The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები

განსაკუთრებული ბავშვების განსაკუთრებული ავტოპორტრეტები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: © ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი
თარიღი: 2010
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ინკლუზიური განათლება 2010წ.



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


მეტყველების, მოტორიკის, ემოციური, თუ სოციალური კომუნიკაციის პრობლემები ან ფუნქციათა შეზღუდვების მთელი კომპლექსი, ბავშვს მნიშვნელოვან სიძნელეებს უქმნის სწავლასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ პრობლემების გამო მოსწავლეს უჭირს სოციალური ნორმების ჩარჩოებში ყოფნა, უჭირს ფიზიკური თუ ფსიქიკური სტაბილობის დაცვა, უჭირს ურთიერთობა უფროსებთან თუ თანატოლებთან. არადა, მასაც ისეთივე მოთხოვნილება აქვს თამაშის, გართობის, სწავლის, როგორც მის თანატოლებს. იგი ისევე შეიგრძნობს, განიცდის, სამყაროს, და შესაძლოა, უფრო გამახვილებულადაც, მაგრამ უჭირს შთაბეჭდილებების გამოხატვა. სწორედ ეს ქმნის პრობლემებს თანატოლებთან და უფროსებთან, სწორედ ამის გამოა იგი ჭირვეულიც და ხშირად გარიყულიც.

ამ პატარა კრებულით გვინდა წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ნიმუში ჩვენი „განსაკუთრებული” ბავშვების „განსაკუთრებული“ შემოქმედებითი ავტოპორტრეტებისა. ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი მოსწავლეების აზრებსა და განცდებს გავეცნოთ და მათი შესაძლებლობები და ინტერესები დავინახოთ.

რუსუდან ესებუა
სკოლის ფსოქოლოგი
ქ. თბილისის 198-ე სკოლა
ვებ.გვერდი www.specialeducation.ge
ელფოსტა - info@special education.ge

2 ნათია აბდუშელიშვილი

▲ზევით დაბრუნება


ნათია 14 წლის გოგონაა. იგი ვერ მეტყველებს. წერის დროსაც ხელს ვერ იმორჩილებს და სჭირდება დახმარება.

ნათიას თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა საკლასო ცხოვრებაში ჩართვა. იგი ინდივიდუალური ფსიქოპედაგოგიური მუშაობის პირობებში დაეუფლა თვალით კითხვის ტექნიკას. დღეს ნათია კითხულობს წიგნებს და თვითონაც წერს დღურებს, პატარა მოთხრობებსა და ზღაპრებს.

2.1 დღიურის ფურცლები

▲ზევით დაბრუნება


მე ნათია ვარ. ძალიან ცელქი მოუსვენარი გოგო. ძალიან მიყვარს ჭამა, რასაც მიშლიან. საერთოდ ყველაფერს მიშლიან. იძახიან „აფუჭებო“. არ ესმით, რომ მეც მინდა საქმე ვაკეთო.

როცა მიშლიან საქმის კეთებას, სწორედ მაშინ ვჩქარობ და ყველაფერს ვაფუჭებ. მე ვარ ცელქი და ზარმაცი გოგო. არ მიყვარს, რამეს რომ მაძალებენ. მიყვარს გორაობა, სეირნობა .... მოკლედ კარგიც ვარ და ცუდიც. 20 მარტს ჩემი დაბადების დღე იყო. დედამ ტორტი გამიკეთა. ჩემს დაბადების დღეზე მოვიდნენ სტუმრები, მომიტანეს საჩუქრები. ძალიან ვისიამოვნე. ბევრი ვითამაშე და რადგან მე ვიყავი იუბილარი არავინ არაფერს მიშლიდა.

რომ გავიზრდები დავამთავრებ სკოლას, ჩავაბარებ სადმე.

მერე ვიმუშავებ და ჩემს თავს მე თვითონ შევინახავ. ვიყიდი რასაც მინდა, შევჭამ რაც მიყვარს. დიდი ვიქნები და ვერავინ დამიშლის.

2.2 ანდაზები

▲ზევით დაბრუნება


ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო - ესე იგი შეიძლება გაყოფა მშვიდობიანად.

* * *

კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავს - თუ მართალი ხარ ვერავინ მოგერევა.

* * *

შეაყარე კედელს ცერცვი- რაც გინდა უთხარი, მაინც არ გისმენს.

* * *

მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო - ამისთვის სულ ერთი არის, რაც გინდა ის უთხარი.

* * *

კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო - საწადელს ვერ მიაღწია და იხტიბარი არ გაიტეხა.

* * *

ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს, არც სხვას აჭმევსო - ავია და არავინ არ უნდა. ურჩევნია გააფუჭოს ვიდრე სხვას მისცეს.

2.3 მაანათი (მოთხრობა)

▲ზევით დაბრუნება


მაანათი არის მგლის ლეკვი. იგი ახალი დაბადებული იყო, როცა მშობლები მოუკლეს.

მაანათი ერთმა მონადირემ იპოვა თავის ბუნაგში. მაანათს თვალები ახალი გახელილი ჰქონდა და ფეხზეც ძლივს იდგა.

მაანათი მონადირეს ისეთი საბრალო თვალებით უყურებდა, რომ მონადირეს შეეცოდა, სახლში წამოიყვანა და თავის პატარა გოგოს მისცა გასაზრდელად. სახელიც გოგონამ დაარქვა.

მაანათი ძაღლებიდან ყოვალთვის გამოირჩეოდა. იგი იყო დიდი, ღონიერი და მაღალი.

გავიდა დრო და მაანათს სულ ტყისკენ უწევდა გული. იგი ხომ მგლის შვილი იყო და ტყეში ერჩივნა ცხოვრება.

გოგონამ მაანათი ტყეში გაუშვა.

ამის მერე მაანათი ტყეში ცხოვრობს. მაანათს ჰყავს თავისი ოჯახი და ის ტყეში თავს ბედნიერად გრძნობს.

2.4 მითი სამყაროს წარმოშობაზე

▲ზევით დაბრუნება


ადრე იყო ერთი ხრიოკი ადგილი.

ღმერთმა შექმნა ერთი ადამიანი და დაასახლა ამ ხრიოკზე.

ადამიანმა შექმნა ერთი ხე.

ხემ მისცა ნაყოფი.

ეს ნაყოფი ადამიანმა გაამრავლა, რის შედეგად მიიღო ლამაზი სამყარო: მწვანე მინდორი, ხეები, ყვავილები და ჩიტები.

2.5 „ღამურა“ - ადამიანებში (ნარკვევი)

▲ზევით დაბრუნება


წავიკითხე აკაკი წერეთლის იგავი „ღამურა“ და მივხვდი, რომ ადამიანი შეიძლება იყოს მაგალითად ასეთი:

იყო ერთი ღარიბი გოგო. მან გადაწყვიტა მდიდარი გოგოს თამაში. იყიდა ძვირფასი ტანსაცმელი, ოჯახი კი მშიერი დატოვა.

მაგრამ მდიდარმა ხალხმა ის იუკადრისა - „ისე ვერ იქცევა, როგორც ჩვენ შეგფერისო“ და დაცინვა დაუწყეს.

გოგონას სახლშიც აღარ მიესვლებოდა. ამოირჩია ერთი ნანგრევი ქოხი და იმ ქოხში ცხოვრობდა შერცხვენილი.

3 მაკა ბაბუნაშვილი

▲ზევით დაბრუნება


მაკას უჭირს ჯგუფურ მეცადინეობაში ჩართვა, ის დამკვირვებლის როლში ყოფნას ამჯობინებს. უყვარს მის გარშემო მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, გარშემომყოფთა ქცევის ანალიზი, მისთვის განსაკუთრებულად საინტერესო მომენტების იმიტირება. მაკა მეტად აქტიური და მიზანმიმართულია. ის ადვილად დაეუფლა კითხვას. უყვარს კითხვა და წერა. წერითი კითხვა-პასუხების დროს მაკა ხშირად ლოგიკასა და ცოდნას ავლენს. წერითი დიალოგების საფუძველზე ცხადი გახდა, თუ როგორ ეუფლება ის ინფორმაციას, მაგრამ მეტყველების პრობლემების გამო უჭირს საუბარი და განსჯა. მიკრომოტორიკის პრობლემები მაკას უქმნის სირთულეებს წერის პროცესში (წერის დროს მას დახმარება და ხელის დაფიქსირება სჭირდება). მიუხედავად იმისა, რომ იმპულსური და ხშირად ჭირვეული გოგონაა, მას ძალიან უყვარს წერითი საუბარი და ყოველთვის დიდი ინტერესით არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

3.1 საუბრები

▲ზევით დაბრუნება


თემა: ტყის ბინადარი ზამთარში.

ქართულ ხალხურ ზღაპრებში ხარ-ირემს ხშირად ქორბუდა ჰქვია.

მე ვფიქრობ, რომ ხარ-ირემი ქორივით ღონიერია და ამიტომ ეძახიან ქორბუდას. ხარ-ირემს დიდი რქები აქვს და იქ ქორიც კი დაიბუდებს.

კურდღელი ზამთარში მტრისაგან იცავს თავს, ბეწვს იცვლის. უფრო ხშირი ბეწვით იმოსება. იმიტომ, რომ თოვლიც თეთრია და კურდღელი თოვლში არ გამოჩნდება. ზაფხულში კურდელიც და მიწაც რუხია, ასე იცავს თავს კურდღელი მტრისაგან. ამ თვისებას მიმიკრია ჰქვია.

თემა: ხმა და მოძრაობა.

ჰაერის საშუალებით მოდის ბგერა ჩვენამდე. მოძრაობა აჩენს ხმას.

შეიძლება ისეთი ადგილის პოვნა, სადაც არანაირი ხმა არ ისმის, ესეთი ადგილი ბგერაგაუმტარი კამერაა. მე ასეთი კამერა საავადმოფოში ვნახე.

0x01 graphic

თემა: ელვა და ჭექა-ქუხილი.

ჯერ ელვას ვხედავთ, შემდეგ ქუხილი გვესმის. ელვა სინათლეა და ის ხმაზე ადრე მოდის. სინათლე ხმაზე უფრო ჩქარია. მეხის დაცემა იგივეა, რაც ელექტროდენის დარტყმა.

თემა: როგორ ჩნდება ცისარტყელა.

ცისარტყელა დღისით, თავსხმა წვიმისა და ჭექა-ქუხილის შემდეგ ჩნდება. შეიძლება ღამეც არის, მეგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ. ცისარტყელა არის თითო-თითო ფერის ნახევარწრე. შვიდი ფერია და ეს ფერები მუდმივად ერთი თანმიმდევრობითაა განლაგებული. ზოგჯერ შადრევანის წყლის წვეთებში მზის სხივის გავლის და ამ შემთხვევაშიც გამოჩნდება ცისარტყელა. ცისარტყელას მიღების პირველი ცდა 300 წლის წინ ისააკ ნიუტონმა ჩაატარა. ნიუტონმა თეთრი სინათლის სხივი გაატარა მინის პრიზმაში და თეთრ ეკრანზე მიიღო ცისარტყელას ფერები. ეს ფერადი ფერები იყო თეთრ ფერში. ამ ფერების დანახვა შეუძლებელია ჩვეულებრივ პირობებში.

თემა: ფრინველები გაზაფხულზე.

გუგულის შესახებ ვიცი, რომ ის კვერცხებს სხვა ფრინველების ბუდეში დებს, იმიტომ, რომ თვითონ ეზარება ბუდის გაკეთება. კიდევ ეზარება ბარტყების გამოჩეკა და მათი გამოკვება. გამოდის, რომ მუქთახორაა.

3.2 საუბრები თავისუფალ თემებზე

▲ზევით დაბრუნება


მე მიყვარს ვიდეოს ყურება. მოვკალათდები ლოგინში თბილად და ვუყურებ ჩვენ კასეტებს. ამ ქვეყანაზე ყველაზე საოცარი არის ... არ ვიცი რა, მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ხატვა და გაკვეთილებზე ყოფნა.

ქართულად კითხვა მიყვარს, „ფიფქია“ მომეწონა. მომწონს ის, რომ ზღაპარი კეთილია და ძალიან ლამაზად არის გაფორმებული. ეს ზღაპარი ჩემი ყველაზე საყვარელი ზღაპარია. მე მიყვარს კითხვა ჩუმად.

0x01 graphic

4 გიგა ბაკურაძე

▲ზევით დაბრუნება


გიგას შეზღუდული აქვს მეტყველების უნარი, ასევე შეზღუდული აქვს მოტორიკის, სოციალური კომუნიკაციის შესაძლებლობები, მაგრამ იგი ფლობს სამყაროს აღქმის საოცრად ფაქიზ, გამახვილებულ უნარს.

გიგა 13 წლისაა. იგი დაეუფლა რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე თვალით კითხვის სრულყოფილ ტექნიკას, ჩამოუყალიბდა შინაგანი მეტყველების დახვეწილი სტილი. ის ორთოგრაფიულად გამართულად წერს რუსულად და ქართულად. მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქ. თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მათემატიკურ კონკურსებში და და მე-2-ე ხარისხის დიპლომიც დაიმსახურა.

4.1 * * *

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გვირილა

შორიდან ვხედავ თეთრ მინდორს
მგონია თოვლი მოვიდა,
თურმე გვირილა აყვავდა,
თეთრი ყვავილი პატარა.
მინდა ვირბინო ამ თოვლში
თავი ზამთარში მგონია,
ჩემო გვირილავ, ლამაზო,
თეთრო, თოვლივით ქათქათა!

ქარიშხალი

მივქრივარ, მივქრივარ, მივქრივარ!
ქარიშხალს ჩემს გულში ვატარებ
ფიქრებში სიცოცხლეს მივყვები,
დავსტირი ამ ჩემს ბედს, ამ ტკივილს!
რა მელის? რა მელის? რა მელის?
ცრემლიან თვალებით ვღრიალებ,
ჩავდივარ ათასგვარ სიგიჟეს.
მივქრივარ, მივქრივარ, მივქრივარ,
ქარიშხალს ჩემს გულში ვატარებ.

დღეები მირბიან

(ხალხური ლექსის „მუმლი მუხასაო“-ს მოტივებზე)

დღეები მირბიან,
უცბად ქრებიან,
ჩვენ ვართ უძლურნი
დრო შევაჩეროთ.
დღეები მირბიან,
უცბად ქრებიან,
გვინდა, არ გვინდა ვართ გამვლელნი ამ ქვეყანაზე.
დღეები მირბიან,
დრო არ ჩრდება,
სწრაფად გაქრება ჩვენი სიცოცხლეც.
მინდა ვიცხოვრო,
მინდა ვიშრომო,
დრო არ დავკარგო,
ვერ დავიბრუნებ.

დედას

ჩემო დედავ, საყვარელი!
ლექსი მინდა დაგიწერო,
სიყვარული რომ ავღწერო,
ჩემი სითბო რომ გაგრძნობინო!
ზოგჯერ ბრაზობ, მეჩხუბები,
მოთმინება შენც გელევა,
მაგრამ მაინც იღიმები
და განვაგრძობთ წინსვლას ნელა.
მინდა იყო ბედნიერი!
მინდა ნატვრა აგისრულდეს!
მინდა ვიყო კარგი შვილი!
ჩემით ყველა ამაყობდეს.

ომონიმები

ცაში მიფრინავდა წერო,
თვითონ როდის უნდა წერო?
წერომ დაინახა ველი,
თქვენგან თანადგომას ველი.

ლოცვა

(ი. ჭავჭავაძის ლექსის „ ლოცვა“-ს მიხედვით)

მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა,
შეისმინე ჩემი ლოცვა წმინდა.
არ გთხოვ სიმდიდრეს,
არც დიდება არ მინდა შენგან.
შეგთხოვ, მხოლოდ ნუ მიმატოვებ,
და მომეც ძალა
შევებრძოლო სენსა ჩემსა,
რომ გავხდე ღირსეული შვილი შენი
და ვემსახურო გამწარებულ სამშობლოს ჩემსას!

4.2 წრუწუნას ნაამბობი

▲ზევით დაბრუნება


ვარ პატარა, ერთი ციცქნა წრუწუნა. ტანზე მაცვია ნაცრისფერი სამოსი. მაქვს გრძელი კუდი და პატარა თათები. ვარ ძალიან დაუცველი და მშიშარა. მყავს ერთი დაუძინებელი მტერი - კატა. მისი შიშით ვერსად ვერ გამოვდივარ და ვზივარ ჩემს სოროში. მაგრამ ხომ უნდა ვჭამო რამე? შიმშილი შიშზე ძლიერია და მეც გამოვძვრები ხოლმე ჩემი სოროდან საჭმლის საშოვნელად. ერთ ღამეს გამოვედი სოროდან და ტახტზე დავინახე მძინარე კატა. მაგრამ ძალიან მშიერი ვიყავი და შიში დავძლიე. მაგიდაზე ავძვერი და პურის ნაჭერი დავინახე. მივვარდი პურის ნაჭერთან და სწრაფად დავიწყე მისი ღრღნა. უჰ, რა გემრიელი იყო! ისე ვიყავი გართული ამ სიამოვნებით, რომ ვერ შევამჩნიე, როგორ მომეპარა უკნიდან კატა. ის ხმაურმა გააღვიძა და მაგიდაზე ამოხტა ჩემს დასაჭერად. რა დღეში ჩავვარდი! რა მექნა? სად გავქცეულიყავი? ცუდად იყო ჩემი საქმე!

ამ დროს საიდანღაც მოისმა ძაღლის ყეფა. კატას შეეშინდა და ყურადღება მომაკლო. მეც ამით ვისარგებლე და ელვისებური სიჩქარით მოვუსვი ჩემს სოროში. კატამ ვერ მოასწრო ჩემი დაჭერა. ასე გადავურჩი ჩემს მტერს.რა კარგია, რომ ჩემს ბედზე კატასაც ჰყავს ამ ქვეყნად მტერი!

4.3 ჩანთის ნაამბობი

▲ზევით დაბრუნება


მე ვარ ჩანთა, ჩვეულებრივი ჩანთა კი არა, ლურჯი ფერის ლამაზი, სასკოლო ზურგჩანთა ვარ. ვემსახურები ბიჭუნას, რომელსაც გიგა ჰქვია. მაქვს ორი განყოფილება, რომელშიც ჩემი პატრონი წიგნებს და რვეულებს ალაგებს. - უჰ, რა მძიმე ვხდები გიგა წიგნებით რომ ამავსებს! გიგას მე ძალიან ვუყვარვარ და მოსწონს ჩემი სკოლაში ტარება. მეც ძალიან მომწონს წიგნებით დამძიმებულს ზურგზე რომ ამიკიდებს და სკოლაში მივიჩქარით. სკოლაში ველოდები გიგას და გაკვეთილები რომ დაუმთავრდება სახლში მივდივართ. ძალიან მიყვარს გიგასთან ერთად თბილისის ქუჩებში სეირნობა და გზად ბაღში დასვენება. ვათვალიერებ თბილისის ქუჩებს და ვტკბები მათი სილამაზით. უკვე სამი წელია ასე ვემსახურები ჩემს პატარა ბიჭს. ამასობაში ის გაიზარდა, მაღალი და ლამაზი ბიჭი გახდა. ერთხელ ასეთი რამ მოვისმინე: უი, გიგა, როგორ გაზრდილხარ, ეს ჩანთა უკვე დაგიპატარავდა. უთხარი დედიკოს, რომ ახალი, უფრო დიდი ჩანთა გიყიდოს. მივხვდი, რომ ჩემზეა საუბარი და გული მომიკვდა! მივხვდი,რომ ჩემს საყვარელ გიგას დედიკო მალე ახალ ჩანთას უყიდის და მე აღარ დავჭირდები. რა ბედი მელის ამის შემდეგ? უსარგებლო ნივთად გადავიქცევი და ჩემს ბიჭუნასგან დავიწყებული დავასრულებ სიცოცხლეს. ახლა კი სულ ცოტა ხანს კიდევ მოვემსახურები ჩემს გიგას და დავტკბები მასთან ყოფნით.

0x01 graphic

5 ბექა ბანძელაძე

▲ზევით დაბრუნება


ბექა ბანძელაძე 8 წლისაა. მას აუტისტური სპექტრის დარღვევები, კომუნიკაციის მოტივაციის დაბალი დონე, ქცევის პრობლემები აღენიშნებოდა. ის არ მეტყველებს. სასწავლო პროცესში ჩართვის შემდეგ ის დაუფლა თვალით კითხვის ტექნიკას, ჩამოუყალიბდა სემანტიკურად და გრამატიკულად გამართული შინაგანი მეტყველება.

5.1 ეს მე ვარ!

▲ზევით დაბრუნება


მე ბექა ვარ. მაქვს დიდი წაბლისფერი თვალები, წაბლისფერი თმა. სახე ლამაზი მაქვს. ვარ მაღალი. ვარ 8 წლის. მომთმენი ვარ, ზოგჯერ გულისტკენას ვითმენ ხოლმე.

მინდა ექიმი გამოვიდე. მიყვარს თამაში და მეცადინეობა. მე მინდა მქონდეს დიდი და ლამაზი სახლი. უნდა შოუმენი მოვიყვანო და ბავშვები მოვიწვიო. მივმართავ თოვლის ბაბუას - გპირდები, რომ მთელი წელი კარგი ბიჭი ვიქნები, კარგად ვისწავლი და კარგად შევჭამ. არავის არ გავაბრაზებ. შენ ახალ წელს მოდი ჩემთან, მომიტანე ველოსიპედი და კურდღელი.

5.2 რუსიკო მასწავლებელი

▲ზევით დაბრუნება


რუსიკო მასწავლებელი მიყვარს. შინ ბევრ დავალებას მაძლევს. მე მომწონს მეცადინეობა. რუსიკო მასწავლებელი მეფერება და ვუყვარვარ. მეც მიყვარს რუსიკო მასწავლებელი.

5.3 წერილი ფიქრია ბებიას

▲ზევით დაბრუნება


გამარჯობა ფიქრია ბებო! როგორ ხარ? მე შემოდგომას ჩამოვალ. ვიწონი 42 კილოს. მე ჯანმრთელი ვარ. მე კარგი ბიჭი ვარ. არ ვზარმაცობ. კარგად ვსწავლობ. თონის პური მიყვარს და ჩურჩხელები.

5.4 ომი იყო საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


მოგვიტანეს უბედურება.
ბომბები გვესროლეს. დიდი ბომბები დაგვიშინეს.
შემეშინდა.
დედა სამსახურში მიდიოდა.
შემეშინდა! შემეშინდა!

5.5 წერილი ჩემს მეგობარ ისმაილს

▲ზევით დაბრუნება


გამარჯობა ისმაილ. მე საქართველოში ვცხოვრობ. საქართველო მუდამ ლამაზია. აქ გაზაფხულიც არის, შემოდგომაც, ზამთარიც და ზაფხულიც. აქ მთები და მინდვრებია. ზღვაც არის და მდინარეებიც, ბევრი მცენარე ხარობს. უნდა გიყიდო გომური. გამოიცვალე ქვეყანა, მოდი ჩვენთან.