![]() |
საკუთარი ოთახი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გაბაშვილი ეკატერინე, ვულფი ვირჯინია, ლორთქიფანიძე ელენე, მარიჯან, მიქელაძე კატო, ნადირაძე ნინო, სულხანიშვილი ბაბო, ჯორჯაძრ ბარბარე |
თემატური კატალოგი ლიტერატურა|მხატვრული ლიტერატურა |
წყარო:
საკუთარი ოთახი / [შემდგ.-რედ.: დავით გაბუნია, ირმა ტაველიძე] - [თბ.] : ფონდი ტასო, [2007] : სტ. "გლობუსი" - 244 გვ. ; 20 სმ. - (ფემინისტური ბიბ-კა) - - ყდაზე ფოტო: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი მეგობარ ქალებთან ერთად - შინაარსი: ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ/ბარბარე ჯორჯაძე. რალდი/ელენე ლორთქიფანიძე. ფრთებდაგლეჯილი/ეკატერინე გაბაშვილი. ეგ საქმე თქვენი ძმების ხელისაა; უცნაური გაუგებრობა/კატო მიქელაძე. ჩვენი გაზეთი/ნინო ნადირაძე. სიმართლის გზისკენ/ბაბო სულხანიშვილი. მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი. ქართველ ქალებს სცემენ და აუპატიურებენ. წიგნიდან: შემთხვევითი თემები/მარიჯან. საკუთარი ოთახი/ვირჯინია ვულფი (მთარგმნ. ლელა სამნიაშვილი). - ISBN 978-9941-0-0188-8 : [ფ. ა.] [MFN: 131540] UDC: 821.353.1-92 + 821.111-4 + 396 + 141.72 K 257.122/3 - საერთო ფონდი K 257.123/3 - საერთო ფონდი K 257.124/3 - საერთო ფონდი F 74.380/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © ფონდი ტასო, 2007 |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სერია „ფემინისტური ბიბლიოთეკა“ საკუთარი ოთახი ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახი“, თარგმანი: ლელა სამნიაშვილი შედგენა/რედაქტირება: დავით გაბუნია, ირმა ტაველიძე დიზაინი, დაკაბადონება: მაია კაპანაძე ფოტო ყდაზე: მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი მეგობარ ქალებთან ერთად ვირჯინია ვულფი, „საკუთარი ოთახი“ © ვირჯინია ვულფის მემკვიდრეობა, 1929 სერია „ფემინისტური ბიბლიოთეკა“ © ფონდი ტასო, 2007 Feminist Library Series A ROOM OF ONE’S OWN Translation of Virginia Woolf’s essay: Lela Samniashvili Compilation/editing: Davit Gabunia, Irma Tavelidze Design, layout: Maya Kapanadze Cover photo: Mariam Jambakur-Orbeliani with her friends Virginia Woolf, A Room of One’s Own © The Estate of Virginia Woolf, 1929 Feminist Library Series © TASO Foundation, 2007 ISBN – 978-9941-0-0188-8 ISSN – 1987-5193 „ფონდი ტასო“ – ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი თბილისი, 0108, რ. თაბუკაშვილის 15 tel: +995 32 920595 faqsi: +995 32 920595 veb-saiti: www.taso.org.ge TASO Foundation – Women’s Fund and Memory Research Center Tbilisi, 0108, 15, R. Tabukashvili Str. Tel: +995 32 920595 Fax: +995 32 920595 web-saiti: www.taso.org.ge დაიბეჭდა სტამბა „გლობუსში“, თბილისი 2007 Printed in Globus Ltd, Tbilisi 2007 |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲back to top |
ამ წიგნით „ფონდი ტასო“ იწყებს გამოცემათა ახალ სერიას - „ფემინისტური ბიბლიოთეკა“.
სერია საქართველოში ფემინისტი მოაზროვნეების პოპულარიზებისთვის, და გენდერული/ქალთა კვლევების განვითარების ხელშეწყობისთვისაა გამიზნული, და მოწოდებულია იმ შიშნარევი განწყობის ბურუსის გასაფანტად, რომელიც ჯერ კიდევ ახლავს სიტყვას „ფემინიზმი“ ჩვენი საზოგადოების თვალში.
იმედია, „საკუთარ ოთახს“ ქართველი მკითხველი ისევე დააფასებს და შეიყვარებს, როგორც მსოფლიოს მკითხველმა საზოგადოებამ შეიყვარა ვირჯინია ვულფის კლასიკად ქცეული ტექსტი, დიდად მნიშვნელოვანი პატარა წიგნი ქალებისა და მწერლობის, იმ ფაქტორების შესახებ, რაც ქალებს ხელს უშლიდა და უშლის შემოქმედებით თვითრეალიზებაში. „საკუთარ ოთახში“ ვირჯინია ვულფთან ერთად მკითხველი ქართველ ქალებსაც შეხვდება. აქ თავმოყრილია მათი ნამუშევარი, ლიტერატურული ესსეები, მხატვრული თარგმანები, საგაზეთო სტატიები და პიესა, შექმნილი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული, 1929 წლამდე. „საკუთარი ოთახი“, წიგნის საერთო სათაურად, მინიშნებაა ქალთა შემოქმედების ერთიანი სივრცისა, რომელიც უსაზღვროდ ღიაა, და ამავე დროს, ყოველი ავტორის განუმეორებლობითაა დაცული. ამ ქალებმა მოახერხეს პირადი სივრციდან საჯარო სივრცეში გაღწევა, ხმამაღლა და თამამად ალაპარაკდნენ და სხვა ქალებისთვის ზრუნვა თავიანთი ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახეს.
მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, რომელთა გადალახვაც მათ მოუხდათ, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლთა ხმა, ნააზრევი, მემკვიდრეობა უკვალოდ არ დაკარგულა.
„საკუთარი ოთახის“ ქართველ ავტორებსაც აღელვებთ ე.წ. „ქალთა საკითხი“, - არსებითად კი სქესთა შორის თანასწორობისა და თანაბარუფლებიანობის, ქალთა განათლების, შემოქმედებითი თვითრეალიზაციის შესაძლებლობების გახსნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თემები. თავიანთ თანამზრახველებთან ერთად ისინი, ისევე, როგორც ქალთა უფლებების დასავლელი დამცველები, დაუღალავად მოღვაწეობდნენ საზოგადოებრივ ასპარეზზე, რომ, საზოგადოებისავე სასარგებლოდ, ოდნავ მაინც გაეუმჯობესებინათ არსებული მდგომარეობა. მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა დღევანდელ საქართველოშიც.
„საკუთარი ოთახის“ მკითხველი დარწმუნდება, რომ ფემინისტური აზროვნება სულაც არ არის საქართველოში უცხო და „თავსმოხვეული“. XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართველი ქალები თავადაც კარგად აცნობიერებდნენ საკუთარ უუფლებობას, როგორც ქალთა, და მთელი საზოგადოების პრობლემას და შესანიშნავად ესმოდათ, რომ ძირითადი გამოსავალი განათლებაა, არა მხოლოს ქალთა, არამედ - მთელი საზოგადოების განათლება.
ამ წიგნში ერთმანეთის გვერდიგვერდ იხილავთ ეკატერინე გაბაშვილსა და მარიჯანს, ვირჯინია ვულფსა და კატო მიქელაძეს, კეტი კლარკსა და ელენე ლორთქიფანიძეს, ბაბო სულხანიშვილსა და ნინო ნადირაძეს, ბარბარე ჯორჯაძესა და კიდევ რამდენიმე უცნობ ავტორს, რომელთაც ანონიმურად დაუბეჭდავთ თავიანთი წერილები გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (1917-18 წწ). ზოგი ამ ტექსტთაგანი, მათი პირველად გამოქვეყნების შემდეგ, არასოდეს გადაბეჭდილა და შეიძლება ითქვას, მკითხველისთვის მიუწვდომელია.
წიგნის შინაარსის ჟანრული მრავალფეროვნება და ეკლექტურობა ქართული ფემინიზმის საწყისების შესახებ უფრო სრული წარმოდგენის შექმნას ემსახურება. შეუძლებელია, ერთ, ან თუნდაც, რამდენიმე წიგნში მოაქციო ქართველი ქალებისგან საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ლიტერატურულ-პუბლიცისტური მემკვიდრეობა, სამწუხაროდ, მრავალი ღირსეული ტექსტი ამ წიგნის მიღმა დარჩა. თუმცა, ავტორთა უფრო ფართოდ წარმოდგენა მომავალი პუბლიკაციების საქმეა.
საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქალთა მოძრაობის შესახებ, სულ ცოტა ხნის წინ, არაფერს წერდნენ; საბედნიეროდ, მდგომარეობა შეიცვალა: გამოჩნდნენ მკვლევრები, რომელთაც მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვით უსამართლოდ მივიწყებული სახელების წარმოჩენაში.
„ფემინისტური ბიბლიოთეკის“ სერიაში სისტემატურად გამოიცემა ქართველი და უცხოელი ავტორების მხატვრული ნაწარმოებები, ესეები, კვლევები, რითაც, ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.
წიგნზე მუშაობისას გაწეული დახმარებისთვის დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ქალთა საკითხებზე მომუშავე მკვლევრებს, ლელა გაფრინდაშვილს, ლელა ხომერიკსა და თამარ საბედაშვილს.
ფონდი ტასო
![]() |
2 ბარბარე ჯორჯაძე - „კვალი“ 1893, №16 |
▲back to top |
![]() |
2.1 ორიოდე სიტყვა ყმაწვილი კაცების საყურადღებოდ |
▲back to top |
პირველიდანვე დაწყებული ყოველი კაცი დედაკაცების გაკილვაში ყოფილა და არის; ყოველი ბრალეულობა ქალს მიაწერეს და დიდად ცდილობდენ ეს თავის ამხანაგი ყოვლის გზით დაეცათ და დაემდაბლებინათ. სიყრმიდანვე ამას ჩასძახოდენ „შენ, რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესი ეს უნდა იყოს: ხმაგაკმენდილი ჩუმად იყო, არავის შეჰხედო, არსად წახვიდე, ყურები დაიხშე, თვალები დახუჭე და იჯექ, ბუზმა რომ თვალები ამოგჩიჩქნოს, ხელი არ გაანძრიო; სწავლა და სხვა ენებით განათლება რა შენი საქმეაო“. თითონ მამაკაცმა კი შეისხა ამპარტავნობის და ზვაობის ფრთები, დაიჭირა ვრცელი ასპარეზი და სთქვა: „მე რადგან კაცი ვარ, გავსწევ, გავქუსლავ ცის კიდემდის, ჩემი დამაბრკოლებელი არა არის-რა, ვიმჭევრმეტყველებ, ვისწავლი, ყოველ გვარი თავისუფლება და ქვეყნის მფლობელობა ხელთ მიპყრიაო“. გაიფართოვა გზა და დედა-კაცი ვითომ ვალდებულებაში ჩააგდო, თუ მე არა, ლუკმას ვერ შესჭამო, - რა იყო უფრო დაემონავებინა. მართალია, დედა-კაცისათვის თვით ბუნებას არ მიუცია ვრცელი ასპარეზი, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც შეიქმნება დედად და კისრად დააწვება ოჯახის მოვალეობა; მაგრამ გათხოვებამდის კი უნდა ჰქონოდა ქალსაც თანასწორი აღზრდა და მიმართულება, რომ შესძლებოდა თავის თავის ცხოვრება და ქმრის უღელის გაწევა. მამა-კაცმა ოჯახშიაც კი არად ჩააგდო დედა-კაცის შრომა, უპირატესობა თვით დაიპყრო და ყურები გამოუჭედა: „თქვენ ჭკუა არა გაქვთ, არა გაქვთ გული და გრძნობა, არცარა გესმით, გამოყრუებული და გამოფშუტურებული ხართ, თქვენ თვალებს თვალის ჩინობა არ შეუძლიან, ხართ დაუნდობელნი, მოღალატენი და ვინ მოსთვლის, რა არ უწოდებია კაცს ამ კაცის სათაყვანებელი არსებისათვის, რომელიც არის დედა, და, ცოლი, და ასული. თითქოს ქალი და კაცი განგებას ერთის ძალით და ერთის ბუნებით არ შეექმნას! ის მხოლოდ, როდესაც ქალს ეტრფიალებოდა, მაშინ ამკობდა მოსათინთლავის სიტყვებით: „მზე ხარო, მთვარე, ვარდი და ზამბახიო“.
ახლა ბრძანეთ ამგვარ გზაზედ დაყენებული უსწავლელი და შებორკილებული არსება პირუტყულ წრეში მყოფი ცუდიც რომ გამოსულიყო, ვინ იყო პასუხის მგებელი? ამოდენი საუკუნოების განმავლობაში ამ გვარად მომდინარეობდა ქალების ვითარება და ყურადღება არავისა ჰქონდა მიქცეული, მხოლოდ კაცთა გამოხსნისათვის განხორციელებულმა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ბრძანა: „არა არს გარჩევა არცა მამა-კაცთა და არცა დედა-კაცთაო“. მაგრამ რა წრესაც კი პირველად დაადგა კაცი, იმ წრის გადაცილება სჯულის გარდამავლობად მიაჩნდა.
საბრალო ქალებს იმ დაჩაგვრით მაინც ვერ დაუთრგუნეს ნიჭი და გონება: თუ განათლება არ მისცეს, თავიანთ დედა ენაზედ მაინც კარგად და საძირკვლიანად შეეძლოთ ნათელი მსჯელობა და საქმიანობა, ვინ იყო მწიგნობრობის პატრონი და წერა-კითხვის გამავრცელებელი ჩვენში, თუ არ ქალი, როდესაც კაცები მამულის დასაცველად თოფ-იარაღზედ იყვენ დაყუდებულნი? თუ აქამომდე მოაღწია მდიდარმა ქართულმა ენამ, ქალის მეოხებით მოაღწია, მაგრამ ნებროთის ციხის მზგავსად ენის არევა რომ მოხდა, ძველმა დედა-კაცებმა ვერ შეიშვნიეს და ახალ თაობასაც არად გამოადგათ; დაბრასტული და ჩაკონკილი, ნაკუწნაკუწსავით ერთი სიტყვა ერთი ენიდან შესწავლილი და მეორე მესამე სხვიდან, აბა რა დიდს განათლებას და სიმდიდრეს შესძენდათ? ამ წეს-წყობილებიდან გამოვიდა: მოდა, თეატრი, ბალი, ვეჩერი და ბულვარზედ სეირნობა.
დღეს კი სხვა ქვეყნებიდან ჩვენშიაც შემოვიდა ახალი დრო განათლებისა და აყვავებისა; ახლა მაინც ჩვენმა კაცებმაც დაანებონ თავი ზვაობას და მეშურნეობას, მისცენ თავიანთ დებსაც თანასწორი სწავლა და მიმართულება, რომ შეეძლოთ კიდეც კვალში ჩადგომა და ანგარიშის მოთხოვნა თანამედროვე ქალებისა, თორემ ძველ დედა-კაცებს სამარის მეტი ვეღარა გაგვასწორებს - რა და ახალი თაობის ქალებიც ღვაწლსა და შრომას არ შეუდრკებიან თუ კი საქმეს უშველიან რასმე.
![]() |
3 ელენე ლორთქიფანიძე - „ქართული ბიბლიოთეკა“ 1883 |
▲back to top |
![]() |
3.1 რალდი |
▲back to top |
მოთხრობა კეტტი კლარკისა
ნათარგმნი ელენე ლორთქიფანიძისა
- ნეტა ვიცოდე, ახლა რას იზმენ?
- არ ვიცი ჭეშმარიტად.
- მუშაობა არ შეუძლია და საშინელი ღარიბები კი არიან.
შარშან ცოლი მოუკვდა, ახლაც ოჯახის მრჩენელი დედა გარდაეცვალა.
- აი აგერ, თვითონაც მოდის.
ორი დედა-კაცი იდგნენ სოფლის ქუჩაზედ, ასე ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და ჩაჩუმდნენ, როცა დაინახეს მაღალი და უშნო ტანადი კაცი - სიმ პიბლსი, მძიმე ნაბიჯით მომავალი.
სიმ პიბლსის მშვენიერს სახეზედ უზომო მწუხარება იხატებოდა. დაძველებულს ქუდზედ შავი ლეჩაქის ნაჭერი ეკერა (კრეპი) მგლოვიარობის ნიშნად. ორი პატარა ბავშვი მიეგება და ერთათ შევიდნენ ქოხში. დედა-კაცებმა განაგრძელეს თავისი საუბარი.
ვინა ჰყავს ახლა ოჯახში; ნეტა ვინ გაბანა და ვინ შემოსა მკვდარი?
- თვითონ შემოსავდა, აბა სხვა ვინა?
- მაშ, როგორც მეგონა ისე ჩერჩეტი არა ყოფილა.
ამ სიტყვებს ყური მოჰკრა ერთმა ტანადმა ყმაწვილმა ქალმა, იმ დედა-კაცებისკენ მიმავალმა. ლამაზი პირის სახის ქალი იყო, დიდი გაშლილი შუბლი ჰქონდა და ოქროს ფერი ნაწნავები მოსულს და განიერს მხარ-ბეჭზედ ეყარა.
ლურჯი ბრწყინვალე და თამამი თვალები თითქო ცეცხლსა ჰყრიდნენ. ისე მიდიოდა, როგორც კაცი და აქეთ-იქით მიაქნევდა უზარ-მაზარ ხელებს.
მოლაპარაკე ქალები რომ მიხვდნენ, ყმაწვილმა ქალმა გაიგო ჩვენი ლაპარაკიო, შეკრთნენ, რადგან ყველა ერიდებოდა ჯერალდის, ანუ როგორც სოფელში უწოდებდნენ, რალდისა. ცოტა ხანს შეჩერდა გზაზედ რალდი და ქალებს მიუბრუნდა უკმეხათ.
- გუშინ სიმ პიბლსი მარტო იყო ბავშვების ანაბარა და არავინა ჰყავდა, რომ მოხმარებოდა, როცა დედა მოუკვდა. თქვენ არ შეგეძლოთ მიგეხედნათ ცოტა-ხანს, ხომ მეზობლები ხართ? რალდი სკოტტს ეჯავრება ზარმაცი და უპატრონო სიმ პიბლსი, მაგრამ მაინც მივიდა იმასთან, გაბანა იმის მკვდარი დედა, აჭამა პური ბავშვებს და უთხრა, მანამ სხვა მომვლელს იშოვნიდეს ბავ- შვებისათვის, მე მოუვლიო. თქვენისთან უგულო კი არა რის რალდი სკოტტი! კარგათ ახსოვს სიმ პიბლსის ამაგი, ერთხელ დამხრჩვალი მამა რომ გამოუტანა გაყინული წყლიდამ!
ეს უთხრა ქალებსა და თავის გზას გაუდგა.
- ჰმ! სთქვა ერთმა; მოვა დრო, რომ ერთხელაც რალდი სკოტტმა აღარ აიწიოს ცხვირი ისე მაღლა, როგორც ახლა იწევს.
- კაცები მაინც ყოველთვის იმას წაესარჩლებიან ხოლმე, უპასუხა მწუხარეთ მეორემ. ძალიან გამრჯეთ მიაჩნიათ, რა რომ ორჯერ-სამჯერ ტყეში წაჰყვა შეშის მოსაჭრელათ და მერე ტივები ჩამოიტანა. თავის გალოთებულ მამას უვლიდა და ბოლოს კი ვეღარ უგდო ყური. მართალია, ქცევა და მიხრა-მოხრა კეთილშობილური ჰქონდა, მაგრამ ერთი ლოთი რამ ირლანდიელი კი იყო. რალდი კაცის ტანისსამოსით დადიოდა ხოლმე, შალვარს და სერთუკს იცვამდა და რაც მამა მოუკვდა, მას აქეთ კი აღარ ხმარობს კაცურს ტანისსამოსს. როცა ტივზე შედგებოდა რალდი სკოტტ, იმისთვის სულ ერთი იყო, ვინც უნდა წაჰყოლოდა, თუნდ უცნობი კაციც ყოფილიყო ვინმე, არავის მოერიდებოდა. მართა თხოვდება, იმისი და, მგონი არც თვითონ რალდი იტყვის უარს გათხოვებაზედ.
და ორივემ ჩაიცინეს.
- იქნება დაქვრივებულს სიმპიბლს წაჰყვეს?
სოფელში ერთი ქუჩა იყო და ორმოციოდ ხის სახლი იდგა. ამ სოფლის მცხოვრები კაცები სულ მეტივეები იყვნენ და თითქმის წლის-წლობამდე ვერა ხედავდნენ თავ-თავისს ოჯახობას, ტყეში დადიოდნენ ხის მოსაჭრელათ; გაზაფხულზედ ტივები ჩამოჰქონდათ მჩქეფარე ვისკონსინის მდინარეზე. ამერიკის დიდს მდინარეს მისსისიპს რომ ერთვის. ვისაც არ უნდოდა მისსისიპში შესვლა, ტივებს სოფლის სატივოზე აყენებდნენ. ხან-და-ხან ისეთის სისწრაფით მოჰქონდა წყალს ტივი, რომ მეტივეები ვერც კი ასწრებდნენ ხოლმე სატივოზე მიყენებას, მერე ცურვით გამოდიოდნენ ნაპირას. სატივოს ქვევით დიდი მორევი იყო და იქ რომ ჩაჰყოლოდა კაცი ტივსა, ძალიან გაუჭირდებოდა გამოსვლა. ბევრი მეტივე დაიღუპა ცურვის დროს და რალდის მამამაც, როი სკოტტმა, მაშინ წაიღო თქვენი ჭირი. მართალია ლოთი იყო, მაგრამ მდიდარი ირლანდიელი აზნაურშვილი იყო. სიყმაწვილეშივე გააბნია თავისი სიმდიდრე და ამერიკაში გადასახლდა, იქნება იქ შევიძინო რამეო. ვისკონსინის არე-მარე და დირიბორნელი მეტივეების ყოფა-ცხოვრება მოეწონა; შეირთო თავისი ამხანაგის მშვიდობიანი და წყნარი ქალი და იქ დასახლდა. ამათ მიეცათ ნაზი და ნარნარი ქერა ქალი მართა, და მერე მეორე ქალი, ჯერალდა, რომელსაც დაბადებითვე კაცის მაგარი აგებულება დაჰყვა და ირლანდიური ფიცხი, ცოცხალი ხასიათი; ამასთანავე ამერიკული ხასიათის სიმტკიცეცა. ჟერალდა სკოტტს დიდათ უყვარდა თავისი მამა და იმის სახელის ხსენება სასიქადულოთ მიაჩნდა. ტყეში ცხოვრებამ ვერა დააკლო რა მამის ზრდილობასა და განათლებას; იმისი მამაცური ხასიათებით და გმირული ყოფა-ცხოვრებით რალდი თავს იწონებდა. ის და იმისი და ერთს პატარა ხის სახლში იდგნენ. იმათი ზემო ფანჯრიდამ კარგათ მოჩანდა მაღალს მთაზედ, მდინარეს რომ შეჰყურებს ჩასავარდნელს ალაგს, ერთი ქვის სვეტი, სადაც თეთრათ გამოჭრილი იყო ეს სიტყვები:
„ლერუა ტოლბოტ სკოტტ-მეტივე. 1843 წ.“
ჯერალდა სიამოვნებით იგონებდა იმ დროს, როდესაც იმისი მამა ავიდა კლდეზედ, ცალი ხელით ამ სიტყვებსა სჭრიდა ქვაზედ და მეორე ხელით ბუჩქებს ეპოტინებოდა; ერთი ბეწვის ოდნათ რომ გადასცდენოდა ფეხი, აუცილებლად ჩავარდებოდა იმ სიმაღლიდამ დასაღუპავს მორევში, მაგრამ ყოჩაღათ ჩამოვიდა სამშვიდობოს. მართასთვის კი მამის ყოჩაღობის ხსენება ისე სასიქადულო არ იყო, როგორც ერთი ღონიერი მეტივისა, საქმროთ რომ უნდოდა. მართა ნაზი და წყნარი რამ სულიერი იყო, დედას არა შორდებოდა; მამას კი ისე უყურებდა, როგორც ლოთ კაცსა და ეშინოდა, როცა ის შინ დაბრუნდებოდა ხოლმე. რალდი თექვსმეტი წლისა იყო, კაცურად რომ დაიწყო ჩაცმა. მამას ყოველთვის თან დასდევდა სამუშაოთ და, როცა მამა დათვრებოდა,
უვლიდა ხოლმე; მართას რალდისაც კი ეშინოდა.
დირბორნელები დიდი თუ პატარა, ყველანი პატივსა სცემდნენ ჯერალდის, რადგან ყოვლად პატიოსანი ადამიანი იყო და ძალიან თავდაცული. დიდის გაჭივრებით და დაუღალავი შრომით იმდენი ფული იშოვა რალდიმ, რომ პატიოსნათ დაასაფლავა თავისი დედ-მამა და, რაც ოჯახზედ ვალი იყო, სულ გაისტუმრა. ყველასთან დიდ-გულად იქცეოდა, მაგრამ ყველა ნათლათა ჰხედავდა, რომ გულ-კეთილობაც დიდი ჰქონდა; უბედურება თუ მიადგებოდა ვისმე, რალდი თავს არა ზოგავდა და ყველას მფარველ ანგელოზივით ეწეოდა, რითაც შეიძლებოდა ხოლმე, - და რასაც იტყოდა, უსათუოდ შეასრულებდა კიდეც.
სიმ პიბლსის დედის დამარხვის დღეს, სახლი მიულაგ-მოულაგა. კუბოს რომ მისდევდა ერთს ბავშვს თვითან მოჰკიდა ხელი, მეორე სიმს მიჰყავდა. ყველა გაკვირვებული იყო, რომ პიბლსი სუფთათ ჩაცმული ნახეს. სასაფლაოდგან რომ დაბრუნდნენ, იქიდამ მოყოლებული მთელი გიორგობისთვის ავდრიან დღეებს, რალდი პიბლსის ბავშვების და სახლ-კარის მოვლაში ატარებდა. საღამოზედ ბავშვებს რომ დააძინებდა, მაშინ დაბრუნდებოდა ხოლმე თავის სახლში.
ერთხელ სიმ პიბლსი სიამოვნებით რომ შესცქეროდა რალდის, ვეღარ მოითმინა და უთხრა:
- მე და ჩემმა ღმერთმა, ძალიან ყოჩაღი და ღონიერი ყოფილხართ. რა კარგი საამხანაგო და სამეგობრო რამა ხართ!
რალდიმ გულ-ხელი დაიკრიბა, შეხედა პიბლსს და უთხრა წყნარად:
- თქვენ კეთილი გულის პატრონი ხართ, ერთხელ ისეთი სამსახური გამიწიეთ, რომ არასოდეს არ დამავიწყდება. თქვენ რომ ნახევრათ მაინც შეგეძლოთ იმდენი საქმის გაკეთება, რაც მე შემიძლია, არ მოინდომებდით ასე ტყუილად ყოფნას და ჩემი იმედით არ იქნებოდით. მე რომ თქვენგან დიდათ დავალებული ვარ, იმისთვის ვიკისრე თქვენი სახლ-კარის და შვილების მოვლა.
სიმ პიბლსმა დარცხვენით თავი ჩაღუნა და არ იცოდა, რა ეთქვა.
ორ-სამ დღის უკან სიმმი გახარებული შევიდა შინ და დამკრთალებით უთხრა რალდის:
- შეგიძლიათ ჩემს შვილებს მოუაროთ, მანამ სხვაგან ვიქმნები? მე ტყეში მივალ.
თუმცა სათუთად იყო გაზრდილი პიბლსი და მუშაობას შეჩვეული არ იყო, სიზარმაცე სჭირდა, მაგრამ რალდის სიტყვებმა გააბედვინა ახლა სამუშაოთ წასვლა.
რალდიმ არ დაიჯერა, ჩაიცინა და ჰკითხა:
- ტყეში რა გინდათ მერე?
- რა და ხეების ჭრა.
- ჰმ! რამდენი ხანია ყველანი წავიდნენ ტყეში.
- არა, კვირას მიდიან რამდენიმე კაცი სტივონსის მთაზედ.
- მერე ხეების ჭრისა რა იცით, დაცინებითა ჰკითხა რალდიმ!
- როგორ არ ვიცი.
- მაშ წადით, რაღას უყურებთ, უპასუხა მკაცრად ქალმა.
რალდის არ უნდოდა რომ დაენახა, ან გაეგო ვისმე, თუ რა ლმობიერებით ეკიდებოდა ახლა სიმ პიბლსს და ის სიძულვილი, უწინ რომ ჰქონდა, აღარ ეტყობოდა. რაც ხანი რალდიმ სიმ პიბლსის სახლში დაჰყო, კარგათ გაიცნო ეს კაცი და ისეთი კეთილი თვისებები შეამჩნია, რომ ყოველივე სიძულვილი გაუქრა და გული მოუბრუნდა.
პიბლსს თავისი შვილები ძალიან უყვარდა, მაგრამ იმათი მოვლისა კი არა გაეგებოდა-რა. როცა პირ-მოპარსული იყო, სახე ქალისას მიუგავდა. ისე ლამაზი იყო. ერთხელ რალდიმ დაინახა, რომ პიბლსი თავის დედის სურათის წინ იჯდა და ტიროდა.
რალდის გული აუჩუყდა, მაგრამ ისევ შეიმაგრა თავი.
- ჰმ! დედას დასტირის! როცა ცოცხალი იყო, ერთი კაბაც არ უყიდნია იმისთვის, მთელი ოჯახობა შიმშილით რომ არ დაეხოცა, დედას უნდა უმადლოდეს, დაუსვენრად რომ შრომობდა ის უბედური! რალდიმ იგრძნო, რომ თან-და-თან ეს კაცი ძვირფას არსებათა ხდებოდა იმისთვის. როცა პიბლსმა ტყეში წასვლა გამოუცხადა, მაშინ გაიგო კარგათ რალდიმ, თუ რათ უღირდა იმის მოშორება და არც უნდოდა გაშვება. რაღაც უცნაური მეუხარება გულს უხუთავდა, მაგრამ თან ისიც უხაროდა, რომ ახლა მუშაობა შეუძლიან და მაშასადამე კაცი გახდებაო.
თუ გაარშიყებია ვინმე რალდის, ყველა მრისხანებით მოუცილებია. სიყვარული რა იყო, ჯერ არ იცოდა. მაგრამ ზოგჯერ სისუსტე დასძლევს ხოლმე ღონესა და ასეც ემართებათ მაგარი ხასიათისა და თავ-მომწონე ქალებს! ღაც უფრო და უფრო გაშორების დრო ახლოვდებოდა, რალდი უნებურათ ულმობიერდებოდა სიმ პიბლსს და ის კი, თაყვანს რომ სცემდა იმ ადგილებს, სადაც რალდი ფეხს გადასდგამდა, ვერა ბედავდა თავისი გრძნობის გამოცხადებას, თუმცა ცხადათა ხედავდა, რომ რალდი უწინდელივით აღარ ერიდებოდა.
ორშაბათს უნდა გამგზავრებულიყო პიბლსი; რალდიმ მოუმზადა ტანისსამოსი და თეთრეული დაუკერა.
კვირა დილით, ჩვეულებისამებრ, სოფლის პატარა ეკკლესიაში რალდიმ წირვა მოისმინა. ღოცა დაბრუნდა, სადილი მოამზადა, აჭამა ბავშვებს და ქუჩაზედ გაისტუმრა სათამაშოთ, რადგან კარგი თბილი დღე იყო. საქმის დროს მღეროდა, სიმ პიბლსი კი ჩუმათ ისე შესცქეროდა, ლამის ჩაეყლაპა თვალებით. თუმცა ყოველთვის მრისხანეთ იყო რალდი და ცივად მოლაპარაკე, მაგრამ მაინც შეაპარებდა თვალს და უყურებდა სიმ პიბლსის ხუჭუჭ-თმასა; მოლურჯო თვალში თვალს გაუყრიდა ხოლმე და ჰფიქრობდა:
- რა მშვენიერი რამ არის! რა უნუგეშო და უპატრონოა! რამდენჯერ ჩაიდინა გმირული და მამაცური საქმე, მაგრამ კი არ იკვეხის სხვებივითა. არას დროს არავის უთქვამს სიმ პიბლსის უსვინდისობა; ყოვლითურთ პატიოსანი კაცია და ამის სიღარიბის მიზეზიც ეს არის. ნეტა რას იტყვიან ჯენკსის და სმიტის ცოლები, მე რომ პიბლსი შევირთო.
უცებ გონს მოვიდა რალდი, შუა ოთახში გავიდა და მოჰყვა გალობას: „მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდოდე სუფევითა შენითა.“
- სწორეთ მაგასა ვფიქრობდი, უთხრა სიმ პიბლსმა რალდის... რომ მომიგონებდეთ ხოლმე.
- ძნელი დასავიწყარი ხართ, უთხრა უკმეხათ რალდიმ, როდესაც თქვენი შვილები მუდამ თვალწინ მეყოლებიან!
- ყოველთვის კეთილი გინდოდათ ჩემი ოჯახისათვის, უპასუხა ისეთ ნაირათ სიმ პიბლსმა, ეტყობოდა რომ თავის ამხანაგებზედ ბევრით უფრო ზდილობიანი იყო. რალდი ამას სიამოვნებით ამჩნევდა, მაგრამ მაინც თავი არ დაიდრიკა და მწარის ღიმილით უპასუხა:
- არ მეგონა, რომ ამასაც შემატყობდით.
- როგორ არ შეგატყობდით, უპასუხა პიბლსმა საყვედურის კილოთი, ვერ წარმოიდგენთ, თუ თქვენმა ამდენმა სიკეთემ რანაირათ გამამხნევა და ამიტომ მივდივარ ტყეში სამუშაოთ. მინდა დაგიმტკიცოთ, რალდი, მინდა დაგიმტკიცოთ... მაგრამ ვეღარ მოახერხა იმისი ამოთქმა, რაც გულში ჰქონდა. რალდი გრძნობდა, რომ თითქმის ამასაც უმჟღავნდებოდა თავისი გულის პასუხი.
- შინ წავალ და ვახშმისთვის ისევ მოვალ, საჩქაროთა სთქვა რალდიმ და გავარდა ოთახიდამ.
ნავახშმევს ბავშვები დააძინა, სახლი დაალაგა და სიმ პიბლსი ამასობაში ჩუმათ შესცქეროდა. რალდიმ დაიპყრო მთელი იმის არსება და რაც უფრო ახლოვდებოდა განშორების ჟამი, უფრო და უფრო უცხოვლდებოდა სიყვარული.
- მართასთან წავალ, სთქვა რაღაც უცნაურის სიმკრთალით რალდიმ, დაავლო ხელი შლიაპას და შალსა, მაგრამ სიმ პიბლსმა სტაცა ხელი. ჯერ ქვეყანაზედ არავის არ გაებედნა ესა რალდისათავის!
- დაჯექით ჩემთან ცოტა ხანს, აი ცეცხლს მოუსხდეთ, ხომ იცით, უკანასკნელი საღამოა, ერთათ რომა ვართ, ხვალ გავშორდებით ერთმანერთს, უთხრა ფერ-გადაკრულმა სიმ პიბლსმა. რალდის რაღაც მორჩილება ეტყობოდა, ხმა გაკმენდილი დაჯდა სიმის პირ-და-პირ, და ორნივე ჩუმათ იყვნენ, თითქო ეშინოდათ მყუდროების მოშლისა.
- ახლა კი წავალ, წამოხტა რალდი.
- ჯერ კი ეს მითხარით, რალდი, კიდევა სტაცა ხელი სიმმა, მითხარით, რომ, როცა ნამუშევარს ავიღებ და დავბრუნდები, მაშინ...
- მაშინ რა? ისეთი ნაზის ხმითა ჰკითხა რალდიმ, რომ სიმ პიბლსი ცოტა გამხნევდა.
- მაშინ შემირთავთ და საუკუნოთ ერთმანერთისანი ვიქნებით, ეს ჩემი შვილებიც თქვენი შვილები იქნებიან. ძლივს ამოსთქვა სიმ პიბლსმა თავისი გრძნობა და მოიბრუნა სული; იმის ნაზს პირის სახეს, რბილი ხასიათის გამომეტყველს, ახლა ღონე და სიმძლავრე მიეცა, როგორც ყოველს სიყვარულით აღგზნებულს კაცს.
რალდი ისევ დაჯდა ჩუმათ და თვალებზედ ხელი მიიფარა. მერე მიუბრუნდა მშვიდობიანათ და ისე ცივეტ უთხრა სიმს, რომ ნაკლებათ ყვარებოდა, შეაკრთობდა.
- თქვენ პატიოსანი კაცი ხართ და კარგათ იცით, თუ რა ნაირათ ვაფასებ მე ამას. მშვენიერი ხართ; მაგრამ მითხარით ერთი, აბა როგორ შეგირთოთ, რომ თქვენც ღარიბი ხართ და მეც? სიმმა მწუხარებით თავი ჩაღუნა. რალდის უფრო აენთო სიყვარული, ასე შეწუხებულად რომ დაინახა პიბლსი.
- მართალს ამბობთ, გულ ამოკვნესით სთქვა სიმ პიბლსმა. მაგრამ განა არა ხედავთ, რალდი, რომ ახლა სხვა ნაირათ ვიქცევი? ვიმუშავებ ახლა და დაგიმტკიცებთ, რომ მუშაობაში სხვას არ ჩამოვრჩები.
რალდიმ შეხედა თვალ-ცრემლიანმა და უთხრა:
- როცა დაბრუნდებით, მაშინაც მოვილაპარაკებთ ამაზედ და ადგა.
- კარგი მაშ, უთხრა საწყალმა სიმმა ისეთის მწუხარებით, როგორათაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი კაცი იტყვის. ეს მაინც მითხარით, რალდი, რომ ცოტაც არის გიყვარვართ, თუ არა? დაეშვა მუხლებზედ და ქალის კალთაში მიადო თავი.
- ისე საზიზღრათ მიგაჩნივართ, რომ ერთი ბეწვა სიყვარულის ღირსათაც არა მხდით? უთხრა შეწუხებულის ხმით პიბლსმა.
- სიმ! წმინდათ სულელსა ჰგევხართ, უპასუხა რალდიმ და ააყენა. თქვენ გგონიათ, ამდენს გაგაბედვინებდით, ჩემის სიყვარულის ღირსათ რომ არა გხადიდეთ? მშვიდობით, სიმ! და გავარდა ოთახიდამ, მანამ სიმი თქმას მოახერხებდა რისამე.
მეორე დღეს დილით ცხრა საათზე უნდა გამგზავრებულიყო სიმი და ჰფიქრობდა წასვლის დროს რალდისთვის ორიოდ სიტყვა ეთქვა, მაგრამ რალდი ისე ცივათ და ამაყათ ელაპარაკებოდა, რომ სიმმა ვეღარა შებედა რა. ერთს წამს თვალი თვალს რომ გაუყარეს, სიმმა შეამჩნია, რომ რალდი უცებ ცეცხლივით აენთო. ეს ნიშანი საკმარისია ტრფიალების სიყვარულის დასამტკიცებლათ! სიმს უნდოდა ამის შემდეგ თავის სიყვარულზე ელაპარაკნა რალდისთან, მაგრამ მეორე გადახედვაზე რალდი მრისხანე
ეჩვენა და ვეღარც არა ახლა შებედა.
როგორც იყო ცივმა ზამთარმაც გაიარა. რალდი უნაკლულოთ ასრულებდა თავის მოვალეობას, თუმცა კი ჩვეულებისამებრ მეზობლის ქალების ჭორიკანობამ რალდის შესახებაც იშოვნა ენის სალესავი მასალა!
აპრილი დადგა და მდინარეს მოჰქონდა დიდი თოში. მეტივეებს სამხიარულო სიმღერებით ტივები მოჰქონდათ. დირბორნელი ყმაწვილი ქალების გულები აფანცქალდნენ ახალ-გაზდა ბიჭების სიმღერის გაგონებაზედ.
„ჩვენები როდის მოვლენ?“ ნაპირიდამ უყვიროდა ერთი მოხუცებული კაცი დარიყებულს ტივზედ მყოფს მეტივეებს.
„ერთი ორ კვირას უკან!“ მისცეს ხმა მეტივეებმა, დაეშვნენ წყალზე კიჟინით და ყვირილით. ნაპირზედაც ყვირილი შეიქნა.
„ჩვენები ორ კვირას უკან დაბრუნდებიან!“ ეს სიტყვები გაჰქონდათ და გამოჰქონდათ სიხარულით სოფლის ყველა კუთხეებში. რალდი სკოტტმა კერვის დროს სამხიარულო სიმღერების მღერას მოჰყვა. სიმ პიბლსის სახე სულ თვალ-წინა ჰქონდა და რაღაც გმირული და განთქმული სახელის კაცათ ეჩვენებოდა. უცნაურათ შეეთვისა სიმ პიბლსს და, როგორც საზოგადოთ ქალებმა იციან, სცდილობდა დაერწმუნებინა თავისი თავი, რომ ის გრძნობა რაც პიბლსისადმი ჰქონდა, შეუფერებელი და სათაკილო არ იყო.
- სიმ პიბლსი მომწონს და გულით მიყვარს, თუ მეც მოვსწონვარ, ვითამ რა სირცხვილია! ვის რა დავა აქვს, მოგვწონს ერთმანეთი და გვიყვარს თუ არა? ჰფიქრობდა რალდი. არავის ნებას არ მივცემ ჩემზედ უფროსობისას და ისე მოვიქცევი, როგორც ჩემი სურვილი იქნება. სიმი სუსტი არსებაა და მე საჭირო ვარ იმისთვის; მიყვარს მაგ გვარი ადამიანი, და თუ კი გამოვადგები რითიმე, თავს არ დავზოგავ იმისთვის. მართალია, კარგი მუშა კაცი ვერ არის, მაგრამ სასიხარულოთ და საკვეხრათ ისა მაქვს, რომ იოტის ოდნათ არას დროს არავის მოატყუებს!
თვითონ უბიწო რალდის დიდათ მიაჩნდა პიბლსის შეუგინებელი პატიოსნება და ისეთი ნდობაც ჰქონდა იმისი, რომ მეტი არ შეიძლება, ხან-და-ხან ღვინის სმა იცოდა პიბლსმა, მაგრამ მთვრალი კი არ უნახავს რალდის არას დროს. ყველანი პატიოსან ადამიანათა სთვლიდნენ სიმსა.
ხშირად ჰფიქრობდა რალდი:
- კარგი რამ არის სიმი და საშინლათ მიყვარს! კიდეც შევირთავ, როცა დაბრუნდება, ვინც რა უნდა სთქვას.
ერთი კვირა გავიდა; ტყის მჭრელები ჯერ არსად იყვნენ. თითო დღე თითო თვეთ ეჩვენებოდა რალდის, ისე გაგრძელდა ხანი; მაგრამ მთელი დრო შრომობდა, მხნეობდა. როცა ჩაიგდებდა თავისუფალს დროს, წიგნებსა ჰკითხულობდა, მამისაგან რომ დარჩა. ყოველ დილით წყლის პირს დადიოდა ჩამოსული ტივების დასათვალიერებლათ. ერთს აპრილის მშვენიერს დილას, ჩამოიარა თუ არა დიდმა ტივმა, მოისმა ყვირილი. ერთი ტივი წყალს თურმე მიჰქონდა გაჩქარებით და მეტივეებმა ვერაფრით ვერ გააჩერეს.
რალდიმ ხმაზედ იცნო სიმი. სკანდინავიელი ქალების მოსახურავი, დიდი წითელი ბინიში გადიგდო მხარზედ. თავისი ჩვეულებისამებრ შავი, მოკლე კაბა ეცვა. გულის კანკალით მივიდა ნაპირას და სულ განაბული უყურებდა გამოქანებულს ტივს.
- „აი მოვედით!“
- „არიქა, მოდექით, ბიჭებო!!“
- „დაიჭი!“
მოისმოდა ეს სიტყვები დიდი ტივიდამ, წყალს რომ მიჰქონდა საშინელი სისწრაფით და ქვებზედ ამტვრევდა. ნაპირზე ალიაქოთი ატყდა, ყველა უყვიროდა მეტივეებს, თუ რა ნაირათ უნდა დაეჭირათ თავი, რომ არ ჩაჰყოლოდნენ დიდ მორევში, საიდამაც ძნელათ-ღა გადარჩებოდა კაცი. ტივის ბოლოს იდგა სიმი, ისე იყო მომზადებული, ეს არის წყალში ჩავარდნას აპირებდა, რომ ცურვით გამოსულიყო ნაპირას. ამ ტივზედ ექვსიოდ ისეთი კაციც იდგა, წყლის პირას რომ ცოლ-შვილი მოუთმენლად მიელოდნენ. რამდენიმე მეტივეთ აპირებდა ტივზე დარჩენას, რომ მორევამდინ არ მიეშვა ტივი. რაც უფრო და უფრო ახლოვდებოდა ტივი მორევსა, ნაპირას უფრო დიდი ალიაქოთი ხდებოდა. იმ დროს, როცა ტივი ასცილდა კლდეს, საიდამაც თეთრათ მოჩანდა ლერუა სკოტტის ზედ-წარწერა სვეტზე, იქ სათითაოდ რამდენიმე კაცი ჩახტა წყალში. რალდი აენთო, ჟრუანტელმა დაუარა, როცა მოაგონდა ის დრო, თითონ რომ ვაჟკაცურად ებრძოდა ხოლმე გაშმაგებულ წყალსა, და ამაზედ უკეთესი მცურავი რომ არავინ იპოვებოდა. სიმ პიბლსი გადახტა წყალში; რამდენსამე წამს შემდეგ დამტვრეული ხეებიც ჩამოარბენინა წყალმა და სიმი კი აღარსად სჩნდა.
რალდი სკოტტის გვერდით მდგომი ყმაწვილი ბიჭი ტანისამოსს იხდიდა, წყლიდამ სიმის გამოსაყვანათ ემზადებოდა, მაგრამ რალდიმ დაასწრო: უცებ გადააგდო თავისი ბინიში, ერთ თვალის დახამხამებაში ჩავარდა წყალში დ აიმ ადგილას გაცურა, სადაც სიმი დასძირა. ცოტა განშორებულს ადგილს გამოჩნდა წყალში პირაღმა და თვალებ დახუჭული სიმი. რალდი მივარდა, სტაცა ხელი საყელოს. ნაპირიდამ ყმაწვილი ბიჭიც მიეშველა და ორივემ ერთად გამოიტანეს მომაკვდავი სიმ პიბლსი. რალდიმ ხელით აიყვანა, როგორც პატარა ბავშვი, პირიდამ წყალი ადენინე, პერანგი შეუხსნა, გულზედ ხელები წაუსვა. რამდენიმე წვეთი არაყი ჩააყლაპა, გულზე ყური მიადვა ფეთქს, თუ არაო და შიშისაგან გადაფითრებულს რალდის ღიმილი დაეტყო. მიუბრუნდა ხალხს და სთქვა:
- გადარჩება! ახლა შინ წაიღეთ და მოასულიერეთ. წამოისხა ბინიში და საჩქაროთ წავიდა.
როდესაც ამხანაგებმა მოასულიერეს სიმ პიბლსი, რალდი შევიდა იმის სახლში სხვა ტანისსამოსით. თმა სველი ჰქონდა ისევა და შეატყობდა ადამიანი, რომ ერთი საათის წინ ვისკონსინის საშიშარს მორევს ებრძოდა თავ-განწირვით, სიმ პიბლსის გადასარჩენათ.
- იმედია, რალდი, კილდოს მიიღებთ რასმე, სიკვდილს რომ გადაარჩინეთ პიბლსი, უთხრა ჯენკსის ცოლმა გესლიანათ და მაშინვე ჩაიმალა სადღაც. რალდის ყურადღებაც არ მიუქცევია იმისთვის.
მახლობელი დუქნიდამ მოისმოდა თვითონ ჯენკსის სიტყვები:
„აბა, ბიჭებო, ვადღეგრძელოთ ჩვენი პატივცემული და ჩვენს მაზრაში უპირველესი ქალი - რალდი სკოტტ. „ურა!“ ეს კი დიდათ სასიამოვნოთ ჰქონდა რალდის, უფრო იმიტომ, რომ ჯენკსის ცოლის ყურამდინაც ხომ მივიდოდა ეს სიტყვები და კარგათ უნდა გაეგონა, რომ ყმაწვილი კაცები ამის სადღეგრძელოსა სვამდნენ, მხნეობას და გამბედაობას უქებდნენ და პატივსა სცემდნენ.
რამდენსამე დღეს უკან სიმ პიბლსი სრულებით მორჩა. ახლა ძალიან მხიარულათ იყო, მაგრამ რალდიმ მაინც ერთ კვირამდინ არ ალაპარაკა თავის სიყვარულზე. ერთს საღამოს, რალდი რომ შინ წასვლას აპირებდა, სიმმა ძალა იხმარა. სკამი მიადგა კარებს და ზედ დაჯდა.
- ცოტა რამ მინდა გითხრათ, ეხვეწებოდა სიმი. რალდიმ ყური დაუგდო.
ნამუშევარი მივიღე და ახლა მაქვს ფული, სთქვა აჩქარებით სიმმა. ახლა კი შეგვიძლია რიგიანათ ვიცხოვროთ. კარგი სამუშაო ვიშოვნე და აი ამხანაგებსა ჰკითხეთ, რამდენი შევიძინე. სიმი რაღაც იმ ნაირი კილოთი ამბობდა, რომ გამჭრიახე რალდის, ცოტა არა, ეჭვი შეუვიდა და გადახედა სიმს, მაგრამ რალდის წინ სიმ პიბლსის ნათელი, მშვენიერი სახე იყო და იმისს დიდს მოლურჯო თვალებში ისე იხატებოდა სიყვარული, რომ ყოველივე ეჭვი გაუქრა რალდის.
- კარგი, უპასუხა დამშვიდებით რალდიმ. თუ ფული გაქვსთ, უშოვით ალაგსა. რაც თქვენ წახვედით, მას აქეთ ნისიები გვაქვს დუქანში თქვენი სახლისათვის. შევპირდი მოგცემ-მეთქი და, თუ თქვენ გადაიხდით, კარგსა იქთ.
- როგორ არ გადავიხდი, რას ამბობთ, სუყველას გადავიხდი! წამოიძახა სიმმა სიხარულით. რალდი რომ დამშვიდებული იყო, სიმმა უთხრა, დიდ ხანს გვეყოფა ფულიო. მაშ თანახმა ხართ ხომა? წამოხტა და წელში გაიმართა: ამ დროს ისეთი მშვენიერი შესახედაობა მიეცა, რომ რალდიმ თვალი ვეღარ მოაშორა და სრულებით დაავიწყდა, თუ ოდესმე ეჯავრებოდა სიმის სუსტი ხასიათი. ხმა ამოუღებლივ მოეხვია სიმი და რალდიც არ იყო უარზედ. მთელი თავისი არსებით უყვარდა რალდის სიმი. ვეღარ დავფარავ ჩემს სიყვარულს, ჰფიქრობდა ხოლმე, - და შევირთავ კიდეც. ახლა ჩემი გულისათვის სხვა კაცი გახდა, დამიმტკიცა სიყვარული და როგორ არ დავიჯერო, რომ სულითა და გულით ვყვარებივარ. იმისი ერთგული მეგობარი ვიქნები და იმის შვილებს ნამდვილ დედათ გაუხდები.
- ხვალ დავიწეროთ ჯვარი, ეხვეწებოდა სიმი. ხვალ, ჩემო სიცოცხლე!
- არა, წამოსთქვა რალდიმ და გაუსხლტა ხელიდამ. ერთ კვირას უკან დავიწეროთ ჯვარი. მითხარით სიმ, ჩემი ბედი და უბედობა თქვენ რომ მოგანდოთ, ხომ არას დროს არ მომატყუებთ არაფერში? მართალი მითხარით!
- არას დროს, რალდი, არას დროს არ მოგატყუებთ არაფერში; სხვა ვინ მომიტყუებია როდისმე, რომ თქვენ მოგატყუოთ! უთხრა თამამათ სიმმა, მოეხვია და ტკბილათ კოცნა დაუწყო.
რალდი არავის ეუბნებოდა თავის გულის საიდუმლოს. საქორწილოთ არაფერი მზადება არ ეტყობოდა. მალავდა ყველასთან, მართასთვისაც კი არა უთქვამს რა. ვის რა დავა აქვს, ვინც უნდა შევირთო. მართალია, ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ ქორწილის შემდეგ სთქვან, რაც უნდათ და ახლა კი არავის არას გავაბედვინებ და არას ვათქმევინებ. ვინც მინდა, იმას ვირთავ, ჰფიქრობდა რალდი.
ძლივს ჯვრის წერის დღემაც მოაწია.
სიმის სახეს უზომო ბედნიერება ეტყობოდა.
ვინც შეხედავდა, ყველა მიხვდებოდა, მაგრამ რალდიმ იმ დღესაც ამუშავა ბაღში, ვითომ არაფერიაო.
შუა დღისას უნდა ჯვარი დაეწერათ. რალდიმ შინ წასვლა დააპირა, საჯვარისწერო ტანისსამოსის ჩასაცმელად. სიმს დაუძახა და სთხოვა, ბავშვებს მოხედეო. ჭიშკრიდამ რომ გადიოდა, შეჰხვდა ჯენკსის ცოლი და მიესალმა. იმის მაგიერ, რომ ყურადღება არ მიაქციოს ჯენკსის ცოლს, სალამი მისცა.
- სწორეთ სასიამოვნოთა მაქვს, რომ სიმ პიბლსის საქმე ახლა კარგათ მიდის, უთხრა ჯენკსის ცოლმა გესლიანათ. რალდიმ გაოცებით შეჰხედა.
- სამწუხარო კი ეს არის, რომ ფული მაგ გვარათა აქვს ნაშოვნი! დაუმატა ჯენკსის ცოლმა.
რალდი გადაფითრდა და მოაგონდა, პირველათ რომ შეიტყო სიმის ფულის შოვნა, რა ეჭვებმა გაუელვეს თავში.
- რას ამბობთ, ჰკითხა ამაყათ რალდიმ.
- განა არ იცით? მთელი დირბორნი არის და ეს ამბავი! აბა ქვეყანაზე რა საიდუმლო დაიმალება, ან სიმ პიბლსი როგორ მოახერხებდა ამის დაფარვას!
- როგორა? რა იყო, ძლივსღა ჰკითხა რალდიმ.
- ხომ გაიგებდით, მოხუცებული ჯაკ ტორრი რომ მოკვდა ტყეში ამ ექვსი კვირის წინათ?
- გავიგე, გავიგე, უპასუხა მოუთმენლათ რალდიმ.
- მაშ ამასაც გაიგებდით, რომ სიმ პიბლსს შემოაკვდა ხელში. რალდიმ თუმცა ეს არ იცოდა, მაგრამ თავი დაიქნია, ვიციო.
- იმ დროს მარტო სიმ პიბლსი იყო იმასთან და ეგონა, არავის ესმოდა იმათი ლაპარაკი, მაგრამ ჩემი ქმარი ყოფილიყო იქ ახლოს და ყოველისფერი გაეგონა. მოხუცებულს უთქვამს სიმისთვის: „წაიღე ეს ჩემი ფულები, ჩემო სიმ და გთხოვ, სულ ერთიანათ ჩემს
ქალს გადასცე, ჩემს შვილსაო“ და განუტევა სული. სიმს არავისთვის უთქვამს ამ ფულების ამბავი და იმას კი იძახის, რომ ნამუშევარი მერგო ბევრი ფულიო. ამ სიტყვების შემდეგ ჯენკსის ცოლი გახარებული წავიდა, რომ შიგ გულში მოვახვედრე შხამიანი ისრები იმ ქალსაო, ყოველთვის მიწასთან რომ მასწორებდაო და ამაყად რომ მექცეოდაო.
რალდიმ ჩაღუნა თავი და აცახცახებულის მუხლებით უნებურად წინ წაიწია, მაგრამ ერთს წამს უკან უცებ მოტრიალდა და საჩქაროთ გაექანა სიმ პიბლსისკენ. ბავშვები კარებთან თამაშობდნენ; რალდი შევიდა სახლში და კარები ჩაიკეტა. ჩუმათ დაჯდა სიმის პირ-და-პირ და შიგ თვალებში შეხედა თავისი განრისხებული თვალებით. პირველად სიმ პიბლსმა ისე შეხედა, როგორც მოყვარულმა საქმრომ, მაგრამ მერე რალდის მრისხანე თვალები ისრებივით ეცა გულში: შეკრთა, გადაყვითლდა, თავი ჩაღუნა და მწარე ქვითინს მოჰყვა. ახლა კი გაიგო რალდიმ, რომ ჯენკსის ცოლი ტყუილს არ ამბობდა!
- სიმ, იქნება მართალი იყოს? ჰკითხა ნაზათ რალდიმ. მითხარით ისე, როგორც თქვენს მოძღვარს ან როგორც ღვთის წინაშე იტყოდით. ჯაკ ტორრი რომ კვდებოდა და ფულები ჩაგაბარათ თავის ქალისთვის გადასაცემათ, რა უყავით ის ფულები? გადაეცით იმ ქალს, თუ თქვენთვისაც აიღეთ რამე?
თუმცა რალდი სცდილობდა რბილათ ელაპარაკნა, მაგრამ ისეთი ბრძანებლობის კილო გამოდიოდა, რომ სიმმა ვეღარ შებედა ტყუილი.
- რალდი, დაიწყო სიმმა... სულ არა, სულ ერთიანად არ ამიღია... შეგიძლიათ ჰკითხოთ... რალდიმ არ დააცალა სიტყვის გათავება და მკაცრათ უთხრა:
- მაშ რამდენიმე მაინც აგიღიათ იმ ფულებიდამ?
- ცოტა ავიღე, უპასუხა ვედრების ხმით პიბლსმა, ცოტა ავიღე, მხოლოდ იმდენი, რაც შრომის ფასად ჩაითვლებოდა. ოჰ, რალდი, ნუ გამიწყრებით ახლა, ამ ბედნიერ დროს...
უბედურმა თავისი სახე რალდის მკერდს მიაყუდა. მდუღარე ცრემლები გადმოსდიოდა.
ქალმა ნაზათ თმაზედ ხელი წაუსვა და ტკბილათ უთხრა, მაგრამ გული კი ვეღარ მოიბრუნა.
- მე ბევრჯერ ვიყავ თქვენს ფიქრში სიმ! მაგრამ ახლა კი, ხელი ჰკრა ქალმა, ახლა კი როდესაც გავიგე, რომ უსინდისო ყოფილხართ, მკვდრების მოტყუებაც შეგძლებიათ, ჩვენს შორის კავშირი აღარა შეიძლება რა! მკაცრათ უთხრა რალდიმ. - თქვენს შვილებს ყურის გდება უნდა, იშოვნეთ ვინმე, რომ მოუაროს! მე აქ აღარ დავრჩები, რაღა მინდა! მართაც თხოვდება და მე მილუოკში წავალ; იქ ჩემის ოფლით ვირჩენ თავსა!
კარები გააღო და მანამ სიმ პიბლსი გონს მოვიდოდა, რალდი გავიდა იმ სახლიდამ, სადაც იმ დღეს ბედნიერ პატარძლათ უნდა შესულიყო და პატრონათ გამხდარიყო. ის იყო და ის...
სიმ პიბლსს აღარას დროს აღარ უნახავს თავისი სატრფო.
![]() |
4 ეკატერინე გაბაშვილი |
▲back to top |
![]() |
4.1 „ფრთებდაგლეჯილი“ - 1912 |
▲back to top |
ფრთებდაგლეჯილი
(სცენა)
შუათანა შეძლების კაცის სასტუმრო. მდივანი, სავარძელი, ტახტი მუთაქა-ბალიშებით. ერთს კუთხეში დიდი საწერი მაგიდა, რომელზედაც ალაგია წიგნები, გაზეთები, ნაწერი ქაღალდები, რამდენიმე სურათი ლამაზს ჩარჩოებში. მაგიდის თავით ქართველ მწერალთა სურათები ჰკიდია. ახალგაზრდა ქალი ქეთო თეთრის გაფარფაშებულის კაბით თმებჩამოშლილი აღებს ფანჯარას, საიდამაც მზის შუქი შემოდგება.
ქეთო (მარტო) რა მშვენიერება ხარ, გაზაფხულო, რა ტკბილი და მყუდრო, ფაქიზი, ნარნარი! არამც თუ კაცის თვალს და გულს, თვით ფრინველთაც კი სიხარულით ავსებ და სიყვარულით აჭიკჭიკებ (ჩაფიქრებულია).
მელანია (შემოდის) ქალბატონო, სამოვარი შემოვიტანე, შაქარი კი არ გახლავს.
ქეთო (არ ესმის მელანიას სიტყვები) ნეტა ადამიანები ერთნაირად რატომ არ გრძნობენ და არ ხარობენ?
მელანია (ხელს შეახებს) შაქარი არ გახლავთ-მეთქი!
ქეთო (შეკრთა) ოჰ, მელანია! რა საშინელი წინდაუხედავი ხარ, შემაშინე.
მელანია ბატონი ჯავრობს: სამოვარი მოვიტანე და შაქარი კი არ გახლავთ.
ქეთო (გაჯავრებული) რატო თვითონ ბატონი არ მოგატანინებს?
მელანია (ბუზღუნით) მე თქვენი არა მესმის რა, ის თქვენთან მგზავნის, თქვენ იმასთან... (გადის).
ქეთო (სავარძელში ჩაჯდება და გაზეთს კითხულობს) ხვალ ბეჟან ნარიმანიშვილი წაიკითხავს ლექციას... ქალთა პოლიტიკურ... (შემოდის ქეთოს ქმარი ნიკო).
ნიკო (გაჯავრებულია) რა დროს კითხვაა? აგერ ათი საათია. სამსახურში მიგვიანდება, ჩაი თავის დროზედ არ არის, ყელსახვევი ვერ მიპოვნია, არც ჯოხი სჩანს!
ქეთო (ღიმილით) ჯერაც არ გამიგონია შენი ჯოხის და ყელსახვევის დაკარგვა! (კითხულობს).
ნიკო (ხმას აიმაღლებს) არ გესმის, სამსახურში მიგვიანდებამეთქი? მომინახე ჩქარა!
ქეთო დედაკაცს უთხარი, ძალიან საინტერესო სტატიას ვკითხულობ. აი გაიგონე: „ქალთა განათლება და გათანასწორება პოლიტიკურს ასპარეზზედ...“
ნიკო (გააწყვეტინებს) რას როტავ, რასა? რა დროს პოლიტიკური ასპარეზებია! გეუბნები, ათი საათია-მეთქი, მიგვიანდება... ადექი!
ქეთო (გაანჩხლებული) რას ჩამაცივდი, ქა! ჩემი რა საქმეა შენი ყელსახვევის ძებნა? განა გაძებნინებ ხოლმე ჩემს საჭირო ნივთებს?!
ნიკო (ყვირის) როგორ თუ მაძებნინებ! მე და შენ ერთი ვართ? მაშ სამსახურში რომ დავდივარ, ხუთ-ექვსს საათს ორად მოკაკული ვზივარ და ვწერ, ოცში რომ შრიალ-შრიალით ახალ-ახალს ასიგნაციებს ჩაგითვლი ხოლმე, ამას პატივისცემა არ უნდა? მუშას ხელის შეწყობა არ უნდა?
ქეთო (გადააგდებს გაზეთს) ღმერთმა კი შეარცხვინოს ამისთანა ცხოვრება! აქაო და ოცში ჯამაგირს ვიღებო, მთელი ოცდაცხრა დღე ცხვირში საყვედურის ძმარი უნდა მადინო? ამიტომ მონად უნდა მაქციო? დღე და ღამ შენ უნდა გილალაო, თავისუფლად ამოსუნთქვის დრო არ უნდა მქონდეს? მეც რომ მქონდეს ჯამაგირი, მაშინ ხომ მაგაებს აღარ იტყოდი?
ნიკო აი, გააბა ბაასი: მთელს ქალთა კითხვას აღძრავს ახლა... გეუბნები, ჩქარა ყელსახვევი-მეთქი, ჯოხი, თორემ აქაურობას დავამტვრევ. (მაგიდას, სკამს ხელს წამოჰკრავს და ბრახაბრუხს ააყენებს).
ქეთო (ზიზღით) საწყალი, გადაირია, მოუარეს ეშმაკებმა.
ნიკო (მუშტმოღერებული) წყეული იყვეს, ვინც განათლებული ქალი ცოლად შეირთოს! (ქეთოს) როგორ ვერ გაიგე, როგორ ვერ შეიგნე, მე რომ სამუშაოდ მივდივარ, შენ მაშინ ნება არა გაქვს განცხრომას მიეცე, ოცნების მორევში იცურო! (ძლიერ ახლო მივა ცოლთან და თვალებში ჩაჰყურებს) ყველა მაგეებს დაგავიწყებ!
ქეთო შენი დაპირება, შენი აღთქმა სადღაა? ვეცდები ავაყვავო შენი ნიჭიო, ყოველ დაბრკოლებას გადავეღობო, ხელი შეგიწყოო...
ნიკო მაშინ შენ ვარდი იყავ და მე ბულბული. მე ვჭიკჭიკობდი... ეხლა ცოლი ხარ, ცოლი, რით ვერ გაიგე?
მელანია (შემოდის. ცალ ხელში ყელსახვევი უჭირავს, მეორეში ჯოხი, ხელებგაშლილი და სულელურის სიცილით) აი ეს თქვენი საყელური და ეს თქვენი ჯოხი! ტახტს უკან ეყარა.
ნიკო (დარცხვენილი გამოგლეჯავს ხელიდგან და სარკესთან დაიწყებს კეთებას) დასწყევლოს ღმერთმა, რამდენჯერ გადვიხედე იმ ოხერი ტახტის უკან ! (დახედავს საათს) უჰ, უჰ! რა რიგ დამაგვიანდა! (წაართმევს ჯოხს დედაკაცს და გარბის).
ქეთო (ამოიოხრებს) რა უგუნურად არის მოწყობილი ადამიანთა ცხოვრება, რისთვის ვწევთ ამოდენა ვაი-ვაგლახს, რად ვუმწარებთ ცხოვრებას ერთმანეთს! (ნელ-ნელა მივა მაგიდასთან და ნაწერ ქაღალდებს უწყებს ფურცვლას, უცებ შეჰყვირებს) ეს რა ამბავია? სად არის ამ ნაწერების ფურცლები? ხელი ვინ ახლო ამ რვეულს?
მელანია დაწერილი თაბახები? აქა-იქ წაშლილი რომ იყო? ზედიზედ რომ იყო მიწერილი და წაშლილები?
ქეთო ჰო! ჰო! რა იქნა, სად მიაჩეჩე!
მელანია (დარცხვენილი) მე „შავები“ მეგონა და...
ქეთო და რა? რა? თქვი რაღა!
მელანია წუხელის ბუხარს ვეღარაფრით მოვუკიდე, ნედლი შეშა იყო და ქაღალდი შევუკეთე...
ქეთო ბუხარს შეუკეთე? ღმერთო ჩემო, რა უბედური ვარ! განა ქვეყანაზედ ამისთანა სირეგვენე მოხდება სადმე? სამი კვირის ნაწვავ-ნადაგი, გულის შიგნიდან გადმომსკდარი ნადუღი და ცეცხლის ასანთებად შეკეთება! (მელანიას) ოხ, შე ველურო, ჩერჩეტო! რა მიყავ ესა! რა მიყავი? მე მზად ვარ ყელში წაგიჭირო და დაგახრჩო! რამდენჯერ მითქვამს შენთვის, ჩემს ნაწერებს ხელი არ ახლო-მეთქი, რამდენჯერ?... (სტირის).
მელანია (მობუზული სდგას) რა ვიცოდი, რა ვიცოდი მე უბედურმა. (ტირის) ბატონი „შავებს“ ყოველთვის გადმომიყრის ხოლმე.
ქეთო (აღშფოთებული) სულ ასეა ჩემი საქმე: ჩხუბი, ბოროტება, უგუნურება!! რა ვქნა? როგორ მოვიქცე, როგორ გამოვიდე ამ მდგომარეობიდგან? (დადის ჩაფიქრებული. უცებ საათს შეხედავს, მელანიას) მაშ იცოდე, რომ ერთი ხელისოდენა ნაწერი ქაღალდი რა არის ხელისოდენა, ისიც კი არ დახიო დაუკითხავად! გესმის?! დახიო კი არა, ალაგიდგანაც არ დასძრა! ეხლა ეს ოთახი დაალაგე, მტვერი გადასწმინდე, იატაკი გაასუფთავე, სტუმარი უნდა მოვიდეს. მერე ყავა მოხარშე. ეხლა მე ბავშვთან გავალ.
მელანია (ოთახს ალაგებს) ბატონმა მიბძანა, სადილი სწორედ ორ საათზედ მზად იყოსო. მანამ ოთახს ავალაგებ, მანამ ყავას მოვხარშამ და მოგართმევ, პირველიც გადავა, მაშ სადილი როდისღა მოვამზადო? დავაგვიანო და ვაი ჩემი ბრალი! და, და, და! რა რიგ განრისხდა! რა რიგ გაასპიტდა! ამოდენა ადამიანი კინაღამ მთლად არ გადამყლაპა! ქაღალდები რად დამიწვიო?! დიდი რამეა მაგის ნაბღაჯნები თუ დავწვი. ბატონი ტყუილად კი არ აყვედრის: სულ სწერ და სწერო, კითხულობო, სწერ და კითხულობო! (პაუზა). ქალი უნდა ტახტზედ იჯდეს და მთელი დღე ქმარშვილს საკერავს უკერავდეს, სახლ-კარს უვლიდეს, შვილებს დასტრიალებდეს! ეგ კი სულ დუ, დუ, დუ! (აჯავრებს კითხვას. ზარის ხმა ისმის. მელანია კარებს აღებს. შემოდის რედაქტორი).
რედაქტორი ქალბატონი ქეთევანი შინ ბრძანდება?
მელანია (თავისთვის: თვალიც გაგხეთქიათ!) შინ გახლავთ. (გადის).
რედაქტორი (მარტო, საწერ მაგიდას ათვალიერებს) აი რაღაც მოთხრობაა დაწერილი! იქნებ ეს არის, მე რომ აღმიქვა? (კითხულობს) „მშვენიერი, ტკბილი, მყუდრო გაზაფხულის საღამო იყო, პატარა ნაკადული ღუღუნ-ჩუხჩუხით მოკუნტრუშობდა ხავერდოვანს ველზედ და ტკბილს ბანს აძლევდა თინათინის გულის ჰანგებს“...
ქეთო (შემოდის) გამარჯვება, ბატონო როსტომ!
რედაქტორი მაპატიეთ ჩემი ცნობისმოყვარეობა! მაგიდაზე დაწერილი ფურცლები დავინახე, სულმა წამძლია და კითხვა დავიწყე. დასაწყისი მშვენიერია, პოეზიით სავსეა... წარმოიდგინეთ, ნომერი ჟურნალისა თითქმის მზადა მაქვს და მხოლოდ მოთხრობაღა მაკლია. ქალის დაწერილი მოთხრობა კი საზოგადოებას დიდად ესიამოვნება...
ქეთო (მორცხვად) ბოდიშს ვიხდი, ბატონო, რომ ჩემს სიტყვას ვერ ვასრულებ...
რედაქტორი (წამოხტება) რას ბძანებთ? რატომ? რა მიზეზია?
ქეთო მოთხრობა თითქმის მზად მქონდა, მაგრამ ამ უგუნურმა დედაკაცმა საშინელი საქმე მოახდინა: რამდენიმე დაწერილი თაბახი ცეცხლის მოსაკიდებლად თურმე შეუკეთა ბუხარს!
რედაქტორი (გაოცებით) ნუთუ ეგ შესაძლებელია? ეს ხომ ნამდვილი ველურობაა... კაცის კვლა... მაგ გვარს მოსამსახურეს როგორ ინახავთ? ან საზოგადოდ როგორ შეუძლია ვისმე ხელი ახლოს თქვენს ნაწერებს, თქვენს სამუშაო მაგიდას?!
ქეთო (მწარის ღიმილით) როგორ შეუძლია ხელი ახლოს ვინმემ თქვენს ნაწერებსო! თქვენს მაგიდასო! ხა, ხა, ხა! ჩემს მაგიდას, ჩემს ნაწერებს! სად არის ჩემი მაგიდა, ვინ დაეძებს ჩემს ნაწერებს, ვინ სცემს პატივს ქალის ნაბღაჯნებს! პირიქით, დამცინიან, მაყვედრიან, წუთისოფელს მიშხამებენ, რომ ვბედავ და მაგ გვარს შრომაზედ დროს ვკარგავ (აღელვებულია).
რედაქტორი (გაივლის და გამოივლის, მერე თითქო ნუგეშისსაცემლად ხელს ჩამოართმევს) დამშვიდდით, ბატონო, გემუდარებით, დამშვიდდით და კვლავ შეავსეთ, შეასწორეთ მოთხრობა. განა შავი არ გაქვთ, ან არ შეიძლება ისე აღადგინოთ როგორმე დამწვარი ფურცლები?
ქეთო არა ღირს! რა უნდა იყოს საჩქაროდ დაწერილი, შეუმუშავებელი... მე კი ყოველთვის ვჩქარობ, გადაკითხვის დროც არ მაქვს. წერის დროსაც ათასჯერ მეფანტება აზრები, რადგან ყოველ წამს აგლეჯენ ფრთებს ჩემს აღმაფრენას (ამ დროს შემოდის დარიკო, კეკლუცად მორთული ყმაწვილი ქალის).
დარიკო ამ მშვენიერს დღეს სახლში ზიხარ, ქეთოჯან?
ქეთო (დარიკოს და რედაქტორს) გთხოვთ, იცნობდეთ ერთმანეთს.
დარიკო შენ, როგორც გეტყობა, არა გცალიან? მე კი მეგონა ერთად წავიდოდით ბულვარზედ სასეირნოდ. (რედაქტორს) წარმოიდგინეთ, ბატონო, რა საშინლები არიან ჩვენი ქმრები, ჩვენს მარტოდმარტო სიარულს ეჭვის თვალით უყურებენ. მეც იძულებული ვარ ქეთო შევაწუხო ხოლმე.
რედაქტორი მაპატიეთ, რომ მე ვბედავ და თქვენს საქმეში ვერევი: ქალბატონი ქეთევანი, როგორც მწერალი ქალი, არ უნდა მოაცდინოთ ხოლმე მუშაობას.
დარიკო (გაჯავრებით) მწერლებს მაშ ჰაერზედ გასვლა, ხალხის დანახვა აკრძალული აქვთ?
ქეთო არა, დარეჯან, მე როცა დრო მაქვს დიდის სიამოვნებით მოვდივარ ხოლმე შენთან...
დარო ეხლა, როგორც გეტყობა, მე ხელი შეგიშალეთ... (დაცინვით) თქვენ უთუოდ მწერლობაზედ ბაასობდით, ბ-ნო რედაქტორო და მწერალო ქ-ნო, ბოდიშს ვიხდი! (საჩქაროდ წამოხტება, ცერემონიით თავს უკრავს და გადის).
ქეთო აი, ბატონო, ჩემი ცხოვრების სარკე! ყველანი ამ თვალით უყურებენ ჩემს მწერლობის სურვილს.
რედაქტორი დიდად სამწუხაროა, დიდად! მაგრამ მაპატიეთ, ისევ თქვენს მოთხრობას დავუბრუნდეთ: გთხოვთ, გემუდარებით... მე ვგრძნობ, რომ ტანჯვით ნაშობი შვილი უფრო საყვარელია, უფრო გრძნობით სავსეა... იმედს მაძლევთ? (ხელზედ ჰკოცნის. ამ დროს მელანია შემოდის სინით, ყავა მოაქვს და რომ დაინახავს კოცნას, შეჰკივლებს და სინი ხელიდგან გაუვარდება).
მელანია დამიდგეს თვალები! (პირზედ ხელებს აიფარებს და გარბის, კარებში ბარბარეს შეეფეთება, რომელიც სასტუმრო ოთახში იჭყიტებოდა).
რედაქტორი (შემკრთალი) ოხ! სწორედ რომ შესაბრალისი ხართ! დიდი გმირობაა თქვენგნით არა თუ წერა - სუნთქვა, სიცოცხლე! (დადის და თავისთვის ლაპარაკობს) დედაკაცი მართლა რომ მონაა, მონა ხელ-ფეხშეკრული! უგზო, უკვალო, უმწეო... (მიუახლოვდება ქეთოს) მაგრამ მით უფრო გმართებთ ბრძოლა, ბრძოლა საშინელი, მედგარი, თავისუფლების მოსაპოვებლად. თქვენ მოვალე ხართ, როგორც შეგნებული და ნიჭიერი არსება, თავი დაანებოთ ოჯახს რუტინას და მთლად ემსახუროთ საზოგადოებას!
ქეთო მეც ბევრჯელ მომსვლია ეგ ფიქრი თავში, მაგრამ ძალა სად არის? ძალა და რა ძალა? ძალა ისეთი, რომელმაც უნდა დაანგრიოს რჯულად ქცეული წყობილება, შეჰქმნას ახალი გზა, გადიტანოს ყველაზედ უდიდესი, თითქმის გარდუვალი საფეხური ამ შემთხვევაში შვილებია, იმათს მომავალზედ ხელის აღება... მე კი მგონია, ადამიანები ბოროტნი და შურიანნი რომ არ იყვნენ, შეიძლებოდა ოჯახის მოვლაც და საზოგადო საქმეც შეეერთებინა დედაკაცს; აქ მხოლოდ საჭირო იქნებოდა ცოტაოდენი დათმობა, პატივისცემა იმ საქმისა, რომელიც... (ამ დროს მოისმის ბავშვის წივილი, ქეთო წამოვარდება და თვალებდაჭყეტილი, უნძრევლად კარებისაკენ იყურება. კარებიდგან შემოვარდება ბარბარე, ხელში აყვანილი ჰყავს მტირალი ბავშვი).
ბარბარე (მკაცრად) კიბეში ჩავარდა და კინაღამ ცხვირ-პირი ჩაიმტვრია. მაშ რა იქნება, დედავ და თვალო, დედა რომ მწერლობას მიჰყოფს ხელსა, გაზეთებს და წიგნებს ვერ მოაშორებს თვალსა, რასაკვირველია, შვილები ყოველთვის დაფერხვილები და დამტვრეულები ეყოლება. (ქეთო ბავშვს უალერსებს, რედაქტორი შეძრწუნებული უკან არის ჩამომდგარი) ვის გაუგონია, გეთაყვანეთ, გათხოვილი ქალი და გაზეთები, წერილები...
რედაქტორი (წინ წამოდგება. ბარბარეს) უკაცრავად, ბატონო! (მიუახლოვდება ქეთოს და მოწიწებით): მე იმედს არ ვკარგავ, ბატონო, რომ ამ ორ-სამს დღეში გადმომცემთ შევსებულს და შესწორებულს მოთხრობას და დიდად დამავალებთ მეც და საზოგადოებასაც... ნუ დაემორჩილებით (ხელზედ კოცნის) გარემოებას. თქვენ თვითონ დაიმორჩილეთ იგი...
ბარბარე (წინ გადაურბენს) როგორ არა გრცხვენიათ, ამოდენა დედაკაცი აქ ვარ და თქვენ ჩემს რძალს რაღაცეებს ჩასტუტუნებთ და თან ხელზედ კოცნით!
რედაქტორი (შეწუხებული) რას ბძანებთ, რას ბძანებთ! როგორ თუ ჩავტუტუნებ? მე ქ-ნ ქეთევანს ვთხოვ დაპირებული მოთხრობა დაამთავროს და მომცეს...
ბარბარე კარგად ვიცი, კარგად ვიცი, რა მოთხრობასაც სთხოვთ! მე რომ თვალები არ მეჭყიტოს, სახლი ათასის ვიგინდარათი აივსებოდა...
ქეთო (ბავშვს დასვამს და აღშფოთებული წამოხტება) დედა, დედა! რაებს ამბობს! როგორ ჰბედავთ მაგის თქმას! რად შეურაცყოფთ მაგ ბატონს! და მეც?
ბარბარე ტა, ტა, ტა! ძალიან გაიოცე, გიცნობთ ახლანდელს ქალვაჟთ, რაც შვილები ბძანდებით!
რედაქტორი (ქეთოს) ეხლა კი ვხედავ თქვენს უმწეო მდგომარეობას და გადაწყვეტით მოგახსენებთ, თქვენი ამ სახლში დარჩენა არა თუ შეუძლებელია, უზნეობაც და მომაკვდინებელი ცოდოც არის!... (დაავლებს ქუდს და გავარდება).
ბარბარე გესმით, გესმით, რეებს აგონებს ამ უბედურს! მარზედაც ხელი აიღეო, ამ ოჯახში ყოფნა თქვენთვის მომაკვდინებელი ცოდვა არისო! (წუწუნებს) საწყალი ჩემი შვილი! უბედური! აი რა არის მწერალი ცოლის ყოლა!...
ნიკო (შემოდის ქუდით, კალოშებით, ჯოხით ხელში) რა ამბავია? რა გაყვირებს, დედაჩემო? (მერე ქეთოს) შენ რაღა დაგმართნია, ადამიანო?
ქეთო ოხ, ოხ! ღმერთო ჩემო! რაღადა ვარ ქვეყანაზედ ცოცხალი? მართლა რო დედამიწასთან გამასწორეთ... ლაფი დამასხით (ტირის).
ნიკო ვა, ეს რა აყალმაყალია, რა მოხდა, რა იყო? დედაჩემო, შენ რად მოსულხარ? ხომ იცი, რომ შენ და ქეთო ერთად ვერ თავსდებით?
ბარბარე (განრისხებული დიდხანს უყურებს შვილსა, მერე ხელებს გაიქნევს და წუწუნით): ეჰი და ჰაა! იმისთვის არ გაგზარდე, იმისთვის არ დაგავაჟკაცე და დაგასახლე, რომ სიბერის დროს სახლშიც აღარ შემომიშვა, შენს არამზადა ცოლს მანაცვალო?! ეგ შენ და ეგ შენი მშვენიერი ცოლი! დეე, წინიდგან დასათხრელი თვალები უკნიდან დაგთხაროს (გადის).
ნიკო (ქეთოს) რა ამბავია, ქალო, რას ამბობს დედაჩემი? ვინ იყო აქ, რას აკეთებდით?
ქეთო დედაშენის ყურება აღარ შემიძლია! ან მე უნდა ვიყვე ამ სახლში, ანდა ის! ოჰ, რო იცოდე, რა საშინელი შეურაცყოფა მომაყენა! დედამიწა რომ გამხეთქოდა და შიგ ჩავვარდნილიყავ ის მერჩინა (ტირის).
ნიკო რა იყო, ქალო, ვეღარ სთქვი?
ქეთო „განთიადის“ რედაქტორი იყო ჩემთან, მოთხრობას მთხოვდა თავისი ჟურნალისთვის. უცებ დედაშენი შემოვარდა, ყვირილი და ლანძღვა დაუწყო... შენ, შენ ჩემს რძალს საარშიყო რამეებს ელაპარაკებიო.
ნიკო ჰმ! (გაივლის და გამოივლის ჩაფიქრებით) ჰმ! დედაჩემი განა გიჟია, რომ აგრე უსაბუთოდ მივარდეს უცხო კაცს და გამოლანძღოს? უეჭველია ხელის მოსაჭიდებელი დაინახა რამე? ის ბატონი რედაქტორი ისეთი არამზადაა, ისეთი ურცხვი, ქალების კალთის მლოკავი, რომ...
ქეთო (გააწყვეტინებს და აღშფოთებით) კარგი, კარგი! გაჩუმდი! ახლა შენ მოჰყვები! მე მეტი აღარ შემიძლია. გადავვარდები სადმე (ისტერიულად ტირის).
ნიკო (დაცინვით) ეგ არის თქვენი ფარ-ხმალი! მაგაშია თქვენი გამარჯვება! მაგითი გინდათ თავი იმართლოთ, ყოველი თქვენი სიბინძურე ცრემლებით გამოისყიდოთ...
ქეთო (ფეხებს აბრახუნებს, კბილებს აღრაჭუნებს) გაჩუმდი, გაჩუმდი, თორემ დაგარტყამ რასმეს! (შანდალს წამოავლებს ხელს) ნუ ჰბედავ სიცრუეს, ნუ მიფატრავ გულს, სულში ხელს ნუ მიპოტინებ, დესპოტო, სისხლის მსმელო!..
ნიკო ხა, ხა, ხა! გადირია თქვენმა მზემ, მთლად გადირია! (დაცინვით) უთუოდ შენის ახალის მოთხრობისათვის მაგ გვარი სიუჟეტია საჭირო? ტრაგიზმი ახლა მოდაშია, შენს მშვენიერს რედაქტორს მოეწონება! მადლობით ხელებს დაგიკოცნის!
ქეთო ოჰ, ოჰ! მეტი აღარ შემიძლია... აღარ შემიძლია... (სასოწარკვეთილებით) მიშველეთ... (შემოდის მელანია)
მელანია სადილი მზად არის.
ნიკო სადილი თქვენა და ღვთის რისხვა! წყალი, წყალი მოიტანე!
მელანია ქალბატონი კვდება, მიშველეთ, მიშველეთ. (სცენაზე დარბის).
ნიკო (მელანიას) გაჩუმდი! ნუ ღრიალებ! ქვეყანა თავს დაგვესხმის!
![]() |
4.2 „ქართველ ქალებისგან ნათარგმნი მოთხრობები“ - 1880 |
▲back to top |
სოფელი ტრეპპი
მოთხრობა პოლ გეიზესი1
აპენინის მთის ქედზე, ტოსკანსა და ჩრდილოეთის საპაპო მაზრის ნაწილს შუა, განმარტოებით მდებარეობს ერთი მწყემსების სოფელი, სახელად ტრეპპი. ამ სოფელს მგზავრი მიუდგება მხოლოთ ვიწრო ბილიკებით. საურმე გზა, რომლითაც ფოშტა და დილიჟანსები გადადიან ამ მთას, უფრო ქვევით სამხრეთისკენ, რამდენსამე მილის მოშორებით არის. სოფელ ტრეპპში დადიან მხოლოთ გლეხნი, რომლებიც აღებ-მიცემობენ ამ სოფლის მწყემსებთან, ზოგჯერ მხატვრებიც, ხანდისხან ახირებული ტურისტებიც და ბნელ ღამეებში კონტრაბანდისტები2 მძიმეთ დატვირთვლის სახედრებით, რომლებსაც არ გაუჭირდებათ ასვლა უფრო უმაღლეს და უარესის გზებითაც, მხოლოდ იმისათვის რომ პატარას ხანს შეიფერხონ განმარტოვებულ სოფელში.
ოკტომბრის ნახევარი იყო; აქ ამ დროს ძრიელ ნათელი ღამეები იცის. მხოლოთ დღეს, ძრიელ ცხელი დღის შემდეგ, ხეობიდგან ამოვიდა ცოტაოდენი ბურუსი და მოეხვია ამ მთის წვერებს. საღამოს ათი საათი იქნებოდა. დაბალ, აქა იქ გაფანტულ ქვის ქოხებში, რომლებშიაც დღისით მარტო ყმაწვილები და მოხუცნი არიან, ცეცხლები ჩაჰქრენ. კერის გარშემო, რომელზედაც საკიდლით ჩამოკიდებულნი იყვნენ დიდრონი ქვაბები, ეძინათ მწყემსებს თავის ცოლშვილში. ძაღლები აქვე თბილ ნაცარში იწვნენ. მარტო აქა იქ ცეცხლა პირას იჯდა ბებერი და ბუტბუტით აბზრიალებდა თითისტარს ან არა და დაარწევდა თავის მტირალა შვილის შვილსა. შემოდგომის სიცივე თავისუფლათ შეხუხუნებდა კედლების ფარღიალებში; ჩამქრალი ცეცხლის ბოლი ძალას ვერ ატანდა, რომ გასულიყო ბანიდგან ბურუსში და სახლის ჭერის ქვეშვე რჩებოდა. დიდხანს იჯდა ბებერი და ჩუმათ ლოცულობდა, მანამ ესეც არ დასძლია ძილმა.
მარტო ერთ სახლშიღა იყო მოძრაობა. ეს სახლი ისე დაბალი იყო, როგორც სხვა შენობა ამ სოფელში; მხოლოთ ამის ქვები უფრო კარგათ იყვნენ ნათალნი და მკვიდრათ ნაშენნი, კარი უფრო მაღალი და განიერი ჰქონდა და სადგომ ოთახს მოდგმული ჰქონდა სხვა და სხვა საკუჭნაოები, ბოსელი და სხვა წვრილი შენობაები. ამ სახლის კარებზე იდგნენ რამდენიმე დასაპანლებული ცხენები. პატარა ხანს უკან სახლიდგან გამოვიდნენ დაიარაღებული კაცები, და ცხენებს აღვირები გაუკეთეს. ბებერმა ძაღლმა, რომელიც კარებში იწვა, მარტო კუდი გაიქნია, როდესაც ეს კაცები მოასხდნენ ცხენებსა და დაიმალნენ ბურუსში, მერე წამოდგა და შევიდა ოთახში, სადაც კერაზე დიდი ცეცხლი ენთო. ცეცხლა პირას იდგა სახლის პატრონი ქალი უძრავათ და ხელები ჩამოკიდებული
ჰქონდა თავის მოხდენილ ტანზე. ძაღლმა ოდნავ პირი დაადო ამის ხელსა და ქალი ისე შეხტა, თითქო ძილიდგან გამოფხიზლდაო. „ფუოკო, სთქვა იმან, შენ ავათა ხარ, წადი დაიძინე საბრალო პირუტყო.“ ძაღლმა მადლობით დაიწყო კუდის ქნევა და ნელის წკმუილით და ხველებით დაწვა ტყავზე, რომელიც იქვე ცეცხლა პირას იყო დაგებული.
ამ დროს სახლში შემოვიდნენ რამდენიმე მუშა კაცი; ესენი დასხდნენ იმ დიდ სტოლთან, რომელიც ამ ცოტახანში დასტოვეს კონტრაბანდისტებმა. მოხუცებულმა მოსამსახურე დედაკაცმა ამათ დაუსხა დიდ ჯამზე პ ო ლ ე ნ ტ ა, რომელიც ცეცხლზე დიდ ქვაბში იხარშებოდა, აიღო თითონაც კოვზი და მიუჯდა საერთო სუფრას. ვახშმის დროს ამ ხალხს არ ამოუღიათ არც ერთი სიტყვა. ცეცხლი გუზგუზებდა, ძაღლი ძილში კვნესოდა, სახლის პატრონი ყმაწვილი ქალი ცეცხლა პირს ქვაზე იჯდა და მძიმეთ ჩაფიქრებული იყო; იმას ხელიც არ უხლია პ ო ლ ე ნ ტ ი ს თ ვ ი ს, რომელიც ბებერმა მოახლემ ცალკე თეფშით მოართვა. ნისლი თეთრი კედელივით იდგა კარებ წინა და მთების ზოლებიდგან ნელა-ნელა ამოდიოდა ახალი მთვარე.
უცებ მთის ძირიდგან მოისმა კაცებისა და ცხენის ფეხის ხმა. „პიეტრო!“ ნელის, მაგრამ ბძანების ხმით, სთქვა ყმაწვილმა ქალმა. მაღალი ვაჟკაცი სწრაფლ წამოხტა სუფრიდგან და გაჰქრა ბურუსში.
ფეხის ხმა უფრო და უფრო მოახლოვდა და ბოლოს კარებთან ცხენიც შესდგა. ერთ წამს შემდეგ ოთახში შემოვიდა სამი კაცი და თავი დაუკრეს სახლის პატრონს. პიეტრო მიუახლოვდა ყმაწვილ ქალსა, რომელიც ისევ ჩაფიქრებული ცეცხლს უყურებდა.
„ესენი ორნი არიან პორეტტიდგან,“ უთხრა იმას; „სავაჭრო არა აქვთ რა, ამათ უნდათ გააპარონ სინიორი, რომელსაც პასპორტი რიგიანი არა აქვს.“
- ნინო! დაუძახა ყმაწვილმა ქალმა. ბებერი მოახლე საჩქაროთ წამოდგა და მოვიდა ცეცხლა პირს.
- იმათ მარტო ჭამის მეტი არა უნდათრა? სინიორი ლოგინსაცა გთხოვთ, რადგანაც ის აქ აპირობს ღამის გათევასა.
- კარგი, საკუჭნაოში თივა გაუშალე.
პიეტრომ თავი დაუკრა და მიბრუნდა სტოლთან.
სტუმრებიც სტოლთან დასხდნენ. მუშებმა იმათ ზედაც არ შეხედეს. ორი ამ სტუმრებთაგანი კონტრაბანდისტები იყვნენ; იმათ ეცვათ კარგათ შეკერილი კურტკები და თავზე დიდი შლიაპები ეხურათ, ზედ თვალებზე ჩამოფააფხული. ამათაც ოდნავ დაუკრეს თავი მუშებს. პირველ ალაგზე დასვეს თავიანთ მგზავრი, პირჯვარი გადიწერეს და ვახშამს ხელი მიჰყვეს.
სინიორი, რომელიც იმათ მოჰყვათ არა ფერს სჭამდა, იმან მოიხადა ქუდი მაღალი შუბლიდგანა, თმებზე ხელი გადისვა და გადაათვარიელა ოთახი და შიგ მყოფნიც. ქვის კედლებზედ იმან წაიკითხა ნახშირით დაწერილი სახარების სიტყვები; კუნჭულში დაინახა ღვთის მშობლის ხატი. თავის გვერდით ქათმები ქანდარაზედ, ჭერში ჩამოკიდებული სიმინდის ტაროები, კედელზედ თარო, რომელზედაც ჩამორიგებული იყო ბოთლები და სტაქნები, ძირს ფილაქანზედ დაგროვილი კალათები და ტყავები. ბოლოს იმისი თვალი შეჩერდა ჩაფიქრებულ ყმაწვილ ქალზე, რომელიც ისევ ცეცხლთან იჯდა. ამ ქალის პროფილი აშკარათ სჩანდა ცეცხლის შუქზე, კისერზე ჩამოჰფენოდა შავი თმის ნაწნაები. ერთ მუხლზე ეწყო ორივ ხელები და მეორე ფეხი დაბჯენილი ჰქონდა ფილაქანზე. მგზავრი ვერ მიხვდა თუ რა ხნისა იქნებოდა ის ქალი. მაგრამ ყველა ფერში კი სჩანდა, რომ ის იყო ამ სახლის პატრონი.
- შეიძლება ღვინო გვიშოვნოთ, პადრონა? ჰკითხა იმან. რა წამს იმ კაცმა წამოსთქვა ეს სიტყვები, ყმაწვილი ქალი ისე წამოხტა, თითქო იმის გვერდით მეხი ჩამოვარდაო. ეს გასწორდა და ორთავ ხელებით კერის ქვებს დაეყუდა. ამ წუთშივე გაიღვიძა ძაღლმა და საშინელი ღმენა დაიწყო. ოთხი ანთებული თვალი უყურებდნენ სტუმარს.
- არ შეიძლება ღვინო გვიშოვნოთ, პადრონა? გაიმეორა სტუმარმა. იმან ვერცკი გაათავა ეს სიტყვები, ამიტომ რომ უცებ მივარდა ძაღლი და წამოსასხამი მოგლიჯა, და კიდევაც აპირობდა მივარდნას, რომ მაშინვე არ შეეკავებინა თავის ქალბატონის სასტიკს გაჯავრებას.
- აქეთ, ფუოკო, აქეთ! ჩუმათ! ძაღლი იდგა შუა სახლში, გაჯავრებული იქნევდა კუდსა და თვალს არ აშორებდა უცხოს.
- პიეტრო, ძაღლი ბოსელში დაამწყვდიე, უბძანა ქალბატონმა. ეს ისევ ცეცხლთან უძრავათ იდგა და გაიმეორა თავის ბძანება, რაკი ნახა, რომ პიეტრო იგვიანებდა. რამდენიმე წელიწადია, ბებერი ძაღლი აქ ცეცხლთან იწვა და ეს ბძანება ყველას გაუკვირდა. მუშებმა რაღაც წაიბუტბუდეს და ძაღლიც უნებურათ დამორჩილდა თავის ხვედრსა. ძრიელ დიდხანს მოისმოდა იმის ღმუილი, მანამ დაღალულობამ არ ჩააჩუმა საცოდავი.
მოახლემ ქალბატონის ბძანებით ღვინო მოიტანა.
სტუმარმა დალია და ყანწი გადააწოდა თავის თანამოგზაურებს და ჩაფიქრდა იმ არეულობის მიზეზზე, რომელიც იმან ამ ცოტახანში, უნებურათ, მოახდინა. მუშები თითო თითოთ სტოვებდნენ კოვზებს და გადიოდნენ ამ სიტყვებით: „ღამე მშვიდობისა, პადრონა.“ ოთახში ნინო და სტუმრები ღა დარჩნენ.
- მზე ოთხ საათზე ამოდის, უთხრა უცნობს დაბალის ხმით ერთმა კონტრაბანდისტმა, და თუ ეჩელენცა გაემგზავრება ამ დროს, სწორეთ დროზე ჩავა პისტოიაში. ცხენისათვისაც კი საჭიროა ერთი ექვსიოდე საათით დასვენება.
- კარგი, ჩემო მეგობარნო, ეხლა წადით დასაძინებლათ.
- ჩვენ გაგაღვიძებთ, ეჩელენცა.
- რასაკვირველია, თუმცა ღმერთმა კი ხომ იცის, რომ მე იშვიათად მძინავს ექვსი საათი ერთათ. შვიდობით კარლონე, შვიდობით მეგობარო ჯუზეპპე!
კონტრაბანდისტებმა მორჩილებით დაიდეს ქუდზე ხელი და ადგნენ. ერთი ამათგანი მივიდა კერასთან და სთქვა: „მე მოგიტანეთ თქვენ, პადრონა, მოკითხვა კონსტანცისა ბოლონიიდგან.იმან დამაბარა, მეკითხნა თქვენთვის, რომ წარსულ შაბათს თქვენსა დანა ხომ არ დამრჩაო?
- არა, უპასუხა ქალმა, მკვახედ და მოუთმენლათ.
- მართლა, რო დარჩენიყო, ხომ გაუგზავნიდით კიდეცა. მართლა, კიდევ...
- ნინო, გააწყვეტინა ქალმა, - უჩვენე ამათ საკუჭნაოს გზა, თუ თითონ დავიწყებიათ! მოახლე ადგა.
- მე კიდევ ის უნდა მეთქვა, პადრონა, განაგრძელა სრულიად შეურყევლათ და თვალით სტუმარზე უჩვენა, რომ თუ მაგ კაცს ჩვენზე უკეთეს ლოგინს მისცემთ, ფულს არ დაზოგავს. მე მხოლოთ ეს უნდა მეთქვა თქვენთვის, პადრონა. ვთხოვ ღვთის მშობელს, კეთილი მოსვენება მოგცეთ, ბატონო ფენიჩე! მერე მიუბრუნდა თავის მეგობარს, ორთავემ პირჯვარი გადაიწერეს და გაჰყვნენ მოახლესა.
- შვიდობით, ნინო! უთხრა ყმაწვილმა ქალმა. ბებრმა ერთი კიდევ შეხედა გაკვირვებით თავის ქალბატონს და მერე სიფთხილით მოხურა კარი. რა წამს ფენიჩე მარტო დარჩა უცნობ კაცთან, იმან მაშინვე წამოავლო ხელი ლამპას და აანთო. ცეცხლი ძლივსღა ბჟუტავდა - და ამიტომ ლამპამ მარტო ოთახის მესამედი კუნჭული გაანათა. სითბომ მგზავრს თითქო რომ ძილი მოჰგვარა; ეს სტოლთან იჯდა და თავი ხელზე ედო. თავით ფეხამდინ წამოსასხმელში ისე იყო გახვევული, თითქო მთელი ღამის გათევას იქვე აპირობსო. ამას მოესმა თავის სახელი და თავი მაღლა აიღო. იმის წინ სტოლზე იდგა ლამპა და პირ და პირ ყმაწვილი პადრონა. ყმაწვილი ქალი მოუთმენლად უცდიდა ამის შეხედვას.
- ფილიპპო, სთქვა ფენიჩემ, - თქვენ მე ვერა მცნობთ? მგზავრი კარგა ხანს უყურებდა იმის მშვენიერს სახეს, რომელიც ანთებული იყო ლამპის შუქით და უმეტესათ, როგორც ეტყობოდა, იმის შიშით თუ რა პასუხს მიიღებდა. ეს სახე ისეთი იყო, რომელიც მალე არავის დაავიწყდებოდა. გრძელი და შხირი წამწამი, რომელნიც ნელა ეხდებოდნენ და ეფარებოდნენ თვალებს, ამშვიდებდნენ ცოტა სასტიკს შუბლს და წვრილ ცხვირსა. უმანკო პირი უყვავოდა ვარდის ფერად; მაგრამ როდესაც ის პირი მოკუმული იყო, იმას ეტყობოდა რაღაც ველური კერპობა და სიჯიუტე, რომელსაც სრულიად ეთანხმებოდნენ იმის შავი თვალებიცა. მხოლოთ ეხლა, როდესაც ეს ლამპის ახლო იდგა, გამოჩნდა ამის ტანის სიმშვენიერე და მომატებულათ მხრებისა და ყელისა. მაგრამ ფილიპპემ ფიქრს შემდეგ ესა სთქვა:
- არა, მე თქვენ ვერ გიცნობთ, პადრონა!
- ეგ შეუძლებელია, სთქვა ქალმა დიდის დარწმუნებით. - რაც თქვენ მე მიცნობთ შვიდი წელიწადია. ამ ხანში ჩემი სახე უთუოთ უნდა დაგხსომებოდათ. ამ უცნაურმა სიტყვებმა ფილიპპოს რაღეებიც მოაგონა.
- დიახ, სთქვა იმან, - ვინც მთელი შვიდი წელიწადი იფიქრებს მშვენიერ სახეზედ, უეჭველათ ზეპირათ დაახსოვდება ის სახე.
- სწორეთ, მიუგო ჩაფიქრებით ქალმა, - მაშინაც ეგრე ამბობდით თქვენა, რომ სხვაზე თავის დღეში არაზედ იფიქრებდით.
- შვიდის წლის წინათ? მაშ მე შვიდის წლის წინათ კიდევ მყვარებია ოხუნჯობა, და შენ კი მე ნამდვილათ დამიჯერე?
- რატო არ უნდა დამეჯერებინა? და განა ეხლაც ვერა ვხედავ, რომ თქვენ მაშინ მართალს ამბობდით?
- საწყალო, სთქვა უცხომ, ამოოხვრით - მე თქვენ მებრალებით. ამ შვიდის წლის წინათ მე ასე მეგონა, რომ ყველა დედაკაცებმა იცოდნენ, რომ კაცების ალერსიანი სიტყვები არიან სათამაშო ნიშნები, რომელნიც მარტო დარბაისლურ თამაშობაში არიან ნამდვილი ოქროსი. რას არა ვფიქრობდი მე თქვენზე, დედაკაცებზე, ეხლა მართლა რომ ვსთქვა, მე სრულიად აღარა ვფიქრობ თქვენზე. მაგას გარდა სხვაც ბევრი მაქვს საფიქრებელი.
ყმაწვილი ქალი გაჩუმებული უყურებდა იმას თითქო არ ესმოდა იმის ლაპარაკი მოელოდა, თუ როდის დაიწყობს ფილიპპო ამის შესახებ ლაპარაკსა.
- მართლა ეხლაკი მაგონდება, რომ ერთხელ მე ვიყავ ამ მთებზე. მე უთუოთ ვიცნობდი ამ სოფელს და სახლსაც, რომ ამ გვარი ნისლი არა ყოფილიყო. ჰო, მართლა, მართლა, სწორეთ ამ შვიდის წლის წინათ იყო, რომ დოქტორმა მირჩია მე მთის ჰაერით მესუნთქა და მეც ცეტივით დავეთრეოდი ამ კლდეებზე.
- მე ეგ ვიცოდი, სთქვა ფენიჩემ, და გულის გასაგმირალმა სიმხიარულემ გაუელვა სახეზედ, - მე ვიცოდი, რომ თქვენ ვერ დამივიწყებდით მე. აი ფუოკოსაც არ დაავიწყდით თქვენა; მას კიდევ ისე ეჯავრებით და მე კი ისევ... ისე მიყვარხართ. ფენიჩემ ეს ისე მხიარულათ და გადაწყვეტით სთქვა, რომ მგზავრმა უფრო დაკვირვებით შეჰხედა იმას.
- მე ეხლა მამაგონდა, სთქვა ფილიპპომ, რომ აპენინის მთაზე მე შემხვდა ყმაწვილი ქალი, რომელმაც მე მიმიყვანა თავის მშობლების სახლში. უიმისოთ მე ღამე უთუოთ კლდეებზე უნდა გამეთენებინა. ისიც კარგათ მახსოვს, რომ ის ქალი მე ძრიელ მომეწონა...
- მართალია, გააწყვეტინა ქალმა, - ძრიელ!
- მაგრამ მე იმ ქალს არ მოვეწონე. მე მაშინ იმას ბევრი ველაპარაკე, მაგრამ იმან თითქმის ხმაც არ გამცა. და როდესაც მე მოვინდომე მეკოცნა იმის კერპ პირზე, ის მარდათ გამისხლტა ხელიდგან და ორთავ ხელებში აიღო დიდრონი ქვები და კინაღამ თავში დამარტყა. და თუ შენა ხარ ის ქალი, განა მაშინდელი შენი ქცევა ამტკიცებს შენგან ჩემ სიყვარულს?
- მე მაშინ თხუთმეტის წლისა ვიყავ, ფილიპპო, და ძალიან მორცხვი. მე ვიყავ ველური და კერპი ყმაწვილი და არ ვიცოდი ჩემი გრძნობის გამოთქმა. ამასთან მე ძრიელ მეშინოდა ჩემი დედმამისა; თუ გახსოვთ ისინი მაშინ ცოცხლები იყვნენ. მამა ჩემს ბევრი ცხვარი და მწყემსები ყვანდნენ და მაშინაც ეს ოსტერია3 ეჭირა. მას აქეთ ბევრი არა შეცვლილარა ამ სახლში, მხოლოთ მამა ჩემი აღარ ბძანებლობს და არ იგინება, ღმერთმა აცხონოს! და დედისა ხომ უფრო მრცხვენოდა. გახსოვთ, თქვენ ამავე ალაგზე იჯექით და აქებდით იმ ღვინოს, რომელიც ჩვენ პისტოიიდგან მოვიტანეთ. დედამ გაჯავრებული შემომხედა და მე კარში გაველი, რომ ფანჯრიდგან დამტკბარვიყავ თქვენის ცქერით. თქვენ ისივე თვალები გაქვთ, რომლებითაც გააგიჟებდით ყველას, ვინც კი გინდოდათ. თქვენ ისევე ბოხი ხმა გაქვთ, რომლის გაგონებაც არ შეეძლო ჩემ ეჭვიან ძაღლსა. საწყალი! იმ დრომდის მე მარტო ის მიყვარდა; ის მაშინვე მიხვდა, რომ თქვენ იმაზე ძრიელ შემიყვარდით, ის უფრო ნამდვილათ მიხვდა, ვიდრე თქვენა.
- დიახ, მახსოვს, იმ ღამეს თქვენი ძაღლი სრულებით გადაირია, გასაკვირველი ღამე იყო! შენ სრულიად თავბრუ დამახვიე, ფენიჩე. მახსოვს, კინაღამ გადავირიე, შენ რომ შინ აღარ შემოხველ და მე გამოველ კარზე შენ საძებნელათ. მე ბნელაში მალე დავინახე შენი თეთრი თავშალი, მაგრამ შენ საცაღა ხეხულაში დაიმალე.
- იქ ჩემი საწოლი ოთახი იყო, ფილიპპო, და მე იქ ვერ შეგიშვით.
- მე კი საშინლათ მინდოდა იქ შემოსვლა. მე მახსოვს, რომ დიდ ხანს ვიდექ შენი კარების წინ და გეხვეწებოდი, გემუდარებოდი, გთხოვდი, და ვფიქრობდი, რომ თავი გამისკდებოდა, თუ ერთხელ მაინც კიდევ არ დამენახე.
- თავი? არა, გული მისკდებაო, მეუბნებოდით თქვენა.
- ოჰ, ის სიტყვები, სულ მახსოვან, სულა!
- მაშინკი არა ფერი გინდოდა გაგეგონა.
- მე ვიტანჯებოდი. მე კუთხეში ვიდექ და ვფიქრობდი: განა ჩემში იმოდენა ღონეს ვერ ვიპოვნი, რომ კარებთან მივიდე, ყური მივადო კარებს, და იმის სუნთქვა მაინც არის გავიგონო მეთქი!
- მართალია, დედა შენი რომ არ მოსულიყო, მე დარწმუნებული ვიყავ, გამიღებდი კარებს. მე ეხლაც მრცხვენიან ჩემი სიბრაზისა. მე გაანჩხლებული წაველ და მთელი ღამე სიზმარში გხედავდი.
- მეც ვიჯექ ჩემ ბნელა ოთახში და დაძინება არ შემეძლო. გათენებისას ჩამეძინა და როდესაც გამეღვიძა, რა იქენით თქვენა? მე ეგ არავინ მითხრა და არც მე მინდოდა მეკითხნა ვისთვისმე. მე ყველანი შემძულდნენ, მე მეგონა იმათ გაგაქრეს თქვენა, რომ მე
აღარსად მენახეთ; მე გავიქეცი სახლითგან, დავრბოდი გორებზე, მინდვრებში და ხან სიყვარულით ვიძახდი თქვენ სახელს და ხან გწყევლიდით, იმიტომ რომ მე ქვეყანაზე მარტო თქვენ მიყვარდით. ბოლოს მე ჩაველ მთის ძირს, შემეშინდა და დავბრუნდი. ორი დღე და ღამე ვიყავ გარეთ. შინ რომ დავბრუნდი მამამ მცემა და დედამ
ხმაც აღარ გამცა. იმათ იცოდნენ შინიდგან რისთვისაც გავიქეცი. ჩემთან მარტო ძაღლი იყო და მე, საცოდავი, რომ სიყვარულით ვახსენებდი თქვენ სახელს, ის ეჭვით ღმუოდა. ჩამოვარდა სიჩუმე. ესენი დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს და ბოლოს ფილიპპომ ჰკითხა: დიდი ხანია, რაც შენი დედმამა დაიხოცნენ?
- ამ სამის წლის წინათ. ორთავენი ერთ კვირაში. ღმერთმა განუსვენოთ! დავმარხე ისინი და ფლორენციაში წაველი.
- ფლორენციაში?
- დიახ, თქვენ მაშინ მითხარით, რომ ფლორენციიდგანა ხართ. მე იქ გიკითხეთ კაფიეტერის ცოლთან, რომელთანაც კონტრაბანდისტებმა მიმასწავლეს. იქ მე ერთი თვე ვიყავ და ყოველ დღე გაძებნინებდით ქალაქში; ღამე მე თითონ დავდიოდი ქუჩებში, იქნება შევხვდე სადმე მეთქი. ბოლოს შევიტყე, რომ თქვენ დიდი ხანია იქიდგან წახვედით. სად? - არავინ იცოდა. ფილიპპო ადგა და დაიწყო სიარული ოთახში. ფენიჩე დამშვიდებული უყურებდა იმის მოძრაობას. ბოლოს ფილიპპო მივიდა ფენიჩესთან, თვალებში შეჰხედა სიბრალულით და უთხრა:
- მაგეებს რათ მიამბობ, შე საწყალო?
- შვიდ წელიწადში მე მოვემზადე ამ შემთხვევისთვის. მაშინ რომ ყველა ეს მეთქვა თქვენთვის, ხომ ასეც აღარ დაწყლულდებოდა ეს ჩემი საცოდავი გული. მე ვიცოდი, რომ დაბრუნდებოდით, ფილიპპო, მაგრამ ძრიელ დიდხანს გელოდით და გული გამიტყდა. მაგრამ რა ბავშვი ვარ! რა მენაღვლება იმისი რაც იყო! თქვენ ეხლა აქა ხართ და მე თქვენი ვარ, სამუდამოთ თქვენი!
- ჩემო კარგო, სთქვა ფილიპპომ დაბლა და არ გაათავა ის, რაც ენაზე ადგა სათქმელათ. ფენიჩე თითქო არ ამჩნევდა, რომ ფილიპპო ჩაფიქრებული ადგა ფეხზე და სადღაც გაიყურებოდა. ფენიჩემ ისე გააგრძელა თავის ბაასი, თითქო გაზეპირებული ჰქონდა ყოველი სიტყვა ამ შემთხვევისთვის, მოვა ფილიპპო და იმას ვეტყვიო.
- მე აქ ბევრნი მთხოულობდნენ და ფლორენციაშიაც, როცა იქ ვიყავ, მაგრამ მე მარტო შენ მინდოდი, როდესაც რომელიმე ყმაწვილი კაცი მეხვეწებოდა შემერთო და სიყვარულზე მელაპარაკებოდა, მე მაშინ შენი სიტყვები მაგონდებოდა, აგერ რამდენიმე წელიწადია ყველანი მომესხნენ, თუმცა მე ბებერი არა ვარ და ისევ ის ლამაზი ვარ, როგორ მაშინ ვიყავ, იმათ თითქო იცოდნენ, რომ შენ მალე დაბრუნდებოდი. შემდეგ ფენიჩემ დაუმატა:
- სად წამიყვან? თუ შენ გირჩევნია აქ ჩვენ მთებზე დავრჩეთ? მაგრამ არა, ეგ შენთვის არ გამოდგება; მას აქეთ რაც ფლორენციაში ვიყავ, მე მივხვდი, რომ აქ მხიარულება ცოტაა. ჩვენ გავყიდოთ ცხვარი, სახლი და გავმდიდრდებით. მე მომბეზრდნენ აქაური ველური ხალხნი; ფლორენციაში მე კარგათ ვისწავლე, რაც საჭიროა ქალაქში ცხოვრებისათვის, იქაურებს უკვირდათ ჩემი ისე საჩქაროთ განვითარება, მართალია ბევრი რამ მაკლია კიდევ. გამოვეჩქარე. მე სულ მესიზმრებოდა, რომ აქ მთებზე გიპოვნიდით და მკითხავმაც ისე მითხრა.
- მაშინ რაღას იტყვი, რომ მე ცოლიანი ვიყო?
ფენიჩემ დარბაისლურათ შეჰხედა იმას. - ნუ მატყუეფ, ფილიპპო, შენ უცოლო ხარ, ესეც მკითხავმა მითხრა. იმან მარტო ის არ იცოდა სად იყო შენი ბინა.
- მართალი უთქვამს იმას, ფენიჩე, მე ცოლი არა მყავს, მაგრამ რა იცი შენა, რომ მე მინდა ცოლი შევირთო როდისმე?
- განა არ ვიცი, რომ შენ მე უნდა შემირთო, მიუგო ფენიჩემ დაბეჯითებულის გადაწყვეტით.
- მოდი აქ დაჯექ, ჩემთან, ფენიჩე! მე ბევრ რამეზე მინდა გელაპარაკო. ხელი მომეც; გთხოვ ბოლომდინ მომისმინო, ჩემო საწყალო მეგობარო!
ფენიჩემ არა უპასუხარა; ფილიპპომ დიდის აღშფოთებით განაგრძო თავისი ბაასი. ფენიჩე ჩუმათ იდგა იმის წინ და უაზროთ მიწას დასცქეროდა, იმის სხეული ხან და ხან სთრთოდა, თითქო გრძნობდა თავის უბედურებას.
- მე რამდენიმე წლის წინეთ, სხვა და სხვა გარემოებისა გამო გავიქეც ფლორენციიდგან, ამბობდა ფილიპპო. - შენ გეცოდინება, რომ იქ მოხდა პოლიტიკური არეულობა და ქალაქი დიდხანს ღელავდა. მე ადვოკატი ვარ და ბევრი ნაცნობები მყვანან. მე მომდის მრავალი წერილები. ამასთანავე მე დამოუკიდებელი ხასიათისა ვარ და თავისუფლათ მიყვარს ჩემი აზრის გამოთქმა იქ, საცა საჭიროთ ვრაცხ. ამეების გამო მე დამიწყეს დევნა, თუმცა მე ვამჯობინე გაშორება, რომ ციხეში არ ჩავესვით და ან არა და არ ამეტეხნა უნაყოფო პროცესები. მე წაველ ბოლონიაში და იქ ჩემ ხელობას მივყე ხელი. მე ძალიან ცოტანი გავიცან იქა, მეტადრე ქალები; ის ქარიანი აღარა ვარ, რომელსაც შენ თავბრუ დაახვიე ამ შვიდის წლის წინათ; მე ქარიანობა იქნება კიდევ დამერქოს, მარტო იმ შემთხვევაში, რომ არ შემიძლიან თავი შევიკავო იქ, საცა, უეჭველათ უნდა დავძლიო რაიმე დაბრკოლება, არ შემიძლიან თავის დაკავება ისე როგორც მაშინ ვერ შევიძელ შენი კარების წინა. შენ იქნება ისიც გაიგონე, რომ ამ უკანასკნელ დროს ბოლონიაშიც მოხდა არეულობა, ბევრნი ჩასხეს ციხეებში. სხვათა შორის ერთი პატიოსანი კაციც, რომელსაც მე კარგათ ვიცნობ, და ნამდვილათაც ვიცი, რომ იმის ცხოვრება უმანკოა. ჩემმა მეგობარმა მთხოვა თავის ადვოკატობა და ჩემის მეცადინოებით ის გაამართლეს. შეიტყეს თუ არა ეს, მაშინვე ქუჩაში ვიღაც ურცხვი კაცი ჩამაცივდა და გინება დამიწყო. მე ის ვერაფრით მოვიშორე, ვაი ვაგლახით გამოვეცალე ხალხის გროვას და მახლობელ ყავახანაში შეველ, დაჯდომა ვეღარ მოვასწარ იქ, შემოვარდა ერთი ნათესავი იმ კაცისა და დამიწყო ჩხუბი: შენ პატიოსნურათ არ მოიქეცი და პასუხი უნდა მომცეო. რაც კი შეიძლებოდა დამშვიდებულათ ვუპასუხე, მე კარგათ მივხვდი მთავრობის აზრს, იმათ უნდოდათ დუელით ჩემი თავიდგან მოშორება. მაგრამ მაინც და მაინც იმ კაცმა თავის ნება აასრულა. ჩემმა მოწინაამდეგემ იქვე გამომიცხადა, რომ ხვალ მე ტოსკანიის სამფლობელოში ვიქნებიო და დუელიც უთუოთ იქ უნდა მოხდესო. მე ამაზე თანახმა გავხდი, ამ სამი დღის წინათ მე წაველ პოლიციაში პასპორტის გამოსაცვლელათ და პასპორტი არ გამამიცვალეს და რა მიზეზი იყო, არ მითხრეს; ეგრეა უმაღლესი ბრძანებაო. მე მივხვდი, რომ იმათ ამით უნდოდათ შევერცხვინე დუელზე უარის თქმითა, და ან არა და უნდოდათ, რომ მე ჩუმათ გამოვპარულვიყავ სამზღვარ გარეთ, გზაზე დავეჭირეთ, და, როგორც გამოპარული, გავები გაუთავებელ პროცესებში.
- უღმერთოები, ბილწები! გააწყვეტინა ფილიპპოს ყმაწვილმა ქალმა, და მუშტები მოიღერა.
- ამისათვის მეტი ღონე აღარ დამრჩა, უნდა მიმემართა კონტრაბანდებისთვის. ისინი მპირდებიან, რომ ხვალ დილით ჩამიყვანენ პისტოიაში. მე პირობა მივეც ჩემ მოწინააღმდეგეს, რომ იქ შევხდეთ ერთმანეთს სადილს შემდეგ, ქალაქ გარეთ. ფენიჩემ უცებ იმას ხელი დაუჭირა. - არა, არა, ნუ წახვალ, ფილიპპო, უთხრა იმან. - ის შენ უთუოდ მოგკლავს.
- უეჭველია, იმათ ეგ უნდათ, ჩემო კარგო, მაგრამ შენ მაგას საიდგან მიხვდი?
- მე მაგას ვგრძნობ აქა და აქა! ფენიჩემ უჩვენა თავზე და გულზე.
- მაშ შენ კუდიანი ჰყოფილხარ, უპასუხა ფილიპპომ ღიმილით. რასაკვირველია იმათ ჩემი მოკვლა უნდათ. ჩემი მოწინააღმდეგე საუკეთესო მსროლელია ტოსკანაში. მაგრამ მეც არ ჩამოუვარდები. ეს კი არ ვიცი შეიძლება დავერწმუნო იმის პატიოსნებაზე თუ არა? ვინ იცის, იქნება შენი კუდიანობით ესეც გაიგო? მაგრამ ეგეც ვერაფერს მიშველიდა. ასე, ჩემო მეგობარო, განაგრძელა ფილიპპომ დიდიხნის სიჩუმის შემდეგ, - დაივიწყე შენი სულელური სიყვარული. უთუოთ ესეც წერა იყო, რომ სიკვდილის წინათ შეგხვდი და განგათავისუფლე, საცოდაო ბავშო, შენი მტკიცე სიყვარულისაგან. ღმერთმანი, მაინც მე და შენ ერთათ ვერ მოვთავსდებოდით. შენ გიყვარს ფილიპპო, თავქარიანი ბიჭი, რომელსაც სიყვარულის გარდა არა ენაღვლებოდარა. ეხლა რას გამოგადგები დაღონებული, ჭკუა დამჯდარი და გამარტოვებული მშრომელი? სუყველა ეს ფილიპპომ ისე სთქვა, თითქო თავის თავს ელაპარაკებაო, ლაპარაკში ბოლთას სცემდა. მერე მივიდა ფენიჩესთან, ხელი უნდა გამოერთვა და შეკრთა იმის პირი სახე რომ დაინახა. იმის თვალებში ნიშანიც აღარ იყო სიყვარულის, იმის ტუჩებს მკვდრის ფერი ედო. - შენ მე არ გიყვარვარ, უპასუხა ფენიჩემ ნელა და უნუგეშოთ. მერე უეცრათ დაიკივლა და ხელი ისეთის ღონით გამოჰგლიჯა ხელიდგან, რომ კინაღამ ლამპა გაჰქრა, თითქო იმის ხმას, ხმა მისცა ძაღლმა საშინელის ღმუილით. - შენ მე არ გიყვარვარ! არა, არა! დაიყვირა იმან მწუხარებით. შენ სიკვდილს არჩევ ჩემ სიყვარულს! შენ აქ მოხველ შვიდი წლის შემდეგ, მარტო იმიტომ, რომ გამომეთხოვო! შენ შეგიძლიან აგრე დაწყნარებით ილაპარაკო შენ ნამდვილ სიკვდილზე, თითქო არ იცოდე, რომ ეგ ჩემი სიკვდილიც არის! ოჰ, ნეტა ეს თვალები დაბრმავებულიყვნენ, რომ შენ აღარ ენახეთ! სჯობს დავყრუებულვიყავ, რომ აღარ გამეგონა ეგ ხმა, რომელშიაც არის ჩემი სიკვდილიც და სიცოცხლეცა! რათ მოხველ, რატო ფეხი არ დაგისხლტა კლდეებზე. ოჰ, მე უბედური! ღვთის მშობელო, შემიბრალე. ფენიჩე დაეცა პირქვე ხატის წინ და თითქოს ლოცულობდა. ფილიპპო რამდენსამე ხანს ყურს უგდებდა იმის ბუტბუტს და ძაღლის საცოდავ ღმუილს. მთვარე მაღლა იდგა და მთელ ოთახს ანათებდა. მინამ ფილიპპო გონზე მოვიდოდა და იტყოდა რასმე, იმან იგრძნო ფენიჩეს ხელები თავის ყელზე, იმის ლოყები თავის ლოყებზე და იმის მდუღარე ცრემლები ჩამოსწკრიალებდნენ იმის ლოყებზე.
- ფილიპპო, ნუ წახვალ, მოგკლამენ, ქვითქვითებდა ფენიჩე.
- დარჩი აქ ჩემთან, აქ შენ ვერავინ გიპოვნის. დეე რაც უნდა იფიქრონ შენზე იმ კაცის მკლელებმა, იმ ავაზაკებმა! დიახ, დაუმატა ფენიჩემ ღიმილით, - შენ დარჩები ჩემთან, ღვთის მშობელმა შენი თავი მე მაჩუქა, რომ სიკვდილს გადავარჩინო. ფილიპპო, მე აღარ მახსოვს რაებს ვბოდავდი წეღან, მაგრამ გულით კი ვგრძნობ, რომ ბევრი გაწყენინე. მომიტევე ის ეჭვიანობა, რომ ვითომ შენ დაგავიწყდა ჩემი სიყვარული, რომ შენ უღალატე ჩემ წმინდა გრძნობას, საშინელებაა. დაჯექ ჩემთან, მოვილაპარაკოთ ყველაფერზედ. გინდა ახალი სახლი ავაშენოთ? - გინდა სხვა მოსამსახურეები? ჩვენ ყველანი დავითხოვოთ, თუ გინდ ნინოც, გინდ ფუოკოც, და თუ გგონია, რომ ისინი გაქვცემენ, ჩვენ თვითონ წავიდეთ დღესვე, ამ საათშივე. მე ვიცი ყოველი ბილიკი და მანამ მზე ამოვა, ჩვენ ძრიელ შორს ვიქნებით, მე წაგიყვან დაფარულ ხეობებით გენუამდინ, ვენეციამდინ, საცა გინდა!
- გაჩუმდი! მიუგო, ფილიპპომ გაჯავრებით. - ნუ ამბობ მაგგვარ გადარეულ სიტყვებს. შენ არ შეგიძლიან ჩემი ცოლი გახდე, ფენიჩე. ისინი მე ხვალ თუ ვერ მომკვლენ, სულ ერთია, შემდეგში ბოლოს მომიღებენ, მე იმათი თვალის ეკალი ვარ. ფილიპპომ წყნარად, მაგრამ გადაწყვეტით გაინთავისუფლა თავი ფენიჩეს მოხვევნისაგან.
- იცოდე, ჩემო კარგო, რომ ჩვენ აქ არა შეგვიძლიანრა, უნდა გულს დაუხმოთ და ისე მოვიქცეთ. შემდეგ, შენ როცა გეყოლება ქმარ შვილი, მოიგონებ ამ ღამეს და დამიმადლებ ჩემ ამ გვარ კეთილშობილებას. ეხლა ნება მომეც გამოგეთხოვო და ასე მოახერხე, რომ დილაზე წასვლის დროს ერთმანეთს აღარ შევხვდეთ. შენ კეთილის სახელი გაქვს, მე ეს კონტრაბანდისტებისაგან შევიტყე; მე არ მინდა, რომ იმათ ჩვენ მარტო ერთათ გვნახონ, მაშ ღამე შვიდობისა, ფენიჩე.
ფილიპპომ კიდევ მეგობრულათ გაუშვირა ხელი ჩამოსართმევათ, მაგრამ იმან არ გამოართვა. ის იდგა მთვარის შუქზე. იმის სახეს მკვდრის ფერი ედო და იმის შეჭმუხვნილი წარბები და დაშვებული წამწამი, უფრო მოიღრუბლდნენ.
- განა მე ცოტა ვივაგლახე იმისათვის, ამბობდა ფენიჩე, რომ ამ შვიდის წლის წინათ მოვიქეც გონივრულად? ამას უნდა, რომ ამ პატიოსნებამ მე კიდევ დამღუპოს და ამასთანავე დამღუპოს სამუდამოთ. არა, არა, არა! მე ამას აქედგან არ გაუშვებ, ჩემთვის სირცხვილი იქნება, რომ წავიდეს და დაიღუპოს!
- შენ არ გესმის, გააწყვეტინა ფილიპპომ, - რომ ასეა ჩემი ნება, მე მინდა წავიდე ჩემ ოთახში და ამასთანავე მ ა რ ტ ო! რა საჭიროა ყველა ეგ ტიკტიკი! თუ შენ არ გესმის, რომ მე ჩემი პატიოსნობა ძალას მატანს შენ თავი დაგანებო, მაშ შენ არა ხარ ღირსი, რომ ჩემი ცოლი გახდე. მე შენი ტიკინი არა ვარ, არც ლეკვი, მე ნებას არ მოგცემ, რომ მათამაშო, ამორჩეული მაქვს ცხოვრების გზა, და ის გზა ძრიელ ვიწროა ორისათვის. მაჩვენე კუნ- ჭული, საცა უნდა დავიძინო, - და დავივიწყოთ ერთმანეთი!
- არა! თუ გინდ მცემო, თავს არ დაგანებებ. თუ რომ სიკვდილია მე და შენ შუა, მე ძალა მაქვს იმასაც გამოგგლიჯო, შენ ჩემი ხარ, ფილიპპო, მკვდარიც და ცოცხალიცა!
- იქით, დაიყვირა ფილიპპომ, სისხლი თავში აუარდა და რაც ძალა ჰქონდა ორივ ხელებით ხელი ჰკრა ფენიჩეს. - იქით! ნუ მომეკარები! ეხლა ჩვენში სუყველა გათავდა. მე არა ვარ, რომელიმე უსულო საგანი, რომ ვისაც უნდოდეს ხელში ამიღოს. მე ვარ ვაჟ კაცი და მარტო ის დამძლევს, ვისაც მე თითონ დავნებდები. შენ შვიდ წელიწადს მელოდი და გგონია ეგ გაძლევს ჩემზე უფლების ნებას? და თუ გინდა მე შემაცდინო, მაგისთვის შენ ცუდ საშუალებას ხმარობ. ამ შვიდი წლის წინათ მე მამეწონე, ამიტომ რომ ის არ იყავ, რაც ეხლა ხარ. მაშინაც რომ ყელზე ჩამომკიდებოდი და ძალით მოგეთხოვა ჩემი სიყვარული, მაშინაც უარს გყოფდი. ეხლა ჩვენში ყოველივე გათავდა, თითქმის ის შებრალებაც, რომელიც მე ვიგრძნე შენი სიტყვებიდგან. უკანასკნელათ გკითხავ, სად არის ჩემი ოთახი?
სუყველა ეს ფილიპპომ ისე ცივათ და სასტიკათა სთქვა, რომ გათავების შემდეგ შესწუხდა კიდეც. მაგრამ დასამშვიდებლათ ვეღარა დაუმატარა, ისე გაუკვირდა ფენიჩეს სიმშვიდე, როდესაც იმის სახეს შეჰხედა. ფილიპპო კი თავის გულში ემზადებოდა გამომშვიდებოდა ფენიჩეს ტკბილის სიტყვებით, თუ ვინიცობაა, ის ისევ ალერსს დაუწყებდა. ფენიჩემ დაწყნარებით გაუარა წინა, მარჯვნივ გაუღო პატარა კარები და იქით გაუშვირა ხელი, თითონ კი კერასთან მივიდა. ფილიპპო შევიდა ოთახში და კარი რკინის ურდულით მოკეტა. შიგნიდგან კარებთან დიდხანს იდგა და ყურს უგდებდა, თუ რას შვრებოდა ფენიჩე. იქიდგან არაფერი მოისმოდა. მთელ არე მარეში მარტო ძაღლის ღმუილი, ცხენების თივის ხრამახრუმი და ქარის გრიალი, რომელმაც სრულიად გაფანტა დანარჩენი ზოლები ბურუსისა. მთვარე მთლათ ბრწყინავდა და გაანათა მთელი ოთახი, როდესაც ფილიპპომ ვიწრო ფანჯარას გამოაძრო დაცობილი თივა. ამან ეხლა შენიშნა, რომ ის ფენიჩეს ოთახშია. იქ იდგა იმის ვიწრო, სუფთა კრავოტი, იმის გვერდით ღია სკივრი, სტოლი და ჩამოსაჯდომი გძელი სკამი, კელდებზე ეკიდა მრავალი წმინდანების და ღვთის მშობლის სახეები. კარებთან, ჯვარცმის ქვეშ, ეკიდა ჭურჭლით ნაკურთხი წყალი.
ეს ჩამოჯდა ხმელ საწოლზედ და იგრძნო რომ მთელი გვამი უდუღდა. ორჯელ დააპირა გამოვარდნა, რომ ეთქვა საწყალი ქალისთვის, რომ ის სიტყვები, რომელიც იმან უთხრა ტყუილნი იყვნენ, რომ ისე ცივათ განგებ მოეგცა, რომ გაეკურნა სიყვარულისაგან. მაგრამ მერე ძრიელ შესწუხდა იმ გვარ თავის სისუსტეზე. „მე სწორეთ ისე უნდა მოვქცეულვიყავ, რომ ამეცდინა იმისათვის უფრო უარესი მწუხარება და ვინ იცის იქნება შერცხვენაც. შვიდი წელიწადი - საცოდავი ქალი!“ სტოლზე იდო პატარა თმის სავარცხელი, ძროხის ბუშტებით მორთული; ფილიპპომ ეს უნებურათ აიღო და იმან მოაგონა მშვენიერი შავი თმები, ყელი, რომელზედაც ეს თმები იყვნენ ჩამოყრილნი, უმანკო შუბლი და შავგვრემანი ლოყები. ფილიპპომ საჩქაროდ ჩააგდო სავარცხელი სკივრში და იქ დაინახა კაბები, ხელცახოცები და სხვა წვრილმანი მორთულობანი ქალისა, რომელნიც მშვენიერათ, რიგზე იყვნენ დალაგებული. სკივრი ნელა დახურა და მივიდა ფანჯარასთან. ფანჯარა სახლს უკანა კედელში იყო და ამისათვის იმას წინ შენობა არა ეფარებოდარა. ფილიპპოს თვალ წინ გადიშალა მშვენიერი გადასახედავი მთებზე და ხეობებზე. თვალ წინ გადაშლილი ველის იქით, ამაღლებული იყო ტიტველა კლდე მთლათ მთვარით განათებული; მეორე მხრივ მოჩანდა რამდენიმე ქოხები და იმათ წინ მიიკლაკლებოდა გველივით ვიწრო ბილიკი, რომელიც იმალებოდა ძირს ხეობაში. კლდეებში აქა იქ ძლივს ამამძვრალიყო სუსტი უფოთლო ტოტებით ნაძვი და რამდენიმე ეკლიანი ბუჩქნარი. „დიახ, აქ იმისთანა ალაგი არ არის, რომ ადვილათ დაივიწყო ის, ვინც გიყვარს,“ იფიქრა იმან. ოხ, ნეტა სულ სხვანაირათ მამხდარიყო საქმე. იქნება ფენიჩე მე ისეთ ცოლათ გამომდგომოდა, როგორიც მე მესაჭიროებოდა? რასაკვირელია მე იმას უფრო ვეყვარებოდი, მინამ სეირნობა, მორთულობა და ყმაწვილ კაცებთან ყბედობა. როგორ გაიკვირვებდა ჩემი ბებერი მარკო, რომ მე ბოლონიაში დავბრუნებულიყავ, ყმაწვილი, მშვენიერის მეუღლით! სახლის გამოცვლაც აღარ მომინდებოდა, იქაც ბევრი ცარიელი ოთახებია. როგორ გავმხიარულდებოდი მე დიდი ხნის იპოხონდრიკი, როცა ბავშვები... მაგრამ რას ვბოდავ. მერე როგორ უნდა იცხოვროს ფენიჩემ ბოლონიაში, რო დაქვრივდეს. არა, არა, ამაზედ ფიქრი სისულელეა. რათ მინდა მიუმატო ახალი ცოდვა, ძველებს! მე ერთი საათით ადრე გავაღვიძებ ჩემ მგზავრებს და მანამ ტრეპპში გაიღვიძებდეს ვინმე, ჩვენ კარგა შორს ვიქნებით.
და როგორც დააპირა ფანჯრის მოშორება იმან შენიშნა, რომ სახლის ჩრდილიდგან გამოვიდა ქალი და იმისმა თეთრმა თავზე მოსახვევმა მთვარეზე გაანათა. იმას არავისკენ არ მოუხედნია, მაგრამ ფილიპპომ იცნო, რომ ის ფენიჩე იყო. ის მიდიოდა ჩქარის და გაბედულის ნაბიჯით იმ ბილიკზე, რომელიც ხეობაში ჩადიოდა. ფილიპპო შიშმა გააჟრჟოლა: იმან იფიქრა, თავის მოსაკლავათ ხომ არ მიდისო; საჩქაროთ მივარდა კარებს, მაგრამ კარები ვეღარა ღონის ძიებით ვეღარ გააღო, ცივმა ოფლმა დაასხა შუბლზე, იმან დაიწყო ყვირილი, კარის ბრახუნი ხელით, ფეხით, მაგრამ სულ ტყუილათ. კარები რომ ვერ დასძლია, ფანჯრას მივარდა: ერთი ქვა, რომელიც ფანჯრის ჩარჩოს იმაგრებდა დაანძრია კიდეც, როდესაც ყმაწვილი ქალის თავი გამოჩნდა ხეობიდგან. იმას ხელში რაღაც ეჭირა, მაგრამ მთვარის მატყუარა შუქზე იმან ვერ გაარჩია. სახეკი ფენიჩესი აშკარათ სჩანდა მთვარის შუქზე, ის იყო დაფიქრებული და მწუხარე, მაგრამ დამშვიდებული. იმან კიდევ არ შემოხედა იმის ფანჯარას და შევიდა სახლში.
ფილიპპო ჯერ ისევ ისე აღშფოთებული იდგა ფანჯარასთან, როდესაც ეზოდგან რაღაც ხმაურობა მოესმა.
იმან თავი გაჰყო ფანჯარაში, მაგრამ მთვარისგან განათებული მთების მეტი ვერა დაინახარა. ძაღლმა ერთხელ საშინლათ დაიწკმუვლა და გაჩუმდა. დიდი ოთახის კარები კიდევ გაეღო და ქვის ფილაქანზე მოისმა ფენიჩეს ფეხის ხმა. ტყუილათ უგდებდა ყურს ფილიპპო, ტყუილათ ეხვეწებოდა და სთხოვდა ყმაწვილ ქალს, რომ ერთი ხმა მაინც გაეცა; სახლში ყოველივე უძრავათ იყო. ეს დეეცა შიშის კანკალით ლოგინზე და დიდ ხანს იწვა გაბრუებული, მანამ შუა ღამის პირველ საათზე არ ჩავიდა მთვარე, და მანამ დაღალულობამ არ დასძლია იმის სულის მღელვარება.
როდესაც ფილიპპოს გამოეღვიძა, ოთახში ბინდი იყო; მაგრამ როდესაც სრულებით გამოფხიზლდა და ლოგინში წამოჯდა ეს მიხვდა რომ ეს ბინდი გათენებისა არ იყო. ოთახში რომ მიიხედა დაინახა მზის შუქი, რომელიც ფანჯრიდგან გამოსჭუოდა, რადგანაც ფანჯარა ისევ თივით იყო დაცობილი. იმან გადააგდო ფანჯრის საცობი და დილის მზემ მთლათ გაანათა ოთახი. გაჯავრებულმა კონტრაბანდისტებზე, თავის თავზე და მომატებულათ ყმაწვილ ქალზე, რომელიც უეჭველათ იყო იმის დაგვიანების მიზეზი, ის მივარდა კარს, გამოსწია რკინის ურდული, რომელიც ეხლა ადვილათ გაეღო, და გავიდა დიდ ოთახში.
იქ მარტო ფენიჩე იყო. ეს დამშვიდებული იჯდა ცეცხლა-პირას და თითქო დიდი ხანია, რაც იმას მოელოდა. იმის სახეზე ნიშანიც აღარ იყო გუშინდელი მღელვარებისა და ფილიპპომ ვერ შენიშნა იმას ვერც მწუხარება და ვერც რისამე გადაწყვეტა.
- ეს შენი ოინია, რომ მე ვერ გავიგე გათენება? ჰკითხა ფილიპპომ გაჯავრებით.
- ჩემი, უპასუხა ფენიჩემ უგულის ხმით. - თქვენ დაღალული იყავით. მაინც დროზე ჩახვალთ პისტოიაში. თქვენ ხომ სადილის შემდეგ უნდა შეხვდეთ თქვენ მკვლელებს.
- მე შენთვის არ მითხოვნია, რომ ჩემთვის იზრუნო. შენ მაინც არ გინდა თავითგან მამშორდე! ეგ შენ ვერა ფერს გიშველის. სად არიან ჩემი მგზავრები?
- წავიდნენ.
- წავიდნენ? შენ მე დამცინი. როგორ წავიდოდნენ, რომ მე ფული ჯერ არ მიმიცია? და ფილიპპომ კარში გასვლა დააპირა.
ფენიჩე არ დაიძრა თავის ალაგიდგან და მშვიდათ უთხრა: მე მივეც თქვენ მაგივრათ. მე იმათ უთხარი, რომ თქვენთვის ძილი საჭიროა და მერე მე თითონ ჩაგიყვანთ პისტოიაში; მაინც მე ღვინო გამამელია და წასვლა მინდა პისტოიაში.
სიბრაზით ფილიპპომ კარგა ხანს ხმა ვერ ამიოღო. - არა, წამოსთქვა იმან ბოლოს, - შენთან არას დროს! მაცდურო გველო! სასაცილოა, რომ შენ კიდევ ცდილობ გარს შემომეხვიო, მაგრამ ტყუილათ. მე და შენ განშორებული ვართ და ამასთან სამუდამოთ. წყეულო! შენა გგონია, რომ მაგგვარი ოინებით დამიმორჩილო. მე შენ არ წამოგყვები. მომეცი ვინმე შენი მოსამსახურეებიდგან, გამაცილოს და აი ის ფული, რომელიც კონტრაბანდისტებს მიეცი. ამ სიტყვებით ფილიპპომ სტოლზე დააგდო ქისა და კარზე დააპირა გასვლა, რომ მოეძებნა ვინმე წამყოლი.
- ნუ შესწუხდებით, უთხრა იმას ფენიჩემ. - თქვენ ჩემ მოსამსახურეებს ვერავის იპოვით, ისინი ყველანი მთაში წავიდნენ და თუნდა რომ მთელ ტრეპპშიაც ეძებოთ გამომცილებელს ვერავის იშოვნით. სახლებში მარტო მოხუცნი და ბავშვები არიან, რომლებსაც სიარული თითქმის არ შეუძლიანთ. თუ ჩემი არა გჯერათ, თქვენ თითონ ნახეთ. მე არ ვიცი, ღმერთმანი, დაუმატა ფენიჩემ, რომ ნახა ფილიპპო კარებში გაჯავრებული, - რატო არ გინდათ, რომ მე წამომყვეთ. წუხელის მე სიზმარი ვნახე და იქიდგან დავრწმუნდი, რომ მე და თქვენ ერთმანეთისათვის არა ვართ შექმნილნი. მართალია თქვენ მე კიდევ მამწონხართ და ჩემთვინ სასიამოვნოა ერთი ორი საათი კიდევ თქვენთან გავატარო. ამაში თქვენთვის რა არის საწყენი? თქვენ თავისუფალი ხართ წახვიდეთ, თუ გინდ სასიკვდილოთაც. მე მხოლოდ ისე მოვახერხე, რომ ცოტაოდენი გზა ერთათ გავიაროთ, ერთი ბეწვა, პისტოიამდინაც არა, ღმერთმანი. მე თქვენ მხოლოთ სწორე გზაზედ გაგიყვანთ. აბა მარტო რომ წახვიდეთ, ხომ გზებს დაჰკარგავთ. თქვენ უნდა გახსოვდეთ თუ აქ რა ცუდი ბილიკებია, პირველათ ხომ არა ხართ ამ მხარეზე.
- ოხ ღმერთო! წაიბუტბუტა ფილიპპომ, ტუჩების კვნეტით. ამან შენიშნა, რომ მზე კარგა მაღლა იყო და ან კი რისა ეშინოდა? ამან შეხედა ფენიჩეს და იმისმა დამშვიდებულმა შავმა თვალებმა თითქმის დაარწმუნეს, რომ ფენიჩე არა სტყუოდა. ფილიპპოს დღეს ფენიჩე სულ სხვა ქალათ ეჩვენა და თითქო ეწყინა კიდეც, რომ იმის სახეს ნიშანიც აღარა ჰქონდა გუშინდელი გაგიჟებული სიყვარულისა. ამან დიდხანს უყურა ფენიჩეს; ის სრულიად დამშვიდებული იყო.
- მაშ კარგი, თუ მართლა გონზე მოხველ, უთხრა ცივათ ფილიპპომ, წავიდეთ.
ფენიჩე ისე წყნარათ წამოდგა, თითქო არც სიხარული და არც კმაყოფილება იგრძნო ამ თანხმობით:
- ჯერ დავნაყრდეთ, უთხრა იმან, ამ სიტყვებთან დაუდგა ჯამი და ღვინო. თითონაც ფეხზე, ცეცხლ ნაპირას, დაიწყო პურის ჭამა, ღვინოს კი არ მიეკარა. ფილიპპომ კი სიჩქარით შეჭამა რამდენიმე ლუკმა და ერთბაშათ გადაჰკრა მირთმეული ღვინო და ცეცხლზე სიგარას მოუკიდა. ფილიპპოს ჭამის დროს არ შეუხედნია ფენიჩესთვის და ეხლა ცეცხლთან რომ მივიდა, დაინახა იმის გაწითლებული და სიხარულით გაამაყებული სახე და გაჰკვირდა. ფენიჩე საჩქაროთ წამოდგა, სტაცა ხელი დაცლილ სტაქანს, დაარტყა ქვის ფილაქანს და ლუკმა ლუკმათ აქცია.
- მე არ მინდა, სთქვა იმან, რომ თქვენ შემდეგ ტუჩებით მიეკაროს ვინმე მაგ სტაქანს. ფილიპპოს უცებ გაუარა ამ აზრმა, ხომ არ მამწამლა ფენიჩემაო, მაგრამ იმწამსვე დაინანა იმან, თუ რად გავიტარე გულში ამ გვარი იჭვნეულობაო. და გული იმითი დაიმშვიდა, რომ ამ გვარად მოქცევა მხოლოთ უკანასკნელი აღელვებაა იმ ბავშურის სიყვარულისა, რომელიც ფენიჩემ გულიდგან ამოიღო კიდეცაო, და ხმა ამოუღებლივ გაჰყვა უკან.
- ცხენი იმათ პირეტტაში წაიყვანეს, უთხრა ფენიჩემ ფილიპპოს, როდესაც შეამჩნია, რომ ის კარებში შესდგა და თვალებით რაღაცას ეძებდა. - ამასთან ვერც შეიძლებდით ცხენით ჩასვლას ამ დაღმართებზე: აქ ბევრით უარესი გზებია გუშინდელზე.
ფენიჩე წინ გაუძღვა და სოფლის სახლები მალე დაჰკარგეს იმათ თვალიდგან. მთელი სოფელი მიყრუებული იდგა მზის მწვავი სხივებით მოსილი. იქიდგან არ გამოისმოდა არაოდენი ხმაურობა, არცერთი ბანი არა ბოლავდა. მარტო ეხლა შენიშნა სიმშვენიერე ამ უდაბნოსი რომელზედაც პრწყინავდა უღრუბლო, ლაჟვარდი ცა.
გზა, რომელიც ძლივს ეტყობოდა წვრილ და მუქ ზოლივით პიტალო კლდეებს, მისდევდა მთის განიერ ქედზე ჩრდილოეთისკენ და ზოგჯერ, როდესაც მეორე მომდევნო ქედის დაბალს დაუპირდაპირდებოდნენ მარცხნივ აღმოსავლეთისკენ, პრწყინავდა ხოლმე შორით ზღვა. ჯერ მცენარე არსად სჩანდა წვრილმანი ჯაგნარის და კლდის ხავსის მეტი. მაგრამ ამათ მალე გაიარეს მთა და ჩავიდნენ ხეობაში, რომ შემდეგ ისევ ასულიყვნენ მეორე ქედზედ. აქ ამათ შეხვდათ რამდენიმე ნაძვის ხეები და წყაროები, რომელნიც სწრაფად გადმოჩქრიალებდნენ კლდეებზე, და ძირიდგან მოისმოდა წყლის შუილი. ფენიჩე სულ წინ მიდიოდა, იმას არც ერთხელ უკან არ მოუხედნია და არც ერთი სიტყვა ამოუღია. ფილიპპო უნებურათ სტკბებოდა იმის მშვენიერის ტანის მოყვანილობით, გრაციით და ენერგიით. ეს ფენიჩეს სახეს, დიდი თავზე მოსახვევის გამო, ვერა ჰხედავდა, მაგრამ, როცა კი დაუთანასწორდებოდა, არ შეეძლო არ შეეხედნა იმის პირისახეზე, იმისთანა მიმზიდველი და წრფელი იყო იმის სასტიკი პირის სახე. მხოლოთ ეხლა, მზეზედ, შენიშნა იმან ფენიჩეს სახეში რაღაც ბავშური სიყმაწვილე, თუმცა დარწმუნებით კი არ შეეძლო ეთქვა, თუ რომელ სახის ნაწილში დაინახა ეს უმანკოება. ერთი სიტყვით, ამ სახეში რაღაც დარჩა შეუცვლელათ ამ შვიდის წლის განმავლობაში, როდესაც სუყველაფერი იცვლებოდა.
ბოლოს ფილიპპომ თითონ დაუწყო იმას ლაპარაკი და ის დალაგებით და რიგიანათ უპასუხებდა. მხოლოთ იმის ხმა, რომელიც ისე ბოხი და დაბალი არ იყო, როგორც სხვა მთიულების ქალებისა, დღეს საშინელი უხმო და დაღონებული იყო. ამ გზაზედ, რომელზედაც ესენი მიდიოდნენ, უკანასკნელ წელიწადებში ბევრმა პოლიტიკურმა განძევებულებმა გაიარეს; ბევრი იმითგანი, რასაკვირველია, ჩამოხტებოდნენ ხოლმე ტრეპპში. ფილიპპომ დაუწყო გამოკითხვა ყმაწვილ ქალს თავის ნაცნობებზე, რომლების სახესაც აუწერდა იმას; მაგრამ ფენიჩეს ამათგან ბევრი არავინ ახსოვდა, თუმცაკი ამბობდა, რომ კონტრაბანდისტებს ბევრი ხალხი მოჰყავდათ ჩემთანაო. მხოლოთ ერთი მოაგონდა ფენიჩეს ძრიელ ნათლათ. იმის სახის აღწერაზე ფენიჩეს ჭირის ოფლმა დაასხა.
- ის ძრიელ ცუდი კაცია! სთქვა იმან გაჯავრებით. - მე ღამე უნდა გამეღვიძებინა მუშები, რომ ის სახლიდგან გაეგდოთ.
ამ ლაპარაკში გართულმა ადვოკატმა ვერ შეჰნიშნა, რომ მზე ძალზე მაღლა იდგა და ტოსკანიის დაბა არ სად სჩანდა. მაგრამ იმას ფიქრათაც აღარ მოსდიოდა, თუ საღამოზე რა მოელოდა. ეს ისე კმაყოფილი იყო, რომ მიდიოდა ვიწრო და ჩრდილიან ბილიკზე წყლის ნაპირათ, რომელიც იმას ხანდისხან დაჰნამავდა ხოლმე ცივის ნამებით, უყურებდა ჯოჯოებს, რომელნიც სიჩქარით დაცოცავდნენ კლდეებზე, უყურებდა პეპლებს, რომელნიც მზეზედ დაფრინავდნენ, და მზეს, რომელიც ხის ტოტებში გამობჟუოდა, რომ ვერც კი შეჰნიშნა, თუ ესენი მიდიოდნენ წყლის სათავისკენ და ჯერ კიდევ არ უხვევდნენ დასავლეთისკენ. როდესაც ესენი ხეობიდგან ამოვიდნენ და თვალ წინ წამოუდგათ გაუთავებელი უდაბნო ველები და ტიტველა კლდეები, ფილიპპოს თითქო გამოეღვიძა და მას შეჰხედა. ამან ნათლათ დაინახა, რომ ესენი იქით არ მიდიოდნენ, საითაც საჭირო იყო და ესენი თითქმის ორი საათის სასიარულო გზით განშორდნენ თავიანთ მგზავრობის მიზანს.
- დადექ! დაიყვირა ფილიპპომ. - მე კიდევ კაი დროს მივხვდი, რომ შენ მატყუე. განა ეს არის პისტოიის გზა, შე ცრუო?
- არა, უპასუხა ფენიჩემ გაბედვით, მაგრამ თვალები კი მაღლა ვერ აიღო.
- ამ შემთხვევაში, გარწმუნებ, თვით ეშმაკს გაუჭირდებოდა მაგ გვარი მაცდურობა! ამის მიზეზი სულ ჩემი დაწყევლილი ნდობა არის!
- სუყველაზედ ძლიერი, ღონიერი ყველა ეშმაკებზე ის არის, ვისაც უყვარს, სთქვა ფენიჩემ ღრმა და მწუხარე ხმით.
- არა! შეჰყვირა ფილიპპომ საშინლათ გაბრაზებულმა. - ადრეა შენი გახარება, გველო! ვაჟ კაცის ღონეს ვერ გასტეხავს ყველა ის სისულელე, რომელსაც გინდ ვინ გომბიო ეძახის სიყვარულსა. დაბრუნდი უკანვე, ეხლავე, ეხლავე და წამიყვანე მოკლე გზით, თორემ ამ წამსვე დაგახრჩობ მეთქი.
ფილიპპომ აღარ იცოდა რას შვრებოდა და მუშტები მოუღერა.
- მომკალ, მიუგო ფენიჩემ მაღლა, ხმის კანკალით. - რაღას იგვიანებ, ფილიპპო? მაგრამ ეს კი იცოდე, რომ მოკვლის შემდეგ, შენ, დაეცემი ჩემ გვამს და სისხლის ცრემლებით დაასველებ. შენ იწვები აქ ჩემთან, შენ უნდა ებრძოლო გარეულ ფრინველებს, რომ ჩემი გვამი არ გაგლიჯონ, შენ დაგწვამს დღისით მზე და დაგასველებს ღამე ნამი, სანამ შენც უსულოთ არ დაედები ჩემთან. შენ ეხლა მე ვეღარ მომშორდება. იქნება შენა გგონია, რომ მე, საცოდავი, სულელი მთიულის გოგო შვიდ წელიწადს აგრე ადვილათ დავთმობ, როგორც ერთ დღესა? მე ვიცი, როგორც დამიჯდა ის შვიდი წელიწადი! იაფათ არ მიყიდნია ჩემი უფლება შენზედ. შენ გინდა, რომ მე გაგიშვა ნამდვილი სიკვდილისათვის? ეგ სასაცილო იქნებოდა. აბა გაჰბედე ჩემი მოშორება, შენ თითონვე იგრძნობ, რომ ჩემთანა ხარ შეკავშირებული. დღეს შენ რომ ღვინო დალიე იმაში სიყვარულის წამალი იყო და იმასთანვე ისეთი წამალი, რომელსაც ჯერ ქვეყანაზე არავინ გაჰმაგრებია.
ამ სიტყვებთან ფენიჩემ ისე დედოფლურათ გაიშვირა ხელი, თითქო იმას ხელში ეჭირა მოგვის კვერთხი. ფილიპპომ სიძულვილით გაიცინა და სთქვა:
- ცუდად სჭრის შენი სიყვარულის წამალი: თავის დღეში არ მჯავრებიხარ ისე, როგორც ამ წამში. მაგრამ სისულელე კია შეიძულოს კაცმა, შენისთანა უჭკუო. დარწმუნდი შენი ეშმაკობის უღონობაში და ეცადე დამივიწყო მე. ჩვენ ერთმანერთს ვეღარ ვნახავთ. ჩემთვის საჭირო აღარ არის შენი დახმარება. აი იქ, მთაზე მოჩანს სახლი, საიდგანაც ბოლი ამოდის. იქ მიჩვენებენ გზასა. მშვიდობით, საწყალო მატყუარავ, მშვიდობით!
ფილიპპო საჩქაროდ გაჰშორდა ფენიჩეს. ამან არა უთხრა რა. ის წყნარათ დაჯდა ჩრდილში, რომელიც ხეობას გადაჰყურებდა და დაუწყო ყურება მუქ მწვანეს ნაძვებისას, რომელნიც ჯგუფად იდგნენ ძირს წყლის ნაპირას.
ფილიპპომ მალე შენიშნა, რომ გზა აერევა ამ კლდეების და ჩირგვების სიმრავლეში, რომელშიაც ეს დაუფიქრებლათ გაება, ამასთანავე, თუმცა კი თავს არ უტყდებოდა, ყმაწვილი ქალის სიტყვებმა გასჭრეს, და აზრს მუდამ ამაზე ართობდა, გზას რიგიანათ ვეღარ ათვალიერებდა. ცეცხლი გაღმა გორაზე ისევ მოსჩამდა და ფილიპპო ცდილობდა როგორმე გასულიყო ველზედ. მზის სიმაღლეზე ატყობდა, რომ ათი საათი იყო. ბოლოს, როდესაც ეს ძლივს გამოვიდა, ამან დაინახა დაჩრდილული ბილიკი და პატარა ბოგირი წყაროზე; ფილიპპოს ნამდვილათ ეგონა ეს ბოგირი იმ წყალთან გამიყვანსო, ეს გადავიდა წყალზე. ბილიკმა ეს ჯერ აიყვანა გორაზე, მერე შეუხვია და დაიწყო აქეთ იქით მიხვევ მოხვევა. ფილიპპომ ნათლათ დაინახა, რომ ეს თავის მიზანს ვეღარ ეწევა. იმ სახლთან ამას გზებს უკრავდნენ მიუდგომელი კლდეები. ეს ან უნდა მიჰყოლიყო ამ ბილიკს და ან არა და დაბრუნებულიყო ფენიჩესთან. ფილიპპო პირველში ძლიერ ყოჩაღათ მიდიოდა და იმედი ჰქონდა კიდევ დაენახა ის სახლი, რომელიც ეხლა სრულიად მიიმალა. შემდეგ, როდესაც იმის სისხლი დამშვიდდა, იმან დაიწყო დაწვრილებით მოგონება წეღანდელის ლაპარაკისა. იმან წარმოიდგინა მშვენიერი ყმაწვილი ქალის ფიგურა, წარმოიდგინა გაუჯავრებლივ და უძულველათ. იმას არ შეეძლო არ შეჰბრალებოდა ისა. ეხლა ის საწყალი, ფიქრობდა ფილიპპო, კლდეზე დამშვიდებული ზის და მოელის თავის თილისმის ძალას. უთუოთ იმ წამლისთვის წავიდა წუხელის, რომ მოეკრიფნა რომელიმე უმანკო ბალახი! უთუოთ იმისთისვე გატეხა სტაქანი და მართლაც განა არა, ღვინო მწარეთაც მეჩვენა. რა ნაირის დარწმუნებით იდგა ჩემ წინ ფენიჩე, ისეთის დიდებით, თითქო ეს ის რომის სივილლა იყო, რომელიც სწვამდა თავის საწინასწარმეტყველო წერილებს. საბრალო დედაკაცის გულო! კარგი ხარ, მაგ შეცდომილებაშიაც კი! რამდენიც ფილიპპო შორს მიდიოდა, უფრო და უფრო ჰგრძნობდა ფენიჩეს სიყვარულს და იმის სილამაზის ძალას. მე არ უნდა გავჯავრებულიყავ იმაზე, რომ ჩემ გადასარჩენათ, იმან მოინდომა ჩემი გადაბირვა და ჩემი მოვალეობა არ ამასრულებინა. მე იმისათვის ხელი უნდა მიმეცა და მეთქვა: „მე შენ მიყვარხარ, ფენიჩე, და თუ ცოცხალი გადაურჩი ჩემ მტერს, მე აქ მოვალ, შენთან.“ რატო ეს საშუალება არ მამივიდა თავში? ადვოკატი კი ვარ! გამოთხოვების დროს მე უნდა გადავხვევოდი, როგორც საქმრო, და დამიჯერებდა. მე კი ამის მაგივრათ გავკერპდი და იმითი საქმე სულ გავაფუჭე!
ამან დაიწყო ფიქრი იმ გვარ გამოთხოვებაზედ და მოეჩვენა, რომ იმის სუნთქვა ესმის და იმის უმანკო ტუჩებს ჰგრძნობს თავის ტუჩებზე. იმას მოეჩვენა რომ თითქო დაუძახეს კიდეც. „ფენიჩე!“ უპასუხა იმან ეშხით და შესდგა. იმას გული ძრიელ უცემდა, წყალი ხევში შუოდა, ნაძვის ტოტები არ ინძრეოდნენ. სუყველგან, ირგვლივ იყო სიჩუმე და სიცარიელე.
ფილიპპოს ენაზე ისევ ფენიჩეს სახელი ადგა, მაგრამ შერცხვა. შერცხვა და მასთანვე შეეშინდა. იმან თავში ხელი წაივლო. ნუ თუ მართალია და იმის თილისმას არავინ გაუმაგრდება?
ფილიპპოს მამაცობა დაუბრუნდა, მაგრამ ის კი შენიშნა, რომ ბილიკს იქით არ მიჰყავს, საითაც უნდა. უკან რომ დაბრუნებულიყო, უეჭველათ მაშინაც გზას დაჰკარგავდა. იმის გულისათვის ეს დაეშურა ასულიყო რომელსამე სიმაღლეზედ, რომ იქიდგან დაენახა ის სახლი, რომელსაც აქამომდინ ეძებდა. წყლის ნაპირი, რომელსაც აქამდინ ეს მისდევდა ძრიელ საშიში სასიარულო იყო, იმისათვის იმან წამოსასხამის კალთა დაიხვია ხელზე და გადახტა ხევის იმისთანა ალაგას, საცა ორი ნაპირი წყლისა თითქმის ერთმანეთს ეყუდებოდნენ. ყოჩაღათ ავიდა გორაზე და გამოვიდა მზეზედ.
მზე საშინლათ თავსა სწვავდა ფილიპპოს და რაც ის უფრო მაღლა ადიოდა ყელიც უფრო და უფრო უშრებოდა. ბოლოს დროს ფილიპპო ძრიელ შეშინდა. ვაი თუ რაც უნდა ვეცადო, ჩემ მიზანს ვერ მივახწიოო. ამასობაში იმას სისხლი უფრო ძრიელ სცემდა საფეთქლებში და ის ჯავრობდა იმაზედ ღვინო რათ დავლიეო და იჭვნეულათ უყურებდა მთის უმანკო მცენარეებს. ეს ტანში კიდევ გააჟრჟოლა. იქნება მართლა და არის იმისთანა საიდუმლო ძალა, რომელსაც შეეძლოს დაუმორჩილოს კაცის გული დედაკაცის ჟინს? იქნება... მაგრამ არა, არა! იმ გვარ ძალას გავლენა მარტო იმაზედა აქვს, ვისაც ისინი სწამს. იყავ კაცი, ფილიპპო, წინ წადი! აი მთის ქედიც; კიდევ რამდენიმე საათი და შენ უკან დასტოვებ ამ ხეობებს თავისის მოჩვენებებით და თილისმებით!
მაგრამ მაინც კიდევ ვერ დასძლია თავისი აღელვება. ყოველი ქვა, ყოველი დასაცურებელი ალაგი, ყოველი ჯირკვი, რომელიც კი იმას გზას უძნელებდნენ, ფილიპპოს დაბრკოლებათ ეგონა; სუყველა აღშფოთებდა და ჰღალავდა იმას. ბოლოს, როდესაც ავიდა სულ მაღლა და ერთი ყოჩაღურის გადახტომით თავს მოევლო გორას, ჯერ ვეღარა დაინახარა, რადგანაც თავში სისხლი აუვარდა და თვალი აუჭრიალა კლდეების ყვითლადთ მზეზე ბჭყინვამ. ღონე მიწყვეტილმა მოიხადა ქუდი, რომ შუბლი ცოტათ მაინც გაეგრილებინა. ამ წამში იმან ნათლათ გაიგონა თავის სახელი და გაოცებით მიიხედა იმ ძახილზედ. რამდენსამე ნაბიჯზე, კლდესთან, იქვე, საცა იმან დასტოვა წეღან, ფენიჩე იჯდა და იმას უყურებდა ალერსიანათ და სიყვარულით.
- ძლივს არ მოხველ, ფილიპპო! სთქვა იმან. - მე დიდიხანია შენ გელი.
- კიდევ შენ! შეჰყვირა ფილიპპომ და იმის გულში მოერია რაღაც სასიამოვნო სურვილი. - კიდევ შენა! და შენ ჰხარობ, რომ მე ვიტანჯები! რომ მზემ მწვამს თავს და აქა იქ დავეხეტები! კმაყოფილი ხარ, რომ შენ წინა მხედავ! ტყუილათ! შენ ჩემგან ვერას წაიღებ, წყევლის მეტსა! მე შენ არ მიძებნიხარ, ღმერთმა ხომ იცის და თუ გიპოვნე, ისევ იმისთვის, რომ მალე დაგკარგო. ფენიჩემ ღიმილით თავი გაიქნია.
- შენც რომ არ გინდოდეს, მაინც ჩემთან მოხვალ, და თუნდ რომ რაც ქვეყანაზე მთებია შუა იყოს, მაინც მიპოვნიდი, იმიტომ რომ ღვინოში ჩაგისხი შვიდი წვეთი სისხლი, ფუოკოს გულიდგან. საწყალი ძაღლი, იმას მე უყვარდი და შენ სძულდი. შენც ეხლა შეიძულებ უწინდელ ფილიპპოს, და დაისვენებ მხოლოთ ჩემ გულზე, მე ამას ვანბობ, ამიტომ რომ მე შენ მიყვარხარ. ახლა ხომ ჰხედავ, ჩემო ფილიპპო, რომ მე დაგიმორჩილე? წამო, მე გიჩვენებ გენუის გზას, ჩემო საყვარელო, ჩემო ქმარო, ჩემო სასურველო!
ამ სიტყვებით ფენიჩე წამოდგა და ორთავ ხელები ფილიპპოსთვის უნდა მოეხვივნა, მაგრამ იმისმა შეხედულობამ შეაშინა. ის უცებ ისე გაყვითლდა, როგორც მკვდარი, იმის ტუჩები უხმოთ რაღასაც ბუტბუტებდნენ, თავითგან ქუდი გადაუარდა და ხელები ქნევით ცდილობდა აეცილებინა ფენიჩეს მიკარება.
- ძაღლის სისხლი! ძლივს გამოთქვა ფილიპპომ. - ჰო, კიდეც ეგ მოიგონე შენა... მაგრამ ვერ დამძლევ, წყეულო! სიკვდილი სჯობს, შენ ძაღლათ გადაქცევას! მერე, როგორღაც კბილების კრიჭინით გაიხარხარა, ფენიჩეს თვალი თვალში გაუყარა, დაიწყო ბორძიკით უკან უკან წასვლა და უცებ იმ ხევში გადავარდა, საიდგანაც ეხლა ძლივს ამოვიდა.
ფენიჩეს თვალთ დაუბნელდა, იმან ორთავ ხელები გულზე წაივლო და ისეთი დაიკივლა, რომ ამ ხმამ მთაში და ძირში დაკოდილი არწივის ხმისავით გრიალი მოიღო. იმან გაადგა რამდენიმე ნაბიჯი, წაბორძიკდა და შესდგა. გულზე კიდევ ხელები წაივლო.
„ღვთის მშობელო!“ წაიბუტბუტა იმან და ღონე არა ჰქონდა, რომ ფიქრები შეეგროვებინა. იმან საჩქაროთ დაიწყო ჩასვლა-ცოცვა კლდეებზე, ეკლებიან ჩირგვნარში; იმის ტუჩები უფიქრელათ, რაღასაც ბუტბუტებდნენ, ერთი ხელით ეჭირა მწუხარე გული და მეორეთი ებოძიძკებოდა კლდეებსა და ხის ტოტებს. ამ გვარათ ეს ჩავიდა მაღალი ხეების ძირამდინ და იქ დაინახა ფილიპპო, რომელიც თვალებ დახუჭული ხის ძირში ეგდო. იმის შუბლი და თმები სისხლში იყვნენ მოსვრილნი, იმის თავი ეყუდა დიდ ხის ძირსა. ფილიპპოს ტანისამოსი იყო დაწიწკნილი და მარცხენა ფეხი მოტეხილივით ეგდო. ფენიჩემ არ იცოდა ცოცხალი იყო კიდევ, თუ არა. იმან ფილიპპო ხელში აიყვანა და იგრძნო, რომ ის კიდევ სუნთქავდა. წამოსასხამს, რომელიც სქელი ნაოჭიანი იყო და რომელიც ჩავარდნის დროს მხრებზე ესხა ფილიპპოს, თითქო რომ შეემსუბუქებინა დაცემა. „მადლობა ღმერთსა!“ სთქვა ფენიჩემ და თავის უფლათ ამოისუნთქა. და თითქოს რომ მანქანების ძალით ხელში აიღო საცოდავი ფილიპპო და შეუდგა აღმართს. ეს ძალიან უძნელდებოდა იმას. დასასვენებლათ ოთხჯერ მაინც დადო თავის მძიმე ტვირთი, მწვანე ხავსზე; ამოდენა ხანში ფილიპპო ერთხელაც არ მოსულა გონზე.
ბოლოს როდესაც ფენიჩე თავისის ტვირთით ავიდა მაღლა, ფეხები აუკანკალდა, დაბორძიკდა და რამდენსამე ხნით გულ შემოყრილი დაეცა. მერე წამოდგა და წავიდა იმ მწყემსების სახლისკენ, რომელიც იქიდგან მოჩამდა. მივიდა ერთ ალაგას და იქიდგან გასჭყივლა. პირველათ მარტო მთამ მისცა ხმა. შემდეგ კაცის ხმა მოესმა. ფენიჩემ ერთი კიდევ გაჰკივლა და პასუხს კი აღარ მოუცადა. მივიდა ფილიპპოსთან და ხმა მაღლა ტირილით მიიტანა იმ კლდის ჩდილში, საცა ეს წეღან იჯდა და ფილიპპოს მოელოდა. იქ დაინახა ფილიპპომ თავისი თავი, როდესაც მობრუნდა, იმის წინ იდგნენ ორი მწყემსი, ერთი ყმაწვილი და ერთი მოხუცი, წყალს ასხამდნენ იმას და ლავიწებს უზელავდნენ. ფილიპპოს თავი ყმაწვილი ქალის კალთაში ედო, მაგრამ იმან ეს ვერ შენიშნა.
ფილიპპოს თითქო სულ დავიწყდა ფენიჩეს არსებობა. იმან მძიმეთ ამოიოხრა, იგრძნო საშინელი ტკივილი ყოველ სხეულში და ისევ თვალები დახუჭა. ბოლოს იმან სთქვა, ხმის გაწყვეტით: „ერთი თქვენგანი, კეთილნო ხალხნო... წავიდეს პისტოიაში, მე იქ მიმელიან. თუ ღმერთი გწამთ, უთხარით მეტრახტირეს «ფორტუნაში“ რა მდგომიარობაშიაცა ვარ. მე მქვიან... აქ ფილიპპოს ღონემ უმტყუნა და ისევ დაჰკარგა გონება.
- პისტოიაში მე წავალ, უთხრა ფენიჩემ მწყემსებს. - თქვენ წაიღეთ ეს სინიორი ტრეპპში დ აიმ ლოგინზედ დააწვინეთ, რომელსაც ნინო გიჩვენებთ. უთხარით იმას, რომ კიარუჩიას დაუძახოს, რომ ავანტყოფს უწამლოს. ასწიეთ; შენ, ტომაზო, მხრებში ასწი, და შენ, ბიპპო, ფეხებით, ეგრე, წყნარათ! ეცადეთ არ დაანჯღიოთ. აი ეს ყველა წყაროსთან დაასველეთ და თავზე აფარეთ. გესმისთ?
ამ სიტყვებთან იმან მოჰხია თავის თავსახვევს, დაასველა ყწალში და დააფარა ფილიპპოს დასისხლიანებულ თავზე.
მწყემსებმა აიღეს ხელში და გაუდგნენ ტრეპპის გზასა. ყმწავილმა ქალმა იმათ დიდხან უყურა და შემდეგ საჩქაროთ გაუდგა დაგრეხილ ვიწრო ბილიკსა.
***
ნაშუადღევის სამი საათი იქნებოდა, ფენიჩე რომ პისტოიაში მივიდა. ტრახტირი „ფორტუნა“ რამდენიმე ას ნაბიჯზე იყო ქალაქიდგან და იმ სადილობის დროს იქ ბევრი არავინ იყო. დიდი ფარდულის ჩრდილში იდგნენ გამოშვებული ცხენები. თავიანთ ეკიპაჟების ბალიშებზე გადაწოლილიყვნენ კუჩრები და ეძინათ; დიდ სამჭედლოში, ტრახტირის პირდა-პირ არა მუშაობდნენ; მტვრიანი ფოთლები ხეებზე, რომელნიც ორთავ გზის ნაპირებზე იდგნენ, არ ინძრეოდნენ. ფენიჩე მივიდა შადრევანთან, რომელიც თავის გაუთავებლის მჩქეფარებით აღვიძებდა იმ საშინელ სიჩუმესა, დაიბანა ხელი და პირი, მერე დიდხანს დაეწაფა და სვა წყალი, რომ ერთბაშათ მოეკლა წყურვილიც და შიმშილიცა. მერე შევიდა ტრახტირში.
სახლის პატრონი ნამძინარევი წამოდგა, მაგრამ ისევ წაწვა, რადგან დაინახა, რომ მოსული იყო - მარტო მთიულის ქალი.
- რა გინდა? უთხრა ფენიჩეს. თუ გშიან ან გწყურიან სამზარეულოში წადი.
- თქვენა ხართ ამ სახლის პატრონი? ჰკითხა ფენიჩემ დამშვიდებით.
- მაშ ვინ იქნება, თუ მე არა? მე მგონი, ყველანი მიცნობენ პისტოიაში. რა საქმე გაქვს, მშვენიერო.
- მე გამომგზავნა უფალმა ადვოკატმა, ფილიპპო მანინმა.
- მართლა! ეგ სხვაა. განა ის თითონ კი არ მოვიდა? იქ ვიღაც ბატონები არიან და იმას მოელიან.
- მაშ წამომყე იმათთან.
- რასა ჰმალავ! განა მე არ მეტყვი, რაც იმან დაგაბარა?
- არა!
- როგორც გინდა, ჩემო შვილო, ყველას თავისი საიდუმლო აქვს. ხა, ხა, ხა, მაშ არ მოვა? ეგ ვერა ფრათ ეჭაშნიკებათ იმ ბატონებს; ისინი, მე ვგონებ, ძრიელ საჭირო საქმისთვის მოელოდნენ იმას. ბებერი გაჩუმდა და ეშმაკურათ გაჰხედა ყმაწვილ ქალსა. მაგრამ რომ დაინახა, რომ ფენიჩე არ აგრძელებს იმასთან ბაასს და კარებთან მიდის, დაიხურა ჩალის შლიაპა და თავის ქნევით უკან გაჰყვა.
გზას იქით ბაღი იყო, იმათ ეს გაიარეს. გზაზედ ბებერი სულ ცდილობდა გამოეთქმევინებინა რამე, მაგრამ ფენიჩემ ხმაც არ გასცა. შუა ბილიკის ბოლოს ბაღის ჯიხური იდგა, იმის ფანჯრები სტავნებით იყო მიხურული და შუშის კარებზე სქელი ფარდა იყო ჩამოფარებული. რამდენიმე ნაბიჯზე, მეტრახტირემ მოაცდევინა ფენიჩეს და თითონ დაარახუნა კარები და შიგ შევიდა. ფენიჩემ შენიშნა, რომ ფარდა ვიღამაც ასწია. ბებერი კაცი მალე გამოვიდა და მიიპატიჟა ფენიჩე, იმ ბატონებს უნდათ შენთან მოლაპარაკებაო.
როდესაც ფენიჩე ჯიხურში შევიდა, სტოლიდგან ვიღაც კაცი ადგა, თავით ფეხამდინ შემოხედა იმას ცივათ და თავხედათ. სტოლთან ორნი კიდევ სხვანი ისხდნენ და წინ ედგათ მრავალი ბოთლები და სტაქნები.
- უფალი ადვოკატი აქ არ მოვა, თუმცა კი იმან პატიოსანი სიტყვა მოგვცა? უთხრა ფენიჩეს იმ კაცმა, რომელიც იმის წინ იდგა. - შენ ვინა ხარ და ან რითი დაამტკიცებ, რომ შენ იმან გამოგგზავნა?
- მე ტრეპპიდგანა ვარ, უფალნო, სახელათ მქვიან ფენიჩე კატანეო. დასამტკიცებლათ? მე გეუბნებით მართალს, სენიორ.
- რატო თითონ უფ. ადვოკატი არ მობძანდა? ჩვენ ის პატიოსანი კაცი გვეგონა?
- ის ისევ პატიოსანი კაცია და აქ იმიტომ არ მოვიდა, რომ კლდიდგან გადავარდა, გაიტეხა თავი, ფეხი, და ისე ძრიელაც, რომ ეხლაც უგრძნობლათა ძევს. ფენიჩეს მოუბარმა გაუცინა თავის ამხანაკებს და ისევ ამას მოუბრუნდა.
- შენ მართალს ამბობ, ფენიჩე კატანეო. იმიტომ რომ ტყუილი არ იცი, მაგრამ თუ უგრძობლათა ძევს, შენ როგორღა გამოგგზავნა.
- ის ერთ წამს მობრუნდა და მაშინვე ისა სთქვა „ფორტუნაში“ მიმელიანო, შეატყობინეთ ჩემი მდგომარეობაო. ერთმა იმ კაცებთაგანმა ბოროტულათ გაიცინა.
- ჰხედავ, კიდევ იმ კაცმა სთქვა, რომელიც პირველათ ფენიჩეს ელაპარაკებოდა, - რომ ამათაც არა სჯერათ შენი ზღაპრები. რა საკვრელია არაკების მოგონება უფრო ადვილია, მანამ საქმით თავის პატიოსნების დაცვა!
- თუ თქვენ მაგითი უნდა ისა სთქვათ, სენიორ, რომ უფალი ფილიპპო არ მოვიდა, რო თქვენი ეშინიან, თქვენ მაგ საძაგლობის მოგონებისათვის ღმერთი დაგსჯით! უთხრა ფენიჩემ მკვახეთ და სამთავეს შეურაცხებით შეხედა.
- რა ცხარე ყოფილა? უპასუხა პირველმა კაცმა. სჩანს ადვოკატი შენი საყვარელი, ჰა?
- არა, ღმერთია ყოვლისა მხედველი! უპასუხა ფენიჩემ. იქ მყოფმა კაცებმა ტუტუნი დაიწყეს და ამან გაიგონა, რომ ერთმა იმათგანმა სთქვა:
- ის სოფელი ტოსკანიის სამფლობელოში მდებარეობს.
- რას ამბობთ, მიუგო მეორემ. განა გჯერათ? ის ისე წევს ტრეპპში, როგორც...
- მაშ წამომყეთ, თუ არა გჯერათ, და თქვენ თითონ დარწმუნდით,
- გააწყვეტინა იმათ ფენიჩემ. მხოლოთ გთხოვთ, თან იარაღი არ წამოიღოთრა, თორემ მე გზას არ გასწავლით.
- სულელო, უპასუხა იმისმა პირველმა მოუბარმა, განა შენა გგონია, რომ ჩვენ შენი მოკვლა გვინდა?
- არა, ჩემი კი არა, იმისი; მე ეს ვიცი. კიდევ ერთი პირობა: თან წამოიყვანეთ ექიმი, ან იქნება ერთი თქვენთაგანი ექიმი იყოს, უფალნო?
ამაზე პასუხი არავინ მისცა. სამ ამხანაგში კიდევ ტუტუნი გაჩნდა. - ჩვენ აქ მოვედით, ის იქ ტრახტირში იყო, სთქვა ერთმა.
- უთუოთ იქვე იქნებოდა, ისე მალე ვერ მოასწრობდა წასვლას. ერთი ამათგანი წავიდა და რამდენიმე წამის შემდეგ მოიყვანა მეოთხე პირი, რომელიც თითქო რომ უცნობი იყო დანარჩენი კამპანიისა.
- თქვენ ძრიელ დაგვავალებთ, უთხრა ახლათ მოსულს ერთმა აქ მყოფმა, თუ წამოგვყვებით ტრეპპში. თუ რისთვის მივალთ, იმას უთუოთ შეიტყობდით კიდეც.
ახლათ მოსულმა ჩუმათ თავი დაუკრა, და სუყველანი ერთათ გამოვიდნენ ბაღის ჯიხურიდგან. სამზარეულოსთან რომ გაიარეს, ფენიჩემ მოითხოვა ერთი ნაჭერი პური და იქვე ხელათ შეჭამა რამდენიმე ლუკმა. მერე ის წინ გაუძღვა ამ საზოგადოებას და გასწია მთებისკენ.
გზაზე ფენიჩე თავის მგზავრებს სრულებით ყურს არ უგდებდა. ისინი გაცხარებული რაღაზედაც ბაასობდნენ და ფენიჩე ისე მიეშურებოდა, რომ იმათ ბევრჯელ უნდა ხმა მიეცათ, რომ არ ასცდენოდნენ. მაშინ შედგებოდა ხოლმე ფენიჩე, ორთავ ხელებს დაიწყობდა გულზე, ღრმათ ამოიოხრებდა და უნუგეშოთ საიდღაც გაიყურებოდა. როცა ესენი ავიდნენ მთაზე, ბინდმა დაჰკრა.
სოფელი ტრეპპი იმ საღამოზედაც ისე გაჩუმებული იდგა, როგორც ყოველთვის. მხოლოთ ორიოდე ცნობის მოყვარე ბავშმა გამოჰყო თავი ფანჯარაში და კარებში გამოდგნენ რამდენიმე დედაკაცი, როდესაც ფენიჩემ თავის მგზავრებით სოფელში გაიარა. ფენიჩემ გზაზე ხმა არავის გასცა, ეს საჩქაროთ გაეშურა თავის სახლისკენ. იმის კარებზე რამდენიმე კაცი ტრიალებდა. მუშები ცხენებს ჰკიდებდნენ და კონტრაბანდისტები ბოლთას სცემდნენ. როდესაც იმათ დაინახეს სახლის პატრონი ქალი, უცხო პირებთან, სუყველანი ჩაჩუმდნენ და გზა მისცეს. ფენიჩემ რამდენიმე სიტყვა უთხრა ნინოს, რომელიც დიდ ოთახში მოეგება, და გააღო თავის ოთახის კარები.
იქ ბნელ კუნჭულში კრაოტზე ფილიპპო იწვა და იმის გვერდზე, ფილაქანზე იჯდა ბებერი დედაკაცი. კიარუჩია, როგორ არის ავადმყოფი? ჰკითხა ფენიჩემ.
- ღვთის მადლით, უკეთ არის, უპასუხა ბებერმა და საჩქაროთ გადაათვარიელა ის კაცები, რომელნიც ყმაწვილ ქალს შემოჰყვნენ.
ფილიპპომ იმ ხმაზე თვალები გააღო და იმის გაყვითლებული სახე აწითლდა. - შენა ხარ! წარმოსთქვა იმან.
- დიახ, მე მოვიყვანე ის კაცი, რომელთანაც თქვენ უნდა გებრძოლნათ, დაე თავის თვალით დარწმუნდეს, რომ ეგ შეუძლებელია. აი ექიმიც. დასუსტებულმა ავადმყოფმა ყველა აქ მყოფი გადაათვალიერა და თვალები ისევ დახუჭა.
ერთი მოსულთაგანი მივიდა ფილიპპოსთან და უთხრა: - ჩვენ კი კარგათა გცნობთ, სენიორ ფილიპპო მანინი. ჩვენ ბძანება გვქონდა გზაზედ დაგხვედროდით და დაგვეჭირეთ. მმართებლობამ შეიტყო თქვენის წერილებიდგან, რომ თქვენ ტოსკანიაში იმიტომ კი არ წახვედით, რომ დუელი გქონდათ, იმიტომაც რომ შეერთებოდით თქვენ იმ პირებს, რომელნიც გამოადგებიან თქვენ პარტიას ბოლონიაში. თქვენ წინ გახლავართ პოლიციის კამისარი უმაღლესის ბძანებით. ამ სიტყვებთან იმან ამოიღო ჯიბიდგან ქაღალდი და ფილიპპოს პირთან მიუტანა.
ფილიპპომ ქაღალდს დააცეცა უაზროდ ამღვრეული თვალები, თითქოს რომ ვერა გაიგო რა და ისევ უგრძნობლათ მიბინარდა.
- გთხოვთ გაუშინჯოთ ნატკენები, უფალო ექიმო, უთხრა კამისარმა.
- თუ შესაძლებელია ეხლავ უნდა წავიყვანოთ, კარებთან მე ცხენები დავინახე. ჩვენ იმ ცხენებს წავიყვანთ და იმითი ორ საქმეს ერთათ ავასრულებთ, რადგანაც ის ცხენები აღკრძალული საქონლით არიან დატვირთულნი. დაე გაიგოს მთავრობამ, თუ რა ხალხი სცხოვრებს ამ დაწყევლილ ტრეპპში. ამ ლაპარაკში ექიმი ავადმყოფთან მივიდა და ფენიჩე ოთახიდგან გაჰქრა. კიარუჩია მშვიდათ კუნჭულში იჯდა და რაღაცას ბუტბუტებდა. ქუჩიდგან მოისმა რაღაც აჩქარებული ფეხის ხმა, მოძრაობა, ფანჯარაში შემოიხედა რამდენიმე კაცმა, და ისევ მალე მიიმალნენ.
- შეიძლება ამის მთიდგან ჩატანა, სთქვა ბოლოს ექიმმა, თუ ორ პირათ შეუკრავთ იარებს. რასაკვირელია, აქ რომ დარჩეს უფრო მალე მორჩება, ამ ბებერი დედაკაცის ხელში, რომელიც ჩვენისთანა ექიმს სჯობია ამ შემთხვევაში; ამასთან შეიძლება ამას გზაში ანთებაც მოუჰვიდეს და მე მაშინ ამის სიცოცხლის პირობას არ გაძლევთ, უფალო კამისარო.
- ეგ არაფერია! უპასუხა იმან. - ყველაზე უმჯობესი ის იქნება, რომ ეს თავიდგან მოვიშოროთ როგორმე. შეუკარით წყლულები და რაც შეიძლებოდეს მაგრა, რომ არაფერზე გამოგვეკიდნენ, და გავწიოთ. ეხლა მთვარიანი ღამეა და გზას რომელიმე მწყემსი გვაჩვენებს. მოლცა, შენ მანამ წადი, ცხენები დაიჭირე. პოლიციის მოსამსახურემ, რომელსაც უთხრა ეს სიტყვები კამისარმა, საჩქაროთ გააღო კარები გასასვლელათ და აი რა სურათი დაინახა. დიდი ოთახი სავსე იყო ხალხითა და ყველაზე წინ ორი კონტრაბანდისტი იდგნენ. ფენიჩე იმათ ახშფოთებით რაღასაც ელაპარაკებოდა, და როდესაც კარი გაეღო ის წამოდგა პატარა ოთახის კარებში და დიდის გამბედაობით უთხრა პოლიციელებს:
- თქვენ, უფალნო, ეხლავე უნდა გამობძანდეთ მაგ ოთახიდგან და ამასთანვე უავანტყოფოთ, თორემ თავის დღეში ვეღარ ეღირსებით პისტოიის ნახვას. ამ სახლში, რაც პატრონათ არის ფენიჩე კატანიო, სისხლი არ დაღვრილა, და ეხლა ღვთის მშობელმა დაიფაროს მაგ შერცხვენისგან! და ნურც შემდეგისთვის ეცდებით აქ მობძანებას, თუ გინდ რომ უმეტესნიც ბძანდებოდეთ. თქვენ კარგათ გახსოვთ ის ვიწრო გასავალი ორ მთას შუა, რომელიც ჩვენ გუშინ გამოვიარეთ. ბავშვს შეუძლიან დაიცვას ის ვიწრო გზა, იქ მარტო საჭიროა ქვების დაგორება, რომელიც იქ ბევრია დაგროვილი. ჩვენ იქ სანამ მცველს დავაყენებთ, განა ეს ავანტყოფი არ გასაღდება. წაბძანდით ეხლა და დაიკვეხეთ,
რომ მოატყუეთ საწყალი ქალი და გნებავდათ მოგეკლათ კაცი, რომელსაც თავის დაცვა არ შეეძლო.
ამ ლაპარაკზე პოლიციელებს ფერი ეცვალათ. იმას მოჰყვა სიჩუმე. შემდეგ თითქო კამანდით სამთავემ ამოიძრეს აქამდინ ტანისამოსის ქვეშ დამალული რევოლვერები და კომისარმა სთქვა ცივათ: - ჩვენ აქ კანონის ძალითა ვართ, და თუ თქვენ კანონს პატივს არა სცემთ, ნუ გგონიათ ჩვენც დაგვიშალოთ ამის ასრულება. თუ თქვენ გვიწინააღმდეგებთ კანონის აღსრულებაში, ექვსი თქვენთაგანი გახდება ჩვენი ტყვიების წერა.
ხალხმა დაიწყო ყაყანი.
- ნუ გეშინიანთ, მეგობარნო! შეჰყვირა გამბედავმა ქალმა, ესენი მაგას ვერ გაჰბედავენ. ამათ იციან, რომ თითოში რომელსაც ესენი თქვენში მოჰკლავენ, უფრო ძვირათ გადიხდიან, მინამ თავის სიცოცხლით. - თქვენ გიჟივით ლაპარაკობთ, მიუბრუნდა ფენიჩე კომისარს, - შიში, რომელიც თქვენ პირის სახეზე გაწერიათ, თქვენზე ჭკვიანია, დაუჯერეთ მაგას. გზა გახსნილი გაქვთ, უფალნო, მიბძანდით!
ფენიჩე კარებიდგან ჩამოეცალა და მარცხენა ხელით გარეთი კარი უჩვენა. პოლიციელებმა პატარა ხანს იჩურჩულეს, და მერე თითქმის ყოჩაღათ გაიარეს გაჯავრებულ ხალხში, რომელმაც ესენი გააცილა საშინელი ლანძღვით და გინებით. ექიმი გაოცებული შესდგა ავადმყოფის საწოლთან, მაგრამ იმასაც კარები უჩვენა ყმაწვილმა ქალმა.
ფილიპპო, ნახევარზედ წამომჯდარი ლოგინზედ, ამღვრეულის თვალებით უყურებდა ამ სცენას. ბებერმა ექიმმა მიაწვინა სიფთხილით და უთხრა: - დაიძინე, შვილო, დაიძინე. ნუღარაფრისა გეშინიან. დაიძინე, ჩემო საბრალო შვილო. ბებერი კიარუჩია კარგათ მოგივლის და ყველა ფათერაკს აგაცილებს ჩვენი დალოცვილი, მშვენიერი ფენიჩე! დაიძინე, დაიძინე!
მერე ნანა უთხრა და ისე დააძინა, როგორც ბავშვებს დააძინებენ ხოლმე. და ფილიპპოს კი მაინც ძილშიაც ფენიჩე უდგა თვალწინა.
***
ფილიპპო თითქმის ათი დღე იყო ტრეპპში. კიარუჩია სწამლობდა იმას, ღამით ბევრი ეძინა და დრე იჯდა კარებში და სტკბებოდა სიჩუმით და მთის ჰაერით. რაწამს შეიძლო წერა, იმან ბოლონიაში წერილი გაგზავნა და თუ რა პასუხი მოუიდა, ეს ვერავინ შეატყო იმის ფერ მიხდილს სახეს. ეს ბებერი ექიმის მეტს და პატარა ბავშვებისა, არავის არ ელაპარაკებოდა. ფენიჩეს მარტო საღამოობით ჰხედავდა, როდესაც იქ კერასთან ფუსფუსებდა რასმე.
ფენიჩე მთელ დღეობით მთაში იყო. ეს წინათ თურმე ისე არ იქცეოდა. და როდესაც შინაც იყო იმის შემთხვევას არ აძლევდა რომ ფილიპპოს იმასთან ელაპარაკნა. ეს ისე იქცეოდა თითქო სრულებით ყურს არ უგდებს, ფილიპპო იქ არის, თუ არაო. ეს თითქო დამშვიდებულიც იყო. იმისი სახე გაქვავებულს ჰგავდა და შეხედულობა უგრძნობელს.
ერთხელ მშვენიერ ტაროსში, ფილიპპო, თავის ღონის გამოსაცდელათ, სახლიდგან კარგა შორს წავიდა. ჩაუხვია ერთ დაღმართს და ღელეში ჩავიდა. იმას თითქმის შეეშინდა, რომ დაინახა ფენიჩე, რომელიც კლდის ჩრდილში მწვანე ხავსზე წყლის პირას იჯდა. იმას ხელში ეჭირა ძაფი და თითისტარი და ღრმათ იყო ჩაფიქრებული. როდესაც იმან ფილიპპოს ფეხის ხმა გაიგონა, მოიხედა, სახე სრულიათ არ შესცვლია, ადგა და ყურიც არ ათხოვა ფილიპპოს ძახილს და საჩქაროთ სადღაც მიეფარა.
იმ შეხვედრის მეორე დღეს, როდესაც ფილიპპო ისევ ფენიჩეზე ფიქრობდა, გაეღო კარი და შემოვიდა ყმაწვილი ქალი. ეს შესდგა კარის ბჭეში და ბძანების შეხედვით დაუშალა ფილიპპოს ახლო მიკარება.
- თქვენ ეხლა კარგათა ხართ, უთხრა ფენიჩემ ცივათ. - მე მოვილაპარაკე ბებერთან და იმან მითხრა, რომ თქვენ შეგიძლიანთ ნელ ნელა მოგზაურობა. თქვენ ხვალ წახვალთ და ტრეპპში თავის დღეში აღარ მობრუნდებით... თქვენ ამის პირობა უნდა მომცეთ მე.
- კარგი, მხოლოთ ერთის პირობით, ფენიჩე.
ეს პასუხს არ აძლევდა.
- იმ პირობით, რომ შენ მე გამომყვები, ფენიჩე, წარმოსთქვა ფილიპპომ და არ შეეძლო შეემაგრებინა თავის აღშფოთება. საშინელი მრისხანება მიიღო ფენიჩეს სახემ. მაგრამ იმან თავი შეიმაგრა, კარების გასაღებს ხელი წაავლო და სთქვა: - რით დავიმსახურე თქვენგნით ეგ დაცინვა? თქვენ მე უნდა დამპირდეთ წასვლას, და ამასთანავე ყოვლის უპირობოთ. მე მაგას მოველი თქვენგან, როგორც პატიოსანი კაცისაგან.
- ეხლა მე შენ უარს მყოფ, ფენიჩე, როდესაც მე მომაჯადოვე სიყვარულით, ეხლა როდესაც მე შენი ვარ სამუდამოთ! ფენიჩემ წყნარათ თავი გაიქნია.
- თქვენ ჯადო ფეხს არ შეგიკრავთ, უთხრა იმან დაბლა, მანამ
თქვენზე იმოქმედებდა ძაღლის სისხლი, თქვენ უფრო ადრე დააქციეთ თქვენი სისხლი და იმისათვის თილისმის ძალა დაიკარგა. და ასეც სჯობდა, ამიტომ რომ მე სულელურათ მოვიქეც. მაგრამ ამაზედ ნუღარ ვილაპარაკებთ. დამპირდით, რომ ხვალ უთუოთ წახვალთ. თქვენ გასაცილებლათ ხვალ კაცი და ცხენი მზათ იქნება. საითაც გნებავთ, იქით გიახლებათ.
- მაშ თუ სიყვარულის წამლის ძალა არ არის აქ სულ სხვა თილისმაა, რომელშიაც შენ სრულიათ არა ხარ დამნაშავე. გეფიცები ჩემის სულის ცხონებით...
- გაჩუმდით! გააწყვეტინა ფენიჩემ და უფრო მოიღრუბლა.
- მე ყრუ ვარ მაგგვარის სიტყვებისათვის. თუ თქვენა გგონიათ, რომ ჩემი მოვალე ხართ და მე გებრალებით, თავი დამანებეთ და გასწორებულნი ვიქნებით. ნუ გგონიათ, რომ ჩემ საცოდავ თავს მაგდენი არ ესმოდეს. მე ეხლა გავიგე, რომ კაცის შესყიდვა არ შეიძლება არც დავალებით, - ეგ ყველა რიგიანი კაცის მოვალეობაა, და არც შვიდის წლის მოლოდონით, - რა არის შვიდი წელიწადი, ღმერთთან? ნურც იმას იფიქრებთ, რომ თქვენ მე გამაუბედურეთ, არა, თქვენ მე მხოლოთ გამკურნეთ! წადით, და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
- მიპასუხე, ღვთის წინაშე! შეჰყვირა ვაგლახათ ფილიპპომ, მოგარჩინე მე... შენის სიყვარულისაგან?
- არა, სთქვა ფენიჩემ ბეჯითად. - მაგას რათა მკითხავთ? ის ჩემია და თქვენ იმაზე არც ნება გაქვთ და არც ძალა. წადით!
ამ სიტყვებზე ის კარებს გადავიდა. ერთი წამის შემდეგ ფილიპპო ფილაქანზე ეგდო და ფენიჩეს მუხლებს ეხვევოდა.
- თუ მართალი სთქვი, ამბობდა ფილიპპო სასოწარკვეთილებით, - მაშ გადამარჩინე, უარს ნუ მყოფ, შემიბრალე, თორე ამ საცოდავ თავს გაჰხეთქავს სიგიჟე, ან არადა ამ საცოდავს გულს გაჰხეთქავს მწუხარება. ქვეყნიერება ჩემთვის ცარიელია. ყოველ მხრივ მიდარაჯებს მე სიძულვილი. მე უარს მყოფენ ძველიც და ახალი სამშობლოც, რათ მინდა მე სიცოცხლე, თუ შენზედაც ხელი უნდა ავიღო, ფილიპპომ შეჰხედა ფენიჩეს და დაინახა, რომ იმას თვალებიდგან სამ ნაკადულათ ცრემლები გადმოსდიოდა. ფენიჩეს სახე ისევ უმოძრაოთ იყო, მაგრამ იმან უცბათ ღრმათ ამოიოხრა, თვალები აახილა, ტუჩები გაანძრია და თითქოს იმაში ახალმა სიცოცხლემ გაიღვიძაო. ეს დასწვდა ფილიპპოს და თავისის ღონიერი ხელებით ააყენა: - შენ ჩემი ხარ და მე შენი!
მეორე დღეს მზის ამოსვლამ ამათ მოასწრო გენუის გზაზე, სადაც ფილიპპომ გადასწყვიტა დამალვა თავის მტრებისგან. მაღალი, ფერმკთალი ვაჟკაცი იჯდა მშვიდ ცხენზე, რომელიც იმის საცოლოს მიჰყავდა გზის ორთავ მხრივ სუფთა შემოდგომის ცის ქვეშ, მისდევდნენ მშვენიერი ღელეები და მთის ზოლი იპენიის ქედისა. ამათ თავს ევლებოდნენ მფრინავი არწივნი და შორიდგან გამობრწყინავდა ვერცხლებრივ ზღვა. და ისე ჩუმი და წმინდა სიცოცხლე მოელოდათ მომავალში ჩვენ მგზავრებს, როგორც შორიდგან მომჩინარე ზღვა.
______________________
1 Paul Heyse (1830-1914) გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი. (რედ.)
2 კაცები, რომელნიც ჩუმათ აპარებენ სხვა ქვეყნების სავაჭროს თავის ქვეყანაში.
3 სასტუმრო სახლი მგზავრებისთვის
![]() |
5 კატო მიქელაძე, ნინო ნადირაძე, ბაბო სულხანიშვილი, უცნობი ქალები - გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, 1917 |
▲back to top |
![]() |
5.1 ეგ საქმე თქვენი ძმების ხელისაა |
▲back to top |
კატო მიქელაძე
„ხმა ქართველი ქალისა“, 1917, №15
წასულ ხუთშაბათს ერთს ჩემს მეგობრის ოჯახში ვიყავ. ჩაიზე ვისხედით, რომ უცებ მეზობელ ქალებმა ერთი მეორეს შესძახეს.
- გაიგეთ? წუხელის ქალი დაუხვრჩიათ!
- ნუ იტყვი უცნაურს! უპასუხა მეორემ.
- ქმარ-შვილს გეფიცები, აგერ გდია საპიორთა როტის ყაზარმებთან და სადგურის ქვევით მდებარე მიდორში.
დავნაყრდით თუ არა მე და ჩემი მეგობარი გაუდექით გზას, რომ გვენახა ეგ უპატრონო მსხვერპლი. გზა კარგათ არ ვიცოდით. გვინდოდა მიგვემართა ვისმესთვის საკითხველად, მაგრამ არავინ ჩნდა. ამ დროს ერთმა პატარა ბიჭმა ჩამოგვირბინა. ის შევაჩერეთ ჩვენ და დავეკითხეთ თუ საიდ მიეჩქარებოდა.
- აგერ ბატონო, მიდორში ქალი მოუკლავთ და იქ მივდივართ!
- შენ იცი სად არის ეგ მიდორი? დავეკითხე მას.
- როგორ არ ვიცი, ბატონო - იმერული სიმკვირცხლით მომიგო მან.
- აბა ჩვენც იქ მივდივართ და გაგვიძეხი! უთხრა ჩემმა მეგობარმა და სამთავენი გაუდექით გზას. ავედით ერთს მაღლობზე, საიდანაც ჩნდა ერთს ადგილზე შეჯგუფული ხალხი. ფეხს აუჩქარეთ, გავაჩერეთ ამ ჯგუფში თოფიანი მილიციონერები რაოდენიმე ჯარის კაცი, აფიცრები და ქალები ბავშებით. მივედით! რაოდენიმე კაცმა გაიწ-გამოიწია და ჩვენც თავს დავადექით მიცვალებულს. ის ეგდო ერთს ამოთხრილ ადგილს, ვიღაც მადლიანს პირზე მისივე შავი კასინკა წაეფარებინა ბუზებისაგან დასაფარად. ჩვენს მისვლაზე ერთმა ხანში შესულმა ქალმა პირზე ახადა და იქვე გვერდით ჩაუჯდა მას. მისი სახე გადმოგცემდა, რომ ის სლავიანთა ტომს ეკუთნოდა. ცხადია ის თეთრი მონების კატეგორიისა იყო, რომელსაც ადგილობრივ ჭირისუფალი არ მოეპოვებოდა.
მის ახალგაზრდა სახეს წითელი ტალი გადაკროდა, ცხვირიდან ჩამხმარი სისხლი უჩნდა. მუცელი მოსალოგინებელი ქალივით გადიდებოდა.
- ამ დილას თბილი იყო, როცა ვნახეთ, მითხრა მის გვერდით მიმჯდარმა ქალმა. წუხელის რაოდენიმე პირს უნახავს, რომ ეს უბედური ერთს ჯარის კაცს მოყობოდა ამ მინდვრისაკენ.
- მერმე დილის აქედ ასე აგდია აქ?
- დიაღ, ექიმს ელოდებიან. მანამდე აღება არ შეიძლებაო.
- ესეც ახალი წესია მარა არის? გავიფიქრე გულში. შავ-ბნელმა ფიქრებმა წამიღეს. წარმომიდგა სურათი რამოდენიმე საათის წინათ ამ ქალის ტანჯვისა, თუ რა უნდა განეცადა მას მხეც ადამიანიდან. ჰო, რა საბრალოთ ვგრძნობდი იმ დროს ჩემს თავს, მით რომ დედაკაცი ვიყავ! მაგრამ მამაკაცობა მაინც არ მინდოდა, არ მინდოდა ვყოფილიყავ ის სქესი, რომელსაც ნიჭი აქვს ასეთი ბოროტებისა!! ზიზღი, აღშფოთება ერთად ირეოდა ჩემს გულში. ყველას დამნაშავეთ, ყველას ჯალათად ვსთვლიდი. საუკეთესო ამხანაგი, ძმა, რომ შემხვედროდა იმ დროს მას კეთილი თვალით არ შევხედავდი.
- რათა აქვს ეგრე დიდი მუცელი ორსული, ხომ არ არის? სთქვა ერთმა ცნობის მოყვარემ.
- ხა, ხა, ხა, გადაიხარხარა მილიციონერმა, მუცელი გასიებული აგერ ამ ქალსაც აქვს, მაგრამ ორსული კი არ არის. და წაუპოტინა ხელი.
- რა გაცინებთ? დაეკითხა ერთი მოწყენილი სახის ჯარის კაცი მას.
- ეს არის თავისუფლების დამცველი მოქალაქე? წაილაპარაკა ერთმა ქალმა.
- მე თქვენ გთხოვთ თავისუფლებას ნუ ახსენებთ, მუქარით შესძახა ქალს მილიციონერმა.
- არა ძმაო, შენ თავისუფლების პატივი ისე არ იცი, როგორც ვირმა ბულბულის! რას ყვირი თვითვე საყვირალო და გასაკიცხო, შევძახე მას მოთმინებიდან გამოსულმა.
- რითი ვარ გასაკიცხი? ამაყათ დამეკითხა ის.
- მითი, რომ ბრიყულად ოხუნჯობ და არ იცი შენი მოვალეობის შესრულება. ამდენ ხანს, რომ გაგიჩერებიათ ეგ მკვდარი და ზედ დასცინი განა ეს პატიოსნება არის?
თავისუფალი მოქალაქე შეჩერდა.
- იცინეთ, იცინეთ ვაჟბატონებო, ეგ საქმე თქვენი ძმების ხელისაა! ეგ უბედური ქალი მგლებსა და დათვებს არ მოუხრჩვიათ. ეს მოახრჩო მამაკაცის ხელმა, სთქვა მიცვალებულთან ჩამჯდარმა ქალმა, რომელმაც მკვდარს სახეზე კასინკა ხელ-ახლა წააფარა და წასასვლელად ადგა.
დიახ, ის იყო მსხვერპლი მამაკაცის პირუტყვობისა, მაგრამ ამაზე არც ერთი იქ მყოფი მათგანი არ ფიქრობდა.
ადამიანებმა ძლიეს მხეცებს, დაირეკეს და მათ საფრთხედან დიდი ხანია რაც გამოვიდენ. მხოლოდ დედაკაცებისთვის დღემდე არსებობს ერთად ერთი საშიშარი ნადირი და ეს ნადირია, - მამაკაცი, რომლის შიშით ქალებს თავისუფლად მარტო ვერ გაუვლიათ ბნელს და მივარდნილ ადგილს.
ეს სიმხეცე ყველაზე მეტად სამარცხვინო და საზიანო, როგორც პიროვნებისათვის, ისე საზოგადოებისათვის მაინდამაინც ძრიელადაც არ აშფოთებს ჩვენს პატივცემულს მამებს, ძმებსა და ქრმებს! მათი ჩვეულებრივი პასუხია: „რათ დადიხართ? დაჯექით სახლში!“
მე არა ვარ შურის მძიებელი, მაგრამ რამდენათაც ის იქნება გაკვეთილი მრავალთათვის, ჩვენ მოვითხოვთ სასტიკ გამოძიებას - ყველაზე მეტად დასასჯელს ზემო აღნიშნულ ბოროტ მოქმედებისას. ეს საქმე უმდაბლესი მამაკაცის ხელისაა და უკეთესმა მათგანმა უნდა ეწინააღმდეგოს მას თავისი სქესის სირცხვილის მოსახდელათ.
![]() |
5.2 უცნაური გაუგებრობა |
▲back to top |
კატო მიქელაძე
„ხმა ქართველი ქალისა“, 1917, ¹26
როდესაც რაიმე უკმაყოფილება ჩამოვარდება საზოგადოებისა და დაწესებულებათა შორს ყოველი გონიერი მმართველი ამ უკმაყოფილებას აწონ დაწონის და მისი მიზეზების ძებნას შეუდგება. გადახედავს როგორც ერთს ისე მეორეს და ეცდება რომ მოისპოს და არ გამწვავდეს ეს უკმაყოფილება. ჩვენში კი თუ რომ ძველი მოხელები არაფრად არ აგდებდა ხალხის ჩივილს არც ახალნი იწუხებენ მან და მაინც ამაზე თავს. საზოგადოება ჩვენში წარმოადგენს დღესაც საწველს ფურს, რომლისაგან მოითხოვენ სხვა და სხვა შეწირულებას, მაგრამ რომლის კეთილ დღეობაზე და კმაყოფილებაზე, თუ უკმაყოფილებაზე არავინ არ ზრუნავს. ჩვენი მმართველნი დღეს ხალხის ჩივილსა და საყვედურს ამა თუ იმ დაწესებულებაზე პრავაკატორების და კონტრ-რევოლიუციონერების ოინებით ხსნიან. და სრულიად არ სცდილობენ ჩაიხედონ თვით დაწესებულებებში, რომ გამოიკვლიან ნამდვილნი მიზეზი ამ საყვედურსა. ცხოვრება ზღაპრული ხასიათით ძვირდება, ზამთარი დგება. ხალხს მოელის შიმშილი, სიცივე და დღემდე მის საწინააღმდეგოთ აზიურს სიძაბუნესა დაუდევრობას ვიჩენთ. როცა მოდიხართ რომელიმე დაწესებულებებში იქ უფრო ძველებურს ცხვირჩამოშვებულს ჩინოვნიკებსა ხვდებით, ვიდრე გულშემტკივარ მოძმეთ და ეს უბრალო ცილის წამებით რომ არ მოეჩვენოს ვისმეს მოვიყვან პირადათ განცდილს მაგალითს. წასულ ხუთშაბათს შევედი ქალაქის სასურსათო კომიტეტში, მინდოდა ბაშმაკები მღირსებოდა, რადგან დიდი ხანია წვიმა ტალახში მიხდება ლანჩა გამოგლეჯილი უკალოშოთ სიარული. იქ გამგზავნა ერთმა ჩვენში ცნობილმა მოღვაწე ამხანაგმა, რომ ჩაწერილიყავ მისდა დასაკვეთად, თანვე მინდოდა შეშის ბარათიც ამეღო. მივედი, კარებში მობუზღუზე ხალხი სდგას. ერთხანს მეც ვიდექი. შემდეგ შევედი ოთახში და ვკითხე: - ბაშმაკებისათვის აქ შეიძლება ჩაწერვა? ერთმა მიპასუხა: - რა ბაშმაკებისათვის? აქ არავინ ბაშმაკებისათვის არ ეწერება! მეორემ მითხრა: „მეორე ოთახში იკითხენთ“ ო. წავედი მეორე ოთახისკენ და იქაც ვიკითხე. მეორე ოთახიდან მესამეში გამგზავნეს. მივედი პირველ მაგიდასთან. დამხვდა იქ ერთი კოპწია ქალი. დავეკითხე მას, თუ სად შეიძლება ბაშმაკებისათვის ჩაწერა. მან ცხვირაბზეკით მომიგო: „მეორე სტოლთან წადი». მივედი მეორე სტოლთან და ვიფიქრე ეხლა მაინც მომცემენ რამე დადებით პასუხს მეთქი. მაგრამ აქ მთლათ იმედი მომისპეს. ვინ გითხრათ, რომ ბაშმაკებისათვის ეწერებიან? ბაშმაკები, როცა შეიკერება გამოვაცხადებთ და მაშინ მოდით.
გამოვბრუნდი მწარეთ დაღონებული, იმდენათ უარის თქმით არა რამდენათაც თავი სულელურ მგდომარეობაში ვიგრძენ. შევედი ისევ პირველ ოთახში იმ აზრით, რომ შეშის ბარათი მაინც მიმეღო. იქ სდგას ერთი ჩერქეზულ ტანისამოსში გამოწკიპული ჭაღარა კაცი. მივმართე მას კითხვით თუ სად შემეძლო შეშის ბარათის აღება. მიმითითა მაგიდასთან.
-„მაგერ დადექი და ჩაგწერენ.“ დავდექი. ვიცადე ერთხანს, ვხედავ რომ ამ მაგიდასთან, რომელთან დამაყენა რევოლიუციონურმა მოხელემ, რაღაც წითელი ბარათები მოაქვთ და ახალზე უცვლიან მას. მე კი ასეთი არაფერი არა მაქვს, უეჭველია, რომ აქედანაც გაწბილებული გამომისტუმრებენ, ამ დროს ერთი ჩემი ნათესავი ქალი გამოდის.
- სად ეწერებიან შეშისათვის? დავეკითხე მას.
- мы можем вам дать билет, მითხრა მან, და მომიხია ბეჭედ დაკრული ნაჭერი ქაღალდი. ამავე დროს ჩერკესკიანი მოხელე მომიბრუნდა და იგივე ნაჭეერი ქაღალდი შემდეგი სიტყვებით მომაწოდა:
- ჰა, წაიღე ეს ქაღალდი.
- მე უკვე მივეცი, უპასუხა ჩემ ნათესავმა ქალმა.
- აბა კარგი, და კვახეთ გაიბრუნა უკანვე თავის მონაწოდები ქაღალდი. ვხედავ ყველა ამ სიტლანქეს და ჩემს გულს ვასკდები. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მიუბრუნდი ჩერკეზკიანს:
- ნეტავ ვიცოდე რამ გაგადიდგულათ ეგრე?
- სისხლი ყელში მომდის, კისერზე თითის მიდებით მომიგო მან.
- მერმეთ თქვენ ფიქრობთ, რომ მაგით საქმეს გააკეთებთ?
მე რომ აგრე დამაბნიეთ რა უზამთ თქვენ, ვინმე უბრალო, შეუგნებელ ადამიანს ასეთი მოქცევით?
- უბრალო რა არის და თქვენ რა ხართ? მომიგო „რევოლიუციონერმა“, სირცხვილი არ არის მაგის თქმა?
სიმწარე და სიცილი მომგვარა გულში ამ გაზეპირებულ ფრაზამ, რომელსაც წარა მარა წამოისრიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომელთ გულში არავითარი უბრალოება არ არსებობს. ბრიყული ლაკანიკური პასუხები, რომლიდანაც კაცი ვერაფერს ვერ გებულობს, სიამაყე, დიდგულობა აი თვისებები, რომელსაც იჩენენ დღეს, ახალი მოხელეები. ნეტავ რა აქვთ ვისმესთან ამ ბატონებს სადიდგულო? დილიდან ნაშვადღევის 1 საათამდე მუშაობენ ხოლმე სასურსათო კომიტეტში. ეს ისეთი ცოტა დრო და თანაც ისეთი საზოგადო დაწესებულებაა, სადაც აღფთოვანებით და ხალისით უნდა მუშაობდეს, თითეული მათგანი. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ აქ ისეთს პირებს შეხვდები, რომელთაც უბრალო ძარღვი საზოგადო მოღვაწისა არ მოეპოვება და დამჯდარან მისთვის, რომ უზრუნველ ჰყოლ თანვიანთი პირადი საჭიროება. სანამ ასეთი პირებიდან არ გასწმენდავენ საზოგადო დაწესებულებებს, სანამ საქმეში არ ჩადგებიან გულშემატკივარი, საქმის მცოდნე პირნი, მანამდე ხალხის საყვედური, თუ არ იმატებს არაფრით არ მოიკლებს. ფრაზილოგიური განცხადების დრო წავიდა, ხალხი საქმეს მოითხოვს, გაჭივრებას ქათინაურებით ვერავინ დააყუჩებს. და სანამ ეგ საყვედური აღშფოთებამდე მივიდოდეს საჭიროა თითეულმა დაწესებულებამ თავის მოვალეობას და თავის მოსამსახურეთა მოქმედებას დააკვირდეს.
![]() |
5.3 ჩვენი გაზეთი |
▲back to top |
ნინო ნადირაძე
„ხმა ქართველი ქალისა”, 1917, №7
არ ვიცი, რომ რომელიმე მიმართულების პრესას იმდენი ამბავი გამოეწვიოს საზოგადოებაში, როგორიც ჩვენმა გაზეთმა:
„ხმა ქართველი ქალისამ“ გამოიწვია. მრავალი სხვა და სხვა აზრები ტრიალებს ამ გაზეთის შესახებ.
1) ზოგი ამბობს: - გაზეთი უპარტიო არ უნდა იყოს, ეხლა უპარტიობა არ შეიძლებაო.
2) ზოგი: - რა საჭირო იყო ქალებისგან ცალკე გაზეთის დაარსება, განა გაზეთები ცოტაა, სადაც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება, ქალებსაცო;
3) ზოგი - დაიქცა, ბატონო, ოჯახი, ქალები გაზეთებსა და კლუბებს უნდებიან და სახლ-კარისთვის ვისღა სცალიან.
4) ზოგს კიდევ ქალების სინაზისა და მომხიბვლელობის დაკარგვის ეშინია, გაზეთებისა და კლუბების მეოხებით! ყველა ამას ამბობენ საუბედუროდ არა მარტო შეუგნებელნი, არამედ განათლებულებს რომ უწოდებენ თავის თავს ისეთებიც! ამას ამბობენ არა მარტო ზოგიერთი მამაკაცები -, ჰოი საკვირველებავ, - ქალებიც კი! ყველა ამ ცნობის მოყვარე სხვა და სხვა კატეგორიის ხალხს ჩვენ ცალკ-ცალკე პასუხს მივცემთ ერთხელ და სამუდამოდ. პირველს - ქალების გაზეთი უნდა იყოს სწორედ უპარტიო, როგორიც არის დღეს ის, იმიტომ რომ ყოველ ქალს, რა წრესაც უნდა ეკუთვნოდეს იგი აქვს თავისი განსაკუთრებული ტკივილი - ქალთა საკითხი, რომლის გარშემო უნდა შემოკრბენ ყველა ქალები განურჩევლათ პოლიტიკური რწმენისა. მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ამ გაზეთის თანამშრომლებს არ ჰქონდეს თავისი განსაზღვრული პოლიტიკური სოფლმხედველობა!...
მეორეს - სწორეთ საჭირო იყო ქალებისგან ცალკე გაზეთის დაარსება, რომ მეტის ინტერესით მოეკიდონ თავის საქმეს ქალებმა და სწერონ განსაკუთრებით თავიანთ ჭირ-ვარამზე. ქალთა საკითხი ისე როგორც მუშათა საკითხი, - ცალკე წამოაყენა ცხოვრებამ, და თუ კი ამ უკანასკვნელისათავის აუარებელი ჟურნალ გაზეთები არსებობს, რა მოხდა რომ პირველისათვის ერთი გაზეთი არსებობდეს?! რად მიაჩნიათ ეს გასაკვირალად ზოგიერთებს?! განა ქალების გაზეთი, როგორც მას უწოდებენ, - იმას ნიშნავს, რომ შიგ მამაკაცებმა მონაწილეობა არ მიიღონ? პირიქით, ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ მამაკაცები იდეურ დახმარებას გაგვიწევენ.
მესამეს - არა, ბატონებო, ქალების კლუბებისა და გაზეთების დაარსებით ოჯახი კი არ დაიქცევა - აშენდება: შეგნებული ქალი უფრო კარგად, გონივრად მოუვლის ოჯახს, ვიდრე შეუგნებელ-უვიცი; შეგნებული ქალი უფრო კარგ აღზრდა განათლებას მისცემს შვილებს, ვიდრე შეუგნებელ-უვიცი; შეგნებული ქალი უფრო გრძნობიერად-გონივრად მოეპყრობა თავის ქმარს, უფრო გაიგებს მის ტკივილებს, ვიდრე შეუგნებელ-უვიცი!... ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იცხოვროს ყოველ მხრივად გონება განვითარებულმა მამაკაცმა ერთ ჭერ ქვეშ გონება დახშულ ბნელ ქალთან? როგორ უნდა ამოირჩიოს ასეთი ქალი ცხოვრების ამხანაგად და არ სცდილობდეს მის გონებრივ განვითარებას, რომელიმე სასწავლებელში კურსის დამთავრება ჯერ კიდევ არ ნიშნავს ყოველ მხრივ გონებით განვითარებას: მარტო მშრალი სასწავლო წიგნები ბევრ არას აძლევენ ადამიანს!
მეოთხეს - ქალის სინაზე და მომხიბლელობა, ეს ბუნებრივი თანდაყოლილი თვისება არ იკარგება გონებრივ განვითარების მიღებით. ბუნებრივობას მასში ვერ მოსპობს ვერავითარი ძალა! არც კაცებიდან გამოყოფას (ავტანომია რუსეთიდან გამოყოფას ნიშნავსო იმასსავით!) ნიშნავს ქალების მიერ გაზეთებისა და კლუბების დაარსება, არამედ მათი საშვალებით ამაღლებას მამაკაცების გონებამდე. დასასრულ, ვიტყვით, რომ ეს დაუსრულებელი მითქმა-მოთქმა ქალების შესახებ იმის მიზეზია რომ საზოგადოების ფართო ნაწილი ჯერ კიდევ მოუმწიფებელია, ვიწროა მისი აზროვნების ჰორიზანტი და ვერ შესჩვევია, ვერ წარმოუდგენია ქალის აქტიური გამოსვლა ცხოვრების ასპარეზზე. ქალი ქალათ (?) უნდა „იყოს იმუშაოს ოჯახში და საზოგადოებაში მამაკაცებთან ერთად, რომელიც იზრუნებენ მისთვისაც“-ო, ამბობს მისი ლოღიკა, ჩვენ კი ამაზე ვუპასუხებთ მწერლის ბრძნული სიტყვებით: „тому кто сам молчит и ехо не ответит“.
![]() |
5.4 სიმართლის გზისკენ |
▲back to top |
ბაბო სულხანიშვილი
„ხმა ქართველი ქალისა“, 1917, №32
ბევრსა ჰგონია, რომ ჩვენ გამოვდივართ საზოგადოდ დედაკაცის იმ ვექილად, რომელსაც სურს დაამტკიცოს რომ, დედაკაცი უმაღლესი ქმნილებაა მამაკაცზე. ეს ჩვენ ფიქრადაც არ მოგვსვლია, ვინაიდან არც კი გვესმის ის გემოვნება, ის სიკეთე, რაიც ამით უნდა გაკეთებულიყო ვისმესთვის, თუნდ რომ სავსებით დამტკიცებულიყო კიდეც ეს დებულება. ამაზე ლაპარაკიც არა ღირს.
ჩვენ გამოვესარჩლებით დღევანდელს დედაკაცს იმ ფიქრით კი არა რომ დღეს ის მშვენიერ შინარსიანობის რამეს წარმოადგენს, არამედ გამოვესარჩლებით იმ მიზეზით, რომ წარსულით და აწმყოთი, ცხოვრების ხვედრით და კაცთა მისჯილით ის ძალადატანებულია, დაჩაგრულია, ელემენტარულ თავისუფლებას ადამიანურს მოკლებულია და თავისებური პიროვნება დაკარგული აქვს. ჩვენ ამისთვის გამოვესარჩლებით ამ ერთგვარ მონას და ყველა კეთილშობილ ადამიანთაგან ამასვე მოველით.
საზოგადოდ ჩვენ, ქალებს, ჩვენშიაც და სხვაგანაც ძალიან გვიზღუდავენ ყველა მისწრაფებას (ახლაც განვიცდით) იმ მოსაზრებით, რომ ქალებს გენიოსები არა გვყავს, რომ ქალმა ვერაფერში, თვით „კუხნაში“ და მუსიკაში, რომელნიც დიდი ხანია მას საცოდნელად არგუნეს ვერ გამოიჩინა უნარი. ესეთი აზრი ბევრმა მკვლევარმა, მეცნიერმაც - კი აღიარა და დაამტკიცა. მართალია ეს თქმა ძალიან ძირგადგმულია, ძველთაგან და დარბაისლებულიც მამაკაცებისაგან მაგრამ ჩვენ მაინც ანალოგიის გასაკეთებლად ერთი მზგავსი სიბრძნე გვაგონდება. ამ ოცი წლის წინეთ შემხვედრია ჩვეულებრივ ქუჩილობაში ე.ი. საზოგადოებაში შემორეულა სტუმრად ვინმე ცნობილი ინტელიგენტი, რომელიც ასე ვსთქვათ, „მოიდემოკრატებდა“. გაიმართებოდა კამათი ხალხზე, მოდემოკრატე სტუმარი რასაკვირელია უმრავლესობას ერისას გამოესარჩლებოდა, ვნახოთ ბაას ჩაერეოდნენ მოწინავე წოდებათა მანდილოსნებიც და თავიანთკენ მუდამ ერთი ჰქონდათ სათქმელად: „აბა თუ გლეხები არიან რამე, ილიასთანა, აკაკისთანა, რაფიელისთანა რატო იმათიდგან არ გამოვიდნენ?!“... იქნება ძალიან ეწყინოთ „მეცნიერებს“, მაგრამ ქალებს სიმდარის დასამტკიცებლათ რომ ზევითხსენებულ საბუთს მოიყვანენ ხოლმე, მუდამ ამ მანდილოსნების სიბრძნე მომაგონდება ხოლმე...
წარმოვიდგინოთ რომ დაიბადა მშვენიერი და საღი ბავშვი. მას სადმე თავის გარშემო, ვთქვათ თავის ქალადან მოყოლებული დაბლა ყბის მოხვევამდის ირგვლივ ერთი რამ ტლანქი, შემბოჭი ქანჩი შემოარტყეს და ესე მისცეს გაზრდის და ცხოვრების ნება. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ ქანჩ მოჭერილს მარტო თავპირის ნაწილები გაეზრდება მახინჯი? არა! მას ხელი, ფეხი და ტანიც ისეთი არ გაეზრდება, როგორიც უქანჩოთ, რომ ეარსებნა მაშინ ექნებოდა! ქანჩი რომ უჭერია ქალის არსებას დასაბამიდგან, იმისგან მოთხოვნა თუნდ მუსიკაში შემოქმედებითის გენიისა, იგივე არის, რაც თავზე მოჭერილ ქანჩიანისგან მშვენიერ ნაკვეთებით გაწყობილის პირისახის მოკითხვა, თუმც ბუნებამ მშვენიერი სახე დააყოლა მას და სახე შებოჭილი არ მიუცია.
შემოქმედება არის თავისუფალი სახვა თუ შესაძლოა, რომ ეს შემეცნება მოკლედ ასე განიმარტოს, ხოლო თავისუფალი სახვა შეუძლიან თავისუფლად ფურჩქვნილ არსებას. ისე რომ სამყაროში ქალების გენიოსი თუ ვერ დაგვისახელებია, ამით კიდევ ვერ ვიწამებთ იმას რომ ბუნებას დედაკაცი მდარე არსებათ გაუჩენია...
თუ რომ დავაკვირდებით შემოქმედებას პრიმიტიულ ხანაში, უკულტურო ეპოქაში, როცა შემოქმედება ზოგადია, ე.ი. ცალკე პიროვნებას არ ეკუთნის, ვსთქვათ რომ ავიღოთ მუსიკა, როცა იგი მარტო ხალხურია, მაშინ ჩვენ სხვა რამეს საგულისხმიეროს ვერ ვიპოვით.
ადამიანს სიმღერა პირველად ფრთოსან მეგობრებისაგან უსწავლია და მათგან გადმოუღია. (კაი რომ ისინი მაინც არ იყვედრებიან). პირველყოფილ ადამიანს სიმღერა შრომის შესამსუბუქებლად, გასართობად მოუხმარნია, სხვა და სხვა ზომა და შინაარსი მიუცია, სხვა და სხვა მოვლენისთვის, შემთხვევისთვის დაუმღერნია. რასაკვირელია რო იტყვიან რომ ხალხური მუსიკა სულ მამაკაცების შემოქმედებაა. კარგი მაგრამ განა შესაძლოა სადავო გახდეს რომ აკვნის ნანა სხვა და სხვა ხალხისა მარტოდ მარტო დედაკაცის შექმნილი უნდა იყოს. მერე მისი შინაარსი მჩალტეა სხვა ერთი ხმის სათქმელებზე? სჩანს რაც ჩაჰბარდა დედაკაცს, იმანაც ასე გამოაწყო როგორც სხვა მოახერხებდა. მაგრამ ფიზიკურად რაც ადვილი დასაჯაბნი გახდა ყველა ის მონად გამოიყენა ამავე ძალამ. ამგვარ დაკვირებებიდან მარტო იმის გათვალისწინება შეიძლება, თუ როგორ გაბეჩავდა დედაკაცი, მისი ევოლიუციონური განვითარება როგორ გაუარესდა. და გონების სიბეცედ მიგვაჩნია ამ ფაქტების უყურადღებობა და შემოქმედების ძებნა იქ. არამც თუ მტკიცება ან უარის ყოფა. მტკიცება და უარის ყოფა შესაძლებელია მაშინ, როცა მემკვიდრეობითი სოციალური და ტრადიციული მსვლელობის ჯაჭვი შემოაწყდება დედაკაცს და თავისუფლად გაიფურჩქნება მისი ნიჭი.
![]() |
5.5 მამაკაცების სულმოკლეობა და დედაკაცების კონსერვატიზმი |
▲back to top |
რიონელი ქალი
„ხმა ქართველი ქალისა“, 1917, ¹29
დღევანდელს მამაკაცთა სოციალისტების უმრავლესობას, რომ კითხოთ, თუ რა აზრით უყურებენ ისენი ქალთა სწორუფლიანობას, ასეთს პასუხს მიიღებთ: «ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არა გვაქვს მისი, რომ ქალები სწორუფლიანი იყვნენ ჩვენთან, მხოლოდ გვაშინებს ის მოფიქრება, რომ თავიანთ უფლებით ქალები რეაქციას გააძლიერებენ, რადგან ბუნებრივათ, თუ ისტორიულად ისენი კონსერვატორები არიან»ო. ასეთი ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები თუმცა არ მიუციათ ქალებს მათვის, არც იმ ქვეყანაში, სადაც ქალები სწორუფლიანი არიან და არც იქ, სადაც მონებათ ირიცხებიან, მაგრამ თავიანთი ანტისუფრაჟისტული აზრი და შეხედულობა მაინც სურთ რომელიმე ბრალდებაში გახვიონ და მით თავიდან აიშორონ, მათვის არა სასურველი ქალთა სწორუფლიანობა.
ეხლანდელს ბოლშევიკების საქციელს, რომ ვაკვირდები, რომლებიც თავიანთ აჟინებულს სურვილებს ვერ იჭერენ, ვერც ქვეყნის დამფხობის საშიშროების წინაშე და ვერც გარეშე მტრის შემოსევის დროს, ვფიქრობ, რომ მოვალეობის შეგნებას ზემო აღნიშნული სოციალისტები კონსერვატიზმს უწოდებენ.
და ამ მხრივ თუ გნებავთ, ქალები, მართლაც რომ კონსერვატორები ვართ. ჩვენ გვძულს და გვეზიზღება სისხლის ღვრა, არა მისთვის, რომ მას ვერ შევძლებთ (ჯერ ისეთი არაფერი არ მოუხდენია მამაკაცს, რაც ქალს არ შესძლებოდეს), არამედ მისთვის, რომ ჩვენს კაცთმოყვარე ბუნებას ის სძაგს. ჩვენს ესთეთიკურს გრძნობიერებას მკვლელთა სიმარდე, რასაც მამაკაცები სიგმირეს ეძახიან, სიმახინჯეთ ეჩვენება. ჩვენ ქალები დროსა და სივრცეს ანგარიშს ვუწევთ და ისეთს რამეს წამოვაყენებთ ხოლმე დღიურ საკითხად, რისიც განხორციელება დაუსნეულებლათ შესაძლებია. ჩვენ ერთის ბედნიერებას, მეორეს უბედურობაზე არ ვაშენებთ და არც ჩვენს პირად ბედნიერებას შევსწირავთ უკანასკნელს. ასეთი ზნეობრივი ანგარიშით იმის თქმა არავის შეუძლია, რომ ქალები მოკლებული ვიყოთ უმაღლეს იდეალს და მხოლოდ დღიურ ჭირვარამზე ვზრუნავდეთ. მხოლოდ როცა ჩვენ ვისახავთ მიზნათ რთულსა და საზოგადო მნიშვნელოვანს საკითხს,
ჩვენ გვსურს მისდა განსახორციელებლათ ნიადაგიც მომზადებული იყოს, და როცა ასეთს დავინახავთ, იქ არც თავის განწირვას დავერიდებით. მართლაც, ვის უფრო აწუხებს კაპიტალისტური ცხოვრების უკუღმართობა, მისი ყოველ გვარად გამხრწნელი თვისებებით, თუ არ მშრომელ ქალებს? და ვინ უნდა იყოს უფრო დაინტერესებული სოციალიზმის, რაც შეიძლება მალე განსხეულებაში თუ არ ქალები?
მაგრამ, რა კონკრეტიული შინაარსის უნდა იყოს დღევანდელი სიციალიზმი, როცა ხალხი არც გონებრივათ, არც ზნეობრივათ და არც შრომის უნარით საამისოთ მომზადებული არ არის. კერძო საკუთრების მარადისობის დამცველნი სოციალისმს განუხორციელებელ ქიმირათა სთვლიან. ჩვენ შორსა ვართ ასეთი აზრიდან, მაგრამ ამავე დროს შორსა ვართ დღეს დღეობით კომუნის შემოღებიდანაც. და თუ მამაკაცების ერთი ნაწილი, მაინდა მაინც ამას მოითხოვენ, ეს აიხსნება არა მათი რადიკალობით, არამედ მათი სულმოკლეობით. და ამ მხრივ ჩვენ, ქალები ყოველთვის კონსერვატორები დავრჩებით.
![]() |
5.6 ქართველ ქალებს სცემენ და აუპატიურებენ |
▲back to top |
„ხმა ქართველი ქალისა”, 1917, №12
(...)1 განმავლობაში დაფარული იყო და სიბნელე თავის სუდარაში ხვევდა და ადამიანთა უმეტყველობა საიდუმლოთ ასამარებდა გულში, ამ თავისუფლების სხივთა სინათლეში მთელი თავისი სიმძაფრით დაგვენახა, მაზე დუმილი დღეს შეუძლებელია, რადგან მოგვეცა ნება მეტყველობისა და ჩვენი თავისუფალი სიტყვა ასეთს სიავის გამოაშკარავებას უნდა მოხმარდეს. ჩვენ არ გამოუდგებით ძველს ცოდვებს და მის ძიებას თუ რა გადახდა ქართველს ქალებს ამ ასი წლის განმავლობაში, რამდენი ემსხვერპლა სიტლანქეს და ტანჯული ჩაესვენა ცივ სამარეში. ჩვენ აღვნიშნავთ მხოლოდ მას, თუ რა ხდება დღეს ჩვენში და როგორ შეიგნეს მამრობითი სქესის ნაძირლებმა თავისუფლება ადამიანის პიროვნებისა.
მათ გონიათ, რომ პოლიტიკური თავისუფლება და ადამიანის და მოქალაქის უფლება გამოიხატება იმაში, რომ ჩაიდინოს ის, რაც მათ პირუტყვს ბუნებას მოეპრიანება. და ასეთი თავისუფლების შეგნებით მათი უწესო საქციელი ყოველს საზღვარს სცილდება, რომლითაც ყველაზე მეტად ქალები იტანჯებიან. დღეს საკმარისია ვინმე ლოთმა, ეროტომანმა აითვალთვალოს რომელიმე ქალიშვილი, რომ ის მისი მსხვერპლი გახდეს, თუ რომ უკანასკვნილი გავლენიანი ჭირისუფლების პატრონი არ არის. ამ ორი თვის განმავლობაში ქუთაისის დაბა სოფლებში ისე გახშირდა ქალების მოტაცება, როგორც უძაღლო ოჯახში მელიებისაგან საქათმოდან ვარიების მოპარვა.
სოფელ კულაში გაიტაცეს მკერავი ქალიშვილი, მას სხვა ჭირისუფალი არ ყავდა გარდა ერთი მოხუცებული მამიდასი და პატარა ძმისა, რომელნიც მისი შრომით არსებობდენ. და მიუხედავათ ვედრებისა აღმასრულებელ კომიტეტთან და მილიციონერებთან ეს ქალი მოძალადე საქრმომ გაიტაცა, შუა დღისას, დღისით, მზისით შუა ბაზარში და მის გულის შემზარავ კივილ ჩხივილზე მას არავინ მოსარჩლე და მიმშველებელი არავინ არ გაჩენია. ახალს სენაკში გაიტაცეს რაოდენიმე დღის წინათ ქალიშვილი და გაუპატიურებელი სამი დღის შემდეგ უკანვე გამოსტაცეს თავის ჯალათს, რომელიც დღეს სიკვდილის პირად მიმდგარი წევს ადგილობრივ კომისარიატის ბინაზე. სოფელ მაღლაკში მოიტაცეს ქალიშვილი ძალად ჯვარი დასწერეს მას და დღეს, კიდევ რაოდენიმე ოჯახს თავს დასხმას ემუქრებიან, რომლებსაც შიშით სხვა და სხვა ალაგს გადაუმალავთ თავიანთი შვილები. სხვა მიყრუებულ სოფლებში რა ხდება ერთმა ღმერთმა უწყის! ასეთს ბარბაროსულ მოვლენას, ასეთს გათახსირებას ქართველი კაცისას არა თუ ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა, არამედ პირზე ღიმილით უხვდებიან ის პირები, რომლებიც ცარიელი ენით ქალთა სწორუფლიანობას აღიარებენ. უბრალო ჯიბგირები, ქურდები დასაჯეს, დასაჯეს სასტიკათ და ასეთი ძალადობა ადამიანის სულზე და ხორცზე დღემდე არავითარს სასჯელს არ იწვევს და სრულიად გულ გრილათ ხვდებიან მას. ქ.ქუთაისში ამ ერთი კვირის წინათ პარკის სარჩევ სახელოსნოში, რომელიც მოთავსებულია სათავათ აზნაურო გიმნაზიის შენობაში რაოდენიმე კაცის თვალწინ სახელოსნოს პატრონმა მუშტით ცემა ხანში შესული მუშა ქალი. სამტრედიაში ერთმა მხეცმა ხალხის წინ ცემა რომ არ აკმარა, მკლავზე უკბინა დედაკაცს და მთელი ლუკმა ხორცი ამოაგლიჯა. ქალებო, გესმის რა ხდება ჩვენს სამშობლოში, სადაც ქალთა სწორუფლიანობას ხელს აწერს ყველა პოლიტიკური პარტიები?
დღეს ამ საერთო განახლების დროს და მოქალაქობრივი ცხოვრების განმტკიცების დროს, ის ხდება ჩვენ ქვეყანაში, რაც მე 10 და 12 საუკუნის ქართველი კაცისათვის წარმოუდგენელი იყო! ქართველს ქალებს სცემენ და აუპატიურებენ ქართველი მამაკაცები!!
____________________
4 არ იკითხება (რედ.)
![]() |
5.7 „ხმა ქართველი ქალისა“, 1917 № 7, 8, 9 |
▲back to top |
ვინც ცხოვრებასა და ისტორიას იცნობს, მას არ შეუძლია უარჰყოს ის, რომ ქალებმა წარმოშვეს თვით იმ უმაღლეს სოციალურ თანამდებობაზედაც კი, სადაც დედრობითი სქესი, როგორც ასეთი დაშვებული არ იყო დიდათ ნიჭიერი პიროვნებანი. ისტორია იცნობს არა ერთსა და ორს დიადი სახელწიფოებრივი ნიჭით აღჭურვილს მეფე ქალებს. ისე, როგორათაც მრავალ უნიჭო მეფე მამაკაცებსაც, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებშიაც.
ქალთა უფლების მტრებმა კარგათ იციან სისუსტე თავიანთი არგუმენტებისა და სადაც ასეთები არა სჭრის იქ ისენი საკითხს უტილიტარულ ნიადაგზე აყენებენ: „სასარგებლოა თუ არა ქალისათვის პოლიტიკური მოღვაწეობა“-ო?
და რომ დაგვიმტკიცონ უკანასკნელის მავნებლობა ქალებისათვის, გვიცხადებენ:
1) ქალის საზოგადო ასპარეზზე გამოსვლა შეუთანხმებელია დედის მოვალეობასთან.
2) რომ ასეთი გათანასწორება დედაკაცისა და მამაკაცის შრომისა ჩაკლავს ქალურს სინაზეს.
3) რომ ასეთი შრომა უფრო გაამწვავებს, ისედაც გამწვავებულს კონკურენციას და სხვა.
პირველს არგუმენტს, - დედის მოვალეობისას განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ჩვენი უფლების მტერნი და მომეტებულ წილათ ისეთი პირები, რომელთაც ღირსეულად არასოდეს არა ჰქონიათ შეგნებული მამობრივი მოვალეობა.
მაგრამ, მათი ასეთი მოსაზრებანი, რომ გულწრფელი იყოს ჩვენ შეგვეძლო გადაგვედგა ის ძუძუ მწოვარა ბავშთა დედებისათვის, რომლებსაც დღეს ქალთა პოლიტიკურ მონობის დროს, მრავლათ ვხედავთ ქიმიურ ფაბრიკებში 10-12 საათის განმავლობაში მომუშავეთ და რომლის წინააღმდეგი სრულიათ არაფერი აქვთ „დედობრივი მოვალეობის“ მყვირალ ქალთა უფლების მტრებს, მიუხედავათ იმისა, რომ ასეთს ადგილებში მუშაობა საწამლავათ მოქმედობს დედის ორგანიზმზე. მაგრამ თუნდაც რომ მიგვეღო დედების მოვალეობის და საზოგადო ასპარეზზე მოქმედების მიზან-შეუწონლობა, რა უნდა გვეპასუხნა იმ ქალებისათვის, რომლებიც არ გათხოულან, ან უშვილონი არიან, და ან უდროოთ ქვრივი, რომელთაც საკუთარი შრომით უხვდებათ თავის თავისა, შვილებისა და ოჯახის რჩენა? ის, რომ რადგან თქვენ, დედები არა ხართ თითო ბავშვებისა ამ ქვეყნათ ადგილი არა გაქვთო, თუ თავიანთი სქესის გაყიდვაზე მოუწოდოთ! არსებითად ამას მოითხოვს ქალთა უფლების მტერთა ლოღიკა, მაგრამ, რომელმა საღმა მოფიქრებამ სთქვა, რომ თუ ქალი ერთხელ დედა გახდა, ის მთელ თავის სიცოცხლეში ძიძაობის მეტს სხვას არაფერს აკეთებს?
ცხადია, როცა დედას ბავში აღსაზრდელი ჰყავს, ის პარლამენტში სასიარულოთ ვერ მოიცლის და დედაკაცი რა გვარი უფლებიანიც არ იქნეს მასში იმდენი დედობრივი სიყვარული ყოველთვის იქნება, რომ შვილების ზრუნვაზე მამაკაცების დარიგება არ დასჭირდეს და ამ მხრივ ქალთა უფლების მტერთა შიში, რომ პილიტიკურათ სწორუფლებიანი ქალები დედობრივ მოვალეობას უღალატებენ, იმდენათ უადგილოა, რამდენადაც ცბიერი.
საპარლამენტოთ მომზადებულს ქალს იმდენი თავმოყვარეობა და მოქალაქური შეგნება ყოველთვის ექნება, რომ თავისი შვილის საზიანო არაფერი ჩაიდინოს, სანამ მისგან ბავში მზრუნველობას მოითხოვს. პატივმოყვარეობას შეუძლია მამაკაცებს დაავიწყოს მამობრივი მოვალეობა და ავიწყებს კიდეც და არა დედებს. ასეთი შეგნება დედობრივი მოვალეობისა მოქალაქურად შეგნებულს და უფლება მოსილ ქალებს კი არ აკლია, არამედ იმ ქალებს, რომლებიც მამაკაცების ტიკინებათ გარდაქცეულან და მათ სქესობრივათ მიზიდვის ცდაში და სავნებატკბილო ფუქსავატობაში შვილებიცა და ოჯახიც დავიწყებიათ.
რა ვუყოთ, რომ დედებს ზოგიერთ შემთხვევაში დრო არ ექნებათ პარლამენტის სკამზე ჯდომისა? განა ყველა მამაკაცები სახელმწიფო მოღვაწეებათ ითვლება? მომეტებული წილი მამაკაცებისა ისეთს შრომას კიდებს ხელს, რომლებიც პარლამენტის კარებს ვერც კი ხედავენ, მაგრამ ასეთი მოუცლელობა თუ მოუმზადებლობა დემოკრატიულად თავისუფალ ქვეყნებში მათი მოქალაქობრივი უფლების ასაყრელად არავის არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებს. და ეხლა ჩვენ ვკითხულობთ რომელმა სამართალმა, სამართლიანობაზე და არა ძალმომრეობაზე დამყარებულმა კანონმა უნდა გაამართლოს მთელი დედრობითი სქესის პოლიტიკური და მოქალაქობრივი მონობა, იმ მოსაზრებით, რომ გათხოულ ქალთა უმრავლესობა წელიწადში ერთხელ დროებით დედები ხდებიან? შვილები ქალებს თავიანთ იმედნუგეშად უნდათ და არა მონობის ჯაჭვების რგოლებათ, რომელშიაც უნდა გაიმბეს დედების სულიერი პიროვნება. მოქალაქე დედა სწორეთ შვილებს ეჭივრებათ, რადგან მხოლოდ თავისუფალი სწორუფლიანი მოქალაქე დედა აღზრდის ახალ მოდგმას, რომელსაც ჩაუნერგავს თვისი თავისუფალი სულის სიძლიერეს და მიმართავს მის აზროვნებას უმაღლეს სასიცოცხლო მიზნისაკენ და არა სამუშტიკრივო და საომარ ბრძოლის ველზე ერთი მეორის ამოსაჟლეტათ, როგორც დღევანდელი სახელმწიფოების მონა დედების აღზრდილი თაობა. არსებითად ქალთა უფლების მტრებს, რომელთ შორის მომეტებული წილი მილიტარისტებია, უფრო ამის შიში აქვთ და მისთვის უფრთხიან ისენი ქალთა სწორუფლებიანობას, ვიდრე შვილების გულშემატკივრობისათვის.
მეორე არგუმენტი ქალთა უფლების მტერთა იმაში მდგომარეობს, რომ თითქო ქალვაჟთა შრომისა და ხელფასის გათანასწორებას შეეძლოს ისედაც გამწვავებული კონკურენციის გაძლიერება. წამოგვიყენებენ რა ასეთს არგუმენტს მათ სრულიად ავიწყდებათ ის თვალსაჩინო მოვლენა, რომ ქალთა კონკურენცია დღეს უფრო საშიშარია მამაკაცებისათვის, როცა უუფლებო ქალებს ნივთიერ გაჭივრებისა გამო მაინც უხვდებათ სამრეწველო დარგში მუშაობა მიუხედავათ ხელფასის სიმცირისა. ნამდვილათ კი ხელფასისა და შრომის გათანასწორებით ქალების კონკურენცია არა თუ საშიშარი არ არის მამაკაცებისათვის, არამედ დიდათ გამოსადეგარი მათთვის და დამასუსტებელი თვით კონკურენციისა. მისთვის, რომ გაფიცულ მუშების მოთხოვნილებას ქალები უფრო თავგამოდებით მხარს დაუჭერენ; და მათ სამათხოვრო ქირით ვერავინ სამუშაოთ ვერ წაიტყუებს, როგორც ეს ხდება დღეს ქალთა შრომის დაუფასებლობით. ქალვაჟთა თანასწორი ხელფასით აიწევს, თვით ნივთიერი მდგომარეობა მუშა მამაკაცისა, მით რომ ქალები იქნებიან თანასწორი წვლილის შემომტანი ოჯახში და მაშასადამე ორთავე სქესი თანასწორი დამხმარენი საერთო გაჭივრებაში ერთი მეორისა.
უფლებიანი დედაკაცები მარსე და იუპიტერზე ცხოვრებას არ აპირობენ, რომ იქ წაიღონ და გაფლანგონ დედამიწაზე აღებული ხელფასი და მით შეავიწროონ ცხოვრება მამაკაცებისა.
ქალიცა და ვაჟიც ორთავენი მიწის შვილებია და ამ შემთხვევაში საერთოთ მამაკაცები ვერაფერს დაჰკარგავენ, გარდა იმისა, რომ ქალი ცოლი იქნება ის, შვილი, თუ და ოჯახში, ნაცვლად მოსამსახურისა გაუხდება მას სწორუფლიან ამხანაგათ, როგორც თანასწორი უფლებიანი წევრი ოჯახისა. ქალთა უფლების მტრებს, რომ ავხორცული ოცნებისგან შეეძლოთ განთავისუფლება თავიანთ აზროვნებისა, ისენი ნაცვლად ასეთი ცრუ არგუმენტების წამოყენებისა ნათლად დაინახავდენ მას, თუ რამდენათ საკეთილოთ მოიხმარდენ ქალები თავიანთ შრომის საზოგადოების მიერ დაფასებას. რამდენათ თვით დააფასებდენ ისენი სხვისი შრომით მიღებულს თითეულს გროსს, რომელსაც დღეს უსაქმურ ქალების თვალში არაფერი ფასი აქვს და რასაც უდარდელათ ფლანგავენ, ხშირად საზიანოთ მთელი ოჯახისა.
მათ შეეძლოთ დაენახათ ისეც, თუ რამდენათ ხელს მოუმართავდენ ქალები გაჭივრებაში თავიანთ მახლობელ მამაკაცებს იქნებოდა ის ქმარი, მამა, შვილი, თუ ამხანაგი.
მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ქალთა უფლების მტრების თვალთახედვას სავნებათ-ტკბილო ბლანდი ახვევია და თითეულს საკითხს ქალთა უფლებისას ისენი ტლანქი სექსუალური ინსტინკტის თვალსაზრისით ზომავენ.
მათ, რომ შეეძლოთ გადახედონ ქალთა საკითხს ისე, როგორც ადამიანი, ან ისე როგორც მამა, ძმა, შვილი, თუ ამხანაგი მათვის არც ისე ძნელი იქნებოდა წარმოდგენა უუფლებო ადამიანის მდგომარეობისა, გათვალისწინება მისი სულიერი ტანჯვისა, რომლის ძალით შესაძლებელი იყო აღძრულიყო მათში სურვილი ერთხელ და სამუდამოთ დიდი უსამართლობის მოსპობისა.
ასეთ ადამიანურ შემეცნებამდე ჯერ ვერ აღწეულან ჩვენი უფლების მტერნი და აღნიშნულ საკითხის წინაშე ისენი სდგანან, როგორც სქესი და არა ისე, როგორც მოაზროვნე არსებანი. სექსუალური ინსტიკტი ფლობს მათ გონებას, ვნება აბნელებს მათ აზროვნებას და ამ სიბნელეში ისენიც სხვა და სხვა უზნეო ეგოისტური შეხედულობით თხზავენ სხვა და სხვა ცრუ მიზეზებს გასამართლებლათ თავიანთი ბიწიერი ცხოვრებისა და აქედან დედრობითი სქესის მონობისა. და აი ასეთი მიზნით გამოწვეულია ქალვაჟთა შრომისა და ხელფასის თანასწორობისადმი შიშიც.
მესამე არგუმენტი ჩვენი უფლების მტერთა არის შიში ქალურობის დაკარგვისა, რა არის ეს ქალურობა და როგორი ქალურობის (женственность) დაკარგვა აშინებთ მათ, ბუნებრივი, თუ ხელოვნური?
მოგეხსენებათ ადამიანი, როცა იბადება, ქალია ის თუ ვაჟი თანა სდევს თვისება და ნიჭი თავის სქესის გამოჩენისა, რომელიც წელთა ცვლასთან ერთად, თუ ერთი და მეორე რამე სიმახინჯეს არ ატარებს, ორთავეში იღვიძებს. მზგავსად თავიანთი სექსუალური თვისებისა, რომელსაც არავითარი ხელოვნური გამოწვევა არ სჭირდება და ვერც ვერავითარი შრომა თუ თანამდებობა ვერ ჩაკლავს მათში. მაგრამ ეს სრულიად არ აკმაყოფილებთ დღევანდელს ვნება აშლილს და თანაც ფიზიკურად დაცვეთილს მამაკაცების ნაწილს. მათ ეჭივრებათ მეტი შთაბეჭდილობა, მეტი მადლიანობის აღძრა, რომელიც უნდა გამოიწვიოს მათში დიაცურმა სექსუალური გრძნობის ქუჩაში გამოფენამ. მთელი თანამედროვე აღზრდა და ცხოვრება დედრობითი ქსესისა მიმართულია ასეთი ქალურობის სავარჯიშოთ, რადგან უამისოთ დღევანდელს მონა ქალებს მამაკაცთა სქესობრივი მიზიდვა გაუჭირდებათ და უკანასკნელის მიუხწევლობა კი მათ უქადის მშიერ-მწყურვალ გაჭივრებულ ცხოვრებას. უფლებისათვის მებრძოლი ქალი სირცხვილით და ზიზღით უცქერის ასეთს იძულებითი გამოფენას დედაკაცის ინტიმურ თვისებისას, რომელშიაც იმალება მისი დედაკაცური თავმოყვარეობა და რომლის დანახვის ნება აქვს მხოლოდ მას, ვინც სულიერად და ხორციელად იზიარებს მის ინტიმურს ცხოვრებას. გარეგნულათ ქალურობის გამოფენა არი შედეგი უსაქმური პასიური ცხოვრებისა, ვიდრე სულიერი სინაზე სიფაქიზისა. დღევანდელი ცხოვრების მიმდინარეობა და შრომის გასაზოგადოება კი მოითხოვს აქტიურობას, ინიციატივას და თვითმოქმედობას ორთავე სქესისაგან, რომელიც წარმოშობს ახალს ცხოვრებას და ახალ სქესთა კავშირს, არა დედალ მამლურ მიმზიდველობაზე დამყარებულს არამედ სულიერი ნათესაობით და ერთობით გამოწვეულს სიყვარულზე დამყარებულსა და განმტკიცებულს. არ შეიძლება, რომ ყოველი ქალი ყოველი მამაკაცისათვის სქესი იყოს და ყოველი მამაკაცი ყოველი ქალისათვის. სწორუფლიანობისათვის მებრძოლი ქალისათვის სქესი არის მხოლოდ ის მამაკაცი, რომელსაც ის სქესობრივათ დაუკავშირდა და თანაც ამხანაგი მისი რაადენათაც მასთან აქვს სულიერი ერთობა. დანარჩენებთან მას ასეთივე განწყობილება აქვს, როგორც გარეშე, თუ მახლობელ ადამიანებთან ქალია ასეთი, თუ ვაჟი მიუხედავათ ამისა, რომლებთან მას თავი უჭირავს, როგორც სწორუფლიანი ადამიანი და არა ისე როგორც სქესი და მათგანაც ასეთსავე განწყობილებას მოითხოვს.
![]() |
6 მარიჯან - სამხატვროსალიტერატურო ალმანახი, 1926, №2 |
▲back to top |
![]() |
6.1 წიგნიდან: შემთხვევითი თემები |
▲back to top |
1. უარი ჩემს დღიურებს. „პირუტყვი თავის
ნაძოვარს არ უბრუნდება“. ადამიანის აღდგენა,
კარგი წიგნი და კარგი მეგობარი.
შემთხვევა არის ჩემი ყოფნის ბრმა მოკარნახე.
მარიჯან
„დაცინვისა ეშინიან იმასაც კი, ვისაც საზოგადოდ არაფრისა არ ეშინიან“.
სთქვა ვიღაცამ ოდესღაც.
და ალბათ მეც იმიტომ ვარ ასეთი გულჩახვეული, ვერავის ვერ გავენდობი, ვშიშობ არ დამცინონ.
ალბად სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩემი დღიურები დატვირთულია ჩემი პირადი განცდებით. ერთი და იგივე საგანზე მიხდება ფიქრი და წერა.
და მომბეზრდა. აღარ მინდა მათთან საუბარი...
უარი ჩემს დღიურებს.
უარი გაყვითლებულ ფურცლებს.
ახალი რვეული.
ახალი წიგნი ძველი კანონებით არ იწერება.
გრძელ პერიოდებს მეც ვეღარ ვიტან.
მაგრამ ახალიც არაფერია:
ვინც იცის „ქებათა ქება“ სოლომონისა, „rs amandie“ და „Remedia amoris“ ოვიდიი ნაზონისა მისთვის გასაგებია, რომ ლაკონიური თქმა, შეკვეცილი დაწურული ფრაზა და აზრი უძველესი თქმაა.
მე რომ ეს რვეული ვიყიდე, არა ჩვეულებრივი გრძნობა დამებადა: გული თითქოს გაგანიერდა, ათასი აზრი მომაწყდა. მეჩქარებოდა სახლში მისვლა. მენატრებოდა ჩემი ოთახის მყუდროება და სიმარტოვე.
მე მხოლოდ სიმარტოვეში შემიძლიან წერა.
ღამის ფრთები ჩემთვის საუკეთესო საფარია. არც ერთი ლექსი მე დღისით არ დამიწერია.
ჯადოსნურ რკალში მოჰყვა ლექსაობა.
„პირუტყვი თავის ნაძოვარს არ უბრუნდება“.
ჩვენ კი ისევ პირველ სიტყვასთან ვართ.
საქართველოში ყველა დიდი თუ პატარა, ნიჭიერი თუ უნიჭო, თავის თავიდან იწყებს მწერლობის ახალ ხანას, ახალ ეპოქას.
ყველას თავისი სიტყვა, ღვთის პირველ სიტყვად მიაჩნია.
სინამდვილეში კი ყოველივე წარსულის გადამღერებაა.
გადახალისება ძველის და სიძველის.
მე ძველი წიგნები უფრო მიყვარს.
ძველში მე ახალს უფრო ვპოვებ.
ძველი მე მაკვირვებს: სიღრმით, სიბრძნით.
ძველი წიგნის სურნელება! საუკუნეების მანძილი!
ლექსს თუ ჭუჭყის სუნი დაჰკრავს, ჩემთვის მიუღებელია.
დრო და მანძილია საჭირო რომ ისინი ვიგრძნო.
ეს არ არის ლიტერატურული მიდგომა. მაგრამ მე ჩემს თავს ხომ ვერ მოვატყუებ.
ქართველი პოეტესა, როცა პროვინციალურ ჟარგონით ლაპარაკობს - მე ტანში მაჟრიალებს.
მე ქართველი სიტყვის სიდარბაისლე მწამს.
სიტყვა როგორც ფოლადი და მსუბუქი როგორც ეთერი.
კონტრასტების შეფარდება.
გულში ჩახედვა. განცდების გამზევება.
მე.
და ჩემს გარეშე ისევ „მე“.
ადამიანის აღდგენა.
ადამიანი გაითქვიფა კოლექტივში.
წინათ ადამიანი, როგორც პიროვნება, ძლიერი იყო. ის იყო ბელადი. ის ჰქმნიდა ეპოქას.
ეხლა ეპოქა ჰქმნის პიროვნებას.
დრო ჰქმნის ბელადებს.
მე კი მინდა რომ თვით დროც შევაჩერო.
იყოს ერთგვარი ანტრაქტი ჟამთა აღრიცხვაში.
შეუძლებელია.
როცა დიდი პიროვნება კვდება, ტრაურის აღსანიშნავად, განსაზღვრულ დრომდე შეაჩერებენ ხოლმე მუშაობას, მიმოსვლას, მოძრაობას.
ეს სიმბოლიურია.
შეწყდა მაჯის ცემა.
მე კი მინდა თვით დროც შეაჩერონ, რომ ეს შეწყვეტა არ განიზომებოდეს წუთებით, რომ წუთები არ განისაზღვრებოდეს წამებით, ჩვენი ცხოვრება ცხოვრებაა დაუსრულებელ წამების.
წამებიდან შემდგარი წამება.
შკლოვსკიმ სთქვა: „საგნები ისევე ჩნდებიან, როგორც ბავშვები. ისინი ისახვიან მხიარულად და ურცხვად, მათი ტარება სამძიმოა, გაჩენა მტკივნეული, არსებობა - წამება“.
და სწორედ ამ წამებამ, ცხოვრების ტლანქ და უგულო კანონებმა, ორჯერ თვითმკვლელობამდე მიმიყვანა.
მაგრამ, არც ტყვიამ, არც დანამ და არც ჭლექმა, არ მომკლა. ალბათ ქინძისთავისაგან მიწერია სიკვდილი.
ბედი არ არსებობსო.
მე კი ფატალისტკა ვარ.
ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო.
მეც უნდა ვიცხოვრო, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცისათვის და რაღაცისათვის ეს საჭიროა.
მე თვითონ გარკვეული პასუხი ჯერ კიდევ არა მაქვს ამაზე.
რა საჭიროა სიცოცხლე ან სიკვდილი, რათ ვჯღაბნი ამ სტრიქონებს, სტრიქონებს უაზრობისას!?
სტრიქონებს ჩემი სულიერი სიღატაკის გამომსახველებს.
მაგრამ რაღაც შინაგანი ძალა მაიძულებს წერას.
ეს წერის სურვილი ისეთივე ძლიერია ჩემში, როგორც ყოველივე ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.
საბრალო მკითხველი!
თუმცა ჩვენში მკითხველიც არ არსებობს. ქართულ წიგნს ისევ ქართველი მწერალი კითხულობს და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, ხოლო კრიტიკოსები ისინი არიან, ვინც მწერლობაში არ გამოდგნენ.
კარგი წიგნი კი კარგს მეგობარს უდრის.
ახლა აღარც კარგი წიგნი იწერება და აღარც კარგი მეგობრობა არსებობს.
ჩვენი ხანა ეგოისტურია, ხანა უნდობლობის.
უნდობლობაზე სამძიმო კი არაფერია.
მე ვიცოდი მეგობრობა და მეც მაიძულებენ ამის დავიწყებას...
დავრწმუნდი, რომ სხვისათვის თავგანწირვა - სისულელეა.
„ბედი ყოველთვის იმას სჯის მკაცრად, ვინც სხვას ერთგულობს და ღალატობს საკუთარ თავსა“.
2. უცნაური განცდა. მე, სიყვარული და დღევანდელი
მომენტი. ანა ახმატოვა პლაგიატი. ჩემი
გაბოროტება. ბუნების წიაღში. შემთხვევა.
მე თვითონ არ ვიცი, რა მემართება.
თითქოს მიწის და ცის შუა თავდაღმა ვიყო დაკიდული. ნიადაგი გამომეცალა.
რაღაცნაირი მდგომარეობაა, ჩემთვის სრულიად გაუგებარი.
სივრცისა და დროის გარეშე დავრჩენილვარ თითქოს.
არაფრის გაგების უნარი არა მაქვს.
მხოლოდ ესენინის სიტყვები მიელავენ: „ჩემს ჩანგს არავის დაუთმობ“. და ვამბობ სასოწარკვეთილი:
- ეხ, ვის რათ უნდა ჩემი ლექსები,
ჩემი მკითხველი არავინ არი...
დღევანდელი მომენტი უარყოფს ლირიკას, უარყოფს სიყვარულს.
მე კი როცა ნაკლებად ვგრძნობ სიყვარულს, უფრო ნაკლებად ვგრძნობ ჩემში შემოქმედებითი ძალას.
იქ სადაც სიყვარული ისპობა, იქ მე ადგილი არა მაქვს.
ერთხელ სპარსეთის მეფე ბერხებ-ჰგური თავის საყვარლის ფეხთით იჯდა, ლამაზ დელი არამის ფეხთით.
მეფე თავის სიყვარულზე ელაპარაკებოდა. ორთავეს გული უცემდათ და წარმოიშვა ახალი სიტყვები. ქალის გულში გამოძახილი ჰპოვეს. ასე შეიქმნა სპარსეთში პოეზია, რიტმი და რითმა.
ეს სპარსული ლეგენდაა - პოეზიის წარმოშობის შესახებ.
ამისთანა ლეგენდებს ყოველი ჩვენთაგანი განიცდის.
მე ცოცხლად ვიმარხები.
ეხლა სხვა მოთხოვნილებაა. ახალი მიდგომა. ახალი გაგება.
ჩვენ აღარა ვართ საჭირო.
რატომ არ შეიძლება, რომ ამ სისხლის და რკინის დრომ ჩვენც შეგვიყვაროს; ჩვენ, უკანასკნელი ოქრომჭედლები სიყვარულისა?
- ჩემს საუკუნეს მაჩანჩალად მე არ გავყვები
თუნდაც პატარა უმნიშვნელო ვიყო ატომი.
ჩემი გულის ნანნგრევებზე სხვა თუ ააშენებს სასახლეს.
თორემ მე არ ძალმიძს არაფრის გაკეთება. ჩემი სული ისევე დამახინჯებულია, როგორც ჩინელი ქალის ფეხები.
თანაც ვფიქრობ: მეორედ ხომ არ დავიბადები?
ერთ დროს ვფიქრობდი, რომ ეს სიცოცხლე არ მეყოფოდა.
მეგონა ჩემთვის სამი სიცოცხლე იყო საჭირო, რომ ყოველივე ჩემი გულის წადილი შემესრულებინა. დღეში 24 საათი კი არა - 48 საათი უნდა ყოფილიყო, რომ ყოველივე მომესწრო.
ვამბობდი დაჟინებით:
- ერთხელ სიცოცხლე საკმარისი არ არის ჩემთვის, მე უსათოოდ რამდენჯერმე უნდა ვიცოცხლო!
დღეს კი შემოდგომის ფოთოლივით პირველ ქარს გავყვები, რომ ერთხელ კიდევ ავცილდე მიწას და ხის მწვერვალის სიახლოვე ვიგრძნო. შემოდგომის, დიაღ, შემოდგომის ფოთოლს დავემსგავსე.
უმიზნოდ დამაქროლებს ქარი და ერთ-და-იმავე დროს ვბანაობ როგორც მტვერში, აგრედვე განელებულ მზის სხივებში.
მტვერი და მზე ერთად.
სულ სხვაა ხასხასა ფოთოლი ლამაზ ხეზე.
ის მხოლოდ მზეს ჰხედავს.
მტვერი მას არ ეხება.
ჩემი სულის ანარეკლს ახმატოვას ლექსებში ვპოულობ. მისი ლექსები არა რის შემკული თვალწარმტაც სათაურებით. ყველა მისი ლექსი კვნესა და ლხენაა მისი გულის და ერთი მეორის გაგრძელება.
ყველაზე უფრო მისი ერთი კრებული მომწონს: „კრიალოსანი“.
მისი განცდები სწორედ კრიალოსნის მარცვლებადაა აკინძული:
რომელი ლექსიც არ უნდა წაიკითხო, ყველა მის განცდებთან განათესავებენ და მისი გულის ცემას გაგრძნობინებენ.
მე მიყვარს ახმატოვა.
საინტერესო წიგნი ის არის, რომელიც საკუთარ თავზე იწერება.
საუკეთესო ლექსი უსათუოდ ლირიულია.
კარგი ლექსი განცდით იწერება.
სილამაზე უნდა იგრძნო, რომ დააფასო.
ჩვენში ნაკლებ განიცდიან ნამდვილ სილამაზეს: სილამაზეს
- ჟესტის, ცხოვრების, განცდის, გაქანების.
ეს ყოველივე წიგნებშია მხოლოდ, ამაზე მხოლოდ სწერენ.
ჩვენი ხელოვანი უბრალო მომაკვდავზე მდარეა და უნიათო.
ჩვენ გვიყვარს მხოლოდ მყვირალა სათაურები. ერთ დროს სათაურებით ამოიწურებოდნენ ლექსები.
თემების ძიებით უფრო ვიყავით გატაცებულნი, ვიდრე თემების დამუშავებით.
მშვენიერი სათაურები. ლამაზი წარწერები. თვალჭრელი შემოქმედება.
მაგრამ არის ხოლმე ლექსი, რომელსაც სათაური არ უდგება.
სათაური ვერ გამოგინახავს.
ზოგი ლექსი პირდაპირ სათაურისთვის და რითმებისთვის იწერება.
ეს ყოველივე პოეტის და მწერლის საიდუმლოებას შეადგენს.
ჩვენი პოეტები იმდენად დაუნდობელნი არიან, რომ ერთმანეთს არამც თუ დაუბეჭდავ ლექსებს, ახალ რითმასაც არ გაანდობენ, ზოგიერთისათვის ახალი რითმა ისეთივე განძია, როგორც უმშვენიერესი მარგალიტის პოვნა, და ვაი იმისი ბრალი, თუ შემთხვევით ეს სიტყვა, სხვა ლექსში აღმოჩნდა. ის უსათუოდ ქურდის ან პლაგიატორის სახელით ინათლება.
ვინც მკვდარს სცარცვავს - მარადიორია.
ცოცხალს - შანტაჟისტი.
შარა გზაზე მონავარდე - ყაჩაღია.
გემების მძარცველი - მეკობრე.
მაგრამ ჩვენ შეგვიძლიან ვისარგებლოთ სხვისი აზრით თუ სიტყვით ისევე, როგორც ვსარგებლობთ ავტომობილით, გემით, ჰაეროპლანით.
ყოველი აღმოჩენა და დასტამბული სიტყვა შორდება პატრონს და ყველას ეკუთვნის.
იაპონიაში პლაგიატი, როგორც დანაშაულობა არ არის შეტანილი ხალხის მორალურ კოდექსში. იაპონიაში ეს ერუდიციად არის მიღებული.
ჩვენში კი ამ ნიადაგზე, ორ პოეტს ერთმანეთის სისხლის დალევაც კი შეუძლიანთ.
რატომ არ შეიძლება, რომ ორ პოეტს ერთი-და-იგივე აზრი დაებადოს?
ბავშვობაში დედა მასწავლიდა: „ღამე, როცა იძინებ მოიგონე შენი ყოველი საქციელი: რა გააკეთე, რა ილაპარაკე, ხომ არავის არ აწყენინე, და თუ რამე ცუდი ჩაიდინე, ერიდე რომ მეორე დღეს არ გაიმეოროო“.
და მართლაც, ამხანაგებისათვის თუ ტოლებისთვის იშვიათად მიმიყენებია ვნება.
ყოველ ჩემს სიტყვას ანგარიშს ვუწევდი.
ჩემში ბავშვობიდანვე პასუხისმგებლობა იყო.
ღმერთო ჩემო, რა კეთილი ვიყავი.
ახლა კი გავბოროტდი.
ვფიქრობ: ნუ თუ დედამიწის ზურგზე არ არის ისეთი ადამიანი, რომელმაც ჩემი სულის შიმშილი სავსებით გაიგოს?...
მე არ მინდა ჩემს გრძნობებს დავემონო.
სიყვარული, რომელიც ერთს აფერადებს და მეორეს - სჩაგრავს დასაგმობია. ასეთი სიყვარული მე არა მწამს.
მე სიძულვილი მენატრება! სიძულვილი, ყოველივე ჩემი უჯრედით, ყოველივე ჩემი ნერვის ძაფებით, ყოველივე ჩემი სისხლის წვეთით.
ჩემი სიტყვა შხამით უნდა იყოს გაჟღენთილი, რომ სწამლავდეს ატმოსფერას.
ჩემი ბოროტი სუნთქვა უნდა ახმობდეს ყვავილებს, ჩემი მწარე ღიმილი უნდა სერავდეს მიწას...
ოხ, ისე უნდა გაივსოს ჩემი გული სიბოროტით, რომ ვეღარ დაეტიოს გულის ფოსოში, გასკდეს, ბალღამად გადმოიღვაროს და მთლად წამლეკოს...
ჩემი სუსტი ხმა თავშემზარავ ჭექა-ქუხილად უნდა გადაიქცეს.
ჩემი მსუბუქი სიარული, ისე უნდა დამძიმდეს, რომ საუკუნოებით დამარხულ ძვლებმაც იგრძნონ ტკივილი და შეიშმუშნონ.
ახ! ჩემ სურვილებს ვერ დაჰფარავს თვით ოკეანე.
მე წარსულს მივაფურთხე.
მე აწმყო უარვყავი.
მომავალს ვწვავ ანთებულ თვალებით და მინდა ყველა პლანეტები შევაჯახო, რომ ახალი მსოფლიო შევქმნა:
ჩემი საკუთარი კანონებით.
აღარ იყოს ნასახი ადამიანის, ანდაზასავით გაცვეთილ ადამიანის, რომელსაც დაჰკარგვია დიდი ხანია სახე და ზღვის დონედან მოგლეჯილ ღრუბელივით ისრუტავს ყოველივე სიბილწეს.
უპატიოსნო ადამიანს არც სხვისი პატიოსნება სწამს.
მაგრამ ვარსკვლავები რომ აშუქებენ, ალბად ესეც ვისმესთვის საჭიროა.
ბუნების წიაღში ადამიანი კეთილშობილდება.
ბუნება ურცხვია და ადამიანში ატავისტურ გრძნობებს იწვევს.
ბუნება ხსნის ადამიანის სახიდან ფარისევლობის პირბადეს.
ამიტომ არის რომ აგარაკზე უფრო ადვილად ეჩვევა ხალხი ერთმანეთს.
აგარაკზე ადამიანი უფრო გულწრფელი და გულახდილია.
ბულბული ხეზედ უფრო ლაღად მღერის.
ყოველი ლამაზი განცდა ზაფხულის განძია. აყვავებული ბუნება, ეს ის საუკეთესო თაიგულია, რომელიც აამოძრავებს ხოლმე ჩვენს ემოციებს.
რასაც ადამიანი ზამთარში ვერ გაბედავს, გაზაფხული და ზაფხული შეასრულებინებს.
დიდი ხნით ნატარევი სურვილი უფერულია და უგემური.
ბუნების წიაღში მრავალი ახალი აზრი თავისთავად იბადება.
ბისმარკმა იცოდა თქმა: „მე უნდა გაგიზიაროთ აზრი, რომელიც მწვანე მაგიდასთან კი არ მეწვია, არამედ მწვანე ყანებს შორის“.
ბუნება ხშირად წიგნზე მეტყველია.
ბუნების კარნახი ჩვენი ცხოვრების კოდექსებზე ძლიერია. მთის ხალხი უფრო ინტენსიურია, თამამი, გონიერი და ფხიზელი - ვიდრე დაბლობის.
ჭაობის მცხოვრებლებს მუდამ დაღვრემილი სახე აქვთ. მათი გონება ჩლუნგია, გული - დახშული.
როცა მთის მწვერვალზე ადიხარ, თავს თითქოს ზეკაცად გრძნობ.
ადამიანი თავის თავს უფრო სრულყოფილ ცნებად აღიარებს, ვიდრე ბუნებას.
ადამიანმა თითქოს დაიმორჩილა ხმელეთი, ზღვა და ჰაერი.
აღარაფერი აღარ დარჩა გაუგებარი და მიუწვდომელი.
მაგრამ საკმარისია, მიწამ ერთი ღრმათ ამოისუნთქოს და... დაინგრევა ქალაქები, სოფლები, ქვეყნები.
საკმარისია დაიწიოს ზღვის დონემ და... გაქრებიან კუნძულები,
იღუპება ქონება, ხალხი, კულტურა.
მე მიყვარს სტიქია!
უდაბნოს ხორშაკი მთელ ქარავნებს ასამარებს.
ზღვა გიგანტიურ გემებს ჰყლაპავს. ზღვას მსხვერპლი უყვარს.
ბუნებას საკუთარი კანონები აქვს: უფრო რთული და ძლიერი.
ის თითქოს დასცინის ადამიანს: „მომაკვდავო, მე შენსავით არ მეჩქარება“.
ჯერ ჯერობით გამარჯვება ისევ ბუნების ძალას ეკუთვნის.
შემთხვევა, უბრალო შემთხვევა, ხშირად სპობს ყოველივეს.
ერთმა ცნობილმა მეცნიერმა და არქეოლოგმა ეგვიპტეში უძველესი აკლდამა აღმოაჩინა.
მისი დიდიხნის ცდები გამარჯვებით დაგვირგვინდნენ.
კმაყოფილი და ბედნიერია მეცნიერი. მაგრამ მიწიდან მოულოდნელად გველი გამოძვრება და სასიკვდილოდ დაჰკბენს მეცნიერს.
იწამლება გველის შხამით. შველა შეუძლებელი ხდება.
მეცნიერება უძლურია.
გველის შხამიანი შეხება დიდტანიან წიგნებს ამარცხებს.
კვდება დიდი ადამიანი.
ადამიანი ყველაფერს ვერ უმკლავდება.
ხშირათ უბრალო ბაცილა უფრო გამძლეა, ვიდრე სრულყოფილი ქმნილება - ადამიანი.
3. ქორწინება. შვილი. სიყვარულის ცვალებადობა.
მეგობრობა. ქალი და ხელოვნება.
ანატოლ ფრანსის აზრი ქალის დანიშნულებაზე.
სიბერე. სიყვარულის და მწერლის ბედი
იგივეა. ბავშვი მოხუცთან არ დაიძინება. ჩვენი
ნერვიულობა. ფეტიშიზმი. თვითეული ჩვენთაგანი
რამოდენიმე აქტიან დრამას ატარებს
თავის სულში...
გაუთხოვარი ქალის ბედი იგივეა, რაც დაუბეჭდავი ლექსის.
იაპონელ იეაზუმ სთქვა: ნურავინ დარჩება უცოლოთ და უქმროდ. უმაღლესი ზნეობრივი კანონი მოითხოვს, რომ ყოველი მამაკაცი და ქალი დაქორწინდესო.
როგორც ზაფხულის პეპლები უდარდელად დანავარდობენ და ყვავილების თასებიდან სწუწნიან ნექტარს, თქვენც ასევე დალიეთ ნეტარების შარბათი. როგორც აბრეშუმის ჭიაა ნაყოფიერი, თქვენც გამრავლდით და შეჰქმენით თქვენი ჩამომავლობაო.
მე არა მწამს ოჯახი - უბავშვოდ.
არა მრწამს უშინაარსო სიყვარული.
სიყვარულის შედეგი მხოლოდ ბავშვია.
ბავშვი - ეს სულისა და ხორცის შეერთება.
უაღრესი ბედნიერება ადამიანისათვის - არის შვილი საყვარელ ადამიანისაგან. სხვანაირად სრული ბედნიერება ვერ წარმომიდგენია.
სქესობრივი აუცილებლობა ჩემთვის არ არსებობს.
მხოლოდ სიყვარულით შეიძლება დაკავშირება. დანარჩენი - პირუტყვობაა.
ძლიერ ვნებიანი ადამიანი სხვას არაფერს ხედავს. მისთვის ვნება - ცხოვრების ქვაკუთხედია.
კულტურული ადამიანი სრულ ქმნილებისაკენ მიისწრაფვის.
ამავე დროს ადამიანი დაკნინდა და ცალმხრივია. ჰარმონია აღარ არსებობს.
ამიტომ არის რომ ზოგისა სული გვხიბლავს და ზოგისა კიდევ გარეგნობა.
მთლიანი არსება ჩვენში იშვიათია. ადამიანი შემკული სულით, გონებით, ნებისყოფით და გარეგნული პროპორციით - საძებნელია.
ერთში ვერ ვპოვე ყველა ღირსება
და მინდა ნაკლი შევავსო სხვებით.
ამბობს ჩემი მეგობარი პოეტი.
რთულია თანამედროვე ადამიანის პსიხიკა.
ქალი სავსებით არასოდეს არა რის ბედნიერი. ის ვერ ჰქმნის თავის მომავალს, თავის თავს არ ეკუთვნის. ის მონაა საკუთარ გრძნობების და შინაგან განცდებზეა გადაყოლილი.
ქალ-ვაჟის ერთმანეთისადმი ლტოლვა სიცოცხლის საძირკველია.
ქალს სიყვარული ალამაზებს.
გასუქებულ ადამიანს სიყვარული ნაკლებად შეუძლიან.
მსუქანი ქათამი კვერცხს არ იძლევა. ხშირად მსუქანი ქალი - უშვილოა.
გაქონილს გულს და ქონმორეულ მკერდს მგრძნობელობა აკლიათ.
ალტენბერგმა სთქვა: „მე დავკარგე ჩემი სატრფო: ის სუქდებაო!“
ერთმა მეგობარმა კი მითხრა: „ნუ გახდები, თორემ შეგიძულებო“.
ადამიანის აღზრდა ეს არის სქესობრივი მოთხოვნილების სულიერად გარდაქმნა.
ყოველი გატაცება ადამიანში შემოქმედებას უნდა იწვევდეს.
მე უარვყავი ერთი ერთგული მეგობარი, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სიყვარული ჩემში არასფერს არ იწვევდა. დაუწერე:
- რად გინდა დარჩე ჩემს რვეულში ცარიელ ფურცლად?
იგრძნო და სულ წავიდა აქედან.
მე მხოლოდ მასთან შემიძლიან მეგობრობა, ვინც სულიერ
საზრდოს მაძლევს.
ოჯახის შექმნა, მეგობრების უარყოფაა - ერთის გულისათვის და ეს ერთი უსათუოდ ღირსეული უნდა იყოს.
ტოლსტოის ცოლი სწერს თავინ მეუღლის წიგნის წინასიტყვაობაში:
„ჩემი სუსტი მხრებისათვის სამძიმო ტვირთი იყო გენიოსის და დიდი მწერლის მეუღლეობა“.
სვირსკის ერთ პატარა მოთხრობაში, ცოლი უსაყვედურებს მწერალ ქმარს:
„შენი დიდი პიროვნების ჩრდილში მე მცივა და ვიყინებიო“.
ქალი ხელოვანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს.
ქალი სულის ჩამდგმელია ყოველივე საუკეთესო ნაწარმოების, ყოველივე დიდი საქმის.
გიოტეს დაი კორნელია ყველასათვის ცნობილია. კორნელიას დიდი გავლენა ჰქონდა თავის ძმაზე. გიოტე ამას გრძნობდა და განსაკუთრებით უყვარდა. როცა კორნელია გათხოვდა, გიოტე სწუხდა ბავშურად და თანაც ეჭვიანობდა.
მიქელ ანჯელოს სიბერემდის შერჩა სიყვარული თავის სატრფოსადმი.
ანატოლ ფრანსი ასე ლაპარაკობდა თავის მეგობარ ქალბატონ არმან-დე-კაიავაზე: „მე უიმისოდ ვერასოდეს ვერასფერს ვერ გავაკეთებდი. მე იმ ქალის ძალდატანებით ვსაქმიანობდი. სუფთა ცარიელი ქაღალდის დანახვაზე თავს ბრუ მესხმოდა“.
როცა ანატოლ ფრანსი მუშაობდა, ქალბატონი არმანი შორიახლოს მაგიდასთან იჯდა და თვალყურს ადევნებდა მის მუშაობას, ამხნევებდა და თითქმის ძალით აწერინებდა. მათი მეგობრობა ხანგრძლივი და საინტერესო იყო. ისინი მუდამ ერთად მოგზაურობდნენ.
ამას ანატოლ ფრანსისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ისეთ ადამიანს უნდა ჰმეგობრობდე, რომ განშორების დროს უფრო იგრძნო მისი სიშორე, ვიდრე ერთად ყოფნის დროს - მის სიახლოვე.
განშორება საუკეთესო საზომია სიყვარულისა. ნამდვილი, დიდი გრძნობა ღრმავდება და ძლიერდება, პატარა - ნელდება და ჰქრება.
მე პატივსა ვცემ იმ ქალებს, რომელნიც ჩემ შეხვედრამდე უყვარდათ, მძულს ისინი, ვინც ჩემს სიყვარულში ეჩხირება და მეშინიან მათი, რომელნიც ჩემი მოადგილენი გახდებიან.
ალტენბერგს ასეთი ნაზი სტრიქონები აქვს:
„მე ვეუბნები ჩემს მომავალ მოადგილეს: ფრთხილად, ძალიან ფრთხილად შეახეთ შიშველი ფეხი, იმ პატარა ხალიჩას, რომელიც თქვენი სატრფოს საწოლთან ჰფენია: ის ხალიჩა ჩემი ცრემლებით არის მოქარგული“.
არც ერთ ქალს, ვინც უნდა იყოს იგი, მამაკაცის ღალატი და გულგრილობა არ ასცდება. ამას ქალი ძნელად ურიგდება.
„ერთს მდინარის პირად - სწერს ბელგიელი მხატვარი და პოეტი ჟანდე ბოშერი - იდგა უბედური ქალი. ის რომ წყალში შედიოდა გასაბანად, წყალი ტალღებს ანელებდა, მოძრაობას უკლებდა, თითქოს ჩერდებოდა. ქალი მოხუცი იყო. ის დასცქეროდა თავის სახეს, რომელსაც ანარეკლად ხედავდა წყლის ზვირთებში. ეს ტალღები უფრო ანაოჭებდნენ მის ხატებას. მისი დარდი იკუმშებოდა ამ ტალღებში, იზრდებოდა და სპობდა ყოველივეს. ის დამჭკნარი დედაკაცი იყო, მისი ცრემლები, როგორც დასერილი ხის სისხლი, ნელინელ ჟონავდა მის დანაოჭებულ სახეზე. ცრემლის ნაკადი და წყლის ნაკადი ერთდებოდნენ მღელვარე მდინარეში“.
სევდას უამრავი ლექსი აქვს გამოწვეული.
მთელი ფილოსოფიური ძიებანი, აღმოჩენანი.
სუსტი ადამიანის სევდის შედეგი - ცრემლია. ცრემლი ხშირად შვებაა, მალამო.
ცრემლები რომ არ არსებობდნენ, ხალხი დაიხრჩობოდა საკუთარ სულის მორევში.
მე ერთი საშინელი ნაკლი მაქვს: ცუდ გუნებაზე უნდა ვიყო, რომ კალამი ავიღო ხელში.
ჩემი სასიხარულო ლექსებიც კი გაჯავრებით არის გამოწვეული.
ამიტომ არის, რომ ხშირად შეგხვდებათ ჩემს ნაწერებში:
„გახსოვს!“
მე მოგონებაში გადავარდები ხოლმე.
ასეთ წუთებში მე ვწერ, ვწერ ყველაფერს, რაც კი გამიელვებს თავში.
ეს აზრები არ არის დალაგებული მსჯელობის ნაყოფი. არეულია გონება. და ამიტომაც ასოციაციებით გამოწვეულ სახეებს ვეხები და მხოლოდ მწვავე განცდებით თვრება ეს ფურცლები.
ჩემი აზრი ელავს და ჰქრება... ელავს და ჰქრება.
მე გაშიშვლებულ ნერვებით ვწერ.
წერა შეიძლება მხოლოდ გულახდილად, წრფელად, ნაძალადევი და შეკვეთილი არა ვარგა-რა.
ადამიანის ხასიათი სიყვარულის განელების დროს აშკარავდება.
უპატივცემულო სიყვარული ჩემთვის არა-რაა.
მარტო პატივისცემა უსიყვარულოდ მისაღებია. ცარიელი სიყვარული მე არა მწამს.
ერთმა ახალგაზრდა პოეტესსამ - (ლამაზი იყო ეს ქალი) შესჩივლა ანატოლ ფრანსს, რომელიც მას მფარველობას უწევდა:
„მე უპატივცემულოდ მომექცნენო“ და დაუსახელა ის ვაჟი, რომელიც თურმე ანთებულის თვალებით უცწეროდა ქალს. - განა შეიძლება აქ უპატივცემულობაზე ლაპარაკი: - ამშვიდებდა ანატოლ ფრანსი - საუკეთესო შეფასება სილამაზისა, არის სურვილის გამოწვევა!... რად გინდათ ის პატივისცემა, რომელიც თავისთავად, ჟამთა ვითარებით მოდის. აი, როცა ყველანი მხოლოდ პატივისცემით მოგეპყრობათ, მაშინ იგრძნობთ ამ პატივისცემის მთელ საშინელებას. დღეს კი მხოლოდ სანატრელი და სასურველი უნდა იყოთ ყოველ მამაკაცისათვის. ნუ თუ თქვენ გგონიათ, რომ ბუნებამ იმიტომ მოგცათ ეგ ცეცხლიანი თვალები, ეგ შუბლი, ეგ ტუჩები, შექმნილი კოცნისათვის, რომ მხოლოდ პატივისცემა გამოიწვიოთ!“
აი, მამაკაცური შეხედულება ქალის დანიშნულებაზე.
ისიც მართალია, რომ უსახური და ბედმოძვირებული ქალი უფრო კეთილზნიანია, თუ კიდევ შეიძლება საზოგადოდ ზნეობაზე ლაპარაკი.
ქალის გამბედაობა და სითამამე უაღრესად სიყვარულში გამოიხატება.
სიყვარულში, ისევე როგორც ხელოვნებაში, გაუბედავობა ადამიანს არას არგებს.
ჩვენ ძალიან კარგათ ვიცით, რომ პატიოსანი მწერალი თავისი მოკრძალებული ხასიათით მუდამ დაჩაგრულია; ღრიალა, თავხედი და აბეზარი - უფრო პოპულიარულია.
საკმარისია სახელმოხვეჭილი იყოს მწერალი, რომ მის ყოველ სისულელეს გასავალი ჰქონდეს. თითქოს მისი ტვინის აპარატი ისეა მოწყობილი, რომ შეცდომები არასოდეს არ მოუვა!
პატარა ადამიანის სიბრძნეც კი უარყოფილია.
მაგონდება ერთი კურიოზი რუსულ მწერლობიდან: ერთს ახალგაზრდა მწერალს ჟურნალის რედაქტორმა მასალა დაუბრუნა.
სასოწარკვეთილმა ავტორმა თავის მეგობარს, უკვე ცნობილ მწერალს, შესჩივლა. მეგობარი არწმუნებდა, რომ მასალა მშვენიერი იყო და დასამტკიცებლად, მან ამ დაწუნებულ მასალას, თავისი გვარი მოაწერა და ისე გადაგზავნა რედაქციაში.
მეორე დღეს წერილი დაიბეჭდა.
სიყვარულშიაც ასე ხდება ხოლმე.
ყველაზე უბედური სიყვარულში სწორედ ისინი არიან, ვინც უფრო ყველაზე ღირსია სიყვარულისა.
ადამიანი, რომელიც გიყვარს, ეს სწორედ ის ადამიანია, რომელიც ყველაზე მეტად გტანჯავს.
ქალი სიყვარულს წინასწარ გრძნობს ისევე, როგორც პოეტი ლექსის რიტმს და ზომას.
გრძნობას მრავალ-სიტყვაობა არ უყვარს. ის უსათუოდ თვალებით ლაპარაკობს.
ბოკკაჩიო ამბობდა: „არაფერი არ ალამაზებს ქალის ტანს ისე, როგორც ალერსი. ტუჩები კოცნისაგან ხალასდებიან და ახლდებიან“.
ერთი მეცნიერი ამტკიცებდა, რომ „ახალგაზდური ელემენტები ბებრებსაც აჭაბუკებსო“. ამიტომ არის რომ მოხუცებს მუდამ შინაგანი მისწრაფება აქვთ ახალგაზდებისადმი.
ამითვე აიხსნება დიდედების გადაჭარბებული სიყვარული თავიანთ შვილიშვილებისადმი.
დედამ სასტიკად უნდა ადევნოს თვალყური, რომ მის პატარა ბავშვს მოხუცებულებთან ერთად არ ეძინოს. ბავშვის ნორჩი სხეულის ძალა გამოფიტულ უსისხლო უჯრედების სიახლოვით - იჩაგრება.
კულტურულ ქვეყნებმა, სადაც ათასნაირი სენი მძვინვარებს ხალხს სიყვარული დაავიწყებინა...
იქ სიყვარული აღარ არსებობს სადაც დაავადების საშიშროება წამოიჭრება.
გერმანეთში ქალებს უფრო პრაქტიკულ ცხოვრებისათვის ზრდიან.
მათ არ უყვართ გადაჭარბებული ნების და გონების განვითარება, რაც გერმანელების აზრით ნევრასტენიას წარმოშობს.
კაცობრიობისათვის უფრო შეუგნებელი და ჯანსაღი მოდგმაა საჭირო.
ჩვენ კი, დღენიადაგ ჩვენი სულში ვფათურობთ და საგიჟეთებს ვავსებთ.
საქართველოში ერთი ოჯახი აღარ არის, სადაც სულით დაავადებული ვინმე არ იყოს. ამან უკვე სოციალური ხასიათი მიიღო.
ჩვენ სრული დეგენერაციისაკენ მივდივართ:
განდიდების მანია ეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა!
ჩვენში პატარა არავინ არ არის. სულ დიდი ადამიანები ვართ.
გენიალობამდის ასული შემოქმედება. კოსმოსი.
სულ ცარიელი სიტყვები. საქართველოს ვიწრო ფარგლებს დიდი მაშტაბი არ უდგება.
ძველი ელინები აღარც ფიზიკურად და აღარც სულიერად აღარ არსებობენ. მათ კულტურული ნაშთები მაინც დარჩა.
ადამიანის სული შემოქმედებაში გადადის ხოლო მისი პირადი ყოფა მის სახლში, მის ბინაზე, მის ნივთებში. ამიტომ გვიყვარს ძვირფასს ადამიანის ყოველი ნახელავი, გამოჩენილი ხალხის ნივთები, წიგნები.
გიოტეს კალამი.
პუშკინის სავარძელი.
ნიცშეს სახლი.
თამარ მეფის ქოში.
აკაკის აკვანი.
ილიას აგარაკი.
ქრისტეს პერანგი, რომ დაინახა მცხეთელმა ქალმა სიდონიამ, გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა.
აქედან წარმოიშვა ფეტიშიზმი.
მეც ვერ ავცდი ამას:
- და ფეტიშად დავისახავ რა ვქნა მარჯნის კრიალოსანს ნუ დამცინით! ეს სჩვევია, ყოველ გიჟს და... ყოველ მგოსანს!
კიდევ საილლუსტრაციოდ.
მაგონდება ერთი პოემა.
ცოლ-ქმარი ჩხუბობენ. ერთმანეთს ლანძღავენ: იყრებიან.
დაიწყო ნივთების განაწილება.
- ეს ჩემია.
- არა ჩემია!
აი, სკივრის ძირიდან ამოიღო ცოლმა პატარა ბოღჩა.
გააფთრებული ქმარი მივარდება, ხელიდან წაგლეჯს და იატაკზე მიმოიპნევა:
პატარა კაბები,
პატარა წინდები,
პატარა გაცვეთილი ფეხსაცმელები...
ორთავენი შეხედავენ ერთმანეთს და... აქვითინდებიან.
ამ ნივთებმა გააცოცხლა მათში გარდაცვლილ შვილის არსებობა
და ეს ორი, მტრულად განწყობილნი ცოლქმარი, შერიგდნენ.
ერთს წუთში ათასი იარა გაიხსნება.
ერთს წუთში წლობით ტანჯული სული იკურნება.
თვითეული ჩვენთაგანი რამოდენიმე აქტიან დრამას ატარებს თავის სულში.
ოხ, არასოდეს, არავის არ გადმოუცია ნამდვილი დრამა.
ის მუდამ მუნჯია და მის გადმოცემა შეუძლებელია.
![]() |
7 ვირჯინია ვულფი |
▲back to top |
![]() |
7.1 საკუთარი ოთახი |
▲back to top |
თარგმანი:
ლელა სამნიაშვილი
წინამდებარე ესე ეფუძნება ორ მოხსენებას, რომელიც გაკეთდა ნიუნჰემში, ხელოვნების საზოგადოების წინაშე და გირტონში, 1928 წლის ოქტომბერში. მოხსენებისათვის დაწერილი თავდაპირველი ტექსტი სრული სახით წაკითხვისათვის მეტად გრძელი იყო, ხოლო მოგვიანებით ამ ესეში კიდევ უფრო შეივსო და გაიშალა.
1.
„კი მაგრამ, ჩვენ ხომ გთხოვეთ, ქალებზე და მხატვრულ ლიტერატურაზე გესაუბრათ, რა კავშირი აქვს ამას საკუთარ ოთახთან?“ - ალბათ ეს კითხვა დაგებადებათ და მეც შევეცდები, ვუპასუხო. როდესაც მთხოვეთ, ქალებისა და მხატვრული ლიტერატურის შესახებ დამეწერა, წავედი მდინარესთან, მოვნახე მყუდრო ნაპირი და დავიწყე ფიქრი. ჯერ გადავწყვიტე, - უბრალოდ, რამდენიმე შენიშვნა უნდა გავაკეთო ფანი ბარნის შესახებ, კიდევ რამდენიმე ჯეინ ოსტინთან დაკავშირებით, ხოტბა შევასხა ბრონტეებს, დავხატო ჰავორზიში მათი დათოვილი კარ-მიდამო, რაიმე გონებამახვილური ვთქვა მის მიტფორდზე, ღირსი პატივი მივაგო ჯორჯ ელიოტს, მოვიხსენიო მისის გასკელი და მისიაც შესრულებული მექნება-მეთქი. მაგრამ, რომ ჩავუკვირდი, სიტყვებმა პირველადი სიმარტივე დაკარგეს. სათაურის ქვეშ „ქალები და მხატვრული ლიტერატურა“ შეიძლება, იგულისხმებოდეს და შეიძლებოდა, თქვენც გეგულისხმათ მწერალი ქალები და მათი ვინაობა, ან ქალები და მათ მიერ შექმნილი ლიტერატურა, ან ქალები და მათ შესახებ შექმნილი თხზულებები, ან სულაც, გსურდათ, ამ ყველაფერზე ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მესაუბრა. გადავწყვიტე კიდეც, ამ უკანასკნელ ბილიკს დავდგომოდი, რადგან ეს ყველაზე უფრო საინტერესო გზა ჩანდა, მაგრამ მალევე დავინახე, რომ ისიც წინასწარ მოჭრილია. მივხვდი, რომ ვერასოდეს მივიდოდი რაიმე კონკრეტულ დასკვნამდე; ვერასოდეს შევასრულებდი აუდიტორიის წინაშე მომხსენებლის მთავარ ვალდებულებას - ერთსაათიანი მიმოხლივის შემდეგ ვერ შემოგთავაზებდით ჭეშმარიტების ვერანაირ მადანს, რომ თქვენი უბის წიგნაკების ფურცლებში გაგეხვიათ, შინ წაგეღოთ და შესანახად ბუხრის თავზე მიგეჩინათ სამუდამო ადგილი. ერთადერთი, რის გაკეთებასაც შევძლებდი, ჩემი სუბიექტური, მარტივი მოსაზრების გაზიარება იქნებოდა იმის შესახებ, რომ ქალს უნდა ჰქონდეს ფული და საკუთარი ოთახი, თუკი ის მხატვრული ლიტერატურის შექმნას აპირებს. ეს მოსაზრება, როგორც თავადაც დაინახავთ, მაინც ამოუხსნელად ტოვებს გამოცანას ქალისა და ლიტერატურის ურთიერთკავშირის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ. თავიდანვე მომიწია იმის აღიარება, რომ ვერავითარ საბოლოო დასკვნას ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებდი. მაგრამ მაინც შევეცდები აგიხსნათ, თუ რატომ გავამახვილე ყურადღება მაინცდამაიც საკუთარ ოთახსა და ფულზე. შევეცდები თქვენი თანდასწრებით თავიდან მივყვე საკუთარი ფიქრის ნაკადს, რომელმაც ამ ცნებებამდე მიმიყვანა. ჩემი შეხედულებების მოსმენის შემდეგ, იქნებ დამეთანხმოთ კიდეც, რომ ფულსა და საკუთარ ადგილს მართლაც აქვს რაღაც გავლენა ქალებსა და ლიტერატურაზე. ყოველ შემთხვევაში, როდესაც თემა ასეთი საკამათოა (და სქესებთან დაკავშირებული საკითხები კი ყოველთვის საკამათოა), ჭეშმარიტების ღაღადზე პრეტენზია ისედაც არავის არ უნდა ჰქონდეს. ერთადერთი, რაც შესაძლებელია, ისაა, რომ აუდიტორიას მისცე საშუალება საკუთარი დასკვნები გამოიტანოს შენი ნაამბობიდან. მოცემულ შემთხვევაში ფაქტებზე მეტ სიმართლეს თავად ლიტერატურა თუ შემოგვთავაზებს. ამიტომ, ვიყენებ მწერლის ყველა უფლებას და ჩემებურად გიამბობთ იმ ორი დღის შესახებ, აქ მოსვლამდე რომ გამოვიარე, თქვენს მიერ დასმული კითხვების ტვირთით დამძიმებული; კითხვების, რომლებზეც პასუხი საკუთარ ყოველდღიურობაში ვეძებე. ალბათ, არ მჭირდება იმის ახსნა, რომ ის, რასაც აგიღწერთ, არარსებულია. ოქსბრიჯი გამოგონილია, ასევე ფერნჰემი; „მე“ მხოლოდ მოსახერხებელი ტერმინია ვიღაცისათვის, ვინც სინამდვილეში არ არსებობს. ჩემი ბაგიდან სიცრუე გადმოედინება, თუმცა იქნებ ცოტაოდენი სიმართლე იყოს კიდეც გარეული ამ სიცრუეში; სიმართლე, რომელიც თქვენ თავად უნდა მოძებნოთ და გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა შენახვად. და თუ არ ღირს, ბუნებრივია, ყველაფერს სანაგვე ყუთში მოისვრით და დაივიწყებთ.
მე, (მიწოდეთ მერი ბეტონი, მერი სეტონი, მერი ქარმაიკლი ან ნებისმიერი სხვა სახელი, რომელიც გსურთ - ეს სულ ერთია) რამდენიმე კვირის წინ, ოქტომბრის ერთ დარიან დღეს ფიქრებში ჩაძირული ვიჯექი მდინარის ნაპირას და თავში სწორედ ზემოხსენებული სათაური, ანუ „ქალები და ლიტერატურა“ მიტრიალებდა. ვცდილობდი, მივსულიყავი რაიმე დასკვნამდე ამ თემასთან დაკავშირებით, ათასგვარ ვნებასა და ცრურწმენას რომ აღვიძებს. ლამაზი დღე იყო. ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ რომელიღაც მცენარის ბუჩქები ისე ოქროსფრად ენთო, სიცხისაგან აალებულს გავდა. მდინარის მოპირდაპირე ნაპირზე თმაჩამოშლილი ტირიფები ჩვეულ მწუხარებას მისცემოდნენ. მდინარე ცის, ხიდის და ალისფერი ხის ნაწილებს ირეკლავდა, ვიდრე მენავე სტუდენტის ნიჩაბმა ერთბაშად არ ამოხაპა და გააქრო ეს ანარეკლები. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა ფიქრში. ფიქრი (ბევრად უფრო მყვირალა სახელია, ვიდრე იმსახურებს) მდინარის დინებას მიჰყვებოდა; ანარეკლებსა და წყალმცენარეებს შორის ლივლივებდა, ტალღებს მშვიდად ასდევდა და ჩასდევდა, ვიდრე აქაიქ აზრი უცაბედი ბიძგით არ წამოედებოდა ხოლმე, როგორც ანკესის კაუჭს; მერე კი უკვე მისი ნაპირზე ფრთხილად გამოტანა იყო მთავარი. და აი, ნაპირზე გამოთრეული, ისეთი უსუსური და პატარა ჩანდა ეს ჩემი ფიქრი. იმ თევზივით პატარა, კარგი მებადური უკან, წყალში რომ გადაისვრის, რომ გაზრდა აცალოს, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაჭერად და შეჭმად ღირდეს. ახლა იმ ფიქრებით თავს არ შეგაწყენთ, თუმცა, თუ მოისურვებთ, ჩემს მომდევნო ნაამბობში თავად მოძებნით მათ.
როგორი უმნიშვნელოც არ უნდა ყოფილიყო, ერთმა აზრმა, ფიქრის მდინარეში ჩაბრუნებულმა, უეცრად ისევ გაიელვა; და ვიდრე ტალღებში იძირებოდა და ტივტივებდა და მაღლა-დაბლა დაქანაობდა, იდეების ისეთ ნაკადში გადაიზარდა, რომ წყნარად ჯდომა უკვე შეუძლებელი იყო. სწორედ ამის გამო, სულ მალე საკუთარი თავი მოედნის გადასწვრივ, ბილიკზე სწრაფი ნაბიჯით მიმავალი აღმოვაჩინე. მოულოდნელად გზა მამაკაცის სილუეტმა გადამიჭრა. თავიდან ვერც კი მივხვდი, რომ ამ სერთუკსა და საღამოს პერანგში გამოწკეპილი ობიექტის ხელების ქნევა მე მომემართებოდა. მისი სახე შეძრწუნებასა და აღშფოთებას გამოხატავდა. ინტუიციით მივხვდი, რაც ხდებოდა: ეს უნივერსიტეტის დარაჯი იყო; მე კი - ქალი, რომელიც მოედნის მთავარ ბილიკზე იდგა. არადა, მხოლოდ სწავლულებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შეეძლოთ აქ ყოფნა. მე განაპირა ხრეშზე უნდა მევლო. წამიერად გამიელვა თავში ამ ყველაფერმა. როცა ბილიკიდან გადავედი, დარაჯმა ხელები ჩამოუშვა და სახეზეც სიმშვიდე დაუბრუნდა. და თუმცა ბილიკზე სიარული სჯობს ქვა- ღორღზე სიარულს, ჩემთვის ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მხოლოდ ერთ რამეში ვადანაშაულებდი მთელს ამ უნივერსიტეტის სწავლულებსა და პროფესორებს, რომლებიც 300 წლის მანძილზე წარმატებით იცავდნენ თავიანთ საპატიო ბილიკს - მათ გამო ჩემი აზრების პატარა ოქროს თევზი ისევ მდინარისაკენ გამისხლტა.
რა იდეამ გადამიყვანა ასე თავხედურად აკრძალულ ბილიკზე, ახლა უკვე აღარ მახსოვდა. სულის სიმშვიდე თითქოს ცამ გადმომდო. თუკი საერთოდ სადმე შეიძლება სულის სიმშვიდის პოვნა, ეს ოქსბრიჯის მიდამოებია, ოქტომბრის ნათელ დღეებში. დავდიოდი ასე, უნივერსიტეტის შენობებს შორის, უძველეს დარბაზებში და აწმყო, თავისი ყველა ტკივილით, მცილდებოდა. სხეული თითქოს რაღაც სასწაულებრივ, ბგერაშეუღწეველ მინის ჭურჭელში მომითავსდა, და გონებამაც ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ფაქტებთან (თუკი, რა თქმა უნდა, შემთხვევით ისევ მთავარ ბილიკზე არ გადავუხვევდი), ათასგვარ მედიტაციაში წავედი. უნებურად, ერთი ძველი თხზულება გამახსენდა, ხანგრძლივი შვებულებით ოქსბრიჯში დაბრუნებული ჩარლზ ლამბის ნაშრომი - წმინდანი ჩარლზის, როგორც მას თეკერეიმ უწოდა. ყველა გარდაცვლილს შორის (ვცდილობ ჩემი ფიქრები ისე მოგაწოდოთ, როგორც თავად მებადებოდნენ), ლამბი ყველაზე უფრო ხალასი ნიჭის პატრონია; საოცარია, როგორ შეეძლო ასე წერა. მისი თხზულებები მაქს ბირბომის ნაწერებზეც უფრო სრულყოფილია ფანტაზიის იმ უწყვეტი ნაკადით, ნიჭის იმ ნაღვერდლებით, ამ თხზულებებს აქა-იქ ამოშანთულს და ფორმიდან ამოვარდნილს რომ ხდის, მაგრამ სამაგიეროდ პოეზიით ავსებს. ლამბი თითქმის ასი წლის წინათ ესტუმრა ოქსბრიჯს და ამ სტუმრობისას თხზულებაც დაწერა (სახელი ახლა აღარ მახსენდება) მილტონის ერთ-ერთი ლექსის ხელნაწერის შესახებ, რომელიც აქ ნახა. მგონი ეს „ლიციდასი“ იყო. როგორც ლამბი წერდა, ძრწოლას გვრიდა ის აზრი, რომ „ლიციდასში“ შესაძლებელი იყო თუნდაც ერთი სიტყვის შეცვლა. იმის წარმოდგენაც კი, რომ მილტონი ლექსში სიტყვებს ცვლიდა, ლამბისთვის რაღაც მკრეხელური ქმედებას ჰგავდა. გონებაში „ლიციდასის» ტექსტი ამომიტივტივდა და ვცადე გამომეცნო, რომელი სიტყვები შეეძლო ჩაესწორებინა მილტონს და რატომ. მერე გამახსენდა, რომ სწორედ ეს ხელნაწერი, რომლის შესახებაც ლამბი წერდა, ჩემგან მხოლოდ რამდენიმე ასეული იარდის მოშორებით ინახებოდა. შემეძლო ლამბის ნატერფალს მივყოლოდი და მოედნის გადასწვრივ იმ ცნობილ ბიბლიოთეკას მივდგომოდი, რომელშიც ეს საუნჯე ინახება. უფრო მეტიც, როცა ამ გეგმის განსახორციელებლად უკვე ბიბლიოთეკისაკენ მივეშურებოდი, გამახსენდა, რომ სწორედ ამ ცნობილ ბიბლიოთეკაში ინახება თეკერეის „ესმონდის“ ხელნაწერიც. კრიტიკოსები «ესმონდს» ხშირად თეკერეის ყველაზე უფრო სრულყოფილ რომანად მიიჩნევენ. მაგრამ სტილის მანერულობა, მეთვრამეტე საუკუნისეული იმიტაციებით, ჩემი აზრით, რომანის სისუსტეა; თუკი ზოგადად, მეთვრამეტე საუკუნის სტილი თეკერეისათვის ბუნებრივი არ არის. ამის გარკვევა ხელნაწერის ნახვითაც შეიძლება. საინტერესო იქნებოდა დაკვირვება და იმის გარკვევა, თეკერეის ცვლილებები თავის რომანში სტილის გამო უფრო შეჰქონდა, თუ აზრის გამო. მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, ზუსტად რას ვუწოდებთ აზრს და რას ვუწოდებთ სტილს. ამ კითხვას ვუსვამდი საკუთარ თავს, როდესაც უკვე ბიბლიოთეკის კარიბჭესთან აღმოვჩნდი. კარის გამოღებას ვაპირებდი, მაგრამ მომენტალურად, მოდარაჯე მთავარანგელოზივით, ოღონდ თეთრი ფრთების მაგიერ შავი მოსასხამის შრიალით, თმაშევერცხლილი, კეთილსახიანი მოხუცი გადამეღობა. დარაჯმა შეწუხებული, დაბალი ხმით ამიხსნა, რომ ქალბატონები ბიბლიოთეკაში მხოლოდ უნივერსიტეტის თანამშრომლის თანხლებით, ან სათანადო რეკომენდაციის წერილით დაიშვებიან.
ცნობილ ბიბლიოთეკას ალბათ სულ არ ანაღვლებს რა წყევლა-კრულვა მიუძღვნა მას ვიღაც ქალმა. ყოვლად პატივცემული და დინჯი, მკერდში საიმედოდ გამოკეტილი თავისი საგანძურით უშფოთველ ძილს მისცემოდა და ვგონებ ასეც იძინებს მარადიულად. არასოდეს წამოვშლი მასში წარსულის ექოებს, აღარასოდეს ვთხოვ მასპინძლობას - მტკიცედ გადავწყვიტე, ვიდრე გაბრაზებული ვეშვებოდი კიბეზე. შუადღის სადილამდე კიდევ ერთი საათი იყო დარჩენილი. რა უნდა მეკეთებინა? მდელოზე მესეირნა? მდინარის ნაპირს დავბრუნებოდი? ნამდვილად ულამაზესი შემოდგომის დილა იყო; ფოთოლცვენა მიწას აწითლებდა. შემეძლო უბრალოდ, მევლო და ბუნებით დავმტკბარიყავი. ამ დროს მუსიკის ხმაც მოწვდა სმენას. რაღაცას ზეიმობდნენ. სამლოცველოს რომ მივუახლოვდი, ორღანმა მთელი გულით ამოიკვნესა. ამ მშვიდ ჰაერში ქრისტიანული სევდაც კი მელანქოლიურ მოგონებას უფრო ჰგავდა, ვიდრე თვითონ სევდას. ბებერი ორღანის ოხვრაც კი როგორღაც მშვიდად გაისმოდა. უფლება რომც მქონდა, ტაძარში შესვლის სურვილი არ გამჩენია. ამჯერად ალბათ მნათე შემაჩერებდა და ჩემი ნათლობის მოწმობას მომთხოვდა, ან დიაკვნის მიერ დაწერილ რეკომენდაციას. საბედნიეროდ, ეს დიდებული შენობები ხშირად გარედანაც ისევე ლამაზია, როგორც შიგნით. ტაძრის კართან, თითქოს სკის პირთან, ფუტკარივით მოფუსფუსე მრველს შევცქეროდი: ერთმანეთის მსგავსი ქუდები ეხურათ და გრძელი მანტიები ემოსათ, ზოგს მხრებზე ბეწვიც შემოედო, ზოგი ბორბლებიანი სავარძლით მოჰყავდათ; ზოგი, თუმცა შუახანს არ იყო გადაცილებული, წელში ისე მოხრილიყო, რომ შორიდან გიგანტურ კიბორჩხალას მიუგავდა სილუეტი, - აკვარიუმის ფსკერზე, ქვიშაში ძლივ-ძლივობით რომ მიბობღავს. კედელს მიყრდნობილი გავყურებდი და ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტი მართლაც რაღაც წმიდათწმიდა სავანეა, რომელიც ხშირად ისეთ ადამიანებს იფარებს, დიდი ქალაქების ასფალტიან აურზაურში გადარჩენა რომ არ ეწერათ. ძველი ხუმრობები გამახსენდა მოხუცი დიაკვნებისა და პროფესორების შესახებ. ლამის იყო, დავუსტვინე კიდეც (ნათქვამია, რომ სტვენის ხმაზე მოხუცი პროფესორები თავქუდმოგლეჯილები გარბიან); მაგრამ საბედნიეროდ მთელი ეს პატივცემული მრევლი უკვე ტაძარში შესულიყო. მე კი მხოლოდ შენობის ფასადი დამრჩა. არ ვიცი, შეგიმჩნევით თუ არა, რომ ტაძრების მაღალი გუმბათები და წვეტიანი თაღები ქვემოდან იმ გემის იალქნებს გავს, რომელიც მუდამ ვოიაჟშია და ნაპირს არასოდეს უახლოვდება, რომელიც ღამითაც ანათებს და შორი მანძილიდან, მთების გადასწვრივაც კი ხილულია. დიდი ხნის წინათ, ალბათ, ჭაობი ფარავდა ამ გლუვი მოედნების, მასიური შენობებისა და თავად ამ ტაძრის ადგილს; მაღალი ბალახი ირწეოდა და ღორები ჩიჩქნიდნენ მიწას. წარმოვიდგინე, ქვებით სავსე ურიკებს როგორ მოათრევდნენ ცხენები და საქონელი შორეული სოფლებიდან; მხოლოდ ხანგრძლივი შრომის შედეგად დალაგდა ერთმანეთზე ასე მყარად ნაცრისფერი ლოდები, რომლების ჩრდილშიც ვიდექი ახლა; მხატვრები ფერად სარკმლებს ჭრიდნენ და აჩუქრურთმებდნენ, ქვისმთლელებს საუკუნეების მანძილზე აჰქონდათ სახურავებზე ფილა და ცემენტი. ხოლო ყოველ შაბათდღეს ვიღაცას უნდა ჩაეწკრიალებინა ოქრო და ვერცხლი ტყავის საფულიდან ხელოსნების კოჟრიან პეშვებში, რომ შრომით დაღლილებს საღამოობით ლუდი ესვათ და კეგლი ეთამაშათ. წარმოვიდგინე, როგორ მოედინებოდა ოქრო-ვერცხლის დაუსრულებელი ნაკადი ამ დარბაზებისაკენ, რომ ახალი ქვები მოზიდულიყო და ქვის მთლელებსაც ემუშავათ, გაეზომათ, გაეთხარათ, მიწაში არხები ჩაეყარათ, ჭაობი ამოეშროთ. მაშინ რწმენის ეპოქა იყო და ფული გულუხვად მორაკრაკებდა, რომ ეს ლოდები ღრმა საძირკველში ჩაეწყო; ხოლო როდესაც კედლები ჭერამდე აღიმართა, მეფეების, დედოფლებისა და დიდებულების საჭურჭლეებიდან კიდევ უფრო მეტი ოქრო-ვერცხლის ნაკადი წამოვიდა, რომ ამ კედლებში ჰიმნები ემღერათ და სწავლულები გაეზარდათ. უნივერსიტეტი მიწებსაც იღებდა საჩუქრად და ამ მიწების შემოსავალიც მისი იყო. ოქრო-ვერცხლის დინება მაშინაც არ შეწყვეტილა, როდესაც რწმენის ეპოქა დასრულდა და გონების ეპოქა დაიწყო. აკადემიური საზოგადოებები იქმნებოდა, პროგრამები ფინანსდებოდა, ოღონდ ახლა ეს ოქრო და ვერცხლი მეფის ხაზინის ნაცვლად ვაჭრებისა და მეწარმეების სკივრებიდან მოედინებოდა, - იმ კაცების საფულეებიდან, ვინც ასე ვთქვათ, წარმოებით გამდიდრდა. ამ ახალ მდიდრებს თავიანთი ანდერძებით გულუხვი წვლილი შექონდათ ახალი კათედრების გახსნასა და სალექციო კურსების დაფინანსებაში იმ უნივერსიტეტისათვის, სადაც თავადაც დაეუფლნენ ამა თუ იმ საქმეს. თანდათან გაიხსნა ბიბლიოთეკები და ლაბორატორიები, შეიქმნა ობსერვატორიები და ეს ყველაფერი საუცხოოდაც აღიჭურვა. ძვირფასი და დახვეწილი ინტსრუმენტები ჩამომწკრივდა მინის თაროებზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც საუკუნეების წინ ბალახი ირწეოდა და ღორები თხრიდნენ მიწას. ვიდექი ეზოში და იმაზე ვფიქრობდი, თუ რამსიღრმე საძირკველი ჰქონდა ამ ყველაფერს - ოქრო-ვერცხლით ამოვსებული. ასფალტი მყარად ედო ველურ ბალახს. თავებზე ლანგარშემოდგმული ადამიანები საქმიანად ადი-ჩადიოდნენ კიბეებზე. ფანჯრის რაფებზე ათასფერი ყვავილები გამოდგმულიყო, ოთახების კედლებიდან გრამოფონის ომახიანი ბგერები აღწევდა. აქ ფიქრი გამიწყდა. საათმა ჩამოკრა. დრო იყო, შუადღის სადილისაკენ ამეღო გეზი.
მწერლებს ერთი უცნაური თვისება აქვთ - წვეულებებს ყოველთვის ისე აღწერენ, როგორც გონებამახვილური დიალოგებითა და საინტერესო მოვლენებით სავსე ღირსშესანიშნავ მოვლენებს. მაგრამ თითქმის არასოდეს ხარჯავენ სიტყვებს იმაზე, თუ რა კერძები იყო მირთმეული სადილზე. მწერლების ზოგადი ჩვეულებაა არ მოიხსენიონ წვნიანი, თართი ან იხვის ხორცი, თითქოს ისინი საერთოდ უმნიშვნელოა, ისევე როგორც სიგარის მოწევა და ღვინის სმა. ჩემს მონათხრობში ამ ჩვეულებას დავარღვევ და გიამბობთ, რომ ეს სადილი ღრმა თეფშებში ჩალაგებული თევზის მორთმევით დაიწყო, რომელზეც კოლეჯის მზარეულს ზიგზაგად მოესხა ყავისფერლაქებიანი თეთრი კრემი. ამას ფრინველის ხორცი მოჰყვა თანმხლები სოუსებითა და სალათებით, ცხარე და ტკბილი საწებლებით, მონეტებივით მრგვალად დათლილი კარტოფილით, ვარდის კოკრებივით ჩაწყობილი ბრიუსელის კომბოსტოთი. ამ შემწვარ-მოხარშულის შემდეგ კი სათითაოდ ჩამოგვირიგეს ხელსახოცებზე დალაგებული საუცხოო ტკბილეული, რომლის ბრინჯთან და ფქვილთან ასოცირება და პუდინგად შერაცხვა ჩემგან ნამდვილი შეურაცხყოფა იქნებოდა. ამასობაში ქარვისფრად და ლალისფრად ან- თებული ღვინის ჭიქებიც იცლებოდა და ივსებოდა. და მუხტი, ბაგეზე რომ გადადის ჯადოსნური სითხიდან, ბაგიდან ორგანიზმის სიღრმეში ჩასრიალდა, ხერხემალს გაყვა, თვალებში აგვიციმციმდა, საუბარი დაგვაწყებინა. ეს ის სიტუაციაა, როცა არავის არსად ეჩქარება. არავინ თვალთმაქცობს. ყველა შესანიშნავი სადილით ტკბება ვან დეიკის ღვთაებრივი ნახატის ფონზე. მარტივად რომ ვთქვათ, ცხოვრება მშვენიერია, ნამდვილი დღესასწაული, მისი ყველა სიავე ისეთი უმნიშვნელოა მისი სიკეთის ფონზე... მეგობრებს გვჩუქნის, სასიამოვნო საზოგადოებას, ძვირფას სიგარას გვინთებს... სარკმელთან გადავინაცვლე, რბილ სავარძელში.
ყველაფერი ოდნავ სხვანაირად რომ ყოფილიყო და ბედნიერი შემთხვევის წყალობით საფერფლე მქონოდა ხელთ, სარკმლიდან უტიფრად არ გადავფერფლავდი სიგარეტს და მოედანზე ვერც უკუდო კატას მოვკრავდი თვალს. ისეთი უცაბედი იყო ამ დასახიჩრებული ცხოველის დანახვა, რომ წუთის წინანდელი განწყობა მთელი თავისი სიმშვიდითა და კომფორტით უცებვე გაქრა. თითქოს ჩრდილი დაეცა ყველაფერს. შეიძლება, ამ დროისთვის ღვინომაც დაკარგა ძარღვებში თავისი სასწაულქმედება. გავყურებდი შუა მოედანზე გაყურსულ კატას, რომელიც თითქოს თავადაც სამყაროს სრულყოფილებაში დაეჭვებულიყო, და ვგრძნობდი, რომ აშკარად, რაღაც აკლდა ამ ყველაფერს. მაგრამ რა? ეს კითხვა ამეკვიატა სტუმრების საუბრის ფონზე. და ამ კითხვისათვის პასუხის გასაცემად აწმყოს ამ ოთახიდან წარსულისაკენ ავიღე გეზი. წარმოვიდგინე ომის წინა პერიოდი; სწორედ ასეთივე სადილის სცენა - სადმე, მახლობელ ოთახში; თითქმის იდენტური ატმოსფერო: სტუმრები საუბრით იყვნენ გართულნი. უმრავლესობა ახალგაზრდა იყო, ქალებიც და მამაკაცებიც. სასიამოვნო, მხიარული თემები აერჩიათ. როდესაც აწმყოს სურათი წარსულის წარმოსახულ სურათს შევადარე, თითქოს განსხვავება ვერ ვიპოვე. არაფერი შეცვლილა. სულ არაფერი, გარდა იმისა, რომ წარსულის იმ სცენაზე ხმამაღალი საუბრის მიღმა თითქოს უნებური ღიღინიც ჩამესმა. და განსხვავებაც სწორედ ეს იყო. ომამდე სადილისას ადამიანები იგივე თემებზე და იგივენაირად საუბრობდნენ, მაგრამ მაშინ ყველაფერი სხვაგვარად გაისმოდა, რადგან ამ საუბრებს ფონად გასდევდა რაღაც ლამაზი, გამოუთქმელი ღელვა და ფორიაქი, ყველა სიტყვას რომ მნიშვნელობას უცვლიდა. თვითონ იმ ფორიაქის სიტყვებად ქცევა თუ იყო შესაძლებელი? ალბათ, იყო კიდეც, პოეტების დახმარებით... იქვე წიგნი შევნიშნე და გადავშალე. ფურცლებმა ტენისონთან მიმიყვანეს. და აი, ტენისონი მღეროდა:
„ჩამოსცვივდა ნამის ცრემლი
ბაღში პეონს, მოელვარეს,
ჩემს სამოთხის ფრინველს ველი,
ჩემი სატრფო მოვა მალე.
წითელ ვარდებს ვუსმენ: «მოვა»,
თეთრი კი დუმს მოშორებით,
მოლოდინში ჩამოთოვა
სიომ ბაღის შროშანები.“
იქნებ ეს იყო, რასაც მამაკაცები ღიღინებდნენ ომამდე, წვეულებებზე? და ქალებიც პასუხობდნენ:
„ჩემი გული მომღერალი ჩიტია
წყაროს რაკრაკს რომ აუწყო ნოტები,
ჩემი გული ვაშლის ხეა გაშლილი,
ალისფერად დახუნძლული ტოტებით,
ჩემი გული ნიჟარაა ცხრაფერი,
ზღვის ფსკერზეც რომ ცისარტყელა გარია;
ჩემი გული მათზეც უფრო ლაღია,
რადგან სატრფოს ჩემსკენ მოუხარია.“
ახლა ისეთი სასაცილო ჩანდა იმის წარმოდგენა, რომ ხალხი თუნდაც უჩუმრად ღიღინებდა ასეთ სტრიქონებს ომამდე, წვეულებებზე, რომ სიცილი ამიტყდა. და მომიწია ჩემი სიცილის მიზეზად მეგობრებისათვის უკუდო კატისაკენ მიმენიშნებინა. საბრალო ცხოველი ასე უკუდოდ, მოედნის შუაგულში ისეთი აბსურდული ჩანდა. იქნებ ასეთი დაიბადა? ან იქნებ რაიმე უბედური შემთხვევის გამო დაკარგა კუდი? ამბობენ, რომ მენის კუნძულზე უკუდო კატები არსებობენ კიდეც, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ჩვეულებრივ, მათ ზრც თუ იოლად გადაეყრებით. უცნაური ცხოველია, ლამაზი არ ეთქმის, მაგრამ მაინც მიმზიდველია. საოცარია, როგორ განსხვავებას ქმნის უბრალო კუდი - ეს ფრაზა წვეულების უცაბედ დასასრულადაც გამოდგებოდა. მასპინძლის სტუმართმოყვარეობის წყალობით წვეულებამ გვიანობამდე გასტანა.
ოქტომბრის მშვენიერი დღე იწურებოდა.პროსპექტზე, შუაგულ ფოთოლცვენაში მივაბიჯებდი. ჩემს უკან ყრუ ხმაურით კეტავდნენ კარიბჭეებს. უთვალავი დარაჯიუთვალავ გასაღებს ატრიალებდა კარგად დაზეთილ საკეტებში; ამ ღამითაც საგულდაგულოდ ინახებოდა უნივერსიტეტის საგანძური. პროსპექტიდან აქ გზატკეცილზე გადიხარ, რომლის სახელიც აღარ მახსოვს, და რომელსაც, თუკი სწორ მხარეს შეუხვევ, ფერნჰემთან მიჰყავხარ. მაგრამ ჯერ კიდევ ადრე იყო. ვახშამი მხოლოდ რვის ნახევარზე დაიწყებოდა. ასეთი სადილის შემდეგ კი საერთოდ ვახშმის გარეშეც შემეძლო ყოფნა. საოცარია, ლექსის სტრიქონი როგორ შეიძლება დატრიალდეს გონებაში და გზაზე თავის მელოდიასთან აგაწყობინოს ფეხი. ის სიტყვები -
„ჩამოსცვივდა ნამის ცრემლი
ბაღში პეონს, მოელვარეს,
ჩემს სამოთხის ფრინველს ველი...“
თითქოს პირდაპირ, ჩემს ძარღვებში გაისმოდა, ვიდრე სწრაფი ნაბიჯით მივეშურებოდი ჰედინგლისაკენ. და მერე, ისე უცებ, მდინარე რომ იცვლის ტემპს შესართავთან, სხვა მეტრით დავიწყე ღიღინი:
„ჩემი გული მომღერალი ჩიტია
წყაროს რაკრაკს რომ აუწყო ნოტები,
ჩემი გული ვაშლის ხეა გაშლილი...“
„მაინც, რა პოეტები იყვნენ!“ - როგორც ძველ წიგნებში, ხმამაღლა წამომცდა ჩამავალი მზის ფონზე. მართლაც, რა პოეტები იყვნენ!
მგონი რაღაც შურისმაგვარიც კი ვიგრძენი ჩვენი ეპოქის პოზიციიდან და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შედარებები ყოველთვის სისულელეა, შევეცადე გამეხსენებინა თუნდაც ორი თანამედროვე პოეტი, რომელიც ისეთივე უბადლო იქნებოდა, როგორებიც ტენისონი და ქრისტინა როზეტი იყვნენ თავის დროზე. რა თქმა უნდა, მათთან ვინმეს შედარება შეუძლებელია.
მიზეზი, რის გამოც იმ ძველ პოეზიას ასეთ თავდავიწყებამდე, ასეთ აღტაცებამდე მიჰყავს მკითხველი, ისაა, რომ მასში ზუსტადაა ასახული ის გრძნობები, რომელიც იმ პერიოდის ადამიანებში ცოცცხლობდა (თუნდაც ომამდელ წვეულებებზე). ამიტომ, მსმენელისათვის ეს სტრიქონები ახლობელია, ბუნებრივი და არანაირ დაეჭვებას არ ბადებს ავტორის გრძნობებში.
შესაბამისად, მკითხველი არც უადგილო შედარებებს დაეძებს. ხოლო თანამედროვე პოეტები ისეთ გრძნობებს უმღერიან, რომლებიც აშკარად შეთხზულია, გულებიდან სახელდახელოდ გამოწურული. ეს გრძნობები იშვიათად თუა მკითხველისთვის ბუნებრივი და ნაცნობი, ჩვენგან კირკიტს საჭიროებს და შესაბამისად, ეჭვიან შედარებებსაც იწვევს საკუთარ გრძნობებთან. აი, ამაშია თანამედროვე პოეზიის სირთულე; და სწორედ ამ სირთულის გამოა, რომ თავისდაუნებურად იშვიათად თუ ამოგვიტივტივდება თავში თანამედროვე პოეზიის თუნდაც ორი სტრიქონი. მივეშურებოდი ჰედინგლისაკენ და მთელს გზაზე ამ შეკითხვას ვუსვამდი ჩემს თავს - მაინც რატომ შევწყვიტეთ სუნთქვაშეკრული ჩურჩული წვეულებებზე? რატომ დადუმდა ალფრედი:
„ჩემს სამოთხის ფრინველს ველი.“
რატომ დატოვა ქრისტინამ უპასუხოდ:
„ჩემი გული მათზე უფრო ლაღია,
რადგან სატრფოს ჩემსკენ მოუხარია.“
ამაში ომი უნდა დავადანაშაულოთ? როდესაც 1914 წელს თოფები გავარდა, ნუთუ ქალებისა და მამაკაცების სახეები ერთმანეთის თვალში უცაბედად ისეთი უბრალო გამოჩნდა, რომ რომანტიკა ჩაკვდა? ეს უთუოდ იყო შოკი (განსაკუთრებით ქალებისათვის, რომლებსაც ილუზია გაუჩნდათ განათლებასთან დაკავშირებით და ა.შ.) ჩვენი მმართველების სახეები ცეცხლის ფონზე სულ სხვანაირად გამოიკვეთა. ყველანი - გერმანელები, ინგლისელები, ფრანგები - ისეთი უშნოები, ისეთი ბრიყვები ჩანდნენ. ახლა, რა თქმა უნდა, იოლია ნებისმიერი დავადანაშაულოთ მომხდარში, ერთი კი ფაქტია - ილუზია რომელიც შთააგონებდა ტენისონს და ქრისტინა როზეტის ასეთი ვნებით ემღერათ სატრფოების მოლოდინზე, ახლა გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე მაშინ. ამის დანახვა ძნელი არაა თუკი კითხულობ, აკვირდები, უსმენ და გახსოვს. მაგრამ რატომ „ვადანაშაულებთ“ მაშინ რაიმეს? თუკი ეს მხოლოდ ილუზია იყო, პირიქით, რატომ ხოტბას არ შევასხამთ იმ რაღაც კატასტროფას (როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის), რომელმაც გაანადგურა ეს ილუზია და სიმართლეს თავისი ადგილი მიუჩინა? რაც შეეხება სიმართლეს... ეს სამწერტილი იმ ადგილის აღმნიშვნელია, სადაც სიმართლის ძიებაში ფერნჰემის გადასახვევი გამომრჩა. მართლაცდა, რა არის სიმართლე და რა არის ილუზია? - ახლა ეს ვკითხე საკუთარ თავს. რა იყო სიმართლე მაგალითად, ამ სახლების შესახებ, ალისფერი სარკმლები საზეიმოდ რომ უციმციმებდათ ბინდში, მაგრამ დილის ცხრა საათზე საღებავგაცლილები, მობრეცილი კიბეებით, ჭუჭყიანები და დაბლები ჩანდნენ? ან ტირიფები, მდინარე და მდინარის გასწვრივ გაშენებული, ნისლქვეშ გაუჩინარებული ბაღები როდის იყო უფრო ნამდვილი - ახლა თუ მზის შუქზე, როცა წითლად ელავდნენ? სად იყო სიმართლე და სად ილუზია? ვერავითარი პასუხი ვერ გავეცი საკუთარ შეკითხვებს, რომლებიც უშედეგოდ წრიალებდნენ თავში ჰედინგლისაკენ მიმავალ მთელს გზაზე. ფერნჰემს კარგა მანძილზე ვიყავი დაშორებული, როცა აღმოვაჩინე, რომ საჭირო მოსახვევს გავცდი და უკან დაბრუნება დამჭირდა.
როგორც უკვე გითხარით, ოქტომბრის დღე იყო. თქვენი, ანუ მსმენელის ნდობით ვცდილობ ბოროტად არ ვისარგებლო და რიგ დეტალებს ჩემს ნაამბობში უცვლელად ვტოვებ. არ გიხატავთ ბაღის კედლებზე აცოცებული იასამნებით, შროშანებით, ტიტებითა და გაზაფხულის სხვა ყვავილებით მორთულ პეიზაჟს. მხატვრული ლიტერატურაც კი, შესაძლებლობის ფარგლებში, ფაქტებს უნდა დაეყრდნოს, და რაც უფრო ზუსტია ფაქტები, მით უკეთესია მათზე შექმნილი თხზულებებიც - ჩვენ ხომ ასე გვასწავლეს. ამიტომაც, ჩემს ნაამბობში გაზაფხულის ნაცვლად ნამდვილ შემოდგომას გთავაზობთ, თავისი გადაყვითლებული ფოთლებით. უკვე რვის ოცდასამი წუთი იყო და რადგან სამხრეთდასავლეთის ქარი გაძლიერდა, ფოთოლცვენამ იმატა. თითქოს ჩვეულებრივი ოქტომბრის სურათია, მაგრამ ამ ჩვეულებრივი ფონის მიღმა რაღაც უცნაური ხდებოდა:
„ჩემი გული მომღერალი ჩიტია
წყაროს რაკრაკს რომ აუწყო ნოტები,
ჩემი გული ვაშლის ხეა გაშლილი,
ალისფერად დახუნძლული ტოტებით“ -
იქნებ ნაწილობრივ ქრისტინა როზეტის სტრიქონები უნდა დავადანაშაულო ჩემი წარმოსახვის სიბეცეში - ეს ხომ, რა თქმა უნდა, სხვა არაფერი იყო, თუ არა წარმოსახვა: იასამნების მტევნები ეხლებოდა ბაღის კედლებს, გარშემო ფერფლისფერი პეპლები დაფარფატებდნენ და ბუტკოების მტვერი ტრიალებდა. ქარმა დაქროლა და ნახევრად დაფშხვნილი ფოთლები ისე წამოხვეტა, რომ ჰაერმა მოვერცხლისფრო-მონაცრისფროდ იელვა. საღამოს ის დრო იყო, როცა ბუნების ფერები ძლიერდება, გარდატეხას იწყებს და სარკმლის ჩარჩოებზე ოქროსფერი ათინათები ჩნდება, სულ უფრო სწრაფად მოთამაშე, როგორც ღელვისას გულისცემა; როცა სამყარო წუთიერად მთლიანად იხსნის პირბადეს ულამაზესი სახიდან (აქ ბაღისკენ გადავუხვიე. რატომღაც კარი ღია დაეტოვებინათ და არც დარაჯი ჩანდა), და მერე უცებვე ქრება, იყუჩებს, ჩაიბრუნებს წკრიალა სიცილსაც, მოთქმის ზარსაც და ღამეში იკეტება. ჩემ წინაშე გაზაფხულის ბინდში გახვეული ფერნჰემის ბაღები გადაიშალა. მაღალ ბალახში მეჩხერად მიმოყრილი ნარცისები და შროშანების ზანზალაკები, კრიალა დღეებშიც რომ ირწევიან, ამ ქარში თითქოს ფესვებიანად ქანაობდნენ. შენობის სარკმლებს, წითელ აგურში ამოჭრილს, ლიმნისფერი და ვერცხლისფრი გადასდიოდათ გაზაფხულის ღრუბლების სწრაფი გადაცურვისას. ჰამაკში ვიღაც იწვა. ვიღაც. მაგრამ ამ შუქზე ყველაფერი ჩრდილს გავდა, ნახევრად რომ უნდა წარმოიდგინო და ნახევრად დაინახო. ფეხები ისევ ბალახს მიყვა - მათ შეჩერებას არც ვცდილვარ. და მერე, სახლის აივანზე გამოჩნდა ვიღაც. ალბათ, უბრალოდ, ჰაერის ჩასაყლაპად გამოვიდა. ბაღს გაყურებდა. მოხრილი სილუეტი ჰქონდა - დიდებული და სადა; ფართო შუბლი და გაცვეთილი კაბა შევნიშნე - ნუთუ ეს ის ცნობილი პროფესორი იყო, თავად ჯ. ჰ.? ბინდის თავსაფარი ვარსკვლავმა თუ მახვილმა ჩაჭრა - გაზაფხულის გულისგულიდან ისევ რეალობამ ამოხეთქა.
ჩემ წინ წვნიანი იდო. ვახშამი დიდ სასადილო ოთახში მოგვართვეს. აივანზე ხომ გაზაფხულის ნაცვლად ოქტომბრის გრილი საღამო იდგა. ამიტომ სტუმრებს დიდ სასადილო ოთახში შეგვიძღვნენ და ვახშამიც იქ მოგვართვეს. ჯერ წვინიანი მოიტანეს - ჩვეულებრივი სოუსი, ფანტაზიის ვერანაირ მინარევს რომ ვერ გაურევ. გამჭვირვალე სითხის მიღმა თეფშის ძირზე ნებისმიერი მქრალი ნახატის დანახვა იყო შესაძლებელი. მაგრამ თეფში მოუხატავი იყო. სადა თეფში. შემდეგ ხორცი მოგვართვეს, თანმხლები მწვანილეულით და კარტოფილით - ტრადიციული ტრიო, თვალწინ რომ დაგიხატავს დახლებთან გამოკიდულ საქონლის მჭლე ხორცს, ბოლოებში შემჭკნარ და გაყვითებულ მწვანილის კონებს, ორშაბათ დილას დაწნული კალათებით საყიდლებზე გამოსულ დიასახლისებს, დაფასებისა და ჩამოფასების ხელოვნებაში გაწაფულთ. ალბათ უფლება არ მაქვს ასეთ სარჩოს დავემდურო, რადგან ადამიანური არსებობისათვის ის ყოვლად საკმარისი ჩანს. მითუმეტეს, რომ მემაღაროელები გაცილებით ნაკლებ ულუფას სჯერდებიან. ხორცს ჭერამი და კრემი მოჰყვა. ვინმე გაიფიქრებს, რომ ჭერამი, კრემში დამბალიც კი, უგემური ბოსტნეულია (ხილი ნამდვილად არ ეთქმის), ზოგიერთი გულივით ხეშეში, ბლანტ წვენს რომ უშვებს, როგორიც სისხლია იმ ძუნწი კაცის ვენებში, საკუთარი თავისათვის ღვინოს და სითბოს რომ ვერ იმეტებდა ოთხმოცი წლის მანძილზე, არამც თუ ღარიბებისათვის გაეღო მოწყალება. მაგრამ ისეთი ტკბილი ადამიანებიც ხომ არსებობენ, ჭერამსაც რომ გემრიელად გეახლებიან. ორცხობილა და ყველიც მოგვიტანეს და ამის შემდეგ დაიწყო მაგიდაზე წყლით სავსე სურების გადაწოდება-გადმოწოდება, რადგან საერთოდ მშრალი ორცხობილ;ები იმ დღეს განსაკუთრებით მშრალი იყო. ვახშამი ამით დასრულდა. სკამები აჭრიალდა, კარმა წინ და უკან დაიწყო რახუნი, მალე დარბაზი დაცარიელდა და მომავალი დღის საუზმისათვის გამზადდა. ინგლისის ახალგაზრდობა ხმაურით მოედო დერეფანს და კიბეებს. სტუმარს, უცხოს (რადგან მე აქ, ფერნჰემში ისეთივე უცხო ვიყავი, როგორც ტრინიტიში, სამერვილში, გირტონში, ნიუნჰემში ან ქრაისთჩარჩში), ალბათ, შეეძლო, იოლად გაეკეთებინა დასკვნა „ვახშამი არც თუ ისე კარგი იყო“, ან ეთქვა (მე და მერი სეტონი სასტუმრო ოთახში გამოვედით): „სჯობდა აქ მარტო გვევახშმა“. მაგრამ გავიფიქრე, რომ ამის ხმამაღლა თქმა მასპინძლის მიმართ უხეშობა და საშინაო საქმეებში ცხვირის ჩაყოფა იქნებოდა.
არაფერი მითქვამს. დიალოგიც ზერელედ წარიმართა. ადამიანური ბუნება თანადროულად იტევს გულს, სხეულსა და ტვინს, ერთმანეთში არეულს და არა ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კომპონენტებად. ამიტომ, უნდა ვაღიაროთ, რომ კარგი ვახშამი კარგი საუბრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად აზროვნებასაც, კარგ ძილსაც - კარგი ვახშამი სჭირდება. ლაპარაკის საღერღელი ხორცით და ჭერმით ძნელად თუ იშლება. ჩვენ ყველანი, ალბათ, სამოთხეში მოვხვდებით და იმედია, ვან დეიკიც იქ შეგვეგებება, მაგრამ სამოთხეში ხორცის და ჭერმის ადგილს ჩემი წარმოსახვა ნამდვილად ვერ წვდება. საბედნიეროდ ჩემს მეგობარ პროფესორს, თავის კარადაში ნაკლული ბოთლი და პატარა ჭიქები აღმოაჩნდა. კოცონთან მოვკალათდით და ვახშმიდან გამოყოლილი უკმარისობის ნაწილობრივ შევსება დავიწყეთ. რამდენიმე წუთში ჩვენი ცნობისმოყვარეობის ყველა იმ კუთხე-კუნჭულს მივედ-მოვედეთ, რომლებსაც, ჩვეულებრივ, ცარიელს ვტოვებთ ამა თუ იმ ადამიანთან განშორების შემდეგ და მხოლოდ შეხვედრისას მივუბრუნდებით ხოლმე: ამ მთის და იმ ბარის ვთქვით, გავიხსენეთ, ვინ დაქორწინდა, ვინ ჯერ კიდევ არ გათხოვილა, ვის რა აზრი აქვს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ვინ გამოსწორების გზას დაადგა, ვისი ცხოვრება პირიქით, უკუღმა წავიდა - ვილაპარაკეთ ადამიანური ბუნების უცნაურობასა და მრავალფეროვნებაზე. და მაინც, ამ ყველაფერზე საუბრისას უნებურად საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ გონებაში ფიქრის სულ სხვა ნაკადები მიტრიალებდა. ესპანეთსა და პორტუგალიაზე ვლაპარაკობდით, წიგნებსა და დოღზე, მაგრამ მოცემულ მომენტში არც ერთი აღნიშნულთაგანი ნამდვილად არ მაინტერესებდა. ჩემი გონება ისევ ქვისმთლელებთან იყო, ზემოთ, ხუთი საუკუნის წინანდელი შენობების სახურავებზე. მეფეებსა და დიდებულებს ტომრებით მოჰქონდათ საგანძური და ამ მიწაში ცლიდნენ. გონებაში ძალიან ცხადად მიტრიალებდა ეს სცენა და პარალელურად მეორე - მჭლე ძროხები, ტალახიანი ბაზარი, ბოლოებშემჭკნარი მწვანილი და ძუნწი მოხუცის გულივით ხეშეში ჭერამი. ეს ორი სურათი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი და აბსურდული, დაუსრულებლად ენაცვლებოდა ერთმანეთს წარმოსახვაში და თავ-გზას მიბნევდა. საუკეთესო გა მოსავალი იქნებოდა, ეს ჩემი წარმოსახვა როგორმე გადმომეტანა საუბარში, რომ ისევე დაფშხვნილიყო ჰაერზე, როგორც გარდაცვლილი მეფის თავისქალა უინძორის სარკოფაგის გახსნისას. ამიტომ მის სეტონს ქვისმთლელებზე დავუწყე ლაპარაკი, წლების მანძილზე რომ აშენებდნენ სამრეკლოებს, და მეფეებზე, დედოფლებზე და დიდებულებზე, ოქრო-ვერცხლით სავსე ტომრები რომ მოჰქონდათ ამ მიწაში გაჭრილი საძირკვლების ამოსავსებად. შემდეგ ჩვენივე დროის მსხვილი ფინანსური მაგნატები გავიხსენე, რომლებსაც ჩეკები და თამასუქები მოჰქონდათ ოქროს ზოდების ნაცვლად. ეს ყველაფერი ცნობილი კოლეჯების საძირკველში დევს ახლა, - ვთქვი მე. მაგრამ რა დევს ამ კოლეჯის საძირკველში, რომელიც ჩვენი მასპინძელია? რა იმალება მისი წითელი აგურისა და გაუმარგლავი ბაღების ქვეშ? რა ძალები თვლემს მის სადა ფაიფურში, რომლიდანაც ვივახშმეთ და (აქ სიტყვებმა მანამდე ამომასწრეს პირიდან, ვიდრე შეჩერებას მოვახერხებდი) ხორცში და ჭერამში?
„მაშ კარგი,“- დაიწყო მერი სეტონმა, - „დაახლოებით 1860 წელს... მაგრამ თავადაც ხომ იცით ეს როგორც ხდება“, - (დეტალებზე ლაპარაკი მობეზრდა, მგონი) და ზოგადად მიამბო, რომ შენობები დაიქირავეს, კომიტეტები შედგა, დაიწყო მიმოწერა, კონცეპციებისა და გეგმების შემუშავება, შეკრებების ჩატარება, წერილების ხმამაღლა კითხვა: ეს და ეს ამ თანხას დაგვპირდა და პირიქით, მისტერ ესა და ეს ერთ პენისაც არ გაიღებს. „სეთერდეი რივიუ» ძალიან ცუდად გამოგვეხმაურა. როგორ უნდა მოვიძიოთ თანხები ოფისების შესანახად? ბაზრობა გავმართოთ? ვინმე ლამაზი გოგონა ხომ არ გვეპოვნა და დაგვესვა წინა რიგში? ვნახოთ, რა თქვა ჯონ სტიუარტ მილმა ამ საკითხთან დაკავშირებით. შეუძლია ვინმეს გამომცემლის დაყოლიება, რომ ეს წერილი გაზეთში განვათავსოთ?- აი, ალბათ ასე კეთდებოდა საქმეები სამოცი წლის წინ. ეს ყველაფერი გიგანტურ შრომას და დიდ დროს მოითხოვდა. და მხოლოდ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, უკიდურესი გაჭირვების გამოვლით მოახერხეს ერთბაშად ოცდაათი ათასი ფუნტის მიღება1. „ამიტომ, ცხადია, არ შეგვიძლია, საკუთარ თავს ღვინით ვასიამოვნოთ, ხოხბები მივირთვათ და თავზე ლანგარშემოდგმული მსახურები გვყავდეს. არ შეგვიძლია, რბილი სავარძლები შევიძინოთ და ცალ-ცალკე ოთახები მივცეთ კათედრის წევრებს“. „კომფორტს მოცდა მოუწევს2“ - რომელიღაც წიგნიდან ფრაზის ციტირებით დაასრულა მან.
იმის გააზრებამ, რომ იმ ქალებსაც კი, რომლებიც განუწყვეტლივ შრომობდნენ წლების განმავლობაში, ორი ათას ფუნტზე მეტის მოგროვება არ შეეძლოთ, არამც თუ ოცდაათი ათას ფუნტზე მეტის, საკუთარი სქესის სამარცხვინო სიღატაკეზე ჩაგვაფიქრა. რას აკეთებდნენ ჩვენი დედები მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ არანაირი ქონების დატოვება არ შეეძლოთ ჩვენთვის? ცხვირებზე ფერუმარილს იყრიდნენ? მაღაზიების ვიტრინებს ათვალიერებდნენ? მონტე კარლოს მზეზე დასეირნობდნენ? ბუხრის თავზე რამდენიმე ფოტო იდო. მერის დედა - თუკი ეს მისი ფოტო იყო - დროის უმეტეს ნაწილს ალბათ უსაქმოდ ატარებდა (მღვდელზე იყო გათხოვილი და ცამეტი შვილი ჰყავდა), მაგრამ თუკი ასე იყო, უნდა ავღნიშნოთ, რომ ბედნიერმა და უზრუნველმა ცხოვრებამ სიამოვნების ძალიან ცოტა ნაკვალევი დატუოვა სახეზე. ფოტოდან ტანმორჩილი, მოხუცი ქალი შემოგვყურებდა, კუბოკრული შალით, რომელზეც დიდი გულსაბნევი მოუჩანდა. დაწნულ სკამზე იჯდა და ცდილობდა, სპანიელის ყურადღება კამერისაკენ მიემართა. ხალისიანი, მაგრამ დაძაბული გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს შიშობდა, ძაღლი ზუსტად იმ მომენტში მიიხედავს, როცა ნათურა აინთებაო. წარმოვიდგინე, როგორ იქნებოდა ყველაფერი, ეს ქალი რომ საქმოსანი ყოფილიყო, ხელოვნური აბრეშუმის მწარმოებელი გამხდარიყო ან ბირჟის მაგნატი და ორასი ან სამასი ათასი ფუნტი დაეტოვებინა ფერნჰემისათვის. ამ საღამოს, ალბათ, ბევრად უკეთესად გავატარებდით და ჩვენი საუბრის თემაც სხვა რამე იქნებოდა - არქეოლოგია, ბოტანიკა, ანთროპოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, ასტრონომია, გეოგრაფია... თავის დროზე მისის სეტონს, დედამისს და ბებიას ფულის კეთების ხელოვნება რომ შეესწავლათ და ისევე დაეტოვებინათ თავიანთი ფული ჩვენთვის, როგორც მამები და პაპები უტოვებდნენ საკუთარი სქესის წარმომადგენლებს კა- თედრების გასახსნელად, საზოგადოებების დასაარსებლად და სტიპენდიების დასანიშნად; არა მხოლოდ რიგიანი სადილი გვექნებოდა ხოხბით და ღვინით, არამედ შევძლებდით რომელიმე ლიბერალურ პროფესიას დავუფლებოდით და ჩვენს ნებაზე, უზრუნველად გვეცხოვრა. მკვლევარები ვიქნებოდით ან მწერლები, ვიხეტიალებდით დედამიწის ღირსშესანიშნავ ადგილებში, სადმე, პართენონის კიბეებზე მივეცემოდით ფიქრს, ან დილის ათ საათზე წავიდოდით ხოლმე ოფისში და ხუთის ნახევარზე დავბრუნდებოდით შინ ლექსის საწერად. მაგრამ მისის სეტონი და მისნაირები თხუთმეტი წლის ასაკიდან საქმეში რომ ჩაბმულიყვნენ, მაშინ ხომ საერთოდ არ იარსებებდა მერი? - მთელს ჩემს მსჯელობას ეს არგუმენტი აქარწყლებდა. ფარდებს შორის ოქტომბრის ღამე კრთებოდა, მშვიდი და სასიამოვნო, ყვითელ ხეებში გაბმული ერთი-ორი ვარსკვლავით. ნუთუ მერის შეეძლო, უარი ეთქვა ამ საღამოზე, ისევე როგორც წარსულის მოგონებებზე, (მათი ოჯახი დიდი და ბედნიერი იყო) თამაშებზე და ბავშვურ კინკლაობაზე შოტლანდიაში, რომლის ქებაც არასოდეს სწყინდება სუფთა ჰაერის და გემრიელი ნამცხვრების გამო. ნუთუ ამ ყველაფერს გაცვლიდა იმაზე, რომ ფერნჰემს ორმოცდაათი ათასი ან მეტი ფუნტი მიეღო კალმის ერთი მოსმით? ქალთა კოლეჯების უზრუნველყოფა თანადროულად ოჯახების შეკვეცასაც გულისხმობდა. ქონების მოგროვება და ამავე დროს ცამეტი შვილის აღზრდა ადამიანის ძალებს აღემატება. გამოთვლა დავიწყეთ. ჯერ, ბავშვის დაბადებამდე, მისი მუცლით ტარების ცხრა თვეა. შემდეგ სამი-ოთხი თვე ჩვილის რძით კვებას სჭირდება. ამის შემდეგ ხუთი წელი ბავშვის თამაშ-თამაშით აღზრდას უნდა დაუთმო. ბავშვს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ქუჩას ვერ მიანდობ. ვისაც რუსეთში, ქუჩაში ველურებივით მაწანწალა ბავშვები უნახავს, ამბობენ რომ დიდი ვერაფერი სახარბიელო
სურათია. ხალხი იმასაც ამბობს, რომ ადამიანის ბუნება ძირითადად ერთიდან ხუთ წლამდე ყალიბდება. მისის სეტონი რომ ფულის კეთებით ყოფილიყო დაკავებული, ბავშვობის რა მოგონებები შემოგრჩებოდა? ასე ძალიან გეყვარებოდა შოტლანდია, მისი ბუნება და გემრიელი ნამცხვრები? - მერის ვკითხე. თუმცა, ასეთი შეკითხვების დასმა უაზრობაა, რადგან მაშინ საერთოდ არ დაიბადებოდი. იმაზე ფიქრიც სისულელეა, თუ რა მოხდებოდა, მისის სეტონს, დედამისს და უფრო შორეულ წინაპრებს რომ დაეგროვებინათ დიდი ქონება. ქალთა კოლეჯისა და ბიბლიოთეკის საფუძველში მაინც ვერ ჩადებდნენ ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მათთვის ამდენი ფულის შოვნა შეუძლებელი იყო და მეორეც, შესაძლებელიც რომ ყოფილიყო, კანონი ქალებს უფლებას არ აძლევდა, ყოფილიყვნენ თუნდაც საკუთარი შრომის შედეგად ნაშოვნი ფულის პატრონები. საუკუნეების განმავლობაში, და ჯერ კიდევ ორმოცდარვა წლის წინათ, ყველაფერი ქმრის საკუთრებად ითვლებოდა. ეს კანონი, თავის მხრივ, საფუძველი იყო იმის, რომ მისის სეტონი და მისი წინაპარი ქალები ბირჟისაგან შორს დაეტოვებინათ. გასაგებია, რასაც ფიქრობდნენ ქალები - თითოეულ პენის, რომელსაც გამოვიმუშავებ, ჩემი ქმარი წაიღებს და საკუთარი სურვილისამებრ განკარგავს, თავად გადაწყვეტს, სად რა სტიპენდიები და საზოგადოებები დააარსოს. ამიტომ, ფულის შოვნა, რომც შემეძლოს, არ შედის ჩემს დიდ ინტერესში. უკეთესია, თუ ამ საქმეს მთლიანად ქმარს მივანდობო.
ახლა ძნელია იმაზე ლაპარაკი, იყო თუ არა მოხუცი ქალბატონი, რომელიც სპანიელს შეჰყურებდა, რაიმეში დამნაშავე. ფაქტი ისაა, რომ ამა თუ იმ მიზეზთა გამო, ჩვენმა დედებმა ძალიან ცუდად გაართვეს თავი საკუთარ ცხოვრებას. დღეს ამის გამო იძულებულები ვიყავით „კომფორტისათვის“ ერთი პენიც არ დაგვეხარჯა. საკუთარ თავს ვერ მივცემდით უფლებას, გვქონოდა ხოხობი და ღვინო, სიგარები, საპატიო ბილიკები, ბიბლიოთეკები. ცარიელი მიწიდან ცარიელი კედლების ამოშენება იყო ყველაზე მეტი, რაც შეგვეძლო.
საუბარს სარკმელთან განვაგრძობდით. გადავყურებდით ჩვენს ქვემოთ გაშლილი ქალაქის სასახლეებსა და კოშკებს შემოდგომის მთვარიან ღამეში. ძველისძველი ქვები ქათქათებდნენ. გონება კვლავ წიგნების საუნჯეს გადასწვდა, ამ კედლებში რომ ინახებოდა; დიდგვაროვნების პორტრეტებს, ფართო დარბაზებში რომ გამოეკიდათ, მოხატულ სარკმლებს, იატაკზე უცნაურ რკალებსა და ნახევარმთვარეებს რომ აჩენდა, მემორიალურ დაფებსა და მათზე ამოკვეთილ წარწერებს, შადრევნებსა და ბალახს, ცარიელი ეზოებისკენ გამავალ წყნარ ოთახებს. და (მომიტევეთ ეს ფიქრი) ვფიქრობდი კვამლის წარმტაც სურნელზეც, სასმელზე, ღრმა სავარძლებზე, რბილ ხალიჩებზე: იმ დახვეწილობაზე, სიფაქიზესა და ღირსებაზე, ფუფუნების მემკვიდრეები რომ არიან, - მემკვიდრეები საკუთარი ადგილის და სივრცის. რა თქმა უნდა, ჩვენმა დედებმა ამ ყველაფრის გარეშე დაგვტოვეს - ჩვენმა დედებმა, რომლებმაც ოცდაათი ათასი ფუნტი ძლივს შეაკოწიწეს; რომლებმაც სამაგიეროდ ცამეტ-ცამეტი ბავშვი გაუჩინეს სენტ ენდრიუსის ეკლესიის მღვდლებს.
სასტუმროში დაბრუნებისასაც, ბნელ ქუჩებში ფიქრს განვაგრძობდი. ფიქრს იმაზე, თუ რატომ არ ჰქონდა მისის სეტონს ფული; იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს გონებაზე სიღატაკე და რა გავლენას ახდენს სიმდიდრე. გამახსენდა ის უცნაური, მხრებზე ბეწვმოხვეული მოხუცები, დილით რომ ვნახე. გამახსენდა ხუმრობა, - სტვენისას პროფესორები თავქუდმოგლეჯილები გარბიანო; გამახსენდა ორღანის მქუხარე ხმა ტაძარში და ჩემს ცხვირწინ მოკეტილი ბიბლიოთეკის კარი. მივდიოდი და ვფიქრობდი, თუ როგორი უსიამოვნოა, კარს რომ მოგიკეტავენ, და შევეცადე წარმომედგინა, რომ, ალბათ, შიგნით გამოკეტვა უარესია. ვფიქრობდი ერთი სქესის უსაფრთხოებასა და ფუფუნებაზე და მეორე სქესის სიღატაკესა და დაუცველობაზე; ტრადიციის როლზე და მწერლის გონების ტრადიციებისათვის დაუმორჩილებლობაზე. ბოლოს გადავწყვიტე, რომ დრო იყო, დღის მთელი ჩემი ფიქრების აურ-ზაური, მსჯელობები და შთაბეჭდილებები, ბრაზი და ღიმილი - დამეკეცა, დამელაგებინა, გონების კუთხეში მიმეწყო. ათასობით ვარსკვლავი ციმციმებდა ცის ლურჯ უდაბნოში. მათ იდუმალ საზოგადოებასთან მარტო დარჩენილს ვგავდი. ადამიანებს ეძინათ - მორჩილად, ჰორიზონტალურად, გაუნძრევლად. ოქსბრიჯის ქუჩებში სულიერი არ ჭაჭანებდა. სასტუმროს კარიც კი უხილავმა ხელმა გამიღო. მორიგეც წასული დამხვდა, ისე გვიანი იყო. ჩემი ოთახისაკენ საკუთარ თავს თავად გავუძეხი.
2.
ახლა სხვა სცენას დაგიხატავთ. ფოთოლცვენა ამჯერად ოქსბრიჯის ნაცვლად ლონდონში გრძელდება. წარმოიდგინეთ ოთახი, ათასობით სხვა ოთახის მსგავსი, რომლის სარკმელიც ფეხით მოსიარულეთა ქუდებს, ფურგონებს, ავტომობილებს და მოპირდაპირე სარკმლებს გადაყურებს; და წარმოიდგინეთ ამ ოთახში - მაგიდა, ზედ კი ცარიელი ფურცელი, რომელზეც მსხვილი ასოებით მხოლოდ რამდენიმე სიტყვაა გამოყვანილი: „ქალი და მხატვრული ლიტერატურა“. ამ ოთახიდან, ოქსბრიჯის სადილისა და ვახშმის შემდეგ, ამჯერად ბრიტანეთის მუზეუმისაკენ გაგიძღვებით. მინდა, ოქსბრიჯიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებები მაქსიმალურად დავწურო; ყველაფერი სუბიექტური და შემთხვევითი მოვიცილო; დავიდე სუფთა სითხემდე, ჭეშმარიტების წმინდა ზეთამდე. ოქსბრიჯში ვიზიტმა, იქაურმა სადილმა და ვახშამმა კითხვების კორიანტელი დააყენა: რატომ სვამდნენ მამაკაცები ღვინოს და ქალები წყალს? რატომაა ერთი სქესი ასე მდიდარი და მეორე ღატაკი? რა გავლენას ახდენს სიღარიბე მხატვრულ ლიტერატურაზე? რა პირობებია საჭირო ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად? - უთვალავი კითხვა დაიბადა თანადროულად. მაგრამ ჩვენ პასუხები გვჭირდება და არა შეკითხვები. პასუხების პოვნა კი მხოლოდ საკითხში განსწავლული, ზედაპირული ცრურწმენებისაგან თავისუფალი ხალხის ყურისგდებით შეიძლება; მათი მოსმენით, ვისმა აზრებმაც თავი დააღწია უძვლო ენას და იმპულსურ სხეულს, და ვინც სერიოზული კვლევების შედეგად დაწერა წიგნები, რომლების პოვნაც ალბათ ყველაზე იოლად ბრიტანეთის მუზეუმშია შესაძლებელი. თუ მუზეუმის თაროებზე არა, სხვაგან სად შემიძლია ჭეშმარიტების პოვნა? - სწორედ ეს ვუთხარი საკუთარ თავს და უბის წიგნაკი და ფანქარი მოვიმარჯვე.
ასე რომ, მიზანდასახული, იმედითა და ცნობისწადილით სავსე გავუდექი გზას ჭეშმარიტების საძებნელად. არ წვიმდა, მაგრამ ნაცრისფერი დღე იყო. მუზეუმის მიმდებარე ქუჩები სავსე იყო ნახშირის საწყობებით, საიდანაც უწყვეტ ნაკადად ეზიდებოდნენ ნახშირით სავსე ტომრებს. ასფალტზე თოკით შეკრული ყუთებით მძიმედ დატვირთული ეტლები დაგრუხუნობდნენ. ალბათ იმ შვეიცარიელი ან იტალიელი ოჯახების გარდერობები გადაჰქონდათ, რომლებიც ამ სეზონზე ბლუმსბერის პანსიონებისაკენ მიიჩქარიან ხოლმე გამოსაზამთრებლად. ჩახლეჩილხმიანი კაცები ქუჩებში მცენარეებით სავსე ურიკებს დააგორებდნენ. ზოგი ყვიროდა, ზოგი მღეროდა. ლონდონი საამქროსავით იყო. დაზგასავით. ჩვენ, ყველას, წინ და უკან გვეწეოდა თავის სადა ფონზე სხვადასხვანაირი ორნამენტების გამოსაყვანად. ბრიტანეთის მუზეუმიც ამ საამქროს ერთ-ერთი განყოფილება იყო. ბზრიალა კარის გავლით უზარმაზარი გუმბათის ქვეშ აღმოვჩნდი. როგორღაც, თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ახალ ფიქრად ჩავისახე გიგანტურ შუბლში, რომელსაც ცნობილი სახელების წარწერები დიდებული შარავანდედივით შემოვლებოდა. კუთხესთან მივედი, ცარიელი ფურცლები ავიღე, კატალოგი გადავშალე..... და აქ ხუთი წერტილით უნდა გამოვხატო გაოცებისა და გაშეშების მომდევნო ხუთი წუთი. მიახლოებით მაინც თუ წარმოგიდგენიათ, წელიწადში რამდენი წიგნი იწერება ქალების შესახებ? თუ გამოიცნობთ, მათგან რამდენია მამაკაცის მიერ დაწერილი? თუ იცოდით, რომ თურმე ყველაზე უფრო საინტერესო ცხოველი ხართ სამყაროში? აი, აქ ვიდექი უბის წიგნაკითა და ფანქრით ხელში. ვაპირებდი მთელი დილა კითხვაში გამეტარებინა, იმ იმედით, რომ დღის ბოლოს ჭეშმარიტება უკვე ქაღალდზე მექნებოდა გადატანილი. მაგრამ ამდენ წიგნს შორის გამომწყვდეული, ალბათ სპილოების ჯოგი უნდა ვყოფილიყავი, ან უთვალავსაცეციანი ობობების გუნდი, რომ ყველა გზას გავწვდომოდი, თვალი ყველაფრისთვის გადამევლო. ფოლადის კლანჭები და ნისკარტი უნდა მქონოდა, რომ ჭეშმარიტების გულისგულში კი არა, ქერქში მაინც ჩამეღწია. როგორ შევძლებ ფურცლების მთელს ამ გროვაში ჩაკარგული სიმართლის პაწაწინა მარცვლის პოვნას? - ვკითხე ჩემს თავს შეშფოთებულმა და სათაურების გრძელ სიას ჩავაყოლე თვალი. ამ წიგნების მხოლოდ სახელებიც კი უთვალავ ფიქრს მიღვიძებდა. სქესი და მისი ბუნება, წესით, ექიმებსა და ბილოგებს უნდა იზიდავდეს; მაგრამ ჩემთვის გასაოცარი და რთულად ასახსნელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მდედრობითი სქესი ასეთი წარმატებით იზიდავს ესეისტებს, რომანისტებს, ახალგაზრდა მაგისტრებს და მათაც, ვისაც არავითარი სამეცნიერო ხარისხი არა აქვთ; იზიდავს ზოგადად მამაკაცებს, რომლებსაც ამ საკითხთან დაკავშირებით კვალიფიკაცია არ გააჩნიათ; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მდედრობით სქესსაც კი არ განეკუთვნებიან. თუმცა ამ წიგნებიდან ზოგიერთი არასერიოზული და იუმორისტული იყო, მათი უმრავლესობა სერიოზული და უფრო მეტიც, დიდაქტიკური ხასიათის აღმოჩნდა. სათაურების წაკითხვაც კი საკმარისი იყო, რომ თვალწინ დამდგომოდა ტრიბუნაზე გამოსული უთვალავი სკოლის მასწავლებელი და სასულიერო პირი, თავიანთი უშედეგო ქადაგებებით, ვერანაირად რომ ვერ ეტევიან მოცემულ საკითხზე მსჯელობისათვის გამოყოფილ ერთსაათიან ლიმიტში. ასობგერა მ-ზე ჩამოწერილ სახელებს გადავხედე - მოქადაგეთა სია მხოლოდ მამრობითი სქესით შემოიფარგლებოდა. ისიც აღმოვაჩინე, რომ ქალები არ წერენ წიგნებს მამაკაცების შესახებ. და ამ ფაქტმა გარკვეულწილად, შვება მომგვარა. რადგან თუ ჯერ იმ ყველაფრის წაკითხვა მომიწევდა, რასაც მამაკაცები ქალების შესახებ წერდნენ, ხოლო შემდეგ იმის, რასაც ქალები წერდნენ მამაკაცების შესახებ, ალოე, ას წელიწადში მხოლოდ ერთხელ რომ ყვავილობს, ალბათ, ორჯერ მოასწრებდა აყვავებას, ვიდრე მე ფანქრის ფურცელზე დადებას შევძლებდი. ამიტომ, ზერელედ ავარჩიე დაახლოებით 10-12 ტომი, რომელიც ხელში მომხვდა; ქვითრები მავთულის ლანგარზე დავალაგე და რეგისტრაციას დაველოდე ჭეშმარიტების წმინდა ზეთის სხვა მძებნელთა გვერდით.
რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამხელა განსხვავებების მიზეზი? - ვფიქრობდი და ფანქრით ბორბლები გამომყავდა ბრიტანელი გადასახადების გადამხდელთა ფულით შეძენილ ცარიელ ფურცლებზე, რომლებსაც ბიბლიოთეკა თავის სტუმრებს წესისამებრ, უფრო სერიოზული მიზნებისათვის სთავაზობს. თუ ამ კატალოგის მიხედვით ვიმსჯელებთ, რატომ აინტერესებთ მამაკაცებს ქალები იმაზე ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ქალებს აინტერესებთ მამაკაცები? ჩემთვის ეს ძალიან უცნაური ფაქტი იყო. შევეცადე წარმომედგინა იმ მამაკაცების ცხოვრება, რომლებიც ქალების შესახებ წერდნენ ამ წიგნებს. ნეტავ ახალგაზრდები იყვნენ თუ მოხუცები, ცოლიანები თუ უცოლოები, ცხვირგაწითლებულები თუ კუზიანები? როგორღაც, სასიამოვნო იქნებოდა იმის ცოდნა, რომ ამხელა ყურადღების ობიექტი ზოგადად ხარ და არა მხოლოდ უშნოების ან ხელომოცარულების მხრიდან. აი, ასეთი ქარაფშუტა ფიქრები მიტრიალებდა თავში, ვიდრე ჩემს წინ, მაგიდაზე წიგნების მთა არ აღიმართა. აქედან დაიწყო მთელი განსაცდელი. ოქსბრიჯში სათანადო უნარ-ჩვევებს დაუფლებულ სტუდენტებს, ალბათ, გააჩნიათ საჭირო მეთოდები, რათა მთავარ კითხვებზე კონცენტრაცია მოახდინონ და ეს კითხვები ისე დამწყემსონ სწორი პასუხისაკენ, როგორც ცხვარი - ბაგისაკენ. ჩემს გვერდით მჯდომ სტუდენტს გავხედე, რომელიც რაღაცას იწერდა სამეცნიერო ცნობარიდან. ეტყობოდა, რომ დარწმუნებული იყო იმაში, რასაც აკეთებდა; დაახლოებით ყოველ ათ წუთში ერთხელ ხმადაბლა ჩაიბუხუნებდა ხოლმე თვითკმაყოფილი. აშკარა იყო, ახერხებდა მინარევებიდან სუფთა ოქროს გამოდნობას. მაგრამ თუკი სამწუხაროდ, უნივერსიტეტში არ გაწრთვნილხარ, კითხვების ბაგაში შედენის ნაცვლად, შეშინებულ ფარასავით აქეთ-იქით გაფანტული აზრები შეგრჩება, რომლებსაც მწევრების მთელი ხროვა ამაოდ დასდევს. პროფესორები, სკოლის მასწავლებლები, სოციოლოგები, სასულიერო პირები, რომანისტები, ესეისტები, ჟურნალისტები, უბრალოდ მამაკაცები, რომელთაც არავითარი კვალიფიკაცია ამ საქმეში არ გააჩნდათ და მდედრობით სქესსაც კი არ ეკუთვნოდნენ, იმდენ ხანს დასდევდნენ ჩემს უბრალო, ერთადერთ შეკითხვას - თუ რატომ არიან ქალები ღატაკები, - ვიდრე ეს ერთი შეკითხვა ორმოცდაათად არ იქცა; და მერე ორმოცდაათი კითხვა ერთბაშად შეასკდა მდინარის შუა დინებას და სხვადასხვა მხარეს გაიტაცა ფიქრის ნაკადი. ჩემი უბის წიგნაკის ყველა ფურცელი შენიშვნებით აჭრელდა. იმისთვის, რომ აგიღწეროთ, თუ რა საგონებელში ვიყავი იმ დროს ჩავარდნილი, რამდენიმე ჩანაწერს წაგიკითხავთ. მანამდე გეტყვით, რომ ფურცელს სათაურად „ქალები და სიღატაკე“ ეწერა, მაგრამ ამ სათაურის ქვეშ აი ეს იყო ჩამოწერილი:
შუა საუკუნეების მდგომარეობა,
ფიჯის კუნძულების წეს-ჩვეულებები,
მდედრობითი ღვთაებები,
მორალური თვალსაზრისით უფრო სუსტები, იდეალიზმი,
მეტი კეთილგონიერება,
სამხრეთ ზღვის კუნძულები, სქესობრივი სიმწიფის ასაკი,
ფიზიკური მიმზიდველობა,
მსხვერპლად შეწირვის ჩვეულება,
ტვინის მცირე ზომა,
უფრო ღრმა ქვეცნობიერი,
სხეულზე ნაკლები თმა,
გონებრივი, მორალური და ფიზიკური არასრულფასოვნება,
ბავშვების სიყვარული,
სიცოცხლის მეტი ხანგრძლივობა,
სუსტად განვითარებული კუნთების სისტემა,
ძლიერი გრძნობები,
პატივმოყვარეობა,
განათლებისადმი დამოკიდებულება,
შექსპირის აზრი,
ლორდ ბინკერჰედის აზრი,
დინ ინგეს აზრი,
ლა ბრუიერის აზრი,
დოქტორ ჯონსონის აზრი,
მისტერ ოსკარ ბრაუნინგის აზრი....
აქ ჰაერი ჩავყლაპე და დამატებით მივაწერე, ამჯერად ფურცლის ველზე: „რატომ წერს სამუელ ბატლერი „ჭკვიანი კაცები არასოდეს ამბობენ თუ რა აზრის არიან ქალებზე“? - მაშინ იქნებ ჭკვიანი მამაკაცები სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც დუმილს ამჯობინებენ“ მაგრამ მე ჩემს კითხვაზე პასუხის ძებნას განვაგრძობდი. სკამის საზურგეს მივეყდრენი და უზარმაზარ გუმბათს ავხედე, როგორც შუბლს, რომელშიც ამ დროისთვის უკვე სულმთლად აბურდული ფიქრი ვიყავი. ყველაზე დამაბნეველი ისაა, რომ როგორც ჩანს, ჭკვიანი მამაკაცები არასოდეს ფიქრობენ ერთსა და იმავეს ქალების შესახებ. აი, მაგალითად, პოპი წერს:
ქალების უმრავლესობას პიროვნულობა არ გააჩნია.
და აქვეა ლა ბრუიერი:
Les femmes sont extrêmes, elles sont meilleures ou pires que les hommes…
(ქალებს უკიდურესობა ახასიათებთ. მამაკაცებთან შედარებით
ზოგი მათგანი სრულქმნილია, ზოგი კი უბადრუკი)
თანამედროვე მოაზროვნეთა შეხედულებები სავსეა პირდაპირი წინააღმდეგობებით: შეუძლიათ თუ არა ქალებს სწავლა? ნაპოლეონი ფქირობდა, რომ არ შეუძლიათ. დოქტორი ჯონსონი პირიქით ფიქრობდა3. აქვთ თუ არა ქალებს სული? ზოგიერთი ველური ტომები თვლიდნენ, რომ არა აქვთ. სხვები, პირიქით, ფიქრობენ რომ ქალები ნახევრად ღვთაებრივები არიან და შესაბამისად, თაყვანს სცემენ მათ4. ზოგიერთი ჭკუის კოლოფი მიიჩნევს, რომ ქალების ტვინი ფუტუროა; სხვები ფიქრობენ, რომ მათი ცნობიერება უფრო ღრმაა. გოეთე მათ პატივს სცემდა; მუსოლინის სძულდა ისინი. მთელს ჩემს მიერ წაკითხულ მასალაში ჩანდა, რომ მამაკაცები გამუდმებით ფიქრობდნენ ქალებზე და ფიქრობდნენ სხვადასხვანაირად. შეუძლებელი იყო ამ ყველაფრისთვის თავის და ბოლოს პოვნა, - გავიფიქრე ბოლოს და შურით გავხედე ჩემს მეზობელს, რომელიც ძალიან სუფთად - ა) ბ) და გ) პუნქტებად ყოფდა თავის ჩანაწერს, მაშინ როცა ჩემი უბის წიგნაკი სულმთლად გადაიჯღაბნა ერთმანეთის საწიინააღმდეგო აზრების ულაზათო შემოკლებებით. დამღლელი, სასოწარმკვეთი, დამამცირებელიც კი იყო ეს ყველაფერი. სიმართლე თითებს შორის მისხლტებოდა - წვეთი-წვეთ, მთლიანად.
გავიფიქრე, რომ ასე ხელცარიელი შინ თუ წავიდოდი, მნიშვნელოვანს ვერაფერს შევმატებდი ჩემს კვლევას ქალებისა და ლიტერატურის შესახებ. იმას ხომ არ დავწერდი, რომ ქალებს მამაკაცებზე ნაკლები თმა აქვთ სხეულზე, ან იმას, რომ სქესობრივი სიმწიფის ასაკი სამხრეთის ზღვის კუნძულებზე ცხრა წელია; თუ ოთხმოცდაათი? - უკვე ისეთი აჩხა-ბაჩხა გახდა ჩემი ხელნაწერი, რომ წაკითხვა თავადაც კი გამიჭირდა. ნამდვილად სამარცხვინო იყო, რომ მთელი დილის შრომის შედეგად არაფერი მნიშვნელოვანი, არაფერი ყურადღების ღირსი არ გამაჩნდა. და თუ არ შემეძლო წარსულში ქ-ს შესახებ ჭეშმარიტების პოვნა (ნაწერში ქ-დ შევამოკლე ქალი), ამ ქ-ს შესახებ ან მომავალში რა აზრი ჰქონდა ფიქრს? მთლიანად დროის კარგვას გავდა ამ უთვალავი განათლებული ჯენტლმენის ნააზრევის კითხვა, ქალის ფენომენს რომ ყველაფერთან კავშირში ასე დაწვრილებით განიხილავდნენ - პოლიტიკასთან, ბავშვებთან, ხელფასებთან, მორალთან.... უკეთესი იქნებოდა, მათი წიგნები არც გადამეშალა.
მაგრამ, ვიდრე ფიქრს განვაგრძობდი, ქვეცნობიერად, მთელს ამ აპათიასა და სასოწარკვეთაში, იმ ადგილას, სადაც ჩემი მეზობლის მსგავსად, ჩანაწერისათვის დასკვნა უნდა მიმეწერა, აღმოვაჩინე, რომ რაღაცას ვხატავდი. უფრო სწორედ, ვიღაცის სახეს და ტანს ვხატავდი. ეს პროფესორ ფონ იქსის სახე და ტანი იყო, რომელიც თავისი მონუმენტური შრომის წერას შესდგომოდა სათაურით „მდედრობითი სქესის გონებრივი, მორალური და ფიზიკური არასრულფასოვნება“. ჩემ მიერ დახატული კაცი არ იყო მიმზიდველი: მასიური აღნაგობა ჰქონდა, ზედმეტად განიერი ყბა და კონტრასტულად წვრილი თვალები; სახე ჭარხალივით წამოსწითლებოდა. მისი გამომეტყველება ამბობდა, რომ რაღაც ძლიერი ემოციის ქვეშ მუშაობდა. წარმოვიდგინე, ამ ემოციამ როგორ აიძულა ქაღალდისთვის ისე დაერტყა კალმის წვეტი, თითქოს წერისას რომელიღაც შხამიან მწერს კლავდა. მას შემდეგაც კი, როცა ამ მწერს უკვე სული გააფრთხობინა, კაცი ვერ დაკმაყოფილდა; თავისი კალმით კვლავ მწერის კვლას განაგრძობდა და ხანგრძლივი პროცესის შემდეგაც რისხვისა და გა- ღიზიანების კვალი აჩნდა სახეზე. დავხედე ჩემს ნახატს და საკუთარ თავს ჩავეკითხე - იქნებ ეს ყველაფერი მისი ცოლის ბრალია? იქნებ იმ ქალს ვინმე კავალერიის ოფიცერი უყვარდა? იქნებ ის კავალერიის ოფიცერი ტანადი, მოხდენილი და ძვირფასმუნდირიანი იყო? ან იქნებ, თუ ფროიდის თეორიას გამოვიყენებთ, ამ კაცს ჯერ კიდევ პატარაობაში, ჭოჭიალაში მყოფს დასცინოდა რომელიმე ლამაზი გოგონა? რადგან თავის ჭოჭიალაშიც კი ეს პროფესორი, ჩემი აზრით, არ შეიძლებოდა მიმზიდველი ბავშვი ყოფილიყო. რაც არ უნდა ყოფილიყო ამის მიზეზი, პროფესორს აშკარად ძალიან გაბრაზებული და უშნო გამომეტყველება ჰქონდა ჩემს ესკიზში. და აი, ასეთი იჯდა და წერდა თავის წიგნს ქალების გონებრივი, მორალური და ფიზიკური არასრულფასოვნების შესახებ. ეს ნახატი ჩემი უნაყოფოდ ჩავლილი წერა-კითხვის სრულიად უსარგებლო დასასრული იყო. მაგრამ ზოგჯერ ხომ სწორედ ასეთი მოდუნების, საკუთარი ფანტაზიების მიყოლის მომენტებში ხდება, რომ ჩაძირული ჭეშმარიტება ზედაპირზე ამოდის უცებ. როცა ჩემს უბის წიგნაკს დავყურებდი, ფსიქოლოგიაში გამოყენებულმა ელემენტარულმა პრინციპმა (ფსიქოანალიზად რომ არ შევრაცხო) მიკარნახა, რომ გაბრაზებული პროფესორის ესკიზი თავად გაბრაზებული ადამიანის მიერ იყო დახატული. როგორც ჩანს, ვიდრე ფიქრებში ვიყავი წასული, სწორედ რისხვამ ჩაბღუჯა ჩემი ფანქარი. მაგრამ ამ რისხვას რა უნდოდა ჩემთან? ინტერესი, დაბნევა, გაოცება, მობეზრება - ყველა ეს ემოცია შემეძლო იოლად ამომეცნო საკუთარ თავში და მათთვის სახელებიც დამერქმია, ვიდრე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მთელი დილის განმავლობაში. ნუთუ მთელი ამ დროის მანძილზე მათ შორის მალულად დასრიალებდა რისხვა - ეს შავი გველი? დიახ, - მიპასუხა ესკიზმა, - რისხვა სულ აქვე იყო. და შეუცდომლად მიმითითა ერთ კონკრეტულ წიგნზე, ერთ კონკრეტულ ფრაზაზე, რომელმაც დემონი გააღვიძა: ეს იყო პროფესორის განცხადება ქალების გონებრივი, მორალური და ფიზიკური არასრულფასოვნების შესახებ. გული შემეკუმშა. ლოყები ამეწვა. წამოვენთე. თუმცა, ამ ფაქტში არც არაფერი იყო განსაკუთრებული. ყოვლად ჩვეულებრივი, მარტივი ემოციაა. არავის მოეწონება უთხრან, რომ ის ბუნებრივად არასრულფასოვანია ნებისმიერ ქონდრისკაცთან შედარებით. ჩემს გვერდით მჯდომ სტუდენტს გადავხედე - ხროტინით სუნთქავდა, მზა ყელსახვევი ეკეთა და ორი კვირის გაუპარსავი იყო. როგორი სისულელეც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი, ნებისმიერ ადამიანს გააჩნია პატივმოყვარეობა. ეს უბრალოდ, ადამიანური ბუნებაა - გავიფიქრე და ბორბლების ხატვა დავიწყე გაბრაზებული პროფესორის სახეზე, ვიდრე ცეცხლწაკიდებულ ბუჩქს არ დაემსგავსა, თუ აალებულ კომეტას, - ნაჯღაბნს, რაიმე ადამიანურთან ყოველგვარი მსგავსებისა და შინაარსის გარეშე. ახლა პროფესორი სხვა აღარაფერი იყო, თუ არა სარეველას ცეცხლწაკიდებული გორგალი ჰამფსტედ ჰიზის გორაკზე. ასე უცებ განვმარტე საკუთარი გაბრაზება და ბოლოც მოვუღე; მაგრამ ცნობისმოყვარეობა დამრჩა. თვითონ პროფესორის რისხვა რითი აიხსნება? ზოგადად, მამაკაცები რატომ იყვნენ გაბრაზებულები? არადა, აშკარად იყვნენ. როცა ამ წიგნების მიერ ჩემზე დატოვებული შთაბეჭდილებების გაანალიზება დავიწყე, აღმოვაჩინე რაღაც ცეცხლოვანი ელემენტი, ბევრნაირი ფორმით გამოხატული: სატირით, განწყობილებით, ინტონაციებით; ელემენტი, რომელსაც ხშირად წააწყდებოდით ამ ტექსტებში, მაგრამ მაშინვე ვერ ამოიცნობდით, რადგან ბევრ სხვადასხვანაირ ემოციაში იყო შეზავებული. მისი უცნაური ეფექტებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო შენიღბული და კომპლექსური რისხვა, და არა პირდაპირი და გახსნილი.
ჩემს წინ დახვავებულ წიგნების გროვას თვალი კიდევ ერთხელ გადავავლე და საბოლოოდ დავასკვენი, რომ ჩემი მიზნებისათვის ყოვლად გამოუსადეგარი იყო ეს ყველაფერი. მეცნიერულად იყო გამოუდეგარი, თორემ ზოგადად - სავსე იყო ინსტრუქციებით, საინტერესო მომენტებით, უცნაური ფაქტებითაც კი ფიჯის კუნძულების მაცხოვრებელთა შესახებ. უბრალოდ, ეს ყველაფერი დაწერილი იყო ემოციის წითელ შუქზე და არა ჭეშმარიტების თეთრ შუქზე. ამიტომაც, უბრალოდ, ყველა მათგანი უნდა დაბრუნებოდა საკუთარ თაროს, უზარმაზარი ფიჭის საკუთარ უჯრედს, მე კი გზა განმეგრძო. ერთადერთი, რაც მთელი იმ დილის ძიების შედეგად მოვინადირე, „რისხვის ელემენტი“ იყო. პროფესორი (ყველა ერთი სახელის ქვეშ შევაქუჩე)- განრისხებული იყო. მაგრამ რატომ? - ისევ ამას ვეკითხებოდი საკუთარ თავს, როდესაც წიგნები ჩავაბარე, მუზეუმიდან გამოვედი და სადილისათვის შესაფერისი ადგილის მოსაძებნად გავეშურე. „რა არის ნამდვილი ბუნება იმის, რასაც ამ წუთში მე რისხვას ვუწოდებ?“ - ბრიტანეთის მუზეუმთან ახლოს, პატარა რესტორანში მთელი სადილის განმავლობაში ამ გამოცანას ჩავკირკიტებდი. ვიღაცას, ვინც ჩემამდე ისადილა, სკამზე საღამოს გაზეთის გამოშვება დაეტოვებინა; სადილის მოლოდინში ავიღე და სტატიების სათაურებს გადავხედე. მთელს გვერდზე მსხვილი ასოების მაქმანები მისრიალებდა: ვიღაცას ძალიან დიდი ქონება უშოვნია სამხრეთ აფრიკაში. უფრო წვრილი მაქმანები გვამცნობდა, რომ სერ ოსტინ ჩემბერლენი ჟენევაში იმყოფებოდა; კიდევ, რომ სხვენში ხორცის საჩეხი ნაჯახი იპოვნეს ზედ ადამიანის თმით; რომ ბატონმა მოსამართლემ განქორწინების პროცესებზე ქალთა უსირცხვილობის შესახებ გააკეთა კომენტარი... ქაღალდზე სხვა პატარ-პატარა ახალი ამბებიც იყო გაბნეული: „კინომსახიობი ქალი კალიფორნიაში დიდების მწვერვალიდან დაეშვა და მისი მომავალი კარიერა ეჭვქვეშაა“. „მომავალ დღეებში ნისლიანი ამინდი იქნება“. გავიფიქრე, რომ ამ პლანეტის ყველაზე უფრო მოკლევადიანი სტუმარიც კი, რომელიც ამ გაზეთს აიღებდა ხელში, ფრაგმენტული ინფორმაციებითაც იოლად დაასკვნიდა - ინგლისი პატრიარქალური მმართველობის ქვეშაა. ყველა გონებასაღი ამოიცნობდა პროფესორის დომინირებას. ძალაუფლებაც მისი იყო, ფულიც და გავლენაც; გაზეთის მესაკუთრეც ის იყო, მისი გამომცემელიც და გამომცემლის თანაშემწეც, საგარეო საქმეთა მინისტრიც და მოსამართლეც, კრიკეტის მოთამაშეც და სადოღე ცხენების და იახტების მფლობელიც. ის იყო კომპანიის დირექტორი, რომელიც თავის მეანაბრეებს ორას პროცენტს უხდიდა; ის უტოვებდა მილიონობით ფუნტს ქველმოქმედებას და კოლეჯებს, რომლებსაც ასევე თავად განაგებდა.
მან დატოვა კინოვარსკვლავი უმუშევარი. ის გადაწყვეტს, ეკუთვნის თუ არა ნაჯახზე აღმოჩენილი თმის ღერი ადამიანს; ისაა, ვინც გაამართლებს ან გაამტყუნებს დამნაშავეს; ვინც ჩამოახრჩობს მკვლელს, ან ცოცხალს გაუშვებს მას. ნისლის გამოკლებით, როგორც ჩანს, ის ყველაფერს აკონტროლებდა; და მაინც გაბრაზებული იყო. სანდო ნიშნით ვიცოდი, რომ გაბრაზებული იყო, რადგან მას შემდეგ, რაც მის მიერ ქალების შესახებ დაწერილი წიგნები გადავიკითხე, ნაწერზე მეტად თვითონ მასზე ვფიქრობდი. როდესაც მოკამათე მშვიდად გთავაზობს თავის არგუმენტებს, ის მხოლოდ არგუმენტებზე ფიქრობს; და მკითხველიც მხოლოდ არგუმენტებზეა კონცენტრირებული. მასაც რომ მშვიდად დაეწერა ქალების შესახებ, გამოეყენებინა უტყუარი მტკიცებულებები საკუთარი მსჯელობის დასასაბუთებლად და არ შემჩნეოდა, რომ მაინცდამაინც კონკრეტული ეფექტის მიღწევას ცდილობდა, მაშინ არც მკითხველი გაღიზიანდებოდა. ისევე მივიღებდი მის მიერ მოყვანილ ფაქტებს, როგორც იმას, რომ მუხუდოს მარცვალი მწვანეა და კანარის ჩიტი ყვითელი. ასეა და ასე იყოს - ვიტყოდი მშვიდად. მაგრამ ახლა მეც გაბრაზებული ვიყავი, რადგან ის იყო გაბრაზებული. თუმცა, ყოვლად აბსურდული სწორედ ის ჩანდა, რომ მთელი ამ ძალაუფლების მქონე კაცი შეიძლებოდა გაბრაზებული ყოფილიყო ქალზე. ან იქნებ გაბრაზება, როგორღაც, ძალაუფლების თანმხლები ემოციაა? მაგალითად, მდიდარი ადამიანები ხშირად გაბრაზებულები არიან, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ღარიბებს მათი ქონების დასაკუთრება სურთ. პროფესორები, თუ პატრიარქები, რაც ალბათ ზუსტი სახელი იქნება მათთვის, შეიძლება, ნაწილობრივ ამ მიზეზის გამოც არიან გაბრაზებულები, მაგრამ ნაწილობრივ, ალბათ, სხვა მიზეზის გამოც, რომელიც ზედაპირზე ნაკლებ შესამჩნევია. ან, შეიძლება, ისინი სულაც არ იყვნენ „გაბრაზებულები“.
ისინი ხომ ძალიან ხშირად აღმერთებდნენ ქალებს, საკუთარ თავს უძღვნიდნენ ოჯახს, სანიმუშონი იყვნენ პირად ურთიერთობებში. შეიძლება, როდესაც პროფესორი დაჟინებით აცხადებდა ქალების არასრულფასოვნების შესახებ, მათი არასრულფასოვნებით არც იყო იმდენად შეწუხებული, რამდენადაც საკუთარი აღმატებულებით. იქნებ სწორედ ამ «აღმატებულებას» იცავდა ასეთი გაცხარებით და გადამეტებული ხაზგასმით, რადგან ეს მისთვის უძვირფასესი საგანძური იყო. ცხოვრება ორივე სქესისათვის (გავხედე წყვილს, ტროტუარზე რომ მიდიოდნენ მხარდამხარ) - მძიმე, სასტიკი, გამუდმებული ბრძოლაა, რომელსაც გიგანტური გამბედაობა და ძალა სჭირდება. ალბათ ყველაზე მეტად, ილუზიებით სავსე ისეთი არსებებისათვის, როგორებიც ჩვენ ვართ, ეს ყველაფერი საკუთარი თავის რწმენას მოითხოვს. საკუთარი თავის რწმენის გარეშე აკვნის ბავშვებს ვგავართ. და როგორ უნდა შევიძინოთ ეს უმნიშვნელოვანესი თვისება ყველაზე სწრაფი გზით? ალბათ საკუთარი თავის დარწმუნებით, რომ სხვა ადამიანები ჩვენთან შედარებით არასრულფასოვნები არიან; რომ ჩვენ გაგვაჩნია რაღაც ბუნებრივი აღმატებულება - ეს შეიძლება იყოს სიმდიდრე, ტიტული, სწორი ცხვირი ან ცნობილი მხატვრის მიერ შესრულებული ბაბუას პორტრეტი; სულ ერთია, რა, - ადამიანური წარმოსახვის პათეტიურობას ხომ საზღვრები არ გააჩნია. ამიტომაც, პატრიარქისათვის, რომელსაც სურს დაიპყროს და იმბრძანებლოს, უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმის შეგრძნებას, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი, ნახევარი კაცობრიობა, ბუნებრივად არასრულქმნილია მასთან შედარებით. ეს მისი ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი წყაროც კია. მსჯელობაში ეს ყველაფერი თითქოს მარტივად ლაგდება, მაგრამ მოდით ახლა, პრაქტიკულ მაგალითებზეც ვიფიქროთ. შევეცადოთ, ჩვენი დასკვნების მეშვეობით ამოვხსნათ ზოგიერთი ის ფსიქოლოგიური გამოცანა, ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ვხვდებით. მაგალითად, ჩემი აღშფოთება, როცა რამდენიმე დღის წინ ზ-მ, ჩემს ნაცნობთა შორის ყველაზე ჰუმანურმა და თავმდაბალმა ადამიანმა, რებეკა უესტის რომელიღაც წიგნი აიღო ხელში და ერთი აბზაცის წაკითხვის შემდეგ წამოიძახა: „პირწავარდნილი ფემინისტი! ეს ქალი ამბობს, რომ კაცები სნობები არიან!“. ჩემთვის გასაოცარი იყო ეს წამოძახილი. ვერ გავიგე, რატომ იყო მის უესტი პირწავარდნილი ფემინისტი მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლესთან ახლოს მდგარი, თუ არა ყოვლად ჭეშმარიტი, განცხადება გააკეთა მეორე სქესის შესახებ? - ჩემთვის ეს უბრალოდ, ზ-ს დაჭრილი პატივმოყვარეობის წამოძახილი იყო; პროტესტი მისი თვითრწმენის შერყევის წინააღმდეგ. ქალები საუკუნეების განმავლობაში იმ მაგიური სარკეების როლს ასრულებდნენ, რომლებშიც მამაკაცები ბუნებრივზე ორჯერ უფრო მაღლები ჩანდნენ. ამ მაგიური ძალის გარეშე დედამიწა ალბათ დღემდე გაუვალი ჭაობებითა და ჯუნგლებით იქნებოდა დაფარული; არანაირი მემატიანე არ გვიამბობდა კაცობრიობის ომებისა და მათში საგმირო ამბების შესახებ. ძვლებზე ირმის კონტურების
გამოყვანას თუ მოვახერხებდით დღემდე და პრიალა ქვებს თუ გავცვლიდით ცხვრის ტყავში, ან სხვა უბრალო ორნამენტებში, რასაც ჩვენი უპრეტენზიო გემოვნება გაწვდებოდა. ზეკაცები და ბედის რჩეულები არ იარსებებდნენ. მეფე და კაიზერი არასოდეს ატარებდნენ გვირგვინებს და არც არასოდეს დაკარგავდნენ მათ. სხვა რა გამოყენებაც არ უნდა ჰქონდეთ ცივილიზირებულ საზოგადოებებში, სარკეები ყველა განსაკუთრებული, საგმირო ქმედების წყაროა. აი, ამის გამოა, რომ ორივე, ნაპოლეონი და მუსოლინი ასე კატეგორიულად აცხადებენ ქალების არასრულფასოვნების შესახებ, რადგან თუ ისინი არ იქნებიან არასრულფასოვნები, თავადაც შეწყვეტენ სიმაღლეში მატებას. ნაწილობრივ ამით აიხსნება ის, რომ ქალები ასე მნიშვნელოვნები არიან მამაკაცებისათვის. და ამით აიხსნება ისიც, თუ რატომ კარგავენ მამაკაცები მოსვენებას ქალების კრიტიკის ქვეშ; ქალისთვის ხომ შეუძლებელია პირდაპირ მიუთითოს მათ - ეს წიგნი ცუდია, ის ნახატი არაფრად ვარგა, და უდიდესი ტკივილი და რისხვა არ გამოიწვიოს მათში; გაცილებით უფრო მეტი ტკივილი და რისხვა, ვიდრე მამაკაცებში იგივე კრიტიკა გამოიწვევდა მეორე მამაკაცის მხრიდან. რადგან, როცა ქალი სიმართლის თქმას იწყებს, სარკეში მამაკაცის სილუეტი პატარავდება; მცირდება მამაკაცის ძალა არსებობისათვის ბრძოლაში. თვითრწმენის გარეშე მისთვის რთული ხდება მიიღოს გადაწყვეტილებები, დაიპყროს ახალი ტერიტორიები, კანონები შექმნას, წიგნები წეროს, მოიკაზმოს და გრძელი სიტყვები წარმოთქვას ბანკეტებზე. მას სჭირდება სარკეები გარშემო, საუზმესა და სადილებზე, რომ საკუთარი თავი სულ მცირე, ორჯერ უფრო მაღალი დაინახოს იმაზე, ვიდრე ის სინამდვილეშია... -ვფიქრობდი, ფინჯანში ყავას ვურევდი და დროდადრო ქუჩაში მოსიარულეებს გავყურებდი. სარკის ანარეკლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ის სიცოცხლისუნარიანობას მუხტავს; ნერვულ სისტემას აძლევს სტიმულს. სარკე რომ წაართვა, მამაკაცი შეიძლება დაიღუპოს, როგორც ნარკომანი, რომელსაც კოკაინი მოაკლდა. ეს ჯადოქრული ილუზიაა, - ვფიქრობდი და სარკმლიდან ვიცქირებოდი, - რაც ამ ტროტუარზე ადამიანების ნახევარს თავ-თავიანთი სამსახურებისაკენ ეწევა. დილაობით ამ სასიამოვნო მუხტის წყალობითაა, ქუდებს რომ იხურავენ და ქურთუკებს იცვამენ. ყოველ ახალ დღეს თავდაჯერებულები იწყებენ, იმ შემართებით, რომ მათ მოუთმენლად მოელიან მის სმიტის ჩაის წვეულებაზე; და როცა ოთახში აბიჯებენ, საკუთარ თავებს ეუბნებიან, რომ ამ ოთახში მყოფთა ნახევარს მაინც აღემატებიან; და ამიტომაც, არ უჭირთ ილაპარაკონ იმ თავდაჯერებით, იმ თვითრწმენით, რომლითაც ოდითგან, ასე თვითნებურად წარმართავდნენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას.
ასეთი მსჯელობით შემქონდა წვლილი მეორე სქესის ფსიქოლოგიის სახიფათო და მომაჯადოებელ კვლევაში (რაც, ალბათ, საინტერესო საქმიანობაა, თუკი წელიწადში ხუთასი ფუნტი გაქვთ საკუთარი შემოსავალი), როდესაც სადილის ანგარიში მომიტანეს. ხუთი შილინგი და ცხრა პენსი უნდა გადამეხადა. ოფიციანტს ათშილინგიანი ბანკნოტი მივეცი და ის ხურდის მოსატანად წავიდა. საფულეში კიდევ მედო ათშილინგიანი; შევნიშნე, რადგან ჯერ კიდევ სუნთქვას მიკრავს იმის გააზრება, რომ საფულე ავტომატურად მაწვდის ათშილინგიანებს. გავხსნი და ფულიც აქაა. საზოგადოება მამარაგებს წიწილით და ყავით, ლოგინით და საცხოვრებლით, და ამის სანაცვლოდ მთხოვს იმ ქაღალდების გარკვეულ რაოდენობას, რომელიც მამიდაჩემმა დამიტოვა იმ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მის სახელს ვატარებ.
გეტყვით, რომ მამიდაჩემი, მერი ბეტონი ცხენიდან გადმოვარდნისას დაიღუპა ბომბეიში სეირნობის დროს. ცნობამ ჩემი მემკვიდრეობის შესახებ დაახლოებით იმ დროს მოაღწია, როდესაც ქალებისათვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების შესახებ კანონი გამოვიდა. ერთ ღამეს ჩემს საფოსტო ყუთში ადვოკატის წერილი ჩავარდა და როდესაც ეს წერილი გავხსენი, აღმოვაჩინე, რომ თურმე მამიდაჩემმა წელიწადში ხუთასი ფუნტი შემოსავალი მიანდერძა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამ ორიდან - ხმის უფლებიდან და ფულიდან - ფული, რომლის მფლობელიც გავხდი, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ჩანდა. მანამდე ცხოვრებისათვის საჭირო სახსრებს მათხოვრული სამსახურით ვშოულობდი - ჟურნალ-გაზეთებისთვის ვასრულებდი სხვადასხვა სამუშაოს, პატარა სტატიებს ვწერდი საცირკო წარმოდგენებისა და ქორწილების შესახებ; რამდენიმე ფუნტს წერილების წერით ვაკოწიწებდი, მოხუც ქალბატონებს წიგნებს ვუკითხავდი, ხელოვნურ ყვავილებს ვაკეთებდი, საბავშვო ბაღის ბავშვებს ვასწავლიდი ანბანს. ამ ყველაფრით ამოიწურებოდა ის ძირითადი საქმიანობა, რომელიც 1918 წლამდე ქალს შეეძლო ეკეთებინა. მგონი, არ მჭირდება დეტალურად აღგიწეროთ მთელი ამ სამუშაოს სიმძიმე, რადგან ნაცნობებს შორის მაინც უთუოდ გეყოლებათ ქალები, რომლებიც იგივენაირად ირჩენდნენ თავს. მაგრამ თვითონ ამ სამუშაოზე უფრო მძიმე ჩემთვის საკუთარი შეგრძნებების გახსენებაა - იმ შხამის, შიშის თუ სიმწარის გახსენება, რომელიც მთელი იმ დროის განმავლობაში გროვდებოდა ჩემში. ძნელია, როცა გამუდმებით იმის კეთება გიწევს, რაც არ მოგწონს; გიწევს მონასავით მუშაობა, იძულებული ხარ, ყველას უცინო და ეპირფერო; ამის კეთება, შეიძლება, ყოველთვის არცაა აუცილებელი, მაგრამ უამისოდაც ნამდვილად არ გამოდის. თუ არა და, შეიძლება, ულუკმაპუროდ დარჩე. ეს შინაგანი წინააღმდეგობები მთელს არსებას, სულს გიავადებს; ჟანგივითაა, გაზაფხულის ყვავილებს რომ აჭკნობს, ფითრივით - ხის გულს რომ ჭამს. მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მამიდაჩემი გარდაიცვალა; და მას შემდეგ, როცა კი ათშილინგიანს ვახურდავებ, ვგრძნობ, რომ იმ ჟანგის და ხრწნის პატარა ნაწილი უკან იხევს, რაღაც სუფთავდება, შიში და სიმწარე იკლებს. და მაინც, - ვფიქრობდი, ვიდრე საფულეში ვერცხლის ფულს ვყრიდი, - მნიშვნელოვანია, გახსოვდეს იმ დღეების სიმწარე, რომ დაინახო, თუ როგორ რადიკალურად ცვლის მყარი შემოსავლის გაჩენა ადამიანის ხასიათს. ამქვეყნად არავითარ ძალას არ შეუძლია წამართვას ჩემი ხუთასი ფუნტი. მუდამ მექნება საჭმელიც, სახლიც და ტანსაცმელიც. ამიტომაც, არა მხოლოდ ლუკმაპურისათვის ბრძოლას ვწყვეტ, არამედ სიძულვილსა და სიმწარესაც წარსულში ვტოვებ. არ უნდა მძულდეს არც ერთი მამაკაცი; მათ არ შეუძლიათ ზიანი მომაყენონ. არ უნდა ვეპირფერო არც ერთ მათგანს; მათ არაფერი აქვთ ჩემთვის მოსაცემი. უცებ აღმოვაჩინე, რომ საკუთარ ფიქრს, ასე შეუმჩნევლად, სულ სხვა დამოკიდებულებამდე მივყავდი კაცობრიობის მეორე სქესთან მიმართებაში. მთლიანობაში, აბსურდული იყო რომელიმე კლასის ან სქესის დადანაშაულება რამეში. ადამიანთა მასები არასოდეს არიან პასუხისმგებლები საკუთარ ქმედებებზე; ის ინსტინქტები ეწევათ წინ, რომელთა გაკონტროლებაც მათ ძალებს აღემატება. მათაც, პატრიარქებს თუ პროფესორებს, დაუსრულებელი სირთულეებით და წინაღობებით სავსე ცხოვრების გზა ჰქონდათ და როგორმე უნდა გამკლავებოდნენ ამ ყველაფერს. მათი განათლებაც, თავისებურად, ისეთივე არასრულყოფილი იყო, როგორიც ჩემი. ამანაც წარმოშვა მათ პიროვნებებში ასეთი დიდი დეფექტები. მართალია, ჰქონდათ ფული და ძალაუფლება, მაგრამ ამის მოპოვება საკუთარ მკერდში არწივის შებუდებით თუ შეეძლოთ; სვავის შებუდებით, განუწყვეტლივ ღვიძლს რომ უფლეთდათ და ფილტვებს უკორტნიდათ; მესაკუთრეობის ინსტინქტის, ფლობის წყურვილის ძალით, რომელიც გამუდმებით თვალს უგორებთ სხვების მიწებისა და ნივთებისაკენ; ის, რაც აიძულებთ - შექმნან საზღვრები და დროშები, საბრძოლო გემები და მომწამლავი გაზი; გაწირონ საკუთარი სიცოცხლე და საკუთარი შვილების სიცოცხლეც. გაიარეთ ადმირალის თაღქვეშ (სწორედ მის ძეგლს მივაღწიე ამ დროს), ან ნებისმიერ მოედანზე, სადაც გმირებისადმი მიძღვნილი მონუმენტები დგას და ჩაუფიქრდით ამ ხოტბაშესხმული გამარჯვებების არსს. ან დააკვირდით, გაზაფხულის მზის ქვეშ როგორ თავაუღებლად მიიჩქარიან ხოლმე ბირჟის მაკლერები და ადვოკატები საკუთარი ოფისებისაკენ, რომ ფული აკეთონ, უფრო მეტი ფული და კიდევ უფრო მეტი ფული; მაშინ როდესაც ფაქტია, რომ წელიწადში ხუთასი ფუნტი სრულიად საკმარისია, რათა ადამიანი მზისქვეშეთში ბედნიერი იყოს. ალბათ ძალიან მძიმეა, ასეთი ტლანქი ისნტინქტების ტარება შენს შიგნით, - გავიფიქრე. ამ ინსტინქტებს ცხოვრების პირობები აძლევს გასაქანს და აძლიერებს; ცივილიზაციის ნაკლებობა... - ვფიქრობდი და კემბრიჯის ჰერცოგის ქანდაკებას ვუყურებდი; მისი წოპიანი ქუდის ბუმბულებს ისეთი დაჟინებით მივშტერებოდი, როგორითაც, ალბათ, მანამდე არავის შეუხედავს. და როცა გავიაზრე ადამიანების მთელი ეს უსუსურობა, ძველი შიში და სიმწარე როგორღაც, სიბრალულად იქცა; მერე კი, ერთ-ორ წელიწადში, სიბრალულიც გაქრა და უდიდესი შვება ვიგრძენი; შვება, იმის გამო, რომ შემეძლო თავისუფლად, მიუკერძოებლად ფიქრი ამა თუ იმ მოვლენაზე. შემეძლო, თავისუფლად მეთქვა - მომწონს თუ არა ესა თუ ის შენობა, ნახატი, წიგნი... მამიდაჩემის ქონებამ, ჯენტლმენის ის უზარმაზარი სილუეტი, რომელიც მუდამ თავს მადგა და რომლისადმიც გამუდმებით აღტაცებაში ყოფნას მირჩევდა მილტონი, განზე გასწია; ცა გამოჩნდა.
ამ ფიქრებით მივუახლოვდი ჩემს სახლს მდინარის პირას. სარკმლებში ლამფები აენთოთ. დილას აქეთ წარმოუდგენლად შეცვლილიყო ლონდონი. თითქოს გიგანტურმა დაზგამ მთელი დღის მუშაობის შედეგად, ჩვენი დახმარებით, რამდენიმე იარდის სიგრძის ქსოვილი შექმნა - რაღაც სუნთქვის შემკვრელი, ულამაზესი, ცეცხლოვანი ქსოვილი, რომლიდანაც წითელ თვალებს აკვესებდა და ცხელ სუნთქვას აფრქვევდა საღამოს ოქროსფერი ურჩხული. ქარიც ამ ქსოვილის დროშას გავდა, ღონიერი ხელით აფრიალებულს - სახლებს ეხეთქებოდა და ღობეებს აჭრიალებდა.
თუმცაღა, ჩემს ქუჩაზე შინაურული სიმყუდროვე დამხვდა. კედლის მლესავი კიბიდან ეშვებოდა; ძიძა საბავშვო ეტლს შინისაკენ მიაგორებდა; ნახშირის მტვირთავი ცარიელ ტომრებს კეცავდა და ერთმანეთზე აწყობდა; ხილ-ბოსტნის მაღაზიის გამყიდველი ქალი დღის ნავაჭრს ითვლიდა წითელთათმანიანი თითებით. მაგრამ მე იმდენად ვიყავი ჩაძირული ჩემს საფიქრალში, რომ არ შემეძლო, ეს ყოვლად ჩვეულებრივი სურათებიც კი ერთსა და იმავე საკითხთან არ დამეკავშირებინა. იმაზე ვფიქრობდი, რომ ახლა ალბათ გაცილებით უფრო ძნელია იმის განსაზღვრა, თუ ჩამოთვლილი საქმიანობებიდან რომელია საზოგადოებისათვის უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო, ვიდრე ეს ერთი საუკუნის წინ იქნებოდა. ვინ უფრო მეტს აკეთებს ქვეყნისათვის - ნახშირის მტვირთავი თუ ძიძა? დიასახლისი, რომელმაც რვა ბავშვი აღზარდა, თუ ადვოკატი, რომელმაც ასი ათასი ფუნტის შოვნა მოახერხა? ვიცი, ამგვარი კითხვების დასმას აზრი არა აქვს; რადგან არავის შეუძლია მათზე პასუხის გაცემა. დიასახლისებთან და ადვოკატებთან მიმართებაშიც ისევე იცვლება ფასეულობები, როგორც ყველაფერ დანარჩენთან კავშირში. შედარებებისათვის მოცემულ მომენტშიც კი არანაირი საზომი არ გაგვაჩნია. ჩემი მხრიდანაც სისულელე იყო პროფესორისაგან მომეთხოვა „ურყევი მტკიცებულებები“ ქალებთან დაკავშირებით მის მსჯელობებში. ელემენტარულად, თუნდაც ნებისმიერი ნივთის თუ საჩუქრის ფასის განსაზღვრა რომც შეგვეძლოს მოცემულ მომენტში, ეს ფასი ხომ დროის განმავლობაში იცვლება; ასევე საქმიანობებთან მიმართებაში; ერთი საუკუნის შემდეგ, ალბათ, ყველაფერი სხვანაირად იქნება. უფრო მეტიც, ასი წლის შემდეგ, - ვფიქრობდი, როდესაც საკუთარ კარიბჭეს მივაღწიე, - ქალები აღარ იქნებიან „დაცული სქესი“. შესაბამისად, ისინი ჩაერთვებიან ახალ საქმიანობებში; ისეთებშიც, რაც ფიზკურ ძალისხმევას საჭიროებს და რაც ოდესღაც მათთვის შეუფერებლად ითვლებოდა. ძიძა ნახშირის მტვირთავი გახდება. მაღაზიის გამყიდველი ქალი მძღოლობას დაიწყებს. ყველა თვალსაზრისი, რომელიც ეყრდნობა იმდროინდელ ფაქტებს, როდესაც ქალები დაცულ სქესს წარმოადგენდნენ, გაქრება, როგორც, მაგალითად (ამ დროს ქუჩაზე ჯარისკაცების რაზმმა ჩაიარა), ამჟამინდელი შეხედულება, რომ ქალები, მღვდლები და მებაღეები სხვა ადამიანებზე დიდხანს ცოცხლობენ. მოაცილეთ ეს „დაცულობა“, დაუქვემდებარეთ ქალებიც იგივე ფიზიკურ დატვირთვას, აქციეთ სამხედროებად, მეზღვაურებად, მძღოლებად, სადგურის მუშებად და ქალები ალბათ ისე სწრაფად, ისეთი ახალგაზრდები გარდაიცვლებიან მამაკაცებთან შედარებით, რომ მალე წინადადება: „დღეს ქალი დავინახე“ - „დღეს აეროპლანი დავინახე“-ს მსგავსად გაიჟღერებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუკი ქალის როლი შეიცვლება, - გავიფიქრე და კარი გავაღე. მაგრამ, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ჩემი თხზულების თემასთან - ქალებსა და მხატვრულ ლიტერატურასთან? - უკვე შინ შესულმა ვკითხე ჩემს თავს.
3.
გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ შინ ხელცარიელი დავბრუნდი. არანაირი მნიშვნელოვანი ფაქტი არ გამაჩნდა, რომ მეთქვა: აი, ამის და ამის გამო არიან ქალები მამაკაცებზე ღარიბები. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, თავი დამენებებინა ამ „წმინდა ჭეშმარიტების“ ძებნისათვის და წაკითხული ავტორების მსგავსად, საკუთარი ემოციების ფონზე დამეწერა რამე, თუნდაც ჭურჭლის ნარეცხი წყალივით მღვრიე. მაგრამ, გადავწყვიტე, დარაბები დამეხურა, გარეთ დამეტოვებინა ყველაფერი, რაც ყურადღებას მიფანტავდა და ლამფა ამენთო. შევეცადე, საკუთარი შეკითხვები უფრო კონკრეტულად ჩამომეყალიბებინა და პასუხებისათვის ამჯერად ისტორიკოსისათვის მიმემართა, რომელიც სუბიექტური აზრების ნაცვლად ფაქტებს აღნუსხავს.ის, ალბათ, უკეთ მიამბობდა, თუ რა პირობებში ცხოვრობდნენ ქალები, არა ზოგადად საუკუნეების განმავლობაში, არამედ, ვთქვათ ელიზაბეთის ეპოქაში.
ჩემთვის ამოუხსნელ გამოცანად რჩებოდა ის ფაქტი, რომ წარსულის მანძილზე შექმნილ უზარმაზარ ლიტერატურაში თითქმის ერთი სიტყვაც არ ეკუთვნოდა ქალს, მაშინ როდესაც ყოველი მეორე მამაკაცი სიმღერებს და სონეტებს თხზავდა. რა პირობებში ცხოვრობდა ქალი? - პირველ რიგში ეს კითხვა დავსვი. მხატვრული ლიტერატურა წარმოსახვის ნაყოფია და მიწის მიზიდულობას ნაკლებ ემორჩილება, ვიდრე ვთქვათ, მეცნიერება. ლიტერატურა უფრო ობობას ქსელს გავს, რომელიც მუდამ ძალიან მსუბუქად, მაგრამ მაინც ოთხივე კუთხითაა ცხოვრებასთან მიბმული. ხშირად ეს კავშირი თვალისათვის თითქმის უხილავიც კია. მაგალითად, შექსპირის პიესები, თითქოს მთლიანად თავისთვისაა ჰაერში გამოკიდული. მაგრამ თუკი თითს გამოვკრავთ, ქსელი რომელიმე კუთხეს ჩამოეკიდება, გამოირღვევა და გაგვახსენებს, რომ ნაწარმოებები შუა ჰაერში კი არ არის ამოქსოვილი რაიმე არამიწიერი არსებების მიერ, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავების მიერაა შექმნილი და დაკავშირებულია ისეთ მიწიერ და მატერიალურ ცნებებთან, როგორიცაა ჯანმრთელობა, ფული და თავშესაფარი.
ამიტომაც, მივედი იმ თაროსთან, სადაც ისტორიული წიგნები მილაგია და უახლესი გამოცემა, პროფესორ ტრეველიანის „ინგლისის ისტორია“ გადმოვიღე. კიდევ ერთხელ მოვძებნე „ქალები“; შემდეგ - „მათი მდგომარეობა საზოგადოებაში“ და წიგნი მითითებულ გვერდზე გადავშალე. „ცოლის ცემა“, - ვკითხულობდი, -„მამაკაცის აღიარებული უფლება იყო და პრაქტიკაში ყოველგვარი სირცხვილის გარეშე გამოიყენებოდა როგორც მაღალ, ისე დაბალ კლასებში“. ისტორიკოსი განაგრძობდა: «ქა
ლიშვილი, რომელიც უარს განაცხადებდა ცოლად გაჰყოლოდა მშობლების მიერ შერჩეულ კაცს, შეეძლოთ ოთახში გამოეკეტათ, ეცემათ და თმებით ეთრიათ, რასაც საზოგადოების მხრიდან არავითარი პროტესტი არ მოჰყვებოდა. ქორწინება არა პიროვნული გრძნობების, არამედ ოჯახური გამორჩენის საქმე იყო, განსაკუთრებით, „სარაინდო“ მაღალ კლასებში... ნიშნობა ხშირად მაშინ ხდებოდა, როდესაც ერთ-ერთი, ან ორივე მხარე ჯერ კიდევ აკვანში იყო; ხოლო ქორწინება, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ძიძების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასეთი მდგომარეობა იყო დაახლოებით 1470 წელს, ჩოსერის შემდგომ პერიოდში. სხვა წყაროები ქალების მდგომარეობის შესახებ ორასი წლით გვიანდელია და სტიუარტების ეპოქას ემთხვევა. „მაღალი და საშუალო კლასის ქალებს ჯერ კიდევ იშვიათად თუ შეეძლოთ საკუთარი საქმროს შერჩევა; ხოლო ქმარი, რომელსაც მას მოუძებნიდნენ, ქალის სრულუფლებიანი მეპატრონე და მბრძანებელი ხდებოდა როგორც ტრადიციის, ასევე კანონის თანახმად. და მაინც, ამ პირობებშიც კი“ - პროფესორი ტრეველიანი აღნიშნავს, - „არც შექსპირის ნაწარმოებებში და არც მეჩვიდმეტე საუკუნის მემუარებში (მაგ. ვერნეისი და ჰატჩინსონი) აღწერილი ქალები არ არიან ინდივიდუალურობას მოკლებულნი“. ეს შენიშვნა ყოვლად მართებულს გავს, თუკი გავიხსენებთ კლეოპატრას, ლედი მაკბეთს ან როზალინდას. პროფესორი ტრეველიანი სრულ სიმართლეს განაცხადებს, როდესაც ამბობს, რომ შექსპირის ქალებს პიროვნულობა არ აკლდათ. შეგვიძლია, უფრო შორსაც წავიდეთ და განვაცხადოთ, რომ ქალები, ისტორიის დასაწყისიდან მოყოლებული, გზის მანათობელ ვარსკვლავებს ჰგავდნენ ლიტერატურაში: კლიტემნესტრა, ანტიგონე, კლეოპატრა, ლედი მაკბეთი, ფედრა, კრესიდა, როზალინდა, დეზდემონა, მალფის ჰერცოგინია - დრამატულ ნაწარმოებებში; შემდეგ პროზაულ ნაწარმოებებში: მილამანტი, კლარისა, ბეკი შარპი, ანა კარენინა, ემა ბოვარი, მადამ დე გერმანტესი - გონებაში სახელების კორიანტელი დადგა; და მათ შორის ვერც ვიხსენებ „პიროვნულობასა და ინდივიდუალურობას მოკლებულ ქალებს“. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალი რომ მხოლოდ მამაკაცების მიერ შექმნილ ლიტერატურაში არსებობდეს, მას ყველა წარმოიდგენდა უდიდესი მნიშვნელობის პიროვნებად, რომელიც ძალიან რთული და მრავალმხრივია - დიდსულოვანიც და სულმდაბალიც, ბრწყინვალეც და უბადრუკიც, უსაზღვროდ მშვენიერიც და უსაშინლესიც;
ხშირ შემთხვევაში მამაკაცებზე უფრო დიადი5 მაგრამ ეს მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაში არსებული ქალის სახეა. სინამდვილეში, როგორც პროფესორი ტრეველიანი აღნიშნავდა, ის იყო ოთახში გამოკეტილი, ნაცემი და თმით ნათრევი.
ძალიან უცნაური კომპოზიცია იკვრება. წარმოსახვაში ქალი უმაღლესი არსებაა, პრაქტიკულად კი სრულიად უმნიშვნელო. ის იპყრობს პოეზიის თითოეულ სტრიქონს; ის ყველგანაა, ისტორიის გარდა. მხატვრულ ნაწარმოებებში ის განაგებს მეფეებისა და დამპყრობლების ბედ-იღბალს; რეალობაში კი ის მონა იყო ნებისმიერი ბიჭის, ვისი მშობლებიც თითზე ბეჭედს წამოაცმევდნენ. ლიტერატურაში ყველაზე უფრო ამაღელვებელი სიტყვები და ყველაზე უფრო ღრმა ფიქრები ხშირად სწორედ ქალის ბაგიდან გაისმის; რეალურ ცხოვრებაში კი მას ძლივს შეეძლო წერაკითხვა და ქმრის საკუთრებას წარმოადგენდა.
მათ წარმოსახვაში, ვინც ჯერ ისტორიულ ცნობებს გადაიკითხავს, ხოლო შემდეგ პოეზიას, ნამდვილად უცნაური მონსტრი გაჩნდება - რაღაც მატლის მსგავსი, არწივის ფრთებით. მაგრამ როგორი თავშესაქცევიც არ უნდა იყოს მისი თვალიერება, ეს მონსტრი რეალობაში არ არსებობს. მის გასაცოცხლებლად, ერთსა და იმავე მომენტში პოეტურადაც უნდა შევძლოთ აზროვნება და პროზაულადაც; კავშირი არ უნდა დავკარგოთ ფაქტთან, რომ ჩვენს წინაშეა მისის მარტინი, ოცდათექვსმეტი წლის, ლურჯ კაბაში, შავ ქუდსა და ყავისფერ ფეხსაცმელში გამოწყობილი; და ამავე დროს თვალწინ უნდა გვედგას ქალის მხატვრული სახე; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიტერატურაში ის მთავარი ძარღვია, ჭურჭელი, რომლის კედლებსაც ათასნაირი სული და ძალა ეხეთქება უწყვეტ ნაკადად. თუმცა, იმ მომენტში, როცა ამ მეთოდით ვცდილობთ ელიზაბეთის ეპოქის ქალის დანახვას, მისი ანფასი მაინც განათების გარეშე რჩება: ფაქტების ნაკლებობა გვაფერხებს. არაფერი ვიცით დეტალურად; არაფერია ზუსტი და უტყუარი მასთან მიმართებაში. ისტორია ქალს თითქმის არ მოიხსენიებს.
ვფიქრობდი და ჩავცქეროდი ისტორიის სახელმძღვანელოს ფურცელს, რომელზეც ჩამოთვლილი იყო:
„ფეოდალური სასამართლო და შემოუღობავი მიწათმოქმედების წესები... ცისტერციანელები და მეცხოველეობა... ჯვაროსნები... უნივერსიტეტი... წარმომადგენელთა პალატა... ასწლიანი ომი... ვარდების ომი... რენესანსის ეპოქის სწავლულები... მონასტერთა დახურვა... აგრარული და რელიგიური უთანხმოება... ინგლისის ფლოტის შექმნა... უძლეველი არმადა...“ და ა.შ. ხანდახან რომელიმე ქალის სახელი გვხვდება, მაგ. ელიზაბეთი ან მერი, - რომელიმე დედოფალი ან დიდებული ქალბატონი. მაგრამ ვერსად მოვნახავთ საშუალო კლასის ქალს, რომელსაც იარაღად მხოლოდ საკუთარი გონება და ხასიათი გააჩნდა. ის არ ჩანს არც ერთ იმ დიდ მოძრაობაში, რომელთა ნუსხაც, ერთად შეკრული, ქმნის ისტორიას. ასეთ ქალს ვერც პირად ჩანაწერებში წავაწყდებით. ობრი ქალებს თითქმის არ მოიხსენიებს. თვითონ ქალები კი საკუთარი ცხოვრების შესახებ არაფერს წერდნენ და დღიურებსაც თითქმის არასდროს აწარმოებდნენ; იმ პერიოდიდან შემონახულია ქალის მიერ დაწერილი მხოლოდ რამდენიმე წერილი. ქალებს არ დაუტოვებიათ არც პიესები და არც ლექსები, რომლებითაც შეგვიძლია მათ შესახებ ვიმსჯელოთ. გავიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, თუკი ამას ნიუნჰემის ან გირტონის რომელიმე წარჩინებული სტუდენტი ითავებდა და ცალკე მოკრებდა მთელს შესაძლო ინფორმაციას ქალის შესახებ - თუ რა ასაკში თხოვდებოდა, საშუალოდ რამდენ ბავშვს აჩენდა, როგორ სახლში ცხოვრობდა, ჰქონდა თუ არა საკუთარი ოთახი, საჭმელს ამზადებდა თუ არა, ჰყავდა თუ არა მოსამსახურე... ყველა ეს ფაქტი სავარაუდოდ სადღაც დევს, ადგლობრივ სარეგისტრაციო ნუსხებში და ანგარიშის წიგნებში; სადღაც უსათუოდ უნდა იყოს გაბნეული ელიზაბეთის ხანის საშუალო ქალის ცხოვრება. იქნებ ვინმემ მოაგროვოს და წიგნად აქციოს. ჩემს გამბედაობას აღემატება ამბიცია, ვურჩიო ამ ცნობილი კოლეჯების სტუდენტებს, გადაწერონ მთლიანად ისტორია; თუმცა, ვფიქრობ, რომ ჩვენთვის დღევანდელი სახით მოწოდებული ისტორია ხშირად ბევრ კითხვას უპასუხოდ ტოვებს, არარეალური და დეფორმირებულია; მაგრამ რატომ არ უნდა გაუკეთდეს თუნდაც არსებულ ისტორიას მცირე დამატება, რაიმე თვალშისაცემი სათაურით; ისეთი, რომელშიც ისტორიის ფურცლებზე გამოტოვებული ქალები საკუთარ ადგილს მონახავენ? რადგან არსებულ ფურცლებზე თუკი ქალი გაიელვებს, - მხოლოდ გაკვრით, რომელიმე დიდებული გმირის ცხოვრებაში; და მაშინვე იქაც უკანა პლანზე უჩინარდება, თითქოს რაღაცას მალავდეს - სიცილს, ან პირიქით, ცრემლებს. არადა, თანამედროვეობის რამდენი ხელოვანის ბიოგრაფიაა ცნობილი, რომელშიც უდიდესი როლი ითამაშა ჯეინ ოსტინმა. არც იმის საჭიროებას ვხედავ, დეტალურად შეგახსენოთ, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ჯოანა ბეილის ტრაგედიებმა ედგარ ალან პოს პოეზიაზე. არც იმ ფაქტის წინააღმდეგ გამოვთქვამ პროტესტს, რომ მინიმუმ ერთი საუკუნის მანძილზე საზოგადოებისათვის გასაიდუმლოებული იყო მერი რასელ მიტფორდის მიერ მონახულებული სახლების მისამართები და ადამიანების სახელები. მაგრამ ის, რაც სამწუხაროდ მიმაჩნია, არის ქალებთან დაკავშირებული სრული სიცარიელე მეთვრამეტე საუკუნემდე. უბრალოდ, გონებაში არ გამაჩნია ქალის არანა ირი მოდელი, რომ დავათვალიერო. უპასუხოდ რჩება ჩემი კითხვები: რატომ არ წერდნენ ქალები ლექსებს ელიზაბეთის ეპოქაში? როგორ განათლებას ღებულობდნენ ისინი? რამდენ ქალს ჰყავდა ბავშვი ოცდაერთი წლის ასაკამდე? მოკლედ, რას აკეთებდნენ დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე? აშკარაა, რომ საკუთარი ფული არ ჰქონდათ. პროფესორ ტრეველიანის თანახმად, მათ ადრეულ ასაკში ათხოვებდნენ ნების უკითხავად, უმეტესწილად, თხუთმეტ-თექვსმეტი წლის ასაკში. ძალიან უცნაური იქნებოდა, თუნდაც ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, რომ რომელიმე მათგანს შექსპირის დარი პიესები დაეწერა, - დავასკვენი და გამახსენდა ერთი აწ განსვენებული ეპისკოპოსი, რომელიც ამბობდა, რომ შეუძლებელია წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც რომელიმე ქალს შექსპირის გენია ჰქონოდა ან ჰქონდეს“. ამის შესახებ მან გაზეთებშიც დაწერა. თუ სწორად მახსოვს, ამ ეპისკოპოსმა ისიც უთხრა ერთ ქალბატონს, რომელმაც მას ინფორმაციისათვის მიმართა, რომ კატები, როგორც ასეთი, სამოთხეში არ ხვდებიან; თუმცა, ისიც დასძინა, რომ მათ რაღაც სულის მსგავსი გააჩნიათ. რაოდენ ნუგეშისმცემელნი არიან ზოგჯერ ასეთი მოხუცი ჯენტლმენები! როგორ იხევს ყოველგვარი უმეცრება უკან მათი განსწავლულობის წინაშე! კატები სამოთხეში არ ხვდებიან. ქალებს არ შეუძლიათ შექსპირის დარი პიესების წერა.
მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ როდესაც თაროზე შექსპირის ტომებს შევხედე, გავიფიქრე, რომ ბიშოპი ამ ერთ რამეში მაინც იყო მართალი - ნებისმიერი ქალისათვის აბსოლუტურად შეუძლებელი იქნებოდა შექსპირის დარი პიესების დაწერა შექსპირის ეპოქაში. მოდი, რადგან ასე ცოტა ფაქტი გაგვაჩნია, საკუთარ ფანტაზიას მივცეთ გასაქანი და წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, თავად შექსპირს რომ ყოლოდა ბრწყივალე ნიჭით დაჯილდოებული და, პირობითად, სახელად ჯუდითი. სავარაუდოდ, თვითონ შექსპირმა განათლება საშუალო სკოლაში მიიღო (დედამისი მდიდარი მემკვიდრე იყო), სადაც შეეძლო ესწავლა ლათინური - ოვიდიუსი, ვირგილიუსი და ჰორაციუსი, ისევე როგორც გრამატიკისა და ლოგიკის ელემენტები. ცნობილია, რომ ის დაუდეგარი ბიჭი იყო, კურდღლებს ატყავებდა და ირმებზე ნადირობდა; და რომ ის ძალიან ადრეულ ასაკში დაქორწინდა მეზობლად მცხოვრებ ქალზე, რომელმაც იმაზე უფრო სწრაფად გაუჩინა ბავშვი, ვიდრე წესი და რიგი იყო. ყველაფერ ამისაგან გაქცევამ შექსპირი ბედის საძიებლად ლონდონში ჩაიყვანა. როგორც ჩანს, თეატრი იზიდავდა; თავიდან აქ მეჯინიბედ მუშაობდა, ძალიან მალე კი თავად თეატრში მიიღო სამუშაო და წარმატებული მსახიობიც გახდა. ახლა უკვე სამყაროს ცენტრში ცხოვრობდა - ყველას ხვდებოდა, ყველას იცნობდა, სცენაზე აჰქონდა თავისი თხზულებები, პიესებს ქუჩაშიც დგამდა, დედოფლის კარზეც კი მიღებული იყო. ამასობაში კი, მოდით, ვივარაუდოთ, რომ მისი ასევე არაჩვეულებრივად ნიჭიერი და შინ რჩებოდა. ეს გოგოც ძმასავით თავგადასავლების მოყვარული იყო, მდიდარი წარმოსახვის პატრონი, ქვეყნის ნახვის სურვილით ანთებული. მაგრამ ის სკოლაში არ გაგზავნეს; შესაბამისად, არც გრამატიკის და არც ლოგიკის სწავლის შანსი არ მისცემია, ჰორაციუსის და ვირგილიუსის კითხვას რომ თავი დავანებოთ. ხანდახან თავისი ძმის წიგნებიდან რომელიმეს აიღებდა ხოლმე ხელში და კითხვას იწყებდა, მაგრამ მაშინვე მისი მშობლები შემოდოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ წიგნებში უქმად კირკიტს ერჩივნა წინდები დაეკემსა ან საჭმლისთვის მიეხედა. მშობლები ქალიშვილს ამას მკაცრად, მაგრამ მხოლოდ საუკეთესო სურვილების გამო ეუბნებოდნენ, რადგან პრაქტიკული ადამიანები იყვნენ, რომლებმაც იცოდნენ ქალის რეალური ცხოვრების პირობები და თავიანთი ქალიშვილი უყვარდათ. სავარაუდოა, რომ ეს გოგონა მამის თვალის ჩინი იყო. ალბათ სხვენში მალულად მაინც წაჯღაბნიდა ხოლმე რამეს, მაგრამ სიფრთხილის გამო საკუთარ ნაწერს საგულდაგულოდ მალავდა, ან წვავდა. თუმცა, მალე, ვიდრე ოცი წელი შეუსრულდებოდა, გადაწყდა, რომ მეზობელი მატყლის მწარმოებლის ვაჟზე უნდა დაენიშნათ. გოგონამ ხმამაღლა განაცხადა, რომ ქორწინებაზე ფიქრი სძულდა. მამამ კი ამის გამო ჯერ სასტიკად სცემა ქალიშვილი, შემდეგ კი ვედრება დაუწყო, მშობლისათვის ტკივილი არ მიეყენებინა და არ შეერცხვინა; ძვირფას მძივს ან კაბასაც დაჰპირდა, თვალებში კი ცრემლები ედგა. როგორ შეეძლო ქალიშვილს, მამის ნებას არ დაჰყოლოდა და მშობლის გული გაეტეხა? მაგრამ ნიჭმა აიძულა, ასე მოქცეულიყო. ზაფხულის ერთ ღამეს თავისი კუთვნილი ნივთები ერთ პატარა ფუთად შეკრა, ფანჯრიდან თოკით ჩამოეშვა და ლონდონისაკენ დაადგა გზას. ჩვიდმეტი წლისაც არ იყო. მიდიოდა და ღიღინებდა; სიმღერაში ჩიტებსაც სჯობდა. როგორც მის ძმას, თავადაც უსწრაფესი ფანტაზია ჰქონდა - სიტყვებს და მელოდიას გზადაგზა თხზავდა. ძმის მსგავსად, მასაც თეატრისკენ მიუწევდა გული. და აი, სცენის კართან იდგა. განაცხადა, რომ სცენაზე თამაში სურდა. მამაკაცებმა გულიანად იცინეს; თეატრის მენეჯერი - სქელი, პირღია კაცი კინაღამ ხარხარით გასკდა, - რაღა პუდელების ცეკვა და რაღა სცენაზე ქალის თამაშიო. პირდაპირ უთხრეს, რომ არც ერთ ქალს არ შეეძლო მსახიობი ყოფილიყო. სიტყვაც გადაუკრეს, - თავად შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რაზეც. ქალს მსახიობობაში დაოსტატება კი არა, ტავერნაში სადილი და შუაღამისას ქუჩაში თავისუფლად გავლაც კი არ შეეძლო. მაგრამ ამ გოგონას ჯიუტად სურდა პიესები ეწერა, სურდა ცხოვრება გაეცნო და რეალობით გამოეკვება საკუთარი ფანტაზიები. ბოლოს, რადგან ის ძალიან ახალგაზრდა და მიმზიდველი იყო, თავად შექსპირის მსგავსი პოეტური ნაკვთებით, იგივე ნაცრისფერი თვალებითა და მორკალული წარბებით, - ნიკ გრინმა, მსახიობების მენეჯერმა, შეივრდომა. და მალე, გოგონას ბავშვი ეყოლა ამ კაცისაგან. ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რა ალი და სიმხურვალე აქვს ქალის სხეულში გამოკეტილ, ძაფის გორგლად შეკუმშულ პოეტის გულს? ზამთრის ერთ ღამეს მან თავი მოიკლა; და ახლა განისვენებს რომელიღაც გზაჯვარედინზე, სადაც ეტლები ჩერდებიან, სადმე, ელეფანთ ენდ ქასთელის გარეუბანში.
ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად აი ასეთი ბედი ელოდა ქალს შექსპირის ეპოქაში, თუკი მას შექსპირისნაირი ნიჭი დაჰყვებოდა. მაგრამ მეორეს მხრივ, ვეთანხმები ცხონებულ ეპისკოპოსს, რომ წარმოუდგენელი იყო, შექსპირის ეპოქაში რომელიმე ქალს ასეთი ტალანტი ჰქონოდა. შექსპირის დარი გენიოსები ხომ არ იბადებიან უწიგნურ და მონურ შრომაში მყოფ ადამიანებს შორის. ინგლისში ასეთი გენია არ დაბადებულა საქსონებსა და ბრიტონებში და არც დღეს იბადება მუშათა კლასებში. ქალებს შორის როგორღა დაიბადებოდა, თუკი, პროფესორი ტრეველიანის მიხედვით, ქალებს ძიძის ზედამხედველობის ასაკიდანვე ათხოვებდნენ და ოჯახში შრომა ერთადერთი იყო, რის კეთებასაც მათ აიძულებდათ კანონიც და ტრადიციებიც? და მაინც, რაღაც დონის ნიჭი ალბათ ქალებს შორისაც არსებობდა, ისევე როგორც მშრომელ კლასებშიც არსებობს. ფაქტია, რომ ხანდახან ემილი ბრონტე ან რობერტ ბარნსი გამოიბრწყინებენ ხოლმე და ნიჭის არსებობას ამტკიცებენ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ნიჭი იმ ეპოქაში არასოდეს გადმოსულა ქაღალდზე. თუმცა, როდესაც ვკითხულობთ დამხრჩვალი კუდიანებისა და დემონებით შეპყრობილი ქალების შესახებ, ან ქალის, რომელიც სამკურნალო ბალახებში კარგად ერკვეოდა, ან თუნდაც, ნებისმიერი ღირსშესანიშნავი პიროვნების შესახებ, რომლის აღზრდაშიც დედა თამაშობდა დიდ როლს, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ რაღაც გზას ვადგავართ დაკარგული რომანისტის, ჩაკლული პოეტის, რომელიღაც მუნჯი და უსახელოდ გამქრალი ჯეინ ოსტინისაკენ, რომელიმე ემილი ბრონტესაკენ, რომელიც არარეალიზებული ნიჭისაგან გატანჯული და ჭკუიდან გადამცდარი დაბორიალობდა და განუწყვეტლივ რაღაცას ბუტბუტებდა გზატკეცილებზე. მე მჯერა იმ აზრისაც, რომ ანონიმი, რომელმაც ამდენი ლექსი დატოვა ხელმოწერის გარეშე, ხშირად ქალი იყო. მგონი, ედვარდ ფიცჯერალდმა თქვა, რომ ქალი ქმნიდა ბალადებსა და ხალხურ სიმღერებს, რათა ბავშვებისათვის მოეთხრო ქსოვის დროს, ზამთრის გრძელ ღამეებში.
შეიძლება, ეს სიმართლე იყოს და შეიძლება, არც იყოს - ვის შეუძლია ამის დადგენა? მაგრამ ვიდრე შექსპირის დის შესახებ ამ ამბავს ვთხზავდი, ერთი რამ უტყუარ სიმართლედ მიმაჩნდა - ნებისმიერი ქალი, რომელსაც მეთექვსმეტე საუკუნეში დიდი ნიჭი დაჰყვებოდა დაბადებიდან, ბოლოს უსათუოდ გაგიჟდებოდა, თავს მოიკლავდა ან სადმე, სოფლის განაპირა კოტეჯში, მარტოობაში დაასრულებდა სიცოცხლეს; იქნებოდა ყველასთვის ნახევრად კუდიანი, ნახევრად შეშლილი, რომლისაც ეშინიათ და რომელსაც დასცინიან. ცოტაოდენი ფსიქოლოგიის ცოდნაც საკმარისია, რათა დავასკვნათ, რომ დიდი ნიჭით დაჯილდოებული გოგონა, რომელიც პოეზიის შექმნას შეეცდებოდა, იმდენ წინააღმდეგობასა და დაბრკოლებას შეხვდებოდა სხვების მხრიდან, პიროვნულად იმდენად გაიტანჯებოდა და ორად გაიხლიჩებოდა ტრადიციების საპირისპირო ინსტინქტებით, რომ ჯანმრთელობასა და საღ გონებას უსათუოდ დაკარგავდა რაღაც დონემდე მაინც. არც ერთ გოგონას არ შეეძლო წასულიყო ლონდონში, თეატრის კართან დამდგარიყო და სცენისაკენ გზ ისე გაეკვალა მსახიობების და მენეჯერების გარემოცვაში, რომ ძალადობის მსხვრეპლი არ გამხდარიყო. ამ შემთხვევაში კი ქალისათვის გარდაუვალი იყო ტანჯვა იმ მიზეზების გამო, რომელიც შეიძლება ირაციონალურიც კი იყოს - რადგან უმანკოება განსაზღვრული საზოგადოებების მიერ უცნობი მიზეზების გამო გამოგონილი კულტია. უმანკოებას იმ დროში და ახლაც კი, რელიგიური მნიშვნელობა გააჩნდა ქალის ცხოვრებაში. ამ ცნების შინაარსი იმდენადაა ჩახლართული ნერვულ სისტემასა და ინსტინქტებში, რომ მისი განთავისუფლება და დღის სინათლეზე გამოტანა ძალიან იშვიათ გამბედაობას საჭიროებს. ლონდონში თავისუფლად ცხოვრება, პოეტობა და დრამატურგობა მეთექვსემეტე საუკუნეში წარმოუდგენელი იყო ქალისათვის. საზოგადოებასთან, ისევე როგორც საკუთარ თავთან, კონფლიქტი გარდაუვალი იყო, რასაც შეეძლო, სულაც, ემსხვერპლა იგი. გადარჩენის შემთხვევაში კი მისი ნაწერები მუდამ არასწორად გაგებული იქნებოდა და გარკვეულწილად, თავად ავტორის მიერ დეფორმირებული, დაძაბულობისაგან დაღდასმული. გავყურებდი ქალების ნაწერებისაგან ცარიელ თაროებს და ვფიქრობდი, რომ თუკი საუკუნეების წინ ქალი მაინც წერდა რამეს, ალბათ ანონიმურობას უსათუოდ იტოვებდა, როგორც უკან დასახევ გზას. იგივე უმანკოების ცნება კარნახობდა ქალებს, რომ საკუთარი გვარი არ მიეწერათ თავიანთი ნაშრომებისათვის ისე გვიანაც კი, როგორც მეცხრამეტე საუკუნეა. კარერ ბელი, ჯორჯ ელიოტი, ჟორჟ სანდი - ყველანი მსხვერპლნი არიან შინაგანი ბრძოლის, რასაც მათი ნაწერებიც მოწმობს. ამ ბრძოლის არაეფექტურობაზე ლაპარაკობს ის ფაქტი, რომ ქალები მამაკაცების სახელებს ამოფარებულნი წერდნენ, რათა საკუთარი თავები შეენიღბათ. ამით ისინი მხოლოდ ტრადიციას დამორჩილდნენ, რომელიც გარდა იმისა, რომ მეორე სქესის მიერ იქნა დანერგილი („ქალისათვის ყველაზე სასახელო ისაა, თუ მასზე არ ილაპარაკებენ“, - თქვა პერიკლემ, კაცმა, თავად რომელზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ), მხარდაჭერილი იქნა თვითონ ქალების მიერ. დაკანონდა, რომ საკუთარი თავის სააშკარაოზე გამოტანა ქალისათვის სამარცხვინოა. ქალების ძარღვებში დღემდე ანონიმურობა მიედინება; ისინი დღემდე ტყვეები არიან სურვილის, ჩადრით ჰქონდეთ სახე დაფარული. ქალებს არ გააჩნიათ საკუთარი დიდების სურვილი ისე მძაფრად, როგორც მამაკაცებს. შეიძლება ითქვას, რომ ქალებს საფლავის ქვის უკანაც კი მშვიდად შეუძლიათ განსვენება გაუსაძლისი წყურვილის გარეშე, რომ ამ ქვაზე მათი სახელები იყოს ამოკვეთილი. მამაკაცების ინსტინქტი კი მაშინვე იწყებს ჩურჩულს, როცა გვერდით ლამაზი ქალი ჩაუვლით, ან თუნდაც ძაღლი: „Ce chien est à moi“6. და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ძაღლი, - გავიფიქრე და გამახსენდა პარლამენტის მოედანი, ბერლინის ხეივანი და სხვა პროსპექტები; მათ იგივე მესაკუთრეობის ინსტინქტს უღვიძებს მიწა, ან თუნდაც მეორე, შავკულულებიანი მამაკაცი. ქალად ყოფნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა კი ისაა, რომ ქალს შეუძლია გვერდით ჩაუაროს ნებისმიერ ულამაზეს შავკანიან ქალს ისე, რომ მისი დამორჩილება და ინგლისელ ლედიდ გადაქცევა არ მოუნდეს.
ქალი, რომელსაც პოეზიის ნიჭი დაჰყვა დაბადებისას მეთექვსმეტე საუკუნეში, უბედური ქალი იყო. ის იყო საკუთარ თავთან მებრძოლი ქალი. მისი ცხოვრების ყველა პირობა, მისი ყველა ინსტინქტი მტრულად იყო განწყობილი შემოქმედებითი პროცესის მიმართ, - იმის მიმართ, რაც სჭირდება გარეთ საკუთარი ნააზრევის თავისუფლად გამოტანას. მაგრამ გონების რა მდგომარეობა შეიძლება ჩაითვალოს შემოქმედებითი აქტისათვის ყველაზე უფრო ხელსაყრელად? შეგვიძლია თუ არა ისეთი გონებრივი მდგომარეობის განსაზღვრა, რომელიც შესაძლებელს ხდის და სტიმულს აძლევს შემოქმედების უცნაურ პროცესს? შექსპირის ტრაგედიები გადავშალე. მაგალითად, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა შექსპირი „მეფე ლირის“, ან „ანტონიუსი და კლეოპატრას“ წერის დროს? უეჭველია, რომ იმ მომენტში მისი გონება პოეზიის თხზვისთვის შესაძლოთა შორის ყველაზე უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მაგრამ შექსპირს ამის შესახებ თავად არაფერი უთქვამს. ჩვენ მხოლოდ სრულიად შემთხვევით ვიცით, რომ მას „არასოდეს გადაუჯღაბნია სტრიქონი“. ზოგადად, მეთვრამეტე საუკუნემდე, შემოქმედებს სიტყვაც არ დასცდენიათ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც წერდნენ. ალბათ რუსო იყო პირველი, ვინც ეს გააკეთა. ყოველ შემთხვევაში, მეცხრამეტე საუკუნისათვის თვითშემეცნება იქამდე განვითარდა, რომ მწერალი მამაკაცებისათვის უკვე ჩვეულებად იქცა აღეწერათ საკუთარი შემოქმედებითი განცდები აღსარებებსა და ავტობიოგრაფიებში. მათი ცხოვრების შესახებ იწერებოდა და მათი წერილებიც იბეჭდებოდა ავტორების გარდაცვალების შემდეგ. ამიტომ, თუმცა არ ვიცით, თუ რა მდგომარეობაში იყო შექსპირი როდესაც „ლირი“ დაწერა, ჩვენ ვიცით, თუ რას გრძნობდა კარლაილი როდესაც „საფრანგეთის რევოლუციას“ წერდა; რა გამოიარა ფლობერმა, როცა „მადამ ბოვარი“ შექმნა; რას გრძნობდა კიტსი, როდესაც ცდილობდა შეეთხზა ლექსები მოახლოებული სიკვდილისა და სამყაროს გულგრილობის ფონზე.
აღსარებებისა და თვითანალიზის უზარმაზარი თანამედროვე ლიტერატურა გვაძლევს საშუალებას, დავასკვნათ, რომ გენიალური ნაშრომის დაწერა თითქმის ყოველთვის გმირულ ძალისხმევას მოითხოვს. უმეტეს შემთხვევაში ყველა გარემოება იმ ალბათობის წინააღმდეგია, რომ მწერლის წარმოსახვიდან ნაწარმოები სრული სახით გადმოვა ფურცელზე. მატერიალური სამყარო უმცირესი დეტალებითაც კი აფერხებს შემოქმედებით პროცესს: ძაღლები ყეფენ, წერას ადამიანები გაწყვეტინებენ, ფულია საშოვნი ან ჯანმრთელობა გღალატობს. ის კი, რაც ამ დაბრკოლებებს ყველაფერზე მეტად ამძიმებს, უბრალოდ, სამყაროს გულგრილობაა: ის არ სთხოვს ადამიანებს წერონ ლექსები, რომანები და ისტორიული ნაშრომები; მას ისინი არ სჭირდება. მას სულ არ აინტერესებს, ფლობერი საჭირო სიტყვას მიაგნებს თუ არა, ან კარლაილი კეთილსინდისიერად აღწერს თუ არა რომელიმე ფაქტს. ისიც ბუნებრივია, რომ სამყარო ფულს არ იხდის იმაში, რაც არ სჭირდება. და ამდენად, მწერალი - კიტსი, ფლობერი, კარლაილი... ძლიერ იტანჯება; განსაკუთრებით, ახალგაზრდობის წლებში აწყდება წინააღმდეგობისა და იმედგაცრუების ყველანაირ ფორმას. წყევლითა და აგონიური მოთქმითაა სავსე ჩვენთვის ნაცნობი აღსარებები. „დიად პოეტებს სიღატაკეში ამოსდით სული“ - ეს არის მათი სიმღერის რეფრენი. და თუ ამ ყველაფრის მიუხედავად რაღაც მაინც იქმნება, ეს უკვე სასწაულია. თუმცა, ალბათ, არც ერთი წიგნი არ იბადება დაუზიანებელი და ისე სრუქმნილი, როგორადაც ჩასახული იყო ხელოვანის გონებაში.
მაგრამ ქალებისათვის (კვლავ ცარიელ თაროებს გავხედე და გავიფიქრე), ყველა ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო აუტანელია. ელემენტარულად, ქალს საერთოდ არ გააჩნდა საკუთარი ოთახი, წყნარს და ბგერაშეუღწეველს რომ თავი დავანებოთ, თუკი მისი მშობლები არაჩვეულებრივად მდიდრები და დიდგვაროვნები არ იყვნენ, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდეც კი. რადგანაც ქალის ჯიბის ფული, რომელიც მამის გულუხვობაზე იყო დამოკიდებული, საკმარისი იყო მხოლოდ ტანასაცმლისათვის, მას წართმეული ქონდა ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც კიტსს, ტენისონსა და კარლაილსაც კი გააჩნდათ. ნებისმიერ უღარიბეს მამაკაცსაც კი შეეძლო ფეხით ხეტიალი, პატარა მოგზაურობა საფრანგეთში და ცალკე საცხოვრებლის ქონა, რომელიც, როგორი უბადრუკიც არ უნდა ყოფილიყო, თავიდან აცილებდათ საკუთარი ოჯახების მოთხოვნებსა და ტირანიას. ქალებისთვის გიგანტური იყო ყველა ეს მატერიალური სირთულე, ხოლო არამატერიალური - კიდევ უფრო უარესი. სამყაროს გულგრილობა, რომელიც კიტსისთვის, ფლობერისთვის და სხვა ნიჭიერი მამაკაცებისათვის ასე ძნელად ასატანი ჩანდა, ქალის შემთხვევაში იყო არა გულგრილობა, არამედ მტრობა. სამყარო ქალს არ ეუბნებოდა, როგორც მამაკაცს: „წერე, თუკი გსურს; ჩემთვის ეს სულ ერთია“. სამყარო ქალის წინ ხმამაღლა ხარხარებდა: „წერა? და რა ფასი აქვს შენს ნაწერს?“. აქ, ალბათ, ნიუნჰემისა და გირტონის ფსიქოლოგები უნდა დაგვეხმარონ, რადგან დროა, შემოქმედებითი პროცესის ხელისშემშლელი პირობების ეფექტი გაიზომოს; შემოწმდეს ისე, როგორც ამასწინათ რძის პროდუქტების კომპანიამ შეამოწმა ჩვეულებრივი რძისა და პირველი ხარისხის რძის ეფექტი ვირთხებზე. ორი ვირთხა გალიებში, გვერდიგვერდ მოათავსეს. ამ ორიდან ერთი დაიჩაგრა, მოიკუნტა და პატარა დარჩა, მაშინ როდესაც მეორე გაფუფუნდა, სიცოცხლით აივსო და დიდი გაიზარდა. და რა საკვებს აწვდის საზოგადოება ქალებს, როგორც ხელოვანებს? - საკუთარ თავს ვკითხე და ის სადილი გამახსენდა - ჭერმითა და ტკბილი კრემით. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ საღამოს გაზეთის გადაშლა და ლორდ ბირკენჰედის აზრის ამოკითხვაც კმაროდა. მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ თავი შევიწუხო და ციტირება გავუკეთო ლორდ ბირკენჰედის აზრს ქალების ნაწერების შესახებ. ასევე ხელუხლებლად დავტოვებ დინ ინგეს აზრებს. თუმცაღა, მოვიყვან მისტერ ოსკარ ბრაუნინგის კომენტარს, რადგან მისტერ ოსკარ ბრაუნინგი თავის დროზე კემბრიჯში დიდებული ფიგურა იყო და გირტონისა და ნიუნჰემის სტუდენტებს უტარებდა გამოცდებს. მისტერ ოსკარ ბრაუნინგს ჩვეულებად ჰქონდა განეცხადებინა, „რომ საგამოცდო ფურცლების შემოწმების შემდეგ ყოველთვის ერთი და იგივე შთაბეჭდილება რჩებოდა. მიუხედავად ნიშნებისა, რომელსაც ის წერდა, საუკეთესო ქალიც კი ინტელექტუალურად ჩამორჩებოდა ყველაზე უარეს მამაკაცს“. ასევე ცნობილია მისტერ ბრაუნინგის გულისამაჩუყებელი სიტყვები, რომელმაც ყველას თვალში მეტად ჰუმანურ პიროვნებად აქცია. ერთ დღეს შინ დაბრუნებულს მეჯინიბის თანაშემწე ბიჭი სიკვდილის პირას მისული დაუხვდა: „ჩონჩხს გავდა, ლოყები ჩაცვენოდა და გაყვითლებოდა, კბილები ჩაშავებოდა და კიდურების განძრევა უჭირდა. საბრალო ართური,“ - (თქვა მისტერ ბრაუნინგმა) - ჩემთვის ყოველთვის ერთმანეთს ავსებს. და საბედნიეროდ, ბიოგრაფიების ამ ეპოქაში ყოველთვის მოიძებნება ორი სურათი, რომ ერთმანეთი შეავსოს და საშუალება მოგვეცეს, ინტერპრეტაცია გავუკეთოთ დიდი ადამიანების აზრებს არა მხოლოდ იმის მიხედვით, რასაც ისინი ამბობენ, არამედ იმის მიხედვითაც, რასაც ისინი აკეთებენ.
მაგრამ თუმცა ახლა ამ ყველაფრით თავის გართობაც შეიძლება, მნიშვნელოვანი ადამიანების ბაგეთაგან წარმოთქმული ასეთი სიტყვები საკმაოდ მტკივნეული იყო ორმოცდაათი წლის წინათაც კი. წარმოვიდგინოთ, რომ მამას უმაღლესი მოტივების გამო არ სურდა, მის ქალიშვილს სახლი დაეტოვებინა და მწერალი, მხატვარი ან სწავლული გამხდარიყო. „უყურე, რას წერს მისტერ ოსკარ ბრაუნინგი“ - და მამა უმალ საბუთად მოიშველიებდა ბრაუნინგის განცხადებას. ეს იყო არა მხოლოდ მისტერ ოსკარ ბრაუნინგის აზრი. „სეთერდეი რივიუ“ აჭრელებული იყო მსგავსი გამოთქმებით. „ქალად ყოფნის მთავარი არსი“, - დარწმუნებით განაცხადა მისტერ გრეგმა , - „არის მამაკაცების ქვეშევრდომობა“. მასკულინური აზრი მთელი სიმძიმით ახდენდა ზეწოლას, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა - ქალებისაგან ინტელექტუალურად არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეთო. და თუ მამა არ წაუკითხავდა თავის ქალიშვილს ამ მოსაზრებებს, ადრე თუ გვიან, ნებისმიერი გოგონა თავად წაიკითხავდა; წაკითხული კი, თუნდაც მეცხრამეტე საუკუნეში, უდაოდ შეამცირებდა ქალიშვილის თვითრწმენას. ეს მტკიცებულება მუდმივად იქნებოდა ჩაბეჭდილი გონებაში - «შენ ამის გაკეთება არ შეგიძლია“. მუდამ პროტესტი უნდა გამოგეთქვა და ეჭვები საკუთარ თავში გადაგელახა. შეიძლება ეს მიკრობი დიდად საშიში უკვე აღარ არის თანამედროვე რომანისტი ქალისათვის , რადგან ამ დროისთვის პროზაიკოსმა ქალებმა უკვე მოახერხეს სახელის მოხვეჭა, მაგრამ მხატვრებისათვის ნესტარი, ალბათ, ჯერ კიდევ მტკივნეულია, ხოლო მუსიკოსებისათვის კიდევ უფრო მეტად მომწამვლელი. ქალი მუსიკოსი დღესაც იქ დგას, სადაც მსახიობი ქალი იდგა შექსპირის ეპოქაში. ნიკ გრინს რომ ვათქმევინე შექსპირის დის შესახებ ჩემს მიერ შეთხზულ ამბავში, რომ სცენაზე გამოსული ქალი მოცეკვავე ძაღლს გავს, სწორედ მსგავსი ფრაზა წარმოთქვა ჯონსონმა ქალების მიერ ქადაგებასთან დაკავშირებით. და ჩვენს დახვეწილ თანამედროვეობაშიც ამ ფრაზას იმეორებენ. ჩემს ხელთ არსებულ 1928 წლის გამოცემაში თანამედროვე მუსიკის შესახებ, ვკითხულობთ: „ქალბატონ გერმინა ტაილეფერთან დაკავშირებით დოქტორ ჯონსონის მიერ მქადაგებელი ქალების შესახებ გაკეთებული კომენტარის გადმოტანა შეიძლება მუსიკის სფეროში. ბატონებო, ქალის მიერ მუსკის წერა ძაღლის უკანა თათებზე სიარულს ჰგავს. ეს კარგად არ გამოსდის, მაგრამ იმითაც გაოცებული რჩებით, რომ მსგავსი რამ საერთოდ ხდება.“7 აი, ასეთი სიზუსტით იმეორებს ისტორია საკუთარ თავს.
ამიტომაც, მე ვასკვნი, ვხურავ რა მისტერ ოსკარ ბრაუნინგის და დანარჩენების ცხოვრებას, რომ მეცხრამეტე საუკუნეშიც კი ქალს მხარდაჭერა არ გააჩნდა, რათა ხელოვანი ყოფილიყო. პირიქით, თუკი ამას შეეცდებოდა, მას ამცირებდნენ, სილას აწნიდნენ და ჭკუას ასწავლიდნენ. იმისათვის, რომ სტერეოტიპები დაენგრია, ქალს, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ბრძოლა უწევდა, რაც უთუოდ ამცირებდა მის ენერგიასა და სასიცოცხლო ძალებს. ამ ჯაჭვს ისევ ძალიან საინტერესო მასკულინურ კომპლექსამდე მივყავართ, რომელმაც ამხელა გავლენა იქონია ქალების მოძრაობაზე. მამაკაცებში ღრმად ჩაშენებული სურვილი, არა იმდენად იმის, რომ ქალი იყოს არასრულფასოვანი, არამედ იმის, რომ თვითონ ჩანდეს აღმატებული, ყველგან ავლენს საკუთარ თავს, საითაც გავიხედავთ. ის არა მხოლოდ ხელოვნებაში სწევს ქალს უკანა პლანზე, არამედ პოლიტიკისაკენაც გზას უღობავს მაშინაც კი, როდესაც რისკი მამაკაცებისთვის უმნიშვნელოა, ხოლო მათი მოპაექრე თავმდაბალი და მორჩილია. გამახსენდა ლედი ბესბარი, პოლიტიკისადმი მთელი თავისი ვნების მიუხედავად, როგორ იყო იძულებული, მორჩილად დაეკრა თავი და ლორდ გრანვილ ლევესონ- გოუერისათვის მიეწერა: „მიუხედავად მთელი ჩემი ძალისხმევისა პოლიტიკაში და ამ საკითხზე ამდენი საუბრისა, სრულიად გეთანხმებით, რომ არც ერთ ქალს არანაირად არ ესაქმება, ჩაერიოს ამ ან რაიმე სხვა სერიოზულ საქმეში და წავიდეს იმაზე შორს, ვიდრე თავისი მოსაზრების გამოხატვაა (თუ მას შეეკითხებიან)“. და აი, მხოლოდ ასეთი შესავლის შემდეგ აგრძელებს ეს ქალბატონი თავის მსჯელობას ისეთ უმნიშვნელოვანეს თემაზე, როგორიც ლორდ გრენვილის მიერ წარმომადგენელთა პალატაში წარმოთქმული სიტყვაა. წარმოდგენა ნამდვილად უცნაურია, - გავიფიქრე. მამაკაცების მხრიდან ქალთა ემანსიპაციის წინააღმდეგობას ალბათ ბევრად უფრო საინტერესო ისტორია აქვს, ვიდრე თავად ემანსიპაციას. ამ ყველაფრისგან ნამდვილად თავშესაქცევი წიგნი გამოვიდოდა, თუკი რომელიმე სტუდენტი გირტონში ან ნიუნჰემში, მაგალითებს შეკრებდა და რაიმე თეორიას გამოიყვანდა. ამისათვის უდაოდ სქელი ხელთათმანები დასჭირდება მის ხელებს.
ის, რაც ახლა გასართობია, - კვლავ გავიფიქრე, როდესაც ლედი ბესბარი დავხურე, - თავის დროზე სასოწარმკვეთი სერიოზულობით აღიქმებოდა. აზრები, რომლოებსაც ახლა უმალ „კურიოზული გამონათქვამების“ წიგნში ამოვიწერთ, რომ ზაფხულის რომელიმე საღამოს საზოგადოება გავართოთ, თავის დროზე, დარწმუნებული ვარ, ცრემლებს აჩენდა თვალებში. თქვენს ბებიებსა და დიდედებს შორის ალბათ ბევრს უტირია ცხარე ცრემლით. ფლორენს ნაინთინგეილი გულამოსკვნით მოთქვამდა7. თქვენთვის, ვინც ახლა კოლეჯში სწავლობთ და თუნდაც სულ მცირე ზომის საკუთარი ოთახებიც გაქვთ, ალბათ ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივად ჩანს. შეიძლება თქვათ, რომ გენიოსმა სხვისი აზრები მხედველობაში არ უნდა მიიღოს; რომ გენიოსი იმ ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს, რასაც მასზე ამბობენ. სამწუხაროდ, სწორედ გენიალურ მამაკაცებს და ქალებს სჭირთ ის, რომ ყველაზე მეტად აინტერესებთ, მათზე რას იტყვიან. გაიხსენეთ კიტსი, გაიხსენეთ სიტყვები, რომელიც მან საკუთარი საფლავის ქვაზე ამოტვიფრა. გაიხსენეთ ტენისონი. ძალიან იშვიათია გამონაკლისი ხელოვანთა შორის, რომელიც გადაჭარბებული სიმძაფრით არ აღიქვამს მის შესახებ ნათქვამს. ეს ხელოვანის ბუნებაა. ლიტერატურა სავსეა კატასტროფებითა და იმ პიროვნებების ნამსხვრევებით, რომლებსაც სხვების აზრი არანორმალურად აინტერესებდათ.
ხელოვანთა ეს მგრძნობიარობა ორმაგად დიდი უბედურებაა, - ვფიქრობდი და ისევ ჩემი კვლევის საგანს ვუბრუნდებოდი. მაინც, გონების რა მდგომარეობაა ყველაზე უფრო ხელასყრელი ხელოვნების ნიმუშის შექმნისათვის? შემოქმედს იმისათვის, რომ სრულყოფილად გამოიტანოს გარეთ საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი, ბასრი და ნათელი გონება სჭირდება, - ისეთი, როგორიც შექსპირის გონება იყო, დავასკვენი, ვიდრე „ანტონიუსსა და კლეოპატრაზე“ გადაშლილ წიგნს დავცქეროდი. ასეთი გონებისათვის წინაღობა არ უნდა არსებობდეს, არავითარი უცხო და გამოუსადეგარი ნაწილაკი.
რადგან, მაშინაც კი, როცა ვამბობთ, რომ შექსპირის გონების მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით, - უკვე რაღაცას ვამბობთ შექსპირის გონების მდგომარეობის შესახებ. მიზეზი იმისა, თუ რატომ ვიცით ასე ცოტა შექსპირის შესახებ, დონთან, ბენ ჯონსონთან ან მილტონთან შედარებით, ალბათ, ისაა, რომ შექსპირის უკმაყოფილება სამყაროს მიმართ და მისი ანტიპათიები ჩვენგან დამალულია. შექსპირის მხრიდან არავითარი გულწრფელი აღიარება არ გაგვაჩნია. თითქოს პროტესტის გამოთქმის, ქადაგების, ჭრილობების სააშკარაოზე გამოტანის, სამაგიეროს გადახდის, სამყაროსთვის საკუთარი ტანჯვის დანახვების მთელი ვნება მისგან ცეცხლად აალდა და რაღაც სხვა ენერგიად დაიწვა. ამიტომაც მისი პოეზია თავისუფალ ნაკადებად მოედინება პიროვნული წინააღმდეგობების გარეშე. თუკი ოდესმე რომელიმე ადამიანს თავისი წარმოსახვის ნაყოფი სრული სახით გადმოუტანია ქაღალდზე, ეს შექსპირია. თუკი ოდესმე ვინმეს გონება ყოფილა ბოლომდე გაჩახჩახებული და თავისუფალი, ეს შექსპირის გონება იყო.
4.
აშკარაა, რომ მეთექვსმეტე საუკუნეში ქალებს ვერ ექნებოდათ ხელოვანისათვის საჭირო, ბოლომდე თავისუფალი აზროვნება. როცა ელიზაბეთის ხანაზე ვფიქრობ, თვალწინ მეხატება ახალგაზრდა დედების საფლავებთან მუხლმოყრილი ბავშვები; და სახლების ბნელი, ვიწრო ოთახები. რა თქმა უნდა, არც ერთ ქალს არ შეეძლო იმ დროს ლექსების წერა. უფრო მოგვიანებით შეგვიძლია წავაწყდეთ ფაქტებს, როდესაც რომელიმე დიდგვაროვანი ქალბატონი თავისი შედარებითი თავისუფლებით სარგებლობდა და საკუთარი სახელით რაიმეს აქვეყნებდა. თუმცა, ამით ის უდაოდ რისკავდა - ურჩხულად ყოფილიყო აღქმული. მამაკაცები, რა თქმა უნდა, სნობები არ არიან (ვცდილობდი ფიქრშიც კი თავი ამერიდებინა მის რებეკა უესტის „პირწავარდნილი ფემინიზმისათვის“), მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ისინი მაინც მეტი თანაგრძნობით ეკიდებიან გრაფინიას მცდელობას შეთხზას ლექსები, ვიდრე ზოგადად, ქალის მცდელობას. დიდგვაროვან ქალბატონებს, რომლებსაც წერა სურდათ, ბევრად უფრო მეტი მხარდაჭერა გააჩნდათ, ვიდრე უცნობ მის ოსტინს ან მის ბრონტეს ექნებოდათ, იმ დროში რომ დაბადებულიყვნენ. ლოგიკურია, რომ მწერლობის მოსურნე ქალების აზროვნება ისეთი ემოციებით იქნებოდა ამღვრეული, როგორიცაა შიში და სიძულვილი;
და შესაბამისად, მათ ნაწერებსაც ამ ემოციების კვალი დაემჩნეოდა. მაგალითად ავიღოთ ლედი უინჩილსი, - გავიფიქრე და თაროდან მისი ლექსები გადმოვიღე. ის 1661 წელს დაიბადა; დიდგვაროვანი იყო წარმომავლობითაც და ქორწინებითაც; ბავშვები არ ჰყავდა; ლექსებს წერდა... და საკმარისია, მისი ლექსების წიგნი გადავშალოთ, რომ სტრიქონებიდან უმალ ამოხეთქავს აღშფოთება ქალების მდგომარეობის გამო:
„როგორ დავეცით! მცდარ კანონებს როგორ დავნებდით!
ვემორჩილებით უმეცრებს და არ ვედავებით.
გისოსებშია ჩამწყვდეული ჩვენი გონება,
თითქოს უფლისგან შექმნილები ვიყოთ მონებად.
და თუ კი მაინც სიმაღლეებს წავეტანებით წრფელი წყურვილით,
ნიჭის ძალით და გაქანებით,
ისე გაგვსრესენ და გვაქცევენ არარაობად,
ვეღარასოდეს მოვიკრიბოთ გამბედაობა.“
ნათელია, რომ მისი გონება ვერანაირად ვერ ინელებდა გარეგან წინააღმდეგობებს, რათა ბოლომდე „თავისუფალი და კაშკაშა“ ყოფილიყო. პირიქით, მისი აზროვნება დაღდასმული და დათრგუნულია სიძულვილისა და წყენის გრძნობით. ადამიანთა რასა მისთვის ორ ნაწილადაა გახლეჩილი. მამაკაცები „ოპოზიციონერთა ფრაქციაა“; ისინი მტრობას და შიშს აღძრავენ; მათ გააჩნიათ ძალაუფლება, რომლითაც საშუალებას არ აძლევენ აკეთოს ის, რაც სურს; ანუ - წეროს.
„ვაი, რომ როცა ქალი კალამს წაეტანება,
ამას სისუსტედ ჩაუთვლიან, ნაკლად, ცდუნებად,
უმალ ამრეზით შეხედავენ, დაიწუნებენ
- წინ აღუდგაო თავის სქესს და დედა-ბუნებას;
ქალისთვის კარგი მანერაა ჩაცმა-დახურვა,
ცეკვა და ქარგვაც ქალის საქმედ გამონახულა,
მაგრამ თუ წერს და თუ კითხულობს ფიქრის საკვებად,
იტყვიან - ვაი, საბრალოო, მალე დაჭკნება
და კაცის თვალსაც გაახარებს უფრო ნაკლებად.
სჯობს დარჩეს ისევ სამკაულად, სახლის მშვენებად,
მოსაწყენ ფუსფუსს შეალიოს ნიჭიერება.“
ავტორი ცდილობდა, საკუთარი თავი გაემხნევებინა და მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მისი ნაწერი არასოდეს გამოქვეყნდებოდა, მაინც თხზავდა სევდიან სიმღერებს „თავისთვის“, ტკივილების დასაცხრობად:
მხოლოდ მეგობრებს თუ გაანდობ სევდის სიმძიმეს,
დაფნა არასდროს არ ყოფილა შენი მიზანი.
გადააფარე შენს ნიჭს ჩრდილი და დააძინე.
აშკარაა, რომ თავისი გონება მთელი ამ სიძულვილის, შიშისა და წყენისაგან რომ გაეთავისუფლებინა, მასში დიდი ცეცხლი გაღვივდებოდა. ის ხომ აქა-იქ წმინდა პოეზიის სტრიქონებს გვაკითხებს:
„ნაზ აბრშუმს კვალიც აღარ ადევს
ჩემი ხელით მოქარგული ვარდის“.
- ეს სტრიქონები ღირსეულადაა ხოტბაშესხმული მისტერ მურის და პოპის მიერ, ისევე როგორც სხვა:
„და ხსოვნაში ნარცისების ცვენით
სურნელოვან ტკივილს მივეცემით.“
ძალიან სამწუხაროა, რომ ქალი, რომელსაც შეეძლო ასე წერა და ვისი გონებაც ასე იყო ბუნებასთან ხმაშეწყობილი, იძულებული გახდა, იგივე გონებით რისხვა და სიმწარე ეტარებინა. როგორ შეეძლო საკუთარი თავის დახმარება? - კითხვა დავსვი და წარმოვიდგინე მთელი ის ირონია, ქვეშევრდომებისაგან პირფერობა, პროფესიონალი პოეტების მხრიდან კი სკეპტიციზმი, რომელშიც ეს ქალბატონი ცხოვრობდა. თუნდაც უკეთილშობილესი ქმარი ჰყოლოდა და უბედნიერესი ქორწინება ჰქონოდა, ალბათ, სადმე, სოფლის კარ-მიდამოში, თავის ოთახში უნდა გამოკეტილიყო, რომ ეწერა. და იქაც, მუდმივად საკუთარ თავში დაეჭვების ჭიას უნდა ეღრღნა მისი გონება. ვამბობ - „ალბათ“, რადგან როდესაც ლედი უინჩილსის შესახებ ფაქტების ძებნას ვიწყებთ, ჩვეულებისამებრ, აღმოვაჩენთ, რომ მასთან დაკავშირებით თითქმის არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ საშინლად იტანჯებოდა მელანქოლიით, რომლის ახსნაც, გარკვეულწილად, თავად შეგვიძლია, როდესაც მის ნაწერს ვკითხულობთ:
„ამ ჩემს სტრიქონებს ვიცი, ბევრი რომ არ ენდობა.
ქარაფშუტობად ჩამითვლიან და თავხედობად.“
ის, რასაც ქარაფშუტობად და თავხედობად უთვლიან ავტორს, მინდვრად ხეტიალი და ოცნებაცაა:
„ჩემი ტერფი გზას დაეძებს უხილავს,
ყველა ჩვეულ ბილიკს გადაუხვია.
ნაზ აბრშუმს კვალიც აღარ ადევს
ჩემი ხელით მოქარგული ვარდის.“
ბუნებრივია, თუკი ოცნება და წერა იყო მისი ჩვეულება და სიამოვნებასაც ეს საქმიანობა ანიჭებდა, ლედი უინჩილსი მზად უნდა ყოფილიყო დაცინვისათვის. ცნობილიცაა, რომ პოპი და გეი მას ეძახდნენ „ლურჯწინდას, რომელსაც წერისათვის ხელები ექავება“. იმასაც ამბობენ, რომ თავადაც ატკინა გული გეის, რადგან „ტრივიას“ შესახებ ირონიული კომენტარი გააკეთა. თუმცა, ეს ყველაფერი „ბუნდოვანი ჭორებია“, და მისტერ მურის თქმით, „არასაინტერესო“. მაგრამ აქ მე მას არ ვეთანხმები. ნეტავ მომეპოვებოდეს უფრო მეტი თუნდაც ასეთი „ბუნდოვანი ჭორი“, რომ მივაგნო, ან თავად შევქმნა ამ მელანქოლიური ქალბატონის სახე, რომელსაც უყვარდა მინდვრად ხეტიალი და უჩვეულო რამეებზე ფიქრი, და სძულდა „სახლში მონური და მოსაწყენი ფუსფუსი“. მაგრამ როგორც მისტერ მური ამბობს, ლედი უინ- ჩილსს „გონება გაეფანტა“. მისი ნიჭი მთლიანად სარეველით დაიფარა და ეკლიან ბუჩქებში გამოიბლანდა. ამ ნიჭს არ მისცემია საშუალება, ისე დახვეწილად და სრულქმნილად გამომჟღავნებულიყო, როგორიც ჩანასახში იყო. კვლავ თაროზე დავაბრუნე ლედი უინჩილსის ლექსები და ახლა სხვა დიდებულ ქალბატონს მივუბრუნდი - გრაფინიას, რომელიც ლამბს უყვარდა - ქარაფშუტა, ფანტასტიკურ მარგარეტს ნიუქესთლიდან, უინჩილსზე უფროსს, მაგრამ მის თანამედროვეს. ისინი ძალიან განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ მსგავსებიც იმაში, რომ ორივე დიდგვაროვნი იყო, საუკეთესო მამაკაცებზე გათხოვილი და უშვილო. ორივე ერთნაირი ვნებით იწვოდა პოეზიისადმი და ორივეს ნაშრომები ერთი და იმავე მიზეზების გამო დარჩა არასრულყოფილი და დეფორმირებული. გადაშლი გრაფინიას წიგნს და მაშინვე რისხვა იელვებს თვალში: „ქალები ცხოვრობენ როგორც ღამურები და ბუები, ცხოველებივით შრომობენ და მატლებივით იხოცებიან...“ არადა, მარგარეტსაც შეეძლო პოეტი ყოფილიყო. ჩვენს დროში მისი განწყობა უთუოდ დაატრიალებდა რაღაც ბორბალს; მოიხელთებდა, გაწრთვნიდა და ადამიანური გამოყენებისათვის მოათვინიერებდა ამ ველურ, მძაფრ, ბუნებრივ ინტელექტს. მისი ნიჭი აურზაურით მოედინებოდა პროზის ნიაღვრებად, პოეზიად და ფილოსოფიად, რომლებიც ახლა ჩაყინულია მივიწყებულ პერგამენტებში. მას მიკროსკოპი უნდა სჭეროდა ხელში. მისთვის უნდა ესწავლებინათ, როგორ დაკვირვებოდა ვარსკვლავებს და მეცნიერულად ემსჯელა. მისი გონება მარტოობით იყო მოცული. არავის შეუმჩნევია, არავის უსწავლებია. პროფესორები მხოლოდ ეპირფერებოდნენ; მეფის კარზე დასცინოდნენ; სერ ეგერტონ ბრიდჯისი ჩიოდა მისი უხეშობის შესახებ, რომელიც „სასახლის კარზე გაზრდილი მაღალი ჩინის ქალბატონისთვის შეუფერებელი იყო“. მან თავი მარტოდმარტო გამოიკეტა უელბეკში.
დღესაც როგორი მარტოობის განცდასა და ამბოხების გრძნობას ბადებს მარგარეტ კავენდიშის გახსენება! თითქოს ბაღში რაღაც გიგანტური კიტრი ამოიზარდა, რომელმაც დაჩრდილა და მიწას მიასრისა ვარდები და მიხაკები. რამხელა დანაკარგია, რომ ქალი, რომელმაც დაწერა „ყველაზე უკეთ აღზრდილი ქალები ისინი არიან, ვისი გონებაც ყველაზე ბასრია“, იძულებული იყო იმდენი დრო დაეკარგა სისულელეების ჯღაბნასა და ქარაფშუტობაში, ვიდრე ხალხმა გიჟად არ შერაცხა. აშკარაა, რომ ჭკუიდან შემცდარი გრაფინია საფრთხობელად იქცა, რომლითაც ჭკვიან გოგონებს აშინებდნენ. გრაფინიას ნაწერები გვერდზე გადავდე და დოროთი ოსბორნის წერილები გადავშალე. აი, რას სწერს დოროთი ტემპელს გრაფინიას ახალი წიგნის შესახებ : „აშკარაა, რომ საბრალო ქალს გონება არევია, რადგან ჭკუათმყოფელი ვერასოდეს გაიმასხარავებდა თავს ასეთი
წიგნებისა და ლექსების თხზვით...“.
და შესაბამისად, რადგან არც ერთ ჭკუათმყოფელ და ღირსეულ ქალს არ შეეძლო წიგნების წერა, დოროთი, რომელიც თავისი ხასიათით გრაფინიას ზუსტად საპირისპირო იყო - მგრძნობიარე და მელანქოლიური, - არაფერს წერდა. წერილები არ ითვლება, რადგან წერილების წერა ერთგვარი თავშესაქცევი იყო ავადმყოფი მამის სარეცელთან, ან ბუხართან, რომ მამაკაცებს არ ჩარეოდა საუბარში. უცნაური რამაა, - ვფიქრობდი და ვფურცლავდი დოროთის წერილებს, - მაინც როგორი ნიჭით ალაგებდა სიტყვებს ეს განათლებას მოკლებული და მარტოსული გოგო:
„სადილის შემდეგ ვსხედვართ და ვსაუბრობთ ხოლმე, ვიდრე მისტერ ბ-ს საკითხი წამოიჭრება და მერე მე გავდივარ. ცხელ დღეებს კითხვაში ან ხელსაქმეში ვატარებ; ექვსი-შვიდი საათისთვის კი მდელოსკენ მივეშურები, რომელიც სახლთან ახლოსაა და სადაც ახალგაზრდა გოგონები მორეკავენ ხოლმე ცხვარ-ძროხას; ჩრდილში სხდანან და ბალადებს მღერიან. როდესაც შევყურებ, ვცდილობ მათი ხმები და სილამაზე იმ ანტიკური მწყემსებისას შევადარო, რომელთა შესახებაც წიგნებში წამიკითხავს. უზარმაზარ განსხვავებას ვხედავ, მაგრამ მერწმუნე, ესენიც ისეთივე უმანკოები არიან, როგორებიც ალბათ ის მწყემსები იყვნენ ანტიკურ დროში. როცა ვესაუბრები, ვფიქრობ, რომ შეიძლება არც იციან, მაგრამ ალბათ უბედნიერესი ადამიანები არიან სამყაროში. ჩვეულებრივ, როდესაც შუა საუბარში ვართ, რომელიმეს ძროხა თვალს მიეფარება და ყველანი წამში წამოიშლებიან ხოლმე, თითქოს ტერფებზე ფრთები ჰქონდეთ გამობმული. მე, რომელიც ასეთი სხარტი არ ვარ, უკან ვრჩები და როდესაც საქონელს შინისაკენ მიდენიან, თავადაც სახლის ბილიკს ვადგები. წახემსების შემდეგ ბაღში შევდივარ, პატარა მდინარის ნაპირას მოვიკალათებ და ვნატრობ, შენც ჩემთან იყო...“
დაფიცება შეიძლება, რომ ამ გოგოში მწერლური ნიჭი იდო. მაგრამ სიტყვები: „ჭკუათმყოფელი ვერასოდეს გაიმასხარავებდა თავს ასეთი წიგნებისა და ლექსების თხზვით...“ - აშკარას ხდის, თუ რამხელა დაბრკოლება ჰქონდა ქალს გადასალახავი, რათა ეწერა. როცა აღმოვაჩენთ, რომ ეს სიტყვები თავად მწერლური ნიჭით დაჯილდოვებულ ქალს ეკუთვნის, აღარაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დროს გამოვყვეთ და დოროთი ოსბორნის ერთადერთი პატარა წიგნი თაროზე დავაბრუნოთ, სანაცვლოდ კი მისის ბენის თხზულებები გადავშალოთ.
მისის ბენი ძალიან მნიშვნელოვანი მოსახვევისაკენ მიგვიძღვის ჩვენს გზაზე. უკან გვრჩებიან თავიანთ სამფლობელოებში გამოკეტილი დიდებული ქალბატონები, რომლებიც მსმენელისა და კრიტიკის გარეშე, მხოლოდ „საკუთარი სიამოვნებისთვის“ წერდნენ. ახლა უკვე ქალაქის ქუჩებში შევდივართ, ჩვეულებრივი ადამიანების მხარდამხარ. მისის ბენი საშუალო კლასიდან იყო და ყველა პლებეური თვისება გააჩნდა - გაბედულება, იუმორის ნიჭი და ცოცხალი ხასიათი. ეს ქალი ქმრის გარდაცვალებისა და რიგი უიღბლო თავგადასავლის გამო იძულებული გახდა, მამაკაცების მსგავსად, ცხოვრების სახსრები საკუთარი გონებით ეშოვნა, როგორც მამაკაცებს. ძალიან ბევრი შრომის შედეგად ამას ახერხებდა კიდეც. და სწორედ ეს ფაქტი, თავისი მნიშვნელობით, უფრო მეტიც კია, ვიდრე თავად მისი ნაწერები - თუნდაც მშვენიერი „ათასობით მოწამე“ ან „სიყვარული ფანტასტიურ ტრიუმფშია“; რადგან ამ მომენტიდან იწყება ქალის გონების თავისუფლება, უფრო სწორედ, შესაძლებლობა იმისა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ქალის გონებას მიეცეს თავისუფლება, შექმნას ის, რაც მას სურს. მას შემდეგ, რაც აფრა ბენმა ეს მოახერხა, გოგონებს შეეძლოთ მშობლებისთვის განეცხადებინათ: „აუცილებელი არაა მთლიანად თქვენზე ვიყო დამოკიდებული; ჩემი კალმითაც შემიძლია ფულის შოვნა“. რა თქმა უნდა, მრავალი წლის განმავლობაში პასუხი იქნებოდა: „აფრა ბენის მსგავსი ცხოვრებით, არა?! ამას სიკვდილი გერჩივნოს!“ და კარიც უფრო სწრაფად მიჯახუნდებოდა, ვიდრე ოდესმე. აქ ისევ მეტად საინტერესო თემას ვუბრუნდებით, - ფასეულობას, რომელიც მამაკაცებმა დაადეს ქალის უბიწოებას. კარგი იქნებოდა, ვინმეს გამოეკვლია ამ ფასეულობის ეფექტი ქალების განათლებაზე. იქნებ გირტონში ან ნიუნჰემში რომელიმე სტუდენტმა საკითხი ღრმად შეისწავლოს და საინტერესო წიგნიც დაწეროს. კვლევისათვის კარგ მასალად გამოდგება თუნდაც ლედი დადლის პიროვნება, რომელიც შოტლანდიის ტორფის კოღოებს შორის, ყელამდე ალმასებში იჯდა. „ლორდი დადლი“, - ტაიმსში წერდნენ ლედი დადლის გარდაცვალების მომდევნო დღეს, - „დახვეწილი გემოვნებისა და მრავალი მიღწევის მქონე პიროვნება იყო; დიდსულოვანი და გულუხვი, მაგრამ არანორმალურად დესპოტურიც. ის დაჟინებით ითხოვდა, რომ მის ცოლს ბოლომდე დახურული კაბები ეტარებინა თავის ყველაზე უფრო მივარდნილ სახლებშიც კი; სამაგიეროდ, მან თავის მეუღლეს დიდძალი ძვირფასეულობა აჩუქა“ და ა.შ. მოგვიანებით ლორდ დადლის გულის შეტევა დაემართა. ცოლი მას უვლიდა და მის ქონებასაც დიდი კომპეტენციით განკარგავდა მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე. მსგავსი ოჯახური დესპოტიზმი მეცხრამეტე საუკუნეშიც გვხვდება.
მაგრამ კვლავ ლიტერატურას დავუბრუნდეთ. აფრა ბენმა დაამტკიცა, რომ წერით ფულის შოვნა შესაძლებელია. და ამდენად, ქალისათვის მწერლობა გახდა არა უბრალოდ ქარაფშუტა და არეული ჭკუის ნიშანი, არამედ, პრაქტიკული მნიშვნელობის საქმიანობაც. ნებისმიერს შეიძლება გარდაეცვალოს ქმარი, ან რაიმე სხვა უბედურება დაატყდეს ოჯახს. მეთვრამეტე საუკუნის ჩამთავრებისთანავე ასობით ქალმა დაიწყო საკუთარი ჯიბის ფულის შოვნა და ზოგჯერ ოჯახების გადარჩენაც კი თარგმანების კეთებით, ან სასიყვარულო რომანების წერით. გონების ექსტრემალური აქტივობა, რომელიც ქალებს შორის მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს გამოვლინდა - საუბრებში, შეხვედრებში, შექსპირის შესახებ დაწერილ ესეებში, კლასიკოსების თარგმნაში - ემყარებოდა სწორედ იმ ფაქტს, რომ ქალებს ფულის შოვნა შეეძლოთ მწერლობით. ფულმა ერთგვარი გამართლება მისცა იმას, რისი კეთებაც უწინ, ანაზღაურების გარეშე, ქარაფშუტობად ითვლებოდა. ალბათ ჯერ კიდევ დასცინოდნენ „ლურჯწინდებს, რომლებსაც წერისათვის ხელები ექავებოდათ“, მაგრამ აღარავის შეეძლო იმის უარყოფა, რომ ამ ქალებს თავიანთი საქმიანობით საკუთარ საფულეში მონეტების ჩადება შეეძლოთ. ამიტომ, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსათვის მოხდა ცვლილება, რომელსაც,
მე რომ ისტორიას ვწერდე ხელახლა, უფრო სრულად აღვწერდი და რომლისთვისაც შეიძლება უფრო მეტი მნიშვნელობაც მიმენიჭებინა, ვიდრე ჯვაროსნული ან ვარდების ომებისათვის.
მაშ, ასე, საშუალო კლასის ქალმა წერა დაიწყო. რადგან თუ «სიამაყე და ცრურწმენას», „მიდლმარჩს“, „ვილეტს“ ან „ჭექაქუხილის გზაგასაყარს“, ლიტერატურაში რაიმე მნიშვნელობა გააჩნია, მაშინ თვითონ ამ ფაქტს გააჩნია უზარმაზარი მნიშვნელობა; ბევრად უფრო მეტი, ვიდრე მე შემიძლია დავამტკიცო ჩემი ერთსაათიანი მიმოხილვით. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან წერას შეუდგა ზოგადად ქალი, და არა მხოლოდ მარტოსული არისტოკრატი, რომელიც თავის კარ-მიდამოში იყო გამოკეტილი პირფერთა შორის. წინამორბედი ქალების გარეშე ვერც ჯეინ ოსტინი, ვერც ბრონტეები და ვერც ჯორჯ ელიოტი იმაზე მეტს ვერ დაწერდნენ, რასაც შექსპირი დაწერდა მარლოს გარეშე, ან მარლო - ჩოსერის გარეშე, ან ჩოსერი იმ მივიწყებული პოეტების გარეშე, რომლებმაც გზა გაკვალეს და დახვეწეს ენის ბუნებრივი სიტლანქე. რადგან შედევრები არ იქმნება ერთჯერადი, დამოუკიდებელი აქტით; ისინი შედეგია მრავალი წლის მანძილზე სხვადასხვა სხეულებში მოქცეული ადამიანების საერთო ფიქრის; ყოველი ინდივიდუალური ხმის უკან მასათა გამოცდილებაა. ჯეინ ოსტინს ყვავილების გვირგვინი უნდა დაედო ფანი ბარნის სამარეზე და ჯორჯ ელიოტს პატივი მიეგო ელიზა კარტერის, იმ ჯიუტი მოხუცის ხსოვნისათვის, რომელმაც ზარი მიაბა თავის სასთუმალს, რომ დილაობით ადრე გაღვიძებოდა და კრიკების ენა ესწავლა. ყველა ქალს ერთად უნდა მიეტანა თაიგულები აფრა ბენის საფლავზე, რომელიც დიდი სკანდალის შედეგად, მაგრამ ნამდვილად ღირსეულადაა დაკრძალული უესტმინსტერის სააბატოში. რადგან ამ ქალმა მოუპოვა დანარჩენებს უფლება, აელაპარაკებინათ საკუთარი გონება. სწორედ ეს ქალი იყო - თავისი საეჭვო რეპუტაციითა და ამურული ისტორიებით, ვინც შესაძლებელი გახადა ჩემთვის, ამ საღამოს დარწმუნებით გითხრათ - საკუთარი გონების წყალობით შეგიძლიათ წელიწადში ხუთასი ფუნტი იშოვნოთ!
ახლა უკვე მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისს მივაღწიეთ. და აქ, პირველად, შემიძლია დავინახო რამდენიმე თარო, რომლებიც მთლიანად ქალების ნაშრომებს უკავია. მაგრამ ამ თაროებზე თვალის გადავლებისას არ შემიძლია, არ დავსვა კითხვა - რატომაა მათ შორის ყველა ნაწარმოები - რომანი, იშვიათი გამონაკლისის გარდა? წერის საწყისი იმპულსი ხომ პოეტური იყო, პოეტი კი „მგოსანთა მეფე“. საფრანგეთშიც და ინგლისშიც პოეტი ქალები წინ უსწრებენ პროზაიკოს ქალებს. შევყურებდი ოთხი ცნობილი მწერლის სახელს და ვფიქრობდი - რა ჰქონდა საერთო ჯორჯ ელიოტს ემილი ბრონტესთან? შარლოტა ბრონტე და ჯეინ ოსტინი ხომ საერთოდ საპირისპირო ხასიათის ადამიანები იყვნენ? თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ერთადერთ ფაქტს, რომ არც ერთ მათგანს ბავშვი არ ჰყოლია, ალბათ, ძნელად თუ მოძებნიდით ოთხ უფრო მეტად შეუთავსებელ პიროვნებას. ვერც კი წარმოვიდგინე ერთ ოთახში თავმოყრილი ეს ოთხი ქალი და მათ შორის მშვიდი დიალოგი. და მაინც, რაღაც უცნაური ძალა ოთხივე მათგანს ერთნაირად აიძულებდა, რომანები ეთხზათ. ჰქონდა ამ ყველაფერს რაიმე კავშირი იმასთან, რომ ოთხივე საშუალო კლასის წარმომადგენელი იყო? - ამ კითხვამდე მივედი და გამახსენდა მის ემილი დევისის კომენტარები საშუალო კლასის ოჯახებთან დაკავშირებით მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. მათ მხოლოდ ერთი, სასტუმრო ოთახი ჰქონდათ. შესაბამისად, თუკი ქალი წერდა, საერთო ოთახში მოუწევდა მუშაობა. და როგორც მის ნაინთინგეილი ჩიოდა: „ქალებს არასოდეს აქვთ ნახევარი საათი... რომელსაც შეუძლიათ საკუთარი უწოდონ“ - წერას ყოველთვის ვიღაც შეაწყვეტინებდათ. და მაინც, გაცილებით უფრო იოლი იყო პროზის შექმნა, ვიდრე პოეზიის ან დრამატული პიესების. პროზისათვის ნაკლები კონცენტრაციაა საჭირო. ჯეინ ოსტინი ასე წერდა საღამოობით. მისი ძმისწული მემუარებში იხსენებს: „გასაოცარია, როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს. მას არ ჰქონდა ცალკე კაბინეტი და მისი ნაშრომების უმრავლესობა საერთო სასტუმრო ოთახში იქმნებოდა, რის გამოც წამდაუწუმ წყდებოდა საქმეს. ფრთხილობდა, რომ მისი მწერლობის შესახებ ეჭვი არ აეღოთ არც სტუმრებს და არც მსახურებს, არავის - მისი საკუთარი ოჯახის წევრების გარდა.“8 უცხო პირების შემოსვლისას გადააფარებდა ხოლმე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში მთელი ლიტერატურული წრთვნა ქალისათვის პერსონაჟზე დაკვირვება და ემოციების ანალიზი იყო. ქალი ავტორების მგრძნობიარობას საუკუნეების მანძილზე საერთო სასტუმრო ოთახი კვებავდა. მასზე შთაბეჭდილებას ახდენდა გარშემომყოფთა განცდები; ის აკვირდებოდა პირადი ურთიერთობებით სავსე სცენას. ამიტომ, ბუნებრივია, რომ საშუალო კლასის ქალი რომანების წერას ირჩევდა. თუმცა, ნაწარმოებებიდანვე აშკარად ჩანს, რომ თუნდაც აქ ჩამოთვლილი ოთხი ცნობილი ქალიდან ორი - მოწოდებით რომანისტი არ ყოფილა.
ემილი ბრონტეს პიესები უნდა ეწერა ლექსად; ჯორჯ ელიოტის ყოვლისმომცველ გონებას შემოქმედებითი იმპულსი მხოლოდ ისტორიასა და ბიოგრაფიებზე არ უნდა დაეხარჯა და უფრო შორს უნდა წასულიყო. მაგრამ ისინი რომანებს წერდნენ; და შეიძლება დარწმუნებით ითქვას, - გავიფიქრე და თაროდან „სიამაყე და ცრურწმენა“ გადმოვიღე, რომ კარგ რომანებს წერდნენ. ტრაბახის, ან მოწინააღმდეგე სქესის გამოჯავრების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ „სიამაყე და ცრურწმენა“ კარგი წიგნია. ყოველ შემთხვევაში, ავტორს ნამდვილად არ უნდა შერცხვენოდა, თუკი ვინმე «სიამაყის და ცრურწმენის» წერის პროცესში წაასწრებდა. არადა, ჯეინ ოსტინს უხაროდა, რომ კარის სახელური ჭრიალებდა, რათა ვინმეს შემოსვლამდე დრო ეხელთა და თავისი ხელნაწერი დაემალა. ესე იგი, ჯეინ ოსტინისათვის რაღაც იყო სამარცხვინო „სიამაყის და ცრურწმენის“ წერაში. საინტერესოა, იქნებოდა თუ არა ეს რომანი კიდევ უფრო უკეთესი, იმ შემთხევაში, თუ ჯეინ ოსტინი სტუმრებისაგან ხელნაწერის დამალვაზე არ იფიქრებდა? - გავიფიქრე და ერთი გვერდი გადავიკითხე. მაგრამ არ შემეძლო, რაიმე ნიშან-წყალი მეპოვა იმის დასადასტურებლად, რომ ავტორის მდგომარეობამ მის ნამუშევარს თუნდაც მცირეოდენი ზიანი მიაყენა. ალბათ, სწორედ ეს იყო მთავარი სასწაულიც - გამოჩნდა ქალი, დაახლოებით 1800 წელს, რომელიც წერდა სიძულვილის, სიმწარის, შიშის, პროტესტის ან რაიმე მქადაგებლური ტონის გარეშე. და გავიფიქრე, რომ შექსპირიც სწორედ ასე წერდა. შეგვიძლია შექსპირისა და ჯეინ ოსტინის შედარება იმ საფუძველზე, რომ ორივეს გონებამ დაძლია ყველა წინააღმდეგობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ჩვენ არ ვიცნობთ არც ჯეინ ოსტინს და არც შექსპირს, არამედ ჩვენთვის მათი პიროვნებებით მხოლოდ მათი ნაწარმოებებია გაჟღენთილი. წესით, ჯეინ ოსტინი უნდა გატანჯულიყო თავსმოხვეული ცხოვრების სივიწროვით. მის ეპოქაში ხომ ქალისათვის ქუჩაში მარტო სიარულიც კი შეუძლებელი იყო. არასოდეს უმოგზაურია; ლონდონშიც კი არასოდეს უმგზავრია ომნიბუსით და არც გარეთ უსადილია მარტოს. მაგრამ, იქნებ ჯეინ ოსტინის ბუნება სწორედ ეს იყო - არ სდომებოდა ის, რაც არ ჰქონდა. მისი ტალანტი და მისი მდგომარეობა ერთმანეთს სრულად ავსებდა. მაგრამ იგივეს თქმა მიჭირს შარლოტა ბრონტეს შესახებ, - გავიფიქრე და „სიმაყეს და ცრურწმენას“ გვერდით „ჯეინ ეირი“ მივუდე.
წიგნი მეთორმეტე თავზე გადავშალე და ჩემი თვალი ერთმა ფრაზამ მიიპყრო: „ყველას შეუძლია დამდოს ბრალი, ვისაც კი სურს“. დამაინტერესა, რაში ადანაშაულებდნენ შარლოტა ბრონტეს და სტრიქონებს ჩავყევი. წავიკითხე ჯეინ ეირის შესახებ, რომელიც იხელთებდა ხოლმე დროს და ვიდრე მისის ფეირფაქსი მურაბებს ხუფავდა, სახლის სახურავისაკენ მიიჩქაროდა. იქ კი, იჯდა, გაჰყურებდა მინდვრების მიღმა ჰორიზონტს და ოცნებობდა... და სწორედ ეს ოცნება იყო, რის გამოც თავად წიგნის ავტორს ადანაშაულებდნენ: „ვოცნებობდი ისეთი წარმოსახვის ძალა მქონოდა, რომელიც გადალახავდა იმ საზღვარს, მიწვდებოდა სიცოცხლით სავსე სამყაროს, ქალაქებს, ადგილებს, რომელთა შესახებაც ბევრი მსმენოდა, მაგრამ რომლებიც არასოდეს მენახა. მსურდა მქონოდა უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილება; მეტი ურთიერთობა ჩემს მსგავსებთან; უფრო მეტ სხვადასხვანაირ პერსონაჟს გავცნობოდი, ვიდრე ჩემს გარშემო იყვნენ. ვაფასებდი, რაც კი კარგი თვისება იყო მისის ფეირფაქსში და ადელაში; მაგრამ მჯეროდა, რომ არსებობდნენ სხვებიც, უფრო ძლიერი და მომხიბლავი პიროვნებები, და ის, რისიც მჯეროდა, მინდოდა საკუთარი თვალითაც მეხილა“.
„ვინ მადანაშაულებდა? ეჭვგარეშეა, ბევრნი და ალბათ „უმადურსაც“ მიწოდებდნენ. მაგრამ არ შემეძლო ასეთი არ ვყოფილიყავი: მოუსვენრობით ვიყავი სავსე; ზოგჯერ ტკივილამდეც კი...“
„უაზრობაა ამბობდე, რომ ადამიანები კმაყოფილნი უნდა იყვნენ სიმყუდროვით. მათ მოძრაობა სჭირდებათ; და ისინი მას შექმნიან, თუკი გარშემო ვერ აღმოაჩენენ. მილიონობით ადამიანია დაწყევლილი ჩემზე კიდევ უფრო მშვიდი ყოფით, და მილიონობით ადამიანი იმყოფება ფარულ ამბოხებაში საკუთარი ხვედრის წინააღმდეგ. არავინ უწყის რამდენი მეამბოხე ფერმენტი ცოცხლობს მასებში, რომლებსაც ადამიანები თრგუნავენ. ითვლება, რომ ქალები ზოგადად ძალიან წყნარი ბუნებისანი არიან; მაგრამ ქალები ზუსტად იგივეს გრძნობენ, რასაც მამაკაცები; მათაც სჭირდებათ საკუთარი ნიჭის გაწვრთნა და ასპარეზი მის გამოსავლენად - ზუსტად ისევე, როგორც მათ ძმებს; ისინი ისევე ძლიერ იტანჯებიან ჩაკეტილობის გამო, აბსოლუტური უძრაობის გამო, როგორც მამაკაცები გაინატჯებოდნენ მათ ყოფაში; და გონებადახშულობაა, როდესაც მათი უფრო მეტად პრივილეგირებული თანა-არსებები ამბობენ, რომ ქალები უნდა დასჯერდნენ პუდინგების ცხობას და წინდების ქსოვას, ფორტეპიანოზე დაკვრასა და ჩანთების მოქარგვას. დაუფიქრებლობაა, გაკიცხო ისინი ან მასხრად აიგდო, თუკი იმაზე მეტის კეთება და სწავლა სწყურიათ, ვიდრე აუცილებელ წესადაა გამოცხადებული მათი სქესისთვის.
არც თუ ისე იშვიათად მესმოდა, როგორ ხითხითებდა გრეის პული...“
ეს ცოტა არ იყოს, ტლანქი ნახტომია. გული დამწყდა, როდესაც გრეის პულის შემოყვანით თხრობის თანმიმდევრობა დაირღვა. დავყურებდი „ჯეინ ეირს“ და ვფიქრობდი, რომ ვინმეს თავისუფლად შეეძლო ეთქვა,- ქალი, რომელმაც ეს სტრიქონები დაწერა, უფრო მეტ ნიჭს იტევდა, ვიდრე ჯეინ ოსტინი; მაგრამ მისთვის, ვინც ორივე ნაწარმოებს გადაიკითხავს და შეადარებს ოსტინის სილაღეს შარლოტა ბრონტეს აღშფოთებით სავსე სიტყვებს, აშკარა გახდება, რომ ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია ავტორის ნიჭი სრულყოფილად იქნას გამოხატული. მისი წიგნები დეფორმირებული და აბურდული დარჩა. ავტორი იქაც რისხვით წერს, სადაც მშვიდად უნდა წერდეს; ზედაპირულად წერს, სადაც სიღრმეა საჭირო; საკუთარ თავზე წერს, სადაც პერსონაჟზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ის განუწყვეტელ ომში იმყოფებოდა საკუთარ ხვედრთან. და როგორ შეეძლო არ გარდაცვლილიყო ახალგაზრდა, დაღლილი და დათრგუნული?
არ შემეძლო, წუთით არ გამეფიქრა - რა მოხდებოდა, შარლოტა ბრონტეს, ვთქვათ წელიწადში მუდმივად სამასი ფუნტი რომ მაინც ჰქონოდა შემოსავალი? - მან დაუფიქრებლობით, თავის რომანზე საავტორო უფლებები მხოლოდ ათას ხუთას ფუნტად გაყიდა. რა მოხდებოდა, უფრო მეტი პრაქტიკული გამოცდილება, მეტი კავშირი რომ ჰქონოდა „სიცოცხლით სავსე სამყაროსთან“ და უფრო მეტი ნაცნობი პერსონაჟი ჰყოლოდა რეალობაში? თავისი სტრიქონებით შარლოტა ბრონტემ საჩვენებელი თითი დაადო არა მხოლოდ საკუთარ, როგორც რომანისტის დეფექტებს, არამედ ზოგადად საკუთარი სქესისას. იმ დროში მასზე უკეთ არავინ იცოდა, თუ როგორ გასაქანს ჰპოვებდა მისი ნიჭი, შორეული მინდვრების მიღმა არსებულის წარმოსახვაში რომ არ დახარჯულიყო მთლიანად; გამოცდილების, ურთიერთობებისა და მოგზაურობის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა მინიჭებული. მაგრამ, ეს შესაძლებლობები მხოლოდ წართმეული ჰქონდა. თუმცა, ფაქტად უნდა მივიღოთ, რომ ისეთი სრულყოფილი რომანებიც, როგორიცაა „ვილეტი“, „ემა“, „ჭექა-ქუხილის გზაგასაყარი» და «მიდლმარჩი», დაიწერა ქალების მიერ, რომლებსაც აგრეთვე არ გააჩნდათ იმაზე მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება, ვიდრე სასულიერო პირების ოჯახებში შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს რომანებიც ამ პატივცემული ოჯახების საერთო სასტუმრო ოთახებშია დაწერილი ხელმოკლე ქალების მიერ, რომლებსაც საწერი ქაღალდის ყიდვაც კი მხოლოდ გამოზოგილად შეეძლოთ. მართალია, მათგან ერთი, ჯორჯ ელიოტი, ბევრი განსაცდელის შემდეგ გაექცა ამ ყოფას, მაგრამ შედეგად მხოლოდ სენტ ჯონის ტყეში, ერთ ვილაში გამოიკეტა, ქვეყნის მიერ განკიცხული. „ნეტავ გამიგონ“ - წერდა მოგვიანებით - „რომ არ შემიძლია არავის მოწვევა ჩემს მოსანახულებლად, თუკი თავად არ მთხოვენ ამას“, - ის ხომ ცოდვაში ცხოვრობდა ცოლიან მამაკაცთან და თავისი საზოგადოებით არ შეეძლო შეებღალა რომელიმე წესიერი ქალბატონის უმანკოება. იძულებული იყო, დამორჩილებოდა საზოგადოების კანონებს და ყოფილიყო „მოწყვეტილი იმისგან, რასაც სამყარო ქვია“. სწორედ ამ დროს, ევროპის მეორე მხარეს, იყო ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისუფლად ცხოვრობდა - ხან ბოშა ქალის სიყვარულით ტკბებოდა და ხანაც წარჩინებული ქალის; ომობდა; ყოველგვარი დაბრკოლებისა და განკიცხვის გარეშე აგროვებდა ადამიანური ყოფის ათასნაირ გამოცდილებას, რამაც მოგვიანებით, როდესაც წიგნების წერა დაიწყო, უდიდესი სამსახური გაუწია. ტოლსტოის მონასტერში რომ ეცხოვრა, ან გათხოვილ ქალთან ურთიერთობის გამო სადმე გამოკეტილიყო „მოწყვეტილი იმისგან, რასაც სამყარო ქვია“, ეჭვი მეპარება, „ომი და მშვიდობა“ შეექმნა.
იქნებ ღირდეს, უფრო ჩავუღრმავდეთ რომანის წერის საკითხებს და დავსვათ კითხვა - აქვს თუ არა სქესს გავლენა რომანისტზე? როდესაც თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ რომანის, როგორც რაიმე მთლიანი სუბსტანციის წარმოდგენას, წარმომიდგება რაღაც, რასაც სარკისებური მსგავსება გააჩნია ცხოვრებასთან; თუმცა, მის ზედაპირზე უთვალავი ხარვეზი და უსწორმასწორობაა. ყოველ შემთხვევაში, რომანის სტრუქტურა გონების თვალში გარკვეული ფორმებით ირეკლება - თითქოს ხან მართი კუთხითაა აგებული, ხან წაწვეტებული ფორმა გააჩნია, ხან გაშლილი და თაღოვანია, ხან კომპაქტური და გუმბათში შეყუჟული, როგორც წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. ეს ფორმები, - გავიფიქრე და მეხსიერებაში კონკრეტულ რომანებს გადავავლე თვალი, საწყის ეტაპზე თითოეულისათვის შესაფერის, ერთი სახის ემოციას აღძრავს, მაგრამ თანდათანობით ახალ და ახალ შეგრძნებებს ეზავება, რადგან „რომანის ფორმა“ არ იქმნება ქვის ქვაზე დადებით, არამედ ერთი ადამიანის ურთიერთობით მეორე ადამიანთან. ამიტომ რომანი ჩვენში სხვადასხვანაირ, ხშირად ყოვლად საპირისპირო ემოციებს ბადებს. ხდება ცხოვრების, რეალობის დაპირისპირება რაღაცასთან, რაც ცხოვრების, რეალობის გარეთაა. ამიტომაც გვიჭირს ამ ორის ერთმანეთში ბოლომდე ამოცნობა. რომანის კითხვისას, ერთის მხრივ, გვიჩნდება განწყობა: «მთავარი პერსონაჟი უნდა გადარჩეს, თორემ სასოწარკვეთას მივეცემი». მეორეს მხრივ, ვგრძნობთ, რომ მთავარი პერსონაჟი უნდა დაიღუპოს, რადგან წიგნის ფორმა ამას მოითხოვს. ხდება ისევ რეალობის დაპირისპირება რაღაცასთან, რაც რეალობა არაა. მაგრამ, რადგან რომანი მაინც ცხოვრებას აირეკლავს ნაწილობრივ, ანარეკლს რეალობად ამოვიცნობთ ხოლმე. ვკითხულობთ და გავიფიქრებთ „ეს ჯეიმსი ზუსტად იმ ტიპის კაცია, მე რომ ვერ ვიტან“, ან „ეს რა აბსურდია! ცხოვრების მანძილზე მსგავსი არაფერი განმიცდია.“ ნებისმიერ ცნობილ რომანზე მსჯელობისას მეტად კომპლექსური სტრუქტურა გვეხატება თვალწინ - ისინი ხომ უამრავი სხვადასხვა ემოციის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც მკითხველმა სათითაოდ უნდა ამოიცნოს. უცნაური ისაა, რომ კარგ რომანს აქვს უნარი, ბევრად უფრო დიდხანს დარჩეს თანამედროვედ, ვიდრე მისი შექმნის მომენტია; და შეუძლია ერთი და იგივე ემოცია გამოიწვიოს ინგლისელ, რუს თუ ჩინელ მკითხველში. მაგრამ ასე შეკრული რომანი ძალიან იშვიათია. ის, რაც ტექსტს ბოლომდე კრავს და ამთლიანებს (ისევ „ომი და მშვიდობა“ გამახსენდა), არის რაღაც, რასაც ავტორის „დამაჯერებლობას“ ვუწოდებთ; თუმცა ამას არავითარი კავშირი არ აქვს ანგარიშების კეთილსინდისიერად გადახდასთან ან საჭირო მომენტში ღირსეულად მოქცევასთან. რომანისტის შემთხვევაში დამაჯერებლობა არის მის მიერ ჩვენი იმაში დარწმუნების უნარი, რომ სიმართლეს გვიამბობს. ზოგჯერ ხომ გაგვიფიქრია - „არასოდეს მომსვლია აზრად, რომ ეს ასე შეიძლებოდა ყოფილიყო; არასოდეს ვიცნობდი ადამიანს, რომელიც ასე მოიქცეოდა. მაგრამ თქვენ დამარწმუნეთ, რომ თურმე, ასეც ხდება.“ მკითხველს თითქოს კითხვის პროცესში შუქთან მიაქვს ყოველი ფრაზა და ყოველი სცენა. როგორც ჩანს, ბუნებამ მოგვანიჭა ეს უცნაური შინაგანი შუქი, რომლის ფონზეც შეგვიძლია ვისმჯელოთ მწერლის დამაჯერებლობასა თუ არადამაჯერებლობაზე. ან შეიძლება, თავად ამ ბუნებამ, თავისი ყველაზე უფრო ირაციონალური განწყობით, რაღაც უხილავი მელნით გონების კედლებზე წინასწარ აღბეჭდა ყველაფერი, რაც ხელოვან ადამიანებს გამოაქვთ სინათლეზე; შექმნა ესკიზები, რომლებიც მხოლოდ გენიის კოცონთან მიტანისას ხდება ხილული. და როდესაც ვხედავთ, როგორ ცოცხლდება სიტყვები ამ შუქზე, უმალ შეძახილი აღმოგვხდება: „ეს ხომ სწორედ ისაა, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი, რაც ყოველთვის ვიცოდი და რაც მუდამ მსურდა!“ და აღელვებულები, წიგნს ერთგვარი მოწიწებითაც კი ვხურავთ და თაროზე ვდებთ; და მერე რაღაც ძვირფასი ნავთსაყუდელივით გვეგულება, რომელშიც მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება დაბრუნება, - გავიფიქრე და „ომი და მშვიდობა“ თაროზე დავდე. ხდება პირიქითაც, - ზოგი რომანი დასაწყისში გვიზიდავს თავისი ელფერითა და ცოცხალი დინამიკით, მაგრამ მერე მდორდება; ეჭვებს ბადებს, გონების შუქთან მიტანილი, ლაქებად იდღაბნება და მისი სრულყოფილად აღქმა შეუძლებელია. მაშინ იმედგაცრუების ოხვრა თუ აღმოგვხდება და გავიფიქრებთ, რომ ეს რომანიც წარუმატებელთა სიას დაემატა.
რა თქმა უნდა, რომანების უმრავლესობას წარმატება არ უწერია. უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ წარმოსახვა სადღაც მაინც წაიბორძიკებს. ინტუიცია ბლაგვდება, არ შეუძლია, სიმართლე ფიქციისაგან გამოარჩიოს; ნაწარმოები მთლიანი, დასრულებული სახის გარეშე რჩება. მაგრამ მაინც რა გავლენა აქვს ამ ყველაფერზე რომანისტის სქესს? - ვფიქრობდი და ისევ „ჯეინ ეირს“ ვიხსენებდი. აქვს ავტორის სქესს რაიმე მნიშვნელობა ტექსტის დამაჯერებლობაში, რაც, ჩემი აზრით, მწერლობის მთავარ ხერხემალს წარმოადგენს? როდესაც კვლავ გავიხსენე „ჯეინ ეირის“ სტრიქონები, დავრწმუნდი, რომ რისხვა ერთგვარად აზიანებდა შარლოტა ბრონტეს, როგორც მთხრობელის დამაჯერებლობას. ამბავი, რომელიც მან დაგვიტოვა და რომელსაც მთელი თავისი არსება მიუძღვნა, ვერ გაცდა ავტორის პიროვნულ უკმაყოფილებას. თითქოს ავტორს ყოველი სიტყვის წერისას ახსოვდა, რომ მოკლებული იყო საჭირო გამოცდილებას, იძულებული იყო, მღვდლის სახლის მოსაწყენ ყოფას დამორჩილებოდა და წინდები ეკემსა მაშინ, როდესაც სამყაროში სურდა თავისუფლად ხეტიალი. მისი წარმოსახვა აღშფოთებით კვეთდა საზღვრებს და ამას მკითხველიც განუწყვეტლივ გრძნობს. მაგრამ რისხვის გარდა იყო კიდევ უფრო ძლიერი მიზეზებიც, რამაც შარლოტა ბრონტეს ფანტაზია საჭირო ბილიკს ააცილა. მაგალითად - უმეცრება. როჩესტერის პორტრეტი სიბნელეშია დახატული. ჩვენ ვგრძნობთ შიშის გავლენას ავტორზე; ისევე, როგორც გამუდმებით ვგრძნობთ მის დათრგუნულობას, ტანჯვას, ფარულ ვნებებს, რაც მის მშვენიერ წიგნებს ტკივილის სპაზმებით კუმშავს.
და რადგან რომანს აღნიშნული კავშირი გააჩნია რეალურ ცხოვრებასთან, ფასეულობებსაც გარკვეულწილად ცხოვრებიდან იღებს. ბუნებრივია, რომ ქალებისათვის ფასეულობები ძალიან ხშირად განსხვავდება მეორე სქესის მიერ შექმნილი ფასეულობებისაგან, თუმცა პატრიარქალური ფასეულობები ყველგან დომინირებს. უხეშად რომ ვთქვათ, ფეხბურთი და ზოგადად სპორტი „მნიშვნელოვანია“; მოდის გაღმერთება და საყიდლებზე სიარული კი „ბანალური“. და ეს ფასეულობები უსათუოდ გადაინაცვლებს ცხოვრებიდან მხატვრულ ლიტერატურაშიც. კრიტიკოსები თვლიან, რომ ესა თუ ის კონკრეტული წიგნი მნიშვნელოვანია, რადგან იგი ომს ეხება. ხოლო წიგნი, რომელიც სასტუმრო ოთახში გამოკეტილი ქალის გრძნობებს ეხება, მნიშვნელობას მოკლებულია; ბრძოლის ველის სცენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სცენა მაღაზიაში; და ეს ფასეულობები სულ უფრო მეტად უალტერნატივო და სავალდებულო ხდება. შესაბამისად, ადრეული მეცხრამეტე საუკუნის რომანი თავისი სტრუქტურით მყარად იყო დაფუძნებული გარკვეულ ფასეულობებზე, რომლებიც რომანისტი ქალის გონებაში თავისებურ დეფორმაციას განიცდიდა, ეს კი რომანის ავტორიტეტულ ფორმას ამსხვრევდა. ქალების მიერ შექმნილ რომანებზე ზედაპირულად თვალის გადავლებაც საკმარისია, რათა ავტორისეულ ინტონაციებში კრიტიკის წინასწარი შიში ამოვიცნოთ. ეს შიში გარკვეულ აგრესიაში, ან შემგუებლურ ტონში ვლინდება. ავტორი ან აღიარებდა, რომ „მხოლოდ ქალი იყო“, ან პროტესტს გამოთქვამდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „ისეთივე კარგი იყო, როგორც მამაკაცები“; კრიტიკას ისე ხვდებოდა, როგორც ტემპერამენტი კარნახობდა - ან გულდასმით და მოკრძალებით ისმენდა, ან გაღიზიანებითა და რისხვით. ამას მნიშვნელობა არა აქვს; მთავარი ისაა, რომ მისი ყურადღება გაფანტული იყო და არა - მთავარზე კონცენტრირებული, რაც მის წიგნებზეც აისახებოდა. ამ წიგნების უმრავლესობის შუაგულში ემოციების მორევი ტრიალებს, - გავიფიქრე და გამახსენდა ქალების რომანები, ჭიანი და ქარნაყარი ვაშლებივით რომ მიმოფანტულა ლონდონის მეორადი წიგნების მაღაზიებში. ეს იყო მორევი, რომელმაც რომანის ტრადიციული ფასეულობები უკუღმა დაატრიალა.
წარმოვიდგინოთ, როგორი ძნელი იყო ქალებისათვის მითითებულ ბილიკს გაყოლოდნენ და არც ერთ მხარეს არ გადაეხვიათ. რა გენია, რა თავდაჯერება იყო საჭირო, რომ ქალი პატრიარქალური საზოგადოების შუაგულში, თავს დამტყდარი მთელი ამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში ჯიუტად ჩაჭიდებოდა საგნებს და მოვლენებს და ისე აღეწერა ისინი, როგორადაც თავად ხედავდა - ცვლილებისა და შეკუმშვის გარეშე. ეს მხოლოდ ჯეინ ოსტინმა და ემილი ბრონტემ მოახერხეს, რაც ამ ორი ქალის, ალბათ, ყველაზე უფრო ძვირფასი სამკაულია. ისინი წერდნენ სწორედ როგორც ქალები და არა როგორც მამაკაცები. ათასობით ქალიდან, რომელიც მაშინ რომანებს თხზავდა, მხოლოდ ამ ორმა მოახერხა დაუსრულებელი მითითებებისა და დიდაქტიკის სრული იგნორირება. მხოლოდ მათ წაუყრუეს იმ დაჟინებულ ხმას, რო მელიც განუწყვეტლივ ჩაესმოდათ ხან ბუზღუნით, ხან პროტექციის ტონით, ხან მბრძანებლურად, ხან ტანჯვით, ხან შოკირებული, ხან გაბრაზებული, ხან ფამილარული; ხმას, რომელსაც არ შეუძლია ქალებს თავი დაანებოს და საკუთარ თავებთან დატოვოს ისინი, არამედ ყველგან თან დასდევთ და რაღაცას კარნახობთ, როგორც მორალისტი გუვერნანტი; ცდილობს „სწორ გზაზე დააყენოს“ ისინი, როგორც სერ ეგერტონ ბრიდჯისი ცდილობდა. პოეზიის კრიტიკაშიც კი სქესის კრიტიკა უფრო გაისმოდა9; მაშინაც, როდესაც მამაკაცები ქალებს წერისაკენ აქეზებდნენ და პოეტურ კონკურსებში გამარჯვებისათვის ბჭყვრიალა პრიზებს პირდებოდნენ, ეს საქმეში გარკვეული ჯენტლმენები მუდამ ინარჩუნებდნენ ზედამხედველების როლს, რათა ავტორი ქალები გარკვეული საზღვრების ფარგლებში ჰყოლოდათ მოექციათ“... რომანისტი ქალები წარმატებას მხოლოდ იმის გაბედულად აღიარებით თუ მიაღწევენ, რომ მათ სქესს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია10“. მსგავსი ფრაზები ქალების მხრიდან თვითდამკვიდრების მთელს მცდელობას ნაჭუჭში აქცევს. თქვენდა გასაკვირად უნდა გითხრათ, რომ ეს წინადადება დაწერილი იყო არა 1828 წლის აგვისტოში, არამედ 1928 წლის აგვისტოში. ალბათ დამეთანხმებით, რომ როგორი ირონიითაც არ უნდა შევხედოთ ამ განცხადებას, ის ძალიან დიდი მასის აზრს გამოხატავს. ძველი გუბეების ამღვრევას არ ვაპირებ. მე მხოლოდ ერთი მაგალითი გამოვიყენე, რომელიც ხელთ მომხვდა. რა თქმა უნდა, ეს განწყობა და ეს ხმა კიდევ უფრო ენერგიული და ბევრად უფრო მჭექარე იყო საუკუნის წინათ. ძალიან მტკიცე ხასიათის ახალგაზრდა ქალი უნდა ყოფილიყავით, რომ 1828 წელს ყურადღება არ მიგექციათ მთელი ამ დამცირებისა და ლანძღვისათვის და კონკურსებში შეპირებული პრიზებიც ორგანიზატორებისთვის უკან
მიგეყარათ. ფოლადის ხასიათი გჭირდებოდათ, რომ საკუთარი თავისათვის გეთქვათ: „ისინი ხომ ლიტერატურას მაინც ვერ მოისყიდიან. ლიტერატურა ყველასათვის ღია კარია. უნივერსიტეტის დარაჯო, პატივისცემის მიუხედავად, უარს ვაცხადებ, უფლება მოგცეთ, მთავარი ბილიკიდან ბალახზე გადამიყვანოთ. შეგიძლიათ, საიმედოდ გამოკეტოთ თქვენი ბიბლიოთეკები; მაგრამ არ არსებობს კარიბჭე, არ არსებობს საკეტი და ბოქლომი, რომელსაც ჩემი გონების თავისუფლებას დაადებთ.“
მაგრამ, რა ეფექტიც არ უნდა ჰქონოდა მხარდაჭერის არქონასა და კრიტიკას ქალების ნაწერზე (მჯერა, რომ ამას ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა), ეს მაინც უმნიშვნელო იყო სხვა სირთულესთან შედარებით, რომელსაც ისინი აწყდებოდნენ (ისევ ადრეული მეცხრამეტე საუკუნის რომანისტებზე ვფიქრობდი), როდესაც მათი ნაფიქრის ქაღალდზე გადმოტანასთან მივიდოდა საქმე. ეს სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ გააჩნდათ ტრადიცია; ან, თუ ჰქონდათ, იმდენად მოკლე და ფრაგმენტული, რომ ამას ძალიან მცირე დახმარების გაწევა თუ შეეძლო. რადგან ქალები წარსულიდან დედების ხაზით ვაგრძელებთ ფიქრს. დიდებულ მამაკაც მწერლებთან დახმარებისათვის მისვლას აზრი არა აქვს, როგორ ხშირადაც არ უნდა მივმართავდეთ მათ ნაწერებს სიამოვნების მიღების მიზნით. ლამბი, ბრაუნი, თეკერეი, სტერნი, დიკენსი, დე ქუინსი - ვინც არ უნდა იყოს, - ჯერ არასოდეს დახმარებია ავტორ ქალს, თუნდაც ამ უკანასკნელს მათგან ესწავლოს რამდენიმე ილეთი და საკუთარი გამოყენებისათვისაც მიესადაგებინოს ისინი. მამაკაცის გონების სიმძიმე და ნაბიჯის სიგრძე ქალისათვის მეტისმეტად უცხოა და შესაბამისად, მათი იმიტირება წარმატებას ვერ მოუტანს. ქალისათვის, რომელიც წერას გადაწყვეტდა, კალმის ფურცელზე დადებისთანავე ალბათ პირველი იმედგაცრუება იმის აღმოჩენა იყო, რომ მას გამოყენებისათვის საჭირო წინადადების მზა ფორმა არ გააჩნდა. ყველა დიდი რომანისტი, როგორიცაა თეკერეი, დიკენსი ან ბალზაკი, წერდა სწრაფად, მაგრამ არა აკურატულად, ექსპრესიულად, მაგრამ სინატიფის გარეშე. ისინი საერთო კუთვნილების მონახაზს საკუთარი საღებავებით ავსებდნენ. მათი პროზა ეფუძნებოდა წინადადების ფორმას, რომელიც იმ დროს ფართოდ იყო გავრცელებული და დაახლოებით, აი, ასეთი იყო: „მათი ნაწარმოებების გრანდიოზულობა მდგომარეობდა მათ უნარში, მოკლე არგუმენტაციით კი არ შემოფარგლულიყვნენ, არამედ ხანგრძლივად ემსჯელათ. თითქოს თავად თხზვის, ჭეშმარიტებისა და სილამაზის წარმოქმნის პროცესი იყო მათთვის უდიდესი მღელვარებისა და უმაღლესი კმაყოფილების მიმნიჭებელი. წარმატება მუდმივ ქმედებას მოითხოვს.“ - ეს მამაკაცის წინადადებაა; მის უკან შეგვიძლია დავინახოთ ჯონსონი, გიბონი და სხვები. ასეთი წინადადება ქალისათვის გამოუსადეგარი იყო. შარლოტა ბრონტე, პროზაიკოსისათვის საჭირო მთელი მისი ნიჭის მიუხედავად, ამ მოუხერხებელი იარაღით ხელში წაბორძიკდა და დაეცა. ჯორჯ ელიოტმა საკუთარი თავი არ დაინდო ამ იარაღით, რის გამოც მის მიერ აღწერილი მთელი რიგი სცენები გაუბადრუკდა. ჯეინ ოსტინმა დახედა ამ წინადადებას და უბრალოდ, გაიღიმა. მან გამოიმუშავა საკუთარი, სრულიად ბუნებრივი, მოქნილი წინადადების ფორმა, რომელსაც არასოდეს გაშორებია. ამიტომ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ შარლოტა ბრონტესთან შედარებით მწერლობის ნაკლები თანდაყოლილი ნიჭი გააჩნდა, ჯეინ ოსტინმა გაცილებით უფრო მეტის თქმა მოახერხა. რადგან ხელოვნების მთავარი არსი გამოხატვის თავისუფლება და სრულყოფაა, ამ ორივე ასპექტში ტრადიციის ნაკლებობამ - იარაღის სიმცირემ და არაადექვატურობამ აშკარად უდიდესი გავლენას მოახდინა ქალების ნაწერებზე. წიგნი არ არის უბრალოდ, ერთმანეთს მიბმული წინადადებების გროვა, არამედ ის გულდასმითაა აგებული და ხატოვნად რომ ვთქვათ, თავისი თაღებითა და გუმბათებით გვირგვინდება. რომანის ყველა ფორმა შექმნილი იყო მამაკაცების მიერ, გამოხატვის მათებური საჭიროების შესაბამისად. არ არსებობს მიზეზი ვიფიქროთ, რომ ეპოსი, ან პოეტური პიესა ქალისათვის უფრო მეტად შესაფერისი ფორმაა, ვიდრე პროზაული წინადადებები. მაგრამ ისინი, როგორც ლიტერატურის კიდევ უფრო ძველი ფორმები, ქალის მწერლობაში შემოსვლის დროისათვის მკაცრად ჩამოყალიბებული და ცვლილებისათვის შეუვალი იყო. მათთან შედარებით რომანი ყველზე უფრო ახალი ფორმა, ნედლი მასალა იყო, რათა ქალის ხელს დამორჩილებოდა. ეს, ალბათ, კიდევ ერთი მიზეზია იმის, რომ ქალმა თხზვის ძირითად ფორმად რომანი აირჩია. და მაინც, ვის შეუძლია თქვას, რომ თუნდაც „რომანი“ (ბრჭყალებში ვსვამ, რადგან სიტყვის ცნებასთან ადექვატურობაში ეჭვი მეპარება), როგორც ყველაზე უფრო პლასტიური ფორმა, ქალის მიერ ბოლომდეა გათავისებული? ეჭვგარეშეა, რომ როდესაც ქალი საკუთარი კიდურების თავისუფლად გამოყენებას შეძლებს და მათ ძალაში ბოლომდე დარწმუნდება, ხელთ არსებულ ფორმას საკუთარი გემოვნებით გადააკეთებს; და წარმოქმნის რაღაც ახალ ჭურჭელს, რათა საკუთარ თავში არსებული პოეზია (აუცილებელი არაა - რითმებად) მასში მოათავსოს. რადგან პოეზია ჯერ კიდევ ჩაკეტილია ქალში... გავიფიქრე და შევეცადე იმის წარმოდგენა, თუ როგორ შექმნის ქალი პოეტურ ტრაგედიას ხუთ მოქმედებად. ნეტავ რითმას თუ გამოიყენებს? - იქნებ ისევ პროზა არჩიოს.
მაგრამ ეს რთული კითხვებია და პასუხებიც მომავლის ნისლშია გახვეული. მოცემულ მომენტში ეს პასუხები ალბათ არც უნდა ვეძებო, თორემ საჭირო თემიდან გადავუხვევ და მალე უღრან ტყეში აღმოვჩნდები, საიდანაც შეიძლება ვეღარც გამოვაღწიო. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გსურთ ამ ბინდით მოცული თემის, მხატვრული ლიტერატურის მომავალის შესახებ უარგუმენტო საუბრის მოსმენა. ამიტომ აქ მხოლოდ ერთი წუთით შევჩერდები, რათა თქვენი ყურადღება ფიზიკური ასპექტისაკენ მივაპყრო. იმედი მაქვს, მომავალში ეს ასპექტი თავის როლს ითამაშებს ქალების მიერ მწერლობაში საკუთარი ფორმების მიგნებისას. წიგნი სხეულთან უნდა იქნას შეთანხმებული. შემიძლია გავრისკო და ვთქვა, რომ ქალის მიერ დაწერილი წიგნი ბუნებრივად მოითხოვს უფრო მოკლე ზომას და უფრო მეტ სიფაქიზეს, ვიდრე მამაკაცების მიერ დაწერილი. თანამედროვე ეტაპზე ქალებს სჭირდებათ საკუთარი თხზულებებისათვის ახალი ჩარჩოს, ახალი ფორმის გამონახვა, რომელზე მუშაობაც ნაკლებად მოითხოვს ხანგრძლივი საათების მანძილზე უწყვეტ მუშაობას. ასევე, ნერვული სისტემა, რომელიც ჩვენს გონებას კვებავს, როგორც ჩანს, განსხვავებულია ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში და თუ გვსურს, საუკეთესო შედეგები მივიღოთ, უნდა აღმოვაჩინოთ, თუ როგორი წვრთნა და საზრდო სჭირდება ამ განსხვავებულ სისტემას - არის თუ არა თუნდაც, ლექციების კითხვის ეს ტრადიციული ფორმა, რომლებიც ალბათ ბერებმა გამოიგონეს ასობით წლის წინ, მაქსიმალურად შესაფერისი ქალების განათლებისათვის, თუ მათთვის მასალის სხვაგვარად გადანაწილება იქნებოდა უფრო ეფექტური? მუშაობისა და დასვენების როგორი მონაცვლეობა სჭირდებათ ქალებს? დასვენებაში ვგულისხმობ არა უქმად ყოფნას, არამედ რაღაც განსხვავებულის კეთებას; და რა უნდა იყოს ეს „განსხვავებული რაღაც“? - ამ ყველაფერს ძიება და აღმოჩენა სჭირდება და ეს ყველაფერი კავშირშია საკითხთან ქალებისა და მხატვრული ლიტერატურის შესახებ. და მაინც, - ფიქრში ისევ წიგნის თაროს მივუახლოვდი, - სად შემიძლია მოვიძიო ქალის ფსიქოლოგიის შესახებ თავად ქალის მიერვე ჩატარებული კვლევა? თუ იმის გამო, რომ ქალები ფეხბურთს ვერ თამაშობენ, ისინი არც მედიცინით უნდა დაკავდნენ?
საბედნიეროდ, ჩემს ფიქრებს სხვა მიმართულება მიეცა.
5.
როგორც იქნა, დროში ამდენი მოგზაურობის შემდეგ მივაღწიე თაროებს, რომლებზეც თანამედროვე მწერლების, მამაკაცებისა და ქალების მიერ დაწერილი წიგნები აწყვია. შეიძლება, დღეისათვის ქალი და მამაკაცი ავტორების რიცხვი ჯერ კიდევ არაა თანაბარი და მამაკაცები კვლავ უფრო სიტყვაუხვობენ, მაგრამ იმის თქმა ნამდვილად შეიძლება, რომ ქალები მხოლოდ რომანების წერით აღარ შემოიფარგლებიან. დღეს უკვე მოგვეპოვება ჯეინ ჰარისონის წიგნები ბერძნულ არქეოლოგიაზე; ვერნონ ლის წიგნები ესთეტიკაზე; გერტრუდა ბელის წიგნები სპარსეთის შესახებ; გვაქვს წიგნები ისეთ თემებზე, რომელსაც ერთი თაობის წინ ვერცერთი ქალი ვერ შებედავდა. გვაქვს ლექსები, პიესები და კრიტიკა; ისტორიული და ბიოგრაფიული ნაწარმოებები; წიგნები მოგზაურობასა და აღმოჩენებზე; რამდენიმე ფილოსოფიური, სამეცნიერო და ეკონომიკური ნაშრომიც კი. და თუმცა რომანები მაინც ჭარბობს, ისინი ყოველთვის აღარ ასოცირდება მსუბუქ სასიყვარულო ისტორიებთან. როგორც ჩანს, ქალების მწერლობაში საწყისი სიმარტივის, ასე ვთქვათ, ეპოსის პერიოდი წარსულს ჩაბარდა. კითხვამ და კრიტიკამ ავტორი ქალის თვალსაწიერი გააფართოვა და მეტი დახვეწილობა შესძინა მის ნაწერს. ავტობიოგრაფიული იმპულსი შესუსტდა. ქალი იწყებს მწერლობის ხელოვნებად და არა თვითრეალიზაციის საშუალებად გამოყენებას. ამ პროცესზე დაკვირვება სწორედ ქალების მიერ შექმნილ ახალ რომანებში შეიძლება. და მეც, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ხელში მომხვდა, თაროდან გადმოვიღე. რომანს „ცხოვრების თავგადასავალი“ ერქვა, მისი ავტორი იყო მერი ქარმაიკლი და სულ ახლახანს, სწორედ ოქტომბერში იყო გამოცემული. როგორც ჩანს, ეს ავტორის პირველი წიგნი იყო, თუმცა გავიფიქრე, რომ მისი წაკითხვა ისე შეიძლებოდა, თითქოს საკმაოდ გრძელი სერიის ბოლო ტომი ყოფილიყოს; ყველა იმ წინა წიგნის მემკვიდრე, რომლებსაც აქამდე გადავალე თვალი - ლედი უინჩელსის ლექსების, აფრა ბენის პიესების და ოთხი დიდი რომანისტის ნაწარმოებების. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებად გვაქვს, წიგნებზე ცალცალკე ვიმსჯელოთ, ისინი მუდამ ერთმანეთს აგრძელებენ. და შესაბამისად, ეს უცნობი ავტორიც უნდა მივიჩნიო ყველა იმ მწერალი ქალის შთამომავლად, რომელთა მდგომარეობაზეც უწინ ვიმსჯელე; უნდა გავითვალისწინო, რომ მას მემკვიდრეობით გამოყვა მათი თვისებები და შეზღუდულობები. ამოვიოხრე, რადგან რომანები ხშირად მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი წამალია და არა შხამსაწინააღმდეგო; აპათიურ თვლემას გვგვრის და არა შუშხუნა შთაგონებას. უბის წიგნაკი გადავშალე და მოვემზადე, რათა მერი ქარმაიკლი პირველი რომანის, „ცხოვრების მოგზაურობის“ კითხვისას შენიშვნები ჩამეწერა.
ფურცელს ჯერ თვალი გადავავლე. გავიფიქრე, რომ დასაწყისისათვის მისი წინადადების ფორმისათვის უნდა ამეღო ალღო, ვიდრე მეხსიერება დაიტვირთებოდა სურათებით, ცისფერი და თაფლისფერი თვალებით, და ურთიერთობებით, რომელიც ალბათ მთავარ გმირებს, ქლოსა და როჯერს შორის განვითარდებოდა. ჯერ უნდა დამენახა, ავტორს კალამი ეჭირა ხელში თუ ურო. ამიტომ, ერთი-ორი წინადადება ხმამაღლა წავიკითხე. მალე ცხადი გახდა, რომ რაღაც მთლად რიგზე ვერ იყო. პირველი
წინადადება წყალივით მირაკრაკებდა, მაგრამ უცებვე შეწყდა. რაღაც გაიხა, გაიკაწრა; აქა-იქ სათითაო სიტყვამ ფარანივით შემომანათა თვალებში. ავტორი მოუქნელს ჰგავდა, ადამიანს, ამაოდ რომ უხახუნებს ასანთის ღერს ქაღალდს, რომელიც არ აინთება. მაგრამ რატომ? - ისე შევეკითხე, თითქოს ჩემს წინ ყოფილიყოს, - რატომ არ იყენებ ჯეინ ოსტინის წინადადების ფორმას? ნუთუ ყველაფერი უნდა დავანაკუწოთ და გადავყაროთ, რადგან ემა და მისტერ ვუდჰაუზი გარდაცვლილები არიან?... ვიდრე ჯეინ ოსტინი მელოდიიდან მელოდიაზე დანავარდობს, როგორც მოცარტი, ამ ნაწერის კითხვა თავღია ნავით ზღვაში ყოფნას ჰგავდა. ხან ზემოთ მიიწევდი, ხან იძირებოდი. ეს ლაკონურობა, ეს მოკლე ფრაზები, შეიძლება, იმის ნიშანი ყოფილიყო, რომ ავტორს რაღაცის ეშინოდა; ალბათ ეშინოდა მისთვის სენტიმენტალური არ ეწოდებინათ. ქალების ნაწერებს ხომ ზედმეტი დეკორაციებითა და ყვავილებით გადავსებულად მიიჩნევენ; და შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ასეთ მწერლობას ლაფსუსები და ეკლებიც მეტი აქვს. მაგრამ ვიდრე ავტორის მიერ აღწერილ სცენას გულისყურით არ წავიკითხავდი, დარწმუნებით არაფრის თქმა არ შემეძლო. ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწერი არ გაძინებს, - გავიფიქრე, როდესაც უფრო გულდასმით დავიწყე კითხვა, - მაგრამ ისიც შევნიშნე, რომ ავტორი ზედმეტად ბევრ ფაქტს აზვინებდა. მომეჩვენა, რომ ამ ზომის წიგნში ამ ფაქტების ნახევარსაც კი ვერ გამოიყენებდა (წიგნი თავისი მოცულობით დაახლოებით „ჯეინ ეირის“ ნახევარი თუ იქნებოდა); თუმცა, ასე თუ ისე, მან მოახერხა ჩემი, როგორც მკითხველის, წიგნის პერსონაჟებთან ერთ ნავში მოთავსება; და როჯერთან, ქლოსთან, ოლივიასთან, ტონისთან და მისტერ ბიგჰემთან ერთად ავუყევი მდინარეს. მაგრამ წუთით უნდა შევჩერდე, - გავიფიქრე და სკამის საზურგეს მივეყუდე, - ყველაფერი ფრთხილად უნდა გავაანალიზო, ვიდრე კითხვას გავაგრძელებდე.
თითქმის დარწმუნებული ვარ, - ვუთხარი საკუთარ თავს, - რომ მერი ქარმაიკლი გვეთამაშება. რადგან თავს ისე ვგრძნობ, როგორც ატრაქციონის მანქანაში, როცა გგონია ვარდები და ამ დროს კი ისევ ზემოთ მიცურავ. მერი მოსალოდნელ წყობას არღვევს. მან ჯერ წინადადება გახლიჩა, ახლა კი თანმიმდევრობაც. ძალიანაც კარგი. უფლება აქვს ეს ყველაფერი აკეთოს, თუკი ამას არა სტიქიურად, არამედ ხელოვნების გამო სჩადის. არ შემიძლია, დარწმუნებით ვიცოდე, ამ ორიდან რომელ შემთხვევასთან მაქვს საქმე, ვიდრე ავტორი საკუთარ თავს სიტუაციაში არ წარმოაჩენს. როგორც მკითხველი, მას ყველანაირ თავისუფლებას ვანიჭებ, თავად შექმნას ეს სიტუაცია, თუნდაც კონსერვის ქილებისა და დაჭეჭყილი ჩაიდნებისგან ააგოს იგი; მთავარია, დამაჯეროს, რომ ამ კონსტრუქციის სიმყარის თავად სჯერა. მანამდე კი ჩემი მოვალეობის შესრულებას, კითხვას განვაგრძობ... ვწუხვარ, რომ კითხვა ასე უცებ შევწყვიტე. გარშემო მამაკაცი ხომ არ არის? დარწმუნებული ხართ, რომ იმ წითელი ფარდის უკან სერ ჩარლზ ბირონი არ იმალება? მაშინ, შემიძლია, ხმამაღლა წაგიკითხოთ სიტყვები, რომლებმაც ასე უცებ შემაჩერა: „ქლოს ოლივია მოსწონდა...“ წინასწარ არ აღშფოთდეთ და არ გაწითლდეთ. ერთმანეთთან ვაღიაროთ, რომ ასეთი რამ ბუნებრივია. ზოგჯერ უბრალოდ, ქალებსაც მოსწონთ ქალები.
„ქლოს ოლივია მოსწონდა“, - წავიკითხე და უცებ გაკრთა გონებაში აზრი, რომ ეს სიტყვები უზარმაზარ ცვლილებას მოასწავებდა. ალბათ ლიტერატურის ისტორიაში პირველად მოსწონდა ქლოს ოლივია. კლეოპატრას არ მოსწონდა ოქტავია. და რომ მოსწონებოდა, წარმოიდგინეთ, როგორ სრულიად შეიცვლებოდა „ანტონიუსი და კლეოპატრა“. ამ ფიქრმა ჩემი გონება კვლავ მოსტაცა საკითხავს. ყველაფერი ისეა გამარტივებული და გაუბრალოებული; გავბედავ და ვიტყვი, რომ აბსურდამდეც კია დაყვანილი. კლეოპატრას ერთადერთი გრძნობა ოქტავიას მიმართ ეჭვიანობა იყო. „ჩემზე უფრო მაღალია? თმას როგორ ატარებს?...“ ამ პიესას, ალბათ, მეტი არც სჭირდება. მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო საინტერესო იქნებოდა ყველაფერი, ორ ქალს შორის უფრო რთული ურთიერთობა რომ ყოფილიყო. მხატვრულ ლიტერატურაში პერსონაჟი ქალების ბრწყინვალე გალერეას სწრაფად გადავავლე თვალი და ქალებს შორის დამოკიდებულება ყველგან ზედმეტად მარტივი მეჩვენა. რამდენი რამაა ზერელედ გამოტოვებული. შევეცადე, გამეხსენებინა ორი ქალის მეგობრობის ისტორია ჩემს მიერ წაკითხული წიგნებიდან. ამის მცდელობა არის „გზაჯვარედინების დიანა“-ში (iana of The Crossroads). მაგრამ ძირითადად ქალები მხოლოდ სატრფოები არიან, როგორც რასინთან, ან ბერძნულ ტრაგედიებში. ისინი დროდადრო დედების და ქალიშვილების როლში გვევლინებიან, მაგრამ თითქმის გამონაკლისის გარეშე, მუდამ მამაკაცებთან ურთიერთობაში არიან აღწერილნი. უცნაური იყო იმის გააზრება, რომ მხატვრულ ლიტერატურაში ყველა დიდებული პერსონაჟი ქალის სახე ჯეინ ოსტინის ეპოქამდე არა მხოლოდ მეორე სქესის მიერ, არამედ მხოლოდ ამ მეორე სქესთან ურთიერთობაში იყო დახატული. არადა, ეს ურთიერთობა ხომ ქალის ცხოვრების მხოლოდ ნაწილია; და რა ცოტა შეიძლება მამაკაცმა იცოდეს მისი ცხოვრების თუნდაც ამ ნაწილის შესახებ, როდესაც თავის დაკვირვებას მუდამ იმ შავი ან ვარდისფერი სათვალის მიღმა აკეთებს, რომელსაც სქესის განსხვავებულობა ადებს მის ცხვირს. ალბათ სწორედ აქედან მოდის ქალის განსაკუთრებული ბუნება მხატვრულ ლიტერატურაში; მისი უკიდურესად ლამაზი და კოშმარული სახეები - ზოგჯერ ზეციურად ღვთაებრივი და ზოგჯერ ქვესკნელამდე დაცემული; რადგან მას ასე ხედავდა გამიჯნურებული მამაკაცი, იმის მიხედვით, თუ როდის იყო მისი სიყვარულისაგან თავადვე ამაღლებული ან განადგურებული, ბედნიერი ან უბედური. რა თქმა უნდა, ეს არც თუ სრული ჭეშმარიტებაა მეცხრამეტე საუკუნის რომანისტების შესახებ. ამ პერიოდიდან პერსონაჟი ქალი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და რთული ხასიათის ხდება. შეიძლება, რაღაც ზომამდე სწორედ ქალების შესახებ მეტის დაწერის სურვილმა მიატოვებინა მამაკაცებს პოეტური დრამა, რომელიც თავისი შეკრული ფორმით ასე ცოტა ადგილს უთმობდა ქალს, და მიიყვანა ისინი რომანის, როგორც უფრო ტევადი ფორმის შექმნამდე. და მაინც, პრუსტის ნაწერებშიც კი, აშკარაა, რომ ამ ეტაპზეც, მამაკაცის ცოდნა ქალის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ მეტად შეზღუდული და არასრულია, ისევე როგორც ქალის მიერ მამაკაცის ბუნების ცოდნა.
ფურცელს დავცქეროდი და ფიქრს ვაგრძელებდი - ისიც აშკარა გახდა, რომ ქალებს, ისევე როგორც მამაკაცებს, მარადიულად შინ ფუსფუსის გარდა სხვა ინტერესებიც გააჩნიათ. „ქლოს ოლივია მოსწონდა. მათ საერთო ლაბორატორია ჰქონდათ...“ წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს ორი ახალგაზრდა ქალი ღვიძლს ამუშავებდა, რათა ანემიის სამკურნალო წამალი დაემზადებინათ. ერთ-ერთი მათგანი გათხოვილიც იყო და თუ სწორად მახსოვს, ორი პატარა ბავშვი ჰყავდა. ტრადიციული სიუჟეტების მიხედვით, ეს დეტალები, ალბათ, გამოტოვებული უნდა ყოფილიყო და პერსონაჟი ქალების ბევრად უფრო მარტივი, მონოტონური სახეები დახატულიყო ჩემს თვალწინ. ვცადე წუთით წარმომედგინა, როგორი იქნებოდა ლიტერატურა, მასში მამამკაცებიც მხოლოდ ქალების საყვარლებად რომ ყოფილიყვნენ წარმოჩენილები და არაფერი თქმულიყო მამაკაცებს შორის მეგობრობაზე, არ ყოფილიყვნენ ჯარისკაცები, მოაზროვნეები, მეოცნებეები; რამდენს დაკარგავდა თუნდაც შექსპირის დრამატურგია; როგორ გაღატაკდებოდა ლიტერატურა! ალბათ ოტელოს და ანტონიუსის მოზრდილი ნაწილი დაგვრჩებოდა, მაგრამ დავკარგავდით კეისარს, ბრუტუსს, ჰამლეტს, ლირს, ჟაკს... ლიტერატურა ნამდვილად უბადრუკი იქნებოდა; თუმცა ნაწილობრივ, არის კიდეც გაღატაკებული - უთვალავი ქალის ცხვირწინ მიკეტილი კარის გამო. ქალების ავტორობას თავიც რომ გავანებოთ, აშკარაა რომ ისინი, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გათხოვილები, ერთ ოთახში გამოკეტილები და ერთ საქმიანობას მიჯაჭვულები, დრამატურგებისათვის ვერანაირად ვერ იქნებოდნენ ზუსტი ასახვის ობიექტები. სიყვარული ერთადერთი შესაძლო თარჯიმანი იყო ხელოვანსა და ქალს შორის. პოეტი, რომელიც ქალების შესახებ წერდა, მათ მიმართ ან საკუთარ ვნებებს უმღეროდა, ან ირჩევდა, „ქალთმოძულე“ ყოფილიყო, რაც უმეტეს შემთხევვაში იმას ნიშნავდა, რომ თვითონ არ იყო ქალებისთვის მიმზიდველი.
ხოლო ამ რომანის დასაწყისშივე იმის წაკითხვა, რომ ქლოს ოლივია მოსწონდა და მათ საერთო ლაბორატორია ჰქონდათ, მკითხველს ქალებს შორის საინტერესო და ხანგრძლივ მეგობრობას პირდებოდა წიგნის მომდევნო ფურცლებზეც. თუ მერი ქარმაიკლმა იცოდა, როგორ ეწერა (და უნდა ვაღიარო, რომ მისი სტილის ზოგიერთი ნიუანსი უკვე მომწონდა), თუ მას ჰქონდა საკუთარი ოთახი, და წელიწადში ხუთასი ფუნტი შემოსავალიც გააჩნდა, რაშიც ბოლომდე არა ვარ დარწმუნებული, - მაშინ შემეძლო მეთქვა, რომ ლიტერატურაში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა.
რადგან თუ ქლოს ოლივია მოსწონს და მერი ქარმაიკლმა იცის, როგორ გამოხატოს ეს ურთიერთობა, ის იქნება პირველი, ვინც ფარნით ხელში შევა უზარმაზარ, მიტოვებულ და ჩაბნელებულ დარბაზში, რომელიც ჩრდილებშია ჩაფლული და გველებით სავსე მღვიმეს ჰგავს. და მე კვლავ ფურცელს დავხედე და დავინახე, როგორ შეხედა ქლომ ოლივიას, როცა ის კოლბას დგამდა თაროზე, და როგორ უთხრა - შინ, ბავშვებთან წასვლის დროაო. წამოვიძახე, რომ ეს ისეთი სანახაობაა, რომლისთვისაც სამყაროს შექმნის დღიდან არავის მოუკრავს თვალი. და ახლა თავად შევყურებდი დიდი ინტერესით, რომ დამენახა, როგორ ჩაუჯდა მერი ქარმაიკლი ამ სამუშაოს, როგორ დაიჭირა ეს ჩაუწერელი მიმიკები, ეს ართქმული ან ნახევრად თქმული სიტყვები, რომლებიც არასოდეს არის იმაზე უფრო ხელშესახები, ვიდრე პეპლების ჩრდილები ჭერზე, როდესაც ქალები მარტონი არიან, მეორე სქესის მიერ მათკენ მიმართული კაშკაშა და ფერადი განათების გარეშე. მერი სულგანაბული უნდა იყოს, - გავიფიქრე, ვიდრე კითხვას ვაგრძელებდი, - თუკი ამის გაკეთება სურს. რადგან ქალები უკიდურესად ეჭვიანები არიან მათკენ მიპყრობილი ყურადღების მიმართ, როცა აშკარა მოტივი არ ჩანს; დამალვასა და დათრგუნვას შეჩვეულები, მაშინვე გასაქცევად ემზადებიან, როცა კი მათი მიმართულებით თვალი დაიხამხამებს. ერთადერთი გზა, თუ გსურს, მათ დააკვირდე, - კვლავ ისე მივმართე მერი ქარმაიკლს, თითქოს ჩემს წინ იყო, - პარალელურად სხვა რამეზე ლაპარაკია, სარკმლიდან ცქერა და ამ დროს ფანქრით, უბის წიგნაკში, ყველაზე უფრო მოკლე სიმბოლოებით მონიშვნა სიტყვების, რომლებიც ჯერ არ გამოთქმულა, შეგრძნებების, რომელსაც მილიონობით წლის განმავლობაში ჩრდილში, ქვის ქვეშ მოქცეული ოლივიას ორგანიზმი განიცდის, როდესაც მას შუქი ეცემა, როდესაც მშიერს უცნაური საკვები ხვდება გზაზე - ცოდნა, თავგადასავალი, ხელოვნება; და ხელს იწვდის ამ საკვებისკენ და ისე უნდა მოსინჯოს ეს ყველაფერი, ისე უნდა შეითვისოს ეს სიახლე, რომ არ დაკარგოს თავისი ძველი, უკიდურესად დახვეწილი ბუნება, რთული სიფაქიზე და წონასწორობის გრძნობა.
მაგრამ, ვაი რომ, ის გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა; დაუფიქრებლად დავიწყე საკუთარი სქესის ქება. „უკიდურესად დახვეწილი“, „რთული სიფაქიზე“ - ეს ტერმინები ხომ აშკარად საქებარია, მაშინ როდესაც საკუთარი სქესის შექება ყოველთვის ეჭვს ბადებს და სულელურად გაისმის; უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში ამ სიტყვების გამართლებაც კი არ შემიძლია - არ შემიძლია რუკასთან მივიდე და განვაცხადო - კოლუმბმა აღმოაჩინა ამერიკა და კოლუმბი ქალი იყო; ან ავიღო ვაშლი და შევნიშნო, რომ ნიუტონმა აღმოაჩინა გრავიტაციის კანონი და ნიუტონი ქალი იყო; ან შევხედო ცას და ვთქვა, რომ თვითმფრინავი, რომელმაც გადაიქროლა, ქალის მიერაა გამოგონებული. კედელზე არ არსებობს ნიშანი რათა ქალის ზუსტი სიმაღლე გაიზომოს. არ არსებობს დიუმებიან მონაკვეთებად დაყოფილი სახაზავი, რომ კარგი დედის და ქალიშვილის ერთგულებას, დის სიყვარულს ან სახლის მმართველის საქმიანობას დავადოთ. ჩვენს დროშიც კი ძალიან ცოტაა ქალი, რომელსაც უნივერსიტეტის ხარისხი გააჩნია; მათ საკუთარი თავი არ გამოუცდიათ პროფესიებში, არმიასა და ფლოტში, ვაჭრობაში, პოლიტიკასა და დიპლომატიაში. ისინი დღემდე კლასიფიკაციის გარეთ რჩებიან. ამ დროს კი, თუკი მოვისურვებ რაიმე გავიგო მაგალითად, სერ ჰარლი ბატსის შესახებ, მხოლოდ ბიურკის ან დებრეტის გადაშლა მჭირდება; და წავიკითხავ, რომ მან ესა და ეს ხარისხი მიიღო; რომ ის ფლობს სასახლეს, რომ ჰყავს მემკვიდრე; რომ საბჭოს მდივანი იყო; რომ დიდ ბრიტანეთს წარმოადგენდა კანადაში; და რომ მიიღო ამდენი და ამდენი მედალი, ესა და ეს თანამდებობა და სხვა წარჩინებანი, რითაც მისი მიღწევები სამარადისოდაა დამოწმებული. მხოლოდ განგებამ თუ შეიძლება ამაზე მეტი უწყოდეს სერ ჰარლი ბატსის შესახებ.
ხოლო როდესაც ქალებზე ვამბობ „უკიდურესად დახვეწილი“, „რთული და ფაქიზი“, - არ შემიძლია ჩემი სიტყვების საბუთად უიტეიკერი ან დებრეტი მოვიყვანო. მაშინ, სად უნდა ვეძებო ეს საბუთი? გავიფიქრე და კვლავ წიგნის თაროს შევხედე. აქ ეწყო ბიოგრაფიები: ჯონსონის, გოეთეს, კარლაილის, სტერნის, კუპერის, შელლის, ვოლტერის, ბრაუნინგის და ბევრი სხვა ავტორის. და მე დავიწყე ფიქრი ზოგიერთი იმ გამოჩენილი მამაკაცის შესახებ, ვინც ამა თუ იმ მიზეზის გამო აღმერთებდა ქალს, დაეძებდა, ცხოვრობდა მასთან, თავშესაფარს პოულობდა მასში, ესიყვარულებოდა, წერდა მასზე, სჯეროდა მისი. მათი ნაწერებიდანვე ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის მეორე სქესის კონკრეტულ პიროვნებებთან ურთიერთობა და გარკვეულწილად, რამდენად დამოკიდებულნი იყვნენ ამ პიროვნებებზე. მე არ ვამტკიცებ, რომ ყველა ეს ურთიერთობა აბსოლუტურად პლატონური იყო და ალბათ სერ უილიამ ჯოინსონ ჰიკსიც უარყოფდა ამას. მაგრამ ძალიან მცდარად განვსჯით ამ ცნობილ მამაკაცებს, თუკი განვაცხადებთ, რომ მათ ამ კავშირიდან კომფორტის, მოფერებისა და სხეულის სიმეთა გარდა არაფერი მიუღიათ. ცხადია, ისინი ქალისაგან იღებდნენ იმას, რისი მიცემაც მათთვის საკუთარ სქესს არ შეეძლო. და ყველაფერ დანარჩენთან ერთად, თავად პოეტების მღელვარე სტრიქონებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო შემოქმედებითი ენერგია, სტიმული, საჩუქარი, რომელსაც მხოლოდ საპირისპირო სქესი ანიჭებდათ. წარმოვიდგინე, როგორ გამოაღებდა მამაკაცი სასტუმრო ოთახის ან საბავშვო ოთახის კარს და დაინახავდა ქალს, ბავშვებს შორის, მუხლებზე საქარგავით - ცხოვრების რაღაც სხვანაირი წესრიგისა თუ სისტემის ცენტრში მოთავსებულს; სხვა საქმიანობაში გართულს; და კონტრასტი ამ სამყაროსა და მის საკუთარს შორის, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სასამართლოს დარბაზები ან წარმომადგენელთა პალატა, გამოაცოცხლებდა, ახალი ენერგიით აავსებდა მის გონებას. ქალთან ყველაზე უბრალო საუბარშიც კი, მათი აზრების ბუნებრივი განსხვავება მამაკაცის იდეებს ახალ ნიადაგს აძლევდა. ყოველ ჯონსონს თავისი თრეილი ყავს, და ნაწილობრივ, სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო ცდილობს არ დაკარგოს იგი; და როდესაც თრეილი თავის იტალიელ მუსიკის მასწავლებელზე თხოვდება, ჯონსონი მრისხანებისა და ზიზღისაგან ნახევრად ჭკუიდან გადადის; მას უბრალოდ, სასიამოვნო საღამოები კი არ აკლია სტრითჰემში, არამედ თავს ისე გრძნობს, თითქოს „ცხოვრების შუქი ჩაუქრა“.
აუცილებელი არაა დოქტორი ჯონსონი, გოეთე, კარლაილი ან ვოლტერი იყოს ვინმე, რათა თავისებურად მაინც შეიგრძნოს ქალური შემოქმედებითი ენერგიის სწორედ ეს „დახვეწილობა და სიფაქიზე“. ალბათ ინგლისური ენის რესურსების მაქსიმალური მობილიზება და სიტყვების სათითაოდ ფრთაშესხმაც ვერ დაეხმარება ქალს გამოხატოს, თუ რას გრძნობს, როდესაც ვთქვათ, უცხო ოთახში შეაბიჯებს. ოთახები ხომ ისეთი განსხვავებულია - მშვიდი ან ქაოსური, სინათლით სავსე და აბრეშუმით მორთული, რბილი და ბუმბულოვანი, ან ცხენის ძუასავით მაგარი... ქუჩის გაყოლებაზე ოთახებში მხოლოდ ფეხის შედგმაა საჭირო, რათა სახეში გვეცეს ქალური შემოქმედებითი ენერგიის ეს უკიდურესად მრავალფეროვანი და კომპლექსური ძალა. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ქალები შინ იყვნენ გამოკეტილნი საუკუნეების მანძილზე, იმდენ ხანს, რომ ამ დროისათვის კედლები მთლიანად გაჟღენთლია მათი შემოქმედებითი იმპულსებით, რომელმაც ისე დამუხტა აგური და ცემენტი, რომ გარს შემორტყმული კალმის, ფუნჯის, ბიზნესის და პოლიტიკის არტახები უკვე ვეღარ აკავებს. მაგრამ ეს შემოქმედებითი ენერგია ძალზედ განსხვავებულია მამაკაცების შემოქმედებითი ენერგიისაგან. და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ეს განსხვავებულობა წაეშალა ვინმეს; რადგან ის მიღწეული იქნა საუკუნეების მანძილზე გამომუშავებული ძლიერი დისციპლინით და არაფერს შეუძლია მისი ჩანაცვლება. ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ქალები რომ ისე წერდნენ, როგორც მამაკაცები, ან ცხოვრობდნენ როგორც მამაკაცები, ან გამოიყურებოდნენ როგორც მამაკაცები, რადგან ეს უზარმაზარი სამყარო, ალბათ, ძალიან ერთფეროვანი გახდებოდა, თუკი ორი განსხვავებული სქესის მაგიერ ერთი სქესით მოგვიწევდა მასში ცხოვრება. ნუთუ განათლებამაც, სქესებს შორის მსგავსებებზე მეტად, წინ სწორედ განსხვავებები არ უნდა წამოსწიოს და გააძლიეროს? რადგან მსგავსება ისედაც ძალიან ბევრი გვაქვს და თუ რომელიმე თანამედროვე მკვლევარი იმის ხელახლა აღმოჩენას და მტკიცებას აპირებს, რომ ორი სქესი სხვადასხვა ხის ტოტებს მიღმა არ გაყურებს სხვადასხვა ცას, ეჭვი მეპარება, ამ მკვლევარმა დიდი სამსახური გაუწიოს კაცობრიობას. გამოდის, რომ რაღაც გაგებით, უნდა გვიხაროდეს კიდეც ის ფაქტი, რომ პროფესორი X თავისი საზომი მოწყობილობებით ასე ჯიუტად ცდილობს საკუთარი „აღმატებულების“ დამტკიცებას.
კვლავ ფურცელს დავცქეროდი და ვფიქრობდი, რომ მერი ქარმაიკლი ისე წერს, როგორც დამკვირვებელი. ვშიშობ, რომ მას სული სძლევს გახდეს ნატურალისტ-რომანისტი (რაც, ჩემი აზრით, რომანისტების ნაკლებ საინტერესო სახეობაა) და არა მწერალი-მოაზროვნე. რა თქმა უნდა, მას უთვალავი ფაქტი გააჩნია გარშემო, რათა დააკვირდეს. ის უკვე აღარაა შემოფარგლული ზედა საშუალო კლასის პატივცემული სახლების ატმოსფეროთი. ის ახლა გულმოწყალების გამო ან ქედმაღლურად კი აღარ შეაბიჯებს სუნამოთი გაჟღენთილ ოთახებში, სადაც კურტიზანები, მეძავები და ქალები გულზე მიკრული ფინიებით სხედან, არამედ როგორც დამკვირვებელი, რომელიც თავისი ნაწარმოებისათვის მასალას აგროვებს. ქალები იმ ოთახებში ჯერ კიდევ იცდიან იმ მოუხეშავ და ულაზათო ტანსაცმელში, რომელიც მამაკაცმა მწერლებმა წამოაცვეს მათ მხრებს. მერი ქარმაიკლმა მაკრატელი უნდა აიღოს ხელში და თითოეული მათგანის ტანს ზუსტად მოარგოს ქსოვილის ყველა ნაწიბური და სიცარიელე. და როდესაც ეს მოხდება, უდაოდ საინტერესო იქნება, დავინახოთ ეს ქალები ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან ისინი. მაგრამ ამისათვის ცოტა კიდევ მოგვიწევს მოცდა, რადგან მერი ქარმაიკლის ცნობიერება ჯერ კიდევ შებოჭილია „ცოდვის“ სიახლოვეს, რომელიც ჩვენი სექსუალური ბარბაროსობით გვერგო მემკვიდრეობად. მას ჯერ კიდევ თავისი კლასის აბრეშუმის ხუნდებით აქვს ფეხები შეკრული.
თუმცა, ქალების უმრავლესობა არც მეძავია, არც კურტიზანი და არც ფინია ყავს მტვრიან ხავერდის კაბაზე მიხუტებული მთელი ზაფხულის განმავლობაში. მაშინ რას აკეთებენ ისინი? ჩემს გონებაში გაჩნდა სურათი ერთ-ერთი ქუჩის , სადღაც, მდინარის სამხრეთ ნაპირზე, რომელსაც უსასრულოდ მისდევს სახლების მწკრივი. და წარმოსახვის თვალით დავინახე, როგორ კვეთდა ამ ქუჩას ძალიან მოხუცი ქალბატონი, შუა ხნის ქალთან ხელკავით, რომელიც, ალბათ, მისი ქალიშვილი იყო. ორივე ისე პატივსაცემად იყო თავით-ფეხამდე მოკაზმული, რომ ჩაცმა ალბათ შუადღის მთელს რიტუალს წარმოადგენდა მათთვის; ხოლო კარადები სავსე ჰქონდათ წლების მანძილზე ნაფტალინში შენახული სეზონური ტანსაცმლით. ახლა ისინი გზას კვეთენ, სწორედ იმ დროს, როდესაც ქუჩაზე ფარნები ინთება. წლების განმავლობაში უყვარდათ შებინდებისას სეირნობა. უფროსი ოთხმოც წელს მიტანებულია და თუ ჰკითხავთ, რას ნიშნავდა მისთვის განვლილი ცხოვრება, ის გიპასუხებთ, რომ ახსოვს, როგორ ინთებოდა ეს ქუჩები ბალაკლავას ბრძოლის დროს, და რომ საკუთარი ყურით აქვს მოსმენილი ჰაიდ პარკში თოფების ჭექა, მეფე ედვარდ მეშვიდეს დაბადებისას. მაგრამ თუ შეეცდებით თარიღის დაკონკრეტებას და ჰკითხავთ ამ ქალბატონს, თუ რას აკეთებდა ვთქვათ, 1868 წლის აპრილში, ან 1875 წლის 2 ნოემბერს, ის გაბუნდოვანებული მზერით შემოგხედავთ და გიპასუხებთ, რომ არაფერი ახსოვს. რადგან სადილები მზადდება; თეფშები და ჭიქები ირეცხება; ბავშვები სკოლაში იგზავნებიან, ცხოვრების გზაზე დგებიან; ამ ყველაფრიდან ძალიან ცოტა თარიღი რჩება. დღეები გამქრალია. ბიოგრაფიას და ისტორიას სიტყვაც არ მოეპოვება მათ შესახებ. და რომანებიც, ნებით თუ უნებლიეთ, მხოლოდ სიცრუეს გვთავაზობენ.
ყველა ეს ბუნდოვანებით მოცული სიცოცხლე ჩასაწერი რჩება - მივმართე მერი ქარმაიკლს, და ფიქრით ისევ ლონდონის ქუჩებში სახეტიალოდ წავედი, საითაც მეწეოდა წარსულის სიმუნჯე და აწმყოში დაგროვილი, მივიწყებული სიცოცხლეები, - აი, ამ ქალების, რომლებიც ქუჩების კუთხეებში დგანან დოინჯშემორტყმულნი, პუნტულა თითებზე წამოცმული ბჭყვრიალა ბეჭდებით, მანერული საუბრით, თითქოს შექსპირის მელოდიურ მონოლოგებს კითხულობდნენ; იების და ასანთის გამყიდველი ქალების, სახლის ზღურბლთან ჩამომსხდარი მოხუცების, ან მაღაზიის მოციმციმე ვიტრინებთან მოფუსფუსე გოგონების სიცოცხლეები. ეს ყველაფერი შენი აღმოსაჩენია - ვუთხარი მერი ქარმაიკლს, - მაგრად უნდა ჩაბღუჯო შენი ფარანი და პირველ რიგში, საკუთარი სული დაათვალიერო - თავისი სიღრმეებითა და ზედაპირით, ნაკლოვანებებითა და ღირსებებით, და თქვა, თუ რას ნიშნავს თავად შენთვის შენი სილამაზე ან შენი უბრალოება, ან თუნდაც, რა დამოკიდებულება გაგაჩნია ხელთათმანების, ფეხსაცმლის და ქსოვილების მუდმივად ცვალებად და მბრუნავ სამყაროსთან, რომელიც სუნამოების არომატში, ხელოვნური მარმარილოს იატაკებს ზემოთ ფრიალებს ჭრელ ნაჭრებად. და წარმოსახვამ მაღაზიაში შემიყვანა, რომელსაც შავ-თეთრი იატაკი ჰქონდა და ფერადი ბაფთებით ისე ლამაზად იყო მორთული, რომ სუნთქვა შემეკრა. ალბათ უნდა შეიხედოს ამ მაღაზიაში, რადგან ეს სანახაობა ისევე ლამაზად შეუწყვილდება კალმის წვეტს, როგორც ნებისმიერი დათოვლილი მწვერვალი ან კლდოვანი უღელტეხილი ანდებში. და აი, დახლთანაც გოგონა დგას, იდუმალებით მოცული, რომლის შესახებაც რაიმეს გაგებამდე უმალ ნაპოლეონის ასორმოცდამეათე ბიოგრაფიას ან კიტსის მიერ მილტონის ინვერსიის გამოყენების სამოცდამეათე ნაშრომს შემოგვთავაზებენ პროფესორი ძ და მისი მსგავსები. და აი, აქ, ფეხისწვერებზე ვდგები და ძალიან ფრთხილად (ასეთი მხდალი ვარ; ასე მეშინია მათრახის, რომელიც ერთხელ ლამის ჩემს ზურგსაც მოსწვდა) მივდივარ მერი ქარმაიკლთან, რათა ჩავჩურჩულო - შენ გაღიმებაც უნდა ისწავლო, სიმწრის გარეშე - მეორე სქესის სისუსტეებზე, ან მოდი, ვთქვათ - თავისებურებეზე, რადგან ეს ნაკლებ შეურაცხმყოფელი სიტყვაა. რადგან ნებისმიერ კეფაზე არსებობს შილინგის ზომის ნახვრეტი, რომელის დანახვაც საკუთარი შუბლის ცქერით შეუძლებელია. განსხვავებული სქესის ერთ-ერთი პრივილეგია სწორედ ისაა, რომ მას შეუძლია დაინახოს და აღწეროს ეს შილინგის ზომის ნახვრეტი მეორე სქესის კეფაზე. იფიქრეთ, რამდენი რამ ისწავლეს ქალებმა იუვენალიუსის ან სტრინდბერგის კომენტარებიდან. იფიქრეთ,უძველესი დროიდან როგორ ჰუმანურად და მკაფიოდ მიანიშნებდნენ ეს მამაკაცები ქალებს მათ კეფაზე არსებული ამ შავი ნახვრეტისაკენ! და თუ მერი შეძლებს იყოს გაბედული და გულახდილი, მასაც შეუძლია შეხედოს მამაკაცების კეფას და უთხრას მათ, რასაც დაინახავს. თუ ქალი ამას არ გააკეთებს, ვერც მამაკაცის ჭეშმარიტი სურათი გვექნება ლიტერატურაში. რა თქმა უნდა, ეს აგრესიისა და ირონიის გარეშე უნდა მოხდეს, რადგან თავად ლიტერატურა გვაჩვენებს ამ სულისკვეთებით დაწერილი სტრიქონების ამაოებას. უბრალოდ, გულწრფელები უნდა ვიყოთ და შედეგიც საოცარი იქნება.
დრო იყო, კითხვა გამეგრძელებინა. იმაზე უსასრულოდ ფიქრის ნაცვლად, თუ რა და როგორ უნდა დაწეროს მერი ქარმაიკლმა, სჯობდა ჯერ იმის გარკვევა, ფაქტიურად, თუ რა დაწერა. რაღაც უკმაყოფილებები უკვე მქონდა მისი სტილის წინააღმდეგ. მან ხომ ჯეინ ოსტინის წინადადება დაამსხვრია და ამდენად, წამართვა შანსი, კითხვისას მაქსიმალურად გამემახვილებინა ყურადღება, დამეტკბო ჩემი გემოვნება და ზუსტი სმენა. აზრი არ ჰქონდა თქმას: „ეს კარგად გამოგივიდა, მაგრამ ჯეინ ოსტინი გაცილებით უკეთ წერდა“, - რადგან მათ შორის საერთოდ არ იყო მსგავსება. შემდეგ ის უფრო შორსაც წავიდა და ტექსტის თანმიმდევრულობა, მოსალოდნელი წესრიგი დაარღვია. შეიძლება, ეს სულაც გაუთვითცნობიერებლად გააკეთა და უბრალოდ, ბუნებრივი განვითარება მისცა მოქმედებას, გეგმის გარეშე, რაც შეიძლება, თავისთავად, ქალი ავტორისათვის უფრო ახლობელი ფორმა იყოს, თუკი ისე არ ეცდება წეროს, როგორც მამაკაცები წერენ. მაგრამ ეფექტი როგორღაც, დამაბნეველი იყო; ძნელი იყო აგორებული ტალღის დანახვა, კუთხეში მიმალული მოულოდნელობის შეგრძნება. ამიტომ, არ შემეძლო გამომეყენებინა ჩემი გრძნობების სიღრმე და ადამიანის გულის ცოდნა. როცა კი რაღაც წინათგრძნობა მეუფლებოდა - მოახლოებული სიყვარულის სცენის ან სიკვდილის,- თითქოს უმალვე რაღაც არსება ჩამებღაუჭებოდა ხოლმე და სხვა მხარეს მიმაქანებდა. და ამიტომ, კითხვის პროცესში ჩემს გონებაში არ აწკრიალებულა ფრაზები „ელემენტარული გრძნობებისა“ და „ადამიანის გულის სიღრმის შესახებ“, და არც ის ნაცნობი შეგრძნება გამჩენია, რომ როგორი გონებამახვილები და ცინიკურებიც არ უნდა ვიყოთ ზედაპირზე, შინაგანად ყველანი ძალიან მგრძნობიარე და ჰუმანური არსებები ვართ. პირიქით, ამ ნაწარმოების კითხვისას ნაკლებ მომხიბლავი განცდა დამეუფლა იმის, რომ ზოგჯერ უბრალოდ, გონების განძრევა და გრძნობის სიღრმეში წასვლა გვეზარება.
მაგრამ კითხვა კვლავ გავაგრძელე და რაღაც მომენტში სხვა ფაქტებიც შევნიშნე. ცხადი იყო, რომ მერი არ იყო „გენიოსი“. არც ბუნების არაჩვეულებრივი აღქმა გააჩნდა, არც ისეთი ცეცხლოვანი წარმოსახვა, მძაფრი პოეტურობა, ბასრი ჭკუა და აზროვნების სიღრმე, როგორიც მის დიდებულ წინაპრებს - ლედი უინჩილსს, შარლოტა ბრონტეს, ემილი ბრონტეს, ჯეინ ოსტინის და ჯორჯ ელიოტს ჰქონდათ. მას არ შეეძლო ეწერა ისე მელოდიურად და დახვეწილად, როგორც დოროთი ოსბორნს. ის არაფრით არ აღემატებ ერთ რიგით, ჭკვიან გოგოს, რომლის წიგნებსაც გამომცემლები ათ წელიწადში ალბათ უეჭველად ჩამოწერენ. მაგრამ მაინც, მას განსაზღვრული უპირატესობები გააჩნდა, რომელიც გაცილებით უფრო ნიჭიერ ქალებს აკლდათ ნახევარი საუკუნის წინ. მამაკაცები მისთვის უკვე აღარ წარმოადგენენ „ოპოზიციონერთა ფრაქციას“; აღარ სჭირდება, თავისი დრო მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ხარჯოს; არ სჭირდება, სახლის სახურავზე აძვრეს და უსასრულოდ იოცნებოს იმაზე, რასაც მოკლებულია - მოგზაურობაზე, სამყაროს ნახვაზე, გამოცდილების დაგროვებაზე, თავისი ნაწარმოებებისათვის რეალური პერსონაჟების გაცნობაზე. შიში და სიძულვილი მასში თითქმის მთლიანად გაქრა, და თუ მაინც ვლინდება სადმე, ეს თავისუფლების გამო მისი სიხარული და მეორე სქესთან მიმართებაში გამოჩენილი სარკაზმია ზოგჯერ. ეჭვგარეშეა, რომ როგორც რომანისტი, ის სიამოვნებას იღებს თავისი ყველა უპირატესობით. მას ფართო თვალსაწიერი, წერის წყურვილი და თავისუფლება აქვს. ის
მგრძნობიარეა ყველაზე უფრო მსუბუქი შეხების მიმართაც კი. ის ახლად გამოკვირტული მცენარის მსგავსად იკუმშება ჰაერში არსებული ყოველი ჩრდილისა და ბგერის წინაშე, რომელიც მას ეცემა. ის გაფაციცებით უტრიალებს უცნობ თემებს, სინათლესთან მიაქვს წვრილმანი საგნები და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს სულაც არ არის წვრილმანი. მას ზედაპირზე ამოაქვს ნიადაგში ჩამარხული ნივთები და გვაწყებინებს ფიქრს იმაზე, რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გადამალვა. თუმცა, ის მოუქნელია და არ გააჩნია ისეთი ძალის ბუნებრივი გაქანება, როგორიც თეკერეის ან ლამბს, მათი კალმის მცირედ მოსმასაც კი სმენის მაამებელ მელოდიად რომ აქცევს, ფაქტია, რომ მერი ქარმაიკლმა თავი გაართვა პირველ უმნიშვნელოვანეს გაკვეთილს - მან დაიწყო წერა, როგორც ქალმა. და მან ეს გააკეთა იმის დავიწყებით, რომ ის ქალია; და მისმა ნაწერმა ფურცლები გაავსო სქესის იმ უცნაური მუხტით, რომელიც მხოლოდ მაშინ ავლენს თავის ბუნებრივ ძალას, როდესაც ავტორი წერისას საკუთარ სქესს ივიწყებს.
ეს ყველაფერი უკეთესობისკენ სვლა იყო, მაგრამ სრულყოფილი განცდისა და აზრის მიღწევა ნაწარმოებში ნაჩქარევად ვერ მოხდებოდა. ავტორს გულდასმით უნდა შეექმნა დროის და ცვლილებების გამძლე კონსტრუქცია. მე ვთქვი, რომ საბოლოო დასკვნებს არ გავაკეთებდი, ვიდრე „სიტუაციაში“ არ აღმოჩნდებოდა ავტორი. და ამით იმას ვგულისხმობდი, რომ რაღაც მომენტში მას უნდა შეეჯამებინა ყველაფერი, თითი დაედო მთავარი ადგილისათვის და ეჩვენებინა, რომ ზედაპირულად კი არ მიამბობდა რამეს, არამედ მისთვის ნაცნობი სიღრმეებისაკენ მივყავდი. რაღაც მომენტში მას უნდა ეთქვა - „ახლა კი დროა, ყველაფრის მნიშვნელობა აგიხსნათ“. და ყველაფერი ერთად შეიკვრებოდა, დალაგდებოდა; გონებაში აღსდგებოდა ნახევრად დავიწყებული, თითქოს უმნიშვნელო დეტალები წინა თავებიდან; და პერსონაჟებიც ჩვენს თვალწინ საკუთარ ადგილს დაიკავებდნენ საქარგით თუ ჩიბუხით ხელში; ყველაფერი ისეთი ბუნებრივი გახდებოდა, რომ კითხვის გაგრძელებისას იგრძნობდი, თითქოს სამყაროს თავზე ხარ მოქცეული და ეს სამყარო, მთელი თავისი დიდებულებით, შენს თვალწინ გადაშლილა.
ყოველ შემთხვევაში, ის გამოცდის წინაშე იდგა და მთელი ძალებით ცდილობდა, თავი გაერთმია ამ გამოცდისთვის. ვუყურებდი და თუმცა იმედი მქონდა, თვითონ ვერ ამჩვნევდა ამას, ვხედავდი, კვლავ როგორ შემორტყმოდნენ გარს ეპისკოპოსები, დეკანები, დოქტორები, პროფესორები და პედაგოგები; როგორ აფრთხილებდნენ და არიგებდნენ ჭკუას - შენ ამის გაკეთება არ შეგიძლია! მხლოდ სწავლულებმა და პროფესორებმა უნდა იარონ მთავარ ბილიკზე! ქალები რეკომენდაციის წერილის გარეშე არ დაიშვებიან! იმედის მომცემი რომანისტი ქალები ამ გზას დაადექითო! - იდგნენ და შეძახილს აგრძელებდნენ, როგორც ბრბო იპოდრომის ღობესთან, მას კი დაბრკოლება უნდა გადაელახა; არ უნდა გაეხედა არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. თუ აღშფოთების გამოსახატავად შეჩერდები, უკვე წაგებული ხარ, - ვეუბნებოდი მე; თუ გაჩერდები და დასცინებ მათ, მაშინაც წააგებ; წამითაც არ უნდა შეყოვნდე, არ უნდა წაბორძიკდე; იფიქრე მხოლოდ ნახტომზე! - ისე ვევედრებოდი, თითქოს მთელი ფული მის წარმატებაზე დამედოს. და ის მართლაც, ჩიტივით გადააფრინდა დაბრკოლებას. მაგრამ ასეთი დაბრკოლება უთვალავი იყო გზაზე. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მას ბოლომდე გაღწევის ძალა შესწევდა; ნერვებს მაწყვეტდა აპლოდისმენტები და ყვირილი
გარშემო. მაგრამ მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მერი ქარმაიკლი გენიოსი არ იყო, არამედ, მხოლოდ უცნობი გოგონა, რომელიც თავის პირველ რომანს ისევ სასტუმრო ოთახში წერდა და მას ჯერ კიდევ არ გააჩნდა წერისათვის ყველა სასურველი პირობა - დრო და ფული.
მიეცი მას კიდევ ასი წელიწადი, - გავიფიქრე, როცა ბოლო თავის კითხვა ჩავამთავრე. ადამიანების სახეები და შიშველი მხრები ვარსკვლავებიანი ცის ფონზე გაკრთა, რადგან ვიღაცამ ფარდა გადასწია სასტუმრო ოთახში. მიეცით მას საკუთარი ოთახი და ხუთასი ფუნტი წელიწადში, მიეცით ნება, თავისუფლად აალაპარაკოს საკუთარი გონება და ფურცელზე დაწუროს იმის ნახევარი, რასაც ახლა მეხსიერებაში ინახავს; და მალე ის უკეთეს წიგნს დაწერს. ასი წლის შემდეგ ის პოეტი იქნება, - ვთქვი და მერი ქარმაიკლის „ცხოვრების მოგზაურობა“ თაროზე დავაბრუნე.
6.
კვლავ დილა გათენდა. ოქტომბრის ბაცი შუქი მტვრიან სვეტებად დაეცა შიშველ სარკმელს და ქუჩიდან ტრანსპორტის ხმაურმა შემოაღწია. ლონდონი ისევ ფეხზე იდგა; ქარხანა ამოქმედდა; დაზგები საქმეს შეუდგნენ. მთელი ღამის კითხვის შემდეგ, ერთი სული მქონდა, სარკმლიდან გადამეხედა და დამენახა, რას აკეთებდა ლონდონი 1928 წლის 26 ოქტომბერს. და რას აკეთებდა ლონდონი? ყოველ შემთხვევაში, „ანტონიუსს და კლეოპატრას“ არ კითხულობდა. ლონდონი სრულიად გულგრილი ჩანდა შექსპირის პიესების მიმართ. ოდნავაც არავის ანაღვლებდა (და ამის გამო არავის ვადანაშაულებ) მხატვრული ლიტერატურის მომავალი, პოეზიის აღსასრული ან საშუალო კლასის ქალის მიერ პროზაში საკუთარი გონებისათვის მაქსიმალურად ექსპრესიული სტილის მიგნება. რომელიმე ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრები ტროტუარზე ცარცითაც რომ დაგეწერათ, მათ წასაკითხად არავინ შეჩერდებოდა. გულგრილი მგზავრების აჩქარებულ ნაბიჯებს ნახევარი საათიც არ დასჭირდებოდა მათი კვალის წასაშლელად. აი, კურიერი ბიჭი გამოჩნდა; აგერ ქალიც, რომელიც ძაღლს ასეირნებს... ლონდონის ქუჩების მთელი ხიბლი იმაშია, რომ აქ ორ ერთმანეთის მსგავს ადამიანს ვერ იპოვნით. თითოეული მათგანი საკუთარ გზას ადგას. ერთმანეთის გვერდიგვერდ მიიჩქარიან საქმიანი ადამიანები, თავიანთი ხელჩანთებით; აქვე არიან უქმად მოხეტიალენი, ტროტუარის კიდეზე ჯოხებს უმიზნოდ რომ აკაკუნებენ; თავაზიანი მოქალაქეები, რომლებისთვისაც ლონდონი ერთი დიდი კლუბივითაა; რომლებიც ყველას იცნობენ, სალამს არ იშურებენ და ინფორმაციის მოსაცემად მაშინაც კი მზად არიან, როცა ამას არავინ სთხოვთ. აგერ, სამგლოვიარო პროცესიასაც მოკრავთ თვალს, რომელიც ადამიანებს უნებურად საკუთარი სხეულების გამოსვენებას უყენებს თვალწინ და ქუდებს ახდევინებს. ერთი ძალიან ცნობილ ჯენტლმენიც შევნიშნე - დინჯად ჩამოვიდა კიბეზე და შეჩერდა, რომ ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ქალბატონს არ შეჯახებოდა, რომელსაც ამა თუ იმ გზით შეძენილი უძვირფასესი ბეწვის ქურთუკი ეცვა და პარმის იები ეჭირა ხელში. ისინი ყველანი ისე ცალ-ცალკე იყვნენ... საკუთარ თავებში ჩაფლულები, საკუთარ საქმეებზე მიმავალნი.
აი, ამ მომენტში, როგორც ხშირად სჩვევია ლონდონს, ქუჩა სრულიად გაყუჩდა, გაინაბა. ყოველგვარი ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა; ფეხით მოსიარულენიც კი გაქრნენ. ამ ცარიელ მონაკვეთსა და მდუმარებაში, ქუჩის ბოლოში, ერთადერთი ფოთოლი მოწყდა ჭადრის ხეს და მიწაზე დაეცა. როგორღაც, ეს დაცემა ნიშანივით იყო; ნიშანივით, რომელიც მიგითითებს იმ ძალებისაკენ, შენს გარშემო, ყველგან რომაა და უბრალოდ, თვალთახედვიდან დაგეკარგა. მიგანიშნებს მდინარისაკენ, რომელიც უხილავად განაგრძობს დინებას აქვე, მოსახვევს მიღმა, ქუჩის გასწვრივ; რომელიც კვლავ მიაქანებს და თავის მორევში ატრიალებს ადამიანებს, როგორც ოქსბრიჯის მდინარის ნაკადი მაიაქანებდა მენავე სტუდენტსა და მკვდარ ფოთლებს. ამ ნაკადს ახლა ქუჩის ერთი მხრიდან - მეორე მხარეს, დიაგონალურად გადმოჰყავდა გოგონა, რომელსაც ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელი ეცვა; შემდეგ წაბლისფერქურთუკიანი ახალგაზრდა მამაკაციც გამოჩნდა; ტაქსიმაც ჩამოიარა; და ზუსტად ჩემი სარკმლის ქვეშ მოგროვდა სამივე - ტაქსი გაჩერდა, გოგონა და ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს შეხვდნენ, ტაქსიში ჩასხდნენ და შემდეგ მანქანა გასრიალდა; იგივე მდინარის შენაკადმა სადღაც, შორს გაიტაცა ისინი.
ამ სანახაობაში უჩვეულო არაფერი იყო იმ რიტმული თანმიმდევრობის გარდა, რომლითაც ჩემს გონებაში აღიბეჭდა ეს ყველაფერი, და კმაყოფილების იმ უცნაური შეგრძნების გარდა, როგორღაც, თან რომ მოჰყვა ორი ადამიანის ტაქსიში ჩაჯდომის ამ სრულიად ჩვეულებრივ სურათს. გავყურებდი, როგორ უჩინარდებოდა ტაქსი და ვგრძნობდი, თითქოს ამ ორი ადამიანის შეხვედრამ რაღაც დაძაბულობისაგან გაათავისუფლა ჩემი გონება. ალბათ შეცდომაა ორი სქესის შესახებ ისე ცალ-ცალკე ფიქრი, როგორც მე ვფიქრობდი ბოლო ორი დღის მანძილზე. თითქოს ეს რაღაც მთლიანობას არღვევს გონებაში. ახლა კი ჩემი მხრიდან ეს არასწორი მსჯელობა შეწყდა და გონების ბუნებრივი მთლიანობა აღდგა იმ უბრალო სცენის დანახვით, თუ როგორ ხვდება ერთმანეთს ქალი და მამაკაცი და ეს ორნი ერთად სხდებიან ტაქსიში. გონება მართლაც რომ მისტიური ორგანოა, - გავიფიქრე და თვალი მოვაცილე სარკმელს. გონების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ის გვმარ- თავს. საიდან მიჩნდება თუნდაც ეს შეგრძნება, რომ გონებაში შეიძლება არსებობდეს მთლიანობა და შესაძლებელია ამ მთლიანობის დარღვევა, ზუსტად ისე, როგორც სხეული იღებს დეფორმაციას ამა თუ იმ დაზიანების შემთხვევაში. საერთოდ, რას ვგულისხმობ „გონების მთლიანობაში“? კვლავ ფიქრში წავედი, რადგან გონებას გააჩნია ეს უდიდესი ძალა, ნებისმიერ დროს ნებისმიერ რაღაცაზე მოახდინოს კონცენტრაცია; მას თითქოს არსებობის რაიმე ერთი, სტაბილური მდგომარეობა არ გააჩნია. მაგალითად, გონებას შეუძლია გამოეყოს ხალხით სავსე ქუჩას და საკუთარ თავში ჩაღრმავდეს, როგორც ხალხისგან სრულიად ცალკე მყოფი; და სხვებს სარკმლიდან გადაჰყურებდეს. და პირიქით, შეუძლია, სხვა ადამიანებთან, მთელს ბრბოსთან ერთადაც კი იფიქროს და იაზროვნოს, მაგალითად, რაიმე სახელმწიფოებრივი ცნობის მოლოდინში. მას შეუძლია იზროვნოს დროში მამების ან დედების ხაზით, როგორც უწინ აღვნიშნე, რომ ქალების მწერლობა დედების ხაზით ვითარდება. იგივე ქალის გონებას ხშირად შეიძლება დაეუფლოს ცნობიერების მოულოდნელი გახლეჩა, მაგალითად, როდესაც სახელმწიფო დაწესებულებებით სავსე უაითჰოლის პროსპექტს მიუყვება და უცებ თავს ისე გრძნობს, როგორც ამ ცივილიზაციის ბუნებრივი მემკვიდრე კი არა, არამედ მთელი ამ სისტემის გარეთ მყოფი, უცხო და კრიტიკული, აშკარაა, რომ გონება გამუდმებით ცვლის თავისი ფოკუსის ობიექტს და სამყაროს სხვადასხვა რაკურსით უყურებს. მაგრამ გონების ზოგიერთი მდგომარეობა, თუნდაც სპონტანურად გაჩენილი, ნაკლებ კომფორტულია, ვიდრე სხვა. იმისათვის, რომ აზროვნება კვლავ საჭირო კალაპოტს დავუბრუნოთ, ქვეცნობიერად გონებაში გარკვეული მდგომარეობის რეპრესირებას ვახდენთ, გონებას ვძაბავთ. მაგრამ გონებას შეუძლია ძალისხმევის გარეშე, ბუნებრივადაც ცვალოს თავისი მდგომარეობები საჭირო მიმართულებით. და ალბათ ახლა სწორედ ეს გააკეთა ჩემმა გონებამ - გავიფიქრე და სარკმელს მოვცილდი. რადგან, როდესაც დავინახე როგორ ჩაჯდა ტაქსიში ის წყვილი, თითქოს ჩემი ხელოვნურად გახლეჩილი ცნობიერება კვლავ დაუბრუნდა თავის ბუნებრივ სინთეზს. ამას, შეიძლება, უმარტივესი მიზეზი ჰქონდეს - ის, რომ სქესების ერთად ყოფნა უბრალოდ, ბუნებრივია. ადამიანს შინაგანად გააჩნია ძალიან ღრმა, შეიძლება, ირაციონალური ინსტინქტი იმ თეორიის სასარგებლოდ, რომ მამაკაცისა და ქალის კავშირი ქმნის უდიდეს კმაყოფილებას, ყველაზე სრულ ბედნიერებას. მაგრამ კმაყოფილებამ, რომელიც ტაქსიში ორი ადამიანის ერთად დანახვამ მომანიჭა, სხვა კითხვაც დამასმევინა - შესაძლოა თუ არა, რომ გონებაში ორი სქესი შეესაბამებოდეს სხეულის ორ სქესს? და თუ ასეა, სრულყოფილებისათვის მათაც სჭირდებათ თუ არა ერთიანობა? და მე ძალიან ზედაპირულად გავაკეთე სულის მონახაზი, რომელიც ყველა ჩვენგანშია და რომელიც ორ მხარეს მოიცავს - მამაკაცურსა და ქალურს; და მამაკაცის გონებაში მამაკაცური დომინირებს ქალურ ძალაზე, ხოლო ქალის გონებაში - ქალური საწყისი მამაკაცურზე უფრო ძლიერია. არსებობის ნორმალური მდგომარეობა ამ ორი ძალის ჰარმონიულად თანაცხოვრებაა. თუ ადამიანი კაცია, მისი გონების ქალური ნაწილი მაინც იქონიებს ეფექტს მის აზროვნებაზე; და ქალსაც ასევე უნდა გააჩნდეს მამაკაცური საწყისის გავლენა. კოლრიჯი ალბათ ამას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ დიდებული გონება ანდროგინულია. მხოლოდ ამ ნაზავის წყალობით შეიძლება გონება სრულად განაყოფიერდეს და ყველა საკუთარი უნარი გამოიყენოს. ალბათ გონებას, რომელიც სრულიად მასკულინურია, არ შეუძლია იყოს შემოქმედებითი, ისევე, როგორც გონებას, რომელიც სრულიად ფემინურია. გავიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ეს მოსაზრება კონკრეტულ წიგნებზე მსჯელობასთან დამეკავშირებინა.
როდესაც კოლრიჯმა თქვა, რომ დიდებული გონება ანდროგინულია, ის ნამდვილად არ გულისხმობდა გონებას, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული თანაგრძნობა გააჩნია ქალების მიმართ, მათი პრობლემებითაა დაკავებული, ან განუწყვეტლივ მათზე ფიქრობს. ანდროგინულ გონებას ალბათ ნაკლებ შესწევს უნარი ასეთი განსხვავება გააკეთოს, ვიდრე ერთსქესიან გონებას. კოლრიჯი, ალბათ, გულისხმობდა, რომ ანდროგინული გონება მოქნილი და ტევადია; რომ ის წინააღმდეგობის გარეშე ხვდება ემოციებს; რომ ის ბუნებრივად შემოქმედებითია, ნათელი და მთლიანი. მაგალითად გამოდეგბა იგივე შექსპირის გონება, როგორც ანდროგინული და მამაკაცურ-ქალური საწყისების მომცველი, თუმცა შეუძლებელია ვთქვათ, რომ შექსპირი ქალივით ფიქრობდა. და თუ ამ თვალსაზრისში იოტისოდენი ჭეშმარიტება მაინც არის და თუ ყველაზე ძლიერი გონების ერთერთი ნიშანია ანდროგინულობა, რაც მის მთლიანობას ცალცალკე სქესებად არ ანაწევრებს, რაოდენ უფრო ძნელია გონების ასეთი მდგომარეობის პოვნა ჩვენს დროში, ვიდრე ოდესმე. კვლავ მივუახლოვდი წიგნებს, რომლებიც თანამედროვე მწერლების მიერაა დაწერილი, და უცებ გავიფიქრე, რომ იქნებ სწორედ ამ მოსაზრებაში იყო პასუხი იმის, რაც დიდი ხნის მანძილზე გამოცანად რჩებოდა ჩემთვის. არც ერთ წინა ეპოქაში არ შეიძლებოდა სქესი ისე მძაფრად ყოფილიყო გათვითცნობიერებული, როგორც დღეს. სწორედ ამისი საბუთია ბრიტანეთის მუზეუმში ჩემს მიერ ნანახი ის უთვალავი წიგნი, რომლებიც მამაკაცების მიერ ქალების შესახებაა დაწერილი. ამაში უეჭველად მიუძღვის წვლილი ხმის უფლებისათვის ქალების ბრძოლას. ალბათ სწორედ ქალების მხრიდან ამ კამპანიამ აღძრა მამაკაცებში მეტი თავდაჯერებულობის მოპოვების უზარმაზარი სურვილი; ამან აიძულა ისინი ხაზი გაესვათ საკუთარი სქესის თავისებურებებისათვის, რისთვისაც ისინი თავს არ შეიწუხებდნენ, ქალების მხრიდან გამოწვევა რომ არ მიეღოთ. და როდესაც ვიღაცა გამოწვევას იღებს, თუნდაც რამდენიმე შავშლიაპიანი ქალის მხრიდან, და წინათ არასოდეს ჩავარდნილა მსგავს სიტუაციაში, ეს ვიღაც მე ვიტყოდი, გადაჭარბებული მონდომებით იწყებს პასუხის გაცემას. ეს ალბათ ბევრ ისეთ თვისებას ხსნის, რომელიც მამაკაცების თანამედროვე ნაწერებში დავინახე, - გავიფიქრე და თაროდან ახალი რომანი გადმოვიღე. ამ რომანის ავტორია მისტერ , რომელიც თავისი კარიერის დასაწყისშია და რომელზეც კრიტიკოსები ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე. მართლაც, სიამოვნების მომგვრელი იყო კვლავ მამაკაცის ნაწერის კითხვა. ქალის ნაწერის შემდეგ ისეთი პირდაპირი იყო, ისეთი თანმიმდევრული; გონების და პიროვნების ისეთ თავისუფლებას გამოხატავდა, ისეთ თვითრწმენას... ადამიანს ფიზიკურად უჩნდებოდა კარგად ყოფნის შეგრძნება ამ კარგად გამოკვებილი, განათლებული, თავისუფალი გონების მიერ შეთხზული რომანის კითხვისას; გონების, რომელიც არასოდეს მოუმწყვდევიათ ჩიხში, არამედ რომელსაც დაბადებიდან სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული - ნებისმიერი მიმართულებით განევრცო თავისი აზროვნება. ეს ყველაფერი აღფრთოვანებას იწვევდა, მაგრამ ორიოდე თავის წაკითხვის შემდეგ ფურცელზე თითქოს ჩრდილი გაწვა. ეს იყო სწორი, მუქი გისოსები, ჩრდილი, რომელიც გამოყვანილი იყო რაღაც „მე“-ს მსგავსად. სიტყვებს შორის წრიალი დავიწყე, რომ მის უკან არსებული ფონისათვის შემევლო თვალი. დარწმუნებული არ ვიყავი, ხე გამოჩნდა თუ ქალის სილუეტი. „მე“-ს ფორმის ჩრდილი ხელს მიშლიდა, ისევ თავის თავთან მაბრუნებდა და მღლიდა. სხვა რა უნდა ყოფილიყო ეს ჩრდილი, თუ არა სწორედ რომ ავტორის ყოვლად პატივსაცემი «მე»; პირდაპირი და ლოგიკური; კერკეტი კაკალი; საუკუნეების მანძილზე კარგი სწავლებითა და კარგი კვებით მოპირკეთებული. მე პატივს ვცემ მას და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ამ „მე“-თი, მაგრამ (აქ ერთიორი გვერდი კვლავ გადავფურცლე და რაღაცას დავუწყე ძებნა) ყველაზე უარესი ისაა, რომ ამ „მე“-ს ჩრდილში მოქცეული ყველაფერი უფორმოა და ნისლივით გადღაბნილი. ეს - ხეა? არა, ქალია. მაგრამ... ამ ქალს სხეულში თითქოს ძვალიც არ გააჩნდეს - გავიფიქრე, როდესაც დავინახე ფიბი (ქალს ასე ერქვა). ფიბი სანაპიროს გასწვრივ მიდიოდა. შემდეგ ალანი წამოდგა და მისმა ჩრდილმა მომენტალურად გადაფარა ქალი, რადგან ალანს იდეები ჰქონდა და ფიბი კი ჩამქრალიყო მისი იდეების ნიაღვარში. და კიდევ, ალანს ვნებები აქვს... და აქ წიგნი ძალიან სწრაფად გადავფურცლე, ვგრძნობდი, რომ კულმინაცია ახლოვდებოდა. ასეც მოხდა. და ეს მოხდა სანაპიროზე, მზის ქვეშ. ყველაფერი ძალიან აშკარად, შიშვლად და გაბედულად გაკეთდა. არაფერი შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ვულგარული. მაგრამ... ამ „მაგრამს“ ზედმეტად ხშირად ვახსენებ. არ შეიძლება, სულ ვამბობდე „მაგრამ“. ადამიანმა როგორმე უნდა დაამთავროს წინადადება, - საკუთარი თავი გავკიცხე. დავამთავრო? - „მაგრამ ეს ყველაფერი მომაბეზრებელია!“ მაგრამ რატომ მომბეზრდა? ნაწილობრივ, ალბათ, ამ აკვიატებული „მე“-ს და მოწყენილობის გამო, რომელიც უზარმაზარი ტირიფივით გამოშლილა ასოებს შორის. ამ ჩრდილში ალბათ გრძნობ, რომ სხვა არაფერი გაიზრდება... და ნაწილობრივ სხვა, უფრო ბუნდოვანი მიზეზის გამო: ჩემს თვალწინ იყო რაღაც ბზარი მისტერ -ს გონებაში; რაღაც, რამაც გადაკეტა შემოქმედებითი ენერგიის შადრევანი და ვიწრო კალაპოტში გაუშვა იგი. კვლავ გამახსებდა ოქსბრიჯის სადილი, სარკმელში გადაფერფლილი სიგარეტი, უკუდო კატა და ტენისონი და ქრისტინა როზეტი... შესაძლოა, რომ სწორედ ამაშია მთავარი მიზეზი: ალანი სუნთქვაშეკრული აღარ ღიღინებს - „ჩამოსცვივდა ნამის ცრემლი ბაღში პეონს, მოელვარეს“, როდესაც ფიბი სანაპიროს კვეთს, და აღარც ქალი პასუხობს - „ჩემი გული მომღერალი ჩიტია, წყაროს რაკრაკს რომ აუწყო ნოტები», - როდესაც ალანი უახლოვდება. რა შეიძლება, ამ ორს შორის მოხდეს? ნათლად და გულწრფელად რომ ვთქვათ, ალანს ერთადერთი რამის გაკეთება თუ შეუძლია, და ამას, უნდა ვაღიაროთ, აკეთებს კიდეც - განმეორებით, კიდევ და კიდევ. თვალი მომდევნო ფურცლებსაც გადავავლე და ჩემი საბოლოო, საშინელი გულწრფელობის ნიშნად დავამატე, რომ ეს ყველაფერი სულელურია. სიძვა შექსპირთანაცაა, მაგრამ მისი სცენები ადამიანის გონებაში ათას ფიქრს აღძრავს და სულელურისაგან ძალიან შორსაა. შექსპირი ამას სიამოვნების გამო აკეთებს; მისტერ -სთვის კი ეს თვითმიზანია. ის ამას პროტესტის ნიშნად აკეთებს. ის ამ გზით გამოდის მეორე სქესის თანასწორობის წინააღმდეგ და საკუთარ უპირატესობას ამტკიცებს. ამიტომ ის შებოჭილია, შეზღუდული და საკუთარ თავზე კონცენტრირებული. შეიძლება, შექსპირიც ასეთი ყოფილიყო, მასაც რომ სცნობოდა მის ქლოუ და მის დევისი. ელიზაბეთის ეპოქის ლიტერატურა უეჭველად ძალიან განსხვავებული იქნებოდა იმისაგან, როგორიც ის ახლაა, ქალების მოძრაობა მე-
თექვსმეტე საუკუნეში რომ დაწყებულიყო და არა მეცხრამეტეში.
თუკი ეს თეორია გონების ორსქესიანობის შესახებ ჭეშმარიტების რაიმე მარცვალს შეიცავს, გამოდის რომ დღეს მამაკაცები საკუთარ სქესზე გადაჭარბებული აქცენტის გაკეთების საფუძველზე თვიანთი გონების მხოლოდ მამაკაცური ნაწილით იწყებენ წერას. ქალისათვის მათი ნამუშევრების წაკითხვა ყოვლად უსარგებლოა, რადგან ის ვერაფრით აღმოაჩენს ამ ნაწერებში იმას, რასაც ეძებს. ასეთ ნაშრომებში ყველაზე მეტად ხიბლის განცდა გვაკლდება, - გავიფიქრე და ხელში მისტერ -ს, კრიტიკოსის წიგნი ავიღე. დიდი მონდომებითა და გულისყურით დავიწყე „პოეზიის ხელოვნებასთან“ დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული შენიშვნების კითხვა. მისი მოსაზრებები ძალიან მოქნილი და ინფორმაციული იყო, მაგრამ მათში გრძნობის ნასახიც არ ჩანდა; გონება თითქოს დაყოფილი იყო სხვადასხვა განყოფილებებად და მათ შორის ბგერაც კი არ აღწევდა. ამიტომ, როდესაც გონებაში მისტერ -ს რომელიმე ფრაზის ამოტივტივებას ვცდილობ, თითქოს ეს ფრაზები მძიმედ, მოცელვით ეცემა ფსკერს. ხოლო როდესაც კოლრიჯის წინადადებას ვიხსენებ, ის ნაპერწკალივით ინთება, ფეიერვერკს ემსგავსება და გონებაში უთვალავ ახალ იდეას ბადებს; და მხოლოდ ასეთ ნაწერზე შეიძლება ითქვას, რომ მას მარადიული სიცოცხლის საიდუმლო ახლავს.
რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს, სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ (მისტერ გოლზუორთის და მისტერ კიპლინგის მიერ დაწერილი წიგნების მწკრივს მივუახლოვდი), რომ თანამედროვე მწერლობის ზოგიერთი საუკეთესო ნიმუში სწორედ ასეთია. ქალისათვის შეუძლებელია მათში მარადიული სიცოცხლის იმ შადრევნების დანახვა, რომელთა არსებობაშიც მას კრიტიკოსები არწმუნებენ. საქმე ის არაა, რომ კრიტიკოსები ამ მამაკაცების ნიჭს ასხამენ ხოტბას, თავს გვახვევენ მამაკაცურ ფასეულობებს და ექსკლუზიურად მამაკაცურ სამყაროს აღწერენ, არამედ ის, რომ ემოცია, რომლითაც ეს წიგნებია გაჟღენთილი, ქალისათვის უცხოა. ეს ემოცია მოედინება, გროვდება და მკითხველს დასასრულის სურვილს ბოლოში გასვლამდე ბევრად უფრო ადრე უჩენს. ეს სურათი დაეცემა უფროსი ჯოლიონის თავს და ის შოკისგან გარდაიცვლება; მოხუცი მღვდელი მისი დაკრძალვის პროცესიაზე ორ-სამ გამოსათხოვარ სიტყვას იტყვის და ამ დროს ტემზას ყველა გედს სიმღერა ამოსკდება ყელიდან... მაგრამ მკითხველი მანამდე გარბის, ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდეს, რადგან ემოცია, რომელიც ასე ღრმაა, ასე ნაზია, ასე სიმბოლურია მამაკაცისათვის, ქალში მხოლოდ გაოცებას თუ ბადებს. იგივე შეიძლება ითქვას მისიტერ კიპლინგის ოფიცრებთან, მიწის მხვნელებთან, მებრძოლებთან და ბაირაღებთან დაკავშირებით. მკითხველი ლამისაა გაწითლდეს, რადგან ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს კი არ კითხულობს, არამედ რაღაც წმინდა მამაკაცურ ორგიას უთვალთვალებს. ფაქტია, რომ არც მისტერ გოლზუორთის და არც მისტერ კიპლინგს ქალის ნაპერწკალიც არ გააჩნიათ გონებაში. ამიტომ, ყველა მათი ღირსება ქალისათვის, თუკი განვაზოგადებთ, უხეში და გაუთლელი ჩანს. მათ ჰიპნოზურობა აკლიათ. ხოლო როდესაც წიგნს ეს ხიბლი აკლია, როგორი ძალითაც არ უნდა დაარტყას გონების ზედაპირს, შიგ ვერ შეაღწევს.
და ამ მოუსვენარი განწყობით, რომლის დროსაც წიგნებს ხელში იღებ და წაუკითხავად ისევ აბრუნებ ადგილზე, დავიწყე იმ ეპოქის განჭვრეტა, რომელიც გათვითცნობიერებული, აბსოლუტური მამაკაცურობის ეპოქა იქნება; ისეთი, როგორიც ნაწილობრივ პროფესორების წერილებშია ნაწინასწარმეტყველები (მაგალითად, სერ უოლტერ რელის წერილებში), და რომელიც იტალიის მმართველებმა უკვე აქციეს რეალობად. შეუძლებელია ვინმეზე უძლიერესი შთაბეჭდილება არ მოახდინოს რომში ამ აბსოლუტური მამაკაცურობის განცდამ, მაგრამ როგორი ძლიერიც არ უნდა ჩანდეს ამ ფასეულობაზე დამკვიდრებული სახელმწიფო, ხელოვნებასთან მიმართებაში მაინც კითხვის ნიშანია დასასმელი. ყოველ შემთხვევაში, თავად გაზეთები წერენ, რომ იტალიაში გარკვეული აღელვება იგრძნობა მხატვრულ ლიტერატურასთან დაკავშირებით. აკადემიკოსებმა სპეციალური შეხვედრა მოაწყვეს, რათა იტალიური რომანის განვითარებაზე ემსჯელათ. მოგვიანებით ასევე შეიკრიბნენ „წარჩინებული გვარის, ფინანსური მდგომარეობის, მეწარმე და ფაშისტური კორპორაციების წარმომადგენელი მამაკაცები“ და იგივე საკითხი განიხილეს. მათ მიერ ჰერცოგისადმი გაგზავნილი იქნა დეპეშა, რომელშიც გამოითქვა იმედი, რომ „ფაშისტური ერა მალე დაბადებდა თავის ღირსეულ პოეტს“. შეგვიძლია, ჩვენც შევუერთდეთ ამ ღვთაებრივ იმედს, მაგრამ ეჭვი მეპარება, შესაძლებელი იყოს პოეზიის ინკუბატორში გამოყვანა. პოეზიას დედაც უნდა ჰყავდეს და მამაც. ფაშისტური ლექსი, ვშიშობ, საშინელი პატარა ურჩხულის ჩანასახი თუ იქნება, - ისეთი, სოფლის მუზეუმებში მინის ქილებში რომ წავაწყდებით ხოლმე. როგორც ამბობენ, ასეთი მონსტრები დიდხანს არასოდეს ცოცხლობენ; არავის უნახავს მსგავსი ცხოველი მინდვრად ბალახობდეს. ორი თავი ერთ ტანზე - ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას მხოლოდ ამცირებს.
თუმცაღა, თუ ამ ყველაფერში ვინმეს ბრალდება გვსურს, უნდა ვაღიაროთ, რომ ბრალი ორივე სქესს თანაბრად მიუძღვის. პასუხისმგებელია ყველა კონფორმისტი და რეფორმატორი: ლედი ბესბორი, როდესაც მან იცრუა ლორდ გრენვილთან; მის დევისი, როდესაც მან სიმართლე უთხრა მისტერ გრეგს. უნდა დავადანაშაულოთ ყველა, ვინც სქესის გაცნობიერებაში შეიტანა წვლილი. სწორედ მათ გამოა, რომ როდესაც მსურს, სრული სიამოვნება მივიღო წიგნიდან, ასეთ ნაწარმოებებს უკან, იმ ბედნიერ ეპოქაში დავეძებ, როცა მის დევისი და მის ქლოუ ჯერ კიდევ არ იყვნენ დაბადებულნი და როცა მწერალი თავისი გონების ორივე ნაწილს თანაბრად იყენებდა. ამისათვის შექსპირს ვუბრუნდები, რადგან შექსპირი ანდროგინული იყო; და ასევე იყვნენ კიტსი, სტერნი, კუპერი, ლამბი და კოლრიჯი. შელი ალბათ უსქესო იყო. მილტონში და ბენ ჯონსონში, ალბათ, ზედმეტად ძლიერი იყო მამაკაცური შტრიხი; ასევე უორდსუორზსა და ტოლსტოიში. ჩვენს დროში პრუსტი მთლიანად ანდროგინულია, თუ არა ოდნავ მეტი ქალური შტრიხით. მაგრამ ასეთი შემთხვევა იმდენად იშვიათია, რომ ნაკლად ვერ ჩაითვლება. რაიმე დოზით ასეთი ნაზავის არსებობის გარეშე ყველაფერს ინტელექტი ანაცვლებს და გონების სხვა უნარები მოუქნელი და ბერწი ხდება. თუმცა, თავი იმით დავიმშვიდე, რომ ეს ყველაფერი ალბათ უბრალოდ, გასავლელი ფაზაა; ბევრი რამ იქიდან, რაც მე გიამბეთ, დაპირებისამებრ თავიდან მოვყევი რა საკუთარი ფიქრის ნაკადს, დრომოჭმულად შეიძლება მოგეჩვენოთ. ისევე როგორც, ბევრ რამეს, რაც ახლა ჩემს თვალში ელავს, შეიძლება ეჭვით შეხედოთ, რადგან ძალიან ახალგაზრდები ხართ.
მაშ ასე, პირველივე წინადადება, რომელსაც დავწერ, - ვთქვი მე, როდესაც საწერ მაგიდას მივუახლოვდი და ფურცელი ავიღე, რომელსაც სათაურად „ქალები და მხატვრული ლიტერატურა“ ეწერა, - ისაა, რომ საბედისწეროა წერისას საკუთარ სქესზე ფიქრი. მწერლისათვის საბედისწეროა, იყოს უბრალოდ ქალი ან კაცი; მას ორივე ბუნება უნდა გააჩნდეს. ქალისათვის საბედისწეროა თუნდაც მცირედი აქცენტი გააკეთოს თავის სქესზე და დაიჩივლოს, თუნდაც სამართლიანად, ნებისმიერ წინააღმდეგობაზე, რომელიც მას გააჩნია, როგორც ქალს. და „საბედისწერო“ არ არის მხოლოდ მძაფრი სიტყვა, რადგან ყველაფერი, რაც ასეთი გაქანებით დაიწერება, სიკვდილისთვისაა განწირული. ის მთავარი მარცვლის გაღვივებას ვერ მოახერხებს. როგორი ბრწყინვალე და ეფექტური, ძლევამოსილი და ოსტატურიც არ უნდა ჩანდეს ერთი-ორი დღის მანძილზე, ადრე თუ გვიან მაინც გახმება; სხვების გონებაში ვერ ჰპოვებს ნიადაგს. ხელოვნების ნიმუშის შექმნამდე გონებაში ქალი და კაცი უნდა დაზავდნენ და შეუღლდნენ. გონება უნდა გამთლიანდეს, თუკი მწერალს საკუთარი გამოცდილების სრულქმნილად გადმოცემა სურს. მან თავისუფლება და სიმშვიდე უნდა ჰპოვოს. შემოქმედებით პროცესში არც ბორბალმა უნდა გაიჭრიალოს, არც სინათლემ გაიციმციმოს. გარშემო ფარდები უნდა ჩამოაფარონ. როდესაც ახალი გამოცდილება დასრულდება, მწერალი უნდა განმარტოვდეს და საკუთარ გონებას ადროვოს. ხელი არ უნდა შეუშალოს. სჯობს, ვარდი ფურცლოს, ან მდინარეში მშვიდად მცურავ გედებს უყუროს. და მე ისევ დავინახე ნაკადი, რომელმაც მენავე სტუდენტი და მკვდარი ფოთლები გაიტაცა, ისევე როგორც ტაქსი ახალგაზრდა ქალით და მამაკაცით... ვფიქრობდი და კვლავ ვხედავდი, როგორ მიდიოდნენ ისინი ქუჩაში ერთად; დიდებულ მდინარეში ლონდონი ჩქეფდა.
აი, აქ მერი ბეტონი წყვეტს ლაპარაკს. მან თქვენ გიამბოთ თუ როგორ მიაღწია თავის პროზაულ დასკვნას იმის შესახებ, რომ საჭიროა გქონდეთ წელიწადში ხუთასი ფუნტი შემოსავალი და ოთახი, კარზე საკეტით, თუკი გსურთ პროზა ან პოეზია შექმნათ. მან თქვენს წინაშე დაალაგა შიშველი აზრები და შთაბეჭდილებები, რომლებმაც ის ამ დასკვნამდე მიიყვანა. მან გთხოვათ, მასთან ერთად ყოფილიყავით, როდესაც უნივერსიტეტის დარაჯმა შეაჩერა, როცა სადილობდა, ვახშმობდა, ბრიტანეთის მუზეუმში სურათს ხატავდა, წიგნებს იღებდა თაროებიდან, სარკმლიდან იცქირებოდა... და ვიდრე ის ამ ყველაფერს აკეთებდა, თქვენ ალბათ აკვირდებოდით და ამჩნევდით მისი მსჯელობის მცდარ მომენტებსა და ნაკლოვანებებს; და, ალბათ, საკუთარი დასკვნაც გააკეთეთ იმის შესახებ, თუ რა ეფექტი ჰქონდა ამ ყველაფერს მის საბოლოო აზრზე. დარწმუნებული ვარ, შესწორებები და დამატებებიც გაუკეთეთ მის ნააზრევს. ყველაფერი ასეც უნდა იყოს, რადგან მსგავს საკითხში ჭეშმარიტების მიღწევა მხოლოდ სხვადასხვა სახის შეცდომების პოვნით და გამორიცხვით თუ შეიძლება. და მე ახლა საკუთარი სახელით შევეცდები ორი სახის მნიშვნელოვანი კრიტიკული შენიშვნა გავაკეთო მერი სეტონის მსჯელობასთან დაკავშირებით, რადგან მასში ეს ორი ნაკლოვანება იმდენად თვალშისაცემია, რომ შეუძლებელია, ვერ შეგენიშნათ.
შეიძლება თქვათ, რომ მერის მიერ არ მომხდარა სხვადასხვა სქესის მწერლების შედარება და მათ თავისებურებებზე აზრის გამოთქმა. ეს განგებ გაკეთდა, რადგან თუმცა ასეთი შედარებების დრო ალბათ მოსულია, ვთვლი, რომ ამ მომენტისათვის ის უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა საშუალებები გააჩნდათ ქალებს - რამდენი ფული და დრო ჰქონდათ საწერად, ვიდრე უბრალოდ, მათი მწერლური შესაძლებლობების თეორიზაცია გავაკეთოთ. მე არ მჯერა რომ ნიჭი შეიძლება შაქარივით ან კარაქივით აიწონოს თუნდაც კემბრიჯში, სადაც ასე ოსტატურად ალაგებენ ადამიანებს კლასებად, მათ თავებს ქუდებს არგებენ და მათ სახელებს ტიტულებს. არ მჯერა, რომ თუნდაც უიტაკერის ალმანახში გაკეთებულ წოდებათა ნუსხას შეუძლია ფასეულობების საბოლოო წესით დალაგება; რომ რაიმე ლოგიკური მიზეზი დგას იმის უკან, თუ რა თანმიმდევრობით შეაბიჯებენ ვახშმისას ოთახში სხვადასხვა ტიტულის ადამიანები. ყველა ეს დაპირისპირება სქესის - სქესთან და თვისების - თვისებასთან, ყველა ეს საკუთარი უპირატესობის მტკიცება და სხვისთვის არასრულფასოვნების წამოძახება წააგავს დაწყებითი სკოლის ეტაპს ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც ბავშვები „მხარეებად“ იყოფიან და აუცილებელია, ერთი მხარე მეორეს მოერიოს; როდესაც ასევე მნიშვნელოვანია კვარცხლბეკზე მოხვედრა, რათა სკოლის დირექტორმა ორნამენტებიანი ლარნაკი პირადად გადმოგცეს. როდესაც ადამიანები მწიფდებიან, მათ აღარც „მხარეების“ არსებობის სჯერათ, აღარც სკოლის დირექტორის სწამთ და აღარც მოხატული ლარნაკი აინტერესებთ. ყოველ შემთხვევაში, როცა საქმე წიგნებს ეხება, ძალიან ძნელია მათთვის იარლიყების ისე მიწებება, რომ ეს იარლიყი ყდას მალევე არ ასძვრეს. ნუთუ ამის ილუსტრაციად თანამედროვე ლიტერატურის ნებისმიერი მიმოხილვა არ გამოდგება? „ეს დიდებული წიგნი“, „უვარგისი წიგნი“ - ერთი და იგივე წიგნი იწოდება ორივე სახელით. ქებაც და ძაგებაც ერთნაირად არაფერს ნიშნავს. არა, შეიძლება „სიკარგის“ და „სიცუდის“ გაზომვა დროის გასაყვანად სასიამოვნო გართობაც იყოს, მაგრამ როგორც საქმიანობა, ის ყოვლად უსარგებლოა. ხოლო ყველაზე დიდი საცოდაობა ამ „მზომველთა“ განცხადებების სეროზულად აღქმაა. რადგან რაღაცას წერთ, ეს ნიშნავს, რომ წერა გსურთ და ესაა ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა გააჩნია; ხოლო ეს მნიშვნელობა საუკუნეებს გადაფარავს თუ რამდენიმე საათის შემდეგ დაიკარგება, ამის ზუსტად წინასწარმეტყველება არავის ძალუძს. მთავარი ისაა, რომ თქვენი ფანტააზიის ერთი თმის ღერის, ერთი ფრჩხილის შეწირვაც კი რომელიმე სკოლის დირექტორის ხელში გამზადებული ვერცხლის ლარნაკისათვის, ან პროფესორის ხელში გამზადებული საზომი მოწყობილობისათვის, საკუთარი თავის ყველაზე უფრო სულმდაბალი ღალატია; მთელი ქონებისა და უმანკოების რაიმესთვის მსხვერპლად შეწირვა, - რასაც ადამიანის უდიდეს უბედურებად მიიჩნევდნენ ყოველთვის, თქვენს დანაკარგთან შედარებით მხოლოდ რწყილის ნაკბენი თუ იქნება.
მეორე, რაც ვფიქრობ, შეიძლება გააპროტესტოთ, ისაა, რომ ჩემს მსჯელობაში გადაჭარბებული მნიშვნელობა მივანიჭე მატერიალურ ასპექტებს. სიმბოლოების მოქნილ სამყაროში რომ გადავინაცვლოთ, წელიწადში ხუთასი ფუნტის მოპოვება ნიშნავს აზროვნებისათვის საჭირო თავისუფლების მოპოვებას, ხოლო კლიტე -კარზე - ფიქრისათვის საჭირო დროის მოძებნას. მაგრამ თქვენ, შეიძლება, მაინც თქვათ, რომ გონება ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს; და რომ დიდებული პოეტები ხშირად ღარიბი ადამიანები იყვნენ. მაშინ უფლება მომეცით, თქვენივე ლიტერატურის პროფესორის სიტყვები მოვიშველიო, რომელმაც ჩემზე უკეთ იცის, თუ რა არის საჭირო პოეტობისათვის. სერ ართურ ქუილერ-ქოუჩი წერს11:
«დავასახელოთ გასული ასწლეულის საუკეთესო პოეტების გვარები: კოლრიჯი, უორდსუორზი, ბაირონი, შელი, ლანდორი, კიტსი, ტენისონი, ბრაუნინგი, არნოლდი, მორისი, როზეტი, სუინბერნი - აქ, ალბათ, შეგვიძლია, შევჩერდეთ. ჩამოთვლილთაგან ყველას, კიტსის, ბრაუნინგის და როზეტის გარდა, განათლება უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული, ხოლო ამ სამიდან, კიტსი, რომლის სიცოცხლე და შემოქმედება გარიჟრაჟზევე შეწყდა, ერთადერთი იყო, ვისაც საკმაო სიმდიდრე არ გააჩნდა. შეიძლება, ძალიან უხეშად ჟღერდეს და ამის თქმა სამწუხაროა, მაგრამ ურყევი ფაქტია, რომ თეორია, თითქოს პოეტური გენი ნებისმიერ ადამიანში შეიძლება იყოს შთაბერილი, ღარიბებსა და მდიდრებს შორის თანაბრად, ძალიან მცირე სიმართლეს შეიცავს. ურყევი ფაქტია ის, რომ ჩამოთვლილი თორმეტი პოეტიდან ცხრა უნივერსიტეტში იყო განსწავლული. ეს იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ გზით მათ გააჩნდათ სახსრები, რათა საუკეთესო განათლება მიეღოთ, რისი მიცემაც კი ინგლისს შეეძლო. ისიც ფაქტია, რომ დარჩენილი სამიდან, როგორც ვიცით, ბრაუნინგი შეძლებულიიყო. შემიძლია ისიც კი ვთქვა, რომ ეს ისევე დაეხმარა მას დაეწერა „საული“ ან „ბეჭედი და წიგნი“, როგორც რასკინს დაეხმარა მხატვრები“. როზეტის მცირე საკუთარი შემოსავალი გააჩნდა; და დამატებით, ის ხატავდა კიდეც. რჩება მხოლოდ კიტსი, რომელიც ბედისწერამ ახალგაზრდა იმსხვერპლა, ისევე, როგორც ჯონ კლეირი გაწირა სულით ავადმყოფთა სახლისათვის და ჯეიმზ თომსონი კი ოპიუმს მიაჯაჭვა იმედგაცრუებების გამო. ეს საშინელი ფაქტებია, მაგრამ მოდით, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს. ჩვენ, როგორც ერს, ნამდვილად ღირსებას გვიკნინებს ის ფაქტი, რომ ჩვენს გაერთიანებულ სამეფოში ღარიბ პოეტს დღესაც, ისევე როგორც ორასი წლის წინათ, არსებობისათვის უმცირესი შანსიც კი არ გააჩნია. დამეჯერება, რადგან ათი წლის განმავლობაში სამას ოცი დაწყებითი სკოლა მაქვს მოვლილი და შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩვენი ტრაფარეტების მიუხედავად დემოკრატიასთან დაკავშირებით, ღარიბ ბავშვს ინგლისში ოდნავ უფრო მეტი იმედი თუ აქვს, ვიდრე ათენელი მონის ვაჟს, რომ მომავალი მას იმ ინტელექტუალურ თავისუფლებას მიანიჭებს, რომლითაც დიდებული ნაწარმოებები იქმნება.“
შეუძლებელია უფრო ზუსტი განმარტების მოცემა: „ღარიბ პოეტს, დღესაც, ისევე როგორც ორასი წლის წინათ, არსებობისათვის უმცირესი შანსიც კი არ გააჩნია... ღარიბ ბავშვს ინგლისში ოდნავ უფრო მეტი იმედი თუ აქვს, ვიდრე ათენელი მონის ვაჟს, რომ მომავალი მას იმ ინტელექტუალურ თავისუფლებას მიანიჭებს, რომლითაც დიდებული ნაწარმოებები იქმნება.“ აი, სულ ეს არის. ინტელექტუალური თავისუფლება დამოკიდებულია მატერიალურ საგნებზე. პოეზია დამოკიდებულია ინტელექტუალურ თავისუფლებაზე. და ქალები კი - ყოველთვის ღარიბები იყვნენ, არა უბრალოდ ორასი წლის მანძილზე, არამედ უხსოვარი დროიდან. ქალებს იმაზე კიდევ უფრო მცირე ინტელექტუალური თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე ათენელი მონების ვაჟებს. შესაბამისად, ქალს არც პოეტობის შანსი ჰქონია. აი, ამის გამო გავაკეთე ამხელა აქცენტი ფულსა და საკუთარ ოთახზე. თუმცა, მადლობა ყველა იმ ქალის მძიმე შრომას წარსულში, რომელთა შესახებაც თითქმის არაფერი ვიცით; პარადოქსულია, მაგრამ მაინც მადლობა ორ ომს - ყირიმის ომას, რომელმაც ფლორენს ნაინთინგეილი თავისი სასტუმრო ოთახიდან გარეთ გამოიყვანა და ევროპის ომს, რომელმაც საშუალო კლასის ქალსაც გაუხსნა კარი, დაახლოებით სამოცი წლის მოგვიანებით. ყველაფერ ამის შედეგად, ქალის ისტორია იცვლება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აქ არ იქნებოდით ამ საღამოს, და თქვენი შანსიც, წელიწადში ხუთასი ფუნტი გეშოვათ, იმაზე გაცილებით უფრო მცირე იქნებოდა, ვიდრე დღეს არის.
და მაინც, თქვენ შეიძლება პროტესტი იმაზეც გამოთქვათ, საერთოდ, ამხელა მნიშვნელობას რომ ვანიჭებ ქალების მიერ წიგნების წერას, თუკი ამას ასეთი გიგანტური ძალისხმევა სჭირდება და ზოგჯერ მხოლოდ მდიდარი მამიდის გარდაცვალების, ან უახლოეს მეგობრებთან მწვავე უთანხმოების ფასად თუ ხდება შესაძლებელი. უფლება მომეცით, ვაღიარო, რომ ჩემი მოტივები ნაწილობრივ ეგოისტურია. ბევრი გაუნათლებელი ინგლისელი ქალის მსგავსად, მე წიგნების კითხვა მიყვარს და ვკითხულობ ძალიან ბევრს. ბოლო ხანებში ჩემი საკვები ოდნავ ერთფეროვანი გახდა. ისტორიაში სულ ომებია; ბიოგრაფიები სულ გამოჩენილ მამაკაცებზე მიამბობენ; პოეზიას სტერილურობის ტენდენციას ვამჩნევ, პროზას კი... მაგრამ უკვე საკმარისად გამოვამჟღავნე თქვენს წინაშე ჩემი უუნარობა - ვიყო თანამედროვე ლიტერატურის კრიტიკოსი; ამიტომ ამის შესახებ აღარაფერს ვიტყვი. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ, წეროთ ახალი წიგნები, არ შემოიფარგლოთ თემის ზომით ან სიძველით. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ შეძლებთ იშოვნოთ საკმარისი ფული რათა იმოგზაუროთ, იხეტიალოთ, მომავალზე იფიქროთ და წარსულზე იმსჯელოთ, წიგნებზე იოცნებოთ და ქუჩის კუთხეში ხშირად შეანელოთ ნაბიჯი, რომ დროის ნაკადის სიღრმეში შეაღწიოს თქვენმა ფიქრებმა. არავითარ შემთხვევაში არ მინდა მხატვრული ლიტერატურით შეიზღუდოთ. იმისათვის, რომ მე მასიამოვნოთ - და ჩემნაირი ათასობითაა - თქვენ უნდა წეროთ წიგნები მოგზაურობასა და თავგადასავლებზე, კვლევასა და სწავლებაზე; უნდა წეროთ ისტორიული, ბიოგრაფიული, კრიტიკული, ფილოსოფიური და სამეცნიერო წიგნები. ამ ყველაფრით თქვენ უდიდეს სამსახურს გაუწევთ ზოგადად, ლიტერატურის განვითარებას. რადგან წიგნებს აქვთ გზა, რომლითაც ისინი ერთმანეთზე ახდენენ გავლენას. პოეზიითა და ფილოსოფიით შეჯერებული პროზა ბევრად უკეთესია. უფრო მეტიც, თუ შეხედავთ წარსულის რომელიმე დიდებულ ფიგურას, როგორიცაა საფო, ლედი მურასაკი ან ემილი ბრონტე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ის იმდენადვეა მემკვიდრე, რამდენადაც შემოქმედი; და რომ მათი არსებობა მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც ქალებს ბუნებრივად გაუჩნდათ წერის თვისება. ამიტომ, თქვენგან ნებისმიერი სახის წიგნების წერას უდიდესი მნიშვნელობა ექნება, თუნდაც, როგორც მომავალი პოეზიის შესავალს.
მაგრამ, როდესაც კვლავ საკუთარ ჩანაწერებში ვიცქირები და ჩემი ფიქრის მატარებელს უკან მივდევ, ვხედავ, რომ ჩემი მოტივები სულაც არ იყო მთლად ეგოისტური. ჩემს კომენტარებსა და შენიშვნებში ყველგან მჟღავნდება რწმენა, ან იქნებ ინსტინქტი, - რომ კარგი წიგნები ძვირფასია და კარგი მწერლებიც, თუნდაც მათ უთვალავი ადამიანური მანკიერება გააჩნდეთ, მაინც კარგი ადამიანები არიან. ამიტომ, როცა გთხოვთ დაწეროთ მეტი ახალი წიგნი, მე გიბიძგებთ გააკეთოთ ის, რაც თქვენთვისაც კარგი იქნება და კაცობრიობისთვისაც. როგორ უნდა დავასაბუთო ამ ინსტინქტის თუ რწმენის რეალურობა, მე არ ვიცი, რადგან ფილოსოფიური სიტყვები, ადამიანს, თუკი განათლება უნივერსიტეტში არ აქვს მიღებული, მხოლოდ შეცდომაში თუ შეიყვანს. საერთოდ, რა იგულისხმება „რეალობაში“? ეს არის რაღაც ძალიან არამყარი, ცვალებადი და წერტილოვანი „ახლა“, რომლის პოვნაც შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას - მტვრიან გზაზე, ქუჩაში, გაზეთის სტრიქონში, მზეზე გაშლილ ნარცისში. ის ადამიანებს კრებს ერთ ოთახში, ის ჩვენი აზრების გამხმოვანებელი და ნოტარიუსია. ზოგჯერ ის ვარსკვლავების ქვეშ, შინისაკენ მიმავალ ადამიანს მდუმარებით ავსებს და დუმილის ეს სამყარო ბევრად უფრო რეალური ჩანს, ვიდრე სიტყვების სამყარო; შემდეგ მას ისევ ხმაურიან პიკადილიზე მიმავალ ავტობუსში ვპოულობთ. ზოგჯერ რეალობა ისეთ ფორმებში ბინადრობს, რომლებიც ჩვენი აღქმისათვის ძალიან შორსაა. მაგრამ ყველაფერი, რასაც კი რეალობის ხელი შეეხება, საკუთარ, მუდმივ ადგილს პოულობს ცისქვეშეთში. ეს ის არაა, რაც დღესთან ერთად იწურება და ქრება, ეს ისაა, რაც რჩება წარსული დროისაგან, ჩვენი სიყვარულისა და სიძულვილისაგან. მე ვფიქრობ, რომ მწერალს ამ რეალობაში ცხოვრების ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია , ვიდრე სხვა ადამიანებს. მისი საქმეა მოძებნოს რეალობის მომენტები, შეკრიბოს და სხვა ადამიანებს გადასცეს. ყოველ შემთხვევაში, მე ეს განცდა მეუფლება, როდესაც ვკითხულობ „ლირს“, „ემას“ ან „დაკარგული დროის ძებნაში“ (La Recherche Du Temps Perdu). რადგან ამ წიგნების კითხვა თითქოს გრძნობებს მიშალაშინებს; მათი წაკითხვის შემდეგ ადამიანის მხედველობა უფრო მახვილი ხდება; თითქოს სამყაროს თავსახური ახადეს, როგორც სკივრს და მისგან მძაფრმა სიცოცხლემ ამოხეთქა. მშურს ამ ხალხის, ვინც წარმავალობას ებრძვის და მებრალება ადამიანები, რომლებიც ყველაფერს სპონტანურად, ყოველგვარი ცოდნისა და ინტერესის გარეშე აკეთებენ. ამიტომ, როდესაც გთხოვთ, საკუთარი შემოსავალი და ოთახი გქონდეთ, მე გთხოვთ, რეალობით აავსოთ ეს ოთახი. მომავალი გვიჩვენებს, რამდენად მოახერხებთ ამას.
აქ შევჩერდებოდი, მაგრამ ტრადიცია მკარნახობს, რომ ყველა მოხსენება შემაჯამებელი სიტყვით უნდა დასრულდეს. და ალბათ, ტრადიციისამებრ, ქალების წინაშე გაკეთებულ შემაჯამებელ სიტყვაში უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებულად ამაღელვებელი და ღირსეული. ალბათ უნდა მოგიწოდოთ, გაიხსენოთ თქვენი მთავარი მოვალეობები, იყოთ უფრო ამაღლებულნი და სულიერნი; უნდა შეგახსენოთ, თუ რამდენი რამაა თქვენზე დამოკიდებული, და რა გავლენა შეგიძლიათ იქონიოთ მომავალზე. მაგრამ მსგავსი სიტყვები, დარწმუნებული ვარ, შემიძლია კვლავაც გულდამშვიდებით გადავულოცო მეორე სქესს, რომელიც ჩემზე ბევრად უფრო მეტი ენამჭევრობით ახერხებს მათ წარმოთქმას. როდესაც საკუთარ გონებას ვუსმენ, მასში ვერ ვპოულობ ღირსეულ სენტიმენტებს იმის შესახებ, რომ უნდა ვიყოთ მამაკაცების თანამგზავრები და თანასწორები და გავლენა მოვახდინოთ მსოფლიოზე, არამედ ეს გონება ძალიან პროზაულად მკარნახობს, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, იყო საკუთარი თავი, ვიდრე ნებისმიერი ვინმე. არ ვიცი, ამაღლებულად როგორ მოვახერხო ამის თქმა, მაგრამ მე გეტყვით - ოცნებად არ ღირს სხვა ადამიანებზე გავლენის მოხდენა. მიიღეთ სამყარო ისეთი, როგორიც ის არის.
და ისევ, როდესაც ვიხსენებ საგაზეთო სტატიებსა და რომანებს, მეჩვენება, რომ ქალი უმეტესწილად მხოლოდ მაშინ მიმართავს ქალს, როდესაც რაღაც ძალიან მწარე აქვს სათქმელი. ქალები მკაცრად ექცევიან ქალებს. ქალებს არ მოსწონთ ქალები. ქალებო - ნუთუ არ დაიღალეთ ამ ყველაფრით? უნდა გითხრათ, რომ მე ძალიან მომბეზრდა. ამიტომ, მოდი ტრადიციულად, რაიმე ძალიან პირდაპირს და არასასიამოვნოს გეტყვით ჩემი მოხსენების დასასრულს.
მაგრამ როგორ გავაკეთო ეს? სიმართლე ისაა, რომ მე მომწონს ქალები; მომწონს მათი არაშაბლონურობა, მათი დახვეწილობა, მათი ანონიმურობა. მე მომწონს... მაგრამ ალბათ ასე ლაპარაკი არ უნდა გავაგრძელო. თორემ, ახლო-მახლოს, მაგალითად, მოპირდაპირე კარადაში, იქნებ სერ არჩიბალდ ბოდკინი იმალებოდეს... მოდით, უფრო მკაცრ ტონს მივიღებ. ჩემს მოხსენებაში მგონი საკმაოდ ხისტად შეგახსენეთ მამაკაცების მხრიდან ჩვენს მიმართ წამოსული გაკიცხვა და გაფრთხილებები. მე პირდაპირ გაგიმეორეთ ის უმდაბლესი აზრი, რომელიც თქვენს შესახებ გააჩნდა მისტერ ოსკარ ბრაუნინგს. მე გითხარით, თუ რას ფიქრობდა თქვენს შესახებ ნაპოლეონი და რას ფიქრობს ახლა მუსოლინი. შემდეგ, იმ შემთხვევისათვის, თუ რომელიმე თქვენგანი პროზის შექმნას აპირებს, მე შეგახსენეთ კრიტიკოსების რჩევა იმის შესახებ, რომ უნდა აღიაროთ თქვენი სქესის შესაძლებლობების შეზღუდულობა. მე მოვიხმე ციტატა პროფესორ X-ის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, რომ „ქალები ინტელექტუალურად, მორალურად და ფიზიკურად მამაკაცებთან შედარებით არასრულფასოვნები არიან.“ ამ ყველაფრის ზედმეტი ძიება არც დამჭირვებია, ისე მოგაწოდეთ საკუთარ გზაზე დახვედრილი ფრაზები. და აი, აქაა საბოლოო გაფრთხილებაც - მისტერ ჯონ ლენგდონ დევისისაგან12. მისტერ ჯონ ლენგდონ დევისი აფრთხილებს ქალებს „რომ როდესაც ბავშვების ყოლა აღარ იქნება სასურველი, ქალები ყოველგვარ ფუნქციას დაკარგავენ“. იმედი მაქვს, ამას საგანგებოდ მოინიშნავთ.
როგორ შემიძლია ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ გაგამხნევოთ მომავალი საქმიანობისათვის? ახალგაზრდა ქალებო, გთხოვთ მომისმინოთ, რადგან ჩემი შემაჯამებელი სიტყვა იწყება. ჩემი აზრით, თქვენ ხართ დამამცირებლად უმეცარნი. თქვენ არასოდეს გაგიკეთებიათ რაიმე სახის მნიშვნელოვანი აღმოჩენა. თქვენ არასოდეს დაგიმარცხებიათ იმპერია, არ გაძღოლიხართ ჯარს ბრძოლაში; შექსპირის პიესები არაა თქვენ მიერ დაწერილი; თქვენ არ შეგიქმნიათ ცივილიზაცია და არ გაგივრცელებიათ იგი. რითი შეგიძლიათ თავის მართლება? თქვენთვის ალბათ უმარტივესია - ხელი გაიშვიროთ ქუჩებისაკენ, მოედნებისაკენ, ტყეებისაკენ, მთლიანად გლობუსისაკენ, რომელიც სავსეა შავი, თეთრი და მათი ნაზავი ფერის ადამიანებით და მითხრათ, - ის, რომ ისინი ცოცხლობენ, ტრანსპორტით მგზავრობენ, მუშაობენ, სიყვარულით არიან დაკავებულნი - ყველაფერი ჩვენი დამსახურებაა. ჩვენ რომ არა, ზღვები გადაუცურავი დარჩებოდა და ნაყოფიერი მიწები უდაბნოებად იქცეოდა. ჩვენ მივანიჭეთ სიცოცხლე, გავზარდეთ, გამოვკვებეთ და ცოდნა მივეცით ექვსი-შვიდი წლის ასაკამდე დაახლოებით მილიარდ ექვსასოცდასამ მილიონ ადამიანს, რომელიც სტატისტიკის მიხედვით, ამჟამად ცხოვრობს დედამიწაზე. და ამ ყველაფერს დრო სჭირდება. თქვენს ნათქვამში, რა თქმა უნდა, დიდი სიმართლეა და მე არ უარვყოფ ამას, მაგრამ, ამავე დროს, ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 1866 წლიდან ინგლისში არსებობს სულ მცირე ორი ქალთა კოლეჯი; 1880 წლიდან გათხოვილ ქალს უფლება მიეცა ჰქონდეს კანონიერი საკუთრება; 1919 წელს, ანუ მთელი ცხრა წლის წინ ქალმა ხმის უფლება მოიპოვა. შემიძლია ასევე შეგახსენოთ, რომ თითქმის ათი წელია, რაც თქვენთვის გახსნილია პროფესიების უმრავლესობა. როდესაც გაქვთ ყველა ეს პრივილეგია, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ და ისიც იცით, რომ ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ორი ათას ქალს მაინც შეუძლია წელიწადში ხუთას ფუნტზე მეტის გამომუშავება, დამეთანხმებით, რომ თავის მართლებად უკვე აღარ გამოდგება შესაძლებლობის, წვრთნის, მხარდაჭერის, დროის და ფულის ნაკლებობის მოყვანა. უფრო მეტიც, ეკონომისტები უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ მისტერ სეტონს ძალიან ბევრი შვილი ჰყავდა. რა თქმა უნდა, უნდა გააგრძელოთ ბავშვების ყოლა, მაგრამ როგორც ისინი ამბობენ, ორი-სამი შვილის და არა ათის და თორმეტის. თქვენ გეძლევათ დრო და განათლება, რათა შეუდგეთ თქვენი არსებობის ახალ ფაზას ძალიან ხანგრძლივი, ძალიან შრომატევადი და ჯერ კიდევ გაურკვეველი კარიერისათვის მზადების გზაზე. ათასობით კალამია მომარჯვებული, რათა გიკარნახოთ, რა უნდა გააკეთოთ და რა გავლენა შეგიძლიათ იქონიოთ მომავალში. ჩემი რჩევა კი, ვაღიარებ, ოდნავ ფანტასტიკურია; ამიტომ მირჩევნია, მასაც მხატვრული ფორმა მივცე.
ჩემს მოხსენებაში მე ვახსენე, რომ შექსპირს ჰყავდა და; მაგრამ მის ძებნას სერ სიდნი ლის „პოეტის ცხოვრებაში“ ნუ დაიწყებთ. ის ახალგაზრდა გარდაიცვალა და სამწუხაროდ, მას ერთი სიტყვაც არ დაუწერია. ის დაკრძალულია სადღაც, გზაგასაყარზე, ელიფანთ ენდ ქესთლის მახლობლად. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს პოეტი, რომელსაც სიტყვაც არ დაუტოვებია და რომელიც გზაჯვარედინზე განისვენებს, კვლავ ცოცხალია. ის ცოცხალია თქვენში და ჩემში, და სხვა ქალებში, რომლებიც ამ საღამოს აქ არ არიან, რადგან ჭურჭელს რეცხავენ და ბავშვებს აწვენენ დასაძინებლად. მაგრამ ის ცოცხალია; რადგან დიდებული პოეტები არ კვდებიან; ისინი ყოფნას განაგრძობენ; მათ მხოლოდ ახალი შესაძლებლობის მიცემა სჭირდებათ, რათა ჩვენს შორის კვლავ ხორცშესხმულებმა გაიარონ. მე ვფიქრობ, რომ ახლა თქვენს ხელთაა მისთვის ამ შესაძლებლობის მინიჭება. რადგან მე მჯერა, რომ თუ ჩვენ გავაგრძელებთ საუკუნის მანძილზე არსებობას - მე ვლაპარაკობ ჩვენს საერთო სიცოცხლეზე და არა ცალკეულ პატარა სიცოცხლეებზე, რომლებიც ინდივიდუალურად გაგავაჩნია; და თუ თითოეულ ჩვენგანს ექნება წელიწადში ხუთასი ფუნტი და საკუთარი ოთახი; თუ ჩვენ შევეჩვევით თავისუფლებას და გაბედულად ზუსტად იმის წერას, რასაც ვფიქრობთ; თუ დროდადრო გავექცევით საერთო სასტუმრო ოთახებს და შევეცდებით, ადამიანებს არ ვხედავდეთ ყოველთვის ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, არამედ ზოგჯერ ვხედავდეთ მათ დამოკიდებულებას რეალობასთან, ცასთან და მიწასთან და ნებისმიერ რამესთან, რაც თავისთავადია; თუ ჩვენ მილტონის ჩრდილის მიღმა გავიხედებით, რადგან არცერთმა არსებამ არ უნდა გადაფაროს ხედი ჩვენს თვალწინ; თუ ჩვენ თვალს გავუსწორებთ სინამდვილეს, რომ არ არსებობს მაჯა, რომელსაც შეგვიძლია ჩავეჭიდოთ, არამედ მარტოები მივდივართ ცხოვრების გზაზე და რომ ჩვენ ვარსებობთ რეალობის სამყაროში და არა მხოლოდ მამაკაცების და ქალების სამყაროში, - მაშინ შესაძლებლობა გაჩნდება და მკვდარი პოეტი, რომელიც შექსპირის და იყო, მრავალჯერ გარდაცვლილი, კვლავ განსხეულდება. ის მოიპოვებს თავის სიცოცხლეს იმ უცნობი ქალების სიცოცხლეთა წყაროდან, რომლებიც მისი წინამორბედები იყვნენ; და როგორც ეს მისმა ძმამ მოახერხა მასზე ადრე, ის დაიბადება. მისი დაბადება შეუძლებელია მზადების გარეშე, ჩვენი მხრიდან მცდელობის გარეშე, მიზნად იმის დასახვის გარეშე, რომ როდესაც ის დაიბადება, დავახვედროთ შესაძლებლობა, რათა იცხოვროს და თავისი პოეზია თხზას. მაგრამ მე მჯერა, რომ ის მოვა, თუკი ჩვენ მისთვის ვიშრომებთ; ხოლო მისთვის, სიღატაკესა და გაურკვევლობაშიც კი, შრომა და სიცოცხლე ნამდვილად ღირს.
_____________________
1 „გვითხრეს, რომ 30 000 ფუნტი უნდა მოვითხოვოთ... ეს არ არის დიდი თანხა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და კოლონიებში ამ ტიპის მხოლოდ ერთადერთი კოლეჯი იქნება, და თუ მხედველობაში მივიღებთ, თუ როგორი იოლია ვეებერთელა თანხების მიზიდვა ვაჟთა სკოლებისათვის. მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რამდენად ცოტა ადამიანია მსურველი, რომ ქალებმა მიიღონ განათლება, ეს თანხაც კარგი მონაპოვარია“ - ლედი სტივენი, ემილი დევისი და გირტონის კოლეჯი. (Lady Stephen, Emily Davies and Girton Collage)
2 თითოეული პენი მშენებლობისათვის იქნა გადადებული. კომფორტს უნდა მოეცადა. - რ. სტრეჩი, „მიზეზი“. (R. Strachey, The Cause)
3 „მამაკაცებმა იციან, რომ ქალები მათ აღემატებიან. ამიტომაც ყველაზე სუსტებს ან ყველაზე უმეცრებს ირჩევენ. ასე რომ არ ფიქრობდნენ, არასოდეს შეეშინდებოდათ ქალებისათვის განათლების მიცემის.” - სქესებთან მიმართებაში მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ მიჭირდა იმის აღიარება, რომ მან ეს ყველაფერი სრული სერიოზულობით თქვა“ - ბოსუელი, „ჰებრიდებზე მოგზაურობის ჩანაწერები“ (Boswell, The Journal of a Tour To the Hebrides)
4 „ძველ გერმანელებს სჯეროდათ, რომ ქალებში რაღაც წმინდა იყო, და შესაბამისად, მათ წინასწარმეტყველებად მიიჩნევდნენ.“ - ფრაზერი, „ოქროს რტო“ (Frazer, Golden Bough)
5 „უცნაურ და თითქმის აუხსნელ ფაქტად რჩება ის, რომ ათენში, სადაც ქალები თითქმის აზიურ ოდალისკებად და მონა-მხევლებად იმყოფებოდნენ მამაკაცთა მბრძანებლობის ქვეშ, მიუხედავად ყველაფრისა, სცენამ წარმოშვა ისეთი სახეები, როგორიცაა კლიტემნესტრა და კასანდრა, ატოსა და ანტიგონე, ფედრა და მედეა, და ყველა სხვა გმირი ქალი, რომელიც დომინირებს პიესიდან პიესაში «ქალთმოძულე» ევრიპიდეს დრამატურგიაში. მაგრამ ეს პარადოქსი იმ ანტიკური სამყაროსი, სადაც თავმოყვარე ქალი ქუჩაში მარტო გავლასაც ვერ ახერხებდა, სცენაზე კი უთანასწორდებოდა და ჩრდილავდა მამაკაცს, დღემდე არ არის შესაფერისად ახსნილი. თანამედროვე ტრაგედიაშიც იგრძნობა ქალების დომინირება. მაგალითად, შექსპირის ნაწარმოებებზე ზედაპირული თვალის გადავლებაც კი საკმარისია (ასევე უებსტერის შემთხვევაში, თუმცა არა მარლოსთან და ჯონსონთან), რათა დავინახოთ ქალების აქტურობა როზალინდადან დაწყებული ლედი მაკბეთით დამთავრებული. იგივეა რასინის შემთხვევაშიც - მისი ტრაგედიებიდან ექვსი მთავარი პერსონაჟი ქალის სახელს ატარებს; და რომელი მამაკაცი პერსონაჟი შეგვიძლია დავუპირისპიროთ ჰერმიონეს და ანდრომაქეს, ბერენიკეს და როქსანას, ფედრას და ათალის? იგივე გვხვდება იბსენთან; რომელ მამაკაცს გავათანაბრებთ სოლვეიგთან და ნორასთან, ჰედასთან და ჰილდა უანგელთან, ან რებეკა უესტთან?“- ფ. ლ. ლუკასი „ტრაგედიები“ გვ. 114-15 (F. L. Lucas, Tragedy, pp.114-15)
6 ფრ., აქ „საჩემო ძუკნაა“ (მთარგმ. შენიშვნა)
7 იხ. „კასანდრა“, ფლორენს ნაინთინგეილი; დაბეჭდილია კრებულში - “მიზეზი”, რ. სტრეჩი (The Cause, by R. Strachey)
8 მოგონებები ჯეინ ოსტინის შესახებ, დაწერილი მისი ძმისწულის, ჯეიმს ედვარდ
ოსტინ-ლეის მიერ.
9 „(მას) მეტაფიზიკური ჩანაფიქრი აქვს, და ეს საშიში აკვიატებაა, განსაკუთრებით ქალისათვის, რადგან ქალს იშვიათად ახასიათებს მამაკაცის ჯანმრთელი სიყვარული რიტორიკისადმი. ეს უცნაური ნაკლი გააჩნია სქესს, რომელიც ზოგადად უფრო პრიმიტიული და უფრო მატერიალისტურია.“ - ივნისი, 1928 „New Criterion“
10 „...თუ, მომხსენებლის მსგავსად, თქვენ გჯერათ, რომ ქალი რომანისტები წარმატებას მხოლოდ იმის გაბედულად აღიარებით მიაღწევენ, რომ მათ სქესს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია (ჯეინ ოსტინმა დემონსტრირება მოახდინა, თუ როგორ ღირსეულად შეიძლება ამ ჟესტის მიღწევა...) - აგვისტო 1928 „Life and Letters“
11 „წერის ხელოვნება“, სერ ართურ ქუილერ-ქოუჩი (The Art of Writing, by Sir Arthur Quiller-Couch)
12 „ქალების მოკლე ისტორია“, ჯონ ლენგდონ დევისი (A Short History of Women, by John Langdon Davies)