The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (სახელმძღვანელო პარლამენტარებისათვის)

ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (სახელმძღვანელო პარლამენტარებისათვის)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ტრეფიკინგი
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება



1 ევროპის საბჭო

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭო კონტინენტის ყველაზე ასაკოვანი პოლიტიკური ორგანიზაციაა. იგი 1949 წელს დაარსდა. ორგანიზაციაში ამჟამად შედის 47 წევრი სახელმწიფო 800 მილიონზე მეტი მოქალაქით და ხუთი დამკვირვებელი სახელმწიფო (კანადა, ვატიკანი, იაპონია, მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები).

ორგანიზაციის ძირითადი მიზნებია:

  • ადამიანის უფლებების, საპარლამენტო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა მის წევრ სახელმწიფოებში;

  • კონტინენტის მასშტაბის შეთანხმებების მომზადება წევრი ქვეყნების სოციალური და საკანონმდებლო პრაქტიკის ჰარმონიზების მიზნით;

  • საზიარო ფასეულობებსა და სხვადასხვა კულტურაზე დაყრდნობით ევროპული ერთობის თვითშეგნების დამკვიდრების ხელშეწყობა.

1990 წლის ნოემბერში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 21 ქვეყნის შემოერთებამ ევროპის საბჭო ჭეშმარიტად საერთოევროპულ ორგანიზაციად აქცია. მას შემდეგ ევროპის საბჭოს ძირითადი საქმიანობაა პოლიტიკური იმედის სიმბოლოს და ადამიანის უფლებათა დამცველის როლის შესრულება ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის, სადაც დემოკრატია საწყის სტადიაშია, მათთვის ეკონომიკური რეფორმების პარალელურად პოლიტიკური, საკანონმდებლო და საკონსტიტუციო რეფორმების გატარებაში და განმტკიცებაში დახმარების გაწევა და „ნოუ-ჰაუს“ უზრუნველყოფა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ადამიანის უფლებები, ადგილობრივი დემოკრატია, განათლება, კულტურა და გარემოს დაცვა.

ევროპის საბჭოს ძირითადი ოფისი საფრანგეთში, სტრასბურგში მდებარეობს. წესდების მიხედვით, საბჭოს ორი ძირითადი ორგანო აქვს:

მინისტრთა კომიტეტი, რომელიც წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, და საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც წევრ სახელმწიფოთა პარლამენტების დელეგაციები შედიან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (http://assembly.coe.int) შემავალი 630 მამაკაცი და ქალი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა პარლამენტებიდან წელიწადში ოთხჯერ იკრიბება მიმდინარე მოვლენების განხილვის, ევროპის ქვეყნების მთავრობებისთვის მოქმედების მოთხოვნისა და ამ მთავრობების მხრიდან ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით. ეს ადამიანები ლაპარაკობენ იმ 800 მილიონი ევროპელის სახელით, რომელთაც წარმოადგენენ, მათ მიერ შერჩეულ ნებისმიერ საკითხზე, და ევროპის ქვეყნების მთავრობები - რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის მეშვეობით არიან წარმოდგენილნი - ვალდებულნი არიან, უპასუხონ მათ. ეს პარლამენტარები გაერთიანებული ევროპის დემოკრატიულ სინდისს წარმოადგენენ.

2 საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


ყოველწლიურად ათასობით ქალი, ბავშვი და მამაკაცი საკუთარ ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ ხდება სექსუალური ექსპლუატაციის ან სხვა მიზნებით ტრეფიკინგის მსხვერპლი. ამ ფენომენმა ისეთ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რომ იგი მონობის ახლებურ ფორმად შეიძლება მივიჩნიოთ.

ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, შეემუშავებინა ახალი კონვენცია, რომელიც გახდებოდა ქმედითი იარაღი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. 2005 წლის 16 მაისს ვარშავაში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფოების მეთაურთა მე-3 სამიტზე, ხელმოსაწერად გაიხსნა კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მხარს უჭერს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართულ ევროპის საბჭოს კამპანიას, რომელიც 2006 წელს იქნა წამოწყებული, განსაკუთრებით კი მხარს უჭერს მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს წევრ სახელმწიფოთა მიერ ახალი კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირების ხელშეწყობას.

წინამდებარე სახელმძღვანელო პრაქტიკული ინსტრუმენტია პარლამენტარებისთვის. მისი დანიშნულებაა სამუშაო მიდგომების შეთავაზება იმ არჩეული წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ ამ საზარელ ფენომენთან ბრძოლა და კონვენციის განხორციელების ხელშეწყობა. სახელმძღვანელოში მოცემულია ადამიანებით ვაჭრობის პრობლემის ზოგადი მიმოხილვა, აღწერილია კონვენციის ძირითადი დებულებები - რომლებიც ეხება ადამიანებით ვაჭრობის თავიდან აცილებას, მსხვერპლთა დაცვას და დანაშაულის ჩამდენთა სისხლისსამართლებრივ დევნას, ჩამოთვლილია კითხვები და მათზე პასუხები. პარლამენტარებისთვის კონკრეტული მასალის მისაწოდებლად სახელმძღვანელოში მოტანილია მაგალითები კანონმდებლობის სფეროდან, თუმცა არ არის გამოთქმული მოსაზრება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) (კონვენციის საფუძველზე დაარსებული მონიტორინგის მექანიზმი) მიერ ამ კანონმდებლობის შეფასებასთან დაკავშირებით. ვინაიდან უკვე დროა, ბოლო მოეღოს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა ორმაგ დევნას: მათ ხომ მათი მწვალებლებიც ექსპლუატაციას უწევენ და დამნაშავეებივითაც ექცევიან იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ფაქტობრივად მონობაში იმყოფებიან, მე მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს სახელმძღვანელო, რათა დაარწმუნოთ თქვენი სახელმწიფოების მთავრობები და/ან პარლამენტები, რაც შეიძლება მოკლე დროში მოაწერონ ხელი ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და/ან მოახდინონ მისი რატიფიცირება.

რენე ვან დერ ლინდენი,
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

3 ზოგადი მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


ადამიანებით ვაჭრობა: ადამიანის უფლებების ხელყოფა

ყოველწლიურად მილიონობით ქალი, ბავშვი და მამაკაცი ხდება ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი და იძულებულია, იცხოვროს მონობის ტოლფას პირობებში. ამ ტიპის დანაშაულის მრავალფორმიანობისა და შეფარული ხასიათის გათვალისწინებით ძალიან ძნელია, ზუსტად განისაზღვროს, თუ რამდენი ადამიანი გახდა ევროპაში ტრეფიკინგის მსხვერპლი. პოლიცია და არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებიან იმაზე, რომ არსებული სტატისტიკა არ არის ზუსტი. მეორეს მხრივ, ორი რამ აშკარაა: დანაშაული მიმართულია პირველ რიგში ქალებისა და ბავშვების მიმართ და მსხვერპლთა რაოდენობა სულ უფრო სწრაფად იზრდება.

ევროპაში ტრეფიკინგს ისეთივე ბრძოლა უნდა გამოეცხადოს, როგორიც ამჟამად ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებასთან მიმდინარეობს. ადამიანებით ვაჭრობა დღეს მსოფლიო მასშტაბის ბიზნესია და ადამიანებით მოვაჭრეებისა და კრიმინალური დაჯგუფებებისთვის შემოსავლის სარფიან წყაროს წარმოადგენს. გარკვეული შეფასებების თანახმად, ტრეფიკინგი მსოფლიოში მესამე ადგილზეა ფულის უკანონო მოპოვებაში იარაღით ვაჭრობისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის შემდეგ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ტრეფიკინგის მსხვერპლი მუშახელის ექსპლუატაციის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 32 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამიტომ გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ამ დანაშაულის სათანადო სისხლისსამართლებრივი დევნა და პრევენციული ზომების განხორციელება მისი შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ტრეფიკინგი ხელყოფს ადამიანის ღირსებას, რასაც ხშირად თან სდევს ფსიქოლოგიური ტერორი და ფიზიკური ძალადობა. ტრეფიკინგი ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის და კანონის უზენაესობის, კანონის აღსრულების, უთანასწორობისა და დისკრიმინაციის, კორუფციის, ეკონომიკური სიდუხჭირის და მიგრაციის საკითხებს. კაცობრიობის მიმართ ამ შეურაცხყოფის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთია იმ მრავალი ფრონტიდან, რომლებზეც ევროპის საბჭო იღვწის ადამიანის უფლებებისა და ღირსების დასაცავად.

ადამიანებით ტრეფიკინგი ევროპის საბჭოს ყველა წევრ სახელმწიფოში გვხვდება - იქნება ეს მსხვერპლთა სამშობლო, ტრანზიტისა თუ დანიშნულების ქვეყნები. სწორედ ამიტომ აქვს ევროპის საბჭოს შესაძლებლობა, უზრუნველყოს, რომ მისმა წევრმა სახელმწიფოებმა დაამკვიდრონ ზომები ტრეფიკინგთან საბრძოლველად და ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მსხვერპლთა უფლებების დაცვას დაუთმონ.

იმისათვის, რომ ამ ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია ეფექტიანი იყოს, ის უნდა ეფუძნებოდეს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც მოიცავს პრევენციულ ზომებს, მსხვერპლთა უფლებების დაცვას და დანაშაულის ჩამდენთა პასუხისგებაში მიცემას; ამავე დროს, უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობების ჰარმონიზება და მათი ერთგვაროვნად და ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა.

მსხვერპლთა დაცვას და მათთვის დახმარების გაწევას არსებითი როლი ენიჭება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიაში. ადამიანებით ვაჭრობის საწინააღმდეგო იმგვარი ინიციატივების განხორციელებისას, რომლებიც მხოლოდ კანონის აღსრულებაზეა ორიენტირებული, შესაძლებელია, რომ მსხვერპლს ხელახლა დაემუქროს ექსპლუატაციის საფრთხე, ზოგჯერ კი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აღიძრას. სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მექანიზმები, რათა დანაშაულის ჩამდენთ (მათ, ვინც თავდაპირველად ამყარებს მსხვერპლთან კონტაქტს, შუამავლებს, ასევე იმ ადამიანებს, ვინც ექსპლუატაციას უწევს მსხვერპლთ) პასუხი მოეთხოვოთ კანონის შესაბამისად. ქვეყნის შიგნით ჩადენილი ტრეფიკინგის დანაშაული ისეთივე სერიოზულ დამოკიდებულებას საჭიროებს, როგორც საერთაშორისო მასშტაბის ტრეფიკინგი.

თავისი ხასიათიდან გამომდინარე ტრეფიკინგი თითქმის ყოველთვის რამდენიმე სახელმწიფოს მოიცავს. შესაბამისად, საკითხის ეფექტიანად გადაჭრისათვის აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ადამიანებით ვაჭრობა, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას მსხვერპლთა წარმოშობის, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყნებს შორის. სხვადასხვა ქვეყანა ამ საკითხს სხვადასხვა ხერხით ებრძვის, სხვადასხვა საშუალებას იყენებს და განსხვავებულ შედეგებს იღებს.

და ბოლოს, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მიმართული საკანონმდებლო ზომები ვერ მიაღწევს შედეგს, თუ არ დამკვიდრდა მექანიზმები კანონების აღსრულებისა და მონიტორინგის განსახორციელებლად.

რა წვლილის შეტანა შეუძლიათ პარლამენტებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში?

ეროვნულ პარლამენტებს ძალზე მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინაიდან მათ შეუძლიათ შექმნან შესაბამისი პოლიტიკური და საკანონმდებლო გარემო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ინიციატივების შემუშავებისა და წარმატებული განხორციელებისთვის.

მაგალითად, პარლამენტებს შეუძლიათ:

  • მოახდინონ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციისა და ტრეფიკინგთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირება;

  • ხელი შეუწყონ თავიანთი ქვეყნების მთავრობათა მიერ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციისა და ტრეფიკინგთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საერთაშორისო დოკუმენტის ხელმოწერას;

  • შეიმუშაონ ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებები გარკვეული ქმედებებისთვის სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე და მოახდინონ მათი რატიფიცირება, ვინაიდან ჰარმონიზაცია ხელს უწყობს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ შეთანხმებათა საფუძველზე შესაძლებელია, აგრეთვე, ერთმანეთისთვის დახმარების გაწევა სისხლის სამართლის საკითხებში, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გულისხმობს კრიმინალური საქმიანობის გამოძიებაში თანამშრომლობას, დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებას, ექსტრადიციასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების განხორციელებას და არალეგალური შემოსავლების კონფისკაციას;

  • ტრეფიკინგისთვის ბოლოს მოღების მიზნით განამტკიცონ და გადასინჯონ ეროვნული კანონმდებლობა და სამართალდამცავი სისტემა, იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა არა მარტო ადამიანებით მოვაჭრეთა სისხლისსამართლებრივი დევნა, არამედ იმ „მომსახურების“ მომხმარებელთა პასუხისგებაში მიცემაც, რომლის გაწევასაც ტრეფიკინგის მსხვერპლთ აიძულებენ;

  • საკმარისი სახსრები გამოყონ ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამებისთვის, რომლებშიც შევა პრევენციული ზომები, დახმარების პროგრამები, საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელების კამპანიები, ასევე მსხვერპლთა დაცვა და მათთვის გადატანილი ტანჯვის გამო საკომპენსაციო თანხების გაცემა;

  • უზრუნველყონ, რომ სახელმწიფოში არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც აკრძალავს ადამიანებით ვაჭრობას ორგანოებისა თუ ქსოვილების ტრანსპლანტაციის მიზნით, აგრეთვე თვით ორგანოებითა და ქსოვილებით უკანონო ვაჭრობას;

  • მიიღონ საერთაშორისო შეთანხმებები და მოახდინონ მათი რატიფიცირება, რათა უზრუნველყონ სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო უწყებებთან, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებთან სრულფასოვანი თანამშრომლობა ორგანოებით უკანონო ვაჭრობასთან ბრძოლის საქმეში.

ევროპის საბჭოს საქმიანობა

ვინაიდან ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა და უზრუნველყოფა, ხოლო ტრეფიკინგი ხელყოფს სწორედ იმ ფასეულობებს, რომლებზეც ევროპის საბჭოა დაფუძნებული, ლოგიკურია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ორგანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტია.

უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ევროპის საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ამ ფენომენით და წევრი სახელმწიფოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებას მიაპყრობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სასიცოცხლო აუცილებლობაზე.

ევროპის საბჭომ ჯერ კიდევ 1991 წელს გამართა სემინარი ქალებით ტრეფიკინგის - რაც მიჩნეული იქნა ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვად - წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით. იმავე წელს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო რეკომენდაცია №R(91)11 ბავშვებისა და მოზარდების სექსუალური ექსპლუატაციის, პორნოგრაფიის, პროსტიტუციისა და ტრეფიკინგის შესახებ. ეს იყო პირველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საფუძვლიანად შეეხო ამ საკითხებს.

ამის შემდეგ, ქალებით ტრეფიკინგზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (რომელიც ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის საკითხების მმართველ კომიტეტს ექვემდებარებოდა) (1992-1993) დახმარებით, ევროპის საბჭომ დაადგინა ის სფეროები, რომლებშიც აუცილებელია გადაუდებელი მოქმედება. ეს სფეროები შეტანილი იქნა ქალებით ტრეფიკინგის საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაში. გეგმა ყურადღებას ამახვილებდა იმ სფეროებზე, რომლებიც განხილვას და შესწავლას საჭიროებდა და მიზნად ისახავდა წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას ტრეფიკინგის საკანონმდებლო, სასამართლო და სადამსჯელო ასპექტებზე, მსხვერპლთა დახმარებაზე, ხელშეწყობასა და რეაბილიტაციაზე და პრევენციის პროგრამებზე. №325 რეკომენდაციაში (1997) ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ქალებით ტრეფიკინგისა და იძულებითი პროსტიტუციის შესახებ საპარლამენტო ასამბლეამ მინისტრთა კომიტეტს გაუწია რეკომენდაცია, შეემუშავებინა კონვენცია ქალებით ტრეფიკინგისა და იძულებითი პროსტიტუციის შესახებ, რომლის ხელმოწერა იმ ქვეყნებსაც შეეძლებოდათ, რომლებიც არ წარმოადგენენ ევროპის საბჭოს წევრებს. აღნიშნულ კონვენციას ყურადღება უნდა გაემახვილებინა ადამიანის უფლებებზე, გაეთვალისწინებინა სადამსჯელო ზომები, რათა შებრძოლებოდა ტრეფიკინგს კანონების, კერძოდ, სისხლის სამართლის კანონების, ჰარმონიზაციით, დაესახა ახალი გზები პოლიციისა და სასამართლო სისტემების ურთიერთობის, მათ შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და უზრუნველეყო გარკვეული დახმარება და დაცვა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, განსაკუთრებით სასამართლოში გამომსვლელი მოწმეებისათვის. გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში ფიზიკური დაცვა და, ნებისმიერ შემთხვევაში, დროებითი ცხოვრების ნებართვების გაცემა, ასევე იურიდიული, სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. კონვენციას უნდა ჩამოეყალიბებინა კონტროლის მექანიზმი მის დებულებებთან შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით, ასევე ქალებით ტრეფიკინგისა და იძულებითი პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთოევროპულ დონეზე შემდგომი მოქმედების კოორდინირების მიზნით.

ტრეფიკინგის პრობლემამ სტრასბურგის სამიტზე (1997 წლის ოქტომბერი) ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურთა შეშფოთება გამოიწვია: დასკვნით დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ძალადობა ქალების მიმართ და ქალების სექსუალური ექსპლუატაციის ყველანაირი ფორმა წარმოადგენს საშიშროებას მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და დემოკრატიისათვის.

სტრასბურგის სამიტის შემდეგ ბევრი ღონისძიება განხორციელდა. საქმიანობის პირველი კატეგორია ეხებოდა როგორც საზოგადოებაში ამ საკითხებზე ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას, ისე მოქმედებას. ევროპის საბჭომ გამართა სემინარები მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის მონობის ამ ახლებური ფორმის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად, რაც მიზნად ისახავდა ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა მხარის (პოლიციის თანამშრომლების, მოსამართლეების, სოციალური მუშაკების, საელჩოს მუშაკების, მას წავლებლებისა და ა.შ.) მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმართ თავიანთი როლის უკეთ გათვითცნობიერებას, ასევე იმ საფრთხის გათვითცნობიერებას, რომელიც გარკვეულ ადამიანებს ემუქრება. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, შეემუშავებინათ სამოქმედო გეგმები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

ზემოაღნიშნულ საქმიანობას აგვირგვინებს ევროპის საბჭოს მიერ ორი სამართლებრივი დოკუმენტის მიღება. ქვემოთ მითითებული ეს დოკუმენტები საგანგებოდ არის მიმართული სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ:

  • მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია №R(2000)11 წევრი სახელმწიფოებისთვის სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;

  • მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია №Rec(2001)16 წევრი სახელმწიფოებისთვის სექსუალური ექსპლუატაციისაგან ბავშვების დაცვის შესახებ.

საპარლამენტო ასამბლეამ ქალებით ტრეფიკინგის საწინააღმდეგო კამპანიის შესახებ თავის №1545 (2002) რეკომენდაციაში კიდევ ერთხელ გამოთქვა მოწოდება, შემუშავებულიყო ახალი კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ამჯერად მისი მოწოდება ყურად იქნა მიღებული.

საპარლამენტო ასამბლეამ დიდი წვლილი შეიტანა ახალი კონვენციის შემუშავებაში ექსპერტთა ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც ტექსტის მომზადება დაევალა, გარდა ამისა, ასამბლეამ მიიღო დასკვნა №253 (2005) კონვენციის პროექტის თაობაზე და რეკომენდაცია №1695 (2005), რომელშიც მინისტრთა კომიტეტს მოუწოდა, დაეხვეწა კონვენციის პროექტი ხელმოსაწერად მის გახსნამდე. ეს მოწოდება უპასუხოდ არ დარჩენილა.

ევროპის საბჭოს მე-3 სამიტზე (ვარშავა, 2005 წლის მაისი) წევრი ქვეყნების სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებმა სასტიკად დაგმეს ადამიანებით ტრეფიკინგი, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას და ადამიანის ღირსებისა და ხელშეუხებლობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

პირველად ისტორიაში მსხვერპლთა წარმოშობის, ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყნებმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ სამართლებრივი თვალსაზრისით სავალდებულო დოკუმენტი, რათა შეემუშავებინათ ტრეფიკინგის საწინააღმდეგო საერთო პოლიტიკა, მსხვერპლთა ინტერესების სათანადოდ გათვალისწინებით, რომელიც მონიტორინგის მექანიზმსაც შეიცავდა, და 2005 წლის 3 მაისს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

კონვენცია ხელმოსაწერად 2005 წლის 16 მაისს გაიხსნა. დღეისათვის მას ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს 33 წევრმა და ერთმა არაწევრმა სახელმწიფომ, ხოლო მისი რატიფიცირება სამმა სახელმწიფომ მოახდინა (იხ. ხელმომწერთა და რატიფიცირების განმახორციელებელთა ჩამონათვალი II დანართში). კონვენცია ჯერ არ შესულა ძალაში.

ძირითადი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტები

არსებობს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული სხვა საერთაშორისო დოკუმენტებიც:

XXგაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ კონვენციის ოქმი ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის შესახებ (მოიხსენიება „პალერმოს ოქმად“) დამტკიცებული იქნა 2000 წლის 15 ნოემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 2003 წლის 25 დეკემბერს. ამ ოქმმა სამართლებრივი საფუძველი ჩაუყარა ადამიანებით უკანონო ვაჭრობასთან საერთაშორისო ბრძოლას;

  • ევროპაში: ევროკავშირის საბჭოს 2002 წლის 19 ივლისის ჩარჩო გადაწყვეტილება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის დირექტივა განვითარებადი ქვეყნების იმ მოქალაქეთათვის გაცემული ცხოვრების ნებართვების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთ ან რომელთა მიმართ განხორციელებული ქმედება მიზნად ისახავდა უკანონო იმიგრაციის ხელშეწყობას, და რომლებიც თანამშრომლობენ კომპეტენტურ ორგანოებთან, არეგულირებს ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხს;

  • ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეუთო-ს სამოქმედო გეგმა 2003 წლის 24 ივლისს დამტკიცდა. ამ გეგმის შემუშავების მიზანი იყო არსებული პრაქტიკისა და თანამედროვე მიდგომების გაერთიანება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკაში და მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა;

  • მზადდება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროკავშირის სამოქმედო გეგმა.

თუკი არსებობს ყველა აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტი, რატომ გადაწყვიტა ევროპის საბჭომ ადამიანებით ვაჭრობის შესახებ ევროპული კონვენციის შემუშავება?

უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ადამიანებით ტრეფიკინგი ეხება ევროპის საბჭოს თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც მსხვერპლთა წარმოშობის, ტრანზიტის ან დანიშნულების ქვეყნებს წარმოადგენენ. ამიტომ წევრმა სახელმწიფოებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, შეემუშავებინათ ისეთი მექანიზმი, რომელსაც ექნებოდა უფრო მეტი დამავალდებულებელი ძალა, ვიდრე პოლიტიკურ რეკომენდაციებს, რომლებიც იურიდიული თვალსაზრისით ნაკლებად ქმედითია, ვიდრე საერთაშორისო შეთანხმება. მეორე: ვინაიდან კონვენციის მიზანია ადამიანებით ვაჭრობის ყველა ასპექტის რეგულირება: პრევენციული ზომების მიღება, მსხვერპლთა დაცვა, ადამიანებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება. და ბოლოს, კონვენციის მიერ მოტანილი ერთ-ერთი ძირითადი დამატებითი სარგებლობაა მონიტორინგის მექანიზმის შემოღება. ძალზე დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია დამოუკიდებელი უწყების მიერ კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოებში არსებული სიტუაციის შესწავლის და აუცილებელი წინსვლის მიღწევაში მათ დასახმარებლად დასკვნების გამოცემის შესაძლებლობას. კომიტეტმა, რომელმაც მოამზადა კონვენციის ტექსტი, აირჩია ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომა.

4 კონვენცია:1 მიზნები, მოქმედების სფერო, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი და განმარტებები

▲ზევით დაბრუნება


მიზნები

კონვენცია ხელმომწერ მხარეებს სთავაზობს კომპლექსურ საშუალებებს, რათა მათ შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება - ებრძოლონ ადამიანებით ვაჭრობას. კონვენცია პრობლემას ყოველი მხრიდან უდგება და ითვალისწინებს:

  • ადამიანებით ვაჭრობის პრევენციას, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის გარანტირებით;

  • მსხვერპლთა უფლებების დაცვას;

  • იმ ადამიანების სამართლებრივ დევნას, ვინც ჩადის დანაშაულს ან ხელს უწყობს მის ჩადენას;

  • მონიტორინგის მექანიზმის მეშვეობით კონტროლს.

კონვენციის მოქმედების სფერო

კონვენცია ეხება:

  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმას, მიუხედავად იმისა, ვინ არის მისი მსხვერპლი - მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი;

  • ეროვნულ და ტრანსნაციონალურ ტრეფიკინგს, მიუხედავად იმისა, დაკავშირებულია თუ არა ის ორგანიზებულ დანაშაულთან;

  • ტრანსნაციონალური ტრეფიკინგის შემთხვევაში კონვენცია ეხება იმ მსხვერპლებსაც, რომლებიც მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად შევიდნენ ან იმყოფებიან, და მათაც, ვინც ამ ქვეყანაში არალეგალურად შევიდა ან იმყოფება.

დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპი

კონვენცია კრძალავს დისკრიმინაციას მხარეების მიერ მისი დებულებების შესრულებისას, კერძოდ, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და დამკვიდრების ხელშეწყობისას. კონვენციაში ჩამოთვლილია დისკრიმინაციის ჩვეულებრივ გამოყენებული საფუძვლები (სქესი, რასა, კანის ფერი, ენა, სარწმუნოება, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულება, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობა, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილება, ქონებრივი, წარმოშობისა თუ სხვა სტატუსი), რაც ანალოგიურია იმ ჩამონათვალისა, რომელიც მოცემულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში.

ტერმინისადამიანებით ვაჭრობაგანმარტება

კონვენცია იმეორებს პალერმოს ოქმში ჩამოყალიბებულ განმარტებას, რომელიც ტერმინის „ადამიანებით ვაჭრობა“ საერთაშორისო დონეზე შეთანხმებული და მიღებული პირველი განმარტებაა.

ზემოხსენებული განმარტების თანახმად, „ადამიანებით ვაჭრობა“ წარმოადგენს სამი ძირითადი ელემენტის კომბინაციას:

  • ქმედება: „პირთა სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაცემა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება“;

  • საშუალება: „მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმის გამოყენების, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე“;

  • ექსპლუატაციის მიზნით: რაც, „ყველაზე შეზღუდული განმარტებით, გულისხმობს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლუატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, ყმობას ან ორგანოების ამოცლას“.

ადამიანებით ვაჭრობა არის ამ სამი ძირითადი კომპონენტის კომბინაცია და არა ცალკე აღებული ეს კომპონენტები. იმისათვის, რომ სახეზე იყოს ადამიანებით ვაჭრობა, სამივე კატეგორიის (ქმედება, საშუალება, მიზანი) კომპონენტები ერთდროულად უნდა არსებობდეს. თუმცა თვრამეტ წლამდე ასაკის ბავშვებთან მიმართებაში იძულების საშუალების არარსებობას და ბავშვების თანხმობას არა აქვს მნიშვნელობა მსხვერპლთა არასრულწლოვანებიდან გამომდინარე.

ცნებისმსხვერპლიგანმარტება

კონვენციის მიხედვით მსხვერპლად მიიჩნევა „ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის ობიექტს ამ მუხლის განსაზღვრების შესაბამისად“ (მე-3 მუხლი).

არსებობს თუ არა რაიმე განსხვავება არალეგალურ მიგრაციასა და ადამიანებით ვაჭრობის შორის?

მაშინ, როდესაც მიგრანტების უკანონოდ გადაყვანა გულისხმობს პირდაპირი ან ირიბი სახით ფინანსური თუ რაიმე სხვა მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით ადამიანის არალეგალურად შეყვანას ქვეყანაში, რომლის მკვიდრიც იგი არ არის და არც მასში დროებითი ცხოვრების უფლება აქვს, ადამიანებით ვაჭრობის მიზანი ექსპლუატაციაა. გარდა ამისა, ადამიანებით ვაჭრობა ყოველთვის ტრანსნაციონალური ხასიათის არ არის: ის შეიძლება ეროვნულ დონეზეც ხორციელდებოდეს. მიგრანტების უკანონო გადაყვანას ადამიანებით ვაჭრობისგან განასხვავებს დამატებითი ფაქტორიც - ადამიანის თანხმობა: მიგრანტების უკანონო გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საშიშ ან დამამცირებელ პირობებში ხდება, გადაყვანაზე ადამიანების თანხმობით ხორციელდება. ამის საპირისპიროდ, ტრეფიკინგის მსხვერპლი ან არასდროს გამოთქვამს თანხმობას, ანდა გამოთქვამს დასაწყისში, მაგრამ ეს თანხმობა აზრს კარგავს დანაშაულის ჩამდენთა მხრიდან იძულების, მოტყუების ან ძალადობის გამო.

სცდება თუ არა კონვენციის მიზნები პალერმოს ოქმის ფარგლებს?

კონვენციის მოქმედების არეალი უფრო ფართოა, ვიდრე პალერმოს ოქმისა, ვინაიდან იგი ეხება როგორც ეროვნულ, ისე ტრანსნაციონალურ ტრეფიკინგს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, მაშინ, როდესაც პალერმოს ოქმი ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის ზოგიერთ დანაშაულს და გულისხმობს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეობას.

კონვენციაში გადმოტანილია ტერმინისადამიანებით ვაჭრობაის განმარტება, რომელიც პირველად პალერმოს ოქმში ჩამოყალიბდა, მაგრამ არის თუ არა მასში რაიმე ახალი ელემენტი?

პირველად პრაქტიკაში საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში განმარტებულია ადამიანებით ვაჭრობის „მსხვერპლი“. ევროპის საბჭოს კონვენცია განსაზღვრავს „მსხვერპლის“ ცნებას, მაშინ, როდესაც სხვა საერთაშორისო დოკუმენტები თითოეულ სახელმწიფოს აძლევენ საშუალებას, განსაზღვროს, თუ ვინ არის მსხვერპლი და, შესაბამისად, ვის ეკუთვნის დაცვისა და დახმარების მიღება.

__________________________

1. სრული ტექსტი იხილეთ წინამდებარე სახელმძღვანელოს I დანართში.

5 პრევენცია, თანამშრომლობა და სხვა ზომები

▲ზევით დაბრუნება


იმისათვის, რომ ეფექტიანი იყოს, ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისკენ მიმართული ქმედება კოორდინაციას საჭიროებს. კონვენცია მოითხოვს, რომ მხარეებმა განახორციელონ ზომები იმ ორგანოთა შორის ეროვნულ დონეზე კოორდინაციის განხორციელების ან განმტკიცების მიზნით, რომლებსაც ევალებათ ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

წარმოშობის ქვეყნებში პრევენციული ზომები მოიცავს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ კვლევას, ინფორმაციის გავრცელებისა და საგანმანათლებლო კამპანიებს, აგრეთვე სოციალურ და ეკონომიკურ ინიციატივებს, რომლებიც ებრძვიან ტრეფიკინგის არსებით და სტრუქტურულ მიზეზებს. სპეციფიკური პრევენციული ზომები უნდა იქნეს მიღებული ბავშვებთან დაკავშირებით.

კონვენციაში ნათქვამია, რომ უნდა შეიქმნას „დამცავი გარემო“ ბავშვებისათვის, რათა მათ ნაკლებად დაემუქროთ ტრეფიკინგი და მიეცეთ შესაძლებლობა, გაიზარდონ და იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში.

„იუნისეფის“ მიერ შემოთავაზებული „დამცავი გარემოს“ ცნება მოიცავს რვა ძირითად
კომპონენტს:

1. ბავშვთა უფლებების დაცვა მავნე დამოკიდებულების, ტრადიციების, ჩვეულებების,
ქცევისა და პრაქტიკისაგან;

2. მთავრობათა მიერ ბავშვთა უფლებების დაცვისა და ხორცშესხმის ვალდებულების
აღება და შესრულება;

3. თავისუფალი დებატები ბავშვთა დაცვის საკითხებზე და ამ საკითხების მოგვარებაში
მონაწილეობა;

4. ბავშვთა დაცვისკენ მიმართული კანონმდებლობის მიღება და გატარება;

5. ბავშვებთან შეხებისა და ურთიერთობის მქონე მხარეების — ოჯახებისა და თემების -
შესაძლებლობა, დაიცვან ბავშვები;

6. ბავშვებისთვის ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების, ცოდნისა და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა;

7. შესაბამისი სისტემის შემოღება ბავშვების მიმართ ცუდად მოპყრობის ფაქტების
მონიტორინგისა და შეტყობინების მიზნით;

8. ისეთი პროგრამებისა და სამსახურების შემოღება, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლ
ბავშვებს მისცემს ზეგავლენის დაძლევისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
რეინტეგრაციის შესაძლებლობას.

მიმღებ ქვეყნებში ადამიანებით ვაჭრობას შემდეგი ფაქტორები უწყობს ხელს:

  • მოთხოვნა იაფ მუშახელზე;

  • მოთხოვნა სექსუალურ მომსახურებაზე;

  • იმიგრაციის შემზღუდავი პოლიტიკა.

კონვენცია მხარეებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღონ და გაატარონ ზომები მიმღებ ქვეყნებში ამ მოთხოვნის შესასუსტებლად და მასთან საბრძოლველად. მოთხოვნასთან ბრძოლას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ტრეფიკინგის პრევენციისა და აღმოფხვრის საქმეში.

რა როლი შეუძლიათ ითამაშონ პარლამენტარებს ადამიანებით ვაჭრობის პრევენციაში?

პარლამენტარებს შეუძლიათ დაამტკიცონ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრევენციული ზომა. მაგალითად,

ერთიანი ზომები მსხვერპლთა წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყნებში:

  • პარლამენტარებს შეუძლიათ მიიღონ კანონები საზღვრებზე კონტროლის გასამკაცრებლად ადამიანების ვაჭრობის ფაქტების პრევენციისა და გამოვლენის მიზნით;

  • პარლამენტარებს შეუძლიათ უზრუნველყონ, რომ მათი სახელმწიფოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტაცია ან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ იძლეოდეს მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენების, გაყალბების ან უკანონო გზით შეცვლის, რეპროდუცირების ან გაცემის შესაძლებლობას.

მსხვერპლთა წარმოშობის ქვეყნებში:

  • პარლამენტარებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ინფორმაციის გავრცელების კამპანიებში, რომლებიც მიმართული იქნება განსაკუთრებული მნიშვნელობის შესაბამისი ჯგუფებისადმი;

  • პარლამენტარებს შეუძლიათ მოაგვარონ ტრეფიკინგის წინაშე ყველაზე მეტად დაუცველი ჯგუფების კონკრეტული საჭიროებები და სიღარიბის შემცირება განვითარების სტრატეგიის ქვაკუთხედად აქციონ;

  • პარლამენტარებს შეუძლიათ გააუმჯობესონ კანონები და პოლიტიკური ბაზა, რათა შესაძლებელი გახადონ იძულებითი შრომის ან სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ტრენინგისა და შესაძლებლობათა განვითარების მეშვეობით;

პარლამენტარებს შეუძლიათ შეიმუშაონ და გაატარონ კანონმდებლობა ბავშვებისათვის დამცავი გარემოს შესაქმნელად. მსხვერპლთა მიმღებ ქვეყნებში:

  • პარლამენტარებს შეუძლიათ მიიღონ ან გააუმჯობესონ საკანონმდებლო ზომები მოთხოვნის შესასუსტებლად (მიუხედავად იმისა, თუ რას ეხება ეს მოთხოვნა: სექსუალურ ექსპლუატაციას, იძულებით შრომას თუ მომსახურებას, მონობას თუ მონობის მსგავს პრაქტიკას, ყმობას ან ორგანოების ამოცლას);

  • პარლამენტარებს შეუძლიათ მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო ზომები, რათა ადამიანებით მოვაჭრეებს უარი ეთქვათ მათ ტერიტორიაზე შესვლაზე ან გაუქმდეს მათი ვიზები.

6 მსხვერპლთა დაცვა

▲ზევით დაბრუნება


ტრეფიკინგის მსხვერპლთა სწორი იდენტიფიცირება
მათი დაცვისა და დახმარების მიზნით

ხელისუფლების ყველა ორგანო, რომელსაც ეხება ადამიანებით ვაჭრობის საკითხები, უნდა თანამშრომლობდეს ერთმანეთთან და მათ უნდა ჰყავდეთ სპეციალურად მომზადებული კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან მსხვერპლთა იდენტიფიცირებაში და საჭიროების შემთხვევაში მათთვის ცხოვრების ნებართვების გაცემაში. როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ადამიანი ტრეფიკინგის მსხვერპლია, სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, თავი შეიკავონ იდენტიფიცირების პროცესის დასრულებამდე ამ ადამიანის თავისი ტერიტორიიდან გასახლებისგან. არსებობს საგანგებო დებულებები მსხვერპლი ბავშვების თაობაზე, რომლებიც განსაკუთრებულად დაუცველნი არიან.

პირადი ცხოვრების დაცვა

პირადი ცხოვრება დაცული უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოების მიერ მონაცემთა სათანადო მართვის მეშვეობით და მედიის პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობით, ვინაიდან ამას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მსხვერპლის ფიზიკური უსაფრთხოებისა და მისი სოციალური რეინტეგრაციისათვის.

ტრეფიკინგის მსხვერპლთა მხარდაჭერა

კონვენცია მიზნად ისახავს მსხვერპლთა მიერ ტრეფიკინგის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური ზეგავლენის დაძლევას, მათთვის სათანადო და უსაფრთხო საცხოვრებლის, სამედიცინო და მატერიალური დახმარების, კონსულტაციისა და ინფორმაციის (განსაკუთრებით იურიდიული ხასიათის კონსულტაციის) უზრუნველყოფას იმ ენაზე, რომელსაც ფლობენ, ასევე ფინანსური დახმარების, დასაქმებისა და ტრენინგის შესაძლებლობათა (მათ შორის მუშაობის ნებართვის მიღების შესაძლებლობის) უზრუნველყოფას.

რუმინეთის კანონმდებლობა

კანონი ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ

თავი V. ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა და მათთვის
დახმარების გაწევა

მუხლი 26

1. წინამდებარე კანონით გათვალისწინებული დანაშაულების მსხვერპლთ, ისევე, როგორც სხვა დანაშაულის მსხვერპლთ, უნდა გაეწიოთ საგანგებო ფიზიკური, იურიდიული და სოციალური დაცვა და დახმარება.

2. წინამდებარე კანონი იცავს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა პირად ცხოვრებას და ვინაობას.

3. წინამდებარე კანონით გათვალისწინებული დანაშაულების მსხვერპლთ უფლება აქვთ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ გაჯანსაღებაზე.

4. წინამდებარე კანონით გათვალისწინებული დანაშაულების არასრულწლოვან მსხვერპლთ უნდა გაეწიოთ საგანგებო, მათი ასაკის შესაფერისი, დაცვა და დახმარება.

5. წინამდებარე კანონით გათვალისწინებული დანაშაულების მსხვერპლ ქალებს, ისევე, როგორც იმ ქალებს, რომელთაც ემუქრებათ ამ დანაშაულის მსხვერპლად ქცევის დიდი საშიშროება, უნდა გაეწიოთ დაცვა და დახმარება.

ამერიკის შეერთებული შტატები

ადმინისტრაციის საკანონმდებლო წინადადება ადამიანებით (განსაკუთრებით
ქალებითა და ბავშვებით) ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ამ დანაშაულის
მსხვერპლთა დაცვის და მათთვის დახმარების გაწევის ყოვლისმომცველი პროგრამის
შემუშავების შესახებ

მუხლი 6 — ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა

a. მსხვერპლნი სხვა ქვეყნებში. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი
და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მმართველი უფლებამოსილნი
არიან, შემოიღონ საზღვარგარეთ პროგრამები და ინიციატივები, რათა დახმარება
გაუწიონ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთ და მათ შვილებს; ეს უნდა იყოს ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები, თავშესაფრები,
დახმარება სამართლებრივ საკითხებში და უსაფრთხო რეინტეგრაციის ღონისძიებები. ამ
მუხლის დებულებების შესასრულებლად სახელმწიფო მდივანმა და სააგენტოს
მმართველმა კონსულტაცია უნდა გაიარონ გენერალურ პროკურორთან, არასამთავრობო
ორგანიზაციებთან და ტრეფიკინგის სფეროში სხვა ექსპერტებთან, უნდა შეეცადონ,
დაამყარონ ინტენსიური თანამშრომლობა ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა
წარმოშობის ქვეყნებთან, რათა გააადვილონ იმ მსხვერპლთა დაცვა, ვინც თავის
ქვეყანაში ბრუნდება, და დაეხმარონ მოქალაქეობის უქონელ მსხვერპლთა სათანადო
რეინტეგრაციაში.

. მსხვერპლნი ამერიკის შეერთებულ შტატებში

1. მიუხედავად „პირადი პასუხისმგებლობისა და მუშაობის შესაძლებლობათა
რეგულირების შესახებ“ აქტის (1996) IV კარისა, გენერალური პროკურორი, ჯანდაცვის
მინისტრი და სოციალური მომსახურებისა და შრომის მინისტრი, აგრეთვე იურიდიული
მომსახურების კორპორაციის დირექტორთა საბჭო უფლებამოსილნი არიან, დახმარება
გაუწიონ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთ, მიუხედავად ამ უკანასკნელთა
მიგრანტობის სტატუსისა. ეს დახმარება შეიძლება მოიცავდეს ფიზიკური და ფსიქიკური
ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებას, სოციალურ და იურიდიულ მომსახურებას ან
ნებისმიერ სხვა დაკავშირებულ პროგრამასა თუ საქმიანობაში ჩართვას.

ზეგავლენის დაძლევისა და გამორკვევის პერიოდი

კონვენციის თანახმად, დანიშნულებისა და ტრანზიტის ქვეყნები ვალდებულნი არიან, ნება დართონ მსხვერპლს, დაჰყოს მათ ტერიტორიაზე გარკვეული დრო (სულ მცირე ოცდაათი დღე), რომელიც საკმარისი იქნება, რათა მსხვერპლმა დაძლიოს და თავი დააღწიოს ადამიანებით მოვაჭრეების ზეგავლენას და შეძლოს ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობის შესახებ.

უწყობს თუ არა ხელს ეს დებულება არალეგალურ იმიგრაციას?

არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ორი ცნება — არალეგალური იმიგრაცია და ადამიანებით ვაჭრობა. ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლნი, როგორც წესი, მოტყუებულნი არიან მოვაჭრეთა მიერ და ხვდებიან ისეთ სიტუაციაში, როდესაც მათი უფლებები სერიოზულად ილახება. ისინი ვეღარ განაგებენ საკუთარ ბედს.

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსხვერპლთა უმრავლესობა საშინელ ტანჯვას განიცდის, რაც სერიოზულად არყევს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ნებაყოფილობით არავინ ჩაიგდებდა თავს ამგვარ განსაცდელში, რათა რომელიმე ქვეყანაში ცხოვრების ოცდაათდღიანი ნებართვა მოეპოვებინა. სწორედ ამიტომ არის, რომ კონვენცია ითვალისწინებს ზეგავლენის დაძლევისა და გამორკვევის სულ მცირე ოცდაათდღიან პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მსხვერპლს ეძლევა საშუალება, აღიდგინოს ძალები და თავი დააღწიოს ადამიანებით მოვაჭრეთა ზეგავლენას.

ბელგიის კანონმდებლობა

განკარგულება ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარებასთან დაკავშირებით
უცხოელთა საკითხების დეპარტამენტისთვის, პროკურატურისთვის, პოლიციისთვის,
სოციალური კანონების ინსპექციისთვის და სოციალური ინსპექციის სამსახურისთვის

გამოქვეყნებულია 1997 წლის 13 იანვარს ბელგიის „Official Gazette“ -ში.

8. 1994 წლის 7 ივლისის ცირკულარის [სამინისტროს ცირკულარი ადამიანებით
ვაჭრობის მსხვერპლი უცხოელებისთვის ცხოვრების ნებართვებისა და მუშაობის
ნებართვების (მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობების) გაცემასთან
დაკავშირებით] პრაქტიკული გამოყენება ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვები
ეძლევათ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთ თანმიმდევრულ ეტაპებად სასამართლო
პროცესის პარალელურად.

8.1. პირველი ეტაპი: ბრძანების გაცემა ქვეყნის ტერიტორიის 45 დღეში დატოვების
შესახებ

ამ 45 დღიანმა პერიოდმა საშუალება უნდა მისცეს მსხვერპლს, რომელიც თავს აღწევს
ადამიანებით ვაჭრობის გარემოს და მიმართავს სპეციალიზებული დამხმარე ცენტრის
მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებს, დაძლიოს ზეგავლენა და აღიდგინოს ფსიქიკური
სტაბილურობა. ამ პერიოდის განმავლობაში მსხვერპლს შეუძლია გადაწყვიტოს, სურს
თუ არა განცხადების შეტანა იმ პირებისა თუ ადამიანებით მოვაჭრეთა ქსელების
წინააღმდეგ, რომლებიც მას ექსპლუატაციას უწევდნენ, ანდა, თუ მისი სურვილი ასეთი
იქნება, მოემზადოს მშობლიურ ქვეყანაში დასაბრუნებლად.

ამიტომ როდესაც პოლიცია ან სოციალური ინსპექციის სამსახური ხვდებიან
ადამიანებით ვაჭრობის სავარაუდო მსხვერპლს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი
დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სპეციალიზებულ დამხმარე ცენტრს
მე-5 პუნქტში გათვალისწინებული პროცედურის თანახმად.

პოლიციის განყოფილება უნდა დაუკავშირდეს, აგრეთვე, უცხოელთა საკითხების დეპარტამენტს და, შესაბამის შემთხვევაში, შეატყობინოს მას, რომ სავარაუდო
მსხვერპლი გაგზავნა სპეციალიზებულ დამხმარე ცენტრში.

თუ მსხვერპლი დაუყოვნებლივ შეიტანს საჩივარს ან განცხადებას, მისთვის
კონსულტაციის გაწევაზე პასუხისმგებელ სპეციალიზებულ დამხმარე ცენტრს შეუძლია
სთხოვოს უცხოელთა საკითხების დეპარტამენტს მეორე ეტაპზე გადასვლა.

ცხოვრების ნებართვები

ამ საკამათო საკითხს კონვენციის მნიშვნელოვანი დებულება არეგულირებს. ეს დებულება სახელმწიფოებს მიმართავს თხოვნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გასცენ მსხვერპლთა სახელზე ცხოვრების ნებართვები, რომელთაც შეიძლება ვადა გაუგრძელდეს. ცხოვრების ნებართვის მინიჭების პირობად კონვენცია არ ადგენს მსხვერპლის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობას.

იტალიის კანონმდებლობა

კანონი იმიგრაციის შესახებ, 1998 წლის 25 ივლისის საკანონმდებლო

დეკრეტი 286 იმიგრაციისა და უცხოელთა შესახებ, თავი III, ჰუმანიტარული დებულებები

მუხლი 18

ცხოვრების ნებართვა სოციალური დაცვის მიზეზით

1. თუკი 1958 წლის 20 თებერვლის №75 კანონის მე-3 მუხლით ან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულთან დაკავშირებული პოლიციის ოპერაციის, გამოძიების ან სასამართლო წარმოების დროს, ანდა ადგილობრივი ორგანოების მიერ გაწეული სოციალური მომსახურების ფარგლებში დადგინდა უცხოელის მიმართ იძულების ან სერიოზული ექსპლუატაციის შემთხვევები და თუ ამ პირის უსაფრთხოებას საშიშროება ემუქრება რომელიმე ხსენებულ დანაშაულში ჩათრეული ორგანიზაციის ზეწოლისაგან თავის დაღწევის მცდელობის ან მის მიერ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო პროცესის დროს გაკეთებული განცხადების შედეგად, პოლიციის უფროსმა, გენერალური პროკურორის მოთხოვნით ან მისი დადებითი გადაწყვეტილების შესაბამისად, უნდა გასცეს ცხოვრების საგანგებო ნებართვა, რათა უცხოელმა მსხვერპლმა შეძლოს თავის დაღწევა კრიმინალური ორგანიზაციის მხრიდან იძულებისა თუ ზეწოლისგან და მონაწილეობა მიიღოს რეინტეგრაციის პროგრამაში.

ბელგიის კანონმდებლობა

ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარებასთან დაკავშირებით უცხოელთა საკითხების დეპარტამენტისთვის, პროკურატურისთვის, პოლიციისთვის, სოციალური კანონების ინსპექციისთვის და სოციალური ინსპექციის სამსახურისთვის გამოცემული 1997 წლის 13 იანვრის განკარგულების შესწორება

გამოქვეყნებულია 2003 წლის 27 მაისს ბელგიის „Official Gazette“ -ში.

აუცილებლად იქნა მიჩნეული 1997 წლის 13 იანვრის განკარგულებაში წინამდებარე შესწორების შეტანილი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანებით ვაჭრობის იმ მსხვერპლთა უკეთესი დაცვა, რომელთაც, მათი ექსპლუატატორის წინააღმდეგ განცხადების ან საჩივრის შეტანისას, სურთ თანამშრომლობა უფლებამოსილ ორგანოებთან ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

წინამდებარე შესწორება შეტანილი იქნა მას შემდეგ, რაც შეფასდა დამხმარე ცენტრების, პოლიციის სამსახურის, ინსპექციის სამსახურების, უცხოელთა საკითხების დეპარტამენტისა და პროკურატურის ამჟამინდელი სამუშაო პროცედურა და მათი თანამშრომლობა. გათვალისწინებული იქნა, აგრეთვე, სპეციალიზებული დამხმარე ცენტრების და შესაძლებლობათა თანასწორობისა და რასიზმის საწინააღმდეგო ცენტრის წინადადებები.

ადმინისტრაციული გამარტივების მეშვეობით და სათანადო ფორმულირების უზრუნველყოფის მიზნით, 8.2, 8.3 და მე-10 პუნქტების ტექსტი მთლიანად თავიდან ჩამოყალიბდა.

1. 1997 წლის 13 იანვრის დირექტივის 8.2 პუნქტი შეიცვალა შემდეგი დებულებით:

8.2. მეორე ეტაპი: „ჩამოსვლის დეკლარაციის“ გაცემა სამი თვის ვადით.

იმ მსხვერპლს, რომელიც შეიტანს განცხადებას ან საჩივარს 45 დღის განმავლობაში, მიეცეს დროებითი ცხოვრების ნებართვა სამი თვით „ჩამოსვლის დეკლარაციის“ ფორმით.

ამ პერიოდის განმავლობაში სავალდებულოა სპეციალიზებული დამხმარე ცენტრის მხრიდან მსხვერპლზე მეთვალყურეობის დამყარება.

ამ ეტაპის განმავლობაში მსხვერპლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუშაობის დროებითი ნებართვით.

უცხოელთა საკითხების დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ და, ნებისმიერ შემთხვევაში, „ჩამოსვლის დეკლარაციის“ ვადის ამოწურვამდე სულ მცირე ერთი თვით ადრე, უნდა მოსთხოვოს პროკურატურას ან შრომის საკითხების პროკურორს ინფორმაციის წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რა რეაგირება მოჰყვა მსხვერპლის საჩივარს თუ განცხადებას და მიუთითოს პასუხის მიღების თარიღი. პროკურატურის ან შრომის საკითხების პროკურორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პასუხს ორ კითხვაზე:

1. გრძელდება თუ არა გამოძიება?

2. საქმის განხილვის მიმდინარე ეტაპზე მიჩნეულია თუ არა განსახილველი პირი ტრეფიკინგის მსხვერპლად?

პროკურატურა ან შრომის საკითხების პროკურორის სამსახური ინფორმაციას პარალელურად აწვდის მსხვერპლს. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურიდან ან შრომის საკითხების პროკურორის სამსახურიდან პასუხი არ იქნება მიღებული, კითხვა უნდა დაესვას გენერალურ პროკურორს.

2. 1997 წლის 13 იანვრის განკარგულების პუნქტი 8.3 შეცვლილია შემდეგი დებულებით:

8.3. მესამე ეტაპი: გაიცეს უცხოელთა რეესტრში რეგისტრირების სერტიფიკატი.

თუ პროკურატურის ან შრომის საკითხების პროკურორის სამსახურიდან მიღებულ ინფორმაციაში მოცემული პასუხები ზემოაღნიშნულ ორ კითხვაზე დადებითია, მსხვერპლი მიიღებს ცხოვრების ნებართვას სამ თვეზე მეტი ხნის ვადით (ჩვეულებრივ, ექვსი თვით), რომელიც შესაძლოა გაგრძელებული იქნეს სასამართლო წარმოების დასრულებამდე.

თუ პროკურატურას ან შრომის საკითხების პროკურორის სამსახურს ჯერ არ ძალუძთ ზემოაღნიშნულ კითხვებზე დადებითი პასუხის გაცემა, მსხვერპლის „ჩამოსვლის დეკლარაციის“ ვადა გრძელდება ერთხელ, მხოლოდ სამი თვის ვადით.

თუ „ჩამოსვლის დეკლარაციის“ ერთჯერადი გაგრძელების ვადის ამოწურვისას ჯერ კიდევ არ იქნება შესაძლებელი აღნიშნულ ორ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემა, მსხვერპლის სახელზე გაიცემა უცხოელთა რეესტრში რეგისტრირების სერტიფიკატი (დროებითი ცხოვრების ნებართვა 6 თვის ვადით).

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სავალდებულო მოთხოვნად რჩება სპეციალიზებული დამხმარე ცენტრის მხრიდან მსხვერპლზე მეთვალყურეობა.

ამ ეტაპის შემდგომ მსხვერპლს შეუძლია მიიღოს მუშაობის „ბ“ კატეგორიის ნებართვა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ანგარიშის შესაბამისად და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საბოლოოდ უცხოელთა საკითხების დეპარტამენტში აღიძრას პროცედურა განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად. განაცხადი განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების ნებართვის მიღების თაობაზე შესაძლოა შეტანილი იქნეს, თუ მსხვერპლის მიერ წარდგენილ განცხადებას ან საჩივარს შედეგად მოჰყვება მსხვერპლის გამოძახება სასამართლოში, გამომძიებელი მოსამართლის მიერ საქმის გადაცემა სასამართლოში, პროკურორის მიერ გამომძიებელი მოსამართლის წინაშე წარდგენილი განაცხადი ან მოთხოვნა პრევენციული დაკავების თაობაზე.

განუსაზღვრელი ვადით ცხოვრების ნებართვის მინიჭება ხდება: - დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გამოიტანს მსჯავრდებას განცხადების ან საჩივრის საფუძველზე;

- თუკი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ მოხდება მსჯავრდება ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენისთვის, ბრალდების არგუმენტებზე დაყრდნობით შესაძლებელი გახდება ტრეფიკინგის პრევენცია და მოწმის განცხადება ან საჩივარი მიჩნეული იქნება მნიშვნელოვნად სასამართლო წარმოებისთვის.

კომპენსაცია და იურიდიული დახმარება

კონვენცია ითვალისწინებს იურიდიულ დახმარებას და კომპენსაციას ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის.

კვიპროსის კანონმდებლობა
2000 წლის კანონი 3(1)

სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლთა სპეციალური დაცვისა
და ამასთან დაკავშირებული ზომების უზრუნველყოფის შესახებ

8. ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის წარდგენა/სამართალწარმოება კომპენსაციის მოსაპოვებლად

1. მიუხედავად ნებისმიერი სხვა იურიდიული უფლებისა, რომელიც გათვალისწინებულია რომელიმე სამართლებრივი თუ სხვა დებულებით, და აღნიშნული უფლების დაუკნინებლად, ექსპლუატაციის მსხვერპლთ წინამდებარე კანონით მინიჭებული აქვთ დამატებითი უფლება, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება ნებისმიერი პირის მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია მათ ექსპლუატაციაზე, და მათ უნდა მიიღონ ფაქტობრივი და ზოგადი ზიანის ანაზღაურება.

2. აღნიშნული ზოგადი ზიანის ანაზღაურება უნდა იყოს სამართლიანი და გონივრული და მისი შეფასებისას სასამართლომ შეიძლება გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:

ა. ექსპლუატაციის მასშტაბი და მოგება, რომელიც ბრალდებულმა პირმა მიიღო ამ ექსპლუატაციის შედეგად;

ბ. მსხვერპლის მომავალი პერსპექტივები და ის გარემოება, თუ რამხელა ზეგავლენა მოახდინა ექსპლუატაციამ ამ პერსპექტივებზე;

გ. დამნაშავის ბრალეულობა;

დ. ბრალდებულის ურთიერთობა მსხვერპლთან ან ბრალდებულის ზეგავლენა და ზეწოლა მსხვერპლზე;

3. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება მსხვილი კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, როდესაც ექსპლუატაციის მასშტაბი ან ბრალდებულის ურთიერთობა მსხვერპლთან ან ბრალდებულის ზეწოლა მასზე განაპირობებს ამგვარ გადაწყვეტილებას;

4. ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო ითვალისწინებს ექსპლუატაციის შედეგად გაღებულ ყველა დანახარჯს, მათ შორის რეპატრიაციის ხარჯებს, თუ დაზარალებული უცხოელია.

როგორ შეიძლება მსხვერპლისათვის ზიანის ანაზღაურების გარანტირება იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოებს არა აქვთ ამ მიზნისთვის გამოყოფილი თანხები?

ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია დაფინანსდეს, მაგალითად, მსხვერპლთა საკომპენსაციო ფონდის შექმნით, რომელიც შეიძლება შეივსოს ადამიანებით მოვაჭრეებისათვის ჩამორთმეული ქონებით.

მსხვერპლთა რეპატრიაცია და დაბრუნება

კონვენციის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც მსხვერპლი ბრუნდება თავის ქვეყანაში. ამ დროს მხედველობაში შემდეგი საკითხებია მისაღები: მსხვერპლის უსაფრთხოება, მისი დოკუმენტები, მისი რეინტეგრაცია შრომის ბაზარზე და მისი ხელახლა მსხვერპლად ქცევის თავიდან აცილება. ქვეყანა, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს მსხვერპლი ან რომელშიც მას გააჩნდა მუდმივად ცხოვრების უფლება, უნდა დათანხმდეს მის დაბრუნებაზე და სათანადო პატივისცემით მოეკიდოს მის უფლებებს, უსაფრთხოებას და ღირსებას. ანალოგიურად, როდესაც ქვეყანა აბრუნებს ადამიანს მეორე სახელმწიფოში, ეს ქვეყანა სათანადო პატივისცემით უნდა მოეკიდოს მის უფლებებს, უსაფრთხოებას და ღირსებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიეპყროს მსხვერპლ ბავშვებს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს არ აბრუნებენ მის ქვეყანაში, თუკი ეს არ არის მის ინტერესში. ამ დროს აუცილებელია თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამართალდამცავ სტრუქტურებსა და სოციალური დაცვის სამსახურებთან.

ბულგარეთის კანონმდებლობა

კანონი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

თავი მეხუთე. ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვა და მათი
მხარდაჭერა

მუხლი 16

ბულგარეთის რესპუბლიკის დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა საზღვარგარეთ დახმარება უნდა გაუწიონ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლ ბულგარელებს სამშობლოში დაბრუნებაში.

მუხლი 17

ბულგარეთის საელჩოების ფარგლებში არსებულმა საკონსულოებმა საზღვარგარეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებთან თანამშრომლობით, დახმარება უნდა გაუწიონ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლ ბულგარელებს მათთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად და სათანადოდ გაცემაში.

გენდერული თანასწორობა

კონვენციით განსაზღვრული დახმარების ზომების განხორციელებისას ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ სქესთა თანასწორობა და ამ ზომების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში ცენტრალური როლი უნდა მიანიჭონ გენდერული თანასწორობის საკითხს. კონვენციის ამ დებულების მიზანია ყურადღების მიპყრობა იმ ფაქტზე, რომ ქალები, არსებული მონაცემების მიხედვით, ტრეფიკინგის ძირითადი სამიზნეები არიან, ასევე იმ ფაქტზე, რომ ის ქალები, რომლებიც სავარაუდოდ უფრო მეტად ხდებიან მსხვერპლნი, მარგინალიზებულნი არიან ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცევამდეც: ისინი მამაკაცებზე უფრო ხშირად ხდებიან სიღატაკისა და უმეშევრობის მსხვერპლნი.

არის თუ არა ევროპის საბჭოს კონვენცია უფრო შორს მიმავალი მსხვერპლთა დაცვის სფეროში, ვიდრე რომელიმე სხვა საერთაშორისო დოკუმენტი?

დიახ. უპირველეს ყოვლისა, კონვენცია ითხოვს სახელმწიფოებისგან, შემოიღონ საგანგებო პროცედურები ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა იდენტიფიცირებისათვის, მაშინ, როდესაც არც პალერმოს ოქმში და არც ევროკავშირის დირექტივაში არ არსებობს დებულებები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა სწრაფი და ზუსტი იდენტიფიცირების უზრუნველყოფას.

მეორე: მაშინ, როდესაც პალერმოს ოქმი ხელმომწერი მხარეებისგან ითხოვს მხოლოდ იმას, რომ მათ „გაითვალისწინონ ზომების განხორციელება ტრეფიკინგის მსხვერპლთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური რეაბილიტაციისათვის“, ევროპის საბჭოს კონვენცია მოითხოვს სახელმწიფოებისგან, მიიღონ რიგი აუცილებელი საკანონმდებლო ან სხვა ზომებისა, რომლებიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას.

მე-12 მუხლის მიხედვით ეს დახმარება უნდა შეიცავდეს, სულ მცირე:

  • ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მინიმუმს: სათანადო და უსაფრთხო საცხოვრებელ ბინას, ფსიქოლოგიურ და მატერიალურ დახმარებას;

  • პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას;

  • საჭიროების შემთხვევაში მთარგმნელთა და თარჯიმანთა მომსახურებას;

  • მსხვერპლთათვის გასაგებ ენაზე კონსულტაციის გაწევას და ინფორმაციის მიწოდებას მათი იურიდიული უფლებებისა და იმ მომსახურებების შესახებ, რომლებითაც მათ შეუძლიათ სარგებლობა;

  • დახმარების გაწევას იმ მიზნით, რომ მსხვერპლთა უფლებები და ინტერესები სათანადოდ იქნეს წარმოდგენილი და დაცული დამნაშავეთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცესის შესაბამის ეტაპებზე;

  • ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ ცხოვრების ნებართვის გაცემის პირობად კონვენცია არ ადგენს მსხვერპლის თანამშრომლობას სამართალდამცავ სტრუქტურებთან, რასაც ადგილი აქვს ევროკავშირში, როდესაც ექვსთვიანი განახლებადი ცხოვრების ნებართვის გაცემა იმ პირთათვის, რომელნიც არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მკვიდრნი, დამოკიდებულია ხელისუფლებასთან მსხვერპლის თანამშრომლობაზე.

რა ზომების მიღება შეუძლიათ პარლამენტებს მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და მათი დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით?

სხვა ზომების მიღებასთან ერთად პარლამენტებს შეუძლიათ:

  • დახმარების გაწევა ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა სწრაფი იდენტიფიცირებისთვის შესაბამისი პროცედურების დანერგვაში;

  • დახმარების გაწევა იმის უზრუნველყოფაში, რომ არსებობდეს და ხელმისაწვდომი იყოს სოციალური სამსახურები, რომლებიც აუცილებელია ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, და რომ გათვალისწინებული იყოს მსხვერპლთა საგანგებო საჭიროებები;

  • აუცილებელი საკანონმდებლო ზომების მიღება იმგვარი სპეციალიზებული ცენტრების დასაარსებლად, რომლებიც ყოველგვარ, მათ შორის ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენენ მსხვერპლთ;

  • თანხების გამოყოფა მსხვერპლთათვის იურიდიული კონსულტაციის გასაწევად და მათთვის კომპენსაციის გასაცემად;

  • იმ ორგანიზაციებისა და სააგენტოების მხარდაჭერა, რომლებიც მუშაობენ როგორც მსხვერპლთა დანიშნულების, ისე წარმომავლობის ქვეყნებში რეინტეგრაციაში დახმარების გაწევაზე;

  • თანხების გამოყოფა რეპატრიაციის პროცესისათვის, როდესაც რეპატრიაცია მსხვერპლის ინტერესშია;

  • იმგვარი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საშუალებას მისცემს მსხვერპლთ, ისარგებლონ მართლმსაჯულების სისტემით და მიმართონ სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის წარმოებას;

  • ისეთი ზომების შემოღება, რომლებიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა უსაფრთხოებას, როდესაც ისინი მონაწილეობენ ადამიანებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებში;

  • იმგვარი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს, მოახდინონ ტრეფიკინგის დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლების კონფისკაცია მსხვერპლთათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით;

  • პოზიტიური ზომების მიღება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის დასამკვიდრებლად იმგვარი პოლიტიკის მხარდაჭერით, რომელიც მიმართულია ქალებზე, ყველაზე მეტად დაუცველნი რომ არიან ტრეფიკინგის წინაშე;

  • საგანგებო ზომების დამკვიდრება ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით; ამ ზომების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი ორმაგი მარგინალიზაცია: როგორც ქალების და როგორც მსხვერპლებისა.

7 ადამიანებით მოვაჭრეთა სისხლისსამართლებრივი დევნა

▲ზევით დაბრუნება


მატერიალური სისხლის სამართალი

კონვენცია ზოგიერთ ქმედებას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას ანიჭებს. კანონმდებლობათა დაახლოება სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას რამდენიმე მიზეზის გამო უწყობს ხელს. პირველ რიგში, სახელმწიფოთა შიდა კანონმდებლობების დაახლოების შედეგად ბოროტმოქმედს აღარ უჩნდება სურვილი, დანაშაული ჩაიდინოს იმ ქვეყანაში, სადაც უწინსხვებთან შედარებით ნაკლებად მკაცრი სამართლებრივი ნორმები მოქმედებდა.

მეორე, შესაძლებელი ხდება ყველა მხარისათვის სასარგებლო მონაცემებისა და გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება. დახმარების გაწევა კვლევაში და ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე მონაცემთა შედარების ხელშეწყობა საერთო განმარტებებსაც შეუძლია; ეს აადვილებს დანაშაულის გლობალური სურათის დანახვას. და ბოლოს, გაადვილებულია საერთაშორისო თანამშრომლობა (განსაკუთრებით ექსტრადიცია და იურიდიული ურთიერთდახმარება), მაგალითად, სისხლის სამართლის ორმაგ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

კონვენცია მოითხოვს, რომ მისმა ხელმომწერმა მხარეებმა სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიანიჭონ ადამიანებით ვაჭრობას, მიუხედავად იმისა, იგი ჩადენილი იქნება სისხლის სამართლის ერთჯერადი დანაშაულის თუ რამდენიმე დანაშაულის (რომლებშიც, სულ მცირე, უნდა იგულისხმებოდეს ტერმინის განმარტებაში მოცემული ყველა ქმედება) ერთობლიობის სახით. კონვენციის პირობების მიხედვით სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს, აგრეთვე, დანაშაულის ჩადენის დახმარებას ან წაქეზებას: კონვენცია ითხოვს მონაწილე მხარეებისგან, გაითვალისწინონ ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით შეგნებულად სარგებლობის კრიმინალიზაციაც.

კონვენცია მოითხოვს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად იქნეს მიჩნეული მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებული ზოგიერთი ქმედებაც, როდესაც ისინი ჩადენილია ადამიანებით ვაჭრობის ხელშესაწყობად. ეს ქმედებებია:

მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაყალბება; ასეთი დოკუმენტის ყიდვა ან მიწოდება და სხვა პირის მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მითვისება, მოშორება, დამალვა, დაზიანება ან განადგურება.

კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულები შედეგია მინიმალური კონსენსუსისა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს სახელმწიფოებს, საკუთარ კანონმდებლობაში სხვა დანაშაულებიც დაამატონ.

კონვენცია მიზნად ისახავს, რომ კომერციულ კომპანიებს, ასოციაციებს და მსგავს ორგანიზაციებს („იურიდიული პირი“) დაეკისროთ პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის იმ დანაშაულისთვის, რომელსაც ამ ორგანიზაციაში წამყვან თანამდებობაზე დასაქმებული ფიზიკური პირი ჩადის ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ.

კონვენცია განსაზღვრავს, აგრეთვე, სხვადასხვა დანაშაულს, რომლებიც უნდა დაექვემდებაროს დასჯას სისხლის სამართლის საფუძველზე. კონვენცია მოითხოვს მხარეებისგან, შეუსაბამონ თავიანთი რეაგირება დანაშაულის სერიოზულობას და შემოიღონ „ეფექტური, ზომიერი და გამასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები“. თუ სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის კერძო პირი („ფიზიკური პირი“), მხარეებმა უნდა უზრუნველყონ სასჯელის ისეთი ზომების დაწესება, რომლებიც მოიცავს თავისუფლების აღკვეთას, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ექსტრადიცია.

ბელგიის კანონმდებლობა

2005 წლის 10 აგვისტოს კანონი, რომელსაც ცვლილება შეაქვს რამდენიმე
დადგენილებაში ადამიანების კონტრაბანდით გადაყვანისა და ადამიანებით ვაჭრობის დასიკვდილით მოვაჭრეთასაქმიანობის
წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოების შესახებ

„Moniteur Belge“, 2005 წლის 10 აგვისტო

თავი II

მუხლი 10. [სისხლის სამართლის] კოდექსის II წიგნის VIII კარის IIIter თავში დაემატოს ახალი მუხლი 433quinquies, რომელიც შემდეგნაირად იქნება ჩამოყალიბებული:

„მუხლი 433 quinquies. - პუნქტი 1. ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულს წარმოადგენს ადამიანის სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაცემა, მისთვის თავშესაფრის მიცემა ან მიღება და ამ ადამიანზე კონტროლის გადაცემა იმ მიზნით, რომ:

1. ამ პირის მიმართ ჩადენილი იქნეს 379-ე მუხლში, 380-ე მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებსა და 383bis მუხლის 1-ლ პუნქტში განსაზღვრული დანაშაული;

2. ამ პირის მიმართ ჩადენილი იქნეს 433ter მუხლში განსაზღვრული დანაშაული;

3. მოხდეს ან დაშვებული იქნეს ამ პირის სამუშაოზე აყვანა ისეთ პირობებში, რომლებიც ხელყოფს მის ღირსებას;

4. ამ პირს ამოაცალონ (ან დაუშვან ამოცლა) ორგანოები ან ქსოვილები ორგანოთა ამოღებისა და ტრანსპლანტაციის შესახებ 1986 წლის 13 ივნისის კანონის დარღვევით;

5. ამ პირის ნების საწინააღმდეგოდ აიძულონ იგი, ჩაიდინოს დანაშაული ან კანონის დარღვევა.

გარდა ზემოთ, მე-5 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა, თანახმა არის თუ არა 1-ლ პუნქტში მითითებული პირი დაგეგმილ თუ ფაქტობრივ ექსპლუატაციაზე.

პუნქტი 2. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ერთიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და ხუთასიდან ორმოცდაათი ათას ევრომდე ფულადი ჯარიმით.

პუნქტი 3. 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა ისჯება ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ასიდან ათი ათას ევრომდე ფულადი ჯარიმით“.

მუხლი 11. კოდექსის II წიგნის VIII კარის III ter თავში დაემატოს ახალი

მუხლი 433სეხიეს, რომელიც შემდეგნაირად იქნება ჩამოყალიბებული; „მუხლი 433sexies. - 433 quinquies მუხლის 1-ლ პუნქტში გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და შვიდას ორმოცდაათიდან სამოცდათხუთმეტი ათას ევრომდე ფულადი ჯარიმით, როდესაც დანაშაული ჩადენილია:

1. იმ პირის მიერ, რომელსაც მსხვერპლზე გააჩნდა ძალაუფლება, ან იმ პირის მიერ, რომელმაც ბოროტად გამოიყენა ძალაუფლება ან მისი ფუნქციებიდან გამომდინარე საშუალებები;

2. საჯარო მოხელის, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ მისი ფუნქციების განხორციელების დროს.“

მუხლი 12. კოდექსის II წიგნის VIII კარის IIIter თავში დაემატოს ახალი მუხლი 433 septies, რომელიც შემდეგნაირად იქნება ჩამოყალიბებული:

„მუხლი 433septies. - 433quinquies მუხლის 1-ლ პუნქტში გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და ათასიდან ასი ათას ევრომდე ფულადი ჯარიმით შემდეგ შემთხვევებში:

1. როდესაც დანაშაული ჩადენილი იქნა არასრულწლოვანის მიმართ;

2. როდესაც დანაშაული ჩადენილი იქნა იმ განსაკუთრებით დაუცველი სიტუაციით სარგებლობით, რომელშიც ჩავარდნილია ადამიანი მისი არალეგალური თუ გაურკვეველი ადმინისტრაციული სტატუსის, არამყარი სოციალური სიტუაციის, ორსულობის, ავადმყოფობის ან ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლოვანების გამო, იმგვარად, რომ აღნიშნულ პირს არ ჰქონდა რეალური და მისაღები არჩევანის საშუალება და იგი იძულებული იყო, დაქვემდებარებოდა არასათანადო მოპყრობას;

3. როდესაც დანაშაული ჩადენილი იქნა მოტყუების, ძალადობის, მუქარისა თუ ნებისმიერი ფორმის იძულების პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გამოყენებით;

4. როდესაც მსხვერპლის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა განზრახ ან სერიოზული დაუდევრობის გამო;

5. როდესაც დანაშაულმა გამოიწვია აშკარად განუკურნებელი დაავადება, პერმანენტული ფიზიკური თუ ფსიქიკური უუნარობა, ორგანოს ან მისი ფუნქციების სრული დაკარგვა ან სერიოზული დაზიანება;

6. როდესაც ჩადენილი ქმედება ჩვეულებრივ მიღებულ ქმედებას წარმოადგენს;

7. როდესაც დანაშაული წარმოადგენს რაიმე ასოციაციის ძირითად ან დამხმარე საქმიანობაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დამნაშავეს ასოციაციის მენეჯერის სტატუსი“.

მუხლი 13. კოდექსის II წიგნის VIII კარის IIIter თავში დაემატოს ახალი მუხლი 433octies, რომელიც შემდეგნაირად იქნება ჩამოყალიბებული:

„მუხლი 433octies. - 433quinquies მუხლის 1-ლ პუნქტში გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თხუთმეტიდან ოც წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და ათასიდან ას ორმოცდაათი ათას ევრომდე ფულადი ჯარიმით შემდეგ შემთხვევებში:

1. როდესაც დანაშაულმა წინასწარი განზრახვის გარეშე გამოიწვია მსხვერპლის სიკვდილი;

2. როდესაც დანაშაული წარმოადგენს კრიმინალური ორგანიზაციის ძირითად ან დამხმარე საქმიანობაში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა დამნაშავეს ორგანიზაციის მეთაურის სტატუსი.“

კონვენციის საფუძველზე „ეფექტური, ზომიერი და გამასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები“ იურიდიულ პირებსაც ეკისრებათ და ეს შესაძლებელია იყოს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული თუ სამოქალაქო სამართლის სანქციები. კონვენცია მხარეებისგან მოითხოვს იურიდიული პირებისთვის ფულადი სანქციების დაკისრებას.

ირლანდიის კანონმდებლობა

1999 წლის კანონპროექტი არალეგალურ იმიგრანტთა (ტრეფიკინგის) შესახებ

მუხლი 10: კორპორაციულ ორგანიზაციათა მიერ ჩადენილი დანაშაული

1. როდესაც წინამდებარე კანონით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია კორპორაციული ორგანიზაციის მიერ და თუ დამტკიცდა, რომ იგი ჩადენილია ამ ორგანიზაციის დირექტორის, მენეჯერის, მდივნის თუ სხვა თანამდებობის პირის ანდა ზემოხსენებულ პირთა მოვალეობების შემსრულებელი პირის თანხმობით ან მხარდაჭერით თუ მისი დაუდევრობის გამო, აღნიშნული პირიც და კორპორაციული ორგანიზაციაც მიჩნეულნი იქნებიან დამნაშავეებად დანაშაულის ჩადენაში და მათ მიმართ აღიძრება საქმე და მათ დაეკისრებათ სასჯელი ისევე, თითქოს ისინი დამნაშავეები იყვნენ ამ დანაშაულის ჩადენაში.

2. როდესაც კორპორაციული ორგანიზაციის საქმეებს მისი წევრები მართავენ, 1-ლი პუნქტი შეეხება წევრის ქმედებებსა და უმოქმედობას მის მიერ მართვის ფუნქციების შესრულებასთან მიმართებაში ისევე, თითქოს იგი კორპორაციული ორგანიზაციის დირექტორი ან მენეჯერი იყოს.

და ბოლოს, კონვენცია მხარეებს აკისრებს ზოგად ვალდებულებას, გაატარონ შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ზომები, რომლებიც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, მოახდინოს დანაშაულის ჩადენის საშუალებების ან მათი ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლების კონფისკაცია ან სხვა სახით ჩამორთმევა; გარდა ამისა, კონვენცია ითხოვს ნებისმიერი იმ დაწესებულების დახურვას, რომელიც გამოიყენებოდა ადამიანებით ვაჭრობის მიზნით.

კოსოვოში გაერო- დროებითი ადმინისტრაციული მისიის (UNMIK) დადგენილება
დადგენილება 2001/04 კოსოვოში ადამიანებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ

2001 წლის 12 იანვარი

მუხლი 6: ქონების ჩამორთმევა და დაწესებულებათა დახურვა

6.1. ქონება, რომელიც გამოიყენებოდა ადამიანებით ვაჭრობის ან წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის სხვა დანაშაულების ჩადენის მიზნით, შესაძლებელია ჩამორთმეული იქნეს შესაბამისი კანონის თანახმად. არ მოხდება ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა პირადი ქონების კონფისკაცია, თუკი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი შეძლებს მის იდენტიფიცირებას მსხვერპლის ქონებად.

6.2. როდესაც არსებობს ეჭვის საფუძველი, რომ ესა თუ ის ლეგალური თუ არალეგალური დაწესებულება მონაწილეობს ან შეგნებულად არის დაკავშირებული ადამიანებით ვაჭრობასთან ან წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებთან, გამომძიებელ მოსამართლეს შეუძლია, პროკურორის რეკომენდაციის საფუძველზე, გამოიტანოს ამ დაწესებულების დახურვის გადაწყვეტილება.

6.3. ადმინისტრაციულმა ხელისუფლებამ უნდა ჩამოაყალიბოს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთათვის ზიანის ანაზღაურების ფონდი და ამ ფონდში შეტანილი უნდა იქნეს, inter alia, 6.1 პუნქტის საფუძველზე ჩამორთმეული ქონება.

შეუძლია თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მნიშვნელოვანი როლის თამაში მსხვერპლთა დაცვაში?

საქმეში „სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (განაცხადი ¹73316/01) სასამართლომ ერთხმად დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 მუხლის (მონობისა და იძულებითი შრომის აკრძალვა) დარღვევა.

სასამართლომ განაცხადა, რომ კონვენციის მე-4 მუხლი შეიცავს ერთ-ერთს დემოკრატიულ საზოგადოებათა იმ ძირითად ფასეულობათაგან, რომელთაც ევროპის საბჭო ეფუძნება. ეს სწორედ კონვენციის იმ დებულებათაგანია, რომლებთან მიმართებაშიც ფაქტი, რომ სახელმწიფომ თავი შეიკავა გარანტირებული უფლებების დარღვევისგან, არ არის საკმარისი იმის დასადგენად, რომ მან შეასრულა თავისი ვალდებულებები; ეს დებულება სახელმწიფოებს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებებს, მიიღონ და განახორციელონ სისხლის სამართლის დებულებები, რომლებიც მე-4 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებებს სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციას მიანიჭებს.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს აკისრიათ ვალდებულება, სისხლის სამართლის დანაშაულის სტატუსი მიანიჭონ და დასაჯონ ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ყოლას მე-4 მუხლის საწინააღმდეგო მდგომარეობაში.

იმ მდგომარეობის შეფასებისას, რომელშიც განმცხადებელი იმყოფებოდა, სასამართლომ განაცხადა, რომ ქ-ნი სილიადინი, სულ მცირე, დაექვემდებარა იძულებით შრომას კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით და მონის მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მაგრამ საფრანგეთის იმდროინდელი სისხლის სამართალი არ უზრუნველყოფდა განმცხადებელს საგანგებო და ქმედითი დახმარებით იმ ქმედებათა წინააღმდეგ, რომელთა მსხვერპლიც ის გახდა, და მისი „დამსაქმებლები“ არ იქნენ მსჯავრდებულნი სისხლის სამართლის საფუძველზე. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთმა არ შეასრულა მასზე კონვენციის მე-4 მუხლით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება.

8 გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და საპროცესო სამართალი

▲ზევით დაბრუნება


კონვენცია შეიცავს დებულებებს, რომელთა დანიშნულებაა, რომ ხელმომწერმა მხარეებმა თავიანთი საპროცესო სამართალი მიუსადაგონ ორი მიზნის მიღწევას: ადამიანების დაცვას ტრეფიკინგისაგან და ადამიანებით მოვაჭრეთა მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნაში დახმარებას.

საჩივრები

კონვენცია საშუალებას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს, აწარმოონ სისხლისსამართლებრივი დევნა კონვენციაში მითითებული დანაშაულების ჩადენისათვის მსხვერპლის მიერ შესაბამისი საჩივრის წარუდგენლობის შემთხვევაშიც. ამის მიზანია, თავიდან იქნეს აცილებული დანაშაულის ჩამდენი პირების მხრიდან მსხვერპლებზე ზეწოლა და მუქარა, რომ არ მისცენ მათ შესაბამის ორგანოებში ჩივილის საშუალება.

გარდა ამისა, ეს აადვილებს მსხვერპლისათვის საჩივრის შეტანას: მსხვერპლს შეუძლია საჩივარი შეიტანოს თავისი საცხოვრებელი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოებში; აღნიშნული დებულება მოითხოვს, აგრეთვე, რომ მხარეებმა შესაძლებლობა მისცენ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა ასოციაციებს, დახმარება და/ან მხარდაჭერა გაუწიონ მსხვერპლს, ამ უკანასკნელის თანხმობით, ტრეფიკინგის დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სამართალწარმოების დროს.

მსხვერპლთა დაცვა

მხარეები ვალდებულნი არიან, გაატარონ ზომები, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლთა, იმ ადამიანთა, ვინც თანამშრომლობს საგამოძიებო ან სამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებთან, მოწმეთა და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრების სათანადო და ეფექტიანი დაცვის მიზნით. დაცვის ზომები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გატარდეს, თუ მათზე თანხმობას განაცხადებს პირი, ვისაც ისინი ეხება.

ტრენინგი

მხარეები ვალდებულნი არიან, მიიღონ ყველანაირი ზომები პირების ან ორგანოების სპეციალიზების მიზნით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის სფეროში. თითოეულ სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტები. ასეთი სპეციალისტები საკმარისი რაოდენობით უნდა იყვნენ და მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი რესურსები.

ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ეფექტიანად საბრძოლველად და მის მსხვერპლთა დასაცავად არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების წარმომადგენელთა სათანადოდ მომზადებას. აღნიშნულ პირებს უნდა ჩაუტარდეთ ტრენინგი ტრეფიკინგის პრევენციის, დამნაშავეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრისა და მსხვერპლთა დაცვის მეთოდებში. იმისათვის, რომ ამ პირებმა გაათვითცნობიერონ ტრეფიკინგის მსხვერპლთა მძიმე მდგომარეობის სპეციფიკური დამახასიათებელი ნიშნები, გათვალისწინებულია, რომ ტრენინგი გავრცელდეს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროზეც. ყურადღება უნდა გამახვილდეს მსხვერპლთა საჭიროებებზე, მათ მიღებაზე და მათ მიმართ სათანადო დამოკიდებულებაზე სისხლის სამართლის სისტემის ფარგლებში.

ბელგიის ინიციატივა2:
ტრენინგის პროგრამა

პოლიციის თანამშრომელთა მოსამზადებელ სკოლებში არსებობს სპეციალური მოდულები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. მომავალი პოლიციელები გადიან მოდულებს ამ ფენომენის მიმართ მიდგომის საკითხებში. ადამიანებით ვაჭრობის ფენომენის მიმართ მიდგომა უპირველეს ყოვლისა გულისხმობს გათვითცნობიერების გაზრდას. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლებს სკოლებში სისტემატურად აწვდიან ცოდნას და სიახლეებს ამ სფეროში.

მოსამართლეების რეგულარულ მომზადებასთან დაკავშირებული დირექტივები და პროგრამები 2002 წლისათვის ცხადყოფს, რომ მოსამართლეთათვის ორგანიზებულია თემატური კურსები სისხლის სამართალსა და კრიმინოლოგიაში, განსაკუთრებით კი ადამიანებით ვაჭრობის საკითხებზე. ახალი და ხშირად რთული კანონების შემოღება, იურიდიული ინფორმაციის წყაროების რაოდენობის გაზრდა, იურისტების სპეციალიზაციის გაფართოება, სამართლის ინტერნაციონალიზაცია და ახალი ტექნოლოგიების შემოღება სულ უფრო აუცილებელს ხდის მოსამართლეთა ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების პერმანენტულ განახლებას მართლმსაჯულების საჯარო მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით, განსაკუთრებით კი იურიდიული სტაბილურობის გაძლიერების მეშვეობით.

საპროცესო სამართალი

საპროცესო სამართალში არსებობს ფასეულობები, რომლებიც ზოგჯერ თანხვდება ერთმანეთს, ზოგჯერ კი ურთიერთსაწინააღმდეგოა: ეს არის, ერთის მხრივ, დაცვის მხარის უფლებები, მეორეს მხრივ კი მსხვერპლისა და მოწმის ვინაობის დაფარვა და უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ არის კონვენციაში სპეციალური დებულება სასამართლო პროცესის შესახებ, რომელიც სავალდებულოა მიზნების თვალსაზრისით (მსხვერპლთა პირადი ცხოვრების და, თუ აუცილებელია, ვინაობის დაცვა და მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა, რათა მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დაშინების მეთოდები), მაგრამ რომელიც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზებით უნდა მიაღწიონ აღნიშნულ მიზნებს.

როცა საქმე ეხება მსხვერპლ ბავშვებს, კონვენცია ითვალისწინებს, რომ მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მათ საჭიროებებს და უზრუნველყონ მათთვის სპეციალური დაცვის ზომებით სარგებლობის უფლება, ვინაიდან ბავშვი უფრო დაუცველია, ვიდრე მოზრდილი და უფრო ადვილია მისი დაშინება. ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოზე ბავშვების მოსმენას აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საშუალებით, სხვა ქვეყნებში კი კანონი უშვებს ბავშვების სასამართლოს წინაშე გამოსვლას ვიდეოკონფერენციის მეშვეობით.

რუმინეთის კანონმდებლობა

კანონი ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

თავი IV. სპეციალური დებულებები სისხლის სამართლის პროცედურის შესახებ
[...] მუხლი 24

1. მე-13 მუხლით გათვალისწინებული ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულებისა და მე-18 მუხლით გათვალისწინებული ბავშვთა პორნოგრაფიის დანაშაულების სასამართლო მოსმენა არ უნდა იყოს საჯარო.

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება აქვთ მხარეებს, მათ წარმომადგენლებს, ადვოკატებს და იმ პირებს, რომელთა დასწრებასაც სასამართლო მიიჩნევს აუცილებლად.

3. სასამართლო პროცესებში საქმეებზე, რომლებიც ეხება წინამდებარე კანონით გათვალისწინებულ დანაშაულებს, 14 წელზე უმცროსი ასაკის მოზარდის მოსმენა უნდა წარიმართოს მისი ერთერთი მშობლის, კანონიერი მეურვის ან იმ პირის (დედობილის ან მამობილის) თანდასწრებით, რომელსაც ანდეს არასრულწლოვანის აღზრდა და განათლება.

მუხლი 25

მსხვერპლის თხოვნით, მე-12 და მე-17 მუხლებით განსაზღვრულ საქმეებთან დაკავშირებით სასამართლომ შეიძლება მოიწვიოს დახურული სხდომა.

იურისდიქცია

თითოეულ მხარეს მოეთხოვება, დასაჯოს კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულები, როდესაც ისინი ჩადენილია მის ტერიტორიაზე. კონვენცია ასევე ავალდებულებს ყოველ მხარეს, დააწესოს საკუთარი იურისდიქცია მისი დროშის ქვეშ მცურავ გემზე ან მისი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ თვითმფრინავზე ჩადენილ დანაშაულებზე. თუ მხარის რომელიმე მოქალაქე დანაშაულს ჩაიდენს საზღვარგარეთ, მხარემ უნდა აღძრას საქმე, თუ დანაშაული დასჯადია იმ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით, სადაც იგი ჩადენილი იქნა, ან თუ დანაშაული ჩადენილი იქნა იქ, სადაც არ ვრცელდება არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიული იურისდიქცია.

ლუქსემბურგი

1999 წლის 31 მაისის კანონი ადამიანებით ვაჭრობისა და ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ მიმართული ზომების გამკაცრების შესახებ, რომელსაც ცვლილებები შეაქვს სისხლის სამართლის კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.

მუხლი 10 - სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს დაემატოს ქვემოთ მოცემული 5.1 მუხლი:

მუხლი 5.1 - ლუქსემბურგის ნებისმიერი მოქალაქის და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში მცხოვრები ნებისმიერი უცხოელის წინააღმდეგ, რომელიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსის 198, 199, 199bis და 368-382 მუხლებით გათვალისწინებულ რომელიმე დანაშაულს, შესაძლებელია აღიძრას და წარიმართოს სისხლის სამართლის საქმე დიდ საჰერცოგოში იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ჩადენილი იქნა დანაშაული, ეს დანაშაული არ არის დასჯადი, და მაშინაც კი, თუ ლუქსემბურგის ხელისუფლება არ მიიღებს საჩივარს დანაშაულის შედეგად დაზარალებული მხარის ან იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი.

_____________________

2. სისხლის სამართლის რეფორმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მისი პრევენციის მიზნით. სემინარი ტრენინგის ფარგლებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწმე-მსხვერპლთა დაცვისკენ მიმართული კანონმდებლობის შემუშავების თაობაზე, სტრასბურგი, 2003 წლის 8-10 სექტემბერი. ანგარიში.

9 მონიტორინგის მექანიზმი

▲ზევით დაბრუნება


კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი დამატებითი ფასეულობაა მასში გათვალისწინებული მონიტორინგის სისტემა. ამ სისტემას ორი საყრდენი აქვს: ერთია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი (GRETA), ხოლო მეორე — უფრო პოლიტიკური ხასიათის ორგანო, მხარეთა კომიტეტი, რომელიც შედგება კონვენციის იმ ხელშემკვრელ მხარეთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები, და, აგრეთვე, კონვენციის იმ მხარეთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები.

„GRETA“ წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ორგანოს, რომელშიც შედიან დამოუკიდებელი და ძალზე კვალიფიციური ექსპერტები ადამიანის უფლებების, მსხვერპლთა დახმარებისა და დაცვის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ჯგუფი შედგება არანაკლებ 10 და არა უმეტეს 15 წევრისაგან, ამასთან, კონვენციაში საგანგებოდ არის აღნიშნული „GRETA“-ს წევრთა არჩევისას გეოგრაფიული და გენდერული ბალანსის დაცვისა და მრავალდარგობრივი გამოცდილების გათვალისწინების საჭიროება. ჯგუფის წევრები კონვენციის მხარეთა მოქალაქეები უნდა იყვნენ.

კონვენციის განხორციელების მონიტორინგის მიზნით „GRETA“ რეგულარულად მოამზადებს ანგარიშებს და შეაფასებს იმ მხარეების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, რომელთაც თანხმობა განაცხადეს, დაკისრებოდათ ვალდებულებები კონვენციის საფუძველზე, და რომელთა მიმართ კონვენცია ძალაშია. იმ მხარეებს, რომლებიც სრულად ვერ შეასრულებენ კონვენციაში მითითებულ ღონისძიებებს, მოეთხოვებათ საქმიანობის გააქტიურება. ჯგუფის მიზანია ანგარიშისა და დასკვნების მომზადება თითოეული მხარის მიერ კონვენციის განხორციელების თაობაზე.

მხარეთა კომიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მხარის თანაბარ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესსა და კონვენციის განხორციელების მონიტორინგის პროცედურაში, შეუძლია „GRETA“-ს ანგარიშებისა და დასკვნების საფუძველზე შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება ამა თუ იმ მხარის მიერ „GRETA“-ს დასკვნების განსახორციელებლად საჭირო ზომების მიღებას.

რა საჭიროა მონიტორინგის ევროპული მექანიზმი?

მსგავსად მონიტორინგის სხვა ევროპული მექანიზმებისა (როგორიც არის, მაგალითად, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ან სოციალური ქარტიის მონიტორინგის მექანიზმი), „GRETA“ უზრუნველყოფს მხარეთა მიერ კონვენციის ეფექტიან განხორციელებას.

მხარეები ითანამშრომლებენ ტრეფიკინგის ფენომენის აღმოფხვრის საქმეში, ხოლო „GRETA“ -ს, რომელიც მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შედგება, შეუძლია დახმარება გაუწიოს მათ ამის გაკეთებაში და მისცეს შესაძლებლობა, ითანამშრომლონ და გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება. „GRETA“-ს შეუძლია ჩაატაროს ქვეყნებში ვიზიტები ამა თუ იმ ქვეყანაზე მეტი ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

10 საერთაშორისო თანამშრომლობა და თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო თანამშრომლობა

კონვენცია მხარეებისთვის აწესებს ვალდებულებას, ინტენსიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და მინიმუმამდე დაიყვანონ საერთაშორისო მასშტაბით ინფორმაციისა და მტკიცებულებების სწრაფი და შეუფერხებელი მოძრაობისთვის ხელისშემშლელი პირობები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს:

  • ადამიანებით უკანონო ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

  • მსხვერპლთა დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა;

  • კონვენციით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულთა გამოძიება ან სასამართლო პროცესების ჩატარება.

ასეთი თანამშრომლობა უნდა დამყარდეს შესაბამისი საერთაშორისო და რეგიონული დოკუმენტების, ერთგვაროვანი ან ორმხრივი კანონმდებლობის საფუძველზე მიღწეული შეთანხმებებისა და შიდა კანონების შესაბამისად. ანუ ზოგადი პრინციპია, რომ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის დებულებები არც აუქმებს და არც ანაცვლებს სამართლებრივ საკითხებში ურთიერთდახმარებისა და ექსტრადირების შესახებ არსებული საერთაშორისო თუ რეგიონული დოკუმენტების დებულებებს, აღნიშნული დოკუმენტების მხარეთა შორის არსებულ ორმხრივ შეთანხმებებს და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებული შიდა კანონების შესაბამის დებულებებს.

შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებია:

  • ევროპული კონვენცია ექსტრადიციის შესახებ (ETS №24) და მისი ოქმები (ევროპის საბჭო);

  • ევროპული კონვენცია სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ (ETS №30) და მისი ოქმები (ევროპის საბჭო);

  • ევროკავშირის საბჭოს 2002 წლის 13 ივნისის ჩარჩო გადაწყვეტილება დაპატიმრების ევროპული ორდერისა და წევრ სახელმწიფოთა შორის დამნაშავეთა გადაცემის პროცედურების შესახებ (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შემთხვევაში);

  • დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ჩამორთმევისა და კონფისკაციის შესახებ კონვენცია (ETS №141), რომელიც შეეხება თანამშრომლობას ტრეფიკინგის შედეგად მიღებული შემოსავლების ჩამორთმევის, კერძოდ კი ტრეფიკინგთან და ტრეფიკინგის შედეგად ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ქონების გამოვლენის, მისი ადგილმდებარეობის დადგენისა და ჩამორთმევის სფეროებში.

საფრთხეში მყოფი ან დაკარგული პირები

კონვენცია ითვალისწინებს სპეციალურ ზომებს საფრთხეში მყოფ ან დაკარგულ პირებთან დაკავშირებით და მოითხოვს თითოეული მხარისგან, რომ, თუ მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აქვს საფუძველი, ივარაუდოს, რომ მსხვერპლს, მოწმეს, პირს, რომელიც თანამშრომლობს სასამართლო ორგანოებთან, ან აღნიშნულ პირთა ოჯახის წევრს საფრთხე ემუქრება მეორე მხარის ტერიტორიაზე, გააფრთხილოს მეორე მხარე. ინფორმაციის მიმღებ მხარეს მოეთხოვება, მიიღოს დაცვის სათანადო ზომები.

თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან

სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას კონვენციის დებულებათა განხორციელებაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ტრეფიკინგის წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართული ყველანაირი პოლიტიკისა თუ კანონმდებლობის წარმატებისთვის. კონვენცია მოუწოდებს მხარეებს, კონვენციის მიზნების მისაღწევად ხელი შეუწყონ თანამშრომლობას სახელმწიფო ორგანოებს და საჯარო მოხელეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვა შესაბამის ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბების მიზნით. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება გულისხმობს თანამშრომლობის ისეთი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, რომელთა მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოებასთან თავიანთი საქმიანობის კოორდინირების დახმარებით სახელმწიფოს წარმომადგენლები შეასრულებენ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

როგორ შეიძლება განხორციელდეს პრაქტიკულად ასეთი თანამშრომლობა?

მაგალითად,

  • უნდა გაიმართოს „მრგვალი მაგიდის“ გარშემო დისკუსიები ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენელთა მონაწილეობით, რაც ხელს შეუწყობს რეგულარულ დიალოგს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედითი და ეფექტიანი პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისათვის;

  • სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის უნდა გაფორმდეს ურთიერთგაგების მემორანდუმები, რომელთა მიზანი იქნება ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარება და დაცვა;

  • ხელი უნდა შეეწყოთ, მათ შორის, ფინანსურადაც, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ.

11 ურთიერთმიმართება სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან

▲ზევით დაბრუნება


მიმართება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ

კონვენციის ოქმთან ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის შესახებ

კონვენცია არ ხელყოფს პალერმოს ოქმის დებულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს; იგი მიზნად ისახავს, გააძლიეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დოკუმენტით გათვალისწინებული დაცვა და სრულყოს მასში ჩამოყალიბებული სტანდარტები.

მიმართება სხვა (გარდა პალერმოს ოქმისა) საერთაშორისო დოკუმენტებთან

კონვენციის მიზანია, გააფართოოს მსხვერპლთა დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა. ამიტომ მისი დებულებები მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ კონვენციამ არ შეზღუდოს იმ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები, რომელთა მხარეებიც არიან ან იქნებიან კონვენციის მხარეები და რომლებიც არეგულირებს კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებს და უზრუნველყოფს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის უფრო ფართო დახმარების გაწევას და მნიშვნელოვან დაცვას.

კონვენციის ტექსტი ცხადყოფს, რომ მხარეებმა არ უნდა დადონ რაიმე ისეთი შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება კონვენციას.

ხელყოფს თუ არა ევროპის საბჭოს კონვენცია ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის დირექტივას განვითარებადი ქვეყნების იმ მოქალაქეთათვის გაცემული ცხოვრების ნებართვების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანებით უკანონო ვაჭრობის მსხვერპლთ ან რომელთა მიმართ განხორციელებული ქმედება მიზნად ისახავდა უკანონო იმიგრაციის ხელშეწყობას, და რომლებიც თანამშრომლობენ კომპეტენტურ ორგანოებთან?

კონვენცია (მე-40 მუხლი) მიზნად ისახავს, უზრუნველყოფილი იქნეს კონვენციის ჰარმონიული თანაარსებობა სხვა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეთანხმებებთან ან საერთაშორისო დოკუმენტებთან, რომლებიც ეხება კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებს.

კონვენცია უფრო შორს მიდის, ვიდრე ევროკავშირის დირექტივა. იგი უზრუნველყოფს უფლებებს როგორც ქვეყნის ფარგლებში, ისე ქვეყნებს შორის განხორციელებული ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, ასევე იმ მსხვერპლთათვის, რომლებიც არ თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან, მაგრამ საჭიროებენ დახმარებას.

12 კონვენციაში შესწორებების შეტანა

▲ზევით დაბრუნება


მხარეებს შეუძლიათ კონვენციის დებულებებში შესწორების შეტანასთან დაკავშირებული წინადადებების წამოჭრა. ეს წინადადებები უნდა ეცნობოს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერს, ნებისმიერ მხარეს, ევროპის თანამეგობრობას და კონვენციის ხელმოწერის და მასთან მიერთების მიზნით მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს.

„GRETA“ მოამზადებს თავის მოსაზრებას შემოთავაზებულ შესწორებასთან დაკავშირებით და წარუდგენს მას მინისტრთა კომიტეტს. შემოთავაზებული შესწორებისა და „GRETA“-ს მიერ წარმოდგენილი მოსაზრების განხილვის შემდეგ მინისტრთა კომიტეტს შეუძლია დაამტკიცოს შესწორება. მინისტრთა კომიტეტის მიერ დამტკიცებული შესწორება მიღების მიზნით უნდა გადაეცეს მხარეებს. შესწორებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე მინისტრთა კომიტეტი უნდა მოეთათბიროს კონვენციის ყველა მხარეს და მიიღოს მათი ერთსულოვანი თანხმობა.

13 დასკვნითი დებულებები

▲ზევით დაბრუნება


კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა არა მარტო ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის, არამედ ევროპის თანამეგობრობისთვის და იმ არაწევრი სახელმწიფოებისთვისაც, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში (კანადა, ვატიკანი, იაპონია, მექსიკა და ამერიკის შეერთებული შტატები). კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ კონვენციასთან მიერთების მიზნით შესაძლებელია სხვა არაწევრი სახელმწიფოების (რომლებიც არ არიან მოხსენიებულნი ამ დებულებაში) მოწვევა. კონვენციის ძალაში შესასვლელად აუცილებელი რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების რაოდენობაა 10. კონვენციის ამოცანასა და მიზანთან შეუთავსებელი იქნებოდა, ხელშემკვრელ მხარეებს რომ გამონაკლისი გაეკეთებინათ და თავიანთი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილებზე შეეზღუდათ კონვენციის მოქმედება სერიოზული მიზეზის (როგორიც არის, მაგალითად, განსხვავებული სამართლებრივი სისტემა, რომელიც ეხება კონვენციაში განხილულ საკითხებს) გარეშე.

14 ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილის ბოლო სიტყვა

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო თანამეგობრობა ადამიანებით ვაჭრობას ერთხმად აღიარებს ადამიანის უფლებათა განსაკუთრებით მძიმე დარღვევად და ადამიანის ღირსების ხელყოფად. იგი ძირს უთხრის იმ უმთავრესს პრინციპებს, რომელთაც ევროპის საბჭო ეფუძნება: ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

ადამიანებით ვაჭრობა ევროპაში ძალზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი, რომელსაც ჩააბამენ იძულებით შრომაში, ჩვეულებრივ, სექს-ინდუსტრიაში, ხშირად სოფლის მეურნეობასა და «სვეთშოფებშიც»3, და რომელსაც კაპიკებს თუ გადაუხდიან ან სულაც არაფერს მისცემენ.

არც ერთ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი, დამოუკიდებლად დაამარცხოს ტრეფიკინგი: ყველა ინდივიდუალური ინიციატივა განწირულია მარცხისათვის, მაშინ, როცა ერთობლივი მოქმედება აუცილებლად მოიტანს შედეგს. ამიტომ ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ამ ფენომენთან გასამკლავებლად.

კონვენცია ეხება ადამიანებით ვაჭრობის ყველანაირ შემთხვევას. ის ყოვლისმომცველი შეთანხმებაა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვასა და მათი უფლებების ხორცშესხმის უზრუნველყოფაზე. კონვენციის მიზანია, აგრეთვე, ტრეფიკინგის პრევენცია და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა. გარდა ამისა, კონვენცია ითვალისწინებს მონიტორინგის იმგვარი ქმედითი და დამოუკიდებელი მექანიზმის ჩამოყალიბებას, რომელიც შეძლებს კონვენციაში განსაზღვრულ ვალდებულათა შესრულების გაკონტროლებას. 2006 წელს წამოწყებული იქნა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის საბჭოს კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს, მიღწეული იქნეს რაც შეიძლება მეტი რაოდენობით სახელმწიფოთა მიერ კონვენციის ხელმოწერა, რატიფიცირება და განხორციელება. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ენიჭება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ამ კამპანიის წარმართვის და კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირების ხელშეწყობას.

მე მივესალმები ამ სახელმძღვანელოს გამოცემას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალზე სასარგებლო გამოდგება პარლამენტარებისთვის და ისინი შეეცდებიან, ხელი შეუწყონ კონვენციის ხელმოწერას და რატიფიცირებას რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოს მიერ.

3. ნებისმიერი წარმოება, რომელშიც ხდება მძიმე შრომის ექსპლუატაცია ძალზე დაბალი ანაზღაურების პირობებში.

მოდ დე ბორ-ბუკიკიო,
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე

15 დანართი I: ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


პრეამბულა

ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და წინამდებარე კონვენციის სხვა ხელმომწერი სახელმწიფოები:

მიიჩნევენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანია თავის წევრებს შორის უფრო მყარი ერთიანობის მიღწევა;

მიიჩნევენ რა, რომ ადამიანებით ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას და ადამიანის ღირსებისა და პიროვნების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს;

მიიჩნევენ რა, რომ ადამიანებით ვაჭრობას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს ამ ვაჭრობის მსხვერპლთა მონურ მდგომარეობამდე მიყვანა;

მიიჩნევენ რა, რომ მსხვერპლთა უფლებების პატივისცემა, მსხვერპლთა დაცვა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს უპირატესი მნიშვენლობის მქონე მიზნებს;

მიიჩნევენ რა, რომ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული ყველა ღონისძიება ან ინიციატივა უნდა ემყარებოდეს არადისკრიმინაციულობისა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს და ასევე ითვალისწინებდეს ბავშვთა უფლებებს;

ითვალისწინებენ რა მინისტრთა კომიტეტის 112-ე (2003 წლის 14-15 მაისს) და 114-ე (2004 წლის 12-13 მაისი) სხდომებზე წევრ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ დეკლარაციებს, რომლებიც ევროპის საბჭოს მოუწოდებს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ გაძლიერებულ ბრძოლისაკენ;

ითვალისწინებენ რა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ კონვენციას (1950) და მის ოქმებს;

ითვალისწინებენ რა მინისტრთა კომიტეტის შემდეგ რეკომენდაციებს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიმართ: რეკომენდაციას No.R(91)11 ბავშვებისა და მოზარდების სექსუალური ექსპლოატაციის, პორნოგრაფიისა და პროსტიტუციის და ბავშვებითა და მოზარდებით ვაჭრობის შესახებ; რეკომენდაციას No.R(97)13 მოწმეების დაშინებისა და დაცვის უფლების შესახებ; რეკომენდაციას No.R(2000)11 სექსუალური ექსპლოატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და Rec (2001)16 სექსუალური ექსპლოატაციისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ; რეკომენდაციას Rec (2002)5 ძალადობისაგან ქალთა დაცვის შესახებ;

ითვალისწინებენ რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ რეკომენდაციებს: რეკომენდაცია 1325 (1997) ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში ქალებით ვაჭრობისა და იძულებითი პროსტიტუციის შესახებ; რეკომენდაციას 1450 (2000) ევროპაში ქალთა წინაამდეგ მიმართული ძალადობის შესახებ; რეკომენდაციას 1545 (2002) ქალებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული კომპანიის შესახებ; რეკომენდაციას 1610 (2003) ქალებით ვაჭრობასთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული მიგრაციის შესახებ; რეკომენდაციას 1611 (2003) ევროპაში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ; რეკომენდაციას 1663 (2004) მონობა ქვეყნის შიგნით:

ყმობა, მომვლელთა სამსახური და პატარძლების გამოძახება ფოსტით;

ითვალისწინებენ რა ევროკავშირის საბჭოს 2002 წლის 19 ივლისის ჩარჩო გადაწყვეტილებას ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ევროკავშირის საბჭოს 2001 წლის 15 მარტის ჩარჩო გადაწყვეტილებას სამართალწარმოების პროცესში მსხვერპლთა სტატუსის შესახებ და ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის დირექტივას მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისათვის გადაცემული ცხოვრების ნებართვების შესახებ, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთ ან რომლებიც ჩართულ იყვნენ უკანონო იმიგრაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ქმედებებში და რომლებიც თანამშრომლობენ კომპეტენტურ ორგანოებთან;

მხედველობაში იღებენ რა გარეთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ და მის ოქმს ადამიანებით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთისა და დასჯის შესახებ აღნიშნული აქტების მიერ უზრუნველყოფილი დაცვის სრულყოფისა და მათ მიერ დადგენილი სტანდარტების განვითარების მიზნით;

მხედველობაში იღებენ რა სხვა საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც გამოიყენება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში;

მხედველობაში იღებენ რა ყოვლისმომცველი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავების აუცილებლობას, რომლის მიზანია ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვა და მონიტორინგის სპეციალური მექანიზმების შემუშავება;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

თავი I — მიზნები, მოქმედების ფარგლები, არადისკრიმინაციულობის პრინციპი და განსაზღვრებები

მუხლი 1 — კონვენციის მიზნები

1. წინამდებარე კონვენციის მიზნებია:

a) ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა, რომლის დროსაც უზრუნველყოფილ უნდა იქნას გენდერული თანასწორობა;

b) ტრეფიკინგის მსხვერპლთა უფლებების დაცვა, მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვისა და დახმარების ყოვლისმომცველი სისტემის შექმნა, რომელშიც უზრუნველყოფილ უნდა იქნას გენდერული თანასწორობა და ასევე ეფექტური გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველყოფა;

c) ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

2. მონაწილეთა მიერ ამ კონვენციის დებულებათა ეფექტურად განხორციელების მიზნით, კონვენციის საფუძველზე იქმნება მონიტორინგის სპეციალური მექანიზმი.

მუხლი 2 - მოქმედების ფარგლები

წინამდებარე კონვენცია ვრცელდება ადამიანებით ვაჭრობის ყველა ფორმაზე, იმისდა მიუხედავად ის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ფარგლებში ხორციელდება თუ გააჩნია ტრანსნაციონალური ხასიათი, და არის თუ არა ის დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან.

მუხლი 3 — არადისკრიმინაციულობის პრინციპი

მონაწილეები წინამდებარე კონვენციის დებულებებს, კერძოდ, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და ხელშეწყობისაკენ მიმართულ ზომებს განახორციელებენ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რომელიც ემყარება სქესს, რასობრივ კუთვნილებას, კანის ფერს, ენას, რელიგიურ მრწამსს, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებებს, ეროვნულ ან სოციალურ წარმოშობას, ეროვნული უმცირესობის წევრობას, საკუთრებას, დაბადებას ან სხვა სტატუსს.

მუხლი 4 — განსაზღვრებები

წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის:

a) „ადამიანებით ვაჭრობა” ნიშნავს ექსპლოატაციის მიზნით პირთა სამუშაოზე აყვანას, ტრანსპორტირებას, გადაცემას, თავშესაფრის მიცემა ან მიღებას, მუქარის ან ძალის ან იძულების სხვა ფორმების გამოყენებას, მოტაცების, თაღლითობის, მოტყუების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ან უმწეო მდგომარეობით სარგებლობის ან საზღაურის ან სარგებლის მიცემის ან მიღების გზით, რომლის მიზანია იმ პირის თანხმობის მიღება, რომელიც ახორციელებს კონტროლს სხვა პირზე. ექსპლოატაცია, ყველაზე შეზღუდული განმარტებით, მოიცავს სხვა პირთა ექსპლოატაციას პროსტიტუციის მიზნით ან სექსუალური ექსპლოატაციის სხვა ფორმებს, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონურ ან სხვა მსგავს მდგომარეობაში ჩაყენებას, ყმობას ან ორგანოების ამოცლას;

b) „ადამიანებით ვაჭრობის“ მსხვერპლის თანხმობა გამოყენებულ იქნას ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის არ ჩაითვლება ნამდვილად, თუ ეს თანხმობა მიღებულ იქნა (ა) ქვეპუნქტში მითითებული რამოდენიმე საშუალებით;

c) ექსპლოატაციის მიზნით ბავშვის სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაცემა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება განიხილება როგორც „ადამიანებით ვაჭრობა“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამოყენებული არ ყოფილა ამ მუხლის (ა) ქვეპუნქტში მითითებული რომელიმე საშუალება;

d) „ბავშვი“ ნიშნავს თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს;

e) „მსხვერპლი“ ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის ობიექტს ამ მუხლის განსაზღვრების შესაბამისად.

თავი II — პრევენცია, თანამშრომლობა და სხვა ზომები

მუხლი 5 — ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია

1. თითოეული მონაწილე მიიღებს ზომებს ეროვნულ დონეზე კოორდინაციის განხორციელების ან განმტკიცების მიზნით იმ ორგანოთა შორის, რომლებსაც ევალებათ ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა.

2. თითოეული მონაწილე შეიმუშავებს და/ან გააძლიერებს ეფექტურ პოლიტიკას და პროგრამებს ადამიანებით ვაჭრობის პრევენციის მიზნით ისეთი საშუალებების გამოყენების გზით, როგორებიცაა: კვლევა, ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება და საგანმანათლებლო კამპანიები, სოციალური და ეკონომიკური ინიციატივები და სასწავლო პროგრამები, განსაკუთრებით იმ პირთათვის, რომლებიც წარმოადგენენ ტრეფიკინგის სამიზნეს და იმ პროფესიონალებისთვის, რომლებიც მუშაობენ ადამიანებით ვაჭრობის სფეროში.

3. მე-2 პუნქტში მითითებული ყველა სახის პოლიტიკისა და პროგრამების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების დროს, თითოეულმა მონაწილემ ხელი უნდა შეუწყოს ისეთი მეთოდების დანერგვას, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე, გენდერულ თანასწორობასა და განსაკუთრებით ბავშვთა ინტერესების დაცვაზე.

4. თითოეული მონაწილე მიიღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს მიგრაციის კანონიერი ფორმით განხორციელება, შესაბამისი სამსახურების მიერ თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერი შესვლისა და ყოფნის პირობების შესახებ ზუსტი ინფორმაციის გავრცელების გზით.

5. თითოეული მონაწილე გაატარებს სპეციალურ ზომებს, რათა შეამციროს ბავშვების ტრეფიკინგში ჩართვის შესაძლებლობა, მათთვის დამცავი გარემოს შექმნის გზით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ზომებს, სათანადო შემთხვევებში, განახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა შესაბამისი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების ის ერთეულები, რომლებიც მუშაობენ ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა ან მათვის დახმარების გაწევის სფეროში.

მუხლი 6 — მოთხოვნის შესუსტების მიზნით გატარებული ზომები

ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ექსპლოატაციის ყველა ფორმასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნის შესუსტების მიზნით, რასაც შედეგად მოსდევს ტრეფიკინგი, თითოეული მონაწილე მიიღებს ან გააძლიერებს საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო, სოციალურ, კულტურულ ან სხვა ზომებს, რომლებიც მოიცავს შემდეგს:

a) კვლევის ჩატარება ეფექტური პრაქტიკის, მეთოდების და სტრატეგიების სფეროში;

b) საზოგადოებრივი შეგნების ამაღლება მედიის და სამოქალაქო საზოგადოების პასუხისმგებლობისა და იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც მათ ეკისრებათ მოთხოვნის, როგორც ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზის განსაზღვრაში;

c) მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიების ჩატარება, რომელშიც, შესაბამის შემთხვევებში, მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები;

d) პრევენციული ზომების გატარება, რომელიც მოიცავს სასკოლო ასაკის ბიჭებისა და გოგონებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება სქესობრივი დისკრიმინაციის მიუღებლობასა და მის სავალალო შედეგებზე, გენდერული თანასწორობისა და თითოეული ადამიანის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობაზე.

მუხლი 7 — სასაზღვრო ზომები

1. პირთა თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუზღუდავად, მონაწილეები შესაძლებლობის ფარგლებში გააძლიერებენ სასაზღვრო კონტროლის ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და გამოაშკარავების მიზნით.

2. თითოეული მონაწილე მიიღებს საკანონმდებლო ან სხვ შესაბამის ზომებს, რათა შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუშალოს კომერციული გადამზიდველი კომპანიების მიერ ექსპლოატირებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებას წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

3. შესაბამის შემთხვევებში და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების დებულებათა შეუზღუდავად, ასეთი ზომები ითვალისწინებს კომერციული გადამზიდველი კომპანიების, მათ შორის ნებისმიერი სატრანსპორტო კომპანიის ან ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან ოპერატორის ვალდებულებას, დაადგინოს აქვს თუ არა ყველა მგზავრს მიმღებ ქვეყანაში შესვლისთვის აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტაცია.

4. თითოეული მონაწილე თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მიიღებს აუცილებელ ზომებს შესაბამისი სანქციების დაწესების მიზნით ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

5. თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომელთა მიზანია შესაბამისი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვათ ან გაუუქმდეთ ვიზები იმ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

6. მონაწილეები გააძლიერებენ თანამშრომლობას სასაზღვრო კონტროლის სამსახურებს შორის კომუნიკაციის პირდაპირი არხების შექმნისა და ფუნქციონირების გზით.

მუხლი 8 — დიკუმენტაციის უსაფრთხოება და კონტროლი

თითოეული მონაწილე მიიღებს აუცილებელ ზომებს, რათა:

a) უზრუნველყოს, რომ მის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტაცია ან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ იძლეოდეს მათი არადანიშნულებისამებრ გამოყენების, გაყალბების ან უკანონო გზით შეცვლის, რეპროდუცირების ან გაცემის შესაძლებლობას;

b) უზრუნველყოს მონაწილის მიერ ან მისი სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტაციის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთების მთლიანობა და უსაფრთხოება და აღკვეთოს მათი უკანონოდ შექმნა და გაცემა.

მუხლი 9 — დოკუმენტაციის კანონიერება და ნამდვილობა

ნებისიმერი მონაწილის მოთხოვნით, თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, გონივრულ ვადაში შეამოწმებს იმ სამგზავრო დოკუმენტაციის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთების კანონიერებას და ნამდვილობას, რომლებიც გაცემულია ან ივარაუდება რომ გაცემულ იქნა მისი სახელით და რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ადამიანებით ვაჭრობის მიზნით.

თავი III — მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და განმტკიცების მიზნით გატარებული ზომები და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა

მუხლი 10 — მსხვერპლთა იდენტიფიკაცია

1. თითოეული მონაწილე თავის კომპეტენტურ ორგანოებში მიავლენს პირებს, რომლებსაც მიღებული აქვთ შესაბამისი განათლება და გააჩნიათ კვალიფიკაცია ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე მსხვერპლთა, მათ შორის ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათთვის დახმარების გაწევის სფეროში და უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანოების თანამშრომლობას ერთმანეთთან და სხვა შესაბამის დამხმარე ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს მსხვერპლთა იდენტიფიცირება, ქალებისა და ბავშვების სპეციფიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, და შესაბამის შემთხვევებში, მსხვერპლთათვის გაიცეს ცხოვრების ნებართვები წინამდებარე კონვენციის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

2. თითოეული მონაწილე, სხვა მონაწილეებთან და შესაბამის დამხმარე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, მიიღებს ისეთ საკანონმდებლობ ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლთა იდენტიფიცირების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ კომპეტენტურ ორგანოებს აქვთ სათანადო საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ესა თუ ის პირი წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლს, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ასეთი პირის ყოფნას კომპეტენტურ ორგანოთა მიერ წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული და-ნაშაულის მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცესის დასრულებამდე, და ასევე უზრუნველყოფს ასეთი მსხვერპლისათვის მე-12 მუხლის 1 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გაწევას.

3. თუ მსხვერპლის ასაკი არ არის დადგენილი და არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ იგი ბავშვია, მსხვერპლი ჩაითვლება ბავშვად და მისი ასაკის დადგენამდე მის მიმართ განხორციელდება სპეციალური დაცვის ზომები.

4. როგორც კი მოხდება უპატრონო ბავშვის, როგორც მსხვერპლის იდენტიფიცირება, თითოეული მონაწილე:

a) უზრუნველყოფს რათა ბავშვს დაენიშნოს კანონიერი მეურვე, ორგანიზაცია ან ორგანო, რომელიც დაიცავს ასეთი ბავშვის ინტერესებს;

b) მიიღებს აუცილებელ ზომებს მისი ვინაობისა და მოქალაქეობის დადგენის მიზნით;

c) ყველაფერს იღონებს მისი ოჯახის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, თუ ეს შედის ბავშვის ინტერესებში.

მუხლი 11 — პირადი ცხოვრების დაცვა

1. თითოეული მონაწილე დაიცავს მსხვერპლთა პირად ცხოვრებასა და ვინაობას. მათთან დაკავშირებული პირადი მონაცემები ექვემდებარება შენახვას და გამოყენებას „პირად მონაცემთა ავტომატური დამუშავებისაგან პირთა დაცვის შესახებ“ კონვენციის პირობათა შესაბამისად (ETS No.108).

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვის ვინაობა ან მისი ვინაობის დასადგენად საჭირო მონაცემები არ გახდეს საჯაროდ ცნობილი საინფორმაციო საშუალებებით ან ნებისმიერი სხვა გზით, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა ბავშვის ოჯახის წევრების დადგენის ან მისი კეთილდღეობის და დაცვის სხვაგვარად უზრუნველყოფის მიზნით.

3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, როგორც ეს განმარტებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, თითოეული მონაწილე განიხილავს ისეთი ზომების გატარების შესაძლებლობას, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საინფორმაციო საშუალებებს მსხვერპლთა პირადი ცხოვრებისა და ვინაობის დაცვაში, თვითრეგულირების, ან რეგულირების ან ერთობლივი რეგულირების ზომების გატარების გზით.

მუხლი 12 — მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა

1. თითოეული მონაწილე მიიღებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციას. ასეთი დახმარება მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

a) ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს სასიცოცხლო მინიმუმს: სათანადო და უსაფრთხო საცხოვრებელი ბინა, ფსიქოლოგიური და მატერიალური დახმარება;

b) პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა;

c) მთარგმნელთა და თარჯიმანთა მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში;

d) მათთვის გასაგებ ენაზე კონსულტაციის გაწევა და ინფორმაციის მიწოდება მათი იურიდიული უფლებებისა და იმ მომსახურებათა შესახებ, რომლებითაც მათ შეუძლიათ სარგებლობა;

e) დახმარების გაწევა იმ მიზნით, რომ მათი უფლებები და ინტერესები სათანადოდ იქნას წარმოდგენილი და დაცული დამნაშავეთა წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართალწარმოების შესაბამის ეტაპებზე;

f) ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა.

2. თითოეული მონაწილე მხედველობაში მიიღებს მსხვერპლის უსაფრთხოებისა და დაცვის საჭიროებებს.

3. ამასთან, თითოეული მონაწილე აუცილებელ სამედიცინო ან სხვა სახის დახმარებას გაუწევს იმ მსხვერპლთ, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე და რომელთაც არა აქვთ საკმარისი სახსრები და საჭიროებენ ასეთ დახმარებას.

4. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც იმ მსხვერპლთ, რომლებიც კანონიერად ცხოვრობენ მის ტერიტორიაზე, ექნებათ შრომის ბაზრით სარგებლობის, პროფესიული სწავლებისა და განათლების მიღების უფლება.

5. თითოეული მონაწილე, თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მიიღებს ზომებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების იმ ერთეულებთან თანამშრომლობის მიზნით, რომლებიც მუშაობენ მსხვერპლთათვის დახმარების გაწევის სფეროში.

6. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლისათვის დახმარების გაწევა დამოკიდებული არ იყოს მის სურვილზე მოწმედ გამოვიდეს სასამართლო პროცესზე.

7. ამ მუხლის დებულებათა განხორციელების მიზნით, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ მომსახურების გაწევა მოხდეს შეთანხმებისა და ინფორმირებულობის საფუძველზე, უმწეო მდგომარეობაში მყოფთა განსაკუთრებული საჭიროებებისა და ბინით უზრუნველყოფის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში ბავშვთა უფლებების გათვალისწინებით.

მუხლი 13 — ზეგავლენის დაძლევისა და გამორკვევის პერიოდი

1. თითოეული მონაწილე თავის შიდა კანონმდებლობაში გაითვალისწინებს ზეგავლენის დაძლევისა და გამორკვევის 30 დღიან პერიოდს, იმ შემთხვევაში თუ არსებობს სათანადო საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოცემული პირი წარმოადგენს მსხვერპლს. ასეთი პერიოდი საკმარისი იქნება აღნიშნული პირისათვის, რათა მან დასძლიოს და თავი დააღწიოს ტრეფიკიორთა ზეგავლენას და/ან მიიღოს გადაწყვეტიტლება კომპეტენტურ ორგანიებთან თანამშრომლობის შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში, არ შეიძლება გამოცემულ იქნას განკარგულება ამ პირის გაძევების შესახებ. ეს ნორმა არ ზღუდავს კომპეტენტურ ორგანოთა უფლებას განახორციელონ თავიანთი საქმიანობა შესაბამისი სამართალწარმოების ყველა ეტაპზე და განსაკუთრებით, დანაშაულებათა გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის დროს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მონაწილეები ამ პირებს დართავენ თავიანთ ტერიტორიებზე ყოფნის უფლებას.

2. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ამ მუხლის 1 პუნქტში მითითებულ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ მე-12 მუხლის 1 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ზომებით.

3. მონაწილეები ვალდებულნი არ არიან დაიცვან ეს პერიოდი, თუ იგი ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგის ინტერესებს, ან თუ გამოირკვევა, რომ მსხვერპლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა საფუძველს არის მოკლებული.

მუხლი 14 — ცხოვრების ნებართვა

1. თითოეული მონაწილე მსხვერპლის სახელზე გასცემს ცხოვრების ნებართვას, რომელსაც შეიძლება ვადა გაუგრძელდეს ერთ-ერთ ან ორივე შემთხვევაში:

a) თუ კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ მსხვერპლის ყოფნა აუცილებელია მისი პირადი მდგომარეობიდან გამომდინარე;

b) თუ კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს, რომ მსხვერპლის ყოფნა აუცილებელია გამოძიების ან სისხლის სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს კომპეტენტურ ორგანოებთან მისი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით.

2. ბავშვი მსხვერპლის სახელზე ცხოვრების ნებართვა გაიცემა, თუ ეს იურიდიული თვალსაზრისით აუცილებელია და თუ ამას მოითხოვს ბავშვის ინტერესები. საჭიროების შემთხვევაში, ამგვარ ნებართვას შეიძლება ვადა გაუგრძელდეს იმავე პირობების დაცვით;

3. ცხოვრების ნებართვის განუახლებლობა ან გაუქმება რეგულირდება მონაწილის შიდა კანონმდებლობის მიხედვით;

4. თუ მსხვერპლი წარადგენს განაცხადს რაიმე სხვა სახის ცხოვრების ნებართვის მიღების მიზნით, შესაბამისმა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს რომ ეს პირი ფლობს ან ფლობდა ცხოვრების ნებართვას 1 პუნქტის შესაბამისად.

5. იმ მონაწილეთა ვალდებულებების გათვალისწინებით, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის 40-ე მუხლი, თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ ნებართვის მინიჭება ამ მუხლის დებულებათა შესაბამისად განხორციელდეს პირის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს და მიიღოს თავშესაფარი.

მუხლი 15 — კომპენსაცია და იურიდიული დახმარება

1. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლთათვის, მათ მიერ კომპეტენტურ ორგანოებთან ურთიერთობის დამყარებისთანავე, ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე შესაბამისი სასამართლო პროცესისა და ადმინისტრაციული საქმის წარმოების შესახებ.

2. თითოეული მონაწილე თავის შიდა კანონმდებბლობაში გაითვალისწინებს მსხვერპლთა უფლებას მიიღონ იურიდიული დახმარება და უფასო იურიდიული კონსულტაცია თავისი შიდა კანონმდებლობის პირობათა შესაბამისად.

3. თითოეული მონაწილე თავის კანონმდებლობაში გაითვალისწინებს მსხვერპლთა უფლებას მიიღონ კომპენსაცია დანაშაულის ჩამდენ პირთაგან.

4. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომდებიც აუცილებელია, რათა უზრუნველყოფილი იქნას მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდა თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მსხვერპლთა საკომპენსაციო ფონდის შექმნის ან ისეთი ზომების ან პროგრამების განხორციელების გზით, რომლებიც მიზნად ისახავს მსხვერპლთათვის სოციალური დახმარების გაწევასა და მათ სოციალურ ინტეგრაციას, რაც შეიძლება დაფინანსდეს 23-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელების შედეგად ამონაგები თანხებიდან.

მუხლი 16 — მსხვერპლთა რეპატრიაცია და დაბრუნება

1. მონაწილე, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს მსხვერპლი ან რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს ჰქონდა მუდმივად ცხოვრების უფლება მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს, ხელს შეუწყობს ამ პირის დაბრუნებას არამართებული ან უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე. პირის უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით.

2. როდესაც ერთი მონაწილე მსხვერპლს უბრუნებს სხვა მონაწილეს, ასეთი დაბრუნება უნდა განხორციელდეს პირის უფლებების, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვით და სასამართლო პროცესზე იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს პირი წარმოადგენს მსხვერპლს. ამასთან, სასურველია, რომ ეს დაბრუნება ატარებდეს ნებაყოფლობით ხასიათს.

3. მიმღები მონაწილის მოთხოვნით, მოთხოვნის მიმღები მონაწილე გადაამოწმებს, არის თუ არა მოცემული პირი მისი მოქალაქე, ან ჰქონდა თუ არა მას მუდმივი ცხოვრების უფლება მის ტერიტორიაზე მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს.

4. შესაბამისი დოკუმენტაციის არმქონე მსხვერპლის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილე, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს მსხვერპლი ან რომლის ტერიტორიაზეც ამ პირს ჰქონდა მუდმივად ცხოვრების უფლება მიმღები მონაწილის ტერიტორიაზე შესვლის დროს, გასცემს, მიმღები მონაწილის მოთხოვნით, ისეთ სამგზავრო დოკუმენტაციას ან სხვა სახის ნებართვას, რომელიც აუცილებელია ამ პირის მის ტერიტორიაზე შესვლის ან ხელმეორედ შესვლისთვის.

5. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია რეპატრიაციის ისეთი პროგრამების განხორციელებისთვის, რომლებიც მოიცავს შესაბამის ეროვნულ ან საერთაშორისო ინსტიტუტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთი პროგრამები მიზნად ისახავს რე-ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას. თითოეული მონაწილე, პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და გაუმჯობესების გზით, ხელს შეუწყობს მსხვერპლთა რეინტეგრაციას იმ სახელმწიფოში, სადაც ისინი ბრუნდებიან, განათლების სისტემასა და შრომის ბაზარზე რეინტეგრაციის ჩათვლით. ბავშვების შემთხვევაში, ეს პროგრამები ითვალისწინებს განათლების უფლებითა და შესაბამისი სამედიცონო დახმარებით უზრუნველყოფას და ზომების გატარებას ბავშვის ოჯახში ან შესაბამის მზრუნველობით დაწესებულებაში დაბინავების მიზნით.

6. თითოეული მონაწილე გაატარებს აუცილებელ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, შესაბამის შემთხვევებში ნებისმიერ სხვა მონაწილესთან თანამშრომლობის გზით, რათა მსხვერპლი უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ინფორმაციით იმ სტრუქტურების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მათთვის დახმარების გაწევა იმ ქვეყანაში, სადაც ისინი დაბრუნებულ ან რეპატრირებულ იქნენ. ასეთი სტრუქტურებია: სამართალდამცავი დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, იურიდიული საკონსულტაციო ფირმები და სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოები.

7. ბავშვი მსხვერპლი არ იქნება დაბრუნებული რომელიმე სახელმწიფოში, თუ არსებობს მონაცემები, რომ ამ სახელმწიფოში ბავშვის დაბრუნება არ არის მიზანშეწონილი რისკისა და უსაფრთხოების ფაქტორებიდან გამომდინარე.

მუხლი 17 — გენდერული თანასწორობა

თითოეული მონაწილე, წინამდებარე თავით გათვალისწინებული ზომების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პროცესში მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობისა და გენდერული თანაბარუფლებიანობის დამკვიდრებას.

თავი IV — სისხლის სამართლის მატერიალური ნორმები

მუხლი 18 ადამიანებით ვაჭრობის კრიმინალიზაცია

თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, მისი განზრახ განხორციელების შემთხვევაში, გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად.

მუხლი 19 — მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობის კრიმინალიზაცია

თითოეული მონაწილე განიხილავს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ზომების გატარების შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია, რათა თავის შიდა კანონმდებლობაში სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს პირის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც წარმოადგენს ექსპლოატაციის წინამდებარე კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად, თუ ამგვარი მომსახურებით სარგებლობა ხორციელდება წინასწარი შეცნობით იმისა, რომ ეს პირი ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლია.

მუხლი 20 — მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ქმედებების კრიმინალიზაცია

თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ქმედებები გამოცხადდეს სისხლის სამართლის დანაშაულად, იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩადენილია განზრახ და ადამიანებით ვაჭრობის განხორციელების მიზნით:

a) მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაყალბება;

b) ასეთი დოკუმენტის მოპოვებით ან მიწოდება;

c) სხვა პირის მგზავრობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მითვისება, მოშორება, დამალვა, დაზიანება ან განადგურება.

მუხლი 21 — მცდელობა და დახმარება ან წაქეზება

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს, მათი განზრახ ჩადენის შემთხვევაში, წინამდებარე კონვენციის მე-18 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დახმარების გაწევა ან წაქეზება.

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაწაულად გამოცხადდეს, წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლითა და მე-20 მუხლის (ა) პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობა, თუ მას აქვს წინასწარგანზრახული ხასიათი.

მუხლი 22 — იურიდიული პირის პასუხისმგებლობა

1. თითოეული მონაწილე გაატრებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელსაც ფიზიკური პირი სჩადის ამ იურიდიული პირის სასარგებდლოდ, ინდივიდუალურად ან როგორც იურიდიული პირის წევრი, სადაც მას უკავია წამყვანი თანამდებობა, და ამ დანაშაულის ჩადენა დაკავშირებულია:

a) მის უფლებამოსილებასთან შეასრულოს იურიდიული პირის წარმომადგენლის როლი;

b) მის უფლებამოსილებასთან მიიღოს გადაწყვეტილებები იურიდიული პირის სახელით;

c) მის უფლებამოსილებასთან განახორციელოს კონტროლი იურიდიული პირის შიგნით.

2. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თითოეული მონაწილე გაატარებს საჭირო ზომებს, რათა იურიდიულ პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ პირველ პარაგრაფში მითითებული ფიზიკური პირის მხრიდან განუხორციელებელმა ზედამხედველობამ ან კონტროლმა შესაძლებელი გახადა ფიზიკური პირის მიერ, რომელიც მოქმედებს სამსახურებრივი უფლებამოსილებით, წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა ამ იურიდიული პირის სასარგებლოდ.

3. მონაწილის იურიდიული პრინციპების შესაბამისად, იურიდიულ პირს შესაძლებელია დაეკისროს სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი ან ადმინისტრაციულსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

4. ასეთი პასუხისმგებლობა არ უნდა ზღუდავდეს იმ ფიზიკურ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული.

მუხლი 23 — სანქციები და ზომები

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა მე-18-21-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებისთვის შემოღებულ იქნას ეფექტური, ზომიერი და გამასწორებელი ეფექტის მქონე სანქციები. მე-18 მუხლის შესაბამისად დადგენილი სისხლის სამართლებრივი დანაშაულების შემთხვევაში, თუ ისინი ჩადენილია ფიზიკურ პირთა მიერ, ასეთი სანქციები მოიცავს სასჯელის ისეთ ზომას, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა, რასაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ექსტრადიცია.

2. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ 22-ე მუხლის შესაბამისად პასუხისგებაში მიცემული იურიდიული პირის მიმართ განხორციელდეს ეფექტური, ზომიერი და გამასწორებელი ეფექტის მქონე სისხლისსამართლებრივი ან არასისხლისსამართლებრივი სანქციები ან ზომები, ფულადი სანქციების ჩათვლით.

3. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლითა და მე-20 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად დადგენილი სისხლის სამართლის დანაშაულებათა იარაღების ან მათი ჩადენის შედეგად მიღებული შემოსავლების, ან იმ ქონების კონფისკაციას ან სხვა სახით ჩამორთმევას, რომლის ღირებულებაც შეესაბამება ასეთ შემოსავლებს.

4. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია იმ დაწესებულების დროებით ან სამუდამოდ დახურვის მიზნით, რომელიც გამოიყენებოდა ადამიანებით ვაჭრობის მიზნით, კეთილსინდისიერ მესამე მონაწილეთა უფლებების შეუზღუდავად, ან რომელებიც აუცილებელია, რათა დანაშაულის ჩამდენ პირს აეკრძალოს, დროებით ან სამუდამოდ, ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომლის განმავლობაშიც ჩადენილ იქნა ასეთი დანაშაული.

მუხლი 24 — დამამძიმებელი გარემოებები

თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად დადგენილი დანაშაულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას, შემდეგი სახის გარემოებები მიჩნეულ იქნას დამამძიმებელ გარემოებებად:

a) დანაშაული განზრახ ან უხეში დაუდევრობით საფრთხეში აგდებდა მსხვერპლის სიცოცხლეს;

b) დანაშაული ჩადენილ იქნა ბავშვის წინააღმდეგ;

c) დანაშაული ჩადენილ იქნა საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს;

d) დანაშაული ჩადენილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის ფარგლებში.

მუხლი 25 — ნასამართლეობა

თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა სასჯელის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნას სხვა მონაწილის მიერ წინამდებარე კონვენციაში მითითებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოტანილი განაჩენები.

მუხლი 26 — სასჯელის გამომრიცხავი გარემოება

თითოეული მონაწილე თავისი სამართლებრივი სისტემის ძირითადი პრინციპების შესაბამისად უზრუნველყოფს, რომ მსხვერპლთ არ დაეკისროს სასჯელები კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მონაწილეობის გამო, იმ შემთხვევაში თუ ისინი იძულებულნი იყვნენ ასე მოქცეულიყვნენ.

თავი V - გამოძიება, სამართალდევნა და საპროცესო კანონმდებლობა

მუხლი 27 - ზომების გატარება ცალმხრივად და თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე

1. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიება ან მათთან დაკავშირებით სამართლებრივი დევნის განხორციელება არ იყოს დამოკიდებული მსხვერპლის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე ან მის მიერ გაკეთებულ საბრალდებო განაცხადზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ ჩადენილ იქნა მის ტერიტორიაზე.

2. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს, რომ იმ დანაშაულის მსხვერპლმა, რომელიც ჩადენილ იქნა მონაწილის და არა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც ეს პირი ცხოვრობს, შეიტანოს საჩივარი იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებში, სადაც ის ცხოვრობს. თუ იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელშიც შეტანილ იქნა საჩივარი, არ გააჩნია ამ საჩივრის განხილვის კომპეტენცია, იგი დაუყოვნებლივ გადასცემს საჩივარს იმ მონაწილის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც ჩადენილ იქნა დანაშაული, საჩივარი განიხილება იმ მონაწილის შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ჩადენილ იქნა დანაშაული.

3. საკანონმდებლო ან სხვა ზომების განხორციელების გზით და თავისი შიდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, თითოეული მონაწილე ნებისმიერ იმ ჯგუფს, ფონდს, ასოციაციას ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მისცემს შესაძლებლობას დახმარება გაუწიოს და/ან მხარი დაუჭიროს მსხვერპლს, მისივე თანხმობით, წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის პროცესის განმავლობაში.

მუხლი 28 - მსხვერპლთა, მოწმეთა და იმ პირთა დაცვა, რომლებიც თანამშრომლობენ სამართლებრივ ორგანოებთან

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ბოროტმოქმედების მიმართ ჩატარებული გამოძიების და სამართალდევნის პროცესში ან მის შემდგომ, იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აციდებული შურისძიება ან დაშინება, ეფექტური და სათანადო დაცვით უზრუნველყოფილ იქნან:

ა) მსხვერპლნი;

ბ) ის პირები, რომლებიც წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებათა შესახებ ინფორმაციას აწვდიან საგამოძიებო ან სამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებს ან სხვაგვარად თანამ- შრომლობენ მათთან;

ც) მოწმეები, რომლებიც ჩვენებას იძლევიან წინამდებარე კონვენციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლის დანაშაულებათა შესახებ;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში იმ პირთა ოჯახის წევრები, რომლებიც მითითებულია ქვეპუნქტებში (ა) და (ც).

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას სხვადასხვა სახის დაცვა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ დაცვას, ადგილმდებარეობისა და ვინაობის შეცვლას და სამსახურის შოვნაში დახმარების გაწევას.

3. მსხვერპლი ბავშვის მიმართ გატარდება სპეციალური დაცვითი ზომები ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

4. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ იმ ჯგუფების, ფონდების, ასოციაციების ან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ანხორციელებენ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას, უზრუნველყოფილ იქნან შესაბამისი დაცვით, რათა თავიდან იქნას აცილებული მათთვის სამაგიეროს გადახდა ან დაშინება ბოროტმოქმედების მიმართ ჩატარებული გამოძიების და სამართალდევნის პროცესში ან მის შემდგომ.

5. თითოეული მონაწილე განიხილავს სხვა სახელმწიფოებთან შესაბამისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობას წინამდებარე მუხლის განხორციელების მიზნით.

მუხლი 29 - სპეციალიზებული ორგანოები და მაკოორდინირებელი ორგანოები

1. თითოეული მონაწილე გაატარებს აუცილებელ ზომებს პირების ან ორგანოების სპეციალიზების მიზნით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დაცვის სფეროში. მონაწილის საკანონმდებლო სისტემის ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ასეთი პირები ან ორგანოები ისარგებლებენ აუცილებელი დამოუკიდებლობით, რაც მათ მისცემს თავიანთი ფუნქციების ეფექტურად და უმართებულო ზეწოლის გარეშე განხორციელების საშუალებას. ასეთი პირები ან ასეთ ორგანოთა პერსონალი თავიანთი ამოცანების შესასრულებლად ისარგებლებს შესაბამისი ტრეინინგით და ფინანსური რესურსებით.

2. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია თავიანთი სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა საჯარო სამსახურების მიერ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკისა და ღონისძიებების კოორდინირების მიზნით, რაც განხორციელდება საკოორდინაციო ორგანოების შექმნის გზით.

3. თითოეული მონაწილე უზრუნველყოფს შესაბამისი მოხელეებისთვის სასწავლო კურსების ჩატარებას ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, ადამიანის უფლებათა შესახებ ტრეინინგის ჩათვლით. ამგვარი ტრეინინგი შეიძლება ითვალისწინებდეს რომელიმე კონკრეტული სამსახურის სპეციფიკას და ორიენტირებული იყოს შემდეგი საკითხების შესწავლაზე: ტრეფიკინგის აღკვეთის მიზნით გამოყენებული მეთოდიკა, ტრეფიკიორთა მიმართ განხორციელებული სამართალდევნა და მსხვერპლთა უფლებების დაცვა, ტრეფიკიორთაგან მსხვერპლთა დაცვის ჩათვლით.

4. თითოეული მონაწილე განიხილავს ეროვნული მომხსენებლის დანიშვნის ან სხვა მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ტრეფიკინგის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ღონისძიებებისა და მათ მიერ ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების მონიტორინგის მიზნით.

მუხლი 30 — სასამართლო პროცესი

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციის, კერძოდ კი მისი მე-6 მუხლის შესაბამისად, თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო ან სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია, რათა სასამართლო პროცესის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნას:

a) მსხვერპლთა პირადი ცხოვრების და საჭიროების შემთხვევაში, ვინაობის დაცვა;

b) მსხვერპლთა უსაფრთხოება და მათი დაცვა, რათა მათ მიმართ არ იქნას გამოყენებული დაშინების მეთოდები. თავისი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად და ბავშვი მსხვერპლის შემთხვევაში, ბავშვის საჭიროებათა უზრუნველყოფისა და მათთვის სპეციალური დაცვის ზომებით სარგებლობის უფლების მინიჭების გზით.

მუხლი 31 — იურისდიქცია

1. თითოეული მონაწილე გაატარებს ისეთ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული ნებისმიერ დანაშაულზე თავისი იურისდიქციის დაწესების მიზნით, იმ შემთხვევაში თუ დანაშაული ჩადენილია:

a) მის ტერიტორიაზე; ან

b) იმ გემზე, რომელიც დაცურავს ამ მონაწილის დროშით; ან

c) იმ თვითმფრინავზე, რომელიც რეგისტრირებულია ამ მონაწილის კანონმდებლობის შესაბამისად; ან

d) მისი მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე იმ პირის მიერ, რომელსაც მის ტერიტორიაზე გააჩნია მუდმივი ადგილსამყოფელი, თუ დანაშაული დასჯადია იმ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით, სადაც იგი ჩადენილ იქნა, ან თუ დანაშაული ჩადენილ იქნა იქ, სადაც არ ვრცელდება არცერთი სახელმწიფოს ტერიტორიული იურისდიქცია;

e) მისი მოქალაქის წინააღმდეგ.

2. თითოეულ მონაწილეს შეუძლია, ხელმოწერის ან სარიტიფიკაციო სიგელის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების აქტის დეპონირებისას, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის საშუალებით განაცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს ან გამოიყენოს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ მუხლის 1(დ) და (ე) პუნქტებით გათვალისწინებული იურისდიქციის წესები.

3. თითოეული მონაწილე მიიღებს ისეთ ზომებს, რომლებიც აუცილებელია თავისი იურისდიქციის დაწესების მიზნით წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებებზე, იმ შემთხვევაში თუ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი იმყოფება მის ტერიტორიაზე და ის, ექსტრადირების მოთხოვნის მიღების შემდეგ, არ ახდენს მის ექსტრადირებას სხვა სახელმწიფოსთვის მხოლოდ მისი მოქალაქეობის საფუძველზე.

4. თუ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულზე იურისდიქციის განხორციელებასთან დაკავშირებით პრეტენზიას აცხადებს რამდენიმე მონაწილე, შესაბამისი მონაწილეები, საჭიროების შემთხვევაში, გამართავენ კონსულტაციებს სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად ყველაზე შესაფერისი იურისდიქციის დადგენის მიზნით.

5. საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმების შეუზღუდავად, წინამდებარე კონვენცია არ გამორიცხავს მონაწილის მიერ თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი იურისდიქციის გამოყენების შესაძლებლობას.

თავი VI - საერთაშორისო თანამშრომლობა და თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან

მუხლი 32 — საერთაშორისო თანამშრომლობის ზოგადი პრინციპები და ზომები

მონაწილეები ითანამშრომლებენ ერთმანეთთან, წინამდებარე კონვენციის დებულებათა შესაბამისად და მოქმედი საერთაშორისო და რეგიონული აქტების და ერთგვაროვანი ან შემხვედრითი კანონმდებლობისა და შიდა კანონების საფუძველზე მიღწეული შეთანხმებების გამოყენების გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნას:

- ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა;

- მსხვერპლთა დაცვა და მათთვის დახმარების გაწევა;

- წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის დანაშაულთა გამოძიება ან სასამართლო პროცესების ჩატარება.

მუხლი 33 - საფრთხის ქვეშ მყოფ ან დაკარგულ პირებთან დაკავშირებული ზომები

1. როდესაც მონაწილეს, მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ 28-ე მუხლის 1 პუნქტში მითითებული პირის სიცოცხლეს, თავისუფლებას ან ფიზიკურ ჯანმრთელობას სხვა მონაწილის ტერიტორიაზე ემუქრება საფრთხე, ინფორმაციის მფლობელი მონაწილე ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს სხვა მონაწილეს დაცვის შესაბამისი ზომების გატარების მიზნით.

2. მონაწილეებმა შეიძლება განიხილონ თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა დაკარგული პირების, განსაკუთრებით კი დაკარგული ბავშვების მოძიების მიზნით, თუ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მათ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ დაკარგული წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლს. ამ მიზნით მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან დადონ ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები.

მუხლი 34 - ინფორმაცია

1. მოთხოვნის მიმღები მონაწილე მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს დაუყოვნებლივ აცნობებს წინამდებარე თავის შესაბამისად განხორციელებული ზომების საბოლოო შედეგის შესახებ. მოთხოვნის მიმღები მონაწილე ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს ნებისმიერი ისეთი გარემოებების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად აყოვნებს მოთხოვნილი ღონისძიების განხორციელებას.

2. მონაწილეს შეუძლია თავის კანონმდებლობის ფარგლებში, წინასწარი თხოვნის გარეშე, სხვა მონაწილეს გადასცეს მის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია, თუ ის მიიჩნევს, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ინფორმაციის მიმღებ მონაწილეს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ან სასამართლო პროცესის დაწყებასა და განხორციელებაში, ან შეიძლება საფუძველი მისცეს ამ მონაწილეს მოითხოვოს თანამშრომლობა წინამდებარე თავის შესაბამისად.

3. ასეთი ინფორმაციის მიწოდებამდე, ინფორმაციის მიმწოდებელმა მონაწილემ შეიძლება მოითხოვოს, რომ დაცულ იქნას ინფორმაციის კონფიდენციალურობა ან მოხდეს მისი გამოყენება გარკვეული პირობების დაცვით. თუ ინფორმაციის მიმღებ მონაწილეს არ შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება, ის ამის შესახებ აცნობებს ინფორმაციის მიმწოდებელ მონაწილეს, რომელიც შემდგომ გა დაწყვეტს გადაცემულ უნდა იქნას თუ არა ინფორმაცია. თუ მიმღები მონაწილე ინფორმაციას მიიღებს გარკვეული პირობების დაცვის პირობით, იგი ვალდებული იქნება შეასრულოს ეს პირობები.

4. ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილ იქნა მე-13, მე-14 და მე-16 მუხლების შესაბამისად და რომლის მიწოდებაც აუცილებელია ამ მუხლებით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მონაწილის მოთხოვნით გადაეცემა დანიშნულისამებრ, გაჭიანურების გარეშე, წინამდებარე კონვენციის მე-11 მუხლის გათვალისწინებით.

მუხლი 35 - სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა

თითოეული მონაწილე ხელს შეუწყობს სახელმწიფო ორგანოებს და საჯარო მოხელეებს ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან სტრატეგიული პარტნიორობების ჩამოყალიბების მიზნით, წინამდებარე კონვენციის მიზნების შესაბამისად.

თავი VII - მონიტორინგის განხორციელების მექანიზმი

მუხლი 36 - ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი

1. ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი (შემდშომში GRETA) მონიტორინგს გაუწევს მონაწილეთა მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელებას.

2. GRETA შედგება არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 წევრისაგან, გენდერული და გეოგრაფიული ბალანსის დაცვითა და მრავალდარგობრივი გამოცდილების გათვალისწინებით. ამ წევრებს აირჩევს მონაწილეთა კომიტეტი 4 წლის ვადით წინამდებარე კონვენციის სახელმწიფო მონაწილეთა მოქალაქეების მხრიდან. ეს ვადა ექვემდებარება განახლებას მხოლოდ ერთხელ.

3. GRETA-ს წევრების არჩევა განხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

a) წევრები უნდა წარმოადგენდნენ მაღალი მორალური თვისებების მქონე პირებს, მათ უნდა გააჩნდეთ კვალიფიკაცია ადამიანის უფლებათა დაცვის, მსხვერპლთათვის დახმარების გაწევისა და დაცვის და ადამიანებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ან უნდა ჰქონდეთ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ სფეროებში მუშაობის პროფესიული გამოცდილება;

b) წევრები თავად უნდა იღებდნენ მონაწილეობას ჯგუფის მუშაობაში, უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი და მიუკერძოებელნი თავიანთი ფუნქციების შესრულებისას და უნდა შეეძლოთ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად განხორციელება;

c) GRETA-ს ორი წევრი არ შეიძლება იყოს ერთი და იმავე სახელმწიფოს მოქალაქე;

d) წევრები უნდა წარმოადგენდნენ ძირითად საკანონმდებლო სისტემებს.

4. GRETA-ს არჩევის პროცედურას განსაზღვრავს მინისტრთა კომიტეტი წინამდებარე კონვენციის მონაწილეებთან კონსულტირებისა და მათი ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდეგ, კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში. GRETA დაამტკიცებს თავის საპროცედურო წესს.

მუხლი 37 - მონაწილეთა კომიტეტი

1. მონაწილეთა კომიტეტი შედგება წინამდებარე კონვენციის იმ სახელმწიფო მონაწილეთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები და წინამდებარე კონვენციის იმ მონაწილეთა წარმომადგენლებისაგან, რომლებიც არ არიან ევროპის საბჭოს წევრები.

2. მონაწილეთა კომიტეტს იწვევს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი. მისი პირველი სხდომა ჩატარდება წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში GRETA-ს წევრების არჩევის მიზნით. ამის შემდეგ სხდომები გაიმართება იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მონაწილეთა ერთი-მესამედი, GRETA-ს პრეზიდენტი ან გენერალური მდივანი.

3. მონაწილეთა კომიტეტი მიიღებს თავის საპროცედურო წესს.

მუხლი 38 - პროცედურა

1. შეფასების პროცედურა ვრცელდება კონვენციის მონაწილეებზე და იგი იყოფა რაუნდებად, რომელთა ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს GRETA. თითოეული რაუნდის დასაწყისში GRETA განსაზღვრავს იმ სპეციალურ ნორმებს, რომელთა მიხედვითაც განხორციელდება შეფასების პროცედურა.

2. GRETA განსაზღვრავს ასეთი შეფასების განხორციელებისთვის ყველაზე მართებულ მეთოდს. შეფასების თითოეული რაუნდისათვის GRETA-ს შეუძლია შეადგინოს კითხვარი, რომლის საფუძველზეც მოხდება მონაწილეთა მიერ წინამდებარე კონვენციის განხორციელების შეფასება. ასეთი კითხვარი მიეწოდება ყველა მონაწილეს. მონაწილეები შეავსებენ კითხვარს, ამავე დროს ისინი შეასრულებენ GRETA-ს ნებისმიერ მოთხოვნას ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.

3. GRETA-ს შეუძლია გამოითხოვოს ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოებისაგან.

4. სახელმწიფოს ეროვნულ ორგანოებთან და მათ მიერ დანიშნულ „საკონტაქტო პირთან“ თანამშრომლობითა და აუცილებლობის შემთხვევაში, დამუკიდებელი ეროვნული ექსპერტების დახმარებით, GRETA-ს შეუძლია ორგანიზება გაუწიოს ქვეყანაში ვიზიტების ჩატარებას. ამ ვიზიტების განმავლობაში, GRETA-ს შეიძლება დახმარება გაუწიონ კონკრეტულ სფეროებში დასაქმებულმა ექსპერტებმა.

5. GRETA მოამზადებს ანგარიშის პროექტს, რომელიც შეიცავს იმ დებულებათა განხორციელების ანალიზს, რომელთა მიხედვითაც შედგენილია შეფასება და ასევე წინადადებებსა და მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაჭრას მონაწილემ მის წინაშე მდგარი პრობლემები. ანგარიშის პროექტი კომენტარისათვის გადაეცემა იმ მონაწილეს, რომელიც გადის შეფასებას. თავისი ანგარიშის შედგენისას GRETA გაითვალისწინებს ამ კომენტარებს.

6. აღნიშნულის გათვალისწინებით, GRETA შეიმუშავებს თავის ანგარიშს და დასკვნებს შესაბამისი მონაწილის მიერ წინამდებარე კონვენციის დებულებათა განხორციელების მიზნით გატარებული ზომების შესახებ. ეს ანაგრიში და დასკვნები გადაეგზავნება შესაბამის მონაწილეს და მონაწილეთა კომიტეტს. GRETA-ს ანგარიში და დასკვნები საჯარო გახდება მათი დამტკიცებისთანავე, შესაბამისი მონაწილის საბოლოო კომენტარებთან ერთად.

7. ამ მუხლის 1-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შეუზღუდავად, GRETA-ს მიერ წარმოდგენილი ანგარიშისა და დასკვნების საფუძველზე, მონაწილეთა კომიტეტს შეუძლია ამ მონაწილისათვის მიიღოს რეკომენდაციები, რომლებიც (ა) შეეხება GRETA-ს დასკვნის განხორციელებისათვის საჭირო ზომების მიღებას და აუცილებელობის შემთხვევაში, ამ დასკვნების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების თარიღის დადგენას და (ბ) მიზნად ისახავს ამ მონაწილესთან თანამშრომლობის ხელშეწყობას წინამდებარე კონვენციის სათანადოდ განხორციელების მიზნით.

თავი VIII - ურთიერთმიმართება სხვა საერთაშორისო აქტებთან

მუხლი 39 - ურთიერთმიმართება ადამიანებით, განსაკუთრებით ბავშვებითა და ქალებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთის და სასჯელთა დადგენის შესახებ ოქმთან, რომლებიც ავსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ

წინამდებარე კონვენცია არ ზღუდავს ადამიანებით, განსაკუთრებით ბავშვებითა და ქალებით ვაჭრობის პრევენციის, აღკვეთის და სასჯელის დადგენის შესახებ ოქმიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც ავსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს ამ ოქმით გათვალისწინებული დაცვის გაძლიერებას და მასში მითითებული სტანდარტების შემდგომ სრულყოფას.

მუხლი 40 - ურთიერთმიმართება სხვა საერთაშორისო აქტებთან

1. წინამდებარე კონვენცია არ ზღუდავს სხვა საერთაშორისო აქტებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებს, რომელთა მონაწილეებიც არიან ან იქნებიან წინამდებარე კონვენციის მონაწილეები და რომლებიც არეგულირებს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებს და უზრუნველყოფს ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის უფრო ფართო დახმარების გაწევას და მნიშვნელოვან დაცვას.

2. წინამდებარე კონვენციის მონაწილეებს შეუძლიათ ერთმანეთთან გააფორმონ ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებები კონვენციით გათვალისწინებულ საკითხებზე, მისი დებულებების შევსების ან გაძლიერების ან მასში გათვალისწინებული პრინციპების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით.

3. მონაწილეები, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის კავშირის წევრებს, თავიან ორმხრივ ურთიერთობებში გამოიყენებენ თანამეგობრობისა და ევროპის კავშირის იმ ნორმებს, თუ ასეთი არსებობს, რომლებიც არეგულირებს მათ წინაშე მდგარ კონკრეტულ საკითხს და გამოიყენება მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, წინამდებარე კონვენციის საგნისა და მიზნის და ასევე სხვა მონაწილეებთან მიმართებაში მისი სრულად გამოყენების შეუზღუდავად.

4. წინამდებარე კონვენციის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს სახელმწიფოთა და ცალკეულ პირთა იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც მათ ენიჭებათ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობისა და განსაკუთრებით, 1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის ოქმის საფუძველზე, რომლებიც შეეხება ლტოლვილთა სტატუსს და მათი ისეთი სახელმწიფოსათვის გადაუცემლობის პრინციპს, სადაც მათ ემუქრებათ არაადამიანური მოპყრობის საფრთხე (principle of non-refoulement).

თავი IX - კონვენციაში შესწორებების შეტანა

მუხლი 41 - შესწორებები

1. მონაწილის მიერ წინამდებარე კონვენციაში შესწორების შეტანასთან დაკავშირებული წინადადება გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, რომელიც მას გადასცემს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერს, ნებისმიერ სახელმწიფო მონაწილეს, ევროპის თანამეგობრობას, 42-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ხელმოსაწერად მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს და 43-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე კონვენციასთან შეერთების მიზნით მიწვეულ ნებისმიერ სახელმწიფოს.

2. მონაწილის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი შესწორება გადაეცემა GRETA - ს, რომელიც მას გადასცემს მინისტრთა კომიტეტს შემოთავაზებულ შესწორებასთან დაკავშირებით თავისი აზრის გამოთქმის მიზნით.

3. მინისტრთა კომიტეტი განიხილავს შემოთავაზებულ შესწორებას და GRETA-ს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას და წინამდებარე კონვენციის მონაწილეებთან კონსულტირებისა და მათი ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდეგ, მას შეუძლია დაამტკიცოს შესწორება.

4. მინისტრთა კომიტეტის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორების ტექსტი გადაეცემა მონაწილეებს მისი მიღების მიზნით.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული შესწორება ძალაში შედის იმ დღის შემდგომი ერთთვიანი პერიოდის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს, როდესაც მონაწილეები გენერალურ მდივანს შეატყობინებენ მათ მიერ შესწორების მიღების შესახებ.

თავი X - საბოლოო დებულებები

მუხლი 42 - ხელმოწერა და ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და იმ არაწევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მის შემუშავებაში და ევროპის თანამეგობრობისთვის.

2. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელები შესანახად გადაეცემა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

3. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ დღის შემდგომი სამთვიანი პერიოდის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს, როდესაც 10 ხელმომწერი სახელმწიფო, რომელთა შორის ევროპის საბჭოს არანაკლებ 8 წევრი სახელმწიფოა, გამოთქვამს თანხმობას კონვენციის სავალდებულოობასთან დაკავშირებით წინა პუნქტის დებულებათა შესაბამისად.

4. 1-ლ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, ან ევროპის თანამეგობრობისთვის, რომელიც შემდგომში გამოთქვმს თანხმობას კონვენციის სავალდებულოობასთან დაკავშირებით, წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა იმ დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს, როდესაც ეს სახელმწიფო მოახდენს თავისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის დეპონირებას.

მუხლი 43 - კონვენციასთან შეერთება

1. წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციისა და მათგან ერთსულოვანი თანხმობის მიღების შემდეგ, შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელიც არ არის ევროპის საბჭოს წევრი და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია კონვენციის შემუშავებაში, მიუერთდეს მას. გადაწყვეტილება მიიღება ევროპის საბჭოს წესდების მე-20 (დ) მუხლით გათვალისწინებული ხმების უმრავლესობით და იმ სახელმწიფო მონაწილეთა წარმომადგენლების ერთსულოვანი თანხმობით, რომლებიც უფლებამოსილნი არიან წარმოდგენილნი იყვნენ მინისტრთა კომიტეტში.

2. ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც კონვენციას უერთდება, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შეერთების დოკუმენტის დეპონირების დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს.

მუხლი 44 - ტერიტორიული გავრცელების ფარგლები

1. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, მიუთითოს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომლებზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენცია.

2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, შემდგომში ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი დეკლარაციის გზით, წინამდებარე კონვენციის მოქმედება გაავრცელოს დეკლარაციაში აღნიშნულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის აგებს პასუხს და რომლის სახელითაც ის უფლებამოსილია დადოს შეთანხმებები. ასეთ ტერიტორიასთან მიმართებაში, კონვენცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ დეკლარაციის მიღების დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს.

3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია ამ დეკლარაციაში მითითებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით, შესაძლებელია გაუქმდეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. გაუქმება ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღის მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლიდან პირველი თვის პირველ დღეს.

მუხლი 45 - დათქმები

დათქმა არ შეიძლება გაკეთდეს წინამდებარე კონვენციის რომელიმე დებულებასთან დაკავშირებით, გარდა 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებისა.

მუხლი 46 - დენონსაცია

1. ნებსიმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია, ნებისმიერ დროს, მოახდინოს წინამდებარე კონვენციის დენონსაცია, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით.

2. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების მომდევნო სამთვიანი ვადის გასვლის შემდგომი თვის პირველ დღეს.

მუხლი 47 - შეტყობინება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოს, ნებისმიერ სახელმწიფო მონაწილეს, ევროპის თანამაგობრობას, და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელიც მიწვეულ იქნა კონვენციაზე ხელის მოსაწერად 42-ე მუხლის შესაბამისად და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს რომელიც მიწვეულ იქნა კონვენციასთან შეერთების მიზნით 43-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად:

a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

b) ნებისმიერი სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირების შესახებ;

c) 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;

d) 41-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორების შესახებ და ამ შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

e) 46-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დენონსაციის შესახებ;

f) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, ნოტიფიკაციის ან შეტყობინების შესახებ;

g) 45-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დათქმის შესახებ.

ზემოაღნიშლნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერებმა, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ქ. ვარშავაში 2005 წლის მაისის მე-16 დღეს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად აუთენტურია, ერთ ეგზემპლარად, რომელიც დეპონირებულ იქნება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში, ევროპის თანამეგობრობას და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელსაც შესთავაზეს კონვენციასთან შეერთება.

16 დანართი II: ხელმოწერებისა და რატიფიკაციების ცხრილი

▲ზევით დაბრუნება


განახლებული ინფორმაციისათვის იხილეთ ევროპის საბჭოსხელშეკრულებათა ვებ-გვერდი: www.conventions.coe.int

ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ - CETS No. 197

ხელშეკრულება ღიაა ხელმოსაწერად წევრი ქვეყნებისათვის, არაწევრი ქვეყნებისათვის, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა მის შემუშავებაში და ევროპული თანამეგობრობისათვის, და ღიაა მისაერთებლად სხვა არაწევრი ქვეყნებისათვის

ღიაა ხელმოსაწერად ძალაში შესვლა

ადგილი: ვარშავა პირობები: 10 რატიფიკაცია
თარიღი: 2005 წლის 16 მაისი 8 წევრი ქვეყნის ჩათვლით
მდგომარეობა 2006 წლის 18 თარიღი: — დეკემბრის მიხედვით

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები

ქვეყნები

ხელმოწერა

რატიფიკაცია

ალბანეთი

22.12.05

ანდორა

17.11.05

სომხეთი

16.05.05

ავსტრია

16.05.05

12.10.06

აზერბაიჯანი

ბელგია

17.11.05

ბოსნია და
ჰერცეგოვინა

19.01.06

ბულგარეთი

22.11.06

ხორვატია

16.05.05

კვიპროსი

16.05.05

ჩეხეთის რესპუბლიკა

დანია

05.09.06

ესტონეთი

ფინეთი

29.08.06

საფრანგეთი

22.05.06

საქართველო

19.10.05

გერმანია

17.11.05

საბერძნეთი

17.11.05

უნგრეთი

ისლანდია

16.05.05

ირლანდია

იტალია

08.06.05

ლატვია

19.05.06

ლიხტენშტეინი

ლიტვა

ლუქსემბურგი

16.05.05

მალტა

16.05.05

მოლდოვა1

1 16.05.05

19.05.06

მონაკო

ნიდერლანდები

17.11.05

ნორვეგია

16.05.05

პოლონეთი

16.05.05

პორტუგალია

16.05.05

რუმინეთი

16.05.05

21.08.06

რუსეთი

სან მარინო

19.05.06

სერბეთი

2 16.05.05

სლოვაკეთი

19.05.06

სლოვენია

03.04.06

ესპანეთი

შვედეთი

16.05.05

შვეიცარია

ქვეყნები

ხელმოწერა

რატიფიკაცია

„ყოფილი იუგოსლავიის
რესპუბლიკა მაკედონია“

17.11.05

თურქეთი

უკრაინა

17.11.05

გაერთიანებული
სამეფო

ევროპის საბჭოს არაწევრი ქვეყნები

ქვეყნები

ხელმოწერა

რატიფიკაცია

კანადა
წმინდა საყდარი

იაპონია

მექსიკა

მონტენეგრო2

16.05.05

შეერთებული
შტატები

საერთაშორისო ორგანიზაციები

ორგანიზაციები

ხელმოწერა

რატიფიკაცია

ევროპული
თანამეგობრობა

არარატიფიცირებული
ხელმოწერების საერთო
რაოდენობა

31

რატიფიცირებათა/მიერთებათა
საერთო რაოდენობა

3

______________________

1. დეკლარაცია.

2. სერბეთისა და მონტენეგროს მიერ ხელმოწერის თარიღი.