![]() |
„თეთრი გიორგი“-ს იდეოლოგიურ-ორგანიზაციულ საწყისებთან.(დოკუმენტები და მასალები პირადი არქივებიდან) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: მამულია გიორგი, სეფიაშვილი ნიკოლოზ |
| თემატური კატალოგი ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები |
| თარიღი: 2024 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: თბილისი, 2024თბილისი, 2024; UDC 061.233(=353.1) მ – 254 © გიორგი მამულია, ნიკოლოზ სეფიაშვილი, 2024 © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 2024 ISBN 978-9941-9929-7-1 |
![]() |
1 *** |
▲ზევით დაბრუნება |
„რუსეთში დღითი-დღე ძლიერდება ეროვნული ძალა და იქნებიან იქ ბოლშევიკები თუ სხვა ვინმე, ეს ძალა ჩვენ მოგვსპობს, თუ მთელი ჩვენი ენერგია იმას არ მოვანდომეთ, შევინარჩუნოთ ეროვნული სახე. ვეცადოთ ახალგაზრდობაში გავაძლიეროთ და გავაღრღმავოთ სიყვარული და ერთგულება სამშობლოსადმი, ენისადმი, მიწა-წყლისადმი. უნდა აღვზარდოთ მომავალი მებრძოლნი საქართველოს თავისუფლებისა, მისი დამოუკიდებლობისა. ეს მებრძოლი სული მათში უნდა იყოს შეგნებული, გარკვეული, გამოანგარიშებული. ეხლანდელ დროში გრძნობის პატრიოტობა არ კმარა, გრძნობა და ცოდნა ე.ი. გული და თავი ერთად უნდა იყვნენ განვითარებულნი, მომზადებულნი“.
გიორგი მაჩაბელი, 1924 წლის 24 ივლისი, ნიუ-იორკი.
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
1921-1924 წლები შეადგენდა განსაკუთრებით საინტერესო პერიოდს ქართული ემიგრაციის ისტორიაში. ამ დროს, როგორც დასავლურ სახელმწიფოთა მთავრობის წარმომადგენლებს, ისე ქართველ ემიგრანტებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ილუზიები ბოლშევიკური რუსეთის მომავალი სწრაფი კრახის შესახებ. გასაგებ მიზეზთა გამო, ევროპის პოლიტიკური მოღვაწეები, ისევე როგორც 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებულ სახელმწიფოთა წარმომადგენლები, ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ ვერც ბოლშევიზმის უპრეცენდენტოდ სასტიკი რეჟიმის ბუნებას, ვერც თავად ბოლშევიკთა სურვილს შეინარჩუნონ ხელისუფლება ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებათა შედეგად, მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გაწირვის ხარჯზე. თუმცა, თანდათან, ემიგრანტთა იმედებს თან ერთვოდა სულ უფრო და უფრო მზარდი გულგაცრუების გრძნობა, ბოლშევიკური რუსეთის მიმართ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაუძლურებული ევროპის სახელმწიფოთა სუსტი და ხშირად უპრინციპო-შემრიგებლური პოზიციის გამო.
სწორედ ამ საერთაშორისო კონტექსტში ვითარდებოდა ქართული ემიგრაციის მემარჯვენე ბანაკის სამი უთვალსაჩინოესი წარმომადგენლის: - გიორგი მაჩაბლის, გიორგი კერესელიძის და მიხეილ (მიხაკო) წერეთლის 1923-1924 წლების მიმოწერა. სამივემ დიდი როლი შეასრულა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაში. 1914-1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, სწორედ ეს სამი პირი, რამდენიმე სხვა მათ თანამოაზრესთან ერთად, სათავეში ედგა გერმანიის და ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე მოქმედ საქართველოს განთავისუფლების კომიტეტს, რომელმაც არა მხოლოდ გააცნო გერმანიის მმართველ წრეებს საქართველოს საკითხი, არამედ პრაქტიკულადაც მოამზადა ნიადაგი გერმანიის სამხედრო-პოლიტიკური დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის1. პირველ მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების მიუხედავად, 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის დროს, სამივე, ასე თუ ისე თანამშრომლობდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებასთან. კერძოდ, 1919-1923 წლებში გიორგი მაჩაბელს ეკავა იტალიაში საქართველოს სრულუფლებიანი მინისტრის და საგანგებო დესპანის თანამდებობა, 1918-1923 წლებში გიორგი კერესელიძე, პოლკოვნიკის ჩინით, ასრულებდა გერმანიაში საქართველოს სამხედრო ატაშეს ფუნქციებს, ხოლო მიხეილ წერეთელი, საქართველოს ბოლშევიკურ ოკუპაციამდე, ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას ახლად დაარსებულ ტფილისის უნივერსიტეტში.
1923 წლის ზაფხულამდე სამივე, მეტ-ნაკლებად, ინარჩუნებდა იმედს ევროპის სახელმწიფოთა დახმარებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე. 1922 წლის 11 ოქტომბერს ქემალისტურმა თურქეთმა და ანტანტის ქვეყნებმა ხელი მოაწერეს მუდანიის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, რამაც, ფაქტობრივად, დაასრულა ბერძნულ-თურქული 1919-1922 წლების ომი. იმავე თვეში, ლოზანაში (შვეიცარია) მუშაობას შეუდგა სამშვიდობო კონფერენცია, რომელზეც საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო ახლო აღმოსავლეთის საკითხი: - კერძოდ, განსაზღვრულიყო როგორც ბოსფორ-დარდანელის სრუტეების, ისე, გარკვეულ წილად, შავი ზღვის სახელმწიფოთა (მათ შორის უკრაინის და საქართველოს) საერთაშორისო სტატუსი. რა თქმა უნდა სრუტეებზე საერთაშორისო კონტროლი, რაც მათი გავლით გემთა მიმოსვლის თავისუფლებას უზრუნველყოფდა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთ უმთავრეს გეოპოლიტიკურ წინაპირობას შეადგენდა, რადგან სწორედ სრუტეებით ხორციელდებოდა ქვეყნის ისტორიული კავშირები ევროპასთან. ამავე დროს, საფრანგეთში დევნილობაში მყოფი საქართველოს მთავრობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, აღიარებენ თუ არა მომავალ კონფერენციაზე საბჭოთა რუსეთის დელეგაციაში შეყვანილ ქართველ ბოლშევიკებს საქართველოს ლეგიტიმურ და ოფიციალურ წარმომადგენლებად, რის შემთხვევაშიც, ანტანტას ქვეყნები, ფაქტიურად, უარს იტყოდნენ 1921 წლის 27 იანვრის საქართველოს დე-იურედ ცნობაზე. და ბოლოს, ქართული საქმისთვის არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა პირდაპირი კონტაქტების დამყარებას თავად თურქ ქემალისტებთან. ვინაიდან იმ დროს უკვე ცხადი იყო, რომ სტამბოლი არ შეიძლება არ გადასულიყო მათი კონტროლის ქვეშ, აუცილებელი იყო ქემალისტ ლიდერთა თანხმობის მიღება მათ ტერიტორიაზე ქართული ანტიბოლშევიკური ორგანიზაციების შენარჩუნების შესახებ, ბოლშევიკთა მიერ ოკუპირებულ საქართველოსთან საიდუმლო კავშირების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ უკანასკნელი მიზნის მისაღწევად, 1923 წლის აპრილში, როდესაც დასავლელ მოკავშირეთა და თურქებს შორის უთანხმოების შედეგად შეწყვეტილი კონფერენცია კვლავ უნდა განახლებულიყო და გადამწყვეტ სტადიაში შესულიყო, ა. ჩხენკელმა, საქართველოს სრულუფლებიანმა მინისტრმა და საგანგებო დესპანმა საფრანგეთში, გიორგი მაჩაბელს შემდეგი წინადადება მისცა. გამგზავრებულიყო სტამბოლში და პირადი მოლაპარაკებით დაეყოლიებინა თურქები, რათა უკანასკნელთ მხარი დაეჭირათ დევნილობაში საქართველოს მთავრობისთვის და მომავალშიც დაეშვათ მის წარმომადგენელთა მოქმედება თურქეთის ტერიტორიაზე. მით უმეტეს, რომ მაჩაბელი პირადად კარგად იცნობდა ისმეთ-ფაშა ინენიუს, ქემალისტთა საგარეო საქმეთა მინისტრს და თურქული დელეგაციის თავმჯდომარეს ლოზანას კონფერენციაზე, რომელმაც ჯერ კიდევ 1915 წლის ზაფხულს მოაწერა ხელი შეთანხმების ტექსტს ოსმალური არმიის გენერალურ შტაბსა და საქართველოს განთავისუფლების კომიტეტს შორის2. პარალელურად, მაჩაბელი შეეცადა შეექმნა ემიგრაციაში ახალი ორგანიზაცია, „საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლთა კომიტეტი“3, რომლის სრული სტატუტის ტექსტი პირველად ქვეყნდება წინამდებარე კრებულში4. როგორც მაჩაბლის მიმოწერიდან ჩანს, მისი საბოლოო მიზანი იყო ხსენებული ორგანიზაციის მეშვეობით, რომელშიც წამყვან როლს ქართველი ეროვნულ-დემოკრატები ითამაშებდნენ (ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროიდან საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ძირითადი დასაყრდენი ძალა საქართველოში), დაეყოლიებინა
დევნილობაში მყოფი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა ემიგრაციაში საკუთარი სტრუქტურების მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია მოეხდინა. ამას, თავის მხრივ, წერტილი უნდა დაესვა დევნილ მთავრობაში სოციალ-დემოკრატთა უპირობო დომინაციას, რომელთაც, საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ყოფილი წევრები, არც თუ ისე უსაფუძვლოდ აბრალებდნენ შეცდომებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს 1921 წლის ტრაგიკულ მოვლენებში. როგორც ირკვევა კრებულში გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან, საბოლოოდ ეს გეგმა ვერ განხორციელდა5 შემდეგ მიზეზთა გამო: - ლოზანას სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელმაც დაადგინა სრუტეებზე საერთაშორისო კონტროლი, ხოლო სტამბოლი თურქეთს დაუბრუნა, საქართველომ, გარკვეულწილად, შეძლო საკუთარი საერთაშორისო სტატუსის შენარჩუნება, რადგან ბოლშევიკური რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელს საშუალება მიეცა ხელი მოეწერა ლოზანას ხელშეკრულებისთვის როგორც მხოლოდ რუსეთის, და არა სსრკ-ში შემავალი უკრაინის და საქართველოს წარმომადგენელს. ამრიგად, ხელშეკრულებამ არა მხოლოდ არ ცნო ეს ორი ქვეყანა სსრკ-ს ნაწილად, არამედ დაუზღვია მათ ცალკე ადგილი სრუტეების საერთაშორისო კომისიის შემადგენლობაში. ამ და სხვა მიზეზთა გამო, კრემლმა, საბოლოოდ, თავად თქვა უარი ლოზანას ხელშეკრულების რატიფიკაციაზე6. ყოველივე ამან, გარკვეულწილად გაამყარა დევნილობაში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოზიციები, რომელსაც იმ დროს მხარს უჭერდა საფრანგეთიც. უკანასკნელი 1932 წლამდე განაგრძობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას, რის ნიშნად ინარჩუნებდა პარიზში საქართველოს დიპლომატიურ ლეგაციას. მეორეს მხრივ, წარუმატებელი აღმოჩნდა როგორც მაჩაბლის, ისე დევნილი მთავრობის სხვა წარმომადგენელთა მცდელობა დაეყოლიებინათ ქემალისტები, რათა მათ მხარი დაეჭირათ ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ანტიბოლშევიკური მოძრაობისათვის. თეზამ ინგლისურ-თურქული ანტიბოლშევიკური ალიანსის შესახებ, რომელიც წითელ ხაზად გასდევს წინამდებარე კრებულში გამოქვეყნებული დოკუმენტების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ ვერ ჰპოვა პრაქტიკული განხორციელება იმ ეპოქის საერთაშორისო ურთიერთობათა კონტექსტში, ახლო აღმოსავლეთში არსებული ინგლისურ-თურქული წინააღმდეგობების გამო. შესაბამისად, საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ყოფილ წევრთა იმედიც, აღედგინათ ეს სტრუქტურა იმ განსხვავებით, რომ ახალ პირობებში გერმანიის როლს ინგლისის მთავრობა იკისრებდა, 1923 წლის ბოლოსთვის გაქარწყლულ იქნა. პირველი, ვინც ამაში დარწმუნდა, თავად გიორგი მაჩაბელი იყო, რომელმაც ამ დროისთვის უკვე შეწყვიტა თავისი მცდელობები „საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლთა კომიტეტის“ შესაქმნელად. 1924 წლის ივლისის ბოლოს მაჩაბელმა, ხოლო შემდეგ კი ყოფილი საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის სხვა წევრებმაც, საბოლოოდ არაპერსპექტიულად ცნეს ხსენებული სტრუქტურის აღდგენა და სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ იმ აზრს, რომ საქართველოს მომავალი განთავისუფლების საქმეში, მთავარი აქცენტი ემიგრანტულ ახალგაზრდობასთან მუშაობაზე უნდა გაეკეთებინათ.
შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტებს ისტორიული ინტერესი აქვთ იმ მხრივათაც, რომ სწორედ ამ მიმოწერის ფურცლებზე გამართული დისკუსიის შედეგად გამოკვეთილი პრინციპები, მოგვიანებით საფუძვლად დაედო საქართველოს ახალგაზრდა პატრიოტთა ორგანიზაციის „თეთრი გიორგის“ იდეოლოგიას, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ლეო და გიორგი კერესელიძეები და მიხაკო წერეთელი. თავად გიორგი მაჩაბელი, რომელიც თანამედროვეთა ცნობებით, ასევე ირიცხებოდა „თეთრი გიორგის“ რიგებში, და რომელიც ამ ორგანიზაციას უდავოდ განიხილავდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის უშუალო ემანაციად, სიცოცხლის ბოლომდე უწევდა ამ ორგანიზაციას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას. „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი წევრის თქმით, ამერიკაში საცხოვრებლად 1924 წლიდან გადასული მაჩაბელი ყოველთვიურად რიცხავდა ამ ორგანიზაციის ანგარიშზე 50 დოლარს, რაც ამ დროისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან თანხას წარმოადგენდა7.
წინამდებარე კრებულში გამოცემული მიმოწერის ზოგი დებულება, მიუხედავად იმისა, რომ ის ზუსტად 100 წლის წინ იყო დაწერილი, დღესაც სრულად ინარჩუნებს საკუთარ აქტუალობას. მაგალითად, 1924 წლის 24 ივლისის აშშ-დან გამოგზავნილ წერილში, გ. მაჩაბელი, ატყობინებდა რა გ. კერესელიძეს თავისი განზრახვის შესახებ ხელი მოეკიდა ბიზნესისთვის და ამით დახმარებოდა ეროვნულ პლატფორმაზე მდგომ ქართველ ემიგრანტებს, წინასწარმეტყველურად წერდა, რომ „რუსეთში დღითი-დღე ძლიერდება ეროვნული ძალა და იქნებიან იქ ბოლშევიკები თუ სხვა ვინმე, ეს ძალა ჩვენ მოგვსპობს, თუ მთელი ჩვენი ენერგია იმას არ მოვანდომეთ, შევინარჩუნოთ ეროვნული სახე. ვეცადოთ ახალგაზრდობაში გავაძლიეროთ და გავაღრღმავოთ სიყვარული და ერთგულება სამშობლოსადმი, ენისადმი, მიწა-წყლისადმი. უნდა აღვზარდოთ მომავალი მებრძოლნი საქართველოს თავისუფლებისა, მისი დამოუკიდებლობისა. ეს მებრძოლი სული მათში უნდა იყოს შეგნებული, გარკვეული, გამოანგარიშებული. ეხლანდელ დროში გრძნობის პატრიოტობა არ კმარა, გრძნობა და ცოდნა ე.ი. გული და თავი ერთად უნდა იყვნენ განვითარებულნი, მომზადებულნი. ყველა ამ ჩვენი მუშაობისათვის კი საჭიროა ფული, ქონება. ჩვენ კი ყველანი ღარიბნი ვართ, არავის არაფერი არა აბადია რა. ყველა ჩვენი გეგმები რჩებიან და დარჩებიან უბრალო ოცნებებათ, თუ არ დავიწყეთ ზრუნვა ჩვენის ეკონომიკურ გაუმჯობესებისათვის. უნდა ვიმუშავოთ ამ ნიადაგზედ, უნდა მოვკიდოთ ხელი ვაჭრობ-მრეწველობას და იმისთანა სახეირო საქმეებს, რომ ჩვენი თავიც შევინახოთ და საერთო საქმესაც მოვუაროთ“8.
_______________
1. დაწვრილებით ამის შესახებ იხ.: Bihl W. Die Kaukasus-Politik der Mittelmächte. Teil I: Ihre Basis in der Orientpolitik und ihre Aktionen 1914-1917. Wien-Köln-Graz, 1975. Teil II: Die Zeit der versuchten kaukasischen Staatlichkeit 1917-1918. Wien-Köln-Weimar 1991. Zürrer W. Zur Geschichte der Georgischen Legion im Ersten Weltkrieg. Militärgeschichte Mitteilungen, 1978, 23, S. 85-104. ბაქრაძე ლ. გერმანულ-ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს. ქართული ეროვნული კომიტეტის საქმიანობა 1914-1918 წწ. თბილისი, 2009. საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი (1914-1918). დოკუმენტები და მასალები. დოკუმენტები და მასალები შეადგინეს, გერმანულიდან და ფრანგულიდან თარგმნეს, სამეცნიერო კომენტარები და წინასიტყვაობა დაურთეს მამულიამ გ. და ასტამაძემ გ. თბილისი, 2019.
2. იხ. გიორგი მაჩაბლის წერილი სპირიდონ კედიას. რომი, 18.5.1923. წიგნში: სპირიდონ კედია. მასალები პირადი არქივიდან. შესავალი წერილი, შენიშვნები და კომენტარები დაურთო ჯანელიძემ ო. თბილისი, 2007, გვ. 29. იხ. აგრეთვე: საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი (1914-1918). დოკუმენტები და მასალები, გვ. 194-197.
3. როგორც წერდა 1923 წლის 18 მაისს გ. მაჩაბელი სპ. კედიას: „უნდა შევქმნათ ახალი კომიტეტი - საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლთა. ამ ორგანიზაციის მთელი გეგმა უკვე მაქვს შედგენილი, მიხამაც (მიხეილ წერეთელმა - გ. მ., ნ. ს.) მოიწონა“. იხ. სპირიდონ კედია. მასალები პირადი არქივიდან, გვ. 30. მოგვიანებით გ. კერესელიძე წერდა, რომ ამ კომიტეტის სტატუტი გ. მაჩაბლის და ლეო კერესელიძის მიერ იყო შედგენილი. იხ. წინამდებარე კრებულის დოკუმენტი № 5.
4. იხ. წინამდებარე კრებულის დოკუმენტი № 3.
5. 1923 წლის 6 ივლისს გ. მაჩაბელი წერდა ლ. კერესელიძეს, რომ მოახერხეს მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლთა კომიტეტის პრეზიდიუმის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გ. მაჩაბელი, სპ. კედია, ზ. ავალიშვილი, ი. დადიანი და გრ. ვეშაპელი. იხ. წინამდებარე კრებულის დოკუმენტი № 8.
1923 წლის ბოლოს გ. მაჩაბელმა ამ ახალი ორგანიზაციის შექმნაზე, შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური პირობების არარსებობის გამო, ხელი აიღო და მთელი საკუთარი ყურადღება აშშ-ში ბიზნესის შექმნაზე გადაიტანა.
6. დაწვრილებით ამის შესახებ იხ.: Мамулиа Г. Борьба за свободу и независимость Кавказа (1921-1945). Тбилиси-Париж, 2012, с. 90-97.
7. ბ. გ. გიორგაძის საქმე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, ფ. 6. ს. 4377. ფ. 111.
8. იხ. წინამდებარე კრებულის დოკუმენტი № 22.
![]() |
3 № 1 მიხეილ (მიხაკო) წერეთელი9 - ლეო კერესელიძეს10 25.IV.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
Berlin W. 50. Bambergerstr. 54.
ძვირფასო ძმაო ლეო!
აგერ მეოთხე წერილი მომდის შენი და პასუხს იმ წუთშივე გწერ, მაგრამ ისეთის სისწრაფით დადიხარ, რომ ვერც ერთმა წერილმა ვერ მოგისწრო. ბავენოში11 მყისვე გამოგიგზავნე წერილი, Poste-restante-თი12. ალბად არ წაგიკითხავს. მერმე კიდევ გამოგიგზავნე ბავენოში ერთი წერილი და შიგ იდვა კიდევ ერთი წერილი, თბილისიდან მოსული შენ გადმოსაცემად და ის მყისვე ჩავდევი შენთვის გამოსაგზავნ კონვერტში, როგორც კი მივიღე.
არ ვიცი ვისგან იყო და მეშინია არ დაიკარგოს. არა მგონია, რადგანაც Exp13. ეწერა და როცა უკანვე მომივა, გამოგიგზავნი. ამას გარდა ერთი პატარა ღია ბარათიც გამოგიგზავნე ბავენოში, ვერც მან მოგისწრო. იმ სტერლინგის ამბავსაც გწერდი, ფლორენციიდან რომ გამომიგზავნე. დიდის მადლობით მივიღე.
ლეო, გოგიამ14 მოგწერა წერილი საქმის შესახებ და ალბად ისიც აღელდა, მანაც ბავენოში გამოაგზავნა.
ახლა მეც გწერ ჩემს აზრს. შენ და გიორგის მე ყველაფერში გეთანხმებით პრინციპიალურად: 1) საჭიროა დაუყონებლივ მუშაობის დაწყება; 2) მთავრობასთან არაფერი კავშირი არ გვექნება, არც ვებრძვით მას ჯერ-ჯერობით, არც მომხრე ვართ მისი. ჩვენი საქმე განგრძობაა ჩვენი კომიტეტის საქმისა და ამასთანავე ახალი. 3) ორგანიზაცია უნდა იყოს მტკიცე და უფრო მჭიდრო, ვიდრე წინად იყო; იქ პარტიული მიზნით კაცი არ უნდა შევიდეს. მიზანი ერთია - საქართველოს განთავისუფლება. 4) მუშაობა უნდა სწარმოებდეს ინგლისში და ოსმალეთში. 5) სანამ დავიწყებდეთ ნამდვილ და სერიოზულ მოლაპარაკებას ინგლისისა და ოსმალეთის მთავრობებთან, საჭიროა პატარა თანხის შოვნა, რომ შევიკრიბოთ, მოვილაპარაკოთ, შევკრათ კომიტეტი და შევიმუშავოთ გეგმა მუშაობისა.
მაგრამ მე კიდევ ჩემი რამოდენიმე განსაკუთრებული აზრი უნდა გაგიზიაროთ: 1) საჭიროა აუცილებლად რომ კომიტეტი, საქართველოში სახელის მატარებელი და აშკარად საბრძოლველად გამოსული, იყოს ქართლ-კახელთაგან შემდგარი, თუ გვინდა რომ მას ნდობა და გავლენა ექნეს აღმოსავლეთ საქართველოში, რომლისგანაც არის დამოკიდებული ბედი მთელი საქართველოსი. ქართლ-კახეთში ასეთი შთაბეჭდილებაა დღეს (და მართალნიც არიან!), რომ „იმერლებმა“ დაღუპეს საქართველო ერთხელ კი არა, რამოდენიმეჯერ - ჯერ წინათ, როცა შეიქმნა სოციალ-დემოკრატები, მერმე მენშევიკებმა დამოუკიდებლობის დროს და მერმე კიდევ სულ უარესად ბოლშევიკებმა - ორახელაშვილმა15, მდივანმა16, ქავთარაძემ17, მახარაძემ18, ორჯონიკიძემ19 და სხ[ვა]! (სულ იმერლებია მართლაც!). ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ, ამ ფსიქოლოგიას, თუ გვინდა საქართველოში გვქონდეს გავლენა. არავინ აღარ გაყვება ახლა გურულს, იმერელს, ან მეგრელს, მორჩა და გათავდა! ერთი მაგალითი: რაც თუ გინდ არა ვემდუროდეთ, მაგალითად, ქარუმიძეს20, მას დიდი გავლენა აქვს მთელს აღმოსავლეთ საქართველოში, მუშაობის დროს მას ვერ ასცილდები, იგი ძალათ უნდა ჩაითრიო, ნებით თუ არ წამოგყვა, ხოლო არასოდეს არ იმუშავებს ის იქ, სადაც გურული ან მეგრელია სათავეში, ან თუ გინდ კომიტეტშიაც. ამიტომ უნდა მოვძებნოთ კაი გავლენიანი ქართლ-კახელები, აქ თუ ვერ ვნახეთ საკმაოდ, საქართველოდან გამოვიყვანოთ და ისე შევქნათ ფართო ორგანიზაცია ბრძოლისა. მაგრამ ამაზედ არავის არა უნდა ვუთხრათ რა, რომ ამით მეორე მხრით დასავლეთი საქართველო არ გადვიკიდოთ: ეს უნდა მოხდეს ჩვენ მიერ ფაქტიურად, რომ ვერავინაც ვერ გაიგოს, რომ განზრახ არის ასე საქმე მოწყობილი, ხოლო იმერლები ისე დავიხმაროთ, ვაკეთებიოთ ის, რისი გაკეთებაც შეუძლიათ და ვამუშავოთ ისინი, ვისაც ვენდობით. - მერწმუნე, ასე სჯობია, ჩემი დაკვირვებით ვიცი, რომ თუ საქმე ასე მოვაწყვეთ, გაცილებით უკეთ წავა იგი.
2) ჩემი თავმჯდომარეობა არ ვარგა a) რადგანაც სუსტი კაცი ვარ და ახლა რომ ორგანიზაციას შევქმნით იქ რკინის კაცი გვინდა. ამას გარდა ძლიერ დავსნეულდი ამ უკანასკნელად და ამ დიდი საქმის ხელმძღვანელობა არ შემიძლია. b) მეორე მხრით, თუმცა მე საქართველოში არა მთვლიან იმერლად, არამედ საზოგადოდ ქართველად, მაგრამ მაინც ვინმე „ჩოლოყაშვილის“, ან „ორბელიანის“ ან სხვა გვარის კაცის სახელი სჯობია ქართლელისა, ან კახელისა, ვიდრე „წერეთლისა“21, ან „ჟორდანიასი“22. ამას ბოლო უნდა მოეღოს, - ძველ ტრადიციას უნდა დავუბრუნდეთ, როგორც ჩვენს ისტორიაში სწერია - სააკაძისა (თუ პატიოსანი კაცი იყო!) ან სხვისი ვისამე მოქმედების შესახებ, ვინცა თბილისიდან გაქცეულა სამოქმედოდ უცხოეთში, და არა ქუთაისიდან! - მე კი, როცა შემიძილია, არაფრით არ დავიზოგავ თავს, რომ ჩემს უბედურ ქვეყანას ვემსახურო. 3) კრება თუ იქნება, მალე სჯობია, და აქ, და არა რომში, როგორც გიორგის23 უთქვამს, რადგანაც ჩვენი ჩამოსვლა რომში ნივთიერ ხელ-მოკლეობის გამო შეუძლებელია.
დღეს დამიკრა გოგიამ24 ტელეფონი და გადმომცა შენი სურვილი იზმეტე-ფაშასთან25 ლაპარაკისა. ძალიან კარგი საქმეა! ელაპარაკე და გამარკვიე, თუ რას ფიქრობენ „კავკასიის“ საკითხის შესახებ. ეს უკვე გამოარკვევს, თუ რას ფიქრობენ კერძოდ საქართველოზედ. მიიღებ უსათუოდ შთაბეჭდილებას, შეიძლება თუ არა მათთან მუშაობა, და თუ შეიძლება, როგორ. ფრთხილად კი იყავ, ძმაო, ხომ იცი რა ხალხია! შეიძლება ყოველი სიტყვა ბოლშევიკებს ჩაულაგოს და შენც ერთს სიტყვასაც ნუ ეტყვი ისეთს, რომ გვავნოს, ბოლშევიკებმა რომც გაიგონ მაინც.
აბა, კარგად იყავ, ძმაო, მალე პასუხი. მოკითხვა ქ[ალბატო]ნ მარტას26 და კოცნა პატარა გოგოს27 ჩემგან, ოთარისგან28 და ყველასაგან.
შენი მიხაკო წერეთელი
გ. მამულიას პირადი არქივი. პარიზი, საფრანგეთი
____________________
9. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
10. იგულისხმება კერესელიძე ლეო (1883-1943).
11. ბავენო (Baveno) - ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში, პიემონტის რეგიონში.
12. Poste-restante (ფრანგ.) - ფოსტა მოთხოვნამდე.
13. Exp[editeur] (ფრანგ.) - გამომგზავნელი.
14. იგულისხმება კერესელიძე გიორგი (1885-1960).
15. იგულისხმება ორახელაშვილი ივანე (მამია) (1881-1937).
16. იგულისხმება მდივანი პოლიკარპე (ბუდუ) (1877-1937).
17. იგულისხმება ქავთარაძე სერგო (1885-1971).
18. იგულისხმება მახარაძე ფილიპე (1868-1941).
19. იგულისხმება კერესელიძე გიორგი (1885-1960).
20. იგულისხმება ქარუმიძე შალვა (1887-1953).
21. იგულისხმება წერეთელი ირაკლი (1881-1959).
22. იგულისხმება ჟორდანია ნოე (1868-1953).
23. იგულისხმება მაჩაბელი გიორგი (1885-1935).
24. იგულისხმება კერესელიძე გიორგი (1885-1960).
25. იგულისხმება ისმეთ ფაშა ინენიუ მუსტაფა (1884-1973).
26. იგულისხმება ლეო კერესელიძის მეუღლე - მართა ლეკულტრი (1885-1975).
27. იგულისხმება ლეო კერესელიძის ქალიშვილი - მარიამ კერესელიძე (1921-2002).
28. იგულისხმება წერეთელი ოთარ (1902-1945).
![]() |
4 № 2 მიხეილ (მიხაკო) წერეთელი - ლეო კერესელიძეს. 25.IV.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
Bambergerstr. 54. Berlin W. 50.
ძვირფასო ძმაო ლეო!
ვისწრაფი გადმოგიგზავნო ეს წერილი, რომელიც მივიღე სწორედ ამ წუთში თბილისიდან და ზედ აწერია „ლეოს“. უსათუოდ შენია. ვინ იცის, რა წერია შიგა და ვისგან არი, და ამიტომ მყისვე გიგზავნი.
ჩემ წერილს ალბათ მიიღებდი Poste-Restante-ით მანდ. გწერდი სტერლინგის შესახებაც, რომელიც დიდი მადლობით მივიღე. აგრეთვე მივიღე შენი ღია ბარათი. ველი შენს დიდ წერილს, სადაც მაცნობებ რამეს შენს პლანებზედ.
მოკითხვა დიდი პატივისცემით ქ[ალბატო]ნ მართას29 და კოცნა მარიამს30. აქედანაც ყველა გითვლისთ მოკითხვას, ოთარ31 და სხვანი.
შენი მიხაკო წერეთელი
გ. მამულიას პირადი არქივი. პარიზი, საფრანგეთი
_________________
29. იგულისხმება ლეო კერესელიძის მეუღლე - მართა ლეკულტრი (1885-1975).
30. იგულისხმება ლეო კერესელიძის ქალიშვილი - მარიამ კერესელიძე (1921-2002).
31. იგულისხმება წერეთელი ოთარ (1902-1945).
![]() |
5 № 3 გიორგი მაჩაბლის და ლეო კერესელიძის მიერ შემუშავებული „პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლთა კავშირის სტატუსისა“. [1923 წლის მაისის პირველი ნახევარი] |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის ორგანიზაცია
მუხლი 1. ყველა ქართველს შეუძლიან გახდეს წევრი კავშირისა, რომლის პოლიტიკურ მიზანს შეადგენს საქართველოს დამოუკიდებლობა და მზათაა ემსახუროს ამ იდეას.
შენიშვნა: კავშირის წევრს არა აქვს უფლება ეკუთვნოდეს რომელიმე პარტიას ან სხვა რაიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას.
მუხლი 2. კავშირი შეჰქმნის ადგილობრივ ორგანიზაციებს ევროპის ყველა სახელმწიფოებრივ ცენტრებში, როგორც ლონდონში, პარიზში, ბერლინში, ვარშავაში, რომში, სტამბოლში და იმ სახელმწიფოებებში, სადაც მოიპოვება საკმარისი რიცხვი ქართველთა.
შენიშვნა: ამა თუ იმ სახელმწიფოს პროვინციის ქალაქებში მცხოვრებ კავშირის წევრნი ემორჩილებიან შესაფერ დედა-ქალაქის ორგანიზაციას.
მუხლი 3. ყოველი ორგანიზაცია თავის წევრთა რიცხვ და გვარად ირჩევს ადგილობრივ კომიტეტს, რომელიც განაგებს თავიანთ სახელმწიფოში მყოფ ორგანიზაციების საქმეებს.
მუხლი 4. მთელს ორგანიზაციის სათავეში სდგას უმაღლესი აღმასრულებელი საბჭო. ამ საბჭოს წევრებს შეადგენენ ყოველი ადგილობრივ კომიტეტიდგან არჩეული პირები, რომელიც შეიკრიფებიან ამა თუ იმ დედაქალაქში საჭიროებისდაგვარად.
მუხლი 5. მუდმივი წარმოება საქმეებისა მინდობილი ექნება უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც შესდგება 5 კაცისაგან.
მუხლი 6. კავშირის წევრები განიყოფებიან ორ კატეგორიათ: მებრძოლთა და თანამშრომელთა და ამისდაგვარად სდებენ ფიცს კავშირში შესვლისას, რომ ესენი ერთგულად ემორჩილებიან სამშობლოს საქმეს.
შენიშვნა: მებრძოლნი წევრნი ბრმად ემორჩილებიან საბჭოს გადაწყვეტილებებს და ბრძანებებს. თანამშრომელნი ემსახურებიან საერთო საქმეს მათ[ი] ნიჭის, შეძლების და გამოცდილების დაგვარათ.
მუხლი 7. უმაღლესი საბჭო აღჭურვილია განუსაზღვრელი დისციპლინალური უფლებით კავშირის წევრთა მიმართ.
მუხლი 8. ადგილობრივ კომიტეტის დისციპლინალური უფლება განისაზღვრება წევრებისადმი შენიშვნით, ჯარიმით და კავშირიდგან გარიცხვით ამა თუ იმ დანაშაულობისათვის.
მუხლი 9. ყოველივე დასჯილ წევრს აქვს უფლება მიჰმართოს უმაღლეს საბჭოს მისი სასჯელის განსახილველად და საბოლოო გადასაწყვეტათ.
მუხლი 10. უმაღლეს საბჭოს ევალება დამუშავება პოლიტიკურ პროგრამისა კავშირისა და მისი შესრულებისა.
ნ. სეფიაშვილის პირადი არქივი. თბილისი, საქართველო
![]() |
6 № 4 გიორგი მაჩაბელი - გიორგი კერესელიძეს. 5.VI.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ლოზანა
ძმაო გოგია,
პირდაპირ გაკვირვებული ვარ, რომ ჩემი წერილი 25 მაისიდან მიღებული არ გქონდა 29-ში, როდესაც მწერდი. მივიღე ეს შენი წერილი და აგრეთვე მიხაკოც, მე და ლეო ეს 5 დღეა ერთად ვართ. დღეს წავიდა ის სახლში და მე ამაღამ ვბრუნდები პარიზში. თურქებთან არაფერი არ გამოვიდა. არ უნდათ დღეს ჩვენთან ლაპარაკი. მოიცალეთ რამდენიმე თვეო, ჯერ ადრეაო. რას იზამ, ყველასთან ისეთი სუსტი დამოკიდებულება აქვს ჩვენს მთავრობას, რომ არავის არ სურს მასთან ლაპარაკი. ჩვენ ახლა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის დაგვრჩენია, მოვაწყოთ ჩვენი შინაური მაგარი ორგანიზაცია. ყველა დიდ ცენტრებში ევროპისა უნდა გვქონდეს ადგილობრივი ორგანიზაციები თავიანთი ადგილობრივი კომიტეტებით. სათავეში იქნება უმაღლესი საბჭო კავშირისა. მე და ლეომ შევიმუშავეთ [და] მივიღეთ ამ ორგანიზაციის პროექტი. ერთ ასლს თქვენ გიგზავნი, რომ გადიკითხოთ, თქვენი აზრი გამოთქვათ და მერე მანდ რომ ჩამოვალ, შევასწოროთ. პარიზში დავრჩები ათ დღემდის, მერე ორი-სამი კიდევ ბაზელში ჩემი ცოლის ნათესავებთან და მერე ბერლინში წამოვალ. თუ ლეოსაც მოუხერხე ამ დროისთვის ვიზა, მაშინ ხომ ერთად ჩამოვალთ. ამ წერილს მიხას წერილში ვდებ რომ კიდევ არ დაიკარგოს, რადგან მას ჩემი წერილები ყველა მოსვლია. თუ ჩემი წერილი 25-დგან აქედან არ მოგივიდა (ლეოც აქ იყო, ფოსტის ყუთში რომ ჩავაგდე), მომწერე და პარიზიდან ახალს გამოგიგზავნი. ჩემი მისამართი პარიზში არის: Hotel Rond Point des Champs Elysées, 10, rue Ponthieu. ველი საჩქაროდ შენს წერილს და აგრეთვე შენს აზრს და შესწორებებს შესახებ ჩვენი პროექტისა, რადგან მინდა შენი აზრითაც ვიხელმძღვანელო, თუ მოხერხდა პარიზის ორგანიზაციის მოწყობა. შენ და მიხამ ამაზედ ერთად მოილაპარაკეთ და მოიწერეთ. საჩქაროდ კი. მაშ ნახვამდის. გულწრფელი სალამი შენ და თამარს32.
შენი გიორგი მაჩაბელი
აქაურ ამბებს მანდ დაწვრილებით გიამბობთ. სასიამოვნო ჯერ არაფერია33.
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
________________
32. იგულისხმება გიორგი კერესელიძის მეუღლე - თამარ ციციშვილი (1884-1942).
33. გიორგი მაჩაბლის ამ წერილს თან ერთვის გიორგი კერესელიძის შემდეგი კომენტარები: „ჩემი დამატება: გიორგიც და ლეო მალე ჩამოვიდნენ ბერლინში. ხშირად ვხვდებოდით, ჩემს ბინაზედ ერთმანეთს. შევიმუშავეთ გეგმა მოქმედებისა, - თუმცა დიდი ილუზიები არა გვქონდა.
დარჩა ჩვენი პროექტი ლამაზ პროექტად; - უშედეგოთ.
როგორც გიორგი მაჩაბლის ამ წერილიდან ნათლადა სჩანს: - გიორგის განწყობილება ლეოსთან ისეთივე გულწრფელი და მეგობული იყო როგორც ჩვენთან, - და ეს თანამებრძოლთა ურთიერთის ნდობა და ერთგულობა გიორგის გარდაცვალებამდე ურყევად დარჩა. გიორგი კერესელიძე“.
![]() |
7 № 5 გიორგი კერესელიძე - გიორგი მაჩაბელს. 10.VI.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ბერლინი
ძმაო გიორგი,
დღეს მიხამ34 გადმომცა შენი წერილი და შენ და ლეოს მიერ შედგენილი სქემა ჩვენი მომავალი კონსტიტუციისა.
შენი წერილი 25 VI-ისა დღემდის არ მიმიღია, - თუ საჭიროდ იცნობ და პირს გამომიგზავნი კარგს იზამ. ხოლო თუ მნიშვნელობას არ აძლევ, - მაშინ ნუ შესწუხდები.
ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ თურქებთან არაფერი არ გამოდის. რა უყოთ. გულს ნუ გავიტეხთ, - ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, საბოლოოთ ოსმალებმა უნდა ჩვენთან იმუშაონ, - არც მაგათ აქვთ უკეთესი გზა და არც ჩვენ. სამწუხაროა იმიტომ, რომ როგორც სჩანს, ჯერ რუსეთის ჩვენიდან განდევნის საკითხი არ მომწიფებულა. ჩვენი ერისთვის კი ყოველი მეტი დღე რუსის ჩვენში ყოფნისა გამანადგურებელია.
ძალიან გამეხარდა, რომ შენ გადაგიწყვეტია აქეთ წამოსვლა. საერთოდ სახარებელია, რომ ჩვენ კიდევ ერთად გვიხდება მუშაობა, ვიცნობთ ერთმანეთს და გამოგვიცდია ერთი მეორე, - ამას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
გამიხარდა აგრეთვე, რომ შენს მეუღლესაც გადაუწყვეტია ექეთ წამოსვლა. გადაეცი ჩემი და თამარის გულითადი სალამი. (თუმცა თამარი არ იცნობს). მოგიკითხა აგრეთვე ლორენცის ქალმა.
ეხლა გადავიდეთ გეგმაზედ. მე ჩემი აზრი მიხასაც გავუზიარე და ჩვენ დაახლოებით ერთნაირად უცქერით საკითხს.
გიორგი, შენ ჩემზე კარგად იცნობ ჩვენს პარტიებს და განსაკუთრებით ჩვენ სოციალ-დემოკრატიას. იცი რა იეზუიტი და არასანდო ხალხია. ყოველ ორგანიზაციას, რომელიც მაგათ პარტიის ფარგლებს გარეთ არსდება და მაგათ დირეკტივებით არ მუშაობს, ეგენი არღვევენ. და როგორ? რა საშუალებით?
მაგათი ერთგული წევრები ეწერებიან წევრებათ იმ ორგანიზაციაში, რომლის დარღვევაც სურთ და როდესაც ფეხს მოიკიდებენ და გამაგრდებიან, კენჭის ყრის საშვალებით ააფეთქებენ. ეს მაგათი მუდმივი საშვალება იყო.
ის პუნქტი, რომ არც ერთ პარტიას არ უნდა ეკუთვნოდესო, ამ პარტიებისგან ვერ დაგვიცავს, ვინაიდან თავიანთი მიზნის მისაღწევად, ეგენი ფიცსაც დადებენ და პირველ ხანებში ერთგულადაც მოგაჩვენებენ თავს.
მეორე მხრივ, - პირობა რომ ჩვენთან მხოლოდ უპარტიოს შეუძლიან მუშაობა, - ძალიან შეავიწროებს ჩვენს ფარგლებს. საქმე ის არის, ისე მოვაწყოთ, რომ ცენტრში არ იყვეს პარტიის წევრი, დამხმარე ორგანიზაციებში, კი ჩემის აზრით, საჭიროც არიან პარტიის წევრები. ცენტრი კი უნდა აუცილებლივ დაცულ იყვეს პარტიის წევრებიდან.
გარდა ამისა, როგორც სჩანს შენ და ლეოს გეგმიდან, თქვენ ამორჩევის სისტემაზე სდგეხართ. ჩემის რწმენით, ეს მეტად ხელს შეუშლის მოქმედებას. ჩვენ ვაარსებთ, ასე თუ ისე რევოლუციურ ორგანიზაციას, და ისეთს, რომელმაც უნდა არა მარტო გამონახოს გზები საქართველოს განთავისუფლებისათვის, არამედ კიდევ განსწმინდოს საქართველო მყრალი ჩვეულებებიდან.
საჭიროა განსაკუთრებით ცენტრი იყოს მძლავრი, და მთელ თავის დროს საქმიანობას ანდომებდეს. ამორჩევნების სისტემა კი ჯერ ერთი მეტად ტლანქია, მეორე უძრავი და მესამე ძვირი.
გარდა ამისა, ამორჩევნის სისტემა ჰქმნის ინტრიგებს, აძლევს ინტრიგანს საშვალებას ინტრიგების მოწყობისასა და ჰქმნის დემაგოგიას.
ჯერ ერთი, გამარჯვებული გამოვა ყოველთვის დემაგოგი, და ნამდვილი საქმის კაცი კი დაიჩრდილება.
მეორე, - ცენტრის წევრები იძულებულნი იქნებიან იმუშავონ ისე, როგორც ამას მოითხოვს მასის აზრი, და მესამე, - მასის აზრი კი ცვალებადია და უფრო ხშირად შედეგი დემაგოგის ნამოქმედარისა. გარდა ამისა, ჩემის რწმენით საჭიროა ცენტრი თითქმის უცვლელი იყოს, რადგან მისი არამცთუ შეცვლა, არამედ რამდენიმე ახალი წევრით ძველების შეცვლაც საქმეს დააბრკოლებს. რასაკვირველია, ამით მე ის არ მინდა ვთქვა, რომ ცენტრში არასდროს არ უნდა გამოიცვალოს ან წევრი, ან არ უნდა შეივსოს ხოლმე, დრო გამოშვებით, საჭიროების მიხედვით. მე მხოლოდ ვგონებ, რომ ამორჩევნის სისტემა საქმეს წაახდენს. მით უმეტეს, გიმეორებ, - ამორჩევნების სისტემით უმძლავრესი პარტია დაგვამარცხებს და მთელ ჩვენ გულწრფელ და უპარტიო ქართულ მუშაობას ძირს დაამხობენ.
ჩემის აზრით, ცენტრის წევრების გადაყენება უნდა შეეძლოს მხოლოდ ცენტრის დანარჩენ წევრებს, აგრეთვე ახალი წევრების შეყვანა ცენტრში და სხვა ცვლილებები.
ცენტრის რეგლამენტსაც და კანონებსაც თვითონ ცენტრი უნდა იმუშავებდეს, რადგან მას პრაქტიკით ეცოდინება, რა საჭიროა. მაშინ, როდესაც, თუ ეს საკითხი კენჭის ყრით ცენტრის გარეშე მყოფ ჯგუფებზე იქნება დამოკიდებული, გაიმარჯვებს მშრალი თეორია, რომელიც ვერას დროს ვერ უდგება ხოლმე განსაზღვრულ პირობებს.
რასაკვირველია, მე გწერ ჩემს აზრს, ამავე აზრისა არის მიხაც. საბოლოოთ კი, რასაკვირველია, როცა შევიკრიბებით მაშინ გადავწყვიტოთ, - გაუცვლით ერთი მეორეს აზრებს, ავწონ დავწონოთ და უფრო ცოცხალი იქნება შემუშავებული სტატუტი.
გიორგი, იქნებ როგორმე იშოვნო ფაშისტების სტატუტები. შეიძლება გაგვიწიოს სამსახური.
გიორგი, დიდი ფიქრი და შესწავლა უნდა ჩვენს ორგანიზაციის მოწყობას, ვინაიდგან ნახევარი გამარჯვება ამაზედ არის დამოკიდებული.
უმთავრეს საკითხში ჩვენი აზრი იცი. კიდევ ვილაპარაკებთ, როცა შევხდებით ერთმანეთს.
რასაკვირველია, საჭიროა ფართო წრეების მოწყობა. საჭიროა სხვა და სხვა კატეგორიის ჯგუფები, მიხედვით, როგორც შენ იწერები35.
საჭიროა ორგანოს დაარსება და სხვა.
რაც შეეხება ეხლა სახსარს. მე მგონია, ქართველთა შორის ჩვენ ფულს ვერ ვიშოვით. და თუ ვინმე, ამა თუ იმ მოღალატე ბურჟუამ, ფული მოგვცა, - მეტად შეავიწროებს ჩვენს მუშაობას. არ ვიცი, მანდეთკენ რა ტიპის ხალხია, აქ კი, უნდა გითხრა, მეტად ბილწი და არა სანდო პირები არიან. ყველა მათგანს, უმთავრესად ყოვლისა, თვალი გამდიდრებისაკენ უჭირავთ და პოლიტიკა და საქართველოს საკითხი მათთვის წყდება პირად ჯიბის ინტერესის მიხედვით.
ეგეც რომ არ იყვეს, ფულს ან არ მოგვცემენ, და ან მოგვცემენ სრულიად უმნიშვნელო რამეს.
ისევ უცხოელთა შორის უნდა ვეძებოთ მეგობრები; - დავაარსოთ საქართველოს მეგობართა ჯგუფები სხვა და სხვა ქვეყნებში და ასე ვიშოვოთ რამ. ძნელია, მაგრამ თუ გამოვფხიკეთ, მოვნახავთ.
წარმოდგენები და სხვა კარგია, რასაკვირველია, უნდა მოვაწყოთ, მაგრამ ეს მეტად ცვალებადია.
ერთი სიტყვით, საჭიროა ზომების გამონახვა. უფულოთ კი შეუძლებელი არის მუშაობა.
რაც მეტია ფული, მეტის გაკეთება შეიძლება.
საერთოთ უნდა გითხრა, რომ ვნახე შენი წერილებიდან თუ რა ენერგიით შესდგომხარ შენ საქმეს, მეც მომემატა ენერგია.
იცოდე გიორგი, ბევრი ვეძებე, ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მე ვერ ვხედავ ხალხს, ვინც ჩვენსამებრ ერთგულათ და დაუინტერესებლათ შეუდგება მუშაობას.
ჩვენი მოვალეობა არის ვიმუშაოთ. საქართველოს სპობენ. სისტემით არუსებენ არა მარტო ხალხს, არამედ ტერიტორიას. თუ ხანგრძლივ გასტანა რუსის ბატონობამ, სამუდამოდ მოკვდება საქართველოს აღდგენის შესაძლებლობა. შენ ჩემზე კარგათ გეცოდინება, თუ რა ხდება ჩვენში.
მოიწერე თუ დრო გაქვს: G. Keresselidse. Brückenallée 30. Berlin-Moabit.
მალე ჩამოდით. ლეოს პასპორტზე რაც შემიძლია ვცდილობ.
შენი გოგია
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
________________
34. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
35. როგორც ჩანს, გ. კერესელიძის ამ გერმანულიდან კალკირებულ ფრაზაში იგულისხმება: ისე, როგორც შენ იწერები.
![]() |
8 № 6 გიორგი კერესელიძე - ლეო კერესელიძეს 22.VI.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ბერლინი
ძმაო ლეო, მივიღე შენი წერილი. აბა რა გითხრა! შენი ვარამი და წუხილი მესმის. ხოლო უნიადაგოა შენი ჩივილი, რომ შენ ბრალი გადევს, რადგან იასონი36 თან არ წამოიყვანე. კაცო, ვინ იწინასწარმეტყველებდა, თუ რა მოელოდა საწყალ იასონს. ცხადია, ყველას, ვინ[ც] რუსების ხელში რჩებოდა, საშიში მოელოდა, - მაგრამ ყველას ხომ ევროპაში ვერ გადმოასახლებდი? შენ აქ არაფერ შუაში ხარ, იგივე საყვედური შემიძლიან ჩემს თავს დაუყენო. მეც რომ ვიცოდი, რომ რუსი ქართველ პატრიოტს არ ახეირებდა - და მაშ მეც უნდა მიმეღო ზომები, რომ იასონი მალე მოშორებოდა იმ ადგილებს, სადაც რუსის ფეხი სდგას!
რაც მოხდა, მოხდა! ჩვენი მოვალეობა არის, და თვით იასონის პატიოსანი სიკვდილი აქეთკენ მოგვიწოდებს გავმაგრდეთ, და განვაგრძოთ ბრძოლა მტრის წინააღმდეგ.
ერთი მიზანთაგანი რუსებისა სწორედ ის არის, რომ გაგვტეხოს, გული მოგვიკლას და ენერგია გაგვინადგუროს. თუ ჩვენ გული გავიტეხეთ - რუსს გა[ვ]უადვილებთ მიზნის მიღწევას. გიმეორებ, რაც მეტ ენერგიას გამოვიჩენთ, მით უფრო მეტ პატივს ვცემთ ჩვენი იასონის ხსოვნას.
ვეცადოთ, თუ შეგვიძლიან, იასონის ოჯახს როგორმე მო[ვ]უაროთ.
საჭიროა მალე ვნახოთ ერთმანეთი. შენი ვიზების საქმე კი გვიანდება, რომ ავაჩქარო ყველგან მივმართე. დღეს სპეციალურად კაცს ვგზავნი საგარეო სამინისტროში. მივწერე (ჩვენ ელჩსაც მოვაწერინე წერილი) Welt-ს მივწერე კურორტზე.
გიორგი37 აღარაფერს იწერება. რა მოუვიდა მაგ კაცს? ვგონებ, მაგას ჩვენი სოც[იალ-]დემოკრატები ატყუებენ და ათამაშებენ.
საჭირო კია, რაც შეიძლება მალე გადავწყვიტოთ, თუ რის გაკეთება შეგვიძლიან.
მარტას38 ავადმყოფობამ ძალიან შეგვაწუხა, მოიწერე როგორ არის ეხლა.
რატომ მარიამზე39 არას იწერები? ჩვენებს არაუშავთ რა, ვცხოვრობთ, როგორც პირობები ნებას გვაძლევენ.
აქ ახალი არაფერია.
ამბობენ, ჩვენი ხალხი გულს არ იტეხს, ყოჩაღად არისო. რუსი ისე შესძულდათ, რომ სოც[იალ-]დემოკრატიის ლიდერებმა რომ მოისურვონ კიდეც რუსთან რაიმე კომბინაცია, ხალხი უკუ აგდებსო. ამას ბევრი პატრიოტი სოციალ-დემოკრატი აღიარებს.
სხვანაირად არც იქნებოდა. ამ წუპაკებმა არ გვაკმარეს უკეთესი შვილების ჟლეტა - წაგვიბილწეს ყველაფერი, რაც წმინდა გვაქვს. შერყვნეს ეკლესია, ცდილობენ ქართველ ხალხს შეურყვნონ სარწმუნოება. გელათის და სხვა მონასტრები გაურყვნიათ, ყოველი სიბილწე ჩაუდენიათ. ამბობენ, ხალხმა ეს ვერ მოითმინა და ამის ნიადაგზე რამდენიმე ჩეკისტი მოჰკლეს ქუთაისშიო. რასაკვირველია, რუსი ჯავრს იყრის და პასუხათ ბევრს პატრიოტს დახვრეტს.
ერთი სიტყვით, ქართველ ერს ამისთანა გასაჭირი არ ჰქონია. უწინ ყოველ ჩვენ მტერს ზნეობის რაიმე პრინციპი ჰქონდა ხოლმე - (სარწმუნოება, სოციალური ზნეობა და სხვა) ამ მყრალ რუსს კი სიბილწის მეტი არა აქვავია რა და ამიტომ საშიშია ყოველი დღე მისი ჩვენში ყოფნისა. აჰ, ნეტა მალე შეგვეძლოს შევიკრიბნოთ.
ვფიქრობ, საწყალ იასონს მე-40-ე დღის პანაშვიდი გადვიხადოთ. მოკლეს 23 მაისს - შენ მოგიცდი.
რაც შემეძლება, კიდევ ავაჩქარებ შენი ვიზების საქმეს.
მოიწერე როგორ ხართ და გულს ნუ გაიტეხ.
გაკოცებთ ყველას,
შენი გოგია
ნ. სეფიაშვილის პირადი არქივი, თბილისი, საქართველო
_________________
36. იგულისხმება მაჩაბელი გიორგი (1885-1935).
37. იგულისხმება კერესელიძე იასონ (1891-1923).
38. იგულისხმება ლეო კერესელიძის მეუღლე - მართა ლეკულტრი (1885-1975).
39. იგულისხმება ლეო კერესელიძის ქალიშვილი - მარიამ კერესელიძე (1921-2002).
![]() |
9 № 7 გიორგი კერესელიძე - ლეო კერესელიძეს. 29.VI.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ბერლინი
ძმაო ლეო,
გუშინ მივიღე შენი წერილი, უნდა გითხრა, რომ შენი გადაწყვეტილება - საფრანგეთში წახვიდე - ძალიან მეწყინა. ვფიქრობდი, რამდენიმე თვეს ერთად გავატარებთ მეთქი. რამდენი ხანია ერთმანეთი აღარ გვინახავს. გარდა მაგისა, ერთად რომ ვიქნებით, ხშირად გა[ვ]უცვლით ურთიერთს ჩვენს აზრს და უფრო ადვილად გამოვნახავთ სამოქმედო გზას.
გუშინ წინ მეორე - უკვე ბერლინის Polizei President-ის ნებართვა გამოგიგზავნე. მიხაროდა: ყველაფერი მოეწყო მეთქი და მალე ჩამოვლენ მეთქი.
ლეო, წუხელის მითხრეს, რომ გიორგი მაჩაბელი უკვე ბერლინისკენ წამოვიდაო. ეხლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, თვით გიორგი არაფერს არ იტყობინება, მე კი ვფიქრობდი რამდენიმე დღით შვეიცარიაში ჩამოსვლას. თუ გიორგი ჩამოვიდა, შენც რომ უნდა ჩამოხვიდე და მეც აქ დავრჩე.
ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი ვიზების საქმეს ვაგრძელებ, ალბათ დღეს ან ხვალ გამოირკვევა, მოდის გიორგი თუ არა - და მიხედვით ამისა მოვიქცევი. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდა შენი ნახვა. იქნებ შეიძლებოდეს შენს გადაწყვეტილებას დაუბრუნდე და კიდევ გერმანიაში ყოფნა ირჩიო!
გუშინ დილით დახოცილების პანაშვიდი გადავიხადეთ ბერძენთა ეკლესიაში ქართველ მგალობელთა გუნდით. საღამოთი კი, მიტინგი პროტესტისა გვქონდა.
ხომ იცი, მე როგორ არ მიყვარს კაკი წერეთელი40, - ხოლო უნდა გითხრა, მართლა დიდი და მომხიბლავი ორატორი ყოფილა, სიტყვაც მეტად პატრიოტული და რაც კი შეიძლება მოეთხოვოს სოციალისტს - სახელმწიფოებრივი იყო. ქება-დიდება არა მარტო მუშების და გლეხების, არამედ, და შეიძლება მეტიც, ჩვენ თავადაზნაურობას.
ფედერალისტმა და ეროვნულ-დემოკრატმა სისულელის მეტი ვერა სთქვეს რა.
ორატორობის მხრივ კი - სრულიად სამარცხვინო.
შემდეგ ილაპარაკა ვლასა [მ]გელაძემ41 იგულისხმება. კაცო, რამდენი ბუნებრივი პატრიოტიზმია ამ კაცში!? სჩქებს ეს პატრიოტიზმი, ეს გრძნობა სამშობლოს ისტორიისადმი. სულ წარსულ გმირების და ჩვენი მეფეების და ჩვენი საეკლესიო ხალხის ქება-დიდება. ჩვენი ეხლანდელი გენერლების და თავადაზნაურობის დიდება. - [ვ]ლასაში ჰგრძნობდი ნამდვილ ქართველს, რომელშიც დედის რძესთან ერთად გადმოდის საქართველოს წარსული.
ასე ძმაო - [ვ]ლასა გულწრფელი, შეიძლება კაკი წერეთელი მატყუარი, ხოლო არ ჩანს გამოცდილი, რომელიც ხმარობს სწორეთ აწონილ საშუალებას, რათა შეინარჩუნოს ხალხის ნდობა და უთხრას მათ ის, რაც მათ გულს მოიგებს. დანარჩენი, არასოციალისტი საქართველო კი, შაბლონურად მოლაყბე უშნოთ უშნო აზრების, უშნო ფორმით მატანტალა. საჭიროა, საჭირო მოქმედება, - საჭიროა რაც შეიძლება მალე მოვუაროთ ჩვენს ერს. ერში დიდია პატრიოტული გრძნობა, დიდია სურვილი განთავისუფლების, დიდია სიძულვილი რუსისა, დიდია საგმირი - ქართველი ერი მართლა გმირი და რაინდი ერი ყოფილა, ერი კეთილშობილი.
საჭიროა გამოვგლიჯოთ ხელიდან ამ არა გულწრფელ, არა ქართველ პარტიას, რათა [მ]სხვერპლი ქართველი ერის მიერ გამოღებული უფრო ნაყოფიერი იყოს. ლეო, საჭიროა მოქმედება, ამისკენ მოგვიწოდებს ხსოვნა ტანჯულთა და წამებულთა, ხსოვნა ჩვენი იასონისა42.
ვიმოქმედოთ, მოვაწყოთ ქართველი ხალხი.
უნდა შევაჩერო წერილი, რადგან უნდა დაუყოვნებლივ წავიდე პასპორტისათვის.
ლეო, მოიწერე, ეცადე ისევ აქეთკენ წამოხვიდე. მე ალბად ამ დღეებში ჩამოვალ. გაკოცებთ მარტას43, მარიამს44 (მარიამზე რატო არას იწერები) და შენ.
შენი გიო
ნ. სეფიაშვილის პირადი არქივი, თბილისი, საქართველო
_________________
40. იგულისხმება წერეთელი ირაკლი (კაკი) (1881-1959).
41. იგულისხმება მგელაძე ვლასა (1868-1943).
42. იგულისხმება კერესელიძე იასონ (1891-1923).
43. იგულისხმება ლეო კერესელიძის მეუღლე - მართა ლეკულტრი (1885-1975).
44. იგულისხმება ლეო კერესელიძის ქალიშვილი - მარიამ კერესელიძე (1921-2002).
![]() |
10 № 8 გიორგი მაჩაბელი - ლეო კერესელიძეს. 6.VII.1923 |
▲ზევით დაბრუნება |
Hotel Rond-Point des Champs Elysées.
Paris
ძვირფასო ლეო,
იასონის45 დახვრეტის ამბავი შენზედ ადრე გავიგე აქ, მაგრამ ისე შემაწუხა ამის გაგებამ, რომ შენც ვერ გაგიბედე ამაზედ მოწერა. დაიღუპა ჩინებული ჭაბუკი, თავდადებული ყმაწვილი, კარგი ქართველი სხვებთან ერთად ამ თავგანწირულ ბრძოლაში. მათი რაინდობა და სამშობლოს სიყვარული სამაგალითოდ უნდა დარჩეთ ყველას. შენ რა გითხრა, ჩემო ლეოჯან, - ნეტავ კიდევ თორმეტ-თორმეტი ძმები გვყავდეს და ყველასთან მათთან ჩვენაც ერთად შევაკლად თავი ჩვენს სამშობლოს, ოღონდ კი მას რამე ეშველოს. აქ ჩამოვიდა კედია46. ბევრი მოლაპარაკებები გვქონდა. ყველა მეტად საინტერესო. აღარ მომიწერია, რადგან ყოველ დღე ვაპირებდი შვეიცარიაში ჩამოსვლას, რომ პირადათ მეამბნა ყველაფერი. ორშაბათს აქედან ბაზელში გამოვდივარ და მაშინათვე შეგატყობინებ ჩემ ჩამოსვლას. მანდ დავრჩებით 4-5 დღეს და მერე ბერლინისკენ.
ჩვენ აქ მაგარი ორგანიზაცია მოვაწყეთ, მაგრამ არა სრულიათ იმ გვარი, როგორც მანდ ვფიქრობდით, არ შეიძლებოდა. გიამბობ მანდ. პრეზიდიუმში არიან სპ. კედია, ვეშაპელი47, იოსებ დადიანი48, ზ. ავალიშვილი49 და მე.
ორგანიზაციის სექციის უფროსობა მე მომანდვეს. მივწერეთ წერილები ბერლინს და სტამბოლს. გადავწყვიტეთ შევერთდეთ ყველა-ყველანი ერთ ორგანიზაციაში. სხვანაირად საქმე დაიწეწებოდა. ბერლინშიაც უნდა შეერთდნენ, როგორც აქ სტამბოლში. უნდა შედგეს ეროვნული ფრონტი. ყველა არასოციალისტური პარტიები უნდა მაგრა და მკაფიოდ ჩამოყალიბდნენ ერთ დიდ ეროვნულ პარტიათ, როგორც აქ, ისე საქართველოში. დაქსაქსვა არ ივარგებს. დიდი ბრძოლა მოგველის, ამიტომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ. მაშ, ამ დღეებში ვნახავთ ერთმანეთს, მანამდის კი ჩემი სალამი შენ და შენს მეუღლეს.
შენი გიორგი მაჩაბელი
ნ. სეფიაშვილის პირადი არქივი, თბილისი, საქართველოდგეს მთლიანი
![]() |
11 № 9 გიორგი მაჩაბელი - ლეო კერესელიძეს. 12.VII.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
Waldhaus - Mühlberg. Winterthur.
ძმაო ლეო,
როგორც დღეს ტელეფონით გატყობინებდი, კარგი იქნება ჩვენ სამნი შევიყარნოთ, მაგრამ სად და როდის. ტუნის ტბაზედ50 წასასვლელად სამწუხაროდ ვერ მოვიცლი, სჯობია ლოზანაში წასვლის დროს გზაზედ შევხვდეთ სადმე. რუქაზედ ვნახე, რომ ბერნი სწორეთ შუა გზაზედაა შენთვის და გოგიასთვის51. ასე რომ სჯობია იქ შევიყარნოთ რამდენიმე საათით. თუ ადგილზედ დამთანხმდებით მაშინ დროსაც დავნიშნავთ საერთო სურვილით. მე შეიძლება ლოზანაში მაინც მომიხდეს წასვლა და რასაკვირველია ვარჩევდი შეხვედრას ან იქით წასვლის დროს ან დაბრუნების დროს. მე მოხსენებას გაგიკეთებთ პარიზის ამბების შესახებ, რის შემდეგაც შეიძლება შენ არც კი დაგჭირდეს ბერლინში წასვლა. როგორც ჩვენ ლოზანაში ვფიქრობდით, ისე ვერ მოეწყობა ორგანიზაცია, რადგან ყველა (ჩვენ ოთხს გარდა) შესულია გაერთიანებულ ეროვნულ პარტიაში. როდესაც გავეცანი მდგომარეობას, დავინახე უფრო ნაყოფიერად და აუცილებლად საერთო ინტერესების გამო ჩვენც შევსულიყავით ამ საერთო პარტიაში და საერთო ფრონტი გაგვეძლიერებინა. რასაკვირველია, ყველა ჩვენგანი თავისუფალია ამ ნაბიჯში, მაგრამ მე ეს მიმაჩნია სასურველად, რომ ჩვენი დანარჩენი წევრებიც კომიტეტისა შევიდნენ საერთო პარტიაში.52* ბრძოლა მთავრობასთან თითქმის დაწყებულია, რაკი თავიანთ ცბიერ და მატყუარა პოლიტიკას თავს არ ანებებენ და ამიტომ ყველა ძალების შეკრება და არა გაფანტვაა საჭირო. მოვაწესრიგეთ პარიზის კომიტეტი, გავაძლიერეთ პარტია წევრებით და თანამშრომლებით, ავიღეთ ხელმძღვანელობა მთელი პარტიის ევროპაში და გავუგზავნეთ ინსტრუქციები ბერლინის და სტამბოლის კომიტეტებს. პარიზის კომიტეტში შედიან 12 კაცი, პრეზიდიუმში - 5. უკანასკნელის წევრიც მეც ვარ და მომანდეს ორგანიზაციის მოწყობა. ერთსულობა მეფობს. მაგრად ვართ. ფული, მართალია, გვაკლია, მაგრამ ზომებია მიღებული მის შოვნისათვის. მთავრობასთან სწარმოებს მოლაპარაკება, მაგრამ ყველა დარწმუნებულია, რომ ამისგან არა გამოვა-რა. გვინდა დრო მოვიგოთ, გავმაგრდეთ, ყველა ძალები დავრაზმოთ და მაშინ მოვითხოვთ მთავრობის გადადგომას.
რაც შეეხება შენს ბინის საკითხს პარიზში, ამაზედაც პირადათ გიამბობ.
ნეტა ვიზა ჯერ არ გეთხოვა, რადგან თუ უარი გითხრეს, მერე უფრო ძნელი იქნება მისი შოვნა. ეხლავე უნდა მივწეროთ სპირიდონს53 და გრ. ვეშაპელს, დაფაცურდნენ მის შოვნისათვის. თვეში საცხოვრებლად პარიზის გარეთ დაგჭირდება 1500 ფრ[ანგულ] ფრანკამდის. ბინა შეგიძლიან იშოვო 250-500 ფრანკამდის, ბინაზედ არის დამოკიდებული. ძნელი არ არის. გარდა მაგისა ადგილიც შეგიძლია იშოვო. კაცი არ არის, რომ უადგილოდ იყვეს. ალ. ღამბაშიძე ვნახე, კარგად მოწყობილა, თუმცა ქარხანაში ძნელი მუშაობაა. იღებს 27-28 ფრანკს დღეში. რასაკვირველია კარგად ჰყოფნის.
გიგზავნი ამ ბროშურას. ალიხანაშვილს ვერ უყურებ? საჩქაროდ წაიკითხე და გოგიას54 გაუგზავნე. მერე კი უკანვე გამომიგზავნე, ყველას მინდა წავაკითხო. რა კარგათ არის დაწერილი. შენც უნდა შეკრიბო მთელი მასალები და გამოსცე. აიღე კალამი ხელში და დაიწყე. ამისთანა ბროშურებით უნდა სიცოცხლე მოვუწამლოთ.
გოგიას55 მისამართი დაწვრილებით შემატყობინე, აგრეთვე ტელეფონიც, რომ ვაცნობო ჩვენი შეყრის შესახებ.
მრავალი მოკითხვა შენ და შენს მეუღლეს ჩვენგან.
ძმურის სალამით შენი გიორგი მაჩაბელი
ალიხანაშვილის ბროშურა უნდა გამომეგზავნა ამ წერილთან ერთად, მაგრამ კონვერტში არ შევიდა, ცალკე გამოგიგზავნი.
გ. მამულიას პირადი არქივი, პარიზი, საფრანგეთი
________________
50. ტუნის ტბა (Thunersee) - ტბა შვეიცარიის ბერნის კანტონში.
51. იგულისხმება კერესელიძე გიორგი (1885-1960
52.* ნესტორი (იგულისხმება ნესტორ მაღალაშვილი (1882-1937) - გ. მ., ნ. ს.) და პეტრე (იგულისხმება პეტრე სურგულაძე (1871-1931) - გ. მ., ნ. ს.) უკვე სტამბოლის კომიტეტის წევრები არიან.
53. იგულისხმება კედია სპირიდონი (1884-1947).
54. იგულისხმება კერესელიძე გიორგი (1885-1960).
55. იგულისხმება კერესელიძე გიორგი (1885-1960).
![]() |
12 № 10 გიორგი მაჩაბელი - ლეო კერესელიძეს. [არა უადრეს 1923 წლის 12 ივნისისა]56 |
▲ზევით დაბრუნება |
Waldhof. Brühlberg. Winterthur.
ჩემი ადრესი შეცდომითი
იყო პირველ წერილში
თუმცა მაინც მოვიდა შენი წერილი დროზედ.
ძმაო ლეო,
როდესაც ყველაფერს აგიხსნი, რა მდგომარეობაში არიან ჩვენი ქვეყნის საქმეები, დაინახავ, რომ ჩემ გეგმაში არავითარი მეტამორფოზა არა მომხდარა რა. ჩვენ იმისთანა განსაკუთრებულ და არა ჩვეულებრივ პირობებში ვიმყოფებით, რომ სრულიათ ჩამოყალიბებულ და ნორმალურ მუშაობის გეგმას ვერ ვიქონიებთ. ეს სამწუხარო მოვლენაა, მაგრამ უნდა ვეცადოთ ამისთანა ძნელ პირობებში მაქსიმუმი მუშაობის შესაძლებლობის შენარჩუნებისა. გოგია57 და მიხა58, მეშინიან, ვერას მიაღწევენ თავიანთი სურვილით. როდესაც მიხას ვწერდი დაესახელებინა ვისთან შეიძლება მუშაობა, მან ჩვენ ოთხის მეტის ვერავინ დაასახელა. ყოვლად შესაძლებელია ორიოდე კაცს კიდევ გამოვნახავდით, მართლაც ორიოდე და დავიწყებდით საქმეს, სათავეში გაკოტრებულს. როგორც კი ეხლა გვაქვს დასახული, მან უნდა შეაერთოს მთელი ქართველობა და არა სოციალისტურ-ინტერნაციონალური. მთელი ქართველობა, რომელსაც სურს მხოლოდ ეროვნული დროშის ქვეშ ბრძოლა და მუშაობა. რაც მეტი იქნება შიგ ნამდვილი თავდადებული და თავგანწირული იმ იდეისათვის ხალხი, იმდენად ნაკლები გავლენა ექნებათ, შენგან დასახელებულ პირთ. ავალიშვილის59 წინააღმდეგ კი სრულიად უსაფუძვლოდ ამხედრებულხარ. ეგ კაცი მგონი არც კი გინახავს, ან ძალიან ცოტათ იცნობ, ასე რომ სხვების შეხედულებით შესცდები, თუ ასე დააფასებ. ნეტა ავალიშვილისთანა პირები ათი მაინც გვყავდეს და მაშინ რაღა გვინდა! ეგ არის უბედურება, რომ არა გვყავს და თუ ვინმე მართლაც გამოსადეგია, უნდა რაიმე ისეთი დავწამოთ, რომელიც სრულიათ უსაფუძვლოა. ავალიშვილი რუსოფილი თავის დღეში არც ყოფილა და არც არის. შენ თვითონ გაიცნობ ალბათ ერთხელ და დარწმუნდები ჩემს სიტყვებში.
ეხლა ჩვენი შეხვედრის გამო. მაშ, თუ თანახმა ხართ ბერნისა, შევხვდეთ ერთმანეთს ზეგ - სამშაბათს ბერნში, სადგურის რესტორანში 2 ½ - 3 საათამდის, სადილის უკან. მე ჩამოვალ ბერნში 238 და დავრჩები 6 საათამდის. თუ თქვენ ჩემზედ ადრე ჩამოხვედით, მაშინ 3 საათზედ მეტი დრო გვექნება. ყველა საკითხები ამოვწუროთ. რა წამს ბერნში ჩამოვალ, რესტორანში მოგიცდით 3 საათამდის.
ყველაფერზედ მოვილაპარაკოთ, მაშ ზეგამდის.
ძმურის სალამი შენ და გოგიას. შენ მეუღლეს ხელზედ კოცნა.
შენი გიორგი მაჩაბელი
გ. მამულიას პირადი არქივი, პარიზი, საფრანგეთი
___________________
56. დათარიღებულია კრებულის ავტორ-შემდგენელთა მიერ.
57. იგულისხმება კერესელიძე გიორგი (1885-1960).
58. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
59. იგულისხმება ავალაშვილი (ავალოვი) ზურაბ (1874-1944).
![]() |
13 № 11 გიორგი მაჩაბელი - გიორგი კერესელიძეს. 21.VII.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ძმაო გოგია,
ჩვენ მივემგზავრებით გერმანიაში მხოლოდ ორშაბათს დილით Winterthur60-იდგან 9:15. საღამოს 5 საათზედ მიუნხენში ვიქნებით, სადაც სამშაბათს საღამომდის ან ოთხშაბათამდის დავრჩებით. ასე რომ ოთხშაბათ-ხუთშაბათამდის ბერლინში ვერ ვიქნებით. ჩვენი მიუნხენის მისამართი, ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ Hotel Regina-ში ეცოდინებათ და ფოსტაც იქ დავუკვეთეთ. თუ რომ მოიწერები შენ და ლეო თუ როდის აპირებთ და რა გზით ჩამოსვლას კარგი იქნება, თუ არა და ბერლინში (Hotel Adlon).
ძმურის სალამით. მომიკითხე ლორენცის ქალი.
შენი გიორგი მაჩაბელი
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
________________
60. Winterthur - ქალაქი შვეიცარიაში.
![]() |
14 № 12 გიორგი მაჩაბელი - ლეო კერესელიძეს. 22.VII.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ძმაო ლეო,
შენი წერილი მივიღე. დღესვე მივწერ პარიზში. შენ ვინ დაასახელე თავდებათ? იმედია ვინმე ფრანგები, ან შვეიცარიელები, რადგან ჩვენები ამისთვის არ გამოდგებიან. გუშინ მე გწერდი ღია ბარათს, რომ ჩვენ ხვალ - ორშაბათს მივემგზავრებით გერმანიაში - ჯერ მიუნხენში, 2-3 დღით, და მერე ბერლინში, სადაც არა ადრე ოთხშაბათ-ხუთშაბათისა ვიქნებით. ლოზანაში, როგორც მოკლეთ გწერდი, არაფერი არა გამოვიდა რა. ჩვენ მთავრობასთან და მის გარშემო ხალხთან ლაპარაკი არ უნდათ. დღეს ისეა მდგომარეობა, რომ თუ ეგ მთავრობა ისევ სათავეში დარჩა საქართველოს საქმეების, მთელი შესაძლებლობა მივაღწიოთ რამეს ჩვენი ბედ-იღბლის გამოკეთებისათვის სულ მთლად უნაყოფო იქნება. უნდა ძირიანათ შეიცვალოს მთელი დღევანდლამდის მოქმედი დამპალი ეგრეთ წოდებული მთავრობის ორგანიზაცია. არავინ მას არ სცნობს, არ სურთ მათთან ლაპარაკი და ყველა მათ ვინც იმათ ეხმარება, ეკარგება პრესტიჟი და ავტორიტეტი თვითონაც რამე გააკეთოს. მე დარწმუნებული ვარ, ლოზანაში რომ თავიდანვე კერძო კაცათ მივსულიყავ, მეთქვა რომ საერთო არაფერი მაქვს ჩვენ მთავრობასთან, რაიმე შედეგს მივეღწიე.
ამიტომ, ჩვენ უნდა რაც შეიძლება ჩქარა მთელი ჩვენი ძალები დავრაზმოთ, მოვახდინოთ მათი დაფასება, ვის რა შეუძლიან გააკეთოს, გამოვარკვიოთ გეგმა მოქმედებისა და ენერგიულად შეუდგეთ მის განხორციელებას. საქართველოშიც უნდა გაიგზავნოს ხალხი, რომ იქაც ჩვენთან ერთად ჰარმონიულად იმოქმედონ. მინამდის სულ მზად არ ვიქნებით, ე. ი. არ გვეყოლება ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ზურგს უკან და საკმარისად გარანტიები, ჩვენი ხალხი უნდა შევაჩეროთ ყოველი გამოსვლებისაგან. უნდა მუყაითობა გავწიოთ თვითეულ კაცისაც, რადგან არც ისე ბევრნი ვართ. საჭიროა კი გავამხნეოთ, ფულით დავეხმაროთ და მივცეთ შეძლება ყველგან მოაწყონ ფარული ორგანიზაციები და ელოდნენ ჩვენგან მიცემულ ნიშანს გამოსვლისას. ეს ჩვენ უნდა უსათუოდ მოვაწყოთ.
დამავიწყდა მეთქვა თქვენთვის, რომ ალბათ მალე გაზეთსაც გამოვცემთ პარიზში. ეს იქნება ჯერ თვიური ჟურნალი, თუ ფული ვიშოვეთ კვირეულათაც გადავაქცევთ. ერთის სიტყვით ყველა დარგში უნდა გავაჩაღოთ მუშაობა. ამიტომ კი საჭიროა ხალხი და ეს არის მიზეზი, რომ მე ყველა ძალების გაერთიანების მომხრე ვარ, თუნდა იმ პირობებში, რომელიც პარიზში შევიმუშავეთ.
მაშ ვნახავთ ერთმანეთს ბერლინში.
მანამდის ნახვამდის, ძმური სალამით
შენი გიორგი მაჩაბელი.
ლეო, კარგს იზამ, თუ შენის მხრივ ჭიჭიკო ასათიანს61 მისწერ, რომ მანაც მისცეს რეკომენდაციის წერილი სამინისტროში შენს შესახებ. ხომ იცნობ მას? მისი მისამართია: Légation de Géorgie. Impasse des Prêtres. Rond-Point des Longchamps. Paris (16). ჩვენი ლეგაციის წერილს პარიზში ჯერ აქვს თავისი მნიშვნელობა. ეხლავე მისწერე.
შენი გიორგი
გ. მამულიას პირადი არქივი, პარიზი, საფრანგეთი
____________________
61. იგულისხმება ასათიანი სოსიპატრე (ჭიჭიკო) (1872-1971).
![]() |
15 № 13 გიორგი მაჩაბელი - გიორგი კერესელიძეს. 7.VIII.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
სამშაბათი. დილის 10 საათი.
ძვირფასო გოგია,
დღეს დილით თითქმის 20 წუთი ვურეკე მიხას, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. საქმე იმაშია, რომ 11 საათზედ იტალიის საელჩოში უნდა ვიყო, რომში რუსებისაგან ხელ-მოწერის საკითხის შესახებ. გუშინ ახმეტელმა62 გვიან გამომიგზავნა დოკუმენტები და ვეღარ მოვასწარ. ამიტომ გთხოვთ მე ნუ დამიცდით, დაიმუშავეთ გეგმა უჩემოთ, მერე ერთად წავიკითხოთ. რაჟამს საელჩოდგან გავნთავისუფლდები, მაშინვე მოვალ თქვენთან. ალბათ 12 საათისათვის. დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. რომის საკითხიც საჩქაროა.
ძმური სალამი სამთავეს
თქვენი გიორგი მაჩაბელი63
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
___________________
62. იგულისხმება ახმეტელი ვლადიმერ (ლადო) (1875-1942).
63. გიორგი მაჩაბლის ამ წერილს თან ერთვის გიორგი კერესელიძის შემდეგი კომენტარი: „ჩემი განმარტება: ლეო კერესელიძე და გიორგი მაჩაბელი ბერლინში ჩამოვიდნენ. ვიკრიფებოდით ჩემს ბინაზედ: Brückenallée, 30, Berlin - Moabit. 7. VIII. 1923 უნდა მიგვეღო პროექტი შესაქმნელ ორგანიზაციისა, - მიხა წერეთელს, ლეო კერესელიძეს, გიორგი მაჩაბელს და მე, - გიორგი კერესელიძეს. გ. კ“.
![]() |
16 № 14 გიორგი მაჩაბელი - გიორგი კერესელიძეს. 18.IX.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. რომი
ძმაო გოგია,
დღეს ველაპარაკე ერთ ჩამოსულ ქალს თბილისიდგან, რომელმაც საშინელი ამბები მიამბო, თუ როგორ აწვალებენ ჩვენს ხალხს დღეს გაბატონებული იქ მხეცები. აუწერელია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და საშველი არსაიდგან. გაზეთებიდგან გაიგებდი, თუ როგორ იშლებიან ყველა დღევანდლამდის არსებული პოლიტიკური ორგანიზაციები და როგორ გადადიან ბოლშევიკებისაკენ მასსიურად (როგორც ჩვენი მენშევიკები) და ზოგნიც პასსიურად ურიგდებიან შექმნილ პირობებს (ნაციონალ-დემოკრატები). ამ უკანასკნელთა საქციელმა ძალიან დამაფიქრა და თუმცა ზოგიერთი ჩემი მეგობრები ამართლებენ ამ ფაქტს, როგორც ნაძალადევს, მაგრამ მე მათ ამისთანა გამოსვლებს ვერ ვაპატიებ, ე.ი. ამისთანა სულმოკლე ხალხისაგან უნდა განწმენდილ იყოს ის მომავალი ჯგუფი, რომელზედაც ჩვენ მანდ გვქონდა ლაპარაკი. შენ ალბათ წაკითხული გექნება გაზეთებში პ. გოთუას, ლორთქიფანიძის, მაჭავარიანის და სხვ. ეროვ. დემოკრატების დეკლარაცია. მეორე ჯგუფი (სტუდენტები) საქართველოში უკეთ მუშაობენ, მაგრამ ჩემის აზრით, ვიდრე არ შეიქმნება მაგარი ცენტრი, რომელსაც ექნება საერთო ორგანიზაცია აქა და ჩვენში, მანამდის ყველა მუშაობა უნაყოფოა და ზედმეტი მსხვერპლის გამომწვევი. ამიტომ არის საჭირო უსათუოდ ვისმეს გაგზავნა ჩვენში, მაგრამ ვინ? მე ჯერ ჯერობით ვერავისზედ ვერ გავჩერებულვარ, მით უმეტესად ჩვენი ორგანიზაცია აქ, - საზღვარ-გარეთ, - არ მიმაჩნია ჯერ გამაგრებულად და მომწიფებულად. უკვე მომდის პარიზიდან ცნობები (ეს ჩვენში დარჩეს), რომ დაწყებულან ინტრიგები და აშლილან ერთმანეთში. სამწუხაროდ, აქედგან ძალიან ძნელია კაცმა გაიგოს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, მაგრამ ამას კი გეტყვი, რომ ჩემ ჩამოსვლისთანავე თუ დავინახე, რომ კერძო ინტერესებს მაღლა აყენებენ ვიდრე საერთოს, ბევრს ლაპარაკს არ დავიწყებ და ცალკე დეკლარაციით გამოვალ. მე დარწმუნებული ვარ, უმეტესი ნაწილი ორგანიზაციისა მე გამომყვეს. სამწუხაროდ აქაური საქმეები ნებას არ მაძლევენ ოქტომბერზედ ადრე პარიზში მოვხვდე და იმ დრომდე არა იქნება რა. - მომწერეთ თქვენი ამბავი, რას შვრებით და როგორა ხართ? აგრეთვე პოლიტიკურად შენ და მიხამ თუ რაიმე ნაბიჯი გადადგით, თუ ელით პარიზიდგან ჩვენ ამბავს. სად არის ლეო? ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მას პარიზში არ მოუხერხდა ჩამოსვლა. მე აქ ოსმალებთან ვმუსაიფობ. იქნებ რამე გამოვიდეს. ინგლისელებთან ჯერ არ დამიწყვია, ველი ოსმალებთან რამეს გავხდე და მერე მეორებთან. - ჩემი ცოლი დეკემბერში ამერიკაში მიდის. მე ჯერ არ ვიცი გავყვები თუ არა, ეს იმაზედ არის დამოკიდებული, ჩვენი საქმე როგორ წავა. ამერიკაში უნდა ვეცადოთ ფული ვიშოვოთ; თუ ჩემმა ცოლმა მოახერხა, მოაწყობს ერთ წარმოდგენას ჩვენი პარტიის სასარგებლოთ. რამდენიმე ათასი დოლარიც დიდი საქმეა. Je vous tiens toujours au courant64 ჩვენ საქმეებში და თქვენც მწერეთ მანდაური ამბები და თქვენი აზრი. ასე არ შევწყვიტოთ ერთმანეთში კავშირი. დიდი მოკითხვა ჩვენი ოჯახისგან შენ და შენს ოჯახობას.
ძმურად შენი გიორგი მაჩაბელი65
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
_______________
64. მე თქვენ ყოველთვის მეყოლებით საქმის კურსში (ფრანგ.).
65. გიორგი მაჩაბლის ამ წერილს თან ერთვის გიორგი კერესელიძის შემდეგი კომენტარი: „ჩემი განმარტება: ბერლინში ჩვენ ოთხმა დავიმუშავეთ მოქმედების საჭირო გეგმა. გიორგი რომს წავიდა. იტალიაში მას კარგი კავშირები ჰქონდა, - ჯერ იმიტომ, რომ მისი მეუღლე ნორინა, - სინემის ფსევდონიმე მარია კარმი, იყო იტალიელი, თავის დროის ერთი ულამაზეს ქალთაგანი, ჭკვიანი, განათლებული, - სრულიად თავისუფლად ფლობდა იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, - მასთან დიდი მოყვარული ქართველობისა.
ესეთი იყო გიორგის მეგობრული განწყობილება ლეო კერესელიძისადმი. გაბაშვილი კი (იგულისხმება საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რევაზ გაბაშვილი და მისი მემუარები „რაც მახსოვს“. მიუნხენი, 1959, - გ.მ., ნ. ს.) ათქმევინებს ამ პატიოსან, ვაჟკაც კაცს, გიორგი მაჩაბელს, - ლეოს შესახებ ტყუილს და ცილისწამებას, - შეურაცხყოფს ორივე ხსოვნას. გ. კ.“.
![]() |
17 № 15 გიორგი მაჩაბელი - გიორგი კერესელიძეს. 19.IX.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. რომი
ჩემო გოგიაჯან,
დამავიწყდა გუშინდელ წერილში რამდენიმე თხოვნა. ჯერ ეს ერთი, როგორც ჩემი თამარის დიპლომი66, აგრეთვე სუფთა ცალი (ხელმოწერილი) ფინლანდიის ელჩისათვის შენთან დამრჩა და ძალიან გთხოვ, გამომიგზავნო. ორ მაგარ კარტნის ქაღალდის შუა კი ჩადე, რომ გზაში არ დაშავდეს. მეორე თხოვნაა შესახებ ქართული ანბანისა. გეთაყვა, შემიტყე რამდენი დაჯდება მანდ რომ გადავასხმევინოთ (იანგარიშონ ან დოლარით, ან შვეიც. ფრანკით). რამდენს იწონის, რა დაჯდება მისი გაგზავნა მაგ. შვეიცარიაში. გასატანი ბაჟიც ხომ არ არის გადასახდელი. სულყველაფერი გამიგე დაწვრილებით და მომწერე. მანდ ეხლა იმისთანა პირობებია, რომ ყოვლად შეუძლებელი იქნება მანდ გაზეთის გამოცემა. ერთად ერთი ალაგია, - პარიზი. მერე კარგი იქნება ყველა დიდ ცენტრებში ევროპისა იყოს ქართული ანბანი. თუ იაფად გადაგვისხამენ და უბაჟოთ გაგვატანინებენ, მაშინ კარგი იქნებოდა რომისათვისაც ერთი ცალი დაგვეკვეთა. ვატიკანის სტამბას ვაყიდვინებდი. აი ეს ორი თხოვნა ჯერ ჯერობით, და მესამეც, უფრო ადვილი. ლ. ახმეტელთან იმყოფება ქართ.-გერმ. საზოგადოების წიგნები. მიხა იცნობს მათ. როგორც მიხამ მითხრა, უკვე გაუტანიათ რამდენიმე წიგნი. მეტი ნაწილი ამ წიგნებისა მეკუთვნის მე, - პირადათ, ჩემი საკუთარი ფულით არის ნაყიდი, ტრიჩმა67 იცის ეს და არ მინდა დაიკარგონ, მით უმეტეს, რომ ზოგი მეტად იშვიათი ეგზემპლიარია. მე ლადოს ვუთხარი, რომ წიგნები ჩემია და მინდა წავიღო. ძალიან გთხოვ მიხვიდეთ შენ და მიხა საელჩოში, გამოიტანოთ ეს წიგნები. ვითომ მე მიგზავნით და შენთან შეინახო. თუ ამ წიგნებს შემინახავ ჯერ-ჯერობით ძალიან დამავალებ. კარგი იქნება პატარა სია შეადგინო მათი და ერთი ცალი მე გამომიგზავნო, რომ ვიცოდე რა აკლია. მე მქონდა მთელი სია ამ წიგნების. მომიტევე რომ ამდენს გაწუხებ, - მაგრამ ძმა ძმისთვის - შავი დღისთვისაო.
კვლავ ძმურის სალამით
შენი გიორგი მაჩაბელი
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
__________________
66. იგულისხმება 1917 წელს საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის მიერ დაწესებული ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშნის ( თამარ მეფის ორდენის) მინიჭების სიგელები. დაწვრილებით ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშნის შესახებ იხ.: მამულია გ. ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშნის (თამარ მეფის ორდენის) შექმნის ისტორიიდან. ქართული ემიგრაცია, თბილისი, 5 (8)/2018-2019, გვ. 81-90.
67. იგულისხმება ტრიჩი დევის (Trietsch Davis) (1870-1935).
![]() |
18 № 16 გიორგი კერესელიძე - გიორგი მაჩაბელს. 29.IX.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
Chamby S/Montreux
ძმაო გიორგი,
შენი წერილი მხოლოდ დღეს მივიღე და ამიტომ ჩემი პასუხი დაგვიანებით მოგივა. გარდა ამისა, სამწუხაროდ, შენი მისამართი თან არა მაქვს და ამიტომ იძულებული ვარ ეს წერილი ბერლინში გავგზავნო და იქიდან შენ გადმოგიგზავნიან.
შვეიცარიაში ჩამოველ იმიტომ, რომ იმედი მქონდა აქ შევხვედრილიყავ ერთ კაცს, რომლის დაინტერესება მინდოდა ჩვენ საქმეში, რათა მეშოვა ცოტა ოდენი ფულიც. სამწუხაროდ, აგერ 2 კვირაზე მეტია ველი და ჯერ კიდევ ვერ შევხვდი; შეგატყობინებ, თუ რამე გამოვიდა.
ვიცი, ჩემო გიორგი, რომ საქართველოში საქმე ვერ მიდის როგორც ჩვენ გვსურს. ვიცი, რომ ჯგუფ-ჯგუფად გადადის „ასე წოდებული ინტელიგენცია“ ბოლშევიკების ბანაკში. და ამით ასუსტებენ ქართველი ხალხის ბრძოლის ძალას და აავადებენ მის სახელმწიფოებრივ შეგნებას. ამიტომ, მით უმეტეს, საჭიროა რაც შეიძლება მალე შევუდგეთ ჩვენ ჩვენ საქმეს. კიდევ უნდა გაგიმეორო, გიორგი, რომ მე არ ვენდობი ჩვენს პარტიებს. მიზეზი უბრალოა: (პიროვნებებს ნუ შევეხებით) საერთოდ პოლიტიკური პარტია, და განსაკუთრებით კი ჩვენი პარტიები, მისდევენ საერთო მსვლელობას და ცდილობენ შეურიგდნენ შექმნილ პირობებს, რათა მეტი მიმდევარნი შეიძინონ. პოლიტიკური პარტია, საერთოთ ინტრიგებით სცხოვრობენ. ეს მოვლენა საერთოა ყოველ სახელმწიფოში და ჩვენში ხომ ყოველი პარტია ინტრიგაზე და შურზედ არის აღმოცენებული. დემაგოგია და კარიერა, აი მამოძრავებელი იმპულსი ჩვენი პარტიების და მათი წევრების. თვით ევროპაშიც კი, უკვე დიდი ხანია პარტიები გადაიქცნენ კარიერის საშვალებათ. ამიტომ მე უკვე არსებული პარტიების არამწამს რა. ხალხს კი, მასას, სადაც ინსტიქტიურად კიდევ უნდა არსებობდეს საღი სურვილი ეროვნული არსებობისა, მოვლა უნდა. ამიტომ საჭირო არის ვიმოქმედოთ. ჩვენ კარიერას არ მივდევთ; ჩვენ თავისუფალი ვართ პარტიული შხამისაგან; ჩვენ ცხადად ვხედავთ რა გვინდა, რისკენ მივდივართ. ჩვენ გვსურს საქართველოს გადარჩენა და არა ჩვენი პარტიისა. სოციალ-დემოკრატია ეძებს შექმნას ისეთი პირობები, სადაც მათი პარტია გამაგრდება, გაიზრდება და ინტერნაციონალში მეტი წონა ექნება. თუ დღეს იგი მომხრეა საქართველოს დამოუკიდებლობისა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება ნიშნავს გაბატონებას ბოლშევიკებისას და ბოლშევიკები კი შთანთქავენ მენშევიკებს. დაახლოებით ამავე შხამით არის მოწამლული ეროვნულ-დემოკრატია. ამ პარტიის კორიფეები (რასაკვირველია, მხედველობაში მაქვს არა კედია68) მომხრე არიან დამოუკიდებლობა ჰქონდეთ პროგრამაში პირველი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ეს მოდაა, და მეორე იმიტომ, რომ რუსეთში გაბატონებული პარტია ვაჭრობის თავისუფლებას ზღუდავს. ხოლო თუკი ან ბოლშევიკები, ან სხვა, მომავალში გაბატონებული პარტია რუსეთში, მისცემს გარანტიას აღებ-მიცემის თავისუფლებისას, ეროვნულ დემოკრატია, სცნობს რა შეუძლებლობას ბრძოლისას, გადაიქცევა ლოიალურ პარტიათ (საჭიროა ქართველი ხალხის გამდიდრება; საჭიროა უცხო ელემენტის განდევნა; საჭიროა ეკონომიურად გამაგრება ქართველი ხალხისა; საჭიროა კულტურული ავტონომია) და სხვა ამის მსგავსი პატრიოტული ახსნა ღალატისა ადვილათ მოიპოვება პარტიის ტაქტიკის შეცვლისათვის. ლეოც, მიხაც69 და მეც ღრმად დარწმუნებულები ვართ, რომ შენ ჯერ იმდენად გამოცდილი ხარ, და მერე იმდენი მიუდგომელი სიყვარულია შენში ქართველი ხალხისადმი და მისი მომავლისადმი, რომ არ მოტყუვდები და მოიქცევი ისე, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი ქვეყნის ბედი. ამიტომ იყო, რომ მე პირადათ დროებით უარვყავ ჩემს ტაქტიკას და ამიტომ იყო, რომ ჩვენ გვსურდა რაც შეიძლება მალე ჩახვიდე პარიზსში.
ლეოს უარი უთხრეს საფრანგეთში შესვლის უფლებაზე, და ვგონებ გაკვრით აგრძნობინეს, რომ ჩვენ მთავრობას არა სურს მისი პარიზში ყოფნა. ამ რიგად ლეო, როგორც სჩანს პარიზსში ვერ წავა. ეხლა ბერლინშია, არ ვიცი სად იცხოვრებს. ბერლინში ცხოვრება ძალიან გაძვირდა.
Pour te tenir au courant de la vie géorgienne de Berlin70 რა მოგწერო? იგივე სიმყრალეა; იგივე ჯაშუშობა და უნდობლობა ერთი პარტიისა მეორესადმი. რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიას, - შენ საღი წარმოდგენა გექნება, რადგან შენ თვითონ იყავ მოწამე შენი მოხსენებისა. იმ კრებას
დაესწრო 2 ნაციონალ-დემოკრატი: ინგილო71 და მარგველაშვილი72, - დანარჩენები იყვნენ „თანამგრძნობნი“. შენ შემდეგ მოხსენება წაიკითხა საელჩოში სამსონ ფირცხალავამ73. უმეტესობა, რასაკვირველია სოციალ-დემოკრატია დაესწრო. შენ თავად იცი, რა ფაქიზი, პატიოსანი და პატრიოტი პიროვნება არის სამსონი. ხოლო უმთავრესად თავის მოხსენებაში იგი სოციალიზმს და სოციალისტთა ტაქტიკას იცავდა. ჩემს შეკითხვაზე: 1) „გადასწყვიტოს თუ არა ჩვენმა პარტიებმა, რომ განდევნონ პარტიიდან ყოველი ის წევრი, ვინც რუსის ორიენტაციას ადგია?“, - პასუხი ვერ გამცა. 2) „აპირებს თუ არა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია საქვეყნოდ განაცხადოს, რომ იგი წინააღმდეგია საქართველოს რუსეთთან ფედერაციისა“, - პირდაპირი და ნათელი პასუხი ვერ მომცა. ასეა, ჩემო გიორგი. რას უნდა მოველოდეთ პარტიების სხვა წევრებიდან, თუ თვით სამსონიც კი, მიუხედავად მისი ეროვნული გრძნობებისა, ვერ ბედავს პარტიის წინააღმდეგ აზროვნებას!
ჩვენ (ე.ი. მიხას, ლეოს და მე) ჯერ ნამდვილი მუშაობა არ დაგვიწყია, რადგან ჯერ ერთი ველით, შენ, ანუ შენ მომავალ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენის აზრით, ჩვენ ოთხნი უნდა შევადგენდეთ, ასე ვთქვათ, ერთს მთლიან პიროვნებას, ერთს განუყოფელ არსს. თუ ერთ-ერთი ჩამოგვშორდა, საქმე ნახევრად წამხდარია. მეორე: - საქმის დასაწყებად საჭიროა რაიმე თანხა, - ვართ თანხის ძებნაში. უმთავრესად კი, გიმეორებ, ველით შენს საბოლოო გადაწყვეტილებას.
აი კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: ბერლინში არსებობს მწერალთა უპარტიო კავშირი. ამ კავშირმა გადაწყვიტა გაზეთის გამოცემა. ამორჩეულ იქნა სარედაქციო კოლეგია სამი პირისაგან: ივანიცკი (ინგილო), ვლადიმირ ბაქრაძე74 და მე. როდესაც სარედაქციო კოლეგიის კრება დაინიშნა, მე ამომირჩიეს კოლეგიის თავმჯდომარედ. უნდა გითხრა, რომ არ მსურდა. საქმე ისეც ბევრი მაქვს. ხოლო აშკარად დავინახე, რომ თუ მე არა ვარ თავმჯდომარე, საქმე ვერ მორიგდება, რადგან ეს ორი პარტიის წევრები ვერ შეთანხმდებიან, ვერ დაივიწყებენ ვერც ერთ წუთს, რომ უპირველეს ყოვლისა იგინი არიან პარტიის წევრები, და ყოველ წუთს ეშინიათ, რომ ერთმა პარტიამ მეორე არ მოატყუოს და არ გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც ავნებს მის პარტიის ქალწულობას. ივანიცკიმ პირველივე სხდომაზე ვრცელი დეკლარაციაც კი შემოიტანა, თუ რათ არ შეუძლიან მას მოღვაწეობა. როგორც იყო, უკან წავაღებინე ეს დეკლარაცია და მოვაწყე ისე, რომ შეთანხმებით ვმუშაობთ. ალბათ, ივანიცკიმ რომ ნახა,
რომ მე, სოციალ-დემოკრატიის მტერს, არ მეშინიან ამ პარტიის წარმომადგენელთან მუშაობა, დამშვიდდა. აი აქამდის მიდის პარტიული პარტიკულარიზმი.
რაც შეეხება ჩვენი გაზეთის გამოცემას, მე ვგონებ სჯობია ბერლინში გამოდიოდეს. უფრო თავისუფლები ვიქნებით ჩვენს მოქმედებაში. მარა ეს გადავწყვიტოთ მაშინ, როცა გამოცემის საკითხი მომწიფდება.
სტამბის საქმეს გაგიგებ (ე.ი. ასოების ჩამოსხმის ფასს და სხვას). ხვალვე მივწერ ბერლინში, რომ ყველაფერი დაწვრილებით გაიგონ და უმალ გაცნობებ.
აგრეთვე ეხლავე მივწერ ბერლინში, რომ გადიტანონ შენი წიგნები ჩემთან და სიას გაცნობებ. ამის ფიქრი ნუ გექნება. ამ წიგნების უმეტესი ნაწილი რომ შენ გეკუთვნის, პირადად ეს მე უტრიჩოტაც ვიცი. როცა შეიძინე, შენ მაშინვე მითხარი, რომ იყიდე ძვირფასი კოლექცია შენთვის და დროებით გინდა „ქართულ-გერმანულ“ საზოგადოებას ათხოვო. დიპლომებსაც გამოვაგზავნინებ ეხლავე ბერლინიდან.
თუ შენი მეუღლე მოახერხებს ჩვენი ჯგუფის სასარგებლოთ ამერიკაში წარმოდგენის მოწყობას, დიდ სამსახურს გაგვიწევს. ხელზე ამბორი და გულითადი მოკითხვა შენს მეუღლეს.
შენ რომ წახველ, - მე გადავწყვიტე მენახა ჩვენი სტუდენტები ნიურნბერგში და ჰაიდელბერგში, რომ მომემზადებინა ნიადაგი ჩვენი ორგანიზაციისა. სამწუხაროდ, უმეტესი ნაწილი სტუდენტობისა წასული იყო სხვაგან, საგაზაფხულოთ. ვნახე მხოლოდ სამი-ოთხი და კარგი შტაბეჭდილება დასტოვეს. შემდეგ წაველ მიუნხენში, - მემარჯვენეებთან (გერმანელებთან) მოსალაპარაკებლად. რუსების გავლენა ჯერ კიდევ დიდია, - ხოლო როგორც ვატყობ, - სუსტდება. თუ ჩვენ შევქმენით მძლავრი ორგანიზაცია, იმედი მაქვს შევძლოთ ჩვენი საკითხის წამოყენება და რუსთა გავლენის ცოტათი მაინც შესუსტება.
რასაკვირველია მართალი ხარ, რომ საჭიროა, აუცილებელია საქართველოსთან კავშირი მოვაწყოთ, უამისოდ ჩვენი მუშაობა უნაყოფო იქნება. იმედი მაქვს თუ აქ დავიწყეთ ორგანიზაციის მოწყობა, - საქართველოსთან კავშირსაც მოვაწყობთ, - ამისთვის კაცებსაც გამოვნახავთ. საჭიროა ჩვენ დავრაზმდეთ და გამოვარკვიოთ საბოლოოდ თუ რა გზას დავადგეთ.
გიორგი, - თურქებთან და ინგლისელებთან ლაპარაკის დროს, ჩემის აზრით, საჭიროა პირდაპირ ელაპარაკო ჩვენს მომავალ ორგანიზაციაზე. საჭიროა გადაჭრით უთხრა, რომ ჩვენი პროგრამა არის გადაჭრით დავადგეთ ინგლის-ოსმალეთის ორიენტაციას, - და დაახლოებით თუ რა კომპრომისებს მივიღებთ მაგათ სასარგებლოთ. ჩვენ მთავრობას არც ეგენი ენდობიან, არც ჩვენ, - ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე გვსურდეს ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყოთ. ერთი სიტყვით, საჭიროა ინგლისელებთან და თურქებთან ნიადაგი მოვამზადოთ. საჭიროა ეგენი დაგვეხმარონ მუშაობაში და გარანტიები მოგვცენ.
მოიწერე ხოლმე. მეც ხშირად და ვრცლად გაცნობებ ხოლმე ყველა საგულისხმო მოვლენებს. მე მალე დავბრუნდები ბერლინში. კაცო, ამ მოლოდინში უფულოდ დავრჩი და ვალი ვალზე დამედო. ამას ვინ ჩივის, ოღონდ რამე გამოვიდეს ჩვენ სასარგებლოთ. მოიწერე ბერლინში.
შენი გ. კერესელიძე
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
________________
68. იგულისხმება კედია სპირიდონი (1884-1947).
69. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
70. რათა შენ საქმის კურსში ჩაგაყენო ბერლინის ქართული ცხოვრებისა. (ფრანგ.)
71. იგულისხმება ივანიცკი-ინგილო რაფიელ (1886-1966).
72. იგულისხმება მარგველაშვილი ტიტე (ტიტუს).
73. იგულისხმება ფირცხალავა სამსონ (1872-1952).
74. იგულისხმება ბაქრაძე ვლადიმერ (ლადო) (1884-1953).
![]() |
19 № 17 გიორგი კერესელიძე - გიორგი მაჩაბელს. 8.XII.1923. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ბერლინი
ძვირფასო გიორგი,
შენი უკანასკნელი წერილი (ამ 2 1/2 თვის წინათ, ხომ ხედავ რა ხშირი კორესპონდენცია გვაქვს!) შვეიცარიაში მივიღე. მე უმალ გაგეც პასუხი. ხოლო რადგან შენი მისამართი არ ვიცოდი, - მიხას75 გადმოუგზავნე და იმანაც, როგორც ვიცი, დაუყოვნებლივ გამოგიგზავნა.
ყოველი შენი თხოვნა შევასრულე.
სამწუხაროდ ორდენების დიპლომები კარგა ხნის შემდეგ ფოსტას უკან დაუბრუნებია (აქ ფოსტის მართვის კანონები ყოველ დღე იცვლებოდნენ) და ეხლა ისევ იქ არიან. მაცნობე სად გამოგიგზავნო და იმავ დღეს ექსპრესით მოგაწვდი. შენს წიგნებს მოუვლით. სტამბაზე მიხა უკვე გწერდა. სახელმწიფო სტამბა კერძო ხალხისგან არ იღებს დაკვეთას და ამიტომ ფასებსაც არ ამბობს. მე მაინც შევეცდები რაიმე მოვაწყო, თუ მომწერ.
მე სულ 10 დღეა რაც დავბრუნდი გერმანიაში. ვიყავ, სხვათაშორის, იტალიაშიც. დარწმუნებული ვიყავ, რომ შენ უკვე კარგა ხანია რაც დასტოვე იტალია, თორემ უეჭველად გნახავდი.
გიორგი, სხვათაშორის, შენც რასაკვირველია გეცოდინება იტალიის განზრახვა იცნოს de jure რუსეთი. არ ვიცი, თუ ეს განზრახვანი რეალურ ფორმებში ჩამოყალიბდებიან, - ყოველ შემთხვევაში ჩვენ, - ქართველებმა, ანუ ჩვენმა მთავრობამ, - ზომები უნდა მივიღოთ. ჩემის რწმენით, ჩვენ არას დავკარგავთ თუ ევროპამ, ან ამა თუ იმ სახელმწიფომ იცნოს de jure რუსეთი, - ოღონდ რუსეთის საკითხიდან გამოჰყონ საქართველოს საკითხი. თუ ამას მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის ხელსაყრელიც იქნება და ქართული საკითხი ხელახლა გაცოცხლდება. მე აკაკის76 ვწერ ამის შესახებ წერილს. რასაკვირველია აუცილებელი [და] საჭირო არის
ჩვენი წარმომადგენელი იყვეს რომში. თუ ისევ შენ დაბრუნდები უკან (ეს შენი მოვალეობაც არის), ამას არაფერი არ აჯობებს. თუ შენთვის შეუძლებელია რომში წასვლა, მაშინ უნდა ურჩიო შენც აკაკის, რომ ისეთი კაცი გაგზავნონ, ვისაც გარდა შინაარსისა, გარეგნული სახეც, მანერაც და სიტყვაც შესაფერი აქვს. შენ ჩემზედ კარგად იცნობ იტალიას და დამეთანხმები, რომ იქ მანერა, ფორმა, ჟესტი, არ თამაშობენ უკანასკნელ როლს. განსაკუთრებით დღეს, როდესაც პროცესი სახელმწიფოს ავტორიტეტის აღდგენის და განმტკიცებისა, ასეთი მძლავრის ტემპით სწარმოებს იტალიაში.
პომპს, პოზას, დეკორაციას მოითხოვს იტალიის ხალხის ბუნება, - ამასვე მოითხოვს სახელმწიფოს ავტორიტეტის აღდგენა და ამიტომ არის, რომ მუსოლინის ტაქტიკაში ამ მხარეს უჭირავს მეტად დიდი ადგილი (და უნდა გითხრა, მართალიც არის მუსოლინი). ამიტომ, გიორგიჯან, თუ შენ ვერ წახვალ, მიიღე ყოველ[ი] ღონის ძიება, რომ არ დაუშვან შეცდომა და არ გაგზავნონ ისეთი კაცი, qui sera trouver comme un parvenu et qui sera forcé d'entichambrer77. თუ იტალიამ მართლა სცნო რუსეთი და ჩვენი საკითხი გამოჰყო რუსეთის საკითხს, ამით გაუძნელდება სხვა სახელმწიფოებს, რომლებიც აჩქარდებიან მიჰბაძონ იტალიის მაგალითს, საქართველო ჩააკვეხონ რუსეთს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი ჩვენ გაგვიძნელდება სხვა სახელმწიფოებში მაინც შევინარჩუნოთ იურიდიული ფორმა არსებობისა. ეცადე, გიორგი, შენ წახვიდე, თუ არა და ეცადე არ გაგზავნონ ისეთი, ვინც გაკეთების მაგიერ წაახდენს საკითხს.
გიორგი, - მეტად სამწუხარო არის, რომ ჩვენ ასეთი სუსტი კონტაქტი გვაქვს. მე იმედი მაქვს, რომ ოსმალეთი გადასწყვეტს ჩვენს საკითხს (შეიძლება უკვე ამ გაზაფხულზე) და ამიტომ საჭირო იყო ჩვენი ხშირი აზრთა გაცვლა-გამოცვლა. არ ვიცი, ეს წერილი მიაღწევს თუ არა შენამდის, რადგან მე მხოლოდ გუშინ გავიგე შენი მისამართი სრულიად შემთხვევით და დარწმუნებული არა ვარ, თუ კიდევ პარიზში ხარ.
აქ რომ ჩამოვედი ხმები დამხვდნენ, რომ შენ ვითომ უკვე ამერიკაში ხარ. მართალია ჩვენ ყველას გვეწყინა, რომ შენ ისე წახვედ[ი] ევროპიდან, რომ არავითარი ცნობა არ მოგვეც, მაგრამ ეს ცნობა სწორეთ მივიღეთ, ვინაიდგან ვიცოდით, რომ შენი მეუღლე უკვე ამერიკაში იყო.
თუ წერილს მომწერ და მაცნობებ შენს სწორე მისამართს, დაუყოვნებლივ გამოგეხმაურები.
ლეოს კვალიც დავკარგე. არ ვიცი სად არის. უკანასკნელად ჟენევაში ვნახე ამ 2 1/2 თვის წინათ. ხომ არ იცი სად არის?
გიორგი, მიხა78 ძალიან ცუდად არის. ისტერიები დაეწყო. მორალურად მეტად დაავადებულია. ამას მიუმატე მატერიალური გაჭირვება. ხომ იცი ეჭვიანი კაცია და მასთან ისიც იცი, შენ როგორ უყვარხარ. გუშინ შემჩიოდა, რა დავუშავე იმ კაცსო, ერთი წერილი აღარ მომწერაო და იმის წერილი კი ძალიან გამიხარდება ხოლმეო.
როდესაც მე ბერლინში არა ვარ ხოლმე, უარესად ხდება: - მორალურად სულ ჰკარგავს თავს და ყოველი ნების-ყოფა ეკარგება. მე გავამაგრებ ხოლმე და მორალს აუწევ ხოლმე. გიორგი, მისწერე ხოლმე თვეში ერთი-ორი წერილი მაინც. უნდა მოუაროთ ამ კაცს.
ჩემი აქ არ ყოფნის დროს სულ აურ-დაურევიათ ჩვენი სტამბის საკითხი. ბოლშევიკებს მოუსურვებიათ ხელში ჩაეგდოთ. მე კი საქმე ისე მოვაწყვე, რომ შეგვეძლო ჩვენი გაზეთის გამოცემა (არა „საქართველოს მოამბე“, - არამედ ის გაზეთი, რომელზედაც ჩვენ გვქონდა ლაპარაკი) და ეხლა კი სტამბის საკითხის გამოკეთება მოითხოვს შედარებით დიდ ხარჯს და დროს. მე იმედი მაქვს მაინც გამოვაკეთო ეს საკითხი და გაზეთი (ჩვენი პოლიტიკური) გამოვცეთ. რასაკვირველია „საქართველოს მოამბესაც“ არ შეუშლით ხელს და მივცემთ საშვალებას თავისუფლად გამოდიოდეს, მით უმეტეს, რომ თითონ ვარ ამ გაზეთის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე. თუ ჩვენი გაზეთი გამოვიდა, იმედი მაქვს ცოტა ოდენი ფული კიდევ ვიშოვნო და მიხას პატარა ჯამაგირი მაინც დაუნიშნო. მანამ კი (თუმც ჩემი პირადი მდგომარეობა არ არის საროტშილდო), მაგრამ რაც გვაქვს, გავიყოფთ. ცხოვრება აქ ძალიან ძვირდება და საწყალი მიხას ტერორიც იზრდება. ვამშვიდებ და უვლი რაც შემიძლიან.
ასე ჩემო გიორგი. მაცნობე შენი მისამართი და მომწერე წერილიც.
თამარის გულითადი სალამი79. ხელზე ამბორი და პატივისცემა გულითადი შენს მეუღლეს.
შენი გოგია
მისამართი G. Keresselidse. Brückenallée 30. Berlin NW 23. Allemagne.
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
_________________
75. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
76. იგულისხმება ჩხენკელი აკაკი (1874-1956).
77. რომელსაც ჩათვლიან პარვენიუდ და დააცდევინებენ მისაღებში. (ფრანგ.)
78. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
79. იგულისხმება გიორგი კერესელიძის მეუღლე - თამარ ციციშვილი (1884-1942).
![]() |
20 № 18 გიორგი კერესელიძე - გიორგი მაჩაბელს. 18.V.1924. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ბერლინი
საყვარელო ძმაო გიორგი,
ვსარგებლობ შემთხვევით და გწერ რამდენიმე სიტყვას. დიდიხანია მინდოდა შენთვის ვრცელი წერილის მიწერა, ხოლო ველოდი მდგომარეობა გამორკვეულიყო.
ჩვენ, როგორც იცი, გადაწყვეტილი გვაქვს, უმწეოთ სერიოზულ მუშაობას არ შეუდგეთ. ამიტომ ამ დღეებში მოგწერ ფოსტით ვრცელ წერილს. ეხლა კი ვსარგებლობ იმ შემთხვევით, რომ ერთი გაჭირვებული ქართველი სტუდენტი მოდის მანდ, და ვატან ამ ბარათს. გიორგი, არ ვიცი შენი საქმე როგორ არის, მაგრამ თუ ვინიცობაა ამ სტუდენტს გაუჭირდეს პირველ 2-3 დღეს (რადგან ადგილი უკვე აქვს მანდ), იქნებ როგორმე ხელი შეუწყო. იქნებ თვითონ გიამბოს თავის ოდისეა.
ძალიან მინდა, ბიჭო, შენი ნახვა. თითქო ჩვენი კომიტეტი დაირღვაო. თუმც დარწმუნებული ვარ, რომ მალე კიდევ ხელი-ხელ ჩაკიდულ[ი] შევებრძვით მტერს.
მომიკითხე და მოწიწებით ხელზე ეამბორე ჩემს მაგიერ შენს მეუღლეს. მეგობრული სალამი ვასოს80.
მოიწერე შემდეგ მისამართით: Keresselidse. Kurfürsterdamm 250 II. Berlin. W. ჩვენები გიგზავნიან გულითად სალამს.
შენი გიორგი კერესელიძე
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
_______________
80. იგულისხმება დუმბაძე ვასილი (1881-1943).
![]() |
21 № 19 გიორგი კერესელიძე - ლეო კერესელიძეს. 30.V.1924. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ბერლინი
ძმაო ლეო,
შენგან კარგა ხანია წერილი არ მიმიღია. შენი საქმეების აწეწ-დაწეწვა, იცი როგორც იმოქმედებდა ჩემზედ. რა უნდა უყოთ! გაძნელდა მეტად ცხოვრება. ჩემი საქმეებიც საშინლად აირივნენ! მეტადრე ამ ბოლო დროს ძალიან გამიჭირდა. ვალებით ავივსე და სესხის შოვნაც შეუძლებელი გახდა. ბავშვები კი იზრდებიან - ხარჯს მეტს თხოულობენ. აგერ მათე81 გასათავებლად ემზადება, ვცდილობ როგორმე გამოვაკეთო ჩემი საქმე. თეატრის საქმე მართალია გამოვაკეთე, დიდი ენერგიის დახარჯვის შემდეგ, მაგრამ ცხოვრება ისე გაძვირდა, ვალი იმდენი აქვს ამ თეატრს, და კონტრაქტი ისეთი ხანმოკლეა, რომ ვეღარას მეხმარება. საჭიროა ახალი საქმის გამონახვა.
რომ იცოდეთ, რა რიგ გვინდა თქვენი ნახვა!? მეტადრე მე. რაც ხანში შევდივარ უფრო და უფრო ვგრძნობ ჩემიანებისადმი სიყვარულს. ნეტა მარიამი82 მაინც დამანახვა ვინმემ. გამოგვიგზავნეთ, თუ გაქვთ ახალი სურათი.
თამარი83, ბავშვები და ნანა სიყვარულით მოგიკითხვენ.
აქაური რა მოგწერო? გაჭირვება აუტანელი. ამ ნიადაგზე დემორალიზაცია. თუმც ერთი კი უნდა სთქვას კაცმა: ქართველ ხალხს ბევრის ატანა შესძლებია. დემორალიზაცია ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე გაჭირვება.
ლეო, ამ წერილთან ერთად გიგზავნი შენს ქაღალდებს (სულ მავიწყდებოდა მომეცა) იმ ფულის შესახებ, რომელიც ოსმალეთში დაგეკარგა84 დაწვრილებით, როგორც იცი, გერმანიის მთავრობამ უარი სთქვა დააკამყოფილოს შენი პრეტენზიები.
სამწუხაროთ ეხლა ვნახე, რომ ის წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომელშიც საბოლოო უარი იყო ნათქვამი - აკლია. ალბად სადმე ქაღალდებში გადამყოლია. მოგინახავ, ვიპოვი ალბად და გამოგიგზავნი. აკლია აგრეთვე - ის ქაღალდი, რომელშიც თამარი ამოწმებდა, რომ მან იცის, რომ შენ შვეიცარიიდან ფული წაიღე. ერთი სიტყვით - უარი თქვეს ჯერ იმ მოსაზრებით, რომ მოზელმა85 არ დაამოწმა, და მერე იმ მოსაზრებით, რომ გერმანიის მთავრობას ფული არა აქვსო. იქნებ დაიწყო ეს საქმე კიდევ. თუმც, ჩემის რწმენით, იმედი არაფერი არ არის. ვეცდები ის ქაღალდიც ვიპოვნო და გამოგიგზავნო.
სხვათა შორის გეცოდინებათ, რომ გერმანიის ელჩათ სტამბოლში დანიშნეს - Nadolny86 - ჩვენი ნაცნობი. მიხა87 კარგად იცნობს. იქნებ მოახერხოთ და მასთან კარგი განწყობილება იქონიოთ.
აკოცე მარტას და მარიამს. მარტას უთხარი, რომ მართალია ვპირდები წერილის მოწერას და ვერ ვწერ, მაგრამ არც თუ მაგის წერილები მომდის ხშირად.
შენი გოგია
გ. მამულიას პირადი არქივი, პარიზი, საფრანგეთი
____________________
81. იგულისხმება გიორგი კერესელიძის ვაჟი - მათე კერესელიძე (1906-1970).
82. იგულისხმება ლეო კერესელიძის ქალიშვილი - მარიამ კერესელიძე (1921-2002).
83. იგულისხმება გიორგი კერესელიძის მეუღლე - თამარ ციციშვილი (1884-1942).
84. დაწვრილებით, ლეო კერესელიძეს მიერ 1914 წელს ოსმალეთში ფულის დიდი თანხის დაკარგვის შესახებ, იხ. გ. კერესელიძე. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (1914-1918). ტექსტი გამოსცა და კომენტარები დაურთო გ. მამულიამ. ქართული ემიგრაცია. თბილისი, 2013, № 1, გვ. 161.
85. იგულისხმება მოზელი ლუი (Mosel Louis).
86. იგულისხმება ნადოლნი რუდოლფ (Nadolny Rudolf) (1873-1953).
87. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
![]() |
22 № 20 გიორგი კერესელიძე - ლეო კერესელიძეს. 5.VI.1924. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ბერლინი
ძვირფასო ძმაო ლეო,
გწერთ საჩქაროთ ამ წერილს. წაუკითხე მიხასაც88.
მივიღე თუ არა შენი 29 მაისის წერილი, წავედი იმ საათში რუ[მინეთის] საელჩოში. იმ დღეს საელჩოში არავინ არ იყო მაღალი პირებიდან. გუშინ საელჩოში მითხრეს, რომ სამხედრო ატაშეს (მე გადავწყვიტე მასთან დავიწყო მოლაპარაკება, რადგან ჩემის ცნობების მიხედვით ჩვენი საკითხი მან იცის თვით ელჩზედ კარგად) ბიურო სულ სხვაგან ჰქონია. დღეს წაველ მის ბიუროში. სამწუხაროდ, თითონ იქ არ იყო. მიმიღო მისმა მდივანმა. რასაკვირველია, მდივანს ბევრი რამ არ ვუთხარ, ხოლო მოკლედ აუხსენ თუ რა საგანზედ მინდა ველაპარაკო ატაშეს. მთხოვა ხვალ შევიარო და მითხრა უეჭველად აქ იქნებაო. მე ზეგისთვის გადავდე. იმედი მაქვს ზეგ 7 ამ თვეს გნახავ და მოველაპარაკები. რასაკვირველია, მე ყველაფერს ახდილად ვეტყვი. ვეტყვი მიზეზებსაც თუ რათ არ მოქმედებდა ჩვენი კომიტეტი აქამდის და სხვა. შევეცდები ვინახულოთ ხოლმე ერთმანეთი. ვკთხავ, თუ საჭიროა, რომ თქვენ მანდაურ საელჩოსთან დაიჭიროთ საქმე. დაწვრილებით გაცნობებთ ჩვენს მოლაპარაკებას და შედეგებს.
შენი წერილიდან ვერ გავიგე, თუ თქვენც შეუდგებით მანდ მათთან მოლაპარაკებას.
თუ გაზეთის გამოცემა მოვახერხეთ, - ჩემის რწმენით ჩვენი ორგანო აქ უნდა გამოდიოდეს და არა მანდ. მოსაზრებები ბევრია, თუ რათ.
სხვა ახალი არა ვიცი რა.
მართლა, - ნადოლნი (Nadolny)89, გერმანიის ახალი ელჩი სტამბოლში, უკვე მანდ უნდა იყოს. მე ვერ მოვასწარ მაგის აქ ნახვა, რადგან სწორედ ვერ გავიგე, თუ როდის უნდა გამოევლო ბერლინზედ. მიხამ90 ნახოს და მოელაპარაკოს. მოკითხვა გადასცეს ჩემს მაგიერ.
ჩვენ არა გვიშავს რა - მხოლოდ ჩავ[ვ]არდი საშინელ ვალებში, და არ ვიცი როგორ ამოვიდე. საშინლად გაჭირდა ცხოვრება.
აკოცე მარტას და მარიამს.
ჩვენები გკოცნიან ყველას.
შენი გიორგი კერესელიძე
ჩემი მისამართი
G. v[on] Keresselidze
Kurfürsterdamm 250 II
Berlin W.
Allemagne.
გ. მამულიას პირადი არქივი, პარიზი, საფრანგეთი
_________________
88. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
89. იგულისხმება ნადოლნი რუდოლფ (Nadolny Rudolf) (1873-1953).
90. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
![]() |
23 № 21 გიორგი კერესელიძე - გიორგი მაჩაბელს. 7.VI.1924. |
▲ზევით დაბრუნება |
ქ. ბერლინი
Mr. G. Matchabelli
50. Central Park
New-York City. USA.
ძმაო გიორგი,
დიდიხანია ვაპირებდი შენთვის მომეწერა წერილი ჩვენი საქმის შესახებ. ვაგვიანებდი იმიტომ, რომ ვფიქრობდი დაგროვდება საქმე და წერილი უფრო შეივსება მეთქი. სამწუხაროდ ჯერ ჯერობით კიდევ იმ საფეხურზედ ვართ, დაახლოვებით, რომელზედაც შენს აქ ყოფნის დროს ვიყავით. ცოტა ცვლილება ის არის, რომ, როგორც ალბათ მიხა91 და ლეოც გწერდნენ შენ, სტამბოლში დაარსდა პატარა ჯგუფი. ამას, რასაკვირველია, დიდი რამ მნიშვნელობა არა აქვს. საჭიროა ფართო მოძრაობათ გადავაქციოთ ჩვენი იდეები. ხოლო ამაზედ კვლავ მოგწერ, - საკუთრად ამ საკითხებზე დაწერილ წერილში.
არ ვიცი, თუ შენ რაიმე ცნობები გაქვს საქართველოს შესახებ. ცნობები მაინც და მაინც ძალიან გასახარებელნი არ არიან. ტერორი გაამძლავრეს, განსაკუთრებით ჩვენში. გუშინ ველაპარაკე ვეზენდონკს92 (ამ ცოტა ხნის წინათ ჩამოვიდა თბილისიდან; - უკანვე ბრუნდება). მითხრა, რომ თბილისში ბატონობენ ურიები და სომხებიო. მაგალითად თბილისში 48 % ღაა ქართველებისაო. რასაკვირველია, ჩვენში სომხები არიან ნამდვილი ბოლშევიკები; - ერევანში კი მხოლოდ გარეგნულად არიან ბოლშევიზმის მომხრე. გეცოდინება აგრეთვე ჩვენი კათალიკოზის ისტორია. მისი საქციელი გმირული იყო. მან დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხი არ ფიქრობს იარაღი დაჰყაროს.
თავის საქციელით, სიტყვა-პასუხით, - მან არამარტო ქართული ეკლესიის ავტორიტეტი ასწია კიდევ უფრო მაღლა, არამედ მთელი ქართველი ერის პრესტიჟიც.
ასეთი იყო, ჩემო გიორგი, მუდამ ჩვენი ისტორია. დღესაც იგივე მეორდება. მტერი დაამარცხებდა და მოსპობდა ჩვენს მთავრობას, დაამარცხებდა და მოსპობდა ჩვენს არმიას; - ხოლო ეკლესიას ვერაფერს აკლებდა. ანგრევდა ეკლესიებს, ჟლეტდა სამღვდელოებას; - რადგან ადვილია შენობის და პიროვნების მოსპობა, - მხოლოდ ეკლესიას ვერაფერს უხერხებდა, რადგან იგი იყო ქართველთა გულში ფარული და ამ ფარულ ეკლესიის გარშემო იკრიბებოდა ახლათ ქართველი ხალხი, მაგრდებოდა სულიერად, დარაზმდებოდა და კვლავ ამარცხებდა მტერს. საკვირველია, თუ რა განუსაზღვრელი ნიჭით იგრძნო სუმბათაშვილმა ჩვენი ისტორია და რა შეუდარებელი მისი სინთეზი მოგვცა თავის „ღალატში“. გახსოვს, თუ როგორ გაანადგურა სულეიმანმა (მას ამაში ოთარიც მიეშველა, რადგან უოთაროდ გაუძნელდებოდა) ქართველი მთავრობა - ჯარი, რა სისასტიკით დევნიდა ეკლესიას; - თვით კათალიკოზსაც კი მოაჭრეს თავი, - მხოლოდ საბა-სალას ჩოხის უბეში ფარულად დაჰქონდა ჯვარი და ალოცებდა ხალხს. და ეს ფარულად ჩოხის უბეში დამალული ჯვარი, არის სიმბოლო საქართველოს ეკლესიისა. მან, - ამ ჯვარმა, თვით ოთარიც კი დააჩოქა მუხლებზედ და აიძულა შენდომა მოეთხოვა. მერწმუნე, იგივე მეორდება. ჩვენი ეკლესია ითამაშებს კიდევ დიდ როლს.
გიორგი, ამ წერილთან ერთად გიგზავნი ორ დოკუმენტს: მიმართვას ჩვენი კათალიკოზისას გენიუს კონფერენციისადმი93 (შენ კარგად გეცოდინება) და მეორეს, - წერილს პაპისადმი ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლისას, რომელიც მე გადაუთარგმნე და გაუგზავნე პაპს, - იქნებ შენ მოახერხო მანდ რამდენიმე გაზეთში მოათავსო. თუ მოახერხებ, - ნუ დაიზარებ და ორ-ორი ან სამ-სამი ეგზემპლიარი გამომიგზავნე.
დაუბრუნდეთ ისევ ჩვენს კომიტეტს. ჩემის ცნობების მიხედვით, რუმინია დაინტერესებული არის საქართველოთი. მე ეს მივწერე სტამბოლში მიხას და ლეოს და ურჩიე დაიჭირონ კავშირი რუმინიის წარმომადგენელთან. მათ პასუხად მომწერეს განკარგულება; - მე დამეწყო აქ მათთან მოლაპარაკება. მეც ავასრულე. ხანრძლივ ველაპარაკე რუმინიის სამხედრო ატაშეს. ძალიან დაინტერსდა. პრაქტიკული შედეგი ჯერ არა იყო რა, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომ მე და ის ხშირად ვინახულებთ ერთმანეთს და ვიბაასებთ ხოლმე. ჩემის რწმენით (სამწუხაროთ), რუსეთი მხოლოდ ტრაბახობს და ყვირის, ნამდვილად კი მას ომისა ეშინიან. ომს ვერ გაბედავს. თუმც შეიძლება, მიუხედავათ მათი შიშისა, ომი მაინც დაიწყოს თავის თავად.
სამწუხარო ის არის, რომ მთელს დედამიწის ზურგზედ (თუ ოსმალეთს არ მივიღებთ მხედველობაში), ერთად-ერთი არმია არსებობს ეხლა, რომელიც მზად არის, მიზეზიანად თუ უმიზეზოდ, შეტევითი ომი დაიწყოს. ეს არის რუსეთის არმია. ვერც ერთ სხვა არმიას (ასეთია თანამედროვე დემოკრატიზმის სული), ვერც ერთი მთავრობა შეტევით ომზე ვერ წაიყვანს. ყოველი მათგანი თავს დაიცავს, დაიცავს თავის ინტერესებს და დაამარცხებს კიდეც რუსეთის არმიას, - ხოლო ომს თითონ არ დაიწყებს. ამიტომ, თუ რუსეთმა არ დაიწყო ომი, ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ სხვა რომელიმე სახელმწიფომ (ამ ახლო მომავალში მაინც) ომი დაიწყოს. რუსეთს, ჩემის რწმენით, - ეშინიან თავს დაეცეს ამ თუ იმ ევროპულად მოწყობილ არმიას.
ჩემის რწმენით, ჩვენი საკითხი გადაწყდება რუსეთის და ოსმალეთის შუა შეტაკებით. ეს იქნება, - მხოლოდ როდის, - ამის წინასწარმეტყველება ძნელია. ჩვენ უნდა ვემზადოთ ამ მომენტისათვის, - მაგრამ, რასაკვირველია, სხვა მოვლენებსაც უნდა უწიოთ ანგარიში. მაგალითად, - თუ ღმერთმა ქმნა და მოხდა რუსეთ-რუმინეთის ომი, - ვინ იცის, რა შედეგები მოჰყვებიან. შეიძლება ამ კონფლიქტმა გამოიწვიოს სხვა და სხვა კომბინაციები და მასთან სწორეთ რუსეთ-ოსმალეთის კონფლიქტიც. ამიტომ ჩემის რწმენით, ჩვენ რუმინიასთან უნდა დავიჭიროთ კავშირი. ამ მხრივ მე ვიმუშავებ აქ. ხოლო ძნელია უფულოდ მუშაობა. ვერასგზით ვერ მოვახერხე აქ ფული მეშოვნა. გეცოდინება, რა საშინელი კრიზისია აქ. ამასთან ცხოვრება აუტანელად გაძვირდა და გაძნელდა. გარდა იმისა რომ, პირადად მე, მთელი ოჯახი მაწევს კისერზე, აუარებელ, წარმოუდგენელ გაჭირვებას ქართველთა შორისაც უნდა გაუწიო ანგარიში, - და აღარ იცი რა ქნა. ბევრი გაჭირვებული ქართველი მანდეთკენ მოდის.
ასეა, ჩემო გიორგი, დაახლოებით საქმეები. არ ვიცი, თუ ამ წერილიდან ბევრ რამეს გაიგებ, რადგან მეტად ვჩქარობ; - აუარებელი წერილი და ზოგი მსხვილი საქმე ჰყლაპავს მთელ ჩემ დროს.
შენი წიგნები, რაც კი გადარჩენილა შემთხვევით ალბათ საელჩოში, - ჩემთან არიან. მე კი კარგად მოუვლი, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტად ცოტა ღაა. მაგალითად, სხვათაშორის შენი ალბომი ტანისამოსებისა აღარ არის. ვერ გავიგე სად გაქრა. ლადომაც ვერ მითხრა ან ვის ათხოვა, ან ვინ წაიღო. არ ვიცი სად მოვძებნო.
თამარი უკეთ არის, ვიდრე შენ რომ ნახე მაშინ იყო. მათე94 ამ მომავალ წელს გაათავებს გიმნაზიას. მეორეც95 ყოჩაღად სწავლობს და უნდა შენი კოლეგა იყოს (ინჟინრობა).
გულითადი მეგობრული სალამი შენ მეუღლეს.
მოიწერე ხშირად.
შენი გიორგი კერესელიძე
ჩემი მისამართია: G. Keresselidse. Kurfürstendamm 250. Berlin W.B
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
_________________
91. იგულისხმება წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965).
92. იგულისხმება ფონ ვეზენდონკი ოტო გიუნტერ (von Wesendonk Otto Günther) (1885-1933).
93. იგულისხმება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას (1861-1927) მიმართვა გენუის სამშვიდობო კონფერენციის სახელზე (1922 წლის აპრილი-მაისი), სადაც ქართული ეკლესიის მამამთავარი სთხოვდა ცივილიზებული მსოფლიოს წარმომადგენლებს დაეცვათ საქართველოს ეკლესია და ქართველი ხალხი ბოლშევიკთა ბარბარისული ქმედებებისაგან.
94. იგულისხმება გიორგი კერესელიძის ვაჟი - მათე კერესელიძე (1906-1970).
95. იგულისხმება გიორგი კერესელიძის ვაჟი - ლეო (ლულუ) კერესელიძე (1908-1979).
![]() |
24 № 22 გიორგი მაჩაბელი - გიორგი კერესელიძეს. 24.VII.1924. |
▲ზევით დაბრუნება |
New-York (City). Fifth Ave, 501 USA
C/O Peaslee და მე
ქ. ნიუ-იორკი
ძვირფასო გოგია,
მივიღე შენი ორი წერილი, ერთი გიორგიძეს ხელით (მგონი სადღაც მოეწყო ეს ყმაწვილი, აღარ მინახავს) და მეორე ფოსტით. რაც ამერიკაში ჩამოვედი, პოლიტიკას, ჩემდა საუბედუროდ, თუ საბედნიეროთ, არც კი მივკარებილვარ. პარიზიდგან ცუდი შთაბეჭდილებით მოვშორდი როგორც ჩემს სამშობლოს, ისე ჩვენ საქმეებს. საქართველოზედ მხოლოდ ოცნების უნარი არ მომკლებია; რაც შეეხება რაიმე აქტიურ მუშაობას, აქ არც შესაძლებელია და არც ნაყოფიერი შედეგის მომტანი. არამც თუ აქ, თვით ევროპაშიც კი ვერას გავხდებით. ისე - პლატონიური ანუ აკადემიური მუშაობა თუ შეიძლება, თორემ რამე გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა ყოვლად მოუხერხებელია. ან ვინ უნდა იმუშაოს? უმი ბოლო ცდების შემდეგ დავრწმუნდი, რომ თვით ჩვენშიც ნიადაგი ძალიან სუსტი იყო, გაგვეკეთებინა რაიმე სახეირო. სოციალ-დემოკრატებმა საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ მოუარეს, გამოდგნენ ყოვლად უხეირონი და არამც თუ მარტო თავის სისუსტით დამარხეს საქართველო რამდენიმე ათი წლით მაინც, არამედ თავიანთი მოშხამული და გათახსირებული არსებით წაახდინეს ერთი თაობა მაინც. მის მაგივრად, რომ ისინი დაგვექვავებინა, დღესაც რაღაც საერთო მუშაობაზედ მათთან გვაქვს ბაასი. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, - საღ ეროვნულ-ელემენტს, - არ გვაქვს (და მართლაც არა გვაქვს) ძალა და ვეძებთ კომპრომისებს მათთან, ვინც საქართველოს თავისი საკუთარი ხელით გამოსჭრეს ყელი. ვიდრე საქართველოს ეროვნული ძალები ისე არ გამაგრდებიან და არ გაძლიერდებიან, რომ მოღალატე ნოე ჟორდანიის დამქაშებთან მოსპობენ ყოველივე კავშირს და მარტო გაუძღვებიან სამშობლოს საქმეს, მანამდის ჩვენს ქვეყანას ვერაფერი ვერა უშველის რა. მივიღე წერილები ლეოსაგან, მიხოსაგან და დავით ვაჩნაძესაგან96 სტამბოლიდგან. ყველანი მწერენ, რომ შეადგინეს კომიტეტი და რაღაც იმედებით იყო გამსჭვალული მათი წერილები. გაიარა რამდენიმე კვირამ და მივიღე მეორე წერილი ლეოსაგან, სადაც მთხოვს როგორმე მოვუხერხო აქ ჩამოსვლა, რადგან მას სტამბოლში პირდაპირ შიმშილი მოელის. მე მათთვის დღევანდლამდის არ მიმიწერია. ლეოსთვის კი ვცდილობ ვუშოვნო ნებართვა და გადავუგზავნო. რატომ არაფერი ვუპასუხე, მკითხავ შენ. მე თვითონ არ ვიცი. ინსტინქტიურად ვერ მოვკიდე კალამს ხელი, რომ არ desillusioner97 ისინი იმედებში. ადამიანი შორიდგან უფრო უკეთ თვალს ადევნებს ფაქტებს და უფრო კარგად ანგარიშს უწევს ყოველივე მოვლენას. შენ მართალი ხარ. რუსეთს დღეს ვერავინ გაუბედავს ომს, მეტადრე ეხლა, როდესაც ესე გაიმაგრა ზურგი ჩინეთ-იაპონიისაგან. ამერიკის ემიგრაციის კანონმა, რომელიც ისე მკაცრად ეხება იაპონიას, ააძულებინა ამ უკანასკნელს რუსეთთან კარგი დამოკიდებულება ჩამოეგდებინა. რუსეთში დღითი-დღე ძლიერდება ეროვნული ძალა და იქნებიან იქ ბოლშევიკები თუ სხვა ვინმე, ეს ძალა ჩვენ მოგვსპობს, თუ მთელი ჩვენი ენერგია იმას არ მოვანდომეთ, შევინარჩუნოთ ეროვნული სახე. ვეცადოთ ახალგაზრდობაში გავაძლიეროთ და გავაღრღმავოთ სიყვარული და ერთგულება სამშობლოსადმი, ენისადმი, მიწა-წყლისადმი. უნდა აღვზარდოთ მომავალი მებრძოლნი საქართველოს თავისუფლებისა, მისი დამოუკიდებლობისა. ეს მებრძოლი სული მათში უნდა იყვეს შეგნებული, გარკვეული, გამოიანგარიშებული. ეხლანდელ დროში გრძნობის პატრიოტობა არ კმარა, გრძნობა და ცოდნა ე.ი. გული და თავი ერთად უნდა იყვნენ განვითარებულნი, მომზადებულნი. ყველა ამ ჩვენი მუშაობისათვის კი საჭირო არის ფული, ქონება. ჩვენ კი ყველანი ღარიბნი ვართ, არავის არაფერი არა აბადია რა. ყველა ჩვენი გეგმები რჩებიან და დარჩებიან უბრალო ოცნებებათ, თუ არ დავიწყეთ ზრუნვა ჩვენის ეკონომიურ გაუმჯობესებისათვის. უნდა ვიმუშაოთ ამ ნიადაგზედ, უნდა მოვკიდოთ ხელი ვაჭრობ-მრეწველობას და იმისთანა სახეირო საქმეებს, რომ ჩვენი თავიც შევინახოთ და საერთო საქმესაც მოვუაროთ. მე ეხლა სხვა აზრი არა მაქვს თავში. მინდა მოვკიდო რაიმე პრაქტიკულ მოსაგებ საქმეს, რომ შემეძლოს მატერიალურად დავეხმარო ყველა ჩვენ გაჭირვებულს, როგორც საზღვარ გარეთ, ისე საქართველოში. ასე რომ გადავწყვიტე პოლიტიკას სრულიათ მოვშორდე, (მით უმეტესად, რომ მუშაობის ნიადაგიც არ არის აქ) და ვცადო ამ ახალ დარგში გავაკეთო რამე. ვხსნი დუქანს (ანუ მაღაზიას), სადაც მექნება ყველაფერი გასაყიდათ. (აქ მაინც ამისთანა ტიპი მაღაზიებისა ძალიან გახშირებულია). მექნება როგორც მთელი ბინის მოწყობილობა (სურათები, ავეჯი, ხალიჩები), ისე ლამაზი სხვა და სხვა პატარა ნივთები (პაპიროზის და სხვა ყუთები (étui)98, ხელზედ ჩამოსაკიდი ქვები, სხვა და სხვა დამამშვენებელი ნივთები: - ვერცხლისა, ოქროსი თუ სხვა რამის. ქალების ნესესერები, დუხები და სხვა. გარდა ამისა აგრეთვე პარიზის მოდელები (უკვე ერთმა პარიზის სახლმა გამიხსნა კრედიტი) და lingerie99. მოდი შენ ჩემი ბერლინის კორესპონდენტი გახდი, გოგიჯან, და ერთად ვიმუშავოთ. თუ კარგათ წავიდა საქმე, ბევრ ფულს მოვიგებთ და სამშობლოს საქმეებსაც გამოვადგებით. თუ თანახმა ხარ, რა წამს ამ წერილს მიიღებ, მომწერე შენი თანხმობა. გარდა მაგისა მაშინათვე შეუდექი საქმეს. ოქტომბრისათვის მჭირია ძალიან ბევრი საქონელი, რადგან ჩემი მაღაზიის გარდა მექნება საერთო (en gros)100 გაყიდვის განწოფილება და უკვე მაქვს სხვა და სხვა მაღაზიებთან კავშირი. ამიტომ როგორც ის საქონელი, რომელიც მაღლა ჩამოგითვალე, ისე ყველა იმ ნივთებისა, რომელიც მანდ იაფად არის და გგონია აქ კარგათ გაიყიდება, გააკეთე სია, ფასები უნდა უყვეს გამოანგარიშებული ნიუ-იორკის პორტამდის (Tarief New-York). შენი პროცენტებიც საერთო ფასში იანგარიშე. მეტადრე ახალი გამოგონილი ნივთები და ავეჯეულობა თუ არის მანდ. ერთის სიტყვით ყველაფერი, რაც კი შეიძლება იაფად იყიდოს ადამიანმა, ყველაფერი მომწერე. ძალიან კარგი იქნება, თუ ზოგიერთი საგნების ნიმუშებსაც გამოგზავნი. ეს ყველას სჯობია. ნუ დაგავიწყდება, რომ ბაჟს საგარეო საქონელს ძალიან მაღალს სდებენ, ისე რომ თითქმის აქ ერთი ორად უნდა იანგარიშო, ე.ი. რაც მანდ ერთი მარკა ღირს, აქ ვიდრე მოვა (ბაჟი და ტრანსპორტი) ორი ეღირება. თუ მოახერხე და ნიმუშები გამომიგზავნე რაც შეიძლება მეტი, მაშინ ხომ პირდაპირ დეპეშით შემიძლია გაცნობო, - ესა და ეს საგანი და ამდენი გამოგზავნო. ფულის გადახდა მიღებისთანავე. მაშასადამე შემდეგი საგნებია საჭირო: 1) ყოველი-ნაირი ახალი მოდის ქალების პორტმანები (ხელში დასაჭერი); - ტყავის თუ აბრეშუმის. 2) ყელზედ ჩამოსაკიდი სხვა და სხვა ქვების ძეძკვები; - ორიგინალური. ეხლა აქ ძალიან გახშირებულია. 3) სხვა და სხვა ემალიის კოლოფები; - პორტსიგარები, ზუმწუმის, ბონ-ბონეტის და სხვა. 4) სხვა და სხვა მაგიდაზე დამამშვენებელი ნივთები. 5) საშობაო საჩუქრები: წვრილმანი, ორიგინალური, სახუმრო ნივთები (безделушки). ეს რაც მე მჭირია. ამას გარდა შენ შეგიძლიან შენი ინიციატივით რაც გინდა იმის ნამუშები თავის ფასებით გამომიგზავნო და თუ გაიყიდა, ხომ დაკარგი. კიდევ გიმეორებ, საუკეთესო იქნება ყველა ამ საგნების თითო ან რამდენიმ-რამდენიმე ნიმუში გამოგზავნო, მაშინ გაყიდვა ადვილიც და საჩქაროა. ნიმუშების ფასსაც მე გადავიხდი. გამოგზავნისთვის (როგორც ნიმუშებზე ისე საქონელზე უნდა მოელაპარაკე და გაურიგდე რომელიმე კარგ და პატიოსან ტრანსპორტის აგენტურას. ისინი გეტყვიან დაწვრილებით, გაგზავნა რა საგნისა რა ჯდება. ყოველ საქონელს გამომგზავნი ატანს ფასების სიას. ეს სია შენ ფიქტიური უნდა გამოაყოლო, ე.ი. ფასები გადამეტებით ნაკლები, ვიდრე თვით საქონელი ღირს. ნახევარი, ან მესამედი. ეს იმიტომ, რომ აქ ბაჟის მოხელეები ძალიან ხშირად ბაჟს მის ღირებულებისდაგვარად ადებენ. კერძო წერილში ჩემთან კი გამომიგზავნი ნამდვილ ფასებს. ყველა საგანს უნდა თავისი ნომერი დაუსვა, რომ დაკვეთა დეპეშით ადვილი იყოს. საქონელი გამოგზავნე შემდეგის ადრესით: Amasitic Inc. 501, Fifth. Ave. New-York City.
ჩემთან წერილები კი ზემო მოყვანილ ადრესზედ. ერთ და იმავე სახლშია. საქონლისEადრესს ჩემი სახელი არ მიუმატო. მხოლოდ წერილებს. მაშ, აბა შენ იცი, გოგია. სხვასთან მუშაობას შენთან მუშაობა მირჩევნია. თუ შესაფერს და იაფ-ფასებიან საქონელს გამომიგზავნი, იმედია დიდი საქმეები დავატრიალოთ. მეტადრე პირველ დროს გვმართებს დიდი სიფრთხილე და გამჭრიახობა. მაშ ველი საჩქაროდ შენს პასუხს.
ჩემმა ცოლმა მოკითხვა დამაბარა შენთან. თამარს ხელზედ ვაკოცებ. მომიკითხე შენი ვაჟკაცები. ძმურად სალამი.
შენი გიორგი მაჩაბელი
მოიწერე, რას შვრებიან ჩვენი ქართველები მანდ: ალშიბაია101, ახმეტელი102, ქართული ბანკი, ჟურული103, დიასამიძე104 და სხვ. სად არის ივანიცკი105, მარგველაშვილი106. წიგნებისთვის გმადლობ.
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
___________________
96. იგულისხმება ვაჩნაძე დავით (დათა) (1884-1962).
97. ილუზიები არ გამექარწყლა. (ფრანგ.).
98. ფუტლიარი. (ფრანგ.).
99. თეთრეული. (ფრანგ.).
100. ბითუმად. (ფრანგ.).
101. იგულისხმება ალშიბაია გრიგოლ (1881-1957).
102. იგულისხმება ახმეტელი ვლადიმერ (ლადო) (1875-1942).
103. იგულისხმება ჟურული გიორგი (1865-1951).
104. იგულისხმება დიასამიძე გრიგოლ (გიგო) (1870-1960).
105. იგულისხმება ივანიცკი-ინგილო რაფიელ (1886-1966).
106. იგულისხმება მარგველაშვილი ტიტე (ტიტუს) (1891 - 1946).
![]() |
25 № 23 გიორგი კერესელიძე - გიორგი მაჩაბელს. 6.VIII.1924. |
▲ზევით დაბრუნება |
გიორგი მაჩაბელს
New-York (City) USA .........................................................................ქ. ბერლინი, Kurfürstendamm 250
Fifth Awe 501,
C/O Peaslee
ძვირფასო ძმაო გიორგი,
წუხელის შენი წერილი მივიღე. დამასევდიანა და გამახარა კიდეც. დამასევდიანა იმიტომ, რომ დიდ პესიმიზმს მისცემიხარ. და სწორედ შენ, კაცი ენერგიული და გულწრფელი, პატრიოტი, რაც მეტად იშვიათი არის, ბევრში მართალი ხარ სამწუხაროდ, ხოლო იარაღის დაყრა არ ვარგა. მართალია, სოციალ-დემოკრატიამ ვერ მოუარა ჩვენ ქვეყანას. ვერ მოუარა იმიტომ, რომ მისთვის, პირველ ხანებში ყოველ შემთხვევაში, საქართველოს დამოუკიდებლობა იყო მხოლოდ და მხოლოდ საშვალება მათი პარტიის გადარჩენისა. ამიტომ ისინი ვერც მიხვდნენ, თუ რა იყო საჭირო საქართველოს დაცვისათვის. უფრო სავალალო კიდევ ის არის, რომ მარტო სოციალ-დემოკრატია, ის პარტია, რომელიც 25 წლის განმავლობაში ებრძოდა ქართულ იდეას და დაუნდობლივ სდევნიდა თვით ილია ჭავჭავაძეს, - ამ განხორციელებას საქართველოს იდეისას, - არ არის დამნაშავე ჩვენს დაღუპვაში. მას, სოციალ-დემოკრატიას, ამაში ხელი შეუწყეს სხვა პარტიებმაც. შეუგნებლად თუ შეგნებულად, - ეგ სულ ერთია. და როდესაც მტერმა დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, ეგრეთ წოდებული ეროვნული ელემენტი უფრო მალე მოიხარა მტრის წინაშე, მის შორის უფრო მეტი (შედარებით) კარიერისტი, მოღალატე და ავანტიურისტი გამოდგა. მართალი ხარ იმაშიც, რომ იმ სოციალ-დემოკრატიას, რომელიც 25 წლის განმავლობაში ანგრევდა ჩვენს ქვეყანას, არ შეუძლიან გაიხადოს ერთად-ერთ მიზნათ საქართველოს დამოუკიდებლობა.
ხოლო ფაქტი მოხდა. საქართველო აღსდგა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მიუხედავად სოციალ-დემოკრატიის სურვილისა. სოციალ-დემოკრატია იძულებული იყო სათავეში ჩასდგომოდა (შეიძლება 65 არა გულწრფელად) ამ სახელმწიფოს. ამან კი პარტიის ბევრი წევრებისათვის ცხადჰყო, რომ სოციალ-დემოკრატიის ძველი გზა შემცდარი იყო. ცხადი შეიქმნა ეს, განსაკუთრებით ისეთი ელემენტებისათვის, რომელიც პასუხის მგებელი არ იყო პარტიის ძველი გზებისა. ეს ელემენტი არის ახალგაზრდა და მაშასადამე უფრო ენერგიული. მერწმუნე გიორგი, რომ თვით ამ პარტიის წიაღში ნახავ ისეთ ელემენტებს, რომელიც იმედებს გაგიმაგრებს. შენ, სამწუხაროთ საქმე გქონდა ძველებთან; - ელემენტებთან გადახარშულ სოციალ-დემოკრატიის ძველ წვენში. მე კი, ჩემი მდგომარეობითაც (შარშან ამირჩიეს სტუდენტთა დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარედ და წლეულს ამას დაუმატეს ის, რომ მაიძულეს გერმანიაში მყოფ ქართველთა კოლონიის თავმჯდომარეობა მიმეღო), მიხდება სხვა და სხვა ელემენტებთან მუშაობა. განსაკუთრებით ახალგაზრდებთან. რომ იცოდე, გიორგი, რა სიძულვილია მათში რუსებისადმი! რომ იცოდე, რა აშკარად ხედავენ ეს ელემენტები ჟორდანიას და მისი ვეზირების სიბრმავეს! რომ იცოდე, როგორ ჰგმობენ მათ გზებს! დღეს ამაზე აშკარად ლაპარაკს ვერ ჰბედავენ, რადგან მდგომარეობა საქართველოს საკითხისა მათ არ აძლევთ ამის საშვალებას. როდესაც მე ვოცნებობდი რომ ჩვენ დაგვეწყო მუშაობა, იმედი მქონდა ამ ელემენტებისა.
გიორგი, ახალგაზრდობა იზრდება რუსეთისადმი სიძულვილში, - ეს კი დიდი ფაქტორია, - დიდი იმედების მომცემი.
აქედან არ უნდა გამოიტანო ის დასკვნა, რომ მე თვალახვეული ოპტიმისტი ვიყო! არა, - მე ვიცი სიძნელე გასავლელი გზისა, მხოლოდ უიმედობამდე არ მივსულვარ. მე ვიცი რომ ისტორიის მსვლელობა აიძულებს თვით ჟორდანიას მისი ვიზირებით ან დაემორცილოს, ან გასრისავს მას.
გარდა ამისა, სურს თუ არ სურს ქართველ ერს დამოუკიდებელი არსებობა, - რუსეთი მაინც დაჰკარგავს საქართველოს. ქართველი ერი აღარ არი გადამწყვეტი თავისი ბედისა. საქართველო გადაიქცა საკითხათ საერთაშორისი ინტერესებისა. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს არ დასტოვებენ ამიერკავკასიაში. ღრმად მრწამს, რომ უკრაინა დაიბადა. უკრაინა კი არის ერი 32 მილიონი ქვეშევრდომით. ეს არის ის ძალა, რომელიც რუსეთს კისერს მოსტეხს შიგნიდან, და გარედან კი, მისი კისრის მომტეხი ბევრია.
მდგომარეობა ბოლშევიკებისა გამოუვალია. ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ დიდი ხანია მათ ბოლო მოეღებოდათ, ევროპა რომ არ უჭერდეს მათ მხარს. ევროპისათვის კი საჭიროა კიდევ მათი არსებობა, ვინაიდან ევროპას ჯერ თავისი საჭირ-ბოროტო საკითხები ჰყოფნის თავსამტვრევად. ბოლშევიკები კი მათ უნახავენ ადვილად გასაყოფ რუსეთს. მართალია, ამერიკის იაპონიის მიმართ საემიგრაციო კანონმა იაპონია დაუახლოვა 66
რუსეთს, ხოლო ეს დროებით ამაგრებს (და ისიც) ბოლშევიკებს და არა რუსეთს. ხოლო ესევე საკითხი მობრუნდება რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც რუსეთის სფეროებად დაყოფის საკითხი დადგება. იაპონიისათვის აუცილებელია ტერიტორია, სადაც გაჰგზავნის თავის იმიგრანტებს. მძლავრი რუსეთი კი მისთვის საშიში იქნება, რადგან ერთ მშვენიერ დღეს იგი გამონახავს საშვალებას (მიუხედავად ხელშეკრულებისა) ან სრულიად აკრძალოს ემიგრაცია, ან ისე შეავიწროვოს, რომ არარაობამდე მიიყვანოს.
ერთხელ დანგრეული დიდი იმპერიის აღდგენას არ მოისურვებს არც ერთი დიდი სახელმწიფო. პოლიტიკური ბედი თანამედროვე კაცობრიობისა კი დიდ სახელმწიფოთა ხელთ არის.
სათქმელი ბევრია ამ საკითხის შესახებ. ამაზე კიდევ კვლავ გაუცვლით შენ დე მე ალბათ აზრებს ერთი მეორეს. გამახარა შენმა წერილმა ჯერ იმიტომ, რომ მივიღე იგი. არ ვიცოდი, რას მიმეწერა შენი სიჩუმე? არ ვიცოდი სად იყავ და როგორ იყავ. მიხარიან ისიც, რომ შენ სერიოზულ საქმეს შესდგომიხარ და მრწამს, მიაღწევ კიდეც შენს მიზანს. მართალი ხარ, ჩემო გიორგი. გამდიდრება არის საჭირო. ჩვენი ტრაგიზმი იმით უფრო ღრმავდება, რომ ღარიბნი ვართ. არ გვაქვს საშვალება მოქმედებისა. ხელ-ფეხზე უსაღსრობის ბორკილი გვაქვს გახლართული. ეჰ, გიორგი, ცოტა ფულიც კი რომ გვქონდეს, ჩვენ კიდევ რაღაცის გაკეთება შეგვეძლო. ასე, უკაპიკოთ კი, შეუძლებელია შენს ქვეყანას შენი ენერგია შესწირო, - და ხარ ვითარცა ზედ მეტი გუდა. იმუშავე, გიორგი, გამდიდრდი, დარწმუნებული ვარ, რომ შენ შენს ქვეყანას დიდ სამსახურს გაუწევ. მე მზად ვარ ენერგიულად დაგეხმარო. ამაზედ ქვევით.
ლეო დიდ გაჭირვებაში ჩავარდნილა. თუ მოუხერხე მანდედ წამოსვლა, კარგს იზამ. მიხაც გაჭირვებას განიცდის. სირცხვილი ჩვენი ერისა, სირცხვილი, რომ ადამიანი ემსახურა მთელი თავისი სიცოცხლე თავის ერს, არასოდეს მისგან გროში არ უნახავს და ეხლა, თითქმის მოხუცებულობის დროს, მას პაპიროსის ფულიც კი არ უნდა ჰქონდეს.
ივანიცკი აქ არის. გვიხდება ერთათ მუშაობა, რადგან კოლონიის გამგეობაში არის ამორჩეული და არის თავმჯდომარის მოადგილე. მარგველაშვილი აქ არის, მხოლოდ არ ჩნდება. ამბობენ, უკმაყოფილოა, რომ ის არ ამოირჩიეს თავმჯდომარეთ კოლონიისა. საკვირველი ხალხია ქართველი ინტელიგენცია. მისთვის, როგორც ჩანს, ტიტულს აქვს მნიშვნელობა და ნაკლებ საქმეს. პირადად ჩემთვის კი, კოლონიის თავმჯდომარეობა არის მეტად მძიმე ტვირთი და რომ ძალით არ ამოერჩიეთ, არა გზით არ დავთანხმდებოდი. ყოველ წინასწარ შეკითხვაზედ უარი განვაცხადე, ხოლო ამორჩევნების დროს ისეთს პირობებში ჩამაყენეს, რომ ყოვლად შე67
უძლებელი იყო უარი. მართლა, ივანიცკის უჭირს. ეხმარება პაპავა აკაკი. მეც ვეხმარები, რითაც შემიძლიან. ეჰ, გიორგი, გაჭირვება უსაზღვროა და ჩემი ავლა-დიდების ამბავი შენც კარგად იცი. ხშირად უნდა დაეხმარო, შეუძლებელია სხვანაირად, რადგან შიმშილით იხოცება ხალხი და შენ კი იძულებული ხარ უკანასკნელი ნივთი დააგირავო, რომ ბავშვებს აჭამო.
ალშიბაიაც აქ არის. ვგონებ საქმეები კარგად ვერ წაუვიდნენ, საქმისა არა გაეგება რა და სულ კი იმის ცდაში არის, რომ საქმეები აკეთოს. შედეგი: - გაფლანგა აუარებელი ფული. გულით კარგი კაცია, ხოლო ხასიათის სიმტკიცე და საქმის უნარი აკლია.
ახმეტელი აქ არის. დიდ გაჭირვებას განიცდის ისიც. ასეთ წოდებულმა ქართულმა ბანკმა შენი ჭირი და ბევრი ხალხის ფული თან წაიღო. მას აქეთ რაც სტაბილიზაცია მოხდა, ყველა ამ მუწუკებმა იფეთქეს და გასკდნენ. აუარებელი ხალხი, განსაკუთრებით ისინი, ვინც თავიანთ გამდიდრებას ამყარებდნენ გერმანიის ავადმყოფობაზედ, გაკოტრდნენ.
ეხლა გადავიდეთ შენს საქმეებზედ. გიორგი, მე ხვალვე მივიღებ ზომებს, რომ საქმის მოწყობას შეუდგე. ვეცდები რაც შეიძლება მალე მოგაწოდო ნიმუშები მაინც. ხოლო ერთი საკითხი არის გამოსარკვევი. ძნელია აქედან საქონლის გაგზავნა, თუ ვაჭარს გარანტია არა აქვს, რომ იგი ფულს მიიღებს საქონლის მიღებისთანავე. ვგონებ, ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ ვაჭარს უნდა ჰქონდეს ბანკის გარანტია, რომ როდესაც საქონელი მიღებულ იქნება, ის ფულს მიიღებს. თვით საქონელს, ყოველთვის მე თითონ ამოვარჩევ და საერთოდ გადავსინჯავ ხოლმე. დანარჩენს ყველას ისე მოვაწყობ, როგორც შენ იწერები. მე დიდის სიამოვნებით (ამაზე ლაპარალიც ზედმეტია) ვიმუშავებ შენთან. ვეცდები რაც შეიძლება იაფად დაგვიჯდეს. ჩემს გასამჯელოს (დასაწყისში ყოველ შემთხვევაში) მინიმუმამდე დავიყვან. კარგი იქნება, თუ მომაწვდი 1) შენგან რწმუნებულ ქაღალდს, რომ შენი ოფიციალური და ერთად ერთი კორესპონდენტი ვარ (ეს საჭიროა, რომ ფირმებმა ნდობით იმუშაონ ჩემთან) 2) კატალოგს მანდაური საქონლის ფასებისას (რომ ვიცოდე, რა არის ხელსაყრელი და რა არის წამგები).
ვიმეორებ, მე მივიღებ ყველა ზომებს. კარგი იქნება ცოტა ფული გვქონდეს ხელთ, რომ ბევრი საქონელი შემთხვევით ვიყიდოთ ხოლმე (აქ დიდი კრიზისია და ამიტომ ხშირად გაკოტრებული ქარხნის საქონელი საჯაროდ იყიდება).
ვიმუშაოთ, გიორგი, იქნება მართლა რამეს მივაღწიოთ. მე არ დავაკლებ ენერგიეს. შენი იმედი ხომ მაქვს და მაქვს. ამ რიგად მე და შენ ხშირ მოწერ მოწერაში ვიქნებით. სამწუხაროთ წერილი გვიან მიდის. ვიკითხავ, და თუ ჰაერით უფრო მალე მოდის, ჰაერით გამოგიგზავნი ხოლმე. 68
თამარი ცოტა უკეთ არის. მათე მალე გიმნაზიას გაათავებს. ლულუც ყოჩაღად არის. მოგიკითხეს სიყვარულით.
ხელზედ ამბორი და გულითადი სალამი შენს მეუღლეს. ჩემთვის საჭირო იყო “ღალატი” გადამეთარგმნა ფრანგულათ (რამდენიმე პირს წაუკითხე). რასაკვირველია თარგმანი ვერ არის საკმარისად კარგი (ჯერ ერთი, ფრანგული ენის დიდი ავტორიტეტი არა ვარ, მეორეც, გადავთარგმნე რამდენიმე დღეში და ისიც თან ვთარმნიდი და თან იმავე დროს მაშინაზედ ვწერდი). სამწუხაროთ, სულ ორი ეგზემპლარი დავწერე მაშინაზედ. ერთი მე მაქვს, ერთი სხვას მივეცი. როდესაც დროს ჩავიგდებ, კიდევ გადავწერ და შენ გამოგიგზავნი. შენი მეუღლე წაიკითხავს ალბათ. დარწმუნებული ვარ მოეწონება, რადგან ჯერ ერთი მართლა გენიალური ნაწარმოები არის და მეორე, - იგი არის კვიტესენცია ჩვენი ისტორიისა.
მაცნობე დუმბაძის მისამართი. აქ რომ იყო, ჩვენს სტუმენტებს დაჰპირდა დიდ ფულს. მინდა მოვაგონო.
შენი გიორგი
G. Keresselidzé
Kurfürstendamm 250. Berlin W.
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
![]() |
26 № 24 გიორგი მაჩაბელი - გიორგი კერესელიძეს. 20.IX.1924. |
▲ზევით დაბრუნება |
New-York (City)
Park Ave. 471.
ძვირფასო გოგია,
დამიგვიანე დაპირებული წერილი, რადგან შენი ბარათის მეტი, რომელიც ხუმარაძემ ჩამომიტანა, აღარაფერი შენგან აღარა მომსვლია რა. მაგრამ ეხლა ალბათ ვისღა ახსოვს საქმეებზედ, როდესაც გვანადგურებენ, გვსპობენ, მიწასთან გვასწორებენ. ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯები, ღამეები არ მძინავს და არ ვიცი რა გავაკეთო, რითი დავეხმარო, რით მივეშველო. საშინელებაა ეს მანძილი, ეს სიშორე! მერე აქაურ გაზეთებითგან ხომ ვერას გაიგებს კაცი. ნეტა რა მოხდა, რა ხდება, რა არის მართალი? გეთაყვა, გოგიჯან, შენ მაინც შემატყობინე, რა მდგომარეობაა ჩვენში და როგორ მოხდა ყველა ეს. მე ლეოსაგან სტამბულიდგან მივიღე მოკლე წერილი. სწორედ რამდენიმე დღის წინად, ვიდრე აჯანყება დაიწყებოდა. პარიზში მიდიოდა. მაშ ალბათ არაფერი იცოდა, თორემ პარიზში რა წაიყვანდა. აქაურ გაზეთებში ასახელებენ მეთაურად ვინმე ანდრონიკაშვილს107. რომელი ანდრონიკაშვილია? სოციალ-დემოკრატი? მაშინ რა ხეირი უნდა ჰქონოდა რამე საქმეს მაგ უვარგისებისაგან დაწყებულს. მოისპო საქართველოს დამოუკიდებლობა და ეხლა სპობენ თვით ქართველ ერსაც! მერე ვინ არის ამის დამნაშავე და პასუხის მგებელი? რატომ ხალხი არ იკითხავს, რატომ არ მოსთხოვს ანგარიშს ბრალდებულებს! კიდევ რომ მათ უჯერის და მათ ყვება! პირდაპირ გაუგებარია ჩემთვის ჩვენი ერის ფსიქოლოგია. ყველა ეს უნდა მიეწეროს ჩვენს საერთო მოუმზადებლობას პოლიტიკურ დამოუკიდებლობისადმი. ამ 117 წელში ძალიან ცოტა იყო (უკეთ რომ ვთქვათ, არაფერი არა იყო რა) გაკეთებული. არავითარი ორგანიზაცია, არავითარი მომზადებულობა. თვით იმედიც კი ჰქონდა დაკარგული ქართველ ერს, რომ როდისმე ის კიდევ მოიპოვებდა თვის დამოუკიდებლობას. ხომ გახსოვს ჩვენი მუშაობა სათავეში. არავის არა სჯეროდა და არამცთუ არ სჯეროდა, საქმის ჩაშლასაც სცდილობდნენ ბევრნი, ვინც თავიანთ თავს „პატრიოტებად“ სთვლიდნენ. ველი მოუთმენლად შენს წერილს.
ეხლა საქმის შესახებ. მართალია ხალისი სრულიად დამეკარგა რამე საქმის გაკეთებისა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთანა გაჭირვება, წინ რომ მოგველის, უფრო საჭიროა მუშაობა, რაიმეს გაკეთება, რომ მატერიალურად მაინც შეგვეძლოს ვისმეს დავეხმაროთ. მე შენ პირველ საქმის წერილში გწერდი, რა საქონელიც მაინტერესებდა. გაგიმეორებ, რომ უფრო კარგათ გქონდეს წარმოდგენილი, თუ რა გვარის საქონელი მჭირია, აგიწერ თვით დუქანს (მაღაზიას). ავიღე პატარა ოთახი ძალიან კარგ ქუჩაზედ (Madison Ave, 545) საუკეთესო ალაგას, სადაც ირგვლივ მშვენიერი მაღაზიებია. დუქანს დავარქვი დიდი ასოებით Rouge et Noir108 და ძირს პატარა ასოებით: Antuquités, objets d'art, cigarettes, parfumes109. მასასადამე ძველი ნივთები, ახალი ნივთები (მხატვრული ნამუშევარი), პაპიროსები და პარფიუმი. უმთავრესი ყურადღება ექნება მიქცეული, რასაკვირველია, ორ პირველ საგანს. პაპიროსები არის მიმზიდველი მასალა. მთელი ოთახი იქნება გამართული როგორც ლამაზი პატარა სალონი, კოხთა მაგიდებით და „კომფორტაბილი“ სკამებით და საჯდომებით, სადაც ყველა სტუმარს შეეთავაზება პაპიროსი მოსაწევად (უფულოდ). ყველა ჩემ ნაცნობებს და არა ნაცნობებს გაეგზავნებათ ამ გვარი დაპატიჟების ბარათები, რომ მათ სეირნობის Shoping-ის (ე.ი. როდესაც დადიან საყიდლად) დროს შეეძლებათ დაისვენონ ჩემს დუქანში და მოსწიონ პაპიროსი. ეს აქ საშინლად უყვართ, ე.ი. მოწევა და ამ გვარი ალაგი კი ჯერ მთელ ნიუ-იორკში არ არის. მერე ამორჩეული ალაგიც სწორედ შუა გულშია იმ მაღაზიების, სადაც მდიდარი ამერიკელები, მეტადრე მანდილოსნები დადიან ერთი მაღაზიიდან მეორეში. ასე რომ თუ ღმერთი დამეხმარა, საქმე არ უნდა წავიდეს ცუდად. მთელი დუქანი მზადდება ამ ორ ფერში, qui seront predominantes110. დაკვეთილი პაპიროსები და ყუთები ამ გვარივე სტილით. 15-ში ან 16-ში იმ თვისას (ოქტომბერში) იქნება დუქნის გაღება. - ეხლა შენი თხოვნის შესახებ, - გამოგიგზავნო ოფიციალური ქაღალდი. ამ ქაღალდს მე შენ გამოგიგზავნი ამ მოკლე ხანში, როდესაც გავათავებ ფორმალურ საკითხებს მივცე ჩემს საქმეს აქციონერული ხასიათი. რაკი მე არ მაქვს იმოდენა ფული (ისიც სხვაგან ვისესხე, როდესაც საქმეს ვიწყებდი), რომ ამ საქმეს მარტო გავუძღვე, ამიტომ მინდა 1/3 აქციებისა ჩემს ნაცნობ-მეგობრებს მივყიდო, რომ ამით ცოტა დასატრიალებელი ფული მქონდეს. საქმეს ვაფასებ 5.000 დოლარად, ე.ი. ეს იქნება აქციონური თანხა, აქედან 3.000 დოლარის აქციები ჩემს ხელში იქნება, ორი ათასი სხვისას. (რასაკვირველია, ყველა ამას გწერ მხოლოდ შენ, საკუთარი ინფორმაციისათვის, და არავისთვის-სხვისთვის). მანდედგან მჭირია იმ ტიპის საქონელი (surtout original)111, რომელიც ჰქონდა ერთ დროს Van Fanten-ს ბერლინში, Unter den Linden-ზედ, ბრისტოლის სასტუმროს და ფრიდრიხშტრასეს შუა, პასაჟტან ახლოს. ალბათ შენც იცოდი ეს მაღაზია. მგონი ახლაც არსებობს. საჩუქრები: პორტსიგარები, ყუთები (პაპიროსისთვის, ან სხვა რაიმე ნივთებისათვის, როგორც პუდრის, ტკბილეულობის და სხვა. Les sendriers originales, les bibelots amusants de toutes espèces112. აგრეთვე ლამაზი ქალების ხელში დასაჭერი პატარა პარკები, როგორც ტყავისა, ისე აბრეშუმისა. აგრეთვე ტყავის ნივთები, მაგრამ ყველა ეს ახალი ტიპის და ახალი ფორმის. გადაიკითხე ჩემი პირველი წერილი, რომელშიც დაწვრილებით გწერდი გამოგზავნის პროცესს. შენ მკითხავ, - აქ რა ფასებია; - ამის პასუხი ძალიან ძნელია, რადგან ეს საქონელზედ არის დამოკიდებული და მის ნამუშევარზედ. აი, მაგალითად, საშინლად კარგად წავა აქ პატარა ქალების პორტსიგარები, სხვა და სხვა ფერის ემალით მოჭედილი. ომის წინ პეტროგრადში იყო გამოჩენილი ამ ნივთებით Fabergé. ამას ძალიან კარგად აკეთებენ ჩეხო-სლოვაკიაში. მომეტებულად, ეს ემალით მოჭედილი პორტსიგარები არის ვერცხლის, რადგან ოქროზედ ემალის მოჭედვა ძალიან ძნელია და ამიტომ ძვირი. მაგრამ ვერცხლს მერე დაქრამენ, და როგორც ოქრო ისე გამოიყურება. ამისთანა პორტსიგარები გაიყიდება აქ დაახლოვებით 20-25 დოლარად. მაშასადამე, მანდ არ უნდა ღირდეს 7-8 დოლარზედ მეტი, რომ კაცმა მოიგოს რამე, რადგან 100% უნდა იანგარიშო ბაჟი და ტრანსპორტი. თუ ძალიან ლამაზი და ორიგინალურია, მაშინ შეიძლება 10 დოლარამდის მისცე, მაგრამ არა ამაზედ მეტი. მე, ამნაირი მეტად კოხტა პორტსიგარი, ამ ორი წლის წინად იტალიაში 200 ლირად მაღაზიაში ვიყიდე. თუ ბევრს ვიყიდით, მაშინ ხომ ნაკლები უნდა გადავიხადოთ. თუ ოქროსი იქნება, მაშინ დამოკიდებულია თუ რამდენია შიგ ოქრო, მაგრამ ჯერ ეს საჭირო არ არის. როგორც ზემოთ გითხარი, ჩეხო-სლოვაკიაში აკეთებენ ძალიან კარგი ამისთანა ემალით მოჭედილ საგნებს. მანდ ალბათ ეყოლებათ წარმომადგენელი, ან მაღაზია. გამიგე და დაუკვეთე 25 ცალი, სხვა და სხვა ფერისა. შენთვის მიმინდვია არჩევანი. თუ ფასები ძალიან განირჩევა ჩემგან მოცემული ფასებისაგან, მაშინ, რასაკვირველია, მხოლოდ 5 ცალი გამოგზავნე. ვცადოთ, როგორ გაიყიდება. მოდი, ჩვენ საცდელად ასე მოვიქცეთ: ჯერ ჯერობით გამომიგზავნე 500 დოლარის საქონელი იმ საგნებისა, რომელიც ზემოთ და ჩემ პირველ წერილში ჩამოვთვალე. ყველას კი ამ პორტსიგარებს ვამჯობინებ. ფულის გადახდას თუ შემდეგ პირობებზედ მომიხერხებ, მაშინ ხომ ერთბაშათ რამდენიმე დღეში შეგიძლიან მიყიდო ყველაფერი და გამომიგზავნო. პირობები ეს შემდეგია. ნახევარს, ესე იგი 250 დოლარს, გადვიხდი ან დაკვეთის დროს, ან, თუ შეგიძლიან მოახერხო, საქონლის ჩამოსვლის და მიღებისას. მეორე ნახევარი ორი თვის შემდეგ საქონლის მიღების შემდეგ. მაშასადამე, თუ არ მოხერხდა, რომ პირველი ნახევარი გადვიხადო საქონლის ჩამოსვლისას, და საჭიროა დაკვეთის დროს, მაშინ მაცნობე დეპეშით და მაშინათვე გადმოგიგზავნი ამ 250 დოლარს, მეორე ნახევარი კი უნდა გადვიხადო ორი თვის შემდეგ საქონლის მიღების შემდეგ. ჩემი ბანკია: Bankers Trust Co. Madison Ave. and 57 street. ასე რომ ამ ბანკისაგან შეუძლიათ გაიგონ ჩემი საქმის ვითარება, ვინც მოისურვებს. გარდა მაგისა, ამ ბანკის სახელზედ შეუძლიან გამოგზავნონ საქონელი, თუ პირველი ნაწილი აქ ჩამოსვლისას უნდა გადავიხადო. მე მგონი, რომ ყველაფერი ეხლა გასაგებია, მით უმეტესად, რომ პირველ წერილშიაც ყველაფერს დაწვრილებით გწერდი. მე იმედი მაქვს, რომ ამ პირველ საცდელ დაკვეთას მოყვება მეორე, გაცილებით უფრო დიდი თანხისა, და ჩვენ შორის გაიმართება ნამდვილი საქმიანი კავშირი. შენს გასარჯელად ამ პირველი გამოგზავნისთვის გადაგიხდი 25 დოლარს ე.ი. 5% დაკვეთილი თანხიდან და თუ კარგი შედეგი მოყვა, ნაწილს დაგიდებ აგრეთვე მოგებაშიაც, ეს იმაზედ არის დამოკიდებული, თუ საქონელი კარგ მოგებით აქ გაიყიდა. ამიტომ შენი ინტერესი იქნება, ეცადო რაც შეიძლება უფრო იაფად იყიდო მანდ საქონელი. ამ შემთხვევაში, თუ ჩემგან მიიღებ სასყიდელს, ის პირობა, რომ შენ გეანგარიშნა შენი % გასაყიდ ფასში, როგორც ჩვენ წინად გავიფიქრეთ, ისპობა. შენ მიგზავნი საქონელს ნაყიდ ფასებში და გექნება ჩემგან %, როგორც ნაყიდ საქონლის თანხიდგან, ისე მოგებიდგან. ასე რომ, შენ იქნები ჩემი ბერლინის კორესპონდენტი. საქონლის გამოგზავნა კი თუ ისევე დამიგვიანე, როგორც წერილები, მაშინ, რასაკვირველია, არაფერი არა გამოგვივა რა. არ დაგავიწყდეს საქონლის ფიქტიური (დაბალ-ფასებიანი) ანგარიში გამოატანებინო, და მე, კერძო წერილით, ნამდვილი ფასები, ე.ი. კონოსამენტებს უნდა გამოაყოლო ეს ფიქტიური ანგარიშები. ჩემ კერძო ბინაზედ კი, - Park Ave 471, - გამოგზავნო ნამდვილი ანგარიშები. მაშ ეგრე გოგიჯან, ველი შენგან საჩქარო პასუხს და საქონელს. დეპეშა ორი სიტყვით: Matchabelli Park Ave 471, New-York, gamogzavne. მაშასადამე მეცოდინება, რომ გაქვს საქონელი მზად და ელი ჩემგან 250 დოლარს. თუ მოახერხე გამოგზავნა აქ გადაგიხდით. მაშინ gamoagzavne-s მაგივრად მომწერ gigzavni. თუ ვერაფერი ვერა მოახერხე რა, მაშინ gzer. ასე რომ მეცოდინება, მივიღებ შენგან რაიმე საქონელს, ან რა პირობებით, თუ არა. ყველა დეპეშის ხარჯებს მე გადვიხდი, შენ მხოლოდ ცალკე წიგნში აწარმოვე ეს ანგარიშები. რა კარგი იქნება, თუ ეს პირველი გამოგზავნა ოქტომბრის გასულს ან ნოემბრის პირველ რიცხვებში მივიღე. თუ ხელსაყრელი გამოდგა, მაშინ საშობაოთ უფრო დიდ დაკვეთას დეპეშით გაცნობებ. ეხლა ყველაფერი შენზედ არის დამოკიდებული, მანდ როგორ დატრიალდები და საჩქაროდ ყველაფერს მოაწყობ. საქონლის გამოგზავნისთვის უნდა ძალიან კარგ ფირმას მიმართო. მაშ, გავათავებ ამ წერილს. დამილოცნიხარ ძმაო, იქნებ მართლაც რამე გამოვიდეს. ჩემმა ცოლმა თქვენ ორივეს გულწრფელი სალამი მთხოვა გადმომეცა, მეც თამარას ხელზედ ვაკოცებ და შენ ლოყაზედ.
შენი ერთგული გიორგი მაჩაბელი
ძალიან მეამა, რომ შენი ბიჭიკოები (უკეთ ვაჟკაცები) კარგათ სწავლობენ და ეგრე წინ მიდიან. შენ რა გიჭირს, ორ-ორი ვაჟკაცი გეზრდება, ჩვენ, ოთხი ძმებიდგან, ორნი ღა დავრჩით და ისიც უშვილონი. მახლაზ! ვერ გამოვდექით კარგი მაჩაბლები. ხომ იცი ერთი ანდაზა მაჩაბლებზედ? - სამწუხაროდ ხუმრობის გუნებაზედ არ ვართ!
დღეს გადავწყვიტე 5% მოგების ჩემი საქმიდგან ოფიციალურად საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ოჯახებისათვის გადავდო113.
ნ. ბადუალ-კერესელიძის პირადი არქივი. ექს-ან-პროვანსი,
საფრანგეთი
___________________
107. იგულისხმება ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოტე) (1876-?).
108. წითელი და შავი. (ფრანგ.).
109. ანტიკვარი, ხელოვნების საგნები, სიგარეტები, პარფიუმერია. (ფრანგ.).
110. რომლებიც იბატონებენ. (ფრანგ.).
111. მთავარია, - ორიგინალური. (ფრანგ.).
112. ორიგინალური სათუთუნეები, სხვადასხვანაირი გასართობი ნივთები. (ფრანგ.).
113. გიორგი მაჩაბლის ამ წერილს თან ერთვის გიორგი კერესელიძის შემდეგი კომენტარი: „გიორგის ეს აჯანყება (იგულისხმება საქართველოში მომხდარი 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ეროვნული ანტიბოლშევიკური აჯანყება, - გ. მ., ნ. ს.) მიაჩნდა ეროვნულ კატასტროფად და მის მოწყობას სთვლის სოციალ-დემოკრატიის დანაშაულობად“.
![]() |
27 ბიოგრაფიული კომენტარი |
▲ზევით დაბრუნება |
ავალაშვილი (ავალოვი) ზურაბ (1874-1944) - გამოჩენილი ქართველი იურისტი, ისტორიკოსი და დიპლომატი. 1910 წელს დაასრულა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1900-1903 წლებში სწავლობდა პარიზში სორბონის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1904 წელს მიიღო სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტის ხარისხი, ხოლო 1907 წელს - სანქტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო სამართლის პროფესორის წოდება. 1907-1908 და 1912-1913 წლებში მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტად სახელმწიფო სამართლის კათედრაზე. 1917 წლის მაისში, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, - ა. კერენსკის დროებითი მთავრობის სენატორი. 1918 წელს - დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიური მისიის მრჩეველი ბერლინში. 1919-1920 წლებში - პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს რესპუბლიკის დიპლომატიური მისიის მრჩეველი. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს წითელი რუსეთის მიერ დაპყრობა-ანექსიის შემდეგ, - ემიგრაციაში. ცხოვრობდა საფრანგეთში და გერმანიაში. გასული საუკუნის 20-იან წლებში საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური ლეგაციის მრჩეველი. 1934-1939 წლებში - ემიგრანტული ორგანიზაციის „კავკასიის“ წევრი და ერთ-ერთი ძირითადი იდეოლოგი. 1942-1943 წლებში - ბერლინში ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი. საქართველოს შუასაუკუნეების და თანამედროვე ისტორიაში მთელი რიგი ფუნდამენტალური სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
ალშიბაია გრიგოლ (1881-1957) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, ეროვნულ-დემოკრატი. დაასრულა გიმნაზია ქუთაისში და შევიდა კიევის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო. 1903-1908 წლებში სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ 1908-1912 წლებში მუშაობდა მოხალისე ექიმად ბერლინის უნივერსიტეტის საავადმყოფოში. 1912 წელს დაბრუნდა საქართველოში. ეწეოდა კერძო საექიმო პრაქტიკას ქუთაისში. 1916 წელს გადაიყვანეს სამხედრო ექიმად ბაქოში. იყო რუსულ-სპარსული სანავთობო კომპანიის „რუპენტო“-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. 1920-1921 წლებში - საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო 1920 წლის 27 აპრილს ბაქოს წითელი არმიის მიერ ოკუპაციის შემდეგ, - ბოლშევიკურ აზერბაიჯანში. 1921 წელს, საქართველოს წითელი რუსეთის მიერ ანექსია-დაპყრობის შემდეგ, - ემიგრაციაში. 1921-1923 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, ხოლო 1923-1944 წლებში - პოლონეთში. ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას გროდნოში და ვარშავაში. 1939-1943 წლებში - ვარშავაში კავკასიელ ემიგრანტთა სამმართველოს ხელმძღვანელი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა დასავლეთ გერმანიაში, ხოლო შემდეგ - აშშ-ში.
ანდრონიკაშვილი კონსტანტინე (კოტე) (1876-?) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე და ეროვნული ანტიბოლშევიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი, სოციალ-დემოკრატი. 1897 წელს დაამთავრა ტფილისის მე-3 გიმნაზია. სწავლობდა ჯერ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო მესამე კურსიდან, 1899-1900 წლებში, - კიევის უნივერსიტეტში. კიევის უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო იმავე წელს გარიცხეს სასწავლებლიდან და ხუთი თვით დააპატიმრეს კიდეც. 1903 წლიდან იმყოფებოდა პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ. 1906 წელს დაბრუნდა ტფილისში. მუშაობდა ლეგალურ სოციალ-დემოკრატულ გაზეთებში „ელვასა“ და „სხივში“, თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურობაში“. წერდა სტატიებს ეკონომიკურ საკითხებზე. სტოლიპინის რეაქციის პერიოდში კვლავ დააპატიმრეს და გადასახლება მიუსაჯეს. 1911 წელს გადასახლებიდან გაიპარა და მოსკოვის გზით ევროპაში წავიდა. ცხოვრობდა ჯერ ჟენევაში, შემდეგ პარიზში, სადაც ელექტო-ტექნიკური კურსები დაამთავრა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1917 წლის ნოემბერში არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის თებერვლიდან - ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1919-1921 წლებში - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1921 წლის თებერვალში, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმისას, დაინიშნა მთავრობის საგანგებო რწმუნებულად თელავის მაზრაში. 1923 წლის მარტში გახდა ქართული ანტიბოლშევიკური წინააღმდეგობის მთავარი ორგანოს - დამოუკიდებლობის კომიტეტის (დამკომის) თავმჯდომარე. 1924 წლის 4 სექტემბერს დაპატიმრებულ იქნა ჩკ-ს მიერ შიომღვიმეს მონასტერთან. 1925 წელს მიესაჯა დახვრეტა 1924 წლის აგვისტოს ანტიბოლშევიკური აჯანყების ორგანიზების ბრალდებით, რომელიც 10-წლიანი პატიმრობით და „სასტიკი იზოლაციით“ შეეცვალა. როგორც ჩანს, ემსხვერპლა 1937-1938 წლების სტალინის დიდ ტერორს, თუმცა კონკრეტული ცნობები ამის შესახებ, სადღეისოდ უცნობია.
ასათიანი სოსიპატრე (ჭიჭიკო) (1872-1971) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი. დაასრულა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905 წელს დაპატიმრებული იყო პირველ რუსულ რევოლუციაში მონაწილეობისათვის. 1908 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო დასავლეთ საქართველოში დროებითი მთავრობის კომისარი. 1918 წელს შედიოდა უკრაინაში და რუმინეთში ქართული დიპლომატიური მისიების შემადგენლობაში. 1919 წლის ნოემბრიდან საქართველოს დიპლომატიური დელეგაციის მდივანი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. 1921-1932 წლებში - საფრანგეთში საქართველოს დიპლომტიური ლეგაციის პირველი მდივანი. 1933-1947 წლებში - პარიზში ქართველ ლტოლვილთა ოფისის დირექტორი.
ახმეტელი ვლადიმერ (ლადო) (1875-1942) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა თელავის სასულიერო სკოლასა და ტფილისის სემინარიაში. 1898-1901 წლებში - ლაიფციგის უმაღლეს სავაჭრო სკოლაში და 1901-1904 წლებში - ჰალეს უნივერსიტეტებში. 1904 წელს მარტინ ლუთერის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს საშინაო ვაჭრობა“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქვეყნებდა პრესაში წერილებს ეკონომიკაზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიისა და მუშათა მოძრაობის შესახებ („შვარცის“ ფსევდონიმით). საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1918-1923 წლებში - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიაში. 1932 წელს გამოვიდა სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და გახდა უპარტიო. 1933 წელს - გერმანიაში „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამაარსებელი. თანაუგრძნობდა ქართველ ეროვნულ-დემოკრატებს. 1936-1939 წლებში - ორგანიზაცია „კავკასიის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1938 წელს დაინიშნა გერმანიაში კავკასიელ ლტოლვილთა სამმართველოს ხელმძღვანელად. გარდაიცვალა 1942 წელს ბერლინში.
ბაქრაძე ვლადიმერ (ლადო) (1884-1953) - ქართველი სოციალ-დემოკრატი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. სწავლობდა ოდესის და ჟენევის უნივერსიტეტებში. 1905 წლის რევოლუციის შემდეგ ჟენევიდან დაბრუნდა საქართველოში, თანამშრომლობდა ქართულ სოციალ-დემოკრატიულ პრესაში, სადაც აქვეყნებდა პოლიტიკური ხასიათის წერილებს. ცნობილი იყო როგორც ლიტერატურული კრიტიკოსი. პირველი მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა ბაქოში, სადაც მუშაობდა მასწავლებლად და ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ადგილობრივ ქართულ კოლონიას. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბრუნდება ტფილისში. 1920 წელს შეყვანილ იქნა როგორც პოლიტიკური მრჩეველი პოლონეთში ქართული დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში. 1921-1923 წლებში - ბერლინში ქართული ლეგაციის ეკონომიკური მრჩეველი. ემიგრაციის შემდგომ პერიოდში ცხოვრობდა სოშო-ოდენკურში (საფრანგეთი).
დადიანი იოსებ (1886-1937) - ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-დემოკრატი. 1886 წელს დაასრულა პეტერბურგის სამთო ინსტიტუტი. 1886 წლიდან მუშაობდა ბაქოში ინჟინრად ნობელის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში, იყო ბაქოს ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს წითელი რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ, - ემიგრაციაში საფრანგეთში. ცხოვრობდა პარიზში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში. კავკასიის ხალხთა ერთობის მომხრე. 1931 წლის ივნისიდან ასოციაციის: - „კავკასიის შესწავლის წრის“ (Cercle d'études caucasiennes) დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
დიასამიძე გრიგოლ (გიგო) (1870-1960) - ქართველი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. 1879-1880 წლებში სწავლობდა ტფილისში ბარონესა ტიზენჰაუზენის პანსიონში. 1881 წლიდან სწავლა გააგრძელა ტფილისის პირველ ვაჟთა გიმნაზიაში, რომელიც დაასრულა 1888 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. უკანასკნელის 1892 წელს დამთავრების შემდეგ, 1893 წელს ჩააბარა სახელმწიფო გამოცდები და დაბრუნდა ტფილისში. 1894-1895 წლებში ასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტში. 1899-1904 წლებში მუშაობდა გორის მაზრის სასოფლო-სამეურნეო ამხანაგობაში და ერთ დროს იყო მისი თავმჯდომარეც. 1894-1916 წლებში - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი. 1901-1910 წლებში - დეპუტატი ტფილისის სათავადაზნაურო საკრებულოში, გორის მაზრის თავად-აზნაურთაგან. იყო საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და მუდმივი წევრი. 1906-1912 წლებში - სათავადაზნაურო ბანკის საკონტროლო კომიტეტის და სახელმწიფო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილების წევრი. 1911-1915 წლებში - ყოველკვირეულ გაზეთ „თემის“ გამომცემელ-რედაქტორი. 1915 წელს ტფილისში დააფუძნა შემნახველი სალარო და მებაღეობა-მევენახეობის ამხანაგობა „ალექსანდროული“. 1917 წელს - ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტფილისის განყოფილების დამფუძნებელი წევრი. ჩამოაყალიბა „ბეჭდვითი საქმის კავკასიური ამხანაგობა“. 1917-1918 წლებში ალექსანდრე ჯაყელთან ერთად რედაქტორობდა ყოველდღიურ რუსულ გაზეთს „Республика“-ს. 1920 წელს შეუდგა ყოველთვიური კულტურულ-პოლიტიკური ჟურნალის „Братство“-ს გამოცემას, რომელიც „კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის მცირე ერების უფლებათა დაცვის ლიგის“ ორგანო იყო. 1921 წელს საქართველოს წითელი რუსეთის მიერ დაპყრობა-ანექსიის შემდეგ - ემიგრაციაში. ცხოვრობდა გერმანიაში და აშშ-ში. 1922 წელს ბერლინში დააარსა ქართული სათვისტომო, რომლის პირველი თავმჯდომარეც თავად იყო. თანამშრომლობდა პარიზში 1934-1939 წლებში გამომავალ ჟურნალ „კავკასიაში“. 1952 წელს საცხოვრებლად გადავიდა ნიუ-იორკში (აშშ), სადაც გარდაცვალებამდე აგრძელებდა ლიტერატურულ მოღვაწეობას.
დუმბაძე ვასილი (1881-1943) - ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ინჟინერი, ნიკოლოზ II-ის ამალის გენერალ-მაიორის, იალტის ქალაქის თავის ი. დუმბაძის ბიძაშვილი. 1914 წელს გამოაქვეყნა პეტერბურგში წიგნი „გენერალ-ადიუტანტი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სუხომლინოვი («Генерал-адъютант Владимир Александрович Сухомлинов»), რომელიც რუსეთის იმდროინდელ სამხედრო მინისტრს ეძღვნებოდა. 1915 წელს ლონდონში გამოვიდა ამ წიგნის ინგლისური თარგმანი: „რუსეთის სამხედრო მინისტრი; გენერალ-ადიუტანტ ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სუხომლინოვის ცხოვრება და მოღვაწეობა“ („Russia's war minister; the life and work of Adjutant-General Vladimir Alexandrovitsh Soukhomlinov“). 1915 წლის იანვარში პეტერბურგში დუმბაძესთან კავშირი დაამყარა გერმანიიდან იქ საიდუმლად ჩასულმა მისმა ნაცნობმა, საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრმა გიორგი მაჩაბელმა, რომელთან ერთად იმავე წლის მარტში დუმბაძე ნეიტრალურ შვედეთში ჩადის, სადაც მაჩაბელი სტოკჰოლმში მას ადგილობრივ გერმანელ დესპანს, ლუციუს ფონ შტოედტენს აცნობს. 1915 წლის მაის-ივნისში, სუხომლინოვის დავალებით მეორეჯერ იმოგზაურა სტოკჰოლმში, ხოლო იქედან (ისევ გიორგი მაჩაბელთან ერთად) - ბერლინში, სადაც შეხვედრა ჰქონდა გერმანიის მაღალ პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელებთან. ვარაუდობენ, რომ ამ მოგზაურობის ფორმალური მიზანი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის უახლოესი გარემოცვის ზოგიერთ წარმომადგენელთა მხრიდან გერმანიასთან სეპარატული ზავის შესაძლებლობის ზონდირება იყო. ამავე დროს, როგორც თავად მოგვიანებით მიუთითებდა დუმბაძე, ის მოქმედებდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სრულიად კავკასიის განთავისუფლების ინტერესებში. 1915 წელს სუხომლინოვის თამამდებობიდან მოხსნის შემდეგ დუმბაძე დააპატიმრეს და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, 1916 წელს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, რაც შემდგომ ნიკოლოზ II-ის ბრძანებით 20 წლით კატორღით შეუცვალეს. განთავისუფლდა 1918 წელს, ბოლშევიკური ამნისტიის შედეგად. 1920-იანი წლების დასაწყისში - საქართველოს და აზერბაიჯანის გენერალური დიპლომატიური და ეკონომიკური წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში. აწარმოებდა მოლაპარაკებას საგარეო სესხის აღების შესახებ, მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტში, გახსნა ვაშინგტონში საქართველოს და აზერბაიჯანის არაოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ეროვნულ მთავრობათა კონფიდენციალური სააგენტოს სახელით. 1925 წელს გამოაქვეყნა ნიუ-იორკში წიგნი: „კავკასიის რესპუბლიკები. მსოფლიოს მიერ დავიწყებული მცირე დემოკრატიები“ („The Caucasian Republics. The Little Democracies the World Forgot“). 1926 წელს, ამერიკის სენატის ზოგიერთი წევრის დახმარებით, გამოვიდა ინიციატივით აშშ-ს მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. იმავე წლის აპრილში ამ საკითხს მიეძღვნა ამერიკის სენატის უცხო საქმეთა კომისიის ორი სხდომა.
ვაჩნაძე დავით (დათა) (1884-1962) - ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერი. 1894-1902 წლებში სწავლობდა ტფილისის კადეტთა კორპუსში, შემდგომ, 1902-1904 წლებში, - პავლოვის სამხედრო სასწავლებელში. 1904-1905 წლებში პოდპორუჩიკის წოდებით მსახურობდა ვარშავის სამხედრო ოლქში, საიდანაც გადაყვანილ იქნა ტფილისში. 1906-1907 წლებში - საიდუმლო პოლიტიკური ორგანიზაციის „კავკასიელ ოფიცერთა კავშირის“ წევრი, რომლის მიზანს რუსეთის იმპერიის კონსტიტუციურ მონარქიაში გარდაქმნა წარმოადგენდა. 1907 წელს დატოვა სამხედრო სამსახური. 1907-1912 წლებში მუშაობდა საქართველოში აგრარული რეფორმის საკითხებზე. 1912-1915 წლებში გამოსცემდა ქართულ ენაზე ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჟურნალ „კლდეს“. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მონაწილეობა მიიღო ქართველ მოხალისეთა პოლკის ფორმირებაში, აჭარაში და კავკასიის ფრონტზე ქართველ მუსულმანთა რუს კაზაკთა რეპრესიებისაგან დაცვის მიზნით. 1915 წელს კონტაქტებს ამყარებს საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან გერმანიაში და თურქეთში და აარსებს მის ფილიალს ტფილისში. 1916 წელს მონაწილეობს იარაღის საიდუმლო მიღებაში გერმანული წყალქვეშა ნავებიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე. 1917 წელს - ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1919-1921 წლებში - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წელს - მიენიჭა ქართული არმიის პოლკოვნიკის ჩინი. 1921-1923 წლებში მონაწილეობდა იატაკქვეშა ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1923 წლიდან ემიგრაციაში, ცხოვრობდა თურქეთში, საფრანგეთში, იტალიაში და გერმანიაში. 1924-1926 წლებში - სტამბოლში კავკასიელ კონფედერატთა გაერთიანებული კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 1927-1937 წლებში შედიოდა ა. ასათიანის ეროვნულ-დემოკრატიულ ჯგუფში. 1936 წელს - „სომხურ-ქართული უნიონ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1942 წელს მონაწილეობდა კავკასიელ ემიგრანტთა შეკრებაში ბერლინის ოტელ „ადლონ“-ში.
ფონ ვეზენდონკი ოტო გიუნტერ (von Wesendonk Otto Günther) (1885-1933) - გერმანელი დიპლომატი, ქართველოლოგი, ბარონი. 1908 წლიდან იმყოფებოდა დიპლომატიურ სამსახურში. პირველი მსოფლიო ომის დროს ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური განყოფილების ახლო აღმოსავლეთის საქმეთა რეფერატის თანამდებობა, ჯერ ლეგაციის მდივნის, ხოლო შემდეგ ლეგაციის მრჩევლის რანგში. 1916-1918 წლებში იყო გერმანულ-ქართული საზოგადოების წევრი. 1923 წელს დაინიშნა გერმანიის გენერალურ კონსულად ტფილისში. კითხულობდა ლექციებს ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ავტორი წიგნებისა: „ქართული წარმართობის შესახებ“ (Über georgisches Heidentum. Leipzig, 1924.) და „კავკასიური სამყაროდან“ (Aus der Kaukasischen Welt. Berlin, 1925).
ვეშაპელი გრიგოლ (1891-1926) - ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე. 1916 წელს დაასრულა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ - დაბრუნდა საქართველოში. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი და პირველ ხანებში, მისი ბეჭდვითი ორგანოს, „საქართველოს“ რედაქტორი. 1918 წელს - საქართველოს ეროვნული საბჭოს და ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1919-1921 წლებში - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. 1921 წლიდან ემიგრაციაში საფრანგეთში. 1924 წლის ბოლოს იქნა გადაბირებული ოგპუ-ს მიერ და გახდა მისი აგენტი. 1924-1926 წლებში იყო პარიზში გამომავალი პროსაბჭოური გაზეთის „ახალი საქართველოს“ რედაქტორი, რომელშიც მოუწოდებდა ქართველ ემიგრანტებს შერიგებოდნენ ქვეყნის ბოლშევიკურ ოკუპაციას და დაბრუნებულიყვნენ საქართველოში. 1926 წლის ივნისში იქნა მოკლული პარიზში ქართველი ემიგრანტის ა. მერაბაშვილის მიერ, რომელმაც, მისივე თქმით, ამით შური იძია საქართველოში ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ საკუთარ მშობლებზე.
ივანიცკი-ინგილო რაფიელ (1886-1966) - ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. თავდაპირველად სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ - ტფილისის გიმნაზიაში. პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ბრუნდება საქართველოში, მუშაობდა პედაგოგად და იურისტად. 1917 წელს შევიდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, იყო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი და მდივანი. არჩეული იყო საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრად და მდივნად. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა-გამოცხადების საქმეში. 1919-1921 წლებში - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს წითელი რუსეთის მიერ დაპყრობა-ანექსიის შემდეგ, ეწეოდა ანტიბოლშევიკურ საქმიანობას. 1922 წელს დაპატიმრებულ იქნა ჩკ-ს მიერ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ამბროსის თხოვნის შედეგად განთავისუფლდა და იმავე წელს ემიგრაციაში გააძევეს. 1922-1924 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში (ბერლინი) და ავსტრიაში (ვენა), ხოლო 1924-1948 წლებში - იტალიაში (რომში). ითვლებოდა საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლად რომის პაპის კარზე. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესაში. ეწეოდა პუბლიცისტურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. 1948 წელს ეკურთხა ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად და გამწესებულ იქნა ქართველ ემიგრანტთა მიერ დაარსებულ მადრიდის (ესპანეთი) წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღოლად. აყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. სასულიერო მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად თანამშრომლობდა მიუნხენის რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან, სადაც ხშირად გამოდიოდა მსმენელის წინაშე რელიგიურ თემებზე. გარდაიცვალა პარიზში 1966 წელს.
ისმეთ ფაშა ინენიუ მუსტაფა (1884-1973) - ოსმალეთის იმპერიის და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, გენერალი. დაამთავრა სამხედრო-საარტილერიო სასწავლებელი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში ვიცე-პოლკოვნიკის და პოლკოვნიკის ჩინით. თავდაპირველად - თურქეთის გენერალური შტაბის პირველი განყოფილების უფროსად, ხოლო შემდგომ - მე-2 ოსმალური არმიის შტაბის უფროსად მესოპოტამიის ფრონტზე. მიენიჭა გენერლის წოდება. 1920 წელს მიემხრო მუსტაფა ქემალ ფაშას (ათათურქს), გახდა მისი უახლოესი თანამებრძოლი. 1920-1921 წლებში - ქემალისტური შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. 1921 წელს სოფელ ინენიუსთან დაამარცხა ბერძნული არმია (იმავე წელს, თურქეთში გვარების შემოღების დროს, ამ მოვლენის აღსანიშნავად მიენიჭა ინენიუს გვარი). 1922-1924 წლებში - პრემიერ-მინისტრი. პარალელურად, 1923-1924 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი. 1922 წლის ოქტომბერში, ანგორას დიდი ნაციონალური ყრილობის მთავრობის სახელით ხელი მოაწერა მუდანიის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 1922-1923 წლებში ხელმძღვანელობდა თურქეთის დელეგაციას ლოზანის სამშვიდობო კონფერენციაზე. 1938 წელს, ათათურქის სიკვდილის შემდეგ, არჩეულ იქნა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად და სახალხო-რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარედ. 1950 წელს, ხსენებული პარტიის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დატოვა პრეზიდენტის და პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 1950-1960 წლებში - ოპოზიციის ლიდერი თურქულ მეჯლისში. 1961-1965 წლებში - პრემიერ-მინისტრი.
კედია სპირიდონი (1884-1947) - ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი. 1904-1905 წლებში იმყოფებოდა სოციალისტ-ფედერალისტთა იდეოლოგიის ზეგავლების ქვეშ და მონაწილეობდა პირველ რუსულ რევოლუციაში. 1906-1914 წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც სწავლობდა სორბონის უნივერსიტეტში. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ საიდუმლოდ დაბრუნდა რუსეთში, სადაც პეტროგრადში დაპატიმრებულ იქნა და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. დაბრუნდა ტფილისში და 1914-1916 წლებში, ამაოდ ცდილობდა სოციალისტ-ფედერალისტებთან ერთად გაერთიანებული ეროვნული პარტიის შექმნას. 1917 წლის მაისში დააარსა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და მისი პირველი თავმჯდომარე გახდა. კავშირი ჰქონდა ბერლინში საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან. 1919-1921 წლებში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. 1922-1923 წლებში დაპატიმრებული იყო ბოლშევიკთა მიერ და მოთავსებულ იქნა მეტეხის ციხეში. 1923 წლიდან - ემიგრაციაში საფრანგეთში. 1923-1939 წლებში - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდათა ფრაქციის ხელმძღვანელი. იმყოფებოდა ოპოზიციაში საქართველოს ეროვნული ცენტრის და სოციალ-დემოკრატთა მიმართ. 1925 წელს პარიზში სცემდა გაზეთს „სამშობლოსათვის“. 1932-1934 წლებში - პარიზში გამომავალი გაზეთის „საქართველოს გუშაგის“ მთავარი რედაქტორი. 1942-1943 წლებში - ბერლინში საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი.
კერესელიძე გიორგი (1885-1960) - პირველი მსოფლიო ომის დროს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1900 წელს დააფუძნა ლეო კერესელიძესთან და ნესტორ მაღალაშვილთან ერთად „საქართველოს დამოუკიდებლობის წრე“. თავდაპირველად თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტებთან. საქართველოში 1905 წლის რევოლუციის მონაწილე. 1906 წლის მაისში ძმასთან, ლეო კერესელიძესთან, და დეიდაშვილ ნესტორ მაღალაშვილთან ერთად მონაწილეობდა დუშეთის სახელმწიფო ბანკის განყოფილებაზე შეიარაღებულ თავდასხმაში, რის შედეგადაც სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის სასარგებლოთ რეკვიზირებულ იქნა 315 000 მანეთი. იმავე წელს იძულებული შეიქნა დაეტოვებინა საქართველო და გადასახლებულიყო ჟენევაში (შვეიცარია). 1911-1914 წლებში - ქართველ სეპარატისტთა პარტიის უცხოეთში მოქმედი კომიტეტის წევრი. 1913-1914 წლებში - თანამშრომლობდა გაზეთ „თავისუფალ საქართველოში“. პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრი და 1916-1918 წლებში, მისი ბერლინში გამომავალი ორგანოს, გაზეთ „ქართული გაზეთის“ რედაქტორი. 1918-1922 წლებში - გერმანიაში საქართველოს ლეგაციის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკის ჩინით. ემიგრაციაში - გერმანიაში და (1932 წლიდან) საფრანგეთში. 1922-1932 წლებში - გერმანიაში ქართული კოლონიის თავმჯდომარე. 1926-1945 წლებში ქართველ პატრიოტთა ორგანიზაციის „თეთრი გიორგის“ წევრი. 1942-1945 წლებში - გერმანიაში კავკასიელ ემიგრანტთა საქმეების სამმართველოს უფროსი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გარდაცვალებამდე ცხოვრობდა საფრანგეთში.
კერესელიძე იასონ (1891-1923) - ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი აქტივისტი. წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიაში და თურქეთში მოქმედი საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრების, - ლეო და გიორგი კერესელიძეების ძმა. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს შეიარაღებული დაპყრობა-ანექსიის შემდეგ მონაწილეობას იღებდა ქართულ ანტიბოლშევიკურ იატაკქვეშა მოძრაობაში. 1922-1923 წლებში თანამშრომლობდა საქართველოს დამოუკიდებლობის იატაკქვეშა კომიტეტთან და იყო მასში შემავალი სამხედრო ცენტრის წევრი. 1922 წლის ოქტომბერში დაპატიმრებულ იქნა ამიერკავკასიის ჩკ-ს მიერ და 1923 წლის 20 მაისს, სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის მიდამოებში.
კერესელიძე ლეო (1883-1943) - ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1900 წელს დააფუძნა გიორგი კერესელიძესთან და ნესტორ მაღალაშვილთან ერთად „საქართველოს დამოუკიდებლობის წრე“. 1904 წლიდან თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტებთან. 1905 წელს მონაწილეობდა ევროპიდან საქართველოში იარაღის შემოტანის საიდუმლო ოპერაციებში. 1906 წლის მაისში სოციალისტ-ფედერალისტებთან ერთად მონაწილეობდა შეიარაღებულ თავდასხმაში ქ. დუშეთის სახელმწიფო ბანკის განყოფილებაზე, რის შედეგადაც პარტიის სასარგებლოდ რეკვიზირებულ იქნა 315 000 მანეთი. იმავე წელს დასახლდა ჟენევაში (შვეიცარია), სადაც 1907-1912 წლებში სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტის იურუდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. ჟენევის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი. 1914-1918 წლებში საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრი. 1915-1916 წლებში ოსმალეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული ქართული ლეგიონის მეთაური მაიორის ჩინით. 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში. 1921 წლიდან - ემიგრაციაში. ცხოვრობდა თურქეთში, შვეიცარიაში, საფრანგეთში, მაროკოში და გერმანიაში. 1926-1943 წლებში - ქართველ პატრიოტთა ორგანიზაციის „თეთრი გიორგის“ გენერალური მდივანი. 1942-1943 წლებში - ბერლინში ქართული ეროვნული კომიტეტის წევრი. დაიღუპა 1943 წლის ნოემბერში მოკავშირეთა ავიაციის მიერ ბერლინის დაბომბვის დროს.
მარგველაშვილი ტიტე (ტიტუს) (1891-1946) - ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი. 1909 წელს დაასრულა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. ამავე წელს ჩაირიცხა ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც რვა სემესტრი გაიარა ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. 1913 წლიდან სწავლობდა დოქტორანტურაში ჰალე-ვიტენბერგის ფრიდრიჰის უნივერსიტეტში. 1914 წელს ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „კოლხეთი, იბერია და ალბანეთი ძვ. წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის მიჯნაზე, სტრაბონის განსაკუთრებული გათვალისწინებით“. იმავე წელს საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1914-1917 წლებში მუშაობდა უცხო ენების პედაგოგად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1917 წელს - ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არჩეულ იქნა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. 1918 წლის 26 მაისს, როგორც საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრმა, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 1921 წლიდან - ემიგრაციაში. ცხოვრობდა გერმანიაში. 1921-1923 და 1941-1945 წლებში იყო ბერლინის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე. 1933 წელს - ბერლინში შექმნილი „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციის“ პირველი თავმჯდომარე. 1941-1942 წლებში მცირე ხნით ხელმძღვანელობდა გერმანული რადიოს ქართულ რედაქციას. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ 1945 წელს საბჭოთა კონტრდაზვერვა სმერშ-ის მიერ მოტყუებით იქნა დაპატიმრებული ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. 1946 წელს - დახვრიტეს თბილისში.
მაღალაშვილი (მაღალოვი) ნესტორ (მურად ბეი) (1882-1937) - პირველი მსოფლიო ომის დროს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1900 წელს დააფუძნა ლეო და გიორგი კერესელიძეებთან ერთად „საქართველოს დამოუკიდებლობის წრე“. 1903 წლიდან თანამშრომლობდა სოციალისტ-ფედერალისტებთან. საქართველოში 1905-1907 წლების რევოლუციის მონაწილე. 1906 წლის მაისში, ექსპროპრიაციის მიზნით მონაწილეობდა ქ. დუშეთში სახელმწიფო ბანკის განყოფილებაზე შეიარაღებულ თავდასხმაში, რის შედეგადაც ექსპროპრიირებულ იქნა 315 000 მანეთი. იმ წელსვე ლ. და გ. კერესელიძეებთან ერთად გაიქცა ჟენევაში. 1907 წელს შვეიცარიის უმაღლესმა სასამართლომ, საქმის პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე, უარი უთხრა რუსეთის მთავრობას მის გაცემაზე. სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1910 წელს დააარსა პ. სურგულაძესთან და ლ. და გ. კერესელიძეებთან ერთად ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფი, რომელმაც პირველმა წამოაყენა დღის წესრიგში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი. პირველი მსოფლიო ომის წლებში საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრი და 1915-1917 წლებში, ოსმალეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული ქართული ლეგიონის ოფიცერი. 1921 წლიდან - ემიგრაციაში თურქეთში. 1924-1926 წლებში - სტამბოლში დაარსებული კავკასიის კონფედერატთა კომიტეტის წევრი. 1920-იანი წლების მეორე ნახევარში - თურქეთის ტერიტორიაზე ქართული პატრიოტული ორგანიზაციის „თეთრი გიორგი“-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1930-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა ბოლშევიკურ საქართველოში. დახვრიტეს სტალინური დიდი ტერორის დროს 1937 წელს.
მაჩაბელი გიორგი (1885-1935) - პირველი მსოფლიო ომის დროს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი უმთავრესი ხელმძღვანელი. თავდაპირველად თანაუგრძნობდა სოციალისტ-ფედერალისტებს და მიმოწერა ჰქონდა მათ ლიდერ გ. დეკანოზიშვილთან. სწავლობდა გერმანიაში, ბერლინის სამთო აკადემიაში. 1914-1918 წლებში საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრი. ასრულებდა გერმანული გენერალური შტაბის ყველაზე კონფიდენციალურ და საიდუმლო დავალებებს. 1918-1923 წლებში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი იტალიაში. 1923-1935 წლებში ცხოვრობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაარსა პარფუმერული ფირმა „თავად მაჩაბლის სუნამოები“, რამაც საშუალება მისცა ფინანსური დახმარება გაეწია ქართული და კავკასიური მემარჯვენე ემიგრანტული ორგანიზაციებისადმი. 1933-1935 წლებში - საფრანგეთში ქართველ თავად-აზნაურთა კავშირის თავმჯდომარე.
მახარაძე ფილიპე (1868-1941) - ქართველი ბოლშევიკი და პარტიული მოღვაწე. 1917 წელს - ტფილისში გამომავალი გაზეთ «Кавказский рабочий»-ს რედაქტორი. 1921 წელს - საქართველოს რევკომის თავმჯდომარე, საქართველოში ბოლშევიკური სამხედრო ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. 1921-1922 წლებში - საქართველოს სსრ-ს მიწათმოქმედების სახალხო კომისარი. 1922 წელს - საქართველოს სსრ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1924 წლიდან - ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის გოსპლანის თავმჯდომარე. 1929-1930 წლებში - საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, ვკპ(ბ)-ს ცენტრალური საკონტროლო კომისიის წევრი. 1931-1938 წლებში - საქართველოს სსრ-ს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, პარალელურად, 1931-1936 წლებში - ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოდან. 1938 წლიდან სიკვდილამდე - საქართველოს სსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
მგელაძე ვლასა (1868-1943) - ქართველი სოციალ-დემოკრატი. მუშაობდა ასოთამწყობად სტამბებში ქუთაისში და ტფილისში. 1900 წლიდან მონაწილეობდა ტფილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში. 1901 წელს დააპატიმრეს, 17 თვე გაატარა მეტეხის ციხეში, შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით სამი წლით გადაასახლეს ირკუტსკში, საიდანაც გაიქცა 1904 წელს. 1905-1907 წლების რევოლუციის მონაწილე. 1908 წელს არალეგალურად გაემგზავრა ევროპაში, - ჯერ ვენაში, ხოლო შემდეგ ციურიხში. იმავე წელს ჩავიდა სპარსეთში და მონაწილეობა მიიღო თავრიზის რევოლუციაში. 1909 წელს თეირანში კონსტიტუციის მიღების შემდეგ, დაბრუნდა ევროპაში.1911 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც დააპატიმრეს და როსტოვში გადაასახლეს, საიდანაც გაიქცა და 1912 წელს ისევ ჩავიდა საქართველოში. 1912-1913 წლებში - ემიგრაციაში ევროპაში, სადაც ეწეოდა აქტიურ სოციალ-დემოკრატიულ მოღვაწეობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ - დაბრუნდა რუსეთში. 1917 წლის ნოემბერში - საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1919-1921 წლებში - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის და ანექსიის შემდეგ, მონაწილეობდა იატაკქვეშა ქართულ ანტიბოლშევიკურ-ანტიოკუპაციურ მოძრაობაში. 1922 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის დავალებით საიდუმლოდ გაემგზავრა საქართველოდან იტალიაში, გენუის კონფერენციაზე საქართველოს კათალიკოს-პარტიარქის ამბროსის მიმართვის ჩამოსატანად. 1924 წლის დასაწყისში საიდუმლოდ დაბრუნდა საქართველოში. 1924 წლის აგვისტო-სექტემბრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილე, რომლის დამარცხების შემდეგ, 1925 წლის სექტემბრიდან საბოლოო ემიგრაციაში. ცხოვრობდა საფრანგეთში. მემუარების ავტორი.
მდივანი პოლიკარპე (ბუდუ) (1877-1937) - ქართველი ბოლშევიკი და პარტიული მოღვაწე. 1918-1919 წლებში - სამხრეთის კასპიის-კავკასიური ფრონტის მე-11 არმიის რევოლუციურ-სამხედრო საბჭოს წევრი. 1919-1920 წლებში - მე-10 არმიის პოლიტგანყოფილების უფროსი. 1920-1921 წლებში - საქართველოს კომპარტიის თავმჯდომარე, რკპ(ბ)-ს ცკ-ს კავბიუროს წევრი, საქართველოში ბოლშევიკური ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. 1921 წელს - რსფსრ-ს სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში. 1921-1922 წლებში - საქართველოს რევკომის და ამიერკავკასიის საკავშირო საბჭოს თავჯდომარე. 1922 წელს - საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს კომპარტიის ცკ-ს პრეზიდიუმის წევრი. 1923-1924 წლებში - სსრკ-ს მთავარი კონცესიური კომიტეტის თავმჯდომარე. 1924-1928 წლებში - სსრკ-ს სავაჭრო წარმომადგენელი საფრანგეთში. 1928 წელს ოპოზიციური მოღვაწეობისთვის გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს ციმბირში. 1931 წელს აღადგინეს პარტიაში და დანიშნეს საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარედ და მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრად. ასევე 1936 წლამდე ეკავა საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს პირველი მოადგილის თანამდებობა. 1936 წელს დააპატიმრეს როგორც „ტროცკისტური ჯაშუშურ-მავნებლური ცენტრის“ წევრი. დახვრიტეს 1937 წელს, სტალინის დიდი ტერორის დროს.
მოზელი ლუი (Mosel Louis) - პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთთურქეთის კავკასიის ფრონტზე მოქმედი გერმანული დაზვერვის აგენტი, პროფესიით ვაჭარი. 1915 წლის დასაწყისში „კავკასიური ექსპედიციის“ ხელმძღვანელის რანგში ქართველ მოხალისეებთან ერთად მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში. თავი გამოიჩინა არდაგანის აღებისას, რისთვისაც თურქეთში გერმანიის ელჩის, ბარონ ფონ ვანგენჰაიმის მიერ წარდგენილ იქნა პირველი ხარისხის რკინის ჯვრით დაჯილდოვებაზე. 1915-1917 წლებში მონაწილეობდა გერმანული დაზვერვის მიერ წარმოებულ კავკასიის ოპერაციაში, გრაფ ფ.-ვ. ფონ დერ შულენბურგის მეთაურობით. 1917 წლის აგვისტოდან 1918 წლის იანვრამდე - გერმანიის კონსულის წარმომადგენელი სამსუნ-ტრაპიზონის რაიონში.
ნადოლნი რუდოლფ (Nadolny Rudolf) (1873-1953) - გერმანელი დიპლომატი. 1903-1907 წლებში - გერმანიის იმპერიის ვიცე-კონსული სანქტ-პეტერბურგში. 1907 წელს - გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი საგარეო ვაჭრობის სფეროში. 1912-1914 წლებში ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ მისიებს სპარსეთში, ბოსნიაში და ალბანეთში. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. 1914 წლის შემოდგომიდან - მუშაობდა გენერალური შტაბის მეთაურის მოადგილის სადაზვერვო განყოფილებაში. 1915 წლის გაზაფხულზე დანიშნულ იქნა სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის პოლიტიკური სექციის (განყოფილების) უფროსის თანამდებობაზე. ხსენებული სექციის ფუნქციებში ანტანტის ქვეყნების (მათ შორის რუსეთის იმპერიის) კოლონიზირებული ხალხების განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებთან მჭიდრო კავშირში სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების განხორციელება შედიოდა. ამ ხაზით პირდაპირ კავშირში იმყოფებოდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან. 1916 წლის ივლისში ნადოლნი, საქმეთა რწმუნებულის რანგში, საგანგებო მისიის სათავეში მივლინებულ იქნა სპარსულ ქერმანშაჰში, სადაც რჩებოდა 1917 წლის მარტამდე. ამავე წლის გაზაფხულზე დაბრუნდა გერმანიაში და 1919 წლამდე, მსახურობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხების რეფერენტად. 1918 წლის თებერვალ-მარტში მონაწილეობას იღებდა ბრესტ-ლიტოვსკის მოლაპარაკებებში. 1920 წელს - გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთში. 1924-1933 წლებში - გერმანიის ელჩი თურქეთში. 1932-1933 წლებში - მეთაურობდა გერმანიის დელეგაციას ერთა ლიგის ჟენევის კონფერენციაზე. 1933 წელს - გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოსკოვში. იმავე წელსვე - გადადგა თანამდებობიდან.
ორახელაშვილი ივანე (მამია) (1881-1937) - ქართველი ბოლშევიკი და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე. 1917 წელს რსდმპ(ბ)-ს კომიტეტის თავმჯდომარე და ვლადიკავკაზში მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარე. 1917-1920 წლებში - რსდმპ(ბ)-ს კავკსიური სამხარეო კომიტეტის წევრი. იყო საქართველოს კომპარტიის ცკ-ს თავმჯდომარე და რკპ(ბ)-ს ცკ-ს კავბიუროს წევრი. 1921 წელს - საქართველოში ბოლშევიკური ინტერვენციის ერთ-ერთი ინიციატორი. 1921-1925 წლებში ეკავა საქართველოს რევკომის თავმჯდომარის, საქართველოს სსრ კომპარტიის ცკ-ს მდივნის, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობები. 1923-1925 წლებში - სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოს მოადგილე. 1926-1929 წლებში - სკპ(ბ)-ს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის 1-ლი მდივანი. 1931 წელს - ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1931-1932 წლებში - ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის 1-ლი მდივანი. 1932-1937 წლებში - მოსკოვში იმელის დირექტორის მოადგილე. დახვრიტეს 1937 წელს, სტალინის დიდი ტერორის დროს.
ორჯონიკიძე გრიგორი (სერგო) (1886-1937) - ბოლშევიკი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. შედიოდა სტალინის უახლოეს გარემოცვაში. 1917 წელს - პარტიის პეტერბურგის კომიტეტის და პეტროგრადის საბჭოს აღმასკომის წევრი, დროებითი საგანგებო კომისარი უკრაინაში და სამხრეთ რუსეთში. 1918-1920 წლებში - სამხედრო-პოლიტიკურ მუშაობაზე წითელ არმიაში. 1920 წლიდან - რკპ(ბ)-ს ცკ-ს კავბიუროს წევრი. სამხრეთ კავკასიაში ბოლშევიკური შეიარაღებული ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. 1922-1926 წლებში - პარტიის ამიერკავკასიის და ჩრდილოეთ კავკასიის სამხარეო კომიტეტების 1-ლი მდივანი. 1926-1930 წლებში - ვკპ(ბ)-ს ცენტრალური საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე, პარალელურად მუშურ-გლეხური ინსპექციის სახალხო კომისარი, სსრკ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1930 წლიდან - სსრკ-ს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 1932 წლიდან სსრკ-ს მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი. 1930 წლიდან - ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი. 1937 წელს დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით.
ჟორდანია ნოე (1868-1953) - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე. 1891 წელს, ვარშავის ვეტერინალურ ინსტიტუტში სწავლისას, მიემხრო ევროპულ სოციალისტურ თეორიებს და რევოლუციურ მოძრაობას. 1892 წელს ტფილისში დაბრუნების შემდგომ შექმნა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფილიალი საქართველოში. 1906 წელს არჩეულ იქნა 1 სახელმწიფო დუმის დეპუტატად, სადაც სოციალისტურ ფრაქციას თავმჯდომარეობდა. ხელი მოაწერა ვიბორგის მოწოდებას, რის გამოც სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ტფილისის საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, შემდგომ - კავკასიის ყველა რევოლუციური ორგანიზაციისა და ქართული სახალხო საბჭოს თავმჯდომარე. 1918 წლის ივნისიდან 1921 წლის მარტამდე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 1921 წლის მარტიდან ემიგრაციაში საფრანგეთში. ქართული ეროვნული ცენტრის და 1938 წლამდე, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის უცხოეთის ბიუროს თავმჯდომარე. პრომეთეისტული მოძრაობის ქართული ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1935-1939 წლებში - კავკასიის კონფედერაციის საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე.
ჟურული გიორგი (1865-1951) - ქართველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. 1886 წელს დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და 1893 წელს, მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთო საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობაში. იყო გაზეთ „ივერიის“ თანამშრომელი. არჩეული იყო ქართული სასკოლო კომიტეტისა და სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის საზედამხედველო კომიტეტის წევრად. 1897-1903 წლებში - ცენზორი კავკასიის საცენზურო კომიტეტში. 1903 წელს აირჩიეს ბათუმის საქალაქო გამგეობის წევრად. 1910-1913 წელს იყო ბათუმის ქალაქის თავი, ტფილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი, გამგეობის წევრი და საფინანსო კომისიის თავმჯდომარე. 1905 წელს შედიოდა პეტერბურგში წარგზავნილ დელეგაციაში, რომელმაც სახელმწიფო საბჭოსაგან ამიერკავკასიისათვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოითხოვა. 1908-1910 წლებში სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობას. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ შედიოდა ოზაკომთან ჩამოყალიბებული ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების, საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოს წევრი. იმავე წლის ივნისში არჩეულ იქნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის მრჩეველი, მონაწილეობდა ბათუმის საზავო კონფერენციაზე. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ შევიდა მისი პირველი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, როგორც ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი. ეს პოსტი შეინარჩუნა ნ. ჟორდანიას კაბინეტშიც, 1919 წლის მარტამდე. 1919-1921 წლებში იყო ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარე, ასევე, 1919-1920 წლებში - საქართველოს წარმომადგენელი ბათუმში განლაგებულ მოკავშირეთა არმიის სარდლობასთან. 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ - ემიგრაციაში. ცხოვრობდა ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ - საფრანგეთში. ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობას.
სურგულაძე პეტრე (1871-1931) - პირველი მსოფლიო ომის დროს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი. თავდაპირველად სოციალისტ-ფედერალისტი. 1905 წელს - სოციალისტ-ფედერალისტთა ტფილისის კომიტეტის წევრი და საქართველოში პირველი რუსული რევოლუციის მონაწილე. 1909 წელს - სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ცენტრალური ფედერალური კომიტეტის მდივანი. 1910 წლის აპრილში, ცარისტული ჟანდარმერიის მიერ საქართველოში სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის ლიკვიდაციის ოპერაციის ფარგლებში ჩატარებული რეპრესიების შედეგად დაპატიმრებულ იქნა. მიესაჯა 5 წლით კავკასიის მხარიდან გასახლება. იმავე წლის ოქტომბერში მონაწილეობდა სოციალისტ-ფედერალისტთა მემარჯვენე ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა მიერ იატაკქვეშა „საქართველოს სეპარატისტთა ლიგის“ შექმნაში, რომლის მიერაც უცხოეთში წასვლა და მუშაობა დაევალა. 1910 წლის დეკემბერში თურქეთში გადასვლა შეძლო, საიდანაც ევროპაში (შვეიცარიაში) გადავიდა. 1911 წელს - ქართველ სეპარატისტთა პარტიის უცხოეთის კომიტეტის თავმჯდომარე. 1913-1914 წლებში - ჟენევაში გამომავალი გაზეთ „თავისუფალი საქართველო“-ს რედაქტორი. პირველი მსოფლიო ომის დროს - საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე. 1917 წელს - საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი და მისი მთავარი კომიტეტის წევრი. 1919-1921 წლებში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან, სამხედრო კომისიის წევრი. 1921 წლის მარტიდან გარდაცვალებამდე - ემიგრაციაში თურქეთში.
ტრიჩი დევის (Trietsch Davis) (1870-1935) - ებრაელი გერმანულენოვანი მწერალი, ეკონომისტი და სიონისტი პოლიტიკოსი. 1893 წლიდან ბევრს მოგზაურობდა ევროპაში. 1899 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც სწავლობდა ებრაელთა მიგრაციის პრობლემას, რის გადასაწყვეტადაც 1895 წელს ებრაელთა მიერ კვიპროსის კოლონიზაციის წინადადებით გამოვიდა. 1898 წლიდან სიონისტურ პოზიციებზე გადავიდა და ვინაიდან პალესტინაში დასახლება უახლოეს ხანებში არარეალურად ჩანდა, ებრაელთა უახლოეს მიზნად კვიპროსზე, სამხრეთ აფრიკაში ან ამერიკაში დასახლება მიიჩნია. მას შემდეგ რაც ოფიციალურად შეუერთდა სიონისტურ მოძრაობას და სიონისტთა პირველ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, წამოაყენა პალესტინის, კვიპროსის და ელ-არიშის კოლონიზაციის წინადადება, რის პროპაგანდასაც ეწეოდა წიგნებში, სტატიებში და გამოსვლებში (თავად ამას „სიონისტურ მაქსიმალიზმს“ უწოდებდა). შემდგომ საცხოვრებლად ბერლინში გადავიდა, სადაც 1902 წელს იყო „ებრაული გამომცემლობის“ თანადამფუძნებელი. ეწეოდა ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობას. პირველი მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან. 1916-1918 წლებში - გერმანულ-ქართული საზოგადოების გენერალური მდივანი და ადმინისტრატორი. 1918 წელს გამოსცა ბროშურა „საქართველო და კავკასია“ (“Georgien und der Kaukasus“). 1932 წელს საბოლოოდ გადასახლდა პალესტინაში.
ფირცხალავა სამსონ (1872-1952) - ქართველ სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1889-1993 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, ხოლო შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1898 წელს. 1902 წელს დაიწყო მუშაობა გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში და შეუერთდა რედაქციის გარშემო თავმოყრილ ჯგუფს, რომელიც შემდგომ საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის დამფუძნებლად იქცა. 1903 წლიდან იყო სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1910 წელს დაპატიმრებულ იქნა როგორც სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი და 1913 წლამდე გასახლებული იყო კავკასიის მხარიდან რუსეთში, ქ. ტვერში. 1917 წლის ნოემბერში არჩეულ იქნა ქართული ეროვნული საბჭოს წევრად. 1919-1921 წლებში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1922 წლიდან - ემიგრაციაში საფრანგეთში. იყო ქართული ეროვნული ცენტრის წევრი, ასევე 1926-1935 წლებში პარიზში გამომავალი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის უცხოეთის ბიუროს ჟურნალის „სახალხო საქმეს“ რედაქტორი. პრომეთეისტული მოძრაობის აქტიური მონაწილე. 1938-1939 წლებში - კავკასიის კონფედერაციის საბჭოს წევრი. 1948 წელს დაბრუნდა საბჭოთა საქართველოში. 1951 წელს დაპატიმრებული იქნა შინასახკომის მიერ. 1952 წელს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. გარდაიცვალა იმავე წელს, თბილისის ციხის საავადმყოფოში.
ქავთარაძე სერგო (1885-1971) - ქართველი ბოლშევიკი და პარტიული მოღვაწე. 1917 წელს გაზეთ «Кавказский рабочий»-ს რედაქტორი. 1918 წელს - ვლადიკავკაზის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1917-1919 წლებში - რსდრპ(ბ)-ს კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი. 1918 წელს - თერგის რესპუბლიკის სახალხო საბჭოს წევრი. 1920-1921 წლებში - საქართველოს რესპუბლიკაში რსფსრ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობის მრჩეველი. 1921 წელს - ბათუმის და აჭარის რევკომის თავმჯდომარე, საქართველოს რევკომის თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის სახალხო კომისარი. 1922-1923 წლებში - საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე. 1923-1924 წლებში - თურქეთში საბჭოთა საელჩოს მრჩეველი. 1924-1927 წლებში - სსრკ-ს უზენაესი სასამართლოს პროკურორის პირველი მოადგილე. 1927 წელს ტროცკიზმის ბრალდებით გარიცხეს პარტიიდან და გადაასახლეს ორენბურგის ოლქში, რის შემდგომ დააპატიმრეს. 1931 წელს გაანთავისუფლეს. 1931-1936 წლებში მუშაობდა მხატვრული ლიტერატურის რედაქციაში, მოსკოვში. 1936 წელს ისევ დააპატიმრეს, თუმცა გადაურჩა დახვრეტას და გაანთავისუფლეს 1939 წელს. 1940 წელს აღადგინეს პარტიაში. 1941 წლიდან მუშაობდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატში. 1943-1945 წლებში - სსრკ-ს საგარეო საქმეთა კომისრის პირველი მოადგილე. 1945-1952 წლებში - სსრკ-ს ელჩი რუმინეთში. 1952-1954 წლებში - საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი. 1954 წლიდან - პენსიაზე.
ქარუმიძე შალვა (1887-1953) - პირველი მსოფლიო ომის დროს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. დაიბადა ტფილისის გუბერნიის სოფელ ზერტაში. 1912-1915 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ „კლდეში“. პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის ტფილისის ფილიალს. 1916-1917 წლებში პირადად მონაწილეობდა გერმანული წყალქვეშა ნავებისგან ქართველი პარტიზანებისთვის იარაღის და ტყვია-წამლის მიღებაში. 1917 წელს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. იმავე წლის მაისში, როგორც საქართველოს დელეგატი მონაწილეობდა ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა კავშირის პირველ ყრილობაში ვლადიკავკაზში. 1919-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. 1921 წლის თებერვალში, მის მიერ ფორმირებულ ხევსურთა რაზმთან ერთად პირადად მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში საქართველოში შემოჭრილი მე-11 წითელი არმიის ნაწილების წინააღმდეგ. 1921 წლიდან ემიგრაციაში. ცხოვრობდა გერმანიაში და შვეიცარიაში. 1926-1927 წლებში ბერლინში ყოფნისას, მონაწილეობდა საიდუმლო ოპერაციაში საბჭოთა კავშირის ფინანსური სისტემის ჩამოშლის მიზნით ყალბი საბჭოთა ჩერვონცების (10-მანეთიანი კუპიურების) დამზადებასა და სსრკ-ში გადაგზავნა-გავრცელებაში. ჩერვონცების ნაწილი ქარუმიძის მიერ წარმატებით იქნა გადაგზავნილი სსრკ-ში. საქმე, რომელშიც ქარუმიძის გარდა გარეული იყვნენ გერმანიის და დიდი ბრიტანეთის საკმაოდ მაღალი რანგის კონსერვატიული წრეების წარმომადგენლები, გახსნილ იქნა, მაგრამ ქარუმიძის სასამართლო პროცესი 1930 წლამდე გრძელდებოდა, რადგან უკანასკნელი საკუთარ მოქმედებებს პოლიტიკური მოტივებით ამართლებდა. საბჭოთა გავლენით გერმანულმა სასამართლომ ქარუმიძეს ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა განაჩენის განხორციელებამდე ქარუმიძე გაიქცა შვეიცარიაში, სადაც შვეიცარიის კონფედერაციის უზენაესმა სასამართლომ გერმანულ ხელისუფლებას მის გაცემაზე უარი უთხრა. საბჭოთა დაზვერვის მონაცემებით, ქარუმიძემ ამ ოპერაციისგან მიღებული ფულის ნაწილის შენარჩუნება შეძლო. 1933 წელს დაბრუნდა ბერლინში, სადაც იმავე წლის 10 ივნისს, ყველა მემარჯვენე ქართველი ემიგრანტის გაერთიანების მიზნით, „გერმანიაში ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაცია“ დააფუძნა. ხსენებული ორგანიზაციის ბეჭდვითი ორგანო იყო 1933-1936 წლებში ბერლინში ქართულ და გერმანულ ენაზე გამომავალი ჟურნალი „კლდე“ (“Der Fels”). 1936 წელს ცრუ დასმენის შედეგად გაძევებულ იქნა გერმანიიდან შვეიცარიაში. 1936-1939 წლებში, საბჭოთა დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, მონაწილეობდა საიდუმლო ოპერაციაში სამოქალაქო ომში გახვეულ ესპანეთში გენერალ ფ. ფრანკოს შეიარაღებული ძალებისადმი იარაღის მიწოდებაში.
ჩხენკელი აკაკი (1874-1956) - ქართველ სოციალ-დემოკრატთა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სწავლობდა კიევის, ბერლინის და ლონდონის უნივერსიტეტებში იურიდიულ და ფილოლოგიურ ფაკულტეტებზე. 1898 წელს შევიდა რსდმპ-ში. 1912-1914 წლებში - რუსეთის იმპერიის მე-4 სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სადაც სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას ხელმძღვანელობდა. 1917 წელს - ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტის (ოზაკომ-ის) წევრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. 1918 წლის თებერვალ-მაისში - ამიერკავკასიის დიპლომატიური დელეგაციის თავმჯდომარე ტრაპიზონის და ბათუმის საზავო კონფერენციებზე. იმავე წლის მაის-ივნისში - დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 1919-1921 წლებში - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წლის ბოლოდან - საქართველოს სრულუფლებიანი მინისტრი (დესპანი) ევროპის ქვეყნებში. 1921-1932 წლებში - საქართველოს საგანგებო დესპანი და სრულუფლებიანი მინისტრი საფრანგეთში. 1921 წლის მარტიდან - ემიგრანტი.
წერეთელი ირაკლი (კაკი) (1881-1959) - ქართველი სოციალ-დემოკრატი. რუსეთის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური მოღვაწე. მე-II სახელმწიფო სათათბიროს წევრი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მონაწილეობდა ირკუტსკის მუშათა დეპუტატთა საბჭოების და სამხედრო ორგანიზაციის შექმნაში. პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1917 წლის მაისში დროებითი მთავრობის ფოსტის და ტელეგრაფის მინისტრი. შედიოდა დროებითი მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში, რომელმაც აღიარა უკრაინის ცენტრალური რადის ავტონომია. პეტროგრადის საბჭოს მიერ ბოლშევიკური რეზოლუციის „ხელისუფლების შესახებ“ მიღების შემდგომ, პროტესტის ნიშნად, პეტროგრადის საბჭოს პრეზიდიუმთან ერთად, 6 სექტემბერს გადადგა თანამდებობიდან. ბოლშევიკთა მიერ დამფუძნებელი კრების გარეკვის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც გახდა დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი. 1919-1920 წლებში - პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დიპლომატიური დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილე. 1921 წლიდან - ემიგრაციაში საფრანგეთში და აშშ-ში.
წერეთელი მიხეილ (მიხაკო) (1878-1965) - პირველი მსოფლიო ომის დროს ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი. თავდაპირველად იმყოფებოდა ანარქიზმის იდეების გავლენის ქვეშ. 1905-1907 წლების რევოლუციის დროს თანამშრომლობდა ქართველ სოციალისტ-ფედერალისტებთან. 1907 წელს გიორგი გვაზავასთან ერთად წარადგინა ჰააგის სამშვიდობო კონფერენციაზე პეტიცია გიორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის აღდგენის მოთხოვნით. 1911 წელს დაამთავრა ჰაიდელბერგის (გერმანია) უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1913 წელს იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. პირველი მსოფლიო ომის წლებში - საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის წევრი. 1916-1918 წლებში - გერმანულ-ქართული საზოგადოების გენერალური მდივნის და ადმინისტრატორის მოადგილე. 1918-1920 წლებში - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დესპანი შვედეთსა და ნორვეგიაში. 1920-1921 წლებში - ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასიროლოგიის და ძველი აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე. 1921 წლიდან ემიგრაციაში გერმანიაში, საფრანგეთში და ბელგიაში. 1931-1932 წლებში - ბრიუსელის (ბელგია) უნივერსიტეტის ასიროლოგიის და ქართული ენის კათედრის გამგე, ხოლო 1933-1943 წლებში - განაგებდა ბერლინის უნივერსიტეტის ქართული ისტორიისა და ლიტერატურის კათედრას. 1927-1945 წლებში - ქართველ პატრიოტთა ორგანიზაციის „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1942-1943 წლებში - გერმანიაში ქართული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე.
წერეთელი ოთარ (1902-1945) - ქართველი ემიგრანტი, მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ვაჟი. ცხოვრობდა ბერლინში. 1933 წელს შევიდა „ქართველ ნაციონალისტთა ორგანიზაციაში გერმანიაში“. პარალელურად იყო „ქართველთა პატრიოტული ორგანიზაციის „თეთრი გიორგის““ აქტიური წევრი. 1944 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში ვერმახტში. დაიღუპა აღმოსავლეთის ფრონტზე, 1945 წლის მარტში.