![]() |
ევროპის სამეზობლო ინიციატივა - სტრატეგია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის (მინისტრთა) საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” წევრად ცნობის შესახებ. ამავდროულად, საბჭოს გადაწყვეტილებით ძალაში შევიდა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელიც ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” ამოქმედების სტრატეგიას ასახავს.
,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” მიზანია, ევროკავშირის გაფართოებით (2004 წლის 1 მაისს) გამოწვეული დადებითი შედეგების მეზობელი ქვეყნებისათვის გაზიარება. ეს შედეგებია სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. სამეზობლო პოლიტიკის მიზანია თავიდან აიცილოს გამყოფი ხაზის წარმოქმნა გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის, აგრეთვე, შესთავაზოს მათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, რაც გულისხმობს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინტეგრაციას და გაღრმავებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” დაეხმარება იმ სტრატეგიული მიზნების მიღწევას, რომლებიც 2003 წლის დეკემბერში ევროკავშირის მიერ მიღებულ ,,ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიაშია” დასახული და ემსახურება ევროკავშირის სამეზობლოში უსაფრთხოების დამკვიდრებას.
აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობის სამართლებრივი საფუძველია თითოეულ ქვეყანასთან დადებული შეთანხმებები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” ითვალისწინებს ევროკავშირთან შეთანხმებით სამხრეთი კავკასიის თითოეული სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავებას, ყოველი მათგანის მიერ მიღწეულ წარმატებაზე დაყრდნობით.
![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
გასულ თვეში თავისი ისტორიული გაფართოებით ევროკავშირმა ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დამყარების საქმეში უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა. ევროკავშირის გაფართოება იმასაც ნიშნავს, რომ შეიცვალა კავშირის გარე საზღვრები. ჩვენ ახალი მეზობლები შევიძინეთ და კიდევ უფრო დავუახლოვდით ძველებს. ყოველივე ამან ახალი შესაძლებლობებიც წარმოშვა და ახალი პრობლემებიც. სწორედ ამ ახლებური სიტუაციის პასუხად შემუშავდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, რომელიც ევროპული უსაფრთხოების სტრატეგიის მიზნების მისაღწევად მიმართულ მცდელობებსაც გაუწევს დახმარებას.
2002 წლის აგვისტოში უმაღლესმა წარმომადგენელმა ბ-ნმა ხავიერ სოლანამ და კომისიის წევრმა ბ-ნმა პატენმა საბჭოს ერთობლივი წერილი მისწერეს. ამის შემდეგ, 2003 წლის მარტში, ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი რეკომენდაცია „გაფართოებული ევროპა _ მეზობლობა: ახალი სტრუქტურა ჩვენს აღმოსავლეთით და სამხრეთით განლაგებულ მეზობლებთან ურთიერთობისთვის“1
2003 წლის ივნისში საბჭომ მოიწონა აღნიშნული რეკომენდაცია და მიიჩნია იგი კარგ საფუძვლად ამ ქვეყნებისთვის სხვადასხვაგვარი ახალი პოლიტიკის შესამუშავებლად, განსაზღვრა ზოგადი მიზნები და პრინციპები და დასახა შესაძლო სტიმულები. ევროპული საბჭოს თესალონიკის სხდომამ 2003 წლის ივნისში მიიღო საბჭოს დასკვნები და მიმართა საბჭოსა და კომისიას, რათა მათ ერთობლივად ემუშავათ ამ პოლიტიკის სხვადასხვა ელემენტისთვის თავის მოსაყრელად.
2003 წლის ივლისში ევროკომისიამ განსახილველად წარმოადგინა რეკომენდაცია „ახალი სამეზობლო ინსტრუმენტის შემოღებისთვის მომზადება“2 და დააარსა გაფართოებული ევროპის სამუშაო ჯგუფი და გაფართოებული ევროპის სამსახურთაშორისი ჯგუფი. 2003 წლის ოქტომბერში საბჭომ „მიმართა კომისიას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, უმაღლესი წარმომადგენლის დახმარებით, ივნისში მიღებული დასკვნების ჭრილში 2004 წლის დასაწყისში წარმოედგინა დეტალური წინადადებები სათანადო სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რათა ეს საკითხი 2004 წლის ივნისისთვის ყოფილიყო მოგვარებული“. საბჭომ ახალი სამეზობლო ინსტრუმენტის თაობაზე რეკომენდაციაც მოიწონა. 2003 წლის ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ აღიარა ამ ინიციატივის შემუშავებასთან დაკავშირებით მიღწეული წარმატება და მოუწოდა საბჭოსა და კომისიას, გაეგრძელებინათ მუშაობა მრავალმხრივი, ჰარმონიული და პროპორციული მიდგომის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის) მისაღებად.
ზემოთქმულის გათვალისწინებით კომისიამ დეტალურად გააანალიზა ის ელემენტები, რომლებიც შეიძლებოდა ჩართულიყო ამ ინიციატივაში, როგორც შინაარსობრივი, ისე პროცედურული თვალსაზრისით. კომისიამ ორჯერ, 2003 წლის ოქტომბერსა და 2004 წლის თებერვალში, ზეპირი ანგარიში წარუდგინა საბჭოს, გარდა ამისა, მონაწილეობა მიიღო მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტსა და საბჭოს შესაბამის სამუშაო ჯგუფებში წარმართულ დეტალურ დისკუსიებში, რომლებიც ეხებოდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმებში ჩასართველ სავარაუდო ელემენტებს აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის რიგი ქვეყნებისათვის. სამოქმედო გეგმების ის ნაწილები, რომლებიც ეხება პოლიტიკური თანამშრომლობის გაფართოებას და საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკას, ერთობლივად დაამუშავეს და შეათანხმეს ევროკომისიისა და უმაღლესი წარმომადგენლის სამსახურებმა.
ევროკომისიამ შესწავლის მიზნით ჩაატარა წინასწარი საუბრები აღმოსავლეთ ევროპელ და სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირელ3 პარტნიორებთან, რომლებთანაც ხელმოწერილი აქვს მოქმედი შეთანხმებები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ ან ასოცირების შეთანხმებები. აღნიშნული საუბრების შედეგად დადასტურდა ამ ქვეყნების დაინტერესება ევროპის სამეზობლო პოლიტიკით და გაირკვა მათი შეხედულებები სამოქმედო გეგმებში გასათვალისწინებელ პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით. კომისიას განზრახული აქვს, თანდათანობით გააფართოოს ეს პროცესი და გაესაუბროს სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც ამჟამად ამ ინიციატივის ფარგლებში ხვდებიან, მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებები რატიფიცირების სტადიაზე გადავა.
ამავე დროს, ევროკომისიამ შეაფასა ამ ქვეყნებში ამჟამად არსებული სიტუაცია მათი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემებისა და ევროკავშირთან მათი თანამშრომლობის თვალსაზრისით. წინამდებარე რეკომენდაციის დანიშნულებაა, შეატყობინოს საბჭოსა და ევროპის პარლამენტს ამ სამუშაოს შედეგები და განსაზღვროს შემდგომი ნაბიჯები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განვითარებაში.
აღნიშნული პოლიტიკის წამოწყებით ევროკავშირმა დაადასტურა, რომ იგი გვთავაზობს მასსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცების ისეთ მექანიზმს, როგორითაც ევროპის ქვეყნებს არ ჰქონიათ საშუალება, ესარგებლათ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის საფუძველზე. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზანია მეზობელი ქვეყნებისთვის ევროკავშირის 2004 წლის გაფართოებით მოტანილი სარგებლობის გაზიარება - მათი სტაბილურობის, უშიშროებისა და კეთილდღეობის გაზრდა. ამ პოლიტიკის დანიშნულებაა, თავიდან აგვაცილოს გაფართოებულ ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ახალი გამყოფი ზოლების წარმოქმნა და შესთავაზოს ამ მეზობლებს შესაძლებლობა, პოლიტიკის, უშიშროების, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ცხოვრებაში.
შემოთავაზებული მეთოდი გულისხმობს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ისეთი პრიორიტეტების დასახვას, რომელთა შესრულება დააახლოებს მათ ევროკავშირთან. ეს პრიორიტეტები შევა ერთობლივად შეთანხმებულ სამოქმედო გეგმებში, რომლებიც შეეხება კონკრეტული საქმიანობის რიგ ძირითად სფეროებს: პოლიტიკურ დიალოგს და რეფორმას; ვაჭრობას და იმ ღონისძიებებს, რომლებიც თანდათანობით მოამზადებს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ადგილის მოსაპოვებლად; მართლმსაჯულებას და შინაურ საქმეებს; ენერგეტიკას, ტრანსპორტს, საინფორმაციო საზოგადოებას, გარემოს დაცვას, კვლევას და ინოვაციებს; სოციალურ პოლიტიკას და ადამიანებს შორის კონტაქტებს.
მეზობლებთან პრივილეგირებული ურთიერთობა დაემყარება საერთო ფასეულობების მიმართ ყველა მხარის ერთგულებას. ეს საერთო ფასეულობებია კანონის უზენაესობა, სათანადო მმართველობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა ჯგუფების უფლებების პატივისცემა, კარგი მეზობლური ურთიერთობების ხელშეწყობა და საბაზრო ეკონომიკისა და სტაბილური განვითარების პრინციპების დაცვა. გარდა ამისა, მოთხოვნილი იქნება ერთგულება ევროკავშირის საგარეო მოღვაწეობის ზოგიერთი კონკრეტული ასპექტის მიმართ, ეს ასპექტებია ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლა, საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულება და კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართული მცდელობების გატარება.
სამოქმედო გეგმებში დაისახება საერთო პრინციპები, თუმცა ეს გეგმები განსხვავებული იქნება თითოეულ ქვეყანასთან არსებული ურთიერთობის, ამ ქვეყნების საჭიროებებისა და შესაძლებლობების, აგრეთვე, საერთო ინტერესების გათვალისწინებით. მეზობლებთან ევროკავშირის ურთიერთობის დონე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხდება აღნიშნულ ფასეულობათა გაზიარება.
შეთანხმებული პრიორიტეტების შესრულებას მონიტორინგს გაუწევენ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ან ასოცირების შეთანხმებების საფუძველზე დაარსებული უწყებები. ევროკომისია პერიოდულად წარადგენს ანგარიშებს ამ თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე. ამ შეფასების საფუძველზე ევროკავშირი თავის პარტნიორებთან ერთად გადახედავს სამოქმედო გეგმების შინაარსს და მიიღებს გადაწყვეტილებას ვითარების მიხედვით მათი ადაპტირების ან განახლების შესახებ. გარდა ამისა, ამ შეფასების საფუძველზე შესაძლებელია გადაწყვეტილებების მიღება ორმხრივი ურთიერთობების (მათ შორის, ახალი სახელშეკრულებო კავშირების შესაძლებლობის) განვითარებაში შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. აღნიშნული ორმხრივი ურთიერთობები შეიძლება გაფორმდეს ევროპის სამეზობლო შეთანხმებების სახით. ამ შეთანხმებათა მასშტაბი შეიძლება განისაზღვროს სამოქმედო გეგმებში დასახული პრიორიტეტების შესრულებაში მიღწეული წარმატების გათვალისწინებით.
შესაბამის ქვეყნებთან ჩატარებული წინასწარი, შემსწავლელი ხასიათის საუბრების შემდეგ ევროკომისია წამოაყენებს სამოქმედო გეგმებს. პოლიტიკურ თანამშრომლობასთან და საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში კომისიას დახმარებას გაუწევს უმაღლესი წარმომადგენელი. არსებობს წინადადება, რომ ეს გეგმები დაამტკიცონ შესაბამისმა თანამშრომლობის თუ ასოცირების საბჭოებმა. თუ რომელიმე შემოთავაზებული ქმედება საჭიროებს სამართლებრივი აქტების მიღებას ან ოფიციალურ მოლაპარაკებებს, ევროკომისია წამოაყენებს აუცილებელ წინადადებებსა თუ რეკომენდაციებს.
სამოქმედო გეგმებში მოცემული იქნება ათვლის წერტილი შესაბამისი ქვეყნებისთვის დახმარების დასაგეგმავად. არსებული წყაროებიდან დახმარებას მომავალში დაემატება დახმარება „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ ფარგლებში. ევროკომისიის 2003 წლის ივლისის რეკომენდაციაზე დაყრდნობით წინამდებარე რეკომენდაციაში განხილვის მიზნით მოცემულია ამ ინსტრუმენტის მონახაზი. ამავე დროს, დახმარების არსებული მექანიზმების მეშვეობით ხდება სამეზობლო პროგრამების შემუშავება. ევროკომისიის სურვილია, მეზობელ ქვეყნებს შესთავაზოს დამატებითი დახმარება ისეთი ინსტრუმენტების საშუალებით, როგორიც არის ტექნიკური დახმარება და ინსტიტუტების ერთობლივი საქმიანობა. გარდა ამისა, კომისია განიხილავს ევროკავშირის იმ პროგრამებსა და უწყებებს, რომლებში მეზობელი ქვეყნების მონაწილეობა გაფართოებული ევროკავშირისა და მეზობელი ქვეყნების ინტერესში შეიძლება იყოს.
ევროკავშირის უახლოეს მეზობლებს შორის მისი უმთავრესი პარტნიორი რუსეთია. რუსეთმა და ევროკავშირმა ერთობლივად გადაწყვიტეს, კიდევ უფრო განავითარონ თავისი სტრატეგიული პარტნიორობა ოთხი ერთობლივი არეალის ჩამოყალიბების გზით, როგორც ეს განისაზღვრა 2003 წლის მაისში სანკტ პეტერბურგში ჩატარებულ სამიტზე.
ბელარუსი და ევროკავშირი შეძლებენ სახელშეკრულებო კავშირების განვითარებას მას შემდეგ, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემდეგ ბელარუსი დაამკვიდრებს მმართველობის დემოკრატიულ ფორმას. მაშინ შესაძლებელი გახდება ბელარუსისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკით გათვალისწინებული ყველანაირი სარგებელის უზრუნველყოფა. მანამდე კი ევროკავშირი განიხილავს, თუ როგორ გააფართოოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ქვემოთ აღწერილი გზებით.
ევროკავშირი ელის ლიბიის შესვლას „ბარსელონის პროცესში“ მას შემდეგ, რაც ლიბია მიიღებს ბარსელონის პროცესის სამართლებრივ საფუძველს (ე.წ. acquis-ს) და გადაწყდება ორ მხარეს შორის მოუგვარებელი საკითხები. ეს გზას გაუკვალავს ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რათა ლიბიამ შეძლოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკით გათვალისწინებული უპირატესობებით სარგებლობა. წინამდებარე რეკომენდაცია შეიცავს რჩევებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩართვის თაობაზე.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა განამტკიცებს რეგიონული და ქვერეგიონული თანამშრომლობის არსებულ ფორმებს და უზრუნველყოფს სტრუქტურას მათი შემდგომი განვითარებისათვის. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა გააძლიერებს, აგრეთვე, სტაბილურობასა და უშიშროებას და ხელს შეუწყობს კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ მცდელობებს. წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის განვითარების თაობაზე, რაც განხილულია გაფართოებული ევროკავშირის გარე საზღვრებზე წარმოქმნილი სპეციფიკური საკითხების მოგვარების საშუალებად. საზღვრისპირა თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების შემდგომი განვითარებით, ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონული ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით ევროკავშირს და მის პარტნიორებს შეუძლიათ ერთობლივად მუშაობა, რათა უზრუნველყონ, რომ სასაზღვრო რეგიონებმა სარგებლობა მიიღონ ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების შედეგად. სამხრეთში ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ხელს შეუწყობს, აგრეთვე, მონაწილეებს, ისარგებლონ ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის (ე.წ. „ბარსელონის პროცესის“) შედეგებით, განავითარონ ინფრასტრუქტურული კავშირები და ქსელები, კერძოდ, ენერგეტიკული ქსელები, განავითარონ, აგრეთვე, თავიანთ მეზობლებთან თანამშრომლობის ახალი ფორმები. ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის მიღწევებზე დაყრდნობით ევროპის სამეზობლო პოლიტიკა დაეხმარება შემდგომი რეგიონული ინტეგრაციის განვითარებას, განსაკუთრებით ვაჭრობის სფეროში. ამ პოლიტიკის ფარგლებში გაძლიერდება ძალისხმევა, მიმართული ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში ევროპული უშიშროების სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ხედვა მოიცავს ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებისა და მიზნების მოზიარე ქვეყნებს სტაბილურად მზარდი ურთიერთობით, რომელიც სცილდება უბრალოდ თანამშრომლობას და გულისხმობს მნიშვნელოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციას. ეს ყველაფერი უზრამაზარ სარგებელს მოუტანს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვინაიდან ამგვარი ურთიერთობის შედეგად გაიზრდება სტაბილურობა, უშიშროება და კეთილდღეობა. წინამდებარე რეკომენდაციაში ჩამოყალიბებული პრინციპების საფუძველზე შესამუშავებელი სამოქმედო გეგმები წარმოადგენს პირველ ძირითად ნაბიჯს ამ ხედვის განხორციელების გზაზე. სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება სამოქმედო კურსი მომავალი სამიდან ხუთ წლამდე პერიოდისათვის. შემდგომი ნაბიჯი შეიძლება გახდეს მოლაპარაკება ევროპის სამეზობლო შეთანხმებების თაობაზე, რომლებიც, როდესაც სამოქმედო გეგმებში დასახული პრიორიტეტები მიღწეული იქნება, შეცვლის დღევანდელ ორმხრივ შეთანხმებებს. ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება საშუალებას მისცემს ევროკავშირსა და მის პარტნიორებს, შეთანხმდნენ უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვალისწინებულ მიზნებზე მომავალ წლებში ურთიერთობათა შემდგომი განვითარების სფეროში.
ევროკომისია მოუწოდებს საბჭოს, განიხილოს წინამდებარე რეკომენდაციაში განსაზღვრული მიდგომა და ჩამოაყალიბოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით შეიძლება ამ ინიციატივის განხორციელება, შეეხოს სავარაუდო სამოქმედო გეგმების შინაარსს და იმ ქვეყნებს, რომლებთან ერთადაც უნდა შემუშავდეს ეს გეგმები საერთო ფასეულობებისადმი ერთგულების გათვალისწინებით. ამ მხრივ ევროკომისია, უმაღლესი წარმომადგენლისა და თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მზად არის, აწარმოოს სიტუაციის შესწავლის მიზნით საუბრები წინასწარ განსაზღვრულ ქვეყნებთან და წარმოადგინოს სამოქმედო გეგმების პროექტები. კომისია გთავაზობთ, რომ ეს სამოქმედო გეგმები დამტკიცდეს შესაბამისი თანამშრომლობისა თუ ასოცირების საბჭოების მიერ. გარდა ამისა, კომისია მზად არის, დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები წინამდებარე რეკომენდაციაში მოხსენიებულ ზოგიერთ სხვა ქვეყანასთან, რომლებსაც შეეხება აღნიშნული ინიციატივა.
_____________________
1. COM(2003) 104 ფინალ, 11.3.2003
2. COM(2003) 393 ფინალ, 1.7.2003
3. ისრაელი, იორდანია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, ტუნისი და უკრაინა.
![]() |
3 პრინციპები და მასშტაბი |
▲ზევით დაბრუნება |
სამეზობლო პოლიტიკა ევროკავშირისათვის - მსოფლიო ასპარეზზე თანმიმდევრულად და ეფექტიანად მოქმედი ორგანიზმისათვის
ყოვლისმომცველი სამეზობლო პოლიტიკა, რომელშიც შევა შესაბამისი კომპონენტები ევროკავშირის დღევანდელი სტრუქტურის სამივე „საყრდენი ბურჯიდან“, საშუალებას მისცემს მეზობელ ქვეყნებს, გაიზიარონ ევროკავშირის გაფართოებით მოტანილი სარგებელი - სტაბილურობა, უშიშროება და კეთილდღეობა. ეს ყველაფერი აისახა ევროკავშირის საკონსტიტუციო ხელშეკრულების მისაღებად მოსამზადებელ სამუშაოში. სამეზობლო პოლიტიკის მნიშვნელობა ხაზგასმულია, აგრეთვე, 2003 წლის დეკემბრის ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ევროპული უშიშროების სტრატეგიაში, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ამოცანაა „კონკრეტული წვლილის შეტანა ჩვენს უშუალო სამეზობლოში სტაბილურობისა და სათანადო მმართველობის თვალსაზრისით [და] ევროკავშირის აღმოსავლეთით და ხმელთაშუა ზღვის საზღვრებზე არსებულ ქვეყნებში (რომლებთანაც ჩვენ შეგვიძლია მჭიდრო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება) სათანადო მართვის ხელშეწყობა“.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დანიშნულებაა გაფართოების შემდეგ ევროკავშირის მეზობლებისთვის თანამშრომლობის ახალი სტიმულის მიცემა. პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა განმტკიცდება იმ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც მიღებული იქნება ახალ წევრ სახელმწიფოებსა და კანდიდატ ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების პროცესში დახმარებიდან და ეკონომიკური განვითარებისა და მოდერნიზების ხელშეწყობიდან.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ უნდა გაზარდოს ევროკავშირის წვლილი რეგიონული კონფლიქტების მოგვარების ხელშეწყობაში. გარდა ამისა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკას შეუძლია დახმარების გაწევა მართლმსაჯულებისა და შინაურ საქმეთა სფეროებში ევროკავშირის მიზნების მიღწევაში, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან, ფულის „გათეთრებასთან“ და ტეფიკინგის ყველა ფორმასთან ბრძოლაში, აგრეთვე, მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ევროკავშირისა და მისი პარტნიორებისათვის მნიშვნელოვანია, მიზნად დაისახონ თავიანთი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროში მაქსიმალურად ურთიერთშემავსებელი და ერთმანეთთან თანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობის მიღწევა.
ევროკავშირმა და რუსეთმა გადაწყვიტეს, განავითარონ თავიანთი სტრატეგიული პარტნიორობა ოთხი ერთობლივი არეალის ჩამოყალიბების გზით, როგორც ეს განისაზღვრა 2003 წლის მაისში სანკტ პეტერბურგში ჩატარებულ სამიტზე.1 რუსეთი და გაფართოებული ევროკავშირი მეზობლები არიან. ჩვენს საერთო ინტერესს წარმოადგენს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ელემენტების გამოყენება საერთო არეალებზე მუშაობის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით საზღვრისპირა და ქვერეგიონული თანამშრომლობის სფეროებში. ევროკავშირმა და რუსეთმა, როგორც მეზობლებმა, უნდა ითანამშრომლონ საერთო ინტერესის საკითხებზე. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ გარდა დახმარების არსებული ფორმებისა, რუსეთს გაეწიოს დახმარება შემოთავაზებული „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის” ფარგლებში სტრატეგიული პარტნიორობის შესაბამისი კომპონენტების განსახორციელებლად.
რაც შეეხება ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებს, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ხელს შეუწობს ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთში სტრატეგიული პარტნიორობის მიზნების მიღწევას. ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განხორციელება უნდა დაეყრდნოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას. თავად ევროპის სამეზობლო პოლიტიკა გატარდება ბარსელონის პროცესის და თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან ასოცირების შეთანხმებების მეშვეობით.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა თანმიმდევრულად და შეთანხმებულად იმოქმედონ.
______________________
1. ეს არეალებია: საერთო ეკონომიკური არეალი (რომელიც შეიცავს და საგანგებოდ ეხება გარემოს დაცვასა და ენერგეტიკას), თავისუფლების, უშიშროებისა და მართლმსაჯულების საერთო არეალი, საგარეო უშიშროების სფეროში თანამშრომლობის საერთო არეალი და კვლევისა და განათლების არეალი, რომელშიც კულტურული ასპექტიც შედის. ურთიერთობის ძირითადი ასპექტია ევროკავშირისა და რუსეთის დიალოგი ენერგეტიკის სფეროში.
![]() |
4 გეოგრაფიული არეალი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა გამიზნულია ევროკავშირის არსებული მეზობლებისთვის, აგრეთვე, მათთვის, ვინც ევროკავშირს გაფართოების წყალობით დაუახლოვდა. ევროპაში ეს ეხება რუსეთს, უკრაინას, ბელარუსსა და მოლდოვას. ევროკავშირმა და რუსეთმა გადაწყვიტეს, განავითარონ თავიანთი სტრატეგიული პარტნიორობა ოთხი ერთობლივი არეალის ჩამოყალიბების გზით, როგორც ეს განისაზღვრა 2003 წლის მაისში სანკტ პეტერბურგში ჩატარებულ სამიტზე.1 ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონში ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ვრცელდება ევროპახმელთაშუაზღვისპირა პარტნიორობის (ბარსელონის პროცესის) ყველა წევრზე, რომელიც არ შედის ევროკავშირში,2 გარდა თურქეთისა, რომელიც ევროკავშირთან თავის ურთიერთობას გაწევრიანების წინა ეტაპის სტრუქტურაში აწარმოებს. გარდა ამისა, კომისია რეკომენდაციას უწევს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩართვას.3
იმ ქვეყნებთან, რომლებსაც დადებული აქვთ მოქმედი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები ან ასოცირების შეთანხმებები, წამოწყებული იქნა სიტუაციის შესწავლის მიზნით საუბრები, რომლებიც მიზნად ისახავს სავარაუდო სამოქმედო გეგმებში გასათვალისწინებელი ელემენტების დადგენას.4 წინამდებარე რეკომენდაციას თან აქვს დართული ამ ქვეყნებში არსებული სიტუაციისა და ევროკავშირთან მათი ურთიერთობის შესახებ ანგარიშები.
როგორც კი ამჟამად მომზადების პროცესში მყოფი გეგმები დასრულდება, უნდა დაიწყოს სხვა მეზობლებთან ერთად სამოქმედო გეგმების შემუშავება. ევროკომისიის წინადადებაა, რომ მან 2004 წლის მეორე ნახევარში დაიწყოს შესწავლა, თუ რამდენად შესაძლებელია სამოქმედო გეგმების მომზადება იმ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებთან ერთად, რომელთაც რატიფიცრებული აქვთ ასოცირების შეთანხმებები; ეს ქვეყნებია ეგვიპტე და ლიბანი. შემსწავლელი საუბრების წამოწყება შესაძლებელია რეგიონის სხვა ქვეყნებთანაც, როგორც კი ევროკავშირთან მათი პერსპექტიული სახელშეკრულებო კავშირები იმავე სტადიას მიაღწევს. ამ პროცესში ჩაერთვებიან თავმჯდომარე ქვეყანა და სამდივნო, ხოლო წევრ სახელწმიფოებთან ჩატარდება კონსულტაციები განრიგთან და სავარაუდო დამატებითი სამოქმედო გეგმების შინაარსთან დაკავშირებით.
____________________
1. იხ. ევროკომისიის უკანასკნელი რეკომენდაცია რუსეთთან ურთიერთობის შესახებ, COM(2004) 106, 2004 წლის 9 თებერვალი, აგრეთვე, საბჭოს 2004 წლის 24 თებერვლის დასკვნები.
2. ეს ქვეყნებია: ალჟირი, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მაროკო, სირია, ტუნისი, პალესტინა.
3. იხ. ქვემოთ, ნაწილი (3).
4. ეს ქვეყნებია: ისრაელი, იორდანია, მოლდოვა, მაროკო, პალესტინა, ტუნისი და უკრაინა.
![]() |
5 ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და არსებული ინსტრუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირსა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას შორის უკვე ძალზე განვითარებული ურთიერთობა არსებობს. აღმოსავლეთ ევროპაში პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები იძლევა სახელშეკრულებო ურთიერთობათა საფუძველს. ხმელთაშუაზღვისპირეთში ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობა („ბარსელონის პროცესი“) უზრუნველყოფს რეგიონულ სტრუქტურას თანამშრომლობისთვის, რომელსაც ემატება ასოცირების შეთანხმებათა სისტემა.
ეს შეთანხმებები იძლევა მრავალ სფეროში თანამშრომლობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარების შესაძლებლობას. ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაანალიზებული ამ შეთანხმებათა სრული პოტენციალი. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სახავს გზას თანამშრომლობის განმტკიცებისათვის რიგ კარგად განსაზღვრულ სფეროებში, რაც, თავდაპირველად, მიზნად ისახავს ევროკავშირისა და მისი პარტნიორებისათვის შესაძლებლობის მიცემას, უკვე არსებული სტრუქტურების წყალობით მიიღონ სრული სარგებელი. ამ თვალსაზრისით სამოქმედო გეგმებში დაისახება მომავალ წლებში განსახორციელებელი ძირითადი პრიორიტეტები. შეთანხმებების საფუძველზე ჩამოყალიბებული კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების მიერ, აგრეთვე, სათანადო დიალოგის სტრუქტურების საფუძველზე მოხდება განხორციელების მსვლელობის საგულდაგულო მონიტორინგი. აღნიშნული პრიორიტეტების განსაზღვრა და მიღწევა მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი იქნება ევროკომისიის 2003 წლის მარტის რეკომენდაციაში დასახული პატივმოყვრული მიზნების ხორცშესხმაში.
![]() |
6 პროცესის ერთობლივად წარმართვა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მისი პარტნიორებისთვის შეთავაზებულ წინადადებას, რომელსაც ისინი სერიოზული ინტერესითა და მონდომებით გამოეხმაურნენ. არსებითი მნიშვნელობა ენიჭება პროცესის ერთობლივად წარმართვას საზიარო ფასეულობებისა და საერთო ინტერესების გაცნობიერებაზე დაყრდნობით. ევროკავშირი არ ისწრაფის, თავს მოახვიოს თავის პარტნიორებს ესა თუ ის პრიორიტეტები ანდა პირობები. სამოქმედო გეგმების წარმატება დამოკიდებულია პრიორიტეტულ საკითხთა მოგვარებისას ორმხრივი ინტერესის აღაირებაზე. გამორიცხულია, პარტნიორებს ეთხოვოთ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების მიღება. პრიორიტეტები მხარეთა თანხმობის შედეგად განისაზღვრება და, შესაბამისად, ყოველი ქვეყნისათვის განსხვავებული იქნება. ამ გეგმების დამტკიცება შეთანხმებათა უმაღლესი მოქმედი ინსტანციის მიერ შეთანხმებულ სამოქმედო პრიორიტეტებს დამატებით მნიშვნელობას შესძენს.
თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან ევროკავშირის ურთიერთობის მასშტაბი და ტემპი დამოკიდებული იქნება როგორც ამ ქვეყნების დამოკიდებულებაზე საერთო ფასეულობების მიმართ, ისე მათ სურვილსა და უნარზე, განახორციელონ შეთანხმებული პრიორიტეტები.
![]() |
7 სამოქმედო გეგმების განსხვავებული ხასიათი |
▲ზევით დაბრუნება |
ამოსავალ წერტილს სამოქმედო გეგმებისათვის წარმოადგენს საერთო ინტერესის მქონე იმ საკითხთა წყება, რომლებიც შეესატყვისება ევროკავშირის მიზნებს. ეს საკითხები მითითებულია ქვემოთ, პუნქტ (4)-ში. თუმცა სამოქმედო გეგმის შედგენა და თითოეულ პარტნიორთან პრიორიტეტების შეთანხმება დამოკიდებული იქნება კონკრეტული პარტნიორის კონკრეტულ პირობებზე. ეს პირობები განსხვავდება გეოგრაფიული მდებარეობის, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის, ევროკავშირთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის, რეფორმების პროგრამების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების, აგრეთვე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით ამ ქვეყნების ინტერესის თვალსაზრისით. ამგვარად, სამოქმედო გეგმები თითოეული პარტნიორისათვის განსხვავებული იქნება.
ამავე დროს, ეს განსხვავება უნდა ემყარებოდეს საზიარო ფასეულობების მიმართ მკაფიოდ გამოხატულ ერთგულებას და უნდა შეესატყვისებოდეს თანმიმდევრულ რეგიონულ მიდგომას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც შემდგომ რეგიონულ თანამშრომლობას აშკარად სასარგებლო შედეგების მოტანა შეუძლია.
![]() |
8 დამატებითი ღირებულება |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკა თავისი მასშტაბით სცილდება არსებულ თანამშრომლობას და როგორც პარტნიორი ქვეყნებისთვის, ისე ევროკავშირისთვის დამატებითი ღირებულების მქონე მოვლენას წარმოადგენს. ეს დამატებითი ღირებულება სხვადასხვა ფორმას ღებულობს:
1. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა გვთავაზობს მექანიზმს თავისი მეზობელი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის უფრო გაუმჯობესებული და კონცენტრირებული პოლიტიკური მიდგომისათვის. ეს მექანიზმი თავს უყრის ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. იგი ხელს შეუწყობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების მომავალ წარმატებას.
2. თავად ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას მოჰყვება თანამშრომლობიდან მნიშვნელოვან ინტეგრაციაზე გადასვლა, როგორც ეს მითითებულია 2003 წლის მარტის რეკომენდაციაში. აქ ვგულისხმობთ ევროკავშირის შიდა ბაზარზე პარტნიორი ქვეყნების ინტერესებსაც. ამ პოლიტიკის წყალობით შესაძლებელი იქნება რაიმე სახით გარიყვის თავიდან აცილებაც, რასაც სხვა შემთხვევაში შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა გაფართოების შედეგად, და უზრუნველყოფილი იქნება გაფართოების დადებითი მხარეებით სარგებლობის შესაძლებლობა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა განსაზღვრავს იმ გზებსა და საშუალებებს, რომელთა დახმარებითაც პარტნიორი ქვეყნები სულ უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის პოლიტიკისა და პროგრამების უმთავრეს ასპექტებში.
3. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა გააფართოებს პარტნიორ ქვეყნებთან პოლიტიკური თანამშრომლობის მასშტაბსა და ინტენსიობას და უფრო ეფექტიანს გახდის მას.
4. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებსაც მოჰყვება სასარგებლო შედეგები ეკონომიკური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით. ეკონომიკური კანონმდებლობის ჰარმონიზება, პარტნიორი ეკონომიკური სისტემების ერთმანეთისთვის გახსნა და ვაჭრობისთვის არსებული ბარიერების შემცირების ტენდენციის გაგრძელება ხელს შეუწყობს ინვესტიციებსა და აღმავლობას და შეამცირებს უმუშევრობას.
5. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შედეგად წარმოიქმნება სტიმულები ორმხრივ ურთიერთობებში წამოჭრილი მოუგვარებელი საკითხების გადასაწყვეტად. გადასაჭრელი პრობლემები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია.
6. სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება პრიორიტეტები და ათვლის წერტილი არსებული შეთანხმებების შესასრულებლად. გეგმებში განისაზღვრება, აგრეთვე, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მისაღწევი შედეგები შეთანხმებებით გათვალისწინებულ სხვადასხვა სფეროში.
7. ევროკომისია წამოჭრის წინადადებას 2007 წელს ახალი ფინანსური ინსტრუმენტის შემოღებასთან დაკავშირებით. ეს იქნება „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი,“ რომელიც მიმართული იქნება თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებზე, კერძოდ, საზღვრისპირა თანამშრომლობაზე. ეს ინსტრუმენტი შეავსებს არსებული ან მათი შემცვლელი ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ სფეროებს. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ყველა პარტნიორს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს დახმარება ამ ინსტრუმენტის საფუძველზე. ამასობაში, 2004-2006 წლების განმავლობაში, სამეზობლო პროგრამები დამატებით მნიშვნელობას შესძენენ საზღვრისპირა, ტრანსნაციონალურ და რეგიონულ თანამშრომლობას.
8. ევროკომისიამ წამოჭრა წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ფინანსური პერსპექტივების ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკისთვის მინიჭებული პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად გაიზარდოს არსებული თუ მათი შემცვლელი ფონდები.
9. ევროკომისია შეისწავლის თანამეგობრობის ზოგიერთი ისეთი პროგრამის თანდათანობითი განხორციელების შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს უწყობს კულტურულ, საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით, ტექნიკურ და სამეცნიერო კავშირებს.
10. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა დახმარებას გაუწევს (იგულისხმება ტექნიკური დახმარება და ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობაც) იმ პარტნიორებს, რომელთაც სურთ ევროკავშირის ნორმებისა და სტანდარტების დაკმაყოფილება.
11. დამყარდება ახალი სახელშეკრულებო კავშირები ევროპის სამეზობლო შეთანხმებების ფორმით, რომელთა შინაარსი და მოცულობა ევროკომისიის მიერ სამოქმედო გეგმებში ჩამოყალიბებული პრიორიტეტების შესრულების მხრივ მიღწეული წარმატების შეფასებაზე დაყრდნობით განისაზღვრება.
საერთო ჯამში, ზემოთ აღნიშნული სტიმულები პარტნიორი ქვეყნებისთვის სერიოზულ დამატებით ღირებულებას წარმოადგენს. როდესაც მონიტორინგის პროცესი წარმოაჩენს დასახული პრიორიტეტების მიღწევაში მნიშვნელოვან წარმატებას, ეს სტიმულები შეიძლება გადაისინჯოს, რათა გათვალისწინებული იქნეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შიდა ბაზარზე მეტი ინტეგრაციისა და ევროკავშირის სხვა ძირითადი პოლიტიკური კურსების მიმართულებით. ეს დინამიური პროცესია, რომელშიც მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს სამოქმედო გეგმები წარმოადგენს.
![]() |
9 სამოქმედო პრიორიტეტები |
▲ზევით დაბრუნება |
სამოქმედო გეგმები გავრცელდება ორ ფართო სფეროზე. პირველია ვალდებულებები კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც ადასტურებს ან განამტკიცებს საზიარო ფასეულოებებისა და საგარეო და უშიშროების პოლიტიკის სფეროში კონკრეტული მიზნების მიმართ ერთგულებას, ხოლო მეორე - ვალდებულებები იმგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებს დააახლოებს ევროკავშირთან რიგ პრიორიტეტულ სფეროებში. ეს სამოქმედო პრიორიტეტები მაქსიმალურად დაკონკრეტებული იქნება განსახილველი საკითხების მიხედვით და, შესაბამისად, გახდება საკონტროლო წერტილები, რომელთა მონიტორინგი და შეფასება გახდება შესაძლებელი. მაგალითად, პარტნიორებს შეუძლიათ ისწრაფოდნენ საქონლის თავისუფალი ცირკულირებისკენ სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული კონკრეტული ტექნიკური დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად მიმართული ღონისძიებების გატარებით.
სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება როგორც უმთავრესი ღონისძიებები შეზღუდული რაოდენობის სფეროებში, რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ისე ღონისძიებები უფრო ფართო სპექტრის სფეროებში, რომლებიც შეესაბამება მოქმედ ორმხრივ შეთანხმებათა მასშტაბს. აღნიშნულ განსხვავებულ პრიორიტეტთა მისაღწევად დასახული იქნება მკაფიო განრიგი.
![]() |
10 მონიტორინგი |
▲ზევით დაბრუნება |
მონიტორინგს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებისა და ასოცირების შეთანხმებების საფუძველზე ჩამოყალიბებული უწყებები განახორციელებენ. ამ უწყებებში შესაძლებელი იქნება პარტნიორი ქვეყნების, წევრი სახელმწიფოების, ევროკომისიისა და საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელთა გაერთიანება. ამგვარი უწყების მიერ მონიტორინგის განხორციელება პროცესის ერთობლივად წარმართვის პრინციპის განმტკიცების საშუალება იქნება. ერთობლივი მონიტორინგისთვის საფუძველის სახით პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია. მონიტორინგის პროცესისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ქვეკომიტეტების ჩამოყალიბება. ამ ქვეკომიტეტების საქმიანობა კონცენტრირებული უნდა იყოს როგორც კონკრეტულ საკითხებზე, ისე ეკონომიკურ დიალოგებზე.
პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლების ორგანოების მიერ ჩატარებულ შეფასებათა გათვალისწინებით ევროკომისია მოამზადებს პერიოდულ ანგარიშებს მუშაობის პროცესისა და იმ სფეროების შესახებ, რომლებიც შემდგომ ძალისხმევას საჭიროებს. სამოქმედო გეგმები გადასინჯული იქნება და შესაძლებელი იქნება მათი განახლება და მისადაგება სამოქმედო პრიორიტეტების შესრულებაში მიღწეული წინსვლის გათვალისწინებით. წამოჭრილია წინადადება, რომ „შუალედური“ ანგარიში მოამზადოს ევროკომისიამ, რომელსაც პოლიტიკურ თანამშრომლობასთან და საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარებას გაუწევს უმაღლესი წარმომადგენელი. შუალედური ანგარიში მომზადდება სამოქმედო გეგმის დამტკიცებიდან ორი წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგი ანგარიში - სამი წლის განმავლობაში. ეს ანგარიშები საბჭომ შეიძლება გამოიყენოს საფუძვლად თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან სახელშეკრულებო კავშირებში შემდგომი ნაბიჯების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამ კავშირებმა შეიძლება მიიღოს ევროპის სამეზობლო შეთანხმებების ფორმა, რომელთა შინაარსი და მასშტაბი განისაზღვრება სამოქმედო გეგმებში დასახული პრიორიტეტების მიღწევაში წარმატების გათვალისწინებით.
![]() |
11 სხვა მეზობელი ქვეყნების მონაწილეობა |
▲ზევით დაბრუნება |
რეკომენდაციის ამ ნაწილში ევროკომისია განიხილავს გაფართოებული ევროკავშირის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას.
![]() |
11.1 სამხრეთ კავკასია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირი ძალზე დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობითა და ამ რეგიონის განვითარებით. ევროპული საბჭოს მიერ 2003 წლის დეკემბერში მიღებული ევროპული უშიშროების სტრატეგია მკაფიოდ ასახელებს სამხრეთ კავკასიას ერთ-ერთ იმ რეგიონად, რომელთან დაკავშირებითაც ევროკავშირმა „უფრო ძლიერი და აქტიური ინტერესი“ უნდა გამოავლინოს.
უმაღლეს წარმომადგენელთან კონსულტირებისა და ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლის წინადადებების, აგრეთვე ევროპის პარლამენტის მიერ გამოთქმული თვალსაზრისის1 გათვალისწინებით, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, მიიღოს გადაწყვეტილება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩართვის შესახებ. თითოეულს ამ ქვეყნებიდან უნდა მიეცეს თანაბარი საშუალება, განავითაროს ევროკავშირთან თავისი კავშირები ამ სისტემის ფარგლებში. ევროკავშირმა უნდა განიხილოს ამ ქვეყნებთან ერთად, მათი ინდივიდუალური დამსახურების გათვალისწინებით, მომავალში სამოქმედო გეგმების შემუშავების შესაძლებლობა. ევროკომისია ანგარიშს წარუდგენს საბჭოს თითოეული ქვეყნის მიერ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის მხრივ მიღწეული წარმატების შესახებ.
ევროკავშირის სურვილია, დაინახოს, რომ ამ ქვეყნებში არსებობს გაძლიერებული, საიმედო და სტაბილური ვალდებულება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემისადმი, არსებობს, აგრეთვე, წარმატება საბაზრო ეკონომიკის განვითარების საქმეში. სწორედ ამ ერთობლივი ფასეულობების გაზიარება უდევს საფუძვლად სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გაწევრიანებს ევროპის საბჭოსა და ეუთო-ში. აუცილებელია მეტი ძალისხმევა რეგიონში კონფლიქტების მოგვარებისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების დამკვიდრების მიმართულებით. თითოეულმა ამ სამი ქვეყნიდან უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ მათი შეთანხმებების შესრულების შემდგომი წინსვლის მხრივ, კერძოდ, მათ ხელი უნდა შეუწყონ კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და კონფლიქტების მოგვარებას. ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის მონაწილეობას ამ მიზნების მიღწევაში.
იმისათვის, რომ დახმარება გაუწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი, გაფართოებული თანამშრომლობისთვის მომზადებაში, ევროკავშირი მზად არის, დახმარების დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით ხელი შეუწყოს საიმედო, კონკრეტული და სტაბილური რეფორმების გატარებისკენ მიმართულ მცდელობებს, განსაკუთრებით, ზემოთ აღნიშნულ პრიორიტეტულ სფეროებში. უნდა განვითარდეს თანამშრომლობა ენერგეტიკის დარგშიც, ვინაიდან სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი რეგიონია როგორც ენერგიის მოპოვების (კასპიის ზღვის აუზი), ისე ტრანზიტის თვალსაზრისით.
_____________________
1. იხ. პარლამენტის 2004 წლის 26 თებერვლის რეზოლუცია „ევროკავშირის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით“.
![]() |
11.2 ბელარუსი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკომისიის 2003 წლის მარტის რეკომენდაციაში „გაფართოებული ევროპის შესახებ“ ნათქვამია, რომ „ევროკავშირმა მიზნად უნდა დაისახოს ბელარუსის ჩართვა ეტაპობრივ პროცესში, რომელიც კონცენტრირებული იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის პირობების შექმნასა და, ამ პირობების დამკვიდრების შემდეგ, ბელარუსის ინტეგრირებაზე სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, საერთო და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ ევროკავშირის ვალდებულებისათვის ზიანის მიუყენებლად.“
ევროკავშირის გრძელვადიან მიზანს ბელარუსთან დაკავშირებით წარმოადგენს ის, რომ ქვეყანა გახდეს დემოკრატიული, სტაბილური, საიმედო და მზარდი კეთილდღეობის მქონე პარტნიორი, რომელთანაც გაფართოებულ ევროკავშირს არა მარტო საერთო საზღვრები ექნება, არამედ საზიარო ფასეულობებზე დაფუძნებული საერთო პროგრამაც.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მეშვეობით ევროკავშირი განახორციელებს თავის გრძელვადიან ვალდებულებებს ბელარუსში დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის სფეროში. ფუნდამენტური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების შემდეგ ბელარუსს მიეცემა საშუალება, სრულად ისარგებლოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შედეგებით.
თუმცა ამჟამად ბელარუსში ავტორიტარული სისტემა მოქმედებს. 1996 წლის შემდეგ არჩევნები ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს, არ არსებობს დემოკრატიული სტრუქტურები. ასეთ პირობებში ჯერჯერობით შეუძლებელია ბელარუსისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ყველა დადებითი მხარით სარგებლობის შეთავაზება.
ეუთო-სა და ევროპის საბჭოსთან კოორდინირების მეშვეობით ევროკავშირი ხელს შეუწყობს შემოდგომაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, გააგრძელებს ბელარუსის მოქალაქეთა ინფორმირებას ევროკავშირის პოლიტიკისა და მის მიერ გაწეული დახმარების შესახებ. გარდა ამისა, თუ გატარდება ფუნდამენტური რეფორმები, ევროკავშირი დაადასტურებს უფრო მჭიდრო ურთიერთობის პერსპექტივასაც, მათ შორის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ეს თვალსაჩინო გახდება ბელარუსის მოსახლეობისთვის - გამოიკვეთება ის დადებითი მხარეები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება სარგებლობა იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს სამოქალაქო საზოგადოებას და დემოკრატიზაციის პროცესს, რეგიონულ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას, სამეზობლო პროგრამებსა და მოსაზღვრე რეგიონებში მოგზაურობას.
ბელარუსში მოვლენების მნიშვნელოვანი პოზიტიური განვითარების შემთხვევაში არსებობს ბელარუსის ხელისუფლებასთან პოლიტიკურ დონეზე უფრო აქტიური თანამშრომლობის პოტენციალი. შესაძლებელია ოფიციალურ პირებს შორის ტექნიკურ დონეზე კონტაქტებისთვის უფრო ინტენსიური ხასიათის მიცემა და მაღალ, მაგალითად, „რეგიონულ დირექტორთა სამეულის“ დონეზე, შეხვედრების განახლება. შეიძლება განხილული იქნეს ბელარუსის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის დახმარების პროგრამების მეშვეობით მოგზაურობისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან კონტაქტების გაღრმავების ხელშეწყობის შესაძლებლობა.
ევროკომისიამ წამოჭრა, აგრეთვე, წინდადება, რომ გაძლიერდეს ევროკავშირის დახმარება ბელარუსისთვის სამოქალაქო საზოგადოებაზე მკვეთრი აქცენტით. უფრო მეტი დახმარების გაწევაა შესაძლებლი იმ სფეროებში, რომლებიც დაადასტურა საბჭოს 1997 წლის დასკვნებმა, განსაკუთრებით, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიზაციის, დამოუკიდებელი მედიის, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემების მოგვარების, ჰუმანიტარული დახმარებისა და რეგიონული თანამშრომლობის სფეროებში.
ბელარუსს უკვე შეუძლია მონაწილეობის მიღება სამ სამეზობლო პროგრამაში (ბალტიის ზღვის პროგრამა, პროგრამები ლატვია-ლიტვა-ბელარუსი და პოლონეთი-უკრაინა-ბელარუსი). გარდა ამისა, ბელარუსს ექნება ევროპის ახალი სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
![]() |
11.3 ლიბია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკომისიის 2003 წლის მარტის რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა განიხილოს, თუ როგორ შეიძლება ლიბიის ჩართვა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ამჟამად ევროკავშირს არ გააჩნია სახელშეკრულებო კავშირები ლიბიასთან.1 1999 წლის აპრილში, ევროკავშირის სანქციების შეჩერების შემდეგ, ლიბიას მიენიჭა ბარსელონის პროცესში დამკვირვებლის სტატუსი და იგი მიწვეულია სრული წევრის სტატუსის მოსაპოვებლად მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მოიხსნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციები და ქვეყანა მიიღებს ბარსელონის პროცესის საკანონმდებლო საფუძველს (acquis-ს).
ცოტა ხნის წინ ლიბიამ განაცხადა ბარსელონის პროცესში სრული მონაწილეობის მზადყოფნა.
საჭიროა ლიბიის მიერ ამ პოზიტიური ნაბიჯის ოფიციალური დადასტურება და ქვეყნის მიერ ბარსელონის პროცესის საკანონმდებლო საფუძვლის მიღების მიმართულებით მოძრაობა. ბარსელონის პროცესში სრული მონაწილეობის საკითხი ვერ გასცდება შესწავლის ეტაპს, თუ არ გადაიჭრა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული მოუგვარებელი პრობლემები.
ბარსელონის პროცესში სრული მონაწილეობა პირველი ნაბიჯია ევროკავშირთან ახალ ურთიერთობაში, რომელშიც ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებაც შედის. თუ ეს მიზანი მიღწეული იქნება და დამყარდება სახელშეკრულებო კავშირები ევროკავშირთან, მონაწილეობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში წარმოშობს ლიბიასთან, ისევე როგორც ბარსელონის პროცესის ყველა სხვა ქვეყანასთან, ევროკავშირის ურთიერთობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას.
______________________
1. საბჭოში ამჟამად განხილვის პროცესშია მანდატი მოლაპარაკებებისთვის ევროკავშირსა და ლიბიას შორის თევზის რეწვის თაობაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით.
![]() |
12 სამოქმედო გეგმები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
12.1 საზიარო ფასეულოებებისადმი ერთგულება |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირის შექმნა ემყარებოდა ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენესობისა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის ფასეულობებს. ეს ფასეულობები საერთოა წევრი სახელმწიფოებისთვის საზოგადოებებში, სადაც დამკვიდრებულია პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და გამორიცხულია დისკრიმინაცია. ევროკავშირის მიზანია მშვიდობაზე, საკუთარ ფასეულობებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა. თავის ურთიერთობაში გარე სამყაროსთან ევროკავშირი ამ ფასეულობათა ხორცშესხმას ისახავს მიზნად.
ევროკავშირთან დადებული რიგი მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებების მეშვეობით კავშირის მეზობლებს ნაკისრი აქვთ ვალდებულება, პატივი სცენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ევროკავშირის ყველა მეზობელს აქვს ხელი მოწერილი გაერო-ს ადამიანის უფლებათა კონვენციებზე. ზოგიერთი მათგანი ევროპის საბჭოს1 და ეუთო-ს წევრია. ამ ქვეყნებს რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია, ნაკისრი აქვთ, აგრეთვე, ვალდებულება, შეასრულონ შესაბამისი კონვენციები და დაექვემდებარონ უწყებებს, რომლებიც აწესებენ მაღალ სტანდარტებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში, მიიღონ მტკიცე და სამართლებრივი თავლსაზრისით სავალდებულო მექანიზმები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს ქვეყნები ასრულებდნენ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ბარსელონის დეკლარაციის ხელისმომწერმა ქვეყნებმა სხვა საკითხებთან ერთად მიიღეს დეკლარაცია პრინციპებისა, რომლებიც ითვალისწინებს გაერო-ს წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისად მოქმედებას, მათ პოლიტიკურ სისტემებში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას და ამ უფლებებითა და თავისუფლებებით ეფექტიანი კანონიერი სარგებლობის გარანტირებას.
პარტნიორმა ქვეყნებმა, როგორც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციების ხელისმომწერმა მხარეებმა, იკისრეს ვალდებულება, პატივი სცენ ძირითად შრომით სტანდარტებს და ხელი შეუწყონ უმათავრესი სოციალური უფლებების დამკვიდრებას; მათ იკისრეს, აგრეთვე, განვითარების სტაბილური ხასიათის უზრუნველყოფა, როგორც ეს განისაზღვრა იოჰანესბურგის მსოფლიო სამიტზე.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზანია საერთო ფასეულობების ხორცშესხმის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ხელშეწყობა. მეზობელი ქვეყნების მიერ ვალდებულებათა პრაქტიკული შესრულების მასშტაბი განსხვავდება და არსებობს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პოტენციალი. პარტნიორებთან ევროკავშირის ურთიერთობის არსებითი ელემენტია აღნიშნულ ვალდებულებათა ეფექტიანი განხორციელება.
ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მეშვეობით პარტნიორებთან კავშირების განვითარების დონე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად ასრულებს ესა თუ ის ქვეყანა საერთო ფასეულობებს. სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული იქნება რიგი პრიორიტეტებისა, რომლებიც მიმართულია ამ ფასეულობებისადმი ერთგულების განსამტკიცებლად. ეს პრიორიტეტებია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრება, სასამართლო სისტემის რეფორმირება და კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა; ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის, მასმედიისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების, უმცირესობათა და ბავშვთა უფლებების, გენდერული თანასწორობის, პროფესიულ კავშირთა უფლებებისა და სხვა უმთავრესი შრომითი სტანდარტების პატივისცემა, ბრძოლა წამების წინააღმდეგ და ადამიანის მიმართ ცუდად მოპყრობის აღმოფხვრა; სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. გარდა ამისა, პარტნიორ ქვეყნებს მოეთხოვებათ ერთგულება ევროკავშირის საგარეო მოღვაწეობის ზოგიერთი არსებითი ასპექტის მიმართ. კერძოდ, ეს არის ბრძოლა ტერორიზმთან და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან, საერთაშორისო კანონმდებლობის სავალდებულო შესრულება და კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევა.
_______________________
1. მოლდოვა, რუსეთი და უკრაინა.
![]() |
12.2 უფრო ეფექტიანი პოლიტიკური დიალოგი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მეშვეობით მხარეები გააფართოებენ და უფრო ეფექტიანს გახდიან თავიანთ პოლიტიკურ დიალოგს. ეს გულისხმობს საგარეო და უშიშროების პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის, რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, კონფლიქტების თავიდან აცილებას და კრიზისების მართვას, აგრეთვე, საერთო უშიშროების სფეროში არსებულ საფრთხეებს (მაგალითად, ტერორიზმს და მის სიღრმისეულ მიზეზებს, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას და არალეგალური იარაღის ექსპორტს).
თითოეულ ქვეყანასთან გაფართოებული დიალოგის სფეროები სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება. ევროკავშირმა და პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა ითანამშრომლონ, აგრეთვე, ეფექტიანი მრავალმხრივი კავშირების დამყარებაში, რათა განამტკიცონ გლობალური მმართველობა, გააუმჯობესონ კოორდინაცია უშიშროების მიმართ არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და გადაჭრან განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. გამოკვლეული უნდა იქნეს პოლიტიკური დიალოგის უკვე დამკვიდრებული ფორმატების ფარგლებში კოორდინაციის გაზრდის შესაძლებლობები, საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის (CFSP) და ევროპის უშიშროებისა და თავდაცვის პოლიტიკის (ESDP) ზოგიერთ ასპექტში, კონფლიქტების თავიდან აცილებაში, კრიზისების მართვაში, ინფორმაციის გაცვლაში, ერთობლივ ტრეინინგსა და ვარჯიშებში პარტნიორი ქვეყნების შესაძლო ჩართვა და ევროკავშირის მიერ წარმოებულ კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სამეზობლო რეგიონში უშიშროებისა და სტაბილურობის მიმართ ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების საზიარო პასუხისმგებლობის შემდგომი განვითარება.
![]() |
12.3 ეკონომიკური და სოციალური განვითარების პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შემოთავზებულ მიდგომას მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები მოჰყვება, ვინაიდან ის ითვალისწინებს პრიორიტეტული სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას და ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაზრდას. გარდა ამისა, საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემების ჰარმონიზების გზით ეს პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებს სთავაზობს ევროკავშირის შიდა ბაზარზე სამომავლო დაიინტერესების პერსპექტივას, ევროკავშირის რიგ პროგრამებში მონაწილეობას და ევროკავშირთან ურთიერთკავშირისა და ფიზიკური კავშირების გაფართოებას.
მოსალოდნელია, რომ ამ პროცესის შედეგად მიღებული სხვადასხვა ეკონომიკური სარგებელი მნიშვნელოვანი იქნება და როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი გზებით იქნება მოპოვებული. პირდაპირი გზა გულისხმობს, რომ ტარიფებისა და ვაჭრობისთვის არსებული სხვა ბარიერების შემცირებამ შედეგად პროდუქტიული შედეგები უნდა მოიტანოს და გააუმჯობესოს კეთილდღეობა გაზრდილი საბაზრო ინტეგრაციის მეშვეობით. კიდევ უფრო სერიოზული იქნება არაპირდაპირი ზემოქმედება, განსაკუთრებით, პარტნიორი ქვეყნებისთვის. მეზოებლი ქვეყნების დაახლოებით ევროკავშირის ეკონომიკურ მოდელთან, გარდა ამისა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დამკვიდრებით ზოგადად ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, კერძოდ კი შიდა ბაზრის შემოთავაზებული გაფართოება გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს პარტნიორ ქვეყნებში, წარმოქმნის უფრო გამჭვირვალე, სტაბილურ და ხელშემწყობ გარემოს კერძო სექტორის გაფართოებისთვის. უფრო ხელსაყრელი პოლიტიკური გარემოს, ვაჭრობასა და ოპერაციებში ფასების ვარდნის, შრომის ბაზარზე შედარებით მიმზიდველი ფასებისა და შემცირებული რისკის შედეგად მოსალოდნელია პოზიტიური ზემოქმედება უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლაზე.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკას აქვს ევროკავშირის მეზობელ ტერიტორიებზე ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების პოტენციალი. თუმცა ამ სხვადასხვა სარგებლის რეალური მიღება საჭიროებს შეთანხმებული ღონისძიებებისა და მათი თანმხლები შესატყვისი წესების ეფექტიან განხორციელებას. ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის გაზრდამ, განსაკუთრებით კაპიტალის მოძრაობის ლიბერალიზების თვალსაზრისით, კონკრეტულ გარემოებებში შეიძლება გაზარდოს მაკროეკონომიკური და ფინანსური არასტაბილურობა. შესაბამისად, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება სათანადოდ უნდა დაიგეგმოს და შედგეს დროის განრიგი, უნდა მიესადაგოს თითოეულ ქვეყანაში არსებულ კონკრეტულ ვითარებას და თან უნდა ახლდეს ჯანსაღი მაკროეკონომიკური, სოციალური და სტრუქტურული პოლიტიკა.
ის გარემოება, თუ რამდენად სასარგებლოდ იქნება აღქმული ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, დამოკიდებულია ცხოვრების სტანდარტებზე მის ზეგავლენაზე. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროექტში მონაწილეობას თან უნდა ახლდეს სიღარიბისა და უთანასწორობის პრობლემების მოსაგვარებელი აქტიური პოლიტიკა.
სამოქმედო გეგმების ეკონომიკური და სოციალური კომპონენტი უნდა შეესაბამებოდეს თავად პარტნიორი ქვეყნების სტრატეგიებს. შესაბამისი ქვეკომიტეტებისა და ეკონომიკური დიალოგის მეშვეობით უნდა გაფართოვდეს ზოგადად დიალოგის პროცესი. მნიშვნელოვანი იქნება, აგრეთვე, საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებებთან შესაბამისი კოორდინაციის უზრუნველყოფა. ამ დაწესებულებებს ფასეული წვლილის შეტანა შეუძლიათ როგორც პოლიტიკის სფეროში კონსულტაციების, ისე დაფინანსების თვალსაზრისით.
სოციალურ ასპექტთან დაკავშირებული დიალოგის გაფართოება მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, დასაქმებას, სოციალურ პოლიტიკას და სტრუქტურულ რეფორმებს. ევროკავშირი ხელს შეუწყობს პარტნიორი ქვეყნების მთავრობათა მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, დასაქმების შესაძლებლობათა წარმოქმნას, ძირითადი შრომითი სტანდარტების დამკვიდრებისკენ და სოციალური დილოგისკენ მიმართულ ძალისხმევას, რეგიონული უთანხმოებების დაძლევას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, სოციალური დახმარების ეფექტიანობის გაზრდას და ქვეყნების სოციალური დაცვის სისტემების რეფორმირებას. ამ ყველაფრის მიზანია დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის თაობაზე დიალოგის გამართვა, რასაც მოჰყვება სიტუაციის შეფასება და ანალიზი, ძირითადი პრობლემების დადგენა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა.
მშრომელთა გადაადგილებასთან, კერძოდ, მიგრანტ მშრომელთა მიმართ თანასწორ დამოკიდებულებასთან თუ საცხოვრებელ და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე, სოციალური დაცვის სფეროში კოორდინირების საკითხები კვლავ ასოცირების და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების ფარგლებში იქნება გათვალისწინებული.
![]() |
12.4 ვაჭრობა და შიდა ბაზარი |
▲ზევით დაბრუნება |
სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება საშუალებები და მეთოდები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ევროკავშირმაც და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმაც მაქსიმალური სარგებლობა მიიღონ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ თუ ასოცირების შესახებ არსებულ შეთანხმებებში გათვალისწინებული, ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებებიდან. სათანადო ყურადღება მიეპყრობა, აგრეთვე, რეგიონულ დონეზე წამოწყებულ ინიციატივებს.
საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემების ჰარმონიზება მოხდება ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების საფუძველზე და ყურადღება გამახვილდება ვაჭრობისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სტიმულირებისთვის საკანონმდებლო ბაზის (acquis-ის) ყველაზე შესაბამის ელემენტებზე; ამასთან, გათვალისწინებული იქნება პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ამჟამინდელი დონე. როგორც პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებში, ისე ასოცირების შეთანხმებებში არსებობს დებულებები რიგ სფეროებში კანონმდებლობის ჰარმონიზების შესახებ.
გარდა ამისა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს ბაზრის უფრო მეტად გახსნას მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის პრინციპების შესაბამისად. ბარსელონის პროცესის ფარგლებში შეთანხმებულია საქონლით თავისუფალი ვაჭრობის ზონა და დაწყებულია ასიმეტრიული ლიბერალიზაცია. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა უზრუნველყოფს გზებსა და საშუალებებს ვაჭრობის ლიბერალიზაციისა და რეგიონული ინტეგრაციის გასაღრმავებლად „ევრომედ“-ის პარტნიორობასთან კავშირში. აღმოსავლეთით მდებარე მეზობლებისთვის, ეკონომიკურ რეფორმასთან ერთად, პრიორიტეტად რჩება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებათა ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების შესრულების გაუმჯობესება, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანება (უკრაინის შემთხვევაში) ან მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებული შეთანხმების სრულად შესრულება (მოლდოვას შემთხვევაში). ამის შემდეგ განხილული იქნება სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობათა უფრო ღრმა ინტეგრაცია, როგორც ამას პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები ითვალისწინებს.
სამოქმედო გეგმებში დადგინდება კონკრეტული ნაბიჯები აღნიშნულ სტრუქტურებში გათვალისწინებულ შესაძლებლობათა სრულად გამოსაკვლევად. ეს ნაბიჯები დამოკიდებული იქნება თითოეული პარტნიორის საჭიროებებზე, შესაძლებლობებსა და ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებზე. თანდათანობით, თითოეული პარტნიორისთვის შესაფერისი სახით, იქნება შემოღებული ქვემოთ განხილული ღონისძიებები.
რაც შეეხება საქონელს, საჭიროა ზომების მიღება ადმინისტრაციული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად და ვაჭრობის მიმართ არსებული არასატარიფო ბარიერების თანდათანობით გაუქმების და სათანადო ინფრასტრუქტურების განვითარების უზრუნველსაყოფად. ინდუსტრიული პროდუქტების მოძრაობას შეიძლება ხელი შეეწყოს ევროკავშირის კანონებსა და მარეგულირებელ სტრუქტურებთან ჰარმონიზების მეშვეობით. გარდა ამისა, მეზობელ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებთან დაკავშირებულ მიმდინარე ინიციატივაზე დაყრდნობით თანამეგობრობასა და ინდივიდუალურ პარტნიორებს შორის შეიძლება დაიდოს შეთანხმებები შესაბამისობის შეფასებისა და ინდუსტრიული პროდუქტების მიღების შესახებ. ვაჭრობის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზება, შესაძლებლობათა განვითარება და მოდერნიზაცია, მათ შორის, კომპიუტერიზაცია. ხმელთაშუაზღვისპირა პარტნიორებისთვის ეს ღონისძიებები შეესატყვისება პალერმოს რეკომენდაციებს. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმებში შევა ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება საბაჟო ტერიტორიებზე თაღლითობასთან ბრძოლისკენ და რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის შემოღებისკენ, აგრეთვე, საქონლის უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველმყოფი ღონისძიებები.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემთხვევაში სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება ძალზე გააფართოებს პარტნიორ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ ვაჭრობას. აქ პრიორიტეტებად დასახულია ინფორმაციის გაცვლა და მჭიდრო თანამშრომლობა იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების კონტროლზე და გაუმჯობესებულ სანიტარულ პირობებზე მომხმარებელთა დასაცავად. გარდა ამისა, ქვეყნების უმეტესობას ესაჭიროება ადმინისტრაციული უნარის გაუმჯობესება. ამის მიზანია სურსათის უსაფრთხოების ისეთი დონეების უზრუნველყოფა, რომლებიც მისცემს მათ ევროკავშირის ბაზრებზე შეღწევის საშუალებას.
პარტნიორ ქვეყნებთან და ამ ქვეყნებს შორის მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობის მიზანი მოითხოვს, აგრეთვე, შემდგომ საკანონმდებლო ჰარმონიზებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის კორპორაციული სამართალი, საბუღალტრო აღრიცხვა და სააუდიტორო წესები. ფინანსური მომსახურების სფეროსთვის, ეფექტიან და დამოუკიდებელ სამეთვალყურეო უწყებებთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოვლისმომცველი მარეგულირებელი სტრუქტურა. ბიზნესის დამკვიდრებისა და ინვესტიციების ხელსეწყობისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ამ ქვეყნების მიერ იმის უზრუნველყოფას, რომ კომპანიებს შესწევდეთ საერთაშორისო დონეზე ფუნქციონირების უნარი. ზემოხსენებულ ღონისძიებებთან ერთად ევროპული ფინანსური ბაზრების ხელმისაწვდომობამ დროთა განმავლობაში უნდა განამტკიცოს პარტნიორთა ფინანსური ბაზრების სტაბილურობა და ხელი უნდა შეუწყოს მათ ზოგად ეკონომიკურ მიღწევებს. კაპიტალის მოძრაობის შემდგომი ლიბერალიზება ახალ შესაძლებლობებს წარმოქმნის. საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების (მათ შორის, გამჭვირვალობის და წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობის) და ამ ქვეყნების მარეგულირებელი სისტემების გამარტივების მიზანია ორმხრივი ინვესტიციების ხელშეწყობა და გაზრდა. ამ პროცესში არსებითი ელემენტია ინვესტორთა მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც გამორიცხავს დისკრიმინაციას. ორმხრივი ინვესტიციების გარემოს გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებისთვის ადმინისტრაციული ბარიერების აღმოფხვრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება იმ ზომებს, რომლებიც აფართოებს სისტემატურ დიალოგს ინვესტიციებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს. საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას სასამართლო სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებაც შეუწყობს ხელს.
მარეგულირებელი სისტემების დაახლოება ვაჭრობასთან დაკავშირებულ ძირითად დარგებში მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს როგორც პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების, ისე გაუმჯობესებული საინვესტიციო კლიმატის თვალსაზრისით. კერძოდ, ინტელექტუალური და ინდუსტრიული საკუთრების უფლებების ეფექტიანი დაცვის გაუმჯობესება და ამ უფლებათა ეფექტიანი განხორციელება, მარეგულირებელი სისტემების დაახლოებასთან და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების დონეებზე. შესაძლებელია, აგრეთვე, სტატისტიკური სისტემების ჰარმონიზაციისა და სტაბილურობის გასაზრდელი ღონისძიებების გატარება.
გარდა ამისა, საჭიროა პარტნიორების ხელშეწყობა კონკურენციის გაზრდაში. ეს განხორციელდება კონკურენციის სფეროში იმგვარი დამოუკიდებელი უწყებების მეშვეობით, რომელთაც აქვთ სათანადო უფლებამოსილება და რესურსებიც და შესაბამისადაც არიან მომზადებულნი. შიდა ბაზართან დაახლოებისთვის პარტნიორებს დასჭირდებათ როგორც შესატყვისი მიდგომებისა და განსაზღვრების, ისე ანტიტრასტულ და სახელმწიფო დახმარების თაობაზე დადგენილებების ჰარმონიზება. აღნიშნული ზომები სასარგებლო იქნება ქვეყნების ბაზრებისთვისაც და ვაჭრობის ხელშეწყობისთვისაც.
ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს, აგრეთვე, საგადასახადო სისტემის მოდერნიზებისა და მისი გამჭვირვალობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები. აქ იგულისხმება როგორც ევროკავშირის ბიზნესის დაბეგვრის სფეროში ქცევის კოდექსთან ჰარმონიზება მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, ისე კონვენციების მიღება ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად. საბაზრო ეკონომიკების ფუნქციონირებას ხელს შეუწყობს, აგრეთვე, საგადასახადო ადმინისტრაციების განმტკიცება და მათ შორის თანამშრომლობის გაუმჯობესება.
![]() |
12.5 მართლმსაჯულება და საშინაო საქმეები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზანია გაფართოებული ევროკავშირის საზღვრებზე ახალი გამყოფი ხაზების წარმოქმნის თავიდან აცილება. საჯარო დაწესებულებათა ფუნქციონირების გაუმჯობესება ადმინისტრაციული ეფექტიანობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების საერთო ინტერესს წარმოადგენს. პარტნიორების წინაშე მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების სფეროში მრავალი პრობლემა იჩენს თავს, მაგალითად, მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან მიგრაციის ტალღები, ადამიანებით ტრეფიკინგი და ტერორიზმი. ამ საკითხებზე ერთობლივად მუშაობა საერთო ინტერესში შედის. თითოეულ სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტების განსაზღვრა დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ყველაზე მეტად დამახასიათებელია ამა თუ იმ ქვეყნისა და ევროკავშირისთვის.
მოსალოდნელია, რომ სამოქმედო გეგმათა უმეტესობაში პრიორიტეტს წარმოადგენდეს საზღვრის მართვა, ვინაიდან მხოლოდ ერთობლივი მუშაობა მისცემს ევროკავშირსა და მის მეზობლებს კანონიერი მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით საერთო საზღვრების უფრო ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას. ამიტომ სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ღონისძიებები, რომლებიც მიმართული იქნება საზღვრის მართვის ეფექტიანობის გაზრდისაკენ, მაგალითად, საზღვრის არასამხედრო პროფესიონალი დამცველების ინსტიტუტის შემოღებისა და ამ კადრების პროფესიული მომზადების ხელშეწყობა, აგრეთვე, ღონისძიებები, რომელთა მიზანია სამგზავრო დოკუმენტაციის საიმედოობის გაუმჯობესება. ამ ყველაფრის მიზანი უნდა იყოს ადამიანთა გადაადგილების ხელშეწყობა და უშიშროების დონის შენარჩუნება ან გაუმჯობესება.
გარდა ამისა, ამჟამად საბჭო განიხილავს ევროკომისიის წინადადებას ადგილობრივ საზღვრებზე მოძრაობის რეჟიმის შემოღების თაობაზე დირექტივებთან დაკავშირებით. თუ ეს დირექტივები მიღებული იქნება, სასაზღვრო ტერიტორიების მაცხოვრებელთათვის შესაძლებელი გახდება ტრადიციული კონტაქტების შენარჩუნება ზედმეტი ადმინისტრაციული დაბრკოლებების გარეშე. ევროკავშირმა ვიზების გამარტივების შესაძლებლობებიც შეიძლება განიხილოს. ერთი მხარის მიერ გამარტივებას უნდა შეესატყვისებოდეს მეორე მხარის მიერ ეფექტიანი ღონისძიებების გატარება.
სამოქმედო გეგმების პრიორიტეტებად შეიძლება განისაზღვროს, აგრეთვე, თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრის, ვიზებთან დაკავშირებული წესების, ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან და ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლისკენ მიმართული ღონისძიებების სფეროში. სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება კონკრეტული ნაბიჯები სასამართლო სისტემების გაძლიერებისა და პოლიციისა და მართლმსაჯულების სისტემების თანამშრომლობის (მათ შორის, საოჯახო კანონმდებლობისა და ევროკავშირის ისეთ უწყებებთან თანამშრომლობის სფეროებში, როგორიც არის „ევროპოლი“ და „ევროჯასტი“) გაზრდისათვის. საჭიროა შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების რატიფიცირება და განხორციელება. სამოქმედო გეგმებში უნდა აისახოს, აგრეთვე, ევროკავშირის ინტერესი პარტნიორ ქვეყნებთან რეადმისიის თაობაზე შეთანხმებების დადებასთან დაკავშირებით.
![]() |
13 მეზობლებთან კონტაქტების დამყარება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
13.1 ენერგეტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის უმთავრესი ელემენტია მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება. ამაში იგულისხმება ენერგიის მოწოდების საიმედოობა და ენერგიის უსაფრთხოება. ევროკავშირი ენერგიის (ნავთობისა და გაზის) მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია და მეორე ადგილზეა მოხმარების თვალსაზრისით. იგი გარშემორტყმულია ნავთობისა და გაზის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი რეზერვებით (რუსეთი, კასპიის ზღვის აუზი, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა). იგი უფრო და უფრო მეტად იქნება დამოკიდებული იმპორტზე - იმპორტის ამჟამინდელი დონეა 50%, ხოლო 2030 წლისათვის, დღევანდელი პროგნოზებით, იქნება 70%. მეზობელი ქვეყნები არსებით როლს ასრულებენ ენერგიით ევროკავშირის მომარაგების საიმედოობის თვალსაზრისით. ევროკავშირის ენერგიის ბაზარზე გასვლას ბევრი ქვეყანა ცდილობს როგორც ამჟამინდელი, ისე სამომავლო მომწოდებლის სახით (მაგალითად, რუსეთი, ალჟირი, ეგვიპტე, ლიბია) ან ტრანზიტული ქვეყნების სახით (უკრაინა, ბელარუსი, მაროკო, ტუნისი). ევროკავშირისთვის კასპიის ზღვის რეგიონიდან და ცენტრალური აზიიდან ენერგიის ახალი მომწოდებლების სახით მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც. ამიტომ ორმხრივი სერიოზული ინტერესის საგანს წარმოადგენს ევროკავშირსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის ენერგიის მოწოდების ქსელების გაუმჯობესება და საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემების ჰარმონიზება. გარდა ამისა, გაფართოებული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში წარმოქმნის ორივე მხარისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს ბიზნესის სფეროში და შეუძლია თავისი წვლილიც შეიტანოს სოციალურეკონომიკურ განვითარებასა და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკის სფეროში დიალოგისა და თანამშრომლობის გაფართოებას, აგრეთვე, ენერგეტიკის სფეროში წესებისა და საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემოს შემდგომ თანდათანობით ჰარმონიზებას. აქ იგულისხმება წესები, რომლებიც მიმართული იქნება ენერგოეფექტურობის გაზრდისა და ენერგიის ეკონომიის ხელშეწყობისკენ, აგრეთვე, განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ენერგიის ტექნოლოგიების (მაგალითად, ნახშირის გამდიდრების) სფეროში თანამშრომლობისაკენ. განხილული იქნება „ენერგიის რაციონალური გამოყენების პროგრამაში“ („Intelligent Energy Programme“) პარტნიორთა მონაწილეობისა და ევროკავშირის მარეგულირებელ პრაქტიკასა და უწყებებში (როგორიც არის, მაგალითად, ევროპის გაზისა და ელექტროენერგიის მარეგულირებელი უწყებები) თანდათანობით ჩართვის შესაძლებლობები.
ენერგიის რესურსების მოწოდების უსაფრთხოებისა და საიმედოობის უზრუნველსაყოფად და პარტნიორი ქვეყნებისათვის ენერგიის შიდა ბაზრის გასაფართოებლად აუცილებელი იქნება ქსელებისა და ურთიერთკავშირების გაძლიერება.
სამოქმედო გეგმები დაეყრდნობა არსებულ ორმხრივ თუ რეგიონულ ინიციატივებს, როგორიც არის, მაგალითად, ევროკავშირსა და რუსეთს შორის წარმოებული დიალოგი ენერგეტიკის სფეროში, „ტასისის“ მიერ დაფინანსებული პროგრამა „ინოგეიტი“, რომელიც კასპიის ზღვის აუზის საკითხებს (ნავთობისა და გაზის მილსადენთა სისტემებს) ეხება; თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების პარტნიორობის ფარგლებში (კერძოდ, ევროპა-მაღრების ელექტროენერგიის ბაზრის დაარსება. ამას შეიძლება დაემატოს გაზის ბაზარი და ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის შეთანხმებული ენერგიის ქსელები); გაფართოებული ურთიერთობა ენერგეტიკის სფეროში ისრაელსა და პალესტინასთან; გაფართოებული ურთიერთობა გაზის მოწოდების სფეროში მაშრექის რეგიონთან (ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის ურთიერთობის ფარგლებში), აგრეთვე, მოლდოვას დამკვირვებლის სტატუსი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკის რეგიონული ბაზრის ინიციატივაში.
![]() |
13.2 ტრანსპორტი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის ვაჭრობისა და ტურიზმის გაფართოება საჭიროებს ეფექტიან, მულტიმოდალურ და სტაბილურ სატრანსპორტო სისტემებს. პარტნიორი ქვეყნები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ მჭიდრო ურთიერთობითა და ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდით სრულად სარგებლობას, თუ მათი სატრანსპორტო სექტორები მოახერხებენ დღევანდელი კომპლექსური სატრანსპორტო ნაკადებისთვის თავის გართმევას.
ტრანსპორტის ფუნქციონირებაზე უმთავრესი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს საოპერაციო ცვლილებებმა იმ მეთოდებისა, რომელთა საშუალებითაც ტრანსპორტის სექტორია აწყობილი (როგორიც არის, მაგალითად, საპორტო მომსახურებასა და საჰაერო ტრანსპორტირებაში კონკურენციის შემოღება, თანამედროვე მარეგულირებელი სისტემები, საგზაო გადაზიდვების უფრო ეფექტიანი ოპერაციები, სარკინიგზო სისტემების მიერ ერთმანეთს შორის ფუნქციონირების შესაძლებლობები და ა.შ.). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა პარტნიორ ქვეყნებთან საავიაციო კავშირების განვითარება, რაც მიზნად ისახავს ბაზრების ხელმისაწვდომობას და თანამშრომლობას უსაფრთხოებისა და უშიშროების საკითხებში. სამოქმედო გეგმებში მოცემული იქნება ამ საკითხების მარეგულირებელი კონკრეტული დებულებები.
არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მეზობელ ქვეყნებთან ევროკავშირის დამაკავშირებელი ფიზიკური სატრანსპორტო ქსელების გაუმჯობესებას. ამასთან დაკავშირებული ხარჯების გამო უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მჭიდრო კოორდინაცია ამ ქსელებისთვის საინვესტიციო გეგმების შემუშავებაში. არსებული ინიციატივები, როგორიც არის, მაგალითად, პანევროპული სატრანსპორტო სისტემის კონცეფცია, სხვადასხვა პანევროპული სატრანსპორტო ასოციაცია, ანდა ევროკომისიის 2003 წლის წინადადებები ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის სატრანსპორტო ქსელების თაობაზე, ამ სფეროში წინსვლის სტაბილურ საფუძველს წარმოადგენს. მნიშვნელოვანი იქნება პროექტის დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, სამოქმედო გეგმებში შეთანხმებული, მხოლოდ საშუალო ხანგრძლივობის ვადაზე გამიზნული ღონისძიებების საფუძველზე. კონკრეტული საჭიროებები თითოეული ცალკეული შემთხვევისთვის იქნება განხილული.
გარდა ამისა, სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებული იქნება საგანგებო დებულებები ტერორისტთა თავდასხმების შემთხვევაში სატრანსპორტო ქსელებისა და სამსახურების დაუცველობასთან დაკავშირებით. ძალზე დიდი ყურადღება მიეპყრობა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის უშიშროების გაძლიერებას.
![]() |
13.3 გარემოს დაცვა |
▲ზევით დაბრუნება |
გარემოს დაბინძურება არ ითვალისწინებს ქვეყნების საზღვრებს და ამიტომ მასთან ბრძოლა ყველა უკეთ შესაძლებელია საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე საქმიანობის შერწყმით. გარემოს დაცვის გაუმჯობესება დიდ სარგებელს მოუტანს მოქალაქეებს როგორც ევროკავშირში, ისე პარტნიორ ქვეყნებში. ეს ხელს შეუწყობს მწირ რესურსებთან (როგორიც არის წყალი) დაკავშირებით კონფლიქტების თავიდან აცილებას. გარემოს დაცვის მართვის გაუმჯობესების დადებითი ზეგავლენა ყველასათვის ნათელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ხშირად წარმოადგენს უმთავრეს მოკლე და საშუალოვადიან ფინანსურ ტვირთს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორებისთვის, დაგეგმვისა და დაფინანსების პროცესში გათვალისწინებას საჭიროებს.
სამოქმედო გეგმები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის თვალისაზრისით სათანადო მართვას პარტნიორ ქვეყნებში; ეს მიზნად ისახავს გარემოს განადგურებისა და დაბინძურების თავიდან აცილებას, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვას და ბუნებრივი რესურსების უფრო რაციონალურ გამოყენებას. განისაზღვრება პრიორიტეტები ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის წყლის ხარისხი, ნარჩენების განკარგვა, ჰაერის დაბინძურება და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა. საჭიროა პარტნიორ ქვეყნებს შორის რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება და საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირება და განხორციელება.
![]() |
13.4 საინფორმაციო საზოგადოება |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე ეკონომიკური სისტემებისა და საზოგადოებების განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. ამიტომ აუცილებელია პარტნიორების ხელშეწყობა მათ მცდელობებში, რომლებიც მიმართულია საინფორმაციო საზოგადოების უპირატესობებით სარგებლობისკენ, ვინაიდან ეს ამოავსებს ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ნაკლოვანებებს. სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რიგ პარტნიორ ქვეყანაში უკვე მკვიდრდება საინფორმაციო საზოგადოება, კერძოდ, იმ ქვეყნებში, სადაც მობილური ტელეფონიის ბაზრის ლიბერალიზაციამ გარკვეული წინსვლა განიცადა.
სამოქმედო გეგმები, რომლებშიც გათვითცნობიერებული იქნება კავშირი პოლიტიკის წარმატებულ რეფორმასა და სექტორისთვის დამახასიათებელ საქმიანობას შორის, ხელს შეუწყობს პოლიტიკის სფეროში ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიც არის, მაგალითად, მარეგულირებელი ფუნქციების ინსტიტუციური განცალკევება საოპერაციოსგან, დამოუკიდებელი მარეგულირებელი უწყებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. პოლიტიკაში გათვალისწინებული იქნება, აგრეთვე, იმ მთავრობების დახმარება, რომლებსაც ამოძრავებთ არსებული ოპერატორების კომერციალიზაციის ხელშეწყობის სურვილი. საინფორმაციო საზოგადოების განვითარებისთვის სექტორის რეფორმირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორიც არის ბაზრის გახსნა სტაციონარული ტელეფონიისთვის და მოწინავე მომსახურებისთვის, მაგალითად, ინტერნეტისთვის, აგრეთვე, GSM-ის დამატებით ლიცენზიებზე ტენდერის გამოცხადება და დამატებითი მომსახურების ლიბერალიზაცია. სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალ ტექნოლოგიებსა და ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურებებს, რათა მოხდეს მათი გამოყენება ბიზნესის, სახელმწიფო უწყებებისა და მოქალაქეების მიერ.
![]() |
13.5 კვლევა და სიახლეები |
▲ზევით დაბრუნება |
პარტნიორი ქვეყნებისთვის ევროპის „კვლევითი ტერიტორიის“ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს საიმედოობის საკითხებზე ტექნიკური დირექტივის მე-6 სტრუქტურული პროგრამის ამოცანას და მეზობელი ქვეყნების სამეცნიერო საზოგადოებების ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს. ეს ქვეყნები უკვე ღებულობენ მონაწილეობას ისეთ პრიორიტეტულ საკითხებში, როგორიც არის სიცოცხლის შესახებ მეცნიერებები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, გარემო, სურსათის უსაფრთხოება ან სოციალური საკითხები ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის საგანგებო ღონისძიებებში, რომლებიც კონცენტრირებულია ამ ქვეყნების საჭიროებებსა და პოტენციალზე რეგიონულ დონეზე.
საიმედოობის საკითხებზე ტექნიკური დირექტივის ფარგლებში თანამეგობრობის საქმიანობაში ამ ქვეყნების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, აგრეთვე, იმისათვის, რომ გაიზარდოს მათი კვლევითი სისტემების წვლილი ეკონომიკურ აღმავლობასა და სოციალურ კეთილდღეობაში, ხელი უნდა შეეწყოს სტრუქტურულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განვითარებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. ეს ღონისძიებები სამოქმედო გეგმების მეშვეობით განისაზღვრება და განხორციელდება.
![]() |
14 ადამიანების კონტაქტები, პროგრამები და სააგენტოები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ძირითადი მიზნის მიღწევის ეფექტიანი საშუალებაა ევროკავშირისა და მისი მეზობელი ქვეყნების ხალხთა ერთმანეთთან დაკავშირება, ერთმანეთის კულტურის, ისტორიის, ურთიერთობებისა და ფასეულობების გაგების ხელშეწყობა და არასწორი შეხედულებების აღმოფხვრა. ამგვარად, გარდა სახელმწიფო უწყებებსა თუ საწარმოებს შორის კონტაქტებისა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ხელს შეუწყობს კულტურულ, საგანმანათლებლო და უფრო ზოგად სოციალურ კავშირებს ევროკავშირსა და მის მეზობლებს შორის.
ისეთი მიზნების მისაღწევად, როგორიც არის კონკურენციის გაზრდა, სოციალური მონაწილეობა და აქტიური მოქალაქეობა, არსებითი კომპონენტია ადამიანური რესურსების განვითარება. საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა შეავსოს ცოდნის დეფიციტი, რათა მოაგვაროს განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანაში, განსაკუთრებით ხმელთაშუაზღვისპირეთში, როგორც ეს ხაზგასმულია არაბეთის ჰუმანური განვითარების 2003 წლის ანგარიშის დასკვნებში.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიზანია, აგრეთვე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ღონისძიებების ხელშეწყობა, რათა გაუმჯობესდეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოგვარდეს ზოგიერთი კონკრეტული საკითხი, მაგალითად, გადამდები დაავადებების პრობლემა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს საერთო ინტერესებსა და ხელმისაწვდომ რესურსებზე დაყრდნობით თანამეგობრობის ზოგიერთი პროგრამის თანდათანობით წამოწყებას. გამოსაკვლევ სფეროებს შორის არის განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრული საკითხები, კვლევა, გარემოს დაცვა, აგრეთვე კულტურა და აუდიო-ვიზუალური საშუალებები. უნდა გაფართოვდეს პროგრამა „YOUTH“, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებს შორის კონტაქტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას ახალგაზრდულ საკითხებში. პროგრამები „Tempus“ და „Erasmus Mundus“ უზრუნველყოფენ შესაძლებლობებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის კონტაქტების გასაღრმავებლად. სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება კონკრეტული შესაძლებლობები პარტნიორებისთვის ამგვარ პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.
ვინაიდან წევრი სახელმწიფოებისთვის განკუთვნილ პროგრამებში მონაწილეობამ მესამე სამყაროს ქვეყნებს შეიძლება პრაქტიკული სირთულეები შეუქმნას, განხილული უნდა იქნეს ისეთი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობა, რომლებიც საგანგებოდ გაითვალისწინებს პარტნიორი ქვეყნების საჭიროებებს. მაგალითად, ევროკომისიამ წამოჭრა წინადადება პროგრამა „Tempus Plus”-ის დაარსების თაობაზე. ეს პროგრამა მიმართული უნდა იყოს იმ ქვეყნების საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებზეც ვრცელდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკა.1 სასწავლო სისტემების რეფორმირება და მოდერნიზება პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობისა და სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებელი პირობაა და პროგრამა „Tempus Plus“-ს ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია.
რამდენიმე პარტნიორმა გამოხატა სურვილი, მონაწილეობა მიეღო, სავარაუდოდ, დამკვირვებლის სტატუსით, თანამეგობრობის ზოგიერთ ერთობლივ თუ წესების შემმუშავებელ სათათბირო ორგანოში. სამოქმედო გეგმებში განისაზღვრება საამისო შესაძლებლობები სამართლებრივი და ადმინისტრაციული სიტუაციის გათვალისწინებით.
___________________________
1. რეკომენდაცია 2006 წლის შემდგომ პერიოდში განათლებისა და პროფსიული მომზადების სფეროში თანამეგობრობის პროგრამების ახალი თაობის შესახებ, COM (2004) 156 საბოლოო, 2004 წლის მარტი.
![]() |
15 რეგიონული თანამშრომლობა |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანასთან მიმართებაში განსხვავებული იქნება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობა როგორც ევროკავშირის გარე საზღვრებზე, ისე თავად ევროკავშირის მეზობლებს შორის - განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც გეოგრაფიულად ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ევროკავშირის სამეზობლო ტერიტორიის სხვადასხვა ადგილას არსებული სპეციფიკური პირობები განსხვავდება ერთმანეთისაგან და, შესაბამისად, განსხვავდება ჩვენს შორის ურთიერთობათა ტრადიციაც.
ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთსა და სამხრეთში მდებარე ქვეყნებთან რეგიონული თანამშრომლობის, აგრეთვე, ამ რეგიონებში მიმდინარე კონკრეტული პროექტების ხელშეწყობა ევროკავშირის არსებული პროგრამების („Tacis“, „Meda“, „Phare“) ანდა მათ საფუძველზე შემუშავებული ახალი პროგრამების ფარგლებში, აგრეთვე, სამეზობლო პროგრამებისა და, მომავალში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის მეშვეობით განხორციელდება.
![]() |
16 რეგიონული თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე |
▲ზევით დაბრუნება |
აღმოსავლეთ ევროპასთან რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება მნიშვნელოვან დადებით შედეგებს მოიტანს. ხელი უნდა შეეწყოს რეგიონულ თანამშრომლობაში პარტნიორის სახით, საერთო ინტერესსა და ერთობლივ სურვილზე დაყრდნობით, რუსეთის ფედერაციის მონაწილეობას. ინიციატივები კონცენტრირებული უნდა იყოს საერთო ინტერესის ისეთ საკითხებზე, რომლებზეც დადებით ზეგავლენას მოახდენს მრავალმხრივი მიდგომა. სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში (მათ შორის, ტერიტორია „ჩრდილოეთის განზომილების“ ფარგლებში) მიღებულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რეგიონულ ფორუმებს ხშირად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ ორი მხარის მცდელობებში. ქვემოთ ჩამოთვლილია თანამშრომლობის პრიორიტეტული სექტორები:
- თანამშრომლობის გაფართოება ეკონომიკის, ბიზნესის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში, მათ შორის, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიღებაში, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ნორმებისა და წესების ეფექტიან განხორციელებაში და მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის დახმარების გაწევაში, რაც მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების სტაბილური სოციალურეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, სიღარიბის შემცირებას და სოციალური გარიყვის წინააღმდეგ ბრძოლას. მნიშვნელოვან პრიორიტეტებად უნდა იქნეს განხილული, აგრეთვე, ერთობლივი ინფრასტრუქტურისა და რეგიონული უშიშროების პროექტები ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში (მათ შორის, საზღვრების გადაკვეთებზე).
- გარემოს დაცვა, ბირთვული უსაფრთხოება და ბუნებრივი რესურსები. მრავალი პრობლემა გარემოს დაცვის სფეროში, რომლებმაც არ იცის ქვეყნების საზღვრები, უკეთესად შეიძლება მოგვარდეს რეგიონულ დონეზე. წყლისა და ჰაერის დაბინძურება, გამოყენებული ბირთვული საწვავის განკარგვა, გარემოსდაცვითი სტანდარტებისა და კანონმდებლობის თანდათანობითი ჰარმონიზება _ ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ შერჩეული სფეროებიდან, რომლებზეც რეგიონულმა თანამშრომლობამ უნდა გაამახვილოს ყურადღება მოკლე და საშუალო ხანგრძლივობის პერიოდების განმავლობაში.
- მართლმსაჯულება და შინაური საქმეები, განსაკუთრებით კი რეგიონული თანამშრომლობა საზღვრების მართვის სფეროში, მიგრაცია და თავშესაფართან დაკავშირებული საკითხები, ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანებით ტრეფიკინგთან, არალეგალურ იმიგრაციასთან, ტერორიზმთან, ფულის გათეთრებასთან და ნარკოტიკებთან ბრძოლა, აგრეთვე, პოლიციისა და სასამართლო სისტემების თანამშრომლობა. რეგიონული თანამშრომლობა და რეგიონული ქსელები ამ სფეროებში შეიძლება დაეყრდნოს „Söderköping Process“-ის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას. ეს სტრუქტურა მოიცავს ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიტვას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და შვეციას.
- ადამიანების კონტაქტის საკითხები, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მასმედიისა და ჟურნალისტების გაცვლის სფეროებში საქმიანობა, სათანადო მმართველობის ხელშეწყობა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა, პროფესიული, აკადემიური და ახალგაზრდების გაცვლის პროგრამები, პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ერთმანეთთან ვიზიტებს, თანამშრომლობა განათლების, ტრეინინგის, მეცნიერებისა და კულტურის სექტორებში, თანამშრომლობა ადგილობრივ და რეგიონულ ადმინისტრაციებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებს შორის. სათანადო ყურადღება უნდა მიეპყროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს და გადამდებ დაავადებათა (მაგალითად, აივ/შიდს-ისა და ტუბერკულოზის) გავრცელებასთან ეფექტიან ბრძოლას.
ამ პროცესებში „ევრორეგიონებთან“ და ადგილობრივ დონეზე საზღვრისპირა თანამშრომლობასთან ერთად მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ ევროპის საბჭომ, ბალტიის ზღვის საბჭომ, „ცენტრალურმა ევროპულმა ინიციატივამ“, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ და „სტაბილურობის პაქტმა“.
„ევრორეგიონები“ გულისხმობს კონკრეტულ თანამშრომლობას ხელისუფლების რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებს შორის საზღვრის ორივე მხარეს, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს მნიშვნელოვან და ეფექტიან კავშირებში საზღვრების გასწვრივ. ამ თანამშრომლობას შეუძლია საერთო ინტერესების ხელშეწყობა და ამით როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი დემოკრატიის განმტკიცება, ისე ადგილობრივ ეკონომიკაზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა.
ევროკავშირის მიზანი არ არის ახალი უწყებებისა თუ ორგანიზაციების ჩამოყალიბება: იგი ისწრაფის, მხარი დაუჭიროს არსებულ უწყებებს და ხელი შეუწყოს მათ შემდგომ განვითარებას;
პროცესის ერთობლივად წარმართვის, ე.წ. „ადგილობრივი მესაკუთრეობის“ მნიშვნელობა ერთერთი ყველაზე კარგი გაკვეთილია, რომელიც შეიძლება მიღებული იქნეს „ჩრდილოეთის განზომილებიდან“ („Northern Dimension“).
![]() |
17 ხმელთაშუაზღვისპირეთი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში რეგიონული და ქვერეგიონული თანამშრომლობა ხმელთაშუაზღვისპირეთში დაეყრდნობა ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის სამართლებრივ საფუძველს (acquis-ს) გაკვეული მიზნებისთვის განკუთვნილი მიდგომის მისადაგებით თითოეული ქვეყნისა თუ ქვეყნების ჯგუფისათვის.
ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობა შედგება ორი ურთიერთდამხმარე გზისგან. ეს არის ორმხრივი და რეგიონული დღის წესრიგები.
რეგიონულ დღის წესრიგს საფუძვლად უდევს ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების მიმართულებები და დასკვნები, აგრეთვე, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ფინანსების, ენერგეტიკის, მრეწველობისა და გარემოს დაცვის სფეროებში მინისტრების სექტორული კონფერენციების დასკვნები. ამ პროგრამას დახმარებას უწევს პრგრამა „MEDA“ თითოეული პარტნიორისთვის ინდივიდუალური პროგრამებისა და რეგიონული პროგრამების მეშვეობით.
ევროკომისია მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარებით გააგრძელებს პარტნიორობის რეგიონული ასპექტის ხელშეწყობას. „ევრომედის“ ვალენსიასა და ნეაპოლში ჩატარებულ მინისტრთა კონფერენციებზე მიღებული პოლიტიკური მიმართულებების შესაბამისად, ხმელთაშუაზღვისპირეთთან რეგიონული თანამშრომლობის სტრატეგიულ პრიორიტეტებად უნდა განისაზღვროს: სამხრეთ-სამხრეთის ინტეგრაცია; ქვერეგიონული თანამშრომლობა და მარეგულირებელი და საკანონმდებლო სისტემების ჰარმონიზაცია. შემდგომი ქვერეგიონული თანამშრომლობის შესაძლო სამომავლო სფეროები განისაზღვრება ორმხრივ სამოქმედო გეგმებში, რომლებიც ასევე დაეყრდნობა ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის მინისტრთა შეხვედრებს და რომლებშიც შეიძლება შევიდეს სასამართლო სისტემების რეფორმირება, მედიის დამოუკიდებლობა და აზრის გამოხატვის თავისუფლება ან ქალთათვის თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრების ხელშეწყობა. ამგვარი თანამშრომლობის სფეროში წინადადებები შემუშავდება სამოქმედო გეგმებში განსაზღვრულ საერთო მიზნებზე დაყრდნობით; ისინი შეიძლება წარმოადგინოს ორმა ან მეტმა მეზობელმა ქვეყანამ ან ქვეყნების ჯგუფმა, რომელთაც სურთ კონკრეტულ პოლიტიკურ სფეროში შემდგომი წინსვლა.
რეგიონულ და ქვერეგიონულ თანამშრომლობას უხელმძღვანელებენ სამოქმედო გეგმები, რომლებიც ასევე ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის მინისტრთა შეხვედრების შედეგებს დაეყრდნობა. საქმიანობა შეიძლება წარიმართოს რეგიონულ დონეზე, თუმცა შესაძლებელია საზღვრისპირა თანამშრომლობაც ორ ან მეტ მეზობელ ქვეყანას შორის და თანაშრომლობაც იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც არა აქვთ საერთო საზღვარი. თანამშრომლობა შეიძლება ვრცელდებოდეს შემდეგ პრიორიტეტულ სფეროებზე:
ინფრასტრუქტურულ ურთიერთკავშირებთან დაკავშირებული პროექტები: შესაძლებელია დახმარების გაწევა ქსელების დაგეგმვაში, რათა ხელი შეეწყოს ვაჭრობას და ევროკავშირის ბაზრის მისაწვდომობას. შესაძლებელია ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპას შორის გაზის სისტემებისა და ურთიერთკავშირების პროექტების შემუშავება, აგრეთვე, ენერგეტიკული კავშირები და თანამშრომლობა მაროკოს, ალჟირს და ტუნისს შორის; გაზის მილსადენი ეგვიპტიდან თურქეთსა და ევროკავშირში იორდანიის, ლიბანისა და სირიის გავლით; ენერგეტიკული ხაზები ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებს შორის; პროექტების შედგენა ქვერეგიონული ინტერმოდალური სატრანსპორტო ქსელებისთვის მაღრებსა და ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურული კავშირები და საზღვაო ტრანსპორტი; გაუმჯობესებები საზღვრების გადაკვეთის ადგილებში და პორტების-ქვეყნის შუაგული ნაწილის კავშირები. გარდა ამისა, შესაძლებელია დახმარების გაწევა უშიშროებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელებისთვის.
გარემოს დაცვა: შესაძლებელია თანამშრომლობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხებში და ღონისძიებების გატარება ამა თუ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, როდესაც ამ პრობლემების მოგვარება უკეთ შეიძლება რეგიონულ ან ქვერეგიონულ დონეებზე. ასეთ პრობლემებს განეკუთვნება ზღვების დაბინძურება, წყლის რესურსების მართვა და ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, ანდა გაუდაბნოება.
მართლმსაჯულება და შინაური საქმეები: მნიშვნელოვანია საზღვრის მართვის გაუმჯობესება (იგულისხმება მოკლე საზღვაო საზღვრებიც); თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებსა და უწყებებს შორის; თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან და საზღვრისპირა დანაშაულთან ბრძოლაში, აგრეთვე, სამოქალაქო და კომერციულ სასამართლო საკითხებში; თანამშრომლობა არალეგალურ იმიგრაციასთან ბრძოლაში, ლეგალური მიგრაციის მართვა და სამიგრაციო გეგმების განხორციელება (მაგალითად, ცენტრალური მაღრების სამ ქვეყანასთან, ლიბიასა და ეგვიპტესთან); თანამშრომლობა ნარკოტიკების ვაჭრობასთან ბრძოლაში, ნარკოტიკების მოწოდების შემცირება და ნარკოტიკების საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიების განხორციელება;
მეზობელ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სპეციალიზებული და გაწვრთნილი პერსონალის მიერ საზღვრების ეფექტიან კონტროლში; სასამართლო სისტემებისა და პოლიციის თანამშრომლობა. ვაჭრობა, მარეგულირებელი სისტემების დაახლოება და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება:
თანამშრომლობამ ხელი უნდა შეუწყოს რეგიონულ ეკონომიკურ ინტეგრაციას მეზობელ ქვეყნებს შორის ან იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც სურთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკურ საკითხებზე ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის თავისუფალი ვაჭრობის ზონის დასრულებისა და ევროკავშირის შიდა ბაზარზე უფრო წარმატებული ქვეყნების პერსპექტიული მონაწილეობის თვალსაზრისით. რეგიონულ ვაჭრობას და ინვესტიციებს ხელი უნდა შეეწყოს პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული საერთო წესების, მომსახურების ლიბერალიზების, მარეგულირებელი სისტემების ჰარმონიზების და ვაჭრობის ხელშემწყობი ინსტრუმენტების მეშვეობით, აგრეთვე, აგადირის პროცესის შემდგომი ხელშეწყობით. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმებმა ხელი უნდა შეუწყოს თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებების თაობაზე მოლაპარაკებას როგორც საქონლის, ისე მომსახურების სექტორებში თავად ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში. ამ მხრივ დახმარება უნდა გაეწიოს პარტნიორი ქვეყნების მარეგულირებელი სისტემების ჰარმონიზებას. გათვალისწინებული უნდა იქნეს სტაბილური განვითარების მეთოდოლოგიები და გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და პოლიტიკის შემუშავება. ძირითადი პრობლემების დადგენისა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღების ხელშესაწყობად უნდა გაფართოვდეს დიალოგი დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში. შესაძლებელია თანამშრომლობა სტანდარტებთან, ვეტერინარულ საკითხებთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რათა მომზადდეს ნიადაგი მომავალში სოფლის მეურნეობის ლიბერალიზაციის თაობაზე მოლაპარაკებებისთვის; ზოგიერთი ასპექტი, როგორიც არის, მაგალითად, ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლა, ქვერეგიონულ დონეზე უნდა მოგვარდეს.
ხელი შეეწყობა პროექტებს, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანებს შორის კავშირების გაღრმავებას. ამის მიზანია, დახმარება გაეწიოს სამოქალაქო საზოგადოების იმ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების პატივისცემას და დემოკრატიზაციას. ზემოხსენებული პროექტების მიზანია, აგრეთვე, ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობისა და კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა საგანმანათლებლო და ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების მეშვეობით, ადამიანური რესურსების მობილურობა და კვალიფიკაციის გამჭვირვალობა.
![]() |
18 ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მხარდაჭერა |
▲ზევით დაბრუნება |
არსებული ფინანსური დახმარება იმ ქვეყნებისათვის, რომლებზეც ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ვრცელდება.
უკანასკნელ წლებში ევროკავშირმა სერიოზული ფინანსური დახმარება გამოუყო იმ ქვეყნებს, რომლებზეც ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ვრცელდება. გრანტების სახით დახმარება რუსეთისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დასავლეთი ნაწილისთვის უმთავრესად პროგრამა „Tacis“-ის მეშვეობით ხორციელდება, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებისათვის- პროგრამა „MEDA“-ს მეშვეობით. ამ პროგრამების საშუალებით 2000-2003 წლებში გამოყოფილი დახმარება 3716,1 მილიონ ევროს უტოლდება (ქვეყნების მიხედვით განხილვა მოცემულია დანართის სახით). „ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში“, რომლის მიზანია მესამე სამყაროს ქვეყნებში თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემისა და კანონის უზენაესობის პრინციპების დამკვიდრება, უზრუნველყოფს დაფინანსებას იმგვარი საქმიანობისთვის, რომელიც უმთავრესად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით ხორციელდება. 2000-2003 წლებში რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დასავლეთ ნაწილში განხორციელებული პროექტებისათვის 19,3 მილიონი ევრო იქნა გამოყოფილი, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში განხორციელებული პროექტებისათვის - 41,4 მილიონი ევრო. ევროპის საინვესტიციო ბანკი ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებს აძლევდა სესხებს (2000-2003 წლებში გამოუყო 3445 მილიონი ევრო). 2002 წლიდან სასესხო ოპერაციები ევროკავშირის მხრიდან დახმარების წყალობით გაფართოვდა და დაემატა კერძო სექტორზე ორიენტირებული „მექანიზმი ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობისთვის“. 2001 წლიდან დაიწყო სესხების გაცემა რუსეთისთვის საგანგებო მანდატის ფარგლებში, მთლიანობაში 100 მილიონი ევროს ოდენობით, „ჩრდილოეთის განზომილების“ („Northern Dimension“) კონტექსტში რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში გარემოსდაცვითი პროექტების დასაფინანსებლად.
მესამე სამყაროს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც განიცდიდნენ სავალდებულო გადასახადთა ნაშთის დაფინანსების განსაკუთრებულ საჭიროებებს, უზრუნველყოფილი იყო მაკროფინანსური დახმარება. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნებში ოპარაციები 2002 წელს დამტკიცებული იქნა უკრაინისთვის (110 მილიონი ევრო) და მოლდოვასთვის (15 მილიონი ევრო), თუმცა ეს თანხები ჯერ არ არის გამოყოფილი.
2000-2003 წლების პერიოდში ევროკავშირმა გასცა 277 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება იმ ქვეყნებისთვის, რომლებზეც ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ვრცელდება და რომლებიც საგანგებო სიტუაციებს განიცდიდნენ, უზრუნველყო, აგრეთვე, 103,5 მილიონი ევროს ოდენობის სასურსათო დახმარება.
![]() |
19 არსებული ინსტრუმენტების დაკავშირება პოლიტიკასთან |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პატივმოყვრულ მისწრაფებებს უნდა შეესატყვისებოდეს შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ეს ასახულია ევროკომისიის წინადადებაში შემდეგი ფინანსური პერსპექტივების თაობაზე,1 რომელიც ამ პოლიტიკას მნიშვნელოვან პრიორიტეტად მიიჩნევს. კომისიამ წამოჭრა წინადადება, რომ ჰარმონიზებულ ინსტრუმენტთა ახალი წყება ხელს შეუწყობს მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის (მათ შორის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებზეც ამჟამად პროგრამები „Tacis“ და „MEDA“ ვრცელდება) დახმარების გაწევას. ეს ინსტრუმენტები იმგვარად შემუშავდება, რომ ხელი შეეწყოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას და ამ მიზნით გამოიყოფა სათანადო ფინანსური სახსრები. „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი“ თავდაპირველად ევროკომისიის 2003 წლის მარტის რეკომენდაციაში იქნა გათვალისწინებული, ხოლო მისი შემდგომი განვითარება 2003 წლის ივლისის რეკომენდაციაში „ახალი სამეზობლო ინსტრუმენტის შემოღებისთვის მომზადება“ მოხდა.2 რიგი გადასაწყვეტი სამართლებრივი და საბიუჯეტო საკითხის გათვალისწინებით რეკომენდაციაში დაისახა ორფაზიანი მიდგომა. ამ მიდგომის საფუძველზე 2004-2006 წლებისათვის შემოღებული იქნა სამეზობლო პროგრამები, რომლებსაც საფუძვლად დაედო არსებულ ინსტრუმენტებს შორის გაზრდილი კოორდინირება, ხოლო 2006 წლის შემდგომი პერიოდისთვის გათვალისწინებული იქნა ახალი სამეზობლო ინსტრუმენტის შემოღება.
2003 წლის ივლისის რეკომენდაციის საფუძველზე განისაზღვრა რესურსები არსებული ფინანსური ინსტრუმენტების ფარგლებში სამეზობლო პროგრამებისთვის. 2004-06 წლებისთვის მთლიანი დაფინანსება საგარეო დახმარებაზე მიმართული ინსტრუმენტების საფუძველზე 255 მილიონ ევროს შეადგენს (75 მილიონი „Tacis“-ისთვის, 90 მილიონი „Phare“-ისთვის, 45 მილიონი „CARDS“-ისთვის და 45 მილიონი „MEDA“-სთვის). დაახლოებით 700 მილიონი ევრო გამოიყოფა ევროკავშირის შიდა საზღვრებისათვის პროგრამა „Interreg“ - ის საფუძველზე. 2003 წლის ოქტომბერში შესწორდა დადგენილება „Phare-CBC“ და მასში ჩართული იქნა რუმინეთისა და ბულგარეთის გარე საზღვრები. 2003 წლის ნოემბერში ევროკომისიამ მიიღო პროგრამა „Tacis CBC“, რომელიც ვრცელდება საზღვრებზე გაფართოებულ ევროკავშირსა და რუსეთს, უკრაინას, ბელარუსსა და მოლდოვას შორის. მალე დასრულდება მუშაობა პროცედურების ჰარმონიზებაზე. პროგრამების შემუშავება ყველა საზღვრისთვის 2004 წლის ივნისისთვის უნდა დასრულდეს. დაარსებულია ერთობლივი მართვის სტრუქტურები. წინადადებების შემოტანის თაობაზე პირველი განცხადებები 2004 წლის ივლისში გამოქვეყნდება.
2007 წლამდე პარტნიორი ქვეყნებისთვის ფინანსური დახმარების ძირითადი ინსტრუმენტები პროგრამები „Tacis“ და „MEDA“ იქნება. ეს პროგრამები უზრუნველყოფს დახმარებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკისთვის, კერძოდ კი სამოქმედო გეგმების განხორციელებისთვის. ხდება ეროვნული პროგრამების მისადაგება 2005-6 წლებისთვის, რათა აისახოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტები. საგანგებო ყურადღება დაეთმობა ინსტიტუტების განვითარებას. პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების საინფორმაციო გაცვლის ოფისის (TAIEX) მიერ უზრუნველყოფილ დახმარებასთან ერთად გაეწევათ ინსტიტუციური და ტექნიკური დახმარება.
რეგიონული და საზღვრისპირა თანამშრომლობა კვლავ მიიღებს თანამეგობრობის მიზნობრივ დახმარებას. „MEDA“-ს და „Tacis“-ის რეგიონული პროგრამები 2005-2006 წლებისათვის უზრუნველყოფს დახმარებას ევროპის სამეზობლო პოლიტიკის რეგიონული ასპექტისათვის.
2007 წლიდან ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს როგორც საზღვრისპირა თანამშრომლობის, ისე რეგიონული თანამშრომლობის პროექტებს, რომლებშიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც მიიღებენ მონაწილეობას და პარტნიორი ქვეყნებიც. გარდა ამისა, შემდგომი ფინანსური პერსპექტივის თაობაზე ევროკომისიის რეკომენდაციაში შემოთავაზებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ინსტრუმენტი გაითვალისწინებს როგორც რეგიონულ, ისე საზღვრისპირა თანამშრომლობას პარტნიორ ქვეყნებს შორის.
გაიზარდა, აგრეთვე, ევროპის საინვესტიციო ბანკის გასესხების შესაძლებლობაც. 2003 წლის ნოემბერში, ევროპის საინვესტიციო ბანკის საგარეო სესხების გაცემის მანდატის საშუალოვადიანი გადასინჯვის კონტექსტში, საბჭო დაეთანხმა ევროკომისიის წინადადებას, ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებისთვის სესხების გაცემის ზედა ზღვარი 2 180 მილიონ ევროთი გაზრდილიყო. გარდა ამისა, გადაწყდა ევროპის საინვესტიციო ბანკის გასესხების მანდატის პირობითი გაფართოება რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დასავლეთ ნაწილზე გასავრცელებლად. მანდატის ამგვარი გაფართოება საშუალებას მისცემს ევროპის საინვესტიციო ბანკს, 2006 წლის ბოლომდე გასცეს 500 მილიონ ევრომდე ოდენობის სესხები სექტორული შეზღუდვების გარეშე. ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველი მომზადების პროცესშია. მიმდინარეობს კონსულტაციები ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რათა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნების დახმარების საჭიროება სათანადოდ აისახოს გასესხების მანდატების შემდეგ თაობაში.
ზოგადად ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და კერძოდ სამოქმედო გეგმები უზრუნველყოფს სახელმძღვანელო სტრუქტურას ფინანსური დახმარების სხვა ინსტრუმენტებისთვის. როდესაც არ უნდა მოხდეს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პარტნიორ ქვეყნებთან მომავალი მაკროფინანსური დახმარების ოპერაციებისა და მაკროეკონომიკური მიზნების მქონე სხვა ოპერაციების თაობაზე მოლაპარაკება, ევროკომისიას მიაჩნია, რომ პირობითობის ელემენტი უნდა დაეყრდნოს ეკონომიკურ პრიორიტეტებს და სამოქმედო გეგმებში გათვალისწინებულ ღონისძიებებს და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს, რომ ამ სახის დახმარება დამატებითი სტიმული გახდეს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გასატარებლად.
პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობაში მოხდება პროგრამის „ევროპული ინიციატივა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში“ ფარგლებში დაგეგმვაც და ეს პროგრამა დახმარებას გაუწევს სამოქალაქო საზოგადოებას ისეთ სფეროებში, როგორიც არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. მიმდინარეობს მუშაობა 2005 წლიდან რეგიონულ საფუძველზე დახმარების შესაძლებლობის განხილვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წარმოებს კონსულტაციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო დაწესებულებებთან პროგრამების უკეთესი კოორდინირების უზრუნველსაყოფად.
________________________
1. COM(2004) 101, 2004 წლის 11 თებერვალი, „ჩვენი საერთო მომავლის მშენებლობა: გაფართოებული ევროკავშირის პოლიტიკური პრობლემები და საბიუჯეტო საშუალებები 2007-2013 წლებში”.
2. COM(2003) 393, 2003 წლის 1 ივლისი.
![]() |
20 ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი |
▲ზევით დაბრუნება |
თავის წინადადებაში 2007-2013 წლების ფინანსური პერსპექტივის თაობაზე ევროკომისიამ ჩართო ახალი „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი“. ეს არის ერთი იმ ექვსი ფინანსური ინსტრუმენტიდან, რომლებმაც უნდა იმოქმედოს საგარეო ურთიერთობათა სფეროში 2006 წლის შემდეგ.
ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი განავრცობს არსებული ფინანსური ინსტრუმენტების თუ მათ ნაცვლად შექმნილი ინსტრუმენტების საფუძველზე გაწეულ დახმარებას და კონცენტრირებული იქნება უმთავრესად საზღვრისპირა თანამშრომლობასა და ამასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე. ევროკომისიას განზრახული აქვს, წამოაყენოს დადგენილების პროექტი, რომელიც იქნება ნაწილი შემდგომ ფინანსურ პერსპექტივაში მოქმედი ფინანსური ინსტრუმენტების თაობაზე წინადადებათა პაკეტისა.
2003 წლის ივლისის რეკომენდაციაში დასახულია სამი ალტერნატიული ვარიანტი, რომლებიც განხილული უნდა იქნეს ახალი სამეზობლო ინსტრუმენტის შესამუშავებლად:
ა. თანამშრომლობის არსებული ინსტრუმენტის შინაარსისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოება;
ბ. შემუშავება ერთი იმგვარი ახალი დადგენილებისა, რომელიც არეგულირებს ევროკავშირის ფარგლებში და მის საზღვრებს გარეთ საქმიანობის დასაფინანსებლად განკუთვნილ სამეზობლო ინსტრუმენტს;
გ. ყურადღების გამახვილება არსებულ ინსტრუმენტებს შორის კოორდინაციაზე.
ამ ვარიანტების განხილვის შემდეგ ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ა ვარიანტი სრულად არ შეესაბამება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტის შემოღების ამოცანას, რომელიც გააერთიანებს საგარეო პოლიტიკის მიზნებს და ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებს. გარდა ამისა, კომისიამ მიიჩნია, რომ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტს შორის კოორდინაციის შესაძლებლობები შეზღუდულია (გ ვარიანტი).
ამიტომ ბ ვარიანტი ყველაზე უკეთ შეესაბამება შემოთავაზებული ინსტრუმენტის ხასიათს და იძლევა ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობას კოორდინაციის თვალსაზრისით არსებული პრობლემების გვერდის ავლით. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი ვრცელდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ღონისძიებებზე, კომისია გვთავაზობს ბიუჯეტის ერთი თავის გამოყენებას და ინსტრუმენტის მთელი თანხის დასაფინანსებლად თანხების გადმოზიდვას შემოთავაზებული ახალი „ფინანსური პერსპექტივების“ ურთიერთკავშირებისა და საგარეო პოლიტიკის მუხლებიდან. ამ ინსტრუმენტის ფუნქციონირება მოხდება მართვის ერთი მექანიზმის და პროცედურების ერთი წყების მეშვეობით.
![]() |
20.1 სამართლებრივი საფუძველი |
▲ზევით დაბრუნება |
არ არსებობს სამართლებრივი პრეცედენტები ორმაგი ხასიათის ისეთი ინსტრუმენტისათვის, რომელიც ვრცელდება საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკურ და სოციალურ კავშირებზე ევროკავშირის ფარგლებში და რომლის მიზანია ევროკავშირის გარე საზღვრის ორ მხარეს თანაბარ საფუძველზე ფუნქციონირება. ევროკომისიის აზრით, ახალი სამეზობლო ინსტრუმენტის შესაბამის სამართლებრივ ბაზად შეიძლება გამოდგეს ევროპის თანამეგობრობის შესახებ ხელშეკრულების მუხლი 181ა, ვინაიდან ეს ინსტრუმენტი გახდება მეზობელი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის მნიშვნელოვანი მექანიზმი. რადგან ეს მუხლი ეხება მესამე სამყაროს ქვეყნებთან თანამშრომლობას, მის საფუძველზე შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი ღონისძიებების დაფინანსება, რომლებიც თავისი ხასიათით ერთობლივია და ვრცელდება ბენეფიციარებზე როგორც წევრი სახელმწიფოებიდან, ისე პარტნიორი ქვეყნებიდან. ღონისძიებათა შედეგებით მოტანილ სარგებელს შესაბამის ტერიტორიებზე ექნება ადგილი, მიუხედავად იმისა, ეს ტერიტორიები ევროკავშირის ფარგლებშია განლაგებული თუ მის საზღვრებს გარეთ. ინსტრუმენტი დაეყრდნობა საზღვრისპირა თანამშრომლობის არსებული პროგრამების პრინციპებს, როგორიც არის, მაგალითად, პარტნიორობა, მრავალ წელიწადზე გათვლილი დაგეგმვა და თანადაფინანსება.
![]() |
20.2 გეოგრაფიული გავრცელება |
▲ზევით დაბრუნება |
2003 წლის ივლისის რეკომენდაციაზე დაყრდნობით ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი გავრცელდება ყველა საზღვარზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ერთი მხრივ, და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ინსტრუმენტი ხელს შეუწყობს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარებს თუნდაც ერთ წევრ სახელმწიფოსა და ერთ პარტნიორ ქვეყანაში, და ჩაენაცვლება შიდა და გარე საზღვრისპირა თანამშრომლობის არსებულ პროგრამებს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორი ქვეყნების იმ რეგიონებში, რომლებიც ევროკავშირის მომავალი გარე საზღვრის მეზობლად მდებარეობენ.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი იქნება ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც საგანგებოდ მიესადაგება ევროკავშირის გარე საზღვრების გასწვრივ თანამშრომლობის სპეციფიკას, შესაძლებელია შესაბამისი დადგენილების შემუშავებისას განხილული იქნეს ინსტრუმენტის გეოგრაფიული მასშტაბის გაფართოების შესაძლებლობა, რათა მასში ჩართული იქნენ კანდიდატი და კანდიდატობის წინა ეტაპზე მყოფი ქვეყნები.
![]() |
20.3 ახალი სამეზობლო ინსტრუმენტის ძირითადი ელემენტები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი 2004-2006 წლებისთვის სამეზობლო პროგრამების შემუშავებისას მიღებულ გამოცდილებას დაეყრდნობა. ყურადღება გამახვილდება 2003 წლის ივლისის რეკომენდაციაში განსაზღვრულ ოთხ უმთავრეს მიზანზე. ეს მიზნებია:
- საერთო საზღვრის ორსავე მხარეს მდებარე რეგიონებში სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა;
- ერთობლივი ღონისძიებების მეშვეობით თანამშრომლობა საერთო ინტერესის მქონე პრობლემების გადასაჭრელად ისეთ სფეროებში, როგორიც არის გარემოს დაცვა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილება და მასთან ბრძოლა;
- ერთობლივი ღონისძიებების მეშვეობით ეფექტიანი და უსაფრთხო საერთო საზღვრების არსებობის უზრუნველყოფა;
- საზღვრების პირას ადამიანების ადგილობრივი კონტაქტების დამყარების ღონისძიებათა ხელშეწყობა.
ამ სტრუქტურის ფარგლებში მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნების პრიორიტეტების საკმარისად გათვალისწინების უზრუნველყოფა. ეს განსაკუთრებით შეეხება ხმელთაშუაზღვისპირა რეგიონს, სადაც პრიორიტეტების დასახვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ასოცირების შეთანხმებების ფარგლებში და ევროპა-ხმელთაშუაზღვისპირეთის პარტნიორობის მინისტრთა კონფერენციების (რომლებიც ბარსელონის პროცესის ნაწილს წარმოადგენს) მეშვეობით ჩამოყალიბებული სტრატეგიული სტრუქტურა.
ამ მხრივ ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი დააფინანსებს როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისე პარტნიორი ქვეყნების მიერ შემოთავაზებულ და მათთვის სასარგებლო ერთობლივ პროექტებს. ეს ინსტრუმენტი გააფართოებს იმ დამფინანსებელი ინსტრუმენტების მიერ უზრუნველყოფილ საგარეო და საშინაო დახმარებას, რომელთაც ევროკავშირის საზღვრების მხოლოდ ერთ მხარეს ძალუძთ ფუნქციონირება.
ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტი ორი დამოუკიდებელი საფინანსო წყაროს მეშვეობით იმოქმედებს:
პირველი წყარო დახმარებას გაუწევს საზღვრისპირა თანამშრომლობას და ყველა შესაბამის სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე გავრცელდება.1 პროგრამები უმთავრესად ორმხრივი იქნება, თუმცა შესაძლებელია პროგრამების დაარსება მრავალი მხარისთვისაც, კერძოდ, ეს შეიძლება გაკეთდეს იმ საზღვაო საზღვრებისთვის, სადაც მანძილი და სხვა ფაქტორები არ იძლევა ეფექტიანი ორმხრივი საზღვრისპირა თანამშრომლობის საშუალებას. ცალკეული საზღვრებისა თუ საზღვართა ჯგუფებისთვის დაარსდება მრავალწლიანი პროგრამები, რომლებსაც შეიმუშავებენ შესაბამისი პარტნიორები საზღვრის ორსავე მხარეს მდებარე ბენეფიციარი ქვეყნებიდან.
ხელმძღავენლობას ევროკომისია დააკისრებს მმართველ ორგანოს, რომელიც იმუშავებს ერთობლივი მართვის ან სხვა შესაბამისი მექანიზმების საფუძველზე. პროექტების შერჩევა და პროგრამების განხორციელება მოხდება ერთობლივი სტრუქტურების მეშვეობით. ამ სტრუქტურებში შევლენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები.
მეორე წყარო უზრუნველყოფს შედარებით მოქნილ დახმარებას უფრო ფართო ტრანსნაციონალური თანამშრომლობისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ისე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და ბენეფიციარები. თანამშრომლობა უმთავრესად კონცენტრირებული იქნება კონკრეტულ თემებზე, რომლებიც განისაზღვრება დადგენილებაში საერთო პრობლემებზე დაყრდნობით ისეთ სფეროებში, როგორიც არის გარემოს დაცვა, ენერგეტიკულ, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ორგანიზებული დანაშაულის თავიდან აცილება და მასთან ბრძოლა. ევროკომისიას ექნება შესაძლებლობა, დაადგინოს, შეარჩიოს და დასაფინანსებლად შემოგვთავაზოს განსაკუთრებული ტექნიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე პროექტები. პროექტები გავრცელდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთელ ტერიტორიაზე და პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიათა შესაბამის ნაწილებზე. პროგრამების დაგეგმვა ცენტრალიზებულად მოხდება ევროკომისიაში. ცენტრალიზებული იქნება განხორციელებაც, თუმცა შეიძლება განხილული იქნეს არაპირდაპირი მართვის შესაძლებლობაც ხელმძღვანელობის დელეგირებით გარე ორგანოებისთვის (როგორიც არის, მაგალითად, აღამასრულებელი უწყებები).
______________________
1. პირველი წყაროს საფუძველზე თანამშრომლობა, ჩვეულებრივ, მოხდება „NUTS III“ დონეზე გარდა მრავალ მხარეს შორის წარმოებული საზღვაო პროგრამებისა. ამ შემთხვევაში ნებადართული იქნება თანამშრომლობა „NUTS II“ დონეზე.
![]() |
20.4 ბიუჯეტი |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკომისიას განზრახული აქვს, წამოჭრას წინადადება სამეზობლო პროგრამებისთვის 2004-2006 წლების პერიოდისთვის გამოყოფილ თანხებთან შედარებით ინსტრუმენტისთვის გამოსაყოფი წლიური თანხების მნიშვნელოვანი გაზრდის თაობაზე.
ის, თუ როგორ განაწილდება დაფინანსება ორ წყაროს შორის, შედარებით გვიანდელ ეტაპზე გადაწყდება და ამ დროს გათვალისწინებული იქნება თანამშრომლობის ორი სახის შეფარდებითი მნიშვნელობა, სხვადასხვა საზღვრების კონკრეტული მახასიათებლები, გეოგრაფიულ ტერიტორიებს შორის დაფინანსების განაწილებაში სათანადო წონასწორობის არსებობის სასურველობა და პროგრამების განხორციელებასა და მართვაში ევროკომისიის პირდაპირი მონაწილეობის შეზღუდვის საჭიროება. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ფონდების უმიზნოდ ხარჯვის შესაძლებლობები და დაჯილდოვდეს კარგი შესრულება, შემუშავდება დებულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება წყაროებს შორის, თავად წყაროებში (პროგრამებსა და პროექტებს შორის) ფონდების გადანაწილება.
პირველი წყაროს ფარგლებში თანხების გამოყოფა ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება იმ პროგრამებისათვის, რომლებიც ერთ საზღვარსა თუ საზღვართა ჯგუფზე ვრცელდება. თანხების გამოყოფისას გათვალისწინებული იქნება, აგრეთვე, საზღვრების კონკრეტული მახასიათებლები და თანხების უმიზნოდ ხარჯვის პოტენციური შესაძლებლობა.
![]() |
21 დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროკომისია მოუწოდებს საბჭოს, დაამტკიცოს წინამდებარე რეკომენდაციაში განხილული მიმართულებები და გამოიტანოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით უნდა განხორციელდეს ეს ინიციატივა; ყურადღება უნდა გამახვილდეს პოტენციური სამოქმედო გეგმების არსზე და იმ ქვეყნებზე, რომლებისთვისაც ეს გეგმები უნდა მომზადდეს საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით.
ამის გათვალისწინებით ევროკომისია, თავმჯდომარე ქვეყანასა და უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად, დაუკავშირდება მონაწილე ქვეყნებს, რათა 2004 წლის ივლისის ბოლოსთვის დასრულდეს სამოქმედო გეგმებზე მუშაობა. წევრ ქვეყნებს მიაწვდიან სრულ ინფორმაციას აღნიშნული კონსულტაციების მიმდინარეობის თაობაზე.
ევროკომისია რეკომენდაციას უწევს სამოქმედო გეგმების მიღების მიზნით შესაბამისი ასოცირებული და თანაშმრომლობის საბჭოების მოწვევას.
სამოქმედო გეგმების მონიტორინგი და განხორციელება მოხდება შესაბამისი ასოცირებისა თუ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე დაარსებულ დაწესებულებებში.
მის მიერ მონიტორინგის პროცესის შედეგების შეფასებასა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ევროკომისია, რომელსაც პოლიტიკურ თანამშრომლობასთან და საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებში დახმარებას გაუწევს უმაღლესი წარმომადგენელი, წარმოადგენს ორი წლის განმავლობაში მიღწეული წინსვლის საშუალოვადიან განხილვას და შემდგომ განხილვას თითოეული სამოქმედო გეგმის ოფიციალური დამტკიცებიდან სამი წლის განმავლობაში.
ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება თითოეულ პარტნიორთან ევროკავშირის სახელშეკრულებო კავშირების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული განხილვების გათვალისწინებით იქნეს მიღებული.
ევროკომისია საბჭოს წარუდგენს წინადადებას, რომელიც აუცილებელია წინამდებარე რეკომენდაციაში აღნიშნული ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის დასაარსებლად. ამ ინსტრუმენტის ამოქმედებამდე ევროკავშირი გააგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან სამეზობლო პროგრამების შემუშავებას არსებული ფინანსური ინსტრუმენტების ფარგლებში.
ევროკომისია ხელს შეუწყობს პარტნიორ ქვეყნებს შორის რეგიონულ და ქვერეგიონულ თანამშრომლობას წინამდებარე რეკომენდაციაში მოცემული მიმართულებების საფუძველზე.
![]() |
22 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
„MEDA“-ს და „Tacis“-ის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნებისათვის 2000-2003 წლებში გამოყოფილი
ქვეყანა |
თანხა 2000-2003 მილიონი ევრო |
ქვეყნები, რომლებზეც პროგრამა „Tacis“ ვრცელდება |
|
რუსეთი |
599.6 |
უკრაინა |
435.6 |
მოლდოვა |
46 |
ბელარუსი |
10 |
პროგრამები მრავალი ქვეყნის მონაწილეობით |
241 |
სულ „Tacis“ |
1332.2 |
ქვეყნები, რომლებზეც პროგრამა „Meda“ ვრცელდება |
|
ალჟირი |
181.8 |
ეგვიპტე |
194.5 |
იორდანია |
169.4 |
ლიბანი |
55.7 |
მაროკო |
525.3 |
სირია |
82.7 |
ტუნისი |
306.6 |
დასავლეთ სანაპირო და ღაზას სექტორი |
277.8 |
რეგიონული პროგრამები |
590.1 |
სულ „Meda“ |
1383.9 |
ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორები, 2002ძირითადი 2002 მსოფლიო ბანკის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით
16 EBRD მთავრობის ზოგადი ნაშთი
17 მთავრობის ზოგადი ნაშთი
18 EBRD TRU 2004.
19 EBRD
უმთავრესი საერთაშორისო კონვენციები: რატიფიცირების მხრივ არსებული მდგომარეობა
R: რატიფიცირებულია, S: ხელმოწერილია, მაგრამ არ არის რატიფიცირებულია, №შ: არ არის ხელმოწერილი
R: რატიფიცირებულია, S: ხელმოწერილია, მაგრამ არ არის რატიფიცირებულია, №შ: არ არის ხელმოწერილი
na: არ შეესაბამება
20. ალჟირი, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, მაროკო, სირია, გარდა კონვენციის 1995 წლის შესწორებებისა. ალჟირი, ისრაელი, ლიბანი, ლიბია, სირია, გარდა პროტოკოლისა საგანგებოდ დაცული ტერიტორიების შესახებ, გარდა ახალი პროტოკოლისა გაუთვალისწინებელი სიტუაციების შესახებ, გარდა დემპინგის თაობაზე პროტოკოლის შესწორებებისა, გარდა სახმელეთო წყაროების თაობაზე პროტოკოლის შესწორებებისა. ეგვიპტე, გარდა პროტოკოლისა საგანგებოდ დაცული ტერიტორიების შესახებ, გარდა სახმელეთო წყაროების თაობაზე პროტოკოლის შესწორებებისა.
21. მაროკო, გარდა საგანგებოდ დაცული ტერიტორიების შესახებ პროტოკოლისა, გარდა ახალი პროტოკოლისა გაუთვალისწინებელი სიტუაციების შესახებ. ტუნისი, გარდა ახალი პროტოკოლისა გაუთვალისწინებელი სიტუაციების შესახებ.