ბრალეულობას ვერ ვპოულობ ‛ა'იშაში, გარდა იმისა, რომ ის პატარა გოგონაა, ძალიან ახალგაზრდა, და, როდესაც მე ცომს ვზელ და ხანდახან ვთხოვ, რომ მას უყუროს, ზოგჯერ ჩაეძინება ხოლმე, ამ დროს კი მოდის მისი თიკანი, რომელიც სახლში ჰყავს, და ცომს მიჭამს. მე ის რამდენჯერმე გავკიცხე ამის გამო.“

როდესაც შემდეგში წინასწარმეტყველი მეჩეთში მივიდა, ის კათედრაზე ავიდა, ღმერთი ადიდა და თქვა: „ხალხნო, რას იტყვით იმ კაცებზე, რომლებიც ზიანს მაყენებენ ჩემს ოჯახთან მიმართებაში, როდესაც მასზე იმას ლაპარაკობენ, რაც არ არის მართალი? ღმერთმანი, ჩემი ოჯახის წევრების შესახებ მხოლოდ კარგი ვიცი, ასევე იმ კაცების შესახებ, რომლებიც ჩემი თანხლების გარეშე არასოდეს არ შესულან ჩემს სახლში.“ როგორც კი მან ეს სიტყვები დაამთავრა, უსაიდი წამოდგა და თქვა: „ღმერთის მოციქულო, თუ ისინი ავსიდან არიან, მათ ჩვენ მოვუვლით, ხოლო, თუ ისინი ჩვენი, ხაზრაჯის, საძმოდან არიან, გვიბრძანე, რაც გსურს, რადგანაც ისინი თავის მოკვთას იმასხურებენ.“ სანამ საუბარს დაასრულებდა, სა‛დ იბნ უბადა უკვე ფეხზე იყო, რადგანაც ჰასანი ხაზრაჯელი იყო, ასევე ის კაცებიც, ვინც თავიდან ჭორი გაავრცელეს. „ღმერთმანი, შენ ტყუი!“ თქვა მან, „შენ არ მოკლავ მათ და არც შეგიძლია ამის გაკეთება. არც იმ შემთხვევაში უნდა ლაპარაკობდე ამას, შენივე ხალხი რომ იყოს.“ „ღმერთმანი, შენ თვითონაც ხომ მატყუარა ხარ!» შესძახა უსაიდმა, თან განაგრძო: „მათ სწორედაც რომ მოვკლავთ, შენ წარმართი ხარ, რადგანაც წარმართებს იცავ!“ ამ დროს ორი ტომი უკვე მზად იყო, ერთმანეთს შებმოდა, მაგრამ წინასწარმეტყველი ძირს ჩამოვიდა, მათ მიუახლოვდა, დაამშვიდა და სახლში მშვიდობით გაისტუმრა.

‛ა'იშას რომ სცოდნოდა, როგორ დაიცვა იგი წინასწარმეტყველმა კათედრიდან სახალხოდ, ეს დიდად შეამსუბუქებდა მის მდგომარეობას. მაგრამ იმ მომენტში გოგონამ ამის შესახებ არაფერი არ იცოდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ წინასწარმეტყველი მის შესახებ სხვებს ეკითხებოდა, რაც იმას მოასწავებდა, რომ მან არ იცოდა, რა უნდა ეფიქრა თვითონ, ეს გოგონას ძალიან ამწუხრებდა. იგი სულაც არ ელოდა, რომ ქმარი თვითონ ჩაეძიებოდა მას სულში, რადგანაც იცოდა, რომ წინასწარმეტყველი დაფარულ ამბებს სხვა სამყაროდან იგებდა. „მე მხოლოდ ის ვიცი, რის გაგების საშუალებასაც ღმერთი მაძლევს,“ ამბობდა ხოლმე იგი. წინასწარმეტყველი არ ცდილობდა, ადამიანთა ფიქრები ამოეკითხა; მაგრამ ‛ა'იშა მისგან ელოდა იმის გაგებას, რომ მისი ერთგულება ქმრის მიმართ უაღრესად დიდი იყო, იმდენად, რომ ის, რაშიც ბრალს სდებდნენ, უბრალოდ გამორიცხული გახლდათ.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არ იყო საკმარისი, მხოლოდ თვითონ წინასწარმეტყველს ერწმუნა, რომ ‛ა'იშა და საფვანი უდანაშაულონი იყვნენ. ეს მძიმე სიტუაცია იყო, ამიტომაც აუცილებელი გახდა, ჰქონოდათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაარწმუნებდა მთელ საზოგადოებას. ამ თვალსაზრისით, თვითონ ‛ა'იშას არაფრის გაკეთება არ შეეძლო, მაგრამ, მაინც დადგა დრო, მას სიჩუმე დაერღვია. არა იმიტომ, რომ ის, რასაც იტყოდა, საკმარისი იქნებოდა კრიზისის დასაძლევად. მაგრამ ყურანში იყო ასეთი დაპირება, რომ მისი გამოცხადების პერიოდში წარმოქმნილ კითხვებს პასუხი გაეცემოდა.2 მოცემულ შემთხვევაში წინასწარმეტყველმა მთელი სივრცე აღავსო კითხვებით, ეს კითხვები მუდმივად მეორდებოდა სხვა პირთა შორისაც, მაგრამ, ალბათ, ზეციდან დანაპირები პასუხის მისაღებად საჭირო იყო, ახლა უკვე კითხვა დასმულიყო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ყველაზე უშუალოდ იყო ამ საქმის მონაწილე.

„ეს ჩემს მშობლებთან მოხდა,“ ყვებოდა ‛ა'იშა, „ორი დღე და ღამე გასულიყო, რაც სულ ვტიროდი. როდესაც ისინი ჩემთან ერთად ისხდნენ, ერთმა ქალმა ანსართაგან ითხოვა, რომ ჩვენთან შემოსულიყო. მე მას ნება დავრთე, ის დაჯდა და ჩემთან ერთად ტიროდა. შემდეგ შემოვიდა წინასწარმეტყველი და თავის ადგილას დაჯდა. ის ჩემს გვერდით უკვე აღარ ჯდებოდა მას შემდეგ, რაც ჭორი გავრცელდა. ერთი თვე გავიდა და არავითარი უწყება არ მოსულა მასთან ჩემს შესახებ ზეციდან. მას შემდეგ, რაც წარმოთქვა დადასტურება - არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, მან მომმართა: „ჰოი, ‛ა'იშა, მე ასეთი და ასეთი რამ მითხრეს შენს შესახებ. თუ შენ უდანაშაულო ხარ, ღმერთი უეჭველად გამოაცხადებს შენს უცოდველობას, ხოლო, თუ შენ ჩაიდინე რაიმე დანაშაული, მაშინ ითხოვე ღმერთისაგან მიტევება და მოინანიე მის წინაშე, რადგანაც, ჭეშმარიტად, თუ მონა აღიარებს და მოინანიებს, ღმერთი მას აპატიებს.“ როგორც კი მან ეს თქვა, მე ისევ ცრემლები წამომივიდა და მამაჩემს ვთხოვე: „უპასუხე ღმერთის მოციქულს ჩემი სახელით,“ მაგრამ მან მი პასუხა, „არ ვიცი, რა ვუთხრა.“ როდესაც დედაჩემსაც იგივე ვთხოვე, მანაც ისევე მი პასუხა. მე მაშინ მხოლოდ პატარა გოგო ვიყავი და არც ბევრი ადგილი ვიცოდი ყურანიდან, რომ რაიმე წარმომეთქვა, ამიტომაც ვთქვი: „კარგად ვიცი, რომ შენ გაიგე ის, რასაც ადამიანები ლაპარაკობენ, ისიც ვიცი, რომ ეს თქვენს სულში დამკვიდრდა და თქვენ ეს დაიჯერეთ; თუ იმას გეტყვით, რომ უდანაშაულო ვარ -და ღმერთმა იცის, რომ სწორედაც ასეა - თქვენ არ დამიჯერებთ, ხოლო, თუ თქვენს წინაშე ვაღიარებ იმას, რაშიც, ღმერთმა იცის, რომ არა ვარ დამნაშავე, მაშინ დამიჯერებთ.“ შემდეგ ვცადე, მეხსიერებაში აღმედგინა იაკობის სახელი, მაგრამ ვერ გავიხსენე, ამიტომაც ასე ვთქვი: `მაგრამ იმას გეტყვით, რაც თქვა იოსების მამამ: ლამაზი მოთმინება უნდა იყოს ჩემი; ღმერთი კი ისაა, ვისგანაც დახმარება უნდა ვითხოვოთ იმის წინააღმდეგ, რასაც ამბობენ.3 ბოლოს შევბრუნდი ჩემი ტახტისაკენ და მივწექი იმის იმედად, რომ ღმერთი უდანაშაულოდ გამომაცხადებდა. იმას კი არ ვფიქრობდი, რომ ის ჩემთან დაკავშირებით გამოცხადებას გამოგზავნიდა, რადგანაც მიმაჩნდა, რომ მე სრულიადაც არ ვიმსახურებდი იმას, რომ ყურანში ვყოფილიყავი მოხსენიებული. მაგრამ იმედი მქონდა, წინასწარმეტყველს სიზმრად ექნებოდა ხილვა, რომელიც გამამართლებდა.

„წინასწარმეტყველი ჩვენთან დარჩა, ყველა ჩვენგანი ისევ იქ იყო, როდესაც მასზე გამოცხადება გადმოვიდა: მან იგრძნო სულიერი ტკივილები, რომლებსაც ასეთ დროს განიცდიდა ხოლმე, და თითქოს ოფლის წვეთები მოსდიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის ცივი დღე იდგა. შემდეგ, როდესაც ის ზეწოლისაგან განთავისუფლდა, სიამოვნებით აღსავსე ხმით წარმოთქვა: „ჰოი, ‛ა'იშა, ადიდე ღმერთი, რადგანაც მან უდანაშაულოდ გამოგაცხადა.“ დედაჩემმა მითხრა: „ადექი და მიდი ღმერთის მოციქულთან,“ მაგრამ მე ვუპასუხე: „არა, ღმერთმანი, არ ავდგები და არ მივალ მასთან, მე სხვას არავის ვადიდებ, არამედ მხოლოდ ღმერთს.“ 4

გამართლების სიტყვები ასეთი იყო: ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ტყუილი თქვეს, თქვენთაგანნი არიან... როდესაც ის თქვენი ენით აიღეთ და თქვენი პირით დაიწყეთ იმის ლაპარაკი, რაც არ იცოდით, თქვენ ეს უბრალო რამედ მიიჩნიეთ. მაგრამ ღმერთის თვალში ის ძალიან დიდი რამ არის. რატომ არ თქვით, როდესაც გაიგეთ ეს: ჩვენ ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. დიდება შენ! ეს უდიდესი ცილისწამებაა. ღმერთი გავალებთ, რომ აღარასოდეს გაიმეოროთ ასეთი რამ შემდგომში, თუ თქვენ მორწმუნეები ხართ.5

გამოცხადება ასევე ზოგადად შეეხო სიძვისა და ცოლ-ქმრული ღალატის მთელ თემას და, როდესაც განსაზღვრა სასჯელი, რომელიც აგრეთვე ეხებოდა პატივცემულ ქალებს, ღალატისათვის გაროზგვა დააწესა. ეს ყველაფერი უთხრეს მისტას, ჰასანსა და ჰამნას, რომლებიც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ცილისწამების გავრცელებაში, მაგრამ ახლა მათ აღიარეს თავიანთი დანაშაული. რაც შეეხება წარმართებს, ვინც უფრო ჩუმად და მზაკვრულად მოქმედებდნენ, ისინი შეფარულნი იყვნენ, თითქოს ამ საქმეში არაფერი მონაწილეობა არ მიეღოთ, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ამჯობინა, ბოლომდე აღარ მიეყვანა ეს საქმე და კერპთაყვანისმცემლები ღმერთის სამსჯავროს მიანდო. აბუ ბაქრი თავის ნათესავ მისტას, რომელიც ღარიბი იყო, გარკვეულ თანხას აძლევდა ხოლმე, მაგრამ ახლა თქვა: „აღარასოდეს აღარ მივცემ ფულს მისტას, აღარ ვიქნები კეთილგანწყობილი მის მიმართ მას შემდეგ, რაც მან ‛ა'იშას წინააღმდეგ თქვა, და იმ სისაძაგლის გამო, რაც ჩვენ დაგვატეხა თავს.“ მაგრამ კიდევ მოვიდა გამოცხადება: პატივცემული და მდიდარი კაცები თქვენს შორის ნუ დაიფიცებენ, რომ არ მისცემენ არაფერს თავიანთ ნათესავებს, გაჭირვებულებს ანდა მათ, ვინც გადმოსახლდნენ ღმერთის გამო. მიუტევონ და მოწყალენი იყვნენ. განა არ გინდათ, რომ ღმერთმაც მოგიტევოთ თქვენ? და ღმერთი მიმტევებელია, მოწყალე.6 მაშინ აბუ ბაქრმა თქვა: „ნამდვილად, ძლიერ მსურს, რომ ღმერთმა მომიტევოს.“ ამიტომაც წავიდა მისტასთან და მისცა ის, რასაც ყოველთვის აძლევდა, და თქვა: „ვფიცავ, რომ ამას არასოდეს დავუკავებ მას!“ წინასწარმეტყველმაც, მას შემდეგ, რაც გარკვეული დრო გავიდა, ჰასანს დიდი მოწყალება უჩვენა, ხოლო რაც შეეხება ჰამნას, მუს‛აბის ქვრივს, იგი ტალჰას მიათხოვა, ვისთანაც ქალს ორი ვაჟი შეეძინა.

______________________

1. ბ. LII, 15.

2. V, 101.

3. XII, 18.

4. ბ. LII, 15.

5. XXIV, 11, 15-17.

6. XXIV, 22.

66 LXVI. კურეიშის დილემმა

▲ზევით დაბრუნება


წინასწარმეტყველმა რამადანის მარხვა მედინაში დაიცვა და მომდევნო თვესაც იქ დარჩა. ერთ ღამეს, უკვე გამთენიისას, ესიზმრა, რომ გადაპარსული თავით შევიდა ქა‛აბაში და თან ტაძრის გასაღები ეჭირა ხელში. მეორე დღეს მეგობრებს უთხრა ამის შესახებ და შესთავაზა, მცირე პილიგრიმობა ერთად შეესრულებინათ, რის შემდეგაც სასწრაფოდ შეუდგნენ სამზადისს, რათა, რაც შეიძლება, სწრაფად წასულიყვნენ. ერთად შეიძინეს სამოცდაათი აქლემი წმინდა რკალის შიგნით შესაწირად. ხორცი შემდეგ მექელ ღარიბთა შორის განაწილდებოდა. წინასწარმეტყველმა გადაწყვიტა, თან წაეყვანა ერთ-ერთი ცოლი, და, როდესაც წილი ყარეს, ეს ერგო უმმ სალამას. პილიგრიმთა შორის იყო ასევე ორი ქალი ხაზრაჯიდან, ისინი ნამყოფნი იყვნენ მეორე ‛აკაბაზე. მათი სახელებია ნუსაიბა და უმმ მანი‛ი.

ყოველმა კაცმა თან წაიღო მახვილი და ყველაფერი, რაც სანადიროდ დასჭირდებოდათ, მაგრამ, სანამ გავიდოდნენ, ‛უმარმა და სა‛დ იბნ ‛უბადამ წამოაყენეს აზრი, სრულად შეიარაღებულნი წასულიყვნენ. კურეიში, როგორც ისინი ამბობდნენ, ხელიდან არ გაუშვებდა შანსს და მათ თავს დაესხმებოდა მიუხედავად იმისა, რომ წმინდა თვე იდგა. მაგრამ წინასწარმეტყველმა უარი განაცხადა და თქვა: „მე არ წამოვიღებ იარაღს; სხვა არავითარი მიზანი არ მაქვს გარდა იმისა, რომ პილიგრიმობა შევასრულო.“ პირველ გაჩერებაზე მოაყვანინა მსხვერპლად შესაწირი აქლემები და ერთი მათგანი თვითონვე შესწირა. ამ დროს აქლემი მექისაკენ მიაბრუნა, მარჯვენა მახრეს ნიშანი დაადო და ყელზე გვირგვინები შემოახვია. შემდეგ ბრძანა, სხვა აქლემებიც ყოველთვის ასე შეეწირათ. მან წინ გაგზავნა ხუზა‛ა, კაცი ქა‛ბის კლანიდან, რათა ისევ უკან მობრუნებულიყო და მისთვის ეცნობებინა, რა რეაქცია ჰქონდა კურეიშს.

წინასწარმეტყველს თავზე არაფერი არ ეხურა და ტანზე უკვე შემოხვეული ჰქონდა უძველესი ტრადიციული საპილიგრიმო სამოსი, რომელიც ორი უნაკერო მატერიის ნაჭრისაგან შედგებოდა, აქედან ერთი წელზე ჰქონდა შემოხვეული სხეულის ქვედა ნაწილის დასაფარად, ხოლო მეორე - მხრებზე. ახლა მან გამოხატა საკუთარი თავის მიძღვნა პილიგრიმობისადმი, შეასრულა ლოცვის ორი ციკლი და ბოლოს დაიწყო პილიგრიმის სიტყვების ძახილი: ლაბბაიქ ალლაჰუმმა ლაბბაიქ, რაც ნიშნავს: «ღმერთო, აი, მე შენს სამსახურში ვარ». დანარჩენების უმრავლესობამ მის მაგალითს მიბაძა, მაგრამ ზოგიერთმა ამჯობინა, ჯერ კიდევ ცოტა წინ წაწეულიყვნენ თავიანთ მოგზაურობაში, რადგანაც პილიგრიმის სტატუსი მათ უკვე შეზღუდავდა და აღარ მისცემდა ნადირობის საშუალებას.

როდესაც კურეიშელებმა გაიგეს, რომ პილიგრიმები მედინიდან გავიდნენ, ისინი უარყოფითი გრძნობებით აღივსნენ, როგორც ამას წინასწარმეტყველიც მოელოდა. მათ მაშინვე დანიშნეს შეხვედრა საკრებულოში. არასოდეს მდგარან ასეთი სერიოზული დილემის წინაშე. თუ ისინი, სიწმინდის მცველნი, ხელს შეუშლიდნენ დაახლოებით ათასი არაბი პილიგრიმის შესვლას წმინდა სახლში, ეს იქნებოდა უაღრესად მძიმე დარღვევა იმ კანონებისა, რომლებიც თვითონ მათ თავიანთ დიდებულებაში დაამკვიდრეს. მეორე მხრივ, თუ უფლებას მისცემდნენ თავიანთ მტერს, მექაში მშვიდობითა და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შესულიყო, ეს იქნებოდა მუჰამედის ძალიან დიდი მორალური გამარჯვება. ამბავი მთელ არაბეთში გავრცელდებოდა და ყველას პირზე ეკერებოდა, ეს კი უკვე საბოლოო დამარცხების აღიარება იქნებოდა მას შემდეგ, რაც მათი თავდასხმა მედინაზე ასე წარუმატებლდ დასრულდა. შესაძლოა, ყველაზე უარესი ისიც ყოფილიყო, რომ პილიგრიმთა მიერ ამ უძველესი რიტუალების შესრულება ახალ სარწმუნოებას უფრო მიმზიდველად აქცევდა და გაამართლებდა მის პრეტენზიას იმაზე, რომ ის ჭეშმარიტად აბრაამის რელიგია იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამორიცხული იყო, მათთვის შესვლის ნება დაერთოთ. „ღმერთმანი,“ თქვეს მათ, „ეს არ მოხდება, სანამ ჩვენს შორის ერთი თვალი მაინც დარჩება, რომელშიც სიცოცხლის ოდნავი ნაპერწკალი იელვებს.“

როდესაც პილიგრიმებმა ‛უსფანს მიაღწიეს, მზვერავი, რომელიც წინასწარ გაგზავნეს, უკან დაბრუნდა და ისევ მათ შეუერთდა. მან ჩამოიტანა ახალი ამბავი, რომ კურეიშმა ხალიდი გამოგზავნა ორასკაციანი ცხენოსანი ჯარით, რათა ისინი მექაში არ შეეშვა. ამიტომაც წინასწარმეტყველმა ითხოვა გზამკვლევი, რომელიც შეძლებდა მათ წაყვანას სხვა გზით, და ერთი კაცი ასლამიდან მათ გაუძღვა ცოტა უფრო ახლოს სანაპიროსაკენ, შემდეგ კი გაუდგნენ შორეულ და რთულად სავალ ბილიკს, სანამ არ მივიდნენ გადასასვლელთან, რომელიც ჰუდაიბიასკენ მიდის. ეს არის გახსნილი, ფართო ადგილი მექის ქვემოთ, წმინდა ტერიტორიის საზღვართან. გზიდან ასეთმა გადახვევამ მუსლიმები უხილავი გახადა ხალიდისათვის, მაგრამ ერთხელ, როდესაც მისთვის უკვე შეუძლებელი იყო პოზიციის შეცვლა, პილიგრიმების სიარულისაგან იმდენი მტვერი ავიდა, რამ ხალიდი მიხვდა, რაც მოხდა. იგი ჭენებით გაიჭრა მექისაკენ თავისი ჯარიანად, რათა კურეიში გაეფრთხილებინა მუსლიმთა მოახლოების შესახებ.

წინასწარმეტყველმა პილიგრიმობისათვის თავისი საყვარელი აქლემი, კასვა'ი, ამოირჩია. გადასასვლელის ბოლოს ცხოველი შეჩერდა და დაიჩოქა. კლდეებმა იმდენჯერ გამოიღო ექო, რამდენჯერაც კაცებმა დაიძახეს: ჰალ! ჰალ! ეს სიტყვები მაშინ წარმოითქმის, როდესაც უნდათ, აქლემი წამოდგეს, მაგრამ კასვა'ი მიწაზე დაჩოქილი რჩებოდა და არაფრით არ დგებოდა. „რა ჯიუტია,“ ამბობდნენ ისინი, მაგრამ წინასწარმეტყველმა კარგად იცოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ ჰუდაიბიას არ უნდა გასცდენოდნენ, ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში წინ აღარ უნდა წასულიყვნენ. „არ არის ჯიუტი,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „ეს არ აქვს ბუნებაში; მას ის აჩერებს, ვინც სპილოს განაგებდა.“ შემდეგ კი კურეიშთან დაკავშირებით დასძინა: „დღეს ისინი არ მთხოვენ რაიმე დათმობას, რომელიც ღირსეულად შეესაბამება ღვთის კანონებს, მაგრამ მე მათ მივცემ მას.“1 შემდეგ კასვა'ს დაელაპარაკა. აქლემი უცბათ წამოდგა და ჰუდაიბიას კიდემდე გავიდა, მას სხვა პილიგრიმებიც მიჰყვნენ. წინსაწარმეტყველმა დაბანაკება ბრძანა, მაგრამ იქ პრაქტიკულად არ მოი პოვებოდა წყალი, მხოლოდ და მხოლოდ მდორედ დაგუბებულიყო ერთ თუ ორ ჩაღრმავებულ ადგილას, ამიტომაც კაცები წყურვილს უჩიოდნენ. წინასწარმეტყველმა თავისთან მიიხმო ნაჯია, ასლამელი, რომელსაც აქლემების მსხვერპლშეწირვა ევალებოდა, და უთხრა, სათლით იმდენი წყალი მოეტანა, რამდენასც ყველაზე დიდი ღრმულიდან ამოიღებდა. ნაჯიამ მისი ბრძანება შეასრულა. წინასწარმეყველმა თავისი კაპარჭიდან იასრი ამოიღო და კაცს დაავალა: „დაბრუნდი წყლით გუბურებისაკენ, უკან ჩაასხი, შემდეგ ამ ისრით მოურიე შიგ.“ ნაჯიამ ისე გაკეთა, როგორც წინასწარმეტყველმა უბრძანა, და ისრის შეხებისთანავე იმ ადგილიდან სუფთა და ახალი წყალი წამოვიდა ისე სწრაფად და უხვად, რომ მან ძლივს მოასწრო გვერდით გასვლა, თორემ მთლიანად დასველდებოდა. პილიგრიმები წყალთან მივიდნენ, ყოველმა მათგანმა დაიკმაყოფილა წყურვილი, შემდეგ კი აქლემებმაც დალიეს წყალი.

პილიგრიმებში ერია ერთი თუ ორი წარმართი, მათ შორის, იბნ უბაი. როდესაც წყლის სმა დაიწყო, მისი კლანის რომელიღაც წევრმა მიმართა: „მითხარი ერთი, ჰუბაბის მამავ, განა არ დადგა დრო, გაიგო, რა მდგომარეობაში ხარ? ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს?“ „ასეთი რამ ადრეც მინახავს,“ თქვა იბნ უბაიმ, რის გამოც სხვა კაცებმა ისეთი მუქარით გამოხატეს პროტესტი, რომ იბნ უბაი თავის ვაჟთან ერთად წინასწარმეტყველთან მივიდა, რათა თავიდან აეცილებინა უსიამოვნება და ეთქვა, რომ არასწორად გაუგეს. მაგრამ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, წინასწარმეტყველმა უთხრა: „სად გინახავს იმის მსგავსი რამ, რაც დღეს იხილე?“ მან უპასხა: „არასოდეს არ მინახავს მსგავსი რამ.“ „მაშინ რატომ თქვი ის, რაც თქვი?» ჰკითხა წინასწარმეტყველმა. „მე შენდობას ვითხოვ ღმერთისაგან,“ თქვა იბნ უბაიმ. „ღმერთის მოციქულო,“ თქვა მისმა ვაჟმაც, „ითხოვე მისთვის შენდობა.“ და წინასწარმეტყველმაც შეუსრულა თხოვნა.2

წყურვილის დაკმაყოფილების შემდეგ პილიგრიმებმა სულ მალე ისიც შეძლეს, რომ დანაყრებულიყვნენ იმ ძღვენის წყალობით, რაც აქლემებისა და ცხვრების სახით მიიღეს მომთაბარე ბელადებისაგან, რომელთა ტომიც, ბანუ ხუზა‛ა, ერთ დროს წმინდა ადგილის მცველი, შეიცავდა ასლამის, ქა‛ბისა და მუსტალიკის კლანებს. ახლა ისინი ყველანი კარგად იყვნენ განწყობილნი წინასწარმეტყველის მიმართ. მათგან ისეთებისათვის, ვისაც ისლამი ჯერ არ ჰქონდათ მიღებული, ამ ალიანსში არსებობდა პოლიტიკური უპირატესობა, რათა მოეხდინა დაბალანსება პაქტისა, რომელიც მათმა დიდმა მტერმა, ბანუ ბაქრმა, დიდი ხნის წინ დადო კურეიშთან. აღნიშნულ სიტუაციას სულ მალე უნდა გამოეწვია უდიდესი მნიშვნელობის მოვლენები. თუმცა მოცემული მომენტისათვის არ მიმდინარეობდა ბრძოლა ხუზა‛ასა და ბაქრს შორის, ამიტომაც კურეიში ხუზა‛ას შემწყნარებლურად უყურებდა, მაგრამ იმავდროულად ეჭვითაც. ამ ტომის ერთ-ერთი კაცი, ბუდაილ იბნ ვარაკა, მექაში იყო, როდესაც მოვიდა ახალი ამბავი, რომ პილიგრიმები დაბანაკებული იყვნენ ჰუდაიბიასთან. ახლა ის თავისი კლანის რამდენსამე წარმომადგენელთან ერთად წინასწარმეტყველთან მივიდა იმ მიზნით, რომ ეცნობებინა კურეიშის პოზიცია. „ისინი ღმერთის სახელით იფიცებიან,“ თქვა მან, „რომ არ გაათავისუფლებენ გზას შენსა და წმინდა სახლს შორის, სანამ მათი უკანასკნელი მებრძოლიც კი არ დაიღუპება.“ წინასწარმეტყველმა უთხრა: „ჩვენ აქ საბრძოლველად არ მოვსულვართ, მხოლოდ იმიტომ მოვედით, რომ, როგორც პილიგრიმებმა, წმინდა სახლს შემოვუაროთ. მას, ვინც წინ აღგვიდგება, შევებრძოლებით, მაგრამ მე მათ მივცემ დროს, თუ უნდათ, მიიღონ უსაფრთხოების ზომები და ჩვენ კი გზა გაგვითავისუფლონ.“

ბუდაილი და მისი მეგობრები მექაში დაბრუნდნენ, კურეიშმა ისინი პირქუში დუმილით მიიღო. როდესაც მექელებს შესთავაზეს, რომ გადასცემდნენ, რაც მუჰამედმა თქვა, ‛იქრიმამ, აბუ ჯაჰლის ძემ, უთხრა, არ სურდათ ამის მოსმენა. ამ დროს ‛ურვამ, მათმა ერთ-ერთმა მოკავშირემ საკიფიდან - დედამისი მექელი გახლდათ - პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა, რომ საკითხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსურდი იყო. ამიტომაც საფვანმა ბუდაილს მიმართა: „გვითხარი ყველაფერი, რაც ნახე და გაიგონე.“ მანაც უამბო, რომ პილიგრიმებს მხოლოდ მშვიდობიანი განზრახვა ჰქონდათ, ისიც, რომ წინასწარმეტყველმა თქვა, ისინი კურეიშს დროს მისცემდნენ, მათ მოსვლამდე ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც თვითონ სურდათ, და სათანადოდ მომზადებულიყვნენ. ამის შემდეგ ‛ურვამ თქვა: „ბუდაილმა თქვენ კარგი ამბავი მოგიტანათ დათმობის შესახებ, ისეთი, რომ მასზე კაცი უარს მხოლოდ თავის საზიანოდ თუ იტყვის. მაშ, მიიღეთ ეს შემონათვალი, მაგრამ მე გამგზავნეთ, რათა დასტური უშუალოდ მუჰამედისაგან მოგიტანოთ; შევათვალიერებ იმათაც, ვინც მასთან არიან, და თქვენთვის ისე ვიმოქმედებ, როგორც ჯაშუში, რათა გამცნოთ მისი ამბები.“

კურეიშელებმა მიიღეს ეს შეთავაზება, მაგრამ მათ უკვე ჰყავდათ გაგზავნილი ჯაშუში და შესაძლო წარმომადგენელიც, კაცი, ვინც განაგებდა მთელ მათ კავშირებს ბედუინ ტომებთან, რომლებიც მთლიანობაში ცნობილნი იყვნენ, როგორც აჰაბიშ. ეს იყო ჰულაისი ბანუ ლ-ჰარისიდან, ქინანას ერთ-ერთი კლანიდან. სწორედ მან გაკიცხა აბუ სუფიანი გვამების დასახიჩრების გამო უჰუდთან. როდესაც წინასწარმეტყველმა დაინახა, რომ ის მიდიოდა მასთან, მიხვდა - ან მისი სიარულის მანერიდან და საქციელიდან, ანდა იქიდან, რაც მის შესახებ გაეგონა - რომ ის კეთილშობილი კაცი იყო, ვინც დიდ პატივს სცემდა ყოველივე საკრალურს, ამიტომაც წინასწარმეყველმა ბრძანა, აქლემები, რომლებიც მსხვერპლშესაწირად იყო გამზადებული, ამ კაცისათვის მიეგებებინათ გზაში. როდესაც სამოცდაათი აქლემი მსხვერპლშეწირვის ნიშნითა და ყელზე შემოხვეული მორთულობებით ჰულაილის წინაშე გამოჩნდა, ამან მასზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იგი აღარც კი მისულა სალაპარაკოდ წინასწარმეტყველთან, არამედ პირდაპირ კურეიშელებისაკენ გაბრუნდა და დაარწმუნა, პილიგრიმთა ზრახვები სრულიად მშვიდობიანი ჩანდა. გაღიზიანებულმა მექელებმა უთხრეს, რომ ის უბრალოდ უდაბნოს კაცი იყო და არ იცოდა საქმის ვითარება. ეს დიდი ტაქტიკური შეცდომა აღმოჩნდა, როგორც ამას მალევე მიხვდნენ, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო. „კურეიშის კაცნო,“ თქვა ჰულაისმა მკაცრად, „ღმერთმანი, ჩვენ ამისათვის არ დაგვიდია თქვენთან ხელშეკრულება და მოგვიცია პირობა, რომ თქვენი მოკავშირეები ვიქნებოდით. განა შეიძლება, გააძევოთ ის, ვინც მოდის, რათა პატივი მიაგოს წმინდა სახლს? მისი სახელით, ვის ხელთაცაა ჩემი სული, თქვენ ან შემოუშვებთ მუჰამედს იმისათვის, რისთვისაც მოვიდა, ან არა და მე ჩამოგაშორებთ ბედუინებს, ყოველ კაცს მათგან.“ „ჩვენთან იყავი, ჰულაის,“ სთხოვეს მათ, „სანამ არ მივაღწევთ იმ პირობებს, რომლებიც, შეგვიძლია, მივიღოთ.“

ამასობაში საკიფელი ‛ურვა ჩავიდა პილიგრიმების ბანაკში და წინასწარმეტყველს ესაუბრებოდა. მის წინ დაჯდა და ისეთი საქციელი დაიწყო, თითქოს წინასწარმეტყველის თანასწორი ყოფილიყოს, და მისი წვერისაკენ წაიღო ხელი, როდესაც მიმართა; მაგრამ მუღირამ, ერთ-ერთმა მუჰაჯირმა, რომელიც იქვე იდგა, ხელი ჩამოაწევინა ისე, რომ მახვილი ბრტყლად დაჰკრა. მანაც უკან წაიღო ხელი. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ისევ გაბედა, წინასწარმეტყველის წვერისაკენ წაეღო ხელი, მუღირამ უფრო მაგრად ჩაარტყა და უთხრა: „ღმერთის მოციქულის წვერიდან ხელი შორს დაიჭირე, სანამ იმის უფლება არ გექნება, რომ მის წვერს მიუახლოვდე.“ ‛ურვას აღარ გამოუჩენია მეტი ფამილარობა წინასწარმეტყველთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც გარკვეული დრო ესაუბრა, რამდენიმე საათი გავიდა და მოახერხა ბანაკის დაზვერვა. იგი ხომ შეჰპირდა კურეიშს, რომ ჯაშუში იქნებოდა ისევე, როგორც წარგზავნილი პირი, ამიტომაც გაფაციცებული იყო, ყველაფერი დაეთვალიერებინა და შეენიშნა. მაგრამ ის, რამაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა, გახლდათ ყველაფერი, რაც არასოდეს ენახა მანამდე. როდესაც მექაში დაბრუნდა, კურეიშს უთხრა: „ხალხნო, მე, როგორც წარმომადგენელი, წარგზავნილი ვყოფილვარ მეფეებთან - კეისართან, ხოსროსა და ნეგუსთან - და მე ჯერ არ მინახავს არც ერთი მეფე, რომელიც ასე პატივცემულია თავის კაცთა მიერ, როგორც მუჰამედი თავისი მეგობრების მიერ. თუ იგი რაიმეს ბრძანებს, ისინი თითქმის ასწრებენ მისი სიტყვის დამთავრებას, რომ ეს ბრძანება შეასრულონ. როდესაც განბანვის რიტუალს იწყებს, ერთმანეთს ეჯიბრებიან მასთან წყლის მისატანად; როდესაც ლაპარაკობს, მხოლოდ ჩურჩულს ბედავენ მის წინაშე; არც არასოდეს შეხედავენ პირდაპირ სახეში, არამედ თვალს ძირს დახრიან მორიდების გამო. კარგი კომპრომისი შემოგთავაზათ და მიიღეთ ის მისგან.“3

სანამ ‛ურვა ჯერ კიდევ ბანაკში იყო, წინასწარმეტყველმა ქა‛ბელი კაცი, სახელად ხირაში, თავის ერთ-ერთ აქლემზე შესვა და მისიით გაგზავნა კურეიშთან. როდესაც ის მივიდა, ‛იქრიმა აქლემს მივარდა და მყესები გადაუჭრა, მაგრამ ჰულაისი და მისი კაცები საქმეში ჩაერივნენ, წარგზავნილის სიცოცხლე გადაარჩინეს და კურეიშელები აიძულეს, იგი უკან გაეშვათ წინასწარმეტყველთან. „ღმერთის მოციქულო,“ უთხრა მან წინასწარმეტყველს, როდესაც დაბრუნდა, „გაგზავნე კაცი, რომელიც უკეთაა დაცული, ვიდრე მე.“ წინასწარმეტყველმა ‛უმარს დაუძახა, მაგრამ მან თქვა, რომ კურეიშელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა მტრული დამოკიდებულება ჰქონდა მას მათ მიმართ. მას ვერ დაიცავდა ვერავინ თავისი საკუთარი კლანიდან, ბანუ ‛ადიდან, რადგანაც მათ შორის საამისო ძალა არავის არ გააჩნდა. „მაგრამ მე გიჩვენებ,“ განაგრძო ‛უმარმა, „ისეთ კაცს, რომელიც უფრო ძლიერია მექაში, ვიდრე მე, უფრო მდიდარი ნათესავებით და უკეთ დაცული - ‛უსმან იბნ ‛აფფანი.“ ასე რომ, წინასწარმეტყველმა გაგზავნა ‛უსმანი, რომელიც კარგად მიიღეს თავისმა ნათესავებმა ‛აბდუ შამსიდან და ასევე სხვებმაც. მართალია, მათ გაუმეორეს თავიანთი უარი იმაზე, რომ ვინმესთვის, ვინც ჰუდაიბიაში იყო, უფლება მიეცათ, მიახლოებოდა ქა‛აბას, მაგრამ ‛უსმანს შესთავაზეს, თვითონ შეესრულებინა საპილიგრიმო შემოვლა, რაზეც უარი განაცხადა. კურეიშმა იგივე შეთავაზება შეუთვალა იბნ უბაის, მაგრამ მან თქვა: „მე არ შემოვუვლი წმინდა სახლს მანამდე, სანამ ღმერთის მოციქული არ გააკეთებს ამას.“ წინასწარმეტყველს ეს უთხრეს და იგი დიდად კმაყოფილი დარჩა.

__________________________

1. ი.ი. 741; ვ. 587.

2. ვ. 589.

3. ბ. LIV, 15; ვ. 593-600.

67 LXVII. „ცხადი გამარჯვება“

▲ზევით დაბრუნება


როდესაც ‛უსმანი მექაში იყო, წინასწარმეტყველი უეცრად გადავიდა იმ მდგომარეობაში, რომელიც გამოცხადების მიღებას ჰგავდა, მაგრამ ამჯერად მან სრულად შეინარჩუნა თავისი შეგრძნებები და ცნობიერება. მითითებები მისცა თავის ერთ-ერთ მეგობარს, რომლმაც ამის შემდეგ მთელი ბანაკი ჩაიარა და განაცხადა: „სულიწმინდა გადმოვიდა მოციქულზე და ერთგულებას ითხოვს. მაშ, წადით ღმერთის სახელით, რათა წარმოთქვათ თქვენი ფიცი.“1 ამასობაში თვითონ წინასწარმეტყველი დაჯდა აკაციის ხის ქვეშ, რომელიც გამწვანებული იყო კვირტებით, ისინი უკვე ფოთლებად იქცეოდა. მეგობრები რიგ-რიგობით მიდიოდნენ და ფიცს დებდნენ. პირველი კაცი, ვინც წინასწარმეტყველს ეახლა, იყო სინანი, წარმომადგენელი იმავე ტომისა, რომელსაც ჯაჰშის ოჯახი ეკუთვნოდა, ანუ ბანუ ასად იბნ ხუზაიმასი. მომწოდებელს არაფერი არ დაუკონკრეტებია იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახისა უნდა ყოფილიყო ფიცი, ამიტომაც სინანმა უთხრა: „ღმერთის მოციქულო, მე შენ ფიცს გაძლევ იმაზე, რაც შენს სულს უნდა,“ და სხვებმაც სწორედ ასეთი ფიცი დადეს. შემდეგ წინასწარმეტყველმა თქვა: „ერთგულებას მე ‛უსმანის წინაშე დავდებ.“ აიღო თავისი სიძის მარცხენა ხელი და თავის მარცხენას დაადო, ბოლოს კი ორივეს ერთად მარჯვენა ხელი მოუჭირა, ასე დაიდო ხელშეკრულება. იქ მყოფთაგან მხოლოდ ერთი კაცი არ გამოეხმაურა მოწოდებას, ეს იყო წარმართი ჯადდ იბნ კაისი, რომელიც ცდილობდა, თავისი აქლმის უკან დამალულიყო, მაგრამ მაინც შეამჩნეს.

კურეიშმა ახლა სუჰაილი გაგზავნა, რათა შეთანხმებისათვის მიეღწიათ, მას ახლდა თავისი კლანის ორი წარმომადგენელი, მიქრაზი და ჰუვაიტიბი. ისინი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ წინასწარმეტყველთან და მეგობრებს ესმოდათ, მოსაუბრეები როგორ აიმაღლებდნენ ხმას ან, პირიქით, ჩაცხრებოდნენ იმისდა მიხედვით, თუ რა საკითხს ეხებოდნენ და მისაღები იყო თუ არა ეს მხარეებისათვის. როდსაც მათ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, წინასწარმეტყველმა ‛ალის უთხრა, პირობები წერილობით დაეფიქსირებინა. გამოცხადების სიტყვებით უნდა დაეწყო: ბისმი ლ-ლაჰი რ-რაჰმანი რ-რაჰიმ, სახელითა ალაჰისა, მოწყალისა, მწყალობლისა, მაგრამ სუჰაილმა უარი თქვა: „რაც შეეხება რაჰმანს, ეგ მე არ ვიცი. დაწერე ასე: ბისმიქ ალლაჰუმმა, შენი სახელით, ღმერთო, ასე უნდა დაიწეროს.“ ზოგიერთმა მეგობარმა წამოიძახა, ჩვენ სხვა არაფერს არ დავწერთ, გარდა ამ სიტყვებისა: ბისმი ლ-ლაჰი რ-რაჰმანი რ-რაჰიმ,“ მაგრამ წინასწარმეტყველმა მათ ყურადღება არ მიაქცია და თქვა: „დაწერე: ბისმიქ ალლაჰუმმა,“ და შემდეგ განაგრძო კარნახი: „ასეთია პირობები ზავისა მუჰამედს, ღმერთის მოციქულსა, და სუჰაილს, ‛ამრის ძეს, შორის“; მაგრამ სუჰაილმა ისევ პროტესტი განაცხადა. „ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ შენ ღმერთის მოციქული ხარ,“ თქვა მან, „მაშინ აღარც წმინდა სახლში შესვლას დაგიშლიდით და არც არასოდეს გეომებოდით; დაწერე მუჰამედი, ძე ‛აბდ ალლაჰისა.“ ‛ალის უკვე დაწერილი ჰქონდა «ღმერთის მოციქული,» ამიტომაც წინასწარმეტყველმა უთხრა, ამოეშალა, მაგრამ ‛ალიმ უთხრა, რომ ამას არაფრით არ გააკეთებდა. მაშინ წინასწარმეტყველმა მას სთხოვა, ეჩვენებინა, სად ეწერა ეს სიტყვები, და ისინი თავისი საკუთარი ხელით ამოშალა. შემდეგ უთხრა, მათ ადგილას ჩაეწერა „ძე ‛აბდ ალლაჰისა,“ რაც ‛ალიმ გაკეთა კიდეც.

დოკუმენტი ასე გრძელდებოდა: „შეთამხმდნენ, შეწყვიტონ ომი ათი წლის განმავლობაში, ამ პერიოდში ადამიანები უსაფრთხოდ იქნებიან და ძალადობისათვის ხელს არ აღმართავენ ერთმანეთზე; იმ პირობით, რომ, ვინც მუჰამედთან მივა კურეიშიდან თავისი მფარველის ნებართვის გარეშე, მუჰამედმა ის მათ უნდა დაუბრუნოს; ხოლო, თუ იმათგან, ვინც მუჰამედთანაა, ვინმე მივა კურეიშთან, ის აღარ უნდა დააბრუნონ. არ იქნება მოვალეობებისაგან არავითარი თავის არიდება და ღალატი. და, ვისაც სურს, კავშირი დაამყაროს და ხელშეკრულება დაუდოს მუჰამედს, დაე, გააკეთოს ასე; ხოლო ვისაც სურს, კავშირი დაამყაროს კურეიშელებთან და ხელშეკრულება დაუდოს მათ, დაე, გააკეთოს ასე.“ ახლა ბანაკში იყო ხუზა‛ას რამდენიმე მოწინავე კაცი, რომლებიც პილიგრიმების მოსანახულებლად მოსულიყვნენ, ხოლო ბაქრის რამდენიმე წარმომადგენელი სუჰაილს გაჰყვა; ამ მომენტში ხუზა‛ას კაცები მუხლებზე დაეცნენ და თქვეს: „ჩვენ მუჰამედთან ვართ, მასთან გვაქვს მოვალეობა და პაქტი.“ ამის შემდეგ ბაქრის კაცებმა თქვეს: „ჩვენ კურეიშთან ერთად ვართ, მასთან გვაქვს მოვალეობა და პაქტი.“ ეს ხელშეკრულება რატფიცირებულ იქნა შესაბამისად ორივე ტომის ბელადთა მიერ. ხელშეკრულება ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: „მუჰამედ, წელს უნდა დაგვტოვო, მაგრამ მომავალ წელს ჩვენ წავალთ მექიდან სამი დღით და შენ შეხვალ იქ შენს მეგობრებთან ერთად ამ სამი დღით, თან გექნება მხოლოდ ის იარაღი, რაც მოგზაურს სჭირდება, მხავილი ქარქაშში გექნებათ ჩაგებული.“2

წინასწარმეტყველის ხილვიდან გამომდინარე, მეგობრები დარწმუნებულნი იყვნენ, მათი მოგზაურობა წარმატებით დასრულდებოდა, და ახლა, როდესც გაიგეს შეთანხმების პირობები და გააცნობიერეს, რომ წმინდა სარტყლის პირას მისულები უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ რაიმეს მიღწევის გარეშე, ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე შეეძლოთ, მოეთმინათ. მაგრამ ყველაზე უფრო უარესი წინ იყო: როდესაც ისინი დაღვრემილები და დაბოღმილები ჩუმად ისხდნენ, უეცრად ჯაჭვის ჟღარუნი გაისმა და ახალგაზრდა გამოჩნდა, რომელსაც ფეხებზე ბორკილები ედო და ძლივს მოდიოდა. ეს აბუ ჯანდალი იყო, სუჰაილის ერთ-ერთი ვაჟი. მამამისმა ის ისლამის მიღების გამო დაამწყვდია იმის შიშით, რომ მედინაში გაიქცეოდა. მისი უფროსი ძმა, ‛აბდ ალლაჰი, პილიგრიმთა შორის იჯდა და ის-ის იყო, უნდა მისალმებოდა, რომ სუჰაილმა ხელი სტაცა ჯაჭვს, რომელიც პატიმარს კისერზე ჰქონდა შემოვლებული, და მძიმედ ჩაარტყა სახეში. შემდეგ წინასწარმეტყველს მიუბრუნდა და თქვა: „ჩვენი შეთანხმება მაშინ დაიდო, სანამ ეს ახალგაზრდა აქ მოვიდოდა.“ „მართალია,“ მიუგო წინასწარმეტყველმა. „მაშ, დაგვიბრუნეთ იგი ჩვენ,“ უთხრა სუჰაილმა. „მუსლიმებო,“ რაც შეიძლება ხმამაღლა დაიძახა აბუ ჯანდალმა, „კერპთაყვანისმცემლებთან უნდა დამაბრუნოთ, რათა ჩემი მუსლიმობის გამო მავიწროვებდნენ?“ წინასწარმეტყველმა სუჰაილი გვერდით გაიხმო და სთხოვა, ვაჟიშვილი გაეთავისუფლებინა, მაგრამ მამა უმოწყალოდ დადგა უარზე. მისი თანმხლები პირები, მიქრაზი და ჰუვაიტიბი, მანამდე დუმდნენ, მაგრამ ახლა, როდესაც იგრძნეს, რომ ეს ინციდენტი ავისმომასწავებელი დასაწყისი იყო დადებული ზავისა, ისინი ჩაერივნენ. „მუჰამედ,“ თქვეს მათ, „ჩვენ მას მფარველობას ვუცხადებთ შენს სახელზე.“ ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი ახალგაზრდას თავიანთთან გადაიყვანდნენ სახლში და მამამისს მოაშორებდნენ. მათ ნამდვილად შეასრულეს კიდეც თავიანთი დანაპირები. „მოთმინება გამოიჩინე, აბუ ჯანდალ,“ უთხრა ახალგაზრდას წინასწარმეტყველმა, „ღმერთი აუცილებლად შეგიმსუბუქებთ ხვედრს შენც და შენს მდგომარეობაში მყოფ სხვა მუსლიმებსაც და მოგცემთ გამოსავალს. ჩვენ უკვე შევთანხმდით ზავის პირობებზე ამ ხალხთან და მათ მტკიცე ფიცი მივეცით მიუხედავად იმისა, რაც მოიმოქმედეს ჩვენს წინააღმდეგ, და ახლა ჩვენს სიტყვას ვერ გავტეხთ.“

ამ დროს ‛უმარმა უკვე ვეღარ მოითმინა, ფეხზე წამოდგა, წინასწარმეტყველთან მივიდა და უთხრა: „განა შენ ღმერთის მოციქული არ ხარ?“ მან მიუგო: „დიახ.“ „განა ჩვენ მართალნი არა ვართ და ჩვენი მტრები კი მტყუანნი?“ განაგრძო ‛უმარმა და წინასწარმეტყველი ისევ დაეთანხმა. „მაშ, რატომ მივდივართ დათმობაზე ასე მდაბლად ჩვენი სარწმუნოების საწინააღმდეგოდ?“ იკითხა, რაზეც წინასწარმეტყველმა უპასუხა: „მე ღმერთის მოციქული ვარ და მას არ ვეურჩები. ის მომცემს გამარჯვებას.“ „მაგრამ, განა შენ არ გვითხარი,“ არ ეშვებოდა ‛უმარი, „რომ ჩვენ შევიდოდით წმინდა სახლში და მას გარშმოც შემოვუვლიდთ?“ „ასეა,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „მაგრამ მე გითხარით, რომ იქ წელს შევიდოდით?“ ‛უმარმა აღიარა, რომ მას ასე არ უთქვამს. „შენ ნამდვილად შეხვალ წმინდა სახლში,“ განაგრძო წინასწარმეტყველმა, „და მას გარშემოც შემოუვლი.“ მაგრამ ‛უმარი მაინც აღელვებული და აღშფოთებული იყო, ამიტომაც ახლა აბუ ბაქრთან წავიდა, რათა მასთან ამოეთქვა გულიდან თავისი გრძნობები. მან აბუ ბაქრსაც ზუსტად იგივე კითხვები დაუსვა და, მიუხედავად იმისა, რომ აბუ ბაქრს არ მოუსმენია, რაც წინასწარმეტყველმა უთხრა ‛უმარს, მანაც ზუსტად იგივე პასუხები გასცა პრაქტიკულად იმავე სიტყვების გამოყენებით და ბოლოს დასძინა: „მაშ, ჩაეჭიდე მის უზანგს, რაგდანაც, ღმერთმანი, ის მართალია.“ ამან შთაბეჭდილება მოახდინა ‛უმარზე და, მართალია, მისი გრძნობები ჯერ კიდევ არ დამცხრალიყო, მეტჯერ აღარ გამოუხატავს ისინი და, როდესაც წინასწარმეტყველმა გამოიძახა ხელშეკრულების ბოლოში ხელმოსაწერად, მან უსიტყვოდ აღასრულა მისი სურვილი. წინასწარმეტყველმა ასევე უთხრა სუჰაილის ვაჟს, ‛აბდ ალლაჰს, რომ თავისი სახელი ჩაეწერა იქ. სხვა მუსლიმები, ვინც ხელი მოაწერეს, იყვნენ ‛ალი, აბუ ბაქრი, ‛აბდ არრაჰმან იბნ ‛ავფი და მაჰმუდ იბნ მასლამა.

საზოგადო იმედგაცრუება და სიმწარე თითქოს ცოტა ჩაწყნარდა, მაგრამ, როდესაც სუჰაილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ბანაკი დატოვეს და თან თვალცრემლიანი აბუ ჯანდალი წაიყვანეს, კაცების სული ისევ აღშფოთებამ მოიცვა. წინასწარმეტყველი განზე იდგა მათთან ერთად, ვინც ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ახლა იგი ამ ჯგუფს გაეცალა და დანარჩენ პილიგრიმებს მიუბრუნდა. „ადექით და შესწირეთ თქვენი აქლემები,“ უბრძანა, „და თავები გადაი პარსეთ.“ არავინ არ განძრეულა და მან ეს სიტყვები თქვა მეორედ, შემდეგ მესამედ. მაგრამ ისინი გახევებულნი და შეშფოთებულნი იყვნენ და არც სიჩუმეს არღვევდნენ. მათი მხრიდან დაუმორჩილებლობას კი არ ჰქონდა ადგილი, არამედ, უბრალოდ, იმედები გაუცრუვდათ მოვლენათა მიმდინარეობის შებრუნების გამო და ახლა ისე ძლიერ იყვნენ დაბნეულნი, რომ არ იცოდნენ, როგორ მიეღოთ ბრძანება იმის შესახებ, რაც, რიტუალის თვალსაზრისით, არ იყო სწორი. საქმე ისაა, რომ, აბრაამისეული ტრადიციის თანახმად, მსხვერპლშეწირვა წმინდა სარტყლის შიგნით უნდა აღსრულებულიყო, იგივე ეხებოდა თავის გადაპარსვასაც. მაგრამ მათმა გარეგნულმა დაუმორჩილებლობამ წინასწარმეტყველი დაამწუხრა. იგი თავის კარავში შევიდა და უმმ სალამას უთხრა, რაც მოხდა. „წადი,“ ურჩია ქალმა, „და არავის არაფერი არ უთხრა, სანამ შენ თვითონ არ აღასრულებ მსხვერპლშეწირვას.“ წინასწარმეტყველიც დაბრუნდა, მივიდა იმ აქლემთან, რომელიც დანიშნული ჰყავდა მსხვერპლშესაწირად, და ხმამაღლა, ისე, რომ ყველა კაცს გაეგო, დაიძახა: ბისმი-ლლაჰ, ალლაჰუ აქბარ. ამ სიტყვებზე კაცები უეცრად ფეხზე წამოიჭრნენ და საჩქაროდ წავიდნენ, რათა მსხვერპლი შეეწირათ. ისე სწრაფად გარბოდნენ, რომ ერთმანეთს აწყდებოდნენ, ვინაიდან ძალიან სურდათ, დაუყოვნებლივ დამორჩილებოდნენ ბრძანებას. როდესაც წინასწარმეტყველმა დაუძახა ხირაშს - ხუზა‛ელ კაცს, რომელიც მექაში გაგზავნა ‛უსმანამდე - რომ მისთვის თავი გადაეპარსა, ბევრმა მეგობარმა ერთმანეთს დაუწყო თავის გადაპარსვა, თანაც ისეთი მონდომებით, რომ უმმ სალამას, როგორც შემდეგ იგონებდა, შეეშინდა, ერთმანეთისთვის სასიკვდილო ჭრილობები არ მიეყენებინათ. მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მხოლოდ თმის გარკვეული ნაწილი მოიჭრა, რადგანაც იცოდნენ, რომ ესეც ნებადართული იყო, როგორც გადაპარსვის ტოლფასი ქმედება. ამასობაში წინასწარმეტყველი თავის კარავში წავიდა ხირაშთან ერთად. როდესაც რიტუალი დასრულდა, იგი კარვის შესასვლელთან დადგა გადაპარსული თავით და თქვა: „ღმერთო, მოხედე მათ, ვინც თავი გადაი პარსეს!“ ამიტომაც პილიგრიმებმა, რომლებმაც მხოლოდ თმის გარკვეული ნაწილი მოიჭრეს, პროტესტი გამოთქვეს: „და თმის მომჭრელებსაც, ღმერთის მოციქულო!“ მაგრამ წინასწარმეტყველმა ისევ ის გაიმეორა, რაც მანამდე თქვა, ამიტომაც უკმაყოფილოებმა ხმა კიდევ უფრო აიმაღლეს. შემდეგ, როდესაც მესამედაც იგივე სიტყვები გაიმეორა და ამას კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, წინასწარმეტყველმა თქვა: „და თმის მომჭრელებსაც!“ როდესაც შემდგომში ჰკითხეს, თუ რატომ ილოცა ჯერ მხოლოდ მათთვის, ვინც თავი გადაი პარსეს, უპასუხა: „რადგანაც მათ არ ეეჭვებოდათ.“

კარავში დაბრუნებისას წინასწარმეტყველმა თავისი ხშირი შავი თმა მიწიდან მოაგროვა და ის ახლოს მდებარე მიმოზის ხეს შეაბნია. ხალხი მაშინვე იქ მივარდა და თმის შეგროვება დაიწყო, რასაც მოახერხებდა, რომ ხელი მიეწვდინა. უნდოდათ ეს კურთხევად და რელიკვიად ჰქონოდათ. ამ საქმეში კაცებმა ვერ აჯობეს ნუსაიბას. ქალმაც გაიკვლია გზა ხისაკენ და შეძლო რამდენიმე ლოკონის აღება, რომლებსაც რუდუნებით ინახავდა სიკვდილის დღემდე.

ბანაკის ტერიტორიაზე მიწა მოფენილი იყო პილიგრიმთა თმებით, მაგრამ უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა და თმები მექისაკენ, წმინდა ტერიტორიაზე, გაიტაცა. ყველამ გაიხარა, რადგანაც მუსლიმებმა ეს იმის ნიშნად აღიქვეს, რომ ღმერთმა მიიღო მათი პილიგრიმობა, გამომდინარე მათი განზრახვიდან, ახლა მიხვდნენ, რატომ სთხოვა წინასწარმეტყველმა, რიტუალი აღესრულებინათ.

მას შემდეგ, რაც მომლოცველნი მედინისაკენ უკან მიმავალ გზას დაადგნენ, ‛უმარი სინდისმა შეაწუხა, ეს გრძნობა უფრო გაუძლიერდა მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველს მიუახლოვდა და, როგორც თვითონ მოეჩვენა, მან გამოკვეთილად დაიჭირა მისგან თავი შორს. ‛უმარმა სვლა განაგრძო, თან თავის თავს ეუბნებოდა: „ჰოი, ‛უმარ, ახლა დედაშენმა თავისი ძე უნდა დაიტიროს!“ შემდგომში იგი ყვებოდა, რომ ძალიან შეწუხებული იყო, ვინაიდან წინასწარმეტყველს კითხვები დაუსვა, და ეგონა, სპეციალური გამოცხადებაც კი მოვიდოდა, რომელიც მას გაკიცხავდა. ‛უმარის შიშმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწია მაშინ, როდესაც ერთი მხედარი წამოეწია და უკან, წინასწარმეტყველთან, გაიხმო. მაგრამ შიში უეცრად გაუქრა, რადგანაც დაინახა წინასწარმეტყველის სახე, რომელიც სიხარულით ანთებულიყო. „ახლა ისეთი სურა გარდმომევლინა,“ თქვა მან, „რომ ის ჩემთვის ყველაზე უფრო ძვირფასი რამ არის, რაც კი არსებობს მზისქვეშეთში.“

გამოცხადებამ უკვე ყოველგვარი ეჭვი მოსპო და დაადასტურა, რომ მოგზაურობა, რომლიდანაც ახლა ბრუნდებოდნენ, წარმატებით დასრულდა, ვინაიდან სურა ასეთი სიტყვებით იწყებოდა: ჩვენ, ჭეშმარიტად, მოგეცით შენ ცხადი გამარჯვება.3 ის ასევე საუბრობდა ამას წინათ დადებულ ფიცზეც: ღმერთი დიდად კმაყოფილი იყო მორწმუნეებისა, როდესაც ერთგულება შემოგფიცეს ხის ქვეშ. მან იცოდა, რაც იყო მათ გულებში, ამიტომაც მშვიდობის სული გამოუგზავნა და მისცა ჯილდო მოახლოებული გამარჯვებისა.4 აღნიშნული ღვთიური კმაყოფილება სხვა არაფერია, თუ არა რიდვანი მათთვის, რომელთაც შეასრულეს თავიანთი ფიცი, ამიტომაც ეს ნეტარების მომცემი ფიცი ცნობილია, როგორც რიდვანის პაქტი. საქინას,5 მშვიდობის სულის, გადმოსვლა აღნიშნულია ასევე სხვა აიაშიც: ის იგია, რომელმაც მშვიდობის სული გარდმოუვლინა მურწმუნეთა გულებს, რათა რწმენაში გაძლიერებულიყვნენ. . . რათა მან მიიყვანოს მორწმუნე კაცები და ქალები იმ ბაღებში, რომლებიც მოჩუხჩუხე მდინარეებით ირწყვება, ბაღებში, სადაც ისინი სამარადისოდ იცხოვრებენ, რათა მან აღიღოს მათგან ბოროტების ყოველგვარი დანაშაული. უდიდესი გამარჯვებაა მათთვის ის, რომელიც ღვთის თვალწინაა. 6

წინასწარმეტყველის ხილვა, რამაც ბიძგი მისცა საპილიგრიმოდ გამგზავრებას, ასეა მოხსენიებული: ღმერთმა ჭეშმარიტად აღუსრულა თავის მოციქულს ხილვა: ღმერთის ნებით თქვენ შეხვალთ ურყევ მეჩეთში უსაფრთხოდ, შიშის გარეშე, ისე, რომ გადაი პარსავთ ან მოიჭრით თმებს. მაგრამ მან იცის ის, რაც თქვენ არ იცით, და მანამდე უკვე მოგცათ მოახლოებული გამარჯვება.7

__________________________

1. ვ. 604.

2. ი.ი. 747-8.

3. XLVIII, I.

4. XLVIII, 18.

5. ებრ. შექინა.

6. XLVIII, 4-5.

7. XLVIII, 27.

68 LXVIII. ჰუდაიბიას შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


აბუ ბასირი საკიფელი ახალგაზრდა კაცი იყო, რომლის ოჯახიც ტა'იფიდან მოვიდა და მექაში დასახლდა, როგორც ბანუ ზუჰრას მოკავშირე. მან ისლამი მიიღო და დაპატიმრებულ იქნა, მაგრამ გაი პარა და ფეხით წავიდა მედინაში, სადაც ჰუდაიბიადან წინასწარმეტყველის დაბრუნების შემდეგ მალევე ჩავიდა. ცოტა ხანში მას კურეიშის წარგზავნილმა პირმა ჩააკითხა და მისი დაბრუნება მოითხოვა. წინასწარმეტყველმა აბუ ბასირსაც ნუგეშის იგივე სიტყვები უთხრა, რაც აბუ ჯანდალს, და აუხსნა, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოვალე იყო, იგი წარგზავნილი პირისათვის გადაეცა. მეგობრები, მათ შორის, ‛უმარი, ახლა უფრო შეგუებულნი იყვნენ შეთანხმების პირობებთან, ამიტომაც, როდესაც აბუ ბასირი კურეიშის კაცმა და ერთმა განთავისუფლებულმა მონამ, რომელიც მას თან წამოეყვანა დამხმარედ, გამოიყვანეს, იმ მუჰაჯირებმა და ანსარებმა, ვინც იქ იყვნენ, მშვიდ ექოდ გაიმეორეს წინასწარმეტყველის სიტყვები: „ნუ დამწუხრდები! ღმერთი უეჭველად იპოვის შენთვის გამოსავალს.“

იმედები იმაზე უფრო ადრე გამართლდა, ვიდრე ელოდნენ. მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, აბუ ბასირი საზრიანი კაცი იყო და პირველ გაჩერებაზევე მოახერხა კურეიშის წარგზავნილი კაცის ხმლის ჩაგდება ხელში და მისი მოკვლა, ხოლო განთავისუფლებული მონა, სახელად ქავსარი, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მედინაში. იგი დაუბრკოლებლად შევიდა მეჩეთში და ფეხებში ჩაუვარდა წინასწარმეტყველს, რომელიც შემთხვევით სწორედ იქ აღმოჩნდა და, როგორც კი მოსული კაცი დაინახა, მაშინვე თქვა: „ამ ადამიანმა რაღაც საშინელი იხილა.“ ქავსარმა ქოშინით წარმოთქვა, რომ მისი მეგობარი მოკლეს და თვითონაც კინაღამ მოკლეს, მაგრამ სულ მალე აბუ ბასირი გამოჩნდა ამოწვდილი ხმლით. „ღმერთის მოციქულო,“ თქვა მან, „შენი მოვალეობა შესრულებულია. უკვე დამაბრუნე მათთან და ღმერთმა მე აქ მომიყვანა“ „საცოდავი დედამისი!“1 თქვა წინასწარმეტყველმა, „ეს რა შესანიშნავი ცეცხლოვანი მეომარია, გვერდით სხვებიც რომ ახლდნენ!“ თუმცა, თუ კურეიში ხელმეორედ გაგზავნიდა ხალხს ამ ახალგაზრდის დასაბრუნებლად, წინასწარმეტყველი ისევ იძულებული იქნებოდა, დათმობაზე წასულიყო, როგორც ეს პირველ შემთხვევაში გააკეთა. მაგრამ აბუ ბასირი სულაც არ ფიქრობდა ასე, ახლა მან წამოაყენა აზრი, რომ მოკლულის იარაღი და აღჭურვილობა ნადავლი იყო, რომელიც ხუთ ნაწილად უნდა დაყოფილიყო და განაწილებულიყო, თანახმად კანონისა. „თუ ამას გავაკეთებ,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „მაშინ ისინი იტყვიან, რომ მე არ შევასრულე პირობები, რომლებიც ჩემს თავზე ავიღე, ამაზე ხომ ფიციც მაქვს დადებული.“ შემდეგ გადარჩენილ შეშინებულ მექელს მიუბრუნდა. „შენი მეგობრისაგან აღებულ ნადავლს მიხედე,“ უთხრა, „ეს კაცი კი უკან წაუყვანე მათ, ვინც გამოგგზავნა,“ და ხელი აბუ ბასირისაკენ გაიშვირა. ქავსარი გაფითრდა: „მუჰამედ,“ თქვა მან, „ჩემთვის ძვირფასია ჩემი სიცოცხლე. მე ამ კაცს ვერ მოვერევი, მხოლოდ იმდენი ხელი მაქვს, რამდენიც ერთ კაცს შეიძლება ჰქონდეს.“ მუსლიმებმა შეასრულეს თავიანთი მოვალეობა, მაგრამ კურეიშის წარმომადგენელმა უარი თქვა, ტყვეზე ეზრუნა. ასე რომ, წინასწარმეტყველი აბუ ბასირს მიუბრუნდა და უთხრა: „ახლა შეგიძლია, იქ წახვიდე, სადაც გინდა.“

აბუ ბასირი წითელი ზღვის სანაპიროზე წავიდა, თან სულ ყურში ედგა წინასწარმეტყველის სიტყვები: „სხვა კაცებიც რომ ედგნენ გვერდით.“ თანაც, ის არ იყო ერთადერთი, რომელმაც შეამჩნია ეს შეფარული ნებართვა და მითითება. ‛უმარი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს იმას, რაც მოხდა; და მან მოისაზრა, რომ წინასწარმეტყველის სიტყვები მექის მუსლიმებისათვის ეცნობებინა. ისიც შეუთვალა, თუ სად იმყოფებოდა აბუ ბასირი, რაც მალევე შეეტყო სანაპიროს ტომების იმ კაცებისაგან, რომლებიც მედინელებთან მეგობრობდნენ და ქალაქშიც მოდიოდნენ ხოლმე. ახლა სუჰაილის ძეს, აბუ ჯანდალს, თავისი მფარველები უკვე აღარ აკონტროლებდნენ ისე მკაცრად, როგორც მამამისი აკეთებდა ამას. და საერთოდაც ეს ხელშეკრულება მექელებს იმიტომ დაუდეს, რომ მათი ყურადღება ერთგვარად შეესუსტებინათ ახალგაზრდა მუსლიმი პატიმრების მიმართ, რადგანაც მუჰამედმა რამდენჯერმე ცხადად აჩვენა, რომ, თუ პატიმრები მედინაში გაიქცეოდნენ, ის სიტყვას ასრულებდა და მათ აუცილებლად უკან აბრუნებდა. ამიტომაც ამ სიტუაციაში აბუ ჯანდალმა აბუ ბასირთან წასვლა მოახერხა და სხვა ახალგაზრდებმაც მას მიბაძეს, მათ შორის - ვალიდმა, ხალიდის ძმამ. აბუ ბასირმა მათთან ერთად ბანაკი გაშალა სტრატეგიულ ადგილას, რომელიც ახლოს იყო მექისა და სირიის დამაკავშირებელ საქარავნო გზასთან. მათ ის აღიარეს, როგორც თავიანთი ლიდერი. იგი მათ ხელმძღვანელობდა ლოცვის დროს, მითითებებს აძლევდა რიტუალსა და სარწმუნეობასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ, რადგანაც ბევრი მათგანი სულ ცოტა ხნის წინ მოქცეულიყო. ისინი მას დიდ პატივს სცემდნენ და სიამოვნებით ემორჩილებოდნენ. კურეიში ძალიან კმაყოფილი იყო იმის გამო, რომ ჩრდილოეთისაკენ მიმავალ თავის საყვარელ გზაზე ისევ უსაფრთხოება მოი პოვა. მაგრამ ახლა სამოცდაათზე მეტი მექელი ახლაგაზრდა მუსლიმი შეუერთდა აბუ ბასირის ბანაკს და ისინი ქარავნებისათვის უდიდეს საფრთხედ იქცნენ. საბოლოოდ, როდესაც კურეიშელებმა მრავალი ადამიანი და საქონელი დაკარგეს, წერილი გაუგზავნეს წინასწარმეტყველს და სთხოვეს, გზის ყაჩაღები თავის საზოგადოებაში მიეღო, თანაც პირობას აძლევდნენ, რომ აღარ მოსთხოვდნენ მათ დაბრუნებას უკან, მექაში. წინასწარმეტყველმა ახლა აბუ ბასირს მისწერა, რომ მას შეეძლო მედინაში ჩასვლა თავის მეგობრებთან ერთად. მაგრამ ახალგაზრდა ლიდერი ამ დროს სერიოზულად გახდა ავად და, როცა წერილი მიღო, უკვე სიკვდილის პირას იყო. მან წერილი წაიკითხა და ისე გარდაიცვალა, რომ ის ხელში ჰქონდა მჭიდროდ მოქცეული. მეგობრებმა მისთვის ილოცეს და დაკრძალეს. მის საფლავთან მეჩეთი ააგეს. მხოლოდ ამის შემდეგ წავიდნენ, რათა წინასწარმეტყველს შეერთებოდნენ მედინაში.2

როდესაც ახალგაზრდა მუსლიმები ლავიან კრატერს მიუახლოვდნენ, ვალიდის აქლემი შეტორტმანდა და თავისი მხედარი ძირს ჩამოაგდო, მას თითი გაეჭრა ქვაზე. როდესაც იგი ჭრილობას იხვევდა, საკუთარ თითს ასე მიმართა:

„შენ მხოლოდ ერთი თითი ხარ, რომელსაც სისხლი სდის, ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ამ ჭრილობით ღმერთის გზაზე.“

მაგრამ ჭრილობა დაჩირქდა და სასიკვდილო აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, გარდაცვალებამდე ვალიდმა მოასწრო და წერილი მისწერა თავის ძმას, ხალიდს, რომელსაც დაბეჯითებით სთხოვდა, ისლამი მიეღო.

იმ პერიოდში მხოლოდ ერთმა მუსლიმმა ქალმა მოახერხა მექიდან გაქცევა და მედინისათვის თავის შეფარება. ეს იყო ‛უსმანის ნახევარი და, უმმ ქულსუმი, დედამისის, არვასა, და ‛უკბას, რომელიც ბადრში მოკლეს, ქალიშვილი. მაგრამ მოვიდა გამოცხადება, რომელიც კრძალავდა ნებისმიერი მორწმუნე ქალის დაბრუნებას ურწმუნოებთან. ასე რომ, როდესაც უმმ ქულსუმის ორი ღვიძლი ძმა მის წასაყვანად მოვიდა, წინასწარმეტყველმა უარი განაცხადა, ის მათთვის გაეტანებინა. კურეიშელებმა ეს უარი წინააღმდეგობის გარეშე მიიღეს. ქალები საერთოდ არ ყოფილან მოხსენიებულნი ხელშეკრულებაში. შემდეგ ზეიდმა, ზუბაირმა და ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფმა მას ცოლობა სთხოვეს. წინასწარმეტყველმა ქალს ურჩია, ზეიდს გაჰყოლოდა, და მანაც მიიღო ეს წინადადება.

იმ თვეში, რომელიც ხელშეკრულების დადებას მოსდევდა, ‛ა'იშამ და მამამისმა დიდი დანაკლისი განიცადეს, თუმცა ამას ერთობ სასიხარულო ფაქტიც მოჰყვა შემდეგ. უმმ რუმანი ავად გახდა და გარდაიცვალა. ის ბაკი‛ში დაკრძალეს, წინასწარმეტყველმა ილოცა მისთვის და თავისი ხელით ჩაასვენა საფლავში. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა მექამდე ჩააღწია და მივიდა უმმ რუმანის ვაჟის, ‛აბდ ალ-ქა‛ბას, ყურამდე. შესაძლოა, დედის დაკარგვის სიმძიმემ უბიძგა მას იქითკენ, რომ საბოლოოდ გადაედგა ნაბიჯი, რომელზეც მანამდეც ფიქრობდა. როგორც არ უნდა იყოს, უმმ რუმანის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში ის მედინაში ჩავიდა და ისლამი მიიღო. როდესც მან ერთგულების ფიცი დადო, წინასწარმეტყველმა სახელი შეუცვალა და ‛აბდ არ-რაჰმანი უწოდა.

‛აბდ არ-რაჰმანი არ იყო ერთადერთი კაცი, ვინც იმხანად ისლამი მიიღო. გადიოდა კვირები და თვეები და სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რატომ უწოდა ყურანმა ამ ზავს ცხადი გამარჯვება. ახლა მექელები და მედინელები მშვიდობიანად ხვდებოდნენ ერთმანეთს და თავისუფლად საუბრობდნენ, ამიტომაც მომდევნო ორი თვის განმავლობაში მუსლიმთა საზოგადოება ორჯერ გაიზარდა.

პილიგრიმთა დაბრუნების შემდეგ მალევე იქნა გამოცხადებული აია, რომლის გამოც ყველამ გაიხარა: შეიძლება, რომ ღმერთმა დაამკვიდროს სიყვარული თქვენსა და მათ შორის, ვისთანაც მტრობა გაქვთ.3 ეს სიტყვები, როგორც ჩანს, სწორედ აღნიშნულ საუბრებს შეეხებოდა, რომლებიც იმხანად მიმდინარეობდა. მაგრამ ზოგიერთებმა ეს აია განსაკუთრებულად დაუკავშირეს მოულოდნელ ახლო ურთიერთობას, რაც სულ მალე უნდა დამყარებულიყო წინასწარმეტყველსა და კურეიშის ერთ-ერთ ლიდერს შორის.

ჰუდაიბიამდე რამდენიმე თვით ადრე აბისინიიდან მოვიდა ცნობა ‛უბაიდ ალლაჰ იბნ ჯაჰშის, წინასწარმეტყველის ბიძაშვილისა და სიძის, გარდაცვალების შესახებ. ის ქრისტიანი იყო, სანამ ისლამს მიიღებდა, და აბისინიაში ჩასვლისას სულ მალე ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდა. ამან ძალიან დაამწუხრა მისი ცოლი, უმმ ჰაბიბა, აბუ სუფიანის ქალიშვილი, რომელიც მუსლიმად დარჩა. როდესაც მისი ქმრის გარდაცვალებიდან ოთხი თვე გავიდა, წინასწარმეტყველმა ნეგუსს უწყება გაუგზავნა და სთხოვა, რომ მისი ნდობითა და უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის ფუნქცია შეესრულებინა და ამ ქვრივთან ქორწინების რატიფიცირება მოეხდინა. თვითონ ქალისათვის წინასწარმეტყველს პირდაპირ არაფერი არ შეუთვლია, მაგრამ მან სიზმარში ნახა, როგორ მიმართეს, როგორც „ერთგულთა დედას,“ და ეს ახსნა ისე, რომ წინასწარმეტყველის ცოლი გახდებოდა. მოერე დღეს ქალმა უწყება მიიღო ნეგუსისაგან, რამაც დაადასტურა მისი აზრები. უმმ ჰაბიბამ ამოირჩია თავისი ნათესავი, ხალიდ იბნ სა‛იდი, ვინც მას გაათხოვებდა. ხალიდმა და ნეგუსმა დადეს ხელშეკრულება ერთმანეთში, ამ პროცედურას ესწრებოდნენ ჯა‛ფარი და საძმოს სხვა წევრებიც. შემდეგ ნეგუსმა ქორწილი გადაიხადა თავის სასახლეში. ამ წვეულებაზე ყველა მუსლიმი იყო მიპატიჟებული.

წინასწარმეტყველმა ჯა‛ფარს ასევე შეუთვალა, რომ მას ძალიან გაუხარდებოდა, თუ იგი და მისი თემი ახლა საცხოვრებლად მედინაში გადავიდოდნენ. ჯა‛ფარი მაშინვე შეუდგა სამზადისს გასამგზავრებლად. ნეგუსმა მათ ორი გემი მისცა. გადაწყდა, უმმ ჰაბიბა მათთან ერთად წასულიყო. მედინაში კი დაიწყეს კიდევ ერთი ბინის მშენებლობა სხვა ცოლების საცხოვრებელთა გვერდით.

ნეგუსი არ იყო ერთადერთი მმართველი, რომელიც იმხანად მეფობდა და ვისაც წინასწარმეტყველმა წერილი გაუგზავნა. როდესაც მან გახლიჩა ერთი შეხედვით გაუტეხელი კლდე თხრილთან, იემენის ციხეები დაინახა იმ სინათლის მეშვეობით, რომელმაც ამ ქვიდან გაიელვა პირველ დარტყმაზე, ხოლო ბოლო, მესამე, დარტყმაზე დაინახა ხოსროს თეთრი სასახლე მადა‛ინში. რაც შეეხება იმ უტყუარობას, რომელიც მაშინ მის წინაშე გამომჟღავნდა ისლამის იმპერიის მომავალ გაფართოებაზე, არსებობდა კავშირი ამ ორ გაელვებას შორის იმდენად, რამდენადაც ახლა იემენი სპარსეთის მმართველობის ქვეშ იყო; ამან წინასწარმეტყველს უბიძგა, სპარსეთის მონარქისათვის მიეწერა, რათა მისთვის თავისი მისიის შესახებ ეცნობებინა და ისლამისაკენ მოეწოდებინა. მას არ შეეძლო, დიდი იმედები ჰქონოდა თავისი ამ უწყების წარმატების შესახებ, მაგრამ აუცილებელი იყო, მისთვის შეეთავაზებინა და მიეცა საშუალება, სწორი არჩევანი გაეკეთებინა, სანამ მუსლიმები რაიმე სხვა ქმედებას მიმართავდნენ.

რაც შეეხება იმ სამი გაელვებიდან მეორეს, მან გამოაჩინა სირიის ციხე-სიმაგრეები. აქედან წინასწარმეტყველმა მიიღო უტყუარი დადასტურება, რომ ისლამი იმ მხარეშიც გავრცელდებოდა და კიდევ უფრო დასავლეთითაც. ახლა მან უკარნახა და დააწერინა წერილი ჰერაკლესათვის, რომის იმპერატორისათვის, სადაც იგივე პირობები იყო, რაც სპარსეთში გაგზავნილ წერილში. ის წინასწარმეტყველმა სირიის ადგილობრივ მმართველს გაუგზავნა. ანალოგიური წერილი გაუგზავნეს ასევე მუკავკისს, ეგვი პტის გამგებელს, რომელიც ალექსანდრიაში იმყოფებოდა.

ამასობაში ხოსრომ სხვა წყაროებიდან შეიტყო, როგორ იზრდებოდა თანდათან ძალაუფლება იასრიბის არაბი მეფისა, რომელიც აცხადებდა, რომ წინასწარმეტყველი იყო. ამიტომაც მან ბაზანს, თავის ნაცვალს (სატრაპს) იემენში, დაავალა და სთხოვა, მუჰამედის შესახებ უფრო დაწვრილებითი და ზუსტი ინფორმაცია მოეპოვებინა. ბაზანმა მაშინვე გაგზავნა ორი წარმომადგენელი მედინაში, რათა ყველაფერი საკუთარი თვალით ენახათ და შემდეგ მისთვის ამბავი ჩაეტანათ. იმ წესის თანახმად, რომელიც მიღებული იყო სპარსეთის სამეფო კარზე, მათ წვერი მოი პარსეს და გრძელი ულვაშები გაიზარდეს. წინასწარმეტყველს ძალიან არ მოეწონა მათი გარეგნობა. „ვინ დაგავალათ, ასე გაგეკეთებინათ?“ შესძახა მან. „ჩვენმა ბატონმა,“ უპასუხეს, გულისხმობდნენ რა ხოსროს. „ჩემმა უფალმა კი,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „დამავალა, წვერი გავიზარდო და ულვაში დავიმოკლო.“ ისინი უკან გააბრუნა და უთხრა, მეორე დღეს მისულიყვნენ. იმ ღამეს გაბრიელმა წინასწარმეტყველს აუწყა, რომ სპარსეთში შფოთი ატყდა და ხოსრო მოკლეს, ახლა მის მაგიერ მისი ვაჟი მეფობდა. ასე რომ, მეორე დღეს, როდესაც ორი იემენელი მასთან დაბრუნდა, უთხრა, ეს ამბავი გადაეცათ თავიანთი უფროსისათვის, ანუ მეფისნაცვლისათვის. შემდეგ თქვა: „უთხარით, რომ ჩემი რელიგია და იმპერია გაცილებით უფრო შორს წავა, ვიდრე ხოსროს სამეფო; და გადაეცით მას ჩემგან: მიიღე ისლამი და მე შენ განგამტკიცებ იმ პოზიციაში, რომელშიც ხარ, იემენის მეფედ დაგადგენ.“

ელჩები სან‛აში დაბრუნდნენ, თან არ იცოდნენ, რა ეფიქრათ. მათ ყველაფერი გადასცეს ბაზანს, რომელმაც თქვა: „ვნახოთ, რა მოხდება. თუ მართალია, რაც მან თქვა, მაშინ ის ნამდვილად წინასწარმეტყველი ყოფილა, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა.“ მაგრამ, სანამ ის მოასწრებდა, რომ კაცი გაეგზავნა სპარსეთში, რათა შეეტყო, მართლა მოხდა თუ არა ასეთი ამბავი, ჩამოვიდა სიროესის, ახალი შაჰის, წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რაც მოხდა, და ახლა იემენელებისაგან ისევ ითხოვა ერთგულება. იმის მაგიერ, რომ მისთვის ეპასუხა, ბაზანმა ისლამი მიიღო, ასევე იმ ორმა პირმა, ვინც მედინაში იყო, აგრეთვე სხვა სპარსელებმა, ვინც იქ იყვნენ. შემდეგ ეს ყველაფერი წინასწარმეტყველს შეუთვალა მედინაში და მანაც დაამტკიცა იგი იემენის მეფედ. ეს იყო დასაწყისი იმის აღსრულებისა, რაც თხრილთან გამოცხადდა პირველი გაელვების მეშვეობით.

წინასწარმეტყველის წერილმა მადა‛ინში უკვე ხოსროს სიკვდილის შემდეგ ჩააღწია, ამიტომაც ის მის მემკვიდრეს მიუტანეს. მისი ერთადერთი უეცარი პასუხი იყო, რომ წერილი ნაკუწებად ექციათ. „თუ ასეა, მაშ გამოჰგლიჯე, შემოახიე მას თავისი სამეფო,“ თქვა წინასწარმეტყველმა, როდესაც ეს შეიტყო.

იმავე კვირების განმავლობაში, როდესაც პილიგრიმობიდან დაბრუნდნენ, წინასწარმეტყველზე თავდასხმა მოხდა ისეთი სახით, რაც მანამდე არასოდეს არ ყოფილა გამოყენებული მის წინააღმდეგ. ებრაელთა ყოველ თაობაში არაბეთში ყოველთვის მოი პოვებოდა ერთი ან ორი პიროვნება, რომელიც მაგიაში იყო დახელოვნებული; ერთ-ერთი მათგანი მედინის ებრაელთა შორის ცხოვრობდა, მას ლაბიდი ერქვა. ის გამოცდილი ჯადოქარი იყო და ამ ეშმაკურ საქმეში კარგად დააკვალიანა თავისი ქალიშვილებიც, რათა ცოდნა საფლავში არ წაეღო. ლაბიდმა ახლა დიდი ქრთამი მიიღო, რათა ყველაზე უარესი სასიკვდილო ჯადო და შელოცვა გაეკეთებინა წინასწარმეტყველის საწინააღმდეგოდ. ამ მიზნით მას წინასწარმეტყველის მცირეოდენი თმა სჭირდებოდა და მისი მოპოვება მან (თუ მისმა რომელიღაც ქალიშვილმა) მოახერხა კიდეც, შესაძლოა, სრულიად უდანაშაულო ადამიანის მეშვეობითაც კი. ლაბიდმა თერთმეტჯერ გაკვანძა ეს თმა, მისმა ქალიშვილებმა კი თითოეული კვანძის გაკეთებაზე წყევლა წარმოთქვეს. შემდეგ თმა მიამაგრა მამრი ფინიკის პალმის ტოტს, რომელზეც ყვავილის მტვერი იყო მოფენილი მთლიანად, როგორც საბურავი, და ღრმა ჭაში ჩააგდო. ჯადოს გაუვნებელყოფა მხოლოდ კვანძების გახსნით შეიძლებოდა.

წინასწარმეტყველი ძალიან მალე მიხვდა, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა. ერთი მხრივ, მას მეხსიერებამ უმტყუნა, მეორე მხრივ კი დაიწყო იმის წარმოდგენა, რომ გაკეთებული ჰქონდა ისეთი რაღაცეები, რაც თავის სიცოცხლეში არასოდეს არ ჩაუდენია. ასევე შემოეძალა სისუსტე და, როდესაც მასთან საჭმელი მიჰქონდათ, თავს ძალას ვეღარ ატანდა, რომ ეჭამა. მან ილოცა ღმერთის მიმართ, რათა გამოჯანმრთელებულიყო, და სიზმრად იხილა ორი კაცი. ერთი თავთან ეჯდა, მეორე კი ფეხებთან, ერთმა მეორეს უთხრა, ზუსტად რა აწუხებდა წინასწარმეტყველს, და იმ ჭის სახელიც აღნიშნა.4 როდსაც გამოიღვიძა, მასთან გაბრიელი მივიდა და დაუდასტურა, რაც სიზმრად ნახა. მაშინ წინასწარმეტყველმა ყურანის კიდევ ორი სურა მიიღო, ერთი შეიცავს ხუთ აიას, მეორე კი ექვსს. ჭინასწარმეტყველმა ‛ალი ჭასთან გაგზავნა და უთხრა, მის თავზე ეს ორი სურა წარმოეთქვა. ყოველი აიის წარმოთქმაზე თითო კვანძი იხსნებოდა, სანამ თმა მთლიანად არ გაიშალა. მაშინ წინასწარმეტყველი სრულიად გამოჯანმრთელდა როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად.5

ამ ორ სურათაგან პირველია:

თქვი: მე თავს ვაფარებ განთიადის უფალთან ბოროტებისაგან იმისა, ვინც მან შექმნა, და ბოროტებისაგან ბინდისა, როდესაც ის ღამის სიბნელედ იქცევა, და ბოროტებისაგან ქალებისა, რომლებიც კვანძებზე წყევლას წარმოთქვამენ, და ბოროტებისაგან მოშურნისა, როდესაც მას შურს.6

მეორეა:

თქვი: მე თავს ვაფარებ ადამიანთა უფალთან, ადამიანთა მეფესთან, ადამიანთა ღმერთთან, ბოროტებისაგან საიდუმლოდ მოჩურჩულისა, რომელიც ადამიანებს მკერდში ჩასჩურჩულებს; ჯინებისა და ადამიანებისაგან.7

ეს სურები მოთავსებულია ყველაზე ბოლოს ყურანში. ისინი ცნობილია, როგორც „ორი თავის შეფარება,“ და მუდმივად წარმოითქმის ნებისმიერი სახის ბოროტებისაგან თავდასაცავად.

წინასწარმეტყველმა ბრძანა, ეს ჭა ამოევსოთ, ხოლო იქვე ახლოს სანაცვლოდ ახალი ამოეთხარათ. მან დაიბარა ლაბიბი, რომელმაც აღიარა, რომ ჯადო გაუკეთა ქრთამის გამო, მაგრამ წინასწარმეტყველს მის წინააღმდეგ რაიმე ზომები არ მიუღია.

________________________

1. ხშირად ხმარებული ელიფსი, რომლის მნიშვნელობაც ასეთია: „ეს კაცი ისეთი გულფიცხია, რომ დედამისს მალე მოუწევს მისი სიკვდილის გამო გოდება.“

2. ვ. 624-9; ბ. LIV; ი.ი. 751-3.

3. X, 70.

4. ბ. LIX, 10.

5. ბაიდავის კომენტარი ამ ადგილის შესახებ: ყ. ჩXIII, 4.

6. ჩXIII.

7. ჩXIV. ზოგიერთი ავტორიტეტის აზრით, ეს ორი სურა, რომელიც მოცემულ შემთხვევაში წაიკითხეს, მაშინ კი არ გამოეცხადა წინასწარმეტყველს, არამედ გაცილებით უფრო ადრე, მექაში, ჰიჯრამდე.

69 LXIX. ხაიბარი

▲ზევით დაბრუნება


მექასთან დადებულმა ზავმა შესაძლებელი გახადა, ახლა ყურადღება გადატანილიყო იმ საშიშროებებზე, რაც ჩრდილოეთით არსებობდა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქალაქი ხაიბარი, რომელიც დაკავბული ჰქონდათ ებრაელებს, ვინც სასტიკად მტრულად იყვნენ განწყობილნი ისლამის მიმართ. თითქმის უტყუარი შეიქნა, რომ ჯადოქარი ლაბიბი სწორედ იქიდან მოქრთამეს, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს ვინმე კონკრეტული პირის მიერაც იყო გაკეთებული. მაგრამ არსებობდა გაცილებით უფრო ცხადი და ზოგადი მიზეზები საიმისოდ, რომ ზომები მიეღოთ გადასახლებული ბანუ ნადირისა და მათი მონათესავე ხაიბარელების წინააღმდეგ. არა იმიტომ, რომ უშუალოდ ისინი აპირებდნენ მედინის დაპყრობას. გარდა ერთი თუ ორი კაცისა, მათ არ მიუღიათ პირდაპირი მონაწილეობა თხრილის კამპანიაში, მაგრამ სწორედ მათ მისცეს კურეიშს ყოველგვარი გამხნევება და წააქეზეს, თავდასხმა მოეწყოთ, ასევე მათი გავლენის შედეგი იყო, რამაც დაარწმუნა მოკავშირეები ღატაფანიდან, რომ იმ შემთხვევაში კურეიშის მხარეს დამდგარიყვნენ. ასევე ებრაელების დამსახურება გახლდათ მნიშვნელოვანწილად ისიც, რომ ღატაფანი ფაქტობრივად ისევ ომის მდგომარეობაში რჩებოდა ოაზისთან მიმართებაში. მედინაში ვერასოდეს ვერ დამყარდებოდა სრული მშვიდობა, სანამ ხაიბარი ისეთ პოზიციას შეინარჩუნებდა, როგორიც ჰქონდა.

დიდი ხანია, ცხადი გახდა, ადრე თუ გვიან რაღაც უნდა გაკეთებულიყო ამ საკითხთან მიმართებაში; ახლა უკვე საამისო დრო დადგა, რადგანაც წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო, გამოცხადებაში დანაპირები მოახლოებული გამარჯვება - გამარჯვება, რომელიც მდიდარი იქნებოდა ალაფით - სხვა არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ არა ხაიბარის დაპყრობა. მაგრამ ამაში არ უნდა მიეღო მონაწილეობა ყველას, ვინც მუსლიმი იყო. გამოცხადებამ ნათლად განმარტა, რომ ის ბედუინები, რომლებმაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მცირე პილიგრიმობაზე არ წავიდნენ, ძირითადად ანგარებიანი მოტივებით ხელმძღვანელობდნენ. ვინაიდან არ არსებობდა რაიმე ნადავლის მოპოვების შანსი ამ პილიგრიმობის დროს, მათ მისი შესრულება საჭიროდ არ ჩათვალეს. ამიტომაც მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ იმ ადგილის დაპყრობაში, რომელიც უეჭველად ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი იყო მთელ არაბეთში.

ეს იმას ნიშნავდა, რომ უფრო მცირე ძალით უნდა წასულიყვნენ თავდასხმაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი უპირატესობა არსებობდა: მთელი გეგმები ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ დარჩებოდა. თუმცა მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ცნობილი გახდა, სწრაფად გავრცელდა, როგორც უფრო მეტად ხუმრობა, ვიდრე რეალობა. ხაიბარის შეუვალი ძლიერება პრაქტიკულად ანდაზებში გამოსაყენებელ შედარებად ქცეულიყო, იმდენად ცხადი გახლდათ. კურეიში და ისლამის სხვა მტრები იმედოვნებდნენ, რომ ახალი ამბავი მართალი იყო, და კმაყოფილნი იყვნენ, რადგანაც, მათი აზრით, ეს მოასწავებდა მუჰამედის საბოლოო, გამანადგურებელ დამარცხებას; იმავდროულად შიშობდნენ, შეიძლება, ეს არც ყოფილიყო მართალი, რადგანაც მუჰამედი გიჟი არ იყო, რომ ასეთ რისკზე წასულიყო. რაც შეეხება თვითონ ხაიბარის კაცებს, ისინი ისეთი დარწმუნებულნი იყვნენ საკუთარ ძალებში, რომ ვერ დაიჯერეს, ეს ამბავი როგორ შეიძლება მართალი ყოფილიყო, ეს არც კი დაუშვიათ. მათ არც კი შეუწუხებიათ თავი, თავიანთი მოკავშირეებისათვის დახმარება ეთხოვათ, სანამ გარკვეული კონკრეტული ინფორმაცია არ მიუვიდათ მედინიდან, რომ მუჰამედი, მართლაც, სულ მალე აპირებდა, მათკენ დაძრულიყო. მხოლოდ მაშინ გაემგზავრა სასწრაფოდ ებრაელთა ფაქტობრივი ბელადი, ქინანა, ღატაფანთან და შესთავაზა იმ წლის ფინიკის მოსავლის ნახევარი, თუ ისინი გაძლიერებას გაუგზავნიდნენ ჯარის სახით. ისინიც დასთანხმდნენ და ათას კაცს შეჰპირდნენ. ხაიბარის ებრაელებს ჩვევად ჰქონდათ, რომ თავიანთი აბჯარი ყოველდღიურად აესხათ ხოლმე და მებრძოლი კაცები ხაზზე დაეყენებინათ, სულ ათიათასი. ღატაფანისაგან მიღებული დახმარება ჯარის რიცხვს თოთხმეტიათასამდე გაზრდიდა; მედინიდან მოსული ცნობის თანახმად, მომხვდურთა ჯარი მხოლოდ ათასექვსასი კაცისაგან შედგებოდა.

სანამ წინასწარმეტყველი გზას გაუდგებოდა, ავსელი კაცი, სახელად აბუ ‛აბსი, ერთი პრობლემით მიადგა. მას აქლემი კი ჰყავდა, რომ წასულიყო, მაგრამ ტანსაცმელი სულ დახეოდა და თანაც არავითარი სახსარი არ გააჩნდა, რათა ექსპედიციაში საგზალი წაეღო, რადგანაც ვეღარაფერს დაუტოვებდა მედინაში დარჩენილ ოჯახს, თუ თავისთვის იყიდდა ახალ ტანსაცმელს. კიდევ ბევრი სხვაც იყო ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა ჩანდა. პილიგრიმობის დროს უკვე ბევრი რესურსი დაიხარჯა, ამასთანავე, იმ ყველაფერს, რაც მოპოვებულ იქნა ნადავლის სახით, ბევრად აღემატებოდა სულ უფრო მზარდი რიცხვი სიღატაკეში ჩავარდნილი ახლად მოქცეული მუსლიმებისა, რომლებიც მედინაში ყველა კუთხიდან მოდიოდნენ. წინასწარმეტყველმა აბუ ‛აბსს შესანიშნავი გრძელი მოსასხამი მისცა, სულ ეს იყო, რაც იმ მომენტში მოეპოვებოდა; მაგრამ, როდესაც ჯარი გზას გაუდგა, ერთი თუ ორი დღის შემდეგ, წინასწარმეტყველმა შეამჩნია, რომ აბუ ‛აბსს გაცილებით უფრო უბადრუკი მოსასხამი ჰქონდა, ვიდრე ის, რომელიც მანამდე აჩუქა, ამიტომაც ჰკითხა: „სად არის მოსასხამი, რომელიც მოგეცი?“ „მე ის რვა დირჰემად გავყიდე,“ უპასუხა აბუ ‛აბსმა, „შემდეგ ორი დირჰემის ფასი ფინიკი ვიყიდე საგზლად, ორი დირჰემი ოჯახს დავუტოვე სარჩოსათვის, ხოლო ეს მოსასხამი დანარჩენ ოთხ დირჰემად შევიძინე.“ წინასწარმეტყველმა გაიცინა და თქვა: „‛აბსის მამავ, შენ და შენი მეგობრები ნამდვილად ღარიბები ხართ. მაგრამ იმის სახელით, ვის ხელთაცაა ჩემი სული, თუ თქვენ უვნებელნი გადარჩებით და თუნდაც კიდევ ცოტა ხანს იცოცხლებთ, უხვად გექნებათ საკვები და ბევრ სახსარსაც დაუტოვებთ თქვენს ოჯახებს. მრავალ დირჰემს დააგროვებთ და უამრავი ტყვე გეყოლებათ; და ეს არ იქნება კარგი თქვენთვის!“1

როდესაც გზაში იყვნენ, ორ დაბანაკებას შორის ერთ მომენტში წინასწარმეტყველმა თავისი ჯარი შეაჩერა და დაუძახა კაცს ასლამიდან, სახელად იბნ ალ-აქვა‛ს, რომელსაც, როგორც მანამდე გაეგო, ლამაზი ხმა ჰქონდა. „ჩამოდი აქლემიდან,“ მიმართა, „და გვიმღერე რაიმე აქლემების სიმღერებიდან.“ ბედუინები თავიანთ აქლემებს უმღეროდნენ, როდესაც ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ. მღეროდნენ ძველ მელოდიებს, რომლებზეც ლექსები ჰქონდათ გაწყობილი. ეს მელოდიები მონოტონური, შთამბეჭდავი და სევდიანი იყო; ერთ-ერთი ასეთი მშვიდი კადენციის სახით იბნ ალ-აქვა‛მა სიმღერით წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც მათ წინასწარმეტყველმა ასწავლა, როდესაც თხრილზე მუშაობდნენ:

„ღმერთო, მხოლოდ შენს გზაზე ვიდექით, მხოლოდ შენს გამო გავცემდით მოწყალებას და ვლოცულობდით.“

ასე იწყებოდა სიმღერა. როდესაც იბნ ალ-აქვა‛მა დაამთავრა, წინასწარმეტყველმა უთხრა: „შეგიწყალოს ღმერთმა.“ ამაზე ‛უმარმა განაწყენებულმა უპასუხა: „ღმერთის მოციქულო, ნუთუ უფრო დიდხანს ვეღარ დავტკბებით მისი ხმით?“ აქ ის იგულისხმებოდა, რომ, როგორც მათ კარგად იცოდნენ, წინასწარმეტყველმა ახლა იბნ ალ-აქვა‛ის მოწამეობრივი აღსასრული განჭვრიტა, რადგანაც თავიანთი გამოცდილებიდან დაასკვნეს: როდესაც იგი ვინმეს შეწყალებას უსურვებდა, იმ პიროვნებას სავარაუდოდ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა.

ორი დღე და ნახევარი იარეს, ახლა კი მხოლოდ ერთი საღამოს სავალიღა დარჩენოდათ იქამდე, სადაც საბოლოოდ უნდა ჩასულიყვნენ. მნიშვნელოვანი იყო, ისეთი პოზიცია დაეკავებინათ, რომელიც ბარიერად აღიმართებოდა ხაიბარსა და მათ მოკავშირეებს შორის ღატაფანიდან. ამის გათვალისწინებით წინასწარმეტყველმა გზამკვლევი ითხოვა და ღამით ისინი ღია მიადგნენ სივრცეს კედლების წინ. ძალიან ბნელოდა, რადგანაც ახალი მთვარე უკვე ჩასულიყო; მუსლიმები ისე ჩუმად მიუახლოვდნენ ქალაქს, რომ იქ არავის არ გაუღვიძია, თვით არც ერთ შინაურ ცხოველს ანდა ფრინველსაც კი არ ამოუღია ხმა და მიუცია რაიმე ნიშანი. სიჩუმე მხოლოდ მამლების ყივილმა დაარღვია. იმ დღის გამთენიისას ლოცვისაკენ მოწოდება ჩურჩულით წარმოითქვა მუსლიმთა ბანაკში. როდესაც ილოცეს, ჩუმად მიმართეს მზერა „ჰიჯაზის ბაღისაკენ,“ რომელიც მზარდმა სინათლემ თანდათანობით გამოაჩინა მათ წინაშე, ციხე-სიმაგრეები ცხადად გამოიკვეთა პალმის ხშირი კორომებისა და ყანების ფონზე. მზე ამოვიდა და, როდესაც მიწათმოქმედნი გამოვიდნენ თავიანთი ბარებით, თოხებითა და კალათებით, ისინი გაოცებულნი დარჩნენ, რადგანაც პირისპირ აღმოჩდნენ გარინდებული ჯარის წინაშე. „მუჰამედი და მისი მებრძოლები,“ შესძახეს მათ და უკან შეცვივდნენ სიმაგრეებში. „ალლაჰუ აქბარ!“ თქვა წინასწარმეტყველმა. შემდეგ კი, გამარჯვებაში დარწმუნებულმა, სიტყვების თამაშით წარმოთქვა: ხარიბათ ხაიბარ! ხაიბარი დაიქცა! შემდეგ გადაჭრით დაადასტურა ამ ქალაქის დამარცხება, წარმოთქვა რა გამოცხადებული აია, რომელიც ღვთისგან მოვლენილ სასჯელზე ლაპარაკობს: როდესაც მათი საცხოვრებლების წინ ინათებს, ეს ცუდი დილა იქნება მათთვის, ვინც გაფრთხილებულ იქნენ.2 მაგრამ, იმის მაგიერ, რომ ეთქვა, ინათებს, მან თქვა: „ვინათებთ.“

ებრაელებმა სასწრაფო საომარი თათბირი გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ მათმა ერთ-ერთმა ბელადმა ისინი გააფრთხილა, მათ მაინც გადაწყვიტეს, თავიანთ სიმაგრეებს ნდობოდნენ. თქვეს, რომ იასრიბის ციხეების შედარება არ შეიძლებოდა მათ საკუთარ მთიან ციტადელებთან, როგორც ისინი ეძახდნენ მათ. ეს გადაწყვეტილება, რომ განცალკევებულ ჯგუფებად ეომათ, მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო მათი ერთი დიდი სიუსტით, რაც ერთიანობის უქონლობაში გამოიხატებოდა. რაც იასრიბის ებრაელების შესახებ უთხრა გამოცხადებამ წინასწარმეტყველს, ასევე ესადაგებოდა ხაიბარელებსაც: ავი გრძნობები უხვადაა მათ შორის. შენ ისინი ერთიანად მიგაჩნია, მაგრამ მათი გულები დაყოფილია.3 ახლა ებრაელთა უბედურება იყო ის, რომ უეცრად აღმოჩდნენ იმ ჯარის პირისპირ, რომელიც, მართალია, პატარა გახლდათ, მაგრამ უაღრესად დისცი პლინირებული, რაც გამოცხადებულ აიაშიც ჩანდა: ჭეშმარიტად, ღმერთს უყვარს ისინი, ვინც მის გამო იბრძვიან ისეთ რიგებში, თითქოს მიჯრით ნაშენები ნაგებობანი იყოს,4 ჯარი იმ კაცებისა, რომელთა სულებიც ხარობდა დაპირებაში, რაც ამ სიტყვებშია: რამდენ პატარა ჯგუფს დაუმარცხებია სიმრავლე ღმერთის ნებართვით! და ღმერთი ურყევთა გვერდითაა.5

პირველ დღეს, როდესაც წინასწარმეტყველმა უახლოეს ციხესიმაგრეს შეუტია, დანარჩენთა გარნიზონები გარეთ არ გამოსულან და არ დასხმიან თავს მუსლიმებს, რომლებმაც ალყა შემოარტყეს მათ მეზობლებს, არამედ ისინი ისხდნენ და დაკავებულნი იყვნენ თავიანთი კედლების შიგნით საკუთარი სიმაგრეების მოწყობით. ამ ტაქტიკამ ძლიერ შეამცირა რიცხვობრივი განსხვავების უპირატესობა, სამაგიეროდ, გააძლიერა მუსლიმთა ჯარი, რადგანაც მათ შეეძლოთ ხანგრძლივი სამხედრო ოპერაცია ეწარმოებინათ უცხო მიწაზე და ერთის მაგიერ რამდენიმე ბრძოლა წარემართათ. ხაიბარის კაცები ყველაზე განთქმული მსროლელები იყვნენ მთელ არაბეთში. მუსლიმებს არასოდეს არ ჰქონიათ ასეთი მძიმე გამოცდა ფარის ხმარებაში; საბრძოლო ოპერაციის ტერიტორიის მიღმა მებრძოლთა ცოლები იყვნენ დაბანაკებულნი და მათ ბევრი საზრუნავი გამოუჩნდათ ისრით დაჭრილების მკურნალობის სახით. წინასწარმეტყველის ცოლებიდან უმმ სალამას უკვე მეორედ ხვდა წილად, მეუღლეს თან გაჰყოლოდა. სხვა ქალთა შორის, ვინც ჯარს ახლდნენ, იყვნენ წინასწარმეტყველის დეიდა, საფიჲჲა, უმმ აიმანი, ნუსაიბა და უმმ სულაიმი, ანასის დედა.

რამდენიმე დღის განმავლობაში ვერაფერს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მეექვსე დღეს, როდესაც ‛უმარი ხელმძღვანელობდა საქმეს, ბანაკში ჯაშუში დაიჭირეს. მას სიკვდილით დაემუქრნენ და თავის დახსნის მიზნით მან მუსლიმებს გაანდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ციხესიმაგრეების შესახებ, უთხრა, რომლის აღება შეეძლოთ უფრო იოლად, და ურჩია, დაეწყოთ იმ ციხით, რომელსაც კარგად ვერ ყარაულობდნენ, სამაგიეროდ, იქ იყო იარაღის მარაგი სპეციალურ დიდ საწყობში, მათ შორის, გარკვეული საბრძოლო მოწყობილობები, რაც ადრე სხვა ციხე სიმაგრეების წინაღმდეგ იქნა გამოყენებული. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ, იასრიბის მსგავსად, ხაიბარშიც ხშირი იყო სამოქალაქო, შიდა უთანხმოებანი. მეორე დღეს აიღეს ეს ციხე-სიმაგრე და გამოიტანეს აღნიშნული მოწყობილობები, რომლებსაც სხვა თავდასხმების დროს გამოიყენებდნენ. აქ იყო ლოდსატყორცნი, ორი სპეციალური მანქანა, რომლითაც შეიძლებოდა ჯარისკაცების მიყვანა კედლებთან ახლოს და კედლებზე ასვლაც, რადგანაც მანქანებს დაჯავშნილი, შეუვალი ზედაპირი ჰქონდა. ახლოს მისულ მებრძოლებს უკვე შეეძლოთ კედლებისა და კარიბჭეების შენგრევა. ნაწილობრივ სწორედ ამ მოწყობილობათა დახმარებით რამდენიმე ციხე-სიმაგრე ერთმანეთის მიყოლებით დაეცა. პირველი სერიოზული წინააღმდეგობა, რომელსაც მუსლიმები წააწყდნენ, იყო სიმაგრე, სახელად ნა‛იმი. აქ დიდი ჯარი გამოვიდა თავდასაცავად და იმ დღეს ყველა თავდასხმა მოგერიებულ იქნა. „ხვალ,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „მე მივცემ დროშას იმ კაცს, ვინც უყვარს ღმერთსა და მის მოციქულს. ღმერთი თავისი ხელით მოგვცემს გამარჯვებას, ის არ არის იმათგანი, ვინც ბრძოლის დროს უკან გაბრუნდება.“

თავის წინა ბრძოლებში, წინასწარმეტყველი შედარებით პატარა დროშებს იყენებდა, მაგრამ ხაიბარში მან ჩამოიტანა დიდი შავი დროშა, რომელიც გაკეთებული იყო ‛ა'იშას მოსასხამისაგან. მას „არწივი“ დაარქვეს. სწორედ ეს დროშა მისცა ‛ალის. შემდეგ ილოცა მისთვის და სხვა მეგობრებისათვის, რათა ღმერთს მათთვის გამარჯვება მიეცა. კიდევ ერთი დღე იბრძოლეს შეუპოვრად, ამ დროს განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ზუბაირმა და წითელ მოსასხამიანმა აბუ დუჯანამ, მომდევნო დღეს კი ‛ალიმ თავისი კაცები საბოლოო შტურმზე წაიყვანა, რის შედეგადაც ებრაელთა გარნიზონმა შიგნით შეიწია ღრმად თავის სიმაგრეში, ამასობაში კი მუსლიმები კარიბჭეს მიადგნენ. ციხე-სიმაგრე დაეცა, მაგრამ ბევრმა ჯარისკაცმა მოახერხა უკანა კარიდან გაპარვა და სხვა სიმაგრეებში გადამალვა.

„სად არიან ღატაფანელები?“ ეს იყო კითხვა, რომელიც მთელ ხაიბარში გავრცელდა, მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ბედუინები ნამდვილად გამოვიდნენ ოთხი ათასი კაცით, როგორც პირობა დადეს, მაგრამ ერთი დღის სიარულის შემდეგ ღამით უცნაური ხმა გაიგონეს - არ იცოდნენ, საიდან მოდიოდა ის, მიწიდან თუ ზეციდან - და ხმამ სამჯერ ზედიზედ დაიძახა: „თქვენი ხალხი! თქვენი ხალხი! თქვენი ხალხი!“, ამიტომაც კაცებმა წარმოიდგინეს, რომ მათი ოჯახები გასაჭირში იყვნენ, და ისევ უკან გაბრუნდნენ სწრაფად იქითკენ, საიდანაც წამოვიდნენ. მხოლოდ იმაში დარწმუნება სურდათ, რომ ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ, როდესაც დაბრუნდნენ, უკვე აღარ მოინდომეს ხელმეორედ გამოსვლა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათი უმრავლესობა ფიქრობდა, ისინი ძალიან გვიან ჩავიდოდნენ და ვერ შეძლებდნენ რაიმე მონაწილეობის მიღებას მტრის დამარცხებაში.

ყველაზე უფრო შეუვალი სიმაგრე ხაიბარში ცნობილი იყო, როგორც ზუბაირის ციხე. ის გვირგვინის მსგავსად ედგა მასიურ კლდეს, უაღრესად ციცაბო მისადგომი ჰქონდა კარიბჭეებთან, დანარჩენ მხარეებზე კი პრაქტიკულად ვერტიკალური უფსკრულები ერტყა გარს. იმ ჯარისკაცთა უმრავლესობა, რომლებიც სხვა ციხეების დაცემის დროს გაიქცნენ, ახლა შეფარებული იყვნენ სწორედ აქ. ამ ციხის გარნიზონის რიგებში ჩამდგარიყვნენ. ჯარი გარეთ გასვლას ჯერ არ აპირებდა. წინასწარმეტყველმა მათ ალყა შემოარტყა. ეს ალყა სამი დღე გაგრძელდა. შემდეგ მუსლიმებთან სხვა ციხე-სიმაგრიდან მივიდა ერთი ებრაელი და ამცნო, რომ ამ ციხე-სიმაგრეს ჰქონდა დამალული რესურსი, რაც შიგნით მყოფებს განუსაზღვრელად ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველყოფდა. უთხრა, საიდუმლოს ერთი პირობით გაანდობდა, კერძოდ, მისთვის უნდა მიეცათ გარანტია, რომ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ, ასევე ხელუხლებელი დარჩებოდა მისი ოჯახი და ქონება. წინასწარმეტყველმა მისცა ეს გარანტია, ამიტომაც ებრაელმა მას აჩვენა, სად უნდა ამოეთხარა მიწა, რათა ჩასულიყო იმ დამბამდე, რომელშიც პატარა წყარო მოედინებოდა, და სწორედ აქ მდებარეობდა მიწისქვეშა სავალი ციხე-სიმაგრის კლდეებს ქვეშ. შიგნით იყო საფეხურები, რომლებზეც წყალი უწყვეტად მოედინებოდა, ამიტომაც შეგუბებები არსად არ იყო. წინასწარმეტყველმა ეს წყარო გადაჭრა. ალყის შიგნით მყოფები წყურვილმა შეაწუხა, ისინი იძულებული გახდნენ, საბრძოლველად გარეთ გამოსულიყვნენ.

უკანასკნელი სიმაგრე, რომელმაც წინააღმდეგობა გასწია, გახლდათ კამუსი. ის ეკუთვნოდა ქინანას, ბანუ ნადირის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და გავლენიან კლანს. ზოგიერთი მათგანი უკვე დიდი ხანი იყო, რაც ხაიბარში ცხოვრობდა, ხოლო ამ ოჯახის სხვა წარმომადგენელნი კი, მათ შორის თვითონ ქინანაც, ახლაღა გადმოსახლებულიყვნენ, მას შემდეგ, რაც ებრაელები იასრიბიდან გააძევეს. სწორედ მათ ჰქონდათ განსაკუთრებული იმედი ღატაფანის მხრიდან დახმარებისა. ახლა, როდესაც ისინი ვერ ჩამოვიდნენ და თავიანთი სიტყვა გატეხეს, ეს ებრაელებისათვის დიდი იმედგაცრუება გამოდგა, რამაც პრაქტიკულად წყობილებიდან გამოიყვანა. ისინი კიდევ უფრო დემორალიზებულნი აღმოჩდნენ, როდესაც ზუბაირიდან გაქცეული ხალხი ახლა მათთან მიიჭრა და დიდი ბრბო შეიკრიბა. მიუხედავად ამისა, ებრაელებმა თოთხმეტი დღის განმავლობაში გასწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ ქინანამ წინასწარმეტყველს შეუთვალა, რომ უნდოდა მოლაპარაკებაზე წასვლა და გარკვეულ პირობებზე შეთანხმება. წინასწარმეტყველმაც თანხმობა შეუთვალა. ამის შემდეგ ებრაელი ბელადი თავისი ოჯახის წევრების თანხლებით ციხე-სიმაგრიდან გამოვიდა. შეთანხმდნენ, რომ არც ერთ ჯარისკაცს არც დაატყვევებდნენ და არც მოკლავდნენ. მაგრამ საამისოდ უნდა შეესრულებინათ პირობა, რომ ხაიბარს დატოვებდნენ და მთელი მათი ქონება ახლა გამარჯვებულთა ხელში გადავიდოდა. წინასწარმეტყველმა ამას კიდევ ერთი პირობა დაურთო, კერძოდ, ეს გარანტია სიცოცხლისა და თავისუფლების შენარჩუნების შესახებ ანულირებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ჩუმად სცდიდა თავისი ქონების წაღებას. ქინანა და სხვებიც ამ მოთხოვნას დაეთანხმნენ. წინასწარმეტყველმა აბუ ბაქრს, ‛უმარს, ‛ალისა და ზუბაირს დაუძახა, ასევე ათ ებრაელს, რომლებმაც ეს შეთანხმება დაამოწმეს.

მაგრამ სულ მალე ცხადი გახდა როგორც ებრაელების, ასევე მუსლიმებისათვის, რომ ბევრი სიმდიდრე დამალული იყო. სად გაქრა ბანუ ნადირის განთქმული განძეულობა, რომელიც თან წამოიღეს მედინიდან? მათ ხომ ასე ცხადად აჩვენეს ის ყველას, როდესაც ქალაქის ქუჩებში ამაყად მიემართებოდნენ? წინასწარმეტყველმა ამის შესახებ ქინანას ჰკითხა, რაზეც ებრაელმა ლიდერმა უპასუხა, რომ მედინიდან ჩამოსვლის შემდეგ მათ იმ განძეულობის დიდი ნაწილი გაყიდეს, რათა უფრო მეტი იარაღი და აღჭურვილობა ეყიდათ და თავიანთი ციხეები გაემაგრებინათ. ებრაელებმა თვითონვე იცოდნენ, რომ ის ტყუოდა, ახლა მათ უფრო უკეთ ესმოდათ ყველაფერი და ბევრი მათგანი თვლიდა, რომ მათ წინაშე წინასწარმეტყველი იდგა. ისინი არ აპირებდნენ, მას გაჰყოლოდნენ, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ იგი მათთან არ გამოუგზავნია ღმერთს, მაგრამ ასევე ფიქრობდნენ იმასაც, რომ არ უნდა მოეტყუებინათ. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ამ განძის შესახებ იცოდა, ქინანასთან მივიდა და შეევედრა, არაფერი არ დაემალა, რადგანაც ამ შემთხვევაში წინასწარმეტყველი მაინც შეიტყობდა ყველაფერს. ქინანამ ბრაზით უარყო მისი თხოვნა, მაგრამ რამდენიმე დღეში განძი აღმოაჩინეს, ამიტომაც ქინანა და მისი ბიძაშვილი, რომელსაც განდობილი ჰქონდა, სად იყო ის სამალავი, სიკვდილით დასაჯეს. მათი ოჯახები კი დაატყვევეს.

კამუსის დაცემის შემდეგ კიდევ ორმა ციხე-სიმაგრემ, რომელიც ახლოს მდებარეობდა, იმავე პირობებით კაპიტულიაცია გამოაცხადა. როდესაც ხაიბარის ებრაელებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს, მათ დელეგაცია გაუგზავნეს წინასწარმეტყველს და შესთავაზეს, რომ, ვინაიდან თვითონ ისინი იყვნენ ყველაზე უკეთ გამოცდილნი თავიანთი მიწებისა და ბაღების მოვლაში, მათთვის უფლება მიეცა, სახლში დარჩენილიყვნენ. მას გადაუხდიდნენ ყოველწლიურ ხარკს, იმის ნახევარს, რასაც მოიყვანდნენ. წინასწარმეტყველი ამაზე დასთანხმდა. მაგრამ ისევ დააყენა განსაკუთრებული პირობა, კერძოდ, თუ იგი მომავალში მათ წასვლას მოსთხოვდა, ებრაელებს ხაიბარი უნდა დაეტოვებინათ. შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ მუსლიმები თავიანთი სამხედრო კამპანიის გავრცობას ფადაკის მიმართულებით აპირებდნენ. ეს იყო პატარა, მაგრამ მდიდარი ოაზისი ჩრდილო-აღმოსავლეთით; როდესაც ფადაკის ებრაელებმა გაიგეს იმ პირობების შესახებ, რომლებიც ხაიბარის ებრაელებს დაუწესდათ, მათაც შეუთვალეს წინასწარმეტყველს, რომ უბრძოლველად ბარდებოდნენ იმავე პირობებით. ასე გახდა ფადაკი წინასწარმეტყველის საკუთრება, ისევე, როგორც ყველა სხვა საკუთრება, რომელიც მოპოვებულ იქნა ძალისა და იარაღის გამოყენების გარეშე.

როდესაც ყველა პირობაზე შეთანხმდნენ და გამარჯვებულმა ჯარმა დაისვენა, სალამ იბნ მიშხამის დაქვრივებულმა ცოლმა შეწვა ბატკანი, რომელიც მთლიანად მოწამლა, საწამლავი ყველგან წაუსვა. შემდეგ ბანაკში მიიტანა და წინასწარმეტყველს მიართვა, მან კი მადლობა გადაუხადა და ის მეგობრები, ვინც თან ახლდნენ იმ მომენტში, საჭმელად მიი პატიჟა.

მოხდა ისე, რომ ამ დროს წინასწარმეტყველს გვერდით ეჯდა ხაზრაჯელი, სახელად ბიშრი, ძე ბარა'ისა, რომელმაც იასრიბის მუსლიმები მეორე ‛აკაბაზე წაიყვანა. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სარიტუალო ლოცვა შეასრულა მექისაკენ მიქცეულმა. როდესაც წინასწარმეტყველმა ბატკნის ხორცი მოკბიჩა, ბიშრიც ასე მოიქცა და ლუკმა გადაყლაპა, მაგრამ წინასწარმეტყველმა გადააფურთხა და სხვებს უთხრა: „ხელი არ ახლოთ, რადგანაც ეს მხარი მე მიჩვენებს, რომ ბატკანი მოწამლულია.“ მან ქალი მოაყვანინა და ჰკითხა, საკვები მოწამლული ხომ არ იყო. ქალმა კითხვა შეუბრუნა: „ვინ გითხრა?“ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „თვითონ ამ მხარმა, მაგამ ეს რატომ გააკეთე?“ ქალმა მიუგო: „შენ კარგად იცი, რაც დამართე ჩემს ხალხს, მოკალი მამაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი ქმარი. მე ჩემს თავს ვუთხარი: `თუ ის მეფეა, მე მას კარგად გავუსწორდები; ხოლო, თუ ის ნამდვილად წინასწარმეტყველია, მას ეცნობება ამ საწამლავის შესახებ.'“ ბიშრს სახე უკვე გაფითრებოდა და სულ მალე გარდაიცვალა კიდეც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, წინასწარმეტყველმა ქალს აპატია.6

ეს ქალი არ იყო ერთადერთი, ვინც მამა და ქმარი დაკარგა მუსლიმთა ხელში. ქინანას მიერ განძის დამალვის ფაქტის გამო ტყვედ აყვანილებს შორის გახლდათ თვითონ მისი ცოლი, საფიჲჲა, ქალიშვილი იმ ჰუჲაისა, რომელმაც ბანუ კურაიზა დაარწმუნა, წინასწარმეტყველთან დადებული ხელშეკრულება გაეწყვიტათ, და ვინც სიკვდილით დასაჯეს სხვებთან ერთად თხრილის ბრძოლის შემდეგ. გოგონა ჩვიდმეტი წლის იყო, იგი ქინანას სულ ერთი თუ ორი თვის წინ გაჰყოლოდა, სანამ მუჰამედი მედინიდან სალაშქროდ გავიდოდა. ეს ქორწინება, იმ მცირე ხნითაც, რაც ის გაგრძელდა, არ ყოფილა ბედნიერი. მამისა და ქმრისაგან განსხვავებით, საფიჲჲა ღრმად პატიოსანი ბუნების ქალი აღმოჩნდა. ბავშვობიდან ესმოდა, როგორ ლაპარაკობდა მისი ხალხი წინასწარმეტყველზე, რომელიც მალე უნდა მოსულიყო. ეს მის ფანტაზიას მეტად აძლიერებდა. შემდეგ უკვე ატყდა მითქმა-მოთქმა ერთ არაბზე მექიდან, კურეიშელ კაცზე, რომელიც აცხადებდა, რომ წინასწარმეტყველი იყო. მოვიდა ამბავიც, რომ ის კუბა'ში ჩამოვიდა. ეს შვიდი წლის წინ მოხდა, როდესაც საფიჲჲა ათი წლის ბავშვი იყო; მას კარგად ახსოვდა, როგორ ისხდნენ მამამისი და ბიძამისი კონფიდენციალურად ლუბა'ის გარეთ, რათა საკუთარი თავი დაერწმუნებინათ, რომ ეს კაცი თვითმარქვია იყო. მაგრამ, რაც ყველაზე უფრო ძლიერად აღებეჭდა მეხსიერებაში, იყო მათი დაბრუნება გვიან ღამით, როდესაც ორივე კაცი უაღრესად უხასიათოდ და მოღუშული იყო. მათი ნათქვამიდან ცხადი შეიქნა, მათ სჯეროდათ, რომ ეს ახლად გამოჩენილი კაცი წინასწარმეტყველი იყო, მაგრამ მაინც აპირებდნენ მასთან დაპირისპირებას. გოგონას ახალგაზრდა გონებაში უკვე მაშინ გაჩნდა გამოცანა.7

გათხოვების შემდეგ ძალიან მალე, არც თუ დიდი ხნით წინ ხაიბარში წინასწარმეტყველის გამოჩენამდე, ქალმა სიზმარი ნახა. ცაში გამოკიდებული მოკაშკაშე მთვარე იხილა და იცოდა, რომ ამ მთვარის ქვეშ ქალაქი მედინა გაწოლილიყო. შემდეგ მთვარემ თანდათან დაიწყო ხაიბარისაკენ გადაადგილება, სადაც გოგონას კალთაში ჩაუვარდა. როდესაც გაიღვიძა, ქინანას უამბო, რაც ესიზმრა. ამის პასუხად ქმარმა სახეში გაარტყა და უთხრა: „ეს მხოლოდ იმას შეიძლება ნიშნავდეს, რომ შენ გსურს ჰიჯაზის მეფე, მუჰამედი.“ ამ გარტყმის კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა ქალს სახეზე, როდესაც იგი, როგორც ტყვე, წინასწარმეტყველს მიჰგვარეს. მან ჰკითხა, რატომ ჰქონდა ეს ნაკვალევი, ქალმაც მოუთხრო თავისი სიზმრის შესახებ. ახლა ქალბელმა დიჰჲამ,8 რომელმაც ბადრის შემდეგ მალევე მიიღო ისლამი, ითხოვა, რომ საფიჲჲა მისთვის მიეცათ, როგორც ხაიბარის ნადავლიდან კუთვნილი წილი. წინასწარმეტყველმა თავიდან თანხმობა განუცხადა, მაგრამ, როდესაც ქალისაგან ამ სიზმრის შესახებ შეიტყო, დიჰჲას შეუთვალა, სანაცვლოდ საკუთარი ბიძაშვილი წაეყვანა. შემდეგ საფიჲჲას უთხრა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ათავისუფლებდა, მაგრამ არჩევანს აძლევდა: მას შეეძლო, ებრაელად დარჩენილიყო და თავის ხალხთან დაბრუნებულიყო, ან ისლამი მიეღო და წინასწარმეტყველს გაჰყოლოდა ცოლად. „მე ვირჩევ ღმერთსა და მის მოციქულს,“ უპასუხა ქალმა. ისინი პირველსავე გაჩერებაზე დაქორწინდნენ შინ მიმავალ გზაზე.

მაგრამ ლაშქრობა ჯერ არ იყო დასრულებული, ამიტომაც პირდაპირ იმ გზით კი არ წავიდნენ, რომლითაც მედინიდან მოდიოდნენ, არამედ წინასწარმეტყველმა ცოტა მარჯვნივ გადაუხვია და ალყა შემოარტყა ვადი ლ-კურა'ის ებრაელებს, რომლებიც თავიანთ ციხე-სიმაგრეში გამაგრებულიყვნენ. ისინი კავშირში იყვნენ ხაიბართან. სამი დღის შემდეგ ჩაბარდნენ იმავე პირობებით, რითაც სხვა ებრაელები.

იბნ ალ-აქვა‛ი, ასლამელი, რომელმაც მუსლიმებს უმღერა, როდესაც ჩრდილოეთისაკენ მიემართებოდნენ, ხაიბარში დაიღუპა ერთ-ერთ ციხესიმაგრეზე თავდასხმის დროს. რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ მას თავისი საკუთარი მახვილი მოხვდა და სასიკვდილოდ დაჭრა. ერთერთმა ანსარმა ამის გამო თქვა, რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული მოწამედ. წინასწარმეტყველმა კი ამაზე უპასუხა: „ის, ვინც ამას ამბობს, ტყუის. იბნ ალ-აქვა‛ი ჭეშმარიტად შევიდა სამოთხის ბაღებში ისე, როგორც მცურავი შედის წყალში.“9 კიდევ ერთი კითხვა მოწამეობის შესახებ დაიბადა ვადი ლ-კურასთან, სადაც წინასწარმეტყველის შავი მონა, ქარქარა, ისარმა განგმირა, როდესაც ის აქლემს უნაგირს ხსნიდა. მაგრამ წინასწარმეტყველმა თქვა: „ახლა ის უკვე ჯოჯოხეთში იწვის იმ მოსასხამის ქვეშ, რომელიც მან ხაიბარში მოი პარა და რომელიც მისთვის ცეცხლოვან მოსასხამად იქცა.“10

წინასწარმეტყველს ყველას გაფრთხილება უნდოდა და ამას მუდმივად აკეთებდა კიდეც, კერძოდ, მასთან, მის საზოგადოებაში ცხოვრება ასევე უდიდეს პასუხისმგებლობასაც გულისხმობდა, რაგანაც ღმერთი სამართლიანია და მუსლიმებს უფრო მკაცრად გაასამართლებდა, ვიდრე მათ, ვინც უარეს ეპოქაში ცხოვრობდნენ, როდესაც უფრო ძნელი იყო, წინ აღდგომოდი ბორტებას. მან თქვა: „ჭეშმარიტად, თქვენ ხართ იმ ეპოქაში, როდესაც, თუ ვინმე დაარღვევს კანონის მეათედს, გასამართლდება და განწირულია. მაგრამ მოვა დრო, როდესაც ისინი, ვინც კანონის მეათედს შეასრულებენ, გადარჩებიან.“11

_________________________

1. ვ. 636.

2. XXXVII, 177.

3. IX, 14.

4. XI, 4.

5. II, 249.

6. ბ. LI, 28.

7. ი.ი. 354-5.

8. ის უაღრესად ლამაზი კაცი იყო და წინასწარმეტყველმა მასზე თქვა: „ყველაზე უფრო მსგავსი გაბრიელისა იმ ადამიანთა შორის, ვინც მინახავს, არის დიჰჲა ალ-ქალბი.“ ი.ს. IV, 184.

9. ვ. 662.

10. ი.ი. 765.

11. თირ. XXXI, 79.

70 LXX. „ვინ გიყვარს ყველაზე მეტად?“

▲ზევით დაბრუნება


გამარჯვებული მუსლიმები მედინაში დაბრუნდნენ, საიდანაც შვიდი კვირის წინ წასულიყვნენ, და ჯა‛ფარი თავის მეგობრებთან ერთად უკვე იქ დახვდათ. იგი აბისინიაში გაემგზავრა, როდესაც ოცდაშვიდი წლის იყო, ახლა კი უკვე ორმოცი წლის კაცი გახლდათ. ცამეტი წელი შესრულებულიყო, რაც წინასწარმეტყველი არ ენახა, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი მუდმივ კავშირში იყვნენ. წინასწარმეტყველმა იგი თავისკენ მიიზიდა და თვალებს შორის აკოცა. შემდეგ უთხრა: „არ ვიცი, ჩემი ორი სიხარულიდან რომელია უფრო დიდი, ის, რომ ჯა‛ფარი დაბრუნდა, თუ ის, რომ ხაიბარში გავიმარჯვე.“ ჯა‛ფარს თან ახლდა ცოლი, ასმა'ი, და მათი სამი ვაჟიშვილი, ‛აბდ ალლაჰი, მუჰამედი და ‛ავნი, რომელიც აბისინიაში დაიბადა.

ჩამოსულთა შორის იყო ასევე უმმ ჰაბიბა, ვისი ბინაც უკვე გაემზადებინათ მის მისაღებად. წინასწარმეტყველთან მისი კავშირის აღსანიშნავად მეორე საქორწინო ზეიმი გადაიხადეს. ახლა უმმ ჰაბიბა დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის იყო. ყველა ცოლი, გარდა ‛ა'იშასი, მას ადრევე იცნობდა მექაში. მეტიც, ის ზეინაბის რძალი იყო, ხოლო სავდა და უმმ სალამა მისი ახლო მეგობრები იყვნენ პატარაობაში, როდესაც აბისინიაში ცხოვრობდნენ. მის ჩამოსვლას ელოდებოდნენ და სახლში ერთგვარი ფუსფუსი შეიქნა. კიდევ უფრო მოულოდნელი საზრუნავი გამოიწვია ნორჩი და ლამაზი საფიჲჲას მოყვანამ. მედინაში ჩასვლისას წინასწარმეტყველმა ახალგაზრდა ცოლი დროებით დააბინავა ყოველთვის სტუმართმოყვარე ჰარისასთან. როდესაც მისი სილამაზის შესახებ შეიტყო, ‛ა'იშამ უმმ სალამას სიტყვა შეუთვალა და ჰკითხა, როგორი იყო მათი ახალი კომპანიონი. „ნამდვილად ლამაზია,“ თქვა უმმ სალამამ, „ღმერთის მოციქულს ის ძალიან უყვარს.“ ‛ა'იშა თვითონ წავიდა ჰარისას სახლში და ქალთა ჯგუფში გაერია. ისინი სტუმრად იყვნენ პატარძალთან. ‛ა'იშამ თავი შეიბურა, საკუთარი ვინაობა არ გამოუმჟღავნებია და ერთგვარად უკან იდგა, მაგრამ საკმარისად ახლოს საიმისოდ, რომ საკუთარი თვალით ენახა, რაც უმმ სალამამ უთხრა, სიმართლეს შეესაბამებოდა. შემდეგ მან დატოვა სახლი, მაგრამ წინასწარმეტყველმა, რომელიც იქ იყო, ის იცნო, უკან გაჰყვა და ჰკითხა: „‛ა'იშა, რას ფიქრობ, როგორია ის?“ ‛ა'იშამ უპასუხა: „მე მასში დავინახე ერთი ჩვეულებრივი ებრაელი ქალი, ისეთი, როგორც სხვა ებრაელი ქალები არიან.“ „ასე ნუ იტყვი,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „რადგანაც მან ისლამი მიიღო და ისლამისათვის კარგი გააკეთა.“

მიუხედავად ამისა, დანარჩენი ცოლებისაგან განსხვავებით, საფიჲჲას განსაკუთრებით ხვდებოდა გულზე ზოგიერთი რამ. ეს მამამისის გამო ხდებოდა. „ჰუჲაის ქალიშვილო,“ ასეთი მიმართვა, რომელიც სხვა შემთხვევაში თავისთავად პატივისცემის გამოხატულება იქნებოდა, მხოლოდ ინტონაციის ოდნავი შეცვლით უკვე შეურაცხყოფად იქცეოდა.

ერთხელ იგი აცრემლებული მივიდა წინასწარმეტყველთან, რაგანაც მისმა ერთ-ერთმა ახალმა კომპანიონმა სცადა, ეჩვენებინა, რომ ის სხვებზე უარესი იყო. წინასწარმეტყველმა უთხრა: „ასეთებს უპასუხე: მამაჩემი აარონია, ხოლო ბიძაჩემი - მოსე.“

ცოლებს შორის საფიჲჲა ყველაზე ახლოს იყო ასაკით ‛ა'იშასთან, თვით იმაზე უფრო ახლოს, ვიდრე ჰაფსა, რომელიც ოცდაორი წლის შესრულდა. ამან თავდაპირველად ‛ა'იშას შიში გააძლიერა, მაგრამ, როდესაც კვირები გავიდა, ორ ახალგაზრდა ცოლს ერთმანეთის მიმართ სიმპათია გაუჩნდა, ჰაფსაც ასევე დაუმეგობრდა ახლად მოსულს. „ჩვენ ორ ჯგუფად ვიყავით,“ ყვებოდა მომდევნო წლებში ‛ა'იშა, „პირველში მე, ჰაფსა, საფიჲჲა და სავდა, ხოლო მეორეში კი უმმ სალამა და დანარჩენი ცოლები.“

იმ დროს ‛ა'იშა მეთექვსმეტე წელში იყო, ერთი მხრივ, თავის ასაკთან შედარებით უფრო მომწიფებული, მაგრამ, მეორე მხრივ, სრულიად პატარა. მისი გრძნობების ამოკითხვა ყოველთვის შესაძლებელი ხდებოდა მისი სახიდან, ასევე თითქმის ყოველთვის ენიდანაც. ერთხელ წინასწარმეტყველმა უთხრა: „‛ა'იშა, ჩემთვის არასოდეს არ არის დაფარული, როდის ხარ ჩემზე ნაწყენი და როდის ხარ ჩემგან ნასიამოვნები.“ „მამაჩემზე და დედაჩემზე ძვირფასო,“ თქვა გოგონამ, „საიდან იცი ეს?“ „როდესაც კმაყოფილი ხარ,“ მიუგო წინასწარმეტყველმა, „დაფიცებისას ამბობ: „არა, მუჰამედის უფლის სახელით,“ მაგრამ, თუ განაწყენდები, იტყვი: `არა, აბრაამის ღმერთის სახელით.'“1 ერთხელ, როცა წინასწარმეტყველი მასთან ცოტა უფრო გვიან მივიდა, ვიდრე ელოდა, ქალმა უთხრა: „სად იყავი მთელი დღე ამ დრომდე?“ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „ჩემო პატარა, საყვარელო, უმმ სალამასთან ვიყავი.“ „განა უკვე არ დაკმაყოფილდი უმმ სალამასთან ყოფნით?“ თქვა ‛ა'იშამ. როდესაც წინასწარმეტყველმა მხოლოდ გაიღიმა და არაფერი არ უთხრა, ქალმა დასძინა: „ღმერთის მოციქულო, მითხარი შენს შესახებ. მინდვრის ორ ფერდობს შორის რომ იყო, რომელთაგან ერთზე ჯერ არავის უძოვია, მეორეზე კი უკვე ძოვეს, რომელს ამოირჩევდი შენი საქონლისათვის?“ „იმას, რომელზეც ჯერ არ უძოვიათ,“ თქვა წინასწარმეტყველმა. „მაშ, მე ასეთი არ ვარ შენთვის? შენს ყველა დანარჩენ ცოლს მანამდე ქმარი ჰყავდა, მხოლოდ მე არ მყოლია.“ წინასწარმეტყველმა გაიღიმა და არაფერი არ უთხრა. 2

‛ა'იშამ კარგად იცოდა, წინასწარმეტყველი მხოლოდ მისთვის ვერ იქნებოდა განკუთვნილი. ის ერთი ქალი იყო, წინასწარმეტყველი კი ოც კაცს უდრიდა. გამოცხადებას მის შესახებ ნათქვამი ჰქონდა: ჭეშმარიტად, განუზომელი დიდებულებისაა შენი ბუნება. თითქოს იგი მთელი სამყარო იყო, გარეგნულად შეუდარებელი და შინაგანად მისტერიული, ამოუცნობი. ქალს შემჩნეული ჰქონდა, რომ შორიდან უბრალოდ ჭექა-ქუხილის ხმა რომ მოდიოდა, წინასწარმეტყველს ფერი ეცვლებოდა. ქარის ზუზუნიც ასევე უცვლიდა მას გარეგნობას, ერთხელ კი, როდესაც კოკისპირული წვიმა მოდიოდა, მან თავი და მხრები მოიშიშვლა და ასე გავიდა გარეთ, რათა უშუალოდ თავის კანზე შეეგრძნო და გაეზიარებინა ის სიუხვე, რომელიც იმ მომენტში დედამიწაზე გადმოდიოდა.

‛ა'იშა ასევე ძალიან ეჭვიანობდა იმის გამო, რომ წინასწარმეტყველი კაცთა შორის სავსებით გამოირჩეოდა. მაგრამ მან იცოდა, ეჭვიანობა, სიყვარულისაგან განსხვავებით, მხოლოდ ამქვეყნიურობისათვის იყო დამახასიათებელი. როდესაც სამოთხეზე ლაპარაკობდა, გამოცხადებას არაერთგზის მოუცია დაპირება: და ჩვენ წარვხოცავთ იმ ყოველგვარ ბოროტებას, რომელიც შეიძლება იყოს მათ მკერდში.3 ერთ დღეს ‛ა'იშამ წინასწარმეტყველს უთხრა: „ღმერთის მოციქულო, ვინ არიან შენი ცოლები სამოთხეში?“ „შენ მათ შორის ხარ,“ უპასუხა მან. ქალმა ეს დაპირება სათუთად შეინახა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, აგრეთვე სიტყვები, რომლებიც წინასწარმეტყველმა უთხრა ერთხელ: „გაბრიელი აქ არის და ის სალამს გითვლის.“ „სალამიმც იყოს მასზე, ღვთის მოწყალება და კურთხევა!“ უპასუხა ქალმა.

თავისი ეჭვიანობის შესახებ ‛ა'იშა მომდევნო წლებში ამბობდა: „მე წინასწარმეტყველის არც ერთ ცოლზე ისე არ ვეჭვიანობდი, როგორც ხადიჯაზე, რადგანაც მას მუდმივად ახსენებდა, თანაც ღმერთმა დაავალა, თავისი კარგი ამბები შეეთვალა ხადიჯასათვის სამოთხეში მდებარე დიდ სასახლეში, რომელიც ძვირფასი ქვებისაგან იყო გაკეთებული. ყოველთვის, როდესაც ცხვარს სწირავდა, დიდ ნაწილს უგზავნიდა მათ, ვინც ხადიჯას ახლო მეგობრები იყვნენ. ხშირად ვეუბნებოდი: `თითქოს ამქვეყნად არც ერთი სხვა ქალი არ ყოფილიყოს, თითქოს მხოლოდ ხადიჯა არსებობდა.'“ 4

‛ა'იშას აღქმები და რექაციები ძალიან სწრაფი იყო. ხაიბარის შემდეგ მალევე, თუ მანამდე ცოტა ხნით ადრე, ჰალა, აბუ ლ-‛ასის დედა, სტუმრად ჩავიდა მედინაში, რათა მოენახულებინა თავისი ვაჟი და რძალი, ზეინაბი, ასევე პატარა შვილიშვილი, უმამა. ერთ დღესაც, როდესაც წინასწარმეტყველი ‛ა'იშას ბინაში იყო, კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. ვიღაც ქალმა იკითხა, თუ შეიძლებოდა შესვლა. წინასწარმეტყველი გაფითრდა და აკანკალდა. ‛ა'იშა მაშინვე მიხვდა ამის მიზეზს, ეჭვიანობამ მოიცვა და ქმარს წაეჩხუბა. ცხადი იყო, წინასწარმეტყველმა ჰალას ხმაში მისი დის, ხადიჯას, ხმა შეიცნო. წინასწარმეტყველმა შემდგომში ეს დაადასტურა და თქვა, რომ ჰალას მანერა, როდესაც ის შესვლის ნებართვას ითხოვდა, ზუსტად ისეთი იყო, როგორც მისი გადაცვლილი დისა.5

სავდა ახლა უკვე ასაკში შევიდა და თავისი დღე, რომელიც ქმართან უნდა გაეტარებინა, ‛ა'იშას დაუთმო, რადგანაც დარწმუნებული იყო, ეს წინასწარმეტყველს დიდად ასიამოვნებდა. მთელ საზოგადოებას, მათ შორის თვითონ ცოლებსაც, ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ცოცხალ ცოლებს შორის მას ყველაზე მეტად ‛ა'იშა უყვარდა. ეს უბრალო მიხვედრა არ იყო, რადგანაც დროდადრო ამა თუ იმ მეგობრისაგან ასეთი კითხვა ისმებოდა: „ღმერთის მოციქულო, ვინ გიყვარს შენ ყველაზე მეტად ამქვეყნად?“ და, მართალია, ის ყოველთვის ერთნაირ პასუხს არ იძლეოდა, რადგანაც დიდ სიყვარულს გრძნობდა რამდენიმე მიმართულებით - ქალიშვილებისა და მათი შვილების, ასევე ‛ალის, აბუ ბაქრის, ზაიდისა და უსამას მიმართ. წინასწარმეტყველის პასუხი ხანდახან იყო ‛ა'იშა, მაგრამ არასოდეს რომელიმე სხვა ცოლი. სწორედ ამის გამო მედინაში უკვე წესად იქცა, რომ, როდესაც ვინმეს რაიმე სათხოვარი ჰქონდა წინასწარმეტყველთან და მას საჩუქარს სთავაზობდა პეტიციის მხედველობაში მიღებით, როგორც ეს ყურანმა დააწესა, ის გადადებდა ამ შეთავაზებას მანამდე, სანამ წინასწარმეტყველს ‛ა'იშას ბინაში ყოფნა არ მოუხდებოდა, იმ იმედით, რომ მაშინ ყველაზე უფრო ბედნიერი იქნებოდა და, აქედან გამომდინარე, მოწყალების გასაცემად განწყობილი. ამან არაჯანსაღი გრძნობები აღძრა წინასწარმეტყველის სახლში, ამიტომაც უმმ სალამა მასთან მივიდა საკუთარი სახელით, ასევე სხვების სახელითაც და სთხოვა, განეცხადებინა, რომ, თუ ვინმეს მისთვის საჩუქრის გაკეთება სურდა, არ უნდა დალოდებოდა, როდის იქნებოდა იგი რომელსამე კონკრეტულ სახლში. წინასწარმეტყველმა არ უპასუხა, ამიტომაც ქალმა თხოვნა გაუმეორა, წინასწარმეტყველი ისევ დუმდა. მაშინ უმმ სალამამ მესამედაც სთხოვა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „‛ა'იშასთან დაკავშირებით ნუ შემაწუხებთ, რადგანაც, ჭეშმარიტად, გამოცხადება ჩემთან არ მოდის არასოდეს, თუ გადასაფარებლის ქვეშ რომელიმე ცოლთან ვარ, გამონაკლისია მხოლოდ ‛ა'იშა.“6 უმმ სალამამ თქვა: „ღვთის წინაშე ვინანიებ, ვინაიდან შეგაწუხე.“ მაგრამ დანარჩენი ცოლები ამით არ დაკმაყოფილდნენ, ამიტომაც ფატიმა დაიბარეს და ჩარევა სთხოვეს. უთხრეს, გადაეცა: „შენი ცოლები გაფიცებენ, მათ სამართალი მისცე აბუ ბაქრის ქალიშვილთან დაკავშირებით.“ ფატიმა მერყეობდა, მაგრამ იძულებული გახდა, დასთანხმებოდა, თუმცა წინასწარმეტყველთან მისვლა რამდენიმე დღით გადადო. ბოლოს მისი ბიძაშვილი, ზეინაბი, ჯაჰშის ქალიშვილი, მასთან მივიდა და მოსთხოვა, წინასწარმეტყველთან წასულიყო. ფატიმაც ეახლდა მამას და ყველაფერი გადასცა. „ჩემო პატარა ქალიშვილო,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „განა შენ არ გიყვარს ის, რაც მე მიყვარს?“ როდესაც ქალმა თავი დაუქნია, წინასწარმეტყველმა განაგრძო: „მაშ, გიყვარდეს ის“ - გულისხმობდა ‛ა'იშას. შემდეგ ჰკითხა: „ზეინაბი იყო, ვინც შენ გამოგგზავნა, არა?“ „ზეინაბიცა და სხვებიც,“ მიუგო ფატიმამ. „ვფიცავარ,“ განაგრძო წინასწარმეტყველმა, „სწორედაც ის იყო, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო.“ როდესაც ფატიმა დაეთანხმა, წინასწარმეტყველმა გაიღიმა.

ფატიმა ცოლებთან დაბრუნდა და მოუყვა, რაც მოხდა. „ღმერთის მოციქულის ქალიშვილო,“ თქვეს მათ, „შენ ჩვენთვის არაფერი მოგიტანია!“ ისინი ძალას ატანდნენ, ხელმეორედ წასულიყო, მაგრამ ფატიმამ უარი განუცხადა. მაშინ ზეინაბს უთხრეს, „შენ წადი.“ ისიც მიადგა წინასწარმეტყველს, რომელმაც საბოლოოდ ‛ა'იშას დაავალა მასთან საუბარი. ახალგაზრდა ქალმა ისეთი არგუმენტები წამოაყენა, რომ ზეინაბმა ვერაფერი ვერ უპასუხა. წინასწარმეტყველი ყოველთვის თანაბრად სამართლიანი იყო თავისი ცოლების მიმართ, ის სხვა კაცებსაც მაგალითს აძლევდა და ამხნევებდა, ასე მოქცეოდნენ თავიანთ საკუთარ ცოლებს. მაგრამ იგი ვერ იქნებოდა იმაზე პასუხისმგებელი, თუ სხვები როგორ მოიქცეოდნენ მისი ცოლების მიმართ, ანუ აქ რაიმე თანაბრობაზე შეუძლებელი იყო ლაპარაკი. თავისი მგრძნობიარე ბუნებით საკუთარ თავს ვერ მისცემდა უფლებას, ჩარეულიყო; მას შეეძლო, მადლიერებით მიეღო საჩუქარი, ხოლო დანარჩენი ყველაფერი საჩუქრის მიმცემისათვის მიენდო. როდესაც ზეინაბი წავიდა, მუჰამედმა ‛ა'იშას უთხრა: „შენ ნამდვილად აბუ ბაქრის ქალიშვილი ხარ.“7

ეჭვიანობა გარდაუვალი იყო წინასწარმეტყველის სახლში, ამიტომაც იგი მაქსიმალურად ცდილობდა, ის გაეფანტა. ერთხელ შევიდა იმ ოთახში, სადაც მისი ცოლები და ოჯახის სხვა წევრები იყვნენ შეკრებილნი. ხელში ონიქსის ყელსაბამი ეჭირა, რომელიც ეს-ესაა, მისთვის ეჩუქებინათ. ყველას დაანახა და თქვა: „ამ მძივს მას მივცემ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს.“ ზოგიერთმა ცოლმა ერთმანეთში გადალაპარაკება დაიწყო: „აბუ ბაქრის ქალიშვილს აჩუქებს.“ მაგრამ, მას შემდეგ, რაც ასეთ გაურკვევლობაში ამყოფა კარგა ხანს, თავის პატარა შვილიშვილს, უმამას, დაუძახა და მას გაუკეთა მძივი ყელზე.

წინასწარმეტყველს არანაკლებად უყვარდა თავისი ბიჭი შვილიშვილები, ‛ალისა და ფატიმას ვაჟები. „მთელ ჩემს ოჯახში ყველაზე მეტად მიყვარს ჰასანი და ჰუსეინი,“ იტყოდა ხოლმე იგი. უსამაც შვილიშვილად ითვლებოდა. წინასწარმეტყველი ხშირად იყვანდა ხელში ორივე პატარა ბიჭს ერთად და ლოცულობდა: „ღმერთო, მე ძალიან მიყვარს ისინი, შენც შეიყვარე ისინი!“8

________________________

1. ი.ს. VIII, 47.

2. ი.ს. VIII, 55.

3. VII, 42; XV, 47.

4. ბ. LXIII, 20.

5. იქვე.

6. ბ. LI, 8.

7. ბ. LI, 8; ი.ს. VIII, 123.

8. ი.ს. IV/I, 43.

71 LXXI. ხაიბარის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


ხაიბარის კამპანიას ექვსი შედარებით მცირე ექსპედიცია მოჰყვა.

აქედან ორი, შესაბამისად, ‛უმარისა და აბუ ბაქრის ხელმძღვანელობით, მიმართული იყო ჰავაზინის ტომის იმ კლანებისადმი, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილნი მუსლიმების მიმართ. მათი ტერიტორია დაბრკოლებას ქმნიდა იემენისაკენ მიმავალ მთავარ გზაზე. სხვა ბრძოლები მიმართული იყო აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით ღატაფანის კლანების წინააღმდეგ. აქედან ორი განხორციელდა ბანუ მურრას წინააღმდეგ. მათი ტერიტორია ეკვროდა ფადაკის ოაზისს, რომელიც ახლა წინასწარმეტყველს ეკუთვნოდა. ვინაიდან არენდატორებად იქცნენ, ფადაკის ებრაელებმა ითხოვეს, მუსლიმებს ბედუინებისაგან დაეცვათ, მაგრამ ამ ყაჩაღების ძალები სათანადოდ ვერ შეაფასეს მედინაში, ამიტომაც პირველად მხოლოდ ოცდაათი კაცი გაგზავნეს, რომლებიც ძლივს გადაურჩნენ დაღუპვას. წინასწარმეტყველმა მაშინვე გადაისროლა ახალი ძალები, ამჯერად უკვე ორასი კაცი. მტერი გააქციეს და ბევრი დახოცეს კიდეც. ასევე აიყვანეს ტყვეები, ხელთ იგდეს ნადავლი - აქლემები და ცხვრები. ჩვიდმეტი წლის უსამას უფლება მისცეს, ამ ექსპედიციაში მონაწილეობა მიეღო. ის ჯართან ერთად იმყოფებოდა თხრილთან, მაგრამ ეს უკვე იყო მისი პირველი ლაშქრობა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით. შეტაკების დროს ერთმა კაცმა მურრადან მას დასცინა თავისი ახალგაზრდობის გამო. მაგრამ სულ მალე ბედუინს საიმისო მიზეზი გაუჩნდა, რომ ეს მწარედ ენანა. უსამა თავიდანვე განწყობილი იყო, თავისი ტემპერამენტი გამოემჟღავნებინა, მაგრამ ამ კაცის სიტყვებმა მთლად გააცოფა, ამიტომაც მას დიდხანს სდია უდაბნოში, მიუხედავად იმისა, რომ გაცემული იყო ბრძანება, მუსლიმები ერთმანეთს არ ჩამოშორებოდნენ და არ გაფანტულიყვნენ. საბოლოოდ უსამა მას დაეწია და დაჭრა. კაცმა დაიძახა: ლა ილაჰა ილლა ლლაჰ, არ არსებობს არავითარი ღმერთი, თვინიერ ალაჰისა. მაგრამ, მიუხედავად ისლამის ამ აღიარებისა, უსამამ კაცს ბოლო მოუღო სასიკვდილო დარტყმით.

ექსპედიციას ღალიბ იბნ ‛აბდ ალლაჰი1 ხელმძღვანელობდა; მისი ერთ-ერთი პირველი აზრი ბრძოლის შემდეგ იყო: „სად არის უსამა?“ მან და ყველა სხვა კაცმა შესანიშნავად იცოდა, რომ წინასწარმეტყველს ძალიან უყვარდა ზეიდის ძე; ამიტომაც, მიუხედავად გამარჯვებისა, ბანაკი უაღრესად შეწუხებული იყო, სანამ უსამა არ დაბრუნდა დაღამებიდან ერთ საათში. ღალიბმა მას მკაცრად უსაყვედურა. „მე გამოვუდექი ერთ კაცს, რომელიც დამცინოდა,“ თქვა ყმაწვილმა, „და, როდესაც დავეწიე და დავჭერი, მან თქვა, ლა ილაჰა ილლა ლლაჰ.“ „ამის შემდეგ შენ ძირს დასწიე შენი ხმალი?“ ჰკითხა ღალიბმა. „არა,“ თქვა უსამამ, „სანამ სიკვდილი არ ვაგემე.“ ამის გაგონებაზე მთელ ბანაკში გაისმა გაკიცხვის ხმა. ყმაწვილმა სირცხვილისაგან თავი ხელებში ჩამალა. მან ვერც ის შეძლო, უკანა გზაზე სვლისას რაიმე ეჭამა. არსებობდა გამოცხადება, რომელიც უფრო დიდმა კაცებმა კარგად იცოდნენ. ეს უკავშირდებოდა იმ ერთ თუ ორ შემთხვევას, როდესაც მორწმუნე აპირებდა, მოეკლა ურწმუნო, მაგრამ ამ უკანასკნელმა ისლამი აღიარა. მორწმუნეს ეშინოდა, რომ დაკარგავდა აღჭურვილობასა და იარაღს, რომელიც მას ნადავლის სახით ეკუთვნოდა. ამიტომაც გამარჯვებულმა თქვა: „შენ არა ხარ მუსლიმი,“ და მეტოქე მოკლა. უსამას შემთხვევაში მოტივი, მართალია, არ ყოფილა ნადავლი, მაგრამ ეს იყო პატივმოყვარეობა, აქედან გამომდინარე, ორივე ქმედებას ერთნაირი პრინცი პი ედო საფუძვლად. გამოცხადებული აია ასეთი იყო: თქვენ, ვისაც გწამთ, როდესაც ღმერთის გზაზე იბრძვით, განარჩიეთ და მას, ვინც მშვიდობას გთავაზობთ, ნუ ეტყვით: „შენ არა ხარ მორწმუნე,“ ეძიებთ რა მოგებას ამქვეყნიური ცხოვრებისას, რადგანაც ღმერთთან უხვადაა ნადავლი. თქვენ ასე იყავით მანამდე და ღმერთმა თავისი წყალობა გამოგიგზავნათ, ამიტომაც განარჩიეთ. ჭეშმარიტად, ღმერთმა კარგად იცის, რასაც აკეთებთ.2

როგორც კი მედინაში დაბრუნდნენ, უსამა წინასწარმეტყველთან მივიდა, რომელმაც სიყვარულით ჩაიხუტა გულში. შემდეგ კი უთხრა: „ახლა მომიყევი შენი ლაშქრობის შესახებ.“ უსამამ მას უამბო ყველაფერი, რაც მოხდა დღიდან მათი გამგზავრებისა, ხოლო, როდესაც იმ მომენტამდე მივიდა, რომ კაცი მოკლა, წინასწარმეტყველმა ჰკითხა: „უსამა, შენ ის მაშინ მოკალი, როდესაც მან თქვა: ლა ილაჰა ილლა ლლაჰ?“ „ღმერთის მოციქულო,“ უპასუხა უსამამ, „ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ სიკვდილს გადარჩენოდა.“ „მაშ,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „იმიტომ გაუპე გული შუაზე, რომ გენახა, ის სიმართლეს ამბობდა თუ ტყუილს!?“ „მე აღარასოდეს მოვკლავ ვინმეს, ვინც იტყვის: ლა ილაჰა ილლა ლლაჰ,“ მიუგო უსამამ. შემდგომში იგონებდა: „ვნატრობდი, იმ დღეს მიმეღო ისლამი.“3 რადგანაც წინასწარმეტყველს დადასტურებული ჰქონდა, რომ სარწმუნოების მიღება აბათილებდა მანამდე ჩადენილ ცოდვებს. ხაიბარიდან დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველი გადაბმით ცხრა თვე დარჩა მედინაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო მცირე ლაშქრობები, სამხრეთთან დაზავებამ და ჩრდილოეთზე გამარჯვებამ შედარებით უფრო მშვიდობიანი და აყვავებული თვეები მოიტანა, თუმცა ჰიჯაზის ბაღში მოპოვებულმა სიმდიდრემ ერთგვარი პრობლემებიც შექმნა.

ერთხელ დილით ‛უმარი მივიდა წინასწარმეტყველთან სახლში. როდესაც მიუახლოვდა, გაიგონა, რომ ქალები ხმააწეული ლაპარაკობდნენ. მან ჩათვალა, რომ ეს მიუღებელი იყო წინასწარმეტყველის წინაშე. მეტიც, ქალები კურეიშელნი იყვნენ, ანუ მუჰაჯირები, რომელთაც დაადასტურეს, რომ ხანდახან კარგს ვერაფერს სწავლობდნენ მედინელი ქალებისაგან, ვინც უკვე მრავალ თაობაში ნაკლებ თავშეკავებულობას იჩენდნენ, სამაგიეროდ, მეტად თავდაჯერებულნი და ჯიუტები იყვნენ, ვიდრე მექელი ქალები. წინასწარმეტყველს ძალიან ეჯავრებოდა რაიმე სათხოვარზე უარის თქმა. ეს ქალებმა კარგად იცოდნენ. ახლა ისინი მას სთხოვდნენ, მათთვის მიეცა ტანსაცმელი, რომელიც წილად ხვდა, როგორც ომის ნადავლის მეხუთედი. ოთახში ფარდა იყო გფარებული. გაისმა ‛უმარის ხმა - სტუმარი შესვლის ნებართვას ითხოვდა. უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა და ქალები ფარდის უკან დაიმალნენ ისე ჩქარა, რომ, როდესაც იგი შევიდა, ნახა, წინასწარმეტყველი იცინოდა და ამის გამო ლაპარაკის უნარი წართმეოდა. „ღმერთმა აღავსოს შენი ცხოვრება სიცილით, ღმერთის მოციქულო,“ თქვა ‛უმარმა. „საოცარი იყო, როგორი ელვისებური სისწრაფით დაიმალნენ ფარდის უკან ეს ქალები, როდესაც შენი ხმა გაიგეს!“ „ეს უფრო შენი უფლებაა, ვიდრე ჩემი, შენი უნდა ერიდებოდეთ,“ მიუგო ‛უმარმა. შემდეგ ქალებს მიმართა: „თქვენი თავის მტრებო, ჩემი გეშინიათ და ღმერთის მოციქულისა არა?“ „ეს მართალია, ხატტაბის ძეო,“ თქვა წინასწარმეტყველმა, ბოლოს დასძინა: „იმის სახელით, ვის ხელთაცაა ჩემი სული, თუ სატანა აღმოაჩენდა, რომ შენ რომელიღაც გზით მიდიხარ, იგი უთუოდ სხვა გზას დაადგებოდა.“4

ახლად მოპოვებულმა სიმდიდრემ და სიტუაციის გაუმჯობესებამ თვით უმმ აიმანსაც კი გააბედინა, წინასწარმეტყველთან სათხოვრით მისულიყო. დიდი ხანია, რაც მას თავისი საკუთარი აქლემი სჭირდებოდა, ამიტომაც წინასწარმეტყველს მიმართა. მან ქალს სერიოზულად შეხედა და უთხრა: „ალექმის შვილს მოგცემ.“ „ღმერთის მოციქულო,“ აღმოხდა უმმ აიმანს, რადგანაც ეს კოზაკი ეგონა, „ის მე არ მჭირდება.“ „კი მაგრამ, აუცილებლად უნდა მოგცე აქლემის შვილი.“6 ასე გაგრძელდა დავა, სანამ წინასწარმეტყველის სახეზე გაჩენილმა ღიმილმა ქალისათვის ნათელი არ გახადა, რომ იგი მას ეხუმრებოდა, რადგანაც, ბუნებრივია, ყოველი აქლემი ნამდვილად სხვა აქლემის შვილია.

მეორე დღეს ‛უმარმა ნახა, რომ წინასწარმეტყველი უკვე აღარ იყო კარგ ხასიათზე. მას თავი ჩამოყრდნობილი ჰქონდა ისე, რომ ხელი ლოყაზე მიედო. „‛უმარ, ისინი ჩემგან იმას ითხოვენ,“ თქვა მან, „რაც არა მაქვს.“ როდესაც ხაიბარში მიდიოდნენ, უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ სიმდიდრის ზრდა, რაც დაპირებულ გამარჯვებას მოჰყვებოდა, არ იქნებოდა კარგი. ასეც მოხდა, ეს მის საკუთარ სახლსაც შეეხო, ასევე სხვებსაც. მანამდე წინასწარმეტყველის ოჯახი დიდი ეკონომიით, საკმაოდ შემოსაზღვრული ცხოვრობდა. ‛ა'იშა იგონებდა, რომ ხაიბარამდე მან არ იცოდა, რას ნიშნავდა, ადამიანი დანაყრებულიყო ფინიკით. იმდენად დიდი იყო სულ უფრო მზარდ დამოკიდებულ ხალხთა სიღარიბე, რომ ცოლები წინასწარმეტყველს მხოლოდ ყველაზე საჭირო რამეს სთხოვდნენ, ხანდახან იმასაც არა. ის ნივთები, რომელთა განაწილებაც შესაძლებელი იყო, ყოველთვის გაიცემოდა, ზოგჯერ იყიდებოდა, რათა შემოსული ფული ქველმოქმედებაში დაეხარჯათ. მაგრამ ახლა წინასწარმეტყველს ჰქონდა იმის სიამოვნება, რომ ცოლებისათვის საჩუქრები გაეკეთებინა, ხანდახან მათ მეტის სურვილი უჩნდებოდათ და ამას სთხოვდნენ კიდეც ქმარს. ყველაფერი ეს ერთგვარ პრობლემას ქმნიდა, რადგანაც თანასწორობა იმას მოითხოვდა, რომ, რაც ერთს მიეცემოდა, ყველა სხვასაც უნდა მისცემოდა.

იმავდროულად დაიწყეს მისი წყალობის სხვაგვარი გამოყენებაც. ერთ დღეს ‛უმარი ცოლს რაღაცაზე გაუწყრა, რაზეც მან მკვახედ მიუგო. როდესაც ქმარმა ასეთი საქციელი კიდევ უფრო დაგმო, ქალმა უპასუხა, რომ წინასწარმეტყველის ცოლები, როგორც წესი, ქმარს ეპასუხებოდნენ, მას რატომ არ უნდა გაეკეთებინა იგივე? „და არის მათ შორის ერთი,“ დასძინა ქალმა, გულისხმობდა რა თავიანთ ქალიშვილს, „ვინც ყოველგვარი მორიდების გარეშე ელაპარაკება მას ყველაფერს, რაც თავში აქვს, დილიდან საღამომდე.“ ‛უმარი ძლიერ შეწუხდა და წავიდა ჰაფსასთან, რომელსაც არც უარუყვია, რაც დედამისმა თქვა, აღიარა, რომ ეს სიმართლე იყო. „შენ არც ‛ა'იშას გრაციოზულობა გაქვს და არც ზეინაბის სილამაზე,“ უთხრა ‛უმარმა და იმედი ჰქონდა, ამით შეარყევდა ქალიშვილის თვითდაჯერებულობას. როდესაც ვერ დაინახა, რომ ამ სიტყვებმა მასზე რაიმე ზეგავლენა მოახდინა, დასძინა: „განა ასე მყარად ხარ დარწმუნებული, რომ, თუ წინასწარმეტყველს გააბრაზებ, ღმერთი არ გაგანადგურებს შენ მის ბრაზში?“6 შემდეგ თავის ბიძაშვილ უმმ სალამასთან წავიდა და უთხრა: „მართალია, რომ ღმერთის მოციქულს ელაპარაკები შენი სურვილების შესახებ და მას უპატივცემულოდ პასუხობ?“ „ვფიცავარ იმ ყველაფერს, რაც ლამაზია,“ თქვა უმმ სალამამ, „რა საჭიროებამ მოგიყვანა შენ იმის გასარკვევად, რა ხდება წინასწარმეტყველსა და მის ცოლებს შორის? დიახ, ღმერთმანი, მას ველაპარაკებით ჩვენი სურვილების შესახებ, თუ ის ამას გვითმენს, ეს მისი საქმეა. თუ რაიმეს აგვიკრძალავს, დავემორჩილებით და მის წინაშე უფრო მორჩილნი ვიქნებით, ვიდრე შენს წინაშე.“7 ‛უმარი მიხვდა, ძალიან ღრმად შეიჭრა და ეს საყვედური სამართლიანი იყო; მაგრამ მაინც უეჭველი გახდა, რომ ყველაფერი კარგად ვერ მიდიოდა წინასწარმეტყველის სახლში.

ერთგვარად სწრაფი გაუმჯობესება, რომელიც ახლა დაიწყო, ნაწილობრივ გამოწვეული იყო სრულიად მოულოდნელი მოვლენით. წინასწარმეტყველის წერილი მუკავკისისადმი, მოწოდება, რომ ისლამი მიეღო, ორაზროვნად იქნა პასუხგაცემული. მაგრამ ამ პასუხს ეგვი პტის მმართველმა მდიდრული საჩუქარი მოაყოლა: ათასი ერთეული ოქრო, ძვირფასი მატერიისაგან შეკერილი ოცი სამოსი, ჯორი, დედალი სახედარი და, როგორც ამ საჩუქრის გვირგვინი, ორი ქრისტიანი კოპტი გოგონა-მონა. თან ასაკოვანი საჭურისი ახლდათ. გოგონები დები იყვნენ, მარია და სირინი, ორივე ლამაზი, მაგრამ მარია განსაკუთრებით გამოირჩეოდა და მისმა მშვენიერებამ წინასწარმეტყველი მოხიბლა. სირინი მან ჰასან იბნ საბითს მისცა, ხოლო მარია დააბინავა ახლოს მდებარე სახლში, სადაც საფიჲჲა ცხოვრობდა, სანამ მისთვის მეჩეთის მეზობლად აშენდებოდა ბინა. იქ მიდიოდა მის სანახავად დღისითაც და ღამითაც, მაგრამ ცოლები ისე ღიად ეჭვიანობდნენ, რომ გოგონამ თავი საშინლად უბედურად იგრძნო, ამიტომაც წინასწარმეტყველმა იგი ზემო მედინაში დაასახლა.8 ‛ა'იშა და დანარჩენებიც თავიდან დაწყნარდნენ, მაგრამ სულ მალე მიხვდნენ, რომ ვერაფერი ვერ მოიგეს, რადგანაც წინასწარმეტყველი ისევ ისე ხშირად ნახულობდა მარიას და ახლა ეს დისტანცია იმას მოასწავებდა, რომ მათი ქმრის არყოფნა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა, ვიდრე მანამდე.

ცოლებმა კარგად იცოდნენ, წინასწარმეტყველი არანაირად არ არღვევდა კანონს და თავისი უფლებებით სარგებლობდა - უფლებებით, რომლებიც აღიარებული იყო აბრაამის დროიდან და მანამდეც. განა თვითონ ისინიც ყველანი, გარდა საფიჲჲასი, აბრაამისა და ტყვე ქალის კავშირის შთამომავალნი არ იყვნენ? მეტიც, მოსეს რჯული ასეთ უფლებებს განამტკიცებდა და თვით ყურანშიც ცხადად იყო ნებადართული, რომ პატრონს უფლება ჰქონდა, კავშირი დაემყარებინა თავის მონა-ქალთან, თუ კი ეს ქალის თავისუფალი ნებაც იყო. მაგრამ ცოლებმა ასევე იცოდნენ, რომ წინასწარმეტყველი უაღრესად მგრძნობიარე იყო და მას თავის სახლში მძიმედ ხვდებოდა გულზე მათი შეუნიღბავი რეაქციები. განსაკუთრებით ჰაფსამ გამოხატა ისეთი ემოციები, რომ საბოლოოდ წინასწარმეტყველი იძულებული გახდა, დაეფიცა, რომ აღარასოდეს შეხვდებოდა მარიას, ‛ა'იშა ამ შემთხვევაში ჰაფსას მოკავშირე იყო.

გამოცხადება, რომელიც ამ პერიოდში მოვიდა, ცნობილია, როგორც აკრძალვის სურა, რადგანაც ის იწყება საყვედურით წინასწარმეტყველისადმი იმიტომ, რომ მან მარია აკრძალა თავისი ცხოვრებიდან: წინასწარმეტყველო, იმისათვის, რომ შენს ცოლებს ასიამოვნო, რატომ კრძალავ იმას, რაც ღმერთმა შენ კანონიერად მოგცა? შემდეგ, ფორმალურად ათავისუფლებს რა ამ დანაპირებისაგან, მიმართავს ჰაფსასა და ‛ა'იშას, მართალია, მათი სახელები არ არის კონკრეტულად მოცემული: თუ თქვენ ორნი მოინანიებთ ღვთის წინაშე, ამის მიზეზი გაქვთ კიდეც, რადგანაც თქვენი გულები მიმართული იყო აკრძალვისაკენ; თუ თქვენ ერთმანეთს ეხმარებით მის წინააღმდეგ, ჭეშმარიტად, ღმერთი, თვითონ ის, მისი დამცველი მეგობარია, ასევე გაბრიელი და მორწმუნეთა რჩეული; მათ გარდა, უამრავი ანგელოზი იცავს მას. შემდეგი აია კი მიმართულია ყველა ცოლისადმი: შესაძლოა, რომ ის თქვენ გაგეყაროთ, მაშინ უფალი მას მისცემს თქვენს მაგიერ ცოლებს, რომლებიც თქვენზე უკეთესები არიან, ემორჩილებიან ღმერთს, არიან მორწმუნენი, ერთგულნი, მონანიენი, თაყვანისცემისადმი განწყობილნი და მარხულნი, ქვრივნი თუ ქალწულნი.

სურა მთავრდება წმინდა ისტორიით ორ ბოროტ და ორ სრულყოფილ ქალზე:

ღმერთს იმის მაგალითად, ვისაც არ სწამს, მოჰყავს ნოესა და ლოტის ცოლები. ისინი იყვნენ ორ მართალ კაცთან, რომლებიც ჩვენს მონათაგან იყვნენ, კაცებთან, რომლებსაც უღალატეს, და ვინც მათ არაფერში დახმარებიან ღვთის გზაზე; და ორივე მათგანს ეთქვა: შედით ცეცხლში მათთან ერთად, ვინც იქ შედიან.

და ღმერთს იმის მაგალითად, ვისაც სწამს, მოჰყავს ფარაონის ცოლი, როდესაც მან თქვა: „უფალო ჩემო, ააგე ჩემთვის საცხოვრებელი შენთან, სამოთხეში, და მიხსენი ფარაონისაგან და მისი საქმეებისაგან, და მიხსენი იმ ხალხისაგან, რომელიც დანაშაულს სჩადის;“ და მარიამი, ‛იმრანის ქალიშვილი, რომელმაც წმინდად შეინახა თავისი წიაღი, და ჩვენ მასში ჩავასახლეთ ჩვენი სული. მან დაადასტურა სიმართლე თავისი უფლის სიტყვებისა და მისი წერილისა, და იმათგანი იყო, ვინც ჩაფლული იყო ლოცვაში.

როდესაც წინასწარმეტყველმა ეს გამოცხადება წარმოთქვა თავისი ცოლების წინაშე, ისინი დატოვა, რათა ამ აიებზე ეფიქრა და განმარტოვდა გადახურულ ვერანდაზე, რომელიც მისი ერთადერთი ოთახი იყო, რაც ცოლების სახლებისაგან დამოუკიდებლად გააჩნდა. მედინაში გავრცელდა ამბავი, რომ იგი თავის ცოლებს გაეყარა, იმ ღამეს ეს ‛უმარმაც შეიტყო. გამთენიისას, როგორც ყოველთვის, ის მეჩეთში წავიდა, მაგრამ ლოცვის შემდეგ მაშინვე, სანამ ‛უმარი მოასწრებდა, წინასწარმეტყველისათვის მიემართა, იგი თავის ვერანდაზე წავიდა. ‛უმარი ჰაფსასთან მივიდა და ნახა, რომ ის აცრემლებული იყო. „რატომ ტირი?“ ჰკითხა მან, თანაც, სანამ ქალი პასუხის გაცემას მოახერხებდა, დასძინა: „განა არ გეუბნებოდი, რომ ეს მოხდებოდა? ღმერთის მოციქული გაგეყარა?“ „არ ვიცი,“ თქვა მან, „მაგრამ ის ზემოთაა, იმ ვერანდაზე განმარტოებული.“ იქ შესასვლელი მეჩეთიდან იყო, სადაც ახლა ‛უმარი დაბრუნდა. კაცები ჯგუფად შეკრებილიყვნენ და კათედრასთან ისხდნენ, ზოგიერთ მათგანს ცრემლი სდიოდა. ‛უმარი მათთან ერთად დაჯდა ცოტა ხანს, მაგრამ შემდეგ ვეღარ შეიკავა თავისი გრძნობები და ვერანდის კართან მივიდა, სადაც შავი აბისინიელი ბიჭი, წინასწარმეტყველის მოსამსახურე, იდგა. «სთხოვე, ‛უმარს შესვლის ნებართვა მისცეს,» უთხრა ბიჭს, რომელიც შევიდა, ცოტა ხანში გამოვიდა და თქვა: „მე მოვახსენე შენს შესახებ, მაგრამ ის დუმს.“ ‛უმარი დაბრუნდა, სადაც იჯდა. შემდეგ ისევ წავიდა და შესვლის ნებართვა ითხოვა, მაგრამ წინასწარმეტყველი ისევ დუმდა. ეს მესამედაც მოხდა, მაგრამ, როგორც კი ‛უმარი გამობრუნდა, ბიჭმა დაუძახა და უთხრა, რომ წინასწარმეტყველმა შესვლის ნება მისცა. ‛უმარი შევიდა და ნახა, წინასწარმეტყველი უხეშ ხალიჩაზე მიწოლილიყო. მის ზურგს, რომელიც ნახევრად შიშველი ჰქონდა, კარგად ემჩნეოდა, სადაც ხალიჩას დაეჭირა კანზე. გვერდით ედო ტყავის ბალიში, ფინიკის ბოჭკოებით დატენილი, მას მიყუდებოდა. თვალები ძირს ჰქონდა დახრილი და არ შეუხედავს ‛უმარისათვის, როდსაც იგი შევიდა. „ღმერთის მოციქულო,“ თქვა ‛უმარმა, „შენ ცოლებს გაეყარე?“ წინასწარმეტყველმა თვალები ‛უმარს მიაპყრო და უთხრა. „არა, არ გავყრივარ.“ „ალლაჰუ აქბარ!“ აღმოხდა ‛უმარს. მისი ხმა მთელ სახლში გაისმა. შემდგომში უმმ სალამა ყვებოდა: „მე ვტიროდი. ყველა, ვინც ჩემთან მოდიოდა, მეკითხებოდა: `ღმერთის მოციქული გაგეყარა?' მე კი ვპასუხობდი: `ღმერთმანი, არ ვიცი.' ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ ‛უმარი არ მოვიდა წინასწარმეტყველთან. გავიგეთ, როგორ ადიდა მან ღმერთი - ჩვენ ყველანი ჩვენს სახლებში ვიყავით - და მივხვდით, რომ ამ კითხვაზე წინასწარმეტყველმა უარყოფითად უპასუხა.“ იმ დროს თავში ყველას მხლოდ და მხოლოდ ერთი კითხვა უტრიალებდა და ყველამ იცოდა, ‛უმარი განსაკუთრებით იქნებოდა შეწუხებული ამ ამბით თავისი ქალიშვილის გამო.

„იქ ვიდექი,“ თქვა ‛უმარმა, „და კარგად ვგრძნობდი, როგორ მდგომარეობაში იყო ღმერთის მოციქული. ვუთხარი: `ჩვენ, კურეიშის კაცები, ვმართავდით ჩვენს ცოლებს, ახლა კი, როდესაც მედინაში ჩამოვედით, ისეთ ხალხში მოვხვდით, სადაც ცოლები მართავენ'.“ შეამჩნია, რომ წინასწარმეტყველს ღიმილმა გადაუარა სახეზე, ამიტომაც განაგრძო ლაპარაკი და უთხრა, როგორი საუბარი ჰქონდა ცოტა ხნის წინ ჰაფსასთან და როგორ გააფრთხილა. წინასწარმეტყველმა ისევ გაიღიმა, ამიტომაც ‛უმარმა დაჯდომა გაბედა. იგი კიდევ ერთხელ გააოცა ამ ოთახის უბრალოებამ - უხეში ხალიჩა ძირს და ტყავის სამი ბალიში, მეტი არაფერი. მას ეგონა, წინასწარმეტყველი უფრო მეტი ფუფუნების უფლებას მისცემდა საკუთარ თავს, ამ მდგომარეობის საწინააღმდეგოდ, ახლა მას ახსენდებოდა ბერძნები და სპარსელები, მაგრამ ფიქრი წინასწარმეტყველის სიტყვებმა შეაწყვეტინა: „რაიმე ეჭვში ხარ, ხატტაბის ძეო? კარგი რამეები მათ ნაადრევად მიიღეს მხოლოდ აქ, თავიანთ მიწიერ ცხოვრებაში.“

ახლა ახალი მთვარის დრო იყო და წინასწარმეტყველმა თავის ცოლებს შეუთვალა, რომ არ სურდა მათთან შეხვედრა მანამდე, სანამ მთვარე არ გაუჩინარდებოდა. როდესაც მთვარემ დიდად დაიკლო, იგი პირველად ‛ა'იშას ბინაში მივიდა. ქალს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა, მაგრამ თან გაკვირვებული იყო, ამიტომაც უთხრა: „კი, მაგრამ ახლა ხომ მხოლოდ ოცდაცხრა ღამეა გასული?“ „საიდან იცი?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა. ცოლმა უპასუხა: „მე ღამეებს ვითვლიდი!“ „კი, მაგრამ ეს თვე ხომ ოცდაცხრითაა,“ უპასუხა ქმარმა. ‛ა'იშას დაავიწყდა, რომ ზოგიერთი თვე მხოლოდ ოცდაცხრა დღეს შეიცავს ოცდაათის მაგიერ. შემდეგ წინასწარმეტყველმა ცოლი არჩევანის წინაშე დააყენა, უთხრა იმ გამოცხადების შესახებ, რომელიც კიდევ მიიღო. აუწყა, რომ მამამისსაც სთხოვა, ამ საქმეში რჩევა მიეცა. „არა,“ უთხრა ‛ა'იშამ, „ჩემთან დაკავშირებით სხვა ვერავინ დაგეხმარება. მითხარი, რა არის ეს, ღმერთის მოციქულო.“ მან უპასუხა: „ღმერთი შენს წინაშე ასეთ არჩევანს აყენებს,“ შემდეგ კი წარმოთქვა ახლად გამოცხადებული აიები: წინასწარმეტყველო, შენს ცოლებს უთხარი: თუ თქვენ გსურთ მიწიერი ცხოვრება და მისი მოკაზმულობები, მაშინ მოდით და მოგცემთ ამ ყველაფერს თქვენ და კარგი განთავისუფლებით გაგათავისუფლებთ. მაგრამ, თუ თქვენ გსურთ ღმერთი და მისი მოციქული და იმქვეყნიური სასუფეველი, მაშინ ღმერთს უხვად აქვს გამზადებული თქვენთვის განუზომელი ჯილდო თქვენგან მათთვის, ვინც სიკეთეს ქმნის.9 ‛ა'იშამ თქვა: „ჭეშმარიტად, მე მსურს ღმერთი და მისი მოციქული და საიქიოს სასუფეველი.“ და არ იყო არც ერთი ცოლი, ვისაც იგივე არ ეთქვას.

___________________

1. ბანუ ლაისიდან, ქინანას ერთ-ერთი კლანიდან.

2. IV, 94.

3. ვ. 725.

4. ბ. LXII, 6.

5. ი.ს. VIII, 163.

6. ი.ს. VIII, 131.

7. ი.ს. VIII, 137.

8. XVI.

9. XXVIII, 28-9.

72 LXXII. მცირე პილიგრიმობა და მისი შედეგები

▲ზევით დაბრუნება


თვეები ერთმანეთს მისდევდა და თითქმის უკვე ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ჰუდაიბიას შეთანხმებას. ახლა უკვე დადგა დრო, მექისაკენ წასულიყვნენ კურეიშის მხრიდან იმ დანაპირების თანახმად, რომ წინასწარმეტყველსა და მის მეგობრებს თავისუფლად შეეძლებოდათ წმინდა რკალში შესვლა, რათა მცირე პილიგრიმობის რიტუალი აღესრულებინათ. სულ დაახლოებით ორიათასი პილიგრიმი შეიკრიბა, მათ შორის ისინიც, ვინც გასულ წელს იყვნენ წასული, გარდა იმათი, ვინც გარდაცვლილიყო ან ომში დაღუპულიყო. მათ შორის, ვინც არ იყო ნამყოფი ჰუდაიბიაში, გახლდათ აბუ ჰურაირა, კაცი ბანუ დავსიდან. ის თავისი ტომის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მედინაში ჩავიდა ხაიბარის კამპანიის დროს. მარტოხელა ღარიბი იყო, ამიტომაც ქვის სკამის ხალხს შეუერთდა. როდესაც ისლამი მიიღო, მას სახელი შეეცვალა და ‛აბდ არ-რაჰმანად იწოდა, მაგრამ მაინც ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც აბუ ჰურაირა, „კაცი კნუტი,“ სიტყვა-სიტყვით, „კნუტის მამა,“ რადგანაც, წინასწარმეტყველის მსგავსად, ძალიან უყვარდა კატები და ხშირად თან დაჰყავდა კნუტი, რომელსაც ეთამაშებოდა. მალე წინასწარმეტყველის კეთილგანწყობა მოი პოვა. მუჰამედმა ამ პილიგრიმობის დროს მას მსხვერპლად შესაწირი აქლემები ჩააბარა.

როდესაც კურეიშელებმა გაიგეს, რომ პილიგრიმები წმინდა ტერიტორიის კიდეს მიადგნენ, მათ მთლიანად დაცალეს ქალაქი და მის გარშემო დაბლობი, ავიდნენ რა გორაკებზე. კურეიშის ბელადები ერთად შეიკრიბნენ აბუ კუბაისის მთაზე, საიდანაც შეეძლოთ დაენახათ, რა ხდებოდა მეჩეთში. მათ წინ ასევე ფართოდ იშლებოდა მიმდებარე ტერიტორიები. ახლა შეამჩნიეს, რომ პილიგრიმები გრძელ რიგად გამოჩდნენ ჩრდილოდასავლეთის გასასვლელიდან, რომელიც მიემართება ქვემოთ, ველისაკენ, ქალაქის დაბლა. მათ ყურებამდე მალე მიაღწია გაურკვეველმა ხმამ, რაც მალე ნათელი გახდა, ეს იყო პილიგრიმთა უძველესი შეძახილი: ლაბბაიქ ალლაჰუმმა, ლაბბაიქ, აქ ვარ, ღმერთო, შენს სამსახურში.

თავმოშიშვლებულ და თეთრებში ჩაცმულ კაცთა გრძელ პროცესიას წინასწარმეტყველი მიუძღვოდა, იგი კასვა'ზე ამხედრებულიყო, რომლის სადავეებიც ფეხით მიმავალ ‛აბდ ალლაჰ იბნ რავაჰას ეჭირა. დანარჩენთაგან ზოგი აქლემზე იჯდა, ზოგი კი ფეხით მიდიოდა. ისინი პირდაპირ წმინდა სახლისაკენ გაემართნენ უმოკლესი გზით. ყოველ კაცს თავისი ზედა სამოსი ისე ჰქონდა, როგორც მოსასხამი, მაგრამ მეჩეთის შესასვლელთან წინასწარმეტყველმა თავისი სამოსი გაისწორა, ის მარჯვენა მკლავის ქვეშ გაიტარა, თვითონ მკლავი კი მოიშიშვლა, ბოლოები მარცხენა მხარზე გადაიკიდა ისე, რომ ერთი წინ მოექცა, მეორე - უკან. დანარჩენებმა მის მაგალითს მიბაძეს. ჯერ ისევ აქლემზე ამხედრებული, იგი ქა‛აბას სამხრეთაღმოსავლეთის კუთხისაკენ წავიდა და ღვთის სადიდებლად მოწიწებით შეეხო შავ ქვას. შვიდჯერ შემოუარა სახლს, რის შემდეგაც საფას პატარა გორაკისაკენ აიღო გეზი, იქიდან მარვას მიაშურა, წინ და უკან შვიდჯერ გაიარა. ბოლოს მარვასთან დადგა, სადაც ბევრი ცხოველი მიიყვანეს მსხვერპლშესაწირად. იქ მან აქლემი შესწირა. წინასწარმეტყველს თავი გადაპარსა ხირაშმა, ვინც ეს ჰუდაიბიაშიც გააკეთა. ამით დასრულდა მცირე პილიგრიმობის რიტუალი.

წინასწარმეტყველი მეჩეთში დაბრუნდა, რათა წმინდა სახლში შესულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ის სავსე იყო კერპებით. მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა. გასაღები ‛აბდ ად-დარის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ინახებოდა. წინასწარმეტყველმა კაცი გაგზავნა მის სათხოვნელად, მაგრამ კურეიშის ბელადებმა შემოუთვალეს, რომ ეს არ იყო აღნიშნული მათ შეთანხმებაში, სახლში შესვლა არ მოიაზრებოდა პილიგრიმობის ნაწილად. ასე რომ, ვერც ერთი მუსლიმი ვერ შევიდა იქ იმ წელს. მაგრამ, როდესაც მზემ თავის ზენიტს მიაღწია, წინასწარმეტყველმა ბილალს დაავალა, მეჩეთის სახურავზე ასულიყო და ლოცვისაკენ მოეწოდებინა. მისმა ჟღერადმა ხმამ მექის დაბლობი აღავსო და გორაკების მწვერვალებამდე მიაღწია. ჯერ დიდება წარმოთქვა, შემდეგ კი ისლამის ორი აღიარება: „ვადასტურებ, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა. ვადასტურებ, რომ მუჰამედი ღმერთის მოციქულია.“ აბუ კუბაისიდან კურეიშის ბელადები კარგად არჩევდნენ ბილალს და გაბრაზდნენ, როდესაც დაინახეს, რომ წმინდა სახლის სახურავზე შავი მონა იდგა. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მათ იცოდნენ, ეს მათი მტრის გამარჯვება იყო, რომელსაც, შეიძლება, განუთვლელი შედეგები მოჰყოლოდა, ამიტომაც მწარედ ინანეს, რომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ერთი წლის წინ მათთვის სასარგებლო ჩანდა.

პილიგრიმებმა სამი დღე გაატარეს დაცარიელებულ ქალაქში. წინასწარმეტყველის კარავი მეჩეთში იყო გაშლილი. ღამით ის მექელები, ვინც მუსლიმები იყვნენ, ჩუმად ი პარებოდნენ გორაკებიდან და ბევრი სასიხარულო შეხვედრა შედგა. ‛აბბასმა, რომლის მუსლიმობაც შეწყნარებული იყო კურეიშის მიერ, სამი დღე ღიად გაატარა წინასწარმეტყველთან. სწორედ მაშინ შესთავაზა მან წინასწარმეტყველს ცოლად თავისი ცოლისდა, მაიმუნა, იმხანად ქვრივი, რაზეც წინასწარმეტყველმა თანხმობა განაცხადა. მაიმუნა და უმმ ალ-ფადლი ღვიძლი დები იყვნენ, მათთან ერთად ‛აბბასის სახლში ცხოვრობდნენ მათი ნახევარი და, სალმა, ჰამზას ქვრივი, და მისი ქალიშვილი, ‛უმარა. ‛ალიმ წამოაყენა მოსაზრება, რომ მათი ბიძაშვილი, ჰამზას ქალიშვილი, აღარ უნდა დაეტოვებინათ კერპთაყვანისმცემელთა შორის, რასაც წინასწარმეტყველი და ‛აბბასი დაეთანხმნენ; ვინაიდან ფატიმა ერთ-ერთი პილიგრიმი იყო, ყველაფერი ისე მოაგვარეს, რომ იგი თავის სააქლემე კარავში აიყვანდა ‛უმარას.

როდესაც სამდღიანი პერიოდი იწურებოდა, სუჰაილი და ჰუვაიტიბი აბუ კუბაისიდან ჩამოვიდნენ და წინასწარმეტყველს დაელაპარაკნენ, რომელიც სა‛დ იბნ ‛უბადასა და სხვა ანსარებთან ერთად იჯდა. მას უთხრეს: „შენი დრო ამოიწურა, მაშ, ახლა წადი ჩვენგან.“ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „ეს თქვენ დაგაზარალებთ, რომ მე აქ აღვნიშნო ჩემი ქორწინება და სუფრა მოგიმზადოთ?“ „ჩვენ არ გვინდა ზეიმი,“ უპასუხეს მათ, „გაგვეცალე, გაფიცებთ ღმერთის სახელს, მუჰამედ, და იმ პაქტის თანახმად, რომელიც ჩვენს შორის მოქმედებს, დატოვე ჩვენი ქვეყანა. ეს უკვე მესამე ღამე იყო, რომელმაც ჩაიარა.“ სა‛დი აღშფოთებული დარჩა მათი უზრდელობით, მაგრამ წინასწარმეტყველმა ის გააჩუმა: „სა‛დ, არ უთხრა ავი სიტყვა მათ, ვინც ჩვენთან მოდის ბანაკში!“ შემდეგ ბრძანება გასცა, დაღამებამდე ყველა პილიგრიმს დაეტოვებინა ქალაქი. მაგრამ გამონაკლისი დაუშვა თავისი მსახურის, აბუ რაფი‛ისათვის, რომელსაც დაავალა, დარჩენილიყო და მაიმუნა თან წამოეყვანა, რაც შესრულდა კიდეც. ქორწინება სარიფში შედგა, წმინდა სარტყლიდან რამდენიმე მილის დაშორებით.

ახალმა ალიანსმა კიდევ ერთი მოულოდნელი კავშირი დაამყარა მტერთან. მაიმუნა, უმმ ალ-ფადლი და მათი ნახევარი დები, სალმა და ასმა'ი, ყველანი ერთი დედის შვილები იყვნენ. მაგრამ მაიმუნასა და უმმ ალ-ფადლს სხვა ნახევარი დაც ჰყავდათ მამის მხრიდან, სახელად ‛ასმა'ი,1 დიდებული მახზუმელის, ვალიდის, ქვრივი. სწორედ მან გაუჩინა მას ხალიდი, რომელიც ახლა წინასწარმეტყველის დისშვილად იქცა ამ ქორწინების მეშვეობით.

ერთხელ მედინაში დაბრუნებული წინასწარმეტყველი, რომელიც შუადღის შემდეგ ისვენებდა, ერთგვარად გაცხარებული კამათის ხმამ გამოაღვიძა. მან ‛ალის, ზეიდისა და ჯა‛ფარის ხმები შეიცნო. ასე ჩანდა, რომ სამივე მათგანი რაღაცაზე დაობდა. ისიც ცხადი იყო, რაც უფრო მეტად კამათობდნენ, მით უფრო შორს იყვნენ შეთანხმებისაგან. წინასწარმტყველმა გააღო იმ სახლის კარი, რომელშიც იყო, და დაუძახა, რათა გაერკვია, რა აჩხუბებდათ. მათ წამოიძახეს, რომ ეს ღირსების საკითხი იყო, რომელ მათგანს ჰქონდა უფრო მეტი უფლება, ჰამზას ქალიშვილის მეურვე ყოფილიყო. მექიდან ჩამოსვლის შემდეგ ის სახლში ჰყავდა ‛ალის. „მოდით ჩემთან,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „და მე განვსჯი თქვენს შორის.“ როდესაც ისინი ყველანი დასხდნენ, იგი პირველად ‛ალის მიუბრუნდა და ჰკითხა, რა ჰქონდა სათქმელი თავის თავზე. „ბიძაჩემის ქალიშვილია,“ თქვა მან, „და ეს მე ვიყავი, ვინც მექიდან გამოიყვანა, მე ყველაზე დიდი უფება მაქვს მასზე.“ წინასწარმეტყველი შემდეგ ჯა‛ფარს მიუბრუნდა, რომელმაც თქვა: „ბიძაჩემის ქალიშვილია, დედაჩემის დაც ჩემს სახლშია.“ მისი ცოლი, ასმა'ი, ‛უმარას დეიდა იყო. რაც შეეხება ზეიდს, იგი უბრალოდ ამბობდა: „ჩემი ძმისშვილია,“ რადგანაც წინასწარმეტყველმა დაადგინა ძმობის პაქტი ჰამზასა და ზეიდს შორის, როდესაც ისინი პირველად ჩამოვიდნენ მედინაში. ჰამზამ დატოვა ანდერძი, რომლის თანახმადაც ზეიდს უნდა განეგო მისი საქმეები. უეჭველია, ამ სამიდან ყოველი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ მას ჰქონდა ყველაზე დიდი უფლება იმ პატივზე, რომელსაც ახლა განიხილავდნენ. ამიტომაც, სანამ გადაწყვეტილებას ეტყოდა, წინასწარმეტყველმა ყოველი მათგანი აქო. ამის შემდეგ ჯა‛ფარს უთხრა: „შენ მე მგავხარ გარეგნობითაც და ხასიათითაც.“2 მანამდე არ წარმოუთქვამს თავისი გადაწყვეტილება, სანამ ქებით ყოველი მათგანი არ გააბედნიერა. გადაწყვეტილება მან ჯა‛ფარის სასარგებლოდ მიიღო. „შენ ყველაზე დიდი უფლება გაქვს მასზე,“ უთხრა, „რადგანაც დედის და დედაა.“ ჯა‛ფარს არაფერი არ უთქვამს, მაგრამ ფეხზე წამოდგა და წინასწარმეტყველს ცეკვის ნაბიჯებით შემოუარა. მცირე „ჯა‛ფარ, ეს რა არის?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა. მან უპასუხა: „მე მინახავს, რომ აბისინიელები აკეთებენ ასე, რათა პატივი სცენ თავიანთ მეფეებს. ყოველთვის, როდესაც ნეგუსი ვინმეს გაახარებს, ეს პიროვნება ფეხზე დგება და მის გარშემო ცეკვავს.“

დიდი დრო არ გასულა და წინასწარმეტყველმა მოაგვარა ქორწინება ‛უმარასა და თავის ნაშვილებ ვაჟს, გოგონას ბიძაშვილ სალამას, შორის, რომლის მამაც, აბუ სალამა, ჰამზას დის, ბარრას, შვილი იყო. ამ ამბავთან დაკავშირებით წინასწარმეტყველმა თქვა: „ახლა ხომ გასწორებული ვარ სალამასთან?“ იმას გულისხმობდა, რომ იგი დავალებული იყო სალამასაგან, რომელმაც მას თავისი დედა, უმმ სალამა, მიათხოვა. ამის სანაცვლოდ ახლა წინასწარმეტყველმა სალამას კარგი საცოლე მისცა.

წინასწარმეტყველის შესვლა მექაში კურეიშის ყველა წარჩინებულმა კაცმა იხილა. მაგრამ იყო ორი მნიშვნელოვანი გამონაკლისი: ხალიდი და ‛ამრი არ ყოფილან აბუ კუბაისზე, ისინი მექის გარშემო მდებარე არც ერთ სხვა გორაკზე არ იყვნენ დაბანაკებულნი. ორივე მათგანი საკმაოდ ადრე გავიდა ქალაქიდან წინასწარმეტყველის გამოჩენამდე. ეს გადაწყვეტილება, რომ იქაურობას საერთოდ გასცლოდნენ, მათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მიიღეს, მათ არც მოტივაცია გააჩნდათ ერთნაირი. მაგრამ ერთ საკითხში სრული თანხვედრა ჰქონდათ, კერძოდ კი იმაში, რომ ჰუდაიბიას შეთანხმება წინასწარმეტყველის დიდ მორალურ გამარჯვებად მიაჩნდათ და მისი ეს შესვლა მექაში იქნებოდა დასასრული იმ წინააღმდეგობისა, რომელსაც მას უწევდნენ. მაგრამ ‛ამრის მტრული განწყობა ისლამის მიმართ არ შემცირებულა, მაშინ, როდესაც ხალიდი უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში გაორებული იყო. გარეგნულად ეს არ ემჩნეოდა: მისი სამხედრო გმირობა მას ყველაზე წინა რიგებში აყენებდა ყველა იმ საბრძოლო მოქმედებაში, რომელიც კურეიშმა აწარმოა წინასწარმეტყველის წინააღმდეგ. მაგრამ შემდგომში აღიარა, უჰუდიდანაც და თხრილიდანაც იმ გრძნობით დაბრუნდა, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და მუჰამედი მაინც გაიმარჯვებდა საბოლოოდ. როდესაც წინასწარმეტყველი მის შეიარაღებულ ჯგუფს ჰუდაიბიასაკენ მიმავალ გზაზე ხელიდან გაუსხლტა, მაშინ ხალიდმა შესძახა: „ეს კაცი შეუვალადაა დაცული!» ეს იყო მისი უკანასკნელი ქმედება ისლამის წინააღმდეგ. შემდეგ კი მოხდა განსაცვიფრებელი გამარჯვება ხაიბარზე.

მაგრამ ამას ემატებოდა სხვაგვარი ფიქრებიც: თავისი თავისაგან დამოუკიდებლად, ხალიდს დიდი პიროვნული სიმპათია ჰქონდა წინასწარმეტყველის მიმართ. იმ წერილიდან კი, რომელიც თავისი მომაკვდავი ძმის, ვალიდისაგან, მიიღო, შეიტყო, რომ წინასწარმეტყველი დროდადრო მის შესახებ კითხულობდა და მასზე ასე უთქვამს: „ხალიდმა თავისი წარმოუდგენელი შეუპოვრობა ისლამის მხარეს რომ ჩააყენოს კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, ეს მისთვის უკეთესი იქნება; ჩვენ მას უპირატესობას მივანიჭებთ ბევრთან შედარებით.“ ამას ვალიდმა დასძინა: „მაშ, ნახე, ჩემო ძმაო, რას აკლდებოდი აქამდე!“

გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი ახლო ოჯახური ფაქტორი: ხალიდის დედამ, ‛ასმა'მა, რომელსაც, უკვე დიდი ხანია, რაც წინასწარმეტყველი პატივს სცემდა, ცოტა ხნის წინ ისლამი მიიღო; ახლა კი მისი დეიდა, მაიმუნა, წინასწარმეტყველის ცოლი გახდა. ამ ქორწინებამდე ხალიდმა სიზმარი ნახა, თითქოს იგი რაღაც ჩაკეტილ ქვეყანაში იმყოფებოდა, რომელიც ძალიან ხრიოკი იყო. შემდეგ იქიდან მწვანე და ძალიან ნაყოფიერ მიწაზე გადავიდა, სადაც შორ მანძილზე განივრად იყო გადაჭიმული საძოვრები. იცოდა, ეს უფრო ხილვა იყო; მიხვდა რა ამ ყველაფრის აზრს, იგი მედინაში გაემგზავრა. მაგრამ არჩია, მეგობართან ერთად წასულიყო. ნუთუ არ იყო ვინმე, ვინც მის მსგავსად ფიქრობდა? ‛ამრის შემდეგ, რომელიც ვერ ი პოვა, მისი ყველაზე ახლობელი ამხანაგები იარაღით იყვნენ ‛იქრიმა და საფვანი. იგი ორივე მათგანს შეეხმიანა, მაგრამ საფვანმა უთხრა: «თუნდაც რომ კურეიშის ყველა კაცი მუჰამედს გაჰყვეს, მე მას არ გავყვები». ‛იქრიმამაც პრაქტიკულად იგივე თქვა. ხალიდს გაახსენდა, ორივე მათგანის მამა ბადრში მოკლეს, ხოლო საფვანმა ძმაც დაკარგა. სამწუხაროდ, იგი მარტო წავიდა. მაგრამ, როგორც კი სახლიდან გავიდა, შეხვდა ‛უსმანს, ტალჰას ძეს, ‛აბდ ად-დარიდან - კაცს, რომელმაც რამდენიმე წლის წინ რაინდულად მიაცილა უმმ სალამა მექიდან მედინამდე. ‛უსმანი ხალიდის ახლო მეგობარი იყო, უფრო ახლო, ვიდრე საფვანი და ‛იქრიმა. მაგრამ იმ ორთან მიღებულმა გამოცდილებამ იგი შეაკავა და არაფერი არ თქვა; თანაც, გაახსენდა, რომ ‛უსმანმა უჰუდთან დაკარგა მამა, ორი ბიძა და ოთხი ძმა. გარკვეულ ხანს ისინი ერთად მიდიოდნენ ჩუმად. შემდეგ ხალიდმა უცებ გადაწყვტა საუბარი, იმედიანი მზერა მიაპყრო მეგობარს და უთხრა: «ჩვენი მდგომარეობა არაფრით არ ჯობია მელაკუდისას თავის ბუნაგში, რომელიც მიწაში აქვს გათხრილი. ჩაასხი იქ წყალი და ის აუცილებლად გამოვა!» დაინახა, რომ ‛უსმანი მაშინვე ძალიან კარგად მიხვდა, რაზეც იყო ლაპარაკი. ამიტომ უთხრა, სადაც მიემგზავრებოდა და რისთვისაც. ‛უსმანიც, რომელიც თანდათან მიდიოდა იმავე აზრისაკენ, ახლა ხალიდს დასთანხმდა გაყოლაზე. ხალიდმა მას სიამოვნებით დაუცადა, სანამ ის სახლში იყო შებრუნებული, რათა საგზალი და ტანსაცმელი აეღო. მეორე დილით ადრე ორივე მათგანი მედინისაკენ გაემართა.

რაც შეეხება ‛ამრს, იგი ისლამის შესახებ იმავე აზრზე იდგა, რაზეც საფვანი და ‛იქრიმა, მაგრამ უფრო ნათლად ხედავდა, რამდენად იძაბებოდა სიტუაცია. ამიტომაც, როდესაც მის გარშემო შემოიკრიბნენ ახალგაზრდა კაცები მისი კლანიდან, საჰმიდან, ასევე სხვებიც, დაარწმუნა, აბისინიაში უნდა წასულიყვნენ. აღნიშნა, რომ, თუ მუჰამედი გაიმარჯვებდა ძალაუფლებისათვის გამართულ ამ სასტიკ ბრძოლაში, მაშინ ისინი უსაფრთხო თავშესაფარში იქნებოდნენ. ხოლო, თუ კურეიში გაიმარჯვებდა, მათ ამ ყველაფრის შემდეგ შესაძლებლობა ექნებოდათ, მექაში დაბრუნებულიყვნენ. „ჩვენ გვირჩევნია ნეგუსის მმართველობის ქვეშ ვიყოთ, ვიდრე მუჰამედისა,“ თქვა მან და ახალგაზრდებიც დაეთანხმნენ.

‛ამრი ეშმაკი პოლიტიკოსი იყო და ურყევი ბუნების კაცი, მას იოლად ვერ გადაათქმევინებდი რაიმეს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ გამოუვიდა, გაებათილებინა ძლიერი ზეგავლენა, რომელიც ჯა‛ფარმა და მისმა მეგობრებმა მოახდინეს, მას მაინც კარგი ურთიერთობა ჰქონდა შენარჩუნებული ნეგუსთან წლების განმავლობაში, თანაც ისე, რომ ამ დროს მუსლიმ ლტოლვილებს საერთოდ არ ახსენებდა. მაგრამ ახლა იმ მუსლიმებმა აბისინია დატოვეს და მედინაში წავიდნენ. მათთან ერთად უნდა წასულიყო, როგორც ამას არასწორად ფიქრობდა ‛ამრი, ნეგუსის დადებითი აზრიც ისლამის შესახებ. პირველ მიღებაზე ტყავის საჩუქარი, რომელიც მან ჩაიტანა, სიამოვნებით იქნა მიღებული. ნეგუსი ისე კარგად განწყობილი ჩანდა მის მიმართ, რომ ‛ამრმა გადაწყვიტა, მაშინვე საქმეზე გადასულიყო და მისთვის თავშესაფარი ეთხოვა. მაგრამ ამ დროს ერთგვარად შეურაცხმყოფელი ტონით ილაპარაკა წინასწარმეტყველზე, რამაც მეფის ბრაზი გამოიწვია. ‛ამრი უსიამოვნოდ გაოცებული დარჩა, როდესაც ნახა, რომ ნეგუსისათვის თავისი საკუთარი და ასევე მისი სამეფო კარის უკეთესი მომავლის მოსაწყობად ტყავის საჩუქრებზე მეტად ახლა ისლამის მიღება ჩანდა სასურველი. ‛ამრი ისლამს გაექცა და იქაც, სადაც თავშესაფრის მიღების იმედი ჰქონდა, ისლამი დახვდა. როდესაც ასე ჩაეშალა გეგმები, მისი წინააღმდეგობაც შესუსტდა. „შენც აღიარებ ამას, მეფეო?“ მუჰამედის წინასწარმეტყველობას გულისხმობდა. „მე ეს ვაღიარე ღმერთის წინაშე,“ თქვა ნეგუსმა. „გააკეთე ის, რასაც გეუბნები, ‛ამრ, გაჰყევი მას. მისია ჭეშმარიტება, ღმერთმანი, ის გაიმარჯვებს ნებისმიერ სხვა ჯგუფზე, რომელიც მას დაუპირისპირდება, ისევე, როგორც მოსემ გაიმარჯვა ფარაონსა და მის ჯარზე.“3

ისტორიას არ შემოუნახავს ‛ამრის მეგობრების სახელები, არც ის, თუ რა გადაწყვიტეს მათ. თვითონ ‛ამრი გემში ჩაჯდა და გადავიდა იემენის სანაპიროზე, სადაც აქლემი იყიდა და ჩრდილოეთის გზას დაადგა. როდესაც ჰადდადში მივიდა - ეს იყო ერთ-ერთი პირველი გაჩერება სანაპირო გზაზე მექიდან მედინისაკენ - ხალიდსა და ‛უსმანს დაეწია. დანარჩენ გზაზე სამივემ ერთად იარა.

ჩასულები სიხარულით მიიღეს მედინაში. ხალიდი წინასწარმეტყველის შესახებ იგონებდა: „მას სახე სულ უნათებდა, როდესაც მშვიდობის მისალმება დამიბრუნა.“ ხალიდი პირველი იყო, რომელმაც ერთგულების ფიცი მისცა და დაადასტურა: „ვაღიარებ, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და შენ ღმერთის მოციქული ხარ.“ „დიდება ღმერთს, რომელმაც ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენა,“ თქვა წინასწარმეტყველმა. „მე ყოველთვის ვხედავდი შენში გონიერებას და ვიცოდი, ეს მხოლოდ სიკეთემდე მიგიყვანდა.“ „ღმერთის მოციქულო,“ თქვა ხალიდმა, „შენ ნანახი გაქვს ყოველი ის შემთხვევა, როდესაც მე ბრძოლის ველზე გააფთრებული ვიბრძოდი ჭეშმარიტების წინააღმდეგ. ილოცე ღმერთის წინაშე, რომ მომიტევოს.“ „ისლამის მიღებით შენ მოგეტევა ყველა ცოდვა, რომელიც აქამდე ჩაგიდენია,“ უთხრა წინასწარმეტყველმა. „ნამდვილად ასეა?“ იკითხა ხალიდმა, რომელიც გარეგნულად ისევ შეწუხებული ჩანდა, რადგანაც სინდისი აწუხებდა. „ღმერთო, მიუტევე ხალიდს, რაც კი ცუდი ჩაუდენია შენი ჭეშმარიტი გზის დასაბრკოლებლად,"4 ასე ილოცა წინასწარმეტყველმა. შემდეგ ‛უსმანმა და ‛ამრმა დადეს თავიანთი ფიცი. ‛ამრი ამბობდა, რომ მას არ შეეძლო, წინასწარმეტყველისათვის თვალებში შეეხედა, ისეთი დიდი იყო მორიდება და პატივისცემა, რასაც იმ მომენტში გრძნობდა მის მიმართ.

‛უმარის ბიძაშვილი, ჰიშამი, ‛ამრის ძმა, მექიდან მედინაში გაიქცა თხრილთან ბრძოლის შემდეგ მალევე. მას შეუერთდა თავისი ძმისშვილი, ‛აბდ ალლაჰი, ‛ამრის ვაჟი. ‛აბდ ალლაჰი ახლა თექვსმეტი წლის იყო, ერთგული მორწმუნე, რომელიც მონდომებით იცავდა მარხვას. ის ასევე იმედებს იძლეოდა, რომ მუჰაჯირთა და ანსართა შორის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული იქნებოდა. მან დაიწყო წინასწარმეტყველის ბევრი გამონათქვამის ჩაწერა, ამაზე მისგან საგანგებო ნებართვაც მიიღო. როგორც ‛აბდ ალლაჰი, ასევე ჰიშამიც ლოცულობდნენ, რომ ‛ამრს ისლამი მიეღო. ამიტომაც ორივე მათგანისათვის მისი ჩასვლა მედინაში უდიდესი სიხარული იყო.

კიდევ ორი სხვა სასიამოვნო ამბავი ამ თვეებში იყო ის, რომ ისლამი მიიღო ‛აკილმა, ჯა‛ფარისა და ‛ალის ძმამ, ასევე ჯუბაირმა, მუტ‛იმის ძემ. რწმენა, რომელიც გულში ჩაესახა ჯუბაირს, როდესაც იგი ბადრის ტყვეების გამოსახსნელად ჩავიდა მედინაში, ძალიან გაიზარდა და უკვე ვეღარ დაიმალებოდა. როდესაც ‛აკილი ერთგულების ფიცის დასადებად მივიდა, მას წინასწარმეტყველმა უთხრა: „მე შენ ორნაირად მიყვარხარ: პირველი - იმიტომ, რომ ჩემი ახლო ნათესავი ხარ; და ასევე იმ სიყვარულის გმო, რომელსაც ყოველთვის ვხედავდი ბიძაჩემში შენს მიმართ.“5

_____________________

1. ეს სახელი მკვეთრად განსხვავდება ასმა'ისაგან, არა მხოლოდ იმით, რომ თავში ‛აინი აქვს, არამედ იმითაც, რომ მასში არის სხვაგვარი ჟღერადობის ს, მას არაბულ ანბანში სადი ჰქვია და ემფატიკურია. ქართულ ტექსტში ეს არ აისახება.

2. ი.ს. IV/I, 24.

3. ვ. 743.

4. ვ. 741-9.

5. ი.ს. IV/2, 30.

73 LXXIII. გარდაცვალებები და დაბადების დაპირება

▲ზევით დაბრუნება


მიმდინარე წლის პირველი ნახევარი სიხარულით იყო აღსავსე, ეს გახლდათ მერვე წელი ჰიჯრიდან. მაგრამ ამავე წელს იყო დიდი დანაკარგიც. წინასწარმეტყველის ოჯახში გარდაიცვალა მისი ქალიშვილი, ზეინაბი. იგი მასთან იყო ბოლომდე და ამშვიდებდა თავის სიძესა და შვილიშვილს. შემდეგ უმმ აიმანს, ასევე სავდასა და უმმ სალამას უბრძანა, ზეინაბის სხეული დასაკრძალად გაემზადებინათ. როდესაც ის განბანეს, წინასწარმეტყველმა გაიხადა ქვედა სამოსი, რომელიც თვითონ ეცვა, და ქალებს უთხრა, ზეინაბი მასში გადაეხვიათ, სანამ სუდარას გადააფარებდნენ. შემდეგ წარუძღვა დაკრძალვას და ქალიშვილის საფლავზეც ილოცა.

ხადიჯა იყო ერთადერთი ცოლი, რომელსაც წინასწარმეტყველისათვის შვილები ჰყავდა გაჩენილი. მედინის ხალხს ძალიან უნდოდა, წინასწარმეტყველის სახლში ბავშვი დაბადებულიყო, სურდათ, ეს მათ ქალაქშიც მომხდარიყო. მხოლოდ ორს მის ამჟამინდელ ცოლთაგან - უმმ სალამასა და უმმ ჰაბიბას - ჰყავდათ პირველი ქმრებისაგან ნაშობი შვილები. ყოველი ახალი ქორწინების დროს აღმოცენდებოდა იმედი, რომ ბაშვი გაჩნდებოდა, მაგრამ ეს იმედი მალევე ქრებოდა, რადგანაც წინასწარმეტყველის ამჟამინდელ ცოლთაგან ჯერ არავის ხვდომია წილად, წინასწარმეტყველის შვილის დედა გამხდარიყო. მაგრამ ახლა, რაც უფროსი ქალიშვილი გარდაეცვალა, სულ მალე ცნობილი გახდა, რომ იგი კიდევ ერთხელ უნდა გამხდარიყო მამა. მარია, კოპტი მონა, მისგან ბავშვს ელოდებოდა. გოგონა უკვე მთელი მედინის ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგანაც ხალხმა იცოდა, რომ ის ძალიან უყვარდა წინასწარმეტყველს. ყველა ცდილობდა, წინასწარმეტყველი გაეხარებინა მარიას მიმართ გამოჩენილი მზრუნველობით, ახლა ეს მზრუნველობა გაორმაგდა.

სამი თვე იყო გასული მცირე პილიგრიმობიდან, როდესაც წინასწარმეტყველმა თხუთმეტი კაცი გაგზავნა მშვიდობიან წარმომადგენლებად სირიის საზღვარზე მცხოვრებ ერთ ტომთან; მაგრამ წარგზავნილთა მშვიდობიან მისალმებას ისინი ისრების წვიმით შეეპასუხნენ. იძულებულნი გახდნენ, რომ ბრძოლა დაეწყოთ, მაგრამ ამ ბრძოლაში, ერთის გარდა, ყველა დაიღუპა.

იყო კიდევ ერთი დანაკარგი, შედარებით მცირე იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ამას უფრო დიდი პოლიტიკური შედეგი ჰქონდა. წინასწარმეტყველმა ადრე დიჰჲა ალ-ქალბის ხელით გაუგზავნა წერილი ბოსტრის მმართველს. ეს წერილი განკუთვნილი იყო კეისრისათვის, მაგრამ უპასუხოდ დარჩა. ბოსტრაში წარგზავნილი მეორე პირი ახლა ღასანის ტომის ბელადმა შეი პყრო და მოკლა. ასეთი ქმედება დაუსჯელი ვერ დარჩებდა, მიუხედავად იმ რისკისა, რომ ღასანიდების უმრავლესობა ქრისტიანები იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში მათ შეეძლოთ, დახმარება ეთხოვათ კეისრის წარმომადგენლისაგან.

წინასწარმეტყველმა მზადყოფნაში მოიყვანა სამიათასკაციანი ჯარი, მას სათავეში ზეიდი ჩაუყენა და ასეთი ბრძანება გასცა, რომ, თუ ზეიდს მოკლავდნენ, მაშინ მისი ადგილი ჯა‛ფარს უნდა დაეკავებინა. ‛აბდ ალლაჰ იბნ რავაჰა დასახელებულ იქნა, როგორც მესამე, ამ რიგში. თუ სამიდან ყველა დაიღუპებოდა, მაშინ კაცებს თვითონ უნდა ამოერჩიათ წინამძღოლი. შემდეგ წინასწარმეტყველმა თეთრი დროშა მისცა ზეიდს. სხვა მეგობრებთან ერთად ჯარი გააცილა იქამდე, სადაც დამშვიდობების უღელტეხილი გადის გორაკებში უჰუდიდან ცოტა ჩრდილოეთით.

‛აბდ ალლაჰს უნაგირზე უკან ჰყავდა შემოსმული ერთი ობოლი ბიჭი, რომელზეც მეურვეობა ჰქონდა აღებული. გზად ბიჭმა გაიგო, რომ იგი წარმოთქვამდა ლექსებს, რომლებიც თვითონვე შეეთხზა და რომლებშიც გამოხატავდა სურვილს, სირიაში დარჩენილიყო, როდესაც ჯარი სახლში დაბრუნდებოდა. „ეს ლექსები გავიგე და ავტირდი,“ იგონებდა ბიჭი, „მან მსუბუქად მიბიძგა მკლავი და მკითხა: „რა დაგემართა, საწყალო ბიჭო, ის გაწუხებს, რომ, თუ ღმერთი მოწამეობას მიბოძებს და ამქვეყნიურობისაგან დავისვენებ, მისი მძიმე შრომისა და საზრუნავისაგან, დარდებისა და ხიფათისაგან, შენ მშვიდობიანად დაბრუნდები ამ უნაგირით?“ შემდეგ გაჩერებაზე მან ორი სარიტუალო ლოცვა შეასრულა და ამას მოაყოლა დიდი ვედრება. ბოლოს დამიძახა, მე მივედი და ვუთხარი: „აქ ვარ, შენს სამსახურში.“ „როგორც ღმერთი ინებებს,“ მითხრა მან, „ეს მოწამეობაა.“1

როდესაც ჯარი სირიის საზღვარს მიადგა, მუსლიმებმა შეიტყვეს, რომ მხოლოდ ჩრდილოეთის ტომები კი არ გამოსულიყვნენ, არამედ ისინი გაძლიერებულიყვნენ იმპერატორის ძალებით. ამბობდნენ, მთლიანობაში მტერი ასიათასი იყო. მაგრამ ზეიდმა დაუშვა, რომ, შესაძლოა, ეს დიდი გადაჭარბება იყო. თუმცა მაინც გადაწყვიტა, ჯერ დაბანაკებულიყო და სამხედრო თათბირი გაემართა. უმრავლესობა იმის მომხრე იყო, რომ წინასწარმეტყველისათვის შეეტყობინებინათ მოვლენათა ასეთი განვითარების შესახებ. მაშინ ის მათ დახმარებას გაუგზავნიდა ან უკან გაიხმობდა. მაგრამ ‛აბდ ალლაჰმა მტკიცედ ილაპარაკა ნებისმიერი ასეთი ქმედების წინააღმდეგ. მან ისევ გამოიყენა ის გაუბათილებელი და უტყუარი არგუმენტი, რომელიც მანამდეც გამოუყენებიათ და მას კიდევაც გამოიყენებდნენ მომავალში. თავისი სიტყვა ასე დაასრულა: „ჩვენ წინ ნამდვილად მოგველის ორიდან ერთი კარგი რამ: გამარჯვება ან მოწამეობა - რათა შევუერთდეთ ჩვენს საძმოს და მათი კომპანიონები გავხდეთ სამოთხის ბაღებში, მაშ, შეტევაზე!“

‛აბდ ალლაჰის გადაწყვეტილებამ უპირატესობა მოი პოვა, ამიტომაც ჯარმა ჩრდილოეთისაკენ სვლა განაგრძო. ისინი ახლა ახლოს იყვნენ მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან. მისი გრძელი და ღრმა ველიდან გორაკების პატარა ჯაჭვი აშორებდათ, რომელიც მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით იწყება. რამდენიმე საათის სიარულის შემდეგ უკვე დაინახეს მტერი. რამდენიც არ უნდა ყოფილიყო ზუსტი რიცხვი ერთად აღებული არაბებისა და ბიზანტიელებისა, მუსლიმებმა მაშინვე შენიშნეს, გარდაცვალებები და რომ მტერი მათზე გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანი იყო. იმდენად აღემატებოდნენ, რომ ასეთი სხვა შემთვევა არასოდეს არ ჰქონიათ. არც არასოდეს უნახავთ სამხედრო დიდებულება საიმპერიო ნაწილებისა, რომლებიც ჯარის ცენტრში იდგნენ, ორივე ფლანგზე კი არაბები იყვნენ განლაგებულნი. კურეიშელთა შთამბეჭდავი შესახედაობა, როდესაც ისინი ‛აკანკალას გორაკიდან ბადრისაკენ დაეშვნენ, არაფერი არ იყო იმასთან შედარებით, რასაც ახლა უცქერდნენ: მდიდრული იარაღი და აღჭურვილობა, შესანიშნავად მორთული ცხენები. მტერმა მათი მოახლოება შენიშნა და ლეგიონები უკვე საბრძოლო მზადყოფნაში მოვიდა.

ზეიდს უნდოდა, თავიდან აეცილებინა უეცარი შეტაკება, რადგანაც ისინი აღმართზე იყვნენ, და ბრძანება გასცა, სამხრეთისაკენ დაეხიათ უკან, მუ'ტას მიმართულებით, სადაც უპირატესობა ექნებოდათ. იქ გაამყარეს თავიანთი პოზიცია. მტერმა კარგად იცოდა, რომ როცხვობრივად დიდად აღემატებოდა მუსლიმებს. თანაც მოწინააღმდეგეს უნდოდა, ყველაფერი იმავე დღეს გადაწყვეტილიყო, ამიტომაც მომხვდურებს მუ'ტასაკენ გაჰყვა. როდესაც ისინი ახლოს მივიდნენ, იმის ნაცვლად, რომ კიდევ უფრო უკან დახევა ებრძანებინა, ზეიდმა თავდასხმისაკენ მოუწოდა.

იმ მომენტში დისტანცია მუტ'ასა და მედინას შორის თითქოს შემცირდა. წინასწარმეტყველი ხედავდა ზეიდს, რომელიც თეთრი დროშით მიუძღვოდა თავის კაცებს ბრძოლაში. ის მრავალჯერ დაიჭრა, სანამ საბოლოოდ არ დაეცა მიწაზე. ჯა‛ფარმა აიღო დროშა და მანამდე იბრძოდა, სანამ მისი სიცოცხლეც სასიკვდილო ჭრილობებში არ გაილია. შემდეგ ‛აბდ ალლაჰმა აიტაცა დროშა. თავდასხმა, რომელიც მან მტერზე განახორციელა, საშინელ შეტაკებად გადაიქცა, რომელშიც თვითონაც მიიღო მონაწილეობა და დაიღუპა. მუსლიმები უწესრიგოდ გაიფანტნენ. ერთმა ანსარმა, სახელად საბით იბნ არკამმა, აიღო მუსლიმების დროშა და ხალიდს მიაწოდა, რომელმაც თავიდან უარი უთხრა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ეს პატივი უფრო საბითს უნდა ხვდომოდა წილად. „კაცო, გამომართვი,“ უთხრა საბითმა, „ის იმიტომ ჩავიგდე ხელში, რომ შენთვის გადმომეცა.“ ხალიდმაც გასცა ბრძანება და კიდევ ერთხელ გააერთიანა თავისი მებრძოლები. მან შეძლო, მტერი ისე მოეგერიებინა, რომ მუსლიმებს საშუალება მისცემოდათ, სისტემატურად დაეხიათ უკან და არა არეულად. მართალია, გამარჯვება მტერმა მოი პოვა, მაგრამ მათ ამით დიდი არაფრისათვის არ მიუღწევიათ. მუსლიმთა რიგებში, გარდა მათი სამი ლიდერისა, მხოლოდ ხუთი იყო დაღუპული. ეს ერთგვარი გამარჯვებაც იყო ხალიდისათვის. როდესაც წინასწარმეტყველმა თავის მეგობრებს უამბო ამ ბრძოლაზე, ასევე ზეიდის, ჯა‛ფარისა და ‛აბდ ალლაჰის დაღუპვა ამცნო, ბოლოს ასეთი სიტყვები თქვა: „შემდეგ ღმერთის ერთ-ერთმა მახვილმა აიღო დროშა და ღმერთმა მათ გზა გაუხსნა“ - ანუ მუსლიმებმა უსაფრთხო ადილას გასვლა მოახერხეს. აი, ასე გახდა ხალიდი ცნობილი, როგორც „ღმერთის მახვილი.“

წინასწარმეტყველი ბრძოლას აღწერდა და ცრემლები მოსდიოდა. როდესაც ლოცვის დრო დადგა, მან ის ჩაატარა, შემდეგ კი უეცრად გავიდა მეჩეთიდან იმის ნაცვლად, რომ საკრებულოსათვის შეეხედა, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა ხოლმე. იგი ასევე მოიქცა მზის ჩასვლისა და ღამის ლოცვების დროსაც.

ამასობაში წინასწარმეტყველი ჯა‛ფარის სახლში წავიდა. „ჰოი, ასმა,“ თქვა მან, „მომიყვანე ჯა‛ფარის ვაჟები.“ ერთგვარად შეშფოთებულმა მისი სახის გამომეტყველების გამო, ქალმა მოიყვანა სამი ბიჭი. წინასწარმეტყველმა მათ აკოცა, თვალები ისევ ცრემლებით აევსო და ტირილი დაიწყო. „ღმერთის მოციქულო,“ თქვა ქალმა, „მამაჩემსა და დედაჩემზე ძვირფასო ,რა გატირებს? გაიგე ჯა‛ფარისა და მისი მეგობრების რაიმე ამბავი?“ „სწორედაც ასეა,“ მიუგო წინასწარმეტყველმა, „ისინი დღეს დაიღუპნენ.“ ასმა'მა გოდება დაიწყო და სხვა ქალები სასწრაფოდ მოვიდნენ მასთან. წინასწარმეტყველი სახლში დაბრუნდა და ბრძანა, მომდევნო დღეებში ჯა‛ფარის ოჯახისათვის საჭმელი მოემზადებინათ. „ისინი მწუხარებით არიან მოცულნი,“ თქვა მან, „და არ შეუძლიათ თავიანთ თავზე ზრუნვა.“

უმმ აიმანი, უსამა და ზეიდის ოჯახის სხვა წევრები თვითონ წინასწარმეტყველის სახლში იყვნენ. მან უკვე ანუგეშა ისინი. როდესაც სახლში ბრუნდებოდა, ზეიდის პატარა გოგო აცრემლებული გასულიყო ქუჩაში. წინასწარმეტყველი დაინახა და მისკენ გაექანა. მან ბავშვი ხელში აიტაცა. ახლა თვითონაც თავშეუკავებლად ტიროდა და, როდესაც გოგონა გულში ჩაიკრა, ქვითინისაგან მთელი სხეული აუცახცახდა. იქ შემთხვევით ჩაიარა სა‛დ იბნ ‛უბადამ, წინასწარმეტყველი ამ მდგომარეობაში დაინახა და დასამშვიდებელ სიტყვებს ვერ მიაგნო. ბოლოს თქვა: „ღმერთის მოციქულო, რა არის ეს?“ მან კი მიუგო: „ეს ის არის, ვისაც უყვარს მონატრება მათი, ვინც უყვარს.“2

იმ ღამეს წინასწარმეტყველმა სამოთხე იხილა. ზეიდი იქ იყო, ასევე ჯა‛ფარი, ‛აბდ ალლაჰი და ბრძოლის სხვა მოწამეები; მან დაინახა, რომ ჯა‛ფარი ისე დაფრინავდა, როგორც ფრთოსანი ანგელოზი. გამთენიისას წინასწარმეტყველი მეჩეთში წავიდა. მეგობრებმა იგრძნეს, რომ მას დარდი ერთგვარად შემსუბუქებული ჰქონდა. ლოცვის შემდეგ, როგორც ყოველთვის, იგი საკრებულოს მიუბრუნდა. ბოლოს კი ისევ ასმა'თან წავიდა, რათა თავისი ხილვის შესახებ მოეთხრო. ამან ძლიერ ანუგეშა ქალი.

როდესაც ხალიდი და მისი კაცები მედინაში დაბრუნდნენ, წინასწარმეტყველმა მოაყვანინა თავისი თეთრი ჯორი, რომელიც მუკავკისმა აჩუქა, მასზე შემოჯდა, წინ ჯა‛ფარის უფროსი ვაჟი შემოისვა და ჯარს ქალაქგარეთ გაეგება. ქუჩაში უკვე ბევრი კაცი და ქალი გასულიყო. როდესაც ჯარმა გამოიარა, მათ სტვენა და ყვირილი ატეხეს: „გამოქცეულები,“ ეძახდნენ, „გამოიქეცით ღმერთის გზაზე ბრძოლიდან?“ წინასწარმეტყველმა უთხრა: „არა, ისინი გამოქცეულები არ არიან, არამედ ბრძოლაში მიმბრუნებელნი, თუ ღმერთი ინებებს.“3

მუ'ტასთან განხორციელებული უკუგდება ჩრდილოეთის არაბებისათვის სტიმული აღმოჩნდა, რომ გაეძლიერებინათ თავიანთი წინააღმდეგობა ახალი ისლამური სახელმწოფოს მიმართ. მომდევნო თვეებში მოვიდა ამბავი, რომ ბალისა და კუდა‛ას ტომები დიდი რაოდენობთ იყრიდნენ თავს სირიის საზღვართან, რათა სამხრეთისაკენ წამოსულიყვნენ. მაგრამ ამჯერად უკვე აღარ არსებობდა კეისრის მხრიდან რაიმე გაძლიერების იმედი. წინასწარმეტყველმა სამასი კაცი გაგზავნა ‛ამრის მეთაურობით და მითითება მისცა, სადაც საჭირო იქნებოდა, იქ ებრძოლათ, ხოლო სადაც მოახერხებდნენ, მოკავშირეები შეეძინათ. შესაძლოა, ლიდერის არჩევანი ნაწილობრივ განსაზღვრული იყო იმ ახლო ნათესაობით, რომელიც ‛ამრს აკავშირებდა მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ტომთან. დედამისი იყო ქალი ბალიდან. მან ძირითადად ღამე იარა, ბანაკებიც მოფარებულ ადგილებში გაშალა, ამიტომაც თავიდნ აიცილა არასასურველი ყურადღება და ათ დღეში შეუმჩნევლად ჩავიდა სირიის საზღვართან. იმ წელს ზამთარი ადრე დაიწყო, მექელი და მედინელი კაცები არ იყვნენ შეჩვეული ასე ჩრდილოეთით ყოფნას და, როგორც კი დაბანაკდნენ, მაშინვე დაიწყეს შეშის შეგროვება, რათა ცეცხლი დაენთოთ და გამთბარიყვნენ. მაგრამ ‛ამრმა აუკრძალა თვით ერთი კოცონის დანთებაც კი. მობუზღუნეები ასე გააჩუმა: „თქვენ გებრძანათ, მე მომისმინოთ და დამემორჩილოთ, მაშ გაკეთეთ ასე.“

‛ამრმა დროულად შეაფასა, რომ მტერი ისევ აღემატებოდა მათ რიცხვობრივად, ადგილობრივი მოკავშირეებისაგან დახმარების იმედი პრაქტიკულად არ არსებობდა, ამიტომაც ერთი ჯუჰაინელი კაცი გაგზავნა წინასწარმეტყველთან, რომელსაც დამატებით ძალებს სთხოვდა. აბუ ‛უბაიდა მაშინვე გზას გაუყენეს კიდევ ორას კაცთან ერთად. როგორც უახლოესმა მეგობარმა, რომელსაც მონაწილეობა ჰქონდა მიღებული მუსლიმთა ყველა ბრძოლაში, მან გამოთქვა მოსაზრება, რომ თვითონ უნდა ყოფილიყო მთავარი ლიდერი, მაგრამ ‛ამრმა უპასუხა, ამ შემთხვევაში ისინი დამატებით ძალას წარმოადგენდნენ, ამიტომაც უპირატესობა თვითონ დაიტოვა. წინასწარმეტყველმა აბუ ‛უბაიდას დაავალა, ყველაფრისათვის კოორდინირება გაეწია, რათა ორი ძალა ერთმანეთისაგან გათიშული არ ყოფილიყო. ამის გამო უფროსმა კაცმა დათმო და ‛ამრს უთხრა: „როდესაც შენ მე არ მემორჩილები, მაშინ მე უნდა დაგემორჩილო შენ.“ წინასწარმეტყველმა ეს შეიტყო და კურთხევა გაუგზავნა აბუ ‛უბაიდას.

ახლა ‛ამრი გაუძღვა თავის ხუთას კაცს, გადაკვეთა სირიის საზღვარი, ცოტათი წაიწია წინ და მტერი მალევე გაფანტა. მხოლოდ რამდენჯერმე ესროლეს ერთმანეთს ისრები. დანარჩენ შემთხვევებში მუსლიმთა ჯარი დაცარიელებულ ბანაკებთან მიდიოდა, საიდანაც მოწინააღმდგე უკვე გამქრალიყო. ვინაიდან მტრულად განწყობილი კლანები უკვე იქ აღარ იყვნენ, მეგობრული ელემენტები - ცალკეული პიროვნებები თუ ჯგუფები - ბედავდნენ გამოსვლას. ასე რომ, ‛ამრს უკვე შეეძლო წინასწარმეტყველისადმი მიწერილ წერილში დაედასტურებინა, მან აღადგინა ისლამის ზეგავლენა სირიის საზღვართან.

ეს ზეგავლენა სწრაფად იზრდებოდა და ვრცელდებოდა იასრიბის ოაზისის გარშემო ყველა მიმართულებით მცხოვრებ ტომებში. მიზეზები მხოლოდ სულიერი არ ყოფილა: წინასწარმეტყველი ახლა უკვე ცნობილი იყო, როგორც საშიში და განუთვლელი მტერი, იმავდროულად ძლიერი, სანდო და მოწყალე მოკავშირე; ამასთან შედარებით, სხვა კავშირები სარისკო და ნაკლებად მიმზიდველი ჩანდა. ძალიან ხშირად პოლიტიკური და რელიგიური მიზეზები მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული. მაგრამ არსებობდა სხვა ფაქტორიც, მართალია, ის ჯერ ნელა მუშაობდა, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი და ღრმა გახლდათ. მას არაფერი ჰქონდა საერთო პოლიტიკასთან და ასევე დამოუკიდებელი იყო იმ დიდი ძალისხმევისაგან, რომელსაც მუსლიმები ამჟღავნებდნენ თავიანთი სარწმუნოების გასავრცელებლად. ეს იყო პრაქტიკოსი მორწმუნეების საოცარი სიმშვიდე. ყურანი, ღმერთის ერთადერთობის წიგნი, ასევე იყო მოწყალებისა და სამოთხის წიგნი. აიების კითხვა და წინასწარმეტყველის ქადაგებების მოსმენა ღრმად მორწმუნე მუსლიმებს უდიდეს სიმშვიდეს ანიჭებდა, ამაში იგრძნობოდა მათი სურვილების სამარადისო აღსრულება სამოთხეში. რწმენა ბედნიერებას იძლეოდა შედეგად. წინასწარმეტყველი დაჟინებით ამბობდა: „მორწმუნე ყოველთვის კარგად არის, როგორიც არ უნდა იყოს გარემოებები.“ 4

____________________

1. ვ. 759.

2. ი.ს. III/I, 32.

3. ვ. 765.

4. ნ. XXI, 13.

74 LXXIV. ზავის დარღვევა

▲ზევით დაბრუნება


მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა ხელშეკრულება, ბაქრის ზოგიერთ კაცს ისევ უნდოდა, გაეგრძელებინა თავისი მტრობა ხუზა‛ასთან. დიდი დრო არ გასულა ‛ამრის ლაშქრობიდან და ბაქრის კლანი ღამით თავს დაესხა ხუზა‛ელებს, რომელთაგანაც ერთი მოკლეს. იმ ბრძოლაში, რაც ატყდა და მისი ზოგიერთი ნაწილი წმინდა ტერიტორიაზეც წარიმართა, კურეიში იარაღით დაეხმარა თავის მოკავშირეებს. მაგრამ კურეიშელთაგან ერთმა თუ ორმა კაცმა თვითონაც მიიღო მონაწილეობა ღამის ამ შეტაკებაში. ბანუ ქა‛ბმა ხუზა‛ადან სასწრაფოდ გაგზავნა დელეგაცია მედინაში, რათა წინასწარმეტყველისათვის შეეტყობინებინა, რაც მოხდა, და დახმარება ეთხოვა. მან უთხრა, რომ შეეძლოთ, მისი იმედი ჰქონოდათ, და თავიანთ ტერიტორიაზე დააბრუნა. როდესაც ისინი წავიდნენ, წინასწარმეტყველი ‛ა'იშასთან მივიდა, რომელმაც სახეზე შეატყო, რომ ძალიან გაბრაზებული იყო. მან წყალი მოითხოვა, რათა განბანილიყო, და, როდესაც ამ რიტუალს ასრულებდა, ქალმა გაიგო, როგორ თქვა: „ნურც დამხმარებია ვინმე, თუ მე არ დავეხმარე ქა‛ბის ძეებს.“1

იმავდროულად მექელები ძალიან შეშფოთებულნი იყვნენ იმის გამო, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ყველაფერს, რაც მოხდა. ამიტომაც აბუ სუფიანი გაგზავნეს, რათა წინასწარმეტყველი დაეწყნარებინა, თუ ეს საჭირო იქნებოდა. გზად მას შეხვდნენ ხუზა‛ას კაცები, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ, და აბუ სუფიანი შეშფოთდა, რომ უკვე ძალიან გვიან იყო. მისი შიში კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ნახა, როგორი გამოუცნობი იყო წინასწარმეტყველის საქციელი. „მუჰამედ,“ თქვა მან, „მე არ ვიყავი, როდესაც ჰუდაიბიას შეთანხმება მოხდა, მაშ, ახლა გავაძლიეროთ ის და გავუგრძელოთ ვადა.“ წინასწარმეტყველმა მისი თხოვნა შეკითხვით მოიგერია: „თქვენი მხრიდან დაირღვა შეთანხმება?“ „ღმერთმა დაიფაროს!“ უპასუხა აბუ სუფიანმა, თუმცა ერთგვარი ძალდატანებით. „არც ჩვენ დაგვირღვევია,“ მიუგო წინასწარმეტყველმა, „ჩვენ ვიცავთ შეთანხმებას და ასეც გავაგრძელებთ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც ჰუდაიბიაში დავთქვით. მას არ შევცვლით და არც რაიმე სხვა შეთანხმებას მივიღებთ მის ნაცვლად.“ წინასწარმეტყველი ნამდვილად მეტი არაფრის თქმას აღარ აპირებდა, არც აბუ სუფიანი იყო მზად მეტის სათქმელად, ამიტომაც ეს უკანასკნელი თავისი ქალიშვილის, უმმ ჰაბიბას, სანახავად წავიდა. იმედი ჰქონდა, იგი ამ საქმეში ჩაერეოდა. მათ ერთმანეთი არ ენახათ უკვე თხუთმეტი წელი. საუკეთესო ადგილი, რომელზე დაჯდომაც შეიძლებოდა, იყო წინასწარმეტყველის ხალიჩა. როდესაც აბუ სუფიანი მასზე უნდა დამჯდარიყო, უმმ ჰაბიბამ სასწრაფოდ აიღო ხალიჩა. „პატარა ქალიშვილო,“ უთხრა მამამ, „ხალიჩაა ჩემზე უკეთესი და უფლება არ მაქვს, მივეკარო, თუ მე ვარ იმდენად კარგი, რომ ის, როგორც უარესი, არ მეკადრება?“ „ეს წინასწარმეტყველის ხალიჩაა,“ თქვა ქალმა, „შენ კერპთაყვანისმცემელი ხარ, განუწმენდავი.“ შემდეგ დასძინა: „მამაჩემო, კურეიშის ბელადი ხარ. როგორ მოხდა, რომ აქამდე არ მიგიღია ისლამი და თაყვანს სცემ ქვებს, რომლებიც ვერც ხედავენ და რომლებსაც არც ესმით?“ „სასწაულთა სასწაული,“ თქვა კაცმა, „განა უნდა უარვყო ის, რასაც თაყვანს სცემდნენ ჩემი წინაპრები, და მუჰამედის სარწმუნოებას გავყვე?“ აბუ სუფიანი მიხვდა, რომ ქალიშვილის მხრიდან დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომაც წავიდა აბუ ბაქრთან, ასევე წინასწარმეტყველის სხვა მეგობრებთან და ყველას სთხოვდა, პაქტი განეახლებინათ, რადგანაც ხვდებოდა, რომ მუჰამედმა იცოდა იმ ბრძოლის შესახებ, რომელიც მოხდა, რის გამოც შეთანხმება დარღვეულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. იგივე მიზანი იქნებოდა მიღწეული მაშინაც, თუ გავლენიანი კაცები ზოგადად გასცემდნენ მფარველობას. აბუ სუფიანმა ეს ალტერნატივა შესთავაზა აბუ ბაქრს, მაგრამ მან უბრალოდ უპასუხა: „მე მფარველობას ვიძლევი მხოლოდ და მხოლოდ იმ მფარველობის ფარგლებში, რომელიც ღმერთის მოციქულისაგან მომდინარეობს.“

სხვებმაც ასეთი პასუხი გასცეს და საბოლოოდ აბუ სუფიანი სახლში მივიდა ‛ალისთან, უნდოდა, რომ ნათესაური კავშირი გამოეყენებინა. ისინი ორივენი ორი ძმის, ჰაშიმისა და ‛აბდუ შამსის, შვილიშვილები იყვნენ. მაგრამ ‛ალიმ თქვა: „ვაი შენ, აბუ სუფიან! წინასწარმეტყველს გადაწყვეტილი აქვს, არ დააკმაყოფილოს შენი მოთხოვნა. ახლა, როდესაც მას ასე სურს, ვერავინ ვერ მივა და გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებს.“ რადგანაც მეგობრებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ გამოცხადებამ წინასწარმეტყველს უთხრა: ჰკითხე მათ რჩევა საქმეთა შესახებ; როდესაც შენ უკვე მიღებული გაქვს გადაწყვეტილება, მაშინ მიენდე ღმერთს;2 შესანიშნავად უწყოდნენ, რომ, როდესაც წინასწარმეტყველს რაიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, სრულიად უსარგებლო იყო მასთან კამათი და ის მაინც არაფერს არ გადათქვამდა. აბუ სუფიანი ახლა ფატიმას მიუბრუნდა, რომელიც იქ იყო. მის წინ იატაკზე ჰასანი იჯდა. „მუჰამედის ქალიშვილო,“ უთხრა მას, „სთხოვე შენს პატარა ვაჟს, მფარველობა გასცეს კაცთა შორის, რათა იგი სამარადისოდ გახდეს არაბთა განმგებელი.“ მაგრამ ფატიმამ უპასუხა, რომ ბიჭები უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევიან. შემდეგ აბუ სუფიანი ისევ ‛ალის მიუბრუნდა და სთხოვა, რაიმე ერჩია მისთვის. „მე გამოსავალს ვერ ვხედავ,“ უთხრა ‛ალიმ, „შენ თვითონ გაეცი მფარველობა. შენ ხომ ქინანას უფროსი ხარ.“ «ეს რაიმე შედეგს გამოიღებს?“ იკითხა აბუ სუფიანმა. „ღმერთმანი, ასე არ ვფიქრობ,“ უპასუხა ‛ალიმ, „მაგრამ სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ, რის გაკეთებაც შენ შეგიძლია.“ ასე რომ, აბუ სუფიანი მეჩეთში წავიდა და ხმამაღლა თქვა: „ყური მიგდეთ, მე ვიძლევი მფარველობას კაცთა შორის და ვფიქრობ, მუჰამედიც დამეთანხმება ამაში.“ შემდეგ წინასწარმეტყველთან წავიდა და უთხრა: „მუჰამედ, მე მგონია, შენ არ უარყოფ ჩემს მფარველობას.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა უბრალოდ უპასუხა: „ეს ისაა, რასაც შენ ფიქრობ, აბუ სუფიან.“3 და უმაიანი ბელადი დიდად იმედგაცრუებული დაბრუნდა მექაში.

წინასწარმეტყველმა ლაშქრობისათვის მზადება დაიწყო და აბუ ბაქრმა ჰკითხა, თვითონაც მომზადებულიყო თუ არა. წინასწარმეტყველმა უთხრა, რომ უნდა მომზადებულიყო, რადგანაც ისინი კურეიშზე თავდასასხმელად მიდიოდნენ. «არ უნდა დაველოდოთ, სანამ ზავის ვადა გავა?» იკითხა აბუ ბაქრმა. „მათ ჩვენ გვიღალატეს და ხელშეკრულება დაარღვიეს,“ უპასუხა წინასწარმეტყველმა, „ამიტომაც მე მათ შევუტევ. მაგრამ საიდუმლოდ შეინახე ის, რაც გითხარი. დაე, იფიქრონ, რომ ახლა ღმერთის მოციქული სირიისაკენ მიდის, სხვებმა იფიქრონ, რომ საკიფისა თუ ჰავაზინისკენ მიემართება. ღმერთო, მოსტაცე კურეიშელებს ჩვენი დანახვის უნარი, არ გაუმხილო ჩვენი არც ერთი ამბავი, რათა შევძლოთ, უცაბედად დავატყდეთ თავს თავიანთ მიწაზე.“

ამ ლოცვაზე პასუხად წინასწარმეტყველმა ზეციდან შეიტყო, რომ ერთ-ერთმა მუჰაჯირმა, სახელად ჰატიბმა, რაღაცნაირად გაიგო ეს ამბავი და კურეიშს წერილი მისწერა, რათა ყოველივე ეცნობებინა. აღნიშნული წერილი მისცა მექაში მიმავალ ერთ მუზაინელ ქალს. მას ეტრატი თმაში ჰქონდა დამალული. წინასწარმეტყველმა ‛ალი და ზუბაირი დაადევნა. ბარგში ვერაფერი ვერ უპოვეს, ამიტომაც საბოლოოდ ქალი გაჩხრიკეს და ასე აღმოუჩინეს წერილი, რომელიც წინასწარმეტყველს მიუტანეს. მან კი ამ წერილის დამწერი თავისთან დაიბარა. „რამ გაიძულა, ეს გაგეკეთებინა, ჰატიბ?“ ჰკითხა. „ღმერთის მოციქულო, მე ნამდვილად ვარ მორწმუნე, მწამს ღმერთი და მისი მოციქული,“ უპასუხა მოსულმა, „არ შემიცვლია ჩემი სარწმუნოება და სხვა არაფერს არ დაუკავებია მისი ადგილი. მაგრამ მე ვარ კაცი, რომელსაც მაღალი მდგომარეობა არ უჭირავს მექელთა შორის, არ მყავს გავლენიანი ნათესავები, ჩემი ვაჟისა და ოჯახის გამო, ვინც ახლა მექაში არიან, გავაკეთე ეს, რათა მექელთა გული მომეგო.“ „ღმერთის მოციქულო,“ თქვა ‛უმარმა, „მომეცი ნება, თავი მოვკვეთო. იგი წარმართია.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა უთხრა: „შენ რა იცი, ‛უმარ, რომ ღმერთს არ გადმოუხედავს ბადრის კაცებისათვის და არ უთქვამს: „ის გააკეთეთ, რაც გსურთ, რადგანაც გაპატიეთ?“ 4

წინასწარმეტყველმა ახლა თავისი კაცები გაუგზავნა იმ ტომებს, რომელთაგანაც დახმარების იმედი ჰქონდა. ყველას ერთად უნდა მოეყარა თავი მედინაში მომდევნო თვის დასაწყისში, რომელიც რამადანი იყო. ბედუინები პატიოსნად გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას; როდესაც დანიშნული დღე დადგა, შეკრებილი ჯარი ყველაზე უფრო დიდი აღმოჩნდა, რაც კი ოდესმე გასულა მედინიდან. არც ერთი ჯანსაღი მუსლიმი არ დარჩენილა სახლში. მუჰაჯირები შვიდასი იყვნენ, სამასი ცხენი ჰყავდათ. ანსარები ოთხიათასამდე ავიდნენ, მათ ხუთასი ცხენი ჰყავდათ; ტომებმა კი, მათ შორის, ვინც გზაში შეუერთდნენ, ჯარის მთლიანი რიცხვი დაახლოებით ათი ათასამდე გაზარდეს. კავალერია ჯერ აქლემებზე იყო ამხედრებული, ხოლო ცხენები ისე მიჰყავდათ; გარდა წინასწარმეტყველის უახლოესი მეგობრებისა, არავინ არ იცოდა, სად მიდიოდნენ.

როდესაც ნახევარი გზა გაიარეს, ‛აბბასი და უმმ ალ-ფადლი შეხვდათ ვაჟებითურთ. ‛აბბასმა გადაწყვიტა, რომ ახლა დადგა დრო, მექიდან მედინაში გადასულიყო საცხოვრებლად. წინასწარმეტყველმა მათ შესთავაზა, ექსპედიციას შეერთებოდნენ. ისინიც დასთანხმდნენ. ეს ძალიან გაუხარდა მაიმუნას, რომელიც წინასწარმეტყველს ახლდა.

უმმ სალამაც წინასწარმეტყველთან იყო; მომდევნო გაჩერებაზე ქალს უთხრეს, რომ ბანაკში ორი კურეიშელი კაცი მოვიდა. მასთან ლაპარაკი სურდათ. ერთ-ერთი მათგანი იყო მისი ნახევარი ძმა, ‛აბდ ალლაჰი, მამამისისა და წინასწარმეტყველის მამიდის, ‛ათიკას, ვაჟი; მეორე კი გახლდათ წინასწარმეტყველის ყველაზე უფროსი ბიძის, ჰარისის, ვაჟი, პოეტი აბუ სუფიანი, ერთ დროს ჰალიმას შვილობილი. მას თან ჰყავდა მოყვანილი თავისი პატარა ვაჟიშვილი, ჯა‛ფარი. ორივე კაცი ახლოს იყო წინასწარმეტყველთან, სანამ გამოცხადება მოვიდოდა. შემდეგ მას ზურგი აქციეს. ახლა იმიტომ მოსულიყვნენ, რომ წინასწარმეტყველისაგან პატიებას ითხოვდნენ და უნდოდათ, უმმ სალამასათვის ეთქვათ, მათთვის შუამდგომლობა გაეწია. ქალი წინასწარმეტყველთან წავიდა და ამცნო: „შენი ცოლის ძმა, მამიდაშენის ვაჟი, აქ არის, და ასევე შენი ბიძაშვილიც, რომელიც შენი ძუძუმტეა.“ მაგრამ მან უპასუხა: „მე არა მაქვს საჭიროება, ისინი ვნახო. რაც შეეხება ჩემს ძმას - იგი ცოლის ძმას, ‛აბდ ალლაჰს, გულისხმობდა - კარგად მახსოვს, რაც მექაში მითხრა; ჩემმა ბიძაშვილმა კი შეურაცხყოფა მომაყენა.“ აბუ სუფიანს ადრე სატირული ლექსები ჰქონდა მასზე დაწერილი. ქალი მათ იცავდა, მაგრამ უშედეგოდ. როდესაც მან მოსულებს ყველაფერი გადასცა, აბუ სუფიანმა თქვა: „ის ან მნახავს ან არა და ჩემს ვაჟთან ხელმოკიდებული გავალ უდაბნოში და იქ ვიქნები, სანამ შიმშილისა და წყურვილისაგან არ მოვკვდები. ხოლო შენ კი,“ - წინასწარმეტყველს გულისხმობდა - „ხარ ყველაზე უფრო მგრძნობიარე კაცი, ვისაც აქამდე მოჰყვება წყენა, მიუხედავად ჩემი შენთან ნათესაობისა.“ როდესაც ცოლმა ეს წინასწარმეტყველს გადასცა, იგი მოლბა5 და დასთანხმდა, რომ მოსულებს თავის კარავში მიიღებდა. ორივე კურეიშელმა იქ წარმოთქვა ერთგულების ფიცი და სარწმუნოება აღიარა. მათ ისლამი მიიღეს.

სვლის დროს ერთ დღესაც წინასწარმეტყველმა დაინახა, რომ გზის პირას იწვა დედალი ძაღლი, რომელიც ახლად დაბადებულ ლეკვებს ძუძუს აწოვებდა. მას შეეშინდა, რომ ცხოველს ვინმე შეაწუხებდა. ამიტომაც დამრელ ჯუ‛აილს უთხრა, ამ ძაღლისათვის ეყარაულა მანამდე, სანამ მთელი კონტინგენტი არ ჩაივლიდა.6 სახელი ჯუ‛აილი მას მაინც შერჩა, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველს მისთვის მიცემული ჰქონდა ახალი სახელი, ‛ამრი.

კუდაიდში ჯარს შეუერთდა ბანუ სულაიმი, ეს იყო ცხრაასკაციანი კავალერია. |ღმერთის მოციქულო,| თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, „შენ ფიქრობ, რომ თვალთმაქცნი ვართ, მაგრამ ჩვენ შენი ბიძები ვართ დედის მხრიდან“ - აქ მითითება იყო ჰაშიმის დედაზე, ‛ათიკაზე, რომელიც მათი ტომის ქალი გახლდათ - „მოვედით, რათა გამოგვცადო. ჩვენ გამოწრთობილნი ვართ ომში, შეხვედრის დროს თავაზიანად ვიქცევით და მყარად შეგვიძლია ცხენის უნაგირზე ჯდომა.“

იმათ მსგავსად, ვინც მედინის მთავარ ძალასთან ერთად მოდიოდნენ, ახლად მოსულებსაც დაშვებული მოჰქონდათ თავიანთი ალმები და შუბები. ახლა მებრძოლებმა წინასწარმეტყველს სთხოვეს, დროშები გაეშალათ და მას ისინი იმ კაცებისათვის მიეცა, ვისაც თვითონ ამოარჩევდა. მაგრამ დროშების აღმართვის დრო ჯერ არ დამდგარიყო. ის მათ ჯერ არც ეუბნებოდა, სად მიდიოდნენ.

როდესაც გამოდიოდნენ, წინასწარმეტყველმა კაცი გაგზავნა ჯარში, რათა შემდეგი რამ განეცხადებინა: „ის, ვინც მარხულობს, იმარხულოს, ხოლო ვინც გაიხსნილებს, გაიხსნილოს.“ რამადანის თვეში მოგზაურობის დროს ნებადართული იყო, მარხვა დაერღვიათ. გაცდენილი დღეების ანაზღაურება შეიძლება სხვა დროს მომხდარიყო. თვითონ წინასწარმეტყველი და ბევრი სხვაც მარხულობდნენ, სანამ გარკვეულ მანძილზე არ მიუახლოვდნენ წმინდა ტერიტორიას; შემდეგ მან გასცა ბრძანება, მარხვა დაერღვიათ, რადგანაც იმ დღეებს, რომლებიც სრულ მარხვას მოაკლდა, მოგვიანებით აღადგენდნენ. როდესაც მარრ აზზაჰრანში დაბანაკდნენ, მაშინ უკვე განაცხადა, მარხვის გახსნის მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ ძალა მოეკრიბათ მტერთან შესახვედრად. ამან ბევრში წარმოუდგენელი ცნობისმოყვარეობა აღძრა. მარრ აზ-ზაჰრანიდან მექამდე მისვლა შეიძლებოდა ერთ დღეში, თუ სწრაფად ივლიდნენ, ხოლო მშვიდად სიარულისას იქ ორ დღეში ჩააღწევდნენ. მაგრამ ყველამ იცოდა, არსებობდა ხელშეკრულება, ამიტომაც არც კი ფიქრობდნენ, რომ თავდასხმის ობიექტი შეიძლება კურეიში ყოფილიყო. მათ გზად ასევე უნდა გაევლოთ მტრულად განწყობილი ჰავაზინის ტომების ტერიტორიაზე. ან იქნებ ისეც იყო, რომ, მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველმა ჰიჯაზის ჩრდილოეთი ბაღი ჩაიგდო ხელში, ახლა განზრახული ჰქონდა სამხრეთი ბაღის მოპოვებაც. ეს გახლდათ მანამდე შეუვალი ტა'იფი, ალ-ლათის თაყვანისცემის ცენტრი.

როდესაც ცხადი გახდა, რომ მთელ ჯარში ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა, ვინ იყო მტერი, ქა‛აბ იბნ მალიქმა ინიციატივა გამოიჩინა და ამ ამბის გასაგებად წინასწარმეტყველთან წავიდა. მაგრამ ვერ გაბედა, კითხვა პირდაპირ დაესვა, ამიტომაც მივიდა კარავთან, რომელშიც წინასწარმეტყველი იყო, და წარმოთქვა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შეთხზული ოთხი ლამაზი სტროფი. აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ კაცებმა თითქმის უკვე მიაღწიეს იმ სტადიას, სადაც ხმლები უნდა ამოეწვდინათ, ის კი არ იცოდნენ, მტერი ვინ იყო. ახლა თვით ეს ხმლებიც იმავე კითხვას სვამდნენ. მაგრამ წინასწარმეტყველის პასუხი მხოლოდ ღიმილი იყო. ამიტომაც ქა‛ბი ისე დაბრუნდა ჯარში, რომ ვერაფერი ვერ შეიტყო.

მათი სურვილი, სცოდნოდათ, სად მიდიოდნენ, არაფერი არ იყო კურეიშისა და ჰავაზინის ცნობისმოყვარეობასთან შედარებით. ჰავაზინის დიდი ტომი ძირითადად დასახლებული იყო იმ გორაკების ფერდობებზე, რომლებიც ნაჯდის უკიდურეს სამხრეთშია. ტა'იფი აქედან ერთ-ერთ ფერდობზე მდებარეობდა. ტა'იფის მკვიდრნი, საკიფები, იყვნენ ტაძრის მცველნი. სწორედ მათ გაუგზავნეს ცნობა ჰავაზინის ყველა სხვა კლანს, რომ ათიათასი კაცი სამხრეთით მიემართებოდა ისარიბიდან, ამიტომაც ყველაზე უარესისათვის უნდა მომზადებულიყვნენ. კლანების უმრავლესობა ამას მაშინვე გამოეხმაურა, წარმართთა ჯარმა შეგროვება დაიწყო ხელსაყრელ ადგილას ჩრდილოეთ ტა'იფში.

რაც შეეხება კურეიშელებს, მათთვის უკეთესი იქნებოდა, სწორედ ტა'იფი ყოფილიყო საფრთხის ქვეშ, მაგრამ კარგად იცოდნენ, რომ თვითონ დაარღვიეს შეთანხმება. ეს გარემოება, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ წინასწარმეტყველმა უარი განაცხადა პაქტის განახლებაზე, მათ უკიდურეს სასოწარკვეთილებაში აგდებდა. წინასწარმეტყველმა ეს კარგად იცოდა და იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო გაეზარდა შიში, დაბინდებისას თავის ჯარისკაცებს უბრძანა, ცეცხლი დაენთოთ ბევრ ადგილას. ათიათასკაციან არმიაში მრავალი კოცონი გიზგიზებდა, რაც შესანიშნავად მოჩანდა წმინდა ტერიტორიიდან, ამიტომაც მექაში უეცრად გავარდა ხმა, რომ მუჰამედის ჯარი გაცილებით უფრო დიდი იყო, ვიდრე მათ წარმოედგინათ. სასწრაფოდ მოითათბირეს და მიიღეს აბუ სუფიანის წინადადება, რომელიც ფიქრობდა, რომ უნდა გასულიყვნენ და მუჰამედს დალაპარაკებოდნენ. აბუ სუფიანს გაჰყვა ჰაქიმი, ხადიჯას დისშვილი, ვინც ყველაფერი გააკეთა, რათა ბადრის ბრძოლა შეეჩერებინა, ასევე ხუზა‛ელი ბუდაილი, რომელიც წინასწარმეტყველს დაეხმარა ჰუდაიბიაში და ამას წინათ თავისი კლანის რამდენსამე წარმომადგენელს ახლდა მედინაში, როდესაც ისინი პაქტის განახლებას ცდილობდნენ. მიუახლოვდნენ ბანაკს, საიდანაც გუგუნის ხმა ისმოდა, და დაინახეს, რომ მათთან შესახვედრად თეთრ ჯორზე ამხედრებული კაცი მოდიოდა. ეს იყო ‛აბბასი, რომელიც ბანაკიდან გამოსულიყო. იგი იმედოვნებდა, შეხვდებოდა ვინმე, ვინც მისგან ამბავს წაიღებდა მექაში. ფიქრობდა, რომ გადამწყვეტი იყო, წინასწარმეტყველთან დელეგაცია გაეგზავნათ, სანამ ძალიან გვიან არ იქნებოდა. როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ და მიესალმნენ, ‛აბბასმა ისინი წინასწარმეტყველის კარავში წაიყვანა. აბუ სუფიანმა თქვა: „მუჰამედ, შენ უცნაური შემადგენლობით - მათგან ზოგს ვიცნობთ, ზოგს კი არა - მოადექი შენს მშობლიურ ქალაქსა და ნათესაობას.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა გააწყვეტინა: „ეს თქვენ ხართ დამრღვევნი, თქვენ არ შეასრულეთ ჰუდაიბიას პაქტი, წააქეზეთ თავდასხმა ბანუ ქა‛ბზე, ამით დიდი ცოდვაც დაიდეთ კისერზე, რადგანაც წმინდა ადგილას იბრძოლეთ.“ აბუ სუფიანს უნდოდა, რამენაირად საუბარი სხვა მიმართულებით წაეყვანა. „იქნებ შენი ბრაზი ჰავაზინისაკენ მიმართო? ისინი ხომ უფრო შორს არიან შენგან და არ გენათესავებიან, როგორც ჩვენ, თანაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებიან ისლამს.“ წინასწარმეტყველმა მიუგო: „იმედი მაქვს, უფალი ჩემი მიბოძებს პირველ რიგში მექას და მასში ისლამის გამარჯვებას, ხოლო გზად ჰავაზინსაც დავამარცხებ და ხელთ ვიგდებ ნადავლს, საქონელს, მათ ოჯახებს, ტყვეებს.“ შემდეგ სამივე კაცს უთხრა: „აღიარეთ, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და მე მისი მოციქული ვარ.“ ჰაქიმი და ბუდაილი დაემორჩილნენ, მაგრამ აბუ სუფიანმა მხოლოდ ის აღიარა, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, შემდეგ კი დადუმდა. როდესაც უთხრეს, მეორე დებულებაც გაემეორებინა, თქვა: „ამასთან დაკავშირებით ისევ მაქვს გულში ეჭვი. მომეცი ვადა.“ წინასწარმეტყველმა თავის ბიძას უთხრა, ისინი თავის კარავში წაეყვანა. გამთენიისას მთელ ბანაკში გაისმა მოწოდება ლოცვისაკენ, აბუ სუფიანზე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „რას ეხება ეს?“ იკითხა მან. „ლოცვას,“ უპასუხა ‛აბბასმა. „და დღე-ღამის განმავლობაში რამდენჯერ ლოცულობენ მუსლიმები ასე?“ ისევ იკითხა აბუ სუფიანმა. როდესაც გაიგო, რომ ეს ხუთჯერ ხდებოდა, თქვა: „ღმერთო, ეს ხომ ძალიან ბევრია!“ შემდეგ დაინახა, როგორ ცდილობდა ყველა, წინასწარმეტყველთან ახლოს მისულიყო, რათა მისი განბანვის დროს წყალი მისწუწებოდათ. «აბუ ლფადლ, ასეთი ერთიანობა არასოდეს მინახავს.“ „ბოლოს და ბოლოს, იწამე!“ ურჩია ‛აბბასმა. „წამიყვანე მასთან,“ უთხრა აბუ სუფიანმა. ლოცვის შემდეგ ‛აბბასმა იგი ისევ მიიყვანა ღმერთის მოციქულთან. ‛აბბასმა წინასწარმეტყველი გვერდზე გაიხმო და უთხრა: „ღმერთის მოციქულო, ხომ იცი, როგორი პატივმოყვარეა აბუ სუფიანი? უბოძე რაიმე.“ „კარგი,“ თქვა წინასწარმეტყველმა, შემდეგ თვითონ წავიდა უმაიან ბელადთან და უთხრა: „დაბრუნდი კურეიშთან და ასე გადაეცი: `ვინც აბუ სუფიანის სახლში შევა, გადარჩება, ვინც საკუთარ სახლში შეიკეტება, გადარჩება, ვინც მეჩეთს მიაშურებს, გადარჩება.“

_________________________

1. ვ. 791.

2. III, 159.

3. ი.ი. 807-8; ვ. 794.

4. ი.ი. 809-10.

5. ვ. 811.

6. ვ. 804.

75 LXXV. მექის დაპყრობა

▲ზევით დაბრუნება


კარვები უკვე აკეცეს და საბარგო აქლემებზე შემოაწყვეს. წინასწარმეტყველმა საბოლოოდ გასცა ბრძანება, მასთან მიეტანათ დროშები და შუბები. ისინი სათითაოდ აიღო და იმ კაცების ხელში მოათავსა, ვინც თვითონ ამოირჩია. ‛აბბასს უთხრა, აბუ სუფიანს გაჰყოლოდა ველის ვიწრო გასასვლელამდე და იქ ჰყოლოდა, რათა ურჩ მექელს სთავისი თვალით ენახა იმ ჯარის სიდიადე, რომელიც ჩაივლიდა. მას კიდევ საკმარისი დრო დარჩებოდა საიმისოდ, რომ კურეიშთან წასულიყო და ეს ამბავი ჩაეტანა. ერთი კაცი მექაში უფრო მალე ჩავიდოდა პირდაპირი გზით, ვიდრე ჯარი, რომელიც ასე პირდაპირ ვერ ივლიდა.

„ვინ არის ის?“ იკითხა აბუ სუფიანმა და ხელი გაიშვირა იმ კაცისაკენ, რომელიც ჯარის სათავეში მოდიოდა და ეს-ესაა, რაც შეამჩნია. „ხალიდი, ვალიდის ძე,“ უპასუხა ‛აბბასმა; როდესაც ისინი მათ გაუსწორდნენ, ხალიდმა სამჯერ წარმოთქვა დიდება, ალლაჰუ აქბარ. ხალიდთან იყვნენ სულაიმის ცხენოსნები. მათ მოჰყვებოდა ყვითელჩალმიანი ზუბაირი, რომელიც მუჰაჯირებისა და სხვათა ხუთასკაციან ჯარს მოუძღვოდა. მანაც სამჯერ წარმოთქვა დიდება, როდესაც აბუ სუფიანს ჩაუარა, და მთელმა ველმა ექოდ გაიღო ეს სიტყვები, რომლებიც მებრძოლებმა ერთხმად გაიმეორეს. ჯარის ნაწილები სვლას განაგრძობდნენ, ხოლო აბუ სუფიანი ისევ და ისევ კითხვებს სვამდა მათ შესახებ და გაკვირვებული რჩებოდა პასუხით, ხან იმიტომ, რომ ესა თუ ის ტომი ძალიან შორეული და მიუწვდომელი ჩანდა კურეიშისათვის, ხან კი იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ზოგიერთი ეს ტომი მეტად მტრულად იყო განწყობილი წინასწარმეტყველის მიმართ, მაგალითად, ღატაფანელთა კლანი, აშჯა‛ი.

„მთელ არაბთაგან,“ თქვა აბუ სუფიანმა, „ესენი იყვნენ მუჰამედის ყველაზე მწარე მოწინააღმდეგენი.“ „ღმერთმა გააკეთა ისე, რომ ისლამი შევიდა მათ გულებში,“ მიუგო ‛აბბასმა, „ყოველივე ეს ღმერთის მოწყალებით ხდება.“

ბოლო შემადგენლობა, რომელმაც ჩაიარა, თვითონ წინასწარმეტყველისა იყო და მთლიანად მუჰაჯირებისა და ანსარებისაგან შედგებოდა. ისინი მომწვანო-მოშავოდ მოჩანდნენ, რადგანაც ერთიანად აღჭურვილნი იყვნენ ჯავშნით და მხოლოდ თვალები უჩანდათ. წინასწარმეტყველმა თავისი დროშა სა‛დ იბნ ‛უბადას მისცა. როდესაც მან დაინახა, რომ გზის პირას ორი კაცი იდგა, დაიძახა: „აბუ სუფიან, ეს სისხლისღვრის დღეა! დღე, როდესაც ძალადობა ხვდება წილად მას, ვისზეც აქამდე არასოდეს მიუტანიათ იერიში! როდესაც ღმერთი დასჯის კურეიშს!“ წინასწარმეტყველი ჯარის შუაგულში იმყოფებოდა, კასვა'ზე ამხედრებულიყო, აქეთ-იქით აბუ ბაქრი და უსაიდი ამოსდგომოდნენ და მათ ესაუბრებოდა. „ღმერთის მოციქულო,“ დაუძახა მას აბუ სუფიანმა, როდესაც საკმაო დისტანციაზე მიუახლოვდა, „შენ რა, საკუთარი ხალხის ამოჟლეტა ბრძანე?“ - და შემდეგ გაუმეორა, რაც სა‛დმა თქვა. „გაფიცებ, ღმერთის სახელით,“ დასძინა მან, „შენი ხალხის სახელით, რადგანაც კაცთა შორის უდიდესი ხარ, რომელსაც გააჩნია მოწყალება, როგორც შვილს, შენ ხარ შემწყნერებელი და მაკურთხებელი!“ „ეს მოწყალების დღეა,“ მიუგო წინასწარმეტყველმა, «დღე, რომელიც ღმერთმა მისცა კურეიშს.“ შემდეგ ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფმა და ‛უსმანმა, ვინც იქვე ახლოს იყვნენ, უთხრეს: „ღმერთის მოციქულო, ჩვენ არა ვართ დარწმუნებული, რომ სა‛დი რაიმე უეცარ ძალადობას არ გამოიჩენს და კურეიშს თავს არ დაესხმება.“ ამიტომაც წინასწარმეტყველმა სა‛დს შეუთვალა, დროშა თავისი ვაჟის, კაისისათვის, გადაეცა. Kკაისი უფრო მშვიდი ადამიანი იყო, ამიტომაც მას მიანდეს ჯარის გაძღოლა. შვილის პატივისცემა მამის პატივისცემასაც ნიშნავდა, ამიტომაც, როდესაც კაისი დაიჭერდა ხელში დროშას, ასე ჩაითვლებოდა, რომ ის მაინც სა‛დს ეპყრა. მაგრამ სა‛დმა უარი განაცხადა, დროშა შვილისთვის გადაეცა, თუ პირდაპირ ბრძანებას არ მიიღებდა, ამიტომაც წინასწარმეტყველმა შეიხსნა თავისი წითელი ჩალმა და ის სა‛დს გაუგზავნა. მანაც მაშინვე გადასცა დროშა კაისს.

როდესაც ჯარმა ჩაიარა, აბუ სუფიანი სასწრაფოდ დაბრუნდა მექაში, თავისი სახლის წინ დადგა და იმ ბრბოს წინაშე, რომელმაც უცბათ დაიწყო შეკრება, მთელი ხმით შეუდგა ძახილს: „ხალხნო, მუჰამედი აქაა ისეთი ძალით, რომ თქვენ მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ. ქალაქს მოადგა ათიათასი შეიარაღებული კაცით. მითხრა, რომ, ვინც ჩემს სახლში შემოვა, მას უსაფრთხოების გარანტია ექნება.“ ახლა ჰინდი გამოდგა გარეთ, ქმარს ულვაშებზე მიაფარა ხელი და ყვირილი მორთო: „ხალხის შე საცოდავო მცველო, სიკვდილის ღირსი ხარ.“ მაგრამ კაცმა განაგრძო, „გაფრთხილებთ, თავგზას ნუ ააბნევინებთ ამ ქალს და განსჯის უნარს ნუ დაკარგავთ. ნამდვილად ისეთი რამ მოგდგომიათ კარზე, რასაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ. მაგრამ, ვინც აბუ სუფიანის სახლში შემოვა, უსაფრთხოდ იქნება.“ „ღმერთიმც დაგღუპავს,“ მიუგეს მათ, „როგორ დავეტევით ჩვენ ყველანი შენს სახლში?“ „ვინც თავის სახლში ჩაიკეტება, ისიც უსაფრთხოდ იქნება,“ უპასუხა მან, „ვინც მეჩეთში შევა - ისიც.“ ამის შემდეგ ბრბო დაიშალა, ზოგი სახლში წავიდა, ზოგი კი მეჩეთში.

ჯარი ჩამოხდა ზუ ტუვაში, რომელიც სულ ახლოს მდებარეობს ქალაქთან და იქიდან კარგადაც ჩანს. ზუსტად ის ადგილი გახლდათ, სადაც ორი წლის წინ ხალიდი იყო ჩასაფრებული, რათა ხელი შეეშალა მექაში მუსლიმთა შესვლისათვის. ახლა კი აქ წინააღმდეგობის არავითარი ნიშანი არ ჩანდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქალაქი დაცარიელდა, ზუსტად ისე, როგორც გასულ წელს. მაგრამ ამჟამად არ არსებობდა არავითარი სამდღიანი ვადა. როდესაც კასვა'ი გასაჩერებელ ადგილთან მივიდა, წინასწარმეტყველი დაიხარა, წვერით თითქმის შეეხო უნაგირს და ღმერთი ადიდა. შემდეგ ისევ წამოაყენა ჯარი, ხალიდი მარჯვენა ფლანგს ჩაუყენა სათავეში, ხოლო ზუბაირი მარცხენას. თავისი საკუთარი ნაწილი, რომელიც ახლა ცენტრში მოქცეულიყო, ორად დაყო: ერთ ნახევარს სა‛დი უნდა გაძღოლოდა ვაჟიშვილითურთ, ხოლო მეორეს, რომელშიც თვითონაც იყო, უხელმძღვანელებდა აბუ ‛უბაიდა. გაიცა ბრძანება, ასე ოთხად დაყოფილიყვნენ და, შესაბამისად, ოთხივე მხრიდან მისდგომოდნენ მექას. ხალიდი ქვემოდან უნდა შესულიყო, ხოლო დანარჩენები სამი სხვადასხვა მხრიდან, გორაკებიდან მომავალი გასასვლელებით.

შეკრებილი ჯარის ზემოთ, აბუ კუბაისის მთის ფერდობებზე, ორი ადამიანი მოჩანდა. მახვილი მზერა გაარჩევდა, რომ ეს იყო წელში მოხრილი მოხუცი კაცი, რომელსაც მიუძღვოდა და ეხმარებოდა ქალი. ისინი აბუ კუჰაფა და კურაიბა გახლდნენ, აბუ ბაქრის მამა და და. იმ დილას, როდესაც მექაში ჩააღწია ამბავმა, რომ მუჰამედი ზუ ტუვაში ჩასულიყო, მოხუცმა ბრმა კაცმა თავის ქალიშვილს სთხოვა, მთაზე აეყვანა და ეთქვა ყველაფერი, რაც იქიდან გამოჩნდებოდა. იგი მამაცი კაცი იყო და ახალგაზრდობაში ერთხელ უკვე აცოცებულიყო გორაკებზე მექის მეორე მხარეს, რათა დაენახა აბრაჰას ჯარი და სპილო. ახლა ის უკვე მოხუცდა, რამდენიმე წლის წინ კიდეც დაბრმავდა, მაგრამ თავისი ქალიშვილისაგან მაინც შეიტყობდა, როგორი იყო ეს ათიათასკაციანი ჯარი, რომელშიც მისი შვილი და ორი შვილიშვილი იმყოფებოდნენ. კურაიბა აღუწერდა, რომ ხედავდა რაღაც შავსა და მასიურს. მამამ განუმარტა, ესენი იყვნენ ჯავშნით შემოსილი, აღჭურვილი ცხენოსნები, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ იდგნენ ბრძანების მოლოდინში. შემდეგ ქალმა უთხრა, რომ დაინახა, როგორ დაიძრა ეს მასიური განლაგება და თან ოთხ ნაწილად დაიყო. მაშინ მოხუცმა სთხოვა, სასწრაფოდ ქალაქში დაბრუნებულიყვნენ. ისინი ჯერ ისევ გზაში იყვნენ, როდესაც ჯარმა სულ ახლოს ჩაუარათ. ერთ-ერთი ცხენოსანი დაიხარა და კურაიბას მოხსნა ვერცხლის ყელსაბამი, რომელიც მაშინ ეკეთა. სხვა თვალსაზრისით, არანაირად არ დაზარალებულან და სახლში უვნებლად მივიდნენ.

აბუ კუჰაფა და კურაიბა მარტონი არ ყოფილან აბუ კუბაისზე. მთის მეორე მხარეს ‛იქრიმას, საფვანსა და სუჰაილს შეეკრიბათ კურეიშის ძალები თავიანთ რამდენსამე მოკავშირესთან ერთად ბაქრიდან და ჰუზაილიდან. ბრძოლა ჰქონდათ გადაწყვეტილი და, როდესაც დაინახეს, რომ ქალაქის ქვემო შესასვლელისაკენ ხალიდის ჯარი მიემართებოდა, ისინი ძირს დაეშვნენ და მათ შეუტიეს. მაგრამ ვერ გაუმკლავდებოდნენ ხალიდს, რომელმაც სულ მალე გააქცია, თანაც ოცდაათი კაცი მოუკლა, თვითონ კი მხოლოდ ორი დაკარგა. ‛იქრიმა და საფვანი ცხენებზე ამხედრებულნი გაიქცნენ სანაპიროსაკენ, ხოლო სუჰაილი კი სახლში წავიდა და კარი ჩაიკეტა.

რძოლა თითქმის დამთავრებული იყო, როდესაც წინასწარმეტყველი ზემო მექაში შევიდა აზახირის გასასვლელით. ბაზრის ადგილი დაინახა და ძალიან განაწყენდა, ვინაიდან იქ ამოწვდილი ხმლები შეამჩნია. „განა არ აგიკრძალეთ ბრძოლა?“ თქვა მან. მაგრამ აუხსნეს, რაც მოხდა, და განაცხადა, რომ ღმერთმა უკეთ იცის ყველაფერი და ისე მოაწყო ეს საქმე, როგორც სურდა.

წინასწარმეტყველი ხედავდა თავის წითელი ტყავის კარავს, რომელიც ახლა აბუ რაფი‛მა გაუშალა მეჩეთის მახლობლად. სწორედ იქითკენ მიუთითა ჯაბირს, ვინც ახლა მასთან იყო; სადიდებელი ლოცვისა და სამადლობლის შემდეგ წინასწარმეტყველი წმინდა ადგილისაკენ გაემართა. „არც ერთ სახლში არ შევალ,“ თქვა მან.

წინასწარმეტყველს კარავში უმმ სალამა, მაიმუნა და ფატიმა ელოდნენ. ზუსტად მისი მისვლის წინ მათ შეუერთდა ასევე უმმ ჰანი'იც. ისლამის კანონმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, რომ ქორწინება მუსლიმ ქალებსა და წარმართ კაცებს შორის დაუშვებელი იყო, და ასეთი კავშირები დაირღვა. უმმ ჰანი'ის ქმარიც წარმართი გახლდათ, იგი მიხვდა, რომ მექა დაეცემოდა, ამიტომაც ნაჯრანში გადავიდა საცხოვრებლად. მაგრამ ორმა პირმა, ვინც მას ამ ქორწინებით ენათესავებოდა, ხალიდის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და შემდეგ უმმ ჰანი'ის სახლს შეაფარა თავი. ერთ-ერთი მათგანი აბუ ჯაჰლის ძმა იყო. მალე ‛ალი მივიდა ქალის სანახავად და, როდესაც იქ ორი მახზუმელი იხილა, მაშინვე ხმალი იშიშვლა და ორივეს მოკვლას უპირებდა, მიუხედავად იმ ფორმალური დაცვისა, რაც ქალმა მისცა მათ. უმმ ჰანი'მა კაცებს მოსასხამი გადააფარა და თქვა: «ღმერთმანი, ჯერ მე მომკალი!“ ამის შემდეგ ‛ალი სახლიდან გავიდა. ქალმა მაშინვე ჩაკეტა კარი და შუამდგომლობისათვის წინასწარმეტყველს მიმართა. იხილა, რომ ფატიმა არანაკლებ მკაცრი იყო, ვიდრე ‛ალი. „შენ რა, მფარველობა მიეცი წარმართებს?“ ჰკითხა მან. მაგრამ ფატიმას საყვედურები მალე შეწყდა, რადგანაც წინასწარმეტყველი მოვიდა. დიდი სიყვარულით მოიკითხა თავისი ბიძაშვილი. შემდეგ ქალმა ყველაფერი უამბო, რაზეც წინასწარმეტყველმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, ვისაც შენ მისცემ უსაფრთხოების გარანტიას, მას ჩვენც მივცემთ ამ გარანტიას; ვისაც შენ დაიცავ, მას ჩვენც დავიცავთ.“

წინასწარმეტყველმა დიდი განწმენდის რიტუალი ჩაატარა და ლოცვის რვა ციკლი შეასრულა. ბოლოს ერთი თუ ორი საათით დაისვენა. შემდეგ კასვა'ი მოაყვანინა, აბჯარი აისხა, მუზარადი დაიხურა და ხმალი წელზე შემოირტყა, მაგრამ ხელში იარაღი არ დაუკავებია, თანაც ჩაფხუტი ისე ჰქონდა, რომ სახე უჩანდა. ზოგიერთი იმათგანი, ვინც წინასწარმეტყველთან ერთად შევიდა მექაში, ახლა ისევ შეკაზმული იდგა კარვის წინ. ისევ თან გაჰყვნენ წინასწარმეტყველს, თან აბუ ბაქრს ელაპარაკებოდნენ, რომელიც მას ახლდა. მეჩეთისაკენ მიემართებოდნენ.

წინასწარმეტყველი პირდაპირ ქა‛აბას სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხისაკენ წავიდა, თაყვანისცემითა და მოწიწებით შეეხო შავ ქვას, თან დიდება აღავლინა. გვერდით მყოფებმა გაიმეორეს ეს სიტყვები: ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ. იგივე დიდება წარმოთქვა ყველა სხვა მუსლიმმაც და პრაქტიკულად მთელ მექაში ექოდ გაისმა: ალლაჰუ აქბარ, რაც მანამდე არ შეწყდა, სანამ წინასწარმეტყველმა ხალხს ხელით არ ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ. შემდეგ შვიდჯერ შემოუარა წმინდა სახლს, თან ახლდა მუჰამედ იბნ მასლამა. მცირე პილიგრიმობის დროს ეს პატივი წილად ხვდა ხაზრაჯელ კაცს, ამიტომაც ამჯერად ეს ავსელი უნდა ყოფილიყო.

ახლა წინასწარმეტყველი ქა‛აბადან შებრუნდა კერპებისაკენ, რომლებიც ტაძრის გარშემო იყო, სულ ასსამოცი. მან მიმოსვლა დაიწყო წმინდა სახლსა და ამ ქანდაკებებს შორის, თან გამოცხადების სიტყვებს წარმოთქვამდა: მოვიდა ჭეშმარიტება და გაქრა სიყალბე. ჭეშმარიტად, სიყალბე გაქრობადია / უცილობლად გაქრება,1 თან ხელს იშვერდა ყოველი კერპისაკენ და ამ დროს თითოეული ქანდაკება სახით ეცემოდა ძირს. როდესაც ეს ციკლი დაასრულა, წინასწარმეტყველი აქლემიდან ჩამოხდა და ილოცა აბრაამის გაჩერებასთან, რომელიც იმხანად უშუალოდ უკავშირდებოდა ქა‛აბას. შემდეგ ზამზამის ჭისაკენ წავიდა, სადაც ‛აბბასმა მას წყალი მიაწოდა დასალევად. ამით წინასწარმეტყველმა დაადასტურა ჰაშიმის ძეთა უფლება, სასმელით მოემარაგებინათ პილიგრიმები. მაგრამ, როდესაც ‛ალიმ ქა‛აბას გასაღები მიუტანა და ‛აბბასმა წინასწარმეტყველს სთხოვა, ასევე მათი ოჯახისათვის მიეცა უფლება, ქა‛აბას მცველები ყოფილიყვნენ, უპასუხა: «მხოლოდ იმას გაძლევთ, რაც დაკარგეთ, და არა იმას, რაც სხვებისთვის იქნება დანაკარგი.“ შემდეგ თავისთან მიიხმო ‛აბდ ად-დარელი კაცი, ვინც მას ადრევე მიაშურა მედინაში ხალიდთან და ‛ამრთან ერთად; ეს იყო ‛უსმან იბნ ტალჰა. მას გადასცა გასაღები და ასე დაადასტურა სამარადისოდ მისი კლანის ტრადიციული უფლება ქა‛აბას დაცვაზე. ‛უსმანმა მოწიწებით გამოართვა გასაღები და წმინდა სახლის გასაღებად გაემართა, მას წინასწარმეტყველი გაჰყვა. უსამა და ბილალიც ახლოსვე მიდიოდნენ უკან. წინასწარმეტყველმა უთხრა, შეჰყოლოდნენ, შემდეგ კი ‛უსმანს უბრძანა, კარი ჩაეკეტა.

მარიამისა და ყრმა იესოს, ასევე მოხუცი კაცის გარდა, რომელზეც ამბობდნენ, რომ აბრაამი უნდა ყოფილიყო, ტაძრის შიდა კედლები სულ წარმართული სურათებით იყო მოფენილი. წინასწარმეტყველმა თავისი მფარველი ხელი დაადო წმინდა ქალწულისა და მისი ძის ხატს, ‛უსმანს კი უბრძანა, თვალყური ედევნებინა და ბოლომდე მიეყვანა ყველა დანარჩენი სურათის ამოშლის საქმე, გარდა აბრაამის გამოსახულებისა.2

წინასწარმეტყველი ცოტა ხანს შიგნით დარჩა, შემდეგ ‛უსმანს გასაღები გამოართვა და კარი გააღო. გასაღებით ხელში შესასვლელში დადგა, ზედ ზღურბლზე, და თქვა: „დიდება ღმერთს, რომელმაც აღასრულა დანაპირები და დაეხმარა თავის მონას.“ იმ მექელებს, რომლებმაც პირველადვე შეაფარეს თავი ქა‛აბას, ახლა უკვე შეუერთდა ბევრი მათგანი, ვინც მანამდე სახლში იმალებოდა. ისინი ყველანი გაფანტულ ჯგუფებად აქა-იქ ისხდნენ ქა‛აბას მახლობლად. წინასწარმეტყველმა მათ მიმართა: „რას იტყვით და რას ფიქრობთ?“ უპასუხეს: «კარგს ვამბობთ და კარგს ვფიქრობთ, კეთილშობილო და მოწყალე ძმაო, ძეო კეთილშობილი და მოწყალე ძმისაო.“ შემდეგ წინასწარმეტყველი მათ ელაპარაკა მიტევების იმ სიტყვებით, რომლებითაც იოსებმა მიმართა თავის ძმებს, როდესაც ისინი მასთან მივიდნენ ეგვი პტეში: „ჭეშმარიტად, მე ისევე გეტყვით, როგორც ჩემმა ძმამ, იოსებმა, თქვა: დღეს არ იქნება თქვენი მხილება და არც საყვედური. ღმერთი მოგიტევებთ, რადგანაც ისაა ყველაზე უფრო მოწყალე მოწყალეთა შორის.“3

აბუ ბაქრი თავისი მამის სანახავად წასულიყო და ახლა იგი უკან ბრუნდებოდა, აბუ კუჰაფასთვის ხელი ჩაეჭიდა და ისე მოჰყავდა. მათ მოსდევდა მისი და კურაიბაც. „რატომ არ დატოვე მოხუცი კაცი თავის სახლში?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა, „რატომ არ მომეცი საშუალება, მე მივსულიყავი მის სანახავად?“ „ღმერთის მოციქულო, უფრო უპრიანია, რომ ის მოსულიყო შენს სანახავად, ვიდრე შენ მისულიყავი მის სანახავად.“ წინასწარმეტყველმა მოხუცს ხელი გაუწოდა და თავის წინ დასვა, შემდეგ შესთავაზა, ორჯერ წარმოეთქვა ისლამის აღიარება. მოხუცი სიამოვნებით დასთანხმდა.

წინასწარმეტყველმა ბრძანა, ყველაზე დიდი კერპი, ჰუბალი, ნამსხვრევებად ექციათ, შემდეგ კი დანარჩენი კერპები დაეწვათ. მან ასევე განაცხადა, რომ ყველას, ვისაც კი სახლში ქანდაკება ჰქონდა, ის უნდა გაენადგურებინა. შემდეგ თვითონ წავიდა საფას გორაკზე, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობდა და სადაც მან თავის ოჯახს პირველად უქადაგა. აქ მიიღო ძღვენი იმ ყოფილი მტრებისაგან, რომლებსაც ახლა ისლამის აღიარება სურდათ. მათ შორის იყვნენ ქალებიცა და კაცებიც. ისინი ასეულობით მოდიოდნენ მასთან. ქალებში ერია ჰინდი, აბუ სუფიანის ცოლი. იგი სახედაფარული გამოცხადდა, რადგანაც ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველი ბრძანებდა მის დასჯას სიკვდილით, სანამ ის ისლამს მიიღებდა. მან თქვა: „ღმერთის მოციქულო, დიდება მას, ვინც გამარჯვება მისცა იმ სარწმუნოებას, რომელსაც მე ვირჩევ ჩემთვის.“ შემდეგ თავისი სახე გამოაჩინა. „ჰინდ, ‛უთბას ქალიშვილო, კეთილი იყოს შენი მოსვლა,“ უპასუხა წინასწარმეტყველმა. კიდევ ერთი ქალი, რომელიც საფაში გამოცხადდა, იყო უმმ ჰაქიმი, ‛იქრიმას ცოლი. როდესაც ისლამი მიიღო, წინასწარმეტყველს შეევედრა, მისი ქმრისათვის იმუნიტეტი, ხელშეუხებლობის გარანტია, მიეცა. წინასწარმეტყველი დასთანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ‛იქრიმა ჯერ ისევ საომარ მდგომარეობაში რჩებოდა მასთან. უმმ ჰაქიმმა შეიტყო, სად იყო ქმარი, და მის ჩამოსაყვანად გაემგზავრა.

წინასწარმეტყველმა შეკრებილ ხალხს გადახედა, თავის ბიძას მიუბრუნდა და უთხრა: „‛აბბას, სად არის შენი ორი ძმისშვილი, ‛უთბა და მუ‛ათთიბი? მათ ვერ ვხედავ.“ ესენი იყვნენ აბუ ლაჰაბის ვაჟები, რომლებიც გადარჩნენ. სწორედ ‛უთბა გახლდათ, რომელმაც ზეწოლა მოახდინა რუკაჲჲაზე, და ამიტომაც ახლა გამოჩენისა ეშინოდა. «მოიყვანე ისინი ჩემთან,“ თქვა წინასწარმეტყველმა. ‛აბბასმა მიჰგვარა ძმისშვილები, რომლებმაც ისლამი მიიღეს და ერთგულების ფიცი დადეს. შემდეგ წინასწარმეტყველმა მათ ხელი გაუყარა, აქეთ-იქით ამოიყენა და წარუძღვა ალ-მულთაზამისაკენ, ანუ ქა‛აბას იმ კედლის ნაწილისაკენ, რომელიც შავ ქვასა და კარებს შორის მდებარეობს. იქ გრძელი ლოცვა წარმოთქვა. ‛აბბასმა მის სახეზე სიხარული შეამჩნია და ეს აღნიშნა კიდეც, რაზეც პასუხად მიიღო: „ღმერთს შევთხოვე, რომ ჩემთვის დაებრუნებინა ეს ორი ბიძაშვილი, და მანაც ამისრულა სურვილი.“4

სამი ყველაზე ცნობილი წარმართული სამლოცველოდან მექასთან უფრო ახლოს მდებარეობდა ალ-‛უზზას ტაძარი ნახლაში. ახლა წინასწარმეტყველმა ხალიდი გაგზავნა, რათა გაენადგურებინა კერპთაყვანისმცემლობის აღნიშნული ცენტრიც. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, იქაურმა ქურუმმა მახვილი ჩამოჰკიდა ქალღმერთის ქანდაკებას და შესთხოვა, თვითონ დაეცვა საკუთარი თავი და მუსლიმთა ჯარის წინამძღოლი მოეკლა. ხალიდმა დაანგრია ტაძარი და კერპიც, შემდეგ კი მექაში დაბრუნდა. „არაფერი არ გინახავს?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა. „არაფერი,“ მიუგო ხალიდმა. „მაშინ ის არ გაგინადგურებია,“ უთხრა წინასწარმეტყველმა, „დაბრუნდი და მოსპე.“ ხალიდი ისევ დაბრუნდა ნახლაში. ტაძრის ნანგრევებიდან შავი ქალი გამოვიდა, მთლად შიშველი, გრძელი გაწეწილი თმებით. ხალიდი შეძრწუნდა, როგორც შემდგომში იგონებდა, მაგრამ ომახიანად შესძახა: „‛უზზა, შენ უარსაყოფი ხარ, არა თაყვანსაცემი!“ ხმალი იშიშვლა და ქალი განგმირა. როდესაც მექაში დაბრუნდა, წინასწარმეტყველს უთხრა: „დიდება ღმერთს, რომელმაც დაღუპვას გადაგვარჩინა! მე ვხედავდი ხოლმე მამაჩემს, როგორ მიდიოდა ალ-‛უზზაში, თან მიჰყავდა ასი აქლემი და ცხვარი. მსხვერპლშეწირვას აღასრულებდა, მრავალი დღით რჩებოდა იმ ქალღმერთი-კერპის სამლოცველოში და შემდეგ კი დიდი სიხარულით ბრუნდებოდა ჩვენს შორის იმის გამო, რაც გააკეთა!“5

ამასობაში მექელთა უმრავლესობამ ერთგულების ფიცი დადო. სუჰაილი იყო გამონაკლისი; მაგრამ მან თავი შეაფარა საკუთარ სახლს და დაიბარა თავისი შვილი, ‛აბდ ალლაჰი, რათა მისთვის ეთხოვა შუამდგომლობა წინასწარმეტყველთან, რადგანაც, მიუხედავად საზოგადო ამნისტიისა, ეშინოდა, რომ ეს მდგომარეობა პირადად მას მაინც არ ეხებოდა. მაგრამ, როდესაც ‛აბდ ალლაჰი წინასწარმეტყველს ელაპარაკა, მან უთხრა: „მამაშენი უსაფრთხო მდგომარეობაშია, თვით ღმერთისაგან ებოძა დაცვა, მაშ, მოვიდეს!“ შემდეგ სხვებს მიუბრუნდა და უთხრა: „არაფერი ავნოთ სუჰაილს, თუ მას შეხვდებით, რადგანაც, ვფიცავარ საკუთარ სიცოცხლეს, ის ჭკვიანი და პატივცემული ადამიანია, იგი ვერ დარჩება ბრმა ისლამის ჭეშმარიტების მიმართ.“ სუჰაილი გარეთ გამოვიდა და თავისუფლად დადიოდა, მაგრამ ისლამი ჯერ არ მიიღო.

რაც შეეხება საფვანს, მისმა ბიძაშვილმა, ‛უმაირმა, წინასწარმეტყველისაგან მისთვის ორთვიანი ვადა გამოითხოვა, შემდეგ კი მასთან წავიდა და ნახა, რომ იგი გემს ელოდებოდა შუ‛აიბიაში, რომელიც იმხანად მექის პორტი იყო. საფვანი მაინც ეჭვობდა და არ აპირებდა თავისი გეგმების შეცვლას, ამიტომაც ‛უმაირი ისევ დაბრუნდა წინასწარმეტყველთან, რომელმაც წითელი ჩალმა და იემენური მოსასხამი მოიხსნა. ისინი გარანტიის სახით გაუგზავნა საფვანს. იგი საბოლოოდ დარწმუნდა და მექაში დაბრუნდა. წინასწარმეტყველთან მივიდა და უთხრა: „მუჰამედ, ‛უმაირი მეუბნება, რომ, თუ ერთ რამეზე თანახმა ვიქნები - ისლამის მიღებას გულისხმობდა - ხომ კარგი, თუ არა და ორი თვის ვადა მაქვს.“ „იყავი აქ,“ უთხრა წინასწარმეტყველმა. „მანამდე ვერ დავრჩები, სანამ შენგან ცხად პასუხს არ მივიღებ.“ „შენ ოთხი თვე გაქვს,“ მიუგო წინასწარმეტყველმა. ამის შემდეგ საფვანმა თანხმობა განაცხადა მექაში დარჩენაზე.

‛იქრიმა იყო ბოლო, რომელიც მექაზე მუსლიმთა გამარჯვების შემდეგ წინასწარმეტყველთან გამოცხადდა. მაგრამ ამ ყველაზე ურჩთაგან ის პირველი აღმოჩნდა, ვინც ისლამი მიიღო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, თიჰამას სანაპიროდან გემს გაჰყოლოდა აბისინიაში. ის-ის იყო, გემზე უნდა ასულიყო, რომ კაპიტანმა უთხრა: „კეთილად აღიარე შენი სარწმუნოება ღმერთის წინაშე.“ „რა უნდა ვთქვა?“ იკითხა მან. პასუხი ასეთი იყო: «თქვი: არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა.“ კაპიტანმა განუმარტა, რომ გემის უსაფრთხო ნავიგაციისათვის იგი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა მგზავრს, რომელიც ღმერთს არ აღიარებდა. სწორედ მაშინ შევიდა ‛იქრიმას სულსა და გულში ოთხი სიტყვა: ლა ილაჰა ილლა ლლაჰ. იმ წუთში მან იგრძნო, რომ გულწრფელად შეეძლო ამ სიტყვების წარმოთქმა. თუმცაღა იგი გემზე აღარ ასულა, რადგანაც ერთადერთი მიზანი, რაც მანამდე ამოძრავებდა, იყო ამ სიტყვებისაგან და მუჰამედის მთელი უწყებისაგან გაქცევა, უწყებისაგან, რომელიც საბოლოო ჯამში დაიყვანებოდა ძირითად ფრაზაზე: ლა ილაჰა ილლა ლლაჰ. თუ ამ სიტყვებს გემის ბორტზე მიიღებდა, რა თქმა უნდა, მათი აღიარება ხმელეთზეც შეეძლო. «ჩვენი ღმერთი ჩვენი ღმერთია ზღვაზეცა და ხმელეთზეც,“ თქვა თავისთვის. მალე მასთან ცოლიც ჩავიდა და ამცნო, რომ წინასწარმეტყველმა უსაფრთხოების გარანტია მისცა. ორივე ერთად გაეშურა მექისაკენ. წინასწარმეტყველი მიხვდა, რომ იგი ბრუნდებოდა, ამიტომაც მეგობრებს უთხრა: „‛იქრიმა, აბუ ჯაჰლის ძე, თქვენთან მოდის, როგორც მორწმუნე. მაშ, ნუ განიკითხავთ მამამისს, რადგანაც გარდაცვლილთა გაკილვა შეურაცხყოფს ცოცხლებს, ხოლო თვით მიცვალებულებამდე არც კი აღწევს.“

მექაში დაბრუნებისთანავე ‛იქრიმა პირდაპირ წინასწარმეტყველთან მივიდა, რომელიც მას სიხარულით აღსავსე სახით მიესალმა, შემდეგ კი, როდესაც უკვე ისლამი მიიღო, უთხრა: „არ არსებობს ისეთი რამ, რასაც დღეს მთხოვ, და მე შენ ის არ მოგცე.“ „გევედრები, ილოცო მთელი იმ სიძულვილისა და მტრობის გასაბათილებლად, რაც ისლამისა და შენს წინააღმდეგ მივმართე აქამდე.“ წინასწარმეტყველმაც ილოცა ისე, როგორც ‛იქრიმამ სთხოვა. შემდეგ ახლად მოქცეულმა აღნიშნა, რამდენი ფული ჰქონდა დახარჯული ისლამის წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში, აგრეთვე ზოგადად იმ მიზნით, რომ ხელი შეეშალა ახალი სარწმუნოების გავრცელებისათვის. ამიტომაც ახლა პირობა დადო, რომ, სულ მცირე, ორ იმდენს დახარჯავდა ისლამის სამსახურში. თავისი პირობა შეასრულა კიდეც.

______________________

1. XVII, 81.

2. ვ. 843; ა. I, 107. მაგრამ სხვა წყაროებში ნათქვამია, რომ წინასწარმეტყველმა ბრძანა ყველაფრის ამოშლა, და არ არის მოხსენიებული ეს ორი გამონაკლისი.

3. XII, 92.

4. ი.ს. IV/I, 41-2.

5. ვ. 873-4.

76 LXXVI. ჰუნაინის ბრძოლა და ტა'იფის ალყა

▲ზევით დაბრუნება


კურეიშის წინააღმდეგ წინასწარმეტყველის საბოლოო და გადამწყვეტმა სვლამ ჰავაზინელები ვერ შეაჩერა. ისინი ისევ განაგრძობდნენ ძალების კონსოლიდაციას. მათ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა ვერც იმ ამბავმა, რომ წინასწარმეტყველმა ასე იოლად დაიკავა მექა და ყველა კერპი მოსპო. ძალიან შეწუხდნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ განადგურებული იყო ალ-‛უზზა, და-სამლოცველო მათი საკუთარი ტაძრისა, რომელიც ალლათს ეძღვნებოდა. მას შემდეგ, რაც მუსლიმებმა უკვე ორი კვირა დაყვეს მექაში, ჰავაზინმა შეძლო, ოციათასი კაცი შეეგროვებინა ავტასის ველზე, რომელიც ტა'იფის ჩრდილოეთით მდებარეობდა.

წინასწარმეტყველმა ‛აბდუ შამსი დაადგინა მექის გამგებლად, ხოლო მუ‛აზ იბნ ჯაბალს დაავალა, ახლად მოქცეული ხალხისათვის ყოველგვარი მითითება მიეცა რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან, მართალია, ეს კაცი სრულიად ახალგაზრდა ხაზრაჯელი იყო, მაგრამ უკვე ძალიან კარგად გახლდათ ჩახედული სარწმუნოებაში. თვითონ წინასწარმეტყველი კი მთელ თავის ჯართან ერთად საბრძოლველად გავიდა. ის ახლა კიდევ ორიათასმა კაცმა გააძლიერა კურეიშიდან. ამ კურეიშელთა უმრავლესობას ერთგულების ფიცი უკვე დაედო, თუმცა იყო რამდენიმე, მათ შორის, სუჰაილი და საფვანი, ვისაც ჯერ არ ჰქონდათ ისლამი მიღებული, და ახლა საბრძოლველად იმიტომ მიდიოდნენ, რომ თავიანთი ქალაქი დაეცვათ ჰავაზინისაგან. სანამ გავიდოდა, წინასწარმეტყველმა საფვანს შეუთვალა, მათთვის მიექირავებინა ასი აბჯარი და მთელი იარაღი, რაც ამ აღჭურვილობას მოჰყვებოდა, რადგანაც ცნობილი იყო, რომ საფვანს ეს ყველაფერი ჰქონდა. „მუჰამედ, საკითხი ასე დგას: „მომეცი, თორემ თვითონ ავიღებ?“ იკითხა საფვანმა. წინასწარმეტყველმა კი მუიგო: „არა, ეს არის დაქირავება, ყველაფერს დაგიბრუნებთ.“ ამის შემდეგ საფვანმა თანხმობა განაცხადა და ჯარს მისცა სატრანსპორტო აქლემები, აბჯარი და ყოველგვარი აღჭურვილობა, იარაღი. ეს ყველაფერი თვითონვე გადასცა წინასწარმეტყველს, როდესაც საბოლოო ბანაკს მიაღწიეს.

ჰავაზინის ის კლანები, რომლებიც მუსლიმების წინააღმდეგ გამოვიდნენ, იყვნენ საკიფი, ნასრი, ჯუშამი და სა‛დ იბნ ბაქრი. მათი მთავარი ხელმძღვანელი იყო ოცდაათი წლის კაცი ნასრიდან, სახელად მალიქი, რომელსაც, მიუხედავად თავისი ახალგაზრდობისა, უკვე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. მოხუცთა აზრის საწინააღმდეგოდ, მან გასცა ბრძანება, თან წამოეყვანათ თავიანთი ქალები, ბავშვები და საქონელი იმ მოსაზრებით, რომ ზურგში მათი ყოფნის შემთხვევაში კაცები უფრო დიდი მამაცობითა და თავგამოდებით იბრძოლებდნენ. მან სამი მსტოვარი გაგზავნა, რათა ინფორმაცია მოეპოვებინა იმ ჯარის შესახებ, რომელიც ახლა მექიდან მოემართებოდა. მაგრამ სულ მალე ეს ჯაშუშები ძალიან შეშინებული დაბრუნდნენ, იმდენად, რომ ლაპარაკის უნარი წართმეოდათ. შემდეგ კი ერთ-ერთმა ძალა მოიკრიბა და თქვა: „ჩვენ ვიხილეთ ცხენებზე ამხედრებული თეთრი კაცები და უეცრად ისეთ მდგომარეობაში ჩავცვივდით, როგორშიც შენ გვიხილე.“ მეორემ კი უთხრა: „ასე ჩანს, რომ ჩვენ მიწიერ არსებებთან არ გვიწევს დაპირისპირება, არამედ ზეციერებთან. მიიღე ჩვენი რჩევა და უკან გაბრუნდი, რადგანაც, თუ შენი მებრძოლები იმავეს დაინახავენ, რაც ჩვენ ვიხილეთ, ისინიც ისევე დაიზაფრებიან, როგორც ჩვენ.“ „სირცხვილი თქვენ!“ წამოიძახა მალიქმა, „ყველაზე დიდი ლაჩრები ყოფილხართ ამ ბანაკში.“ ისინი ისეთი დაღრეჯილები იყვნენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, რომ მალიქმა ბრძანა, ცალკე გამოემწყვდიათ, რათა ჯარში პანიკა არ გაევრცელებინათ. „გამოვიდეს, ვინ არის ყველაზე გულადი,“ ბრძანა მალიქმა. მაგრამ ეს ახალი პიროვნებაც, ვინც გაგზავნა, ისევე შეშინებული დაბრუნდა და იმავეს ყვებოდა, რასაც დანარჩენები, კერძოდ, რომ იხილა უცნაური მხედრები მეტოქის ჯარის მხარეს. «მათი შეხედვაც კი წარმოუდგენელია,“ ამბობდა კაცი, მაგრამ მალიქმა არ მოისურვა მისი მოსმენა. მან დაღამების შემდეგ ბრძანა, რომ წასულიყვნენ ჰუნაინის ველისაკენ, რომელზეც, იცოდა, მტერს აუცილებლად უნდა გაევლო. განკარგულება გასცა, გაჩერებულიყვნენ ველის იმ საწყის კიდეზე, რომელიც მათკენ იყო და სადაც თანდათანობით იწყებოდა ძირს მიმავალი ფერდობები. ორივე მხარეს იყო ხეობები, ზოგიერთი საკმაოდ ფართო შესასვლელებით, მაგრამ ეს ხეობები მხოლოდ ზემოდან თუ მოჩანდა, ისინი მთლიანად შენიღბული იყო, თუ ქვემოდან შეხედავდნენ. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ხეობაში დამალა მალიქმა თავისი ცხენოსნების უდიდესი ნაწილი, რათა საჭიროების შემთხვევაში მოულოდნელად დასხმოდნენ თავს მტერს. ჯარის ძირითადი ბირთვი კი გზასთანვე დააყენა, ველის მახლობლად.

იმ ღამეს წინასწარმეტყველი ველის მეორე მხრიდან არც თუ შორს დაბანაკდა. გამთენიის ლოცვა აღავლინა, შემდეგ თავის ჯარისკაცებს უქადაგა და ამცნო, რომ დიდი გამარჯვება ელოდათ, თუ მომთმენნი და ურყევნი იქნებოდნენ. ცა მოღრუბლული იყო და ამიტომაც ჯერ პრაქტიკულად ისევ ბნელოდა, როდესაც ველზე დაეშვნენ. წინ ხალიდი მიდიოდა, როგორც ადრე, ის მბრძანებლობდა სულაიმსა და სხვებს. მას მისდევდა ახლად მოქცეული მექელი მუსლიმების კონტინგენტი. წინასწარმეტყველი ამჯერად დულდულზე ამხედრებულიყო და ჯარის შუაგულში იმყოფებოდა. მას გარს ერტყა მუჰაჯირებისა და ანსარების იგივე შემადგენლობა, მაგრამ ახლა თან ახლდა საკუთარი ოჯახის გაცილებით უფრო მეტი წევრი, ვიდრე ოდესმე, მათ შორის იყვნენ მისი ბიძაშვილები, აბუ სუფიანი და ‛აბდ ალლაჰი, რომლებიც მას შეუერთდნენ მაშინ, როდესაც მექაში მიდიოდა, ასევე ‛აბბასის ორი უფროსი ვაჟიშვილი, ფადლი და კისამი, აგრეთვე აბუ ლაჰაბის ორი ძე. ჯარის სულ უკანა მხარეს იყვნენ ის მექელები, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ მიღებული ისლამი.

არმიის წინა ნაწილს თითქმის უკვე დამთავრებული ჰქონდა ძირს დაშვება, როდესაც ბინდ-ბუნდში გამოჩნდა მტრის ჯარი, რომელიც ველის საპირისპირო მხარეს იყო ფერდობზე. ეს შთამბეჭდავი სანახაობა გახლდათ, რადგანაც უკან იდგა მრავალი აქლემი, მათგან ბევრზე ქალი იჯდა, ზოგი ქალი კი ძირს იდგა. შორიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ისინიც ჯარის ნაწილს წარმოადგენდნენ. გზა იმ მიმართულებით დახშული იყო. სანამ მუსლიმები რაიმე ახალ ბრძანებას გასცემდნენ, მალიქმა თავისიანებს უკვე მისცა ნიშანი. ჰავაზინის ჯარის შემადგენლობები უცბათ გამოიჭრნენ ხეობებიდან და თავს დაატყდნენ ხალიდსა და მის კაცებს. ეს თავდასხმა ისეთი ძლიერი და მოულოდნელი იყო, რომ ხალიდმა მყარად ვერ შეინარჩუნა ბანუ სულაიმის რიგები. ისინი გაბრუნდნენ და ერთგვარი არეულობა შეიტანეს მექელთა შორისაც, ვინც მათ შემდეგ მოდიოდნენ. მუსლიმები უკან შეუდგნენ იმ ფერდობზე ასვლას, რომელზეც სულ ცოტა ხნის წინ ეშვებოდნენ. ეს ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ წინასწარმეტყველმა მოახერხა, გზის მარჯვენა მხარეს მყარად გაჩერებულიყო. სულ ოდნავ გადუხვია გვერდით, თან ახლდნენ აბუ ბაქრი, ‛უმარი და სხვა მუჰაჯირები, ასევე ზოგიერთი ანსარი და თავისი ოჯახის ყველა ის წევრი, ვინც მონაწილეობას იღებდა ბრძოლაში. ჰარისის ვაჟი, აბუ სუფიანი, მის გვერდით იდგა და ხელი ჰქონდა მოკიდებული დულდულის მოკაზმულობაზე ჩამოკიდებული ზარისათვის.

წინასწარმეტყველმა ყველას მოუხმო, მასთან მისულიყვნენ, მაგრამ ბრძოლის აურზაურში მისი ხმა კარგად არ ისმოდა. ამიტომაც იგი მიუბრუნდა ‛აბბასს, რომელსაც განსაკუთრებულად ძლიერი ხმა ჰქონდა, და უთხრა, ძალიან ხმამაღლა დაეძახა: „ხის მეგობრებო! აკაციის მეგობრებო!“ ამ მოწოდებას ყოველი მხრიდან მაშინვე მოჰყვა შეძახილი - ლაბბაიქ! „შენს სამსახურში ვართ!“ და ასე მიიჭრნენ წინასწარმეტყველთან მუჰაჯირები და ანსარები. სულ მალე ასი კაცი შეგროვდა. მათ შეძლეს მტრის უეცარი თავდასხმის მოგერიება. ‛აბბასი აგრძელებდა მოწოდებას და ძალიან ბევრი, ვინც გაქცეული იყო, უკან მობრუნდა ბრძოლის ველზე. წინასწარმეტყველი ახლა უზანგებზე იდგა, რათა ყველას კარგად დაენახა იგი და თვითონაც კარგად დაენახა ყველაფერი. მტერი ახალი თავდასხმისათვის ემზადებოდა, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ლოცვა წარმოთქვა: „ღმერთო, გთხოვ, შეასრულო შენი დანაპირები!“ შემდეგ თავის ძუძუმტეს დაავალა, ქვები და კენჭები მოეტანა, და დაიწყო მათი სროლა მტრის მისამართით ზუსტად ისე, როგორც ამას ბადრთან აკეთებდა. უეცრად შეტრიალდა ბრძოლის ბედი, თითქოს არ ჩანდა რაიმე განსაკუთრებული მიზეზი საამისოდ, მაგრამ ასე მოხდა. უბრალოდ, ეს მიზეზი თვითონ მუსლიმებმა ვერ დაინახეს, სამაგიეროდ, დაინახეს მათმა მტრებმა, ზუსტად ის, რასაც მსტოვრები უყვებოდნენ. სულ მალე მოვიდა გამოცხადებაც: ღმერთი დაგეხმარათ ბევრ ველზე, და ჰუნაინის დღესაც, როდესაც რიცხვობრივად მრავალნი არ იყავით, მაგრამ ისინი ვერ მოგერივნენ. ჯერ დედამიწა თითქოს შევიწროვდა და თქვენ გაიქეცით. შემდეგ ღმერთმა მოავლინა თავისი მშვიდობის სული წინასწარმეტყველსა და მის ერთგულებზე, და გამოგზავნა ჯარი, რომელსაც ვერ ხედავდით, და დასაჯა ისინი, ვისაც არ სწამდა. ასეთია ურწმუნოთა ხვედრი; და შემდგომ ღმერთი ლმობიერად მოეპყრობა მას, ვისთანაც ასე სურს თვითონ, რადგანაც ღმერთი მიმტევებელია, მწყალობელი.1

ბრძოლა დიდებული იყო, მალიქი შეუპოვრად იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა, საკიფელებთან ერთად თავი შეეფარებინა მათი გალავნიანი ქალაქისათვის, რომელსაც ტა'იფი ეწოდება. ჰავაზინის უდიდესმა ნაწილმა მძიმე დანაკარგებით დაიხია ნახლამდე. იქიდან თავიანთ ბანაკში დაბრუნდნენ ავტასთან, მაგრამ წინასწარმეტყველმა თავისი ჯარის ნაწილები გაგზავნა მათ ასაყრელად და საბოლოოდ ისინი გორაკებს შეეფარნენ აბნეულად.

მუსლიმებმაც დაკარგეს მებრძოლები, განსაკუთრებით ეს ეხება ბანუ სულაიმს, რომელიც პირველი დახვდა მტრის მწვავე შეტევას. მაგრამ საწყისი შეტაკების შემდეგ იმდენი ჯარისკაცი აღარ დაღუპულა. ამ მცირეთა შორის ერთ-ერთი იყო აიმანი, უსამას უფროსი ძმა, რომელიც წინასწარმეტყველთან ყოფნის დროს დაეცა ბრძოლის ველზე.

ჰავაზინის ქალები და ბავშვები, ვინც ზურგში იდგნენ, ყველანი ტყვედ აიყვანეს. რაც შეეხება ნადავლს, მუსლიმებმა ხელთ იგდეს აქლემები, ცხვრები და თხები, გარდა ამისა, 4000 უნცია ვერცხლი. ამ ნადავლზე წინასწარმეტყველმა ბუდაილი დაადგინა და უთხრა, რომ მას ყველანი უნდა გაეყვანა და ასევე ყველაფერი გაეტანა ჯი‛რანას ველზე, რომელიც იქვე ახლოს მდებარეობდა, დაახლოებით ათი მილის დაშორებით მექიდან.

ჰავაზინის ნაწილებს შორის იყო ერთი ჯგუფი ბანუ სა‛დ იბნ ბაქრიდან. ეს ის კლანი გახლდათ, რომელშიც ჩვილი მუჰამედი გააშვილეს და წინასწარმეტყველს იქ ჰქონდა გატარებული ადრეული ბავშვობა. ტყვეთაგან ერთ-ერთმა მუსლიმებს უსაყვედურა: „მე ხომ თქვენი უფროსის და ვარ!“ ისინი არ უჯერებდნენ, მაგრამ მაინც მიიყვანეს წინასწარმეტყველთან. „მუჰამედ, მე შენი და ვარ,“ თქვა ქალმა. წინასწარმეტყველმა მას ცნობისმოყვარეობით შეხედა. ეს ასაკოვანი ქალი იყო, დაახლოებით სამოცდაათი წლისა. „გაქვს ამის დამამტკიცებელი რაიმე ნიშანი?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა. ქალმა მაშინვე უჩვენა შრამი, რომელიც ნაკბენისაგან დარჩენოდა. „ეს შენ მიკბინე,“ უთხრა მან, „როდესაც სარარის ველზე მიმყავდი. ჩვენ იქ მწყემსებთან ერთად ვიყავით. მამაშენი მამაჩემი იყო და დედაშენი - დედაჩემი.“ წინასწარმეტყველმა იხილა, რომ ქალი სიმართლეს ამბობდა, ეს ნამდვილად შაიმა'ი იყო, მისი ერთ-ერთი ძუძუმტე. წინასწარმეტყველმა სთხოვა, დამჯდარიყო. ცრემლით აევსო თვალები და ქალს ჰკითხა ჰალიმასა და ჰარისის, თავისი გამზრდელების, შესახებ. ისინი ღრმად მოხუცებულები გარდაცვლილიყვნენ. მას შემდეგ, რაც ისაუბრეს, წინასწარმეტყველმა შესთავაზა, მასთან დარჩენილიყო ან ბანუ სა‛დთან დაბრუნებულიყო, როგორც თვითონ მოისურვებდა. შაიმა'მა თქვა, რომ ისლამის მიღება უნდოდა, მაგრამ, ამავე დროს, თავის კლანში დაბრუნება არჩია. წინასწარმეტყველმა მას მდიდრული საჩუქარი მიართვა და თან დაჰპირდა, რომ კიდევ უფრო მეტსაც მისცემდა. სთხოვა, ცოტა ხანს ბანაკში დარჩენილიყო ოჯახის წევრებთან და მისი დაბრუნებისათვის დაეცადა. ამის შემდეგ თავის ჯარს ტა'იფისაკენ გაუძღვა.

საკიფელებს საკმაოდ დიდი მარაგი ჰქონდათ თავიანთ ქალაქში, იმდენად დიდი, რომ მთელი წლის განმავლობაშიც კი ეყოფოდათ. მათ ასევე გააჩნდათ ყოველგვარი საშუალება იმ სპეციალური მანქანების მოსაგერიებლად, რომელთა გამოყენებაც წინასწარმეტყველმა ბრძანა, რადგანაც სხვა ვერავითარი საშუალებით წარმატებას ვერ მიაღწიეს. მეტოქეები ასევე შესანიშნავი მშვილდოსნები იყვნენ და მიზანში ზუსტად ისროდნენ. ძირითადად სწორედ ისრების ნაკადი მიემართებოდა ორივე მხარეს და ასე გავიდა ნახევარი თვე, მუსლიმები კი იმაზე მეტად ვერ მიუახლოვდნენ ქალაქს, ვიდრე პირველ დღეს. ერთადერთი რამ, რასაც მიაღწიეს, იყო რამდენიმე კაცის მოქცევა ისლამზე, რადგანაც წინასწარმეტყველმა ბრძანება გასცა, ხმამაღლა ეუწყებინათ, რომ საკიფის ყოველი ტყვე, ვინც ახალ სარწმუნოებას მიიღებდა, განთავისუფლებული იქნებოდა. დაახლოებით ოცი კაცი გამოვიდა ქალაქიდან, მუსლიმებისაკენ გაემართა და ერთგულების ფიცი დადო. თითქმის ერთი კვირა გავიდა ამის შემდეგ და წინასწარმეტყველმა იხილა სიზმარი. თითქოს მას მიეცა სასმისი, რომელიც კარაქით იყო სავსე, მაგრამ უეცრად მასზე ჩიტი შემოჯდა, ჩაუნისკარტა და შუაზე გახლიჩა. „არა მგონია, შენ დღეს მიიღო ის, რაც გსურს,“ უთხრა მას აბუ ბაქრმა. წინასწარმეტყველი დაეთანხმა და, ალბათ, თვითონაც უკვე მისული იყო იმ დასკვნამდე, რომ ალყა არ წარმოადგენდა საშუალებას, რითაც საკიფს დაიმორჩილებდა. ახლა გასცა ბრძანება, ალყა მოეხსნათ და ჯი‛რანაში წასულიყვნენ. როდესაც მუსლიმები ქალაქს განშორდნენ, წინასწარმეტყველს ზოგიერთმა სთხოვა, რომ მისი მკვიდრნი დაეწყევლა. წინასწარმეტყველმა მათ პასუხი არ გასცა, პირდაპირ მაღლა აღაპყრო ხელები და თქვა: «ღმერთო, ჭეშმარიტ გზაზე გაუძეხი საკიფს და მოგვიყვანე ისინი ჩვენ.“

მათ შორის, ვინც ალყის დროს ქალაქის კედლებთან დაიღუპა, იყო უმმ სალამას ნახევარი ძმა, წინასწარმეტყველის ბიძაშვილი, ‛აბდ ალლაჰი, რომელსაც ასე ცოტა ხნის წინ მიეღო ისლამი.

____________________

1. IX, 25-7.

77 LXXVII. შერიგებები

▲ზევით დაბრუნება


როდესაც ჯარი ჯი‛რანაში ჩავიდა, ტყვეები მზისაგან იცავდნენ თავს და ჩრდილს ეფარებოდნენ. სულ დაახლოებით ექვსიათასი იყვნენ, ქალები და ბავშვები. მათი უმრავლესობა ძალიან ღარიბი ჩანდა და ცუდად იყო ჩაცმული, ამიტომაც წინასწარმეტყველმა ხუზა‛ელი კაცი გაგზავნა მექაში, რათა ნადავლად მოპოვებული ვერცხლის საშუალებით თითოეულისათვის ახალი ტანსაცმელი ეყიდა. აქლემების რაოდენობა სულ დაახლოებით ოცდაოთხიათასამდე ადიოდა, რაც შეეხება ცხვრებსა და თხებს, არავის არც კი უცდია მათი დათვლა, მაგრამ ზოგადად შეაფასეს, რომ ისინი უნდა ყოფილიყვნენ დაახლოებით ორმოციათასი, ცოტა მეტი ან ნაკლები.

ბევრი კაცი სულსწრაფობას იჩენდა და მოუთმენლად ელოდა, როდის მიიღებდა ამ ნადავლიდან თავის წილს. მაგრამ წინასწარმეტყველი ჯერ არ აპირებდა არანაირ ქმედებას, რადგანაც იცოდა, რომ ჰავაზინი მას დელეგაციას გაუგზავნიდა და ლმობიერად მოპყრობას სთხოვდა. მაგრამ არსებობდა ამ ნადავლის ერთი ნაწილი, რომლის გამოყოფის დაყოვნება წინასწარმეტყველს არანაირად არ სურდა. მისი საკუთარი მეხუთედი ნაწილი, როგორც წესი, ისევე გამოიყენებოდა, როგორც მოწყალების საშუალებით მიღებული ფული. გამოცხადებამ დაადგინა კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც შეეძლოთ, ასეთი შემოსავლებიდან სარგებლობა მიეღოთ, კერძოდ, ესენი იყვნენ ისინი, ვისი გულებიც შემობრუნებულ და შემორიგებულ იქნა: მოწყალება ღარიბებისა და გაჭირვებულებისთვისაა, ასევე მათთვის, ვინც მათ ერთად უყრის თავს, ასევე მათთვის, ვისი გულებიც შემორიგებულ უნდა იქნას, და, რათა განთავისუფლებულ იქნან მონები და ტყვეები, ასევე მევალეთა შვებისათვის, ღმერთის საქმისათვის - ეს არის ღმერთისაგან დადგენილი მოვალეობა. და ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ბრძენი.1 იმ ადამიანების უშუალო მაგალითს, რომელთა გულიც შემორიგებულ იქნა, წარმოადგენდნენ ის კურეიშელნი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს ისლამი. ძველი არაბული წარმართული სამყარო შეცვალა ახალი სარწმუნოების დამკვიდრებამ მექაში. წინასწარმეტყველმა ახლა აბუ სუფიანს ასი აქლემი მისცა და, როდესაც მან უთხრა, რომ არც მისი ორი ვაჟი, იაზიდი და მუ‛ავია, დაევიწყებინა, წინასწარმეტყველმა მათაც ას-ასი აქლემი აჩუქა, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავდა, რომ აბუ სუფიანმა სამასი აქლემი მიიღო. ეს მხედველობიდან არ გამორჩენიათ სხვებს, ამიტომაც, როდესაც ხადიჯას ძმისშვილმა, ჰაქიმმა, ასი აქლემი მიიღო, კიდევ ორასი მოითხოვა. წინასწარმეტყველმა მისცა ის ორასი აქლემიც. ისევე, როგორც აბუ სუფიანის შემთხვევაში, ოდნავი მერყოებაც კი სრულიად დაუკარგავდა ფასს ამ საჩუქარს და მიზანს ასცდებოდა. მაგრამ ჰაქიმს წინასწარმეტყველმა მაინც უთხრა: „ეს საკუთრება ისეა, როგორც კარგი ახასხასებული საძოვარი. ვინც მას თავმდაბლობითა და სიკეთით მიიღებს, კურთხევასა და აყვავებას ეღირსება, ხოლო ვინც ამპარტავნებას გამოიჩენს, მაშინ აღარ ექნება კურთხევა და დაემსგავსება უმაძღარს, რომელიც ჭამს და მაინც ვერ ნაყრდება. ზედა ხელი (რომელიც მოწყალებას იძლევა) უკეთესია, ვიდრე ქვედა (მოწყალების მიმღები). მაშ, გაეცი შენი ოჯახის იმ წევრებისათვის, ვინც შენზე არიან დამოკიდებულნი.“ „იმის სახელით, ვინც შენ გამოგგზავნა ჭეშმარიტებით, მე მეტს აღარ ავიღებ,“ თქვა ჰაქიმმა და გადაწყვიტა, რომ სამომავლოდ მისი ხელი აღარასოდეს აღარ იქნებოდა ქვედა ხელი. მხოლოდ ასი აქლემი წაიყვანა, ხოლო დანარჩენ ორასზე პრეტენზია აღარ განუცხადებია. 2

ასეთივე შემოსარიგებელი ადამიანების კატეგორიაში შედიოდნენ ისინიც, ვინც მერყეობდნენ და ჯერ ვერ მიეღოთ გადაწყვეტილება სარწმუნოების შეცვლასთან დაკავშირებით. ზოგიერთ მათგანს ასევე მიეცა ასი აქლემი. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანნი იყვნენ საფვანი და სუჰაილი. ორივემ იბრძოლა ჰუნაინში და, როდესაც ერთ-ერთმა ჯერ მოუქცეველმა მექელმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მუსლიმებმა თავდაპირველად უკან დაიხიეს, საფვანმა მკაცრად უსაყვედურა: «თუ ბატონი უნდა მყავდეს, იყოს ის მექელი და ნუ იქნება ჰავაზინის წარმომადგენელი!“ მას შემდეგ, რაც თავისი კუთვნილი ასი აქლემი მიიღო, საფვანი წინასწარმეტყველს თან გაჰყვა ჯი‛რანაში, რათა ნადავლი ეხილა. ძირითადი ველის გარდა, იყო ბევრი შედარებით უფრო პატარა გვერდითი ველი, ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით ნაყოფიერი გახლდათ, სულ ხასხასებდა, მასზე აქლემები, ცხვრები და თხები მოდებულიყვნენ, იქვე იყვნენ მწყემსებიც. როდესაც საფვანმა ეს დაინახა, აღფრთოვანებული დარჩა და თანაც ცნობისმოყვარეობით აღივსო. წინასწარმეტყველმა ჰკითხა: „ძალიან სასიამოვნოდ გეფინება გულზე, რასაც ხედავ, არა?“ როდესაც თანხმობის ნიშანი მიიღო, განაგრძო: „მაშ, ეს ყველაფერი შენია, ველი და ყოველივე, რასაც მასზე ხედავ.“ საფვანმა თქვა: „ვაღიარებ, რომ სხვა არც ერთ სულს არ შეუძლია, დაიტიოს ასეთი სიკეთე, თუ არა წინასწარმეტყველის სულს. ვადასტურებ, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და შენ ხარ მისი მოციქული.“

რაც შეეხება სუჰაილს, სწორედ ჯი‛რანაში მოხდა, რომ მანაც საბოლოოდ დასძლია თავის ეჭვებს. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ხელმეორედ დაუკავშირდა თავის ვაჟს, ‛აბდ ალლაჰს, მეორე მხრივ კი, მან იხილა მუსლიმთა სასწაულებრივი გამარჯვება ჰუნაინში. თანაც ნახა, რაოდენ დიდებული იყო წინასწარმეტყველი. ალბათ, თითოეულმა ამ ფაქტორმა და ასევე ყველამ ერთად მასზე ზეგავლენა მოახდინა, ამიტომაც უკვე უყოყმანოდ მიიღო ისლამი და ასე ურყევად დარჩა სამუდამოდ თავის რწმენაში. სამი წლის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ ბრძოლაში მისი ვაჟიშვილი დაეცა და აბუ ბაქრი მას სამძიმარს უცხადებდა, სუჰაილმა თქვა: „მითხრეს, რომ ღმერთის მოციქულს ასეთი რამ აქვს ნათქვამი: „მორწმუნე შუამავლობას გაუწევს თავისი ოჯახის სამოცდაათ წევრს.“ და იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილი ამ საქმეს ჩემით დაიწყებს.“

მათ შორის, ვინც ჯირ‛ანაში მიიღო ისლამი, იყო მახზუმის რამდენიმე მოწინავე კაცი: აბუ ჯაჰლის ორი ძმა, ხალიდის ნახევარი ძმა, ჰიშამი, ღვიძლი ძმა ახალგაზრდა ვალიდისა, რომელიც ადრე დაიღუპა; ასევე წინასწარმეტყველის მამიდის, ‛ათიქას, მეორე ვაჟიშვილი, ზუჰაირი, ვისი ძმაც ასევე მოწამეობრივად აღესრულა სულ ცოტა ხნის წინ ტა'იფთან. ეს სწორედ ზუჰაირი გახლდათ, რომელმაც დაახლოებით ათი წლის წინ, აბუ ჯაჰლის ნების საწინააღმდეგოდ, საკრებულოში ილაპარაკა იმ ემბარგოს გასაუქმებლად, რომელიც ბანუ ჰაშიმსა და ბანუ ლ-მუტტალიბს დაადეს. დედამისმა, ‛ათიქამ, თავის ორივე ვაჟზე ადრე მიიღო ისლამი.

მუსლიმთა ჯარმა რამდენიმე დღე გაატარა ველზე, მაგრამ ჰავაზინიდან ჯერ არავინ ჩანდა. ამიტომაც წინასწარმეტყველმა ყოველ კაცს თავისი წილი ნადავლი გამოუყო. სულ ახალი დამთავრებული ჰქონდა ეს საქმე, რომ დელეგაცია გამოჩნდა. ამ დელეგაციაში იყო მისი მამობილის, ჰარისის, ძმა. მოსულთაგან თოთხმეტს უკვე მიეღო ისლამი. დანარჩენები ახლა მოექცნენ და წინასწარმეტყველს დაჟინებით სთხოვეს, ჰავაზინის მთელი ტომი ეღიარებინა, როგორც თავისი ნათესავი, და მათზე წყალობა მოეღო. „ჩვენ გაგზარდეთ საკუთარ კალთაზე და ძუძუ გაწოვეთ,“ ასე უთხრეს. წინასწარმეტყველმა უპასუხა, რომ დიდხანს ელოდა და, როდესაც მათი მოსვლის იმედი გადაეწურა, მხოლოდ მაშინ გაანაწილა ნადავლი. შემდეგ, მართალია, წინასწარვე იცოდა, რა პასუხსაც მიიღებდა, მაგრამ მაინც ჰკითხა, რა იყო მათთვის უფრო ძვირფასი, ცოლ-შვილი თუ რაიმე სხვა საკუთრება. ჰავაზინელებმა სთხოვეს: „დაგვიბრუნე ჩვენი ცოლები და შვილები.“ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „ახლავე დავაბრუნებ თქვენთან იმათ, ვინც წილად გვხვდა მე და ‛აბდ ალ-მუტტალიბის წარმომადგენლებს, რაც შეეხება დანარჩენებს, შუადღის ლოცვის დროს უნდა თქვათ: `წინასწარმეტყველს ვთხოვთ, შუამდგომლობა გაგვიწიოს მუსლიმებთან; ხოლო მუსლიმებს ვთხოვთ, შუამდგომლობა გაგვიწიონ ღმერთის მოციქულთან.“3

ახლად მოქცეულებმა ისე გააკეთეს, როგორც წინასწარმეტყველმა დაარიგა. შემდეგ წინასწარმეტყველი მორწმუნეთა საზოგადოებას მიუბრუნდა და უთხრა, რომ ისინი მათგან თავიანთ ცოლ-შვილს ითხოვდნენ. მუჰაჯირებმა და ანსარებმა დაუყოვნებლივ მიჰგვარეს წინასწარმეტყველს თავიანთი ტყვეები. რაც შეეხება სხვა ტომებს, მათმა ნაწილმა ასევე გააკეთა, ხოლო ზოგიერთმა უარი განაცხადა ტყვეების დაბრუნებაზე. მაგრამ მათ დაჰპირდნენ, რომ, თუ ამ ტყვეებს დათმობდნენ, მაშინ მიიღებდნენ რაიმე სხვა კომპენსაციას, ამიტომაც პრაქტიკულად ყველა ქალი და ბავშვი განთავისუფლებულ იქნა, გარდა ერთი ახალგაზრდა ქალისა, რომელიც წილად ხვდა წინასწარმეტყველის ბიძაშვილს დედის მხრიდან, ზუჰრელ სა‛დს. ქალმა თვითონ ისურვა თავის ახალ პატრონთან დარჩენა.

წინასწარმეტყველმა თავის ძუძუმტე დას კიდევ უფრო მეტი აქლემები, ცხვრები და თხები მისცა, შემდეგ კი დაემშვიდობა. როდესაც დელეგაცია უკან ბრუნდებოდა, წინასწარმეტყველმა იკითხა მათი ლიდერის, მალიქის, ამბავი. უთხრეს, რომ იგი საკიფთან ერთად იმყოფებოდა ტა'იფში. წინასწარმეტყველმა თქვა: „შეუთვალეთ, რომ, თუ იგი ჩემთან მოვა, როგორც მუსლიმი, მე გავათავისუფლებ მის ოჯახს, დავუბრუნებ ქონებას და თანაც ას აქლემსაც ვაჩუქებ.“ მან საგულდაგულოდ დააბინავა მალიქის ოჯახი თავის მამიდასთან, ‛ათიქასთან, ხოლო ქონებისათვის ხელი არ დაუდია და ჯერ არ გაუნაწილებია.

როდესაც ამ ამბავმა მალიქამდე ჩააღწია, მან არაფერი არ უთხრა საკიფს, რადგანაც შიშობდა, რომ, თუ მის განზრახვას შეიტყობდნენ, დააპატიმრებდნენ. ამიტომაც ქალაქიდან ღამით გაი პარა ,წინასწარმეტყველის ბანაკში მივიდა და ისლამი მიიღო. წინასწარმეტყველმა ის დაადგინა უფროსად ჰავაზინის მუსლიმთა ახალ საზოგადოებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. გადაწყვიტეს, საკიფისათვის მოსვენება არ მიეცათ. ტა'იფისათვის ახლა ნაკლებად უხეში და არაპირდაპირი, მაგრამ გაცილებით უფრო ეფექტური და ძლიერი ალყა უნდა შემოერტყათ.

წინასწარმეტყველმა კარგად იცოდა, თვითონ ისლამს გააჩნდა შინაგანი ძალა საიმისოდ, რომ ადამიანთა გულები მოეგო. მაგრამ სარწმუნოების გავრცელების დროს არაიშვიათი იყო უბრალო ადამიანური გრძნობების წარმოშობა, რომელთა აღმოფხვრა და ყოველგვარი ბარიერის მოშლა აუცილებელი ჩანდა. საქმე ისაა, რომ ეს ახლებური მიდგომა იმათ მიმართ, ვისი გულებიც უნდა შემობრუნებულიყო, ზოგიერთ შემთხვევაში ძველმა მუსლიმებმა სწორად ვერ გაიგეს. გარდა იმისა, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა, მდიდრული საჩუქრები მიიღო რამდენიმე გამოჩენილმა მომთაბარე ლიდერმაც. მათი ისლამი ჯერ კიდევ არ იყო სარწმუნო, სამაგიეროდ, არაფერი არ მიუღია ზოგიერთ დიდად დამსახურებულ მორწმუნეს. ზუჰრელმა სა‛დმა წინასწარმეტყველს ჰკითხა, რატომ მისცა მან ას-ასი აქლემი ‛უჲაჲნას ღატაფანიდან და აკრა‛ს თამიმიდან, ხოლო არაფერი არ არგუნა ერთგულ ჯუ‛აილს დამრიდან, რომელიც, იმ ორისაგან განსხვავებით, ძალიან ღარიბიც იყო. წინასწარმეტყველმა უთხრა: «იმისი სახელით, ვის ხელთაცაა ჩემი სული, ჯუ‛აილი ყველაზე უფრო ღირსია ჯილდოსი, ვიდრე ერთად აღებული მრავალი ისეთი კაცი, როგორებიც არიან ‛უჲაჲნა და აკრა‛ი; მაგრამ ამათი სულები მე შემოვირიგე, რათა ისინი უკეთ მიენდნენ ღმერთს, ხოლო ჯუ‛აილი საიმედოდ დავტოვე იმ ერთგულებასა და მინდობაში,4 რომელიც მან უკვე დიდი ხნის წინ გამოიჩინა.“5

მუჰაჯირების მხრიდან რაიმე სხვა წინააღმდეგობას ადგილი აღარ ჰქონია. მაგრამ ჯი‛რანაში წინასწარმეტყველის გაჩერების ბოლოს უკვე ძალიან დიდი უკმაყოფილება დაგროვდა ოთხიათას ანსარს შორის. ბევრი მათგანი გაჭირვებული იყო და მთელი ამხელა ნადავლიდან მათმა უმრავლესობამ მიიღო მხოლოდ ოთხი აქლემი ან ფასით ამ ოთხი აქლემის შესაბამისი რაოდენობის ცხვრები და თხები. მათ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ კარგ გამოსასყიდს მიიღებდნენ ტყვეებისათვის, მაგრამ ისინი ხომ უყოყმანოდ დათმეს, წინასწარმეტყველის ნების თანახმად. ამასობაში იხილეს, როგორი მდიდრული საჩუქრები მიიღო კურეიშის თექვსმეტმა გამოჩენილმა კაცმა და ასევე სხვა ორი ტომის ბელადმა. ყველა ეს ადამიანი ისედაც ძალიან შეძლებული იყო. სამაგიეროდ, არც ერთ ანსარს არ მიუღია საჩუქარი წინასწარმეტყველისაგან. ასეთსავე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მუჰაჯირები. მაგრამ ანსარებს, რომლებიც მედინიდან იყვნენ, ისიც აღიზიანებდა, რომ საჩუქრების უმრავლესობა მექელებმა მიიღეს, რომლებიც ახლოს ენათესავებოდნენ წინასწარმეტყველსა და მუჰაჯირებს. „ღმერთის მოციქული თავის ხალხს დაუბრუნდა,“ ასეთი ხმა გავრცელდა ანსართა შორის, «ბრძოლის დროს ჩვენ ვართ მისი კომპანიონები, ხოლო, როდსაც ნადავლის განაწილებაზე მიდგება საქმე, მაშინ მისი მეგობრები არიან მისი ხალხი და ოჯახი. გვინდა, ვიცოდეთ, ეს ღმერთისგანაა, რათა მოვითმონოთ ყველაფერი, თუ წინასწარმეტყველის მოსაზრებაა, რათა მივიდეთ და ვთხოვოთ, ჩვენც მოგვხედოს წყალობის თვალით.“

როდესაც ამ დაძაბულობამ ძალიან იმატა, სა‛დ იბნ ‛უბადა წინასწარმეტყველთან მივიდა და უთხრა, რასაც ფიქრობდა და ლაპარაკობდა ხალხი. „და შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, სა‛დ?“ ჰკითხა მას წინასწარმეტყველმა. „ღმერთის მოციქულო, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და ისე ვფიქრობ, როგორც ისინი,“ მიუგო სა‛დმა, „მეც მინდა, ვიცოდე, საიდან მომდინარეობს ეს.“ წინასწარმეტყველმა სთხოვა, ერთად შეეკრიბა ყველა ანსარი იმ დროებით სადგომში, რომელიც ტყვეებისათვის იქნა ადრე გაკეთებული. მოვიდა აგრეთვე ზოგიერთი მუჰაჯირიც, მათ ამისი ნება დართო სა‛დმა. შემდეგ თვითონ წინასწარმეტყველი გავიდა მათთან, ჯერ დიდება და სამადლობელი წარმოთქვა ღმერთის წინაშე, ბოლოს კი ხალხს მიმართა: „ანსარებო, შევიტყვე, რომ დიდად ნაწყენი ხართ ჩემზე. განა მე არ გპოვეთ თქვენ შეცდომილნი და სწორ გზაზე არ დაგაყენეთ? გპოვეთ გლახაკნი და გაგამდიდრეთ, ერთმანეთს გადაკიდებული მტრები იყავით და ღმერთმა შეგარიგათ, შემოაბრუნა თქვენი გულები?“ „ნამდვილად ასეა,“ უპასუხეს ანსარებმა, „ღმერთი და მისი მოციქული არიან ყოვლად მოწყალე, მწყალობელი.“ „მაშ, არ წახვალთ ჩამს წინააღმდეგ?“ ჰკითხა მან. „ამას როგორ ჩავიდენთ?“ ერთგვარი დაბნეულობით იკითხეს მათაც. „თქვენ შეგიძლიათ, თქვათ: `შენ ჩაგრული მოხვედი და ჩვენ მიგიღეთ, შეგიფარეთ და დაგეხმარეთ, განაპირებული იყავი, ჩვენ კი შიგნით შეგიყვანეთ, შეურაცხგყოფდნენ, ჩვენ კი კეთილად მიგიღეთ.“ ანსარებო, ნუთუ ასეთი მიწიერი აზრებითაა სავსე თქვენი გონება და სული. მე ხომ ადამიანთა გულების შემორიგება დავიწყე იმ მიზნით, რომ ისინი უკეთ მიენდნენ ღმერთს, თქვენ კი დაგტოვეთ თქვენი მტკიცე ისლამის იმედად. განა კმაყოფილნი არა ხართ იმით, რომ ადამიანებს მიჰყავთ თავიანთი აქლემები და ცხვრები და თქვენ კი სახლში მიგყავთ თვით ღმერთის მოციქული? მთელი კაცობრიობა რომ ერთ მხარეს წავიდეს, მეორე მხარეს კი ანსარები, მე სწორედ ანსარებს გავყვები. ღმერთმა მისცეს წყალობა ანსარებს, მათ შვილებსა და შვილთა შვილებს.“ მათ იმდენი იტირეს, რომ წვერები სულ დაუსველდათ ცრემლებისაგან. შემდეგ ერთხმად შესძახეს: „ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ, რადგანაც ღმერთის მოციქულის გვერდით ვდგავართ. ისაა ჩვენი წილი და ჯილდო.“6

________________________

1. IX, 60.

2. ვ. 945.

3. ი.ი. 877.

4. ისლამ.

5. ვ. 948.

6. ი.ი. 886.

78 LXXVIII. გამარჯვების შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


ჯირ‛ანიდან წინასწარმეტყველმა მცირე პილიგრიმობა შესარულა და შემდეგ მედინაში დაბრუნდა. სულ ცოტა ხნით ადრე, სანამ ქალაქში ჩავიდოდა, მას დაეწია ‛ურვა საკიფიდან. ამ კაცზე უაღრესად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჰუდაიბიაში იმ ფაქტმა, რომ მუსლიმები ასეთი მოწიწებითა და თაყვანისცემით ეპყრობოდნენ თავიანთ წინამძღოლს. ამ ბოლო კამპანიის დროს ‛ურვა იემენში იყო წასული, როდესაც დაბრუნდა, მან შეიტყო ჰუნაინში მუსლიმთა სასწაულებრივი გამარჯვების შესახებ და სწორედ მაშინ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სანახევროდ უკვე მომწიფებული იყო. მოისურვა, ერთგულების ფიცი მიეცა წინასწარმეტყველისათვის. როდესაც ეს შესარულა, ითხოვა უფლება, ტა'იფში დაბრუნებულიყო და თავისი ხალხი დაერწმუნებინა, ისლამი მიეღოთ. „მოგკლავენ,“ უთხრა წინასწარმეტყველმა. „ღმერთის მოციქულო, მე მათთვის უფრო ძვირფასი ვარ, ვიდრე ნებისმიერი პირველი შვილი, პირმშო.“ „მოგკლავენ-მეთქი,“ გაუმეორა წინასწარმეტყველმა, მაგრამ, როდესაც კაცმა მესამედაც წარმოთქვა თავისი თხოვნა, თანამოსაუბრემ მიუგო: „მაშ, წადი, თუ ასე გსურს.“ მართლაც, ისე მოხდა, როგორც წინასწარმეტყველმა უთხრა, მის სახლს ალყა შემოარტყეს და ისრები დაუშინეს. იგი სასიკვდილოდ დაიჭრა. როდესაც კვდებოდა, თავისიანებმა ჰკითხეს, რას ფიქრობდა საკუთარ სიკვდილზე, რაზეც უპასუხა: „ეს მოწყალებაა, რომელიც ღმერთმა თავის დიდ მოწყალებათაგან მიბოძა.“ შემდეგ სთხოვა, იმ მოწამეებთან ერთად დაემარხათ, რომლებიც ამას წინათ დაეცნენ ტა'იფის ალყის დროს. ეს სურვილი მას შეუსრულეს. როდესაც წინასწარმეტყველმა ყველაფერი შეიტყო, თქვა: „‛ურვა ისეა, როგორც ჲა-სინ-ის1 კაცი. მან ღმერთისაკენ მოუწიდა თავის ხალხს და მას მიანდო ისინი, მათ კი მოკლეს.“2 იგულისხმებოდა ჰაბიბი, დურგალი ანტიოქიიდან. მან თავის ხალხს მოუწოდა, იესოს უწყება მიეღოთ, მას შემდეგ, რაც მათ მოციქული პეტრე და სხვები გააძევეს. იგი მოკლეს. ყურანის სიტყვებით: მას უთხრეს: შედი სამოთხეში. მან თქვა: ნეტავი იცოდეს ჩემმა ხალხმა, როგორ მომიტევა ღმერთმა ჩემი ცოდვები და უხვად მიბოძა თავისი წყალობა!3 ‛ურვას სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა და ძმისშვილმა ტა'იფი დატოვეს და წინასწარმეტყველთან ჩავიდნენ მედინაში, სადაც ისლამი მიიღეს. ისინი თავიანთ ბიძაშვილ მუღირასთან ცხოვრობდნენ, რომელიც ერთ-ერთი მუჰაჯირი იყო.

‛აბდ ალლაჰ იბნ რავაჰას გარდაცვალებამ მუთ'ასთან წინასწარმეტყველს დააკარგვინა არა მხოლოდ ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, არამედ ასევე დასაფასებელი პოეტიც, ვინაიდან ამბობდნენ, რომ წინასწარმეტყველი მის ლექსებს ჰასანისა და ქა‛ბ იბნ მალიქის ქმნილებათა სწორად მიიჩნევდა. ზოგადი აზრის თანახმად, იმხანად არსებობდა განსაკუთრებით გამორჩეული ორი არაბი პოეტი, რომელიც სხვებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. პირველი მათგანი იყო ლაბიდი; მეორე გახლდათ ქა‛ბი, წინა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოეტის, ზუჰაირ იბნ აბი სალმას, ვაჟი. მართალია, მუზაინადან იყო, მაგრამ ქა‛ბს თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ღატაფანთან ჰქონდა გატარებული, ამიტომაც მას არ მიუღია ისლამური ზეგავლენა, რომელიც ესოდენ ძლიერი იყო მის საკუთარ ტომში. მისმა ძმამ, ბუჯაირმა, ისლამი აღიარა ჰუდაიბიას შემდეგ, მაგრამ თვითონ იგი ურჩობდა, არ აპირებდა ახალი სარწმუნოების ცნობას და სატირულ ლექსებს თხზავდა წინასწარმეტყველის შესახებ. ამიტომაც წინასწარმეტყველმა საყოველთაოდ გაავრცელა ცნობა, რომ, ვინც ამ პოეტს მოკლავდა, ის დიდ სამსახურს გაუწევდა ღმერთს. ბუჯაირმა, მართალია, უშედეგოდ, მაგრამ უკვე სცადა ძმის დარწმუნება, წინასწარმეტყველთან მისულიყო და პატიება ეთხოვა. „იგი არ მოკლავს მას, ვინც მასთან მონანიებით მივა,“ უთხრა ბუჯაირმა ძმას. როდესაც მუსლიმებმა მექაში გაიმარჯვეს, მან თავის ძმასთან გაგზავნილ უწყებას თან დაურთო ასეთი ლექსი:

მხოლოდ ღმერთთან, არა ‛უზზასთან და არც ლათთან, შეიძლება იყოს შენი გადარჩენა, თუ შეგიძლია გადარჩენა, იმ დღეს, როდესაც არ იარსებებს გადარჩენა და არც ლტოლვა კაცთაგან,

მხოლოდ ის გადარჩება, ვისი გულიც წმინდაა ღმერთის მორჩილებაში.

იმის გამო, რომ ასე ბევრი ადამიანი იღებდა ისლამს, ქა‛ბს მოეჩვენა, თითქოს მიწა ეცლებოდა ფეხიდან, ძალიან შეეშინდა და მედინაში წავიდა. იქ თავისი მეგობრის, ერთი ჯუჰაინელი კაცის, სახლში მივიდა და ისლამი აღიარა. მეორე დღეს მასთან ერთად მეჩეთში წავიდა და საკრებულოს შეუერთდა. შესრულდა გამთენიის ლოცვა, რის შემდეგაც პოეტი წინასწარმეტყველთან მივიდა, ხელი ხელში ჩაუდო და უთხრა: «ღმერთის მოციქულო, ქა‛ბი, ზუჰაირის ძე, რომ მოვიდეს ახლა შენთან მონანიე, როგორც მუსლიმი, და გთხოვოს ხელშეუხებლობის გარანტია, მიიღებ მას? მიიღებდი მას, ახლა რომ მოგიყვანო აქ?“ როდესაც წინასწარმეტყველმა თანხმობა განუცხადა, პოეტმა თქვა: „ღმერთის მოციქულო, ეს მე ვარ ქა‛ბი, ზუჰაირის ძე.“ ერთ-ერთი ანსარი წინასწარმეტყველს ფეხებში ჩაუვარდა და ნებართვა სთხოვა, პოეტისათვის თავი მოეკვეთა, მაგრამ წინასწარმეტყველმა უთხრა: „არა, იცოცხლოს, რაგდანაც იგი მონანიებით მოვიდა და აღარ არის ისეთი, როგორიც იყო.“ შემდეგ ქა‛ბმა წარმოთქვა ოდა, რომელიც საგანგებოდ შეეთხზა ამ შემთხვევისათვის. ის ტრადიციულ ბედუინურ სტილში იყო, არაჩვეულებრივად ჟღერადი და მელოდიური, ბუნების ცოცხალი აღწერით. მაგრამ მისი მთავარი არსი გახლდათ პატიების თხოვნა. კასიდა მთავრდებოდა წინასწარმეტყველისა და მუჰაჯირების ქებით:

მოციქული სინათლეა, სინათლის წყარო; ინდური მახვილი, ამოწვდილი ხმალი ღმერთის ხმალთაგან, კურეიშის მეგობართა შორის. როდესაც მათ აირჩიეს ისლამი მექის მიდამოებში, კაცებმა თქვეს: „დე, იყოს ასე!“ წავიდნენ, არა უნიათად, როგორც ისინი, ვინც ილტვიან; ამხედრებულნი იყვნენ და მწირად აღჭურვილნი, მაგრამ მაინც გმირები, ამაყნი და კეთილშობილნი, რადგანაც ის ჰქონდათ, რაც დავითმა მოქსოვა.4

როდესაც პოეტმა თავისი ოდის წარმოთქმა დაასრულა, წინასწარმეტყველმა იემენური მოსასხამი მოიხსნა და მას მოადო მხრებზე, რაც მისი ოსტატობის აღიარებას ნიშნავდა.5 მაგრამ შემდეგ თავის ერთერთ მეგობარს უთხრა: „კარგი იქნებოდა, ანსარებზეც ასევე ელაპარაკა, რადგანაც ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.“ წინასწარმეტყველის სურვილმა ქა‛ბის ყურამდე მიაღწია, ამიტომაც მან შექმნა სხვა ოდა ანსარების სადიდებლად, სადაც ხაზს უსვამდა მათ ერთგულებასა და მამაცობას ბრძოლის დროს, მათ მიერ ბოძებული მფარველობის უტყუარობას, სტუმართმოყვარეობასა და ხელგაშლილობას.6

ახლა ცხადი შეიქნა, რომ დიდი ლოდინი აღარ სჭირდებოდათ მარიას ბავშვის დაბადებამდე. სალმა, რომელიც გვერდით ედგა ხადიჯას მისი ყოველი მშობიარობის დროს, უკვე მოხუცი ქალი იყო. ოცდახუთი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც ხადიჯას დაეხმარა ამქვეყნად ფატიმას მოვლინებაში. მაგრამ კატეგორიულად მოითხოვა, წინასწარმეტყველის ამ ახალი ბავშვის დაბადებაში მონაწილეობა მიეღო, ამიტომაც, როდესაც მარიას მშობიარობის დრო მოახლოვდა, სალმაც ზემო მედინაში გადავიდა. ბავშვი ღამე დაიბადა და იმავე ღამეს წინასწარმეტყველს გაბრიელი გამოეცხადა. ანგელოზმა მას ისე მიმართა, როგორც აქამდე არასოდეს: „იბრაჰიმის მამაო.“ როგორც კი ბავშვი დაიბადა, სალმამ თავისი ქმარი, აბუ რაფი‛ი, წინასწარმეტყველთან გაგზავნა იმის საუწყებლად, რომ მას ვაჟიშვილი შეეძინა. მეორე დილით, განთიადის ლოცვის შემდეგ, წინასწარმეტყველმა მეგობრებს ბავშვის დაბადება ახარა. „და მე მას დავარქვი,“ დასძინა მან, «“მამაჩემის სახელი, იბრაჰიმი.“ დიდმა სიხარულმა დაისადგურა მთელ მედინაში, ხოლო ანსარ ქალთა შორის კი ცილობა ატყდა, ვინ იშვილებდა წინასწარმეტყველის ვაჟს. არჩევანი შეჩერდა ერთი მჭედლის ცოლზე ზემო მედინაში. იგი ბავშვის დედასთან ახლოს ცხოვრობდა. წინასწარმეტყველი ძალიან ხშირად მიდიოდა იქ, ყოველდღიურად ნახულობდა ვაჟიშვილს და შუადღის შემდეგ, როგორც წესი, იმ სახლში ისვენებდა.

ხანდახან იბრაჰიმი მიჰყავდათ თავისი მამის სახლში. ‛ა'იშა იგონებდა, რომ ერთხელ წინასწარმეტყველი, ხელში ბავშვით, მასთან შევიდა. „მომგვარე ვინმე ამისი მსგავსი,“ უთხრა ქალს. ცოლმა მიუგო, „მე არ ვიცნობ მის მსგავსს.“ წინასწარმეტყველმა განაგრძო: „ხომ ხედავ, რა სუფთა კანი აქვს და რა ნათელი ფერი?“ ‛ა'იშამ მიუგო: „ყველა, ვინც ამგვარი რძით იკვებება, ასეთივე კარგია.“ ერთ-ერთ მწყემსს დავალებული ჰქონდა, ყოველდღიურად გაეგზავნა საუკეთესო რძე ბავშვის დედობილისათვის. მექიდან დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველი ექვსი თვე დარჩა მედინაში. იმ პერიოდში მან რამდენიმე მცირე სამხედრო ექსპედიცია გაგზავნა. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ‛ალი ხელმძღვანელობდა, მიმართული იყო ტაის წინააღმდეგ. ეს გახლდათ ტომი, რომლის ტერიტორიაც მედინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა. მანამდე წინასწარმეტყველმა ‛ალი გაგზავნა, რათა მას მანათის სამლოცველო დაენგრია კუდაიდში, წითელ ზღვასთან. ამდენად, არაბეთის სამ ყველაზე მნიშვნელოვან წარმართულ სამლოცველოთაგან ახლა მხოლოდ ალლათიღა რჩებოდა ტა'იფში. მაგრამ იყო ასევე ფულსის ტაძარი, რომელიც კერპთაყვანისმცემლობის ცენტრად ქცეულიყო ტაის ტომის იმ ხალხისათვის, ვინც ქრისტიანობას არ აღიარებდა. ამ ბოლო ლაშქრობის მთავარი მიზანი სწორედ აღნიშნული ტაძრის განადგურება გახლდათ. ტაი იყო პოეტ ჰათიმის ტომი. მისმა ვაჟმა, ‛ადიმ, მამის მსგავსად, ქრისტიანმა, მისი გარდაცვალების შემდეგ იგი ჩაანაცვლა, როგორც ტომის ბელადმა.

‛ალისა და მუსლიმი მებრძოლების უეცარი გამოჩენისთანავე ‛ადი თავის ოჯახთან ერთად გაიქცა, მხოლოდ მისი ერთი და ჩამორჩა, რომელიც ტომის ბევრ სხვა წარმომადგენელთან ერთად ტყვედ ჩავარდა. როდესაც ის წინასწარმეტყველს მიჰგვარეს მედინაში, იგი მას ფეხებში ჩაუვარდა და სთხოვა, გაეთავისუფლებინა. „მამაჩემი ყოველთვის ათავისუფლებდა ტყვეებს,“ ამბობდა ქალი, „სტუმრებს კარგად იღებდა, გლახაკებს აპურებდა და ნუგეშს სცემდა სასოწარკვეთილებს. არც მოწყალების მაძიებელთ აქცევდა ზურგს, არც მათ, ვინც კალმასობაზე დადიოდნენ. მე ჰათიმის ქალიშვილი ვარ.“ წინასწარმეტყველმა მას კეთილი სიტყვებით მიუგო, შემდეგ იქ მოყოფებს მიუბრუნდა და უთხრა: „გაუშვით, რადგანაც მამამისს უყვარდა ყოველივე კეთილშობილი, და ღმერთსაც უყვარს ეს ყველაფერი.“

ამასობაში ტაის ტომიდან მოვიდა ერთი კაცი, რომელსაც ქალის გამოხსნა სურდა. წინასწარმეტყველმა იგი მას ჩააბარა, თან აქლემი და ჩინებული ძღვენიც მისცა. ის გზას გაუდგა თავისი ძმის, ‛ადის, საძებნელად და, როდესაც ი პოვა, არწმუნებდა, მედინაში წასულიყო. სწორედ მაშინ მიიღო ცნობილმა პოეტმა ისლამი და ერთგულების ფიცი მისცა წინასწარმეტყველს, რომელმაც დაამტკიცა მისი მმართველობა ტაის ტომზე. ამის შემდეგ ‛ადი სანდო და გავლენიანი მოკავშირე გახდა.

სწორედ ამ პერიოდში იყო, რაჯაბის დასაწყისში, რომ წინასწარმეტყველმა შეიტყო ნეგუსის გარდაცვალების შესახებ. მორიგი სარიტუალო ლოცვის დასრულებისას იგი მეჩეთში შეკრებილ მორწმუნეებს მიუბრუნდა და უთხრა: „დღეს მართალი კაცი გარდაიცვალა. მაშ, ადექით და ილოცეთ თქვენი ძმა აშამასათვის.“428 7 შემდეგ თვითონ აღავლინა დაკრძალვის ლოცვა. სულ მალე აბისინიიდან მოვიდა ამბავი, რომ მეფის საფლავზე მუდმივად მოკაშკაშე სინათლეს ხედავდნენ.8

______________________

1. სურა XXXVI.

2. ვ. 961.

3. XXXVI, 26-7.

4. ყურანის მიხედვით (XXXIV, 10), დავითმა შექმნა ჯაჭვის პერანგი.

5. ი.ი. 893.

6. ი.ჰ. 893.

7. ბ. LXIII, 37.

8. ი.ი. 223.

79 LXXIX. თაბუქი

▲ზევით დაბრუნება


ჰუნაინის ბრძოლის შემდეგ დიდი დრო არ გასულიყო, რომ იმპერატორმა ჰერაკლემ იერუსალიმში ქრისტიანთა ძალაუფლება აღადგინა, რაც მოასწავებდა ბიზანტიელთა საბოლოო გამარჯვების აღსრულებას სპარსელებზე. ეს გამარჯვება ნაწინასწარმეტყველევი იყო გამოცხადებითაც და აღნიშნული გახლდათ, როგორც დღე, როდესაც მორწმუნეები გაიხარებენ. ნამდვილად არსებობდა სიხარულის მიზეზი, რადგანაც სპარსელები საბოლოოდ იქნენ განდევნილნი როგორც სირიიდან, ასევე ეგვი პტიდან. მაგრამ, რაც შეეხება სირიას, აქ ფაქტობრივად ერთი საშიშროება მეორით შეიცვალა, რადგანაც ეს იყო ერთადერთი ადგილი, მიმართულება, საიდანაც ახალ ისლამურ სახელმწიფოს გარკვეული საშიშროება ემუქრებოდა. მედინაში დაირხა ხმა, რომ ჰერაკლემ ერთი წლით ადრე გადაუხადა გასამრჯელო თავის არმიას, რათა მასშტაბური შეტევა მოეწყო იასრიბზე. მეტიც, იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბიზანტიელები სამხრეთის გზას უკვე გამოსდგომოდნენ და თვით ბალკა'ამდე ჩამოსულიყვნენ, თანაც მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ისეთ არაბულ ტომებთან, როგორებიც იყვნენ ლახმი, ჯუზამი, ღასანი და ‛ამილა. ეს ცნობები ნაწილობრივ გაზვიადებული იყო, ნაწილობრივ კი საერთოდაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მეტიც, ჯერ საყოველთაოდ არ იყო ცნობილი, რომ სპარსული კამპანიის დროს ჰერაკლემ იხილა სიზმარი, კერძოდ, სირიაზე იმარჯვებდა ის კაცი, ვინც მან იმ წერილის დამწერთან გააიგივა, რომელიც ადრე მიიღო. ამ წერილში იყო მოწოდება, მას ისლამი მიეღო. სიზმარი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა და იმდენად ჰგავდა ცხადს, რომ ჰერაკლეს აღარ უფიქრია სამხრეთისაკენ გზის გაგრძელებაზე, აღარც სირიაში შესვლაზე. იერუსალიმიდან ის ჰომსის პორტისაკენ გაემართა და იქ წამოაყენა აზრი, წინასწარმეტყველთან ხელშეკრულება დაედო, რომლის თანახმადაც მას სირიას გადასცემდა, ოღონდ იმ პირობით, რომ მუსლიმები არ დაარღვევდნენ აღნიშნული ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს. ამან დიდი პროტესტი გამოიწვია და ჰერაკლე იძულებული გახდა, ასეთ გეგმაზე უარი ეთქვა, მაგრამ მას არ დავიწყებია თავისი სიზმარი.

წინასწარმეტყველიც ასევე დარწმუნებული იყო, ღმერთი გზას გაუხსნიდა მის ისლამურ არმიას სირიისაკენ. შესაძლოა, ჩათვალა, რომ საამისო დრო უკვე დამდგარიყო, თანაც სურდა, თავისი ჯარის ძალები გამოეცადა ჩრდილოეთით. ამიტომაც განაცხადა, რომ ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებდა, და დაიწყო ყველაზე უფრო დიდი და საუკეთესოდ აღჭურვილი არმიის შეკრება, რაც კი მანამდე ახსოვდა ისლამს. აქამდე წინასწარმეტყველს არ ახასიათებდა, თავიდანვე განეცხადებინა თავისი გეგმების შესახებ, და მზადება ყოველთვის საიდუმლოდ მიმდინარეობდა, მაგრამ ამჯერად აღარაფერი დაუმალავს. მან სასწრაფოდ აცნობა მექელებს, რომ მათ უნდა გამოეგზავნათ მაქსიმალურად დიდი შემადგენლობა როგორც საკუთარი, ასევე მოკავშირეების ჯარისა, საუცხოოდ შეიარაღებული და აღჭურვილი, რადგანაც მუსლიმები ახლა ემზადებოდნენ დიდი სამხედრო ოპერაციისათვის სირიაში.

ქრისტეს შობიდან 630 წლის ოქტომბრის დასაწყისი იყო. როგორც წესი, ეს ცხელი დროა, მაგრამ იმ წელს გვალვა იდგა და სიცხე კიდევ უფრო უარესად იგრძნობოდა. გარდა ამისა, მოსავლელი ჰქონდათ ბევრი მწიფე ხილი. ამიტომაც არსებობდა ორი დიდი მიზეზი, რის გამოც ხალხს ომი არ ენდომებოდა. მესამე და ყველაზე მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ საიმპერიო ლეგიონები მსოფლიო მნიშვნელობის რეპუტაციით სარგებლობდნენ. ძალიან ბევრი თვალთმაქცი და მერყევი მუსლიმი მივიდა წინასწარმეტყველთან და ამა თუ იმ მიზეზით ბრძოლისაგან განთავისუფლება სთხოვა, ასევე მოიქცა მრავალი ბედუინიც. იყვნენ მართლმორწმუნენიც, ვინც ბრძოლაში მონაწილეობა ვერ მიიღეს: ქა‛ბ იბნ მალიქი, კიდევ ორი ხაზრაჯელი კაცი და ერთიც ავსელი. მათ განზრახ არ აურიდებიათ თავი ომისათვის. უბრალოდ, იმდენად ნაკლებად სურდათ ამ ექსპედიციაში წასვლა, რომ თავს ვერ აიძულებდნენ, სათანადოდ მომზადებულიყვნენ, საქმეს მუდმივად მეორე დღისთვის დებდნენ და ამასობაში იმდენი დრო გავიდა, რომ მუსლიმთა ჯარი უკვე გზას გაუდგა, მათ კი წასვლა ვეღარ მოასწრეს და ასე დარჩნენ მედინაში. მაგრამ მუსლიმთა უმრავლესობა მაინც სასწრაფოდ შეუდგა მზადებას და მდიდარმა კაცებმა მაშინვე დაიწყეს ერთმანეთთან თათბირი იმის შესახებ, თუ როგორ შეეტანათ ამ ომში ასევე თავიანთი მატერიალური წვლილიც. ‛უსმანმა დამოუკიდებლად გაიღო თანხა, რომელიც საკმარისი იყო ათიათასი კაცის შესაიარაღებლად და ცხენით უზრუნველსაყოფად. მიუხედავად ამისა, ფული მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი ყველასათვის, ვისაც ომში წასვლა უნდოდა. სწორედ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მოიხსენიება გამოცხადებაში „შვიდი მოტირალი“ - ხუთი ღარიბი ანსარი და კიდევ ორი ასეთი ბედუინი, რომელთათვისაც წინასწარმეტყველს არც აქლემი გააჩნდა და არც ცხენი, ამიტომაც ისინი თვალცრემლიანნი წავიდნენ მისგან.

როდესაც ბედუინების მთელი კონტინგენტი ჩამოვიდა, ჯარი ოცდაათიათასკაციანი გამოვიდა, მათ შორის იყო ათიათასი ცხენოსანი. ბანაკი ქალაქგარეთ გამართეს, მას აბუ ბაქრი ხელმძღვანელობდა მანამდე, სანამ ყველაფერი გამზადდებოდა. ამის შემდეგ თვითონ წინასწარმეტყველმა ითავა არმიის გაძღოლა.

წინასწარმეტყველმა ‛ალი დატოვა, რათა მას მისი ოჯახისათვის მიეხედა, მაგრამ წარმართებმა გაავრცელეს ხმები, თითქოს წინასწარმეტყველი მისით რატომღაც უკმაყოფილო იყო და მასთან ერთად ყოფნა არ უნდოდა, ასე აარიდა თავი მის წაყვანას ომში. როდესაც ეს შეიტყო, ‛ალი ძლიერ დამწუხრდა, მაშინვე აისხა იარაღი და აბჯარი და წინასწარმეტყველს პირველსავე გაჩერებაზე დაეწია. უნდოდა, ეთხოვა ომში წასვლის ნებართვა. ისიც მოახსენა, რას ლაპარაკობდნენ ზოგიერთები, მაგრამ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „ისინი ტყუილს ამბობენ. მე შენ იმიტომ გთხოვე დარჩენა, რომ მიხედო იმას, რაც მედინაში დავტოვე და რაც ძვირფასია ჩემთვის. მაშ, წადი და იყავი ჩემი წარმომადგენელი ჩემს ოჯახში, ასევე შენსაშიც. განა კმაყოფილი არა ხარ, ‛ალი, რომ შენ ის უნდა იყო ჩემთვის, რაც აარონი იყო მოსესთვის? მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ჩემს შემდეგ სხვა წინასწარმეტყველი აღარ იქნება.“1

როდესაც ჩრდილოეთისაკენ მიდიოდნენ, ერთხელ მოხდა ისე, რომ წინასწარმეტყველი განწმენდის დროს შეყოვნდა. კაცები უკვე რიგებად დალაგებულიყვნენ და ლოცვისათვის მზად იყვნენ, მას ელოდებოდნენ, მაგრამ ბოლოს უკვე შეეშინდათ, მზე მანამდე ამოვიდოდა, სანამ ილოცებდნენ. ამიტომაც შეთანხმდნენ, რომ მათ უხელმძღვანელებდა ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფი. ლოცვის ორი ციკლიდან ერთი უკვე შესრულებული ჰქონდათ, როდესაც წინასწარმეტყველი გამოჩნდა. ‛აბდ არ-რაჰმანი გვერდზე გადგომას აპირებდა, მაგრამ წინასწარმეტყველმა ანიშნა, იქ დარჩენილიყო, სადაც იყო, ხოლო თვითონ საკრებულოს შეუერთდა. როდესაც მათ წარმოთქვეს მშვიდობის მისალმება, რომელიც ლოცვას ასრულებს, წინასწარმეტყველი წამოდგა და ცალკე ილოცა ის ციკლი, რომელიც დაგვიანების გამო გამოტოვა. დაასრულა და თქვა: „ძალიან კარგად მოიქეცით, რადგანაც, ჭეშმარიტად, წინასწარმეტყველი არ გარდაიცვლება მანამდე, სანამ მას სალოცავად არ წარუძღვება მართალი კაცი თავისი ხალხიდან.“2

ამასობაში მედინაში, მას შემდეგ, რაც დაახლოებით ათი დღე გავიდა ჯარის გამგზავრებიდან, ზემოთ ნახსენებ იმ მორწმუნეთაგან ერთ-ერთი, ვინც სახლში დარჩა, კერძოდ, აბუ ხაისამა ხაზრაჯიდან, თავის ბაღში გავიდა და ხეების ჩრდილს შეეფარა, რათა თავი დაეცვა სიცხისაგან. იქ იყო ორი ფანჩატური. მან იხილა, რომ ორივე მათგანში მის ცოლებს მისთვის სადილი მოემზადებინათ, წყალიც გაეციაბინათ დოქებში, რათა სიამოვნებით დაელია. ის ერთ-ერთი ქოხის ზღურბლზე დადგა და თქვა: „ღმერთის მოციქული მცხუნვარე მზეშია, მას ცხელი ქარი უბერავს, ხოლო აბუ ხაისამა კი გრილ ჩრდილშია, სადილიც გამზადებული აქვს და ორი ლამაზი ქალი ჰყავს გვერდით, ასე ისვენებს იგი განცხრომით!“ შემდეგ თავის ცოლებს მიუბრუნდა და უთხრა: „ღმერთმანი, მე არ შემოვალ არც ერთი თქვენგანის ქოხში, სანამ ჯერ ღმერთის მოციქულს არ დავეწევი. გამიმზადეთ საგზალი.“ ქალებმა თხოვნა შეუსრულეს. კაცი აქლემზე შემოჯდა და მთელი სისწრაფით გაემართა ჯარისაკენ.

დაახლოებით ნახევარი გზა ჰქონდათ გავლილი მედინიდან იერუსალიმამდე და წინასწარმეტყველმა ერთ ღამესაც თქვა: „ხვალ, თუ ღმერთს სურს, თქვენ მიხვალთ თაბუქის წყარომდე. მანამდე ვერ მიხვალთ იქ, სანამ მზე კარგად არ დააცხუნებს. ვინც მასთან მივა, არ შეეხოს წყალს მანამდე, სანამ მე თვითონაც არ მოვალ.“ მაგრამ ორმა კაცმა მაინც სულსწრაფობა გამოიჩინა და წინასწარმეტყველის მისვლამდე დალია წყალი, ამიტომაც, როდესაც მთელი არმია მიადგა მას, წყარო უკვე საგრძნობლად დაცოტავებულიყო. წინასწარმეტყველმა მკაცრად უსაყვედურა ორ კაცს იმის გამო, რაც ჩაიდინეს, შემდეგ კი ბრძანა, ხელით ამოეღოთ ის წყალი, რაც დარჩენილიყო, და ძველი ტყავის ჭურჭელში ჩაესხათ. როდესაც საკმარისი წყალი შეუგროვეს, მან ხელპირი დაიბანა, შემდეგ კი ეს წყალი დაასხა იმ კლდეზე, რომლიდანაც წყარო გამოედინებოდა, ხელები გაშალა და შეუდგა ლოცვას ისე, როგორც ღმერთს სურდა. შემდეგ უეცრად წყალი დიდი ხმაურით მოვარდა და დაიწყო ჩქეფა. ასე მოედინებოდა უწყვეტად მას შემდეგაც, რაც უამრავმა კაცმა დალია და გამოიყენა ეს წყალი. წინასწარმეტყველი მიუბრუნდა მუ‛აზს, რომელიც გვერდით ედგა, და უთხრა: „შესაძლოა, მუ‛აზ, შენი ცხოვრების განმავლობაში იხილო, რომ ამ ადგილას გაშენდება დიდი ბაღები.“ და მომავალში ასეც იყო, როგორც თქვა.

წინასწარმეტყველი დამწუხრებული იყო, რომ ის ოთხი მორწმუნე მასთან ერთად არ იმყოფებოდა ახლა ჯარში, მათ შორის, აბუ ხაისამა, მაგრამ ეს უკანასკნელი რამდენიმე დღეში წამოეწია არმიას მას შემდეგ, რაც ისინი თაბუქს მიადგნენ. როდესაც ეული მხედარი გამოჩნდა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მის გარჩევას შეძლებდნენ, წინასწარმეტყველმა თქვა, რასაც ლოცვის დროსაც ამბობდა ხოლმე: „ნეტავი ეს აბუ ხაისამა იყოს!“ როდესაც კაცი ახლოს მოვიდა და მიესალმა, წინასწარმეტყველმა უთხრა: „ეჰ, აბუ ხაისამა!“ მაგრამ შეიტყო, რაც მოხდა, და მოსული აკურთხა.

ჯარი ოცი დღე იყო დაბანაკებული თაბუქში. ცხადი გახდა, რომ ბიზანტიელთა მხრიდან საშიშროების შესახებ მითქმა-მოთქმა დიდად გადაჭარბებული და უსაფუძვლო იყო. თანაც, ახლა არც დრო დამდგარიყო სირიის დასაპყრობად, რომლის დაპირებაც წინასწარმეტყველმა მიიღო. მაგრამ იმ დღეებში წინასწარმეტყველმა სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ქრისტიანულ და ებრაულ თემებთან, რომლებიც ‛აკაბას ყურის ზედა ნაწილსა და აღმოსავლეთ სანაპიროს გაყოლებაზე ცხოვრობდნენ. მათ ყოველწლიური ხარკი უნდა გადაეხადათ, სამაგიეროდ, დაცვას მიიღებდნენ ისლამური სახელმწიფოსაგან. შემდეგ წინასწარმეტყველი მედინაში დაბრუნდა ჯარის ძირითად ნაწილთან ერთად, ხოლო ხალიდი ოთხასოცი ცხენოსნითურთ დუმათ ალ-ჯანდალში გაგზავნა, რომელიც თაბუქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ეს მნიშვნელოვანი სიმაგრე მედინიდან ერაყისაკენ მიმავალ გზაზე იდგა, ასევე სირიის ერთ-ერთ გზასაც უკავშირდებოდა. უქაიდირი, ამ ადგილის მმართველი, გაკვირვებული დარჩა, როდესაც ნადირობის დროს ის უეცრად ხალიდმა შეი პყრო, დაატყვევა და მედინაში წაიყვანა. იქ მან ალიანსი შეკრა წინასწარმეტყველთან და ისლამი მიიღო.

_____________________

1. ი.ი. 897.

2. ვ. 1012.

80 LXXX. თაბუქის შემდეგ

▲ზევით დაბრუნება


ისევე, როგორც ბადრიდან დაბრუნებისას, თაბუქიდან მედინაში ჩასვლისასაც წინასწარმეტყველს დიდად სამწუხარო ამბავი დახვდა: მისი არყოფნის დროს კიდევ ერთი ქალიშვილი გარდაცვლოდა, ეს უმმ ქულსუმი იყო. ამჯერად ისე მოხდა, რომ მისი ქმარიც წასული იყო. წინასწარმეტყველმა ქალიშვილის საფლავზე ილოცა, შემდეგ კი ‛უსმანს უთხრა, კიდევ რომ ჰყოლოდა გასათხოვარი ქალიშვილი, აუცილებლად ისევ მას მიათხოვებდა.

ის წარმართები, რომლებმაც ექსპედიციაში მონაწილეობა არ მიიღეს, ახლა ბოდიშებით მიადგნენ წინასწარმეტყველს. მანაც აპატია, მაგრამ შეახსენა, რომ ღმერთმა მაინც იცოდა მათი გულის ყველაზე დამალული ფიქრებიც კი. რაც შეეხება იმ სამ მორწმუნეს, რომელიც მასთან ერთად არ წავიდა საომრად, წინასწარმეტყველმა თქვა, რომ ჯერ-ჯერობით მასთან არ მოსულიყვნენ, სანამ ღმერთი არ გადაწყვეტდა მათ ამბავს, სხვა მორწმუნეებს კი უთხრა, მათ არ დალაპარაკებოდნენ. ორმოცდაათი დღე იცხოვრეს ასე გარიყულად, მაგრამ ამის შემდეგ განთიადის ლოცვაზე წინასწარმეტყველმა განხცადა, რომ ღმერთმა მათ მიუტევა თავიანთი ცოდვა. ეს სულ ახლახანს მოსულ გამოცხადებაში ჩანდა: როდესაც დედამიწა მთელი თავისი სიფართოვით მათთვის დავიწროვდა და მათი სულები იწროებაში / შეჭირვებაში აღმოჩნდა და მათ დაიწყეს ფიქრი, რომ არ არსებობს თავშესაფარი ღმერთისაგან, თუ არა თვითონ მასში, მაშინ მიუბრუნდა იგი მათ, რათა ისინიც შებრუნებულიყვნენ მონანიებით მისკენ. ჭეშმარიტად, ის ყოვლად მოწყალეა, მწყალობელი.1 საკრებულომ გაიხარა და ბევრი მორწმუნე სასწრაფოდ გაეშურა მეჩეთიდან, რათა სამი კაცისათვის კარგი ამბავი ეცნობებინა. მათგან ყველაზე ახალგაზრდას, ქა‛ბ იბნ მალიქს, კარავი გაეშალა განმარტოებით ქალაქგარეთ და მომდევნო წლებში ყვებოდა, როგორ გაიგონა, რომ მისკენ მხედარი მიაჭენებდა და თან ეძახდა: «ქა‛ბ, კარგი ამბავი!“ ახალგაზრდა მაშინვე მუხლებზე დაეცა, რადგანაც ცხადი იყო, ახლა მხოლოდ ერთი კარგი ამბავი შეიძლებოდა არსებულიყო მისთვის. შემდეგ იგი პირდაპირ მეჩეთში წავიდა. „როდესაც წინასწარმეტყველს მივესალმე, მას სიხარულისაგან სახე გაცისკროვნებული ჰქონდა და მითხრა: „გაიხარე, რადგანაც შენთვის ყველაზე უფრო სასიხარულო დღე დადგა მას შემდეგ, რაც დედამ გშვა.“ მე ვკითხე: „ღმერთის მოციქულო, ეს შენგანაა თუ უფლისაგან?“ „უფლისაგან,“ მიპასუხა. როდესაც წინასწარმეტყველი რაიმე კარგი ამბის გამო იყო გახარებული, მისი სახე ისე ბრწყინავდა, რომ მთვარეს ჰგავდა.“2

მართალია, მალიქმა, ჰავაზინის ლიდერმა, ისლამი მიიღო, მაგრამ ბანუ საკიფი ხშირად ამაყობდა იმით, რომ მათი ქალაქი შეუღწევადი აღმოჩნდა და არ დაეცა, ტა'იფი ასე ურყევად იდგა. მაგრამ მათ გარშემო ახლა სულ მუსლიმები ცხოვრობდნენ და ნებისმიერი ქარავანი, რომელიც ამ ქალაქიდან გაიგზავნებოდა, თავისთავად აღმოჩნდებოდა თავდასხმის ობიექტი. მეტიც, რისკის გარეშე თვით თავიანთი საქონლის გაყვანაც კი აღარ შეეძლოთ საძოვარზე, რადგანაც მათ მალიქის ხალხი ჩაიგდებდა ხელში, თანაც მას გაცემული ჰქონდა ბრძანება, რომ მოეკლათ ნებისმიერი საკიფელი, თუ ის თავის კერპთაყვანისმცემლობას არ მიატოვებდა და ერთ ღმერთს არ აღიარებდა. რამდენსამე თვეში მათთვის ცხადი გახდა, რომ არჩევანი აღარ ჰქონდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, დელეგაცია გაეგზავნათ წინასწარმეტყველთან და ეთხოვათ, ისლამის მიღების შემთხვევაში მათთვის უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტია მიეცა, მათ შორის, საქონელსა და საკუთრებაზე.

მუსლიმთა ჯარი თაბუქიდან რამადანის დასაწყისში დაბრუნდა და სწორედ იმავე თვეს ჩავიდა მედინაში დელეგაცია ტა'იფიდან. ისინი ძალიან კარგად მიიღეს და კარავი გაუშალეს მეჩეთის მახლობლად. თავისთავად იგულისხმებოდა, რომ, თუ ისლამს მიიღებდნენ, მათი ტერიტორია დაცული იქნებოდა ისლამური სახელმწიფოს მიერ. მაგრამ წინასწარმეტყველი არ დაეთანხმა მათ რამდენსამე მეორეხარისხოვან მოთხოვნას. სთხოვეს, უფლება მიეცა, ალ-ლათის ტაძარი და თვით კერპი შეენარჩუებინათ სამი წლის განმავლობაში. როდესაც უარი მიიღეს, ორი წელი ითხოვეს, შემდეგ ერთი, ბოლოს კი სულ ერთი თვე, მაგრამ წინასწარმეტყველმა ამაზეც კატეგორიული უარი განუცხადა. მაშინ სთხოვეს, არ ეიძულებინა ისინი, საკუთარი ხელით გაენადგურებინათ თავიანთი კერპები. ამასთანავე სთხოვეს, უფლება მიეცა, ხუთჯერ არ ელოცათ დღის განმავლობაში, მაგრამ წინასწარმეტყველმა ამ უკანასკნელ თხოვნაზეც უარი უთხრა და აუხსნა, რომ აუცილებლად უნდა ელოცათ: „არ არსებობს არავითარი სიკეთე სარწმუნოებაში, თუ მას არ გააჩნია კანონიკური ლოცვა.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა შეუსრულა სურვილი და გაათავისუფლა კერპების განადგურების მოვალეობისაგან, ანუ მისცა უფლება, საკუთარი ხელით არ გაეკეთებინათ ეს. სამაგიეროდ, დელეგაციას ამ მიზნით სამშობლოში დაბრუნებისას გააყოლა მუღირა, ‛ურვას ძმისშვილი, და დაავალა, ალლათი და სხვა კერპები მოესპო, თანაც ამ საქმეში დასახმარებლად მექიდან აბუ სუფიანი წაეყვანა.

მას შემდეგ, რაც დელეგაციის წევრებმა ისლამი მიიღეს, რამადანის დანარჩენი დღეების განმავლობაში მედინაში იმარხულეს, მხოლოდ ამის შემდგომ დაბრუნდნენ ტა'იფში. მართალია, აბუ სუფიანი მათ შეუერთდა მექაში, მაგრამ მუღირამ მაინც მარტომ დაამსხვრია ალ-ლათი. მისმა კლანმა გარკვეული ზომები მიიღო მის დასაცავად, რადგანაც მათ ეშინოდათ, იგივე ბედი ეწეოდა, რაც ‛ურვას, მაგრამ არავის არ შეუშლია ხელი ქალღმერთის განადგურებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს მრავალი ქალი მოთქვამდა.

მაგრამ ტა'იფში იყო ორი კაცი, ისინი არც მისი მოქალაქეები იყვნენ და არც ალ-ლათის თაყვანისმცემელნი, მაგრამ იმის გამო, რაც მოხდა, მაინც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. როდესაც წინასწარმეტყველმა მექა დაიკავა, აბუ ‛ამირმა, ჰანზალას მამამ, და ვაჰშიმ, შუბის მტყორცნელმა, თავი შეაფარეს ტა'იფს, რომელიც შეუღწევადი ციხესიმაგრე იყო და, ამდენად, შეუვალი ჩანდა. მაგრამ ახლა სად უნდა წასულიყვნენ? აბუ ‛ამირი სირიაში გადაიხვეწა და იქ გარდაიცვალა. აღესრულა, როგორც „მარტო და უსახლკარო ლტოლვილი,“ ასე იქცა რეალობად ის წყევლა, რომელიც ძალაუნებურად თვითონვე დაადო საკუთარ თავს. ვაჰში ჯერ კიდევ მერყეობდა და არ იცოდა, სად წასულიყო, როდესაც ერთ-ერთმა საკიფელმა კაცმა იგი დაარწმუნა, რომ წინასწარმეტყველი არაფრით არ მოკლავდა ადამიანს, ვინც ისლამს მიიღებდა. ამიტომაც ის მედინაში წავიდა, წინასწარმეტყველს შეხვდა და ახალი სარწმუნოება მიიღო. მართალია, ასე მოიქცა, მაგრამ იქ მყოფმა ერთ-ერთმა მორწმუნემ შეიცნო ჰამზას მკვლელი და თქვა: „ღმერთის მოციქულო, ეს ხომ ვაჰშია.“ „იცოცხლოს,“ უპასუხა წინასწარმეტყველმა, „რადგანაც ჩემთვის ერთი კაცის ისლამი გაცილებით უფრო ძვირფასია, ვიდრე ათასი ურწმუნოს მოკვლა.“ შემდეგ თვალები მიაპყრო თავის წინაშე მდგარი ახლად მოქცეულის შავგრემან სახეს. „მართლა ვაჰში ხარ?“ ჰკითხა წინასწარმეტყველმა და, როდესაც მან თავი დაუკრა, დასძინა: „დაჯექი და მომიყევი, როგორ მოკალი ჰამზა.“ როცა შუბის მტყორცნელმა თავისი ამბის თხრობა დაასრულა, წინასწარმეტყველმა უთხრა: «ვაი, განმაშორე შენი სახე, რათა აღარასოდეს დაგინახო კიდევ!“3

რაც შეეხება აბუ ‛ამირის ბიძაშვილს, იბნ უბაის, თაბუქის შემდგომ თვეს ის სერიოზულად გახდა ავად და რამდენსამე კვირაში ცხადი შეიქნა, რომ კვდებოდა. ტრადიციულ წყაროებში მოცემული ცნობები ურთიერთსაწინააღმდეგოა მისი სულის მდგომარეობის შესახებ გარდაცვალების მომენტში, მაგრამ ყველგან ერთხმადაა აღნიშნული, რომ წინასწარმეტყველი თვითონ ხელმძღვანელობდა დაკრძალვას და საბოლოო ლოცვაც თვითონვე აღავლინა. ერთი ტრადიციის თანახმად, როდესაც წინასწარმეტყველმა უკვე დაიკავა თავისი ადგილი სალოცავად, მასთან ‛უმარი მივიდა და პროტესტი გამოთქვა, რადგანაც მიაჩნდა, რომ ასეთი პატივი არ უნდა დასდებოდა წარმართს. მაგრამ წინასწარმეტყველმა ღიმილით უთხრა: „‛უმარ, ჩემს უკან დადექი, ვინაიდან მე უკვე მომეცა არჩევანი და ის გავაკეთე. ასე მითხრეს: ითხოვ მიტევებას მათთვის თუ არა, თუნდაც სამოცდაათჯერ ითხოვო მათთვის მიტევება, ღმერთი მაინც არ მიუტევებს.4 და, თუ მეცოდინებოდა, რომ ღმერთი მას მიუტევებდა სამოცდაათზე მეტჯერ ლოცვის შემთხვევაში, ნამდვილად გავზრდიდი ლოცვათა რაოდენობასა და ვედრებას.“5 შემდეგ ილოცა, პროცესიას წარუძღვა და ზედ საფლავის პირას დადგა. სულ მალე ისევ მოვიდა გამოცხადება, რომელიც შეიცავდა აიებს წარმართთა შესახებ: ნურასოდეს ნუ ილოცებ დაკრძალვის ლოცვას ერთ-ერთი მათგანისათვის, ვინც კვდება, ნურც მისი საფლავის გვერდით დადგები, რადგანაც მათ ნამდვილად არ სწამდათ ღმერთი და მისი მოციქული და ამ უმეცრებაში გარდაიცვალნენ.6 მაგრამ, სხვა ტრადიციის თანახმად,7 ეს გამოცხადება უკვე მოსული იყო, ის უშუალოდ თაბუქიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო წინასწარმეტყველმა და აღარ ეხებოდა იბნ უბაის, რადგანაც, როდესაც წინასწარმეტყველი მის სანახავად მივიდა, იხილა, რომ ავადმყოფობასა და მოახლოებულ სიკვდილს იგი სრულიად შეეცვალა. მან წინასწარმეტყველს სთხოვა, მისთვის მოსასხამი მიეცა, რომელშიც გარდაცვალების შემდეგ გაახვევდნენ, ასევე სთხოვა, მის დაკრძალვაზე ყოფილიყო. წინასწარმეტყველმა თანხმობა განუცხადა. შემდეგ მომაკვდავმა დასძინა: „ღმერთის მოციქულო, იმედი მაქვს, დადგები ჩემი სამარის პირას და ილოცებ, რომ ღმერთმა მომიტევოს ჩადენილი ცოდვები.“ წინასწარმეტყველმა ისევ თანხმობა განუცხადა იბნ უბაის და შეუსრულა კიდეც სიტყვა გარდაცვალების შემდეგ. ამ კაცის შვილი, ‛აბდ ალლაჰი, ყველა აღნიშნულ შემთხვევას ესწრებოდა, საუბარსაცა და დაკრძალვასაც.

საკიფი არ იყო ერთადერთი ტომი, რომელმაც დელეგაცია მიავლინა წინასწარმეტყველთან. ძალიან ბევრი დელეგაცია მოვიდა მედინაში არაბეთის ყოველი კუთხიდან მაშინ, ჰიჯრის მეცხრე წელს, რომელიც ცნობილია, როგორც „მისიათა, დელეგაციათა მოსვლის წელიწადი.“ გამოგზავნილთაგან იყო ხალხი იემენის სხვადასხვა ნაწილიდან. სხვათა შორის, ჩამოტანილ იქნა წერილები ოთხი ჰიმიარელი უფლისწულისაგან. აცხადებდნენ, რომ ისლამი მიიღეს, კერპთაყვანისმცემლობა უარყვეს და ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეს წარმართობასთან. წინასწარმეტყველი ყველას გულითადად პასუხობდა. ის მუდმივად განმარტავდა, რომ ებრაელები და ქრისტიანები, რომლებიც თავიანთი სარწმუნოების შენარჩუნებას მოინდომებდნენ, არ უნდა ეიძულებინათ, ისლამი მიეღოთ, სამაგიეროდ, მათ სპეციალური გადასახადი უნდა გადაეხადათ. ამ შემთხვევაში ისინი დაცულ ხალხად ჩაითვლებოდნენ და ღმერთისა და მისი მოციქულის მფარველობის ქვეშ იქნებოდნენ.8 ცოტა ხნის წინათ მიღებულ გამოცხადებაში ამ რელიგიურ განსხვავებათა შესახებ ნათქვამი იყო: თითოეულისათვის ჩვენ გამოვყავით კანონი და გზა; და ღმერთს რომ სდომნოდა, ის შეძლებდა თქვენს გადაქცევას ერთ ხალხად... მაშ, იცხოვრეთ ერთად კეთილი თანამშრომლობით. ღმერთს დაუბრუნდებით და მაშინ გამცნობთ ის იმის შესახებ, რითაც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდით.9

ყველა მისია არ ყოფილა გადამწყვეტი. ‛ამირ იბნ ტუფაილი, კაცი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ბი'რ მა‛უნასთან გამართულ ხოცვა- ჟლეტაზე, ახლა ბანუ ‛ამირის ტომის ბელადი გამხდარიყო. თავისმა ხალხმა მას ძალა დაატანა, მედინაში წასულიყო. მაგრამ იგი პატივმოყვარე კაცი გახლდათ და ისლამის მიღების სანაცვლოდ წინასწარმეტყველს სთხოვა, თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა. „ეს არ არის განკუთვნილი არც შენთვის და არც შენი ხალხისათვის,“ მიუგო წინასწარმეტყველმა. „მაშინ კარვის მკვიდრთა უფროსად მაქციე, შენ კი სოფლის მცხოვრებნი დაიტოვე,“ უთხრა ‛ამირმა. „არა, არც ეს,“ უპასუხა წინასწარმეტყველმა, „არამედ მე შენ ჩაგაბარებ მთელ კავალერიას, ვინაიდან არაჩვეულებრივი ცხენოსანი ხარ.“ მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ბედუინი ბელადისათვის. „მაშ, მეტი არაფერი არ მეკუთვნის?“ იმედგაცრუებულმა თქვა მან, „მთელ დედამიწას აღვავსებ შენი მოწინააღმდეგე ცხენოსნებითა და ქვეითებით.“ როდესაც ის წავიდა, წინასწარმეტყველმა ილოცა: „ღმერთო, დააყენე ჭეშმარიტ გზაზე ბანუ ‛ამირი და ააცილე ისლამს ‛ამირი, ძე ტუფაილისა.“ მართლაც, ‛ამირი მოულოდნელად დაიღუპა გზაში, სანამ თავის ტომთან ჩააღწევდა. ხალხმა ახალი დელეგაცია გაგზავნა წინასწარმეტყველთან და საბოლოოდ ყველაფერზე შეთანხმდნენ. წარგზავნილთა შორის იყო პოეტი ლაბიდიც, რომელმაც ახლა ისლამი მიიღო. ამბობენ, მას პოეზიაზე უარის თქმა უნდოდა. „ამის სანაცვლოდ ღმერთმა ყურანი მომცა,“ ამბობდა იგი. მაგრამ შემდეგ მაინც განაგრძო ლექსების თხზვა სიცოცხლის ბოლომდე, ამჟამად უკვე მთელი თავისი ნიჭიერება ახალი სარწმუნოების სამსახურში ჩააყენა.

პილიგრიმობის დრო ახლოვდებოდა და წინასწარმეტყველმა ამ საქმის მოსაგვარებლად აბუ ბაქრი დაადგინა. იგი მედინიდან სამასი კაცით გავიდა. სულ მალე მოვიდა გამოცხადება, რომელიც აუციულებლად უნდა სცოდნოდა ყველას, მუსლიმსაცა და წარმართსაც, ვინც მექის გზას გასდგომოდა. „არავინ არ შეიძლება შემენაცვლოს, თუ არა ჩემი სახლის კაცი,“ თქვა წინასწარმეტყველმა და ‛ალის უბრძანა, სასწრაფოდ დასწეოდა პილიგრიმებს. მას უნდა წარმოეთქვა გამოცხადებული აიები მინას ველზე და ნათლად განემარტა, რომ ურწმუნოები უკვე ვეღარასოდეს შევიდოდნენ წმინდა ტერიტორიაზე, ეს ბოლო პილიგრიმობა იყო წარმართებისათვის.

როდესაც ‛ალი მომლოცველებს წამოეწია, აბუ ბაქრმა ჰკითხა, იმიტომ ხომ არ მოდიოდა, რომ მას უნდა გადაებარებინა ამ ექსპედიციის ხელმძღვანელობა, მაგრამ ‛ალიმ უთხრა, რომ მისი მბრძანებლობის ქვეშ რჩებოდა, ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ ხალხთან, ლოცვას წარუძღვნენ და იქადაგეს. დღესასწაულის დღეს, როდესაც ყველა პილიგრიმი მინას ველზე შეკრებილიყო მსხვერპლშესაწირად, ‛ალიმ განაცხადა ღვთიური აიები. წარმართებს ოთხი თვე მიეცათ თავიანთი საქმეების მოსაგვარებლად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ამის შემდეგ წინასწარმეტყველი და ისლამური სახელმწიფო ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდნენ მათ წინაშე. კერპთაყვანისმცემელთა წინააღმდეგ გამოცხადდებოდა ომი და გაცემული იქნებოდა ბრძანება, ნებისმიერი მათგანი მოეკლათ ან ტყვედ ჩაეგდოთ, სადაც კი პოვებდნენ.10 მხოლოდ ორი გამონაკლისი გაკეთდა: ის ეხებოდა იმ წარმართებს, რომელთაც განსაკუთრებული ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული წინასწარმეტყველთან და მას ერთგულად ასრულებდნენ; ეს ხელშეკრულებები იმ ვადით იქნებოდა შენარჩუნებული, რაც მითითებული იყო თვით მათში. გარდა ამისა, თუ რომელიმე ცალკეული წარმართი მფარველობას ითხოვდა, მას ის უნდა მისცემოდა და გადაყვანილი ყოფილიყო უსაფრთხო ადგილას, მაგრამ მისთვის ისლამი უნდა ექადაგათ. იყო კიდევ ერთი აია, რომელიც თითქოს მიმართული იყო ახლად მოქცეული მექელებისადმი, რომელთაც ეშინოდათ, რომ კერპთაყვანისმცემლებისადმი მიმართული ასეთი სანქციები მნიშვნელოვანწილად შეამცირებდა ვაჭრობის ეფექტურობასა და ასევე მდიდრული საჩუქრების მიღების შანსს: თქვენ, ვისაც გწამთ, კერპთაყვანისმცემლები უწმინდურნი არიან. ამიტომაც ნუ მისცემთ მათ უფლებას, ხელშეუხებელ მეჩეთში მივიდნენ წლევანდელი წლის შემდეგ. და, თუ სიღარიბისა გეშინიათ, ღმერთი გაგამდიდრებთ თავისი გულუხვობით. ჭეშმარიტად, ღმერთი ყოვლისმცოდნეა, უსასრულოდ ბრძენი.11

წინასწარმეტყველი სახლში დარჩა თითქმის მთელი დანარჩენი წელიწადი, რომელიც მეათე იყო ჰიჯრის შემდეგ. იბრაჰიმი უკვე დადიოდა და ლაპარაკსაც იწყებდა. ჰასანსა და ჰუსეინს ახლა უკვე პატარა დაც ჰყავდათ, რომელსაც დეიდის პატივსაცემად ზეინაბი უწოდეს. ფატიმა მეოთხე ბავშვს ელოდებოდა. ოჯახის ახლობელთაგან კიდევ იყო ჯა‛ფარის სამი ვაჟი. ახლა ისინი აბუ ბაქრის გერები იყვნენ, რადგანაც მან შეირთო მათი დედა, ასმა'ი. ქალი მისგან ისევ ელოდა ბავშვს. წინასწარმეტყველისათვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო ამ ქალის და, უმმ ალ-ფადლი. მექაში ხშირად ნახულობდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ‛აბბასი მედინაში გადავიდა, წინასწარმეტყველი მათი სახლის კიდევ უფრო ხშირი სტუმარი გახდა. მისი უფროსი ვაჟიშვილი, რომლის მიხედვითაც იწოდებოდა, ახლა უკვე გაზრდილიყო, კაცობაში შედიოდა და მრავალ ქებას იმასხურებდა. სულ მცირე, ერთხელ, როდესაც მაიმუნას ჯერი იყო, წინასწარმეტყველი მიეღო, მან თავისი ძმისშვილი, ფადლი, მიიწვია, რათა მათთან დარჩენილიყო.

დელეგაციები ისევ მოდიოდა, როგორც გასულ წელს. ერთ-ერთი ასეთი მისია ნაჯრანის ქრისტიანებისაგან მოვიდა. მათ ხელშეკრულების დადება სურდათ წინასწარმეტყველთან. ისინი ბიზანტიური წესის ქრისტიანები იყვნენ და მანამდე მნიშვნელოვან დახმარებას იღებდნენ კონსტანტინოპოლიდან. წარგზავნილი პირები სულ სამოცნი იყვნენ. ისინი მეჩეთში მიიღეს და, როდესაც ლოცვის დრო დაგდა, წინასწარმეტყველმა ნება დართო, იქვე ელოცათ. მათ აღმოსავლეთისაკენ შებრუნებულებმა ილოცეს.

იმ აუდიენციის დროს, რომელიც ნაჯრანელებს ჰქონდათ, მხარეები შეეხნენ მრავალ დოქტრინალურ საკითხს და გარკვეული უთანხმოება წარმოჩინდა ქრისტეს პიროვნების შესახებ. შემდეგ მოვიდა გამოცხადება: ჭეშმარიტად, იესოს მსგავსება ღმერთთან ისეთივეა, როგორც ადამისა. მან შექმნა იგი მტვრისაგან,12 შემდეგ უთხრა: „იყავი!“ და იგი იყო. ეს არის ჭეშმარიტება შენი ღმერთისაგან, მაშ, ნუ იქნები ეჭვიანთაგანი. და, ვინც შენ გეკამათება მის შესახებ მას შემდეგ, რაც ამ ცოდნამ მოაღწია შენამდე, უთხარი: მოდით თქვენ და შევკრიბოთ ჩვენი ვაჟები და თქვენი ვაჟები, ჩვენი ქალები და თქვენი ქალები, ჩვენ და თქვენ. შემდეგ განვსჯით ჩვენ და დავადებთ ღმერთის წყევლას მას, ვინც ტყუის.13 წინასწარმეტყველმა ეს გამოცხადება ქრისტიანთა წინაშე წარმოთქვა და ისინი თავის ოჯახთან შესახვედრად და დისპუტის იქ გასაგრძელებლად მიი პატიჟა, როგორც შემოთავაზებულ იქნა. მათ უთხრეს, რომ მოიფიქრებდნენ. მეორე დღეს, როდესაც წინასწარმეტყველთან მივიდნან, ნახეს, ‛ალი მასთან იყო, მათ უკან იდგნენ ფატიმა და მისი ორი ვაჟი. წინასწარმეტყველს დიდი მოსასხამი ჰქონდა მოგდებული მხრებზე, ახლა მან ის გაშალა და თავისი კალთის შიგნით მოაქცია ყველა, ისე, რომ თვითონაც მათთან ერთად იყო შიგნით. სწორედ ამიტომ ეს ხუთი მთლიანობაში მოწიწებით მოიხსენიება, რგორც „მოსასხამის ხალხი.“ რაც შეეხება ქრისტიანებს, მათ თქვეს, რომ ისინი მზად არ იყვნენ ამ რელიგიური უთანხმოებების განსახილველად ასეთ ვითარებაში. წინასწარმეტყველმა მათთან კარგი ხელშეკრულება დადო, ისეთი, როგორიც სურდათ. ამ შეთანხმების მიხედვით, ქრისტიანებს გადასახადი უნდა გადაეხადათ, სამაგიეროდ, ისლამური სახელმწიფო დაიცავდა მათ, აგრეთვე ეკლესიებსა და ყოველგვარ საკუთრებას.

ამ წლის პირველი თვეების უღრუბლო ბედნიერება უეცრად შეცვალა იბრაჰიმის ავადმყოფობამ. სულ მალე ცხადი გახდა, ვერ გადარჩებოდა. მას დედა და დეიდა, სირინი, უვლიდნენ. წინასწარმეტყველიც მუდმივად ნახულობდა. იგი ბავშვთან იყო, როდესაც ის გარდაიცვალა. იბრაჰიმს უკვე სული ამოსდიოდა, მამამ ხელში აიყვანა და თან ცრემლად იღვრებოდა. ის ფაქტი, რომ მან ხმამაღალი გოდება აკრძალა, ბევრმა არასწორად გაიგო და ახლაც მასთან მყოფმა ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფმა უთხრა: „ღმერთის მოციქულო, თუ სხვა მუსლიმები დაინახავენ, რომ შენ ტირი, მაშინ ისინიც იტირებენ.“ წინასწარმეტყველმა ტირილი განაგრძო და, როდესაც ლაპარაკი შეძლო, თქვა: „მე ეს არ ამიკრძალავს. ეს სინაზიდან და მოწყალებიდან მომდინარეობს და ის, ვინც არ არის მოწყალე და არავინ არ ეცოდება, არც თვითონ იქნება შეწყალებული და არავის არ შეეცოდება იგი. ჰოი, იბრაჰიმ, რომ არ არსებობდეს ხელახლა შეხვედრისა და გაერთიანების დაპირება, რომელიც ჭეშმარიტია, ის, რომ უკანასკნელი, ვინც აქ დარჩა, მალევე წამოეწევა მას, ვინც პირველი წავიდა, მაშინ კიდევ უფრო დიდად დავმწუხრდებოდით და მძიმე იქნებოდა ჩვენი გლოვა. ნამდვილად გაოგნებულნი ვართ შენზე დარდისაგან, ჰოი, იბრაჰიმ. თვალი თვითონ ტირის და გული დარდობს, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით არაფერს, რაც შეურაცხყოფდა უფალს.“14

წინასწარმეტყველმა მარია და სირინი ანუგეშა, დაარწმუნა, რომ იბრაჰიმი სამოთხეში იყო. შემდეგ ისინი ცოტა ხნით დატოვა და ‛აბბასთან და ფადლთან წავიდა. მათგან ყველაზე ახალგაზრდამ ბავშვის სხეული განბანა, უფროსები უცქერდნენ. შემდეგ კი ბიჭი თავისი პატარა სამარისაკენ წაასვენეს. წინასწარმეტყველი ისევ თვითონ მიუძღვოდა პროცესიას, საფლავის პირას დადგა და ილოცა მას შემდეგ, რაც უსამამ და ფადლმა ბავშვის ცხედარი სამარეში ჩაასვენეს. როდესაც საფლავი მიწით დაფარეს, წინასწარმეტყველი ისევ იქ იდგა. ტიკით წყალი მოატანინა და საფლავს აპკურა. მიწა ერთგვარად უსწორმასწოროდ დარჩენილიყო, ეს შეამჩნია და თქვა: „როდესაც რომელიმე თქვენგანი რაიმეს აკეთებს, სრულყოფილად გააკეთოს.“ მიწა საკუთარი ხელის გულით მოასწორა და ამ ქმედების შესახებ თქვა: „ეს არც რაიმეს აფუჭებს და არც აკეთებს, უბრალოდ, სიამოვნებას ჰგვრის გარდაცვლილის სულს.“15

წინასწარმეტყველს ბევრჯერ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ აუცილებელია სრულყოფილებისაკენ სწრაფვა ადამიანთა მიწიერი ქმედებების დროსაც. მისი გამონათქვამები ადასტურებს, რომ ეს განზრახვა უნდა ულაპარაკოდ ჰქონდეს ყოველ ადამიანს. ‛ალიმ ასე შეაჯამა წინასწარმეტყველის რჩევები ამასთან დაკავშირებით: „ამქვეყნად ისე მოიქეცით, თითქოს სამუდამოდ იცოცხლებთ მასში, საიქიოსათვის კი ისე მოიქეცით, თითქოს ხვალვე კვდებით.“16 მუდმივი მზადყოფნა გარდაცვალებისათვის სიფხიზლეს ნიშნავს. „ამქვეყნად ისე იყავით, როგორც ვინმე უცხო, გამვლელი,“ იტყოდა ხოლმე წინასწარმეტყველი.

იბრაჰიმის სიკვდილის დღეს, სულ ცოტა ხნის შემდეგ მისი დაკრძალვიდან, მზე დაბნელდა. როდესაც ხალხმა ეს წინასწარმეტყველის თავს დატრიალებულ უბედურებას დაუკავშირა, მან თქვა: „მზე და მთვარე ღმერთის სასწაულებრივ ნიშანთაგან ერთ-ერთი გამოვლინებაა. მათი სინათლე არ დაიკლებს არც ერთი ადამიანის გარდაცვალების გამო. თუ დაინახავთ, რომ ისინი დაბნელდა, უნდა ილოცოთ მანამდე, სანამ მათი ნათელი ისევ სრულად არ გამობრწყინდება.“17

_______________________

1. IX, 118.

2. ი.ი. 912.

3 ი.ი. 566.

4. IX, 80.

5. ი.ი. 927.

6. IX, 84.

7. მირხონდი, რავდათ ას-საფა', II, ტ. 2, გვ. 671-2, სადაც მოცემულია ადრეული წყაროები. იხ. ასევე ბ. XXIII, 76.

8. ი.ი. 956.

9. V, 48.

10. წყალობის სიტყვათა უქონლობა ხაზს უსვამს ამ უწყების სიმკაცრეს. სწორედ მისით იწყება მეცხრე სურა, ერთადერთი, რომელსაც არა აქვს წამძღვარებული სიტყვები: ბისმი ლლაჰი რ-რაჰმანი რ-რაჰიმ.

11. IX, 28.

12. აქ ასევე უნდა ვიგულისხმოთ სიტყვები „თავისი დედის წიაღში,“ რადგანაც უდავოა, რომ იესო არ შექმნილა ზრდასრული, როგორც ადამი. ამ ორი შექმნის შედარების არსი შემდეგში მდგომარეობს: ის უჩვენებს ღმერთის უშუალო ჩარევას ორივე შემთხვევაში.

444. ყ. III, 59-61.

445. ი.ს. I/I, 88-9.

446. ი.ს. I/I, 88-9.

447. ბ. LXXXI, 3.

448. ი.ს. იქვე.

81 LXXXI. ხარისხები

▲ზევით დაბრუნება


საკმაოდ ხშირად არ გააჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო ხანებში ისლამს იღებდნენ. ამასთან დაკავშირებით კიდევ მოვიდა გამოცხადება: უდაბნოს არაბები ამბობენ: ჩვენ გვაქვს რწმენა. შენ თქვი: რწმენა თქვენ არა გაქვთ, მაგრამ თქვით: „ჩვენ მივენდობით,“ რადგანაც რწმენა ჯერ არ შემოსულა თქვენს გულებში. და, თუ ღმერთსა და მის მოციქულს დაემორჩილებით, ის აუცილებლად დაგიხსნით იმისაგან, რასაც აკეთებთ.1

ამ აიამ დაასრულა ისლამის იერარქია. მინდობა რწმენის გარეშე უმდაბლესი ხარისხი იყო. უმაღლესი ხარისხები, ანუ რწმენის ხარისხები, არის თემა, უფრო სწორად, ერთ-ერთი თემა სინათლის აიისა, რომელიც წინასწარმეტყველს ჰუდაიბიას შეთანხმებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოეცხადა. მთელ ყურანში სინათლე რწმენას ნიშნავს, აქ აღნიშნულია ამ ნათლის, ამ ნათების ოთხი ხარისხი:

ღმერთი ზეცათა და დედამიწის ნათელია. მისი სინათლე ისეა, როგორც ნიშა, რომელშიც ლამპაა მოთავსებული. ლამპა შუშაშია; შუშა ისეა, როგორც მანათობელი პლანეტა. ის გადმოკიდებულია კურთხეული ხიდან, ესაა ზეთისხილი არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან. ზეთი ბრწყინვალედ ანთია, თუმცა ცეცხლი მას არ შეხებია. ნათელი ნათელსა ზედა. ღმერთს თავის ნათელთან მიჰყავს, ვინც სურს; ღმერთი იძლევა სასწაულებრივ ნიშნებს კაცთათვის, და ღმერთი ყველაფრის მცოდნეა.2

უპირველეს ყოვლისა, აღმავალი თანამიმდევრობით, ჯერ არის ნიშა, რომელიც განათებულია, მაგრამ თავისთავად არ ანათებს. შემდეგ მოდის კრისტალური შუშა, რომელსაც ზეთის ბრწყინვალება ადგას; და საბოლოოდ არის თვითონ ცეცხლის ალი. სიმბოლოების მოხსენიება ეხმიანება ერთ სხვა აიას, რომელიც ანალოგიური წინადადებით იწყება: ღმერთი იძლევა სასწაულებრივ ნიშნებს კაცთათვის, მაგრამ იქვე დამატებულია მიზეზიც: რათა მათ იფიქრონ/ისინი მედიტაციაში იყვნენ;3 და სინათლის ეს მთელი აია პრინცი პში არის მოწოდება მედიტაციისაკენ. მაგრამ, რაც შეეხება განსხვავებულ ხარისხებს, ყურანი აქ მხოლოდ იმპლიციტურია, ანუ შეფარულად გულისხმობს ამ ყველაფერს. სხვა შემთხვევებში, დაწყებული ჯერ კიდევ ადრეული გამოცხადებებიდან, ის უფრო ექსპლიციტურია და გარკვევით აყალიბებს სათქმელს. ერთ-ერთ ასეთ პასაჟში4 კაცობრიობა დაყოფილია სამ მთავარ ჯგუფად: ისინი, ვინც მარცხნივ არიან, ისინი, ვინც მარჯვნივ არიან, და აღმატებულნი. მარჯვნივ მყოფნი ისინი არიან, ვინც გადარჩნენ, მარცხნივ მყოფნი - დაწყევლილნი, ხოლო აღმატებულნი, ანუ უმაღლეს ხარისხში მყოფნი, არიან ისინი, ვინც ღვთის მონებად იწოდნენ.5 მათ შესახებ ნათქვამია, რომ აღყვანილნი იქნებიან ღმერთთან ახლოს, ასეთივე მიახლოებულთა სტატუსი და ეპითეტი აქვთ არქიანგელოზებს და ისინი მკვეთრად განირჩევიან ანგელოზებისაგან. ერთ-ერთმა ადრეულმა გამოცხადებამ კიდევ ერთი ხარისხი შემოიტანა მორწმუნეთა შორის, კერძოდ, მართალნი. ესენი არიან მარჯვნივ მყოფთა და აღმატებულთა შორის. ამ სამ ხარისხს შორის ურთიერთმიმართებაზე შეიძლება ვიმსჯელოთ იქიდან, რაც სამოთხის კურთხევათა შესახებაა ყურანში ნათქვამი. მარჯვნივ მყოფებს დასალევად მიეცემათ წმინდა მჩქეფარე წყალი, მხოლოდ აღმატებულები შეძლებენ მისვლას უმაღლეს შადრევნებთან, ხოლო მართლები მათ უკან მიჰყვებიან ფეხდაფეხ და ამა თუ იმ ფანტანის სიახლოვეს ყოფნის უფლება მიეცემათ.6

აღმატების ხარისხები გამოცხადების მიერ ასევე ნაგულისხმევია, როდესაც ის გულის შესახებ საუბრობს. უმრავლესობაზე ამბობს: თვალები კი არ არის ბრმა, არამედ გულია ბრმა მკერდის შიგნით.7 ერთის მხრივ, ადრე მოღვაწე წინასწარმეტყველთა მსგავსად, მუჰამედ წინასწარმეტყველიც აღნიშნავდა, რომ მისი გული ფხიზლობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ გულის თვალი ღია იყო; და ყურანი მიუთითებს, რომ ეს შესაძლებლობა შეიძლება გაზიარებულ იქნას, მართალია, მხოლოდ ნაწილობრივ, სხვათა მიერაც, რადგანაც ზოგჯერ იგი პირდაპირ მათ მიმართავდა, ვისაც გული აქვს.8 ცნობილია, რომ წინასწარმეტყველმა აბუ ბაქრის შესახებ თქვა: „ის თქვენ გჯობნით არა იმდენად მარხვითა და ლოცვით, არამედ იმით, რაც მყარადაა დამკვიდრებული მის გულში.“ 9

წინასწარმეტყველი ხშირად საუბრობდა თავის მიმდევართაგან ერთთა უპირატესობაზე სხვებთან შედარებით. მაგალითად, ერთხელ მექაში, როდესაც წინასწარმეტყველმა იქ გამარჯვებას მიაღწია, მისი თანდასწრებით ხალიდი რაღაც მიზეზით უხეშად დაელაპარაკა ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფს. ამის გამო წინასწარმეტყველმა უთხრა: „ხალიდ, თავაზიანად მოეპყარი ჩემს მეგობრებს, რადგანაც მთელი უჰუდის მთა შენთვის ოქროდ რომ გადაიქცეს, რომელსაც მხოლოდ ღვთის გზაზე დახარჯავ, მაინც ვერ მიაღწევ დამსახურების იმ ხარისხს, რაც ჩემს ნებისმიერ მეგობარს (მუჰაჯირსა თუ ანსარს) აქვს.“10

გამოცხადების თანახმად, ამ ხარისხთა შორის განსხვავებანი გაცილებით უფრო დიდია იმქვეყნად, ვიდრე ამქვეყნად: მხედველობაში მიიღეთ, როგორი აღმატება მივეცით ზოგიერთს სხვებზე; და, ჭეშმარიტად, საიქიო უდიდესია ხარისხებითა და იერარქიული დამოკიდებულებებით.11და წინასწარმეტყველმა თქვა: „სამოთხის ხალხი დაიკავებს მაღალ ადგილს, რომელიც მათთვის ისევე იქნება, როგორც ისინი ხედავენ ნათელ პლანეტას12 აღმოსავლეთ თუ დასავლეთ ჰორიზონტზე.“13 კაცთა შორის არსებული ეს განსხვავებანი ასევე ჩანდა იმ ქადაგებებსა და სწავლებებში, რომლებიც წინასწარმეტყველს ეკუთვნოდა, თუმცა ყველას არ შეეძლო ბოლომდე ჩასწვდომოდა მათ არსს. ისინი განსაკუთრებულთათვის იყო განკუთვნილი, ვისაც შეეძლო მიხვედრა. აბუ ჰურაირა ამბობდა: „როგორც ძვირფასი განძი, ჩემს მეხსიერებაში შემოვინახე ორგვარი ცოდნა, რომელიც ღმერთის მოციქულისაგან მივიღე. ერთი მათგანი გამცნეთ, მაგრამ მეორეც რომ გამენდო თქვენთვის, მაშინ ამ ყელს აუცილებლად გამომჭრიდით,“14 და მან ხელი საკუთარ ყელზე მიიდო.

მექასა და ჰუნაინში მიღწეული გამარჯვებების შემდეგ, როდესაც მედინაში ბრუნდებოდნენ, წინასწარმეტყველმა თავის ზოგიერთ მეგობარს უთხრა: „ახლა მცირე წმინდა ომიდან ისევ დავუბრუნდით დიდ წმინდა ომს.“ და, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ჰკითხა: „რა არის დიდი წმინდა ომი, ღმერთის მოციქულო?“ მან მიუგო: „ომი სულის წინააღმდეგ.“15 დაცემული ადამიანის სული განყოფილია და საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული. მისი უმდაბლესი ასპექტის შესახებ ყურანი ამბობს: ჭეშმარიტად, სული მბრძანებლობს ბოროტებაზე.16 მაგრამ სულს აქვს საუკეთესო ნაწილი, რომელიც არის სინდისი, მუდმივად მამხილებელი სული.17 სწორედ ისაა, რომელიც აწარმოებს წმინდა ომს ღვთიური სულის დახმარებით ქვედა, უმდაბლესი სულის წინააღმდეგ.

საბოლოოდ არსებობს სული, რომელიც მშვიდობაშია, ანუ ისეთი სული, რომელიც აღარაა გაორებული, დაყოფილი და ამ დაყოფით საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართული. ეს მდგომარეობა წმინდა ომის მოგების შედეგად მიიღწევა. სწორედ ასეთია აღმატებულთა სული, მათი, ვინც ღმერთთან ახლოსაა. ყურანი ასეთ სრულყოფილ სულს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: სულო, რომელიც მშვიდობაში იმყოფები, დაუბრუნდი შენს უფალს იმ კმაყოფილებით, რომელიც შენია მასში და მისია შენში.18 შემოდი ჩემს მონებთან. შემოდი ჩემს სამოთხეში.19 ამ კურთხევის ორმაგობა ეხმიანება ყურანისავე დაპირებას ორმაგი სამოთხის შესახებ, რომელსაც ჰპირდება კურთხეულ სულს, ასევე იმას, თუ როგორ დაახასიათა წინასწარმეტყველმა თავისი საბოლოო მდგომარეობა: „შეხვედრა ჩემს ღმერთთან და სამოთხესთან.“ რადგანაც მისთვის, ვისი სულიც მშვიდობაშია, სამოთხეში შესვლა იგივეა, რაც ღმერთთან შეხვედრა. მონებთან შესვლა სამოთხეში შესვლას ნიშნავს. სწორედ ესაა მეორე სამოთხე. უმაღლესი სამოთხე, შეხვედრა ღმერთთან, სხვა არაფერია, თუ არა რიდვანი. ცოტა ხნის წინ გამოვლინდა ასეთი აიები: ღმერთი შეჰპირდა მორწმუნეებს, კაცებსა და ქალებს, ბაღებს, რომლებიც მოჩუხჩუხე მდინარეებით ირწყვება და სადაც ისინი უკვდავად, სამარადისოდ იცხოვრებენ, როგორც ბრწყინვალების მკვიდრნი ედემის ბაღში / სამოთხეში. ეს არის უსასრულო ნეტარება.20

წინასწარმეტყველი ასევე ლაპარაკობდა აღმატბულ მდგომარეობაზე, რომელიც, შესაძლოა, მიღწეულ იქნას ამქვეყნად, მიწიერი ცხოვრების დროს. ეს არის წმინდა ტრადიციათაგან ერთ-ერთი, რადგანაც უშუალოდ ღმერთის სიტყვას გადმოგვცემს: „ჩემი მონა ვერ მოახერხებს, რომ ჩემთან ახლოს მოვიდეს თავისი თავისუფალი ნების მიძღვნით მანამდე, სანამ მე არ შევიყვარებ მას; და, როდესაც ის მიყვარს, მე ვარ ყური, რომლითაც ესმის, და თვალი, რომლითაც ხედავს, და ხელი, რომლითაც იღებს და ეხება, და ფეხი, რომლითაც დადის.“21

ნების თავისუფალი მიძღვნა გამოიხატება აგრეთვე იმაში, რასაც ჰქვია ზიქრ ალლაჰ, ანუ „ის, რომ მუდმივად გახსოვდეს ღმერთი,“ ანდა „ის, რომ მუდმივად მოიხსენიებდე ღმერთს.“ ერთ-ერთ პირველ გამოცხადებაში წინასწარმეტყველს ებრძანა: წარმოთქვი მახსოვრობაში უფლის სახელი და შენი თავი მიუძღვენი მას.22 მოგვიანო გამოცხადება ამბობს: ჭეშმარიტად, სარიტუალო ლოცვა იცავს უწმინდურობისა და ურწმუნოებისაგან; მაგრამ ის, რომ მუდმივად გახსოვდეს ღმერთი, უფრო დიდია.23 როდესაც გულის სიბრმავეს ეხება და ამბობს, როგორ უნდა განიკურნოს ის, წინასწარმეტყველი აღნიშნავს: „ყველაფრის გასაწმენდად არსებობს კონკრეტული გამწმენდი საშუალება, ხოლო გულის უწმინდურობას ასუფთავებს ის, რომ მუდმივად გახსოვდეს ღმერთი.“24 როდესაც მას ჰკითხეს, ვინ დაფასდება ყველაზე მეტად ღმერთის თვალში აღდგომის დღეს, წინასწარმეტყველმა უპასუხა: „კაცები და ქალები, რომლებსაც თავიანთ მეხსიერებაში სულ ჰყავთ ღმერთი.“ და, როდესაც ჰკითხეს, დაფასდებიან თუ არა ისინი უფრო მეტად, ვიდრე ისლამის გზაზე ბრძოლისას დაღუპულნი, მიუგო: „განუწყვეტლად რომ ატრიალოს ხმალი ურწმუნოთა შორის, სანამ არ გადატყდება და სისხლით არ შეიღებება, მაინც ვერ მიაღწევს იმ ხარისხს, რომელსაც იმსახურებენ ისინი, ვისაც მუდმივად ახსოვთ ღმერთი.“25

___________________________

1. XLIX , 14.

2. XXIV , 35.

3. IX , 21.

4. VI , 7-40.

5. XVI , 6; LXXXIX , 29. ყურანი ამ ტერმინს , ღვთის მონები , ხმარობს ორი გაგებით , ერთი მთლიანად ინკლუზიურია - მასში თვით სატანაც კი შედის - და მეორე უკიდურესად ექსკლუზიური , როგორც ზემოთ ციტირებულ აიებში , ასევე მომდევნოში , რომელიც მიმართულია სატანისაკენ: რაც შეეხება ჩემს მონებს , შენ არა გაქვს მათზე რაიმე ძალაუფლება (XVII , 65).

6. XXVI, 5; LXXXIII, 27.

7. XXII, 46.

456. XII, 111; XIII, 19 და ა.შ.

8. ალ-ჰაქიმ ათ-თირმიზი, ნავადირ ალ-უსულ.

9. ი.ი. 853.

10. XVII, 21.

11. იგულისხმება ვენერა.

12. მ. LI, 4.

13. ბ. III, 42.

14. ბაიჰაკი, ზუჰდ.

15. XII, 53.

16. XXV, 2.

466. ეს არის ურთიერთმიმართული რიდვანი.

17. XXXI, 27-30.

18. IX, 72.

19. ბ., LXXXI, 37.

20. XXIII, 8.

21. XXIX, 45.

22. ბაიჰაკი, და‛ავათ.

23. თირ. XLV.

82 LXXXII. მომავალი

▲ზევით დაბრუნება


წინასწარმეტყველმა თქვა: „ჩემი ხალხის საუკეთესო ნაწილი ჩემი თაობაა; შემდეგ ისინი არიან, ვინც მათ მოსდევენ; შემდეგ, ვინც მათ მოსდევენ“;1 ძალიან უხაროდა, რომ მის თაობაში იყვნენ გამოჩენილი ადამიანები, ისინი, ვინც თავის მეგობრებად მიაჩნდა. ათ მათგანს, რომლებმაც იგი ერთხელ მოინახულეს, სამოთხეს დაჰპირდა. ესენი იყვნენ აბუ ბაქრი, ‛უმარი, ‛უსმანი, ‛ალი, ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფი, აბუ ‛უბაიდა, ტალჰა, ზუბაირი, სა‛დი ზუჰრადან და სა‛იდი, ზეიდის, ჰანიფის, ვაჟიშვილი. მანამდე წინასწარმეტყველმა ასეთი დაპირება რამდენჯერმე გააკეთა და ზოგიერთ მათგანს უთხრა. მის შესახებ არსებულ ტრადიციულ წიგნებში დადასტურებულია მრავალი ქება, რომელსაც ამ ათი პიროვნების მისამართით წარმოთქვამდა. იგი სხვებსაც დაჰპირდა სამოთხეს. აი, რა თქვა ერთხელ: „სამს ელოდება სამოთხე, ‛ალის, ‛ამმარსა და სალმანს.“2 ფატიმას უთხრა: «შენ ყველაზე უფრო მაღლა მდგომი ქალი ხარ სამოთხის ხალხთა შორის, მხოლოდ ერთია შენზე წინ, ქალწული მარიამი, ‛იმრანის ასული.“3 მან ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მომდევნო თაობებისათვის მისი სიბრძნის გადაცემის საქმეში დიდ წვლილს შეიტანდა ‛ალი, ამიტომაც თქვა: „მე ვარ ცოდნის ქალაქი, ხოლო ‛ალი მისი კარიბჭეა.“4 ზოგადად ცნობილია, რომ ასე ამბობდა: „ჩემი მეგობრები ისე არიან, როგორც ვარსკვლავები: რომელ მათგანსაც არ უნდა გაჰყვეთ, თავისი ნათებით წინ გაგიძღვებათ.“5

როდესაც კაცები თაბუქიდან დაბრუნდნენ, ერთმანეთში თქვეს, რომ უკან ჩამოიტოვეს ბრძოლის დღეები; ეს იდეა იმდენად განმტკიცდა დელეგაციების უწყვეტი ნაკადით, რომელიც მთელი ამ მეათე წლის განმავლობაში მოდიოდა, რომ ბევრმა მორწმუნემ დაიწყო აბჯრისა და იარაღის გაყიდვა. მაგრამ, როდესაც წინასწარმეტყველმა ეს შეიტყო, აუკრძალა ამგვარი საქციელი და უთხრა: „ჩემი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას ჭეშმარიტებისათვის მანამდე, სანამ თვით ანტიქრისტე არ გამოჩნდება.“ აგრეთვე დასძინა: „თქვენ ის რომ იცოდეთ, რაც მე ვიცი, მაშინ ცოტას იცინებდით და ბევრს იტირებდით.“6 ასევე: „თქვენს შემდეგ სულ უფრო და უფრო უარესი დრო დადგება.“7 მან თავისი ხალხი გააფრთხილა, რომ ისინიც, ებრაელებისა და ქრისტიანების მსგავსად, ერთგვარად უკუსვლის გზას დაადგებოდნენ: „თქვენც იმათ გზას დაადგებით, ვინც თქვენამდე იყვნენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, მისხალ-მისხალ, შხამიანი გველი თავის ხვრელში ჩაგითრევთ.“8 და, საუბრობდა რა ყველაზე უფრო მდაბალ და მძიმე მდგომარეობაზე, თქვა: „ისლამი ისე დაიწყო, როგორც რაღაც უცნობი, და ის უცნობად იქცევა კიდევ ერთხელ.“9 მაგრამ მორწმუნეებს ასევე დაჰპირდა, რომ მათ ღმერთი არ მიატოვებდა: „ყოველი ასი წლის თავზე ღმერთი თავის საკრებულოს გამოუგზავნის ადამიანს, ვინც განაახლებს სარწმუნოებას.“10 ერთ სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით მეგობრები, რომლებიც მაშინ მასთან იყვნენ, იხსენებდნენ, რომ მან რამდენჯერმე წამოიძახა: „ჩემო საძმოვ!“ მათ უპასუხეს: „ღმერთის მოციქულო, განა ჩვენ შენი საძმო არა ვართ?“ მან კი უპასუხა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, ხოლო ჩემი საძმო ისაა, რომლის წარმომადგენელნიც ჯერ არ მოსულან,“ - სხვა ვერსიით, „რომლებიც უკანასკნელ დღეებში მოვლენ.“ როგორც ჩანს, გამოჩენილ სასულიერო პირებს გულისხმობდა.

მუჰამედმა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ, მიუხედავად ბოლო დღეთა ბოროტებისა, გამოჩნდება ხალიფა, რომელსაც ხალხი უწოდებს მაჰდის, ანუ ჭეშმარიტ გზაზე მდგომს: „მაჰდი ჩემი აღნაგობის იქნება, განიერი შუბლითა და პატარა ცხვირით. ის აღავსებს დედამიწას ჭეშმარიტებითა და სამართლიანობით ისე, როგორც მანამდე იყო იგი სავსე ტყუილითა და უსამართლობით, ჩაგვრით. შვიდი წელი იმეფებს.“11

მაგრამ, ამ ხალიფას ზეობის ბოლოს ან მის შემდეგ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე, „კაცი, რომელიც ბრმა იქნება მარჯვენა თვალით, საიდანაც ამოწურული იქნება მთელი ნათელი, თითქოს ის ყურძნის მარცვალი ყოფილიყოს.“12 იგი მრავალგვარ უსამართლობასა და გახრწნილებას მოიტანს ქვეყანაზე, ექნება სასწაულების ქმნის უნარი და ამით ბევრს გადაიბირებს თავის მხარეს. მაგრამ ასევე იქნება ჯგუფი მორწმუნეებისა, ვინც მის წინააღმდეგ იბრძოლებენ. „როდესაც ისინი მომზადებულნი იქნებიან საბრძოლველად,“ ამბობდა წინასწარმეტყველი, „ზუსტად მაშინ, როცა რიგებად დაეწყობიან სალოცავად, გარდამოხდება იესო, ძე მარიამისა, და მათ წარუძღვება ლოცვაში. და, როდესაც ღმერთის მტერი იესოს დაინახავს, იგი ისე დადნება, როგორც მარილი წყალში. რომ შეეძლოს, მხოლოდ კი არ გადნებოდა, არამედ გაქრებოდა კიდეც, მაგრამ ღმერთი მას მოაკვდინებს იესოს ხელით, რომელიც მათ უჩვენებს მის სისხლს.“13

წინასწარმეტყველმა ასევე ბევრი ისაუბრა იმ ნიშნების შესახებ, რომლებითაც ადამიანებმა უნდა ამოიცნონ ბოლოჟამისეული მოვლენების მოახლოება; ასეთ ნიშანთა შორის მან დაასახელა უკიდურესი სიმაღლე იმ სახლებისა, რასაც ადამიანები ააგებენ. მაგრამ ეს წინასწარმეტყველება მოხდა ერთ დიდ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც უფრო ვრცლად უნდა მოვიხსენიოთ ‛უმარის ვაჟის, ‛აბდ ალლაჰის, ავტორიტეტზე დაყრდნობით. თავის მხრივ, იგი საკუთარი მამის სიტყვებს იმეორებს.

‛უმარმა თქვა: „ერთ დღეს, როდესაც ღმერთის მოციქულთან ერთად ვისხედით, ჩვენთან მოვიდა კაცი, რომლის ტანსაცმელიც ძალიან თეთრი იყო, ხოლო თმა - უკიდურესად შავი. არ ჩანდა, რომ მას ბევრი ემოგზაუროს, არ ეტყობოდა დაღლილობა შორი გზიდან. არც ერთი ჩვენგანი არ იცნობდა. ის ზუსტად წინასწარმეტყველის პირდაპირ დაჯდა, ხელები დაადო და უთხრა: „მუჰამედ, მითხარი, რა არის მინდობა, დამორჩილება (ისლამ).“ წინასწარმეტყველმა ასე უპასუხა: „მინდობა არის აღიარება, რომ არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა, და მუჰამედი ღმერთის მოციქულია; ასევე ლოცვა, მოწყალების გაღება, რამადანის თვეში მარხვა და, თუ შეგიძლია, საპილიგრიმოდ წასვლა წმინდა სახლში.“ მოსულმა უთხრა: „ჭეშმარიტად თქვი.“ ჩვენ გაოცებულნი ვიყავით, რომ ის ასე თავისუფლად ესაუბრებოდა წინასწარმეტყველს და მის შესახებ აზრსაც გამოთქვამდა. შემდეგ მან ისევ ჰკითხა: „მითხარი, რა არის რწმენა (იმან).“ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „რწმენა ისაა, რომ გწამდეს ღმერთი, მისი ანგელოზები, წიგნები, წინასწარმეტყველები და ბოლო დღე (საყოველთაო აღდგომა), აგრეთვე ის, რომ არც სიკეთე იქნება და არც ბოროტება მისი ძალაუფლების გარეშე.“ „ჭეშმარიტად თქვი,“ ისევ ასეთი იყო სტუმრის სიტყვები. შემდეგ განაგრძო გამოკითხვა: „მითხარი, რა არის სიკარგე, შესანიშნავობა (იჰსან).“ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „ისე სცე თაყვანი ღმერთს, თითქოს ხედავ კიდეც, რადგანაც შენ ვერ ხედავ მას, მაგრამ ის გხედავს შენ.“ ისევ დასტური მიიღო: „ჭეშმარიტად თქვი.“ შემდეგ ჰკითხა: „მითხარი ჟამის შესახებ.“ წინასწარმეტყველმა უპასუხა: „მან, ვისაც ეს კითხვა დაუსვი, არ იცის იმაზე მეტი, ვიდრე თვითონ კითხვის დამსმელმა.“ „მაშინ მითხარი მისი ნიშნების შესახებ.“ წინასწარმეტყველმა ასე უპასუხა: „მონა გოგონა დაბადებს თავის ქალბატონს;14 ისინი, ვინც ფეხშიშველი მწყემსები იყვნენ, დაიწყებენ სულ უფრო მაღალი და მაღალი სახლების აგებას.“ ამის შემდეგ უცნობი წავიდა, მე კი ცოტა ხანს კიდევ დავრჩი წინასწარმეტყველთან. მან მკითხა: „იცი, ვინ იყო მოსული?“ მივუგე: „ღმერთის მოციქულმა უწყის.“ მიპასუხა: „ეს გაბრიელი იყო. ის თქვენთან მოვიდა, რათა თქვენთვის სარწმუნოება ესწავლებინა.“488 15

_______________________

1. ბ. XII, I.

2. თირ. XLVI, 33.

3. ა.ჰ. III, 64. ყურანი მოგვითხრობს, როგორ უთხრეს ანგელოზებმა მარიამს: მან (ღმერთმა) გამოგარჩია სამყაროთა ყოველ ქალს შორის (III, 24).

3. თირ. XLVI, 20.

4. ფ. XXVI, მანაკიბ ას-საჰაბა.

5. ბ. LXXXI, 27.

6. ბ. XჩII, 14.

7. მ. XLVII, 6.

8. მ. I, 232.

9. ა.დ. XXXVI, 1.

10. ა.დ. XXXV, 4.

11. მ. LII, 20.

12. მ. LII, 9.

13. ქალი, რომელიც გოგონას გააჩენს, უბრალო მონად დაუდგება საკუთარ შვილს, რადგანაც ბოლო დღეებში ადამიანებს აღარ ექნებათ თავიანთი მშობლების პატივისცემა. ამ მონათხრობის მეორე ნაწილი განჭვრეტს არა მხოლოდ ქაოსს სოციალურ წესრიგში, არამედ მკვიდრი ცხოვრების საბოლოო გამარჯვებას მომთაბარეობაზე, ანუ იმის საბოლოო დაკანონებას, რაც მოიტანა კაენის მიერ აბელის მოკვლამ.

14. მ. I, 1.

83 LXXXIII. გამოსამშვიდობებელი პილიგრიმობა

▲ზევით დაბრუნება


როდესაც წინასწარმეტყველი მედინაში იყო, რამადანის დროს მისი სურვილი გახლდათ, სულიერ განმარტოებას მისცემოდა მეჩეთში თვის შუა ათი დღის განმავლობაში. ასევე იქცეოდა ზოგიერთი მისი მეგობარიც. მაგრამ წელს, როცა ათი დღე დაასრულეს, შესთავაზა, ასე გაეტარებინათ კიდევ ათი დღე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი განმარტოებულნი იყვნენ რამადანის ბოლომდე. სწორედ რამადანის დროს მოდიოდა მასთან გაბრიელი იმის შესამოწმებლად, ხომ არ დავიწყებოდა რომელიმე გამოცხადება. მაგრამ წელს განმარტოების შემდეგ წინასწარმეტყველი ფატიმას გამოუტყდა და სთხოვა, რასაც მას ეტყოდა, სხვებს არ შეეტყოთ: „ყოველწლიურად ერთხელ გაბრიელი წარმოთქვამს ჩემს წინაშე ყურანს და მეც მის წინაშე ერთხელ წარმოვთქვამ; მაგრამ წელს მან ორჯერ წარმოთქვა ჩემთან ერთად. სხვა არაფერი დამრჩენია, თუ არა იმის ფიქრი, რომ ჩემი დრო მოვიდა.“1

ჩაიარა შავვალის თვემ და წლის მეთერთმეტე თვეში მედინაში გამოცხადდა, რომ თვითონ წინასწარმეტყველი წარუძღვებოდა პილიგრიმობას. ეს ამბავი უდაბნოს ტომებსაც მოედო და ძალიან ბევრი ადამიანი მივიდა ოაზისში. მათ უხაროდათ, რომ შესაძლებლობა ეძლეოდათ, ნაბიჯ-ნაბიჯ გაჰყოლოდნენ თვით წინასწარმეტყველს. ეს პილიგრიმობა სრულიად განსხვავებული იქნებოდა იმისაგან, რაც ასწლეულების განმავლობაში ხდებოდა, კერძოდ, ახლა ყველა მომლოცველი მხოლოდ ერთი ღმერთის თაყვანისმცემელი იქნებოდა. არც ერთი კერპთაყვანისმცემელი აღარ შევიდოდა წმინდა სახლში რაიმე განსხვავებული რიტუალის ჩასატარებლად. თვის დასრულებამდე ხუთი დღე იყო დარჩენილი, რომ წინასწარმეტყველი მედინიდან გავიდა, იგი ოცდაათიათას კაცსა და ქალს მიუძღვოდა. მისი ყველა ცოლი იქ იყო, ყოველ მათგანს საკუთარი სააქლემე კარავი ჰქონდა. მათ ახლდნენ ‛აბდ არ-რაჰმან იბნ ‛ავფი და ‛უსმან იბნ ‛აფფანი. აბუ ბაქრს თან მოჰყავდა თავისი ცოლი, ასმა'ი, რომელმაც ერთ-ერთი პირველი გაჩერების დროს ძე შვა. მას მუჰამედი დაარქვეს. აბუ ბაქრს უნდოდა, ქალი შინ დაებრუნებინა, მაგრამ წინასწარმეტყველმა უთხრა, მის ცოლს დიდი განწმენდის რიტუალი შეესრულებინა და ისევ მათთან ერთად გაეგრძელებინა გზა, რათა აღესრულებინა პილიგრიმობა, როგორც ეს თავიდანვე სურდა თვითონ.

მედინიდან გასვლის შემდეგ მეათე დღეს, როდესაც მზე უკვე ჩადიოდა, წინასწარმეტყველი იმ უღელტეხილს მიადგა, რომლითაც მექაში შევიდა თავისი საბოლოო გამარჯვების დროს. იქ გაათია ღამე და მეორე დილით გაუდგა გზას წმინდა ადგილისაკენ. როდესაც ქა‛აბა დაინახა, მოწიწებით აღაპყრო ხელები, შემდეგ მარცხენა ხელი სადავეს მოჰკიდა და აქლემი დააჩოქა, მარჯვენით კი ლოცვას წარუძღვა. მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „ღმერთო, შემატე ამ სახლს პატივი, დიდება, სიუხვე, თაყვანისცემა და სიწმინდე, რომელსაც ის იღებს კაცობრიობისაგან!“2 მეჩეთში შევიდა, შვიდჯერ შემოუარა ქა‛აბას და აბრაამის გაჩერებასთან ილოცა. ამის შემდეგ იგი საფასკენ გაეშურა, აქედან შვიდჯერ მივიდა მარვასთან და უკან დაბრუნდა. ისინი, ვინც თან ახლდნენ, ძალიან ცდილობდნენ, უკიდურესი სიზუსტით აღებეჭდათ მეხსიერებაში წინასწარმეტყველის ყოველი სიტყვა და ქმედება ყოველ იმ ადგილას, სადაც ის ჩერდებოდა, ზუსტად იმახსოვრებდნენ მის მიერ წარმოთქმულ ლოცვებს.

როდესაც ქა‛აბასთან დაბრუნდა, წინასწარმეტყველი შიგნით შევიდა მისი გასაღების მცველთან ერთად. ეს იყო ‛უსმანი ‛აბდ ად-დარიდან. მათ თან ახლდნენ ასევე ბილალი და უსამა, როგორც ადრე. მაგრამ იმ საღამოს, როდესაც მან ‛ა'იშა მოინახულა თავის კარავში, ქალმა შენიშნა, რომ ქმარი მოწყენილი იყო, და ამის მიზეზი ჰკითხა. „დღეს ისეთი რამ გავაკეთე,“ თქვა, „რომელიც არ უნდა გამეკეთებინა. ვისურვებდი, ეს არ მომემოქმედებინა. მე წმინდა სახლში შევედი. შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ ჩემი ხალხის კაცი“ - იგი მომდევნო წლებს გულისხმობდა - «ვეღარ შეძლებს მასში შესვლას და ამიტომაც მისი სული დამწუხრდება. ჩვენ ხომ მხოლოდ ის გვებრძანა, რომ მისთვის გარშემო შემოგვევლო, ჩვენთვის არ უბრძანებიათ, შიგნით შევსულიყავით.“3

წინასწარმეტყველმა ისევ უარი განაცხადა რომელიმე მექელის სახლში გაჩერებაზე მიუხედავად იმისა, რომ ამას უმმ ჰანი'ს დაჰპირდა. ახალი მთვარის გამოჩენიდან მერვე დღეს იგი მინას ველისაკენ გაემართა, თან პილიგრიმები გაჰყვნენ. ღამე იქ გაათენა, ხოლო აისის ჟამს ‛არაფასაკენ აიღო გეზი. ეს არის ფართო ველი დაახლოებით ოცდაათი მილის მანძილზე მექიდან, ზუსტად იქ მდებარეობს, სადაც წმინდა რკალი მთავრდება. ‛არაფა ტა'იფისაკენ მიმავალ გზაზეა, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ტა'იფის მთები აკრავს. მაგრამ ამ მთებისაგან განცალკევებულია და ყველა დანარჩენ მახრეს დაბლობი ესაზღვრება. პრაქტიკულად ‛არაფა წარმოადგენს გორაკს, რომელსაც მოწყალების მთად მოიხსენიებენ ხოლმე. ეს არის ამ საპილიგრიმო პროცესიის ცენტრალური ნაწილი და იმ დღეს წინასწარმეტყველი სწორედ იქ გაჩერდა.

ზოგიერთმა მექელმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ წინასწარმეტყველი ასე შორს წავიდა. როგორც წესი, თვითონ კურეიშელნი წმინდა რკალის გარეთ არ გადიოდნენ ხოლმე. ისინი ამბობდნენ: «ჩვენ ღმერთის ხალხი ვართ.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა თქვა, რომ თვით აბრაამმა დააწესა ‛არაფა, როგორც პილიგრიმობის ცენტრალური ადგილი, ხოლო შემდეგ ეს კურეიშელებმა დაივიწყეს და შეცვალეს. წინასწარმეტყველმა იმ დღეს ხაზი გაუსვა პილიგრიმობის ტრადიციის სიძველეს და სიტყვები - „აბრაამის მემკვიდრეობა“ - მრავალჯერ წარმოთქვა.

წინასწარმეტყველმა ყველა ტომს განუმარტა, რომ სისხლისღვრის დრო დამთავრდა მთელ ისლამურ საზოგადოებაში, ახლა ადამიანის სიცოცხლე, ასევე მისი საკუთრებაც წმინდა და ხელშეუხებელი იყო. მან მომწოდებელი გაგზავნა ხალხში. ეს გახლდათ საფვანის ძმა, რაბი‛ა, რომელსაც ძლიერი ხმა ჰქონდა. დაავალა, ასეთი რამ გაევრცელებინა: „ღმერთის მოციქული ამბობს: ხედავთ, რა თვეა?“ ისინი დადუმდნენ, ამიტომაც მომწოდებელმა განაგრძო: „ეს წმინდა თვეა.“ შემდეგ ჰკითხა: „ხედავთ, რა მიწაა?“ ისინი ისევ დადუმდნენ და მან განაგრძო: „წმინდა მიწაა.“ შემდეგ უთხრა: „ხედავთ, რა დღეა?“ ისევ თვითონ მოუხდა ლაპარაკის გაგრძელება: „დიდი პილიგრიმობის დღეა.“ ბოლოს კი, წინასწარმეტყველის მითითებების თანახმად, განაცხადა: „ჭეშმარიტად, ღმერთმა ხელუხლებლად აქცია ყოველი თქვენგანის სისხლი და საკუთრებაც მანამდე, სანამ არ შეხვდებით თქვენს უფალს, ისევე, როგორც მან ხელშეუხებლად აქცია თქვენთვის ეს დღე, ეს მიწა და ეს თვე.“

როდესაც მზემ შუბის ტარზე აიწია, წინასწარმეტყველმა წარმოთქვა ქადაგება, რომელიც ღმერთის სადიდებლით დაიწყო: „ხალხნო, მისმინეთ, რადგანაც მე არ ვიცი, შეგხვდებით თუ არა ამ ადგილას მომავალ წელსაც.“ შემდეგ ისინი დამოძღვრა, რომ ერთმანეთს კარგად მოპყრობოდნენ, და შეახსენა მრავალი ისეთი რამ, რაც ნებადართული ან აკრძალული იყო. საბოლოოდ თქვა: „მე თქვენს შორის დავტოვე ის, რის მტკიცედ დაცვა და მიყოლაც დაგიცავთ ყოველგვარი შეცდომისაგან, ეს არის ნათელი მითითება, ღმერთის წიგნი და მისი წინასწარმეტყველის სიტყვა. ხალხნო, ისმინეთ ჩემი სიტყვა და გაიგეთ ის.“ შემდეგ წარმოთქვა აიები, რომლებითაც სრულდება ყურანი, რადგანაც სწორედ ეს იყო ბოლო სიტყვები, რაც მას ზეციდან უნდა გამოცხადებოდა: დღეს ურწმუნოები დამწუხრებულნი არიან, რადგანაც თქვენი სარწმუნოება გამარჯვებულია (აღმატებულია, დომინირებს), მაშ, ნუ შეგეშინდებათ მათი, გეშინოდეთ ჩემი! დღეს სრულვყავი თქვენთვის თქვენი სარწმუნოება და აღვასრულე ჩემი კეთილგანწყობა თქვენს მიმართ. და ეს იყო ჩემი დიდი/კეთილი სიამოვნება, რომ თქვენთვის ისლამი ამოვარჩიე, როგორც თქვენი სარწმუნოება.4

წინასწარმეტყველმა თავისი მოკლე ქადაგება გულწრფელი შეკითხვით დაასრულა: „ხალხნო, ერთგულად მოგიტანეთ ჩემი უწყება?“ გაისმა თანხმობის ძლიერი ჩურჩული: „ო, ღმერთო, დიახ!“ ეს სიტყვები წამოვიდა ათასობით ადამიანისაგან: ალლაჰუმმა, ნა‛ამ, - გრგვინვასავით ისმოდა მთელ ველზე. წინასწარმეტყველმა საჩვენებელი თითი მაღლა აღაპყრო და თქვა: «ღმერთო, იყავი ამის მოწმე!“5

შემდეგ ილოცეს სარიტუალო ლოცვები, ხოლო ‛არაფას დღის (ასე იწოდა იგი) დანარჩენი დრო მედიტაციასა და თაყვანისცემაში გაატარეს. მაგრამ, როგორც კი მზე ჩავიდა, წინასწარმეტყველი თავის აქლემზე ამხედრდა, უსამასაც ანიშნა, ამხედრებულიყო და მის უკან წასულიყო. იგი გორაკის ფერდობს დაღმა ჩაუყვა და მექისაკენ გაეშურა. ყველა პილიგრიმი მასთან ერთად წავიდა. ტრადიციულად მიღებული იყო, რომ მომლოცველები ამ ადგილას სწრაფად მიდიოდნენ, მაგრამ წინასწარმეტყველმა შესძახა: „ნელა! ნელა! სულის სიმშვიდით! და თქვენს შორის ძლიერები სუსტებს დაეხმარნენ!“ მათ ღამე გაათენეს მუზდალიფაში, რომელიც წმინდა სარტყლის შიგნით მდებარეობს. იქ მომლოცველებმა შეაგროვეს კენჭები და ქვები, რომლებითაც სატანა უნდა ჩაექოლათ. ეშმაკი წარმოდგენილია სამი სვეტის სახით ‛აკაბასთან მინას ველზე. სავდამ წინასწარმეტყველს სთხოვა, მისთვის წინ წასვლის უფლება მიეცა, რადგანაც იგი უფრო დიდი იყო აღნაგობით და მძიმე, ვიდრე სხვა ცოლები, ამიტომაც ყველაზე მეტად დაღალა მზემ და მგზავრობამ. მას უნდოდა, მანამდე შეესრულებინა ქვის სროლის რიტუალი, სანამ მომლოცველთა დიდი ბრბო მოახლოვდებოდა. წინასწარმეტყველმა ცოლს სურვილი შეუსრულა და მუზდალიფადან ადრევე გაუშვა, თან გააყოლა ‛აბდ ალლაჰი, ‛აბბასის ერთ-ერთი ვაჟი.

თვითონ წინასწარმეტყველმა გამთენიის ლოცვა მუზდალიფაში შეასრულა და შემდეგ წარუძღვა პილიგრიმებს ‛აკაბაში. მის უკან ფადლი მიდიოდა თავის აქლემზე ამხედრებული. სწორედ აქ იყო, რომ თორმეტი წლის წინ წინასწარმეტყველი შეხვდა ექვს ხაზრაჯელ კაცს, ვინც მას ერთგულება გამოუცხადა. ასე შემზადდა ნიადაგი პირველი და მეორე ‛აკაბასათვის. მას შემდეგ, რაც ქვები ისროლეს, ცხოველები შესწირეს მსხვერპლად. წინასწარმეტყველმა ერთ კაცს მოუწოდა, რათა მისთვის თავი გადაეპარსა. ბევრი პილიგრიმი შეიკრიბა გარშემო იმის სურვილით, რომ მისი თმის ნაწილი აეღო. აბუ ბაქრმა შემდგომში აღნიშნა, თუ რა განსხვავება იყო „ორ ხალიდს“ შორის, ანუ მაშინ, როდესაც ის უჰუდთან და თხრილთან იბრძოდა, და ახლა, როდესაც თქვა: „ღმერთის მოციქულო, შენი შუბლის თმა! სხვას ნურავის მისცემ მას, თუ არა მე, მზად ვარ, დედ-მამა გავიღო მათ წილ!“6 წინასწარმეტყველმა თავისი თმა მიაწოდა და

ხალიდმა ის მოწიწებით მიიდო თვალებსა და ტუჩებზე. წინასწარმეტყველმა ახლა პილიგრიმებს დაავალა, ქა‛აბა მოენახულებინათ, ბოლოს კი იმ და კიდევ ორი ღამის გასათენებლად მინაში დაბრუნებულიყვნენ. თვითონ შუადღის შემდეგ გვიანობამდე მოიცადა. საღამო ჯერ არ დამდგარიყო, რომ მექაში შევიდა თავისი ცოლების თანხლებით. ყველა ცოლი იქ იყო, გარდა ‛ა'იშასი, რომელიც სარიტუალო სიწმინდის მდგომარეობაში არ იმყოფებოდა იმ მომენტში. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც კი ქალი განიწმინდა, წინასწარმეტყველმა იგი წმინდა რკალის გარეთ გაგზავნა. თან თავისი ძმა, ‛აბდ არ-რაჰმანი, გააყოლა. იქ მან ხელმეორედ ილოცა, კურთხევა მიიღო და ასე დაბრუნდა მექაში, სადაც შვიდჯერ შემოუარა ქა‛აბას.

ჯარი, რომელიც წინასწარმეტყველმა იემენში სალაშქროდ გაგზავნა რამადანის თვეში, ახლა მექას უახლოვდებოდა სამხრეთიდან. ეს სამასი ცხენოსანი იყო. ‛ალიმ გადაასწრო ამ კაცებს, რადგანაც ძალიან სურდა, მალე შეხვედროდა წინასწარმეტყველს და პილიგრიმობაც აღესრულებინა. მან ეს მოახერხა. ბრძოლის შედეგად იმდენი ნადავლი მოი პოვეს, რომ ის საკმარისი იყო მთელი ჯარისათვის ახალი ტანსაცმლის საყიდლად, მაგრამ ‛ალიმ გადაწყვიტა, რომ ის, როგორც ხელუხლებელი სახარჯო, წინასწარმეტყველისათვის უნდა გადაეცათ. თუმცა, როდესაც მან ჯარს გადაუსწრო, კაცი, ვინც ამ ნადავლის გამგებლად დაადგინა, სულ მალე დაარწმუნეს, რომ მეომრებისათვის ახალი ტანსაცმელი მიეცა, რადგანაც ეს ძალიან სჭირდებოდათ. ისინი ხომ უკვე სამი თვე იყო, რაც სახლიდან წამოვიდნენ. ქალაქს მიუახლოვდნენ, ‛ალი მათ გაეგება და, როდესაც იხილა ის გარდასახვა, რაც ჯარში მომხდარიყო, გაოცებული დარჩა. „მე მივეცი ეს ტანსაცმელი,“ თქვა ‛ალის მოადგილემ, „რადგანაც საჭირო იყო, ნორმალურ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ ქალაქში შემოსასვლელად.“ მართლაც, ცნობილი იყო, რომ იმ დროს მთელ მექაში ყველას საუკეთესო ტანსაცმელი ეცმებოდა. ეს დღესასწაულის მიმართ პატივისცემის ნიშნად კეთდებოდა მუსლიმთა მიერ. მაგრამ ‛ალი ასეთ დაუმორჩილებლობას ვერ დაუშვებდა, ამიტომაც ბრძანა, ყველას ისევ ძველი ტანსაცმელი ჩაეცვა, ახალი კი ნადავლში დაებრუნებინათ. ჯარში დიდმა უკმაყოფილებამ დაისადგურა, რამაც წინასწარმეტყველის ყურამდეც მიაღწია. მან თქვა: „ხალხნო, ნუ განსჯით ‛ალის, რადგანაც იგი მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ზუსტია და ერთგული ღმერთის გზაზე დგომისას.“ მაგრამ ეს სიტყვები საკმარისი არ აღმოჩნდა, შესაძლოა, ისინი ბევრმა ვერც კი გაიგო, ამიტომაც უკმაყოფილების ტალღა გაგრძელდა.

როდესაც მედინაში ბრუნდებოდნენ, ერთმა ჯარისკაცმა გამწარებით შესჩივლა წინასწარმეტყველს ის, რაც ‛ალიმ გააკეთა. მაგრამ წინასწარმეტყველს ფერი ეცვალა და მან ჯარისკაცს უთხრა: „განა მე უფრო ახლოს არა ვარ მორწმუნეებთან, ვიდრე მათი საკუთარი მონები?“ როდესაც კაცმა კვერი დაუკრა, წინასწარმეტყველმა განაგრძო: „ვისთვისაც მე ყველაზე ახლობელი ვარ, მისთვის ასევე ყველაზე ახლობელია ‛ალი.“ მგზავრობისას, ცოტა უფრო მოგვიანებით, როდესაც ღადირ ალ-ხუმმში შეჩერდნენ, წინასწარმეტყველმა ხალხი შეკრიბა, ‛ალის ხელი მოჰკიდა და იგივე სიტყვები გაიმეორა მის შესახებ, ბოლოს კი ლოცვაც დაამატა: „ღმერთო, იყავი იმისი მეგობარი, ვინც მისი მეგობარია, და იყავი იმისი მტერი, ვინც მისი მტერია.“ მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდა ჩურჩული და მითქმა-მოთქმა ‛ალის წინააღმდეგ.7

წინა წლის ერთ-ერთი დელეგაცია ჲამამას ქრისტიანული ტომიდან, ბანუ ჰანიფადან, იყო. მათი ტერიტორია ნაჯდის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ მდებარეობს. თანხმობა განაცხადეს ისლამის მიღებაზე, მაგრამ ახლა ერთ-ერთი მათგანი, სახელად მუსაილიმა, პრეტენზიას აცხადებდა, რომ თვითონაც წინასწარმეტყველი იყო. დიდი დრო არ გასულიყო მას შემდეგ, რაც პილიგრიმები მედინაში დაბრუნდნენ, რომ ორმა პირმა ასეთი წერილი ჩამოიტანა ჲამამადან: „მუსაილიმასაგან, ღმერთის მოციქულისაგან, მუჰამედს, ღმერთის მოციქულს, მშვიდობა შენდა! მე მომენიჭა ის, რომ შენთან ერთად უნდა გავიზიარო ძალაუფლება. დედამიწის ნახევარი ჩვენია, ნახევარი კი კურეიშისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სცოდავენ.“ წინასწარმეტყველმა გამოგზავნილ პირებს ჰკითხა, თვითონ რას ფიქრობდნენ ამ ამბავთან დაკავშირებით. „ჩვენ მას ვეთანხმებით,“ უპასუხეს მათ. „ღმერთმანი,“ თქვა წინასწარმეტყველმა, „აკრძალული რომ არ იყოს წარგზავნილთა მოკვლა, ნამდვილად თავებს მოგკვეთდით.“ შემდეგ უკარნახა წერილი, რომელიც თავიანთი უფროსისათვის უნდა გადაეცათ. „მუჰამედისაგან, ღმერთის მოციქულისაგან, მუსაილიმა მატყუარას. მშვიდობა მას, ვინც ჭეშმარიტ გზას მიჰყვება! ჭეშმარიტად, დედამიწა ღმერთისაა; ის განსაზღვრავს, თავის მონათაგან ვის უნდა მისცეს მასზე მემკვიდრეობა. საბოლოოდ ყველაფერი მართლის სასარგებლოდ გადაწყდება.“8

კიდევ ორი თვითმარქვია გამოჩნდა ამ დროს, ტულაიჰა, ბანუ ასადის ბელადი, და ასვად იბნ ქა‛ბი იემენიდან. იემენელს მოკლე პერიოდის განმავლობაში წარმატებაც ჰქონდა და მან საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე მოი პოვა განმგებლობა, მაგრამ მალე საკუთარმა ქედმაღლობამ დაღუპა და მის წინააღმდეგ შეაბრუნა ბევრი ადამიანი. რამდენიმე თვეში იგი მოკლეს. ტულაიჰა საბოლოოდ ხალიდმა დაამარცხა. მან უკან წაიღო თავისი ყველა პრეტენზია და ისლამის დამცველად იქცა. რაც შეეხება მუსაილიმას, მისი ბედი ის იყო, რომ შუბი ეძგერა ვაჰშის ხელიდან, ხოლო ‛აბდ ალლაჰმა, ნუსაიბას ვაჟმა, მას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა თავისი მახვილით. მაგრამ ეს დამარცხება რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა. იმ მომენტისათვის, რომელზეც აქ ვსაუბრობდით, კერძოდ, როდესაც პილიგრიმობის მთვარემ დაიკლო და ჰიჯრის მეთორმეტე წელიწადი დაიწყო, ყველა ეს ადამიანი ისლამისათვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენდა. ამასთანავე, იყო ერთი ქალი თამიმიდან, სახელად საჯა, რომელიც აცხადებდა, რომ ისიც წინასწარმეტყველი იყო. მაგრამ წინასწარმეტყველი არ აპირებდა, თავიდანვე გადამჭრელი ზომები მიეღო რომელიმე მათგანის წინააღმდეგ. მისი ყურადღება ახლა მიქცეული იყო ჩრდილოეთისაკენ და საფარის ბოლო დღეებში, ეს წლის მეორე თვე იყო, ანუ ქრისტეს შობიდან 632 წლის მაისის ბოლო, მან გადაწყვიტა, რომ დადგა დრო, მუთ'ასთან დამარცხების გამო რევანში აეღო. წინასწარმეტყველმა ბრძანება გასცა, ახალი ლაშქრობისათვის დაეწყოთ მზადება, რათა თავს დასხმოდნენ სირიის არაბულ ტომებს, მათ, ვინც ბიზანტიურ ლეგიონებთან კავშირში შეაკავეს მუსლიმები, მაშინ ბრძოლაში დაიღუპნენ ზეიდი და ჯა‛ფარი. მან ზეიდის ვაჟი, უსამა, დაიბარა და, მიუხედავად მისი ახალგაზრდობისა, სამიათასკაციანი ჯარის ხელმძღვანელობა დაავალა.

_________________________

1. ბ. LXI, 25.

2. ვ. 1097.

3. ვ. 1100.

4. V, 3.

5. ი.ი. 969.

6. ვ. 1108.

7. იბნ ქასირი, ალ-ბიდაჲა ვა ნ-ნიჰაჲა, V, 209.

8. ი.ი. 965.

84 LXXXIV. არჩევანი

▲ზევით დაბრუნება


წინასწარმეტყველი გამუდმებით საუბრობდა სამოთხის შესახებ და, როდესაც ამას აკეთებდა, ისეთი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდა. ეს შთაბეჭდილება განმტკიცებული იყო მრავალი სხვა ნიშნით, მაგალითად, ერთხელ მან ხელი გაიწვდინა, თითქოს რაღაცის აღება უნდოდა, მაგრამ შემდეგ ისევ უკან წაიღო. თვითონ არაფერი უთქვამს, მაგრამ მათ, ვინც იქ იყვნენ, ეს შენიშნეს და ჰკითხეს, რატომ გააკეთა. მან თქვა: „სამოთხე დავინახე და ხელი გავიწვდინე მისი ყურძნის მტევნებისაკენ. რომ მომეწყვიტა, თქვენ მისგან მანამდე შეჭამდით, სანამ წუთისოფელი არ გარდახდება.“1 ახლობლები მიჩვეულნი იყვნენ, რომ წინასწარმეტყველი იყო ადამიანი, ვისაც უკვე ჰქონდა საიქიოს მკვეთრი შეგრძნება და აღქმა. შესაძლოა, ამის გამო მოხდა, რომ, როდესაც თავისი სიკვდილი ახსენა და ამის შესახებ რამდენჯერმე წამოიწყო საუბარი, დიდი ყურადღება არ მიაქციეს. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ იგი ახლა უკვე სამოცდასამი წლის გახლდათ, აღნაგობით გაცილებით უფრო ახალგაზრდა კაცს ჰგავდა, თვალების ბრწყინვალებაც ძველებური ჰქონდა, ხოლო შავ თმაში სულ რამდენიმე ჭაღარა გარეოდა. ერთხელ, როდესაც ცოლებმა ჰკითხეს, რომელი მათგანი შეუერთდებოდა მას პირველად საიქიოში, უპასუხა: „ის, ვისაც ყველაზე უფრო ძნელად შესწვდები.“ ცოლებმა დაიწყეს გაზომვა და ერთმანეთთან დატოლება. ზუსტად არ არის შემონახული ცნობა იმის თაობაზე, თუ ვინ გაიმარჯვა ამ „შეჯიბრში,“ მაგრამ სავარაუდოა, ეს სავდა იქნებოდა, რადგანაც იგი იყო ყველაზე მაღალი და აღნაგობითაც დიდი. მეორე მხრივ, ამის საპირისპიროდ, ზეინაბი პატარა ქალი გახლდათ, მას ერთი მკლავითაც კი შემოსწვდებოდა კაცი. მაგრამ მოხდა ისე, რომ სწორედ ზეინაბი გარდაიცვალა პირველი წინასწარმეტყველის ცოლთაგან, ეს დაახლოებით ათი წლის შემდეგ მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ წინასწარმეტყველის ფიგურალური სიტყვები, „ვინც ყველაზე გრძელია მისაწვდომად,“ გადატანითი იყო და სიმაღლესთან არაფერი ჰქონდა საერთო. ზეინაბი უკიდურესად კეთილი და გამცემი იყო, ისევე, როგორც იმავე სახელის მქონე მისი წინამორბედი, რომელსაც ასეთი სიკეთის გამო «საწყალთა დედა ეწოდა.“

ერთ ღამეს, როდესაც დიდი ხანი არ გასულიყო მას შემდეგ, რაც სამზადისის შესახებ ბრძანება გასცა, და ჯარი უკვე მზად იყო სირიაში გასამგზავრებლად, წინასწარმეტყველმა თავისთან მიიხმო განთავისუფლებული მონა, აბუ მუვაიჰიბა, და უთხრა: „მებრძანა, საფლავის ხალხისათვის (მიცვალებულთათვის) მისატევებელი ლოცვა ვილოცო. გამომყევი სასაფლაოზე.“ ერთად წავიდნენ და, როდესაც ბაკი‛ს მიაღწიეს, წინასწარმეტყველმა თქვა: „მშვიდობა თქვენდა, საფლავის მკვიდრნო. გიხაროდეთ თქვენი მდგომარეობა, რაოდენ უკეთესია ეს იმათ მდგომარეობაზე, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალნი არიან. უკუსვლა ისე მოდის, როგორც ტალღა უბნელესი ღამისა, ეს ტალღები ერთმანეთს მოჰყვება და ერთმანეთზე უარესია.“ შემდეგ აბუ მუვაიჰიბას მიუბრუნდა და უთხრა: „მე შემომთავაზეს ამქვეყნიურ საგანძურთა გასაღები და უკვდავება სამოთხეში. მომეცა არჩევანი ამქვეყნად დიდებით დარჩენასა და სამოთხეში ჩემს უფალთან შეხვედრას შორის.“ აბუ მუვაიჰიბამ უპასუხა: „იმაზე უფრო ძვირფასო, ვიდრე მამაჩემი და დედაჩემია, აირჩიე ამქვეყნიურობის საგანძურთა გასაღები და შემდეგ უკვდავება სამოთხეში, რომელიც ამას მოსდევს.“ მაგრამ წინასწარმეტყველმა ასე უთხრა: „მე უკვე ავირჩიე შეხვედრა ჩემს უფალთან სამოთხეში.“ შემდეგ ილოცა მისატევებელი ლოცვა იმ მიცვალებულთათვის, რომლებიც ბაკი‛ში იყვნენ დაკრძალულნი.2

სწორედ იმ ან მომდევნო დღის განთიადისას წინასწარმეტყველს ისეთი თავის ტკივილი დაეწყო, როგორიც მანამდე არასოდეს გამოუცდია. მიუხედავად ამისა, იგი მაინც წავიდა მეჩეთში, ილოცა და კათედრაზეც ავიდა. იქ მოიხსენია და დალოცა უჰუდში გარდაცვლილნი, ისე, თითქოს ამას უკანასკნელად აკეთებდა, როგორც შემდგომში მიაქციეს ყურადღება. მან თქვა: „არის ღმერთის ერთი მონა ღმერთის მონათა შორის, რომელსაც ღმერთმა შესთავაზა არჩევანი ამ ქვეყანასა და იმას შორის, რაც მასთან არის; და მონამ აირჩია ის, რაც ღმერთთან არის.“ როდესაც ეს თქვა, აბუ ბაქრმა ტირილი დაიწყო, რადგანაც იცოდა, რომ წინასწარმეტყველი საკუთარ თავს გულისხმობდა. ისიც იცოდა, რომ ეს არჩევანი მოახლოებულ სიკვდილს ნიშნავდა. წინასწარმეტყველმა დაინახა, რომ იგი ყველაფერს მიხვდა, ამიტომაც სთხოვა, არ ეტირა, და უთხრა: „ხალხნო, ყველაზე მეტად კურთხეული ჩემს მეგობრობასა და ყველაფერში, რაც მის ხელთაა და მას ზეგარდმო ებოძა, არის აბუ ბაქრი. მეგობრობა და ძმობა დაგვაკავშირებს ჩვენ ყოველთვის, მანამდეც, სანამ ღმერთი ისევ გაგვაერთიანებს თავის სამოთხეში.“ სწორედ მაშინ იყო, რომ მან გარშემო მიმოიხედა, თვალი შეავლო იმ მრავალ კარს, რომელიც კერძო სახლებიდან გადიოდა მეჩეთში, და ბრძანა: „დახურეთ ყველა ეს კარი, რომელიც მეჩეთშია შემოჭრილი. ამოქოლეთ ისინი და მხოლოდ აბუ ბაქრის კარი დატოვეთ.“3 სანამ კათედრიდან ჩამოვიდოდა, დასძინა: „მე თქვენზე უფრო ადრე მივდივარ და მოწმე ვიქნები თქვენთვის. მე გელით თქვენ წყალსაცავთან,4 რომელზეც ძალაუფლება მაქვს თვით აქედან, სადაც ახლა ვდგავარ. აღარ მეშინია, რომ ღვთაებებს აღმართავთ ღმერთის მაგიერ; მაგრამ მეშინია თქვენს გამო, რადგანაც ამქვეყნად რჩებით და ამასოფლიურ საქმეებში დაიწყებთ ერთმანეთთან ქიშპობას.“5

მეჩეთიდან წინასწარმეტყველი მაიმუნას ბინაში წავიდა. ახლა მისი ჯერი იყო ქმრის მისაღებად. იმ ძალისხმევის გამო, რომელიც წინასწარმეტყველმა საკრებულოსთან სასაუბროდ გაიღო, მას საგრძნობლად აეწია სიცხე. ერთი თუ ორი საათის შემდეგ მოისურვა, ‛ა'იშას შეეტყო მისი ავადმყოფობის შესახებ, ამიტომაც მის მოსანახულებლად წავიდა. იმ დორს ქალიც თავის ტკივილისაგან იტანჯებოდა და, როდესაც ქმარი შევიდა, შესჩივლა: „ვაიმე, ჩემი თავი!“ მაგრამ წინასწარმეტყველმა უთხრა: „არა, ‛ა'იშა, ვაი ჩემს თავს!“ შემდეგ დაკვირვებით მიაჩერდა ქალს და მასში ვერ შენიშნა რაიმე საშიში ავადმყოფობისა და ცვლილების ნიშანი, ამიტომაც თქვა: „ვისურვებდი, რომ ასე ყოფილიყო,“ - ახალგაზრდა ცოლის სიკვდილს გულისხმობდა - „განა არ გინდა, რომ ეს მე დავრჩე ცოცხალი, რათა მიტევება და მოწყალება ვითხოვო შენთვის, სუდარაში გაგახვიო, ვილოცო შენთვის და დაგკრძალო?“ ახლა ‛ა'იშამ ნათლად შენიშნა, რომ წინასწარმეტყველი ავად იყო, იგი შეაშფოთა მისმა ხმამ, ამიტომაც შეეცადა, ქმრისთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა, და ნაზად გაუღიმა. მაგრამ წინასწარმეტყველმა გაიმეორა: «არა, ეს ვაი ჩემს თავს.“ შემდეგ იგი მაიმუნასთან დაბრუნდა.

წინასწარმეტყველი ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, როგორც კარგად ყოფნის დროს. იგი აგრძელებდა მეჩეთში სიარულსა და ლოცვების გაძღოლას. მაგრამ მისი ავადმყოფობა იმატებდა. ბოლოს დადგა დღე, როდესაც მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში შეეძლო ლოცვა, ამიტომაც საკრებულოს უთხრა, მათაც ჰქონდათ უფლება, დამსხდარიყვნენ. როდესაც იმ ცოლის სახლში დაბრუნდა, ვისთან ყოფნის ჯერიც დადგა, ჰკითხა; „ხვალ სად უნდა ვიყო?“ მანაც დაუსახელა ცოლი, რომელთანაც უნდა წასულიყო. „და ზეგ?“ ამას ეს კითხვა მოჰყვა. ქალმა პასუხი გასცა და, როდესაც კიდევ მოისმინა იგივე კითხვა, მიხვდა, წინასწარმეტყველს ‛ა'იშასთან ყოფნა უნდოდა, ამიტომაც ყველა ცოლი მოვიდა და განუცხადა: „ღმერთის მოციქულო, ჩვენი დღეები დავუთმეთ ჩვენს დას, ‛ა'იშას.“6 წინასწარმეტყველმა სიამოვნებით მიიღო მათი საჩუქარი, მაგრამ ახლა უკვე ძალიან იყო დასუსტებული და სიარული აღარ შეეძლო, ამიტომაც ‛აბბასი და ‛ალი დაეხმარნენ ‛ა'იშას სახლში გადასვლაში.

წინასწარმეტყველმა შეიტყო, რომ მას დიდად აკრიტიკებდნენ, რადგანაც უსამა, ასეთი ახალგაზრდა კაცი, დაადგინა ჯარის ხელმძღვანელად სირიაში სალაშქროდ. ეს უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, რომ ერთგვარად აფერხებდა ომისათვის მზადებას. მან იგრძნო, საჭირო იყო ამ კრიტიკისათვის პასუხის გაცემა, მაგრამ ძალიან სუსტად შეიქნა, ამიტომაც თავის ცოლებს უთხრა: «გადამავლეთ წყალი ტყავის შვიდი ტიკით. ეს წყალი სულ სხვადასხვა ჭიდან უნდა იყოს. მინდა, შევძლო ხალხთან გასვლა, რათა მათ ვუქადაგო.“ ჰაფსამ მოიტანა ვანა ‛ა'იშას ოთახში. წინასწარმეტყველი შიგ ჩაჯდა, ცოლებმა კი წყალი დაასხეს. შემდეგ ჩაცმაში დაეხმარნენ და თავიც შეუბურეს. ორი კაცი მხარში ამოუდგა. იგი მეჩეთში გაიყვანეს. წინასწარმეტყველი კათედრასთან დაჯდა და მეჩეთში შეკრებილებს მიმართა: „ხალხნო, შეუერთდით უსამას ჯარს, თქვენ ხომ ისევე აყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ მის უფროსობას, როგორც მამამისისას აყენებდით, სინამდვილეში კი ის ღირსეული სარდალი გამოდგა. უსამაც ასევე ღირსეულია.“7 წინასწარმეტყველი კათედრიდან ჩამოვიდა, მას დაეხმარნენ ‛ა'იშას სახლში გადასვლაში. საბრძოლოდ მზადება უფრო დაჩქარებით გაგრძელდა და უსამა მალევე გავიდა თავის არმიასთან ერთად, იგი ჩავიდა ჯურფში, სადაც დაბანაკდა. ეს ადგილი დაახლებით სამი მილის მანძილზე მდებარეობს მედინიდან ჩრდილოეთით.

როდესაც შემდეგი მოწოდება გაისმა ლოცვისაკენ, წინასწარმეტყველმა იგრძნო, რომ უკვე ვეღარ წარუძღვებოდა მას, თუნდაც მჯდომარე მდგომარეობაში, ამიტომაც ‛ა'იშას დაავალა: „აბუ ბარქს უთხარი, ხალხს ლოცვისას უხელმძღვანელოს.“ მაგრამ ქალს ეშინოდა, რომ მამამისი დიდად აღელდებოდა, თუ წინასწარმეტყველს შეენაცვლებოდა. „ღმერთის მოციქულო,“ მიმართა ქმარს, «აბუ ბაქრი ძალიან მგრძნობიარე კაცია, არც ძლიერი ხმა აქვს და თანაც სულ ტირის, როდესაც ყურანს წარმოთქვამს.“ „უთხარი, ლოცვას გაუძღვეს,“ გაიმეორა წინასწარმეტყველმა, თითქოს არც კი გაეგონოს ცოლის სიტყვები. როდესაც ‛ა'იშამ კიდევ ერთხელ სცადა მისი გადარწმუნება და ამჟამად უკვე რჩევაც დააყოლა, რომ მას ‛უმარი შეენაცვლებოდა, მან ისევ გაიმეორა: „უთხარი აბუ ბაქრს, ხალხს ლოცვისას უხელმძღვანელოს.“ ახლა ‛ა'იშამ ჰაფსას შეხედა და მანაც დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ წინასწარმეტყველმა ასეთი სიტყვებით გააჩუმა: „თქვენ ისევე იქცევით, როგორც ქალები, რომლებიც იოსებთან იყვნენ.8 უთხარით აბუ ბაქრს, ხალხს ლოცვისას წარუძღვეს. დაე, ბრალდების მოსურნემ ი პოვოს ნაკლი, ხოლო ამპარტავნებმა და დიდების მოყვარეებმა კი ამოიოხრონ. სხვაგვარად არ სურთ ღმერთსა და მის მორწმუნეებს, ეს აბუ ბაქრი უნდა იყოს.“9 წინასწარმეტყველმა ბოლო ფრაზა სამჯერ გაიმეორა, ამიტომაც აბუ ბაქრი უძღვებოდა ლოცვებს მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც იგი ცუდად იყო.

წინასწარმეტყველი უმეტესწილად სულ იწვა, თავი ‛ა'იშას მხარზე ან მის კალთაში ედო, მაგრამ, როდესაც ფატიმა მოდიოდა, ‛ა'იშა ყოველთვის ცოტა გვერდით იწევდა, რათა მამისა და ქალიშვილისათვის ცალკე ახლო საუბრის საშუალება მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი ასეთი მონახულების დროს, ‛ა'იშამ შეამჩნია, რომ წინასწარმეტყველმა რაღაც წასჩურჩულა თავის ქალიშვილს, რომელმაც უეცრად ტირილი დაიწყო. შემდეგ კიდევ რაღაც სხვა საიდუმლო გაანდო, რის გამოც ქალმა გაიღიმა ისე, რომ ცრემლები ისევ თვალებზე ჰქონდა. როდესაც მიდიოდა, ‛ა'იშამ ჰკითხა, რა ამცნო წინასწარმეტყველმა, მაგრამ ფატიმამ უპასუხა, რომ ეს საიდუმლო იყო, რომელსაც ვერ გაამჟღავნებდა. თუმცა მოგვიანებით უთხრა: „წინასწარმეტყველმა შემატყობინა, რომ იმ ავადმყოფობისას იგი უნდა გარდაცვლილიყო, მაგრამ შემდეგ ისიც მითხრა, რომ მისი ოჯახიდან მე ვიქნები პირველი, ვინც მასთან უნდა წავიდეს. ამიტომაც ჯერ ვიტირე და შემდეგ გავიცინე.“10

წინასწარმეტყველი ტკივილისაგან იტანჯებოდა. ერთ დღესაც, როდესაც მდგომარეობა საგრძნობლად გაუუარესდა, თავისმა ცოლმა, საფიჲჲამ, უთხრა: „ღმერთის მოციქულო, განა არ შეიძლება, რომ მე მჭირდეს ის, რაც ასე გაწვალებს შენ?“ ეს სიტყვები რატომღაც არ მოეწონათ დანარჩენ ცოლებს და ერთმანეთში დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს ასე წარმართები თუ იტყოდნენ. წინასწარმეტყველმა მათ უთხრა: „ყველამ დახუროს თავისი პირი.“ როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ, უპასუხა: „იმიტომ, რომ უსამართლოდ კიცხავთ თქვენს მეგობარს. ღმერთმანი, ის მთელი გულწლფელობით სიმართლეს ამბობს.“11

უმმ აიმანი მუდმივად ყურადღებით იყო და საქმის კურსში აყენებდა თავის ვაჟს. შეუთვალა, რომ ჯურფში დარჩენილიყვნენ და წინ არ წასულიყვნენ, სანამ ღმერთი არ გადაწყვეტდა ყველაფერს. ერთ დღესაც ახალგაზრდა მხედართმთავარმა ისეთი ცუდი ამბები მიიღო მედინიდან, რომ სასწრაფოდ გაეშურა ქალაქისაკენ და თვალცრემლიანი მიადგა წინასწარმეტყველს. იგი ძალიან დასუსტებული იყო და ლაპარაკი არ შეეძლო, თუმცა ცნობიერება ჯერ კიდევ სრულად ჰქონდა შენარჩუნებული. უსამა წინასწარმეტყველს ეამბორა. მან თავი ასწია, ხელები მაღლა აღაპყრო, ზეცისაკენ, რათა კურთხევა ეთხოვა მოსულისათვის. შემდეგ ხელები ახალგაზრდისაკენ მიმართა და მას გადასცა ზეციური კურთხევა. უსამა დიდად დამწუხრებული დაბრუნდა ბანაკში.

მოერე დღე ორშაბათი იყო, რაბი‛ ალ-ავვალის 12 რიცხვი, ისლამური წელთაღრიცხვის მეთერთმეტე წელი, ანუ ქრისტეს შობიდან 632 წლის რვა ინვისი. იმ დილით ძალიან ადრე წინასწარმეტყველს სიცხემ დაუწია და ლოცვისაკენ მოწოდებამ ის აიძულა, მეჩეთში წასულიყო. ლოცვა უკვე დაწყებულიყო, როდესაც იგი შევიდა. ხალხმა კინაღამ მიატოვა ლოცვა იმ სიხარულის გამო, რომელიც მისი ნახვისას დაეუფლა. მაგრამ მან ანიშნა, ლოცვა გაეგრძელებინათ. ერთხანს იგი იდგა და სახე კმაყოფილებისაგან უბრწყინავდა, რადგანაც გრძნობდა და ხედავდა მორწმუნეთა ერთგულებასა და თავდადებას ამ ლოცვის დროს. შემდეგ წინ წავიდა, მას ფადლი და სავბანი, ერთ-ერთი განთავისუფლებული მონა, ეხმარებოდნენ. „არასოდეს მინახავს წინასწარმეტყველის სახე ასე ლამაზი, როგორც ის მაშინ იყო,“ იგონებდა ანასი. აბუ ბაქრი გრძნობდა, რომ მის უკანა რიგებში რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა, და მიხვდა, კაცი, რომელიც უახლოვდებოდა, მხოლოდ წინასწარმეტყველი შეიძლებოდა ყოფილიყო. მან უკან მოუხედავად დაიხია, მაგრამ წინასწარმეტყველმა ხელი მხარზე დაადო, წინ წასია და უთხრა: „განაგრძე ლოცვა და ხალხის გაძღოლა.“ თვითონ კი აბუ ბაქრს მარჯვნივ მოუჯდა და ასე ილოცა.

დიდი იყო სიხარული ამ გარეგნული გამოჯანმრთელების გამო. ამასობაში უსამა კიდევ ერთხელ ჩამოვიდა ბანაკიდან იმის შიშით, რომ წინასწარმეტყველს უარეს მდგომარეობაში ნახავდა, მაგრამ რაოდენ დიდი აღმოჩნდა მისი სიხარულიც, როდესაც იგი ასე ჯანმრთელად იხილა. „წადი ჩრდილოეთისაკენ ღვთის კურთხევით,“ უთხრა წინასწარმეტყველმა. უსამა დაემშვიდობა, სასწრაფოდ გაეშურა თავისი ბანაკისაკენ და ბრძანა, ყველა გასამგზავრებლად მომზადებულიყო. ამასობაში აბუ ბაქრმა წინასწარმეტყველს ზემო მედინაში წასვლის უფლება სთხოვა. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ასმა'ს შეირთავდა, მას ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ჰაბიბასთან, ერთი ხაზრაჯელის, ხარიჯას, ქალიშვილთან. ეს ის ხაზრაჯელი იყო, ვისთანაც აბუ ბაქრი გაჩერდა ათი წლის წინ, როდესაც ოაზისში ჩამოვიდა. ცოტა ხნის წინ აბუ ბაქრმა ჰაბიბაც ცოლად შეირთო. ქალი ისევ თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სუნფში, სადაც ახლა ქმარმა მიაკითხა.

წინასწარმეტყველი ‛ა'იშას ბინაში დაბრუნდა. მას ფადლი და სავბანი დაეხმარნენ. ‛ალი და ‛აბბასიც თან გაჰყვნენ, მაგრამ კაცები დიდხანს აღარ დარჩენილან და, როდესაც გარეთ გამოვიდნენ, მორწმუნეებმა ‛ალის ჰკითხეს, როგორ იყო წინასწარმეტყველი. „დიდება ღმერთს,“ უპასუხა მან, „კარგად არის.“ მაგრამ, როდესაც ეს ხალხი დაიშალა, ‛აბბასმა ‛ალის ხელი მოჰკიდა და უთხრა: „ვფიცავარ, წინასწარმეტყველის სახეში სიკვდილი ამოვიცანი, ისევე, როგორც მრავალჯერ ამომიცვნია ის ჩემი კლანის წარმომადგენლებში, ვინც გარდაიცვალნენ. მოდი, დაველაპარაკოთ. თუ მან თავისი ძალაუფლება ჩვენ უნდა გადმოგვცეს, გვეცოდინება; შემდეგ ვთხოვთ, ხალხს მიმართოს და ეს ამცნოს, რათა ისინი ჩვენ კარგად მოგვეპყრნენ.“ მაგრამ ‛ალიმ უპასუხა: „არა, ამას არ გავაკეთებ, ღმერთმანი, რადგანაც, თუ თვითონ ჩამოგვართმევს ძალაუფლებას, მაშინ მის შემდეგ ვეღარავინ შეძლებს, რომ ის უკან დაგვიბრუნოს.“12

წინასწარმეტყველი ახლა ისევ ტახტზე იწვა, თავი ‛ა'იშას მხარზე ედო. თითქოს ძალა სულ მიხდოდა, მაგრამ, როდესაც ქალის ძმა, ‛აბდ არ-რაჰმანი, შემოვიდა, თან ხელში კბილის საჩიჩქნი პატარა ჯოხი ეჭირა, წინასწარმეტყველმა ისეთი მზერა შეავლო, რომ ცოლი მიხვდა, მასაც უნდოდა კბილის საჩიჩქნი. ‛ა'იშამ ძმას ჯოხი გამოართვა, ხელში ცოტა მოარბილა და ქმარს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ იყო დასუსტებული, წინასწარმეტყველმა ენერგიულად გაისუფთავა კბილები.

ამის შემდეგ სულ მალე გრძნობა დაკარგა. ‛ა'იშას ეგონა, რომ სიკვდილი უკვე დადგა, მაგრამ ერთ საათში წინასწარმეტყველმა თვალი გაახილა. ქალი იხსენებს, როგორ უთხრა ქმარმა: „არც ერთი წინასწარმეტყველი არ კვდება მანამდე, სანამ არ იხილავს თავის ადგილს სამოთხეში, შემდეგ კი მიეცემა არჩევანი, იცოცხლოს ან მოკვდეს. ქალი მიხვდა, რომ ყველაფერი უკვე აღსრულდა, რომ იგი საიქიოდან უკან მობრუნდა. „ჩვენ აღარ აგვირჩევს!“ თავისთვის თქვა ‛ა'იშამ. შემდეგ გაიგო, როგორ ჩურჩულებდა მომაკვდავი: უმაღლესი კავშირით სამოთხეში, მათთან, ვისაც ღმერთმა უჩვენა თავისი წყალობა, წინასწარმეტყველებთან, წმინდანებთან, მოწამეებთან და მართლებთან, უბრწყინვალესნი არიან ისინი ერთობისათვის/თანაზიარებისათვის.13 შემდეგ ქალმა კიდევ გაიგო ჩურჩული: „ო, ღმერთო, უმაღლესი კავშირით,“14 და ეს იყო ბოლო სიტყვები, რომლებიც გაარჩია. თანდათანობით სულ უფრო მძიმდებოდა წინასწარმეტყველის თავი ‛ა'იშას მხარზე, ამასობაში სხვა ცოლებმა უკვე გოდება დაიწყეს. წინასწარმეტყველი გარდაიცვალა. ‛ა'შამ მისი თავი ბალიშზე გადაასვენა და დანარჩენ ცოლებს შეუერთდა მოთქმაში.

_________________________

1. ბ. XVI, 8.

2. ი.ი. 1000.

3. ი.ი. 1006.

4. წინასწარმეტყველს ეკუთვნის მდინარე ქავსარი, იგი ქმნის ტბას, წყალსაცავს, სადაც მორწმუნეები წყურვილს იკლავენ, როდესაც სამოთხეში შედიან.

5. ბ. LXIV, 17.

6. ი.ს. II/2, 30.

7. ცოტა მოგვიანებით, როდესაც ლაშქრობა შედგა, უსამამ დაამტკიცა წინასწარმეტყველის სიტყვების ჭეშმარიტება.

8. იხ. ყ. XII, 31-3.

9. ი.ს. II/2, 20.

10. ბ. LXII, 12.

11. ი.ს. VIII, 91.

12. ი.ი. 1011.

13. ყ. IV, 69.

14. ი.ს. II/2, 27.

85 LXXXV. შედეგები და დაკრძალვა

▲ზევით დაბრუნება


ის ნიშნები, რომლებიც ‛ააბბასმა შეამჩნია, მალე სხვებისთვისაც შესამჩნევი გახდა, ამიტომაც წინასწარმეტყველის გარდაცვალების წინ უმმ აიმანმა თავის ვაჟს შეუთვალა, რომ იგი ნამდვილად კვდებოდა. ჯარი უკვე გამზადებული იყო ჩრდილოეთისაკენ წასასვლელად, მაგრამ უეცრად უსამამ ბრძანება გასცა, გეზი მედინისაკენ აეღოთ. ბევრი სხვა მეგობარი იყო ჯარში, მათ შორის, ‛უმარი. როდესაც ქალაქში შევიდნენ და მათ ამცნეს, რომ წინასწარმეტყველი უკვე გარდაცვლილიყო, ‛უმარმა უარი განაცხადა ამის დაჯერებაზე. მან კარგად ვერ გაიგო ყურანის ერთი აია და ფიქრობდა, რომ წინასწარმეტყველს უფრო დიდხანს უნდა ეცოცხლა, ვიდრე მათ ყველას, იგი სხვა, ახალ თაობებს უნდა მოსწრებოდა. ახლა მეჩეთში იდგა და ხალხს არწმუნებდა, რომ წინასწარმეტყველი გარდაცვლილი კი არ იყო, უბრალოდ, მისი სული დროებით იყო წასული სულიწმინდასთან და მალე მათ დაუბრუნდებოდა. როდესაც ამას ლაპარაკობდა, აბუ ბაქრი მოიჭრა სუნფიდან ცხენით, რადგანაც ეს ამბავი უეცრად მოედო მთელ ოაზისს. მას არც უცდია, ვინმეს, მათ შორის, ‛უმარს, დალაპარაკებოდა, ერთი წამითაც კი არ შეყოვნებულა, ისე წავიდა პირდაპირ თავისი ქალიშვილის სახლში და წინასწარმეტყველს გადახადა სუდარა, რომელიც მისთვის გადაეფარებინათ. მიცვალებულს შეხედა და ეამბორა. „მამაჩემსა და დედაჩემზე ძვირფასო,“ თქვა მან, „შენ გამოსცადე სიკვდილი, რომელიც ღმერთმა გამოაცხადა შენზე. არანაირი სიკვდილი აღარ მოგიწევს აღარასოდეს ამის შემდეგ.“ ისევ მოწიწებით გადააფარა მოსასხამი სახეზე და იმ კაცებთან გავიდა, რომლებსაც ‛უმარი ისევ ელაპარაკებოდა. „მოიცა, ‛უმარ,“ თქვა აბუ ბაქრმა, „ხალხნო, მისმინეთ.“ ‛უმარმა ყურადღება არ მიაქცია და თავის ნათქვამს კატეგორიულად ამტკიცებდა, მაგრამ, როდესაც აბუ ბაქრის ხმა შეიცნეს, ხალხი თვითონ მიბრუნდა მისკენ და ყურს აღარ უგდებდა ‛უმარს. მათ უნდოდათ იმის გაგება, რასაც უფრო ასაკოვანი კაცი ეტყოდათ. აბუ ბაქრმა ჯერ ღმერთი ადიდა, შემდეგ კი თქვა: „ხალხნო, ვისაც კი ოდესმე გქონიათ სურვილი, თაყვანი გეცათ მუჰამედისათვის - მუჰამედი ნამდვილად მკვდარია; ხოლო, ვისაც გინდოდათ ღმერთის თაყვანისცემა, იცოდეთ, ღმერთი ცოცხალია და ის არასოდეს არ კვდება.“ ბოლოს წარმოთქვა აიები, რომლებიც გამოცხადებულ იქნა უჰუდის შემდეგ: მუჰამედი მხოლოდ მოციქულია და მოციქულები გარდაიცვალნენ მასზე ადრეც. თუ ის გარდაიცვლება ან მას მოკლავენ, განა თქვენ უნდა შებრუნდეთ? ვინც შებრუნდება, ის არ არისხებს ღმერთს; ღმერთი დააჯილდოვებს მადლობლებს.1

თითქოს ხალხს არ სცოდნოდა ამ გამოცხადების შესახებ მანამდე, სანამ აბუ ბაქრმა კიდევ ერთხელ არ წარმოთქვა ის მათ წინაშე. ახლა ეს სიტყვები აიტაცეს და ხშირად იმეორებდნენ. შემდგომში ‛უმარი იგონებდა: „როდესაც აბუ ბაქრმა აიები წარმოთქვა, ისეთმა სასოწარკვეთილებამ მომიცვა, რომ ძირს დავვარდი, ფეხზე ვეღარ გავჩერდი. ახლა უკვე დარწმუნებული ვიყავი, ვიცოდი, რომ ღმერთის მოციქული გარდაიცვალა.“

‛ალი თავის სახლში გადავიდა, მასთან იყვნენ ზუბაირი და ტალჰა. დანარჩენი მუჰაჯირები აბუ ბაქრთან შეიკრიბნენ, მათ შეუერთდა უსაიდი და ასევე მისი კლანის ბევრი სხვა წარმომადგენელი. მაგრამ ანსართა უმრავლესობა როგორც ავსიდან, ასევე ხაზრაჯიდან, ახლა ბანუ სა‛იდას დარბაზში შეკრებილიყო. სწორედ ამ ტომის ბელადი იყო სა‛დ იბნ ‛უბადა და ახლა აბუ ბაქრსა და ‛უმარს შეუთვალეს, რომ ისინი მსჯელობდნენ იმის თაობაზე, თუ ვის უნდა აეღო ძალაუფლება მას შემდეგ, რაც წინასწარმეტყველი გარდაიცვალა. მათ სიამოვნებით მიიღეს მისი ავტორიტეტი და ძალაუფლება (აბუ ბაქრი იგულისხმება), მაგრამ მაინც იყო საკმაოდ ბევრი, ვინც ფიქრობდა, რომ კაილას ძეთათვის სხვას არავის არ უნდა ეხელმძღვანელა, თუ არა თვითონ იასრიბელ კაცს. ასე ჩანდა, რომ ბევრი მზად იყო, ერთგულების ფიცი მიეცა სა‛დისათვის.

‛უმარმა აბუ ბაქრი დააჩქარა და სასწრაფოდ წაიყვანა იმ კრებაზე. აბუ ‛უბაიდაც მათ გაჰყვა. სა‛დი ავად იყო და დარბაზის შუაში იწვა, თან მოსასხამი შემოეხვია. მისი სახელით სხვა კაცს უნდა მიემართა საკრებულოსათვის, როდესაც უეცრად გამოჩნდა სამი კურეიშელი. ამიტომაც მან ამ ახლად მოსულებსაც მიმართა, ჯერ ღმერთი ადიდა, შემდეგ კი თქვა: „ჩვენ ვართ ღმერთის დამხმარენი და ისლამის მებრძოლი ძალა, ხოლო თქვენ, მუჰაჯირებო, ხართ ერთი ჯგუფი იმ კაცებისა, რომლებიც მექიდან გადმოსახლდნენ და ჩვენთან დამკვიდრდნენ.“ მოსაუბრე განაგრძობდა ანსარების დიდებას, მუჰაჯირებს კი მხოლოდ ანსარების დიდების მონაწილედ ხდიდა. მას ავიწყდებოდა, რომ მუჰაჯირები და ანსარები მორწმუნეთა თავდაპირველ, ერთიან საზოგადოებას ქმნიდნენ. როდესაც მან თავისი სიტყვა დაამთავრა, ‛უმარი აპირებდა ლაპარაკის დაწყებას, მაგრამ აბუ ბაქრმა შეაჩერა და თვითონ შეუდგა საუბარს, ტაქტიანად, მაგრამ უაღრესად პრინცი პულად. მან მიუთითა, რომ ისლამური საზოგადოება ახლა პრაქტიკულად მთელ არაბეთს მოიცავდა, ხოლო მთლიანი არაბეთი არაფრით არ მიიღებდა თავის ერთიან ხელმძღვანელად არავის, გარდა კურეიშელისა, რადგანაც კურეიშის ტომს სავსებით განსაკუთრებული, ცენტრალური ადგილი ეკავა მათში. როდესაც დასკვნას წარმოთქვამდა, ხელი მოჰკიდა ‛უმარსა და აბუ ‛უბაიდას: «მე თქვენ გთავაზობთ ერთ-ერთს ამ ორი კაციდან. შეჰფიცეთ ერთგულება იმას, რომელიც გსურთ.“ შემდეგ ერთ-ერთი ანსარი წამოდგა და შესთავაზა, რომ ორი მმართველი ყოფილიყო, რამაც გაცხარებული კამათი გამოწვია, სანამ ‛უმარი არ ჩაერია საქმეში ასეთი სიტყვებით. „ანსარებო, განა არ იცით, რომ ღმერთის მოციქულმა აბუ ბაქრი დაადგინა, რათა მან ლოცვას უხელმძღვანელოს?“ „დიახ, ვიცით,“ მიუგეს. მან კი განაგრძო: „მაშ, რომელი თქვენგანი მოიწადინებს მასზე მბრძანებლობას?“ „ამისაგან ღმერთმა დაგვიფაროს!“2 ამ დროს ‛უმარმა ხელი ასწია და ერთგულება შეჰფიცა აბუ ბაქრს. მას მოჰყვა აბუ ‛უბაიდა და ასევე სხვა მუჰაჯირებიც, რომლებიც უკვე მათთან მოსულიყვნენ. შემდეგ აგრეთვე ყველა ანსარმა ერთგულების ფიცი მისცა აბუ ბაქრს, გარდა სა‛დისა. მას არასოდეს არ უღიარებია ხალიფა3 და სირიაში გადაიხვეწა. რაც არ უნდა მომხდარიყო და გადაწყვეტილიყო იმ დარბაზში, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი იქნებოდა, ვინმე თანახმა ყოფილიყო იმაზე, რომ, აბუ ბაქრის გარდა, სხვას ეხელმძღვანელა ლოცვებისათვის მედინის მეჩეთში. იგი ამ საქმეს აკეთებდა მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც იქ იყო. მეორე დღეს კათედრაზე ავიდა, ხოლო ‛უმარი წამოდგა, ხალხს მიმართა და უთხრა, რომ ყველას უნდა მიეცა ერთგულების პირობა სწორედ აბუ ბაქრისათვის, რადგანაც წინასწარმეტყველს სურდა იგი, როგორც „საუკეთესო თქვენს შორის, ღმერთის მოციქულის ახლო მეგობარი, ერთი იმ ორთაგან, როდესაც ორივენი გამოქვაბულში იყვნენ.“4 გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიღებულ გამოცხადებაში წინასწარმეტყველს დაუდასტურდა აბუ ბაქრის უპირატესობა, იგი ღმერთის მოციქულის ერთადერთი მეგობარი იყო ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ მომენტში; ყველამ ერთხმად შეჰფიცა ერთგულება აბუ ბაქრს, გარდა ‛ალისა, რომელმაც ეს ცოტა მოგვიანებით გააკეთა.5

შემდეგ აბუ ბაქრმა დიდება და მადლობა შესწირა ღმერთს და ხალხს მიმართა: „მე მომეცა თქვენზე ძალაუფლება, მაგრამ მე არა ვარ საუკეთესო თქვენს შორის. თუ რაიმეს კარგად გავაკეთებ, დამეხმარეთ, თუ რაიმეს ვერ გავაკეთებ კარგად, მიმითითეთ. რადგანაც ჭეშმარიტებას უყვარს ლოიალობა, შემწყნარებლობა, მაგრამ ვერ იტანს ღალატსა და ინტრიგებს. თქვენს შორის ყველაზე სუსტნიც კი ძლიერები იქნებიან ჩემს გვერდით, რადგანაც მე ვიძლევი მათი უფლებების გარანტიას, როგორც ეს ღმერთს სურს. ხოლო ძლიერნი შეიძლება დასუსტდნენ, თუ მათ წავართმევ იმ უფლებებს, რომლებიც მათ კი არა, სხვებს ეკუთვნის, თუ ღმერთს სურს. დამემორჩილეთ ისე, როგორც მე ვემორჩილები ღმერთსა და მის მოციქულს. მაგრამ, თუ მე არ დავემორჩილები ღმერთსა და მის მოციქულს, მაშინ აღარაფერი მოვალეობა არ გექნებათ ჩემს წინაშე. ადექით და ილოცეთ, ღმერთმა მოგცეთ წყალობა!“6

ლოცვის შემდეგ წინასწარმეტყველის ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს, იგი დასაკრძალად მოემზადებინათ. მაგრამ ვერ თანხმდებოდნენ, როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს. ღმერთმა ისინი ყველანი ერთად დააძინა და თითოეულმა ადამიანმა გაიგონა ხმა, რომელიც ამბობდა: „განბანეთ წინასწარმეტყველი ისე, რომ მას თავისი სამოსი ზედვე ჰქონდეს.“ ‛ა'იშას ბინაში წავიდნენ, რომელიც ქალს დროებით გაეთავისუფლებინა. ხაზრაჯელმა ავს იბნ ხავლიმ დიდი სურვილი გამოთქვა, რომ იქ ყოფილიყო. მან ‛ალის უთხრა: „გაფიცებ ღმერთის სახელსა და იმას, რომ ჩვენ თანამოზიარენი ვართ ღმერთის მოციქულთან მიმართებაში!“ ‛ალიმ შესვლის უფლება მისცა. იქ იყვნენ ‛აბბასი და მისი ორი ვაჟი, ფადლი და კისამი, მათ ‛ალის უშველეს, რომ წინასწარმეტყველის სხეული გადაებრუნებინათ, უსამამ წყალი დაასხა, მას ეხმარებოდა შუქრანი, წინაწარმეტყველის ერთ-ერთი განთავისუფლებული მონა. ‛ალიმ ხელი შეახო წინასწარმეტყველის გრძელი სამოსის ყოველ ნაწილს. „მამაჩემსა და დედაჩემზე ძვირფასო,“ ამბობდა იგი, «რა არაჩვეულებრივი იყავი სიცოცხლეში და რა არაჩვეულებრივი ხარ ახლაც, სიკვდილის შემდეგ!“ თვით ერთი დღის შემდეგაც კი წინასწარმეტყველის სხეული ისე გამოიყურებოდა, თითქოს მას უბრალოდ ჩასძინებოდა, მხოლოდ ის განსხვავება იყო, რომ აღარ სუნთქავდა, აღარ ჰქონდა პულსი და სითბო, სირბილე.

ახლა მეგობრებმა იმაზე გამართეს დავა, თუ სად უნდა დაეკრძალათ წინასწარმეტყველი. ბევრი ფიქრობდა, რომ მისი საფლავი უნდა ყოფილიყო მისი სამი ქალიშვილისა და იბრაჰიმის მახლობლად, აგრეთვე იმ მეგობრებთან ახლოს, ვინც თავის დროზე თვითონ დაკრძალა, ვისთვისაც ილოცა. ეს ადგილი იყო ბაკი ალ-ღარკადი. მაგრამ სხვები ფიქრობდნენ, რომ იგი მეჩეთში უნდა დაკრძალულიყო. აბუ ბაქრს გაახსენდა, როგორ თქვა მან ერთხელ: „არც ერთი წინასწარმეტყველი არ კვდება ისე, თუ იქ არ დაიმარხა, სადაც გარდაიცვალა.“ ამიტომაც ‛ა'იშას ოთახის იატაკში გათხარეს საფლავი, იმ ტახტთან ახლოს, სადაც ბოლოს იწვა.

შემდეგ მედინის მთელი ხალხი მოვიდა წინასწარმეტყველთან გამოსამშვიდობებლად. მისთვის ლოცულობდნენ. ისინი ჯგუფებად მოედინებოდნენ და ყველა აღასრულებდა დაკრძალვის ლოცვას - ჯერ კაცები, შემდეგ კი ქალები. ბოლოს ბავშვებიც გამოჩნდნენ. იმ ღამეს წინასწარმეტყველი საფლავში ჩაასვენეს ‛ალიმ და დანარჩენებმა, ვინც იგი დასაკრძალად მოამზადეს.

დიდი იყო მწუხარება, რომელიც ჩამოწვა ნათელ ქალაქში, როგორც მედინა იწოდებოდა. წინასწარმეტყველის მეგობრები, მუჰაჯირები და ანსარები, ერთმანეთს კილავდნენ ტირილის გამო, მაგრამ ბოლოს მაინც ყველა თვითონვე ტიროდა. „მის გამო არ ვტირი,“ თქვა უმმ აიმანმა, „ვიცი, რომ ის უკეთეს ადგილას წავიდა, მაგრამ ვტირი იმიტომ, რომ მის წასვლასთან ერთად შეწყდა ზეციდან მომავალი კეთილი ამბები, რომლებიც აქამდე უხვად გვქონდა.“7 მართლაც, თითქოს რაღაც დიდი კარი ჩაიკეტა ყველასათვის. თუმცა მათ ახსოვდათ, როგორ უთხრა მან ერთხელ: „რა უნდა ვქნა ამქვეყნად? მე და წუთისოფელი ისე ვართ, როგორც ცხენოსანი მგზავრი და ხე, რომლის ქვეშაც შესაძლოა დროებით შეფარება. შემდეგ მგზავრი აგრძელებს თავის გზას და ხეს უკან ჩამოიტოვებს.“8 დაარიგა, რომ ყოველ მათგანს ასევე უნდა ეფიქრა თავის თავზე, ამიტომაც ნებისმიერი მორწმუნისათვის ახლა კი დაიხშო კარი, მაგრამ ის ხელმეორედ გაიხსნებოდა ყოველი მათგანის გარდაცვალების ჟამს. კიდევ ყურში ედგათ მისი ხმა, როდესაც იგი ეუბნებოდა: „მე თქვენზე ადრე მივდივარ და თქვენი მოწმე ვიქნები. ტბასთან დაგელოდებით.“ მან მოიტანა თავისი უწყება ამქვეყნად, ახლა კი საიქიოში წავიდა, სადაც განაგრძობს არსებობას მათთვის და სხვებისთვის, მაგრამ ამ არსებობაში უკვე აღარ არის მიწიერი სიცოცხლის ჩარჩოები; ისაა მოწყალების გასაღები,9 სამოთხის გასაღები, სული ჭეშმარიტებისა, ბედნიერება, ნეტარება ღმერთისა.

ჭეშმარიტად, ღმერთსა და მის ანგელოზებს თავიანთი კურთხევით ჰყავთ მოცული წინასწარმეტყველი. თქვენ, ვისაც გწამთ, გაუგზავნეთ მას კურთხევა და მიეცით მშვიდობის მისალმება.

შენიშვნა არაბულ საკუთარ სახელთა წარმოთქმასთან დაკავშირებით

არაბულ ენაში არსებობს ე.წ. ემფატიკური თანხმოვნები, ისინი ფარინგალიზებულია და ძლიერად წარმოითქმის, რაც ქართულ ტრანსკრიბციაში არ აისახება, აქ წარმოდგენილი გვაქვს უბრალოდ დ, ს, ტ და ზ. ამასთანავე არაბულში მოი პოვება ჩვეულებრივი დ და ს, აგრეთვე ინტერდენტალური მჟღერი ბგერა, რომელიც ქართულში ასევე გადმოდის, როგორც ზ. აქედან გამომდინარე, ქართულ ტრანსკრიბციაში ხდება ზოგიერთი ემფატიკური და არაემფატიკური თანხმოვნის დამთხვევა. გარდა ამისა, არაბულის ყრუ ინტერდენტალიც ქართულში გდამოგვაქვს, როგორც ს.

ქართულ ტრანსკრიბციაში ყოველთვის ავსახავთ ხორხისმიერ ბგერებს, როგორებიცაა ჰამზა და ‛აინი (შესაბამისად „და“).

არაბულში არსებობს ასევე ორგვარი ჰ, რაც ქართულ ტრანსკრიბციაში არ განირჩევა. და ბოლოს, არაბულ ნაქისმიერ ბგერას ქართულში, როგორც წესი, კ შეესაბამება.

რაც შეეხება ხმოვნებს, ისინი არაბულში მხოლოდ სამია, ა, ი, უ, როგორც მოკლე, ასევე გრძელი. უცხო ენებში არაბული საკუთარი სახელების გადასვლისას ხშირია ე და ო ხმოვნების გამოყენება, მაგრამ, ჩვენ ყველგან მხოლოდ სამი კლასიკური ხმოვანი წარმოვადგინეთ, მაგალითად, აბუ ბაქრი და არა აბუ ბექრი, ‛უმარი და არა ომარი. გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ შემდეგ სახელებში: მუჰამედი, ზეიდი, ჰუსეინი, მექა, მედინა (არაბ. მუჰამმად, ზაიდ, ჰუსაინ, მაქქა, მადინა). როგორც წესი, გემინირებული (გაორმაგებული) თანხმოვნებიც გადმოვიტანეთ ქართულში (მაგალითად, ხატტაბი და სხვ.).

ამრიგად, არაბული საკუთარი სახელების გადმოცემა ქართულში მაქსიმალურად იცავს არაბულთან სიახლოვის პრინციპს (მაგალითად, არა ოსმანი, არამედ ‛უსმანი და სხვ.)

_______________________

1. III, 144.

2. ი.ს. II/2, 23.

3. არაბულად ხალიფა; ეს ტიტული სრულად არის: ხალიფათ

რასულ ალლაჰ, ნიშნავს ღმერთის მოციქულის შემცვლელს, შემცვლელ მმართველს.

4. ყ. IX, 40.

5. ფატიმას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ‛ალიმ აბუ ბაქრს უთხრა: „ჩვენ კარგად ვიცით შენი აღმატებულება და ის, რაც ღმერთმა გიბოძა, და არც ვეჭვიანობთ იმ კურთხევის გამო, რომელიც მოგივლინა. მაგრამ ერთგვარად დაგვიპირისპირდი რაღაც უკვე აღსრულებულით, არჩევანი არ დაგვიტოვე, ჩვენ კი ვგრძნობდით, რომ წინასწარმეტყველთან ჩვენი ნათესაური კავშირის გამო შეიძლებოდა, რაღაც პრეტენზია გვქონოდა.“

მაშინ აბუ ბაქრს თვალები ცრემლით აევსო და მან ‛ალის უთხრა: „იმის სახელით, ვის ხელთაცაა ჩემი სული, იმაზე მეტად ვისურვებდი, რომ სიკეთე იყოს წინასწარმეტყველის ნათესაობასა და ჩემს შორის, ვიდრე ჩემს საკუთარ ნათესაობასა და ჩემს შორის;“ და იმ შუადღეს აბუ ბაქრმა მეჩეთში საჯაროდ შეახსენა ‛ალის, რომ მას ჯერ არ ჰქონდა დადებული ერთგულების ფიცი და არ აღიარებდა მას, როგორც ხალიფას. ‛ალიმ მაშინვე ცნო აბუ ბაქრის უფლებები და ერთგულებაც შეჰფიცა (ბ. LXIV, 38).

6. ი.ი. 1017.

7. ი.ს. II/2, 83-4.

8. ი.მ. XXXVII, 3.

9. ეს და სხვა ეპითეტები მოყვანილია ტრადიციული ლიტანიიდან წინასწარმეტყველის შესახებ.

86 სქოლიოთა გასაღები

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე წიგნი ძირითადად შემდეგ ავტორებს ეფუძნება:

ი.ი. = იბნ ისჰაკი
ი.ს. = იბნ სა‛დი
ვ. = ვაკიდი
ა. = აზრაკი
ტაბ. = ტაბარი
ს. = სუჰაილი
ბ. = მუჰამედ იბნ ისმა‛ილ ალ-ბუხარი
მ. = მუსლიმ იბნ ჰაჯჯაჯ ალ-კუშაირი
თირ. = მუჰამედ იბნ ‛ისა ათ-თირმიზი
ა.ჰ. = აჰმად იბნ მუჰამედ იბნ ჰანბალი
ნ. = აჰმად იბნ შუ‛აიბ ან-ნასა'ი
ა.დ. = აბუ და'უდ ას-სიჯისთანი
დ. = ‛აბდ ალლაჰ იბნ ‛აბდ არ-რაჰმან ად-დარიმი
ი.მ. = მუჰამედ იბნ მაჯა
ბაი. = აჰმად იბნ ჰუსეინ ალ-ბაიჰაკი
ფ. = ჰუსაინ იბნ მაჰმუდ ალ-ფარრა'ი
როდესაც ციტიებულია ყურანი, მაშინ სქოლიოში მხოლოდ სურა და აიაა მითითებული, იშვიათად შეიძლება მოცემული იყოს შემოკლებული სახით: ყ.