![]() |
გზამკვლევი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|სასამართლო ხელისუფლება |
საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამომცემელი PUBLISHED ფონდი WWW.ALPE.GE წიგნში გადმოცემული თვალსაზრისი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ევროკომისიის ოფიციალურ შეხედულებებს The opinions expressed in this publication do not necessatily represent those of the European Commission Foundation 8/33 AL. Chavachavadze str. tbilisi, Georgia tel: 995 32 99 65 12, 92 29 14 Fax: 92 05 96 e-mail: office@alpe.ge თბილისი, ალ. ჭავჭავაძის ქუჩა 8/33 ტელ: 995 32 92 29 14, 99 65 12 ფაქსი: 995 32 92 05 96 ელ. ფოსტა: office@alpe.ge ადამიანის უფლებათა დაცვის რეგიონალური ცენტრი საქართველო, ბათუმი 6000, ნოე ჟორდანიას№17 ტელ/ფაქსი: 995 222 77439, 77441, 70888 ელ-ფოსტა: regionalcenter@mail.ru Regional Center von Human Rights Protection Noe Jordania st..17 , Batumi 6000, Georgia, tel/fax: 995 222 77439, 77441, 70888. e-mail: regionalcenter@mail.ru 2006 |
![]() |
1 ნაწილი I |
▲back to top |
![]() |
1.1 თავი I სასამართლო ხელისუფლება |
▲back to top |
1.1.შესავალი
მიზანი
ამ წიგნის პირველი ნაწილის მიზანია გაუადვილოს მოქალაქეს კანონით მინიჭებული უფლებების სასამართლოს საშუალებით განხორციელება. გზამკვლევი მკითხველს დაეხმარება უკეთ გაეცნოს საქართველოს სასამართლო სისტემას, მის სტრუქტურასა და პროცესუალურ მოქმედებათა წესებს. ის განკუთვნილია მოსახლეობის ფართო ფენებისთვის და მასში გადმოცემულია სასამართლოსთან ურთიერთობის, ამ სისტემით სარგებლობის ძირითადი პრინციპები. ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა სამართლის ენა. ამ წიგნის საშუალებით გაეცნობით სასამართლო საქმის წამოებასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებსა და მათი განხორციელებისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს.
გზამკვლევს თან ერთვის სასარჩელო განცხადების, ასევე სააპელაციო და საკასაციო საჩივრების ნიმუშები, რათა უკეთ გაერკვეთ, თუ როგორ უნდა დაიწეროს სხვადასხვა პროცესუალური დოკუმენტი.
1.2. საერთო სასამართლოების მოწყობა
საქართველოს სასამართლო სისტემა აგებულია მსოფლიოში აპრობირებული სასამართლო სისტემებისა და ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საფუძველზე. სასამართლო ხელისუფლების უფლებამოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია, ასევე კანონები ,,საერთო სასამართლოების შესახებ”, ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” და ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”. სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლის დამოუკიდებლობა დაცულია და მისი ხელყოფა ისჯება კანონით. თუ თქვენ წინაშე დადგა პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ქონებრივ დავასთან, მორალური ან მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენასა და სხვა სამოქალაქო უფლებების განხორციელებასთან, უნდა მიმართოთ საერთო სასამართლოებს. საერთო სასამართლოები, აგრეთვე, განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ დავებს.
საერთო სასამართლოები სამი ინსტანციისაგან შედგება, რომელთაგან
პირველი ინსტანციის სასამართლოები არსებითად განიხილავენ საქმეს და გამოაქვთ გადაწყვეტილება;
მეორე, იმავე სააპელაციო ინსტანციაში შესაძლებელია გაასაჩივროთ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
მესამე, იგივე საკასაციო საბოლოო ინსტანციის სასამართლოა და გადასინჯავს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებებს.
საქართველოს საერთო სასამართლოებია:
რაიონული (საქალაქო) სასამართლო;
თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოები
საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთო სასამართლოების სისტემაში საომარი მდგომარეობის დროს შეიძლება კანონით გათვალისწინებული წესით შეიქმნას სამხედრო სასამართლოები. დაუშვებელია საგანგებო ან სპეციალური სასამართლოების შექმნა.
ინსტანციების მიხედვით საერთო სასამართლოები შემდეგნაირად იყოფა:
I ინსტანცია
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები;
II ინსტანცია - აპელაცია
თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოები.
III ინსტანცია - კასაცია
საქართველოს უზენაესი სასამართლო.
რაიონული სასამართლო
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები წარმოადგენენ პირველი ინსტანციის სასამართლოს, რაც იმას მიშნავს, რომ პირმა დავის გადაწყვეტისთვის უნდა მიმართოს ამ სასამართლოს. რაიონული (საქალაქო) სასამართლო იქმნება და მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. რაიონული სასამართლო იქმნება რაიონში ან რაიონებში, გარდა ქალაქის რაიონისა (რაიონებისა), ხოლო საქალაქო სასამართლო იქმნება ქალაქში და არ შედის არცერთ რაიონში. რაიონული და საქალაქო სასამართლოს შემადგენლობაში შედიან მაგისტრატი მოსამართლეები. მაგისტრატი მოსამართლე ეწოდება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე და მაგისტრატი მოსამართლე სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ერთპიროვნულად. თუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა, მოსამართლეს უფლება აქვს დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა სამი მოსამართლის შემადგენლობით შემდეგ შემთხვევებში:
საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;
საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება.
ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე - კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით.
მაგისტრატი მოსამართლე ერთპიროვნულად იხილავს შუამდგომლობებს საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიებათა გამოყენებაზე (მაგ., აღკვეთის ღონისძიების გამოყენება).
იმ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საქმეთა დიდი რაოდენობით გამოირჩევა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიძლება შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები. მაგალითისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილია სამოქალაქო, სისხლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები.
სააპელაციო სასამართლო
საქართველოში შექმნილია ოთხი სააპელაციო სასამართლო: თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოები. სააპელაციო სასამართლოში ფუნქციონირებს სამოქალაქო საქმეთა პალატა, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, სისხლის სამართლის საქმეთა პალატა და საგამოძიებო კოლეგია. გარდა ამისა, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში იქმნება პრეზიდიუმი.
სააპელაციო სასამართლო განიხილავს სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილებებზე კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
საგამოძიებო კოლეგიაში მოსამართლე ერთპიროვნულად განიხილავს საჩივრებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს პრეზიდიუმი შედგება ამ სასამართლოს თავმჯდომარისაგან, მისი მოადგილის, პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეებისა და სამი წევრისაგან. პრეზიდიუმი უფლებამოსილია განიხილოს საქართველოს გენერალური პროკურორის, შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის ან პროკურორის წარდგინებები სისხლის სამართლის საქმეებზე ამ რესპუბლიკის სასამართლოს მიერ გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა სასამართლო გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა და ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში.
უზენაეს სასამართლოში ფუნქციონირებს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა; ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა; სისხლის სამართლის საქმეთა პალატა; დიდი პალატა; პლენუმი და სადისციპლინო კოლეგია.
უზენაესი სასამართლოს პალატები წარმოადგენენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოებს და კოლეგიურად სამი წევრის შემადგენლობით განიხილავენ საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
სადისციპლინო კოლეგია კასაციის წესით კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს საკასაციო საჩივრებს საქართველოს საერთო სასამართლოების სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილებებზე.
დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც ცხრა წევრის შემადგენლობით განიხილავს საქმეებს იმ შემთხვევაში, თუ:
საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის:
საქმის სირთულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ნორმის ახლებურ განმარტებას.
დიდი პალატა შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან ორი წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს ადგილსამყოფელია საქართველოს მართლმსაჯულების სასახლე, რომელიც მდებარეობს თბილისში.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ” ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მისი უფლებების დასაცავად მოითხოვოს დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვა.”
1.3. განსჯადობა და კომპეტენცია
საქმეები უწყებრივად ექვემდებარება, ე.ი. სასამართლო განხილვის საგანი შეიძლება გახდნენ საქმეები, რომლებიც შეეხებიან დარღვეულ თუ სადაოდ ქცეულ უფლებას, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას. ასეთ საქმეებს განეკუთვნებიან:
1. დავები მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობების საფუძველზე;
2. საქმეები რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დავების შესახებ;
3. უდავო წარმოების საქმეები;
4. რეკეტული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებული საქმეები;
5. საქმეები, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე, ის საქმეები, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები;
6. სისხლის სამართლის საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე;
7. ადმინისტრაციული სამართლის საქმეები ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა, მაგალითად, საკრებულოს დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტის კანონიერება და ა.შ.
8. კანონით სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.
სარჩელის შეტანა თავდაპირველად ხდება პირველი ინსტანციის, ანუ რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში.
იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე, სარჩელი შეიტანება მასთან. მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილია განიხილოს შემდეგი კატეგორიის საქმეები:
1. ქონებრივი დავები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2 000 ლარს;
2. უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეები (გარდა შვილად აყვანისა), აგრეთვე, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეები, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს;
3. დავები, რომლებიც მომდინარეობენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან (გარდა შვილად აყვანისა, მშობლის უფლების ჩამორთმევისა, მამობის დადგენისა და განქორწინების საქმეებისა, სადაც მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე);
4. შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები.
![]() |
1.2 თავი II პირველი ინსტანცია |
▲back to top |
2.1. რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სასამართლომ განიხილოს თქვენი საქმე?
პირველი ინსტანციით (რაიონული, საქალაქო სასამართლოები, მაგისტრატი მოსამართლეები) საქმის განხილვის საფუძველია განცხადების ან სარჩელის შეტანა, რომლის ფორმაც დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით (იხ. ნიმუში I). მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელში ჩამოაყალიბოს შემდეგი მოთხოვნები:
დაევალოს მოპასუხეს იმ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომლებიც მასთან ინახება და რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნებს;
მიეცეს მითითება შესაბამის დაწესებულებებს, რათა მათ წარუდგინონ სასამართლოს ყველა ის წერილობითი თუ ნივთიერი საბუთი და მასალა, რომლებსაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში მითითებული გარემოებები და რომელთა გაცემაზე არამართლზომიერად უთხრეს უარი მოსარჩელეს;
დროულად შეატყობინონ და სასამართლო სხდომაზე გამოიძახონ მოწმეები, რომელთაც შეუძლიათ დაადასტურონ სარჩელში აღნიშნული გარემოებები.
სასარჩელო განცხადება არ მიიჩნევა სრულყოფილად, თუ:
ის (თანდართული საბუთებით) სასამართლოს არ წარედგინა იმდენი ასლით, რამდენი მოპასუხეცაა;
მას თან არ დაერთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2.2. მხარეების უფლება-მოვალეობები
სახელმწიფო ბაჟი
იმისათვის, რათა სასამართლომ განიხილოს თქვენი სამოქალაქო საქმე, თქვენ უნდა გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი.
სარჩელზე სახელმწიფი ბაჟის ოდენობა შეადგენს სადაო საგნის ღირებულების 2.5%-ს;
სააპელაციო საჩივრისათვის - სადაო საგნის ღირებულების 3%-ს;
საკასაციო საჩივრისათვის - სადაო საგნის ღირებულების 4%-ს;
დავალიანების ამოღების შესახებ გადახდის ბრძანების მიღებისათვის - სადაო საგნის ღირებულების 1.5%-ს;
კერძო საჩივრისათვის - სადაო საგნის ღირებულების 1.5%-ს;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში (მაგ., მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით), მოსარჩელეს უფლება აქვს, მოითხოვოს სახელმწიფო ბაჟის გადახდევინებისაგან გათავისუფლება, ბაჟის შემცირება, გადავადება ან განაწილვადება.
სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 5000 ლარი.
დაცვის უფლება
სასამართლოში დაცვის უფლება უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.
2. 3. მხარეების თანასწორუფლებიანობა
სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლება-მოვალეობებით. თქვენ, ისევე როგორც მოწინააღმდეგე მხარეს, უფლება გაქვთ:
1. გაეცნოთ საქმის მასალებს, გააკეთოთ ამონაწერები ამ მასალებიდან, გადაიღოთ ასლები, განაცხადოთ აცილება, წარადგინოთ მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში, შეკითხვები დაუსვათ მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებს, განაცხადოთ შუამდგომლობები, მისცეთ სასამართლოს წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტებები, წარადგინოთ თქვენი დასკვნები და გამოთქვათ მოსაზრებები საქმის განხილვის დროს წამოჭრილ ყველა საკითხზე, აგრეთვე, უარყოთ მეორე მხარის შუამდგომლობები, დასკვნები და მოსაზრებები, გაასაჩივროთ სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინებები;
2. სანამ დამთავრდება საქმის მომზადება წინასწარი განხილვისათვის, შეცვალოთ სარჩელის საფუძველი ან საგანი, გაადიდოთ ან შეამციროთ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო ვალდებულია აცნობოს მოპასუხეს;
3. საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით. ასეთი თანხმობის შემთხვევაში, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო სხდომის გადადება სხვა დროისთვის.
შეგებებული სარჩელი
მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის წინასწარი განხილვისთვის მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი მხოლოდ სასამართლო პაექრობის დამთავრებამდე, თუ სასამართლო საპატიოდ მიიჩნევს ვადის გადაცილებას.
თუ შეგებებული სარჩელი აღიძრა და მიღებულ იქნა საქმის წინასწარი მომზადების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელეს თხოვნით, ან სასამართლოს ინიციატივით შესაძლებელია ამ საქმის განხილვის სხვა დროისთვის გადადება.
საქმის განხილვის გადადებით გამოწვეული ხარჯები დაეკისრება მოპასუხეს, რომელმაც დაგვიანებით აღძრა შეგებებული სარჩელი.
მოსამართლე
მოსამართლემ სარჩელის ჩაბარებიდან ხუთი დღის ვადაში უნდა გამოიტანოს განჩინება სარჩელის მიღების შესახებ. სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ განჩინება გამოტანილი არ იქნება აღნიშნულ ვადაში, მაშინ ეს შესაძლებელია ვადის გასვლის შემდეგ.
მოსამართლემ შეიძლება დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა იმ მიზნით, რომ დაჩქარდეს საქმის განხილვა, შესაძლებელი გახდეს საქმის სწორად გადაწყვეტა ან საქმის დამთავრება ერთ სასამართლო სხდომაზე. დავის არსებითი გადაწყვეტის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. სასამართლოს არა აქვს უფლება თავისი გადაწყვეტილებით მხარეს მიაკუთვნოს იმაზე მეტი, ვიდრე ის სარჩელით მოითხოვდა, ან ის, რაც მას არ მოუთხოვია სარჩელით.
მოსამართლე ვალდებულია სასარჩელო განცხადების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში განიხილოს საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, უფლება აქვს ეს ვადა სამი თვით გააგრძელოს.
2.4. გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება შეიძლება იყოს:
1. ნაწილობრივი - თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად;
2. წინასწარი (შუალედური) - თუ სადაოა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ან მისი მოცულობა, რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მას ექნება სავალდებულო ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს. (მაგ.: მოპასუხისგან თქვენ მოითხოვდით გატეხილი ნივთის სანაცვლოდ თქვენთვის გადაეხადა რაღაც თანხა, რომელიც ბევრად მეტი იყო ნივთის თვითღირებულებაზე. სასამართლომ დააკისრა მოპასუხეს თანხის გადახდა, თუმცა ამ თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებით).
3. დამატებითი - რომელიც შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით:
იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი, მისცეს ახსნაგანმარტებანი და გადაწყვეტილება არ გამოტანილა;
თუკი სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;
თუკი სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გამოტანილ იქნას სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება - თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე ან მოპასუხე, რომელთაც შეტყობინება გაეგზავნათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
თუ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლოს გამოაქვს ახალი გადაწყვეტილება.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს როგორც ახალი გადაწყვეტილება, ისე განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება - საკასაციო წესით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში, თუ:
დაუშვებელია სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება;
გადაწყვეტილება შესაბამისი წესის დაცვით არ გასაჩივრდა სააპელაციო გასაჩივრების ვადის გასვლამდე;
გადაწყვეტილება გასაჩივრდა, მაგრამ იგი ძალაში იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლოების მიერ;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყონებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.
თუკი სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მხარეებს, ასევე მათ უფლებამონაცვლე პირებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ.
მხარეთა თხოვნით, სასამართლოს დაუყონებლივ, მთლიანად ან ნაწილობრივ აღსასრულებლად შეიძლება გადაეცეს გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია:
ალიმენტის მიკუთვნებასთან;
დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრებასთან;
მუშაკისათვის არა უმეტეს სამი თვის ხელფასის მიკუთვნებასთან;
უკანონოდ დათხოვილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენასთან;
დაუსწრებელ გადაწყვეტილებებთან;
თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებებთან;
ყველა სხვა საქმესთან, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების დაშვების საკითხი განხილულ უნდა იქნას სასამართლო სხდომაზე. მხარეებს უნდა ეცნობოთ სხდომის დღე და ადგილი, თუმცა მათი გამოუცხადებლობა არ დააბრკოლებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტას.
![]() |
1.3 თავი III მეორე ინსტანცია |
▲back to top |
აპელაცია
3.1 II ინსტანცია (აპელაცია) - თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სააპელაციო სასამართლოები
გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან მხარეს (თუ იგი არ ესწრებოდა სასამართლოს იმ სხდომას, რომელზედაც გამოცხადდა დასაბუთებული გადაწყვეტილება) უფლება აქვს 14 დღის ვადაში შეიტანოს სააპელაციო საჩივარი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე. სააპელაციო ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს.
სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ერთ-ერთ მხარეს, ან მესამე პირს დამოუკიდებელი მოთხოვნით.
აპელანტმა სააპელაციო საჩივარი უნდა შეიტანოს იმავე სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, რის შემდეგაც, საჩივარი დაუყონებლივ ეგზავნება სააპელაციო სასამართლოს. (იხ. ნიმუში II) სააპელაციო სასამართლო 10 დღის ვადაში ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას. თუ საჩივარი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს გამოასწოროს ხარვეზები გარკვეულ ვადაში. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, როგორც ამას მოითხოვენ მხარეები.
სააპელაციო სასამართლო აუქმებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და უბრუნებს მას საქმეს ხელახლა განსახილველად, თუ:
საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ან ეს მოხდა მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუკი ასეთი წარმომადგენლის არსებობა კანონით იყო გათვალიწინებული (მაგ.: მხარე არასრულწლოვანია, ხოლო მისი წარმომადგენელი არ ესწრებოდა სხდომას). თუ კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის შესაძლებლობას მისი მონაწილეობის გარეშე, მაშინ დარღვევას ადგილი არა აქვს;
გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომლის განხილვაც უწყებრივად სასამართლოს არ ექვემდებარება;
გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე მხარეთა დაუსწრებლად, რომლის დროსაც დაირღვა პროცესის საჯაროობის წესები;
გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
გადაწყვეტილებას ხელს აწერს ის მოსამართლე, რომელიც გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული;
გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განსილვაში ადრე მონაწილეობდნენ;
საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი;
ზემდგომი სასამართლო გადაწყვეტილებით აპელანტს არასწორად ეთქვა უარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე შეტანილი საჩივრის დაშვებაზე;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ სარჩელის დასაშვებობას;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორად გამოტანილი განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებაა.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ დააბრუნოს საქმე და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
![]() |
1.4 თავი IV მესამე ინსტანცია |
▲back to top |
კასაცია
4.1. კასაცია - საქართველოს უზენაესი სასამართლო
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით გადაწყვეტილების გადაცემიდან ერთი თვის ვადაში შეიძლება გაასაჩივრონ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომელიც წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს.
საკასაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება 50000 ლარს აღემატება.
არაქონებრივ-სამართლებრივ დავებში საკასაციო საჩივარი დასაშვებია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ დავებზე.
საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება იმისდა მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. თუ ღირებულების მოცულობა ეჭვს იწვევს, მაშინ საკასაციო საჩივრის შემტანმა პირმა ეს ღირებულება უნდა დაადასტუროს.
საკასაციო საჩივრის შეტანა ხდება წერილობითი ფორმით იმ სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება.
საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:
იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც შედგენილია საჩივარი;
საჩივრის შემტანი პირის სახელს, გვარს და მისამართს;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების დამდგენ სასამართლოზე;
მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;
მითითებას, თუ რა მოცულობით საჩივრდება გადაწყვეტილება, გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზებს) და განმარტებას იმის თაობაზე, თუ რას მოითხოვს მომჩივანი - გადაწყვეტილების გაუქმებას თუ შეცვლას (კასაციის განაცხადი);
მითითებას იმ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუკი საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება;
საკასაციო საჩივარზე დართულ წერილობითი მასალების ნუსხას;
საკასაციო საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერას.
წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში.
თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარსა და მთლიანად საქმეს.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება საკასაციო წესით გაასაჩივროს იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი. საკასაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებითი დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს. ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება კასაციის წესით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არსებობდა სათანადო სამართლებრივი წინამძღვრები.
საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმ მიზეზს, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი.
სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ:
არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
არასწორად განმარტა კანონი.
საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
4.2. გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება. ის უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ:
ა) ადგილი არა აქვს მითითებულ კანონდარღვევას;
ბ) სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
საკასაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი დასაჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით. აქ არ ხდება ახალი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა.
საკასაციო საჩივარი შეიძლება განხილულ იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
საკასაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის შემდეგ საქმე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლთან ერთად უკან უნდა დაუბრუნდეს საქმის განმხილველ სასამართლოს.
4.3. საკასაციო და სააპელაციო საჩივრების აბსოლუტური საფუძვლები
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ:
საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ;
სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას;
გადაწყვეტილება გამოტანილია საქმეზე, რომელიც სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარება;
გადაწყვეტილება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დარღვეულია პროცესის საჯაროობის წესები;
გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
გადაწყვეტილებას ხელს არ აწერენ ის მოსამართლეები, რომლებიც გადაწყვეტილებაში არიან აღნიშნულნი;
გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ;
საქმეში არ არის სააპელაციო სასამართლოს (აპელაციის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს) სხდომის ოქმი.
![]() |
1.5 თავი V სასამართლოს განჩინება |
▲back to top |
სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება, მიიღება განჩინების ფორმით.
განჩინებაში უნდა აღინიშნოს:
განჩინების მიღების დრო და ადგილი;
განჩინების მიმღები სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი;
მხარეები და დავის საგანი;
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნას განჩინება;
მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა;
სასამართლოს დადგენილება;
განჩინების გასაჩივრების წესი და ვადა.
მხარეებს, რომლებიც არ ესწრებიან განჩინების გამოცხადებას, ეგზავნებათ განჩინების ასლები მისი გამოტანიდან 5 დღის ვადაში. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუკი განჩინება ეხება საქმის წარმოების შეწყვეტას, სარჩელის განუხილველად დატოვებას, ან საქმის წარმოების შეჩერებას.
![]() |
1.6 თავი VI კერძო საჩივარი |
▲back to top |
სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებსაც, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება.
კერძო საჩივარი შეტანილ უნდა იქნას წერილობითი ფორმით იმ სასამართლოში, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. მისი შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
თუ პირველი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს.წინააღმდეგ შემთხვევაში, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს 5 დღის განმავლობაში.
კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია პირველი ინსტანციის სასამართლოს, ან სააპელაციო სასამართლოს, თუ კერძო საჩივარი მას გადაეგზავნა.
კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს სააპელაციო სასამართლოს. განჩინება მიიღება მოწინააღმდეგე მხარის მოსმენის შემდეგ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს შეუწყობს საქმის ვითარების გარკვევას. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, აგრეთვე, განიხილოს კერძო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის მოსმენის გარეშეც, თუ კერძო საჩივარი დაუშვებელი ან აშკარად უსაფუძვლოა.
5.1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წინამძღვრები.
თუ სასამართლოში შემოსულია განცხადებები ერთდროულად ორივე მხარის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, სასამართლომ უნდა შეაჩეროს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების შესახებ განცხადების განხილვა, ვიდრე არ იქნება განხილული განცხადება გადაწყვეტილების (განჩინების ) ბათილად ცნობის შესახებ.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული მხარის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნას ცნობილი, თუ:
გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც, კანონის თანახმად, უფლება არ ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში;
ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში.
აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა დაუშვებელია, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად, პირველი ინსტანციის, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში.
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:
აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია;
დადგინდება მოწმის მიერ შეგნებულად მიცემული ცრუ ჩვენება, ექსპერტის მიერ შეგნებულად გაკეთებული ყალბი დასკვნა, შეგნებულად გაკეთებული არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება;
დადგინდება ამ საქმეზე მხარეების, მათი წარმომადგენლების ანმოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება;
გაუქმდა სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას;
მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ;
მხარისათვის ცნობილი გახდება ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს განაპირობებდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მხარემ უნდა შეიტანოს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში.
თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნას მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
5.2. ვადა
განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდაიქნას ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
თუ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ განცხადება ემყარება იმ გარემოებას, რომ ერთ-ერთ მხარე არ იყო მოწვეული საქმის განხილვაში, განცხადების შეტანის ვადა იწყება იმ დღეს, როცა მხარეს, ხოლო თუ იგი ქმედუუნაროა, მის კანონიერ წარმომადგენელს ეცნობა გადაწყვეტილება.
გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა შეიცავდეს:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას;
მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება;
მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე;
მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე;
მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
![]() |
1.7 თავი VII საპროცესო დოკუმენტების ნიმუშები |
▲back to top |
სასარჩელო განცხადების ფორმა
სააპელაციო საჩივრის ფორმა
საკასაციო საჩივრის ფორმა
ნიმუში I - სასარჩელო განცხადების ფორმა
----------------- რაიონულ სასამართლოს
მოსარჩელე - გვარი, სახელი, მისამართითუ წარმომადგენელს შეაქვს სარჩელი
- მისი გვარი, სახელი და მისამართი.
თუ იურიდიულ პირს (შპს, სს, კს და სხვ.) -
ფირმის სახელწოდება და მისამართი
მოპასუხის - გვარი, სახელი, მისამართი.
თუ იურიდიული პირია (შპს, სს, კს და სხვ.) - ფირმის სახელწოდება და
მისამართი
- მიმართ
სასარჩელო განცხადება
მიუთითეთ სასარჩელო მოთხოვნა (მაგ.: მოპასუხისათვის 1000 ლარის გადახდევინების დაკისრების, კუთვნილი ფართის გამოყოფის, ან ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე)
მიუთითეთ გარემოებები, რის გამოც შეგაქვთ სარჩელი სასამართლოში (მაგ., გაასესხეთ გარკვეული თანხა, რომელსაც არ გიბრუნებთ მსესხებელი)
მიუთითეთ ფაქტი (ან ფაქტები), რომლითაც ადასტურებთ ზემოაღნიშნულ გარემოებებს (მაგ., ფაქტი სესხის გაცემის შესახებ დადებული ხელშეკრულების არსებობაზე და ა.შ.)
მიუთითეთ ფასი (ოდენობა) სარჩელისა (თუ შეფასება შესაძლებელია)
მიუთითეთ იმ საბუთების ნუსხა, რომლებსაც თან დაურთავთ სასარჩელო განცხადებას
მოსარჩელე (ხელმოწერა)
თარიღი -------------------------
ნიმუში II - სააპელაციო საჩივრის ფორმა
-------------------- სააპელაციო სასამართლოს
აპელანტი - გვარი, სახელი, მისამართი.
სააპელაციო საჩივარი
მიუთითეთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და მითითება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე
მიუთითეთ იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რომელი ნაწილია გასაჩივრებული
მიუთითეთ, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვთ სააპელაციო საჩივრით
მიუთითეთ იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ ამ საჩივარს, აგრეთვე, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს
მიუთითეთ სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხა
სასამართლოს წარუდგინეთ საჩივრისა და თანდართული მასალებისა იმდენივე ასლი, რამდენი მონაწილეც არის საქმეში
აპელანტი (ხელმოწერა)
თარიღი -----------------------
ნიმუში III - საკასაციო საჩივრის ფორმა
საქართველოს უზენაეს სასამართლოს
კასატორი - გვარი, სახელი, მისამართი
საკასაციო საჩივარი
მიუთითეთ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტი დასახელება და მითითება ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე
მიუთითეთ იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რომელი ნაწილია გასაჩივრებული
მიუთითეთ, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვთ საკასაციო საჩივრით (გადაწყვეტილების გაუქმებას თუ შეცვლას)
მიუთითეთ იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ ამ საჩივარს, აგრეთვე, იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევას, თუკი საკასაციო საჩივარი საპროცესო ნორმების დარღვევას ემყარება
მიუთითეთ საკასაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხა
კასატორი (ხელმოწერა)
თარიღი -----------------------
![]() |
1.8 დანართები |
▲back to top |
დანართი I
გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
აპელაცია - პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა
კასაცია - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა
უდავო წარმოება - სასამართოს მიერ ისეთი საქმეების განხილვა, რომლებიც არ შეიძლება იყოს დავის საგანი ვისიმე მხრიდან (მაგ., მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის, იურიდიული ფაქტების დადგენის, შვილად აყვანის შესახებ.
განაწილვადება - სასამართლოს მიერ ბაჟის გადამხდელისთვის ნების დართვა, გადაიხადოს ბაჟის ნაწილი იმ პირობით, რომ დარჩენილ ნაწილს დაფარავს მოგვიანებით.
აცილება - მდგომარეობა, როდესაც მოსამართლე ჩამოშორებულია საქმის განხილვას იმ მოტივებით, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია შესაბამის კანონმდებლობაში.
მტკიცებულება - გარემოება, ან ნივთი, რომელიც ასაბუთებს ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის არსებობას, რაიმე მოქმედების ჩადენას.
შუამდგომლობა - პროცესის მონაწილის თხოვნა სასამართლოსადმი მოსამართლის, ან პროცესის სხვა მონაწილის მიერ, ამა თუ იმ მოქმედების შესრულებაზე ან არ შესრულებაზე
განჩინება - სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება და წარმოადგენს რაიმე პროცესუალური მოქმედების ნებართვას, ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებას.
აპელანტი - პირი, რომელიც მიმართავს სააპელაციო სასამართლოს
კასატორი - პირი, რომელიც მიმართავს საკასაციო სასამართლოს
არაფულადი შესატანი - რაიმე საწარმოს დაფუძნებისას ფულის მაგივრად ბინის, მანქანის, ან სხვა მოძრავ-უძრავი ქონების გამოყენება.
![]() |
2 ნაწილი II |
▲back to top |
![]() |
2.1 თავი I შინაგან საქმეთა სამინისრო |
▲back to top |
6.1. სტრუქტურა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვის მიზნით აღმასრულებელ ხელისუფლებაში ფუნქციონირებს სპეციალური გასამხედროებული სისტემა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ ამოცანების შესრულების მიზნით სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
სამინისტროს ადმინისტრაცია - მისი ძირითადი ამოცანებია: თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და სტრატეგიული პროექტების განხორციელება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობებების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება; საარქივო საქმიანობის წარმოება;
რეფორმებისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი - მისი ამოცანებია: დონორ სახელმწიფოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა; სამინისტროს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა; ახალი პროექტების დაგეგმარება, მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა;
გენერაულური ინსპექცია - უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; მისკომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წინასწარ გამოძიებას; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანების გამოვლენას; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონტრსადაზვერვო თანხლებას; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას; სამინისტროს სისტემაში ფინანსური შემოწმების ჩატარებასა და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოებას;
საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი - მისი კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ინსპექტირება; გაწეული ოპერატიული ხარჯების კონტროლი; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი ქვედანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო, ასევე რადიო და სატელეგრაფო კავშირით უზრუნველყოფა, საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალური გამოკვლევებით სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე საგამოძიებო დანაყოფებისა და სასამართლო ორგანოების მომსახურება, იარაღის ლეგალური ზრუნვის კონტროლი;
სამობილიზაციო სამსახური - უზრუნველყოფს სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელებას;
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი - მისი კომპეტენციაა: ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; ოპერატიული აღრიცხვის წარმოება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება; ქვეყანაში დანაშაულთა, მათი ჩამდენი პირებისა და სისხლის სამართლის საქმეების ერთიანი აღრიცხვის წარმოება; დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი - მისი ძირითადი ამოცანაა: სპეციალურ ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით უზრუნველყოს ოპერატიული დანაყოფების საქმიანობა;
საგამოძიებო დეპარტამენტი - ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას;
კონტრდაზვერვის დეპარტამენტი - ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; საქართველოს სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული ქვედანაყოფების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას, ასევე კანონმდებლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვით კონტროლს; გარემეთვალყურეობის უზრუნველყოფას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წინასწარ გამოძიებას; მონაწილეობას იღებს დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და რეალიზაციაში, აკონტროლებს მათ შესრულებას, დადგენილი წესით ამოწმებს იმ პირებს, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციასა და კონტროლს უწევს სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნულ უშიშროების საკითხებში ოფიცერთა საქმიანობას.
სპეცილაური ოპერაციების ცენტრი - მისი დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: სახელმწიფოს დასუსტების მი8ზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სპეცსამსახურების საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების, მათ შორის, სამოხელეო, კორუფციული და ექსტრემიზმის ნიშნების მატარებელ დანაშაულთა გამოვლენა და აღკვეთა; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიება; დეპარტამენტი, აგრეთვე, ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას
![]() |
2.2 თავი II პოლიცია |
▲back to top |
7.1. პოლიცია
პოლიციის საქმიანობის ძირითადი მარეგულირებელი აქტებია კანონები ,,პოლიციის შესახებ” და ,,ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ”. ოლიცია არის სამართალდამცავი გასამხედროებული ორგანო. იგი წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს - დეპარტამენტს. პოლიციის ძირითად ამოცანებში შედის პიროვნების, დაწესებულებისა და ორგანიზაციის უფლებების დაცვა კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დანაშაულის თავიდან აცილება და გახსნა, დამნაშავის ძებნა.
თუ პოლიციელი ახორციელებს მოქალაქის უფლებების იძულებით შეზღუდვას, იგი ვალდებულია წარუდგინოს მოქალაქეს პირადობის მოწმობა და განუმარტოს მას, თუ რა მიზეზით ხორციელდება მისი უფლებების შეზღუდვა. ასეთ შემთხვევაში, პოლიციელი მიმართავს მოქალაქეს შემდეგი სიტყვებით: ,,კანონის სახელით,” რის შემდეგაც მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს და შეასრულოს პოლიციელის მოთხოვნა. პოლიციელი ვალდებულია მოქალაქეებთან ურთიერთობაში დაიცვას ეთიკური ნორმები, არ მიაყენოს მათ შეურაცხყოფა და არ გამოიყენოს იძულება, როდესაც ამის საჭიროება არ არის. პოლიციელი ვალდებულია წერილობით ან სიტყვიერად ბოდიში მოუხადოს პირს, რომლის მიმართაც განხორციელდა უკანონო მოქმედებები.
პოლიციას უფლება აქვს:
ადმინისტრაციული გადაცდომის (მაგ., საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) ან დანაშაულის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, მოთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი საბუთი;
სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანოს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური სიმთვრალის ქვეშ მყოფი პირი, თუ ის საფრთხეს უქმნის საკუთარ თავს ან გარშემო მყოფთ. ასეთ დროს მის ნივთებს და დოკუმენტებს ინახავს პოლიციის თანამშრომელი, რაზეც ადგენს ოქმს.
როდესაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, აგრეთვე დანაშაულის თავიდან აცილების ან დამნაშავის დაჭერის მიზნით შევიდეს ბინაში, ან კერძო დაწესებულებაში დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაცხოვრებელთა თანხმობის გარეშე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, გამოიყენოს ფიზიკური ძალა (თუ, მაგალითად, ადგილი აქვს წინააღმდეგობის გაწევას). მან ამ ღონისძიების თაობაზე 24 საათის განმავლობაში უნდა აცნობოს პროკურორს.
აღკვეთოს შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარე მიტინგი, დემონსტრაცია, მშვიდობიანი აქცია, თუ ის საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ან სხვა პირთა უფლებებს;
სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომელსაც არა აქვს მართვის უფლების დამადასტურებელი საბუთი, ან იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ;
დამნაშავის დევნის, დაკავებულის პოლიციაში წარდგენის, სამკურნალო დაწესებულებაში დაზარალებულის მიყვანის მიზნით უფასოდ ისარგებლოს სატრანსპორტო საშუალებით;
საგანგებო, სამხედრო ან საომარი მდგომარეობის ან დამნაშავის დაკავების დროს მიმდინარე რეიდისას გააჩეროს პირი ან სატრანსპორტო საშუალება, მოითხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთები, მოახდინოს ტვირთის შემოწმება, ჩხრეკა;
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელს უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება (ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები), სპეციალური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი. ნებისმიერი ამ საშუალების გამოყენებამდე მან წინასწარ უნდა გააფრთხილოს პირი და მისცეს საკმარისი დრო მითითების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქის, პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან სხვა მძიმე შედეგი. ფიზიკური იძულების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად შეუძლებელია მოვალეობის შესრულება.
სპეციალურ საშუალებებს წარმოადგენს ხელბორკილი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ელექტროშოკი, წყალსატყორცნი და სხვა.
თუ ამ საშუალებების გამოყენების შედეგად ფიზიკურად დაზარალდა პირი, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს მას. ფიზიკური იძულების და სპეცსაშუალებების გამოყენება არ შეიძლება ორსულების, მცირეწლოვნების, ინვალიდებისა და ხანდაზმულების მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი არიან, ან ახდენენ ჯგუფურ თავდასხმას.
პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი. მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ ისეთ უკიდურეს შემთხვევებში, როგორებიცაა:
მოქალაქისა და თავის დაცვა ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღკვეთა;
მძევლების გათავისუფლება;
დაკავების ან პატიმრობის ადგილიდან გაქცევის აღკვეთა;
მძიმე დანაშაულის აღკვეთა, ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება, თუ იგი წინააღმდეგობას უწევს პოლიციის თანამშრომელს ან ცდილობს გაქცევას;
მოქალაქეთა ბინებზე, დაცულ ობიექტებზე, სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო საკუთრების ობიექტებზე თავდასხმის მოგერიება;
მოქალაქეთა დაცვა საშიშ ცხოველთა თავდასხმისაგან;
განგაშის სიგნალის მიცემის ან დამხმარე ძალის გამოძახება;
სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დაზიანებისათვის, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ხოლო მძღოლი არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ.
სანამ პოლიციის თანამშრომელი გამოიყენებს ცეცხლსასროლ იარაღს, იგი ვალდებულია ამის თაობაზე გააკეთოს სიტყვიერი გაფრთხილება. შეიძლება განხორციელდეს გამაფრთხილებელი გასროლა, თუკი ამის აუცილებლობა არსებობს.
გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაიშვება:
შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ტრანსპორტის გამოყენებით ან სატრანსპორტო საშუალებიდან დაკავებულის ან პატიმრის გაქცევისას;
დამნაშავის დაკავების ან დაპატიმრების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
დაკავებულის ან დაპატიმრებულის შეიარაღებული გაქცევისას;
დაკავებულის ან დაპატიმრებულის სატრანსპორტო საშუალებიდან, ან შეზღუდული ხილვადობის და ტყიან ადგილებში გაქცევისას.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისას პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია განსაზღვროს სხვა პირთა დაშავების მოსალოდნელი საფრთხე და გადაწყვეტილებები მიიღოს ამ გარემოებების გათვალისწინებით.
პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ღია და ფარული მეთოდებით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ორგანიზაციის უფლებების, ასევე საზოგადოებრივი უშიშროების დაცვას დანაშაულებრივი და კანოსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან. ამ ამოცანების შესრულებისას დაუშვებელია იმგვარი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას, პატივს და ღირსებას, ან დაკავშირებულნი არიან მოტყუებასთან, შანტაჟთან, ძალით დაყოლიებასთან, დანაშაულის ჩადენასთან. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებული პროცესია და მისი გაცნობა შეუძლიათ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას დასაშვებია: პირის გამოკითხვა;
ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი;
საკონტროლო შესყიდვა:
კონტროლირებადი მიწოდება;
საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა;
პიროვნების იდენტიფიკაცია;
დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულთა კორესპონდენციის ცენზურა;
მოსამართლის ბრძანებით სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება; თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით. გადაუდებელი აუცილებლობისას (მაგალითად, როცა არსებობს მნიშვნელოვანი მონაცემების განადგურების საფრთხე), ეს ღონისძიება შეიძლება ჩატარდეს პროკურორის დადგენილებით, ხოლო მისი დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში უნდა დაადასტუროს სასამართლომ.
დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა;
კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა მომზადებასა და ჩატარებაში შეიძლება მონაწილეობდნენ რიგითი სრულწლოვანი მოქალაქეებიც მხოლოდ მათივე სურვილით. ეს პირები ვალდებულნი არიან დაიცვან მოპოვებული ინფორმაციის საიდუმლოება. თუ მათ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას საფრთხე შეექმნა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ დაცვაზე. მათ, აგრეთვე, უფლება აქვთ მოითხოვონ გასამრჯელო გაწეული სამსახურისთვის.
![]() |
3 ნაწილი III |
▲back to top |
![]() |
3.1 თავი I აღკვეთის ღონისძიებები |
▲back to top |
8.1. აღკვეთის ღონისძიებები
აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შესაძლოა ბრალდებულმა თავი აარიდოს წინასწარ გამოძიებას და სასამართლოს, ან კვლავ ჩაიდინოს დანაშაულებრივი ქმედება, აგრეთვე იმისათვის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და უზრუნველყოფილ იქნას განაჩენის აღსრულება. აღკვეთის ღონისძიების სახეებია: ბრალდებულის დაპატიმრება, შინაპატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, აგრეთვე არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებისას პროკურორი და სასამართლო ითვალისწინებენ ბრალდებულის პიროვნებას (მაგ.: როგორ ახასიათებენ მას), მის საქმიანობას (მაგ.: აქვს თუ არა მუდმივი სამუშაო ადგილი), ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას (მაგ.: ხომ არ არის ის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი), ასევე იმას, აანაზღაურა თუ არა მან მიყენებული ქონებრივი ზიანი, დარღვია თუ არა შერჩეული აღკვეთის ღონისძიება და სხვა გარემოებებს. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის შეტანა ხდება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან მაგისტრატ მოსამართლესთან პროკურორის მიერ, ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის მიერ. პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რატომარის მიზანშეწონილი მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.
თუ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენება, მას განემარტება, რომ იგი ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს მიერ გამოძახებისას, ხოლო საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, შეატყობინოს მათ ამის შესახებ.
დაპატიმრების გამოყენება დაიშვება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 2 წლით ან მეტი ვადით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა დაარღვია სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება (მაგ.: ბრალდებულს შერჩეული ჰქონდა ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ. ამის მიუხედავად, მან არ შეატყობინა გამოძიების ორგანოს და ისე დატოვა ქვეყანა). დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, არასრულწლოვანის, ხანდაზმულის (ქალები - 60 წლიდან, მამაკაცები - 65 წლიდან), 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული და ჩვილბავშვიანი (ერთ წლამდე ასაკის) ქალის მიმართ, აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა გაუფრთხილებლობით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როდესაც სისხლის სამართლის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლით ან მეტი ვადით.
მას შემდეგ, რაც პირს წარედგინება ბრალდება და დაიკითხება, თუ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა, პროკურორი ან გამომძიებელი პროკურორის თანხმობით მიმართავს მოსამართლეს შუამდგომლობით. პროკურორს უფლება აქვს ბრალდებული დააკავოს მოსამართლის ბრძანების მიღებამდე არა უმეტეს 24 საათისა, თუ არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოზე, გაანადგურებს საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს (მაგ., დაზარალებულს) ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს.
შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდებული მიიმალა, ხოლო დაპატიმრების შემდეგ იგი გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა წარედგინება მოსამართლეს დაპატიმრების დადასტურების მიზნით. შუამდგომლობა განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობენ ბრალდებული, მისი დამცველი, პროკურორი და გამომძიებელი. ბრალდებულის გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე არ წყვეტს პირის ბრალეულობის საკითხს, ანუ ამ დროს არ დგინდება ჩაიდინა თუ არა პირმა დანაშაული. მოსამართლეს გამოაქვს ბრძანება აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ, ან დადგენილებით უარს ამბობს მის გამოყენებაზე. მოსამართლე უფლებამოსილია ბრალდებულს შეუფარდოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, ვიდრე ეს შუამდგომლობაშია მითითებული. მოსამართლის გადაწყვეტილება (ბრძანება, დადგენილება) შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში. 2006 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება პატიმრობის ახალი ვადები. კერძოდ, ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, ხოლო თუ საქმე დაბრუნდა დამატებითი გამოძიებისთვის, ეს ვადა შეიძლება მოსამართლემ გაგრძელოს კიდევ 60 დღემდე. პატიმრობის ვადის დენა იწყება პირის დაკავების მომენტიდან. თუ დაკავება არ მომხდარა სასამართლო ბრძანების აღსრულებისთანავე, მაშინ პატიმრობის ვადის დენა დაიწყება, როდესაც ბრძანება დაპატიმრების შეფარდების შესახებ შევა კანონიერ ძალაში. თავდაპირველად, მოსამართლე პატიმრობის ვადას განსაზღვრავს 2 თვით, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორჯერ თითო თვით მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
თუ პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრალდებულმა დაარღვია მისთვის შერჩეული ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება;
თუ მას უფრო მძიმე ბრალდება წარედგინა;
საქმის სირთულის გამო;
თუ პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას.
პატიმრობის ვადაში ითვლება შინაპატიმრობაში ყოფნის დრო, აგრეთვე ბრალდებულისა და მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ საქმის მასალების გაცნობის დრო. პატიმრობის ვადის დინება წყდება იმ მომენტში, როცა სისხლის სამართლის საქმე საბრალდებო დასკვნით ჩაბარდება განსჯად სასამართლოს, ანუ იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საქმე. თუ ბრალდებულის დაკავება მოხდა საზღვარგარეთ, მისი პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყება იმ მომენტიდან, როდესაც იგი გადაეცემა საქართველოს შესაბამის ორგანოს.
მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცემა სასამართლოს, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში პროკურორის მიერ საქმის სასამართლოსათვის გადაცემის მომენტიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს ვადა საქმის განმხილველი მოსამართლის (სასამართლოს) წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე. სააპელაციო სასამართლოში საქმის შესვლიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს ვადა საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებით შეიძლება გააგრძელოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 2 თვემდე. საკასაციო სასამართლოში საკასაციო წესით საქმის განხილვის დროს განსასჯელის პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს, ხოლო განმხილველი სასამართლოს წარდგინებით ან განსასჯელის მოთხოვნით ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კიდევ 1 თვემდე. ამ ვადის შემდგომი გაგრძელება არ დაიშვება.
თუ წინასწარი გამოძიების სტადიაზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, ბრალდებული უნდა გათავისუფლდეს იმავე დღეს. თუ სასამართლომ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, პირი თავისუფლდება დაუყოვნებლივ სასამართლო დარბაზიდან. თუ პირის დაკავება ან დაპატიმრება მოხდა უკანონოდ, დადგინდა გამამართლებელი განაჩენი ან შეწყდა საქმე, მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი ზიანის სრული ანაზღაურება (მაგ., თუ პირი პატიმრობის დროს დაავადდა არასათანადო პირობების გამო). პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატება პრესისა და მასმედიის საშუალებით ბოდიშის მოხდაში, ანდა ფულად კომპენსაციაში.
8.2. შინაპატიმრობა
შინაპატიმრობა გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომლის სრული იზოლაციაც აუცილებელი არ არის, კერძოდ, პირველი ან მეორე ჯგუფის ინვალიდის, მძიმე ქრონიკული ან ინფექციური სნეულებით დაავადებული პირის, 12 კვირაზე მეტი ხნის ორსული ქალის მიმართ, აგრეთვე ბრალდებულის მძიმე ოჯახური მდგომარეობის დროს. ამასთან, მხედველობაში მიიღება ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ბრალდებულის ნასამართლობა და სხვა გარემოებები. სასამართლო ბრძანებაში, განჩინებაში ან დადგენილებაში აღკვეთის ღონისძიებად შინაპატიმრობის შერჩევის შესახებ უნდა აღინიშნოს, თუ კონკრეტულად რა უფლებები ეზღუდება დაპატიმრებულს. სასამართლო ბრძანების შესაბამისად, მას შეიძლება აეკრძალოს გარკვეულ პირებთან ურთიერთობა, სატელეფონო საუბრები, კორესპონდენციის გაგზავნა და მიღება, სახლიდან გასვლა. დაპატიმრებულის საცხოვრებელ ადგილს შეიძლება მიეჩინოს პოლიციის დაცვა. მის ქცევაზე შეიძლება დაწესდეს პოლიციის ზედამხედველობა. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცენ იმ ორგანოს ან თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიცაა სისხლის სამართლის საქმე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით. შინაპატიმრობა ბრალდებულს შეიძლება დაუწესდეს არაუმეტეს 4 თვის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს.
8.3. პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა
ბრალდებული, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, შეიძლება გადაეცეს პოლიციის ზედამხედველობაში. ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის შესახებ მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო დადგენილება (განჩინება) აღსასრულებლად ეგზავნება შინაგან საქმეთა სამმართველოს (განყოფილებას) ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პოლიციის ორგანო ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში ბრალდებული და მასზე ზედამხედველობის დაწესების შესახებ შეატყობინოს მუშაობის ან სწავლის ადგილის ადმინისტრაციას, საპასპორტო სამსახურს ბრალდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და სამხედრო კომისარიატს, თუ ბრალდებული სამხედროვალდებულია. პოლიციის ზედამხედველობაში მყოფ ბრალდებულს ეკრძალება სასამართლოს ან პროცესის მწარმოებელი სხვა ორგანოს ნებართვის გარეშე გაემგზავროს ამ დასახლებული პუნქტიდან, შეიცვალოს საცხოვრებელი ან დროებითი ყოფნის ადგილი აღნიშნული დასახლებული პუნქტის ფარგლებში. იგი ვალდებულია კვირაში ორჯერ მაინც გამოცხადდეს პოლიციის ორგანოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბრალდებული პოლიციის ორგანოში შეიძლება გამოიძახონ მისი ქცევისადმი კონტროლის განხორციელების წესით. ამავე მიზნით პოლიციის მუშაკებს უფლება აქვთ მივიდნენ მასთან საცხოვრებელ ბინაში. ბრალდებულს ევალება არ დაემალოს გამოძიებას და სასამართლოს, გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის და სასამართლოს გამოძახებით. პოლიციის მუშაკები ვალდებულნი არიან ბრალდებულის მიერ ამ მოთხოვნათა დარღვევის შესახებ შეადგინონ ოქმი და დაუყოვნებლივ გადასცენ იმ ორგანოს ან იმ თანამდებობის პირს, რომლის წარმოებაშიც არის სისხლის სამართლის საქმე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხის გადასაწყვეტად.
8.4. გირაო
გირაო არის ფულადი თანხა ან სხვა ფასეულობა, რომელიც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს, ან წინასწარი გამოძიების ორგანოს დეპოზიტზე შეაქვს ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის/განსასჯელის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში მისი დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს. გირაოს თანხას და მისი შეტანის ვადას განსაზღვრავს პროკურორი. გირაოს თანხის ოდენობა განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის ქონებრივი შესაძლებლობის გათვალისწინებით. გირაოს თანხა არ შეიძლება იყოს 2000 ლარზე ნაკლები. გირაო, როგორც წესი, არ გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალი ედება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი ან სხვა ფასეულობა სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ბრალდებულს, განსასჯელს ან მათი სახელით გირაოს შემტანს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდებათ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, თუ ბრალდებული ან განსასჯელი ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. თუ ბრალდებულის ან განსასჯელის სახელით გირაოს შემტანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე წერილობით მიმართავს პროცესის მწარმოებელ ორგანოს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის ან განსასჯელის სათანადო ქცევას და მის დროულ გამოცხადებას გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში, გირაოს შემტანს ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) ან სხვა ფასეულობა, ხოლო ბრალდებულის ან განსასჯელის მიმართ შეიძლება შეირჩეს აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება.
8.5. ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ
ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ არის ბრალდებულის წერილობითი ვალდებულება, რომელსაც იგი აძლევსსასამართლოს იმის შესახებ, რომ არ დაემალება გამოძიებასა და სასამართლოს, არ აწარმოებს დანაშაულებრივ საქმიანობას, ხელს არ შეუშლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, გამოცხადდება გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით. ხელწერილის მიმცემი კისრულობს ვალდებულებას არ გავიდეს აღნიშნული დასახლებული პუნქტიდან გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის ნებართვის გარეშე და შეატყობინოს მათ, თუ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი მითითებული დასახლებული პუნქტის ფარგლებში.
8.6. პირადი თავდებობა
პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადებას. თავდებთა რიცხვს განსაზღვრავს ორგანო, რომელიც აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს. გამონაკლის შემთხვევაში, თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.
თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც არჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, ასევე სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იქნა გამოყენებული თავდებობა. გარდა ამისა, თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ, რომლებიც თან დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს. თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლება არა აქვს თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორული გარემოების) მოქმედებას.
თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც იქნა გამოყენებული თავდებობა, თითოეულ თავდებს სასამართლომ შეიძლება დააკისროს ფულადი სახდელი შრომის მინიმალური ანაზღაურების ასმაგი ოდენობით.
![]() |
3.2 თავი II საპროცესო შეთანხმება |
▲back to top |
საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ნოვაციაა საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმება გულისხმობს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას, როდესაც მიღწეულია შეთანხმება ბრალზე ან სასჯელზე. საპროცესო შეთანხმების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს (პირი, რომელსაც წაყენებული აქვს ბრალი და გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ), განსასჯელს (პირი, რომელიც სასამართლოს მიერ მიცემულია სამართალში) და პროკურორს. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია, აგრეთვე, მოსამართლეს (სასამართლოს) საქმის არსებითი განხილვის დროს, თუ არ არის დაწყებული სასამართლო კამათი. სასჯელზე შეთანხმება გულისხმობს, რომ ბრალდებული ან განსასჯელი არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ თანახმაა პროკურორის მიერ მოთხოვნილ სასჯელის ზომაზე ან მისგან გათავისუფლებაზე. ასეთ შემთხვევაში, პირი ითვლება ნასამართლევად. ბრალზე შეთანხმების შემთხვევაში, ბრალდებული (განსასჯელი) აღიარებს დანაშაულს. თუ დაიდო საპროცესო შეთანხმება, პროკურორს უფლება აქვს იშუამდგომლოს სასჯელის შემცირების, ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე, რის დროსაც მან უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, სასჯელის სიმძიმე, აგრეთვე ის, თუ რამდენად საშიში ქმედება იყო ჩადენილი და რამდენად მიუძღვის ბრალდებულს ან განსასჯელს მის ჩადენაში ბრალი. საპროცესო შეთანხმების დადებისას უნდა არსებობდეს ზემდგომი პროკურორის და ბრალდებულის წინასწარი თანხმობა და ამ პროცესში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს დამცველი. პროკურორმა უნდა გააფრთხილოს პირი, რომ იგი არ თავისუფლდება სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. მაგალითად, თუ დანაშაულის შედეგად დაზარალებულს მიადგა ქონებრივი ზიანი, ბრალდებული (განსასჯელი) აანაზღაურებს ამ ზიანს, თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, გენერალურ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს სასამართლოს წინაშე იშუამდგომლოს ამგვარი პასუხისმგებლობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ, რის შემდეგაც პასუხისმგებლობა გადადის უკვე სახელმწიფოზე. თუ ბრალდებულმა ითანამშრომლა საგამოძიებო ორგანოებთან, რის შედეგადაც გამოვლინდა თანამდებობის პირის ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და შეიქმნა დანაშაულის გახსნის წინაპირობები, საქართველოს გენერალურ პროკურორს შეუძლია იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე ბრალდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების შესახებ. სასჯელისგან სრულად გათავისუფლება არ დაიშვება მხოლოდ ჯარიმის ან თანხის გადახდის სანაცვლოდ.
სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობაში მთლიანად არის ფორმულირებული ბრალდება, ანუ რაში ედება პირს ბრალი (სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი), რა ვითარებაში მოხდა მისი ჩადენა, რა დროს, რა შედეგები გამოიწვია ამ ქმედებამ, შესაბამისი მტკიცებულებანი, სასჯელის რა ზომას ითხოვს პროკურატურა და სხვა. საპროცესო შეთანხმებას წერილობით აფორმებს სასამართლო საჯარო სხდომაზე, თუკი არ არსებობს დახურული სხდომის ჩატარების მნიშვნელოვანი საფუძვლები. სანამ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება განაჩენის სახით, სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ პირი სრულად აცნობიერებს დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მისთვის ცნობილი უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, მომავალში დაუშვებელია პირის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ის ინფორმაცია, რომელიც მან მიაწოდა სასამართლოს ამ საპროცესო შეთანხმების განხილვის დროს. ბრალდებულს (განსასჯელს) აქვს დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, ასევე უფლება მოითხოვოს სასამართლოს მიერ ამ საქმის არსებითი განხილვა. საპროცესო შეთანხმება არ უნდა იყოს დადებული იძულების, დაშინების ან ისეთი დაპირების შედეგად, რაც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
სასამართლო (მოსამართლე) არ არის ვალდებული უპირობოდ და მსჯელობის გარეშე გაიზიაროს და დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება, მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს კანონის საფუძველზე.
სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის ან საქმის პროკურორისთვის უკან დაბრუნების თაობაზე საბრალდებო დასკვნის ხელახლა შესადგენად. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, კანონიერია თუ არა მოთხოვნილი სასჯელი, არსებობს თუ არა საქმეში უტყუარი მტკიცებულებანი ბრალის დასადასტურებლად. სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს მოთხოვნილი სასჯელი. ბრალდებულს (განსასჯელს) უფლება აქვს განაჩენის გამოტანამდე ნებისმიერ მომენტში უარი თქვას საპროცესო შეთანხმებაზე.
სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება შეიძლება განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლოში. საჩივარი შეიძლება ეყრდნობოდეს შემდეგ გარემოებებს: საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს (განსასჯელს) შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; განაჩენის მიმღებმა სასამართლომ ან მოსამართლემ დაარღვია კანონის არსებითი მოთხოვნები. საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე პროკურორი ვალდებულია აცნობოს დაზარალებულს. ამ უკანასკნელს არა აქვს განაჩენის გასაჩივრების უფლება, თუმცა შეუძლია სამოქალაქო წესით აღძრას სარჩელი ბრალდებულის (განსასჯელის) მიმართ.
თუ ბრალდებულმა (განსასჯელმა) დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, ამ ფაქტის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს ზემდგომ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, მხარეებს უფლება აქვთ საჩივრით მიმართონ ზემდგომ სასამართლოს 15 დღის ვადაში. განაჩენის გადასინჯვა დაიშვება, აგრეთვე, ახლადაღმოჩენილ და ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო. აღნიშნული წესები განსაზღვრულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და საერთოა როგორც საპროცესო შეთანხმების დამტკიცების, ისე არსებითი განხილვის შედეგად