The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მედიის თვითრეგულირების ქრესტომათია

მედიის თვითრეგულირების ქრესტომათია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი მედია
წყარო: მედიის თვითრეგულირების ქრესტომათია : [სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. ჟურნალისტიკის ფაკ. სტუდ. / შემდგ. და რედ.: თამარ კინწურაშვილი ; თარგმანი: მანანა გიგაური და სხვ.] ; თავისუფლების ინ-ტი - თბ., 2004 - 244გვ. ; 20სმ. - ISBN 99940-714-6-7 : [ფ.ა.]   [MFN: 20029]
 
UDC:  070(075.8)
K 243.054/3 - საერთო ფონდი
K 243.055/3 - საერთო ფონდი
K 243.912/3 - საერთო ფონდი
K 243.913/3 - საერთო ფონდი
05/07/მ-485 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 81.083/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თავისუფლების ინსტიტუტი დამტკიცებულია საქართველოს განათლების სამინისტრო მიერ დამხმარე სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. სახელმძღვანელო გამოცემულია ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსთან (IREX) და ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით. ეს გამოცემა თავისუფლების ინსტიტუტმა განახორციელა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსგან (IREX) მიღებული გრანტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტი აგებს პასუხს ამ გამოცემის შინაარსზე. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ პოზიციას. შემდგენელი და რედაქტორი: თამარ კინწურაშვილი თარგმანი: მანანა გიგაური, ხათუნა კოპალეიშვლი, მერაბ ბასილაია, შოთა უტიაშვილი. დიზაინი: ბესიკ დანელია თარგმანი ქვეყნდება მინესოტას ახალი ამბების საბჭოსთან (www.mtn.org/newscouncil), გერმანიის პრესის საბჭოსთან (www.presserat.de), დიდი ბრიტანეთის პრესის საჩივრების კომისიასთან (www.pcc.org.uk), კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პრესის საბჭოსა (www. bcpresscouncil.org) და ესტონეთის პრესის საბჭოსთან (www.asn.org.ee) შეთანხმებით და მასზე პასუხს აგებენ მთარგმნელები.



1 რედაქტორისგან

▲ზევით დაბრუნება


როგორ იქცევა პოპ ვარსკვლავი პოლ მაკკარტნი ან ელტონ ჯონი, კინოვარსკვლავი ჰიუ გრანტი, პრემიერი არიელ შარონი ან ტონი ბლერი, როგორ იქცევიან სხვა ცნობადი თუ უცნობი ადამიანები, როდესაც მედია მათ პირად ცხოვრებაში დაუკითხავად იჭრება, ახდენს მათ დისკრედიტაციას, არღვევს ჯურნალისტურ ბალანსსა თუ სხვა პროფესიულ სტანდარტებს?

როგორ პასუხობს მედია მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს?

ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხს წინამდებარე სახელმძღვანელოში უთუოდ იპოვით, თუმცა მანამდე უნდა ითქვას ერთი რამ: საზოგადოება, ცნობადთა თუ უცნობთა ჩათვლით, ხშირ შემთხვევაში მედიასთან წარმოქმნილი დავების მოგვარებას სამართლებრივი სივრცის ნაცვლად, მორალურ სამსჯავროზე ამჯობინებს; მედია კი თავის ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე იმით გამოხატავს, რომ ქმნის თვითრეგულირების სხვადასხვა ფორმებს, რათა წარმოქმნილი კონფლიქტები ხელისუფლების ჩარევის გარეშე, საზოგადოების მონაწილეობითვე გადაჭრას. ალბათ, სწორედ მედიის მიერ საზოგადოების წინაშე ნებაყოფლობით აღებული პასუხისმგებლობაა სამოქალაქო საზოგადოების სიმწიფის გამოვლინება.

წინამდებარე ქრესტომათია მედიის ანგარიშვალდებულების ისეთ ფორმას შეეხება, როგორიც მედიასაბჭოებია. ეს ინსტიტუტები სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ფორმით არსებობენ, თუმცა მათი ძირითადი პრინციპი ყველგან ერთია - ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის მფლობელები, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ნებაყოფლობით აყალიბებენ თვითრეგულირების ორგანოს, რომელიც საზოგადოებასა

და მედიას შორის წარმოქმნილ დავებს იხილავს. საბჭოები, რომლებიც სასამართლოს ერთგვარ ალტერნატივად აღიქმება, მოქალაქეებისაგან შესულ საჩივრებს მედიის მიერვე აღიარებული ეთიკური ნორმებისა და პროფესიული სტანდარტების საფუძველზე განიხილავენ.

მედიასაბჭოების, როგორც მედიის თვითრეგულირების ორგანოების არსებობის ერთადერთი საფუძველი აღიარებული პრინციპებისადმი ერთგულება და მათი შეუვალი დაცვაა. ავტორიტეტი და მისდამი ნდობა კი მედიასაბჭოს ერთადერთი იარაღია.

მედიის თვითრეგულირების ქრესტომათია მიზნად ისახავს „სხვათა“ გამოცდილების გაზიარებას და ეს „სხვები“ ამ შემთხვევაში ისეთი ქვეყნებია, როგორიცაა: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, კანადა და შვეიცარია. ონკრეტული საქმეების დეტალური განხილვის გზით, სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს მომავალ ჟურნალისტებს, პრაქტიკულად გაიაზრონ ჟურნალისტიკის თეორიული საფუძვლები. ქრესტომათია მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს, როგორიცაა არჩევნების გაშუქება, სარეკლამო პოლიტიკა, ანონიმურ წყაროებთან ურთიერთობა, ინტერესთა კონფლიქტი, ბალანსის დაცვა, კრიმინალებისათვის თანხის გადახდა, შევიწროება, დისკრიმინაცია თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გაშუქების საკითხები.

ცივილიზებულმა ქვეყნებმა თვითრეგულირების პრინციპების შექმნასა და დახვეწას ათწლეულები მოანდომეს. საქართველო უკვე მეორე წელია ეცნობა ამ მხრივ ტრადიციული დემოკრატიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებას და პირველ ნაბიჯებს დგამს მედიასაბჭოს ჩამოყალიბებისა და ანგარიშვალდებულების სისტემის ამოქმედების მიმართულებით. ქართულმა მედიამ დღესვე უნდა გასცეს პასუხი კითხვას - შეუძლია თუ არა მას სამოქალაქო საზოგადოების პრინციპების სრულად გააზრება და რაც მთავარია, ამ პრინციპებით ხელმძღვანელობა.

დასასრულს, მადლობა უნდა ითქვას ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსა (IREX) და ბრიტანეთის საბჭოს მიმართ, რომელთა ხელშეწყობით წარიმართა საქართველოში ეს პროცესი და გამოიცა წინამდებარე სახელმძღვანელო.

თამარ კინწურაშვილი

2 თავი 1. ამერიკის შეერთებული შტატები

▲ზევით დაბრუნება


2.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


მინესოტას ახალი ამბების საბჭო

„ეს არის კეთილი ნების ხიდი, მკვეთრი განაცხადი პრესის მხრიდან, რომ ის არა მარტო თავისუფალია, არამედ პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს,“ - ასე შეაფასა მინესოტას ახალი ამბების საბჭოს პირველმა თავმჯდომარემ, მოსამართლე ს. დონალდ პიტერსონმა საბჭოს მნიშვნელობა.

საბჭო, რომელიც 1971 წელს მინესოტას გაზეთების ასოციაციამ დაარსა და რომელსაც შემდგომში შტატის მაუწყებელთა ნაწილიც შეუერთდა, სამართლიანი, ძლიერი და სანდო ჟურნალისტიკის დამკვიდრებას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად საბჭო საჯარო მოსმენებზე განიხილავს საზოგადოების წარმომადგენელთა საჩივრებს მედიის წინააღმდეგ.

საბჭო სამედიატორო ფუნქციასაც ახორციელებს, რის შედეგადაც ხშირად დავები მოსმენამდე გვარდება და საქმეს შემდგომი მსვლელობა არ ეძლევა. საინფორმაციო საშუალებამ საჩივარი შეიძლება სხვადასხვაგვარად დააკმაყოფილოს: ეს არის ბოდიშის მოხდა, შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება, ახალი სტატიის მომზადება, რომელშიც მომჩივანის თვალსაზრისიც არის ასახული, მომჩივანის მიერ დაწერილი მასალის გამოქვეყნება, რუბრიკით „წერილი რედაქტორს“ ან კომენტარი.

თუ საინფორმაციო საშუალება უარს ამბობს დააკმაყოფილოს მომჩივანის მოთხოვნა, ან მომჩივანი თვლის, რომ რეაგირების ფორმა არაადეკვატურია, ასეთ შემთხვევაში იმართება საჯარო მოსმენა. იმისდა მიუხედავად, გამოცხადდება თუ არა მოპასუხე მედიასაშუალება სხდომაზე, საბჭო მაინც მართავს მოსმენას და სთხოვს მოპასუხე მხარეს წერილობით შეპასუხებას. საბჭოს პრაქტიკაში იშვიათია შემთხვევები, როცა მოპასუხე მხარე მხოლოდ წერილობით პასუხს აგზავნის მოსმენაზე და თავად არ ცხადდება და მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, როცა საინფორმაციო საშუალება საერთოდ არ ეხმიანება საბჭოს.

მინესოტას ახალი ამბების საბჭო 25 წევრისაგან შედგება. აქედან 12 მედიის და 12 საზოგადოების წარმომადგენელია, 25-ე - თავმჯდომარე კი შტატის უზენაესი სასამართლოს ყოფილი წევრი უნდა იყოს, რომელსაც მოსმენების გამართვის გამოცდილება გააჩნია. თუმცა, ამ უკანასკნელს ხმის უფლება არა აქვს. საბჭოს წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს სპეციალური კომიტეტი და ამტკიცებს საბჭო. სამწლიანი ვადა შესაძლოა, გაგრძელდეს კიდევ სამი წლით, კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე.

საჯარო მოსმენების გარდა, საბჭო საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა: აწყობს საჯარო ფორუმებს; წელიწადში ორჯერ გამოსცემს ჟურნალს და ამზადებს ყოველთვიურ სატელევიზიო პროგრამას საკაბელო ტელეარხისათვის; ატარებს სემინარებს საინფორმაციო საშუალებებისთვის, როგორ დასძლიონ ის ლაფსუსები, რომლებიც საჩივრების საფუძველი ხდება; აწყობს იმიტირებულ მოსმენებს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები საბჭოს წევრების როლში გამოდიან.

2.2 1. არჩევნების გაშუქება

▲ზევით დაბრუნება


მარსია ელანდიიდენ პრერია ნიუს-ის წინააღმდეგ

საჩივარი: მარსია ელანდი კენჭს იყრიდა, როგორც დემოკრატი კანდიდატი მინესოტას წარმომადგენელთა პალატაში 43A ოლქიდან. მისი მეტოქე რესპუბლიკელი ტომ უორკმანი იყო. ელანდმა იცოდა, რომ ოლქის მოსახლეობის დიდი ნაწილი რესპუბლიკელებს უჭერდა მხარს და მას თითქმის არ ჰქონდა გამარჯვების შანსი, თუმცა რესპუბლიკელი კანდიდატის ოპონირება მნიშვნელოვნად მიაჩნდა, რათა საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩეველთა ყურადღების ფოკუსირება მნიშვნელოვან საკითხებზე მოეხდინა. მან არჩევნები წააგო.

ელანდმა იდენ პრერია ნიუსის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის ტენდენციურად გაშუქების გამო საბჭოში საჩივარი შეიტანა.

„მე არ მოვსულვარ აქ მხოლოდ ერთი ინციდენტის გამო. არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობ, საარჩევნო კამპანიის გაშუქება ზოგადად პრობლემად იქცა“, - განაცხადა მომჩივანმა. კანდიდატი თვლიდა, რომ გაზეთმა მას შეგნებულად შეუშალა ხელი, როცა არჩევნების წინ, ბოლო ნომერში არ გაუშვა არავითარი ინფორმაცია მასზე, მაშინ, როდესაც იმავდროულად აშკარად დაუჭირა მხარი მის ოპონენტს.

წერილები: გაზეთმა არ გამოაქვეყნა ელანდის მხარდასაჭერი ორი „წერილი რედაქტორს“ და არც თავად კანდიდატის წერილი. ამის მიზეზად რედაქციამ ის გარემოება დაასახელა, რომ წერილების ავტორები იდენ პრერიაში არ ცხოვრობდნენ, თუმცა მომჩივანის მტკიცებით, ადრე გაზეთში არაადგილობრივ მხარდამჭერთა წერილებიც ქვეყნდებოდა.

მხარდაჭერა: გაზეთმა მხარი დაუჭირა მის ოპონენტს ისე, რომ მისგან (ელანდისაგან) ინტერვიუც კი არ აუღია.

რეკლამა: გაზეთმა არ გამოაქვეყნა მომჩივანის რეკლამა ბოლო ნომერში, რომლის საფასურიც მას გადახდილი ჰქონდა. ელანდის ოპონენტის რეკლამა კი იმავე ნომერში დაიბეჭდა.

საბჭომ უარი განაცხადა რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით საჩივრის მოსმენაზე, რადგან ორივე მხარეს კარგად ესმოდა, რომ რეკლამის გამოუქვეყნებლობა ტექნიკური შეცდომა იყო. საბჭომ ყურადღება ელანდის პირველ ორ საჩივარზე გაამახვილა.

გაზეთის პასუხი: გაზეთმა ელანდის მხარდამჭერების ბოლო ორი წერილის გამოუქვეყნებლობა ახსნა იმით, რომ წერილები ადგილობრივ მცხოვრებლებს არ ეკუთვნოდათ. რედაქტორის თქმით, საერთო ჯამში გაზეთმა ელანდის მხარდამჭერებს გაცილებით მეტი წერილი გამოუქვეყნა, ვიდრე მის ოპონენტს. რაც შეეხება ინტერვიუს, გაზეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მხარდასაჭერი ინტერვიუების მომზადების შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ და არ ჩათვალეს მასთან ინტერვიუს ჩაწერა სავალდებულოდ, რადგანაც უკვე ფლობდნენ ინფორმაციას კანდიდატების შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან.

განხილვა: საბჭო დაინტერესდა, ჰქონია თუ არა როდესმე გაზეთს წაყენებული ბრალდება მიკერძოებულობასა ან არაობიექტურობაში? რედაქტორის თქმით, გაზეთს ასეთი ბრალდებით არც ერთი წერილი არ მიუღია. კითხვაზე, გამოაქვეყნა თუ არა გაზეთმა საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც რუბრიკაში „წერილები რედაქტორს“ მასალების მიღებისა და გამოქვეყნების წესს განსაზღვრავს, რედაქტორმა უარყოფითი პასუხი გასცა, თუმცა თქვა, რომ მომავალი არჩევნებისათვის გაზეთი ასეთი პოლიტიკის შემუშავებას აპირებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ უშუალოდ არჩევნების წინ გაზეთს ხშირად არ ჰყოფნიდა საგაზეთო ფართი რედაქციაში შემოსული ყველა წერილის გამოსაქვეყნებლად.მ ამიტომაც მასალების შერჩევის დროს ისინი უპირატესობას ადგილობრივი მოქალაქეების წერილებს ანიჭებენ.

რაც შეეხება გაზეთის მხარდაჭერას, საბჭოს წევრის კითხვაზე, მწირი შესაძლებლობების პირობებში, რატომ აქვეყნებდა გაზეთი ამა თუ იმ კანდიდატისმხარდასაჭერ მასალებს, რედაქტორმა უპასუხა, რომ ისინი ამას საკუთარმოვალეობად თვლიან. „გაზეთმა შესძლო ინფორმაციის მოპოვება და თვლის,რომ ეს ინფორმაცია საშუალო ამომრჩევლისათვის ხელმიუწვდომელია, - განაცხადა მან, - აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს თავს საკმარისად კვალიფიციურად და კომპეტენტურად მივიჩნევთ, რათა მკითხველს რეკომენდაციები შევთავაზოთ“. გაზეთის რედაქტორის მარკ ვებერის თქმით, ის ადრე ესაუბრა ელანდს და სხვა გაზეთში წაიკითხა მისი ინტერვიუ, სადაც კანდიდატმა ხაზი არ გაუსვა ტრანსპორტის საკითხს და ძირითადი აქცენტი განათლებაზე გადაიტანა. იდენ პრერია ნიუსს ელანდთან ინტერვიუ არ აუღია, თუმცა, როგორც ვებერი აცხადებს, არც თავად კანდიდატს უცდია რედაქტორთან დაკავშირება. ელანდს ჰკითხეს, მიაწოდა თუ არა მან საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების ამსახველი მასალები რედაქციას, რაზედაც ელანდმა უპასუხა, რომ რედაქტორს წერილით მიმართა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის მასალები არ გაუგზავნია, რადგან ელოდებოდა სატელეფონო ზარს გაზეთიდან ინტერვიუს თაობაზე.

გადაწყვეტილება: ვრცელი დისკუსიის შემდეგ საბჭომ განაცხადა, რომ სასურველი იქნებოდა, გაზეთს მკაცრად განსაზღვრული წესები შემოეღო, რომლებიც რუბრიკაში „წერილები რედაქტორს“ მასალების მიღება-განთავსების საკითხებს დაარეგულირებდა. ამასთანავე აღინიშნა ისიც, რომ გაშუქების პროცესში ორივე მხარემ ინიციატივის ნაკლებობა გამოამჟღავნა. მომჩივანს შეეძლო, მეტი მასალა მიეწოდებინა გაზეთისათვის, თუმცა გაზეთსაც შეეძლო ინტერვიუ აეღო კანდიდატისგან.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი არ დაეთანხმა საერთო განწყობას და განაცხადა, რომ როდესაც საუბარი სარედაქციო მასალას ეხება, „გაზეთის საქმეა, იყოს „მიკერძოებული“ პოლიტიკური გაგებით. სწორედ ამიტომაა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გაზეთი ისეთი სახელწოდებით, როგორიცაა „Red Wing Republican Eagle“ (წითელფრთიანი რესპუბლიკელი არწივი). ეს არის ის, რასაც გაზეთები ისტორიულად აკეთებდნენ. ისინი ყოველთვის გამოხატავდნენ მოსახლეობის გარკვეული სეგმენტის ხმას.“

კენჭისყრა: კითხვაზე, იყო თუ არა იდენ პრერია ნიუსი უსამართლო მარსია ელანდის მიმართ, საბჭომ 19 ხმით 3-ის წინააღმდეგ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

19 აგვისტო, 1999

დენ რივა ნორდვესტ ნიუსის წინააღმდეგ

საჩივარი: ბრუკლინ ცენტრ სიტის საბჭოს დეპუტატობის კანდიდატის, დენ რივას საჩივარი გაზეთ ნორდვესტ ნიუსში არჩევნების წინა დღეს გამოქვეყნებულ წერილს შეეხებოდა, რომელიც ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად, როცა ამტკიცებდა, რომ ის (რივა) ათეისტი იყო. მომჩივანის აზრით, მთელი პუბლიკაციის ტონი მიკერძოებული და ტენდენციური იყო. მისი საარჩევნო შტაბის უფროსის საპასუხო წერილს ახლდა რედაქტორის მინაწერი, რომელიც მომჩივანის შეფასებით, „მტრულად განწყობილი“ იყო. ოპონენტთა წერილებთან შედარებით, რივას და მისი მომხრეების წერილების სიმწირე, მომჩივანის აზრით, გაზეთის აშკარა ცალმხრივობაზე მიუთითებდა. მიუხედავად იმისა, რომ რედაქტორს შეატყობინეს, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ინფორმაცია ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავდა, რედაქციას არ გამოუქვეყნებია მცდარი ინფორმაციის შესწორება.

დენ რივა ბრუკლინ ცენტრის ქალაქის საბჭოში იყრიდა კენჭს 1992 წლის არჩევნებზე. იგი წინასწარ არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა ძირითად არჩევნებში დამარცხდა.

რივას წინააღმდეგ მიმართულ წერილში ბრუკლინ ცენტრის ყოფილი მერი დინ ნიკვისტი ამბობდა: „1989 წლის მაისში სამი ადამიანი, რომელთაგან ორი ცნობილი ათეისტია, ღიად მოითხოვდა საბჭოს კრებების წინ ლოცვის აკრძალვას. ერთ-ერთი მათგანი ახლა საბჭოში იყრის კენჭს“.

რივა, რომელიც აღმსარებლობით კათოლიკეა, მართლაც იყო ამ ლოცვების წინააღმდეგი, მაგრამ ამის მიზეზი იყო ის, რომ იმჟამინდელმა მერმა ეს პროცედურა მხოლოდ საკუთარი რელიგიით შემოფარგლა. მას შემდეგ, რაც მერი გადადგა, ლოცვები მრავალფეროვანი (განსხვავებული აღმსარებლობებისთვის) გახდა, რისი საწინააღმდეგოც რივას არაფერი ჰქონდა. მისი მტკიცებით, გაზეთმა იცოდა, რომ ის ათეისტი არ იყო და მაინც გამოაქვეყნა ხსენებული წერილი. პუბლიკაციის შედეგად კი, რივას საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებს ხალხი ცხვირწინ კარს უჯახუნებდა, რადგან ათეისტისთვის ხმის მიცემა არ სურდა. გარდა ამისა, წერილი უშუალოდ არჩევნების წინ, ბოლო მომენტში ახალ საკამათო საკითხს წამოჭრიდა და მას პასუხისათვის სათანადო დრო არ რჩებოდა.

გაზეთის პასუხი: რედაქტორმა როქსანა ბენჯამინმა აღიარა, რომ წერილი ბუნდოვანი იყო და მცდარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა, მაგრამ ამასთანავე დასძინა, რომ წინასწარ და ძირითად არჩევნებს შორის მან გამოაქვეყნა რივას წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის (რივა) ქრისტიანი იყო. რედაქტორმა არ გაიზიარა ბრალდება, რომ ნიკვისტის წერილი ახალ პრობლემატიკას წამოჭრიდა, რადგან თემა 1989 წლის დისპუტს უკავშირდებოდა. რაც შეეხება საჩივარს რედაქტორის „მტრულ მინაწერზე“, რედაქციის აზრით, წერილი უშუალოდ გაზეთისადმი იყო მიმართული და რედაქტორისაგან პასუხს მოითხოვდა.

გადაწყვეტილება:

სარჩელი 1. საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს, რომელიც უშუალოდ არჩევნების წინ ისეთი პუბლიკაციების გამოქვეყნების უსამართლო პრაქტიკას აპროტესტებდა, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მკითხველი. „ვინმესათვის ათეისტობის დაბრალება რეგიონში, სადაც რელიგიური საკითხები ისედაც მგრძნობიარე და საკამათო თემაა, სერიოზული პრობლემაა,“ - აღნიშნა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა. მან ურჩია გამომცემელს, გამოეცხადებინა წერილებთან დაკავშირებული პოლიტიკა და არ დაებეჭდა თავდასხმები კანდიდატებზე, როცა მათ რეალურად საპასუხო დრო აღარ რჩებოდათ.

სარჩელი 2. ბრალდებას საარჩევნო კამპანიის მიკერძოებულ გაშუქებაზე საბჭომ მხარი არ დაუჭირა, რადგანაც მიიჩნია, რომ გაზეთი ყოველმხრივ შეეცადა არსებული დაპირისპირების დაბალანსებას.

12 თებერვალი, 1993

რეიმონდ პლოეცისერქულეითინგ ფაინსის წინააღმდეგ

საჩივარი: 1988 წლის შემოდგომაზე პლოეცი კენჭს იყრიდა კონგრესში. საარჩევნო ლიტერატურაში პლოეცმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი სამხედრო სამსახურის შესახებ, სადაც მითითებული იყო, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის დროს ის ასწავლიდა „განიარაღებასა და კონტრდაზვერვას“; ასევე მუშაობდა სახელმწიფო დეპარტამენტში „აფრიკაში აშშ-ს საელჩოების უსაფრთხოების საკითხებზე“ და როგორც „ექსპერტ-კონსულტანტი კონტრ-ტერორიზმის საკითხებზე“. 3 ნოემბრის სერქულეითინგ ფაინსის სარედაქციო მასალაში გაზეთმა მხარი დაუჭირა პლოეცის ოპონენტს. „ჯაშუშები ხრიკებისა და შეთქმულებების დიდოსტატები არიან და დემოკრატიული საზოგადოების სამსახურში არ გამოდგებიან“, - ნათქვამი იყო სტატიაში. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული ფრაზა სარედაქციო მასალაში გავიდა, პლოეცი აპროტესტებდა მის ჯაშუშად მოხსენიებას.

საბჭოს მოუწია პასუხის გაცემა შეკითხვაზე - არღვევდა თუ არა გაზეთი მომჩივანის „ჯაშუშად“ მოხსენიებით სამართლიანობისა და სიზუსტის ჟურნალისტურ სტანდარტებს?

განხილვა: დისკუსიის დროს პლოეცმა განაცხადა, რომ მის სამუშაოს კონტრდაზვერვაში არაფერი ჰქონდა საერთო „ჯაშუშობასთან“. მან ასევე განმარტა სხვაობა ჯაშუშებსა და კონტრდაზვერვას შორის, რისთვისაც სათანადო ლექსიკონიც დაიმოწმა.

მეორეს მხრივ, რედაქტორმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, „კონტრდაზვერვა“ მხოლოდ ევფემიზმია ჯაშუშობისა და შპიონაჟის აღსანიშნავად. მან დასძინა, რომ სამხედრო დაზვერვა და მტრის დაზვერვისათვის ობსტრუქციის შექმნა ხშირად სწორედ „ჯაშუშობით“ ხდება, რაც საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას ნიშნავს. არგუმენტაციის დროს რედაქტორმაც ორი ლექსიკონი მოიშველია. ცხადია, მხოლოდ ლექსიკონებიდან ციტირების საფუძველზე დავის გადაწყვეტა შეუძლებელია. საქმე ისაა, თუ როგორ გაიგო მკითხველმა პლოეცის სააგიტაციო ლიტერატურაში ნახსენები „კონტრდაზვერვა და კონტრტერორიზმი.“ ადამიანები ამ ტერმინების შეფასებისას დღევანდელ კულტურულ კონტექსტს ეყრდნობიან, რომელშიც მრავლადაა კინოფილმები, რომანები, ახალი ამბების მედია, რომლებიც აღწერენ ან გვიამბობენ ტერორიზმის აქტებზე, ინტრიგებსა და შპიონაჟზე.

ის გამონათქვამი, რომელიც საჩივრის საფუძვლად იქცა, გამოქვეყნდა სარედაქციო მასალაში და არა ახალ ამბებში. სარედაქციო სტატია ის გზაა, რომლითაც გაზეთს შეუძლია გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალობა და პოზიცია. მკითხველს ესმის, რომ სარედაქციო მასალა არის არა ფაქტებზე დაფუძნებული რეპორტაჟი, არამედ პირადი კომენტარი ფაქტებზე. თუმცა იმდენად, რამდენადაც რედაქტორის აზრი ფაქტებზეა დამოკიდებული, ეს ფაქტები ზუსტი და სამართლიანი უნდა იყოს.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: საბჭოს აზრით, ბევრი მკითხველი, როგორც წესი, ტერმინებს „კონტრდაზვერვა“ და „კონტრტერორიზმი“ ჯაშუშობას უკავშირებს. ამდენად, საბჭომ ჩათვალა, რომ გაზეთის მიერ სიტყვა „ჯაშუშის“ გამოყენება სარედაქციო კომენტარის ჩარჩოებში თავსდებოდა და საჩივარს მხარი არ დაუჭირა. სტატიაში გაკეთებული დასკვნა, რომ ფაქტობრივად პლოეცი ფარული არალეგალური საქმიანობით იყო დაკავებული, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ფაქტების გადამოწმება კი, საბჭოს აზრით, თავიდან ააცილებდა გაზეთს ამ გაუგებრობას. მეორეს მხრივ, პლოეცმა თავად გადაწყვიტა სააგიტაციო მასალებში ისეთი თემატიკის გამოყენება, რომელმაც სადავო ინტერპრეტაცია გამოიწვია. სწორედ ამ ლიტერატურის საფუძველზე დაიწერა სარედაქციო მასალა.

28 სექტემბერი, 1989

2.3 2. სარეკლამო პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


ლარი ბლაჰოვიცი
ფაიფსთოუნ ქაუნთი სთარის წინააღმდეგ

საჩივარი: ფაიფსთოუნ სითის ქალაქის საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ლარი ბლაჰოვიცმა საბჭოს მიმართა და განაცხადა, რომ ფაიფსთოუნ ქაუნთი სთარი მას უსამართლოდ და დისკრიმინაციულად მოექცა, როდესაც არჩევნების წინა დღეს გამოსულ ნომერში მას სარეკლამო ფართობი არ დაუთმო. ეს მაშინ, როცა მისი კონკურენტის რეკლამა სწორედ ამ დღეს გამოქვეყნდა აღნიშნულ

გაზეთში.

როდესაც ბლაჰოვიცმა სცადა გვერდის მეოთხედი ზომის თავისი საარჩევნო რეკლამის განთავსება ფაიფსთოუნ ქაუნთი სთარში, მას უთხრეს, რომ მინესოტას შტატის კანონი უკრძალავდა გაზეთს ასეთი რეკლამის განთავსებას იმ ნომრებში, რომლებიც სავარაუდოდ არჩევნების დღეს უნდა გავრცელებულიყო. რედაქტორმა ბლაჰოვიცს განუცხადა, რომ ნომერში არ დაიბეჭდებოდა არავითარი პოლიტიკური რეკლამა, თუმცა ლარი ბლაჰოვიცის ერთ-ერთი კონკურენტის შედარებით მცირე ზომის რეკლამა გაზეთში მეორე დღეს მაინც გამოჩნდა. არჩევნები არც ერთ კანდიდატს არ მოუგია.

გაზეთის პასუხი: რედაქტორმა ბლაჰოვიცის მეუღლეს, მოგვიანებით კი საბჭოს აუხსნა, რომ კონკურენტი კანდიდატის რეკლამის გამოჩენის მიზეზი გაზეთის იმ თანამშრომლების შეცდომა იყო, რომლებიც კარგად არ იცნობდნენ გაზეთის სარეკლამო პოლიტიკას. მისი თქმით, ეს არ მომხდარა მოტივირებული პოლიტიკური მიზანშეწონილობით და რომ მიზეზი უფრო სარედაქციო უწესრიგობა იყო. რედაქტორმა წუხილი გამოთქვა უნებლიე დისკრიმინაციის გამო. ბოდიშის შემდეგ მომჩივანმა გადაწყვიტა საქმისათვის შემდგომი მსვლელობა აღარ მიეცა.

გადაწყვეტილება: საბჭომ მხარი დაუჭირა სარჩელს.

მოტივაცია: აღნიშნული საჩივარი მიგვითითებს იმაზე, რომ აუცილებელია ყველა გაზეთმა შეიმუშაოს განსაზღვრული წესები, რომელიც პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნების საკითხებს დაარეგულირებს, რათა ყველა კანდიდატი სამართლიან და თანასწორ პირობებში აღმოჩნდეს. მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, გაზეთმა მიღებული წესები უნდა გააცნოს ყველა თანამშრომელს და თუ შესაძლებელია, კანდიდატებსა და მათი საარჩევნო კამპანიის კომიტეტებს.

საბჭომ აგრეთვე აღნიშნა მინესოტას შტატის კანონის 211.15 მუხლის არაკონსტიტუციურობა. ეს კანონი კრძალავს პოლიტიკური რეკლამის წარმოებას არჩევნების დღეს, თუმცა ეს პრობლემა არა საბჭოს, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტია. პრობლემის გადაჭრის მიზნით, შესაძლოა, მართებული იყოს, რომ გაზეთმა შექმნას კანონის გასაჩივრების პრეცედენტი.

განსხვავებული აზრი: საბჭო მართალია, როდესაც გმობს შტატის კანონით გათვალისწინებულ არასწორ პოლიტიკას, რომელიც არჩევნების დღეს რეკლამას კრძალავს. მაგრამ ასევე უნდა დაიგმოს ის ცალკეული, კერძო წესები, რომლითაც უმრავლესობა პოლიტიკური რეკლამის შინაარსის უგულებელყოფას ახდენს, რადგან ეს წესები ისეთივე წარმატებით ზღუდავს პოლიტიკურ თავისუფლებას, როგორც ოფიციალური ქმედებები.

4 აპრილი, 1973

ედვარდ ტეკაუცი
ჩიშოლმ ფრი პრეს-ტრიბუნ პრესის წინააღმდეგ

საჩივარი: ტეკაუცი 1984 წელს მსახურობდა ჩიშოლმის ქალაქის საკრებულოში. 1986 წლის საკრებულოს არჩევნებში კი ის 54 ხმით დაამარცხა მისმა კონკურენტმა. ახალი ამბების საბჭოს მან თავდაპირველად 1986 წლის 18 ნოემბერს მიმართა, საქმეს მსვლელობა კი 1987 წლის 11 მარტს მისცა. 1987 წლის შემოდგომაზე საჩივარი არ განხილულა თავად მომჩივანის თხოვნის საფუძველზე, რადგან იგი კვლავ იყრიდა კენჭს ქალაქის საკრებულოში. ამ არჩევნებზე მან გაიმარჯვა.

როცა ტეკაუცი 1986 წლის არჩევნებში თითქმის დამარცხებული იყო, ჩიშოლმ ფრი პრეს-ტრიბუნ პრესმა დაბეჭდა მისი ოპონენტის რენდიო შროეტერის რეკლამა და დეივ ენდრიუსის პოზიციის ამსახველი ღია წერილი. მომჩივანის განცხადებით, ორივე პუბლიკაციაში არასწორად იყო ასახული 1984 წლის კენჭისყრის შედეგები. რეკლამაცა და თვალსაზრისიც გაზეთში უშუალოდ არჩევნების წინ გამოქვეყნდა, რის გამოც მომჩივანს არ მიეცა შესაძლებლობა, არჩევნებამდე გაეცა პასუხი ოპონენტებისათვის (გაზეთი კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და ხუთშაბათს გამოდის).

ტეკაუცი ასაჩივრებდა იმას, რომ რეკლამაცა და წერილიც დამახინჯებულად წარმოაჩენდა მის რეიტინგს და იმ გარემოებას, რომ პუბლიკაციების უშუალოდ არჩევნების წინ გამოქვეყნებით მას არ მიეცა არჩევნებამდე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. საბჭომ ყურადღება გაამახვილა შროეტერის მიერ გაზეთში განთავსებულ რეკლამაზე, რომელიც მისი კონკურენტის, ტეკაუცის წინააღმდეგ იყო მიმართული:

მან ხმა მისცა AEOA-ს ავტობუსის მომსახურების წინააღმდეგ.
მან ხმა მისცა ჩიშულმის სასწრაფო დახმარების კონტრაქტის წინააღმდეგ.
მან ხმა მისცა კვირა დღეს ალკოჰოლური სასმელის გაყიდვის წინააღმდეგ.
მან ხმა მისცა სემინარის წინააღმდეგ, სახელწოდებით „უფლება, იცოდე“.
მან ხმა მისცა IRRRB-ის პროექტების წინააღმდეგ.
მან ხმა მისცა თანხების მოზიდვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტისათვის პოლიციის მანქანების შეძენის წინააღმდეგ.
მან ხმა მისცა ქალაქის ავტოსადგომისათვის ახალი ამწის შეძენის წინააღმდეგ.
მან ხმა მისცა დაბეგვრის პოლიტიკის წინააღმდეგ.

არ გვინდა უკან სვლა - ვიაროთ წინ!
რენდი შროეტერი
თქვენი წარმომადგენელი სათათბიროში.
მადლობა მხარდაჭერისათვის.

სარედაქციო მინაწერი:
,,ხარჯები დაფარულია თავად კანდიდატის მიერ“.

განხილვა: გაზეთს არც ერთი კანდიდატისათვის მხარი არ დაუჭერია და მომჩივანის პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკლამის გამოქვეყნებამდე არ ყოფილა ზოგადად გაზეთის ახალი ამბების თემა.

მომჩივანმა საბჭოს განუცხადა, რომ როდესაც მან მოათავსა თავისი რეკლამა იმავე გაზეთში, გამომცემელმა ეჭვის ქვეშ დააყენა ტეკაუცის განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი ოპონენტი „ყოველთვის უჭერდა მხარს გადასახადების და მოსაკრებლების ზრდას“ და საპასუხოდ რეკლამიდან ამოაგდო სიტყვა „ყოველთვის“. ტეკაუცის მტკიცებით, იგი არ ჩააყენეს საქმის კურსში ოპონენტის რეკლამის თაობაზე და რომ მისი მეტოქისათვის ნამდვილად არ უთხოვიათ სარეკლამო განცხადებების სიზუსტის დამტკიცება ისე, როგორც ეს მომჩივანის შემთხვევაში მოხდა.

საბჭოს თავმჯდომარის მითითებით, აღმასრულებელი დირექტორი ჩიშოლმში გაზეთის გამომცემელს, მომჩივანსა და არჩევნებში მის მეტოქეს შეხვდა და სადავო რეკლამის თაობაზე ესაუბრა. მან ასევე შეამოწმა ხმის მიცემის ამსახველი ჩანაწერები ჩიშოლმ სითის საკრებულოს კრებების ოფიციალურ ოქმებში. საკითხის შესწავლის შემდეგ საბჭომ დაადგინა, რომ ცხრა შემთხვევაში შესაძლებელი იყო ხმის მიცემის შედეგების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ანუ რეკლამის შინაარსი, შესაძლოა, სწორიც ყოფილიყო და არასწორიც. მაგალითად,ავტობუსების სერვისის პროექტის შემთხვევაში, ტეკაუცმა საკითხს მხარი დაუჭირა: მან ხმა მისცა $3000-ის სუბსიდიის გამოყოფას აღნიშნულიპროექტისათვის, როდესაც მოთხოვნა $6300-ზე არსებობდა. გამომცემელიცა და ოპონენტიც ამ ჟესტს საწინააღმდეგოდ მიცემულ ხმად მიიჩნევდნენ, რადგან პროექტის ამუშავება სრული სუბსიდირების გარეშე შეუძლებლად მიაჩნდათ, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ტეკაუცმა სუბსიდიის $6300-მდე გაზრდას მაინც დაუჭირა მხარი.

არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა სემინართან („უფლება, იცოდე“) დაკავშირებული კენჭისყრის შედეგები: ტეკაუცმა მხარი დაუჭირა სემინარის ჩატარებას ეველეთში და წინააღმდეგი მისცა ხმა სენტპოლის შემთხვევაში. მაშინ, როდესაც ტეკაუცმა მხარი დაუჭირა IRRRB-ის (რკინის რესურსებისა და რეაბილიტაციის კომიტეტის) პროექტების უმეტესობას და ხმა მხოლოდ ერთი პროექტის წინააღმდეგ მისცა. არასწორი იყო, რომ მან მხარი არ დაუჭირა პოლიციისათვის ახალი მანქანების შესაძენად თანხების მოზიდვას. ოქმები ადასტურებს, რომ თავად მანქანების შეძენას ტეკაუცმა მხარი დაუჭირა, თუმცა გამოვიდა ძველი მანქანების გაყიდვის წინააღმდეგ (რადგანაც მანქანების მედდებისათვის დატოვება ჰქონდა განზრახული). თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი მანქანების გაყიდვა ახლების შეძენის პირობა იყო, მისი პოზიცია ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

საბჭომ განიხილა ტეკაუცის პოზიცია რეკლამის გაზეთში განთავსების დროსთან დაკავშირებით. საბჭოზე ადრეც განხილულა საჩივრები, რომლებიც პოლიტიკური რეკლამის წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო მომენტში განთავსებას უკავშირდებოდა და საბჭო აღიარებს, რომ ეს პრობლემატური საკითხია, როგორც გამომცემლებისათვის, ასევე კანდიდატებისთვისაც. ასეთი რეკლამა სერიოზულ გავლენას ახდენს რეპუტაციაზე, ხოლო თუ ის უშუალოდ არჩევნების წინ ქვეყნდება და რომელიმე მხარეს უარყოფის საშუალება არ ეძლევა, გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზეც. მისასალმებელი იქნება, თუ გამომცემლები შეიმუშავებენ კონკრეტულ პოლიტიკას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა საარჩევნო კამპანიების პროცესში ვადებთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები იჩენს თავს. ამ შემთხვევებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დაინტერესებული მხარისათვის პასუხის გასაცემად დროის შეთავაზება, რადგანაც საპასუხო პუბლიკაციაში შესაძლებელი იქნებოდა კამათი იმის შესახებ, რომ რეკლამაში დასახელებული ფაქტები, სახელდობრ, კენჭისყრისას საკითხის წინააღმდეგ მიცემული ხმა, სინამდვილეში მხარდასაჭერ ხმას ნიშნავდა. ზოგიერთი გაზეთი ამ პრობლემას თავისებურად წყვეტს: ნებას არ აძლევს რედაქტორებს ისეთი პოლიტიკური სტატიები ან რეკლამები გამოაქვეყნონ, რომლებიც ახალ საკითხებს ისეთ ექსტრემალურ მომენტში წამოჭრიან, როდესაც ოპონენტს გამოხმაურების საშუალება აღარ რჩება. გაზეთები აფრთხილებენ დამკვეთებს, რომ უშუალოდ არჩევნების წინ რეკლამას მიიღებენ მხოლოდ იმ პირობით, თუ გაზეთი აღნიშნულ სარეკლამო მასალას ოპონენტს აჩვენებს და ამ უკანასკნელს იმავე ნომერში პასუხის განთავსების შესაძლებლობას შესთავაზებს.

გადაწყვეტილება: საბჭოს აზრით, რეკლამის, ისევე როგორც ღია წერილის სიზუსტე ერთგვარ ეჭვს იწვევდა, თუმცა უზუსტობასთან დაკავშირებული ბრალდება საბჭომ არ დააკმაყოფილა და მხარი დაუჭირა საჩივარს იმ ნაწილში, რომ უსამართლო იყო ამგვარი მასალების გამოქვეყნება ისეთ ვითარებაში, როდესაც მეორე მხარეს აღარ რჩებოდა სათანადო დრო პასუხის გასაცემად.

18 მარტი, 1988

იმ ჰოეზეს საარჩევნო კომიტეტი ვაკონია პატრიოტის,
ნორვუდ თაიმსის და ქარვერ ქაუნთი ნიუსის წინააღმდეგ

საჩივარი: პრეტენზია ვაკონია პატრიოტის, ნორვუდ თაიმსის და ქარვერ ქაუნთი ნიუსის წინააღმდეგ 1984 წლის საარჩევნო კამპანიის დროს (35B ოლქიდან შტატის წარმომადგენელს ირჩევდნენ) ახალი ამბების გაშუქებას ეხებოდა. ქ.ჯ. მაკდონალდსა და მომჩივან ჯიმ ჰოეზეს შორის დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში მაკდონალდსმა გაიმარჯვა. ლეიბორისტული პარტიის კანდიდატის ჯიმ ჰოეზეს საარჩევნო კომიტეტმა საბჭოს სამი გაზეთის წინააღმდეგ რამდენიმე პრეტენზია წაუყენა:

აღნიშნულ გაზეთებში ჰოეზეს პოლიტიკური რეკლამები მუდმივად არამომგებიან ადგილებზე იყო განთავსებული, რაც მის მიმართ საინფორმაციო საშუალებათა ტენდენციურ დამოკიდებულებას ადასტურებდა;

ჰოეზეს მხარდამჭერის წერილი რედაქტორის სახელზე არასათანადოდ იყო რედაქტირებული, რის შედეგადაც არასწორად მოხდა მისი ციტირება.

სარედაქციო თვალსაზრისში, რომელიც 1984 წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, ისე გააკრიტიკეს ჰოეზეს საარჩევნო ბროშურა, რომ ამ უკანასკნელის მომხრეებს კრიტიკაზე პასუხის საშუალება არ მიეცათ;

გაზეთებმა ასევე უარი თქვეს, გამოექვეყნებინათ ჰოეზეს მხარდამჭერის წერილები რედაქტორის სახელზე, რომლებშიც მას მაკდონალდის საარჩევნო რეკლამებში გამოთქმული ბრალდებების უარყოფის საშუალება ექნებოდა.

35B ოლქის სპეციფიკიდან გამომდინარე, პარტიებს მიაჩნდათ, რომ ყველაზე ღირებული საშუალება პოლიტიკური რეკლამის განსათავსებლად გაზეთი იყო. რეგიონში ოთხი გაზეთი გამოდიოდა, მათგან სამივე, რომელიც საქმეში მოპასუხედ გამოდიოდა, გამომცემელ ჯეიმს დ. ბერეტს ეკუთვნოდა და თითოეულს საკუთარი რედაქტორი ჰყავდა.

რეკლამის განთავსება: ჰოეზეს კომიტეტის წევრები აცხადებდნენ, რომ მათი რეკლამა გაზეთში სისტემატურად ბოლო გვერდებზე ქვეყნდებოდა, ხოლო მაკდონალდისა პირველ, ან წინა გვერდებზე.

სამივე გაზეთის რედაქტორის მონაცემებით კი, მაკდონალდის საარჩევნო კომიტეტმა საერთო ჯამში მეტი რეკლამა განათავსა, ვიდრე ჰოეზეს კომიტეტმა. ზოგიერთ ნომერში ჰოეზეს რეკლამა საერთოდ არ დაბეჭდილა, ხოლო საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ გვერდზე უმჯობესია რეკლამის განთავსება - წინაზე თუ ბოლოზე, რედაქტორებმა სადავოდ მიიჩნიეს.

შეჯამების შედეგად გაირკვა, რომ იმ 19 ნომრიდან, რომლებშიც რეკლამა იყო განთავსებული 9 ნომერში ჰოეზეს რეკლამა მაკდონალდისაზე წინ იყო მოთავსებული, 2-ში ორივე კანდიდატის რეკლამა - შუა, ხოლო 8 ნომერში მაკდონალდის რეკლამა - წინა გვერდებზე იყო განთავსებული. ზოგიერთში კი ჰოეზეს შტაბმა საერთოდ არ განათავსა რეკლამა. საბჭო ვერ იტყვის, რომ რომელიმე შემთხვევაში მიკერძოებას ჰქონდა ადგილი და ვერც იმას, რომ სახეზეა ორი კანდიდატიდან ერთ-ერთის რეკლამის მომგებიანი განთავსების რაიმე კონკრეტული მაგალითი ან ზოგადი ტენდენცია.

დამატებით შეიძლება აღინიშნოს ისიც, რომ ჰოეზეს რეკლამა ჩვეულებრივ იგზავნებოდა ქარვერ ქაუნთი ჰერალდში (რომელიც არ ეკუთვნის ბერეტს და სხვა ქალაქში მდებარეობს) და იქვე მზადდებოდა. შემდეგ კი ურთიერთგაცვლის შეთანხმების საფუძველზე, ხსენებულ სამ გაზეთში იგზავნებოდა. ვაკონია პატრიოტის რედაქციაში შეტყობინება რეკლამის განთავსების შესახებ აღწევდა, მაგრამ ინფორმაცია მისი შინაარსისა და ზომების შესახებ ხშირად იგვიანებდა, რაც გაზეთის მაკეტზე მუშაობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნიდა და ზოგჯერ ამა თუ იმ ნომერში რეკლამის განთავსების ადგილზეც მოქმედებდა. მაკდონალდის რეკლამები კი იმავე ქალაქში და კერძოდ, გაზეთ ვაკონია პატრიოტში მზადდებოდა. საჩივარი რეკლამების ტენდენციურად განთავსებასთან დაკავშირებით საბჭომ არ გაიზიარა.

არასწორად რედაქტირებული წერილი: ჯოელ კამერუდმა ჰოეზეს მხარდასაჭერად რედაქციაში ოთხი პუნქტისგან შემდგარი წერილი წარადგინა. ქარვერ ქაუნთი ნიუსმა გამოაქვეყნა ერთპარაგრაფიანი წერილი, რომელიც კანდიდატისადმი უბრალოდ ზოგად მხარდაჭერას გამოხატავდა. ეს ორი წერილი არსებითად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და ამდენად, ხსენებული ერთპარაგრაფიანი წერილი ვერ ჩაითვლებოდა პირველი წერილის რედაქტირებულ ვარიანტად. საინტერესოა, ხომ არ დაწერა ჯოელ კამერუდმა, რომელსაც საბჭოსთვის ჩვენება არ მიუცია, ორი სხვადასხვა წერილი, ან რაიმე გაუგებრობას ხომ არ ჰქონდა ადგილი? გაზეთები რედაქტირების ფაქტს უარყოფდნენ, ხოლო ახალი ამბების საბჭოს არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ ხსენებული საჩივრის საფუძველზე დასკვნა გამოეტანა.

მომჩივანმა განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა ჰოეზეს საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარის არასწორ ციტირებას. ინფორმაციის ავტორმა გადაამოწმა ჩანაწერები და განაცხადა, რომ მასალა ზუსტად ასახავდა ნათქვამის შინაარსს. საბჭომ შეწყვიტა დისპუტი და უარყო ბრალდება არასწორ რედაქტირებასა და მცდარ ციტირებასთან დაკავშირებით.

რედაქტორის სვეტი: გაზეთების გამომცემლისა და ერთ-ერთი კანდიდატის მაკდონალდის ხანგრძლივი მეგობრობის გამო, ბერეტის გაზეთების თანამშრომლებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდეც კი მტკივნეული თემა იყოტენდენციურობასთან დაკავშირებით მოსალოდნელი ბრალდებები. შედეგად გამომცემელმა და რედაქტორებმა წინასწარ შეიმუშავეს პოლიტიკა, რომლის თანახმადაც, უარს აცხადებდნენ არჩევნებში რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერაზე. გაზეთებმა გააკეთეს განცხადება, რომ ყველა ღონეს იხმარდნენ კამპანიის სამართლიანად გასაშუქებლად. თავისთავად სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ ჰოეზეს კომიტეტიდან არ ყოფილა სერიოზული საჩივარი მიმდინარე კამპანიის გაშუქებასთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომელიც არაზუსტ ციტირებას შეეხებოდა. მიუხედავად ამისა, არჩევნების წინა დღეს ვაკონია პატრიოტში დაიბეჭდა სარედაქციო სტატია, რომელიც ჰოეზეს ახალ საარჩევნო ბროშურას აკრიტიკებდა. ჰოეზეს კომიტეტის წევრებმა ბროშურაში ოთხი წლის წინანდელი ციტატა გამოიყენეს ვაკონია პრესის სტატიიდან, რომელშიც მაკდონალდი იყო გაკრიტიკებული, რათა შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ გაზეთი იმ დროს მაკდონალდის წინააღმდეგ იყო განწყობილი. ბერეტის გაზეთებმა პასუხი გასცეს ჰოეზეს მომხრეების ბროშურას იმ მიზნით, რომ მცდარი შთაბეჭდილება გაენეიტრალებინათ, თუმცა არც ამ შემთხვევაში დაუჭერიათ მხარი მაკდონალდისათვის, არამედ გამოაქვეყნეს მხოლოდ შესწორება. ამდენად, საბჭომ ბრალდება სარედაქციო წერილთან დაკავშირებითაც უარყო.

წერილის დაბეჭდვაზე უარი: 1984 წლის 25 ოქტომბერს მაკდონალდის მომხრეებმა გამოაქვეყნეს რეკლამა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მაკდონალდს მაღალი რეიტინგი ჰქონდა ფერმერთა კავშირში. ჰოეზეს მომხრეებმა მოიპოვეს ფერმერთა კავშირის წარმომადგენლის უილის ეკენის წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მაკდონალდის რეიტინგი ფერმერთა კავშირში ძალიან დაბალი იყო და მოითხოვეს ამ მასალის, როგორც რედაქტორისადმი წერილის, გამოქვეყნება, რაზედაც უარი მიიღეს, იმ მოსაზრებით, რომ ეს იქნებოდა ახალი თემატიკის საარჩევნო კამპანიის ბოლო წუთებში წამოჭრა. შესაძლებელი იყო ჰოეზეს კომიტეტს მაკდონალდის პოლიტიკურ რეკლამაზე რეკლამითვე ეპასუხა, მაგრამ მათ რედაქტორის სვეტში წერილის გამოქვეყნება ამჯობინეს. საბჭოს აზრით, ეკენის წერილი უნდა გამოქვეყნებულიყო. ის არ ხსნიდა პოლემიკას ბოლო მომენტში, არამედ პასუხს სცემდა საკითხს, რომელიც მაკდონალდის კომიტეტმა ადრე წამოჭრა.

საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს ეკენის წერილთან დაკავშირებით.

განსხვავებული აზრი: საბჭოს სამი წევრი არ დაეთანხმა უმრავლესობის გადაწყვეტილებას ქარვერ ქაუნთი ნიუსთან მიმართებაში. მათი აზრით, გაზეთი აშკარა ტენდენციურობას იჩენდა მაკდონალდის რეკლამების პირველ გვერდზე, ხოლო ჰოეზეს ბოლო გვერდებზე განთავსების მხრივ. მაკდონალდის რეკლამა ბოლო გვერდზე მხოლოდ იმ კვირეებში იბეჭდებოდა, როდესაც ჰოეზე რეკლამას საერთოდ არ ათავსებდა გაზეთში.

კანდიდატები ისეთ რეგიონებში, როგორსაც ქარვერ ქაუნთი ნიუსი ემსახურება, თითქმის მთლიანად არიან დამოკიდებული ადგილობრივ გაზეთებზე, რათა ხმა მიაწვდინონ საკუთარ ამომრჩეველს. ამიტომ გამომცემლებმა უნდა აამოქმედონ პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიანობის დაცვას არა მხოლოდ პოლიტიკური კამპანიების გაშუქებისას, არამედ მკითხველისთვის გაზეთის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისითა და რეკლამისათვის ადგილის შერჩევის მხრივაც. ასეთი დამატებითი ძალისხმევა უზრუნველყოფს, რომ გაზეთი საზოგადოებამ აღიაროს, როგორც სამართლიანი და მიუკერძოებელი შუამავალი, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოებისათვის.

11 ოქტომბერი, 1985

ონ მეინერსიდელანო იგლის წინააღმდეგ

საჩივარი: ჯონ მეინერსი, რომელიც დელანო სითის მუნიციპალური საბჭოს დანიშნული წევრი იყო, კენჭს იყრიდა ამ თანამდებობაზე 1984 წლის 6 ნოემბრის არჩევნებზე. არჩევნებამდე რვა დღით ადრე, 29 ოქტომბერს, ადგილობრივ გაზეთ დელანო იგლში დაიბეჭდა შემდეგი შინაარსის პოლიტიკური რეკლამა:

„დელანოს ამომრჩევლებო!

კარგად გაიაზრეთ, ვის მისცემთ ხმას მომავალ არჩევნებზე. გახსოვდეთ, რომ მეინერსი იყო ქალაქის სათათბიროს ერთადერთი მოქმედი წევრი, რომელიც თანმიმდევრულად აძლევდა ხმას თითქმის ყველა ოფიციალური წინადადების წინააღმდეგ, რათა დელანოში ბოულინგის ახალი ცენტრი აშენებულიყო. დელანოს სჭირდება პროგრესი და არა ბრმა ნეგატივიზმი. აირჩიეთ ის, ვისაც დელანოს მომავალზე გული შესტკივა. ჯონის პოზიცია საზოგადოებისათვის ცნობილია!..“

სარედაქციო მინაწერი: „გადახდილია კლაიდ კ. უოდელის მიერ“. გაზეთის შემდეგ ნომერში გამოჩნდა კიდევ უფრო ვრცელი რეკლამა, რომელიც კვლავ კლაიდ კ. უოდელის მიერ იყო დაფინანსებული. მასში ვკითხულობთ, „ჩემი განცხადებები, რომლებიც გასული კვირის იგლში გამოქვეყნდა ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება“. შემდგომ იგი უარყოფდა საკუთარ განცხადებებს და ბოდიშს უხდიდა მეინერსს. უარყოფის ტექსტი მეინერსს აკმაყოფილებდა და აშკარა იყო, რომ ტექსტის ფორმულირებაც მას ეკუთვნოდა. ფაქტობრივად, იმ მასალების მიხედვით, რაც მეინერსმა საბჭოს წარუდგინა, გამოდიოდა, რომ მას არ მიუცია ხმა ბოულინგის მშენებლობის საწინააღმდეგოდ, არამედ მხარი დაუჭირა პროექტს.

მეინერსი გაზეთს 29 ოქტომბრის რეკლამის გამოქვეყნების გამო ადანაშაულებდა და მოითხოვდა, რედაქციას საჯაროდ ეღიარებინა დანაშაული და მოეხადა ბოდიში. უოდელი, რომელმაც 29 ოქტომბრის ყალბი განცხადება გაავრცელა, ბოულინგის პროექტის ერთ-ერთი მესაკუთრე იყო და არც არჩევნებში იყრიდა კენჭს და არც რომელიმე კანდიდატის მხარდამჭერი ყოფილა. ცხადია,ნ რომ რეკლამის განთავსებისას მას პირადი მიზნები ამოძრავებდა. მომჩივანის განცხადებით, დელანო იგლს უნდა სცოდნოდა, რომ რეკლამა არასწორ ინფორმაციას შეიცავდა, რადგან გაზეთის კორესპონდენტი სათათბიროს ყველა სხდომას აშუქებდა და ოქმებსაც აქვეყნებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მომჩივანის აზრით, გაზეთს უნდა გადაემოწმებინა ფაქტები ან შეეტყობინებინა რეკლამის შინაარსის შესახებ თავად მეინერსისათვის.

მეინერსის აზრით, 5 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული უოდელის უარყოფა ძალიან დაგვიანებული იყო. გაზეთი ორშაბათობით გამოდის, ხოლო არჩევნები მომდევნო დღეს გაიმართა. მეინერსი დარწმუნებული იყო, რომ გაყალბებულმა რეკლამამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის საარჩევნო კამპანიაზე. იგი არჩევნებში ხმების მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

გაზეთის პასუხი: დელანო იგლიმ აღნიშნა, რომ უოდელი ღირსეული ბიზნესმენი იყო და მათ ეჭვი არ გასჩენიათ რეკლამის შინაარსის სიზუსტესთან დაკავშირებით. გაზეთმა ჩათვალა, რომ რეკლამაზე უარის თქმა, ერთგვარ ცენზურას დაემსგავსებოდა. გაზეთის თანამშრომელმა, რომელიც ამ პერიოდში სათათბიროში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, გადაამოწმა მეინერსთან დაკავშირებული ინფორმაცია უოდელთან და მისტერ და მისის ლარსონებთან, რომლებმაც დაუდასტურეს კორესპონდენტს ფაქტის უტყუარობა. დელანო იგლმა მხოლოდ მოგვიანებით მიიღო ინფორმაცია, რომ ლარსონები წინა გაზაფხულზე დელანოში არ ცხოვრობდნენ და ახლოს არ იცნობდნენ ადგილობრივ პრობლემებს. გაზეთმა ასევე ჩათვალა, რომ უოდელის მიერ საკუთარი განცხადების უარყოფა საკმარისი იყო მოსაბოდიშებლად და ამიტომ კიდევ ერთი მობოდიშება საჭიროდ აღარ მიიჩნია. გაზეთი დაუკავშირდა მეინერსს და იზრუნა, რომ ეს მობოდიშება თვალშისაცემ ადგილზე და სათანადო ფორმით ყოფილიყო დაბეჭდილი. გაზეთმა მეინერსს ასევე ურჩია, სურვილის შემთხვევაში საჩივრით მიემართა ახალი ამბების საბჭოსათვის.

გადაწყვეტილება: საგაზეთო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, რომელიც ამომრჩევლების ინფორმირების ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით პატარა ქალაქებში, შესაძლოა, პრობლემების მიზეზიც კი გახდეს. ასეთ რეკლამას შეუძლია, ზეგავლენა მოახდინოს კანდიდატის რეპუტაციაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს რეკლამა უშუალოდ არჩევნების წინ ქვეყნდება, იქონიოს გავლენა არჩევნების შედეგებზეც.

რეკლამის დამკვეთი, ცხადია, პასუხს აგებს რეკლამის შინაარსზე. ჩვენ ასევე ვთვლით, რომ გაზეთმა ისევე უნდა მოსთხოვოს პოლიტიკური რეკლამის დამკვეთს ფაქტობრივი სიზუსტის დაცვა, როგორც ამას გაზეთის კორესპონდენტებს სთხოვს. საბჭოს აზრით, ღირსეული სარედაქციო პრაქტიკა მოითხოვს, რედაქციამ რეკლამის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს კანდიდატების კენჭისყრის შედეგები. ამას მოცემულ შემთხვევაში ორი მიზეზი აქვს:

1. აღნიშნული რეკლამა უშუალოდ არჩევნების წინ, ბოლო ნომერში რომ ყოფილიყო წარდგენილი, სარედაქციო პოლიტიკიდან გამომდინარე, მას არ გამოაქვეყნებდნენ, რადგანაც ის ახალი, სადავო თემატიკის წამოჭრას გამოიწვევდა;

2. რეკლამის დამკვეთი იყო პირი, რომელსაც რეკლამაში წამოჭრილ საკითხთან მიმართებაში პირდაპირი ბიზნეს ინტერესი ამოძრავებდა.

ეს ორი გარემოება საკმარისი უნდა ყოფილიყო საიმისოდ, რომ გაზეთს ფაქტები დაეზუსტებინა, რადგანაც განცხადება, რომელიც რეკლამაში გაკეთდა, ერთობ საეჭვო იყო, ბოდიში კი, არჩევნების თარიღის გათვალისწინებით, დაგვიანებული. საბჭომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ საჩივარს.

განსხვავებული აზრი: გადაწყვეტილებას საბჭოს ათი წევრი დაეთანხმა. განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ორ წევრს, რომელთა აზრით, არჩევნების წინ მოზღვავებული ინფორმაციული ნაკადის პირობებში, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება ყველაფრის სრულად გადამოწმება. პატარა გაზეთებს განსხვავებული ეთიკა უნდა ჰქონდეთ, განაცხადეს მათ და გაზეთს მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მისცეს: მან საჟაროდ უნდა მოიხადოს ბოდიში და დეტალურად ახსნას შეცდომის მიზეზები.

მერი ეინ რეჩნერისენტ პოლ დისპეჩისა
დაპიონერ პრესის წინააღმდეგ

საჩივარი: მერი ჯეინ რეჩნერი 1984 წლის ნოემბრის არჩევნებზე კენჭს იყრიდა კონგრესში მეოთხე ოლქიდან. მან ორი რეკლამა მიიტანა გაზეთებში სენტ პოლ დისპეჩი და პიონერ პრესი და ორივეს გამოქვეყნებაზე უარი მიიღო. არჩევნებში მისი მეტოქე ბრიუს ვენტო იყო.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე სენტ პოლ დისპეჩი საკუთარ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდა, რომლითაც პოპულარიზაციას უწევდა გაზეთს, იშველიებდა რა სენტ პოლის საზოგადოების ლიდერებს, რომლებიც უხსნიდნენ მკითხველს, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გაზეთს მათ ცხოვრებაში და როგორ უწყობდა ის ხელს საზოგადოებრივი და სამოქალაქო მოვალეობების შესრულებას. რეჩნერმა რედაქციაში წარადგინა რეკლამა, რომელიც ამ კონცეფციის პაროდია იყო და თავად მას კი გამოჩენილ საზოგადოებრივ ფიგურად წარმოაჩენდა. მეორე რეკლამა კი ასეთი შინაარსისა იყო:

ხმა მიეცით R-გუნდს!
რეიგანი - პრეზიდენტად,
რუდი - სენატორად, რეჩნერი - კონგრესში.

რეკლამას რეჩნერის პასპორტის ფოტო ახლდა.

რეჩნერმა გაზეთების მხრიდან რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის გამო საჩივრით ახალი ამბების საბჭოს მიმართა.

გაზეთის პასუხი: სენტ პოლ დისპეჩისა და პიონერ პრესის სარეკლამო განყოფილების დირექტორ ტომ გოლდენის აზრით, პაროდიის შემცველი რეკლამის მიღება ზიანს მიაყენებდა იმ სოლიდურ ინვესტიციას, რომელიც გაზეთმა საკუთარი გამოცემის რეკლამირებისთვის ჩადო. „R-გუნდის“ რეკლამის თაობაზე კი განაცხადა, რომ რეჩნერს სთხოვეს, წარმოედგინა წერილობითი თანხმობა რეიგანისა და ბოშვიცის კომიტეტისაგან, რომ ისინი თანახმანი იყვნენ, რეჩნერის რეკლამაში მათი სახელების გამოყენებაზე. ასეთი წერილობითი ნებართვა რედაქციას არ მიუღია. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ფირმამ კი, რომელიც ბოშვიცის ინტერესებს წარმოადგენდა, გაზეთს განუცხადა, რომ სხვათა რეკლამაში მათი კანდიდატის გვარის გამოყენებისათვის თავად ბოშვიცის კომიტეტის თანხმობა იყო საჭირო.

საბჭოს გადაწყვეტილება: როგორც უკვე ითქვა, გაზეთმა სოლიდური და ლეგიტიმური ინვესტიცია ჩადო საკუთარ რეკლამაში და ამ კამპანიას ზიანს ვერ მიაყენებდა პაროდია-რეკლამების გამოქვეყნებით.

გაცილებით საინტერესო ვითარება იყო „R-გუნდის“ რეკლამის შემთხვევაში. შესაძლოა, კანდიდატს გამოექვეყნებინა რეკლამა, რომელშიც გაცხადებული იქნებოდა, რომ ის მონდეილის ან რეიგანის პოლიტიკას უჭერდა მხარს. სავარაუდოა, რომ რეკლამის შინაარსს არც რეიგანი და არც მონდეილი არ გააპროტესტებდა, რადგანაც რეკლამა გათვლილი იყო, აეხსნა მკითხველისათვის კანდიდატის პოლიტიკური შეხედულებები. თუმცა ეს არ არის რეჩნერის რეკლამის ზუსტი ანალოგია. რეკლამა წარმოაჩენდა რეიგანს, ბოშვიცსა და რეჩნერს, როგორც ერთიან “გუნდს”. რეკლამის კონტექსტიდან გამომდინარეობდა, რომ მხოლოდ რეჩნერი კი არ უჭერდა მხარს რეიგანსა და ბოშვიცს, არამედ პირიქითაც, ბოშვიცი და რეიგანიც უჭერდნენ მხარს რეჩნერს. ასეთ შემთხვევაში გაზეთს სრული უფლება ჰქონდა, მოეთხოვა რაიმე დამადასტურებელი საბუთი იმისა, რომ დანარჩენი ორი კანდიდატი თანახმა იყო, ხოლო რეჩნერი - უფლებამოსილი, გამოეყენებინა მათი გვარები თავის რეკლამაში. მას შემდეგ, რაც რედაქციამ ასეთი დასტური ვერ მიიღო, ის უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა რეკლამის განთავსებაზე. 1983 წლის შემოდგომაზე რეჩნერმა რეკლამა თვინ სითის ყოველდღიურ გაზეთებშიც მიიტანა, სადაც ითხოვდა მხარდაჭერას პარტიისათვის ,,ქალები რეიგანის მხარდასაჭერად”. რეკლამაში ჩამოთვლილი იყო მხარდამჭერთა გვარები და მას ხელს აწერდა რეჩნერი, როგორც 65 BI-R-ის ოლქის მდივანი. პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რეკლამაზე პარტიის თანხმობა არ ყოფილა და გარდა ამისა, არსებობდა წინააღმდეგობრივი მოსაზრებები თვით რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით. რეკლამა გააპროტესტა ზოგიერთმა ხელმომწერმაც, რომელთა განცხადებით, მათი გვარების მითითება მათი თანხმობის გარეშე მოხდა. ამ შემთხვევამ კიდევ ერთი საბაბი მისცა გაზეთს, სიფრთხილე გამოეჩინა „R+გუნდის“ რეკლამის შემთხვევაში.

საბჭომ საჩივარს არ დაუჭირა მხარი.

განსხვავებული აზრი: „R+გუნდთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საბჭოს ერთი წევრი. მისი აზრით, სენტ პოლ პიონერ პრესმა ცივი უარით გაისტუმრა რეკლამა, რომელიც კონგრესის ლეგიტიმურ კანდიდატს ეკუთვნოდა, ხოლო ამ კანდიდატს ნდობის ყველაზე მაღალი ხარისხი ჰქონდა საასპარეზოდ, რადგან მან წინასწარი არჩევნები აშკარად პატიოსნად მოიგო. მან გაიმარჯვა და თავი რესპუბლიკელად გამოაცხადა. მას უნდოდა ისეთი რეკლამის დაფინანსება, რომელიც ხაზს გაუსვამდა გარკვეულ იდენტურობას მასსა და იმ ხალხს შორის, რომელთაც ის თავის თავზე უფრო პოპულარულად თვლიდა, კერძოდ კი, ბოშვიცსა და რეიგანს. მათ შორის მართლაც არის გარკვეული მსგავსება, მათი გვარები ღ ასოთი იწყება (საკვანძო პოლიტიკური მომენტია) და მეორე, ისინი ყველანი რესპუბლიკელთა სახელით იყრიდნენ კენჭს. ბოშვიცის სარეკლამო სააგენტომ უსამართლოდ დაადო რეკლამას ვეტო.

ავად თუ კარგად, რეჩნერი ბოშვიცს და რეიგანს უჭერდა მხარს და ამდენად, მათ თანაგუნდელებად თავის წარმოჩენა საბჭოს წევრმა შეცდომაში შეყვანად არ მიიჩნია. მნიშვნელოვნად მან არც ის ფაქტი ჩათვალა, რომ რეიგანმა ამ რეკლამის შესახებ არ იცოდა, ბოშვიცის სარეკლამო სააგენტოს მხრიდან რეკლამის უარყოფა კი ცუდ პოლიტიკად ჩათვალა. ,,კუ კლუქს კლანიც რომ ჩამოსულიყო მინესოტაში და ეთხოვა გაზეთისათვის უოლტერ მონდეილის მხარდასაჭერი რეკლამის განთავსება, - აღნიშნა საბჭოს წევრმა, - მას ამის უფლება ექნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი გარკვეულად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა მონდეილს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ბოშვიცს არ ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა რეჩნერისათვის”.

12 აპრილი, 1985

ბარტლეტი ოსტინ დეილი ჰერალდის წინააღმდეგ

საჩივარი: მაუერის ოლქის შერიფის მოადგილემ ჯიმ ბარტლეტმა მონაწილეობა მიიღო ოლქის შერიფის არჩევნებში, მისი მეტოქე იმჟამად შერიფის მოვალეობის შემსრულებელი იყო. არჩევნების შემდეგ ბარტლეტის საარჩევნო კომიტეტს გაზეთის წინააღმდეგ უამრავი საჩივარი დაუგროვდა. კომიტეტის აზრით, ოსტინ დეილი ჰერალდმა დიდი წვლილი შეიტანა ბარტლეტის დამარცხებაში. სახელდობრ:

1. გაზეთმა არაადეკვატურად გააშუქა რამოდენიმე შემთხვევა, რომელიც შერიფის მოვალეობის შემსრულებელს უეინ გუდნეიჩერს უკავშირდებოდა და თავად მომჩივანის კომპეტენციას ნეგატიურად წარმოაჩენდა.

2. არამართებულად მოითხოვა რამოდენიმე რეკლამაში შესწორების შეტანა და საერთოდ უარი თქვა ერთი რეკლამის განთავსებაზე.

3. დაუსაბუთებლად უთხრა უარი ბარტლეტის მხარდამჭერებს, გამოექვეყნებინა მათი სტატიები სვეტში „წერილები რედაქტორს“.

4. სათანადოდ ვერ გააშუქა არჩევნების შედეგები.

1982 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ბარტლეტი სისტემატურად საუბრობდა შერიფის მოვალეობის შემსრულებლის კომპეტენციასა და წესიერებაზე. მომჩივანის პოზიციის საპირისპიროდ, ჩანს, გაზეთი ახალ ამბებში მაინც ეხებოდა ამ საკითხებს. მართალია, აღნიშნული თემის გაშუქება რედაქციას უფრო დეტალურადაც შეეძლო, მაგრამ საბჭოს არ შეუძლია იმის თქმა, რომ გაზეთი გონივრული სარედაქციო ქმედებების ჩარჩოებს გასცდა.

გაცილებით სერიოზულად შეიძლება ჩაითვალოს მომჩივანის განცხადება, იმის თაობაზე, რომ გაზეთმა უარი თქვა იმ პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებაზე, რომელშიც ბარტლეტი დახასიათებული იყო როგორც „სანდო“ და „პატიოსანი“. რედაქციამ მომჩივანს უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ ეს განსაზღვრებები უარყოფითად იმოქმედებდა ბარტლეტის ოპონენტზე. რედაქტორმა უარყო ეს ფაქტი და განაცხადა, რომ ასეთი რეკლამის არსებობის შემთხვევაში, ის უთუოდ დაიბეჭდებოდა, რადგანაც უარის თქმის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. იმის გამო, რომ საბჭოსთვის ხსენებული რეკლამა განსახილველად არ წარუდგენიათ და არ არსებობდა საკმარისი სამხილი საქმის განსახილველად, ეს ბრალდება დაუსაბუთებლად ჩაითვალა. ასევე პრობლემატური აღმოჩნდა ის განცხადებაც, რომელიც სვეტში „წერილები რედაქტორს“ მასალის გამოქვეყნებას უკავშირდებოდა. ბარტლეტის კომიტეტმა რედაქციას მიმართა წერილით, რომელშიც აპროტესტებდა გუდნეიჩერის მხარდამჭერთა მიერ მათი ფირნიშების განადგურებას. რადგან იმ ნომერში რედაქტორის გვერდი უკვე გაკეთებული იყო, გაზეთმა ეს პროტესტი წინა გვერდის ახალ ამბებში დაბეჭდა. ორი დღის შემდეგ გაზეთმა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა გუდნეიჩერის მხარდამჭერთა საპასუხო მასალა, რომელშიც უარყოფილი იყო ფირნიშებთან დაკავშირებული ფაქტი და ოპონენტის მიმართ წაყენებული იყო შემხვედრი ბრალდება, რასაც, თავის მხრივ, რედაქტორის სახელზე წერილების მთელი სერია მოჰყვა. 4 ოქტომბერს ბარტლეტის მხარდამჭერმა ჯანეტ მარსდენმა წარადგინა ნოტარიალურად დამოწმებული წერილი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ ანადგურებდნენ ბარტლეტის სარეკლამო ფარებს რაიონული ბაზრობის ტერიტორიაზე. კონსულტაციის შედეგად რედაქტორმა წერილის დაბეჭდვაზე უარი თქვა და აღნიშნა, რომ ეს ოლქის პროკურორის საქმე იყო. საბჭოს სხდომაზე რედაქტორმა განაცხადა, რომ მას არ სურდა, „გაზეთის საშუალებით ვინმე გაესამართლებინა“.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ დაასკვნა, რომ არცთუ უმიზეზო იყო გაზეთის მხრიდან პუბლიკაციაზე უარის თქმა. ოქტომბრის დარჩენილი დღეების განმავლობაში გაზეთმა ნამდვილად დაბეჭდა წერილები ფირნიშებთან დაკავშირებით, თანაც მეტწილად გუდნეიჩერის მხარდამჭერთა ავტორობით. ბარტლეტი ამტკიცებდა, რომ მის მხარდამჭერებს სხვა წერილების გამოქვეყნებაზე უარი უთხრეს. გაზეთის მტკიცებით, მათ დაბეჭდეს ყველაფერი, რაც კი წარუდგინეს. შესაძლოა, ეს სხვა პრო-ბარტლეტური წერილები დაბეჭდილიყო კიდეც, თუ მათ რედაქციას წარუდგენდნენ. საბჭოს კვლავ არ ჰქონია ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა, რადგან ვერ განიხილა გაზეთის მიერ უარყოფილი წერილები. რედაქტორმა განაცხადა, რომ თუ ეს წერილები მარსდენის წერილების მსგავსი არ იყო, მაშინ ისინი დაიბეჭდებოდა კიდეც. რადგან საბჭოს ეს წერილები არ უნახავს, ამიტომ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია.

და ბოლოს, ბარტლეტმა განაცხადა, რომ არჩევნების მეორე დღეს გაზეთმა გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, რომელიც ასახავდა ქალაქის მონაცემებს და არ შეიცავდა სოფლის შედეგებს, რაც მნიშვნელოვანი იყო ბარტლეტის მხარდამჭერებისათვის. გაზეთის განმარტებით, მან შედეგები დეტალურად გამოაქვეყნა გაზეთის მეორე გვერდზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გაზეთმა სრულად გააშუქა არჩევნების შედეგები და ვერ ხედავს დანაშაულს იმაში, რომ მასალა გვერდებზე რედაქციის შეხედულებისამებრ განათავსა.

დასკვნის სახით საბჭომ განაცხადა, რომ გაზეთის მიერ კანდიდატებს შორის არსებული დაპირისპირება შეძლებისდაგვარად ამომწურავად გაშუქდა. საბჭომ მხარი არ დაუჭირა საჩივარს.

15 ოქტომბერი, 1976

2.4 3. რეპუტაცია

▲ზევით დაბრუნება


სევიჯის მერობის კანდიდატი როი კარლსონი
სევიჯ პეისერის წინააღმდეგ

წინაისტორია: 1998 წლის თებერვალში როი კარლსონის რძალმა და ოჯახურ ბიზნესში მისმა თანამშრომელმა, მერი კარლსონმა სასამართლოში როი კარლსონის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მას სექსუალურ დევნაში დასდო ბრალი. 1998 წლის სექტემბერში ორმა მხარემ სასამართლოს გარეშე მიაღწია შეთანხმებას, მომავალში აღარ განეხილათ საქმის სპეციფიკური დეტალები.

1999 წელს როი კარლსონი სევიჯის მერობის კანდიდატი გახდა. კარლსონის ოპონენტმა, იმჟამინდელი მერის წინასაარჩევნო კამპანიის მენეჯერმა ტომ გოულდმა დაიწყო კარლსონის საქმიანობის გამოძიება. მან სამოქალაქო სარჩელი აღმოაჩინა და ამის შესახებ სევიჯ პეისერის რედაქტორს აცნობა. იგი აცხადებდა, რომ სევიჯ სიტის ძვირად დაუჯდებოდა კარლსონის მერობა, თუ იგი ისევე მოექცეოდა თავის მომავალ თანამშრომლებს, როგორც ეს მერი კარლსონის საჩივარში იყო აღწერილი.

საჩივარი: სევიჯის მერობის კანდიდატმა როი კარლსონმა საბჭოში სევიჯ პეისერის ცალმხრივი და უსამართლო პუბლიკაცია გაასაჩივრა. კანდიდატი აცხადებდა, რომ ვერ ისაუბრებდა ერთი წლის წინანდელი სარჩელის დეტალებზე მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობების გამო. მომჩივანის შეფასებით, სტატია მას ცალმხრივად ადანაშაულებდა და გავლენას ახდენდა ამომრჩევლებზე. კარლსონმა აგრეთვე განაცხადა, რომ რედაქტორმა მას პირადი საუბრისას გაუმხილა, რომ მოქმედმა მერმა, მასალის გამოქვეყნების მიზნით, გაზეთზე ზეწოლა მოახდინა.

ამ პუბლიკაციის შედეგად, კარლსონის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარდაკარ შემოვლისას, ქალები მას კარს ცხვირწინ უჯახუნებდნენ.

გაზეთის პასუხი: სევიჯ პეისერმა უარყო ფაქტი, რომ სტატია უსამართლო იყო კარლსონის მიმართ. უფრო დიდი უსამართლობა ბრალდების დამალვა იქნებოდა. გარდა ამისა, სტატია ფაქტობრივ დოკუმენტაციას ეყრდნობოდა, რომლის გადამოწმებაც, სასამართლოში იყო შესაძლებელი. კარლსონს საპასუხო პუბლიკაციის გამოქვეყნება შესთავაზეს. გაზეთს ბოდიში არ მოუხდია და არც თვლის, რომ ბოდიშის მოხდა საჭირო იყო, რადგან ადგილი არ ჰქონია რაიმე უზუსტობას ან შეცდომას, შესაბამისად, ვერც რაიმეს უარყოფა მოხდებოდა. გამომცემელმა უარყო ზეწოლის ფაქტიც. მისი განცხადებით, პოლიტიკოსების ცხოვრებაში არაფერი უნდა იყოს ამომრჩევლისათვის დაფარული.

განხილვა: საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, თუ ვისი ინიციატივით მოხდა კონფიდენციალური შეთანხმება და რას ფარავდა იგი. საბჭო დაინტერესდა იმითაც, ესაუბრა თუ არა რედაქტორი კარლსონის თანამშრომლებს, რაზედაც უარყოფითი პასუხი მიიღო. რედაქტორი თვლიდა, რომ:

1. კარლსონი თანამშრომლებს ამის ნებას არ მისცემდა;

2. მერი კარლსონი არ იყო საჯარო პირი, ხოლო საარჩევნო კამპანია არ წარმოადგენდაპუბლიკაციის ძირითად თემას, მისი თემა თავად როი კარლსონი იყო.

საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა იკითხა, თუ რატომ არ იყო პუბლიკაციაში ნათქვამი, რომ საჩივარი მხოლოდ ერთი პიროვნებისაგან მოდიოდა და, შესაძლოა, არც შეესაბამებოდა სინამდვილეს. აქედან გამომდინარე, რატომ არ შეიკავა თავი გაზეთმა დეტალების გამოქვეყნებისაგან. რედაქტორის აზრით, მკითხველისათვის მასალა უკეთ გასაგები რომ ყოფილიყო, მას დეტალები სჭირდებოდა.

საბჭო რედაქციაზე ზეწოლის ფაქტითაც დაინტერესდა. რედაქტორმა ზეწოლის ფაქტი უარყო, მაგრამ განაცხადა, რომ ტომ გოულდმა, რომელმაც მას დოკუმენტები მიაწოდა, ანონიმურობის შენარჩუნება მოითხოვა.

საბჭოს წევრმა, კოსტელომ განაცხადა, რომ წინა არჩევნების დროს გოულდმა კომპრომატი მაშინდელ კანდიდატზეც მოძებნა და გაზეთს მიაწოდა. კოსტელო დაინტერესდა, გამოაქვეყნა თუ არა მაშინ გაზეთმა კომპრომატები, რაზედაც დადებითი პასუხი მიიღო. კოსტელო ასევე დაინტერესდა, გამოუძიებია თუ არა გაზეთს მოქმედი მერის საქმიანობა, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. რედაქტორის განმარტებით, სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, ისინი არ იძიებენ კანდიდატების საქმიანობას, რადგანაც მწვავე საარჩევნო კონკურენციის პირობებში ამას თავად კანდიდატები აკეთებენ.

საბჭოს წევრმა მედიიდან იკითხა, გაარკვია თუ არა გაზეთმა, რა ფორმულირებით იყო საქმე აღძრული და დახურული, რაზედაც რედაქტორმა უპასუხა, რომ ეს გარემოებები ჟურნალისტს არ გაურკვევია. საბჭოს წევრმა გამოთქვა ვარაუდი, რომ თვით საქმის მოსმენის დროს შესაძლებელი იყო საჩივარი არ დადასტურებულიყო. გაზეთის წარმომადგენელი სარჩელის დეტალების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

საბჭომ კარლსონს ჰკითხა, იყო თუ არა გათვალისწინებული რაიმე ფულადი ჯარიმა რომელიმე მხარისათვის სასამართლო პროცესის გამართვის შემთხვევაში. კარლსონმა თქვა, რომ ჯარიმა 50 ათასიდან 250 ათასი დოლარის ფარგლებში იყო. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ორივე მხარემ გადაწყვიტა, აღარ მიბრუნებულიყო ამ პრობლემაზე სასამართლოში და არასოდეს განეახლებინა ამ თემაზე საუბარი.

რედაქტორმა აღნიშნა, რომ მართალია, არ არსებობს რაიმე წერილობითი სახის ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცე მსგავსს შემთხვევებში, მაგრამ მასალის გამოქვეყნებამდე მან სამი შეკითხვა დასვა:

1. განეკუთვნება თუ არა აღნიშნული მასალა საჯარო დოკუმენტებს?

2. შეიძლება თუ არა მისი დადასტურება?

3. აქვს თუ არა საზოგადოებას უფლება, იცოდეს ამ ფაქტის შესახებ?

მხოლოდ ამ კითხვებზე დადებითი პასუხის შემდეგ მიიღო რედაქტორმა საბოლოო გადაწყვეტილება პუბლიკაციის თაობაზე.

საბჭოს გადაწყვეტილება: საბჭოზე განსხვავებული აზრები გამოითქვა: „რთულია შეეწინააღმდეგო ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია“. ერთ-ერთი წევრის აზრით, სასურველი იქნებოდა, გაზეთს გაერკვია თანამშრომლებისა და მეზობლების აზრი მოცემულ საკითხზე და რომ მხოლოდ სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობა ძალზედ მარტივი ჟურნალისტიკაა. ამ გზით პასუხისმგებლობა სამართლიანობასა და სიზუსტეზე გაზეთმა მთლიანად სასამართლოს გადააბარა. საბჭოზე აგრეთვე ითქვა, რომ სასამართლო სარჩელი ის ჩონჩხია, რომელსაც პრესა რეპორტაჟით ხორცს ასხამს. ამ შემთხვევაში კი გაზეთმა მხოლოდ ჩონჩხი გამოჰკიდა ისე, რომ მისთვის ხორცი არ შეუსხია. ამდენად, ჩვენთვის უცნობი დარჩა, ეს სხეული დაავადებული იყო თუ არა. ხალხმა კი დაიჯერა ის, რაც პრესაში წაიკითხა.

ერთ-ერთმა წევრმა ისიც დასძინა, რომ მართალია, მხარეები შეთანხმდნენ დეტალების გაუხმაურებლობაზე, მაგრამ საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის ასეთი შეთანხმება არ მომხდარა. ცალმხრივობისათვის თავის არიდების მიზნით, თუ სტატიაში არ იყო წარმოდგენილი რომელიმე პოზიცია, ჟურნალისტი მოვალე იყო, ეპოვა ის, ვინც ფაქტებს დაადასტურებდა ან უარყოფდა.

კენჭისყრის შედეგი: საბჭომ 11 ხმით 3-ის წინააღმდეგ საჩივარს მხარი დაუჭირა.

26 ოქტომბერი, 1999

ელის ოლკონითვინ სითი რიდერის წინააღმდეგ

საჩივარი: ჰენეპინის რწმუნებულთა საოლქო საბჭოს წევრობის კანდიდატის ნენსი ოლკონის მეუღლემ, პროფესიით ადვოკატმა ელის ოლკონმა განაცხადა, რომ თვინ სითი რიდერმა 1994 წლის აგვისტოში, უშუალოდ წინასწარი არჩევნების წინ, გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც 70-იან წლებში მისი მეუღლის საბჭოში მოღვაწეობა დახასიათებული იყო, როგორც „მშფოთვარე“. გარდა ამისა, გაზეთმა წამოწია მისი მეუღლის წინააღმდეგ წამოყენებული ადრინდელი ბრალდებები (რომლებიც იმ მომენტისთვის მოხსნილი იყო) და ელსი ოლკონისთვის ადვოკატის ლიცენზიის 5-წლით ჩამორთმევის ფაქტი. ბატონმა ოლკონმა საბჭოში გაასაჩივრა შემდეგი გარემოებები:

1. რიდერი უსამართლოდ მოიქცა, როდესაც მისდამი მტრულად განწყობილ წყაროებს დაეყრდნო და არ დაუკავშირდა მას კომენტარისათვის, მით უფრო, რომ სტატიის თითქმის ნახევარი მასზე იყო და არა მის კანდიდატ მეუღლეზე.

2. გაზეთმა ცილი დასწამა მას, როდესაც დაწერა, რომ ფედერალურმა სამსახურმა ის ბანი ჰაჩში - სენტ ლუისის სკანდალურად ცნობილ საროსკიპოში - ფინანსური ინტერესების ქონაში დაადანაშაულა. ოლკონის განცხადებით, მისთვის არასოდეს წაუყენებიათ ბრალი ბანი ჰაჩთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სტატიის ავტორი აცხადებდა, თითქოს იგი აიძულეს, ცრუ ჩვენება მიეცა სასამართლოში.

3. რიდერმა არაზუსტად ასახა ოლკონების სარჩელის შედეგები მარკ ენდრიუს წინააღმდეგ, რომელიც უსამართლო საარჩევნო კამპანიის წარმოების ბრალდებას შეეხებოდა.

გაზეთის პასუხი: რედაქტორმა განაცხადა, რომ შეცდომები, ზოგიერთ ფორმულირებაში ცხადია იყო, მაგრამ ისინი შემდეგ მასალაში გამოსწორდა; კორესპონდენტი ფარლი არ დაყრდნობია მტრულად განწყობილ წყაროებს, არამედ თავად შექმნა მონაცემთა ბაზა ელის ოლკონის წარსულის შესახებ; რედაქტორმა აღნიშნა, რომ საჭიროდ არ ჩათვალა ელის ოლკონთან დაკავშირება, რადგანაც ნენსი ოლკონმა ინტერვიუს დროს დასმულ ყველა კითხვას ადეკვატური პასუხი გასცა, თანაც რედაქციის ხელთ იყო ოლკონების მეგობრების კომენტარებიც (თუმცა, ისინი სტატიაში არ ასახულა).

განხილვა: საბჭო დაინტერესდა, რამდენად სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული სტატიაში და რამდენად შესაძლებელი იყო, რომ ამ შეცდომებს მნიშვნელოვანიზიანი მიეყენებინა მომჩივანის რეპუტაციისათვის. რედაქტორის განცხადებით, ელის ოლკონთან ინტერვიუს ჩაწერის აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან მისი წარსულის შესახებ დიდი რაოდენობით საზოგადოდ ცნობილი ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის ბატონ ოლკონისათვის 5 წლით ადვოკატის ლიცენზიის ჩამორთმევის ჩათვლით. მოგვიანებით რედაქტორმა დევიდ კარმა აღიარა, რომ მხოლოდ ნენსის კომენტარით შემოფარგვლა, შესაძლოა, არც იყო საუკეთესო გადაწყვეტილება.

ოლკონმა გააპროტესტა ის გარემოება, რომ გაზეთმა სტატიაში არ მიუთითა 1992 წელს მისი შეწყალების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ რედაქცია ინფორმირებული იყო.

რაც შეეხება ცილისწამებას, რედაქტორმა ასევე აღიარა, რომ შეცდომა იყო ოლკონის ბანი ჰაჩის საროსკიპოსთან ფინანსურ კავშირებში დადანაშაულება, თუმცა იქვე დასძინა, რომ მომდევნო წინადადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოლკონისათვის საროსკიპოსთან დაკავშირებით ბრალდება არასოდეს წაუყენებიათ, ამ შეცდომის ერთგვარი შესწორება იყო.

მესამე საჩივარი არაზუსტ ფორმულირებას ეხებოდა: ოლკონის თქმით, რიდერის მიერ გამოყენებული სიტყვა „გამოაგდეს“ განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელია სიტყვა „დაითხოვეს“-თან შედარებით, რაც სასამართლო დოკუმენტებშიც ფიგურირებდა. რედაქტორის აზრით, ყოველდღიურ მეტყველებაში ამ სიტყვებს იდენტური დატვირთვა აქვთ.

ოლკონმა ასევე გაასაჩივრა გაზეთის მიკერძოებულობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რედაქციამ არჩევნების დასრულებამდე არ გამოაქვეყნა წერილი შეცდო მების მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფა დროულად, ჯერ კიდევ არჩევნებამდე მიიღო. კარმა აღიარა, რომ ოლკონების დასაცავი წერილი შესწორებებით გვიან დაიბეჭდა, მაგრამ უარყო მიკერძოება. მან თქვა, რომ წერილი არჩევნებამდე გამოსაქვეყნებლად მზად იყო, მაგრამ ნომერში ვერ მოხვდა: „მე შემიძლია ავხსნა ეს, მაგრამ არ შემიძლია გავამართლო,“ - აღნიშნა მან.

გადაწყვეტილება 1: საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს, რომ რიდერი უსამართლოდ მოიქცა, როდესაც ელის ოლკონს კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა.

გადაწყვეტილება 2: საბჭომ არ გაიზიარა სარჩელი ცილისწამების თაობაზე.

გადაწყვეტილება 3: საბჭომ სარჩელს მხარი არ დაუჭირა იმ ნაწილში, სადაც ნათქვამი იყო, რომ რიდერმა არასწორად დაახასიათა ოლკონის საჩივარი ენდრიუს წინააღმდეგ.

28 ოქტომბერი, 1989

ბენ სტერბერგიმინეაპოლის ტრიბუნის წინააღმდეგ

საჩივარი: ბოქსის პროფესიონალმა პრომოუთერმა ბენ სტერნბერგმა მინეაპოლის ტრიბუნის წინააღმდეგ საბჭოს მიმართა და განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელი გრაფიკით, ტექსტითა და ფაქტებით მანიპულირების გზით, სტატიაში გაკეთდა მინიშნებები, თითქოს ის რასისტი და მაფიოზი იყო. სტერნბერგისა და მინესოტას შტატში პროფესიული კრივის განვითარებაში მისი როლის შეფასებისას საგაზეთო პუბლიკაციის ავტორი აცხადებდა, რომ სტერნბერგი შტატში კრივთან დაკავშირებული აქტივობის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა. აქვე საუბარი იყო იმაზეც, რომ სტერნბერგის კონკურენტი პრომოუთერები მას ბრალს სდებდნენ რასიზმში, რასაც ორი ადგილობრივი მოკრივეც ადასტურებდა.

სტატია შეიცავდა სტერნბერგის კომენტარს, სადაც ის ყველა ბრალდებას უარყოფდა და რამოდენიმე მისი ინტერესების გამომხატველ კომენტარს, რომელიც მინესოტაში კრივის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ეკუთვნოდა.

სტერნბერგმა პრეტენზიებით თავდაპირველად გაზეთის მკითხველთა წარმომადგენელს მიმართა, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაწერა წერილი. გაზეთმა ასევე დაუთმო რუბრიკა „წერილი რედაქტორს“ მკითხველის წერილს, რომელიც სტატიის კრიტიკასა და ფაქტობრივი შეცდომების შესწორებას შეიცავდა.

სტერნბერგის განცხადებით, გაზეთმა განზრახ არ შეიმჩნია გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განმარტებები. მომჩივანის ბრალდებით, სტატიის კრიტიკის შემცველი უამრავი წერილიდან, გაზეთმა მხოლოდ ერთი გამოაქვეყნა.

რედაქციის პასუხი: რედაქციის აზრით, სტატია დაბალანსებული, ხოლო რეპორტაჟი ამომწურავი იყო. ბრალდებები წაყენებული იყო არა ირიბად, არამედ მოხდა მათი პირდაპირი ციტირება. გარდა ამისა, გაზეთის წარმომადგენელთა განცხადებით, სტატიაში ასახული იყო სტერნბერგის მიერ გაკეთებული ყველა უარყოფა. ამასთანავე, ჟურნალისტის აზრით, სტერნბერგის მიერ გაკეთებული ზოგიერთი კომენტარი სტატიას არაფერს მატებდა და ამიტომ ეს კომენტარები მასალაში არ გამოიყენეს.

საბჭოს გადაწყვეტილება: გაზეთმა ნამდვილად შექმნა ბენ სტერნბერგის უარყოფითი სახე, სენსაციურობის, ინსინუაციებისა და ცალმხრივი ასახვის საშუალებით. სტატიის სტილი და სტრუქტურა მიზნად ისახავდა დრამატიზმის ეფექტის შექმნას იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები ზოგადად მზად არიან დაიჯერონ ყველაზე უარესიც კი, როდესაც საუბარი პროფესიულ კრივს ეხება. სტატიამ ხაზი გაუსვა ბრალდებას რასიზმსა და არაკეთილსინდისიერებაში და ამავე დროს უგულებელყო სტერნბერგის მიერ გამოთქმული უარყოფები.

სტატია სტერნბერგზე თავდასხმების გარდა მისთვის სასარგებლო პასაჟებსაც შეიცავდა, თუმცა მასალის წარმოდგენის თანმიმდევრობა უფრო არასასურველის ხაზგასმას ემსახურებოდა. ამასთან ერთად სენსაციური სათაური და სტერნბერგის ფოტო რინგზე, შავი სათვალით მართლაც ქმნიდა ერთგვარი „მაფიოზას“ სახეს. პუბლიკაციის ის ნაწილი, რომელშიც გაზეთი, თითქოს სტერნბერგის პოზიციებიდან მოგვითხრობდა, ისე იყო წარმოდგენილი, რომ მხოლოდ დამაჯერებლობას მატებდა მის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებს. აღიარებს რა მედიის უფლებას, გადაწყვიტოს, თუ რომელი ფაქტი და ციტატა გამოიყენოს, ან ესაჭიროება თუ არა მასალას დამაინტრიგებელი ლიდი და ილუსტრაცია, საბჭო აცხადებს, რომ მასალა, რომელიც შეიცავს რეპუტაციის შემლახავ ბრალდებებს, სამართლიანი და ამომწურავი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში გაზეთმა ეს ვერ მოახერხა.

საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს.

განსხვავებული აზრი: სტეპლზი - ბენ სტერნბერგი საჯარო პირია, რომლის გამოც ეს კამათი გაიმართა. საბჭოს ერთ-ერთი წევრის აზრით, გაზეთმა ის წარმოაჩინა, როგორც გავლენიანი ფიგურა პროფესიული კრივის სამყაროში, რომლის ირგვლივაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა სადავო მასალიდან არ ჩანდა, რომ სტერნბერგი ასე ხელაღებითაა რასისტად წარმოდგენილი.

22 ივლისი, 1979

2.5 4. სარედაქციო სტატია

▲ზევით დაბრუნება


ვერნე ლონგი და ვენტელ ერიქსონი
უორტინგტონ დეილი გლოუბის წინააღმდეგ

საჩივარი: შტატის წარმომადგენლებმა ვერნე ე. ლო-ნგმა და ვენდელ ო. ერიქსონმა უორტინგტონ დეილი გლოუბის წინააღმდეგ საბჭოს მიმართეს. მათი განცხადებით, გაზეთმა დაბეჭდა არაზუსტი და უსამართლო სათაური, რომლის თანახმადაც, ხსენებულმა ორმა პიროვნებამ ხმა მისცა ვიეტნამის ომის მხარდასაჭერად. მათი საჩივარი ასევე შეეხებოდა თანმდევ სარედაქციო მასალასაც, რომელიც მათ „კვლავ ომის მოსურნე“ „ომის ძერებს“ უწოდებდა. 1973 წლის იანვარში ლონგმა და ერიქსონმა ხმა მისცეს ორი რეზოლუციის წინააღმდეგ. რეზოლუცია ვიეტნამში აშშ-ს ჩარევას ოპონირებდა. გაზეთმა გამოიყენა ასოშიეითიდ პრესის ინფორმაცია აღნიშნულ თემაზე, რომელიც თავად დაასათაურა. ლონგმა და ერიქსონმა საბჭოს მოახსენეს, რომ მათ რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს არა იმიტომ, რომ ომს ემხრობოდნენ, არამედ იმ მიზეზით, რომ რეზოლუციები იყო ნაკლოვანი და ომის დასრულების უკეთესი გზებიც არსებობდა. კანონმდებლები აპროტესტებდნენ სათაურს „კონგრესმენი ერიქსონი, კონგრესმენი ლონგი ომის მხარდასაჭერად აძლევენ ხმას“.

მომდევნო დღის სარედაქციო სტატიაში, სათაურით „ერიქსონი, ლონგი კვლავ ხმას აძლევენ ომს“, გაზეთმა ციტატა - „ჩვენ გვინდა მეტი ომი“ - ისეთი სახით მიაწოდა მკითხველს, რომ, მომჩივანთა აზრით, შეიძლებოდა მათი კონგრესმენთა ციტატად აღქმა. გარდა ამისა, ისინი აპროტესტებდნენ იმას, რომ გაზეთმა დაახასიათა „ომის ძერებად“, რომლებიც „ხმას აძლევენ ომს, იმის ნაცვლად, რომ ებრძოლონ მას“.

გაზეთის პასუხი: გაზეთის განცხადებით, პირველი სათაური სამართლიანი და ზუსტი იყო. რედაქტორმა განაცხადა, რომ სარედაქციო სტატია საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში არ შედიოდა. რედაქტორი არც იმ ბრალდებას დაეთანხმა, რომ ფრაზა - „ჩვენ კვლავ ომი გვსურს“ - შეიძლება ვინმეს პირდაპირ ციტატად აღექვა. შემდგომ რედაქტორმა განაცხადა, რომ გაზეთის გამომცემლებმა რამოდენიმეჯერ მიიწვიეს ორივე მომჩივანი და შესთავაზეს, გამოექვეყნებინათ თავიანთი თვალსაზრისი, აგრეთვე განემარტათ მკითხველისათვის, თუ რატომ მისცეს ხმა ანტისაომარი რეზოლუციის წინააღმდეგ. გაზეთმა პირობა მისცა კონგრესმენებს, რომ ასეთ განაცხადს დაბეჭდავდა სრულად, ყოველგვარი შემოკლებისა და თანმხლები კომენტარის გარეშე, მაგრამ ლონგმა და ერიქსონმა ეს არ გააკეთეს, რადგან არ სურდათ თავდაცვითი პოზიციების დაკავება.

საბჭოს გადაწყვეტილება: მასალის სათაური არაზუსტი და უსამართლო იყო. იმ დროს, როდესაც სათაურებთან დაკავშირებით გაზეთებს საკმაო თავისუფლება ენიჭებათ, ახალი ამბების გვერდზე რედაქცია, როგორც წესი, სწორ, ობიექტურ და მიუკერძოებელ სათაურებს უნდა აქვეყნებდეს. სათაურს ტექსტი ფაქტებით უნდა ამყარებდეს, ფაქტობრივ ინფორმაციას სათაურიც უნდა შეიცავდეს და რაც მთავარია, სათაური არ უნდა ამახინჯებდეს ტექსტში მოცემულ ფაქტებს. აღნიშნულ შემთხვევაში ფაქტი იყო ის, რომ კანონმდებლებმა ხმა ორი რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს. მათ არაფრისთვის არ დაუჭერიათ მხარი. გაზეთის მიერ გამოყენებული ციტატა რედაქტორისეულ ჰიპოთეტურ ფრაზასთან ერთად, ცხადია, შეცდომაში შეიყვანდა მკითხველს. სარედაქციო სტატიას მკითხველისთვის თავს არ უნდა მოეხვია აზრი, თითქოს ფრაზა - „ჩვენ კვლავ გვინდა ომი“ - კანონმდებლებმა წარმოთქვეს. ამ საკითხში საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს.

თუმცა სარედაქციო სტატიის დანარჩენი ნაწილი ჯანსაღ თვალსაზრისს გამოხატავდა და მისაღები ჟურნალისტიკის ფარგლებს არ სცდებოდა. გაზეთები თავისუფალი უნდა იყვნენ, რათა ღირსეულად გამოხატონ თვალსაზრისი. საზოგადოების საქმეა, თავად გადაწყვიტოს, რა არის „მისაღები“ და „მიუღებელი“ სარედაქციო თვალსაზრისში. ამდენად, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

27 თებერვალი, 1973

2.6 5. ანონიმური წყაროები

▲ზევით დაბრუნება


დოქტორ დევიდ მეჩი სთარ ტრიბუნის წინააღმდეგ

საფუძველი: სთარ ტრიბუნმა შეიტყო, რომ მგელთა კვლევის საერთაშორისო ცენტრის (IWC) ყოფილმა თანამშრომელმა ცენტრის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გაზეთის ჟურნალისტმა თოგ მეიერსმენმა ათზე მეტი ინტერვიუ ჩაწერა, მათ შორის ორჯერ თავად დევიდ მეჩისაგან, რომელიც მგელთა კვლევის სპეციალისტი იყო. 1995 წლის 23 ივლისს გაზეთმა გამოაქვეყნა საავტორო სტატია, რომლის სათაური - „დგას თუ არა მგლების ექსპერტი წესებზე მაღლა? ინციდენტი ეთიკურ პრობლემას წამოჭრის“ - პირველ გვერდზე იყო გამოტანილი.

მეჩმა სთარ ტრიბუნს პრეტენზიებით მიმართა და ორ ათეულზე მეტი შესწორება მოითხოვა. საპასუხოდ გაზეთმა ორი შესწორება გამოაქვეყნა. მეჩმა აგრეთვე ითხოვა საგაზეთო ფართობი საპასუხო პუბლიკაციისათვის კომენტარების გვერდზე, აუცილებელი მითითებით (ანონსით) პირველ გვერდზე. გაზეთმა მას 36 ინჩი (დაახლ. 90 სმ) დაუთმო, პირველ გვერდზე ყოველგვარი ანონსირების გარეშე. მეჩი სთარ ტრიბუნის საპასუხო ქმედებამ არ დააკმაყოფილა, რადგან ის გრძნობდა, რომ გაზეთმა თავი აარიდა პასუხისმგებლობას იმის გამო, რასაც თავად უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკად მიიჩნევდა. მეჩმა ასევე განაცხადა, რომ სტატია თავდაპირველად ინტერნეტით გავრცელდა, რამაც სათავე დაუდო სხვა მსგავსს პუბლიკაციებს, რომლებშიც თავდაპირველი მონაცემები კიდევ უფრო დამახინჯებული იყო. ამიტომაც მეჩმა მინესოტას შტატის ახალი ამბების საბჭოს მიმართა საჩივრის განხილვის თხოვნით.

საჩივარი: მეჩმა 28 სადავო პუნქტზე მიუთითა. საბჭომ მონაცემები ოთხ ზოგად საჩივრად დააჯგუფა. მომჩივანის აზრით:

1. სტატიას ჰქონდა სათაური, რომელიც წინასწარ განაწყობდა მკითხველს იმ აზრზე, რომ მეჩმა ეთიკის ნორმები დაარღვია, რაც იმთავითვე მცდარ ფონს უქმნიდა ყოველივეს, რაზედაც შემდეგ სტატიაში იყო საუბარი.

2. პუბლიკაციის სტილი მეჩის საწინააღმდეგო წინასწარ განწყობაზე მიანიშნებდა, სტატიის ენა გამაღიზიანებელი იყო და მომჩივანის ქმედებებსა და ხასიათზე უსაფუძვლო თავდასხმებს ისახავდა მიზნად.

3. სტატია ემყარებოდა ანონიმურ წყაროებს, მიკერძოებულად ან ყოველგვარი უფლების გარეშე განსჯიდა მის ქმედებებს, რაც მკითხველს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში უშლიდა ხელს.

4. და ბოლოს, ადანაშაულებდა მეჩს ყოველგვარი მტკიცებულებების ან კონტექსტის გარეშე, რაც მოკლებული იყო ყოველგვარ ბალანსს.

გაზეთის პასუხი: სთარ ტრიბუნმა მასალა დაიცვა, როგორც დოკუმენტურად დასაბუთებული, სამართლიანი და დაბალანსებული პუბლიკაცია. სტატიაში ჟურნალისტური სტანდარტები დაცული იყო და მასში ცნობილი მეცნიერის ქმედებების ლეგიტიმურობის საკითხები იყო დასმული. შემდგომ გაზეთი აცხადებდა, რომ მან მკითხველს მეჩის თვალსაზრისის გაცნობის შესაძლებლობა მისცა, როგორც სტატიის, ასევე ვრცელი კომენტარის სახითაც, რომელიც შტატგარეშე ურნალისტმა მეჩის თხოვნით ჩაწერა და გაზეთმა 10 დეკემბრის ნომერში გამოაქვეყნა. გაზეთის პოზიციის თანახმად:

1. სათაური ასახავდა იმ რესპონდენტების მიერ წამოჭრილ კანონიერ საკითხებს, რომლებიც ამ მასალისათვის გამოკითხეს.

2. ბრალდებების ნაწილი, რომელსაც მეჩი აპროტესტებდა, სტატიის დასაწყისში იყო და შეიცავდა დასკვნებს, რომელთაც გაზეთი დეტალურად მომდევნო ნაწილში განმარტავდა. ასევე სტატიის თავშივე იყო განთავსებული მეჩის შემაჯამებელი, დაცვის განცხადება, შემდგომი განმარტებებითურთ.

3. სტატიაში მითითებული იყო 16 იდენტიფიცირებული წყარო, რომლებიც შეირჩნენ ან სამეცნიერო ექსპერტიზის ნიშნით, ან მეჩთან ურთიერთობების მიხედვით. სტატია ეყრდნობოდა იმ წყაროებსაც, რომლებიც კარგად იცნობდნენ მგლების კვლევასთან დაკავშირებულ კანონებსა და რეგულირების საკითხებს. სტატიაში ასევე გამოყენებული იყო იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებმაც მეჩის მხრიდან დევნის შიშით, ანონიმურობის შენარჩუნება ისურვეს. ანონიმური წყაროები ძირითადად იდენტიფიცირებული წყაროების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ ინფორმაციის განსამტკიცებლად იყო გამოყენებული.

4. სადავო სტატიაში მოცემული იყო მტკიცებულებები ძირითად საკითხებზე, რომლებიც კვალიფიცირებულ წყაროებსა და სათანადო დოკუმენტებს ეყრდნობოდა.

განხილვა: მეჩი ამტკიცებდა, რომ სტატიაში წარმოდგენილმა მასალამ მას სერიოზული ზიანი მიაყენა, მაშინ, როდესაც ყველაზე მძიმე დანაშაული, რომელიც ბრალად ედებოდა, იყო ის, რომ ტრანკვილიზატორის შეყვანისას მას შემთხვევით მგელი შემოაკვდა. ეს ფაქტი ბრიტანელი კინემატოგრაფისტების ჯგუფის თანდასწრებით მოხდა. მეჩის აზრით, მკითხველთა უმრავლესობა მხოლოდ სათაურებს კითხულობს და არა სტატიას.

ეროლ პაინმა, საზოგადოების წევრმა საბჭოში, კითხვით მიმართა მეჩს, თვლიდა თუ არა ის თავს საჯარო პირად, რაზედაც მეჩმა უარყოფითი პასუხი გასცა. გაზეთის აზრით კი, მეჩი საჯარო პირი იყო, რადგან იგი საზოგადოების მიერ დაფინანსებულ მინესოტას შტატის უნივერსიტეტში მუშაობდა. კითხვაზე, თუ რა სტანდარტებით უდგება გაზეთი საჯარო პირებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას, რედაქტორმა უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია თავად საკითხის აქტუალობაზე, საზოგადოებრივ ინტერესსა და იმ გავლენაზე, რომელიც საზოგადოებრივად აქტუალური ინფორმაციის გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს.

საბჭოს წევრთა უმეტესობამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მასალის განთავსებასთან და სტატიის ტონთან დაკავშირებით. „სათაური სერიოზული დარტყმა იყო“. „მე რომ მხოლოდ სათაური წამეკითხა, ვიფიქრებდი, რომ მეჩი ცუდი კაცია“, - განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.

მეჩმა ასევე უსამართლოდ მიიჩნია სთარ ტრიბუნის შესწორებების პოლიტიკა. სტატია შეიცავდა განცხადებას იმის თაობაზე, რომ მეჩი არაერთ საბჭოსა თუ მგლების კვლევასთან დაკავშირებულ პროექტში იყო ჩაბმული და პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზებით ამ სფეროში არსებული დაფინანსების დიდ ნაწილს აკონტროლებდა. მოგვიანებით გაზეთმა შესწორებების გვერდზე დაბეჭდა უარყოფა, რომელშიც აცხადებდა, რომ მეჩი სინამდვილეში მხოლოდ ერთ პროექტში და ერთ სამეცნიერო ჯგუფში იყო დასაქმებული და არც ერთ საქმიანობას არ ჰქონია რაიმე სახის შეხება ფინანსებთან. მეჩმა დასვა შეკითხვა, თუ რამდენად აბათილებდა ეს მცირე შესწორება მის წინააღმდეგ გაზეთის წინა გვერდებზე გამოთქმულ ბრალდებებს.

რაბი ბარი ციტრონმა, საზოგადოების წარმომადგენელმა საბჭოში განაცხადა, რომ სტატიამ გაცილებით მეტი გააკეთა, ვიდრე ეს უბრალოდ საკითხების წამოჭრაა. მან სტატიას მიკერძოებული უწოდა და საერთოდ, დაგმო პირველ გვერდზე ბრალდებების გამოქვეყნების პრაქტიკა, მაშინ, როდესაც მეოთხე გვერდზე შესწორებები იბეჭდება ამავე სტატიაში დაშვებული უზუსტობების გამო. რედაქტორის აზრით, გაზეთების უმეტესობა შესწორებებს ფიქსირებულ ადგილზე ათავსებს, რათა მკითხველმა იოლად იპოვოს აღნიშნული რუბრიკა. მან ასევე დასძინა, რომ თუ შეცდომა იმდენად სერიოზულია, რომ მისი შიდა გვერდებზე გამოქვეყნება უსამართლოა, გაზეთმა შესაძლოა, პირველ გვერდზეც განათავსოს ის.

საბჭო დაინტერესდა, მიუთითა თუ არა სტარ ტრიბუნმა შესწორებაში ის, რომ სტატია ნაწილობრივ ეყრდნობოდა ანონიმურ წყაროებს, რომლებიც დევნის შიშით საკუთარ ვინაობას ვერ ამხელდნენ. გაზეთს ეს არ გაუკეთებია და მიზეზად სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა, რომლის თანახმადაც, შესწორებების დროს ფოკუსირება უშუალოდ ფაქტებზე ხდება. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შესწორების გამოქვეყნების შედეგად მოიხსნა ანონიმური წყაროების პრობლემა. ავტორმა დაიცვა ანონიმური წყაროები და განაცხადა, რომ შესწორებაში არ ყოფილა აღნიშნული, რომ მეჩი არ აკონტროლებდა ფინანსებს, არამედ მხოლოდ ის იყო ნათქვამი, რომ მეჩი არ იყო სხვადასხვა საბჭოების წევრი. სარედაქციო პოლიტიკის თანახმად, თუ რამოდენიმე წყარო მედიასაშუალებას ერთსა და იმავე ინფორმაციას აწვდის, ანონიმურობის შენარჩუნება დაშვებულია, მით უმეტეს, თუ ამ წყაროების სანდოობა და ინფორმირებულობა ეჭვგარეშეა. ამ შემთხვევაში კი, ავტორის განმარტებით, ანონიმური წყაროები მხოლოდ მეორეხარისხოვანი ფუნქციით იყო გამოყენებული, იდენტიფიცირებული წყაროების მხარდასაჭერად.

რაც შეეხება გაზეთის მიერ წამოყენებულ კიდევ ერთ ბრალდებას, რომ მეჩი არამართებულად იყენებდა სამსახურებრივ ტრანსპორტს, „ბრალდებულის“ განცხადებით, მართებული იქნებოდა, თუ ამ თემაზე ჟურნალისტი უშუალოდ მის ხელმძღვანელს დაელაპარაკებოდა და არა სტუდენტს ან ფოტოგრაფს, როგორც მან ეს გააკეთა. კორესპონდენტის თქმით, მან არაერთხელ სცადა მეჩის ხელმძღვანელთან ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან მეჩს ხელმძღვანელი უკვე წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული. რაც შეეხება სტუდენტისა და ფოტოგრაფის წყაროებად გამოყენებას, რედაქციის თქმით, ისინი შეარჩიეს არა როგორც ექსპერტები მგელთა კვლევის საკითხებში, არამედ როგორც თვითმხილველები.

გადაწყვეტილება:

1. საბჭომ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, სათაური მიკერძოებული იყო, ხოლო პუბლიკაციის სტილი და საერთო ტონი უსამართლო.

2. სტატიის ენა და სტილი შეურაცხმყოფელი და მიკერძოებული იყო.

3. საბჭომ არ დაუჭირა მხარი საჩივარს, თითქოს სტატია ისეთ ანონიმურ წყაროებს ეყრდნობოდა, რომელთაც არ ჰქონდათ მეჩის ქმედებების განსჯის უფლება.

4. საბჭომ უარყო საჩივარი იმის თაობაზეც, რომ მეჩის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები კონტექსტის გარეშე დაიბეჭდა, ან საფუძველსმოკლებული იყო.

12 აპრილი, 1985

ინცესტის მსხვერპლი
ვაბაშა ქაუნთი ჰერალდის წინააღმდეგ

საჩივარი: ინცესტის მსხვერპლმა, 17 წლის ახალგაზრდამ საჩივარი შეიტანა საბჭოში გაზეთ ვაბაშა ქაუნთი ჰერალდის წინააღმდეგ. მომჩივანი გაზეთს 1995 წლის 12 ივლისს მისი მამის შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო ედავებოდა და აცხადებდა, რომ საინფორმაციო საშუალება:

1. შეიჭრა მის პირად ცხოვრებაში, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლად ბრალდებულის უმცროსი ქალიშვილი (ის მისი ერთადერთი ქალიშვილია) დაასახელა.

2. პუბლიკაცია სენსუალური1 ხასიათის იყო და ძალადობრივი აქტის დეტალების ცოცხლად აღწერის გზით, ხელმეორედ აქცია იგი მსხვერპლად.

გაზეთის პოზიცია: რედაქციის განცხადებით, ის ვერ ასახავდა სიმართლეს, თუ გვერდს აუვლიდა დეტალებს და არ დაასახელებდა მოძალადის ნათესაურ კავშირს მსხვერპლთან. ვაბაშა ქაუნთი ჰერალდის რედაქტორი დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ ინცესტის სრული ასახვით მოახერხებდა გაზეთი, ხელი შეეშალა ანალოგიური დანაშაულისათვის. რედაქტორის თქმით, გაზეთმა გულთან ახლოს მიიტანა გოგონას მდგომარეობა და არჩია, არ გამოექვეყნებინა მასალა ერთი წლით ადრე, მაშინ, როცა საქმე ძიების პროცესში იყო და არც განაჩენი იყო გამოტანილი.

განხილვა: გოგონამ საბჭოს განუცხადა, რომ მან საშინელი ტვირთი მოიხსნა, როდესაც რვა წლის შემდეგ მისი საიდუმლო გაამხილა, მაგრამ როდესაც მან პირველ გვერდზე გამოქვეყნებული მასალა იხილა, ეს ბევრად უარესი აღმოჩნდა, რადგან მთელი ქალაქისათვის გახდა ცნობილი იმ საშინელი ძალადობის შესახებ, რაც მამამ მის მიმართ განახორციელა.

დაზარალებულის თერაპევტის თქმით, გაზეთმა მართლაც ხელმეორედ აქცია გოგონა მსხვერპლად. მისი აზრით, დაზარალებული უნდა გაეფრთხილებინათ, რომ ამ ამბის გამოქვეყნებას აპირებდნენ. უნდა დაჰკითხებოდნენ პროფესიონალებს, რადგან გოგონას ჯერ არ ჰქონდა გაცნობიერებული ის, რომ იგი არ იყო დამნაშავე ამ ინციდენტში.

დაზარალებულიცა და მისი ექიმიც მიიჩნევდნენ, რომ რედაქციის არგუმენტი, თითქოს მსგავსი პუბლიკაციები დააშინებდა მოძალადეებს, არასწორი იყო. პირიქით, გოგონას თქმით, მან, როგორც მსხვერპლმა იცოდა, რომ ამას დამნაშავე მსხვერპლის დასაშინებლად და გასაჩუმებლად გამოიყენებდა. „გახმაურების შიში, - აღნიშნა ექიმმა, - ბევრ ასეთ დანაშაულს ფარავს“.

რედაქტორმა მაიკ სმიტმა განაცხადა, რომ მას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა: გაზეთს, ერთის მხრივ, უნდა ეთქვა სიმართლე, მეორეს მხრივ კი, მაქსიმალურად მცირე ზიანი მიეყენებინა მსხვერპლისათვის. მას სჯეროდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც სტატიაში იმაზეც იყო საუბარი, რომ სასამართლომ საკმაოდ ლოიალური განაჩენი გამოიტანა.

რაც შეეხება სენსუალურობას, სმიტმა თქვა, რომ ჰერალდმა დაბეჭდა ზუსტად ის, რაც სასამართლო დოკუმენტებში იყო ასახული. საჩივრის შემდეგ რედაქტორმა მოამზადა ერთგვარი განმარტების ტექსტი ოჯახისა და მკითხველებისათვის, რათა აეხსნა მასალის გამოქვეყნების მიზეზი. რედაქტორმა ეს ტექსტი დაზარალებულ ოჯახს აჩვენა, მაგრამ ოჯახისვე თხოვნით, გაზეთმა ის არ გამოაქვეყნა.

საბჭოს წევრებმა ჰკითხეს გამომცემელსა და რედაქტორს, შეიძლებოდა თუ არა მასალის სხვაგვარად მიწოდება. გაზეთი ვერ მოიხსენიებდა მსხვერპლს როგორც უბრალოდ ნათესავს, რადგან მაშინ ყველა ნათესავი ეჭვქვეშ აღმოჩნდებოდა, არადა, რედაქციის აზრით, მნიშვნელოვანი იყო, საზოგადოებას დაენახა, თუ რამდენად სერიოზული იყო ჩადენილი დანაშაული.

საბჭოს წევრებმა ჰკითხეს გოგონას, მისი აზრით, რა უნდა დაეწერა ჰერალდს, რაზეც დაზარალებულმა უპასუხა, რომ ის არ იყო მზად იმისათვის, რომ დეტალები ეხილა გაზეთში. მართალია, პირველად მას უნდოდა ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა, მაგრამ ახლა სურდა, სხვებს დახმარებოდა.

საბჭოს წევრის ქეით პარის აზრით, აუცილებელი იყო იმის ცოდნა, თუ რა სახის დანაშაულზე იყო საუბარი, მით უფრო, რომ საქმე მოსამართლის მიერ გამოტანილ შერბილებულ განაჩენსაც ეხებოდა, რაც საზოგადოების საქმე იყო. ის ფაქტი, რომ თავად გოგონამ ითხოვა მამისათვის განაჩენის შემსუბუქება, გაზეთში არ გამოქვეყნებულა.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დაუჭირა მხარი ამ საქმისათვის პირად ცხოვ რებაში ჩარევის და სენსუალურობის კვალიფიკაციის მიცემას, მაგრამ მსჯელობის შედეგად დაასკვნა, რომ გაზეთი გულგრილი იყო გოგონას მიმართ. მასალის გამოქვეყნებამდე რედაქცია უნდა დაკავშირებოდა გოგონას ოჯახს და შეემზადებინა ისინი ამ პუბლიკაციისათვის. საბჭოს წევრმა მოუწოდა მათ, ეფიქრათ არა მარტო ჟურნალისტურ, არამედ საზოგადოებრივ სტანდარტებზეც.

საბჭომ აგრეთვე ერთხმად დაუჭირა მხარი რეკომენდაციას, რომ გაზეთს, გარეშე პირებთან, საბჭოს წევრთა და მსხვერპლთა ჩართვით, კონსულტაციების საფუძველზე შეემუშავებინა ინსტრუქცია, რომელიც სექსუალური ძალადობის შემთხვევების გაშუქებას დაარეგულირებდა.

24 აგვისტო, 1995

უორტინგტონის მცხოვრებნი
უორტინგტონ დეილი გლოუბის წინააღმდეგ

საჩივარი: 1993 წლის 30 და 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს გლოუბმა გამოაქვეყნა სარედაქციო მასალა, რომელიც იმ ანონიმური რესპონდენტების ციტირებას ახდენდა, რომლებიც გაზეთის კითხვებს პასუხობდნენ. კითხვა კი ასეთი იყო: „გაიზარდა თუ არა უორტინგტონი სხვადასხვა უმცირესობათა ჯგუფების ამასწინანდელი მოზღვავებით?“ პირველი დღის სათაურში ნათქვამი იყო: „81 პროცენტს არ მოსწონს უმცირესობები“. ლიდი შეიცავდა ფრაზას „რეგიონის მცხოვრებთა დამოკიდებულება უმცირესობათა მიმართ გასული წლის მანძილზე გაუმჯობესდა, თუმცა არცთუ ისე ძალიან. ამ მოსაზრებას დეილი გლოუბის ბოლო გამოკითხვაც ადასტურებს. თითქმის 250-მა ადამიანმა გამონახა დრო, რომ ეპასუხა გაზეთის შეკითხვისათვის...“ გაზეთის განცხადებით, იგივე კითხვებზე გასულ წელს რესპონდენტთა 81 პროცენტმა უპასუხა, რომ მათ არ მოსწონდათ ის გავლენა, რომელსაც უმცირესობები რეგიონზე ახდენდნენ. გაზეთის მიერ ციტირებულ ანონიმურ რესპონდენტთა დიდი ნაწილი უმცირესობათა მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი და ციტატები უმცირესობათა მიმართ შეურაცხმყოფელ და გამომწვევ ფრაზებს შეიცავდა. მაგალითად:

„არა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგწონთ კრიმინალი და ძალადობა.

არა - მოგწონთ ტარაკნები და ნაგავი?

არა - ქალაქი ნაგავს დაემსგავსა ამ სამხრეთელების შემოსევის გამო.

არა - თუ უორტინგტონზე ზრუნავთ, დახურეთ მონფორტ პორკი, შეყარეთ შიგ უმცირესობები და მიუშვით ისეთი შხაპი, როგორშიც თავის დროზე ადოლფ ჰიტლერმა ებრაელები აბანავა.

არა - არავის ისინი აქ არ სჭირდება, განსაკუთრებით ლათინოსები.“

ერთი თვის განმავლობაში გაზეთში საპასუხო წერილები იბეჭდებოდა, რომლებშიც ძირითადად გაკრიტიკებული იყვნენ რესპონდენტები. მაგრამ გაზეთს არ გამოუქვეყნებია მკითხველთა ის წერილები, სადაც ამ გამოკითხვის ჩატარების გამო გაზეთი იყო გაკრიტიკებული. გამომცემელმა უარი თქვა იმ მოქალაქეებთან შეხვედრაზე, რომლებიც ჩიოდნენ, რომ გამოკითხვამ გააუარესა, ან სულაც შექმნა უმცირესობების მიმართ მტრულად განწყობილი გარემო.

აღნიშნული გამოკითხვის გამო უორტინგტონის მცხოვრებთა წარმომადგენლებმა წერილით მიმართეს ახალი ამბების საბჭოს. საჩივარი რამოდენიმე საკითხს ეხებოდა:

1. 250-მდე პირის ანონიმური კომენტარის, როგორც სტატისტიკურად სანდო გამოკითხვის (გაზეთის ტირაჟი 14.000-ია) გამოქვეყნებით, გლოუბი არღვევდა გონივრულ ჟურნალისტურ სტანდარტებს.

2. გლოუბმა უსამართლოდ უთხრა უარი წერილების ავტორებს და არ მისცა მათ გაზეთის გაკრიტიკების შესაძლებლობა.

გაზეთის პასუხი: გლოუბის განცხადებით, მას აღნიშნული გამოკითხვა არ მიუწოდებია მკითხველებისათვის, როგორც სტატისტიკურად სანდო მასალა.

იმ ბრალდების პასუხად, რომ გაზეთი არ ბეჭდავდა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ წერილებს, რედაქციამ წარმოადგინა პუბლიკაციები, რომლებშიც გაზეთი გაკრიტიკებული იყო ნაციონალურ საკითხებზე სარედაქციო პოზიციის გამო (არ ყოფილა წარმოდგენილი წერილი, რომელიც რედაქციას რასისტული განწყობილებების გამო აკრიტიკებდა).

გლოუბის ხელმძღვანელობის აზრით, გაზეთი ემსახურება საზოგადოებას, რადგანაც სააშკარაოზე გამოაქვს რასიზმის პრობლემა და რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამდე, ხალხის განცხადებით, უორტინგტონში მიკერძოებულობის საფუძველი არ ყოფილა და უმცირესობების მომრავლების მიმართ საზოგადოდ აპათიური განწყობა სუფევდა.

დეილი გლოუბმა თავის წერილობით პოზიციაში საჩივრის სამი პუნქტი გააპროტესტა. რედაქციის განცხადებით, პუბლიკაციიდან ექვსი თვის განმავლობაში მათ მომჩივანთაგან რაიმე სახის შეტყობინება არ მიუღიათ. ახალი ამბების საბჭოს სატელეფონო ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ საბჭო დაუკავშირდა გაზეთს გამოკითხვის დაბეჭდვიდან სამი თვის შემდეგ. მაშინ რედაქტორმა საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს განუცხადა, რომ გაზეთი დისკუსიაში მონაწილეობას არ მიიღებდა.

მოგვიანებით, თებერვალში საბჭოში შევიდა საჩივარი საზოგადოებიდან ლა რაზა, რომელიც ესპანელი მოქალაქეების გაერთიანებას წარმოადგენდა. ეს საჩივარი საბჭომ მიიღო განსახილველად და ადრინდელ მომჩივანებს ნება დართეს, ჩართულიყვნენ ამ საქმეში.

გაზეთმა განაცხადა, რომ საჩივარში დასახელებულ ადამიანებს არც ერთხელ უცდიათ პრობლემის პირდაპირ გაზეთთან ურთიერთობის გზით მოგვარება. საბჭომ კი მიიღო იმ წერილების ასლები, რომლებითაც ცალკეული პირები მიმართავდნენ გაზეთს. როდესაც რედაქტორმა საბოლოოდ დაგეგმა შეხვედრა მომჩივანთა ჯგუფთან, გამომცემელმა ეს შეხვედრა გააუქმა.

დისკუსია: საბჭოს შეკითხვაზე, თუ რა გავლენა იქონია გამოკითხვამ და რატომ არავინ იჩივლა გასულ წელს მისი გამოქვეყნებისთანავე, მომჩივანმა ქეროლ სკოტმა უპასუხა, რომ მან ნამდვილად გააგზავნა საჩივრის წერილი გაზეთში, მაგრამ რამოდენიმე კვირიანი დაპირებების შემდეგ, რომ პასუხი გამოქვეყნდებოდა, საბოლოოდ რედაქტორმა მას უარი უთხრა.

გაზეთის განაცხადზე, რომ მის გამოკითხვას მეცნიერული ხასიათი არ ჰქონდა, საბჭოს წევრმა მიუთითა, რომ ლიდი და სათაური „რეგიონის მცხოვრებთა აზრი“ მიგვანიშნებდა, რომ აქ ლაპარაკი იყო ადამიანთა გაცილებით დიდ ჯგუფზე, ვიდრე ანონიმური რესპონდენტები იყვნენ. პროფესორმა ბექსტორმმა, რომელიც ექსპერტია საზოგადოებრივი აზრის კვლევის სფეროში, თქვა, რომ, როგორც წესი, მკითხველები ასეთი ტიპის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს სანდოდ თვლიან. მისივე განმარტებით, გამოკითხვები, რომლებშიც ანონიმური კომენტარებია ნებადართული, არც მეცნიერულად დასაბუთებულია და არც რეალურად შეიძლება ეწოდოთ მათ „კვლევა“.

ქალაქის ადვოკატის შეფასებით, ხალხისთვის საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების მიცემა და შემდეგ ამ აზრის გამოქვეყნებაზე უარის თქმა პირველი შესწორების უკან ამოფარებას და მხოლოდ ერთი მიმართულებით მოქმედებას ნიშნავს.

გადაწყვეტილება:

1. საბჭომ მხარი (11-2) დაუჭირა იმ ბრალდებას, რომ გლოუბმა დაარღვია გონივრული ჟურნალისტური სტანდარტები. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ გლოუბის მასალით მანიპულირება ერთი გაბოროტებული პიროვნებისათვისაც კი ძალზედ მარტივი იყო, თუ მას ჰქონდა $180, საკმარისი რაოდენობის გაზეთების შესაძენად, რომ ხელთ ეგდო გამოკითხვის ფორმები, შეევსო და გაეგზავნა ისინი რედაქციაში. მისი აზრით, გაზეთების უმეტესობას შემუშავებული აქვს მკაცრი პოლიტიკა სხვადასხვა სიტუაციაში ანონიმური წყაროების გამოყენების თაობაზე. აღინიშნა ისიც, რომ „მტრული ატმოსფეროს შექმნა არ არის ურთიერთობების გამოსწორების ჯანსაღი გზა“.

2. ხმებით (12-1) საბჭომ მხარი დაუჭირა იმ ბრალდებასაც, რომლის თანახმად, გლოუბმა არასამართლიანად უთხრა უარი მოქალაქეებს იმ წერილების გამოქვეყნებაზე, რომლებშიც მკითხველები სარედაქციო ნარკვევში საზოგადოებრივი აზრის კვლევის გაშუქებას აკრიტიკებდნენ. თუმცა, საბჭოს ერთ-ერთი წევრის (რადიოს მესაკუთრე) განსხვავებულ აზრში აღინიშნა, რომ ისეთ ქალაქში, სადაც მხოლოდ ერთი გაზეთია, პასუხისა თუ კრიტიკის მიზნით, შესაძლებელია მედიის სხვა საშუალებების, მაგალითად, რადიოს გამოყენება.

21 აპრილი, 1994

პემელა კოილი
ოსტინ დეილი ჰერალდის წინააღმდეგ

საჩივარი: ოსტინ დეილი ჰერალდის წინააღმდეგ საბჭოს საჩივრით მიმართა აუსტინის პოლიციის დისპეტჩერმა პემელა კოილმა, რომელიც ორ საკითხს ასაჩივრებდა:

1. პუბლიკაციაში, სათაურით „პოლიციის ანგარიში“, არასწორად იყო გაშუქებული, თითქოს ოლქის კანონიერების დაცვის კომისიის სხდომაზე მისი სამსახურებრივი სტატუსის საკითხი განიხილებოდა, რაც მომჩივანის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება.

2. გაზეთმა მის მიმართ უსამართლო ქმედება განახორციელა, როდესაც სარედაქციო წერილების გვერდზე, რუბრიკით „ანონიმური კომენტარი“ გამოაქვეყნა 10 წერილი, სადაც მას აკრიტიკებდნენ და მოუწოდებდნენ, დაეტოვებინა სამუშაო.

1991 წლის შემოდგომაზე პემელა კოილმა თავად აღიარა მაღაზიაში ჩადენილი ქურდობა. კანონიერების დაცვის კომიტეტის სხდომაზე კოილმა თავის ზედამხედველს ეს ინფორმაცია საკუთარი ნებით მიაწოდა. ჟურნალისტი სხდომას არ ესწრებოდა, თუმცა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაზეთში გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, კოილის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხი კრებაზე განიხილებოდა. სვეტში, სადაც ეს მასალა დაიბეჭდა, ძირითადად კრიმინალური ქრონიკა ქვეყნდებოდა.

პუბლიკაციას ექვსი დღის მანძილზე უწყვეტი ანონიმური სატელეფონო ზარების მთელი ნაკადი მოჰყვა. ზარების ავტორები პოლიციელი ქალბატონის გადადგომას მოითხოვდნენ. კოილი ეჭვობდა, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ეს ნაკადი პოლიციის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის ორგანიზებული იყო, თუმცა პირადი ვენდეტის დამადასტურებელი საბუთები მას არ გააჩნდა. განყოფილების თანამშრომლებმა გაზეთს კოილის მხარდასაჭერად არაერთი წერილით მიმართეს, თუმცა ჰერალდში არც ერთი ასეთი კომენტარი არ დაბეჭდილა. მას შემდეგ, რაც გამომცემლისადმი კოილის მიმართვამ შედეგი არ გამოიღო, მან მინესოტას ახალი ამბების საბჭოს მიმართა.

გაზეთის პასუხი: რედაქციის განცხადებით, მან ანონიმური წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადაამოწმა და დაადგინა, რომ კოილს მართლაც ჰქონდა წაყენებული ბრალი მაღაზიაში ქურდობისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ კოილი მთავრობაზე მუშაობდა და პოლიციის თანამშრომელი იყო, რედაქციამ ეს ახალი ამბავი საზოგადოებისათვის საინტერესოდ და მნიშვნელოვნად ჩათვალა.

შენიშვნა: მოგვიანებით გაზეთმა შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა ანონიმურ ზარებთან დაკავშირებით: გაზეთი ზარის ავტორებს საკუთარი ტელეფონის ნომრისა და საკონტაქტო მონაცემების დატოვებას თხოვს, რათა მოგვიანებით ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი იყოს.

გადაწყვეტილება:

1. მიუხედავად იმისა, რომ თავად კოილის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი უტყუარი იყო, საბჭოს ზოგიერთი წევრის აზრით, არამართებული იყო კოილის დანაშაულის ადგილობრივი კრიმინალური ქრონიკის რუბრიკით გაშუქება, რადგანაც ეს არ იყო ადგილობრივი დანაშაული. გაზეთის არგუმენტი, რომ კოილი სახელმწიფო მოხელე იყო და ამდენად, ანგარიშვალდებულ ფიგურას წარმოადგენდა, არ გაიზიარა საბჭომ. საბჭოს წევრთა აზრით, კოილი დაბალი რანგის ზედამხედველი იყო და არა არჩევითი ოფიციალური პირი. სტატიის ლიდი ჩაითვალა მცდარად (7-6), რითაც დაკმაყოფილდა კოილის საჩივარი.

2. ანონიმური კომენტარების რუბრიკა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექციაა ამერიკულ გაზეთებში. საბჭოს რამოდენიმე წევრი, რედაქტორი და გამომცემელი ამ ტენდენციას მიესალმნენ, რადგანაც ის მკითხველთა დაინტერესებასა და საზოგადოების აქტიურობას უწყობს ხელს. დანარჩენებს მიაჩნიათ, რომ ანონიმური კომენტარები ე.წ. ყვითელი ჟურნალიზმია და თუ გაზეთი ანონიმურ წერილებსა თუ სატელეფონო ზარებს აქვეყნებს, მას მკითხველთა ნდობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. საბჭომ ხმათა უმრავლესობით (9-4) მხარი დაუჭირა საჩივარს, კოილის შემთხვევაში ანონიმური კომენტარების უსამართლობასთან დაკავშირებით.

10 დეკემბერი, 1992

რენდი ონსონი WTCN-TV-სა და
გოლდენ ველეის წინააღმდეგ

საჩივარი: ჰენეპინის ოლქის საბჭოს წარმომადგენელმა, რენდი ჯონსონმა სამაუწყებლო მედიას ორი რეპორტაჟის გამო უჩივლა. სიუჟეტები საოლქო საბჭოს დილის საუზმის დროს გამართულ შეხვედრას ასახავდა, რომელსაც ჟურნალისტი ახასიათებდა, როგორც „საიდუმლოებით მოცულ“ შეკრებას. მომჩივანის განცხადებით, რეპორტაჟები არაზუსტი და უსამართლო იყო და ქმნიდა იდუმალების ცრუ შთაბეჭდილებას, ასევე შესაძლო კანონდარღვევაზეც მიანიშნებდა. მომჩივანის განცხადებით, მას ადეკვატური პასუხის საშუალება არ მიეცა. ჰენეპინის საოლქო საბჭოს წევრთა უმრავლესობა ყოველკვირეულად იკრიბებოდა დილის სხდომაზე. ტელევიზიამ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის შესახებ 21 აგვისტოს ახალი ამბების გამოშვებაში გადასცა სიუჟეტი. ავტორი დილის სხდომებს „საიდუმლოებით მოცულს: უწოდებდა და აცხადებდა, რომ შეხვედრები გამთენიისას იმართებოდა და მათ შესახებ მასმედიას შეტყობინებები არ ეგზავნებოდა. ტელევიზიის განცხადებით, ამ შეკრებების თაობაზე მათ სამთავრობო ანონიმური წყაროდან შეიტყვეს. აქვე ხდებოდა საბჭოს უმცირესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის ციტირება, რომელიც აცხადებდა, რომ აღნიშნული შეხვედრები შესაძლოა, „სრულიად უკანონოც“ კი ყოფილიყო.

ამ სხდომების ერთ-ერთმა მონაწილემ რენდი ჯონსონმა ეს ინფორმაცია გაასაჩივრა და განაცხადა, რომ ცნობა სხდომების ჩატარების თაობაზე, მინესოტას შტატის კანონის შესაბამისად (სხდომების საჯაროობის შესახებ), გამოქვეყნდა საბჭოს ყოველდღიურ ოფიციალურ გაზეთში ფინანსები და კომერცია. მომჩივანის თქმით, აღნიშნული სიუჟეტებიდან შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ტელევიზია მას და მის კოლეგებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებდა.

ტელევიზიამ ეთერში მეორე სიუჟეტიც გადასცა, რომელშიც თავად ჯონსონის ინტერვიუც იყო ჩართული. როგორც ინტერვიუში, ასევე ავტორის ტექსტშიც იყო მოხსენიებული წინასწარი შეტყობინება, რომელიც ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა. მიუხედავად ამისა, ჯონსონი მაინც უკმაყოფილებას გამოთქვამდა და არხისაგან საჯარო უარყოფასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვდა.

ტელევიზიის პასუხი: ტელევიზიის განცხადებით, ორივე სიუჟეტი ზუსტი და სამართლიანი იყო. ამ სიუჟეტების მიზანი იყო არა სხდომების საჯაროობის შესახებ კანონის დარღვევაში ვინმეს დადანაშაულება, არამედ იმ „უჩვეულო გარემოებებზე“ მინიშნება, რომლებიც თან ახლდა აღნიშნულ სხდომებს. ეს იყო სხდომების ჩატარების ადრეული დრო, პატარა სხდომათა დარბაზი და საჯაროობის მხრივ დამსწრეთა შეზღუდული რაოდენობა. ტელევიზიამ განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო ოფიციალურ გაზეთში განცხადების განთავსების შესახებ და საზოგადოების წინასწარი ინფორმირება პირველ სიუჟეტში „იგულისხმებოდა“ კიდეც. ასეთი ინფორმაცია ტელევიზიას რომ არ ჰქონოდა, შეხვედრა შეფასდებოდა, როგორც „საიდუმლო“ და არა როგორც „იდუმალებით მოცული“.

საბჭოს გადაწყვეტილება: თქმა იმისა, რომ აღნიშნული დილის სხდომები მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაა, ნიშნავს იმის იგნორირებას, თუ რა მარტივად განიხილავს საბჭოს უმრავლესობა საკითხებს, ათანხმებს პოზიციებს და საბჭოს ოფიციალური სხდომების რეპეტიციას გადის. ჭიქა ყავასთან მიღწეული კონსენსუსი შეუსაბამოა მთავრობის გამჭვირვალეობის ცნებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე იმ ოფიციალურ პირებს ეხებათ, რომელთაგანაც თითოეული 100 ათასზე მეტ ადამიანს წარმოადგენს და საზოგადოებრივი ბიუჯეტის მნიშვნელოვან კონტროლს ახორციელებს. საინფორმაციო საშუალებების ფუნქციაა, აგრესიულად გააშუქოს არჩეული ხელისუფლების საქმიანობა.

სხდომების საჯაროობის კანონით დაწესებული მოთხოვნების მხოლოდ მინიმალურად დაკმაყოფილება, სხდომათა პატარა დარბაზი, წინასწარ დაბეჭდილი დღის წესრიგის არარსებობა და ადრეული დრო, უბიძგებს ტელევიზიას, დაახასიათოს აღნიშნული შეხვედრები ისე, როგორც მან ეს გააკეთა. ამ ფაქტორებს ასევე მივყავართ მოსაზრებამდე, რომ წევრებს არ სურდათ სხდომების ფართოდ გაშუქება და მაქსიმალური საჯაროობა. საბჭო თვლის, რომ ტელევიზია მაღალპროფესიულ დონეზე და პასუხისმგებლობის სრული შეგრძნებით მოქმედებდა და პატივს სცემს ტელევიზიის სურვილს, სათანადოდ გააშუქოს მნიშვნელოვანი და უფლებამოსილი საჯარო ორგანოების მოქმედებები.

რაც შეეხება ანონიმური წყაროების გამოყენებას, საბჭომ აღნიშნა, რომ თუ მედია არ აკონკრეტებს კონკრეტული ინფორმაციის წყაროს, მან უნდა მიაწოდოს საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების თაობაზე, რათა საზოგადოება ყურადღებით მოეკიდოს მიკერძოებასა და უზუსტობებს, რომელთაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეთ ანონიმური წყაროების შემთხვევაში. საბჭოს აზრით, ყოველთვის უმჯობესია წყაროების დასახელება, თუკი ეს შესაძლებელია.

საბჭომ ტელევიზიის წინააღმდეგ საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

18 სექტემბერი, 1980

კოალიცია პროგრესული DFL-ისათვის
დულუთ-ნიუს-ტრიბუნის წინააღმდეგ

საჩივარი: კოალიციამ პროგრესული DFL-ისათვის იჩივლა, რომ დულუთნიუს- ტრიბუნმა ვერ მოიძია არსებითი მტკიცებულებები იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რომლებიც მან სტატიაში კოალიციის მიერ ფინანსების მოზიდვის მცდელობებთან დაკავშირებით გააკეთა. მომჩივანის თქმით, მომდევნო სტატია არაადეკვატურად განმარტავდა იმ გაუგებრობებს, რაც პირველ პუბლიკაციას მოჰყვა.

საგაზეთო მასალის მიხედვით, კოალიციამ, იმჟამინდელი სენატორის, ჯორჯ პერპიჩის სახელით, ფინანსური განაცხადი გაუგზავნა ვაშინგტონში ტრადიციული კონსერვატორული ინტერესებისა და კორპორაციული პოლიტიკური აქტივობის კომიტეტებს (PAC s). გაზეთმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს თხოვნა „ბოლო 10 დღის განმავლობაში“ მიიღეს. პერპიჩმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, კენჭი ეყარა მე-8 ოლქიდან კონგრესში. მისი მოწინააღმდეგე DFL-ის მიერ წარდგენილი კონგრესმენი უნდა ყოფილიყო. გაზეთის თქმით, მან ფინანსური განაცხადის ასლი „კომპანიის ინკოგნიტო წარმომადგენლისაგან“ მიიღო, რომლის ვინაობაც პუბლიკაციაში არ დასახელებულა.

ფინანსური განაცხადი ორი წერილისგან შედგებოდა. ერთს კოალიციის თავმჯდომარე ტომ პიკი აწერდა ხელს, ხოლო მეორეს პერპიჩი. კოალიცია პროგრესული DFL-ისათვის პარტიის ერთგულ მხარდამჭერთა გაერთიანებაა, რომელიც მიზნად ისახავს პარტიის შიგნით საერთო ინტერესებისა და კონსერვატორული დაჯგუფებების გავლენის შესუსტებას. საგაზეთო მასალის თანახმად, ტომ პიკი განაცხადში პერპიჩისათვის 100-დან 200 ათას დოლარამდე კონტრიბუციას ითხოვდა, ხოლო პერპიჩი თავის წერილში საკუთარ გამოცდილებასა და პროგრამის თეზისებს წარმოადგენდა. საგაზეთო სტატია შეიცავდა პერპიჩის კომენტარებს, სადაც ის გაკვირვებას გამოთქვამდა პოლიტიკური კომიტეტებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის გაგზავნილი განაცხადის გამო.

პიკის საჩივარში ნათქვამი იყო, რომ საგაზეთო სტატია ბევრ ბუნდოვან, შეცდომაში შემყვან განცხადებას და ფაქტობრივ შეცდომას შეიცავდა. მან განმარტებები მისცა გაზეთს, თუმცა მომდევნო წერილი, რომელიც პიკთან საუბრის შემდეგ რედაქციამ გამოაქვეყნა, პიკის თქმით, პირველ წერილში არსებულ გაუგებრობებს იმეორებდა. პიკმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ პირველმა სტატიამ შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს კოალიციამ დაარღვია საკუთარი წესდება, რომელიც უკრძალავდა მის წევრებს კონტრიბუციის გაკეთებას ან მუშაობას DFL-ის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მეტოქისათვის. პიკი ამტკიცებდა, რომ წერილი პერპიჩისათვის თანხების გამოყოფის შესახებ ორი კვირით ადრე გაიგზავნა, ვიდრე კოალიცია მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

პიკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ გაზეთი მას კომენტარისათვის არ დაკავშირებია, მიუხედავად იმისა, რომ მასალაში მისი სახელი გამოიყენა და მისი წერილის ციტირებაც მოახდინა.

პიკის აზრით, შესაძლოა ვინმეს სურდა კოალიციის და პერპიჩის დისკრედიტაცია და ამ მიზნით გაგზავნა წერილები ვაშინგტონში, ჰქონდა რა იმედი, რომ ეს წერილები გამოქვეყნდებოდა. პიკის თქმით, გაზეთმა არაადეკვატურად წარმოადგინა კოალიციის მხარე და დაეყრდნო ანონიმურ წყაროებს, რომელთაგანაც ინფორმაციის უდიდესი ნაწილი მიიღო. თუმცა, გაზეთი ამტკიცებდა, რომ კოალიციამ დაარღვია წესდება, როცა განაცხადი კონვენციის მიღების შემდეგ გააგზავნა.

პიკი უკმაყოფილო იყო აგრეთვე ამ ორი მასალის განთავსებით გაზეთში. პირველი სტატია იყო მეორე გვერდზე, სხვა ახალ ამბებთან ერთად, ხოლო მეორე - მე-8 გვერდზე, ეს უკანასკნელი მოცულობითაც შედარებით მცირე იყო, ჰქონდა პატარა სათაური და ნეკროლოგების გვერდით იყო განთავსებული.

გაზეთის პასუხი: გაზეთის განცხადებით, მისი წყაროების სარწმუნოობა ეჭვგარეშე იყო და რომ მან იხილა წერილის ერთზე მეტი ასლი, თანაც არაერთი წყაროსაგან. ამას გარდა, რედაქციის თქმით, მან ვერ დაადგინა, იყო თუ არა წერილი მიღებული პირდაპირ კოალიციისგან, თუმცა სცადა ამ ინფორმაციის მიღება. გაზეთი ამტკიცებდა, რომ პიკის წერილის პირველი წინადადების გაგება შეიძლება, როგორც 100-დან 200 ათას დოლარამდე თანხის მოთხოვნა PAC-ის მიერ.

საბჭოს გადაწყვეტილება: გასაგებია, რომ გაზეთმა გამოიტანა დასკვნა, რომ კოალიციამ ითხოვა დაფინანსება ვაშინგტონიდან, მაგრამ პირველი სტატიის დაბეჭდვამდე მას უნდა გაერკვია წერილის წარმომავლობა. ერთია ამბობდე, რომ რაღაც “ჰგავს” რაღაცას და მეორე კი - გქონდეს ფაქტები ამის დასამტკიცებლად.

მას შემდეგ, რაც პერპიჩმა თავისი გაკვირვება გამოხატა იმ ფაქტთან დაკავ- შირებით, რომ ბიზნეს ინტერესებმა კოალიციის წერილი მიიღო მის სასარგებლოდ თანხების მოძიების შესახებ, გაზეთს უნდა მიემართა კოალიციისათვის და განცხადების გაკეთება ეთხოვა მისთვის. ეს რომ გაეკეთებინა, გაიგებდა იმ აკრძალვის შესახებ, რომელიც არასასურველი კანდიდატის მხარდაჭერას შეეხებოდა. გარდა ამისა, საბჭოს აზრით, წერილში იყო თხოვნა 2-დან 100 დოლარამდე შემოწირულობაზე თითოეული წევრისაგან და არა 100 000-დან 200 000 დოლარამდე, როგორც ამას გაზეთი აცხადებდა.

საბჭოს განცხადებით, თუ საინფორმაციო საშუალება გადაწყვეტს, დაიცვას წყაროს კონფიდენციალურობა, მან ამის შესახებ აუდიტორიას უნდა აცნობოს, რათა ის ყურადღებით მოეკიდოს შესაძლო უზუსტობებს მასალაში. გაზეთმა ეს ვერ გააკეთა. საბჭომ აგრეთვე გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ გაზეთმა ამ პუბლიკაციაში ანონიმური წყაროები გამოიყენა. თუ კოალიციამ მართლაც მიმართა მინესოტას ბიზნეს ჯგუფებს პერპიჩის მხარდასაჭერად, რატომ ვერ მოძებნა გაზეთმა ვინმე, ვინც ისურვებდა იმის დადასტურებას, რომ წერილი მართლაც კოალიციამ გააგზავნა?

საბჭოს შეფასებით, მეორე სტატიამაც ვერ მოახერხა იმის ნათელყოფა, რაც პირველი პუბლიკაციის შემდეგ ბუნდოვანი დარჩა. ამდენად, საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს გაზეთის წინააღმდეგ.

3 ივნისი, 1980

ერნესტ ლინდსტრომი
იუნიონ ადვოკასის წინააღმდეგ

საჩივარი: შტატის წარმომადგენელმა და უმრავლესობის ლიდერმა ერნესტ ა. ლინდსტრომმა თავის საჩივარში განაცხადა, რომ იუნიონ ადვოკასმა მის მიმართ ორ პუბლიკაციაში უზუსტობა დაუშვა და ცილი დასწამა მას. სტატიები შტატის საკანონმდებლო ორგანოში გავლენის მოსყიდვას ეხებოდა. მომჩივანის განცხადებით, გაზეთს სათანადო ძალისხმევა არ გამოუჩენია, რათა ერთმანეთზე მიყოლებით გამოქვეყნებული ამ ორი პუბლიკაციის სიზუსტე გადაემოწმებინა. იუნიონ ადვოკასი სენ პოლის რეგიონში გამომავალი ყოველკვირეული გაზეთია, რომელიც უმთავრესად ლეიბორისტებისთვისაა განკუთვნილი.

1971 წლის ივლისში მინესოტას საკანონმდებლო ორგანო საგანგებო ორთვიან სესიაზე შეიკრიბა, რათა ახალი საგადასახადო კოდექსი მიეღო. 27 ივლისს სადილის შესვენებაზე სენ პოლის რესტორანში ერთმანეთს შეხვდნენ ლინდსტრომი, საგადასახადო კომიტეტის ორი წევრი, ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის ლობისტი და მისი ექვსი მეგობარი. საღამოს სესიაზე კომიტეტმა ხმა მისცა საგადასახადო კანონს, რომელიც არ ითვალისწინებდა გადასახადების ზრდას ლუდსა და ალკოჰოლიან სასმელებზე.

28 ივლისს გაზეთის რედაქტორმა მიიღო შეტყობინება სამი სხვადასხვა წყაროდან ხსენებული სადილისა და მისი მონაწილეების შესახებ, ნათქვამი იყო ისიც, რომ მასპინძელი ალკოჰოლური სასმელების ბიზნესის ლობისტი იყო და სადილის საფასურიც მან გადაიხადა. არც ერთი წყარო თავად რესტორანში არ ყოფილა, მაგრამ მათ მიუთითეს აღნიშნული სადილის რვა თვითმხილველ მოწმეზე. დასახელებული რვა მოწმიდან ხუთმა გაზეთს ინფორმაცია ტელეფონით დაუდასტურა. პირველი სტატია ამ თემაზე იუნიონ ადვოკასის 5 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა.

პუბლიკაციის შემდეგ სადილის ერთ-ერთმა მონაწილემ გაზეთს მისწერა, რომ მათი ინფორმაცია ყალბი იყო. ეს წერილი 12 აგვისტოს მასალაში იყო გამოყენებული, რომელიც წინა პუბლიკაციის განცხადებებს იმეორებდა და კვლავ აცხადებდა, რომ ამ ადამიანებმა ერთად ისადილეს.

სარჩელის დასაბუთების მიზნით და გამოქვეყნებული სტატიების სიყალბისა და ცილისმწამებლური ხასიათის დასტურად, განხილვისას ლინდსტრომმა წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ მას ნამდვილად არ უსადილია ბიზნეს-ლობისტთან ერთად და არც მისი სტუმარი ყოფილა.

გაზეთის პასუხი: გაზეთს საკუთარი მასალის მხარდასაჭერად ფაქტობრივი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. რედაქციამ დაიცვა ინფორმაციის წყაროთა კონფიდენციალურობა. რედაქტორმა აღიარა, რომ არც ერთი ასპექტი არ გადაუმოწმებია არც კანონმდებლებთან და არც ლობისტებთან, რადგან „ექსკლუზივის“ შენარჩუნება უნდოდა და განაცხადა, რომ ინფორმატორების სიტყვას მთლიანად ენდო.

საბჭოს გადაწყვეტილება: გაზეთის პუბლიკაცია არაზუსტი იყო. რედაქციამ შეცდომა ჯერ მაშინ დაუშვა, როცა წყაროებს ენდო და შემდეგ, როცა საკუთარი ინტერპრეტაცია მისცა 27 ივლისის მოვლენებს. ამით გაზეთის ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული მოვალეობები დაარღვიეს. საბჭომ საჩივარს მხარი დაუჭირა.

17 სექტემბერი, 1971

რონალდ დიკლიჩი KBJR-TV-ის წინააღმდეგ

საჩივარი: რონალდ დიკლიჩმა, საბჭოს წევრმა ჰიბინგიდან (სენტლუისის ოლქი), KBJR-TV-ის მის ეთერში გასული ორი დაუდასტურებელი და უსაფუძვლო რეპორტაჟის გამო უჩივლა. ტელეარხი, მეორეხარისხოვან ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, როლანდ დიკლიჩს საჯარო პირის თანამდებობიდან გადაყენების მიზნით, შეთქმულების მოწყობაში ადანაშაულებდა.

1977 წლის 13 ივნისს ტელეარხმა 6 და 10 საათიან ახალ ამბებში განაცხადა, რომ სამი საბჭოს წევრი საიდუმლოდ გეგმავდა სენტლუისის ოლქის დაგეგმარებისა და რეგიონალიზაციის ხელმძღვანელის მოხსნას. ტელევიზიის მიერ დადანაშაულებულმა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დიკლიჩმა განაცხადა, რომ ხსენებული სიუჟეტები სრული სიყალბე იყო და უფრო მეტად ყურმოკრულ ჭორებს ემყარებოდა, ვიდრე რეალურ ფაქტს.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის დიკ გოთშელდის თქმით, რეპორტაჟი თავად დაგეგმარებისა და რეგიონალიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციას ეყრდნობოდა. მისივე თქმით, ერთ-ერთი წყარო იყო საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი, რომლის ძმაც სიუჟეტში ხსენებულ საბჭოს წევრთა შორის ერთ-ერთი იყო. სიუჟეტი ასევე რამოდენიმე ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა. სიუჟეტის ავტორს არც ერთი საბჭოს წევრისთვის ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ მიუმართავს. ყველაზე სანდოდ გოთშელდი იმ თანამშრომლის ინფორმაციას თვლიდა, რომლის ძმაც უშუალოდ ჩართული იყო პროცესებში. გოთშელდი აღიარებდა, რომ ანონიმურ წყაროებს არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია საიდუმლო შეხვედრის, ან შეთქმულების დეტალების შესახებ, მარგამ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა საბჭოს განუცხადა, რომ მას საიდუმლო კრების შესახებ გოთშელდთან საუბარი არ ჰქონია და რომ მან ინფორმაცია კოლეგებისაგან მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილება: (ეს იყო საბჭოს პირველი გადაწყვეტილება სამაუწყებლო არხის წინააღმდეგ. 1977 წლის გადაწყვეტილების თანახმად, საბჭომ თავისი მოქმედების არეალი სამაუწყებლო მედიაზეც განავრცო.)

ტელეარხმა ვერ მოახერხა გავრცელებული ჭორების პირველწყაროს დადგენა. ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციების ნაკადში ვერ დაადგინა სიმართლე იმ საიდუმლო შეთქმულების შესახებ, რომლის თაობაზეც სულ ცოტა ორი წყარო საუბრობდა. როგორც ლინდსტრომის საქმეშია მითითებული, „აკმაყოფილებს თუ არა თავად ჟურნალისტს მის მიერ მოძიებული მასალის სიზუსტე და ჭეშმარიტების ხარისხი, ჟურნალისტის და მისი გაზეთის გადასაწყვეტია. მაგრამ თუ მასალა დაიბეჭდა, ან ეთერში გავიდა, მისი სარწმუნოობა და სიმართლე უნდა დადასტურდეს ფაქტებით, მით უფრო სათანადო მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. თუ ინფორმატორთა ვინაობა არ მჟღავნდება, გაზეთი ან ტელევიზია ვალდებულია, წარმოუდგინოს საბჭოს მასალის დამადასტურებელი სხვა ფაქტები. წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს და გაზეთი (ან ტელევიზია), მისთვის ცნობილი მიზეზებით, ამჯობინებს, არ წარმოადგინოს დამადასტურებელი ფაქტები და შესაბამისად, თანახმაა, რომ საკითხზე მსჯელობა სხვათა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოხდეს“.

ცხადია, ინფორმაციის მოპოვების დროს არის გარემოებები, როდესაც წყაროს გამჟღავნება შეუძლებელია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ მასალის სარწმუნოობისა და დამაჟერებლობის ხარისხი იზრდება, თუ კონკრეტული წყაროები იდენტიფიცირებულია და მცირდება, თუ ინფორმატორთა დაკონკრეტება არ ხდება. „თუ ახალი ამბების ორგანიზაცია საკუთარი წყაროების დაცვას გადაწყვეტს და მათი დასახელებისაგან თავს იკავებს, იგი ვალდებულია, შეატყობინოს მკითხველებს, რომ წყაროებმა ანონიმურობის შენარჩუნება მოითხოვეს, რათა აუდიტორია სიფრთხილით მოეკიდოს შესაძლო უზუსტობებს ასეთი ტიპის წყაროებზე დაყრდნობით მომზადებულ მასალებში.“ მოცემულ შემთხვევაში არხის მიერ მომზადებული სიუჟეტი ოფიციალური პირის საწინააღმდეგო საიდუმლო გეგმის შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც ჩვენ პასუხისმგებლობით აღსავსე ჟურნალისტიკის სტანდარტებს ვუწოდებთ. საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს ტელეარხის წინააღმდეგ.

11 აგვისტო, 1977

______________________

[1] სენსუალური - (ლათ. სენსუალის გრძნობადი) - გრძნობებზე, შეგრძნებებზე დამყარებული.

2.7 6. ინტერესთა კონფლიქტი

▲ზევით დაბრუნება


ნენსი ბარნესი
პოუპ ქაუნთი ტრიბუნის წინააღმდეგ

საჩივარი: ნენსი ბარნესმა პოუპ ქაუნთი ტრიბუნს საბჭოში უჩივლა და განაცხადა, რომ გაზეთმა ვერ შეძლო სამართლიანად და ადეკვატურად გაეშუქებინა ბრალდება სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ ფირმა უოტკინს ეარკრაფტ სეპორტ პროდაქტის (WASP, გლენვუდი) წინააღმდეგ.

1985 წელს ქალაქმა გლენვუდმა მიიღო გრანტი მინესოტას პატარა ქალაქების განვითარების პროგრამიდან. ქალაქმა უოტკინს თავისი საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტის ფონდიდან სესხი მისცა, ხოლო გლენვუდის განვითარების კორპორაციას დაავალა ანგარიშის მომზადება და სესხის დაბრუნების უზრუნველყოფა, მასვე დაევალა თანხების რეინვესტიცია სხვა მომგებიან პროექტებში. 1987 წლის 6 აპრილს მინესოტას ენერგეტიკისა და ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტმა (DEED) მერს წერილით მიმართა, რომლითაც აცნობა, რომ ფირმა უოტკინსის თანამშრომლებისაგან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კომპანია „ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ატარებდა სამსახურში მიღების დროს და საერთოდ, მუშაობის პროცესში“. თუ ეს ფაქტი დადასტურდებოდა, დეპარტამენტის განცხადებით, უეჭველად იმოქმედებდა გრანტზე. ქალაქის სამსახურებს საქმის გამოძიება დაევალათ. 1987 წლის 10 აპრილს მერმა მისწერა დეპარტამენტს, რომ „მათ დისკრიმინაციის ფაქტებს ვერ მიაკვლიეს“.

დაახლოებით ორი თვის შემდეგ მომჩივანმა ნენსი ბარნესმა გლენვუდ სიტის საბჭოს კომისიაზე ორგვერდიანი მოხსენება წარადგინა, რომელშიც უოტკინსში სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციაზე იყო საუბარი. აქვე იყო დასმული კითხვები გრანტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პროექტს ქალაქის მხრიდან სათანადო განხილვა და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებოდა. ბარნესმა განაცხადა, რომ „რამოდენიმე თანამშრომელმა ქალმა“ დისკრიმინაციისა და შევიწროვების ფაქტებზე მისი, როგორც მინესოტას ქალთა ფონდის კონსულტანტის ყურადღება ჯერ კიდევ გასული წლის მარტში გაამახვილა. ბარნესმა ჯონ სტოუნს, რომელიც კომისიის სხდომას აშუქებდა, გადასცა ორგვერდიანი პრესრელიზი, სადაც დეტალურად იყო ჩამოთვლილი დისკრიმინაციის ფაქტები, მათ შორის ვესტ ცენტრალის ქარხანაში, რომელსაც უოტკინსი მართავდა. იმავე დოკუმენტში ორი მომჩივანი ქალბატონის გვარიც იყო დასახელებული.

სტოუნმა ამ მოვლენებს პოუპ ქაუნთი ტრიბუნში ორი პუბლიკაცია მიუძღვნა, ორივე საკუთარი ხელმოწერით. ერთ-ერთ ნომერში სტოუნმა სარედაქციო მასალაც დაწერა, სათაურით „ამისათვის უკეთ უნდა მოევლოთ“, რომელშიც სტოუნმა ბარნესის პრესრელიზი გააკრიტიკა და დაიცვა უოტკინსის საქმიანობა, როგორც საზოგადოებისათვის ეკონომიკურად მომგებიანი. გაზეთის შემდეგ ნომერში გამოქვეყნდა ბარნესის წერილი რედაქციისადმი, სადაც ის აცხადებდა, რომ წინა პუბლიკაცია ტენდენციური იყო.

11 სექტემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მიაგნო დისკრიმინაციული ქმედებების შესაძლო მიზეზს, რაც გაზეთმა სრულად და სამართლიანად გააშუქა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ფირმის მიმართ სიმპათიებით გამსჭვალული კიდევ ერთი სარედაქციო სტატია დაბეჭდა, სათაურით „კეთილშობილური მიზნები, როგორც ჩანს, არასაკმარისია“. მოგვიანებით იმავე თემას კიდევ ერთი პუბლიკაცია მიეძღვნა, სათაურით „კარგი ამბები“, რომელიც ეხებოდა მოსაზრებებს კვლევაზე, თუ რატომ შეიძლება გადარჩეს ზოგიერთი პატარა ქალაქი, ზოგი კი - ვერა. აქვე ნახსენები იყო, რომ წარმატებულ საზოგადოებებს არ ჰყავთ ცუდი გაგებით კონსერვატორი ლიდერები, რომლებიც უარს ამბობენ ცვლილებებზე, მაგრამ „ახალბედებს ლიდერის როლს სთავაზობენ“. ბარნესმა კიდევ ერთი წერილი მისწერა რედაქციას, სადაც აღნიშნავდა, რომ „გამოძიებამ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი „ქალთა დანიშვნას ხელმძღვანელ პოსტებზე“ და რომ სარედაქციო მასალაში ამ ფაქტის არაღნიშვნა კიდევ ერთხელ ადასტურებდა, თუ რაოდენ მიკერძოებული იყო გაზეთი… რედაქტორმა წერილს დაურთო მინაწერი, რომელშიც უარყოფდა ტენდენციურობას.

განხილვა და გადაწყვეტილებები:

1. დაგვიანებული პუბლიკაცია - პირველი ბრალდების თანახმად, გაზეთს არ უნდა მოეცადა 10 აგვისტომდე, რათა სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის თემა გაეშუქებინა. მერის განაცხადი, რომ მისი დავალებით წარმოებულმა გამოძიებამ ვერ აღმოაჩინა დისკრიმინაციის ფაქტები, იმდენად ოპერატიული იყო, რომ გამოძიების ზედაპირულობაზე მეტყველებდა. მეორეს მხრივ, ჩანს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი საკუთარ კონფიდენციალურ გამოძიებას აწარმოებდა და საქმეში ჩართული მხარეები მის ანგარიშს ელოდებოდნენ. თავის დროზე სტოუნს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დისკრიმინაციის საკითხი დამუშავებისპროცესში იყო და სავარაუდოდ დამაკმაყოფილებლად გადაწყდებოდა. განვითარების კორპორაცია ივლისში არ შეკრებილა.

4 აგვისტოს, კრებაზე ბარნესის გამოსვლის შედეგად, საქმეს საჯარო მსვლელობა მიეცა. გაზეთმა დაუყოვნებლივ გამოაქვეყნა მისი ბრალდებები, ამდენად, საბჭომ ვერ დაინახა რაიმე შეუსაბამობა ტრიბუნის მხრიდან რეაგირების თვალსაზრისით. პატარა ქალაქებისათვის ძალზე მტკივნეულია ბიზნესის განვითარების, სამუშაო ადგილების საკითხები, მეორეს მხრივ კი, ამ ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებით მწვავედ განიცდის თანამედროვე სოციალურ პრობლემატიკას, განსაკუთრებით უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით. ადგილობრივი გაზეთი ამ ფაქტორების დაბალანსებას შეეცადა, არ აჩქარდა და მოარულ ხმებზე დაყრდნობას, საბოლოო ვერსიის გამოკვეთამდე დალოდება არჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში სტატია არაზუსტი, უსამართლო და ნაჩქარევი იქნებოდა. პირველ საჩივარს საბჭომ მხარი არ დაუჭირა.

2. უსამართლო გაშუქება - მეორე საჩივარი გაშუქების პრობლემას ეხებოდა. 10 აგვისტოს ნომერში პრობლემა არასწორად და უსამართლოდ იყო გაშუქებული. სტოუნს უნდა ეთქვა, რომ ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა და თავად იყო განვითარების კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი. ახალი ამბების საბჭომ ყურადღებით გადახედა სტატიებს და მიუხედავდ იქ აღმოჩენილი მცირე უზუსტობებისა, თვლის, რომ ყველა მხარის პოზიცია სამართლიანად და ადეკვატურადაა გაშუქებული. რაც შეეხება ავტორს, საბჭო თვლის, რომ სტოუნი მოვალე იყო, ეცნობებინა საზოგადოებისათვის საკუთარი კავშირის შესახებ განვითარების კორპორაციასთან.

ამ საჩივარს საბჭომ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დაეთანხმა იმ ნაწილში,სადაც რედაქტორისა და კორპორაციის ურთიერთკავშირზე იყო საუბარი, რის შესახებაც მკითხველთა ინფორმირება არ მომხდარა.

3. წერილები რედაქტორს - მესამე საჩივარი ეხებოდა ბარნესის სამ წერილს რედაქტორის სახელზე, რომელთაგან რედაქტორმა სამივეს დაურთო მინაწერი. ზოგადად საბჭო თვლის, რომ უმჯობესია, თუ რედაქტორი არ დაურთავს საკუთარ მინაწერს მის სახელზე გამოგზავნილ წერილებს, თუ ეს შესწორების აუცილებლობით ან წერილის ავტორის იდენტიფიცირებით არ არის განპირობებული. რედაქტორი უნდა მოერიდოს მინაწერის გამოყენებას წერილის ავტორთან შეკამათების მიზნით. ეს ნიშნავს, რომ რედაქტორს „ბოლო სიტყვის“ უფლება რჩება, რაც უსამართლობად აღიქმება და რაც არის კიდეც უსამართლობა. თუ რედაქტორს პასუხის გაცემა სურს, მას ამის გაკეთება ცალკე სვეტში შეუძლია. საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს.

სექსისტური ტერმინოლოგია: მომჩივანის განცხადებით, ერთ-ერთ სარედაქციო მასალაში მისი მისამართით ნათქვამი ფრაზა, იმის თაობაზე, რომ ის „კენკავს' ოლქის ოფიციალურ პირთა ხელიდან, სექსისტურია. თუმცა საბჭო არ თვლის, რომ მასალის კონტექსტში ეს ტერმინი ქათამივით კენკვას ნიშნავდა. ასეთი განმარტება მასალაში არ ყოფილა და, ვფიქრობთ, არც იგულისხმებოდა. საბჭომ უარყო მეოთხე საჩივარი.

18 მარტი, 1988

კორპორაციასპექტრუმი
მინეაპოლის სთარ ტრიბუნის წინააღმდეგ

საჩივარი: საკაბელო ტელევიზია სპექტრუმის ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა ბრიუს ბრისბანმა საბჭოში შეტანილ საჩივარში იმ შეც დომის შესწორება მოითხოვა, რომელიც მინეაპოლის სთარ ტრიბუნის პოპულარულ სპორტულ სვეტში გავიდა და სპექტრუმს ზიანი მიაყენა. მომჩივანი შესწორების თანაზომადი ფორმით გამოქვეყნებას მოითხოვდა - იმავე სვეტში ან მასთან ახლოს. ბრისბანი ასევე ბრალს სდებდა სვეტის ავტორს ინტერესთა კონფლიქტში, რადგან იგი ტრიბუნის გარდა, სპექტრუმის უშუალო ბიზნეს კონკურენტის მიერ იყო დაქირავებული.

1984 წლის 17 იანვარს სიდ ჰარტმანის მინეაპოლის სტარის სპორტულ სვეტში გამოჩნდა მასალა, რომელიც გუნდ „მინესოტა თვინსის“ საგადასახადო დეკლარაციებს შეეხებოდა. სტატია შეიცავდა განცხადებას: „1,8 მლნ. დოლარიდან, რომელიც მინესოტა თვინსმა გასულ წელს დაკარგა, 600 ათასი იურიდიულ ხარჯებს მოხმარდა, მათ შორის სარჩელს საკაბელო ტელევიზია სპექტრუმის წინააღმდეგ“. განცხადება არასწორი იყო. სარჩელი მინესოტა თვინსისა და ნორთ სთარის წინააღმდეგ მიდუესთ რადიო და კომუნიკეიშენს ჰქონდა შეტანილი და სპექტრუმი პროცესში მხოლოდ მესამე მხარედ იყო მიწვეული. სპექტრუმმა შეცდომა გააპროტესტა და მეორე დღეს გაზეთმა შესწორებაც დაბეჭდა. შესწორების ტექსტი ბრისბანის მოთხოვნის შესაბამისად იყო ფორმულირებული და მასში ისიც იყო ნათქვამი, რომ 600 ათასი დოლარის ოდენობით იურიდიული ხარჯები, რაც თვინსმა გაიღო მოხმარდა სპექტრუმისა და გუნდის დაცვას მიდუესთ რადიოს მიერ ინიცირებულ სასამართლო პროცესში.

სპექტრუმმა საბჭოს, შესწორების განთავსების ადგილის გამო მიმართა. გაზეთმა შესწორება მესამე გვერდის ა სექციაში გამოაქვეყნა. სპექტრუმის მტკიცებით, შესწორება სპორტულ სექციაში უნდა დაბეჭდილიყო, ან ჰარტმანის სპორტულ სვეტთან ახლოს, რადგანაც მას ფართო მკითხველი ჰყავდა. სპექტრუმის განცხადებით, იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელმაც პირველი, მცდარი განცხადება ჰარტმანის სვეტში წაიკითხა, მეორე დღეს სხვა სექციაში განთავსებულ შესწორებას ვერ ნახავდა.

გაზეთის პასუხი: გაზეთი დაეთანხმა მოსაზრებას, რომ შესწორებების სამართლიანი პოლიტიკა გულისხმობს მკითხველების ყურადღების გამახვილებას შესწორებებზე. რედაქციის აზრით, ამ პოლიტიკის საუკეთესო გამოხატულებაა ის, რომ ბოლო რვა წლის მანძილზე გაზეთი ყველა შესწორებას ყოველთვის მესამე გვერდის ა სექციაში ათავსებდა. რედაქცია დარწმუნებული იყო ამ პროცედურის სამართლიანობასა და ადეკვატურობაში.

გადაწყვეტილება: საბჭო მიესალმა შესწორებების სტანდარტულ პოლიტიკას, რომელსაც გაზეთი ატარებდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეცდომის ბუნებისა და გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ ჩათვალა, რომ შესწორების განთავსება გაზეთში სამართლიანად და ადეკვატურად მოხდა და საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

თუმცა, საბჭომ ზოგადად აღნიშნა, რომ შესწორებას თან უნდა სდევდეს გააზრებული კონტექსტი და ის იმგვარად უნდა იყოს მიწოდებული, რომ მკითხველთა ან მსმენელთა ყურადღება მიიპყროს. სარედაქციო პოლიტიკის პატივისცემის მიუხედავად, საბჭომ არ გამორიცხა ისეთი შემთხვევების შესაძლებლობა, როდესაც შესწორების მესამე გვერდზე დაბეჭდვა არაადეკვატური რეაგირება შეიძლება აღმოჩნდეს. გამონაკლისები ასეთივე დამოკიდებულებას მოითხოვ და სიდ ჰარტმანის სპორტული სვეტი სწორედ ასეთი გამონაკლისია. ფაქტია, რომ განსაკუთრებული აუდიტორია, რომელიც ამ სვეტს კითხულობს, ზოგადად არ კითხულობს გაზეთის მესამე გვერდს. უფრო მეტიც, თუ მკითხველი, რომელიც შესწორებებს ეძებს, გაზეთს მესამე გვერდზე გადაშლის, იმ მკითხველს, რომელმაც ჰარტმანის სვეტში ეს ირონიული განცხადება წაიკითხა, არავითარი მოტივი იმისა, რომ გაზეთი მესამე გვერდზე გადაფურცლოს, არა აქვს. საბჭომ ურჩია გაზეთს, როდესაც შეცდომა ასეთ პოპულარულ და სპეციფიკურ სვეტში ფიქსირდება, როგორიც ჰარტმანის სპორტული სვეტია, შესწორებაც იგივე სვეტში ან მასთან ახლოს განათავსოს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბჭომ აღიარა, რომ ზიანი, რომელიც სპექტრუმს მიადგა, წინასწარგანზრახული ხასიათის არ ყოფილა. საბჭოს აზრით, მართალია, ჰარტმანი ასევე სპექტრუმის კონკურენტ რადიოქსელში მუშაობდა, მაგრამ ეს ურთიერთობები დაფარული არ ყოფილა და საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი იყო. ამდენად, საბჭომ საფუძვლიანად ჩათვალა ვარაუდი, რომ ამ გარემოებას დაშვებულ შეცდომასთან რაიმე კავშირი არ ჰქონია. ჰარტმანს კონტრაქტის საფუძველზე ჰქონდა უფლება, ემუშავა როგორც გაზეთში, ასევე რადიოში. საბჭომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბრალდება, თითქოს ჰარტმანის 17 იანვრის პუბლიკაცია ინტერესთა კონფლიქტზე მიუთითებდა და არც ამ ნაწილში დაუჭირა მხარი საჩივარს.

განსხვავებული მოსაზრება: საბჭოს ორმა წევრმა მიღებული გადაწყვეტილება არათანმიმდევრულად მიიჩნია. მათი აზრით, ჰარტმანის სვეტის მკითხველებისათვის კვლავაც უცნობი დარჩა, იყო თუ არა ეს წინასწარგანზრახული შეცდომა, რომელმაც ზიანი მიაყენა სპექტრუმს, თუ საკაბელო ტელევიზიის ხსენება მხოლოდ პერიფერიული იყო. გაზეთს შესწორება ჰარტმანის სვეტში უნდა დაებეჭდა, არა იმიტომ, რომ მომჩივანისათვის მიყენებული ზიანი შეემსუბუქებინა, არამედ იმ მიზნით, რომ საკუთარი მკითხველების უკეთ ინფორმირება მოეხდინა. ჰარტმანის ხანგრძლივი ურთიერთობები არსებული სასამართლო პროცესის მეორე მხარესთან არ მიუთითებს ინტერესთა კონფლიქტზე, მაგრამ ამ ფაქტს ბიძგი უნდა მიეცა გაზეთისათვის, რათა მას მეტი ყურადღება გამოეჩინა შეცდომით გამოწვეული გაუგებრობების გამოსასწორებლად.

იანვარი, 1984

ოპერმენი და მაკდონაჰი
სთილუოთერ გაზეტ-ის წინააღმდეგ

საჩივარი: ვანს ოპერმანი და უილიამ მაკდონაჰი 1976 წლის სენატის არჩევნებში გერალ სიკორსკის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები იყვნენ. მათი საჩივრის თანახმად, სთილუოთერ გაზეტის გამომცემელი მანიპულირებდა გაზეთის რუბრიკით, „წერილები რედაქტორს“, სადაც მუდმივად სიკორსკის საწინააღმდეგო და მისი ოპონენტის მხარდასაჭერი მასალები ქვეყნდებოდა.

სიკორსკი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო, როგორც ლეიბორისტების (DFL) კანდიდატი. აგვისტოს შუა რიცხვებში სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან გადადგომის შესახებ განაცხადა და არჩევნებში რესპუბლიკელი დევიდ მილსი ჩაერთო. გაზეთის გამომცემელი მილსის საარჩევნო კომიტეტში მუშაობდა და საარჩევნო კამპანიას 5000 დოლარის ოდენობის პირადი შენატანითაც დაეხმარა. გაზაფხულზე სიკორსკის წინააღმდეგ მიმართული კრიტიკული პუბლიკაციების შემდეგ გაზეთმა უარი განაცხადა სიკორსკის მხარდასაჭერად წერილის გამოქვეყნებაზე, მიუთითა რა სარედაქციო პოლიტიკაზე, რომლის თანახმადაც, იკრძალებოდა ისეთი წერილების გამოქვეყნება, რომელშიც კონკრეტული პოლიტიკური კანდიდატი ან ოფიციალური პირი იყო მოხსენიებული. მეორე წერილი რედაქციამ იგივე საფუძველზე უარყო და წერილების პოლიტიკის შესახებ განცხადებაც გამოაქვეყნა შესაბამისს გვერდზე. რამოდენიმე კვირის შემდეგ გაზეთმა უგულებელყო საკუთარი პოლიტიკა და კვლავ სიკორსკის საწინააღმდეგო წერილების გამოქვეყნება დაიწყო. სიკორსკის საწინააღმდეგო შინაარსის შვიდი წერილიდან რამოდენიმე სერიოზულ ბრალდებას შეიცავდა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით. გაზეთმა მაკდონაჰის ორი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ბრალდებებს უარყოფდა, მაგრამ სიკორსკის მხარდამჭერთა წერილები გაზეთში არ გამოქვეყნებულა. რედაქციამ ასევე უარი თქვა, გამოექვეყნებინა კონგრესის წარმომადგენელთა მიერ დამოწმებული, მაგრამ ხელმოუწერელი წერილი, სიკორსკის დასაცავად.

გადაწყვეტილება: გაზეთებმა უნდა დააწესონ კარგად გააზრებული კონტროლი როგორც წერილების სვეტზე, ასევე იმაზე, თუ რა სიხშირით იხილება ესა თუ ის საკითხები; რამდენად არის წარმოჩენილი ყველა თვალსაზრისი, მათ შორის მოცულობის მხრივ. მაგრამ ეს პოლიტიკა თანმიმდევრულად და სამართლიანად უნდა განხორციელდეს და შესაბამისად საზოგადოებასაც ნათლად განემარტოს.

მისაღებია გაზეთის მხრიდან საარჩევნო კამპანიების დროს კანდიდატების მხარდამჭერი წერილების დაბეჭდვის აკრძალვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პოლიტიკა სათანადოდ განმარტებულია საზოგადოებისათვის, თუმცა, პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს საზოგადოებას. ამ პოლიტიკის გატარებისას რედაქტორმა სამართლიანობის პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს და თანაბრად მოეპყროს ყველა კანდიდატს. კარგი ჟურნალისტიკა მოითხოვს, რომ წერილების სვეტი ხელმისაწვდომი იყოს მათთვისაც, ვინც გამომცემლის საწინააღმდეგო მოსაზრებებს გამოხატავს.

საზოგადოების ინფორმირების გარეშე გაზეთის პოლიტიკის შეცვლამ და შემდეგ მანიპულირებამ სიკორსკის დისკრიმინაცია გამოიწვია. ის ფაქტი, რომ გამომცემელი ფინანსურადაც უჭერდა მხარს სიკორსკის ოპონენტს საარჩევნო კამპანიის დროს და არჩია საკუთარი ფინანსური მონაწილეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება არ მოეხდინა კამპანიის ბოლომდე, მხოლოდ აძლიერებს მის ვალდებულებას, სამართლიანად და თანასწორად მოეპყროს პოლიტიკურ მეტოქეს. თუ იბეჭდებოდა სიკორსკის საწინააღმდეგო შინაარსის წერილები, მის მხარდამჭერებსაც უნდა მისცემოდათ სიკორსკის წინააღმდეგ წამოყენებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემის საშუალება.

საბჭომ გაზეთის წინააღმდეგ საჩივარი დააკმაყოფილა.

18 ნოემბერი, 1976

მინესოტას უალკოჰოლო სასმელების
ასოციაციამინეაპოლის ტრიბუნის წინააღმდეგ

საჩივარი: მინესოტას უალკოჰოლო სასმელების ასოციაციის ლობისტმა დეივ ლოსიმ უჩივლა მინეაპოლის ტრიბუნს იმის გამო, რომ მან შეგნებულად ტენდენციურად გააშუქა საკითხები ნარჩენებსა და სავალდებულო გადასახადებზე კანონპროექტების შესახებ, რასაც შტატის საკანონმდებლო ორგანო 1977 წლის სესიაზე განიხილავდა.

ლოსიმ უჩივლა გაზეთს იმ მიზეზით, რომ ამ თემაზე გამოქვეყნებული საგაზეთო მასალები უზუსტობებით, გამოტოვებებით, არასწორად წარმოდგენილი შესწორებებით ასახავდა სარედაქციო პოლიტიკას და გაზეთის დაინტერესებას აღნიშნულ სიტუაციაში (გაზეთი ნარჩენების მწარმოებელი ორგანიზაციაა).

საჩივარი ძირითადად შეეხებოდა სათაურს და ლიდს, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა მკითხველი; ასევე სავალდებულო გადასახადს, რომელიც არასწორად იყო გაშუქებული; უზუსტობებს სარედაქციო მასალაში. შეცდომიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაში არ მომხდარა ზოგიერთი უზუსტობის უარყოფა. ლოსი ძირითადად ეხებოდა მედიის არასწორ როლს.

გადაწყვეტილება: მტკიცებულებებმა დაადასტურა ფაქტობრივი შეცდომები, რომლებზეც ლოსი მიუთითებდა. შეცდომები ნაწილობრივ გაზეთმაც აღიარა. ამ თვალსაზრისით საბჭომ საჩივარს მხარი დაუჭირა.

საბჭომ უარყო მთავრობის მხრიდან პრესის რეგულირების ნებისმიერი ფორმა და დაიცვა გაზეთის კონსტიტუციური უფლება და მოვალეობა - მედიამ, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, მიუკერძოებლად და სიზუსტით გააშუქოს ახალი ამბები რედაქტორის სვეტში. საბჭოსთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ლოსის წინადადება, რომლის თანახმადაც, სარედაქციო მასალის ავტორებსაც უნდა მოეთხოვებოდეთ ლობისტებად რეგისტრაცია.

საბჭომ საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა.

28 ივლისი, 1977

სალი ევერთისთილუოთერ ივნინგ გაზეტის წინააღმდეგ

საჩივარი: ვაშინგტონის ოლქის ყოფილმა რწმუნებულმა სალი ევერთმა საარჩევნო კამპანიის დროს საბჭოს წარუდგინა საჩივარი, რომელშიც ბრალს სდებდა სთილუოთერ ივნინგ გაზეტს უსამართლო ქმედებებში. სახელდობრ:

1. გაზეთმა პირველ გვერდზე დაბეჭდა ოთხ სვეტზე გადაჭიმული სტატია, რომელსაც მისი მეტოქის მხარდასაჭერი სათაური ჰქონდა. სტატიაში მითითებული იყო პუბლიკაციის ავტორის გვარი, თუმცა არ იყო მითითებული, რომ ეს უკანასკნელი გაზეთის ფავორიტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის წევრი იყო.

2. გაზეთმა დაბეჭდა მისი ოპონენტის სამადლობელი წერილი სტუმრისათვის განკუთვნილ სვეტში, ფოტოს თანხლებით, ხოლო თავად ევერთის სამადლობელი გამოაქვეყნა რუბრიკით, „წერილი რედაქტორს“, ფოტოს გარეშე.

3. გაზეთმა გამოაქვეყნა კრიტიკული პუბლიკაცია, რუბრიკით „წერილი რედაქტორს“ თუმცა არ მიუთითებია, რომ წერილის ავტორი მისი მეტოქის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო.

გაზეთის პასუხი: გამომცემელმა მაიკ მაჰონმა განაცხადა, რომ აღიარა შეცდომები და ევერთის ყველა საჩივარზე ადეკვატური რეაგირება მოახდინა:

გაზეთმა შეცვალა სარედაქციო პოლიტიკა, რის შედეგადაც წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში შემოსული მასალები პირველ გვერდზე აღარ განთავსდება.

ევერთის წერილთან დაკავშირებით განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ეს ფაქტი უსამართლობად არ ჩაუთვლიად.

ტექნიკურ შეცდომად მიიჩნიეს ის, რომ არ ყოფილა იდენტიფიცირებული წერილის ავტორის, ევერთის ოპონენტის საარჩევნო შტაბთან კავშირი.

გადაწყვეტილება:

საჩივარი 1. ახალი ამბების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი საჩივარს. საბჭოს შეფასებით, სტატია, რომელიც გამოქვეყნდა, როგორც ახალი ამბავი, ხოლო მასალის ავტორი არ იყო იდენტიფიცირებული როგორც საარჩევნო შტაბის თანამშრომელი, უსამართლო იყო. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ გაზეთების უმეტესობაში წამყვან საავტორო სტატიებს გაზეთის შტატიანი თანამშრომლები წერენ. ნათელია, რომ ასეთი პრაქტიკა სთილუოთერ გაზეტში საერთოდ არ არსებობს.

საჩივარი 2. სტუმრის სვეტი: საბჭომ აღიარა, რომ საარჩევნო კამპანიის გაშუქებაზე რაიმე დასკვნების გამოტანა მისთვის ზოგადად ძალზე რთული იყო. საბჭომ ევერთის საჩივარს მხარი დაუჭირა, განაცხადა რა, რომ მისი ოპონენტისათვის სტუმრის სვეტის დათმობა და მასალის ფოტოთი გაშვება მაშინ, როდესაც მომჩივანისათვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ რედაქციისადმი წერილების გვერდზე მცირე საგაზეთო ფართობი ფოტოს გარეშე, უსამართლო იყო.

2.8 7. დანაშაულის გაშუქება

▲ზევით დაბრუნება


მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის
შეფი ონ ლოქსი KARE-TV-ის წინააღმდეგ

განხილვას ესწრებოდნენ მინეაპოლისის პოლიციის შეფი ჯონ ლოქსი. KARE-TV-მ უარი თქვა დასწრებაზეც და წერილობით პასუხზეც. ეს განხილვა ტრანსლირებული იყო მინეაპოლისის ტელეკომუნიკაციების ქსელის მიერ.

საჩივარი: მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის შეფმა ჯონ ლოქსმა KARE-TV-ის წინააღმდეგ საბჭოს სამი ბრალდება წარუდგინა:

1. KARE-TV-მ არ დაიცვა მიღებული ჟურნალისტური სტანდარტები, როდესაც მოახდინა მკვლელობაში ეჭვმიტანილის ჩიკაგოდან მინეაპოლისში ტრანსპორტირება ისე, რომ არ გაუფრთხილებია არც ერთი ქალაქის პოლიცია, არც თვითმფრინავის პილოტი და არც დაქირავებული მანქანის მძღოლი.

2. KARE-TV-მ არ დაიცვა მიღებული ჟურნალისტური სტანდარტები, არც გამოიჩინა სათანადო სიფრთხილე მოწმის უსაფრთხოების მხრივ, როდესაც მოახდინა მოწმის ლოკალიზება და მასთან კონტაქტის დამყარება სცადა.

3. KARE-TV-მ შექმნა ერთგვარი „კომიკური“ ატმოსფერო მეორე შემთხვევაში, როდესაც გამოცხადდა იქ, სადაც ეჭვმიტანილი უნდა ჩაბარებოდა პოლიციას (პოლიციის შტაბთან) ეჭვმიტანილის მეგობარ გოგონასთან ერთად, რომელიც იმ დროისათვის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

ტელევიზიის პასუხი: KARE-TV-მ უარი განაცხადა მოსმენაში მონაწილეობაზე და საბჭოსთვის წერილობითი პასუხის გაცემაზეც. მაგრამ უპასუხა ლოქსსაც და სხვებსაც. ტელეჟურნალისტმა რიკ კუპჩელამ განაცხადა, რომ ტელეჯგუფმა სცადა, დაერწმუნებინა მაკკენზი (მკვლელობაში ეჭვმიტანილი), ჩაბარებოდა პოლიციას ჩიკაგოში, რაზეც მან უარი თქვა. ტელეარხის მენეჯერმა ტომ ლინდნერმა მიუთითა, რომ ჟურნალისტებს ხშირად მიჰყავდათ ეჭვმიტანილები ჩიკაგოში, ლოს-ანჟელესში და ნიუ-იორკში. ლინდრენმა „სტარ ტრიბუნის“ ჟურნალისტებს უთხრა, რომ KARE-ს გადაწყვეტილებაზე დიდწილად იმოქმედა ორგანიზაცია „მშვიდობისათვის გაერთიანებულ ხალხთა“ დამაჯერებელმა არგუმენტმა, რომ მაკკენზი არ უნდა ჩაბარებულიყო, როგორც თავად ამბობდნენ, „კამერის დაცვის გარეშე“.

საფუძველი: 1992 წლის 25 სექტემბერს მოკლეს პოლიციის ოფიცერი ჯერი ჰააფი. რამოდენიმე ეჭვმიტანილი დააკავეს და კიდევ ერთს, მვატი მაკკენზის ეძებდნენ. ჯერი მაკაფიმ და მშვიდობის ორგანიზაციის წევრებმა, ასევე განგსტერულმა კოალიციამ, სთხოვეს მაკკენზის ჩაბარებოდა პოლიციას, თან მოაგვარეს მისი ჩიკაგოდან მინეაპოლისში დაბრუნების საკითხი. მათ შესთავაზეს KARE-TV-ს, მოეგვარებინა ტრანსპორტირებისა და კამერის თანხლების (ეჭვმიტანილის უსაფრთხოებისათვის) საკითხი, სანაცვლოდ კი ექსკლუზიური გაშუქების შესაძლებლობა შესთავაზეს.

1992 წლის 23 ნოემბერს KARE-TV-მ დაიქირავა თვითმფრინავი და ავტოფურგონი ისე, რომ არ გაუფრთხილებია პოლიცია არც ჩიკაგოში და არც მინეაპოლისში. მათ თვითმფრინავის პილოტისთვის მგზავრის ვინაობა არ გაუმხელიათ. სწორედ ამ დროს პოლიცია ეჭვმიტანილს ეძებდა. ამ ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ ადგილი ჰქონდა სერიულ გაუპატიურებებში ეჭვმიტანილის ჩაბარებას, რასაც პოლიციის შეფმა ლოქსიმ „მედია ცირკი“ უწოდა. KARE-TV პოლიციის სათაო ოფისთან მიიჭრა ფურგონით, რომელშიც ეჭვმიტანილის მეგობარი გოგონა იყო, პოლიციამ კი ჩათვალა, რომ ფურგონში თავად ეჭვმიტანილი იჯდა. ლოქსი ესაუბრა KARE-TV-ს ხელმძღვანელობას ამ შემთხვევების შესახებ. იმის გამო, რომ ტელეარხის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა პოლიციის შეფი, რომ მომავალში ისინი პოლიციასთან ითანამშრომლებდნენ, ლოქსმა გადაწყვიტა, არ ეჩივლა KARE-TV-ისთვის ახალი ამბების საბჭოში.

1993 წლის აპრილში KARE ცდილობდა ეპოვა და ინტერვიუ ჩამოერთვა ჰააფის მკვლელობის საქმეზე დაცვის ქვეშ მყოფი მოწმისათვის. პოლიცია იძულებული იყო ადგილსამყოფელი შეეცვალა მოწმისათვის. მოწმე ცხოვრობდა დუპლექსში, რომელიც ნახანძრალი იყო. KARE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძრის გაჩენა შესაძლოა მოწმეს უკავშირედებოდა, მიუხედავად პოლიციის მტკიცებისა, რომ მათ გაშუქებამდე ერთი საათით ადრე გააფრთხილეს ტელეარხი, რომ ხანძარი შენობის მეორე ბინადარს უკავშირდებოდა.

ამ ინციდენტის შემდეგ, ლოქსმა გადაწყვიტა ეჩივლა ახალი ამბების საბჭოში, რადგან მიხვდა, რომ ტელეარხი აშკარად არღვევდა მათ შორის მიღწეულ შეთანხმებას.

პოლიციისა და მედიის ურთიერთობა: საკითხის გარკვევის მიზნით, საბჭომ განიხილა წარდგენილი მასალები, რომლებიც საინფორმაციო საშუალებებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს. მედია და პოლიციის დეპარტამენტები მრავალ დონეზე ურთიერთობენ:

პოლიციის დახმარების მიზნით, ახალი ამბების გამოშვებები აქვეყნებენ ეჭვმიტანილთა აღწერილობას.

პოლიცია საშუალებას აძლევს ჟურნალისტებს, გადაიღონ ეჭვმიტანილის ფოტო ან ვიდეო გამოსახულება, რაც მედიას - მასალის ილუსტრირებაში, ხოლო პოლიციას საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენაში ეხმარება.

საინფორმაციო საშუალებები ზოგჯერ აყოვნებენ ახალი ამბის გაშუქებას, რათა პოლიციამ ამ დროს ეჭვმიტანილის დაკავება მოასწროს; ამგვარი თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი ხდება, პოლიციამ თავიდან აიცილოს ეჭვმიტანილის წინასწარი გაფრთხილების ალბათობა. დუმილის სანაცვლოდ, პოლიცია ზოგჯერ ექსკლუზივის გარანტიას აძლევს მედიასაშუალებას.

ახალი ამბების გამოშვება მეტწილად პოლიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

ზოგიერთი ახალი ამბების სამსახური თანახმაა, მიაწოდოს გამოძიებას მის მიერ მომზადებული მასალა, მათ შორის ჩანაწერები და საგამოძიებო ორგანოებს მისცეს ჩვენება.

მეორეს მხრივ, ჟურნალისტები და პოლიცია არცთუ იშვიათად საპირისპირო პოზიციებზე აღმოჩნდებიან ხოლმე. ზოგჯერ პოლიცია არ გასცემს ინფორმაციას ზოგჯერ კი მედია ვერ უსადაგებს თავის ნაშრომს პოლიციის ინტერესებს.

1981 წელს ახალი ამბების ეროვნულმა საბჭომ ჩაატარა გამოკითხვა სამაუწყებლო და ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებს შორის და გამოსცა ბუკლეტი, სათაურით „დანაშაულის გაშუქება: რამდენად უნდა ითანამშრომლონ პრესამ და პოლიციამ?“ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქ მოყვანილი მაგალითები არ ესადაგება ბუკლეტში აღწერილს, აქ წამოჭრილი საკითხები მაინც უნივერსალური ხასიათისაა. ბუკლეტის ავტორია ა.ჰ.რასკინი, ნიუ-იორკ ტაიმსის ყოფილი კორესპონდენტი და რედაქტორი, რომელიც გამოცემას ასეთი გაფრთხილებით იწყებს: „ძალიან მცირეა ჟურნალისტიკის ისეთი სფერო, რომელსაც მოეძიება სათანადო თანამშრომლობის ჩარჩოები უფრო რთულად განსასაზღვრიან უფრო მოქნილი პრაქტიკაში - ვიდრე ის, რომელსაც რედაქტორები, ახალი ამბების წამყვანები და რეპორტიორები იყენებენ თავის ურთიერთობებში პოლიციასა და სხვა ძალოვან უწყებებთან“.

აქვე მოყვანილია რედაქტორთა თვალსაზრისი პრესისა და პოლიციის ურთიერთობებთან დაკავშირებით:

პოლიცია, რომელიც მოწოდებულია, აკონტროლოს ანომალიური ქმედებები, ცდილობს, გააკონტროლოს ინფორმაციული ნაკადიც.

მართალია, მედია „თვითდანიშნულია“, მაგრამ საზოგადოება მისგან მოელის მიმდინარე მოვლენებში გარკვევას და არ კმაყოფილდება პრესკონფერენციებზე გაკეთებული ოფიციალური განცხადებებით.

განხილვა: შეფმა ლოქსმა განაცხადა, რომ KARE-ს უპასუხისმგებლო ქმედებამ საფრთხე შეუქმნა თავად ტელეჯგუფს, უდანაშაულო ადამიანებს და პოლიციის ოფიცრებს. ჟურნალისტები საკუთარ თავს უსვამდნენ შეკითხვას: ღირდა კი ის მასალა, რომლის მოძიებასაც ცდილობდნენ იმ საფრთხედ, რომელშიც ისინი თავს იგდებდნენ? - აღნიშნა ლოქსმა და იკითხა: „უნდა მართოს თუ არა 19 წლის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სისტემა?“

საბჭოს წევრებმა ჰკითხეს ლოქსს, მისი აზრით, როგორ უნდა მოქცეულიყო ტელევიზია, რაზეც მან უპასუხა, რომ აუცილებლად უნდა ეცნობებინა ჩიკაგოს პოლიციისათვის. ლოქსმა აღნიშნა, რომ ტელეარხმა არ შეასრულა დაპირებები და ეჭვმიტანილი საზღვარზე გადაიყვანა. ლოქსმა ისიც დასძინა, რომ ტელეჯგუფს და პოლიციას ადრეც უთანამშრომლიათ, მაგრამ ეს მოლაპარაკების შედეგად ხდებოდა.

გადაწყვეტილება 1: საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს იმის თაობაზე, რომ ტელეარხმა დაარღვია მიღებული ჟურნალისტური პრინციპები, როდესაც მოახდინა მკვლელობაში ეჭვმიტანილის ტრანსპორტირება. მართალია, მიზანი კეთილშობილური იყო, მაგრამ, საბჭოს აზრით, საინფორმაციო საშუალებამ უგულებელყო ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიცაა - ნეიტრალურობა, დამოუკიდებლობა (უნდა შეასრულო საკუთარი ფუნქცია და არ მოახდინო პოლიციის როლის უზურპაცია), „ამბის ყიდვა“ და საფრთხის მინიმალიზება. ერთადერთი, რაც ტელეჯგუფის ქმედებას ამართლებდა, ეს იყო თავად ეჭვმიტანილის თხოვნა, უსაფრთხოების მიზნით, ჩაბარება მედიის თანხლებით მომხდარიყო.

გადაწყვეტილება 2: 8 ხმით 7-ის წინააღმდეგ, საბჭომ მხარი დაუჭირა საჩივარს, რომ KARE TV-მ არ დაიცვა მისაღები ჟურნალისტური პრაქტიკა, როცა საფრთხის წინაშე დააყენა მოწმის უსაფრთხოება. მოწმესთან დაკავშირება, საბჭოს აზრით, ოჯახის წევრების მეშვეობით უმჯობესი იქნებოდა. ტელეარხის წარმომადგენლების განხილვაზე გამოუცხადებლობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გაართულა.

გადაწყვეტილება 3: საბჭომ მხარი არ დაუჭირა ლოქსის საჩივარს იმის შესახებ, რომ ტელეარხმა „კომიკური“ ატმოსფერო შექმნა, როდესაც ეჭვმიტანილის მეგობარი გოგონა მიიყვანა იქ, სადაც დამნაშავის ჩაბარება უნდა მომხდარიყო. ამ შემთხვევაში, საბჭოს აზრით, პოტენციური საფრთხე ერთობ მცირე იყო და გარდა ამისა, ეს ქმედება ტელეარხის ინიციატივა არ ყოფილა.

17 ივნისი, 1993

ჩრდილო ბერლინგტონის რკინიგზა
WCCO-TV-ის წინააღმდეგ

საჩივარი: 1987 წლის 15 ივნისს WCCO ტელეარხით შუადღის სატელევიზიო პროგრამაში `ნიუსდეი“ გადაიცა სიუჟეტი ადგილობრივ ბიზნეს აღმასრულებელზე, რომელიც თავისუფალ დროს სატვირთო მატარებლებზე მგზავრობით ირთობდა თავს. ჩრდილო ბერლინგტონის რკინიგზამ ამ სიუჟეტის გამო საბჭოში საჩივარი შეიტანა და აღნიშნა, რომ ეს იყო უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკის ნიმუში, რადგან ტელესიუჟეტი ხოტბას ასხამდა უკანონო, მაქსიმალურად სახიფათო ქმედებებს. საბჭომ ნახა ვიდეოჩანაწერი და სიუჟეტის თანმხლები ტექსტის წერილობითი ვარიანტი.

ტელესიუჟეტში დეივ ნიმერმა და მარსია ფლერმა ინტერვიუ აიღეს ტომ სტიუარდისაგა (შტატგარეშე ჟურნალისტი), რომელიც თან ახლდა თავგადასავლების მოყვარულ ბიზნესმენს ჩრდ. ბერლინგტონის სატვირთო მატარებლით მგზავრობისას, ტვინ სითიდან ლა კროსეში და უკან. მგზავრობა ტრანსლირებული იყო ტელევიზიით. სტიუარტმა სიუჟეტში აღნიშნა, რომ „ის, რასაც ეს ადამიანი აკეთებს, უკანონო და სახიფათოა, ხოლო ჩვენთვის ძალზედ მიმზიდველი“. თავად ბიზნესმენმა ისაუბრა „შეუზღუდავ თავისუფლებაზე, თავგადასავლებზე და მომხიბლავ სპორტზე, რომელსაც მცირე ხნით სიცოხლის საფრთხის ქვეშ დაყენება ჰქვია“. სიუჟეტში გამოჩნდა მამაკაცი, რომელიც რკინიგზის ეზოში იმალებოდა, ხოლო შემდეგ მარცვლეულის ცარიელ ვაგონს შეახტა. სტიუარტმა ისაუბრა „მაცდუნებელ სიჩქარეზე, ბგერებზე, თავისუფლებაზე“. უკან დაბრუნებისას კი ტელეფირზე აღიბეჭდა კაცი, რომელიც ბუჩქებში იმალებოდა, შემდეგ კი კვლავ ვაგონს შეახტა. ყოველივე ეს მისისიპიზე მზის ჩასვლის ფონზე ხდებოდა. მგზავრობის ერთ მომენტში ბიზნესმენი შამპანურს მიირთმევდა.

ბერლინგტონის რკინიგზამ მკაცრად გააპროტესტა აღნიშნული სიუჟეტი და განაცხადა, რომ ნებისმიერი გართობის საფასური შეიძლება სერიოზულად გადასწონოს იმ საბედისწერო საშიშროებამ, რაც მატარებლით მგზავრობას უკავშირდება. ამ ხიფათის თავიდან აცილების მიზნით, ბერლინგტონის რკინიგზა ლექციებსაც კი უკითხავდა სტუდენტებს და აფრთხილებდა მათ რკინიგზასა და მის სიახლოვეს თავისუფალი ქმედებების საფრთხის სერიოზულობაზე. ღკინიგზის ხელმძღვანელობის აზრით, ტელესიუჟეტით მოხდა მათი ძალისხმევის ნიველირება, როცა ტელეკომპანიამ სრულიად უკანონო, საშიში ქმედებები „მომაჯადოებლად“, „დაუვიწყარ მგზავრობად“ და „ჟრჟოლის მომგვრელ სპორტად“ წარმოაჩინა.

თავის მხრივ, ტელეარხმა განაცხადა, რომ მათი სიუჟეტი ფოკუსირებული იყო არა სატვირთო ვაგონებით უკანონო მგზავრობაზე, არამედ უფრო საინტერესო ამბავზე - ადამიანზე, რომელიც უჩვეულო თავგადასავლებში იყო გახვეული. ტელეარხის აზრით, ეს იგივე იყო, რაც სიუჟეტები კლდეებზე მცოცავების, ჰაერში მყვინთავების, სიმაღლეებიდან მხტომელების და სხვათა შესახებ. უფრო მეტიც, ტელეარხმა სიუჟეტში საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება ამ ქმედების საშიშროებასა და უკანონობაზე. თავად სიუჟეტის გმირი კი ამბობდა: „მე ვფიქრობ, რომ ეს მართლაც ძალიან სახიფათოა ადამიანთა უმეტესობისათვის. მე ნამდვილად ვიცი, რასაც ვაკეთებ, და ეს მაინც ძალიან სახიფათოა, ეს გადარჩენის სპორტია... მე არავის ვურჩევ ამის კეთებას, არა“.

შოუს შემდეგ ტელეარხს რამოდენიმე მაყურებელი გამოეხმაურა. ორმა ადამიანმა დარეკა და მკაცრად გააკრიტიკა სიუჟეტი, რომელიც, მათი აზრით, ადვოკატობას უწევდა უკანონობას და ხოტბას ასხამდა სახიფათო და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. მესამე ტელემაყურებელს, რომელიც, როგორც ჩანდა, წარსულში მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა, სიუჟეტი მოეწონა. მარსია ფლერმა განაცხადა, რომ ტელევიზიაში ბერლინგტონის რკინიგზიდანაც დარეკეს და უთხრეს, „თუ რაოდენ სახიფათოა ეს და რომ გასულ წელს მატარებელზე შეხტომის მცდელობისას 55 ადამიანი მხოლოდ ჩრდ. ბერლინგტონის რკინიგზაზე დაიღუპა“.

გადაწყვეტილება: საბჭომ მაღალი შეფასება მისცა რკინიგზის ადმინისტრაციის ზრუნვას ადამიანების უსაფრთხოებაზე, რაც სერიოზულ პრობლემად მიიჩნია. საბჭოს აზრით, სატელევიზიო სიუჟეტი ზოგადად ასეთი ტიპის მგზავრობებზე რომ ყოფილიყო, საფრთხის ჩვენება აუცილებელი იქნებოდა. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. სიუჟეტი აშკარად გასართობი, საინტერესო, განსაკუთრებული თავგადასავლის ჩვენებას ისახავდა მიზნად. ეს იყო ამბავი ადამიანის ორმაგ ცხოვრებაზე: ერთის მხრივ, სამუშაო დღეებში ჭკუადამჯდარი ბიზნესმენი და მეორეს მხრივ, სულით თავისუფალი მოხეტიალე შაბათ-კვირას. ასეთი სახით წარმოდგენილი სიუჟეტი, საბჭოს აზრით, სრულიად მისაღები იყო და ის აუდიტორიის ინტერესს აღძრავდა.

საბჭომ განიხილა მეორე საკითხიც, რომელიც ჟურნალისტის მიერ, მასალის მოპოვების მიზნით, კანონის დარღვევას შეეხებოდა და რომ კონსენსუსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ. პრესა ისევე დგება დაპატიმრებისა და ბრალდების რისკის წინაშე, როდესაც არღვევს კანონს, როგორც ნებისმიერი ადამიანი. საბჭოს აზრით, რისკის შესახებ გადაწყვეტილება შიდა სარედაქციო საკითხია. რონ ჰენდბერგმა განაცხადა, რომ არხს გაცნობიერებული ჰქონდა რისკი და თუ ჟურნალისტს ან ტელეჯგუფს ამ მასალის მომზადებისას დააკავებდნენ, არხი არ ამოეფარებოდა პირველი შესწორებით გარანტირებულ (გამოხატვის თავისუფლება) უფლებას. WCCO-TV-მ აღიარა ის, რაც ნათლად ჩანდა ვიდეოფირიდან, არხის თანამშრომლებმ ბოროტად ისარგებლეს ჩრდილო ბერლინგტონის კერძო საკუთრებით. რკინიგზას ბრალდება არ წაუყენებია ჟურნალისტებისათვის, ნაცვლად ამისა, მათ ახალი ამბების საბჭოში წარადგინეს საჩივარი, რომელშიც აქცენტს სოციალური თვალსაზრისით უპასუხისმგებლობაზე აკეთებდნენ. საბჭომ გადაწყვიტა, არ ემსჯელა, ჟურნალისტურ კეთილსინდისიერებაზე და საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

29 აპრილი, 1988

2.9 8. დისკრიმინაცია

▲ზევით დაბრუნება


რიჩარდ სტანეკი
მინეაპოლის სპოუკსმენის წინააღმდეგ

საჩივარი: რიჩარდ ვ. სტანეკმა საბჭოს მინეაპოლის სპოუკსმენის წინააღმდეგ მიმართა. გაზეთი შავკანიანი საზოგადოებისათვის იყო განკუთვნილი. 1988 წლის 17 მარტს ნარკვევის სვეტში, რომლის ავტორი, როგორც წესი, ჰობარტ თ. მიტჩელი უმცროსი იყო, გამოქვეყნდა მასალა გამოძიების შესახებ, რომელსაც სტანეკი, როგორც მინეაპოლისის პოლიციის ოფიცერი აწარმოებდა. სტანეკი პუბლიკაციაში მოხსენიებული იყო როგორც შეფ ბოუზას „ბიჭი“, რასაც ერთვოდა კომენტარი, „დამერწმუნეთ, ჩემი აზრით, ის სწორედ ესაა“. მასალაში ნათქვამი იყო, რომ შავკანიან ქალებს უხდებოდათ სტანეკის უპატივცემულო დამოკიდებულების მოთმენა.

სტანეკმა უარყო მისი მხრიდან ყოველგვარი უღირსი საქციელი და გააპროტესტა სტატიის „ცალმხრივობა და უზუსტობა“, ასევე მასში გამოყენებული რასისტული ეპითეტები. ახალი ამბების საბჭოს რჩევით, სტანეკი დაუკავშირდა გაზეთს, სადაც მას მიტჩელთან დარეკვა ურჩიეს. ის ასეც მოიქცა, მაგრამ, მისი თქმით, ჟურნალისტი მას შეურაცხმყოფელად ელაპარაკა. 1988 წლის 31 მარტის სპოუკსმენმა გამოაქვეყნა სარედაქციო მასალა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სტანეკი ტელეფონით დაემუქრა მიტჩელს. შემდგომ სტატიაში ნათქვამი იყო: „ჩვენ დაჟინებით ვურჩევთ პოლიციის ოფიციალურ პირებს, ყურადღება მიაქციონ სტანეკის საქციელს. ადვილად გასაგები იქნება, თუ შეზღუდული განსჯის უნარი, რომელიც მან მიტჩელთან სატელეფონო საუბრისას გამოიჩინა, მისი დეპარტამენტში თანამდებობაზე დატოვების მიზანშეწონილობის საფუძველი გახდება“. სტანეკის ხელმძღვენელობამ მისი ქმედება განიხილა და დაადგინა, რომ რაიმე სახის მტრულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. სტანეკის განცხადებით, არც საგაზეთო სტატია და არც მომდევნო სარედაქციო სტატია არ შეესაბამებოდა მიღებულ ჟურნალისტურ პრაქტიკას.

1989 წლის 26 მაისს სტანეკის საჩივარს სპოუკსმენის გამომცემელმა უპასუხა. მისი თქმით, შესაძლოა წარსულში მათ მიტჩელსაც და სხვებსაც იმაზე მეტი ასპარეზი მისცეს, ვიდრე ამას კეთილგონიერება მოითხოვდა, გნებავთ, შინაარსის და გნებავთ, გამოხატვის ფორმის თვალსაზრისით, მაგრამ გაზეთმა გადაწყვიტა, მომავალში უფრო სერიოზული სარედაქციო კონტროლი განეხორციელებინა ავტორებზე. იმავდროულად გაზეთი აღიარებდა იმ ღირებულ წვლილს, რომელიც მიტჩელს შავკანიანი მოსახლეობის ინტერესების დაცვაში შეჰქონდა. გაზეთი აცხადებდა, რომ სამწუხარო ფაქტი იყო ერთგვარი უსიამოვნო „სახელების შერქმევა“, თუმცა ამასაც დაეკარგებოდა ძალა, სოციალურ გარემოში რასიზმის სიჭარბე რომ არ ყოფილიყო. წერილი მთავრდებოდა სიტყვებით, „ბატონი სტანეკიცა და ჩვენი მკითხველიც ნამდვილად იმსახურებენ მობოდიშებას იმ სარედაქციო შეცდომისათვის, რომელმაც ჩვენ წამიერად მოგვწყვიტა ბრძოლას ასეთი გარემოსათვის“.

განხილვა: ცნობილია, რომ გაზეთში სვეტის ავტორი საკუთარ მოსაზრებებს აქვეყნებს, რომელიც არ არის სავალდებულო, გაზეთის თვალსაზრისს ემთხვეოდეს. უფრო მეტიც, სვეტის ავტორს ფართო დისკრეცია აქვს, გამოხატოს თავისი აზრი. გარკვეულწილად პირადი სვეტი, ცხადია, ეყრდნობა ფაქტებს, რაც სიზუსტისა და სამართლიანობის მხრივ პასუხისმგებლობას წარმოშობს, რომელსაც თავად გაზეთიც ვერ გაექცევა.

მიტჩელის სვეტში რასისტული ეპითეტის „ბიჭუნას“ გამოყენება შეუსაბამო იყო. ამ საკითხზე მხარეები შეთანხმდნენ. ეს აზრი საბჭომაც გაიზიარა და საჩივარს მხარი დაუჭირა.

თავის „საპასუხო“ სარედაქციო სტატიაში სპოუქსმენმა განაცხადა, რომ ლაპარაკი იყო სტანეკის სატელეფონო ზარზე მიტჩელთან: სინამდვილეში კი სტანეკს გაზეთის ოფისიდან ურჩიეს დაერეკა მიტჩელისათვის. არაზუსტიც იყო და უსამართლოც სტანეკის გაკრიტიკება ამის გამო. საბჭომ საჩივრის ეს ნაწილიც გაიზიარა. სტანეკს შესთავაზეს რედაქტორისადმი წერილის გამოქვეყნება, მაგრამ, გასაგები მიზეზით, მან ამის გაკეთება არ მოისურვა.

რაც შეეხება უზუსტობებს ტელეფონით საუბართან დაკავშირებით, ან ჟურნალისტის ვერსიას გამოძიებასთან დაკავშირებით, საბჭოს ხელთ არ ჰქონდა საკმარისი ფაქტები საიმისოდ, რომ ამ საკითხზე ემსჟელა. თუმცა, საბჭომ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, თუ რა სტილით წარმართა გაზეთმა ეს კამათი. აღნიშნული შემთხვევა ნათელყოფს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, გაზეთმა გადაამოწმოს ის ფაქტები, რომელთა თაობაზე მის ფურცლებზე აზრს გამოთქვამენ. სპოუკსმენმა ბედის ირონიად მიიჩნია ის ფაქტი, რომ პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ გაკეთებული რასისტული ეპითეტის გამო მას მოუწია ბოდიშის მოხდა მაშინ, როდესაც „ჩანს ტვინ სითიში არ იყო ერთი ზრდასრული აფრიკელი ამერიკელი, რომელიც ვერ გაიხსენებდა, თუ როგორ აყენებდა მას საჯაროდ შეურაცხყოფას პოლიციის ოფიცერი“. სპოუკსმენის განცხადებით, „გასული ოთხი წლის განმავლობაში საშუალოდ ყოველწლიურად 200 საჩივარი შედიოდა მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის შინაგან საქმეთა დანაყოფში, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია რასისტულ გამონათქვამებს იყენებდა“. გაზეთმა ირონიად მიიჩნია ისიც, რომ თეთრკანიანი მომჩივანის მიმართ ნახმარი ეპითეტი, განსაკუთრებით ძაგთ თავად აფროამერიკელებს.“

შავკანიანებისა და პოლიციის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, შესაძლოა, იმედის მომცემიც კი იყოს ის გარემოება, რომ სტანეკმა და მინეაპოლის სპოუკსმენმა გადაწყვიტეს, მიემართათ ახალი ამბების საბჭოსათვის. თუ რასიზმისგან თავისუფალი სოციალური გარემო მიღწევადია, სპოუკსმენიცა და პოლიციის დეპარტამენტიც მოწოდებულნი არიან, იღვაწონ ამისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სახის პრობლემების განხილვა დაუყოვნებლივ, პატიოსნად და გულახდილად მოხდეს.

2 ივნისი, 1989

ვიკკას ეკლესია
მინეაპოლის სტარის წინააღმდეგ

საჩივარი: ვინმე, გვარად ბერტრანმა, ვიკკას ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა (ეს რელიგია ცნობილია, როგორც ჟადოქრებისა და ალქაჯების სარწმუნოება) მინეაპოლის სტარს უსამართლო გაშუქების გამო უჩივლა. მომჩივანის თქმით, ჟურნალისტმა ჯადოქრობასა და სატანიზმს შორის ასოციაციური პარალელები გაავლო. საჩივრის მიზეზი რელიგიის გვერდზე გამოქვეყნებული ორი პუბლიკაცია გახდა, სათაურით „ოკულტიზმი“. ბერტრანი აცხადებდა, რომ მასალის პრეზენტაცია მთლიანობაში - გაფორმების, ფოტოების და სტატიის ტექსტის ჩათვლით, ოკულტიზმის შესახებ ნეგატიურ და მცდარ სტერეოტიპს ქმნიდა.

1979 წლის 2 მარტს გაზეთმა რელიგიის გვერდზე გამოაქვეყნა ორი სტატია ოკულტიზმის შესახებ. გვერდის ზედა ნაწილი ეთმობოდა მოზარდის დღიურს, სადაც იგი სატანისტებთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებას აღწერდა, ქვემოთ კი მოთავსებული იყო სტატია ოკულტიზმის შესახებ, რომელშიც ციტირებული იყვნენ ექს-ოკულტისტი ლი ნისტრომი და ქონლით ქრისტენსენი, წიგნის მაღაზია „გნოსტიკის“ მენეჯერი, რომელიც თავს ვიკკას ეკლესიას მიაკუთვნებდა. სტატიას თან ახლდა ქრისტენსენის ფოტო და ნახატი - დემონის მიერ წამებული ადამიანის გამოსახულება.

ბერტრანმა საჩივრით მიმართა რედაქციას, სადაც მას უთხრეს, რომ შეეძლო დაეწერა საპასუხო წერილი რედაქციისადმი, რომელიც სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ დაიბეჭდებოდა სვეტში „წერილები რედაქტორს“. ბერტრანმა შეთავაზება არ მიიღო, იფიქრა რა, რომ წერილის ავტორისეული ვარიანტი არ დაიბეჭდებოდა და არც ბოდიშის მოხდის ეფექტი ექნებოდა. სტატია, ბერტრანის თქმით, ოკულტიზმის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს შეიცავდა, რასაც დამტკიცება ესაჭიროებოდა. გარდა ამისა, მოხდა ქრისტენსენის მცდარი ციტირება, რაც, მისი აზრით, უსამართლობა იყო, რადგან მან საკუთარი ასაკი და სამოქალაქო მდგომარეობა დაასახელა, რაც არ მომხდარა ნისტრომის შემთხვევაში. მთლიანობაში საგაზეთო გვერდი, დიზაინისა და სტატიების გათვალისწინებით უარყოფით და მცდარ სტერეოტიპს ქმნიდა. მომჩივანის აზრით, ჯადოქრობა და განსაკუთრებით ვიკკას ეკლესია არასწორედ დაუკავშირეს სატანიზმს.

გადაწყვეტილება: წერილი დაეხმარებოდა ბერტრანს საზოგადოების ოკულ ტიზმის შესახებ ინფორმირებაში. თუ გავითვალისწინებთ ბერტრანის უარს პუბლიკაციაზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაზეთი აღარ შეუდგებოდა მის მიერ გაპროტესტებული ყოველი ფაქტის გამოძიებას. მკითხველს უკეთ ემსახურება ის გაზეთი, რომელიც თავის შეზღუდულ დროსა და რესურსებს ახალ ამბებს უთმობს. საბჭოს არ ჰქონდა მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ქრისტენსენის ციტირება არასწორედ მოხდა, ამდენად ეს პრობლემა ვერ გადაიჭრა.

რაც შეეხება საგაზეთო გვერდს, მთლიანობაში სტატია და ილუსტრაციები არ ამკვიდრებენ ოკულტიზმის უარყოფით სტერეოტიპს. ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ მასალის რელიგიის გვერდზე მოთავსება აძლიერებს ასეთ შთაბეჭდილებას. პირველი სტატია, აშკარად იმ წიგნის შინაარსია, რომელიც სატანისტურ ქმედებებს აღწერს და ილუსტრაციაც შესაბამისი ახლავს. სტატიაში ნისტრომის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ქრისტენსენის ციტატებითაა დაბალანსებული. ამ თვალსაზრისით საბჭო საჩივარს მხარს არ უჭერს.

თუმცა, ქრისტენსენის სურათის მოთავსება უსამართლოც იყო და დამაბნეველიც. თითქოს მოხდა მისი ასოცირება წიგნში აღწერილ სატანურ ქმედებებთან. უყურადღებო მკითხველმა შეიძლება ბოლომდე არც ჩაიკითხოს მასალა, ქრისტენსენის კომენტარები კი, რომლითაც ის ემიჯნება გაზეთში აღწერილ სატანისტურ აქტივობას, მხოლოდ ბოლოშია მოცემული. გარდა ამისა, გაზეთს მხოლოდ ქრისტენსენის ასაკი და სამოქალაქო მდგომარეობა არ უნდა მიეთითებინა მასალაში. საბჭოს აზრით, გაზეთმა ეს შეცდომა უნდა აღიაროს.

ამ თვალსაზრისით საბჭომ გაზეთის წინააღმდეგ საჩივარს მხარი დაუჭირა.

განსხვავებული აზრი: საბჭოს 5 წევრის აზრით, მასალა სენსაციურობას ემყარებოდა და ამკვიდრებდა ნეგატიურ აზრს ოკულტიზმზე, რომელზეც თავად არ ჰქონდა წარმოდგენა. მთლიანობაში ეფექტი ისაა, რომ ხდება ოკულტიზმის, ჯადოქრობისა და სატანიზმის გაიგივება. მთელ გვერდზე ერთმანეთს ენაცვლება ტერმინები „ოკულტიზმი“, „ჯადოქრობა“, „სატანიზმი“, „დემონური“, ყოველგვარი მითითების გარეშე, რომ ოკულტიზმი ძალიან ფართო ცნებაა და მრავალ კულტსა თუ რელიგიასთანაა კავშირში. ქრისტენსენის კომენტარებით, სადაც ის სატანიზმს ემიჯნება, ბალანსი ვერ მიიღწევა ზემოხსენებული ტერმინების სინონიმური გამოყენების გამო.

26 მარტი, 1979

2.10 9. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა

▲ზევით დაბრუნება


პროფესორი შელტონ გუნარატნი
ფარგო ფორუმის წინააღმდეგ

საჩივარი: შელტონ გუნარატნიმ, რომელიც ჟურნალისტიკის პროფესორია ორჰედის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საბჭოში გაზეთ ფარგო ფორუმში გამოქვეყნებული რამოდენიმე პუბლიკაცია გაასაჩივრა: 13 დეკემბრით დათარიღებული სამი სტატია, 17 დეკემბრით დათარიღებული სარედაქციო სტატია, რომელიც უმაღლესი განათლების საკითხებზე 1997 წელს ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხებოდა და 15 დეკემბრით დათარიღებული სარედაქციო სვეტი, რომელშიც გაკრიტიკებული იყო აღნიშნული კვლევა. პროფესორმა გუნარატნიმ საკუთარი თვალსაზრისი გამოხატა სტატიაში, რომელშიც აღნიშნულ სამ მასალაში არსებულ შეუსაბამობებზე მიუთითა.

პროფესორის თვალსაზრისის ამსახველ წერილში ჩამოყალიბებული იყო ბრალდებები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გაშუქებასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგების შეჯამებისა და მკითხველისათვის მათი ადეკვატურად მიწოდების მიზნით, ის ფორუმს სთავაზობდა შემდეგი საკითხების პუბლიკაციაში უცილობელ მითითებას:

ვისგან აიღეს ინტერვიუ?

რამდენად დიდი იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევის არეალი?

როგორ მოხდა კვლევის ობიექტის შერჩევა? როგორი იყო ცდომილების ზღვარი?

ვინ აფინანსებდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას და მიიღეს თუ არა სასურველი შედეგი?

ვინ ჩაატარა ინტერვიუ?

რა გზით დამყარდა კონტაქტი რესპონდენტებთან?

როდის იყო ჩაწერილი ინტერვიუები? ზუსტად როგორ იყო ფორმულირებული ყველა კითხვა?

ჩატარდა თუ არა რაიმე სტატისტიკური პროცედურები ინტერვიუების სანდოობის დასადგენად, ან აისახა თუ არა გამოკითხვაში ის რესპონდენტები, ვინც ვერ მიიღო გადაწყვეტილება?

პროფესორ გუნარატნის რედაქცია არ გამოხმაურებია. რედაქტორმა მას არც მაშინ უპასუხა, როდესაც ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილში ამ უკანასკნელმა იკითხა, დაიბეჭდებოდა თუ არა მისი მასალა. მაშინ პროფესორმა ახალი ამბების საბჭოს მიმართა.

ფარგო ფორუმმა უარი თქვა, ეპასუხა გუნარატნისათვის. საჩივრის განხილვა მხოლოდ წერილობითი წარდგინების საფუძველზე მოხდა, რადგანაც ფარგო ფორუმმა საჩივრის განხილვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

რედაქტორის, ჯო დილისათვის მიწერილ წერილში საბჭო დაინტერესდა, ითვალისწინებდა თუ არა სარედაქციო პოლიტიკა თვალსაზრისის გვერდზე გარეშე პირთა კომენტარების გამოქვეყნებას. დილის პასუხში ნათქვამი იყო, რომ გაზეთს არავითარი სურვილი არ ჰქონდა, პროფესორთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. რედაქტორმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ საბჭო ასეთი უმნიშვნელო საკითხით დაინტერესდა.

„ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ და უარით ვისტუმრებთ წერილებს რედაქტორის სახელზე ან სტუმრის სვეტისათვის, როგორც ამას სხვა გაზეთები აკეთებენ,“- მისწერა დილმა საბჭოს, - „მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენ წლების განმავლობაში გუნარატნის არაერთი თვალსაზრისი გამოვაქვეყნეთ.“

„რედაქტორმა, რომელიც თვალსაზრისის გვერდს კურირებდა, გადაწყვიტა, არ გამოეყენებინა აღნიშნული მასალა, ისევე როგორც მრავალი სხვა. ბევრს შესაძლოა, გული დაწყდა, მაგრამ ისინი უბრალოდ მოვიდნენ თავიანთი თვალსაზრისის გამომხატველი სტატიებით შემდეგ ჯერზე“. „ეს ყველაფერი მე სისულელედ მეჩვენება,“- ნათქვამი იყო რედაქტორის წერილში.

განხილვა: საბჭოს ერთ-ერთი წევრის აზრით, მომჩივანის მიერ აუცილებლად მიჩნეული ინფორმაცია კვლევის შედეგების ყველა მასალაზე მეტისმეტად რთული და ვრცელი იყო. საბჭოში საზოგადოების წევრმა შულსტადმა თქვა, რომ გაზეთი ადეკვატურად მოიქცა, როცა უჩვენა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების უშუალო განმხორციელებლის მიკერძოებულობა.

მაშინ, როდესაც საბჭოს წევრთა უმეტესობა იმ აზრზე იყო, რომ გაზეთი ვერ აუხსნიდა ყველა ავტორს, თუ რატომ არ უქვეყნებდნენ წერილს, მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სასურველია რედაქციამ ყველა შემთხვევაში უპასუხოს ავტორს, მით უფრო, თუ ის ამას მოითხოვს.

საბჭოს წევრებმა იმედგაცრუება გამოთქვეს იმის გამო, რომ ფორუმმა არ მოინდომა ურთიერთობა არც მკითხველთან და არც საბჭოსთან და აღნიშნეს, რომ ეთიკის საკითხებზე დისკუსიის წამოწყების გზით, ბევრი საინფორმაციო საშუალება ცდილობს, აღადგინოს საზოგადოების ნდობა მისდამი.

გადაწყვეტილება:

1. კითხვაზე — გამოტოვა თუ არა ფორუმმა თავის ახალ ამბებსა (12/13/97) და სარედაქციო სტატიაში (12/17/97) არსებითი კრიტერიუმები, რაც მკითხველს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების სანდოობისა და სიზუსტის შესაფასებლად სჭირდება - საბჭომ ერთსულოვნად წინააღმდეგ მისცა ხმა და უარყო საჩივარი.

2. საკითხზე —„უნდა აეხსნა თუ არა ფორუმს ბ-ნი გუნარატნისათვის, რატომ არ გამოაქვეყნა მისი კომენტარი“ - საბჭომ კვლავ წინააღმდეგი მისცა ხმა და განაცხადა, რომ გაზეთისათვის ასეთი მოთხოვნის წაყენება არასწორი იქნებოდა.

15 ივნისი, 1998

რონალდ იაკობსონი
მინეაპოლის ტრიბუნის წინააღმდეგ

საჩივარი: რონალდ ლ. იაკობსონმა - ნევროლოგიისა და ბიომეტრიის ასისტენტ- პროფესორმა მინესოტას უნივერსიტეტიდან - საბჭოს საჩივრით მიმართა, რადგანაც, მისი აზრით, მინეაპოლის ტრიბუნამ გამოიყენა მცდარი მეთოდოლოგია, როდესაც წარმოადგინა აბორტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტუდენტთა აზრის კვლევის შედეგები. იაკობსონი სტატისტიკურად არასწორად მიიჩნევდა გაზეთის განაცხადს, თითქოს კვლევის შედეგები წარმომადგენლობითი იყო და მასში უნივერსიტეტის სტუდენტთა მთელმა შემადგენლობამ მიიღო მონაწილეობა. მისი შეფასებით, შემაჯამებელი სტატია არაზუსტი იყო და შეცდომაში შეჰყავდა მკითხველი.

გაზეთმა გამოაქვეყნა 11 ნაწილიანი სტატიების სერია, რომლებიც საზოგადოებრივ პრობლემებზე უნივერსიტეტის სტუდენტთა აზრს შეეხებოდა. სერია, სათაურით „იფიქრე ახალგაზრდამ“ ეფუძნებოდა იმ სატელეფონო გამოკითხვის მიმოხილვას, რომელსაც გაზეთისთვის გარეშე მარკეტინგული კვლევითი კომპანია აწარმოებდა.

კვლევის ობიექტის შერჩევა შემდეგი მეთოდით მოხდა: ათასი გვარი შეირჩა სტუდენტთა ცნობარიდან, ყოველი 44-ეს ამორჩევის გზით. იმ სტუდენტებს, რომელთაც არ ჰქონდათ ტელეფონი, გაუგზავნეს წერილები თხოვნით, დაკავშირებოდნენ გამოკითხვის ცენტრს. მას შემდეგ, რაც სიიდან ამოიღეს ის სტუდენტები, რომლებსაც ვერ დაუკავშირდნენ, რომლებმაც უარი თქვეს პასუხის გაცემაზე, ან ენობრივი ბარიერის პრობლემა ჰქონდათ, კვლევაში მონაწილეთა საბოლოო რაოდენობა 300-ით განისაზღვრა.

ყოველ სტატიას, რომელიც ამ სერიით გამოქვეყნდა, ერთვოდა მინაწერი, რომელშიც მითითებული იყო კვლევის მეთოდოლოგია, სახელდობრ, თუ როგორ ჩატარდა გამოკითხვა. აღნიშნული იყო, რომ გამოიკითხა „უნივერსიტეტის 300 სტუდენტი“, ხოლო შემდეგ განმარტებული იყო სტუდენტთა შერჩევის პროცედურები.

ამ სერიით გამოქვეყნებული ერთ-ერთი მასალა ეხებოდა სტუდენტების მოსაზრებას აბორტებთან დაკავშირებით. იაკობსონი, რომელიც დაინტერესებული იყო პრობლემით, დაუკავშირდა გაზეთს და უფრო დეტალური განმარტება სთხოვა გამოკითხვის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. იაკობსონი აცხადებდა, რომ რადგანაც თავდაპირველი რაოდენობა 1000 იყო, 300 კაციანი ჯგუფი უკვე ვერ იქნებოდა შემთხვევით შერჩეული ხალხი და ამდენად, არც გამოკითხვა იქნებოდა უზუსტობას მოკლებული, რადგანაც ცდომილების ზღვარი შესაძლოა, 37%-ზე მეტი ყოფილიყო ორთავე მიმართულებით. გაზეთის განცხადებით კი, თავდაპირველი 1000 რესპონდენტი შეირჩა იმისათვის, რომ საბოლოოდ 300 მიეღოთ და რომ ცდომილების კოეფიციენტი 7%-ს არ აღემატებოდა.

მას შემდეგ, რაც იაკობსონმა შეშფოთება გამოხატა, გაზეთმა ყველა სტატიის ბოლოს მეთოდოლოგიურ განმარტებაში დაუმატა ინფორმაცია ცდომილების შესახებ. ასეთი მინაწერი კი აბორტების შესახებ პუბლიკაციის შემდეგ გაჩნდა.

საბჭო დაუკავშირდა სოციალური საკითხების კვლევების ექსპერტს, რომელმაც თქვა, რომ შემთხვევით შერჩეულ და სისტემატურ შემთხვევით ჯგუფებს შორის მცირე სხვაობა იყო. ამასთანავე დასძინა, რომ აღნიშნულ შემთხვევაში პასუხის გაუცემლობის დიდმა მაჩვენებელმა შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს გამოკითხვის შედეგების სანდოობა. გაზეთის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ პასუხის გაცემაზე უარი ჩვეულებრივი მოვლენა იყო სატელეფონო გამოკითხვების დროს.

გაზეთის აზრით, კვლევის დროს გამოყენებული მეთოდოლოგია მეცნიერულად სწორი იყო, ხოლო გამოკითხვის შედეგები სამართლიანად იყო გაშუქებული და არ შეჰყავდა შეცდომაში მკითხველი.

საბჭოს გადაწყვეტილება: ჟურნალისტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა, მოგვაწოდოს ჯანსაღი ინფორმაცია ისეთ ეპოქაში, რომლისთვისაც ურთულესი პრობლემებია დამახასიათებელი. საინფორმაციო საშუალებების მიერ სოციალურ მეცნიერებათა კვლევების ტექნიკის მზარდი გამოყენება უთუოდ აუცილებელია და პოზიტიური განვითარების ნიშანია.

განხილვაზე გაჟღერებულმა ჩვენებებმა ნათელი გახადა, რომ კვლევის მეთოდოლოგიას რთული სამეცნიერო ექსპერტიზა ესაჭიროება. ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი დამაჯერებელი ჩვენებები მიუთითებს, რომ საგრძნობი უთანხმოება არსებობს ექსპერტთა შორის იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რომელი საზოგადოებრივი აზრის კვლევა შეიძლება ჩაითვალოს მეცნიერულად ზუსტად, ვიდრე შედეგებს სანდოდ და უტყუარად მიიჩნევენ.

ვერც ერთმა მხარემ ვერ დაარწმუნა საბჭო, რომ მისი პოზიცია მეცნიერულად უფრო საღი იყო, ვიდრე მეორესი. იმის გამო, რომ რომელიმე მხარეს უფრო დამაჯერებელი არგუმენტი არ მოეპოვებოდა, საბჭომ მხარი არ დაუჭირა საჩივარს.

გაზეთმა სერიოზული შრომა გასწია, რომ ჩაეტარებინა გამოკითხვა და ამ პროცესში არ გამოუმჟღავნებია უყურადღებობის რაიმე ნიშანი. გაზეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის აღიარებს იაკობსონის მიერ წამოჭრილი პრობლემების სერიოზულობას და ეცდება, შემდგომში მეტი სიზუსტე შეჰმატოს გამოკითხვებს და უფრო დეტალურად გააცნოს მკითხველს კვლევის მეთოდოლოგია.

წამყვანმა ჟურნალისტებმა და კვლევების ექსპერტებმა რეკომენდაცია გაუწიეს საინფორმაციო საშუალებებს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების გაშუქებისას, მიუთითონ მინიმუმ, რვა საკითხი:

გამოკითხვის სპონსორის ვინაობა.

კითხვების ზუსტი ფორმულირება.

კვლევის ობიექტის შერჩევა.

შერჩეული ობიექტის მოცულობა, იქ, სადაც ეს შესაძლებელია, პასუხების ხარისხი.

სავარაუდო ცდომილების ზღვარი.

კვლევის ობიექტის რა ნაწილს შეადგენენ, მაგალითად, მამაკაცები და ქალები, ლიბერალები და კონსერვატორები და ა.შ.

როგორ ჩატარდა ინტერვიუები: ერთი ერთზე, სახლებში, ტელეფონით, ფოსტით, ქუჩაში ან სხვა.

გამოკითხვის ჩატარების დრო.

7 აგვისტო, 1978

3 თავი 2. გერმანია

▲ზევით დაბრუნება


3.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


გერმანიის პრესის საბჭო

1956 წლის 20 ნოემბერს ხუთი გაზეთის გამომცემელმა და ხუთმა ჟურნალისტმა დააარსეს თვითრეგულირების ნებაყოფლობითი ინსტანცია - გერმანიის პრესის საბჭო. გერმანულ საბჭოს ბრიტანეთის გამოცდილება დაედო საფუძვლად.

1957 წელს გერმანიის პრესის საბჭოს შეუერთდნენ ჟურნალის გამომცემლები, რის შედეგადაც საბჭოს წევრთა რაოდენობა 10-იდან 12-მდე გაიზარდა. ამჟამად პრესის საბჭოში გაერთიანებული არიან გერმანიის გაზეთის გამომცემელთა კავშირი, გერმანიის ჟურნალის გამომცემელთა კავშირი, გერმანიის ჟურნალისტთა კავშირი და სადაზღვევო კომპანიის მედიის განყოფილება.

1973 წელს პრესის საბჭომ მიიღო პრესის კოდექსი, რომლის საფუძველზეც ხდება პრესის საბჭოში შესული საჩივრების განხილვა. საბჭო, რომლის მიზანია, პრესაში პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება, გამოსცემს რეკომენდაციებს და მითითებებს ჟურნალისტური საქმიანობისათვის. აღსანიშნავია, რომ რედაქტორებისა და გამომცემლებისთვის განკუთვნილი ეს სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები პრაქტიკის საფუძველზე და ახალი რეალიებიდან გამომდინარე ცვლილებებს განიცდის. ასე მაგალითად, რამოდენიმე სპეციფიკური შემთხვევა გახდა საფუძველი ისეთი ნორმის განსაზღვრისა, რომელიც დანაშაულის გაშუქების, მოკვლევისა და სასამართლო წარმოების პროცესებში პიროვნების იდენტიფიცირების საკითხს არეგულირებს (8 [1]და 13 [2] მუხლები). გერმანიის პრესის საბჭომ შემდეგში განსაზღვრა ნორმები ძალადობის გაღვივებასა და დისკრიმინაციის (11 [3] და 12 [4] მუხლები), ასევე ქრთამის აკრძალვის (15 [5] მუხლი) შესახებ.

2002 წლის 1 იანვრიდან კი პრესის საბჭომ სარედაქციო მონაცემების დაცვაზეც აიღო პასუხისმგებლობა. იმ დროისათვის პრესის კოდექსი შეიცავდა პიროვნების პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ნორმებს, რომელთა გადასინჯვა ახალი ამოცანის შესაბამისად მოხდა. თუ მკითხველი თვლის, რომ მის შესახებ რედაქციაში არსებული პერსონალური მონაცემები სათანადოდ არ არის დაცული, მას შეუძლია მიმართოს პრესის საბჭოს.

გერმანიის პრესის საბჭო თავადაც იცავს პერსონალურ მონაცემებს და მის მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებში არ ახდენს არა თუ მომჩივანი მხარის, არამედ საინფორმაციო საშუალების იდენტიფიცირებას, რაშიც ამ თავის წაკითხვის დროსაც დარწმუნდებით.

გერმანიის პრესის საბჭოში ყოველწლიურად 500-600 ადამიანის, ასევე სხვადასხვა ასოციაციებისა და ინსტიტუტების საჩივარი შედის. საჩივრების ორი მესამედი ადრეულ ეტაპზევე, ყოველგვარი ფორმალური ვერდიქტის გამოტანის გარეშე, საჩივრების კომისიაშივე წყდება. ძირითად სამედიატორო ფუნქციას საბჭოს ცენტრალური ოფისი ართმევს თავს წარმატებულად. თუ საჩივარი დასაბუთებულია, პრესის საბჭოს საჩივრების კომისია გამოსცემს შენიშვნას ან გაკიცხვას, უხეში ჯურნალისტური დარღვევის შემთხვევაში კი - საჯარო გაკიცხვას. წერილი უნდა გამოქვეყნდეს მოპასუხე საინფორმაციო საშუალებაში ნებაყოფლობით საფუძველზე. პრესის საბჭომ შეიძლება თავი შეიკავოს სანქციის დაწესებისაგან დასაბუთებული საჩივრის შემთხვევაშიც კი, თუკი რედაქცია ან ჟურნალისტი ნებაყოფლობით გამოასწორებს დარღვევას, მკითხველის საპასუხო წერილის ან სარედაქციო განცხადების გამოქვეყნების გზით.

_________________________

[1] მე-8 მუხლი: პრესამ პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას. მიუხედავად ამისა, თუ ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ცალკეული ქმედებები საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, შესაძლებელია მისი განხილვა პრესის საშუალებით. ასეთ შემთხვევებში ჟურნალისტს მართებს სიფრთხილე, რათა იმ ადამიანების უფლებები არ შეილახოს, რომლებიც არ წარმოადგენენ ინტერესის საგანს. პრესამ პატივი უნდა სცეს პიროვნების უფლებას და დაიცვას მის შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები.

[2] მე-13 მუხლი: რეპორტაჟები, რომელიც მიმდინარე გამოძიებებს, სისხლის სამართლის პროცესებსა და სხვა ოფიციალური საქმეების წარმოებას შეეხება, არ უნდა შეიცავდეს წინასწარ მოსაზრებებს. ამ მიზნით პროცესამდე ან პროცესის მსვლელობის პერიოდში პრესა უნდა მოერიდოს, როგორც სათაურში, ისე რეპორტაჟში, ისეთი სახის კომენტარის გაკეთებას, რომელიც შესაძლოა, აღქმული იყოს მიკერძოებულად. ეჭვმიტანილი არ უნდა წარმოჩნდეს დამნაშავედ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განაჩენის გაშუქება არ არის მიზანშეწონილი, თუ ამისათვის სერიოზული მიზეზი არ არსებობს.

[3] მე-11 მუხლი: პრესამ თავი უნდა შეიკავოს უსაფუძვლო სენსაციური მასალების გამოქვეყნებისგან, რომლებიც ძალადობასა და სისასტიკეს შეეხება. ასეთი სახის მასალებში არ უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა მოხსენიება.

[4] მე-12 მუხლი: დაუშვებელია პიროვნების დისკრიმინაცია მისი სქესობრივი, რასობ რივი, ეთნიკური, რელიგიური, სოციალური თუ ეროვნული კუთვნილების გამო.

[5] მე-15 მუხლი: ნებისმიერი სახის პრივილეგიის მიღება, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს საგამომცემლო ან სარედაქციო მოქმედების თავისუფლებაზე, ეწინააღმდეგება ღირსეული და დამოუკიდებელი პრესის მისიას. ყველა, ვინც იღებს ქრთამს ინფორმაციის გავრცელების ან დაბლოკვისათვის, უღირსად და არაპროფესიულად იქცევა.

3.2 1. რეპუტაცია

▲ზევით დაბრუნება


მიუსაფარი . პატივის და ღირსების დასაცავად

საჩივარი: ადგილობრივმა გაზეთმა სათაურით „ხომ ლამაზია მაწანწალას სასახლე?“ გამოაქვეყნა სტატია ერთ ლოთ უსახლკაროზე (მისი ვინაობა აღნიშნული იყო ინიციალით „პ“), რომელმაც საზოგადოებრივი ტუალეტი თავშესაფრად გამოიყენა. პუბლიკაციაში პარალელი იყო გავლებული ცნობილ მუსიკოსს ჯერი გარსიასთან, რომელმაც 1981 წელს მიუნხენში გადაფრენის დროს პირველი კლასის მგზავრები კინაღამ ჭკუიდან გადაიყვანა, როდესაც ბიზნესს კლასის ერთადერთ ტუალეტში ჩაიკეტა. ზემოხსენებულ სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ პ.-მ ანალოგიური „დანაშაული“ ჩაიდინა და, რომ მას ერთი წუთითაც არ უფიქრია, თუ რა გაჭირვებაში აღმოჩნდა კარს მიღმა ხალხი. „შეძახილები მის ტვინში ვეღარ აღწევენ. ეს თავი მთლიანად სასმელითაა გაჟღენთილი. იგი უბრალოდ აღარ მუშაობს - ალკოჰოლმა გამოიყვანა წყობიდან...“, - ნათქვამი იყო სტატიაში. პუბლიკაციის ბოლოს ავტორმა შეკითხვით მიმართა „მაღალ ღმერთს“, რომელმაც 1995 წელს გარსია თავისთან წაიყვანა: „მაგრამ რა უნდა მოვუხერხოთ ნეტავ პ.-ს?“ ეს სტატია პრესის საბჭოში გასაჩივრდა. მომჩივანის აზრით, პუბლიკაციის შედეგად სასტიკად შეილახა მიუსაფარი, ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანის პატივი და ღირსება. პიროვნების შეურაცხმყოფელი ფორმულირებები კიდევ უფრო გააძლიერა იმ გარემოებამ, რომ ფაქტიურად ადგილი ჰქონდა მოწოდებას მკვლელობისაკენ.

რედაქციის პოზიცია: სარედაქციო კოლეგიის აზრით, საჩივარი უსაფუძვლო იყო. რუბრიკა - „ადგილობრივი ახალი ამბები“-ს პასუხისმგებელ რედაქტორს მკითხველი კარგად იცნობდა იმ კრიტიკული პუბლიკაციებით, რომლებიც მუდამ სოციალურ თემატიკას ეძღვნებოდა. სარედაქციო კოლეგიის აზრით, მკვლელობისკენ რაიმე მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. სტატიას უამრავი მკითხველი გამოეხმაურა. მკითხველთა წერილების უმეტესობა, როგორც კრიტიკული, ასევე მხარდამჭერი, გაზეთში გამოქვეყნდა. შესაძლო გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მთავარმა რედაქტორმა ერთ-ერთ ნომერში ზემოხსენებულ პუბლიკაციას სარედაქციო კომენტარიც დაურთო. მისი აზრით, მან სავსებით დამაჯერებლად განმარტა, რომ ეს სტატია მხოლოდ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა.

გადაწყვეტილება: საჩივრების განხილვის კომისიის გადაწყვეტილებით, ამ პუბლიკაციით არ დარღვეულა პრესის კოდექსის პირველი მუხლი და მე-8 მუხლის 8.4. 6 პუნქტი.

მოტივაცია: სიტუაცია, რომელშიც უსახლკარო აღმოჩნდა, საბჭოს აზრით, მართალია ცოტათი გადაჭარბებულად, მაგრამ რეალისტურად იყო დახატული. ამდენად, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამ აზრს იზიარებდა მკითხველთა ნაწილიც, რაც რედაქციაში შესული წერილებიდანაც გამოჩნდა.

ჩინოვნიკი მკითხველის წერილის
და გაზეთის წინააღმდეგ

საჩივარი: ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულ მკითხველის წერილში ერთ-ერთი ჩინოვნიკი დადანაშაულებული იყო მონაცემების გაყალბებაში ურჩი გადამხდელების სასარგებლოდ. ხსენებულმა ჩინოვნიკმა პრესის საბჭოს საჩივრით მიმართა და განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომაც დაადასტურა. მოსარჩლის აზრით, მკითხველმა ამ წერილით მას ცილი დასწამა, ხოლო გაზეთმა არ დაიცვა ჟურნალისტური კეთილსინდისიერება, რადგან არ მოსთხოვა წერილის ავტორს ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები.

რედაქციამ, თავის მხრივ, განმარტა, რომ მოხელეს ჰქონდა უფლება, გამოექვეყნებინა საპასუხო წერილი, რითაც ამ უკანასკნელმა არ ისარგებლა. ამასთანავე რედაქციამ თავი იმართლა იმით, რომ პუბლიკაციამდე მკითხველის ყოველი წერილის გადამოწმების მოთხოვნა რეალობას მოკლებული იყო, რადგან ჟურნალისტურ ყოველდღიურობაში მსგავსი პრაქტიკის დანერგვა შეუძლებელი ხდება. გაზეთის აზრით, მათ არ დაურღვევიათ მთავარი პუბლიცისტური პრინციპები, რადგანაც მომჩივანს ნებისმიერ დროს ჰქონდა საშუალება, უარეყო დაუსაბუთებელი ბრალდებები. მიუხედავად ამისა, მას არ უცდია გაზეთთან დაკავშირება.

გადაწყვეტილება: საჩივრების განხილვის კომისიამ გაზეთის არგუმენტაცია არ გაიზიარა და საჟაროდ გამოთქვა საყვედური კოდექსის მე-9 7 და მე-2 8 მუხლების დარღვევის გამო.

მოტივაცია: კომისიის აზრით, მკითხველის წერილში წამოჭრილი ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომაც რედაქციას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა მათი სიზუსტე, პრესის კოდექსის მე-2 მუხლის 2.6. 9 პარაგრაფის პირველი პუნქტის შესაბამისად.

ის ფაქტი, რომ მკითხველის წერილის გამოქვეყნების მომენტში სასამართლოს უკვე გარკვეული ჰქონდა ბრალდების უსაფუძვლობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს მცდარი ფაქტების გამოყენებასთან, რის გამოც რედაქციამ პასუხი უნდა აგოს. პუბლიკაციით დაირღვა პრესის კოდექსის მე-9 მუხლი, რადგანაც ადამიანს მიაწერეს ის ქმედებები, რაც მას არ ჩაუდენია და ამით შებღალეს მისი ღირსება.

საჩივრების განხილვის კომისიამ აღნიშნა, რომ მართალია, შეუძლებელია ყველა შემოსული წერილის გადამოწმება, მაგრამ მძიმე ბრალდების შემთხვევებში, რედაქცია პასუხისმგებლობას მხოლოდ ავტორს ვერ დააკისრებს. იგი ვალდებულია, გამოქვეყნებამდე დააზუსტოს, რამდენად შეესაბამება ეს ბრალდება სინამდვილეს.

__________________________

6 8.4. ავადმყოფობა: ფიზიკური და გონებრივი დაავადებები და დაზიანებები პიროვნების ცხოვრების კონფიდენციალური მხარეა. ჟანმრთელობის მდგომარეობის თუ სამედიცინო დაწესებულებების აღწერისას პრესამ თავი უნდა შეიკავოს ვინაობისა და ფოტოების გამოქვეყნებისგან, დამამცირე ბელი ტერმინების გამოყენებისაგან მაშინაც კი, როცა ასეთ ტერმინებს ვხვდებით ყოველდღიურ მეტყველებაში. ადამიანებს, მათ შორის ცნობილ პიროვნებებს, სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც კანონი იცავს ისეთი ფაქტების გახმაურებისაგან, რომლებიც მათ დისკრედიტაციას იწვევს.

7 მე-9 მუხლი: ჟურნალისტურ ეთიკას ეწინააღმდეგება უსაფუძვლო, განსაკუთრებით კი ღირსების შემლახველი ბრალდებების გამოქვეყნება.

8 მე-2 მუხლი: სპეციფიკური ხასიათის ახალი ამბავი და ინფორმაცია, ტექსტობრივი თუ ფოტოპუბლიკაციის სახით, უნდა შემოწმდეს არსებული პირობების შესაბამისი მაქსიმალური სიზუსტით. მასალის მნიშვნელობა არ უნდა დამახინჟდეს ან გაყალბდეს რედაქტირების ან სათაურის შედეგად. დოკუმენტის არსი ზუსტად უნდა იყოს გადმოცემული. თუკი ინფორმაცია არ არის დადასტურებული, ეყრდნობა ჭორებს და ვარაუდს, ამის შესახებ უნდა იყოს მითითებული სტატიაში. სიმბოლური მნიშვნელობის ფოტოს გამოქვეყნებისას, მისი წარწერა უნდა აღნიშნავდეს, რომ ფოტო არ არის დოკუმენტური.

9 2.6. მკითხველის წერილები: პერიოდულმა გამოცემებმა უნდა გამოაქვეყნონ შესაფერისი ფორმისა და შინაარსის მკითხველთა წერილები, რათა საშუალება მისცენ მკითხველებს, გამოხატონ თავიანთი თვალსაზრისი და ამგვარად ხელი შეუწყონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

3.3 2. დისკრიმინაცია

▲ზევით დაბრუნება


ცხოველთა უფლებების დამცველები
ადგილობრივი გაზეთის წინააღმდეგ

საჩივარი: ადგილობრივმა გაზეთმა, სათაურით „ჩირაღდნები ცხოველებისათვის“ გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც შემდეგ კიდევ ერთი პუბლიკაცია მოჰყვა. ორივე პუბლიკაცია გამოხატავდა ცხოველთა უფლებების დამცველების პროტესტს ებრაული წესით ცხოველების დაკვლის წინააღმდეგ და პარალელს ავლებდა ნაცისტების დროს განვითარებულ მოვლენებთან: „სტუდენტებმა ღამის ცა ჩირაღდნებით გაანათეს; მაგრამ ჩირაღდნებით სვლა ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურის დაწყებასაც ახასიათებდა. რა როლს თამაშობენ ჩირაღდნები ცხოველთა დამცველების წრეში?“

აღნიშნული პუბლიკაციების გამო საბჭოს საჩივრით რამოდენიმე ადამიანმა მიმართა. პირველი მომჩივანი თვლიდა, რომ სტატიებით შეილახა იმ მოქალაქეების ღირსება, რომლებიც ცხოველების დამცველთა ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებული. მეორე მომჩივანი მიიჩნევდა, რომ ამგვარი ამაზრზენი შედარებებით გაზეთი ცდილობდა მკითხველისათვის თავს მოეხვია მოსაზრება, თითქოს ებრაული წესით ცხოველების დაკვლის მოწინააღმდეგეები ექსტრემისტულ ნაცისტურ ჯგუფებთან არიან გაიგივებული.

გაზეთის განმარტებით, სტატიები შეიცავდა ჟურნალისტის თვალსაზრისს და ავტორის მიზანი არ ყოფილა ცხოველთა დამცველების კედელთან მიყენება. თუმცა, მან საჭიროდ ჩათვალა, გაეხსენებინა ჩირაღდნებით სვლის ისტორია (1937წ.), რაც მას მსგავსი გამოსვლისკენ მოწოდებამ მოაგონა.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია.

მოტივაცია: ორთავე პუბლიკაცია ჟურნალისტის თვალსაზრისს წარმოადგენს. საავტორო სტატიების მახასიათებელი კი სწორედ ისაა, რომ ავტორი გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს აზრის, შეხედულების გამოხატვის თავისუფლებას. სტატიაში არსად ჩანდა, რომ ცხოველთა დამცველები ნაცისტებთან იყვნენ გაიგივებული. ავტორმა, მართალია, გაიხსენა ჩირაღდნებით სვლა, მაგრამ არსად უთქვამს, რომ ცხოველთა დამცველები რასისტები იყვნენ. საბჭოს აზრით, ავტორის მიზანი იყო არა ვინმეს დადანაშაულება, არამედ მხოლოდ გაფრთხილება. ეს გაფრთხილება კი არ სცილდებოდა იმ ფარგლებს, რასაც პრესის კოდექსის მე-9 მუხლი აწესებს - ბალანსის დაცვა ინფორმაციისადმი საზოგადოების ინტერესსა და დაზარალებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის.

3.4 3. პოლიტიკური რეკლამა

▲ზევით დაბრუნება


მკითხველი ქრისტიან-დემოკრატიული
პროპაგანდის წინააღმდეგ

საჩივარი: გაზეთმა ორჯერ გამოაქვეყნა სტატია ერთ-ერთ ადგილობრივ პოლიტიკოსზე და ორივე შემთხვევაში პუბლიკაციასთან ერთად დაიბეჭდა ხსენებული პოლიტიკოსის - ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატის - სარეკლამო განცხადება. პირველი სტატია ეხებოდა ბუნდესტაგის არჩევნებს და შვაბიის მხარის მაჟორიტარ კანდიდატს. სხვა საკითხებთან ერთად სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ თავისუფალ დემოკრატთა და სოციალ-დემოკრატთა კანდიდატები მომგებიან პოზიციაში იყვნენ იმის გამო, რომ ისინი ადგილობრივ პარტიულ სიაშიც ირიცხებოდნენ. ამ საკითხს ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატიც შეეხო სტატიის გვერდით გამოქვეყნებულ სარეკლამო განცხადებაში. მეორე პუბლიკაციაში საუბარი იყო სამეურნეო ბაზრობაზე, თანმხლებ სარეკლამო განცხადებაში კი ნათქვამი იყო, რომ ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სამეურნეო ბაზრობაზე საშუალო ფენის წარმომადგენელთა კავშირის დახლთან გამოჩნდებოდა.

მომჩივანის აზრით, დაირღვა პრესის კოდექსის მე-7 [10] მუხლი, რადგან სარედაქციო ინფორმაცია და სარეკლამო განცხადება ერთმანეთისაგან მკაფიოდ არ იყო გამიჯნული. ჟურნალისტური პუბლიკაციები ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატის საარჩევნო მოწოდებაზე იყო მიბმული. რედაქციის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო იმ განცხადებების შინაარსი, რომლებიც გაზეთის შესაბამის გვერდზე განათავსეს. აღნიშნულმა კანდიდატმა საარ - ჩევნო კამპანიის პერიოდში არაერთი სარეკლამო განცხადება გამოაქვეყნა. ამდენად, მკითხველისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ რეკლამასთან ჰქონდა საქმე.

გადაწყვეტილება: საჩივრების განხილვის კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი.

მოტივაცია: კომისიამ ჩათვალა, რომ დაირღვა პრესის კოდექსის მე-7 მუხლი, რადგანაც ადგილი ჰქონდა პირველი პუბლიკაციის „ადგილობრივი პარტიული სია“ და მის გვერდით განთავსებული სარეკლამო განცხადების კომბინაციას, რის გამოც საბჭომ შენიშვნა მისცა გაზეთს. საბჭომ განსაკუთრებით გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ სტატიისა და სარეკლამო განცხადების ტექსტი ნაწილობრივ ერთმანეთს ემთხვეოდა. ასე მაგალითად, სარეკლამო განცხადებაში ეწერა, რომ თავისუფალი დემოკრატების და სოციალ-დემოკრატიული პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები პარტიულ სიაში არიან, და ამდენად, მომგებიან პოზიციაში იმყოფებიან, მაშინ, როცა ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება ბუნდესტაგში, თუ მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებს. ამ პასაჟს ეხმაურებოდა ჟურნალისტური პუბლიკაციის ერთ-ერთი ფრაგმენტი: „...[კანდიდატი] არ არის პარტიულ სიაში, მაშასადამე იგი ბუნდესტაგში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ უშუალოდ მოიგებს მაჟორიტარულ არჩევნებს“. პუბლიკაციის ეს მონაკვეთი აძლიერებდა სარეკლამო მესიჯს და უგულვებელყოფდა ჟურნალისტური ინფორმაციისა და სარეკლამო მასალის ერთმანეთისაგან მკაფიოდ გამიჯვნის მოთხოვნას.

საბჭომ პრესის კოდექსის დარღვევად არ მიიჩნია გაზეთში გამოქვეყნებული მეორე სტატია, რომელიც სამეურნეო ბაზრობას შეეხებოდა და მის გვერდით განთავსებული სარეკლამო განცხადება კანდიდატის მიერ ამ ბაზრობის მონახულების თაობაზე. საბჭოს აზრით, საფუძველს მოკლებული გახლდათ იმის მტკიცება, თითქოს ამგვარი კონსტრუქცია სპეციალურად იყო ჩაფიქრებული და საჩივრის ეს ნაწილი დაუსაბუთებლად ჩათვალა.

______________________

[10] მე-7 მუხლი: საზოგადოების წინაშე პრესის პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ მესამე მხარის კერძო და ბიზნესს ინტერესებმა, ან ჟურნალისტის კომერციულმა ინტერესმა გავლენა არ მოახდინოს სარედაქციო პუბლიკაციებზე. გამომცემლებმა და რედაქტორებმა თავიდან უნდა აიცილონ მსგავსი მცდელობები და მკაფიოდ გამიჟნონ ერთმანეთისაგან სარედაქციო და სარეკლამო მასალები.

3.5 4. დანაშაულის გაშუქება

▲ზევით დაბრუნება


Y- წინასწარი ვერდიქტის წინააღმდეგ

საჩივარი: გაზეთში გამოქვეყნებული პუბლიკაცია შეეხებოდა ადვოკატს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ადვოკატს ბრალად ედებოდა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში ყალბი ჩვენების მიცემა და, უფრო მეტიც, მოწმეების წაქეზება ყალბი ჩვენებების მიცემაზე. საბჭოს გაზეთის წინააღმდეგ საჩივრით მიმართა Y-მა და მოითხოვა განმარტება იმის შესახებ, თუ რამდენად დაბალანსებული შეიძლება იყოს სტატია, რომელიც სასამართლო პროცესს შეეხება?

მოსარჩლის აზრით, სტატიის ავტორმა წინასწარ გამოიტანა ვერდიქტი, რადგანაც პუბლიკაციაში მხოლოდ შესაძლო განაჩენის სამართლებრივ შედეგებზე საუბრობდა, რითაც მკითხველს ჩააგონებდა, რომ ასეთ განაჩენს აუცილებლად გამოიტანდნენ და მხოლოდ სასჟელის ზომაღა იყო გასარკვევი.

გარდა ამისა, სტატიიდან ადვილად იყო შესაძლებელი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება. პუბლიკაციაში მითითებული ინიციალის მქონე ადვოკატი, ქალაქ- ში, სადაც დავა მიმდინარეობდა, მხოლოდ ერთი იყო.

ამასთანავე ცალმხრივად იყო გადმოცემული როგორც მოკვლევის, ისე საქმის ვითარების დეტალები. ავტორი უმეტესად პროკურატურის ინფორმაციას ან სულაც საბრალდებო დასკვნას ეყრდნობოდა. ბრალდებულ ადვოკატს წაყენებული ბრალდებების საპასუხოდ არც ერთხელ არ მისცემია თავისი აზრის გამოთქმის საშუალება.

მთავარმა რედაქტორმა თავი იმართლა იმით, რომ ადვოკატი საზოგადოებრივი ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ამასთანავე, ჟურნალისტი თავის სტატიაში მხოლოდ იმ სამართლებრივ შედეგებზე მიუთითებდა, რომლებიც უშუალოდ საბრალდებო დასკვნიდან არ გამომდინარეობდა და რაც შეფასებითი მსჯელობა იყო. რედაქციის აზრით, სტატიის ავტორს სრული უფლება ჰქონდა, გამოეთქვა მოსაზრება, რომ რაც უფრო გულდასმით შეაგროვებდა მტკიცებულებებს პროკურორი, მით უფრო მეტი შანსი ექნება მას, მოეგო სასამართლო პროცესი.

გადაწყვეტილება: კოდექსის მე-13 მუხლის დარღვევისათვის საბჭომ გაზეთს საჯაროდ გამოუცხადა საყვედური.

მოტივაცია: პუბლიკაციაში ბევრი დეტალი მიანიშნებდა იმაზე, რომ ავტორი სასამართლო პროცესის ნეგატიური დასასრულის პროგნოზს აკეთებდა და ამით წინასწარ გამოჰქონდა განაჩენი ადვოკატისთვის. ამას, უწინარეს ყოვლისა, ადასტურებდა ის გარემოება, რომ მთელ სტატიაში მოსალოდნელი პატიმრობის ვადის ხანგრძლივობაზე დეტალური მსჯელობისას, ერთხელაც არ იყო ნახსენები თუნდაც სიტყვა „თუ“. ეს კი ნიშნავს განაჩენის წინასწარ გამოტანას, რაშიც ავტორს ეჭვი არ შეპარვია.

საბჭოს აზრით, დაირღვა პრესის კოდექსის მე-2 მუხლიც, რადგანაც ჟურნალისტმა ისე მოამზადა მასალა, რომ თავად ადვოკატისათვის შეკითხვითაც კი არ მიუმართავს. საბჭომ განსაკუთრებით გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ პუბლიკაციაში ჩანდა ჟურნალისტის პოზიცია.

Z- დამნაშავეთა იდენტიფიცირების წინააღმდეგ

საჩივარი: ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო სექსუალური ძალადობის ფაქტზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე. სტატიაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი მსჯავრდებულის დახასიათებას, ასევე დაწვრილებით იყო განხილული პროკურორის მიერ წაყენებული ბრალდებები. პუბლიკაციაში მითითებული იყო დანაშაულის ჩადენის ადგილი და აღწერილი იყო დანაშაული. იმის გამო, რომ სასამართლო პროცესი დახურული იყო, ძ-მა ეს პუბლიკაცია საბჭოში გაასაჩივრა. მომჩივანის აზრით, პუბლიკაციის შედეგად, რომელშიც დანაშაულის პერიპეტიები დეტალურად იყო აღწერილი, როგორც დამნაშავე და მსხვერპლი, ასევე მათი ოჯახის წევრებიც იოლად ამოცნობადი იყვნენ. გარდა ამისა, სტატიაში ისეთ საკითხებზეც იყო საუბარი, რომელთაც დანაშაულთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა.

რედაქცია: მთავარი რედაქტორის აზრით, პრესის კოდექსის მე-11 მუხლი არ დარღვეულა. სტატიაში განხილული იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოების დროს მიღებული სასამართლო ოქმი, რომლის თანახმადაც, დაზარალებულს ბრალად ედებოდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობა. რედაქციის შეფასებით, სტატიაში ობიექტურად იყო გაშუქებული ბრალდებულის მიერ ჩადენილი ყველა ის ძალადობრივი ქმედება, რასაც განაჩენის გამოტანამდე არც დაზარალებული უარყოფდა. მსხვერპლის ვინაობა კი სტატიაში ანონიმური იყო.

მთავარი რედაქტორის განცხადებით, სტატიაში ადგილი არ ჰქონია ადამიანების დამცირებას. ეს შეეხება როგორც მსხვერპლს, ასევე მსჯავრდებულს. დანაშაულებრივი ფაქტების მოყვანა არ გასცილებია იმ დასაშვებ ზღვარს, რაც საზოგადოების ობიექტურ ინფორმირებას ითვალისწინებს. ასევე ანგარიში გაეწია მსხვერპლს და ამით დაცული იქნა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. სტატიით შეუძლებელი იყო მსხვერპლის მიახლოებითი იდენტიფიცირებაც კი.

გადაწყვეტილება: საჩივრების განხილვის კომისიამ საყვედური გამოუცხადა გაზეთს პრესის კოდექსის მე-11 მუხლის დარღვევის გამო.

მოტივაცია: კომისიის შეფასებით, საქმის წარმოებიდან სტატიაში მოყვანილი დეტალები შეუსაბამოდ სენსაციურ ხასიათს ატარებდა. კომისიის აზრით, დანაშაულის გარემოებების დეტალური აღწერა აუცილებლობას არ წარმოადგენდა. საჭირო იყო ბალანსის დაცვა მსხვერპლის და მათი ახლობლების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის. საბჭოს განცხადებით, გაზეთმა დაარღვია პრესის კოდექსით დადგენილი წესები, განსაკუთრებით კი პრესის კოდექსის მე-11 მუხლის 11.1. 11 პარაგრაფი.

______________________

11 პუნქტი 11.1: რეპორტაჟი უსაფუძვლოდ სენსაციურია, თუ ჟურნალისტურ პუბლიკაციაში ადამიანი განიხილება, როგორც ავტორისეული მიზნის მისაღწევი ობიექტი. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება მომაკვდავ, ფიზიკურად ან სულიერად ავადმყოფ ადამიანებს და ინფორმაციის გავ რცელება არ შეესაბამება საზოგადოებრივ ინტერესსა და ინფორმაციაზე მკითხველის მოთხოვნილებას.

3.6 5. ფოტოილუსტრაცია

▲ზევით დაბრუნება


ვებ-გვერდის შემქმნელი ფირმა
ფოტორეტუშის წინააღმდეგ

საჩივარი: დაჯილდოვების ცერემონიალზე ერთ-ერთი პატარა ქალაქი „ინტერნეტ- სოფელი 2001“-ის გამარჯვებულად აღიარეს და დააჯილდოვეს კიდეც. ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა მასალა ამ ღონისძიების შესახებ და დაჟილდოვების ამსახველი ფოტოსურათი. ფოტოსურათზე აღბეჭდილი იყვნენ ღონისძიების მონაწილეები, რომელთაც ხელში ეჭირათ ტრანსპარანტი, წარწერით „www.(ქალაქის სახელი).de“. წარწერის მარცხნივ ქალაქის ლოგო იყო გამოსახული, მარჯვნივ კი იმ ფირმის ლოგო, რომელმაც ამ ქალაქში ინტერნეტის განვითარებას შეუწყო ხელი. ეს ფოტოსურათი და ღონისძიების ამსახველი მასალა მეორე გაზეთმაც გამოაქვეყნა, თუმცა ამ შემთხვევაში ტრანსპარანტის მარჯვნივ განთავსებული ფირმის ლოგო ფოტორეტუშით იყო დაფარული. აღნიშნული ფირმის მესაკუთრემ საჩივრით მიმართა პრესის საბჭოს და გააპროტესტა ის ფაქტი, რომ ტრანსპარანტიდან გამქრალი იყო მისი ფირმის ლოგო, პუბლიკაციის ტექსტიდან კი საერთოდ არ ჩანდა, რომ სწორედ მისი ფირმა იყო ვებ-გვერდის შემქმნელი და მხოლოდ ფირმის მესაკუთრის სახელი და გვარი იყო მოხსენიებული.

გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ფოტოსურათზე ფირმის ლოგოს ჩვენება და ტექსტში ორგანიზაციის მოხსენიება უადგილოდ მიიჩნია, რადგანაც მისი აზრით, თხრობის ობიექტი იყო არა ფირმა, რომელმაც შექმნა ვებ-გვერდი, არამედ „ინტერნეტ-სოფელი 2001“-ის დაჯილდოების ცერემონია. და საერთოდაც, რედაქციას ზემოხსენებულ ფირმასთან ურთიერთობის ცუდი პრაქტიკა ჰქონდა - ფირმა მუდმივად ცდილობდა, ის ჟურნალისტურ პუბლიკაციებში მოეხსენებინათ და ამ გზით თავიდან აეცილებინა ფასიანი განცხადებების გამოქვეყნება.

გადაწყვეტილება: კომისიამ ჩათვალა, რომ დაირღვა პრესის კოდექსის მე- 2 მუხლის 2.2 12 პარაგრაფი.

მოტივაცია: საჩივრების განხილვის კომისიამ ეს შემთხვევა სერიოზულ დარღვევად მიიჩნია და დაგმო გაზეთის ეს ქმედება. რედაქციის არგუმენტაცია, თითქოს ზემოხსენებული ფირმა მუდმივად ცდილობდა მოხსენიებული ყოფილიყო გაზეთის ჟურნალისტურ პუბლიკაციებში, არ გამოდგება იმის საფუძვლად, რომ ფოტოდოკუმენტი ყოველგვარი მინიშნების გარეშე შეიცვალოს. კომისიის განცხადებით, ფოტოსურათებისა და ილუსტრაციების გამოქვეყნების დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ ტექსტის თანმხლები ნებისმიერი სახის ილუსტრაციის იდენტიფიცირება იოლად იყოს შესაძლებელი.

________________________

12 2.2. არადოკუმენტურ ილუსტრაციას (განსაკუთრებით ფოტოსურათს), რომელიც შესაძლოა, მკითხველმა დოკუმენტურ ილუსტრაციად აღიქვას, მკითხველის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, უნდა ერთვოდეს შესაბამისი აღნიშვნა. ილუსტრაციის სათაურში ან თანდართულ ტიტრში გარკვევით უნდა აღინიშნოს: დამხმარე ან საჩვენებელი ილუსტრაციები (ნებისმიერი სახის მოტივაციის დროს); სიმბოლური ილუსტრაციები (რეკონსტრუირებული სცენები, გრაფიკული ნახატები, ტექსტის მხატვრული დასურათება და სხვა); ფოტომონტაჟი ან სხვა სახის კოლაჟები.

3.7 6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

▲ზევით დაბრუნება


ეზოერული გაერთიანების წევრი
დგილობრივი გაზეთის წინააღმდეგ

საჩივარი: ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ეზოტერულ გაერთიანებას შეეხებოდა და მასში მითითებული იყო როგორც გაერთიანების ხელმძღვანელის, ასევე იქ მოღვაწე სხვა პირების სახელები და გვარები. აღნიშნული გაერთიანების ერთ-ერთმა წევრმა ქალბატონმა, რომლის სახელი და გვარიც გაზეთში იყო მოხსენიებული, პრესის საბჭოს საჩივრით მიმართა. ქალბატონის განცხადებით, ის პედაგოგია და ეზოტერულ გაერთიანებაში ლექციებს კითხულობს. მომჩივანი თვლიდა, რომ ვინაობის მითითებით გაზეთმა დაარღვია მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და, რაც მთავარია, პატივი არ სცა მის უფლებას, ემსჯელა პერსონალური მონაცემების სარედაქციო მიზნით გამოყენების საკითხზე. მომჩივანის აზრით, მისი სახელის და გვარის, პროფესიული საქმიანობის, სამუშაო ადგილისა და სამსახურის ადგილმდებარეობის მითითებით დაირღვა პრესის კოდექსი.13

სარედაქციო კოლეგიამ აღნიშნა, რომ სტატიაში მოხსენიებული გვარების ამოკითხვა თავად გაერთიანების მიერ გამოცემულ ლიფლეტშიც იყო შესაძლებელი. სარეკლამო მიზნით მომზადებულ ამ გამოცემაში განთავსებული იყო სტატიაში ჩამოთვლილი პირების სრული მონაცემები - სახელისა და გვარის, ასევე პროფესიის მითითებით. რედაქციის აზრით, ვინაობისა და ისეთი პროფესიების მითითება, როგორიცაა „მთავარი სამმართველოს მრჩეველი...“, ან კიდევ „საშუალო სკოლის დირექტორი...“ საკითხის მნიშვნელობას ზრდიდა. პროფესიების მითითება თვალნათელს ხდიდა, თუ საზოგადოების რომელი ფენის წარმომადგენლები იყვნენ ამ რელიგიურ გაერთიანებაში ჩაბმული.

გადაწყვეტილება: საჩივრების განხილვის კომისიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: კომისიის დასკვნის თანახმად, მომჩივანი ქალბატონის ვინაობისა და პროფესიის მითითებით, პრესის კოდექსის მე-8 მუხლი არ დარღვეულა. კომისიის აზრით, ეზოტერული ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. ამდენად, ისიც არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ინტერესმოკლებული, თუ რომელი პირები არიან ამ გაერთიანებაში საპასუხისმგებლო პოზიციებზე. აქედან გამომდინარე, კომისიამ მართებულად მიიჩნია ამ პირთა ვინაობის და თვით პროფესიული საქმიანობის მითითება, რადგანაც ამ მონაცემებს პირდაპირი კავშირი ჰქონდა საქმის არსსთან. ასე, მაგალითად, საზოგადოებისათვის საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პირი, რომელიც ეზოტერულ ცენტრში აღზრდის საკითხებზე კითხულობს ლექციებს, საშუალო სკოლის დირექტორიცაა და ამდენად, აღმზრდელობითი ფუნქცია აკისრია. კომისიის აზრით, ბროშურაზე გამოტანილი სახელები და გვარები, ასევე სხვა პერსონალური მონაცემები, რომლებიც ამ გაერთიანების წევრების პროფესიულ მოღვაწეობას შეეხება, სრულიად გამიზნულ სარეკლამო ხასიათს ატარებდა. ამიტომაც კომისიამ დასაშვებად მიიჩნია იმ პირადი მონაცემების საგაზეთო პუბლიკაციაში გამოყენება, რომლებიც მანამდე თავად ამ პირთა ინიციატივით იყო გამოქვეყნებული. კომისიის აზრით, ერთია ეზოტერული გაერთიანების წევრების ჩვეულებრივი სია და სულ სხვაა აგიტაციის მიზნით გამოყენებული სარეკლამო ლიფლეტი, სადაც ორგანიზაციის წევრთა სახელები და გვარებია მითითებული. მოსარჩლემ საკუთარი მონაცემები სარეკლამო ფურცელზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიზნით გამოაქვეყნა და ამით იმთავითვე თქვა უარი პერსონალური მონაცემების დაცვაზე.

მკითხველი ინტერნეტ-გაზეთის წინააღმდეგ

საჩივარი: ადგილობრივმა ინტერნეტ-გაზეთმა თავისი თანამშრომელის ბინაში დააყენა კამერა, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა და გზაჯვარედინისკენ იყო მიმართული. ამ კამერით გადაღებული ფოტოები, რომლებიც სიდიდით საფოსტო მარკებს არ აღემატება, ინტერნეტ-გაზეთის ცენტრალური გვერდის პორტალზე იბეჭდებოდა. ერთ-ერთმა მკითხველმა ქალმა, რომლის სახლიც ზუსტად ამ გზაჯვარედინთან მდებარეობდა, საბჭოს საჩივრით მიმართა და უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გამოქვეყნებული სურათების მეშვეობით ყველასთვის ცხადი ხდებოდა, თუ როდის ტოვებდა ქალბატონი სახლს ან როდის ბრუნდებოდა შინ. მართალია, ფოტოსურათებზე უცნობი ადამიანების ამოცნობა ძნელი იყო, მაგრამ ნაცნობი ადამიანების იდენტიფიცირება საკმაოდ იოლად შეიძლებოდა. ამასთანავე გამორიცხული არ იყო ამ კამერით ახლო მანძილიდან სურათის გადაღება. მომჩივანი თავს მეთვალყურეობის ქვეშ გრძნობდა და თვლიდა, რომ დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

რედაქციამ აღნიშნა, რომ არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი ამ ფოტოების მიმართ. რედაქციის განმარტებით, სურათები ისე იყო დამუშავებული, რომ შეუძლებელი იყო რომელიმე პიროვნების იდენტიფიცირება, თანაც ყოვლად შეუძლებელი იყო ფოტოების სათვალთვალო მიზნით გამოყენება. კამერის გამოყენება, რედაქციის აზრით, არ ეწინააღმდეგება იმ დებულებებს, რომლებიც პიროვნების მონაცემების დაცვას ითვალისწინებს - კამერა არ იმართება და არც მონაცემებია არსად მითითებული.

გადაწყვეტილება: პრესის საჩივრების განხილვის კომისიამ გაზეთს კამერის დემონტაჟის რეკომენდაციით მიმართა.

მოტივაცია: კომისიას ელექტრონული პროდუქციის რეგულირების მექანიზმები ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არა აქვს, მიუხედავად ამისა, ინტერნეტგაზეთი თავისი სტატუსით ერთმნიშვნელოვნად პრესის კოდექსს ექვემდებარება. საბჭომ ეს საკითხი რედაქციის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით განიხილა. კომისიამ დაასკვნა, რომ ეს უფლება კამერის გამოყენებით და ინტერნეტში განთავსებულ გამოსახულებებში ისევე უნდა იყოს დაცული, როგორც სხვა შემთხვევებში. ჟურნალისტმა ელექტრონული მედიაპროდუქციის შექმნის პროცესში, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისას, ისევე უნდა დაიცვას პრესის კოდექსით განსაზღვრული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, როგორც სხვა შემთხვევებში. ეს ეხება როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ისე ცნობად პირებსაც. მსგავსი ფოტოგამოსახულებები უმეტეს შემთხვევაში კონკრეტულ პიროვნებაზე ამა თუ იმ მონაცემის დადგენის საშუალებას იძლევა: მაგალითად, სად იმყოფებოდა ეს პიროვნება დროის გარკვეულ მომენტში. ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სურათის დამუშავების შემთხვევაში, თუნდაც უბრალო გადიდების დროს, პიროვნების ამოცნობადობის ხარისხი მატულობს, ხოლო პრესის კოდექსის პრინციპებიდან გამომდინარე, ყოველთვის უნდა იყოს დაცული ბალანსი ინფორმაციისადმი საზოგადოებრივ ინტერესსა და დაზარალებულის ინტერესებს შორის. პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები ისე უნდა გაშუქდეს, რომ საზოგადოებრივმა ინტერესმა ვინმეს უფლება არ შელახოს. აქედან გამომდინარე, სურათზე პიროვნების პირადი მახასიათებლის მინიშნება, თავად ამ პიროვნების ნებართვის გარეშე, მიუღებელია. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი კონკრეტული პუბლიკაციის მიმართ, ინტერნეტის მეშვეობით პიროვნების პირადი მონაცემების გავრცელება დაუშვებელია. კამერის გამოყენების შემთხვევაში, სურათების თანმიმდევრობა ინტერნეტში ისე უნდა იყოს შემოთავაზებული, რომ არ დაირღვეს ფოტოზე აღბეჭდილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. საბჭომ თხოვა ინტერნეტ-გაზეთს, მომავალშიც გაეთვალისწინებინა პრესის საბჭოს მიერ გაკეთებული შეფასება, როგორც ეს კამერის დემონტაჟისას განახორციელა.

3.8 7. ვინაობის იდენტიფიცირება

▲ზევით დაბრუნება


მკითხველი ვინაობის
იდენტიფიცირების წინააღმდეგ

საჩივარი: ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „შემზარავი შემთხვევა: აბაზანაში ნაპოვნია მკვდარი ქალი!“ სტატიაში მოთხრობილი იყო, თუ როგორ აღმოაჩინეს საკუთარი სახლის სააბაზანოში ქალის ცხედარი. გაზეთი ეყრდნობოდა პოლიციის მონაცემებს იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს და რომ დააკავეს დაღუპულის ქმარი, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილი. პუბლიკაციაში მითითებული იყო იმ სახლის ზუსტი მისამართი, სადაც ეს ბოროტმოქმედება მოხდა, სტატიას ასევე თან ახლდა აღნიშნული სახლის ფოტოსურათი.

მკითხველმა სარჩელით მიმართა საბჭოს და გააპროტესტა სტატიაში ზუსტი მისამართის მითითების ფაქტი. მისი აზრით, სწორედ ამან გამოიწვია ცნობისმოყვარე ხალხის თავმოყრა დაზარალებულის სახლთან, რაც დაზარალებული ოჯახისათვის დამატებითი უსიამოვნებების მიზეზად და შემზღუდავ ფაქტორად იქცა. მომჩივანმა ასევე არ გაიზიარა გაზეთის არგუმენტი, თითქოს მისამართის გამოქვეყნების მიზეზი იყო ის, რომ ეჭვმიტანილი საჯარო პირი - ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი, და ამდენად საზოგადოებრივი ინტერესის ობიექტი იყო. მომჩივანის აზრით, ეს გარემოება არასაკმარისი იყო პუბლიკაციაში მსგავსი დეტალის მისათითებლად.

რედაქციამ დაუმსახურებლად მიიჩნია საყვედური, რომელიც სტატიის გამოქვეყნებას გაზეთის მისამართით მოჰყვა, რადგანაც დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ქალაქში საკმაოდ ცნობილ საჯარო ფიგურას წარმოადგენდა. ის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელი იყო. რედაქციის აზრით, საზოგადოებრივი ინტერესი პუბლიკაციის მიმართ იმანაც გამოიწვია, რომ გაზეთი წარსულშიც საკმაოდ ხშირად აშუქებდა ეჭვმიტანილის საქმიანობას, ოღონდ ხაზინადარის რანგში. რაც შეეხება ზუსტი მისამართის მითითებას, გაზეთმა აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა „უმნიშვნელო გადაცდომას“, რომ სტატიაში მისამართის მითითება - ინფორმაციული თვალსაზრისით - არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა. რედაქტორის განმარტებით, თავდაპირველად მისამართი სტატიის შავი ვარიანტიდან მისი პირადი მითითებით ამოიღეს, თუმცა უყურადღებობის გამო, ბეჭდვის პროცესში მაინცთავდაპირველი ვარიანტი გაიპარა.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარი საფუძვლიანად მიიჩნია და გაზეთს შენიშვნა მისცა.

მოტივაცია: კომისიის შეფასებით, გაზეთმა დაარღვია პრესის კოდექსის მე-8 მუხლი.

კომისიის აზრით, მისამართის მითითება არ იყო განპირობებული საზოგადოებრივი ინტერესით, რადგან ეს დეტალი უმნიშვნელო იყო საზოგადოებრივი აზრის შექმნის თვალსაზრისით. ამდენად, ინფორმაციისადმი საზოგადოების ინტერესსა და დაზარალებულის პიროვნულ უფლებებს შორის ბალანსის დაცვის შემთხვევაში ამ სახის მონაცემები საერთოდ არ უნდა ქვეყნდებოდეს. ეს მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც კი უნდა მოქმედებდეს, როცა საქმე იმ პირებს ეხებათ, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

სოციალისტური პარტიის წევრი
ადგილობრივი გაზეთის წინააღმდეგ

საჩივარი: ადგილობრივმა გაზეთმა გამოაქვეყნა მკითხველის წერილი, რომელზეც რედაქციამ წერილის ავტორის ვინაობასთან და მისამართთან ერთად ისიც მიუთითა, რომ აღნიშნული პირი გაერთიანებული სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყო. წერილის ავტორმა რედაქციის მხრიდან პარტიული კუთვნილების იდენტიფიცირების ფაქტი საბჭოში გაასაჩივრა.

რედაქციის განცხადებით, ასეთი მინაწერის გაკეთება გამოწვეული იყო იმით, რომ წერილის ავტორი საჯარო ფიგურა - პარტიის რეგიონული გაერთიანების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. მას კარგად იცნობდნენ რეგიონში, როგორც აღნიშნული ორგანიზაციის აქტიურ წევრს.

გადაწყვეტილება: საჩივრების განხილვის კომისიამ პრესის კოდექსის მე-2 მუხლის დარღვევის გამო რედაქციას საყვედური გამოუცხადა.

მოტივაცია: კომისიის აზრით, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებიდან გამომდინარე, მიუღებელია ვინაობისა და მისამართის გვერდით პიროვნების პარტიული კუთვნილების მითითება. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს წერილის ავტორმა ამ ფაქტს თვითონ გაუსვა ხაზი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამასთანავე კომისიის აზრით, დასაშვები იქნებოდა, რედაქციას წერილისათვის სარედაქციო შენიშვნა რომ დაერთო და იქ აღენიშნა წერილის ავტორის პარტიული კუთვნილება.

13 8.1. გვარების და ფოტოების გამოქვეყნება: როგორც წესი, გაუმართლებელია მსხვერპლთა და ბრალდებულთა ვინაობისა და ფოტოების გამოქვეყნება უბედური შემთხვევების, დანაშაულის, ძიების ან სასამართლო პროცესის ამსახველ მასალაში. თითოეულ შემთხვევაში უნდა აიწონ-დაიწონოს საზოგადოების უფლება - ფლობდეს ინფორმაციას და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ უკანასკნელმა არ უნდა გადასწონოს საზოგადოების უფლება - ფლობდეს ინფორმაციას.

________________________________

13 8.1.გვარების და ფოტოების გამოქვეყნება: როგორც წესი, გაუმართლებელია მსხვერპლთა და ბრალდებულთა ვინაობისა და ფოტოების გამოქვეყნება უბედური შემთხვევების, დანაშაულის, ძიების ან სასამართლო პროცესის ამსახველ მასალაში. თითოეულ შემთხვევაში უნდა აიწონ-დაიწონოს საზოგადოების უფლება -ფლობდეს ინფორმაციას და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. ამ უკანასკნელმა არ უნდა გადასწონოს საზოგადოების უფლება -ფლობდეს ინფორმაციას.

4 თავი 3. დიდი ბრიტანეთი

▲ზევით დაბრუნება


4.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


პრესის
საჩივრების კომისია

პრესის საჩივრების კომისია არის დამოუკიდებელი სუბიექტი, რომელიც მუშაობს საზოგადოების წარმომადგენელთა იმ საჩივრებზე, რომლებშიც გამოთქმულია რაიმე სახის პრეტენზია ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული მასალების შინაარსთან დაკავშირებით.

პრაქტიკის კოდექსი არის თვითრეგულირების სისტემის საყრდენი, პრესის საჩივრების კომისიის სახელმძღვანელო დოკუმენტი. კოდექსი პრეს-ინდუსტრიის წარმომადგენელთა მიერ არის შექმნილი და პრესის საჩივრების კომისიის მიერ რატიფიცირებული. პერიოდულად მას რედაქტორთა კომიტეტი იხილავს და ხვეწს. კომისია კი საბოლოოდ ამტკიცებს ცვლილებებს.

2002 წლისათვის კომისიამ დაასრულა 2,630 საჩივრის შესწავლა, სადაც ათიდან ექვსი საჩივარი - ფაქტების სიზუსტეს, ოთხიდან ერთი კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შეეხებოდა. ყველა საჩივარი განიხილებოდა პრაქტიკის კოდექსზე დაყრდნობით. ამ კოდექსს, რომელიც თავად რედაქტორების მიერ არის შემუშავებული, უერთდება დიდი ბრიტანეთის ყველა საერთო ნაციონალური და რეგიონალური ბეჭდვითი მედია და მასში ჩამოყალიბებულია ის პრინციპები, რომლებიც ინფორმაციის მოპოვებასა და გავრცელებას უკავშირდება. ეს კოდექსი ასევე უზრუნველყოფს ისეთი დაუცველი ჯგუფების დაცვას, როგორებიცაა ბავშვები, პაციენტები და დისკრიმინაციის რისკის წინაშე მდგომი პირები.

პრესის საჩივრების კომისიის მთავარი მიზანია, დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რაიმე სახის პრეტენზია უჩნდებათ პრესის საშუალებების მიმართ. ამ ფუნქციის ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია რეაგირებს ოპერატიულად და ყოველგვარი გადასახადის გარეშე. გარდა იმისა, რომ კომისიისათვის მიმართვა უფასოა და მოქალაქეს არ ესაჭიროება იურიდიული კონსულტანტი ან ადვოკატი, საგაზეთო ინდუსტრიის თვითმმართველობის მესვეურთა ეფექტური მუშაობის შედეგად, ეს საქმიანობა ტვირთად არც გადასახადების გადამხდელებს აწვებათ.

ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა კომისიის ხელმისაწვდომობაა. ამ მიზნით ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც მოქალაქეებს საჩივრების შედგენაში ეხმარება, ქვეყნდება დამხმარე ლიტერატურა, მათ შორის უმცირესობათა ენებზეც, მოქმედებს ვებ-საიტი, ტექსტფონები სმენადაქვეითებულთათვის და ეს ინფორმაცია 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

თვითრეგულირების წარმატებული მუშაობის საფუძველია ის, რომ მასში მთელი საგამომცემლო ინდუსტრია მონაწილეობს. რეგულარულად ქვეყნდება ყველა ის მნიშვნელოვანი კრიტიკული გადაწყვეტილება, რომელიც ათი წლის განმავლობაში კომისიას გამოუტანია და მას ყველა ჟურნალ გაზეთი აქვეყნებს.

როდესაც კომისიაში საჩივარი შედის, რედაქტორებმა იციან, რომ ერთადერთი, რაც მათ უნდა მოიმოქმედონ, ეს პრაქტიკის კოდექსის პრინციპებიდან გამომდინარე, საკუთარი ინტერესის დაცვაა. სწორედ ეს არის რედაქტორების მხრიდან კოდექსისადმი ერთგულების გამოხატულება. კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ხაზს უსვამს ამ კოდექსისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, არის ის, რომ ქვეყანაში მოქმედი ჟურნალ-გაზეთების რედაქტორთა აბსოლუტურ უმეტესობას ამ კოდექსის პრინციპების ერთგულება შრომითი კონტრაქტებითაც ევალებათ.

მიუხედავად იმისა, რომ რედაქტორებისათვის განკუთვნილი კოდექსი თავად რედაქტორების მიერ არის დაწერილი, ის არ არის საგაზეთო ინდუსტრიის უბრალო იარაღი. პირიქით, კომისიის წევრთა უმრავლესობა არ წარმოადგენს საგაზეთო ინდუსტრიაში ჩართულ ადამიანებს, რადგან კომისია უპირველეს ყოვლისა, მოსარჩლეთა ინტერესების დასაცავად არის შექმნილი და იგი დამოუკიდებელი ორგანოა. კომისიაში არჩევის სისტემა უზრუნველყოფს მასში საზოგადოების იმ გამორჩეულ წევრთა მონაწილეობას, რომლებიც პრეს-ინდუსტრიისაგან დამოუკიდებლები არიან.

4.2 1. კონფიდენციალური წყაროები

▲ზევით დაბრუნება


სერ ონ გორსტიდეილი ტელეგრაფის წინააღმდეგ

საჩივარი: პარლამენტის წევრმა ჩრდილოეთ ჰენდონიდან, სერ ჯონ გორსტმა საჩივრით მიმართა კომისიას გაზეთ დეილი ტელეგრაფის პუბლიკაციასთან დაკავშირებით. 1996 წლის 13 ივნისს გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ძალაუფლების შესანარჩუნებლად მმართველი ჰოსპიტალს იცავს“. მოსარჩლე მიიჩნევდა, რომ პუბლიკაცია ეყრდნობოდა ინფორმაციას, რომელიც მან კონფიდენციალურად გაანდო ჟურნალისტს, კონფიდენციალურობის გათქმა კი პრაქტიკის კოდექსის მე-15 მუხლის (კონფიდენციალური წყარო)1 დარღვევა და მკითხველის შეცდომაში შეყვანა იყო და ეწინააღმდეგებოდა კოდექსის 1 მუხლს (სიზუსტე)2.

1996 წლის 11 ივნისს სერ ჟონ გორსტი ინტერვიუზე დათანხმდა ჰენდონ ტაიმსის კორესპონდენტს, რომელიც იმავდროულად დეილი ტელეგრაფის შტატგარეშე კორესპონდენტიც იყო. ინტერვიუ ეხებოდა ეჟვეარის ჰოსპიტალის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მომავალს. ამ დეპარტამენტის შენარჩუნებაზე უშუალოდ სერ ჯონი და პარლამენტის კიდევ ერთი წევრი ზრუნავდნენ. გორსტმა კომისიას განუცხადა, რომ იგი ინტერვიუზე მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა - თუ დეპარტამენტის მომავალთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანთან შეთანხმების მიღწევა მოხერხდებოდა, ამ შემთხვევაში გაზეთი არავითარ მასალას არ გამოაქვეყნებდა. პარლამენტარმა უთხრა ჟურნალისტს, რომ მან გააფრთხილა სახელმწიფო მდივანი, თუ არ მოხდებოდა სასწრაფო დახმარების დეპარტამენტის მთლიანად შენარჩუნება, სახელმწიფო მდივანი ქვეყნის მთავრობაში მისი და მისი კოლეგა პარლამენტარის თანადგომას დაჰკარგავდა. სახელმწიფო მდივანმა ეს ფაქტორი გაითვალისწინა და სასწრაფო დახმარების დეპარტამენტი შეინარჩუნა, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა ჟურნალისტს. სერ ჯონ გორსტის განცხადებით, გაზეთის პოლიტიკური განყოფილების რედაქტორმაც კი იცოდა ასეთი პირობის არსებობა და ისიც, რომ მასალა შეიძლებოდა არ გამოქვეყნებულიყო.

მიუხედავად ამისა, 13 ივნისს დეილი ტელეგრაფმა გამოაქვეყნა პუბლიკაცია, რომელიც სერ ჟონ გორსტის ინტერვიუს მიმოხილვას შეიცავდა. მოსარჩლე აპროტესტებდა ამ ფაქტს, ზემოთ აღწერილ გარემოებათა გამო. მისი შეფასებით, ეს ქმედება ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-15 მუხლის მოთხოვნას, რომელიც ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. უფრო მეტიც, მომჩივანის აზრით, გაზეთმა შეცდომაში შეიყვანა მკითხველი, რადგან დაარწმუნა ის, რომ აღნიშნული მასალები და გამონათქვამები მისი თანხმობით იყო გამოქვეყნებული, ამ ქმედებით კი დაარღვია კოდექსის პირველი მუხლი.

რედაქციის პოზიცია ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომ მეთოდები, რომლითაც პარლამენტის წევრებმა სასწრაფო დახმარების შენარჩუნება შესძლეს, საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო. გაზეთის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ რაიმე სახის მოლაპარაკების არსებობის შესახებ ისინი ინფორმირებული არ ყოფილან და რომ შტატგარეშე კორესპონდენტი არ იყო უფლებამოსილი, დეილი ტელეგრაფის სახელით საკუთარ თავზე აეღო რაიმე დამატებითი ვალდებულება.

გადაწყვეტილება: სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: კომისიამ გაითვალისწინა, რომ სერ ჟონ გორსტი აწარმოებდა ენერგიულ კამპანიას თავისი ამომრჩევლების, კერძოდ, ეჟვეარის ჰოსპიტალის სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის სასარგებლოდ და განიხილა ეს ინტერვიუ, როგორც ამ კამპანიის შემადგენელი ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ თავად მოსარჩლე შტატგარეშე ჟურნალისტთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მას კონფიდენციალურობის დაცვის პირობით მიცემულ ინტერვიუდ მიიჩნევდა, რომლის გამოქვეყნება-არგამოქვეყნებას განსაზღვრავდა სახელმწიფო მდივნის პოლიტიკა ჰოსპიტალის დეპარტამენტის მიმართ.

კოდექსის მე-15 მუხლი შეეხება ჟურნალისტის მორალურ ვალდებულებას, დაიცვას ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა. როგორც წესი, კომისია არ განიხილავს სარჩელებს კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებში არსებულ სავარაუდო დარღვევებზე, თუ სარჩელი კოდექსის სხვა მუხლების დარღვევასაც არ უკავშირდება. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ სერ ჯონ გორსტი სტატიაში არ განიხილებოდა, როგორც ამ ამბის საინფორმაციო წყარო. ამდენად, კომისიამ უარი განაცხადა კოდექსის მე-15 მუხლის დარღვევის განხილვაზე.

რაც შეეხება კოდექსის პირველ მუხლს, კომისიამ მიიჩნია, რომ სტატიაში არ ჰქონია ადგილი ფაქტის დამახინჟებას და ამდენად, არც ამ მუხლის მოთხოვნა (სიზუსტე) დარღვეულა.

13 ივნისი, 1996

___________________________

1 15. კონფიდენციალური წყაროები: ჟურნალისტის მორალური ვალდებულებაა, დაიცვას ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობა.

21. სიზუსტე: 1) გაზეთებმა და სხვა პერიოდულმა გამოცემებმა არ უნდა გამოაქვეყნონ არაზუსტი, დამახინჯებული ან ისეთი სახის ინფორმაციები, მათ შორის ფოტოები, რომელთაც შეცდომაში შეჰყავთ მკითხველი.

2) დაშვებული უზუსტობა უნდა გასწორდეს მაშინვე, როგორც კი ცნობილი გახდება მისი არსებობა. შესწორება უნდა გაკეთდეს თანაზომადი ფორმით.

3) ბოდიში უნდა დაიბეჭდოს სათანადო ადგილზე.

4) გაზეთებმა მკვეთრად უნდა გამიჯნონ ერთმანეთისაგან კომენტარი, ვარაუდი და ფაქტი.

5) გაზეთებმა და სხვა პერიოდულმა გამოცემებმა უნდა გააშუქონ სამართლიანად და ზუსტად სასამართლო საქმე, რომელშიც თავად გამოდიოდნენ მხარედ.

4.3 2. დისკრიმინაცია

▲ზევით დაბრუნება


არიელ შარონიინდიფენდენტის წინააღმდეგ

საჩივარი: ისრაელის საელჩოსა და არიელ შარონის სახელით კომისიას საჩივრით მიმართა ადვოკატმა მიშონ დე რიამ და განაცხადა, რომ გაზეთ ინდიფენდენტის 2003 წლის 27 იანვრის ნომერში გამოქვეყნებული კარიკატურა არის უსამართლო, დამამცირებელი და ეწინააღმდეგება კოდექსის მე-13 (დისკრიმინაცია) 3 მუხლს.

კარიკატურა გამოქვეყნდა ისრაელში დაგეგმილ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე და ღაზას სექტორზე ისრაელის ჯარების იერიშის მეორე დღეს. კარიკატურაზე ასახული იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი, რომელიც ბავშს ჭამდა და ამბობდა „რა გიკვირთ... არ გინახავთ პოლიტიკოსი, რომელიც ბავშვს კოცნის?“ კარიკატურის უკანა პლანზე გამოსახული იყო ვერტმფრენი, საიდანაც ხმის გამაძლიერებლებით გადმოცემდნენ მოწოდებას „შარონი... აირჩიეთ შარონი... შარონი“. ტანკი და ცეცხლოვანი ბირთვები ასახავდნენ ბრძოლის ველს. კარიკატურისტმა ნახატზე გააკეთა მინაწერი „გოიას შემდგომ', რითაც მიანიშნა ფრანცისკო გოიას ცნობილ ნახატზე `სატურნი ნთქავს თავის ერთ-ერთ შვილს“.

ადვოკატის განცხადებით, კარიკატურა ეწინააღმდეგებოდა კოდექსის მე-13 მუხლს, რადგანაც ანტისემიტურ განწყობას აღვივებდა.

სარჩელში მითითებული იყო იმ გარემოებაზეც, რომ კარიკატურის სიუჟეტში ბატონი შარონის მიერ ბავშვის შეჭმის გამოსახვა იყო მინიშნება ე.წ. „სისხლიან ცილისწამებაზე“, რომლის თანახმად, ებრაელებს ქრისტიან ბავშვებზე ნადირობა ბრალდებოდათ და ამას რელიგიური საფუძველი ჰქონდა. დიდ ბრიტანეთში ასეთი ბრალდება ებრაელების მიმართ ისტორიულად აგრესიულ განწყობას აღვივებდა. შესაბამისად, კარიკატურაში ასეთი სიუჟეტის გამოყენება, მოსარჩლის შეფასებით, შეურაცხყოფდა ბატონი შარონის ეროვნებასა და რელიგიას.

ინდიფენდენტის რედაქტორმა პასუხად განაცხადა, რომ კარიკატურა ანტისემიტური არ იყო და არ გამოსახავდა ებრაულ ან ისრაელის სახელმწიფო სიმბოლოებს. რედაქტორმა ასევე უარყო რაიმე სახის მინიშნება ე.წ. „სისხლიან ცილისწამებაზე“. მისივე შეფასებით, ღაზას სექტორზე ისრაელის სამხედრო იერიშიც მომავალი არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარეობდა და კარიკატურის გამოქვეყნების მოტივიც სწორედ ეს იყო. ასევე ითქვა, რომ გაზეთმა გამოაქვეყნა არაერთი სტატია, რომელშიც აისახა ცნობილი ებრაელი პოლიტიკოსების და საზოგადო მოღვაწეების მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე. მათ ჰქონდათ საშუალება, გამოეთქვათ აზრი ამ კონკრეტულ კარიკატურასთან დაკავშირებითაც. რედაქტორი მიიჩნევდა, რომ ნახატზე ასახული ბავშვი სიმბოლურად ისრაელის სახელმწიფოს ელექტორატს წარმოადგენდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი „უმოწყალოდ შთანთქავდა“. რედაქტორმა კომისიის წევრთა ყურადღება გაამახვილა ამ დავის პრეცედენტულ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის, რომ პრესას ყოველთვის ჰქონდეს ცალკეული პოლიტიკური ლიდერის გაკრიტიკების თავისუფლება და არ ეშინოდეს იმის, რომ ამის გამო შემდგომში მას რასიზმში დაადანაშაულებენ.

მოსარჩლე მხარის ადვოკატის შეფასებით, იმისდა მიუხედავად, შეიცავდა თუ არა კარიკატურა ებრაულ რელიგიურ ან სახელმწიფოებრივ სიმბოლიკას - თავად ის ფაქტი, რომ მასზე ასახული იყო პრემიერი შარონი, ცნობილი ებრაელი, უკვე მიუთითებდა ანტისემიტურ მოტივსა და „სისხლიანი ცილისწამების“ გაღვივებაზე. მისივე განცხადებით, ისრაელის ელექტორატის გაიგივება კარიკატურაზე გამოსახულ ბავშვთან არის რედაქციის მცდელობა, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა `სისხლიან ცილისწამებაზე“.

გადაწყვეტილება: სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: კომისიისათვის ცხადი იყო, რომ აღნიშნულმა კარიკატურამ შეაშფოთა ადამიანთა დიდი ჯგუფი. ბევრმა, ვინც ეს კარიკატურა ანტისემიტურად მიიჩნია, კომისიას საჩივრით მიმართა. თვითრეგულირების ორგანომ დადებითად შეაფასა თავად პრემიერ შარონის პიროვნული გადაწყვეტილება, მიემართა კომისიისათვის და ამ ნაბიჯით ხაზი გაესვა პრაქტიკის კოდექსის მე-13 მუხლის მნიშვნელობისათვის, რომელიც შეიქმნა იმისათვის, რათა „დაცული იყოს ნებისმიერი პირის რელიგიური და ეროვნული გრძნობები მიკერძოებული და დამამცირებელი კომენტარებისაგან“. კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი აცნობიერებენ პირთა ჯგუფების განწყობილებას, თუმცა იქვე მიუთითეს, რომ პრაქტიკის კოდექსი არ ითვალისწინებს ისეთ პრეტენზიებს, რომლებიც პირთა ჯგუფების მიმართ განხორციელებული რელიგიური ან ეთნიკური შეურაცხყოფის ბრალდებას გულისხმობს.

კომისიის შეფასებით, მნიშვნელოვანია ის, რომ კარიკატურაში ბატონი შარონი ასახული იყო როგორც ერთი პიროვნება, სახელმწიფოს მეთაური და პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომლის პოლიტიკის კრიტიკა, გაზეთის ერთადერთი მიზანი იყო. სახელმწიფოთა მეთაურები და პოლიტიკური ლიდერები ხშირად არიან ამა თუ იმ სატირული პუბლიკაციების ობიექტები და ვიზუალურად წარმოადგენენ თავიანთ ქვეყნებს. აქედან გამომდინარე კომისია ეჭვქვეშ ვერ დააყენებს პრესის უფლებას: გააკრიტოკოს მთავრობა ან გამოხატოს სატირული კომენტარი მის მიმართ, მთავრობათა ლიდერების კარიკატურის შექმნის გზით.

კომისიამ ცნობად მიიღო ის გარემოება, რომ გაზეთმა გამოაქვეყნა კომენტარები, რომელთა თანახმადაც, მკითხველთა ერთმა ნაწილმა ეს კარიკატურა აღიქვა, როგორც „სისხლიანი ცილისწამება“, ხოლო მეორე ნაწილს მსგავსი ასოციაციები არ გასჩენია. ამდენად, კომისიამ ვერ გაიზირა მოსაზრება, თითქოს კარიკატურასა და „სისხლიან ცილისწამებას“ შორის რაიმე კავშირი არსებობდა. კომისიამ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ აღნიშნული კარიკატურა ბატონმა შარონმა, როგორც ინდივიდმა, მის შეურაცხყოფად მიიჩნია და ეს პოზიცია გარკვეულ პირთა ჯგუფებმაც გაიზიარეს, თუმცა კომისიის აზრით, ეს არ იყო საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ გაზეთი პრაქტიკის კოდექსის მე-13 მუხლის დარღვევაში დაედანაშაულებინათ.

კომისიამ არ გაიზიარა მოსარჩლის ადვოკატის პოზიცია იმის თაობაზე, რომ პრემიერი შარონი ცნობილი პიროვნება და ებრაელთა ლიდერია და ამდენად, მისი უარყოფით სატირულ კონტექსტში მოხსენიება ებრაელთა ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და ანტისემიტიზმის გამოვლინება იყო. სწორედ იმის გამო, რომ ბატონი შარონი საჯარო პირია, გაზეთს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება მის მიმართ და ეს არ უკავშირდება პრემიერის რელიგიურ მრწამსს. კომისიამ ასევე უარყო რაიმე ალუზია გოიას ცნობილი ნახატის სიუჟეტსა და ანტისემიტურ განწყობილებებს შორის.

27 იანვარი, 2003

____________________________

3 13. დისკრიმინაცია 1) პრესა უნდა მოერიდოს შეურაცხმყოფელ და დამაკნინებელ გამონათქვამებს პიროვნების რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ნებისმიერი ფიზიკური თუ გონებრივი დაავადების, ან ნაკლის შესახებ.

2) პრესა უნდა მოერიდოს პიროვნების რასის, კანის ფერის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური თუ გონებრივი დაავადების, ან სხვა რაიმე ნაკლის მითითებას, თუ ამას პირდაპირი კავშირი არა აქვს გადმოსაცემ ამბავთან.

4.4 მკითხველი „დეილი ექსპრესის“ წინააღმდეგ

▲ზევით დაბრუნება


საჩივარი: პრესის საბჭოს საჩივრით მიმართა მკითხველმა, რომლის შეფასებით, დეილი ექსპრესში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „რატომ უნდა ვითმინო ფანატიკოსთა გამოსვლები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მუსლიმანები არიან?“ შეიცავდა არაკეთილსინდისიერ ინფორმაციას და იყო დისკრიმინაციული მუსლიმანური მრწამსის მიმართ, რაც თავის მხრივ, არღვევდა პრაქტიკის კოდექსის 1 (სიზუსტე) და 13 (დისკრიმინაცია) მუხლებს.

მომჩივანი კომისიის წევრთა ყურადღებას პუბლიკაციის რამოდენიმე მომენტზე ამახვილებდა და აცხადებდა, რომ სტატია დისკრიმინაციული ხასიათის იყო. მისი შეფასებით, ავტორის გამონათქვამები შეურაცხყოფდა მუსლიმანთა ცხოვრების წესსა და შეხედულებებს და აკეთებდა არასწორ განზოგადოებებს. მისივე აზრით, სტატია რასისტულად მოტივირებული იყო. მომჩივანი აღნიშნავდა, რომ ყველა მუსლიმანი არ არის ბინ ლადენის მხარდამჭერი და რომ ცოლების ცემა და ქალების გათხოვება მათი ნების საწინააღმდეგოდ მუსლიმანური საზოგადოების უპირობო თვისება არ არის. მკითხველი აცხადებდა, რომ მუსლიმანთა უმრავლესობა ზომიერი და გაწონასწორებული ადამიანები არიან.

გაზეთის ხელმძღვანელობამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ პრაქტიკის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სტატია გამოქვეყნდა რუბრიკით კომენტარი და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს იყო ავტორის აზრი. რედაქცია მიიჩნევდა, რომ არ დარღვეულა კოდექსის პირველი მუხლის მოთხოვნა (სიზუსტე). ღედაქციისავე განცხადებით, არც მე-13 მუხლი (დისკრიმინაცია) დარღვეულა, რადგან სტატია არ შეიცავდა რაიმე სახის მინიშნებას პიროვნების რელიგიურ მრწამსზე. დეილი ექსპრესი მიუთითებდა იმაზეც, რომ მომდევნო კვირას გაზეთმა მუსლიმანთა საბჭოს წევრის საპასუხო სტატიაც გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილება: სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: კომისიის შეფასებით, ასეთი საკითხების გაშუქებას პრესა მაღალი სტანდარტებით უდგება და როგორც წესი, დიდ სიფრთხილეს იჩენს უმცირესობების მიმართ. კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ კომისიაში შევიდა რამოდენიმე სარჩელი ანალოგიურ საკითხზე, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საქმე უგემოვნო, ცუდ ჟურნალისტიკას შეეხებოდა და არა კოდექსის ნორმების დარღვევას.

კომისიამ ისარგებლა ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ აღნიშნა, ასეთ საკითხებში კოდექსის ფუძემდებლური პრინციპების დაცვის აუცილებლობა. კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს რედაქტორების ყურადღება იმაზე, რომ პუბლიკაციებში კონკრეტული პიროვნების მოხსენიებისას, მისი რელიგიური ან რასობრივი კუთვნილების გამო, რაიმე სახის დისკრიმინაცია დაუშვებელია და როდესაც ამდაგვარი დავა თავს იჩენს, მხარეს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს პასუხის გაცემის საშუალება.

დეფიდ უიგლი „დეილი ექსპრესის“ წინააღმდეგ

საჩივარი: პარლამენტის წევრმა დეფიდ უიგლიმ კომისიას სარჩელით მიმართა 1998 წლის აგვისტოში გაზეთ დეილი ექსპრესში გამოქვეყნებული პუბლიკაციის გამო, სათაურით „ფულის ფლანგვა ლაპარაკისათვის“. მოსარჩლის აზრით, პუბლიკაცია იყო მიკერძოებული და დამცინავი, რაც პრაქტიკის კოდექსის მე-13 მუხლის (დისკრიმინაცია) დარღვევას წარმოადგენდა.

მოსარჩლემ გააპროტესტა ჟურნალისტ სტივენ პოლლარდის საავტორო სტატია, რომელშიც გამოთქმული იყო მისი შეხედულებები უელსური ენის საზოგადოების განზრახვაზე, უელსურ ენას უელსის ასამბლეაში ინგლისურ ენასთან გათანაბრებული სტატუსი მინიჭებოდა. მოსარჩლის განცხადებით, ავტორმა მკითხველს საზოგადოება დაუხასიათა, როგორც „შეშლილთა“ კრებული, ხოლო უელსურ ენას - მკვდარი ენა უწოდა. ავტორი აცხადებდა, რომ უელსურიდან ინგლისურად თარგმნაზე გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვა იყო უყაირათობა, ისევე როგორც თანხის უელსის ასამბლეისათვის გაღება და რომ დიდ ბრიტანეთში ერთადერთი ოფიციალური ენა ინგლისურია. მოსარჩლე მიიჩნევდა, რომ სტატია ეთნიკურად არაკორექტული და მიუღებელი იყო.

რედაქციამ პასუხოდ განაცხადა, რომ ეს იყო პოლიტიკური სტატია, რომელიც გადასახადების გადამხდელთა თანხების განკარგვას შეეხებოდა. დეილი ექსპრესის აზრით, ეს იყო სამართლიანი კომენტარი და მკაფიოდ გამოკვეთილო პოზიცია, რომელიც მკითხველს თვალსაზრისის რუბრიკით მიეწოდა. რედაქციამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩლემ ამ პოზიციის გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ჟურნალისტს აქვს უპირობო უფლება, გამოთქვას მკვეთრი პოზიცია პოლიტიკურ თემებზე.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ ცალსახად და უპირობოდ ჩამოაყალიბა საკუთარი დამოკიდებულება ნებისმიერ პუბლიკაციაში პიროვნების წინააღმდეგ მიმართული რასისტული ან დისკრიმინაციული გამოვლინებების დაუშვებლობის შესახებ. კომისიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის შეისწავლოს და გამოიძიოს კონკრეტული პიროვნების მიერ შემოტანილი ნებისმიერი საჩივარი, როდესაც საკითხი ადამიანის პიროვნულ უფლებებს და თავისუფლებებს ეხება.

მოცემულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, კომისიამ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სტატია არ შეეხებოდა კონკრეტულ ინდივიდს და მხოლოდ პოლიტიკურ თემაზე გამოთქმული ავტორის ზოგადი კომენტარი იყო. ჟურნალისტმა გამოთქვა თავისი მოსაზრება დიდ ბრიტანეთში უელსური ენის სტატუსსა და იმ ხარჯების მიზანშეწონილობაზე, რომელიც უელსის ასამბლეაში თარგმანებზე იხარჯება. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის ენა იყო უხეში და ერთგვარად პროვოკაციული, რამაც მკითხველთა გარკვეული ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია, სტატია კონკრეტულ ინდივიდს არ ეხებოდა და ამდენად, არ ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის ნორმებს. კომისიამ ჩათვალა, რომ პუბლიკაციების ტონი და სტილი რედაქციების გემოვნების საკითხია და კომისიის განსჯის საგანს არ წარმოადგენს.

7 აგვისტო, 1998

დოქტორი რეი უოლლერიდეილი სტარის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას სარჩელით მიმართა დოქტორმა უოლლერმა, რომელმაც გააპროტესტა 1998 წლის მარტში გაზეთ დეილი სტარში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ბაყაყებს კარგი პანღური ესაჭიროებათ“. მოსარჩლის შეფასებით, სტატია იყო დისკრიმინაციული ხასიათის და ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-13 მუხლს.

პუბლიკაცია ფეხბურთში 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თასზე დასასწრები ბილეთების კვოტის გადანაწილების საკითხს შეეხებოდა. სტატიის ავტორები აკრიტიკებდნენ საფრანგეთს, რომელმაც ბილეთების ლომის წილი თავისთვის მოითხოვა. მოსარჩლის განცხადებით, სტატიის კომენტარები იყო რასისტული, რადგან ისინი შეიცავდა ისეთ შეფასებებს, როგორიცაა: „ასეთი მოთხოვნები დამახასიათებელია მდაბიო კონტინენტალური აზროვნებისათვის... ისეთივე უზნეო, როგორი უზნეობაც აგინკორტსა და ვატერლოოში გამოავლინეს... კარგი პანღური გალთა ბაყაყურ შეძახილებს - არის ერთადერთი ენა, რომელიც მათ ესმით“. მოსარჩლეთა მტკიცებით, ასეთი კომენტარები იყო შეურაცხმყოფელი და ძალადობის გაღვივებას უწყობდა ხელს.

რედაქციის განცხადებით კი, სტატია მიზნად არ ისახავდა ძალადობის გაღვივებასა და შეურაცხყოფას და არ შეიძლებოდა ტექსტის პირდაპირი მნიშვნელობით წაკითხვა. სტატია დაწერილი იყო სახუმარო, გულღია სტილში, რაც საერთოდ გაზეთის ჩვეული სტილია. რედაქცია აცხადებდა, რომ მათი მიზანი შუღლისა და ძალადობის გაღვივება კი არ იყო, არამედ საფეხბურთო ბილეთების განაწილების ფრანგული პრაქტიკის აღკვეთა. რედაქცია ასევე აღნიშნავდა, რომ სამომავლოდ გაითვალისწინებდა მათ მოსაზრებასაც, ვინც ეს სტატია შეურაცხმყოფელად მიიჩნია.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ ამდაგვარ პუბლიკაციებთან დაკავშირებით კომისიამ არაერთი სარჩელი მიიღო ფეხბურთის გულშემატკივრებისგან ჯერ კიდევ 1996 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს.

კომისიამ განაცხადა, რომ 96-ში მან განიხილა სამი გაზეთის მიერ გამოქვეყნებული სტატია, თუმცა არ გამოუყენებია პრაქტიკის კოდექსი, როგორც გაზეთების ცენზურის ინსტრუმენტი. კომისიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტურნირებისათვის დამახასიათებელია ურაპატრიოტული და ნაციონალური აღტკინება და გაზეთები უბრალოდ ასახავენ საერთო განწყობილებებს. ამავე დროს, კომისიამ მიუთითა რედაქციას, რომ აღნიშნული სტატია შორს იდგა კეთილგანწყობისა და სამართლიანი რეპორტაჟის პრინციპებისაგან და რიგ ნიუანსებში გემოვნებაც ღალატობდა. რაც შეეხება რედაქტორებს, კომისიამ კმაყოფილებით აღნიშნა მათი მზადყოფნა, ეღიარებინათ სტატიის ნაკლოვანებები და ბოდიში მოეხადათ მათთვის, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. კომისიამ ისარგებლა შემთხვევით და შეახსენა რედაქტორებს, ასეთი რეპორტაჟების დროს გაეთვალისწინებინათ მკითხველთა შესაძლო რეაქცია.

კომისიამ მკაფიოდ განმარტა საკუთარი გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ პუბლიკაციები, რომლებიც სპორტულ მოვლენებს უკავშირდება, ხასიათდება მაღალი ემოციურობით, რადგან თავად მოვლენა შეიცავს მაღალ ემოციურ მუხტს. გაზეთები ასახავენ ამ განწყობილებას იმ შემთხვევებშიც, როდესაც რეპორტაჟის ფორმა მავანთ გამომწვევად მიაჩნიათ. კოდექსი მიზნად არ ისახვს შეზღუდოს მკვეთრი განცხადებები პრესაში. კოდექსი იცავს პიროვნებას მიკერძოებისაგან და არა ნაციებს მკვეთრი შეფასებებისაგან. კომისიის შეფასებით, აღნიშნული პუბლიკაცია, შესაძლოა, ჩიქორთული ენით, მაგრამ მკაფიოდ გამოთქვამდა მოსაზრებას და არ ეწინააღმდეგებოდა კოდექსის ნორმებს.

სიუ აინქოუმეილ ონ სანდეის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას სარჩელით ქალბატონმა სიუ აინქოუმ მიმართა და 1997 წლის აგვისტოში გაზეთ მეილ ონ სანდეიში გამოქვეყნებული სტატია „სტუდენტურ გაყალბებასთან ბრძოლის დღე“ გააპროტესტა. მოსარჩლის შეფასებით, პუბლიკაცია ეწინააღმდეგებოდა კოდექსის 1 (სიზუსტე) და მე-15 (დისკრიმინაცია) მუხლებს.

სტატიაში „სტუდენტური სტატუსის ფალსიფიცირების“ გახმაურებულ თემასა და სტუდენტურ გრანტებზე ყალბი განაცხადების არსებობაზე იყო საუბარი. სტატიას თან ერთვოდა ფოტოები. ფოტოილუსტრაციებზე ასახულ რამოდენიმე პიროვნებას აღნიშნულ დანაშაულში ედებოდათ ბრალი.

მოსარჩლე აცხადებდა, რომ სტატიას შეცდომაში შეჰყავდა მკითხველი, რადგან ყველა პიროვნება, რომელიც გაზეთმა დაასახელა, ნიგერიელი იყო, ხოლო ერთერთი ნიგერიელი ფოტოზეც იყო გამოსახული. ფოტოს თან ერთვოდა წარწერა „მაიკლ ოლუზუჩიმ გრანტის სახით მიიღო 89,000 გირვანქა სტერლინგი“. მეორე ფოტოზე გამოსახული იყო ორი თეთრკანიანი, წარწერით „საჩვენებელი სტუდენტები - მათ მალე თვითმარქვია სტუდენტები განდევნიან“.

მოსარჩლის აზრით, სტატია მიანიშნებდა, რომ ამ დანაშაულებრივი საქმიანობის ორგანიზატორები ნიგერიელი შავკანიანი და ემიგრანტი სტუდენტები იყვნენ. მისივე შეფასებით, სტატიაში მოთხრობილ ამბავში სტუდენტთა ეროვნების მოხსენიება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა, და რომ ეს პრაქტიკის კოდექსის ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.

ამასთანავე მოსარჩლის აზრით, გაზეთი სტატიაში მხოლოდ ერთ წყაროს არ უნდა დაყრდნობოდა.

რედაქციამ პასუხად განაცხადა, რომ სტუდენტური გრანტებით თაღლითობის კონკრეტული მაგალითები გაზეთს უნივერსიტეტის შესაბამისმა განყოფილებამ და კოლეჯის მისაღებმა სამსახურმა გადაუგზავნეს.

რედაქციამ კომისიის ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ფაქტების უტყუარობაზე არავინ დაობდა. რაც შეეხება ბრალდებას, რედაქციას მიაჩნდა, რომ სტატია მთლიანობაში არ ტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს ყველა გაყალბება ნიგერიელი ან სხვა შავკანიანი სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული. ამავე დროს რედაქციამ აღნიშნა, რომ საკითხის შესწავლისას მათ განუცხადეს, რომ გაყალბებათა დიდი წილი, სწორედ ნიგერიელ სტუდენტებზე მოდიოდა. რედაქციას მიაჩნდა, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე, რადგანაც ეს მის ინტერესებში შედიოდა. რედაქციის შეფასებით, პუბლიკაცია არ შეიცავდა რომელიმე რასის წარმომადგენლებისთვის შეურაცხმყოფელ ან დამამცირებელ პასაჟებს. რედაქციამ ასევე აღნიშნა, რომ „სრულიად შემთხვევითი“ იყო ის გარემოება, რომ ფოტოზე, რომელიც „ტიპიურ სტუდენტურ ცხოვრებას“ ასახავდა, მხოლოდ თეთრკანიანები იყვნენ გამოსახული.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიის შეფასებით, სტატიაში არ ყოფილა პიროვნების რასობრივი კუთვნილების შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამები და ამდენად, არ შეიძლება კოდექსის მე-15 მუხლის დარღვევაზე საუბარი.

კომისიამ ასევე აღნიშნა ისიც, რომ მოსარჩლე მხარე არ აპროტესტებდა თავად ფაქტს. გაზეთმა ზუსტად აღწერა პრობლემა, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენდა. ამავე დროს, კომისიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ მსგავსი საკითხების გაშუქების დროს საჭირო იყო განსაკუთრებული გულისხმიერების გამოვლენა. ეს, პირველ რიგში, შეეხებოდა ფოტომასალის შერჩევას, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიას კოდექსის ნორმებთან შეუსაბამობა არ აღმოუჩენია.

4.5 3. შევიწროება

▲ზევით დაბრუნება


უდი ტონნერიმსოფლიოს ახალი ამბების
(შოტლანდიური დამატება) წინააღმდეგ

საჩივარი: ქალბატონ ჯუდი ტონნერის ადვოკატმა სარჩელით მიმართა კომისიას და განაცხადა, რომ მსოფლიოს ახალი ამბების შოტლანდიურ დამატებაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სათაურით „ბი-ბი-სი“-ს მომხიბვლელ წამყვანს თვითნაკეთი ბავშვი ეყოლება“ არის შეურაცხმყოფელი და ეწინაღმდეგება პრაქტიკის კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა)4; მე-5 (სხვის მწუხარებასა და სულიერ განცდებში შეჭრა) 5; მე-13 (დისკრიმინაცია) და მე-4 (შევიწროება)6 მუხლების მოთხოვნებს.

პუბლიკაციაში საუბარი იყო ბი-ბი-სი-ს რადიო რეპორტიორის ჯუდი ტონნერის ე.წ. DIY ფეხმძიმობის ანუ ხელოვნურ ჩასახვასა და მის პარტნიორ ქალბატონზე. ქალბატონი ტონნერი აცხადებდა, რომ პუბლიკაცია იყო დამამცირებელი, რადგან აღწერდა მისი ფეხმძიმობის ინტიმურ მხარეებს და შეურაცხმყოფელი მისი სექსუალური ორიენტაციის გამო.

ქალბატონი ტონნერის მდგომარეობა დაამძიმა იმ გარემოებამაც, რომ მას წინა წელს აბორტის გაკეთება მოუწია, რამაც მას ძლიერი სულიერი ტრავმა მიაყენა და რის შესახებაც ინფორმირებული იყო გაზეთის რედაქცია. მისივე განცხადებით, რედაქციამ მის მიმართ ძალადობრივი ქმედება განახორციელა: როდესაც გაზეთის კორესპონდენტი 18 ივლისს მიუახლოვდა ტონნერის საცხოვრებელ ბინას, მას კატეგორიული შენიშვნა მისცეს. მომდევნო დღეს ქალბატონ ტონნერს კორესპონდენტი ტელეფონით დაუკავშირდა და ბი-ბი-სი-ს წარმომადგენელთან შეხვედრა შესთავაზა, ერთი დღის შემდეგ კი ისევ დაბრუნდა და ინტერვიუს შეთანხმება სცადა.

გაზეთის არგუმენტაცია ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ქალბატონ ტონნერის ფეხმძიმობის ფაქტი ისედაც საყოველთაოდ იყო ცნობილი და მას ეს გარეგნულადაც ეტყობოდა. ამდენად, არ შეიძლებოდა ამ ფაქტის პირად საიდუმლოდ განხილვა. გაზეთისავე მტკიცებით, ჩასახვის მეთოდი, რომელსაც ქალბატონმა ტონნერმა მიმართა, ასევე საყოველთაოდ ცნობილია და მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესიც არსებობს. პუბლიკაციის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ სტატია არ იყო სექსუალურ თემაზე დაწერილი და არ შეიცავდა მომჩივანის სექსუალური ორიენტაციის დამამცირებელ პასაჟებს. ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ გაცილებით ადრე ქალბატონი ტონნერი, სხვა მომავალ დედებთან ერთად, სიამოვნებით პოზირებდა საერთო-ეროვნული პრესის ობიექტივების წინაშე. რედაქციის წარმომადგენლის მტკიცებით, ჯუდი ტონნერს 18 ივლისს არ მოუთხოვია კორესპონდენტისაგან ურთიერთობის შეწყვეტა, თუმცა 19 ივლისს აცნობა რედაქციას, რომ მას არ სურდა ამ თემის განხილვა. მას უბრალოდ 20 ივლისს მისცეს მეორე შანსი, მოეთხრო თავისი ამბავი.

მომჩივანი მიიჩნევდა, რომ სტატია შეიცავდა დეტალებს, რომლებიც მისპირად საიდუმლოებას წარმოადგენდა (აბორტის ფაქტი), ხოლო ჩასახვის მეთოდი გადმოცემული იყო იმგვარად, რომ ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო საზოგადოებრივი ინტერესის საგანი.

გადაწყვეტილება: კომისიამ მხარი დაუჭირა სარჩელს კოდექსის მე-4 და ნაწილობრივ მე-3 მუხლებთან მიმართებაში.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ თავისთავად ჰომოსექსუალურ ოჟახებში ბავშვების აღზრდის საკითხი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია და ამ თემაზე პოლიტიკური დებატებიც კი მიმდინარეობს. ამავე დროს, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ადამიანის პირადი ცხოვრება და პირადი ცხოვრების საიდუმლოება დაცული უნდა იყოს და ჟურნალისტი უნდა იცავდეს აუცილებელ ბალანსს ასეთი თემების გაშუქების დროს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობის საკითხს ეხება. მოცემულ კონტექსტში, კომისიას მიაჩნია, რომ შესაძლებელია ამ საკითხებზე წერა, ოღონდ ეს ტექსტები არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირადულ დეტალებს, რომელთა აღწერაც არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენს. აღნიშნულ პუბლიკაციაში ჩასახვის მეთოდის დეტალური აღწერა კომისიამ ზედმეტად მიიჩნია და განსაკუთრებით უარყოფითად შეაფასა აბორტის ფაქტის გამჟღავნება, რადგანაც ეს საკითხი უშუალოდ მოსარჩლის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა. კომისიის დასკვნით, ამ ინფორმაციის გამოქვეყნება პრაქტიკის კოდექსის დარღვევას წარმოადგენდა.

კომისიის შეფასებით, ჟურნალისტმა კოდექსის მე-4 მუხლიც დაარღვია, რომლის თანახმადაც, რესპონდენტის პირველივე მოთხოვნისთანავე ჟურნალისტმა უნდა შეწყვიტოს კითხვების დასმა ან სატელეფონო ზარები.

ამასთანავე კომისიამ არ გაიზიარა მომჩივანის პრეტენზიები კოდექსის მე-5 და მე-13 მუხლებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქალბატონ ტონნერის სექსუალური ორიენტაცია შეესაბამებოდა პუბლიკაციაში მოთხრობილ ამბავს.

21 ივლისი, 2002

__________________________

4 3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 1) ნებისმიერი ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრებელი სახლი, ჯანმრთელობა და პირადი მიმოწერა ხელშეუვალია. პუბლიკაციაში დასაბუთებული უნდა იყოს ნებისმიერი პიროვნების პირად ცხოვრებაში

დაუკითხავად შეჭრის აუცილებლობა.

2) მიუღებელია ცალკეული პირებისთვის ტელეობიექტივით ფოტოსურათის გადაღება კერძო ადგილებში, თუ არ არსებობს თავად ამ პირთა თანხმობა.

შენიშვნა: კერძო ადგილი წარმოადგენს საჯარო ან კერძო საკუთრებას, სადაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაბუთებული მოლოდინი არსებობს.

5 სხვის მწუხარებასა და სულიერ განცდებში შეჭრა: საჭიროა სიფრთხილისა და თანაგრძნობის გამოჩენა იმ შემთხვევების გაშუქებისას, რომლებიც პიროვნულ მწუხარებასა და სულიერ განცდებს უკავშირდება. თუმცა არ უნდა მოხდეს ამ ნორმის ინტერპრეტირება, როგორც ერთგვარი შეზღუდვა სამართლებრივი პროცესების გაშუქებაზე.

6 შევიწროება: 1) ჟურნალისტებმა და ფოტორეპორტიორებმა არ უნდა მოიპოვონ და არც უნდა ეცადნონ ინფორმაციისა და ფოტოსურათის მოპოვებას დაშინების, შევიწროების ან მიზანმიმართული დევნის გზით.

2) მათ არ უნდა გადაუღონ დაუკითხავად ფოტოები ცალკეულ ინდივიდებს კერძო ადგილებში, როგორც ეს მე-3 მუხლითაა განსაზღვრული; უარის თქმის შემდეგ არ უნდა შეაწუხონ პიროვნება სატელეფონო ზარებით და შეკითხვებით; უნდა დატოვონ კერძო ადგილი მას შემდეგ, რაც მათ ამის შესახებ მიუთითებენ;

3) რედაქტორი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი თანამშრომლები აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს. მან ასევე არ უნდა გამოაქვეყნოს სხვა წყაროებიდან მიღებული მასალები, თუ ისინი არ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს.

4.6 4. მოსასმენი საშუალებები

▲ზევით დაბრუნება


იზაბელ სტოუნიმსოფლიოს ახალი ამბების წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას სარჩელით მიმართა ქალბატონ იზაბელ სტოუნის ადვოკატმა ლუის სილკინმა და გაასაჩივრა მსოფლიოს ახალ ამბებში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „დედოფალი მიტოვებულ ქალს ბინიდან ასახლებს“. მოსარჩლის მტკიცებით, სტატია არღვევდა კოდექსის პირველ მუხლს (სიზუსტე); მე-3 მუხლს (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), რადგან ქალბატონ სტოუნსა და მის ვაჟს ეხებოდა. ასევე მე-6 მუხლს (ბავშვები)7, რასაც შემდგომ მე-8 მუხლიც (მოსასმენი საშუალებები)8 დაემატა, იმის გამო, რომ ჟურნალისტმა, სტოუნის თანხმობის გარეშე ჩაიწერა მისი საუბარი.

სტატიაში მოთხრობილი იყო, რომ მას შემდეგ, რაც უინდზორების სასახლის მებაღემ, ბატონმა სტოუნმა, ქალბატონი სტოუნი მიატოვა, დედოფალმა იზაბელ სტოუნი და მისი ვაჟი მათი საცხოვრებლიდან გაასახლა.

მოსარჩლის განცხადებით, ქალბატონ სტოუნს ამ მასალის გამოქვეყნებაზე თანხმობა არ მიუცია და შესაბამისად, ის სტატიას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფად განიხილავდა. მართალია, ქალბატონი სტოუნი ნებაყოფლობით ესაუბრა ჟურნალისტს, მაგრამ მას არ მიუცია უფლება, მასთან შეთანხმების გარეშე გამოექვეყნებინათ მასალა. მოსარჩლე ასევე აპროტესტებდა სტატიაში მისი 14 წლის ვაჟის მოხსენიების ფაქტსაც.

მოსარჩლის მტკიცებით, სტატია შეიცავდა ფაქტობრივ უზუსტობებსაც. კერძოდ: ქალბატონი სტოუნი აცხადებდა, რომ ინტერვიუს დროს მას არ უქვითინია, არ აღშფოთებულა და არ უხმარია სიტყვები „კარში გაგდება“. ის ასევე უარყოფდა იმ ფაქტსაც, თითქოს ინტერვიუში მისი ქმარი „დედოფლის ოქროს ბიჭუნად“ მოიხსენია ან თუნდაც განცხადებას, რომ ბაღში ტრანსპარანტით ხელში დადგომას აპირებდა. ქალბატონი სტოუნი ამტკიცებდა, რომ სტატიაში უადგილოდ იყო მოხსენიებული წერილი, რომელიც ბატონი სტოუნის დედამ თავის საყვარელს მისწერა. წერილიდან მოყვანილი ფრაზები არ შეესაბამებოდა ორიგინალის ტექსტს და სტატიაში მოხვდა ის ნაწილი, რომელიც მან ჟურნალისტს ტელეფონით წაუკითხა. მოსარჩლისვე მტკიცებით, მას არასდროს უთქვამს, თითქოს სამეფო ოჯახის წევრები მისი მეუღლისათვის შავ სამუშაოს ასრულებდნენ ან ის, რომ აბაზანაში ყოფნისას ბატონი სტოუნი მას სინათლეს უთიშავდა. ქალბატონი სტოუნი ამტკიცებდა, რომ მართალია მან თქვა, რომ მის მეუღლეს სასიყვარულო თავგადასავალი ჰქონდა ერთ გავლენიან ქალბატონთან, მაგრამ არ უგულისხმია ლედი ჩატერლი, როგორც ეს სტატიაში იყო მოთხრობილი. იმ ჩანაწერიდან, რომელიც გაზეთმა კომისიას მტკიცებულებად წარუდგინა, ცხადი იყო, რომ ქალბატონი სტოუნი არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მის საუბარს იწერდნენ. მოსარჩლე მხარის შეფასებით, ეს იყო ფარული საშუალებით განხორციელებული ჩაწერა.

გაზეთმა, საპასუხოდ წარმოადგინა იმ საუბრის ჩანაწერი, რომელიც ქალბატონ სტოუნსა და ჟურნალისტს შორის სტატიის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ შედგა. ამ ჩანაწერის თანახმად, ქალბატონი სტოუნი პუბლიკაციით კმაყოფილი იყო და სტატიას დადებითად აფასებდა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც წაიკითხეს სტატია, პოზიტიურად განეწყვნენ მის მიმართ. სუბარი კეთილგანწყობილი იყო და არც ქალბატონი სტოუნი ჩანდა აღშფოთებული. მოსარჩლე მხარემ არ უარყო ეს ფაქტი, თუმცა დასძინა, რომ გაცილებით ადრინდელი სატელეფონო საუბრისას, ქალბატონმა სტოუნმა სტატიით უკმაყოფილება გამოხატა. რედაქციამ ასევე წარმოადგინა სტატიის ავტორის წერილობითი ჩანაწერები, რომლებიც ქალბატონ სტოუნის ციტატებს შეიცავდა.

გადაწყვეტილება: სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: კომისიამ გაითვალისწინა, რომ არსებითი ფაქტების უარყოფა არ მომხდარა და რომ რესპოდენტი ნებაყოფლობით ესაუბრა ჟურნალისტს, თანაც იმ განზრახვით, რომ გარკვეულ ეტაპზე სტატია გამოქვეყნდებოდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ეს შემთხვევა არ შეიძლება ჩაითვალოს პირადი ცხოვრების ხელყოფად, მით უფრო, რომ ქალბატონ სტოუნის ვაჟი არც სახელით ყოფილა მოხსენიებული სტატიაში, არც მისი ფოტოსურათი ყოფილა გამოქვეყნებული. რაც შეეხება მცირედ დისკუსიას ფაქტობრივ სიზუსტესთან დაკავშირებით, კომისია დარწმუნებულია, რომ მასალაში ფაქტობრივი შეცდომები დაშვებული არ ყოფილა. კომისიამ არც სატელეფონო საუბრის ჩაწერა მიიჩნია „ფარული მოსასმენი საშუალებების“ გამოყენებად, როგორც ეს მე-8 მუხლშია აღნიშნული.

10 ოქტომბერი, 1999

____________________

7 6. ბავშვები 1) სკოლაში ყოფნის პერიოდში ახალგაზრდები დაცული უნდა იყვნენ მათ ცხოვრებაში არასასურველი ჩარევისაგან.

2) ჟურნალისტებმა არ უნდა აიღონ ინტერვიუ და არ უნდა გადაუღონ სურათი 16 წლამდე ასაკის ბავშვებს თავად მათი მშობლის ან ბავშვზე პასუხისმგებელი პირის თანხმობის გარეშე, როდესაც საკითხი ბავშვის კეთილდღეობის თემას შეეხება.

3) სკოლის ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე დაუშვებელია სკოლაში მყოფ მოსწავლესთან კონტაქტი, ან მისთვის სურათის გადაღება.

4) დაუშვებელია არასრულწლოვანებისთვის, მათი მშობლების ან მეურვეებისთვის მატერიალური საზღაურის გადახდა, მათი შვილების ან აღსაზრდელების შესახებ მასალის მოპოვების მიზნით, იმ შემთხვევების გარდა, როცა აშკარაა, რომ ეს თავად ბავშვის ინტერესშია.

8 8. მოსასმენი საშუალებები: ჟურნალისტები არ უნდა ეცადონ, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ მასალა, რომელიც მოპოვებულია ფარული მოსასმენი საშუალებებით, ან კერძო სატელეფონო საუბრის მოსმენის გზით.

4.7 5. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

▲ზევით დაბრუნება


სერ პოლ მაკკარტნიურნალჰელლოუს წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა სერ პოლ მაკკარტნიმ, რომელმაც გააპროტესტა 1998 წლის მაისში, ჟურნალ ჰელლოუში მისი და მისი ოჯახის წევრთა ფოტოების გამოქვეყნების ფაქტი. ფოტოები მუსიკოსს მაშინ გადაუღეს, როდესაც ის პარიზში თავის შვილებთან ერთად ისვენებდა. ფოტოებზე ასახული იყო ოჯახი სენის ნაპირზე სეირნობისას და მათ მიერ ნოტრ დამის ტაძრის მონახულება. პუბლიკაცია იუწყებოდა, რომ ტაძარში მაკკარტნებმა სანთელი დაუნთეს ლინდას და ილოცეს. ფოტოები გამოქვეყნდა სათაურით „მეუღლე ლინდას გარდაცვალებიდან ერთი თვის თავზე სერ პოლ მაკკარტნი შვებას შვილებთან ეძებს“.

სერ პოლ მაკკარტნის შეფასებით, ეს პუბლიკაცია იყო მის პირად ცხოვრებაში ჩარევა და მისთვის სულიერი ტრავმის მიყენება. მოსარჩლის განცხადებით, პუბლიკაცია ეწინააღმდეგებოდა კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-5 (სხვის მწუხარებასა და სულიერ განცდებში შეჭრა) მუხლებს.

მუსიკოსმა განაცხადა, რომ არც მან და არც მისი ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ მიმდინარე გადაღებებზე და რომ „ოჯახისათვის ურთულეს პერიოდში ფოტოებზე უნებართვოდ აისახა მათთვის უაღრესად პირადი მომენტები“. მოსარჩლის აზრით, არ არსებობდა რაიმე არგუმენტი, რომელიც ამ ფოტოების გამოქვეყნებას გაამართლებდა.

ჟურნალის რედაქტორმა კომისიას განუცხადა, რომ მას ფარული გადაღებისათვის კორესპონდენტი პარიზში არ მიუვლენია და რომ აღნიშნული მასალა რედაქციამ ფოტოსააგენტოსგან მიიღო. რედაქტორის აზრით, ფოტოების გადაღება ფარულად არ ხდებოდა, რადგანაც ერთ-ერთ ფოტოზე ნათლად ჩანდა, როგორ მიემართებოდნენ პოლ მაკკარტნი და მისი ვაჟი კამერის მიმართულებით. თუმცა რედაქტორი თავიდანვე დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ტაძარში გადაღებული ფოტოები არ უნდა გამოქვეყნებულიყო. რედაქტორმა თავი იმით იმართლა, რომ აღნიშნული ფოტოები პუბლიკაციას ჟურნალის მადრიდის ოფისმა დაურთო, რის შესახებაც ის ინფორმირებული არ იყო. ამასთან დაკავშირებით ჟურნალის რედაქტორმა წერილი მისწერა სერ პოლ მაკკარტნის, რომელშიც ბოდიში მოუხადა მიყენებული ტკივილისათვის და აღნიშნა, რომ ფოტოები მეტად შთამბეჭდავი იყო და ოჯახის წევრთა ურთიერთობა მკითხველში გულწრფელ თანაგრძნობას იწვევდა.

გადაწყვეტილება: კომისიამ გაიზიარა მოსარჩლის პრეტენზია პრაქტიკის კოდექსის მე-3 და მე-5 მუხლებთან მიმართებაში.

მოტივაცია: კომისიამ განიხილა და არადამაკმაყოფილებლად სცნო ჟურნალის რედაქტორის პირველი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ფოტოები ფოტოსააგენტოდან მოიპოვეს, რადგან რედაქტორი ნებისმიერ შემთხვევაში აგებს პასუხს გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე. კომისიამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია რედაქტორის მტკიცება, რომ ტაძარში გადაღებული ფოტოები ჟურნალში მასთან შეუთანხმებლად დაიბეჭდა. კომისიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არ შეიძლებოდა აღნიშნული მასალის გამოქვეყნებას საფუძვლად საზოგადოებრივი ინტერესი დადებოდა. კომისიამ გაიზიარა სერ პოლ მაკკარტნის შეფასებები და აღნიშნა, რომ სალოცავები სწორედ ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება, მარტომ ილოცოს და ჟურნალისტებმა პატივი უნდა სცენ პიროვნების ამ უფლებას, როგორც ამას პრაქტიკის კოდექსის ნორმა მოითხოვს.

30 მაისი, 1998

სერ ელტონ ონისპორტის“, „დეილი სტარის,
ესკვაერის და `სქაის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა სერ ელტონ ჯონის ადვოკატმა ბატონმა ევერშელდსმა. საჩივარი სამხრეთ საფრანგეთში, სერ ელტონ ჯონის კუთვნილ სახლში გადაღებული ფოტოების გაზეთ დეილი სტარში გამოქვეყნებას შეეხებოდა. ფოტოებზე გამოსახული იყვნენ სერ ელტონ ჯონის სტუმრები დასვენებისა და გართობის მომენტში, 1998 წლის 4 ივნისს.

ადვოკატის მტკიცებით, ასეთი პუბლიკაცია არღვევდა პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას იცავს.

ადვოკატი მიიჩნევდა, რომ ფოტოგრაფებს არ ჰქონდათ სურათების გადაღების ნებართვა და მათზე ასახულ პირთა თანხმობა, რაც კერძო ცხოვრებაში უხეში ჩარევის ნიმუში იყო. მისივე მტკიცებით, გადაღება წარმოებდა ფარულად, სავარაუდოდ, სერ ელტონ ჯონის კუთვნილი სახლის გალავნის მოპირდაპირე მხარეზე განლაგებული სათადარიგო კიბიდან.

გაზეთის ხელმძღვანელებმა განმარტეს, რომ სააგენტომ, რომელმაც მათ ეს სურათები მიაწოდა, განაცხადა, რომ ფოტოები გადაღებული იყო საზოგადოებრივი სარგებლობის ტროტუარიდან, რომელიც სერ ელტონ ჯონის კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას ესაზღვრებოდა. გამოქვეყნებამდე რედაქცია დაუკავშირდა ფოტოზე ასახულ ერთ-ერთ პირს და გამოქვეყნებაზე მისი თანხმობა მიიღო.

რედაქციამ წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ ფოტოსურათის გამოქვეყნებით სერ ელტონ ჯონმა თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო.

ერთი თვის ინტერვალის შემდეგ სააგენტოს მიერ გავრცელებული სურათით ისარგებლა გაზეთმა სპორტმაც, რომელმაც კომისიაში საქმის განხილვისას სწორედ დეილი სტარის მიერ მოპოვებულ თანხმობებზე მიუთითა. სპორტის რედაქციამ მოუბოდიშა მომღერალს და გამოთქვა მზადყოფნა, გაზეთის პირველ გვერდზე, სათანადო ფორმატში, გამოექვეყნებინა ტექსტი, რომელსაც მომჩივანი მხარე საჭიროდ ჩათვლიდა.

ერთი წლის შემდეგ კი აღნიშნული ფოტო ჯერ ჟურნალ სქაიში, შემდეგ კი ესკვაერში დაიბეჭდა. ელტონ ჯონის ადვოკატმა კომისიას დანარჩენ სამ შემთხვევაშიც მიმართა.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელი ოთხივე შემთხვევაში დააკმაყოფილა.

მოტივაცია: პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლი იცავს პიროვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ამ შემთხვევაში ფოტოების გადაღება და მათი გამოქვეყნება მასზე ასახული პირების ცხოვრებაში შეჭრის და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფის ტოლფასი იყო. მით უფრო, რომ არც სურათზე ასახული პირების თანხმობა არსებობდა და არც საზოგადოებრივი ინტერესი მათ მიმართ.

კომისიამ არც დეილი სტარის განცხადება გაიზიარა, რომლის თანახმადაც, მათ მიღებული ჰქონდათ ფოტოზე აღბეჭდილი ერთ-ერთი პიროვნების ნებართვა პუბლიკაციაზე, რადგანაც მომჩივანი სერ ელტონ ჯონი იყო, რომლის კერძო ტერიტორიაზე ფარული გადაღების უფლება ფოტოგრაფებს არ ჰქონდათ.

კომისიამ ასევე არ გაითვალისწინა ჟურნალ ესკვაერის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ რედაქციას ყურადღებიდან გამორჩა ფოტოსააგენტოს მიერ გავრცელებული საგანგებო ცირკულარი, რომელშიც სააგენტო ამ ფოტოების გამოყენებას ზღუდავდა.

ამასთანავე კომისიამ სიამოვნებით აღნიშნა, რომ ყველა შემთხვევაში პრესის წარმომადგენლები აღიარებდნენ დაშვებულ შეცდომას და დაზარელებულს მისი პოზიციის გამოხატვის უფლებას უპირობოდ აძლევდნენ.

1998-1999

რენატე ონისანდეი მირორის წინააღმდეგ

საჩივარი: ევერშედსების ადვოკატების მეშვეობით რენატე ჯონიმ სანდეი მირორის წინააღმდეგ საბჭოში საჩივარი შეიტანა, რომლის საფუძველი გახდა 2000 წლის 4 ივნისის სანდეი მირორში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „სევდიანი ცხოვრება ქალისა, რომელსაც უყვარდა და რომელმაც დაკარგა ელტონი“. მომჩივანი გაზეთს პრაქტიკის კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მე-4 (შევიწროება) და მე-11 (შეცდომაში შეყვანა)9 მუხლების დარღვევაში ადანაშაულებდა.

ჟურნალისტი თავის სტატიაში ერთმანეთს ადარებდა რენატე ჯონის ახლანდელსა და წარსულ ცხოვრებას, როცა იგი თავის ყოფილ ქმართან, პოპ ვარსკვლავ ელტონ ჯონთან ერთად ცხოვრობდა. სტატიას დართული ჰქონდა სამი ფოტოსურათი, რომლებზეც გამოსახული იყო რენატე ჯონი ავტოპარკში, ბენზინგასამართ სადგურზე (სავარაუდოდ, ტელეობიექტივით გადაღებული) და მისი სახლის ფოტო.

მომჩივანის განცხადებით, მას აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ნებისმიერ ადგილზე, იქნება ეს ავტოპარკი თუ ბენზინგასამართი სადგური. რაც შეეხება შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ქ-ნ ჯონის განცხადებით, გაზეთის ჟურნალისტებმა ისე დარეკეს მის სახლში და შეეცადნენ ინფორმაციის შეგროვებას მის შესახებ, რომ საკუთარი ვინაობა არ გაუმჟღავნებიათ.

მოსარჩლის ადვოკატების განცხადებით, ასეთი დამოკიდებულება ჟურნალისტების მხრიდან და რედაქციის აგრესიული პასუხი ქ-ნ ჯონის სატელეფონო თხოვნაზე, არ გამოექვეყნებინათ მასზე სტატია, კოდექსის მე-4 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.

მომჩივანმა უკმაყოფილება გამოთქვა სტატიაში მისი მისამართის მითითების გამო, რასაც შედეგად მოჰყვა არასასურველი კორესპოდენციების მიღება. ქ-ნ ჯონის აზრით, პუბლიკაცია შეურაცხმყოფელი იყო, გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც 14 წლის წინ ელტონ ჯონს დაშორდა, ცდილობდა, საზოგადოებრივი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო, რის გამოც მან უარი განაცხადა საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის თავად სანდეი მირორის ფინანსურ შეთავაზებაზე, ინტერვიუს სანაცვლოდ.

იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც შეცდომაში შეყვანას უკავშირდება, რედაქციამ განაცხადა, რომ სტატიაზე მუშაობის პროცესში რეპორტიორს არასოდეს დაუმალავს თავისი ვინაობა და არ მიუმართავს არავითარი ჟურნალისტური ხრიკისათვის. რედაქციამ არც მე-4 მუხლთან დაკავშირებული შევიწროების ბრალდება გაიზიარა, რადგანაც ჟურნალისტმა ქალბატონ ჟონთან კონტაქტიმაშინვე შეწყვიტა, როგორც კი მას ამის შესახებ მიუთითეს. გაზეთმა უარყო ის ფაქტიც, თითქოსდა რედაქციის თანამშრომლებმა აგრესიული ტონით მიმართეს ქ-ნ ჯონს, როდესაც ამ უკანასკნელმა რედაქციაში დარეკა ან თითქოსდა მისმა თანამშრომლებმა შეავიწროვეს მოსარჩლის მეზობლები.

რაც შეეხება ფოტოსურათებს, რედაქციის აზრით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში ამგვარი სურათების გადაღება ჟურნალისტისთვის აკრძალული არ არის. ამასთანავე, ცხადი არ იყო, გადაღებული იყო თუ არა ფოტოები ტელეობიექტივით.

მომჩივანის მისამართთან დაკავშირებით გაზეთი ამტკიცებდა, რომ ეს ინფორმაცია მან გაცილებით ადრე გამოაქვეყნა, როდესაც მოსარჩლე აღნიშნულ სახლში გადავიდა და როდესაც 1989 წელს სახლში ხანძარი გაჩნდა. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია მოხსენიებული იყო ელტონ ჯონის ბიოგრაფიაშიც, რომელიც 2000 წელში გამოქვეყნდა. აქედან გამომდინარე გაზეთი ამტკიცებდა, რომ სტატია არ შეიცავდა სიახლეს რენატე ჯონის პირადი ცხოვრების შესახებ.

საერთო ჯამში, გაზეთის აზრით, პიროვნება, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ ცნობილ ადამიანთან იმყოფებოდა ქორწინებაში, უნდა მოელოდეს საჯაროობას და ინტერესს მისი პირადი ცხოვრების მიმართ.

გადაწყვეტილება: კომისიამ დააკმაყოფილა ბრალდება მე-3 მუხლთან დაკავშირებით და არ გაიზიარა ბრალდებები მე-4 და მე-11 მუხლებთან მიმართებაში.

მოტივაცია: კომისიამ გამოხატა თავისი კეთილგანწყობა მომჩივანის პოზიციის მიმართ, რაც იმაში გამოიხატა, რომ ათი წლის განმავლობაში ქალბატონი ჯონი უარს ამბობდა საჯაროობაზე და მას ამის შესახებ წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული გაზეთი.

სამხილების არარსებობის გამო, კომისიამ არ დააკმაყოფილა ბრალდებები შეცდომაში შეყვანისა და შევიწროვების შესახებ.

სურათების გადაღებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე კი კომისიამ ორ მომენტზე გაამახვილა ყურადღება. პირველი: სურათის გადაღების მომენტში იმყოფებოდა თუ არა მოსარჩლე ისეთ ადგილას, სადაც მას ექნებოდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გონივრული მოლოდინი და მეორეც, გამოხატავდა თუ არა ეს სურათები უპატივცემულობას მოსარჩლის პირადი ცხოვრების მიმართ.

კომისიის აზრით, საზოგადოებრივი ავტოპარკი და ბენზინგასამართი სადგური ის ადგილებია, სადაც არავის უნდა ჰქონდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოლოდინი. მართალია, მოსარჩლემ არ იცოდა, რომ მას სურათს უღებდნენ, მაგრამ ის იმყოფებოდა ისეთ ადგილას, სადაც მისი ქმედება უცხო თვალისგან დაფარული არ შეიძლება ყოფილიყო. ამდენად, კომისიამ არარელევანტურად ჩათვალა ფოტოსურათების ტელეობიექტივით გადაღების საკითხის განხილვა. იმის გამო, რომ სურათები არ ასახავდა მოსარჩლის პირადი ცხოვრების რაიმე მომენტს, შესაბამისად, კომისიამ ფოტოილუსტრაციები მე-3 მუხლის დარღვევად არ მიიჩნია. რაც შეეხება საკითხს, არღვევდა თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას თავად სტატიის შინაარსი, კომისიის აზრით, პუბლიკაციის შეურაცხმყოფელი ტონი სარედაქციო მსჟელობის საკითხი უფრო იყო.

კომისიამ აღიარა, რომ პრესას შეუძლია იმ ადამიანების შესახებ წერა, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან და რომ მის კომპეტენციაში არ შედის ამ უფლების შეზღუდვა, თუ, რა თქმა უნდა, იგი არ დაარღვევს კოდექსის ნორმებს. მოცემულ შემთხვევაში, კომისიის აზრით, სტატიაში არ ყოფილა ასახული მოსარჩლის პირადი ცხოვრების ისეთი დეტალები, როგორიცაა მაგალითად, მისი ჯანმრთელობა, ამჟამინდელი ურთიერთობები, პირადი საუბრები ან ინტიმური ურთიერთობის ამსახველი ფოტოები. ამდენად, კომისიამ სარჩელის ეს ბრალდება არ გაიზიარა, თუმცა დააკმაყოფილა ის მოთხოვნა, რომელიც მისამართის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ქ-ნ ჯონის პრეტენზიას შეეხებოდა. კომისიამ არ გაიზიარა გაზეთის არგუმენტი, რომ მოსარჩლის მისამართი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი იყო და ამიტომ მისი ხელახალი გამოქვეყნებით მას პრობლემები არ შეექმნებოდა.

კომისიამ ცალსახად განაცხადა, რომ პრესას არა აქვს უფლება, გამოაქვეყნოს ისეთი მასალა, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოებას, დაადგინოს მისი რესპონდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი. კომისიამ სანდი მირორი კოდექსის მე-3 მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა, რაც მისამართის გამოქვეყნებაში გამოიხატა.

4 ივნისი, 2000

ჰიუ გრანტისანდეი მირორისწინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა ჰიუ გრანტის ადვოკატმა ბატონმა მეზეს შილინგ ენდ ლომ. საჩივრის მიზეზი 1996 წლის 23 ივნისს სანდეი მირორში გრანტის შესახებ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაციის გამოქვეყნება იყო, რაც პრაქტიკის კოდექსით აღიარებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას წარმოადგენდა.

მომჩივანმა ასევე წამოჭრა სხვა საკითხებიც, რომლებიც კონფიდენციალურობასა და ინფორმაციის წყაროებს უკავშირდებოდა და რომელთა განხილვაც კომისიის კომპეტენციაში არ შედიოდა.

გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: გაზეთმა ბოდიში უნდა მოუხადოს მომჩივანს და ამ გზით გადაჭრას პრობლემა. მომჩივანმა არ მიიღო რედაქციის შეთავაზება და გაზეთი შემდგომში თავის პუბლიკაციებში აღარ შეხებია აღნიშნულ თემას. კომისიამ წუხილი გამოთქვა იმ შეყოვნების გამო, რომელმაც ამ საჩივრის განხილვისას იჩინა თავი. ნაწილობრივ ეს უკავშირდებოდა გაზეთის მიერ წამოჭრილ საკითხებს, თუ რამდენად იყო კომისია უფლებამოსილი, განეხილა საჩივარი, რადგანაც ბევრი საკითხი კანონით დარეგულირებას მოითხოვდა.

23 ივნისი, 1996

შონ კონერისანდეი მეილის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა ქალბატონმა ნანსი ზელცერმა, რომელიც წარმოადგენდა ბატონ შონ კონერის ინტერესებს. საჩივრის მიზეზი 1999 წლის აპრილში სანდეი მეილში გამოქვეყნებული ფოტოპუბლიკაცია გახდა. მოსარჩლეთა შეფასებით, ფოტოს გამოქვეყნება ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლს (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). ფოტოს თან ერთვოდა სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შონ ო`კონერმა ედინბურგში ჩაიტანა თავისი ახალი ფილმი, რომლის შინაარსიც ეხმიანებოდა შოტლანდიის პარლამენტის არჩევნებს.

მოსარჩლეთა განცხადებით, ბატონმა შონ კონერიმ თავაზიანად სთხოვა ფოტორეპორტიორს, არ გადაეღო მისთვის სურათი და გასცლოდა მას, როდესაც ეს უკანასკნელი ბატონ კონერს სასტუმრო ჰოლსში მიუახლოვდა. მხარის მტკიცებით, ფოტოკორესპონდენტმა ეს თხოვნა ანტაგონისტურად მიიღო და შეეცადა ბატონი კონერის განრისხება გამოეწვია. იგი მას გზაზე გადაეღობა, როდესაც მსახიობი სასტუმროდან გასვლას ცდილობდა.

რედაქტორის განცხადებით, ფოტო სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან იყო გადაღებული. გადაღების ადგილის სტატუსი მკაფიოდ განსაზღვრული არ იყო და ფოტოკორესპონდენტმა ის საზოგადოებრივ ადგილად ჩათვალა. მას ფოტოკამერა შენობაში არ შეუტანია და რესპონდენტის მიმართ იძულება არ განუხორციელებია. რედაქტორმა კომისიის წევრთა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფოტოკორესპონდენტმა დაინახა, თუ როგორ ესაუბრებოდა შონ კონერი შოტლანდიური პრესის წარმომადგენელს სასტუმროს ბარში და თავადაც გადაწყვიტა მასალის მომზადება.

მოსარჩლე მხარე ამტკიცებდა, რომ გადაღება სასტუმროს კუთვნილ ტერიტორიაზე მოხდა. უფრო მეტიც, კორესპონდენტს და ფოტორეპორტიორს სთხოვეს, დაეტოვებინათ კერძო ტერიტორია. რაც შეეხება შოტლანდიელ ჟურნალისტს, ბატონი კონერის განცხადებით, ეს იყო მეგობრული საუბარი და არა ინტერვიუ.

პასუხად რედაქტორმა განაცხადა, რომ კორესპონდენტს დაცვამ სასტუმროს დატოვება მას მერე მოსთხოვა, რაც ფოტოები უკვე გადაღებული იყო და ეს უკანასკნელი, სასტუმროს დაცვის მოთხოვნას უსიტყვოდ დაემორჩილა. თუმცა, მოსარჩლე მხარე მოვლენათა განვითარების თავის ვერსიას ამტკიცებდა.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელს მხარი არ დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ შონ კონერი - შოტლანდიის ნაციონალური პარტიის თვალსაჩინო მხარდამჭერი - საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იმყოფებოდა ედინბურგში და თავისი ახალი ფილმისადმი საზოგადოებრივი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. იგი იმყოფებოდა სასტუმროს მისაღებში, რომელიც მართალია, სასტუმროს კუთვნილი ტერიტორიაა, თუმცა ქუჩიდან კარგად ჩანს და იქ ბატონ კონერს პრივატულობის მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. მას კარგად ხედავდა საზოგადოება და ვერავინ შეუშლიდა ხელს სხვა ფოტოკორესპონდენტებს, მისთვის სურათების გადაღებას, თუნდაც ქუჩაში გამოსვლისას.

კომისიამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა იმის დამამტკიცებელი არგუმენტი, რომელიც კორესპონდენტის მხრიდან რესპონდენტის შევიწროვებას დაადასტურებდა.

25 აპრილი, 1999

პრინცი უილიამი ურნალO.K!-ის წინააღმდეგ

საჩივარი: მისი სამეფო უდიდებულესობის პრინც უილიამის სახელით კომისიას სარჩელით სენტ ჟეიმს პალასის ადვოკატმა, ბატონმა სტივენ ლამპორტმა, მიმართა. მოსარჩლის შეფასებით, ჟურნალ O.K!-ში 2000 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ფოტოები არღვევდა პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლს (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

მოსარჩლის განცხადებით, ფოტოები გადაღებული იყო ჩილეში პრინც უილიამის მოგზაურობის დროს. პრინცი ჩილეში სკოლის დამთავრების შემდეგ და უნივერსიტეტში შესვლამდე იმყოფებოდა. ფოტოებზე ასახული იყო პრინცი უილიამი კლდეზე ცოცვისა და მდინარეში ცურვის დროს. მოსარჩლეთა შეფასებით, ფოტოები გადაღებული იყო ფარულად, თვალთვალის შედეგად, რაც ეწინააღმდეგებოდა კოდექსის მე-4 მუხლსაც (შევიწროება) და რომ ამ გზით გადაღებული ფოტოების გამოქვეყნება სხვა არაფერი იყო, თუ არა პაპარაცული საქმიანობის ხელშეწყობა.

რედაქტორმა განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის იყო ცნობილი, ფოტოები კორესპონდენტებს არ მოუპოვებიათ მიზანმიმართული, ფარული თვალთვალის შედეგად და ისინი საზოგადოებრივ ადგილებში იყო გადაღებული. მისივე განცხადებით, პრინც უილიამის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა. ჟურნალი შეეცადა ეჩვენებინა, თუ როგორ ემზადებოდა პრინცი დიდი ბრიტანეთის მონარქობისათვის. ამასთანავე რედაქტორმა მოუბოდიშა უელსის პრინცსა და პრინც უილიამს იმ უსიამოვნო განცდების გამო, რომელიც მათთვის ჟურნალის ამ პუბლიკაციას შეეძლო მიეყენებინა.

მოსარჩლე მხარე აცხადებდა, რომ პრაქტიკის კოდექსის თანახმად, რედაქტორი ვალდებულია, შეამოწმოს ყველა მასალის წარმომავლობა და რომ პრინცი უილიამი იმყოფებოდა ისეთ ადგილას, სადაც მას საჟაროობისგან დაცულობის გონივრული მოლოდინი ჰქონდა. სამეფო ოჟახმა განაცხადა, რომ პრინც უილიამის ეს ვიზიტი იგეგმებოდა, როგორც კერძო და მათ საგანგებოდ იზრუნეს იმაზე, რომ გაეფრთხილებინათ პრესა, არ გამოექვეყნებინა პაპარაცების მიერ მიწოდებული ფოტოები.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ ცნობად მიიღო რედაქტორის სინანული იმის გამო, რომ უსიამოვნება მიაყენა პრინც უილიამს და აღნიშნა, რომ ეს საკითხისადმი სწორი მიდგომა იყო. ამავე დროს კომისიამ გაიზიარა მოსარჩლეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ პრინცი უილიამი იმყოფებოდა ისეთ ადგილას, სადაც მას საჟაროობისგან დაცულობის გონივრული მოლოდინი უნდა ჰქონოდა და რომ ამ ფოტოების გამოქვეყნება კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნას ეწინააღმდეგებოდა.

კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ არც ერთმა სხვა გამოცემამ არ დაბეჭდა აღნიშნული ფოტოები, ხოლო ჟურნალმა O.K!-იმ, სამწუხაროდ, ხელი შეუწყო პაპარაცების საქმიანობას საერთაშორისო ბაზარზე. ამით პრინც უილიამს ჟურნალმა შეუქმნა დისკომფორტი საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს.

კომისიამ ასევე გაამახვილა ყურადღება კოდექსის მე-4 მუხლის ნორმაზე, რომელიც კრძალავს ისეთი ფოტოების გამოქვეყნებას, რომელიც მიზანმიმართული, ფარული თვალთვალის გზით არის მოპოვებული და აღნიშნა, რომ კოდექსი კატეგორიულია მოზარდთა უფლებებთან მიმართებაში. კოდექსი აღიარებს „ახალგაზრდების უფლებას, ჰქონდეთ ნორმალური, ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი ცხოვრების პირობები, რაც უზენაესი ღირებულებაა“ და რომ არ არსებობდა ისეთი საჟარო ინტერესი, რომელიც პრინც უილიამისადმი მიძღვნილ ასეთ პუბლიკაციას გაამართლებდა.

27 ოქტომბერი, 2000

დინამიტიინსლინგტონ გაზეტის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა ჩამწერმა სტუდიამ პოლიდორმა, რომელმაც ქალბატონ დინამიტის სახელით გააპროტესტა 2003 წლის მარტში ინსლინგტონ გაზეტში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ვარსკვლავის საოცნებო სახლი დედამისის სახლის მეზობლად აღმოჩნდა“. მოსარჩლის შეფასებით, ეს პუბლიკაცია ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლს (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

სტატიის თანახმად, ქალბატონმა დინამიტმა შეიძინა სახლი ჩრდილოეთ ლონდონში. მასალაში მითითებული იყო ნაყიდი ბინის მისამართი, ფოტოზე კი აღბეჭდილი იყო სახლი. მოსარჩლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ამ პუბლიკაციით ვარსკვლავი რისკის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მისი საცხოვრებლის დადგენა შესაძლებელი გახდა იმ თაყვანისმცემლებისათვის, რომლებიც მას გასაქანს ისედაც არ აძლევდნენ და მოსვენებას უკარგავდნენ.

რედაქციის განცხადებით, პუბლიკაცია კეთილშობილურ მიზნებს ისახავდა და ჩაფიქრებული იყო ცნობილი ადამიანის შესახებ დადებითი სტატიის მომზადება. მიუხედავად ამისა, რედაქტორმა წერილობით მოუბოდიშა ვარსკვლავს და სინანული გამოთქვა მისთვის მიყენებული უსიამოვნების გამო. ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ რედაქცია მომავალში აღარ გამოაქვეყნებდა მასალებს, რომელიც მისი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირებას შეუწყობდა ხელს.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ კმაყოფილებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ რედაქცია პასუხისმგებლობით მოეკიდა ვარსკვლავის პრეტენზიებს და ბოდიში მოუხადა მას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ რედაქციებმა მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ისეთი მასალების გამოქვეყნებისას, რომლებიც ცნობილი ადამიანების მისამართებსა და კოორდინატებს შეეხება. ეს, კომისიის შეფასებით, მათი უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნაა და ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ფაქტორი.

26 მარტი, 2003

კიმ ნობელი „ჯერსი ივნინგ პოსტის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას სარჩელით მიმართა ქალბატონმა კიმ ნობელმა, რომელმაც გააპროტესტა ჟერსი ივნინგ პოსტში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „მე შემცირებების ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ვიბრძვი.“ მოსარჩლის შეფასებით, პუბლიკაცია ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მოთხოვნებს.

წერილი, რომელიც ქალბატონმა ნობელმა გააპროტესტა, რედაქციას სახელმწიფო საბინაო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბატონმა ტერი ლა მაინმა გაუგზავნა. ეს იყო იმ სტატიის საპასუხო წერილი, რომლითაც ქალბატონმა ნობელმა დეპარტამენტის მაღალჩინოსნის პოლიტიკა გააკრიტიკა სახელმწიფო ქონების მართვასთან მიმართებაში.

მოსარჩლის შეფასებით, წერილის გამოქვეყნებით გაზეთმა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ქალბატონის მიერ იჯარის გადასახადებს შეეხებოდა, საჯარო გახადა. აღნიშნული ინფორმაცია მოპოვებული იყო ნობელის პირადი საქაღალდიდან, რომელიც სახელმწიფო საბინაო დეპარტამენტში ინახებოდა და მისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნდა. ეს ქმედება ქალბატონმამის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელ ჩარევად და კოდექსის მე-3 მუხლის დარღვევად შეაფასა.

პასუხად რედაქტორმა განაცხადა, რომ მან მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საკითხი საზოგადოებრივი ფონდების განკარგვას შეეხებოდა და ის, რომ მასალა რედაქციას კომპეტენტურმა მოხელემ მიაწოდა. ამასთანავე, რედაქტორმა განაცხადა, რომ გაიზიარებდა კომისიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ აღმოჩნდებოდა, რომ რედაქციის მხრიდან რაიმე სახის დაუდევრობას ჰქონდა ადგილი.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ ეს იყო არატიპიური შემთხვევა, რადგანაც გაზეთმა მასალა მკითხველის წერილის ფორმით გამოაქვეყნა. კომისიამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პატივისცემის აუცილებლობას, ამასთანავე აღნიშნა ისიც, რომ რედაქტორებმა უნდა იცოდნენ მათ გაზეთში გამოქვეყნებული მასალების საინფორმაციო წარმომავლობა. ამ შემთხვევაში ცხადი იყო, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია პირად და პერსონალურ მონაცემებს შეეხებოდა და ვიდრე რედაქცია არ დაადგენდა საინფორმაციო წყაროს უფლებამოსილების სისწორეს, გაზეთს მასალა არ უნდა გამოექვეყნებინა.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი, რომელმაც განაპირობა ეს პუბლიკაცია, პოლიტიკური დებატების თემა იყო, კომისიამ არ გაიზიარა მოსაზრება, თითქოს ქალბატონის მიერ არენდის საზღაურის გადახდა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო.

6 დეკემბერი, 2001

სურრან ოუნსიდეილი სპორტის წინააღმდეგ

საჩივარი: გრენადის ტელევიზიის საშუალებით კომისიას სარჩელით მიმართა ქალბატონმა სურრან ჟოუნსმა, რომელმაც გააპროტესტა 2003 წლის მაისში გაზეთ დეილი სპორტში გამოქვეყნებული სტატია „სურრანი ყველაზე ვნებიანი გოგონა იყო, რომელსაც მე შევხვედრივარ“ და რედაქცია პრაქტიკის კოდექსის მე-3 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) დარღვევაში დაადანაშაულა.

მოსარჩლე თეატრ კორონეიშნ სთრითის მსახიობი იყო. მისმა ყოფილმა მეგობარმა კაცმა მისცა ინტერვიუ, რომელშიც აღწერდა მათი სამიჟნურო ურთიერთობების დეტალებს. ქალბატონმა ჯოუნსმა ეს მის პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელ ჩარევად და კოდექსის მოთხოვნათა დარღვევად შეაფასა.

რედაქციამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, როდესაც ქალბატონი ჟოუნსი აღნიშნული თეატრის დასში ჩაირიცხა, მათმა გაზეთმა და მსოფლიოს ახალმა ამბებმა გამოაქვეყნეს ანალოგიური ინფორმაციის შემცველი სტატია. ქალბატონ ჯოუნსს მაშინდელი პუბლიკაციები არ გაუპროტესტებია. რედაქციამ თხოვნით მიმართა კომისიას, შეესწავლა ის მოტივები, რომელთა გამოც მოსარჩლემ პუბლიკაცია ამჟერად გაასაჩივრა.

გრენადის ტელევიზიამ განაცხადა, რომ მოსარჩლემ წინა პუბლიკაცია მშობლების თხოვნით არ წაიკითხა. მათ ასევე განაცხადეს, რომ ის პუბლიკაცია არ იყო ისეთი გულახდილი, როგორც ეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ რედაქციას არ წარმოუდგენია არავითარი გამამართლებელი მტკიცებულება გარდა იმ არგუმენტისა, რომ ანალოგიური ინფორმაციის შემცველი სტატია ადრეც იყო გამოქვეყნებული. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ დაინტერესებულმა პირებმა კომისიას უნდა მიმართონ დაუყოვნებლივ, როგორც კი პრესაში გაჩნდება მასალა, რომელიც, მათი შეფასებით, პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელ ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგანაც ერთ შემთხვევაში დუმილი, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ანალოგიური ხასიათის პუბლიკაციებს მომავალში და რედაქციებმა ამით გაამართლონ საკუთარი გადაწყვეტილებები.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიის შეფასებით, პრობლემა პუბლიკაციის უაღრესად პირადული ხასიათი და მისი გრაფიკულად გამოსახვა იყო. არ არსებობდა ამ მასალისადმი საზოგადოებრივი ინტერესი. ამდენად, მოსარჩლის დუმილი წინა პუბლიკაციებთან მიმართებაში, მოცემული პუბლიკაციის გამართლებად ვერ გამოდგებოდა. კომისიამ ეს სტატია პირად ცხოვრებაში უხეშ და დაუსაბუთებელ ჩარევად შეაფასა.

22 მაისი, 2003

კეიტ ბეკინსეილიდეილი მეილის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას სარჩელით მიმართა ქალბატონმა კეიტ ბეკინსეილმა, რომელმაც კემბელ ჰუპერის ადვოკატის მეშვეობით გააპროტესტა დეილი მეილში 2003 წლის აპრილში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „დედის სასიყვარულო ინტრიგა ლილის არ აღელვებს“. მოსარჩლეთა შეფასებით, ეს პუბლიკაცია ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-6 (ბავშვები) მუხლებს.

სტატია ეძღვნებოდა ქალბატონ ბეკინსეილის და ბატონ ვაისმანის სამიჟნურო ურთიერთობას და ილუსტრირებული იყო ფოტოთი, რომელზეც ქალბატონი თავის პარტნიორს ეხვეოდა და კოცნიდა. მეორე ფოტოზე, რომელიც ასევე ერთვოდა პუბლიკაციას, გამოსახული იყო დედის ახალი გატაცებისადმი სრულიად გულგრილი ქალიშვილი ლილი.

მოსარჩლეთა შეფასებით, სტატია ფოტოილუსტრაციებითურთ წარმოადგენდა უხეშ ჩარევას ქალბატონ ბეკინსეილის და მისი ქალიშვილის პირად ცხოვრებაში.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: კომისიის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ფოტოები რეპორტიორმა საჟარო ადგილას გადაიღო, აბათილებდა ბრალდებას ქალბატონ ბეკინსეილის პირად ცხოვრებაში ჩარევის შესახებ. სცენა გადაღებული იყო ისეთ ადგილას, სადაც წყვილს პრივატულობის გონივრული მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. იგივე მოსაზრება გამოითქვა ქალბატონ ბეკინსელის ქალიშვილთან მიმართებაშიც, ანუ ლილი იმყოფებოდა საჯარო ადგილას და ამდენად, არ არსებობდა გარანტია იმისა, რომ ის ფოტოობიექტივის მზერის არეალში არ აღმოჩნდებოდა. უმნიშვნელოვანესი კითხვა, რომელიც ლილისთან მიმართებაში დაისვა ასეთი იყო: შეიცავდა თუ არა პუბლიკაცია ინფორმაციას ლილის პირად ცხოვრებაზე და გამოქვეყნდა თუ არა ეს ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დედა ცნობილი პიროვნებაა?

კომისიამ მიიჩნია, რომ პუბლიკაცია არ შეიცავდა პირადი ხასიათის ინფორმაციას და რომ ფოტოზე ასახული იყო ლილის რეაქცია მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. სტატიაში სიტყვა არ იყო ნათქვამი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ან სწავლის დეტალებზე, რაც, კომისიის აზრით, არ შეიძლება შეფასებულიყო, როგორც რედაქციის ჩარევა ბავშვის პირად ცხოვრებაში.

კომისიამ გამოიკვლია და დაადგინა, რომ ლილის ფოტოები ადრეც არაერთხელ გამოქვეყნებულა თანხმობის გარეშე და ამას მშობლების პროტესტი არასდროს მოჰყოლია, ისევე, როგორც მტკიცებულებები იმისა, რომ პუბლიკაციებმა საფრთხე შეუქმნეს ბავშვის კეთილდღეობას.

15 აპრილი, 2003

ოან ლოიდი და ონ ოგდენისანდეი სანის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას სარჩელით მიმართეს ქალბატონმა ჯოან ლოიდმა და ბატონმა ჯონ ოგდენმა, რომლებმაც გააპროტესტეს სანდეი სანში 1997 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „შობის სასწაული ჩემთვის არის...“. მოსარჩლეთა შეფასებით, აღნიშნული პუბლიკაცია ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-6 (ბავშვები) მუხლებს.

ქალბატონი ჯოან ლოიდი და ბატონი ჯონ ოგდენი იყვნენ სტატიაში მოხსენიებული ბავშვის დედა და ბაბუა. პუბლიკაციაში აღწერილი იყო დაწყებითი სკოლის რამოდენიმე მოწაფის აზრი ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა სკოლის რამოდენიმე მოწაფეს გადაუღო ფოტო და ჩამოართვა ინტერვიუ. მანვე სთხოვა ბავშვებს, დაეწერათ მოკლე თემა ქრისტესშობის თემაზე. ამ თემებიდან რამოდენიმე ციტატა ჟურნალისტმა თავის სტატიაში გამოიყენა, მათ შორის, მოსარჩლეთა ბავშვის ციტატაც, რომელშიც იგი სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ მისი მშობლები გაცილებულები იყვნენ.

მოსარჩლეები აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ სტატია მათი ნებართვის გარეშე გამოქვეყნდა. მათივე შეფასებით, გარდა იმისა, რომ ჟურნალისტი უხეშად ჩაერია მათ პირად ცხოვრებაში, ასევე დაარღვია კოდექსის ნორმა, რომელიც ბავშვებისაგან ინტერვიუების აღების წესს განსაზღვრავს.

რედაქციამ პასუხად განაცხადა, რომ ჟურნალისტმა ინტერვიუს მომზადების პროცესში დაიცვა და სკოლის ხელმძღვანელობასთან შეათანხმა ყველა ნორმა. ითქვა ისიც, რომ ინტერვიუს კლასის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.

გადაწყვეტილება: კომისიამ დააკმაყოფილა სარჩელი კოდექსის მე-3 მუხლის დარღვევის ნაწილში.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ ინტერვიუს ესწრებოდა უფროსი, ამ შემთხვევაში მასწავლებელი, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვების კეთილდღეობაზე. ამდენად, კომისიამ არ გაიზიარა მოსარჩლის პრეტენზია კოდექსის მე-6 მუხლთან დაკავშირებით, რადგან ჟურნალისტმა დაიცვა ბავშვებისგან ინტერვიუს აღების კოდექსით დადგენილი წესი, რასაც კომისია მიესალმა.

კოდექსის მე-3 მუხლთან დაკავშირებით კომისიამ განაცხადა, რომ რედაქტორს უნდა სცოდნოდა, რომ ქალბატონ ლოიდის ოჟახური სტატუსი და მისი ქალიშვილის განცდები ამასთან დაკავშირებით, უაღრესად პირადული საკითხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რედაქციამ ინფორმაცია კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოიპოვა, ასეთი ნიუანსები გაზეთს თავიდან უნდა აეცილებინა.

21 დეკემბერი, 1997

_____________________

9 11. შეცდომაში შეყვანა: 1) ჟურნალისტებს არა აქვთ უფლება, მოიპოვონ ინფორმაცია ან ფოტოსურათები არასწორი გაშუქების ან მოტყუების გზით.

2) დოკუმენტების, ან ფოტოსურათების ამოღება შესაძლებელია მხოლოდ მესაკუთრის ნებართვით.

3) არასწორი გაშუქების დასაბუთება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით და მაშინ, როდესაც ამ მასალის მოპოვება სხვაგვარად შეუძლებელია.

4.8 6. ბავშვები

▲ზევით დაბრუნება


პრემიერ-მინისტრი ბლერი და მისი მეუღლე
დეილი ტელეგრაფისა დადეილი მეილის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და მისმა მეუღლემ დეილი ტელეგრაფსა და დეილი მეილში 2001 წლის 7 და 9 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატიების „იენი კოლეჯის არჩევანშია“ და „იენი მამის კვალს ოქსფორდში მიჰყვება“ გამო. მოსარჩლე მხარემ გაზეთები პრაქტიკის კოდექსის მე-6 მუხლის (ბავშვები) დარღვევაში დაადანაშაულა.

სტატიები იენ ბლერის მიერ უნივერსიტეტში ჩარიცხვის განცხადებას შეეხებოდა. იენის მშობლების შეფასებით, აღნიშნული პუბლიკაციები წარმოადგენდა მათი შვილის სასწავლო პროცესსა და პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას. ისინი ასევე მიუთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ სტატიები დაიწერა და გამოქვეყნდა მხოლოდ იმის გამო, რომ იენის მშობლებს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უკავიათ.

დეილი ტელეგრაფის რედაქციამ განაცხადა, რომ იენის განაცხადის შესახებ მათთვის ცნობილი გახდა იმ კოლეჟის რეესტრიდან, რომელსაც იენ ბლერმა მიმართა. რედაქციამ განმარტა, რომ აღნიშნული პუბლიკაციის მიზანი იყო, საზოგადოებას სცოდნოდა, თუ როგორ არჩევანს აკეთებს პრემიერის ოჯახი მათი შვილის მომავალი განათლებისათვის და არა თავად იენ ბლერის არჩევანის განსჯა. რედაქციის განცხადებით, არსებობდა საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხისადმი, მით უფრო, რომ იმ ხანად მიმდინარეობდა პოლიტიკური დებატები ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით.

დეილი მეილის რედაქტორის განცხადებით, ასეთი საკითხები ყველა ქვეყანაში საზოგადოებრივი მსჯელობის საგანია. მანვე აღნიშნა, რომ პუბლიკაციის მომზადების პროცესში რედაქცია დაუკავშირდა პრემიერის პრესსამდივნოს დაუნინგ სტრიტზე და იქ არავის მიუთითებია რაიმე სახის შეზღუდვის შესახებ. მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, აცხადებენ გაზეთის მესვეურები, ისინი სტატიის გამოქვეყნების მიზანშეწონილობაზე საგანგებოდ იმსჯელებდნენ.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ პირველად დეილი ტელეგრაფის პუბლიკაცია განიხილა. პრაქტიკის კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, ახალგაზრდებს აქვთ უფლება, დაამთავრონ სასკოლო სწავლება ყოველგვარი საჯარო ჩარევის გარეშე. იგივე მე-6 მუხლი შეიცავს საგანგებო დამატებას საჯარო პირების შვილებთან დაკავშირებით. კერძოდ, კოდექსი კრძალავს მათ მოხსენიებას პუბლიკაციებში მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მშობლები საჯარო პირები არიან. ეს წესი ვრცელდება 16 წლამდე მოზარდებზე. ამ შემთხვევაში, კოდექსის ეს მოთხოვნა იენ ბლერსაც შეეხებოდა და რედაქციას უნდა გაეთვალისწინებინა ეს გარემოება. კომისიის აზრით, შესაძლებელია, მოეწყოს საერთო-ეროვნული ან ადგილობრივი პრესის ერთგვარი ტესტირება იმისათვის, რომ დადგინდეს რამდენად ხშირად იწერება სტატიები იმ ბავშვების არჩევანზე, რომელთა მშობლები საზოგადოებრივი ინტერესის არეალში არ იმყოფებიან.

კომისიამ ასევე იმსჯელა იმ შესაძლო ზიანზე, რომელიც ამ პუბლიკაციას შეეძლო მოეხდინა იენ ბლერის სამომავლო პერსპექტივაზე. კომისიის წევრთა განცხადებით, უნივერსიტეტებში განაცხადების შეტანის დრო მოზარდებისათვის მნიშვნელოვანი და სტრესული პერიოდია. იენ ბლერს, ისევე როგორც მრავალ სხვა მოზარდს განაცხადი შეტანილი ჰქონდა, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ის უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა. ამ სტატიას შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა უნივერსიტეტში შესვლის პროცედურაზე და საზოგადოებრივ აზრზე იმგვარად, რომ უარყოფითად ასახულიყო იენ ბლერის განათლებასა და მის პირად კეთილდღეობაზე.

კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ პუბლიკაციას არავითარი კავშირი ჰქონდა ოქსფორდის უნივერსიტეტში მისაღებ პროცედურებთან დაკავშირებით მიმდინარე პოლიტიკურ დებატებთან.

კომისიამ არ გაიზიარა რედაქციის პოზიცია, რომ პუბლიკაცია იყო „აუცილებელი“, რადგან პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის არჩევანს შეეხებოდა. კომისიამ მიიჩნია, რომ სწავლის გაგრძელების ფორმა და ადგილი თავად იენ ბლერის დამოუკიდებელი არჩევანია.

კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ როდესაც გაზეთი თავის რომელიმე პუბლიკაციაში ეხება ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს, მას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს უდიდესი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ამ ბავშვის ინტერესებს ითვალისწინებდეს. თუ გაზეთი მაინც გადაწყვეტს, გამოაქვეყნოს მასალა, რომელშიც მოხსენიებული იქნება კონკრეტული ბავშვი, რედაქცია დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხისადმი იმდენად დიდია, რომ ამან შესაძლოა, გადასწონოს კოდექსის მიერ დაწესებული შეზღუდვა.

რაც შეეხება დეილი მეილის სტატიას, კომისიამ ცნობად მიიღო ის, რომ ამ გაზეთს პირველს არ გამოუტანია ეს თემა საზოგადოების სამსჯავროზე და ასევე ისიც, რომ რედაქცია დაუკავშირდა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს და მზად იყო საგანგებოდ ემსჯელა სტატიის გამოქვეყნების მიზანშეწონილობაზე, პრესსამსახურს რაიმე მინიშნება რომ გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ამისა, კომისიამ მოსარჩლეთა პრეტენზია სამართლიანად ცნო, რადგან დეილი მეილის სტატია ზუსტად იმეორებდა დეილი ტელეგრაფში გადმოცემულ ინფორმაციას.

8 დეკემბერი, 2001

პრემიერ-მინისტრი ბლერი და მისი მეუღლე
მეილ ონ სანდეის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა და მისმა მეუღლემ ქალბატონმა ბლერმა. მოსარჩლეებმა 1999 წლის იანვარში მეილ ონ სანდეიში გამოქვეყნებული სტატია და ამ სტატიის სათაური გააპროტესტეს. მათი შეფასებით, ეს იყო პრაქტიკის კოდექსის 1 (სიზუსტე) და მე-6 (ბავშვები) მუხლების დარღვევა, რადგან ჟურნალისტი უხეშად ჩაერია მათი ქალიშვილის პირად ცხოვრებაში.

გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „მშობლების გაბრაზება ბლერებზე სასკოლო რიგებში“, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ ჰამმერსმიტის სკოლამ თავის რიგებში მიიღო კეტრინ ბლერი - პრემიერის ქალიშვილი - მაშინ როდესაც ჩარიცხვაზე უარს ეუბნებოდა სხვა ადგილობრივ ბავშვებს. გაზეთი გადმოსცემდა ზოგიერთი მშობლის აზრს, რომ სკოლა პრემიერ-მინისტრს უწევდა ანგარიშს. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ იმ წელს ცამეტ გოგონას უთხრეს უარი მიღებაზე მაშინ, როდესაც წინა წელს მხოლოდ ორი გაისტუმრეს უარით. პუბლიკაციაში მოყვანილი იყო ორი გოგონას მშობლის სახელები. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ არ აუხსნეს უარის თქმის მიზეზი და რომ დანარჩენი თერთმეტი მშობელი მხოლოდ იმიტომ დუმდა, რომ მათ შვილებს სასკოლო ადგილებს „დაჰპირდნენ“.

სტატიაში ნათქვამი იყო, რომ „კეტრინ ბლერი უდაოდ ნიჭიერი ბავშვია, მაგრამ იმ დროს, როდესაც ის ჰამმერსმიტის სკოლაში ირიცხება, თერთმეტი მისი თანატოლი გარეთ დარჩენის საშიშროების წინაშე დადგა“. გაზეთმა გამოთქვა ეჭვი, რომ სკოლის მისაღები კომისიის პოლიტიკა „უსამართლო“ იყო. პრემიერ-მინისტრი და ქალბატონი ბლერი ფინანსურად შეძლებულები იყვნენ და ამდენად, შეეძლოთ, მათი ქალიშვილის განათლება კერძო სკოლაშიც დაეფინანსებინათ.

მოსარჩლეები, თავის მხრივ, აცხადებდნენ, რომ კეტრინი რომის კათოლიკური ეკლესიის ტრადიციებზე იზრდებოდა და მათი სურვილი იყო, რომ კეტრინს კათოლიკურ სკოლაში ევლო, სადაც ყმაწვილები და გოგონები განცალკევებით სწავლობდნენ. მათი განცხადებით, ვენსმინსტერის ერთადერთ სკოლაში შერეული კლასების პრინციპი იყო და ამიტომ ბლერების ოჟახმა ჰამმერსმიტის სკოლას პროცედურებისა და წესების სრული დაცვით მიმართა.

მოსარჩლეებმა კომისიის ყურადღება მიაპყრეს იმ ფაქტსაც, რომ გაზეთმა პუბლიკაციამდე, ჰამმერსმიტის ადგილობრივ საბჭოსაც მიმართა შეკითხვით, სადაც მათ განუმარტეს, რომ გრინვიჩის 1989 წლის გადაწყვეტილებით, სკოლის კონტიგენტის ფორმირება ტერიტორიული პრინციპით არასამართლიანად ცნეს და სკოლაში ჩარიცხვის უფლება ნებისმიერ უბანში მცხოვრებ ბავშვს მისცეს. თუმცა, უპირატესობა ენიჭებოდა კათოლიკური ოჯახებიდან გამოსულ იმ ბავშვებს, რომლებმაც დაწყებითი კათოლიკური სკოლები დაამთავრეს.

მოსარჩლეთა მტკიცებით, გაზეთმა ყოველგვარი დასაბუთებისა და აუცილებლობის გარეშე დაადანაშაულა კეტრინ ბლერი დაუმსახურებელი პრივილეგიებით სარგებლობასა და სხვათა ხარჯზე სასკოლო ადგილის მოპოვებაში.

პრემიერ-მინისტრი აღიარებდა, რომ პუბლიკაციის ავტორმა საფუძვლიანად შეისწავლა მთავრობის საგანმანათლებლო პოლიტიკა, თუმცა იქვე მიუთითებდა, რომ ამ თემაზე მსჟელობა არ საჭიროებდა მისი ქალიშვილის პირად ცხოვრებაში ჩარევას და მისი სწავლის დეტალების საჟაროდ გამოტანას. მოსარჩლე მიიჩნევდა, რომ პუბლიკაცია იყო ყალბ მსჟელობებზე აგებული და ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის ნორმას, ფაქტების სიზუსტესთან მიმართებაში.

რედაქციამ საპასუხოდ განაცხადა, რომ მათი მხრიდან კრიტიკის მთავარი სამიზნე კეტრინ ბლერისადმი პრივილეგიური მიდგომის საკითხი არ ყოფილა. ჟურნალისტი იკვლევდა რამოდენიმე მშობლის დასაბუთებულ საჩივარს მათი შვილების განათლების პერსპექტივასთან დაკავშირებით. მათ აინტერსებდათ ის, თუ რატომ უთხრეს უარი სკოლაში ჩარიცხვაზე მათ შვილებს მაშინ, როდესაც პრემიერის ქალიშვილი სკოლაში ჩაირიცხა. რედაქცია ასევე აღნიშნავდა, რომ ჟურნალისტმა სკოლის დირექტორთან შეხვედრა სცადა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ინტერვიუზე უარი განაცხადა.

რედაქცია მიუთითებდა იმაზე, რომ არსებობდა მშობელთა მოსაზრება სკოლის პოლიტიკის უსამართლობასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებდნენ, რომ სკოლის ხელმძღვანელობა ბოროტად სარგებლობდა მზარდი პოპულარობით და მიღების პოლიტიკას კულუარულ პრინციპებზე აგებდა.

რედაქტორმა განაცხადა, რომ სკოლაში ჩარიცხვის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ერთ-ერთმა მშობელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ტონი ბლერის ქალიშვილმა „სკოლაში მისი შვილის კუთვნილი ადგილი დაიკავა“. იგივეს იმეორებდნენ სხვა მშობლებიც და გაზეთი მხოლოდ ასახავდა მათ გულისწყრომას. გაზეთი აღწერდა ამ აღშფოთებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა პრემიერის პოლიტიკურ განცხადებას საერთო განათლების სკოლების პრიორიტეტულობის შესახებ. რედაქციას მიაჩნდა, რომ პრემიერის არჩევანი მისი ქალიშვილის სკოლასთან მიმართებაში ეწინააღმდეგებოდა იმ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ლობირებდა და ამის განხილვა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო. გაზეთი თვლიდა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება პრემიერს კრიტიკაზე მაღლა დააყენებდა და დააკანონებდა მისი პირადი ქმედებებისადმი უაპელაციო დამოკიდებულებას.

რაც შეეხება თავად კეტრინ ბლერს, რედაქციამ განაცხადა, რომ მათ მიზნად არ დაუსახავთ მის პირად ცხოვრებაში ჩარევა და ამის მაგალითად მოიყვანა ის ფაქტი, რომ გაზეთს კეტრინ ბლერის ფოტო არ გამოუქვეყნებია. რედაქციის მტკიცებით, რომ არა საზოგადოებრივი ინტერესი, ისინი არასდროს გამოაქვეყნებდნენ მასალას პრემიერის ქალიშვილზე მხოლოდ იმიტომ, რომ ის პრემიერის ქალიშვილი იყო.

მოსარჩლე მხარე მიიჩნევდა, რომ გაზეთისათვის საკმარისი იქნებოდა მიმღები კომისიის კრიტერიუმების გაცნობა. ეს კრიტერიუმები საჟაროდ იყო გამოქვეყნებული და კეტრინ ბლერი მათ აკმაყოფილებდა. მათი მტკიცებით, უსამართლობა იქნებოდა მისთვის უარის თქმა იმ მიზეზით, რომ იგი სხვა რაიონში ცხოვრობდა. მოსარჩლეები აცხადებდნენ, რომ გაზეთს არ ჰქონდა საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ გამოექვეყნებინა სტატია ბავშვზე და მის სასწავლო პროცესზე და მას ამ ბრალდებების ფონზე დაეწყო სწავლა ახალ სკოლაში. არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რაც მის პირად ცხოვრებაში ჩარევას და ნორმალური ცხოვრების წესის უფლების ხელყოფას გაამართლებდა.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ განაცხადა, რომ პრაქტიკის კოდექსის 1 მუხლი ავალდებულებს ჟურნალისტებს, არ მიაწოდონ მკითხველებს ინფორმაცია, რომელიც იქნება დაუზუსტებელი და შეცდომაში შეიყვანს მათ. კოდექსის მე-6 მუხლი გარკვევით ადგენს, რომ ბავშვებს აქვთ სწავლისა და სასკოლო ცხოვრებით სარგებლობის გარანტირებული უფლება და არავის არ შეუძლია საჟარო გახადოს მათი ცხოვრება, თუ არ არსებობს ამის დასაბუთებული აუცილებლობა. პუბლიკაცია ბავშვების პირად ცხოვრებაზე არ უნდა კეთდებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მშობლებს საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა უჭირავთ.

კომისიამ ასევე აღნიშნა მედიის უპირობო უფლება და მოვალეობა, შეისწავლოს და საზოგადოებას გააცნოს მთავრობის პოლიტიკა და საქმიანობა. პოლიტიკოსთა შვილების მოხსენიება ჟურნალისტურ საქმიანობაში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც პოლიტიკოსთა დამოკიდებულება მათ მიმართ რაიმე სახის ზეგავლენას ახდენს მათ საქმიანობაზე და გადაწყვეტილებებზე, ან არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ ოჟახური ფაქტორი პოლიტიკოსთა არაგულწრფელობის მიზეზია. ასეთ შემთხვევებში დასაშვებია გამონაკლისი, რომელიც საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერსით იქნება დასაბუთებული.

კომისიამ აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელი უნიკალური იყო ბრიტანული პრესის პრაქტიკაში, რადგან, ერთის მხრივ, პუბლიკაცია წინააღმდეგობაში მოდიოდა პრაქტიკის კოდექსის 1 მუხლთან, მეორეს მხრივ კი, კომისია ადასტურებდა სტატიაში აღწერილი პრობლემის აქტუალობას და საზოგადოებრივ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში კომისიამ მიუთითა იმაზე, რომ მიუღებელი იყო არა თავად თემა, არამედ ამ თემის ფოკუსირება კონკრეტულ ბავშვზე და მისი სტატიაში იდენტიფიცირება.

კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სტატიის ცენტრალური პერსონაჟი თერთმეტი წლის ბავშვი იყო. კოდექსი მაქსიმალურად არის ორიენტირებული მავნე ზეგავლენისაგან ამ ასაკის ბავშვების დაცვაზე. კეტრინ ბლერის მიმართ გამოთქმული ეჭვი, მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, კომისიამ მისი პირადი ცხოვრების ხელყოფად და კოდექსის მე-6 მუხლის დარღვევად შეაფასა.

კომისიამ იმსჯელა საკითხზე - იყო თუ არა სტატია არაკორექტული მთლიანობაში. კომისიამ მიიჩნია, რომ რედაქციას არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი იმისა, რომ კეტრინ ბლერის მიმართ პრივილეგირებული მიდგომა იყო, თუმცა სტატიაში მისი სახელის არაერთხელ მოხსენიება მკითხველს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ კეტრინ ბლერმა პრივილეგიებით ისარგებლა. ამავე დროს არსებობდა ამ სტატიასთან დაკავშირებული საჯარო კომენტარებიც. მაგალითად, ერთ-ერთი მშობელი აცხადებდა, რომ მას რედაქციაში განუცხადეს, რომ მათ ჰქონდათ დამატებითი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ „დაჯავშნეს“ ბლერებმა ადგილი სკოლაში. ასევე არსებობდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის კომენტარი, რომ პრემიერ-მინისტრი „სპეციალური პრივილეგიით“ სარგებლობდა და კეტრინ ბლერის სკოლაში მოხვედრა ბადებდა ეჭვს სკოლის „კულუარულ“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. გაზეთმა გამოაქვეყნა მხოლოდ ნაწილი იმ განცხადებისა, რომელიც ჰამმერსმიტის თვითმმართველობის საბჭოს პრესსამსახურმა ამ ბრალდებათა საპასუხოდ გააკეთა.

კომისიამ დაადგინა, რომ გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც შეეძლო უარყოფითი ზეგავლენა ექონია კეტრინ ბლერზე და გააკეთა ეს ისე, რომ ამის დამამტკიცებელი არგუმენტი არ გააჩნდა.

მეორე საკითხი, რაზეც კომისიამ საგანგებოდ იმსჯელა, კეტრინ ბლერზე სტატიის ფოკუსირების მიზანშეწონილობა იყო. კომისიამ მიიჩნია, რომ სკოლაში ჩარიცხვის კრიტერიუმებზე მსჯელობა სავსებით შესაძლებელი იყო ისე, რომ ამ პრობლემის პროექცირება კონკრეტულ მოზარდზე არ მომხდარიყო. კეტრინ, ბლერი ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ მოსწავლეთა გარკვეულ რაოდენობას, სკოლაში მიღებაზე უარი ეთქვა. მისი მოხსენიება სტატიაში განპირობებული იყო მისი მშობლების საზოგადოებრივი მდგომარეობით და ამდენად, ეწინააღმდეგებოდა კოდექსის 1 და მე-6 მუხლებს.

კომისიამ ასევე განიხილა რედაქციის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამ საკითხისადმი არსებობდა დასაბუთებული საზოგადოებრივი ინტერესი და რომ მათ სრულიად შეგნებულად არ გამოაქვეყნეს პრემიერის ქალიშვილის ფოტო. კომისიამ აღნიშნა რედაქტორის უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ბავშვის საჯაროდ მოხსენიების თაობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს საზოგადოებრივ ინტერესშია და სტატიის ობიექტურობა მოითხოვს მის დასახელებას, რადგან იგი ამბის ცენტრალური ფიგურაა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, კომისიამ გაუმართლებლად მიიჩნია კეტრინ ბლერის მოხსენიება პუბლიკაციაში, რომელიც განათლების სფეროში მოქმედ სტანდარტებს და კრიტერიუმებს ეხებოდა.

24 იანვარი, 1999

პრემიერ-მინისტრი ბლერი და მისი მეუღლე
დეილი სპორტის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ქალბატონმა ბლერმა მიმართეს. მათ დეილი სპორტში 1999 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატია „სექსუალურად აქტიური ბლერი“ გააპროტესტეს და რედაქცია პრაქტიკის კოდექსის მე-6 (ბავშვები) მუხლის დარღვევაში დაადანაშაულეს.

პუბლიკაცია ილუსტრირებული იყო ფოტო მასალით, რომელზეც აღბეჭდილი იყო პრემიერის ვაჟი ერთ-ერთ წვეულებაზე იმ მომენტში, როდესაც ის გოგონას ცეკვის დროს ჰკოცნიდა. თანდართული ტექსტი და გადაღების რაკურსი მისი პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა.

მოსარჩლის განცხადებით, მის ვაჟს სურათი ნებართვის გარეშე გადაუღეს, რითაც დაირღვა პრაქტიკის კოდექსის მე-6 მუხლის რამოდენიმე ნორმა.

რედაქტორის განცხადებით, წვეულებები დიდი ხანია იქცა ჟურნალ-გაზეთების პუბლიკაციების მუდმივ თემად და რომ ჟურნალისტი ამ წვეულებაზე თავად ორგანიზატორებმა მიიწვიეს. რედაქციამ კომისიას გაუგზავნა წინა წლების პუბლიკაციები ანალოგიურ თემაზე და აღნიშნა, რომ მათზე პრეტენზია აქამდე არ ყოფილა. რედაქცია აცხადებდა, რომ ფოტოები უმცროს ბლერს გადაუღეს არა მისი სოციალური მდგომარეობის გამო და რომ წვეულების ორგანიზატორებს, რომლებიც ღონისძიებაზე მოქმედებდნენ მშობლების სახელით (ინლოცო პარენტის), არ გაუპროტესტებიათ გადაღებები. რედაქტორმა არ გაიზიარა მოსარჩლის მტკიცება, რომ დაირღვა კოდექსის მე-6 მუხლი, რადგან ფოტო ასახავდა არა მოზარდის პირად ცხოვრებას, არამედ მის ქცევას საჯარო ადგილას.

გადაწყვეტილება: სარჩელი დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ პრაქტიკის კოდექსი იცავს მოზარდის უფლებას, მათ შორის ცნობილი და მაღალი მდგომარეობის მქონე მშობლების შვილების, აღიზარდოს ნორმალურ გარემოში, ხელი არ შეეშალოს ყოველდღიურ ცხოვრებაში და დაესწროს წვეულებებს ისე, რომ ამ მოვლენათა „გასაჯაროების“ შიში არ ჰქონდეს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კომისიამ დაადგინა, რომ დაირღვა კოდექსის ნორმა, რადგან ფოტოები უნებართვოდ იყო გადაღებული, ხოლო ბავშვის სახელი მიუთითეს მისი მშობლების საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო.

კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რედაქციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება და დაიცვან ნებართვის აღების აუცილებელი პროცედურა. კომისიის შეფასებით, ამ პუბლიკაციას შეეძლო ზიანი მიეყენებინა მოზარდის პირადი ცხოვრებისა და სასწავლო პროცესისათვის და ზეგავლენა მოეხდინა მის კეთილდღეობაზე.

რაც შეეხება წვეულების ორგანიზატორების პასუხისმგებლობას, კომისიამ განაცხადა, რომ ისინი არ იყვნენ უფლებამოსილნი მიეცათ ან აეკრძლათ გადაღების უფლება, რადგან არ ჰქონდათ რწმუნებულება მშობლებისაგან, ანუ არ მოქმედბდნენ in Loco parentis, მით უმეტეს, რომ კომისიამ არ გამორიცხა მათი კომერციული დაინტერესება.

კომისიამ აღნიშნა, რომ რედაქცია ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ეცადოს, მიიღოს ნებართვა ბავშვის მშობლებისაგან ან უფლებამოსილი პირებისაგან, ხოლო როდესაც ეს შეუძლებელია, უნდა გააჩნდეს საკმარისი არგუმენტები, რათა დაამტკიცოს, რომ მან ყველაფერი იღონა.

კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ წვეულებაზე მყოფი მოზარდებიდან, პუბლიკაციასა და ფოტოზე არავინ იყო იდენტიფიცირებული, გარდა პრემიერ-მინისტრის ვაჟისა, რაც მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ ის პუბლიკაციაში მისი მშობლების საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო მოხვდა. ყოველივე ზემოთქმული კომისიამ კოდექსით დადგენილი ნორმების დარღვევად შეაფასა.

21 დეკემბერი, 1999

'უილკინსონი სანის
(შოტლანდიური დამატება) წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა ქალაქ მილლპორტში მცხოვრებმა ქალბატონმა დ`უილკინსონმა, რომლის შეფასებით, გაზეთ სანში 1998 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატია „ქალბატონი სპონჯი“ იყო მიკერძოებული, დაუსაბუთებელი ჩარევა მისი შვილების პირად ცხოვრებაში, დამამცირებელი და შეიცავდა უზუსტობებს. მომჩივანმა გაზეთი პრაქტიკის კოდექსის 1 (სიზუსტე); მე-6 (ბავშვები) და მე-13 (დისკრიმინაცია) მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა.

სტატია შეეხებოდა სოციალური დახმარების პოლიტიკას, რომელიც ადგილობრივი მმართველობის მსჯელობის საგანი იყო და მოსარჩლის მიერ სახელმწიფოსაგან მიღებული დახმარების ოდენობას. სტატიაში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ სოციალური პოლიტიკის შედეგად, „იმათთან შედარებით, ვინც მუშაობს“ მოსარჩლის ოჯახი უკეთეს პირობებში იმყოფებოდა.

მოსარჩლე ასევე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი დათანხმდა ინტერვიუს მიცემას, მაგრამ მისი შვილების ფოტოებისა და სახელების გამოქვეყნებაზე ჟურნალისტისათვის ნებართვა არ მიუცია. ფოტოები, რომლებიც ბავშვებს ტაქსში ჩაჯდომის დროს გადაუღეს, გაზეთმა გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, მისი შვილები სკოლაში ხულიგნური თავდასხმის ობიექტებად იქცნენ.

რედაქციის აზრით, სტატიაში ოჯახური დეტალების აღწერა გამართლებული იყო, რადგან სოციალური დახმარების პოლიტიკის შესაფასებლად ასეთი დეტალების ცოდნა მკითხველს სწორი დასკვნების გაკეთების საშუალებას მისცემდა.

მოსარჩლის მტკიცებით, გაზეთმა დაარღვია კოდექსის 1 და მე-13 მუხლები, როდესაც დაწერა, რომ სოციალურმა სამსახურებმა მის ბავშვებს საგანგებოდ გამოუყვეს ტაქსი, რათა მათ გაკვეთილები არ გაეცდინათ და რომ ქალბატონ უილკენსს კვირაში სამჯერ საცხოვრებელი ბინის მოვლაში ეხმარებიან. მომჩივანმა განაცხადა, რომ სტატიაში გამოყენებული ფრაზა „ეპილეპტიკი უილკენსი“ მისთვის დამამცირებელი და შუერაცხმყოფელი იყო.

საპასუხოდ რედაქციამ განაცხადა, რომ სტატიაში განხილული იყო ის შემწეობები, რომელთაც ეს ოჯახი ღებულობდა და გადმოცემული იყო როგორც საკუთრივ ამ ოჯახის, ასევე მათი მეზობლების აზრი აღნიშნულ საკითხზე. სტატიას საფუძვლად დაედო გარკვეულ მოქალაქეთა პოზიცია, რომ უილკინსების ოჯახის დახმარება პრეფერენციულ ხასიათს ატარებდა. რედაქციამ ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია ტაქსით მომსახურებაზე ჟურნალისტმა ადგილობრივი მოხელისაგან შეიტყო. რაც შეეხება დამატებით დახმარებას და უფროსი ვაჟის სწავლას სპეციალურ სკოლაში _ ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია თავად ქალბატონ უილკენსისგან მიიღო, რომელმაც ეს ფაქტი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა. რედაქციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტატიაში ქალბატონ უილკენსის ავადმყოფობის მოხსენიება ამ გარემოებით აიხსნებოდა, ხოლო ბავშვების ფოტო გამოქვეყნდა იმიტომ, რომ მკითხველს თავად ენახა ტაქსით მომსახურების ფაქტი და გაეკეთებინა დასკვნა. მას შემდეგ, რაც მომჩივანმა კომისიას წარუდგინა მისი შვილების აკადემიური მოსწრების ფურცელი, რედაქციამ გამოთქვა მზადყოფნა, გამოექვეყნებინა შესწორება და ბოდიში მოეხადა სტატიაში გამოყენებული ფაქტების ნაწილზე. მოსარჩლემ ეს წინადადება არ მიიღო.

რედაქცია მიიჩნევდა, რომ რაკი მოსარჩლე იღებდა დახმარებას მისი ავადმყოფობის გამო, ეს ამართლებდა სტატიაში ამ ავადმყოფობის აღნიშვნის ფაქტს.

გადაწყევეტილება: კომისიამ მხარი დაუჭირა მოსარჩლის პრეტენზიას კოდექსის მე-6 - მუხლთან დაკავშირებით და უარყო პრეტენზიები 1 და მე-13 მუხლებთან მიმართებაში.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო და ბუნებრივად უკავშირდებოდა კონკრეტული ბავშვების სახელებს, მათი დაკონკრეტება არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. კომისიის შეფასებით, ეს კოდექსის მე-6 მუხლის უხეში დარღვევაა, რადგან ეს მუხლი საგანგებოდ იცავს ბავშვებს და ამდენად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

კომისიამ კმაყოფილება გამოთქვა გაზეთის მზადყოფნის გამო, გამოექვეყნებინა შესწორება ბავშვების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ადეკვატური ზომა კოდექსის 1 მუხლთან მიმართებაში.

სარჩელის უმეტესი ნაწილი, კომისიის შეფასებით, სოციალური დახმარების ოდენობას და მიზანშეწონილობაზე გაზეთისა და ადგილობრივი მოხელის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს შეეხებოდა. სტატიაში თანაბარი ადგილი ჰქონდა დათმობილი საპირისპირო მოსაზრებას, მკაფიოდ იყო გამიჯნული ერთმანეთისაგან ფაქტი და კომენტარი, ხოლო თავად სოციალური დახმარების პოლიტიკისა და მასზე გამოთქმული მოსაზრებების განსჯა, კომისიის ამოცანას არ წარმოადგენდა.

რესპონდენტის ავადმყოფობის ფაქტის სტატიაში აღნიშვნა, კომისიის შეფასებით, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ამისათვის მოსარჩლე სახელმწიფო შემწეობას იღებდა. ავტორმა მისი ავადმყოფობა სტატიაში მოიყვანა, როგორც ფაქტი. ასევე აღინიშნა, რომ რესპონდენტი თავად საუბრობდა თავისი ცხოვრების დეტალებზე, ამდენად კომისიამ მე-13 მუხლის დარღევეა, ამ კონკრეტულ პუბლიკაციაში, ვერ დაინახა.

ამის შემდგომ კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (შეცდოამაში შეყვანა) მუხლებიდან გამომდინარე მოსარჩლემ წამოაყენა დამატებითი პრეტენზიები. ქალბატონმა უილკინსონმა განაცხადა, რომ სტატიაში აღწერილი ამბავი მის პირად ცხოვრებაში ჩარევა იყო და რომ ჟურნალისტმა ის ინტერვიუზე დაითანხმა იმ პირობით, რომ პუბლიკაცია მისი მხარდაჭერის მიზნით დაიწერებოდა.

კომისიამ მომჩივანის ეს პრეტენზიები არ გაიზიარა, რადგან ქალბატონი უილკინსონისათვის გაწეული სოციალური დახმარების ოდენობა ისედაც კამათის საგანი იყო. ამ საკითხისადმი საზოგადოების ინტერესი არსებობდა და ამდენად, მის პირად ცხოვრებაში ჩარევად ვერ ჩაითვლებოდა, ხოლო ჟურნალისტს მისთვის არ დაუმალავს, რომ ის ჟურნალისტი იყო.

9 დეკემბერი, 1998

ბატონი ბლეიკი ბედფორშირ ონ სანდეის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა ჰასტინგსბერის სკოლისა და სათემო კოლეჯის თავმჯდომარემ ბატონმა ბლეიკმა, რომელმაც ბედფორდშირ ონ სანდეიში 1998 წლის მარტში გამოქვეყნებული სტატია გააპროტესტა და ის პრაქტიკის კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მე-6 (ბავშვები) და მე-9 (საავადმყოფოები)[10] მუხლების დარღვევად შეაფასა.

მოსარჩლის განცხადებით, სტატია, სათაურით „დაშინებულმა გოგონებმა აბებით მოიწამლეს თავი“ გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც გაზეთის კორესპონდენტი ბავშვებს საავადმყოფოში ესაუბრა, ხოლო მოგვიანებით, გაზეთის კორესპონდენტი სკოლის მოსწავლეებს უშუალოდ კოლეჯის ტერიტორიაზე გაესაუბრა.

სტატია შეეხებოდა ინციდენტს, რომლის დროსაც სკოლის სამმა მოსწავლემ მედიკამენტების დიდი დოზა მიიღო. ბავშვების ასაკი თოთხმეტ წელს არ აღემატებოდა. მოსარჩლის მტკიცებით, ბავშვებს კორესპონდენტთან საუბარი არ სურდათ. ჟურნალისტმა ბავშვებს აღუთქვა, რომ პუბლიკაციაში მათ სახელებს არ მიუთითებდა. აღნიშნულმა სტატიამ ბავშვები სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდო, რის გამოც ერთ-ერთი ბავშვის დედამ რედაქციას საჩივრითაც მიმართა. მიუხედავად ამისა, გაზეთმა მისი ქალიშვილის სახელი შემდგომ პუბლიკაციაში კვლავ მოიხსენია. სწორედ ამ გოგონას მიაკითხა ჟურნალისტმა განმეორებით საავადმყოფოში ისე, რომ პალატაში შესვლის უფლების მოსაპოვებლად, საავადმყოფოს ხელმძღვანელობისათვის საკუთარი ვინაობა არ გაუმჟღავნებია. ჟურნალისტები განაგრძობდნენ ბავშვების გამოკითხვას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ერთ-ერთმა მოსწავლემ განაცხადა, რომ მას ინფორმაციის სანაცვლოდ სიგარეტიც კი შესთავაზეს.

რედაქტორის განცხადებით, ბავშვების საჯაროდ იდენტიფიცირებისათვის ნებართვის მიღება გაზეთს სავალდებულოდ არ მიუჩნევია და რომ ასეთი ნებართვა, მათი აზრით, მხოლოდ იმ შემთხვევებში ესაჭიროებათ, როდესაც საქმე არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღწერას ეხება. რედაქტორი აცხადებდა, რომ მისი კორესპონდენტები რეგულარულად ღებულობდნენ მითითებებს ინფორმაციის კანონიერად მოპოვების აუცილებლობაზე, რაც ბავშვებისგან ინფორმაციის მოპოვების წესების დაცვასაც გულისხმობს. თუმცა, მშობლების თანხმობის აუცილებლობაზე, ისინი ინფორმირებული არ ყოფილან. მისივე განცხადებით, ორი მოსწავლის მშობელი ჟურნალისტს გარკვეული დისტანციიდან გაესაუბრა, რაც რედაქტორის აზრით, უსიტყვო თანხმობად შეიძლებოდა შეფასებულიყო. რაც შეეხება ჟურნალისტს, რედაქტორმა განაცხადა, რომ მან ეს ბავშვები სრულიად შემთხვევით ნახა, როდესაც მისი მეგობრის შვილის მოსანახულებლად მივიდა საავადმყოფოში და ასევე შემთხვევით აღმოჩნდა პალატაში, რომელშიც აღნიშნული სკოლის მოსწავლეები მკურნალობდნენ. რედაქტორის განცხადებით, ჟურნალისტი მოიქცა სწორად, როდესაც არ გაესაუბრა ბავშვს პირველივე შეხვედრის დროს და მათ მშობლებისთვის გადასაცემად საკუთარი სავიზიტო ბარათი დაუტოვა. ამავე დროს რედაქციის თქმით, პალატაში მყოფმა მოსწავლეებმა ჟურნალისტს განუცხადეს, რომ მათი ასაკი თექვსმეტ წელს აღემატებოდა. რაც შეეხება ბავშვებთან გასაუბრებას სკოლის წინ, რედაქტორის თქმით, სკოლის ეზოში, შესვენების დროს ჟურნალისტებს ბავშვების ჯგუფი შემოეხვია და რომ სიგარეტი ჟურნალისტს მანქანიდან სწორედ ამ ჯგუფიდან ერთ-ერთმა ამოაცალა.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიის განცხადებით, პრაქტიკის კოდექსის მე-6 და მე-9 მუხლები, ასევე მე-3 მუხლი მკაფიოდ ადგენს, რომ ჟურნალისტმა განუხრელად უნდა დაიცვას ბავშვებისა და ავადმყოფების ინტერესები.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიამ დაადგინა, რომ ჟურნალისტმა არ დაიცვა კოდექსის ნორმა, როდესაც სკოლის ხელმძღვანელობას არ შეუთანხმა ბავშვებთან შეხვედრის ფაქტი და არ მიიღო მათი თანხმობა. ასევე დაირღვა კოდექსის ნორმა, როდესაც ჟურნალისტი საავადმყოფოს პალატაში აწარმოებდა გამოკითხვას. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა შემთხვევით მოხდა, კოდექსის თანხმად, ჟურნალისტს ბავშვებთან გასაუბრებაზე ნებართვა საავადმყოფოს ხელმძღვანელობისგან უნდა აეღო.

3 ოქტომბერი, 1998

მაიკლ უილიამსი მირორის წინააღმდეგ

საჩივარი: მაიკლ უილიამსის ადვოკატმა საბჭოს 1996 წლის 18 ოქტომბერს მირორში გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩივლა. პუბლიკაცია შეეხებოდა თინეიჯერ მკვლელს ლირკო ჩინდამოს. სტატიაში ავტორმა გამოიყენა დამნაშავის ყოფილი მეგობრის, მოსარჩლის 14 წლის ქალიშვილის მონათხრობი ჩინდამოს ბანდის მოღვაწეობის შესახებ.

მომჩივანის განცხადებით, ჟურნალისტმა, რომელიც საინფორმაციო სააგენტოსთვის მუშაობდა და არა დეილი მირორისთვის, არასათანადოდ წარადგინა თავი მომჩივანის ქალიშვილთან, რომელმაც მკაფიოდ უთხრა ჟურნალისტს, არ მოეხდინა სტატიაში მისი ვინაობის იდენტიფიცირება. ბატონმა უილიამსმა გაზეთი პრაქტიკის კოდექსის მე-4 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მე-7 (შეცდომაში შეყვანა), მე-8 (შევიწროება) და მე-6 (ბავშვები) მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა.

მომჩივანის თქმით, მისმა ქალიშვილმა მანამდე მისცა ჟურნალისტს ინფორმაცია (მათ შორის თავისი სახლის მისამართი), ვიდრე მისი პროფესიის შესახებ შეიტყობდა. ბ-ნმა უილიამსმა განაცხადა, რომ ჟურნალისტმა რამდენჯერმე დაურეკა გოგონას და სახლშიც შეუარა მას, თავად გოგონაც შეეხმიანა ჟურნალისტს და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დაეცვა მისი ანონიმურობა. იმავე სატელეფონო საუბრის დროს ჟურნალისტის შეთავაზებაზე, თანხის საზღაურად დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა გაზეთისათვის, გოგონამ უარი განაცხადა. განმეორებითი სატელეფონო ზარების შემდეგ კი მეურვემ აუკრძალა ჟურნალისტს გოგონასთან კონტაქტი.

რედაქციამ განაცხადა, რომ სტატია ახალი ამბების სააგენტოს მიერ იყო მომზადებული, რომელსაც თავდაპირველად განზრახული ჰქონია სტატიიდან გოგონას სახელის ამოღება, რაც მათ მოგვიანებით მხედველობიდან გამორჩათ.

გადაწყვეტილება: საჩივარი დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: შეცდომაში შეყვანისა და შევიწროების ბრალდებასთან დაკავ- შირებით კომისიამ დაასკვნა, რომ ამ ორი პუნქტის განსახილველად საკმარისი სამხილი არ არსებობდა. შესაძლოა, ინტერვიუს მიცემის დროს 14 წლის გოგონა მთლიანად ვერ აფასებდა სიტუაციას, მაგრამ მას დანამდვილებით უნდა სცოდნოდა, რომ რეპორტიორთან ჰქონდა საქმე, რამდენადაც მან სთხოვა ჟურნალისტს სტატიაში მისი სახელი და გვარი არ მოეხსენებინა.

რაც შეეხება საჩივრის დანარჩენ პუნქტებს, კომისიამ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რეპორტიორმა ინფორმაცია გოგონას არასრულწლოვანი მეგობრებისგან შეიტყო. იგი აგრეთვე აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ რესპოდენტთან პირველი საუბარი მეურვის ნებართვის გარეშე შედგა.

კომისია დაეთანხმა მოსარჩლის შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ 14 წლის გოგონამ ვერ შეაფასა მოსალოდნელი საფრთხე და განაცხადა, რომ გაზეთს სააგენტოში უნდა გადაემოწმებინა, ჰქონდა თუ არა რეპორტიორს გოგონას მშობლების ან მეურვის თანხმობა.

კომისიამ აღიარა, რომ გაზეთი ნდობით მოეკიდა სააგენტოს მიერ მოწოდებულ მასალას და აღარ ჩაატარა დამატებითი გამოძიება იმის თაობაზე, თუ რა გარემოებებში მოხდა ინფორმაციის მოპოვება. ამიტომ მან სთხოვა გაზეთის ხელმძღვანელობას განსაკუთრებული ყურადღება მიექცია ბავშვებისაგან ინტერვიუს აღების პროცედურისათვის.

18 ოქტომბერი, 1996

________________________

[10] 9. საავადმყოფოები: 1) ჟურნალისტებმა და ფოტორეპორტიორებმა უნდა მოახდინონ საკუთარი ვინაობის იდენტიფიცირება საავადმყოფოებისა და სხვა სამკურნალო დაწესებულებების პასუხისმგებელ პირებთან და მათი თანხმობის გარეშე არ შევიდნენ არასაჯარო ტერიტორიაზე.

2) პირად ცხოვრებაში შეჭრის შეზღუდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავადმყოფოებსა და სხვა სამკურნალო დაწესებულებებში მყოფ ინდივიდებთან მიმართებაში.

4.9 7. შეცდომაში შეყვანა

▲ზევით დაბრუნება


პოლინ გრინი დეილი ექსპრესის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა ევროპარლამენტის წევრის პოლინ გრინის ადვოკატმა ქალბატონმა ტრამპსმა და დეილი ექსპრესი კოდექსის მე-11 მუხლის (შეცდომაში შეყვანა) დარღვევაში დაადანაშაულა.

სარჩელის თანახმად, უცნობი პირი ტელეფონით დაუკავშირდა ქალბატონ გრინის ერთ-ერთ მეზობელს და თავი წარუდგინა როგორც ბატონმა სოპერმა. უცნობის თქმით, იგი აწარმოებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევას ავტომფლობელობის საკითხებთან დაკავშირებით და მეზობელს ქალბატონ გრინის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის შესახებ ინფორმაცია სთხოვა. მეზობელმა მას აცნობა, რომ პარლამენტის წევრს ჰყავდა ავტომობილი ფოლკსვაგენ-კამპერი. ეს ინფორმაცია მეორე დღესვე გამოქვეყნდა ექსპერსში.

ამავე სარჩელის თანახმად, ვინმე სოპერმა მისი პოლიტიკური მრჩევლის მეუღლესაც დაურეკა და გამოჰკითხა დეტალები კუნძულ კვიპროსზე გამართული მისი საქორწინო ცერემონიალის შესახებ. ექსპრესში ეს ინფორმაციაც დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა.

მოსარჩლეთა შეფასებით, გაზეთმა დაარღვია კოდექსის ნორმები, როდესაც რესპონდენტებს დაუმალა საუბრის ნამდვილი მიზანი. მათივე განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მოპოვება ღიადაც შეიძლებოდა, საზოგადოებრივი ინტერესის საგანს არ წარმოადგენდა.

რედაქციამ პასუხად განაცხადა, რომ ჟურნალისტი სახელად სოპერი მათ შტატში საერთოდ არ ირიცხებოდა და მასალა საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით მომზადდა. რედაქციამ ასევე მიუთითა კოდექსის ნორმაზე, რომელიც მათ საინფორმაციო წყაროს კონფიდენციალურობის დაცვას ავალდებულებს. რედაქციამ აღნიშნა ისიც, რომ მოგვიანებით გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც მიუთითა ინფორმაციის მოპოვების მეთოდი და ამდენად მათი დადანაშაულება კოდექსის მე-11 მუხლის დარღვევაში, არასწორი იქნებოდა. რედაქციის აზრით, საზოგადოებრივი ინტერესი ამ საკითხისადმი არსებობდა, რადგან გრინი ევროპარლამენტში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი იყო და თავის მოღვაწეობას ამ ორგანოში ბრიტანელი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ახორციელებდა.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ რედაქციის ყურადღება გაამახვილა კოდექსის პრეამბულის იმ ნაწილზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „რედაქტორებმა და გამომცემლებმა უნდა უზრუნველყონ კოდექსის მოთხოვნათა შესრულება ყველა იმ პირის მიერ, რომელიც მათ გაზეთს ემსახურება და პუბლიკაციებთან არის დაკავშირებული, იქნება ეს შტატიანი თუ შტატგარეშე თანამშრომელი“.

კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში კომისიამ აღნიშნა, რომ მეთოდი, რომელიც გაზეთმა ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენა იყო დასაბუთებული, რადგან საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარეობდა. საკითხი საზოგადოებრივი ფონდების ხარჯვას შეეხებოდა და ამდენად, მკითხველს სრული უფლება ჰქონდა, ამომწურავი ინფორმაცია მიეღო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

23 აპრილი, 1999

ემმა მენსონი მსოფლიო ახალი ამბების წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა ქალბატონმა ემმა მენსონმა, რომელმაც გაასაჩივრა მსოფლიო ამბებში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „სატანის კრებული - ცოდვის კერაა“. მომჩივანმა პუბლიკაცია პრაქტიკის კოდექსის 1 (სიზუსტე), პირველი მუხლის მე-4 პუნქტის (კომენტარის, მოსაზრების და ფაქტის გამიჯვნა), მე-13 (დისკრიმინაცია), მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-11 (შეცდომაში შეყვანა) მუხლების დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ სტატია იყო მიკერძოებული და შეურაცხყოფდა მის რელიგიურ გრძნობებს.

სტატია დაწერა ავტორმა, რომელიც თავის კოლეგასთან ერთად საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მუშაობდა და რომელმაც აღნიშნულ კრებულს, რიტუალზე შეღწევის მიზნით, საკუთარი თავი მათ მიმდევარად წარუდგინა. სტატიაში აღწერილი იყო ორგიები, შავი მაგიის და სხვა არაბუნებრივი რიტუალები, რომლებშიც ალქაჯები მონაწილეობდნენ. პუბლიკაციაში „საზარელ რიტუალებში“ მონაწილენი დახასიათებული იყვნენ, როგორც „სატანის მსახურნი“.

მოსარჩლე უარყოფდა ამგვარ ქმედებებში მონაწილეობას და აცხადებდა, რომ ის არ იყო შავი მაგიის მიმდევარი, რიტუალის დროს ტანზე არ გაუხდია და საერთოდ, არაფერი იცოდა სტატიაში მოხსენიებულ ადამიანებსა და ადგილებზე.

რედაქციამ განაცხადა, რომ ჟურნალისტმა გამოიკვლია საკითხი და მოსარჩლესაც ესაუბრა კრებულის წევრთა შესახებ. ამ საუბრებიდან ჟურნალისტმა გაარკვია, რომ ურცხვი ქმედებები დამახასიათებელი იყო აღნიშნული კრებულისათვის და თავადაც იხილა სექსუალური სცენები იქ გამართულ ორგიაზე.

რედაქციის შეფასებით, ჟურნალისტის მიერ პროფესიის არგამხელა, ამ შემთხვევაში აუცილებლობა იყო, რადგან სხვა გზით ის ამ კრებულში ვერ შეაღწევდა, ამდენად, ჟურნალისტს არ დაურღვევია კოდექსის მე-11 მუხლის ნორმა. ჟურნალისტს უნდა გამოეყენებინა ეს გზა, რათა შეემოწმებინა ამ კრებულის უმაღლესი ქურუმის იმ განცხადებების შესაბამისობა სინამდვილესთან, რომელიც ქურუმმა რამოდენიმე ხნით ადრე საჯაროდ გააკეთა ინტერვიუში. რედაქცია არ იზიარებდა მოსარჩლის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მისი სახელის მოხსენიება ამ სტატიაში უსამართლო იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტატიიდან ჩანდა, რომ ქალბატონი მთელ რიტუალს არ დასწრებია.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ მიიჩნია, რომ დამკვიდრებული საზოგადოებრივი აზრი არ განასხვავებს ჯადოქრობას და შავ მაგიას სატანის მსახურებისაგან. ეს ტერმინები ხშირად სინონიმებადაც კი იხმარება და მათი ამ კონტექსტში მოხსენიება არ ეწინააღმდეგება კოდექსის ნორმებს. კომისიამ ასევე ჩათვალა, რომ ჟურნალისტის მიერ საკუთარი პროფესიის არგამხელა აუცილებელი იყო ამ რიტუალზე შეღწევისათვის.

კომისიამ აღნიშნა, რომ რადგან მოსარჩლე ქალბატონი მონაწილეობდა ამ რიტუალში, მისი სახელის მოხსენიება სტატიაში არ შეიძლებოდა შეფასებულიყო პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელ ჩარევად.

კომისიამ ცნობად მიიღო მოსარჩლის უარყოფა ორგიების ფაქტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს იყო ჟურნალისტის ხედვა, რომელიც რიტუალის მონაწილეთა სიშიშვლის გამო, იქ მყოფ ჟურნალისტს ჩამოუყალიბდა. კომისიამ აღნიშნა ის წინააღმდეგობა, რომელიც შავი მაგიის ფაქტის დადგენას უკავშირდება, თუმცა ამ კონკრეტულ პუბლიკაციასთან მიმართებაში გადაწყვიტა, რომ სტატიაში აღწერილი იყო ქმედება, რომელიც შეიძლებოდა აღქმული ყოფილიყო, როგორც მაგიური რიტუალი.

27 ოქტომბერი, 1996

მამაკაცი ობზერვერის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა ტვიდელში მცხოვრებმა მამაკაცმა, რომელმაც განაცხადა, რომ ჟურნალისტმა შეცდომაში შეყვანის გზით მოიპოვა ინფორმაცია და 1998 წლის ივლისში გაზეთ ობზერვერში გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „იარაღის ოსტატმა შეიარაღების შეჯიბრში წარმატებას მიაღწია“. მოსარჩლის შეფასებით, ჟურნალისტმა დაარღვია პრაქტიკის კოდექსის მე-11 (შეცდომაში შეყვანა) მუხლი, ფოტოები, რომელიც გაზეთმა გამოაქვეყნა, მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-4 (შევიწროება) მუხლების დარღვევას წარმოადგენდა.

სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ოსტატი მუშაობდა რევოლვერის მარკაზე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ 1997 წლის აქტი არ ითვალისწინებდა და რომ ხელისუფლება ასეთი იარაღის ამოღებაზე მუშაობდა. ფოტოებზე გამოსახული იყო ოსტატი, რომელიც ხელჯოხს იქნევდა.

მოსარჩლე ოსტატმა განაცხადა, რომ მას ტელეფონით დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი იარაღის მოყვარულად გააცნო. მოგვიანებით მათი საუბრის დეტალები გაზეთში გამოქვეყნდა. საღამოს, როდესაც აღნიშნული პიროვნება მოსარჩლეს სახლში ფოტოკორესპონდენტის თანხლებით ესტუმრა, მხოლოდ ამის მერე გახდა ცნობილი მოსარჩლისათვის, რომ ჟურნალისტთან ჰქონდა საქმე. ფოტოებიც სწორედ მის სახლში გადაიღეს, რამაც მოსარჩლე წყობიდან გამოიყვანა, სურათებზე სწორედ მისი ეს მდგომარეობა იყო ასახული.

მოსარჩლე აღიარებდა, რომ შესაძლოა მისი საქმიანობა საზოგადოებრივი ინტერესის საგანი ყოფილიყო, თუმცა ინფორმაციის მოსაპოვებლად მისი შეცდომაში შეყვანა და ვინაობის არგამხელა, მოსარჩლის მტკიცებით, აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ამის დასტური იყო გაზეთ სკოტლენდ ონ სანდეისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც მოსარჩლე დაუფარავად საუბრობდა თავის საქმიანობაზე. მან განაცხადა, რომ მზად იყო ესაუბრა ამ ჟურნალისტთანაც, ამ უკანასკნელს ნორმალურად რომ მიემართა მისთვის.

რედაქციამ პასუხად განაცხადა, რომ მაღალი რანგის მოხელემ ჟურნალისტთან საუბრისას გამოთქვა შეშფოთება, რომ ადგილი ჰქონდა კანონისათვის გვერდის ავლის მცდელობას. ჟურნალისტმა გადაწყვიტა ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა და გაზეთ სკოტლენდ ონ სანდეიში მოსარჩლის სახელს წააწყდა. მოსარჩლესთან პირველი ზარი, რედაქციის განცხადებით, პიროვნების იდენტიფიცირებას ისახავდა მიზნად და „შეცდომაში შეყვანის ერთგვარი მსუბუქი“ ფორმა იყო. კორესპონდენტს „არ ეგონა, თუ თავისი პროფესიული კუთვნილების გამხელის შემთხვევაში, მოსარჩლე მას ცეცხლსასროლ იარაღზე მუშაობის ფაქტს გაუმხელდა“, - განაცხადა რედაქციამ. გაზეთი კომისიის ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩლის სახლში შესვლისთანავე, ჟურნალისტმა თავის ვინაობა გაამჟღავნა.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ გაიზიარა მხარეთა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საკითხი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო. ამავე დროს კომისიამ აღნიშნა, რომ მისი განსჯის მთავარი თემა იყო ის, დაირღვა თუ არა კოდექსის ნორმა შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით და არსებობდა თუ არა ინფორმაციის მოპოვების სხვა გზა.კომისიამ აღნიშნა, რომ გაზეთს არ უცდია ინფორმაციის სხვა გზით მოპოვება და პირდაპირ შეცდომაში შეყვანის „მსუბუქი“ ფორმა გამოიყენა, როგორც ამას თავად გაზეთი აფასებდა. რედაქციამ ვერ წარმოადგინა იმის მტკიცებულებები, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ეს ერთადერთი აუცილებელი საშუალება იყო.

ფოტოპუბლიკაციებთან დაკავშირებით, კომისიამ განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში ანუ კერძო ტერიტორიაზე ფოტოგადაღება დასაშვებია მხოლოდ მფლობელის ნებართვით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ფოტოზე ასახული მოსარჩლე იმყოფებოდა საკუთარი სახლის წინ არსებულ ბაღში, კარები იყო ღია და მას საჯარო ყურადღებისაგან დაცულობის გონივრული მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა. მიუხედავად ამისა, კომისიამ დაუშვებლად მიიჩნია ამ ფოტოების გამოქვეყნება, რადგან მასზე ასახული იყო აღელვებული მოსარჩლე, ხოლო მისი აღელვების პროვოცირება თავად ჟურნალისტებმა მოახდინეს.

12 ივლისი, 1998

რკინიგზის კომპანიაინდიფენდენტის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა რკინიგზის კომპანიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბატონმა კევინ გროუვსმა და განაცხადა, რომ გაზეთ ინდიფენდენტში 2002 წლის იანვარში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „რა შემომთავაზეს პირველი გვერდის სტატიის სანაცვლოდ?“ ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-11 (შეცდომაში შეყვანა) და 1 (სიზუსტე) მუხლებს.

სტატიის ავტორები იკვლევდნენ გავრცელებულ ცნობას იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთი ცნობილი მწერალი, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, საქებარ სტატიებს აქვეყნებდა თამბაქოს კომპანიების სასარგებლოდ. ინდიფენდენტის ჟურნალისტმა გადაწყვიტა ჟურნალისტური გამოძიება ჩაეტარებინა, რათა გაერკვია, ხომ არ მიმართავენ იგივე ხერხს სხვა კომპანიებიც, რომელთაც საზოგადოებაში არც თუ ისე სახარბიელო იმიჯი აქვთ. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ რკინიგზის კომპანიის თანამშრომელი ქალბატონი, რომელმაც ტელეფონს უპასუხა და მოისმინა ჟურნალისტის შეთავაზება, აღშფოთებული და შოკირებული ჩანდა, თუმცა ჟურნალისტს განუცხადა, რომ მოგვიანებით დაუკავშირდებოდა.

მოსარჩლემ აღნიშნა, რომ ჟურნალისტს საკუთარი ვინაობა არ დაუმალავს, თუმცა იცრუა, რომ მზად იყო, ფარული გარიგების საფუძველზე და საზღაურის სანაცვლოდ დაეწერა პოზიტიური სტატია კომპანიაზე. კომპანიის ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რედაქციას და მომხდარის შესახებ შეატყობინა. მოგვიანებით თავად ჟურნალისტი დაუკავშირდა კომპანიის პრესსამსახურს და ბოდიში მოუხადა. მან აუხსნა პრესმოხელეს თავისი განზრახვა და სატელეფონო ზარის მიზანი. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გამოქვეყნდა საკმაოდ კეთილგანწყობილი და ერთგვარად მხიარული მასალა, კომპანიამ მიიჩნია, რომ სტატიაში დაშვებული იყო უზუსტობა, რომელიც კოდექსის ნორმას ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, პუბლიკაციაში იმის აღნიშვნა, რომ ჟურნალისტს „მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ“, მკითხველს შეეძლო აღექვა ისე, თითქოს კომპანია ასეთ ურთიერთობას არ გამორიცხავდა.

რედაქციის შეფასებით, „ჟურნალისტი ასრულებდა მის მოვალეობას“ და ამდენად, მან არ გაიზიარა შეცდომაში შეყვანის ბრალდება. რედაქციამ განმარტა, რომ კომპანიის თანამშრომელმა ნამდვილად უთხრა ჟურნალისტს, რომ მას მოგვიანებით დაუკავშირდებოდნენ, მაგრამ რაიმე მინიშნება კომპანიის სახელით წერილის გამოქვენებაზე არ ყოფილა.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი დაუჭირა.

მოტივაცია: მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩლის მიერ აღწერილი სიტუაცია ტრივიალურად გამოიყურება, კომისიამ მიიჩნია, რომ ეს არის პრინციპიული საკითხი, რომელიც ჟურნალისტის მიერ ინფორმაციის მოპოვების მეთოდებს უკავშირდება.

კომისიამ აღნიშნა, რომ გაზეთს შესაძლოა იუმორისტული მოტივები ამოძრავებდა- და კომისიამ მართლაც დაინახა იუმორის ელემენტი ამ პუბლიკაციაში-კომპანიის პრესსამსახურის შეცდომაში შეყვანას ადგილი მაინც ჰქონდა. არ არსებობდა დასაბუთებული საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაზეთის ამ ნაბიჯს გაამართლებდა. კომისიამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მიუხედავად კომპანიის მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯისა, მკითხველს შესაძლოა გასჩენოდა აზრი, რომ კომპანია არ გამორიცხავდა იმ გარიგებაში შესვლას, რომელსაც ჟურნალისტი თუნდაც „განგებ“ სთავაზობდა.

29 იანვარი, 2002

ვარუნ შინგარიმსოფლიო ახალი ამბების წინააღმდეგ

სარჩელი: კომისიას საჩივრით მიმართა ბატონმა ვარუნ შინგარიმ, რომლის შეფასებით, 2001 წლის 28 იანვარს მსოფლიო ახალ ამბებში გამოქვეყნებული სტატია ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-11 მუხლს (შეცდომაში შეყვანა).

ბატონმა შინგარიმ განაცხადა, რომ სტატიაში არასწორად იყო აღწერილი მისი სამუშაოზე აყვანის ისტორია. სტატიის თანახმად, პარლამენტის წევრმა კეი ვაზმა ბატონ შინგარს არაობიექტური სარეკომენდაციო წერილი მისცა, რომელიც ამ უკანასკნელმა სამუშაოზე მოწყობის დროს გამოიყენა. ბატონმა შინგარიმ სარჩელს დაურთო დოკუმენტი, რომლის თანახმად, მას სამუშაოზე აყვანის დროს კეი ვაზის რეკომენდაცია საერთოდ არ გამოუყენებია. ბატონმა შინგარიმ ასევე წარმოადგინა აზიელი ბიზნესმენების ორგანიზაციის წერილი, რომლის თანახმად, „ბატონი შინგარი უშუალოდ თანამშრომლობდა ბატონ ვაზთან“ და პარლამენტის წევრის საარჩევნო აგენტის წერილი, სადაც ნათქვამი იყო, რომ „სარეკომენდაციო წერილი გაიცა ღიად და დამსახურებულად“.

ბატონი შინგარი თავის საჩივარში აღწერდა მოვლენებს, რომლებიც წინ უძღოდა პუბლიკაციას. მისი განცხადებით, მამამისმა სახლის კარი გაუღო მოქალაქეს, რომელმაც განაცხადა, რომ სურდა შეხვედროდა და დალაპარაკებოდა ბატონ ვაზს სამსახურის დაწყების თაობაზე. ბატონმა შინგარიმ განუცხადა უცნობს, რომ ახლოს არ იცნობდა ბატონ ვაზს და ის მხოლოდ ერთხელ ჰყავდა ნანახი. უცნობი დაბრუნდა მეორე დღეს და რჩევისათვის მადლობა გადაუხადა ბატონ შინგარს. მან ასევე სთხოვა ესწავლებინა გზა ბირმინგემისაკენ. მოსარჩლემ მოგვიანებით შეიტყო, რომ როგორც კი თავის სახლის წინ არსებულ ბაღში შეაბიჯა, მას ის ფოტოები გადაუღეს, რომელიც მოგვიანებით თან დაერთო აღნიშნულ პუბლიკაციას.

მეორე რეპორტიორმა ბატონ შინგარს შუადღეზე მიაკითხა. მან განაცხადა, რომ ჰქონდა ჩანაწერი, სადაც ბატონი შინგარი აცხადებდა, რომ არ იცნობდა ბატონ ვაზს და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა მის სამსახურში აყვანასთან დაკავშირებით. ბატონმა შინგარიმ რეპორტიორს განუცხადა, რომ არ გამოუყენებია ბატონი ვაზის სარეკომენდაციო წერილი იმჟამინდელი სამსახურის მოსაპოვებლად, მოსარჩლის მტკიცებით, მას არ მიეცა საშუალება, ეთქვა, რომ ხუთი წელიწადია, რაც ბატონ ვაზს იცნობდა და არაერთ ღონისძიებაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა მასთან ერთად. ბატონი ვაზიც აცხადებდა, რომ იცნობდა მოსარჩლეს, რომლის სახელი დაინტერსებულმა ჟურნალისტმა „არასწორად წარმოთქვა“.

რედაქციამ, პასუხად განაცხადა, რომ `შეცდომაში შეყვანის~ მეთოდი ანუ ჟურნალისტის მიერ საკუთარი ვინაობის არგამხელა აუცილებელი იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად. საკითხი საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა, რადგან ჟურნალისტი იკვლევდა იმას, გასცა თუ არა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ რეკომენდაცია პირზე, რომელსაც ის პრაქტიკულად არ იცნობდა. ამონაწერიდან, რომელიც ჟურნალისტმა წარმოადგინა, მკაფიოდ იკითხებოდა განცხადება - „მე ბატონ ვაზს კარგად არ ვიცნობ... ერთი-ორჯერ მყავს ნანახი და მან დახასიათება მომცა“. რედაქციამ ასევე წარმოადგინა სტატიაში დასახელებული ლეიბორისტული პარტიის პრესმდივნის განცხადების ტრანსკრიპტი, რომელშიც პრესმდივანი კატეგორიულად უარყოფდა პარლამენტის წევრისა და ბატონ შინგარის ნაცნობობას. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ბატონ ვაზს მოსარჩლის სახელი დამარცვლით წარუდგინეს.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

მოტივაცია: კომისიამ განაცხადა, რომ ჟურნალისტები საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და ეს ამართლებდა ინფორმაციის მოპოვების ფორმას. ეს პრინციპი დაცულია პრაქტიკის კოდექსით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე შეეხებოდა მნიშვნელოვან საკითს: გასცა თუ არა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელემ სარეკომენდაციო წერილი პიროვნებაზე, რომელსაც ცუდად იცნობდა.

მხარეები აღიარებდნენ, რომ პარლამენტის წევრმა სარეკომენდაციო წერილი გასცა. საქმე ის იყო, რომ ჯერ მოსარჩლემ განაცხადა, რომ პრაქტიკულად არ იცნობდა პარლამენტის წევრს, შემდგომ კი პარლამენტის წევრმა უარყო მოსარჩლესთან ნაცნობობა. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად ჟურნალისტების მიერ „ვინაობის არგამხელის ანუ შეცდომაში შეყვანის“ მეთოდის გამოყენება, დასაბუთებული იყო.

რაც შეეხება მოსარჩლის განცხადებას, რომ მას ეს სარეკომენდაციო წერილი არ გამოუყენებია, კომისიამ მნიშვნელოვნად თავად ასეთი წერილის არსებობის ფაქტი და საჭიროების შემთხვევაში, გამოყენების შესაძლებლოა მიიჩნია და დაეთანხმა რედაქციას, რომ სტატია არ იძლეოდა კოდექსის დარღვევაში დადანაშაულების საფუძველს.

28 იანვარი, 2001

ფალდოსანის წინააღმდეგ

სარჩელი: ჯილ ფალდომ სანის წინააღმდეგ საბჭოში საჩივარი შეიტანა და გაზეთის ჟურნალისტი მე-11 მუხლის (შეცდომაში შეყვანა) დარღვევით მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში დაადანაშაულა.

მომჩივანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი მის სახლში მაშინ გამოცხადდა, როცა თავად საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მან მოატყუა მოსამსახურე, თითქოსდა ის ქ-ნ ფალდოს მეგობარი იყო, შეაპატიჟებინა თავი სახლში და მოსარჩლის ახალი სახლის შესახებ ინფორმაციაც დასტყუა მას. სულ მალე გაზეთში დაიბეჭდა სტატია, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი სახლი და აღნიშნული იყო მისი ღირებულებაც. მოსარჩლე აცხადებდა, რომ სტატია მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევას წარმოადგენდა.

რედაქციის განცხადებით, მართალია ჟურნალისტს არაფერი უთქვამს თავისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ ამის თაობაზე მისთვის არც არავის უკითხავს. მას არც ის განუცხადებია, რომ ქ-ნ ფალდოს მეგობარი იყო.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი დააკმაყოფილა.

მოტივაცია: კომისიისათვის ცხადი იყო, რომ ჟურნალისტმა თავისი პროფესიის დამალვის გზით შეცდომაში შეიყვანა მოსამსახურე ქალი, რომელსაც არავითარი საფუძველი ჰქონდა ეფიქრა, რომ ჟურნალისტთან ჰქონდა საქმე. კომისიამ მოსარჩლის პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნია.

11 იანვარი, 2001

4.10 8. კრიმინალებისთვის თანხის გადახდა

▲ზევით დაბრუნება


პრესის საჩივრების კომისიაგარდიანის წინააღმდეგ

საჩივარი: პრესის საჩივრების კომისიამ შეისწავლა საკითხი, თუ რამდენად შეესაბამებოდა გარდიანის მიერ 2003 წლის 7 აპრილს გამოქვეყნებული მასალის მოპოვების მეთოდები კოდექსის მე-17 (კრიმინალებისთვის თანხის გადახდა)11 მუხლის მოთხოვნებს.

გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „ჩემთან შედარებით, ის დამწყები თაღლითია“, რომელშიც ასახული იყო პატიმარ ჯონ უილიამსის დღიურის ეპიზოდები. უილიამსი ამ საპატიმრო დაწესებულებაში ლორდ ჯეფრი არჩერთან ერთად იმყოფებოდა და სტატიაში აღწერილი იყო მათი შეხვედრის დეტალები, აგრეთვე კარცერის ყოველდღიურობა და მის მიმართ სხვა პატიმართა დამოკიდებულება.

კომისიამ შეკითხვით მიმართა რედაქციას, რათა დაედგინა, მიიღო თუ არა ავტორმა ანაზღაურება აღნიშნული პუბლიკაციისათვის. კომისიამ მოსთხოვა რედაქციას, დაესაბუთებინა საზოგადოებრივი ინტერესის ხარისხი აღნიშნული თემისადმი და თუ ანაზღაურება გაიცა, ამის აუცილებლობაც აეხსნა.

რედაქციამ კომისიას აცნობა, რომ ბატონ უილიამს სტანდარტული ჟურნალისტური ჰონორარი გადაუხადეს, რადგან ის იყო ავტორი და თავს წერით ირჩენდა. საჯარო ინტერესთან მიმართებაში რედაქციამ განაცხადა, რომ საპატიმრო დაწესებულებაში ლორდ არჩერის ყოფნის დეტალები საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებდა, რადგან არსებობდა ბრალდებები მის მიმართ პრივილეგიური დამოკიდებულების შესახებ და ამ საკითხის გამოკვლევა საზოგადოების ინტერესს წარმოადგენდა. რედაქციის აზრით, ჯონ უილიამსის დღიურის გამოქვეყნება იყო უნიკალური შანსი საზოგადოებისათვის, რათა მიეღო ინფორმაცია პირველწყაროდან ანუ იმ ადამიანისგან, რომელსაც უშუალო შეხება ჰქონდა ლორდ არჩერის ყოველდღიურ ყოფასთან საპატიმროში. იმავე დროს, გაზეთმა კომისიის ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ლორდმა არჩერმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ის საპატიმროში მისი ცხოვრების სიმძიმეს აღწერდა, ბატონ უილიამსის დღიურის გამოქვეყნება კი შედარების საშუალებას იძლეოდა. რედაქციამ პრესის საჩივრების კომისიის ყურადღება კომისიის წინა გადაწყვეტილებებსაც მიაპყრო, რომელთა თანახმად, „პრაქტიკის კოდექსი არ არის შექმნილი იმისათვის, რომ ყველა შემთხვევაში, განურჩევლად ობიექტური ვითარებისა, სამუდამოდ აუკრძალოს გასამრჯელოს მიღება იმ პირებს, რომლებიც კრიმინალური ქმედებებისათვის იყვნენ მსჯავრდებულნი“. რედაქცია თვლიდა, რომ მათი გამტყუნება გაზეთის საქმიანობაში ჩარევა და ბატონი უილიამსისათვის ადამიანის უფლებათა 1998 წლის აქტით მინიჭებული, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იქნებოდა.

გადაწყვეტილება: კომისიამ სარჩელი დააკმაყოფილა.

მოტივაცია: კომისიამ დაადასტურა, რომ კოდექსი არ იყო შექმნილი იმისათვის, რომ აეკრძალა რედაქციებისთვის ჰონორარის გადახდა მათთვის, ვინც ოდესმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისათვის იყო მსჯავრდებული. კომისიამ განაცხადა, რომ კანონი ადგენს რეაბილიტაციის ნორმას, რომელიც კომისიის აზრით ყველა ადამიანს ეხება. კოდექსი ასევე არ უკრძალავს მსჯავრდებულ პიროვნებას, წეროს საკითხზე, რომელიც მის დანაშაულს არ უკავშირდება. უფრო მეტიც, კომისიამ განაცხადა, რომ დაუშვებელია, აეკრძალოს პიროვნებას საპატიმროებში არსებულ მდგომარეობასა და ამ სისტემაში მთავრობის პოლიტიკის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება იმის გამო, რომ ისინი თავად არიან ან ადრე ყოფილან მსჯავრდებული.

კომისიამ ასევე გაიზიარა გარდიანის პოზიცია საკუთრივ გაზეთისა და ბატონ უილიამსის აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის დაუშვებლობასთან დაკავშირებით.

გაზეთის მიმართ კომისიის პრეტენზია იყო არა ის, რომ გაზეთმა ფული გადაუხადა პატიმარს სტატიისათვის, რომელშიც საუბარი იქნებოდა საპატიმრო ადგილებში არსებულ მდგომარეობაზე (რაც შესაძლოა, საზოგადოების ინტერესებში ყოფილიყო), არამედ ის, რომ რედაქციამ დააფინანსა ცუდი რეპუტაციის ლორდ არჩერის ოპორტუნისტული პუბლიკაცია. საგულისხმო იყო ისიც, რომ პატიმარმა სარგებელი მიიღო იმის გამო, რომ დანაშაულისათვის სასჯელს იხდიდა და მხოლოდ ამიტომ მიეცა საშუალება თვალი ედევნებინა ლორდ არჩერის ცხოვრებისათვის საპატიმროში. კომისიის აზრით, ეს ვითარება წარმოშობდა წინააღმდეგობას კოდექსის მე-17 მუხლთან მიმართებაში.

საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით კომისიამ განაცხადა, რომ სტატიაში აღწერილი დეტალები (მაგალითად, პატიმართა გაყვანა სხვა ოთახში, როდესაც ლორდი არჩერი საკანში მიჰყავდათ ან მისი კვება სხვა პატიმრებთან ერთად) არ იყო მნიშვნელოვანი და არ ასახავდა საზოგადოებისთვის საინტერესო მოვლენებს. კომისიამ მიიჩნია, რომ პუბლიკაცია უფრო სახასიათო ნარკვევი იყო, ვიდრე საინფორმაციო სტატია.

კომისიამ არ გაიზიარა რედაქციის არგუმენტი, რომ პუბლიკაცია ლორდ არჩერის იმ წიგნის საპირწონედ გამოქვეყნდა, რომელშიც ეს უკანასკნელი ციხეში თავის დუხჭირ ყოფას აღწერდა. კომისიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აღნიშნულ წიგნში აღწერილი იყო სულ სხვა, განსაკუთრებული რეჯიმის საპატიმრო დაწესებულება. ცხადი იყო, რომ ამ დაწესებულებაში განსხვავებული პირობები იქნებოდა.

კომისიამ აღნიშნა, რომ სხვა გაზეთებში ამევე საკითხზე გამოქვეყნებულ სტატიებზე აპელირება რედაქციის მხრიდან ნათლად მეტყველებდა არა მარტო იმაზე, რომ საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, არამედ იმაზეც, რომ შესაძლებელი იყო მასალების მოპოვება კრიმინალთათვის ფულადი ანაზღაურების გარეშე. არც ერთ სხვა გაზეთს კრიმინალებისათვის ფული არ გადაუხდია. ეს იყო დამატებითი არგუმენტი იმისა, რომ ინფორმაციის მოპოვება, კრიმინალთათვის ფულის გადახდის გარეშეც შეიძლებოდა, ხოლო არც გაზეთი და არც ბატონი უილიამსი თავიანთ უფლებებში შეზღუდულები არ იყვნენ. ბატონ უილიამსს შეეძლო დაეწერა, ხოლო გაზეთს გამოექვეყნებინა დღიური, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.

7 აპრილი, 2003

როდერიკ მაკფარკუერიგარდიანისწინააღმდეგ

საჩივარი: ბატონმა როდერიკ მაკფარკუერმა საჩივრით მიმართა კომისიას და განაცხადა, რომ 1996 წლის სექტემბერში გაზეთ გარდიანში გამოქვეყნებული სტატია პრაქტიკის კოდექსის მე-17 (კრიმინალებისთვის თანხის გადახდა) მუხლის დარღვევას წარმოადგენდა.

მოსარჩლის შეფასებით, გაზეთში ფრაგმენტების გამოქვეყნება სკანდალურად ცნობილი ნარკოდილერის, ბატონი მარქსის წიგნიდან ეწინააღმდეგებოდა კოდექსს, რადგან ეს იყო, ერთის მხრივ, კრიმინალისათვის ფულის გადახდა და მეორეს მხრივ, მისი წიგნისა და თავად მისი პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა. მოსარჩლის მტკიცებით, გაზეთმა საშუალება მისცა „პიროვნებას, რომელმაც ადრე საზოგადოების დიდი ნაწილის გულისწყრომა დაიმსახურა, მოეპოვებინა ფული და მიეპყრო საზოგადოების ყურადღება“.

გაზეთმა უარყო ბრალდება, რომ მან რაიმე თანხა გადაუხადა ბატონ მარკსს. რედაქციის განცხადებით, მათ გადაუხადეს 3 000 გირვანქა სტერლინგი წიგნის გამომცემელს, რომელმაც ბატონი მარკსის ტექსტების სერიალიზაცია უნდა მოახდინოს „და არ არსებობს გარანტია იმისა, რომ თავად ბატონი მარქსი, ამ საქმიდან ფინანსურ სარგებელს მიიღებს“. რედაქციამ ასევე აღნიშნა ის, რომ პრაქტიკის კოდექსი უკრძალავს რედაქციებს იმ კრიმინალთათვის (და მათთან დაკავშირებული პირებისათვის) თანხის გადახდას, რომლებიც სასჯელს იხდიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ბატონი მარქსი თავისუფლებაზე იმყოფებოდა და რამდენადაც რედაქციისათვის იყო ცნობილი, ნარკოტიკების კონტრაბანდასთან არავითარი კავშირი აღარ ჰქონდა.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: კომისიის განცხადებით, პრაქტიკის კოდექსის მე-17 მუხლი არ უკრძალავს რედაქციას გადაუხადოს ანაზღაურება პიროვნებას, რომელიც ოდესმე სასჯელს იხდიდა. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ ბატონმა მარკსმა სასჯელი მოიხადა და მისი პუბლიკაცია კოდექსის ნორმებს არ ეწინააღმდეგებოდა.

2 სექტემბერი, 1996

მარტინებითეიკ ბრეიქის წინააღმდეგ

საჩივარი: ბატონმა და ქალბატონმა თ. მარტინებმა მიმართეს კომისიას და გააპროტესტეს თეიქ ბრეიქში გამოქვეყნებული მასალა, რომელიც ერთი მსჯავრდებული ქალბატონის ცხოვრების ისტორიას შეეხებოდა. მოსარჩლეთა მტკიცებით, ამ ქალბატონისათვის 200 გირვანქა სტერლინგის გადახდა ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-17 მუხლს (კრიმინალებისთვის თანხის გადახდა).

სტატიაში მოთხრობილი იყო ერთი ქალბატონის ამბავი, რომელიც ციხის ჰოსპიტალში მომვლელად მუშაობდა და იქ გაიცნო პატიმარი, რომელთანაც სამიჯნურო ურთიერთობა გააბა. მოგვიანებით, ამ ქალბატონის დახმარებით, პატიმარი ციხიდან გაიქცა და მასთან ერთად კონტინენტზე დასახლდა. სტატიაში აღწერილი იყო მათი გაქცევისა და დაპატიმრების დეტალები. პუბლიკაციის გამოქვეყნების მომენტისათვის ეს ქალბატონი, გაქცევის ხელშეწყობისათვის დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ციხეში იხდიდა სასჯელს.

მოსარჩლე მხარეს ამ ქალბატონის მეგობრის მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცის მშობლები წარმოადგენდნენ. ისინი აპროტესტებდნენ ქალბატონისათვის სტატიის საზღაურის გადახდის ფაქტს.

რედაქციის აზრით, ქალბატონი არ იყო მიჩნეული კრიმინალურ პიროვნებად და მისი ისტორია უფრო „რომანტიულ“ ხასიათს ატარებდა. მათივე მტკიცებით, ის 200 გირვანქა სტერლინგი, რომელიც რედაქციამ მსჯავრდებულს გადაუხადა, იყო იმ დროის საზღაური, რომელიც ამ ქალბატონთან ინტერვიუსა და ფოტოს გადაღებაზე დაიხარჯა. რედაქციას მიაჩნდა, რომ ეს იყო სტატია, რომელიც ადამიანურ სისუსტეს შეეხებოდა და შორს იდგა კრიმინალური სამყაროსგან. მათივე მტკიცებით, სტატიის საზოგადოებრივი ღირებულება იყო ის, რომ მასში აღწერილი იყო ადმინისტრაციული სისტემის ის ნაკლოვანებები, რომელმაც საშუალება მისცა წყვილს, კავშირი დაემყარებინათ და გაქცეულიყვნენ.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: კომისიამ განაცხადა, რომ ქალბატონს, როგორც მკითხველს, უფლება ჰქონდა შეეთავაზებინა რედაქციისათვის საკუთარი ისტორია, როგორც ამას ათასობით მკითხველი აკეთებს. თუმცა რედაქციამ დაარღვია პრაქტიკის კოდექსი, როდესაც ფული გადაუხადა მსჯავრდებულს, რადგანაც მე-17 მუხლი კრიმინალებისთვის თანხის გადახდას კრძალავს. ამავდროულად, კომისიამ განაცხადა, რომ ამ ისტორიისადმი განსაკუთრებული ინტერესი საზოგადოების მხრიდან არ შეინიშნებოდა.

15 მაისი, 1997

ეისონ კოლისანდეი სპორტის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით ბატონმა ჯეისონ კოლმა მიმართა. მისი შეფასებით, 1999 წლის ნოემბერში სანდეი სპორტმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც პრაქტიკის კოდექსის მე-17 (კრიმინალებისთვის თანხის გადახდა) მუხლს ეწინააღმდეგებოდა.

მოსარჩლის მტკიცებით, სტატია, სათაურით „3-სანტიმეტრიანი მარცხი“ არღვევდა პრაქტიკის კოდექსით დადგენილ ნორმას. სტატია ეყრდნობოდა კრიმინალის ყოფილი მეგობარი გოგონას ინტერვიუს. თავად კრიმინალი მოსარჩლის დეიდის მკვლელობისათვის იხდიდა სარჩელს. პუბლიკაცია მათი სექსუალური ცხოვრების დეტალებს აღწერდა.

მოსარჩლის განცხადებით, ქალმა ამ პუბლიკაციისათვის 500 გირვანქა სტერლინგი მიიღო. მოსარჩლეს მიაჩნდა, რომ არავითარი საზოგადოებრივი ინტერესი ჰონორარის გადახდას არ ამართლებდა.

რედაქციის განცხადებით, ეს თანხა იყო ანაზღაურება იმ ხარჯისა, რომელიც ქალბატონმა პუბლიკაციის მომზადების პროცესში გაიღო და ასევე იმ მიუღებელი შემოსავლებისა, რომელიც მან გაზეთის თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს დაკარგა.

მოსარჩლის განცხადებით, აღნიშნული ქალბატონი ინტერვიუს მიცემის დროს, უმუშავარი იყო და შესაბამისად, რაიმე მიუღებელ შემოსავალზე საუბარი არ შეიძლებოდა.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარი დააკმაყოფილა.

მოტივაცია: კომისიის შეფასებით, პუბლიკაცია კოდექსის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა. კომისიამ განაცხადა, რომ ანაზღაურების გაცემა კრიმინალებზე დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც განსახილველი თემა საზოგადოების ინტერესის საგანია და როდესაც ინფორმაციის მოპოვების სხვა საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევებში კომისია არ განსჯის იმას, თუ რის სანაცვლოდ გაიცა თანხა. ქალბატონი დაკავშირებული იყო მკვლელთან და ეს კრიმინალური ქმედება განაპირობებდა მის მიმართ რედაქციის ინტერესს ისე, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმისადმი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, რედაქციამ ვერ წარმოადგინა ასეთი ინტერესის არსებობის დამამტკიცებელი არგუმენტები.

კომისიამ გაიზიარა მოსარჩლის გულისწყრომა პუბლიკაციასთან დაკავშირებით და რედაქციის მიერ კოდექსის ნორმების დარღვევა დაადასტურა.

7 ნოემბერი, 1999

_______________________

11 კრიმინალებისთვის თანხის გადახდა: დაუშვებელია ამბის, სურათის ან ინფორმაციის მოპოვების სანაცვლოდ თანხის შეთავაზება ან გადახდა გასამართლებული ან დანაშაულში მხილებული კრიმინალებისთვის ან მათთან დაახლოებული პირებისთვის (რაც შეიძლება მოიცავდეს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს), გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინფორმაციის გამოქვეყნება აუცილებელ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს და რისთვისაც გარდაუვალია თანხის გადახდა.

4.11 9. პასუხის უფლება

▲ზევით დაბრუნება


მოძღვარი პეტ ბრაუნი
ნოთინგემ ივნინგ პოსტის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა მღვდელმა პეტ ბრაუნმა, რომელმაც გააპროტესტა გაზეთ ნოთინგემ ივნინგ პოსტში 1997 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „მღვდელმა საკუთარი შვილი პოლიციაში დააბეზღა“. მოსარჩლის მტკიცებით, აღნიშნული სტატია არღვევდა პრაქტიკის კოდექსის 1 (სიზუსტე), მე-2 (პასუხის უფლება)12, მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-13 (დისკრიმინაცია) მუხლებს.

მოსარჩლე უარყოფდა იმას, რომ მისი ოჯახის წევრებმა საკუთარი ქალიშვილი პოლიციაში დააბეზღეს და აცხადებდა, რომ ფოტო და სავარაუდო ინტერვიუ რედაქციას თვითმარქვია რესპონდენტმა მიაწოდა. მოსარჩლემ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია რედაქტორის წინადადება დაუყოვნებლივ გამოექვეყნებინა შესწორება და ბოდიში თვითმარქვია რესპონდენტთან დაკავშირებით, ხოლო მომდევნო ნომერში დაებეჭდა სარედაქციო სტატია ამ საკითხზე.

რედაქტორმა კომისიის ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ იგი მზად იყო დაუყოვნებლივ გაესწორებინა შეცდომა და განემარტა მკითხველისათვის, რომ ინფორმაცია პოლიციის კონფიდენციალური წყაროდან მომდინარეობდა.

გადაწყვეტილება: კომისიამ მხარი დაუჭირა საჩივარს კოდექსის 1 და მე-2 მუხლებთან მიმართებაში.

მოტივაცია: კომისიამ აღნიშნა, რომ კოდექსი იცავს ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურობას, თუმცა ამ შემთხვევაში, არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ მღვდლის ოჯახმა საკუთარი ქალიშვილი პოლიციაში დააბეზღა. კომისიამ კმაყოფილებით აღნიშნა რედაქტორის მზადყოფნა, გამოექვეყნებინა შესწორება თვითმარქვია რესპონდენტთან დაკავშირებით, თუმცა ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, ეს დამაკმაყოფილებელ ზომად არ მიიჩნია.

კომისიამ იქვე აღნიშნა, რომ პუბლიკაციაში იმ სასამართლო პროცესის დეტალების აღწერა, რომელზეც მღვდლის ქალიშვილს ნარკოტიკების მოხმარებაში ედებოდა ბრალი, პირად ცხოვრებაში ჩარევად ვერ ჩაითვლებოდა, ისევე როგორც საჯარო პროცესზე სასულიერო წოდების მოხსენიება ვერ შეფასდებოდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად ანუ კოდექსის მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევად.

20 დეკემბერი, 1997

__________________________

12 პასუხის უფლება: დაშვებულ უზუსტობაზე პასუხის გაცემის საშუალება უნდა მიეცეს პიროვნებებს და ორგანიზაციებს, თუ ასეთი მოთხოვნა დასაბუთებული და სამართლიანია.

4.12 10. საავადმყოფოები

▲ზევით დაბრუნება


დაგლას ბრაუნისანის წინააღმდეგ

საჩივარი: კომისიას საჩივრით მიმართა რამპტონის ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბატონმა ბრაუნმა, რომლის შეფასებით, გაზეთ სანში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ორმაგი მკვლელი მაკდონალდსში სეირნობს“ იყო პირადი ცხოვრების ხელყოფა და ეწინააღმდეგებოდა პრაქტიკის კოდექსის მე-3 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მე-9 (საავადმყოფოები) და მე-13 (დისკრიმინაცია) მუხლებს.

სტატია შეეხებოდა განსაკუთრებული რეჟიმის ჰოსპიტალის პაციენტს, რომელსაც დირექციამ ნება დართო მცირე ხნით, ორი ექთნის თანხლებით გასულიყო ქალაქში საყიდლებზე. მოსარჩლის მტკიცებით, გამოქვეყნებული ფოტოები და მასალა, რომელშიც პაციენტი მოხსენიებული იყო, როგორც პიროვნება, რომელმაც „ორი ქირურგი სანადირო დანით აკუწა“, იყო პირად ცხოვრებაში ჩარევა, საავადმყოფოსა და მკურნალობის სპეციფიკური დეტალების დაუსაბუთებლად საჯაროდ წარმოჩენა, რაც ეწინააღმდეგებოდა კოდექსის მე-9 მუხლს. სტატიაში ასევე გადმოცემული იყო მაღაზიის თანამშრომელთა და პაციენტის მსხვერპლთა ნათესავების კომენტარები.

მოსარჩლე ასევე აპროტესტებდა პაციენტის დახასიათებისას სიტყვა `ფსიხის“ გამოყენებას, რადგან ეს სიტყვა არ ასახავდა პაციენტის დაავადების სამედიცინო მახასიათებელს და ნახმარი იყო მისი შეურაცხყოფის მიზნით. მოსარჩლის განცხადებით, ჰოსპიტალის ყველა პაციენტს ჰქონდა პირადი ცხოვრების დაცვის თანაბარი უფლება.

რედაქციამ განაცხადა, რომ სტატიისა და ფოტოების გამოქვეყნება საზოგადოებრივი ინტერესებით იყო განპირობებული, რომ სიტყვა „ფსიხი“ შეესაბამებოდა პიროვნებას, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა. რედაქციის შეფასებით, საავადმყოფოს ხელმძღვანელობა თავის არგუმენტაციას აგებდა მცდარ კონცეფციაზე, რომ ეს პაციენტი პრესის მიერ განხილული უნდა ყოფილიყო ისევე, როგორც ჰოსპიტალის ნებისმიერი სხვა კანონმორჩილი პაციენტი. გაზეთის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ პაციენტს გასათავისუფლებლად ამზადებდნენ და საზოგადოებას ჰქონდა უფლება, სცოდნოდა ეს.

გადაწყვეტილება: კომისიამ საჩივარს მხარი არ დაუჭირა.

მოტივაცია: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით კომისიამ აღნიშნა, რომ პაციენტი გაიყვანეს ქალაქში, ანუ საჯარო ადგილას, სადაც მას პრივატულობის გონივრული მოლოდინი არ ჰქონოდა. ამდენად, მისთვის ფოტოს გადაღება პირად ცხოვრებაში ჩარევად და კოდექსის დარღვევად ვერ შეფასდებოდა. კომისიამ ასევე არ გაიზიარა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატია შეიცავდა ზედმეტ დეტალებს პაციენტის მკურნალობის შესახებ.

კომისიამ აღნიშნა, რომ ისეთ დანაშაულებზე წერისას, რომელიც მკვლელობებსა და სხვა მძიმე კრიმინალურ ქმედებებს უკავშირდება, პრესა ხშირად მიმართავს მკვეთრ გამოთქმებს, ისეთებს, როგორიც არის „შიზოფრენიკი“, „ფსიხი“, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს შეფასებები სამედიცინო დიაგნოზებს. ამდენად, კომისიამ ამ გამონათქვამებში კოდექსთან შეუსაბამობა ვერ აღმოაჩინა.

ამავე დროს, კომისიამ ისარგებლა შემთხვევით და ამ კონკრეტული საქმის კონტექსტის მიღმა, შეახსენა რედაქტორებს ფრთხილი მიდგომის აუცილებლობის შესახებ, რომელიც სხვა შემთხვევებში სულით ავადმყოფთა მიმართ უნდა გამოიჩინონ.

10 ივნისი, 1999

5 თავი 4. ესტონეთი

▲ზევით დაბრუნება


5.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ესტონეთის პრესის საბჭო

ესტონეთის პრესის საბჭო 1991 წელს ესტონეთის გაზეთების ასოციაციამ დააფუძნა და მას საფუძვლად ფინეთის გამოცდილება დაედო. საბჭოს მიზანია სიტყვის თავისუფლების დაცვა; მედიის წინააღმდეგ შესული საჩივრების განხილვა, ჟურნალისტური პროფესიონალიზმის ხელშეწყობა.

1997 წელს რამოდენიმე მედიაორგანიზაციამ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა საბჭოს რეორგანიზაცია. კერძო შეთანხმების საფუძველზე გაზეთების ასოციაციამ, მაუწყებელთა ასოციაციამ, ჟურნალისტთა კავშირმა, მედიის განმანათლებელთა კავშირმა და მომხმარებელთა კავშირმა დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ გაერთიანებაში ამჟამად ასევე წარმოდგენილია ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, ესტონეთის ეკლესიათა საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაცია მედია უორდოგი.

2001 წელს საბჭომ განიცადა როგორც ორგანიზაციული, ასევე კონცეპტუალური კატაკლიზმი. რედაქტორებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა საბჭოს მხრიდან გამოთქმული კრიტიკა, რის შედეგადაც გაზეთების ასოციაცია ორგანიზაციიდან გავიდა, მოგვიანებით მას მაუწყებელთა ასოციაციაც მიჰყვა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საბჭო განაგრძობს საქმიანობას, როგორც თვითრეგულირების ორგანო მათთვის, ვინც მას აღიარებს და ამავდროულად აწვდის ექსპერტულ მოსაზრებებს ფართო საზოგადოებას მედიის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

ამჟამად საბჭოში 1 ჟურნალისტი, 2 მედია ასოციაციის მენეჯერი, 4 აკადემიური წრის, 1 მომხმარებელთა კავშირის წარმომადგენელი და 1 მღვდელი, ანუ სულ 9 წევრია.

საბჭო საჩივრებს 1997 წელს მიღებული ესტონეთის ეთიკის კოდექსის საფუძველზე განიხილავს. კოდექსის მიღებამდე კი საბჭო დავებს საერთაშორისო ტრადიციებისა და მისი წევრების გამოცდილების საფუძველზე წყვეტდა.

5.2 1. სიზუსტე

▲ზევით დაბრუნება


ტარტუს უნივერსიტეტის ეთიკის კომისია და ეპს კგბ-
ფალსიფიცირებული სიების გამოქვეყნების წინააღმდეგ

საჩივარი: ერთ-ერთმა გაზეთმა მოიპოვა რუსულენოვანი სია, რომელიც მოიცავდა საკმაოდ ცნობილი ადამიანების ჩამონათვალს. სიის თანახმად, ეს ადამიანები თანამშრომლობდნენ კგბ-სთან. აღნიშნული „დოკუმენტის“ გამოქვეყნებამდე, რედაქციამ საგაზეთო პუბლიკაციის მეშვეობით გააფრთხილა სიაში მოხსენიებული ადამიანები, თავად გაემჟღავნებინათ თანამშრომლობის ფაქტი. პირველ ჯერზე გაზეთმა გამოაქვეყნა სია, რომელშიც მხოლოდ აღნიშნულ პირთა ინიციალები და ზედმეტსახელები მიუთითა. ბოლოს კი თავად სრულყოფილი სია გამოაქვეყნა. სიასთან ერთად გაზეთმა ამ თემას სარედაქციო წერილებიც მიუძღვნა.

აღნიშნული პუბლიკაციის გამო გაზეთს საჩივარი წარუდგინა როგორც ტარტუს უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ, ასევე ესტონეთის პრესის საბჭომაც. აღმოჩნდა, რომ ინფორმაციის წყარო, რომელმაც რედაქციას აღნიშნული სია მიაწოდა, სანდო არ იყო. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ სია საერთოდაც ფალსიფიცირებული იყო.

გაზეთმა ჩათვალა, რომ სიის გამოქვეყნებას შეეძლო, ხელი შეეწყო კგბ-სყოფილი აგენტების პრობლემის გადაჭრისათვის, როგორც სამოქალაქო, ასევე სამართლებრივი გზით.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი დასაბუთებულად მიიჩნია.

მოტივაცია: საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ გაზეთის პოზიცია იყო ცინიკური. საბჭოს წევრთა შეფასებით, დოკუმენტების გამოქვეყნება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაციის წყარო სანდოა. სარედაქციო წერილებმა, რომელიც თან ერთვოდა სიას, გაზეთი ერთგვარ მსაჯულად აქცია, რომელიც რამდენიმეჯერ იხსენიებდა ადამიანებს „კგბ“-ს აგენტებად. საბჭომ აღნიშნა, რომ ასეთი მტკივნეული თემებით უპასუხისმგებლო მანიპულაციებს შესაძლოა, სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმები გამოეწვია.

12 მაისი, 1993

ესტონეთის პრესის საბჭო მცდარი სათაურის წინააღმდეგ

საჩივარი: საბჭომ წამოჭრა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად შეესატყვისებოდა 1999 წლის 18 იანვარს ესტი პივალეტში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „გაფუჭებულმა გლუკოზამ ორი ახალშობილი იმსხვერპლა“, ესტონეთის ეთიკის კოდექსის მე-4.11 მუხლს1.

სათაური ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნულ ფაქტს ესტონეთში ჰქონდა ადგილი და ამდენად, ის აგიტაციურ ხასიათს ატარებდა. ესტი პივალეტის რედაქტორის განცხადებით, სათაურს არ შეეძლო, შეცდომაში შეეყვანა მკითხველი, რადგან არსად იყო ნათქვამი, რომ მსგავსი ფაქტი ესტონეთში მოხდა. ეს ფაქტი ცხადი ხდებოდა ქვესათაურიდანაც და საერთოდაც, რედაქციის აზრით, არამართებული იყო მოთხოვნა, ყველა სათაურში მიეთითებინათ მოქმედების ადგილი. რედაქტორის განცხადებით, ამ ტიპის სათაურები ადრეულ გადაწყვეტილებებში საბჭოს შეცდომაში შეყვანად არ მიუჩნევია.

თუმცა, ამ შემთხვევაში საბჭომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და თავისი პოზიცია შემდეგი გარემოებებით დაასაბუთა:

1. სტატია, რომელსაც წინა გვერდზე, ცენტრალური ადგილი ეკავა და რომლის სათაურშიც არ იყო მითითებული გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, დასურათებული იყო ესტონეთის საავადმყოფოს დიდი, თვალისმომჭრელი ფოტოსურათით. ყოველივე ბადებდა ასოციაციას ინციდენტთან, რომელსაც ორი წლის წინათ პელგულინას დედათა საავადმყოფოში ჰქონდა ადგილი (აღნიშნულ საავადმყოფოში ორ ახალშობილს არასწორი მედიკამენტი მისცეს) და არასწორ კონტექსტს ქმნიდა.

2. ესტონეთთან იდენტიფიცირების ასოციაციას კიდევ უფრო აძლიერებდა სურათის მინაწერი, რომელიც ტალინის ბავშვთა საავადმყოფოზე მიუთითებდა და ქვესათაური, რომელშიც მითითებული იყო როგორც ბელგია (წამლების მწარმოებელი კომპანია), ასევე ესტონეთი.

3. საკითხები, რომლებიც საზოგადოების ჯანმრთელობას და დაუყოვნებლივ დახმარებას ეხება, არ უნდა აღუძრავდეს მკითხველს უსაფუძვლო შიშსა და დაუცველობის გრძნობას.

4. საბჭომ მიიჩნია, რომ ამგვარი სათაურით მკითხველის პანიკაში ჩაგდება არასწორი იყო, რადგან თავად წერილშიც იყო აღნიშნული, რომ მსგავსი გლუკოზა ესტონეთში არ მოიპოვებოდა.

საბჭომ აუცილებლად ჩათვალა აღენიშნა, რომ მკითხველის შეცდომაში შეყვანა ყოველთვის მცდარი სათაურის მეშვეობით არ ხდება. კარგი ჟურნალისტური პრაქტიკა კი გულისხმობს მკითხველისათვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდებას, რაც ფაქტის მცდარ ინტერპრეტაციას გამორიცხავს. ის, რომ ადრე საბჭო მსგავსი ტიპის სათაურებს ყურადღებას არ აქცევდა, განპირობებული იყო მხოლოდ იმით, რომ აქამდე ეს საბჭოს კომპეტენციაში არ შედიოდა. საბჭო, როგორც მედიის კრიტიკის ერთგვარი ინსტიტუტი ვითარდება და თავად გაამახვილებს ყურადღებას ხარისხის პრობლემებზე, რომლებიც ყოველდღიურ პრაქტიკაში იჩენს თავს. საბჭო ვერ შეზღუდავს ვერც ერთი მედია ორგანიზაციის თავისუფალ ქმედებებს, მაგრამ მისი კომპეტენციაა, დამოუკიდებლად შეაფასოს ჟურნალისტიკის ხარისხი და პროფესიონალიზმი.

28 აპრილი, 1999

__________________________

1 სარედაქციო დირექტივები: 4.11. ფოტოსურათმა, ტიტრმა, სათაურმა და ლიდმა (მათ შორის, მაუწყებლობის ლიდმა) შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს აუდიტორია.

5.3 2. მედია და სახელმწიფო

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფორავა ჰეელის წინააღმდეგ

კონფლიქტი: რავა ჰეელი იყო უკანასკნელი სახელმწიფო, ყოველდღიური ესტონურენოვანი გამოცემა. მესაკუთრეს, სახელმწიფოს სახით, სურდა გაზეთის მთავარი რედაქტორის შეცვლა. ამ მიზნით მოხდა საორგანიზაციო ცვლილება, რის შედეგადაც მთავარი რედაქტორის თანამდებობა პასუხისმგებელი გამომცემლის თანამდებობით შეიცვალა. სარედაქციო გამგეობის მიმართ იყო შემდეგი პრეტენზიები: „გაზეთი არ იყო პოლიტიკურად დაბალანსებული“ და „იმდენად მოდერნიზებული, როდესაც ტირაჟი და მკითხველის დამოკიდებულება ისეთია, რომ სრულად შეესაბამება მესაკუთრის ინტერესებს“.

რავა ჰეელის ტირაჟი ესტონურ ყოველდღიურ გამოცემებს შორის ყველაზე მაღალი იყო და გაზეთს ძალზედ სწორად განსაზღვრული, მკითხველზე ორიენტირებული ნიშა ეჭირა. საორგანიზაციო ცვლილებები განხორციელდა იმიტომ, რომ ხელისუფლებას სურდა, გაზეთი კოალიციური პარტიების თვალსაზრისის გამოსახატავად გამოეყენებინა. ასეთი მიდგომის არსებობაზე მეტყველებდა კულტურის მინისტრის მრჩევლის მიერ ესტონეთის რადიოსათვის მიცემული ინტერვიუ. რავა ჰეელი კონსერვატიული გამოცემა იყო.

ხელისუფლების ქმედების საპასუხოდ, გაზეთის თანამშრომლებმა მიიღეს ერთსულოვანი გადაწყვეტილება, დაეფუძნებინათ ახალი ყოველდღიური გაზეთი ესტი სუნუმიდი, რომელმაც იმავე შენობაში დაიწყო ფუნქციონირება, სადაც რავა ჰეელი მზადდებოდა. კულტურის სამინისტრომ ნება დართო სხვა ყოველდღიურ გაზეთს, გამოეცა რავა ჰეელი და ერთ კვირაში გამოვიდა „ახალი“ რავა ჰეელი, რომელიც შინაარსით ძველის იდენტური იყო (მხოლოდ ლოგო იყო განსხვავებული).

მიუხედავად იმისა, რომ რავა ჰეელის მესაკუთრეს ძველ სამუშაო ადგილზე არც ერთი თანამშრომელი აღარ დარჩა, სამინისტროს მრჩეველმა გასცა ბრძანება, გაეთიშათ ტელეფონი, შეეცვალათ გასაღები და გაეგზავნათ დაცვის თანამშრომლები (არა პოლიციის) იმისათვის, რომ არ შეეშვათ ჟურნალისტები რედაქციის ცარიელ ოფისში.

საბჭოს პოზიცია: საბჭომ განაცხადა, რომ მართალია, საქმის იურიდიული ასპექტების განხილვა მის კომპეტენციაში არ შედიოდა, მაგრამ მან შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ეთიკური კრიზისი გამოიწვია გაზეთის მესაკუთრემ ანუ სახელმწიფომ. საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდება დაუბალანსებელი გაშუქების შესახებ მოკლებული იყო თეორიულ საფუძველს, რადგანაც არ ჩატარებულა გაზეთის კონტენტ ანალიზი. საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ჟურნალისტური ბალანსი არ შეიძლება გაიზომოს არც კვადრატული მეტრობით, არც სუბიექტური დაკვირვებით. საბჭომ ვერ აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ რავა ჰეელი არღვევდა საერთაშორისო ქცევის კოდექსს ან უარი უთხრა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, საკუთარი თვალსაზრისის გამოხატვასა და საგაზეთო ფართის დათმობაზე. საბჭომ გაარკვია, რომ გაზეთის დადანაშაულების რეალური მოტივი იყო არა დაუბალანსებელი გაშუქება, არამედ მთავარი რედაქტორის შეცვლის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეს არ გააჩნდა რაიმე სამხილი მთავარი რედაქტორის წინააღმდეგ.

საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ ესტი სუნუმიდის გამოცემისათვის ხელის შეშლის მცდელობა იყო სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ეთიკური ნორმების პირდაპირი ხელყოფა. საბჭოს აზრით, სახელმწიფოს ქმედება არ შეესაბამებოდა მეოცე საუკუნის დასასრულის დემოკრატიულ ტრადიციებს.

4 აპრილი, 1994

ბრძოლა ურნალისტების უსამართლო
აკრედიტაციის წინააღმდეგ

კონფლიქტი: ტალინის პოლიციის დეპარტამენტი შეეცადა, წარმოედგინა ჟურნალისტების აკრედიტაციის ახალი პროცედურა, რომლის თანახმად, პოლიციის ინფორმაცია პირდაპირ ხელმისაწვდომი იქნებოდა იმ ჟურნალისტებისათვის, ვისაც პოლიცია საკუთარი სურვილით შეარჩევდა. შეიქმნა საშიშროება, რომ ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში არ აღმოჩნდებოდა. პოლიციის უფროსის წერილობითი განკარგულების მიხედვით, ჟურნალისტებს (მედია საშუალებებს), რომლებმაც დაკარგეს პოლიციის ნდობა, აკრედიტაციები უნდა ჩამორთმეოდათ.

საბჭოს მემორანდუმი: საბჭომ გამოსცა მემორანდუმი, რომელშიც აღნიშნა, რომ ასეთი ზომა გამიზნული იყო პოლიციის ხელმძღვანელობის კრიტიკის თავიდან ასაცილებლად და გამოიწვევდა დაუბალანსებელ გაშუქებას, რაც ხელს არ შეუწყობდა კარგი ჟურნალისტური ტრადიციების დამკვიდრებას.

პოლიციის უფროსი მანამ არ გამოეხმაურა საბჭოს მემორანდუმს, ვიდრე ის სხვა მიზეზით არ გაათავისუფლეს თანამდებობიდან. სამსახურის დატოვებამდე მან გააუქმა აკრედიტაციების შესახებ მის მიერ გამოცემული განკარგულება.

27 აპრილი, 1994

5.4 3. ინფორმაციის წყარო

▲ზევით დაბრუნება


ესტონეთის პრესის საბჭო პოლიციის წინააღმდეგ

საჩივარი: ესტონეთის სატელეგრაფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია ბრონზის იმ მემორიალური დაფების მოპარვის შესახებ, რომლებზეც საბჭოთა ჯარის ოფიცრების სახელები იყო ამოტვიფრული. აღნიშნული დაფები მოიპარეს მონუმენტიდან, რომელიც 1944 წელს ტალინის საბჭოურ „გათავისუფლებას“ ეძღვნებოდა. მასალა ეყრდნობოდა კარგად ინფორმირებულ, მაგრამ ანონიმურ წყაროს, რომელმაც, როგორც ჩანს, იცოდა დაფების ადგილსამყოფელი და ქურდების ვინაობა.

პოლიციამ ჟურნალისტს ინფორმაციის წყაროს გათქმა მოსთხოვა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ანონიმური წყაროს გამჟღავნებაზე უარი განაცხადა, ის პოლიციაში შემდგომი დაკითხვისათვის წაიყვანეს. პოლიცია ჟურნალისტს დაპატიმრებით დაემუქრა.

საბჭოს პოზიცია: საბჭოს აზრით, ჟურნალისტი კორექტულად მოიქცა, რადგანაც მედია ეთიკის სფეროში საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა არ უნდა გათქვას მისი ინფორმაციის წყარო, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ აიძულებს მას, ამგვარად მოიქცეს. წყაროების დაცვის მომენტი ასახულია ბრიტანულ ქცევის კოდექსსა (მუხლი 15) და ნორვეგიულ კოდექსში (მუხლი 3.1). ეს პრინციპი ასევე აღიარებულია ესტონეთის პარლამენტის მიერ (პარ. 7, მაუწყებელთა აქტი).2

22 სექტემბერი, 1994

______________________________

2 ეს ნორმა აისახა მოგვიანებით, 1997 წელს მიღებულ ესტონეთის ეთიკის კოდექსში. წყაროები - მუხლი 3, პარაგრაფი 3.4.: მედია საშუალებებს აქვთ მორალური ვალდებულება, დაიცვან კონფიდენციალური წყაროების ანონიმურობა.

5.5 4. რეკლამა

▲ზევით დაბრუნება


ესტონეთის პრესის საბჭო ფარული რეკლამის წინააღმდეგ

საბჭოს არაერთხელ მოუწია ფარული რეკლამის საკითხის განხილვა. ამ პრობლემის თაობაზე 1996 წლის 10 იანვარს საბჭომ გამოსცა მემორანდუმი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ უფრო და უფრო იმატა მედიაში რეკლამის აღმნიშვნელი სპეციალური ნიშნის გარეშე სარეკლამო ხასიათის მასალის განთავსებამ. ფარული რეკლამა ახალი ამბების ფორმითაა გადმოცემული და არა აქვს ინფორმაციული ღირებულება. ის ასახავს კომპანიას თუ საქონელს ისე, რომ გადმოსცემს მხოლოდ ერთი მხარის პოზიტიურ დამოკიდებულებას მათ მიმართ. უნიშნო რეკლამა სახიფათოა მედიის ეკონომიკრი დამოუკიდებლობისათვის და ამცირებს მის სანდოობას. ჟურნალისტებმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ საზოგადოებრივ ურთიერთობათა მენეჯერების ზეწოლასა და სიმდიდრით (მოგზაურობები, მანქანები, საჭმელი და ა.შ.) მოსყიდვის ცდუნებას.

10 იანვარი, 1996

5.6 5. რეპუტაცია

▲ზევით დაბრუნება


მოსამართლე პრესის წინააღმდეგ

საჩივარი: პოლიციამ საზღვარზე კონტრაბანდული არყის დიდი ოდენობის ტვირთი დააკავა. კონტრაბანდისტებს საქონელი ჩამოართვეს და დააპატიმრეს. დაკავებულებმა აღიარეს, რომ ისინი არალეგალური გზით შემოტანილი ალკოჰოლის გაყიდვას აპირებდნენ. სასამართლოში მათ შეცვალეს თავიანთი თავდაპირველი ჩვენება.

ესტონური კანონის თანახმად, არყის იმპორტზე შეზღუდვები მხოლოდ კომპანიებზე ვრცელდება. ტვირთის გადამტანები ამ შემთხვევაში კერძო პირები იყვნენ. ამდენად, ქალაქ ვილიანდის მოსამართლემ დაუბრუნა ტვირთის მესაკუთრეებს 1,200 ლიტრი არაყი და საქმის სასამართლო მსვლელობაც შეწყვიტა, რაც ადგილობრივი გაზეთის აზრით, კონტრაბანდისტების დაუსჯელად დატოვებას ნიშნავდა.

ქალაქის სასამართლოს მოსამართლემ გაზეთსა და ჟურნალს საბჭოში უჩივლა, რადგანაც, მისი აზრით, ასეთი პუბლიკაციები შეურაცხყოფდა მთლიანად ესტონეთის სასამართლო სისტემას და პირადად მას. სარჩელის თანახმად, სტატიას შეცდომაში შეჰყავდა მკითხველი, განსაკუთრებით კი მის სათაურს „მოსამართლემ კონტრაბანდული არაყი დააბრუნა“.

გაზეთის რედაქციამ განაცხადა, რომ მათი მიზანი არ იყო მოსამართლის განაწყენება, უბრალოდ მათ წარმოაჩინეს ის „არანორმალური“ სიტუაცია, როცა კონტრაბანდისტი უკან იბრუნებს თავის არალეგალურ ტვირთს და კონტრაბანდა საერთოდ არ არის მიჩნეული დანაშაულად.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია.

მოტივაცია: საბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსამართლე, რომელსაც ესტონეთის რესპუბლიკის სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, საჯარო ფიგურაა. მან უნდა აიტანოს კრიტიკა, რომელიც სახელმწიფოსკენაა მიმართული, რადგანაც ის სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენელია. როგორც მოსამართლეს, მას აქვს ლეგალური ბერკეტები, ხელისუფლების ყურადღება გაამახვილოს კანონის არასრულყოფილებაზე.

საბჭოს აზრით, სტატიები არ შეურაცხყოფდა მოსამართლეს. სასამართლოს გადაწყვეტილება (ისევე როგორც მოსამართლის აზრი) გამოქვეყნდა ჟურნალში. სტატიები არაერთ წყაროს ეყრდნობოდა და რეპორტიორებს არ გამოუხატავთ თავისი პირადი ნეგატიური დამოკიდებულება მოსამართლის მიმართ. საბჭოს თვალსაზრისით, მოსამართლის რეპუტაცია არ შელახულა, რეპორტიორებმა წარმოაჩინეს მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა. რაც შეეხება სათაურს საბჭომ ის უფრო მეტაფორად მიიჩნია, ვიდრე შეცდომაში შეყვანის მცდელობად.

8 მაისი, 1996

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
თავმდომარეოტულეჰის წინააღმდეგ

საჩივარი: საბჭომ განიხილა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დაიმარ ლივის საჩივარი, რომლის საფუძველი გახდა გაზეთ ოტულეჰში 1998 წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „გაუპატიურებისათვის პასუხი ვინმემ უნდა აგოს“ და „რიგიკოგუ (პარლამენტი) ესტონეთს ცივილიზებული სამყაროს მიღმა ტოვებს“. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სტატიები არაადეკვატურად და არაპროფესიულად აღწერდა რეალურ სიტუაციას.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: საბჭოს აზრით, მომჩივანს არ მიუთითებია ერთი ფაქტიც კი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჟურნალისტმა არასწორად გააშუქა მოვლენა. გაზეთს აქვს უფლება, გამოაქვეყნოს კრიტიკული თვალსაზრისი კანონმდებელთა საქმიანობის შესახებ, ხოლო კანონმდებელმა ყურად უნდა იღოს საზოგადოების დამოკიდებულება. საბჭოს განცხადებით, კანონი უნდა იყოს დაწერილი გასაგები ენით და არ იყოს ორაზროვანი. თუ კომიტეტის თავმჯდომარემ სტატიაში რაიმე უზუსტობა აღმოაჩინა, მას შეეძლო ეთიკის კოდექსით გარანტირებული პასუხის უფლებით ესარგებლა (მუხლი 5.2 [3]), ასევე განემარტა კანონის მნიშვნელობა ფართო საზოგადოებისათვის.

9 დეკემბერი, 1998

ბიზნესმენიესტი ექსპრესის წინააღმდეგ

საჩივარი: ესტონეთის პრესის საბჭომ განიხილა ერნესტო პრეატონის ადვოკატის ლაურ პაულუსის საჩივარი შვეიცარიულ გაზეთ დი ვოხენ ცაიტუნგიდან თარგმნილ სტატიასთან დაკავშირებით, რომელიც ესტი ექსპრესში გამოქვეყნდა, სათაურით „ბებერი აქლემებისათვის მოსასვენებელი ადგილი არ არის“.

საჩივრის თანახმად, სტატიის თავდაპირველი ტექსტი შეიცავდა დამახინჯებულ ფაქტებს და ლახავდა პიროვნების რეპუტაციას. მომჩივანმა აღნიშნა, რომ ესტი ექსპრესს არ გადაუმოწმებია, რამდენად სანდო და სარწმუნო იყო გამოქვეყნებული ინფორმაცია და მისი წყაროები.

ესტი ექსპრესის მთავარი რედაქტორის ავო კოკის განცხადებით, გაზეთში გამოქვეყნებული სტატია იყო თარგმანი და თარგმნის შედეგად მისი შინაარსი არ შეცვლილა. სტატიაში იყო მნიშვნელოვანი ინფორმაცია ერნესტო პრეატონიზე, როგორც საჯარო ფიგურაზე, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალაუფლება გააჩნდა. ესტი ექსპრესმა ერნესტო პრეატონს შესთავაზა უარყოფის გამოქვეყნება, რაზეც მან თავდაპირველად უარი განაცხადა, ხოლო მოგვიანებით, 30 მარტს აღნიშნული უარყოფა მაინც გამოაქვეყნა.

გადაწყვეტილება: საბჭომ დაადგინა, რომ ესტი ექსპრესს კეთილსინდისიერი ჟურნალისტური ქცევის ნორმები არ დაურღვევია.

მოტივაცია: საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ცნობილი ბიზნესმენი ერნესტო პრეატონი, რომელსაც დამსახურებისათვის ესტონეთის მოქალაქეობა მიენიჭა, ეთიკის კოდექსის 1 მუხლის, 1.6 [4] პარაგრაფის თანახმად, საჯარო ფიგურად ითვლებოდა და ამდენად, გამართლებული იყო მის მიმართ პრესის ყურადღება და კრიტიკა.

საბჭოს აზრით, დაუშვებელია სტატიის თავდაპირველი ტექსტის შეცვლა მისი თარგმნისას, მაშინაც კი, თუ იგი დამახინჯებულ ფაქტებს შეიცავს. ეს ნათლად ჩანდა ესტი ექსპრესის სტატიის დანართ კომენტარებსა და უარყოფაში.

საბჭოს განცხადებით, მას არ შეუძლია განსაჯოს სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტე. საბჭოს აზრით, ფაქტობრივი შეცდომები უნდა შესწორდეს უარყოფის გამოქვეყნების საშუალებით, რაც ესტი ექსპრესმა, კოდექსის 5.2 მუხლის შესაბამისად, განახორციელა კიდეც.

5 აპრილი, 2000

________________________

3 5. პასუხის უფლება: 5.2. უარყოფა უნდა ახდენდეს ნებისმიერი ფაქტობრივი შეცდომისა და მცდარი ციტირების შესწორებას. უარყოფისათვის საჭირო ფართობი/დრო არ უნდა აღემატებოდეს იმ მასალის ფართობს/დროს, რომლის შესწორებაც ხდება. უარყოფა უნდა გამოქვეყნდეს დაუყოვნებლივ და თანა ზომადი ფორმით, ყოველგვარი სარედაქციო კომენტარის გარეშე.

4 1. ზოგადი დებულებები: 1.6. პიროვნებები, რომლებიც ფლობენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, უნდა ჩაითვალონ საჯარო ფიგურებად, მათი საქმიანობა კი განსაკუთ რებული დაკვირვებისა და კრიტიკის საგანი უნდა გახდეს. საჯარო ფიგურებად მედიამ ასევე შეიძლება განიხილოს ის პიროვნებები, რომელთაც შემოსავალი საკუთარი თავის, ან საქმიანობის პოპულარიზაციიდან აქვთ.

5.7 6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

▲ზევით დაბრუნება


მესაკუთრე შეცდომაში შეყვანის წინააღმდეგ

საჩივარი: ყოველკვირეულმა გაზეთმა გამოაქვეყნა რეპორტაჟი კერძო მეურნეობიდან, რომელიც ერთ-ერთი მესაკუთრის მიერ ფერმის გაყიდვის თაობაზე გაზეთში გამოქვეყნებული სარეკლამო განცხადების საფუძველზე მომზადდა. ჟურნალისტები სახლში ეწვივნენ მესაკუთრეს, როგორც პოტენციური მყიდველები. ისინი ესაუბრნენ სახლის პატრონს და გადაიღეს გასაყიდი ადგილის ფოტოები ისე, რომ მათი სტუმრობის რეალური მიზეზი არ გაუმხელიათ.

მესაკუთრემ ჩათვალა, რომ მასალის გამოქვეყნების შედეგად დაირღვა მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, რის გამოც სარჩელით მიმართა საბჭოს. ჟურნალისტებმა გააშუქეს ზოგიერთი დეტალი მესაკუთრე ქალბატონის პირადი ცხოვრებიდან და დეტალურად აღწერეს მისი მამული. ამასთანავე სტატიაში მითითებული იყო მისამართი და ფოტოსურათიდან ადვილად შეიძლებოდა სახლის ადგილმდებარეობის ამოცნობა.

გაზეთმა ასეთი ქმედება შეაფასა როგორც ექსპერიმენტული დაკვირვება, რომელიც ადრეც განუხორციელებიათ: ადრინდელი ანალოგიური რეპორტაჟი ეხებოდა ესტონეთ-ლატვიის საზღვრის იარაღით გადაკვეთას. ბოლო რეპორტაჟის მიზანი იყო მიწის ბაზარზე არსებული მდგომარეობის აღწერა. გაზეთის პოზიცია ამგვარი იყო - მესაკუთრე გახდა „საჯარო“ პერსონა მას შემდეგ, რაც მან რეკლამა შეიძინა. ყველაფერი, რაც ჟურნალისტმა მესაკუთრისაგან გაიგონა, მან ნებაყოფლობით წარმოთქვა.

გადაწყვეტილება: საბჭომ ჩათვალა, რომ საჩივარი დასაბუთებული იყო.

მოტივაცია: საბჭოს აზრით, სტატია ხელყოფდა პირადი ცხოვრებისა და ოჯახის ხელშეუხებლობას და ამდენად, იყო ცუდი ჟურნალისტიკის ნიმუში. შარეკლამო მომსახურების სარგებლობით პიროვნება საჯარო ფიგურა არ ხდება. არც ყველა პოტენციური რეკლამის მკითხველი ხდება ზემოთაღნიშნული სახლის პოტენციური სტუმარი. გაზეთმა გაავრცელა დეტალები საკუთრებისა და მისი მესაკუთრის შესახებ 269 ათას მკითხველს შორის. საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, რეპორტიორსა და მკითხველს შორის განსხვავება ის არის, რომ მკითხველიარ ავრცელებს თავის შთაბეჭდილებებს პრესაში.

საბჭომ სხვა ექსპერიმენტებთან პარალელის გავლება იმ უბრალო მიზეზის გამო მიიჩნია არაადეკვატურად, რომ წინა შემთხვევებს საჯარო ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. საბჭომ განაცხადა, რომ კერძო ტერიტორიაზე ნაკვეთის ყიდვის საბაბით შესვლის არავითარი საჭიროება არ არსებობდა.

26 ივნისი, 1996

მინისტრიესტი ექსპრესის წინააღმდეგ

საჩივარი: ესტი ექსპრესის მოთხოვნით, საბჭომ განიხილა სარჩელი, თუ რამდენად შეესაბამებოდა კარგ ჟურნალისტურ პრაქტიკას ამავე გაზეთში გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ტალინის ცოდვილი ცხოვრება ბალთაზარის ეპოქაში“. სტატიაში გამოყენებული იყო საგარეო საქმეთა მინისტრის ტომას ჰენდრიკ ივისა და ჟურნალისტ მადის იურგენის შორის ელექტრონული მიმოწერის მასალები, რომელიც ძირითადად აზრთა გაზიარების ხასიათს ატარებდა. მინისტრმა გაზეთი პირადი მიმოწერის ხელშეუხებლობის დარღვევაში დაადანაშაულა.

ესტი ექსპრესმა წამოჭრა შემდეგი საკითხები: შესაძლო იყო თუ არა ზემოაღნიშული საკითხის პირადი კორესპონდენციისთვის მიკუთვნება? და გამართლებული იყო თუ არა მინისტრის პერსონის მიმართ გაზეთის ინტერესი?

საბჭოს გადაწყვეტილება:

1. მინისტრსა და ჟურნალისტს შორის რაიმე სახის აზრთა გაცვლა არ შეიძლება ჩაითვალოს პირადულად, თუ არ არსებობს სხვაგვარი წინასწარი შეთანხმება. მინისტრი, როგორც მაღალი თანამდებობის პირი, ითვლება საჯარო ფიგურად (ესტონეთის ეთიკის კოდექსი, პირველი მუხლი, პუნქტი 1.6.).

2. ამ შემთხვევაში ესტი ექსპრესის საჯარო ინტერესი მინისტრის პირადი ცხოვრებისადმი დასაბუთებული იყო, რამდენადაც ის პირდაპირ ეხებოდა გადასახადის გადამხდელთა ქცევებს (ესტონეთის ეთიკის კოდექსი, მუხლი 4.9.[5]).

15 ივლისი, 1998

______________________

5 4. სარედაქციო დირექტივები: 4.9. პიროვნების პირადი ცხოვრების უფლების შემლახველი მასალის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ინტერესი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე მაღლა დგას და ეს გარემოება დასაბუთბულია.

5.8 7. დანაშაულის გაშუქება

▲ზევით დაბრუნება


საგზაო პოლიცია რადიოსადგურების წინააღმდეგ

საჩივარი: პოლიციის დეპარტამენტის საგზაო ბიურომ საჩივრით მიმართა საბჭოს და სთხოვა, გაერკვია, თუ რამდენად შეესაბამებოდა კარგ ჟურნალისტურ პრაქტიკას ის ფაქტი, რომ ორი რადიოსადგური ეთერით აცხადებდა პოლიციის პატრულის ზუსტ ადგილმდებარეობას. პოლიციის განცხადებით, ასეთი ცნობების გავრცელება პოლიციის გაღიზიანებას იწვევდა, დამრღვევებს კი პატრულის გვერდის ავლის საშუალებას აძლევდა. რადიოსადგურები კი ავრცელებდნენ ინფორმაციებს, რომელთაც მათ მძღოლები სატელეფონო ზარების მეშვეობით ატყობინებდნენ.

მაუწყებლებმა საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს. მათი თქმით, ასეთი განცხადებები ხელს უწყობდა გზებზე კანონიერებასა და უსაფრთხოებას. კრიმინალებს ინფორმაციის მოპოვება სხვა წყაროებიდან უფრო შეეძლოთ, ვიდრე რადიოდან,- აღნიშნეს მათ.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ გაიზიარა.

მოტივაცია: საბჭომ აღნიშნა, რომ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ეთიკურია ამ ცნობების გავრცელება, არ შეიძლება ფორმალური მიდგომის საფუძველზე. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა, მიგვიყვანოს ისეთ სიტუაციამდე, როცა შინაარსთან შეუსაბამობის გამო შეიძლება განვიხილოთ გარკვეული სახის ინფორმაციების (მაგალითად, ამინდის შესახებ) აკრძალვის შესაძლებლობა. პოლიციამ ვერ დაასახელა ვერც ერთი კონკრეტული ინფორმაცია, რომელმაც გავლენა მოახდინა მათ მუშაობაზე.

საბჭო მიესალმა საჯარო დისკუსიას, რომელსაც პოლიციის სარჩელმა დაუდო სათავე და ასევე აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც პოლიციის, ასევე რედაქციის მუშაობაში. საბჭომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ ინფორმაციის გაშუქებისას, მაუწყებლებისთვის მთავარი კრიტერიუმი საზოგადოებრივი ინტერესი იყო, რომელიც უნდა აიწონოს ცალკეული ინფორმაციის შემთხვევაში.

27 აგვისტო, 1997

6 თავი 5. კანადა

▲ზევით დაბრუნება


6.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ბრიტანეთის კოლუმბიის
პრესის საბჭო

კანადაში არსებული სხვა საბჭოების მსგავსად, ბრიტანეთის კოლუმბიის პრესის საბჭო საგაზეთო ინდუსტრიის თვითრეგულირების ორგანოა, რომლის წევრობაც ყველა გაზეთისთვის ნებაყოფლობითია. გაზეთების ბევრი სათემო გაერთიანება მასში გაცილებით ადრე გაწევრიანდა, ვიდრე 1995 წელს - ბრიტანეთის კოლუმბიისა და იუკონის გაზეთების ასოციაცია (BCYCNA).

საბჭო 1983 წელს დაარსდა, როდესაც ფედერალურმა მთავრობამ მთელს კანადაში საგაზეთო ინდუსტრიის რეგულირების იდეის ლობირება სცადა და საგაზეთო ინდუსტრიის ლიდერებმა ამაში გარკვეული საფრთხე დაინახეს. საბჭო მთლიანად საგაზეთო ინდუსტრიის მიერფინანსდება. ყოველდღიური გაზეთები წლიურ შენატანს გაზეთის ტირაჟის შესაბამისად იხდიან, ხოლო სათემო გაზეთებისთვის ფიქსირებული გადასახადია დაწესებული.

დღეისათვის საბჭოში 130-ზე მეტი გაზეთია გაწევრიანებული, აქედან 16 ბრიტანეთის კოლუმბიის ყოველდღიური გაზეთია, 107 - BCYCNA-ის, ხოლო 9 სათემო გაზეთია.

საბჭოს წევრობა ხელსაყრელია შემდეგ გარემოებათა გამო:

იგი იცავს მის წევრებს სასამართლო განხილვებისაგან, ვინაიდან საჩივარი განსახილველად საბჭოში შედის. მოსარჩლე წერილობით ადასტურებს თავის ნებას საკითხის ამ გზით გადაწყვეტის თაობაზე. მიუკერძოებელი და სამართლიანი საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა გაზეთებს საშუალებას აძლევს, დაზოგონ დრო და თანხები, ასევე თავიდან აიცილონ გართულებები. დაუშვებელია, საბჭოში რომელიმე მხარის ინტერესი ადვოკატმა წარმოადგინოს.

მას შემდეგ რაც, პრესის საბჭომ სააპელაციო ფუნქცია შეიძინა, საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა, სასამართლოსთან შედარებით, იაფფასიანი ალტერნატივა გახდა. ამასთანავე საბჭო იცავს მედიას მთავრობის მხრიდან ჩარევისაგან, ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

პრესის საბჭოს სხდომები არაფორმალურ ხასიათს ატარებს და ის ღიაა საზოგადოებისათვის. შხდომაზე არავის მოეთხოვება ფიცის დადება და ასევე არ ხდება სხდომების სტენოგრამირება.

სხდომაზე მოსარჩლეს პირველი სიტყვის უფლება ეძლევა, რასაც გაზეთის წარმომადგენლის გამოსვლა მოსდევს. ორივე მხარეს გასაჩივრების თანაბარი უფლება გააჩნია, ასევე ორივე მხარეს შეუძლია მოითხოვოს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა. საბჭოს წევრებს შეუძლიათ, ორივე მხარეს მიმართონ შეკითხვებით. მოსმენის შემდგომ, საბჭომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში მითითებულია მონაცემები მომჩივანისა და გაზეთის შესახებ. გაზეთი მოვალეა, სრულად გამოაქვეყნოს საბჭოს გადაწყვეტილება.

საბჭოს ჰყავს 11 დირექტორი, რომელთაგან 6 საზოგადოების წარმომადგენელია, ხოლო დანარჩენი 5 დანიშნულია მედიაინდუსტრიის მიერ. საბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე ყოველთვის საზოგადოების წარმომადგენლები არიან. საბჭოს წევრები თავის უფლებამოსილებას 4 წლის ვადით ახორციელებენ, აქედან 2 წელი გარანტირებულია, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში მონაცვლეობითი როტაცია ხდება ტერიტორიული პრინციპით, რათა საბჭოში ბრიტანეთის კოლუმბიის ტერიტორიაზე არსებული ყველა რეგიონის წარმომადგენლობა მოხვდეს.

6.2 1. არჩევნების გაშუქება

▲ზევით დაბრუნება


კანადის რეფორმისტული პარტია
ვიქტორია ტაიმს-კოლონისტის წინააღმდეგ

საჩივარი: რეფორმისტულმა პარტიამ ვიქტორია ტაიმს-კოლონისტის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია საბჭოში გაასაჩივრა. მომჩივანთა განცხადებით, საგაზეთო პუბლიკაციის შედეგად, პარტია „საზოგადოების მხრიდან ქილიკის ობიექტი გახდა“. რეფორმისტთათვის შეურაცხმყოფელი სტატია ეხებოდა პარტიის საარჩევნო რეკლამას, რომელიც თავად ტაიმს-კოლონისტის ბიზნეს სექციაში იყო განთავსებული. რეკლამის პირველ სტრიქონში დიდი ასოებით ეწერა: „ხართ თქვენ ბადინგ ჯონი, ა. მაკდონალდი ან უინსტონ ჩერჩილი?“ ტაიმს კოლონისტის სტატიის სათაური კი შემდეგნაირად ჟღერდა: „მორიგი ჯონი, არა? რეფორმატორული წინადადება ეგზოტიკურ აკრობატიკასთან ერთად“.

პარტიამ უკმაყოფილება გამოთქვა რეკლამის განთავსების გამოც, რისი მიზეზიც რეფორმისტებისთვის ადგილის ეგზოტიკური აერობიკის რეკლამის გვერდით მიჩენა აღმოჩნდა. პარტიული რეკლამა კი ეხებოდა ფედერალური არჩევნებისათვის კანდიდატების შერჩევას და სწორედ ეს რეკლამა წარმოადგენდა პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის ირონიის საგანს. პარტიის წარმომადგენლის შეფასებით, გაზეთის მხრიდან არაეთიკური იყო იმ რეკლამის გაშაყირება, რომლის გამოქვეყნებაშიც მან ფული აიღო.

ამ საქმის მოსმენისას, გაზეთის რედაქტორმა ჯონ უელსმა განაცხადა, რომ გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა განსაზღვრავდა იმას, თუ რა გაეშუქებინა და რაზე გაეკეთებინა კომენტარი და არა გაზეთში რეკლამის განმთავსებელი. პარტიის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ გაზეთმა დაარღვია კლიენტსა და აგენტს შორის დადებული შეთანხმება, როდესაც პარტიის რეკლამა ჯერ უცნაურ ადგილზე განათავსა, შემდეგ კი თავად დასცინა რეკლამასაც და მისი განთავსების ადგილსაც.

რეკლამის სისტემატურად გამოქვეყნების გამო, რეფორმისტები გაზეთის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას ითხოვდნენ.

გადაწყვეტილება: საბჭომ უარყო რეფორმისტთა საჩივარი და ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაადგინა:

1. რეკლამის განთავსება შეთანხმებული იყო პარტიის წარმომადგენელთან.

2. პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია წარმოადგენდა არა ბოროტ განზრახვას, არამედ სამართლიან კომენტარს პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებაზე.

3. პარტიის წარმომადგენელს არ უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ როგორც კლიენტს, გაზეთი მას უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებდა.

მართალია, პრესის საბჭო, როგორც წესი, არ იხილავს რეკლამის საკითხებს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მან მხარი დაუჭირა გაზეთის სარეკლამო და სარედაქციო პოლიტიკის ერთმანეთისაგან მკვეთრ გამიჯვნას.

22 აპრილი, 1992

მწვანეთა პარტიავანკუვერ სანის წინააღმდეგ

საჩივარი: მწვანეთა პარტიის ლიდერმა, სტიუარტ პარკერმა განაცხადა, რომ არჩევნების გაშუქებისას ვანკუვერ სანი შეგნებულად უკეთებდა იგნორირებას მწვანეთა პარტიის კანდიდატებს და სხვადასხვა საკითხებზე ამ პარტიის პოზიციას. პარკერის თქმით, ამით გაზეთმა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება, რადგან წინასაარჩევნო ვითარებაზე მას არასწორი წარმოდგენა შეუქმნა, რითაც დაარღვია პრესის კოდექსის პირველი მუხლი[1] (სიზუსტე). მკითხველს შეიძლებოდა ეფიქრა, რომ მწვანეთა პარტია არჩევნებში საერთოდ არ მონაწილეობდა, მაშინ, როდესაც მას რეალურად 70 კანდიდატი ჰყავდა.

მისი თქმით, გაზეთი უსამართლოდ მოიქცა, როდესაც გამოაქვეყნა ინფორმაცია სხვა, მათ შორის უფრო პატარა პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებზე და საერთოდ უგულებელყო მწვანეების კანდიდატები.

რედაქტორის მოადგილე მეისონი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ გაზეთი უსამართლოდ იქცეოდა, ან შეცდომაში შეჰყავდა მკითხველი. მისი თქმით, კამპანიის დასაწყისში გაზეთმა გადაწყვიტა მთელი ყურადღება სამი მთავარი პარტიისათვის დაეთმო. მათ გარდა, გაზეთი აშუქებდა იმ ორი პარტიის კამპანიასაც, რომლებიც უკვე იყვნენ წარმოდგენილი პროვინციის საკანონმდებლო საბჭოში. „ჩვენი რესურსები შეუზღუდავი არ არის. კამპანიის გაშუქებისას ყველა პარტიაზე წერას ვერ შევძლებდით,“ - განაცხადა მან. მეისონმა დასძინა, რომ ყველა შეცდომა, რომელიც გაზეთმა მწვანეებთან დაკავშირებით დაუშვა, სწრაფადვე შეასწორა.

რედაქტორის მოადილემ ასევე აღნიშნა, რომ გაზეთი ძირითადად აშუქებდა ქვედა მეინლენდში მიმდინარე კამპანიას და არჩევნებამდე ათი დღით ადრე გამოაქვეყნა ყველა პარტიის, მათ შორის მწვანეების კანდიდატთა სია.

გადაწყვეტილება: საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პარტიის საჩივარი.

მოტივაცია: წინასაარჩევნო პერიოდში ვანკუვერ სანი აქვეყნებდა მხოლოდ ხუთი პარტიის კანდიდატთა სიასა და მათ შესახებ ინფორმაციას, რაც შეესაბამებოდა სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ არასრულ წარმოდგენას უქმნიდა მო სახლეობას შესაძლო ალტერნატივების შესახებ. სანმა არ შეატყობინა მკითხველებს, რომ იგი მხოლოდ ხუთი პარტიისა და მათი კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიას გააშუქებდა. მან კიდევ უფრო დააბნია მკითხველი, როდესაც ერთიორჯერ სხვა პარტიების კანდიდატთა არასრული სიაც გამოაქვეყნა.

მართალია, ამ ყველაფრის შედეგი, შესაძლოა, მკითხველის შეცდომაში შეყვანა იყო, მაგრამ პრესის საბჭომ ვერ აღმოაჩინა რაიმე ნიშანი იმისა, რომ გაზეთმა ეს შეგნებულად გააკეთა. ამას ისიც ადასტურებს, რომ სანმა ბოლოს და ბოლოს გამოაქვეყნა ყველა კანდიდატის სრული სია. იმისათვის, რომ გაზეთებს არ დაებნიათ მკითხველი, პრესის საბჭომ მოუწოდა ჟურნალისტებს, კანდიდატებთან დაკავშირებული მასალების, მათ შორის სიების გაშუქებისას, მიეთითებინათ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია სრული იყო თუ ნაწილობრივი.

რაც შეეხება სანის მიერ არჩევნების გაშუქების სხვა ასპექტებს, პრესის საბჭომ უპირობოდ დაუჭირა მხარი გაზეთის უფლებას, თავად განსაზღვროს, როგორ და რა სიხშირით უნდა ისაუბროს სხვადასხვა პარტიებისა და კანდიდატების შესახებ.

საბჭომ გაიზიარა საჩივრის ის ნაწილი, რომელიც სიზუსტეს შეეხებოდა.

28 ნოემბერი, 1996

ოლდერმენი [2] ჰარი რენკინინორდ შორ ნიუზის წინააღმდეგ

საჩივარი: ოლდერმენ ჰარი რენკინის საჩივრის მიზეზი გახდა 1990 წლის 23 ნოემბერს ნორდ შორ ნიუზში გამოქვეყნებული ტრევორ ლაუტენსის სარედაქციო სტატია, სათაურით „ძნელია კომუნისტებთან შეგუება“. პუბლიკაცია შეეხებოდა ვანკუვერის არჩევნებს, რომელზეც „პროგრესული ელექტორატის კომიტეტის“ ხუთმა კანდიდატმა, მათ შორის რენკინმა ოლდერმენის ადგილი მოიპოვა.

სტატიის ერთ-ერთი თემა იყო სადილი, რომელიც 1970 წელს ჩინურ რესტორანში გაიმართა და რომელსაც ადგილობრივი ამომრჩევლები ესწრებოდნენ. ლაუტენსის თქმით, რენკინი „პოლიტიკურად ჭამდა“. სუფრასთან რენკინის ქცევაზე საუბრისას ავტორი წერდა, რომ ის „მეტისმეტად უშუალოდ და მგზნებარედ იქცეოდა, რათა უბრალო ხალხის მიმართ თავისი სოლიდარობა გამოეხატა“.

რენკინმა პროტესტი გამოთქვა სტატიის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელშიც საუბარი იყო მისი ჭამის მანერის შესახებ. მომჩივანმა პუბლიკაციის ამ პასაჟს შემდეგი ინტერპრეტაცია გაუკეთა: „მე ღორულად ვჭამდი იმ მიზნით, რომ უბრალო ხალხს დავმსგავსებოდი და მათთან ერთიანობა მეჩვენებინა. თითქოს, მე მჯერა, რომ ეს ხალხი ღორულად ჭამს და თუ მინდა მათი სიმპათია დავიმსახურო, მეც ასე უნდა ვჭამო, მაშინ, როდესაც უკეთესადაც შემიძლია“. საბჭოს წინაშე გამოსვლისას, რენკინმა განაცხადა, რომ მისი ჭამის მანერაში არაფერი იყო უჩვეულო და ის მიირთმევდა ისე, როგორც ამას სხვა დროს აკეთებდა. ამდენად, რენკინი სტატიის ამ პასაჟს „მტკნარ სიცრუედ“ აფასებდა.

სხდომაზე ლაუტენსმა ვერ შესძლო გაეხსენებინა, რენკინი დანა-ჩანგლით ჭამდა, თუ ჩხირებით, რადგანაც ეს სადილი ოცი წლის წინანდელ ამბავს უკავშირდებოდა, მაგრამ მოაგონდა „ხელებით ქექვის მოძრაობა“.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, რადგან ვერ შესძლო გაერკვია, ჭამის მანერასთან დაკავშირებით რომელი მხარე იყო მართალი.

მოტივაცია: საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა სარედაქციო სტატიების ავტორის უფლება, გამოეხატა თავისი თვალსაზრისი, მათ შორის მოგონებებზე დაყრდნობით. საბჭომ გაითვალისწინა ისიც, რომ რედაქტორმა შესთავაზა რენკინს, შეხვედროდა გაზეთის ხელმძღვანელებს და თავისი აზრი ღია წერილის მეშვეობით გამოეხატა. თუმცა, რენკინმა ორივე წინადადებაზე უარი განაცხადა.

1991

________________________

1 მუხლი 1 -სიზუსტე: «გაზეთის უპირველესი მოვალეობაა, მიაწოდოს საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია. გაზეთებმა დაუყოვნებლივ უნდა შეასწორონ უზუსტობები».

2 ოლდერმენი -მუნიციპალური საბჭოს წევრი.

6.3 2. სარედაქციო სტატია

▲ზევით დაბრუნება


მორისონიტაიმს კოლონისტის წინააღმდეგ

საჩივარი: 2002 წლის 28 მაისს ტაიმს კოლონისტის სვეტში გამოქვეყნდა ლეს ლეინის სარედაქციო სტატია, რომელიც ბრიტანეთის კოლუმბიის პოლიციის კომისრის პოსტიდან დონ მორისონის გადადგომას ეხებოდა. აღნიშნული პუბლიკაციის გამო მორისონმა ბრიტანეთის კოლუმბიის პრესის საბჭოში საჩივარი შეიტანა.

ლეინის პუბლიკაციაში შეჯამებული იყო პროვინციის საკანონმდებლო კომიტეტის მიერ გამართული განხილვის შედეგები, კერძოდ კი კომისიის თანამშრომელთა ჩვენებები, სადაც ისინი საუბრობდნენ კომისიის საქმიანობის მოშლისა და კომისრის მიერ უფლება-მოვალეობების გადაჭარბების შესახებ. კომიტეტს ჩვენება მისცა მორისონმაც, მან ყველა ბრალდება უარყო და შესაბამისი მტკიცებულებებიც წარადგინა.

მორისონი აცხადებდა, რომ გაზეთი და თავად ლეინი ტენდენციურები იყვნენ მის მიმართ, რითაც ისინი არღვევდნენ პრაქტიკის კოდექსის ორ მუხლს. სახელდობრ, მე-2 [3] მუხლს, რომელიც „პასუხის უფლებას“ შეეხება. კოდექსის ეს მუხლი მიზნად ისახავს, აუხსნას გაზეთებს, რა უნდა გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია უზუსტო აღმოჩნდება. ეს მუხლი აღნიშნულ შემთხვევას არ არეგულირებს, რადგან მორისონი საჩივარში მიუთითებდა არა უზუსტობის შესწორებაზე, არამედ იმაზე, რომ მასალის გამოქვეყნებამდე ჟურნალისტს მისთვის კომენტარი არ მოუთხოვია.

ლეინმა მიუთითა, რომ წინა კვირების განმავლობაში მან ხუთჯერ დაურეკა მორისონს და კომენტარი სთხოვა საკომიტეტო განხილვის სხვადასხვა ასპექტებზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში უარი მიიღო.

მორისონის მეორე ბრალდება კოდექსის მე-4 [4] მუხლის დარღვევას შეეხებოდა. ლეინის სვეტი იწყებოდა სიტყვებით: „ვიმოწმებ ჩვენებების ათეულობით გვერდს, რომელიც სერიოზულ კითხვებს ბადებს“. ეს სიტყვები აშკარად მიანიშნებდა მკითხველს, რომ ავტორი გულისხმობდა მოწმეთა ჩვენებებს საკმაოდ ცნობილი სასამართლო პროცესიდან. საბჭომ ყურადღება გაამახვილა ასევე 28 მაისის პუბლიკაციაზე, სადაც ლეინმა დაწერა, რომ „მორისონმა სცადა, გაებათილებინა იმდენი ბრალდება, რამდენიც შეეძლო“.

თუმცა, საბჭომ გამოთქვა ორი მცირე შენიშვნა პუბლიკაციის ავტორის მისამართით. მართალია, ლეინმა აღიარა, რომ ზემოთმოყვანილი სიტყვები მისი აზრი იყო, მაგრამ ეს აზრი ისე იყო ფორმულირებული, რომ მკითხველს შეიძლება ვერ გაერკვია, ვინ დაადგინა მასში მოყვანილი შეხედულების ჭეშმარიტება. მით უმეტეს, რომ რაკი მორისონი გადადგა, საკანონმდებლო კომიტეტს განხილვის შედეგები აღარ გამოუქვეყნებია.

ლეინს ამ თემაზე მხოლოდ ეს ერთი სტატია რომ გამოექვეყნებინა, საბჭოს შესაძლოა, უფრო სერიოზული შენიშვნა გამოეთქვა ამ საკითხზე. მაგრამ, 28 მაისის თვალსაზრისი იყო მხოლოდ ერთი ნაწილი სტატიების იმ სერიისა, რომელიც ლეინმა ამ თემაზე გამოაქვეყნა. ერთ-ერთი მათგანი მორისონის მიერ ბრალდებების უარყოფას შეიცავდა. გარდა ამისა, ტაიმს კოლონისტი ფართოდ აშუქებდა საკომიტეტო მოსმენებს. 28 მაისს გაზეთმა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა სტატია მორისონის გადადგომის შესახებ, რომელიც მის კომენტარებსაც შეიცავდა.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა მორისონის საჩივარი.

მოტივაცია: გარდა იმისა, რომ აღნიშნულ სიტუაციაში მე-2 მუხლი არაადეკვატურია, მომჩივანს არც კი უცდია ლეინთან დაკავშირება ან რედაქტორისათვის წერილის მიწერა და თავისი პრეტენზიების გამოხატვა. აქვე, საბჭომ აღნიშნა, რომ მართალია, გაზეთი არ არის მოვალე, თავად შესთავაზოს მოდავე მხარეს პასუხის გამოქვეყნება, მაგრამ რედაქციას ეს რომ გაეკეთებინა, დავა საწყისს ეტაპზევე მოგვარდებოდა.

რაც შეეხება მე-4 მუხლს, საბჭომ არც ამ მუხლის დარღვევის ბრალდება გაიზიარა. მომჩივანს სურდა, დაემტკიცებინა ავტორისათვის, რომ რეპორტიორს ობიექტურობა და ბალანსის დაცვა მოეთხოვება. საბჭომ აღნიშნა, რომ პრაქტიკის კოდექსი ყველა გაზეთს აძლევს უფლებას, გამოაქვეყნოს მოსაზრებების მაქსიმალურად ფართო სპექტრი. ამდენად, ავტორი არ არის ვალდებული, რომ თვალსაზრისის რუბრიკით გამოქვეყნებული მასალა ისეთივე ნეიტრალური, ობიექტური ან დაბალანსებული იყოს, როგორც საგაზეთო ახალი ამბები. თვალსაზრისი პრინციპში სხვა არაფერია, თუ არა ინფორმაციის შეფასება და მასში მოყვანილი ფაქტების მიმართ პოზიციის დაფიქსირება. ამიტომ, ლეინს სრული უფლება ჰქონდა, გაეზიარებინა ან არ გაეზიარებინა მოწმის ან წყაროს მიერ მიცემული ჩვენება და ღიად გამოეთქვა საკუთარი აზრი. იგი ასეც მოიქცა და ამასთანავე განუმარტა მკითხველს, რომ მისი მოსაზრებები ეყრდნობოდა საკანონმდებლო კომიტეტის საჯარო განხილვაზე მოსმენილსა და დანახულს.

2002

ტედ ჰეიზი დევიდ ბლეკის გაზეთების წინააღმდეგ

საჩივარი: ვიქტორიას მცხოვრებლებმა საჩივრით მიმართეს ბრიტანეთის კოლუმბიის პრესის საბჭოს გამომცემელ დევიდ ბლეკის წინააღმდეგ. მომჩივანთა განცხადებით, ბლეკმა მის ერთ-ერთ გაზეთში ისე გამოაქვეყნა მასალა, რუბრიკით „წერილი რედაქტორს“, რომ მნიშვნელოვნად შეცვალა მისი შინაარსი.

კერძო მოქალაქემ, ჰეიზმა მონაწილეობა მიიღო იმ მარადიულ დებატებში, რომელიც გაზეთების, მათი მფლობელებისა და რედაქტორების როლსა და პასუხისმგებლობას ეხება. ჰეიზმა ბლეკის გაზეთებს ორი პრეტენზია წაუყენა:

1. გაზეთ პენინსულა ნიუზ რივიუში გამოქვეყნებული მისი წერილის შინაარსი დამახინჯებული იყო;

2. ბლეკმა თავის გაზეთებს დაუწესა ცენზურა ნისგას ხელშეკრულების გაშუქებასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: მართალია, საბჭომ გაიზიარა ჰეიზის მოსაზრება, რომ გაზეთების მფლობელებმა თავიანთი გამოცემების ფურცლებზე მოსაზრებათა მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა დაბეჭდონ, მაგრამ დაადგინა, რომ ბლეკის გაზეთებში, როგორც ახალი ამბების სექციაში, ისე სარედაქციო წერილებისა და მკითხველთა წერილების განყოფილებებში განსხვავებული თვალსაზრისის დეფიციტი არ იგრძნობოდა.

პირველ საკითხთან დაკავშირებით, საბჭომ დაადგინა, რომ ჰეიზმა ორი არსებითად ერთნაირი წერილი გამოაქვეყნა. ერთი მათგანი სიტყვა-სიტყვით იყო დაბეჭდილი, მეორეს რედაქტირება ისე მოხდა, რომ მისი შინაარსი არ შეცვლილა. ჰეიზი ჩიოდა, რომ ბლეკის მიერ გაცემული დირექტივა არღვევდა პრესის კოდექსის მე-4 მუხლს. საბჭომ დაადგინა, რომ დირექტივაში არაფერი იყო ისეთი, რაც კოდექსს ეწინააღმდეგებოდა.

დირექტივა, რომელიც საბჭოზე სამხილის სახით ჰეიზმა წარადგინა, შემდეგი შინაარსისაა:

1. ბლეკის გაზეთების სარედაქციო პოზიცია ნისგას ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა იყოს უარყოფითი.

2. ამ საკითხთან დაკავშირებით მელ სმიტის სარედაქციო წერილების სერია - რვა თვალსაზრისი - უნდა დაიბეჭდოს ბლეკის ყველა გაზეთში.

3. სხვა სარედაქციო სტატიების ავტორებს უფლება აქვთ, არ გაიზიარონ მესაკუთრის პოზიცია.

4. მესაკუთრის პოზიციამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ახალი ამბებისა და მკითხველთა წერილების განყოფილებებზე.

5. რედაქტორები, რომლებიც არ ეთანხმებიან მფლობელის პოზიციას, არ არიან ვალდებული, წერონ საკუთარი შეხედულების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ვალდებული არიან, გამოაქვეყნონ მათთვის მიწოდებული მასალა.

6. რედაქტორებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მფლობელის შეხედულებებს, შეუძლიათ, თავიანთი მოსაზრება გამოაქვეყნონ `წერილების' განყოფილებაში.

პრესის კოდექსის მე-4 მუხლი აცხადებს, რომ გაზეთებმა მოსაზრებათა მაქსიმალურად ფართო სპექტრი უნდა წარმოაჩინონ და შეხედულებების გამოთქმის საშუალება უნდა მისცენ სარედაქციო წერილების ავტორებსა და სხვებს თუნდაც არაპოპულარულ და წინააღმდეგობრივ საკითხებზე.

საბჭოს დასკვნით, ბლეკმა მისი გაზეთების მეშვეობით გამოაქვეყნა განსხვავებული მოსაზრებები, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთისათვის ეს შეხედულებები -მიუღებელი, მთავრობაში კი არაპოპულარული იყო, და სარედაქციო სტატიების ავტორებსაც და სხვებსაც მისცა განსხვავებული შეხედულებების გამოქვეყნების საშუალება. მისი დირექტივა არ იყო მიმართული თავის გაზეთებში განსხვავებული აზრის ჩახშობისაკენ, რასაც მოწმობს ხელშეკრულების მომხრეთა მიერ ბლეკის გაზეთებში გამოქვეყნებული განსხვავებული მოსაზრებები.

საბჭომ აღნიშნა, რომ მართალია, ბოლო დროს კანადაში ჩვეულებად იქცა, რომ რედაქციის სახელით წერილებს წერენ რედაქტორები ან ჟურნალისტები, სარედაქციო პოლიტიკის წარმართვაში საბოლოო სიტყვა მფლობელს ეკუთვნის.

14 იანვარი, 1999

ლოის ბუნეი და პოლ რამსეი
პრინს ორ სიტიზენის წინააღმდეგ

საჩივარი: ადგილობრივი კაბინეტის წევრებმა ლოის ბუნმა და პოლ რამსეიმ გაასაჩივრეს ის გარემოება, რომ პრინს ჯორჯ სიტიზენი მოქალაქეთა წერილების სექციაში სისტემატურად აქვეყნებდა პარლამენტის ორი რეფორმატორი წევრის მოსაზრებებს და იგივე შესაძლებლობას არ აძლევდა მათ.

მომჩივანების განცხადებით, გაზეთი ახდენდა მათი პარტიის (ეროვნულ დემოკრატიული პარტია) აშკარა დისკრიმინაციას, რაც პარტიის მიმართ მოქალაქეთა დამოკიდებულებაზე აისახებოდა. მომჩივანებმა თხოვნით მიმართეს საბჭოს, დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა გაზეთის პოლიტიკა „ჟურნალისტურ ეთიკასა და სამართლიანობის ზოგად პრინციპებს“.

მოსმენის დროს რამსეიმ განმარტა, რომ მას პრეტენზია ჰქონდა არა გაზეთის უფლებასთან, თავად განესაზღვრა საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა, არამედ „ადგილობრივი პოლიტიკოსების მიმართ სამართლიან და თანასწორ დამოკიდებულებასთან“. მისი აზრით, სამართლიანობა მოითხოვდა, რომ გაზეთს ან ყველა ადგილობრივი პოლიტიკოსის მოსაზრება გაეშუქებინა სარედაქციო თვალსაზრისის გვერდზე, ან არავისი.

რედაქტორმა როი ნიგელმა დაიცვა გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც საშუალებას აძლევდა პარლამენტარებს, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დაეწერათ სარედაქციო სვეტისთვის საკუთარი შეხედულების ამსახველი მასალები. სარედაქციო პოლიტიკის ეს ნორმა არ ვრცელდებოდა ადგილობრივი კაბინეტის წევრებზე. რედაქტორის განმარტებით, ეს საშუალებას აძლევდა პარლამენტის წევრებს, ხმა მიეწვდინათ მათი ოტაველი ამომრჩევლებისათვის მაშინ, როდესაც ადგილობრივი კაბინეტის წევრების წინაშე ეს პრობლემა არ იდგა და მათ ხშირად იხსენიებდნენ საგაზეთო ახალ ამბებში. მისი თქმით, უსამართლობა იქნებოდა, კაბინეტის წევრებისათვის თვალსაზრისის სვეტი ადგილობრივი არჩევნების წინ რომ დაეთმოთ. რედაქტორმა აღნიშნა, რომ ანალოგიურად მოიქცეოდა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც. ნიგელმა განაცხადა, რომ საჩივარი ეხებოდა არა სამართლიანობას, არამედ პრესის თავისუფლებას და რედაქტორის უფლებას, სარედაქციო გვერდზე ის მოსაზრებები გამოექვეყნებინა, რომელთაც თავად ჩათვლიდა მიზანშეწონილად.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რადგანაც იგი პრესის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს ეხებოდა.

მოტივაცია: მართალია, ზოგმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ გაზეთი მიკერძოებულია თავის არჩევანში, როცა საქმე გამოსაქვეყნებელ მასალებს ეხება, მაგრამ ეს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებაა. პრესის საბჭო ვერ დაადგენს, რა არის „სამართლიანი“, ან რა შეიძლება გამოქვეყნდეს ან არ გამოქვეყნდეს, რადგანაც ეს სიტყვის თავისუფლების სერიოზული ხელყოფა იქნება.

საბჭომ აღნიშნა, რომ საზოგადოებას აქვს უფლება, მოითხოვოს პრესისაგან მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის საქმიანობას, რადგანაც ის აღჭურვილია საზოგადოების მანდატით - უზრუნველყოს თავისუფალი საზოგადოების მოქალაქეების ინფორმირება.

27 სექტემბერი, 1996

ოან გედსბინორდ შორ ნიუზის წინააღმდეგ

საჩივარი: ჩრდილოეთ ვანკუვერის რაიონული საბჭოს ყოფილმა წევრმა ჯოან გედსბიმ ნორდ შორ ნიუზის წინააღმდეგ საბჭოს შემდეგი ბრალდება წარუდგინა: მომჩივანის განცხადებით, სტატია, რომელიც ნიუზში 1993 წლის 12 ნოემბერს დაიბეჭდა, სათაურით „საბოლოო შეფასება“, იყო მთლიანად მიკერძოებული და წარმოადგენდა მის წინააღმდეგ „ლაჩრულ“ შეტევას. მარტინ მილერჩიპის მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში გესბის ყველაზე დაბალი ნიშანი „3 მინუსით“ ეწერა.

გედსბის აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ შეფასება გაზეთში არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გამოჩნდა. გედსბის თქმით, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მას ძალების მოსაკრებად დრო აღარ დარჩა და სწორედ ეს იყო მისი დამარცხების მიზეზი. გედსბის განცხადებით, წინა არჩევნებში იგი ყოველთვის დიდი უპირა ტესობით იმარჯვებდა. გედსბიმ სთხოვა პრესის საბჭოს, დაესაჯა ნიუზი არაეთიკური ჟურნალისტიკისათვის.

ნიუზის რედაქტორმა ტიმ რენშაუმ საბჭოს განუცხადა, რომ მილერჩიპის სტატია წარმოადგენდა „სამართლიან კომენტარს“, გარდა ამისა, მილერჩიპს ყველაზე კარგად შეეძლო საბჭოს წევრების შეფასება, რადგან ხუთი წლის მანძილზე აშუქებდა ამ ორგანოს საქმიანობას და მის წევრთა უმრავლესობას პირადად იცნობდა. რენშაუმ აღნიშნა, რომ წერილზე გარკვევით იყო მიწერილი „თვალსაზრისი“, რათა ის ტიპიურ ინფორმაციაში არავის არეოდა.

მილერჩიპმა განაცხადა, რომ ნიშნების წერისას მას არავითარი ბოროტი განზრახვა არ ამოძრავებდა. ყველა შეფასება ეყრდნობოდა ავტორის პირად შეხედულებებს და ეს სტატიაში ნათლად იყო მითითებული.

გედსბის თქმით, სტატიაში მის შესახებ მოყვანილი არასასიამოვნო კომენტარები თავისუფლად შეიძლება გაკეთებულიყო საბჭოს სხვა წევრების მიმართაც. მაგრამ, ავტორმა ისინი დაზოგა. „ეს იყო უსამართლო და დაუბალანსებელი გაშუქება. მე არ ვიმსახურებ 3-ს მინუსით“.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: საბჭომ დაადგინა, რომ გედსბის მოსწრება იყო „სამართლიანი კომენტარი“. მოსმენაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საბჭომ საფუძვლიანად მიიჩნია იმის დასადგენად, რომ ნორდ შორ ნიუზს ყველა საფუძველი ჰქონდა, ნდობოდა რეპორტიორის მიერ გაკეთებულ შეფასებას. მილერჩიპის, როგორც საბჭოს მუშაობის გამშუქებელი რეპორტიორის, გამოცდილება საშუალებას აძლევდა მას, სწორად შეეფასებინა საბჭოს წევრთა საქმიანობა.

მიუხედავად ამისა, საბჭომ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ სტატიაში მოყვანილი ზოგიერთი შეფასება პირადული ხასიათის იყო და მთლად ზუსტად არ ასახავდა საქმის ვითარებას.

22 სექტემბერი, 1994

ნორდ შორისსიცოცხლის მომხრეთა საზოგადოება
ვანკუვერ პროვინსის წინააღმდეგ

საჩივარი: ნორდ შორის სიცოცხლის მომხრეთა საზოგადოებამ ვანკუვერ პროვინსს გაზეთის საკვირაო ნომერში გამოქვეყნებული სარედაქციო სტატიის გამო უჩივლა. ენტონი უორდის სვეტი „უკანასკნელი სიტყვა“ შეეხებოდა იმ ტერმინოლოგიას, რომელსაც აბორტის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა იყენებდა. საზოგადოებამ, რომელსაც მისი პრეზიდენტი როს ლაბრი წარმოადგენდა, განაცხადა, რომ სტატია შეურაცხყოფდა და არასწორად წარმოაჩენდა მოძრაობას და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ლაბრის თქმით, სარედაქციო სტატია ფაქტობრივ შეცდომებსაც შეიცავდა. „ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ, ადამიანის ჩანასახია“, - წერდა ჟურნა ლისტი მოძრაობაზე. ლაბრის განცხადებით, მათი საზოგადოება არანაკლებ არის დაინტერესებული ისეთი საკითხებით, როგორიცაა ევთანაზია, ინვალიდებსა და ხანდაზმულებზე ზრუნვა და მომავალი დედების კონსულტირება.

ჟურნალისტმა ამ მოძრაობის მიერ ტყუილების გავრცელების მაგალითად მოიყვანა გაზეთში დაბეჭდილი აბორტის საწინააღმდეგო რეკლამა. ლაბრის თქმით კი, რეკლამის თანმხლებ განცხადებაში ნათლად იყო აღნიშნული, რომ იგი კერძო მოქალაქის დაკვეთა იყო, რომელიც არც კი იყო აბორტის მოწინააღმდეგეთა საზოგადოების წევრი.

საკვირაო გაზეთის რედაქტორის, მოლინექსის თქმით, უორდის სვეტის მიზანი იყო მოძრაობის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგიის შესწავლა. „სტატიის მიზანი იყო პროვოცირება და არა დაბალანსებული შეხედულებების გადმოცემა“, - დასძინა მან. მოლინექსმა განაცხადა, რომ შემდეგი სვეტი სერიიდან „უკანასკნელი სიტყვა“ სწორედ საწინააღმდეგო შეხედულებებს დაეთმო. უფრო მეტიც, ნაცვლად ტრადიციული მკითხველთა წერილების განყოფილებისა, საპასუხო წერილები პროვინსმა „სარედაქციო სტატიების“ განყოფილებაში გამოაქვეყნა.

მომჩივანის თქმით კი, ეს ყოველივე არ იყო საკმარისი. მით უფრო, რომ წერილის პირველ აბზაცში ნათქვამი იყო, რომ იგი „ეჭვქვეშ აყენებდა მოძრაობის ინტელექტუალურ პატიოსნებას“. ამდენად, აშკარა იყო, რომ სტატია წარმოადგენდა მოძრაობის წინააღმდეგ გალაშქრებას.

ფაქტობრივ შეცდომასთან დაკავშირებით, მოლინექსმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ცნობიერებაში სიცოცხლის მომხრეთა მოძრაობა, პირველ რიგში, აბორტების წინააღმდეგ ბრძოლასთან ასოცირდებოდა. რაც შეეხება რეკლამის საკითხს, მისი თქმით, უორდის ნათქვამი არასწორად გაიგეს.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: საბჭომ დაადგინა, რომ აღნიშნული სარედაქციო სტატია გაცხადებული მიზნიდან გადახრა იყო. იმის ნაცვლად, რომ ავტორს განეხილა ტერმინოლოგია, სტატია რეალურად წარმოადგენდა თავდასხმას სიცოცხლის მომხრეთა საზოგადოებაზე. საბჭომ გამოხატა შეშფოთება სტატიის მეტისმეტად მგზნებარე ტონთან დაკავშირებით. მართალია, საბჭო აღიარებს სარედაქციო სტატიების ავტორთა უფლებას, იყვნენ ძალიან კრიტიკულები, მაგრამ იგი ვერ მოიწონებს ისეთი მოსაზრებების გამოქვეყნებას, რომლებიც ფაქტობრივ შეცდომას ემყარება. ავტორმა ჩათვალა, რომ რეკლამა სიცოცხლის მომხრეთა საზოგადოების მიერ იყო განთავსებული და თავისი სტატიაც ამაზე ააგო.

გარდა ამისა, საბჭომ დაადგინა, რომ განცხადება, თითქოს ხსენებული საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ჩანასახით იყო დაინტერესებული, მცდარი იყო. ამ ნაწილებში საბჭომ დააკმაყოფილა საჩივარი.

საბჭომ ასევე განიხილა საბრის მოთხოვნა გაზეთის მიერ ბოდიშის მოხდის თაობაზე. აღინიშნა, რომ როგორც წესი, გაზეთები მაშინვე ასწორებენ დაშვებულ შეცდომებს, როგორც კი მათ შესახებ შეიტყობენ. ამ შემთხვევაში, რაკი გაზეთმა მოსმენაზე შეიტყო დაშვებული შეცდომის შესახებ, საბჭომ გამოთქვა იმედი, რომ რედაქცია მას დაუყოვნებლივ გამოასწორებდა.

1984

__________________________

3 მუხლი 2 -პასუხის უფლება: „გაზეთები მოვალენი არიან, ცალკეულ პირებსა და ორგანიზაციებს მისცენ დროული და სამართლიანი შანსი, პასუხი გასცენ გამოქვეყნებულ უზუსტობებზე, როდესაც საკითხი მნიშვნელოვანია ან უზუსტობა აშკარაა“.

4 მუხლი 4 -კომენტარი და ფაქტი: „გაზეთებმა უნდა დაიცვან დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული აზრის გამოხატვის უფლება და წარმოადგინონ შეხედულებათა რაც შეიძლება ფართო სპექტრი. იმისდა მიუხედავად, როგორი წინააღმდეგობრივი ან არაპოპულარული არ უნდა იყოს ესა თუ ის თვალსაზრისი, გაზეთებმა უნდა მისცენ სარედაქციო სტატიების, კარიკატურების ავტორებს და სხვებს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. ამასთანავე გაზეთებმა და ჟურნალისტებმა კომენტარი და საკუთარი აზრი დადასტურებულ ფაქტად არ უნდა გაასაღონ“.

6.4 3. ფაქტის და კომენტარის გამიჯვნა

▲ზევით დაბრუნება


დუაიტ უენჰენი და ექთან-ფსიქიატრთა კავშირი
ვანკუვერ სანის წინააღმდეგ

საჩივარი: 2001 წლის 14 აპრილს ვანკუვერ სანმა გაზეთის პირველ და შიდა გვერდებზე გამოაქვეყნა სტატიები, რომლებიც ვუდლენდის სულიერად დაავადებულთა კლინიკაში პაციენტებისადმი ცუდ მოპყრობას შეეხებოდა.

სანმა გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რეპორტიორმა კიმ პერბენტონმა შეიტყო, რომ პროვინციის მთავრობამ ყოფილ ომბუდსმენს, დალსი მაკკელამს დაავალა, შეესწავლა კლინიკაში პაციენტებისადმი მოპყრობის ფაქტები და დაედგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი მათი უფლებების დარღვევას. პერბენტონმა გამოჰკითხა ყოფილი თანამშრომლები, პაციენტები, პაციენტების მშობლები და დაწერა რამდენიმე სტატია, რომელშიც აღწერა ვუდლენდში პაციენტებზე სექსუალური, ემოციური და ფიზიკური ძალდატანების ფაქტები.

ექთან-ფსიქიატრთა კავშირმა სტატიები გააპროტესტა, რადგან კავშირის აზრით, პუბლიკაციაში მოყვანილი ბრალდებები იყო არასწორი, დაუსაბუთებელი ან არაადეკვატურად გამოძიებული და ზიანს აყენებდა ექთნებისა და კლინიკის დანარჩენი პერსონალის რეპუტაციას. კავშირის კადრების სამსახურის დირექტორმა დუაიტ უენჰემმა პრესის საბჭოში იჩივლა. მისი აზრით, სანმა დაარღვია პრესის კოდექსის სამი მუხლი - 1 (სიზუსტე), 2 (პასუხის უფლება) და 4 (კომენტარი და ფაქტი).

გადაწყვეტილება: საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ექთან-ფსიქიატრთა კავშირის მიერ ვანკუვერ სანისადმი წაყენებული საჩივარი. საბჭომ თავიდანვე უარყო ბრალდება, რომ სადაო პუბლიკაციებში კომენტარი და ფაქტი ერთმანეთში იყო არეული. სტატიებში მოყვანილი ყველა ბრალდება ეყრდნობოდა წყაროებს, რომლებიც სახელით და გვარით იყვნენ იდენტიფიცირებული.

თუმცა, საბჭომ დაადგინა, რომ გაზეთმა დაარღვია მე-4 მუხლი, როდესაც 17 აპრილის სარედაქციო სტატიაში თავისივე ბრალდება ფაქტად გაასაღა.

მოტივაცია: მართალია, სარედაქციო სტატიის დასაწყისშივე იყო საუბარი „ჯერაც დაუდასტურებელ ბრალდებებზე“, მაგრამ უკვე ქვემოთ აღნიშნული იყო შემდეგი: „პემბერტონის გამოძიებამ აჩვენა, რომ ინვალიდებს, რომლებიც იკბინებოდნენ, კლინიკაში კბილებს აცლიდნენ, გონებრივად ჩამორჩენილი გოგონების მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, ხოლო მოზრდილებს შხაპის მისაღებად თავში ხის ჯოხის ცემით მიერეკებოდნენ“. სარედაქციო სტატიის ეს აბზაცი მასში ჩამოთვლილ ბრალდებებს დადასტურებულ ფაქტად წარმოადგენდა, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მხოლოდ ბრალდებებთან გვქონდა საქმე.

უენჰემი ასევე ამტკიცებდა, რომ გაზეთმა დაარღვია მე-2 მუხლიც და არ მისცა მას ბრალდებებზე პასუხის დროულად გაცემის შესაძლებლობა. მოსმენის დროს სანის რედაქტორმა პატრიცია გრემმა განაცხადა, რომ უენჰემის საპასუხო წერილი არასწორ ადრესატს გადაეცა, რასაც შესაბამისად, მოლაპარაკებების გაჭიანურება მოჰყვა. თუმცა გრემმა აღიარა, რომ უენჰემის პასუხის გამოქვეყნება ვუდლენდის გამოძიების დაბეჭდვიდან 17 დღის შემდეგ, მართლაც დაგვიანებული იყო.

საბჭოს შეფასებით, გაზეთები ვალდებულნი არიან, საშუალება მისცენ მკითხველს, განსაკუთრებით მას, ვისაც მასალა პირდაპირ ეხება, უმოკლეს ვადაში გამოაქვეყნოს პასუხი. ამ შემთხვევაში ეს არ გაკეთებულა. საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ გაზეთები, რომლებიც აკრიტიკებენ მოვლენებს, ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, ვალდებულები არიან მიიღონ და გამოაქვეყნონ თავიანთი საქმიანობის კრიტიკაც.

თავისი გამოსვლისას, მომჩივანმა აღნიშნა, რომ საბჭოს მოვალეობა იყო არა იმის გარკვევა, თუ რამდენად შეესაბამებოდა გაზეთში მოყვანილი ინფორმაცია სინამდვილეს, არამედ იმის დადგენა, დაარღვია თუ არა გაზეთმა ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით პრაქტიკის კოდექსი. პირველ მუხლთან დაკავშირებით, მომჩივანმა ეჭვქვეშ დააყენა გაზეთში მოყვანილი რიგი ფაქტების სიზუსტე და განაცხადა, რომ მათ ადგილი ან არ ჰქონია, ან ნაკლებსავარაუდოა, რომ ჰქონოდა. საბჭოს თითოეული ეს შემთხვევა დეტალურად არ შეუსწავლია, რადგან მომჩივანმა თავად აღიარა, რომ არც მას და არც კავშირის სხვა წევრებს არ შეეძლოთ მოყვანილი ფაქტების უარყოფა იმ მიზეზით, რომ მათ შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, საბჭომ უზუსტობის სამი შემთხვევა მაინც აღმოაჩინა.

საბჭოს შეფასებით, პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიის სათაურს „ბრიტანეთის კოლუმბია იწყებს ვუდლენდის საქმის გამოძიებას“, მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა. სათაური ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ომბუდსმენმა ახლახანს დაიწყო გამოძიება. სინამდვილეში კი ვუდლენდის საქმის შესწავლა ექვსი თვეა რაც მიმდინარეობდა (უნდა აღინიშნოს, რომ სათაური სტატიის ავტორს არ ეკუთვნოდა).

საბჭომ არასწორად მიიჩნია აგრეთვე მეორე სტატიის სათაურიც - „დამრღვევები არასოდეს დაუსჯიათ“. განხილვაზე საბჭოს წარედგინა მტკიცებულება, რომ ვუდლენდის კლინიკაში სულ მცირე ერთი თანამშრომელი დაისაჯა ჩადენილი დარღვევისათვის. სანმა აღიარა უზუსტობის არსებობა და განაცხადა, რომ გაასწორა დაშვებული შეცდომა, როდესაც 2001 წლის 1 მაისს რუბრიკით, „წერილი რედაქტორს“ გამოაქვეყნა უენჰემის პოზიციის გამომხატველი მასალა. საბჭომ კი არასაკმარისად მიიჩნია შეცდომის გასწორების ასეთი ფორმა. რუბრიკით, „წერილი რედაქტორს“ გამოქვეყნებულ მასალას მკითხველი აღიქვამს, როგორც კერძო მოსაზრებას. ამდენად, მკითხველისათვის რთული იყო, გაზეთში დაბეჭდილი განსხვავებული მოსაზრება გაზეთის მხრიდან შეცდომის აღიარებად აღექვა. გაზეთმა ნათლად უნდა აღიაროს მის მიერ დაშვებული შეცდომები და გამოაქვეყნოს აღიარება ან ახალი ამბების გვერდზე ან წერილების გვერდზე, ოღონდ რედაქტორის თანდართული შენიშნვნით.

და ბოლოს, საბჭომ განიხილა ამ საქმის უმთავრესი ასპექტი: უენჰემის მტკიცებით, სტატიაში მოყვანილი ბრალდებები სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და რომ სათუო იყო წყაროების სანდოობა. იგი ამბობდა, რომ სანი ვალდებული იყო, დაკავშირებოდა სხვა წყაროებსაც, მაგალითად ვუდლენდის ხელმძღვანელობას ან თანამშრომლებს და მეორე მხარის არგუმენტებიც მოესმინა. თავისი მოსაზრების გასამყარებლად, უენჰემმა მოსმენაზე სამ ექთან-ფსიქიატრს მოუხმო, რომლებიც ვუდლენდში 1965-1995 წლებში მუშაობდნენ. მათ განაცხადეს, რომ სანში აღწერილ არც ერთ ამბავს არ შესწრებიან და მათ შესახებ არც არავისგან სმენიათ. თუმცა, მათ ისიც აღიარეს, რომ ასეთი ინციდენტები შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ მათ არც არაფერი გაეგოთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს ფორმალური განაჩენი არ გამოუტანია, რადგან აღნიშნა, რომ ბალანსის დაცვა და სამართლიანობა უაღრესად სუბიექტური საკითხებია, რომელთა შესახებ პრაქტიკის კოდექსი არაფერს ამბობს. თუმცა, საბჭომ ასეთი კომენტარი გააკეთა: „პემბერტონმა ძალზედ ამბიციური და გაბედული საქმე წამოიწყო - ვუდლენდში მომხდარი შესაძლო დარღვევების შესწავლა და მთავრობის მიერ ამ დარღვევების გამოძიების ინიცირება. რეალურად, მან იპოვა ბევრი მოწმე, რომელთაც საქმესთან უშუალო შეხება ჰქონდათ, და რომელთაც სურდათ, ვუდლენდში შექმნილ უაღრესად შემაშფოთებელ ვითარებაზე და იქ მიმდინარე სისტემატურ ძალადობაზე ესაუბრათ.“

უენჰემის მოწმეებმა გამოთქვეს უკმაყოფილება იმის გამო, რომ სანის პუბლიკაციებში არაფერი იყო ნათქვამი ვუდლენდის პოზიტიურ მხარეებზე და პერსონალის მხრიდან პაციენტებისადმი გამოჩენილ ყურადღებასა და თანაგრძნობაზე. ეს შეიძლება ცალკე სტატიის თემა ყოფილიყო, თუმცა ამ შემთხვევაში სანმა ყურადღება სხვა რამეზე გაამახვილა.

პემბერტონმა აღნიშნა, რომ გაზეთის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ისაა, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება მისცეს იმათ, ვისაც საამისოდ სხვა ტრიბუნა არ გააჩნია და გამოაშკარავოს საზოგადოებრივი ცხოვრების ის ასპექტები, რომელთა დღის სინათლეზე გამოტანასაც ბევრი არ ისურვებდა. ამავე დროს, მან თავადაც აღიარა, რომ დასავლური ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი სადავო და წინააღმდეგობრივი საკითხების გაშუქებისას ბალანსის დაცვაა.

როდესაც ინფორმაცია ძირითადად ბრალდებებს ეფუძნება, მნიშვნელოვანია, მოპასუხე მხარეს მიეცეს საშუალება, პასუხი გასცეს ბრალდებებს, ან ეჭვქვეშ დააყენოს მათი ჭეშმარიტება. ამ შემთხვევაში სანს ეს არ გაუკეთებია.

პემბერტონმა დიდი დრო და ენერგია დახარჯა იმ ადამიანების ძებნაში, რომლებიც ვუდლენდში მომხდარ დარღვევებზე ისაუბრებდნენ, მაშინ, როდესაც იგი უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ცდილობდა დაკავშირებოდა იმ ადამიანებს, რომელთაც შეეძლოთ ბრალდებებზე პასუხის გაცემა: მენეჯერებს, ექიმებს, ექთნებს, დაცვის თანამშრომლებს, ან თუნდაც იმ სტომატოლოგს, რომელიც კბილებს აძრობდა მკბენარ პაციენტებს.

იმ ჩვენებებიდან გამომდინარე, რომელიც საბჭომ მოისმინა, მეორე მხარის ბევრი წარმომადგენელი მზად იყო, ესაუბრა ჟურნალისტთან, ამ უკანასკნელს რომ მოენდომებინა მათი აზრის გაგება. ეს კი მნიშვნელოვნად გაამდიდრებდა ჟურნალისტური გამოძიების მასალებს. მოსმენის დროს ამ ადამიანებმა წარმოადგინეს პაციენტებისათვის კბილების დაძრობის სხვაგვარი ახსნა, რომელსაც „კბენასთან“ საერთო არაფერი ჰქონდა. თავად სანის ორ წყაროსაც არ დაუსახელებია „კბენა“, როგორც კბილების დაძრობის მიზეზი. რაკი ვუდლენდის მასალა არ იყო ოპერატიული ინფორმაცია და გაზეთი არ იყო დროში შეზღუდული, პემბერტონს შეეძლო, მეორე მხარისთვისაც მოესმინა. ან სანს შეეძლო ხაზი გაესვა იმისათვის, რომ სტატიებში ჯერაც დაუდასტურებელ ბრალდებებზე იყო საუბარი. პემბერტონმა განაცხადა, რომ თითოეული ბრალდების უკან, სულ ცოტა სამი მოწმე იდგა და რომ სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული სტანდარტების თანახმად, ეს საკმარისი საფუძველი იყო ბრალდებების გამოსაქვეყნებლად.

საბჭომ გასაგებად მიიჩნია ის გარემოება, რომ გაზეთისთვის დამახასიათებელი დროის ლიმიტის გათვალისწინებით, ხშირად უბრალოდ შეუძლებელია საწყის სტატიებში გადმოიცეს სრული და დაბალანსებული ინფორმაცია. ალტერნატიული მოსაზრებები ხშირად მომდევნო სტატიებში ქვეყნდება.

მოსმენის დასასრულს გაზეთის რედაქტორმა დადო პირობა, რომ შემდგომ სტატიებში მოსმენაზე გამოძახებული მოწმეების მოსაზრებებსაც გაითვალისწინებდა. საბჭომ გამოთქვა იმედი, რომ მოწმეების, ისევე როგორც სხვა დაინტერესებულ პირთა ჩვენებები კიდევ უფრო გაამდიდრებდა ჟურნალისტური გამოძიების მასალებს.

19 სექტემბერი, 2001

6.5 4. სიზუსტე

▲ზევით დაბრუნება


ლაიონელ კენერინორდ შორ ნიუზის წინააღმდეგ

საჩივარი: ლაიონელ კერელის განცხადებით, ნორდ შორ ნიუზმა გამოავლინა სრული უყურადღებობა ფაქტებისადმი, როდესაც 1993-94 წლებში გამოაქვენა დაგ კოლინზის სარედაქციო წერილების სერია, რომელიც ჰოლოკოსტის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებულ შეხედულებებს ეძღვნებოდა.

კენერი ასაჩივრებდა იმ ფაქტს, რომ კოლინზი სისტემატურად, კონტექსტის გარეშე იყენებდა სხვადასხვა პირების მიერ გაკეთებულ კომენტარებს, რითაც იძლეოდა არასწორ წარმოდგენას იმის შესახებ, რასაც რეალურად რესპოდენტები ამბობდნენ. ასეთი დამახინჯებული კომენტარების გამოქვეყნება კი, მისი შეფასებით, სრულიად შეუწყნარებელი იყო როგორც გაზეთისათვის, ისე ავტორისათვის. მომჩივანი აცხადებდა, რომ გაზეთმა დაარღვია პრაქტიკის კოდექსის პირველი მუხლი (სიზუსტე), რომელიც მოუწოდებს გაზეთებს, ყველაფერი გააკეთონ, რათა შეგნებულად, ან დაუდევრობით, არ დაბეჭდონ მცდარი ინფორმაცია. კენერი თხოვდა საბჭოს, ეღიარებინა პირველი მუხლის დარღვევა, მოეთხოვა ავტორისაგან და გაზეთისაგან ბოდიშის მოხდა და საჯაროდ გაეკიცხა გაზეთი და ავტორი, რომლებიც „შეგნებულად ტყუოდნენ საზოგადოებისათვის ძალზე მნიშვნელოვან საკითხზე“.

გაზეთის რედაქტორი ტიმოთი რენშოუ არ დაეთანხმა ბრალდებას და განაცხადა, რომ კოლინზმა გააკეთა ის, რაც ევალება სარედაქციო წერილების ავტორს - გამოიწვია ცხარე დისკუსია სხვადასხვა საკითხებზე. მოსმენაზე კოლინზმა განაცხადა, რომ მას უფლება აქვს, ეჭვქვეშ დააყენოს საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებები გნებავთ ჰოლოკოსტის, გნებავთ ნებისმიერი სხვა საკითხის შესახებ. „დემოკრატიისაკენ მიმავალი გზა გრძელი, მძიმე და სისხლიანი იყო. თუ გვინდა, რომ დემოკრატია გადარჩეს, უნდა გვქონდეს უფლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებები“,- დასძინა მან.

კენერი მოგვიანებით წერდა, რომ მას არავითარი პირადი დაინტერესება არ ჰქონდა ჰოლოკოსტის მიმართ, მაგრამ იგი სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული ღირსეული პრესით. „ეს არ არის სიტყვის თავისუფლების საკითხი, ეს არის ჭეშმარიტების საკითხი“, - აცხადებდა ის.

გადაწყვეტილება: საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: საბჭომ გაიზიარა ბრალდება ორ პუბლიკაციასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ სტატიაში „ისტორია მუდმივად იცვლება“, რომელიც ჰოლოკოსტის შედეგად გარდაცვლილი ებრაელების რაოდენობას შეეხებოდა, კოლინზს მოყვანილი ჰყავდა ებრაელი მეცნიერის, იაჰუდა ბაუერის ციტატა: „ბოლო გამოკვლევების თანახმად, მსხვერპლი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე თავიდან ეგონათ. თუმცა, საზოგადოებამ ეს ჯერ არ იცის“. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბაუერმა ეს განცხადება ნიუ-იორკ ტაიმსში გააკეთა და ის მხოლოდ ოსვენციმში მოკლულ ებრაელთა რაოდენობას ეხებოდა.

მეორე სტატიაში კოლინზი წერდა: „რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ადამიანი დაიღუპა - 6 მილიონი, თუ მხოლოდ 300 ათასი, როგორც ამას წითელი ჯვარი ამტკიცებს“. ამ შემთხვევაში, საბჭოს დასკვნით, კოლინზის ხელში შეიძლება მოხვედრილიყო ორი დოკუმენტი, რომლებიც წითელ ჯვარს მიეწერება. კენერმა წარმოადგინა წითელი ჯვრის სათაო ოფისის პოზიცია, რომლის თანახმადაც, საერთოდ სათუო იყო ამ დოკუმენტების უტყუარობა. თანაც, საერთაშორისო წითელი ჯვრის განცხადებით, ეს ციფრი მაინც არ შეესაბამებოდა მთელი ჰოლოკოსტის დროს ნაცისტთა საკონცენტრაციო ბანაკებში დაღუპულთა რაოდენობას.

კოლინზის მიერ ციტატის ყველაზე უფრო თვალშისაცემი დამახინჯების მაგალითი იყო მის მიერ არნო მაიერის აზრის გადმოცემა: „მე არ მჯერა ამ გაზის კამერების. ისინი ძალიან იშვიათია და საეჭვო“. რეალურად კი მაიერის ციტატა შემდეგნაირად ჟღერს: „წყაროები, რომლებიც გაზის კამერების შესახებ მოგვითხრობენ, იშვიათია და საეჭვო... მათ შორის ბევრი წინააღმდეგობა და შეუსაბამობა არსებობს. ამის უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ ასევე არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ ოსვენციმში გაზის კამერებს ებრაელთა მასობრივი განადგურებისათვის იყენებდნენ“.

ზემოხსენებულ შემთხვევებთან დაკავშირებით საბჭომ დაადგინა, რომ რეალურად სახეზე იყო პირველი მუხლის დარღვევა.

თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საბჭომ არ გაიზიარა კენერის არგუმენტები. საბჭო არ დაეთანხმა მომჩივანის მოთხოვნას გაზეთისაგან ბოდიშის მოხდის თაობაზე და მიიჩნია, რომ კოლინზს და გაზეთს შეგნებულად არ მოუტყუებიათ მკითხველი. ნიუზის მიერ ამ განაჩენის გამოქვეყნება ნიშნავდა ბოდიშის მოხდას ხსენებული სამი შეცდომის გამო. ეს საჩივარი რეალურად შეეხება ისტორიის ინტერპრეტაციას, სადაც უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა ჩვეული ამბავია, ამიტომ საბჭოს არ შეუძლია, ბოდიშის მოხდა მოსთხოვოს კოლინზს საკითხის შესახებ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გამო.

საბჭომ არ დაგმო კოლინზი ან გაზეთი იმის გამო, რომ მათ ისარგებლეს კონსტიტუციით მინიჭებული გამოხატვის თავისუფლებით. საზოგადოებას აქვს უფლება, არ გაიზიაროს არაპოპულარული ან წინააღმდეგობრივი შეხედულებები, მაგრამ არა აქვს მათი ჩახშობის უფლება. საბჭომ აღნიშნა, რომ ნიუზი თავის გვერდებზე ხშირად აქვეყნებდა განსხვავებულ მოსაზრებებსაც. კენერის 40 ათას სიტყვიანი საჩივარი ცხადყოფდა, რომ გაზეთში გამოქვეყნებული მოსაზრებები საზოგადოებაში გამოხმაურებას პოულობდა.

1995

ონ ჰოფსესივანკუვერ სანის წინააღმდეგ

საჩივარი: კანადური საზოგადოების სიკვდილის უფლება დირექტორმა ჯონ ჰოფსესმა ვანკუვერ სანში 1993 წლის 26 აპრილს გამოქვეყნებული ნიკოლ პარტონის სტატიის გამო საბჭოს მიმართა. წერილი, რომელიც ახალ ამბებს განეკუთვნებოდა, შემდეგნაირად იყო დასათაურებული: „პოლიცია სწავლობს საზოგადოება „სიკვდილის უფლების“ საქმიანობას. დირექტორ ჯონ ჰოფსესის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო“. მომჩივანი გაზეთს პრაქტიკის კოდექსის 1 მუხლის (სიზუსტე) დარღვევაში ადანაშაულებდა.

თავის საჩივარში ჰოფსესმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ არავითარი გამოძიება არ მიმდინარეობდა და ჟურნალისტის მიერ ამ განცხადების გაკეთება იყო ტენდენციურობის გამოვლენა და მკითხველის შეცდომაში შეყვანა. მართალია, ერთი წლის წინათ ჰოფსესს აბორტების მოწინააღმდეგე აქტივისტმა შერილ ეკსტეინმა უჩივლა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან კონსულტაცია გაუწია ვინმე სიუ როდრიგესს თვითმკვლელობის შესახებ, რითაც დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 241-ე მუხლი, მაგრამ პოლიცია ამ საქმესთან დაკავშირებით არც როდრიგესს დაკავშირებია და არც ჰოფსესს.

ჰოფსესმა გააპროტესტა სტატიის რამდენიმე სხვა ფრაგმენტის სიზუსტეც. მაგრამ მისი მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ ინფორმაციული თვალსაზრისით სტატია არ იყო მნიშვნელოვანი და რომ მისი გამოქვეყნების ერთადერთი მოტივი პარტონის პირადი ბოროტი ზრახვა იყო, ნეგატიურად წარმოეჩინა საზოგადოება სიკვდილის უფლების საქმიანობა.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა გამოთქვა ორი შენიშვნა სტატიასთან დაკავშირებით.

მოტივაცია: საქმის მასალების გულმოდგინედ შესწავლის შედეგად, საბჭომ სტატიაში უზუსტობების არსებობა ვერ დაადგინა. საბჭოს აზრით, ხსენებული საზოგადოების შესახებ კანადაში დებატები განუწყვეტლივ მიმდინარეობს და ამდენად სანსაც სრული უფლება ჰქონდა, დაეწერა იმ თემაზე, რომელიც საზოგადოების ასეთ დიდ ინტერესს იწვევს. საბჭომ არ გაიზიარა ჰოფსესის აზრი იმის შესახებ, თითქოს სტატიის ავტორს საზოგადოება სიკვდილის უფლების წინააღმდეგ უარყოფითი ინფორმაციის გავრცელების ბოროტი ზრახვა ამოძრავებდა.

რაც შეეხება შენიშვნებს, პირველ რიგში, საბჭოს აზრით, სტატია გაცილებით სამართლიანი იქნებოდა როგორც მკითხველის, ისე ჰოფსესის მიმართ, თუ გაზეთი მიაწოდებდა მკითხველს ინფორმაციას, რა ტიპის გამოძიება მიმდინარეობდა საზოგადოება სიკვდილის უფლების წინააღმდეგ. საქმე ძველ გამოძიებას ეხებოდა თუ ახალს? თუ ძველი იყო, რა მოხდა ისეთი, რამაც იგი მნიშვნელოვანი გახადა? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემთხვევაში მკითხველს ვარაუდებისა და ეჭვებისათვის ნაკლები საბაბი დარჩებოდა.

როგორც აღმოჩნდა, საქმეში ახალი არაფერი იყო. 1992 წლის დეკემბერში სანს უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული ერთი სტატია, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიცია იძიებდა საკითხს იმის შესახებ, ურჩია თუ არა ჰოფსესმა როდრიგესს თავის მოკვლა. ამავე სტატიაში ნათქვამი იყო, რომ გამოძიება აბორტების მოწინააღმდეგე აქტივისტის, შერილ ეკსტეინის საჩივარს მოჰყვა. იმის დასამტკიცებლად, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობდა, პარტონმა მოიყვანა პოლიციის ოფიცრის ციტატა. პოლიციელი არაფერს ამბობდა იმაზე, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობდა გამოძიება. ამის შესახებ მხოლოდ ეკსტეინი საუბრობდა. მისი თქმით, „პოლიცია დაინტერესდა ჰოფსესით სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ექიმის დახმარებით თვითმკვლელობას (assisted suicide) [5] უკავშირდება“. თუმცა, სტატიიდან გაუგებარი რჩებოდა, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია ეკსტეინს. ინფორმაციის არასრულფასოვნება შედეგად იწვევდა მკითხველის დაბნევას, რადგანაც გაურკვეველი რჩებოდა, რა სახის გამოძიება მიმდინარეობდა.

მეორეც, საბჭოს შეფასებით, სტატიის სათაური იწვევდა მკითხველის შეცდომაში შეყვანას, რადგან სათაურში გამოთქმული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სტატიაში არ დასტურდებოდა.

26 ნოემბერი, 1993

ტერი მილნიპროვინსის წინააღმდეგ

საჩივარი: ტერი მილნის საჩივრის მიზეზი გახდა ის, რომ რედაქციამ 1997 წლის 14 დეკემბერს პროვინსში გამოქვეყნებული მისი წერილი დაარედაქტირა. წერილი წარმოადგენდა მილნის პასუხს მაიკლ სმიტის სარედაქციო სტატიაზე, რომელიც ეხებოდა რეფორმისტული პარტიის შაბათ-კვირის შეხვედრას. მილნი წერდა, რომ სმიტის წერილში დაშვებული იყო ბევრი უზუსტობა და მიუთითებდა ოთხ კონკრეტულ შეცდომაზე. გაზეთში გამოქვეყნებულ მილნის საპასუხო წერილში სიტყვა „შეცდომები“ შეცვლილი იყო სიტყვით „შენიშვნები“, ხოლო ავტორის სხვა პრეტენზიები საერთოდ ამოღებული იყო წერილიდან. მომჩივანის განცხადებით, ამით გაზეთმა დაამახინჯა მისი მოსაზრებები და შეასუსტა მისი არგუმენტები.

პროვინსის მთავარი რედაქტორი მაიკლ კუკი არ დაეთანხმა პრეტენზიებს. მან განაცხადა, რომ ტაბლოიდისათვის წერილი საკმაოდ ვრცელი იყო და ის მხოლოდ შემოკლების და მეტი სიცხადის შეტანის მიზნით შესწორდა. მისივე თქმით, თუნდაც შემოკლებული და პერიფრაზირებული სახით, მოხერხდა წერილის არსის შენარჩუნება.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი დააკმაყოფილა.

მოტივაცია: მართალია, პროვინსმა ადეკვატურად შეაჯამა მილნის მიერ მოყვანილი შეცდომების ოთხი მაგალითი, მაგრამ ამავე დროს გაზეთმა შეარბილა ორიგინალური წერილი და ტერმინი „შეცდომები“ შეცვალა „შენიშვნებით“. გარდა ამისა, გაზეთმა ამოიღო სმიტის სხვა კრიტიკაც, რითაც შეცვალა წერილის ტონი და იგი აღშფოთების გამომხატველი სტატიიდან ტექნიკური შენიშვნების კრებულად აქცია. საბჭომ აღნიშნა, რომ რედაქციას შეუძლია შეამოკლოს წერილი, უფრო გასაგები გახადოს იგი, ამოიღოს შეურაცხმყოფელი განცხადებები, გარკვეულწილად შეცვალოს შინაარსი, მაგრამ უნდა შეინარჩუნოს წერილის ტონი და მიზანი. გაზეთები განსაკუთრებით დიდსულოვანი უნდა იყვნენ მათ მიმართ, ვისზეც კრიტიკული მასალები გამოაქვეყნეს და ვისაც ამ კრიტიკაზე პასუხის გაცემა სურს. გაზეთებმა უნდა მიიღონ მათი მისამართით გამოთქმული კრიტიკა.

საბჭომ აღნიშნა, რომ მართალია, პროვინსს არ ამოძრავებდა ბოროტი განზრახვა, მაგრამ მას მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა მილნის წერილის შესწორებისას.

14 მაისი, 1998

უორენ კინსელანორდ შორ ნიუზისა
და დაგ კოლინზის წინააღმდეგ

საჩივარი: ლიბერალური პარტიის ყოფილმა კანდიდატმა უორენ კინსელამ, რომელიც 1997 წლის ფედერალურ არჩევნებზე ჩრდილოეთ ვანკოვერში იყრიდა კენჭს, განაცხადა, რომ ნორდ შორ ნიუზში კოლინზის მიერ დაწერილი სარედაქციო სტატიების სერიაში 20 ფაქტობრივი შეცდომა აღმოაჩინა. კანდიდატის თქმით, მისი ყველა მცდელობა, გაზეთს შეცდომა შეესწორებინა, ან მოებოდიშებინა, უშედეგო აღმოჩნდა.

საბჭომ საჩივარში მითითებული 20 შეცდომიდან მხოლოდ ორი გაიზიარა, სახელდობრ:

კოლინზმა შეცდომით დაწერა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური შეხვედრის დროს, კინსელამ იქირავა თეატრის შენობა, მაშინ, როდესაც მას იგი არ უქირავებია. ასეთივე შეცდომა დაუშვა გაზეთის მეორე ჟურნალისტმაც, მაგრამ მან თავადვე მოიხადა ბოდიში;

კოლინზმა დაწერა, რომ მანიტობას სამი მკვიდრი რასიზმში დაადანაშაულეს, მაგრამ მოგვიანებით ბრალდებები მოუხსნეს. კინსელას წიგნში კი ნათქვამია, რომ მათ წინააღმდეგ ბრალდებები ძალაში დარჩა. სასამართლო ჩანაწერების შემოწმებამ კინსელას სიმართლე ცხადყო.

გადაწყვეტილება: საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: საბჭოს რვა წევრიდან ხუთმა განაცხადა, რომ ხსენებული 20 შეცდომიდან 2 მართლაც იყო დაშვებული. დარჩენილი სამი წევრი კი ითხოვდა, რომ საბჭოს მთლიანად ეთქვა უარი საჩივარზე, რადგან კოლინზის სვეტი იყო კომენტარი წინასაარჩევნო კამპანიაზე და არა ფაქტების გადმოცემის მცდელობა. საბჭოს წევრთა უმცირესობის აზრით, ჟურნალისტმა სტატიაში გამოხატა საკუთარი აზრი პოლიტიკური კანდიდატის შესახებ, რაც გაზეთს უნდა გაეკეთებინა კიდეც. დაშვებულ შეცდომებს გავლენა არ მოუხდენია ავტორის მთავარ არგუმენტზე.

საბჭოს დასკვნით, საქმის ფორმალური განხილვა არ შედგებოდა, გაზეთსა და კინსელას რომ მეტი ურთიერთგაგება გამოევლინათ. თავდაპირველად გაზეთმა შესთავაზა კინსელას პასუხის გამოქვეყნება, მაგრამ შემდგომ ადვოკატის რჩევით, ამაზე უარი უთხრა. ამის შემდეგ, კინსელამ პრესის საბჭოში საჩივრის შეტანა ამჯობინა.

და ბოლოს, საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება იმ პრინციპისადმი, რომლის მიხედვითაც, გაზეთებსა და სარედაქციო სტატიების ავტორებს უფლება აქვთ - გამოაქვეყნონ მოსაზრებათა მაქსიმალურად ფართო სპექტრი, რაც არ უნდა წინააღმდეგობრივი ან არაპოპულარულიც არ იყოს ეს მოსაზრებები, მაგრამ ამავე დროს, მათ საკუთარი ვარაუდი დამტკიცებულ ფაქტად არ უნდა გაასაღონ.

1997

დოქტორი პარფიტი ,,ვანკუვერ სანის წინააღმდეგ

საჩივარი: კრენბუკელმა ორთოპედმა ქირურგმა დოქტორმა პარფიტმა გაასაჩივრა ვანკუვერ სანში გამოქვეყნებული ბარბარა იაფეს სარედაქციო სტატია, რომელიც მას წარმოაჩენდა როგორც ხარბ ექიმს, რომელიც რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნის მიზნით, გვიან ღამემდე მუშაობდა. სტატიაში, საუბარი იყო აგრეთვე დამხმარე მედპერსონალის მიერ პროფკავშირის შექმნის მცდელობასა და ამ საქმისადმი პარფიტისა და სხვა ექიმების დამოკიდებულების შესახებ.

პარფიტი ჩიოდა, რომ იაფეს სტატია ტენდენციური იყო იმიტომ, რომ არაფერს ამბობდა იმის შესახებ, თუ რატომ მოიმატა ასე სწრაფად ბოლო წელს ექიმის შემოსავლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა ავტორს ეს ინფორმაცია თავად მიაწოდა. იაფეს თქმით, მართალია, პარფიტი აცხადებდა, რომ 1982 წლის შემდეგ მისი ხელფასი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, მისი შემოსავლის რეალური ზრდა მხოლოდ 93-დან 94 წლამდე 18%-ს შეადგენდა. პარფიტის განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იაფეს სტატიის ერთმა ნაწილმა: „ექიმმა თქვა, რომ რაკი მათი ხელფასები ასე უმნიშვნელოდ იზრდება, იგი იძულებულია, კვირაში 80 საათი იმუშაოს. არ არის ცუდი, როდესაც საკუთარ შემოსავალზე ასეთი სრული კონტროლი გაქვს“.

მოსმენაზე პარტიფმა განაცხადა, რომ მისი შემოსავლების სწრაფი ზრდა იმით აიხსნებოდა, რომ მეორე ორთოპედს წლის უმეტესი ნაწილი არ უმუშავია, ამიტომ მას გაცილებით მეტი პაციენტი ჰყავდა. მისი თქმით, ჟურნალისტს მართებდა ესეც დაეწერა, რაც იაფემ არ გააკეთა.

სანის თვალსაზრისის გვერდის რედაქტორმა, პატრიცია გრემმა განაცხადა, რომ იაფეს სტატიაში არაფერი იყო ტენდენციური ან დამახინჯებული, ეს იყო „სამართლიანი კომენტარი“. გრემმა აღნიშნა, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ ექიმებმა თავიანთი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ისინი ფულს სახელმწიფო სახსრებიდან იღებენ და ამიტომ, მათ, შემოსავლები საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი უნდა იყოს.

გადაწყვეტილება: საბჭომ დააკმაყოფილა საჩივარი იმის თაობაზე, რომ გაზეთში გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია არასწორ წარმოდგენას იძლეოდა მისი მოტივაციისა და პროფესიული ეთიკის შესახებ. თუმცა, ამასთანავე ერთი შენიშვნაც გამოთქვა.

მოტივაცია: საბჭომ დაადგინა, რომ ბარბარა იაფეს სვეტში ორი მნიშვნელოვანი შეცდომა იყო დაშვებული:

პირველი. სათაური „ექიმი, რომელიც სიღარიბეზე წუწუნებს“ არასწორი იყო. იგი არ გამომდინარობდა არც წერილის შინაარსიდან და არც მოსმენაზე გაკეთებული განცხადებებიდან შეიძლებოდა მსგავსი დასკვნის გაკეთება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სათაური იაფეს დარქმეული არ ყოფილა.

მეორე. ფრაგმენტს - „ექიმმა თქვა, რომ რაკი მათი ხელფასები ასე უმნიშვნელოდ იზრდება, იგი იძულებულია კვირაში 80 საათი იმუშაოს“ - მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა, რადგან აფიქრებინებდა, რომ ექიმი მხოლოდ ფულის შოვნის მიზნით მუშაობდა ამდენს. რეალურად კი ექიმი თავისი პროფესიისადმი ერთგულების და არა ფულის გამო მუშაობს ზედმეტი დატვირთვით, მით უმეტეს, რომ იმ დროს იგი ერთადერთი ორთოპედი იყო რეგიონში. ეს გარემოება კი სტატიაში არ ასახულა.

საბჭომ გააკეთა ერთი დათქმა, სახელდობრ ყურადღება გაამახვილა უარყოფის გამოქვეყნების აუცილებლობაზე. სანმა შესთავაზა პარტიფს, პასუხი გაეცა ავტორისათვის. ექიმმა მართლაც დაწერა საპასუხო წერილი, მაგრამ როდესაც ნახა, თუ როგორ დაარედაქტირეს იგი, გამოქვეყნებაზე თავადვე თქვა უარი. მოსმენის დროს, გაზეთმა ექიმს წერილის გამოქვეყნება კიდევ ერთხელ შესთავაზა.

1995

დეპუტატი სვენდ რობინსონი
ვანკუვერ პროვინსის წინააღმდეგ

საჩივარი: დეპუტატ სვენდ რობინსონის საჩივრის მიზეზი გახდა 1994 წლის 4 თებერვალს ვანკუვერ პროვინსის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „პოლიციის მოწოდება პროკურორს: ბრალი წაუყენე სვენდს“. ბრალის წაყენების მიზეზი, სტატიის თანახმად, სასამართლოს შეურაცხყოფა იყო, რაც გზის ბლოკირებაში გამოიხატა. რობინსონის განცხადებით, ჟურნალისტ მაკლინტოკის განცხადების საწინააღმდეგოდ, პოლიციას პროკურორისათვის ამგვარი თხოვნით არ მიუმართავს.

სტატია ეყრდნობოდა კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პოლიციის სერჟანტმა ჯონსტონმა პროკურატურას დეპუტატისა და რამდენიმე სხვა პიროვნების წინააღმდეგ სასამართლოს შეურაცხყოფის ბრალდებით საქმის აღძვრა სთხოვა. გაზეთმა არ იცოდა, რომ როდესაც სერჟანტმა ჯონსტონმა პროკურორს წერილი გადასცა, სიტყვიერად მოახსენა, რომ მისი აზრით, ბრალდების წაყენება არ იყო საჭირო. პოლიციის ოფიცერს კი ამ დროს უფლება აქვს, გამოთქვას თავისი შეხედულება.

მოსმენაზე რობინსონმა განაცხადა, რომ პროვინსის ინფორმაცია მცდარი იყო, რადგან პოლიციამ პროკურატურას „უბრალოდ“ შესთავაზა საქმის აღძვრა, მაშინ, როდესაც თვითონ ამას ზედმეტად მიიჩნევდა. ჯონსტონის შეხედულებების შესახებ საზოგადოებამ 1994 წლის 6 ივლისს შეიტყო, როდესაც რობინსონი სასამართლოს წინაშე წარსდგა. მან აღიარა დანაშაული, რომელიც პროვინსის თებერვლის პუბლიკაციაში იყო აღწერილი: სასამართლოს შეურაცხყოფა, რისთვისაც განაჩენიც გამოუტანეს. იგი სასამართლოს წინაშე წარსდგა იმის გამო, რომ პროკურორმა მაინც გადაწყვიტა, საქმისათვის მსვლელობა მიეცა.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, მაგრამ გამოთქვა მცირედი შენიშვნა.

მოტივაცია: საბჭოს აზრით, პროვინსი მართებულად მოიქცა, როდესაც ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თავდაპირველი ინფორმაცია არასრული იყო. საბჭომ აღნიშნა, რომ სათაური ოდნავ გაზვიადებული იყო, რადგან პოლიციამ კი არ „მოუწოდა“ პროკურატურას, უბრალოდ წარუდგინა შესაძლო ბრალდება. გაზეთი დაეყრდნო ერთ, კონფიდენციალურ წყაროს და აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებით საკუთარ თავზე აიღო რისკი. მართალია, საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაგრამ გამოთქვა რამდენიმე შენიშნვა რობინსონის სასამართლო პროცესის შემდეგ გაზეთის ქმედებებთან დაკავშირებით:

როდესაც ჯონსტონმა საჯაროდ გამოთქვა თავისი შეხედულება სასამართლო პროცესზე, რომელსაც პროვინსის რეპორტიორიც ესწრებოდა, გაზეთს შეეძლო გაეგრძელებინა თებერვალში წამოწყებული თემა და გამოექვეყნებინა თანმდევი სტატია, მაგრამ ეს არ გააკეთა და საგაზეთო „ფართის ეკონომია“ მოიმიზეზა.

პროვინსს მეტი დრო უნდა დაეთმო ჟურნალისტური გამოძიებისათვის და უფრო გულმოდგინედ გაერკვია პოლიციის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში არ დაუშვებდა თუნდაც უმნიშვნელო უზუსტობას.

საბჭომ შეშფოთება გამოთქვა გაზეთის მოქმედების გამო, რაც იმაში გამოიხატა, რომ პირველი მოსმენისათვის პროვინსი სათანადოდ არ იყო მომზადებული და საჭირო გახდა ხელახალი მოსმენის დანიშნვა.

24 ივლისი, 1995

ბრაინ მაკუორტიბარნები ნიუზლიდერის წინააღმდეგ

საჩივარი: ბრაინ მაკუორტი იყო მკვლელობის მსხვერპლის რძალი. პრესის საბჭოსთვის წარდგენილი მისი საჩივარი ბარნები ნიუზლიდერის მიერ ამ მკვლელობის გაშუქებას ეხებოდა. მომჩივანის განცხადებით, გაზეთმა მისი სიძის მკვლელობა არასწორად დაუკავშირა „განგსტერულ საქმიანობას“. სტატიაში მოყვანილი იყო პოლიციის პრეს-მდივნის ციტატა, რომ ბრაიან უილიამ პასკალიდისის მკვლელობა იყო „პროფესიონალის ნამუშევარი“. ოთხი დღის შემდეგ, გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „ის დრო, როდესაც ქალაქი ბარნები დაცული იყო განგსტერებისაგან, წარსულს ჩაბარდა. სამშაბათს ქალაქში მეოთხე მკვლელობა მოხდა. წელს, ეს იყო განგსტერულ საქმიანობასთან დაკავშირებული მესამე მკვლელობა“.

დასასრულს, სტატიაში მოთხრობილი იყო „წინა ორი მკვლელობის შესახებ, რომელთაც პოლიცია ასევე განგსტერებს უკავშირებდა“. მაკუორტი აცხადებდა, რომ მკვლელობის განგსტერულ საქმიანობასთან დაკავშირება იყო პრესის კოდექსის პირველი მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად, გაზეთის უპირველესი მოვალეობა საზოგადოების ზუსტი ინფორმაციით უზრუნველყოფა და დაშვებული უზუსტობების დაუყოვნებლივი აღმოფხვრაა.

მოსმენა დაიწყო იმით, რომ ნიუზლიდერის ჟურნალისტმა მაიკლ მაკკვილანმა მწუხარება გამოთქვა დაშვებული შეცდომის გამო. მან აღიარა, რომ დაეყრდნო ანონიმი პოლიციელების ნათქვამს და არ გაითვალისწინა, რომ პოლიციელების მონათხრობი „სპეკულაციური ხასიათის“ იყო.

მოგვიანებით, რედაქტორმა გრეგ ნილმა აღიარა, რომ მკვლელობის განგსტერებთან კავშირი არ იყო დადასტურებული და გაზეთს თავის თავზე არ უნდა აეღო ამ მოსაზრების მტკიცება. ეს განცხადებები საბჭომ შეცდომის საჯარო აღიარებად მიიჩნია. მან აგრეთვე გაითვალისწინა რედაქტორის განცხადება, რომ „სავსებით შესაძლებელი იყო ამ თემაზე კიდევ ერთი სტატიის გამოქვეყნება“, რითაც შეიძლებოდა შეცდომის გამოსწორება. საბჭოს აზრით, ეს პრობლემა, შესაძლებელია, ადრევე გადაწყვეტილიყო, ან უშუალოდ მხარეებს შორის, ან საბჭოს სამედიატორო სამსახურის შუამავლობით. თუმცა, მხარეებმა ეს პროცედურების არცოდნის გამო ვერ მოახერხეს.

გადაწყვეტილება: საბჭო დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში მართლაც დაირღვა პირველი მუხლი.

მოტივაცია: საბჭომ გაამახვილა ყურადღება იმაზე, თუ როგორ დაიკარგა ამ შეცდომის გასწორების შანსი. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ არც ერთმა მხარემ არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, გარდა ამისა, გაზეთი არ იცნობდა პრესის საბჭოს პროცედურებს. საბჭოს აზრით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი სამედიატორი სამსახურის მნიშვნელობას, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დავის მშვიდობიანად გადაჭრა, ფორმალური მოსმენის გარეშე. დავების დიდი უმრავლესობა ბოლო ხანს სწორედ ამ სამსახურის მეშვეობით გვარდება.

2003

ონ იანგივიქტორია ტაიმს კოლონისტის წინააღმდეგ

საჩივარი: ბრალდება შეეხებოდა ვიქტორია ტაიმს კოლონისტში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარი იყო ვიქტორიას სკოლების საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებაზე. აღნიშნული დადგენილება განსაზღვრავდა, სკოლების მეურვეებისათვის საბჭოში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხს. ამ დოკუმენტის თანახმად, მეურვეებს დოკუმენტაციაზე ხელი მიუწვდებოდათ, მაგრამ თუ სკოლების სუპერინტენდანტი სხვაგვარად გადაწყვეტდა, მაშინ საკითხი საბჭოს უნდა განეხილა. ჯონ იანგმა, რომელიც სკოლის მეურვეა და რომელიც ინფორმაციის შეუფერხებელ მიღებას ითხოვდა, პრესის საბჭოში იჩივლა. იანგის თქმით, აღნიშნულმა სტატიამ ზიანი მიაყენა მის იმიჯსა და მისი, როგორც მეურვის, რეპუტაციას.

სტატიის პირველ აბზაცში ეწერა: „ვიქტორიას სასკოლო ოლქში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა მოსწავლეებისა და მასწავლებლების საქაღალდეებში ქექვა და კუდიანებზე ნადირობა“.

იანგმა განუცხადა საბჭოს, რომ წერილი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს მას ინფორმაციის მოპოვება „კუდიანებზე ნადირობისათვის“ უნდოდა.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: საბჭომ სტატიაში ვერაფერი აღმოაჩინა ისეთი, რაც დაადასტურებდა იანგის ბრალდებას, თითქოს სტატიას შეცდომაში შეჰყავდა მკითხველი. მთლიანობაში, სტატია სამართლიანი და დაბალანსებული იყო. იანგს მიეცა თავისი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, როდესაც ტაიმს-კოლონისტმა მისი პასუხი დაბეჭდა. დაიბეჭდა სხვა მეურვის წერილიც, რომელიც მხარს უჭერდა იანგის შეხედულებებს. ამიტომ, საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

1988

ბრიტანეთის კოლუმბიის ლეიბორისტთა ფედერაცია
ტაიმს-კოლონისტის წინააღმდეგ

საჩივარი: ბრიტანეთის კოლუმბიის ლეიბორისტთა ფედერაციის საჩივარი ტაიმს-კოლონისტის წინააღმდეგ შეეხებოდა მისი პრეზიდენტის, კენ ჯორჯეტის პრესკონფერენციის გაშუქებას. სტატია, რომელიც პრესკონფერენციას აღწერდა, შემდეგნაირად იყო დასათაურებული - „ჯორჯეტი შესაძლებლად მიიჩნევს საყოველთაო გაფიცვას“. პირველივე აბზაცში აღნიშნული იყო, `როგორც ჯორჯეტიმ განაცხადა, თუ მთავრობა გამოიყენებს ახალ კანონს (შრომის პირობების შესახებ) კოლექტიურ ხელშეკრულებებში ჩასარევად, შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გაფიცვა“. იგივე მოსაზრება სტატიაში სხვაგანაც მეორდებოდა. ფედერაციის აზრით, გაზეთში მოყვანილი განცხადება შეთითხნილი იყო. ფედერაციის წარმომადგენლების ფოუკისისა და ანდსტეინის თქმით, ჯორჯეტის საერთოდ არ უხსენებია „საყოველთაო გაფიცვა“.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჯორჯეტის დაუსვა კითხვა: იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ჩაერეოდა საბიუჯეტო დაწესებულებათა პროფკავშირების მოლაპარაკებებში, დადგებოდა თუ არა დღის წესრიგში საყოველთაო გაფიცვის საკითხი? ამ შეკითხვაზე კი ჯორჯეტიმ შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ“. ფედერაციის აზრით, გაზეთმა დაამახინჯა პრესკონფერენციის შინაარსი, „რათა იგი გაზეთის მიზნებისათვის უკეთ მოერგო“.

ტაიმს-კოლონისტის რედაქტორმა გორდონ ბელმა განაცხდა, რომ ქალაქის სექციის რედაქტორმა რეპორტიორთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა შეეცვალა მასალა, რათა აქცენტი გაეკეთებინა იმ დეტალზე, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებდა. ეს კი მისი განმარტებით, ყოველდღიურ სარედაქციო რუტინაში ჩვეული პრაქტიკა იყო. ბელის თქმით, ის, რომ ჯორჯეტის თავად არ უხსენებია საყოველთაო გაფიცვა, ბევრს არაფერს ნიშნავდა. ჯორჯეტის პასუხიდან აშკარა იყო, რომ მთავრობის ჩარევის შემთხვევაში, პროფკავშირი სწორედ ასე მოიქცეოდა.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: მართალია, სტატია ძირითადად სწორად გადმოსცემდა ჯორჯეტის პრესკონფერენციის შინაარსს, მაგრამ საბჭოს აზრით, მისი ზოგიერთი კომენტარი უმნიშვნელოდ დამახინჯდა. სათაური კი უფრო შორს წავიდა, ვიდრე ამის საშუალებას სტატიაში გამოქვეყნებული ფაქტები იძლეოდა. საბჭომ ვერ აღმოაჩინა შეგნებული გაყალბების ან დამახინჯების დამადასტურებელი საბუთი და არ დაეთანხმა ფედერაციის მოსაზრებას, რომ რაკი ჯორჯეტის თვითონ არ უხსენებია „საყოველთაო გაფიცვა“, იგი არ აპირებდა ამ მეთოდისთვის მიემართა. თუმცა, ფედერაციამაც აღიარა, რომ კითხვა და მასზე პასუხი მოწმობდა იმას, რომ გაფიცვის მოწყობა გამორიცხული არ იყო. ამასთანავე საბჭომ აღიარა, რომ პრესკონფერენციის ეს ასპექტი გაზვიადებული იყო.

1988

.. როზენიპროვინსის წინააღმდეგ

საჩივარი: დავა გამოიწვია 1986 წელს ჩატარებულმა კონკურსმა „მის ვანკუვერი“. საჩივარი პროვინსის წინააღმდეგ აღძრა კოლინგვუდის ადგილობრივი ასოციაციის პრეზიდენტმა და გამარჯვებულის მამამ, ჯ.ტ. როზენმა. მისმა ქალიშვილმა დები როზენმა კონკურსში მონაწილეობა მიიღო, როგორც მის კოლინგვუდმა. როზენის თქმით, პროვინსის მიერ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატია იყო მიკერძოებული, რომელშიც შეგნებულად იყო გაყალბებული ფაქტები.

სტატიაში ზოგიერთი დამარცხებული კონკურსანტი საუბრობდა ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ დები ასოციაციის პრეზიდენტის ქალიშვილი იყო. ასოციაციის სხვა წევრებმა განაცხადეს, რომ როდესაც როზენის ქალიშვილის კანდიდატურას იხილავდნენ, ჯ.ტ. როზენმა დროებით დატოვა სხდომა. მისი, როგორც პრეზიდენტის თანამდებობას კი განხილვაზე გავლენა არ მოუხდენია.

პროვინსის წარმომადგენლის, ჯონ ფერის განცხადებით, გაზეთმა უბრალოდ აღწერა წარმოქმნილი დავა და არავისი მხარე არ დაუჭერია. მისი თქმით, რაკი გაჩნდა ეჭვი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, გაზეთი ვალდებული იყო, ეს თემა გაეშუქებინა.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: საბჭომ არ გაიზიარა მომჩივანის ბრალდებები, რომ სტატიები იყო მიკერძოებული და შეგნებულად დამახინჯებული, თუმცა აღნიშნა, რომ დაშვებული იყო რამდენიმე შეცდომა და გამოტოვებული იყო რამდენიმე ფაქტი. სტატიებში საკმაოდ სამართლიანად იყო ასახული ის დავა, რომელიც კონკურსში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტმა გამოიწვია. ამავე დროს, საბჭოს აზრით, პროვინსი არასწორად მოიქცა, როდესაც არ გამოაქვეყნა ამ სტატიებზე რამდენიმე გამოხმაურება, მათ შორის კონკურსის თავმჯდომარისა და მოსამართლის წერილები.

საბჭომ ასევე ურჩია პროვინსს, გადაეხედა თავისი სარედაქციო პოლიტიკისათვის მკითხველთა წერილების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

1986

რო ბოშიევანკუვერ სანის წინააღმდეგ

საჩივარი: ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის მოზარდთა განათლების დეპარტამენტის წარმომადგენელმა როჟე ბოშიემ გააპროტესტა სანის პუბლიკაცია, რომელიც ვანკუვერში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციას „ოპერაცია სოლიდარობა“ ასახავდა.

ბოშიემ განაცხადა, რომ სანმა გამოავლინა „უკიდურესი ტენდენციურობა“, როდესაც გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ნაჩვენები იყო ხალხის ერთი ჯგუფი, ხელში ტრანსპარანტით და ტრანსპარანტზე წარწერით „კანადის კომუნისტური პარტია“. ბოშიეს თქმით, ამ ფოტოს დაბეჭდვით გაზეთს სურდა, დემონსტრანტებისთვის კომუნისტების იარლიყი მიეკრა. მისი თქმით, 50 ათასიანი დემონსტრაციის ამსახველი სტატია და ფოტო გაზეთმა გამოაქვეყნა მხოლოდ 16-ე გვერდზე (დემონსტრაცია შაბათს ჩატარდა, გაზეთი კი ორშაბათს გამოვიდა).

სანის რედაქტორმა საბჭოს განუცხადა, რომ ეს სტატია შიდა გვერდებზე იმიტომ მოხვდა, რომ უკვე სამი დღის ამბავი იყო და ამ ინტერვალში სხვა საინფორმაციო საშუალებებს აღნიშნული ინფორმაცია ფართოდ ჰქონდათ გაშუქებული. ფოტოს შერჩევა რედაქტორმა საგაზეთო ფართობის სიმცირით ახსნა და განაცხადა, რომ გაზეთს არც კი უფიქრია, დემონსტრანტების კომუნისტებად წარმოჩენა. საბოლოოდ, სანმა დემონსტრაციის კიდევ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და ამ თემაზე მკითხველთა წერილებიც დაბეჭდა.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: საბჭომ არ დააკმაყოფილა დოქტორ ბოშიეს საჩივრის ის ნაწილი, რომელიც დემონსტრანტების კომუნისტებად განზრახ წარმოჩენას ეხებოდა და „უკიდურესი ტენდენციურობის' შესახებ ბრალდებაც უარყო. ამასთანავე საბჭომ აღნიშნა, რომ რედაქციის მიერ შემდგომში სხვა ფოტოების დაბეჭდვამ ცხადყო, რომ გაზეთს თავიდანვე შეეძლო ისეთი ფოტო შეერჩია, რომელიც უკეთ ასახავდა საქმის ვითარებას.

1984

_____________________________

5 assisted suicide - ევთანაზიის სახე, როცა ავადმყოფისვე თხოვნით, მისთვის სიცოცხლის მომსწრაფველი პრეპარატების, ან მათ შესახებ ინფორმაციის გაცემა ხდება.

6.6 5. პასუხის უფლება

▲ზევით დაბრუნება


დოქტორი ფილიპ პინკუსი
ნორდ შორ ნიუზის წინააღმდეგ

საჩივარი: 1984 წლის 29 აგვისტოს ნორდ შორ ნიუზში გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში დაგ კოლინზმა გაილაშქრა წიგნის „მეოცე საუკუნის ტყუილი“ აკრძალვის წინააღმდეგ, რასაც ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ინგლისური ენის პროფესორ ფილიპ პინკუსი ითხოვდა. ამერიკელი პროფესორის, ა. რ. ბუცის მიერ დაწერილი ეს წიგნი ამტკიცებს, რომ ჰოლოკოსტი ტყუილი იყო და ნაცისტებს მეორე მსოფლიო ომის დროს ექვსი მილიონი ებრაელი არ მოუკლავთ.

სტატიამ გამოიწვია დავა კოლინზსა და პინკუსს შორის. პინკუსის ერთი წერილი მოყვანილი იყო კოლინზის სტატიაში, ხოლო მეორე დაიბეჭდა მკითხველთა წერილების განყოფილებაში. პინკუსმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ სტატიაში კოლინზმა მას „წიგნის ამკრძალავი“ უწოდა და ჰიტლერს შეადარა. პინკუსმა ამ ბრალდებაზე პასუხი ვერ გასცა, რადგანაც გაზეთმა გადაწყვიტა, ამ საკითხზე დებატები შეეწყვიტა.

ნორდ შორ ნიუზის მთავარი რედაქტორის, ნოელ რაიტის თქმით, ეს იქნებოდა დაუსრულებელი დებატები, რადგან კოლინზი დაობდა წიგნის აკრძალვის, ხოლო პინკუსი თავად წიგნის ღირსების შესახებ. მისი თქმით, მართალია, კოლინზმა დაიმოწმა წიგნიდან რამდენიმე ფაქტი, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ ეს ფაქტები ნდობას იმსახურებდა. რაიტის თქმით, მან შეწყვიტა დებატები იმიტომ, რომ დაგროვდა უამრავი წერილი სხვა საკითხების შესახებ. კოლინზმა საბჭოს განუცხადა, რომ იგი არ უარყოფდა ჰოლოკოსტის ფაქტს, იგი აპროტესტებდა ცენზურის დაწესებას.

გადაწყვეტილება: პრესის საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: საბჭომ კიდევ ერთხელ აღიარა აზრის გამოხატვის თავისუფლება, თუმცა მიიჩნია, რომ კოლინზმა გამოიჩინა უყურადღებობა ფაქტებისადმი, როდესაც ამ წიგნის სერიოზულ განხილვას შეუდგა.

საბჭოს აზრით, 29 აგვისტოს სარედაქციო სტატიის სათაური მკითხველს აფიქრებინებდა, რომ კოლინზი ეჭვქვეშ აყენებდა თავად ჰოლოკოსტის ფაქტს და არა წიგნის აკრძალვას. გაზეთი უსამართლოდ მოიქცა, როდესაც შეწყვიტა ამ თემაზე დებატები, რუბრიკით „წერილები რედაქტორს“. წერილში, რომელიც პინკუსს რედაქციამ არ გამოუქვეყნა, ის უარყოფდა ბრალდებას, რომ იგი, ჰიტლერის მსგავსად, წიგნების ამკრძალავი იყო.

საბჭოს მიაჩნია, რომ გაზეთი ვალდებული იყო, პინკუსისათვის ბრალდების უარყოფის საშუალება მიეცა (პრაქტიკის კოდექსი, მე-2 მუხლი - პასუხის უფლება). ხოლო ბრალდება იმის შესახებ, რომ კოლინზის სტატიის ნამდვილი მიზანი „რასობრივი შუღლის გაღვივება იყო“, არ დადასტურდა.

განიხილა რა სარედაქციო სტატიებისა და პასუხების მთელი სერია, საბჭომ დაასკვნა, რომ კოლინზის პირველი სტატია პროვოკაციული შინაარსის იყო და პინკუსის მხრიდან ემოციური პასუხის გამოწვევას ისახავდა მიზნად. ამან თავიდანვე განსაზღვრა დებატების ტონი, რომელიც საკითხის არსებითი მხარეების განხილვის ნაცვლად, ურთიერთშეურაცხყოფის გაცვლა-გამოცვლად იქცა.

1985

დაგ კოლინზივანკუვერ სანის წინააღმდეგ

საჩივარი: ნორდ შორ ნიუზის ჟურნალისტმა დაგ კოლინზმა ვანკუვერ სანში გამოქვეყნებული ნიკოლ პარტონის სარედაქციო სტატია, სათაურით „რასიზმი მაინც მძლავრობს“, პრესის საბჭოში გაასაჩივრა. პუბლიკაციაში მოყვანილი იყო ციტატა ნიუზში გამოქვეყნებული სტატიიდან, როგორც „სიძულვილის ენის“ ნიმუში. პარტონის სტატია ეყრდნობოდა „რასობრივი სამართლიანობის საბჭოს“ პრეზიდენტის აზიზ ხაკის ინტერვიუს, რომელსაც ეძღვნებოდა ნიუზში გამოქვეყნებული კოლინზის სარედაქციო პუბლიკაცია. არც გაზეთი და არც ჟურნალისტი სტატიაში დასახელებული არ ყოფილა, მაგრამ კოლინზის აზრით, მინიშნება მაინც აშკარა იყო, რადგან ნორდ შორში მხოლოდ ერთი გაზეთი გამოდიოდა და ხაკის შესახებაც მხოლოდ ერთი ჟურნალისტი წერდა.

11 იანვარს გამოქვეყნებულ კოლინზის სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ კოლინზის მხრიდან სხვადასხვა დროს გამოთქმული მოსაზრებების გამო ხაკი შეეცადა, გაზეთისათვის რეკლამით უზრუნველყოფის ბოიკოტირება მოეხდინა. კოლინზი აცხადებდა, რომ თავის სარედაქციო სტატიაში პარტონმა უგულვებელყო ეს დეტალები, რითაც დაარღვია ფუნდამენტური ჟურნალისტური პრინციპი. საჩივრის მეორე ნაწილში კოლინზი აცხადებდა, რომ სანმა არ გამოაქვეყნა მის მიერ 30 იანვარს დაწერილი ღია წერილი, რითაც უგულებელყო პასუხის უფლება. კოლინზის თქმით, მან ორჯერ დარეკა სანში და წერილის ამბავი მოიკითხა, მაგრამ რედაქციისგან ბუნდოვანი პასუხი მიიღო.

სანის სარედაქციო გვერდის რედაქტორმა ფრენკ რუტერმა განაცხადა, რომ 29 იანვრის ნორდ შორ ნიუზში გამოქვეყნებული სტატიით, კოლინზმა უკვე უპასუხა პარტონის წერილს. რუტერის თქმით, კოლინზის წერილი არ გამოქვეყნდა იმის გამო, რომ იგი არ ეხებოდა პარტონის სტატიაში დასმულ საკითხებს და ხაკის შესახებ კოლინზის კომენტარების გაგრძელებას წარმოადგენდა. წერილს შეიძლებოდა მოჰყოლოდა იურიდიული პრობლემები და გაზეთს არ სურდა, ჩარეულიყო კოლინზისა და ხაკის დავაში.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: საბჭომ არ გაიზიარა კოლინზის საჩივარი იმ მოტივით, რომ გაზეთი არ იყო ვალდებული, ყველასთვის მიეცა პასუხის უფლება. ნიკოლ პარტონს, ისევე როგორც სარედაქციო სტატიების სხვა ნებისმიერ ავტორს, უფლება აქვს, შერჩევით გამოიყენოს ინფორმაცია - ამ შემთხვევაში ციტატები კოლინზის წერილიდან. ამიტომ, საბჭომ არ დააკმაყოფილა კოლინზის საჩივარი ჟურნალისტური ეთიკის დარღვევის შესახებ. მართალია, საბჭო ფიქრობს, რომ პარტონის სტატიაში კოლინზის ამოცნობა რთული არ იქნებოდა, მაგრამ საბჭოს არ მიაჩნია, რომ კოლინზს ჰქონდა სანში პასუხის გამოქვეყნების აბსოლუტური უფლება. არც ერთი გაზეთი არ არის ვალდებული, გამოაქვეყნოს რედაქტორის სახელზე მოსული ყველა წერილი, თუმცა, სანს შეეძლო, უფრო უკეთ აეხსნა კოლინზისათვის, თუ რატომ არ ბეჭდავდა მის პასუხს და მისთვის განსხვავებული შინაარსის პასუხის დაწერა ეთხოვა.

1989

პიტერ პოლენივანკუვერ სანის წინააღმდეგ

საჩივარი: ვიქტორიას მერმა პიტერ პოლენმა ბრალი დასდო სანს ტენდენციურობაში. მერის ბრალდება ასევე შეეხებოდა რედაქციის უარს, კორესპონდენციებისათვის განკუთვნილ სექციაში გამოექვეყნებინა კრიტიკული წერილი თავად გაზეთზე.

დავის საგანი იყო გლენ ბონის სპეციალური რეპორტაჟი ოტავადან, სახელწოდებით „იაპონელი კანადელები და ომი“. სტატია ეყრდნობოდა სახელმწიფო არქივებში დაცულ ინფორმაციას და ეხებოდა იაპონელი კანადელების ქონების გაყიდვას მეორე მსოფლიო ომის დროს. პოლენი ბრალად სდებდა სანს, რომ მან არაფერი უთხრა მკითხველს ამ ამბის „მეორე მხარის შესახებ“, როგორც ეს გააკეთა ტორონტო გლოუბ ენდ მეილმა, როდესაც ახსნა იმ დროს მთავრობის მხრიდან იაპონელებისადმი ასეთი მოპყრობის მიზეზები. მერის თქმით, გლოუბ ენდ მეილმა საკითხი ისტორიულ კონტექსტში განიხილა, რაც სანს არ გაუკეთებია. თანაც, სანის რედაქციამ არ დაბეჭდა მისი ღია წერილი ამ საკითხზე, სამაგიეროდ გამოაქვეყნა სხვა მკითხველის წერილი, რომელიც აღნიშნულ პუბლიკაციას იწონებდა.

სანის სარედაქციო გვერდის რედაქტორმა, რუტერმა საბჭოს განუცხადა, რომ არ გააჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რატომ არ დაიბეჭდა მერ პოლენის წერილი. შესაძლოა მიზეზი იყო ის, რომ გაზეთმა სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. რაც შეეხება ხსენებულ საქებარ წერილს, იგი სხვა თემას შეეხებოდა და ძალიან მოკლედ ეხებოდა რეპორტაჟს. რუტერის თქმით, გაზეთი წლების განმავლობაში აქვეყნებდა სტატიებს იაპონელი კანადელების შესახებ.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: საბჭოს გაუჭირდა პოლენის პრეტენზიის არსში გარკვევა. თავისი საჩივრის დასაწყისში იგი ახსენებდა „ტენდენციურ რეპორტაჟს“, თუმცა ქვემოთ საუბრობდა ზოგადად საკითხისადმი სანის დამოკიდებულების შესახებ. ამდენად, საბჭოს თავად უნდა გადაეწყვიტა, საჩივარი მხოლოდ გლენ ბონის რეპორტაჟს შეეხებოდა, თუ ზოგადად, გაზეთის მიერ იაპონელი კანადელების თემატიკის გაშუქებას. საბჭომ დაადგინა, რომ საჩივარი შეეხებოდა არა ერთ მიკერძოებულ სტატიას, არამედ იმას, რომ წლების მანძილზე სანი არ ბეჭდავდა ამ საკითხის შესახებ განსხვავებულ მოსაზრებას. საბჭომ დაადგინა, რომ ბონის სტატია არ ყოფილა ტენდენციური. წერილი ეხებოდა დიდი მოვლენის მცირე ნაწილს.

ამის შემდეგ საბჭომ განიხილა ის, თუ რამდენად სწორად აშუქებდა სანი მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელი კანადელებისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებისა და მათი შემდგომი კომპენსაციის საკითხებს. საბჭომ დაადგინა, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად ტენდენციური იყო სანის პოზიცია ამ საკითხზე.

ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც პოლენს საჩივარის აღძვრისაკენ უბიძგა, იყო ის, რომ მისი მოსაზრება გაზეთმა არ დაბეჭდა. სანს ეს რომ გაეკეთებინა, საბჭოში საჩივრის შეტანა, ალბათ, საჭირო აღარ იქნებოდა.

1984

ნელსონის ქალთა ცენტრინელსონ დეილი ნიუზის წინააღმდეგ

საჩივარი: ნელსონის ქალთა ცენტრმა გაასაჩივრა ნელსონ დეილი ნიუზის პოზიცია იმ დავასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოიშვა სამუშაო ჩექმების რეკლამის გამო. რეკლამაში გამოსახული იყო შილიფად ჩაცმული ახალგაზრდა ქალი. რეკლამამ გამოიწვია ხანგრძლივი დებატები გაზეთში, რასაც ტორონტოში რეკლამის მრჩეველთა საბჭოში საჩივრის შეტანა მოჰყვა. საბჭომ განაცხადა, რომ რეკლამა არღვევდა წესს, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება რეკლამაზე ქალის ან კაცის გამოსახვა მხოლოდ ყურადღების მიპყრობის მიზნით.

ნიუზმა ეს რეკლამა დაბეჭდა თავის სარედაქციო გვერდზე, გამომცემლის შენიშვნასთან ერთად, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამ თემაზე დებატები შეწყვეტილად ცხადდებოდა. შენიშვნაში საუბარი იყო იმაზეც, რომ აღნიშნული რეკლამა ბევრ ადგილას გამოჩნდა, მაგრამ ქალაქ ნელსონის გარდა, მას გართულებები არსად მოჰყოლია.

„საოცარია, რომ ნელსონში, ქალაქში, რომელიც თავს რეგიონის კულტურულ ცენტრად თვლის, მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან შიშველ ქანდაკებას ლეღვის ფოთოლი მიაფარონ. მათ საყურადღებოდ, ვინც სექსუალურ ინტერპრეტაციას უკეთებს რეკლამას, რომელზეც გამოსახულია ვაშლი, ნაჯახი და ხეები, ვაცხადებთ: მიმართეთ ფსიქიატრს“, - წერდა რედაქტორი.

ქალთა ცენტრის საჩივარი შეეხებოდა როგორც რედაქტორის კომენტარს, ისე ამ თემაზე დებატების შეწყვეტას. ცენტრის განცხადებით, შენიშვნა ფსიქიატრის დახმარების შესახებ ნიშნავდა, რომ ყველას, ვინც უსირცხვილო რეკლამას ეწინააღმდეგებოდა, გაზეთი სულიერ ავადმყოფად ნათლავდა. დებატების შეწყვეტით კი გაზეთმა საზოგადოებას არ მისცა საშუალება, გაეგრძელებინა დისკუსია მისთვის საინტერესო საკითხებზე.

ნიუზის გამომცემელმა სტინ იორგენსენმა განაცხადა, რომ შენიშვნა ფსიქიატრის დახმარების თაობაზე არ ეხებოდა იმ ხალხს, ვინც „მხოლოდ უხერხულად იგრძნეს თავი“. მისი თქმით, გაზეთში ამ საკითხზე დებატები ექვსი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც საკმარისი დრო იყო. „საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც სხვა საკითხზე სურთ აზრის გამოხატვა და გაზეთის გვერდები მათაც უნდა დაეთმოთ“,- აცხადებდა გამომცემელი.

გადაწყვეტილება: საჩივარი დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: საბჭო აღიარებს ყველა რედაქტორისა და გამომცემლის უფლებას, შეწყვიტოს მის გვერდებზე მიმდინარე დებატები მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ საკითხი ამოწურულია. თუმცა, საბჭოს მიაჩნია, რომ გაზეთს ეს უფრო დელიკატურად უნდა გაეკეთებინა. გამომცემელმა საზოგადოებას არ მისცა საშუალება, გამოხმაურებოდა მის ბოლო კომენტარს. საბჭო ამას უსამართლოდ მიიჩნევს. გამომცემლის შენიშვნა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ იყო უგემოვნო და წარმოადგენდა საზოგადოების ერთი ნაწილის ლეგიტიმური ინტერესების უგულებელყოფას. მით უმეტეს, რომ მოგვიანებით რეკლამის მრჩეველთა საბჭომ ეს რეკლამა სტანდარტების დარღვევად შეაფასა.

პრესის საბჭომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რედაქტორს არაფერი უთქვამს თავად რეკლამის შესახებ, მან მხოლოდ შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთა მის მოწინააღმდეგეთა, მათ შორის ნელსონის ქალთა ცენტრის შესახებ. საბჭოს მიაჩნია, რომ ნელსონ დეილი ნიუზს უნდა მიეცა საზოგადოებისათვის რედაქტორის წერილზე გამოხმაურების საშუალება.

1984

6.7 6. დისკრიმინაცია

▲ზევით დაბრუნება


რეფორმისტული პარტიავანკუვერ სანის წინააღმდეგ

საჩივარი: ვანკუვერის რეფორმისტული პარტიის ორი წევრის ფრედ კავანასა და გორდონ შრივის საჩივარი ვანკუვერ სანში გამოქვეყნებულ კარიკატურას შეეხებოდა, რომელიც, მომჩივანთა აზრით, მეტისმეტად აშკარა პარალელებს ავლებდა მათ ორგანიზაციასა და კუ-კლუქს-კლანს შორის. რეფორმისტთა აზრით, უშუალოდ არჩევნების წინა დღით გამოქვეყნებული კარიკატურა არ იყო „სამართლიანი კომენტარი“, პირიქით, წარმოადგენდა „უპასუხისმგებლობის, უზუსტობის და უსამართლობის“ ნიმუშს.

კარიკატურაზე, რომლის ავტორი იყო მხატვარი ინგრიდ რაისი, გამოსახული იყო კუ-კლუქს-კლანის თეთრებში გამოწყობილი წევრი, კომისიის წინაშე, კარიკატურას ერთვოდა წარწერა: „რეფორმისტული პარტიის წევრების შერჩევა“. პარტიის წევრებმა იჩივლეს, რომ კარიკატურას შეიძლება შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მათ რაიმე აკავშირებდა ამ რასისტულ დაჯგუფებასთან.

სანის რედაქტორმა გრემმა მოსმენაზე განაცხადა, რომ გაზეთს აქვს უფლება, გამოაქვეყნოს სატირული კარიკატურები. მისი თქმით, კარიკატურის დაბეჭდვა გამოიწვია პარტიის ერთ-ერთი კანდიდატის რასისტულმა განცხადებამ. კანდიდატმა განცხადების გაკეთებისთანავე დატოვა პარტია. რედაქტორის თქმით, მხატვარს უნდოდა იმის ჩვენება, რომ ამ პარტიაში შეიძლება მოხვდნენ რასისტული შეხედულებების ადამიანები. რედაქტორის თქმით, კუ-კლუქს-კლანის სიმბოლოების გამოყენება მიანიშნებდა პარტიაში არსებულ რასისტულ სიმპათიებზე და არა იმაზე, რომ პარტიის რომელიმე წევრი ამ დანაშაულებრივ კლანს ეკუთვნის. გრემმა ამის მაგალითად მოიყვანა გაზეთში გამოქვეყნებული ხუთი სხვადასხვა კარიკატურა, რომლებშიც გამოყენებული იყო რასისტული კლანის სიმბოლიკა.

მოსმენაზე გრემმა განაცხადა, რომ მომჩივანებმა კარიკატურა ზედმეტად პიროვნულად აღიქვეს. ნახატი არ ასოცირდებოდა მომჩივანების - კავანას და შრივის პერსონებთან, ამიტომ მათ რეპუტაციას ამით რაიმე ზიანი არ მისდგომია. გრემმა მოიშველია აგრეთვე უმაღლესი სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებიც ადასტურებენ პოლიტიკური კარიკატურისტების უფლებას, თავიანთი შეხედულების გამოსახატავად გამოიყენონ ალეგორია, სატირა, კარიკატურა ან პაროდია. „კარიკატურამ უნდა მოახდინოს ეფექტი, არ არის აუცილებელი ის იყოს ლამაზი, ზრდილობიანი ან გემოვნებიანი“, - აღნიშნა გრემმა, - ისინი ახდენენ ცოცხალი საზოგადოებრივი დებატების ინიცირებას, სწორედ ამიტომ იცავს გამოხატვის ამ ფორმას „სამართლინი კომენტარი“, რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი იყოს ის ბევრისათვის“. გარდა ამისა, წერილობით განმარტებაში გრემმა აღნიშნა, „თუ ადამიანი გადაწყვეტს, რეფორმისტულ პარტიასთან გააიგივოს თავი, იგი მზად უნდა იყოს პოლიტიკური კრიტიკის მისაღებადაც“.

კავანამ განაცხადა, რომ კრიტიკა შეიძლება გავამართლოთ, მაგრამ არა - კარიკატურა. თავისი მოსაზრების დასადასტურებლად მან გაიხსენა გაზეთ სანის მთავარი რედაქტორის სტატია, რომელშიც ის წერდა: „კარიკატურების ავტორები ზოგჯერ ზღვარს გადადიან. რაისის კარიკატურა ამის კარგი მაგალითია“.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: კარიკატურა მიანიშნებს იმაზე, რომ ის პირები, რომლებიც კუკლუქს- კლანის შეხედულებებს იზიარებენ, შესაძლოა, მოხვდნენ პარტიაში. ამ თვალსაზრისის დამამტკიცებელი საბუთები არ არსებობს. თანაც, კუ-კლუქსკლანი ასოცირდება არა მხოლოდ რასიზმთან, არამედ მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან, ლინჩის წესით გასამართლებასთან და ა.შ. მართალია, გაზვიადება პოლიტიკური კარიკატურისათვის ჩვეული ამბავია, მაგრამ ნახატი მაინც უნდა ასახავდეს რეალობას. არც პარტია და არც მისი რომელიმე წევრი თავისი მოქმედებებით ან შეხედულებებით არ ჰგავს კუ-კლუქს-კლანს. ამიტომ, თუ სანს პარტიის წევრების რასისტული შეხედულებების დემონსტრირება სურდა, სხვა გზა უნდა გამოენახა. საბჭოს წევრთა უმრავლესობამ კარიკატურა მიუღებლად მიიჩნია, რამდენადაც იგი შორს იყო რეალობისგან. ამავე დროს, საბჭოს შეფასებით, კავანასა და შრივის რეპუტაცია ამ კარიკატურის შედეგად არ შელახულა.

საბჭომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიზნად არ ისახავდა იმის განსაზღვრას, რა არის მისაღები პოლიტიკური კარიკატურა და რა - მიუღებელი. ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც პრეცედენტული, და იგი მხოლოდ ამ კერძო შემთხვევას შეეხება.

15 აპრილი, 1994

უიქსლერი და სხვებიუესტენდერის წინააღმდეგ

საჩივარი: ვანკუვერში მოქმედი გერმანულ-კანადური საზოგადოების ოთხმა წევრმა გაზეთ უესტენდერის წინააღმდეგ საბჭოს მიმართა. მომჩივანები ამტკიცებდნენ, რომ გაზეთში გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია რასისტული იყო გერმანული ტრადიციების, ენისა და კულტურის მიმართ. ავტორის მოსაზრება, რომ გერმანული „საშინელი ენაა“, საზოგადოების წარმომადგენელთა აზრით, დამამცირებელი იყო გერმანიისა და გერმანელებისათვის. მომჩივანთა განცხადებით, სტატია სხვა რომელიმე ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფის წინააღმდეგ რომ ყოფილიყო მიმართული, ის არასოდეს დაიბეჭდებოდა. გერმანელებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები შეურაცხმყოფელი იყო მთელი ერისათვის.

სვეტის ავტორი, კარლინ იანდლი ამტკიცებდა, რომ პუბლიკაცია შეიცავდა მხოლოდ მის პირად მოსაზრებებს და მან სათქმელის უკეთ გადმოსაცემად სატირა და იუმორი გამოიყენა. სტატიის დასაწყისშივე მან დააფიქსირა თავისი „უპირობო“ ანტიპათია ზოგიერთი რამის მიმართ, რაც მან გერმანიაში მოგზაურობის დროს ნახა და აღნიშნა, „მრცხვენია იმისა, რაც ევროპაში მოგზაურობის დროს აღმოვაჩინე, რომ გერმანელების მიმართ ასეთი ცუდი გრძნობები მქონია“. ავტორის აზრით, საბჭო არის ის ადგილი, სადაც შესაძლებელია, დაიცვა აზრის გამოხატვის თავისუფლება. ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ პუბლიკაცია არ იყო დისკრიმინაციული ხასიათის.

გადაწყვეტილება: საბჭომ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: საბჭოს აზრით, დაირღვა პრაქტიკის კოდექსის მე-66 მუხლი, რომლის მიხედვით, გაზეთები უნდა მოერიდონ დისკრიმინაციული ხასიათის მასალების გამოქვეყნებას, მით უფრო, თუ ეთნიკურ მახასიათებელს პირდაპირი კავშირი არა აქვს განსახილველი საკითხის შინაარსთან.

იანდლის განცხადებით, პუბლიკაცია ეძღვნებოდა ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეს და ავტორი სატირასა და იუმორს მიმართავდა. თუმცა, საბჭოს აზრით, სტატიაში გერმანელი ხალხის მიმართ გამოთქმული ეპითეტები შეურაცხმყოფელი ხასიათისა იყო. მართალია, პრესის საბჭო აღიარებს ავტორთა უფლებებს, თავიანთ სარედაქციო სტატიებში გამოაქვეყნონ მოსაზრებათა მაქსიმალურად ფართო სპექტრი, მაგრამ საბჭოს აზრით, იანდლმა გერმანელი ხალხის მიმართ ისეთი სტერეოტიპები გამოიყენა, რომლებიც დისკრიმინაციას უწყობს ხელს.

საბჭომ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ ამ პუბლიკაციის შემდგომ უესტენდერი დიდ ადგილს უთმობდა მკითხველთა ფოსტას, რომელიც კრიტიკულად იყო განწყობილი იანდლის სტატიის მიმართ.

2000

გერმანულ-კანადური კონგრესიპროვინსის წინააღმდეგ

საჩივარი: გერმანულ-კანადურ კონგრესმა პროვინსში გამოქვეყნებული ერიკ ნიკოლის სარედაქციო სტატია საბჭოში გაასაჩივრა. სტატიაში გამოთქმული იყო შეშფოთება გერმანიის გაერთიანების გამო. კონგრესის წარმომადგენელთა განცხადებით, 18 თებერვალს გამოქვეყნებული სარედაქციო სტატია „მიზნად ისახავდა გერმანული წარმოშობის ადამიანთა მიმართ ზიზღის გაღვივებას“. ორგანიზაცია რედაქციისაგან მოითხოვდა ბოდიშის მოხდას და იმის საჯარო აღიარებას, რომ სარედაქციო სტატიაში გამოქვეყნებულ აზრს არ იზიარებდა.

კონგრესის წარმომადგენელმა ფუერნისმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით შეშფოთებული იყო ორი აბზაცის გამო, რომელიც „პირწმინდა რასიზმის“ გამოვლინებას წარმოადგენდა.

პროვინსის მთავარი რედაქტორის იან ჰეისომის აზრით, გაზეთი ყოველთვის ცდილობდა, ნებისმიერ საკითხზე წარმოედგინა მოსაზრებათა მაქსიმალურად ფართო სპექტრი და იმედი ჰქონდა, რომ ნიკოლის სტატია კიდევ უფრო გაამდიდრებდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მიმდინარე დებატებს. გაზეთში გამოქვეყნდა გაერთიანების მხარდამჭერი სტატიები და ნიკოლის სვეტის დაბეჭდვის შემდეგ, რედაქცია დიდ ადგილს უთმობდა საპასუხო წერილების გამოქვეყნებას. ჰეისომმა გაიხსენა თავად მის მიერ დაწერილი სარედაქციო სტატიაც, რომელშიც იგი არ ეთანხმებოდა ნიკოლის შეხედულებებს, მაგრამ იცავდა გაზეთში ასეთი სტატიის გამოქვეყნების უფლებას. მან განაცხადა, რომ თვითონ რომ შეესწორებინა სტატია, აუცილებლად ამოშლიდა ერთ აბზაცს, რომელიც „მეტისმეტად ზღვარს გადაცილებული იყო“.

ნიკოლმა საბჭოს წინაშე გულწრფელად მოიხადა ბოდიში მათ წინაშე, ვინც სტატიის გამო შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, მაგრამ განაცხადა, რომ მას ზიზღის გაღვივება აზრადაც არ მოსვლია. მისი თქმით, პუბლიკაციის მიზანი იყო გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით შეშფოთების გამოხატვა. მან ბოდიში მოიხადა სტილის გამო, მაგრამ განაცხადა, რომ გამოთქმულ მოსაზრებებზე უარის თქმას არ აპირებდა.

გადაწყვეტილება: საბჭომ არ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: ის ფრაზა, რომელიც სარედაქციო სტატიის ავტორმა გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებული რისკის აღწერისას შეარჩია, იყო არათუ საუკეთესო, არამედ არადელიკატური და შესაძლებელია, შეურაცხმყოფელიც კი გერმანულ-კანადური კონგრესისათვის, მაგრამ საბჭო არ იზიარებს კონგრესის აზრს, რომ სტატიის მიზანი „გერმანული წარმოშობის პირების მიმართ ზიზღის გაღვივება იყო“. პროვინსს ჰქონდა უფლება, დაებეჭდა სტატია, რომელიც გამოხატავდა ხალხის გარკვეული ნაწილის აზრს და იყო გერმანიის გაერთიანების შესახებ არსებულ მოსაზრებათა ფართო სპექტრის ერთი ნაწილი. საბჭოს აზრით, რედაქციის მხრიდან საპასუხო წერილების გამოქვეყნება, ასევე მთავარი რედაქტორის სვეტში ნიკოლის შეხედულებების გაკრიტიკება იყო იმის დემონსტრირება, რომ რედაქცია არ იზიარებდა ნიკოლის სტატიაში გამოთქმულ აზრებს.

საბოლოოდ, პრესის საბჭომ ვერ გაიზიარა კონგრესის მოთხოვნა ბოდიშის მოხდის თაობაზე, რადგანაც არ დადასტურდა, რომ სვეტის დაწერის მიზანი „ეთნიკური ზიზღის გაღვივება იყო“.

1990

6.8 7. რეპუტაცია

▲ზევით დაბრუნება


რობერტ იანგიტაიმს კოლონისტის წინააღმდეგ

საჩივარი: ვიქტორიას მცხოვრებმა რობერტ იანგმა იჩივლა, რომ უილიამ უეფიგის (მართავდა რესტორან უილის რენდევუს, გარდაიცვალა 1997 წელს) შესახებ ტაიმს კოლონისტში გამოქვეყნებული ნეკროლოგი და განსაკუთრებით მისი სათაური ტენდენციური იყო და უმიზეზოდ ლახავდა გარდაცვლილის ღირსებას.

იანგის თქმით, 1997 წლის 18 ივნისს გამოქვეყნებული ნეკროლოგის სათაური „სახელგატეხილი მიკიტანი 59 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა“, იყო შეურაცხმყოფელი უეფიგის მიმართ. უეფიგი დახასიათებული იყო როგორც ადამიანი, რომელმაც „თუ ერთ უმნიშვნელო ინციდენტს არ ჩავთვლით, სამაგალითო ცხოვრებით იცხოვრა“. ამ ინციდენტის შესახებ მოთხრობილი იყო ნეკროლოგის პირველივე აბზაცში: უეფიგი იყო პირველი კაცი ბრიტანეთის კოლუმბიაში, რომელიც 1985 წელს ბ.კ. ადამიანის უფლებათა საბჭომ დამნაშავედ ცნო სექსუალურ ძალადობაში. იანგი გაზეთისაგან უშედეგოდ ითხოვდა ბოდიშის მოხდას. მან უარი თქვა აგრეთვე გაზეთის წინადადებაზე, გამოექვეყნებინა თავისი აზრი „მკითხველთა წერილების“ განყოფილებაში.

გაზეთმა მიიჩნია, რომ როგორც ნეკროლოგი, ისე მისი სათაური იყო ზუსტი და უარი განაცხადა ბოდიშის მოხდაზე.

გადაწყვეტილება: პრესის საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: მართალია, სიტყვა „სახელგატეხილის“ ხმარება შეიძლება ზედმეტი იყო, მაგრამ საბჭოს შეფასებით, ნეკროლოგი ტენდენციური არ ყოფილა. საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ გაზეთი თავიდან არ აპირებდა ნეკროლოგის გამოქვეყნებას, მაგრამ ეს სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თავად იანგმა გაუგზავნა მას უეფიგის სიკვდილის ცნობა ახალი ამბების განყოფილებაში გამოსაქვეყნებლად.

12 დეკემბერი, 1999

6.9 8. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

▲ზევით დაბრუნება


ოლივ მარი ოლიადიპროვინსის წინააღმდეგ

საჩივარი: ვანკუვერელმა ქალბატონმა ოლივ მარი ოლიჯადმა საბჭოს საჩივრით მიმართა და გაზეთ პროვინსში მისი ქალიშვილის ტრაგიკული სიკვდილის გაშუქება გააპროტესტა. მომჩივანის აზრით, 1995 წლის აგვისტო-სექტემბერში გამოქვეყნებული რამდენიმე სტატია ყოველგვარი საჭიროების გარეშე არღვევდა მე-3 [7] (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას) და ბღალავდა მის მწუხარებას. სტატიებში საუბარი იყო ოლიჯადის 30 წლის მეძავი ქალიშვილის მკვლელობაზე და პოლიციის მიერ ამ საქმის გამოძიებაზე. ოლიჯადის აღშფოთება გამოიწვია ჟურნალისტ რობერტა სტეილის სტატიამ, რომელსაც ახლდა ფოტო ოლიჯადის და მისი შვიდი წლის შვილიშვილის გამოსახულებით.

ოლიჯადი აპროტესტებდა აგრეთვე ერთ-ერთი სტატიის სათაურში ქალიშვილის მეძავად მოხსენიებას, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. გარდა ამისა, აღშფოთებული იყო იმით, რომ გაზეთმა გამოაქვეყნა მისი ვაჟიშვილის ფოტო, რომელიც ცნობადი პიროვნება იყო, რადგან კანადის ჩემპიონი იყო კრივში. ძმის ფოტოს გამოყენება მეტად „სენსაციური“ იყო, რადგან მოკრივე ნიუ-იორკში ცხოვრობდა და დის გარდაცვალებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.

პროვინსმა უარყო ბრალდება სენსაციურობის შესახებ და აღნიშნა, რომ თუ ახალ ამბებში მოხვედრილ პიროვნებას ცნობილი ნათესავები ჰყავს, როგორც წესი, გაზეთები მათ შესახებაც წერენ. რედაქტორმა განაცხადა, რომ გაზეთი თანაუგრძნობდა ქალბატონ ოლიჯადს, მაგრამ აღნიშნა, რომ გაზეთები, როგორც წესი, ძალზე გულდასმით აშუქებენ ქუჩის ქალების მკვლელობას და მათ გამოძიებას. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, სტატიები დაიბეჭდა ტრეისის მსგავსად მოკლული ასი მეძავის შესახებ. ამით გაზეთი ცდილობს, აიძულოს მთავრობა, მეტი ყურადღება მიაქციოს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულს.

გადაწყვეტილება: პრესის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: ეს საჩივარი განასახიერებს იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდება ხოლმე პრესა, როდესაც მას უწევს ბალანსის დაცვა, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებასა და მეორე მხრივ, ტრამვირებული ადამიანების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენას შორის. ამ შემთხვევაში, საბჭოს დასკვნით, პროვინსმა არ მიაქცია ყურადღება ოლიჯადის ოჯახის კერძო ინტერესებს და შეიჭრა მის მწუხარებაში. მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის რეპორტიორს ნათლად აუხსნეს, რომ გასვენებაში მისი გამოჩენა არ სურდათ, გაზეთმა მაინც გააგზავნა რეპორტიორიცა და ფოტოგრაფიც. გაზეთმა მისი ეს ქმედება გაამართლა იმით, რომ ოჯახმა დაკრძალვაზე კონკურენტი გაზეთის ჟურნალისტი მიიწვია. დაუპატიჟებელი ფოტოგრაფის გამოჩენას გაზეთში ოლივ ოლიჯადის და მისი შვიდი წლის შვილიშვილის ფოტოს გამოჩენა მოჰყვა. ამ შემთხვევაში გაზეთმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ოლიჯადის თხოვნა, რომ მისი შვილიშვილი არ მოხვედრილიყო რომელიმე ფოტოზე. ბებიას ეშინოდა, რომ დედის პროფესიასთან დაკავშირებული სოციალური სტიგმა საზოგადოებასთან ურთიერთობაში შვილსაც პრობლემებს შეუქმნიდა.

მართალია, პრესას ხშირად უწევს წეროს მგლოვიარე ადამიანების შესახებ, მაგრამ ამ შემთხვევაში მან მეტი დელიკატურობა უნდა გამოიჩინოს. ოლიჯადმა აგრეთვე ეჭვქვეშ დააყენა გაზეთში გამოქვეყნებული მასალების სიზუსტე, თუმცა ამ მხრივ, საბჭოსთვის სათანადო მტკიცებულებები არ წარუდგენიათ.

24 მარტი, 1996

_____________________

7 მუხლი 3 -პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: გაზეთები უნდა ეცადნონ დაიცვან ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და თავისუფალი პრესის მოთხოვნილებებს შორის. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს გაზეთებს, გამოაქვეყნონ ისეთი მასალები, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

6.10 9. ბავშვები

▲ზევით დაბრუნება


დენ კაზენსინორდ შორ ნიუზის წინააღმდეგ

საჩივარი: ჩრდილოეთ ვანკუვერის მცხოვრებმა დენ კაზენსმა ნორდ შორ ნიუზს საბჭოში უჩივლა. მისი თქმით, რეპორტიორმა რობერტ გალსტერმა გამოაქვეყნამისი 13 წლის ქალიშვილის ჯესიკას ციტატა და სურათი, აგრეთვე მიუთითა მისი ვინაობა. მომჩივანის აზრით, გაზეთის ქმედება არაეთიკური იყო, რადგან რეპორტიორს არ ჰქონდა ინტერვიუზე მშობლის თანხმობა და მეორეც, სტატის გამო მის ქალიშვილს შესაძლოა, სექსუალური მოძალადეების მხრიდან საფრთხე დამუქრებოდა.

ხსენებულ სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ ჩრდილოეთ ვანკუვერის სკოლების საბჭომ უარი უთხრა სოციოლოგიური კვლევის სააგენტოს სექსისა და ნარკოტიკების შესახებ გამოკითხვის ჩატარებაზე. სკოლების საბჭოს უარის მიზეზი კი ის გახდა, რომ შეკითხვების ნაწილი, რომელიც სექსს შეეხებოდა, შესაძლოა, ბავშვებისათვის მეტისმეტად მძიმე ყოფილიყო. სტატია შეიცავდა აღნიშნულ თემაზე რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების რეაქციას. გალსტერმა თავის სტატიაში მოიყვანა მერვეკლასელი მოსწავლის ჯესიკას შემდეგი ციტატა: „თუ საკმარისად მომწიფებული არა ხართ, ეს არ უნდა გააკეთოთ. უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი“. კაზენსის თქმით, ამ სტატიის წაკითხვა მისთვის ნამდვილი შოკი იყო. რადგან შეიძლებოდა გეფიქრა, რომ რეპორტიორმა ბავშვებს სექსის შესახებ დაუსვა კითხვა.

მოსმენაზე გალსტერმა განაცხადა, რომ მან ბავშვებს კითხვები დაუსვა არა სექსის შესახებ, არამედ სექსისა და ნარკოტიკების თაობაზე ჩატარებული გამოკითხვის ირგვლივ. გაზეთის რედაქტორი რენშაუც ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტის კითხვებში უხერხული არაფერი იყო. მან აღნიშნა და ჯესიკამაც დაადასტურა, რომ სამივე გოგონამ ინტერვიუზეც და ფოტოზეც თვითონ განაცხადა თანხმობა.

გადაწყვეტილება: საბჭომ დააკმაყოფილა საჩივარი.

მოტივაცია: საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ 13 წლის გოგონას ფოტოს, სახელისა და კომენტარების გამოქვეყნება მართლაც არასწორი იყო. არასწორი იყო აგრეთვე ჯესიკას ციტირება პრეზერვატივების გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან არ იყო მოყვანილი მისთვის დასმული კითხვა და არც თავად შეკითხვა იყო სწორი. საბჭო დაეთანხმა გაზეთს იმაში, რომ თინეიჯერების აზრი სექსისა და ნარკოტიკების შესახებ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებზე ინტერესის საგანია. მაგრამ საბჭოს დასკვნით, ჟურნალისტის მიერ არჩეული მეთოდოლოგია არასწორი იყო. საბჭომ დააკმაყოფილა საჩივარი, რადგან სექსუალური ხასიათის შეკითხვების 13 წლის გოგონასათვის დასმა ბავშვის კეთილდღეობის მიმართ არაეთიკურობისა და უყურადღებობის გამოვლინებად მიიჩნია.

15 მაისი, 1998

7 თავი 6. შვეიცარია

▲ზევით დაბრუნება


7.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


შვეიცარიის პრესის საბჭო

შვეიცარიის პრესის საბჭო მკითხველთა საჩივრებს 2000 წელს მიღებული „ჟურნალისტურ უფლებათა და მოვალეობათა განმარტებების“ საფუძველზე იხილავს.

შვეიცარიის პრესის საბჭოში არის 21 წევრი. აქედან 6 - საზოგადოების, ხოლო 15 მედიის წარმომადგენელია. საბჭოში თითოეული სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა 8-ს არ უნდა აღემატებოდეს. საბჭო იყოფა 3 პალატად. თითოეულ პალატაში 7 წევრია გაერთიანებული. პალატებს ხელმძღვანელობენ საბჭოს პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი. პრესის საბჭოს წევრების, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევა ხდება პრესის საბჭოს ფონდის მიერ ოთხი წლის ვადით.

პრესის საბჭოს აქვს უფლებამოსილება, ხმათა უმრავლესობით თვითონ მოახდინოს რეაგირება „ჟურნალისტურ უფლებათა და მოვალეობათა განმარტებების“ დარღვევაზე და მსვლელობა მისცეს საჩივარს.

პრესის საბჭოს წევრი ვალდებულია, აცილება მისცეს საქმეს, თუკი მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს: თვლის, რომ მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებს, ან გამოდის მოპასუხის როლში.

საბჭო ამასთანავე ხელმძღვანელობს როგორც საკუთრივ შვეიცარიის პრესის საბჭოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილებითა და ეთიკის კოდექსებით დადგენილი ნორმებითაც.

7.2 1. სიზუსტე

▲ზევით დაბრუნება


. ოლთნერ თაგბლადის წინააღმდეგ

საჩივარი: 2002 წლის 31 ოქტომბერს გაზეთმა ოლთნერ თაგბლადმა გამოაქვეყნა სტატია “საპენსიო დახმარება ლტოლვილებისთვის”, შემდეგი ქვესათაურით: “სოციალური დაზღვევა: მონაცემები ისეა არეული, რომ მარჯვენა ხელმა არ იცის, რას აკეთებს მარცხენა”. სტატიასთან ერთად გამოქვეყნდა კარიკატურა: თვალებახვეული სახელმწიფო მოხელე ბანკნოტების მთელ დასტას უწვდიდა მომღიმარ, ხუჭუჭთმიან, ყავარჯნებიან კაცს, რომელსაც ინვალიდთა სადაზღვევო ფონდის აბრა და შვეიცარიის დროშა ეჭირა ხელში; ამ კაცის უკანა პლანზე ფულით სავსე ურიკა იდგა. სტატიაში საუბარი იყო თავშესაფრის მაძიებელ ტ.-ზე, რომელსაც ინვალიდთა სადაზღვევო ფონდმა პენსია დაუნიშნა და გადაუხადა კიდეც. მან ადგილობრივი სოციალური დახმარების ფონდისგანაც მიიღო თანხა. როცა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფულის უკან დაბრუნება მოინდომა, აღმოჩნდა, რომ ინვალიდების სადაზღვევო ფონდიდან გადარიცხული თანხა ათი დღის შემდეგ უკვე გატანილი იყო. ავტორი აკრიტიკებდა იმ ფაქტს, რომ ეს ფონდები ნაკლებად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და თანხების გადარიცხვებთან დაკავშირებით შეჯერებული ინფორმაცია არ გააჩნდათ, რასაც შეიძლებოდა 41. 000 ფრანკის დაკარგვა მოჰყოლოდა. აღნიშნული სტატია გაზეთმა გამოაქვეყნა 2002 წლის ნოემბერში დანიშნულ რეფერენდუმამდე, რომელზეც მიგრაციის პრობლემებთან დაკავშირებული საკითხები უნდა გარკვეულიყო.

ამ პუბლიკაციებს გამოეხმაურნენ მკითხველები. ისინი აღშფოთებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ გაზეთმა რეფერენდუმის წინ მიზანდასახულად წამოჭრა ეს თემა და ბოროტად გამოიყენა თავისი შესაძლებლობები.

2003 წლის 15 ნოემბერს ვინმე X-მა ოლთნერ თაგბლადს ელექტრონული ფოსტით გაუგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ლტოლვილი შვეიცარიაში ინვალიდთა სადაზღვევო ფონდის პენსიას ვერ მიიღებდა, თუ მანამდე ამ ქვეყანაში არ ჰქონდა ნამუშევარი. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ვიდრე დაზარალებული ტ. თავშესაფარს მოითხოვდა, რამოდენიმე წელი ის შვეიცარიაში სეზონურად მუშაობდა.

2002 წლის 6 დეკემბერს დაზარალებულმა გაზეთ ოლთნერ თაგბლადის წინააღმდეგ პრესის საბჭოში საჩივარი შეიტანა. იგი გაზეთს იმ ნორმის დამალვაში ადანაშაულებდა, რომლის თანახმადაც პირი, ვისაც შვეიცარიაში არ უმუშავია, ინვალიდთა სადაზღვევო ფონდიდან პენსიას ვერ მიიღებდა. სტატიის ავტორმა ასევე არ თქვა, რომ ვიდრე დაზარალებული თავშესაფრის მისაღებად შუამდგომლობას აღძრავდა, რამოდენიმე წელი ის შვეიცარიაში მუშაობდა. ამრიგად, რედაქციამ დაარღვია “განმარტებების” მე-3 მუხლი[1]. მომჩივანი გაზეთს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილის გამოუქვეყნებლობასაც საყვედურობდა, რომელშიც იგი რედაქციას შეცდომებზე მიუთითებდა.

2002 წლის 14 დეკემბერს გაზეთი ხელახლა მიუბრუნდა ზემოხსენებულ საკითხს და გამოაქვეყნა სტატია “ადგილობრივი თვითმმართველობა საქმის კურსში იყო ინვალიდთა ფონდში შეტანილი შუამდგომლობის შესახებ”, რომლის ქვესათაურიც ასე ჟღერდა - “შემთხვევა ოენზინგენში: ახალი ინფორმაცია საქმეს ახლებურად გვიხატავს”. პუბლიკაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის მდივანმა რედაქცია შეცდომაში შეიყვანა, როცა განაცხადა, რომ დაზარალებულს ამ ქვეყანაში ნამუშევარი არ ჰქონდა. თანაც ადგილობრივი საბჭო თავიდანვე საქმის კურსში ყოფილა ფონდში შეტანილი შუამდგომლობის შესახებ.

რედაქციის პოზიცია: ოლთნერ თაგბლადის რედაქციამ აღიარა, რომ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მათ ახალი ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტატიაში ისევ ადგილობრივი თვითმმართველობის პოზიცია დააფიქსირეს, რადგანაც ინფორმაციის გამცემი ორგანიზაცია სანდოდ ჩათვალეს. რედაქციამ ასევე სერიოზულად აღიქვა მომჩივანის წერილი, თუმცა იგი იმდენად ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციას, რომ არ გამოაქვეყნეს. საკითხის შემდგომი გარკვევა კი პასუხისმგებელი რედაქტორის ჯარში გაწვევამ შეაფერხა.

გადაწყვეტილება: საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა სარჩელი და ჩათვალა, რომ რედაქციამ დაარღვია “განმარტებების” მე-5 [2] მუხლი.

საბჭოს პოზიცია: სტატიაში გადმოცემული ფაქტები ერთი შეხედვით კორექტული იყო, მაგრამ მკითხველთა უმეტესობას შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოსდა ტ-ს ფონდმა პენსია ისე დაუნიშნა, რომ ლტოლვილს სოციალური დაზღვევის ფონდში არასდროს არაფერი შეუტანია. რადგან ინფორმაცია, რომელიც შვეიცარიაში ტ.-ს საქმიანობას შეეხებოდა გაზეთში მიჩუმათდა - ეს კი ლტოლვილთა საკითხთან მიმართებაში არასწორი დასკვნის გაკეთებისკენ უბიძგებდა მკითხველს - “განმარტებების” მე-3 მუხლის საფუძველზე, საბჭომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება. იგივე შეიძლება ითქვას იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა - იცოდა თუ არა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფონდში შესული შუამდგომლობის შესახებ.

ორივე, როგორც დაფარული (დაზარალებულის ადრეული საქმიანობა), ასევე არასწორი ინფორმაცია (ფონდში შესული შუამდგომლობა) ოენზინგენის ოლქის მდივნის შეტყობინებებს ეყრდნობოდა, რომელიც ოლთნერ თაგბლადმა, “კომპეტენტურად და სანდოდ მიიჩნია”. რედაქცია დარწმუნებული იყო, რომ მკითხველისათვის მიწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდა. ეს არგუმენტი დამაჯერებლად მიიჩნია პრესის საბჭომ, რომლის აზრით, ჟურნალისტური საქმიანობა ფრიად გართულდებოდა, ოფიციალური პირების მიერ გაცემული ინფორმაციები სინამდვილეს რომ არ შეესაბამებოდეს ან მიჩუმათებული იყოს.

თუმცა, საბჭომ ისიც აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რომელიც გაზეთმა მკითხველს რეფერენდუმის წინ მიაწოდა და რომელიც რეფერენდუმის მონაწილეებზე უეჭველ გავლენას მოახდენდა, უფრო გულდასმით უნდა გადამოწმებულიყო. რადგან ჟურნალისტის მოვალეობაა, საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი, მიუკერძოებელი და უტყუარი ინფორმაცია. რეფერენდუმის თემასთან დაკავშირებულ ყველა პუბლიკაციას, რომელიც მკითხველს ხმის მიცემის წინა დღეებში მიეწოდება, შეუძლია გავლენა მოახდინოს რეფერენდუმის შედეგზე. და რადგან არჩევნების წინ ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ ჟურნალისტი დაინტერესებული მხარის ხელში ბრმა იარაღად იქცეს, იგი ვალდებულია, კიდევ უფრო კრიტიკულად მოეკიდოს თავის წყაროს.

საბჭოს აზრით, უსაფუძვლო იყო მომჩივანის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ რედაქციამ მისი წერილი არ გამოაქვეყნა („განმარტებები“ მე-5.1.) [3]. რედაქციას შეეძლო გადაემოწმებინა ინფორმაცია, რომელიც მან მომჩივანისაგან მიიღო. მართალია, გაზეთის მთავარმა რედაქტორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, პირველ და მეორე პუბლიკაციებს შორის თვენახევრიან ინტერვალში მან ეს ვერ მოახერხა და მიზეზად რედაქტორის ჯარში გაწვევა დაასახელა. საკმარისი იყო რედაქციას ადგილობრივი საგადასახადო სამსახურისათვის მიემართა, რომ მაშინვე შეძლებდა ინფორმაციის დაზუსტებას და მკითხველისათვის შესწორებული ინფორმაციის მიწოდებას.

28 მარტი, 2003

____________________________

1 მე-3 მუხლი: ჟურნალისტმა არ უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია, დოკუმენტი, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი, რომლის წარმომავლობა მისთვის უცნობია; არ დამალოს სტატიის მნიშვნელოვანი ელემენტი. არასწორად არ უნდა წარმოაჩინოს როგორც ტექსტი, დოკუმენტი, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი, ასევე ხალხის თვალსაზრისი. თუ ინფორმაცია დაუდასტურებელია, მასალაში ეს ნათლად უნდა ითქვას. როდესაც ხდება ფოტოს ან/და ჩანაწერის მონტაჟი, ამის შესახებ საგანგებოდ უნდა აღინიშნოს.

მუხლი 3 -პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: გაზეთები უნდა ეცადნონ დაიცვან ბალანსი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და თავისუფალი პრესის მოთხოვნილებებს შორის. ამან ხელი არ უნდა შეუშალოს გაზეთებს, გამოაქვეყნონ ისეთი მასალები, რომლებიც საზოგადოებრივი ინტერესის საგანია.

2მე-5 მუხლი: ჟურნალისტის მიერ მოწოდებული ნებისმიერი არასწორი ან თუნდაც ნაწილობრივ არასწორი ინფორმაცია უნდა გასწორდეს, როგორც კი ცნობილი გახდება გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არსებული შეცდომების შესახებ.

3 პარაგრაფი 5.1: შესწორება: ფაქტობრივი შეცდომების შესწორება ჟურნალისტმა უნდა მოახდინოს იმისდა მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჭეშმარიტების დასადგენად. შესწორების ვალდებულება ვრცელდება ფაქტებზე და არა თვალსაზრისზე.

7.3 2. დანაშაულის გაშუქება

▲ზევით დაბრუნება


X- ბლიკის წინააღმდეგ

საჩივარი: 2002 წლის 12 ნოემბერს გაზეთ ბლიკში გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: “მკვლელობა: ჰომოსექსუალისტების მოძულე ციხეში 15 წლით უნდა ჩაჯდეს”. პუბლიკაციაში საუბარი იყო განაჩენზე, რომელიც დამნაშავეს მკვლელობისათვის გამოუტანეს. სტატიაში ბრალდებული X სრული სახელით და გვარითა იყო მოხსენიებული.

აღნიშნული პუბლიკაციის გამო X-ის ადვოკატმა პრესის საბჭოში საჩივარი შეიტანა და გაზეთს „განმარტებების“ 7.1 [4], 7.5 [5] და 7.6 [6] პარაგრაფების დარღვევაში დასდო ბრალი.

რედაქციის პოზიცია: ბლიკის რედაქციამ დასვა შეკითხვა, თუ რა კავშირი ჰქონდა მომჩივანის პირად ცხოვრებას მკვლელობისა და ძალადობის ფაქტთან? ბრალდებულს ხანგრძლივი პატიმრობა მკვლელობის ე.ი. სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის გამო მიესაჯა. “თუ ღია სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სახელი და გვარი საიდუმლოებას არ წარმოადგენდა, არც გაზეთს უნდა შეექმნას პრობლემა მისი ვინაობის გამჟღავნების გამო”,- აღნიშნა რედაქციის ინტერესების დამცველმა.

გადაწყვეტილება: მომჩივანის პრეტენზიები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მოტივაცია: საბჭოს აზრით, სტატიაში ბრალდებულის სრული სახელის და გვარის მითითებით დაირღვა ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და დაზარალებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის. საბჭომ იხელმძღვანელა “განმარტებების” მე-7.1 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-7.5 (უდანაშაულობის პრეზუმფცია) მუხლებთან მიმართებაში ადრე შექმნილი პრეცედენტებით. რა უზნეო და შემზარავიც არ უნდა იყოს დანაშაული, დამნაშავისა და მისი უახლოესი ნათესავების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება დაცული უნდა იყოს. გამონაკლისის დაშვება მარტო იმ მიზეზით, რომ გამოქვეყნებულ სტატიაში მძიმე დანაშაული იყო გაშუქებული, არ ამართლებს დამნაშავის იდენტიფიცირების ფაქტს.

7 თებერვალი, 2003

Y ვოხენბლატის წინააღმდეგ

საჩივარი: 2002 წლის 15 ოქტომბერს გაზეთმა ვოხენბლატმა გამოაქვეყნა სტატიები შემდეგი სათაურებით, „მასწავლებელი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს“ და „ლაიმენტალის სკოლის დირექციამ მასწავლებელი Y დაუყოვნებლივ გაათავისუფლა სამსახურიდან“. პუბლიკაციებში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ გამოუტყდა მასწავლებელი ერთ-ერთ თანამშრომელს, რომ ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის ფასიანი მომხმარებელი იყო. 2002 წლის სექტემბერში მოეწყო დიდი აქცია, რომელიც ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ იყო მიმართული. სისხლის სამართლის საქმე ამ მასწავლებლის მიმართაც აღიძრა.

Y-ის ადვოკატმა პრესის საბჭოში საჩივარი შეიტანა. დაზარალებული თვლიდა, რომ გაზეთმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და თხოვდა საბჭოს გაერკვია, დაირღვა თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

ვოხენბლატმა ეს საჩივარი გააპროტესტა. რედაქციის განმარტებით, მათ მხოლოდ ლაიმენტალის სკოლიდან მიღებული და მედიისათვის განკუთვნილი მასალა გამოიყენეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მასწავლებლის სახელი და გვარი სკოლამ გამიზნულად მიუთითა. ამით სკოლის დირექცია შეეცადა, მოსალოდნელი ეჭვები აერიდებინა დანარჩენი პედაგოგებისათვის. ამასთანავე რედაქციამ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მთავრობის პრესცენტრთანაც ჰქონდა კონტაქტი. მედიისათვის მიწოდებულ წერილობით შეტყობინებაზე დაყრდნობით, პასუხისმგებელ რედაქტორს ყველა საფუძველი ჰქონდა ჩაეთვალა, რომ სკოლის დირექციამ იმსჯელა საკითხის როგორც სამართლებრივ, ისე ადამიანურ და ფსიქოლოგიურ მხარეზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, გაემჟღავნებინა ეჭვმიტანილის ვინაობა. ხოლო რახან ინფორმაციის მომწოდებლად სამთავრობო პრესცენტრი გამოდიოდა, რედაქციამ აღარ ჩათვალა საჭიროდ, კიდევ ერთხელ ემსჯელა იმაზე, ღირდა თუ არა სრული სახელისა და გვარის მითითება. რედაქციის აზრით, უსაფუძვლო იყო მომჩივანის არგუმენტი იმის შესახებ, თითქოს მასწავლებელი საზოგადოებრივად მნიშვნელოვან ფიგურად არ შეიძლება ჩაითვალოს: “უამრავი მშობელი საკუთარ შვილს მასწავლებელს ანდობს და თვლის, რომ მან ბავშვებს არა მარტო განათლება უნდა მისცეს, არამედ საზოგადოების სრულფასოვან წევრად, პატიოსან ადამიანად აღზარდოს. მასწავლებელი კი ამ დროს პედოფილიისაკენ არის მიდრეკილი. პედაგოგობა სპეციფიური საქმიანობაა და მასწავლებელი სწორედაც რომ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს“.

გადაწყვეტილება: საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანის პრეტენზიები.

მოტივაცია: „განმარტებების“ მე-7 [7] მუხლი იცავს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ადამიანის პირადი ცხოვრება, მისი თანხმობის გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაშუქდეს მედიის საშუალებით, თუ ეს განპირობებულია საზოგადოებრივი ინტერესით.

მომჩივანის პროფესიულ საქმიანობასა და მისთვის წაყენებულ ბრალდებას შორის კავშირზე იმდენად შეიძლება საუბარი, რამდენადაც სკოლის დირექცია, მშობლები და ბავშვები თვლიან, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელი მასზე დაკისრებულ პედაგოგიურ ამოცანებს სწორად ვერ აღიქვამს. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის მოკვლევის ობიექტი მომჩივანის პირადი ცხოვრება არ არის. თუმცა, იმ მასალის მიხედვით, რაც საბჭოში შევიდა, არ ჩანს, რომ ბრალდებულს სასწავლო პროცესში გამოემჟღავნებინოს პედოფილიისაკენ მიდრეკილება. ამდენად, მომჩივანის პროფესიულ საქმიანობასა და მისთვის წაყენებულ ბრალდებას შორის პირდაპირ კავშირზე საუბარი არ შეიძლება. მართალია, ბრალდება, რომელიც პედაგოგს ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებისთვის წაუყენეს, მძიმეა, მაგრამ პედაგოგის პროფესია სხვა პროფესიებისაგან გამორჩეული არ არის და, როცა ვინაობის გამჟღავნებაზეა საუბარი, კანონი ყველა პროფესიის ადამიანს ერთნაირად იცავს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მოკვლევა, რომელიც მომჩივანის წინააღმდეგ არის დაწყებული, პირდაპირ კავშირშია მთელს შვეიცარიაში პოლიციის მიერ მოწყობილ დიდ აქციასთან, რომელიც ინტერნეტში ბავშვთა პორნოგრაფიის წინააღმდეგ არის მიმართული.

განმარტებების მე-7.6 პარაგრაფის მიხედვით, გამონაკლისის სახით ნებადართულია ვინაობის მითითება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის საფრთხე, რომელიც მედიაში ვინაობის გაუმჟღავნებლობამ შეიძლება გამოიწვიოს, კერძოდ, ეჭვქვეშ დააყენოს სხვა პირები. ზემოხსენებული სკოლის დირექციის მტკიცებით, ვინაობის გაუმჟღავნებლობა მართლაც გამოიწვევდა უსაფუძვლო ეჭვებსა და ბრალდებებს. ასეთ შემთხვევაშიც კი ჟურნალისტმა უნდა გადაამოწმოს, საჭირო არის თუ არა ვინაობის მითითება, თუ არასწორი იდენტიფიკაციის თავიდან ასაცილებლად სხვა საშუალებებიც არსებობს. დირექციის მიერ გაზეთისთვის მიწოდებული მასალებიდან ჩანს, რომ მასწავლებლის გათავისუფლებას სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა სიტყვიერი და მშობელთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აპირებდა. ამდენად, არასწორი იდენტიფიკაციის საფრთხე იმთავითვე არ არსებობდა. ის ხალხი, ვისაც რაღაც შეხება მაინც ჰქონდა სკოლასთან, ისედაც საქმის კურსში იყო. გაზეთის მხრიდან ვინაობის მითითება კი ინფორმაციის მიმღებთა უფრო ფართო წრეზე იყო გათვლილი, რაც არსებულ ვითარებაში სრულიად უადგილო იყო. გაზეთს თვითონ უნდა გადაეწყვიტა მიზანშეწონილი იყო თუ არა ვინაობის მითითება და სკოლის დირექციის რჩევა ნაკლებად გაეთვალისწინებინა.

7 თებერვალი, 2003

_______________________

4 პარაგრაფი 7.1: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა: ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუვალია. ჟურნალისტს არა აქვს უფლება, გადაუღოს ფოტო პიროვნებას მისი თანხმობის გარეშე, ან გადაუღოს ტელეობიექტივით ისე, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ ამის შესახებ არც კი იცოდეს. ჟურნალისტმა უარი უნდა თქვას შევიწროების ნებისმიერ ფორმაზე (სახლში შეჭრა, დევნა, თვალთვალი, ტელეფონით შევიწროება და ა.შ.), მას შემდეგ რაც მიუთითებენ, რომ თავი დაანებონ. ეს წესები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა არსებობს საფუძვლიანი საზოგადოებრივი ინტერესი.

5 მე-7.5 პუნქტი: სასამართლო პროცესის გაშუქებისას ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს უდანაშაულობის პრეზუმფცია. განაჩენის გამოტანის შემთხვევაში ჟურნალისტმა ანგარიში უნდა გაუწიოს დაზარალებულის ოჯახისა და ახლობლების ინტერესებს. ინფორმაციამ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ არ უნდა შეაფერხოს და გაართულოს ამ პირის საზოგადოებრივი რეაბილიტაცია.

6 მე-7.6 პარაგრაფი - ვინაობის მითითება: ჟურნალისტი ვალდებულია, სასამართლო პროცესის გაშუქებისას არ მიუთითოს დაზარალებულის ვინაობა, არ გააკეთოს ისეთი მინიშნებები, რომელთა საშუალებითაც მესამე პირი, რომელიც არც მისი ოჯახის წევრია, და არც მის სოციალურ თუ პროფესიულ გარემოს მიეკუთვნება, -ე.ი. მხოლოდ მედიის საშუალებით არის ინფორმირებული, -ამ პირის იდენტიფიკაციას შესძლებს.

7 მე-7 მუხლი: მედიამ პატივი უნდა სცეს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ადამიანის პირადი ცხოვრება, მისი თანხმობის გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაშუქდეს მედიის საშუალებით, თუ ეს საზოგადოებრივი ინტერესებით არის განპირობებული.

7.4 3. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

▲ზევით დაბრუნება


Z- თაგეს-ანცაიგერის წინააღმდეგ

საჩივარი: 2002 წლის 6 დეკემბერს და 2003 წლის 21 დეკემბერს ვინმე ძ-მა პრესის საბჭოს საჩივრით მიმართა. მისი აზრით, გაზეთმა თაგეს-ანცაიგერმა 2002 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებული პუბლიკაციით შელახა მისი „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პოლიტიკური მრწამსის უფლება“. სტატიაში „სექტა ნადირობის სეზონის გახსნას საპროტესტო ყიჟინით შეხვდა“ ავტორმა ჰუგო შტამმა გადმოსცა იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავდნენ „ნადირობის საწინააღმდეგო პირველი ფორუმის“ ინიციატორები, რომლებიც, იმავე დროს, რელიგიური სექტის - „უნივერსალური ცხოვრება“ - დაახლოებულ პირებად მოიაზრებოდნენ, ნადირობის ამკრძალავი რადიკალური კანონის შემუშავებას.

წერილის გამოქვეყნებისთანავე Z-მა მიმართა რედაქციას და სთხოვა იმ ფაქტის უარყოფა, თითქოს ნადირობის საწინააღმდეგო ფორუმის უკან რელიგიური გაერთიანება „უნივერსალური ცხოვრება“ იდგა. მომჩივანი განსაკუთრებით აღაშფოთა იმან, რომ გაზეთმა ყოვლად უსამართლოდ (მუხლი მე-5) არ მოახდინა ფაქტის უარყოფა. ამასთანავე, მომჩივანის აზრით, პუბლიკაციაში რელიგიური მრწამსის მითითებით დაირღვა მე-7 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და მე-8 [8] (დისკრიმინაცია) მუხლები.

რედაქციამ საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია. მართალია, მომჩივანი სხვა აზრისაა, მაგრამ ზემოხსენებული სტატიის ავტორს არსად აღუნიშნავს, თითქოს „ნადირობის საწინააღმდეგო ფორუმს“ უშუალო კავშირი ჰქონდა რელიგიურ გაერთიანებასთან - „უნივერსალური ცხოვრება“. უფრო მეტიც, მან არაერთხელ დასვა შეკითხვა, თუ ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ფორუმის უკან და უპასუხა კიდეც - ფორუმის ინიციატორი ანუ მომჩივანი, რომელიც სექტასთან დაახლოებული პირი იყო. მომჩივანის პრეტენზიაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა. ამდენად, გაზეთის მხრიდან არც არაფერი იყო უარსაყოფი. რედაქციამ ასევე უსაფუძვლოდ ჩათვალა ბრალდება, თითქოს დაირღვა „განმარტებების“ მე-7 და მე-8 მუხლები. ის, ვინც საზოგადოების წინაშე პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდის, უნდა ითვალისწინებდეს, რომ მედია აუცილებლად გააშუქებს, თუ რა მსოფლმხედველობრივი სარჩული უდევს მის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, არც დაზარალებულის რელიგიური მრწამსის მიმართ გამოთქმულ დისკრიმინაციული სახის მინიშნებებზე შეიძლება საუბარი.

ბატონ ჰუგო შტამისადმი ღია წერილში მომჩივანმა დაიმოწმა სატელეფონო საუბარი: „თქვენ მე შემეკითხეთ, იდგა თუ არა ყოველივე ამის უკან ძველქრისტიანული რელიგიური გაერთიანება „უნივერსალური ცხოვრება“. მე თქვენ გარკვევით მოგახსენეთ, რომ არა. თქვენს შეკითხვაზე, ვარ თუ არა გაერთიანება „უნივერსალური ცხოვრების“ წევრი, შემდეგი პასუხი გაგეცით: ძველქრისტიანულ რელიგიურ გაერთიანებას წევრები არ ჰყავს, თუმცა მე ამ ორგანიზაციის მიმართ სიმპათიითა ვარ განწყობილი“. რედაქციის აზრით, მომჩივანმა თავად აღიარა, რომ იგი აღნიშნული რელიგიური გაერთიანების მიმართ სიმპათიით იყო განწყობილი; ამასთანავე არც ის ფაქტი უარუყვია დაჟინებით, რომ „ნადირობის საწინააღმდეგო ფორუმის“ თანამომხსენებელს ამ რელიგიური გაერთიანებასთან კონტაქტი ჰქონდა.

გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: არ შეიძლება მასალის უზუსტობაზე საუბარი, რადგანაც მომ- ჩივანიც აღიარებდა, რომ სტატიაში არ იყო ნათქვამი, რომ ფორუმი ეზოტერულქრისტიანული ჯგუფის მიერ იყო მოწყობილი. მკითხველს აქვს უფლება, შეიტყოს, თუ ვინ დგას ამა თუ იმ პოლიტიკური აქციის უკან და რა მსოფლმხედველობისა არიან ეს პირები. მით უფრო, თუ აშკარად იკითხება კავშირი მსოფლმხედველობასა და პოლიტიკურ მოწოდებებს შორის. სწორედ ამიტომ იყო თაგესანცაიგერი უფლებამოსილი მიეთითებინა, რომ მომჩივანი და „შვეიცარიაში პირველი ნადირობის საწინააღმდეგო ფორუმის“ მოწყობის თანაინიციატორი, რელიგიური გაერთიანების „უნივერსალური ცხოვრება“ გარემოცვას მიეკუთვნებოდნენ.

საბჭომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია ბრალდება სტატიის დისკრიმინაციულ ხასიათზე. პუბლიკაციაში მხოლოდ გაკვრით იყო ნათქვამი, რომ მომჩივანი იმ რელიგიური დაჯგუფების გარემოცვიდანაა, რომელიც აშკარად კამათის საგანს წარმოადგენს. მოცემულ სიტუაციაში კი ეს განცხადება არც დამაკნინებელი და არც დამამცირებელი არ ყოფილა. მით უფრო, რომ შესაძლოა საუბარი კავშირზე ნადირობის საყოველთაო აკრძალვის მოთხოვნასა და რელიგიური გაერთიანების “უნივერსალური ცხოვრება” სწავლებებს შორის.

25 აპრილი, 2003

____________________________

8 მე-8 მუხლი: ჟურნალისტისათვის მიუღებელია რელიგიური მრწამსის მითითება, როგორც ხმოვან, ისე წერილობითი სახის ტექსტებში, გამოსახულებებზე. ჟურნალისტური ეთიკა პერიოდულ მედიაში გამოქვეყნებულ კარიკატურებზეც ვრცელდება.

7.5 4. დისკრიმინაცია

▲ზევით დაბრუნება


N- კოპ ცაიტუნგის წინააღმდეგ

საჩივარი: 2003 წლის 1 იანვარს გაზეთ კოპ ცაიტუნგში გამოქვეყნდა კარიკატურა. პასკალ ქუშეპანი თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ბუნდესრატის მიერ განხორციელებული ცვლილების შემდეგ ეკონომიკის დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა დეპარტამენტში გადაიყვანეს და კარიკატურაც სწორედ ამ საკითხს ეხმიანებოდა. კარიკატურაზე გამოსახული ქუშეპანი გირლანდებით მორთული ბუნდესჰაუზის ფონზე იჯდა ბომბზე, რომელსაც ჰქონდა წარწერა - „რადიკალური პარტია“. ბომბის გვერდით გამოსახული იყო აწ უკვე გადამდგარი ბუნდესტაგის მრჩეველი რუთ დრეიფუსი, რომელსაც ყურებზე ხელები ჰქონდა აფარებული. კარიკატურას ახლდა მინაწარი: „გაისვრის პასკალ ქუშეპანი პოლიტიკურ ფოიერვერკს?“

2003 წლის 20 იანვარს პრესის საბჭოს საჩივრით მიმართა N-მა. მომჩივანის განცხადებით, კარიკატურაზე გამოსახულ რუთ დრაიფუსს მკერდზე „იუდეველთა ვარსკვლავის მსგავსი ნიშანი ჰქონდა“, რითაც დაირღვა „ჟურნალისტური უფლებებისა და მოვალეობების“ მე-8 მუხლი (დისკრიმინაცია). გადაწყვეტილება: საბჭომ საჩივარი უსაფუძვლოდ ცნო და არ დააკმაყოფილა.

მოტივაცია: თუ ბროში, რომელიც ქალბატონ დრეიფუსს პალტოზე აქვს მიბნეული, მომჩივანის ინტერპრეტაციით, ნამდვილად იუდეველთა ვარსკვლავია, “განმარტებების” მე-8 მუხლიდან გამომდინარე, ეს მართლაც დარღვევა იქნებოდა. მაგრამ პრესის საბჭომ კარიკატურის ნახვის შემდეგ სხვა დასკვნა გამოიტანა. ნახატზე ნამდვილად არ არის გამოსახული დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი. იგი ალბათ უფრო, როგორც ამას გაზეთის რედაქცია მომჩივანს განუმარტავს, ქალბატონი დრეიფუსის განთქმული მზის გამოსახულებიანი ბროშია, რომელსაც იგი ხშირად ატარებს. ამდენად, დისკრიმინაციული სახის მინიშნებები რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით არ დასტურდება.

14 მარტი, 2003