The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სული - მარად საქართველოზე მაფიქრალი (ეძღვნება ვიქტორ ნოზაძეს)

სული - მარად საქართველოზე მაფიქრალი (ეძღვნება ვიქტორ ნოზაძეს)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ლიტერატურა|საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე
საავტორო უფლებები: © შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი თბილისი 2004 სარედაქციო კოლეგია: გურამ ბენაშვილი (რედაქტორი) ნესტან სულავა გურამ შარაძე კომპიუტერული უზრუნველყოფა: თინათინ დუგლაძე წიგნში ჩართული ფოტომასალა თავაზიანად დაგვითმო ბატონმა გურამ შარაძემ მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ. №5 ტელ.: 99-53-00I 99-94-15. E-mail: Kli@literat.acnet.ge [ვიქტორ ნოზაძე / სარედ. კოლ.: გურამ ბენაშვილი (რედ.), ნესტან სულავა, გურამ შარაძე] ; საქ. მეცნ. აკად., ქართ. ლიტ. ინ-ტი. - თბ., 2004. - 128გვ. : ილ. ; 20სმ.. - [ფ.ა.][MFN: 20723] UDC: 325.2(=353.1) + 821.353.1.09-1



საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

თბილისი

2004

სარედაქციო კოლეგია:
გურამ ბენაშვილი (რედაქტორი)
ნესტან სულავა
გურამ შარაძე

1 დიდი ლიტერატორის სილუეტი

▲ზევით დაბრუნება


გურამ ბენაშვილი

ქართული ემიგრაცია - რუსეთის იმპერიისაგან თავდახსნილთა, ბედნიერთა და იმავ დროს უბედურთა აწ უკვე ისტორიად ქცეული ლეგენდარული წარსულია... ამ მწუხარე წარსულიდან მძლავრად ამოზრდილი და სრულიად ბუნებრივად გასხივოსნებული სახეები იმზირებიან... უცხოეთში თავისუფალი ამაო ყოფიერებით დაღლილი და სამშობლოზე ნიადაგ მეოცნებე სახეები... სილუეტები...

XX საუკუნის ქართული სულიერი კულტურა ზოგიერთი მათგანის გარეშე უკვე წარმოუდგენელია... განსაცვიფრებელი კი ის არის, რა ძალამ, რა ეროვნულმა და შემოქმედებითმა იმპულსებმა შეაძლებინეს მათ ესოდენ ამაღლებულიყვნენ დროსა და სივრცეზე და სულიერებით უმდიდრესი ქართული XX საუკუნე საკუთარი სულისა და გონის ნაღვაწითაც აღებეჭდათ...

ამ უსამშობლო ტანჯულთა შორისაა დიდი ვიქტორ ნოზაძე... კლასიკური ქართული მწერლობის ერთი ცრემლდამდინარი ჭირისუფალი და ჭეშმარიტი მეხვაშიადე... რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ უბადლო მკვლევარი...

* * *

ვფიქრობ, სრულიად უნიკალურია ვიქტორ ნოზაძისეული დიალოგი და აღქმა რუსთველისეული ტექსტისა...

იგი ილტვის მოისმინოს და აღიქვას არა იმდენად ის, რასაც პოეტი ცხადად ამბობს, რამდენადაც ის, რაც მას სურდა ეთქვა... იგი საოცარი სისავსით იცნობიერებს გენიალური შემოქმედის ფუძემდებლურ პარადიგმებს, ანუ მისი, როგორც ადამიანის სულის მანიფესტაციებს...

პოეტის აზრი, სურვილი, სწრაფვა და ჩანაფიქრი, ანუ ყოველივე ის, რაც ესოდენ აცხოველებს მხატვრულ ტექსტს - მეცნიერის რეფლექსიებში ცნებათა ენაზე მეტყველებს და მკითხველის ცნობიერებას ანალიტიკურ „ინფორმაციებად“ წარუდგება...

მან, როგორც ლიტერატორმა, შესანიშნავად იცოდა, რომ რუსთველის პოემის საკრალური ტექსტი მოწოდებულია არა მხოლოდ „რაღაცის“ გადმოსაცემად და მოსათხრობად, არამედ უფრო „რაღაცის“ დასაფარავად, იდუმალ და არაამქვეყნიურ „სიტყვად“...

და რომ მხოლოდ გონებით აღმატებულსა და სულით მეტყველს ძალუძს ჩაწვდეს და გაიგოს ეს „ხელთუქმნელი“ ფიქრი - ანუ ის, რაც უმაღლეს მშვენიერებასთანაა წილნაყარი...

მხოლოდ ამ კონტექსტშია „ტექსტი-ქმნილება“ ღრმა და აქტუალური... მხოლოდ ამ თვალთახედვიდან პასუხობს იგი ამაღლებულ ფილოსოფიურ კითხვებს და ამდიდრებს ადამიანურ ცნობიერებას...

საგულისხმოა, რომ ვიქტორ ნოზაძის, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევრის ჰუმანიტარული აზროვნება სუბლიმირდება ახალი ტიპის აღქმა-რეფლექსიებად... მისი მეცნიერული დისკურსი ჰუმანიტარ-მკვლევარის პოეტთან მხოლოდ დიალოგი კი არ არის, არამედ ორ თანაბრად აქტიურ, ურთიერთსოლიდარულ პიროვნებათა „ერთარსებად“ ქცევის სტრატეგიაა... და აქ, ამ შემთხვევაში დიალოგი მიმდინარეობს არა დეტალებზე, არა კერძოზე, არამედ გონისა და სულის უმაღლეს გამოვლინებებზე... იდეათა უღრმეს შრეებზე, ყოფიერებისა და აზროვნების კონცეპტუალურ სივრცეებზე...

მომავალში, ალბათ, უკეთ და სრულად წარმოიდგინება ვიქტორ ნოზაძისეული მეცნიერული აღქმა-ანალიზის ტიპი, მისი უნიკალური და აუცილებელი შემობრუნება პოეზიისაკენ, როგორც უნივერსალური კულტურული აზროვნებისაკენ... როგორც სამყაროს გლობალური ცოდნის საწყაულისაკენ, მისი კულტურის უმაღლეს „ინსტანციად“ წარმოდგენისაკენ...

აღქმა პოეზიისა, როგორც გზა უმაღლეს სააზროვნო სივრცეებთან მიახლოვებისა, საგანთა და მოვლენათა ფარულ ბუნებასთან ზიარებისა... არისტოტელესეულ „ეიდოსამდე“ ამაღლებისა - აი, ვიქტორ ნოზაძის მეცნიერული ოპუსების, მისი ლიტერატურული აღქმისა და შემეცნების ერთადერთი ღრმად შეთვისებული მოდუსი...

მხოლოდ ამ უმძიმესი „ბილიკებით“ მიიკვლევდა იგი გენიალური პოეზიის პირველარსთან მისასვლელ გზას...

ვიქტორ ნოზაძის მეცნიერული ქმნილებების სრულყოფილი შეცნობა ლიტერატურათმცოდნეთა სპეციფიკურ აღქმასა და, რაც მთავარია, უფართოესი კულტურულ-ისტორიული კონტექსტებით აზროვნებას ითხოვს... მხოლოდ ინტელექტუალური გამოცდილებაა მისით გამსჭვალვისა და სიამოვნების გარანტი...

მისი, როგორც მეცნიერის ფენომენი ღრმად გვარწმუნებს იმაში, რომ ჭეშმარიტმა ფილოლოგმა, იმისათვის რომ ნამდვილად იფიქროს და ილაპარაკოს სულიერ კულტურაზე, თავისი ცნობიერებით, აზროვნებითა და სულიერი ყოფიერების ცნობისწადილით თვით უნდა გადაინაცვლოს დროითა და სივრცით შემოუზღუდავ კულტურათა კონტექსტში და ოდენ მხოლოდ ამ თავისუფალი სივრციდან შეიმეცნოს ის უნიკალური ღირებულებანი, რასაც ადამიანის ქმნილება „მალავს“ თავის მარად ამოუცნო,და იდუმალ ლაბირინთებში...

* * *

ექვსი ათეული წელი ის იღვწოდა და ქმნიდა ქართული ლიტერატურული აზროვნების ჭეშმარიტ მარგალიტებს... და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ქმნიდა რუსთველის პოეზიის ნაირგვარ პარადიგმათა ამსახველ გრანდიოზულ ციკლს...

1975 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა იგი, ღირსეული პილიგრიმი და უიღბლო მგზავრი ამასოფლისა...

გულწრფელად ვისურვებდი მისდამი მიძღვნილი წინამდებარე კრებული ყოფილიყოს შორეული და „უცნობი“ ქართველი მეცნიერისადმი უფრო ინტენსიური ყურადღების დასაბამიცა და მომავალში კეთილი მეგზურიც...

დიდი რუსთველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ამ მცირედი „გარჯით“ პატივს მიაგებს ვიქტორ ნოზაძის კოლოსალურ ღვაწლს, მის წმინდა სახელსა და შთაგონებული შრომით გაბრწყინებულ შემოქმედებას... და კიდევ, ეს კრებული ჩვენი ქართული კულტურის ისტორიის თუნდაც ერთი ტრაგიკული შეცდომის გამოსწორების ცდაცაა... იქნე,სწორედ ამიტომაც უნდა იყოს იგი ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირსახსოვარი...

2 ვიქტორ ნოზაძე

▲ზევით დაბრუნება


გურამ შარაძე

1975 წლის 24 აპრილს, დილით, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ საფრანგეთში, ქალაქ არპაჟონის საავადმყოფოში 82 წლისა გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი-რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე. ანდერძის თანახმად, 26 აპრილს, დაკრძალეს პარიზთან ახლომდებარე დაბა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

...ვიქტორ ნოზაძე დაიბადა 1893 წლის 17 სექტემბერს, ზემო იმერეთის სოფელ წირქვალში, საჩხერის მახლობლად. მის დედ-მამას - ივანე ნოზაძესა და აღათი გაფრინდაშვილის ასულს ოთხი შვილი ჰყავდათ: ვიქტორი, მარო, გიორგი და პავლე (პალიკო). ამათგან მარო (ივანე მაჭავარიანის მეუღლე) შედარებით ადრე გარდაიცვალა, პავლე (პალიკო) ნოზაძე 20-30-იან წლებში საკმაოდ ცნობილ ფუტურისტ პოეტად ითვლებოდა1 რომელიც 1937 წელს იქნა რეპრესირებული, ხოლო ვიქტორი და გიორგი ემიგრაციაში მოხვდნენ...

პირველდაწყებითი სწავლა ვიქტორ ნოზაძემ საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ მშობლებმა ის შეიყვანეს ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში, აქედან კი მიჰყავთ ქუთაისში, სადაც ვიქტორმა 1910 წელს ჩააბარა გამოცდები ქართული გიმნაზიის მეექვსე კლასში. ამ დროს გიმნაზიის დირექტორი იყო ცნობილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსე,ოცხელი, რომელიც მაღალი პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიდა თავის მოწაფეებს. ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლის ბედნიერ წლებზე და გიმნაზიის დირექტორ იოსე,ოცხელზე ვ. ნოზაძემ დაგვიტოვა მშვენიერი მოგონება2.

გიმნაზიაში ვიქტორი ერთ-ერთ საუკეთესო მოწაფედ ითვლებოდა. მისი ძმა გიორგი იგონებს:

„ვიქტორი ცხრა წლით ჩემზე უფროსი იყო. მე რომ ქუთაისის ქართული გიმნაზიის უმცროს კლასში შემიყვანეს, მას იგივე გიმნაზია დამთავრებული ჰქონდა. როდესაც მასწავლებელმა იასონ ნიკოლაიშვილმა ჩემი გვარი სასკოლო ჟურნალში ამოიკითხა, მკითხა:

- ვიქტორი შენი ძმა ხომ არ არის?

როდესაც პასუხი მოვახსენე, გაიღიმა და მითხრა:

- იმედი მაქვს სწავლაშიც მას დაემსგავსები. - შემდეგ მიუბრუნდა მოწაფეებს და მიმართა:

ამ ბიჭის ძმა იყო ჩვენი გიმნაზიის სიამაყე. წაბაძეთ მას! ისწავლეთ კარგად და რომ გაიზრდებით, მშობლებს და სამშობლოს გამოადგებით...

...იმდროინდელი რუსული სამოსწავლო ადმინისტრაცია ქართულ გიმნაზიას ალმაცერად უყურებდა. ბრალდება იყო: რუსულ ენას საკმარისად არ ეუფლებიანო.

ყოველ წელს, კავკასიური მასშტაბით, ხდებოდა კონკურსი რუსულ თემაზე და მოხდა უცნაური ამბავი: ამ კონკურსში ვიქტორმა პირველი ადგილი დაიკავა. ამით ასწია პრესტიჟი ქართული გიმნაზიის. ქუთათურებში თურმე ამ ამბავმა დიდი სიხარული გამოიწვია.

ვიქტორს ახალგაზრდობიდან სიკვდილამდე ჰქონდა გატაცება, ჟინი წერისა. ერთხელ მეგობრებთან საუბრის დროს უთქვამს: „ასეა ჩემი ბუნება, მელანი რომ არ მქონდეს, ჩემი სისხლით დავწერდიო“3.

1913 წელს ვიქტორ ნოზაძემ ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია და „სწავლას აგრძელებს მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ (ზოგი ცნობით, იურიდიულ, გ. შ.) ფაკულტეტზე. სწავლასთან ერთად ის ებმება რევოლუციურ მოძრაობაში და აქტიურ არალეგალურ მუშაობას ეწევა. 1917 წლის თებერვლის დროს ის დიდხანს არ რჩება მოსკოვში და საქართველოს მოაშურებს. მაისში ვიქტორი უკვე ტფილისშია და სოციალ-დემოკრატების გაზეთ „ერთობა“-ში თავის შთაბეჭდილებებს ათავსებს თებერვლის რევოლუციაზე. ტფილისიდან პარტია მას ქუთაისში აგზავნის პარტიულ პრესის ხელმძღვანელად. ხოლო 1919 წლის ბოლოს, ვიქტორ ნოზაძეს სხვა 70 ახალგაზრდასთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა აგზავნის საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად“4. გაზეთ „ერთობაში“ ვ. ნოზაძე თურმე წერილებს „მოსკოველის“ ხელმოწერით ათავსებდა, ქუთაისში ფაქტიურად რედაქტორობდა ადგილობრივ გაზეთ „სოციალ-დემოკრატს“, ხოლო შემდეგ თბილისში მიბრუნებისას ერთხანს მთავრობის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქტორიც იყო.

ერთი ავტორის სიტყვით: „...მთავრობამ გამოიტანა გადაწყვეტილება ქართველი ახალგაზრდების მთელი ჯგუფის საზღვარგარეთ, სახელდობრ, ევროპაში გაგზავნის შესახებ, რომელიც, ევროპიული ცოდნით შეიარაღებული, უნდა დახმარებოდა მთავრობას მომავალში, სახელმწიფო მმართველობის საქმეში. ამ გადაწყვეტილებით ნაგულისხმევი ახალგაზრდების ჯგუფი, დაახლოვებით 70 პირის შემადგენლობით კიდეც გაემგზავრა ევროპისაკენ 1920 წლის დასაწყისში. ეს ჯგუფი განაწილდა მთელ ევროპაზე, მაგრამ მისმა დიდმა უმრავლესობამ აირჩია გერმანია.

ქართველ ახალგაზრდობის ზევით აღნიშნული ჯგუფიდან რამდენიმე პირი, მათ შორის, ვიქტორ ნოზაძე გაემგზავრა ლონდონისკენ (1920 წელს ლონდონიდან მოწერილი ვ. ნოზაძის რამდენიმე წერილი ამას წინათ გამოქვეყნდა „ლიტ. საქართველოში“, 5. VIII. 1988. გ. შ.), მაგრამ სულ მალე... ვიქტორი იძულებული გახდა ლონდონიდან გადასულიყო ბერლინში, საიდანაც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1928 წელს გადასახლდა პარიზში. აქ მან დაიწყო რედაქტორული და ჟურნალისტური მოღვაწეობა; გამოსცა ჯერ სხვებთან ერთად ჟურნალ „ორნატის“ რამდენიმე ნომერი, აგრეთვე, სხვა ჟურნალებიც, და შემდეგ ხელი მოჰკიდა (ი. მანწკავასა და ედ. პაპავასთან ერთად, გ. შ.) დიდფორმატიანი ლიტერატურულ-მეცნიერული და პოლიტიკური ჟურნალის „კავკასიონის“ გამოცემას, რომლის გამომცემელი, რედაქტორი, კორექტორი, ავტორ-თანამშრომელი, ამწყობი და ექსპედიტორი, ერთსა და იმავე დროს თვითონ ვიქტორი იყო სიკვდილამდე“5.

ექვს ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვიქტორ ნოზაძე თავაუღებლივ დღე-და-ღამ ფუტკარივით შრომით ემსახურა ქართულ კულტურას - ისტორიას, ლიტერატურას, პოლიტიკას, პუბლიცისტიკას, საგამომცემლო საქმეს თუ ჟურნალისტიკას... მან თავის ხალხს დაუტოვა უმდიდრესი მემკვიდრეობა, რომლის სათანადო აღნუსხვა-დაფასება მომავლის საქმეა!

სამართლიანად წერს ერთი მისი თანამედროვე: „მთელი შენი სიცოცხლე საქართველოს საქმეს შეალიე, შენ სხვა ცხოვრება არ გქონია, არ გეცალა პირადი ბედნიერებისათვის, შესანიშნავი გაკვეთილი დაგვიტოვე იმისა, თუ როგორ თავდადებით უნდა ემსახუროს ყოველი პატიოსანი ქართველი თავის წმინდა მოვალეობას. ვაჟკაცურად დაასრულე გზა ლამაზი, შინაარსიანი ცხოვრების“6.

გიორგი ნოზაძე გვაწვდის ძლიერ საყურადღებო ცნობებს ვიქტორ ნოზაძის ფსევდონიმების შესახებ, რომელიც გვეხმარება დავადგინოთ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში გაფანტული მისი წერილების ავტორობა:

„მის ბიბლიოთეკაში შეკინძული და შენახულია მის მიერ გამოცემული ჟურნალ-გაზეთები. აქედან აღვადგინე ვიქტორ ნოზაძის ფსევდონიმები. ახლა, როდესაც ის ამ ქვეყნად აღარ არის, შესაძლებელია მისი გამოქვეყნება და ვფიქრო,ინტერესმოკლებული არ იქნება. ესენია: . ვარდანი, . ბებურიშვილი, . სოსანი, მოძველი, ნიკრისელი, თამაზ ჩილაია, ლიკსუსი, დონაური და ალბათ სხვაც, რომელთა აღდგენა ვერ შევძელი“ (იხ. „კავკასიონი“, XVIII, 1976, გვ. 12).

ჩვენ საშუალება მოგვეცა გაგვეგო ვიქტორ ნოზაძის სხვა ფსევდონიმებიც, სახელდობრ, თამარ ვარდანიძე და მკითხველი (შდრ. „კავკასიონი“, XXI, პარიზი, 1986, გვ. 88-90).

* * *

საინტერესოა ვიცოდეთ, როდის, სად და რა შემთხვევის გამო დაიწყო ვიქტორ ნოზაძემ თავისი რუსთველოლოგიური ნაშრომების წერა. ამის შესახე,სანდო ცნობებს გვაწვდის მისი ახლო მეგობარი და თანამშრომელი მიხეილ ქავთარაძე:

„ვიქტორ ნოზაძემ ვეფხისტყაოსნის „ჩხრეკანი“, ასე ეძახდა იგი თავის სამუშაოს, ბერლინში დაიწყო, ომის უკანასკნელ წლებში. მაშინ მას გარკვეული გეგმა ამ მუშაობისათვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა. საერთოდ ამ საქმის დასაწყისი, ასე ვთქვათ, „ლოღიკური შემთხვევა“ იყო. ლოღიკური - იმიტომ, რომ ის, რაც მან გააკეთა, სწორედ მოსალოდნელია მისგვარი ტიპის კაცისაგან, ხოლო შემთხვევა ის იყო, რომ მას ხელთა ჰქონდა ვეფხისტყაოსნის ინგლისური თარგმანი მარჯორი უორდროპისა. ვიქტორმა თარგმანისა და ორიგინალის შედარებით დაიწყო მისი „ჩხრეკანი“. ეს მისთვის, თითქმის დროის მოკვლა და გონიერი გართობა იყო. თავიდანვე მისი ყურადღება მიიპყრო იმან, თუ როგორ არის ინგლისურად თარგმნილი სხვა და სხვა ტერმინები, ცნობები, გამოთქმები.

ძებნის დროს შენიშნა მან ვეფხისტყაოსანში, რომ ფერს ასე დიდი ადგილი უკავია და ამ მოვლენას დაარქვა მან „ფერთამეტყველება“, რაც შემდეგში მისი წიგნის სათაურად გადაიქცა. ხოლო სიტყვა „მეტყველების“ ქართულ ენაში არსებულმა გამოყენებამ, მას საშუალება მისცა იგივე სიტყვა სხვა, შემდეგი ტომების სათაურებშიც გამეორებულიყო“7.

აქვე მიხ. ქავთარაძე ერთ კომიკურ სიუჟეტსაც მოგვითხრობს: „ცნობილია, რომ ინგლისური ენის სწორი კილოს დაუფლება უცხოელისათვის ფრიად ძნელია. ვიქტორს, საერთოდ, დიქცია არ უვარგოდა და მისი ინგლისური გამოთქმა რა უნდა ყოფილიყო. და აი, ერთხელ, როდესაც ვიქტორი უორდროპის თარგმანიდან ადგილებს იწერდა და ამისათვის ტექსტის საჭირო ადგილს ხმამაღლა კითხულობდა, მის შორიახლო მჯდომმა დიასახლისმა, რომელიც ამერიკელი გერმანელი იყო, თავის ქალიშვილს გადაუჩურჩულა: „ყური დაუგდე! როგორ წარმოვიდგენდი, რომ თურმე ქართული ინგლისურს ჰგვანებიაო“.

როგორ მუშაობდა ვიქტორ ნოზაძე? მოვუსმინოთ კვლავ მიხ. ქავთარაძეს:

სამხრეთ ამერიკიდან ჯერ ესპანეთში (1960 წ.), ხოლო 1963 წელს „საფრანგეთში დაბრუნებული ვიქტორ ნოზაძე, ისევ თავის ძმის, გიორგის ოჯახში ცხოვრობდა, სადაც მას ნივთიერად ძმის მიერ უზრუნველყოფილს და მორალურად მთელი პარიზის ქართველობის მიერ მხარდაჭერილს, თავისი მუშაობისათვის ნორმალური და წამახალისებელი პირობები ჰქონდა. უკანასკნელ წლებში, ნოზაძეები პარიზიდან ლევილის ქართულ მამულში გადმოსახლდნენ. ქართული სტამბაც ამავე მამულში მდგარ ერთ-ერთ შენობაშია მოთავსებული. ასე რომ, მისი მძიმე მუშაობა - ლინოტიპზე ტექსტის აწყობა, იმით მაინც შეუმსუბუქდა, რომ მისი მეორე სართულზე მყოფი ოთახიდან ქვევით ჩამოსულს სტამბამდე მისასვლელად ორი წუთი-ღა სჭირდებოდა.

ვიქტორის ოთახის ფანჯრები ხევისაკენ დაქანებულ ბაღს გადაჰყურებდა, რომლის გაღმა ტყიანი გორაკები მოჩანს და ამ ოთახში ჩაკეტილი მუშაობდა იგი. თავი რომ მარტო არ ეგრძნო, მის კალმის წრიპინს და ფურცლების შრიალს, ორ გალიაში ჩასმული ორი წყვილი ჩიტი ეხმაურებოდა, რომელთაგან ერთი წყვილი იაპონური ბულბულებისა იყო, მეორე წყვილის ჯიში არ ვიცი.

მის ფანჯრებზე გარეთა მხრიდან ზარი იყო მიმაგრებული, ზარის ბაწარი ქვეითა სართულამდე ეშვებოდა და ასე ატყობინებდნენ მას სადილის დროა, ვახშმის დროაო“ (იქვე, გვ. 20).

* * *

ზემოთ უკვე ვთქვით, რომ რუსთაველის უკვდავი პოემის მეცნიერული თანმიმდევრობით „ჩხრეკას“, როგორც მას უყვარდა თქმა, ვიქტორ ნოზაძემ ომის უკანასკნელ წლებში მოჰკიდა ხელი. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ დაწერის 750-ე წლისთავს ვიქტორ ნოზაძემ ჯერ კიდევ 1937 წელს პარიზში მიუძღვნა ჟურნალ „ქართლოსის“ საგანგებო - მე-11-12 ნომერი, რომელშიც დ. კარიჭაშვილის, ივ. ჯავახიშვილის, პ. ინგოროყვას, კ. ჭიჭინაძის, პ. ცინცაძის, მ. გოგიბერიძის, ვუკ. ბერიძის, დ.ჯანელიძის და სხვათა წერილების გვერდით დაბეჭდილია თვითონ ვ. ნოზაძის ნარკვევი: „ვეფხისტყაოსანი - ეროვნობის კავშირი“.

თითქოს არის იმაში რაღაც სიმბოლური, რომ „ვეფხისტყაოსნის“ გმირებივით მან ვრცელი გეოგრაფიული არეალი შემოიარა - საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ინგლისი, არგენტინა, ჩილე, ბრაზილია, ესპანეთი და ბოლოს, ისევ საფრანგეთი და ამ ოცდაათწლიან „ველად გაჭრის“ მეტად მძიმე პირობებში, ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე, მარტოდმარტომ, დიდი ნიჭისა და ურყევი ნებისყოფის წყალობით, შექმნა და სამშობლოს დაუტოვა ექვსი მონუმენტური ტომი, რომელთაც იგი გზადაგზა თვითონვე აწყობდა და ბეჭდავდა კიდეც. ესენია:

  1. ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება, ბუენოს-აირესი, 1953 (1954);

  2. ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1957;

  3. ვეფხისტყაოსანის მზისმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1957;

  4. ვეფხისტყაოსანის საზოგადოებათმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1958;

  5. ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება, პარიზი, 1963;

  6. ვეფხისტყაოსანის მიჯნურთმეტყველება, პარიზი, 1974 (1975).

ამ უკანასკნელი მეექვსე წიგნის გამოცემას ავტორი ვეღარ მოესწრო: წიგნის სულ ექვსი ნაკვეთიდან სამი უკვე დაბეჭდილი ჰქონდა, ხოლო მეოთხე ნაკვეთს აწყობდა, რომ იგი მოულოდნელად ავად გახდა და სულ რაღაც რვა დღეში გარდაიცვალა. ამ ამბის თვითმხილველი მოგვითხრობს: 1975 წლის შუა აპრილი იყო, „...წავედი, ვნახე, თბილებში გახვეული ლინოტიპს უჯდა, ძლივს ლაპარაკობდა... ვუთხარი: ვიქტორ, თუ გინდა, რომ საქმე განაგრძო - საჭირო დროსაც უნდა გაჩერდე მეთქი. ისევ ძველებურად წიგნის დასრულების აუცილებლობა ახსენა (მეჩქარება, ხომ უნდა დავასრულო ბოლოს და ბოლოს ეს წიგნიო), მაგრამ დაუმატა: მართლაც ცუდად ვარ, რამოდენიმე წუთის სამუშაო დამრჩა და მერე დავწვებიო. რამოდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 23 აპრილს გრძნობა დაკარგა; ბოდვაში ლინოტიპის მუშაობაში ხმარებულ ფრანგულ ტერმინებს ბუტბუტებდა. 24-ს გარდაიცვალა“.

აუწყობელი დარჩა „ვეფხისტყაოსანის მიჯნურთმეტყველების“ მეოთხე ნაკვეთის ბოლო ნაწილი და მეხუთე და მეექვსე ნაკვეთები. ეს საქმე ბოლომდე მიიყვანა მეცნიერის ძმამ - გიორგი ნოზაძემ, რომელიც თავის მეუღლესთან - ლიდა შარაშიძესთან ერთად სიცოცხლეშიც არ აკლებდა თავის უფროს ძმას ზრუნვას და დახმარებას. გ. ნოზაძე ამ წიგნისთვის დართულ შენიშვნაში წერს: „ჩემი ძმის ვიქტორის რუსთველოლოგიური მემკვიდრეობა ამით (გამოქვეყნებული 6 ტომით, გ. შ.) არ ამოიწურება. მან დატოვა ნახევრად დამუშავებული სახით მის მიერ განზრახული სხვა შრომის მასალები, რომელთა შორის: 1. „ვეფხისტყაოსნის სიბრძნისმეტყველება“ დამთავრებული ჩანს (მას შემდეგ ეს შრომა გამოქვეყნდა ჟ. „კავკასიონში“, XVIII, პარიზი, 1976 წ., მაგრამ იგი დაუსრულებელი აღმოჩნდა, გ. შ.); დანარჩენთა სათაურებია: 2. ვეფხისტყაოსნის გონებათმეტყველება; 3. ვეფხისტყაოსნის სულთმეტყველება; 4. ვეფხისტყაოსნის მჭერმეტყველება; 5. ვეფხისტყაოსნის ფსიქოლოგიის მეტყველება; 6. ვეფხისტყაოსნის ნებათმეტყველება; 7. ვეფხისტყაოსნის საზოგადოების ცნებანი; 8. ვეფხისტყაოსნის ცნება-ცნობა; 9. ვეფხისტყაოსნის ესთეტიკა; 10. ვეფხისტყაოსნის ტანთმეტყველება; 11. ვეფხისტყაოსნის გულთამეტყველება“8.

ჩვენში ნაკლებად არის ცნობილი ღრმა ცოდნით, იშვიათი გონებამახვილობითა და კეთილსინდისიერებით დაწერილი ვიქტორ ნოზაძის ცალკეული რუსთველოლოგიური გამოკვლევანი, აგრეთვე, ნარკვევები საქართველოს ისტორიის ამა თუ იმ საკითხზე, რომლებიც სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ზოგჯერ წიგნაკებისა თუ ბროშურების სახით, ზოგჯერ კიდევ სტატიებად საზღვარგარეთის პერიოდულ ორგანოებში (მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი - ეროვნობის კავშირი“, 1938; „გამოგებანი ვეფხისტყაოსნისა“, 1971; „კაცი ვარ, ადამიანი, ვეფხისტყაოსნის მიხედვით“, 1981; „ილია ჭავჭავაძე“, 1937; „საქართველო კავკასიაში და მისი გეზი“, 1939; პარიზის „ადამიანთა მუზეუმში“, 1939; „ბრძოლა მესხეთის გამო“, 1939; „ნაპოლეონი და საქართველო“; დაუბეჭდავი თხზულებიდან: „გარდასულ ჟამთა საქმენი და ამბავნი“, 1958; „ვაჟა-ფშაველა (მცირე მოგონება)“, 1962; „იოსე, ოცხელი“ (მოგონება), 1967; „ლტოლვილთა საძვალენი“ (1971) და სხვ.), ამასთან, სცემდა ჟურნალ-გაზეთებს („ორნატი“, „კავკასიონი“, „თეთრი გიორგი“, „ქართლოსი“, „მამული“...).

ცალკე უნდა აღინიშნოს ვიქტორ ნოზაძის რედაქტორობით პარიზში 1966 წელს, რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი „კავკასიონის“ საგანგებო ტომის გამოცემა, რომელშიაც სხვა ავტორთა საყურადღებო წერილებთან ერთად გამოქვეყნებულია ვ. ნოზაძის ათზე მეტი რუსთველოლოგიური ხასიათის ნარკვევი-დაკვირვება „ვეფხისტყაოსნის“ ამა თუ იმ ადგილის გასაგებად. მათ შორის აღსანიშნავია „ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს“, „ლეოპარდუს, პანთერა, ტიგრ, ვეფხი“, „მოლი რამე წამოისხა“, „ვით კატასა ვხოცდი ლომსა“, „ძოწეულითა მოსილი“, „მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს“... „მისთვის გულს ლახვარ სობილი“ და სხვ. აქვეა დაბეჭდილი ვ. ნოზაძის უაღრესად საინტერესო გამოკვლევა „დანტე-რუსთაველი“ და მისივე რეცენზია ლ. თაქთაქიშვილი-ურუშაძის წიგნზე „მარჯორი უორდროპი“...

* * *

როგორც სათანადო წყაროებიდან ირკვევა, „ვიქტორ ნოზაძის საქმიანობა ამით არ ამოიწურება; მისი აქტიური და ნაყოფიერი დახმარებით იცემოდა ქართულ-გერმანული ლექსიკონის რვეულები ციურიხში, სადაც იგი ყოველი გამოცემის წინ მიემგზავრებოდა ხოლმე და გარდაცვალებულ კიტა ჩხენკელის მიერ წამოწყებული საქმის გამგრძელებულ შვეიცარიელ პატივცემულ ქალბატონებს - იოლანდა მარშევს, ლეა ფლურის და დოქტორ რუთ ნოიკომს მორიგ საბოლოო რედაქციისათვის ავტორიტეტულ კონსულტაციას აშველებდა“.

ამას აღიარებს ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი ერნსტ რიში: „ვ. ნოზაძემ ბევრი დრო და შრომა შესწირა მისი მეგობრის კ. ჩხენკელის მიერ წამოწყებულ ქართულ-გერმანულ ლექსიკონს. უიმისოდ ეს ლექსიკონი ასეთი ხარისხის სრულყოფას ვერ მიაღწევდა. ჩვენ მისი უზომოდ მადლობელნი ვართ...“; ამასვე მოწმობს ციურიხელი ქართველოლოგების - ლეა ფლურის, იოლანდა მარშევის და რუთ ნოიკომის სიტყვებიც:

„როდესაც 1963 წელს კიტა ჩხენკელი გარდაიცვალა, თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს მის მიერ წამოწყებულ ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე მუშაობა უნდა შეწყვეტილიყო. ეს იქნებოდა ფრიად სამწუხარო, რადგან ამ ნაშრომის პირველი ექვსი რვეულის გამოქვეყნებამ ცხადჰყო მათი საჭიროება ქართულ ლექსიკოლოგიაში - მით უფრო, რომ ენათმეცნიერების სამყაროში მას დიდი სიხარულით და მადლობით შეეგებნენ.

გარნა ასე მოხდა, რომ ჩვენს მიერ აქამდე არნახული დოქტორი ვიქტორ ნოზაძე ციურიხში ჩამოვიდა - თავისი ახალგაზრდობის მეგობრის და სტუდენტობის დროის ამხანაგის (კიტა ჩხენკელის) საფლავის მოსანახულებლად - მისთვის უკანასკნელი პატივის მისაზღევებლად. და როგორც ამგვარ გარემოებაში უნდა მომხდარიყო, ჩვენი საუბარი შეეხო გარდაცვალებულის მუშაობას და იმ სამწუხარო უპერსპექტივობას, რომელიც ამ მუშაობის გაგრძელებას ესახებოდა.

დოქტორი ვ. ნოზაძე გვისმენდა და ბევრს არას ამბობდა. ჭარბი სიტყვათა მოუბარი კაცი არ იყო. მხოლოდ თავისი უკან გამგზავრების წინ, ჩვენდა ფრიად გასაკვირვებლად გამოგვიცხადა: „თუ თქვენთვის მისაღებია, გიშველით ლექსიკონის დასრულებას“-ო. დღეს შეუძლებელია სიტყვებით გამოთქმა იმისა, თუ რამდენად ბედნიერნი ვიყავით ამ წინადადებით. მალე გამოაშკარავდა, რომ ჩვენ შესანიშნავი თანამშრომელი შევიძინეთ, რომელიც სამუშაოს დასრულებამდე (1974 წ.), თავზედ აღებულ ამოცანისადმი უტეხი ერთგულებით და სამაგალითო თავდადებით ჩვენ გვერდით გვედგა. ჩვენ ვიცოდით, რომ მრავალჯერი მგზავრობა პარიზსა და ციურიხს შორის დ-რ ვ. ნოზაძისათვის ხშირად ძნელი უნდა ყოფილიყო მისი ხანდაზმულობისა გამო, მაგრამ ყოველი მისი მოსვლა ჩვენთან, მუდამ გასახარელ შეხვედრას წარმოადგენდა. ახალი ბეჯითობით და დროს დაუკარგავად, კვლავ განახლდებოდა ლექსიკონზე მუშაობა. ჩვენ თანა გვყავდა ადამიანი, რომელიც თავისი დიდი უნარით მხარში გვედგა და მუდამჟამ თავისებურ თავაზიანობით ცდილობდა ჩვენთვის ამოცანის სიძნელე გაეადვილებინა მაშინ, როდესაც მას არც საკუთარი თავსატეხი პრობლემები აკლდა და იგი იძულებული იყო მრავალი გეგმა გვერდზე გადაედვა და ლექსიკონის წარმატებისათვის თავისი დრო შეეწირა...“ (იხ. „კავკასიონი“, XVIII, 1976, გვ. 18).

ამ უკანასკნელ ხანს გამოქვეყნდა ვიქტორ ნოზაძის მიერ შვეიცარიიდან (ციურიხი) გამოგზავნილი რამდენიმე წერილი9, რომლებიც მოწმობენ თუ როგორ ზრუნავდა იგი თავის 50 წელზე მეტი ხნის მეგობრის - კიტა ჩხენკელის მიერ წამოწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად.

საბჭოთა პერიოდში გარკვეული კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, ქართველი მეცნიერული საზოგადოებრიობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი მუდამ სათანადოდ აფასებდა და ღირსეულ პატივს მიაგებდა ვიქტორ ნოზაძეს, როგორც მეცნიერ-რუსთველოლოგს, და რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში შესაფერისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი ვ. ნოზაძის ნაშრომებს მათზე მითითება-დამოწმებით. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ეს დამოწმება აღარ ხდებოდა. თუმცა, საქმეში ჩახედული სპეციალისტისთვის დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს ჩვენში დაბეჭდილ რუსთველოლოგიურ ნაშრომებში დაუმოწმებლად ვ. ნოზაძის შრომათა გავლენა-გამოყენების ამოცნობა, ან კიდევ, მასთან ფარული კამათი-პაექრობა.

__________________

1. შდრ. სევ. ჭირაქაძე, პალიკო ნოზაძის მოსაგონარი, ჟურნ. „კავკასიონი“, XVI-XVII, პარიზი, 1972/1973, გვ. 210 შმდგ; ს. სიგუა, ლიტერატურა და ტრადიციის ბარიერი, თბ., 1988, გვ. 210 შმდგ.

2. იხ. ჟურნ. „კავკასიონი“, XII, პარიზი, 1967, გვ. 205-212.

3. გ. ნოზაძე, ჩემი ძმა ვიქტორი, „კავკასიონი“, XVIII, პარიზი, 1976, გვ. 12

4. შ. კალანდაძე, ვიქტორ ნოზაძის ხსოვნისათვის, „კავკასიონი“, XVIII, 1976, გვ. 7

5. გ. იმნაიშვილი, ვიქტორ ნოზაძე, „კავკასიონი“, XVIII, 1976, გვ. 6

6. დ. ვაშაძე, ჩვენი ვიქტორი, „კავკასიონი“, XVIII, 1976, გვ. 11

7. იხ. „კავკასიონი“, XVIII, 1976, გვ. 20

8. დღეს ვიქტორ ნოზაძის პირადი არქივი და მათ შორის აქ დასახელებული გამოუქვეყნებელი ხელნაწერი რუსთველოლოგიური შრომები ჩვენს მიერ უკვე საქართველოშია ჩამოტანილი და ინახება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში. მათ გამოსაქვეყნებლად ამზადებს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ემიგრანტული მწერლობის განყოფილება.

9. იხ. ვ. ნოზაძის წერილები დ. ცქვიტინიძესთან, ნ. კუპრეიშვილის პუბლიკაცია, „ლიტ. საქართველო“, 27. XI. 1987; ალ. ბარამიძე, მიმოწერა ვიქტორ ნოზაძესთან, „ლიტ. საქართველო“, 29. I. 1988; მ. კეკელიძე, ვიქტორ ნოზაძის წერილები ქსენია იოსელიანისადმი, „კრიტიკა“, №5, 1988; ი. მეგრელიძე, ვეფხისტყაოსნის სიყვარული მავალებს..., „სამშობლო“, №6, 1988.

3 ვიქტორ ნოზაძე

▲ზევით დაბრუნება


რუსუდან ნიშნიანიძე

პარიზი. ბუენოს-აირესი. ბერლინი. სანტიაგო დე ჩილე - როგორი მასშტაბებია! გეოგრაფიული სივრცე, სადაც ვიკტორ ნოზაძის ნაფიქრი და ნააზრევი აინტერესებთ, ბეჭდავენ. და მაინც, რაზე წერს? უპირველესად, რუსთაველის, „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ, მერე - ათასგვარ მიმოხილვას - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თაობაზე, წერილებს ქართულ თეატრზე, არგონავტებზე, სტალინზეც* რასაკვირველია, თანამოაზრეებზე... თხრობის საოცარი კულტურა, უზარმაზარი ინფორმაციის ერთ სააზროვნო ხაზზე აგება, ეროვნული სულისკვეთება - ყოველი ქვეთავიდან რომ ჟონავს, ენციკლოპედიური ცოდნა, განათლების დიდი თვალსაწიერი... და გულდაწყვეტილი ფრაზა: „სამწუხაროა, ასეთი დიდი ერუდიტი სამშობლოში რომ არა ხარ“. ტრაგიკული რეალობა, რომელიც კიდევ ერთხელ შეაშფოთებს კონსტანტინე გამსახურდიას და ამ წინადადებას იმ წერილში ჩაწერს, რომელსაც ვიკტორ ნოზაძეს გაუგზავნის, თუმცა ასე დაიწყებს:

„ძვირფასო ძმაო ვიქტორ!“ ახლობლობას და პატივისცემას მხოლოდ ეს სიტყვები -„ძვირფასო“, კიდევ უფრო მეტი - „ძმაო“ არ ავლენს, არამედ ფაქტი! წერილის გაგზავნის ფაქტი, რომელიც სრულიადაც არ იქნებოდა ქართველი მწერლისთვის იოლი - სხვათაშორის, ამ ბარათს ემიგრანტები გამოაქვეყნებენ კიდეც: „კავკასიონი“ //I პარიზი, 1986 წ. აქ ორი მოაზროვნის გასაუბრებაა. საქმიანი შეხმიანება. „შენი ნაშრომები მომივიდა, რისთვისაც დიდ მადლობას გიძღვნი. ფრიად საინტერესო ამბებია მათში,“ - მისწერს მადლიერი და თავადაც ხელუხვი იქნება: „დიდოსტატის მარჯვენა“ და რჩეულ თხზულებათა II ტომი, სადაც ნოველები და ხსენებულ რომანთან ერთად „გოეტეს ცხოვრების რომანიცაა“ შესული. არადა, რამდენი რამ აინტერესებთ ერთმანეთის. ბ-ნი კონსტანტინე სიახლეს მაინც ელის. ნაკლებმოსალოდნელს, მაგრამ მაინც...

„... როგორა ხარ? ოჯახს თუ მოეკიდე? სამშობლოში დაბრუნებას თუ აპირებ?“ რამდენი კითხვის ნიშანია... უცხო ერის ნაშიერი არ შეირთო მუდამ სამშობლოში დაბრუნების მოიმედემ. ოჯახის შექმნა ხომ კერიის გაჩაღებას ნიშნავდა, დაფუძნებას. თავად გზას ეძებდა.. გამოსავალს... ფაშისტური დარაზმულობაც შექმნა* შინ წასვლის ვადებს წარამარა ინიშნავდა, გადაანაცვლებდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა... ამასობაში წლებიც გავიდა, თმაში ჭაღარა შეეპარა, სულში არა. 82 წლისა გარდაიცვალა.. უკანასკნელ დღეებამდე ისევ წიგნზე -„ვეფხისტყაოსანის მიჯნურთმეტყველება“ მუშაობდა* ისევ სიყვარულზე, სამშობლოზე ფიქრით... „წარმომიდგენია, როგორ გენატრება შენი ქვეყანა“, - ამასაც იმ წერილში შეწუხებული და ხელდაშვებული - ეგე,გამწარებისაგან მუშტშეკუმშული ბ-ნი კონსტანტინე გაიფიქრებს.

რამდენიმე ეპიზოდი.

ერთი ამბავი:

ადამიანები შეთანხმდნენ, რომ არცთუ იშვიათად სიყვარული „რელიგიური გრძნობაა“* ანუ ისე უყვარს - აღმერთებს. ეს ღმერთი კი კონკრეტული, ინდივიდუალური ხატია. ჩვენ შემთხვევაში: „ჩემი ხატია სამშობლო“ - აკაკის ეს სტრიქონი არაერთი პიროვნების მსოფლხედვას ან თუნდაც, რწმენას შეიძლება მივუსადაგოთ.

გივი კობახიძის არქივი... აქ დაცული მრავალთაგან ერთი უნიკალური წერილი... 1966 წლის ოქტომბრის დღეებში ვიკტორ ნოზაძე მეგობართან გულის მოოხებას შეეცდება. თავის სამუშაო მაგიდასთან მჯდომი ბარათით შეეხმიანება. 16 ოქტომბერს გაგზავნის. მეცნიერი ერთი შეხედვით, ძალიან მშვიდად საუბრობს სამომავლო გეგმებზე: 20 ნოემბერს დაგეგმილ რუსთაველის იუბილეზე, კომისიის წევრებზე, შესაბამისად, „კავკასიონის“ საიუბილეო ვრცელი ნომრის გამოცემაზე... და ის ნაკვეთი, რომელიც მინდა, გაგაცნოთ: უჩვეულოც, უცნაურიც, განწირულიცა და ღირსეულიც. ერთს შეგახსენებთ, იმჟამად საქართველოში რუსთაველის 800 წლისთავის გრანდიოზულ იუბილეს აღნიშნავენ. ვიკტორ ნოზაძესაც იწვევენ.

თითქოს ჩვეულებრივ ამბავს უამბობს: „თბილისიდან ორჯერ მივიღე მოწვევის დეპეშა: მობრძანდით, იუბილეზე დაესწარით, ბილეთს და ვიზას მიიღებთ საბჭოთა კავშირის საელჩოშიო. პირველი დეპეშა იყო შედგენილი რუსულ ენაზე და ხელს აწერდა ირაკლი აბაშიძე, - მარტო ეს რუსული დეპეშა იყო საკმარისი, რომ უარი მეთქვა!

რუსთაველის იუბილეს მართავენ და რუსულად მწერენ დეპეშას?! მეორე დეპეშა იყო ფრანგულ ენაზე დაწერილი და ხელს აწერდა „საიუბილეო საორგანიზაციო კომიტეტი“.

როგორ ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს?! ქარის წისქვილებთან შებრძოლებას ხომ არ შეეცდება? ეგე,ეს უფრო მეტია? ხმამაღლა უნდა რომ თქვას, თუ ეტიკეტი აიძულებს - არ ვიცი* ფაქტია, პირველ დეპეშას უეჭველად უპასუხებს:

„თქვენგან გასაგებ, მიზეზთა გამო თბილისს ვერ მოვალ და იუბილეს ვერ დავესწრები“.

„გასაგები“ - ის კი არაა, რომ ემიგრანტია, აკრძალული აქვს ამ მიწაზე ჩამოსვლა და ვერც გაბედავს. არა. აკი, ოფიციალურად იწვევენ! საელჩოც -ოღონდ არა საქართველოს, არამედ სსრკ-ს საქმის კურსშია. „გასაგები“ ისაა, რაც ყველასთვის ცხადია: რუსთაველის იუბილეს თავისუფალი, ბედნიერი საქართველო არ ზეიმობს -ის ჯერ ისევ დაპყრობილია* მოსაწვევებსაც არა მშობლიურ ენაზე, არამედ რუსულად ავსებენ. რუსთაველის მკვლევარი ამხელა ფორუმზე უარს იტყვის* ასეთ საქართველოში არ ჩამოვა! სამშობლოსათვის თვალის შევლება? თუმცა წარმოსადგენია, რად უღირდა ამგვარი მტკიცე უარი.. მეგობრისთვის არც გულდაწყვეტა დაუმალავს, არც ყრუ ტკივილი: „წარმოგიდგენია: რა ბედნიერება იქნებოდა საქართველო ერთჯერ კიდევ მენახა! მახლას!“

მართლაც, რა იქნებოდა: „ერთჯერ კიდევ!“ რა იქნებოდა!

ამბავი მეორე.

„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დადგენის საკითხი. აკადემიური ტექსტი. არაერთ მკვლევარს რომ უმუშავია. უშრომიათ დიდი ცოდნით, გულმოდგინებით, ყურადღებით. თუმცა არც უზუსტობების გარეშეა. შევთანხმდეთ - ეს ურთულესიაა.

მიხეილ წერეთელი შესდგომია ამ საქმეს - ნაწილი I. ტექსტი აღდგენილი მიხეილ წერეთლის მიერ. პარიზი, 1963 წ., მეცნიერის სამუშაოს ისიც ართულებდა, რომ ხელნაწერები ან გარკვეული ვარიანტები ხელთ არ ჰქონდა, ე.ი. ჰქონდა ფრიად სუბიექტური დამოკიდებულება და მას ეს არც დაუმალავს: „მე ვუკვირდებოდი სტროფთა ლექსის თვისებას, მოთხრობის მიმდინარეობას, კონტექსტს და ვცანი ნამდვილ ტექსტად „ვეფხისტყაოსნისა“ ის, რაც უეჭველად რუსთველის შემოქმედებად მიმაჩნია, ხოლო ზოგი შვენიერი სტროფებიც კი, რომელიც შეიძლება აგრეთვე რუსთველის მიერ იყოს შეთხზული, ხოლო საეჭვოდ მომეჩვენა, ჩანართთა შორის მოვაქციე“-ო! - ვ. ნოზაძე „დანტე-რუსთაველი“, „კავკასიონი“ I პარიზი, 1966 წ., რამდენიმე სტროფი ამოუღია. ტექსტში სულ 1224 სტროფი დაუტოვებია -1937 წ. გამოცემაში - 1669-ა,. 445 სტროფი ტექსტის გარეთ დარჩა.

„მერმე ვიშიშვი მეფეო, თქვენად კადრებად ამისად:
ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად...

...............

თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან...და ა. შ.

ამ ორი სტროფის - შესახე,ამბობდა მიხ. წერეთელი, ზედმეტიაო. ხსნიდა იმით, რომ ჭარბი მრავალსიტყვაობა არ შეეფერებოდა რუსთაველის ხელწერას და არც წინა სტროფს შეესაბამებოდა - წინა სტროფი გახლავთ: „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა, გზა ვიწრო... „ყალბისმქნელის მიერ არისო ჩამატებული!“ - ამბობდა თურმე. ხშირად დავობდნენ.

ერთ დღეს მორიგ კამათს გრიგოლ რობაქიძეც შესწრებია. ამჯერად, ვიკტორ ნოზაძე ჩუმად მჯდარა, არაფერს ამბობდა. რობაქიძე მეგობარს ჯერ წყნარად შეპასუხებია, მაგრამ როცა წერეთელს თავისი მოსაზრება დაჟინებით გაუმეორებია, ფეხზე წამომხტარ მწერალს ხელები გაუშლია და უთქვამს:

„ - თუ ეს ორი შაირი ყალბია! თუ იგი ვიღაცის მიერ არის ჩამატებული! მაშინ ჩვენ მეორე შოთა რუსთაველი გვყოლია! იმდენად შესანიშნავი არის ეს ორი შაირი!“

კამათი აღარ გაგრძელებულა. საუბარმა სხვა ხასიათი მიიღო. და მაინც.. როცა მიხ. წერეთელს თავისი „ვეფხისტყაოსანი“ დაუბეჭდავს, ვიკტორ ნოზაძეს საგანგებოდ მოუძებნია ეს სტროფები „და რა ვნახე! - დაწერს თავადვე, ერთი შაირი -801: „მერმე ვიშიშვი, მეფეო...“ ბ-ნ მიხეილს დაუტოვებია მაინც, ხოლო მეორე შაირი: „თუ საწუთრომან დამამხოს...“ გაუძევებია!“ -იქვე გვ. 125`

თვითონ ხომ მეცნიერული თავგანწირვით მუშაობს, სხვისი შედეგებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

ამბავი მესამე.

ვიკტორ ნოზაძე იკვლევს გამოთქმას: „კაცი ვარ, ადამიანი“. „ამ სათაურში „კაცი“ ნიშნავს „ადამიანი“. როგორც ჩვეულებრივი არსება, წევრი საზოგადოებისა“.. და არაერთი პერსონაჟის ამ კონტექსტისმიერი ნათქვამ-ნამოქმედარი მოაქვს. ასეთ დასკვნამდეც მივა: „სული, გული, გონება, ძალა - მათი ერთობა ეს არის კაცი“ - ვ. ნოზაძე „კაცი ვარ ადამიანი ვეფხისტყაოსანის მიხედვით“, „კავკასიონი“ .. პარიზი, 1981 წ.,. ეს უაღრესად საინტერესო წერილი კვლევის მაღალმხატვრული და მეცნიერული ნიმუშია. -ქვეთავები: „კაცი = ჰომო“, „კაცი-ყმა“... პატრონყმური ურთიერთობა საქართველოში, მისი შორეული გამოძახილი დასავლეთ ევროპაში, სოციალურ მდგომარეობათა იერარქია... და მოსწრებული ხუმრობა, რომელიც თავის დროზე რაფიელ ერისთავს ჩაუწერია, ვიკტორ ნოზაძეს წაუკითხავს, მოსწონებია და თავის წერილშიაც მიუჩენია ადგილი:

„ერთმა გურულმა ჰკითხა ყაზახს: ვისი კაცი ხარო.

მან უპასუხა: ჩემის თავისაო.

გურულმა მიუგო: კაი შენ დაგემართა, კაი ბატონი შენა გყოლიაო“.

აკი თავადაც ყოველთვის და ყველაფერზე დამოუკიდებელი, არცთუ იშვიათად, სხვათაგან განსხვავებული მოსაზრების თუ პოზიციის მქონეა. შესაძლოა, შორეული დაკავშირება იყოს, მაგრამ მაინც გამახსენდა გიორგი წერეთლის მოგონება ვიკტორ ნოზაძეზე. ფრაგმენტი: „ერთმა ფრანგმა პოლიტიკურმა მოღვაწემ თქვა: „თუ ოცი წლის ახალგაზრდა სოციალისტ-მარქსისტი არ არის, მას გული აკლია, მაგრამ ის, ვინც ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას 30 წლის ასაკის შემდეგ არ მიატოვებს, მას ჭკუა აკლიაო“. ამ გონებამახვილურ გამონათქვამს აბსოლუტურ ჭეშმარიტებად ნუ მივიჩნევთ, მაგრამ ნურც ზოგიერთი ჩვენი სოციალისტივით ვუკიჟინებთ ვ. ნოზაძეს მის პოლიტიკურ მეტამორფოზას“ - გ. წერეთელი „ვიკტორ ნოზაძის მოგონება“, ჟურნ. „გუშაგი“ „6 /II პარიზი, 1985 წ. პოლიტიკური კონცეფცია. რას ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში? სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ფაშისტურ დარაზმულობამდე. რაა ეს, ოცნებათა გაცრუება თუ „ჭკუის მომატება“? ერთიცაა, სხვაა, როცა პროფესიონალი პოლიტიკოსი იცვლის პარტიას ან პოზიციას, და სულ სხვა, როცა ეს ხდება პოეტის, მწერლის, მხატვრის ან მეცნიერის შემთხვევაში. ნურც სიტყვა „ფაშისტი“ შეგვაცბუნებს ამ შემთხვევაში. ნაციონალ-სოციალისტი, თუ გნებავთ.

ყოველთვის საინტერესოა პიროვნების მიმართება ამა თუ იმ მოვლენასთან - თუ საკითხთან. ამასთან, ყოველი მიმართება მიზეზსა და შედეგს გულისხმობს:

კრებული: „საქართველოს ფაშისტური დარაზმულობა. დებულებანი მოღვაწეობისა და ბრძოლისათვის, პარიზი, 1937 წ. ვიკ. ნოზაძე „ჩვენი მიზნებისათვის“. ერთი კითხვა და რამდენიმე პასუხი:

„რა სურს და რისთვის იბრძვის საქართველოს ფაშისტური დარაზმულობა“ - გვ. 2.

„თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო, აგებული თანამედროვე პრინციპებითა და დაკავშირებული ერის ბრწყინვალე წარსულთან“ - გვ. 3.

„შრომა ეროვნული ცხოვრების ბერკეტია და ამქრული ორგანიზაციის -კორპორაციების მოწყობით ეკონომიურ ინტერესთა სოლიდარობა უნდა განმტკიცდეს“ - გვ. 4.

„უნდა აღსდგეს ქართული კერა და დაცულ იქმნას ქართული მოდგმა* სილამაზით განთქმული ჩვენი რასა უნდა განიწმინდოს და ქართველი ერი გამრავლდეს, რათა კვლავ შეიქმნას დიდი და დიადი საქართველო“ -გვ. 4.

„ინტეგრალურ ნაციონალიზმზე დამყარებული ქართული სამეფო, ქართული ფაშისტური სამეფო - ჩვენი მიზანია და საბრძოლო დებულება. მაგრამ როგორც თვით დებულებებშია აღნიშნული, სამეფოს აღიარება სრულებით არ ნიშნავს წოდებრიობის აღიარებას, როგორც უფლებრივი კატეგორიისა, ვინაიდან ქართული ფაშისტური სამეფო დაიცავს იმ პრინციპს, რომელიც მისი არსებითი მხარეა: რომ ყველა ქართველი თანასწორ-უფლებიანი და თანასწორ-მოვალეობიანია“ -გვ. 5.

გვაქვს პორტრეტი იმ ადამიანისა, რომელიც პირდაპირ გაიგივებულია პოლიტიკასთან? მკითხველმა გადაწყვიტოს. თუკი ერთ გარემოებასაც მიაქცევს ყურადღებას: რაზეა კონცენტრირებული მეცნიერის ყურადღება, არ იქნებოდა ურიგო. ეგე,ეს დებულებები რეალურ სინამდვილეში შესრულებადი მოცემულობის ფარგლებს სცილდება. და იქნე,ეს მისთვის ქვეყნის მოწყობის იდეალური მოდელია.

ამბავი მეოთხე.

ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!

ავთანდილი გამორჩეულად უყვარს. ამ სიტყვებს როგორ წაიკითხავს?! ყველას საკუთარი ბედისწერა აქვს. „ჩემებრ“, „აღუფხვრი... ძირსა“. მშვიდად ვერ წაიკითხავდა!

სიკვდილი - სამშობლოში.

სიკვდილი - უცხოეთში.

თითქოს არაფრით გამორჩეული. თითქოს. ერთი შეხედვით და ისიც, ზერელე. არადა, რაოდენი განსხვავების მატარებელი.

„მშვიდობით, მშვიდობით ჩემო ქვეყანავ. მე არაფერი მიმაქვს შენი, გარდა ერთი მუჭა მიწის და ერთი გულის, რომელიც სავსეა შენი სიყვარულით. არ გეთხოვები და არ მინდა შეგხედო უკანასკნელად. მინდა ვიყო შენი ღირსი, თუ არა და - მოაკლდეს შენს ნიადაგს ერთი მუჭა ქვიშა, ავგაროზად რომ რჩება ჩემს გულზე“ -ნიკ. მიწიშვილი „ეპოპეია“, წიგნი I ტფილისი, 1928 წ. ეს მხოლოდ ერთი კაცის ნაფიქრი არ არის. ასე მუჭა-მუჭა ედოთ ქართული მიწა გულისჯიბეში საქართველოდან წასულებს და საქართველოდან გაქცეულებს. ედოთ ავგაროზად. შეფარვულად თითოეულზე შეიძლება გავრცელდეს ნიკ. მიწიშვილის ლოცვასავით ნაფიქრი: „ხშირად ვფიქრობდი შემდეგ: ეს მიწა მშვიდობით მიმაბრუნებს მე თავის დედასთან.“ აქ ალბათ, ორგვარი დატვირთვაა: იგულისხმება, დაუბრუნდებოდნენ მშობელ ერსა და დედას და დაუბრუნდებოდნენ თავის სალოცავ რწმენას, ადგილის დედას, იმ დედას - საქართველო რომ ჰქვია სახელად.

უცხო მიწაზე სიკვდილი კიდევ უფრო ამძაფრებდა ყოველ განცდას. ხელებდაშვებულნი გაჰყვებოდნენ პროცესიას. ყოველი მიცვალებული მნიშვნელოვანი ფიგურა ხდებოდა, ანუ კიდევ ერთი ქართველი ებარებოდა უცხო მიწას. ვიღაცის - თუ საკუთარ სიკვდილს გლოვობდნენ და თანამონაწილენი ხდებოდნენ. უცნობი რაღაცით ახლობელი ხდებოდა მათთვის. ეგე, სიკვდილით?! გარდაუვალი ხვედრი. არა მხოლოდ გარდაცვალება, არამედ უცხო მიწაც. შეიძლებოდა თუ არა ამის შეჩვევა? მოვა დრო, როცა აღარ ვიქნები - თავზარდამცემი არა მხოლოდ ეს ფიქრი, არამედ ისიც, არ ვიქნები ჩემიანებთან. ეს კიდევ უფრო აძლიერებდა მარტოობის „სიშორის“ დამთრგუნველ განცდას.

ემიგრაციაში მეგობრობა კიდევ სხვა შტრიხს იძენს. ამ საახლობლო წრეს გამოკლებულ ყოველ ადამიანს თავისი წილი სიყვარულის, სითბოს გარდა, რწმენაც მიაქვს. გიორგი ყიფიანის ლექსს მეტძველი სათაური ჰქვია: „დაცილებულ მეგობრებს“. 1951 წ. პარიზში გამოცემულ „რჩეული შაირების კრებულში“ დაბეჭდილ ვარიანტში - გვ. 93. სათაურის ქვეშ კონკრეტულადაცაა მითითებული მათი ვინაობა, ვისაც ეძღვნება: ი. მანწკავა, ვ. ნოზაძე, ე. პაპავა -თავად ლექსში სახელებით მოიხსენიებს, მომდევნო გამოცემაში: „ლექსები“ 1930-1965 პარიზი, მას მინაწერი აღარ აქვს - გვ. 233. ედუარდ პაპავა, ვიკტორ ნოზაძე და ისიდორე მანწკავა გახლდათ „კავკასიონის“ დამაარსებელნი და პირველი სარედაქციო კოლეგიის წევრები. ის. მანწკავა გარდაიცვალა 1944 წ. და ამჟამად, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე განისვენებს. კრებულში „ლტოლვილთა საძვალენი“ - 1921-1971 პარიზი, 1971 წ. რუბრიკაში: „ომში და მის გამო დაღუპულნი“ მითითებულია ედუარდ პაპავას გვარ-სახელიც - გვ. 35, მაგრამ არაა მინიშნებული არც დაკრძალვის ადგილი და არც წელი. ასე რომ, ლექსში მითითებული „დაცილება“ ორ შემთხვევაში სიკვდილს გამოუწვევია, ერთში -ნოზაძის - სიშორეს.

ლექსის ავტორს აწმყოში აღარ ჰყავს გვერდით ის ადამიანები, რომელთანაც დიდი წარსული აკავშირებდა და რომელთა გარეშეც გაუყვება ახლა მომავლის გაურკვეველ გზას.

მაგონდება ბევრი რამე,
რწმენის ღამე განათევი...

სათაურიდანვე მინიშნებული ზოგადი სიტყვა - „მეგობრებს“, რამოდენიმე ადამიანს გულისხმობს. თუმცა როგორც ითქვა, ნელ-ნელა კონკრეტულადაც გამოიკვეთებიან.

ისიდორევ! არ მგონია,
რომ კვდებოდეს ყველა მკვდარი.
შენი ჩრდილი ისე დამდევს,
ვით სიცოცხლის მეგობარი.

ყოველდღიურ დაშორებას - კონფლიქტით, ჩხუბით ან წყენით - გაივლის დრო და` მოევლება. ან სინანული გაჩნდება, ან კიდევ სხვა მეგობრები არ დაუშვებენ ამას. მაგრამ სიკვდილი...

გულს ძარღვები ამოგლიჯე
ღარი,ჯიბით ბეჭდე რწმენა,
თვით სიკვდილი სიხარულის,
თეთრი ცრემლით დაიწერა.

რატომ თეთრი? ეგე,სიკვდილიც ასევე გაფითრებული და ფერწასულია. სხვა მეგობრებიც გამგზავრებულან მარადიულ დიდ სოფელში:

გზები აცდა მთავარ მიზანს,
იკბინება დარდზე დარდი,
ვიკტორი შორს გადიხიზნა,
ქარებს გაჰყვა ედუარდი.

ამ ლექსში ავტორი არა მხოლოდ ზოგად გარემოს ხატავს, თავის ემოციებს, პარალელურად ასახელებს ამ მეგობრობის თუ თანამოაზრეობის ნაყოფს: „ორნატსა“ და „კავკასიონს“* გარკვეულ საშიშროებასაც წინასწარ დაუშვებს:

არც გამოღმა და არც გაღმა
წაღმა აღარ რეკავს რეკვა,
დაგვეწევა სადმე წარღვნა,
წითელ ზღვაში გადაგვრეკავს.

გიორგი ყიფიანს კრებულში -„პოეზიის და სიცოცხლის ვაზი“, პარიზი, 1965-1973 ლექსი შეუტანია, სათაურით: „ბარათი ვიქტორ ნოზაძეს“, ფრჩხილებში - ლევილიდან ციურიხში. რომ არა დაწერის თარიღი, რომელიც სტრიქონების ბოლოს მიუწერია ავტორს - 1971 წ. ლევილი, პათოსით, განწყობით და უპერსპექტივო მზერით, შესაძლებელი იქნებოდა იგი მოსაგონებელ ლექსთა რიგისათვის მიგვეკუთვნებია. უთუოდ ანგარიშგასაწევია სიტყვიერი ლექსიკონიც, რომელმაც იოლად შეიძლება შეგვიყვანოს შეცდომაში.

გუშინ ვიხილე მე ქართული ძმათა საფლავი,
შენი სამარხი გამძლეობის თავშესაფარი.

ვიკტორ ნოზაძე ამ ლექსის დაწერიდან ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა -1975 წ. და დაკრძალულია სწორედ ლევილის სასაფლაოზე. ერთ ვარაუდად შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ლექსის ბოლოს თარიღი არასწორადაა მითითებული - ეგე,კორექტურული შეცდომა, მაგრამ ვერსაით წაუვალთ ფაქტს: წიგნის გამოცემის თარიღი - 1973 წელი.

ლევილში მყოფი პოეტი წუხს, რომ მეგობარს ვეღარ ნახულობს, იგონებს ყმაწვილკაცობის იმედებს, გაცნობის წუთებს, განვლილ გზას, „ბრძოლა რამდენი..!“ მას შეუძლია ასე მიმართოს ვიქტორს: „რუსთაველის და მისი ენის დიდო მსახურო!“

ულმობელია ეს ქვეყანა, ჭრელი, უგულო,
არ მოჩანს დილა განთიადი რომ დავიბრუნოთ.
სრული უპერსპექტივობა, თუმცა გამოსავალს მაინც მოძებნის:
თუ ვერ ვიხილავთ მზის ამოსვლას თეთრი მერცხლები,
ჩვენ მაინც ვიფრენთ იმედების გაორკეცებით.

ეგე,ირონიაა: იმედიანი თეთრი მერცხლები - ან იქნე,ადრესატი უფრო მიუხვდეს* აკი ბარათს - ლევილში მყოფი ციურიხში აგზავნის. ლექსი მთავრდება სტრიქონებით, რომელშიც იმქვეყნად ყოფნაც მშვიდად მოიაზრება და ერთ მთლიანობას ქმნის:

ასეთი არის ჩვენი ბრძოლის ფილოსოფია:
ქართული ფიქრით ვეხეთქებით წლეებს ცოფიანს,
გავალთ ქვეყნიდან, მოვიპოვებთ ბინას კარგებთან,
ეკლიან გზაზე ერთი ცრემლიც არ იკარგება.

აქვე აღვნიშნავ, 1979 წელს პარიზში გამოიცა ლექსების წიგნი: „ირინე და გიორგი ყიფიანი. საზიარო პოეზია“. კრებული მიეძღვნა ვიკტორ ნოზაძის ხსოვნას.

მოსაგონარ ლექსთა რიგს მიეკუთვნება გიორგი გელათელის 1975 წელს პარიზში დაწერილი ლექსიც „ვიქტორ ნოზაძის ხსოვნას“ - „კავკასიონი“ I. პარიზი, 1978 წ. იმ ტრაგიკულ დღეებში თავსდატეხილი განცდა ავტორს იმის რეალურად გაცნობიერების საშუალებას აძლევს, რომ იგი მხოლოდ ერთი დამწუხრებული ადამიანი კი არაა, არამედ ჭირისუფალიც - „ძმას მეძახოდი, თურმე ძმაზე მეტი ყოფილხარ“. დაცარიელდა ქვეყანა:

შენ გარდახვედი
მწუხრი დამრჩა წუთისოფლიდან.

ეს საკუთარი განცდებია. შემდეგ ავტორი უკვე გარდაცვლილს ახასიათებს:

მთელ სიცოცხლეში აღამაღლე
შრომა და ბრძოლა,
საუკუნოებს გადაეცი
გონის ნაშრომი.

დაუსრულებელი მუშაობა, ფიქრი, „მძიმე, წერტილი, წერტილი, მძიმე“, „ხახა გაღებული შავი მანქანა“, რომელიც ისრუტავდა ამ ხმამაღლა ნაფიქრს, იბეჭდებოდა „გაწიგნული სიტყვა და აზრი“ და ბოლოს,

ძმათა საფლავზე იანდერძე
მარტოდ დარჩენა,
უცხო სიცოცხლეს
გულნატკენი კენტად დაშორდი...

გასრულდა შფოთვით, ნერვიულობით, კამათით, იმედით სავსე დღეები. ერთი ამქვეყნიური სიცოცხლე დამთავრდა... არაერთი საინტერესო ამბის გახსენება კიდევ შეიძლებოდა. ყოველ ნიჭიერ ადამიანს ყოველდღიურობის თავგადასავალიც სხვანაირი აქვს. თუნდაც - „აჩემებული“ ლიტერატურული ტექსტი. არა მარტო შინაარსობრივად ამოუწურავი და განსამარტებელი, არამედ მისეული კვლევის მასშტაბები: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორიაში თუ მწერლობაში დაძებნილი პარალელები. არა თვითმიზნურად მოძიებული ანალოგები, არამედ გაფართოებული ცნებები. მკითხველისათვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ყოველი „ინფორმაცია“, არამედ - ცოდნა. სხვა მზერით და განათლებით შეფასებული სიბრძნე. სიბრძნე თუ სივრცე, რომელიც სხვა სიმაღლეებს აზიარებთ. დისტანციის განცდა მაინც რჩება. ეს მანძილი ფიქრის სიგრძეა.

კაცი აკლდება ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს... ზოგიერთი - ქვეყანას. ვიკტორ ნოზაძის შემთხვევაში უთუოდ სამშობლოს, რომელიც სამანს იქეთაცაა და სამანს აქეთაც* იმ საქართველოს, რომელსაც თუკი მის ნაწერებს, გამოკვლევებს, მოგონებებს გადახედავთ, უეჭველად შეავლებთ თვალს.

4 როგორ შეიქმნა და როგორ მოაღწია ჩვენამდე ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიურმა მემკვიდრეობამ

▲ზევით დაბრუნება


რევაზ ბარამიძ

ახალგაზრდებთან სემინარული მუშაობის დროს აკად. კორნელი კეკელიძემ დამოძღვრა ჭაბუკები: „ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, რომ მეცნიერების გზა ია-ვარდით მოფენილი არ არის, ეს არის უაღრესად რთული და ეკლიანი გზა, რომლის დაძლევა შეიძლება დიდი შრომითა და მიზანდასახულობით“. „ეკლიანი გზაც არის“ და „ეკლიანიც“. იშვიათად მოიძებნება პიროვნება, რომელსაც, მართლაც, ისეთი „ეკლიანი“, რთული გზა განევლოს, როგორიც განვლო სამშობლოს მოწყვეტილმა, დიდმა მეცნიერმა, ვიქტორ ნოზაძემ. მისი ცხოვრების სირთულე გამოვლინდა არა მარტო მშობლიურ ქვეყანას მოწყვეტით შრომაში, ეკონომიურ სიძნელეებში, არამედ იმაშიაც, რომ საქართველოს არქივების მიუწვდომლობით მას არ ჰქონდა საშუალება თავისი სათაყვანებელი „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერებში ჩაღრმავებისა, მათი გადაფურცვლისა და ტექსტის გააზრებაში ხელნაწერების მონაცემების გათვალისწინებისა. ამასთანავე დიდ დაბრკოლებას ისიც უქმნიდა, რომ გარკვეული პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურის გამო ის ვერ ამყარებდა „ვეფხისტყაოსანზე“ მომუშავე კოლეგებთან მეცნიერულ კონტაქტს. მიუხედავად ამ სირთულეებისა, ბატონმა ვიქტორმა მაინც შეძლო არსებული სამეცნიერო კვლევა-ძიების მონაპოვრის გაცნობა-გათვალისწინება.

თუ არა მშობლიური კულტურისა და მისი სათაყვანებელი ქმნილების განუზომელი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თავგანწირული სიყვარული სამშობლოს მოწყვეტილი, მეტად დიდი მატერიალური უსახსრობის პირობებში მყოფი მამულიშვილისგან თითქმის წარმოუდგენელი დაბრკოლებები დაძლია ვიქტორ ნოზაძემ და რუსთველური ძიებების ტომეულების შექმნა.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, ჯერ შორეულ ბუენოს-აირესსა და შემდეგ ევროპის ქვეყნებში რუდუნებით მომუშავე და, მე ვიტყოდი, მოღვაწე, შესანიშნავი მამულიშვილის არსებობა სრულიად უცნობი იყო მის სამშობლოში. რასაკვირველია, ადრე თუ გვიან მისი ნაღვაწი რუსთველოლოგიური ტომები უდავოდ მოაღწევდნენ, ყოველ შემთხვევაში საბჭოთა სისტემის დაშლის შემდეგ, მის სამშობლოში, მაგრამ მისი პირველი გამოჩენაც, თვით საბჭოთა ხელისუფლების ზეობის ჟამსაც კი მოხდა. კერძოდ, ეს პატივი ნაწილობრივ ამ სტრიქონების დამწერს ერგო. სახელდობრ, ერთ-ერთი სამეცნიერო მივლინების დროს (1950) ვმუშაობდი მოსკოვის, მაშინდელი ლენინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში. ამ პერიოდში მოსკოვის საჯარო ბიბლიოთეკაში დაკომპლექტების სექტორში მუშაობდა რუსული და უცხო ენების კარგი მცოდნე ჩემი სიყრმის (სტუდენტობის წლებიდან) მეგობარი ვახტანგ სალუქვაძე. ერთ დღეს ჩემთან დარბაზში შემოვიდა ვახტანგი და მეუბნება: საოცარი ამბავი მოხდა, არასოდეს არ მოსულა ამდენი წიგნი უცხოეთიდანო, მოგეხსენებათ, მაშინ შეზღუდული იყო უცხოეთთან კავშირი და ეს წიგნები უნდა გავანაწილოთ, დავაკომპლექტოთ დარგების მიხედვით და მათ შორის არის ბუენოს-აირესში დაბეჭდილი ქართული წიგნი. თუ ძმა ხარ, ამოდი, გადაათვალიერე და მითხარი რომელ სექტორში გავანაწილო, ყურადღება იმასაც მიაქციე, იქ საბჭოთა მეცნიერება აუგად ხომ არ არის მოხსენიებულიო. რასაკვირველია, მსწრაფლ ავედი და ჩემს წინ იდვა წიგნი: „ვიქტორ ნოზაძე, ვეფხისტყაოსანის განკითხვანი, ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება. ბუენოს-აირეს, 1954 წ.“ მე, რასაკვირველია, ჩემი სამუშაო მსწრაფლ გადავდე და დავიწყე ამ წიგნის კითხვა, მაგრამ კითხვა რას ქვია, მსწრაფლ დავიწყე დაკონსპექტება და ახლაც სახლში მაქვს ის საერთო რვეული, რომელშიაც გულმოდგინედაა ჩაკონსპექტებული აღნიშნული წიგნი. გამიტაცა წიგნმა, მეცნიერის კვლევის ზღვა მასალამ და კვლევა-ძიების სიღრმემ და მასშტაბურობამ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს წიგნი დაწერილია მაღალი პროფესიონალური დონითა და არავითარი პოლიტიკური წიაღსვლები, ისიც ანტისაბჭოთა პოზიციები მასში არაა.

ავტორის კვლევა-ძიების ობიექტია ფერთა გამოვლენა ვეფხისტყაოსანში და წარმოგვიდგენს რუსთაველის მიერ შექმნილ ფერთა სიმფონიას. რასაკვირველია, მცირე წერილში შეუძლებელია ამ წიგნის თუნდაც ზოგადი მიმოხილვა, მაგრამ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ნოზაძისეული საოცარი მიგნება, კერძოდ, მეცნიერს მიკვლეული აქვს ფერთა გამოყენების იშვიათი კანონზომიერება: ყოველ ფერს თავისი ლოგიკური დატვირთვა გააჩნია და მათი შემეცნებით აღიქმება პერსონაჟთა როგორც განწყობა, ისე საერთო სიტუაცია. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მაგრამ მოკლედ აღვნიშნავთ ერთ ასპექტს ფერების საშუალებით პერსონაჟთა შემეცნების ლოგიკური კანონზომიერებისა: კერძოდ, როდესაც ნაწარმოებში კიაფობს ნათელი, მზიური ფერები, ამ ფერებს გამოხატავენ და მოქმედებენ ამაღლებული სულიერების მქონე არისტოკრატი ქალები და მამაკაცები: ნესტანი და თინათინი, ავთანდილი და ტარიელი, ხოლო როდესაც ნაწარმოებში კიაფდება უხეში, შავი ფერები, ასპარეზზე გამოდიან ბოროტი ძლები - ქაჯები. მაგრამ, როდესაც პერსონაჟი არ არის არც მაღალი არისტოკრატი და არც უარყოფითი, ბნელი სუბიექტი, მაგალითად ფატმანი, აქ უკვე შავ-გვრემანი ფერი ვლინდება.

ასე რომ ფერებზე ღრმა დაკვირვებით შეიმეცნება როგორც პერსონაჟები, ისე სიტუაცია. მოგეხსენებათ, ეს კანონზომიერება შემდეგ ვაჟასთან და ყაზბეგთან იჩენს თავს: როცა ქვეყანა ინგრევა, ბოროტი ძლები ამოქმედდებიან, მაშინ მათი თხზულებების სათანადო მონაკვეთში მუქი ფერები, ქუში ღრუბელი წვება, ხოლო როცა ცა მოწმენდილი და მზიურია, მაშინ სიხარულისა და ბედნიერების განწყობა სუფევს.როგორც ჩანს ვაჟასა და ყაზბეგის ამ დიდოსტატობას შორეული ეროვნული ფესვები ჰქონდა რუსთაველიდან მადლცხებული.

საერთოდ, დიდ შემოქმედთა ნააზრევში მუდამ დაცულია მკაცრი შემეცნებითი ლოგიკა. ამ მხრივ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს რუსი დიდი შექსპიროლოგის მოროზოვის დაკვირვება. კერძოდ, მან შენიშნა რომ შექსპირის ტრაგედია „ოტელოში“ მკაცრი ლექსიკური კანონზომიერებაა: იაგოს ცბიერსა და ვერაგ პიროვნებას სპეციფიური ცბიერებისა და ვერაგობის გამომხატველი ლექსიკა ახასიათებს, ხოლო უმანკოსა და ნაზ დეზდემონას კი მისი ბუნების შესატყვისი ლექსიკა. აქვე შენიშნულია დიდი შემოქმედის რკინის ლოგიკა: კერძოდ, როდესაც ოტელო ექცევა იაგოს გავლენის ქვეშ, მაშინ ოტელო მეტყველებს იაგოს ლექსიკით, ხოლო როდესაც იგივე ოტელო თავს აღწევს იაგოს და ხვდება დეზდემონას სამყაროში, დეზდემონას უმანკოებასა და სიფაქიზეში დარწმუნებული ოტელო მეტყველებს მთლიანად დეზდემონას ლექსიკით. ასე რომ, ოტელოს ლექსიკაზე დაკვირვებით შეიმეცნებთ ოტელოს სულიერ მდგომარეობას.

შექსპირის მიერ პერსონაჟის წარმოჩენისათვის გამოყენებული ლექსიკური კანონზომიერებისდაგვარად რამდენიმე საუკუნით ადრე ქართველმა შემოქმედმა პერსონაჟთა გამოვლენა ფერთა ჰარმონიაში და სწორედ ფერთა მოძრაობის ეს ლოგიკა და სილამაზე აღმოაჩინა ვიქტორ ნოზაძემ რუსთაველის დიდოსტატობაში. ასეთი ღრმა მეცნიერული და პოეტური ძიებებით აქვს ვიქტორ ნოზაძეს გამოვლენილი ქართველი შემოქმედის ხატვის მომხიბვლელობა. ჩვენ შევჩერდით ვიქტორ ნოზაძისეული დაკვირვების მხოლოდ ერთ ასპექტზე, რომელშიაც ჩანს არა მარტო რუსთაველის გაქანება, არამედ ამასთანავე მისი მკვლევრის დაკვირვებისა და ფაქიზი გემოვნების ლოგიკა და სინაზე.

ასეთი ღრმა ანალიზებითაა დახუნძლული ვიქტორ ნოზაძის აღნიშნული „ფერთამეტყველება“ და მომდევნო სხვა შრომები, რომლითაც აღტაცებული ჩამოვედი თბილისში და, ბუნებრივია, უმალ მოვახსენე ბატონ კორნელი კეკელიძეს, რომელიც დაინტერესდა და (დაიტოვა ჩემი გულმოდგინედ დაკონსპექტებული ნაშრომი) მითხრა: ვიქტორ ნოზაძე - მეცნიერი მე არ ვიციო, ის ალბათ ახალი თაობისაა და წადი, ბატონ ალექსანდრე ბარამიძეს ჰკითხეო. რასაკვირველია, მე მივმართე ბატონ ალექსანდრეს. არც ის იცნობდა ვიქტორ ნოზაძეს, მაგრამ მითხრა: ვიქტორი არ ვიცი, მაგრამ მე ვიცნობდი პოეტ პოლიკო ნოზაძეს, და ის ვიცი: როდესაც ბოლშევიკების შემოსვლისას პოლიკო საზღვარგარეთ წავიდა, თან უმცროსი ძმა წაიყვანა და შეიძლება ის იყოს ვიქტორიო. რამდენიმე დღის შემდეგ ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის ლაბორანტმა ქალბატონმა კატუშა კეკელიძემ დამირეკა და მითხრა, ბატონი კორნელი გიბარებსო. მე, რასაკვირველია, ვეახელი და შესვლისთანავე მახარა ბატონმა კორნელიმ - შენი დაკონსპექტებული რვეული გულმოდგინედ წავიკითხე და გაოცებული ვარ, რამდენი შესანიშნავი დაკვირვება აქვსო, ვიქტორ ნოზაძე ბრწყინვალე მეცნიერი უნდა იყოს და საბჭოს სხდომაზე წარმოადგინე მოხსენებაო. მე, რასაკვირველია, საბჭოს გავაცანი „ფერთამეტყველების“ შინაარსი. ჩემი კონსპექტი გამომართვეს არამარტო ჩემმა მეგობარმა კოლეგებმა, არამედ უფროსებმაც ბატონმა ალექსანდრე ბარამიძემ, ლევან ასათიანმა, გაიოზ იმედაშვილმა და ასე შემოვიდა დიდი ვიქტორ ნოზაძის სახელი ჩვენს სამეცნიერო მიმოქცევაში. შემდეგ ჩვენამდე მოაღწია სხვა წიგნებმაც: „ვეფხისტყაოსანის მზისმეტყველება“, „ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება“, „ვეფხისტყაოსანის საზოგადოებათმეტყველება“ და ამის შემდეგ დამყარდა კიდეც კონტაქტი ბატონ ვიქტორთან.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხელმოკლეობის დროს ვიქტორ ნოზაძე იძულებული იყო სტამბაში წიგნი თვითონ აეწყო და კორექტურა თვითვე ეკეთებინა. ამ მეტად შრომატევად საქმიანობაში მას გვერდში ედგა და ეხმარებოდა მისი რძალი, ბატონი პოლიკო ნოზაძის მეუღლე, ქალბატონი ლიდა და ამიტომაც თავისი პირველი წიგნი „ფერთამეტყველება“ უძღვნა ქალბატონ ლიდას ფაქიზი წარწერით:

„ფერთა მოტრფიალეს,
ვარდყვავილთა მოყვარულს,
ქალთა გამამშვენიერებელს
და თვით მომხიბლავს
ჩემს საყვარელ რძალს
ლიდას ძღვნად!

ვ. ნოზაძე

მაგრამ მისი წიგნის - „ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება“, 1963 წ. - გამოსვლიდან ჩვენთან შეიცვალა დამოკიდებულება ავტორისადმი. ამ წიგნში ბატონი ვიქტორ ნოზაძე დამარწმუნებლად ასაბუთებს, რომ რუსთაველი იყო ქრისტიანი, მართლმადიდებელი და მის თხზულებაში მკვეთრადაა ეს გამოვლენილი. ამავე დროს მოცემულ ნაშრომში ვიქტორ ნოზაძე საკმაოდ მწარედ და მკაცრად კიცხავს საბჭოთა სინამდვილეში ათეიზმის იდეოლოგიის შედეგად მსოფლმხედველობის პოზიციიდან „ვეფხისტყაოსნის“ შეუფასებლობას. ამის შედეგად ჩვენში საერთოდ აიკრძალა ვ. ნოზაძეზე საუბარი და მით უფრო ციტირება მისი შრომიდან. ეს გაგრძელდა მანამ, ვიდრე არ შეიცვალა საბჭოთა ქვეყნის იდეოლოგიური სტრუქტურა, რომლის შემდეგ კვლავ აღსდგა კონტაქტი ამ შესანიშნავ მეცნიერთან და მეც მომეცა მასთან ურთიერთობის დამყარების საშუალება.

კერძოდ, ბატონი ვიქტორი დაინტერესდა ჩემი წიგნით: „ნარკვევები მხატვრული პროზის ისტორიიდან“. როგორც კი ეს გამაგებინა ბატონმა გაიოზ იმედაშვილმა (რომელსაც მასთან ამ დროისათვის მიმოწერა ჰქონდა), მე, რასაკვირველია, სასწრაფოდ გავუგზავნე აღნიშნული ჩემი წიგნი და მოვუბოდიშე, რომ არ ვიცოდი, თუ თქვენ ჩემი კნინი ნაშრომით დაინტერესდებოდით და ამიტომაც თავის დროზე ვერ გამოგიგზავნეთ-მეთქი. ბატონმა ვიქტორმა მსწრაფლ მომწერა. „დიდად პატივცემულო ბატონო რევაზ, თქვენ მიერ გამოგზავნილი წიგნი „ნარკვევები მხატვრული პროზის ისტორიიდან“ მივიღე. დიდად გმადლობთ. ყველა წიგნი (რომელსაც პროპაგანდის დაღი არ ასვია) ჩემთვის ძვირფასია და ამიტომ კიდევ მადლობას მოგახსენებთ. პატივისცემით ვ. ნოზაძე“. გონებამახვილურად შენიშნა ბატონმა თამაზ ტყემალაძემ. კიდევ კარგი რომ არ დაწერა „ყოველი წიგნი, რომელსაც კომუნისტური პროპაგანდის დაღი არ ასვია“, თორემ არამც თუ არ მიიღებდით ამ წერილს, არამედ საკმაო უხერხულობა შეგვექმნებოდაო. ამის შემდეგ ბატონმა ვიქტორმა გამომიგზავნა თავისი ფოტოსურათი შინაურ-ოჯახურ წრეში გადაღებული.

ბატონი ვიქტორ ნოზაძის შრომები ფართო მასშტაბის მონოგრაფიული გამოკვლევებია, რომელთას სრულ გამოცემას ამზადებს ჩვენი ინსტიტუტი ბატონ გურამ შარაძის ინიციატივით, რაც დიდი შენაძენი იქნება არა მარტო სპეციალისტებისათვის, არამედ მკითხველთა ფართო წრისათვის.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა სისტემის მკაცრი რეჟიმის შეცვლის შემდეგ ბატონ ვიქტორ ნოზაძესთან მეტად მჭიდრო კავშირი დაამყარა ქალბატონმა თათული ღვინიაშვილმა, რომლის დედას ქალბატონ ბაბო დადიანს ნათესავები ჰყავდა ემიგრირებული. განსაკუთრებით ბატონ კოკი დადიანს, რომლის ქალიშვილს, მიას არა ერთი ლექსი უძღვნა ვიქტორ ნოზაძემ.

კითხულო,ბატონ ვიქტორ ნოზაძის გამოკვლევებს და გაოცებს არა მარტო ცოდნის მასშტაბი და აზროვნების სიღრმე, არამედ ამასთანავე ის ფაქტი, როდის და როგორ მოასწრო ამდენის დაწერა. ამას ადვილად გაიგებს კაცი, თუ გავითვალისწინებთ, როგორი ფანატიკური სიყვარულით იყო რუსთაველისადმი გამსჭვალული სამშობლოს მოწყვეტილი ჩვენი მამულიშვილი. ამ სიყვარულმა მისცა ის ენერგია, რითაც შეიქმნა რუსთველოლოგიის ეს საგანძური. ბატონ ვიქტორ ნოზაძისეული ეს განწყობა უფრო გასაგები რომ იყოს ჩვენთვის, მე აქვე ვბეჭდავ ერთ ნოზაძისეულ მიმართვას რუსთაველისადმი, რომელშიაც უდაოდ იპყრობს ყურადღებას ერთი დეტალი, თუ ამას „დეტალი“ ეთქმის. ამ დეტალში მკაფიოდ ჩანს ბატონ ვიქტორ ნოზაძის დამოკიდებულება „ვეფხისტყაოსანთან“.

საკვლევი ობიექტისადმი დიდი სიყვარულისა და გატაცების გარეშე სპეციალისტი წარმოუდგენელია. მაგრამ სიყვარულიც არის და სიყვარულიც. ვისაც გულდასმით წაუკითხავს ვიქტორ ნოზაძის შრომები შოთა რუსთაველის შესახებ, მისთვის აშკარა ხდება, რომ ვიქტორ ნოზაძის დამოკიდებულება რუსთაველისადმი არ არის მხოლოდ სპეციალისტის ან მამულიშვილის მიმართება საკვლევი საგნისადმი. ეს ურთიერთობა არ ისაზღვრება მხოლოდ პროფესიული ან მამულიშვილური ინტერესებით. არა. ბატონი ვიქტორი რაღაც ზეადამიანურია, არაამქვეყნიურია, მოჯადოებულია „ვეფხისტყაოსნის“ მადლით. მკვლევარის დამოკიდებულება საკვლევი ობიექტისადმი არ თავსდება კვლევა-ძიების სფეროში, ესაა რაღაც ზეადამიანური, სწორედ რომ რუსთველური „სიშმაგით“ შეპყრობილი მიჯნურობა, რომლის ემოციურ და ინტელექტუალურ ენერგიას მარტო კვლევის სიღრმისეულ შრეებში როდი შეჰყავს მაძიებელი, არამედ ამასთანავე საოცრად ამაღლებს, სიცოცხლის ხალისსა და სიდიადეს ანიჭებს მას. ეს განწყობა გამჭოლად გასდევს ქართველი მეცნიერის ყველა ნაშრომს, ყველა სტრიქონს, მაგრამ განწყობის სიდიადე საოცარი დატვირთულობითაა კონცენტრირებული ვიქტორ ნოზაძის მიმართვაში რუსთაველისადმი:

„შენ ბრძანდები მფლობელი ქართული მხატვრული ენისა და ქართველი ერი ამით არის მოჯადოებული!

შენ ბრძანდები სახარება სიყვარულისა!

შენ ბრძანდები მეფსალმუნე, გამაკეთილშობილებელი, აღმზავებელი ფაქიზი სიყვარულისა და ქართველი ერი ასეთი სიყვარულის პატივის მიმგები არის!

ამიტომ ბრძანდებით შენ და ქართველი ერი განუყოფელი, განუშორებელი, განუყრელი!

თქვენ იცოცხლეთ მარად ჟამს!

იცოცხლეთ უკუნითი უკუნისამდე!..

სანამ მზე მზეობს და მსოფლიო ცოცხლობს!“

ბატონ ვიქტორ ნოზაძეს ამის მეტი რომ არაფერი დაეწერა, ეს ცეცხლოვანი, ლოცვად აღვლენილი აღსარებაც საკმარისი იქნებოდა იმის სარწმუნოდ, თუ როგორი სიძლიერით შესტრფის მშობლიურ მიწას მოწყეტილი რაფინირებული ლიტერატორი და ქართლოსიანთა მოდგმის სიდიადით დამუხტული მამულიშვილი „ვეფხისტყაოსანს“. ზემოთ ციტირებულ პოეტურ სტრიქონებში ცრემლისმომგვრელი აღმაფრენითაა განცდილი რუსთაველისა და საქართველოს ერთარსებობა და ამ ერთარსებობის სიდიადე, მოკრძალებული თაყვანისცემა ამ სიდიადისადმი. კითხულობთ მათ და გრძნობთ, - ეს ჩვეულებრივი, მხოლოდ პროფესიული დაწყება კი არ არის კვლევა-ძიებისა, არამედ ღრმადმორწმუნე ფაქიზი სულის მისვლაა გამწმენდელ და ამამაღლებელ საკურთხეველთან. ასე სათუთია დიდი ვიქტორ ნოზაძის დამოკიდებულება ქართული ცივილიზაციისადმი, რომელსაც შარავანდედად ადგას „ვეფხისტყაოსანი“.

„ვეფხისტყაოსნის“ ნოზაძისეული გააზრების მრავალ ღირსებათა შორის ერთ-ერთი ისიცაა, რომ რუსთაველის ეროვნულ დამსახურებად ის მიიჩნევს საქართველოს გაერთიანებას, დიახ, „ვეფხისტყაოსანმა“ გააერთიანა და შეამჭიდროვა მართლმადიდებელი, კათოლიკე და მაჰმადიანი ქართველი. აღმსარებლობითი სხვაობის მიუხედავად, ყველა ქართველი სწორედ „ვეფხისტყაოსანში“ გრძნობდა თავის ქართველობას.

დიდი ბატონი ვიქტორ ნოზაძე მართლაც რაღაც არაადამიანური გრძნობებით იყო „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებული, მასთან მარადიული მიმართება ბატონი ვიქტორის სიცოცხლის ფორმა, არსი იყო. ამაში კვლავდაკვლავ გვარწმუნებს ვიქტორის მეგობრის, ბატონი მიხეილ ქავთარაძის მოგონება: „ბერლინში ვიქტორ ნოზაძეს „ვეფხისტყაოსანზე“ მუშაობისათვის ბევრი დრო ჰქონდა, მხოლოდ ყოველდღიური საჰაერო განგაში თუ უშლიდა ხელს. ერთ საღამოს, როდესაც იგი ჩვეულებრივ სხვადასხვა გაშლილ ლექსიკონებს უჯდა და სიტყვებს ერთიმეორეს ადარებდა, რაშიც, სიტყვის უფრო მალე მოსაძებნად მეც ვეხმარებოდი, განგაშის საყვირი გაისმა. ბინაში და მთელი სახლში მყოფებიც საჩქაროდ თავშესაფარისაკენ გაეშურნენ. ვიქტორმა წასვლაზე უარი თქვა და ხათრით მეც დავრჩი. ცოტა ხნით მუშაობა განვაგრძეთ, მაგრამ მალე სინათლე ჩაქრა, ჩვენ მეორე ოთახში გავედით, ქუჩისაკენ მიმართული ფანჯარა გავაღეთ და ცას ვათალიერებდით.

პროჟექტორები თვითმფრინავებს ეძებდნენ და მნათი ტყვიებიც ცას სერავდნენ. ერთმა ყუმბარმშენმა განათებული არე გადაჭრა და ჩვენს პირდაპირ მდგარი მაღალი შენობის უკან გაუჩინარდა. - აბა მითხარი, „ვეფხისტყაოსნის“ რომელ ადგილს მოგვაგონებს ეს ამბავი, - მკითხა ვიქტორმა, - საჰაერო ბრძოლასა და ფარ-ხმალით ბრძოლას შორის რა უნდა იყოს საერთო-მეთქი. ზიჩის ილუსტრაციები გაიხსენეო, - მითხრა ვიქტორმა, - ავთანდილი რომ ორბს ისარს ესვრის, იმას გულისხმობ? - ვკითხე მე. არა, სხვა უფრო შინაარსით და მოქმედებითაც მსგავსი სურათია ფატმანის მონა ზანგი რომ წერილით ხელში ქაჯეთის ციხისაკენ მიფრინავსო, - შე კაი კაცო! იმ მონას მანუგეშებელი წერილი მიჰქონდა ნესტანისათვის, შინაარსობრივი მსგავსება აქ სად არის, ვიქტორ? - როგორ არ არის. ფრიდრიხ შტრასეზე როგორი ნესტანიც ზის, ამერიკელ ზანგებსაც ისეთი წერილები მიაქვსო“.

ეს მოგონებაც კიდევ ერთხელ გვიდასტურებს ვიქტორ ნოზაძის ცხოვრების სტილს, მისი სიცოცხლის არსსა და თვითგანწირვას, ალბათ სწორედ ასეთი ცხოვრებით, პირადისა და ეროვნულის მთლიანობის შემეცნებით ცხოვრობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, რამაც განაპირობა კიდეც ჩვენი არსებობა და გამძლეობა.

ბატონ მიხეილ ქავთარაძის მოგონება წარმოგვიჩენს დიდი მკვლევარის არა მარტო ფანატიკურ გატაცებას „ვეფხისტყაოსნით“, არამედ შთამბეჭდავია ვიქტორ ნოზაძის შთანთქმა „ვეფხისტყაოსნის“ სამყაროში როგორ ჰქონდა მას ძვალ-რბილში გამჯდარი რუსთველური სტრიქონები და ყოველგვარ სიტუაციაში, სალაღობოსა თუ ტრაგიკულში ისე იყო მიჯაჭვული „ვეფხისტყაოსანთან“, რომ ყოველი ცხოვრებისეული ფაქტი იწვევდა ასოციაციას ეპიზოდებისას. არა, ბატონებო, ეს არ არის მხოლოდ სპეციალისტის დამოკიდებულება საკვლევი საგნისადმი, აშკარად არ არის, მაგრამ რა არის, ამის თქმა ყოველ შემთხვევაში მე არ შემიძლია. ეს რაღაც არა ადამიანური, ზებუნებრივი, ღვთაებრივი მადლია. სწორედ ამ მადლმა შეაძლებინა ბატონ ვიქტორ ნოზაძეს რუსთველური კვლევის საგანძურის შექმნა.

5 ფერთა სულთქმა: ემოციური დაფიქრება ვიქტორ ნოზაძის „ფერთამეტყველებაზე“?

▲ზევით დაბრუნება


ქეთევან ელაშვილი

სიტყვაში მოქცეულ ფერში ყველაზე უკეთ აისახება „თვინიერ სულის მოძრაობა“ და იკვეთება ფერთა სულთქმის დაუსრულებელი მისტერია.

ფერი იმდენად თავისთავადი და სტიქიურია,იმდენად ცნობადი და იდუმალი, იმდენად საზღვრული და უსაზღვრო,რა სახისმეტყველებითაცაა ის მოწოდებული,ამიტომაც ფერებით აზროვნება ადამიანის დაუსრულებელი მცდელობაა გაითავისოს სრულქმნილი სამყარო.

სრულქმნილება ყველაზე ჭარბადმეტყველი ფენომენია, უზადო გასრულებაა, ჰარმონიაა, ჩვეული უჩვეულობაა, მისტერიაა აღმაფრენისა და განცდა ღვთიური მადლისა.

რაც უფრო ზებუნებრივად აღმოცენდება ეს განცდა,მით უფრო დიდია ადამიანის მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, რომელიც აუმღვრეველი სამყაროს ზედმიწევნითი აღქმაა, რაც გაცხადებული და საცნაურია, მხოლოდ და მხოლოდ, სახიერ აზრთამეტყველებაში, რომლის ძირითადი საზრისი თავად სიტყვაშია განთავსებული.

„სიტყვა ცოცხალი არსებაა, - იგი იბადება, იზრდება და კვდება - მას ან აზრი ეცვლება, ან უხმარი ხდება... საჭიროა თითოეული სიტყვის გამოშიგვნა, სინათლეზე გადმოშლა და ცხადად მისი დანახვა. ყოველ სიტყვას განსაზღვრულ ხანაში თავისი დედა-აზრი აქვს, თავისი შინა-აზრი და შინა-არსი, - ერთ ხანაში ხანდახან იცვლება იგი, მოწინააღმდეგე მნიშვნელობასაც კი ღებულობს. აუცილებელია მისი ცოდნა“.

სიტყვის ამგვარი გასიგრძეგანებითაა შესაძლებელი არა მხოლოდ გაითავისო ძეგლი, გახდე მისი მოტრფიალე, არამედ განიკითხო კიდეც, როგორც ეს შეძლო ვიქტორ ნოზაძემ, კერძოდ „ვეფხისტყაოსნის“ შემთხვევაში.

მან დაამკვიდრა სრულიად განახლებული აღქმა - წაკითხვა ამ ძეგლის - განკითხვა,რომელიც სულხან-საბას მიერ შემდეგნაირად არის განმარტებული: „განკითხვა ითქმის ცხადთა ოდენ ზედა საქმეთა“. ვიქტორ ნოზაძისთვისაც იმდენად გაცხადებულია აზრთამეტყველება „ვეფხისტყაოსანში“, რომ სწორედ ამ ძეგლს მიუსადაგა განკითხვანი და თავადვე შეეცადა ამ მცდელობის დასაბუთებას: „ჩემი მიზანი იყო ვეფხისტყაოსნის განკითხვით, ანუ განმარტებითა და გარჩევით ის მთავარი საკითხები ნათელმეყო, რომელთა თავის მოყრა ერთ დარგში შესაძლებელი გახდებოდა“.

სავსებით ბუნებრივია, რომ ქართული საზრისისა და სულიერების სათავეს ვიქტორ ნოზაძე სწორედ ამ ძეგლში ეძებს, „ვინაიდან ვეფხისტყაოსანი ქართული მეობის სრულყოფის გამომჟღავნების შემოქმედებაა“ და წარმოადგენს ქართული სიტყვის სასიცოცხლო ფენომენს ანუ ქრისტიანული ცნობიერების კარგად ჩამოყალიბებულ მხატვრულ-ესთეტიკურ კოდს.

„ვეფხისტყაოსნის“ განკითხვით ვიქტორ ნოზაძე არა მარტო „ანაწევრებს ამ პოემის სხეულს“, არამედ ცდილობს დაგვანახოს ამ ძეგლის „განმსიტყველობითი ძალის მადლი“, ოღონდ გრძნობადი აღქმით ანუ „ვეფხისტყაოსნის“ ფერთამეტყველების გათვალისწინებით და ამგვარად გვაზიაროს ჭეშმარიტებას.

ფერის არსში წვდომა, ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს დაკარგული დროის ფენომენის გაცნობიერებასაც, ლოგიკურ შედეგს ზემგრძნობელობის განსხეულებისას, რომლისაკენაც მუდამჟამ ილტვის ადამიანი, რადგანაც მისი თვითგადარჩენაც კონკრეტულ ფერში ისახება და თვითგამოსახვაც, ისევ და ისევ, ფერის უსასრულობაში - თვითდინებაში იკვეთება.

ამიტომაც „სიტყვა „ფერი“ გამოხატავს კიდეც არსს, არსებას, ყოველ საგანს, ყოველ მყოფს, თუ მოვლენას თავისი ფერი აქვს“.

ფერებითაა წარმოდგენილი არა მხოლოდ ვიზუალურად აღქმადი და გრძნობადი სამყარო, არამედ წარმოსახული ირეალურიც და ამასთან ის სასიცოცხლო ენერგიაც, რომელიც ზნეობრივი კატეგორიების სახითაა გამოსახული სხვადასხვა რელიგიურ თუ კულტუროლოგიურ სისტემებში და, ხშირ შემთხვევებში,ერთი და იმავე ფერითაა მოწოდებული, როგორც ფერთამეტყველებით გახმიანებული ამქვეყნიური ფიქრი.

ამგვარადვე მრავლისმთქმელია ვიქტორ ნოზაძისათვის „თვით სიტყვა ფერი, რომელიც, ერთი მხრივ, სიმშვიდე-კმაყოფილებას და სისაღე-სიმრთელეს გამოხატავს მეორე მხრივ: ბედნიერებას - სიცოცხლის ლხინს გვიჩვენებს“.

თავად „ვეფხისტყაოსანში“ ფერი თავისი მრავალსახეობითა და მრავალზნეობითაა წარმოდგენილი,რომელი ერთი ჩამოვთვალოთ:

1. ფერნი ესთეტიკური და ფსიქოლოგიკრი თვალსაზრისით თუ ასტროლოგიური საზრისით;

2. სოციალ-პოლიტიკური თუ სოციალ-ეკონომიური საზრისით;

3. რასიული და წოდებრივი მიდგომითა თუ რელიგიური მოსაზრებით;

4. სურათთა ენის მიხედვით თუ სილამაზის ჩვენებით;

„ვეფხისტყაოსანში“ შეუძლებელია ფერის ცალსახად გააზრება, რადგანაც იქ „ფერთა გალობაა და ფერთა შექებაა, რომელსაც ვერც ერთი გალობა ვერ შეედრება“.

რამდენადაც არ არსებობს ფერის არსში წვდომის კონკრეტული მიჯნა, იმდენად ყოვლისმომცველი და თავადვე მეტყველია ფერი, რომელიც სრულქმნილი სამყაროს გრძნობადი განსხეულებაა - სიტყვაში უკვე განცდად და აზრად გარდასახული. და, რაც მთავარია, ფერებით გამოკვეთილი მხატვრული სახე გაცილებით იდუმალი და სიღრმისეულია, ხოლო სიტყვის სიღრმეს კი, არამც და არამც, არ უნდა მივუსადაგოთ სირთულის ფენომენი.

„ვეფხისტყაოსნის“ სიღრმისეულ აღქმას გვიმარტივებს ვიქტორ ნოზაძეც თავისი „ფერთამეტყველებით“, რადგანაც მხოლოდ ამგვარადაა შესაძლებელი ამ ძეგლში რენესანსული ცნობიერების შეგრძნება. ადამიანური აზროვნების ეს ბოლომდე ამოუცნობი ფენომენი ზეადამიანურ ხედვად და განცდად გარდასახული საოცრად კარგად იკვეთება ფერთამეტყველებაში, რადგანაც ფერის შინაგანი ბუნება ყველაზე უკეთ იტევს „ხორციელი და სულიერი სიკეთის“ ჰარმონიულ თანაშეფარდებას, რომელიც რენესანსული ცნობიერების ანუ რუსთველური აზროვნების ერთ-ერთი სრულყოფილი კონცეფციაა და იმავდროულად წარმოადგენს ქართული სულიერების სააზროვნო ენასაც, რომლის შემეცნების ზედმიწევნითი ნიმუშიცაა - ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ განკითხვანი და ამ უჩვეულო ციკლის ჩვენში პირველად გამოცემული წიგნი - „ფერთამეტყველება“, რომლის გამოსვლითაც დასრულდა ის ერთგვარი მისტიური გაუცხოება, რაც არსებობდა ვიქტორ ნოზაძის ფენომენალურ სამყაროსთან მიმართებით, რადგანაც დღესდღეობით ყველა წიგნიერი ქართველისთვის ის უკვე ხელშესახე, წიგნად იქცა.

6 ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება“

▲ზევით დაბრუნება


მანანა კვატაია

ქართველთა უპირველესი სულიერი განძის - „ვეფხისტყაოსნის“ უერთგულესი ქურუმთაგანის ვიქტორ ნოზაძის საკრალურ მიმართებას პოემისადმი ამ გენიალური ქმნილების ერთგვარ ჰიმნად ქცეული მკვლევრის შემდეგი სიტყვებიც გვიჩვენებს: „შენ ბრძანდები მფლობელი ქართული ენისა და ქართველი ერი ამით არის მოჯადოებული.

შენ ბრძანდები სახარება სიყვარულისა!

შენ ბრძანდები მეფსალმუნე, გამაკეთილებელი, ამამაღლებელი, აღმაზევებელი ფაქიზი სიყვარულისა, და ქართველი ერი ასეთი სიყვარულის პატივის მიმგები არის!

ამიტომ ბრძანდებით შენ და ქართველი ერი განუყოფელი, განუშორებელი, განუყრელი.

თქვენ იცოცხლეთ მარად ჟამს!

იცოცხლეთ უკუნითი უკუნისამდე!

სანამ მზე მზეობს და მსოფლიო ცოცხლობს!“ (ჟ. „რანი ვართ ქართველები“, 1997 წ., №3, გვ. 23).

ამ ამაღლებული განწყობით უცხოეთში გადახვეწილი მკვლევარი ათწლეულების განმავლობაში ქმნიდა თავის მრავალ რუსთველოლოგიურ თხზულებას, რომელთა ერთი ნაწილი დაუმთავრებელი და გამოუქვეყნებელია. ბევრი მათგანი მეცნიერის არქივში ხელნაწერის სახითაა დაცული, ზოგიერთი კი ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებმა შემოგვინახა. მათ რიცხვში „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველებაცაა“, რომელიც მკვლევრის გარდაცვალების წლისთავზე გამოუქვეყნებია პარიზში გამომავალ ჟურნალ „კავკასიონს“ (№18, 1976 წ., გვ. 49-71) („კავკასიონის“ აღნიშნული ნომერი მისი დამაარსებლის, ყოფილი რედაქტორისა და გამომცემლის ვიქტორ ნოზაძის ხსოვნას ეძღვნება). პუბლიკაციის ბოლოს „რედაქციის შენიშვნაში“ მითითებულია: „მიჯნურთმეტყველებაზე“ დართულ განმარტებაში ნათქვამია, რომ „სიბრძნისმეტყველება“ დამთავრებულად ჩანსო. ეს ასე არ აღმოჩნდა“. „კავკასიონის“ თანამშრომლებს ხელთ ჰქონიათ გამოკვლევის სამი რვეული, რომლებიც მის შავ, დაუმუშავებელ ტექსტს შეიცავდა (ქართული ემიგრაციის მუზეუმში, ვ. ნოზაძის არქივში ამჟამად „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველების“ ხელნაწერი არ არის). საყურადღებოა „კავკასიონის“ რედაქციის მოსაზრება მკვლევრის დაუმთავრებელ ნაშრომთა ირგვლივ: „ვ. ნოზაძეს, ყველა ზემოჩამოთვლილ საკითხთა ერთბაშად დამუშავება არ დაუწყია, მაგრამ, როდესაც იგი, ერთი მოცემული საგნის დასამუშავებლად წყაროებს ჩხრეკდა, ერთი და იგივე წიგნის რამდენჯერმე გადასინჯვის თავიდან ასაცილებლად, გზადაგზა იმ ანოტაციებსაც ამზადებდა, რომელნიც სხვა საგანთა დამუშავებისათვის იქნებოდნენ გამოსადეგნი. მაგრამ ამ პარალელურად გაწეულ თავდაპირველად ტექნიკური მიზნით შემოფარგლული მუშაობის დროს, მკვლევარს იდეები ებადება და ძლიერია ცდუნება ამ იდეათა დაუყოვნებლივ ქაღალდზე გადატანისა. ასეთია მიზეზი ზემოაღნიშნულ მოვლენისა“, - ვკითხულობთ „რედაქციის შენიშვნაში“. იქვე მითითებულია, რომ მეცნიერს „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველებაზე“ ინტენსიური მუშაობა „მიჯნურთმეტყველების“ აწყობისას დაუწყია (სწორედ ამ დროს - 1975 წლის აპრილში - ის გარდაიცვალა კიდეც).

„ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება“ ვიქტორ ნოზაძის ჩვეული მანერითაა დაწერილი. მანამ, სანამ ძირითად საკითხებზე გადავიდოდეს, მკვლევარი უცხოელ მეცნიერთა ნაშრომების გამოყენებით თეორიულად ვრცლად განმარტავს სიბრძნის ცნებას და სხვადასხვა დროსა და ხალხში მის განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს.

რამდენადაც სიბრძნე სწავლა-განათლების შედეგიცაა, თხზულების დასაწყისში ვ. ნოზაძე ბიზანტიური სწავლა-განათლების სისტემას ახასიათებს. მისი მითითებით, მაშინ იქ სასწავლებლები ორ ნაწილად განიყოფოდნენ: 1. „ტრივიუმ“ - სამსაგნიანი, სადაც გრამატიკას, რიტორიკასა და დიალექტიკას ასწავლიდნენ და 2. „კვადრიუმ“ - ოთხსაგნიანი, სადაც არითმეტიკა-გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია, ფილოსოფია ისწავლებოდა, ხოლო მე-9 საუკუნეში კეისარ ბარდესს ძველი ფილოსოფიისა და კლასიკური ლიტერატურის სწავლებაც შემოუღია.

ვ. ნოზაძე არაბულ სასწავლებლებსაც ეხება, სადაც საღმრთო წერილის - ყურანის - ყველა მეცნიერებას - გრამატიკას, ლექსიკოგრაფიას, რიტორიკა-მჭევრმეტყველებას, ლიტერატურასა და ე. წ. ფალსაფას-ფილოსოფიას ასწავლიდნენ. ეს უკანასკნელი კი რამდენიმე დარგს მოიცავდა: ლოგიკას, მეტაფიზიკას, მათემატიკას, არითმეტიკას, მედიცინას, საბუნებისმეტყველო საგნებს, ასევე ალგებრას, მუსიკას, ალქიმიას და სხვ. ვ. ნოზაძის განმარტებით, დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ გელათის სამონასტრო სასწავლებელში ტრივიუმ და კვადრიუმ იყო. აქ გეომეტრია-არითმეტიკას, მუსიკას, რიტორიკას, გრამატიკას, ფილოსოფიას, ასტრონომიას ასწავლიდნენ. ზემოთქმულის საფუძველზე ვ. ნოზაძე დაასკვნის, რომ „ფილოსოფიას ანუ სიბრძნისმეტყველებას ეკუთვნის აქ ჩამოთვლილი დარგები და ამის მიხედვით უნდა შევისწავლოთ „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება“ - გაფართოებითაც კი“.

ბრძენის ცნების განსაზღვრისას ვ. ნოზაძე იხსენებს არისტოტელეს მოსაზრებას - დასაწყისშიც და ახლაც გაკვირვებამ მიიყვანა ადამიანი ფილოსოფიამდეო. ხოლო ფილოსოფია - სიბრძნის სიყვარული - თავდაპირველად ყოველგვარი ცოდნის სიყვარულს მოიცავდა. დროთა განმავლობაში, დარგების გამიჯვნის შემდეგ, „ფილოსოფიას ბოლოს შერჩა მხოლოდ განსაზღვრული ასპარეზი საკითხთა, რომელნიც დასაბამის, დასაწყისის, პირველად პრინციპთა (საწყისების), პირველად მიზეზთა და უკანასკნელ, საბოლოო, დასასრულის საკითხებს ეხებიან: 1) კოსმოლოგია ანუ სწავლა ქვეყნის დაბადებისა, - მსოფლიოს წარმოშობაზე 2) ფსიქოლოგია, - სწავლა სულის შესახე,და 3) ღმრთისმეტყველება. ყველა ეს სწავლა დამყარებული არის შემეცნების კრიტიკის, ანუ გონების, ღირებულებათა სწავლაზე, პირველი და საბოლოო პრინციპის სწავლაზე, რაც მეტაფიზიკას, ზესთაბუნებრივ სწავლას წარმოადგენს“, - ვკითხულობთ ნაშრომში. ამგვარად, ფილოსოფიის სამი საკითხია: მატერია, სული, ღმერთი. ამ უკანასკნელს კი პირველი ორი ექვემდებარება.

„სიბრძნის“ ცნების განსაზღვრისას ვ. ნოზაძე სათანადო წყაროს მითითებით განმარტავს, რომ, ბიბლიის მიხედვით, ის თვით ღმერთმა ქვეყნის დაბადებამდე შექმნა. „სიბრძნე“ აქ „კანონისა“ და „სჯულის“ ცნებებთან არის გაიგივებული და ის ზეგარდმო სიბრძნისაგან მომდინარეობს. ამგვარი სიბრძნე ებრაელთ ეკუთვნით, ხოლო „სხვა ხალხთ სხვა სიბრძნე აქვთ, რომელიც მათ თვითონ მოიპოვეს, ოღონდ მაინც ღმერთის შემწეობით ეს არის კაცობრივი სიბრძნე“, - ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველებაში“. იქვე მკვლევარი ძველ ბერძენ ფილოსოფოსებსაც იხსენებს: პითაგორა, სოკრატე და პლატონი ამბობდნენ, რომ მხოლოდ ღმერთი არისო ბრძენი (სოფოს), ხოლო კაცს შეუძლია იყოს სიბრძნის მოყვარული (ფილოსოფოს). ებრაელთა რწმენით, კაცს არ შეუძლია სიბრძნეს მიაღწიოს, თუ ეს ღმრთისაგან გამოცხადებული არ იქნაო, ხოლო არისტოტელე და სტოელები თვლიდნენ, კაცს შეუძლია სიბრძნე ჰქონდესო. არისტოტელე ამას „მეცნიერებას“ უწოდებს, რომელიც „ღმრთულ ობიექტებს“ ეხება. აქვე დამოწმებულია პროფესორ ვოლფსონის დებულება: „ისრაელთათვის სიბრძნე არის ღმერთის მიერ გამოცხადებული, ხოლო ელლინთათვის, ბერძენთათვის სიბრძნე არის კაცის მიერ მიღწეული“. „სიბრძნე სოლომონისას“ მიხედვით, სიბრძნე საიდუმლოა - მისტერია, პლატონი კი ჭეშმარიტებას, სიმართლეს უწოდებდა მისტერიას. არისტოტელეს რწმენით, კაცს შეეძლო სიბრძნე ჰქონოდა, შესაბამისად, მის ფილოსოფიაში ორი ნაწილი გამოიყოფა: „ექსოტერული“ და „ესოტერული“, - წერს ვ. ნოზაძე. თუ პირველი მათგანი ყველასათვის მისაწვდომი და გასაგებია, მეორე - ღრმა და საიდუმლოა.

სტოელთათვის სიბრძნე ღმრთისა და კაცობრივ საქმეთა ცოდნაა, ის კაცთათვის მისაღწევია, ღმერთის შესახე, სიტყვა კი მისტერიადაა ჩათვლილი, რაც უბრალო ხალხისათვის დამალული უნდა ყოფილიყო. საერთოდ, როგორც ნაშრომი გვამცნობს, ბერძნულ ფილოსოფიაში ზოგი სწავლის საიდუმლოდ შენახვა ჩვეულებრივი იყო, ხოლო ებრაელთათვის პირიქით - სიბრძნე, გამოცხადებული ღმერთის მიერ, სჯულში მოსეს პირით იყო განამდვილებული. ამგვარად, ღვთაებრივი სიბრძნე კაცობრივზე მაღლა დგას, ფილოსოფოსები მას მხოლოდ შორეულად მიუახლოვდებიან ხოლმე. ამ ბრძნობა-სიბრძნეს ფილონ ალექსანდრიელი „ლოგოსის“ ცნებით მოიაზრებს და, როგორც კვლავ პროფ. ვოლფსონი მიუთითებს, მით „აღინიშნება იმ იდეათა ერთობლიობა, რომელიც შეიქმნა ქვეყნის შექმნამდე და კანონი - სჯული, რომელმაც უნდა განაგოს კაცის ყოფაქცევა, სხვა არა არის რა, თუ არა ლოგოსი ანუ სიბრძნე ორივე (იდეათა ერთობლიობა და სჯული) არის მაგალითი, ნიმუში, რომლის თანახმად ქვეყანა დაბადებულ იქმნა და სჯული, რომლითაც ქვეყანა განიგება, ვინაიდან გამოცხადებული სჯული მსოფლიო - უნივერსუმის კანონთან არის შეთახმებული“. თავის მხრივ, აქედან ორი გარკვეული ცნობაა. ბრძნობა-სიბრძნე (სოფია) და ჭკუა, რაც კეთილგონიერებაა. არისტოტელესათვის სიბრძნე ღმრთეებრივ საკითხთა, „ზოგთა მიზეზთა“ (აიტიას) და პრინციპთა - საწყისთა (არხაის) ცოდნაა, ხოლო ჭკუა - ცხოვრების კეთილად მოწესრიგების გზა, როგორც ოჰახში, ასე ქვეყანაში. ამასვე იზიარებდა ფილონ ალექსანდრიელი და თვლიდა, რომ „სიბრძნეს კაცი მიჰყავს ღმერთთან, ხოლო ფილოსოფია არის სიბრძნის მოქმედება“, წერს ვ. ნოზაძე ვოლფსონის მოსაზრებაზე დაყრდნობით. რადგან ფილოსოფია გზაა ღმრთისაკენ, მასთან ყველაზე ახლოს ღმრთისმეტყველება დგას. კლიმენტი ალექსანდრიელის თქმით კი, სიბრძნე არის „კირია“ (უფალი), ფილოსოფია კი ცოდნაა ღმრთულისა და კაცობრივის, მათ მიზეზთა. შესაბამისად, ნაშრომის მიხედვით, ფილოსოფია ღმრთისმეტყველების მსახურია. „საღმრთო წერილი (ბიბლია) არ არის ჩვეულებრივი წიგნი იგი არის „გამოცხადება“, ისე როგორც ისლამში „ყურანი“ არის „გამოცხადება“. ღმერთმა გამოუცხადა მორწმუნეთ ეს საღმრთო წერილი, რომლის მსახური ფილოსოფია არის“, - ვკითხულობთ ნაშრომში. „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველების“ მიხედვით, „სიბრძნეს“ ბიბლიაში რამდენიმე მნიშვნელობა აქვს: 1. სიბრძნე არის კაცის მცოდნეობა და გამჭრიახობა ხელოსნობაში 2. სიბრძნე არის კაცობრივ საქმეთა გაგება და ცოდნა 3. სიბრძნედ ითვლება აგრეთვე ხრიკი, ცუდი ან კარგი 4. ბრძენი მოგვებს ეწოდება 5. სიბრძნე ცოდნაა 6. ახალ აღთქმაში სიბრძნე ფილოსოფიის მნიშვნელობისაა 7. ჭეშმარიტი სიბრძნე ისაა, რომელიც ღმერთის მიერ არის ნაბოძები 8. სიბრძნე გონიერებააI 9. ღმერთი არის სიბრძნის განსახიერება 10. სიბრძნე არის მესია 11. სიბრძნე არის იესო ქრისტე 12. სიბრძნე არის სული და ძალა (სულიწმიდა) 13. სიბრძნე არის ლოგოსი (სიტყვა, აზრი, სოფია) - იესო ქრისტე. ჩვეულებრივი გაგებით, სიბრძნე არის ჭკვიანური ყოფაქცევა საქმეებში და, საერთოდ, ცხოვრებაში 14. ბრძნობა - გონიერად თქმა შეცნობა, ბრძენი - გონიერი, მეცნიერი, ჭკვიანი, მცოდნე, ბრძნულება - ფილოსოფოსობა. მეორე მნიშვნელობით, სიბრძნე არის ღრმა ცოდნა მეცნიერებასა და ხელოვნებაში. სიბრძნის მთავარი მნიშვნელობა კი ყოფილა ადამიანის დანიშნულების გაგება და ცოდნა, განსაკუთრებით, ცოდნა საბოლოო მიზანთა, ცოდნა ღმერთის შესახებ. ამ მხრივ სიბრძნე არის ფილოსოფია, სიბრძნის მეტყველება.

აქვე მითითებულია, რომ პლატონი სიბრძნეს სათნოებათა შორის უმთავრესად თვლიდა, არისტოტელე კი გამოყოფდა განყენებით სიბრძნეს, რაც ზებუნებრივ-მეტაფიზიკურს ეხებოდა და გამოყენებით - საერთო და კერძო ურთიერთობათა სიბრძნეს. ქრისტიანული ტრადიციით, სიბრძნე სამგვარია: 1. ცოდნა, რომლის მიღწევა კაცს შეუძლია ბრძნობა ზესთაბუნებრივი ანუ მეტაფიზიკური, რომლის მეოხებით კაცი ღმერთს იცნობს არა როგორც ღმერთს თავისთავად, არამედ როგორც არსების მიზეზს 2. ბრძნობა ღმრთისმეტყველებითი, თეოლოგიური, ანუ ღმრთული გამოცხადებადი, რომელიც გონებას მოსდევს, და ღმერთს იცნობს მსჯელობით 3. ბრძნობა საიდუმლო ანუ მისტიკური, რაც ზესთაბუნებრივია და განცდადი არა ღმერთის ხილვით, არამედ ღმერთთან სიყვარულადი გაერთიანებით.

„ბრძენის“ მნიშვნელობის განსაზღვრისას ძველ ქართულ მწერლობაში ვ. ნოზაძე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას“ მიმართავს, სადაც „სრულნი სიბრძნითა“ არიან „მღვდელნი ღირსნი“, „კეთილნი მონაზონნი“, ანუ თეოლოგიასა და ფილოსოფიაში გაწვრთნილი პირები. მეთხუთმეტე საუკუნეში „სამკურნალო წიგნის“ შემდგენელი ზაზა ფანასკერტელიც ბრძნად იწოდებოდა. ბერძნული ენის მსგავსად, ბრძენი არა მარტო ფილოსოფიის, სიბრძნის მოყვარულს, არამედ, საერთოდ, ჭკუის მასწავლებელ კაცსაც ერქვა. ქრისტიანულ მწერლობაში ბრძენნი იყვნენ აგრეთვე წინასწარმეტყველები, მოციქულები და წმინდანები. წმიდა მამები სიბრძნე-ბრძნობასა და მეცნიერებას შორის განსხვავებასაც ხედავდნენ. წმიდა ავგუსტინუსი ფიქრობდა, რომ „ღმრთეებრ ბრძნობას ეკუთვნის მარადიულ საქმეთა შეცნობა ხოლო ღმრთეებრივ მეცნიერებას კი მიეკუთვნება აქაური, ამსოფლიური გონებრივი შეცნობა, ბუნების საქმეთა გაგებაო. საღმრთო ბრძნობას ეკუთვნის მორალური ჭეშმარიტების, ხოლო მეცნიერებას ეკუთვნის უსრულო ბუნების კანონებიო“, წერს ვ. ნოზაძე ი. შვენეს შრომაზე დაყრდნობით.

დანტესათვის ბრძენი პოეტია, ანტონ კათალიკოსიც რუსთაველს ბრძენს, სიბრძნის ფრიად მოყვარეს უწოდებს. ხოლო თავად რუსთაველისათვის შაირობა ანუ პოეზია სიბრძნის ერთი დარგია, თანაც „ეს ისეთი დარგი, ისეთი ნაწილია სიბრძნისა, რომელი არის საღმრთო, თეოლოგიური და ეს შაირობა საღმრთოდ გასაგონია, რაც მსმენელთათვის დიდად მარგებელი არის“, ვკითხულობთ ნაშრომში. იქვე მოცემულია დასკვნა: „პოეზია - შაირობა არის სიბრძნის დარგი სიბრძნის ეს დარგი არის თეოლოგია, ღმრთისმეტყველებითი და ამგვარი პოეზია არის რელიგიური“. მიჯნურობას კი სჭირდება „სიბრძნე, სიმდიდრე, სიუხვე, სიყმე და მოცალეობა“. ვ. ნოზაძე საბას განმარტებას მიმართავს: სიბრძნე არის „მშობელი ჭკუისა და გამსინჯველი გონებათა“, ე. ი. აქ პრაქტიკული გონება, გამოყენებული სიბრძნე, ჭკუა იგულისხმება. ვიქტორ ნოზაძე მისთვის დამახასიათებელი გულმოდგინებით იკვლევს „ბრძენის“ მნიშვნელობას „ვეფხისტყაოსანში“ და ასკვნის: „სიტყვას „ბრძნობა, სიბრძნეს, ბრძენს აქვს მნიშვნელობა:

  1. ფილოსოფიური ბრძენი - ფილოსოფოსი.

  2. ბრძენი თეოლოგოსი.

  3. მწვრთნელი, რელიგიის მასწავლებელი.

  4. ბრძნობა - ფილოსოფიურ-თეოლოგიური სწავლის დებულება.

  5. ბრძენი - ეთიკის მასწავლებელი ფილოსოფოსი.

  6. ბრძენი - მჭევრმეტყველი ფილოსოფოსი, რიტორი.

  7. სიბრძნე - პრაქტიკული გონება, გამოყენებითი სიბრძნე, ჭკუა ბრძენი - ჭკვიანი, გონიერი, გამოცდილი ცხოვრებაში, საქმეში.

  8. ბრძენი - სიტყვა ზრდილობითი, სასახლური წესით თქმა, ზრდილობის სიტყვა.

  9. გული ბრძენი, გულის სიბრძნე - გონიერება.

  10. სიტყვა-ბრძენი - წყნარი, მშვიდი, დინჯი, დარბაისელი.

  11. სიბრძნის წყარო - მოთმინება, ჭკვიანურად მოქმედება.

  12. ბრძენი - სწავლული საერთოდ და კერძოდ ასტრონომია-ასტროლოგიის მცოდნე.

  13. ბრძენი - სახელმწიფო მართვის მასწავლებელი. ბრძენი - იურისტი.

  14. ბრძენი - ესთეტიკოსი: ბრძენსაც კი ხიბლავს სილამაზე-შვენიერება - ესთეტიკური დაფასება“.

ნაშრომში დიდი ადგილი ეთმობა „ფილოსოფოსთა ბრძნობისა“-ს განმარტებას, აქვე მოხსენიებულია „ფილოსოფოსნი წინანი“, რისთვისაც მოხმობილია გერმანელი ბიზანტიოლოგის დოელგერის წიგნი „ბიზანტია და ევროპულ სახელმწიფოთა ქვეყანა“, რომლის მითითებით, სიტყვა ფილოსოფია მეცნიერული აზრით პირველმა ჰერაკლიტემ გამოიყენა და შემდგომი ფილოსოფოსებიც მას „წმიდა ფილოსოფიის“ დასახასიათებლად იყენებდნენ, თუმცა მას გარეშე მნიშვნელობაც ჰქონდა მას შემდეგ, რაც ის ქრისტიანმა ფილოსოფოსებმა გაითავისეს, დაწყებული კლიმენტი ალექსანდრიელიდან. „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველებაში“ ვკითხულობთ: „ძველად ხომ ფილოსოფია იყო კვლევა-ძიება მსოფლიოს მთლიანობისა და დანიშნულებისა, მის ნაწილთა ურთიერთყოფისა და საბოლოო მიზნებისა, ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლისა და სხვა. ახლა კი, ქრისტიანმა მამებმა ფილოსოფია დასახეს სიბრძნედ, რომლის განხორციელება არის ქრისტე-ღმერთი, რომელიც არის თვითონ სიბრძნე და სახარება კი გამოცხადება ყველა ამ საკითხის გადასაწყვეტად, რაც სიცოცხლეს შეეხება: აწმყოში და მომავალში. ეს არის ქრისტიან ფილოსოფოსთა ჭეშმარიტი ფილოსოფია, სიბრძნე ღმრთეებრი“. ფილოსოფოსი ან ბრძენი ქრისტეს ამღიარებელ და ერთგულ მიმდევარ ყველა კეთილმორწმუნეს ერქვა.

ვიქტორ ნოზაძე განიხილავს „ავთანდილის ანდერძის“ შემდეგ სტრიქონებს:

„რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა,
მე რად გავსწირო მოყვარე, ყმა უმტკიცესი ყმობისა?!
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა!“

(აქვე მკვლევარი შენიშნავს, რომ ამ სტროფში ის „მწყობისა“ ფორმას უჭერს მხარს, როგორც ეს პოემის ზოგიერთ ხელნაწერშია). ზემოთ მოყვანილი სტროფის ნოზაძისეული განმარტება ასეთია: „მოგვეცეს შერთვა - შეერთება, ზესთ - უმაღლეს მწყობრთან, ღმერთთან იმ ზესთაში მყოფ ღმერთთან, რომელმაც მოაწყო მსოფლიოს მწყობრნი მთელი წყებაო“. ამ ღმერთს - მწყობს, ქრისტიანულ ფილოსოფიაში ეწოდება. „ორდინატორ“, „ორდნერ“, „ორდინატორ სუპრემ“ - მწყობი უზენაესი და ავთანდილი ლაპარაკობს ყოვლად მსოფლიოს უზენაეს მომწყობ, უზეშთაეს გამრიგე ღმერთთან შერთვის, შეერთების შესახებ“. ნაშრომში მითითებულია, რომ ეს სტროფი მკვლევარს „ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველებაშიც“ აქვს განხილული (აქ ეს ადგილია გამეორებული). დასკვნის სახით „ფილოსოფოსთა ბრძნობა“ ასეა გაგებული: ეს არაა კლასიკური ფილოსოფიის სწავლა იგი ქრისტიანული ფილოსოფიის, ზნეობის, ეთიკის კანონია.

„ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველებაში“ ერთხელ კიდევ განმარტებულია პოემის ფრაგმენტი:

„ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად
ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად..
ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი..“

მიღებული დასკვნით, ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, მზე ღმრთის ხატია, ხოლო „ფილოსოფოსნი წინანი“, ანუ უწინდელნი, ქრისტიანი ფილოსოფოს-თეოლოგოსები არიან. ვ. ნოზაძის აზრით, „ვეფხისტყაოსანში“ „წმიდა ფილოსოფიის“, კლასიკური ფილოსოფიის რაიმე დებულება არ არის, ყველა ფილოსოფიური ნათქვამი არის ქრისტიანული, ან გაქრისტიანებული“.

მკვლევარი საფუძვლიანად განმარტავს პოემის სტრიქონს: „მე ვინ ვაქებ? ათენს ბრძენთა, ხამს, აქებდეს ენა ბევრი“, რისთვისაც ათენის (ათინას) მნიშვნელობაზე ჩერდება. ჯერ კიდევ ბასილი დიდს მიუთითებია, რომ ეს ქალაქი „დედაჲ არს ფილოსოფოსობისაჲ“. თუმცა მეთორმეტე საუკუნეში ათენის ფუნქცია უკვე საკმაოდ დაქვეითებულია. ნოზაძე სამართლიანად მიუთითებს, რომ „აქ, უეჭველია, გვაქვს ძველი ათინის ძველი სახელის გამოძახილი და ეს სახელი არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ფილოსოფოსებთან, ბრძენ - ფილოსოფოსებთან, რადგან არც დიდი ფილოსოფოსი, არც პატარა ბრძენი, ქება-დიდებას და ხოტბას არ წარმოთქვამდნენ და მჭერმეტყველებაში არ ვარჯიშობდნენ“, ესენი კი ბრძენნი მჭევრმეტყველნი, რიტორები არიან.

„რუსთაველისა წიგნი სულ სასწავლებელი არს“, იმოწმებს ვ. ნოზაძე ვახტანგ მეფის სიტყვებს და პოემის აღმზრდელობით მნიშვნელობაზე ჩერდება. აქვე ის „სწავლის“ ცნებას იკვლევს და სულხან-საბაზე დაყრდნობით მის ორგვარ მნიშვნელობას მიუთითებს: 1. „სწავლა არს რაჲცა არა იცოდეს, უთხრას და სწვართოს“ 2. „ხოლო სხვა სწავლა არს საკანონოდ შოლტის მიღება“ - დასჯა. „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტზე დაკვირვებით მეცნიერი დაასკვნის, რომ პოემაში ეს ცნება დარიგების, მოძღვრების, არცოდნის მოსპობის გაგებით იხმარება და არა დასჯის, გაშოლტვის მნიშვნელობით.

გამოკვლევაში დამოწმებულია ი. ჯავახიშვილის განმარტება: „გამასწორებელ დასჯას წურთვა ეწოდებოდაო“, ხოლო საბას მიხედვით, ის ყოველგვარი საშუალებით, თვით ცემით განსწავლასაც კი ნიშნავდა, თუმცა ვ. ნოზაძის დაკვირვებით, „ვეფხისტყაოსანში“ მას ხშირად სწავლის, ჭკუის დარიგების, ამავე დროს, ფიზიკური ვარჯიშობის გაგებაც აქვს.

„ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება“ შუასაუკუნეობრივ აღზრდის პრინციპებსაც წარმოგვიდგენს. რეტო ბეცოლას შრომაზე დაყრდნობით ვიქტორ ნოზაძე წერს: „ყველას თვალწინ მდგომი პრინცი მაგალითია ყველასათვის. მან არ უნდა შეურაცხყოს ვინმე არც სიტყვით, არც მოქმედებით. ამ იდეალურ პრინცს უნდა ჰქონდეს თავაზიანობა და ლმობიერება, ღირსეულად თავის დაჭერა საზოგადოებაში და ბუნებრიობა კერძო ურთიერთობაში. ზომიერებასა და გულღიაობას უნდა ემატებოდეს თავშეკავება და მორცხვობა იგი უნდა იყოს მომთმენი, მწყალობელი, მშვიდი, უხვი, მაგრამ არა მფლანგველი მომჭირნე, მაგრამ არა ძუნწი იგი უნდა იყოს სულდიდი, სამართლიანი დაე, იყოს მკაცრი სამართლის სასჯელში, მაგრამ ზომიერი განაჩენი გაჯავრების ან გულმოსულობის დროს არ უნდა გამოიტანოს მას მოეთხოვება სიბრძნე, მეცნიერება მან უნდა იცოდეს ლიტერატურა, ფილოსოფია და თეოლოგია, მან უნდა ისწავლოს ისტორია, მეფეთა თავგადასავალი უნდა იყოს წინდახედული, მაგრამ გამბედავი, მხნე, სულიერი სიკეთის მქონე, ტკბილი და სახელმოხვეჭილი მჭევრმეტყველი, კეთილად და ლმობიერად უნდა ექცეოდეს თავის ქვეშევრდომთ, უნდა იყოს სათნო, მორწმუნე, დამარცხებულის მიმართ ლმობიერი“. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, „სამეფო წრეში გამზრდელი არის მეფე, ან განსაკუთრებით ამისთვის მომზადებული პირი. გაზრდის პროგრამაში აქ შედის: ყოველგვარი სამხედრო საქმე, ასპარეზობა, ნადირობა, ქვეყანათა მართვა-გამგეობა, ხელმწიფური ქცევა, დიპლომატიური და საზოგადოებრივი ზრდილობა, წესი ყოფაქცევისა“. ვ. ნოზაძე ქალთა აღზრდის ისტორიასაც ეხება. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, სამეფო კარზე ქალებსაც განსაკუთრებულად ზრდიან: ნესტანს გამზრდელიც ჰყოლია, მამაც მისი მასწავლებელი და ჭკუის დამრიგებელი ყოფილა, მამიდა დავარი კი მას სიბრძნეს ასწავლიდა. თუმც რა საგნებისაგან შედგებოდა ეს სიბრძნე, უცნობია. „საერთოდ, ვეფხისტყაოსნის დედაკაცები ნასწავლი არიან და თუმცა, მათი „სიბრძნის“ საგანნი ჩვენთვის გარკვეული არაა, მათი საუბრიდან აშკარაა, რომ მათ დიდი განათლება აქვთ მიღებული“, - წერს ვ. ნოზაძე.

„ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება“ გამზრდელ-გაზრდილის ურთიერთობასაც ეხება, რასაც „უაღრესი სიყვარული, მამაშვილური, დური, ძმური სიყვარული, განუსაზღვრელი ერთგულება და თავდადება ახასიათებს. ვიქტორ ნოზაძის მითითებით, პოემაში გამოყენებულია სიტყვა „საგაზრდილო“, რაც სამშობლოს გულისხმობს.

ნაშრომში მკვლევარი ჩერდება რუსთაველის გამოთქმაზე - „საქმითა მეცნიერითა“ და მიუთითებს, რომ „მეცნიერი“, საბას განმარტებით, არის „მცნობელი, მეცნავი“, ნიკო ჩუბინაშვილის მიხედვით კი - სწავლული, გამოცდილი სწავლათა შინა. მეცნიერება არის ცოდნა ნივთთა გონების საშუალებით, ცოდნა ნივთთა დაკვირვებითა და გამოცდილებით. აქვე მოხმობილია ჰ. სიბეკის მიერ მოტანილი არისტოტელეს სიტყვები: „მეცნიერება, ცოდნა არის სუბიექტური ათვისება ობიექტისა და მისი გაგება გონების მეოხებით“.

„ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველება“ როგორც ქრისტიანობაში, ისე ისლამში გაბატონებულ მეცნიერების არისტოტელესეულ დანაწილებას გვთავაზობს: 1. თეორიული (სპეკულატიური) მეცნიერება, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას თავისთავად (მათემატიკა, ფიზიკა, ფილოსოფია პირველი) 2. პრაქტიკული, რომლის მიზანია მოქმედებათა მოწესრიგება (მორალი-ეთიკა-ზნეობა, ეკონომიკა და პოლიტიკა) 3.პოეტური, რომელსაც ეკუთვნის ყოველნაირი ხელოვნება, ხოლო პოეზიასა და მუსიკას პირველი ადგილი უკავია.

შუა საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანობაში მეცნიერების დანაწილება ასეთი ყოფილა: 1. სპეკულატიური, ანუ თეორიული (მეცნიერება არსებაზე, არსზე - მეტაფიზიკა) 2. ოდენობის მეცნიერება (მათემატიკა) 3. მოძრავი არსების მეცნიერება (ფიზიკა), ხოლო პრაქტიკულ მეცნიერებათა რიგისაა: ა) მეცნიერება მოქმედებისა (ფილოსოფიური ზნეობა - მორალი, სოციოლოგია, ეკონომიური პოლიტიკა, ხარაკტეროლოგია და სხვ.), მეცნიერება ქმნადობისა - ფილოსოფია ხელოვნებისა ბ) მეცნიერებანი ზესთაბუნებრივი რიგისა (ბიბლიური ფილოლოგია, გეოგრაფია, არქეოლოგია, პალეოგრაფია, ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა და სხვ.), თეოლოგია ძირითადი, თეოლოგია დამტკიცებადი, 3. თეოლოგია სპეკულატიური, დოგმატიკა, მორალი.

ნაშრომის მიხედვით, შუა საუკუნეების მუსულმანურ მსოფლმხედველობაში მეცნიერება დიდ პატივშია, მისი ძიება მუსულმანთათვის სავალდებულოც იყო. მუსულმანური მეცნიერი სასულიერო პირი, სწავლული, მწერალია, ვინც ყურანის სიტყვის მატარებელი და ღმერთისა და რელიგიის მასწავლებელი იყო.

„ვეფხისტყაოსანში“ კი „ჰკადრეო მეფეთა საქმითა მეცნიერითა“ ვ. ნოზაძის გაგებით ნიშნავს „საქმის ცოდნითა“. ი. აბულაძის მიხედვით, ძველ ქართულში „მეცნიერი“ არის გულისხმიერი, მიწვდომილი, ბრძენი, მცნობელი, მეცნავი, მცოდნე, ნაცნობი. ვიქტორ ნოზაძის დაკვირვებით, პოემაში სიტყვა „მეცნიერი“ ჭკვიანი, გონიერი, ზნეობრივი კაცის გამომხატველია. თუმცა მკვლევარს მისი ასეთი მნიშვნელობა ეეჭვება პოემის შემდეგ ადგილას: „მართლად უთქვამს მეცნიერსა: „წყენააო ჭირთა ბადე“ - აქ ის მეცნიერის ცნების ქვეშ მოციქულებს ვარაუდობს.

ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველების“ ჟურნალ „კავკასიონში“ დაბეჭდილი ტექსტი მკვლევრის შემდეგი დასკვნით მთავრდება: „ცნებას „მეცნიერი“ ვეფხისტყაოსანში, როგორც გავიცანით იგი, განსაკუთრებული ფილოსოფიური, ან თეოლოგიური მნიშვნელობა არა აქვს. მეცნიერი ვეფხისტყაოსანში არის გონიერი, ჭკვიანი, სწავლული, მცოდნე“. ნაშრომის ტექსტზე დაკვირვება გვარწმუნებს, რომ ამ მიმართულებით მეცნიერს მასშტაბური კვლევა უნდა ჰქონოდა ჩაფიქრებული. სავარაუდოა, რომ ის თხზულების სრულყოფასა და შევსებაზე მუშაობის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეს არ დასცალდა. ამის მიუხედავად, მეცნიერის ზემოთ მიმოხილული ნაშრომი მეტად ღირებულია, იმდენად, რამდენადაც მასში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის კიდევ ერთი ახალი კუთხით განხილვის მცდელობაა წარმოდგენილი.

ვფიქრობთ, ვ. ნოზაძის „ვეფხისტყაოსანის სიბრძნისმეტყველების“ ხელნაწერი ტექსტის მიკვლევის შემთხვევაში შესაძლოა, თხზულების უცნობი ნაწილებიც აღმოჩნდეს.

7 ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსანის“ ბედისმეტყველებისათვის

▲ზევით დაბრუნება


ნინო კობიაშვილი

ვიქტორ ნოზაძე „ვეფხისტყაოსანის“ ვარსკვლავთმეტყველებაში“ დაწვრილებით ეხება ბედის რუსთველისეულ კონცეფციას. მან ამ საკითხს ცალკე თავი მიუძღვნა, რომელსაც „ვეფხისტყაოსანის ბედისმეტყველება“ უწოდა.

თავდაპირველად მკვლევარი გვაწვდის ზოგადად ბედის განმარტებას: „ადამიანი უძლური და უსუსურია. მის სურვილთა, განზრახვათა, წადილთა და მისწრაფებათა განამდვილება განსაზღვრულია და დაბრკოლებული“. ადამიანი ვერ აღწევს მიზანს, მის მისწრაფებას წინ რაღაც ეღობება... და თუ კაცს თავის სურვილთა მიღწევის საშუალება შეფერხებული ან მოსპობილი აქვს, იგი სწორედ ამ რაღაც გარეშე ძალაზე უნდა იყოს დაქვემდებარებული“. „ამ რაღაც გარეშე ძალას“ ვიქტორ ნოზაძე ბედს უწოდებს (1, 125).

„ბედი არის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ გარეშე უხილავი არსება ყველა მოვლენას განსაზღვრავს, ბუნებისა და კაცის მომავალს გადაწყვეტს, განაგებს, მიმართავს და თავის ნებაზე ანამდვილებს“ (1,125), - წერს იგი.

მკვლევარმა ერთმანეთს დაუკავშირა და პარალელურად განიხილა ღმერთი და ბედი. მისი შეხედულებით, „საკითხი ღმრთისა და ბედის ურთიერთობისა თავიდანვე პირველ ადგილზე იდგა“ (125).

ვიქტორ ნოზაძე დაწვრილებით გადმოგვცემს ბედის შესახე, არსებულ შეხედულებებს სხვადასხვა რელიგიაში: ბაბილონურში, სპარსულში, ეგვიპტურში, ბერძნულ-რომაულში, ნეოპლატონიანთა ნააზრევში, ქრისტიანულში. იგი აღნიშნავს, რომ ქრისტიანულმა რელიგიამ უარყო ბედის ფატალისტური გაგება: „ქრისტიანული თვალსაზრისით, ბედი არის თვითონ ღმრთის ხელში და ღმრთის წყალობაზეა დამოკიდებული მორწმუნის კარგი თუ ცუდი მომავალი“ (1, 134). ამოსავალი მისთვის არის ბედის სულხან-საბასეული განმარტება - „კაცი ვინმე ბოროტის ღირსი ღმერთმან შეიწყალოს და ბოროტი კეთილად შეუცვალოს, ესევითარი ბედად იწოდებისო“. იგი ბედის რამდენიმე განმარტების საფუძველზე აღნიშნავს, რომ ეს სიტყვა სპარსული წარმოშობისაა. „ზარათუშტრას რელიგიაში არის „იაზატა“, ანუ კეთილი ანგელოზი, ქარი, რომელი ჰქრის და მსოფლიოს აღელვებს. მეორე ახსნით „ბად“ არის დემონი, ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი, რომელი ირანს თურანიდან თოვლსა და ყინვას აყრის. ამას გარდა, „ბად“ იყო ქართულად ბატონი და მმართველი“ (1, 135).

ყოველივე ამის შემდგომ მკვლევარი უშუალოდ ეხება ბედის საკითხს „ვეფხისტყაოსანში“. იგი აცხადებს, რომ როგორც პოემის გმირები, ასევე ავტორი აღიარებს ბედის არსებობას. მას მოჰყავს პოემის პროლოგის ერთ-ერთი სტროფი:

რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.

ვ. ნოზაძე ხსნის ამ სტროფის შინაარსს და აცხადებს: „თითქოს ისეთი სოციალური წყობაა დადგენილი, რომელიც ათჯერვე დამყარებული მდგომარეობის შეცვლას ვერ ითმენს“ (140). კრიტიკოსი ცდილობს ამ სტროფის განმარტებას ქრისტიანული მსოფლმხედველობის მიხედვით: „თავის ხელობაში დარჩენის შესახე,შეხედულება ნუ გაგვიკვირდება, თვითონ ქრისტიანულ საღმრთო წერილზეა დამყარებული“ (1, 140). იგი იმოწმებს პავლე მოციქულის პირველ ეპისტოლეს კორინთელთა მიმართ: „კაცად კაცადი ვითარცა იჩინა უფალმან, ეგრეცა ვიდოდნენო“ (7,17) „ანუ დარჩეს თავის ხელობაში, რისთვისაც იგი მოწოდებულია“. მკვლევარი პარალელს ავლებს სპარსული ლიტერატურის ერთ-ერთ ძეგლთან - „შაჰ-ნამესთან“. „თითოეულს აქვს თავისი მოვალეობა საკუთარი, თუ რითი მოიწადინებს მეორეს შრომა გასწიოს, მაშინ ქვეყანა არევ-დარევით აივსებაო“ (1, 170). ვიქტორ ნოზაძე ასკვნის, რომ ეს სტროფი „არ არის ფატალისტური და არც კასტური ეს აზრი თავსდება ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში და მით არის გამოსახული პატრონყმური, ფეოდალური საზოგადოების რწმენა, იმ საზოგადოებისა, რომელიც ვეფხისტყაოსანშია დახატული, და რაც ქართულ ფეოდალიზმს აშკარად გვიჩვენებს“ (1, 140 გვ.).

ვიქტორ ნოზაძემ თავი მოუყარა და წარმოგვიდგინა თითოეული პერსონაჟის დამოკიდებულება ბედისადმი. თავდაპირველად შეეხო თინათინის დამოკიდებულებას ბედისადმი:

ჰე მეფეო, რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა“ (113).

მკვლევარის აზრით, ამ ტაეპში არ არის გამიჯნული ღმერთი და ბედი. პირიქით, „ბედი ღმრთის განკარგულებაშია და მისგანაა დამოკიდებული“ (1, 141). ჩვენი მხრივ შევნიშნავთ, რომ ღმერთი და ბედი არ შეიძლება ერთ სიბრტყეზე იყოს დაყენებული, ვინაიდან ისინი სრულიად განსხვავებული არსის მქონენი არიან. ვფიქრობთ, ღმერთი სხვაა, იგი უზენაესი არსებაა, ხოლო ბედი - სხვა, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, ცვალებადი და დაუდგრომელია.

ვიქტორ ნოზაძეს მოაქვს უამრავი ადგილი პოემიდან „ავთანდილის დამოკიდებულებისა ბედთან. ამჯერად ჩვენ მხოლოდ მცირედით შემოვიფარგლებით.

„იტყვის: ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა მხედსა,
რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა“ (141).

მკვლევარის აზრით: ბედს იძლევა ღმერთი და ავთანდილი ამიტომაც საყვედურობს მას.

„არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
ბედი, ცდა და გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“ (303).

ვიქტორ ნოზაძე განგებას და ღმერთს აიგივებს: „ღმერთზე ანუ განგებაზეა დამოკიდებული ყოველივე: ღმერთი, განგება ყოველივეს განაგებს და მის გარეშე არაფერი არ ხდება, თვით სიკვდილიც კი! განგება და ღმერთი ერთია. ბედი დამოუკიდებელი არაა. მას მარტოდ არ შეუძლია საქმის გადაწყვეტა“ (1,142). მკვლევრის აზრით, პოემაში ყოველივეს განაგებს ღმერთი, მაგრამ საჭიროა „ცდა-გმირობა, ბრძოლაც“. „ბედი არსებობს, იგი განაგებს, მაგრამ ცდა-გმირობა, ბრძოლაც. ოღონდ ყოველივე ეს: თვით ბედი, თვით ცდა, გამარჯვება თუ დამარცხება არსებითად ღმერთზეა დამოკიდებული“ (1,142). შემდგომში ნესტან სულავამ გაარკვია, რომ ღმერთი და განგება განსხვავებული ცნებებია ღმერთი არის განმგე, ანუ ის, ვინც განგებას მოუვლენს ყოველ არსს, ხოლო განგება ღვთის ნებაა, გადაწყვეტილებაა, რომელსაც საფუძვლად სიკეთე უდევს (3, 208, 210).

ვიქტორ ნოზაძე წარმოგვიდგენს ფრიდონის დამოკიდებულებას ბედისადმი:

„მან მითხრა: ბედი ღმრთისაგან მიჯობს-ღა ამას რომელი?
მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი“ (638).

„აქაც ბედი დამოკიდებული არის ღმერთზე, ბედს ღმერთი იძლევა“, - წერს ვიქტორ ნოზაძე.

ვიქტორ ნოზაძის აზრით „ბედი, ტარიელის რწმენით, ღმერთზეა დამოკიდებული“ (142). მკვლევარს მოჰყავს სათანადო ადგილები „ვეფხისტყაოსნიდან“. დავიმოწმებთ ზოგიერთს:

„ღმერთსა ჩემი უბედობა უნდა, მემცა რას ვეცადე“ (227).
„ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა“,
ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა“ (1371).

ვ. ნოზაძე მსჯელობს თითოეული მათგანის გარშემო და ასკვნის, რომ „ტარიელისთვის ბედი არის ღმერთზე დამოკიდებული და ბედის შეცვლა ღმრთის ნებაა, იგი ღმრთის განგებაშია“ (1, 143).

ნესტანისთვისაც არსებობს ბედი, მაგრამ იგი მას არ ემორჩილება და გამოსავალს ქმედებაში ხედავს:

„ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა“ (1191).

მეცნიერის აზრით, ნესტანი ებრყვის ბედს და თუ მასზე ვერ გაიმარჯვებს, მაშინ წუთისოფელს თვითმკვლელობით გასცილდება:

„რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად“
„ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა“.

მეცნიერს მოჰყავს აგრეთვე მელიქ-სურხავის, ასმათის, ფატმანის, რამაზ მეფის და როშაქის შეხედულებანი ბედის შესახე,და ასკვნის, რომ პერსონაჟები იზიარებენ ბედის იდეას, მაგრამ „არც ერთი მათგანი ბედს გარდაუვლად არ სთვლის... რადგან ყველას სწამს, ბედის გარდამწყვეტელი ღმერთი არისო და ღმერთი კი მოწყალეა და მას შეუძლია კაცს მისი ცუდი ბედი შეუცვალოს“ (1, 145).

ვიქტორ ნოზაძე ბედს ვარსკვლავს უკავშირებს და მოჰყავს ბედის მაჩვენებლები პოემაში. თავდაპირველად იგი ეხება ჰოროსკოპს. მეცნიერის აზრით, „ვეფხისტყაოსანში“ სიტყვა ჰოროსკოპი არ არის მოხსენიებული, მაგრამ მას მოჰყავს სამი ადგილი, სადაც სწორედ ჰოროსკოპი უნდა იგულისხმებოდეს“.

„მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი“.

ვიქტორ ნოზაძე ფიქრობს, რომ „დაბადებით“ უნდა ნიშნავდეს ჰოროსკოპს, ბედს, რომელიც ტარიელს ერგო ვარსკვლავთა მიერ. „ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა“ (275).

„დაბადა ეტლზე, ანუ ვარსკვლავზე. თავისთავად ჰოროსკოპს გულისხმობს. აქ დიდად საინტერესოა ის აზრი, რომ ღმერთი ბადებს კაცს რომელიმე ეტლზე, ესე იგი ვარსკვლავურ ბედს თვით ღმერთი ანიჭებს კაცს“ (1, 145).

„ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა“ (849).

„უბედური შობილი“ ვიქტორ ნოზაძის აზრით, ასტროლოგიური ცნებაა (1, 145).

მკვლევარი განიხილავს პოემაში ბედის კიდევ ერთ მაჩვენებელს - სვეს. თავდაპირველად იგი გვაძლევს სვის სულხან-საბასეულ განმარტებას - „სვე (სუე) არის მაიძულებელი ძალა, რათა იძულებით მის მიერ აღესრულებოდეს ვარსკვლავთა ზედა შობისა მიერო. მაშასადამე, სვე ანუ სუე არის ჰოროსკოპი“ (1, 146). მას მოჰყავს სათანადო ადგილები „ვეფხისტყაოსნიდან“:

„თაყვანი ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი“ (487).
„მელიქ-სურხვი ხელმწიფობს სრული სვითა და დავლითა“ (1065).
„ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო, მეფეთ მეფეო“ (1318).

მეცნიერი ასკვნის, რომ სვე არის იგივე ბედი, რომელსაც იძლევა ღმერთი (1, 147). ეტლის განმარტებისას კი მან აღნიშნა: „ასტროლოგიურად ეტლი არის ბედი, რომელს ვარსკვლავნი დაადგენენ იგია ვარსკვლავური ბედი ადამიანთა, ერთა და მოვლენათათვის“ (1, 148), მას მოჰყავს სათანადო ადგილები „ვეფხისტყაოსნიდან“:

„ღმერთმან სხვაცა ეტლსა ჩემსა სადმცა კაცი რად დაბადა“ (275).
„აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა“ (1210).
„კვლა იტყვის: ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების“ (101).

ვიქტორ ნოზაძე განიხილავს აქ დამოწმებულ თითოეულ ტაეპს და ასკვნის, რომ პოემაში „ეტლი“ არის ვარსკვლავური ბედი და იგი „დამოკიდებულია ღმრთის გადაწყვეტილებაზე“ (1, 149).

მეცნიერი განიხილავს ბედის მოვლენათა აღმნიშვნელ ცნებებს: „მოწევნადს“, „ფათერაკს“, „წერას“, „სოფელს და საწუთროს“, „ცას და ცის ბორბალს“, „შვიდს და ცხრას“ და ასკვნის, რომ პოემაში ღმერთი განაგებს ყოველივეს. ბედი ღმერთზეა დამოკიდებული, რელატიურია. ბედის იდეა პირობითია.

ვიქტორ ნოზაძის აზრით: პოემაში ყოველივეს განაგებს უფალი. იგი არა მარტო ამ ცხოვრებაში ანიჭებს ადამიანს ბედს, არამედ მარადიულ საუფლოშიაც. ამის დასადასტურებლად მოხმობილია შემდეგი სტროფი:

„ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ? ბედია მაყივნებელი,
ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი“.

მეცნიერი ასეთ განმარტებას აძლევს ციტირებულ სტროფს: „შენ რაც გინდა აკეთო, ბედის გარეშე ვერაფერს მიაღწევ, და ვისაც ღმერთი ბედს, კარგ ბედს არ შეუცვლის,- ეს კარგია, და მას ეს ბედი აქაც, ამ ქვეყანაში, და იქაც, იმ ქვეყანაში, ორისავ ქვეყანაში თან გაჰყვება, ეახლებაო“ (145).

მეცნიერმა ამ სტროფის ანალიზი ისევ შემოგვთავაზა 1963 წელს „ვეფხისტყაოსანის“ ღმრთისმეტყველებაში“.

ვიქტორ ნოზაძემ, „ორისავ იყოს მხლებელი“, განმარტა როგორც სააქაო და საიქიო ცხოვრება. სათანადო პარალელები მონახა ძველ ქართულ მწერლობაში: „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, მარიამ დედოფლისეულ „ქართლის ცხოვრებაში“, X, საუკუნის ლიპარიტის წიგნის მინაწერებში, აგრეთვე - კაცხის ტაძრის ბარძიმის წარწერებში - ყველგან „ორისავ“ ნიშნავს სააქაო და საიქიო ცხოვრებას.

ვიქტორ ნოზაძე „ბედს“ უწოდებს „ღმრთის წყალობას“: „ბედად ითვლება ღმრთის წყალობა, და ბედი წინარგანჩინებასთან არის დაკავშირებული... ბედი არ არის ჩვეულებრივი ბედი. ასტროლოგიური ბედი, არამედ ბედი - წყალობის სახით - რომელს ღმერთი კაცს ანიჭებს სააქაოში და საიქიოში“ (2, 428).

ვიქტორ ნოზაძე აჯამებს „ვეფხისტყაოსანის ბედისმეტყველებაში“ გამოთქმულ მოსაზრებებს ბედის შესახე,და ასკვნის: 1) „ბედი არ არის თვითმყოფადი, აბსოლუტური. ესე იგი: ბედზე არ არის ღმერთი დამოკიდებული. 2) ბედი არ არის არც მსოფლიო კანონთა კრებული, არც ბუნების წესრიგი, და არც გონება 3) ბედი არ არის არც სტოელთა და არც ნეოპლატონიანთა ფილოსოფიით წარმოდგენილი ბედი 4) ბედი არის პირობითი, რელატიური. ესე იგი, ბედი ღმერთზეა დამოკიდებული 5) ბედი არ არის ფატალისტური, ბედი არ არის კაცის ნების მომსპობელი, კაცი იბრძვის ბედის წინააღმდეგ“ (1, 190 გვ.).

ამრიგად, პოემაში ბედი არ არის ყველაფრის გამრიგე და მმართველი, არამედ იგი დამოკიდებულია ღმერთზე.

ვ. ნოზაძე შემდგომ უკვე „ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველებაში“ წერს, რომ პოემაში ყველაფერი დამოკიდებულია უფალზე და პოემაში ადგილი არ აქვს ფატალიზმს. „ვეფხისტყაოსანში ღმრთის ნებაზე არის ყველაფერი დამოკიდებული და ღმერთის ნების გარეშე არაფერი არ ხდება... არის ეს შეხედულება ფატალისტური? ესე იგი, ისეთი, რომლის ძალით ყველაფერი კაცის დაუკითხავად ხდება. რასაკვირველია - არა- ყველა ქრისტიანი თეოლოგოსი ერთი შეხედულებისაა: კაცს აქვს თავისი საკუთარი ნება თავისუფალი ნება“ (2,228).

ვიქტორ ნოზაძის შეხედულებანი რუსთველური ბედისმეტყველების შესახებ თავის დროზე დიდი სიახლე იყო, ვინაიდან მკვლევარმა სკრუპულოზური ანალიზის საფუძველზე დაასაბუთა, რომ ღმერთი და ბედი განსხვავებული ცნებებია, „ვეფხისტყაოსნის“ ბედი ღმერთზეა დამოკიდებული, იგი ცვალებადია და საბოლოოდ იგი პერსონაჟის სულიერ განახლებას, მომავალზე მის ორიენტირებულობას ემსახურება. ასევე, მან განასხვავა ბედი და განგება, თუმცა „ვეფხისტყაოსანში“ განგების ვიქტორ ნოზაძისეულ კონცეფციაში ზოგი რამ შემდგომი კვლევების საფუძველზე დაზუსტდა.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. . ნოზაძ, ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1957I 2. . ნოზაძ, ვეფხისტყაოსანის ღმრთისმეტყველება, პარიზი, 1963I 3. . სულავა, განგების რუსთველური კონცეფცია, კრ.: შოთა რუსთველი. I, რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოც., თბ., 2000.

8 საქართველოს და რუსეთის ურთიერთობა ვ. ნოზაძის ისტორიული ნაშრომის მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


იზა დობორგინი
მანანა იამანი

„ყოველი ქართველი უცხოეთში თავისი ერის წარმომადგენელია“, - ამ ფრაზით იწყებს ემიგრანტი-მწერალი ვიქტორ ნოზაძე თავის ისტორიული ხასიათის ნაშრომს „გარდასულ ჟამთა საქმენი და ამბავნი“. ერის შვილობა, სამშობლოს სიყვარული მწერლის ღრმა რწმენით, მშობელი ქვეყნის ისტორიის ზედმიწევნით ცოდნით განისაზღვრება. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში შეხიზნულ ქართველობას, ავტორის აზრით, უნდა ჰქონოდა პასუხი კითხვაზე: „ვინა ბრძანდებით, რა ერის შვილი, რას წარმოადგენთ“. აღნიშნული ისტორიული ნაშრომის შექმნის მიზანი და გამართლებაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იყო. ამ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ ვრცელ ნაშრომში (მანქანაზე ნაბეჭდი 400 გვ.) ავტორი ვ. ნოზაძე ავლენს ისტორიული მასალის ღრმა ცოდნას და არაჩვეულებრივი გულწრფელობითა და სიყვარულით მოგვითხრობს ქართველი ერის თავგადასავალს დასაბამიდან ვიდრე 1948 წლამდე. სწორედ ამ წლითაა დათარიღებული აღნიშნული თხზულება.

ამჯერად ჩვენ შევეხებით ბოლო საუკუნეების მანძილზე ჩენი ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, უპირველეს საკითხს, ანუ საკითხს საქართველოს ორიენტაციის შესახებ, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველო-რუსეთის ურთიერთობასთან. აი რას ამბობს ავტორი 1948 წელს: „საკითხი, რომელიც ერეკლე პატარა კახმა 1783 წელს გადაჭრა, 130 წლის შემდეგაც კვლავ სადავო იყოო“ და იგი დიდი ტკივილითა და პასუხისმგებლობის გრძნობით მიმოიხილავს და დაუფარავად გვიზიარებს მის შეხედულებას ამ მართლაცდა დღემდე საჭირბოროტო და მოუგვარებელი საკითხის ირგვლივ. ჩვენს მიერ ამ საკითხის გამოყოფა და მასზე მკითხველის ყურადღების გამახვილება განაპირობა მისმა აქტუალობამ დღევანდელ საქართველოშიც ვფიქრობთ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება ის პარალელებიც, რომელთა დაძებნა არცთუ ძნელი საქმეა, რამდენადაც სანამ რუსეთი ჩვენი მეგობარია და ამას, დამეთანხმებით ვერაფერი შეცვლის და ამასთანავე იგი დიდი და ძლიერი სახელმწიფოა, ჩვენთვის, მეზობელი პატარა ერისათვის, მასთან ურთიერთობის საკითხი მუდმივად აქტუალური იქნება.

ნიშანდობლივია ავტორისეული დასათაურება: „რუსეთის საქართველო“ თითქოს სათაურშია გამოტანილი მთავარი აზრი, რომ საქართველო რუსეთის მიერ დაპყრობილია და მითვისებული. ეს მაშინ, როცა სხვა მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის განხილვისას ვხვდებით ასეთ დასათაურებებს: „საქართველო და სპარსეთი“, „საქართველო და თურქეთი“ და ა.შ.

საქართველოს ისტორიის თვალსაჩინო მოვლენა არის გარეშე მტერთაგან მუდმივი ომი, თავდასხმანი და შემოსევანი. იმ იმპერიებისათვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მეზობლად წარმოიშობოდნენ, საქართველო იყო ის ადგილი, რომელიც მათთვის საინტერესო იყო ქვეყნის გეო-პოლიტიკური მნიშვნელობის გამო. თითოეული მეზობელი ქვეყანა თავისი ფრთის უზრუნველსაყოფად მუდამ იმის ცდაში იყო, საქართველო დაეპყრო და იგი მტკიცედ ჰყოლოდა ხელში. ქვეყანა კი ამ გაუთავებელ ბრძოლებში ხორციელად იჟლიტებოდა და ნივთიერად პარტახდებოდა. შინაური განდგომილობა, შფოთი და, შესაბამისად, ძველი თუ ახალი გარეშე მტრები აიძულებდა ქართველ მეფეებს ეძებნათ ქვეყნისათვის სასარგებლო გამოსავალი. „განსაკუთრებული ცვალებადობა ქართულ პოლიტიკას დაეტყო მას შემდეგ, რაც რუსეთი კავკასიას მიუახლოვდა და ქართველ მეფეებს იმედი გაეღვიძათ, შველა და ხსნა მოსკოვიდან მოვაო“ (გვ. 378).

როგორც მოსალოდნელი იყო, ავტორი ვ. ნოზაძე განსაკუთრებული ინტერესითა და ყურადღებით მიმოიხილავს, მეფე ერეკლე მეორის მოღვაწეობას და აღნიშნავს, რომ „მისი ნამდვილი მიზანი იყო მთელი საქართველოს გაერთიანება“ და რომ სინამდვილეში მივიღეთ „საქართველოს ერთობა რუსეთის მფარველობაში“. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების აზრი იმდენად იყო გავრცელებული მე-18 საუკუნის მიწურულს, რომ „გეორგიევსკის ტრაქტატის“ მიღებიდან რამდენიმე წელიწადში ქართველ მთავართა შორის დადებულ იქნა „საკავშირო აღთქმა“, რომელსაც მუხლობრივად განიხილავს ავტორი და ამ ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ დებულებად მუხლი I მიიჩნია: „შევრაცხო ყოველი მტერი თქვენი მტრად ჩემდა და ყოვლისა სამეფოისა ჩემისა“. ამ ხელშეკრულების, ანუ ქართველ მეფეთა და მთავართა „აღთქმის“ დედააზრი კი მეხუთე მუხლშია მოქცეული: „საქართველოს ერთობა რუსეთის მფარველობაში ესაა სრულიად ახალი პოლიტიკა ქართულ საზოგადოებრივ ისტორიაში მაგრამ არც ამ ახალ პოლიტიკას გამოუღია ნაყოფი, ვინაიდან ეს ნაბიჯიც უკვე დაგვიანებული იყო. ისტორიულად „ბედი ყოველთა ივერიელთა“ გადაწყვეტილი იყო. მოვიდა რუსეთი და აღგავა ყოველი სამეფო ქართული“ (გვ. 103).

საქართველოში რუსეთის დამკვიდრებისა და სამეფოთა მოსპობის შემდეგ ქართულმა ფეოდალურმა საზოგადოებამ, რასაკვირველია, დაკარგა თავისი ძლიერება და მნიშვნელობა. ამან ქართველ ხალხში, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია და როგორც თავადი, ისე გლეხი აჯანყდა. მოგვაქვს, ჩვენის აზრით, ნიშანდობლივი ამონაწერი თხზულებებიდან: „რუსეთის მთავრობა იმდენად ჭკვიანი და კეთილშობილი რომ ყოფილიყო, მას თავისი სიტყვა და დაპირება არ გაეტეხა და ქართული სამეფოებისათვის მართლა მფარველობა და დახმარება გაეწია, ქართველი ერის ბედი სულ სხვა იქნებოდა, და რუსეთსაც აცდებოდა ის დიდი სისხლისღვრა და ზიზღი, რომელიც მან საქართველოში გამოიწვია“ (გვ. 380). ყველა აჯანყება სისხლით იქნა ჩახშობილი, ხოლო დიდი შეთქმულების (1832 წ.) მონაწილენი რუსეთს გადარეკეს. ქართველობაც გამოერკვა, რომ რუსეთის მოშორება არც ისე ადვილი საქმე იყო და დამარცხებული თავისი ეროვნულ უფლებათათვის ბრძოლას უკვე ახალ პირობებთან შეგუების შესაძლებლობის ფარგლებში ეწეოდა-ხმალი დაუჩლუნგდა და მისი ადგილი კალამმა დაიკავა.

ნაშრომში ცალკე თავი ეძღვნება „ეროვნულ უფლებათათვის ქართველების ბრძოლას უცხოეთში“. ვ. ნოზაძის აზრით, საქართველოს სახელმწიფოებრივი აღდგენის ქადაგება და ამ ნიადაგზე მოღვაწეობა, თუ ბრძოლა „ბუნებრივად უნდა გადატანილიყო თავისუფალ ასპარეზზე, რომელსაც უცხოეთი წარმოადგენდა“ (გვ.151). ავტორი დადებით შეფასებას აძლევს ქართველთა მცდელობას ამ კუთხით. კერძოდ, მხედველობაში აქვს 1873 წ. „ჟენევაში“ გამოცემული გაზეთი „დროშა „1874 წ. ისევ „ჟენევაში“ ჩატარებული კავკასიელთა ყრილობა, რომელზეც აღიარებულ იქნა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობისა და ფედერაციის პროგრამა 1903 წ. პარიზში გ. დეკანოზიშვილის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველო“, რომელიც იცავდა საქართველოს ავტონომიას და მის პოლიტიკურ თვითმმართველობას რუსეთის ფარგლებში 1904 წ. მის მიერვე (გ. დეკანოზიშვილი) წარმოებულ მოლაპარაკებას იაპონიის წრმომდგენლობასთან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1907 წ. „ლონდონში“ დაარსებული „საქართველოს დამხმარე ინგლისური კომიტეტი“, 1907 წ. ჰააგის ყრილობაზე გაჟღერებული ქართველთა თხოვნა ჩარეულიყვნენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში და აეძულებინათ რუსეთი, რათა მის მიერ დარღვეული 1783 წლის ხელშეკრულება აღედგინა და 1908 წ. „ჟენევაში“ პ. სურგულაძის ხელმძღვანელობით დაარსებული ქართული ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“, რომელიც ემსახურებოდა საქართველოს მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ. დაბოლოს, ავტორის დასკვნით, საქართველოს საკითხის გარშემო ევროპაში სამი მიმდინარეობა იბრძოდა: ქართველთა ერთი ნაწილი ითხოვდა რუსეთისაგან საქართველოს გამოყოფას, მეორე ნაწილი მოითხოვდა რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ხელშეკრულების აღდგენასა და დაცვას, ხოლო მესამე-საქართველოს ავტონომიის მომხრე იყო.

ამგვარად, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოებრიობის საკითხი ქართულ აზროვნებაში მუდმივად ტრიალებდა და თუ რუსეთი საგარეო ვითარებათა გამო დასუსტდებოდა, საქართველო თავის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას უსათუოდ აღიდგენდა, პირველმა მსოფლიო ომმა ქართველი ერის ცხოვრება სრულიად შეატრიალა და ახალ გზაზე დააყენა. „ისტორიის ღმერთმა ასე ინება-აგრძელებს ავტორი - რომ ისტორიულ მსვლელობათა შედეგად რუსეთის იმპერია დაილეწა 1917 წ. და მის შედეგად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლბაც აღსდგა, თვით ქართველი ხალხის ნებასურვილითა და მოღვაწეობით“ (გვ. 158).

გვინდა რამდენიმე წინადადებით ერთხელ კიდევ დავუბრუნდეთ რუსეთის პოლიტიკისა და მისი შედეგების ნოზაძისეულ შეფასებას. მისი აზრით, მართალია, რუსეთის დამკვიდრებას საქართველოში ავი შედეგი მოჰყვა-ქართველი ერი გადაგვარდა თავისი ბუნებრივი ისტორიული განვითარების გზიდან, მაგრამ მას თავისი დადებითი შედეგებიც ჰქონდა. მოგვაქვს ამონაწერი თხზულებიდან: „ქვეყანა ეკონომიკური ცხოვრების ახალ პირობებში შესვლას შეუდგა და რუსეთის გზით... უფრო მეტად, ვინემ წინა საუკუნეებში ევროპას დაუახლოვდა და მისი ნაყოფით ისარგებლა. საუკუნეების მანძილზე დაკარგული მიწა-წყალი უკან დაიბრუნა რუსული იარაღის მეშვეობით და საკუთარი სისხლით საქართველო, თუმცა რუსულ გუბერნიებში გამომწყვდეულნი, სხეულებრივ გამრთელდა და გამთლიანდა“ (გვ.381).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას ავტორი აფასებს, როგორც უდიდეს ისტორიულ გამარჯვებას და აგრძელებს, რომ „ეს იყო პოლიტიკურად და მორალურად ერთი უბედნიერესი ხანა, ვინაიდან, დაბოლოს, მრავალსაუკუნოვან მისწრაფებათა, ცდათა და ბრძოლის შემდეგ, საქართველო ევროპაში შევიდა“ (იქვე). ავტორი აღფრთოვანებით ლაპარაკობს იმ ევროპული ქვეყნების შესახებ, რომელთაც სცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა, თუმცა ქვემოთ გულისტკივილით განაგრძობს, რომ „ევროპიულმა იმპერიალიზმმა საქართველოს სახელმწიფო თავისი უფლებით მონათლა და თავისი ოჯახის წევრად გახადა, მაგრამ ევროპამ ვერ დაიცვა საქართველო.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დრო აღარ ეყო თავისი ურთიერთობა ევროპასთან გაეფართოვებინა და გაემყარებინა. საფრთხის წითელი აჩრდილი უკან დასდევდა ქართულ საქმეს ევროპაში ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთმა აზერბაიჯანი დაიკავა (1920 წ.), მას მთელ ამიერკავკასიაში გზა გაეხსნა, ხოლო ევროპის მაღალ პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა აზრი, რომ ახალგაზრდა საქართველოს რესპუბლიკის ბედიც განწირული იყო. საქართველომ, ვით წარსულში სცადა თავის გასამაგრებლად და ევროპაში საბოლოოდ დასამკვიდრებლად, ისევ ევროპას დაყრდნობოდა და დახმარება მიეღო მისგან. იმ ევროპისაგან, რომელთანაც იგი თავისი კულტურით იყო დაკავშირებული ისტორიის პირველივე საუკუნეებიდან. თავისუფლებით აღფრთოვანებული ქართველი ხალხი სასოებით შეჰყურებდა ევროპას და მისგან ხელის გამართვას ელოდა, თუნდაც იმ აზრზე დაყრდნობით, რომ პოლიტიკაში ცივი ანგარიში და მოგება მნიშვნელოვანია, თუ არა გადამწყვეტი. ამ პოლიტიკური ანგარიშით კი ევროპა თუ საქართველოს დახმარებას გაუწევდა, მისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, რადგან ამით რუსეთში აბობოქრებულ ბოლშევიზმს ევროპა-აზიისაკენ გზა გადაეკეტებოდა. ავტორი სინანულით განაგრძობს: „ქართველი ერი ბრძოლის ველზე მარტო აღმოჩნდა. ევროპა შორიდან გულგრილად გასცქეროდა პატარა ქართველ ერს“ (გვ. 387) თუმცა ქართველ ერს მუდმივად უქებდა ვაჟკაცობას, თავგანწირვას, გმირობას, ამასთანავე „ლიტონ, ცარიელ თანაგრძნობას უგზავნიდა“ (იქვე).

დღეს, როცა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის საკითხი განიხილება ცნობილი სამკუთხედის ჭრილში-საქართველო-რუსეთი-ამერიკა, ვფიქრობთ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება ვ. ნოზაძის შეხედულება საქართველო - ამერიკის ურთიერთობის საკითხზე. ნაშრომში გატარებულია აზრი, რომ მართალია, ვაშინგტონი ბოლშევიკური მოსკოვის წინააღმდეგი და ახალი დემოკრატიული რუსეთის შექმნის მომხრე იყო, მაგრამ ეს რუსეთი უნდა ყოფილიყო მთლიანი და განუყოფელი. ვ. ნოზაძის აზრით, აქედან გამომდინარეობდა ამერიკის უარყოფითი დამოკიდებულება იმ სახელმწიფოსადმი, რომელნიც რუსეთს გამოეყვნენ. მოგვაქვს ციტატა: „ამერიკა ალმაცერად უყურებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და არავითარ ინტერესს მისდამი არ იჩენდაო“. თუმცა ქვემოთ ვკითხულობთ ამ დასკვნის შემარბილებელ ვრცელ ამონაწერს 1921 წლის 17 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთი გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან: „რუსეთმა უნდა გვიჩვენოს, რომ იგი პატივს სცემს სხვა ერების უფლებებს და უნდა გაიყვანოს თავისი დამპყრობელი ჯარები სომხეთიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდანო“. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში იმ დროსაც შეიქმნა საქართველოს მეგობართა პატარა წრე, რომელმაც მოიწადინა საქართველოს საკითხით ამერიკა დაეინტერესებინა-ეს ცდაც უშედეგო აღმოჩნდა და საქართველო-ამერიკის ურთიერთობაც ამით ამოიწურა (გვ. 211).

დასასრულს მოვიხმობთ ვ. ნოზაძისეულ შეფასებას, რომ „საქართველო არის აჯანყების კლასიკური ქვეყანა, ვინაიდან არც შორეულ წარსულში და არც მერმე ქართველი ერი არც ერთ დამპყრობელს არ შერიგებია და არც შეურიგდება... რადგან იგი მისთვის ეროვნულად და მორალურად, პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად მიუღებელია“ (გვ. 161). და რომ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისაკენ გამომდინარეობს ძველთაძველი ისტორიული, მტკიცე და ურყევი ჩვეულებიდან, რომელიც თავის აღსრულებას მოითხოვს, ვით კანონი ერის ცხოვრებისა-ესაა საქართველოს თავისუფლება.

ეს სიტყვები დაიწერა 1948 წელს. დღეს ეს ნანატრი და ისტორიულად დამსახურებული დამოუკიდებლობა მოპოვებულია. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც მოწესრიგდება და ორივე ქვეყნისათვის ერთნაირად სასურველი და წარმატებული იქნება.

9 ვიქტორ ნოზაძის გამოუქვეყნებელი ნაშრომი

▲ზევით დაბრუნება


ნათელა ჩიტაური

XX საუკუნის ქართული ემიგრანტული მემკვიდრეობის თავმოყრამ და შესწავლამ ქართველ ერს საშუალება მისცა დაებრუნებინა დაკარგული „ისტორიული მეხსიერება“ (ყველასათვის ცნობილია ბატონ გურამ შარაძის დიდი ღვაწლი XXს. ქართული ემიგრანტული მემკვიდრეობის მოპოვებისა და კვლევის საქმეში. ამ მიმართულებით მისი ერთ-ერთი საინტერესო წიგნია „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება“). მრავალი საინტერესო ფაქტი გამოვლინდა, ბევრი რამ ახლებურად შეფასდა... ამ რთულ პერიოდზე მსჯელობამ არა მხოლოდ ჩაგვაღრმავა სამშობლოს ისტორიაში, არამედ ერთხელ კიდევ დაგვაფიქრა იმაზე, თუ რა საოცარია ადამიანის ბედისწერა, პიროვნების ბრძოლა თუ მორჩილება ამ ბედისწერასთან მიმართებაში, ამ ბრძოლასა და მორჩილებაში ვლინდება მისი ზოგადადამიანური თუ ეროვნული თავისებურებანი.

ჩვენმა თაობამ უკვე იცის, ვინ არის ვიქტორ ნოზაძე. მან 1921 წლამდე დატოვა საქართველო. 26 წლის ვიქტორი დამოუკიდებელი საქართველოს მთარობამ სხვა 70 ახალგაზრდასთან ერთად საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნა. შემდეგ სად არ ატარა ბედმა. 1944 წ. ბერლინში გამოდიოდა ქართველ ფაშისტთა ორგანიზაციის „ქართული ეროვნული კომიტეტის“ პერიოდული გამოცემა „ქართველი ერი“. ვიქტორ ნოზაძესაც, როგორც ბევრ ქართველ ემიგრანტს, იმედი მიეცა, გერმანელთა დახმარებით ეგებ საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგენილიყო. სათავეში ჩაუდგა ამ ჟურნალს, შემდეგ ევროპიდან ამერიკაში ჰიტლერთან თანამშრომლობის პასუხისმგებლობას გაექცა. ამერიკაში მყოფმა თანამემამულემ მილიონერმა მერაბიშვილმა დააფინანსა უსახსროდ დარჩენილი ვიქტორ ნოზაძე, ამ დაფინანსებამ მეცნიერს საშუალება მისცა ჩილეში დაეწერა და გამოეცა „ვსკ“-ის „განკითხვის დღე“ ანუ „ჩხრეკანის“ (როგორც თვითონ უწოდებდა) 6 ტომი. ვიქტორ ნოზაძე სიცოცხლის ბოლო წუთამდე იღწვოდა, მუშაობდა, ჩქარობდა ნაშრომების დაბეჭდვას, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი გამოკვლევა გამოუქვეყნებელი დარჩა.

აი, რას სწერს გურამ შარაძეს ვიქტორ ნოზაძის ძმა - გიორგი ნოზაძე: „ჩემი ძმის - ვიქტორ ნოზაძის რუსთველოლოგიური მემკვიდრეობა ამით არ ამოიწურება (იგულისხმება გამოუქვეყნებელი 6 ტომი). მან დატოვა ნახევრად დამუშავებული სახით მის მიერ განზრახული სხვა შრომის მასალები (გ. შარაძე. უცხოეთის ცის ქვეშ, ტ. I, გვ. 375).

ვ. ნოზაძის არქივი დღეს გურამ შარაძის მიერ დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმშია დაცული. ამ არქივის გამოუქვეყნებელ ნაწილში, ხელნაწერი ტომების სახით, მოიპოვება არა მხოლოდ რუსთველოლოგიური შრომები აქ არის ბევრი უცნობი დიდმნიშვნელოვანი გამოკვლევა და მონოგრაფია საქართველოს ისტორიის, ხელოვნების სხვადასხვა დარგის, ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის შესახებ, მდიდარი პუბლიცისტური, ეპისტოლარული მემკვიდრეობა.

ვ. ნოზაძემ სიცოცხლეშივე გამოაქვეყნა „ვეფხისტყაოსანის ჩხრეკანის“ რამდენიმე ტომი: „ფერთამეტყველება, „მზისმეტყველება“, „ღმრთისმეტყველება“, „მიჯნურთმეტყველება“, „ვარსკვლავთმეტყველება“, „საზოგადოებათმეტყველება, მაგრამ ვერ მოასწრო „ვეფხისტყაოსანის გულთამეტყველებისა“ და „ტანთმეტყველების“ დაბეჭდვა.

რას წარმოადგენდა ეს უცნობი ხელნაწერი (ავტოგრაფული) ნაშრომები ან რას ნიშნავს საერთოდ „ვეფხისტყაოსნის“ ამ „განკითხვების“ ანუ „ჩხრეკანის“ სათაურები?“

აი, რას წერს ვ. ნოზაძის ახლო მეგობარი და თანამშრომელი მიხეილ ქავთარაძე: „შემთხვევით ვიქტორ ნოზაძის ხელში მოხვდა მარჯორი უორდროპისეული „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისური თარგმანი. ვიქტორმა თარგმანისა და ორიგინალის შედარებით დაიწყო მისი „ჩხრეკანი“. ამ დროს შენიშნა, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ფერს ასეთი დიდი ადგილი უკავია. ამ მოვლენას დაარქვა „ფერთამეტყველება“, რაც შემდეგში მისი წიგნის სათაურად იქცა ხოლო სიტყვა „მეტყველების“ ქართულ ენაში არსებულმა გამოძენებამ მას საშუალება მისცა იგივე სიტყვა შემდეგი ტომების სათაურებშიც გამეორებულიყო“ (გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ. ტ. I, გვ. 399).

ნაშრომში „ვეფხისტყაოსნის“ „ტანთმეტყველება“ წარმოდგენილია, რამდენჯერ, როგორ, რა კონტექსტშია გამოყენებული ადამიანის სხეულისა და გრძნობის ორგანოების აღმნიშვნელი სიტყვები პოემაში ასევე „გულთამეტყველებაში“ მეცნიერი საოცარი კეთილსინდისიერებით და, ბუნებრივია, დიდი შრომის ფასად, გვაცნობს სიტყვა „გულის“ და მისგან ნაწარმოები კომპოზიტების ხმარების ყველა შემთხვევას „ვეფხისტყაოსანში“, მაგრამ ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ნაშრომები ფაქტების მხოლოდ მშრალი აღნუსხვაა. ამ გამოკვლევათა დაწვრილებითი განხილვის ან მათგან მაგალითების მოტანის საშუალება ამჯერად არა გვაქვს, აღვნიშნავთ მხოლოდ იმ ძირითად შედეგებს, რის გამოც ეს ნაშრომები დღესაც ფასეულია.

ამ გამოკვლევებში ახსნილია თითოეული სიტყვის მნიშვნელობა. ახსნისას გამოყენებულია ს.-ს. ორბელიანის, ნიკო ჩუბინაშვილის, ი.აბულაძის და სხვა ლექსიკონები, ი. ჯავახიშვილის წიგნები, ძველი ქართული სამედიცინო კრებულები, უძველესი ქართული ტექსტები, ბიბლია, ხალხური შემოქმედება, განმარტებისას ვ. ნოზაძე ხშირად მიმართავს ძველ ბერძენ ფილოსოფოსთა ნააზრევს, უცხოურ ლიტერატურას. ვ. ნოზაძის დასახელებულ ნაშრომთა მეცნიერული ღირებულება თუნდაც ის არის, რომ ამ ლიტერატურის და თვითონ მეცნიერის განსჯის ურთიერთშეჯერების შედეგად გამოკვლევაში წარმოდგენილია „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის ის ახსნა-განმარტებანი, რომელნიც პოემის ზოგიერთი სიტყვისა და გამოთქმის დღეისათვისაც მეტად საინტერესო, ახლებურ ინტერპრეტაციას იძლევა.

გამოკვლევებში მოცემულია სიტყვათა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარების შემთხვევები. ვ. ნოზაძე არკვევს, რა მხატვრულ ფუნქციას ანიჭებს რუსთაველი ამა თუ ის სიტყვას. რუსთაველის ენის მხატვრულობის და ამ მხრივ მისი უსაზღვრო შესაძლებლობების შესახე, ბევრი თქმულა, მაგრამ ვ. ნოზაძის ამ გამოკვლევებში მეტად გამჭვირვალედ წარმოჩნდება, თუ როგორ ხდება პოემაში ჩვეულებრივი სიტყვების (თავი, კისერი, თხემი, მხარი, ქედი, მკლავი, გული) მხატვრული ფუნქციის, პოეტური შინაარსით დატვირთვა. აქ მკვლევარს აინტერესებს უფრო პროცესი, ვიდრე შედეგი. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სათაურები „ტანთმეტყველება“, „გულთამეტყველება“ ზუსტადაა თხზულებათა შინაარსს მორგებული და ნაშრომთა გაცნობის შემდეგ უცხოდ გასაგონი აღარ არის.

განსაკუთრების საინტერესოდ მივიჩნიეთ ნაშრომი „ვეფხისტყაოსანის გულთამეტყველება“.

„გულთამეტყველების“ შესავალში აღნიშნულია, რომ სიტყვა „გული“ და მისგან ნაწარმოები კომპოზიტები პოემაში 305 და მეტჯერ არის ნახმარი. საინტერესოა შემდეგი: როგორც ვ. ნოზაძის მიერ მოტანილი მაგალითები ცხადყოფს, პოემაში ეს სიტყვა თითქმის არსად არ იხმარება ფიზიკური, ფიზიოლოგიური მნიშვნელობით. ვ. ნოზაძე ასეთ კითხვას სვამს: რატომ არ ხმარობს რუსთაველის ტვინს, როგორც, ასე ვთქვათ,“ფსიქიურ ბუდეს?“ რუსთველის დროს ხომ ტვინიც იხმარებოდა სწორედ ამ მხრით? ამის დასტურად ვ. ნოზაძეს მოაქვს მე-10-11 საუკუნის ძეგლი ე.წ. „უსწორო კარაბადინი“ აგრეთვე მე-12 ს-ში თარგმნილი „ვისრამიანი“.

გამოკვლევას „გულთამეტყველება“ წინ უძღვის ერთგვარი თეორიული შესავალი, სადაც ვ. ნოზაძე სიტყვა „გული“-ს ცნებას და შინაარსს განიხილავს უძველეს ეგვიპტელთა, ასირიელთა, ძველი ირანელების, ჰომეროსის პოემების, ძველი ბერძენი ფილოსოფოსების ნააზრევთა მიხედვით. ასევე ვ. ნოზაძე დაინტერესებულია ამ სიტყვის მხატვრული შინაარსით ძველ არაბულ, ესპანურ პოეზიაში, გერმანულ მწერლობაში. მეცნიერი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ვრცლად მიმოიხილავს ბიბლიას, რომლის მიხედვით: 1. გული არის ცენტრი გვამობრივი სიცოცხლისა. იგი არის მქონე ყველა სასიცოცხლო ძალისა. 2. გული არის ცენტრი სულიერ-გონებრივი სიცოცხლისა: ნებისყოფისა, მეხსიერებისა, ნდომისა, გრძნობებისა 3. გული არის ცენტრი ზნეობრივი სიცოცხლისა ყოველგვარი ფსიქიკური განწყობილებებისა“.

როგორც ჩანს, უძველესსავე დროში მიიჩნევდნენ, რომ სული ქმნიდა სიცოცხლეს. სხეულში სულის ადგილსამყოფელი კი გული იყო და არა თავის ტვინი.ე.ი. გული - ეს იყო მაცოცხლებელი ორგანო, ამავე დროს სიცოცხლის პრინციპი, ე.წ. „შინაგანი სახელოსნო სიცოცხლის წარმოებისა“. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ისიც, რომ ძველი ბერძენი სწავლულის არისტოტელეს დაკვირვებით, ქათმის კვერცხის ემბრიონში, პირველ ყოვლისა, გული ვითარდება, რომელიც დაბადების მესამე დღეს უკვე პულსაციას იძლევა. არისტოტელეს ეს დაკვირვებანი მოცემულია ცნობილი ქართველი ფიზიოლოგის ივ. ბერიტაშვილის ნაშრომებში. ამ ნაშრომებით, როგორც გამოკვლევიდან ჩანს, ვ. ნოზაძეც დაინტერესებულია.

რა ხდება „ვეფხტისტყაოსანში“? ვ. ნოზაძე გვეუბნება,რომ პოემაში სიტყვა „გული“-ს შინაარსი ამ ცნების ხალხური გაგებიდან მომდინარეობს. ეს ხალხური აღება კი არის ის, რომ სიტყვა „გული“ აღნიშნავს ადამიანის ყოვლის შინაგან, სუბიექტურ მხარეს, ფსიქიკურ განწყობილებებს: სიყვარულს, სიძულვილს, ასევე ზნეობრივ მხარეს. ხალხური გაგებით, გული „ფსიქიკურ მოქმედებათა ბუდეა“.

ვ. ნოზაძე იმასაც გვეუბნება, რომ „გულის“ შინაარსი „ვეფხისტყაოსანში“ თანხვდება ამ ცნების ბიბლიისეულ შინაარსსაც. ე.ი. არა მხოლოდ ფსიქიკურ-ზნეობრივი განწყობილებებია ამ ცნებაში მოაზრებული, არამედ გონიერებაც, ცნობიერებაც. ამიტომაც აღარ მოიხმარა რუსთაველმა სიტყვა „ტვინი“, ისარგებლა სიტყვა „გულით“, როგორც ეს ხალხში იყო გავრცელებული, ან ბიბლიაში ნაგულისხმევი, სადაც გული, ე.წ. „ფსიქიური გულის“ გარდა არის მატარებელი პიროვნული შეგნებისა, იგი მოქმედებს ზნეობრივ თვითგამორკვევაში და გონივრულ მოქმედებაში“.

ამიტომაც „ბიბლიის“ გაგებით ცოდვაც გულის შინაგან შეგნებასთან არის ჩართული იმდენად, რომ დანაშაულისა და სასჯელისათვის შეიძლება ისეთ გულს მიაკითხო“. როგორც ვხედავთ, ცნება „გული“ მეტად ფართო მნიშვნელობისაა, როგორც ბიბლიაში, ისევე „ვეფხისტყაოსანში“. ხშირად ცნებების „სული“-ს და „სინიდისის“ მაგივრადაც გვხვდება. ამიტომ საღმრთო წერილშიც და „ვეფხისტყაოსანშიც“ გულს ეწოდება სუბიექტი, მოიაზრება სუბიექტად, ზოგჯერ თითქოს „მეორე პიროვნებადაც ადამიანში, მას გააჩნია გრძნობის, გონების, ცნობიერების ფუნქციებიც“. ამადაც გვხვდება რუსთაველთან ასეთი გამოთქმები: „უგულო გული“, „გულის სიტყვა“, „გული ტირის“, „სიბრძნე გულისა“. ვ. ნოზაძე გვეუბნება, რომ „გულის“ სუბიექტად ქცევის შედეგად მკითხველი ქმნის ახალ ფსიქოლოგიურ ცნებებს: „გულის სიტყვა“, რაც ნიშნავს ფიქრს, აზრს, გონებით ლაპარაკს, სჯას თავის თავში, გონებაში ცხადია, უხმაურო, უსიტყვო ფიქრს.

ყოველივე ამის გამო „ვეფხისტყაოსანში“ ცნებები „გული“, „გონება“, „ცნობა“, „ცნობიერება“, „სული“ ზოგჯერ ერთმანეთის ნაცვლად იხმარება. თუმცა მათი გამოყენება ხშირია ერთმანეთის გვერდითაც, მაგრამ იმ შემთხვევაში ერთმანეთს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ, თუმცა ვ. ნოზაძე იმასაც ასკვნის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ „გულის“ ძმების უფრო ხალხურ შინაარსს მისდევს. გული მაინც ამ პოემაში უფრო ხშირად „ფსიქიურ მოქმედებათა ბუდეა“. ამასთან დაკავშირებით მკვლევარი აღნიშნავს. რუსთაველი იყო არა მხოლოდ ღრმად განსწავლული ფილოსოფოსი, არამედ ფსიქოლოგი და ფიზიოლოგიც. მან იცოდა, რომ შეგრძნება უმთავრესი წყაროა ჩვენი ცოდნისა, მასზეა დამოკიდებული გონება და ცნობიერება. სამივე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, მაგრამ უმთავრესია გრძნობა (გავიხსენოთ სტროფები: „გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან, რა გული წავა იგიცა, წავლენ და მისგან მიდიან“ ან: „მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული“).

ნათელია, რატომ არის სიტყვა, ცნება „გული“ ასეთი მრავალფერი ფუნქციით დატვირთული „ვეფხისტყაოსანში“, რატომ იხმარება იგი 305-ჯერ და მეტად, რატომ გადმოსცემს მისი შინაარსი ასე ზუსტად სინდისიერად, მრავალ შემთხვევაში კი ორიგინალურად პოემის სულიერ სამყაროს, მათ ემოციურ ამავე დროს გონივრულ ხასიათს.

ცხოვრებისეული ფილოსოფია, ადამიანის სიკეთე თუ ბოროტება „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით სწორედ „გული“-ს ცნებაშია განფენილი. პოემაში გულის მოძრაობათა წარმმართველი ისევე, როგორც ყველაფრის, არის ღმერთი: ღვთის ნება განსაზღვრავს ადამიანის ბედსა და ყოფას („მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის თქმათაო“).

საინტერესოა ვ. ნოზაძის დასკვნა: „ის, რომ „გული“-ს ცნების ხალხური, ბიბლიისეული და „ვეფხისტყაოსნის“ გაგება თანხვდებიან ერთმანეთს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ბიბლიის პირდაპირი გავლენა ან ხალხზე, ან პოემაზეც არამედ ეს არის „თვის ქართველი კაცის მიერ სინამდვილესთან შეფარდებული აზრი „გული“-ს შესახებ. გულის ნების თავისუფლებასა და მის ზნეობრივ თვითგამორკვევაში მჟღავნდება ადამიანის სულიერ-გონებრივი ხასიათი“.

ვ. ნოზაძის მსჯელობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ემოციურმა, მრავალბუნებოვანმა, მრავალწახნაგოვანმა ქართულმა ხასიათმა მიანიჭა ცნება „გულს“ ასეთი ღრმა, ფართო, ყოვლისმომცველი შინაარსი და მნიშვნელობა.

ამიტომაც „ვეფხისტყაოსანშიც“ და შემდეგაც სიტყვა „გული“ და მისგან ნაწარმოები კომპოზიტები ქართული მეტყველებისა და აზროვნების განუყოფელი ნაწილია.

ამასთან დაკავშირებით ქართული ხალხური შემოქმედებიდან თუ ლიტერატურიდან მრავალი მაგალითის მოხმობა შეიძლება, გავიხსენოთ თუნდაც ილიას სიტყვები „ოთარაანთ ქვრივიდან“: „გული, ესე იგი ის მადლი“, რაც ენას და ხელს უნდა ასაქმებდეს, მართალია რომ აღარ არის, გული რა არის? მარტო ერთადერთი კაცი რომ ყოფილიყო ქვეყანაზედ, გულიც არ იქნებოდა... თუ ორნი არ არიან, გულმა რისთვის ამოციქულოს ან ენა, ან თვალი, ან ყური. თავის თავთან მოციქული საჭირო არ არის, მოციქული სხვასთან უნდა, უსხვაოდ ერთის გული მარტო პარკია, სისხლის აღებ-მიმცემი აგებულებისათვის“.

როგორც ვხედავთ, ილიაც ფართოდ მოიაზრებს ცნება „გულს“. მას მიიჩნევს მადლის წყაროდ, რომელიც ორი ადამიანის ურთიერთობაში „ამოციქულებს“ როგორც გრძნობას, ასევე გონებას (ენას, თვალს, ყურს და ა. შ.).

საინტერესოა გრ. რობაქიძის შეხედულებაც, გამჟღავნებული მისი რომანის „ჩაკლული სულის“ მთავარი გმირის სიტყვებში: „გული მხოლოდ კუნთი არ არის, ის არის ხორცადქცეული ნაწილი მისტიურად დაგლეჯილი ღმერთისა... უკვირს, იგივ შემოქმედის ღვთაებრივი სუნთქვა, მე განრიგებული ყოველ მოკვდავში, გულებში გადანაწილდა“.

ვ. ნოზაძის გამოუქვეყნებელ ნაშრომთა შორის არის მეტად ვრცელი გამოკვლევა „გარდასულ ჟამთა საქმენი და ამბავნი“, სადაც მკვლევარი მიმოიხილავს საქართველოს ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას. ეს შეუსწავლელი მონოგრაფია მრავალმხრივ არის საინტერესო, მაგრამ ჩვენი ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო ამ ნაშრომის IV წიგნის პირველმა ნაწილმა. მისი სათაურია „ქართული მოდგმა და ხასიათია ქართველი კაცი“. ვ. ნოზაძე გვაცნობს სხვადასხვა უცხოულ მწერალთა, მოგზაურთა, ქართველ ისტორიკოსთა შეხედულებებს ქართველი კაცის გარეგნობასა, მის ბუნებასა და თავისებურებებზე. გარდა ამისა, ნაშრომში გამოთქმულია სამშობლოდან შორს მყოფი მიუკერძოებელი მეცნიერის დღეისათვისაც მეტად ყურადსაღები მოსაზრებანი ქართული ხასიათის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

ვ. ნოზაძის მსჯელობა ადასტურებს იმ აზრს, რომ ყველა ერის ხასიათში ერთი თვისება განაპირობებს მეორე მსგავს ნათესაურ გრძნობას. ასევეა ქართველებშიც. ქართველი კაცის ხასიათში მკვეთრად გამოხატული ამოუწურავი ოპტიმიზმი, სიცოცხლისადმი დიდი სიყვარული, სილაღე, მისწრაფება მხიარულებისაკენ, ბედნიერებისაკენ, ნათესაური ურთიერთობის საოცარი სურვილი და უნარი თავისთავად წარმოშობს მეგობრობის, ძმობის, დობის, ოჯახისადმი სიყვარულის დიდ გრძნობას. ამით ქართველობა ბევრი სხვა ერებისაგან განსხვავდება. ეს ყველაფერი კი ქართველ კაცს საოცარი ძალით აკავშირებს თავის ფესვებთან, მშობლიურ კუთხეებთან. ამიტომაც უჭირს მას განშორება თავის ქვეყანასთან და მუდმივად სტანჯავს ნოსტალგია (ვ. ნოზაძემ ხომ საკუთარ თავზე გამოსცადა ნოსტაგიაც და ემიგრაციის სიმწარეც).

ნაშრომში განხილულია ქართული ხასიათის ერთი უცნაური თვისება - ესთეტიური უპასუხისმგებლობა. რას ნიშნავს ეს? ქართველი ხალხი ხშირად ყოფილა პოლიტიკურ ბატონობაში, დამორჩილებია კიდეც ამ ბატონობას, მაგრამ არასოდეს სერიოზულად, ტრადიციულად არ შეუხედავს ამ ბატონობისათვის, არ დათრგუნულა ქართველ კაცში მხნეობა, სიყვარული, თავისუფალი და ცნობისმოყვარე გონება, მაღალი და შეუბოჭავი შეგნება, გულუხვობა, სისადავე, სათნოება, საოცარი სიყვარული სიცოცხლისადმი, ადამიანებისადმი, სწრაფვა ბედნიერებისაკენ, უდარდელობა. ესაა მათი „ესთეტიური უპასუხისმგებლობა“. როდესაც ამ ბატონობას ბოლო ეღება, ეს ხალხი თავისი ხასიათით ისეთივე რჩება, როგორიც უწინ იყო. შესაძლოა შინაგანად უფრო ძლიერიც კი (სხვათა შორის, ამას შენიშნავდა გრ. რობაქიძეც: „ნიცშეს სიტყვა - რაც ვერ მძლევს, მხდის უფრო ძლიერ, საქართველოზე თუა გამოჭრილი, - ამბობს ის. - გრ. რობაქიძე, ჩემთვის სიმართლე ყველაფერია, თბილისი, 1996 წ.). ქართველების ამ „ესთეტიურ უპასუხისმგებლობაში“ იმალება საიდუმლოება, ერთი მხრივ, მათი მიმზიდველობა, როგორც ხალხისა და მეორე მხრივ, საიდუმლოება მათი გადარჩენისა.

ნაშრომში ვ. ნოზაძე ეხება ქარველი კაცის რელიგიასთან დამოკიდებულების საკითხსაც: თვითონ ქართველის ბუნებაში ბევრია ქრისტიანული, მაგრამ ის არ არის დოგმატიკოსი არაფერში და მათ შორის რელიგიაშიც არ არის ფორმალისტი. ქართველი კაცის ურთიერთობა ღმერთთან თუმცა ღრმა არის, მაგრამ ამავე დროს არის უფრო სადა და უბრალო. ქრისტიანი ქართველი შემწყნარებელია სხვა რელიგიათა და ერთა მიმართაც. ქართველის ბუნება ამქვეყნად ბევრ რამეს სიცოცხლით ტკბობას, ბედნიერებისაკენ სწრაფვის სურვილს, ადამიანებისადმი, სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულს უქვემდებარებს. გარდა ამისა, ქართველისათვის ზოგჯერ ყველაზე მეტად ფასეულია მისი გულის კარნახი, შინაგანი სიკეთე, ზოგადად რომ ვთქვათ, შინაგანი თავისუფლება. აქ უნებურად გაგვახსენდება დიდი ქართველი შემოქმედნი: ვაჟა-ფშაველა, კონსტანტინე გამსახურდია, გრ. რობაქიძე და სხვანი. ალუდა ქეთელაურს, ჯოყოლას, არსაკიძეს არ ემუქრებათ რელიგიურ დოგმებში ჩაჭედვის საფრთხე. მათთვის მთავარია გულის კარნახი, შინაგანი თავისუფლება. ისინი ეძიებენ უნივერსალურ სიკეთეს. ამ გმირთა რელიგიური მისწრაფებანი თითქოს ბუნებრივად, ასე ვთქვათ, „ჯდება“ ქართულ ხასიათში. გავიხსენოთ გრ. რობაქიყეც: „ვაღმერთებთ სიცოცხლეს, როგორც ცეცხლის მოთაყვანე წარმართები“ (გრ. რობაქიძე, „რაინდული საქართველო“, გაზეთი „საქართველო“, 1917, №52). გრ. რობაქიძე არ ხედავდა დაპირისპირებას ქართულ წარმართობასა და ქართულ ქრისტიანობას შორის. „გრ. რობაქიძის აზრით, ქართული კულტურის მომავალი აღორძინება სწორედ მათ ერთიანობას უნდა დაყრდნობოდა“ (ა. ბაქრაძე, კარდუ, 1999 წ., გვ. 94-95).

ყველაფერი საინტერესო ამ ნაშრომში არის მეცნიერის დაკვირვებანი ქართველი კაცის ზოგიერთ უარყოფით თვისებაზე. ქართული ბუნების საიდუმლოთა ძიებისას მკითხველი ავტორთან ერთად არკვევს ამ უარყოფით თვისებათა მიზეზებს. ცხადი ხდება, რომ ეს მიზეზები უმთავრესად თვითონ ქართველი ერის ბუნებაში უნდა ვეყებოთ. ეს ძიება უშედეგოდ არ რჩება.

როგორც ითქვა, ქართველი კაცის მკვეთრად გამოხატული თვისებაა ოპტიმიზმი, სიცოცხლისადმი სიყვარული. ქართველი ისე ხშირად ომობდა, რომ ის ამ ცხოვრებას უკვე ზერელედ უყურებს, ზემოდან დასცქერის, თითქოს აბუჩად იგდებს („ესთეტიური უპასუხისმგებლობა“), რადგან ყველაფერი წუთიერია, ყველაფერი წარმავალია, ფასი არა აქვს ტრაგიზმს. ამიტომაა ქართველის ფილოსოფია მსუბუქი. ამიტომაც ქართველი მატერიალიზმს ვერ ეგუება. მართალია, ამქვეყნიურ სიკეთეზე უარს არ ამბობს, მაგრამ მისი გულისთვის თავსაც არ იკლავს, არ გაიჭირვებს და ტკივილებს არ მიიყენებს, შემდეგ აქედან ვითარდება სიმჩატე, გულმავიწყობა, ხვალინდელ დღეზე უდარდელობა და უზრუნველობა, დღევანდელთან შეგუება, ზოგჯერ მომავლისადმი ინტერესის დაკარგვაც თუნდაც თვითკმაყოფილება (გავიხსენოთ დიდი ილია, მისი „კაცია-ადამიანი“, „ბედნიერი ერი“).

ქართველი კაცის ხასიათში, როგორც ითქვა, არის მეგობრობა, დაძმობილების, დობილობის, საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობის დიდი მოთხოვნილება და უნარი. აქედან გამომდინარე, იგი საოცრად სტუმართმოყვარეა. ეს ყველაფერი თავისთავად მოითხოვს და ავითარებს სხვა თვისებებს: სიუხვეს, დახმარებას, შემწეობის სურვილს, „მიცემას და არა შურს, ჩუქებისა არ მოწყენას“. ქართული ხასიათის ეს თავისთავად კარგი თვისებები ზოგჰერ გადაიზრდება ხოლმე არასახარბიელო, უარყოფით თავისებურებებში. ხელს უწყობს მომჭირნეობას, არ ქონას და მფლანგველობას.

საქართველოს ბუნება ისედაც შობს სილამაზისადმი, ხელოვნებისადმი ტრფიალს.

ქართველი არის ცნობისმოყვარე, ცოდნისმოყვარე, მას იტაცებს მუსიკა, გალობა. ამავე დროს მის ხასიათშია არტისტიზმი, მსახიობის ნიჭი. ამიტომაც უყვარს პარადები, მანიფესტაციები, საზეიმო სხდომები. არ არის სკეპტიკოსი, უყვარს ოცნება, აღმაფრენა, ხშირად ეს აღმაფრენა ცრუა, ტყუილითაა გაჯერებული. ოპტიმისტია, მაგრამ ზოგჯერ გამოუსწორებელი იდეალისტი. მისი იდეალიზმი და ოპტიმიზმი უახლოვდება ნატვრას, ფანტაზიას. ხშირად ქართველ კაცს სინამდვილის აღქმის უნარს აკარგვინებს. ადამიანი თავის ძალას და შეძლებას ვერ ზომავს. როგორც ვხედავთ, ამას დღესაც მეტად უარყოფითი შედეგები მოაქვს, განსაკუთრებით პოლიტიკაში.

ვ. ნოზაძე აღნიშნავს, რომ ქართული ხასიათი უფრო მეტად ქმნის გმირებს, ვიდრე წამებულებს. ქართველმა იცის გმირული სიკვდილი და რაინდული თავგანწირვა. იკვეთება ქართული ბუნების კიდევ ერთი თვისება - ბრძოლა და სიკვდილი სახელისათვის („სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“). ქართველს უყვარს წინამბრძოლობა, ეს თავისთავად დიდებული თვისებაა, მაგრამ როგორც ვიქტორ ნოზაძე აღნიშნავს, ქართული ხასიათი ამბის პარალელურად (და არა აქედან გამომდინარე) ავლენს მეორე თვისებასაც, იგი სახელის, დიდების მოყვარეა, უყვარს თავის გამოჩენა, სხვებზე უკეთ და უმაღლესად წარმოჩენა, პირველობა. ამისათვის იგი ზოგჯერ სიცოცხლესაც არ იშურებს. ვ. ნოზაძე გვეუბნება: ერთგან კოზოლიკიც არის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ზესთამჩენობა“ და „კოზოლობა“ ქართველის ბუნებაში დიდებისა და დიდკაცობისმოყვარეობის შედეგია. ამის დასტურია საქართველოს ისტორიაც და დღევანდელობაც. „ქართული დიდკაცობის ფსიქოლოგია“ აყალიბებს შურს, მტრობას, ჯიბრს ადამიანებს შორის, ხელს უშლის ერთიანი აზრის შექმნას, ძალთა კონსოლიდაციას. ვ. ნოზაძეს ამასთან დაკავშირებით მოაქვს ერთი საინტერესო დოკუმენტი, თავის აზრსაც გამოთქვამს მის შესახებ. 1921 წელს დამფუძნებელმა კრებამ კონსტიტუციის საფუძველზე დაადგინა, რომ პარლამენტი მთავრობის თავმჯდომარეს ერთი წლით ირჩევდა. ვ. ნოზაძე აღნიშნავს: მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური არჩევა მთავრობის თანმიმდევრულ მუშაობას უთუოდ ძალიან დააბრკოლებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს წლიური არჩევა ქართველი კაცის ბუნებას სათანადო ანგარიშს უწევდა. მთავრობის თავმჯდომარის ყოველწლიური გამოცვლა ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა დელეგაციების სურვილს პირველობისათვის ადვილად დააკმაყოფილებდა.

ვ. ნოზაძის ნაშრომში „ქართული მოდგმა და ხასიათი“ კიდევ ბევრი რამაა ფასეული, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ამ ზოგადი ხასიათის მიმოხილვას ვჯერდებით. საინტერესოა, როდის შეიქმნა ნაშრომი? მთლიანად გამოკვლევის „გარდასულ ჟამთა ამბავნი და საქმენი“ თარიღი ბოლოს მითითებულია: 1948 წელი. საგულვებელია, რომ ნაშრომი „ქართული მოდგმა და ხასიათი“ ამ დროს დაიწერა. საერთოდ, 40-იან წლებში, თვითონ საქართველოში ამგვარი ნაშრომები არ იქმნებოდა. გ. ასათიანის ცნობილი წიგნი „სათავეებთან“ (რამდენიმე ცდა ქართული ხასიათისა და ესთეტიკური ბუნების გასარკვევად) გვიან, 80-იან წლებში შეიქმნა. საინტერესო იქნებოდა პარალელის გავლება ვ. ნოზაძის ნაშრომსა და გ. ასათიანის აღნიშნულ წიგნს შორის. ამ ორი შესანიშნავი ქართველი მკვლევარის, მათგან ერთი ემიგრანტის, ნააზრევთა ურთიერთშეჯერება და დასკვნები ეგებ ერთ პატარა მშველელად წადგომოდა ათასად გახლეჩილ დღევანდელ საქართველოს.

ვიქტორ ნოზაძის შეუსწავლელი, ხელნაწერების სახით არსებული, გამოუქვეყნებელი ნაშრომების ამ ზოგადი ხასიათის მიმოხილვებით გვინდოდა გვეთქვა, რომ XX საუკუნის ქართული ემიგრანტული მწერლობა ელის თავის მომავალ მკვლევართ. საკვლევი საძიებელი კი ბევრი არაა მხოლოდ იმიტომ, რომ აღვადგინოთ ისტორია, სრულყოფილად, გამთლიანებულად წარმოვაჩინოთ XX ს. ქართული ისტორიულ-ლიტერატურული პროცესები, გამოვხატოთ ჩვენი ემოციები, არამედ იმ მიზნითაც, რომ გამოვარჩიოთ, რა არის ჭეშმარიტად ფასეული, დღევანდელობისათვის საჭირო და აქტუალური, რომელიც არ დარჩება მხოლოდ ისტორიის კუთვნილებად.

10 ვიქტორ ნოზაძის თარგმანები

▲ზევით დაბრუნება


ლეილა დარჩია

მეოცე საუკუნის მიწურულმა საქართველოს ემიგრაციაში მცხოვრებთა ბევრი მივიწყებული სახელი დაუბრუნა. „მერედა, სულიერი ცხოვრების რა სფეროში არ გამოვლინდა უცხოეთის ცის ქვეშ მოხვედრილი ქართველი კაცის ნიჭის ბრწყინვალება, მისი ინტელიგენტური დახვეწილობა, ძირძველი ჯიშის კეთილშობილება და რაინდობა, - იქნებოდა ეს პოლიტიკა, მწერლობა, მეცნიერება თუ ხელოვნება! რომელ მათგანში არ შექმნა მან წარუვალი ეროვნული, თუნდაც საკაცობრიო ღირებულების მქონე ძეგლები, რომლებიც ნებისმიერ დროში, ნებისმიერ ცივილიზებულ ერს დაამშვენებდა: რომელი ქვეყნის საუკეთესო პოლიტიკურ და რევოლუციურ მოღვაწეს, ორატორ-ტრიბუნს არ შეედრებოდა ირაკლი წერეთელი, ან ნოე ჟორდანია, გნებავთ, კარლო ჩხეიძე... რომელი დიდი ლიტერატურის მქონე ქვეყანა არ ინატრებდა გრიგოლ რობაქიძეს... განა ბევრ ქვეყანას ჰყავს ისეთი დიდი მეცნიერები, როგორიც ვთქვათ, მიხაკო წერეთელი, ზურაბ ავალიშვილი, ძმები ნიკურაძეები, მიქელ თარხნიშვილი, ან ვიქტორ ნოზაძე...“1

ვიქტორ ნოზაძეს ბევრი ხელნაწერი შრომა დარჩა, რომლებიც დღემდე დაუბეჭდავი და გამოუქვეყნებელია. მათ შორის გახლავთ უცხო ენებიდან თარგმნილი რამდენიმე წიგნი. ის ქუთაისის ქართული გიმნაზიის მეექვსე კლასის მოსწავლე ყოფილა, როცა მთარგმნელობითი მუშაობა დაუწყია, რომლის შესახებაც თავად იგონებს:

„დაიწყო სწავლა. ბატონ იოსებს* უკვე ხშირად ვხედავდი ხოლმე... მეექვსე კლასელებს იგი ამბებს ან მოთხრობებს არ გვიყვებოდა,- ჩვენთან იგი უფრო რთულ საკითხებს ეხებოდა და განსაკუთრებით ქართული ისტორიისა და ეროვნულ საკითხებზე გვესაუბრებოდა. ერთ დღეს ბატონმა იოსებმა გამომიძახა და მეკითხება შემდეგს:

- რას ფიქრო,შენ? შეიძლება თუ არა დავაარსოთ პატარა წრე ისეთ მოწაფეთაგან, რომელიც ან თვითონ დაწერს რაიმეს, ან თარგმნის რუსულიდან! ვინ გამოდგება ამ საქმისათვის?

მეც სიხარულით დავეთანხმე და ჩემი მხრივ დავუსახელე ის მოწაფენი, რომელთაც, ჩემი აზრით, ასეთი მუშაობა შეეძლებოდათ.

თურმე ბ-ნი იოსები ამგვარათვე სხვა მოწაფეებს მოელაპარაკა. და ამნაირად დაარსდა ლიტერატურული წრე, რომელიც მთარგმნელობას შეუდგა.

... რუსული მოთხრობები მან თვითონ მოგვცა... იგი გვაკითხებდა თარგმანს, გვისწორებდა და თარგმანის ტექნიკას გვასწავლიდა“.2

1928 წელს ვიქტორ ნოზაძე პარიზში დასახლდა. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ დამკვიდრდა, რადგან მომდევნო წლებში იგი ცხოვრობდა სამხრეთ ამერიკაში, ესპანეთში, ხოლო 1963 წელს კი სამუდამოდ საფრანგეთს დაუბრუნდა.

საფრანგეთში მცხოვრე,ვიქტორ ნოზაძეს სხვა უცხო ენების გვერდით, არ არის გასაკვირი ფრანგული ენაც რომ სცოდნოდა.

ვიქტორ ნოზაძის არქივში, რომელიც ბატონ გურამ შარაძის ძალისხმევით უკანასკნელ ხანებში სამშობლოს დაუბრუნდა, დაცულია ევროპული ენებიდან ნათარგმნი რამდენიმე წიგნი.

ვ. ნოზაძეს თარგმნილი ლიტერატურა ერთად მოუქცევია და მისთვის „დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების მწერლობა“ უწოდებია.

ჩვენ ხელთ არსებული ხელნაწერებიდან გვაქვს 17 ტექსტი. აქედან 15 ფრანგული და ორი იტალიური პოემაა. ეს ტექსტებია:

  1. იდილიური რომანი

  2. ოკასენ და ნიკოლეტ - Aucassion et Nicolette

  3. Galeran de Bretagne

  4. Guillaume et Aelis

  5. „ლაიო“ მარი დე ფრანსისა ივონეკ“*

  6. ლე დჲე ფრენს

  7. გიჲო,პალერმოელი

  8. Harie de France გინგამორ

  9. ქალი და სიყვარული კრეტიენთან

  10. კრეტიენ დე ტრუა

  11. კლიჟეს და ფენის Cligés et Fenice

  12. Lancelot et Guenievre ლანსელო და გენიევრ ანუ რომანი მეურმისა - Roman de la charette

  13. ივენ და ლოდინ ანუ ლომიანი რაინდი

  14. კრეტიენ დე ტრუა, პერსევალ ე ბლანშფლორ ანუ თხრობა გაალ-ზე

  15. შეყვარებული ორლანდო Orlando unnamorato

  16. ორლანდო ფურიოზო Orlando furioso

სამწუხაროდ, თარგმანის ყველა ფურცელს ჩვენამდე არ მოუღწევია. როგორც ვიცით, ვიქტორ ნოზაძე ლინოტიპზე თვითონ აწყობდა ტექსტს. იმ საქაღალდეს, რომელშიც ეს ნათარგმნი ტექსტებია მოთავსებული, აწერია: „ნაკვეთი მეექვსე (რვეული პირველი) ამოღებულია დასაბეჭდათ ფურცლები“ (მთარგმნელის სტილი ძველგან დაცულია - ლ. დ.). ე.ი. ჩვენ ხელთ ზოგიერთი ტექსტი თავნაკლული, არასრული სახითაა წარმოდგენილი.

როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების მწერლობა მოიცავს პერიოდს რომის იმპერიის დაცემიდან - 476 წლიდან XIV საუკუნემდე.

X-XI საუკუნეებში ყალიბდება ფეოდალური იერარქია, რომლის ნიადაგზე წარმოიშვა და გაძლიერდა საგმირო, სარაინდო ლიტერატურა. ფრანგულმა საგმირო ეპოსმა განვითარების მეტად ხანგრძლივი გზა განვლო. მართალია, ადრეული ხალხური ეპიკური სიმღერები ჩვენამდე მოღწეული არ არის, მაგრამ არსებული პოემები XI-XIV საუკუნეების პერიოდს განეკუთვნება.

თარგმნილი ლიტერატურაც სწორედ XII-XIV საუკუნეების ფრანგულ მწერლობას მოიცავს, რომლის მოკლე შინაარსები გადმოუცია ვ. ნოზაძეს.

თუ თარგმნილი ლიტერატურის ჩამონათვალს ყურადღებას მივაქცევთ, ჩვენთვის უცნო,ტექსტებს აქ ნამდვილად ვერ წავაწყდებით. ამიტომ ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებაზე, მათ ფორმასა და შინაარსზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ თვალში საცემია ის გარემოება, რომ ვიქტორ ნოზაძე, მართალია, ზოგჯერ ნაწარმოების სათაურს გვისახელებს, ან მარტო ავტორს,ან კიდევ ორივეს ერთად, მაგრამ გვაქვს ასეთი შემთხვევებიც: „იდილიური რომანი“ „ლაიო“ მარი დე ფრანსისა ივონეკ“ „ქალი და სიყვარული კრეტიენთან“ და „კრეტიენ დე ტრუა“. განვიხილოთ „იდილიური რომანი“, რომელიც, როგორც ვხედავთ ნაწარმოების სახელწოდება არ გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი თავნაკლულია, მას პირველი ორი გვერდი აკლია (რომელშიც შესაძლოა რაიმე ყოფილიყო თქმული ავტორისა და რომანის სათაურის შესახებ), ჩვენ მიერ მაინც დგინდება, რომ ხელთ გვაქვს უცნობი ავტორის რომანი „ფლუარ და ბლანშფლორ“. ამას გვაფიქრებინებს ხელნაწერის მე-5 გვერდის ბოლოში მთარგმნელის ფრჩხილებში მოთავსებული ჩანართი, რომლითაც გვამცნობს: აქ გამოვტოვებთ აღმოსავლეთის ცხოვრების აღწერას ისე, როგორც ეს უცნოპოეტს (ხაზი ჩვენია - ლ. დ.) ზღაპრულად წარმოდგენილი ჰქონდა“. რაც შეეხება თვით რომანის ზემოდასახელებულ კონკრეტულ სახელწოდებას ასევე ტექსტში მოცემული ორი ფრაზა გვიმტკიცებს:

1) ასეთი არის რომანი „ფლუარ და ბლანშფლორ“-ის რომანის შინაარსი“ (გვ. 8).

2) „...ფლუარ ე ბლანშფორ“-ის დამწერი კმაყოფილდება სიცოცხლის მძაფრი ჩვენებით“ (გვ. 9).

„ფლუარ და ბლანშფლორ“-ი მარტო მოქმედი გმირების სახელები რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ბრჭყალებში ჩასმული არ იქნებოდა.

მაშასადამე, ჩვენ ხელთ არის ვიქტორ ნოზაძის მიერ თარგმნილი ფრანგი უცნობი პოეტის ეპიკური პოემა „ფლუარ და ბლანშფლორ“ (შ. რევიშვილის თანახმად, „ფლუარ და ბლანშეფლერი“),3 რომელსაც მთარგმნელი სამი სხვადასხვა სახით წერს: „ბლანშფორ“, „ბლაშფორ“ და ზოგჯერ - „ბლანშფლორ“.

მაგრამ საიდან მიიღო ვ. ნოზაძის თარგმანში ტექსტმა „იდილიური რომანის“ სახელწოდება?! ვ. ნოზაძეს რომანის ბოლოში დართული აქვს ლოტ-ბოროდინის ვრცელი შეფასება ნაწარმოების შესახებ, რომელიც მთავრდება ფრაზით: „აქ არ გვაქვს დრამა, არამედ გვაქვს იდილია (ხაზი ჩვენია - ლ. დ.). შესაძლოა, სწორედ ლოტ-ბოროდინის ამ გამონათქვამის გამო (რომლის თვალსაზრისსაც იგი ანგარიშს უწევდა), რა თქმა უნდა, პირობითად ჰქონდეს „იდილიური რომანის“ სათაური შერჩეული.

„ლაიო“ მარ დე ფრანსისა ივონეკ“-ის შესახე,ჩვენ უკვე შენიშვნაში მივუთითეთ, ხოლო რაც შეეხება „ქალი და სიყვარული კრეტიენთან“ და „კრეტიენ დე ტრუა“-ს, ორივე ნაწარმოები გაერთიანებულია ერთ ავტორთან ფრანგ კრეტიენ დე ტრუასთან, რომელიც ძირითადად ცნობილია ართურის რომანების ციკლის დამუშავებით. მსგავსად „იდილიური რომანისა“ ამ შემთხვევაშიც ტექსტი თავნაკლულია და იწყება მე-3 გვერდიდან. მაგრამ რომანის შინაარსი გვაძლევს საფუძველს თამამად ვთქვათ, რომ ეს არის ცნობილი „ერეკი და ენიდა“ (იხ. ვ. ნოზაძის არქივი, ხელნაწერი შრომა „დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების მწერლობა“).

როგორც აღვნიშნეთ, საზოგადოებისათვის ეს სიუჟეტები ძირითადად ნაცნობია. შესაბამისად, შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ და რა მიზეზით თარგმნა ვიქტორ ნოზაძემ ამ საუკუნეების დასავლეთ ევროპული მწერლობის სწორედ ეს ნიმუშები? პასუხი საკმაოდ მარტივია.

ვიქტორ ნოზაძე მეცნიერებაში ცნობილია უმეტესწილად, როგორც შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის მკვლევარი. მისი რუსთველოლოგიური წერილები ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა თუმცა ძალიან ბევრი გამოკვლევა ჯერ კიდევ შეუსწავლელი და უცნობია ფართო საზოგადოებრივი მკითხველისათვის.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ვ. ნოზაძეს თარგმნილი ტექსტი იმავე საუკუნეში დაწერილი პოემისთვის - „ვეფხისტყაოსნისთვის“ შეედარებინა, სადაც თავის დამოკიდებულებას მხოლოდ რამდენიმე ფრაზით გამოხატავს და ამასთანავე გვამცნობს შუა საუკუნეების ფრანგული მწერლობის მკველვრის ლოტ-ბოროდინის აზრს რომელიმე ამ კონკრეტულ უცხოურ ტექსტთან დაკავშირებით. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

1) „განა შეიძლება შედარება ამ იდილიური რომანისა ვეფხისტყაოსანთან? რა უფსკრული განსხვავებაა!“ (გვ. 10).

2) „შეეფერება ვინმეს ეს რომანი ვეფხისტყაოსანს გაუტოლოს? - არა“ (გვ. 28).

3) „რასაკვირველია, ამ პოემათა შესახებ ბევრი კვლევა მომხდარა და ბევრი რამ დაწერილა მწერლობის ისტორიკოსთა მიერ, მაგრამ ჩემთვის საყურადღებო იყო მხოლოდ მეჩვენებინა მკითხველისათვის, თუ რას წარმოადგენდა პოემა მატტე მარია ბოიარდო-სი „შეყვარებული ორლანდო“, ორლანდო ინნამორატო და ლუდოვიკო არიოსტო-ს „გაგიჟებული ორლანდო“ („ხელი“ ორლანდო) - „ორლანდო ფურიოსო“.

ვისაც სურს, ეს ორი პოემა ვეფხისტყაოსანს შეადაროს“ (გვ. 97) - წერს ამყად ვ. ნოზაძე. მთარგმნელი ზოგჯერ თავს ვერ იკავებს და თვით ტექსტშიც კი ჩაურთავს „ვეფხისტყაოსნის“ შაირს: „აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა“ (გვ.50).

ვიქტორ ნოზაძე ზოგიერთ რომანს („გალერიან ბრეტონელი“) აზღაპრებს კიდეც დაწერს. „როგორც არ უნდა აქონ და ადიდონ ეს რომანი, მას ერთი რამ აკლია და ერთი არის ქართული ზღაპრის დასრულება: ქატო იქა, ფქვილი აქა, ჭირი იქა, ლხინი აქა, ელასა, მელასა, ძილი გაამოს ყველასა“... (გვ. 27).4

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შედარება იმავე ეპოქის უცხოურ ტექსტებთან ყოველთვის ხდებოდა. ასევე ყოველთვის გამოიკვეთებოდა შოთა რუსთაველის პოემის დიდი უპირატესობა. 1966 წელს საქართველოში რუსთველის იუბილეზე ეკატერინე ტოლსტაიამ და არმან ლანუმ განაცხადეს:

„ვეფხისტყაოსანი“ XII საუკუნეშია შექმნილი. ამრიგად, მისი ავტორი შოთა რუსთველი თანამედროვეა პროვანსელი ტრუბადურის ბერნარდ დე ვენტადორნისა, რომელიც ელეონორა აკვიტანელის კარზე ცხოვრობდა, და კრეტიენ დე ტრუასი - რომანების „ლანსელოტი, ანუ ურმის რაინდის“, „ივენი“, ანუ ლომის რაინდის“, „პერსევალის“ ავტორისა. განსაცვიფრებელია პარალელი რუსთველის „ვეფხისტყაოსანსა“ და კრეტიენ დე ტრუას „ლომის რაინდს“ შორის“.5

ასე რომ, ჩვენ ხელთ ვიქტორ ნოზაძის მიერ თარგმნილი „დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების მწერლობის“ მეტად საინტერესო ტექსტები მოგვეპოვება, რომლებიც სრულიად უცნობი კუთხით წარმოგვიდგენს ვიქტორ ნოზაძის შემოქმედებით ლიტერატურულ მოღვაწეობას.

მაგრამ ვიქტორ ნოზაძე არა მარტო ფრანგულ და იტალიურ, არამედ გერმანულ მწერლობასაც ადარებდა „ვეფხისტყაოსანს“. ვიქტორ ნოზაძის არქივში, რომელიც ამჟამად ქართული ემიგრაციის მუზეუმში ინახება, დაცულია მისი გერმანულ ენაზე დაწერილი უცნობი ნაშრომი „პარალელები „ნიბელუნგებსა“ და „ვეფხისტყაოსანს“ შორის“, რომელიც ქართულ ენაზე თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მანანა კვატაიამ (მისი ერთი ნაწილი გამოქვეყნდა „ლიტერატურული ძიებანის“ XXII, ტომში), სადაც მეტად საგულისხმო და გასაზიარებელ თვალსაზრისს ავითარებს: „ჩანს, აღნიშნულ საკითხზე მკვლევარს ვრცელი სამეცნიერო თხზულების შექმნა ჰქონდა განზრახული“.6

ამრიგად, ვიქტორ ნოზაძის მთარგმნელობითი მოღვაწეობა მისი შემოქმედების უცნობი მხარეა. ზემოხსენებული თარგმანები ახლებური კუთხით წარმოგვიდგენს მის რუსთველოლოგიურ საქმიანობასაც.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. . შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წიგნი ბ, თბ., 1991 წ., გვ. 4. 2. იქვე, გვ. 378. 3. . რევიშვილი, „XII-XIII,საუკუნეთა კურტუაზიული (საკარო) ლიტერატურა“ - წიგნში: საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორია, ნაწ. I, თბ., 1977, გვ. 83. 4. .ნოზაძის არქივი, ხელნაწერი შრომა „დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების მწერლობა“. 5. . ტოლსტაია, . ლანუ - „მსოფლიოს იგი „ჰოს“ ეუბნებოდა“, კრებული: რუსთველი მსოფლიო ლიტერატურაში, I, თბ., 1976 წ., გვ. 106. 6. . კვატაია, „ვიქტორ ნოზაძის ერთი გერმანული ნაშრომის გამო“, ლიტერატურული ძიებანი, XXIII, თბ., 2002, გვ. 606.

___________________

* იგულისხმება იოსებ ოცხელი, ქუთაისის მაშინდელი ქართული გიმნაზიის დირექტორი.

* შენიშვნა. XII საუკუნის მეორე ნახევრის (ზოგი წძაროთი XI-XII სს) ფრანგი პოეტის მარი დე ფრანსი-ს ორი ტექსტი გვაქვს: „ივონეკ“ და „ლე“; ვინაიდან მთარგმნელს ორივე ტექსტი ერთ სათაურშივე ჯქონდა მოქცეული, ჩამონათვალში ჩვენც ცალკე ნუმერაციით აღარ აღვნიშნეთ, რის გამოც ტექსტების სია 16 სახითაა წარმოდგენილი

11 ვეფხვის ფერთამეტყველებისათვის

▲ზევით დაბრუნება


ნესტან სულავა

„ვეფხისტყაოსნის“ ფერთამეტყველებას შოთა რუსთველის მხატვრულ-ესთეტიკურ კონცეფციაში უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აკისრია. პრობლემას არაერთი მკვლევარი შეხებია და გამოუთქვამს თავისი მოსაზრება კერძოდ, მოსე გოგიბერიძემ სპეციალურად განიხილა რუსთველის ფერის ფილოსოფია (4) გიორგი ნადირაძე, კორნელი კეკელიძის შეფასებით, მსჯელობს ფერის შესახებ „ვეფხისტყაოსანში“ (6), მაგრამ მის ნაშრომში იგი მიმოფანტულია და სპეციალური კვლევა მას ამ კუთხით არ წარუმართავს, თუმცა პოემა მდიდარ მასალას იძლევა ფერთამეტყველების საკვლევად და შეიძლებოდა მონოგრაფიას დართვოდა კიდევ ერთი თავი სახელწოდებით „ფერი როგორც ესთეტიკური ფენომენი“ აკაკი ავალიშვილმა მსჯელობა რუსთველის პოემის ფერითი სამყაროს შესახებ ლიტერატურათმცოდნეობისაგან არსებითად განსხვავებული ასპექტებით წარმოადგინა (1). საგულისხმოა სიმონ ჩიქოვანის შეხედულება: „ვეფხის ტყავი ბუნებასავით ხატოვანია და მრავალფეროვანი. ასეთი ფერადოვნება სჭირია რუსთაველს, რათა ყოველგვარი ტრაგიკული და დრამატული შემთხვევა გამოკვეთოს მზით გაბრწყინვებული სამყაროს ფონზე“ (13,12). რევაზ სირაძის შეხედულებით: „ვეფხის სიჭრელეც - ყვითელი, შავი ზოლებით მწუხარებისა და დაუოკებელი სიყვარულის სიმბოლო შეიძლება იყოს“ (11,183). ნანა გონჯილაშვილის აზრით, „ნესტანი მზეც იყო და მთვარეც, სინათლეც და ჩრდილიც. თითქოს ამის გაცხადებაა ვეფხვის სახება და მისი კონტრასტული, შავ (მრისხანება) - ყვითლით (ნათელი) დაზოლილი ტყავი, მისი ბუნების ორი უკიდურესობის - მშვენიერების და მძვინვარების გასაგნება“* (5,37).

ყველაზე სრულად „ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება წარმოაჩინა ვიქტორ ნოზაძემ წიგნში „ვეფხისტყაოსანის“ ფერთამეტყველება“, რომელშიც წარმოდგენილია ძალზე დიდი ემპირიული მასალა ფერის ფენომენის შესახებ მეცნიერული ცოდნის სხვადასხვა სფეროებიდან. იგი არკვევს ფერთა სიმბოლურ მნიშვნელობებს „ვეფხისტყაოსანში“, წარმოაჩენს პოემის გმირთა ფერწერულ პორტრეტებს და შესაბამისად მოიხმობს პარალელებს შუა საუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებიდან. ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება“ ფაქტობრივი მასალის უხვად დემონსტრირებაა, რამაც საფუძველი მოამზადა ფერის, როგორც ნაწარმოების მხატვრული სტრუქტურის ერთ-ერთი ელემენტის, ფერის ესთეტიკის სისტემური შესწავლისათვის.

ვიქტორ ნოზაძის დასკვნით: „ფერთა დიდი სიმბოლიზმი დიდად მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ, რელიგიურ, სოციალურ და ეკონომიურ ცხოვრებაში და მწერლობაში“ (7,45); „ვეფხისტყაოსანი მეტად მდიდარია ფერთა ჩვენებით. აქ დახასიათებული ევროპული სიმბოლიზმი ფერთა და ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება არ განსხვავდება. როგორც სინათლე, ისე ფერები, ვეფხისტყაოსანში დიდი სიუხვითაა მოფენილი. ეს შესანიშნავი რომანი დიდი მრავალფეროვანებით არის მოქარგულ-მოკაზმული, მორთული როგორც თვით ფერთა, ისე ვარდ-ყვავილთა და თვალთა პატიოსანთა ფერების წესით“ (7,47). მკვლევარმა საგანგებოდ შეისწავლა „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთა სამოსლის ფერთა სიმბოლიკა, მაგრამ, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ვეფხის ტყავის სამოსლის ფერთა სიმბოლიკა და მისი მნიშვნელობა პოემის სათაურის გასააზრებლად არც ერთ ნაშრომში არ განუხილავს (6; 8; 9).

ვიქტორ ნოზაძის შეხედულებები განავითარა და ფერის მხატვრული ფუნქცია სიღრმისეულად წარმოაჩინა რუსუდან ბარბაქაძემ. მან არაბეთში ვეფხისტყაოსანი მოყმის გამოჩენისას ფერთამეტყველების თვალსაზრისით გამოყო ტარიელის ჩაცმულობა - ვეფხის ტყავი, უმთავრესი სიმბოლო შოთა რუსთველის პოემისა, და აღნიშნა, რომ ვეფხის ტყავია ტარიელის ყოფის ერთადერთი გამამშვენიერებელი უტილიტარული საგანი, რაც „იწვევს გარკვეულ ინტუიციურ შეგრძნებას იმისას, რომ რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი იმალება ვეფხის ტყავის „შერჩევის“ მიღმა. და მართლაც, ირკვევა, რომ ვეფხის ტყავი ნესტანის-ტარიელის მიჯნურის, მშვენიერი გარეგნობის (და სხვათა შორის, არა მარტო გარეგნობის, არამედ აგრეთვე მისი ხასიათის თვისებების) სიმბოლური გამოხატულებაა. შესაბამისად, ვეფხის ტყავის ვიზუალური გამოხატულება მასში ფერთა გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობათა მოძიების ცდუნებასაც ბადებს. მაგრამ როგორც არ უნდა გავიგოთ ყვითელი და შავი ფერების ან მათი კომბინაციისა და სინთეზის ემოციური და სიმბოლური მნიშვნელობები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვეფხის ტყავი, უწინარესად თავისი მთლიანი ვიზუალური ეფექტით წარმოადგენს სიმბოლოს. სიმბოლური მნიშვნელობა ვეფხის ტყავის არსებიდან მომდინარეობს და არა მაინცდამაინც შავი და ყვითელი ფერების სიმბოლური მნიშვნელობებიდან. მაგრამ ცხადია, აქაც გვერდს ვერ ავუვლით ვიზუალურ ეფექტს, რომელიც მისი ესთეტიკური მიზნებით გამოყენების უძირითადეს პირობად უნდა ქცეულიყო. ალბათ, ღირს იმის გახსენებაც, რომ „ვეფხისტყაოსნის“ პირველი მკვლევარნი, უწინარეს ყოვლისა, სწორედ სილამაზის გამოხატულებად მიიჩნევდნენ ვეფხის ტყავს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ფერის თეორიაში ფერთა ისეთი შეხამება, როგორიც ტარიელის სამოსისთვისაა დამახასიათებელი, ანუ, ყვითელი და შავი ფერების ერთობლიობა, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეტად ხილვად კომბინაციად. გ. ცოიგნერის მიერ შედგენილ ცხრილში იგი პირველ ადგილზეა მოთავსებული (Г. Цоигнер. Учение о цвете. М.,1971,стр. 105)“ (2,87-88). რუსუდან ბარბაქაძე სავსებით სწორად მიუთითებს, რომ „უწინარესად ვეფხის ტყავი თავისი მთლიანი ვიზუალური ეფექტითაა სიმბოლო“ და სიმბოლური მნიშვნელობა ვეფხის ტყავის არსებიდან მომდინარეობს. მაგრამ აქვე უთუოდ უნდა აღინიშნოს ვეფხის ფერთა სიმბოლიკის მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობა და არსი, რომელიც მოითხოვს განმარტებას, რათა ყოველმხრივ აიხსნას პოემის სათაური, როგორც მეტაფორა, სიმბოლო, ალეგორია, ენიგმა, ალუზია. სათაურის სწორი გააზრებისათვის აუცილებელია მასში ჩაქსოვილი და ჩაკირული სხვადასხვა რიგის ინფორმაციათა სინქრონული წაკითხვა და პოემის სიღრმისეული აღქმა. ამ ინფორმაციათა შორის მოიაზრება ფერის სახისმეტყველება.

მითოსში, საღვთისმეტყველო ლიტერატურაში, მხატვრულ აზროვნებაში სახელდება და ზედწოდება პერსონაჟის, პიროვნების შინაგანი ბუნების, სულიერ-ინტელექტუალური სამყაროს გამოხატვისა და შემეცნების ერთ-ერთი უძირითადესი საშუალებაა, რომელიც მის არსსა და ცნობიერებას განსაზღვრავს, მისი ზნეობრივი სახის ჩამოყალიბების ურთულეს პროცესს წარმოაჩენს. სახელი საგნის არსს გამოხატავს (15,135). ტარიელის ვეფხისტყაოსნობა მთელ თხზულებას მსჭვალავს, იგი მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მხატვრული სახეა, რომელშიც ერთდროულად წარმოჩნდება პოემის მხატვრული კონცეფციის სხვადასხვა განზომილება, მათ შორის სათაურში ჩაქსოვილი ფერთამეტყველება. ზვიად გამსახურდიამ ვეფხის ტყავი ვარსკვლავეთად (3,199) მიიჩნია: „ვარსკვლავიანი ცის, ანუ ვეფხვის მკვლელი სიმბოლურად არის მზე, ვინაიდან მისი ამოსვლით და ცის განათებით ვარსკვლავები ქრებიან, მზიური გმირიც კლავს ვეფხით სიმბოლიზებულ სულიერ ბნელს, რითაც გზას უნათებს კაცობრიობას. აი კიდევ ერთი ასპექტი ვეფხის ტყავის სიმბოლიზმისა“ (3,201).

შოთა რუსთველის მიერ პოემისათვის „ვეფხისტყაოსნის“ შერქმევის საფუძველი გახდა განრისხებული ნესტან-დარეჯანის პირგამეხებულ ვეფხად აღქმა ტარიელისაგან:

ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული (525).

ნესტან-დარეჯანის რთული შინაგანი სამყარო, სულიერება და ინტელექტი შოთა რუსთველმა მისი ხასიათის შესატყვისი მხატვრული სახე-სიმბოლოთი გადმოგვცა. მისი რთული სულიერი მდგომარეობა გარეგნობაშიც გამოვლინდა: „ვეფხი პირგამეხებული“ ნესტანის მდგომარეობის, გარეგნული, ფიზიკური მდგომარეობის გამოხატულებაა, რომელიც მისი სულიერი და ინტელექტუალური, შინაგანი სამყაროს სილამაზეში გადაიზარდა და საბოლოოდ მოგვევლინა ვითარცა „ვეფხი შვენიერი“. ტარიელის გონებაში ნესტანი, ვითარცა „ვეფხი პირგამეხებული“, მაშინვე აღქმულ იქნა მშვენიერად, მიუხედავად მრისხანებისა და მძვინვარებისა, და ასეთადვე დარჩა იგი, რასაც ადასტურებს ტარიელისეული შეფასება, რომელშიც ნესტანის პირგამეხებულობა და მშვენიერება შეხამებულია:

რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს (659).

თავისთავად ის ფაქტი, რომ ტარიელმა ნესტან-დარეჯანი გამძვინვარებულ, პირგამეხებულ ვეფხვს შეადარა, თვით ტარიელის ესთეტურობაზე, მის ესთეტიკურ აღქმასა და დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს. სავსებით ნათელია, რომ ტარიელი უდიდესი ესთეტია და მან მრისხანებაში მშვენიერების დანახვა და აღქმა შეძლო. ნესტანი სწორედ ამიტომ შეადარა ტანხატულა, შავ-ყვითლად შეფერილ ვეფხვს, რომელშიც კონტრასტული ფერების - შავისა და ყვითლის (იგივე ოქროსფერის) მონაცვლეობით მწუხარება-მრისხანებისა და სიდიადე-სინათლის სიმბოლური აღქმაა ჩადებული. ფერების მხრივაც ვეფხვის სახით წარმოდგენილი მიჯნურის ხატება ერთდროულადაა მეტაფორული, სიმბოლური, ენიგმური, ალუზიური. შოთა რუსთველი შავი და ყვითელი, ანუ ოქროსფერი, ფერებით ერთდროულად აჩვენებს ვეფხვის, შესაბამისად - ნესტან-დარეჯანის, ბუნების ორ უკიდურესობას - მრისხანება-მძვინვარებასა და სილამაზე-მშვენიერებას. ვეფხვის ტყავის სიჭრელე, შავ-ყვითლის მონაცვლეობა პერსონაჟის ხასიათის მრავალფეროვნებას მიანიშნებს. ყვითელი ოქროსფერთან იგივდება, ხოლო ოქროსფერი დიდებულების, სიდიადის, მეფური ჩამომავლობისა და ბრწყინვალების სიმბოლოა. თუმცა ყვითელიცა და შავიც ერთმნიშვნელობიანი არ არის, ყვითელი, ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, დარდის, წუხილის, განშორების სიმბოლოცაა. შავიც დარდის, მწუხარების, საკუთარ თავში ჩაკეტვისა და სულიერი ჩაღრმავების ნიშანია, ამავე დროს, ამაყი მარტოობის, დიდებულების სიმბოლოცაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შავ-ყვითელი ერთად, როგორიცაა ვეფხვი, არის დიდებულების, მშვენიერების გამომხატველი ფერი, იგი სამეფო ფერია. რუსუდან ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ფერთამეტყველების ლოგიკურ ცენტრს ფერის ფენომენის ესთეტიზმი წარმოადგენს“ (2,121). შოთა რუსთველი ხომ თავის პერსონაჟებს „პერსონიფიცირებული ფერითი მეტაფორებით - საგნობრივი ფერებით“ (2,123) ამკობს. რუსთველისათვის ფერთამეტყველებისას გარეგნულ ფაქტორთან ერთად ამოსავალია ფსიქოლოგიური მდგომარეობა პერსონაჟისა. ამ დებულების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ რუსთველის პოემის სათაურში ფერთამეტყველების თვალსაზრისით აკუმულირებულია პერსონაჟთა გარეგნობაც და შინაგანი სამყაროც ფერის ფენომენის თავისთავად ესთეტიზმს გმირის ურთულესი ფსიქოლოგიური მიმოხრა შეერწყმის, რის შედეგიცაა უაღრესად ღრმა ესთეტიკური ფუნქციის მატარებელი სახელწოდება პოემისა. ვეფხვის ფერის ფენომენის გათვალისწინებით ამიტომაცაა სათაური მეტაფორაც, სიმბოლოც, ალეგორიაც, ენიგმაც, ალუზიაც. მას ეკისრება მკითხველთან თუ მსმენელთან კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია, იგი ერთდროულად მიუთითებს გარეგნულ მშვენიერებას, სულის მდგომარეობას, გონების კონცენტრირებას ერთი მიზნისაკენ - ტარიელი აღარ უნდა იყოს ვეფხისტყაოსანი მოყმე.

ამრიგად, ვეფხვის ფერი, სიჭრელე - შავ-ყვითლის მონაცვლეობა, ორ მხარეს მოიცავს: ვიზუალურ-ამსახველობითსა და ლოგიკურ-აზრობრივს. იგი განსახოვნებული და განფენილია ორ მთავარ პერსონაჟზე, რომელთა გარეგნული, სულიერი და ინტელექტუალური მონაცემები, მათი ცხოვრების ტეხილებით აღსავსე გზა ტრაგიკული მშვენიერების ნიშნითაა აღბეჭდილი და გადმოცემული შოთა რუსთველის მიერ. აგრეთვე, ვეფხვის ფერი და მისი ფუნქცია სავსებით გასაგებია პოემის სხვა პერსონაჟებისათვის, რომლებიც ნაზიარებნი არიან ვეფხის ტყავის სიმბოლიკას. ვეფხვის ფერის ვიზუალურ-ამსახველობითი მხარე გარეგნული მშვენიერების აღქმის, ესთეტიკური აღქმისა და განცდის საფუძველია, ხოლო ლოგიკურ-აზრობრივი მხარე - აზრის სილამაზის, აზრის ესთეტიკის საფუძველი. შავისა და ყვითლის მონაცვლეობა, მათი გამოყენება დადებითი და უარყოფითი ფუნქციით, მათი კონტრასტულობა პოემის მთავარ პერსონაჟთა რთულ ხასიათს გამოხატავს, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების მთავარ ნიშნულებს მიუთითებს. ვეფხვის ფერი, ერთი მხრივ, ვიზუალური ფენომენის გრძნობად-ესთეტიკურ და, მეორე მხრივ, სიმბოლურ, ალეგორიულ, ენიგმურ შესაძლებლობებს აერთიანებს.

ტარიელის მიერ ნესტან-დარეჯანის შედარება პირგამეხებულ, მაგრამ მშვენიერ, ტანხატულა, შავ-ყვითლად შეფერილ ვეფხვთან, რომელშიც ოქროსფერ-ყვითელი დომინირებს, რაც, აგრეთვე სიმბოლურადაა გასააზრებელი, და მისი ესთეტიკურად აღქმა თვით ტარიელის სულიერ მშვენიერებას გვამცნობს, ხოლო ნესტან-დარეჯანის წარმოჩენა პირგამეხებულ ვეფხვთან შედარების კონტექსტში კონტრასტული სახისმეტყველებით - „იყო არნათლად ნათელი“- მისი ხასიათის სირთულესა და მრავალმხრივობას მიუთითებს.

„ვეფხისტყაოსანი“, როგორც შოთა რუსთველის პოემის სათაური, ფერთამეტყველების თვალსაზრისით არის სათაური-მეტაფორა, რომელიც ასოციაციურ, კონტრასტულ მხატვრულ აზროვნებას ემყარება და რომელიც ღრმა ესთეტიკური ფუნქციისა და დროსივრცული პოეტიკის მომცველია. „ვეფხისტყაოსანში“, როგორც სათაურში, გრძნობად-კონკრეტული საგნიდან, მისი თვისებებიდან მომდინარე აზრი ცნობიერდება, რაც მეტაფორულობის საფუძველს ქმნის. ფერთამეტყველების თვალსაზრისით კონტრასტულობა თვით ვეფხის თვისებათა წინააღმდეგობრივობას, აქედან გამომდინარე, მთავარი პერსონაჟების წინააღმდეგობრივ ხასიათს მიუთითებს, რაც სათაური-მეტაფორის შინაარსს გამოსაცნობს ხდის. გამოსაცნობია სათაური, როგორც ერთი მთლიანობა, ასევე მასში ჩაქსოვილი ცალკეული მხატვრულ-ესთეტიკური სახე, რომელთა გათვალისწინების გარეშე ადამიანის დასაზღვრული გონებისათვის შეუძლებელია მისი სრულყოფილი გააზრება. პოემის სათაური გამჭვირვალე არ არის, იგი ღრმაა და სწორედ ეს სიღრმე, ანუ მხატვრულ-ესთეტიკური ინფორმაციის სიდიდე ანიჭებს მას მომხიბვლელობას. შოთა რუსთაველმა სიტყვაში დაფარული იდუმალება გაამჟღავნა და ახალი სიცოცხლე მიანიჭა, მრავალწახნაგოვანი და მრავალმნიშვნელობიანი გახადა. პოემის სათაური პერსონიფიცირებულია, მასში ორი პერსონაჟი იგულისხმება, ორივეს ხვედრი ვეფხვის ფერებივით მონაცვლეობს, რაც სათაურს იშვიათი მეტაფორული აზროვნების გამოხატულებად წარმოგვადგენინებს.

„ვეფხისტყაოსანი“ არის სათაური-ენიგმა და იგი გამოსაცნობია. არისტოტელეს შეხედულებით, როცა სათქმელი მეტაფორისგან შედგება, იგი გამოცანაა. „პოეტიკაში“ ვკითხულობთ: „უცხოს, არაჩვეულებრივს ვუწოდებ გლოსსას, მეტაფორას, გაგრძელებას და სხვებს, რაც არსებითს, მთავარს გადმოსცემს. მაგრამ, თუ ვინმე ყოველივე ამას ქმნის სხვაგვარად, მაშინ ისაა ან გამოცანა ან ბარბარიზმი. თუ ის მეტაფორიდან არის, მაშინ გამოცანაა, თუ გლოსსადან - ბარბარიზმი, რამეთუ გამოცანის იდეა ისაა, რომ რეალურად არსებულზე საუბრით წარმოსახო სრულიად შეუძლებელი“ (14,48). ენიგმური აზროვნების მიზანია არაჩვეულებრივი, გასაიდუმლოებული სახეებით ჭეშმარიტების წარმოჩენა. ვეფხისტყაოსნობა ენიგმაა, რომელიც არა მხოლოდ მკითხველმა, თვით რუსთველის პოემის ყველა პერსონაჟმა უნდა ამოხსნას, ხოლო მისი ფერთამეტყველება მითითებაა, ენიგმური თქმაა ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ცხოვრების წუთისოფლისეული ცვალებადობის შესახე,ისე, როგორც თვით ვეფხვის ფერებია შერეული, შავ-ყვითლის მონაცვლეობაა აქცენტირებული.

„ვეფხისტყაოსანი“, როგორც სათაური-სიმბოლო, მიმანიშნებელია, მაუწყებელია ტარიელის სულიერი მდგომარეობისა, აგრეთვე, ნესტან-დარეჯანის მძიმე ხვედრისა და სულიერი მდგომარეობისა ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის ცხოვრება ხომ ურთიერთგადაჯაჭვულია. ტარიელის ვეფხისტყაოსნობა, შესაბამისად, ტარიელის ვეფხისტყაოსნობისას ნესტან-დარეჯანის ყოფა სამოთხიდან დევნილი ადამისა და ევას ყოფას, ნათლის სამოსლისგან განძარცვული და ედემის ბაღიდან დევნილი პირველი ადამიანების ყოფას მოგვაგონებს, იმ ადამიანებისა, რომელნიც ღმერთმა სამოსლის ნაცვლად ტყავის სამოსლით შემოსა, „უქმნა... სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ“ (შეს. 3,21), რაც იშვიათი საღვთისმეტყველო სიღრმით წარმოაჩინა წმიდა ანდრია კრიტელმა „დიდ კანონში“. თვით პირველმა ადამიანებმა განბძარეს „სამოსელი პირველი, რომელი პირველითგან მიქსოვა ღმერთმან, და ვყე მე შიშუელი... მმოსიეს მე ხენეში კუართი, რომელი მიქსოვა გუელმან ედემს განზრახვითა და კდებულ ვარ შენგან... შემიკერნა ტყავისა სამოსელნი ცოდვამან ჩემმან და ღვთივქსოვილი სამოსელი განმძარცუა“ (12,290-291). ტარიელიც, ნათლის სამოსლისაგან განძარცვული, ვეფხვის ჭრელი, შავ-ყვითლით დაფერილი ტყავის სამოსლით შეიმოსა, რაც მისი სულიერი მდგომარეობის ცვლის მაუწყებელია სიმბოლურად იგი ტარიელის თვითჩაღრმავების, მღვიმეში ცხოვრების, განმარტოების ნიშანია. ვეფხვის ტყავის მრავალფეროვნება, სიჭრელე, კერძოდ, ყვითლისა და შავის მონაცვლეობა, რომელშიც ყვითელი დომინირებს, ტარიელ-ნესტან-დარეჯანის ცხოვრების მრავალფეროვნებასა და საბოლოოდ ნათლის - ყვითელი//ოქროსფერი ნათლისფერია, ნათლის გამოხატულებაა - გამარჯვებას მოასწავებს. ვეფხვის ფერები ყვითლის სიჭარბითა და დომინირებით სიმბოლურად იმთავითვე წინასწარ მიანიშნებს პოემის მთავარი პერსონაჟების კვლავ ნათლის სამოსლით შემოსილად წარმოჩენას, ვეფხისტყაოსნობის დაძლევას.

„ვეფხისტყაოსანი“, როგორც სათაური-ალეგორია, ვეფხისტყაოსნობის, როგორც ზოგადი მოვლენის კონკრეტულ სახეებზე შენიღბულად მიუთითებს, ანუ ვეფხვისა და ვეფხვის ტყავის თვისებებით ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის თვისებებსა და მდგომარეობას გადმოგვცემს. ვეფხვის ფერებით ალეგორიულად ტარიელ-ნესტან-დარეჯანის არისტოკრატულ წარმომავლობას მიანიშნებს. ყვითელიც და შავიც, მწუხარებასთან ერთად, მეფური სიდიადის, გამორჩეულობის, ბრწყინვალების ფერებია.

„ვეფხისტყაოსანი“ არის სათაური-ალუზია. ზოგადად ალუზია ავტორის სუბიექტურ თვალთახედვას მოიცავს და მკითხველის განათლებულობაზეა ორიენტირებული, ვინაიდან იგი მხატვრულ ნაწარმოებში სამყაროს ავტორისეული ხატის ამოკითხვის ენობრივი საშუალებაა აღმქმელისათვის. მისი მიხვედრა საკმაოდ რთული ინტელექტუალური და სულიერი პროცესია, რაც მკითხველისაგან მოითხოვს მწერლის ჩანაფიქრის თხზულებაში ასახვის წვდომას. „ვეფხისტყაოსნის“, როგორც პოემის სათაურის, ალუზიურობა მთელ ნაწარმოებში ვლინდება, დაწყებული სათაურიდან - დამთავრებული დასასრულით ან ბოლოთქმით. „ვეფხისტყაოსანი“, როგორც სათაური, ერთდროულადაა ალუზიაც, ენიგმაც, მეტაფორაც, სიმბოლოც, ალეგორიაც, ვინაიდან ალუზირებულია ვეფხვი თავისი ფერადოვნებით და ვეფხვის ტყავი, რაც მინიშნებაა მთავარ პერსონაჟებზე, მათ ხასიათზე, თვისებებზე, ცხოვრებულისეულ სირთულეებზე. იგი პოემის ზოგადკაცობრიულ არსზე მიგვითითებს, ქარაგმულად იგი კულტურის ისტორიის მრავალ ფაქტს წარმოგვიდგენს.

ამრიგად, „ვეფხისტყაოსანი“, როგორც რუსთველის პოემის სათაური, ფერთამეტყველების თვალსაზრისითაც არის მეტაფორაც, სიმბოლოც, ალეგორიაც, ენიგმაც, ალუზიაც, ვინაიდან ვეფხვის ფერები, მისი სიჭრელე სამყაროსა და ადამიანის მრავალფეროვნებას მიანიშნებს, ზოგადად ადამიანის, კონკრეტულად რუსთველის პოემაში მთავარ პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას გამოხატავს. ვეფხვისა და ვეფხისტყაოსნობის მხატვრულ სახეში ერთადერთია ყვითელი, იგივე ოქროსფერი, რომელიც ნათლის სიმბოლოდ წარმოგვიდგება და პერსონაჟთა ნათლის სამოსლით შემოსვის წინასწარმეტყველებად მოიაზრება.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. აკ. ავალიშვილი, ვეფხისტყაოსნის სენსორული და მოტორული მასალის ფსიქოლოგიური ანალიზი, თბ., 1966. 2. . ბარბაქა, ფერის მხატვრული ფუნქცია „ვეფხისტყაოსანში“, თბ., 1993. 3. . გამსახურდია, ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება, თბ., 1991. 4. .გოგიბერიძ, რუსთაველი. პეტრიწი, პრელუდიები. თბ., 1961. 5. . გონილაშვილი, შოთა რუსთაველის პოემის სათაურის სახისმეტყველება, მაცნე, ელს, 2000, №1-4. 6. . ნადირა, რუსთაველის ესთეტიკა, თბ., 1956. 7. . ნოზაძ, ვეფხისტყაოსანის ფერთამეტყველება.ბუენოს-აირესი. 1953. 8. .ნოზაძ, ვეფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება, სანტიაგო დე ჩილე, 1957. 9. . ნოზაძ, ვეფხისტყაოსანის მიჯნურთმეტყველება, პარიზი, 1975. 10. შოთა რუსთველი, ვეფხისტყაოსანი, ალ. ბარამიძისა და აკ. შანიძის რედაქციით, I, თბ., 1966. 11. . სირა, სახისმეტყველება, თბ., 1982. 12. .აუხჩიშვილი, ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1973. 13. . ჩიქოვანი, სიყვარულის, მეგობრობის და გმირობის სიმღერა, წიგნში: თხზ., III, თბ., 1967. 14. Аристотель. Об искусстве поэзии. Греческий текст с переводом. М., 1893. 15. А. Ф. Лосев. Философия имени. В кн.: Из ранных произведений. М., 1990.

______________

∗ ცალკე პრობლემაა, რუსთველის ვეფხვში შავ-ყვითლად დაზოლილი ცხოველი იგულისხმება, თუ შავ-ყვითლად დაწიწკლული. სამეცნიერო ლიტერატურასა და „ვეფხისტყაოსნის“ უცხოურ ენებზე შესრულებულ თარგმანებში განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ვხვდებით.

12 მზის მხატვრული ფუნქცია „ვეფხისტყაოსანში“

▲ზევით დაბრუნება


თამარ ხვედელიანი

მსოფლიოში იშვიათად მოიძებნება ხალხი, რომელთაც ცისა და მნათობების თაყვანისცემის ტრადიცია არ ჰქონდეს. ძნელია თქმა, პირველად ვინ და რატომ აღიქვა ღვთაებად ცის რომელიმე ბინადარი, რატომ მიაგო პატივი, რატომ შესთხოვა სანუკვარი მიზნის ასრულება და რატომ შესწირა მსხვერპლი განხორციელებული ოცნებისათვის. მხოლოდ ერთი რამაა ცხადი: მნათობები განსაკუთრებულ რიდსა და კრძალვას აღძრავდნენ ადამიანში, რაც მოკლებული არ იყო ცხოველ ინტერესსა და საფუძვლიანი კვლევის სურვილს.

ზეცის მკვიდრთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული და საპატიო ადგილი მზეს - „მნათობთა უკეთეს“ მნათობს ეკავა, რომელსაც მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობა ქედს უხრიდა, როგორც ღვთაებას.

ბაბილონელები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ზეციურ საუფლოში 65 000 ღმერთი სუფევდა, გულმოდგინედ ადიდებდნენ მზე-ღმერთს - შამაშს,1 რომლის ადგილი მოგვიანებით კვლავ მეფე-მზეს „მარდუქს“ დაუკავებია. მარდუქი უზენაეს და უმაღლეს ღვთაებად მოიაზრებოდა, რომელიც ღმერთთა შორისაც გამორჩეულა სიდიადით: „...განგებათა სამყოფელში ღმერთთა შორის უბრძნესი ღმერთი ჩაისახა. შეიქმნა მარდუქ... განშვენდა აღნაგი მისი, კაშკაშებენ თვალნი მისნი... გამოჩენა მისი გმირულია. ბელადია იგი დასაბამით... დიდად ამაღლდა, ყველაფრით აღემატა სხვა ღმერთებს“, ასეთი პატივითა და კრძალვით მიმართავენ მას. მაგიური შეძახილით „ძე მზისა, მზე ცისა“ - ეგებებიან მარდუქის გამოჩენას, რაც იმთავითვე მარდუქის მზიურ ღმერთად მიჩნევის საბუთი იყო.2

ებრაელთა რწმენაშიც დასტურდება მნათობთა თაყვანისცემის ფაქტი, რაც ფრიად უჩვეულოა, რამდენადაც, ბიბლიის მიხედვით, მნათობები ღვთის შექმნილია სამყაროს გაჩენიდან მეოთხე დღეს. აქედან გამომდინარე, მნათობები ღმერთები ვერ იქნებიან, რამდენადაც ისინი გვევლინებიან შექმნილად და არა შემქმნელად, მაგრამ მიუხედავად ებრაელთა მტკიცე რწმენისა ღვთისადმი, მზეს მაინც გამორჩეულად მიაგებდნენ პატივს. აღარაფერს ვამბობთ ეგვიპტელთა შესახებ, რომელთა ერთ-ერთმა ფარაონმა ამენხოტეპ მეოთხემ თავისი ჩვიდმეტწლიანი მმართველობის წლებში მტკიცედ დაამკვიდრა მზის (როგორც უზენაესი ღვთაების) კულტი. მოგვიანებით, მზის სხივმოსილმა და შუქთამფენელმა დისკომ საფუძვლიანად დაიმკვიდრა თავი და ატონის კულტის ერთადერთ სიმბოლოდ იქცა, რომლის მიმართაც თურმე ასე აღავლენდნენ ლოცვას: „შენ მოსჩანხარ შვენებად ცის ტატნობზე, შენ, ცოცხალო მზეო, რომელი უწინარეს იყავ ცოცხალ... შენ აღმოჰხდები აღმოსავლეთის კიდეზე და აღავსებ ქვეყანას შენი შვენებით... დაჰხდები ძირს დასავლეთის კიდეზე და მიწა ხდება ბნელი... თითქოს მკვდარ იყოს... ბნელი და მწუხრი ილტვის, ოდეს შენ შუქთ მოაფრქვევ...“3

მზე განსაკუთრებული პატივისცემით იყო მოსილი ბიზანტიასა და საქართველოშიც, თუმც ამ ქვეყნებში მკაცრად არასოდეს ყოფილა ფეხმოკიდებული მზის ღმერთობის რწმენა. ქრისტიანობისათვის ცნობილია მხოლოდ ერთი ღმერთი, „რომელმან შექმნა სამყარო“, უზენაესი და სამგვამოვანი, ცოდვათა მიმტევებელი და შემცოდეთა შემწყნარებელი. და მაინც, თუ ქრისტიანულ მწერლობაში შესამჩნევია მნათობთა გადაჭარბებული ქება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ კვლავ და კვლავ მათი შემქმნელის დიდებას გაესვას ხაზი. მაგალითად: ბიბლიაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ „მზე ბრწყინვალეა“, რომ მის ნათელს ვერ შეედრება მთვარის შუქი, რომ მზე დაბნელდა ღვთის ჯვარცმისას, ვინც მზეს ხედავს - ცოცხალია და სწორედ ამით საცნაურდება, რომ თვით „უმძლესთა მძლეთა მძლე“ მზეც ათასგზის უმძლესის ქმნილია მხოლოდ.

მნათობთა შორის პატივით სხვებზე აღმატებული მზე ხატია ზეციური ბრწყინვალებისა. მზესავით სხივმოსილია ქრისტეს სახე „და იცვალა (იესო) მათ წინაშე სხვად ფერად და განჰბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე. მზის ძლიერება, დაუდგრომლობა, მუდმივი და შეუფერხებელი სრბოლა ცის თაღზე ადამიანებს სულის სიმტკიცეს შთაუნერგავდა, რწმენას ჰმატებდა, ხოლო მზის დაბნელება ჭირსა და მწუხარებას უკავშირდებოდა: „შემდგომად ჭირისა მათ დღეთასა მზე დაბნელდეს“ (მარკოზ 13,24); „და დაბნელდა მზე“ (ლუკა 23,45) „მზე გარდაიქცა ბნელად“ (საქმენი 2,20); „მაშინ მართალნი გამობრწყინდებიან, ვითარცა მზე სასუფეველსა მამისა მათისასა“ (მათე 13,43).

მაგალითები ცხადყოფს, რომ წმინდა წერილში არცთუ იშვიათია მზის დამოწმება პოეტური შედარების მიზნით. მაგალითად. მღვდელმთავარნი, წმინდანნი, ღვთისათვის სათნო რჩეული პირები თავიანთი მოღვაწეობით ხშირად ემსგავსებიან მნათობ მზეს, მის ბრწყინვალებას და მაცოცხლებელ ცხოველმყოფელობას.

ქართულმა სასულიერო მწერლობამ იმთავითვე მკვეთრად გამიჯნა ერთმანეთისგან ღმერთი და მზე: „მზჳ და მთოვარეჳ და ვარსკულავნი არა ღმერთნი არიან. ღმერთმან მზესა განათლებაჲ დღისაჲ უბრძანა და მთოვარესა და ვარსკვულავთა განათლებაჲ ღამისაჲ, ხოლო ღმერთ არა არიან“ („ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“), „მე ქრისტიანე ქმნილ ვარ და არღარა თაყვანის ვცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა კაცთათვის სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნნა ცანი და ქვეყანანი...“ („რაჟდენ პირველმოწამის წამება“), მამა გრიგოლ ხანძთელი „დიდებითა შემკულ იყო და ესრეთ ბრწყინავდა, ვითარცა მზე“ („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“) წმინდა ნინომ „იხილა ჭაბუკი, მან ნათლითა შემოსილმან აღჰმართა ძელი (სვეტი ცხოველი) იგი...“ და ეს ძელი „გამოსცემდა ბრწყინვალებას“ („ნინოს ცხოვრება“). უხვადაა მაგალითები იოანე მინჩხის, იოანე მტბევარის, ეზრა ათონელის, გიორგი ათონელის, დემეტრე I-ის საგალობლებში.

მზის ბრწყინვალებასთან პერსონაჟთა გარეგნობის შედარება არცთუ იშვიათია ქართული საერო მწერლობის ძეგლებშიც („ამირანდარეჯანიანი“, „ვისრამიანი“, შავთელისა და ჩახრუხაძის ქმნილებები), რაც იმის დასტურია, რომ პოეტური შედარების მიზნით მნათობთა დამოწმება ქართულ მწერლობაში გავრცელებული ყოფილა.

საინტერესოა ამ მხრივ რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“ შესწავლა.

პოემაში თვალშისაცემია მზის დამოწმების სიხშირე. ის უმთავრესად სამი ძირითადი მნიშვნელობით წარმოგვიდგება:

1. მზე - ჩვეულებრივი ასტრონომიული მნათობი, რომელიც ასევე გამოიყენება მეტაფორული მნიშვნელობით და მასთან პერსონაჟთა შედარება ხაზს უსვამს მათ გარეგნულ ხიბლს.

2. მზე - ასტროლოგიური მნათობი, რომელსაც ბევრი ისეთი თვისება მიეწერება, რაც ჩვეულებრივ ასტრონომიულ მნათობს არ ახასიათებს. მაგ.: ასტროლოგიური მზე აქტიურად ერევა ადამიანების ცხოვრებაში, განაგებს მათ ბედს. მზეს ძალუძს კაცის ხსნაც და დაღუპვაც. შეუძლია დახმარება, თანაგრძნობა, ღვთის რისხვის შერბილებაც კი, თუ ადამიანი მას გულწრფელად შეევედრება (ანალოგიური შესაძლებლობების მქონენი არიან სხვა მნათობნი).

3. მზე - ღვთაების ხატი, თვით ღმერთი.

როგორც აღინიშნა, მზე - ასტრონომიული მნათობი არაერთხელაა დამოწმებული პოემაში:

„ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს...“
„რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ხმელეთსა დააჩრდილებს...“

უფრო ხშირად კი ეს დამოწმება პოემის გმირთა გარეგნული მიმზიდველობის წარმოსაჩენად ხდება:

თინათინი „რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია“
„მან განანათლნეს ყოველნი, ვივ მზემან მანათობელმან“...

ავთანდილი რაინდია „საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა“, რომლის სილამაზით აღტაცებულმა ტარიელმა „თქვა მზისა დასაგვანებლად“, რომელმაც ისე გაანათა არემარე „ვით სამყარო მზისა შუქმან“.

ნესტანი დაბადებიდანვე „მზისა შუქსა სჯობდა მეტად“, რომელსაც ხშირად ორ მზესაც კი ადარებდნენ მოჭარბებული სინატიფისა და ქალური ხიბლის გამო. ტარიელიც ხშირად აღნიშნავს: „მზესა მე ვსჯობდი შვენებით...“

პოემის შესწავლა ცხადყოფს, რომ რუსთველი მნათობ მზესთან შედარების პატივს და უპირატესობას მეფის შთამომავალთ ანიჭებს მხოლოდ. ერთადერთი გამონაკლისია ავთანდილი, მაგრამ რამდენადაც იგი როსტევან მეფის გაზრდილი და არაბეთის მეფის თანამეცხედრე - თანამოსაყდრეა, ამიტომ მოიხსენიებენ მას, ალბათ, მზედ.

ამ შედარების მიზანი შეიძლება ისიც იყოს, რომ მეფე და მზე ერთი ფუნქციური დატვირთვის მატარებელნი არიან: მზე - ცისა და ვარსკვლავთა, მეფე კი ადამიანთა ბედის გამგებელი და მბრძანებელია. ცალკეა განსახილველი ცნება „მზე სიმართლისა“.

ახლადგამეფებულ თინათინს როსტევანმა ბრძნული რჩევა მისცა.

„ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების...“

მორჭმით და სვებედნიერად მეფობის საიდუმლოც ამაშია.თუ მეფე ისევე სამართლიანად განაგებს მიწიერ სამეფოს, როგორც მზე ზეციურს, თუ მეფის მადლი ისევე თანასწორად მოეფინება ყველას, როგორც მზე ჰფენს სხივებს დიდთა და მცირეთ, თუ მეფეს წყალობის უხვად გაცემის, სამართლიანი განსჯის, მიუკერძოებელი დასკვნის გამოტანის უნარი ექნება, მისი ზეობა ხანგრძლივი იქნება, ყმებს ეყვარებათ, „ახსნილთა დააბამს“, უხვსა და სამართლიან მონარქს ქვეშევრდომები სიყვარულით და არა შიშის გამო დაემორჩილებიან. სიკეთის უშურველად გაცემით კი მეფე საიმქვეყნო დიდებასაც დაიმკვიდრებს და საამქვეყნო პატივსაც უხვად მოიმკის.

პოემაში ისეთი ეპიზოდებიც გვხვდება, სადაც ცა და გამორჩეულად მზე ასტროლოგიური ნიშნითაა აღბეჭდილი.

„ვეფხისტყაოსანი“ აშკარად ავლენს რუსთველის ამომწურავ ცოდნას ასტროლოგიაში, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოეტი მზეს ან სხვა რომელიმე მნათობს ღვთიურობის ნიშნით აღბეჭდავს, პირიქით. ის უფრო მეტად ღვთის უზენაესობას უსვამს ხაზს. ღვთის, რომლის შექმნილია საერთოდ ცის სამკვიდრო მზით, მთვარით და ცთომილებით.

ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო ეპიზოდია ავთანდილის ცნობილი ვედრება მნათობთა მიმართ. საიდანაც ცხადი ხდება, რომ პოეტი მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს აღიქვამს როგორც ასტროლოგიურ მნათობებს, თავისი ასტროლოგიური შინაარსითა და ნიშნებით. თითოეულ მნათობს ავთანდილი ისეთი თხოვნით მიმართავს, რისი შემძლეც იყო ის აღნიშნული თვალსაზრისით. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ავთანდილის ვედრებაში თითოეული სიტყვა ასტროლოგიური რწმენითაა აღბეჭდილი. აქ მოყმე მხოლოდ მზეს კი არ მიმართავს, არამედ ზეციურ ძალებზე ამყარებს იმედს და შვიდივე მნათობს თავის ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილებზე ესაუბრება, მაგრამ ვედრებაში პირველი ადგილი მაინც მზეს ეკუთვნის, რამეთუ იგი მნათობთა დასის მეთაურია, ყველაზე აღმატებული და ყოვლისშემძლე მნათობი, რომელიც სითბოთი და ცხოველმყოფელი ძალით სიცოცხლეს ამკვიდრებს დედამიწაზე:

„მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა:
აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა,
ვინ მდაბალსა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა,
მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა“.

ამით რუსთველმა შექმნა მზის ასტროლოგიური ხატი, რომელიც ჭირშიც, ლხინშიც ადამიანის თანაზიარია, მისი სიხარული ახარებს და მწუხარება სევდას ჰგვრის.ასმათი ასე მიმართავს ძმადნაფიცებს. „თავთა ნუ დაჰხოცთ, ნუ ბნელ-იქმთ, მზესა თქვენითა ბნელითა“. როცა „ღვთისა სწორნი“ იღრუბლებიან, მზეც მოიწყენს ხოლმე „თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობენ“.

ზემოხსენებულ ვედრებაში ასტრალურ სიმბოლიკათა შორის გამორჩეულია მზისა და პლანეტა მერკურის (ოტარიდის) ურთიერთდამოკიდებულების აღმნიშვნელი სტროფი:

„ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა,
მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა“.

პლანეტა ოტარიდის ორბიტა მზესთან იმდენად ახლოსაა, რომ შესაძლებელია მისი წარმოდგენა მზის სხივებში მუდმივად მოელვარე მნათობად, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს გაურბის მზეს, მაგრამ ამ უკანასკნელისაგან იძულებით მობრუნებული კვლავ უახლოვდება და მის სხივებში უჩინარდება.5

მზის სხივებში მოკიაფე ოტარიდმა პოეტს სატრფოს სიყვარულის ცეცხლში დამწვარი მიჯნურის ხატი წარმოადგენინა. ტრფობის ობიექტი შორს არ უშვებს მასზე გამიჯნურებულ რაინდს, გამუდმებით თავისკენ იზიდავს. რაინდიც უწადინოდ მიდის მისგან, მიდის იმიტომ, რომ პირველივე ხმობაზე დაუბრუნდეს სატრფოს.

ავთანდილის ვედრება ცხადყოფს, რომ ყველა ცთომილი, მზის ჩათვლით, „ვარსკვლავური ღმერთები“ (ვ. ნოზაძე) არიან, ხოლო ის, რომ მზე მნათობთა დასის მძლეთამძლე მეთაურია, მდაბალთა ამამაღლებელი, ბედნიერების მიმნიჭებელი, სიყვარულში შემწეობის აღმომჩენი და გრძნობათა თანაზიარი - ეს ყოველივე სწორედ ასტროლოგიური დებულებაა.

„სამი გმირი მნათობი“ პოემაში ხშირადაა შედარებული სამ მზესთან. სამი მზე კი ხატია ღვთისა, ბრწყინვალე სამებისა. კ. კეკელიძეს უხვად მოაქვს მაგალითები იმის დასტურად, რომ დოგმატიკურ და თეოლოგიურ თხზულებებში ხშირად მიმართავენ ღმერთს, როგორც სამ მზეს. სამების მეტაფორად სამი მზის გამოყენებას ჰიმნოგრაფიაშიც დიდი ტრადიცია აქვს, მაგრამ რუსთველის დამოკიდებულება მზისადმი მაინც ბადებს ეჭვს: პოეტმა ღვთის სახედ ხომ არ დასახა მზე, ხომ არ გააღმერთა იგი? პასუხი ერთია: პოემაში ერთხელაც არ დადასტურებულა მზის (მით უფრო სხვა რომელიმე მნათობის) მოხსენიება ღმერთად. ისინი მხოლოდ „ვარსკვლავური ღმერთები“ არიან. „ვარსკვლავური ღმერთი“ კი არაა შემოქმედი ცისა და ქვეყანისა. მზე (სხვა მნათობთა დარად) თავადაა უფლის ქმნილება, თუმც სხვა მნათობთაგან მკვეთრად გამიჯნული, გამორჩეული, უზენაესი და უპირატესი, მაგრამ ის კი დასაშვებია, რომ მზე ღვთის სახელად მივიჩნიოთ:

„იტყვის: „ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთარსებისა ერთისა მის, უჟამოსა ჟამისა,
ვის გმორჩილებენ ციერნი, ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე შეყრამდის ჩემად და მისად“.

აქედან ცხადი ხდება, რომ:

  1. მზე მზიანი ღამის ხატია

  2. იგი ხატია ერთარსებისა ერთისა და უჟამო ჟამისა

  3. მზეს ემორჩილებიან ცის მკვიდრნი.

  4. მას ძალუძს ადამიანების საქმეებში ჩარევა, მათი ბედის შეცვლაც კი.

„მზიანი ღამის“ მნიშვნელობის შესახებ არაერთი განსხვავებული შეხედულება გამოითქვა. ნაწილი მეცნიერებისა მას ქვესკნელის მზედ, მიცვალებულთა ქვეყნის მნათობად მიიჩნევდა, რომელიც მაშინ ანათებს მიწისქვეშეთს, როცა დედამიწაზე ღამეა, ნაწილი სატურნუსად თვლიდა, რომელსაც „ღამის ვარსკვლავსაც“ უწოდებდნენ, ნაწილი ასე მსჯელობდა: ღმერთი ნათელია, მაგრამ რამდენადაც იგი მიუწვდომელი და უხილავია, ამიტომაც წყვდიადია, მაგრამ ეს წყვდიადი ჩვეულებრივ სინათლეზე მეტად ნათელი და მანათობელია, რადგან ღვთაებრივია. ე.ი. ღმერთი მიუწვდომელ ნათელშია, მაგრამ იმის გამო, რომ შეუცნობელია, წყვდიადშია ჩვენთვის.

რიგი მკვლევარებისა მიმართვის ობიექტში ქრისტეს ხედავდა (ვახტანგ IV, კ. ეკაშვილი, ივ. ლოლაშვილი, მ. გიგინეიშვილი), ზოგი ქრისტეს ნაცვლად მის მეტაფორულ სახელს-მზეს გულისხმობდა (ე. ხინთიბიძე), „მზიან ღამეს“ ზოგი „ოთხთვიან დღესთან“ აკავშირებდა (გ. იმედაშვილი), ზოგი კი ირანელთა ყველისძველი სექტის ე.წ. სეფასიანთა გავლენის კვალს ჭვრეტდა (იუსტ. აბულაძე). ვ. ნოზაძე თვლიდა, რომ ქრისტიანულ-რელიგიური ასპექტით ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველია, იგი მზისა და, საერთოდ, სამყაროს შემოქმედია, ხოლო მზე „მზიანი ღამის“, „უჟამო ჟამის“, ერთარსება ერთის“ ხატია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - ღმერთი.6

როგორც გამოჩნდა, პოემაში ხშირია მითითება მზეზე, თუმც განსხვავებული მნიშვნელობით. მზის დამოწმება, როგორც მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება, „ვეფხისტყაოსნის“ შექმნამდეც იყო ცნობილი ქართული მწერლობისათვის. მას ამ შემთხვევაში ესთეტური ფუნქცია ეკისრებოდა მხოლოდ. პოემაში ასტრონომიულ მნათობთან გმირების შედარება მათი გარეგნული ხიბლის უკეთ წარმოჩენას ემსახურება. რუსთველის მიმართვის ობიექტი ზოგჯერ ასტროლოგიური მნათობი ხდება, ზოგჯერ თვით ღმერთიც. „მზიანი ღამე“ სწორედ ქრისტიანული ღმერთის სახელს უნდა ნიშნავდეს, პოემაში დამოწმებული სამი მზე კი ხატია ღვთისა, ბრწყინვალე სამებისა.

დამოწმებული ლიტერატურა: 1. . ნოზაძ, „ვეფხისტყაოსანის მზისმეტყველება“, სანტიაგო დე ჩილე, 1957 წ., გვ. 9. 2. . ნოზაძ, იქვე. 3. . ნოზაძ, იქვე, გვ. 20. 4. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, . უბანეიშვილის რედ., ტ. I, II, 1945. 5. . ხინთიბი, შუასაუკუნეობრივი და რენესანსული „ვეფხისტყაოსანში“, 1993, გვ. 110. 6. . ნოზაძ, ვეფხისტყაოსანის ღვთისმეტყველება, პარიზი, 1966.

13 არქივი

▲ზევით დაბრუნება


13.1 ვიქტორ ნოზაძის არქივიდან

▲ზევით დაბრუნება


ვიქტორ ნოზაძის პირად არქივში დაცულია მკვლევრის მიერ გერმანულ ენაზე დაწერილი უცნობი თხზულება Parallele zwishen Nibelungen und Georgischen Epos (Parallele zwischen der höfischen Dichtung der mitelaterlichen Georgien und des westlichen Europas („პარალელები ნიბელუნგებსა და ქართულ ეპოსს შორის (პარალელები შუა საუკუნეების საქართველოსა და დასავლეთ ევროპის საკარო პოეზიას შორის)“. აღნიშნული ნაშრომის ერთი ნაწილის ჩვენეული თარგმანი უკვე გამოვაქვეყნეთ (იხ. „ლიტერატურული ძიებანი“, თბ., 2003 წ.), ქვემოთ თხზულების სხვა ნაწილის თარგმანს გთავაზობთ, რომელიც ჩვენ შევასრულეთ.

. კვატაია

13.2 ფეოდალიზმი „ვეფხისტყაოსანში”

▲ზევით დაბრუნება


ვიქტორ ნოზაძე

საინტერესოა გამოვიკვლიოთ, ვეფხისტყაოსნის ეპოსის ფეოდალიზმი რამდენად შეესატყვისება ქართულ ფეოდალიზმს მე-11-დან მე-13 საუკუნემდე.

ეპოსში ამ ეპოქის შემდეგ ქართულ ტიტულებს ვხვდებით:

1. კეისარი (Cesar). „kaiseri“ იყო ბიზანტიური ტიტული, რომელიც ბაგრატიონებიდან მხოლოდ მეფე გიორგი 2-ს მიენიჭა, სახელდობრ, მან 1081 წელს აღმოსავლეთ რომის სახელმწიფოს კეისრისაგან ტიტული „Kesaros“ მიიღო.

ბიზანტიის კეისრები (ბასილეუს) ამ უმაღლეს ტიტულს თავიანთი სახლის წევრებს და მხოლოდ იშვიათად ვასალ მეფეებს ან სახელმწიფოს უმაღლეს მოხელეებს (მაღლამდგომ პირებს) ანიჭებდნენ.

ეპოსში ეს ტიტულები მხოლოდ ერთმანეთის გვერდით მოიხსენიება (ნოზ. 311, ჰუპ. 316; წ. 318, ჩ. 348).

2. მეფე (König).

1. დედოფალი (Königin). ორივე ტიტული ვეფხისტყაოსანში ხშირადაა ნახსენები და საქართველოში უძველესი დროიდანაა ცნობილი.

ვეფხისტყაოსანში მეფეები სახელმწიფოს მეთაურები არიან. რუსთაველის მიხედვით, რა თვისებები უნდა ჰქონდეთ მათ? ეპოსის უკვე პირველსავე სტროფში აღწერილია „იდეალური“ მეფე როსტევანი - მეფე არაბეთისა.

„იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მდაბალი, უხვი, მაღალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი“ (32).

ჭეშმარიტი გადაწყვეტილების მისაღებად მეფე საბჭოს იწვევს, რომელიც მისი ვაზირების (მინისტრებისაგან) შედგება. მაგალითად, ასე მოიქცა მეფე როსტევანი ინდოეთში, მეფე ფარსადანი თავისი ქალიშვილის ქორწინების გადაწყვეტილების მიღებისას (507-516).

ვაზირებს სათათბირო ხმის უფლება ჰქონდათ - საბოლოო გადაწყვეტილება მეფეს ეკუთვნოდა. ზუსტად ამგვარი სახელმწიფო წყობა გახლდათ საქართველოში თამარ მეფის დროს კუბასარის ამბოხების ჩახშობის შემდეგ.

მეფეებს ვასალები ჰყავდათ, რომლებსაც ასევე შეეძლოთ მეფენი გამხდარიყვნენ. ასე იყო ფარსადანთან, რომელმაც ხატაეთის ასევე მეფე (ან ხანი) - რამაზი - დაამარცხა.

მსგავსი (ვითარებაა) ასევე ქართველებთან თამარ მეფის და მისი ქალიშვილის რუსუდანის დროს.

საქართველოს ანალოგიურად, რომელიც, ტრადიციების შესაბამისად, 7 სამეფოს მოიცავდა, ვეფხისტყაოსანში ინდოეთშიც 7 სამეფოა. ეს ქართველებს უყვარდათ, 7 სამეფო ხანგრძლივი დროის მანძილზე მათ «ოქროს ხანას“ ახსენებდათ.

რუსთაველი გაერთიანებული და ცენტრალიზებული სახელმწიფოს მომხრეა. სარიდანმა, ტარიელის მამამ, ერთი ინდური სამეფოს სუზერენმა, ის ნებაყოფილობით ინდოეთის სამეფოს წევრი გახადა (330). ამგვარი საქციელი საქართველოში „შეწყალებას“ აღნიშნავდა (ერთგულების ფუნქციით, რომელიც თავის თავში განსაზღვრულ თანამდებობას შეიცავდა), რაც ამდენად „უფრო მაღლის (უფროსის) ხელში გადასვლას“ ნიშნავს, რომელიც მე-10-დან მე-12 საუკუნემდე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის იყო დამახასიათებელი.

რუსთაველი რომ ცენტრალიზებული სახელმწიფოს მომხრე იყო, ხშირად სხვადასხვა მკვლევრის მიერაა ხაზგასმული. თუ ამ თანამედროვე ცნებას რეტროსპექტულად გამოვიყენებთ, ამასთან ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსთაველი მომხრე იყო ცენტრალიზებული სახელმწიფოს ეთნიკურ-ეროვნულ საფუძველზე გაერთიანებისა, რადგან ნაწყვეტი, რომელიც მკვლევარებს ციტატად მოჰყავთ, მეშვიდე სამეფოს ინდოეთის დიდ სახელმწიფოსთან ნებაყოფილობით შეერთებაზე მეტყველებს.

ეპოსში საუბარია არა ყველა 7 დასახელებულ სახელმწიფოზე (ინდოეთი, არაბეთი, მულღაზანზარი, ზღვის სამეფო გულანშარო, ქაჯეთი, ხორასანი და ხატაეთი). მანძილი (დაშორება) 7 სამეფოს შორის დაბრკოლებას ვერ ქმნიდა, რადგან მათ ხშირად რუსთაველის გმირები მარტო ან ლაშქრის თანხლებით შემოივლიდნენ ხოლმე. რუსთაველის მიხედვით, ეს სახელმწიფოები ერთმანეთისაგან არც ისე დაშორებულნი ჩანან. ეპოსის დასასრულს ერთ-ერთი მეფე ტარიელი, ეპოსის მთავარი გმირი, 7 სამეფოს მთავარი მეფე (Oberkonig) არ ხდება. აქ მხოლოდ მეგობრობაზეა საუბარი, დავასახელოთ ალიანსი მეფეებს ტარიელს, ავთანდილსა და ფრიდონს შორის და ამის შედეგი არის მათ სამეფოთა აყვავება. თვით ხატაეთის მეფე, რომელმაც თავის სუზერენ ფარსადანს ორჯერ უღალატა, პატიებისათვის მიდის და შემდეგში ასევე მეფედ რჩება, მაგრამ ინდოეთში ტარიელის ვასალია.

ვეფხისტყაოსანში გამოყენებულია 2 გამოთქმა, რომლებიც სამეფო ძალაუფლებას განსაზღვრავს:

5. სეფე (ჩ. 1132,1142, 731,1575,664) ?

6. უფლის-წული (ჩ.1251).

სეფე მეფეს ან სუვერენს ნიშნავს. უფლისწული სამეფო პრინცის ან პრინცესას აღსანიშნავად არის.

7. ტახტი.

8. გვირგვინი .

9. სკიპტრა.

10. სამეფო ძოწეული. (ნოზ. 45, ჰუპ.45).

ფეოდალურ სისტემაში მუდამ არის სუზერენები და ვასალები.

11. სუზერენებს ეპოსში, რომლებსაც ისტორიულ საქართველოში „პატრონი“ ეწოდებოდათ (ჩ. - ამ სიტყვის სხვადასხვა ფორმა 46-ჯერ აქვს მოყვანილი).

12. „პატრონ-ყმობა“ მთელ ფეოდალიზმს ეწოდება.

13. ვასალები. უნდა შესწავლილ იქნას ვეფხისტყაოსანში პატრონსა და მის ვასალს შორის დამოკიდებულებანი, ისევე, როგორც მათი ურთიერთვალდებულებანი. სუზერენებისაგან თავიანთი ვასალების მიმართ შემდეგი თვისებებია მოსალოდნელი: ისინი უნდა ყოფილიყვნენ მოწყალენი და მეგობრულნი და თავიანთი ვასალები ღირსეულად, პატივისცემით და ხშირად თვით მამობრივად უნდა მოპყრობოდნენ - ისევე, როგორც მეფე როსტევანი ავთანდილს და შემდეგ ავთანდილი შერმადინს. დამოკიდებულებები ორმხრივი ნდობის საფუძველს ეყრდნობოდა. რამდენად ძლიერი იყო ეს დამოკიდებულებანი, ჩანს ავთანდილის შერმადინთან საუბრიდან და იმ ფაქტიდან, რომ ავთანდილმა თავისი არყოფნის მთელი დროის მანძილზე თავისი სუვერენული ძალაუფლება შერმადინს გადასცა:

„თუცა მისი არ-გაწირვა ჩემგან მტკიცობს, არ სათუობს,
გული, მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს, ვაებს, უობს,
კაცსა არას არ იახლებს, ერიდების, ჰკრთების, ჰქსუობს,
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.
სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა“ (715-716).

ამგვარი იყო აგრეთვე ურთიერთდამოკიდებულება ტარიელსა და, მოგვიანებით, ავთანდილსა და ასმათს შორის, რომელიც რანგით რამდენიმე საფეხურით დაბლა იყო, ვიდრე ორივე წინხსენებულნი. ასმათს ისინი ხშირად „დას“ უწოდებდნენ. მეფის ასული ნესტანი მას Hoffreulein ასმათს და ასევე ხშირად „დას“ უწოდებს, როგორც მოგვიანებით ასევე ვაჭრის ცოლს ფატმან-ხანუმს (249 და სხვ.).

ქვეშევრდომთა დაცვა სუზერენის საპატიო მოვალეობა იყო. ეს ჩანს დარიგებიდან, რომელსაც ავთანდილი შერმადინს აძლევს:

„ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა,
ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა:
ჩემ წილ დაგაგდე,პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა,
ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი;
დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი,
წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი,
აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი“(153-154).

1. მეფური სამართლიანობა პოეტ რუსთაველის მიერ ძალზე დაფასებულია. „ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა“ (558).

2. ვასალებისა და ქვეშევრდომთა მიმართ სიუხვე სუზერენის განსაკუთრებული მოვალეობაა. მეფე როსტევანმა თავის ქალიშვილს თინათინს თავზე გვირგვინი დაადგა და თანამმართველად გახადა. ის თინათინს მამობრივ დარიგებას აძლევს და ეუბნება, რომ ის სიბრძნით, ღირსეულად და გონივრულად უხვი უნდა იყოს. მეფე ამტკიცებს, რომ მორჩილის მიმართ სიუხვეზე უარს არასოდეს იტყვის (48-50). ყოველთვის იოლი არაა სუზერენის მოვალეობის შესრულება და პოეტი წერს ასევე „პატრონის“ ტვირთზეც (151).

ეპოსის ფეოდალურ სისტემაში როგორც სუზერენებს, ისე ვასალებს სახელმწიფო თანამდებობები ეჭირათ. ასე მაგალითად, ავთანდილი მონაპირე იყო.

3. მონაპირე - ქართულად მარკგრაფები. ავთანდილს, როგორც მარკგრაფს, თავისი სამფლობელო ჰქონდა საკუთარი ციხე-სიმაგრით, საკუთარი დიდებულებით (დიდებულები ქართულ სამეფო კარზე უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ), ვასალებითა და საკუთარი ლაშქრით.

4. სპასპეტი. ავთანდილი ასევე სამეფოს უმაღლესი მთავარსარდალი იყო. საქართველოში ფეოდალებს ასევე სახელმწიფო და სამხედრო თანამდებობები ეჭირათ. დიდ ფეოდალებს, როგორებიცაა ტარიელი და ავთანდილი, საკუთარი ტახტი (285) ჰქონდათ და „დარბაზს“ იწვევდნენ, საკუთარი რეზიდენცია დამაგრებულ ციხე-ქალაქში, საკუთარი ციხე-სიმაგრეები და საკუთარი ლაშქარი (148).

5. დარბაზი. ეპოსსა და საქართველოში ეს სუვერენის სასახლე იყო. ვასალების მოვალეობანი სუზერენის მიმართ ეპოსში სრულიად ნათლადაა გამოკვეთილი.

6. ყმა. რუსთაველის მიხედვით, ვასალი თავისი პატრონის სუზერენისადმი ვალდებულია: უსიტყვო მორჩილებას, ყურადღებას, პატივისცემას, ერთგულებასა და თავგანწირულ სამსახურს.

„ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცად რბიან“ (435).

თუ ამის საპირისპიროდ სუზერენი თავის ვასალს აბრაზებს ან შეურაცხყოფს, როგორც ფარსადანმა ტარიელის მიმართ გააკეთა, როცა არაფრად ჩააგდო მისი უფლება ტახტზე, ვასალს აქვს მორალური უფლება, დაუპირისპირდეს თავის უსამართლო სუზერენს (504-506). ტარიელმა ეს გააკეთა და მეფე ფარსადანს აუმხედრდა.

ტარიელსა და ფარსადანს ჰქონდათ ორივე გვარის ერთიანი წარმომავლობის დაარსების უფლება. „ჩვენ ორივენი ერთ გვარს ვეკუთვნით: „თვით ჩემივე გვარი არსა”.

მემკვიდრე მარტო ტარიელია: „ჩემია მკვიდრი მამული”, - ამბობს ტარიელი.. ნესტანი ამაზე ხვდება, რომ ის თავის უფლებას აჩვენებს:

„იგი რა მოჰკლა, ეუბენ პატრონსა, ჩემსა მამასა,
ჰკადრე, თუ: “სპარსთა ვერა ვიქმ ინდოეთისა ჭამასა,
ჩემია მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა,
არ დამეხსნები, გაგიხდი ქალაქსა, ვითა ტრამასა!“ (536).

რაც ტარიელმა გააკეთა კიდეც:

„იცით, ინდოთა სამეფო რაზომი სრა-საჯდომია! -
ერთიღა მე ვარ მემკვიდრე, - ყველაი თქვენ მოგხდომია:
ამოწყდა მათი ყველაი, მამული თქვენ დაგრჩომია;
დღესამდის ტახტი უჩემოდ არავის არ მონდომია“ (559).
და „ინდოეთი ჩემი არის, არვის მივსცემ ჩემგან კიდე“ (561).

მემკვიდრეობის უფლების ამგვარი დაცვა როგორც ქართული, ისე მთელი ევროპული ფეოდალიზმისათვისაა დამახასიათებელი. შოთას ძალაუფლების ნეგატიური მხარეების ჩვენებაც არ ავიწყდება: „თქვენც იცით, ხელმწიფე ნებიერია“ (286).

ვასალის გაგებით პოეტი ორ სიტყვას - „ყმასა“ და „მონას“ ხმარობს.

7. მონა. რუსთაველი ამ ქართულ სიტყვას ხშირად ქვეშევრდომისათვის იყენებს. სიტყვა-სიტყვით ის მონას (Sklave) ნიშნავს. მაგრამ ყველა, ვისაც ის ასე აღნიშნავს, სინამდვილეში მონა არ იყო. „მონა“ ხშირად დაბალი რანგის მსახურთა, მოხელეთა და ქვეშევრდომთათვის გამოიყენება.

ვეფხისტყაოსნის მიხედვით, „პატრონისადმი“ სამსახური მუდამ სამართლიანია:

„შემოვიქცე, შენი ჩემგან ვალით კარგად გარდიხდების:
პატრონისა სამსახური არაოდეს არ წახდების“ (779).
პატრონი ჩემი, გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი,
მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი!“ (855).
პირველ, ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად,
ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად“ (152)

ორმხრივი სიყვარული პატრონსა და ვასალს შორის ვეფხისტყაოსანში შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:

„სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ-ყმანი მოყვარულნი“ (240).

ფეოდალიზმის დროს არსებობდა ადლონს-ის სუზერენისადმი გადაცემა და უკან დაბრუნება ან გაცვლა ადლონსისა სხვა ვასალზე.

ვეფხისტყაოსანში ჩვენ ვხედავთ, რომ სარიდანმა, ტარიელის მამამ, ჩანს, გაერთიანებული ინდოეთის სამეფოს მომხრემ, გადაწყვიტა, თავისი დამოუკიდებელი სამეფო ფარსადანისათვის გადაეცა, რომელიც უკვე 6 სხვა სამეფოს მბრძანებელი იყო.

„ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხარ მცნობელი:
ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მფლობელი,
უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი,
ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი“ (308).

მეფე სარიდანი გადაწყვეტს:

„ბრძანა: „წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები“ (310).

ფარსადანი მას პასუხობს:

„ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან.
შესთვალა: „ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან,
რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან.
აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან“ (312).

ტარიელი ჰყვება:

„ერთი სამეფო საკარგვად, უბოძა ამირბარობა…
სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა…
თვით მეფემან მამა-ჩემი დაიჭირა სწორად თავსა“ (312-313).

ვეფხისტყაოსანში აგრეთვე მოთხრობილია, რომ, თუ ავთანდილიდან შერმადინზე ძალაუფლების დროებითი გადაცემის შემდეგ ვასალებმა ეს უკანასკნელი აღიარეს:

„უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა?
განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!
იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი-სცა“174).

ამ უკანასკნელ წინადადებას წერეთელი უკეთესად თარგმნის: „Den Gefolgsmann machten sie zu Hern, alle verneigten sich vor ihm..“ (S.125).

ეპოსში ასევე ფეოდალთა (ფეოდალური) საფეხურებია წარმოსახული. ასე მაგალითად, არაბეთში სისტემის 5 საფეხურია: 1. ყველაზე მთავარი (მაღლა მდგომი) მეფე როსტევანი, 2. მისი დიდი ვასალი მარკგრაფი ავთანდილი, 3. ავთანდილს ჰყავს თავისი დიდებულები, მათ შორისაა შერმადინი, 4. შერმადინსაც ვასალები ჰყავს, 5. უკანასკნელ ვასალებს (უხუცეს ვასალებს) თავიანთი საკუთარი Vauern, კარისკაცები და სხვა ვასალები ჰყავთ.

8. მარზპანიც ვეფხისტყაოსანშია მოხსენიებული (397). მარზპანის ტიტული მეფის მოადგილეს შეესატყვისება (მას, ვინც მეფის მოადგილეა). ეს სპარსული ტიტული იყო. საქართველოში მარზაპანს უკვე მეფე მირიან პირველის და ვახტანგ პირველის დროს მოიხსენიებენ.

9. 21. სანაპირო. ეპოსში ეს ტიტული ერთხელაა მოხსენიებული (161). სამარკგრაფოების მფლობელნი საქართველოში „მონაპირენი“ იყვნენ. „ნაპირი“ ნიშნავს Mark (ფრანგულად marsche, რუსულად Ukraina). მონაპირეებს სახელმწიფო საზღვრები უნდა დაეცვათ. შერმადინისადმი თავისი სანაპიროს დროებითი გადაცემის დროს ავთანდილი ბრძანებს:

„სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა!“ (161).

წერეთლის მიხედვით სიტყვასიტყვით: Befestige du die Mark, dass kein Feind in der nahe bleibe.

10. საკარგყმო. ეპოსში ეს არის - ვეფხისტყაოსნის ხელნაწერის კვლევის შემდეგ ბარამიძე აღნიშნავს: ქართული აღნიშვნა ფეოდის ანუ მამულისა „საკარგო“.

კარის თანამდებობებიდან ვეფხისტყაოსანში მოხსენიებულნი არიან: ვაზირები, ამირბარი, ეჯიბი, დიდებული, მოლარე, მოლარე-შინაური, მონათ-უხუცესი.

23. ვაზირი (ვეზირები ანუ მინისტრები) ვეფხისტყაოსანში ხშირადაა მოხსენიებული. როგორც არაბეთში, ისე ინდოეთშიც ისინი მუდამ ოთხნი არიან: საქართველოს მეფეებს: თამარის მამასა და თვით თამარს ასევე ვაზირების ზუსტად ამდენი რიცხვი ჰყავდათ. საქართველოში იყვნენ: ამირ-სპასალარი, მანდატურთ-უხუცესი, მეჭურჭლეთ-უხუცესი და მზარეულთ-უხუცესი, რომ არაფერი ვთქვათ მწიგნობართ-უხუცესზე, რომელიც მუდამ სასულიერო პირი იყო.

24. მოხსენიებულნი არიან აგრეთვე “ვაზირ-უხუცესი” (C.1131). უხუცესი ქართულად ნიშნავს der Alteste-s.

25. სავაზირო. ვეფხისტყაოსანში და საქართველოში ეს სამინისტროს ერთ-ერთი სახე იყო (C.234).

26. ამირბარი. ვაზირებს შორის მუდამ პირველი იყო. როსტევანთან ეს სოგრატი გახლდათ (44). ტარიელი და ავთანდილი ინდოეთში ამგვარივე პირველი ვეზირები იყვნენ. ლაშქრობის დროს ტარიელი სხვა ვაზირებს ჰკრებს და მათ ეთათბირება:

„გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით“ (419).

ჩანს, სპასპეტ ავთანდილსაც ვაზირის თამამდებობა აქვს, მაგრამ ეს არის არა უხუცესი და მონაწილეობას იღებს ვაზირთა მოლაპარაკებაში (ბჭობაში). „ამილბარი“ ან „ამირბარი“ არაბული სიტყვათწარმონაქმნია და ორი არაბული სიტყვაა: „ამირ“ და „აბარ“. პირველი სიტყვა აღნიშნავს ემირს, ე.ი. თავადს, გუვერნიორს ან კაპიტანს, მეორე .. ამირბარები ან ამილბარები იყვნენ კარის მინისტრები (ან ობერჰოფმაისტერი). საქართველოში ამ აღნიშვნას ვხვდებით უკვე.. (ეპოსში 313, 360) (მოგვიანებით ამ თანამდებობას “სახლთ-უხუცესი” ეწოდა). აღსანიშნავია, რომ ეს ცნება საქართველოში და მეზობელ ქვეყნებში უკვე მე-12 საუკუნიდანაა. ვეფხისტყაოსანში ამირბარი მეფისა და სხვა ვაზირების შემდეგ პირველი რანგისაა.

„ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ“ (360).

27. ეჯიბი (141) ითარგმნება, როგორც Kamrer. არაბული წარმომავლობის სიტყვაა და კამერჰერს ნიშნავს.

28. დიდებულები (ეპოსში 22-ჯერაა აღნიშნული) იყვნენ ქართველი მაგნატები - უმაღლესი საკარო და სოციალური მდგომარეობით. ისინი მსგავსნი არიან პოლონეთის ან უნგრეთის მაგნატებისა ან ესპანეთის გრანდებისა, „დიდი” ნიშნავს „gross“.

29. მოლარე ნიშნავს Schatzmeister-s (ხაზინადარს) (C.106,108,400).

30. მოლარე-შინაური საშინაო ხაზინადარი იყო (C.412) (1650).

31. მონათ-უხუცესი სამეფო მსახურთა უფროსი გახლდათ.

32. ხასი კარისკაცს ნიშნავს და ვეფხისტყაოსანში უფრო მეტად მრავლობითში გამოიყენება: „ხასნი“ - კარისკაცნი (C.1525). სამხედრო თანამდებობებიდან ვეფხისტყაოსანში მოხსენიებულია შემდეგნი: ამირ-სპასალარი, სპასპეტი და ამილახორი.

33. ამირ-სპასალარი არმიის მთავარსარდალი იყო (40,313).

34. სპასალარი არმიის სარდალი გახლდათ (ზიფახ-სალარი) (C.1569).

35. სპასპეტი (სპარსული სიტყვაა) ასევე მთავარსარდალს, ჯარის სარდალს აღნიშნავდა (40, C.12).

36. ამილახორი (ემირ-ახორი) ქართულად Connetable იყო და ქართულ ჯარში მეორე ჩინი (რანგი) გახლდათ (54).

37. სპა - მეომარი, „სპანი“ - „ლაშქარი“ (C. 1036, 1383, 1369, 1687). მოგვიანებით ჩვენ ინდოეთში ინგლისურ რაზმებში ვხვდებით „Sipai“-ს და ფრანგულ კავალერიაში ჩრდილო აფრიკაში „Spahis“-ს.

38. ლაშქარი = მებრძოლი; „ლაშქარნი“ = ჯარი (C.19-ჯერ მოიხსენიებს).

39. მოქალაქე მოხსენიებულია..

40. თავადი ვეფხისტყაოსანში ჯერ კიდევ არ ნიშნავს „თავადს“ (Futst), არამედ რომელიმე ჯგუფის მეთაურს, მაგალითად, ვაჭართა თავადი - შეფი. ჯარის (ლაშქრის) თავადი - უმაღლესი სარდალი. ქარავნის თავადი და სხვა. (1054, 1258).

41. რაინდი ქართული სიტყვაა Ritter=ისათვის.

42. რაინდობა - Die Ritterschaft. ორივე ეს ცნება რუსთაველის მერე წარმოიშვა.

44. მოყმე - ქართული სიტყვაა, „ვასალს“ ან „რაინდს“ ნიშნავს. ქართული ფეოდალიზმის ძირითადი იდეა რაინდული ტრადიციაა. რაინდს საქართველოში გადატანით ასევე „ყმა“ ან „ჭაბუკი“ ერქვა.

45. ყმა, „ჭაბუკი“. ქართველი რაინდები ქვეყნის შინაგანი და გარეგანი უსაფრთხოებისათვის ზრუნავდნენ. ისინი თავიანთ სუვერენებსა და ქალბატონებს ერთგულად ემსახურებოდნენ. ავთანდილი აღიარებს:

„პირველ, ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, -
ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად“ (152).

ჩუბინაშვილის მიხედვით (155-105) სიტყვასიტყვით: „Zuvorderst bin ich Vasale, zum Dienste des Herrn will, ich ziehen Pflicht ist es, den Konnigen treu zu sein, der Lehrsmann kann alle als Lehnsmann“.

თინათინი, ავთანდილის სუზერენი ქალი, გამგზავრების წინ მას არიგებს:

„ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად:
პირველ, ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად,
მერმე, ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია არ ნაჭორად,
წადი, იგი მოყმე ძებნე, ახლოს იყოს, თუნდა შორად“(129).

სიტყვასიტყვით: „Also sage ich dir: Du schuldest mir zweifache Dienste: Einmal bist du ein Ritter, kein Lebendiger ist Deines gleichen! Dann tragst du Minne - Nahr ist es, kein Eitles Geruchte“ (წ. 131/85).

ავთანდილს ესმის თავისი ორმაგი მოვალეობა:

„კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად“ (160).

რაინდი საგმირო საქმეებისათვის მუდამ ანთებულია. გმირის სიმამაცე ყველაზე მაღლა დგას.

„სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“ (798) და
„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“ (799).

რაინდულ ძმადნაფიცობას გმირული ფორმა აქვს. მეგობრობისა და თვითშეწირვის (თავგანწირვის) გარეშე რაინდობა არ არსებობს:

„ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ (852), რადგან
„ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“(772).
„ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს“ (303).

სიტყვასიტყვით: „Wer einen Menschen erwahlt zum Bevore oder zur Schwester maden, dem geziehmt s sich fur diesen der Tod und das Leid nicht zu“ (Ts. 308/001).

„სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა“ (767).

სიტყვასიტყვით:

„Besser ist es, niemand um sich zu haben, als einen Unzufrieden (Ts. 770/79).

რაინდის ბრძოლა თავისი სახელმწიფოსა და ხალხის კეთილდღეობისათვის გმირულია. რაინდები არა მატერიალური მოგების, არამედ სახელისა და პატივისათვის იბრძვიან. ქართველი პოეტი ამის ფორმულირებას იძლევა ცნობილ აფორიზმში, რომელიც თავდება სიტყვებით:

„სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“ (779) (წერეთლის მიხედვით; „Besser ist ein Rumvoller Tod, als ein Schimpliches Leben“ (802/106).

მეომრები ადრეული ბავშვობიდანვე რაინდული სამსახურისათვის ასპარეზობის გზით ემზადებოდნენ, მაგალითად, ტარიელი:

„სროლასა და ასპარეზსა აქებდიან ჩემგან ქმნილსა“ (327).

წერეთლის მიხედვით, ასპარეზსა (Ballspiel) ვეფხისტყაოსანში ნიშნავს „Polospeiel“.

ამას შემდეგი წარმოდგენა განაპირობებს:
„ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად“ (702).
ისინი იმისათვის შეჩერდნენ, მართლაც ასე მოქცეულიყვნენ ?
„კაცსა ფიცნი გამოსცდიან“ (747).
„ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს“ (775).

რაინდულ მოვალეობებს ეკუთვნის აგრეთვე ღარიბთა (უპოვართა) დაცვა და დახმარება:

„გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია“ (156)
„მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები“ (802).

მაგრამ, მაშინ, როცა ღარიბებს ეხმარება, არ ივიწყებს იმასაც, რითაც სახელმწიფოს სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიმართაა ვალდებული:

„მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად“ (803).

ამრიგად, როგორც რაინდი, ბრძოლისათვის აღჭურვილი, მამაცი, გაბედული და დაუმარცხებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ამავე დროს, კარგი ამხანაგი და ერთგული მეგობარი: მგრძნობიარე, მეგობრული, უხვი და არა მოგების მსურველი. კეთილშობილ რაინდს პატიება უნდა შესძლებოდა და შურისმაძიებელი არ უნდა ყოფილიყო. მას ქვრივები და ობლები უნდა დაეცვა და დახმარებოდა მათ. როგორც ხალხისა და სამშობლოს დამცველი, რაინდი კეთილშობილი უნდა ყოფილიყო.

რაინდობის გაგებას რუსთაველთან და მის თანამედროვე ევროპელებთან დიდი მსგავსება აქვს. ნათელია, რომ რუსთაველმა თავისი ეპოსისათვის ნიმუშად ქართული რაინდობა გამოიყენა. საოცარია ეს მსგავსება საქართველოს ფეოდალური კანონებისა, რომელსაც რუსთაველი იცავდა, შუა და დასავლეთ ევროპის იმგვარივე კანონებთან. სინამდვილეში ის უმცირეს დეტალებამდე „მსგავსი“ („ერთნაირი“) იყო. აქედან შემდეგი კითხვა გამომდინარეობს: როგორია ეს ურთიერთკავშირი? თავდაპირველად, შესაძლოა, ეს საქართველოსა და ევროპაზე სპარსულ-არაბული სამყაროს გავლენით აგვეხსნა (განგვემარტა). მაგრამ მარტო ამით საკითხი არ ამოიწურება. უფრო ჭეშმარიტია ის, რომ საქართველოსა და ევროპას შორის უშუალო კონტაქტები არსებობდა.

როგორც ფეოდალურ სისტემაში, ისე რუსთაველის პოეტურ წარმოდგენაში, ჩვენ მეტ საერთოს ვპოულობთ განვითარებული შუა საუკუნეების საქართველოსა და ევროპას - განსაკუთრებით, შუა და დასავლეთ ევროპას შორის - ვიდრე საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის კულტურულ სამყაროს შორის.

ქართულის მსგავს ფეოდალიზმს ჩვენ ვერ ვპოულობთ ვერც ირანში, ვერც ბიზანტიაში ან საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მისი მსგავსება (ნათესაობა) ევროპულ სისტემასთან ეჭვს არ იწვევს. საქართველოსა და ევროპას შორის „უფსკრულები“ არ იდო. ეს რომ ვაჩვენოთ (დავამტკიცოთ), უნდა დავაკვირდეთ (განვიხილოთ) ისტორიას პომპეუსის შემდეგ (დაბად. 109 ქრისტემდე, გარდ. 48 ქრისტემდე).

66-65 წლებში ქრისტემდე პომპეუსმა ძლევამოსილი ომები ჩაატარა (ომები ძლევამოსილი გამარჯვებით), რომლის შედეგად საქართველო (იბერია) რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. რამდენიმე იბერიელმა მეფემ „რომის მეგობრის“ ტიტული მიიღო. იბერიელი მეფეები და სამეფო პრინცები (უფლისწულები) რომში, მარსის მოედანზე საომარი ვარჯიშების მონაწილენი იყვნენ. მეფე ფარსმან მეორეს იბერიიდან რომაელებმა პატივისცემის ნიშნად თვით მარსის მინდორზე ძეგლი აღუმართეს. მოგვიანებით რომაელები საქართველოში ქართველი სუვერენებისათვის ციხე-სიმაგრეებს აშენებდნენ.

რომისა და, მოგვიანებით, ბიზანტიის (აღმოსავლეთ რომის) გავლით საუკუნეების განმავლობაში საქართველოსთან მუდმივი კავშირი არსებობდა.. ქართველი ელჩების, მეფეთა, სამეფო უფლისწულების და წარჩინებულთა მოგზაურობანი რომსა და კონსტანტინოპოლში და ბიზანტიის ქართულ მონასტრებში მუდამ ქართული წარმომავლობის ახალი ბერების ჩასვლა ურთიერთობებს (კავშირებს) აღრმავებდა.

საუკუნეთა განმავლობაში ბიზანტია ხიდი იყო საქართველოსა და ევროპის სხვა ნაწილებს შორის. ბევრმა ქართველმა სამეფო უფლისწულმა, მთავარმა და თავადმა ბიზანტიაში მაღალ სამხედრო თანამდებობას მიაღწია. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ბრძოლა იტალიის დაპყრობისათვის, რომელსაც კეისარი იუსტინიანე (მეფობდა... წლებში) ეწეოდა. იტალია მაშინ გოთების მიერ იყო დაპყრობილი. ჯარის მთავარსარდლებად ორი სახელოვანი ბიზანტიელი სარდალი იყო: ბელიზარი და ნერსესი (სომეხი).

ბიზანტიურ ლაშქარში დასავლეთ საქართველოდან რამდენიმე დამხმარე სამხედრო დანაყოფი იყო.

ბიზანტიელ ჯარის წინამძღოლთა შორის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მრავალი ქართველი უმაღლესი სამხედრო სარდალი (ბელადი) გახლდათ.

ასე მიმდინარეობდა საქართველოს დაკავშირება (შერწყმა) იერუსალიმში ქართული გავლენიანი კოლონიისა და ჯვაროსნების გზით (მეშვეობით) უშუალოდ ევროპასთან. ქართველები იერუსალიმში, ევროპელი მღვდლები და ჯვაროსანი რაინდები ამ ცოცხალ კავშირებს თავიანთ სამშობლოში უკან აბრუნებდნენ.

მეოთხე ჯვაროსნული ომის დროს (1202-1204) საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეფეების (ბაგრატიონების) ნათესავი კომნენოსის დახმარების გზით (მეშვეობით) მათ მიერ ბიზანტიის ტახტის მოთხოვნისას, რაც ე.წ. „ტრაპიზონის იმპერიის“ დაარსებამდე მივიდა, რომლის არსებობა 2 ნახევარ საუკუნეს გაგრძელდა. ამ შემთხვევის (მოვლენის) ირგვლივ ქართული და უცხოური წყაროები მოგვითხრობენ.

მეფე თამარის სახელოვან ხანაში (ან მისი სიკვდილის შემდეგ 1210 წელს) ჯვაროსანმა რაინდებმა დიდი კოალიციის (აბუ-ბექრი?) დამარცხების შესახე,ქართველი სარდლებისაგან შეიტყვეს და ქართველთა მხრიდან დახმარების იმედი ჰქონდათ.

მეფე რუსუდანმა, თამარის ქალიშვილმა (1222-1247) ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის მომზადებისას ვატიკანთან კავშირი შეჰკრა იერუსალიმის განთავისუფლებისათვის, რომელიც სულთან სალადინის მიერ 1187 წელს აღებულ იქნა.

ქართველების ჯვაროსნებთან უშუალო კონტაქტებზე მეტყველებს ასევე ჩანაწერები წმინდა ჯვრის მონასტერში, იერუსალიმში, საიდანაც ნათელია, რომ ქართულ მონასტერს წმინდა საფლავის რაინდები, ტაძრის რაინდები ეწვიენ, რის შესახებაც სინოდალურ შენიშვნებს დღესაც შეხვდებით.

ქართული ფეოდალიზმის ევროპულ რაინდობასთან კავშირის ამ ძალზე საინტერესო თემასთან ჩვენ უფრო ახლოს ვერ მივალთ, რადგან ეს შორს წაგვიყვანს. ეს სპეციალური გამოკვლევით უფრო დეტალურად უნდა იქნას დამუშავებული.

ფეოდალური სისტემა რუსთაველთან მხოლოდ რაინდებით, თანამდებობის პირებითა და თავადებით შემოისაზღვრება. ეპოსში ვაჭრებიც დიდ როლს თამაშობენ.

რუსთაველი ვაჭართა მდგომარეობას აღწერს გამოგონილ ქალაქ გულანშაროში. ის ჰყვება ცხოვრებასა და ქცევაზე ვაჭართა ამ ცენტრში.

ეს სახელმწიფო (სამეფო) ზღვაზე - 10 თვეა საკმარისი, მას რომ მიაღწიო (შემოუარო):

„ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა,
თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა
აქ მოდის ტურფა ყველაი ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა,
მელიქ-სურხავი ხელმწიფობს სრული სვითა და დავლითა.
აქა მოსლვითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები:
სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები“ (1061-1062).

რაინდების საპირისპიროდ, ვაჭრებთან მთავარ როლს ასრულებს არა სიმამაცე, გარეგნული სილამაზე ძალასთან ერთად, არამედ სიმდიდრე და მასთან დაკავშირებული ავტორიტეტი.

ფატმანის მეუღლე, ვაჭართა გილდიის თავადი (შეფი) გულანშაროში, უსენი - სუსტი და უსახური იყო, მაგრამ ძალზე გავლენიანი. ფატმან-ხანუმიც, კეთილი, სიმპათიური და ჭკვიანი ქალი, მორალური თვალსაზრისით უმწიკვლო არ იყო.

რუსთაველი, რომელიც ვაჭრობის ამ ცენტრს დაწვრილებით აღწერს, ხაზს უსვამს მის სიმდიდრეს, კარგ მდგომარეობასა და ღირსებებს და ირონიით საუბრობს მათ „პატრიციატზე“. აქ იგრძნობა რუსთაველთან ნამდვილი მტრულ-კრიტიკული და ქედმაღლური შეფასება ვაჭრებისა მეომართა და რაინდთა მიერ (მხრიდან).

ავთანდილი ამბობს:

„თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი“ (1036).

მაგრამ იგივე ავთანდილი ვაჭრობასა და ვაჭრებს მეკობრეთა თავდასხმისაგან იცავს.

შემდეგ ჩვენ განვიხილოთ სხვა ურთიერთობანი საქართველოსა და კონსტანტინოპოლს შორის.

ხშირ დინასტიურ კავშირებს აღმოსავლეთ რომის საიმპერატორო ოჯახსა და საქართველოს სამეფო ოჯახს შორის, ყველაზე საფიქრებელია, მოჰყვება ორივე ქვეყნის უმაღლეს სამხედრო უფრო მცირე მდგომარეობების კავშირები. სისხლით ნათესაობამ და საერთო ბერძნულ-ორთოდოქსულმა რელიგიამ ეს კავშირები გააღრმავა.

კონსტანტინოპოლს გარდა იყო იერუსალიმი, ევროპასთან შემაერთებელი მნიშვნელოვანი კვანძი.

უძველესი დროიდან იერუსალიმსა და მის მიდამოებში სტუმრებისა და მლოცველებისათვის რამდენიმე ქართული მონასტერი, ეკლესია და სამონასტრო ღამის გასათევი (თავშესაფარი) ადგილები არსებობდა. ქართული კოლონია იერუსალიმში მართლაც მნიშვნელოვანი და დიდი გავლენის მქონე გახლდათ.

კავშირები საქართველოსა და დანარჩენ ევროპას შორის უკვე ჯვაროსნული ლაშქრობების წინ არსებობდა, მაგრამ ისინი განსაკუთრებით ჯვაროსანი რაინდების წმინდა ქვეყანაში ყოფნისას განვითარდა.

არსებობს დავით მე-4 აღმაშენებლის (1089-1099) უშუალო მითითება იმაზე, რომ მეფეს პირველი ჯვაროსნული ომი (1096-1099) სელჩუკების დასუსტებასთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთში თავისი განმათავისუფლებელი ომისათვის გამოეყენებინა. ევროპელმა ჯვაროსანმა რაინდებმა და ჯვაროსნებმა შეიტყვეს მეფე დავითის სახელგანთქმულ ლაშქრობაზე თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ, რომელიც დიდგორთან ნადინ-ედინ-ელ-გაზიზე, ალეპოს სულთანზე, ქართული ლაშქრის გამარჯვებითა და მისი მოკავშირეობით დამთავრდა.

როგორც წერილიდან... ძალიან უნდა (ტექსტს აკლია).

ჯვაროსანი მეომრები მათი მტრის დამარცხების ცნობამ ძალზე გაახარა.

ასევე ძალზე საინტერესოა აღინიშნოს, რომ დავითის ლაშქარში ე.წ. „ფრანკები“ იმყოფებოდნენ. …

ტექსტი გერმანული ენიდან
თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა
მანანა კვატაიამ.

13.3 ისინი საქართველოს ბედ-იღბალზე ფიქრობდნენ

▲ზევით დაბრუნება


ვიქტორ ნოზაძ

ეს ქართველები, რომელთა მიმოწერასაც მკითხველს ვთავაზობ, - პირველი დამოუკიდებელი მთავრობის მიერ ევროპაში სასწავლებლად გაგზავნილი შალვა ქიქოძე და ვიქტორ ნოზაძე იყვნენ. ბუნება თუ კულტურა, რა გზით უნდა იაროს საქართველომ - აი კითხვები, რომლითაც ეხმაურებიან ისინი დღევანდელობას.

შალვა ჩემო საყვარელო,
სანახავათ სანატრელო!

ერთი თვალის დახამხამებით შევიგრძენი შენი წერილი. რა კარგია, როდესაც ახლოს იგრძნო,ადამიანს! რა კარგია, როდესაც შეგიძლია, ეზიარო მის გრძნობას! ეზიარო და შეედუღო მის ნებას, გადაეჭდო მის მისწრაფებას! ვიცი მე ამის სიკარგე! მახსოვს ამის წუთები! ყველა ლამაზ და ბოროტ წუთშიაც მე მყოლია ჩემი განცდის, ფიქრის, გრძნობის თანამგრზავრი, მყავდნენ ამხანაგები, რომელთაც ესმოდათ ჩემი და მე მესმოდა მათი...

რუსეთში ყოფნის დროს მე ვგრძნობდი ქართველ ხალხს, მე ვიცნობდი ქართველ დემოკრატიას, მე ვგრძნობდი საქართველოს როგორც ასეთს და, გაჭირვების ჟამს, ჯოჯოხეთურ მდგომარეობის დროს, ვიგრძენი და შევიყვარე იგი და იცი, როგორ შევიყვარე? შევიყვარე ავადმყოფურად, შევიყვარე ისე, როგორც ჭლექიანმა მზე; შევიყვარე ისე, რომ ყოველ მის საგანს წარმოდგენითი შეხებით ვგრძნობ... ტკივილით ვგრძნო,საქართველოს და იმედიანათ შევსცქერი მე მას. გახსოვს შარშანდელი 26 მაისი? გახსოვს, საქართველოს ცაზე რომ მზე ათამაშდა, გარს რომ დისკო ამაყათ შემოირტყა და საქართველოს ამ დღეს გაუღიმა სრული მზიური სიცილით?! ეს დღე არ დამავიწყდება!...

საქართველოდან წამოსვლის შემდეგ რაღაც მოსწყდა გულს, მოსწყდა და ისე მძიმეთ დაეცა, რომ შემაძრწუნა. მოვშორდი საქართველოს, ვნახე ევროპა და ამან უფრო დამიწყლულა სული. განა ლონდონის ცა რომ სტირის, ესაა სავალალო ჩემთვის! სავალალო და სამწუხარო ისაა, რომ ევროპით ვიგრძენი ჩვენი სამშობლოს უბედურება. თავსაცემი ისაა, რომ ევროპის უბრალო გადათვალიერებით მე ნათლად წარმოვიდგინე ჩვენი ქვეყნის სიბედკრულე. ევროპაში არ არის საქართველოსთანა რაიმე. მართალია, მართლა საქართველოა წილხვდომილი დედა მარიამისა, ქვეყანა, სადაც ქრისტე ღმერთს თავისი უხვი კალთა დაუბერტყია. ბუნებას არ დაუნანებია ჩვენთვის არც მზე, არც მთვარე, არც მოჭედილი ლურჯი ცა, არც ჰაერი - ნაზი და სუფთა, არც გოლიათი მთები და გავარდნილი მინდვრები, არც მიწის გული თავისი აურაცხელი სიმდიდრით. როგორ გავბედო, ავსწერო! მაგრამ... აქ იწყება მრავალი წერტილი, რომელიც მძიმე გრძნობებს მიშლის და მატირებს სულით. ბუნებით დიადი საქართველო - ოხ! რა ღარიბია! უხვათ დაჯილდოებული, სილამაზით აღსავსე ქვეყანა - რა ბედკრული და პარტახია! სულით მდიდარი და ნიჭიერი ხალხი - როგორ უცოდინარობის ჭაობში იხრჩობა! სწავლა! სწავლა! განათლება! გზა განათლებას! - უნდა იერიქონის მილით ყვიროდეს ყველა. უშველეთ ლამაზს, ნაზს, მომხიბლავ, კეკლუც საქართველოს! მიეცით გზა! უშველეთ კოხტა-კოპწია, მთვარისა და მზის შვილს - საქართველოს - მიეცით გზა! მიეცით გზა მის ნიჭს, მის ენერგიას! განა ამ ანდაზის მთქმელ ხალხს: „სწავლა კაცს სიბერემდე არ მოსწყინდებაო“, სურვილი არ ექნება - ისწავლოს? ისწავლოს და, სწავლით აღჭურვილმა, ცხოვრების ნარეკლიან გზაზე გმირულათ, შეუპოვრათ გასწიოს შარავანდედმოსილმა... ვინ მოგვცემს ამის საშუალებას? ვინ გვიწყობს ხელს? ვინ გაგვიმართავს წელს? ევროპა? ევროპა ხომ იმიტომ მოდის, რომ ამოსწოვოს საუკეთესო, რაც შეიძლება, ვინ გვიშველის, როდესაც ყველა გარშემო მხოლოდ თავის უმაძღარ კუჭს მისჩერებია! იმედი და ხსნა მხოლოდ ისევ ერთ სიტყვაშია: „ჩვენ თავს ვეყუდნეთო“. ისევ საკუთარი - ძალღონით, ისევ ჭაპანწყვეტითი მუშაობით უნდა გავიტანოთ ლელო! მეტი ენერგია, მეტი თავდავიწყება და დაუდგომელი მუშაობა საქართველოსთვის და ის იქნება შუქურვარსკვლავი აღმოსავლეთში. დღეს ეს ვარსკვლავი მხოლოდ ამოდის, მხოლოდ რამოდენიმე სუსტი სხივი ისროლა მან. იგი მთლად უნდა გამოჩნდეს, ამზეურდეს და მის გამოჩენაში ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა, იცი? უმთავრესი ტვირთი ამ მოძრაობისა ვინ უნდა გადაიტანოს თავის მაგარ, თუ სუსტ ბეჭებზე, იცი? აქ მხოლოდ ერთი შეიძლება, იყოს პასუხი: - ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მძოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს. ჩვენ პირველნი ვართ ევროპაში გამოგზავნილნი, ჩვენ პირველნი ვართ „აღმდაგრ საქართველოს“ შვილები, მისი ღარიბი ჯიბით წამოსულნი, პირველნი ვართ, რომელნიც პირველნივე უნდა დავბრუნდეთ საქართველოში. ამბორი ვყოთ მის ლამაზ შუბლს და გადავუშალოთ მას ჩვენი გრძნობით სავსე გული, ცოდნით აღჭურვილი გონება. ჩვენ არ ვეკუთვნით ჩვენს თავს. ჩვენ ვეკუთვნით საქართველოს და ვაი იმას, ვისაც ეს არ ესმის; ვაი იმას, ვისაც ეს ვერ წარმოუდგენია; ვაი იმას, ვინც უკან ცარიელი დაბრუნდება და ვერაფერს მოუტანს მას. რა უნდა მივუტანოთ ჩვენ საქართველოს? რა უნდა მივსცეთ მას? პასუხი ერთია: ევროპული კულტურა. ჩვენ ჩვენი მომავალი მუშაობით ისეთი ძლიერი მუჯლუგუნი უნდა ვკრათ ქართულ ცხოვრებას, რომ მით უნდა გავაათასკეცოთ დღეს გაშლილი მისი ენერგია. დიდია ეს ჩვენი მოვალეობა, ისე დიდი, რომ მეტი არ შეიძლება. მძიმე იქნება ეს სამუშაო; შეიძლება ამ სიმძიმემ გაგვჭყლიტოს კიდეც, მაგრამ, დეე, ესეც მოხდეს, უკეთესი იქნება საქართველოსთვის. ჩვენ უნდა გავხდეთ ზვარაკი მისი“. და კულტურული უნდა იქნეს იგი. კულტურა უნდა გაიშალოს; უნდა განმტკიცდეს იგი საქართველოში და ეს კულტურა უნდა წავიღოთ აქედან. ამ კულტურას მოგვცემს ევროპა. ჩვენ უნდა წავიღოთ აქედან ის, რაც ჩვენთვის მეტათ საჭიროა. ჩვენ უნდა წავიღოთ ის, რაც ჩვენთვის აუცილებელია. ჩვენთვის არაა აუცილებელი ფუტბოლი, ტენისი, ჩვენ თავიდან ვიწყებთ ცხოვრებას და ბევრი რამ აუცილებელი გვაკლია. გვაკლია ანბანი, არ მოგვეპოვება წიგნები, ჩვენი ინტელიგენცია რუსულით იზრდება. აწი ეს გზა გამოცვლილია. მას ახალი საზრდო უნდა მიეცეს და ისიც ევროპიდან. რაც შეიძლება, მეტი საჭირო და აუცილებელი უნდა წავიღოთ აქედან და დავასადგუროთ საქართველოში. შენ ამბობ, რომ სულის კულტურას, ფაქიზ აზრებს და გრძნობებთ ევროპაში დაესვა წერტილი? დიახ! სამაგიეროთ არსებობდა და არსებობს ტექნიკის კულტურა, და ამაში უარს ვერ ვეტყვით ევროპას. თუ ხელოვნებაში დაეცა გრძნობა, თუ ხელოვნებაში გამეფდა დეკადანსი, სამაგიეროთ მანქანა შეიქმნა ქვაკუთხედი ყოველივესი, და ამაში ევროპა მეტათ შინ წავიდა. დღეს იგი ღმერთია მანქანის და მას ვერავინ შეედრება. აქ მან თავის უმაღლეს წერტილს გადააბიჯა და შეუძლია, კიდეთ იამაყოს. და საქართველოს უნდა იჩქაროს, აქილევსის ფეხები უნდა გამოიბას, რომ დაეწიოს ამ დიდ ბრძოლას, მიიღოს შესაფერისი მონაწილეობა, ჩაებას იმ დიდ ფერხულში, რომელიც უნდა გაიბას ძველი ევროპის საფლავზე. და ამის შეძლება ექნება საქართველოს მხოლოდ მაშინ, თუ იგი სავსებით კულტურული იქნება. კულტურის გაშლა, მანქანის დადგმა ააყვავებს საქართველოს. ყველამ ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ დიდ საქმეში. შევსყლებთ? ამას რაღა აჰობებს. შევსძლებთ და ამისათვის წინდაწინვე დიდი მუშაობა მოგვიხდება.

ბოდიშს ვიხდი, წერილი გამიგრძელდა, ხელიც დამეღალა. ნახვამდის.

ძველო, საყვარელო ვიქტორ!

არის ადამიანის ბუნებაში ორი დასაწყისი - სრულიად სხვადასხვანაირი. არაფრით ჰგვანან ისინი ერთმანეთს. პირიქით, ერთი მეორის წინააღმდეგია, ერთი მეორეს სპობს. ხშირად მოქმედებენ ისინი ერთად, მაგრამ მხოლოდ ერთის მიზნით: რომ ერთმა მეორის სისუსტე გამოააშკარავოს. არასოდეს არიან შედუღებულნი, რომელიმე ყოველთვის სჭარბობს. სჯობნის. ერთს ჰქვია სული, გაქანება, ლტოლვა იმ პატარა, ლამაზი არსების, რომელიც ძველ ხალხს ღმერთათ ჰყავდათ მიჩნეული. მეორის სახელია გონიერება, უფრო კარგია -კეთილგონიერება. მას მსხვილი წარბები აქვს და თხელი ბაგე, მისი ყბები წისქვილის ქვებს ჰგვანან და მის თვალებში სიცივე და გულგრილობა მეფობს. ერთი მიყვარს, ერთს ვეზიარები, თაყვანს ვცემ იმ ერთს; მეორე მომწონს, პატივის საცემია და პატივს ვცემ იმდენათ, რომ ზოგჯერ მეზიზღება. ძალიან ხშირად არიან ისინი ერთად: პატივისცემა და ზიზღი.

ეს ორი არსება, ეს ორი დასაწყისი, უმთავრესი დასაწყისია ადამიანის არსებისა. ცოტა რამ უნდა ითქვას მათზე. მგონი, ეს იქნება ის პასუხი, რომელიც უნდა გავცე უფრო საკუთარ კითხვებს. შენ სხვა კალაპოტში მო ამწყვდიე ის საკითხი, რომელიც მე დავსვი. უფრო მართალი იქნება, ვთქვა, რომ ჩვენ ერთს საკითხს სხვადასხვა მხრით მივუდექით. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მე ვეცდები, რომ პასუხი ჩემს კითხვებზე შენს პასუხადაც გამოდგეს. ოგიუსტ როდენს აქვს ერთი პატარა, შესანიშნავი მარმარილო-პირტუყვი, ცხენისმაგვარი, ჩლიქებით; თავის მაგივრად აქვს ადამიანის ტანი წელს ზევით. ეს არის ადამიანი-პირუტყვი, ისეთი, როგორიც ყოველი ჩვენგანია. და ადამიანს, რომელიც გონებით და სულით მდიდარი დაბადებულა, სწადია განთავისუფლება თავისი პირუტყვულ ნახევრისაგან. ის გაწვდილია მთელი ნახევარი ადამიანური არსებით, მისი ხელები საშინელი სასოწარკვეთილი სიძლიერით არიან გაზიდულნი წინ; მისი მკერდი და ფერდები დიდ აუწერელ სწრაფვას გამოხატავენ - სწრაფვას განთავისუფლებისას. სახეზე მთელი ზღვაა გრძნობათა, ადამიანის სისუსტე საკუთარ ძლიერებაში, მაგრამ ამაოა ადამიანურ ნახევრის სწრაფვა, პირუტყვი ძლიერია, მას ოთხი ჩლიქებიანი ფეხი აქვს. მისი კუნთები მეტი სიმტკიცით არიან მომართულნი. ის ჩასობილია მიწაში თავისი ფეხებით და ადამიანური ნახევარი სუსტია, გადააჭარბოს მის უხეშ ძლიერებას.

დიდი, მარტივი და ნათელი აზრი.

იყო ეს ბრძოლა, ეს ბრზოლა გრძელდება, ეს ბრძოლა იქნება დიდხანს. თუ გინდა, რევოლუცია დაარქვი, გინდა, ბუნტი, სახელი არ არის საინტერესო.

ეს ბრძოლა სწარმოებს ეხლაც.

კულტურა, - ამბობს შენ, - კულტურა, - ვიმეორე,მეც, - გაუგებარი სახელია, ძალიან მძიმე მოსანელებელი. მართალი გითხრა, მე არ მესმის ამ სახელის შინაარსი. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, მე არ მესმის ისე, როგორც საზოგადოთ უნდა გვესმოდეს. სხარტულათ ვერც კი გამოვთქვამ, თუ როგორ მესმის მე კულტურა. კულტურას, ალბათ, ჩვენ ვუწოდებთ განათლებას, წინსვლას, ბუნების დამორჩილებას, მის გაგებას, გათვითცნობიერებას. თუ სიტყვებმა არ მიღალატა, მგონი, ასე უნდა იყვეს. არის თუ არა კულტურა ის, რასაც ვხედავთ? და თუ არის, რანაირი ყოფილა კულტურა? შეხედეთ ერთი კულტურას, სპილენძის ძელები ჰქონებია. ამჩნევთ თუ არა, რომ ბ-ნ კულტურას სისხლის ნაცვლათ მაზუტი უდის ძარღვებში? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ბ-ნ კულტურის ნაბიჯებისთვის თუჯით არის საჭირო დედამიწის დაფენა, თუჯზე კი არც ყვავილი და არც ბალახი ამოდის. რა ძლიერი და მძლავრია - ბ-ნი კულტურა. რომელიმე თიხა ან მარმარილო გაუძლებს მის სუნთქვასაც კი?! ფერები არ არის საჭირო, რადგან ყოველივეს ფერი ეკარგება ბ-ნ კულტურის დანახვით! მე მსურს ცხოვრება. - გაიძახოდა პირველი ადამიანი და ბუნებას იმორჩილებდა, იმ ბუნებას, რომელიც მასზედ ძლიერი იყო, იმორჩილებს ეხლაც, სადაც თვითონ არ ვარგა, მანქანასა სდგამს ბუნების წინააღმდეგ და ჩვენ ვხედავთ უჩვეულო რამეს, რომ ყოველი მანქანა თითქმის ადამიანისვე წინააღმდეგ არის ამოქმედებული მისთვის, რომ ადამიანი თვითონ ბუნებაა. დიდი, ვეება კულტურის შედეგი იყო უკანასკნელი ომი. დიდი კულტურის შედეგია ყოველი გადატრიალება. უკანასკნელი ომი ადამიანის და მანქანის შეჯიბრება იყო და ადამიანმა დაამარცხა მანქანა, მაგრამ მანქანამ მოსპო ადამიანი. სად არის ბოლო ამ დოღის? ალბათ, იქ, სადაც ადამიანი აღარ იქნება საჭირო მანქანისთვის იმისთვის, რომ ჩქარა მანქანა თვითონ მოიგონებს ადამიანს და მოისპობა ადამიანი. მხოლოდ ჩლიქებიანი მხეციღა დარჩება. ნუთუ იმ ჩლიქებიან მხეცს ეწოდება კულტურა? მაშ, ადამიანის ბოლოს მოვესწრებით. საწყალი, საბრალო ადამიანი, თავის გადარჩენას ლამობდა, იმ ტოტზე დაჯდა, რომელსაც სჭრიდა; თავისუფალი ცხოვრება სურდა, ბუნებას შეებრძოლა: „ნუ მიშლიო“, დაავიწდა, რომ თვითონ ბუნება იყო. მახვილი მოიზიდა ბუნების მოსაკვდენათ და დორეან გრეისავით საკუთარი მკერდი გაიგმირა. ბუნება კი განაგრძობს ცხოვრებას, ჭალაში დამტვრეულ ზარბაზანს ხის აყვავებული ტოტი ეკვრის და გულუბრყვილო ფრინველი უშიშრად წამოსკუპულა საშიშარ იარაღის ტუჩზე და გაიძახის: „ჭიკ-ჭიკ“. აბა, რას გაუგებ?..

ქვეყნის ხსნა ადამიანის მეორე ნახევარშია: სულში, გრძნობაში, უფრო ენერგიულად ვთქვათ: სიყვარულში, სილამაზეში.

ვინ იცის, რა მოხდება...

მხოლოდ ამხანად დავიწყებულია ყველა ესენი...

შენ მანქანეთში სცხოვრობ, უფრო დიდ მანქანეთში, ვიდრე მე (დარწმუნებული ბრძანდებოდე, რომ მხოლოდ მისთვის ხარ მოწყენილი და გაბოროტებული) და ჩემზე კარგათ ხედავ, თუ რა მისცა ამ მანქანამ ახალ ქვეყანას. ის ქართველი, რომელიც ამერიკაშია, ამას უკეთესად დაინახავს.

და, თუ ვინმეს ღმერთი გაუწყრა და კიდევ ქვეყანა აღმოაჩინა უფრო ახალი, აბა, იქ ნახე შენ, რა იქნება!

შენი წერილი ძალიან კარგია. ძალიან ლამაზი, როგორც მედეა ამბობს, „პირდაპირ დასაბეჭდია“ (არა იმისთვის მარტო, რომ ზოგან შენი მოწინავეების ხასიათი დასდევს). გაქანება გწადია შენ, რევოლუცია გინდა, მაგრამ ჩაუფიქრდი, გეთაყვა, რომელ ნახევარში სწარმოებს შენი სწრაფვა? ხელგაწვდილ, მკერდგადამოვარდნილ ადამიანში, თუ ოთხჩლიქიან, ღონიერ პირუტყვში?

ნუ გეწყინება. უჩვეულო დროს ვცხოვრობთ. უჩვეულო კითხვები იბადებიან და არასოდეს ასე მახვილად არ დასმულა ეს საკითხი, როგორც ეხლა. მე მოსვენებას არ მაძლევს ის.

შენი შალვა

პუბლიკაცია მოამზადა ხელოვნების
დამსახურებულმა მოღვაწემ ქეთევან ბაგრატაშვილმა
მოგვაწოდა მანანა კვაჭანტირემ