![]() |
როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტი |
| საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
| თარიღი: 2010 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: ივნისი 2010 პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ა. წერეთლის გამზირი 72 0154 თბილისი, საქართველო ტელ: +995 32 35 51 54 ფაქსი: +995 32 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org ვებ-გვერდი: www.cipdd.org საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჯ. კახიძის (ყოფილი კრილოვის) ქუჩა № 15 0102 თბილისი, საქართველო ტელ: +995 32 936101 / 952353 ფაქსი: +995 32 923211 ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge ვებ–გვერდი: www.gyla.ge saferworld The Grayston Centre 28 Charles square London, N1 6HT, UK ელ-ფოსტა: ვებ-გვერდი კომპანია № 3015948 (ინგლისი და უელსი) საქველმოქმედო ორგანიზაცია №143843 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ანგარიში ერთობლივად შემუშავდა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და Saferworld-ის მიერ 2010 წლის ივნისში. აღნიშნული ანგარიში არის საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე უფრო ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობის მიმდინარე პროგრამის ნაწილი. პროგრამა და ეს ანგარიში დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Saferworld-ისა და Conciliation Saferworld-ის ერთობლივი პროგრამის „2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით“ ფარგლებში.
ამ ანგარიშში გამოხატული შეხედულებები არ ასახავს ევროკავშირის, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და Saferworld-ის თვალსაზრისს.
საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა: ანგარიში №1
როგორ აღიქვამს საზოგადოება ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს და შედეგებს
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ნაშრომი წარმოადგენს 2008 წლის აგვისტოს ომის და მისი გავლენის საზოგადოებრივ აღქმას ქვემო ქართლში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. თემატურად, მასალა დაყოფილია ოთხ მიმართულებად და მოიცავს, პირველ რიგში, ომის გამომწვევი მიზეზების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და უსაფრთხოების ასპექტების აღქმას, რომელსაც მოსდევს ომის შედეგების ზოგადი აღქმის შეჯამება ამ ოთხი მიმართულების მიხედვით. თითოეული რეგიონისათვის ომის გამომწვევი მიზეზებისა და მისი შედეგების აღქმის დამახასიათებელი სპეციფიკა წარმოდგენილია ცალკეულ გრაფებში ან გამოკვეთილია შავი ფონტით. ნაშრომის მიზანი არ არის ომის მსვლელობის დროს და მის შემდგომ მომხდარი რეალური ფაქტების დადგენა ან შეფასება; იგი წარმოადგენს საზოგადოების ნაწილის ხედვებს და დამოკიდებულებებს.
ქვემოთ მოყვანილი ანგარიში არის პროექტის - „საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა“ - პირველი ეტაპის შედეგი. პროგრამა ერთობლივად ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა და Saferworld-ის მიერ. პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში გააანალიზოს კონფლიქტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ითამაშოს უფრო მეტად პოზიტიური როლი ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებით. პროცესი მოიცავს ორმხრივ დიალოგს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შექმნილი ძირითადი ჯგუფის წევრებსა და ფართო საზოგადოებას შორის საქართველოს ოთხ რეგიონში და გააჩნია შემდეგი მიზნები:
1. კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე საზოგადოების წევრებისაგან ინფორმაციის მიღება მათი ხედვის შესახებ;
2. დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება კონფლიქტთან დაკავშირებით;
3. საზოგადოების ხელშეწყობა, რათა მათ ახალი თვალით და უფრო ფართო ჭრილში შეხედონ საკითხებს;
4. საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა რეგიონში არსებული ხედვა.
პროცესის მიზანი არ არის საქართველოს მოქალაქეების განწყობების შესახებ ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევის ჩატარება, არამედ პროექტში ჩართულ საზოგადოების ჯგუფთან ღრმა და განგრძობადი დიალოგის წარმოება, რაც გამოააშკარავებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში გამოთქმულ სხვადასხვა შეხედულებასა და მიდგომას.
დიალოგის პროცესის მეთოდოლოგია ფოკუსირებულია 3 დონეზე: სათემო, რეგიონალურ და ეროვნულზე. თითოეულ რეგიონში შერჩეულ იქნა საზოგადოების წარმომადგენლებიდან ძირითადი ჯგუფის წევრები, რომელთა შორის იმართება რეგულარული შეხვედრები. ძირითადი ჯგუფის წევრები აწარმოებენ საკუთარ თემებში კონსულტაციებს იმ სახელმძღვანელო დოკუმენტების დახმარებით, რომლებიც მათ გადაეცემათ ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედეგებს წარმოადგენენ რეგიონულ შეხვედრებზე. შედეგები გროვდება და წარედგინება სხვა რეგიონის წარმომადგენლებსაც პერიოდულ ეროვნულ შეხვედრებზე. ქვეყნის მასშტაბით გაზიარებული და განსხვავებული აღქმები უკან გადაეცემათ ძირითადი ჯგუფის წევრებს და, შემდეგ, თემებს, საზოგადოებას თითოეულ რეგიონში. ამ პროცესის ფარგლებში ჩამოყალიბებული დეტალური და რეგიონების მიხედვით სპეციფიკური პერსპექტივები კონფლიქტისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომავალში გამოყენებულ იქნება როგორც საფუძველი დიალოგისა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
ორმხრივი დიალოგის პროცესი
პირველი დონე |
|
მეორე დონე |
|
მესამე დონე |
|
პროცესის ეტაპები
1. 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზები და შედეგები;
2. რეგიონისათვის დამახასიათებელი კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები და მთავარი აქტორები;
3. რეგიონისათვის სპეციფიკური რეკომენდაციები მისი მომავალი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის;
4. ეროვნული რეკომენდაციები კონფლიქტის თავიდან აცილებისა და სამომავლო მშვიდობის უზრუნველყოფისათვის.
1. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების საერთო აღქმა
1. ოთხივე რეგიონი იზიარებს მოსაზრებას, რომ კონფლიქტი არ დაწყებულა 2008 წელს და მიზეზები უნდა ვეძებოთ წარსულში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია, ძალადობის დაწყება დააბრალო რომელიმე მხარის მოქმედებას, რომელიც დღეებით უსწრებდა 2008 წლის 8 აგვისტოს. საზოგადოება, რომელიც ჩართულია პროცესში, ფიქრობს, რომ შეუძლებელი იყო კონფლიქტის აცილება, ვინაიდან „გაყინული კონფლიქტები“ ყოველთვის ფეთქებადსაშიშია.
2. ოთხივე ჯგუფში გამოკვეთილი კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების საერთო აღქმებიდან უმრავლესობა დაკავშირებულია საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან (დინამიკა აშშ-ს/ევროპას და რუსეთს შორის). თუმცა, ასევე გამოიკვეთა კონფლიქტის გამომწვევი რამდენიმე ეროვნული (დინამიკა თბილისსა და სოხუმს/ცხინვალს შორის) ან ადგილობრივი (დინამიკა ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის) ფაქტორიც.
პოლიტიკური განზომილება
3. ოთხივე რეგიონის გამოკითხული მოსახლეობის აღქმით, აგვისტოს კონფლიქტი განპირობებული იყო „დიდი პოლიტიკით“, რაც ნიშნავს, რომ კონფლიქტი დაკავშირებული იყო, ერთი მხრივ, აშშ-ს და ევროპის პოლიტიკასა და, მეორე მხრივ, რუსეთის ინტერესებს შორის არსებულ განსხვავებასთან, განსაკუთრებით, რუსეთ-ამერიკას შორის ურთიერთობების გაუარესების ჭრილში.
4. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია განხილული იყო, როგორც ფეთქებადსაშიში გარემოს შექმნის ხელშემწყობი ერთ-ერთი გარემოება, რადგან რუსეთის მთავრობისთვის ეს შეიძლება ყოფილიყო მაპროვოცირებელი ფაქტორი მათი მხრიდან ნეგატიური ქმედებების დასაწყებად, რეგიონში საკუთარი ინტერესების დასაცავად - „რუსეთი გააღიზიანა საქართველოს ჩართვამ დასავლურ პროექტებში“.
5. ზემოხსენებულთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გაზიარებული იქნა, არის ის, რომ კონფლიქტი იყო ნაწილობრივ რუსეთის „იმპერიალისტური პოლიტიკის“ შედეგი - აღნიშნული მოსაზრების თანახმად, რუსეთის მთავრობას აქვს საბჭოთა კავშირის აღდგენის ამბიცია, ხოლო საქართველოს დაპყრობა ამ დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილია. ქვემო ქართლში აღნიშნეს, რომ სწორედ ხსენებული პოლიტიკის ნაწილი იყო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება და კონფლიქტი სწორედ ამ მიზნით იყო პროვოცირებული.
6. ასევე ხშირად ნახსენები მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს მთავრობა თავს გრძნობდა პროვოცირებულად რუსეთის მთავრობის მოქმედებით, რაც დაკავშირებული იყო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგებით (აღწერილი იყო, როგორც „უკანონო პასპორტიზაცია“) და ცხინვალსა და სოხუმთან მჭიდრო პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კავშირების დამყარებით. შეხვედრების ბევრი მონაწილის აზრით, საქართველოს მთავრობა ფიქრობდა, რომ მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებისა, რამაც ხელი შეუწყო ძალადობის განახლებას.
7. მართლაც, ოთხივე რეგიონში კონსულტაციებისას ხშირად გამოვლენილი აღქმის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ და ქმედებებმა, რაც ზოგიერთის აზრით „არაადეკვატური“ და „არაეფექტური“ იყო, მიგვიყვანა 2008 წლის აგვისტოში ძალადობის განახლებამდე.
8. უფრო ზუსტად, ხელისუფლების მხრიდან აშშ/ევროპასთან ურთიერთობების გაღრმავება რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების ხარჯზე ემსახურებოდა დაძაბულობის გაზრდას და ხელი შეუწყო ძალადობის განახლებას - „საქართველოს მთავრობის დაუბალანსებელი შიდა და საგარეო პოლიტიკა რუსეთთან და დასავლეთთან მიმართებით [იყო ხელშემწყობი ფაქტორი]“.
9. დამატებით, შეხვედრების მონაწილე თემები ოთხივე რეგიონში იზიარებენ აზრს, რომ საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებები და რიტორიკა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, ასევე კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, ხელს უწყობდა დაძაბულობასდა, ზოგიერთ შემთხვევაში, იყო უპასუხისმგებლო - „[ხელშემწყობი გარემოებებია] მთავრობის უპასუხისმგებლო რიტორიკა და პიარი“.
სამეგრელოსა და შიდა ქართლში მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის აღქმა
პროექტის შეხვედრების მონაწილეები სამეგრელოსა და შიდა ქართლში საკმაოდ მკაფიოდ გამოხატავდნენ აზრს, თუ რა გავლენა აქვს მთავრობის პოლიტიკას და პიარს კონფლიქტზე. მათი უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ გასართობი თუ სხვა სახის კონსტრუქციების მშენებლობა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ასევე, პარალელური მთავრობის შექმნა (იგულისხმება სანაკოევის ადმინისტრაცია) უარყოფითად იქნა აღქმული და ხელი შეუწყო დაძაბულობას. |
10. არაერთხელ აღინიშნა, რომ არსებობს საინფორმაციო ვაკუუმი ან ინფორმაცია კონფლიქტის საკითხებთან დაკავშირებით არის არასწორი/არასრულყოფილი. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ იქნა აღქმული ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ფლობს სახელმწიფო ენას. შესაბამისად, ამ ორი რეგიონის მოსახლეობა ეყრდნობა რუსულ მედია-საშუალებებს და ჭორებს ინფორმაციის მისაღებად. ამავე დროს, საზოგადოება სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში გამოთქვამდა წუხილს, რომ ნაკლებად ხელმისაწვდომია ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაცია.
11. საზოგადოების ნაწილს, ვისთანაც კონსულტაციები განხორციელდა, ჰქონდა ნეგატიური განწყობა საერთაშორისო საზოგადოების როლზე. ზოგადად იყო იმედგაცრუება კონფლიქტამდე და კონფლიქტის შემდგომ საერთაშორისო საზოგადოების რეაგირების შინაარსსა და ხარისხზე. ეს ნიშნავს, რომ, მათი აზრით, ამერიკამ და ევროპამ არ მიიღეს ეფექტური ზომები და არ გაგვიწიეს დახმარება კონფლიქტის თავიდან აცილებაში.
ეკონომიკური განზომილება
12. ოთხივე რეგიონში შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ 2008 წლის კონფლიქტის წარმოშობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო მხარეების ეკონომიკური გეგმები. კონკრეტულად, არსებობს მოსაზრება, რომ კონფლიქტი ნაწილობრივ გამოწვეული იყო რუსეთის ინტერესით, კონტროლქვეშ მოექცია ძვირადღირებული ნავთობისა და გაზის სადენები.
13. არსებობს აზრი, რომ რუსეთის მთავრობის მიზანს წარმოადგენდა რუსეთის ეკონომიკური ინტერესების გაზრდა რეგიონში, კერძოდ, აფხაზეთში პოტენციურ ნავთობის საბადოებზე დაპატრონებით (სამეგრელო) იმისთვის, რათა მხარი დაეჭირა მომავალი სოჭის ოლიმპიადისათვის (ქვემო ქართლი) ან, უბრალოდ, იმიტომ, რომ დაუფლებოდა მიწას (სამცხე-ჯავახეთი).
14. კონფლიქტის ხელშემწყობ ერთ-ერთ გარემოებად დასახელდა ასევე საქართველოს ინტეგრაცია დასავლურ ბაზარზე, განსაკუთრებით ევროკავშირთან. არის მოსაზრება, რომ საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის მსგავსად, რუსეთის მთავრობის მიერ ნეგატიურად იყო აღქმული ზემოაღნიშნული ფაქტორიც და, შესაბამისად, მათ მიიღეს ზომები ამის აღსაკვეთად.
15. გამოითქვა აზრი, რომ რუსეთის მთავრობამ დაგეგმა კონფლიქტი იმისათვის, რათა საკუთარ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებიდან ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
16. გარდა ამისა, ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოს მთავრობას შესაძლებელია დაეგეგმა კონფლიქტი იმისათვის, რომ მოეზიდა საერთაშორისო ფინანსურიდახმარებები, ხოლო ომი გამოეყენებინა, როგორც „ხარჯის ჩამოწერის“ ან „ფულის გათეთრების“ საშუალება.
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან ეკონომიკური კავშირების შემცირება
შიდა ქართლის მოსახლეობის აზრით, ოსებსა და ქართველებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების შემცირება იყო კონფლიქტის გამომწვევი ერთერთი მნიშვნელოვანი მიზეზი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხის აზრით დიდი ეკონომიკური დაინტერესება შეამცირებდა კონფლიქტის სავარაუდო წარმოშობას, რადგან ხალხს საზღვრებს მიღმა ჰქონდა უფრო ძლიერი და საერთო სარგებელზე დამყარებული ურთიერთობები. ამ ჭრილიდან, ერგნეთის ბაზრობის დახურვა, რომელიც იყო ურთიერთობის ძირითადი ადგილი და საშუალება, იყო აღქმული, როგორც დიდი შეცდომა.
|
სოციალურ-კულტურული განზომილება
17. არ არსებობდა 2008 წლის კონფლიქტის გამომწვევი სოციალურ- კულტურული მიზეზები, რომლებიც ყველას მიერ იქნებოდა გაზიარებული. თუმცა, შიდა ქართლსა და სამეგრელოში არსებობდა მოსაზრება, რომ კონფლიქტი ნაწილობრივ გამოიწვია ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის დროთა განმავლობაში გაჩენილმა სოციალურ-კულტურულმა გაუცხოებამ. პირადი კონტაქტების შემცირებამ განაპირობა ძალადობის წარმოქმნის მიმართ თავშეკავების შემცირება. მათი აზრით, ეს ასევე გამოწვეულია საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ნაკლებობითაც.
უსაფრთხოების განზომილება
18. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდი რაოდენობით შეიარაღებული ძალების არსებობა (რუსეთის სამშვიდობოები და აფხაზეთის/სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები) განხილულ იქნა როგორც დესტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ, ერთი მხრივ, მათ იქ ყოფნამ გაზარდა დაუცველობის შეგრძნება ადგილობრივ დონეზე და, მეორე მხრივ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეიარაღებული ძალების (მათი აზრით) გაზრდამ განაპირობა საქართველოს მთავრობის მხრიდან აგრესიული ზომების მიღება. შიდა ქართლში შეხვედრების მონაწილეების აზრით, რუსული და ოსური შეიარაღებული ძალების მხრიდან სისტემატურად ხდებოდა პროვოკაციები და ამან გამოიწვია საქართველოს მთავრობის საპასუხო რეაქცია.
19. ყველა ჯგუფი ფიქრობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბალი შესაძლებლობები იყო ასევე კონფლიქტის განმაპირობებელი ფაქტორი, რაც ნიშნავს, რომ ცუდმა სტრატეგიულმა დაგეგმარებამ და მართვამ მიგვიყვანა არასწორ გადაწყვეტილებებამდე, თუ როდის და როგორ უნდა დაწყებულიყო სამხედრო ოპერაცია, რამაც შედეგად გამოიწვია მათი კოლაფსი.
20. ყველა ჯგუფის მიერ გაკეთდა ასევე მინიშნება ამერიკის/ ნატოს სტრატეგიულ ინტერესებზე კავკასიაში და საქართველოს სწრაფვაზე ნატოში ინტეგრაციისკენ, რასაც ეწინააღმდეგება რუსეთის მთავრობა, ვინაიდან ფიქრობს, რომ აღნიშნული შეასუსტებს რეგიონში მის სამხედრო დომინანტობას.
21. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო მთელი რიგი გადაწყვეტილებები, რათა შეეჩერებინა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი და გაემყარებინა საკუთარი სამხედრო და არა მარტო სამხედრო დომინანტობა რეგიონში. უფრო კონკრეტულად, იმ ხალხის აზრით, ვინც ესწრებოდა სათემო შეხვედრებს, ნატოს უარმა საქართველოსათვის MAP-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) მიღებაზე წაახალისა რუსეთი, განეხორციელებინა შესაბამისი ღონისძიებები. რუსეთმა ჩათვალა, რომ ხელსაყრელი მომენტი არსებობდა საქართველოს კონფლიქტში ჩართვისა და მისი სამხედრო ძალების განადგურებისათვის, რაც მომავალში საქართველოსათვის MAP-ის მინიჭების დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდებოდა.
22. საბოლოოდ, იყო საერთო განცდა, რომ კონფლიქტის წამახალისებელი ფაქტორი იყო ასევე რუსეთ-საქართველოს უკონტროლო (საქართველოს მხრიდან) საზღვარი. ნაწილობრივ იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ეს ზრდიდა დაუცველობის შეგრძნებას ადგილობრივ დონეზე და, მეორე მხრივ, საქართველოს მთავრობა გრძნობდა, რომ, სინამდვილეში, მას სჭირდებოდა უფრო აგრესიული ზომების გატარება, რათა გამკლავებოდა უკონტროლო საზღვარზე „კონტრაბანდას“ და სამხრეთ ოსეთში სავარაუდოდ არსებულ კრიმინოგენულ სიტუაციას.
![]() |
3 2. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგების საერთო აღქმა |
▲ზევით დაბრუნება |
1. 2008 წლის კონფლიქტის შედეგებში ყველაზე ხშირად ნახსენებია ადამიანური და ეკონომიკური დაუცველობა. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ყველაზე მეტად აისახა კონფლიქტური ტერიტორიების მოსაზღვრე რეგიონებზე (სამეგრელო და შიდა ქართლი), ასევე, ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფებზე ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. აშკარაა, რომ კონფლიქტიდან 2 წლის შემდეგაც კი, საზოგადოება ოთხივე რეგიონში თავს გრძნობს საფრთხის ქვეშ და ეჭვის თვალით უყურებს მომავალს.
2. ამავე დროს, შეხვედრების მონაწილეებს ოთხივე რეგიონში გაუჩნდათ ღირებულებების გადაფასებისა და არსებული რეალობის ახლებურად შეფასების სურვილი, მაგალითად, საერთაშორისო პოლიტიკის აღქმის (უნდა იყოს თუ არა საქართველო ამდენად პროდასავლური?) და საქართველოში დემოკრატიის ხარისხის კუთხით (არის თუ არა საქართველო უფრო მეტად ან ნაკლებად დემოკრატიული, ვიდრე ეს იყო წლების წინ?). კონფლიქტმა აიძულა საზოგადოება დაფიქრებულიყვნენ მათ ფუნდამენტურ შეხედულებებზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ მომავალი მშვიდობა და უსაფრთხოება - იმის გაგება, თუ რა არის „სწორი“, „კარგი“ საქართველოსათვის. ამ პროცესმა გამოიწვია საკმაოდ დიდი დაბნეულობა და ურთიერთსაპირისპირო პოზიციები.
პოლიტიკური განზომილება
3. ოთხივე რეგიონში კონსულტაციების მონაწილე თემები თანხმდებიან იმაზე, რომ პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოსთვის ფუნდამენტურად შეიცვალა კონფლიქტის შემდგომ. ამის ნათელი დასტურია ის გარემოება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულიად კონტროლდება რუსეთის მიერ (მაგალითად, რუსეთის ბაზების შექმნა აღქმულ იქნა ამის დასტურად). ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია საქართველოსთვის, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ტერიტორიების დაბრუნებას ახლა უფრო მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე ეს კონფლიქტამდე იყო საჭირო.
4. ამასთან დაკავშირებით არსებობს ასევე საერთო აღქმა, რომ კონფლიქტის შედეგად რუსეთის მთავრობის გავლენა ქვეყანასა და რეგიონზე გაიზარდა.
5. არსებობს იმის განცდა, რომ აშშ-მ და ევროპამ ვერ მოახერხეს რუსეთის აგრესიის შეჩერება და შეზღუდული იყვნენ მხოლოდ განცხადებების კეთებით, ნაცვლად იმისა, რომ განეხორციელებინათ აქტიური ქმედებები და მოეთხოვათ შეთანხმებების (მაგალითად, ექვსი პუნქტიანი გეგმა) ან რეზოლუციების შესრულება. შედეგად, დამკვიდრდა განცდა, რომ აშშ-მ და ევროპამ დაკარგეს ზეგავლენა ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
6. ამავე დროს, არსებობს იმის განცდა, რომ ყველა მხარემ - რუსეთმა, აშშ-მ და ევროპულმა ქვეყნებმა პოლიტიკური სარგებელი ნახეს კონფლიქტის შედეგად, თუმცა, საზოგადოება ზუსტად ვერ ასახელებდა, თუ როგორი სარგებელი ნახა აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა. ყველაზე რადიკალური იყო აზრი „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან“ მიმართებით, რაც გულისხმობს დიდი ქვეყნების ინტერესს საქართველოს დანაწევრების თვალსაზრისით. აღნიშნული მოსაზრება გამოვლინდა სამეგრელოს რეგიონში.
7. სხვა ასევე მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პოლიტიკურ შედეგად დასახელდა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობის გაზრდა, რაც ნაწილობრივ გამოიხატა საპროტესტო გამოსვლებში 2009 წლის პირველ ნახევარში. შედეგად, ზოგადად ნეგატიურად იქნა აღქმული პოლიტიკოსების (სახელისუფლებო და ოპოზიციური) და პოლიტიკური სისტემის როლი კონფლიქტის დარეგულირების კუთხით. შიდა ქართლში რეალურად არის იმის განცდა, რომ ქვეყნის შიგნით არეულობა რუსეთის მთავრობამ შეიძლება გამოიყენოს, როგორც ახალი კონფლიქტის დაწყების საშუალება.
იმავდროულად, არსებობდა მოსაზრება, რომ კონფლიქტის შედეგად შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულებაროგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, მის მიერ წარმოებულიპოლიტიკის მიმართ, უფრო კონკრეტულად, მართალია, ერთი მხრივ, მოსახლეობა ადანაშაულებსსაერთაშორისო პოლიტიკასა და რუსეთს კონფლიქტში, მაგრამ, ამავე დროს, არსებობს განცდა, რომ საქართველოს მთავრობა ატარებდა არასწორ პოლიტიკას კონფლიქტებთან მიმართებით და არ იღებდა გადაწყვეტილებებს ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით როგორც კონფლიქტამდე, ასევე, კონფლიქტის პერიოდში.
9. არსებობდა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონფლიქტმა გამოააშკარავა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე, ასევე თავად სახელმწიფოს უუნარობა და არასტაბილურობა. შიდა ქართლში არსებობს მოსაზრება, რომ საქართველომ დაკარგა თავისი პირვანდელი, რეგიონში პოლიტიკური ლიდერის როლი - „მთავრობას, რომელიც აგებს ომს 36 საათის განმავლობაში, ნამდვილად აქვს პრობლემები, რომელიც სასწრაფო გადაჭრას საჭიროებს“.
ეკონომიკური განზომილება
10. შეხვედრის მონაწილეები ოთხივე რეგიონში იზიარებენ მოსაზრებას, რომ კონფლიქტმა ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, რომ მოსახლეობის უმრავლესობა დღითიდღე უფრო მეტ ეკონომიკურ პრობლემას აწყდება. ქვემო ქართლში ეკონომიკის ვარდნამ ყურადღება გადაიტანა განვითარების ძირითადი საჭიროებებიდან, როგორიცაა გზების მშენებლობა, საირიგაციო და სასმელი წყლის მომარაგება.
11. რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გაუარესება და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის შეწყვეტა, რაზეც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იყო დამოკიდებული და რომლის ალტერნატივა დღემდე არ არსებობს, არის აღქმული, როგორც ეკონომიკის ვარდნისა და ეკონომიკური არასტაბილურობის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი. ეს ემოცია განსაკუთრებით გამოიხატა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ფაქტორი არსებობდა ომამდეც, როცა რუსულ ბაზარზე რამდენიმე სახეობისქართული პროდუქტი აიკრძალა, მაინც არის განცდა, რომ მდგომარეობა უფრო გაუარესდა აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ, რადგან კონფლიქტმა პირდაპირ დააზარალა სავაჭრო ურთიერთობები.
12. ასევე აღინიშნა, რომ კონფლიქტის განმავლობაში რუსეთის მთავრობამ გააძლიერა სამუშაოდ წასული არალეგალი მიგრანტების დევნა და ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც რუსეთში მუშაობდნენ, აიძულეს საქართველოში დაბრუნებულიყვნენ. აღნიშნული საკითხიმნიშვნელოვანი იყო ორი მიზეზის გამო: პირველი - იმიტომ, რომ ამან წარმოშვა უმუშევრობის ახალი ტალღა, გამოიწვია კონკურენციის გაზრდა სამსახურის დაწყების მსურველთა შორის და გაზარდა მოთხოვნა სოციალურ დახმარებებზე. მეორე - რუსეთიდან დაბრუნებული მუშა მიგრანტები ვეღარ ახორციელებენ საქართველოში ფულად გზავნილებს, რამაც ქვეყანაში არაერთი ოჯახის შემოსავალი შეამცირა. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის ქვემოქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.
13. კონფლიქტის შედეგად სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა “ახალი თაობის” შექმნამ უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, რადგანაც ეს დევნილებიც, რა თქმა უნდა, იქნებიან ჩართულნი სამსახურის ძიებაში და მათაც დასჭირდებათ სოციალური დახმარებები.
14. შიდა ქართლში აღინიშნა, რომ კონფლიქტის შედეგად შემცირდა ან შეუძლებელი გახდა ზოგიერთი ბუნებრივი რესურსით (როგორებიცაა წყალი და მიწა) სარგებლობა, მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომელიც ცხოვრობს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ.
15. შეხვედრის მონაწილეები ყველა რეგიონში იზიარებენ აზრს, რომ კონფლიქტის შედეგად საქართველო ნაკლებად მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის. მათი აზრით, ეს კარგად გამოჩნდა საბანკო სექტორის კრიზისზე, რამაც მყისიერი გავლენა იქონია მცირე ბიზნესზე (რა თქმა უნდა, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ საბანკო კრიზისი, ნაწილობრივ, მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთანაა დაკავშირებული)
16. ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი ომის გაჩაღების შიშმა (ქვემოთ იხილეთ „უსაფრთხოების განზომილება“) ხალხი აიძულა, ყოველი შემთხვევისთვის, საჭმლის და წყლის მარაგები გააკეთოს. ამასთანავე, ხალხმა დაინახა, რომ აზრი არ ჰქონდა დანაზოგების ან გრძელვადიანი ინვესტიციების გაკეთებას გაურკვეველი მომავლის გამო, ვინაიდან კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ასეთ დანაზოგს აზრი არ ექნებოდა.
სოციალურ-კულტურული განზომილება
17. ყველა რეგიონი იზიარებს მოსაზრებას, რომ კონფლიქტმა უდიდესი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, განსაკუთრებით დევნილების ახალი თაობის შექმნით. იყო ძლიერი წუხილი საცხოვრებელ პირობებსა და დევნილებისფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან მიმართებით. ამასთან, ყველა რეგიონმა აღნიშნა თავისი დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა იქონიეს ახალმა დევნილებმა ქართულ საზოგადოებაზე. არსებობს უარყოფითი განწყობის წარმოშობის ფაქტები დევნილებსა და იმ ადგილობრივ მოსახლეობას შორის, სადაც დევნილთა ჩასახლება მოხდა. ამასთან, გაცილებით მძაფრად ეს პრობლემა ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობასთან დგას.
18. გადაადგილებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის დევნილები იტანჯებიან იმით, რომ არ ექნებათ წინაპრების საფლავებზე მისვლის შესაძლებლობა. ეს საკითხი განსაკუთრებით ემოციური იყო კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე ორი რეგიონის - სამეგრელოსა და შიდა ქართლისათვის.
19. იგივე რეგიონებში საზოგადოება წუხს იმაზე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარჩენილი ქართული კულტურის ძეგლები განადგურებული იქნება. ეს დაკავშირებულია აფხაზეთის არალეგიტიმური მთავრობის მცდელობასთან, მოახდინოს გალი/ოჩამჩირე/ტყვარჩელის რეგიონების მოსახლეობის „მეგრელიზაცია“ [„მეგრელიზაციის“ ქვეშ იგულისხმება იმაზე მიმართული პოლიტიკა, რომ მეგრულ მოსახლეობას განუვითარონ ქართველებისგან გამოყოფილი ერის იდენტობა] და გაანადგუროს ეკლესიები - „ისინი ანადგურებენ ყველაფერს, რაც ქართველების მიერ არის შექმნილი, რათა ამოგვშალონ ისტორიიდან“.
20. ოთხივე რეგიონში აღინიშნა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს ჰყავს ნათესავები რუსეთში (შრომითი მიგრანტები) და არსებობს შიში, რომ ისინი მათთან კონტაქტს დაკარგავენ რუსეთ-საქართველოს შორის ცუდი დიპლომატიური ურთიერთობების გამო (მაგალითად, ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო) და, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთში მაცხოვრებლებისგან ვერ მიიღებენ ფინანსურ დახმარებას.
21. ოთხივე რეგიონში შეხვედრებისას გამოვლინდა შემდეგი ემოციური საკითხი, რომ ხალხი იმედგაცრუებულია, რადგან მათი აზრით დასავლეთმა არასაკმარისი მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს. ამან მიგვიყვანა ევროპისა და აშშ-ს მიმართ იმედგაცრუებამდე, რაც გამოიხატება შემდეგ ფრაზებში - „აშშ-მ/ევროპამ მიგვატოვა“.
22. ოთხივე რეგიონში შეხვედრების მონაწილეები მნიშვნელოვნად იზიარებენ მიდგომას, რომ (მათი აზრით) დასავლეთის ქმედებათა არაეფექტურობა და შედეგად, მათ მიმართ ნდობის დაკარგვა არის ის გარემოება, რის გამოც ხდება დასავლეთისა და ზოგ შემთხვევაში დასავლური ფასეულობების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების გადაფასება. ბევრს სჯერა, რომ დასავლეთის მიმართ რწმენა შეცდომა იყო და ეძებენ ალტერნატივას, მათ შორის, რუსეთშიც.
23. ამავე დროს, იყო საერთო მიდგომა, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტმა ხელი შეუწყო „რუსეთ-საქართველოს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული ურთიერთობების“ შესუსტებას, რაც პირველ რიგში გამოვლინდა რუსეთის აგრესიით, ეთნიკური ქართველების დეპორტაციითა და ეკონომიკური ემბარგოთი. აღნიშნულმა კი გამოიწვია რუსეთის სახელმწიფოს მიმართ აგრესიული განწყობის მომატება და, ასევე,პატრიოტიზმის გრძნობის გაძლიერება.
უსაფრთხოების განზომილება
24. ოთხივე რეგიონში იმ ხალხის უმრავლესობა ვისაც ვესაუბრეთ იზიარებს მოსაზრებას, რომ 2008 წლის კონფლიქტის თანმდევია დაუცველობის შეგრძნება და შიში. არის განცდა, რომ არსებობს ახალი ომის დაწყების საფრთხე,რადგან კონფლიქტი არ არის გადაჭრილი/მოგვარებული და არის ძალადობის განახლების შიში. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ორი რეგიონში, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ესაზღვრება - სამეგრელო და შიდა ქართლი. თუმცა, კონფლიქტმა დაუცველობის შეგრძნება მოუტანა საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელიც აქამდე თავს უსაფრთხოდ გრძნობდა. „აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა უსაფრთხოება მსოფლიოში“, „ფოთის მოსახლეობას ეჭვის ქვეშ არასდროს დაუყენებია თავისიუსაფრთხოება, თუმცა, ომმა აჩვენა, რომ საფრთხე ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს“.
ქვემო ქართლში ეთნიკური ძალადობის წარმოქმნის საფრთხე გაიზარდა
ქვემო ქართლში ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობაში არსებული დაუცველობის შეგრძნება განსხვავებულია სხვა რეგიონებისაგან, რადგან კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ის დაკავშირებულია ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მხრიდან შესაძლო ძალადობასთან. მაგალითად, არსებობს შიში, რომ თუკი განხორციელდება შეტევა რუსე თის მხრიდან, მაშინ აუცილებლად იქნება გამოყენებული ის სამხედრო ქვედანაყოფები, რომლებიც ბაზირებულია სომხეთის ტერიტორიაზე. ეს კი საშუალებას მისცემს სომხურ არაფორმალურ დაჯგუფებებს შემოვიდნენ რეგიონში. ამ პრობლემის სერიოზულობა დაადასტურა ქვეყნის დაპყრობის იმიტაციის ჩვენებამ იმედის ტელევიზიის ეთერში (პროგრამა „ქრონიკა“). ამ პროგრამის შედეგად, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობაში გაჩნდა პანიკა და შიში; არაერთმა ოჯახმა იფიქრა აზერბაიჯანში გადასვლა. |
25. დაუცველობის შეგრძნება განსაკუთრებით გაძლიერდა იმის აღქმით, რომ ქართველმა სამხედროებმა მარცხი განიცადეს (ხელმძღვანელობის და ეფექტურობის კუთხით). მოსახლეობა ოთხივე რეგიონში თავს გრძნობს დაუცველად, არსებობს იმის შეგრძნება, რომ სამხედროებმა ხალხი მიატოვეს ბედის ანაბარა და აქვს განცდა, რომ იგივე შეიძლება განმეორდეს მომავალში - „მითი უძლეველი ქართული არმიის შესახებ დაიმსხვრა“, „მთავრობამ ღიად განაცხადა, რომ იგი დაიცავდა თბილისს და მის მიმდებარე ტერიტორიას და არავინ იფიქრა რეგიონებზე“.
26. დაუცველობის შეგრძნება განხილულ იქნა, როგორც მთავარი ფაქტორი გაურკვეველი მომავლისა. შედეგად, მოსახლეობა ოთხივე რეგიონში თანხმდება, რომ მათ არ შეუძლიათ გრძელვადიანი გეგმების შემუშავება (მათ შორის, დანაზოგებისა და ინვესტიციების კუთხით), არამედ ემზადებიან ახალ ძალადობებთან გასამკლავებლად.
27. ასევე, ოთხივე რეგიონში აღწერენ განცდას, რომ ისინი ზეწოლას განიცდიან სახელმწიფო დაწესებულებებიდან - ყველგან არის შეგრძნება, რომ ვიღაც უსმენს მათ სატელეფონო საუბრებს ან მათ კომენტარებს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. სამეგრელოსა და შიდა ქართლში აღინიშნა, რომ ამან გამოიწვია აზრის თავისუფლად გამოხატვის შიში.
![]() |
4 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ანგარიში შედგენილია ქვემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ჯგუფის წევრების მიერ ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე საქართველოს ოთხ რეგიონში:
ქვემო ქართლი
ჯონდო ადუაშვილი
ირმა ზურაბიშვილი
დიმიტრი ლაზარი
რუსტამ მაილოვი
ირმა მჭედლიძე
ლეილა სულეიმანოვა
საბინა ტალიბოვა
შორენა წიკლაური
სამეგრელო
ირაკლი აბსანძე
ლარისა აგაბალაევა
გივი გაბედავა
თეა გაბისიანი
ბაჩანა გაგუა
მერაბ დანელია
ია თოდუა
მირანდა მესხი
ეკა მინჯორაია
გოგა მოისწრაფიშვილი
იაგო ფასანძე
ნონა ქობალია
მადონა ხარებავა
სამცხე-ჯავახეთი
ედგარ არუთუნიანი
ნარინე გინოსიანი
არმენ დარბინიანი
არარატ თთთიანი
შორენა თეთვაძე
ქრისტინა მარაბიანი
მახარე მაცუკატოვი
სედა მელქუმიანი
ცირა მესხიშვილი
შიდა ქართლი
ნაზი ბერუაშვილი
ავთანდილ ვალიევი
არინა თავაქარიშვილი
ნათია ლურსმანაშვილი
მალხაზ მინდიაშვილი
რეზო ოქრუაშვილი
ლამარა შაყულაშვილი
ნაილი ჩილინდრიშვილი
ზაზა ჭიპაშვილი
ანგარიში შედგენილია გია ანდღულაძის, ქეთევან ბებიაშვილის, ნინო ვადაქარიას, მერაბ ცინდელიანისა და ნოდარ ჯიქიას მიერ.
ტექსტს საბოლოო რედაქტირება გაუკეთეს: დევიდ ვუდმა, დავით ლოსაბერიძემ და დიანა ჟღენტმა.
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. საია საქმიანობს საქართველოსმთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმაა კავშირი.
ასოციაციის მიზნებია:
იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება;
იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება;
სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა.
![]()
Saferworld-ი მუშაობს კონფლიქტის პრევენციის, შემცირებისა და უსაფრთხოების ერთობლივი მიდგომების შემუშავებისათვის. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ეფექტური პოლიტიკის დამკვიდრებას ადვოკატირების, კვლევის და პოლიტიკის განვითარებით.
