![]() |
კონკურენცია, როგორც აღმოჩენის პროცედურა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ხანთაძე დავითი |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © ხანთაძე დავითი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 I |
▲ზევით დაბრუნება |
იმ საყვედურისას, რომ უკანასკნელი 40 თუ 50 წლის განმავლობაში ეკონომისტები კონკურენციას ისეთი პირობების დაშვებით იკვლევდნენ, რომელთა რეალური არსებობაც მას სრულიად უინტერესოს და უფუნქციოს გახდიდა, ჩვენი დარგის მეცნიერთა დაცვა არ იქნებოდა ადვილი. ყველაფერი ის, რასაც ეკონომიკის თეორია „მონაცემებს“ უწოდებს, ვინმემ მართლა რომ იცოდეს, ჩვენი გეგმების ამ ფაქტებზე მორგებისთვის კონკურენციის მექანიზმის გამოყენება ნამდვილი მფლანგველობა იქნებოდა და, აქედან გამომდინარე, ბაზრის ინსტიტუტის საჭიროებასთან დაკავშირებით არც ზოგიერთი ავტორის სრული სკეპტიციზმია მოულოდნელი და არც მოსაზრება, რომ უკიდურეს შემთხვევაში, მისი შედეგები მხოლოდ სოციალური პროდუქტის მისაღებად გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის მანიპულაცია, შესწორება ან გადანაწილება ჩვენს ნებას სრულად ექვემდებარება. სხვები კი, რომლებმაც, როგორც ჩანს, კონკურენციის შესახებ წარმოდგენა თანამედროვე სახელმძღვანელოების მეშვეობით შეიქმნეს, მიიჩნევენ, რომ ეს უკანასკნელი საერთოდ არც არსებობს.
ამასთან დაკავშირებით სასარგებლო იქნება იმის გახსენება, რომ კონკურენციის მეთოდის გამოყენება მხოლოდ იმით შეიძლება გავამართლოთ, რომ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც კონკურენციის სუბიექტების ქმედებებს განსაზღვრავს, ჩვენთვის მიუწვდომელია. სპორტში თუ გამოცდებისას, სახელმწიფო დაკვეთების გაცემისას, პოეზიის შედევრებისთვის პრემიების მინიჭებისას და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მეცნიერების შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებულის წინასწარი ცოდნა კონკურენციას აბსურდად აქცევდა. ამიტომ, მსურს, და ეს უკვე მოხსენების სათაურშიც გაცხადდა, კონკურენცია ისეთი ფაქტების აღმოჩენის მეთოდად მივიჩნიო, რომლებიც, ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, უცნობი დარჩებოდა ან მათი გამოყენება შეუძლებელი იქნებოდა.
ის, რომ კონკურენციის შემთხვევაში საქმე გვაქვს აღმოჩენის პროცედურის სწორედ ასეთ სახეობასთან, თავიდან შეიძლება იმდენად თავისთავად ფაქტად გვეჩვენებოდეს, რომ ამის აღნიშვნა ზედმეტადაც ჩაგვეთვალა. თუმცა, ამ ფაქტის არაორაზროვანი კონსტატაციიდან უშუალოდ გამომდინარე დასკვნები არცთუ თავისთავადი მოჩანს. მათგან პირველი ისაა, რომ კონკურენცია მხოლოდ იმიტომ და იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისი შედეგები წინასწარ უცნობია და მთლიანობაში განსხვავდება იმისგან, რის მიღწევასაც ვინმე დაისახავდა მიზნად, ასევე იმიტომ, რომ მისი მოქმედების დადებითი შედეგები იმაშიც გამოჩნდება, რომ იგი გარკვეული გეგმების ჩაშლას და გარკვეული მოლოდინების გაწბილებას იწვევს.
მეორე, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული პირველთან, მეთოდოლოგიური ხასიათისაა. იგი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან იმ მთავარ მიზეზზე მიუთითებს, რომლის გამოც უკანასკნელი 20 თუ 30 წლის განმავლობაში მიკროთეორიას, ეკონომიკის მიკროსტრუქტურის ანალიზს _ ერთადერთ მეთოდს, რომელსაც შეუძლია ნათელყოს კონკურენციის მნიშვნელობა - რეპუტაცია საგრძნობლად შეერყა და, როგორც ჩანს, სწორედ ამის შედეგი უნდა იყოს, რომ მრავალ ,,ეკონომისტს“ იგი საერთოდ არ ესმის. ამიტომ, მსურს დასაწყისშივე ორიოდე სიტყვით აღვნიშნო კონკურენციის ნებისმიერი თეორიის ის განსაკუთრებული მეთოდოლოგიური თვისება, რომელიც მისგან გამომდინარე დასკვნებს საეჭვოდ ხდის მათთვის, ვინც, ჩვეულებისამებრ, უპირატესად მარტივი კრიტერიუმის გამოყენებით წყვეტს, თუ რის აღიარება შეუძლია მას მეცნიერული თვალსაზრისით მისაღებად და რის არა.
კერძოდ, კონკურენციის გამამართლებელი ერთადერთი მიზეზიდან უცილობლად გამომდინარეობს, რომ კონკურენციის თეორიის მართებულობას იმ შემთხვევისთვის, რომლისთვისაც ის საინტერესოა, ემპირიულად ვერასოდეს შევამოწმებთ. რა თქმა უნდა, თეორიის გადამოწმება შესაძლებელია ჩვენ მიერ კონსტრუირებული ლოგიკური მოდელების მეშვეობით; და, პრინციპულად, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ მას ექსპერიმენტულად - ხელოვნურად შექმნილი სიტუაციების მეშვეობით - გადავამოწმებთ, სადაც ყველა ის ფაქტი, რომელიც კონკურენციამ უნდა წარმოაჩინოს, დამკვირვებლისთვის წინასწარაა ცნობილი. მაგრამ ასეთ შემთხვევაში ექსპერიმენტის შედეგი ნაკლებად საინტერესო იქნებოდა და მისი განხორციელება, ალბათ, არ გაამართლებდა გაწეულ ხარჯებს. მაგრამ, თუ ფაქტები, რომელთა აღმოჩენასაც კონკურენციის მეშვეობით ვიმედოვნებთ, წინასწარ არაა ჩვენთვის ცნობილი, მაშინ ვერც იმას დავადგენთ, თუ რამდენად ეფექტიანად წარმოაჩენს ეს უკანასკნელი ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომელთა აღმოჩენაც იქნებოდა შესაძლებელი. ემპირიულად მხოლოდ იმის დადგენა შეიძლება, რომ ნებისმიერი საზოგადოება, რომელიც საამისოდ კონკურენციას იყენებს, შედეგს უფრო მაღალი ხარისხით აღწევს, ვიდრე სხვები - და ამ მოსაზრებას, ჩემი აზრით, ცივილიზაციის ისტორია დამაჯერებლად ადასტურებს.
განსაკუთრებული გარემოება, რომ კონკურენციის შედეგის გამოცდილების სფეროში გადამოწმება სწორედ ჩვენთვის განსაკუთრებით აქტუალურ შემთხვევებშია შეუძლებელი, მას, სხვათა შორის, მეცნიერების სფეროში აღმოჩენის პროცედურის თავისებურებასთან აერთიანებს, სადაც ასევე შეუძლებელია დამკვიდრებული მეცნიერული პროცედურების უპირატესობის მეცნიერულად დასაბუთება, რომლებიც მხოლოდ იმიტომაა აღიარებული, რომ მათ სხვა პროცედურებთან შედარებით უკეთეს შედეგებამდე მიგვიყვანეს.3
განსხვავება ეკონომიკურ კონკურენციასა და მეცნიერების წარმატებულ პროცედურას შორის იმაშია, რომ პირველი ცალკეული ცვალებადი გარემოებების აღმოჩენის მეთოდს წარმოადგენს, მაშინ, როდესაც მეცნიერება ისეთ აღმოჩენებს ისახავს მიზნად, ხანდახან „ზოგად ფაქტებს“ რომ უწოდებენ, ანუ მოვლენებს შორის კანონზომიერებების დადგენას, ცალკეული, განუმეორებელი ფაქტები კი მას იმდენად აინტერესებს, რამდენადაც ისინი მისი თეორიის უარყოფას ან დადასტურებას ემსახურება. რადგან, ამ შემთხვევაში, საქმე ჩვენი სამყაროს ზოგად და მუდმივ თვისებებთან გვაქვს, მეცნიერულ აღმოჩენებს საკმაო დრო აქვს რათა დაამტკიცოს საკუთარი მნიშვნელობა, მაშინ როცა ცალკეული გარემოებების სარგებლიანობა, რომელსაც ეკონომიკური კონკურენცია წარმოაჩენს, დიდ წილად წარმავალია. იმაზე მითითებით, რომ მეცნიერული მეთოდოლოგიის თეორიის მეშვეობით შეუძლებელია, მეცნიერების შესაძლო აღმოჩენის პროგნოზის გადამოწმება, ადვილია მეცნიერული მეთოდოლოგიის თეორიის დისკრედიტაციაც, როგორც ეს მოხდა ბაზრის თეორიის შემთხვევაში, იმაზე მითითებით, რომ მისი მეშვეობით ვერ ხერხდება საბაზრო პროცესის კონკრეტული შედეგების პროგნოზი. ამ თეორიას, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, არ შეუძლია ამის მიღწევა კონკურენციის ყოველი მართებული გამოყენებისას. როგორც ვნახავთ, ამ თეორიის პროგნოზის უნარი ძალაუნებურად იმ სტრუქტურის ან აბსტრაქტული წესრიგის პროგნოზით შემოიფარგლება, რომელიც მომავალში ჩამოყალიბდება, მაგრამ არ მოიცავს მისი ცალკეული ფაქტების და კონკრეტული მოვლენების პროგნოზს.4
_________________
1.მოხსენება, რომელიც სხვადასხვა რედაქციით არსებობს, ავტორმა პირველად წაიკითხა ჩიკაგოში, 1968-წლის 29 მარტს (გამოქვეყნებული გერმანული ვერსიის II, III და VII თავების გარეშე), ფილადელფიის საზოგადოების წინაშე „Competition as a Discovery Procedure“-სახელწოდებით, და ხელმეორედ უკვე გერმანულ ენაზე, სახელწოდებით „კონკურენცია, როგორც აღმოჩენის პროცედურა“ კილის უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში (გამოქვეყნებული გერმანული ვერსიის VI თავის გარეშე), 1968 წლის 5 ივლისს.
2. გამოქვეყნებულ ინგლისურად ვერსიაში ჰაიეკმა დაამატა შემდეგი სქოლიო: “აღნიშნული მოხსენების შემდეგ გავეცანი ლეოპოლდ ფონ ვიზეს სტატიას „კონკურენცია, უპირველეს ყოვლისა, სოციოლოგიურ-სისტემურ ასპექტში“, გერმანელი სოციოლოგების მე-6. ყრილობა, 1929, სადაც 27-ე გვერდზე იგი განიხილავს „კონკურენციის“ ექსპერიმენტულ ბუნებას.
3. შდრ. ამ პრობლემებთან დაკავშირებით პოლანი, მ., თავისუფლების ლოგიკა, ჩიკაგო (ილინოისი), ჩიკაგოს უნივერსიტეტი, 1951, სადაც ავტორი მეცნიერული კვლევის მეთოდების შესწავლიდან ეკონომიკური კონკურენციის მეთოდების შესწავლაზე გადადის. შდრ. აგრეთვე კ.რ. პოპერი, კვლევის ლოგიკა, მე-2 გამოცემა, თიუბინგენი, მორ ზიბეკი, 1966 (მე-10 გამოცემა. 1994), 16.
4. შდრ. ფ.ა. ჰაიეკი, „The Theory of Complex Phenomena“, in: Bunge, M. (ed.): The Critical Approach in Science and Philosophy, London and New York 1964. , )
![]() |
2 I I |
▲ზევით დაბრუნება |
მართალია, ეს კიდევ უფრო მაშორებს ჩემს მთავარ თემას, მაგრამ მაინც მინდა რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო მეცნიერულობის მცდარი კრიტერიუმების გამოყენებით განპირობებული მიკროთეორიით იმედგაცრუების გამო მიღებული შედეგები, რაც, როგორც ჩანს, იმის მთავარი მიზეზი გახდა, რომ ეკონომისტების დიდმა ნაწილმა მას ზურგი შეაქცია და დაინტერესდა ეგრეთ წოდებული მაკროთეორიით, რომელიც, თითქოს, უკეთ შეესაბამება მეცნიერულობის კრიტერიუმებს, რადგან მიზნად კონკრეტული მოვლენების პროგნოზს ისახავს. თუმცა, ჩემი აზრით, იგი სინამდვილეში გაცილებით ნაკლებად მეცნიერულია და, საერთოდაც, მკაცრი გაგებით, არა აქვს უფლება ჰქონდეს თეორიულ მეცნიერებად წოდების ამბიცია.
ამ თვალსაზრისს ის რწმენა წარმოშობს, რომ ეკონომიკის მაკროსტრუქტურა მხოლოდ იმ კანონზომიერებებს ავლენს, რომლებიც მიკროსტრუქტურის შედეგია და იმ ერთობლიობებს ან საშუალო მონაცემებს, რომლებსაც სტატისტიკის მეშვეობით ვადგენთ, მიკროსტრუქტურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენთვის არანაირი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია. შეხედულება, რომ თეორიებს იმგვარად უნდა ვაყალიბებდეთ, რომ შესაძლებელი იყოს დადგენილ სტატისტიკურ ან სხვა გაზომვად სიდიდეებზე მათი უშუალო მორგება, ჩემი აზრით, მეთოდოლოგიური შეცდომაა, რაც, იმ შემთხვევაში, თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ამ პრინციპით იხელმძღვანელებდა, მათ განვითარებას ძალზე შეაფერხებდა. თეორიებისგან მხოლოდ იმას შეიძლება ველოდოთ, რომ შესაბამისი მონაცემების გამოყენებით ისეთი დასკვნების გაკეთებას შევძლებთ, რომელთა გადამოწმებაც რეალობის მეშვეობითაა შესაძლებელი. ხოლო მოსაზრება, რომ ჩვენს სფეროში ვერასოდეს შევძლებთ ამ კონკრეტული მონაცემების სრულყოფილ თავმოყრას მათი მრავალმხრივობისა და სირთულის გამო, უცილობელი ფაქტია, მაგრამ არა თეორიის ხარვეზი. იგი ჩვენი თეორიების მეშვეობით მხოლოდ ძალზე ზოგადი მოსაზრებების ჩამოყალიბების, ანუ ზოგადი სტრუქტურის პროგნოზის საშუალების იძლევა - „pattern precidions“, როგორც ამას სხვა ადგილას ვუწოდე,1 და ჩვენ პრინციპულად არ შეგვიძლია ცალკეული მოვლენების შესახებ კონკრეტული პროგნოზების გაკეთება. თუმცა ეს ის არაა, რომ გვქონდეს ჩვენს ხელთ არსებულ სიდიდეებს შორის ცალსახა კავშირის დადგენის იმედი, ან ვამტკიცოთ, რომ ეს მეცნიერული შემეცნების ერთადერთი მეთოდია - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიცით, რომ რეალობის იმ ბუნდოვან ასახვაში, რომელსაც ჩვენ სტატისტიკას ვუწოდებთ, ერთობლიობების და საშუალო მონაცემების სახით ბევრ ისეთ რაღაცას ვაერთიანებთ, რომელთა მიზეზობრივი მნიშვნელობა განსხვავებულია. ჩვენ ხელთ არსებულ ინფორმაციაზე თეორიის იმგვარი მორგება, რომ მოცემულმა სიდიდეებმა უშუალოდ თეორიაში იპოვონ ადგილი, მეცნიერული თეორიის მცდარი პრინციპია.
სტატისტიკური სიდიდეები - ეროვნული შემოსავალი, ინვესტიციები, ფასის დონე ან წარმოების მოცულობა - ეს ისეთი სიდიდეებია, რომლებიც საკუთარი მნიშვნელობის განსაზღვრაში არავითარ როლს არ თამაშობს. მართალია, მათზე დაკვირვებისას გარკვეული კანონზომიერებების დადგენა ხერხდება (,,ემპირიული კანონების“ იმ სპეციფიკური, თეორიული კანონების საპირისპირო მნიშვნელობით, რომლითაც მათ კარლ მენგერი იყენებდა), რომლებიც ხშირად მართლდება, თუმცა არა ყოველთვის. მაგრამ მაკროთეორიის მეშვეობით ჩვენ ვერასოდეს შევძლებდით იმ პირობების დადგენას, რომლებიც მათი მართებულობის წინაპირობას ქმნის.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებულ მაკროთეორიას სრულიად უსარგებლოდ მივიჩნევ. რადგან მრავალ მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას ვფლობთ, ხოლო მიკროსტრუქტურული ცვლილებების შესახებ მონაცემები საერთოდ არ გაგვაჩნია, იგი, ხშირად, მხოლოდ მიახლოებით მონაცემებს ან, სავარაუდოდ, ისეთ პროგნოზებს გვაწვდის, რომელთა გაკეთებასაც ჩვენ სხვა გზით ვერ შევძლებდით. ჩვენი არგუმენტების იმ დაშვებაზე დაფუძნება, რომ, მაგალითად, მთლიანი მოთხოვნის ზრდა ინვესტიციების უფრო დიდ ზრდას გამოიწვევს, ხშირად შეიძლება სასარგებლო იყოს, თუმცა ვიცით, რომ გარკვეულ პირობებში საწინააღმდეგო შემთხვევასთან გვექნება საქმე. რა თქმა უნდა, მაკროეკონომიკის აღნიშნულ თეორიებს, როგორც პროგნოზების ჩამოყალიბების ძირითად წესებს, არასაკმარისი ინფორმაციის შემთხვევაში აქვს ერთგვარი ღირებულება. მაგრამ, ჩემი აზრით, ისინი მეცნიერულად არათუ მიკროეკონომიკის თეორიებზე ნაკლებად სანდოა, არამედ, მკაცრი გაგებით, საერთოდ მოკლებულია მეცნიერულობას.
უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხში დღეს უფრო მეტად ვეთანხმები ახალგაზრდა შუმპეტერის მოსაზრებებს, ვიდრე ხანდაზმულისას, რომლის პასუხისმგებლობაც მაკრო-თეორიის აღორძინების საქმეში არცთუ მცირეა. ზუსტად 60 წლის წინათ ახალგაზრდა შუმპეტერი თავის პირველ _ და ბრწყინვალე _ ნაშრომში2 ეკონომიკური თეორიის მეთოდის აღსანიშნავად „მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის“ ცნების შემოტანის მომდევნო რამდენიმე გვერდის შემდეგ წერდა: “თუ ჩვენი თეორიის ცრუ შეხედულებების და გარედან მომდინარე მოთხოვნების გარეშე აგებას შევეცდებით, მაშინ ეს ცნებები [‚,ეროვნული შემოსავალი“, ‚,ეროვნული ქონება“, ,‚სოციალური კაპიტალი“] ზედმეტი გახდებოდა. ამიტომ, მათ შემდგომში აღარ განვიხილავთ; ხოლო მათი გამოყენების შემთხვევაში დავინახავდით, თუ რამდენი ბუნდოვნებისა და სირთულის, რამდენი მცდარი შეხედულების მიზეზად გვევლინება ისინი ისე, რომ ერთ მნიშვნელოვან თეორიამდეც ვერ მივყავართ.“
___________
1. შდრ. ფ.ა. ჰაიეკი „The Theory of Complex Phenomen“, მითითებულ ადგილას., 251.
2. შუმპერტი, ი., თეორიული ეკონომიკის არსი და ძირითადი შინაარსი, ლაოფციგი: Duncer &Humbolt, 1908, 97.
![]() |
3 III |
▲ზევით დაბრუნება |
ახლა კი, რაც ჩემი დიდი ხნის სათქმელი ვთქვი, მოხსენების მთავარ თემას შემდეგი დაკვირვებით მსურს დავუბრუნდე - რომ ბაზრის თეორია ხშირად კონკურენციის ჭეშმარიტ გააზრებას მცირერიცხოვანი საქონლის „მოცემული რაოდენობის“ დაშვებით აფერხებს. მაგრამ, რომელი საქონელია მცირერიცხოვანი და რომელი ნივთია საქონელი ან რამდენად მცირერიცხოვანი, ან რამდენად ძვირფასია ის, ერთ-ერთი იმ გარემოებათაგანია, კონკურენციამ რომ უნდა აღმოაჩინოს: ცალკეული ინდივიდი მხოლოდ საბაზრო პროცესის წინასწარი შედეგების საფუძველზე დაასკვნის, თუ საით უნდა მიმართოს მან თავისი ყურადღება. განვითარებულ შრომის დანაწილებაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში ფართოდ გაფანტული ცოდნის გამოყენება არ შეიძლება იმას ემყარებოდეს, რომ ცალკეული ინდივიდი ფლობს ცოდნას საკუთარ გარემოში არსებული საგნების ყველა კონკრეტული გამოყენების საშუალების შესახებ. მათი ყურადღება იმ ფასებზეა ორიენტირებული, რომელსაც ბაზარი სხვადასხვა საქონლისა და მომსახურებისთვის სთავაზობს. ეს, ყველაფერთან ერთად, იმასაც გულისხმობს, რომ ცალკეული ინდივიდის ცოდნისა და ჩვევების განსაკუთრებული და, გარკვეული კუთხით, უნიკალური კომბინაცია, არა მარტო - და არავითარ შემთხვევაში პირველ რიგში - ის ცოდნაა, რომლის სრულყოფილი აღწერაც ან ცენტრალური ორგანოსთვის მიწოდებაც შეეძლება თითოეულ მათგანს. ცოდნა, რომელზეც მე ვსაუბრობ, პირველ რიგში, არის განსაკუთრებული გარემოებების აღმოჩენის უნარია, რომელსაც ცალკეული ინდივიდი მხოლოდ მაშინ გამოიყენებს ეფექტიანად, როდესაც ბაზარი უკარნახებს, თუ რა სახის ნივთებზე და მომსახურებაზე არსებობს მოთხოვნა და რამდენად საშურია მისი დაკმაყოფილება.
ეს მინიშნება საკმარისი უნდა იყოს იმის გასაგებად, თუ რა სახის ცოდნაზე ვსაუბრობ, როდესაც კონკურენციას აღმოჩენის პროცედურას ვუწოდებ. ძალიან შორს წამიყვანდა იმის მცდელობა, რაც შეიძლება კონკრეტული გამეხადა არგუმენტაცია, იმდენად, რომ ნათლად მეჩვენებინა ამ პროცესის მნიშვნელობა. თუმცა ის, რაც ვთქვი, საკმარისი უნდა იყოს ტრადიციული მიდგომის აბსურდულობის საჩვენებლად, რომელიც ეფუძნება დაშვებას, რომ ჩვენთვის უკვე ცნობილია ყველა მნიშვნელოვანი გარემოება - მდგომარეობა, რომელსაც თეორია, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, სრულყოფილ კონკურენციას უწოდებს, თუმცა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ჩვენ კონკურენციას ვუწოდებთ, აქ ადგილი აღარ რჩება და სადაც ივარაუდება, რომ თავისი ფუნქცია მან უკვე შეასრულა. თუმცა ახლა ის საკითხი უნდა განვიხილო, რომელთან დაკავშირებითაც უფრო დიდი გაუგებრობა სუფევს, კერძოდ, იმ მტკიცებულების მნიშვნელობა, რომ ბაზარი ცალკეული ინდივიდების გეგმებს ასეთი სახით აღმოჩენილ ფაქტებს სპონტანურად არგებს, ანუ საკითხი, თუ რა მიზანს ემსახურება ამ სახით მოპოვებული ინფორმაცია.
ამასთან დაკავშირებით არსებული გაუგებრობა, უპირველეს ყოვლისა, მცდარ წარმოდგენას უკავშირდება, რომ ბაზრის მოქმედების შედეგად წარმოქმნილი წესრიგი შეიძლება მეურნეობად მივიჩნიოთ ამ სიტყვის მკაცრი გაგებით და, ამიტომ, მისი შედეგები იმ კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს, რომლებიც სინამდვილეში მხოლოდ ასეთი ინდივიდუალური მეურნეობის შემთხვევაშია მართებული. ეს კრიტერიუმები, რომლებიც ძალაშია ჭეშმარიტი მეურნეობისთვის, სადაც მთელი ძალისხმევა ერთიანი მიზნების მიღწევისკენაა მიმართული, გარკვეულ წილად სრულიად უმნიშვნელოა იმ რთული სტრუქტურის შემთხვევაში, რომელიც მრავალ ინდივიდუალურ მეურნეობას მოიცავს და რომელსაც ჩვენ, სამწუხაროდ, იმავე სიტყვით - „მეურნეობა“1 - აღვნიშნავთ. მეურნეობა, ამ სიტყვის უშუალო გაგებით, წარმოადგენს ორგანიზაციას ან სისტემას, სადაც რესურსების გამოყენება ერთიანი მიზნების იერარქიის გეგმაზომიერ განხორციელებას ემსახურება. სპონტანური წესრიგი, რომელსაც ბაზარი ქმნის, სრულიად სხვა ბუნებისაა. მაგრამ გარემოება, რომ ის ინდივიდუალური მეურნეობისგან ძალზე განსხვავდება, განსაკუთრებით კი იმით, რომ ყოველთვის არ უზრუნველყოფს ადამიანების მიერ უპირატესად მიჩნეული მიზნების ნაკლებად მნიშვნელოვან მიზნებზე ადრე შესრულებას, ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რატომ არიან ადამიანები მის მიმართ ნეგატიურად განწყობილი. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ სოციალიზმი სხვას არაფერს ისახავს მიზნად, თუ არა კატალაქსიის - როგორც, სიტყვა მეურნეობის თავის არიდების მიზნით, მირჩევნია მოვიხსენიო საბაზრო წესრიგი - ჭეშმარიტ მეურნეობად გადაქცევას, სადაც იმას, თუ რომელი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და რომელი არა, ერთიან ფასეულობათა იერარქია განსაზღვრავს.
ეს გავრცელებული სურვილი ორ პრობლემას წარმოშობს. პირველი, ჭეშმარიტი მეურნეობის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, როგორც ეს ნებისმიერი ორგანიზაციის მართვისას ხდება, შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ორგანიზაციის ან მისი ხელმძღვანელის ცოდნას. მეორე, ასეთი, ერთ გეგმას დაქვემდებარებულ ჭეშმარიტ ორგანიზაციად გაგებული მეურნეობის ყველა წევრი მიზანთა ერთიან იერარქიას უნდა ემსახურებოდეს, რასაც უპირისპირდება სპონტანური საბაზრო წესრიგის, ანუ კატალაქსიის ორივე უპირატესობა: მას ყველა მონაწილის ცოდნის გამოყენება შეუძლია, და იგი ყველა მისი ცალკეული მონაწილის მრავალმხრივი და ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნების მიღწევას ემსახურება.
ის ფაქტი, რომ კატალაქსია ერთიან მიზანთა არც ერთ სისტემას არ ემსახურება, მრავალი, კარგად ნაცნობი სირთულის მიზეზია, რომელიც არა მარტო სოციალისტებს, არამედ ყველა იმ ეკონომისტს აღელვებს, რომლებსაც საბაზრო წესრიგის მუშაობის შეფასების სურვილი ამოძრავებთ: რადგან, თუ საბაზრო წესრიგი მიზანთა რომელიმე კონკრეტულ იერარქიას არ ემსახურება, უფრო მეტიც, როცა მასზე შეუძლებელია ითქვას, ნებისმიერი სპონტანურად ჩამოყალიბებულ წესრიგის მსგავსად, რომ მას კონკრეტული მიზნები აქვს, მაშინ მისი შედეგების ღირებულება შეუძლებელია ცალკეული პროდუქტების ჯამად წარმოვაჩინოთ. მაგრამ რას ვგულისხმობთ, როდესაც ვამტკიცებთ, რომ საბაზრო წესრიგის შედეგია (გარკვეული მნიშვნელობით) მაქსიმუმი ან ოპტიმუმი.
პასუხის ამოსავალ წერტილს იმის გააზრება უნდა ქმნიდეს, რომ, თუმცა სპონტანური წესრიგი კონკრეტული, ცალკეული მიზნისთვის არ შექმნილა და, ამდენად, არც რამე ცალკეულ, კონკრეტულ მიზანს ემსახურება, იგი მაინც, მრავალი ცალკეული მიზნის შესრულებას უწყობს ხელს, რომელიც მთლიანობაში არავისთვისაა ცნობილი. ცალკეულ ინდივიდებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ რაციონალური და წარმატებული ქმედება, თუ მათ ირგვლივ არსებული გარემო მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია; ცხადია, მნიშვნელოვანია იმ პირობების შექმნა, რომელთა არსებობაც შეძლებისდაგვარად აუმჯობესებს ნებისმიერი, სრულიად შემთხვევითი ინდივიდის მიერ მიზნის ეფექტიანად მიღწევის პერსპექტივას - მაშინაც კი, როდესაც ჩვენთვის შეუძლებელია იმის პროგნოზი, თუ რომელი ცალკეული ინდივიდი ისარგებლებს ამ შესაძლებლობით და რომელი არა. როგორც ვნახეთ, აღმოჩენის პროცედურის შედეგები ძალაუნებურად არაპროგნოზირებადია და ყველაფერი, რასაც აღმოჩენის პროცედურისგან შეიძლება ველოდოთ ისაა, რომ იგი უცნობი პირების მიერ საკუთარი მიზნების განხორციელების შესაძლებლობას აუმჯობესებს, მაგრამ არ უზრუნველყოფს კონკრეტული პირების მიერ რამე კონკრეტული შედეგის მიღწევას. ერთადერთი საერთო მიზანი, რომელიც სოციალური პროცესის მოწესრიგების აღნიშნული ტექნიკის შერჩევისას შეიძლება გვქონდეს, მხოლოდ ის აბსტრაქტული სტრუქტურა ან წესრიგია, ამის შედეგად რომ ყალიბდება.
____________________
1. გერმანულ ენაში ორი ცნება - მეურნეობა და ეკონომიკა - ერთი სიტყვითაა გამოხატული (Wirtschaft), მთარგმნელის შენიშვნა.
![]() |
4 IV |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ მიჩვეული ვართ კონკურენციის მიერ წარმოქმნილ წესრიგს ვუწოდოთ წონასწორობა - არცთუ სწორად შერჩეული სახელწოდება, რადგან ნამდვილი წონასწორობა გულისხმობს, რომ ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი უკვე ცნობილია და, შესაბამისად, კონკურენციის პროცესიც დასრულებულია. წესრიგის ცნებას, რომელსაც, სულ მცირე, ეკონომიკური პოლიტიკის დისკუსიებში წონასწორობის ცნებას ვამჯობინებ, ის უპირატესობა აქვს, რომ შეგვიძლია ვისაუბროთ წესრიგის მაღალი ან დაბალი ხარისხით განხორციელებასა და, ცვლილებების მიუხედავად, წესრიგის შენარჩუნების უნარზე. მაშინ, სინამდვილეში, როდესაც წონასწორობა რეალურად არასოდეს არსებობს, განა არ არის მართებული იმის მტკიცება, რომ წესრიგი, რომლის იდეალურ ტიპსაც ეკონომიკის თეორიის „წონასწორობა“ წარმოადგენს, მაღალი ხარისხით ხორციელდება.
ეს წესრიგი, პირველ რიგში, იმაში ვლინდება, რომ სხვა ადამიანებთან დაკავშირებული ზოგიერთი ტრანსაქციით გამოწვეული მოლოდინი, რომელსაც ეკონომიკური პროცესის ყველა მონაწილის გეგმები ეფუძნება, მაღალი ხარისხით გამართლდება. ინდივიდუალური გეგმების აღნიშნული ურთიერთშესატყვისობა იმ პროცესის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც ჩვენ, მას შემდეგ, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სპონტანური წესრიგით, ანუ „თვითორგანიზებადი სისტემებით“ დაინტერესდა, ნეგატიურ უკუკავშირს ვუწოდებთ. და, როგორც ამას უკვე ინფორმირებული ბიოლოგებიც ამჩნევენ, „დიდი ხნით ადრე, სანამ კლოდ ბერნარი, კლარკ მაქსველი, ვალტერ ბ. ქენონი ან ნორბერტ ვინერი კიბერნეტიკას შექმნიდნენ, ადამ სმიტმა ეს პრინციპი, ასეთივე სიცხადით, ,,ხალხთა კეთილდღეობაში“ აჩვენა. „უხილავი ხელი“, რომელიც ფასებს არეგულირებს, ცხადია, ამ წარმოდგენას გამოხატავს. რასაც სმიტი ამბობს, ძირითადად ისაა მდგომარეობს, რომ თავისუფალ ბაზარზე ფასების დადგენა ნეგატიური უკუკავშირით ხდება.“1
ქვემოთ ჩვენ დავინახავთ, რომ საბაზრო წესრიგის გაგებისთვის არსებითი სწორედ მოლოდინების გაწბილებით გამოწვეული მათი საბოლოო ურთიერთშეთანხმებულობის მაღალი ხარისხია. ბაზრის დანიშნულება არ ამოიწურება ინდივიდუალური გეგმების ურთიერთშეთანხმების მიღწევით. მისი მიზეზითაა, რომ ყველაფერი, რაც იწარმოება, იწარმოება მათ მიერ, ვისაც ამ საგნების უფრო იაფად (ან მინიმუმ ისევე იაფად) წარმოება შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ სხვას, რომელიც მათ სინამდვილეში არ აწარმოებს, და საქონელი იმ ფასად იყიდება, რომელიც უფრო მცირეა, ვიდრე ის, რა ფასადაც შეძლებდა მათ შეთავაზებას ის, ვინც სინამდვილეში ამ საქონელს არ სთავაზობს. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი ისეთ მოგებას მიიღებს, რომელიც ბევრად აღემატება გაწეულ ხარჯებს მანამ, სანამ ეს ხარჯები მნიშვნელოვნად მცირეა იმავე საქონლის სხვა საუკეთესო პოტენციურ მწარმოებელთან შედარებით. მაგრამ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სხვადასხვა საქონლის იმ მოცემული კომბინაციის შემთხვევაში _ რომელიც რეალურად იწარმოება - იწარმოება იმდენი, რამდენსაც ჩვენთვის ცნობილი ნებისმიერი მეთოდის მეშვეობით შევძლებდით. ეს, რა თქმა უნდა, იმდენი არ არის, რამდენის წარმოებასაც შევძლებდით, მთლიანი ცოდნა, რომელსაც ფლობს ან რომელიც შეიძლება შეიძინოს ცალკეულმა ინდივიდმა, ცენტრალური დაწესებულების განკარგულებაში რომ იყოს და მის მიერვე მოხდეს ამ ცოდნის კომპიუტერში შეყვანა. ჩვენ მიერ გამოყენებული აღმოჩენის პროცედურის ხარჯები მნიშვნელოვანია. მაგრამ ბაზრის მეშვეობით მიღწეულ შედეგებს ჩვენ უსამართლოდ ვეპყრობით, როდესაც მათ გარკვეულ წილად „ზევიდან“ ვაფასებთ, ანუ იმ იდეალურ სტანდარტს ვადარებთ, რომლის მიღწევაც შეუძლებელია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ფუნქციონირებას „ქვევიდან“ შევაფასებთ, ანუ იმ მდგომარეობას შევადარებთ, რის მიღწევაც ჩვენთვის ცნობილი ნებისმიერი მეთოდითაა შესაძლებელი, განსაკუთრებით იმ მდგომარეობას, რასაც კონკურენციის შეფერხების შემთხვევაში მივიღებდით, მაგალითად, თუ კონკრეტული საქონლის წარმოების უფლება მხოლოდ მათ ექნებოდათ, ვისაც შესაბამის ნებართვას დაწესებულება მისცემდა, მაშინ ბაზრის მიერ შესრულებული სამუშაოს მნიშვნელობა ცხადი გახდება და ჩვენ მხოლოდ ეფექტიანი კონკურენციის პირობებში არსებულთან შედარებით უკეთესი ხარისხის ან იაფი საქონლით კლიენტების მომარაგების შესაძლებლობების აღმოჩენის სირთულე უნდა გავიხსენოთ. როდესაც ვფიქრობთ, რომ ასეთი გამოუყენებელი შესაძლებლობები აღმოვაჩინეთ, ხშირად ვრწმუნდებით, რომ ისინი გამოუყენებელი იმიტომ დარჩა, რომ ეს პროცესი რომელიმე დაწესებულებამ ან კერძო ძალაუფლების ძალზე არასასურველმა გამოყენებამ შეაფერხა.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბაზარს მხოლოდ რომელიმე წერტილთან მიახლოება შეუძლია იმ ნ-განზომილებიან სიბრტყეზე, რომლის მეშვეობითაც აღწერს წმინდა თეორია შესაძლებლობების იმ ჰორიზონტს, რომლის მიღწევაც შეიძლება საქონლის და მომსახურების ნებისმიერი კომბინაციის შემთხვევაში; ამავე დროს ბაზარი სხვადასხვა საქონლის კონკრეტულ კომბინაციას და ცალკეულ ინდივიდებს შორის მათ გადანაწილებას, ძირითადად, გაუთვალისწინებელ გარემოებებს და, ამ გაგებით, შემთხვევითობას ანდობს. მდგომარეობა იმგვარია, როგორც უკვე აღნიშნა ადამ სმიტმა2, თითქოს შევთანხმებულიყავით გვეთამაშა თამაში, რომელიც ნაწილობრივ ოსტატობას და ნაწილობრივ იღბალს ეფუძნება და რომლის წესებსაც, იმის ხარჯზე, რომ ყოველი ცალკეული ინდივიდის წილს გარკვეულ წილად შემთხვევითობა განაპირობებს, იქამდე მივყავართ, რომ ცალკეული ინდივიდის, ამ, შემთხვევითობაზე დამოკიდებული, წილის რეალური ეკვივალენტი შეძლებისდაგვარად დიდია. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ჩვენ არა-ნულოვანი-ჯამის-თამაშს ვთამაშობთ, რომლის წესებიც მიზნად დივიდენდების (ჭეშმარიტი გაგებით გასაყოფის და გასანაწილებლის) გაზრდას ისახავს, მაგრამ ცალკეული ინდივიდის წილის განსაზღვრას შემთხვევითობას ანდობს. გონი, ყველა ფაქტის ცოდნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეძლებდა იმ ნ-განზომილებიან სიბრტყეზე მისთვის სასურველი ნებისმიერი წერტილის არჩევას და მის მიერ შერჩეული პროდუქტების კომბინაციის საკუთარი შეხედულებისამებრ გადანაწილებას. მაგრამ ერთადერთი წერტილი ამ შესაძლებლობების ჰორიზონტზე (ან მასთან მეტ-ნაკლებად მიახლოებულ სიბრტყეზე), რომლის მიღწევაც ჩვენთვის ნაცნობი პროცედურის მეშვეობით შეგვიძლია, ის წერტილია, რომლის მიღწევასაც იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მის, წერტილის, განსაზღვრას ბაზარს მივანდობთ. ეგრეთ წოდებულ „მაქსიმუმს“, რომლის მიღწევასაც ამ გზით შევძლებთ, რა თქმა უნდა, გარკვეული რაოდენობის საქონლის ჯამად ვერ განვსაზღვრავთ, არამედ მხოლოდ იმ შესაძლებლობით, რომელსაც ცალკეულ ინდივიდს ანიჭებს, რათა მიიღოს გარკვეულ წილად შემთხვევით განსაზღვრული წილისთვის შეძლებისდაგვარად დიდი ეკვივალენტი. ის, რომ ამ შედეგის შეფასება შეუძლებელია მიღწეული კონკრეტული შედეგების ერთიან ფასეულობათა სისტემის საფუძველზე, ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ მიმაჩნია შეცდომად საბაზრო წესრიგის, ანუ კატალაქსიის შედეგებს ისე ვუყურებდეთ, თითქოს საქმე წმინდა გაგებით მეურნეობასთან გვქონდეს.
_______________________
1. Hardin, G., Nature and Man's Fate. ნიუიორკი და ლონდონი, 1959, Mentor Ed., 1961, 54.
2. შდრ. სმიტი, ა., ეთიკური გრძნობების თეორია. ვ. ექშტაინის თარგმანი, ლაიფციგი, 1926, II, 396, 467.
![]() |
5 V |
▲ზევით დაბრუნება |
საბაზრო წესრიგის მცდარი გაიგივება მეურნეობასთან, რომლის მიზანიცაა სხვადასხვა მოთხოვნილების არსებული პრიორიტეტების მიხედვით დაკმაყოფილება, იმ პოლიტიკის განხორციელებაში პოვებს ასახვას, ფასების და შემოსავლების კორექციას ეგრეთ წოდებული „სოციალური სამართლიანობის“ პრინციპის შესაბამისად რომ ახდენს. მიუხედავად სხვადასხვა მნიშვნელობისა, რომლის მინიჭებასაც აღნიშნული ცნებისთვის ცდილობდნენ სოციალური ფილოსოფოსები, იგი, რეალურად, ყოველთვის მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა: ადამიანთა გარკვეული ჯგუფების დაცვას, რათა მათ შეენარჩუნებინათ მიღწეული აბსოლუტური თუ ფარდობითი მატერიალური მდგომარეობა. ეს კი, როგორც პრინციპი, საყოველთაოდ ვერ განხორციელდება საბაზრო წესრიგის საფუძვლების განადგურების გარეშე. არა მარტო პროგრესული ზრდა, არამედ, გარკვეულ პირობებში, მიღწეული საშუალო საშემოსავლო დონის შენარჩუნება დამოკიდებულია იმ ურთიერთმორგების პროცესების განხორციელებაზე, რაც ცალკეული ინდივიდების და ჯგუფების არა მარტო ფარდობითი, არამედ აბსოლუტური წილების ცვლილებასაც მოითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირები არ არიან პასუხისმგებელი აღნიშნული ცვლილების აუცილებლობაზე.
სასარგებლოა იმის გახსენება, რომ ყველა ეკონომიკური გადაწყვეტილება მოულოდნელი ცვლილებებითაა განპირობებული და ფასის მექანიზმის გამოყენება მხოლოდ იმითაა გამართლებული, რომ იგი ცალკეულ ინდივიდებს უჩვენებს, რომ, რასაც ის აქამდე აკეთებდა, ან ახლაც შეუძლია აკეთოს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა. ადამიანური ქმედებების მორგება მთლიანი წესრიგის ცვალებად გარემოებებზე იმას ეფუძნება, რომ სხვადასხვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ცვლილება შესაბამისი ინდივიდის დამსახურების ან ნაკლოვანების გაუთვალისწინებლად ხდება.
ამასთან დაკავშირებით გამოთქმა „სტიმული“ (incentives) ხშირად ისეთი სახით გამოიყენება, თითქოს მისი მიზანი ცალკეული ინდივიდების საკმარისი მონდომების სტიმულირებაში მდგომარეობდეს. მაგრამ ფასების ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციას იმაში ვხედავ, რომ ისინი გვატყობინებს, არა რამდენი, არამედ რა სამუშაო უნდა შევასრულოთ. მუდმივად ცვალებად სამყაროში მიღწეული კეთილდღეობის დონის თუნდაც შენარჩუნება მრავალი ცალკეული ინდივიდის საქმიანობის მიმართულებათა მუდმივ ცვლილებას მოითხოვს და ეს მოხდება მხოლოდ აღნიშნულ საქმიანობათა ფარდობითი ანაზღაურების ცვლილებისას. შედარებით სტაციონარული პირობების შემთხვევაში შემოსავლების არსებული დონის შესანარჩუნებლად აუცილებელი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს მოგების იმ დონეს, რაც ფასების ცვლილებებით გამოწვეული ცალკეული სუბიექტების ზარალის ასანაზღაურებლად შეიძლება გამოყენებულიყო. და მხოლოდ სწრაფად მზარდი ეკონომიკის შემთხვევაში შეგვიძლია ვიმედოვნებდეთ ცალკეული ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებას.
აღნიშნული პრობლემების დღეს მიღებული განხილვისას ხშირად ივიწყებენ, რომ სხვადასხვა ერთობლიობის შედარებითი სტაბილურობა, რასაც მაკროთეორია მონაცემებად იყენებს, მიკროეკონომიკური პროცესების შედეგია, სადაც გადამწყვეტ როლს ფარდობითი ფასების ცვლილება თამაშობს. საბაზრო მექანიზმის შედეგია, რომ, როდესაც ვინმე არ ამართლებს იმ მოლოდინს, რომელზეც აფუძნებენ მესამე პირები, საკუთარ გეგმებს ამ ხარვეზის აღმოფხვრის მოტივაცია სხვას უჩნდება. ამ გაგებით კოლექტიური შეთავაზების და მოთხოვნის ყველა ის გრაფიკი, რომლითაც ჩვენ სიამოვნებით ვსარგებლობთ, სინამდვილეში არის არა მონაცემების, არამედ კონკურენციის მუდმივი პროცესის შედეგი. ამიტომ სტატისტიკური ინფორმაცია ჩვენ ვერასოდეს გვეტყვის, თუ ფასების და შემოსავლების რა ცვლილებაა საჭირო მონაცემების გარდაუვალი ცვლილებით გამოწვეული ურთიერთშეთანხმების მისაღწევად.
გადამწყვეტი ისაა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში შეუძლებელი იქნებოდა ბრძანებების მეშვეობით, რომლებსაც სამართლიანად ვერ აღიქვამდნენ, იმ აუცილებელი ცვლილებების მიღწევა, რომელთა აუცილებლობის დასაბუთებაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. ასეთ დროს გააზრებული მართვა ყოველთვის ისეთი ფასების მიღწევას დაისახავდა მიზნად, რომელთა სამართლიანობაც ეჭვგარეშეა. ეს კი, რეალურად, მხოლოდ არსებული შემოსავლების და ფასების სტრუქტურის შენარჩუნებას შეიძლება ნიშნავდეს. ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ყველა იმას მიიღებდა, რაც მას სხვისი შეხედულების შესაბამისად ეკუთვნის, ძალიან არაეფექტიანად წარმოგვიდგება -რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს უკიდურესად ტირანულიც იქნებოდა. ამავე მიზეზით უნდა გვეშინოდეს, რომ ყოველგვარი „საშემოსავლო პოლიტიკა“ უფრო ფასების და შემოსავლების სტრუქტურის იმ ცვლილებების საწინააღმდეგოდ, და არა მის ხელშესაწყობად იქნება მიმართული, რომლებიც აუცილებელია გარემოებების მოულოდნელ ცვლილებებზე მოსარგებად.
ჩვენი დროის ერთ-ერთი პარადოქსია, რომ კომუნისტური ქვეყნები ამ მხრივ უფრო ნაკლებადაა დამძიმებული „სოციალური სამართლიანობის“ წარმოდგენებით და, ამიტომ, „კაპიტალისტურ“ და დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით მეტ მზადყოფნას ამჟღავნებენ აზარალონ ისინი, ვის წინააღმდეგაც ვითარდება პროცესები. მდგომარეობა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში, თუნდაც, სწორედ იმიტომაა ასე უიმედო, რომ პოლიტიკის განმსაზღვრელი იდეოლოგია შეუძლებელს ხდის იმ ცვლილებებს, რომლებიც საჭიროა დასაქმებულთა დგომარეობის შეძლებისდაგვარად სწრაფი გაუმჯობესებისთვის, რაც აუცილებელია ამ იდეოლოგიის დასამარცხებლად.
![]() |
6 VI |
▲ზევით დაბრუნება |
როდესაც კონკურენცია მაღალგანვითრებულ ეკონომიკურ სისტემებშიც კი, უპირველეს ყოვლისა, აღმოჩენის პროცედურაა, სადაც მუდმივად ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ძიება, მათი აღმოჩენის შემდეგ სხვებმაც რომ შეიძლება გამოიყენონ, ეს გარემოება, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია და განვითარებადი საზოგადოებების შემთხვევაში უფრო მაღალი ხარისხითაც. მე განზრახ განვიხილე წესრიგის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები, პირველ რიგში, ისეთ საზოგადოებებში, სადაც საწარმოო საშუალებების და ტექნიკის დიდი ნაწილი საყოველთაოდაა ცნობილი, მაგრამ, სულ მცირე, უკვე მიღწეული დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია საქმიანობის მორგება გარდაუვალ მინიმალურ ცვლილებებზე. აქ არ მსურს შევეხო კონკურენციის როლს არსებული ტექნიკური ცოდნის პროგრესის საქმეში. მაგრამ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მას ყველგან, სადაც მთავარი ამოცანა ისაა, რომ საზოგადოებაში, სადაც აქამდე კონკურენციას უმნიშვნელო ადგილი ეკავა, შესაძლებელი იყოს ჯერ კიდევ უცნობი შესაძლებლობების აღმოჩენა. ალბათ, არც ისე აბსურდულია, თუმცა დიდ წილად მცდარია, მოლოდინი, რომ ჩვენ შეგვიძლია კარგად განვითარებული საზოგადოების სტრუქტურის პროგნოზი და მართვა; მაგრამ ფანტასტიკურად მეჩვენება რწმენა, რომ შეგვიძლია ისეთი საზოგადოების მომავალი სტრუქტურის წინასწარ დადგენა, რომელშიც მთავარი პრობლემა, ჯერ კიდევ, წარმოების მატერიალური და ადამიანური რესურსების აღმოჩენაა, ან, რომ ასეთ ქვეყანაში შეგვეძლება იმის პროგნოზი, თუ რა კონკრეტულ შედეგებს გამოიწვევს ესა თუ ის ღონისძიება.
იმ გარემოების გარდა, რომ ასეთ ქვეყანაში ჯერ კიდევ ამდენი რამ არის აღმოსაჩენი, ვფიქრობ, არსებობს ერთიც, რაც, თავის მხრივ, კონკურენციის მაქსიმალურ თავისუფლებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. საქმე ეხება გარემოებას, რომ ჩვევების და ტრადიციების აუცილებელი ცვლილება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ისინი, ვინც მზად არიან და შეუძლიათ ექსპერიმენტი და ახლის ძიება, სხვებს მათ მიბაძვას აიძულებენ, და, ამგვარად, მათი გზამკვლევები გახდებიან; უმრავლესობის მხრიდან უმცირესობისთვის ექსპერიმენტების ჩატარებაში ხელის შეშლა აღმოჩენის პროცედურის ჩაშლას გამოიწვევდა. ის ფაქტი, რომ კონკურენცია არა მარტო ნივთების უკეთ კეთების შესაძლებლობას წარმოაჩენს, არამედ ყველას, ვისი შემოსავალიც ბაზარზეა დამოკიდებული, გაუმჯობესებული პრაქტიკის მიბაძვას აიძულებს, რა თქმა უნდა, კონკურენციის არაპოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. იგი, გარკვეულწილად, არაპერსონალური იძულების სახეობაა, რომელიც მრავალ ინდივიდს საკუთარი ქცევის შეცვლისკენ უბიძგებს, რის მიღწევაც მითითების ან ბრძანების მეშვეობით შეუძლებელი იქნებოდა. „სოციალური სამართლიანობის“ მისაღწევად ცენტრალური მართვა, შესაძლოა, სწორედ ისეთი ფუფუნებაა, რის უფლების მინიჭებაც თავისი თავისთვის მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ღარიბი ქვეყნები შეძლებენ სწრაფად ცვალებად გარემოებებზე იმ ადაპტაციის მიღწევას, რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას.
ამასთან დაკავშირებით, ალბათ, ღირს იმის აღნიშვნა, რომ ზრდის შესაძლებლობები მით უფრო დიდია, რაც უფრო დიდია რომელიმე ქვეყნის ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობების წილი, და, ხშირად, ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ზრდის მაღალი დონე უფრო წარსულში განხორციელებულ ცუდ და არა აწმყოს კარგ პოლიტიკას ნიშნავს; ასევე უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ისეთ ქვეყანასთან შედარებით, სადაც რესურსების სრული გამოყენება შეფერხებული იყო კანონიერი და ინსტიტუციური მიზეზებით, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ზრდის ისეთსავე სწრაფ ტემპებს არ უნდა ველოდეთ.
იმის მიხედვით, რაც ჩემი ცხოვრების მანძილზე ამ ქვეყანაზე მინახავს, ჩემი აზრით, იმ ადამიანთა წილი, ვინც მზადაა იმ სიახლისთვის, რისგანაც ის საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებას შეიძლება ელოდეს, თუკი მათ გარემო ხელს არ შეუშლის, ყველგან თითქმის ერთი და იგივეა. ხშირად გამოთქმული ჩივილი ახალგაზრდა ქვეყნებში სამეწარმეო სულისკვეთების უკმარობის შესახებ, არის არა ამ ქვეყნებში მცხოვრები ცალკეული ინდივიდების უცვლელი თვისება, არამედ, ვფიქრობ, იმ შეზღუდვების შედეგი, რომელსაც მათ გაბატონებული შეხედულებები აკისრებს. სწორედ ამიტომ ასეთ ქვეყნებში, ნაცვლად იმისა, რომ საჯარო ძალაუფლება ცალკეული ინდივიდების საზოგადოების მხრიდან ზეწოლისგან დაცვით შემოიფარგლოს - რის მიღწევაც მხოლოდ კერძო საკუთრების და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა თავისუფლების დამცველ ინსტიტუტს შეუძლია - უმრავლესობის კოლექტიური ნებით ცალკეული ინდივიდის საქმიანობის მართვა ფატალური შედეგების მომტანი იქნებოდა.
![]() |
7 VII |
▲ზევით დაბრუნება |
მაგრამ მაშინ, როცა საწარმოს შემთხვევაში კონკურენცია, საბოლოო ჯამში, საკმაოდ მდგრადი წარმონაქმნია, რომელიც, ხანდახან სრულიად მოულოდნელად, მაინც იჩენს თავს მაშინაც, როდესაც მის შეზღუდვას ცდილობენ, დასავლეთში მისი მოქმედება შეჩერებულია მეტ-ნაკლებად მაღალი ხარისხით, ერთი, საყოველთაოდ აღიარებული საწარმოო ფაქტორის, კერძოდ, ადამიანური მუშახელის შემთხვევაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი დროის ეკონომიკური პოლიტიკის ყველაზე რთული, თვით გადაულახავი პრობლემებიც კი, რომელთა გადაწყვეტასაც ეკონომისტები ყველაზე დიდ დროს უთმობენ, არის ეგრეთ წოდებული ხელფასების სიხისტის შედეგი, რაც, ძირითადად, იმას გულისხმობს, რომ ხელფასის სტრუქტურის, ისევე როგორც ხელფასის დონის განსაზღვრა, საბაზრო ურთიერთობებისგან სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება. ეკონომისტების უმრავლესობის აზრით ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შეუქცევად პროცესთან, რომლის შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია და რომელსაც ჩვენი პოლიტიკა უნდა მოვარგოთ. არ იქნება გადაჭარბული იმის თქმა, რომ ოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ფულადი პოლიტიკის მიზანია აქედან გამომდინარე სირთულეებისთვის თავის არიდება. ვფიქრობ, უკვე დიდი ხანია, რაც მხოლოდ სიმპტომებზე ვახდენთ რეაგირებას, რაც, შესაძლოა, ფუნდამენტური სირთულეების მხოლოდ დროებით იგნორირების, მისთვის გვერდის ავლის საშუალებას გვაძლევს, და ამით არა მარტო იმ მომენტის გადადებას ვიწვევთ, როდესაც ჩვენ იძულებული ვიქნებით შევუდგეთ ძირითადი პრობლემის მოგვარებას, არამედ, ზოგადად, მის საბოლოო გადაწყვეტასაც ვართულებთ, რადგან ამ სიხისტეების უცვლელ ფაქტად მიჩნევა არა მარტო მათსავე გამრავლებას იწვევს, არამედ მათ მიერ გამოწვეულ ასოციალურ და დესტრუქციულ პრაქტიკას ლეგიტიმურობის აურასაც სძენს. უნდა ვაღიარო, რომ შედეგად მთლიანად დავკარგე ინტერესი ფულადი პოლიტიკის პრობლემების მიმდინარე დისკუსიების მიმართ, რადგან, ჩემი აზრით, ცენტრალური პრობლემის იგნორირებით, ტვირთს, სრულიად უპასუხისმგებლოდ, ჩვენს შთამომავლობას ვაკისრებთ. გარკვეული თვალსაზრისით აქ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმას ვიმკით, რაც ამ მოდის დამფუძნებელმა დათესა, რადგან უკვე ვიმყოფებით იმ „ლონგ რუნ -ის“ მდგომარეობაში, როდესაც, როგორც მან იცოდა, იგი ამ ქვეყანაზე აღარ იქნებოდა.
მსოფლიოს არ გაუმართლა, რომ აღნიშნული თეორიები დიდი ბრიტანეთის განსაკუთრებულ, ალბათ, უნიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას შეიქმნა, რომელიც მას ჩვენი საუკუნის ოციან წლებში ეკავა, როდესაც უმუშევრობის მიზეზად რეალური ხელფასის ხელოვნურად გაზრდილი მაღალი დონე მიიჩნეოდა და ხელფასის სტრუქტურის მოქნილობის პრობლემა ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანდა. ომის პერიოდის ინფლაციის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ოქროს სტანდარტზე დაბრუნებით 1914 წლის პარიტეტის მიღწევამ შესაძლებელი გახადა იმის მტკიცება, რომ იქ ყველა რეალური ხელფასი დანარჩენ სამყაროსთან შედარებით ძალზე მაღალი იყო, რაც ექსპორტის საჭირო მოცულობის მიღწევას აფერხებდა. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს მაშინ რეალობას შეესაბამებოდა. მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ დიდ ბრიტანეთს უკვე მაშინ ჰქონდა უძველესი, ფესვებგადგმული და ყოვლისმომცველი პროფკავშირული მოძრაობა, რომელმაც თავისი სახელფასო პოლიტიკის მეშვეობით ისეთი ხელფასის სტრუქტურის შენარჩუნება შეძლო, რომელიც, პირველ რიგში, „სამართლიანობის“ და არა ეკონომიკური შესაბამისობის მოსაზრებებით იყო განპირობებული - რაც სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა განსხვავებულ ხელფასებს შორის დამკვიდრებული თანაფარდობის შენარჩუნებას და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, როგორც ამას შეცვლილი პირობები ითხოვდა, მათი ცვლილება. უეჭველია, მაშინ არსებულ მდგომარეობაში მთლიანი დასაქმების მიღწევა მხოლოდ ზოგერთი რეალური ხელფასის (შეიძლება დასაქმებულთა მთელი ჯგუფებისაც კი) დეფლაციის შედეგად მიღწეული დონის დაწევით თუ იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა არ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევდა რეალური ხელფასების საშუალო დონის შემცირებას. მთლიანი ეკონომიკური სტრუქტურის მორგებას ხელფასის ცვლილებაზე ეს უკანასკნელი, შესაძლოა, ზედმეტად ექცია. თუმცა, ერთ რომელიმე ქვეყანაში მთლიან დასაქმებულთა რეალური ხელფასის საშუალო დონის მნიშვნელობის ხაზგასმის უკვე მაშინ გავრცელებულმა პრაქტიკამ ხელი შეუშალა ამ შესაძლებლობის თუნდაც სერიოზულ განხილვას.
ალბათ, მიზანშეწონილია აღნიშნული პრობლემის ზოგადი სახით განხილვა. ჩემი აზრით, ცხადია, რომ ნებისმიერი ქვეყნის მუშახელის პროდუქტიულობა და, შესაბამისად, ხელფასის დონეც, რომელიც სრულ დასაქმებას უზრუნველყოფს, დამოკიდებულია დასაქმებულთა ეკონომიკის სხვადასხვა დარგში გადანაწილებაზე, რასაც, თავის მხრივ, ხელფასის სტრუქტურა განსაზღვრავს, ხოლო ხელფასის სტრუქტურის მეტ-ნაკლები სიხისტე ხელს უშლის ან ანელებს ეკონომიკის შეცვლილ გარემოებებზე მორგებას. ამიტომ, ისეთ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა ხელფასს შორის განსხვავება დიდი ხნის მანძილზე უცვლელი რჩებოდა, რეალური ხელფასის დონე, რომლის დროსაც შესაძლებელია სრული დასაქმების მიღწევა, უნდა ვივარაუდოთ, მოქნილ ხელფასებთან შედარებით გაცილებით ნაკლები იქნებოდა.
მეჩვენება, რომ განსაკუთრებით სწრაფი ტექნიკური პროგრესის გარეშე, რომელსაც ასე მივეჩვიეთ, ხელფასების აბსოლუტურად ხისტი სტრუქტურა შეუძლებელს გახდიდა სხვა გარემოებათა ცვლილებებზე მორგებას, განსაკუთრებით კი იმ გარემოებებზე, რომლებიც აუცილებელია შემოსავლის არსებული დონის შესანარჩუნებლად, და ეს, ამდენად, იმ რეალური ხელფასის დონის დაწევას გამოიწვევდა, რაც სრული დასაქმების მიღწევას უზრუნველყოფს. შამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია ემპირიული კვლევები ხელფასების მოქნილობასა და ზრდას შორის არსებულ კავშირზე. თუმცა, ვფიქრობ, ასეთი კვლევების შედეგები ამ ორ სიდიდეს შორის მაღალ პოზიტიურ კორელაციას დაადასტურებდა: არა იმდენად იმიტომ, რომ ზრდა ფარდობითი ხელფასების ცვლილებას იწვევს, არამედ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ასეთი ცვლილებების გარეშე შეუძლებელია იმ გარემოებებზე მორგება, რაც აუცილებელია ზრდის მისაღწევად.
ჩემი აზრით, მთავარი შედეგი ისაა, რომ, თუკი რეალური ხელფასის დონე, რომლის დროსაც შესაძლებელია სრული დასაქმების მიღწევა, ხელფასის სტრუქტურაზეა დამოკიდებული, და შედეგად, როდესაც გარემოებების ცვლილებისას სხვადასხვა ხელფასს შორის თანაფარდობა უცვლელი რჩება, რეალური ხელფასის დონე, რომლის დროსაც სრულ დასაქმებას ვაღწევთ, ან მუდამ იკლებს, ან ისე სწრაფად არ იზრდება, როგორც ეს სხვა შემთხვევებში იქნებოდა შესაძლებელი; ეს ნიშნავს, რომ ფულადი პოლიტიკის მეშვეობით რეალური ხელფასის დონით მანიპულაცია ხელფასის სტრუქტურის სიხისტიდან მომდინარე სირთულეებიდან გამოსავალი არ არის. ასევე, პრობლემის გადაწყვეტას არც ნებისმიერი შესაძლო პრაქტიკული „საშემოსავლო პოლიტიკა“ წარმოადგენს. უფრო მეტიც, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ სწორედ ხელფასის სტრუქტურის ის სიხისტე, რომელსაც პროფკავშირების პოლიტიკამ საკუთარი წევრების ჰიპოთეტური ინტერესების (ან „სოციალური სამართლიანობის“) დაცვით მიაღწია, მთლიანობაში დასაქმებულთა რეალური შემოსავლის ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს შემაფერხებელ ფაქტორად იქცა; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეული რეალური ხელფასის შემცირების შეფერხებისას, აბსოლუტურად, ან თუნდაც ფარდობითად, დასაქმებულთა რეალური ხელფასის მთლიანი დონე ისე ჩქარა არ გაიზრდება, როგორც ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
კლასიკური იდეალი, რომელიც ჯონ სტიუარტ მილმა საკუთარ ბიოგრაფიაში აღწერა, როგორც „full employment at high wages to the whole labouring population“1, შესაძლებელია მხოლოდ მუშახელის მომჭირნე გამოყენებით, რაც, თავის მხრივ, თავისუფალ ფარდობით ხელფასებს გულისხმობს. ნაცვლად ამისა, ადამიანმა, რომლის სახელიც ისტორიაში, ალბათ, ბრიტანული ეკონომიკის მესაფლავის სახელით შევა, ხელფასის ხისტი სტრუქტურის პირობებში სრული დასაქმების მიღწევის მეთოდად პოპულარული ფულის გაუფასურების მეშვეობით ხელფასის რეალური დონის დაწევა აქცია. უკანასკნელი წლების გამოცდილება, ჩემი ვარაუდით, ცხადყოფს, რომ ამ მეთოდის გამოყენებას პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა მოაქვს. ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც იძულებული ვართ პრობლემა არსებითად გადავწყვიტოთ. ჩვენ აღარ შეგვიძლია დიდი ხნით დავხუჭოთ თვალი იმ ფაქტზე, რომ დასაქმებულთა ინტერესი ცალკეული სფეროების პროფკავშირების იმ ძალაუფლების გაუქმებას მოითხოვს, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ საკუთარი წევრებისთვის სხვა დასაქმებულებთან მიმართებაში ფარდობითი მდგომარეობის შენარჩუნება. როგორც ჩანს, ამჟამად უპირველესი ამოცანაა ყველა დასაქმებულის დარწმუნება იმაში, რომ ცალკეული ჯგუფების ფარდობითი მდგომარეობის დაცვაზე უარის თქმა არა თუ საფრთხეს არ უქმნის დასაქმებულთა რეალური ხელფასების ზრდის პერსპექტივას, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს მას.
ჩემთვის, რა თქმა უნდა, ნათელია, რომ უახლოეს მომავალში პოლიტიკურად შეუძლებელი იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. ასეთი მცდელობა ისეთ კონფლიქტებამდე მიგვიყვანდა, რაც მის სერიოზულ განხილვას შეუძლებელს ხდის - ან ეს მანამ იქნება შეუძლებელი, სანამ დამსაქმებლები დასაქმებულებს ერთობლივად არ მისცემენ მათი საშუალო რეალური შემოსავლის შენარჩუნების გარანტიას. იმის ერთადერთ საშუალებად, რომ ბაზარს დაუბრუნდეს სხვადასხვა ჯგუფის ფარდობითი ხელფასების განსაზღვრის ფუნქცია, სწორედ ასეთი სახის გარანტია მეჩვენება. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ცალკეულ ჯგუფებს ვუბიძგოთ, უარი თქვან საკუთარი სახელფასო განაკვეთების სიმყარეზე, რაც დღეს მოქნილი სახელფასო სტრუქტურის მთავარ დაბრკოლებად იქცა. ვფიქრობ, თუნდაც იმიტომ ღირს დასაქმებულებს და დამსაქმებლებს შორის ასეთი კოლექტიური შეთანხმების გარდამავალ ღონისძიებად განხილვა, რომ ამ გზით მიღწეული შედეგი დასაქმებულებს ნათლად დაანახებდა, თუ რამდენად დიდ სარგებელს ნახავდნენ ისინი რეალურად მოქმედი შრომის ბაზრისგან და ეს, თავის მხრივ, იმ მოუქნელი და რთული აპარატის გაუქმების პერსპექტივას შექმნიდა, რის შექმნაც მოგვიწევდა უპირველეს ყოვლისა.
ვფიქრობ, ესაა გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც დამსაქმებლები ერთიანად აიღებდნენ თავის თავზე ყველა დასაქმებულის წინაშე მანამდე არსებული რეალური ხელფასის თანხის გადახდის გარანტიას, რასაც დაემატებოდა წილი გაზრდილი მოგებიდან, მაგრამ ყველა ცალკეულ ჯგუფს ან ცალკეულ დასაქმებულს წლის განმავლობაში გადაუხდიდნენ მხოლოდ გარკვეულ ნაწილს, მაგალითად, მისი ადრინდელი ხელფასის ხუთ მეექვსედს, ხოლო დარჩენილ ნაწილს (ყველა საწარმოს გაზრდილი მოგების თანხის ნაწილის ჩათვლით) - მომდევნო ორი თვის განმავლობაში, წლის ბოლოს და წლიური ბალანსის შევსების შემდეგ, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში და ფირმაში დასაქმებულთა შორის გადაანაწილებდნენ, მოგების იმ ცვლილების გათვალისწინებით, რაც უკვე გადახდილი ხელფასების ხუთი მეექვსედის საფუძვლად აღებიდან მომდინარეობს. მიმდინარე გადასახადად ხუთი მეექვსედი იმიტომ ავირჩიე, რომ მოგების წინასწარი გაანგარიშების საფუძველზე შესაძლებელი გამეხადა საშუალო თვიური შემოსავლის ოდენობის საშობაო პრემიის და დაახლოებით იმავე ოდენობის მეორე საშვებულებო პრემიის გადახდა, მას შემდეგ, რაც დაიხურებოდა გასული წლის ბალანსი. მართალია, შემდეგი წლისთვის პირველი წლის საშუალო ხელფასების დონის უზრუნველყოფაც მოხდებოდა, მაგრამ წლის ბოლომდე ყოველი ჯგუფი მხოლოდ წინა წელს გადახდილი მთელი თანხის ხუთ მეექვსედს მიიღებდა და წლის ბოლოს ეს თანხები ეკონომიკის შესაბამისი დარგის ან საწარმოს მოგების საფუძველზე შეივსებოდა და ა.შ.
ასეთი მეთოდის შემოღება თითქმის იმავე შედეგს მოგვცემდა, რასაც შრომის თავისუფალი ბაზრის აღდგენა, ოღონდ დასაქმებულებს ეცოდინებოდათ, რომ მათი საშუალო რეალური ხელფასი კი არ შემცირდებოდა, არამედ მხოლოდ გაიზრდებოდა. იმედი მაქვს, რომ ეკონომიკის სხვადასხვა დარგსა და საწარმოს შორის დასაქმებულების განაწილების განსაზღვრის საბაზრო მექანიზმის ირიბი გზით ამუშავება ცალკეული ჯგუფების რეალური ხელფასების თანდათანობით კლებასთან ერთად საშუალო რეალური ხელფასის დონის მკვეთრ ზრდას გამოიწვევს.
მერწმუნეთ, ასეთ უცნაურ წინადადებას დაუფიქრებლად არ შემოგთავაზებდით. მაგრამ ასეთი სახის ღონისძიება ხელფასის სტრუქტურის სიხისტის მზარდი პროცესის შემობრუნების ერთადერთ საშუალებად მეჩვენება, პროცესისა, რომელიც, ჩემი აზრით, არა მარტო დიდი ბრიტანეთის მსგავსი ქვეყნების ეკონომიკური სირთულეების მთავარი მიზეზია, არამედ, აქედან მომდინარე სიმპტომების „საშემოსავლო პოლიტიკის“ და მსგავსი მეთოდებით მკურნალობით, ასეთი ქვეყნების ეკონომიკურ სტრუქტურას გენერალურ გეგმას დაქვემდებარებულად და ამიტომ კიდევ უფრო ხისტად რომ აქცევს. ჩემი აზრით, პრობლემის გადაწყვეტის ხსენებული გზა დასაქმებულებს მხოლოდ სარგებელს მოუტანს, მაგრამ, ცხადია, ვაცნობიერებ, რომ პროფკავშირების ფუნქციონერები ამით საკუთარი ძალაუფლების დიდ ნაწილს კარგავენ და ამიტომ ისინი მას ბოლომდე შეეწინააღმდეგებიან.
__________________
1. „მაღალი ხელფასების მეშვეობით მთელი შრომისუნარიანი მოსახლეობის სრული დასაქმება“- მთარგმნელის შენიშვნა.