![]() |
კონვენცია ქალის დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი |
საავტორო უფლებები: © 2007 ქალთა საინფორმაციო ბიურო |
თარიღი: 2007 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 მიღებულია და ღიაა ხელმოწერის და რატიფიცირებისა და მიერთებისათვის გენერალური ასამბლეის 1979 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციით 34/180 ძალაშია: 1981 წლის 3 სექტემბრიდან 27 (1)-ე მუხლის თანახმად |
▲ზევით დაბრუნება |
ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც
აღნიშნავენ, რომ გაერთიანებული ერების წესდება განამტკიცებს ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი მისი როგორც პიროვნების ღირსებისა და ღირებულებისადმი და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობისადმი რწმენას,
აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია განამტკიცებს დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს და აცხადებს, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, თანასწორი ღირსებითა და უფლებებით, და უნდა ფლობდეს დეკლარაციით გამოცხადებულ ყველა უფლებასა და თა თავისუფლებას, ნებისმიერი, მათ შორის, სქესის ნიშნით განსხვავების მიუხედავად,
აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მამაკაცისა და ქალის თანასწორობა ნებისმიერი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისას,
მხედველობაში იღებენ გაერთიანებული ერების და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების ეგიდით დადებულ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ხელს უწყობს მამაკაცისა და ქალის თანასწორობის უფლებას,
ითვალისწინებენ, აგრეთვე, მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობის მიზნით, გაერთიანებული ერებისა და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ მიღებულ რეზოლუციებს, დეკლარაციებსა და რეკომენდაციებს,
შეშფოთებულნი არიან, რომ სხვადასხვა დოკუმენტების არსებობის მიუხედავად, ქალთა მზარდი დისკრიმინაცია გრძელდება,
შეახსენებენ, რომ ქალის დისკრიმინაცია არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს, ხელს უშლის მამაკაცის თანაბრად ქალის მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; აბრკოლებს საზოგადოებისა და ოჯახის კეთილდღეობის ზრდას და ართულებს ქალის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას მისი ქვეყნისა და კაცობრივობის საკეთილდღეოდ,
შეშფოთებულნი არიან, რომ სიღარიბის პირობებში ქალებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია სურსათი, ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები, განათლება, პროფესიული მომზადება და დასაქმება, აგრეთვე სხვა მოთხოვნილებები,
დარწმუნებული არიან, რომ თანასწორობასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი საერთაშორისო ეკონომიკური წესრიგის დამყარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობის განვითარებას,
ხაზს უსვამენ, რომ აპარტეიდის, რასიზმის ყველა ფორმის, რასობრივი დისკრიმინაციის, კოლონიალიზმის, ნეოკოლონიალიზმის, აგრესიის, უცხო სახელმწიფოს მიერ ოკუპაციისა და ბატონობის, სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის აღმოფხვრა აუცილებელია მამაკაცისა და ქალის უფლებებით სრული სარგებლობისათვის,
ადასტურებენ, რომ საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, საერთაშორისო დაძაბულობის შენელება, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობა მათი სოციალური და ეკონომიკური სისტემების მიუხედავად, საყოველთაო და სრული განიარაღება, განსაკუთრებით მკაცრ და ეფექტურ საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ბირთვული განიარაღება, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლობის პრინციპების დამკვიდრება და უცხოეთისა და კოლონიური ბატონობის, უცხოური ოკუპაციის ქვეშ მყოფი ხალხების თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლების განხორციელება, აგრეთვე, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ბიძგს მისცემს სოციალურ პროგრესსა და განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მამაკაცსა და ქალს შორის სრული თანასწორობის მიღწევას,
დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყნის სრული განვითარება, მსოფლიოს კეთილდღეობა და მშვიდობა მოითხოვს ყველა სფეროში ქალის მაქსიმალურ მონაწილეობას მამაკაცის თანასწორად,
ითვალისწინებენ ოჯახის კეთილდღეობისა და საზოგადოების განვითარების საქმეში ქალის განუზომელ წვლილს, რომელსაც დღემდე არ მოუპოვებია სრული აღიარება, ოჯახსა და ბავშვის აღზრდაში დედობის ფუნქციისა და ორივე მშობლის როლის სოციალურ მნიშვნელობას, ასევე, გაცნობიერებული აქვთ, რომ ქალის როლი შთამომავლობის გაგრძელებაში არ უნდა იყოს მისი დისკრიმინაციის საფუძველი, ვინაიდან ბავშვის აღზრდა მოითხოვს მამაკაცსა და ქალს, აგრეთვე მთლიანად საზოგადოებას შორის პასუხისმგებლობის განაწილებას,
აღიარებენ, რომ მამაკაცისა და ქალის სრული თანასწორობის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებასა და ოჯახში როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტრადიციული როლის შეცვლა,
მზად არიან განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ დეკლარაციით გამოცხადებული პრინციპები და ამ მიზნით, მიიღონ ასეთი დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და გამოვლინების აღმისაფხვრელად საჭირო ზომები.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
![]() |
2 ნაწილი I |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 1
ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „ქალის დისკრიმინაცია“ ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, გამიჯვნას ან შეზღუდვას, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფა.
მუხლი 2
მონაწილე სახელმწიფოები გმობენ ქალის დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლინებას, თანახმა არიან ყველა შესატყვისი საშუალებით, დაუყოვნებლივ განახორციელონ ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის პოლიტიკა და ამ მიზნით, კისრულობენ ვალდებულებას:
a. შეიტანონ მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის პრინციპი თავიანთ კონსტიტუციებში ან შესაბამის საკანონმდებლო აქტებში, თუ ეს აქამდე არ გაუკეთებიათ, და უზრუნველყონ კანონითა და სხვა შესატყვისი საშუალებებით ამ პრინციპის პრაქტიკული განხორციელება;
b. მიიღონ, სადაც ეს აუცილებელია, ქალის ყოველგვარი დისკრიმინაციის ამკრძალავი შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ზომები, სანქციების ჩათვლით;
c. დააწესონ ქალის უფლებების სამართლებრივი დაცვა მამაკაცთან თანასწორ საფუძველზე და კომპეტენტური ეროვნული სასამართლოებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით უზრუნველყონ დისკრიმინაციის ნებისმიერი აქტისაგან ქალის ეფექტური დაცვა;
d. თავი შეიკავონ ქალის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული აქტისა თუ მოქმედებისაგან და უზრუნველყონ სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების მოქმედება ამ ვალდებულების შესაბამისად;
e. მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა ნებისმიერი პირის, ორგანიზაციისა თუ საწარმოს მხრიდან ქალის დისკრიმინაციის აღმისაფხვრელად;
f. მიიღონ ყველა შესაბამისი ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, იმ მოქმედი კანონების, დადგენილებების, ჩვეულებებისა და პრაქტიკის შასაცვლელად ან გასაუქმებლად, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს;
g. გააუქმონ თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის ყველა დებულება, რომელიც ქალის დისკრიმინაციას აწესებს.
მუხლი 3
მონაწილე სახელმწიფოები ყველა სფეროში, კერძოდ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში იღებენ შესაბამის ზომებს, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალის ყოველმხრივი განვითარებისა და პროგრესის უზრუნველსაყოფად, რათა მას მამაკაცთან თანასწორობის საფუძველზე შეექმნას ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სარგებლობისა და მათი განხორციელების გარანტია.
მუხლი 4
1. მონაწილე სახელმწიფოს მიერ, მამაკაცსა და ქალს შორის ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დასაჩქარებლად მიღებული დროებითი სპეციალური ზომები ამ კონვენციის განსაზღვრების მიხედვით, დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუმცა, მან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარი და განსხვავებული სტანდარტების შენარჩუნება; აღნიშნული ზომები უნდა გაუქმდეს, როცა მიღწეული იქნება მიზანი, რომელიც შესაძლებლობათა და მოპყრობის თანაბრობაში გამოიხატება.
2. მონაწილე სახელმწიფოების მიერ დედობის დასაცავად სპეციალური, მათ შორის ამ კონვენციით გათვალისწინებული ზომების მიღება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება.
მუხლი 5
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა:
a. შეცვალონ მამაკაცისა და ქალის ყოფაქცევის სოციალური და კულტურული მოდელები იმ ცრურწმენებისა და ჩვეულებების, აგრეთვე, მთელი დანარჩენი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, რომელიც ემყარება ერთ-ერთი სქესის არასრულფასოვნების ან უპირატესობის იდეას ან მამაკაცის და ქალის როლის სტერეოტიპულ გააზრებას.
b. უზრუნველყონ, რომ საოჯახო აღზრდა გულისხმობდეს დედობის, როგორც სოციალური ფუნქციის სწორ გაგებას და ბავშვის აღზრდისა და განვითარების საქმეში მამაკაცისა და ქალის საერთო პასუხისმგებლობის აღიარებას, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
მუხლი 6
მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას, საკანონმდებლოს ჩათვლით, ქალებით ყოველგვარი ვაჭრობისა და ქალის პროსტიტუციის ექსპლუატაციის აღსაკვეთად.
![]() |
3 ნაწილი II |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 7
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, კერძოდ, ქალისათვის, მამაკაცის თანასწორად, უზრუნველყოფენ უფლებას:
a. ხმა მისცეს ყველა არჩევნებსა და რეფერენდუმში, არჩეულ იქნას ნებისმიერ სახალხოდ არჩეულ ორგანოში;
b. მონაწილეობდეს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში და ეკავოს სახელმწიფო თანამდებობა, აგრეთვე, ახორციელებდეს ნებისმიერ საჯარო ფუნქციას, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დონეზე;
c. მონაწილეობდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების საქმიანობაში, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური პრობლემებით არიან დაკავებული.
მუხლი 8
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყონ ქალისათვის მამაკაცის თანასწორად და დისკრიმინაციის გარეშე საერთაშორისო დონეზე საკუთარი მთავრობის წარმომადგენლისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.
მუხლი 9
1. მონაწილე სახელმწიფოები ქალს უფლებრივად უთანაბრებენ მამაკაცს მის მიერ მოქალაქეობის შეძენის, შეცვლის და შენარჩუნების დროს. განსაკუთრებით, უზრუნველყოფენ, რომ უცხოელზე ქორწინებამ ან ქორწინების პერიოდში ქმრის მოქალაქეობის შეცვლამ არ გამოიწვიოს ცოლის მოქალაქეობის ავტომატური შეცვლა, არ აქციოს ის მოქალაქეობის არმქონე პირად და არ აიძულოს მას ქმრის მოქალაქეობის მიღება.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალს უფლებრივად უთანაბრებენ მამაკაცს შვილების მოქალაქეობის განსაზღვრისას.
![]() |
4 ნაწილი III |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 10
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, ქალი უზრუნველყონ მამაკაცის თანაბარი უფლებებით განათლების გარგში, კერძოდ:
a. პროფესიის ან სპეციალობის არჩევისას განათლების ხელმისაწვდომობის, ყველა კატეგორიის სასწავლო დაწესებულებების დიპლომის მიღების ერთნაირი პირობებით, როგორც სოფლის, ისე ქალაქის რაიონებში. ეს თანასწორობა უზრუნველყოფილ უნდა იქნას როგორც სკოლამდელი, ზოგადი, ტექნიკური და უმაღლესი ტექნიკური, ასევე ყველა ტიპის სპეციალური განათლებისათვის;
b. სწავლების ერთნაირი პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, თანაბარი კვალიფიკაციის მასწავლებელთა შემადგენლობის, თანაბარი ხარისხის სასკოლო შენობებისა და მოწყობილობების ხელმისაწვდომობა;
c. ყველა დონისა და ფორმის სასწავლებელში მამაკაცისა და ქალის როლის შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენების აღმოფხვრა ერთობლივი სწავლებისა და სწავლების სხვა ფორმების წახალისების გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას, კერძოდ, სახელმძღვანელოებისა და სასკოლო პროგრამების გადასინჯვითა და ამ მიზანთან სწავლების მეთოდების მისადაგებით;
d. სტიპენდიებისა და სხვა სასწავლო დახმარების მიღების თანაბარი შესაძლებლობა;
e. შემდგომი განათლების მიღების პროგრამების ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა, მოზრდილთა და ფუნქციური წიგნიერების პროგრამების ჩათვლით, რომელიც მამაკაცთა და ქალთა ცოდნაში არსებული ვაკუუმის სწრაფი შემცირებისაკენაა მიმართული;
f. სკოლადაუმთავრებელ გოგონათა რიცხვის შემცირება და პროგრამების შემუშავება იმ გოგონებისა და ქალებისათვის, რომელთაც ნაადრევად მიატოვეს სკოლა;
g. სპორტსა და ფიზიკურ მომზადებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;
h. ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციების ჩათვლით.
მუხლი 11
1. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, ქალი უზრუნველყონ მამაკაცის თანაბარი უფლებებით დასაქმების დარგში, კერძოდ:
a. შრომის უფლებით, როგორც ყოველი ადამიანის განუყოფელი უფლებით;
b. სამუშაოზე დაქირავების დროს ერთნაირი შესაძლებლობების უფლებით, დაქირავებისას შერჩევის თანაბარი კრიტერიუმების გამოყენების ჩათვლით;
c. პროფესიის ან სამუშაოს თავისუფალი არჩევის, თანამდებობრივი დაწინაურებისა და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე, ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობის, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით - მოწაფეობის, გაძლიერებული პროფესიული მომზადებისა და რეგულარული გადამზადების ჩათვლით;
d. თანაბარი ანაზღაურების, მათ შორის, შეღავათების მიღების, თანაბარი ღირებულების შრომისათვის თანაბარი პირობების, აგრეთვე, შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასებისადმი თანაბარი მიდგომის უფლებით;
e. სოციალური უზრუნველყოფის უფლებით, კერძოდ, პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, მოხუცებულობის და შრომისუნარიანობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში, აგრეთვე, ანაზღაურებადი შვებულების უფლებით;
f. ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის შთამომავლობის გაგრძელების ფუნქციის დაცვის უფლებით;
1. გათხოვებისა და დედობის მიზეზით ქალის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მისთვის შრომის ეფექტური გარანტიების შესაქმნელად, მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ შესაბამის ზომებს, რათა:
a. სანქციების გამოყენების მუქარით აკრძალონ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების საფუძველზე სამუშაოდან დათხოვნა ან დათხოვნისას ოჯახური პირობების გამო დისკრიმინაცია;
b. შემოიღონ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შესაბამისი სოციალური დახმარებით ორსულობისა და მშობიარობის გამო, მუშაობის წინანდელი ადგილის, თანამდებობისა და სოციალური დახმარების შენარჩუნებით;
c. წაახალისონ აუცილებელი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს შეეძლოთ საოჯახო მოვალეობათა შესრულება შეუთავსონ შრომით საქმიანობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, კერძოდ, საბავშვო დაწესებულებათა ქსელის შექმნისა და გაფართოების გზით;
d. უზრუნველყონ ორსულობის პერიოდში ქალების განსაკუთრებული დაცვა ისეთი სამუშაოსაგან, რომელმაც მათ ჯანმრთელობაზე შეიძლება მავნე გავლენა იქონიოს.
1. კანონმდებლობა, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვას ემსახურება, პერიოდულად განიხილება სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის შუქზე, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება გადასინჯვას, გაუქმებას ან გაფართოებას.
მუხლი 12
1. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის ჯანმრთელობის დაცვის დარგში, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ ქალისათვის სამედიცინო მიმსახურების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის I პუნქტის დებულებებისაგან დამოუკიდებლად, მონაწილე სახელმწიფოები ქალებს უზრუნველყოფენ შესაბამისი მომსახურებით ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში, აუცილებლობის შემთხვევაში უწევენ უფასო მომსახურებას, ასევე, ორსულობისა და მეძუძურობის პერიოდში უზრუნველყოფენ შესაბამისი კვებით.
მუხლი 13
მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, ქალი უზრუნველყონ მამაკაცის თანაბარი უფლებებით ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში, კერძოდ:
a. საოჯახო დახმარების უფლებით;
b. საბანკო კრედიტის, უძრავი ქონების გირავნობით სესხის და ფინანსური კრედიტის სხვა ფორმების მიღების უფლებით;
c. დასვენების, სპორტისა და კულტურული ცხოვრების ყველა დარგთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით.
მუხლი 14
1. მონაწილე სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სოფლად მცხოვრები ქალების განსაკუთრებულ პრობლემებს და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ისინი თავიანთი ოჯახების ეკონომიკური უზრუნველყოფის საქმეში თამაშობენ, მათ შორის, საქმიანობას მეურნეობის არასასაქონლო დარგებში, და მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას, სოფლად მცხოვრები ქალების მიმართ ამ კონვენციის დებულებათა გამოყენების უზრუნველსაყოფად.
2. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას სოფლის რაიონებში ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას ქალთა მონაწილეობა რაიონების განვითარებასა და ასეთი განვითარებისაგან სარგებლობის მიღებაში, კერძოდ, ასეთ ქალებს აღჭურვავენ უფლებით:
a. ყველა დონეზე მონაწილეობდნენ განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;
b. ხელი მიუწვდებოდეთ სამედიცინო მომსახურეობის შესაბამის საშუალებებზე, ოჯახის დაგეგმვის საკითხებზე ინფორმაციის, კონსულტაციებისა და მომსახურების ჩათვლით;
c. უშუალოდ იღებდნენ სარგებელს სოციალური დაზღვევის პროგრამებისაგან;
d. იღებდნენ ყველა სახის ფორმალურ და არაფორმალურ მომზადებასა და განთლებას, წიგნიერების ჩათვლით, აგრეთვე, სარგებლობდნენ სათემო მომსახურების და საკონსულტაციო მომსახურების ყველა საშუალებით, ტექნიკური მომზადების დონის ამაღლების მიზნით;
e. ქმნიდნენ თვითდახმარების ჯგუფებსა და კოოპერატივებს, ეკონომიკურ შესაძლებლობათა თანაბარი ხელმისაწვდომობის მიზნით დაქირავებული შრომის ან თვითდასაქმების საშუალებით;
f. მონაწილეობდნენ ყველა სახის კოლექტიურ საქმიანობაში;
g. ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ სასოფლო-სამეურნეო კრედიტი და სესხები, ისარგებლონ მარკეტინგის სისტემით, შესაბამისი ტექნოლოგიითა და მიწისა და აგრარულ რეფორმებში, აგრეთვე, ხელახლა დასახლების გეგმებში თანაბარი სტატუსით;
h. სარგებლობდნენ ცხოვრების სათანადო პირობებით, განსაკუთრებული საბინაო, სანიტარული, ელექტრო და წყალმომარაგებით, აგრეთვე ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურებასთან მიმართებაში.
![]() |
5 ნაწილი IV |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 15
1. მონაწილე სახელმწიფოები კანონის წინაში აღიარებენ ქალის მამაკაცთან თანასწორობას.
2. მონაწილე სახელმწიფოები ქალს ანიჭებენ მამაკაცის თანაბარ სამოქალაქო უფლებაუნარიანობას და მისით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობებს, კერძოდ, უზრუნველყოფენ ქალის თანაბარ უფლებებს ხელშეკრულებების დადებისა და ქონების მართვისას, აგრეთვე, მისდამი თანაბარ დამოკიდებულებას სასამართლოებსა და ტრიბუნალებში საქმის განხილვის ყველა ეტაპზე.
3. მონაწილე სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ ბათილად და ძალადაკარგულად ჩაითვალოს ნებისმიერი ხელშეკრულება და კერძო იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ქალის უფლებაუნარიანობის შეზღუდვა მოჰყვება.
4. მონაწილე სახელმწიფოები მამაკაცსა და ქალს ანიჭებენ თანაბარ უფლებებს გადაადგილების, ბინადრობისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლების კანონმდებლობასთან მიმართებაში.
მუხლი 16
1. მონაწილე სახელმწიფოები მიმართავენ ყველა შესაბამის ზომას ქალის დისკრიმინაციის ლიკვიდაციისათვის ქორწინებასა და საოჯახო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, კერძოდ, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყოფენ:
a. ქორწინებისას ერთნაირ უფლებებს;
b. მეუღლის თავისუფლად არჩევისა და მხოლოდ თავისუფალი და სრული თანხმობით ქორწინების თანაბარ უფლებებს;
c. ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს ერთნაირ უფლებებსა და მოვალეობებს;
d. მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, მათი ოჯახური მდგომარეობისაგან დამოუკიდებლად, შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში შვილების ინტერესები უპირატესია;
e. შვილების რაოდენობისა და მათ დაბადებას შორის დროის შუალედების საკითხის თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვეტის თანაბარ უფლებებს. აგრეთვე, ამ უფლებებით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაციისა და განათლების მიღების შესაძლებლობას;
f. მეურვეობასთან, მზრუნველობასთან, წარმომადგენლობასთან და შვილებთან ან ანალოგიური ფუნქციების შესრულებასთან მიმართებაში თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, როცა ამას ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს;
g. მეუღლეთა თანაბარ პირად უფლებებს, მათ შორის გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევასთან მიმართებაში;
h. მეუღლეთა ქონების მფლობელობის, შეძენის, მართვის, სარგებლობისა და განკარგვის თანაბარ უფლებას.
1. ბავშვის ნიშნობასა და ქორწინებას იურიდიული ძალა არა აქვს. მიღებულ უნდა იქნას ყველა ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, რათა სავალდებულო წესით განისაზღვროს ქორწინების მინიმალური ასაკი და ქორწინების აუცილებელი რეგისტრაცია სახელმწიფო რეესტრში.
![]() |
6 ნაწილი V |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 17
1. ამ კონვენციის განხორციელებისას მიღწეული პროგრესის განსახილველად არსდება ქალის დისკრიმინაციის სალიკვიდაციო კომიტეტი (შემდგომში „კომიტეტი“), რომელიც კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისათვის შედგება 18, ხოლო ოცდამეთხუთმეტე მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შემდეგ _ 23 მაღალი მორალური თვისებებისა და კომპეტენციის მქონე ექსპერტისაგან. მონაწილე სახელმწიფოები ექსპერტებს ირჩევენ საკუთარ მოქალაქეთაგან და ისინი მოქმედებენ პერსონალურად. ექსპერტების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სამართლიანი გეოგრაფიული განაწილება და სხვადასხვა ცივილიზაციების, აგრეთვე სამართლებრივი სისტემების წარმომადგენლობა.
2. კომიტეტის წევრებს ირჩევენ მონაწილე სახელმწიფოების მიერ დასახელებულ პირთაგან, ფარული კენჭისყრით. ყოველ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს 1 პირი თავის მოქალაქეთაგან.
3. პირველი არჩევნები ეწყობა ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 6 თვის შემდეგ. ყოველი არჩევნების მოწყობამდე სულ ცოტა 3 თვით ადრე გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის წერილს, წინადადებით, წარმოადგინონ თავიანთი კანდიდატურები 2 თვის განმავლობაში.
გენერალური მდივანი ადგენს სიას, რომელშიც ანბანური წესით შეჰყავს ყველა პირი იმ მონაწილე სახელმწიფოთა აღნიშვნით, რომლებმაც ისინი დაასახელეს, და წარუდგენს მონაწილე სახელმწიფოებს.
4. კომიტეტის წევრთა არჩევნები ეწყობა მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც იწვევს გენერალური მდივანი გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში. სხდომაზე, რომლის ქვორუმსაც მონაწილე სახელმწიფოთა 2/3 შეადგენს, კომიტეტში არჩეულ პირებად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც ხმათა მეტ რაოდენობას და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ.
5. კომიტეტის წევრებს ირჩევენ 4 წლის ვადით, თუმცა I-ლ არჩევნებში არჩეულ 9 წევრს უფლებამოსილების ვადა 2 წლის შემდეგ გაუდის; I არჩევნების მოწყობისთანავე, კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით ასახელებს ამ 9 წევრის გვარებს.
6. კომიტეტის დამატებით 5 წევრის არჩევა ხდება ამ მუხლის II, III და IV პუნქტების დებულებათა შესაბამისად ოცდამეთხუთმეტე სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიკაციის ან მასთან მიერთების შემდეგ. ამგვარად, არჩეულ 2 დამატებით წევრს უფლებამოსილების ვადა გაუდის 2 წლის შემდეგ; ამ 2 წევრის გვარებს ასახელებს კომიტეტის თავმჯდომარე წილისყრით.
7. გაუთვალისწინებელი ვაკანსიების შესავსებად, მონაწილე სახელმწიფო, რომლის ექსპერტმაც, როგორც კომიტეტის წევრმა, შეწყვიტა ფუნქციონირება, კომიტეტის თანხმობით ნიშნავს სხვა ექსპერტს თავის მოქალაქეთაგან.
8. კომიტეტის წევრები იღებენ გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ გასამრჯელოს გაერთიანებული ერების სახსრებიდან, კომიტეტის მნიშვნელობის გათვალისწინებით ასამბლეის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
9. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი უზრუნველყოფს კომიტეტს აუცილებელ პერსონალითა და მატერიალური საშუალებებით, კომიტეტის მიერ ამ კონვენციის შესაბამისი ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის.
მუხლი 18
1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს კომიტეტში განსახილველად წარუდგინონ მოხსენება მათ მიერ ამ კონვენციის დებულებათა შესასრულებლად მიღებული საკანონმდებლო, სასამართლო, ადმინისტრაციული, თუ სხვა ღონისძიებებისა და ამასთან დაკავშირებით მიღწეული წარმატებების თაობაზე:
a. დაინტერესებული სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 1 წლის განმავლობაში;
b. ამის შემდგომ ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მაინც და მომავალში კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად.
1. მოხსენებაში შეიძლება მითითებულ იქნას ის ფაქტორები და სიძნელეები, რომლებიც ამ კონვენციით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ხარისხზე გავლენას ახდენენ.
მუხლი 19
1. კომიტეტი ამტკიცებს პროცედურის საკუთარ წესებს.
2. კომიტეტი თანამდებობის პირებს ირჩევს 2 წლით.
მუხლი 20
1. კომიტეტი ყოველწლიურად არა უმეტეს 2 კვირის განმავლობაში იკრიბება. ამ კონვენციის XVIII მუხლის შესაბამისად წარმოდგენილ მოხსენებათა განსახილველად.
2. კომიტეტის სხდომები, ჩვეულებრივ, იმართება გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში ან ნებისმიერ სხვა შესაფერის ადგილას, რომელსაც კომიტეტი განსაზღვრავს.
მუხლი 21
1. კომიტეტი, ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მეშვეობით, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას ყოველწლიურად წარუდგენს მოხსენებას თავისი საქმიანობის შესახებ და მონაწილე სახელმწიფოთაგან მიღებული მოხსენებებისა და ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე ამზადებს ზოგადი ხასიათის წინადადებებსა და რეკომენდაციებს. ასეთი წინადადებები და
რეკომენდაციები კომიტეტის მოხსენებაში შეაქვთ მონაწილე სახელმწიფოების შენიშვნებთან ერთად, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში.
2. გენერალური მდივანი კომიტეტის მოხსენებებს ინფორმაციისათვის უგზავნის კომისიას ქალის სტატუსის შესახებ.
მუხლი 22
სპეციალიზებულ დაწესებულებებს უფლება აქვთ წარმოდგენილი იყვნენ ამ კონვენციის ისეთი დებულებების განხორციელების საკითხების განხილვისას, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება. კომიტეტს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს მოუწოდოს, წარმოადგინონ მოხსენებები კონვენციის განხორციელების შესახებ იმ დარგებში, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება.
![]() |
7 ნაწილი VI |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 23
ეს კონვენცია არ ზღუდავს მამაკაცსა და ქალს შორის თანასწორობის მიღწევის უფრო მეტად ხელშემწყობ სხვა დებულებებს, რომლებსაც შეიძლება შეიცავდეს:
ა. მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა, ან
ბ. რომელიმე სხვა საერთაშორისო კონვენცია, ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომელიც ამ სახელმწიფოსათვის ძალაშია.
მუხლი 24
მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, მიმართონ ყველა აუცილებელ ზომას ეროვნულ დონეზე ამ კონვენციით აღიარებული უფლებების სრული რეალიზაციის მისაღწევად.
მუხლი 25
1. ეს კონვენცია ხელმოსაწერად ღიაა ყველა სახელმწიფოსათვის.
2. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი დანიშნულია ამ კონვენციის დეპოზიტორად.
3. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, სარატიფიკაციო სიგელები შესანახად ბარდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს.
4. ეს კონვენცია ღიაა მისაერთებლად ყველა სახელმწიფოსათვის. მიერთება ხდება გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის მიერთების დოკუმენტის გადაცემით.
მუხლი 26
1. ამ კონვენციის გადასინჯვის თაობაზე თხოვნა შეიძლება წარმოადგინოს ნებისმიერმა მონაწილე სახელმწიფომ გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის წერილობითი შეტყობინებით.
2. გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა იღებს გადაწყვეტილებას ასეთი თხოვნის შესაბამისად საჭირო რაიმე ღონისძიებების განსახორციელებლად.
მუხლი 27
1. ეს კონვენცია ძალაშია გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემიდან ოცდამეათე დღეს.
2. ყოველი სახელმწიფოსათვის, რომელიც ამ კონვენციის რატიფიკაციას მოახდენს ან მიუერთდება მას მეოცე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემის შემდეგ, ეს კონვენცია ძალაში შედის მისი სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის გადაცემის ოცდამეათე დღეს.
მუხლი 28
1. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იღებს და ყველა სახელმწიფოს უგზავნის რატიფიკაციის ან მიერთების მომენტში სახელმწიფოთა მიერ გაკეთებულ დათქმათა ტექსტს.
2. დათქმა, რომელიც შეუთავსებელია ამ კონვენციის მიზნებსა და ამოცანებთან, არ მიიღება.
3. დათქმები შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ დროს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შესაბამისი შეტყობინებით. გენერალური მდივანი ამის შესახებ აცნობებს ყველა მონაწილე სახელმწიფოს. ასეთი შეტყობინება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.
მუხლი 29
1. თუ ორ ან რამდენიმე მონაწილე სახელმწიფოს შორის ამ კონვენციის განმარტებისა თუ გამოყენების თაობაზე არსებული დავა მოლაპარაკების გზით ვერ გადაწყდება, ერთ-ერთი მათგანის თხოვნით იგი არბიტრაჟისათვის გადაეცემა. თუ საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე განცხადების შეტანიდან 6 თვის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან საარბიტრაჟო განხილვის ორგანიზებაზე, ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დავის საერთაშორისო სამართალში გადატანა, ამ სასამართლო სტატუსის შესაბამისად.
2. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის ან რატიფიკაციის ან მასთან მიერთების დროს შეუძლია თავი შეიკავოს ამ მუხლის I პუნქტის დებულებების სავალდებულო ძალის აღიარებისაგან. სხვა მონაწილე სახელმწიფოებს არ ეკისრებათ ამ მუხლის მითითებული პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებები იმ მონაწილე სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ამგვარი დათქმა გააკეთა.
3. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს, რომელმაც ამ მუხლის II პუნქტის თანახმად დათქმა გააკეთა, შეუძლია ნებისმიერ დროს გაერთიანებული ერების გენერალური მდივნისათვის შეტყობინებით გააუქმოს თავისი დათქმა.
მუხლი 30
ეს კონვენცია, რომლის თანაბრად ავტენტური ტექსტი შედგენილია არაბულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და ჩინურ ენებზე, დეპონირებულ უნდა იქნას გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.