The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ექიმის როლი ოჯახური ძალადობის პრობლემის გადაწყვეტაში

ექიმის როლი ოჯახური ძალადობის პრობლემის გადაწყვეტაში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ვერულაშვილი ია, მჟავია მაია
თემატური კატალოგი ძალადობა
საავტორო უფლებები: © ქალთა ცენტრი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: DomesticViolence: the Health Setor Responds თარგმნა ეკა ვერულაშვილი კორექტურა თინა გორგაძე კომპიუტერული უზრუნველყოფა პაატა ქორქია



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


წიგნში მოცემულია ბაზისური ინფორმაცია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ექიმებს, მოახდინონ ოჯახური ძალადობის სკრინინგი, მონაცემთა დოკუმენტირება, პაციენტის უსაფრთხოების შეფასება და უსაფრთხოების გეგმის შემუშავება, გააგზავნონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში.

წიგნში გამოყენებული მასალა ეფუძნება თანამედროვე უცხოურ ლიტერატურას და საერთაშორისო გამოცდილებას.

წიგნი განკუთვნილია ექიმებისთვის (ზოგადი პროფილის ექიმები, მეან-გინეკოლოგები, პედიატრები, ფსიქიატრები, ქირურგები, ოჯახის ექიმები), ჯანდაცვის სისტემის მუშაკებისთვის და ასევე მოსახლეობის ფართო ფენებისთვის.

გვინდა გამოვხატოთ მადლიერება OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) მიმართ წიგნის გამოცემისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თინა ილსენს, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის შექმნას და წინა პლანზე წამოწია გენდერული საკითხები.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს.

პროფ. ია ვერულაშვილი
„ქალთა ცენტრი“
თბილისი, საქართველო

2 Preface

▲ზევით დაბრუნება


This book gives basic knowledge about domestic violence (DV).The main aim is to raise awareness for DV among physicians, to improve health professionals clinical skills on how to appropriately screen for DV, document DV in the medical records, assess patient's safety and develop a safety plan, and where to refer victims of DV.

The material in the book is based on up-to-date literatute and international experience. The book will be usefull for doctors (general practitioners, gynecologists, obstetricians, pediatricians, mental specialists, surgeons, family doctors), health care providers and for general public as well.

We'd like to express our gratitude to OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR) for financial support of this publication.

In particular we are thankful to Tiina Ilsen who, established Georgian Women NGO-s Coalition and promoted increasing awareness for domestic violence Many thanks to all who will read this book.

Head of Women's Center of Georgia
Professor, Ia Verulashvili.

3 თავი 1. ოჯახური ძალადობა - პრობლემის განსაზღვრა და მისი მასშტაბები

▲ზევით დაბრუნება


არ არსებობს ქვეყანა ან ხალხი, რომელთაც ძალადობა არ ეხებათ. ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 1,6 მლნ-ზე მეტი ადამიანი იღუპება ძალადობის შედეგად. ამასთან, თითოეულ გარდაცვლილზე მოდის გაცილებით მეტი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც ძალადობის შედეგად გაუჩნდათ პრობლემები ფიზიკურ, სექსუალურ, რეპროდუქციულ ან ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ძალადობა დიდი ხნის მანძილზე არ განიხილებოდა, როგორც ჯანდაცვის პრობლემა. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ არ არსებობდა ძალადობის არსის ზუსტი განსაზღვრა. შეხედულებები იმაზე, თუ რა არის და რა არ არის მისაღები ადამიანის ქცევაში, ასევე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს საზიანოდ, დამოკიდებულია მოცემულ საზოგადოებაში არსებულ კულტურულ ნომრებზე და ხდება მათი მუდმივი გადახედვა ფასეულობების და სოციალური ნორმების ცვლილებების პარალელურად. (მაგ. რამდენიმე ათეული წლის წინ ბრიტანეთის სკოლებში ჯოხი დისციპლინის შესანარჩუნებლად ჩვეულებრივი საშუალება იყო, დღეს კი დიდ ბრიტანეთში მასწავლებელი შეიძლება სასამართლოს გადასცენ მოსწავლეზე ნებისმიერი სახის ფიზიკური ზემოქმედებისთვის).

1996 წელს ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ძალადობა გამოცხადდა ჯანდაცვის №1 პრობლემად მთელს მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ძალადობას განსაზღვრავს, როგორც: ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნულ გამოყენებას მიმართულს საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ადგილი აქვს (ან არსებობს ამის დიდი ალბათობა) სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.

ანუ მოცემული განმარტება მოიცავს როგორც პიროვნებათაშორისი ძალადობის ფორმებს, ასევე სუიციდალურ ქცევას და შეიარაღებულ კონფლიქტებს. ამასთან, ფიზიკური დაზიანების გარდა მასში გათვალისწინებულია მრავალი სხვა სახის მოქმედება, რომლებიც არც ისე აშკარად შესამჩნევია ძალადობრივი ქმედების შედეგად. მაგ: ფსიქოლოგიური ტრავმა, განვითარების დარღვევა და სხვა.

იმის მიხედვით, თუ ვინ და ვის წინააღმდეგ ახორციელებს ძალადობას, გამოყოფენ მის 3 დიდ კატეგორიას: 1) ძალადობა საკუთარი თავის წინააღმდეგ, 2) პიროვნებათაშორისი ძალადობა, 3) კოლექტიური ძალადობა (სქემა 1).

რა არის ოჯახური ძალადობა

სიტყვა „ოჯახი“ ჩვეულებრივ უსაფრთხო ნავთსაყუდელის ცნებასთან ასოცირდება, რომელიც გარესამყაროს ზეწოლისგან გვიცავს. მაგრამ უკანასკნელ გამოკვლევებს იმ აზრთან მივყავართ, რომ ეს „აღზრდის აკვანი“ შეიძლება „ძალადობის აკვანიც“ იყოს.

ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი და ხშირი ციკლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური შეურაცხყოფისა, რომელსაც ოჯახის ერთი წევრი ახორციელებს მეორეზე, მასზე კონტოლის და ძალაუფლების მოპოვების მიზნით.

ძალადობა ოჯახში არის რეალური ქმედება ან მუქარა კონკრეტული პიროვნების მხრიდან, რომელიც სქესობრივ ან სხვა ურთიერთობაში იმყოფება პარტნიორთან.

შემთხვევათა 95%-ში ძალადობის მსხვერპლი არის ქალი, ხოლო მოძალადე - მამაკაცი. ოჯახური ძალადობა ვითარდება ასევე ჰომოსექსუალურ ურთიერთობებშიც და ქალების მხრიდან მამაკაცთა წინააღმდეგაც.

ჩვეულებრივ, ყველა ოჯახში მეუღლეების ურთიერთობაში ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა, რამაც შეიძლება კამათი და ჩხუბი გამოიწვიოს. ბუნებრივი და მისაღებია, რომ ორ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული აზრი და შეხედულებები. თუმცა ძალადობას არანაირი კავშირი არა აქვს კამათთან. ძალადობის პირობებში ორ ადამიანს შორის არ ხდება აზრთა გაცვლა. ძალადობა - ეს არის არა ურთიერთობების თანასწორი გარკვევა ადამიანებს შორის, არამედ ცემა, დამუქრება, შანტაჟი და დამცირება. ამ დროს ერთი მხარე, შიშის და მუქარის გამოყენებით, კარნახობს მეორეს ცხოვრების წესს, ურთიერთობის მანერას და ქცევის სტილს. ხშირად ძალადობას წინ არ უსწრებს კამათი. მაგრამ მოძალადემ შეიძლება სპეციალურად მოახდინოს მისი პროვოცირება, რათა შემდგომ გაამართლოს თავისი ძალადობრივი მოქმედება და აიძულოს მსხვერპლი, იგრძნოს თავი დამნაშავედ. „მიზეზები“ შეიძლება იყოს: ცოლმა ქმარს პროდუქტებისთვის ფული სთხოვა, სადილი არ იყო მზად ქმრის სამსახურიდან მოსვლისთვის, ქმარს სადილი არ მოეწონა. ხშირად „უწყინარი შეკითხვა“, რომელიც დაისვა „შეუფერებელ დროს“, იწვევს ძალადობას მამაკაცის მხრიდან. ქალები ცდილობენ, შეცვალონ თავიანთი ქცევა მეუღლის მოთხოვნების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ძალადობა. თუმცა ბოლოს და ბოლოს ისინი ხვდებიან, რომ ეს მცდელობები არაფრის მომცემია. ძალადობა არ არის დამოკიდებული მსხვერპლის ქცევაზე.

ოჯახური ძალადობა ხშირად მოიცავს ფიზიკური, სექსუალური და ემოციური შეურაცხყოფის სხვადასხვა კომბინაციებს. ძალადობის „მიზანია“ მსხვერპლზე ძალაუფლების და კონტროლის დამყარება. ფიზიკური შეურაცხყოფა აძლიერებს არა - ფიზიკურს, უჩვენებს რა ქალს: „აი, რა შემიძლია გავაკეთო, თუ შენ შეეწინააღმდეგები ჩემს მოთხოვნებს“. ამდენად, ფიზიკური ძალადობა ყოველთვის არ არის „აუცილებელი“, ვინაიდან არა-ფიზიკურ ძალადობასაც იგივე გავლენა აქვს მსხვერპლზე და მისი „გამოსწორება“ გაცილებით რთულია.

ფიზიკურ ძალადობაში შედის: ხელის კვრა, წიხლის ჩარტყმა, სილის გაწვნა, მუშტის დარტყმა, მაჯის გადაგრეხა, თმების მოქაჩვა, ჩქმეტა, კბენა, მოხრჩობა, დამწვრობა, ნივთების სროლა, ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება.

სექსუალური შეურაცხყოფა:

  • სქესობრივი კონტაქტის ქალისთვის არასასურველი ფორმები

  • ქალის იძულება, გაშიშვლდეს მისი სურვილის მიუხედავად

  • სქესობრივი აქტის დროს უხეშობა

  • ქალის იძულება, უყუროს ან გაიმეოროს პორნოგრაფიული აქტი

  • ქალთან, როგორც სექსუალურ ობიექტთან, მოპყრობა

  • გაუპატიურება (ძალის, მუქარის გამოყენება ან ძალდატანება) გაუპატიურება ქორწინებაში ზოგიერთ ქვეყანაში უკვე აღიარებულია სისხლის სამართლის დანაშაულად.

ფსიქოლოგიური ძალადობა - ძალადობის „ფარული“ ფორმაა. მისი მიზანია, მსხვერპლს დაუკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადექვატურ აღქმაში.

ფსიქოლოგიურ ძალადობაში შედის:

  • ყვირილი, ხმამაღალი ლაპარაკი, გინება, ბრაზიანი გამომეტყველების და ჟესტიკულაციის გამოყენება.

  • კრიტიციზმი - სახელების დარქმევა, დაცინვა, დამცირება, სასაცილოდ აგდება, ბრალდება, ქალის გრძნობების იგნორირება.

  • მუქარა (სიტყვიერი, არასიტყვიერი, პირდაპირი ან ნაგულისხმევი)

  • დაშინება (გასასვლელის ჩაკეტვა, შესაშინებელი ჟესტიკულაცია, ძალის დემონსტრირება, დარღვევებით მანქანის მართვა, სახიფათო სიტუაციაში ჩაგდება, კედელზე ხელის დარტყმა, მაგიდაზე ბრახუნი, საგნების დახეთქება).

  • ჰარაზმი (დაუპატიჟებელი ვიზიტები და ზარები, კუდში დევნა, შემოწმება,საზოგადოებაში უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება).

  • ზეწოლის ტაქტიკა (აჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას, იყენებს ბრალდებებს, ცუდ განწყობილებას, ემუქრება სასიყვარულო კავშირებით, მანიპულირებს ბავშვებით, მეგობრებს მის წინააღმდეგ განაწყობს).

  • უარს ამბობს ბავშვის მოვლაში დახმარებაზე ან სახლის სამუშაოზე, არ იყოფს ვალდებულებებს.

  • ემოციური თავშეკავება (არ გამოხატავს მხარდაჭერას, დასტურს, ყურადღებას, პატივისცემას ქალის გრძნობების, მოსაზრებების, უფლებების მიმართ).

  • იზოლაცია (აკონტროლებს და ზღუდავს ქალის გადაადგილებას და შეხვედრებს, უკრძალავს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას, უკრძალავს საცხოვრებელი ადგილიდან გასვლას, არ აძლევს ტელეფონის გამოყენების საშუალებას).

  • ეჭვიანობა, ღალატში დადანაშაულება

  • არ აძლევს ძილის საშუალებას

  • ემუქრება ბავშვების მოტაცებით

ქალების ნაწილისათვის მუდმივი შეურაცხყოფა და ტირანია უფრო მტკივნეულია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, ვინაიდან ის უფრო მეტად აქვეითებს უსაფრთხოების და თვითრწმენის განცდას. როგორც გამოკითხული ქალები აღნიშნავენ, ყველაზე საშინელია არა ძალადობა, არამედ „ფსიქოლოგიური წამება“ და „ცხოვრება შიშის ქვეშ და ტერორში“.

ეკონომიკური ძალადობა

  • სამსახურში სიარულის აკრძალვა

  • ოჯახის ბიუჯეტის კონტროლი და ფინანსური გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება.

  • ფულის მიცემის შეზღუდვა.

  • პარტნიორისათვის ფულის წართმევა.

  • მთელი ფულის საკუთარ თავზე დახარჯვა. ანუ ეკონომიკური შეურაცხყოფა ნიშნავს პარტნიორზე ფინანსურ ზეგავლენას. როცა ქალს რაიმე სჭირდება, მან უნდა სთხოვოს მამაკაცს, ვინაიდან ამ უკანასკნელს მთლიანად აქვს აღებული ფულზე კონტროლი.

იზოლაციის და მუშაობის აკრძალვის „მიზანია“, რომ ქალმა არ მოიპოვოს დამოუკიდებლობა და ვერ გაინთავისუფლოს თავი ასეთი „დამოკიდებულებითი“ ურთიერთობისაგან.

ძალადობას პარტნიორებს შორის ადგილი აქვს ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურაში და საზოგადოების ყველა ფენაში. ძალადობა ოჯახში მრავალმიზეზობრივი პრობლემაა, რომელზეც გავლენას ახდენს სოციალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, იურიდიული, კულტურული და ბიოლოგიური ფაქტორები (სქემა 4). ზოგადად, ძალადობის გავრცელების მაღალი დონე დაკავშირებულია შედარებით მცირე ასაკთან, განათლების დაბალ დონესთან, დაუოჯახებელ სტატუსთან, ალკოჰოლის, თამბაქოს, ნარკოტიკების მოხმარებასთან, უმუშევრობასთან და დაბალ სოციალურ და ეკონომიკურ სტატუსთან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეძლებული ფენა არ განიცდის ძალადობას. ერთ-ერთი გამოკვლევის თანახმად, ქალის განათლების მაღალი დონე ასოცირებულია აგრესიასთან ნაკლებად განათლებული პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამით მამაკაცი ამყარებს საკუთარ მამაკაცურ „უპირატესობას“, რომელიც ქალის განათლების გამო საფრთხის ქვეშაა.

მამაკაცის მიდრეკილება ძალადობისადმი დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. გამოკვლევების თანახმად, აგრესიული მამაკაცების 40% აღიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც დედა იმყოფებოდა ძალადობის ქვეშ. მშობლები ბავშვებისთვის მიბაძვის ობიექტები არიან. აკვირდება რა მამის ქცევას, მცირეწლოვანი ბიჭი ითვისებს წარმოდგენებს, დაკავშირებულს ქალის როლთან, ავტორიტეტთან და მდგომარეობასთან. თუ ურთიერთობებში ვლინდება ძალადობა, მაშინ ის იღებს მაგალითს, თუ როგორ უნდა დაიკავოს ოჯახში მბრძანებლური მდგომარეობა. როდესაც ბავშვი გაიზრდება, მან შეიძლება გადააფასოს ეს აზრი და შეცვალოს თავისი წარმოდგენები და ქცევა. ზრდასრულ ასაკში მამაკაცი პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე და ცხოვრებისეული გზის არჩევაზე. ბავშობაში გადატანილი მძიმე განცდები ან ქცევის მოდელი არ შეიძლება გახდეს მიზეზი, რომლის გამოც შემცირდება პასუხისმგებლობის ხარისხი ან დასაშვები გახდება ძალადობა. ძალადობრივი ქცევა არ არის რაღაც ბუნებრივი მოვლენა, რომელთანაც არ შეიძლება გამკლავება. ბავშვობის სიძნელეების გახსენებით მამაკაცმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ მისი ცოლი არ უნდა იყოს ისეთივე შიშის ქვეშ, როგორც მისი დედა, ან რომ მისმა შვილებმა არ უნდა განიცადონ იგივე, რაც თავად განიცადა. მამაკაცს შეუძლია შეიცვალოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია დაბალი ეკონომიკური სტატუსი. დღემდე გაურკვეველია, თუ რატომ ზრდის ძალადობის ალბათობას შემოსავლის დაბალი დონე. შესაძლოა, ის მეუღლეებს შორის უკმაყოფილების გაჩენის საფუძველს იძლევა, ან არ აძლევს ქალს საშუალებას, წავიდეს ოჯახიდან და ამდენად, თავი დააღწიოს ძალადობას.

ოჯახური ძალადობა - მითი და სინამდვილე

მითი: ოჯახური ძალადობა გვხვდება მხოლოდ ღარიბ ოჯახებში

ფაქტი: ოჯახური ძალადობა გვხვდება ყველა ტიპის ოჯახში: ღარიბში და მდიდარში, ქალაქად და სოფლად, ყველა ქვეყანაში, ყველა ასაკობრივ, რელიგიურ და რასობრივ ჯგუფში.

მითი: ძალადობა ოჯახში ერთობლივი ცხოვრების მთელი პერიოდის მანძილზე მხოლოდ ერთი-ორჯერ ხდება.

ფაქტი: ძალადობის უმრავლესობა მრავალჯერ მეორდება. დროთა განმავლობაში ის უფრო და უფრო სასტიკი ხდება.

მითი: ზოგიერთი ქალი იმსახურებს ძალადობას.

ფაქტი: არავინ არ იმსახურებს ძალადობას. ყველას აქვს უფლება იცხოვროს ძალადობის და სისასტიკის გარეშე.

მითი: ბავშვები ვერ ხვდებიან ოჯახში ძალადობის არსებობას.

ფაქტი: გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების 90%-მა იცის დედის მიმართ ძალადობის შესახებ. ბავშვები, რომლებიც ძალადობის მოწმენი არიან, ისეთივე სულიერ ტრავმას ღებულობენ, როგორც ისინი, ვინც თავად არის ფიზიკურად შეურაცხყოფილი.

მითი: ეჭვიანობა და მბრძანებლობა ჭეშმარიტი სიყვარულის ნიშანია.

ფაქტი: ძალადობის ყველაზე ადრეული ნიშანია ეჭვიანობის და მბრძანებლობის გამოვლინება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პიროვნება ქალს უყურებს, როგორც საკუთრებას.

მითი: მამაკაცის მხრიდან აგრესიულობის მიზეზი ალკოჰოლია.

ფაქტი: ბევრი მამაკაცი, რომელიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს პარტნიორს, არ სვამს, და ბევრი, ვინც სვამს, არ არის მოძალადე.

თუ მოძალადეები ქალს ცემენ მთვრალ მდგომარეობაში, ალკოჰოლი მათთვის „საპატიო მიზეზს“ წარმოადგენს.

მითი: მსხვერპლი თვითონ ახდენს შეურაცხყოფის პროვოცირებას და თავად უბიძგებს მოძალადეს ძალადობისაკენ.

ფაქტი: დამნაშავეებს სჯერათ, რომ მათ უფლება აქვთ, შეურაცხყოფა მიაყენონ პარტნიორს და დაიმორჩილონ იგი. ისინი მსხვერპლს განიხილავენ, როგორც არათანასწორ სუბიექტს. მსხვერპლს არანაირი გავლენა და კონტროლი არ აქვს მოძალადეზე.

მითი: მოძალადე მამაკაცები ფსიქიკურად არ არიან ჯანმრთელები.

ფაქტი: ეს მამაკაცები „ნორმალურ“ ცხოვრების წესს მისდევენ იმ მომენტების გარდა, როდესაც ვეღარ აკონტროლებენ თავიანთ აგრესიულ ქცევას. ასეთი მამაკაცების სოციალური სტატუსი შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს, ეკავოთ მმართველი პოსტები, იყვნენ წარმატებული ბიზნესმენები.

მითი: „სილის გაწვნა“ არ არის სერიოზული. ფაქტი: ძალადობა ხასიათდება ციკლურობით. ის შეიძლება დაიწყოს კრიტიკით, გადავიდეს დამცირებაზე, იზოლაციაზე, ცემაზე და ზოგჯერ დასრულდეს ლეტალურად.

ითი: ერთხელ მოძალადე სამუდამოდ მოძალადეა.

ფაქტი: თუ ფსიქოლოგიურად შეძენილი ძალადობრივი ქცევის თეორია მართალია, მაშინ მოძალადეებს შეიძლება ასწავლონ არაძალადობრივი ქცევა.

მითი: ბავშვებს ესაჭიროებათ მამა, თუნდაც ის აგრესიული იყოს.

ფაქტი: ეჭვგარეშეა, რომ ბავშვს სჭირდება დედაც და მამაც. თუმცა ძალადობრივ ოჯახში მცხოვრები ბავშვები ხშირად თავად სთხოვენ დედას სახლიდან წასვლას.

მითი: „ძალადობა შეწყდება, როცა დავქორწინდებით“.

ფაქტი: ძალადობრივი ქმედებები მით უფრო ხშირი ხდება, რაც უფრო მყარდება ურთიერთობა. დაქორწინება, ორსულობა ან ბავშვის გაჩენა აძლიერებს ძალადობისადმი მიდრეკილი კაცის რწმენას, რომ ქალი მისი საკუთრებაა.

არსებობს „გამაფრთხილებელი ნიშნები“, რომლებიც წინ უსწრებენ ოჯახურ ძალადობას.

  • კაცი იქცევა როგორც მესაკუთრე და უზომოდ ეჭვიანია, შეიძლება ქალი დაადანაშაულოს ფლირტში, ხშირად ურეკავდეს მას შემოწმების მიზნით და აკონტროლებდეს მის ყველა გადაადგილებას.

  • მამაკაცი იგნორირებას უკეთებს ქალის ინტერესებს და აქვს მცდელობა ახლობლებისგან მისი იზოლირებისა.

  • მამაკაცი ზედმეტად კრიტიკულია, ეძებს ნაკლს ქალის ქცევაში, ჩაცმულობაში, მის შესაძლებლობებში.

  • მამაკაცს არ შეუძლია ან უარს ამბობს საუბრით უთანხმოების გარკვევაზე.

  • მამაკაცის მხრიდან ძალადობა ძლიერდება ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მიღებისას.

  • მამაკაცი ცდილობს, აკონტროლოს ფინანსურ საკითხები და გადაწყვეტილებები მიიღოს ორივეს მაგივრად.

  • მამაკაცი ცდილობს, ხელი შეუშალოს ქალის სწავლა-განათლებას ან მუშაობას.

ძალადობის ციკლის თეორია

ოჯახური ძალადობის გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ არსებობს შეურაცხყოფის მბრუნავი ციკლი. მკვლევარ ლენონ ვალიკერის და მინეაპოლისის ოჯახური ძალადობის პროექტის გამოკვლევების საფუძველზე ეს ციკლი გაყოფილია 3 ფაზად. თითოეულ მათგანს აქვს შემდეგი დამახასიათებელი ნიშნები:

ფაზა 1: მზარდი დაძაბულობა

  • ნებისმიერი ურთიერთობის დასაწყისში ძალადობა ნაკლებად არის გამოხატული, ურთიერთობა უსაზღვრო სიყვარულის ხასიათს ატარებს.

  • ამ პერიოდში პარტნიორებს შორის დაძაბულობა თითქმის არ არსებობს.

  • ურთიერთობის გაგრძელებასთან ერთად მატულობს აგრესიული ქცევა. ჩვეულებრივ, ეს საგნებთან მიმართებაში გამოიხატება, ვიდრე პარტნიორის მიმართ, მაგალითად, კარის ძლიერი მიჯახუნება, ნივთების სროლა.

  • ძალადობა გადაინაცვლებს ნივთებიდან ქალზე და შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

  • ქალი ყველანაირად ცდილობს, თავიდან აიცილოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, გულმოდგინედ ასუფთავებს სახლს, ბავშვებს სთხოვს, რომ წყნარად იყვნენ, სახლში უფრო ხშირად რჩება.

  • სიტყვიერი, ემოციური და/ან ფიზიკური შეურაცხყოფა გრძელდება და მწვავდება.

  • ქალმა შეიძლება თავი იგრძნოს დამნაშავედ და პასუხისმგებლად მიყენებული შეურაცხყოფის გამო.

  • მამაკაცი ცდილობს, ყველანაირად აკონტროლოს ქალის საქციელი, სად წავა, ვისთან ერთად, რას ჩაიცვამს.

  • მამაკაცი ცდილობს პარტნიორის იზოლირებას ახლობლებისაგან. ის ეუბნება ქალს, ამდვილად რომ უყვარდეს, სხვა ადამიანები არ დასჭირდება და რადგან ისინი დაქორწინებულები არიან, მხოლოდ ერთად უნდა იყვნენ.

დაძაბულობის ზრდის ეტაპზე მსხვერპლი

  • გრძნობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, არაფერი არ დააკმაყოფილებს მოძალადეს.

  • გრძნობს, რომ სიტუაცია ძალიან იძაბება.

  • უძლურია, რომ შეაჩეროს ყოველი მომდევნო ფიზიკური შეურაცხყოფა და/ან მრისხანების აფეთქება.

  • ბრაზობს, ვინაიდან მოძალადე მას არ ენდობა.

  • ბრაზობს, რადგან მოძალადე არ ასრულებს დაპირებებს.

დაძაბულობის ზრდის ეტაპზე მოძალადე…..

  • თავს გრძნობს გარიყულ პიროვნებად.

  • უარყოფს დანაშაულს, დაბნეულია, არასაიმედოა.

  • საკუთარ სახლში თავს უძლურად გრძნობს.

  • სჯერა, რომ პარტნიორმა უკეთესად უნდა აგრძნობინოს თავი, ადანაშაულებს სხვებს იმის გამო, რომ თავს ცუდად გრძნობს.

  • ეტანება სასმელებს, რათა შეასუსტოს დაძაბულობა.

ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე/კვირა და სისასტიკეც ცვალებადობდეს.

ფაზა 2: უმწვავესი ძალადობის ფაქტი (აფეთქების ეტაპი)

  • ამ ფაზაში დაძაბული ურთიერთობები გადადის კონკრეტულ ინციდენტში.

  • მოძალადე აკეთებს არჩევანს ძალადობის ხერხების შესახებ, მაგალითად, არჩევს ადგილს და დროს ინციდენტისთვის, იცის წინასწარ, რა უნდა უთხრას და/ან სხეულის რომელი ადგილას უნდა დაარტყას და რა უნდა გამოიყენოს ამ შემთხვევაში: მუშტი, გარტყმა, წიხლის დარტყმა და სხვა.

  • ეს ის ფაზაა, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოები ერთვებიან. ძალადობის შემდეგ სტრესი და დაძაბულობა იხსნება. ამის გამოა, რომ მოძალადე ხშირად წყნარად და განმუხტულ მდგომარეობაში ხვდება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს. მსხვერპლი დაბნეულია და ისტერიული შეტევა აქვს ინციდენტის გამო.

აფეთქების ეტაპის მსხვერპლი

  • შეშინებულია.

  • ადანაშაულებს თავის თავს ძალადობაში.

  • დამცირებულია, შერცხვენილია.

  • შოკირებულია.

  • გაბრაზებულია.

აფეთქების ეტაპზე მოძალადე

  • უკონტროლოა.

  • ადანაშაულებს მსხვერპლს ძალადობის პროვოცირებაში.

  • სურვილი აქვს გააკონტროლოს, გააკრიტიკოს და დასაჯოს მსხვერპლი.

  • შეუძლია გამოიყენოს ალკოჰოლი ჭარბი რაოდენობით, რათა შემდეგ გაამართლოს ძალადობა.

  • ჰგონია, რომ მისი პრობლემები გადაწყვეტილია.

ფაზა 3: სიმშვიდის ეტაპი (თაფლობის თვე)

  • ეს ფაზა ხასიათდება სიმშვიდის ან სიყვარულის პერიოდით ძალადობის ფაქტის შემდეგ.

  • ამ ფაზაში მოძალადე პასუხს აგებს თავის საქციელზე, რითაც აძლევს მსხვერპლს გამოსწორების იმედს. ითხოვს პატიებას, იძლევა დაპირებებს, რომ აღარ გაიმეორებს ასეთ საქციელს, იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, ასაჩუქრებს მსხვერპლს.

  • თუ ამ ფაზაში არ მოხდება ჩარევა და ურთიერთობა გრძელდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ ძალადობა გაგრძელდეს და მისი სიმკაცრე გაიზარდოს.

  • თუ მოძალადე არ მიიღებს საჭირო ზომებს სტრესთან და სიბრაზესთან საბრძოლველად, ეს ფაზა გაგრძელდება მხოლოდ რაღაც პერიოდის განმავლობაში. დაძაბულობამ შეიძლება კვლავ დაიწყოს პროგრესირება და ციკლი ისევ მეორდება.

თაფლობის თვეში მსხვერპლი

  • სურვილი აქვს, რომ თავი დააღწიოს მოძალადეს.

  • თავს დამნაშავედ გრძნობს მოძალადის მიტოვების აზრის გამოც კი - სურს, რომ დაუჯეროს დაპირებებს.

  • დეპრესიაშია, გრძნობს უიმედობას, უმწეობას და უძლურებას.

თაფლობის თვეში მოძალადე

  • გრძნობს, რომ გარკვეული პერიოდით შეუძლია თავის გაკონტროლება.

  • გრძნობს სირცხვილს და დანაშაულს.

  • შიში აქვს, რომ მას პარტნიორი მიატოვებს.

  • ამცირებს შეურაცხყოფის მნიშვნელობას.

  • პირობას იძლევა, რომ ეს არასოდეს განმეორდება.

შენიშვნა: დაიმახსოვრეთ, მოძალადემ რომც მიიღოს დახმარება, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ძალადობა შეწყდება. შეურაცხყოფილი ქალის ხასიათის დინამიკა: რატომ რჩება ქალი ოჯახში

  • განმეორებითი ძალადობა იწვევს ქალის მიერ საკუთარი თავის პატივისცემის თანდათანობით დაკარგვას, მას უჩნდება უიმედობის და უსუსურობის განცდა და გრძნობს, რომ ძალა არ შესწევს, გამოვიდეს შექმნილი მდგომარეობიდან.

  • ქალს აქვს იმედი, რომ მამაკაცი შეიცვლება და ძალადობა აღარ განმეორდება.

  • ქალს სწამს, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს ორივე მშობელი.

  • ანგარიშსწორების შიში საკუთარი თავის ან ბავშვების მიმართ.

  • ეკონომიკური დამოკიდებულება: ქალს შეიძლება ჰქონდეს შიში მომავალში მატერიალური მდგომარეობის გამო, განსაკუთრებით, თუ ის უმუშევარია ან აქვს დაბალხელფასიანი სამუშაო.

  • რელიგიური მოსაზრებები.

  • ქალის ბავშვობა: თუ გაიზარდა ისეთ ოჯახში, სადაც ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემი

  • აშშ-ში ქალების თითქმის 1/4 (ანუ 12 მლნ-ზე მეტი) განიცდის ძალადობას თავისი ყოფილი ან ახლანდელი პარტნიორის მხრიდან.

  • 47% ქმრებისა, რომლებიც ცემენ ცოლებს, ამას აკეთებენ წელიწადში სამჯერ ამ მეტჯერ.

  • ინგლისის ან აშშ-ს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოკლული ქალების 30-40% მოკლული იყვნენ საკუთარი ქმრების ან მეგობარი - მამაკაცების მიერ.

  • ფინეთში ყოველ 2 კვირაში 1 ქალი იღუპება ოჯახური ძალადობის შედეგად.

  • ავსტრიაში ყოველწლიურად 150-300 ათასი ქალი ხდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.

  • რუსეთში ყოველწლიურად 4 მლნ. მამაკაცი პოლიციას ოფიციალურად აჰყავს აღრიცხვაზე ოჯახური დებოშის გამო.

როგორც აღვნიშნეთ, ძალადობის შედეგად გარდაცვლილ ყოველ ადამიანზე მოდის გაცილებით დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომელთაც მიიღეს სხეულის დაზიანებები ან ფსიქიკური ტრავმები. ასეთი შემთხვევების ოფიციალური სტატისტიკა არასრულყოფილია, ვინაიდან საუბარი ოჯახურ ძალადობაზე ნიშნავს, შეეხო მორალს, იდეოლოგიას. ამის გამო ხშირ შემთხვევაში არ სურთ ამ საკითხის განხილვა - როგორც ოფიციალურ დონეებზე, ასევე უბრალო ხალხშიც. გასაიდუმლოებულობის, სხვადასხვა სახის ტაბუს წინააღმდეგ გამოსვლა, საუბარი ოჯახურ ძალადობაზე საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიგოთ ეს საკითხი.

4 თავი 2. ოჯახური ძალადობის გავლენა ჯანმრთელობაზე

▲ზევით დაბრუნება


ძალადობის გავლენას ქალის ჯანმრთელობაზე აქვს ერთდროულად ხანმოკლე და ხანგრძლივი ხასიათი და მისი შედეგები შეიძლება დაიყოს სასიკვდილო და არასასიკვდილო გამოსავლად. არალეტალური გამოსავლის გამოვლინებებია: თავის ტკივილები, ჰიპერტონია, შორისის მიდამოში ქრონიკული ტკივილები, ორსულობის არაკეთილსაიმედო გამოსავალი, არასასურველი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვა. ლეტალურ გამოსავალში შედის: თვითმკვლელობა, მკვლელობა და დედათა სიკვდილიანობა. ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენაში შედის: დეპრესია, შფოთვა, კვების დარღვევა და სხვა.

ძალადობის მსხვერპლი ქალების უმრავლესობა ექიმებს არ მიმართავენ სხეულის დაზიანებების გამო, მაგრამ, როგორც წესი, უჩივიან ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: ზურგის ტკივილი, ქრონიკული ტკივილები და დეპრესია. დადგენილია, რომ ეს ქალები ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართავენ ორჯერ ხშირად სხვა ქალებთან შედარებით. ოჯახური ძალადობა ქალთა სხეულის დაზიანებების უმთავრესი მიზეზია. უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მაგალითად საავტომობილო ავარიები. ასეთი გავრცელებულობის მიუხედავად, სამედიცინო ჟურნალები იშვიათად ბეჭდავენ ინფორმაციას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. გამოიანგარიშეს, რომ გენდერული ძალადობა რეპროდუქციული ასაკის ქალების სიკვდილიანობის და ინვალიდობის მიზეზებიდან ისეთივე სერიოზულია, როგორც კიბო, და უფრო ხშირი მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესებისა, ვიდრე საგზაო შემთხვევები და მალარია ერთად.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გამოსავლენი ობიექტური კრიტერიუმები ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს აქვთ უნიკალური საშუალება, გამოავლინონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და გაუწიონ მათ დახმარება. ყველა სპეციალობის ექიმი მის ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდება სხვადასხვა სიტუაციას, რომლებიც ეხმარება მათ ძალადობის იდენტიფიკაციაში.

ბევრი პრაქტიკოსი ექიმის დაკვირვებით, ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადებები და ა.შ. შეიძლება ცუდად დაექვემდებაროს მკურნალობას ქალებში, რომლებიც ძალადობის ქვეშ არიან ან გამწვავდეს სტრესის შედეგად. ამასთან, რეჟიმის დაუცველობის მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მოძალადე აკონტროლებს მსხვერპლს და შეიძლება არ მისცეს ექიმთან მისვლის საშუალება.

სპეციფიკური ნიშნები:

სხეულის დაზიანებები

ექიმმა უნდა იეჭვოს ოჯახური ძალადობის არსებობა იმ შემთხვევაში, როდესაც ქალის ახსნა-განმარტებები სხეულის დაზიანებების მიზეზებთან დაკავშირებით არადამაჯერებლად ჟღერს, როცა მისი მიმართვა სამედიცინო დახმარებისთვის გადაიდო ან როცა მისი ჩივილები გაურკვეველია.

სხეულის დაზიანებებში შედის:

  • ნაკაწრები, დაჭიმვები, დამწვრობა, ჭრილობები, ამოვარდნილობები, მოტეხილობები, დაჟეჟილობები.

  • თავის, კისრის, გულ-მკერდის, მუცლის და გენიტალიების ტრავმა (ბადურას ჩამოფცქვნა, მაჯის სპირალური მოტეხილობა, სახის ტრავმები და მოტეხილობები, განსაკუთრებით ყბის ძვლის მოტეხილობა. თავის ქალას სერიოზული დაზიანებები, როგორებიცაა: ქალას მოტეხილობა, სუბდურალური, ეპიდურალური ჰემატომა, ხერხემლის დაზიანება, ხშირი ტვინის შერყევები და სხვა).

  • მრავალრიცხოვანი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ნაწილში (იმ შემთხვევების გარდა, როცა პაციენტი მოხვდა საავტომობილო ან სხვა კატასტროფაში).

  • განმეორებითი ტრავმები.

  • განვითარების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი სისხლჩაქცევები.

  • შეხორცების სხვადასხვა სტადიაზე მყოფი ჭრილობები.

  • სომატური ჩივილები

  • ქრონიკული ტკივილები: თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მუცლის და მენჯის მიდამოში ტკივილები.

  • ჰიპერტონია.

  • საერთო სისუსტე.

  • გულისცემის გაძლიერება, თავბრუსხვევა, ქოშინი.

  • გულის არეში არატიპიური ტკივილი.

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის „ფუნქციონალური“ დარღვევები.

მიუხედავად ამ სიმპტომების არსებობისა, ექიმებს უძნელდებათ ორგანული დაავადების მოძებნა და კონკრეტული დიაგნოზის დასმა.

გინეკოლოგიური დარღვევები:

დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლ ქალებში სამჯერ უფრო ხშირად ვითარდება გინეკოლოგიური პრობლემები.

  • ქრონიკული ტკივილები მენჯის მიდამოში. არსებობს მრავალი მონაცემი ქალებზე, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ტკივილი მენჯის არეში, მიუხედავად ამისა, სამედიცინო გამოკვლევებით არ ვლინდება არანაირი ორგანული მიზეზი. გინეკოლოგები ხშირად ხვდებიან ასეთ შემთხვევებს. ქალებზე ძალადობის შემთხვევათა 40-45%-ში მათ აიძულებენ სქესობრივ კავშირს.

  • გინეკოლოგები ასევე ხშირად ხვდებიან ანალურ-ვაგინალურ ჩახევებს, ვაგინალურ ტკივილებს, დისმენორეას, სქესობრივ დისფუნქციას, ვაგინალურ სისხლდენებს და გამონადენს.

  • მოძალადეები ხშირად უარს ამბობენ პრეზერვატივის გამოყენებაზე, რაც ზრდის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (მათ შორის შიდსის), ასევე შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების განვითარების რისკს ქალებში.

ძალადობა და ორსულობა

ძალადობა ორსულობის პერიოდში - გენდერული ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრაგიკული და უცნობი ასპექტია, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს დაზარალებული ქალის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და ნაყოფის ნორმალურ განვითარებაზე.

ძალადობის გავრცელების მაჩვენებლები ორსულებში უფრო მაღალია არაორსულებთან შედარებით. ზოგიერთი ავტორის მტკიცებით კი, ორსულობა თავისთავად უკვე რისკ-ფაქტორია ძალადობის ზრდის თვალსაზრისით. ეს ხდება იმის გამო, რომ 25 წლამდე ასაკში ქალები უფრო განიცდიან ძალადობის ზეგავლენას და მეტია დაორსულების შესაძლებლობა.

ერთ-ერთი გამოკვლევის დროს, სამშობიარო სახლში 548 ფეხმძიმე ქალს დაურიგდათ ანკეტები და მათგან 36-მა აღნიშნა, რომ ორსულობის პერიოდში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. მათგან 69,3%-ის თქმით, ძალადობის ხარისხი ორსულობის ვადის მატებასთან ერთად იზრდებოდა. ამავე გამოკვლევამ აჩვენა, რომ შემთხვევათა 13,9%-ში I ძალადობრივი ეპიზოდი მოხდა სწორედ ორსულობის დროს.

პარტნიორის მხრიდან ძალადობა ორსულობის პერიოდში გართულებების განვითარების უფრო მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, ვიდრე ისეთი პოტენციურად საშიში მდგომარეობები, როგორებიცაა ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი. ვინაიდან საშიშროება ემუქრება როგორც დედას, ასევე ნაყოფს, ძალადობის შეფასება უნდა გახდეს მშობიარობამდელი და მშობიარობისშემდგომი პატრონაჟის რუტინული ნაწილი.

ძალადობის ნიშნებია:

  • ტრავმები, განსაკუთრებით გულ-მკერდის, მუცლის და გენიტალიების არეში ან გაურკვეველი ხასიათის ტკივილები (ძალადობა შეიძლება გახდეს საშვილოსნოს, ღვიძლის ან ელენთის გახეთქვის მიზეზი).

  • ალკოჰოლის/ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება.

  • დეპრესია.

  • ცუდი კვება, წონაში მატების ჩამორჩენა.

  • არასასურველი ორსულობა, ორსულობებს შორის მცირე ინტერვალები.

  • ქალთა კონსულტაციებში დაგვიანებული ან არარეგულარული მიმართვები.

  • სპონტანური აბორტები, პლაცენტის ნაადრევი აშრევება, ნაადრევი მშობიარობა, მკვდრადშობადობა, ახალშობილთა მცირე მასა, ახალშობილთა სიკვდილიანობა. თუმცა შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სასტიკი მოპყრობის უშუალო შედეგია, მაგრამ 14 სხვადასხვა გამოკვლევის მეტა-ანალიზმა გამოავლინა პირდაპირი კავშირი ორსულობის პერიოდში ძალადობას და მცირე მასის ახალშობილთა დაბადებას შორის. ლიტერატურის მონაცემებით, ორსულობის პერიოდში ძალადობა 4-ჯერ ზრდის მცირე მასის მქონე ახალშობილთა დაბადების ალბათობას. ძალადობამ შეიძლება უშუალო გავლენა მოახდინოს დაბადების წონაზე, მაგალითად, მუცლის არეში დარტყმა ხელს უწყობს ნაადრევ მშობიარობას. არაპირდაპირ, ძალადობა ასოცირებულია ფაქტორებთან, რომლებიც რისკ-ფაქტორებს წარმოადგენენ მცირე წონის ახალშობილთა დაბადებისთვის, მაგალითად, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დაინფიცირება და სხვ.

მცირე რაოდენობით გამოკვლევებია ჩატარებული მშობიარობისშემდგომ პერიოდში ძალადობის შესწავლის თვალსაზრისით. თუმცა იმ კვლევებმა, რომლებიც ჩატარდა, გამოავლინა, რომ მისი გავრცელების დონე უფრო მაღალია, ვიდრე ორსულობის პერიოდში. სატელეფონო გასაუბრების შედეგად, რომელიც ჩატარდა მშობიარობიდან 6 თვის შემდეგ, ქალების 25%-მა აღნიშნა ძალადობის შესახებ.

ორსულობა და მშობიარობისშემდგომი პერიოდი - ეს არის დრო, როდესაც ქალების უმრავლესობა მიმართავს ჯანდაცვის ორგანიზაციებს სტანდარტული პროცედურების გასავლელად, რაც წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოსავლენად. ექიმები, განსაკუთრებით კი მეანები და ოჯახის ექიმები, ამ პროცესში თამაშობენ პრივილეგირებულ და ფუნდამენტურ როლს, აქვთ რა საშუალება, მოახდინონ უფრო სერიოზული ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური შედეგების პრევენცია.

ფსიქიკური ჯანმრთელობა

დაზარალებული ქალების ჯანმრთელობის პრობლემები ფიზიკურ დაზიანებებს გაცილებით სცილდებიან. გამოკვლევები უჩვენებენ, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალები უდიდეს ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდიან. დაუცველობის განცდა და მუდმივი შიში საკუთარი ან ბავშვების სიცოცხლის გამო იწვევს დეპრესიას და მუდმივი შფოთვის სიმპტომებს. გარდა ამისა, ქალებს აწუხებთ ღამის კოშმარები, ძილის დარღვევა, უძილობა, ქრონიკული დაღლილობა, მადის დარღვევა, მტკივნეული მოგონებები, შიში, მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის სიძნელეები, იზოლაციის განცდა და სიტუაციასთან გამკლავების უუნარობა. ისინი შეიძლება გახდნენ ალკოჰოლის ან ნარკოტიკების მომხმარებლები, რათა ჩაახშონ თავიანთი ტკივილი, ჩაიკეტონ საკუთარ თავში. ხშირია სუიციდალური ქცევა ან სუიციდის მცდელობა.

პოსტტრავმული სტრესის სინდრომი

მიმოხილვა

სტრესული რეაქცია არის პიროვნების ნორმალური რეაქცია ტრავმულ მოვლენაზე. დანაშულებრივმა ვიქტიმიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც მოკლე, ასევე ხანგრძლივი სტრესული რეაქციები მსხვერპლთა შორის. როდესაც პიროვნება განიცდის უდიდეს კრიზისს, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ძალადობას, შესაძლებელია განვითარდეს რეზიდუალური ტრავმა და სტრესული რეაქციები, რომლებიც ზოგჯერ წლების განმავლობაში გრძელდება. ბევრი პიროვნება, რომელიც იმყოფება ხანგრძლივ სტრესულ ვითარებაში, აგრძელებს საქმიანობას ოპტიმალურ დონეზე. სხვებს კი აღენიშნებათ პოსტტრავმული სტრესის სინდრომი (პტსს). ეს მოშლილობა შეიძლება შეიმჩნეოდეს ნებისმიერ ასაკში (ბავშვებშიც კი).

დოქტორმა მორტონ ბარდმა აღწერა, რომ მსხვერპლთა რეაქციები დანაშაულზე არის კრიზისული რეაქციები. მსხვერპლი განსხვავებულად რეაგირებს დანაშაულებრივ მოვლენებზე.

ყველა პიროვნებას აქვს თავისი „ნორმალური“ წონასწორობის მდგომარეობა. ამ მდგომარეობაზე ზეგავლენას ახდენს ყოველდღიური სტრესული ფაქტორები, როგორიცაა ავადმყოფობა, გადაადგილება, ცვლილებები სამსახურსა და ოჯახში. ამ ცვლილებების არსებობისას წონასწორობა შესაძლებელია დაირღვეს, მაგრამ საბოლოოდ იგი უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას. როდესაც ადამიანები განიცდიან ნებისმიერი ზოგადი სტრესული ფაქტორის ზემოქმედებას და შემდეგ დანაშაულის მსხვერპლი ხდებიან, ისინი უფრო მგრძნობიარენი არიან ძლიერი კრიზისული რექციების მიმართ.

საწყისი ტრავმული რეაქციების განცდის შემდეგ მსხვერპლი უმეტესად სულიერი წონასწორობის აღდგენის პრობლემის წინაშე დგას. მისი ცხოვრება არასოდეს იქნება ძველებური, მაგრამ იგი თავიდან იწყებს სიმშვიდის და რწმენის დაბრუნებას. თითოეული მსხვერპლის განცდა განუმეორებელია. მათი განკურნება საკმაოდ ძნელია, და შეიძლება ეს გაგრძელდეს რამდენიმე თვე, წელი და ხანდახან მთელი ცხოვრების მანძილზეც.

თუ მსხვერპლს აქვს პრობლემები წონასწორობის აღდგენასა და შენარჩუნებაში, ეს ნიშნავს, რომ ის განიცდის ხანგრძლივ კრიზისულ რეაქციას სახელწოდებით „პტსს“. იგი პირველად აღმოაჩინეს სამხედრო ვეტერანებს შორის, რომლებიც განიცდიდნენ ფსიქოლოგიურ ტრავმას ომის დროს. ეს არის დიაგნოზი, რომელსაც ფსიქიატრები უსვამენ პირებს, რომლებმაც გადაიტანეს სასტიკი ტრავმა ცხოვრებაში და ამის შედეგად განუვითარდათ სიმპტომები.

კრიზისში ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ მსხვერპლს აუცილებლად განუვითარდება პტსს. თუმცა, თუ იგი არ შეეცდება კრიზისის დაძლევას და განკურნებას, მაშინ შანსი იმისა, რომ განვითარდეს პტსს, უფრო მატულობს. პირიქით, თუ მსხვერპლი ღებულობს შესაბამის კრიზისულ დახმარებას და კონსულტაციებს, პტსს განვითარების შესაძლებლობა მცირდება.

პტსს განსაზღვრა

ამ სინდრომს განსაზღვრავენ როგორც შემთხვევას, როდესაც პიროვნება განიცდის უკიდურესი ტრავმული სტრესული ფაქტორების ზემოქმედებას.

1. პიროვნებაზე უშუალოდ მოქმედებდა მოვლენა ან მოვლენათა ჯგუფი, რომლებიც გულისხმობდა რეალურ მოქმედებას, მოკვლის (სერიოზული ჭრილობების მიყენების შესახებ) მუქარას. ან ეს პიროვნება მოწმე გახდა ფაქტისა, რომელიც მოიცავდა სხვა პიროვნების ფიზიკური ხელყოფის და სერიოზული ჭრილობების მიყენების მუქარას. შესაძლებელია ასევე, ამ პიროვნებამ შეიტყო ოჯახის წევრის ან სხვა ახლობელი ადამიანის უეცარი ან ძალადობრივი სიკვდილის ან სერიოზული ტრავმის შესახებ, ან გაიგო მუქარა მისი ახლობლის მიმართ.

2. პიროვნების რეაქცია მოვლენაზე ან მოვლენათა ჯგუფზე მოიცავს ინტენსიურ შიშს, უიმედობას ან შიშის გრძნობას (ბავშვებში რეაგირება გამოიხატება მოუწესრიგებელ ან აღელვებულ ქცევაში).

პტსს დიაგნოსტიკური დასაბუთებისთვის, ტრავმული მოვლენა შემდგომში ვითარდება ერთ-ერთი მიმართულებით:

I. 1) მოვლენის განმეორებადი, აკვიატებული, დამთრგუნველი გახსენება, რომელშიც შედის სახეები, იდეები ან შეხედულებები (ყურადღება მიაქციეთ: ბავშვებში თამაშის დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს ტრავმის გახსენებას).

2) პერიოდული დამთრგუნველი სიზმრები, რომლის დროსაც ამ მოვლენის ხელმეორედ რეტროსპექტივა ხდება (ბავშვებში შესაძლებელია თავი იჩინოს შიშით აღსავსე სიზმრებმა შეუცნობადი შინაარსით).

3) შეგრძნება იმისა, რომ განცდილი ტრავმული მოვლენა უკან ბრუნდება. მაგალითად, განცდილის გაცოცხლება, ილუზიები, ჰალუცინაციები და დისოციაციური რეტროსპექტული ეპიზოდები, რომელიც გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე და ზოგჯერ ვლინდება გამოღვიძებისას ან სიმთვრალის დროს.

4) ინტენსიური ფსიქოლოგიური დათრგუნული მდგომარეობა შინაგანი და გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედებით, რომლებიც სიმბოლიზირებას ახდენენ და ახსენებენ ტრავმული მოვლენების დეტალებს, მაგალითად, ტრავმასთან დაკავშირებული მრგვალი თარიღები და ა.შ.

5) ფიზიოლოგიური რეაქტიულობა შინაგანი და გარეგანი გამღიზიანებლების ზემოქმედებით, რომლებიც ახდენენ სიმბოლიზირებას და მოაგონებენ ტრავმული მოვლენის ასპექტებს (მაგალითად. ქალი, რომელიც გააუპატიურეს ლიფტში, შეშინებული სხვა ლიფტიდანაც გამორბის).

II. პტსს ასევე მოიცავს ტრავმასთან დაკავშირებული მაპროვოცირებელი ფაქტორების თავიდან აცილების მუდმივ მცდელობას და საერთო რეაქციების დათრგუნვას (იმას, რაც ტრავმის წინ არ არსებობდა).

1. ადამიანი ცდილობს, თავიდან აიცილოს ტრავმასთან დაკავშირებული აზრები,შეგრძნებები და მასზე საუბრები.

2. ცდილობს, თავიდან აიცილოს ისეთი საქმიანობა, ისეთ ადგილებში ყოფნა ან პიროვნებებთან ურთიერთობა, რომლებიც გაახსენებენ განცდილ ტრავმას.

3. არ შეუძლია ტრავმის მნიშვნელოვანი ასპექტების გახსენება (ფსიქოგენური ამნეზია).

4. აქვს შესამჩნევად დაქვეითებული ინტერესი ან არ მონაწილეობს სხვადასხვა საქმიანობაში (ბავშვებში შეიძლება მოხდეს შეძენილი უნარ-ჩვევების დაკარგვა).

5. სხვებისგან განცალკევების და გაუცხოების სურვილი.

6. აფექტის შეზღუდული გამოხატულება ან ემოციების შეგრძნების შესუსტებული უნარი (არ შეუძლია განიცადოს სასიყვარულო შეგრძნებები).

7. უიმედოდ ეხატება მომავალი (მაგალითად, არ ელოდება პროფესიულ წარმატებებს, ქორწინებას, ბავშვების ყოლას და დიდხანს სიცოცხლესაც უიმედოდ უყურებს).

გამღიზიანებელი ფაქტორების მუდმივად თავიდან აცილების მცდელობა და დაქვეითებული რეაგირება გარე სამყაროს მოვლენებზე ჩვეულებრივ იწყება ტრავმული მოვლენის შემდეგ და მას უწოდებენ ფიზიკურ გაქვავებას. ეს არის ავტონომიური რეფლექსური რეაქცია, რომელშიც ნერვული სისტემა ხვდება გაუცნობიერებლად, რათა დაიცვას მსხვერპლის ფსიქიკა მომდევნო ტრავმისგან. ამ გზით იგი საშუალებას აძლევს ადამიანს, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მის გადასარჩენად.

III. პტსს ასევე მოიცავს აგზნების მუდმივ სიმპტომებს, რომლებიც არ შეიმჩნეოდა ტრავმამდე.

1) გართულებული ჩაძინების ან საერთოდ ძილის პროცესი.

2) გაღიზიანებადობა, სიბრაზე და ფეთქებადობა

3) სიძნელეები კონცენტრირების და კონკრეტული დავალებების შესრულებისას.

4) ჰიპერსიფხიზლე.

5) გაზვიადებული შიშის გრძნობა.

პტსს კლინიკური დიაგნოზის დასმისთვის ყველა სამივე აღწერილ სფეროში სიმპტომები უნდა იყოს წარმოდგენილი ერთდროულად 1 თვის განმავლობაში მაინც. ამ სიმპტომებმა შეიძლება გამოიწვიოს თვალშისაცემი კლინიკური მოშლილობები ან პიროვნების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევები სოციალურ, სამსახურებრივ და სხვა სფეროებში.

პტსს დიაგნოსტირდება როგორც მწვავე, თუ სიმპტომების გამოვლენის ხანგრძლივობა თვეზე ნაკლებია, ქრონიკულია, თუ სიმპტომების გამოვლენის ხანგრძლივობა 3 თვე ან მეტია. პტსს დიაგნოსტირდება, როგორც შენელებული, თუ სიმპტომების გამოვლენა ხდება სულ ცოტა 6 თვის შემდეგ ტრავმული მოვლენებიდან. (ის შეიძლება უფრო დიდხანსაც არ გამოვლინდეს - თვეები და ზოგჯერ წლები).

მეორადი ვიქტიმიზაცია

ხანგრძლივ სტრესულ რეაქციებს ხშირად ამწვავებს მოქმედებები და დამოკიდებულება იმ სისტემების მხრიდან, რომლებიც მოწოდებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს პიროვნებებს კრიზისის დროს. ამას ეწოდა მეორადი იარა ანუ მეორადი ვიქტიმიზაცია და დამტკიცებულ იქნა, რომ ის შეიძლება ფსიქოლოგიურად უფრო მეტად იყოს ზიანის მომტანი მსხვერპლისთვის, ვიდრე თვითონ ტრავმა. მეორადი ვიქტიმიზაციის წყარო შეიძლება იყოს:

სისხლის სამართლის სისტემა.
პრესა/ტელევიზია.
ოჯახი, მეგობრები, თანამშრომლები, ნაცნობები.
ჯანდაცვის დაწესებულებების თანამშრომლები.
სოციალური სამსახურის მუშაკები.
სასკოლო მრჩევლები, მასწავლებლები.
მსხვერპლთა საკომპენსაციო სისტემა.

გამოჯანმრთელების პროცესი

მხოლოდ იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლს აღენიშნება პტსს სიმპტომები, არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს პტსს, ვინაიდან სიმპტომური ქცევა დაწყნარების შემდეგ შეიძლება არ იქცეს დადასტურებულ ხანგრძლივ პტსს დიაგნოზად. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიზისული ინცინდენტის დროს ყველა მსხვერპლს შეიძლება აღმოაჩნდეს სიმპტომები, მაგრამ ყველას არ განუვითარდეს პტსს. თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას ყურადღებას მივაქცევთ დანაშაულიდან რაც შეიძლება სწრაფად, მსხვერპლის ემოციური გამოხატულების სიმტკიცე, ხანგრძლივობა და სიხშირე შეიძლება გამარტივდეს და შესაბამისად შემცირდეს ხანგრძლივი პტსს განვითარების რისკი.

მსხვერპლი კრიზისის მნიშვნელობას თანდათან აცნობიერებს და შემდეგ ახდენს ტრავმის ინტეგრირებას თავის ფსიქიკასთან. ტრავმის ხარისხი ზეგავლენას ახდენს დროის ხანგრძლივობაზე, რომელიც სჭირდება მსხვერპლს, რათა დაეწყოს გაჯანსაღების პროცესი. ვინაიდან ყველა მსხვერპლს არ შეუძლია ეს თვითონ გააკეთოს, ამიტომ არის რეკომენდირებული პროფესიონალის დახმარება, რომელიც კვალიფიცირებულია ტრავმის მსხვერპლთან მუშაობაში.

მსხვერპლი მომზადებული უნდა იყოს, რომ ტრავმის ფსიქოლოგიური ეფექტები აღმოფხვრას, თუმცა სრული გამოჯანმრთელება ყოველთვის არ ხდება. ისინიც კი, ვინც შეძლო ცხოვრების შეცვლა და მიაღწია სტაბილურობის და ბედნიერების ახალ დონეს ცხოვრებაში, აღმოაჩენენ, რომ ახალ ცხოვრებაშიც ნახავენ მაპროვოცირებელ მოვლენებს, რომლებიც მათ ხელმეორედ განაცდევინებს სტრესულ რეაქციებს წარსულ ტრავმაზე. სტრესული რეაქციები ტრავმულ მოვლენებზე შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი. შესაბამისად საჭიროა გადაუდებელი კონსულტაციები. ეფექტური მკურნალობით მსხვერპლმა შეიძლება ისწავლოს შიშის და დეპრესიის სიმპტომების კონტროლი. სპეციალური კონსულტანტი ეხმარება მსხვერპლს, რათა მან გადააკეთოს თავისი ცხოვრების გარკვეული ფრაგმენტები, გაიგოს და გააცნობიეროს ზოგიერთი დაუბრუნებელი ცვლილება, გააღვიძოს ისეთი შეგრძნებები, რომლებიც აქამდე დათრგუნული იყო და ისწავლოს უბედური შემთხვევის ზეგავლენის რეგულირება, თავიდან აიცილოს მოგონებები და ფიქრები.

ჩვენ ვარწმუნებთ მსხვერპლს, რომ საჭიროა კონსულტაციების ძიება, თუ პაციენტს აქვს შემდეგი სახის სიმპტომები:

  • ძლიერი სიბრაზე, განრისხება.

  • შიში.

  • მოუთმენლობა.

  • ცინიზმი.

  • გადამეტებული დაღლილობა.

  • კონცენტრაციის უნარის დაქვეითება.

  • სურვილი ყველაფერზე უარის თქმისა.

  • გაღიზიანებადობა.

  • უძილობა, ჰიპერსიფხიზლე.

  • ძლიერი დეპრესია.

  • უნდობლობა.

  • კვების დარღვევა (ანორექსია/ბულემია).

  • სედატიური საშუალებების/ალკოჰოლის გამოყენება სტრესის გადასალახად.

არის სხვა ეტაპი გამოჯანმრთელების პროცესში. მსხვერპლმა საჭიროა განსაზღვროს გარკვეული მნიშვნელობა იმისა, რაც შეემთხვა. ჩარლზ ფიგლი, რომელიც ექსპერტია ტრავმული სტრესის და გამოჯანმრთელების საკითხში, აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების შეგრძნების რაღაც პერიოდის შემდეგ მსხვერპლი ეძებს პასუხს შემდეგ 5 ძირითად კითხვაზე, რაც მას დაეხმარება, გაიგოს ტრავმული მოვლენის არსი:

1) რა მომივიდა?

2) როგორ მოხდა ეს?

3) რატომ მაინცდამაინც მე?

4) რატომ მოვიქეცი ისე, როგორც მოვიქეცი?

5) რას გავაკეთებ შემდეგი კატასტროფის დროს?

მხარდამჭერმა ჯგუფმა, რომელიც შედგება მსხვერპლის ოჯახის წევრების ან მეგობრებისგან, სხვა საგანგებოდ ტრენირებულ პროფესიონალებთან ერთად შეუძლიათ უხელმძღვანელონ მსხვერპლის ძალისხმევას, რათა მან გამოიჩინოს გამჭრიახობა, თავიდან აიცილოს გაუგებრობები, თვითდადანაშაულების შეგრძნება, რათა მოემზადოს მომავლისთვის.

ძალადობის მსხვერპლთა გამოსავლენ კრიტერიუმებში ასევე შედის:

  • მცირე ტრანკვილიზატორების ან ანალგეტიკების ხშირი მიღება.

  • ექიმთან ხშირი ვიზიტები გაურკვეველი ჩივილებით ან სიმპტომებით.

ძალადობის მსხვერპლი ქალები უფრო მიდრეკილები არიან სხვადასხვა დაავადებებისადმი, რაც, სავარაუდოდ, ნაწილობრივ განპირობებულია სტრესის შედეგად იმუნიტეტის დაქვეითებით.

პაციენტის და მისი პარტნიორის ქცევითი სიმპტომები

დაზარალებული ქალები ავითარებენ ქცევის განსაზღვრულ მოდელს, როგორც რეაქციას ძალადობისგან გამოწვეულ სტრესზე. ასეთი პაციენტები შეიძლება გამოიყურებოდნენ შეშინებულად, დაბნეულად, დარცხვენილად, ერიდებიან პირდაპირ თვალის კონტაქტს.

სხვა ქცევით ნიშნებში შედის:

  • ექიმთან ვიზიტისას ქალს ახლავს პარტნიორი, რომელიც დაჟინებით მოითხოვს მის დასწრებას და თავად პასუხობს ქალისთვის დასმულ შეკითხვებს.

  • ქალი უხალისოდ საუბრობს პარტნიორის თანდასწრებით.

  • ინტენსიური არარაციონალური ეჭვიანობა ან „მესაკუთრული“ დამოკიდებულება, რომელსაც ავლენს პარტნიორი ან რომელსაც ხაზს უსვამს ქალი.

  • ძალადობის უარყოფა (ან მისი სიმძიმის შემცირება) პარტნიორის ან ქალის მხრიდან.

  • ურთიერთობებში პირადი პასუხისმგებლობის განცდის ჰიპერტროფია, მათ შორის საკუთარი თავის დადანაშაულება პარტნიორის ქცევის გამო.

  • სხეულის დაზიანებების სერიოზულობისადმი გულგრილი დამოკიდებულება.

  • ურთიერთობებში კონტროლის დამყარება

მოძალადე პარტნიორის მხრიდან ურთიერთობებში კონტროლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • ყოველდღიური ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოყენების შეზღუდვა.

  • მკურნალობის რეჟიმის დაუცველობა.

  • წამლების შეძენის ან მიღების აკრძალვა.

  • საკუთარი გადაადგილების საშუალების, ფინანსებით და ტელეფონით სარგებლობის საშუალების არარსებობა.

  • უარის თქმა პრეზერვატივის ან სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე.

  • პარტნიორისთვის შიდსით ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირების დამალვა.

5 თავი 3. ოჯახური ძალადობის რუტინული სკრინინგი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო სამედიცინო ასოციაციამ მიიღო დეკლარაცია ძალადობის წინააღმდეგ ოჯახში, რომელიც ჯანდაცვის სისტემის მუშაკებს მოუწოდებს, გაზარდონ ძალისხმევა ამ საყოველთაო პრობლემის გადასაჭრელად. მეან-გინეკოლოგთა საერთაშორისო ფედერაციამ და ამერიკელ ექიმთა ასოციაციამ გამოსცა სახელმძღვანელო პრინციპები და განაცხადა, რომ ექიმებს ეკისრებათ ეთიკური ვალდებულება, გამოავლინონ და უმკურნალონ ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებს. ეს პრინციპებია:

ექიმებს ეკისრებათ ეთიკური ვალდებულება:

  • გამოავლინონ ოჯახური ძალადობის შემთხვევები.

  • უმკურნალონ ძალადობის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ შედეგებს.

  • დაარწმუნონ პაციენტი, რომ ძალადობა მიუღებელია.

  • დაუკავშირდნენ სოციალურ სამსახურებს, რათა ქალმა მიიღოს შესაბამისი კონსულტაციები და მას მიეცეს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების საშუალება.

ოჯახური ძალადობის გამოვლენა

ოჯახური ძალადობის გამოვლენის ეფექტური მეთოდია ინტერვიუ (გამოკითხვა) ექიმთან ვიზიტის დროს. ოჯახური ძალადობა და მისი სამედიცინო და ფსიქოლოგიური შედეგები გვხვდება საკმაოდ ხშირად, ამდენად საჭიროა პროფილაქტიკური გამოკითხვის ერთიანი ფორმის შემუშავება ყველა ქალისთვის, რომლებიც მიმართავენ სასწრაფო დახმარების, ქირურგიულ, თერაპიულ, პედიატრიულ, მშობიარობამდელ და ფსიქიატრიულ სამსახურს. ასეთი კითხვები უნდა შევიდეს სოციალურ კითხვარში, ავადმყოფობის ისტორიაში.

ქალები თვითონ შეიძლება არ შეეხონ ოჯახური ძალადობის საკითხს, თუმცა ბევრი მათგანი დაიწყებს ამ თემის განხილვას, როცა მათ დაუსვამენ მარტივ, პირდაპირ კითხვებს კონფიდენციალურ გარემოში.

რუტინული კითხვები ძალადობის შესახებ არა მარტო იმ ქალებს გამოავლენს, რომლებზეც ამ ეტაპზე ხორციელდება ძალადობა, არამედ დაგვეხმარება იმ ქალების უსაფრთხოების ხარისხის გამოვლენაში, რომლებზეც ძალადობდნენ წარსულში, ასევე ამ კუთხით გაიზრდება იმ ქალების ყურადღება, რომლებიც ასეთ სიტუაციაში არ იმყოფებიან.

რუტინული შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომელთაც გაწყვიტეს ძალადობრივი კავშირები, როდესაც ქალი მიდის მოძალადე პარტნიორისგან ან როდესაც ის იმყოფება განქორწინების საბოლოო ეტაპზე (ამ დროს ძალადობის რისკი განსაკუთრებით დიდია). ექიმმა უნდა შეაფასოს ქალის უსაფრთხოება და სხვადასხვა დახმარების აუცილებლობა. ექიმთან ვიზიტი შეიძლება იყოს ძალადობის ციკლის გარღვევის ერთადერთი საშუალება მანამ, სანამ ქალს უფრო სერიოზულ ტრავმას მიაყენებენ. როდესაც ქალს ეძლევა გამოთქმის საშუალება, როდესაც მას ყურადღებით უსმენენ და სერიოზულად უდგებიან, აგრძნობინებენ, რომ მან არ დაიმსახურა ასეთი მოპყრობა, რომ მას შეიძლება დაეხმარონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება, ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ახდენს თერაპიულ მოქმედებას.

გამოკითხვის ჩატარებამდე ექიმმა უნდა შექმნას უსაფრთხო და კონფიდენციალური ატმოსფერო. მისაღებში პაციენტისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს საგანმანათლებლო მასალა, მათ შორის პლაკატები კედლებზე, ასევე ბუკლეტები, რომლებიც ქალს აძლევენ ინფორმაციას, რომ ამ დაწესებულების კედლებში მას შიშის გარეშე შეუძლია თავის პრობლემებზე საუბარი. პერსონალმა უნდა დაიცვას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

რჩევები ექიმებს:

  • შექმენით პაციენტისთვის ატმოსფერო, რომელშიც ის კომფორტულად იგრძნობს თავს და უსაფრთხოდ ისაუბრებს ოჯახურ ძალადობაზე.

  • უზრუნველყავით ურთიერთგაგება პაციენტებთან.

  • აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ თარჯიმანი.

  • პაციენტთან განიხილეთ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის ფარგლები.

  • პაციენტებში ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა უნდა იყოს ჩვეულებრივი მოვლენა თქვენს პრაქტიკულ მუშაობაში.

  • კითხვები უნდა დაისვას არაშაბლონურად, საკუთარი სიტყვებით, არ განსაჯოთ ქალის ქცევა.

  • ყველა კონკრეტულ შემთხვევაში დააფიქსირეთ ჩანაწერებში ის, რაც მოხდა.

  • პაციენტთან საუბრისას გამოიყენეთ დაუმთავრებელი წინადადებები და პირდაპირი შეკითხვები.

  • ყოველთვის ესაუბრეთ ქალს ერთი ერთზე.

  • გაითვალისწინეთ კულტურული სპეციფიკა.

  • ყურადღებით მოუსმინეთ პაციენტს, მის აზრს.

ოჯახური ძალადობის გამოვლენა უნდა გახდეს ყველა ქალი-პაციენტის ზეპირი ან წერილობითი გამოკითხვის ნაწილი.

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გაამახვილოთ არა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობაზე, არამედ ძალადობის სხვა ფორმებზეც: დაშინება, ნივთების განადგურება, კონტროლი და ა.შ.

ნუ დასვამთ შემდეგი ტიპის კითხვებს:

  • „რატომ დაგარტყათ?“ (მსხვერპლი არ არის პასუხისმგებელი მოძალადის მოტივებზე).

  • „რატომ აგრძელებთ ცხოვრებას ასეთ ადამიანთან?“ (არ განსაჯოთ).

  • „რა გააკეთეთ ისეთი, რამაც თქვენი ქმარი აიძულა, რომ დაერტყა თქვენთვის?“

რა უნდა გააკეთოთ, თუ პაციენტი ამბობს „არა“-ს, თქვენ კი კვლავ გაქვთ ეჭვი სავარაუდოა, რომ პაციენტი არ იყოს გულახდილი პირველ ჯერზე, არამედ მოგვიანებით, როდესაც ამისთვის მზად იქნება.

  • მიიღეთ მისი პასუხები.

  • დაარწმუნეთ, რომ ეს გამოკითხვა - თქვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია და რომ ინფორმაცია რჩება კონფიდენციალურად.

  • აუხსენით, რომ თქვენ ყოველთვის დაეხმარებით მას ან მის ახლობლებს, თუ ისინი აღმოჩნდებიან ოჯახური ძალადობის სიტუაციაში.

  • მოუყევით, თუ კიდევ სად შეიძლება მიმართოს დახმარებისთვის, თუ რაიმე მოხდება (კრიზისული ცენტრი), მიეცით მას საინფორმაციო მასალები.

რატომ ამბობს დაზარალებული ქალი არა-

ქალების დიდ ნაწილს არ უნდა ან არ შეუძლია დახმარებისთვის მიმართვა. ზოგიერთი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, „გამოკეტილი“ ჰყავთ სახლში და არ აძლევენ გარეთ გასვლის საშუალებას. სხვებს შესაძლოა არ ჰქონდეთ ფული. თუ ისინი მოახერხებენ ექიმამდე მისვლას, ხშირად რიგების გამო უკან გაბრუნება უწევთ, რადგან შეიძლება „დაისაჯონ“ დაგვიანების გამო.

აღზრდის კულტურული, ეთნიკური და რელიგიური თავისებურებებიც ახდენენ გავლენას ძალადობის მიმართ ქალის რეაქციაზე. ბავშობაში გადატანილმა ძალადობამ ან საყოფაცხოვრებო ძალადობის მოწმედ ყოფნამ შეიძლება გაართულოს ქალის მხრიდან იმის გაცნობიერება, რომ ის ძალადობრივ კავშირში იმყოფება და რომ საჭიროა თავდაცვის აუცილებელი ზომების მიღება.

სხვა მიზეზები, რომელთა გამოც ქალები არ საუბრობენ ძალადობაზე:

  • შიში იმისა, რომ ძალადობის ფაქტის გახმაურება ხელს შეუშლის მის უსაფრთხოებას.

  • სირცხვილის და დამცირების განცდა იმის გამო, თუ როგორ ექცევიან მას.

  • ის თვლის, რომ მან დაიმსახურა ასეთი მოპყრობა და რომ ის არ იმსახურებს დახმარებას.

  • იცავს თავის პარტნიორს, თვლის, რომ მომხდარი აღარ გამეორდება ან ის და მისი ბავშვები მასზე მატერიალურად არიან დამოკიდებულები.

  • ფიქრობს, რომ ალტერნატივა არ არსებობს.

  • ჰგონია, რომ ექიმს არ აღელვებს ოჯახური ძალადობა ან რომ ექიმი ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ დრო დაკარგოს მსგავს საკითხებზე.

  • ჰგონია, რომ ექიმი მას ამ საკითხში ვერ დაეხმარება.

  • არასათანადოდ აცნობიერებს სიტუაციას: არ ესმის, რომ მისი სიმპტომები განპირობებულია სტრესით ძალადობის პირობებში. ფიქრობს, რომ მისი ტრავმები არც ისე სერიოზულია, რომ მათზე ლაპარაკი ღირდეს.

პიროვნული მიზეზების გარდა, მნიშვნელოვანია ექიმ-პაციენტის ურთიერთობით გამოწვეული მიზეზები:

  • არასაკმარისი ნდობა ექიმ-პაციენტის ურთიერთობაში.

  • არასათანადო გარემო

  • საკითხის არასწორად დაყენება (შეუფერებელი კითხვები).

ზოგადად ოჯახური ძალადობის აღმოფხვრის გზაზე შემდეგი ბარიერებია:

დაზარალებულის მხრიდან ბარიერი (იხ. ზემოთ).

  • ჯანდაცვის სისტემის ბარიერები: დროში და ფინანსებში შეზღუდულობა, „ზედმეტი საქმეებით“ დაკავებისგან თავის არიდება და ა.შ.

  • მედ-პერსონალის შინაგანი ბარიერები.

ბოლო პერიოდამდე ექიმები იშვიათად იყვნენ დაკავებულები ძალადობის საკითხებით, მაშინაც კი, როდესაც სიმპტომები აშკარა იყო. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელთა გამოც ექიმები თავს არიდებენ ოჯახური ძალადობის შესახებ კითხვების დასმას. მათ შორისაა:

  • პრობლემის გავრცელების და მისი სერიოზულობის არასაკმარისი გაცნობიერება.

  • აზრი, რომ ექიმის საქმე არაა ასეთ საკითხებში ჩარევა.

  • აზრი, რომ ქალმა, სავარაუდოდ, თავად მოახდინა თავდასხმის პროვოცირება.

  • აზრი, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და დაზარალებული ქალის გაგზავნა სხვადასხვა სამსახურებში არ არის ექიმის საქმიანობის ნაწილი.

  • არცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ქალს მაშინაც კი, როდესაც ძალადობა სახეზეა.

  • პაციენტის „დადანაშაულება“ იმის გამო, რომ ქალი არ მიდის სახლიდან.

  • უნდობლობა, რადგან სავარაუდო მოძალადე ესწრება ვიზიტს და გამოიყურება საკმაოდ მზრუნველ და სასიამოვნო ადამიანად.

  • ვარაუდი, რომ ფსიქო-სოციალური პრობლემების განხილვა დაიკავებს ძალიან დიდ დროს.

  • ექიმი შეიძლება გრძნობდეს უსუსურობას, თუ მას არ შეუძლია სიტუაციის „გამოსწორება“.

ოჯახური ძალადობის გამოვლენასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პრობლემა, ექიმების აზრით, არის მათზე უკვე დაკისრებული მოვალეობები. თუმცა თერაპიის გეგმა, რომელიც ეფუძნება მხოლოდ სიმპტომების მკურნალობას, არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალადობა გრძელდება. კითხვის არდასმა გამოიწვევს იმას, რომ პაციენტი განაგრძობს ექიმთან სიარულს და საჭირო გახდება მრავალჯერადი ძვირადღირებული დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება. გამოკითხვები და ადრეული ინტერვენცია კი არც ისე ძვირადღირებულია, როგორც ხანგრძლივი მკურნალობა, გარდა ამისა, ექიმის უმოქმედობას შეიძლება ჰქონდეს სერიოზული შედეგები (მძიმე ფიზიკური დაზიანებები და ლეტალური გამოსავალიც კი). ამასთან, ექიმის მხრიდან რეაქციის არარსებობა ქალს უღვივებს გრძნობას, რომ ძალადობა უნდა მოითმინოს.

ბევრი ექიმი მიიჩნევს, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა რთული საკითხია. ერთ-ერთ გამოკვლევაში შესწავლილ იქნა აზრი ამ ამოცანის სიძნელეებთან დაკავშირებით. ჩატარდა ჯანდაცვის ორგანიზაციების პირველი სამედიცინო დახმარების ექიმთა (აშშ) გამოკითხვა. ექიმები ოჯახური ძალადობის გამოვლენის, დიაგნოსტირების და მკურნალობისთვის ბარიერის სახით გამოყოფენ 5 ძირითად მომენტს:

1) დისკომფორტი გულახდილი საუბრისას ექიმები ხშირად თავს იკავებენ პაციენტებთან გულახდილი საუბრისგან ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. ეს თემა იმყოფება „საშიშ სიახლოვეზე“. ის ასახავს ექიმის რწმენას იმის შესახებ, რომ მის სოციალურ-ეკონომიკურ ფენაში ძალადობა იშვიათობაა, რის გამოც ის ოჯახურ ძალადობას განიხილავს როგორც მოვლენას, რომელიც არ ეხება მისი წრის ადამიანებს. ექიმ-ქალებს განსაკუთრებით ეშინიათ ოჯახური ძალადობის შემთხვევების გამოვლენისა ქალებში, რომლებიც მათ სოციალურ წრეს მიეკუთვნებიან. ეს ზრდის მათი საკუთარი თავის დაუცველობის გრძნობას.

2) შიში, რომ აწყენინებენ პაციენტს

  • ბევრ ექიმს ეშინია, რომ კითხვებით ძალადობის შესახებ მათ შეიძლება გაანაწყენონ პაციენტი.

  • ზოგიერთი ექიმი არ არის დარწმუნებული, რომ პაციენტს უნდა, რომ მას შეეკითხონ ოჯახურ ძალადობაზე.

  • ზოგიერთი ექიმი თვლის, რომ პაციენტი შეურაცხყოფილი იქნება, თუ ექიმი ეჭვს გამოთქვამს მის ოჯახში ძალადობის შესაძლებლობის თაობაზე.

  • ზოგიერთ ექიმ-მამაკაცს ეშინია, რომ მსგავსმა კითხვებმა შეიძლება ზიანი მიაყენონ მათი და პაციენტების ურთიერთობას.

3) უსუსურობა

გამოკითხული ექიმების ნახევარმა გამოხატა უსუსურობის განცდა ოჯახური ძალადობის სფეროში დახმარებასთან დაკავშირებით. ეს გრძნობა ჩნდება როგორც შედეგი ცოდნის ნაკლებობისა, თუ როგორი რეაგირებაა საჭირო ძალადობაზე. (ოჯახური ძალადობის რეგულირება არ ხდება სამედიცინო პროცედურებით ან წამლებით). ამ არასაკმარისი მომზადების გამო ექიმებისთვის ოჯახური ძალადობის დიაგნოსტირება ურთულესი პრობლემა ხდება.

უსუსურობის განცდას კავშირი აქვს იმასთან, თუ როგორ განათლებას ღებულობენ ექიმები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა - ეს არის ადამიანის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა. სამედიცინო განათლება არ აკეთებს ასეთ აქცენტს ჯანმრთელობის სოციალურ ასპექტებზე.

4) დროის სიმცირე - დროის უქონლობა ძირითადი ბარიერია ექიმთა უმრავლესობისთვის. ისინი აღნიშნავენ, რომ იმ შეზღუდული დროის განმავლობაში, რომელიც გამოყოფილია ექიმთან ვიზიტებისთვის თანამედროვე მედიცინაში, ისინი პაციენტის ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად ვერ გადაწყვეტენ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ამასთან ერთად, ექიმების არასაკმარის მომზადებას ოჯახური ძალადობის სფეროში მივყავართ იქამდე, რომ ექიმებს არ სურთ დროის დაკარგვა ამ პრობლემის გადა საწყვეტად.

5) კონტროლის დაკარგვა

პრობლემის „გადაწყვეტის“ უუნარობა იწვევს სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვას. იმ ექიმებისთვისაც კი, რომლებიც თვლიან, რომ შეუძლიათ „გაუმკლავდნენ“ ოჯახური ძალადობის პრობლემას, ის ფაქტი, რომ პაციენტი შეიძლება მაშინვე არ აღმოჩნდეს მზად, მიიღოს ყველა ზომები სიტუაციის შესაცვლელად, სერიოზული მიზეზია უსუსურობის განცდისთვის.

6 თავი 4. ოჯახური ძალადობის დოკუმენტირება

▲ზევით დაბრუნება


ზედმიწევნითი, კარგად შესრულებული სამედიცინო ჩანაწერები წარმოადგენენ ძალადობრივი ქმედების კონკრეტულ მტკიცებულებას და გადამწყვეტ როლს ასრულებენ ნებისმიერი სასამართლო საქმის გადაწყვეტილების მიღებაში. თუ სამედიცინო ჩანაწერი და მოწმის ჩვენება სასამართლოში ერთმანეთის გამომრიცხველია, სამედიცინო ჩანაწერი ითვლება უფრო ძლიერ მტკიცებულებად.

უნდა დარწმუნდეთ, რომ ქალმა იცის, სად მიიღოს ეს სამედიცინო ჩანაწერები საჭიროების შემთხვევაში, რომ სასამართლო განხილვისას შეიძლება მათი, როგორც იურიდიული დოკუმენტის, გამოყენება, რომ ეს დოკუმენტი კონფიდენციალურია და მის სანახავად სხვა პირის მიერ საჭიროა სპეციალური ნებართვა.

ფოტოსურათები

დაწვრილებით ჩანაწერებთან ერთად ფოტოსურათების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებაა. ექიმმა პაციენტისგან უნდა აიღოს ნებართვა სურათის გადასაღებად.

  • სურათის გადაღება სასურველია სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე.

  • გამოიყენეთ სტანდარტული ფერადი ლენტა (ან პოლაროიდი).

  • გადაიღეთ სხვადასხვა კუთხიდან, შორიდან და ახლო ხედით.

  • პაციენტის სახე გადაიღეთ 1 ფოტოზე მაინც.

  • მსხვილი ტრავმის არეში სულ მცირე 2 კადრის გადაღება.

  • სურათზე წარწერის გაკეთება: პაციენტის გვარი, ტრავმის მდებარეობა, ფოტოგრაფის და დამსწრე პირების გვარები, გადაღების თარიღი და დრო.

  • საჭიროებისას ვიზიტის დანიშვნა 2-3 დღეში განმეორებითი ფოტოგრაფირებისთვის, ვინაიდან სისხლჩაქცევები ამ დროისთვის ლილისფერს მიიღებს და ფოტოსურათზე უფრო მკვეთრად გამოჩნდება.

იმისთვის, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია გაიტანონ სასამართლოზე, ექიმი მზად უნდა იყოს, მისცეს ჩვენება:

  • იმის შესახებ, რომ დოკუმენტაცია შედგენილ იქნა „ჩვეულებრივი“ სამედიცინო გასინჯვის დროს.

  • იმის შესახებ, რომ დოკუმენტაცია შედგენილ იქნა ყოველდღიური რუტინული პროცედურის შესაბამისად.

  • იმის შესახებ, რომ დოკუმენტაცია დაცულად ინახებოდა და რომ ის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ პროფესიონალი პერსონალისთვის.

7 თავი 5. პაციენტის უსაფრთხოების შეფასება და დახმარების სახეები უსაფრთხოების შეფასება

▲ზევით დაბრუნება


ოჯახური ძალადობა შეიძლება გახდეს მიზეზი მძიმე ფიზიკური დაზიანებებისა და სიკვდილის. ამ მხრივ ქალისთვის განსაკუთრებით საშიშია სახლიდან წასვლის და განქორწინების პერიოდი, როდესაც მოკვლის რისკი 5-ჯერ მატულობს.

ქალებისთვის ოჯახური ძალადობის ყველაზე მძიმე შედეგები დაკავშირებულია შემდეგ რისკ-ფაქტორებთან:

  • მისი ან/და ბავშვების მოკვლით დამუქრება.

  • იარაღის გამოყენება ან იარაღის გამოყენებით დამუქრება.

  • მძიმე დაზიანებები.

  • ძალადობის ხშირი ეპიზოდები.

  • ალკოჰოლის/ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება.

  • განქორწინება.

  • თვითმკვლელობის მცდელობა ან თვითმკვლელობით დამუქრება.

ძნელი და საშიშია ძალადობრივი კავშირის გაწყვეტა. თუ შემდგომი ძალადობის რისკი მაღალია, ხოლო თავის დაღწევის არჩევანი - მცირე, მსხვერპლი რჩება თავის პარტნიორთან, რათა თავიდან აიცილოს უფრო მძიმე და სავარაუდოდ სიცოცხლისთვის საშიში ძალადობა. ამ ფენომენს ფსიქოლოგები უწოდებენ „სტოკჰოლმ-სინდრომს“.

რა უნდა გააკეთოს ექიმმა?

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა „მკურნალობა“ მოითხოვს უფრო მეტს, ვიდრე ესაა სხეულის დაზიანებების შეხორცება. საჭიროა პაციენტის უსაფრთხოების შეფასება და მისთვის უსაფრთხოების გეგმის შემუშავებაში დახმარება, სანამ ქალი დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას. თუ ექიმის დრო შეზღუდულია, მაშინ პაციენტს შეიძლება ვურჩიოთ სხვა პირი, როგორიცაა მაგალითად, ადვოკატი, სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი, რათა შემუშავდეს უსაფრთხოების გეგმა. (არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა სოციალური მუშაკი ან ფსიქოლოგი მომზადებულია ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულებთან სამუშაოდ. მნიშვნელოვანია, რომ ექიმს წარმოდგენა ჰქონდეს მის მიერ რეკომენდირებული პირების კომპეტენტურობაზე).

შეკითხვები, რომლებიც გვეხმარება უსაფრთხოების შეფასებაში:

  • ბოლო პერიოდში მოიმატა თუ არა ფიზიკური ძალადობის ეპიზოდების სიხშირემ?

  • ბოლო პერიოდში გაძლიერდა თუ არა ძალადობის სისასტიკე?

  • დაგმუქრებიათ თუ არა თქვენი ქმარი ოდესმე იარაღით?

  • გამოუყენებია თუ არა მას ოდესმე იარაღი?

  • გაქვთ თუ არა სახლში ცეცხლსასროლი იარაღი?

  • ჰქონია თუ არა მას თქვენი მოხრჩობის მცდელობა?

  • დაგმუქრებიათ თუ არა მოკვლით? განგიცდიათ თუ არა ოდესმე სიკვდილის შიში მისი თავდასხმის დროს?

  • უცდია თუ არა დამუქრება ან თვითმკვლელობის განხორციელება იმისთვის, რომ თქვენთვის ეიძულებინა იმის გაკეთება, რაც მას სურდა?

  • გიცდიათ ან დამუქრებიხართ თუ არა თვითმკვლელობით პირად ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო?

  • ფიქრობთ თუ არა ახლა თვითმკვლელობაზე? გაქვთ თუ არა გეგმა? იარაღი?

  • უცემიხართ თუ არა ორსულობის დროს?

  • გაიძულებთ თუ არა სქესობრივ კავშირს, როცა თქვენ ეს არ გსურთ. ან იმ ფორმით. რომელიც თქვენ არ მოგწონთ?

  • იყენებს თუ არა ის ძლიერ ნარკოტიკებს, როგორებიცაა, მაგალითად, ამფეტამინი, კოკაინი, კრეკი და სხვა?

  • არის თუ არა ის მთვრალი ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე?

  • აკონტროლებს თუ არა ის თქვენს ყოველდღიურ საქმინობას, სად მიდიხართ, ვის ხვდებით, რამდენი ფული შეიძლება რომ გქონდეთ?

  • ავლენს თუ არა ძალადობას და მუდმივ ძლიერ ეჭვიანობას? მაგალითად, თუ ამბობს: „თუ არ იქნება ჩემი, არავისი არ იქნება“.

  • ავლენს თუ არა ის ძალადობას თქვენი ბავშვების მიმართ?

  • ავლენს თუ არა ძალადობას სახლის გარეთ?

  • გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი განქორწინება?

რაც მეტია დადებითი პასუხი ზემოთჩამოთვლილ კითხვებზე. მით მეტია ქალის საშიშროების ხარისხი. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერვიუს ბოლოს უნდა შემუშავდეს უსაფრთხოების გეგმა.

უსაფრთხოების გეგმა 1

თუ ქალი ცხოვრობს მოძალადესთან ერთად, უნდა შემუშავდეს მოქმედების გეგმა კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

  • თუ საჭირო გახდება სახლიდან სწრაფად წასვლა, წინასწარ მოიფიქრეთ - რომელი კარებიდან გახვალთ? არის თუ არა სახლში ფანჯრები, საიდანაც აუცილებლობისას შეიძლება წასვლა?

  • რომელი ოთახია თქვენს სახლში ყველაზე უსაფრთხო? მოერიდეთ ოთახებს, საიდანაც არ არის გასასვლელი (მაგ. აბაზანა) ან სადაც არის იარაღი ან საგნები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ტრავმის მისაყენებლად (მაგალითად. სამზარეულო).

  • აქვს თუ არა თქვენს პარტნიორს სიმპტომები, რომლითაც მიხვდებით, რომ ის საშიშ აგრესიულ მდგომარეობაშია? უხშირდება თუ არა სუნთქვა, ფერმკრთალდება ან წითლდება თუ არა? მუშტებს ხომ არ კუმშავს? შეეცადეთ სახლიდან გახვიდეთ მანამ, სანამ ძალადობა დაიწყება.

  • მოიფიქრეთ რაიმე საბაბი, რომლითაც თქვენ ჩვეულებრივ სიტუაციაში პერიოდულად გადიხართ ხოლმე გარეთ. მაგალითად, ნაგვის გატანა, ძაღლის გასეირნება ან სიგარეტის ყიდვა.

  • სად შეგიძლიათ, რომ წახვიდეთ და სად არის უახლოესი ტელეფონი?

  • შეადგინეთ შემდეგი ტელეფონის ნომრების სია: პოლიციის, უსაფრთხოების თავშესაფრის, იმ ადამიანების, რომლებიც დაგეხმარებიან. ეს სია ყოველთვის თან უნდა გქონდეთ, ვინაიდან პანიკის დროს შეიძლება უახლოესი ადამიანის ტელეფონის ნომერიც კი დაგავიწყდეთ.

  • გადაინახეთ გარკვეული რაოდენობის ფული, რომელსაც სახლიდან წასვლისას გამოიყენებთ. შეინახეთ ის ადვილად მისაწვდომ ადგილას.

  • ადვილად მისაწვდომ ადგილას დადევით ასევე ჩანთა, რომელშიც იქნება ყველა აუცილებელი ნივთი და დოკუმენტები. შეგიძლიათ ასევე ის შესანახად მისცეთ მეზობლებს ან მეგობრებს. ჩანთაში უნდა იდოს:

    1. ფული ტაქსისთვის, ასევე სხვა აუცილებელი ხარჯებისთვის.

    2. თეთრეულის მარაგი თქვენთვის და ბავშვებისთვის.

    3. ჰიგიენური საშუალებები.

    4. საჭირო წამლები.

    5. აუცილებელი ტელეფონის ნომრები

    6. სახლის და მანქანის დამატებითი გასაღებები.

    7. აუცილებელი დოკუმენტები (ან მათი ასლები): პასპორტი, საბანკო, სადაზღვევო ბარათები, მართვის მოწმობა, დაბადების მოწმობები, სამედიცინო დოკუმენტები და ა.შ.

      • უმჯობესია ბავშვები მაშინვე თან წაიყვანოთ. მოამზადეთ ისინი წინასწარ, ესაუბრეთ ძალადობაზე.

      • ასწავლეთ ბავშვებს, აუცილებლობისას დარეკონ ტელეფონზე (პოლიციაში).

      • თუ შესაძლებელია, მოუყევით მეზობლებს თქვენს პრობლემებზე და სთხოვეთ, დარეკონ პოლიციაში, როცა რაიმე საეჭვო ხმაურს გაიგებენ.

შეიძლება შეთანხმდეთ რაიმე სიტყვა-კოდზე, რომლის მიხედვითაც ისინი მიხვდებიან, რომ თქვენ დახმარება გჭირდებათ.

უსაფრთხოების გეგმა 2

თუ ქალი წასულია სახლიდან და ცალკე ცხოვრობს:

  • დააყენეთ ტელეფონის ფარული ნომერი და შეიძინეთ ტელეფონი ნომრის ამომცნობით.

  • შეხვედრაზე შეთანხმდით ხალხმრავალ ადგილებში (მაგალითად კაფეში).

  • შეცვალეთ სახლის საკეტი, თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ყოფილ ქმარსაც აქვს გასაღები.

  • დააყენეთ დამცავი სისტემა (ფანჯრის გისოსები, უკეთესი განათება).

  • შეეცადეთ, არ დარჩეთ მარტო.

  • ცვალეთ ყოველდღიური ცხოვრების რიტმი, მგზავრობის მარშრუტები, სახლიდან გამოსვლის დრო და ა.შ.

  • მოუყევით საფრთხეზე სამსახურში, საბავშვო ბაღში, სკოლაში და ა.შ. და აუხსენით, ვის შეუძლია ბავშვების წაყვანა და ვის არა.

დახმარების სახეები

  • მხარდამჭერი ჯგუფები - აქ მიდიან ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალები, რათა სხვებს გაუზიარონ თავიანთი განცდები. ამ ჯგუფებმა აჩვენეს ეფექტურობა იმ ქალების დახმარების საქმეში, რომლებმაც გაწყვიტეს ძალადობრივი ურთიერთობები.

  • ქალთა პოლიციის პუნქტები - უზრუნველყოფს კონკრეტულ ქმედებებს ოჯახური ძალადობის საპასუხოდ.

  • კურსები - ოჯახი ძალადობის გარეშე და კონფლიქტების მოგვარება (როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის).

  • სამართლებრივი განათლების პროგრამები და უფასო იურიდიული კონსულტაციები - ეხმარება ქალებს, წამოაყენონ ბრალდება მოძალადე პარტნიორის წინააღმდეგ.

  • ფსიქოთერაპიის კურსები - ჯანდაცვის სისტემის და პოლიციის თანამშრომლებისთვის, რათა გაუმჯობესდეს მათი მუშაობის ეფექტურობა ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებთან.

  • უსაფრთხო სახლები და თავშესაფრები - ქალებისთვის, რომლებიც წამოვიდნენ თავიანთი აგრესიული პარტნიორისგან. სახლიდან წასვლის შემდეგ ქალმა მშვიდად უნდა იფიქროს თავისი და ბავშვების შემდგომ ცხოვრებაზე. ამასთან, მათ დასვენებაც ესაჭიროებათ, ვინაიდან გადაღლილები არიან მუდმივი შიშის, დაძაბულობის ან გამოუძინებლობის გამო. ქალებს შეუძლიათ, წავიდნენ ნათესავებთან ან მეგობრებთან, მაგრამ ეს ყოველთვის უსაფრთხო არაა. ზოგჯერ კი ამის გამო ახლობლებიც საფრთხის ქვეშ ხვდებიან. უსაფრთხოების თავშესაფარი ასეთ სიტუაციაში ოპტიმალური ადგილია - იქ 24სთ-ის განმავლობაში მუშაობს მომზადებული პერსონალი, რომლისგანაც შეიძლება რჩევის მიღება. ბევრ მათგანში კი ასევე არის ჯგუფები ბავშვებთან სამუშაოდ.

  • ფსიქოლოგიური სამსახური - ესაჭიროებათ პირველ რიგში ქალებს. ხშირად მათ სთავაზობენ ოჯახურ თერაპიას. დახმარების ეს სახე ქალზე ნეგატიურად მოქმედებს, ვინაიდან მას არ ეძლევა თავისუფლად ლაპარაკის საშუალება. ამდენად, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური დახმარება.

მამაკაცს ასევე ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება, რათა გააცნობიეროს საკუთარ ქცევაში ძალადობის გამოვლენა და გათავისუფლდეს მისგან.

საქართველოში, ქ. თბილისში არსებობს კრიზისული ცენტრი (ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრი), რომელიც დაზარალებულებს სთავაზობს უსაფრთხო თავშესაფარს, ასევე ქალებს უწევს ფსიქოლოგიურ, სოციალურ და იურიდიულ დახმარებას. აქვე მუშაობს ცხელი ხაზი, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, არამედ მათი მეგობრების და ახლობლებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ უფრო ზუსტი ინფორმაცია არსებული დახმარების სამსახურების შესახებ.

გარდა ამისა, 1997 წლიდან მუშაობს ქალთა საკონსულტაციო ცენტრი „სახლი“, რომლის საქმიანობაშიც შედის:

  • ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური კონსულტაცია და რეაბილიტაცია.

  • იურიდიული კონსულტაცია.

  • ოჯახური ძალადობის საკითხის კვლევა და ინფორმაციის გავრცელება.

  • საზოგადოების გათვიცნობიერება ოჯახური ძალადობის პრობლემაში.

  • საკანონმდებლო რეფორმის მიზნით საკითხის ლობირება შესატყვის სტრუქტურებში. ცენტრის მუშაობის პრინციპებია:

  • უფასო მომსახურება.

  • ანონიმურობის გარანტია.

  • ჩაურევლობა რელიგიურ მრწამსსა და პოლიტიკურ შეხედულებებში.

ცხელი ხაზი გახსნილია საქართველოს ორ რაიონშიც.

8 თავი 6. ოჯახური ძალადობა და ბავშვები

▲ზევით დაბრუნება


ოჯახური ძალადობის შემთხვევათა დაახლოებით 70%-ში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი _ დედაზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით. (შემთხვევათა 90%-ში ბავშვებმა იციან დედების მიმართ ძალადობის შესახებ).

ოჯახური ძალადობის გავლენა ბავშვებზე

  • ძალადობა ზეგავლენას ახდენს ბავშვთა მოქმედებებზე და მათ უნარზე, დაამყარონ ურთიერთობები თანატოლებთან. ბავშვები უფრო აგრესიულები ხდებიან და ხშირად ებმებიან ჩხუბში.

  • ძალადობა მოქმედებს ბავშვთა სწავლის უნარზე. ისინი კარგავენ შესაძლებლობას, ყურადღება გაამახვილონ და კონცენტრირება მოახდინონ სკოლაში.

  • ძალადობა გავლენას ახდენს ბავშვის მისწრაფებაზე, გაეცნოს სამყაროს. ასეთ სიტუაციაში მისი ბუნებრივი ინტერესი ითრგუნება.

  • ბავშვი სწავლობს ძალადობრივ ქცევას. მომწიფების ასაკისთვის გოგონები მოძალადე ოჯახებიდან უფრო დამოკიდებულნი, პასიურნი, ნერვიულნი და შებოჭილნი, ვაჟები კი უფრო აგრესიულები არიან (აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევებით, მამაკაცები, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მოწმენი იყვნენ, სამჯერ მეტად აგრესიულები არიან ცოლების მიმართ, ვიდრე ის მამაკაცები, რომლებიც მშვიდ გარემოში იზრდებოდნენ. გამოკვლევამ გამოავლინა მკვეთრი ურთიერთკავშირი ბავშვების წინააღმდეგ ძალადობას და მოზრდილთა შორის ოჯახურ ძალადობას შორის და დაადგინა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების გამოსავლენად მეორე გზაა - დაზარალებული დედის გამოვლენა. (პირველი გზა - უშუალოდ დაზარალებული ბავშვების გამოვლენა). ასპირანტების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აშშ-ს და კანადის გადაუდებელი პედიატრიის სფეროში სამწუხაროდ გამოავლინა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა არ თვლის, რომ ძალადობის მსხვერპლი დედების პრობლემის გადაწყვეტა შედის პედიატრიის ამოცანებში).

ოჯახური ძალადობა და მოზარდთა სამართალდარღვევები

  • ძალადობა ოჯახებში საუკეთესო მანიშნებელია სამართალდარღვევების და ზრდასრულთა დამნაშავეობისა მამაკაცებში.

  • 74% დანაშაულებისა, რომელსაც ახალგაზრდები სჩადიან, ძირითადად ხდება მათ მიერ, ვინც ძალადობრივ ოჯახში გაიზარდა.

  • ამ კატეგორიის ბავშვებმა, სავარაუდოა, 7-ჯერ უფრო ხშირად სცადონ თვითმკვლელობა

  • ამ ბავშვებში 50%-ით მეტია ალბათობა იმისა, რომ გამოიყენონ ალკოჰოლი ან ნარკოტიკები.

  • 24%-ით მეტად სავარაუდოა, რომ მათ ჩაიდინონ სქესობრივი დანაშაული.

  • მთავარი მიზეზი ახალგაზრდების სახლიდან გაქცევისა არის მათი დედის მიმართ ძალადობა.

ოჯახური ძალადობა და ბავშვთა გატაცება

  • ბავშვთა გატაცების 69 % ოჯახური ძალადობის შედეგია.

  • ბავშვთა გატაცებების უმრავლესობა ხორციელდება მოძალადე მამების და მათ მიერ დაქირავებული პირების მიერ.

  • 54% ბავშვთა გატაცების ყველა შემთხვევიდან არის მხოლოდ მოკლევადიანი მანიპულაცია მეურვეობის უფლების მოსაპოვებლად.

  • 40%-ში ბავშვის გატაცება მოძალადე მამების მიერ ხორციელდება განქორწინებიდან 2 წლის შემდეგ.

როდესაც ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებში, სადაც ძალადობაა, ხშირია

  • სახლიდან გაქცევა

  • ძალადობა ქუჩაში.

  • ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება.

  • გადამეტებული კვება.

  • სქესობრივი შეურაცხყოფა/სქესობრივი ხასიათის მუქარა.

  • თინეიჯერთა ორსულობა.

  • ძალადობა სკოლაში.

  • სასწავლო პროცესის სისტემატური გაცდენა.

ძალადობრივ ოჯახში გაზრდილი ბავშვების გრძნობები და ქცევები

არსებობს გარკვეული გრძნობები და ქცევები, რაც საერთოა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც გაიზარდნენ ოჯახებში, სადაც ძალადობაა. რა თქმა უნდა, თავიდან ბავშვებს არა აქვს წინააღმდეგობის ეს გრძნობები, თუმცა დროთა განმავლობაში უთუოდ განუვითარდებათ.

შიში

ის ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ძალადობრივ ოჯახებში, განიცდიან შიშს. შიში გამოიხატება სხვადასხვა საქციელში, პასიურობასა და ზედმეტ თავშეკავებულობაში ან ძალადობრივ ქცევაში.

ოჯახი, სადაც ძალადობაა, საშიში და სახიფათო ადგილია ბავშვისთვის, რომელმაც არ შეიძლება იცოდეს, სად ან როდის გამოვლინდება შემდგომი ძალადობრივი ქცევა. შედეგად წარმოიშობა დაუცველობის და უკონტროლობის შეგრძნება, რაც შემდგომში აგრესიულ მოქმედებად, ძალადობრივ ქცევად იქცევა.

გრძნობების სიტყვიერი გამოხატვის უუნარობა

საკუთარი მშობლების ყურებისას ბავშვები ფიქრობენ, რომ საზოგადოდ, უფროსები ამგვარად აგვარებან კონფლიქტებს და პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ. ვინაიდან არავის მიუთითებია ამ ბავშვებისთვის, თუ როგორ უნდა გამოხატონ საკუთარი გრძნობები, მათ ხშირად არ იციან, თუ რას გრძნობენ და რა დაარქვან ამ გრძნობებს.

მშობელთა კონფლიქტში ჩაბმა

ხშირად ბავშვი მშობელთა კონფლიქტში აღმოჩნდება ხოლმე ჩაბმული. მშობელთა კონფლიქტის ყურება მათთვის ძლიერ სამწუხაროა და სურთ, აუცილებლად შეწყვიტონ იგი. ბავშვებს შეიძლება პასუხისმგებლობის გრძნობაც კი გაუჩნდეთ მშობელთა პრობლემების გამო.

დედის დამცველი

მრავალი ძალადობის მომსწრე ბავშვი ხდება მშობელთა კონფლიქტში ჩართული, როდესაც იგი დედის ფიზიკური შეურაცხყოფისაგან დაცვას ცდილობს. ბავშვები უარყოფითად განეწყობიან მამის მიმართ, ზოგიერთი კი შეიძლება უკმაყოფილო იყოს დედის საქციელით, რადგან იგი სუსტია და ამ ძალადობას ეგუება. ბავშვებს შემდგომში ბუნებრივად უჩნდებათ დადანაშაულების განცდა მშობლების მიმართ, ამის მიზეზი სიბრაზის და აღშფოთების გამძაფრებული გრძნობაა.

  • ძალადობრივ ოჯახში ცხოვრება შეიძლება ძალიან დიდი სტრესი იყოს ბავშვებისათვის. ეს უწყვეტი სტრესი ბავშვებს იმედგაცრუებულს, უხასიათოს ხდის და მცირე სირთულესაც კი ხშირად გამოჰყავს წონასწორობიდან.

ინფორმაციის ნაკლებობა

მრავალი დედა, რომელსაც არ სურს, შეაწუხოს თავისი ბავშვები, მათ უმალავს უსიამოვნო ფაქტებს. ბავშვები ქვეცნობიერად გრძნობენ უსიამოვნებებს, წუხან და ნერვიულობენ, მაგრამ ნამდვილი ინფორმაცია, თუ რა ხდება, რას მიაწერონ ეს უსიამოვნებები, არ იციან.

სრული ინფორმაციის და მდგომარეობის გაგების გარეშე ბავშვებს არ შეუძლიათ, შესაფერისი რეაქცია მისცენ მომხდარს.

დამსახურებული შეურაცხყოფის შეგრძნება

ბევრ დედას, რომელსაც არ უნდა, რომ მამის წინააღმდეგ განაწყოს შვილები, მის ქცევას სხვადასხვა საბაბით ამართლებს. როდესაც ბავშვი დედის სისხლჩაქცევებს და ნაცემ სახეს ხედავს, ამ დროს ესმის: „არა უშავს, მამას ჩვენ ხომ ვუყვარვართ“. ის ფიქრობს, რომ სიყვარული სწორედ ფიზიკურ ტკივილს გულისხმობს. ბავშვი, რომლის დედაც მამის მოქმედებას სხვადასხვა მიზეზით ამართლებს, იწყებს ფიქრს, რომ იგი თვითონაც იმსახურებს ცემას.

უღირსი ადამიანის ფსიქოლოგია

რადგან მშობლებმა ამდენი ენერგია „ჩააქსოვეს“ საკუთარი კონფლიქტების გადაწყვეტაში, მათ ამის გამო ბავშვებს სიყვარული და ყურადღება მოაკლეს. შედეგად, ბავშვები თავს მიტოვებულად და სითბოს მოკლებულად გრძნობენ, რაც მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს მათ რწმენაში, რომ არიან უღირსი, უმნიშვნელო ადამიანები, რომლებიც ყურადღებას და ზრუნვას არ იმსახურებენ.

სულიერი სიმარტოვე

ბევრ ოჯახში, სადაც არსებობს ძალადობა, ეს ფაქტი ღიად არ განიხილება. ბავშვებს მიანიშნებენ, რომ მათ არ უნდა ისაუბრონ ძალადობაზე სკოლაში და მეგობრებთან. ამგვარად, აიძულებენ იფიქრონ, რომ ისინი განსხვავებულები არიან. ზოგმა კი შეიძლება ირწმუნოს, რომ თანატოლზე უარესია, ვინაიდან მისი შინაური ცხოვრება თანატოლის ცხოვრებისგან განსხვავდება.

მამის მიმართ გაორებული გრძნობები

ბავშვი სიყვარულით უყურებს მამას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დედის ან მის მიმართ მოძალადე.

რა შედეგი მოყვება ბავშვის მიერ ძალადობის დასწრებას?

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ბავშვებმა არაფერი იციან ძალადობაზე. სინამდვილეში, ბავშვები გაცილებით მეტს ხედავენ და ესმით. უფროსები მეტად სერიოზულად უნდა მოეკიდონ ბავშვების შიშებს და წუხილს. პატარები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ უფროსები ყველაფერს იღონებენ მათი უსაფრთხოებისთვის. ხშირად ბავშვები უფრო მეტს გადმოსცემენ საქციელით, ვიდრე სიტყვებით.

ბავშვის რეაქციას ძალადობაზე განაპირობებს მთელი რიგი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • ასაკი.

  • განვითარების დონე.

  • რამდენად ახლო მანძილიდან აკვირდებოდა ბავშვი ძალადობის ფაქტს.

  • იცნობდა თუ არა ბავშვი მოძალადეს და/ან მსხვერპლს.

  • იყო თუ არა ძალადობა შემთხვევითი, ერთჯერადი თუ განმეორებადი მოვლენა.

  • ჰქონდა თუ არა ბავშვს ძალადობის მსხვერპლად ყოფნის წარსული გამოცდილება.

  • რა დახმარება შეუძლია გაუწიოს ბავშვს ოჯახმა.

ბავშვის შეურაცხყოფის ფიზიკური მაჩვენებლები

ქვემოთ ჩამოთვლილი დაზიანების ნიშნები შეიმჩნევა შეურაცხყოფის ან უდიერად მოპყრობის დროს. ეს გამაფრთხილებელი ნიშნები განხილული უნდა იყოს ახსნა-განმარტებების ჭრილში, სამედიცინო ისტორიისა და ბავშვის განვითარების უნართან ერთად, რათა განსაზღვროს ის მოქმედებები, რომელთაც გამოიწვიეს დაზიანება.

  • სისხლჩაქცევები

  • რამდენიმე სისხლჩაქცევა, რომელიც განმეორებით შემთხვევას გვიჩვენებს.

  • სისხლჩაქცევები განვითარების სხვადასხვა სტადიაზე.

  • უჩვეულო ფორმის სისხლჩაქცევები, რომლებიც ხელსაწყოებს მოგვაგონებს ან ადამიანის ნაკბენს ჰგავს.

  • დამწვრობა

  • დამწვრობა, რომელიც მდუღარეში ჩაყუდებაზე მიგვანიშნებს. (წინდის ან ხელთათმანის ფორმის იარა ფეხზე ან ხელზე ან მრგვალი ფორმის სიდამწვრე საჯდომზე ან გენიტალიებზე).

  • სიგარეტით მიყენებული დამწვრობა.

  • მშრალი დამწვრობა, მანიშნებელი იმისა, რომ ბავშვი იძულებული იყო, ცხელ საგანზე დამჯდარიყო ან კანზე ცხელი საგანი მრავალჯერ დაადეს.

  • ჭრილობები

  • გახსნილი იარა ტუჩზე, თვალზე ან სახის რომელიმე ნაწილზე.

  • ნებისმიერი ჭრილობა ბავშვის გენიტალიებზე.

  • ჩონჩხის დაზიანებები

  • ნეკნების მოტეხილობა.

  • ქვედა ყბის, მკერდის ძვლის მოტეხილობა.

  • თავის ქალას ტრავმა.

  • ზურგის ტრავმა.

  • განმეორებადი ტრავმა იმავე არეში.

  • მოგრეხით ან გამოქაჩვით გამოწვეული დაზიანება:

  • გრძელი ძვლის მეტაფიზის ან კუთხოვანი მოტეხილობა.

  • ეპიფიზის განცალკევება.

  • პერიოსტალური მოტეხილობა.

  • სპირალური მოტეხილობა.

  • თმის არარსებობა ან სისხლჩაქცევა თმის ძალით ამოძრობის შემდეგ.

  • შინაგანი ორგანოების დაზიანება გამოწვეული მუცელში დარტყმებით.

რამდენიმე რჩევა ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან ურთიერთობისათვის.

  • გადაიყვანეთ ბავშვი უსაფრთხო ადგილას (თუ შესაძლებელია).

  • ესაუბრეთ ბავშვს მშობლის გარეშე.

  • საუბრის დროს შეეცადეთ თვალი გაუსწოროთ ბავშვს და ზემოდან ნუ შეხედავთ.

  • წინასწარი შეფასებისთვის შეეცადეთ ჩაატაროთ ხანმოკლე საუბრები.

  • ილაპარაკეთ ნელა და გარკვევით.

  • დასვით მარტივი შეკითხვები.

  • მიეცით ბავშვს საშუალება, თავად მოგიყვეთ, რა შეემთხვა.

  • აუხსენით ბავშვს, რა ხდება.

  • წაახალისეთ ბავშვი, მაგრამ ნუ დაპირდებით რაიმეს, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის დახმარების გაწევა

გახსოვდეთ, ბავშვები არ არიან პატარა დიდები. მათ განსხვავებული გზები აქვთ ძალადობის გასააზრებლად.

  • განკურნება იწყება ურთიერთობის დამყარებით. მეგობრულად განწყობილი უფროსის დახმარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისთვის, რომ ბავშვმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

  • იყავით ყურადღებიანი იმ გრძნობების მიმართ, რომელსაც ბავშვი გამოხატავს როგორც სიტყვიერად, ასევე არასიტყვიერად.

  • მიეცით ბავშვს საშუალება, რომ მოგითხროთ იმაზე, რაც შეემთხვა. დაეხმარეთ, ისწავლოს საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი უფრო მეტად, ვიდრე ამას მოქმედებებით გამოხატავს, ისწავლოს პრობლემის გადაჭრა სიტყვიერად.

  • საჩვენებელი საუბარი გრძნობების შესახებ საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალებით („ხანდახან ცუდ ხასიათზე ვარ მეგობრებთან კამათის შემდეგ. ალბათ შენც, არა?“).

  • ბავშვებს დახმარება სჭირდებათ, რათა სახელი დაარქვათ საკუთარ გრძნობებს. ეს დაეხმარება მათ, ახსნან გრძნობები, ზუსტად გაერკვენ ვითარებაში, რაც უფრო ადვილს გახდის პრობლემის დაძლევას.

  • დაარწმუნეთ, რომ ხშირად, ბავშვებს აქვთ ადექვატური გრძნობები. („ხანდახან ბავშვებს ეშინიათ - ეს ჩვეულებრივი ამბავია“. „მესმის, რომ სამწუხაროა და ძალიან გაბრაზებს, როცა რაღაც არ გამოგდის“).

  • ბავშვებს ხშირად პასუხის გაცემა გადაკრულ ნათქვამზე უფრო უადვილდებათ, ვიდრე პირდაპირ შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ რა მოხდა („შენ რაღაც დამწუხრებული ჩანხარ, ალბათ დედაზე ფიქრობ, არა?“).

  • დაეხმარეთ ბავშვებს, ისწავლონ, რა უნდა გააკეთონ, რომ დაწყნარდნენ. (მაგალითად, უფროსი ასაკის ბავშვებისთვის ხანდახან უმჯობესია რამდენიმე ხნით მარტო დარჩენა).

  • ზოგჯერ ბავშვის ქცევაზე კარგია იმგვარი კომენტარის გაკეთება, რომ ბევრ ბავშვს აქვს ხოლმე მსგავსი გრძნობები („ბევრს ეშინია ხოლმე და წუხს, როცა მისი დედა და მამა ჩხუბობენ“).

  • პატარა ბავშვები ვერ აცნობიერებენ ძალადობის ნამდვილ მიზეზს და ხშირად საკუთარ თავს ადანაშაულებენ. შეახსენეთ მათ, რომ ძალადობა სულაც არ არის მათი ბრალი და მათ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა მშობლების პრობლემების მოგვარებაში.

  • თვითშეფასების გაზრდა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მუდმივად უნდა შეახსენოთ, რომ ისინი უყვართ და აღიარებენ მათ მნიშვნელობას და უნარიანობას.

  • ძალადობის ალტერნატივების სწავლება. ასწავლეთ ბავშვებს, როგორ გადაწყვიტონ პრობლემები ძალადობის გარეშე.

  • მაგალითის მიცემა ბავშვებთან ურთიერთობის დროს. თქვენ თავად უნდა გახდეთ ბავშვებისთვის იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ურთიერთობა ურთიერთპატივისცემის და არამოძალადეობრივი ქცევის საფუძველზე.

9 თავი 7. ჯანდაცვის სისტემა და ოჯახური ძალადობა

▲ზევით დაბრუნება


რისი გაკეთება შეუძლიათ ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებს?

პირველადი პროფილაქტიკა მედიცინაში ზოგადად გულისხმობს რისკ-ფაქტორების შემცირებას, მაგალითად: სიგარეტის მოწევის შეწყვეტა ფილტვის კიბოს პროფილაქტიკური საშუალებაა, სქესობრივი განათლება ხელს უწყობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემცირებას. ამავე კატეგორიაში შედის ვაქცინაცია, წყლის ფტორირება. ანუ პირველადი პროფილაქტიკა მოიცავს ახალ შემთხვევათა რაოდენობის შემცირებას ქცევის და გარემო ფაქტორების შეცვლის გზით. ამ მხრივ ექიმებს შეუძლიათ - ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და შეტყობინება, ძალადობის მსხვერპლი ქალების შვილებზე ზრუნვა, ვინაიდან აგრესიული მამაკაცის ჩამოყალიბების ძირითადი რისკ-ფაქტორია - აღზრდა ძალადობრივ გარემოში.

მეორადი პროფილაქტიკა გულისხმობს შემთხვევათა ადრეულ აღმოჩენას და მკურნალობას. მაგალითად: მამოგრაფია მკერდის კიბოს მკურნალობაში ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დროს კონტაქტების გამოვლენა და მკურნალობა.

ექიმის მიერ ოჯახური ძალადობის პრობლემის აღიარება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ძალადობა მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ძალადობის თაობაზე შეკითხვები ავლენს დაზარალებული ქალის პრობლემებს, ასევე გათვიცნობიერებაში ეხმარება იმ ქალების, რომელთაც ჯერ ასეთი ურთიერთობა არ ჰქონიათ.

მეორადი პროფილაქტიკა სცილდება ძალადობის ფაქტის განსაზღვრის ჩარჩოებს და მოიცავს აუცილებელ დროულ ჩარევასაც. ჩარევის სპეციფიკურ ელემენტებში შედის: იდენტიფიკაცია, აღიარება, სამედიცინო დახმარება, ფსიქოლოგიური დახმარების აუცილებლობის შეფასება, ზუსტი დოკუმენტაცია, უსაფრთხოების შეფასება, გაგზავნა სამართლებრივი დაცვის ორგანოებში ან ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლის ადგილობრივ სამსახურებში.

მესამეული პროფილაქტიკა მოიცავს აუცილებელ რეაბილიტაციურ ღონისძიებებს, რათა მოხდეს ტრავმის მინიმალიზაცია და ცხოვრების ხარისხის აღდგენა. ექიმებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სამივე დონეზე.

ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადმინისტრაციულ პირებსაც შეუძლიათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ოჯახური ძლადობის პრობლემას. მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ თანხების გამოყოფას მონაცემთა შეგროვებისთვის, მეთოდური რეკომენდაციების შესადგენად, დაზარალებულთა ეფექტური გამოვლენის და დახმარების აღმოსაჩენად, ასევე პერსონალის მოსამზადებლად. მათ ასევე შეუძლიათ დაწესებულებათაშორისი კონტაქტების დამყარება, რათა განვითარდეს დახმარების მრავალმხრივი სისტემა. ჯანდაცვის სექტორს არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ეს პრობლემა, და მაინც სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ ამ საკითხს უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდგებით.

იცის რა, რომ ქალი ძალადობის მსხვერპლია, ექიმმა მას უნდა გაუწიოს უფრო კვალიფიციური დახმარება. ასეთ ქალებს სჭირდებათ განსაკუთრებული სამედიცინო მომსახურება, დაკავშირებული რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადების ტესტირება და მკურნალობა, რჩევები კონტრაცეპციის იმ მეთოდებზე, რომელთა გამოყენება შეიძლება პარტნიორისგან მალულად. სქესობრივი ძალადობის შემდეგ ქალებს შეიძლება დასჭირდეთ სასწრაფო კონტრაცეპცია, ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური კურსი. გარდა ამისა, ქალებს უნდა შესთავაზონ შემდგომი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და იურიდიული მხარდაჭერა. ამისთვის აუცილებელია სამედიცინო დაწესებულებების და შესაბამისი საზოგადოებრივი, იურიდიული და სოციალური ორგანიზაციების კოორდინებული მოქმედება.

ექიმებს შეუძლიათ დაეხმარონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლს:

  • შეამცირონ მსხვერპლის იზოლაციის განცდა.

  • გაზარდონ მისი უსაფრთხოება.

  • მისცენ საშუალება, თავად აირჩიონ დახმარების გზები.

რეკომენდაციები ექიმებისთვის

1) ნუ შეგეშინდებათ შეკითხვის დასმის.

გავრცელებული აზრის მიუხედავად, ქალების უმრავლესობას უნდა, რომ ისუბროს ოჯახურ ძალადობაზე, თუ მას პირდაპირ ეკითხებიან და არ განიკითხავენ. არათანამგრძნობმა ან დანაშაულებრივმა დამოკიდებულებამ შეიძლება გააძლიეროს ქალის ჩაკეტილობა და თვითდანაშაულის გრძნობა და შეამციროს იმის შანსი, რომ მან დახმარებას მიმართოს. ფაქტიურად ყველა ქალს გულში იმედი აქვს, რომ ვიღაცა ოდესმე ჰკითხავს.

2) შექმენით არაგამკიცხველი, გულღია გარემო.

მიეცით ქალს საშუალება, მოყვეს თავისი ისტორია. მყარად გჯეროდეთ, რომ არავინ და არანაირ პირობებში არ იმსახურებს ძალადობას.

ყოველთვის ესაუბრეთ ქალს ერთი ერთზე.

3) ყურადღება მიაქციეთ სავარაუდო სიმპტომების არსებობას. ზოგიერთი მდგომარეობა ეჭვს ბადებს ძალადობაზე:

  • გაურკვეველი ხასიათის ქრონიკული ტკივილები, რომელთაც არ აქვთ რაიმე ფიზიკური მიზეზი.

  • სხეულის დაზიანებები, რომლებიც არ შეესატყვისებიან მათი წარმოშობის შესახებ მოცემულ ახსნა-განმარტებებს.

  • სხეულის დაზიანებები, მიყენებული ორსულობის დროს.

  • მამაკაცი, რომელიც ზედმეტ ყურადღებას ავლენს ან არ უნდა ქალთან დაშორება ექიმთან ვიზიტის დროს.

  • თვითმკვლელობის აზრები ან მცდელობა.

  • სამედიცინო დახმარებისთვის მიმართვის გადადება.

4) მოახდინეთ ძალადობის ყველა დეტალის დოკუმენტაცია სამედიცინო ჩანაწერებში.

ეს ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ ქალი გადაწყვეტს, მიმართოს სასამართლოს. ექიმის მიერ ფაქტების დოკუმენტაცია იურიდიულ ძალას აძლევს ქალის განცხადებას.

5) დაიცავით ინფორმაციის კონფიდენციალობა.

6) შეაფასეთ ქალის უსაფრთხოება.

გაარკვიეთ, ემუქრება თუ არა ქალს ან მის ბავშვებს საფრთხე. თუ კი, დაეხმარეთ მას, განიხილოს ალტერნატიული მოქმედებები. თუ რეგიონში არის ქალთა თავშესაფარი ან ნდობის სამსახური, შესთავაზეთ მასთან დაკავშირება.

7) აუხსენით, რომ მას აქვს იურიდიული უფლებები.

8) თუ შესაძლებელია, არ გამოუწეროთ ქალებს, რომლებიც აგრესიულ პარტნიორებთან ცხოვრობენ, წამლები, რომლებიც ხასიათის ცვლილებას იწვევს, რადგან ისინი შეამცირებენ ქალის რეაქციის უნარს ძალადობაზე.

9) დაამყარეთ კონტაქტები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ოჯახური ძალადობის საკითხზე მუშაობენ.

აკრონიმი „RADAR“, შემუშავებული მასაჩუსეტსის სამედიცინო საზოგადოების მიერ, აჯამებს იმ საფეხურებს, რომლის მიხედვითაც ექიმებმა უნდა მოახდინონ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენა და „მკურნალობა“:

R - routinely ask - ჩაატარეთ პაციენტის რუტინული გამოკითხვა ოჯახური ძალადობის თაობაზე.

A - ask questions - პირდაპირ შეეკითხეთ პაციენტებს.

D - document - მოახდინეთ მონაცემთა დოკუმენტაცია.

A - assess safety - შეაფასეთ პაციენტის უსაფრთხოება.

R - refer - გააგზავნეთ პაციენტი არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში, რომლებიც მუშაობენ ოჯახური ძალადობის პრობლემაზე.

პასუხები კითხვებზე, რომელთაც ჩვეულებრივ სვამენ ექიმები.

  • როგორია ქალთა ძალადობის საკითხი მამაკაცთა მიმართ?

ოფიციალურად აღწერილი შემთხვევების 95%-ში თავდამსხმელი იყო მამაკაცი, ხოლო მსხვერპლი - ქალი. არსებობს ძალადობის გამოვლენის 3 ძირითადი საბაბი:

1) დომინირების, სხვა ადამიანის კონტროლირების და დამცირების სურვილი 2) თავდაცვა 3) შურისძიება და დასჯა.

კანონი ნებას აძლევს ადამიანებს, დაიცვან თავიანთი სიცოცხლე. ამდენად, სისასტიკე ან აგრესიული ქცევა თავდაცვის მიზნით არ შეიძლება მივაკუთვნოთ იმავე ტიპს, რომელსაც ძალადობა, მიმართული სხვა ადამიანის დამცირების მიზნით.

ქალები გაცილებით ნაკლებად მიდრეკილები არიან, გამოიყენონ ძალადობა, როგორც კონტროლის მეთოდი, მაგრამ უფრო ხშირად იყენებენ მას თავდაცვისთვის ან დასჯისთვის, ხოლო შედეგები, ჩვეულებრივ, ნაკლებად სერიოზულია.

  • რა მკურნალობაა რეკომენდირებული აგრესორებისთვის?

ოცი წლის წინ არ არსებობდა არანაირი პროგრამა ოჯახურ მოძალადეებთან სამუშაოდ. დღეისთვის აშშ-ში არსებობს 200-მდე პროგრამა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძალადე მამაკაცების სპეციალიზირებულ მკურნალობას. მოძალადეთა უმრავლესობა არ ეძებს დახმარებას ნებაყოფლობით. ბევრი მათგანი მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ხდებიან ასეთი პროგრამების მონაწილეები. თუმცა ზოგიერთი მამაკაცი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად მაინც უარს ამბობს „მკურნალობაზე“. ამიტომ, ხშირად საჭიროა არა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, არამედ პროცესის გაკონტროლებაც და თუ დამნაშავე არ გადის სრულყოფილ მკურნალობას, გამოიყენება დამატებითი სამართლებრივი სანქციები.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სასამართლოში მხოლოდ დასწრებასაც კი შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი შემაშინებელი და შემაკავებელი ეფექტი.

წყვილების კონსულტაცია თითქმის ყოველთვის უკუნაჩვენებია. მოძალადე და მსხვერპლი უნდა განიხილებოდნენ ცალ-ცალკე და მათი ერთობლივი კონსულტაცია არ უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ ქალი თვითონ არ მოითხოვს ამას და არ გაქრება ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე.

  • ჩვეულებრივ რა სახის მომსახურებას სთავაზობენ დახმარების პროგრამები?

კრიზისული ცენტრი დაზარალებულებს სთავაზობს უსაფრთხო თავშესაფარს, ასევე აძლევს ქალს ინფორმაციას მის უფლებებზე და მოქმედებების ვარიანტებზე. ქალები აქ ხვდებიან სხვა დაზარალებულ ქალებს, რაც ხელს უწყობს იზოლაციის და თვითდადანაშაულების განცდის გადალახვას. პროგრამების დიდი ნაწილი პროპაგანდას უწევს პოზიციას, რომ ქალი განიხილება არა როგორც ავადმყოფი ან არანორმალური, ვინაიდან მას სცემდნენ, არამედ როგორც ადამიანი, რომელმაც გადაიტანა ტრავმა და რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას თვითშეფასების აღდგენისათვის, ასევე გადაწყვეტილებების მიღებისთვის, თუ როგორ დაიცვას უკეთ საკუთარი თავი და ბავშვი. ბევრი პროგრამა ითვალისწინებს იმ ბავშვების სპეციალიზებულ დახმარებას, რომლებიც ძალადობის ინცინდენტების მომსწრენი გახდნენ.

პროგრამების დიდი ნაწილი ეხება შემდეგი ტიპის საკითხებს: ძალადობის დინამიკის გაგება, რეაქცია მრისხანებაზე, ოჯახური ძალადობის გავლენა ბავშვებზე, უსაფრთხოების გეგმის შემუშავება, იურიდიული უფლებების გაცნობიერება.

თითქმის ყველა პროგრამას აქვს ცხელი ხაზი, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის, არამედ მათი მეგობრების და ახლობლებისთვის, ასევე პროფესიონალებისათვის, რომელთაც ესაჭიროებათ უფრო ზუსტი ინფორმაცია არსებული დახმარების სამსახურების შესახებ.

ზოგიერთ პროგრამაში გათვალისწინებულია იურიდიული მომსახურება. ადვოკატები უხსნიან დაზარალებულებს მათ უფლებებს და არჩევანის შესაძლებლობებს.

  • ექიმი მკურნალობს დაზარალებულ ქალებს და ურჩევს მათ, მიმართონ დახმარებას. ხშირად ქალები უბრუნდებიან თავიანთ პარტნიორებს. ექიმი იმედგაცრუებულია. რა რჩევის მიცემა შეიძლება ამ დროს?

ეს არის უნიკალური რეაქცია ჯანდაცვის, სამართლის, ფსიქოლოგიური სამსახურის და ა.შ. თანამშრომლებისა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ოჯახური ძალადობის საკითხებზე. იმ ადამიანთან მუშაობისას, რომელსაც საშიშროება ემუქრება, ნორმალურია იმაზე ფიქრი, რომ აუცილებელია ამ ადამიანის სასწრაფოდ გამოყვანა ასეთი საშიში სიტუაციიდან. ამავე დროს, არავის არ შეუძლია სხვა ზრდასრული ადამიანის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, ჩნდება დილემა - დახმარების სურვილი და ქალის გადაწყვეტილების მიღებაში არ ჩარევა.

ის, რომ დაზარალებული ქალები არ მიდიან ქმრებისგან, მითია. ეს ქალები ძალადობრივ ურთიერთობებს მუდმივად წყვეტენ. ხშირად ისინი უკან ბრუნდებიან, ვინაიდან საზოგადოების რესურსები ხშირად არასაკმარისია მათი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. მათ ხშირად არ აქვთ საშუალება, რომ გახდნენ ეკონომიკურად დამოუკიდებლები. ხშირად ისინი ვერ ახერხებენ შესაფერისი საცხოვრებელი ადგილის შოვნას. ზოგჯერ, თუ ქალი წავიდა სახლიდან, აგრესორისთვის ის კვლავ ხელმისაწვდომი რჩება. მან იცის, სად იპოვოს ქალი - სამსახურში ან ოჯახის მეშვეობით. ამდენად, ქალები სულ მიდიან, მაგრამ ზოგჯერ ისინი იძულებულნი არიან, დაბრუნდნენ. საზოგადოება პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს და მზად ჰქონდეს ყველა რესურსი, რომ როცა ქალი გადაწყვეტს წასვლას, მან ფაქტიურად უნდა შეძლოს ამის გაკეთება და იყოს უსაფრთხოდ ბავშვებთან ერთად.

  • დაზარალებული ქალების რა ნაწილი წყვეტს ურთიერთობას და იწყებს ახალს?

როგორც ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, ქალების ნახევარზე მეტი განმეორებით აღარ აღმოჩნდა უთანასწორო ურთიერთობაში. ფაქტიურად, ბევრმა მათგანმა საერთოდ უარი თქვა პირად ცხოვრებაზე. ისინი არჩევენ დამოუკიდებელ ცხოვრებას, ყურადღება გადააქვთ ბავშვების აღზრდაზე.

უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს დაზარალებული ქალების ერთი ტიპი. ყველა მათგანს აქვს განსხვავებული შესაძლებლობები. ასევე არსებობენ ქალები, რომლებიც გაიზარდნენ ოჯახებში, სადაც ძალადობა მუდმივ ხასიათს ატარებდა და მათ ვერ წარმოუდგენიათ სხვანაირი ცხოვრება, მათთვის არავის არასდროს არ უთქვამს, რომ ეს არასწორია.

და მაინც, როდესაც არსებობს სამართლებრივი ზომები და არჩევანის საშუალება, როგორც წესი, ქალები მათ იყენებენ თავდაცვისთვის და ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

1979 წელს შეიქმნა გაეროს კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (CEDAW) და დღემდე მისი რატიფიცირება მოახდინა 174-მა ქვეყანამ.

საქართველომ CEDAW-ს ხელი მოაწერა და მისი რატიფიცირება მოახდინა 1994 წელს, დათქმის გარეშე.

CEDAW არის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო იურიდიული დოკუმენტი, რომელიც არა მარტო მოითხოვს ფორმალურ იურიდიულ პარიტეტს ქალსა და მამაკაცს შორის, არამედ ავალდებულებს სახელმწიფოს, მისცეს ქალებს ამ თანასწორობის რეალურად გამოყენების საშუალება.

კონვენციის მიღება, დათქმის გარეშე რატიფიცირება ავალდებულებს საქართველოს, როგორც მონაწილე სახელმწიფოს, შეესაბამებოდეს CEDAW-ს მიერ წევრი სახელმწიფოებისთვის შემუშავებულ ყველა მოთხოვნას და ინიციატივას. ეს ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ მიმართული ღონისძიებებით, არამედ გულისხმობს იმ პრაქტიკული ღონისძიებების გატარებას, რაც განამტკიცებს ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობას და წევრ სახელმწიფოებში გენდერული კულტურის შეცვლას.

CEDAW შეიცავს 16 არსებით მუხლს, რომელიც ეხება ქალების თანაბარ უფლებებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების, საოჯახო და ქორწინებითი ურთიერთობების სფეროებში და სხვა.

მუხლი 12:

მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რათა მამაკაცის და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ ქალისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით.

პრობლემური სფერო

საქართველო განიცდის როგორც გენდერული ძალადობის შესახებ ინფორმაციის, ასევე ამ პრობლემების გადამჭრელი კონკრეტული კანონმდებლობის ნაკლებობას.

ძალადობა ქალის წინააღმდეგ

დე ფაქტო ანალიზის მიხედვით, რომელიც ჩაატარა 32 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების (მათ შორის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის წევრები) და ექსპერტებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა (2003), საქართველოში ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ ინფორმაციის სერიოზული ნაკლებობაა. არ არსებობს კანონმდებლობა ოჯახური ძალადობის შესახებ, რომელიც დაიცავდა ქალს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ძალადობა ქალის წინააღმდეგ ცალკე დანაშაულად არ განიხილება. ჩატარდა კვლევა, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხულ იქნენ საზოგადოებრივი ლიდერები. გაკეთდა შემდეგი დასკვნა: ქალის წინააღმდეგ დანაშაული განზრახ არასდროს ჩადენილა. გამოკითხული ექსპერტების დასკვნით, ქორწინებაში ყოფნის დროს გაუპატიურება საზოგადოების მიერ არ აღიქმება დანაშაულად.

საქართველოს მთავრობას არ განუხორციელებია ოჯახური ძალადობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ან სხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამები, რაც გამიზნული იქნებოდა საზოგადოების, ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების, სამართალდამცავების ან მასმედიისთვის.

2002 წელს ომბუდსმენის ოფისში ჩამოყალიბდა ქალთა და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის ცენტრი, რომელიც გამიზნულია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ სფეროში გატარებული ძალისხმევის კოორდინაციისთვის. ახლად გახსნილი ცენტრის საქმიანობის სფერო და ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული. ამავე დროს, არასამთავრობო ორგანიზაციებს გახსნილი აქვთ ცხელი ხაზი და თავშესაფარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ძალზე აქტიურად მუშაობენ ოჯახური ძალადობის საკითხებზე. 2000 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ატარებს კამპანიას - 16 დღიანი აქცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ისინი აგრეთვე ატარებენ კვლევას, კონსულტაციებს და ძალადობის მსხვერპლთ უზრუნველყოფენ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციით. ყველა ეს ღონისძიება ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით.

როგორც აღვნიშნეთ, არ არსებობს კანონმდებლობა ოჯახური ძალადობის შესახებ. დღეისათვის შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც შედგენილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ.