The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

რეკომენდაციები ინკლუზიური განათლებისთვის (მშობლიური ენის სწავლება II-III კლასებში)

რეკომენდაციები ინკლუზიური განათლებისთვის (მშობლიური ენის სწავლება II-III კლასებში)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: კოტეტიშვილი იათამზე , ჯალაღანია ირინე , კეკენაძე თადული
თემატური კატალოგი განათლება|ინკლუზიური განათლება
წყარო: კოტეტიშვილი იათამზე ჯალაღანია ირინე კეკენაძე თადული
    რეკომენდაციები ინკლუზიური განათლებისათვის : მშობლ. ენის სწავლება 2-3 კლ. / იათამზე კოტეტიშვილი, ირინე ჯალაღანია, თადული კეკენაძე ; "ბავშვი და გარემო" - თბ., 2005 - 14გვ. ; 30სმ. - : [ფ. ა.]   [MFN: 132456]
 
UDC:  811.353.1(072) + 37.016:81-028.31
K 25.329/4 - საერთო ფონდი
F 8.321/4 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ბავშვი და გარემო
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: შემდგენელები: იათამზე კოტეტიშვილი ირინე ჯალაღანია თადული კეკენაძე კონსულტანტი: თამარ მეიფარიანი პროექტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის Unicef - ის ფინანსური მხარდაჭერით. შემსრულებელი ორგანიზაცია ,,ბავშვი და გარემო“ თბილისი 2005



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


I კლასის ბოლოს მოსწავლეებს ფაქტობრივად უკვე დაძლეული აქვთ წერ-კითხვის სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები. მათ შეუძლიათ სიტყვების, წინადადებების ჩაწერა და ამოკითხვა. თუმცა იგივე სამუშაო უნარშეზღუდული ბავშვისთვის შეიძლება ძნელად შესასრულებელ საქმედ დარჩეს II-III კლასებშიც კი. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, კორექციულმა მასწავლებელმა კლასგარეშე მუშაობისას იგი ამ კუთხით ავარჯიშოს.

სავარჯიშოები და რეკომენდაციები, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ, დაეხმარება უნარშეზღუდულ ბავშვს თანდათან დაძლიოს წერა-კითხვასთან დაკავშირებული სიძნელეები. რეკომენდაციები მიზნად ისახავს მოამზადოს ბავშვი იმ სამუშაოსათვის, რომელიც მას კლასში ელის და რომელიც მან სხვა მოსწავლეებთან ერთად უნდა შეასრულოს.

გაკვეთილისათვის მომზადება კორექციულმა პედაგოგმა ისე არ უნდა გაიგოს, როგორც უნარშეზღუდული ბავშვისათვის იმ გაკევთილის წინასწარ სწავლება, რომელიც მასწავლებელმა მას შემდეგ, კლასში უნდა აუხსნას. ასეთ შემთხვევაში ის, რაც გაკვეთილზე მოხდება, მისთვის სიახლესა და ინტერესს დაკარგავს და აქედან გამომდინარე, მის პასიურობას გამოიწვევს.

უნარშეზღუდული ბავშვის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა და მისი აქტიურობა საკმაოდ რთული ამოცანაა და იგი არა მხოლოდ კორექციული პედაგოგის, არამედ სკოლის მასწავლებლის პრობლემასაც წარმოადგენს. კლასის მასწავლებელმა იმგვარად უნდა ააგოს გაკვეთილი, რომ ახსნილი მასალა საინტერესო და დასაძლევი გახდეს მთელი კლასისთვის და მათ შორის უნარშეზღუდული ბავშვისთვის. ამაში მას დაეხმარება ინტერაქტიური, ანუ განვითარებული, ანუ ბავშვზე ორიენტირებული მეთოდიკა, რომლის გამოყენება კლასში მყოფ ნებისმიერ მოსწავლეს თავს ამ საკლასო საზოგადოების სრულუფლებიან წევრად აგრძნობინებს და თითოეული მათგანის ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენასა და გამომჟღავნებას უზრუნველყოფს.

ვიმედოვნებთ, პედაგოგებისთვის საინტერესო იქნება რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს სკოლებში მოქმედი მშობლიური ენის II და III კლასების სახელმძღვანელოებიდან შერჩეული ტექსტების გაანალიზების საფუძველზე იქნა შჶმუშავებული და რომლებიც ნებისმიერი ანალოგიური სასწავლო მასალის დაგეგმვისა და სწავლებისას გამოადგებათ.

2 ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება

▲ზევით დაბრუნება


დაწყებით კლასებში კითხვის სწავლებაზე არანაკლებ რთულ პრობლემას წარმოადგენს წერითი მეტყველების განვითარება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კითხვა მხოლოდ ასოების დამახსოვრება და მათი ამოკითხვა როდია. ბავშვი იოლად იმახსოვრებს და ასხვავებს მათ ერთმანეთისაგან, მაგრამ უჭირს ასოების შეერთება და მათი ერთად წარმოთქმა, ანუ სიტყვის ამოკითხვა.

ეს პროცესი კიდევ რთულდება წერისას, თუ კითხვისას ბავშვი აერთებს და ერთად წარმოთქვამს იმ ასოებს, რომელთაც ხედავს, წერისას ის ჯერ სიტყვას წარმოადგენს, შემდეგ შლის მას ასოებად და მათ თანმიმდევრულად ჩაიწერს. გამორიცხული არ არის, რომ ამ რთული ამოცანის შესრულებისას მას ზოგი ასო გამორჩეს. როგორც წესი, ეს ხმოვნებია. ბავშვის ყურადღებას იპყრობს თანხმოვნები, ანუ იგი ახერხებს სამუშაოს ერთი ეტაპის შესრულებას - წერს თანხმოვნებს, თუ მასწავლებელი მარცვალ-მარცვალ, გარკვევით ხელმეორედ წაუიკთხავს სიტყვას, მოსწავლე ამატებს გამოტოვებულ ხმოვნებს. ბავშვი სამუშაოს თიღქოს 2 ეტაპად ასრულებს: ჯერ თანხმოვნებს აფიქსირებს, შემდეგ მათ ხმოვნებსაც მიუწერს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც კითხვის, ისე წერის სწავლება იოლი არც ერთი ბავშვისთვის არ არის, მაგრამ თუ მათი უმრავლესობა I კლასის ბოლოს მეტნაკლები წარმატებით ართმევს თავს ამ ამოცანას, უნარშეზღუდული ბავშვისათვის სიტყვების სწორად დაწერა II და III კლასშიც პრობლემას წარმოადგენს. მას ისევე უჭირს ასოებისაგან მარცვლების შექმნა და დაწერა, როგორც წაკითხვა, შეიძლება ითქვას, უფრო მეტადაც კი, რადგანაც თუ კითხვისას ამ ასოებს თვალით ხედავს, წერისას მათი გახსენება, წარმოდგენა და დაკავშირება-შეერთება უხდება.

II, III კლასელმა უნარშეზღუდულმა ბავშვმა შეიძლება უშეცდომოდ გადაიწეროს მთელი წინადადება წიგნიდან, მაგრამ კარნახის დროს ბევრ შეცდომას უშვებს.

I კლასში მასწავლებელი მოსწავლეებს ავარჯიშებს მარცვლების წარმოთქმა-ჩაწერაში. სასურველია, თუ მასწავლებელი ამ სამუშაოს უნარშეზღუდულ ბავშვთან კლასგარეშე მეცადინეობის დროს II, III კლასშიც განაგრძობს. ოღონდ სასურველია, თუ ამ მოსაწყენ და მონოტონურ სავარჯიშოს რაიმე დატვირთვას შესძენს და გაახალისებს, მაგალითად შეიძლება უამბოს ამბავი, ზღაპარი, სადაც ბუნების მოვლენების ან მოქმედი გმირების (საგნების) აღწერისას ერთგვაროვან მარცვლებს გამოიყენებს. თუნდაც როგორ მღერის ბროლის კოშკში გამომწყვდეული მზეთუნახავი (ლა-ლალა, ლე-ლე-ლე, ლო-ლო-ლო, ლუ-ლუ-ლუ), მას ზღვის გაღმიდან ეხმიანება მზეჭაბუკი (რა-რა, რი-რი, რე-რე, რო-რო, რუ-რუ), როგორ სისინებს ქარი, სიო (სი-სი-სი, სო-სო...), როგორ ბრაზობს ქალის მამა (მა-მა-მა, მუ-მუ-მუ...), როგორ ამშვიდებს მას დედა (დე-დე-დო, დო-დე-დუ) და ა.შ.

ბავშვებს მოსწონთ ამგვარი გათამაშება და თვითონაც სიამოვნებით მონაწილეობენ მასში. კიდევ უფრო გახალისდებიან, თუ შევთავაზებთ რაიმე მელოდიას ააყოლონ ხმა, ხოლო, რაც მათ ახალისებთ და სიამოვნებთ, იმას იოლად იმახსოვრებენ კიდეც.

ყოველივე ამის შემდეგ მათ უნდა გაუადვილდეთ ჩაიწერონ ის, რაც ყურით ესმით. წარმოდგენა აქც ძნელია, ამიტომ შევთავაზოთ სქემები:

სამუშაო ეტაპობრივად სრულდება:

მასწავლებელი:

0x01 graphic

1) მოდით ერთად დავწეროთ, რას მივიღებთ ამ ასოების შეერთებით? (მასწავლებელი ხელს ადებს ასოებს) - რა, რი, რე, რო, რუ;

2) წარმოვთქვათ ისინი;

3) ახლა სიგრძეზე ჩამოვწეროთ

რა
რი
რე
რო
რუ;

4) რომელი მხარე (რომელი ასო) მეორდება? მარჯვენა თუ მარცხენა? რა ასოა ეს?

5) მოდით, 4-ს მაგივრად სხვა ასო ჩავწეროთ, მაგალითად ს და იგივე გავიმეოროთ და ა.შ.

ეს სავარჯიშო შეიზლება ყველა თანხმოვნის მონაწილეობით შესრულდეს;

6) ახლა ამოვაკითხინოთ და ამოვაწერინოთ ერთნაირი ხმოვანების შემცველი მარცვლები, შემდეგ ვუკარნახოთ.

წერის სწავლება მხოლოდ სიტყვების წერას როდი ნიშნავს.

□ შემდეგ ეტაპზე უნდა ვასწავლოთ სიტყვებისგან წინადადებების შედგენა.

კარგი იქნება თუ ბავშვის თვალნათლივ დავანახებთ, როგორ შეიძლება აიგოს სიტყვებისგან წინადადება. ამისთვის მას ვაძლევთ ფურცლებს, რომლებზედაც სიტყვები წერია. ბავშვმა ისინი იმგვარად უნდა დაალაგოს, რომ მიიღოს წაინადაება,

მაგ: ჩიტები - თბილ - ქვეყნებში - მიფრინავენ

ბავშვი კითხულობს სიტყვებს, ალაგებს მათ, კითხულობს მიღებულ წინადადებას და იწერს რვეულში.

შეგვიძლია სავარჯიშო გავართულოთ:

ბავშვს მივცეთ ფურცელი, რომელზედაც წერია რამდენიმე სიტყვიანი წინადადება, აქედან ერთი სიტყვის ნაცვლად მხოლოდ ასო წერია.

ცაზე მ.. ამოვიდა

□ სამუშაოს შემდეგი ეტაპია წინადადებების ერთმანეთთან დაკავსირება. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სურათის აღწერა.

სურათის აღწერას ბავშვები უკვე მიჩვეული არიან I კლასში. II კლასში ამოცანა უფრო რთულდება :

ბავშვს ვაძლევთ რამდენიმე სურათს (4-5), რომლებზედაც მოქმედება ეტაპობრივად ვითარდება. მას უნდა თანმიმდევრულად დაალაგოს სურათები, აღწეროს და სათაური დაარქვას, ასე ვთქვათ, შეადგინოს პატარა მოთხრობა.

III კლასში შეიძლება ჩავწეროთ ეს წინადადებებში და მათ მოთხრობის სახე მივცეთ.

თუ ამგვარი სავარჯიშო I-II კლასებში მასწავლებლის მიერ მეტყველებისა და აზროვნების გასავითარებლად გამოიყენება, III კლასში იგი შეიძლება თავისუფალი თემის დაწერაში დაგვეხმაროს. მასწავლებელი, ბუნებრივია, აქტიურად წარმართავს ამ პროცესს, რომლის დროსაც ბავშვი ჯერ წარმოთქვამს წინადადებას, შემდეგ რვეულში იწერს მას.

იგივე მიზანს - თავისუფალი თემის დაწერასა და წერითი მეტყველების განვითარებას ემსახურება შემდეგი სავარჯიშოც:

მასწავლებელი ბავშვს აძლევს სათაურს და ჩამოუწერს სიტყვებს, რომელთა გამოყენებითაც ადგენინებს წინადადებებს, რომელთაც მოსწავლე შემდეგ რვეულში ჩაიწერს.

სიტყვებს შეიძლება თან ახლდეს ნახატები, რომელთა დახმარებითაც ბავშვი უკვე წარმოადგენს წინადადებებს, რომელთაც სიტყვებიდან ქმნის და ერთმანეთთან აკავშირებს მათ.

ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ წერითი მეტყველება გვაქვს მაშინ, როდესაც ადამიანი თავის ნააზრევს, განცდებს გარეთ გამოიტანს და ქაღალდზე სიტყევბისა და წინადადებების სახით გამოსახავს. სხვა დანარჩენი საქმიანობა - წიგნიდან ტექსტის გადაწერა, კარნახი და ა.შ. წერითი მეტყველების ტექნიკური მხარეებია, მაგრამ ესენი საკუთრივ წერითი მეტყველება არ არის.

წერითი მეტყველების განსავითარებლად ბავშვებს უნდა მივცეთ დავალება რაიმე განცდილი შინ თუ გარეთ, რაიმე ფიქრი, რამდენიმე წინადადებით დაწეროს. ასეთი დავალება უნდა მივცეთ კლასში სამუშაოდ და არა საშინაო დავალების სახით, სადაც უფროსების დახმარება გამორიცხული არ არის.

გარკვეული დატვირთვა ეკისრება კარნახით წერასაც (სიტყვების მარცვალებზე აქცენტირებით). შეიძლება მასწავ-ლებელმადაფაზე დაწეროს და გაახმოვანოს ანუ უკარნახოს, ტექსტი, რომელიც ბავშვმა უნდა ჩაიწეროს რვეულში. ასეთი აუდიო-ვიზუალური მიწოდება ძალიან სასარგებლოა და ინფორმაციული. მუშაობის შემდეგი ეტეპიაკარნახი დაფაზე დაწერილი ტექსტის გარეშე. წერის ეს სახეები ბავშვებს მონაცვლეობით უნდა მივაწოდოთ.

წერითი მეტყველების განვითარებისათვის გამოგვადგება პატარა ფილმის ან დიაფილმის ჩვენება და შემდეგ მისი შინაარსის მოკლედ გადმოცემის მცდელობა.

ნაწერის მიმართ მოთხოვნები თანდათან უნდა განივრცოს და გართულდეს.

კითხვაზე პასუხის გაცემა ბავშვისგან მოითხოვს ყურადღების მობილიზებას, კონცენტრაციას, რაც იოლი განსახორციელებელი არ გახლავთ, განსაკუთრებით კი უნარშეზღუდული ბავშვისთვის.

კითხვაზე პასუხის გასაცემად ბავშვმა ჯერ უნდა გაიგოს, რას ეკითხებიან, შემდეგ მოიფიქროს, რა უპასუხოს და შემდეგ როგორ უპასუხოს. ხოლო დავალებას უფრო კარგად შეასრულებს თუ თვალითაც დაინახავს იმას, რასაც ეკითხებიან.

მაგალითად: 1) მასწავლებელი მოსწავლეს უსვამს შეკითხვას, რომლის პასუხი ერთსიტყვიანია, მაგრამ ფურცელზე (რომელსაც მას მასწავლებელი აწვდია) კითხვის გასწვრივ ერთი (პირველი) ასო წერია. მოსწავლე არა მარტო ისმენს, ხედავს კიდეც შეკითხვას და შინაარსიდან გამომდინარე, წერს პასუხს (ავსებს დარჩენილ ასოებს);

2) ფურცელზე წერია კითხვა, მის გასწვრივ - პასუხი, რომელშიც გამოტოვებულია ერთი სიტყვა. მასწავლებელი ბავშვს უკითხავს შეკითხვას და სთხოვს უპასუხოს მას, რისთვისაც მოსწავლემ უნდა წაიკითხოს პასუხი, გამოიცნოს რა სიტყვაა გამოტოვებული და ჩაწეროს ის (ან დაწეროს სრული პასუხი);

3) ფურცელი ორ ნაწილად არის გაყოფილი: მარცხენა მხარეს წერია კითხვა, მარცხნივ სამი პასუხი. მოსწავლე კითხულობს ჯერ კითხვას, შემდეგ ირჩევს სწორ ვარიანტს, სასურველია ითქვას რატომ ირჩევს ამ და არა სხვა პასუხს;

4) ფურცლის მარცხენა მხარეს წერია სამი შეკითხვა, მარცხნივ-სამი პასუხი. მოსწავლემ უნდა წაიკითხოს და ხაზით დააკავშიროს რომელი პასუხი რომელ კითხვას შეესატყვისება.

ამგვარი სავარჯიშოები II კლასელი მოსწავლისათვის უკვე პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ კარგი იქნება თუ კორექციული პედაგოგი მათ უნარშეზღუდულ ბავშვთან კლასგარეშე მეცადინეობისას არა მხოლოდ II, III კლასშიც გამოიყენებს. ისინი ძალზე კარგია ზეპირი მეტყველებისა და აზროვნების გასავითარებლად.

3 ტექსტზე მუშაობა

▲ზევით დაბრუნება


II კლასში ძირითადი საზრუნავი ტექსტზე მუშაობაა. აქ რამდენიმე საკითხია, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭირობს, პირველია ტექსტის შინაარსის წვდომა. ამ პროცესს ხელს უშლის ბავშვისათვის ახალი, უცნობი სიტყვები, რომელთა მნიშვნელობამას არ ესმის. ტექსტი ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ უცხო სიტყვათა რაოდენობა 2-3-ს არ აღემატებოდეს. სიტყვის განმარტება საქმეს ვერ შეცლის. ის ორგანულად უნდა ჩაჯდეს ტექსტში და გამოყენებულ იქნას ბავშვთან კომუნიკაციის პროცესში.

ამ ასაკის ბავშვს უჭირს ტექსტის შინაარსის წვდომა. ის ვერ ახერხებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას. ამ პროცესის გასაადვილებლად რამდენიმე პროცედურა არსებობს, რაც ტექსტის ,,გაცოცხლებას“ ემსახურება.

აქედან ყველაზე ეფექტურია ტექსტის სიმბოლიზაცია პატარა საგნებით (კორპის საცობი, კუბიკი, ღილი და ა.შ.). ტექსტის წაკითხვასთან ერთად ხდება პერსონაჟების სიმბოლიზაცია და შესატყვისი მოძრაობების გათამაშება. ამის შემდეგ ბავშვს სთხოვენ ტექსტის რეპროდუქციას, რასაც იგი ზედმიწევნით ასრულებს.

პერსონაჟების აღსანიშნავად საგნების ნაცვლად შეიძლება აბსტრაქტული ნახატების გამოყენება და მათი ამოძრავება.

შესაძლებელია ე.წ. ,,დინამიური სქემის“ გამოყენება, როდესაც პერსონაჟების ტექსტში გამოჩენასთან ერთად ხდება მათი სქემის დახატვა დაფაზე, რაც ბავშვში ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს აღვივებს. ეს პროცედურა რთულად აღსაქმელია, რადგანაც მოქმედება აქ ნაგულისხმებია (ისრების საშუალებით) და არა რეალურად შესრულებული სიმბოლოთა გადაადგილებით.

*

II კლასში პრობლემად რჩება ყურადღების კონცენტრაცია და მოსმენა. ამის გამო ბავშვმა შეძლება ბოლომდე ვერ აღიქვას ახსნილი ტექსტის შინაარსი. სიტყვები, რომლებიც მას ესმის, ახალია, ბუნდოვანი და ისინი ყურადღების მიღმა რჩება. ხშირად სიტყვიერი ახსნა-განმარტება და განმეორებაც არ არის საკმარისი მის დასაინტერესებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ ის, რაც ესმის, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია მისთვის და შეიძლება სულაც არ მოუსმინოს. სამაგიეროდ, თუ მასწავლებელი ამ სიტყვებს ,,გააცოცხლებს“ და არა მარტო უამბობს, არამედ დაანახებს კიდეც, თუ ვინ რას აკეთებს, ამით ნამდვილად მიიქცევს მის ყურადღებას.

მასწავლებელმა თამაშის განწყობა უნდა შეიტანოს თავის მონაყოლში.

,,ვითომ“ ის ჯადოსნური სიტყვაა,რომლითაც მასწავლებელი მოსწავლეს მონაწილეობას სთავაზობს იმაში, რაც მის თვალწინ გათამაშდება. ამისთვის საკმარისია რამდენიმე საგანი-სიმბოლო, რომლითავ მოქმედი გმირების აღსანიშნავად გამოვიყენებთ.

ვითომ ეს ლომია (ამბობს მასწავლებელი კალმისტარზე ან საშლელზე), ეს კი - თაგვი (აჩვენებს ცარცს ან სათვალეს).

ლომს ტყეში ეძინა (დებს კალმისტარს მერხზე).

თაგვმა ტანზე გადაურბინა (აჩვენებს როგორ).

ლომმა გაიღვიძა (კალმისტარს წამოაყენებს) და დაიჭირა თაგვი.

თაგვმა უთხრა: გამიშვი და გაჭირვებაში დაგეხმარებიო, ლომმა გაიცინა და გაუშვა.

გავიდა ხანი. ლომი დაიწირეს და თოკით მიაბეს.

მონადირეები წავიდნენ (შეიძლება გამოვიყენოთ თითები მონადირეთა სიმრავლისა და მოძრაობის საჩვენებლად).

ლომმა საშინელი ღრიალი მორთო (აჩვენებს როგორ).

თაგვი მოცუნცულდა, გაღრღნა თოკი, გაათავისუფლა ლომი და უთხრა: გახსოვს, რომ დამცინე? ახლა ხომ ხედავ, რომ პატარა ტაგვსაც შესძლებია დახმარება დიდი და ძლიერი ლომისა 9,,ლომი და თაგვი“).

*

მასწავლებელმა შეიძლება რამდენჯერმე წაუკითხოს კლასს მოთხრობა, ყველა უცნობი სიტყვა ახსნას, მაგრამ გაგონილის შინაარსი უმრავლესობისათვის მაინც ბუნდოვანი დარჩეს. მოსმენილიდან შინაარსის გამოტანა და დამახსოვრება საკმაოდ რთულ ამოცანასწარმოადგენს ამ ასაკის ბავშვისათვის, მით უფრო უნარშეზღუდულისათვის, რომელსაც ბევრად უფრო უჭირს ყურით გაგონილის გააზრება და წარმოდგენა, ვიდრე იმისა, რასაც ხედავს ან ეხება.

ამიტომ, მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს საქმეს - გაკვეთილის ახსნა არ უნდა იყოს მშრალი ლექციური ხასიათისა. ის უნდა მოძრაობდეს და თავად აჩვენებდეს (სადაც ეს შესაძლებელია), ვინ როგორ ირჯება და არ უნდა მოერიდოს (მეტი დამაჯერებლობისათვის) მიბაძოსმოქმედ გმირებს სიარულით, ხმით, ჟესტ- მიმიკით და ა.შ.

ავიღოთ მაგალითად, II კლასის საპროგრამო მოთხრობა ,,თალგამი“. გაკვეთილი შეიძლება ამგვარად წარიმართოს.

მასწავლებელი ეკითხება კლასს რა გაუგიათ თალგამის შესახებ. მასწავლებელი მოსმენილი პასუხების მიხედვით ავსებს აზრობრივ რუკას, რომელიც შეიძლება ამგვარად გამოიყურებოდეს:

0x01 graphic

მასწავლებელი კლასს აჩვენებს თალგამის სურათს ან დაფაზე ხატავს მას და იწყებს მოყოლას:

პაპამ თალგამი დარგო (ხატავს პაპას). გაიზარდა თალგამი დიდი (აჩვენებს რამხელა). პაპამ სწია, სწია, ვერ ამოსწია (აჩვენებს როგორ). პაპამ ბებიას დაუძახა და ა.შ. მასწავლებელი თანმიმდევრობით, თხრობის პარალელურად დაფაზე ხატავს ბებიას, გოგონას, მურას, კატას, თაგვს.

მასწავლებლის ხალისი და ენთუზიაზმი (როგორ ეწევა თალგამს, როგორ უჭირს ამოღება და როგორ იღებს ბოლოკს), როგორც წესი, ბავშვებსაც გადაედებათ ხოლმე და ახლა მათაც სურთ იგივე გაიმეორონ. მასწავლებელს გამოჰყავს მსურველები, არქმევს მათ სახელს (მათი სურვილის გათვალისწინებით) და ეხმარება იგივე გაითამაშონ. შემდეგ ჯერზე მასწავლებელი მხოლოდ მთხრობელია, ბავშვები - შემსრულებლები. შემდეგ ბავშვები უკვე თავად აკეთებენ იმას, რასაც განასახიერებენ, შესაძლებელია ვინმემ მთხრობელის როლიც კი იკისროს და გადმოსცეს მოთხრობის შინაარსი.

თამაში რომ მოსაბეზრებელი არ გახდეს, მასწავლებელს შეუძლია მოქმედი გმირების რაოდენობა გაზარდოს და თამაშში მთელი კლასი ჩართოს. ეს, ბუნებრივი, დიდ ხმაურს გამოიწვევს და შესაძლოა იგი სპორტულ შეჯიბრებასაც კი დაემსგავსოს, ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელმა გაკვეთილის გაგრძელება სკოლის დერეფანში ან ეზოში დაგეგმოს. გარდა იმისა, რომ ბავშვები კიდევ ერთხელ გაიხსენებენ მოთხრობის შინაარსს, მათ დასვენებას უფრო ორგანიზებული და შინაარსიანი ხასიათი მიეცემა.

*

მოთხრობის ტექსტში შეიძლება ყველა სიტყვა გასაგები იყოს, შინაარსიც მარტივი, მაგრამ ბავშვს მაინც უჭირდეს მისი დამახსოვრება და მოყოლა.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს ეს სიძნელე და შესთავაზოს კლასს სავარჯიშო, რომელიც დაეხმარება ბავშვებს თვალნათლივ წარმოიდგინონ და ერთმანეთთან დააკავშირონ მოთხრობაში აღწერილი მოვლენები და მოქმედი გმირები. ეს ერთგვარი შემზადება, პროვოცირება იქნება გაკვეთილის ასახსნელად.

მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს:

ზამთარი
დიდი თოვლი
ეზო, ქუჩა, სახლები
პატარა დიტო
ნიჩაბი
თოვლის პაპა
ნახშირები
წარბები, წვერ-ულვაში, ქუდი, დიდი ჯოხი

მასწავლებელი დაფაზე ხატავს თოვლის პაპას, რომლებსაც წარბები და წვრულვაში აქვს, თავზე ქუდი ახურავს, ხელში კი დიდი ჯოხი უჭირავს. შემდეგ იგი სთავაზობს კლასს ერთად მოიგონონ მოთხრობა ამ სიტყვების მიხედვით.

მასწავლებელი: მოდით, ყველამ რიგრიგობით ვთქვათ თითო წინადადება, პირველ წინადადებას მე თვითონ ვიტყვი: ზამთარია.

მასწავლებლის დახმარებით ბავშვები ადგენენ წინადადებებს, რომელთაც მასწავლებელი ჯერ ამეორებინებს, შემდეგ კი აწერინებს დაფაზე. შემდეგ უკითხავს მოთხრობას ,,დიტოს თოვლის პაპა“, აკითხებს რამდენიმე ბავშვს და დაფაზე დაწერილი სიტყვების (წინადადებების) მიხედვით აყოლინებს რამდენიმე მსურველს.

*

ტექსტებს შორის ხანდახან მძაფრსიუჟეტიანი მოთხრობაც გვხვდება, რომელში გარკვევა პრობლემას უნარშეზღუდული ბავშვისათვის როდი წარმოადგენს. მაგალითად ,,მატარებელი გადაარჩინა“.

მასწავლებელი ყვება ამბავს:

,,დილიდან წვიმდა, შუაღამისას კი კოკისპირული წვიმა წამოვიდა“.

სვამს კითხვებს:

რას ნიშნავს კოკისპირული? იცით რა არის კოკა? - დოქის მსგავსია. თუ გადმოაბრუნებთ წყლით სავსე კოკას, წყალი თქრიალით გადმოვა (ხატავს). აი, ისე, როგორც მაგარი წვიმის დროს. ამიტომ ეძახიან კოკისპირულს.

მასწავლებელი ხატავს მდინარეს.

როდის დიდდება მდინარე? წვიმის დროს? რატომ? - წყალი ემატება.

მასწავლებელი: წარმოიდგინეთ ადიდებული მდინარე გლდანულა. მოდის და ქვებს მოაგორებს.

პაუზა და იმეორებს: ,,დილიდან წვიმდა, შუაღამისას კი კოკისპირული წვიმა წამოვიდა. მდინარე გლდანულა ხმაურით მოდიოდა და ქვებს მოაგორებდა“.

შემდეგ ხატავს მატარებელს და მის ზემოთ წარწერას ,,ავჭალის სადგური“.

აგრძელებს თხრობას:

,,ავჭალის სადგურზე სამგზავრო მატარებელი წასასვლელად ემზადებოდა. უცებ ელმავლის კიბეზე ოფლში გაწუწული ბავშვი ავარდა“

როგორ გგონიათ რატომ იყო ბავშვი ოფლიანი? - ალბათ ირბინა. ,,-ძია, არ დაძრა მატარებელი, ხიდი ინგრევა, ხიდი! მატარებლიდან მგზავრები ჩამოვიდნენ, ბიჭი მათ წინ გაუძღვა“.

მასწავლებელი მდინარეზე ხატავს ხიდს, რომლის ერთი ბურჯი გამონგრეულია. რა არის ბურჯი? - საყრდენი, საფუძველი. გინახავთ ხიდის ბურჯები მტკვარზე? (და აჩვენებს როგორ შეიძლებოდა წყალს მისთვის ძირი გამოეთხარა). მასწავლებელი კიდევ ერთხელ აღწერს შექმნილ ვითარებას და კითხულობს რა შეიძლება მომხდარიყო, მატარებელს რომ ხიდზე გადევლო (შეიძლება ნახატზე უჩვენოს კიდეც ხიდის ჩანგრევა). გაუძლებდა მატარებლის სიმძიმეს ძირგამოთხრილი ხიდი? ბოლოს მასწავლებელი იღებს წიგნს და კითხულობს მოთხრობას. შემდეგ სთხოვს მსურველებს ნახატების მიხედვით მოყვნენ, რაც დაამახსოვრდათ.

მომხდარისა და ბიჭის საქციელის გასააზრებლად მასწავლებელი კლასს უსვამს კითხვებს, რომლებმაც შეიძლება დისკუსიაც კი გამოიწვიოს:

როგორ გგონიათ, რატომ აღმოჩნდა ბიჭი გარეთ ასეთ ცუდ ამინდში?
სად მიეჩქარებოდა, რაიმე სხვა გადაუდებელი საქმე ხომ არ ჰქონდა?
ხომ შეიძლებოდა თავისი გზიდან არ გადაეხვია?
რატომ მოიქცა ასე?
რა შეიძლება მის საქციელს ეწოდოს?
როგორ შეიძლება დავახასიათოთ ბიჭი?

0x01 graphic

4 ლექსის სწავლება

▲ზევით დაბრუნება


ლექსის სწავლებას გააიოლებს ყურადღების გამახვილება მის შინაარსზე, რომელიც ლექსის რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგაც კი შეიძლება ბუნდოვანი იყოს ბავშვისთვის. ხშირად სიტყვიერი განმარტებაც არ არის საკმარისი, მაგრამ, რაც ესმის, თუ იმას თვალითაც დაინახავს, ეს უფრო გასაგები გახდება მისთვის, და კიდევ უფრო ახლობელი, თუ თავადაც შეეცდება დახატოს, რაც გაიგო.

მასწავლებელი ხატავს დაფაზე ხატავს იმ საგნებსა და მოვლენებს, რომლებზედაც ლექსშია საუბარი, თან სახელებს მიუწერს მათ.

მაგ. ლექსი „მე ყველაფერს მირჩევნია“ მასწავლებელი კითხულობს ლექსის სტრიქონს „აპრილს უყვარს ია ლურჯი“. რა უყვარს აპრილს? (წერს სიტყვას „აპრილი“). ხატავს იას, როდესაც პასუხობს მოისმენს, იის ქვეშ წერს სიტყვას „ია“.

რა ფერია ია? გასწვრივ წერს სიტყვას „ლურჯი“.

აპრილი - ია - ლურჯი

მასწავლებელი იმეორებს ფრაზას „აპრილს უყვარს ია ლურჯი“ (მასთან ერთად მთელი კლასიც), შემდეგ წარმოთქვამს შემდეგ ფრაზას „მაისს წვიმა წანწკარა“.

რა უყვარს მაის? - წვიმა.

როგორია წვიმა? - წანწკარა.

შეგიძლიათ დახატოთ წვიმა? მოდით, ვცადოთ.

მაისი - წვიმა - წანწკარა

კიდევ რა შეიძლება მოწანწკარებდეს? წყარო, წყალი, ონკანი და ა.შ. ლექსში ნახსენები სიტყვები (და ნახატები) შემდეგნაირად დალაგდება

აპრილი

ია

ლურჯი

მაისი

წვიმა

წანწკარა

კლდე

მდინარე

შეძახილი

ჯეჯილი

წყარო

ანკარა

ჭალა

ბულბული

სტვენა

მე

ქართული

ტკბილი

მასწავლებელი ჩამოწერს სიტყვებს და სთოვს ბავშვებს ყურადღებით მოუსმინონ ლექსს, ერთმანეთთან დააკავშირონ შინაარსით მახლობელი სიტყვები და შექმნან წყვილები:

0x01 graphic

დაფასთან გამოდიან მსურველები, რომლებიც ისმენენ მასწავლებლის კითხვას და ხაზით აკავშირებენ შინაარსით მახლობელ სიტყვებს:

როგორია წვიმა? (წანწკარა) ია? (ლურჯი) წყარო? (ანკარა) ქართული? (ტკბილი)

მასწავლებელი შემდეგ წერს სიტყვებს:

0x01 graphic

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

წვიმა რას შვრება? - წანწკარებს.
მდინარე რას ამბობს? - შეძახილს.
ბულბული რას შვრება? - სტვენს.
ტყე? - შრიალებს.
მდინარე? - შეძახილს ამბობს.

მასწავლებელი ავალებს ბავშვებს გადაწერონ რვეულში შექმნილი წყვილები (თვითონ იგივეს წერს დაფაზე) და მიუწერონ გვერდით კიდევ ერთი მსგავსი სიტყვა (სინონიმი)

დასახმარებლად სვამს კითხვებს:

კიდევ რა შეგიძლიათ თქვათ იის შესახებ? როგორია ია? - ნაზი, მორცხვი.

კიდევ როგორი შეიძლება იყოს წვიმა? - შხაპუნა, კოკისპირული, წყარო? - რაკრაკა, მხიარული, მოჩუხჩუხე, ქართული? - გამართული ლამაზი.

ანალოგიურად წარიმართება მუშაობა წყვილებზე:

წვიმა - წკარუნობს, შხაპუნობს
მდინარე - მორაკრაკებს, მიედინება, მოჩუხჩუხებს
ბულბული - გალობს
ტყე - ხმაურობს

მასწავლებელი სთავაზობს ბავშვებს დაუკვირდნენ დაფაზე დახატულ საგნებსა და დაწერილ სიტყვებს და მათი გამოყენებით შექმნან მშვენიერი მიდამო („ოცნების ველი“, „ზღაპრული სამყარო“ და ა.შ.), სადაც თავად იცხოვრებდნენ. ბავშვები იწყებენ ხატვას, მასწავლებელი კი სტრიქონსტრიქონ იმეორებს ლექსს და ამეორებინებს ბავშვებსაც.

*

ყურადღების განსაკუთრებულ კონცენტრაციასა და მობილიზებას მოითხოვს ლექსი, რომელშიც მოვლენების თანმიმდევრობაა ასახული. ამ ასაკის ბავშვს, მით უფრო უნარშეზღუდულს, უჭირს თვალი მიადევნოს, ერთმანეთთან დააკავშიროს და მთლიანობაში აღიქვას ლექსში აღწერილი ამბები, თუნდაც ცალ-ცალკე მათი მნიშვნელობა გასაგები იყოს მისთვის.

მაგ. ავიღოთ ლექსი „შემოდგომის სურათი“.

მასწავლებელი წერს სიტყვებს, გვერდით მიუწერს მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს:

დღე-ღამე

იკლო

გადიდდა

ტყე-ველი

გაყვითლდა

ხეების ფოთოლი

ჩამოსდის

ბუ

ყვირის

ბალახი

დამჭკნარ-გამხმარი

ყვავილი

არსად კრიალებს

თრთვილი

დებს

ნისლი

დაცურავს

ცხვარ-ძროხა

ბეწვია აშლია

განმარტავს სიტყვებს თრთვილი და ნისლი და ამბობს, რომ შემოდგომობით ნისლი დაცურავს მთაში, ღამღამობით კი თრთვილს დებს.

მასწავლებელი: მოდით, ამ სიტყვებით შევქმნათ წინადადებები, ავიღოთ პირველი სტრიქონი:

რა ხდება შემოდგომაზე, როგორ იცვლება დღე და ღამე?
„დღემ იკლო, ღამე გადიდდა“ - იმეორებს მთელი კლასი.

შემდეგი სტრიქონი: ტყე-ველი - მსურველი კლასიდან ასრულებს - გაყვითლდა და ა.შ. ყველა სტრიქონი იწერება დაფაზე მასწავლებლის ან რომელიმე მოსწავლის (მოსწავლეების) მიერ.

მასწავლებელი: რას უნდა ნიშნავდეს ცხვარ-ძროხას ბეწვი აშლია?
გინახავთ წვიმაში გარეთ დარჩენილი კატა ან ძაღლი, როგორ აქვთ ბეწვი აშლილი?
რის გამო შეიძლება შემოდგომაზე ცხოველებს ბეწვი აეშალოთ?

მასწავლებელი აკითხებს ბავშვებს დაფაზე (რვეულში) დაწერილ წინადადებებს და სთავაზობს მათ დახატონ „შემოდგომის სურათი“.

ბავშვები ხატავენ და მასწავლებელთან ერთად სტრიქონ-სტრიქონ იმეორებენ ლექსს.

*

თუ ლექსში ან მოთხრობაში დინამიური ამბავია მოთხრობილი, ის შეიძლება არა მარტო ვუამბოთ ან დავანახოთ ნახატების სახით, არამედ გავაცოცხლოთ ეს ნახატები: ავამოძრაოთ და ვაჩვენოთ როგორ მოქმედებენ ისინი.

მაგალითად: „ვაშლი და საქარი“.

ე.წ. „თოჯინების თეატრის“ მოსაწყობად მასწავლებელს სულ ორი „მსახიობი“ - ორი მოქმედი გმირის ამსახველი სურათი სჭირდება (შეუძლია თავად დახატოს), რომელთაც ამოძრავებს ლექსის სიუჟეტის განვითარებისდა მიხედვით (სიოს დაბერვა, ქალის გრიალი, ხის შერხევა, ვაშლის მოწყვეტა და ჩამოვარდნა და ა.შ.)

მასწავლებელი სთავაზობს მსურველებს მისი დახმარებით გაიმეორონ იგივე, შემდეგ უკითხავს ლექსს.

მასწავლებელს შეუძლია ნახატებით არ სემოიფარგლოს და ამბის დრამატიზებისათვის იგი ახლა ბავშვებს გაათამაშებინოს:

ამისათვის გამოყავს წყვილი, რომელთაგან ერთმა ვაშლი უნდა განასახიეროს, მეორემ - შაქარი. შესაძლოა სპექტაკლში ჩართოს მესამე მოსწავლე, რომელიც სიოს და ქარს დაუბერავს.

მასწავლებელი კითხულობს ლექსს, ბავშვები კი განასახიერებენ მას.

შემდეგ წყვილს შეიძლება ვსთხოვოთ არა მარტო განასახიერონ იგივე, არამედ გაიმეორონ კიდეც სტრიქონები, რომელტაც მასწავლებელი წარმოთქვამს.

ანალოგიურად შეიძლება ნახატებით წარმოვადგინოთ და გავითამაშოთ „მიმინო და მერცხალი“ და ა.შ.

*

II-III კლასების პროგრამით გათვალისწინებულია მოთხრობები და ლექსები, რომლებიც დიალოგს შეიცავს და სათქმელის განაწილების შესაძლებლობას იძლევა.

მაგ. „ჩიტი და ბავშვი“. ამ საკმაოდ მოზრდილი ლექსის შინაარსის გასააზრებლად და დასამახსოვრებლად მასწავლებელმა შეიძლება მიმართოს როლურ თამაშს.

ამისთვის იგი კლასს ყოფს ორ ნაწილად - ბავშვებად და ჩიტად (ჩიტებად), უნაწილებს მათ როლებს და სთავაზობს წაიკითხონ დიალოგის წესების დაცვით თავთავისი სიტყვები და გაითამაშონ.

მასწავლებელი თანდათან ხსნის და განუმარტავს მათ გაუგებარ სიტყვებსა და ბუნდოვან ადგილებს.

ამის შემდეგ მასწავლებელი მოხალისე წყვილს ეხმარება გაიმეოროს (წაიკითხოს და გაითამაშოს) იგივე და ა.შ.

მასწავლებელი: ხომ არ შეიძლება რომელიმე წყვილმა გვიამბოს ეს ამბავი?

*

როდესაც ტექსტში რამდენიმე გმირია, ასე ვთქვათ რამდენიმე პოზიციაა წარმოდგენილი (მაგ. ,,დავა“, „სხეულის ნაწილების ჩხუბი“), მისი ერთბაშად აღქმა და გააზრება საკმაოდ რთულია არა მხოლოდ უნარშეზღუდული ბავშვისათვის. მან ერთდროულად რამდენიმე ამოცანა უნდა დაძლიოს: დაიმახსოვროს ყველა პერსონაჟი, განასხვავოს ისინი ერთმანეთისგან, გაარკვიოს რა ურთიერთობაა მათ შორის და ა.შ.

მასწავლებელს შეუძლია გვერდი აუაროს გაკვეთილის ტრადიციულ მსვლელობას, როდესაც ის თავიდან ბოლომდე ხსნის ტექსტს და განმარტავს ყველა ახალ თუ გაუგებარ სიტყვას, ფრაზასა თუ მოვლენებს, სვამს კითხვებს და ა.შ. ეს პროცესი არა მარტო ძნელად აღსაქმელი, ამასთან შესაძლოა დამღლელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს მოსწავლეთათვის. შემოქმედებითად განწყობილ მასწავლებელს კი ძალა შესწევს ტექსტზე მუშაობა მათთვის სახალისო საქმედ, გართობად აქციოს. ამისათვის საკმარისია თამაშის, დრამის ელემენტი შეიტანოს სწავლების პროცესში.

მასწავლებელი კლასს ყოფს რამდენიმე ჯგუფად (მოქმედი გმირების რაოდენობის მიხედვით) და მათ როლებს უნაწილებს: უკითხავს, უხსნის, უმეორებს და წიგნში მოუნიშნავს თავის სათქმელს. ჯგუფები სწავლობენ თავის სათქმელს და ჯგუფურად იმეორებენ.

როდესაც ისინი მზად იქნებიან, შეიძლება სპექტაკლის გათამაშებაც.

შემდეგ ეტაპზე სასურველია, როლების გაცვლა ჯგუფებს შორის, ვიდრე ტექსტს მთლიანად არ ისწავლიან.

მასწავლებელი ამგვარი ნაწილებისგან ადგენს მთელს, შემდეგ უკითხავს კლასს მოთხრობას მთლიანად და ატარებს ყველა იმ სამუშაოს, რასაც საჭიროდ მიიჩნევს.

*

მასწავლებელი კლასს უკითხავს მოთხრობას „მგელი და ბატკანი“, შემდეგ გამოყავს წყვილი და სთავაზობს დაეხმარონ მას მოთხრობის გაცოცხლებაში.

დავალება საკმაოდ იოლია: მოსწავლეებმა უსიტყვოდ უნდა განასახიერონ ის, რასაც მასწავლებელი მათ ხელახლა წაუკითხავს.

წყვილად ერთი ბატკანია, მეორე კი - მგელი.

შემდეგ გამოყავს ერთი წყვილი, ახლა ისინი არიან ,,მსახიობები“, წინა წყვილი კი - მთხრობელი (მასწავლებლის დახმარებით), შემდეგ კიდევ ერთი წყვილი, რომელიც ასევე ცვლის ადგილებს და ა.შ.