![]() |
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 50 შეკითხვაში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 1959 . 50 . 2009 ევროპის საბჭო |
![]() |
1 * * * |
▲back to top |
წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია სასამართლოს სამდივნოს მიერ და არ ავალდებულებს სასამართლოს. ის მიზნად ისახავს ზოგადი ინფორმაციის გადმოცემას მისი საქმიანობის შესახებ.
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ სასამართლოს სამდივნოს მიერ მომზადებული დოკუმენტები, განთავსებული მის ვებ გვერდზე - www.echr.coe.int.
ხშირად დასმული შეკითხვები
![]() |
2 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია |
▲back to top |
1. როდის მიიღეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია?
კონვენცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ, უკეთ ცნობილი, როგორც „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“, ხელმოსაწერად გაიხსნა 1950 წლის 4 ნოემბერს ქ. რომში, ხოლო ძალაში შევიდა 1953 წლის 3 სექტემბერს.
ამ კონვენციამ განახორციელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში ჩამოთვლილი ზოგიერთი უფლება და დააფუძნა საერთაშორისო სასამართლო ორგანო, რომლის იურისდიქცია ითვალისწინებს იმ სახელმწიფოთა განსჯას, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს.
2. რა არის კონვენციის ოქმი?
კონვენციის ოქმი დოკუმენტია, რომელიც ერთი ან რამდენიმე უფლებით განავრცობს კონვენციის თავდაპირველ რედაქციას, ან შეასწორებს მის ცალკეულ დებულებებს.
ოქმები, რომლებიც დამატებითი უფლებებით განავრცობს კონვენციას, სავალდებულოა მხოლოდ იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც განახორციელებენ მათ ხელმოწერასა და რატიფიცირებას; შესაბამისი ოქმის დებულებები სავალდებულო არ არის იმ სახელმწიფოსთვის, რომელმაც განახორციელა ოქმის მხოლოდ ხელმოწერა, მისი შემდგომი რატიფიცირების გარეშე.
დღევანდელი მდგომარეობით, მიღებულია 14 დამატებითი ოქმი.
3. რომელი უფლებებია დაცული კონვენციით?
სახელმწიფოები, რომელთაც განახორციელეს კონვენციის რატიფიცირება, ცნობილნი ასევე „ხელშემკვრელ სახელმწიფოებად”, იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და დაიცვან კონვენციით გათვალისწინებული ძირითადი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები არა მხოლოდ საკუთარი მოქალაქეების, არამედ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირის სასარგებლოდ.
კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებები და თავისუფლებები მოიცავს სიცოცხლის, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, გამოხატვის, აზრის, სინდისისა და რელიგიის და საკუთრების დაცვის უფლებებსა და თავისუფლებებს. კონვენციით იკრძალება, კერძოდ, წამება და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან დასჯა, იძულებითი შრომა, თვითნებური ან უკანონო პატიმრობა და დისკრიმინაცია კონვენციით დაცული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას.
4. ვითარდება თუ არა კონვენცია?
დიახ. კონვენცია განსაკუთრებით ვითარდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის დებულებათა განმარტების წყალობით. სასამართლომ, მისი პრეცედენტული სამართლის მეშვეობით, კონვენცია აქცია ცოცხალ ინსტრუმენტად; ამგვარად, მან განავრცო კონვენციით დაცული უფლებები და მიუსადაგა ისინი იმგვარ სიტუაციებს, რომელთა განჭვრეტაც შეუძლებელი იყო თავად კონვენციის შემუშავებისას.
კონვენცია ვითარდებოდა მაშინაც, როცა დამატებითი ოქმების საფუძველზე მკვიდრდებოდა ახალი უფლებები: მაგალითად, 2003 წლის ივლისში, მე-13 ოქმით ნებისმიერ დროს სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, ან 2005 წლის აპრილში, მე-12 ოქმის მიღებით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.
5. ეკისრებათ თუ არა ეროვნულ სასამართლოებს კონვენციის გამოყენების ვალდებულება?
კონვენცია მოქმედია ეროვნულ დონეზე. ის იქცა იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდა სამართლის ნაწილად, რომელთაც აიღეს ვალდებულება, დაეცვათ კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებები. შესაბამისად, ეროვნულ სასამართლოებს მართებთ კონვენციის გამოყენება. სხვაგვარად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, შესაძლოა, განსაჯოს სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუკი ინდივიდები წარმოადგენენ საჩივრებს სახელმწიფოთა მხრიდან მათი უფლებების დაცვის უუნარობის შესახებ.
![]() |
3 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო |
▲back to top |
6. როგორია სასამართლოს შემადგენლობა?
სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა (ამჟამად 47) კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რაოდენობის ტოლია.
7. როგორ აირჩევიან სასამართლოს მოსამართლეები?
მოსამართლეებს, თითოეული სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატისგან შემდგარი სიიდან, ექვსწლიანი განახლებადი ვადით ირჩევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.
8. მოსამართლეები მართლაც დამოუკიდებლები არიან?
მართალია, მოსამართლეები აირჩევიან თითოეულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, ისინი საქმეებს იხილავენ თავიანთი ინდივიდუალური უფლებამოსილებით და არ წარმოადგენენ ამ სახელმწიფოს. მოსამართლეები სარგებლობენ სრული დამოუკიდებლობით და ეკრძალებათ ნებისმიერ იმგვარ საქმიანობაში ჩაბმა, რაც ეწინააღმდეგება მათი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ვალდებულებას.
9. მონაწილეობენ თუ არა მოსამართლეები თავიანთ სახელმწიფოებთან დაკავშირებული საქმეების განხილვაში?
კოლეგიის შემადგენლობა, იქნება ეს 7 მოსამართლისგან შემდგარი პალატა თუ 17 მოსამართლით წარმოდგენილი დიდი პალატა, ყოველთვის მოიცავს „ეროვნულ მოსამართლესაც“.
10. რა არის სამდივნო და როგორ ფუნქციონირებს ის?
სამდივნო ორგანოა, რომლის პერსონალიც სამართლებრივ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს სასამართლოს მართლმსაჯულებას. ის მოიცავს იურისტებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალსა და თარჯიმნებს.
11. რამდენს შეადგენს სასამართლოს ბიუჯეტი?
სასამართლოს შენახვის ხარჯებს გაიღებს ევროპის საბჭო, რომლის ბიუჯეტი ფინანსდება წევრ სახელმწიფოთა შენატანებით, მათი მოსახლეობისა და შიდა მთლიანი პროდუქტის ოდენობის გათვალისწინებით.
სასამართლოს ბიუჯეტი 2009 წელს შეადგენს 56 მილიონ ევროზე მცირედით მეტს. ეს ფარავს მოსამართლეებისა და თანამშრომლების ხელფასებს და სხვა ზედნადებ ხარჯებს (საინფორმაციო ტექნოლოგიები, ოფიციალური ვიზიტები, თარგმანი, სათარჯიმნო მომსახურება, პუბლიკაციები, წარმომადგენლობითი ხარჯები, იურიდიული დახმარება, ფაქტების დამდგენი მისიები და სხვ.).
12. შეიძლება თუ არა, სასამართლოს შემადგენლობა განსხვავდებოდეს საქმეების მიხედვით?
დიახ, საქმეებს განიხილავს სამ უმთავრეს ერთეულთაგან ერთ-ერთი.
აშკარად დაუსაბუთებელ განაცხადებს განიხილავს სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც ერთხმად იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის მიუღებლად ცნობის შესახებ.
განაცხადი, შესაძლოა, განსახილველად წარედგინოს ასევე შვიდი მოსამართლისგან შემდგარ პალატას, რომელიც, ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას, უმთავრესად, საქმის მისაღებობასა და არსებით მხარესთან დაკავშირებით.
17 მოსამართლით დაკომპლექტებული დიდი პალატა განაცხადებს განიხილავს გამონაკლის შემთხვევებში - როდესაც პალატა მას გადააბარებს თავის იურისდიქციას, ან როდესაც დაკმაყოფილდება მხარეთა მოთხოვნა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ.
გადაწყვეტილებათა დიდი უმრავლესობა გამოაქვთ პალატებს.
13. რა განსხვავებაა პალატასა და სექციას შორის?
სექცია გახლავთ ადმინისტრაციული ერთეული, პალატა კი - შესაბამის სექციაში შემავალი სასამართლო ერთეული.
სასამართლო მოიცავს ხუთ სექციას, რომელთა ფარგლებში იქმნება პალატები. თითოეულ სექციას გააჩნია თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გარკვეული რაოდენობის სხვა მოსამართლე.
14. როგორ იქმნება პალატები და დიდი პალატა?
პალატას შეადგენენ იმ სექციის თავმჯდომარე, რომელსაც გადაეცა საქმე განსახილველად, „ეროვნული მოსამართლე“ (იმ სახელმწიფოსაგან არჩეული მოსამართლე, რომელიც განსახილველ საქმეზე მხარეს წარმოადგენს) და სექციის თავმჯდომარის მიერ როტაციის წესით დანიშნული ხუთი მოსამართლე.
დიდ პალატას შეადგენენ სასამართლოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, სექციის თავმჯდომარეები, ეროვნული მოსამართლე და კენჭისყრის შედეგად არჩეული სხვა მოსამართლეები. როდესაც საქმე, მასში მონაწილე რომელიმე მხარის მოთხოვნით, გადაეცემა დიდ პალატას, მის სხდომაში მონაწილეობას ვერ მიიღებს თავდაპირველი განჩინების გამომტანი პალატის ვერც ერთი მოსამართლე.
15. რა შემთხვევაში გადაეცემა საქმე დიდ პალატას?
დიდ პალატაში სამართალწარმოება ორი სხვადასხვა ფორმით იწყება: საქმის გადაცემითა და იურისდიქციის გადაბარებით.
პალატის მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ, მხარეებს შეუძლიათ მოითხოვონ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა. ამგვარი ხასიათის მოთხოვნები კმაყოფილდება გამონაკლის შემთხვევებში. დიდი პალატის კოლეგია გადაწყვეტს, გადაეცეს თუ არა საქმე დიდ პალატას ხელახალი განხილვისთვის.
დიდი პალატა საქმეებს განიხილავს, ასევე, პალატის მიერ თავისი იურისდიქციის მისთვის გადაბარების შემთხვევაში, თუმცა, აღნიშნულიც იშვიათად ხდება - თუკი პალატაში განსახილველი საქმე წამოჭრის კონვენციის განმარტებისთვის სერიოზულ საკითხს, ან თუ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა მოჰყვეს სასამართლოს უწინდელ განჩინებასთან შეუთავსებელი შედეგი.
16. შეუძლია თუ არა მოსამართლეს, უარი თქვას საქმის განხილვაში მონაწილეობაზე?
დიახ. ფაქტობრივად, მოსამართლეებმა თავი უნდა შეიკავონ იმ საქმის განხილვაში მონაწილეობისგან, რომელშიც მანამდე რაიმე სახით მონაწილეობდნენ. აღნიშნულს მოსამართლის მიერ საქმის აცილებას უწოდებენ. ასეთ დროს, მას ცვლის სხვა მოსამართლე, ხოლო თუკი საქმეს ჩამოსცილდება ეროვნული მოსამართლე, მის ნაცვლად ინიშნება მოსამართლე ad hoc.
17. რას ნიშნავს მოსამართლე ad hoc?
ad hoc მოსამართლე მოპასუხე მთავრობის მიერ ინიშნება იმ დროს, როცა ეროვნული მოსამართლე ვერ მონაწილეობს საქმის განხილვაში უუნარობის, მისი საქმიდან ჩამოცილების ან გათავისუფლების გამო.
18. როგორია სასამართლოს იურისდიქციის ფარგლები?
სასამართლოს არ შეუძლია, საკუთარი ინიციატივით შეუდგეს საქმეთა განხილვას. მისი იურისდიქცია ვრცელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სავარაუდო დარღვევათა განხილვაზე და აღნიშნულს ახორციელებს ინდივიდუალური ან სახელმწიფოთშორისი საჩივრების საფუძველზე.
![]() |
4 სამართალწარმოება |
▲back to top |
19. ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს?
კონვენცია განასხვავებს ორი სახის განაცხადს: ინდივიდუალურს, რომლის შეტანა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, პირთა ჯგუფს, კომპანიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ჩივიან მათი უფლებების დარღვევის გამო და სახელმწიფოთშორისს - შეტანილს ერთი სახელმწიფოს მიერ მეორის წინააღმდეგ.
სასამართლოს დაარსების დღიდან, თითქმის ყველა განაცხადი ინდივიდებისა იყო, რომლებიც უშუალოდ მიმართავდნენ სასამართლოს კონვენციის ერთი ან მეტი მუხლის დარღვევის გამო.
20. ვის წინააღმდეგ შეაქვთ განაცხადები?
განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ იმ ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელთაც განახორციელეს კონვენციის რატიფიცირება. მიუღებლად გამოცხადდება ნებისმიერი იმგვარი განაცხადი, რომელიც მიმართული იქნება, მაგალითად, მესამე სახელმწიფოს ან ფიზიკური პირის წინააღმდეგ.
21. როგორ ხდება განაცხადის შეტანა სასამართლოში?
ინდივიდებს განაცხადის შეტანა შეუძლიათ უშუალოდ და სამართალწარმოების საწყის ეტაპზე საჭირო არ არის ადვოკატის დახმარება. საკმარისია სასამართლოს გაეგზავნოს სათანადოდ შევსებული განაცხადის ფორმა, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად. თუმცა, სასამართლოს მიერ განაცხადის დარეგისტრირება სულაც არ ნიშნავს, რომ ის გამოცხადდება მისაღებად ან მისი არსებითი განხილვა წარმატებით დასრულდება.
კონვენციის მიერ შექმნილი სისტემა ითვალისწინებს სასამართლოს „ადვილად” ხელმისაწვდომობას, რაც აძლევს საშუალებას ნებისმიერ ადამიანს, მცხოვრებს თუნდაც წევრი სახელმწიფოს მოშორებულ მხარეში თუ ღარიბს, მიმართოს სასამართლოს. ამის გამო, სამართალწარმოება არავითარ გადასახადს არ ითვალისწინებს.
22. რა განსხვავებაა ინდივიდუალურ და სახელმწიფოთშორის განაცხადს შორის?
განაცხადების უმრავლესობა ინდივიდუალურია, შეტანილი კერძო პირთა მიერ. სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვა შეუძლია სახელმწიფოსაც, კონვენციის სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც სახელმწიფოთშორის განაცხადს უწოდებენ.
23. სავალდებულოა თუ არა ადვოკატის ყოლა სამართალწარმოებისას?
სამართალწარმოების საწყის ეტაპზე ადვოკატის ყოლა სავალდებულო არ არის; ყველას შეუძლია, უშუალოდ მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ადვოკატის დახმარება აუცილებელი ხდება, როცა საჩივარი გაეგზავნება მოპასუხე მთავრობას მოსაზრებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, სამართლაწარმოების ამ ეტაპიდან, განმცხადებლებს შესაძლოა გაეწიოთ იურიდიული დახმარება.
24. ვინ არის უფლებამოსილი სამართლებრივი განცხადებების წარმოდგენაზე სასამართლოში?
სასამართლოში წერილობითი თუ ზეპირი განცხადებების შეტანაზე უფლებამოსილ იურისტთა კონკრეტული სია არ არსებობს. მომჩივნის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია საადვოკატო საქმიანობის კომპეტენცია კონვენციის რომელიმე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ან თუკი აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭება პალატის თავმჯდომარის მიერ.
25. სამართალწარმოების რა ეტაპები არსებობს?
სასამართლოში შეტანილ განაცხადთა განხილვისას განარჩევენ ორ მთავარ ეტაპს: მისაღებობისა და არსებითი (ე.ი. სასარჩელო მოთხოვნების) განხილვის ეტაპებს. განაცხადები გაივლიან, ასევე, სხვადასხვა სტადიებს.
კომიტეტი წყვეტს საჩივრის მისაღებობის საკითხს და მას მიუღებლად ცნობს ერთხმივი გადაწყვეტილებით. ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოა.
სხვა შემთხვევაში, პალატა საჩივარს მიაწვდის მოპასუხე მთავრობას მოსაზრებებისთვის. წერილობით მოსაზრებებს ორივე მხარე წარმოადგენს. ამის შემდგომ, სასამართლო წყვეტს, არის თუ არა მიზანშეწონილი ზეპირი მოსმენის გამართვა საქმეზე, თუმცა, განხილული განაცხადების საერთო რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. დასასრულს, პალატას გამოაქვს განჩინება, რომელიც საბოლოო ხდება მხოლოდ სამი თვის შემდგომ, რომლის განმავლობაში, განმცხადებელსა თუ მთავრობას შეუძლიათ, მოითხოვონ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა მისი ხელახალი განხილვისთვის.
თუკი დიდი პალატის კოლეგია დააკმაყოფილებს მოთხოვნას საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ, მისი განხილვა მოხდება ხელახლა და საჭიროების შემთხვევაში, გაიმართება საჯარო მოსმენაც. დიდი პალატის განჩინება საბოლოოა.
26. როგორია მისაღებობის კრიტერიუმები?
იმისათვის, რათა სასამართლომ ცნოს მისაღებად, განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სრულებით არ განიხილავენ.
სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვა მხოლოდ შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შემდეგ არის შესაძლებელი; სხვა სიტყვებით, ინდივიდებმა, რომლებიც ჩივიან თავიანთი უფლებების დარღვევის გამო, პირველ რიგში, უნდა მიმართონ შესაბამისი სახელმწიფოს სასამართლოებს, მართლმსაჯულების რაც შეიძლება მაღალი საფეხურის ჩათვლით. ამგვარად, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, ეროვნულ დონეზე გამოასწოროს სავარაუდო დარღვევა.
განმცხადებლის საჩივრები უნდა შეეხებოდეს კონვენციით უზრუნველყოფილი ერთი ან მეტი უფლების დარღვევას. სასამართლო ვერ განიხილავს საჩივრებს რაიმე სხვა უფლების დარღვევის თაობაზე.
ამასთან, განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს ექვსი თვის განმავლობაში შიდა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან, რაც, ჩვეულებრივ, შესაბამისი სახელმწიფოს უზენაესი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გულისხმობს.
განმცხადებელი პირადად და უშუალოდ უნდა იყოს დაზარალებული კონვენციის დარღვევის შედეგად.
ბუნებრივია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის ერთი ან მეტი ხელშემკვრელი სახელმწიფოს და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოსა თუ ფიზიკური პირის წინააღმდეგ.
27. შეუძლიათ თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებს ან სახელმწიფოებს, მონაწილეობა მიიღონ სამართალწარმოებაში?
დიახ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე სახელმწიფოებს შეუძლიათ, საჩივრით მიმართონ სასამართლოს. სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვით, ისინი, შესაძლოა, მესამე მხარედაც ჩაერთონ პროცესის მსვლელობაში.
28. რა არის მესამე მხარის ჩართვა?
სასამართლოს თავმჯდომარეს შეუძლია, განმცხადებლისა და შესაბამისი მოპასუხე სახელმწიფოს გარდა, პროცესში სამონაწილეოდ დაუშვას სხვა ნებისმიერი პირი ან კონვენციის ხელშემკვრელი სხვა ნებისმიერი სახელმწიფო, რასაც მესამე მხარის ჩართვა ეწოდება. ამგვარად მოწვეულ პირსა თუ სახელმწიფოს უფლება აქვს, სასამართლოს წარმოუდგინოს წერილობითი განმარტებები და მონაწილეობა მიიღოს ღია სასამართლო მოსმენებში.
29. შეუძლია თუ არა სასამართლოს, დანიშნოს ექსპერტები ან ჩამოართვას ჩვენებები მოწმეებს?
დიახ. გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლომ შესაძლოა მიიღოს საგამოძიებო ზომები და ესტუმროს ამა თუ იმ სახელმწიფოს საჩივართან დაკავშირებული ფაქტების დასადგენად. ადგილზე, სასამართლოს დელეგაციას შეუძლია, ჩამოართვას ჩვენებები მოწმეებს და აწარმოოს გამოძიება.
სასამართლო ზოგჯერ ექსპერტების სამსახურითაც სარგებლობს, მაგალითად, როცა სამედიცინო ექსპერტს სთხოვს თავისუფლებააღკვეთილ განმცხადებელთა გამოკვლევას.
30. მართავს თუ არა სასამართლო ღია სასამართლო მოსმენებს?
სასამართლო პროცედურა, ძირითადად, წერილობითია, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ის მართავს ღია სასამართლო მოსმენებსაც.
მოსმენა იმართება ადამიანის უფლებათა სასახლეში სტრასბურგში. ის ღიაა, თუკი საქმის განხილვაში მონაწილე პალატის ან დიდი პალატის თავმჯდომარემ სხვა რამ არ გადაწყვიტა. ამგვარად, ჟურნალისტებსა და საზოგადოებას შეუძლიათ სხდომაზე დასწრება. მხოლოდ, მისაღებში მათ უნდა წარმოადგინონ ჟურნალისტის ან პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
ყველა მოსმენის მსვლელობა აისახება ფირზე და თავსდება სასამართლოს ვებ გვერდზე იმავე დღეს, ადგილობრივი დროით 1430 სთ-დან.
31. რა არის პირველადი პრეტენზია?
პირველადი პრეტენზია მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებია იმ მოთხოვნის განსამტკიცებლად, რომ საჩივარი არ იქნეს არსებითად განხილული.
32. რა არის მორიგება?
მორიგება მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებაა განაცხადით წამოწყებული სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ. როცა მხარეები ამგვარად ასრულებენ დავას, შედეგად, როგორც წესი, განმცხადებელი შესაბამისი სახელმწიფოსგან იღებს გარკვეული ოდენობის თანხას. მორიგების პირობების გაცნობის შემდეგ, თუკი ადამიანის უფლებათა დაცვის საჭიროება არ მოითხოვს სამართალწარმოების განგრძობას, სასამართლო ამორიცხავს საჩივარს განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
სასამართლო მუდამ წაახალისებს მხარეებს, მორიგებით დაასრულონ პროცედურა. თუკი ეს შეუძლებელია, ის შეუდგება განაცხადის არსებით განხილვას.
33. შეუძლია თუ არა სასამართლოს დროებითი ღონისძიების მითითება?
განაცხადის მიღების შემდეგ, სასამართლომ შესაძლოა მიიჩნიოს, რომ ვიდრე საქმის განხილვა მიმდინარეობს, სახელმწიფოს მართებს გარკვეული დროებითი ღონისძიების გატარება. ჩვეულებრივ, აღნიშნული გულისხმობს მოთხოვნას სახელმწიფოსადმი, არ შეასრულოს გარკვეული ხასიათის ქმედება, როგორიცაა, მაგალითად, პირის იმ სახელმწიფოსადმი გადაცემისგან თავის შეკავება, სადაც მას, სავარაუდოდ, ელის სიკვდილი ან წამება.
34. საჯაროა თუ არა საქმის განხილვა?
არა, საქმის განხილვა მუდამ კონფიდენციალურია.
35. ოდესმე თუ განუცხადებიათ სახელმწიფოებს უარი სასამართლოსთან თანამშრომლობაზე?
არსებობს შემთხვევები, როცა სახელმწიფოებს უგულებელუყვიათ მოთხოვნა, ან სულაც უარი უთქვამთ განაცხადის განხილვისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების სასამართლოსთვის მიწოდებაზე.
ასეთ დროს, სასამართლომ შესაძლოა დაადგინოს კონვენციის 38-ე მუხლის (რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოებს, უზრუნველყონ სასამართლო ყველა აუცილებელი საშუალებით) დარღვევა სახელმწიფოს მიერ.
36. ჩვეულებრივ, რამდენ ხანს გასტანს საქმის განხილვა?
სამართალწარმოების ხანგრძლივობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
სასამართლო ცდილობს, განიხილოს საქმეები მათი მიღებიდან სამი წლის ვადაში, ამასთან, ზოგიერთი მათგანის განხილვას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს, ზოგიერთი კი უფრო სწრაფად იქნეს განხილული.
სამართალწარმოების ხანგრძლივობა პირდაპირ არის დამოკიდებული თავად განაცხადის არსზე, იმაზე, თუ რომელ სასამართლო ერთეულს მიეკუთვნა ის განსახილველად, მხარეთა მზაობაზე, მიაწოდონ სასამართლოს საჭირო ინფორმაცია, თუ სხვა მრავალ ფაქტორზე, როგორიცაა ღია სასამართლო მოსმენის გამართვა ან საქმის გადაცემა დიდი პალატისათვის.
ზოგიერთი განაცხადი შეიძლება სასწრაფოდ იქნეს მიჩნეული და რიგგარეშე განიხილონ. ეს ხდება განსაკუთრებით მაშინ, როცა მომჩივანს დაუყოვნებელი ფიზიკური საფრთხე ემუქრება.
სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინებები
37. რა განსხვავებაა გადაწყვეტილებასა და განჩინებას შორის?
ჩვეულებრივ, გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს კომიტეტს ან პალატას. იგი შეეხება განაცხადის მხოლოდ მისაღებობის საკითხს და არა მის არსებით მხარეს. ხშირ შემთხვევაში, პალატის მიერ თანადროულად ხდება განაცხადის მისაღებობისა და არსებითი განხილვა. ამის შემდეგ მას გამოაქვს განჩინება.
38. ავალდებულებს თუ არა სახელმწიფოებს მათთან მიმართებაში გამოტანილი განჩინებები?
განჩინებები დარღვევის შესახებ სავალდებულოა აღსასრულებლად შესაბამისი სახელმწიფოებისათვის. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მეთვალყურეობას უწევს მათ აღსრულებას და განსაკუთრებით ზრუნავს, რათა გადახდილ იქნეს მიყენებული ზიანის გამო სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია.
39. შეიძლება თუ არა განჩინების გასაჩივრება?
კომიტეტის გადაწყვეტილება განაცხადის მიუღებლად ცნობის შესახებ და დიდი პალატის განჩინებები, მართალია, საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, პალატის მიერ განჩინების გამოტანის თარიღიდან სამი თვის განმავლობაში, მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოითხოვონ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა მის ხელახლა განსახილველად. საქმის გადაცემის შესახებ მოთხოვნას განიხილავს მოსამართლეთა კოლეგია, რომელიც გადაწყვეტს, არის თუ არა მოთხოვნა საფუძვლიანი.
40. როგორ ხორციელდება სასამართლოს განჩინებათა აღსრულება?
სასამართლოს მიერ დარღვევის შესახებ განჩინების გამოტანის შემდეგ, საქმე გადაეცემა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რომელიც აწარმოებს კონსულტაციებს შესაბამის სახელმწიფოსთან და განჩინებათა აღსრულებაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტთან იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს განჩინების აღსრულება და იქნეს თავიდან აცილებული კონვენციის მსგავსი დარღვევა მომავალში. აღნიშნული გულისხმობს ზოგადი ზომების მიღებას, განსაკუთრებით საკანონმდებლო ცვლილებებს და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ ზომებს.
41. რა მოსდევს შედეგად განჩინებას დარღვევის შესახებ?
დარღვევის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი სახელმწიფო უნდა გაფრთხილდეს, რათა თავიდან აიცილოს კონვენციის მსგავსი დარღვევა მომავალში. სხვაგვარად, სასამართლოს, შესაძლოა, კვლავ მოუწიოს მორიგი განჩინებების გამოქვეყნება მის წინააღმდეგ. ზოგიერთ შემთხვევაში, სახელმწიფოს მართებს საკანონმდებლო ცვლილებების გატარება მის შიდა სამართალში იმისათვის, რათა ის შესაბამისობაში მოიყვანოს კონვენციასთან.
42. რა არის სამართლიანი დაკმაყოფილება?
თუკი სასამართლო დაადგენს სახელმწიფოს მიერ კონვენციის რომელიმე დებულების დარღვევას და დაასკვნის, რომ მომჩივანს მიადგა ზიანი, ის მას მიაკუთვნებს სამართლიან დაკმაყოფილებას, რაც გულისხმობს მისთვის გარკვეული საკომპენსაციო თანხის გადახდას. მინისტრთა კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ სასამართლოს მიერ მიკუთვნებული კომპენსაცია ნამდვილად იქნეს გადახდილი მომჩივნისათვის.
43. რა არის საეტაპო საქმე?
უკანასკნელ წლებში სასამართლომ დანერგა ახალი პროცედურა იმ ტიპის განაცხადების მოზღვავებასთან გასამკლავებლად, რომლებიც მსგავს სამართლებრივ საკითხებს წამოჭრის, რაც ასევე ცნობილია, როგორც “სისტემური საკითხები” _ ანუ ისინი, რომლებიც წამოიჭრება ეროვნული სამართლის შეუთავსებლობით კონვენციასთან.
ამრიგად, სასამართლოს მიერ ბოლო დროს წამოწყებული პროცედურა გულისხმობს ერთი ან მეტი ამგვარი საჩივრის განხილვას, რა დროსაც სხვა მსგავსი განაცხადების განხილვა გადავადდება (სხვა სიტყვებით, გადაიდება). როდესაც სასამართლო გამოიტანს განჩინებას საეტაპო საქმეზე, ის მოუწოდებს შესაბამის მთავრობას, შეუთავსოს მისი ეროვნული სამართალი ევროპულ კონვენციას და მიუთითებს გასატარებელი ზოგადი ღონისძიებების შესახებ. ამის შემდგომ, სასამართლო შეუდგება სხვა მსგავსი საჩივრების განხილვას.
44. რა არის განსხვავებული აზრი?
მოსამართლეებმა შესაძლოა ინდომონ თავიანთ მოსაზრებათა გადმოცემა იმ საჩივრის შესახებ, რომლის განხილვაშიც მონაწილეობდნენ. მათი ამგვარი მოსაზრებები თან ერთვის განჩინებას. მათში, ზოგადად, ისინი განმარტავენ, თუ რატომ მისცეს ხმა უმრავლესობის სასარგებლოდ (თანმხვედრი აზრი), ან პირიქით, რატომ არ დაეთანხმნენ მოსამართლეთა უმრავლესობას (განსხვავებული აზრი).
![]() |
5 სასამართლოს საქმიანობა |
▲back to top |
45. რამდენი საჩივარია შეტანილი სასამართლოში?
სასამართლო მისივე წარმატების მსხვერპლი შეიქნა: ყოველწლიურად მას მიმართავენ 30,000-ზე მეტი ახალი განაცხადით. ზოგიერთი განჩინების რეზონანსულობამ და მისი საქმიანობის სულ უფრო მზარდმა აღიარებამ წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ყოველწლიურად შეტანილი საჩივრების რაოდენობაზე.
46. რომელ უფლებებს შეეხება საჩივართა უმრავლესობა?
სასამართლოს დაარსების დღიდან დარღვევების შესახებ გამოტანილ განჩინებათა დაახლოებით ნახევარი შეეხებოდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას, როგორც სამართლიანობის, ისე სამართალწარმოების ხანგრძლივობის კუთხით. ფაქტობრივად, სასამართლოს მიერ გამოვლენილ დარღვევათა 64% უკავშირდება ან მე-6 მუხლს (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), ან 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლ მუხლს (საკუთრების უფლება). ამის შემდგომ, საჩივრების დაახლოებით 8% შეეხება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების სერიოზულ დარღვევებს (სიცოცხლის უფლება და წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა).
47. ნამდვილად ეფექტიანია თუ არა დროებითი ღონისძიება?
მართალია სახელმწიფოები თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ სასამართლოს მითითებებს დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით, ზოგიერთი მათგანისთვის უცხო ნამდვილად არ არის მისი მოთხოვნის გვერდის ავლა. მოსალოდნელია, რომ ასეთ შემთხვევებში სასამართლომ ცნოს 34-ე მუხლით (ინდივიდუალური განაცხადის უფლება) დაკისრებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობა სახელმწიფოს მიერ.
48. იხილავს თუ არა სასამართლო საზოგადოებასთან დაკავშირებულ საკითხებს?
სასამართლოს მართლაც მიმართავენ ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, რომელთა განჭვრეტა, ბუნებრივია, შეუძლებელი იყო 1950 წელს, როდესაც კონვენციას ხელი მოეწერა. გასული 50 წლის მანძილზე სასამართლოს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის აქტუალური ისეთი თემების გარშემო, როგორიცაა აბორტთან დაკავშირებული საკითხები, თვითმკვლელობის ხელშეწყობა, პირის გაშიშვლება პირადი ჩხრეკისას, ოჯახური მონობა, პირის უფლება, არ შეექმნას დაბრკოლებები საკუთარი წარმომავლობის გაგებისას დედის შესაძლებლობის გამო, ანონიმურად გააჩინოს ბავშვი, მუსულმანური თავსაბურავის ტარება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ჟურნალისტური წყაროების დაცვა, ბოშების დისკრიმინაცია და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები.
![]() |
6 სასამართლოს მომავალი |
▲back to top |
49. რას წარმოადგენს მე-14 ოქმი?
მე-14 ოქმი, რომლის მიზანია სასამართლოს გრძელვადიანი ეფექტიანობის მიღწევა განაცხადების გაფილტვრისა და მათი განხილვის ოპტიმიზების მეშვეობით, ითვალისწინებს ახალი სასამართლო ერთეულების შექმნას ყველაზე მარტივი საჩივრების განხილვისთვის, მისაღებობის ახალ კრიტერიუმს (კერძოდ, “მნიშვნელოვანი ზიანისა”) და მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადის გაზრდას ცხრა წლამდე, ხელახალი არჩევის შესაძლებლობის გარეშე.
ოქმი ძალაში შევა კონვენციის ყველა ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ მისი რატიფიცირების შემდგომ (დღეისათვის, რატიფიცირებულია 47 სახელმწიფოდან 46-ის მიერ).
50. რა გეგმებს ისახავს რეფორმა?
მე-14 ოქმისგან დამოუკიდებლად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კონვენციის მიერ დაფუძნებული სისტემის შემდგომი რეფორმა, რისთვისაც, ბრძენთა ჯგუფი წამყვანი იურისტების შემადგენლობით, 2006 წლის იანვარში წარსდგა მოხსენებით მინისტრთა კომიტეტის წინაშე. სხვა საკითხებს შორის, ჯგუფი რეკომენდაციას უწევდა განაცხადთა ფილტრაციის ახალი მექანიზმის შექმნასა და სპეციალური წესდების შემუშავებას სასამართლოს ფუნქციონირების ზოგიერთი ორგანიზაციული ასპექტის შესახებ. ამგვარად, შესწორებები მის მუშაობაში განხორციელდებოდა უფრო მოქნილი ფორმით, ვიდრე საერთაშორისო სახელშეკრულებო პროცედურათა დაცვით, რასაც ზოგადად მოითხოვს კონვენციის მიღება. ამჟამად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მაკოორდინებელი კომიტეტი სხვადასხვა წინადადების განხილვის პროცესში იმყოფება. იმავდროულად, ის მუშაობს შემოთავაზებებზე, რომლებიც საშუალებას მისცემს სასამართლოს, ისარგებლოს მე-14 ოქმით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურული მექანიზმებით მანამდე, ვიდრე ეს ოქმი ძალაში შევიდოდეს. აღნიშნულით, ცალკეულ მოსამართლეს მიენიჭება უფლებამოსილება, გამოიტანოს გადაწყვეტილება განაცხადის მიუღებლად ცნობის შესახებ, ხოლო სამი მოსამართლით წარმოდგენილი კომიტეტები საქმეში ჩაერთვებიან განხილვის შემდგომ საფეხურზე.