The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ (1999 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები საქართველოში და ქართული დემოკრატია)

როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ (1999 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები საქართველოში და ქართული დემოკრატია)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნოდია გია, ბერძენიშვილი ლევან, კაციტაძე კახა, თევზაძე გიგი, მუსხელიშვილი მარინა, ჭიაბერაშვილი ზურაბ, ხაინდრავა ივლიანე, სახოკია ნათელა, სუბარი სოზარ, ლორთქიფანიძე გიორგი, საყვარელიძე რამაზ, გურგენიძე პაატა
თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები
წყარო: როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ : 1999 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები საქართველოში და ქართული დემოკრატია / მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკას. ინ-ტი - თბ. : CIPDD, 2000 - 91გვ. ; 20სმ. - (დისკუსიები კავკასიურ ინ-ტში, 1) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-37-36-6 : [3ლ.][MFN: 12121]
 
UDC:  324(479.22)"1999" + 342.531.1(479.22) + 342.843 + 342.34
K 232.987/3 - საერთო ფონდი
K 232.988/3 - საერთო ფონდი
(22)342.82/რ-727 - ქართველოლოგიის განყოფილება
324(479.22)/რ-727 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
324(479.22)/რ-727 - სამოქალაქო განათლების ცენტრი
F 76.426/3 - ხელუხლებელი ფონდი

, ISBN: 99928-37-36-6
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2000
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: (დისკუსიები კავკასიურ ინსტიტუტში № 1), მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი 2000 სერიის რედაქტორი გია ნოდია ამ ბროშურის გამოცემა შესაძლებელი გახდა ფონდის - CordAid - ფინანსური დახმარებით Publication of this book has become possible thanks to help from the CordAid Foundation What Kind of Country Do We Have After These Elections? - G. Nodia (ed.) © Tbilisi, Caucasian Institute for Peace, Democracy and Development, 2000 გამომცემელი - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163



1 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


ეს ბროშურა მომზადებულია საჯარო დისკუსიის საფუძველზე, რომელიც 1999 წლის 27 ნოემბერს ჩაატარა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა. დისკუსიის ძირითადი მიზანი იყო იმის განხილვა, თუ რას მოასწავებდა 1999 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიისათვის. კერძოდ, დისკუსიის მონაწილეებს შესთავაზეს გამოეთქვათ აზრი იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება განისაზღვროს ის პოლიტიკური წყობა, რომელშიც ასეთი არჩევნები ტარდება (არის თუ არა ის დემოკრატია, ხოლო თუ არ არის, მაშინ რა არის?) თუ ეს არჩევნები გარკვეული ეტაპი იყო საქართველოს პოლიტიკური ევოლუციის გზაზე, საითკენ მივდივართ? როგორია განვითარების სხვადასხვა სცენარი? როგორ ზემოქმედებას ახდენს ამ მოვლენებზე საერთაშორისო კონტექსტი და რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მის შეცვლას? როგორი უნდა იყოს ამ პირობებში სამოქალაქო საზოგადოების სტრატეგიული პრიორიტეტები: ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, ბრძოლა კანონმდებლობის დასახვეწად, საზოგადოების გათვითცნობიერება, დემოკრატიული ნორმების დარღვევის კონკრეტული ფაქტების მხილება, თუ კიდევ სხვა რამ?

დისკუსიის მონაწილეებს წინასწარ დაურიგდათ გია ნოდიას სტატია ,,როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ”, რომელიც მანამდე გაზეთ „რეზონანსში” გამოქვეყნდა. დისკუსია დაიწყო გია ნოდიას, გიგი თევზაძის, ლევან ბერძენიშვილის და კახა კაციტაძის მოკლე წინასწარ მომზადებული შენიშვნებით, რასაც მოჰყვა გამოსვლები აუდიტორიიდან. ყველა გამომსვლელს შესთავაზეს წერილობით წარმოედგინა თავისი მოსაზრებები, თუმცა ეს ზოგიერთ მათგანს აღარ გაუკეთებია. გარდა ამისა, წერილობითი ტექსტები ხშირ შემთხვევაში რამდენადმე განსხვავდებოდა იმისგან, რაც მონაწილეებმა ზეპირად თქვეს (ეს ეხება პირველ ოთხ გამომსველსაც). ამის გამო, ზოგ გამოსვლაში შეიძლება იყოს მინიშნება ადრე გამოთქმულ აზრზე, რომელიც ბროშურაში აღარ შევიდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა ეს შეუსაბამობები, რადგან მათი გასწორების მცდელობისას ზოგი საინტერესო მოსაზრება შეიძლება დაკარგულიყო.

დანართში შევიდა არჩევნების ოფიციალური შედეგები, აგრეთვე რეპორტაჟები არჩევნების მიმდინარეობაზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომელიც გაზეთ „კავკასიონში” გამოქვეყნდა სათაურით „შერჩევნები”.

საჯარო დისკუსიის ორგანიზაცია და ამ ბროშურის გამოქვეყნება მოხდა ფონდ CordAid-ის მიერ მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისთვის გამოყოფილი გრანტის ფარგლებში. „შერჩევნებში” შესული რეპორტაჟები დაფინანსდა ბრიტანეთის ეროვნული ლატარიის გრანტით, რაც მიენიჭა ლონდონის ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკის ინსტიტუტისა და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივ პროექტს კავკასიაში გამოძიებითი ჟურნალისტიკის ხელშეწყობისთვის. კავკასიური ინსტიტუტი მადლობას უხდის დონორებს და დისკუსიის ყველა მონაწილეს.

გია ნოდია

2 როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ?

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია

მიუხედავად დასავლელი დამკვირვებლების ტრადიციულად წამახალისებელი შეფასებებისა, საქართველოს განვლილი არჩევნები არ ეამაყება. არჩევნების (ან გაზეთ „კავკასიონის“ გონებამახვილური განსაზღვრებით, „შერჩევნების“) გაყალბებისა და დარღვევების სიმრავლე, რაც მთავარია, მათი სისტემურობა და ლამის შეუნიღბაობა დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ძნელია, თავი მოიტყუო, რომ საქმე გვქონდა ცალკეული გამგებლების ან კომისიის თავმჯდომარეების ზედმეტ თავგამოდებასთან. შინაგან საქმეთა მინისტრმა კახა თარგამაძემ სრულიად მოურიდებლად განგვიცხადა ტელეეკრანიდან არჩევნების დღეს პოლიციის როლზე საუბრისას, რომ იგი „არ დაუშვებდა პოლიტიკური კურსის შეცვლას“. მანამდე მისმა შეფმა - პრეზიდენტმა შევარდნაძემ - ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობა დაახასიათა როგორც „საპარლამენტო გადატრიალება“, ანუ ის თითქმის დანაშაულს გაუტოლა. ამ ორი გამონათქვამის გაერთიანებით ადვილად კეთდება მარტივი დასკვნა: ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ დაეშვა ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნების საშუალებით, რაც, ცხადია, არჩევნების პროცესში სისტემატურ ჩარევას ნიშნავს. ამის ფონზე ძნელია, ერთ ლოგიკურ ჯაჭვად არ გააერთიანო ის, რომ სინათლე თითქმის მთელ საქართველოში მაინცდამაინც საარჩევნო ყუთების გახსნის დროისთვის ჩაქრა, რომ, თბილისის რამდენიმე ელიტური უბნის გარდა, დამოუკიდებელ ან პარტიულ დამკვირვებლებს ათასნაირი ხრიკით ან პირდაპირი ძალადობის გამოყენებით იშორებდნენ თავიდან, განსაკუთრებით, ისევ იმ ყუთების გახსნის მომენტისთვის, რომ მაინცდამაინც ვაკისა და დიდუბის ბიულეტენებმა ვერაფრით მიაღწია საარჩევნო კომისიას, ხოლო მერე ცსკო-მ ყოველგვარი რაციონალური ახსნის გარეშე საერთოდ შეწყვიტა ხმების წინასწარი დათვლა და სამი დღით ჩაიკეტა. შეიძლება მისი მოტივი მართლაც ის იყო, რომ მის ხელამდე მისული ხმები მაინც პატიოსნად დაეთვალა და 7%-ის ზღვართან მდგომი პარტიები ზედმეტად არ ენერვიულებინა, მაგრამ ამას აწი ვინღა დაიჯერებს?

ამ არჩევნებს ძნელად მიუყენებ სტანდარტულ ფრაზას: „ის წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების გზაზე“. თითქმის ყველა წინა არჩევნებმა მართლა რაღაც წინსვლა მოიტანა (მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები ყველას ახლდა): 1990 წელს კომუნისტური ტირანია მშვიდობიანად დავამხეთ, 1992 წელს პოლიტიკური პროცესი განახლდა გადატრიალების შემდეგ, 1995 წლის არჩევნებმა დააფიქსირა პოლიტიკური სტაბილიზაცია და მოგვცა წინანდელზე გაცილებით ქმედითუნარიანი და კომპეტენტური პარლამენტი, 1998 წელს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ერთი 1991 წლის პრეზიდენტის არჩევნები იყო, რომ კარგში არაფერში გამოგვადგა. ამ საპარლამენტო არჩევნებმა რაღა მოიტანა? მან უფრო შეარყია რწმენა დემოკრატიული პროცესის მიმართ: ხელისუფლებას შეუძლია, „არ დაუშვას“ ოპოზიციის მოსვლა ხელისუფლებაში, და ამის წინასწარ თქმასაც კი არ ერიდება. მაგრამ დემოკრატიის არსი ხომ ისაა, რომ რეალურადაა შესაძლებელი ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.

მაინც, რა იყო 1999 წლის არჩევნები საქართველოსთვის? რა უნდა ერქვას ისეთ ქვეყანას, სადაც ასეთი არჩევნები ტარდება?

აჭარული ფაქტორი

ამ არჩევნების მთავარი თავისებურება აჭარის ფაქტორშია. ერთმანეთს უპირისპირდებოდა არა უბრალოდ ორი ან რამდენიმე პარტია, არამედ ორი პოლიტიკური სისტემა, განხორციელებული საქართველოს ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილზე: ერთი მხრივ, ეს იყო ნახევარდემოკრატია ან ნაკლული დემოკრატია (ერთობ ნაკლული, როგორც ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა), არსებული საქართველოს ტერიტორიის უმრავლესობაზე (დავარქვათ მას „თბილისის რეჟიმი“), მეორე მხრივ კი - სრულიად მკაფიოდ ჩამოყალიბებული ერთპიროვნული დიქტატურა (დავარქვათ მას „ბათუმის რეჟიმი“).

საარჩევნო დარღვევების გამო (სამართლიანად) ატეხილ ხმაურში ეს განსხვავება ლამის ჩაიკარგა, მაგრამ სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც არჩევნების შედეგებმა ის სრულიად აშკარად აჩვენა. ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე მოვიდა ელექტორატის 67,8%, გამარჯვებულმა პარტიამ აიღო ხმების 41,75%, ძირითადმა ოპოზიციურმა ძალამ - 25,2%, ხოლო „მესამე ძალის“ სტატუსისთვის მებრძოლმა პარტიებმა - 7,1% და ნაკლები. ოპოზიციის დამარცხება გამანადგურებელია, მაგრამ პრინციპში ამგვარი რიცხვები სრულიად შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერ განვითარებულ ევროპულ დემოკრატიაში. ახლა შევხედოთ აჭარის შედეგებს: 96% იღებს მონაწილეობას არჩევნებში, ამათი დაახლოებით 95%-მდე აძლევს ხმას ადგილობრივ მმართველ პარტიას. არავითარი დამკვირვებლების მონაცემები საჭირო აღარ არის: ასეთ არჩევნებს დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს. ის უფრო მოგვაგონებს საბჭოურ „არჩევნებს“, პოსტ-საბჭოთა სივრცეზე კი ასეთი შედეგები მხოლოდ თურქმენეთში და უზბეკეთშია.

ამ ფონზე აზრს კარგავს ლაპარაკი აჭარაში „დარღვევებზე“: გამოთქმა „არჩევნები ჩატარდა დარღვევებით“ ლოგიკურად გულისხმობს, რომ არჩევნები ჩატარდა, ოღონდ დარღვევებით (თუნდაც მნიშვნელოვანით). „თბილისის რეჟიმის“ კონტროლირებად ტერიტორიაზე ეს ნამდვილად ითქმის. რაც შეეხება აჭარას, აქ „შერჩევნებიც“ კი არ ყოფილა. ამიტომ, როცა საქართველოს არჩევნების „ტოტალურ გაყალბებაზე“ ბათუმური ბლოკის წევრები ლაპარაკობენ, ეს ფარისევლობის და ელემენტარული უნამუსობის აპოთეოზია (თუნდაც რომელიმე კონკრეტული ბრალდება სამართლიანი აღმოჩნდეს). ადგილი „აღორძინების“ საარჩევნო სიაში სამუდამოდ უნდა ართმევდეს პიროვნებას მორალურ უფლებას, დემოკრატიის პრინციპებზე აპელაცია მოახდინოს, ხოლო მათგან მომდინარე ინფორმაცია არჩევნების გაყალბებაზე წინასწარ უნდა იყოს ნაცნობი ბათილად. ეს იგივეა, საბჭოთა კავშირი რომ ამერიკას ეჩხუბებოდა, თქვენ რატომ აწვალებთ ზანგებსო.

ცხადია, ეს განსხვავება აისახა საარჩევნო კამპანიაზეც. მოქალაქეთა კამპანიის გულისგული იყო არა სიმღერა „გიხაროდენ“, არამედ ამომრჩევლის დაშინება ასლან აბაშიძის ფიგურით. ამ ტაქტიკამ მიზანს მიაღწია კიდეც: რაც გინდა უკმაყოფილო იყოს ხალხი არსებული ხელისუფლებით, საქართველოს ხელისუფლებაში ახალი პარანოიდული დიქტატორის მოსვლის პერსპექტივამ ბევრი მართლა შეაშინა, და მან გამოიწვია ამომრჩეველთა მობილიზაცია მმართველი პარტიის სასარგებლოდ (და „მესამე“ პარტიების საზიანოდ). რა თქმა უნდა, ამ შიშის საფუძველი იყო არა მარტო აბაშიძის აშკარა დიქტატორობა, არამედ მისი პრორუსული ორიენტაციაც, მისი რეჟიმის მეტისმეტად აშკარა კორუმპირებულობა (ქართული მასშტაბებითაც კი), ამომრჩევლის ზოგადი სიფრთხილე, ემანდ, ხელისუფლების შეცვლას ისევ რამე არეულობა არ მოჰყვესო.

რაც მთავარია, ასეთი ტაქტიკა სავსებით ბუნებრივი იყო და არსებულ სიტუაციაში გამართლებულიც: მეტოქის კომპრომენტირება, მისი ხელისუფლებაში მოსვლით ამომრჩევლის შეშინება და ამ გზით მხარდაჭერის მოპოვება სრულიად ნორმალური და კანონიერი ხერხია დემოკრატიულ არჩევნებში. გამართლებული იყო ამომრჩევლის შიშიც. არა მგონია, რომ „აღორძინების“ ხელისუფლებაში მოსვლით თბილისში ავტომატურად ბათუმურის მსგავსი დიქტატურა დამყარებულიყო, მაგრამ ეს იქნებოდა უზარმაზარი და, შესაძლოა, ტრაგიკული ნაბიჯი უკან (და, სავარაუდოა, ახალი დესტაბილიზაციის დასაწყისიც). ბათუმური რეჟიმი „ბნელი ძალაა“ არა მარტო ამ სიტყვის ტრადიციული მნიშვნელობით („რეაქციული“, „ჩამორჩენილი“, „არათავისუფალი“ და ა. შ.), არამედ ჟარგონულითაც („უწიგნური“, „გამოუსვლელი“, „უნახავი“, „გოიმური“): მისმა თავკაცმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ არჩევნებზე 98%-ის მიღება სირცხვილია. ამიტომ მის გამარჯვებას შეიძლებოდა ახალი სოციალური დაპირისპირება მოჰყოლოდა.

სოციოლოგიური გამოკითხვებით და უბრალო დაკვირვებითაც ისე ჩანს, რომ ხმების სრულიად პატიოსანი დათვლის შემთხვევაშიც (განსაკუთრებით, თუ ასეთი არჩევნების ფანტაზიას აჭარაზე გავავრცელებთ) მოქალაქეთა კავშირის გამარჯება თავის ძირითად კონკურენტზე ეჭვს მაინც არ უნდა იწვევდეს. მაგრამ ხელისუფლებამ თვითონ დააყენა კითხვის ქვეშ საკუთარი გამარჯვების ლეგიტიმურობა.

მანკიერი წრე

თუ ამ არჩევნებით „ნამდვილ“ დემოკრატიას ვერ მივუახლოვდით, სავარაუდოა, რომ დავშორდით. პოლიტოლოგები, რომლებიც პოსტკომუნისტურ ქვეყნებზე წერენ, მრავალ ქვეყანაში „დე-დემოკრატიზაციის“ ან „დემოკრატიის ეროზიის“ ნიშნებს ამჩნევენ. არ არის გამორიცხული, საქართველოშიც ეს ეტაპი იწყებოდეს.

დემოკრატიის ეროზიის ერთ-ერთი წანამძვარია იმგვარი ვითარება, როდესაც ძირითადი ოპოზიციური ძალა თავისი ხასიათით აშკარად ანტიდემოკრატიულია (ანუ, „ბნელი ძალაა“), ესე იგი, მისი ხელისუფლებაში მოსვლა დემოკრატიის დასასრული იქნება. ასეთი ვითარება ბადებს პარადოქსს: თუ ხელისუფლება შექმნის ძალაუფლებისათვის ბრძოლის თანასწორ, დემოკრატიულ პირობებს, ეს შეიძლება ანტიდემოკრატიული ოპოზიციის გამარჯვებით - მაშასადამე, დემოკრატიის დამარცხებით - დამთავრდეს. აქედან გამომდინარე, ლოგიკური გამოდის, რომ დემოკრატიის შესანარჩუნებლად ხელისუფლებამ არადემოკრატიულ ხერხებს მიმართოს: მაგრამ ესეც აბსურდია, რადგან თუ ხელისუფლება არადემოკრატიულად იქცევა, დემოკრატია ისევ მარცხდება. მოკლედ, როგორც რუსულ ზღაპრებშია: მარხცნივ წახვალ, გველეშაპი შეგჭამს, მარჯვნივ წახვალ, ხევში გადაიჩეხები. წინ ვიწროდ კი მიიკლაკნება „მესამე გზის“ ბილიკი, მაგრამ მოსახვევში ისიც სალ კლდეს ებჯინება.

ასეთი ამოსავალი მდგომარეობა ბადებს ვითარებას, როცა მმართველ პარტიას გარანტირებული აქვს დემოკრატიის და პროგრესის დამცველის იმიჯი, რადგან მას ყოველთვის შეუძლია არცთუ უსაფუძვლოდ შეაშინოს საკუთარი საზოგადოება (და, რაც ერთობ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობა): ჩემი დამარცხება „ბნელი ძალის“ მოსვლას, მაშასადამე, თავისუფლების და პროგრესის დასასრულს ნიშნავსო. ამას, თავის მხრივ, მივყავართ მრავალპარტიული სისტემისკენ ფაქტიური ერთპარტიული მმართველობით, რომელიც დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ასეთი სისტემისათვის, უპირველეს ყოვლისა, დამახასიათებელია კორუფციისა და სტაგნაციისადმი (ქართულად - ლპობისა და დამყაყებისადმი) მიდრეკილება. იგი არ ერიდება ანტიდემოკრატიული მეთოდების გამოყენებას, თუმცა ცდილობს გარკვეული ზომიერება შეინარჩუნოს, რათა საზოგადოების თვალში „ბნელი ძალისაგან“ განსხვავებული დარჩეს. ასეთ მმართველ ძალაში ჩვეულებრივ არიან ნამდვილი დემოკრატები და რეფორმატორებიც, რომლებიც (ისევ არცთუ უსაფუძვლოდ) ვერ ხედავენ მდგომარეობის გამოსწორების სხვა გზას, თუ არა მმართველ პარტიასთან „შეკვრას“. თავის მხრივ, რეფორმატორები მმართველ ძალასაც სჭირდება საკუთარი პროგრესულობის საჩვენებლად, ამიტომ მათ შეიძლება გარკვეული გავლენა ჰქონდეთ კიდეც, მაგრამ მათი შემართება სტატუს-ქვოს შენარჩუნების ინტერესებითაა შეზღუდული.

ასეთი რეჟიმი შეიძლება ისტორიულად საკმაოდ გამძლე აღმოჩნდეს. ამის უკიდურესი მაგალითია ალჟირი, სადაც ხელისუფლებამ უბრალოდ გააუქმა არჩევნები მას შემდეგ რაც მათ პირველ ტურში აშკარა გახდა ისლამური ფუნდამენტალისტების, ანუ „ბნელი ძალის“ გამარჯვება. ალჟირში ცალსახად რეპრესიული რეჟიმი დამყარდა, მაგრამ ისლამისტების ანუ „ბნელი ძალის“ შიშით ის მისაღები აღმოჩნდა როგორც ალჟირის, ისე მსოფლიოს დემოკრატიულად განწყობილი საზოგადოებისთვის. იტალია ანალოგიური ტენდენციის უფრო „რბილი“ გამოხატულებაა: აქ მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ძირითადი ალერნატივა ასევე ანტიდემოკრატიული ძალა - კომუნისტური პარტია იყო. ამის გამო ქრისტიან-დემოკრატები დაახლოებით ორმოცი წლის მანძილზე ინარჩუნებდნენ ხელისუფლებას ლოზუნგით „ჩვენ თუ არა, კომუნისტები მოვლენ სათავეში“. იტალია ღია საზოგადოებად დარჩა, მაგრამ მისთვის, დემოკრატიული ქვეყნების კვალობაზე, დამახასიათებელი იყო ხელისუფლების განსაკუთრებული კორუმპირებულობა და მოსახლეობის უაღრესად ცინიკური დამოკიდებულება მთლიანად „პოლიტიკური კლასისადმი“. მხოლოდ საბჭოთა კავშირის და მასთან ერთად იტალიის კომპარტიის დამხობის შემდეგ გახდა შესაძლებელი იტალიაში „ნორმალური“ დემოკრატიის ჩემოყალიბება, რომლის დროსაც პარტიები დროდადრო ერთმანეთს ენაცვლებიან ხელისუფლებაში. ამ ორ პოლუსს შორის შეიძლება დავაყენოთ მექსიკა, სადაც 1929 წლიდან სულ ბოლო დრომდე ყველა არჩევნებს ერთი და იგივე ძალა - ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტია იგებდა.

როგორც ჩანს, საქართველოშიც ყალიბდება (ან უკვე ჩამოყალიბდა) ამ ტიპის პოლიტიკური რეჟიმი. მასზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ ხელისუფლება და ოპოზიცია, რადგან ეს უკანასკნელი თავისი „სიბნელით“ ნამუსს წმენდს ხელისუფლების მოქმედებას, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში მოუთმენელი იქნებოდა. საზოგადოება ბოლომდე ვერ გამოთქვამს პროტესტსხელისუფლების წინაამღდეგ, რადგან მასზე უარესი ოპოზიციის შიში აჩერებს. თუ შეეკითხები საშუალო „გამოსულ“ და „პროგრესულ“ ქართველს: რა ჯობია საქართველოსთვის - ასლან აბაშიძის თუნდაც „პატიოსნად“ მოსვლა ხელისუფლებაში მთელი საქართველოს შემდგომი „ბათუმიზაციით“ ან „უზბეკიზაციით“, თუ არჩევნების პროცესში შედარებით მსუბუქი დარღვევები, რომლებზეც საერთაშორისო დამკვირვებლებიც თვალს დახუჭავენ - ძალიან ბევრი მეორეს აირჩევს და, მაშასადამე, მთავრობის მოქმედებას გაამართლებს (შეიძლება ის დაამატოს, კახა თარგამაძეს ეს ასე პირდაპირ არ უნდა ეთქვაო). ცხადია, რომ ასეთმა გარანტირებულმა ინდულგენციამ საკუთარი დემოკრატიული საზოგადოების ნაწილისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან („რაც გინდა ცუდები ვიყოთ, აბაშიძეს მაინც ხომ ვჯობივართ, ამიტომ დაგვაფასეთ“) არ შეიძლება არ გამოიწვიოს ხელისუფლების გარყვნა და, სავარაუდოა, მმართველობის სისტემის დე-დემოკრატიზაცია, ანუ მის მიერ ავტორიტარული („ბათუმური“) მეთოდების მზარდი გამოყენება.

საზოგადოების ბუნებრივი რეაქცია, „ბნელი ძალის“ მოახლოებით გამოწვეული ხანმოკლე შეფუცხუნების შემდეგ, ტოტალური ცინიზმია. მაგრამ „ბუნებრივი“ და „გამართლებული“ ერთი და იგივე არ არის. საქართველო ალბათ დიდხანს ვერ გასცდება არსებითად ნაკლული და ღრმად კორუმპირებული დემოკრატიის კატეგორიას და „ნორმალურ“ დემოკრატიებში ვერ გადაინაცვლებს. ყოველ შემთხვევაში, ამის პერსპექტივა ამ არჩევნებს არ დაუნახვებია. მაგრამ იტალიასა და ალჟირს შორის დიდი დისტანცია დევს, და, სახელდობრ, რამდენად ნაკლული და რამდენად კორუმპირებული იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ეს სულაც არ არის ნათელი. სავსებით შესაძლებელია, უკან წავიდეთ დე-დემოკრატიზაციის („ბათუმიზაციის“) მიმართულებით, მაგრამ ისიც შეიძლება, ხანგრძლივი ბუქსაობის შემდეგ, ერთი ან ორი ნაბიჯი წინაც გადავდგათ. ამას არჩევნების შემდგომი პერიოდი დაგვანახებს.

3 ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი გვერდით

▲ზევით დაბრუნება


ლევან ბერძენიშვილი

1999 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგი ყველაზე პროზაული, მარტივი და ათასგზის პროგნოზირებულია: არჩევნებში ვერ გაიმარჯვა ბათუმურმა ბლოკმა.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩა. მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო საიდუმლო ინვესტიციების მიუხედავად რუსეთმა საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მარცხი განიცადა. მიღებულია სამი პასუხი ერთ კითხვაზე: „რა მოხდება 2000 წელს?“

  • არ მოხდება პარლამენტისა და პრეზიდენტის დაპირისპირება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა და ა.შ.

  • ასლან აბაშიძე არასოდეს არ იქნება საქართველოს პრეზიდენტი;

  • ვერავინ დაამარცხებს ედუარდ შევარდნაძეს 2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ამავე დროს, უპირველეს ყოვლისა, ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების რეპეტიცია. ქვეყნის პრეზიდენტმა და მმართველი პარტიის ლიდერმა რკინის ქალამნები ჩაიცვა, წარმატებით მოიარა საქართველოს რეგიონები, გახსნა თავისი სახელობის სკოლა რთულ რეგიონში, ბრწყინვალედ ააგო თავისი სიტყვა მეორე რთულ რეგიონში, არ მოინახულა მესამე რთული რეგიონი, გონებამახვილურად დატუქსა ზოგიერთი ტელედებატებმოწყურებული ხელქვეითი, დასვა კითხვა „ვინ ვინ არის?“ და, ბოლოს და ბოლოს, განსაკუთრებული და გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისი პარტიის პოლიტიკურ გამარჯვებასა და საქართველოში, ფაქტობრივად, ერთპარტიული მმართველობის ჩამოყალიბებაში.

ამ არჩევნებისთვის პარტიათა დაპირებები მატერიალური სიმწირითა და პრიმიტივიზმით გამოირჩეოდა:

  • კორუფციასთან ბრძოლა, ხელფასების გაზრდა (საკმაოდ შორეულ პერსპექტივაში);

  • მთელს საქართველოში აჭარის მოდელის დანერგვა;

  • მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (ლუდი ქართული, ღვინო კახური, მოძრაობა სახელმწიფოებრიობისთვის, კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე და კონსტიტუციის ფარატინა ქაღალდად გამომცხადებელი, ადრეული იტალიური ფაშიზმით გატაცებული გურამ შარაძე);

  • სირცხვილია!

  • გახსოვდეთ კომუნისტები და ხმა მიეცით ლეიბორისტებს და ა.შ.

გამარჯვებულ პარტიათა (და არა მარტო მათი) საარჩევნო სიები შედგენილი იყო არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც საეჭვო ზნეობრივ-პოლიტიკური კომპრომისების შედეგად.

პარლამენტში მოხვდა სამი პოლიტიკური ძალა, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს ამა თუ იმ ღირებულებათა სისტემის გამზიარებელ პოლიტიკურ პარტიას. ძნელად მოიძებნება პოლიტიკაში მეტ-ნაკლებად გარკვეული ექსპერტი საქართველოში, ვინც მოახერხებს მარჯვენა-მარცხენას გარკვევას დღევანდელ პარლამენტში. სამაგიეროდ, არავის გაუჭირდება ღირსეულ პარლამენტართა საეჭვოდ შეხმატკბილებულ ამ საკრებულოში ზედა-ქვედას გარჩევა. მოქალაქეთა კავშირის მცდელობა, მრეწველებისგან კვალიფიციური ოპოზიცია ჩამოაყალიბოს, აწყდება ამ უკანასკნელთა გააფთრებულ წინააღმდეგობას ყველა უმრავლესობითი აზრისადმი აგრესიული თანხმობის პირობებში.

უსასრულოდ გაიზარდა ჯერვერმიღებული და ჯერვერდავიწყებული მითოსურ-შემაძრწუნებელი ლუსტრაციის კანონის სავარაუდო სუბიექტ პარლამენტართა რიცხვი (ყოფილი საბჭოთა რაიკომის მდივნები, საბჭოთა მილიციის, საბჭოთა პროკურატურისა და საბჭოთა უშიშროების საკადრო მუშაკები, ძველი და ახალი უშიშროების, მილიციის, პოლიციის, ფსბ, გრუს ფარული თუ ღია აგენტები), რითიც ყველაფერთან ერთად, გამოვლინდა ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო და პოლიტიკური თვითშეგნების უკიდურესად დაბალი დონე.

მოქალაქეთა კავშირის ძალისხმევით და საბჭოთა სტილის პროპაგანდისტური საშუალებების ფართოდ გამოყენებით შეიქმნა იმდენად მრისხანე მტრის ხატი, რომ სხვა პარტიების უკიდურესად დაშინებული ელექტორატი, სინამდვილეში, გადაეწყო მოქალაქეთა კავშირის მხარეს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პრეზიდენტის უაღრესად არაკორექტულმა გამონათქვამმა, რომ „ცუდი“ ოპოზიციის შესაძლებელი გამარჯვება საპარლამენტო გადატრიალებად შეფასდება.

ყველაზე დიდი უბედურება კი ის გახლდათ, რომ არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდა: გამარჯვებულმა პარტიებმა იმდენად ერთნაირად მიმართეს არჩევნების გაყალბების რთულ და მრავალფეროვან მეთოდიკას, რომ არჩევნების გაყალბებამ საბოლოო შედეგებზე გავლენა ვერ მოახდინა; პროპაგანდამ გაცილებით მეტი როლი შეასრულა არჩევნებში, ვიდრე საარჩევნო გაყალბებების სერიალმა. მოიგეს მხოლოდ მოქალაქეთა კავშირმა, აღორძინებამ და მრეწველებმა, წააგეს მოქალაქეებმა და დემოკრატიამ.

პარლამენტში შემცირდა პოლიტიკოსების რაოდენობა: პარლამენტი დატოვეს ეროვნულ-დემოკრატიულ, სახალხო და ლეიბორისტულ პარტიებში უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებულმა პოლიტიკოსებმა, პარლამენტში კვლავ ვერ მოხვდნენ ინტელექტით და პოლიტიკური კულტურით ცნობილი რესპუბლიკელები და, ბოლოს და ბოლოს, პარლამენტში აღარ დარჩა მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ოპოზიცია, უმრავლესობა პარლამენტში მოკლებულია საკუთარი მოსაზრებების გონივრული ოპონირების ანუ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღების ფუფუნებას; ამის გამო ოდნავი შეშფოთება მათ არ ეტყობათ. რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლის დიალექტიკური კანონის მიხედვით მყარმა უმრავლესობამ ეიფორიული უკონტროლობის თვისებების შეძენა დაიწყო.

მოულოდნელად გაიზარდა საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობა. ამავე დროს, ტრანსფორმირდა და კატასტროფულად დასუსტდა რეფორმების გენერატორი იურიდიული კომიტეტი, რომელსაც პატიოსანი, მაგრამ მორიდებული ხელმძღვანელის (გია მეფარიშვილი) გვერდით მოადგილის სახით დადგა არა ახალგაზრდა კობა დავითაშვილი ან ზურაბ ადეიშვილი, არამედ ძველი თაობის იურისტი და რეტროგრადის იერის მქონე ვ. ხაზარაძე.

რიგ შემთხვევაში კომიტეტების თავმჯდომარეებად დაინიშნენ ის ადამიანები, რომლებიც ამავე თანამდებობებზე იყვნენ და თავისი მოქმედებით თუ უმოქმედობით ჩააგდეს შესაბამისი დარგები. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვიღაც იმდენად კმაყოფილია ჩვენი ქვეყნის ფინანსური პოლიტიკით, რომ შესაბამის კომიტეტს კვლავ ბ-ნ ზაზა სიორიძეს უნიშნავს თავმჯდომარედ. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ პენსიონერთა მკვდარი სულების უზარმაზარი არმიის აღმოჩენის მიუხედავად შესაბამისი დარგის ყოფილი მინისტრი ახალდაარსებული კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს (ბ-ნმა გაზდელიანმა კომიტეტების თავმჯდომარეობის ყველა კანდიდატზე მეტი ხმა მიიღო).

როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მზარდი უკან (უფრო გვერდით) დახევისა გამოიკვეთა ის ტენდენცია, რომ შესუსტდა და ზოგიერთი მიმართულებით საერთოდ შეწყდა არასამთავრობო სექტორთან ოდინდელი ფართო და გულწრფელი თანამშრომლობა.

4 მდგრადი არამდგრადობა, როგორც პოსტსაბჭოური პოლიტიკის ფაქტორი

▲ზევით დაბრუნება


კახა კაციტაძე

პირველმა მომხსენებელმა ისაუბრა არჩევნების სამართლიანობის ხარისხის მერყეობის ტენდენციაზე 1990-99 წლებში. რასაკვირველია, უკუსვლა არ შეიძლება არ შეფასდეს უარყოფითად. თუმცა ასეთი მერყეობა დამახასიათებელია არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც, თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხეთისათვის. გავიხსენოთ ის პერიპეტიები, რომელიც მოჰყვა პეტროსიანის ხელმეორე არჩევას. ცხადია, რომ მისი გამარჯვება მანუკიანზე გაყალბების პროდუქტი იყო. თუმცაღა ამ არჩევნების წინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში, ისევე როგორც მათ შემდგომში, სამართლიანობის დონე უფრო მაღალი იყო. ასეთი მერყეობის მაგალითების მოყვანა ჩვენი ზღვისიქითა მეზობლების, რუმინელების და ბულგარელების, ბოლო დროის ისტორიიდანაც შეიძლება, რომლებიც მენტალური და ქცევითი სტერეოტიპებით ჩვენთან საკმაოდ ახლოს იმყოფებიან.

მთელი უარყოფითი დამოუკიდებლობისდა მიუხედავად იმ ფაქტისადმი, რომ არჩევნების სამართლიანობის ხარისხის ზრდა არ ატარებს თანაბარი აჩქარების მქონე სწორხაზოვანი პროცესის ხასიათს, მე შევეცდები პროცესი შეფასებებისაგან მაქსიმალურად დაშორებული ნეიტრალური ენით აღვწერო. ვიმედოვნებ, რომ ეს მიდგომა წარმოგვიჩენს რიგ ტენდენციებს, რომელთა გათვალისწინება დაგვეხმარება ჩვენს მიერ აღნიშნული ნეგატიური ტენდენციების ნეიტრალიზაციაში.

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ არჩევნების სამართლიანობის ხარისხის ზრდა სწორხაზოვანი არ არის. ე. ი. ადგილი აქვს გარკვეულ მერყეობას. ყოველი მერყეობა არამდგრადობის გამოხატულებაა. არამდგრადობა თავისთავად შეიძლება სხვადასხვა წარმოშობის იყოს და სხვადასხვა ტენდენციაზე მეტყველებდეს: კრიზისიდან დაწყებული ვიდრე „გამოჯანსაღებისაკენ“ მიმართული გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე. ჩვენს შემთხვევაში არსებითია იმ ფაქტორების გამოყოფა და მათი ურთიერთქმედების გაანალიზება, რომლებიც ამ არამდგრადობას იწვევენ.

ნებისმიერი არამდგრადობა რაღაცის ფონზე მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ თავდაპირველად ფონს ანუ იმ საერთაშორისო კონტექსტს შევეხებით, რომელშიც ჩვენი არამდგრადობა ვითარდება. ეს ფონი თავადაა უაღრესად არამდგრადი, რაც გამოწვეულია იმით, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა ძალიან დინამიკურ ტრანსფორმაციას განიცდის. ამ მხრივ ის სრული ანტიპოდია „ცივი ომის“ დაძაბული მდგრადობისა (სხვა საქმეა, როგორ შევაფასებთ ამ მდგრადობას). ბუნებრივია, რომ მაკროდონეზე არსებული არამდგრადობა გადაეცემა მის შემადგენელ ელემენტებსაც. თუ ეს ელემენტი თავად მყარად სტრუქტურირებულია, მყარი ბალანსის მდგომარეობაში იმყოფება, მას ტრანსფორმაცია მოსდევს (როგორც, მაგალითად, ამას ადგილი აქვს აშშ-ის, ევროკავშირის ან ნატოს შემთხვევაში). ხოლო როდესაც ელემენტი იმყოფება შინაგანი არამდგრადობის პირობებში, გარეშე ზეგავლენა მხოლოდ აძლიერებს მას. ამასთან თუ ამ ელემენტს აქვს დიდი ოდენობის შინაგანი ენერგია, მას შეუძლია თავისი არამდგრადობა სხვა არამდგრად ელემენტებზეც გაავრცელოს. ასეთია რუსეთი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობათა არამდგრადი სისტემის ფონზე თავად იმყოფება არამდგრად მდგომარეობაში და ამგვარ გავლენას ავრცელებს ჩვენზეც. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ელემენტალურადად იმიტომ ვიმყოფებით არამდგრადობის მდგომარეობაში, რომ საზოგადოება გადადის ურთიერთობების ერთი ფორმიდან სხვა ფორმაზე. ერთი სიტყვით, ფონიდან მომავალ არამდგრადობის ტენდენციას ემატება ჩვენი შინაგანი არამდგრადობიდან მომავალი ტენდენცია და არამდგრად სიტუაციაში მყოფი რუსეთის ამბების გავლენა. ასეთ ფონში კი თვით მყარ სისტემასაც გაუჭირდებოდა სტაბილურობის შენარჩუნება.

ეს რაც შეეხება ფონის გავლენას. ახლა ჩვენი საზოგადოების შინაგან მდგომარეობაზე. ჩვენი საზოგადოება არამდგრადია. მაგრამ აქ იმდენად ფაქტის კონსტატირება როდია საკმარისი, არამედ ის, თუ საით წავა, რა მხარეს განვითარდება ეს არამდგრადობა. ამჟამად არამდგრადობა გარკვეული სისტემის მოშლითაა გამოწვეული. ცხადია, მდგრადობა დამყარდება მაშინ, როდესაც ახალი სისტემა ჩამოყალიბდება. მაგრამ ჩვენ ისეთი მაგალითებიც ვიცით, როდესააც არამდგრადობა თავად იდებს მდგრად ხასიაათს და ასეთი მდგრადი არამდგრადი სისტემები საზოგადოებისათვის ყველაზე უარეს ვარიანტს წარმოადგენს.

ამდენად, ფორმალური აზრით ჩვენი განვითარების ორი სცენარი არსებობს. ან ჩამოყალიბდება მდგრადი არამდგრადი წონასწორობა, ან მოხდება სისტემური ტრანსფორმაცია, რაც გულისხმობს ინდივიდებს შორის ურთიერთობათა მთლიანად ახალი ურთიერთმიმართებების დამყარებას. „სრულიად ახალი“ მოიცავს როგორც იმისგან განსხვავებულს, რაც კომუნისტურ სისტემაში იყო, ისე პრინციპულად გამიჯნულს ურთიერთობათა იმ მრავალ სახეთაგან, რომლებიც ჩვენ გამოვცადეთ 1990 ან თუ გნებავთ 1988 წლიდან დღემდე. ასე რომ, ჩვენი ხანა ყველა ვარიანტში გარდამავალია, და ბუნებრივია, ეს ზეგავლენას ახდენდა ჩვენი არჩევნების შედეგებზე. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ არჩევნების წინ ფონის არამდგრადობამ თითქმის პიკს მიაღწია. გამძაფრდა დაპირისპირება სისტემის შიგნით მოქმედ სხვადასხვა ელემენტს შორის. და ყოველივე ამან არჩევნებისათვის ძალიან თავისებური მდგომარეობა შექმნა.

განვითარების ორივე სცენარს მრავალი ქვესცენარი გააჩნია. მათზე გააგებ მიზეზთა გამო ვერ შევჩერდები. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ მდგრადი არამდგრადობის დამკვიდრება რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს ის, საბოლოო ჯამში, საბოლოო ტაგნაციასა და კოლაფსს ნიშნავს (ამას თუგინდ ისეთი მდგრადი არამდგრადი სისტემის მაგალითი ადასტურებს როგორიც საბჭოთა კავშირი იყო). ამიტომ სასურველია განვითარების მეორე სცენარი. არამდგრადობის აღმოფხვრა სისტემის ელემენტებს შორის ურთიერთმიმართებების ახალი წესის დამყარებით შეიძლება, რომელიც ხასიათდება, როგორც ის სოციოკულტურული მოვლენა, მოდერნიზაცია რომ ჰქვია. სწორედ ის იწვევს წინა პლანზე დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

მაგრამ მოდერნიზაცია ძალიან სპეციფიკური პროცესია. მას სჭირდება პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოების ნების მაქსიმალურად სრული დამთხვევა. იმედი იმაზე, რომ მოდერნიზაცია თავისით მოხდება (თუგინდ ჩვენი გარემომცველი სამყაროს პოსტინდუსტრიული ტრანსფორმაციის შედეგად) სულ მცირე - სარისკოა. ამას ლათინური ამერიკის მაგალითებიც ადასტურებს, სადაც რიგი დამოუკიდებელი საახელმწიფოები თითქმის ასწლეულობის განმავლობაში იმყოფებიან მდგრადი არამდგრადობის მდგომარეობაში (მაგალითად, ბოლივია, სადაც დამოუკიდებლობის 180 წლის განმავლობაში 200-მდე სამხედრო გადატრიალება მოხდა).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ კითხვებზე მე ასეთ პასუხს გავცემდი: ჩვენი პოლიტიკური წყობა შეიძლება განისაზღვროს როგორც არამდგრადი სისტემა, რომელიც პრინციპში გახსნილია შემდგომი ტრანსფორმაციებისათვის. ეს არ არის დემოკრატია, ანუ სისტემის შემადგენელ ელემენტებს შორის ურთიერთმიმართებების ის სისტემა, რომელიც მეტ-ნაკლებად იდენტური იქნება იმისა, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში მოიპოვება. მაგრამ ეს არის ისეთი არამდგრადობა, რომელმაც ტრანსფორმაციის გარკვეულ პირობებში (იმ ტრანსფორმაციისა, რომელიც ჩვენ დავახასიათეთ, როგორც მოდერნიზაცია) შეიძლება გარდაიქმნეს მოდერნიზდემოკრატიად. მე ჯერ კიდევ არ ვიხმარდი სიტყვას დემოკრატიის გზაზე მდგარი, ვინაიდან ასეთი რამ გულისხმობს გარკვეული ცვლილებების შეუქცევადობას. ასეთი კი ჩვენთან გარანტირებული არ არის.

თუმცა ასეთი დახასიათება შეიძლება ბევრი პოსტსაბჭოური, ან უფრო ზუსტად, პოსტსოციალისტური სახელმწიფოსათვის გამოდგეს. აზერბაიჯანიდან იუგოსლავიამდე (მე შეგნებულად ვასახელებ ტრანსფორმაციის ორ ყველაზე სპეციფიკურ შემთხვევას). საქართველოს ამჟამინდელი განვითარების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ დასახელებულ ზოგად ტენდენციას რამდენიმე სპეციფიკური მომენტი ემატება.

ერთ-ერთს ამ მომენტთაგან წარმოადგენს ის, რომ საქართველოში არ მოხდა პოლიტიკური ელიტის გენერაციული განახლება. უფრო სწორად ეს პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. არადა, ელიტის განახალგაზრდავება მოდერნზაციის პროცესის განხორციელების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორია. ცხადია, არა იმიტომ რომ „ასაკოვანი“ ადამიანი ბუნებრივად უფრო „რეტროგრადია“ და ახალგაზრდა - „მოდერნიზატორი“. ჩვენში ამის საპირისპირო უამრავი მაგალითი მოიპოვება. უბრალოდ, შედარებით ახალგაზრდები, რომელთა მენტალური და ქცევითი სტერეოტიპების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, უფრო ადვილად ახერხებენ ადაპტირებას ახალ სისტემებში.

აქედან გამომდინარე, შეიძლება პასუხი გაეცეს ჩვენს ორგანიზატორთა დასმულ შემდეგ კითხვასაც იმის შესახებ, იყო თუ არა ეს არჩევნები გარკვეული ეტაპი ჩვენი ევოლუციის გზაზე. თუ ევოლუციად გავიგებთ ელიტის ელემენტების განაახლებას და მათ შორის ახალი ურთიერთმიმართებების დამყარებას, ცხადია, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება წინგადადგმულ ნაბიჯად. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი სუბიექტური მოსაზრება. ამას მაფიქრებინებს ის, რომ იმავე ელიტის (თანაც იმავე ელიტის იმავე კონფიგურაციის) პირობებში საეჭვოა მათში ახალი ურთიერთმიმართებების ჩამოყალიბება (ღმერთმა ქნას, ვცდებოდე). ამ არჩევნების შედეგებს ჩვენში მიმდინარე პროცესების დინამიკაში მე ასე განვსაზღვრავდი: ამ არჩევნება გახსნილად შეინარჩუნა ჩვენში არსებული არამდგრადი მდგომარეობა. არ გადადგმულა განსაკუთრებული ნაბიჯები ესოდენ არასასურველი მდგრადი არამდგრადობის ჩამოსაყალიბებლად, რისიც ექსპერტთა ნაწილს ეშინოდა გარკვეული პოლიტიკური ძალების გამარჯვების შემთხვევაში. თუმცა სისტემური თვალსაზრისისთვის არაა არსებითი ამა თუ იმ ძალის „კარგობა“ ან „ცუდობა“. შეუძლებელია ამგვარი ტრანსფორმაციის პროცესისას მხოლოდ ვინმეს (რაც არ უნდა „კარგი“ ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი იყოს) კეთილ ნებაზე დამყარება.

ამით ისიც ითქვა, თუ რისი გაკეთებაა საჭირო ღონისძიებათაგან, რომელზეც ჩვენი მასპინძლები ლაპარაკობდნენ. აქ არ დგას საქმე ასე: „ან“ - „ან“. აქ საკითხი დგას „და“ - „და“. აქედან გამომდინარე, სიმპოზიუმ-დისკუსიის მოსაწვევში ჩამოთვლილი ყველა ღონისძიება უნდა განხორციელდეს. და კიდევ ბევრი რამ. ვფიქრობ არასამთავარობო სექტორმა სერიოზულად უნდა იმუშაოს კონცეფციაზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების მოდერნიზებისათვის გადასადგმელ ნაბიჯებს და მათი განხორციელების საშუალებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მდგრადი არამდგრადობა, რომლის თავიდან აცილება ამ არჩევნების მთავარ პოზიტიურ შედეგად ითვლება, ადრე თუ გვიან მაინც დამყარდება, შესაძლოა პოლიტიკურ ძალთა ნებისგან დამოუკიდებლადაც კი. და სულ არ არის არსებითი ვისი ხელისუფლებაში ყოფნისას დამყარდება იგი.

5 რას ნიშნავს 1999 წლის არჩევნები ქართული დემოკრატიისათვის?

▲ზევით დაბრუნება


გიგი თევზაძე

აქ უფრო მიზანშეწონილი იქნება შემდეგი კითხვის დასმა: არის თუ არა დემოკრატიული ის ქვეყანა, რომელშიც ძირითადი პოლიტიკური ძალების დაპირისპირება შეიძლება აღიწეროს, როგორც დემოკრატიაზე ორიენტირებულის და კომუნისტურ-დიქტატორულ რეჟიმზე ორიენტირებულის ურთიერთწინააღმდეგობა? რამდენად შეიძლება ვილაპარაკოთ დემოკრატიული ქვეყნის შესახებ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს რევანშისტული მიმართულება სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების წარმომადგენლების დონეზე? ანდა, უფრო ზოგადი კითხვის დასმაც შეიძლება: რამდენად ზის დემოკრატიული ქვეყნის პარადიგმაში დემოკრატიული მეთოდებით ბრძოლა იმასთან, რაც თავის თავში ანტიდემოკრატიულ მუხტს და მიმართულებას ატარებს?

ყოველივე ამის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის დემოკრატიული ქვეყანა, და არც იქნება მანამ, სანამ მასში იარსებებს სახელმწიფო დონეზე დაპირისპირება კომუნისტურ-დიქტატორულ რეჟიმს და დემოკრატიულ წყობილებას შორის. თავი რომ დავანებოთ ამ ორი პოლუსის სათავეში მდგარი პიროვნებების დახასიათებას და საქმეს სტრუქტურულად შევხედოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია საბოლოო არჩევანი საკუთარი წყობის და სახელმწიფო მოწყობის პრინციპების მიმართ. ამიტომ მოსთხოვო ასეთ ხელისუფლებას დემოკრატიულობა, ნიშნავს მოსთხოვო მას, წააგოს არჩევნები. რაც შეეხება სახელმწიფო მოწყობის ფორმას, რა თქმა უნდა, ის არ არის დემოკრატია. არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის მაცხოვრებელთა დიდი ნაწილისათვის დემოკრატია არანაირად არ არის საგრძნობი, დემოკრატიული პრინციპები მხოლოდ პოლიტიკური ელიტის ერთი მხარისთვის არის გასაგები და მომგებიანი. თუკი შეიძლება ლაპარაკი ე. წ. ორი ცენტრის შეპირისირებით დახასიათებაზე, უნდა ითქვას, რომ მკვეთრად გამოხატული დემოკრატიული და დიქტატორული სტრუქტურა მათში მხოლოდ ზედა დონეებზე არსებობს. საშუალო ადამიანისათვის კვლავ საბჭოთა პოლიციური სისტემა მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა დიდი დრო გავიდა საბჭოთა პერიოდის დასასრულიდან, საქართველო ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული რაიმე ტიპის სახელმწიფოდ. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს გარდამავალი პერიოდი, არავინ იცის. მის განსაზღვრაში იმდენად ბევრი გარე და შიდა ფაქტორი მონაწილეობს, რომ შეუძლებელია დაადგინო, რამდენ ხანში მოხდება დემოკრატიულობისათვის არასასურველი ფაქტორების აღმოფხვრა. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ რეალურად ვდგავართ საფრთხის წინაშე. ეს ე. წ. გარდამავალი პერიოდი, რომელსაც არსებული ვითარებების ფონზე აქვს გამართლება, მაგრამ არანაირი გამართლება არა აქვს, თუ გავითვალისწინებთ თითქმის ათწლიან განვლილ პერიოდს, შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

ამიტომ, ჩატარებული არჩევნები არანაირი ეტაპი არ არის ჩვენი ქვეყნის ევოლუციის გზაზე. შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები, რომელიც განვითარებად და გარდამავალ ქვეყნებში გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს, ევოლუციის ყველაზე კარგი ინდიკატორია. ფორმის მიხედვით, 1999 წლის არჩევნებს 1995 ანდა 1998 წელთან შედარებით ცვლილება არ განუცდია არც ერთ რეგიონში. მართალია, პოლიტიკურად მოხდა ძალების პოლარიზაცია, მაგრამ ესეც არ არის განვითარების უტყუარი მაჩვენებელი, ისევ და ისევ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის - გარდამავალი პერიოდის უსასრულოდ გაგრძელების ხიფათის არსებობის - გამო.

არსებული უსასრულობა და განუსაზღვრელობა უამრავ სცენარს გვთავაზობს, რომელნიც დღევანდელი მომენტისათვის თანაბრად განხორციელებადნი და ამავე დროს თანაბრად განუხორციელებელნი არიან. მათგან შეიძლება რამდენიმე გამოვყოთ:

1. რევანშისტული ძალები დამარცხდებიან და საქართველო მიაღწევს სრულ დემოკრატიას უახლოეს 5 წელიწადში;

2. არაფერი შეიცვლება და არჩევნები 2003 წელს ისევ არსებული სქემით ჩატარდება;

3. ბათუმი რომც დამარცხდეს, მმართველი ძალები გამოიგონებენ ახალ მტერს, რომ მტრის ხატით დააშინონ მოსახლეობა;

4. გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შესძლებს სერიოზული წინაამღდეგობა გაუწიოს მმართველ პარტიას;

5. შევარდნაძე მოერევა ასლანს, და შემდეგ ისევ მოითხოვს პრეზიდენტობას;

6. შევარდნაძე მოერევა ასლანს და აღარ მოითხოვს პრეზიდენტობას, და ნამდვილი დემოკრატიული არჩევნებიც ჩატარდება;

7. შევარდნაძე ვერ მოერევა ასლანს, მოკვდება, და ასლანი მოვა;

8. შევარდნაძე არ მოკვდება...

და ა.შ.

ყოველივე ამის ფონზე საერთაშორისო სიტუაცია და მასში ცვლილება ყველაზე უფრო ნაკლებ გავლენას მოახდენს საქართველოში არსებულ ვითარებაზე. შესაძლებელია რუსული ბაზები მთლიანად გავიდნენ საქართველოდან და ტერიტორიული კონფლიქტებიც მოგვარდეს, მაგრამ არაფერი და არავინ არ შეუშლის ხელს მტრის ახალი ხატის შექმნას: პირიქით, ახალი მტრის ხატი პოლიტიკური ინვესტიციების ახალ ტალღას და არჩევნების ჩატარების დამუშავებული ხერხების სრულყოფას გამოიწვევს.

არსებულ ვითარებაში, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ არ არსებობს როგორც გარკვეული პოლიტიკური წყობის ქვეყანა, როდესაც დემოკრატიული სტრუქტურები მხოლოდ სოციალური სტუქტურის ზედა ფენაში არსებობს, როდესაც არსებობს საფრთხე, რომ ეს გარდამავალი პერიოდი უსასრულოდ გაგრძელდეს, სამოქალაქო საზოგადოებას, მისი ინსტიტუციონალური ფორმებით, მხოლოდ ერთ პოზაში დგომა აქვს დარჩენილი. მე ვლაპარაკობ პოზაზე და არა გზაზე; გზების განსაზღვრა წინასწარ, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გაურკვეველია ის პოლიტიკური სისტემა, რომელსაც ახალი პარლამენტი დაადგენს, და როდესაც ლაპარაკია პარლამენტში „მესამე სექტორის განვითარების ქვეკომიტეტის“ შექმნის შესახებ, უსარგებლო საქმეა. მრავალფეროვანი, ერთი მხრივ, და ერთფეროვანი, მეორე მხრივ, შეიძლება იყოს სამოქალაქო საზოგადოების წინ გადაშლილი გზების არჩევანი.

ეს პოზა არის კასანდრას პოზა. ყველას ახსოვს კასანდრას სიუჟეტი: წინასწარმეტყველი ქალი, რომლის წინასწარმეტყველებასაც არავინ უჯერებდა, და რომლის წინასწარმეტყველებებიც სრულდებოდა. მაგრამ ცოტა ხნით დავანებოთ თავი ამ მდგომარეობის მიღწევის მითოლოგიურ ვერსიას და შევხედოთ მას, როგორც სოციალურ ფენომენს: რა შემთხვევაში შეიძლება აღარ დაუჯერონ წინასწარმეტყველება-გაფრთხილებას? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი თავიდან, როდესაც ამ წინასწარმეტყველებების გამოთქმა იწყება, ხდება ამ გაფრთხილებებისათვის ყურის დაგდება და ნებით თუ უნებლიედ საწინაამღდეგო ზომების მიღება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს საწინაამღდეგო ზომები ჩვევაში გადადის, ხდება შესაძლებელი ჩათვალო, რომ ყველა წინასწარმეტყველება, რომელიც გაკეთდა, არასწორია, რადგანაც არ განხორციელდა.

დღეს საქართველოს ხელისუფლება აშკარად მოწადინებულია, ერთი მხრივ, დაიქვემდებაროს სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო მეორე მხრივ - ითანამშრომლოს მასთან, რადგანაც მასში ყველა, იქნება ეს ძველი კომუნისტური ძალები, თუ ახალი, დემოკრატიულობაზე მიმართული, ხედავენ ძალას, რომელმაც შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყოველი რეპრეზენტატორის ბედზე. შესაბამისად, მკაცრი და არასახარბიელო წინასწარმეტყველებები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა აკეთონ, სინამდვილეში ერთადერთი გზაა, რომელმაც შეიძლება (თუმცა გარანტიები არ არსებობს) აგვაცილოს მარადიული გარდამავალი პერიოდი. შემდეგ, თუკი გარდამავალი პერიოდი აგვცილდა, სამოქალაქო საზოგადოება ნელ-ნელა დაიწყებს კასანდრად ქცევას და დადგება საკუთარ პოზაზე უარის თქმის აუცილებლობის წინაშე. და სწორედ მაშინ განხორციელდება ის ვითარება, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური ტანები მკვეთრად გაყოფენ საკუთარ კომპეტენციებს და სივრცეებს: სამოქალაქო საზოგადოება აღარ იქნება იძულებული პოლიტიკური პროგნოზები აკეთოს და მიეცემა საშუალება მიმართოს იმ მხარეებს, სადაც იმთავითვე შეუძლებელია სახელმწიფო ორგანოების ინსტიტუციური ჩარევა საქმის გაფუჭების გარეშე.

ამიტომ, კითხვაზე, რომელიც ამ ტექსტის სათაურშია გამოტანილი (რას ნიშნავს 1999 წლის არჩევნები ქართული დემოკრატიისათვის?) პასუხი შემდეგია: თავისთავად ეს არჩევნები არაფერს ნიშნავს საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის. მაგრამ ამ არჩევნებმა კარგად დაგვანახა, რომ არსებული ვითარება შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. ქვეყანაში არსებულ ვითარებას არაფერი შეცვლის, თუკი კონკრეტული დაინტერესებული ადამიანი (ან ადამიანთა ჯგუფი) არ მოინდომებს, და თუნდაც მხოლოდ არსებული სამოქალაქო საზოგადოების ფარგლებში არ მოხდება ამ ვითარების შეცვლაზე გარკვეული თანხმობა. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნებს მაინც ჰქონდა დადებითი და გარკვეული შედეგი (თუკი გარკვეულობა შეიძლება ჩაითვალოს დადებითობად), ოღონდ იმედების გაცრუების მხრივ: ამ არჩევნებმა დაგვანახა, არ არსებობს და არც იარსებებს, არც ქვეყანაში და არც მის გარეთ, რაიმე სტრუქტურა და ინსტიტუციური ძალაუფლება, რომელიც საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურების სოციალური სივრცის ყველა დონეზე გავრცობაზე იზრუნებს. და ეს შედეგი განსაკუთრებით საგრძნობი უნდა იყოს ჩვენთვის, თუნდაც ამ კონკრეტულ სივრცეში თავმოყრილი ადამიანებისათვის - ვინც ნაწილობრივ ვიგრძენით დემოკრატიული სისტემის სიკარგე, მაგრამ, ჩვენი ყოველდღიური არსებობის გამო, დიდწილად პოლიციურ სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე. ამიტომ, ჩვენ მოქცეულები ვართ შიზოფრენიულ სიტუაციაში, როდესაც თავს ორი, ურთიერთსაწინაამღდეგო სამყაროს მაცხოვრებლად ვგრძნობთ, და როდესაც ორივეს რეალობაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ. შესაბამისად, ასეთი ვითარებიდან თავის დაღწევით ყველაზე უფრო ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული.

6 დისკუსია

▲ზევით დაბრუნება


მარინა მუსხელიშვილი. პირველ რიგში მე დავეთანხმები ბატონ გია ნოდიას იმ საკმაოდ კრიტიკულ შეფასებას, რომელიც მან მისცა ბოლო არჩევნებს. თუ დავსვამთ კითხვას, რა პოლიტიკური სისტემაა ჩამოყალიბებული დღესდღეობით საქართველოში, პასუხი ალბათ განსხვავებული იქნება იმ პასუხისგან, რომელსაც ამ კითხვაზე ერთი-ორი წლის წინ გავცემდით. მაშინ მე ვიტყოდი, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა საარჩევნო, ანუ მინიმალური დემოკრატია - რეჟიმი, რომლის დროსაც ტარდება საკმაოდ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, არსებობს სიტყვისა და სხვა თავისუფლებები, და რომელმაც შეიძლება დროთა განმავლობაში განიცადოს კონსოლიდირება და გადაიქცეს ნამდვილ, ლიბერალურ დემოკრატიად.

დღეს, ჩემი აზრით, არჩევნების ჩატარების სტილმა და ხასიათმა გამოავლინა, რომ საარჩევნო დემოკრატიამ საქართველოში განიცადა ეროზია. სახეზეა ახალი საფრთხე, რომელიც მდგომარეობს პარტია-სახელმწიფოს ხელახალ ჩამოყალიბებაში. უფრო სწორედ, სახეზეა ორი პარტია-სახელმწიფო - ერთი თბილისში და ერთიც ბათუმში.

გავიხსენოთ დემოკრატიის პოპერისეული, „არაკლასიკური“ თეორია, რომელიც ძალიან მარტივ და პრაგმატულ კრიტერიუმს იძლევა პოლიტიკური სისტემის დასახასიათებლად. პოპერი სვამს კითხვას: „შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების შეცვლა არაძალადობრივი, მშვიდობიანი გზით, თუ ეს ხელისუფლება მეტისმეტად დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას?“ თუ ამ კრიტერიუმს მივუყენებთ საქართველოს სინამდვილეს, ბოლო არჩევნები ხომ იმას უნდა მოწმობდეს, რომ უახლოეს 10-15-20 წელიწადში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით ვერ მოხერხდება, რადგან ყველა ინსტრუმენტი მის ხელშია მოქცეული. თუ ეს ასეა, და სახეზეა პარტია-სახელმწიფოების ფენომენი, ალბათ უაზრობაა იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენპარტიულია ჩვენი სისტემა, ვინაიდან მოქალაქეთა კავშირი და, ვთქვათ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია სულ სხვადსხვა ტიპის წარმონაქმნებს წარმოადგენს.

მე ვერ დავეთანხმები ბატონ გიას იმაში, რომ დემოკრატიული ძალები საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებში და მას მედიაში უნდა ვეძიოთ. ჯერ ერთი, თავად „დემოკრატიული ძალების“ ცნება მეტად სახიფათოდ მეჩვენება. ვულგარულად გაგებული, დემოკრატიულობა ჩვენში ხშირად ასოციირებულია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის „პროდასავლურიბასთან“. ამდენად ხმის მიცემა ხდება არა კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იდეოლოგიზირებული, მიზნად აღიარებული „დემოკრატიულობიდან“ გამომდინარე, რაც ანიჭებს პოლიტიკურ სისტემას დელეგირებული დემოკრატიის ხასიათს, ნაცვლად წარმომადგენლობითი დემოკრატიისა.

მეორეც, არასამთავრობო ორგანიზაციები და მას მედია ჩვენში ვერ გახდება დემოკრატიის დასაყრდენი. სიტუაცია იმდენად მძიმეა, რომ მისი შეცვლა მხოლოდ სასიცოცხლო, რეალურ ინტერესებს თუ შეუძლია. თუ ვიხმართ განზრახ გამომწვევ ტერმინს, მე ვიტყოდი, რომ საქართველოს გზა დემოკრატიისკენ გადის ბურჟუაზიულ რევოლუციაზე. მე სპეციალურად ვახსენებ რევოლუციას და არა გარდაქმნას, ვინაიდან კაპიტალისტური რეფორმები, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში წარიმართა ზევიდან ხავერდოვანი რევოლუციის სახით, ჩვენში არარეალურად მეჩვენება. ჩვენში გარდაქმნები უნდა წავიდეს ქვევიდან, და ეს უკავშირდება საშუალო ფენის ზრდას, როგორც ეს იყო ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში.

ბოლოს, მე დავსვამდი კითხვას, რომელიც ყველაზე არსებითად მეჩვენება. რას საჭიროებს ჩვენი საზოგადოება - დემოკრატიას, რომელიც დაკავშირებულია სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან და რომელიც ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცხოა, თუ კვლავ ავტორიტარულ მოდერნიზებას, რომლის გამოცდილებაც ათწლეულების განმავლობაში გაგვაჩნდა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ აღემატება ჩვენს კომპეტენციას. მაგრამ თუ განვითარების უკანასკნელმა მოდელმა გადაწონა, მაშინ ერთადერთი, რისი გაკეთება შეუძლია ჩვენნაირ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ეს არის ყველაფრისთვის თავისი სახელების დარქმევა, რათა არ აღვმოჩნდეთ ორუელისეულ ვითარებაში, როდესაც სიტყვა დემოკრატია „ახალენის“ ფუნქციას შეასრულებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი. საქართველოში დიდი ხნის დამკვიდრებულია ტრადიცია, როცა პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების უკან სხვა, სრულიად საპირისპირო ვითარების ამოკითხვას ვცდილობთ. ასე მაგალითად, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ,,რეფორმატორთა” ნაწილმა არაერთგზის განაცხადა, რომ არანაირი დაყოფა პარტიის შიგნით ჟვანიას, ლორთქიფანიძისა და ლეკიშვილის გუნდებს შორის არ არსებობს და რომ ისინი ყველანი არიან პრეზიდენტის პარტიის წევრები. რატომღაც ამ განცხადების სიმართლეს ჯიუტად არ იჯერებს არც მას მედია, არც არასამთავრობო სექტორი, არავინ, ვისაც პოლიტიკის მიმართ ოდნავი ინტერესი აქვს და თვალს ადევნებს პოლიტიკურ პროცესს.

არადა, ეს განცხადება სრულად შეესაბამება სინამდვილეს, მხოლოდ არა იმ აზრით, რომ მათ აბსოლუტურად საერთო ინტერესები აქვთ. უბრალოდ ეს ადამიანები შეთანხმდნენ თამაშის საერთო წესებზე და აცხადებენ, რომ ძალაუფლებისათვის ბრძოლის პროცესში სხვის ჩარევას აღარ დაუშვებენ. ასე რომ, საზოგადოებისათვის, რომელიც სამთავიანი მოქალაქეთა კავშირის წყალობით, პოლიტიკის მიღმა რჩება, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, რეალურად რას ფიქრობს ჟვანია ლეკიშვილზე, ლეკიშვილი ლორთქიფანიძეზე, ლორთქიფანიძე ჟვანიაზე და ა. შ. ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალის მიმართ სმკ-ის ელიტის პოზიცია (ასაკობრივ - მსოფლმხედველობრივ განსხვავებათა მიუხედავად) იდენტურია.

ამ განმარტების მიუხედავად, ჩვენ სმკ-ის შიდა დაყოფას მაინც გამოვიყენებთ შემდგომ მსჯელობაში, რაც იმათიაა გამოწვეული, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტის დახასიათების ეს მეთოდი მოსახერხებელია გარკვეული დეტალების გამოსავლენად. მას მედიისა და არასამთავრობო სექტორის სიჯიუტეზე კი ვიტყოდი, რომ ორივე მათგანი ჩართულია მოლოდინების ველში.

არჩევნები ჩავლილია და კრიტიკას ვერშეჩვეული ,,რეფორმატორები” ვერ დაგვწამებენ იმას, რომ ჩვენი ზედმეტი მსჯელობით გავლენას ვახდენთ ამომრჩეველზე და ვქმნით მათთვის არასასურველ საზოგადოებრივ აზრს. მით უმეტეს, ამას ვერ იტყვის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ის დიდი ნაწილი, რომელიც „საზოგადოებრივ აზრს” საერთოდ არ დაგიდევთ. ცხადია, რომ „საზოგადოებრივი აზრი” მხოლოდ პოლიტიკური დემაგოგიისათვის გამოსაყენებელი ტერმინია მათთვის, ვინც ეთანხმება არჩევნების გაყალბებას და ვინც მიიჩნევს, რომ არჩევნების გაუყალბებლად საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა არ ჩამოყალიბდება.

იმისათვის, რომ ვუპასუხოთ კითხვაზე - როგორი ქვეყანა ვართ 1999 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ? - ჯერ სხვა, უფრო ფუნდამენტურ კითხვებზე უნდა გავცეთ პასუხი: არის კი საქართველოში იმ ტიპის სახელმწიფო, რომლის არსებობის წესსა და განვითარების მიმართულებაზე გავლენას ახდენს არჩევნები? არის კი საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორიის დაყოფა მიზანშეწონილი საპარლამენტო ოთხწლეულების მიხედვით? არჩევნები, რომლებიც საქართველოში ჩატარდა, რაიმე ახლის დასაწყისია თუ რაღაც ძველის ლოგიკური შედეგი?

პასუხი ამ უკანასკნელ კითხვაზე, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები რაღაც ძველის ლოგიკური შედეგია და არა რაიმე ახლის დასაწყისი, უკვე ნათელს ხდის პასუხს სხვა კითხვებზეც: საქართველო ჯერ კიდევ არ არის იმ ტიპის სახელმწიფო, რომლის არსებობის წესსა და განვითარების მიმართულებაზე გავლენას ახდენს არჩევნები; საქართველოს ბოლოდროინდელი ისტორია საპარლამენტო ოთხწლეულების მიხედვით კი არ უნდა დავყოთ, არამედ ისეთი კრიტერიუმის მიხედვით, რომელიც ამ ქვეყანაში მომხდარ ცვლილებათა აშკარა სიმბოლო იქნება (მაგალითად, ამერიკული კომპანია AES-ის მიერ „თელასის” პრივატიზაცია).

საქართველოში ჩატარებული არჩევნები რომ რაღაც ძველის ლოგიკური შედეგია და არა რაიმე ახლის დასაწყისი, ჩანს გამარჯვებული პარტიის წინასაარჩევნო ლოზუნგიდანაც: ვაცალოთ საქართველოს მოქალაქეთა კავშირს დაწყებულ საქმეთა დასრულება. სხვა საქმეა, რა დაიწყო სმკ-მა და ღირს თუ არა, რომ მის ლიდერებს ამ დაწყებულის დასრულება ვაცალოთ.

მმართველმა პარტიამ ნაბიჯიც არ გადადგა საიმისოდ, რომ შეესრულებინა თავისი უმთავრესი დაპირება: ყოველ ადამიანს ექნება საშუალება, იცხოვროს თავისი პიროვნული შესაძლებლობებისა და უნარების შესაბამისად. ის ფაქტი, რომ ადამიანები ღამით უშიშრად გამოდიან გარეთ, არც ერთი პოლიტიკოსის დამსახურება არ არის. ნებისმიერ საზოგადოებას, როგორც თვითკმარ ცოცხალ ორგანიზმს, ახასიათებს თვითრეგულაციის თანდაყოლილი უნარი, რომელიც განაპირობებს ქაოსისა და მხედრიონულ-გვარდიული ეპოქიდან პოლიტიკოსებისათვის ეგზომ საოცნებო „სტაბილიზაციაზე” გადასვლას. ასე მოხდებოდა ნებისმიერი მთავრობის, ნებისმიერი ხელისუფლების შემთხვევაში იმ მცირე განსხვავებით, რომ სხვა ტიპის ხელისუფლება სხვა ტიპის „სტაბილიზაციას” მოირგებდა საკუთარ სხეულზე.

„სტაბილურობა” რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, არის იმგვარი წესრიგი, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური ისტებლიშმენტის განუსაზღვრელი დროით ბატონობას მოსახლეობაზე, როგორც საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს უწოდებენ პოლიტიკოსები. ეს მოჩვენებითი სტაბილურობა უთუოდ დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ მისი მიღწევის მიზანი იყო არა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, არამედ საკუთარი „ისტებლიშმენტური ყოფის” უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასეთი „სტაბილურობა” მიღწეულია, ხოლო მეტი სტაბილურობა სულაც არ შედის ხელისუფლების ინტერესებში, რადგან „მეტი სტაბილურობა” ნიშნავს, რომ სისხლისღვრის გარეშე, არჩევნების გზით სხვა შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლების მწვერვალზე.

პოლიტიკური ისტებლიშმენტი აყვედრებს მთელ საზოგადოებას, რომ მან უზრუნველყო სტაბილურობა. ახლა შეუძლია დაგვაყვედრონ, რომ 1937 წელს არ გვიწყობენ, ღამღამობით არ გვაპატიმრებენ, ტყვიას არ გვესვრიან ბნელი კუთხიდან. თუმცა თუ თბილისის ბათუმიზაცია მოხდა, არც ამაზე დაიხევს ხელისუფლება უკან.

სტაბილურობა, რომელზეც დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტი საუბრობს, შორს არის სტაბილურობის „სტაბილური” ცნებისაგან. რეალური სტაბილურობა ნიშნავს ისეთი ვითარების არსებობას, როცა ხელისუფლების შეცვლა უმტკივნეულოდ, კატაკლიზმების გარეშე ხდება. ის ფაქტი, რომ ხელისუფლების შეცვლა არ ხდება სტაბილურობის დარღვევის შიშით, მიუთითებს, რომ ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა.

ისეთი არჩევნები, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს ერთი და იმავე პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, ნათელყოფას, რომ საზოგადოება ეყრდნობა არა მყარ, სტაბილურ პოლიტიკურ ინსტიტუტებს, არამედ მერყევ, არასტაბილურ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოქმედებენ არა დემოკრატიულ ღირებულებათა სისტემის პრინციპთა შესატყვისად, არამედ შექმნილ გარემოებათა მიხედვით. შექნილი გარემოება - ძალაუფლების წყურვილი და საზოგადოების მორჩილება - „დემოკრატად” ცნობილ პოლიტიკოსებს სულ უფრო ხშირად უბიძგებს, მიიღოს დემოკრატიისა და ხალხისთვის საზიანო გადაწყვეტილებები.

პოლიტიკური ისტებლიშმენტის „რეფორმატორებად” ცნობილი ნაწილი თავდაპირველად ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი ინგლისური ინდივიდუალიზმის პრინციპების ერთგულნი იყვნენ: ისე ჩანდა, რომ ამ ადამიანებისთვის მთავარი იყო არა „აბსტრაქტული დემოკრატია” (რომელსაც საბჭოური ხუთწლედის ბოლოს უნდა მივაღწიოთ), არამედ ცხოვრების ისეთი საწყისი პირობების შექმნა, როდესაც თვით საბჭოური გამოცდილებიდან ახლახანს გამოსული საზოგადოების ირაციონალური ზრახვები და მისწრაფებებიც კი დემოკრატიული სისტემის გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.

როგორც ჩანს, „რეფორმატორებს” არც მოთმინება ეყოთ და, რაც მთავარია, ძალაუფლების წყურვილმაც თავისი გაიტანა. ხელისუფლებაში სპონტანურად (ინგლისური ტრადიციის შესაბამისად) მოსული „რეფორმატორები” კონტინენტური ინდივიდუალიზმის დამცველ ბიუროკრატებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც ხალხს მხოლოდ საშუალებად განიხილავენ და არა მიზნად. ანუ „რეფორმატორებმა” ჩათვალეს, რომ დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა საზოგადოებამ კი არ უნდა გამოიმუშაოს (დემოკრატიულ ღირებულებათა სისტემის შეთვისების პარალელურად), არამედ ამ სისტემის მოდელი უკვე არსებობს მათსავე თავში და საჭიროა, ხალხმა მხოლოდ აცადოს მათ ამ მოდელის განხორციელება.

აქედან იბადება არჩევნების გაყალბების აუცილებლობის მარტივი თეორია: ხალხი ბნელია, გაუნათლებელია, თავის ნებაზე რომ მიუშვა, ვინ იცის, ვის აირჩევს. ამიტომ არჩევნები უნდა გაყალბდეს, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის გონებაზე ტოტალური კონტროლი უნდა დამყარდეს, რათა გზიდან გადახვევის ყოველგვარი შესაძლებლობა გამოირიცხოს. რაც მთავარია, ამ თეორიის საყრდენ დებულებად ცხადდება ის, რომ ეს ყველაფერი ხალხისავე საკეთილდღეოდ ხდება.

იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია მმართველობის ფორმად ჩამოყალიბდა, დემოკრატიის, როგორც პოლიტიკური სისტემის, ფორმირებას წინ უძღოდა დემოკრატიის, როგორც ღირებულებათა სისტემად, ფორმირება. საქართველოში შექმნილია ვითარება, როცა ცურვა პირდაპირ წყალში ჩაგდების შემდეგ უნდა ვისწავლოთ, ანუ შექმნილი ვითარების გამო საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა და იმავდროულად, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გამოიმუშაოს, გაითავისოს დემოკრატიულ ღირებულებათა სისტემა.

თუ დემოკრატიად გავიგებთ მხოლოდ მრავალპარტიული არჩევნების ჩატარებას, მაშინ საქართველოში გარეგნულად გვექნება დემოკრატია, მაგრამ შინაგანად გვექნება ტოტალიტარიზმზე არანაკლებ საშინელი პოლიტიკური სისტემა, რადგან არ იარსებებს ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა, რისთვისაც საჭიროა ასეთი არჩევნების ჩატარება. ხელისუფლებაში მუდმივად ერთი და იმავე ძალის ყოფნა ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ არსებობს გარანტიები იმისა (როგორც არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება), რომ არ იქნება ხელყოფილი საკუთრების, სიტყვის, აღმსარებლობისა და სხვა ძირითადი უფლებები.

1995 წლის არჩევნების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი მმართველი კი არა, არჩევნებში გამარჯვებული პარტიაა. ამაში იგულისხმებოდა ის, რომ მოქალაქეთა კავშირის „რეფორმატორებს” ძლიერი პოზიციები ჰქონდათ პარლამენტში, მაგრამ, სინამდვილეში, ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომელიც მმართველობის ძირითადი არენაა საქართველოში.

1999 წლის არჩევნების შემდეგ მივიღეთ სიტუაცია, როცა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული პარტიაა, არამედ პრეტენზიას აცხადებს, იქცეს მმართველ პარტიად. ამაზე მეტყველებს „რეფორმატორთა” არაერთგზისი განცხადებები და მცდელობები, პოზიციები მოიპოვონ და გაიმყარონ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

1995-1999 წლებში პოლიტიკური ისტებლიშმენტის ახალგაზრდული ნაწილი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა „აზროვნების ოლიგარქიად”, რომელმაც მიისაკუთრა რეფორმატორის, პროდასავლელის, დემოკრატის სახელი. საქართველოს ხელისუფლების ეს ელიტური ჯგუფი მიიჩნევს, რომ მხოლოდ მან იცის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ხოლო ხალხს ამაზე წარმოდგენა არ აქვს ან თუ აქვს - არასწორი (მაგალითად, მხარს უჭერს ასლან აბაშიძეს). რაკი ხალხს ამაზე წარმოდგენა არ აქვს, „ბუნებრივია”, იგი არც უნდა მონაწილეობდეს ეროვნულ ინტერესთა და დემოკრატიულ ღირებულებათა ჩამოყალიბებაში. აქედან ასევე „ბუნებრივად” იბადება თეორია, რომ ასეთ საზოგადოებაში არჩევნების გაყალდება სავსებით დასაშვებია.

ამ „აზროვნების ოლიგარქიამ”, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა და მას მედიამ ჩათვალა, რომ მხოლოდ ამ ახალგაზრდების პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე არის დამოკიდებული დემოკრატიის არსებობა-არარსებობა. „აზროვნების ოლიგარქიას“ საფუძვლად უდევს ხალხისადმი უნდობლობა. ხალხისადმი უნდობლობა უდევს საფუძვლად „ფულის ოლიგარქიასაც“. არადა, როგორც ყველას უნდა შეეძლოს თავისუფალი მეწარმეობა „კრიშების“ გარეშე, ასევე მთელი საზოგადოება უნდა იღებდეს მონაწილეობას ეროვნული ინტერესებისა და დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

ხელისუფლება ეწინააღმდეგება რეალურ თავისუფალ ბაზარს, რადგან ეშინია კონკურენციის. მან იცის, რომ ეს დაანგრევს მონოპოლიისა და „ფულის ოლიგარქიის“ სივრცეს. „აზროვნების ოლიგარქიას“ კი ეშინია განსხვავებული, „ანტიდასავლური“, „ავტორიტარული“ აზრების, მაგრამ სინამდვილეში თვითონ იწვევს ამგვარი აზრების პროვოცირებას, რადგანაც მთლიანად ისაკუთრებს პროდასავლელისა და რეფორმატორის სახელს. ხალხისადმი უნდობლობა „აზროვნების ოლიგარქიის“ მხრიდან, საბოლოო ანგარიშში, იწვევს იმავეს, რასაც „ფულის ოლიგარქია“ - საარჩევნო ნიჰილიზმს. ამით „აზროვნების ოლიგარქია“ იწვევს იმ შედეგს, რასაც, ერთი შეხედვით, თვითონვე ებრძვის - აძევებს ხალხს პოლიტიკის ველიდან.

„რეფორმატორებს“ იმედი აქვთ, რომ რევანშისტების გაძლიერების ფონზე საზოგადოების დიდი ნაწილი ყოველთვის მათ დაუჭერს მხარს, რაც გამართლდა კიდეც ამ არჩევნებზე. სწორედ „რეფორმატორებს” აძლევს ხელს ასლან აბაშიძესთან ფატალური დაპირისპირება, რადგან იმედოვნებენ, რომ საქართველოში არსებული ჯანსაღი ძალები იძულებულნი იქნებიან, ისევ მათ ირგვლივ მოიყარონ თავი. არადა, საზოგადოების წევრების რეალური გაერთიანება მხოლოდ ჩამოყალიბებული დემოკრატიული ღირებულებების ირგვლივ არის შესაძლებელი და არა მოსალოდნელი საფრთხისაგან თავდაცვის ინსტიქტის გამო.

„რეფორმატორები” ცდილობენ (თუ ცდილობდნენ?), რეფორმები შევარდნაძის პატრონაჟის ქვეშ გაატარონ. სწორედ პატრონაჟისა და პროტექციონიზმის ქვეშ გატარებული რეფორმებია ყველაზე მყიფე, რადგან მას საზოგადოების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა არ აქვს. ამასთან, „რეფორმატორები” ეჩვევიან „სათბურის პირობებს”. ისინი აგრძელებენ საბჭოური მენტალიტეტით ცხოვრებას, რომ „ყველაფერი ზემოდან უნდა იყოს ნებადართული”. „სათბურის პირობებში” ჩამოყალიბებული პოლიტიკოსები კი ყველა ნაბიჯზე წავლენ, რათა დარჩნენ სასათბურე პირობებში.

არჩევნებამდე „რეფორმატორები” თავიანთ კონფორმიზმსა და არსებული რეჟიმის ფასადის როლის შესრულებას ამართლებდნენ იმ მოტივით, რომ ყველაფრის გვაროვნული კლანების ნებაზე მიშვება არ შეიძლება. არჩევნებმა კი დაადასტურა, რომ არათუ არაფერი შეიცვალა გვაროვნულ-კლანური რეჟიმის შესუსტებისა და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით, არამედ უკანაც წავედით: „რეფორმატორები” და პოლიცია ერთნაირად იყვნენ მობილიზებულნი „სტაბილურობის” შესანარჩუნებლად.

არჩევნებამდე ჩვენ ვიცოდით, რომ არ ვიყავით დემოკრატიული საზოგადოება, მაგრამ გვქონდა იმედი, რომ საქართველოში ყალიბდებოდა დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები (ასეთ იმედს სახავდა პარლამენტი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, უფრო გახსნილი იყო საზოგადოებისათვის). ან თუ სხვაგვარად ვიტყვით, ვიცოდით, რომ საზოგადოება იყო ინდიფერენტული (და ზოგ შემთხვევაში ანტაგონისტურად განწყობილი) დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, მაგრამ ვიმედოვნებდით, რომ პოლიტიკური ისტებლიშმენტის გარკვეული ნაწილი იყო დემოკრატიული ღირებულებების ერთგული და გვჯეროდა, რომ თუ საქართველოში დემოკრატიას მომავალი ექნებოდა, სწორედ ამ პოლიტიკოსების, დამოუკიდებელი მას მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევის ხარჯზე.

მაგრამ თითქოს იმედი გაგვიცრუვდა. არჩევნები დაუფარავად და ურცხვად გაყალბდა. რაც მთავარია, უსიამოვნო განცდა დაგვიტოვა ბათუმის რეჟიმისაგან გრანდიოზული მტრის ხატის შექმნამ, რამაც ხელისუფლებით კმაყოფილო ბევრი ადამიანი იძულებული გახადა, საარჩევნო ბიულეტენში ხელის კანკალით შემოეხაზა 1-იანი. ახლა ბევრი საუბრობს, რომ თბილისი-ბათუმის დაპირისპირება იყო მითი, რომელიც კარგად გამოიყენა მმართველმა პარტიამ. მაგრამ თუ ეს მითი მიმართული იყო უშუალოდ ამომრჩეველზე, არსებობდა მეორე მითი, რომელიც მიმართული იყო მათზე, ვისაც ევალებოდა თბილისი-ბათუმის დაპირისპირების მითის კიდევ უფრო მითოლოგიზაცია და ამომრჩევლამდე მიტანა. მმართველმა პარტიამ მას მედიასა და არასამთავრობო სექტორს სხვა, კარგად აპრობირებული მითი შესთავაზა.

1970-იანი წლების დასაწყისში, როცა ედუარდ შევარდნაძე ხელისუფლების სათავეში მოვიდა და პოზიციებს იმყარებდა, საჯაროდ განაცხადა: „გადავარჩინოთ კულტურა და კულტურა გადაგვარჩენს!” მაშინ თითქმის ყველა მსახიობსა თუ მხატვარს, მუსიკოსსა თუ მწერალს, პოეტსა თუ რეჟისორს (საბედნიეროდ, გამონაკლისები ყოველთვის არსებობენ), ეგონა, რომ უმაღლესი ხელისუფალი სწორედ მასზე საუბრობდა, სწორედ კონკრეტულად ამ ხელოვანის გადარჩენა ჰქონდა მხედველობაში ამხანაგ შევარდნაძეს. ამ მოლოდინის ძალით ჩამოყალიბდა შევარდნაძის ირგვლივ ინტელიგენციის შლეიფი, რომელმაც მას სამსახური არა მხოლოდ საბჭოთა ეპოქაში გაუწია, არამედ უზრუნველყო მისი ჩამოსვლა საქართველოში 1992 წელს და დღემდე რჩება პატრონის ერთგულ ყმად.

31 ოქტომბრის არჩევნებამდე კარგა ხნით ადრეც ზურაბ ჟვანიამ არაერთგზის განაცხადა, რომ სიაში იქნებოდნენ „ახალი სახელები”. „ახალმა სახელებმა” ისევე მაგიურად იმოქმედა არასამთავრობო სექტორსა და მასმედიაზე, როგორც თავის დროზე შევარდნაძის ფრაზამ - საბჭოთა ინტელიგენციაზე. არასამთავრობო სექტორსა და მასმედიაში მოღვაწე თითოეულ სახელს ეგონა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს სწორედ კონკრეტულად იგი ჰყავდა მხედველობაში, რომ სწორედ მას დაუძახებდნენ ჟვანია და სააკაშვილი, რომ სწორედ ისინი იყვნენ თუ „ახალი სახელები” არა, „ახალი სახეები” მაინც.

სწორედ ამ მოლოდინმა ჩამოაყალიბა მოქალაქეთა კავშირის „ახალგაზრდული ფრთის” ირგვლივ არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის დაუსაბუთებელი კეთილგანწყობა. სწორედ ამიტომ არ იჯერებს ჯიუტად არასამთავრობო სექტორი და მას მედია, რომ ჟვანია და ლეკიშვილი, ჟვანია და ლორთქიფანიძე ერთად დგანან.

საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესი რომ სწრაფად წასულიყო(რომ არ წავიდა, მთელი საზოგადოებაა დამნაშავე, მაგრამ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ვაკისრებთ), იქნებ ამ საზოგადოებას მოესწრო დემოკრატიულ ღირებულებათა სისტემის გათავისება და შერჩენოდა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის ბრძოლის უნარი.

სამწუხაროდ, სახელმწიფო და ბიზნეს-სექტორთა შერწყმის პროცესი “წარმატებით” დასრულდა, რასაც პარალელურად მოჰყვა მმართველი პარტიისა და სახელმწიფო-ბიუროკრატიული აპარატის შერწყმაც. „რეფორმატორებს”, რომლებიც აქამდე ჯერ კიდევ ცდილობდნენ თავიანთი კონფორმიზმის გამართლებას, ეს უკვე აღარ სჭირდებათ: ქვეყანაში არის სტაბილურობა, ქვეყანაში სტაბილურად არსებობს „მტრის ხატი”, ქვეყანას სტაბილურად სჭირდება „რეფორმატორები”.

ივლიანე ხაინდრავა. გია ნოდიას მიერ დასმული კითხვა - თბილისის ნახევრადდემოკრატიამ დაამარცხა ბათუმის დიქტატურა, მაგამ ხომ არ მოჰყვება ამას თბილისის რეჟიმის „ბათუმიზაცია“? - კანონზომიერია რამდენიმე თვალსაზრისით. ჯერ ერთი, პლურალისტული საპარლამენტო ტრიბუნით ოდნავ შელამაზებული ერთპარტიული მმართველობის კიდევ ოთხი წლით გაგრძელება იმთავითვე ვერ განგვაწყობს ოპტიმისტურად თუნდაც იმიტომ, რომ კარგად ვიცით ამ ერთპარტიული მმართველობის ფასი და შედეგი. მეორეც - „თბილისური ნახევრადდემოკრატია“ პროგრესულად კლებულობს თბილისიდან დაშორების პროპორციულად და ამდენადვე უახლოვდება „ბათუმურ დიქტატურას“. ადგილობრივი ადმინისტრაციულ-პოლიციური ძალმომრეობა, ესოდენ ცხადად რომ გამოვლინდა 31 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს, დამყნობილია მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ ჯერაც დაუძლეველ საბჭოური ტიპის აზროვნებასა და ცხოვრების წესზე. ეს ყოველივე ქმნის იმის წანამძღვრებს, რომ საქართველო უფრო ლათინური ამერიკის ზოგი ქვეყნისათვის დამახასიათებელი მოდელით განვითარდება, ვიდრე ევროპულით.

დამაფიქრებელია ახლადარჩეულ პარლამენტში, ერთი მხრივ, ბიზნესმენების, ხოლო მეორე მხრივ - პოლიციელებისა და პროკურორების მომძლავრება. ბიზნესმენები მეტ-ნაკლებად თანაბრად გადანაწილდნენ ფავორიტი ბლოკების (პარტიების) სიებში და მაჟორიტარულ ოლქებში და სერიოზული წარმომადგენლობაც მოიპოვეს. არსებითად, საბჭოური ყაიდის „სამართალდამცავი“ ორგანოების გამოზრდილებმაც არანაკლებ წარმატებას მიაღწიეს - მათი რიცხვი პარლამენტში, სულ მცირე, 25-ს შეადგენს. საპარლამენტო ჭერქვეშ ბიზნესისა და სადამსჯელო ორგანოების მსხვილი წარმომადგენლების თანაცხოვრება მომავალი ოთხი წლის მანძილზე მათი ინტერესების სრული თანხვედრისა და, შესაბამისად, ბიზნესის სფეროდან ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მფარველთა გარეშე დარჩენილი ბინესმენების „გამორეცხვის“ მომასწავებელია. ვინ, როგორ და, რაც მთავარია, რატომ და რისთვის გაუმართავს ბრძოლას კორუფციას ამგვარ ვითარებაში, პირადად ჩემთვის გაუგებარია.

სწორედ ამ გადასახედიდან შევათვალიეროთ კიდევ ერთხელ პარლამენტის შემადგენლობა. მნიშვნელოვანწილად კორუმპირებული პოლიტიკური ელიტა, შეზრდილი კორუფციაში მონაწილე მსხვილი ბიზნესისა (სხვანაირად კი მსხვილი ბიზნესი საქართველოში, პრაქტიკულად, ვერ კეთდება) და კორუფციის მფარველი „სამართალდამცავი“ ორგანოების წარმომადგენლებთან - რა არის ეს, თუ არა ტიპიური ოლიგარქია? ცხადია, ამ ოლიგარქიის შიგნით იქნება ბრძოლა გავლენათა სფეროების გადასანაწილებლად; ცხადია, იქნება კონფლიქტები ცენტრალურ და ადგილობრივ მაფიებს შორის, მაგრამ ეს ყოველივე მოხდება მათ მიერვე დადგენილი თამაშის წესების ფარგლებში, ხოლო „უცხოებს“ ამ თამაშში ჩართვის არავითარ შანსს არ დაუტოვებენ. ამ კომპანიაში ჟვანია-სააკაშვილის ფრთის არსებობა, რომელსაც ინერციით „ახალგაზრდულ-რეფორმატორულ“ ფრთას უწოდებენ ხოლმე, ნაკლებად შეუშლის ხელს ზემოხსენებული ოლიგარქიის ჩამოყალიბებას შემდეგი მიზეზების გამო. ჯერ ერთი, ის, რაც არჩევნების პროცესში შესაძლებლად მიიჩნია და ჩაიდინა ამ ფრთამ, იმდენად სერიოზული ზნეობრივი (და სამართლებრივი) კომპრომისების შედეგია, რომ ამის შემდეგ ამ ჯგუფის წესიერებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტად მიმაჩნია. ზურაბ ჟვანია პირადად ხელმძღვანელობდა „მოქალაქეთა კავშირის“ საარჩევნო შტაბს და ამით ყველაფერია ნათქვამი. მეორე ლიდერმა - მიხეილ სააკაშვილმა კი იმდენი მოახერხა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიციის ქმედებებს „გმირობის ტოლფასი“ უწოდა. ტყუილად როდია ნათქვამი: ხელისუფლება ხრწნის, ხოლო აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად ხრწნის. მეორე: რომც წარმოვიდგინოთ, რომ ამ გუნდს ჯერ კიდევ შემორჩა „ახალგაზრდულ-რეფორმატორული“ სულისკვეთება, მისი რიცხობრიობა არ იქნება საკმარისი პარლამენტში ჭეშმარიტად რეფორმატორული გადაწყვეტილებების მისაღებად, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ გადაწყვეტილებათა ხორცშესხმაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში „მოქკავშირის“ ხელმძღვანელობა თავს იმით იწონებდა, რომ პარტიული სიები 60 პროცენტით განაახლა. საეჭვო მონაპოვარია; ჯერ ერთი, ამით „მოქკავშირმა“ აღიარა, რომ პარტიის წარმომადგენლობა წინა პარლამენტში 60 პროცენტით უვარგისი იყო და მეორეც: სად არის გარანტია იმისა, რომ, „მოქკავშირში“ სიების დაკომპლექტების არსებული პრინციპების პირობებში „ახლები“ „ძველებზე“ უკეთესები აღმოჩნდებიან? მით უმეტეს მაშინ, როცა „ახლების“ უმრავლესობას, არსებითად, კარგად ნაცნობი „ძველები“ განასახიერებენ.

და კიდევ ერთი: განვლილი არჩევნები კატალიზატორად მოგვევლინა ხელისუფლებისა და მოსახლეობის შემდგომი გაუცხოების პროცესში. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - არჩევნებმა არა მხოლოდ გაწბილება, არამედ ერთგვარი დაბნეულობაც კი გამოიწვია საზოგადოების იმ მცირერიცხოვან ნაწილში, რომელსაც ძალუძს კრიტიკული აზროვნება და ინარჩუნებდა იმედს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით წინსვლისა. ამიერიდან ხელისუფლების ყველაზე პლურალისტულ და გამჭვირვალე ორგანოში - პარლამენტში - დაიკარგა ორიენტირი; აღმოჩნდა, რომ იქ არ არის საიმედო პარტნიორი, რომელთან თანმაშრომლობაც პერსპექტიული იქნებოდა ამ გზაზე.

თავს უფლებას მივცემ მოვიყვანო ციტატა 1998 წლის ივლისში გაზეთ „7 დღეში“ გამოქვეყნებული ჩემივე წერილიდან: „დღეს პარლამენტის მცირერიცხოვან დემოკრატიულ ნაწილზე, მის არჩევანსა და საქციელზე, მეტია დამოკიდებული, ვიდრე ეს პირველი შეხედვით ჩანს. თუ ჟვანია-სააკაშვილი იბრძოლებენ და მოიგებენ - ხომ კარგი; თუ იბრძოლებენ, წააგებენ და გაემიჯნებიან მიუღებელს - მომავალი გამარჯვების შესაძლებლობას შეინარჩუნებენ; თუ მიუღებელთან უზნეო კომპრომისის გზას დაადგებიან, არჩევნებამდე კი მიჩანჩალდებიან, მაგრამ ან ამ მიუღებელში გათქვეფის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდებიან, ან მათ უბრალოდ გზიდან ჩამოიშორებენ. სხვათა შორის, თუ საზოგადოებრიობა კვლავ სეირის შემყურეს ფუნქციით დაკმაყოფილდება, მერე გადაჭარბებული პრეტენზიებიც არავის უნდა წაუყენოს - არიქა, ვერ მოგვხედეთ და ისე არ მოიქეცით, როგორც საჭირო იყო“. გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ მოვლენები „მიუღებელში გათქვეფის“ სცენარით წარიმართა.

საერთოდ კი შეიძლება ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგმა დაადასტურა საქართველოში დემოკრატიული რესურსის სიმწირე. მეტიც - საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებშიც კი დემოკრატიულად განწყობილმა ძალებმა მაქსიმუმი ვერ გამოავლინეს. პირველ ყოვლისა, ეს ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ნაწილმა ხელი შეუწყო ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გარშემო ისტერიის აგორებას. სხვები უფრო შორს წავიდნენ და ღიად დაიჭირეს ცუდის მხარე და არ ინებეს იმის გაცნობიერება, რომ ამით ცუდი უკეთესი კი არა - უფრო ძლიერი გახდა. ნაწილიც გარეშე დამკვირვებელ-ექსპერტების როლით შემოიფარგლა: დაელოდა არჩევნების შედეგებს და პოსტ-ფაქტუმ თქვა და დაწერა ის, რასაც ყოველივე ამ უმსგავსობაზე ფიქრობს. არა და, არასამთავრობო ორგანიზაციებში სოლიდური ინტელექტუალური პოტენციალია თავმოყრილი, რომლის მოვალეობა იყო გაეთვალისწინებინა, რომ უარესზე გასამარჯვებლად ცუდის მიერ ნებისმიერი ხერხის გამოყენებაზე ინდულგენციის წინასწარი გაცემით მან ოდენ ხელი შეუწყო თბილისის რეჟიმის „ბათუმიზაციას“. ეს მით უმეტეს მიუტევებელია, რომ არჩევნებში „ბათუმური კოალიციის“ „მოქკავშირზე“ გამარჯვების რეალური წინაპირობები არც ყოფილა.

არჩევნებმა აგრეთვე დაადასტურა, რომ ნამდვილად დამოუკიდებელი მედია საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელია. გაზეთები, მათ შორის ისეთები, არავის რომ არ მიეყიდნენ, ქვეყნის მასშტაბით უმნიშვნელო ტირაჟების გამო ვერ ახდენენ რამდენადმე სერიოზულ გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. იგივე ითქმის კომერციული ტელეარხების უმრავლესობაზე, რომლებიც შეზღუდულ ტერიტორიას ფარავენ. ძირითადად, მედია საარჩევნო კამპანიას განიხილავდა როგორც ფულის შოვნის შესაძლებლობას პირდაპირი თუ ოდნავ შენიღბული რეკლამის მეშვეობით. ბუნებრივია, არაფერია ცუდი კანონის ფარგლებში ფულის შოვნისაკენ სწრაფვაში, მაგრამ როცა სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში ჯერ ნამდვილად არ გამხდარა ხელშეუხებელი ტრადიცია და მონაპოვარი, ალბათ ღირს დაფიქრება იმაზეც, რომ საკუთარი უპრინციპობა შეიძლება ადვილად მოგიტრიალდეს მომავალში ფულის შოვნის შანსის დაკარგვად, რომ აღარაფერი ვთქვათ ზნეობრივი დანაკარგების თაობაზე.

სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახების - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მისამართით გამოთქმული საყვედურები შეიძლება ვინმეს უადგილოდ მოეჩვენოს: აქაოდა, ჯობს ყველამ თავის საქმეს მიხედოს - ცალკე პოლიტიკოსებმა, ცალკე არასამთავროებმა და ცალკე ჟურნალისტებმა. საქმე კი ის გახლავთ, რომ იმ პოსტტოტალიტარულ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული განვითარება ჯერ არ გამხდარა შეუქცევადი პროცესი, რეტროგრადები არანაკლებ აქტიურები და უფრო ერთიანნი არიან, ვიდრე დემოკრატიული ძალების წარმომადგენლები. ამიტომაც „უფლებამოსილებათა“ ზედმეტად მკვეთრი გამიჯვნა და დემოკრატიული პროცესის მონაწილეთა გადაჭარბებული დისტანცირება ერთმანეთისაგან საკუთრივ ამ პროცესის დასუსტებისა და მისი მონაწილეების ცალ-ცალკე და ერთად დამარცხების რეალური საფრთხის მატარებელია.

თუმცაღა, შექმნილი ვითარება ადექვატურად ასახავს საზოგადოების, უფრო სწორად კი - პროტოსაზოგადოების მდგომარეობას. ქვეყანაში, სადაც, ფაქტობრივად, არ არსებობს საშუალო ფენა, ნაადრევია საუბარი საზოგადოების, საზოგადოებრივი აზრისა თუ გააზრებული და საპასუხისმგებლო არჩევანის შესახებ. შესაძლოა, ამიტომაც დასავლელი მეთვალყურეები კმაყოფილდებიან იმის კონსტატაციით, რომ, მათი აზრით, არჩევნები საქართველოში ტარდება უკეთ, ვიდრე ყაზახეთში. ჩემი აზრით, თუ დასავლეთს თავისი მეთვალყურეების სახით ნამდვილად სურს სიკეთე ჩვენი ერისათვის, უმჯობესი იქნებოდა საკითხი იმგვარად დაეყენებინა, რომ არჩევნები საქართველოში ტარდება უარესად, ვიდრე, ვთქვათ, ბულგარეთში. საბოლოო ანგარიშით კი ერს თვითონ უნდა სურდეს სიკეთე თავისათვის, თანაც არა მხოლოდ აბსტრაქტულად სურდეს. და ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც თავს ძალა უნდა დაატანოს და დაფიქრდეს ხოლმე.

ნათელა სახოკია. დავიწყებ იმით, რომ ასეთი შეხვედრის მოწყობა მეტად დროულ და სასარგებლო საქმედ მიმაჩნია. აუცილებელია, რომ საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც იცოდნენ როგორი აზრი ყალიბდება ახლახან ჩატარებულ არჩევნებზე. როგორც აქ ითქვა, ჩვენ ვუგზავნით „მესიჯს“ ხელისუფლების იმ ნაწილს, რომლისთვისაც ჯერ კიდევ სასარგებლო იქნება ამ აზრის გაგება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დაგვრჩა რაღაც იმედი.

მე კი დღეს ჩემი „მესინჯი“ მინდა გავუგზავნო პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიებს, რადგან ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ საქართველოში შესაძლებელია მართლაც ჩამოყალიბდეს რეალური „მესამე ძალა“, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. მე ამ არჩევნებზე ხმა მოქალაქეთა კავშირს მივეცი. იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ არ მჯეროდა, რომ რომელიმე სხვა პარტია, აღორძინების გარდა, შეძლებდა შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვას. მე მიმაჩნია, რომ შვიდპროცენტიანი ბარიერის შემოღებამ თავისთავად შეცვალა შედეგები. ჩვენ რეალურად არ დაგვრჩა არჩევანი მოქალაქეებსა და ბათუმს გარდა. მაგრამ დავანებოთ თავი იმას, სწორი იყო თუ არა ეს შვიდი პროცენტი და ვისთვის იყო ამ წესის შემოღება სასარგებლო. ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის, რომ ირინა სარიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე წამოიწყო საარჩევნო წესებში ცვლილებების შეტანის კამპანია და ამით თავისებური ინდულგენცია მისცა მმართველ პარტიას, მიეღო ის მართლაც მიუღებელი საარჩევნო კანონი, რომელიც დღეს გვაქვს. საარჩევნო კანონის შეცვლა, მაშინ, როდესაც ყველა სერიოზულ პოლიტიკურ ძალას უკვე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული არჩევნებისათვის მზადების საკუთარი სტრატეგია და ტაქტიკა, არის ბრძოლა მიუღებელი წესებით, სწორედ ის, რასაც დღეს სრულიად სამართლიანად ვსაყვედურობთ მმართველ პარტიას.

მე მივმართავ ბ-ნ ვახტანგ ხმალაძეს, რადგან დღეს ის აქ არის. ძალიან გამიხარდა, როდესაც თქვენ უარი თქვით არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ზნეობრივი ქმედების მაგალითად გამოდგებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. წარმოიდგინეთ, რა არის ოდნავ გათთვითცნობიერებული ამომრჩევლისათვის ბლოკი, რომელშიც ერთიანდება ჩვენი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი და ის ადამიანი, რომელიც ამ კონსტიტუციას სახალხოდ სანაგვეზე გადასაგდებს უწოდებს.

კიდევ ვიმეორებ, ჩემს მიმართვას იმედით ვაკეთებ. ეს განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატიულ ალიანსს ეხება. გახდით ძლიერი და პროფესიული პარტია, მართლაც „მესამე ძალა“. რადგან, რაც არ უნდა დიდი იყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მას მედიის როლი, პარტიებს აქვთ ის როლი, რომელსაც ვერავინ შეცვლის.

მინდა კიდევ ერთ მომენტს შევეხო. აქ ითქვა, რომ როგორც არ უნდა მოვიქცეთ, ჩვენ არავინ, იგულისხმება დასავლეთი, არ მოგვცემს ნებას ვიყოთ არადემოკრატიული სახელმწიფო. ნება მომეცით, არ დავეთანხმო ამ დებულებას. თუ სტაბილური სახელმწიფო ვიქნებით, საქართველო ძირითადად დააკმაყოფილებს დასავლეთის მოთხოვნებს. მაგრამ ცნობილია, რომ არსებობს - „სტაბილიზაციის მახე“, როდესაც ქვეყანაში არის სტაბილურობა, მაგრამ არის სრული სტაგნაცია და არ არის განვითარების ტენდენციაც კი. ამ მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ის, რომ თითოეული ადამიანის კეთილდღეობა არ არის ხელისუფლების უმთავრესი მიზანი. გვაგონებს თუ არა ეს ჩვენს სიტუაციას?

მე მინდა დავესესხო გია ნოდიას. ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ნატოსა და საქართველოს ურთიერთობებს ეძღვნებოდა, მან თქვა, რომ ნატოს შეუძლია მხოლოდ დაგვეხმაროს საკუთარ თავთან ბრძოლაში. ამიტომ დასავლეთის ფაქტორი და დახმარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი და გადამწყვეტია, როგორები ვიქნებით ჩვენ თვითონ. ამ მხრივ კი ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად მაქვს.

სოზარ სუბელიანი. 31 ოქტომბრის არჩევნების ანალიზისას ხშირად ამბობენ, რომ მოსახლეობამ არჩევანი „ცუდსა“ და „უარესს“ შორის გააკეთა და არა „კარგსა“ და „ცუდს“ შორის. ამგვარ შეფასებაში აპრიორი იგულისხმება, რომ „ცუდებისა“ და „უარესების“ გარდა არსებობენ „კარგი“ პარტიებიც, რომელთაც რამდენიმე მიზეზის გამო ვერ გაიმარჯვეს. ასეთ მიზეზებად მიჩნეულია ისიც, რომ მოსახლეობა არ არის მზად, „კარგ“ პარტიებს მისცეს ხმა; ისიც, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფალნი უხეშად არღვევდნენ საარჩევნო კანონს; ისიც, რომ ქართული მას მედია შეგნებულად ცდილობდა, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების ფართო სპექტრიდან მხოლოდ ორი ძალა - „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინების კავშირი“ - წარმოეჩინა და ყველა დანარჩენს იგნორირებას უკეთებდა.

მე ამჯერად ერთ ასპექტზე შევჩერდები - რამდენად ადეკვატურად ასახავდა ქართული მედია რეალობას.

არჩევნებში მონაწილე 33 პარტიიდან და ბლოკიდან მეტ-ნაკლებად რეალურ ძალას (რაც შედეგების მიხედვითაც გამოჩნდა) 6 სუბიექტი წარმოადგენდა. მათგან სამმა - საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, ბლოკმა „საქართველოს აღორძინება“ და ბლოკმა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ გადალახა შვიდპროცენტიანი ბარიერი, დანარჩენი სამი - ლეიბორისტული პარტია, ბლოკი „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი - მესამე გზა“ და ბლოკი „სახალხო პარტია - დიდგორი“ - პარლამენტს მიღმა დარჩა.

არჩევნების წინ მედიის ყურადღება ორ ძალაზე - მოქალაქეთა კავშირსა და ბათუმურ ალიანსზე - იყო კონცენტრირებული, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების ღერძი სწორედ ამ ორი ძალის ჭიდილზე გადიოდა და არჩევნებიც, გარკვეულწილად, ორპოლუსიანი აღმოჩნდა. არჩევნების ორპოლუსიანობა კი, ჩემი აზრით, ობიექტური მიზეზებით განპირობებული ობიექტური რეალობა იყო.

1. არჩევნებში მონაწილე თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა თავს მმართველ პარტიასთან ჭიდილში განიხილავდა და სარეკლამო კამპანიაც, შესაბამისად, მოქალაქეთა კავშირთან დაპირისპირებაზე ჰქონდა აგებული. „სმკ ცუდია და უნდა შეიცვალოს. კარგი ვარ მე, ამიტომ, სწორედ მე უნდა შევცვალო იგი“, - დაახლოებით ასეთი იყო არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის საარჩევნო კამპანიის არსი.

უკვე 1999 წლის დასაწყისიდანვე ნათლად გამოჩნდა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა აღორძინების კავშირი იქნებოდა, რომელიც მოგვიანებით მის გარშემო გაერთიანებული პარტიების ალიანსმა ჩაანაცვლა. სულ უფრო ცხადად ჩანდა, რომ სწორედ ბათუმური ალიანსი მიიღებდა მმართველი პარტიით უკმაყოფილო ხმების ძირითად ნაწილს, რადგან ყველაზე მძაფრად სწორედ ის უპირისპირდებოდა ხელისუფლებას. ამ დაპირისპირების სიმძაფრესა და სერიოზულობას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა:

ა) ბათუმურ ალიანსს მმართველ პარტიასთან დაპირისპირების სურვილის გარდა, ძალაც ჰქონდა, რისი დემონსტრირებაც არაერთხელ მოხდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ერთხელაც ვერ აიძულა ბათუმის ლიდერი ასლან აბაშიძე, ჩამოსულიყო თბილისში, ასლან აბაშიძეს უარყოფითთან ერთად (რეგიონული მასშტაბის მშიშარა ლიდერი) დადებით (ძლიერი და დაუმორჩილებელი მებრძოლის) იმიჯსაც უქმნიდა და თავისკენ იზიდავდა მმართველი პარტიით უკმაყოფილო ადამიანთა ხმებს.

ბ) დაპირისპირება იმდენად მწვავე იყო, რომ ბათუმში შექმნილი და პირველად ალიანსის ერთ-ერთი წევრის, ვახტანგ რჩეულიშვილის, მიერ ნათქვამი ფრაზა საქართველოში პირველი და მეორე პოლიტიკური ცენტრების არსებობის შესახებ, წარმოთქმისთანავე დამკვიდრდა ქართულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში. თანაც, ეს დამკვიდრება მოხდა სრულიად ბუნებრივად, მაშინ როცა სხვა პოლიტიკური ძალების არაერთი მცდელობა, მიეთვისებინა მესამე - ორივე პოლიტიკური ცენტრის ალტერნატიული - პოლიტიკური ძალის სახელი, არცთუ წარმატებული აღმოჩნდა.

გ) დაპირისპირება ატარებდა კონცეპტუალურ ხასიათს. მეორე პოლიტიკური ცენტრი არსობრივად უპირისპირდებოდა პირველი ცენტრის მიერ დეკლარირებულ ძირითად ღირებულებებს და ცდილობდა, ალტერნატიული ღირებულებებით ჩაენაცვლებინა ისინი.

დემოკრატიასა და სამოქალაქო საზოგადოებას ბათუმმა ტრადიციული საზოგადოება დაუპირისპირა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის შემაერთებელი დერეფნის კონცეფცია ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი ხიდის იდეით ჩაანაცვლა, თეზას - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“ - დაუპირისპირა თვალსაზრისი, რომ ქართველისთვის ერაყელი მუსულმანი გაცილებით ახლობელი და მისაღებია, ვიდრე ევროპელი პროტესტანტი, ცდილობდა, დაამკვიდრებინა აზრი, რომ ტრადიციული (მართლმადიდებელი, მუსულმანი) საზოგადოებებისთვის სრულიად მიუღებელია დასავლური ფასეულობები - დემოკრატია და ლიბერალიზმი (რაც იგივდებოდა გახრწნილობასთან, ჰომოსექსუალიზმთან და ა.შ.), რომ საქართველოს პოლიტიკური განვითარების დასავლური ვექტორი უცხოა ქართული მენტალიტეტისთვის, არ შეესაბამება ქვეყნის განვითარების ისტორიულ ხაზს და საქართველოს ისტორიულ მისიას, მის სანაცვლოდ კი ამომრჩეველს რუსეთთან მეგობრობას სთავაზობდა და ა. შ.

დ) ბათუმური ალიანსის აქტივში იყო საქართველოში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, რის ფონზეც ბათუმს გარკვეული კეთილდღეობით თავის მოწონება შეეძლო. კერძოდ, მიდიოდა აქტიური პროპაგანდა, რომ აჭარაში დროულად გაიცემა ხელფასები და პენსიები, კრიმინოგენული ვითარება ბევრად უკეთესია, ბათუმი გაჩახჩახებულია, ალიანსის გამარჯვების შემთხვევაში კი ეს „სიკეთეები“ დანარჩენ საქართველოშიც გავრცელდებოდა.

ე) ამ იდეების ტირაჟირება დიდი ხნის განმავლობაში ხდებოდა კარგად დაფინანსებული და მრავალრიცხოვანი მედიის საშუალებით. ყოველივე ამან, მთლიანობაში, შექმნა ბათუმური ალიანსის, როგორც ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ყველაზე სერიოზული პოლიტიკური ძალის, იმიჯი და მას შესაბამისი რეიტინგიც მოუპოვა. იმ საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამომრჩევლისთვის, ვისთვისაც მთავარია პრინციპი - ოღონდ შევარდნაძე ნუ იქნება და ვინც გინდა იყოს - ასლან აბაშიძე და მისი ალიანსი გახდა ერთადერთი ძალა, რომელსაც ხელისუფლების ჩანაცვლება შეეძლო.

2. ბათუმური ალიანსის რეიტინგის ზრდის პარალელურად იზრდებოდა საფრთხე, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში რეალურად შეიცვლებოდა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეზი, რომელიც დეკლარირების დონეზე დაახლოებით ასეა ფორმულირებული: სამოქალაქო, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საზოგადოების ჩამოყალიბება, დასავლეთის სამყაროში ინტეგრირება, დასავლური ფასეულობების, ცხოვრების წესისა და, როგორც ამ ყველაფრის საზღაურის, დასავლური ცხოვრების დონისმიღება, დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გლობალური სატრანზიტო პროექტების განხორციელება შესაბამისი შედეგით - ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევით - და ა.შ.

ყველაზე სერიოზული ძალა, რომელიც ამ ღირებულებების პრიმატის დეკლარირებას ახდენდა და ნაწილობრივ ახორციელებდა კიდეც, მმართველი პარტია - მოქალაქეთა კავშირი - იყო. ამიტომ, მიუხედავად მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონისა, ბათუმური ალიანსის რეიტინგის ზრდამ და სრულიად რეალურმა საფრთხემ, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში კარდინალურად შეიცვლებოდა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ხაზი, მოსახლეობა აიძულა, მმართველი პარტიისთვის დაეჭირა მხარი.

3. მიუხედავად ამისა, არსებობდა სივრცე, რომელშიც მესამე ძალას წარმატების მიღწევა შეეძლო, თუ იგი სწორ საარჩევნო სტრატეგიას აირჩევდა და საარჩევნო კამპანიასაც შესაბამისად წარმართავდა. საქმე ისაა, რომ თუ დეკლარირების დონეზე და, გარკვეულწილად, სტრატეგიული თვალსაზრისითაც, არჩევანი ნამდვილად ხდებოდა კარგსა და ცუდს შორის, ტაქტიკური თვალსაზრისით ეს იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის.

ბათუმის რეჟიმისადმი ლოიალური პოლიტიკური ძალების ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო: თუ რომელიმე პარტიას მოსწონს აბაშიძის მმართველობის სტილი, მის მიერ დეკლარირებული იდეები და კურსი, გაუგებარია, ამომრჩეველმა რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მას და არა თავად აბაშიძეს, რომელიც გაცილებით მძლავრად მიიწევდა ხელისუფლებისკენ.

რაც შეეხება სმკ-ს, მის საარჩევნო სიაში მრავლად იყვნენ ყოფილი პარტიული ფუნქციონერები, პოლიციისა და პროკურატურის ჩინოსნები, ადამიანები, რომელთა სახელიც დაკავშირებულია ჩრდილოვან ეკონომიკასთან, კორუფციასთან, გადასახადების დამალვასთან, რომელთაც აქვთ რეფორმების მოწინააღმდეგეთა იმიჯი და ა. შ. მათი სიმრავლე ეჭვქვეშ აყენებს პარტიის მიერ დეკლარირებულ ისეთი პრიორიტეტების განხორციელების რეალურობას, როგორიცაა რეფორმების გატარება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციის დამარცხება, კანონის უზენაესობის დამყარება, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა და სხვა. მეტიც, ეჭვქვეშ აყენებს ამ იდეალებისადმი პარტიის ერთგულებასაც.

სმკ-ს ჩანაცვლება შეეძლო იმ ძალას, რომელიც აჩვენებდა, რომ მოქალაქეთა კავშირის მოღვაწეობა ეწინააღმდეგება მის მიერვე დეკლარირებული ღირებულებების დამკვიდრებას, სამაგიეროდ კი დაამტკიცებდა, რომ ამ ყველაფერს თვითონ უკეთ განახორციელებდა. ამის გაკეთება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო; დეკლარირების დონეზე, სწორედ მოქალაქეთა კავშირი იყო ყველაზე პროდასავლური და დემოკრატიული ძალა. თანაც, ბათუმურ ალიანსსა და მის მიერ არჩეულ კურსს ყველაზე მკვეთრად სწორედ მოქალაქეთა კავშირი დაუპირისპირდა, მაშინ, როცა პოლიტიკური ძალების უმრავლესობამ ასლან აბაშიძესთან მკვეთრ დაპირისპირებას თავი აარიდა.

4. მოქალაქეთა კავშირის კრიტიკა ეფექტური იქნებოდა მაშინ, თუ თავად კრიტიკოსი გაემიჯნებოდა იმას, რის გამოც აკრიტიკებდა სმკ-ს, ასეთი ძალა კი, ფაქტობრივად, არ გამოჩნდა. მაგალითისთვის შეიძლება რამდენიმე პარამეტრი განვიხილოთ.

ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბრალდება, რასაც მმართველ ძალას (პრეზიდენტსა და მის პარტიას) ოპოზიცია უყენებდა, კორუმპირებულობაა, მაგრამ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ დაანახა ამომრჩეველს, რომ სერიოზულად აპირებს კორუფციასთან ბრძოლას და ამის ძალაც შესწევს. პირიქით, თითქმის ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაახლოებით ერთნაირი კურსი აირჩია - კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ზოგადი ფრაზების ფონზე მათ საარჩევნო სიებში საპატიო ადგილი ეკავათ ადამიანებს, რომელთა კორუმპირებულობაშიც საზოგადოება ღრმადაა დარწმუნებული. პარტიები იმედოვნებდნენ, რომ ამ ადამიანების ფინანსურ საშუალებებსა და გავლენას საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და ხმების მოზიდვისთვის გამოიყენებდნენ. ამის შემდეგ მმართველი ძალის კორუფციაში დადანაშაულება გარკვეულ უხერხულობას ქმნიდა და მოკლებული იყო დამაჯერებლობას. ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიებში გადანაწილდნენ პარლამენტში მოხვედრის მოსურნე ის „კორუმპირებულები“, რომლებიც მოქალაქეთა კავშირისა და აღორძინების ალიანსის საარჩევნო სიებში ვერ მოხვდნენ.

ოპოზიციური პარტიები მმართველ პარტიას ხშირად ადანაშაულებენ კანონის უზენაესობის უგულებელყოფაში, თუმცა, შეძლებისდაგვარად, თვითონაც არღვევენ კანონს, რისი არაერთი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება. მაგალითად, ედპ არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუნდაც უკანონო ყოფილიყო იგი, არჩევნების წინა დღეებში კი პარტიის ლიდერმა ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ ტელევიზიით განაცხადა, რომ მისი პარტიის აქტივისტები „ადგილზე გაუსწორდნენ“ ადამიანებს, ვინც მათ ლოზუნგებს ხევდნენ. „ჩვენ სოციალისტები კი არა ვართ, რომ მაშინვე სასამართლოში გავვარდეთო“, - განაცხადა „მესამე გზის“ ლიდერმა.

მრეწველების ლიდერი გოგი თოფაძე ხმამაღლა აცხადებდა, რომ კანონს არ დაემორჩილებოდა (რადგან მას იგი უკანონოდ მიაჩნია) და არ გადაიხდიდა გადასახადს, რომლის გადახდასაც მისგან სახელმწიფო ითხოვდა (და ითხოვს დღესაც). მეტიც, თოფაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ თუ საბაჟო იმპორტული ლუდის დაბეგვრას არ უზრუნველყოფდა, თვითონაც არ გადაიხდიდა დაწესებულ გადასახადს და მაინც აჯობებდა იმპორტულ ლუდს. საბაჟო რამდენად კარგად მუშაობს, ამას ყველა კარგად ხედავს, მაგრამ თოფაძემ ამ დავაში მაინც გაიმარჯვა და იმპორტული ლუდი დაამარცხა.

ლებიორისტულ პარტიაში კენჭს იყრიდა კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯია, რომელმაც კანონის გვერდის ავლით მოახდინა კავშირგაბმულობის სფეროს მთელი რიგი სტრატეგიული ობიექტების პრივატიზება.

მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება, ხოლო როცა კანონის უგულებელყოფა თამაშის მიღებულ წესებში შედის, ცხადია, რომ მას უფრო ხშირად ის არღვევს, ვისაც ამის გაკეთების მეტი საშუალება აქვს.

იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის უფლებების დაცვაზეც. არჩევნებში სმკ-ის სასარგებლოდ მუშაობდა პოლიცია, რომელიც ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში და სისტემატური დამრღვევია და საყოველთაოდ მიღებული შეფასებით არჩევნების გაყალბებაშიც სერიოზულ როლს თამაშობდა. თუმცა, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებიც არანაკლებ ცოდავენ, მათ საარჩევნო სიებში კი საპატიო ადგილი ეკავათ პიროვნებებს, რომლებიც ადამიანის უფლებების ყველაზე უხეში და ცინიკური დარღვევით არიან ცნობილნი.

ბლოკში - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - გაერთიანებული იყო გურამ შარაძის „ნაციონალური მოძრაობა - საქართველო უპირველეს ყოვლისა“, რომელიც ფაშისტური ლოზუნგებით ოპერირებდა და ყოფილი ომბუდსმენი დავით სალარიძე, რომელიც ამ პოსტზე მუშაობისას სრულ გულგრილობას იჩენდა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ და ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკაც დაიმსახურა.

„მესამე გზის“ სიით ადამიანის უფლებების არაერთი დამცველის გვერდით კენჭს იყრიდა დავით ზეიკიძე, ედპ-ის სახელს კი ადამიანის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი უკავშირდება, მათ შორის - მედიის საშუალებების დარბევის ფაქტებიც.

ლეიბორისტული პარტიის სიაში იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელიც დაკავშირებულია ადამიანის უფლებების სასტიკ დარღვევასთან, მათ შორის ადამიანის მოტაცებასა და წამებასთანაც.

არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია დასავლური ორიენტაცია და დასავლურ სამყაროსთან ინტეგრირება, მაგრამ ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ვერ შეძლო ეჩვენებინა, რომ თვითონ უფრო მეტად გაატარებს პროდასავლურ კურსს, ვიდრე მოქალაქეთა კავშირი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასავლურ ორიენტაციას გავიაზრებთ არა მხოლოდ როგორც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირების პროცესს (რაც მთლიანად მოქალაქეთა კავშირისა და მისი თავმჯდომარის სახელს უკავშირდება), არამედ როგორც ორიენტაციას დასავლურ ფასეულობებზე, სხვა პარტიებს სმკ-ზე მეტი არაფერი აღმოაჩნდათ სათქმელი (და ვერც ვერაფერი თქვეს). მეტიც, ლეიბორისტებისა და ბლოკ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ორიენტაციას ანტიდასავლური უფრო ეთქმის, ვიდრე პროდასავლური

ოპოზიციურმა პარტიებმა ვერც განსაკუთრებული რეფორმატორული წინადადებებით გამოიჩინეს თავი. მეტიც, ზოგიერთი მათგანის სახელს (ლეიბორისტები, ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“) რეფორმების დამუხრუჭების მცდელობა უფრო უკავშირდებოდა, ვიდრე რეფორმების გატარებისა.

5. ვერც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ამომრჩეველს ვერ დაანახა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რაიმეს კარდინალურად შეცვლიდა. ამიტომაც, რადგან არსებობდა რეალური დაპირისპირება ქვეყნის განვითარების ორ მიმართულებას შორის, გაიმარჯვა იმ მიმართულებამ, რომელსაც მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და იმ ძალამ, რომელიც სხვებზე მეტად იყო ამ მიმართულებასთან იდენტიფიცირებული.

თანაც, რამდენადაც ყველა პოლიტიკურმა ძალამ თამაშის თითქმის ერთი და იგივე წესი აირჩია, მათ შორის განსხვავებული მხოლოდ საარჩევნო სიის შემადგენლობა იყო და არა ის შესაძლო შედეგები, რაც „მესამე ძალის“ პარტიების გამარჯვებას მოჰყვებოდა. ამიტომაც, გაიმარჯვა იმან, ვისაც უკეთ შეეძლო თამაშის მიღებული წესები თავისი გამარჯვებისთვის გამოეყენებინა.

მომავალში ოპოზიციურ ძალებს გამარჯვების შანსი იმ შემთხვევაში გაუჩნდებათ, თუ:

ა) დღევანდელი ხელისუფლება თავის მოღვაწეობას სრული ეკონომიკური კრახით დაასრულებს. ამ შემთხვევაში არჩევნების გზით გამარჯვების შანსი ეზრდებათ ასლან აბაშიძის რეჟიმის მსგავს ავტორიტარულ მმართველობებსა და მემარცხენე-კომუნისტური იდეოლოგიის მქონე პარტიებს.

ბ) თუ ეკონომიკური მდგომარეობა ოდნავ მაინც გამოსწორდება (რის იმედსაც დიდი ეკონომიკური პროექტების განხორციელების პერსპექტივა და ნავთობის სავარაუდო მარაგები იძლევა), მაშინ არსებული ხელისუფლება განმტკიცდება და არჩევნების გზით მისი დამარცხების შანსი ეძლევა იმ ძალას, რომელიც:

1) თამაშის არსებული წესების შენარჩუნების შემთხვევაში მმართველ პარტიაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდება (რაც ნაკლებადაა მოსალოდნელი).

2) უარს იტყვის თამაშის ხსენებულ წესებზე, რეალურად დაუპირისპირდება კორუფციას და შეძლებს, დაანახოს ამომრჩეველს, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემთხვევაში გაცილებით უკეთ იქნება მოქალაქეების უფლებები დაცული, ვიდრე დღეს არის.

ამ ეტაპზე კი „მესამე ძალის“ დამარცხების მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, ის იყო, რომ არ არსებობდა „კარგი“ ძალა, რომელიც „ცუდებსა“ და „უარესებს“ დაუპირისპირდებოდა. „ცუდებისა“ და „უარესების“ ტოტალურ დაპირისპირებაში კი გამარჯვება მათ შორის ყველაზე ძლიერებმა მოიპოვეს.

ხოლო თუ თამაშის „კარგ“ წესებს არც ერთი ძალა არ მიიღებს, მაშინ მოსახლეობას არჩევანის გაკეთება კვლავ „ცუდსა“ და უარესს“ შორის მოუწევს, ამაში კი გამარჯვებულები და დამარცხებულები თანაბრად იქნებიან დამნაშავე. მას მედიაც, ჩვეულებისამებრ, იმ დროისთვის არსებულ რეალობას ასახავს და ამის გამო საყვედური პრესის მიმართ კი არ უნდა ითქვას, არამედ იმ პოლიტიკური ძალების მიმართ, ვინც რეალობის შესაცვლელად არაფერი (ან ვერაფერი) გააკეთა.

გიორგი ლორთქიფანიძე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ერთობ პიკანტური გარემოება - ამ შეკრებაზე, მგონი, ერთადერთი სოციალისტი ვარ. დღეს პარტიის სახელით რაიმე განცხადების გაკეთებას არც ვაპირებ და არც სათანადო უფლებამოსილება გამაჩნია, ამიტომ შევეცდები მაქსიმალურად თავისუფალი ვიყო. ამასთან სრულიად გულწრფელად მივესალმები იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმზე შესაძლებელი ხდება დემოკრატიულ მემარჯვენეთა და მემარცხენეთა ერთგვარი დიალოგი, თუნდაც ინტელექტუალური პოლიტიკური შერკინების ფორმით. საზოგადოდ, ჩვენი საზოგადოება მონოლოგების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის, ხოლო რაც შეეხება პატიოსან აზრთა პატიოსან და კორექტულ ურთიერთგაზიარებას - ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეს არც ისე იოლი საქმე ყოფილა.

აქ არჩევნების შედეგებთან მიმართებაში პესიმიზმსა და ოპტიმიზმზე იყო საუბარი და სამართლიანად პრევალირებდა პესიმისტური მიდგომა. არ შეგაწყენთ თავს ორმაგ სტანდარტებსა და იმ დარღვევათა თაობაზე წუწუნით, რომელთა მასშტაბი ყველა დამსწრისათვის შესანიშნავადაა ცნობილი. თავს მხოლოდ უფლებას მივცემ დავეთანხმო ბატონ ლევან ბერძენიშვილის კრიტიკულ პათოსს და არ დავეთანხმო მის მიერ ჩამოყალიბებულ ფორმულას - „ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი გვერდით“. ვფიქრობ, არჩევნები სწორედ რომ უკან გადადგმული ნაბიჯი - ან ნაბიჯები - იყო. მერწმუნეთ, ამას დამარცხებული ოპოზიციონერის ბოღმა არ მალაპარაკებს, მით უმეტეს, რომ „აღორძინების“ პარტიული სიის გამსვლელი ნაწილიდან საკმაოდ შორს ვიყავი მოქცეული, რაც ძალზე ადვილი შესამოწმებელია. არავითარი ილუზია არ გამაჩნია არც გამარჯვებული პარტიის და არც ოპოზიციის პარტიული სიებისა თუ სადეპუტატო ჯგუფების, ასე ვთქვათ, მორალურ იერსახეზე - ის ხომ რეალურად ასახავს საქართველოს მოსახლეობის ამჟამად არსებულ პოლიტიკური თუ სამართლებლივი შემეცნების დონეს. მორალური პარამეტრებით მაინცდამაინც ვერც პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები დაიკვეხნიან, მაგრამ ეს მთლიანობაში მაინც სხვა პრობლემაა. უბრალოდ, მინდა ჩავაკვირდეთ იმას, თუ მანიპულაციებისა და გაყალბებების რა უბადლო საშუალებას იძლეოდა თვით საარჩევნო კანონი, თვით ის გარემოება, რომ უმრავლესობის ნებით შესაძლებელი იყო კონკრეტულ ოლქებში არახელსაყრელი შედეგების გაუქმება ან ამგვარი შედეგების დამტკიცება-არდამტკიცების უფლების პოლიტიკური ვაჭრობისა და გარიგებების საგნად ქცევა. სამწუხაროდ, არჩევნები - განსაკუთრებით, საქართველოს რეგიონებში - იქცა შეჯიბრად თემაზე თუ ვინ უკეთ „ჩააწყობდა“ უკეთეს შედეგს. როგორ შეიძლება ეს არჩევნები უკან გადადგმულ ნაბიჯად არ ვაღიაროთ, თუკი არც ერთ ოფიციალურად გამოქვეყნებულ ციფრს არ დაეჯერება, თუკი დემოკრატიული რეფორმების პროკლამირებული გაღრმავების კვალობაზე უნდა შევურიგდეთ დემოკრატიული პრინციპების მორიგ დისკრედიტაციას. ასეთი „ბესპრედელი“ წინა არჩევნებზეც კი არ იყო. პირდაპირი და ირიბი ძალდატანების უამრავ ფაქტს თავი რომ დავანებოთ, მარტო ის რად ღირს, რომ არჩევნების შედეგების დადგენა თითქმის ერთი თვე მიმდინარეობდა და კაცმა არ იცის, სინამდვილეში რამდენი პოლიტიკური ძალა გავიდა ჩვენს პარლამენტში - ორი, სამი თუ ოთხი. ყოველივე ეს ხომ არჩევნების შემდეგ, სათანადო კაბინეტებში წყდებოდა და არა საარჩევნო უბნებზე. ცხადია, რომ ყველაზე რბილად რაც კი შეიძლება ითქვას საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაა, რომ საარჩევნო კანონი სერიოზულ რევიზიას საჭიროებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოში მემარჯვენეობა-მემარცხენეობის საკითხსაც „გადავწვდე“. ვფიქრობ, ჩვენში დღეს ორივე მიმდინარეობის ბედი თავისებურად ტრაგიკულია. მემარცხენეობის ტრაგედია ისაა, რომ საქართველოში ვერაფრით მოხერხდა ჭეშმარიტად ცივილიზებული, დემოკრატიული, პიროვნულ ამბიციებს არგადაყოლილი და გავლენიანი მემარცხენე პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბება. აშკარად ხელოვნური შვიდპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რასაკვირველია, უბიძგებდა პოლიტიკურ პარტიებს კომპრომისებისკენ, მაგრამ ის იდეოლოგიური „აჯაფსანდალი“ რომელიც ნამდვილად შეინიშნება საქართველოში და რომელიც თავს იჩენს როგორც „მოქალაქეთა კავშირის“, ისე „აღორძინების“ რიგებში, გარკვეულწილად ობიექტური ხასიათისაც არის. ბოლოს და ბოლოს, ნორმალური მემარცხენეები და მემარჯვენეები იზიარებენ მსგავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ძირითადი განსხვავება მათ შორის კი გავრცელებული მოსაზრებით, ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის უფლებათა ნუსხაში მემარცხენეები პრივილეგირებულ ადგილს ანიჭებენ სოციალ-ეკონომიკურ უფლებებს, რიგითი მოქალაქისთვის მინიმალური ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფას, მემარჯვენეთათვის კი სოციალ-ეკონომიკური უფლებები კონცეპტუალურად რჩება ადამიანის უფლებათა ცნების მიღმა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი მიდგომა შეინიშნებოდა 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის მსხვრევის პერიოდში და შემდგომ წლებშიაც და ქართველ მემარჯვენეთა ტრაგიკულობაც - ჩემი შთაბეჭდილებით - იმაშია, რომ მათი უმრავლესობა დღესაც, XXI საუკუნის მიჯნაზე, ისევ მიმდინარე ათწლეულის დასაწყისში იმყოფება და თავისდა უნებურად ანაქრონიზმის მსხვერპლი ხდება. მიუხედავად ამისა, კონვერგენცია მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის სტიქიურად მაინც მიმდინარეობს, ვინაიდან ჩვენ რეალურ სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ყველასთვის, ყველა მეტ-ნაკლებად პატიოსანი ადამიანისთვის - ყოველგვარი იდეოლოგიური მიკერძოების გარეშე, - ცხადი ხდება, რომ ვითარება მძიმეა, „დანიურ სამეფოში“ რაღაც მართლა შესაცვლელია, მართვის ძველებურად გაგრძელება საბოლოოდ დაღუპავს ქვეყანას თავისი მემარჯვენე-მემარცხენეებიანად და გეოპოლიტიკურ თემებზე თეორიული დისკუსიებით ფონს ადვილად ვეღარ გავალთ. ენერგორესურსების ტრანზიტი კარგი რამაა, კიდევაც უნდა წაადგეს ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს, მაგრამ ამისთვის საზოგადოება საზოგადოებას უნდა დაემსგავსოს, სახელმწიფო კი სახელმწიფოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარეოპოლიტიკური წარმატებებით ისევ კლანები იხეირებენ, მოსახლეობა კი ხახამშრალი დარჩება. ალბათ, ობიექტურად მოახლოვდა ის დრო საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქვეყნის ყველა დემოკრატიული ძალა რეალურად არსებული პრობლემების ირგვლივ - მათგან უპირველესი კი, ჩემი აზრით, ყოველ ზღვარს გადასული კორუფციაა, - უნდა გაერთიანდეს. სხვათაშორის, მე მსჯელობის დონეზე იმის მომხრე ვიქნებოდი, რომ ქართველ მემარცხენეებს ნაწილობრივ მაინც ეტვირთათ პასუხისმგებლობა ყველა იმ საშინელებაზე, რაც კი საქართველოში მისი სოციალისტური ისტორიის სამოცდაათწლიანი პერიოდის განმავლობაში მემარცხენეობის - თუნდაც, მისი ექსტრემისტული, კომუნისტური ფრთის - სახელით ხდებოდა, ხოლო მემარჯვენეებს, ასევე ნაწილობრივ, გაცილებით ნაკლები წონის მორალური პასუხისმგებლობა ეტვირთათ, კერძოდ, პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ჰუმანური ადამიანისთვის შეურაცხმყოფელ სოციალურ დიფერენციაციაზე, სოციალურ უსამართლობაზე საქართველოში. ხომ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ხელფასის მიღების ცნება დაავიწყა, ხოლო მაღალჩინოსანთა კლასს ხელფასის გაცემის ცნება შეაჯავრა სწორედ მემარჯვენე იდეოლოგიის „შოკურმა“ ნაირსახეობამ. ყოველ შემთხვევაში, პოსტსაბჭოურ ეპოქაში მოსახლეობის ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ სხვა მსგავსი უფლებების უტიფარი შელახვა მემარცხენეობის ლოზუნგებით - ალბათ, დამეთანხმებით - არ მომხდარა. ისტორიული სიმართლე, სამწუხაროდ, იმაშიაც მდგომარეობს, რომ მემარჯვენეობის საბურველმა ჩვენი ხელისუფლების განზოგადებულ „ეკონომიკურ გუნდს“ ათასგვარი კრიმინალური და ნახევრადკრიმინალური მანიპულაციის საშუალება მისცა - ამიტომაც გვაქვს ასე შესანიშნავად მოწესრიგებული საბიუჯეტო სფერო.

მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ეროვნული ელიტის წრეგადასული ცინიზმი და ამორალობა აქ შეკრებილი საზოგადოებისთვის საიდუმლოება არ არის და მის მოწონებას არ იმსახურებს. მე დიდი მორალისტი ნამდვილად არ გახლავართ და არც მორალის კითხვის უფლებას ვანიჭებ საკუთარ თავს. თუკი ელიტის ცინიზმისა და ამორალობის შესახებ ორიოდე სიტყვა ვახსენე - ეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ნათქვამი ტრუიზმად, უზოგადეს ბანალობად, აპრიორული და ყველასთვის ცხადი ფაქტის მარტივ კონსტატაციად აღიქმება. ეს შეფასება, სამწუხაროდ, სიმართლეს შეეფერება - წინააღმდეგ შემთხვევაში კორუფცია არ იქცეოდა ჩვენი ქვეყნის ნამდვილ „შავ ჭირად“, ხოლო მისი ამჟამად არსებული საგანგაშო დონე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებდა რეფორმების გაგრძელების, თვით სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხს. კვლავ ვიმეორებ, დღეს პარტიის სახელით ვერ გამოვდივარ, მაგრამ როგორც პიროვნება ნამდვილად მივესალმებოდი რაიმე ფორმით - თუნდაც ახალი არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის, ან სულაც სათანადო საზოგადოებრივი მოძრაობის სტიმულირების გზით - ინტერპარტიულ ანტიკორუფციულ კოორდინაციას. ვფიქრობ, ამ მხრივ თანამშრობლობის გარდა აღარაფერი დაგვრჩენია, ვინაიდან ქვეყნის ძირეული ინტერესებიდან გამომდინარე კორუფციის პრობლემის სიმძიმის წინაშე უკან უნდა იხევდეს როგორც ვიწროპარტიული კუთხურობა, კუდაბზიკობა და პროვინციალიზმი, ისევე დემოკრატიულ მემარცხენეობასა და მემარჯვენეობას შორის თეორიულად დამკვიდრებული მაღალფარდოვანი და, იქნებ, შინაგანად ცრუ ალტერნატივა. კარგი იქნება, თუკი ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ მიაპყრობს აწ გარდასული არჩევნების პრიზმაში ჩვენი საზოგადოებრივი განვითარების საჭირბოროტო საკითხებს პარლამენტის ჯანსაღი ნაწილის ყურადღებას.

რამაზ საყვარელიძე. როგორც პრესაში, ისე აქ დამსწრეთა უმრავლესობა არჩევნების შედეგებს შეფასებისას მიიჩნევს, რომ მოხდა ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მომხდარიყო. თავს უფლებას მივცემ, არ გავიზიარო ეს პოზიცია.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო საუკეთესო არჩევნები, მაგრამ არც - ყველაზე უარესი. ყველაზე უარესი დემოკრატიისთვის იქნებოდა ის, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოსულიყო „აღორძინება“. ამ შემთხვევაში არჩევნების გაყალბებასაც ექნებოდა ადგილი და ხელთაც არადემოკრატიული, სეპარატისტულიგანწყობების მქონე, რუსული ორიენტაციის ხელისუფლება შეგვრჩებოდა. მე სავსებით ვიზიარებ გია ნოდიას მოდელს, რომ ჩვენ პარადოქსულ წრეში მოვექეცით - დემოკრატიულ არჩევნებს შეიძლება დიქტატორულ ხელისუფლებამდე მივეყვანეთ. ეს მოსახლეობამაც კარგად იცოდა და მას არაფერი არ შეშლია (რასაც ახლა ხშირად ვაბრალებთ). გავიხსენოთ, არჩევნებამდე დემოკრატიის ბევრი გულშემატკივარი ამბობდა: „ოღონდ არ მოვიდეს უმრავლესობაში ბათუმის ალიანსი და ყველაფერზე თანახმა ვართო“. ამ „ყველაფრის“ ქვეშ ხომ წესების დარღვევაც იგულისხმებოდა - ბათუმის ალიანსის აუცილებელ გაყალბებას (აჭარის 99%-იანი შედეგები სხვანაირად არ მიიღწევა) გააწონასწორებდა მხოლოდ საპასუხო გაყალბება. ამდენად, არჩევნების წინ მმართველ პარტიას აკრძალული ილეთების გამოყენებისკენ უბიძგებდა თვით საზოგადოების განწყობილება, რადგან მეტოქე აუცილებლად გამოიყენებდა აკრძალულ ხერხებს. ახლა ხშირად ვივიწყებთ ამ ასპექტს და იმას, რომ თუ იყო დარღვევები, ეს მარტო ვიღაცის ბოროტმა ნებამ კი არ გააჩინა, არამედ წინასაარჩევნო პირობებმა და ჩვენივე განწყობილებამ.

საუკეთესო შედეგი იქნებოდა არჩევნები გაყალბების გარეშე და პარლამენტში სამი პარტია მანდატების თანაბარი რაოდენობით. იყო ეს რეალური? მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში იქნებოდა სხვა მდგომარეობა. ხოლო თუ აჭარა დღევანდელ პოლიტიკას გაატარებდა, დაუშვებელი იქნებოდა როგორც სხვა რეგიონებში წესების დაცვა, ასევე „მესამე ძალის“ სრულფასოვანი წარმოდგენა პარლამენტში, რადგან ბათუმის მხრიდან პოლიტიკის პოლარიზაცია საპასუხო რეაქციას გამოიწვევდა მთელ საქართველოში, რაც მოხდა კიდეც. კრიტიკა, ძირითადად, ხელისუფლებისკენ არის მიმართული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ ვეგუებით ბათუმის პოლიტიკას და მხოლოდ თბილისს ვუყენებთ პრეტენზიებს. ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი ერთი მთლიანი სისტემაა და თუ იგი ერთ ბოლოში გამრუდებულია, ეს მეორე ბოლოზეც მოახდენს გავლენას. მოთხოვნები, უპირველეს ყოვლისა, ბათუმს უნდა წაეყენოს.

ახლა, რაც შეეხება იმ აზრს, რომ პოლიტიკური პოლარიზაციით ხელისფლებამ უპრეცენდენტო ხერხი იხმარა და მოსახლეობას დაავიწყა „მესამე გზა“. რა თქმა უნდა, პოლარიზაციამ ხალხს ორი ალტერნატივა დაუტოვა, მაგრამ ამ სქემის ავტორად მხოლოდ ხელისუფლების მიჩნევა არ უნდა იყოს სწორი. ამგვარი პოლარიზაცია უახლეს წარსულში უკვე იყო. გავიხსენოთ გამსახურდიას არჩევნები, სადაც საკითხი ასე იდგა - ან „მრგვალი მაგიდა“ ან კომუნისტები. კომუნისტების შიშმა ხელისუფლებაში „მრგვალი მაგიდა“ მოიყვანა ისეთი დიდი პროცენტით, რომ იგი ერთპიროვნული მმართველი გახდა. გარედან კონკურენციის მოხსნის შემდეგ კონკურენცია დაიწყო „მაგიდის“ შიგნით. ვნახოთ, განმეორდება თუ არა ისტორია.

პოლიტიკური პოლარიზაცია 1992 წლიდან ბათუმმა დაიწყო და გააძლიერა ამ არჩევნების წინ. ეს პოლიტიკა მისი მხრიდან ლოგიკური იყო - მას სჭირდებოდა მტრის ხატი დემოკრატიის შესაზღუდად და ფინანსური თავნებობისთვის. ხელისუფლებამ მიიღო ეს გამოწვევა და თამაშის შემოთავაზებული წესი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ „მესამე ძალამ“, სინამდვილეში, ვერ შექმნა ალტერნატივა, ვერ მოიპოვა თავისი ადგილი. შევეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკაში ადგილებს არ უთმობენ ერთმანეთს, პოლიტიკაში ადგილებს ძალით იპოვებენ, რაც სავსებით ბუნებრივია. ამიტომ, სრულიად გაუმართლებელია სხვისი, განსაკუთრებით კი - მას მედიის - დადანაშაულება იმაში, რომ მედიამ ხელი შეუწყო პოლიტიკურ პოლარიზაციას. მედიამ მხოლოდ ის ასახა, რაც ხდებოდა. თვალშისაცემი ტენდენციურობა რომ გამოეჩინა მას, მაშინ იქნებოდა კრიტიკის ღირსი (ისე, მედიის სიმპათია „მესამე ძალის“ მიმართ ყოველთვის იგრძნობოდა).

თუ დავაკვირდებით ამ სურათს, ვნახავთ რომ ამ არჩევნებში ყველა ლოგიკურად იქცეოდა - ბათუმიც, თბილისიც და მას მედიაც. ერთადერთი, ვინც ალოგიკური პასიურობა გამოიჩინა და ბოლომდე არ შეასრულა თავისი როლი, იყო „მესამე ძალა“. ამიტომ, სწორედ ის არის ძირითადი დამნაშავე დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის შექმნაში.

პოლიტიკური სიტუაციის შეფასებაში მთავარ უბედურებად არ მიმაჩნია საარჩევნო დარღვევები. ეს დროებითი მოვლენაა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ და რეალურია, რომ მომავლისთვის გამოსწორდება. უფრო დამაფიქრებელია სხვა რამაა, რომლის შეცვლაც შეიძლება გაძნელდეს. ქართული პოლიტიკა სულ უფრო პრაგმატული და ძალისმიერი ხდება, რაც აჩენს ტენდენციას, რომ პოლიტიკოსებმა ორიენტაცია აიღონ ფინანსურ წრეებზე. ეს ბუნებრივია და საგანგაშო არ იქნებოდა ბუნებრივად რომ ვითარდებოდეს ჩვენი ეკონომიკა. მაგრამ, რადგანაც ჩვენი ბიზნესი უმეტესწილად სახელმწიფოს ხარჯზე (საბიუჯეტო სახსრებით, ან გადასახადისგან თავის არიდებით) ვითარდება, ბიზნესმენების ხელისუფლებასთან დაახლოვება სახიფათოა ქვეყნისთვის. ოლიგარქები მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნებენ და მათ მიერ შემოტანილი წესებით კიდევ უფრო შეიზღუდება, ერთი მხრივ, სოციალური პროგრამები და მეორე მხრივ - საშუალო ფენის შექმნის შესაძლებლობა. ეს გადაგვაქცევს „ბანანის რესპუბლიკად“, რაც უკუქცევადი აღარ იქნება. ჩვენს პოლიტიკაში ფინანსური ინტერესების მქონე ხალხის სიჭარბის გამო უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს „გაბანანების“ შანსი დღეს უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე. არჩევნების ეს შედეგი მე ყველაზე უფრო შემაშფოთებლად მიმაჩნია.

აქ ახსენეს რეფორმატორთა გუნდი და გამოითქვა პრეტენზიები მათ მიმართ. რეფორმატორობა სახიფათოა და სახიფათოა არა იმით, რომ რეფორმატორს ებრძვიან, არამედ იმით, რომ მეტოქე ყოველთვის გაიძულებს მისი იარაღი გამოიყენო და მისნაირი გახდე. ისტორიული მაგალითებით თავი რომ არ შეგაწყინოთ, ერთ კორეულ ლეგენდას გაგახსენებთ - დრაკონი უკვდავი იყო, რადგანაც ყველა, ვინც მას ამარცხებდა, მერე თვითონ იქცეოდა დრაკონად. ამ საფრთხისგან არავინაა დაზღვეული, არც ჩვენი რეფორმატორები. ამიტომ, მხოლოდ მათ იმედზე ყოფნა სარისკოა.

ლევან ბერძენიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და თავისუფალი მას მედია გამოასწორებს შექმნილ მდგომარეობას. სამწუხაროდ, მიჭირს ამ პოზიციის გაზიარება. არასამთავრობო ორგანიზაციებს ისეთი სპეციფიკა აქვთ, რომ მათ ყოველთვის უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან, პოლიტიკური ოპოზიციის ფუნქციას ისინი ვერ შეასრულებენ. ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებში ყოველთვის გაჩნდება ხელისუფლებასთან ალიანსის ტენდენცია, რასაც ილიკო ხაინდრავა საყვედურობდა „თავისუფლების ინსტიტუტს“.

თავისუფალი მას მედია უნდა იყოს ოპოზიციური, მაგრამ მხოლოდ ოპოზიციურობითაც არ კეთდება პოლიტიკა (ამ არჩევნებმა ეს კარგად აჩვენა). კონსტრუქციული პროგრამის გარეშე პოლიტიკურ ცვლილებებს ვერ გამოიწვევ, ამგვარი პროგრამების წამოყენება კი არ შედის მას მედიის ფუნქციებში. რადგან არც არასამთავრობო ორგანიზაციების და არც მას მედიის საქმე არ არის პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა, ისინი ამ ტვირთს ვერ ზიდავენ.

პარადოქსულია, რომ ჩვენ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტას არაპოლიტიკური ორგანიზაციებისგან მოველით და არაფერს არ ველით პარტიებისგან. მე მგონი, პირიქით - დემოკრატიული ორიენტაციის პარტიებს უნდა წავუყენით პრეტენზიები და ვიფიქროთ იმაზე, თუ რატომ დამარცხდნენ ეს პარტიები და რა უნდა გაკეთდეს მათი გამარჯვებისთვის მომავალში. საშუალო ფენიდან წამოსული და ამ ფენაზე მზრუნველი პოლიტიკური ძალების მომწიფება და ხელისუფლებაში ფართედ წარმოდგენა მიმაჩნია შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავლად. ამ პროცესს აუცილებლად დაეხმარება როგორც მას მედია, ისე სამოქალაქო საზოგადოება - საშუალო ფენის ჩამოყალიბება მათ ინტერესებშიც შედის. მე ამ მიმართულებით ფიქრი და მუშაობა მიმაჩნია მიზანშეწონილად.

პაატა გურგენიძე. ჩვენი სემინარის დისკუსია ძირითადად გია ნოდიას მიერ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატიის (როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ?) ირგვლივ გაიმართა. ამ წერილით მინდა გიას მიერ დახატული სურათს რამდენიმე შტრიხი დავამატო, თუმცა ამან სურათის მთლიანი იდეა შესაძლოა პრინციპულადაც კი შეცვალოს.

გია ამბობს, რომ შევარდნაძის და კახა თარგამაძის წინასაარჩევნო განცხადებებმა ნათელყო არჩევნების პროცესში სისტემატური ჩარევის მიზანი, რის გამოც არსებობის უფლება მიეცა რწმენას, რომ ასეთი ჩარევა რეალურად მოხდა. ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ მე ვეცდები დავამტკიცო, რომ არჩევნების ბედისათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო არა საარჩევნო დღის და ხმების დათვლის შემდგომი პროცედურების მიზანმიმართული დარღვევა, არამედ თვით ეს განცხადებები, რომლებმაც აამოქმედეს დესპოტური მმართველობისათვის ყველაზე დამახასიათებელი და ფუძემდებლური პოლიტიკური ბერკეტი „შიში“.

ეს განცხადებები იყო საარჩევნო კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა. რამდენადაც მე მესმის, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ამ განცხადებების იურიდიული კვალიფიკაცია შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულიც კი იყოს, როგორც მოქალაქეთა საარჩევნო უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა თანამდებობის ბოროტად გამოყენებით.

მიუხედავად ამისა, არჩევნების სამართლიანობისათვის (თუ უსამართლობისათვის) განმსაზღვრელი იყო არა თვით ხსენებული განცხადებები, არამედ ის ჩამოყალიბებული პოლიტიკური რეალობა, რომელიც შესაძლებელს ხდის ამგვარ განცხადებებს; ბევრისათვის კი უთქმელადაც ნათელყოფს იმ კონტექსტს, რისი მინიშნებაც იყო ამ განცხადებების მიზანი. ხალხს უბრალოდ გაახსენეს, თუ ვინ არის პატრონი ამ სახლში, რომელსაც საქართველო ჰქვია. ამ პოლიტიკურ რეალობას ბევრი მორიდებულად სტაბილიზაციას უწოდებს. სიზუსტისათვის მე „სტაბილიზაციის“ წინ ჩავამატებდი სიტყვას „დესპოტიის“.

სრულიად ვეთანხმები გიგი თევზაძეს, რომელმაც თქვა, რომ ეს არჩევნები არანაირი ეტაპი არ ყოფილა; უბრალოდ ეს იყო „სტაბილიზაციის“ გაგრძელება.

გია ამბობს, რომ წინა არჩევნებიდან თითოეულმა რაღაც დადებითი შედეგი მოიტანა, მხოლოდ 1991 და 1999 წლების არჩევნებია გამონაკლისიო. მე ვიტყოდი, რომ 1999 წლის არჩვენებზეც შეიძლება ითქვას, რუსეთზე რეორიენტაციისაგან გვიხსნაო, რაც უთუოდ დადებით შედეგად ჩაითვლებოდა პროდასავლურად განწყობილი მოაზროვნისათვის.

დამატებით, მე შევეცდები ავხსნა, თუ რა კანონზომიერებას ემორჩილებოდა განსხვვებები აქამდე ჩატარებულ არჩევნებს შორის საარჩევნო პროცედურის სამართლიანობისა და მასზე დაყარებული დემოკრატიის, ანუ ხალხის ძალაუფლების, თვალსაზრისით. ჩემი აზრით, ორივე პრეზიდენტის ხელში საარჩევნო პროცესის დეგრადაცია ადვილი დასანახია და პოლიტიკური ძალაუფლების ასევე ადვილად შესამჩნევი დესპოტიზაციის ფონზე სრულიად ბუნებრივად მოჩანს. ამგვარი ხედვიდან გამომდინარე, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა წლევანდელი არჩევნების შედეგები.

1990 წლის საარჩევნო კანონმდებლობა და არჩევნების პროცედურა (როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო დღის და ხმების დათვლის) უფრო სამართლიანი იყო ვიდრე 1991 წელს. 1992 წლიდან 1995 წლამდე არჩევნების პროცედურა სამართლიანობის თვალსაზრისით ასევე გაუარესდა. ამ დეგრადაციის გზაზე გაუმჯობესება იყო 1998 წლის ადგილობრივი არჩევნები. 1999 წელს ყველაფერი დააგვირგვინა გაუგონარი სამართლებრივი და პოლიტიკური ცინიზმით ჩატარებულმა არჩევნებმა. ამგვარ შეფასებას, მგონი ეთანადება ამ საქმის უთუო ექსპერტის, ვახტანგ ხმალაძის, აზრიც, რომელმაც სემინარზე შენიშნა 1990-92 წლების არჩევნების მომდევნო არჩევნებისაგან განსხვავება, უკეთესობის თვალსაზრისით.

1990 წელს ხალხის ძალაუფლება, თუმცა არ იყო ინსტიტუციონალიზებული, მაგრამ უდაოდ საგრძნობი იყო. ხელისუფლებას ხალხის ეშინოდა, და არა - პირიქით. სწორედ ამიტომაც ის, ბევრი-ბევრი, ხელს უწყობდა თავის მიერ კონტროლირებად ძალას (ბევრი თვლის, რომ მაშინდელი ზვიადისტები მარიონეტები იყვნენ) და არ ცდილობდა თავისი ნების შიშველ დამკვიდრებას.

1991 წლის არჩევნების ხარვეზების წინასწარმეტყველება თუნდაც იმით შეიძლებოდა, რომ ზვიადმა ოპონენტებთან დებატები არ „იკადრა“, რაც თავისთავად უკვე ხალხის, როგორც ძალაუფლების მპყრობელის, უპატივცემულბა იყო. მიუხედავად ამისა, ხალხი თავის ძალაუფლებაში რწმენას ინარჩუნებდა, რაც გამოიხატა კიდეც გე-კა-ჩე-პე-სთან თანამშრომლობაში გასვრილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აბუნტებით. ამ ბუნტში რომ ხალხს გაემარჯვა, იგი უთუოდ განიმტკიცებდა ხელისუფლებას, მაგრამ, სამწუხაროდ, გენერალ ბეპაევის რუსულმა იარაღმა შეასრულა გადამწყვეტი როლი. ამ პერიოდიდან უკვე იწყება საკუთარ ძალაუფლების მიმართ ხალხის რწმენაში იმ ხინჯის გაჩენა, რომელიც შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნესავით იზრდება. პოლიტიკური სტაბილობის ბერკეტები უცხოეთის ხელში გადადის. ხელისუფლება მძლეთამძლე რუსეთთან უძლური ხალხის შუამავლის როლს ასრულებს და ამ კონტექსტში იძენს ლეგიტიმაციას. რუსეთის მიერ ინსპირირებული აფხაზეთის ომის ფონზე ჩატარებული არჩევნების შედეგები სწორედ იმ შიშის ფონით არის განსაზღვრული - თუ შევარდნაძე არ ავირჩიეთ, რუსეთი აფხაზეთს წაგვართმევსო. სწორედ აქედან იწყება არჩევნების აქტის ჩანაცვლება აღიარებით. ხალხი აღიარებს შევარდნაძის „განსაკუთრებულ“ შესაძლებლობებს და ყველა სიამოვნებით თანხმდება, რომ შევარდნაძეს უნდა მიეცეს „დახურული კარტებით“ თამაშის საშუალება. ამ აღიარებას, თუმცა თავისთავად რაციონალობას მოკლებულია, აქვს საფუძველი სავსებით რეალური გამოცდილების სახით - შევარდნაძესთან დაპირისპირებას დამანგრეველი რეზულტატები მოაქვს. 1993 წელს წაგებული აფხაზეთის ფონზე ზვიადისტებთან ომში შევარდნაძის მიერ რუსული ძალის მოხმობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს ხალხში შიშისა და აღიარების ამ რეფლექსს, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს პოლიტიკური სისტემის რაგვარობას.

აფხაზეთის ომით, როგორც ვითომდა „ობიექტური“ მოცემულობით, ხალხი ნიღბავს თავის უნებისყოფობას, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს 1992 წლის არჩევნების პროცედურის შედარებით სამართლიანობას. ხალხის ძალაუფლების რწმენა ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის დეზავუირებული.

1995 წლის არჩევნებისათვის ძალამოკრებილი პატრონის მიმართ შიში და აღიარება უფრო ნათელ ფორმებს იღებს. ხალხი ფიქრობს, თუ შევარდნაძის ნებას ვაღიარებთ, იქნებ თავისი ყაჩაღი ქვეშევრდომებისაგან (იგულისხმება მხედრიონი) გვიხსნასო. შედეგად, ეს არჩევნები წინასთან შედარებით მეტი დარღვევებით გამოირჩევა. ამ არჩევნებში პატიაშვილის სახით უკვე ჩნდება ანტიდემოკრატიული საფრთხობელა ვითომდა დემოკრატიული შევარდნაძის საპირწონედ. გიას სქემის შესაბამისად, აქედან იწყება „დემოკრატიის ეროზიის“ პარადოქსული მანკიერი წრე. ჩემი აზრით, პატიაშვილის ანტიდემოკრატიულობა მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგებისათვის, მაგრამ არ არის განმსაზღვრელი. ეს „საფრთხობელა“ ხალხისათვის გამოდგა იმ შიშის შესანიღბად, რომელიც მას ჰქონდა ნამდვილი პატრონისადმი. ამ საფრთხობელის ვითომდა დამარცხებით ხალხმა გაიიოლა შევარდნაძის წინ ქედმოდრეკის და აღიარების ფსიქოლოგიური უხერხულობა. ამ მოსაზრების დადასტურებად გამოდგება ალბათ ისიც, რომ ხელისუფლების სათავეებთან 1992 წელს შევარდნაძის უალტერნატივო არჩევნებში ამგვარი საფრთხობელა არ ფიგურირებდა.

მომდევნო 1998 წლის ადგილობრივი არჩევნები დეგრადაციული ხაზიდან გადახვევაა უკეთესობისაკენ, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ აქ ხელისუფლების ბედი არ წყდებოდა.

1999 წლის არჩევნებმა მხოლოდ აღადგინა ულმობელი პოლიტიკური კანონზომიერებით შექმნილი ეს დეგრადაციული ხაზი, და ამიტომაც მიმაჩნია, რომ მისი ძირითადი თვისებები წინასწარმეტყველებადი იყო.

გია ამბობს, ამომრჩეველი აბაშიძის პრორუსულობით, ავტორიტარულობით და კორუმპირებულობით დააშინესო, მაგრამ იქვე ამბობს, ამომრჩეველს იმისაც ეშინოდა, ემანდ, ხელისუფლების შეცვლას ისევ არეულობა არ მოჰყვესო. ეს ბოლო არგუმენტი მეჩვენება მე ზემოთ დასახელებულთა შორის უმთავრესად, და სულაც არ ვაკავშირებ ასლანის უარყოფითი თვისებებისადმი შიშს ხელისუფლების შეცვლით პროვოცირებული არეულობის შიშთან. კორუმპირებლობას, პრორუსულობასა და ავტორიტარულობას უშუალოდ, რომ დესტაბილიზაცია და სოციალური დაპირისპირებულობა მოჰყვებოდეს, რისიც თითქოსდა შეიძლებოდა შეშინებოდა ხალხს, ბათუმშიცა და თბილისშიც ხელისუფლების სტაბილიზციის დონე უნდა კლებულობდეს, რამდენადაც ზომიერი მმართველობისათვის უარყოფითი ეს ნიშნები ორივეგან, ნათელია რომ, მატულობს (გამონაკლისია პრორუსულობა, რომელსაც პირიქითი ტენდენცია აქვს, თუმცა ბათუმში მეტი დოზითაა წარმოდგენილი). სამწუხაროდ, ბათუმისა და თბილისის რეჟიმების სტაბილურობის დონე, ამგვარი განვითარების მიუხედავად, მხოლოდ იზრდება. ამიტომაც უფრო რეალური მეჩვენება, რომ ხელისუფლების შეცვლის შიში სწორედ არსებული ხელისუფლების წინაშე შიშია და არა ალტერნატიულისა.

თუკი ხალხს შეეძლებოდა თავისი ნების მიხედვით შეეცვალა ხელისუფლება თუნდაც ყოველმხრივ უარყოფითი თვისებების ადამიანების არჩევით, მაშინ თვით ამ აქტით დამკვიდრდებოდა ხალხის ნება და მოიშლებოდა დესპოტიის (ავტორიტარიზმის) საფუძველი. სამწუხაროდ, ჩვენში არჩევნები უფრო აღიარებაა, ვიდრე არჩევნები. ანუ, ხალხი აღიარებს იმის ძალაუფლებას, ვისაც უკვე აქვს ძალაუფლება, ხოლო ასეთ აღიარებაზე უარის თქმა მშვიდობიანად შეუძლებალია, ანუ დესტაბილიზაციას გულისხმობს. სწორედ ამგვარ პროცესს აღწერს ფუკუიამა, როცა ამბობს დესპოტიის კრიზისი მმართველის შეცვლის ლეგიტიმურობის დეფიციტთანაა დაკავშირებულიო.

გია ამბობს, რომ „დემოკრატიის ეროზია“ გულისხმობს ისეთი სიტუაციის შესაძლებლობას, რომ არადემოკრატიული ოპოზიციის პირობებში, თუ ხელისუფლება შექმნის ძალაუფლებისათვის ბრძოლის დემოკრატიულ პირობებს, ეს შეიძლება დემოკრატიის დამარცხებით დამთავრდეს. ჩემი აზრით, ამ მსჯელობისას დემოკრატიულობა მნიშვნელოვანწილად გაიგივებულია პროდასავლურობასთან და ლიბერალურობასთან. მხოლოდ ამის გამო ხდება შესაძლებელი პარადოქსი. არადემოკრატიულად მოაზროვნე ლიდერიც კი, რომ მოვიდეს ხალხის ნებით, იგი ხალხის ნების წინააღმდეგ ვერაფერს გააკეთებს, რადგან მისი ძალაუფლება ხალხზე იქნება დამოკიდებული. პრეცენდენტი ქმნის პოლიტიკური რეალობის ლეგიტიმურობის საფუძველს. ამგვარად, ხალხის ნების დამკვიდრების თვით პრეცენდენტი ხდება დემოკრატიის მომავალი სიცოცხლის ფუნდამენტი. ამას ადასტურებს არა მარტო დასავლური დემოკრატიის ისტორია, არამედ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი დემოკრატიების უახლესი მაგალითები, სადაც ნასაბჭოთაკომუნისტარი მემარცხენების ძალაუფლებაში დაბრუნების ეპიზოდებმა არათუ დააზიანეს, არამედ განამტკიცეს დემოკრატიის დაწყებული ტრადიცია. საზოგადოების ლიბერალიზმი დემოკრატიის, როგორც მმართველობის ფორმის, ფუნდამენტზე დგას. ამიტომ თუ დემოკრატია საზოგადოებრივი ურთიერთობების ლიბერალიზაციისათვის ნიადაგს ქმნის, ამ ნიადაგის გარეშე ლიბერალიზაციის მცდელობა უთუოდ საეჭვო პროექტია. ამაზე მეტყველებს ირანის მაგალითიც, რომელიც დასავლეთთან დაპირისპირებული, მაგრამ დღემდე მაინც დემოკრატიაა. თუმცა არალიბერალური და თეოკრატიული, ეს ქვეყანა თანდათან განიცდის როგორც ლიბერალიზაციას, ასევე სეკულარიზაციას. ის, რომ იტალიაში კომუნისტური ოპოზიციის არსებობა მმართველ პარტიას უხანგრძლივებდა სიცოცხლეს, ჩემთვის ვერ იქნება „დემოკრატიის ეროზიის“ მაგალითი, სანამ ვინმე არ დამიმტკიცებს, რომ ამის გამო ხელისუფლება თავს ნებას აძლევდა არჩევნებისას კომუნისტები არათანაბარ პირობებში ჩაეყენებინა, უბნებიდან პოლიციის საშუალებით საარჩევნო ყუთები გაეტაცა, საარჩევნო კომისიის წევრები სიკვდილამდე ეცემა და ა. შ.. ალჟირმა, სადაც სეკულარული ხელისუფლება არადემოკრატიულად დამკვიდრდა, თავი ვერც ლიბერალურობის თვალსაზრისით გამოიჩინა, თუმცა კი დასავლეთთან ურთიერთობისათვის ხელსაყრელი პირობები შექმნა. გიას მოყვანილი მაგალითებიდან თუ ალჟირს ჩავთვლით „დემოკრატიის ეროზიის“ ნამდვილ მაგალითად, შევნიშნავდი, რომ უპრიანი ტერმინი იქნებოდა „დემოკრატიზაციის ეროზია“, რამეთუ ალჟირში დემოკრატია არც არასდროს ყოფილა. „დემოკრატიზციის ეროზია“ კი სულაც არ მეჩვენება პარადოქსულ მოდელად.

რა არის ეს „დემოკრატიზაციის ეროზია“? საფუძვლიდანვე ავტორიტარული რეჟიმები (ეს-ენ-გე ზონის ქვეყნები კი ყველანი ამ კატეგორიას განეკუთვნებიან) პროდასავლურობის მცდელობისას დემოკრატიზაციის მითს თხზავენ და ცდილობენ ამ მითის მიხედვით საარჩევნო სპექტაკლები დადგან, სადაც ანტიდემოკრატიული საარჩევნო საფრთხობელა, რაც „პარადოქსის“ ძირითადი ელემენტია, ბუნებრივი და აუცილებელი როლია. სინამდვილეში, „დემოკრატიზაციის ეროზიის“ პროცესი დესპოტიის განვითარების პროცესია, რომელიც რახან დაიბადა, უნდა გაიფურჩქნოს, შევიდეს კრიზისის ფაზაში და მოკვდეს, თუკი გარეგანი ფაქტორების ჩარევა არ გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს. სწორედ ამ გარეგანი ფაქტორების „საშოვნელად“ იდგმება დემოკრატიზაციის სპექტაკლები. შოულობენ კიდეც - მსოფლიო ბანკის კრედიტების სახით.

ბევრისათვის საინტერესოა, თუ რატომ უყურებს დასავლეთი დემოკრატიზაციის სპექტაკლს ასეთი სიამოვნებით. საქმე საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურაშია, რომელიც ანარქიულობით გამოირჩევა. აქ ყველა აქტიორი თავის თავზე ზრუნვისას მეთოდებს თვითონ ირჩევს და ქცევის წესები მხოლოდ კეთილი ნებით რეგულირდება. ხალხი თუ რაღაც მიზეზით მისთვის ბუნებრივი უფლებით კუთვნილ ძალაუფლებას ვერ დაეუფლა, ეს სულაც არ ავალდებულებს სხვას წაეჩხუბოს - ამ ძალუფლების რეალურ მფლობელს. დასავლეთი ცდილობს მეტი მოკავშირე ჰყავდეს საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლაში და თუ ეს მოკავშირე, მის ენაზე ვერ ლაპარაკობს (ანუ ქვეყანაში დემოკრატია არ არის), მხოლოდ ამის გამო მოკავშირეობაზე უარს არ ეტყვის, თანაც, თუ ეს მოკავშირე პირობას დებს, რომ გამოსწორდება. დემოკრეტიზაციის სპექტაკლებიც ამ ენის სწავლის გაკვეთილებად აღიქმება და თუ მსახიობები ამ ენას ბოლომდე ვერ სწავლობენ (იმიტომ, რომ ცხოვრებაში სცენური როლებით არ ცხოვრობენ), იმდენს ხომ სწავლობენ, მაყურებლის ძირითადი მოთხოვნები გაიგონ.

საბოლოოდ, მინდა პასუხი გავცე გიას დასმულ კითხვას - როგორი ქვეყანა ვართ ამ არჩევნების შემდეგ?

ის, რომ „ფრიდომ ჰაუსის“ კლასიფიკაციით ნახევრად თავისუფალი ქვეყნის იარლიყი წლების განმავლობაში არ გვშორდება, მხოლოდ გარდამავალი პერიოდის ობიექტურად აუცილებელი ატრიბუტი არ არის. დროებითობით ახსნა არსებული მმართველობის არასასურველი თვისებებისა აღარ იძლევა საშუალებას, პოლიტიკური სისტემის განმსაზღვრელი პრინციპები დავინახოთ, და ეს გაგება, სამწუხაროდ, მხოლო ახლა იწყებს დამკვიდრებას. პარლამენტის არჩევნების „შერჩევნებით“' ჩანაცვლება, შესაძლებლი გახდა იმის გამო, რომ, დიდი ხანია, ხალხის მმართველობა ჩავანაცვლეთ ხალხის მიერ მმართველის აღიარებით, რაც თავისთავად ქვეყნის ართავისუფლების თუ ნახევრად თავისუფლების ძირითადი წანამძღვარია, და რამაც საქართველოსათვის კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი ეპითეტი გახადა შესაძლებელი - Rump State - ზოგიერთი დასავლელი პოლიტოლოგი ასე იხსენიებს ჩვენს ქვეყანას. ამ ტერმინის რაიმე მიღებული ქართული თარგმანი არ არსებობს, სიტყვასიტყვით Rump ნიშნავს დუნდულოს, მაგრამ შინაარსობრივად ყველაზე შესაფერი სიტყვა, რაც მაგონდება, არის „ნაქვეყნარი“. ზემოხსენებული ტერმინის კიდევ ერთი ასპექტის დამაზუსტებელი მეორე სიტყვა შეიძლება იყოს „ვერქვეყანა“.

გაგა ნიჟარაძე. მრავალპარტიული არჩევნები ჩვენში ჯერ-ჯერობით მაინც ახალი ხილია. არაა გასაკვირი, რომ როგორც ამომრჩევლები, ისე არჩევნებში მონაწილე პარტიები თუ ბლოკები ჯერ კიდევ გამოუცდელნი არიან საარჩევნო კამპანიის მსვლელობის კანონზომიერებსა და ნიუანსებში. ამომრჩეველი ადვილად წამოეგება საკმაოდ პრიმიტიულ წინასაარჩევნო სვლებზე, პარტიები ვერ იყენებენ ცნობილ და აპრობირებულ ტექნოლოგიებს, ხოლო სოციალურ-ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური კანონზომიერებების უცოდინარობის გამო სერიოზულ შეცდომებს უშვებენ. სწორედ ხსენებულ კანონზომიერებებზე მექნება საუბარი.

ყველას გვახსოვს უკანასკნელი არჩევნების დღეს წამყვანი პოლიტიკური პარტიების ლიდერების გამოსვლები სხვადასხვა ტელეარხზე. ისიც გვახსოვს, რომ თითქმის ყველა მათგანი სრულიად დარწმუნებული იყო, რომ შვიდპროცენტიან ბარიერს გადალახავდა. ამასთან, ეს დარწმუნებულობა არ იყო მოჩვენებითი, ასე ვთქვათ, იმიჯისათვის გათამაშებული - ამას არავითარი აზრი არ ჰქონდა, რადგან რამდენიმე საათში ცნობილი ხდებოდა არჩევნების წინასწარი შედეგები. ასე რომ, საკუთარი შესაძლებლობების, პოპულარობის, პოტენციალის აშკარა გადაფასების მოწმენი გავხდით.

ამის საფუძველი, ჩემი აზრით, იყო სოციალურ-ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელიც „ჯგუფ-აზროვნების“ (groupthink) სახელითაა ცნობილი. იგი ამერიკელმა ფსიქოლოგმა ირვინ ჯარვისმა აღწერა და მანვე შეარქვა სახელი ჯორჯ ორუელის ცნობილი „ორმაგი აზროვნების“ (doublethink) ანალოგიით. ჯარვისმა დეტალურად გააანალიზა ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პოლიტიკური და სამხედრო მარცხი (იაპონელთა თავდასხმა პირლ-ჰარბორის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე 1941 წელს, კრახით დამთავრებული დესანტი კუბაზე 1961 წელს, ვიეტნამის ომი და სხვ.). გამოირკვა, რომ ყველა შემთხვევაში საბედისწერო გადაწყვეტილებას იღებდა (ან არ იღებდა ადეკვატურს) მაღალინტელექტუალური პროფესიონალების კარგად შეთამაშებული გუნდი, რომელთა წევრებმა არა ერთხელ გამოავლინეს თავისი კომპეტენტურობა სხვა სიტუაციებში. კატასტროფული შეცდომების საფუძველი კი გახდა ის, რომ გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფები ცდილობდნენ ჩაეხშოთ კრიტიკული აზრი ჯგუფური ჰარმონიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ესაა „ჯგუფ-აზროვნება“*. თვითონ ჯარვისი ფენომენს ასე განსაზღვრავს: „ესაა აზროვნების რეჟიმი, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც თანხმობის ძიება შეკრულ ჯგუფში იმდენად დომინანტური ხდება, რომ სძლევს შესაძლო ალტერნატიული ქმედებების რეალისტურ შეფასებას“. შესაძლოა, ზემოთქმული ცოტა არ იყოს რთულად ჟღერს, ამიტომ შევეცდები უფრო დეტალურად გადმოვცე ფენომენის არსი.

ამრიგად, არსებობს თანამოაზრეების კარგად შეკრული ჯგუფი (მაგალითად, პარტიის ან ბლოკის ხელმძღვანელობა), რომელსაც ცხადად გამოკვეთილი მიზნის მიღწევა აქვს დასახული, ამასთან, კონკურენტულ ან სულაც მტრულ გარემოში. ჯგუფს ჰყავს ლიდერი, მეტ-ნაკლებად დირექტიული. გუნდი იღებს გადაწყვეტილებებს, გეგმავს ქმედებებს, გასცემს განკარგულებებს, დგამს გარკვეულ ნაბიჯებს საკუთარი ინიციატივით ან არსებული სიტუაციის საპასუხოდ. ამგვარ ვითარებაში ჯგუფის შეკრულობა, ერთსულოვნება ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვინაიდან ნებისმიერი ბზარით მყისვე სარგებლობენ კონკურენტები. მაგრამ ერთსულოვნებისაკენ მიმართულ ძალისხ

მევას ხშირად ეწირება რეალობის ადეკვატურად აღქმის უნარი. ირთვება „ჯგუფ-აზროვნება“. მისი სიმპტომებია:

დაუმარცხებლობისილუზია, ანუ გადამეტებული ოპტიმიზმი, რომელიც ხელს უშლის ჯგუფს საფრთხის დანახვაში. პირლ-ჰარბორის შტაბს ჰქონდა ინფორმაცია, რომ იაპონელები ოპერაციას გეგმავდნენ, მაგრამ წაუყრუეს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკელმა ადმირალმა იხუმრა, საცაა იაპონელებიც გამოჩნდებიანო, რაც სრული სიმართლე აღმოჩნდა, ადმირალის ოხუნჯობამ კი სრულიად გამორიცხა ამ შესაძლებლობის სერიოზულად განხილვა.

საკუთარისიკარგისრწმენა. ჯგუფის წევრებს სჯერათ, რომ იმთავითვე მართლები და „კარგები“ არიან, ყველა საუბარი ეთიკისა და მორალის შესახებ უარიყოფა. კენედის გუნდის წევრებმა იცოდნენ, რომ მათი ორი კოლეგა ეჭვით უყურებდა კუბაზე შეჭრის ზნეობრივ ასპექტს, მაგრამ ეს საკითხი არც ერთხელ არ გამხდარა მსჯელობის საგანი.

რაციონალიზაცია. ჯგუფი ბევრ დროს ხარჯავს თავისი ქმედებების გამართლებაზე. პრეზიდენტ ჯონსონის გუნდი გაცილებით მეტ დროს უთმობდა ომის გაგრძელების თაობაზე თავისი გადაწყვეტილებების ახსნას და გამართლებას, ვიდრე სხვა შესაძლებლობების განხილვას.

მოწინააღმდეგის სტერეოტიპულად აღქმა. ჯგუფი კონკურენტებსა თუ მოწინააღმდეგეებს აღიქვამს როგორც უფრო „ბოროტებს“ ვიდრე ეს სინამდვილეშია და ამიტომ იმთავითვე უარყოფს მოლაპარაკების შესაძლებლობას; ან უფრო სუსტებს თუ ბრიყვებს და არ თვლის საჭიროდ თავის დაცვას კონკურენტების მიერ დაგეგმილი ნაბიჯებისაგან, კენედის ჯგუფმა დაირწმუნა თავი, რომ კასტროს არმია სუსტია, ხალხი რეჟიმის წინააღმდეგია, რაც შესაძლებელს ხდის მის დამხობას მცირე ძალებით.

ცენზურა და თვითცენზურა. კრიტიკული აზრი და დაეჭვება აღიკვეთება, ხშირად ირონიული და დამცინავი რეპლიკების მეშვეობით. როდესაც ჯონსონის ერთ-ერთი კრიტიკულად განწყობილი თანაშემწე სხდომაზე შევიდა, პრეზიდენტი მას ასემიესალმა“: აი, მისტერშეწყვიტეთ-დაბომბვაცმოსულა!“ მეორე მხრივ, ჯგუფის წევრები თვით ახშობენ საკუთარ ეჭვებს, რათა არ დაირღვეს გუნდში არსებული ატმოსფერო.

არის კიდევ რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნიშანი, რომლებზედაც აღარ შევჩერდები. მე დანამდვილებით არ ვიცი, რამდენად შეიმჩნეოდა აღწერილი სიმპტომემი პარტიათა შტაბებში, მაგრამ, ტელეგამოსვლათა მიხედვით და არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება რჩება. პრაქტიკულად ერთადერთი პარტია, რომლის ლიდერებს არ ეტყობოდათ „ჯგუფ-აზროვნების“ ტყვეობაში ყოფნა, იყო მოქალაქეთა კავშირი. მაგრამ ეს არჩევნებამდე. როგორც ეტყობა, სმკ ასეთი უპირატესობით გამარჯვებას არ ელოდა. და სწორედ ახლა შეიმჩნევა სმკ-ის ხელმძრვანელობის გამოსვლებში გარკვეული ეიფორია და საკუთარი პოზიციების გადაფასება, ანუ „ჯგუფ-აზროვნების“ ნიშნები. ეს კი სახელმწიფოსათვის უფრო სახიფათოა, ვიდრე რამდენიმე ღირსეული პოლიტიკოსის პარლამენტის გარეთ დარჩენა.

დამარცხებული (და არა მარტო დამარცხებულ) პარტიების „ჯგუფ-აზროვნების“ ტყვეობაში ყოფნა გამოიხატა იმაშიც, რომ ისინი ან საერთოდ არ იყენებდნენ სოციოლოგიურ გამოკითხვებს, ან არ ენდობოდნენ პროფესიონალურად შესრულებულ კვლევებს, ან ენდობოდნენ არაპროფესიონალურს. ჩემი მეგობარი, კარგი პროფესიონალი, სისტემატურად აქვეყნებდა პარტიათა რეიტინგებს და ამ უკანასკნელთა დინამიკას. არჩევნების შედეგები პრაქტიკულად არ განსხვავდება რეიტინგების წინასაარჩევნო განაწილებისაგან. ასევე სანდო აღმოჩნდა კიდევ რამდენიმე სოციოლოგიური ჯგუფის შედეგები. ამასთან წინასაარჩევნო პერიოდში ყველა მათგანთან სისტემატურად ცხადდებოდდნენ მცირერეიტინგიანი პარტიების წარმომადგენლები და ადანაშაულებდნენ მათი რეიტინგის განზრახ შემცირებაში, საბუთად კი საკუთარი სოციოლოგიური სამსახურის შედეგები მოჰყავდათ, რომელიც მინიმუმ ოცპროცენტიან მაჩვენებლებს აწვდიდა შემკვეთს. ანუ ისევ „ჯგუფ-აზრონება“: არასასურველი შედეგი მტრების კლევრეტების მიერაა შეთითხნილი, სწორია ჩემი შედეგი, სინამდვილეში კი აგრეთვე „ჯგუფ-აზროვნების“ რეჟიმში მყოფი, ან სულაც არაკეთილსინდისიერი საშტატო სოციოლოგი უფროსობას აწვდის შელამაზებულ შედეგს, რომელიც ძალზე შორს დგას რეალობისაგან.

დაველოდოთ მომავალ არჩევნებს და ვნახოთ, ისწავლიან თუ არა რაიმეს ჩვენი პოლიტიკოსები თავისი შეცდომებიდან.

________________________

* ბედის ირონიით ჯარვისის გამოკვლევის პუბლიკაცია დაემთხვა გრანდიოზულ სკანდალს, უოთერგეიტის საქმეს (რომესაც პრეზიდენტ ნიქსონის იმპიჩმენტი მოჰყვა), რომელიც აგრეთვე „ჯგუფ-აზროვნებამ“ განსაზღვრა. ამ ფენომენის კიდევ ერთი შედეგი - კოსმოსური ხომალდ „ჩელენჯერის“ გაშვების შესახებ საბედისწერო გადაწყვეტილება, რომელიც კატასტროფით დასრულდა.

7 შეჯამება

▲ზევით დაბრუნება


გია ნოდია. დისკუსიაში მრავალი საინტერესო საკითხი წამოიჭრა, მაგრამ მე ორ მათგანზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როგორც თეორიული კუთხით, ისე ამა თუ იმ პოზიციის პრაქტიკული იმპლიკაციების თვალსაზრისით. ჩემი კომენტარები ძირითადად შეეხება არა იმდენად განვლილი არჩევნების შეფასებას, რამდენადაც საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების გააზრებას.

სწორედ სამომავლო იმედებთან თუ უიმედობასთან დაკავშირებით დისკუსიაში არაერთხელ გაიჟღერა იმ შეხედულებამ, რომელსაც მე „სოციოლოგიურ ფუნდამენტალიზმს” ვუწოდებდი, და რომელსაც დემოკრატიის შესახებ ლიტერატურაში ხანდახან „წანამძღვრების თეორიას” უწოდებენ. ამ თეორიის მიხედვით დემოკრატიას, როგორც პოლიტიკურ სისტემას, სჭირდება სოციალური ფუნდამენტი, ნიადაგი, წანამძღვრები, ურომლისოდაც დემოკრატია ვერ იარსებებს. ეს სოციოლოგიური ფუნდამენტალიზმი ძირითადად ორი ნაირსახეობით არსებობს: ერთია სოციალურ-ეკონომიკური წანამძღვრების თეორია, რომლის თანახმადაც ჯერ უნდა ავაშენოთ ჩამოყალიბებული საბაზრო ეკონომიკა და მხოლოდ ამის მერე შეიძლება გვქონდეს დემოკრატიის იმედი. ეს აზრი მკაფიოდ გამოთქვა ქალბატონმა მარინა მუსხელიშვილმა, რომელმაც შემოგვთავაზა ფორმულა: გზა დემოკრატიისკენ გადის ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციაზე, ხოლო ასეთი რევოლუციის მატარებლად მან გაიაზრა ქართველ ინდუსტრიალისტთა მოძრაობა. მეორეა სოციალურ-კულტურული ფუნდამეტალიზმი, რომლის მიხედვითაც დემოკრატიის ღირებულებები რაღაცნაირად გამჯდარი უნდა იყოს ერის კულტურაში, ხოლო თუ კულტურა დემოკრატიისთვის შეუფერებელია, მაშინ დემოკრატიულ-პოლიტიკურ სისტემაზეც ვერ ვიოცნებებთ. ეს აზრი მკაფიო თეორიული დებულების სახით არავის გამოუთქვამს, მაგრამ ამ მოტივმა გაიჟღერა რამდენიმე გამოსვლაში, ყველაზე უფრო რადიკალური ფორმით ბატონ ემზარ ჯგერენაიასთან.

მე უფრო ვემხრობი ელიტისტურ ან ვოლუნტარისტულ მოდელს (რომელიც ასევე არსებობს დემოკრატიის თეორიაში. მის თანახმად, დემოკრატიზაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ელიტების დონეზე მიღებულ შეთანხმებას დემოკრატიული თამაშის წესების მიღების შესახებ. სხვათა შორის, ამგვარი მოდელის მომხრეები სწორედ ლათინურ-ამერიკულ გამოცდილებას ეყრდნობიან (რომელზეც აპელირება მოახდინა ქალბატონმა მარინა მუსხელიშვილმა თავისი თვალსაზრისის ჩამოყალიბებისას).

ამ განსხვავებული მიდგომების კონტექსტში შევეხები ტერმინს „დემოკრატიული ძალები”. მას, როგორც ყველა სხვა ტერმინს, კრიტიკულად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ის მიუდგება იმ მეტ-ნაკლებად ორგანიზებულ ჯგუფებს, ვინც დემოკრატიული პრინციპების თუ თამაშის წესების მომხრეა, გამოხატავს თავის ამ პოზიციას და რაღაცას აკეთებს თამაშის ამ წესების დასამკვიდრებლად (პროდემოკრატიული პოზიციის საჯაროდ გამოხატვა უკვე „რაღაცის გაკეთებად” შეიძლება ჩაითვალოს). დემოკრატიულობა და „პროდასავლურობა” ერთმანეთს ავტომატურად არ უდრის, რადგან დასავლეთთან დაახლოების მოტივი მხოლოდ უსაფრთხოების მოსაზრებები იყოს („ნატოსთან ვიყოთ რუსეთის წინაამღდეგ”). მაგალითად, ირაკლი წერეთელი, ძნელია, „დემოკრატიულ ძალად” ჩავთვალოთ. მაგრამ თუ „პროდასავლურობაში” დასავლური ღირებულებების მიღება იგულისხმება, მაშინ, ჩვენს პირობებში მაინც, პროდასავლური და დემოკრატიული ძალები მართლაც ძირითადად თანხვდება ერთმანეთს.

ამ არჩევნებამდე, „დემოკრატიული ძალების” როლს უმეტესად მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებდა „მოქალაქეთა კავშირის” რეფორმისტულ ფრთასთან თანამშრომლობით. ეს ჯგუფები ქმნიდა პროდემოკრატიულ კოალიციას, რომელიც ცდილობდა გაეტარებინა დემოკრატიული რეფორმები საკანონმდებლო სფეროში (შედარებით წარმატებით) და მოეხდინა ზეწოლა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე (ნაკლები წარმეტებით). დღევანდელი შეხვედრისთვის დამახასიათებელი იყო საკმაო სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული „მოქალაქე-რეფორმატორები” კიდევ შეიძლება ჩაითვალონ „დემოკრატიულ ძალებად”, და რომ გაგრძელდება მათი თანამშრომლობა საზოგადოების დემოკრატიულად განწყობილ ნაწილთან. მე ასეთი სკეპტიციზმი მთლად უსაფუძვლოდ არ მიმაჩნია, მაგრამ მგონია, რომ ასეთი თანამშრომლობა მაინც შეიძლება გაგრძელდეს და რომ ის სასურველია, რადგან ამ ჯგუფებს ერთმანეთი კვლავ სჭირდებათ. მე სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ეს ძალები იმ ფორმით, როგორც ისინი არსებობს, საკმარისია „სრული” დემოკრატიის „მოსაყვანად”, ან რომ მე კმაყოფილი ვარ ასეთი ვითარებით: ის დამახასიათებელია ღრმად არასრულყოფილი დემოკრატიისათვის, მაგრამ ის ისეთია, როგორიც არის.

არც იმის თქმა მინდა, რომ რომელიმე ამ ძალის უმწიკვლო „დემოკრატიულობა” ეჭვს გარეშეა. დღეს ყველაზე მეტი ჟვანია-სააკაშვილს მოხვდა, მაგრამ გამოითქვა ეჭვი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც (რომ მათი არსებობის ერთადერთი საფუძველი დასავლური გრანტებია), მედიის მოუსყიდველობა და ობიექტურობაც არ იწვევს სრულ ნდობას. სრულყოფილი არავინაა, მაგრამ ეს მაინც არ ცვლის ჩემს იმ ვარაუდს, რომ დემოკრატიის პრინციპების ასე თუ ისე აქტიური დაცვა ისევ საზოგადოების ამ ნაწილიდან არის მოსალოდნელი, და რომ სხვა, ალტერნატული დემოკრატიული ძალების გამოჩენას მე უახლოეს ხანებში არ ველი.

ბატონმა რამაზ საყვარელიძემ აგრეთვე ბრძანა, რომ არასამთავრობოები და მედია საკმარისი არაა და საჭიროა ძლიერი პოლიტიკური პარტია, რომლის დემოკრატიულობა ეჭვს აღარ გამოიწვევს. სავსებით ვეთანხმები - მაგრამ ასეთი პარტიის გამოჩენას, სამწუხაროდ, უახლოეს ხანებში არ ველი. მე ბოლო ათი წლის მანძილზე ორი მეტნაკლებად შესამჩნევი პოლიტიკური პარტია მახსოვს საქართველოში, რომელიც თავისი რიტორიკით მაინც თანმიმდევრულად დემოკრატიულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო (ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ სრულყოფილი არავინაა): რესპუბლიკური და ქრისტიანულ-დემოკრატიული. მაგრამ ვერც ერთი მათგანი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ძალად ვერ ჩამოყალიბდა, ხოლო პოლიტიკაში ადგილის შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდა კოალიციაში შესვლა ისეთ ძალებთან, რომელთა დემოკრატიულობა სათუოა.

ახლა დავუბრუნდები „ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციას”. არ ვიცი, ზუსტად რას გულისხმობდა ქალბატონი მარინა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დემოკრატიის წანამძღვარია განვითარებული კაპიტალისტური ეკონომიკა, ანუ ასეთი ეკონომიკიდან „ქვემოდან” უნდა ამოიზარდოს დემოკრატია. ამასთან დაკავშირებით მაქვს ორი არსებითი შენიშვნა. პირველი არის ის, რომ „ბურჟუაზიული-დემოკრატიული რევოლუცია” საქართველოში უკვე მოხდა: პრივატიზირებულია საწარმოო საშუალებათა დიდი ნაწილი, ეკონომიკური კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია (ყოველ შემთხევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ასე თვლის). ჩვენ საქართველოს ეკონომიკის არსებული მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ პრობლემები უკავშირდება არა სოციალისტური ტიპის რეგულირების სიჭარბეს, არამედ იმას, რომ მსხვილი ბიზნესი, სინამდვილეში, გადახლართულია პოლიტიკურ ძალაუფლებასთან. სხვანაირად ეს ნაკლი შეიძლება გამოითქვას იმ ფორმულით, რომ ეკონომიკის სფეროში (ისევე, როგორც ცხოვრების სხვა სფეროებში) არ ტარდება კანონის უზენაესობის პრინციპი, რომ ყველა არ არის თანასწორი კანონის წინაშე. ეს კი უკვე პოლიტიკის, მმართველობის დეფექტია, და ის შეიძლება მხოლოდ პოლიტიკისვე დონეზე გამოსწორდეს. საამისოდ საჭიროა, ერთი მხრივ, პოლიტიკური ნება, მეორე მხრივ კი - სამოქალაქო საზოგადოების ზეწოლა. იგივე ინდუსტრიალისტთა კავშირი, როგორც ორგანიზებული ინტერესთა ჯგუფი, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია და ის სწორედ სამოქალაქო საზოგადოების მეთოდებით მოქმედებდა. სხვა ამბავია, რომ ის არ იყო დაკავებული სამოქალაქო თუ დემოკრატიული ღირებულებების დაცვით.

ამ ბოლო გარემოებას უკავშირდება მეორე მომენტიც. კარგადაა ცნობილი, რომ კერძო საკუთრება და საბაზრო ეკონომიკა მართლაც არის მდგრადი დემოკრატიის აუცილებელი წინაპირობა, მაგრამ საკმარისი დემოკრატიის „მოსაყვანად” ის არაა. საბაზრო ეკონომიკა შეიძლება დემოკრატიის გარეშეც განვითარდეს, და სულაც არაა აუცილებელი, დემოკრატიზაციის იმპულსს მაინცდამაინც მრეწველებისა თუ ბანკირებისაგან ველოდეთ. ჯერჯერობით არ ჩანს, რომ თავისი შემადგენლობით მეტად ჭრელი ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, სადაც ერთად არიან ლიბერალი ვახტანგ ხმალაძე და თვითგამოცხადებული „იტალიელი” ფაშისტი გურამ შარაძე, დემოკრატიის პრინციპების დამცველი იქნება. პირიქით, მსხვილ ბიზნესს შეიძლება ძალაუფლებასთან დაახლოებული „თბილი” ადგილების გადანაწილება აინტერესებდეს (დღეს ეს ადგილები უფრო საბანკო-სავაჭრო კაპიტალს უპყრია, რისი შეცვლაც უნდათ მრეწველებს).

მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის ხალხი, ვინც ამ შეხვედრაზე დემოკრატიის ეკონომიკური თუ კულტურული წანამძღვრების დეფიციტზე ამახვილებდა ყურადღებას, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მომხრეა, მაგრამ წმინდა ლოგიკის თვალსაზრისით, იგივე არგუმენტები საპირისპირო პოზიციის დასაბუთებას უფრო უხდება. ის ხალხი, ვინც საჯაროდ თუ „შინაურულად” ნიჰილისტურად უყურებს საქართველოში დემოკრატიის შესაძლებლობას, სწორედ იმას ამბობს, რომ (დასავლური) დემოკრატია საქართველოს შესაფერი არაა, რომ „დემოკრატიისთვის ჯერ მზად არა ვართ”, ჯერ „წანამძღვრები” შევქმნათ და დემოკრატიაზე მერე ვილაპარაკოთ. თუ დემოკრატია შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება განვითარებული საბაზრო ეკონომიკა, მაშინ დღეს ყველაზე ლოგიკურია ვიოცნებოთ ქართველ პინოჩეტზე, „პროგრესულ დიქტატორზე”, რომელიც მოამზადებს დემოკრატიის ეკონომიკურ ბაზისს. ქართული სპეციფიკა ამ შემთხვევაში ის იქნებოდა, რომ თუ პინოჩეტი არმიას ეყრდნობოდა, ჩვენში არმიის არარსებობის გამო „პროგრესული დიქტატორი” პოლიციას უნდა დაეყრდნოს. ამაში არის გარკვეული ლოგიკა, და მე არ გამიკვირდება, რომ ასეთი მოსაზრებები საქართველოშიც პოპულარული გახდეს. მაგრამ მაშინ რას ვერჩით ჟვანიას ან სააკაშვილს იმის გამო, რომ მათ არჩევნების შემდეგ პოლიციის მიმართ ერთი-ორი კეთილი სიტყვა თქვეს. იქნებ საქართველოს ხსნა (და, გრძელადიან პერსპექტივაში, „ნამდვილი” დემოკრატიის იმედი) სწორედ განათლებულ ავტორიტარიზმშია, და მისი ჩანასახი ჟვანია-სააკაშვილ-თარგამაძის კოალიციაშია საძიებელი (რა თქმა უნდა, მსოფლიო მნიშვნელობის დემოკრატისა და ყოფილი პოლიციელის - ედუარდ შევადნაძის - საერთო ბრძნული ხელმძღვანელობით).

მაშინ შემეძლებოდა ჩემი შესავალი სტატიის სათაური შემდეგნაირად გადამესხვაფერებინა: „თბილისის განათლებულმა აბსოლუტიზმმა დაამარცხა ბათუმის გაუნათლებელი დიქტატურა” (ჩვენი ხელისუფლების, როგორც „განათლებული აბსოლუტიზმის”, განსაზღვრება კავკასიური ინსტიტუტის ჭიქა ლუდზე გამართულ არაოფიციალურ დისკუსიებში შემოგვთავაზა ჩვენმა თანამშრომელმა დავით დარჩიაშვილმა). ან იქნებ პირიქით, გზა ჭეშმარიტი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციისაკენ სწორედ ასლან აბაშიძის დიქტატურაზე გადიოდა? თუ მას რამე შეეშლებოდა, აკაკი ასათიანი და ძმები როდჰემები მოაქცევდნენ ჭეშმარიტი საბაზრო ეკონომიკის ღირებულებებზე - ტყუილად კი არ არის აკაკი ასათიანი ესპანელი დიქტატორის, ფრანკოს დიდი თაყვანისმცემელი.

მოკლედ, თუ ამ ფილოსოფიას გავყვებით, დღეს დემოკრატიის ნორმების დარღვევები მაინცდამაინც არ უნდა გვაწუხებდეს. მაგრამ რაკი ეს მხოლოდლოგიკური ექსტრაპოლაციაა და ამ შეხედულების დაცვა არავის უცდია, მე მის კრიტიკასაც არ შევეცდები და მოკლედ შევეხები მეორე თემას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. დისკუსიაში რამდენჯერმე გაიჟღერა სიტყვა „რომანტიზმმა” იმ კონტექსტში, რომ ჩვენი პოლიტიკა რომანტიზმისგან იცლება და ეს ცუდია, რომ „რომანტიზმის წყაროდ მხოლოდ დასავლეთი შეიძლება დარჩეს”. ამ კონტექსტში ეს სიტყვა მკაცრი ტერმინის სახით არ იხმარებოდა და მისთვის დიდი მნიშვნელობა შეიძლებოდა არც მიგვენიჭებინა, მაგრამ მე მაინც მენიშნა, რადგან ის მართლაც გამოხატავს ჩვენში „დემოკრატიული ცნობიერების” თავისებურებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი ღრმა რწმენით, რომანტიკული ცნობიერება თავისი არსით ტოტალიტარიზმის შესაფერისი უფროა, ვიდრე დემოკრატიის. რომანტიზმი ეძებს სრულყოფილებას, ხოლო სრულყოფილების ილუზია მხოლოდ ტოტალიტარიზმმა შეიძლება შექმნას. დემოკრატიის ადექვატური ცნობიერების ფორმა არის რეალიზმი ან საღი აზრი, რომელიც რეალურად არსებულ ვარიანტებში შედარებით უკეთესს ეძებს.

ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მეტად მაღიზიანებდა „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის” აკვიატებული ლაპარაკი იმაზე, რომ ხალხს „ცუდსა და უარესს შორის” არჩევანს სთავაზობენ, ხოლო ხალხი უნდა ამაღლდეს ამაზე და „უკეთესი” (ანუ „მესამე გზა”) უნდა აირჩიოს. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ, როგორც სოზარ სუბელიანმაც ზუსტად აღნიშნა, თვითონ „მესამე გზის” არჩევაც ცუდის არჩევა იქნებოდა უარესთან შედარებით (რატომაა ჟვანია-სააკაშვილის „შეკედლება” შევარდნაძესთან პრინციპულად უფრო მიუღებელი, ვიდრე ბერძენიშვილ-ხაინდრავას „შეკედლება” სარიშვილთან?). ჩერჩილის კლასიკური განსაზღვრებით, დემოკრატია მმართველობის საკმაოდ ცუდი ფორმაა და მისი ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ყველა სხვა პოლიტიკური სისტემა კიდევ უარესია. ანუ, დემოკრატიის არჩევა არის სწორედ ცუდის არჩევა უარესის თავიდან ასაცილებლად. ნაკლები ბოროტების პრინციპი დემოკრატიული აზროვნების ქვაკუთხედია, სრულყოფილების ძიება კი - ტოტალიტარულისა.

მე სულაც არ მინდა იმის გამორიცხვა, რომ უკეთესი არ უნდა გინდოდეს, რომ, კერძოდ, ამ არჩევნებზე არ მინდოდა, უკეთესი არჩევანი მქონოდა. აქ პრინციპია მთავარი: რაკი სრულყოფილება მიუღწეველია, „უკეთესი” ყოველთვის „ნაკლებად ცუდის” სინონიმი იქნება (განსხვავება მხოლოდ სუბიექტურ განწყობაშია). ამასთან დაკავშირებით, სამართლიანი არაა ამ არჩევნების არასრულყოფილების „ხალხის” არასაკმარის დემოკრატიულობაზე დაბრალება. დემოკრატიული ღირებულებები მართლაც არ არის ღრმად გამჯდარი ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ, როგორც სოციოლოგიური გამოკვლევები მოწმობს, უმეტეს შემთხვევებში მოსახლეობის უმრავლესობა დემოკრატიულ პრინციპებს ანიჭებს უპირატესობას. ამ არჩევნებშიც მოსახლეობამ იმ ძალას მიანიჭა უპირატესობა, რომელიც რეალურ ალტერნატივებს შორის უფრო დემოკრატიული იყო (რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვიდავოთ, რამდენად იყო მოქალაქეთა კავშირის შედარებითი დემოკრატიულობა „აღორძინებასთან” შედარებით არჩევანის ძირითადი მოტივი, მაგრამ აჭარული რეჟიმის აშკარად დიქტატორული ხასიათი ერთ-ერთ დამაფრთხობელ ფაქტორს მაინც წარმოადგენდა). ამომრჩევლის ბრალი არ იყო ის, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ მას უკეთესი არჩევანი ვერ შესთავაზა. ხოლო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში საკმარისად ძლიერი დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ვერ ჩამოყალიბდა, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტის ერთი ნაწილის თავმომწონე რომანტიზმია.

ამ სემინარზე რამდენჯერმე გაიჟღერა აზრმა, რომ ჩვენში დემოკრატიის გამარჯვების ძირითადი იმედი დასავლეთის გავლენაშია. მაგრამ, როგორც თუნდაც ამ არჩევნების შეფასებაში გამოჩნდა, დასავლეთის და ადგილობრივი დემოკრატების შეფასებები ხშირად კონფლიქტში მოდის ერთმანეთთან. ამ განსხვავების ახსნა სხვადასხვა შეიძლება იყოს, და მე სულაც არ ვთვლი რომ „დასავლეთის აზრი” ყოველთვის უფრო სწორია. მაგრამ ბევრი დასავლელი კომენტატორის ერთი საგულისხმო შენიშვნა პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან დაკავშირებით ისაა, რომ აქ წარმატებული დემოკრატიული ტრანსფორმაციის დაბრკოლებათა შორის არის დისიდენტური ინტელიგენციის რომანტიზმი, რომელსაც მხოლოდ იმგვარ იდეალიზებულ დემოკრატიას მოითხოვს, რომელსაც არსად არასოდეს უარსებია.

პრაქტიკული თვალსაზრისით, პოლიტიკური რომანტიზმის ერთ-ერთი მთავარი თავისებურება ისაა, რომ ის ადვილად გადადის სრულ ნიჰილიზმში (საღი აზრის პოზიციისაგან განსხვავებით). ამის ნიმუშია იმგვარი წარმოდგენა, რომ საქართველოში არც „ნახევარ-“ ან „პრინციპულად ნაკლულ” დემოკრატიაზე არ შეიძლება ლაპარაკი, რომ აქ უკვე გვაქვს ერთგვარი ჩამოყალიბებული ავტორიტარიზმი. შესაბამისად, იკარგება განსხვავება თბილისისა და ბათუმის რეჟიმებს შორისაც. რაც გინდა იყოს ამგვარი მტკიცების სუბიექტური მოტივი, ლოგიკურად გამოდის, რომ მნიშვნელობა ეკარგება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება, პოლიტიკური მოქმედების თავისუფლება, სამოქალაქო გაერთიანებების თავისუფლება, კერძო საკუთრების ინსტიტუტები და ა. შ. მაგრამ თუ „ხავერდოვანი რევოლუციის” შედეგად დემოკრატიის ერთბაშად დამყარება ვერ მოხერხდა და დემოკრატიის ფუნდამენტურ დეფექტებთან გვაქვს საქმე, ამ დეფექტებთან საბრძოლველად ამოსავლად უნდა გამოიყენო დემოკრატიის მონაპოვარი, უპირველეს ყოვლისა, ის სამოქალაქო თავისუფლებები, რომელიც საქართველოში ასე თუ ისე ჩამოყალიბდა. „ყველაფერი ან არაფერის” პრინციპი ესთეტიკურად შეიძლება მომხიბლავი იყოს, მაგრამ თავისი სულისკვეთებით ის ტოტალიტარულია და პრაქტიკულად აუფასურებს თავისუფლების იმ ელემენტებს, რომლებიც უკვე არის საზოგადოებაში.

8 შერჩევნები*

▲ზევით დაბრუნება


დანართი 1

თბილისი

31 ოქტომბერს თბილისის ძალიან ბევრ საარჩევნო უბანში შეიძლებოდა ერთი და იმავე სურათის ნახვა: მოქალაქეები, რომელთაც ან საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში, ან საარჩევნო კომისიის შეცდომის გამო დაკარგეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, გასაოცარი დაჟინებით ცდილობდნენ დაკარგული უფლების აღდგენას. „ვინ მოგცათ ნება, რომ ჩემს მოქალაქეობრივ უფლებას მართმევთ”, - ეკამათებოდნენ არჩევანის უფლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები საარჩევნო კომისიების წევრებსა და დამკვირვებლებს და კამათი ხშირად ჩხუბში გადადიოდა.

ამომრჩეველთა აქტიურობას საარჩევნო უბნებთან დამდგარი რიგებიც ცხადყოფდა. თვით საღამოს 8 საათის შემდეგაც კი, როცა ხმის მიცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, უბნებთან ამომრჩეველთა რიგები იდგა, რომლებიც თავისი საარჩევნო უფლების რეალიზაციისთვის იბრძოდნენ. ასეთი აქტიურობის მიზეზი იყო არა მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარი დეპუტატების, არამედ არანაკლებ რჩეული პარტიისა და მისი კურსის მხარდაჭერის სურვილი.

ის ფაქტი, რომ არჩევნები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გახდა აქტუალური, „მოქალაქეთა კავშირის” მიერ პროფესიულად წარმართული საარჩევნო კამპანიის დამსახურებაა. მმართველმა პარტიამ შეძლო და არჩევნების შედეგი საქართველოს თავისუფლების თემას დაუკავშირა. თავისუფლების თემა აქტუალურია ნებისმიერ საზოგადოებაში, სადაც კი თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. საქართველოში ეს პრობლემა რეალურად არსებობს, სმკ-მა კი შეძლო, რომ ამ თემის პერსონალური იდენტიფიკაცია მოეხდინა: სმკ-მა ამომრჩეველს დაანახა, რომ ბლოკი „საქართველოს აღორძინების” გამარჯვება სწორედ თავისუფლებას ემუქრებოდა და შესაბამისად გაჩნდა საფრთხის თავიდან აცილების ინტერესი.

თბილისში თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე სხვადასხვა პარტიისა თუ დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების წარმომადგენლები ისე დაძაბულად აკონტროლებდნენ თითოეულ ამომრჩეველს, რომ გაყალბება საკმაოდ ძნელი იყო, თუმცა, მაინც ხერხდებოდა. ყალბი ბიულეტენების ჩაყრის ყველაზე მიღებული ხერხი ე. წ. „კარუსელი” იყო, როცა სპეციალურად მობილიზებული ჯგუფები ხან ერთ საარჩევნო უბანზე მიადგებოდნენ საარჩევნო კომისიის იმ წევრს, რომელთანაც წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებული, ხან მეორეზე და ყრიდნენ წინასწარ მომზადებულ საარჩევნო მანდატებს, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან მოწინააღმდეგე პარტიის დამკვირვებლები ფხიზლად იყვნენ. ამ მხრივ, როგორც წესი, განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში „მოქალაქეთა კავშირი” და მისი კანდიდატები იყვნენ, რადგან საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, მოადგილეები და კომისიების წევრთა უმრავლესობა სწორედ მოქალაქეთა კავშირის წევრები იყვნენ.

თბილისის ათი რაიონიდან რვაში პირველივე ტურში დამთავრდა მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები, ორ ოლქში კი მეორე ტური დაინიშნა. 8 გამარჯვებულიდან 7 სმკ-ის კანდიდატია, ერთი - დამოუკიდებელი. მეორე ტურში გასული 4 კანდიდატიდანაც 2 „მოქალაქეა”.

განსაკუთრებით დაძაბული ბრძოლა ვაკისა და დიდუბის რაიონებში გაიმართა. ვაკეში ერთმანეთს ყოფილი პარტმუშაკი, მილიციის ყოფილი გენერალი, საგადასახადო სამსახურის ყოფილი უფროსი და ყოფილი ომბუდსმენი დავით სალარიძე და პარლამენტის უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი დაუპირისპირდნენ. დავით სალარიძემ საარჩევნო კამპანია გაცილებით ადრე და გაცილებით ორგანიზებულად დაიწყო და შედეგიც შესაბამისი ჰქონდა - დასაწყისში მისმა რეიტინგმა 10 პროცენტით გაუსწრო მიხეილ სააკაშვილის რეიტინგს. სალარიძემ არ უღალატა თავის ჩვეულ სტილს და გამოაცხადა, რომ ის არავისთან ბრძოლას არ აპირებს, მთავარ მოწინააღმდეგედ კი რატომღაც როინ ლიპარტელიანს ასახელებდა. არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე იგი იძულებული გახდა, ტაქტიკა შეეცვალა და ღიად დაპირისპირებოდა თავის რეალურ მოწინააღმდეგეს - მიხეილ სააკაშვილს, თუმცა, მან უარყო საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც ამ დროისთვის სააკაშვილი უკვე 7 პროცენტით უსწრებდა სალარიძეს და ამაყად გამოაცხადა, ორმოცპროცენტიანი უპირატესობა მაქვსო. სააკაშვილის რეიტინგის ზრდაზე სერიოზული გავლენა მოახდინა ამომრჩევლებთან პირადად შეხვედრებმა და პრეზიდენტის მხარდაჭერამ, რომელიც ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ხშირად იმეორებდა - ეს არის თქვენი დეპუტატიო. ვაკეში არჩევნების დღეს ბრძოლა იმდენად დაძაბულად წარიმართა, რომ წყნეთში მღებრიშვილის „ომონის” გაგზავნა გახდა საჭირო. ამ საარჩევნო უბანში უპირატესობა სააკაშვილს ჰქონდა, რის გამოც ამ უბანში დავით სალარიძის წარმომადგენელმა, ქართველი კომუნისტების ერთ-ერთი ფრთის ლიდერმა გრიშა ონიანმა დასახმარებლად თავის „ზონდერბრიგადას” გამოუძახა და მათი განეიტრალებისთვის მღებრიშვილი გამოიძახეს. როგორც სააკაშვილი ამტკიცებს, მის წინააღმდეგ ვაკეში ძალიან დიდი თანხა, კერძოდ, 600 ათასი ლარი მუშაობდა.

შეხლა-შემოხლისგან დაზღვეული არც მთაწმინდის უბანი აღმოჩნდა, სადაც „მთაწმინდელი ოსტაპ ბენდერის” - გიორგი ლევაშოვ-თუმანიშვილის

მიერ აქციებით ამომრჩევლების მოთაფლვის მცდელობას ჟურნალისტმა არჩილ გოგელიამ თავისი საარჩევნო შტაბის წევრის, დათო ჯაფარიძის, ბიჭების ორგანიზებულობა დაუპირისპირა. არჩევნების წინა პერიოდში „მცირე ინტენსივობის” რამდენიმე კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ ჯაფარიძის ბიჭებს არჩევნების დღეს დიდი ჯაფა არ დასდგომიათ. დიდუბის რაიონში „მოქალაქე” გიორგი ბარამიძესთან დამარცხებული „ამღორძინებელი” გიორგი თარგამაძე თავს იმით იმშვიდებდა, რომ მთავარია არა გამარჯვება, არამედ ის განწყობა, რაც მოსახლეობას მის მიმართ გამოუხატავს. „ამ არჩევნებმა დაასამარა ყველაფერი, თუ რამე იყო საქართველოში დემოკრატიის ნიშანი”, - განაცხადა თარგამაძემ, ოღონდ, აჭარაში ჩატარებული არჩევნების შეფასებისგან თავი შეიკავა. ირაკლი მელაშვილის თქმით, დიდუბის რაიონში „მოქალაქეების” 17 ავტომანქანა დადიოდა არჩევნების გასაყალბებლად, თუმცა, გაყალბების კონკრეტული ფაქტი ვერ დაასახელა.

თბილისში განსაკუთრებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა ბლოკს „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”. ბლოკის რეიტინგი ყოველ ორ კვირაში თითო პროცენტით იმატებდა და არჩევნებამდე რომ კიდევ რამდენიმე კვირა ყოფილიყო დარჩენილი, იგი მთელი საქართველოს მასშტაბით 10-11 პროცენტს მოაგროვებდა. ბლოკს საარჩევნოდ ძალიან კარგი კოზირი ჰქონდა - საერთო უმუშევრობის ფონზე მრეწველობის აღმავლობის პროგრამა სამუშაო ადგილებთან, დასაქმებასთან და კეთილდღეობის ზრდასთან იყო ასოცირებული. ამომრჩეველზე დადებითად მოქმედებდა თავად ბლოკის სახელწოდებაც, რომლის სამივე შემადგენელი კომპონენტი დადებითი მუხტის მატარებელია. ოპოზიციის აბსოლუტურად ნეგატიურ მუხტზე აგებული საარჩევნო კამპანიის ფონზე მრეწველთა ბლოკის მიერ შეთავაზებული მესიჯი - მრეწველობის აღმავლობის გზით საქართველოს გადარჩენა - ამომრჩევლის მოწონებით სარგებლობდა, განსაკუთრებით ისეთ სამრეწველო ქალაქებში, როგორიცაა თბილისი და რუსთავი. საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტის დირექტორის გოჩა ცქიტიშვილის თქმით, ბლოკმა შეცდომა დაუშვა, როცა იმის მაგივრად, რომ სრულიად სერიოზული თემატიკაზე სერიოზული და ინფორმაციის შემცველი კამპანია ეწარმოებინათ, იუმორისტული ხასიათის რეკლამა გაუშვა.

სამშაბათ საღამოს ჯერ კიდევ არ იყო დათვლილი თბილისის სამი რაიონის - გლდანის, ვაკისა და დიდუბის - სააარჩევნო ოლქების რამდენიმე უბნის მონაცემები. მრეწველები, რომელთაც თბილისში მაღალი რეიტინგი ჰქონდათ, იმედოვნებენ, რომ ამ უბნების მაჩვენებელი მათ საერთო მაჩვენებლის გაუმჯობესებასა და შვიდპროცენტიანი ბარიერის დაძლევაში დაეხმარება, თუმცა, ჯერჯერობით დაუთვლელი მარნეულისა და ბათუმის შედეგები ამ იმედს არარეალურს ხდის.

ბათუმი

არჩევნების წინ ორდღიანმა კოკისპირულმა წვიმამ ბათუმში სანიტრის როლი შეასრულა და კედლები სუსტი წებოთი დამაგრებული საარჩევნო პლაკატების ნაწილისაგან გაასუფთავა. თუმცა ბათუმი არც წვიმამდე განიცდიდა ამის გაკეთების მოსურნეთა დეფიციტს. „მოქალაქეთა კავშირის“ პლაკატები აქ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში თუ ძლებდა კედელზე და შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდებოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე გაურკვეველი მიმართულებით. ქალაქში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეთა კავშირის ერთ ჩამოხეულ პლაკატს ბათუმის მერიაში 20 თეთრად იბარებდნენ. უფრო მეტად გაუმართლათ ეროვნულ-დემოკრატიულ ალიანსს და აღორძინებასთან ალიანსში მყოფ სახალხო პარტიას, რომელთა მხარდამჭერი პლაკატებიც „საქართველოს აღორძინების“ პლაკატებით აჭრელებული კედლებიდან მოუწოდებდნენ აჭარელ ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ. როგორც ჩანს, „პლაკატების ომს“ თავისი დატვირთვა ჰქონდა აჭარაში, რადგან აქ ეს ორივე პოლიტიკური ძალა, თუმცა მოკრძალებული შედეგით, მაგრამ მაინც ლიდერებს შორის აღმოჩნდა.

ძნელია იმაზე საუბარი, თუ რამდენად გათვითცნობიერებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა, რომელ პარტიას და რატომ აძლევდა ხმას ამ არჩევნებში. ბევრს, განსაკუთრებით მთიან რაიონებში, არჩევნები ასლან აბაშიძის აჭარის ლიდერად ხელმეორედ ასარჩევად მოწყობილი მორიგი ფორმალობა ეგონა. ხულოს რაიონის ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელმა, როდესაც ბიულეტენში კანდიდატებს შორის ასლან აბაშიძის გვარი ვერ ამოიკითხა, გაკვირვებულმა იკითხა: ასლანი აქ არ წერია და აბა, ხმა როგორ უნდა მივცეო. მეორე ხულოელმა ამომრჩეველმა ქალმა, რომელიც ბევრი იქ მყოფის გასაკვირად ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის მხარდამჭერი აღმოჩნდა, საარჩევნო უბნის ეზოში მოკრძალებულად იკითხა, ირინა სარიშვილს ხმა რომ მივცე, ასლან აბაშიძის აჭარის მეთაურობას ხელს ხომ არ შეუშლისო. 75 წლის სულეიმან ხიმშიაშვილმა კი დამკვირვებლებს და ჟურნალისტებს განუცხადა, ეყოფა შევარდნაძეს მეფობა, ცოტა ხანს ჩვენი ასლანიც ამეფოსო და უცხოელ დამკვირვებლებს ურჩია, საკუთარ ქვეყნებში ეცადათ წესრიგის დამყარება.

„მოქალაქეთა კავშირმა“ აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია ენერგიულად დაიწყო და აჭარის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში ხმათა უმრავლესობის მოპოვებას აპირებდა... თუ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება არჩევნებს არ გააყალბებდა. ეს ენთუზიაზმი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მინელდა და აჭარაში თუ ჩოლოქის საგუშაგოსთან ბრძოლებით გადაღლილმა „მოქალაქეების“ ლიდერებმა კვლავ მათთვის ჩვეულ და კარგად ნაცნობ რაიონებს მიაშურეს არჩევნებში რეალური წარმატებებისთვის საბრძოლველად. როგორც ჩანს, მოქალაქეების აგიტატორები ან დაიღალნენ წინასაარჩევნო ციებ-ცხელებით ამ რთულ რეგიონში, ანდა მიხვდნენ, რომ ვერაფერს გახდებოდნენ „აღორძინების“ წინააღმდეგ იქ, სადაც ასლან აბაშიძე უკვე საქართველოს პრეზიდენტად მიაჩნიათ.

ქობულეთში მიმავალ ზურაბ ნოღაიდელს და მოქალაქეთა კავშირის სხვა წარმომადგენლებს ჩოლოქის საგუშაგოსთან პიკეტი დახვდათ მოწყობილი. პარლამენტარის მოგვარეები და ნათესავები ზურაბ ნოღაიდელს ორი დღის განმავლობაში ქობულეთში არ ატარებდნენ და აცხადებდნენ, რომ იგი გვარის წარმომადგენლებს შორის განხეთქილებას და შუღლს იწვევდა. ქობულეთში მცხოვრები ნოღაიდელების 300-მდე ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა ჩოლოქთან მოწყობილ პიკეტს არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ პარლამენტარ ნათესავთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ და დიდ პატივსაც სცემენ „მის უზადო ნიჭსა და ენერგიას“. ამის მიუხედავად, „გარკვეული მიზეზების გამო“, მათ ხმა მაინც „აღორძინებას“ მისცეს, თავიანთი „მოქალაქეობრივი ვალიდან“ გამომდინარე.

როცა მმართველი პარტია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ აჭარაში აღორძინებას კონკურენციას ვერ გაუწევდა, გადაწყვიტა, არჩევნებზე აჭარაში ძირითადად ხმათა გაყალბების აღსაკვეთად ებრძოლა. მაგრამ, როგორც ჩანს, „მოქალაქეები“ აქაც დამარცხდნენ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტრადიციულად არჩევნებში მონაწილეობის ძალზედ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა და მოსახლეობამ, „როგორც მოსალოდნელი იყო“, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთლიანად „საქართველოს აღორძინებას“ დაუჭირა მხარი. „საქართველოს აღორძინებასთან“ ერთად აჭარაში ამ ბლოკის მაჟორიტარმა კანდიდატებმაც გაიმარჯვეს.

ზოგადად, აჭარაში არჩევნებზე საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა (ყველაზე მაღალი ალბათ საქართველოს ყველა სხვა რეგიონთან შედარებით). მიუხედავად იმისა, რომ აქ დამკვირვებლებმა მონიტორინგის სრულყოფილად განხორციელება ვერ შეძლეს და ევროკავშირის საერთაშორისო დამკვირვებელმა ტერი დევისმა სწორედ ამ რეგიონში დააფიქსირა ყველაზე დიდი დარღვევები, არჩევნების შედეგებს, ალბათ, არავინ გააუქმებს. „საქართველოს აღორძინებას“ ავტონომიურ რესპუბლიკაში მოპოვებული ხმების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დიდად დაეხმარება პარლამენტში მანდატების განაწილებისას. ორშაბათს დილით პრესკონფერენციაზე აჭარის ლიდერმა ასლან აბაშიძემ არ გამორიცხა ახალ პარლამენტში „მოქკავშირთან“ თანამშრომლობის შესაძლებლობა. მოქალაქეთა კავშირიც, მათი ლიდერების განცხადებებიდან გამომდინარე, სწორედ ამის მომხრეა. ამრიგად, სავსებით დასაშვებია, რომ „საპარლამენტო გადატრიალებისა“ და ცენტრსა და აჭარას შორის დაპირისპირების კიდევ უფრო გამწვავების შეშფოთებით მომლოდინე მოსახლეობამ ახალ საკანონმდებლო ორგანოში ორი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალის „საქართველოს კეთილდღეობისთვის“ აქტიური თანამშრომლობის მაგალითი იხილოს.

ზუგდიდი

როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, ზუგდიდშიც პარტიებსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის მთავარ კონკურენტებად საქართველოს მოქალაქეთა კავშირი და ბლოკი ,,საქართველოს აღორძინება” მოიაზრებოდა, რაც არჩევნების შედეგებმაც დაადასტურა.

მართალია, საბოლოო მონაცემები ზუგდიდის 67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ჯერაც არ არის, მაგრამ ერთი რამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას: ხმათა უმრავლესობა სმკ-მა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე „აღორძინება” გავიდა. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, აქ საქმე ოდნავ სხვაგვარად და ბევრისთვის მოულოდნელად შეტრიალდა. წინასაარჩევნო პერიოდში არსებობდა მოსაზრება, რომ ზუგდიდელი მაჟორიტარის ვინაობის გასარკვევად არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდებოდა საჭირო, რადგან კანდიდატთა ვინაობა და მათი განვლილი პოლიტიკური ცხოვრება სწორედ ამ დასკვნის რეალობაზე მიუთითებდა. თუმცა, საბოლოოდ, გაირკვა, რომ მეორე ტურის საჭიროება არ არსებობს და გამარჯვება ზუგდიდელ მაჟორიტარებს შორის „აღორძინების” მიერ დასახელებულ კანდიდატს თენგიზ ჯგუშიას - დარჩა. წინასწარი მონაცემებით მან 17 ათასი ხმა აიღო და 6 ათასი ხმით გადაასწრო მთავარ კონკურენტს, სმკ-ის კანდიდატს, ყოფილ პრემიერმინისტრს ოთარ ფაცაციას. სამხარეო კონტროლის პალატის ყოფილმა შეფმა, დამოუკიდებელმა კანდიდატმა გურამ გუნავამ დაახლოებით 9,5 ათასი ხმა აიღო, ხოლო ასევე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სმკ-ის სამხარეო ორგანიზაციის ყოფილმა ლიდერმა ბეჟან გუნავამ დაახლოებით 4 ათასი. წინასაარჩევნო პერიოდში სწორედ ეს ოთხი კანდიდატი მოიაზრებოდა მთავარ კონკურენტებად, მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარ კანდიდატთა რიცხვი ცხრამდე იყო.

რაც შეეხება იმას, ვინ როგორ მუშაობდა წინასაარჩევნოდ და რამდენად იყო დამოკიდებული ამ მუშაობაზე მათი წარმატება, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტად „საქართველოს აღორძინება” და მათი მაჟორიტარი კანდიდატი აქტიურობდნენ. სხვა დანარჩენ პარტიებზე ადრე ზუგდიდის ქუჩებში სწორედ „აღორძინების” წინასაარჩევნო პლაკატები გამოჩნდა, თანაც არჩევნებამდე მთელი ორი თვით ადრე. დაახლოებით ამ დროიდან დაიწყო ადგილობრივ რადიო „ევრაზიაში” თენგიზ ჯგუშიას წინასაარჩევნო რგოლების გაშვება, რომელიც ეთერში დღეში ცხრაჯერ გადიოდა. თვითონ ჯგუშიამ ბოლო ერთი თვის მანძილზე ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონში 130 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა ამომრჩევლებთან. ამას გარდა, მის სასარგებლოდ მუშაობდნენ იმ პარტიების წარმომადგენლებიც, რომლებიც ბლოკში შედიოდნენ და ზუგდიდში არცთუ ცოტა რაოდენობის ელექტორატი ჰყავთ. რაც შეეხება სმკ-ის კანდიდატს, ოთარ ფაცაცია მოსახლეობასთან შეხვედრებს პერიოდულად კი აწყობდა, მაგრამ მან ეს საქმიანობა, რატომღაც, ბოლო პერიოდამდე გადადო და მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო. განსაკუთრებული ხარისხითა და დატვირთვით ვერ დაიკვეხნიდა ვერც მისი წინასაარჩევნო პლაკატები და ბუკლეტები. შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში მას დიდი თანხა არ ჩაუდია: პლაკატები შავ-თეთრი იყო და არა ფერადი. როგორც რიგითი ზუგდიდელები ამბობდნენ, ფაცაციამ თავი ქუდში წინასწარ დაიგულა და თავისი ბედი მთლიანად მმართველ პარტიას მიანდო, რომელმაც, მართალია, იმუშავა მის სასარგებლოდ, მაგრამ საბოლოო გამარჯვებისთვის მხოლოდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

წინასაარჩევნო პროგნოზები ზუგდიდში კიდევ ერთ რამეში არ გამართლდა: ყველა ელოდა, რომ ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, საპარლამენტო არჩევნებში ელექტორატი უფრო აქტიური იქნებოდა, თუმცა, განსხვავება არცთუ თვალშისაცემი იყო: 85 ათასი ამომრჩევლიდან ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში დაახლოებით 52 ათასი ამომრჩეველი მოვიდა, ანუ 8 ათასით მეტი, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებზე. 31 ოქტომბერი მზიანი გამოდგა და ზუგდიდელებიც და ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებიც არ იზარებდნენ თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას. განსაკუთრებული აქტიურობა საარჩევნო უბნებში 12-დან 16 საათამდე მონაკვეთში შეიმჩნეოდა. ამომრჩევლებს შორის საშუალო და უფროსი თაობის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. გარდა ამისა, თავიანთ მომხრეებად შეგულებული ხალხის გამოსაყვანად პარტიები და მაჟორიტარი კანდიდატები არც ტრანსპორტს იშურებდნენ, არც საწვავს და არც თანხას.

ზუგდიდში საკმაოდ ჭრელი ელექტორატია და ზუგდიდელები, რომლებიც არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების შესასვლელთან თავიანთ რიგს ელოდებოდნენ (გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთ ხალხმრავალ უბანში კომისიის წევრები ამომრჩევლებს ოთხ-ოთხად უშვებდნენ), არჩევნების შესახებ თავიანთ პოზიციას გამოთქვამდნენ. რამდენიმე მათგანთან გასაუბრება საინტერესოც იყო: ქალაქის მერვე საარჩევნო უბანში ფეხით მოსული 79 წლის მურმან გაბრავა - „ჩემი სახლი ამ შენობიდან ორ კილომეტრზეა. დილით რომ ავდექი და წამოსასვლელად მოვემზადე, ავტობუსმა ჩამოიარა, წაყვანა შემომთავაზეს, მაგრამ, როგორც გავიგე, ასლანის ხალხი იყო და არ წავყევი. არ იყო ადრე დაყენებული ავტობუსები, მაგრამ არჩევნებზე თვითონ მივდიოდით. ყველა თავისას მიმტკიცებდა და მეუბნებოდა, ჩვენ გადავარჩენთ საქართველოსო, მაგრამ ერთხელ, ავტობუსით მგზავრობისას, სტალინის სურათიანი პლაკატი დავინახე, მძღოლს გავაჩერებინე, ჩამოვედი და ის ნომერი დავიმახსოვრე, რომელიც ეწერა. არ ვიცი, რომელი პარტიაა, რას აპირებს, მაგრამ ვიცი, თუ მათ სტალინი უყვართ, სწორედ მათ უნდა მივცე ხმა...“48 წლის ციალა გაბელია: „ვიცი, რომ ჩემს ხმას მნიშვნელობა არა აქვს, ვისაც უნდა მივცე, მაინც ის მიიღებს, ვინც ამ ხელისუფლებას და შევარდნაძეს უნდა, ამიტომ არ ვღებულობ მონაწილეობას, უბრალოდ, მეზობელს გამოვყევი...” 37 წლის კაკო გარდავა: „არც ერთი პარტიის წარმომადგენელი, გარდა „აღორძინებისა”, პარლამენტში ჯდომის ღირსი არ არის, აი, ნახავთ, თუ აღორძინება არ გაიმარჯვებს...” 55 წლის დაზმირ როგავა: „მე გეკითხებით, რა უნდა პარლამენტში იმ კაცს, რომელიც უწყლო აუზში თავით ხტება, ჩემი ბავშვობისდროინდელი ანეკდოტისა არ იყოს, ჭკვიანად ყოფილიყო და წყალსაც ჩაუსხამდნენ...” ასეთი საუბრების მოსმენა თითქმის ყველა უბანთან შეიძლებოდა. ზოგიერთები უფრო შორსაც მიდიოდნენ: 49 წლის გონელი მაქაცარია - „წინასაარჩევნოდ ზუგდიდის სტადიონის თავზე შევარდნაძის უზარმაზარი პლაკატი ჩამოკიდეს (გულისხმობს ბილბორდს, რომლის სიგანე 8, ხოლო სიგრძე 5 მეტრია). სადღაც წავიკითხე, თბილისში შევარდნაძის პლაკატებს საღებავით სვრიანო. მიკვირს, ეს ზუგდიდელები რამ გადაგვრია, ხომ უნდა შევიგნოთ, რომ, როცა შევარდნაძე ამბობს, სამეგრელო საქართველოს ხერხემალიაო, ამ ხერხემლის გადამტვრევაზე ფიქრობს, ჩვენ კიდევ ქალაქის ცენტრში გამოვჭიმეთ და ზემოდან ვაყურებინებთ ჩვენთვის. ეს იგივეა, კაცმა თავის საძინებელ ოთახში კედელზე დაკიდოს იმ კაცის გადიდებული სურათი, ვინც მისი ცოლი გააუპატიურა...”

არჩევნების დღეს ზუგდიდში წვრილმან-მსხვილმანი დარღვევებიც მრავლად იყო და კურიოზებიც. არავის უკვირდა ის დარღვევა, რომ საარჩევნო უბნებში გამოკრული ამომრჩეველთა სიები ხელოვნურად იყო გაზრდილი, თანაც, ზოგიერთი ისე მაღლა იყო გაკრული, რომ კიბეს თუ მიადგამდი, მხოლოდ მაშინ შეძლებდი წაკითხვას. ერთ-ერთ უბანთან მისულმა ზუგდიდელმა, რომელიც კარგა ხანს გულმოდგინედ ჩაჰკირკიტებდა სიებს, გაოცებისგან ერთი წუთის განმავლობაში ხმა ვერ ამოიღო, როცა სიაში მისი სახელისა და გვარის ქვემოთ საკუთარი ძმის სახელი და გვარიც აღმოაჩინა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, 13 წლის წინ იყო გარდაცვლილი. მეცხრე საარჩევნო უბანში, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაინახეს, რომ მათი საქმე ცუდად მიდიოდა და „აღორძინება” იგებდა, ყუთის გატაცება ცადეს, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა, ხოლო ათ წუთში უბანში მოსული სპეცრაზმელები კარგა ხანს აკაკანებდნენ ავტომატებს ჰაერში, რათა მოჩხუბრები დაეშორიშორებინათ და ლამის დამტვრეული ყუთი თავის ადგილას დაებრუნებინათ.

რაც შეეხება კურიოზებს, მათგან ყველაზე საინტერესო ქალაქის მერვე საარჩევნო უბანში ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩენილი ერთ-ერთი ბიულეტენი იყო, რომლის წაკითხვის შემდეგ კომისიის ყველა წევრი კარგახანს იცინოდა სულმოუთქმელად: ბიულეტენში, სადაც მაჟორიტარი კანდიდატებიდან ერთ-ერთი შემოხაზული უნდა ყოფილიყო, დანარჩენი კი გადახაზული, ყველა კანდიდატის რიგით ნომერს რგოლი ჰქონდა შემოვლებული, ბიულეტენის მეორე მხარეს კი შემდეგი შინაარსის წარწერა იყო: „ბოზები ხართ, მაგრამ მაინც ყველას გაძლევთ ხმას, იქნებ გამოგადგეთ, ახლა ,,პახმელიაზე” ვარ და თქვენსავით ჩახლეჩილი მაქვს...”

ახალციხე

ახალციხის ერთ-ერთი მოშორებული და ძნელად მისადგომი სოფლიდან ვაჟა ნიკოლაიშვილი წინა დღეს ჩამოვიდა ოჯახთან ერთად, რათა არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. მისი ოჯახის ყველა წევრი ახალციხეშია ჩაწერილი და მხოლოდ დუხჭირმა ცხოვრებამ აიძულა, დაბრუნებოდა მამა-პაპისეულ კერას სოფელში. ოჯახის მამას საღამომდე საქონლის მოუწველავად და ღორების მშივრად დატოვება აფიქრებდა, მაგრამ აცხადებდა, რომ საქართველოს მომავალი და ამისათვის სწორი არჩევანის გაკეთება ყველაფრად უღირს.

ვაჟა ნიკოლაიშვილი და მის მსგავსად, უამრავი ამომრჩეველი თვალყურს ადევნებდა ორთვიან წინასაარჩევნო კამპანიას, რომლის სახე იყო დაცხრილული ოფისები, დეპუტატის აფეთქებული სახლი, ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები, კვერცხნასროლი პოლიტიკოსები და გადაკეტილი გზები. ბლოკ „საქართველოს აღორძინების“ გარდა, რეგიონში საარჩევნო აგიტაცია თითქმის ყველა პარტიამ უხმაუროდ გამართა. „აღორძინების“ აქტივისტებით დატვირთულ ავტოტრანსპორტს ხშირად უწევდა პოლიციის საგუშაგოების გავლა, რომელზეც ათობით პოლიციელი და ჯარისკაცი მძიმე ტექნიკით იყო „გამაგრებული“. ახალციხის რაიონისაკენ მიმავალ ჯუმბერ პატიაშვილის მანქანას ერთ-ერთი ძველი შენობიდან კვერცხები და ქვები დაუშინეს. ახალციხის შესასვლელთან პოლიციამ ესკორტს გზა ბარიკადებით გადაუკეტა და საბოლოოდ შეაჩერა. აღორძინების ლიდერებმა ავტომანქანები მიატოვეს და გზა ქალაქისაკენ ფეხით გააგრძელეს. ახალციხეში, პატიაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, დარბაზის შესასვლელში დეტონატორი შეაგდეს. მეორე დღეს, დილის 7 საათზე კი ახალციხეში „აღორძინების“ ოფისი დაცხრილეს. ვიდრე ჯუმბერ პატიაშვილი და ჯემალ გოგიტიძე ჯავახეთში მოგზაურობდნენ, ასპინძის რაიონში აღორძინების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს ნოდარ ზაზაძეს სახლში ხელყუმბარა შეუგდეს. ზაზაძე აფეთქების შედეგად არ დაშავებულა და მხოლოდ სახლი დაზიანდა.

აღსანიშნავია, რომ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში პატიაშვილს სომეხი მოსახლეობა ტაშით შეეგება. არჩევნების წინა პერიოდში ახალციხეში სომხურ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო არარეგისტრირებულმა ტელევიზიამ. ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის მთლიანად ქართულია და გაურკვეველია, ვისთვის იყო განკუთვნილი სომხურენოვანი გადაცემები. ტელეხულიგანთა ადგილსამყოფელის დადგენა და მათი მოღვაწეობის აღკვეთა მხოლოდ თბილისიდან სპეციალურად ჩასულმა სპეციალისტებმა შეძლეს.

ახალციხეში ამომრჩეველი, სხვა წლებთან შედარებით, გაცილებით აქტიური იყო. პირველი და მასობრივი ამომრჩეველი ახალციხის 22-ე ბრიგადის ჯარისკაცების სახით დილის 7 საათიდან მიადგა მწყობრად საარჩევნო უბანს, თუმცა, ნაკლებად იცოდნენ, ჯარისკაცებმა რა სახის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ადგილობრივი მცხოვრებლები თავიანთ არჩევანს უფრო აქტიურად დღის მეორე ნახევარში აკეთებდნენ. ხუთი შვილის დედა - ნონა აბრამიშვილი: „მხარს აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტის პარტიას - მოქალაქეთა კავშირს დავუჭერ. ოპოზიციონერთა მტკიცების მიუხედავად, რომ ხელისუფლება ხალხს ატყუებს, ჩემს შვილებს სწორედ ედუარდ შევარდნაძე გამოუნახავს ღირსეულ სამუშაო ადგილებს“. ისე, ქალბატონი ნონაც უმუშევარია.

რეგიონის 143 716 ამომრჩევლიდან არჩევნებში 105 048 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. ხმების უმრავლესობა რეგიონში მოქალაქეთა კაშირმა მიიღო.შედარებით ასაკოვანი მოსახლეობა, მოხუცი პენსიონერები უკლებრივ ედუარდ შევარდნაძის პარტიას აძლევდნენ ხმას. მათ სხვა პოლიტიკოსის სახელი არც კი იცოდნენ. როგორც ჩანს, მათ ვერც სახელი „მოქალაქეთა კავშირი“ დაიმახსოვრეს და საარჩევნო უბანში მისულები კომისიის წევრებს სთხოვდნენ, მიეთითებინათ სიაში შევარდნაძის პარტიის ნომერი. კომისიის წევრები ამ მოვალეობას განსაკუთრებული გულმოდგინებით ასრულებდნენ და ოპოზიციონერ დამკირვებელთა მხრიდან შენიშვნებს იღებდნენ.

არჩევნების დღეს დარღვევები ახალციხეში და თითქმის მთელ რეგიონში ხდებოდა. დამკვირვებლები მმართველ პარტიას ბიულეტენების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს. არჩევნებს, პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრნენ. ფარულ კაბინებში გამოკრულ მაჟორიტარი კანდიდატების სიაზე, რომელიც საარჩევნო კომისიის მიერ იყო დამოწმებული, ფურცელზე შავი მრგვალი წერტილით მინიშნებული იყო ეროვნულ დემოკრატიული ალიანსის მიერ წარდგენილი კანდიდატი. ეს დარღვევა დამკვირვებლებმა ახალციხეში საარჩევნო უბნების გახსნისთანავე დააფიქსირეს, თანაც რამდენიმე უბანში ერთდროულად. როგორც აღმოჩნდა, სიები ქსეროასლებით იყო გამრავლებული და კომისიის წევრებს ამ დეტალისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

სავარაუდოდ, ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად მეორე ტური შედგება, რომელშიც სმკ-ის კანდიდატი გოჩა გვარამაძე და ეროვნულ დემოკრატიული ალიანსის მიერ წარდგენილი ნუგზარ პარუნაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ნინოწმინდის რაიონში „აღორძინების“ მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა, ერთ-ერთი ადგილობრივი კლანის ხელმძღვანელმა ენძელ მკოიანმა გაიმარჯვა, რომლის სახელიც, როგორც ამბობენ, ნინოწმინდაში 16 პოლიციელის ცემას უკავშირდება. არაოფიციალური ინფორმაციით, ენძელ მკოიანი არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მოქალაქეთა კავშირში გადასვლას აპირებს. სომეხ ამომრჩეველთა ნაწილს მმართველი პარტიის და პრეზიდენტის არ სჯერა და მათ არჩევნების გაყალბებასა და ჯავახეთში შექმნილ დესტაბილიზაციაში ადანაშაულებენ.

ცხინვალი

გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გურამ ვახტანგაშვილის მიერ სოფელ ერედვის შუაგულში გაშლილი 700 კაციანი სუფრით დასრულდა საპარლამენტო არჩევნები ლიახვის ?85 საარჩევნო ოლქში, რომელშიც ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას. არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად, გურამ ვახტანგაშვილმა დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მხადამჭერებს ხარი დაუკლა. თუმცა დეპუტატობის დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, რომელსაც მოქალაქეთა კავშირი უჭერდა მხარს, ცხვრების, ხბოების და ხარების დაკვლა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიისას დაიწყო და თითქმის სამაჩაბლოს ყველა ქართულ სოფელში გაშალა „სააგიტაციო“ სუფრები. იმის გათვალისწინებით, რომ ვახტანგაშვილის არჩევნებში გასამარჯვებლად 2800 ხმა საკმარისი აღმოჩნდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მის მიერ გამარჯვების აღსანიშნავად გაშლილ 700 კაციან სუფრაზე მხარდამჭერთა თითქმის ყველა ოჯახის თითო წევრი იყო წარმოდგენილი.

ლიახვის ხეობის 20-მდე სოფელში 14 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საარჩვენო ყუთებთან 4 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა. არჩევნები ომგამოვლილ რეგიონში სერიოზული ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუმცა ვახტანგაშვილის მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და ერთი წლის წინ აღდგენილი სოფელ ფრისის საარჩევნო უბანში ერთ-ერთი დამკვირვებელიც კი „შემოელახათ“. ყველაზე სერიოზულ დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ აწ უკვე გამარჯვებული კანდიდატის მხარდამჭერები ცდილობდნენ, მათი ოჯახის წევრებისა და ნაცნობების ნაცვლადაც ჩაეყარათ საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო როდესაც დამკვირვებელთა მხრიდან წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, საქმეში ერთვებოდნენ კომისიის თავმჯდომარეები, რომლებიც „პასუხისმგებლობას იღებდნენ და თავდებად დგებოდნენ“ იმათი არჩევანის სისწორეზე, ვისი ბიულეტენებიც დაუსწრებლად უნდა მოხვედრილიყო საარჩევნო ყუთში.

რეგიონში, სადაც უკვე მერვე წელია შედარებით სიმშვიდეა და აღარ ისმის სროლების ხმა, პირველ რიგში სწორედ რომ მშვიდობა და სტაბილურობა აინტერესებთ. თამარაშნელი პედაგოგი ლამარა ბუგიანიშვილი: „მთავარია ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის სწავლისა და ცხოვრების ნორმალური პირობები იყოს, დანარჩენს ჩვენ შევქმნით, სამაჩაბლოს ხალხს უარესი გაჭირვებაც გაუვლია“. თითქმის არავინ ჩივის დაბალ პენსიებზე და ხელფასებზე, რომლებსაც ისედაც დაგვიანებით უნაზღაურებენ, არავინ ითხოვს განსაკუთრებულ სოციალურ შემწეობას. მთავარია მშვიდობა, რომ აწარმოონ თავისი ბიზნესი, ააშენონ ახალი სახლები, მცირე საწარმოები, რესტორნები, რომლებიც ბოლო პერიოდში დიდი ლიახვის ხეობაში განსაკუთრებით მომრავლდა, უკან ქაოსისკენ დაბრუნება აღარავის სურს და ამიტომ მიდიან გაჭიანურებული კონფლიქტით ცოტა გულგატეხილები, მაგრამ მშვიდობისმოყვარული სამაჩაბლოელები საარჩევნო ყუთებთან.

ბელოთელი პენსიონერი ნიკო ტერაშვილი: „ასლან აბაშიძე თვალით არასოდეს მინახავს, არც მისი წარმომადგენელი ლიახვის ხეობაში, მაგრამ მჯერა, რომ სწორედ მას შეუძლია გააერთიანოს ქართველები. შევარდნაძემ ეს ვერ გააკეთა და ახლა უნდა წავიდეს“.

აქ მრავლად ჰყავს მხარდამჭერი მერაბ კოსტავას საზოგადოებასაც, რომლის წევრებიც ქართულ-ოსური შეიარაღებული დაპირისპირების პერიოდში „განსაკუთრებული აქტიურობით“ გამოირჩეოდნენ.

არჩევნებზე ოსებიც მოვიდნენ. ბევრი მათგანი მეზობელი ოსური სოფლიდან გადმოვიდა და მალულად მისცა ხმა „ქართულ-ოსურ მეგობრობას“. აზა კულუმბეგოვა ამბობს, რომ შევარდნაძის დიდი იმედი აქვს და საარჩევნო უბანში მყოფ ქართველებს მოუწოდებს, მმართველ პარტიას მისცენ ხმა, რადგან, მისი თქმით, აღორძინებაში არიან ისინი, ვის კისერზეცაა „ოსების ცოდვა“. იგი აზუსტებს, რომ აკაკი ასათიანს გულისხმობს. თამარაშნელი დევნილი ვალოდა გასიევი ცხინვალიდან ჩუმად ამოიპარა სოფელში ხმის მისაცემად. როგორც თვითონ ამბობს, მეზობლებმა რომ გაუგონ, უსიამოვნებას ვერ ასცდება. გასიევმა გაკვირვება ვერ დამალა, როცა საარჩევნო სიაში თავისი თავი ვერ აღმოაჩინა, თუმცა კომისიის წევრებმა ზედმეტი პროცედურების გარეშე აღადგინეს თანასოფლელი „ძველ უფლებებში“.

დეპუტატობისთვის 9 მაჟორიტარი კანდიდატი იბრძოდა და ყოველ მათგანს განსაკუთრებული, თავისებური წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა დაგეგმილი.

ასე მაგალითად, გამარჯვებული გურამ ვახტანგიშვილი - ცხინვალის საგზაო სამმართველოს უფროსი და ცხინვალის მიმდებარე ერგნეთის ერთ-ერთი ბაზრობის მეპატრონე, მხოლოდ სუფრებით არ შემოიფარგლა და ხეობის სოფლებისათვის გაუბედურებული გზების მოპირკეთება დაიწყო.

ზვიად გამსახურდია მთავრობის მინისტრის, მურმან ომანიძის, მხარდამჭერები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ამ ზაფხულს ბათუმში „ვოიაჟის“ შემდეგ, სადაც თურმე პროკურატურის მიერ ძებნილ ექს საგარეო საქმეთა მინისტრს ზღაპრული დახვედრა მოუწყვია და ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების მოსახლეობისათვის, სადაც, მგონი, ცხოვრებაში ერთხელაც არ არის ნამყოფი, დაპირებებით დატვირთული ხურჯინი გამოუტანებია. მურმან ომანიძის რეიტინგმა სწრაფად იწყო ზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში, ძირითადად, მისი მხარდამჭერების მიერ გავრცელებული სხვადასხვა ლეგენდის ხარჯზე. მისი კანდიდატურა ცსკ-ს არჩევნებიდან რომ არ მოეხსნა, შეიძლება 700 კაციანი სუფრის თავში სწორედ იგი მჯდარიყო.

სოფელ კეხვის მოსახლეობის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იყო მათი კანდიდატის, თანასოფლელ ჯემალ ზანგალაძის პროფესორობა,. თუმცა ცოტა ხანში პროფესორს კონკურენტად ერთი აკადემიკოსიც მოევლინა. სამტრესტის ყოფილმა ხელმძღვანელმა იუზა ვასაძემ ომგამოვლილი და ღვინის ტრადიციის მოყვარული სამაჩაბლოელები ვერაფრით მოხიბლა და ხმების საკმაოდ დაბალი რაოდენობა მიიღო.

რეგიონში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა ბიზნესმენმა კოტე კევლიშვილმა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ალბათ, ყველაზე სასარგებლო საქმე გააკეთა: უფასოდ ჩაუყვანა მოსახლეობას თითქმის ყველა პროფილის სამედიცინო ბრიგადები გამოკვლევების ჩასატარებლად. მაგრამ კვალიფიციურ ექიმებთან მოსახვედრად ადგილობრივთა ძალიან გრძელი რიგები მიცემულ ხმებში არ აისახა და ცხინვალის ცკ-ის ყოფილი მეორე მდივანი საკმაოდ მოკრძალებული შედეგით „დაკმაყოფილდა“. მის აქტივშია ასევე ფეხბურთელთა გუნდისთვის ნაჩუქარი ფორმები და ბურთები.

არჩევნების დღეს ლიახველებმა ისიც გაიხსენეს, რომ წინა დეპუტატმა გელა ჯოჯიშვილმა 1995 წლის არჩევნების წინ დამკვრელების ბრიგადა დაიქირავა და სულ ცეკვა-სიმღერით ჩამოიარა ორივე ხეობის სოფლები, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი თავისი ამომრჩეველი თითქმის აღარ გახსენებია.

რუსთავი

50 წელს მიტანებულ რუსთაველ მეტალურგს, გურამ შენგელიას დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარებულ თითქმის ყველა სახის არჩევნებში მიუღია მონაწილეობა და ყოველთვის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით: საარჩევნო ყუთის მეშვეობით სასურველი ადრესატისკენ გზავნიდა საკუთარ ხმას.

31 ოქტომბერს, დილის შვიდ საათზე გურამ შენგელია პირველი მივიდა გიმნაზიაში განთავსებულ მე-10 საარჩევნო უბნის ყვთთან. „არჩევნებში მონაწილეობით ჩემს რჩეულ პარტიასთან ოთხი წლით გავაფორმე კონტრაქტი, და ვაი მაგათ ბედს, თუ კონტრაქტის პირობები დამირღვიეს“, - მუქარის ტონით განუმარტა მან პოლიციელს და დასძინა: „ოთხი წლის წინ არჩეულმა პარტიამ იმედები გამიცრუა და ახლა ახლებს მივეცი შანსი“.

ვიდრე ალიონზე გამართული ეს სახელდახელო საუბარი გრძელდებოდა, გიმნაზიის ორსართულიანი შენობის ეზოში ამომრჩეველთა პირველი ნაკადი გამოჩნდა. გიმნაზიის შენობის პირველ სართულზე განთავსებულმა საარჩევნო უბანმა მუშაობა დიდი აყალ-მაყალით, საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში დაიწყო. საუბნო კომისიის თავმჯდომარეს, მის წევრებსა და მეთვალყურეთა შორის მწვავე კამათის საგანი უბანში ამომრჩეველთა სიების გამოუკვრელობა და საარჩევნო ყუთისათვის შესაბამისი ადგილის შერჩევა გახდა.

საბოლოო ჯამში, ეს აურზაური იმით დასრულდა, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარემ არც ამომრჩეველთა სიები გააკრა და საარჩევნო ყუთიც თავისი შეხედულებისამებრ, კედელთან ახლოს განალაგა (რაც ცსკი-ის ინსტრუქციით დაუშვებელია) ისე, რომ მეთვალყურეთათვის შეუძლებელი ხდება ყუთზე ნორმალური დაკვირვების წარმოება.

მეთვალყურეთა აქტიური პროტესტის მიუხედავად, თანამდებობრივი მდგომარეობის სრული შეგნებით ,,გამსჭვალულმა“ თავმჯდომარემ მეთვალყურეებს საარჩევნო უბანზე თავისუფალი გადაადგილების საშუალება მოუსპო და ათამდე დამკვირვებელს უბნის ერთ მხარეს მიუჩინა ადგილი. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა იხუმრა: „ბარემ კომისიის თავმჯდომარემ სადემარკაციო ხაზი გაგვივლოს და პოლიციის სახით სამშვიდობო ძალები განალაგოსო“.

როგორც შემდეგ საოლქო კომისიაში გახდა ცნობილი, მეთვალყურეებს ანალოგიურ მდგომარეობაში მუშაობა სხვა უბნებშიც მოუხდათ. ზოგი მათგანი კი საარჩევნო უბნებიდან საერთოდ გამოაძევეს.

საგულისხმოა, რომ მე-10 სააარჩევნო უბანზე მოგვიანებით დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის, გურამ ქაშაკაშვილის, საარჩევნო შტაბის წევრებსა და მოქალაქეთა კავშირის ხარდამჭერებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

მიზეზი ქაშაკაშვილის საარჩევნო შტაბის პრესცენტრის ხელმძღვანელის მიერ საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერით შესვლა აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ახალგაზრდა მხარდამჭერებს, რომლებიც მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში გიმნაზიის ეზოში ტრიალებდნენ და საკმაოდ ხშირად საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეც შემოდიოდნენ, არ ეპიტნავათ უბანზე ვიდეოკამერიანი ადამიანის დანახვა, რის გამოც ამ უკანასკნელს, მის თანმხლებ პირებთან ერთად უბნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

სიტყვიერ კამათს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა შედეგად, რასაც ლამის ვიდეოკამერა შეეწირა. ამის მომსწრე უბანზე მიმაგრებული პოლიციააღმოჩნდა, თუმცა მოჩხუბართა გაშველება არჩევნებზე მისულმა რიგითმა ამომრჩევლებმა იკისრეს.

რუსთავის საოლქო კომისიაში მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში ქალაქის თითქმის ყველა საარჩევნო უბნიდან შედიოდა ინფორმაციები და ოქმები ანალოგიური კონფლიქტებისა და საარჩევნო კანონის დარღვევების შესახებ. მე-17 საარჩევნო უბანში არჩევნების დაწყებამდე უბნის თავმჯდომარეს კომისიის წევრებისთვის დალუქული საარჩევნო ყუთი დაუხვედრებია.

კომისიის ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ თავმჯდომარე იძულებული გამხდარა, ყუთი გაეხსნა, გახსნილ ყუთში კი წინასწარ ჩაყრილი 179 ბიულეტენი აღმოჩნდა.

თუ რომელი პარტიის სასარგებლოდ იყო ბიულეტენები წინასწარ ჩაყრილი, ეს მარტო თავმჯდომარემ უწყოდა, რადგანაც მან კომისიის სხვა წევრები ბიულეტენებთან ახლოსაც არ გააკარა. გაყალბებული ბიულეტენები საბოლოოდ დალუქეს და ისინი საოლქო კომისიას ჩააბარეს, უბნის თავმჯდომარე კი თავმჯდომარეობიდან გადააყენეს.

მოხდა კურიოზული ფაქტი: ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ახალგაზრდას, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მასზე გაცემული საარჩევნო ბარათი შეუჭამია და ისე დაუტოვებია საარჩევნო უბანი. ამ უკიდურესი ნაბიჯის მიზეზი თურმე ის ყოფილია, რომ უბანზე მყოფ საოლქო კომისიის წევრს ბიულეტენის მჭამელი ახალგაზრდა ხმის მიცემის პროცესში მეორედ დაუფიქსირებია.

იმ მოსაზრებას, რომ არჩევნების დღე რუსთავში საკმაოდ მძაფრ ვითარებაში ჩაივლიდა, ქალაქში ბევრი იზიარებდა. ამ მოსაზრების სასარგებლოდ წინასაარჩევნოდ ქალაქში გამართული „პლაკატების ომიც“ მეტყველებდა. საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, არჩევნები რუსთავში მმართველი პარტიისა და მისი ადგილობრივი მაჟორიტარი კანდიდატის, მერაბ ტყეშელაშვილის, გამარჯვებით დასრულდა.

გიორგი წულუკიძე - თბილისი

მარინა სუბელიანი - ბათუმი

ლალი გელენავა - ზუგდიდი

გურამ დონაძე - ახალციხე

დავით გოგინაშვილი - გორი-ცხინვალი

დავით შენგელია - რუსთავი

მასალა მომზადდა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დაკვეთით და სააგენტო „პრაიმ-ნიუსის“ საკორესპონდენტო ქსელის დახმარებით

დანართი 2

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

თბილისი, 1999 წლის 7 ნოემბერი

საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი
ოქმი

„საქართველოს პარლამენტის არჩევნების“ შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და 54-ე მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 1999 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე შეაჯამა საქართველოს პარლამენტის 1999 წლიის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და დაადგინა:

I. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა: ………….3,143,851

II. არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა: ………..2,133,878

III. არჩევნების პირველ ტურში არჩეულია პარლამენტის 199 წევრი, მათ შორის, 49 წევრი მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 150 - პროპორციულით.

IV. ამომრჩეველთა და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა საარჩევნო ოლქების მიხედვით:

საარჩევნო ოლქის და დასახელება

ამომრჩეველთა რაოდენობა

არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა

№1 მთაწნმინდის

57375

35730

№2 ვაკის

84761

52320

№3 საბურთალოს

88400

51677

№4 კრწანისის

33290

18585

№5 ისნის

75891

45432

№6 სამგორის

93566

48706

№7 ჩუღურეთის

41300

25967

№8 დიდუბის

61543

37107

№9 ნაძალადევის

101780

58902

№10 გლდანის

105714

57894

№11 საგარეჯოს

39685

27983

№12 გურჯაანის

55702

31759

№13 სიღნაღის

31854

19698

№14 დედოფლისწყაროს

21689

14472

№15 ლაგოდეხის

35236

26212

№16 ყვარლის

28962

20255

№17 თელავის

53201

34154

№18 ახმეტის

32872

19878

№19 თიანეთის

11525

8416

№20რუსთავის

83510

42299

№21 გარდაბნის

80355

51445

№22 მარნეულის

86372

85214

№23 ბოლნისის

50362

48078

№24 დმანისის

19961

11995

№25 წალკის

16230

12474

№26 თეთრიწყაროს

19618

17331

№27 მცხეთის

44855

24533

№28 დუშეთის

26823

17103

№29 ყაზბეგის

4202

3285

№30 კასპის

39695

26774

№31 ახალგორის

6294

4567

№32 გორის

95940

72790

№33 ქარელის

35079

27887

№35 ხაშურის

43674

17557

№37 ახალციხის

32944

20412

№38 ადიგენის

14732

11869

№39 ასპინძის

9610

7282

№40 ახალქალაქის

42900

34714

№41 ნინოწმინდის

22092

15722

№43 ონის

7932

6358

№44 ამბროლაურის

15527

10253

№45 ცაგერის

13172

11120

№46 ლენტეხის

3625

2889

№47 მესტიის

9541

7974

№48 ხარაგაულის

20777

14582

№49 თერჯოლის

32783

23967

№50 საჩხერის

33471

19853

№51 ზესტაფონის

51306

32616

№52 ბაღდათის

23309

15800

№53 ვანის

27991

20817

№54 სამტრედიის

47227

30642

№55 ხონის

23514

17358

№56 ჭიათურის

43145

24680

№57 ტყიბულის

24346

17168

№58 წტალტუბოს

53072

34735

№59 ქუთაისის

138915

76771

№60 ოზურგეთის

62100

45299

№61 ლანჩხუთის

30730

22696

№62 ჩოხატაური

19261

16197

№63 აბაშის

23822

19079

№64 სენაკის

44456

29354

№65 მარტვილის

33589

21272

№66 ხობის

32040

21884

№67 ზუგდიდის

130392

72023

№68 წალენჯიხის

30915

18868

№69 ჩხოროწყუს

23252

17317

№70 ფოთის

34725

21112

№79 ბათუმის

77724

72859

№80 ქედის

13163

12928

№81 ქობულეთის

59254

57308

№82 შუახევის

13586

12814

№83 ხელვაჩაურის

60064

57390

№84 ხულოს

22061

22789

№85 ლიახვის

9178

6427

V. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნები:

საარჩევნო ოლქის ნომერი
და დასახელება

პარლამენტის წევრად არჩეული
იქნა

№2 ვაკის

სააკაშვილი მიხეილი

№3 საბურთალოს

ადამია რევაზ

№4 კრწანისის

ლიპარტელიანი გოგი

№6 სამგორის

ჯაყელი გიორგი

№7 ჩუღურეთის

ღუღუნიშვილი ზეზვა

№8 დიდუბის

ბარამიძე გიორგი

№11 საგარეჯოს

პავლიაშვილი სოლომონ

№12 გურჯაანის

გლიგაშვილი როლანდ

№14 დედოფლისწყაროს

გონაშვილი ბეჯან

№15 ლაგოდეხის

კაპანაძე დავით

№17 თელავის

ბეციაშვილი გიორგი (გივი)

№18 ახმეტის

არველაძე რევაზ

№20 რუსთავის

ტყეშელაშვილი მერაბ

№21 გარდაბნის

ჯაფარიძე ლეონიდ

№22 მარნეულის

სულეიმანოვი აზერ

№23 ბოლნისის

ავქოფაშვილი გურამ

№24 დმანისის

ციხელაშვილი თეიმურაზ

№25 წალკის

ჩხოიანი იური

№26 თეთრიწყაროს

ბეჟუაშვილი დავითი

№27 მცხეთის

შამანაური არმაზ

№28 დუშეთის

მოლოდინი მარინა

№30 კასპის

ქარუმიძე ზურაბ

№31 ახალგორის

ჩიტიშვილი ავთანდილ

№32 გორის

ყანჩაბელი ვახტანგ

№33 ქარელის

ინდუაშვილი ალბერტ

№35 ხაშურის

გელაშვილი ვალერი

№39 ასპინძის

სურმანიძე ედვარდ

№40 ახალქალაქის

რაისიანი მელიქ

№41 ნინოწმინდის

მკოიანი ენზელ

№43 ონის

ნოდარიშვილი რევაზ

№44 ამბროლაურის

ლეკიშვილი ნიკოლოზ (ნიკო)

№45 ცაგერის

მუშკუდიანი კარლო

№47 მესტიის

პირველი ლევან

№49 თერჯოლის

ბუცხრიკიძე ბეჟან (ზურაბ)

№50 საჩხერის

ხურციძე თეიმურაზ

№51 ზესტაფონის

კოვზირიძე დავით

№52 ბაღდათის

მსხვილაძე ზურაბ

№53 ვანის

ტყეშელაშვილი მელორ

№57 ტყიბულის

ყიფიანი რევაზ

№60 ოზურგეთის

ჩხაიძე ავთანდილ (ზურა)

№62 ჩოხატაური

ჟღენტი დავით

№64 სენაკის

გადელია დემურ

№67 ზუგდიდის

ჯგუშია თენგიზ

№79 ბათუმის

სმირბა ასლან

№81 ქობულეთის

ჯაფარიძე როსტომ

№82 შუახევის

გოგიტიძე ანზორ

№83 ხელვაჩაურის

აბაშიძე ვახტანგ

№84 ხულოს

ღორჯომელიძე ოთარ

№85 ლიახვის

ვახტანგიშვილი გურამ

VI. პარტიების (ბლოკების) მიერ მიღებული ხმების რაოდენობა

პარტიის (ბლოკის)
დასახელება

მიღებული ხმების
რაოდენობა

%

მიღებული
მანდატების
რაოდენობა

1

საქართველოს მოქალაქეთა
კავშირი

890915

51,75

85

2

ბლოკი „საქართველოს
აღორძინება“

537297

25.18

51

3

საქართველოს
ლეიბორისტული (შრომის)
პარტია

140595

6.59

-

4

ბლოკი „ეროვნულ-
დემოკრატიული ალიანსი -
მესამე გზა“

95039

4.45

-

5

ბლოკი „სახალხო პარტია -
დიდგორი“

87781

4.11

-

6

ბლოკი „სახალხო ფრონტი
- ჭავჭავაძის საზოგადოება“

4339

0.20

0

7

ბლოკი „მრეწველობა
გადაარჩენს საქართველოს“

151038

7.08

14

8

ბლოკი „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“

994

0.05

-

9

საქართველოს მწვანეთა
პარტია

11400

0.53

-

10

საქართველოს
თავისუფლების პარტია

828

0.04

-

12

საქართველოს
ეკონომიკურად და
სოციალურად
დაზარალებულთა პარტია

2171

0.10

-

13

პოლიტიკური კავშირი
„თანადგომა“

412

0.02

-

14

სახალხო-დემოკრატიული
პარტია

1917

0.09

-

15

ბლოკი „მძლეველი
საქართველო - ღვთის
ტაძარი“

4275

0.20

-

17

საქართველოს ვეტერანტა
დაცვის პარტია

11708

0.55

-

18

საქართველოს რევნული
იდეოლოგიის პარტია

529

0.02

-

20

საქართველოს
ქრისტიანულ-
დემოკრატიული კავშირი

2951

0.14

-

22

მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანება
„საქართველოს ლექტორთა
კავშირი“

643

0.03

-

23

მოქალაქეთა პ/გ სრულიად
საქართველოს
მიწათმოქმედთა კავშირი

333

0.02

-

24

მერაბ კოსტავას
საზოგადოება

10357

0.49

-

26

საქართველოს სოციალური
სამართლიანობის კავშირი

1200

0.06

-

29

ბლოკი „ერთიანი
კომუნისტური პარტია
(სტალინური) და
მშრომელთა საბჭოები

28736

1.35

-

30

ქართველ-ნაციონალიტთა
ერთობა

555

0.03

-

31

ბლოკი „XXI საუკუნე -
ქართული ნაციონალიზმი“

1058

0.05

-

35

დავით აღმაშენებლის
პარტია

758

0.04

-

36

„დემოკრატიული ცენტრი“

451

0.02

-

37

ბლოკი „კომუნისტები -
სტალინელები“

3778

0.18

-

39

ბლოკი „საქართველოს
ეროვნული ერთიანობის
პარტია“

733

0.03

-

40

ბლოკი „მრგვალი მაგიდა -
თავისუფალი
საქართველოს“

5657

0.27

-

41

პოლიტიკური მოძრაობა
„საქართველოს ბედი“

419

0.02

-

42

საქართველოს
ინტელექტუალთა ლიგა

344

0.02

-

43

საქართველოს
ნაციონალისტური პარტია

593

0.03

-

45

ბლოკი „აღორძინებული
კომუნისტები და სახალხო
პატრიოტები“

3229

0.15

-

VII. არჩევნებში მონაწილეთა ხმების შვიდპროცენტიანი ზღვარი გადალახეს:

საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა;

ბლოკმა „საქართველოს აღორძინებამ“;

ბლოკმა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

VIII. საქართველოს პარლამენტის წევრებად პროპორციული სისტემით არჩეულნი არიან:

საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

1. აბაშიძე დალი

2. ადეიშვილი ზურაბ

3. აიდინოვი ვიტალი

4. ამაღლობელი ნოდარ

5. ამირხანაშვილი კობა

6. ახვლედიანი არმაზ

7. ბაგრატიონი ჯანსულ

8. ბაიბურთი ვან

9. ბაქიროვი რამიზ

10. ბიჭიაშვილი ნანული

11. ბურჯანაძე ნინო

12. გაზდელიანი თენგიზ

13. გამყრელიძე დავით

14. გამყრელიძე თამაზ

15. გაჩეჩილაძე ლევან

16. გეგეშიძე დავით

17. გვაძაბია დავით

18. გიგინეიშვილი მანანა

19. გიორხელიძე დემურ

20. გოგავა ირაკლი

21. დავითაშვილი კობა

22. დალაქიშვილი რომან

23. დვალი ზაზა

24. დოლიძე როსტომ

25. ეზუგბაია ჯანსუღ

26. ვაშაყმაძე გიორგი

27. თავაძე რობერტ

28. თავბერიძე ილია

29. თამარაშვილი ანზორ

30. თედიაშვილი ლევან

31. თევდორაძე ელენე

32 იაშვილი ირაკლი

33. ინგოროყვა ანტონ

34. კერესელიძე დავით

35. კვარაცხელია გელა

36. კვარაცხელია ვალერი

37. კვირიკაშვილი გიორგი

38. კირვალიძე დავით

39. კოღუაშვილი დავით

40. კოხრეიძე გიორგი

41. კუსიანი რომან

42. ლაგვილავა ბესიკ

43. ლაზარაშვილი გიორგი (გოგი)

44. ლელუაშვილი ვასილ (ვაჟა)

45. მამედოვი მამედ

46. მაღლაფერიძე ვასილ

47. მაღრაძე დავით

48. მაჭავარიანი მიხეილ

49. მახარაძე მალხაზ (მერაბ)

50. მეფარიშვილი გია

51. მეძმარიაშვილი ელგუჯა

52. მოვსესიანი ჰამლეტ

53. ნადარეიშვილი თამაზ

54. ნანეიშვილი მიხეილ

55. ნინოშვილი თამარ

56. ნოღაიდელი ზურაბ

57. ოსაძე მიხეილ

58. ჟვანია ზურაბ

59. საგანელიძე დავით

60. სვანიძე ჯემალ

61. სიმონიძე მაია

62. სიორიძე ზაზა

63. ტყეშელაშვილი დავით

64. ქარსელაძე ვლადიმერ

65. ყურბანოვი იზუმრუდ

66. შაიშმელაშვილი გიორგი

67. შამილაძე ვახტანგ

68. შელია გულნარა (დოდო)

69. შენგელაია ელდარ

70. შერაზადაშვილი ზაზა

71. შუღაროვი გივი

72. შხვაცაბაია ზურაბ

73. ჩარკვიანი ჯანსულ

74. ჩეჩელაშვილი გია

75. ჩიტაია კახა

76. ჩუბინიშვილი ირაკლი

77. ცისკარიშვილი პეტრე

78. ცქიტიშვილი ზურაბ

79. წერეთელი გიორგი (გიგი)

80. ჭელიძე ივერი

81. ჭითანავა ოთარ

82. ხაზარაძე ვიტალი

83. ხევიაშვილი გიორგი

84. ხოფერია ნინო (ხათუნა)

85. ჯაიანი დიმიტრი

ბლოკისაქართველოს აღორძინება:

1. აბაშიძე ასლან

2. აბაშიძე დავით

3. აბრალავა აზორ

4. ასათიანი აკაკი

5. ასათიანი არჩილ

6. ბაქრაძე რომან

7. ბოლოთაშვილი გივი

8. ბოჭორიშვილი ვახტან.

9. ბრეგაძე ალექსანდრე

10. გამახარია ჯემალ

11. გელაშვილი თამაზ

12. გელბახიანი ვალერიან

13. გვარამია ვახტანგ

14. გოგიტიძე ჯემალ

15. დევდარიანი ნანა

16. თარგამაძე გიორგი

17. თევდორაძე მერაბ

18. კვიციანი ვახტანგ

19. მაჭავარიანი მუხრან

20. მეგრელიშვილი თეიმურაზ

21. მინდელი ირაკლი

22. მიშველაძე რევაზ

23. მოდებაძე ნოდარ

24. ნადირაძე ელდარ

25. ნადირაძე მაია

26. ნავაძე ნუგზარ

27. ოქუაშვილი ზაზა

28. პაატაშვილი თედო

29. პაიჭაძე გრიგოლ (გოჩა)

30. პატარქალიშვილი ნათელა

31. პატიაშვილი ჯუმბერ

32. რაზმაძე ვახტანგ

33. რჩეულიშვილი ვახტანგ

34. სანიკიძე გუბაზ

35. სიგუა სოსო

36. ფიჩხაია თეიმურაზ

37. ქაფიანიძე ზურაბ

38. ქაჩლიშვილი ივანე

39. ქუცნაშვილი ზაქარია

40. ღოღობერიძე თეიმურაზ

41. ღუდუშაური ირაკლი

42. შალამბერიძე ალექსანდრე

43. ჩიხრაძე იური

44. ჩხეიძე ნატო

45. ჭიპაშვილი ჰამლეტ

46. ჭიჭინაძე დავით

47. ხაჭაპურიძე გიორგი

48. ხურციძე ბეჟან

49. ჯავახიშვილი ნოდარ

50. ჯაველიძე ელიზბარ

51. ჯანაშია თეიმურაზ

ბლოკიმრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

1. ბათიაშვილი ირაკლი

2. ბაკურაძე ჯამბულ

3. ბეჟანიშვილი თამაზ

4. გვენცაძე რომან

5. გიუაშვილი კახა

6. თოფაძე გიორგი

7. მანაგაძე ლავრენტი

8. რურუა რომან

9. სალარიძე დავით

10. ტყემალაძე ზურაბ

11. შარაძე გურამ

12. ჩიხრაძე ფიქრია

13.ხმალაძე ვახტანგ

14. ხუციშვილი ილია

IX. არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი:

№37 ახალციხის საარჩევნო ოლქის №18 საარჩევნო უბანში საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე;

№46 ლენტეხის საარჩევნო ოლქის №1 საარჩევნო უბანში საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე;

№49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე.

№65 მარტვილის საარჩევნო ოლქის №№ 1-34 საარჩევნო უბნებში - როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით, „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიი შესაბამისი ოქმების წარმოუდგენლობის გამო;

№68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 საარჩევნო უბანში საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე;

№69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის №1 და №22 საარჩევნო უბნებში საოლქო საარჩევნო კომისიის წარდგინების საფუძველზე.

X. მაჟორიტარული სისტემით ხელახალი ხმის მიცემა დაინიშნა შემდეგ უბნებში:

№37 ახალციხის საარჩევნო ოლქის №18 უბანში;

№46 ლენტეხის საარჩევნო ოლქის №№1, 4, 5, 9, 10, 13 უბნებში;

№65 მარტვილის საარჩევნო ოლქის №№1-34 უბნებში;

№68 წალენჯიხის საარჩევნო ოლქის №13 უბანშიი;

№69 ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის №1 და №22 საარჩევნო უბნებში.

XI. მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური დაინიშნა შედეგ საარჩევნო ოლქებში:

№1 მთაწმინდის;

№5 ისნის;

№9 ნაძალადევის;

№10 გლდანის;

№13 სიღნაღის;

№16 ყვარლის;

№19 თიანეთის;

№29 ყაზბეგის;

№36 ბორჯომის;

№38 ადიგენის;

№48 ხარაგაულის;

№54 სამტრედიის;

№55 ხონის;

№56 ჭიათურის;

№58 წყალტუბოს;

№59 ქუთაისის;

№61 ლანჩხუთის;

№63 აბაშის;

№66 ხობის;

№70 ფოთის.

XII. მაჟორიტარული სისტემით ხელახალი არჩევნები

მაჟორიტარული სისტემით ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს №80 ქედის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში.

კომისიის თავმჯდომარე /ჯუმბერ ლომინაძე/

მოადგილე /გიორგი ზესაშვილი/

კომისიის მდივანი /მამუკა კოპალეიშვილი/

____________________

* გადმობეჭდილია გაზ. ,,კავკასიონიდან“, 3-9 ნოემბერი, 1999.

9 Résumé

▲ზევით დაბრუნება


While most international observers assessed the October 1999 parliamentary elections in Georgia as basically free and fair in all but few regions of the country, local commentators were much more critical. Many in Georgia believed that the violations of democratic norms and procedures that had occurred before and during the elections were unaccaptable and constituted an important setback in the course of democratic development. On November 27, 1999, the Caucasian Institute for Peace, Democracy and Development organized a public discussion on what those elections meant for Georgia. A number of questions were proposed to the participants, such as: how can one define a political regime where elections like these take place? What direction of political evolution of the country do they display? What conclusions should civil society organizations draw with regards to their strategy: to develop cooperation with the government? to pressure the parliament to change the legislation? to make greater emphasis on civic education? to react to particular violations of democratic procedures? or are there any other measures to be taken?

The participants of the discussion shared their thoughts on these and other important issues. As encouraged by the organizers, most of them submitted their observations also in the written form. This booklet consists of these comments, while the appendix includes the official elections results and the election day reports from different towns of Georgia that were commissioned by the CIPDD and later appeared in the Kavkasioni newspaper. Both the organization of the discussion and the publication of this booklet were made possible with the help of the CordAid foundation (Netherlands).