The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

დისკუსიის წარმართვის ხერხები (პოლიცია და ადამიანის უფლებები სახელმძღვანელო)

დისკუსიის წარმართვის ხერხები (პოლიცია და ადამიანის უფლებები სახელმძღვანელო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ოსე ანეკე
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭო
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 15 იდეა, რომელიც პოლიციელს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე დააფიქრებს ანეკე ოსე სტრასბურგი, 2002 წლის მარტი დანართში მოცემული ილუსტრაციების ავტორია მხატვარი ჯერალდ მენგანი.



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


დისკუსიის წარმართვის ხერხები შემუშავდა ევროპის საბჭოს და კონსტიტუციური და სამართლებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის (COLPI) ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი მიზნად ისახავდა მასწავლებლებისათვის განკუთვნილი სასწავლო მასალის რუსულენოვანი ვერსიის შექმნას. წინამდებარე სახელმძღვანელოს გამოცემა ირლანდიის მთავრობის შემოწირულობის წყალობით გახდა შესაძლებელი.

ბროშურაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, რომელიც ზემოთ მოხსენიებული პროგრამის მითითებების საფუძველზე მოქმედებს, და არ აკისრებს პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს. ეს გამოცემა არ გულისხმობს მასში მოხსენიებული სამართლებრივი დოკუმენტების რაიმე ისეთ ოფიციალურ ინტერპრეტაციას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია წევრი სახელმწიფოების მთავრობებისთვის, ევროპის საბჭოს კანონიერი ორგანოებისა თუ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ჩამოყალიბებული ნებისმიერი ორგანოსათვის რაიმე ვალდებულების დაკისრება.

წინამდებარე სახელმძღვანელო არის შემადგენელი ნაწილი სასწავლო მასალისა ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც შემუშავდა პროგრამის „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000“ ფარგლებში და მოიცავს შემდეგ პუბლიკაციებს:

  1. დისკუსიის წარმართვის ხერხები - სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის

  2. საინფორმაციო ხასიათის ბროშურა პოლიციის თანამშრომლებისათვის

  3. ბუკლეტი პოლიციის თანამშრომლებისათვის

  4. სასწავლო ვიდეოფილმი „პოლიცია და ადამიანის უფლებები“

  5. სახელმძღვანელო გამოცდილი პროფესიონალებისათვის - ხედვა, თანამედროვე მიდგომა და პროფესიონალიზმი პოლიციის მიერ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის აღკვეთის სფეროში

  6. პოლიციის სამსახური დემოკრატიულ საზოგადოებაში - არის თუ არა თქვენი ქვეყნის პოლიცია წამყვანი სამსახური ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით?

დამატებითი ინფორმაციისათვის და წინამდებარე პუბლიკაციის მოსაპოვებლად დაუკავშირდით:

ადამიანის უფლებების საინფორმაციო ცენტრს
ევროპის საბჭო
F-67075 Strasbourg Cedex
France
ტელ: +33 (0)3 88 41 20 24
ფაქსი: +33 (0)3 88 41 27 04
ელ-ფოსტა: humanrights.info@coe.int

პოლიციის და ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ევროპის საბჭოს ინტერნეტ-გვერდს შემდეგ მისამარზე: www.humanrights.coe.int/police

2 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


მასწავლებელთათვის განკუთვნილი წინამდებარე სახელმძღვანელოს შემუშავებისათვის ევროპის საბჭოს პროგრამის „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000“ მენეჯერს, ანიტა ჰეიზენბერგს უნდა ვუმადლოდე. სწორედ მას დაებადა სადისკუსიო თემების ამ სახელმძღვანელოს შექმნის იდეა, რომელსაც მხარი დაუჭირა კონსტიტუციური და სამართლებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის თანამშრომელმა არი ბლედმა. მადლობას ვუხდი ორივე ზემოხსენებულ ორგანიზაციას, რომლებმაც საშუალება მომცეს, მემუშავა ამ რთულ და ხშირად წინააღმდეგობებით აღსავსე საკითხზე.

მადლობას ვუხდი, აგრეთვე, ირინა საფრონოვას იმ ენთუზიაზმისა და მხარდაჭერისათვის, რომელიც მან სადისკუსიო თემების მომზადებისას გამოიჩინა. მან კოორდინირება გაუწია ექვსთვიან პროექტს, რომლის ფარგლებში მომზადდა „მასწავლებლისათვის განკუთვნილი სასწავლო მასალა“ რუსულ ენაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთია საკუთარი იდეების ფურცელზე გადატანა, მაგრამ მათთვის ბეჭდური სახის მიცემა სრულიად სხვაა. სწორედ ამიტომ ვუხდი დიდ მადლობას ლინდა მაიკლს ევროპის საბჭოს პროგრამიდან „ადამიანის უფლებები და პოლიცია 1997-2000“ იმ დროისა და ძალისხმევისათვის, რომლებიც მან ამ სახელმძღვანელოს რედაქტირებას მოახმარა.

უდიდესი სიამოვნებით ვმუშაობდი სადისკუსიო თემების სახელმძღვანელოზე და იმედი მაქვს რომ, მრავალ სასწავლო პროგრამასთან ერთად, ის დაეხმარება ადამიანის უფლებების სფეროში პოლიციის მომზადების საქმეს. იმედი მაქვს, აგრეთვე, რომ კადრების მომზადების ის სპეციალისტები, რომლებიც სახელმძღვანელოში განხილულ სადისკუსიო თემებს გამოიყენებენ, აზრიან, ინტერაქტიურ და დინამიურ გაკვეთილებს ჩაატარებენ. გულწრფელად მივესალმები ნებისმიერ შენიშვნას და სიამოვნებით მივიღებ რჩევებს, რომლებიც ამ სახელმძღვანელოს გაუმჯობესებასა და ახალი თემების დამუშავებაში დამეხმარება.

ანეკე ოსე,
ფსიქოლოგიის დოქტორი
ნიდერლანდების პოლიციის აკადემია
აპელდორნი

3 შესავალი და სახელმძღვანელოს სტრუქტურის აღწერა

▲ზევით დაბრუნება


ევროპის საბჭოს პროგრამის „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000“ ფარგლებში აღინიშნა, რომ ევროპის პოლიციის სამსახურები ისეთი სასწავლო მასალის ნაკლებობას განიცდიან, რომელიც ითვალისწინებს პოლიციისათვის ადამიანის უფლებების სწავლებას კონკრეტული ქვეყნის თავისებურებებზე დაყრდნობით. სწორედ ეს არის ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი პოლიციისათვის ადამიანის უფლებების სფეროში პროექტების განხორციელებისას. ამასვე აღნიშნავენ ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

1997 წლის დეკემბერში, პროგრამის დაწყებისთანავე, მის უმთავრეს პრიორიტეტად არსებული მდგომარეობის გამოსწორება იქნა მიჩნეული. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, იყო სახელმძღვანელოს შემუშავება კადრების მომზადების სპეციალისტებისათვის (მასწავლებლებისათვის). „სახელმძღვანელომ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებისათვის“ პოლიციისათვის ადამიანის უფლებების სწავლებაში ახალი მიდგომა შეიტანა, რაც თეორიის პრაქტიკასთან დაკავშირებას გულისხმობდა. ეს მოხერხდა კონკრეტული ქვეყნის მაგალითების შესწავლით, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელი გახადა სასწავლო მასალის ადაპტირება და მისი გამოყენება ევროპის საბჭოს სხვა სახელმწიფოებში. ჩვეულებრივ, ამ სამუშაოში პოლიციის თანამშრობლებით დაკომპლექტებული მცირერიცხოვანი სამუშაო ჯგუფები მონაწილეობენ. ისინი სახელმძღვანელოს ისეთ ვერსიას ამუშავებენ, რომელიც ასახავს პოლიციის საქმიანობას მათ ქვეყანაში.

„დისკუსიის წარმართვის ხერხების“ წინამდებარე სახელმძღვანელო თავდაპირველად შემუშავდა როგორც ევროპის საბჭოს და, „საკონსტიტუციო და სამართლებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის“ (COLPI) ერთობლივი პროექტის ნაწილი. ის მიზნად ისახავდა „მასწავლებელთათვის განკუთვნილი სასწავლო მასალის“ სახელწოდებით ცნობილი სასწავლო მასალის შემუშავებას რუსულ ენაზე. სადისკუსიო თემების დამხმარე სახელმძღვანელო შეიქმნა რუსული სახელმძღვანელოსთვის დამხმარე სასწავლო მასალის სახით და მიზნად ისახავდა დისკუსიის საშუალებით აზროვნებისა და საკუთარი თავის გამოცდის წახალისებას. სახელმძღვანელო ეხმარება მასწავლებელს, გაუძღვეს დისკუსიას, წაახალისოს მონაწილეები და აქტიურად ჩააბას ისინი სწავლის პროცესში. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ დისკუსია უფრო მეტად უწყობს ხელს მონაწილეთა შეხედულებების შეცვლას, ვიდრე ლექცია.

სწავლების უმნიშვნელოვანესი, თუმცა არასაკმარისი ნაწილია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ და ადამიანის უფლებების სხვა საერთაშორისო ნორმების შესწავლა, აგრეთვე, იმის განხილვა, თუ რა კავშირი აქვთ მათ პოლიციის საქმიანობასთან. თეორიის შესწავლას თან უნდა ახლდეს უნარ-ჩვევების განვითარება. პოლიციის თანამშრომელმა უნდა ისწავლოს საკუთარი ქცევის და გადაწყვეტილებების შეფასება. რა ფასეულობები განსაზღვრავს მის საქციელს? რატომ იქცევა ის სწორედ ასე და არა სხვანაირად? არის თუ არა ადამიანის ერთი რომელიმე უფლება სხვაზე უფრო მნიშვნელოვანი? თუ ასეა, რატომ? რა განაპირობებს ამ არჩევანს? ამ საკითხების განხილვა ეხმარება პოლიციელს, უკეთ გაერკვეს თავისი ქცევის მოტივში, საკუთრივ ქცევაში და საკითხისადმი დამოკიდებულებაში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ცვლილებების განსახორციელებლად.

1999 წლის ივნისში, როდესაც ეს სახელმძღვანელო ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში იყო, ის წარდგენილი იქნა პროგრამის „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000“ შუალედურ კონფერენციაზე სტრასბურგში. კონფერენციაზე გამოთქმული სასარგებლო შენიშვნები და რჩევები სახელმძღვანელოს საბოლოო ვარიანტში იქნა შეტანილი. შემდგომში მოხერხდა სახელმძღვანელოს ორჯერ გამოცდა, პირველად 1999 წლის ივნისში, ბუდაპეშტის სემინარზე, რომელიც სახელმძღვანელოს რუსული ვარიანტის შემუშავებას მიეძღვნა, და მეორედ 1999 წლის ივლისში, პეტერბურგში, სემინარზე პეტერბურგის პოლიციის აკადემიის სტუდენტებისათვის. მალე ნათელი გახდა, რომ სადისკუსიო თემებმა თავიანთ მიზანს მიაღწია - დისკუსიის მონაწილეები აქტიურად ჩაებნენ საუბარში და დიდი მონდომებით უზიარებდნენ ერთმანეთს თავიანთ მოსაზრებებს.

სახელმძღვანელოს სტრუქტურის აღწერა

„დისკუსიის წარმართვის ხერხები“ არის სასწავლო სახელმძღვანელო, რომლის მიზანია, დაეხმაროს პოლიციას ადამიანის უფლებების თეორიულ კურსში მომზადებისას. სახელმძღვანელოს მიზანია, აგრეთვე, დაეხმაროს იმ სპეციალისტებს, რომლებიც პოლიციის თანამშრომლებს ადამიანის უფლებების საკითხებში ამზადებენ. ამ სპეციალისტებს ქვემოთ მასწავლებლებად მოვიხსენიებთ. მასწავლებელს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ნებისმიერი სადისკუსიო თემა. არ არის აუცილებელი დისკუსიის ყველა ხერხის გამოყენება, არც თანამიმდევრობის დაცვაა სავალდებულო (გამონაკლისი შემთხვევები საგანგებოდ არის აღნიშნული).

სახელმძღვანელოში 15 სადისკუსიო თემაა განხილული. თითოეული თემა შემდეგი სახით არის წარმოდგენილი:

  • თემის სახელწოდება. ყოველ თემას თავისი სახელწოდება აქვს, რათა იოლი იყოს მისი მოძიება. რიგითი ნომერი თემებს ავტორის სურვილის მიხედვით აქვს მინიჭებული.

  • მიზანი. მიზნის ცოდნა ეხმარება მასწავლებელს, დაგეგმოს, თუ როდის გამოიყენებს ამა თუ იმ ხერხს.

  • პროცედურა. სახელმძღვანელოს ავტორი მასწავლებელს სადისკუსიო თემის სასწავლო გარემოში გამოყენების საუკეთესო გზას სთავაზობს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მკაცრი წესები არ არსებობს. ხშირად სხვადასხვა მასწავლებელი ერთი და იმავე მასალის გადმოცემისას სხვადასხვა ხერხს იყენებს, ზუსტად ასევე, სადისკუსიო თემის წარმოდგენისას მასწავლებელი თვითონ ირჩევს მასალის წარმოდგენის ხერხს. თუმცა მათთვის, ვისაც ამ მეთოდიკის გამოყენების გადმოცდილება არა აქვს, სახელმძღვანელოში შემოთავაზებული მექანიზმი კარგი დასაწყისია.

  • როდის გამოვიყენოთ ესა თუ ის ხერხი. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როდის გამოვიყენოთ სახელმძღვანელოში აღწერილი ესა თუ ის ხერხი, მხოლოდ რეკომენდაციის სახით არის მოცემული. საბოლოო გადაწყვეტილება თვით მასწავლებელმა უნდა მიიღოს.

  • ხანგრძლივობა. სახელმძღვანელოში მითითებული სავარაუდო ხანგრძლივობა მხოლოდ რეკომენდაციაა, რომელიც მასწავლებელს დაგეგმვაში დაეხმარება.

  • საჭირო საშუალებები. დისკუსიის წარმართვას სჭირდება მცირე რაოდენობის დამატებითი საშუალებები, რაც აადვილებს დისკუსიას ნებისმიერ გარემოში. ის საშუალებები, რაც მართლაც აუცილებელია დისკუსიისთვის მზადებისას, სახელმძღვანელოში ცალკეა მითითებული.

  • ალტერნატიული წინადადებები. ალტერნატიულ წინადადებებში აღწერილია ხერხების მრავალფეროვნება და ის, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ხერხები რამდენიმეჯერ სხვადასხვა სიტუაციაში.

  • დასკვნა. დასკვნა არის ის სასურველი შედეგი, რომლითაც დისკუსია უნდა დასრულდეს. თუმცა შესაძლოა ყველა ჯგუფი დამოუკიდებლად ვერ მივიდეს ამ ეტაპამდე. სწორედ მასწავლებელი უნდა გაუძღვეს მონაწილეთა ჯგუფს ამა თუ იმ სასურველი შედეგისაკენ.

  • მოსალოდნელი სირთულეები. ამ ნაწილში წინასწარ არის განსაზღვრული მოსალოდნელი სირთულეები და მათი დაძლევის გზები.

4 დისკუსია - სწავლების შემადგენელი ნაწილი

▲ზევით დაბრუნება


იმისათვის, რომ სასწავლო კურსის მონაწილეებმა სწრაფად გაითავისონ დისკუსია, როგორც სწავლების ფორმა, საჭიროა მისი თავიდანვე ჩართვა სასწავლო პროგრამაში. სანამ მსმენელები მასწავლებელს და ერთმანეთს შეეჩვევიან, უმჯობესია, იოლი და საინტერესო სასაუბრო თემები შევარჩიოთ. თანდათანობით შეიძლება უფრო საინტერესო თემების შემოტანა. როგორც კი მონაწილეები დისკუსიას შეეჩვევიან, მისი გამოყენება მასწავლებელს თეორიული სწავლების ნებისმიერ ეტაპზე შეუძლია, როცა კი ამას საჭიროდ ჩათვლის.

მასწავლებლის როლი

მასწავლებელმა ისეთი ატმოსფერო უნდა შექმნას, რომელიც დისკუსიის მონაწილეებს აზრის და შეხედულების თავისუფლად გამოთქმას გაუადვილებს. ამისათვის მან უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  1. მასწავლებელმა დისკუსია ისე უნდა წამოიწყოს, რომ მონაწილეებმა ის გააგრძელონ, რადგან სწორედ ამას მოელიან ისინი მასწავლებლისაგან.

  2. დისკუსია მასწავლებელმა უნდა წარმართოს, მაგრამ მასში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს და, შესაბამისად, თავი უნდა შეიკავოს ისეთი ფრაზებისგან, როგორიც არის „მე მგონი,“ „ვფიქრობ, რომ,“ „მჯერა, რომ“ და ა.შ. მასწავლებლის აზრი არ არის მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც, მას შეუძლია ზიანი მიაყენოს დისკუსიას; მონაწილეს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ რადგან ესა თუ ის აზრი მასწავლებელმა გამოთქვა, ის აუცილებლად სწორია. ყოველი მონაწილის მიერ გამოთქმული აზრი ფასეულია.

  3. მსწავლებელმა კომუნიკაციის ისეთი ჩვევები უნდა გამოიყენოს, როგორიც არის განსხვავებულ აზრთა შეჯამება, განმარტების მოთხოვნა, ყურადღებით მოსმენა და შემოწმება იმისა, თუ რამდენად მართებულად იყო გაგებული ესა თუ ის აზრი. დისკუსიის წახალისებისათვის შემდეგი ფრაზები გამოიყენება:

  • „ზოგი ამბობს, რომ. . . , თქვენ როგორ ფიქრობთ?“

  • „თუკი გაიგებთ, რომ X-ის მაგივრად Y იყო, მოახდენს თუ არა ეს გავლენას თქვენს შეხედულებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით?“

მასწავლებელს შეუძლია შემდეგი კომენტარი გაუკეთოს ჯგუფის რეაქციას:

  • „შევამჩნიე, რომ როდესაც X-მა თქვა….., ზოგიერთი თქვენგანი აღელდა. რატომ?“

  • „ბევრი თქვენგანი თითქოს არ ეთანხმება ამ აზრს. შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ?“

მასწავლებელი უნდა შეეცადოს, არ დასვას ისეთი შეკითხვა, რომელსაც მსმენელი მარტივად უპასუხებს „კი“ ან „არა.“

  1. აუცილებელია დისკუსიაში ჯგუფის ყველა წევრის აქტიური მონაწილეობის წახალისება, ასევე, მათი დარწმუნება იმაში, რომ თითოეული მათგანის აზრი მნიშვნელოვანია. თუკი შედარებით პასიურ მონაწილეებს მასწავლებელი სახელით მიმართავს და მათი აზრით დაინტერესდება, ამით ხელს შეუწყობს ამ მონაწილეთა აქტიურ ჩართვას დისკუსიაში.

  2. დისკუსია აზრთა და შეხედულებათა თავისუფალი გაცვლაა და არა პირადი გრძნობების გამოხატვა. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია ჩაერიოს დისკუსიაში და სთხოვოს მოსაუბრეს: „ისე ჩამოაყალიბეთ ეს საკითხი, რომ შევძლოთ მასზე დისკუსიის გამართვა.“ მონაწილეები თავისუფლად უნდა გამოთქვამდნენ თავიანთ აზრსა და შეხედულებებს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ის, რასაც სასწავლო ოთახში იტყვიან, საიდუმლოდ დარჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მომზადების კურსის დასაწყისშივე ყველა მონაწილემ იცოდეს ამის შესახებ.

  3. დისკუსია, ჩვეულებრივ, სწორი ან არასწორი პასუხით არ სრულდება, თუმცა საბოლოო კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. ადამიანებს უფლება აქვთ, არ შეიცვალონ თავიანთი აზრი, მაგრამ ამ აზრის დაცვა უნდა შეძლონ.

  4. სახელმძღვანელო „დისკუსიის ხერხები“ მასწავლებელს დისკუსიის წარმართვას გაუადვილებს, თუმცა მასწავლებელმა ის თავისი შეხედულებისამებრ უნდა გამოიყენოს და ჯგუფის ინტერესებს და თავისებურებებს მოარგოს.

  5. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელი სასწავლო საგნის სპეციალისტია, მისი ძირითადი როლი მაინც დისკუსიის წარმართვაა (დროითი ზღვრის დაწესება, ჯგუფის მართვა), რაც დაეხმარება მონაწილეებს, უკეთ გაიგონ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა მათ საქმიანობაში. ლექტორისა და მსმენელის ტრადიციული ურთიერთობის საშუალებით ამის მიღწევა შეუძლებელია.

მოსალოდნელია, რომ ყველა მასწავლებელი შემოთავაზებულ ხერხებს საკუთარი მეთოდიკის გასამდიდრებლად გამოიყენებს.

დისკუსიის წარმართვისათვის საჭირო ოპტიმალური პირობები

  • უმჯობესია, დისკუსია მონაწილეთა მცირერიცხოვან ჯგუფში წარიმართოს, რათა ყველას მიეცეს მასში მონაწილეობის საშუალება. 12-16 მონაწილისაგან შემდგარ ჯგუფში დისკუსიის ჩატარება შესაძლებელია, მაგრამ თუკი მასწავლებელი ჩათვლის, რომ მრავალრიცხოვან ჯგუფში დისკუსიაში მონაწილეობას ყველა ვერ შეძლებს, მან ჯგუფი უნდა დაყოს. ყოველი დანაყოფი აირჩევს სპიკერს, რომლის ფუნქციაა ამ დანაყოფში ჩატარებული დისკუსიის შედეგების მთელი ჯგუფისათვის გაცნობა. ხდება შედეგების ერთმანეთთან შედარება. ამ სამუშაოს შესასრულებლად მასწავლებელს ჯგუფის მართვის გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ხერხი უფრო მეტ მონაწილეს აძლევს საშუალებას, გამოხატოს თავისი აზრი უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე ეს მთელ ჯგუფთან მუშაობისას ხდება.

  • აზრთა გაცვლისათვის შესაფერისი ატმოსფეროს შესაქმნელად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მონაწილეთა სწორ განლაგებას სასწავლო ოთახში. მრავალრიცხოვანი ჯგუფი უმჯობესია, ნახევარწრეზე განლაგდეს, მასწავლებელი კი დაიკავებს ადგილს შუაში, სახით მონააწილეებისაკენ. მცირერიცხოვან ჯგუფებს შეუძლიათ განლაგდნენ წრიულად, მაგრამ ამ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა შეძლოს თავისუფლად მისვლა ყველა ჯგუფთან, მათი მუშაობის თვალყურის დევნება და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების გაწევა. ორივე შემთხვევაში მონაწილეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, გააკეთონ ჩანაწერები, სამუშაო მაგიდების დადგმაც რომ გახდეს საჭირო.

  • „როლების გათამაშების“ მეთოდის გამოყენებისას ძალზე სასარგებლოა ვიდეოკამერით გადაღება, რადგან ეს დაანახებს მონაწილეებს, თუ როგორ გამოხატავენ თავიანთ აზრს. ზოგიერთმა მონაწილემ კამერის წინ შესაძლოა უხერხულად იგძნოს თავი. მასწავლებელმა ეს გარემოება უნდა გაითვალისწინოს და შეახსენოს მონაწილეებს, რომ ვიდეოკასეტებზე აღბეჭდილი მასალა აუცილებლად წაიშლება.

  • ვიდეოაპარატურის გამოყენება საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ნახონ ევროპის საბჭოს მიერ პოლიციასა და ადამიანის უფლებებზე გადაღებული ვიდეოფილმი სახელწოდებით „ფრხილად ვიყოთ! პოლიცია და ადამიანის უფლებები“. ვიდეოფილმის მიზანია, წარმოაჩინოს ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა პოლიციის მუშაობაში, ამდენად, მისი ჩვენება უფრო ლოგიკურია სასწავლო კურსის საწყის ეტაპზე.

  • წინამდებარე სახელმძღვანელოში მხოლოდ ერთხელ არის შემოთავაზებული პროექტორის გამოყენება (ხერხი 12). პროექტორის გამოყენება თეორიულ სწავლებას და დისკუსიას დამატებით ვიზუალურ ეფექტს შეჰმატებს. მასწავლებელს შეუძლია ის სადემონსტრაციო ფურცლის (ე.წ. „ფლიფჩარტის“) ნაცვლადაც გამოიყენოს. პროექტორის გამოყენება მონაწილეებს მცირერიცხოვან დანაყოფებში გამართული დისკუსიის შედეგების მთელი ჯგუფისათვის გაცნობისასაც შეუძლიათ.

სასწავლო კურსის შემუშავება

პოლიციის თანამშრომელთათვის ადამიანის უფლებების სფეროში სასწავლო კურსის შესამუშავებლად მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სხვა სასწავლო მასალაც, რომელიც მომზადდა პროგრამის „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997 - 2000“ ფარგლებში.

სწავლებისას გასათვალისწინებელია სასწავლო კურსის ხანგრძლივობა. სწავლების ტიპური კურსის ხანგრძლივობაა 3-დან 10 დღემდე. ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჯგუფის გამოცდილებაზე ადამიანის უფლებების სფეროში. სასწავლო კურსი შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს. რამდენიმედღიანი მოკლე კურსის შემდეგ მონაწილეები დაუბრუნდებიან ყოველდღიურ საქმიანობას, რომლის განმავლობაშიც უნდა შეასრულონ სასწავლო კურსის მსვლელობისას მიღებული დავალება, მაგალითად, დააკვირდნენ ისეთ ქმედებას სამსახურში, რომლის დროსაც ადამიანის უფლებები დაცულია; აგრეთვე, აღრიცხონ პრაქტიკაში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები. როდესაც სასწავლო კურსის მონაწილეები ერთი თვის შემდეგ კვლავ შეიკრიბებიან, მათი დაკვირვების შედეგები შეიძლება ახალ, მოკლე კურსს დაედოს საფუძვლად.

მასწავლებელი უნდა შეეცადოს, რომ სასწავლო კურსში ადამიანის უფლებებით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა მიიღონ მონაწილეობა. ეს ხელს შეუწყობს ამ საკითხებში პოლიციის გათვითცნობიერებულობის გაზრდას. სასარგებლო იქნება, მაგალითად, დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა. შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის მოწვევა სასწავლო კურსის ზოგიერთ საკითხში მონაწილეობისათვის, მაგალითად, პრეზენტაციის ჩასატარებლად ან სადისკუსიოდ და ა.შ. სასწავლო კურსის შემუშავებაში გარკვეული წვლილის შეტანა თვით მონაწილეებსაც შეუძლიათ. ის შენიშვნები და რჩევები, რომლებსაც ისინი კურსის დასრულებისას შეფასების სპეციალურ ფორმაში ჩაწერენ, კურსის ნაკლოვანი მხარეების გასაუმჯობესებლად იქნება გამოყენებული.

5 ხერხები

▲ზევით დაბრუნება


5.1 1. პოლიციის როლი - I

▲ზევით დაბრუნება


იზანი

ეს ხერხი საშუალებას აძლევს მონაწილეებს, გაიაზრონ, თუ რა ძირითადი დანიშნულება აქვს პოლიციის სამსახურს. ამ თემაზე გამართული დისკუსია საფუძვლად დაედება მთელს სასწავლო პროცესს და გამოყენებული იქნება შემდგომი დისკუსიებისას, სადაც განიხილება პოლიციის, როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სამსახურის, მნიშვნელობა.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება სასურველია სასწავლო კურსის საწყის ეტაპზე, თუნდაც მის დასაწყისში.

როცედურა

მასწავლებელი ეკითხება მონაწილეებს:

რა როლი აკისრია პოლიციას?

ამ შეკითხვას ყველა მონაწილემ უნდა გასცეს პასუხი. მასწავლებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ისეთი პასუხებით, როგორიც არის, მაგალითად, „პოლიცია კანონს უნდა დაემორჩილოს,“ რადგან ასეთი პასუხი აშკარად არ არის საკმარისი. თუკი მონაწილეები გამოუცდელნი არიან, შეიძლება საჭირო გახდეს მათთვის სხვა, წამახალისებელი შეკითხვების დასმა. ამ შეკითხვებზე ზეპირი პასუხების გაცემა სჯობს, თუმცა შეიძლება პასუხები ფურცლებზეც დაიწეროს და მასწავლებელს ჩაბარდეს. შემდეგ მასწავლებელი პასუხებს სადემონსტრაციო ფურცელზე გადაიტანს და სთხოვს ჯგუფის წევრებს, ქულები დაუსვან თითოეულ პასუხს. ქულების რაოდენობა სულ ხუთია. მონაწილეებს შეუძლიათ ხუთივე ქულა ერთ პასუხს მიანიჭონ ან ქულები პასუხების მიხედვით გაანაწილონ. შემდეგ ყოველი პასუხისათვის მინიჭებული ქულები შეჯამდება. ხუთი ყველაზე საინტერესო პასუხი ცალკე სადემონსტრაციო ფურცელზე დაიწერება და სასწავლო ოთახის კედელზე გამოიკვრება, რათა სასწავლო კურსის მსვლელობისას მასწავლებელს საშუალება ჰქონდეს, შეახსენოს ისინი მონაწილეებს.

ხანგრძლივობა

30-დან 60 წუთამდე

საჭირო საშუალებები

  • სადემონსტრაციო ფურცლები

  • მარკერები

  • მაგნიტოფონი

თუკი ეს საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი, პასუხები შეიძლება დაფაზე დაიწეროს, ხოლო მონაწილეები მათ რვეულებში ჩაიწერენ. მასწავლებელს შეუძლია მაგნიტოფირზე ჩაწეროს პასუხები მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.

ალტერნატიული წინადადებები

ამ ხერხის გამოყენება შემდეგნაირადაც შეიძლება: მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, დასხდენენ წრიულად. ყოველი მონაწილე ფურცელზე დაწერს სამ პასუხს, დაკეცავს ფურცელს და გადასცემს მარცხნივ მჯდომ მონაწილეს, რომელიც პასუხებს წაიკითხავს და ამოშლის იმ პასუხებს, რომლებსაც არ ეთანხმება, სანაცვლოდ კი ახალ, მისთვის სასურველს დაწერს. თუკი ის პასუხებს ეთანხმება, პირვანდელი სახით დატოვებს. შემდეგ მონაწილე ფურცელს დაკეცავს და მარცხნივ მჯდომს გადასცემს. ეს პროცედურა გრძელდება მანამ, სანამ ყველა მონაწილეს თავისი თავდაპირველი ფურცელი არ დაუბრუნდება. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, ხმამაღლა წაიკითხონ ნაწერი. ამ ეტაპისათვის პასუხები ერთმანეთის მსგავსი იქნება. მონაწილეებთან ერთად მასწავლებელი მათ კატეგორიებად დაყოფს და ყველაზე საინეტერესო პასუხებს გამოყოფს. შემდეგ პროცესი ისევ გრძელდება.

ასკვნა

პასუხები დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:

  • საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

  • დანაშაულის გამოძიება

  • ეჭვმიტანილთა მართლმსაჯულებისათვის გადაცემა

  • მშვიდობის დაცვა და სტაბილურობის შენარჩუნება

  • დახმარების გაწევა მათთვის, ვინც ამას საჭიროებს

  • დაუცველთა დაცვა

მოსალოდნელი სირთულეები

თუკი მონაწილეები პოლიციის დანიშნულების შესახებ არასწორ პასუხებს იძლევიან ან იძლევიან ისეთ პასუხებს, რომლებიც, რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში, უარყოფით გავლენას მოახდენს სწავლებაზე, მასწავლებელმა დამატებითი შეკითხვები უნდა დასვას. საკითხები, რომლებმაც შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს, შემდეგია:

დამნაშავის პოვნა

დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ეჭვმიტანილის პოვნა პოლიციის საქმეა, ხოლო იმას, მართლა ჩაიდინა თუ არა ეჭვმიტანილმა დანაშაული, მოსამართლე გადაწყვეტს.

მასწავლებელი ეკითხება მონაწილეებს:

  • „რას ნიშნავს „დამნაშავე?“

  • „ვინ წყვეტს, არის თუ არა ესა თუ ის ადამიანი დამნაშავე?“

დამნაშავის დასჯა

დამნაშავეს სჯის მოსამართლე და არა პოლიცია.

მასწავლებელი ეკითხება მონაწილეებს:

  • „ვინ იღებს დანაშაულის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას?“

  • „ვინ იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის შესახებ?“

  • „ვინ აღასრულებს სასჯელს?“

დანაშაულის აღიარება

გამომძიებელი ჭეშმარიტების დადგენას უნდა შეეცადოს.

მასწავლებელი ეკითხება მონაწილეებს:

  • „ვინ შეიძლება აღიაროს დანაშაული?“

  • „რა მიზანს ემსახურება პოლიციის მუშაობა?“ (ჭეშმარიტების დადგენას)

  • შესაძლოა ადამიანმა დანაშაული აღიაროს. რა მოხდება, თუკი დანაშაულს აღიარებს ადამიანი, რომელსაც ეს დანაშაული არ ჩაუდენია?“ (ნამდვილი დამნაშავე დაუსჯელი რჩება).

5.2 2. პოლიციის როლი - II

▲ზევით დაბრუნება


იზანი

ამ სავარჯიშოს მიზანია პოლიციის თანამშრომელთა განსაკუთრებული როლის და ადგილის გააზრება. კანონი პოლიციას სამოქალაქო პირებზე უფრო მეტ უფლებებს ანიჭებს იმისათვის, რომ მან კარგად შეასრულოს თავისი მოვალეობა. ამ უფლებების გადამეტება ხშირად ადამიანის უფლებათა დარღვევას იწვევს.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ სავარჯიშოს შესრულება შეიძლება „პოლიციის როლი I“-ის შემდეგ, თუმცა ის უფრო გვიანდელ ეტაპზეც შეიძლება გამოდგეს.

როცედურა

მასწავლებელი ჯგუფს შემდეგ შეკითხვას დაუსვამს:

რა განასხვავებს პოლიციას სამოქალაქო პირებისაგან?

მასწავლებელი მონაწილეებს ხუთი წუთით დაფიქრებას და ამ შეკითხვაზე წერილობითი პასუხის გაცემას სთხოვს. მონაწილეები პასუხებზე დამოუკიდებლად მუშაობენ. ხუთი წუთის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს თითოეულ მონაწილეს, წაიკითხოს თავისი პასუხი, შემდეგ პასუხებს შეაგროვებს და დაფაზე ან სადემონსტრაციო ფურცელზე გადაწერს. აუცილებლობის შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია მოითხოვოს პასუხების განმარტება.

ამის შემდეგ ყველა მონაწილემ უნდა გამოთქვას თავისი დამოკიდებულება დაფაზე დაწერილი პასუხის მიმართ. ნებისმიერი დამოკიდებულების გამოთქმა მისაღებია. ამ სავარჯიშოს შედეგად მონაწილეებმა კონსენსუსს უნდა მიაღწიონ.

ხანგრძლივობა

30-დან 45 წუთამდე.

საჭირო საშუალებები

  • დაფა

  • ცარცი

ან

  • სადემონსტრაციო ფურცელი

  • მარკერები

ალტერნატიული წინადადებები

სავარჯიშო შეიძლება შესრულდეს ისე, როგორც მოცემულია „პოლიციის როლი - I“-ში. თუკი სავარჯიშო უფრო მოგვიანებით შესრულდება, მას შემდეგ, რაც მონაწილეები დისკუსიას შეეჩვევიან, მასწავლებელი მათ უშუალოდ უსვამს ამ შეკითხვას და იმართება დისკუსია.

დასკვნა

ზემოხსენებულ შეკითხვაზე პასუხში აღწერილი უნდა იყოს ის კანონიერი უფლებამოსილება, რომელიც პოლიციის თანამშრომელმა საკუთარი მოვალეობის შესრულებისას უნდა გამოიყენოს (მაგალითად, ძალის გამოყენება ადამიანის დაკავებისას და სხვ.). თუმცა ამ უფლებამოსილების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისათვის სამართლებრივი საფუძველი არსებობს. დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციას უფლებამოსილებას კანონი აძლევს და საზოგადოებას სჯერა, რომ ის ამ უფლებამოსილებას ბოროტად არ გამოიყენებს. ეს რომ ასე არ იყოს, საზოგადოებაში შეირყევა სამართლის რწმენა. უკიდურეს შემთხვევებში არსებობს საშიშროება იმისა, რომ მოქალაქეები სამართლის საკუთარ ფორმებს გამოიყენებენ.

მოსალოდნელი სირთულეები

პოლიცია და სამოქალაქო პირები ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან

მასწავლებელი ეკითხება მონაწილეებს:

  • „მაშინ რატომ აცვია პოლიციას ფორმა?“ ამ შეკითხვამ მონაწილეებს შემდეგი პასუხისაკენ უნდა უბიძგოს: იმიტომ, რომ ხალხმა პოლიცია სხვა მოქალაქეებში გამოარჩიოს.

  • „რატომ?“ და ა.შ.

ამ შეკითხვებზე პასუხისას მონაწილეებმა შესაძლოა ახსენონ ის უფლებამოსილებანი, რომლებიც პოლიციას არა აქვს (მაგალითად, მოქალაქის სახლში შეჭრა მისი „დათვალიერების“ მიზნით), ან ის უფლებამოსილებანი, რომლებიც ზოგადია და მხოლოდ პოლიციაზე არ ვრცელდება (მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში სამოქალაქო პირს შეუძლია „დააპატიმროს“ დამნაშავე, თუკი მას ფაქტზე დაიჭერს).

მასწავლებელი ყურადღებით უნდა უსმენდეს დისკუსიას და იქვე განმარტოს შესაძლო სირთულეები. ამას ის შეკითხვების საშუალებით ან შესაბამისი კანონების მოშველიებით შეძლებს. სასურველია, რომ მასწავლებელს ხელთ ჰქონდეს კანონთა კრებული.

5.3 3. ვიდეოფილმი: „ფრთხილად ვიყოთ!“

▲ზევით დაბრუნება


იზანი

მარტივი და სახალისო გზით გავაცნოთ მონაწილეებს ადამიანის უფლებების მნიშვნელობა პოლიციის საქმიანობისათვის.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება სასურველია სასწავლო კურსის დასაწყისში ან უშუალოდ „პოლიციის როლი - I და II“-ს შემდეგ.

როცედურა

ვიდეოფილმი წარმოაჩენს ადამიანის უფლებების დაცვის ასპექტს პოლიციის საქმიანობაში და ასახავს ადამიანის უფლებების სფეროში ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებულ სამუშაოს.

ვიდეოფილმის ჩვენებამდე

მასწავლებელი შემდეგ შეკითხვას დასვამს:

რა იცით ადამიანის უფლებების შესახებ?

მასწავლებელი სადემონსტრაციო ფურცელზე ჩამოწერს რამდენიმე მოსაზრებას. ამის შემდეგ მას შეუძლია დასვას უფრო კონკრეტული შეკითხვები:

რა იცით ადამიანის უფლებების როლზე პოლიციის მუშაობაში?

მასწავლებლის ფუნქციაა, წაახალისოს მონაწილეები, რათა გაუზიარონ ერთმანეთს ამ საკითხთან დაკავშირებული ცოდნა. თუკი ერთ-ერთი მონაწილე რაიმე აშკარად არასწორს იტყვის, მასწავლებელი სხვებს სთხოვს კომენტარს ამ საკითხზე. ამით ის საშუალებას მისცემს მონაწილეებს, თვითონ შეასწორონ პასუხები, სანამ ისინი სადემონსტრაციო ფურცელზე დაიწერება.

უშუალოდ ფილმზე გადასვლამდე მასწავლებელს შეუძლია შეეკითხოს მონაწილეებს:

თქვენი აზრით, რა შეკითხვებს უნდა პასუხობდეს ფილმი? მასწავლებელი ისევ ჩამოწერს რამდენიმე მოსაზრებას სადემონსტრაციო ფურცელზე და სთხოვს მონაწილეებს, ფილმის ყურების პროცესში პასუხი გასცენ შეკითხვებს. მათ არ უნდა ეგონოთ, რომ ფილმის ყურებისას შეუძლიათ დაისვენონ!

ვიდეოფილმის ჩვენების შემდეგ

მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, თქვან, გასცა თუ არა ფილმმა პასუხი მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, ისაუბრონ ფილმის ნახვით გამოწვეულ შთაბეჭდილებებზე. ამან შესაძლოა სტიმული მისცეს უფრო კონკრეტული თემების განხილვას, რომელთაგანაც ზოგიერთი ქვემოთ არის ჩამოთვლილი.

სადისკუსიო თემების სავარაუდო ჩამონათვალი

1. კანონის ზემოქმედება პოლიციის მუშაობაზე:

ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია

... ეროვნულ კანონმდებლობაზე მაღლა მდგომი ინსტრუმენტია;
... თითოეულ ადამიანს ანიჭებს კანონიერ უფლებებს;
... არეგულირებს სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის ურთიერთობას;
... შეიცავს მუხლებს, რომლებიც მჭიდროდ და უშუალოდ არის დაკავშირებული პოლიციის მუშაობასთან;
... ბადებს კითხვას: ხომ არ ართულებს ადამიანის უფლებების დაცვა პოლიციის მუშაობას?

კონვენცია წამების წინააღმდეგ

... არის ინსტრუმენტი, რომლის მიზანია დაკავებულთა მიმართ ცუდად მოპყრობისა და წამების თავიდან აცილება;
... მოითხოვს დაკავების ადგილების (მათ შორის, პოლიციის განყოფილებების) რეგულარულ შემოწმებას;
... ბადებს კითხვას: რა ზომები უნდა მიიღოს პოლიციამ ცუდად მოპყრობისა და წამების წინააღმდეგ?

2. პოლიციის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება:

  • როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე პოლიციის მუშაობაში ძალის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება?

3. პოლიციის თანამშრომლის პროფესიონალური ქცევა. რამდენად მიესადაგება ქვემოთ ჩამოთვლილი გამონათქვამები თქვენი ქვეყნის პოლიციის სამსახურს:

  • პროფესიონალი პოლიციელი კარგად უნდა იყოს მომზადებული ადამიანის უფლებების სფეროში და გულმოდგინედ იცავდეს მათ;

  • პოლიციელი საზოგადოების წევრებს ისე უნდა მოექცეს, როგორც საკუთარი ოჯახისას;

  • დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიცია სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობს;

  • პოლიციის მუშაობა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, თუ პოლიცია საზოგადოების ნდობით სარგებლობს.

4. პოლიციის საქმიანობა მრავალი კულტურული ჯგუფის შემცველ საზოგადოებაში:

  • არის თუ არა რასიზმი პირადი დამოკიდებულების გამოვლინება?

  • როგორ უნდა მოექცეს პოლიცია ლტოლვილებს და სხვა დაუცველ ჯგუფებს?

  • არის თუ არა აუცილებელი, რომ პოლიცია სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიის და სქესობრივი ორიენტაციის თვალსაზრისით იმ საზოგადოებას ასახავდეს, რომელსაც ემსახურება?

5. პოლიციის თანამშრომელთა უფლებები:

  • აქვთ თუ არა პოლიციის თანამშრომლებს უფრო მეტი უფლებები, ვიდრე სხვა მოქალაქეებს?

6. ანგარიშვალდებულება:

  • რამდენად მნიშვნელოვანია ღია და გამჭვირვალე პოლიციის სამსახურის არსებობა?

  • რა ზომების მიღებაა საჭირო ამის მისაღწევად? როგორ უნდა დაიხვეწოს ეს ზომები?

ხანგრძლივობა

ვიდეოფილმი 22 წუთიანია. ამას ემატება ის დრო, რომელიც ეთმობა დისკუსიას ფილმის ჩვენებამდე და ჩვენების შემდეგ. დისკუსიის ხანგრძლივობა მასწავლებელზეა დამოკიდებული.

საჭირო საშუალებები

ტელევიზორი და ვიდეო (VHS). უფრო მოზრდილი ჯგუფებისათვის სასურველია საპროექციო დარბაზი, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს.

ალტერნატიული წინანდადებები

ფანტაზიის უნარით დაჯილდოებულ მასწავლებელს შეუძლია, სხვა სავარჯიშოების დახმარებით, უფრო კონკრეტული ინფორმაცია ამოკრიბოს ფილმიდან. მონაწილეებს დაურიგდებათ წინასწარ შედგენილი შეკითხვები, რომლებზეც ფილმის მსვლელობისას უნდა გასცენ პასუხი. ეს პასუხები დისკუსიის დასაწყისად შეიძლება გამოდგეს. მასწავლებელს შეუძლია, აგრეთვე, დროდადრო გაწყვიტოს ჩვენება და მოაწყოს დისკუსია იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც მონაწილეებმა ნახეს.

დასკვნა

ვიდეოფილმი „მადის მოსაგვრელად“ გამოიყენება. მისი მიზანია, დაანახოს მაყურებელს ადამიანის უფლებების ფაქტორის მნიშვნელობა პოლიციის მუშაობაში და აღუძრას ამ საკითხში ღრმად გარკვევის სურვილი.

მოსალოდნელი სირთულეები

მონაწილეებს შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეექმნათ ევროპის საბჭოსა და მის ამოცანებზე. ამ საკითხის განმარტება მასწავლებელმა უნდა იტვირთოს.

5.4 4. რა არის პოლიცია - ძალა თუ სამსახური?

▲ზევით დაბრუნება


იზანი

რა ადგილი უკავია პოლიციას საზოგადოებაში? რა დანიშნულება აქვს მას? ეს ხერხი ეხმარება მონაწილეებს, გაიაზრონ პოლიციის როლი თავიანთ ქვეყანაში.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება შეიძლება სწავლების ნებისმიერ ეტაპზე. შესაძლებელია, აგრეთვე, მისი დაკავშირება თემებთან „პოლიციის როლი - I და II“. იმ ენებში, სადაც სიტყვების „ძალა“ და „სამსახური“ თარგმნისას მათ შორის განსხვავება კარგად არ ჩანს, ინგლისური სიტყვები უნდა განვმარტოთ და შესაძლოა გამოვიყენოთ კიდეც.

როცედურა

მასწავლებელი ეკითხება ჯგუფს, თუ რა არის მათი აზრით პოლიცია - ძალა თუ სამსახური? ისინი, ვინც პოლიციას ძალად მიიჩნევს, ცალკე დაჯგუფდებიან, ხოლო ისინი, ვინც თვლის, რომ პოლიცია სამსახურია - ცალკე დანაყოფს შექმნიან. მასწავლებელი სთხოვს ორივე დანაყოფს, დაასაბუთონ თავ-თავიანთი აზრი. ბოლოს ორივე ჯგუფი ცალ-ცალკე შეაჯამებს დისკუსიის შედეგებს და სადემონსტრაციო ფურცელზე ჩამოწერს. შემდეგ დანაყოფები ირჩევენ სპიკერებს და იმართება დებატები მთელი ჯგუფის მონაწილეობით.

ხანგრძლივობა

30-დან 60 წუთამდე.

საჭირო საშუალებები

  • ორი სადემონსტრაციო ფურცელი

  • ორი მარკერი

  • დამატებითი სასწავლო ოთახი

ალტერნატიული წინადადებები

ამ სავარჯიშოს შესრულება სადემონსტრაციო ფურცლების გარეშეც შეიძლება, მთელი ჯგუფის მონაწილეობით. თუმცა მცირერიცხოვან ჯგუფებად დაყოფა უფრო მეტ მონაწილეს წაახალისებს და შესაძლებლობას მისცემს, ჩაებას დისკუსიაში. ის, რომ თითოეულმა დანაყოფმა მუშაობის შედეგები მთელ ჯგუფს უნდა წარუდგინოს, დისკუსიას უფრო საინტერესოს ხდის. სავარჯიშოში მთელი ჯგუფის მონაწილეობისას მასწავლებელი სთხოვს ჯგუფის წევრებს, ხელის აწევით აჩვენონ, თუ ვინ მიიჩნევს პოლიციას „ძალად“ და ვის მიაჩნია, რომ პოლიცია „სამსახურია“. შემდეგ მონაწილეები ცდილობენ, დაარწმუნონ ერთმანეთი საკუთარი არჩევანის სისწორეში. ბოლოს მასწავლებელი კიდევ ერთხელ სთხოვს მონაწილეებს, ხელი აიწიონ. თუკი განხილვის შემდეგ რომელიმე მონაწილე აზრს შეიცვლის, მასწავლებელმა მას ამის მიზეზი უნდა ჰკითხოს.

თუკი მონაწილეები ორ მეტ-ნაკლებად თანაბარ ჯგუფად დაყოფას ვერ ახერხებენ, მასწავლებელმა თვითონ უნდა გამოყოს ჯგუფები და სთხოვოს მათ, დაასაბუთონ, თუ რატომ მიიჩნევენ ისინი პოლიციას „ძალად“ ან „სამსახურად“. შემდეგ ზემოთ აღწერილი პროცესი შეიძლება გაგრძელდეს.

ასკვნა

პოლიცია ევროპაში როგორც „ძალის“, ისე „სამსახურის“ სახით არსებობს, თუმცა იმ ქვეყნებში, სადაც ნაცვლად ტერმინისა „ძალა“ იხმარება „სამსახური,“ პოლიციის როლის კონცეფტუალური ცვლილება საზოგადოებაში აშკარაა.

მოსალოდნელი სირთულეები

„ძალა“ უფრო სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული სიტყვაა, ვიდრე პოლიციასთან. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მათ შორის ზღვარი მოშლილია. ამიტომ მასწავლებელმა კარგად უნდა განუმარტოს მონაწილეებს, თუ რა განსხვავებაა სამხედრო და პოლიციის სამსახურებს შორის ძალის, ფუნქციის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

5.5 5. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ასოციაციები

▲ზევით დაბრუნება


იზანი

ადამიანის უფლებების მიმართ მონაწილეთა დამოკიდებულების განხილვა მიზნად ისახავს ისეთი დამოკიდებულების გამოაშკარავებას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მომზადების მთელ პროცესს. თუკი მონაწილეთა შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ადამიანის უფლებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, შემდგომში ეს მათი მხრიდან წინააღმდეგობას გამოიწვევს. ადამიანის უფლებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების თავიდან აცილება და მსმენელთა წინააღმდეგობის შესუსტება შესაძლებელია მხოლოდ ღია დისკუსიით და ამგვარი დამოკიდებულების არსებობის აღიარებით.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა დასაწყისში მისი გამოყენება არ არის სასურველი. უმჯობესია, ეს ხერხი I და II ხერხების შემდეგ გამოვიყენოთ, ცხადია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფის წევრები ადამიანის უფლებების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოამჟღავნებენ. უმჯობესია მისი ღია განხილვა ნაცვლად დაფარვისა, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ზოგადად დისკუსიის პროცესზე.

როცედურა

მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, განიხილონ ცნება „ადამიანის უფლებები“. მასწავლებელმა უნდა დასვას შემდეგი შეკითხვა:

რა ასოციაციებს იწვევს თქვენში ადამიანის უფლებებზე ფიქრი?

მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მონაწილეები, რათა მათ გამოთქვან ის, რასაც ამ თემაზე ფიქრისას გრძნობენ. მასწავლებელი პასუხებს დაფაზე წერს. ამით ის ხელს უწყობს სავარჯიშოს შესრულებაში ჯგუფის აქტიურ მონაწილეობას.

მასწავლებელი არ უნდა შეუშინდეს უკიდურესად უარყოფითი ასოციაციების დაფაზე დაწერას. ეს აუცილებელია, რადგან თუკი ადამიანის უფლებებზე ფიქრი მონაწილეებს უარყოფით ასოციაციებს აღუძრავს, სჯობს მათი განხილვა თავიდანვე, რათა ხელი არ შეეშალოს მთელი სასწავლო კურსის მსვლელობას. თუმცა თუ ასოციაციები უკიდურესად უარყოფითია, თვით ჯგუფის წევრები ეცდებიან, იზრუნონ მათ შეცვლაზე. მაგალითად, თუკი ჯგუფის რომელიმე წევრი იტყვის: „ადამიანის უფლებები სისულელეა,“ ჯგუფის სხვა წევრი შეეცდება, შემდეგნაირად შეარბილოს ეს განცხადება: „შეიძლება სისულელეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისათვის ეს უფლებები ძალზე მნიშვნელოვანია“.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სავარჯიშოს მიზანია უარყოფითი დამოკიდებულების და გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი არ უნდა ეცადოს ადამიანის უფლებების მნიშვნელობის დაცვას. ამას საპირისპირო რეაქცია მოჰყვება. მიენდეთ ჯგუფში მიმდინარე პროცესს!

ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვა ასოციაციების სტიმულირების მიზნით მასწავლებელი ყველა ასოციაციას დაფაზე ჩამოწერს. ამას დაახლოებით ათი წუთი დასჭირდება.

შესაძლო ასოციაციები შეიძლება იყოს:

  • ადამიანის უფლებები ზღუდავს პოლიციის ეფექტიან მუშაობას.

  • ჩვენ ვეღარ ვაკავებთ დამნაშავეებს.

  • ადამინის უფლებები ართულებს მტკიცებულების მოპოვებას.

  • ადამიანის უფლებები მხოლოდ სამოქალაქო პირებისთვის არის და არა პოლიციელებისთვის.

  • ადამიანის უფლებებს არავინ უწევს ანგარიშს.

  • ბოროტმოქმედები მათი უფლებების დაცვას არ იმსახურებენ.

  • ადამიანის უფლებები დასავლურ კულტურას ეფუძნება და არ არის უნივერსალური.

  • თეორიულად ადამიანის უფლებების დაცვა კარგია, მაგრამ პრაქტიკულად საქმე სულ სხვაგვარად არის.

  • ადამიანის უფლებების პროპაგანდას ის ხალხი ეწევა, ვინც პოლიციის მუშაობას არ იცნობს.

  • ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს და აღარ გვჭირდება სპეციალური კურსები.

  • ძნელია, პატივი სცე იმას, ვინც შენ არ გცემს პატივს.

  • ადამიანის უფლებები „გულჩვილთათვის“ არის.

ხანგრძლივობა

ამ ხერხის გამოყენებას 20 წუთი სჭირდება. თუმცა რაც მეტია წინააღმდეგობა, სავარჯიშოს შესრულება მით მეტ დროს მოითხოვს.

საჭირო საშუალებები

ადამიანის უფლებების ხსენებით გამოწვეული ასოციაციები ყველასათვის თვალსაჩინო უნდა იყოს.

  • დაფა და ცარცი

ან

  • სადემონსტრაციო ფურცლები და მარკერები

ალტერნატიული წინადადებები

ამ სავარჯიშოს შესრულება სხვადასხვა ხერხით შეიძლება. უნდა გვახსოვდეს მიზანი, რომელსაც ის ემსახურება, ანუ უარყოფითი დამოკიდებულების განეიტრალება, რათა სწავლების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. ამ სავარჯიშოს შესრულების ერთ-ერთი ხერხი შეიძლება იყოს შემდეგი შეკითხვების დასმა: რამდენად შეუშლის ხელს ადამიანის უფლებების დაცვა პოლიციის ეფექტიან მუშაობას? რა უარყოფითი მხარეები აქვს ადამიანის უფლებების დაცვას?

სავარჯიშოს შესრულების სხვა ხერხებია:

  • მასწავლებელი შესაძლო ასოციაციებს დაფაზე წერს და სთხოვს მონაწილეებს, შეარჩიონ მხოლოდ ის ასოციაციები, რომლებსაც ეთანხმებიან.

  • მასწავლებელი შესაძლო ასოციაციებს დაფაზე წერს და სთხოვს მონაწილეებს, გამოთქვან თავიანთი აზრი მათ შესახებ.

  • მასწავლებელი მონაწილეებს თავის ასოციაციებს უზიარებს და სთხოვს, ჩამოთვალონ უფრო მეტი შესაძლო ასოციაცია.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსის ბოლოს მასწავლებელს შეუძლია ეს ხერხი კიდევ ერთხელ გამოიყენოს. ამით ის შეამოწმებს, რამდენად შეეცვალათ მონაწილეებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ასოციაციები.

ასკვნა

  • ადამიანის უფლებები უნივერსალურია.

  • ადამიანის უფლებების დაცვით ვიცავთ როგორც მოქალაქეთა, ისე პოლიციის უფლებებს.

  • ადამიანის უფლებები დაცვა პოლიციის მუშაობას „ჩვეულებრივ“ კანონებზე მეტად არ ზღუდავს, კანონით ხელმძღვანელობა კი პოლიცის მუშაობის საფუძველია.

  • ადამიანის უფლებები პოლიციის ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილია. ეს არ არის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ლამაზი სიტყვები.

  • პოლიციის მუშაობა აუცილებლად მოიცავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ადამიანის უფლებები ყოველდღიური ზრუნვის საგანია, დარღვევები მაინც ხდება.

მოსალოდნელი სირთულეები

მასწავლებელმა მონაწილეთა ყურადღება უნდა მიაპყროს „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში“ ნახსენებ სიტყვას „საყოველთაო“.ეს სიტყვა ძალზე მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებები ყველასათვის - ყველა კულტურის, რასის, რელიგიის, პროფესიის და სქესის წარმომადგენლისთვის, ბოროტმოქმედებისთვის, პოლიციის თანამშრომლებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ა.შ. - არსებობს; ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ადამიანის უფლებებით. იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება დისკუსია, მასწავლებელს შეუძლია ისაუბროს ადამიანის უფლებების საყოველთაობის პრინციპის დარღვევაზე ძალაუფლების მქონე პირთა (განსაკუთრებით, მთავრობის წევრთა) მიერ. მათ ამაოდ სჯერათ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

მასწავლებელმა ნათლად უნდა განმარტოს, რომ კანონი არ ზღუდავს პოლიციის მუშაობას, პირიქით, ხელს უწყობს მას. კიდევ ერთი არგუმენტი, რომლის გამოყენება შეუძლია მასწავლებელს, არის ის, რომ ადამიანის უფლებები საშუალებას აძლევს პოლიციის თანამშრომლებს, გაერთიანდნენ პოლიციელთა კავშირში ან ფედერაციაში და ამით პოლიციის თანამშრომლებსაც ეხმარება.

დაბოლოს, მასწავლებელს შეუძლია განიხილოს, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის თანამშრომელი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი. მას, ისევე როგორც ყველა ადამიანს, შეუძლია მოითხოვოს საკუთარი უფლებების დაცვა (იხ. ხერხი 9, „შევცვალოთ როლები“).

5.6 6. ადვოკატის როლი

▲ზევით დაბრუნება


იზანი

ეს ხერხი დისკუსიის ხელოვნების სტიმულირებისთვის გამოიყენება. მონაწილეებს საკუთარი აზრის დაცვა უნდა შეეძლოთ. ამისათვის მათ ადამიანის უფლებების მიმართ დამოკიდებულების გააზრება მოუხდებათ. ეს ხერხი განსაკუთრებით სასარგებლოა პასიურ ჯგუფთან სამუშაოდ, რადგან აიძულებს მონაწილეებს, უფრო აქტიურნი გახდნენ.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

თუკი მასწავლებელი გრძნობს, რომ ჯგუფს სტიმული სჭირდება, იგი ამ ხერხს მიმართავს. მისი ადრეულ ეტაპზე გამოყენებისას სჯობს, მარტივი გამონათქვამებით ვისარგებლოთ. ამ ხერხის გამოყენება ხელმეორედაც შეიძლება, მოგვიანებით, როდესაც უფრო რთულ ცნებებს განიხილავთ.

როცედურა

მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს ორ - წყვილ - გამონათქვამს. მონაწილეები წყვილიდან იმ გამონათქვამს ირჩევენ, რომელიც, მათი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ან სწორია. სასურველი გამონათქვამის შერჩევის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ მისი დაცვა და მის მხარდასაჭერად საფუძვლიანი არგუმენტების მოშველიება, რაც შემდეგ ჯგუფურ დისკუსიაში გადაიზრდება.

წყვილებად გაერთიანებული გამონათქვამები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის. ისინი არც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს გამოხატავს. უფრო მეტიც, გამონათქვამთაგან ერთ-ერთი არც აბსოლუტურად სწორია და არც აბსოლუტურად მცდარი. ასე რომ იყოს, მისი განხილვისას მსმენელი მხოლოდ პოლიტიკურად კორექტულ პასუხს იტყოდა, რომელსაც გააზრება არ სჭირდება. გამონათქვამები შეიძლება მისაღები ან მიუღებელი იყოს მონაწილეებისათვის, მაგრამ არც ერთი არ იქნება „სწორი“. ამ სავარჯიშოს მიზანი ხომ ისეთი დისკუსიის სტიმულირებაა, რომლის დროსაც მონაწილეები დაასაბუთებენ, თუ რატომ ანიჭებენ უპირატესობას ამა თუ იმ გამონათქვამს.

მას შემდეგ, რაც მონაწილეები ა) და ბ) გამონათქვამებს მოისმენენ, მათ არჩევანი წერილობით, სპეციალურ ბარათზე (ეს ბარათები ყოველი მონაწილისათვის წინასწარ მომზადდება, რაც პროცესს დააჩქარებს) უნდა გამოხატონ. მასწავლებელი შეაგროვებს და დათვლის ბარათებს, გამოაცხადებს დათვლის შედეგებს და სთხოვს მონაწილეებს, საჯაროდ განმარტონ, რატომ აირჩიეს ესა თუ ის გამონათქვამი. მასწავლებლის მიზანია, წახალისოს მინაწილეები. ბარათების გამოყენებით პასუხისას ძალზე მნიშვნელოვანია ანონიმურობის დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები განმარტავენ გამონათქვამის არჩევის მიზეზს, ისინი არ არიან ვალდებულნი, დაასახელონ, რომელი გამონათქვამი აირჩიეს. ჩვეულებრივ, იმის დაცვა, რისაც გჯერა, უფრო ადვილია, თუმცა ზოგიერთმა მონაწილემ შესაძლოა არჩიოს და დაიცვას იმის საპირისპირო გამონათქვამი, რომლისაც სჯერა. თუკი ჯგუფში შექმნილი ატმოსფერო საშუალებას იძლევა, ბარათები შეგვიძლია არ გამოვიყენოთ; მონაწილეები ხელის აწევით აჩვენებენ, ა) გამონათქვამს უჭერენ მხარს თუ ბ)-ს.

ყოველი მინაწილის აზრი მნიშვნელოვანია (თუმცა ეს აზრი არგუმენტებით უნდა იყოს გამაგრებული; „მე ასე ვგრძნობ“ არ არის საკმარისი), ამიტომ მასწავლებლის დამოკიდებულება გამოთქმული აზრის მიმართ ნეიტრალური უნდა იყოს. ისევე, როგორც ამა თუ იმ ხერხის გამოყენებისას, მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი გამონათქვამია უფრო სასარგებლო მონაწილეებისათვის.

ხანგრძლივობა

გამონათქვამთა ყოველი წყვილის განხილვას 15-20 წუთი უნდა დაეთმოს.

საჭირო საშუალებები

ყოველ მონაწილეს სჭირდება გამონათქვამთა ჩამონათვალი და სუფთა ან შევსებული ბარათების (ა და ბ) კომპლექტი. გამონათქვამებისთვის ერთი და იმავე ბარათების გამოყენება შეიძლება. მასწავლებელს შეუძლია შეინახოს ბარათები და მომავალში გამოიყენოს.

ალტერნატიული წინადადებები

შეძლებისდაგვარად ყოველი დისკუსია იმ ადამიანის აზრით უნდა დასრულდეს, ვინც გამონათქვამში აღნიშნულ საკითხში ავტორიტეტით სარგებლობს (პოლიციაში, რეგიონში, ქვეყანაში). ეს მონაწილეებს დაანახებს, რომ ყველა გამონათქვამი თანაბრად ფასეულია, გარდა ამისა, ხელს შეუწყობს დისკუსიის გაგრძელებას. თუკი მასწავლებელს ამ ხერხის გამოყენება სურს, წინასწარ უნდა დაგეგმოს და მოამზადოს საზოგადოებაში ავტორიტეტული ადამიანების ვიდეო ან აუდიო ჩანაწერები და აჩვენოს ან მოასმენინოს მონაწილეებს. მათი პასუხების ხმამაღლა წაკითხვაც შესაძლებელია. საინტერესო იქნება, აგრეთვე, იმ მიზეზების შედარება, რომლებიც საფუძვლად უდევს მონაწილეების და საზოგადოებაში ავტორიტეტული ადამიანების მიერ გამოთქმულ აზრს.

დისკუსია შეიძლება კონკურსად ვაქციოთ. ის, ვინც ა) გამონათქვამი აირჩია, დაიცავს მას იმათგან, ვინც ბ) გამონათქვამი აირჩია და პირიქით. ამისათვის მონაწილეებს 5 წუთი აქვთ გამოყოფილი. ამ დროის განმავლობაში თითოეული მონაწილე ცდილობს, დაარწმუნოს ჯგუფი თავისი არჩევანის უპირატესობაში. ბოლოს იმართება კენჭისყრა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელმა გამონათქვამმა დაიმსახურა ხმათა უმრავლესობა. ის, ვინც თავის პოზიციას უფრო ეფექტიანად დაიცავს, დებატებში „გაიმარჯვებს.“

სავარჯიშო შეიძლება ჯგუფურადაც შესრულდეს. ის, ვინც ა) ვარიანტს ირჩევს, ერთ ჯგუფში ერთიანდება, ხოლო ბ) ვარიანტის მხარდამჭერები - მეორეში. ჯგუფები ირჩევენ წარმომადგენლებს, რომლებიც მათ არჩევანს დაიცავენ. ამის შემდეგ ხდება შედეგების გაანალიზება, ანუ მონაწილეები აანალიზებენ, რომელმა ჯგუფმა დაასახელა უფრო მეტი არგუმენტი, ხომ არ შეეცვალათ მონაწილეებს აზრი და ხომ არ სურთ ჯგუფის შეცვლა, რამდენია ასეთი მონაწილე, რატომ შეიცვალეს აზრი და ა.შ.

მასწავლებელს შეუძლია დამატებითი გამონათქვამები მოამზადოს, გარდა ამისა, დაავალოს მონაწილეებს, გაერთიანდნენ მცირერიცხოვან ჯგუფებად და დაეხმარონ მას ამ საქმეში.

ასკვნა

ამ სავარჯიშოს ბოლოს არ არის მოსალოდნელი დასკვნა. ყველა გამონათქვამი თანაბრად ფასეულია და ნებისმიერი არჩევანი მისაღებია, თუმცა მონაწილეებს შეუძლიათ უფრო დეტალურად განიხილონ საკუთარი შეხედულებები: რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და რატომ? როგორ უკავშირდება ესა თუ ის გამონათქვამი მათ სამუშაოს? ამ საკითხების გასააზრებლად უმჯობესია, გამოიყოს დრო დისკუსიის დასკვნით ნაწილში.

ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე კითხვა, რომლებიც ამ საკითხების გააზრებას შეუწყობს ხელს:

  • რა ფასეულობები დაედო საფუძვლად თქვენს არჩევანს? რატომ გააკეთეთ ეს არჩევანი?

  • რას ფიქრობთ მასზე?

  • ხომ არ აღმოაჩინეთ რაიმე ახალი თქვენს თავში?

  • რა კავშირი აქვს ამას თქვენს მუშაობასთან პოლიციაში?

მოსალოდნელი სირთულეები

მოსალოდნელი სირთულეების წინასწარ ფორმულირება შეუძლებელია. მასწავლებელი უნდა ეცადოს, გაერკვეს იმ მიზეზებში, რომლებიც საფუძვლად უდევს მონაწილეთა არჩევანს. მასწავლებელს შეუძლია ამ არჩევანის კომენტირება და დამატებითი შეკითხვების დასმა. ზოგიერთმა მონაწილემ შეიძლება უარი თქვას არჩევანის გაკეთებაზე, რადგან, მისი აზრით, ეს შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხერხის მიზანი დისკუსიის სტიმულირებაა და არა „სწორი“ არჩევანის გაკეთება. ამან შესაძლოა უფრო მეტი ხალისი გაუჩინოს მონაწილეებს.

გამონათქვამები

ა. ადამიანის უფლებები საყოველთაოა, ამდენად „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“ უფრო მნიშვნელოვანი დოკუმენტია, ვიდრე „ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია.“

ბ. ადამიანის უფლებების დარღვევა უფრო მეტად დაკითხვის დროს ხდება.

________________________________________________________________________________

ა. სხვა ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო ბოროტმოქმედები საკუთარი უფლებების დაცვის უფლებას კარგავენ.

ბ. ქალი ვერასოდეს გახდება კარგი პოლიციელი, რადგან ის არ არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ პოლიციელის ყველა მოვალეობა შეასრულოს.

________________________________________________________________________________

ა. უფროსის ბრძანება ყოველთვის უნდა შესრულდეს.

ბ. პოლიციის სამსახურის მოსყიდვა შეუძლებელია.

________________________________________________________________________________

ა. ძალის გამოყენება მხოლოდ გარდაუვალი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება. ეს ძალა ყოველთვის არსებული საფრთხის პროპორციული უნდა იყოს; ამავე დროს, სრულად უნდა იყოს დაცული კანონის და არსებული დებულებების მოთხოვნები.

ბ. ადამიანის უფლებების დარღვევა ყოველთვის გამოძიებული უნდა იქნეს.

________________________________________________________________________________

ა. ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში პოლიციის ხელმძღვანელობა ყოველთვის იზიარებს პასუხისმგებლობას.

ბ. ძალადობა ოჯახში უნდა განიხილებოდეს როგორც სისხლის სამართლის ნებისმიერი სხვა დანაშაული.

________________________________________________________________________________

ა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამდე ყოველთვის საჭიროა მშვიდობიანი გზის ძიება.

ბ. ხანდახან ვფიქრობ, რომ სამუშაოს უკეთესად შესასრულებლად უფრო მეტი პროფესიული მომზადება მჭირდება.

________________________________________________________________________________

ა. ფინანსური სახსრების ნაკლებობა შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევის გასამართლებლად იყოს გამოყენებული.

ბ. ზოგ შემთხვევაში პოლიციას შეუძლია მიზანმიმართულად მოკლას ადამიანი.

________________________________________________________________________________

ა. პოლიტიკური პატიმრების უფლებების შელახვა უფრო მიუღებლად ითვლება, ვიდრე ბოროტმოქმედთა უფლებების შელახვა.

ბ. თუკი გარკვეული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ხშირად ჩადიან დანაშაულს, ალბათ ლოგიკურია, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისას პოლიცია პირველ რიგში მათზე მიიტანს ხოლმე ეჭვს.

________________________________________________________________________________

ა. საპატიმრო საკანში 24 საათის განმავლობაში ანთებული შუქი წამების ფორმად ითვლება.

ბ. თუკი იცი, რომ ადამიანი დანაშაულის ხელშემწყობია, უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვა არ არის აუცილებელი.

________________________________________________________________________________

ა. როდესაც სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე, დასაშვებია აღიარების ნებისმიერი გზით მიღება.

ბ. ხანდახან ვნატრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენა მესმოდეს.

________________________________________________________________________________

ა. საზოგადოებამ პოლიცია სერიოზულ ძალად უნდა აღიქვას, ასე რომ სიმკაცრე პოლიციის მხრიდან ხანდახან დასაშვებია.

ბ. პოლიციელს თარჯიმნის დახმარება არ უნდა სჭირდებოდეს, რადგან ქვეყნის ყველა მოქალაქე ერთ ენაზე უნდა ლაპარაკობდეს.

________________________________________________________________________________

ა. სასამართლო, რომელსაც დამოუკიდებელი მოსამართლე წარმართავს, ყოველთვის სამართლიანია.

ბ. სახლში სასწრაფო ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვა არ არის აუცილებელი.

________________________________________________________________________________

ა. სიტყვის თავისუფლება ადამიანის უფრო მნიშვნელოვანი უფლებაა, ვიდრე კანონის წინაშე თანასწორობის უფლება.

ბ. კორუფციაზე პასუხისმგებლობა ხელმძღვანელობასაც ეკისრება.

________________________________________________________________________________

ა. ეჭვმიტანილს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას თავი. ამისათვის ის უნდა იცნობდეს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს.

ბ. არასრულწლოვანები ისევე უნდა იდევნებოდნენ, როგორც სრულწლოვანები.

________________________________________________________________________________

ა. საჩივრების კარგად ორგანიზებული პროცედურა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებელი პირობაა.

ბ. რასიზმისა და ქსენოფობიის შემთხვევები თავიდან უნდა იქნეს აცილებული; პოლიციამ ისინი უნდა გამოიძიოს.

________________________________________________________________________________

ა. საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია.

ბ. ქალებისა და მამაკაცების მიმართ მოპყრობა ყველა შემთხვევაში თანასწორი უნდა იყოს.

________________________________________________________________________________

ა. ქვეყანაში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი პირი ან სამსახური, რომელსაც ადამიანები მიმართავენ საჩივრით პოლიციის წინააღმდეგ.

ბ. ის, რაც ოჯახურ წყვილებს შორის მათ საცხოვრებელ ადგილას ხდება, მათი საქმეა. პოლიცია ამ საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

________________________________________________________________________________

ა. პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების შელახვა ისევ პოლიციის სამსახურმა უნდა გამოიძიოს.

ბ. გარკვეული ასაკის მიღწევამდე არასრულწლოვანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.

________________________________________________________________________________

ა. ქცევის წესების არსებობას აზრი არა აქვს, რადგანაც უკვე არსებობს ნაციონალური და საერთაშორისო კანონები.

ბ. შეუძლებელია, ძალით უბიძგო ქალს პროსტიტუციისაკენ.

________________________________________________________________________________

ა. არ არის აუცილებელი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, როგორიც „საერთაშორისო ამნისტიაა“.

ბ. მე არასოდეს მოვიხმარ საჭიროზე მეტ ძალას.

________________________________________________________________________________

ა. თუკი პოლიციის ხელმძღვანელი მართლაც პროფესიონალია, მისი გუნდი ადამიანის უფლებებს არ დაარღვევს.

ბ. საერთაშორისო სტანდარტები თავისი არსით ზეწოლას ახდენს ქვეყნის სუვერენობაზე და ამიტომ არ უნდა არსებობდეს.

________________________________________________________________________________

ა. ბავშვებს ადამიანის უფლებების დარღვევისაგან დამატებითი დაცვა სჭირდებათ.

ბ. ადამიანის უფლებების დარღვევა შეზღუდული ფინანსური სახსრების გამო ხდება.

________________________________________________________________________________

ა. პრესას უნდა ჰქონდეს უფლება, გააცნოს საზოგადოებას ყველა შეხედულება.

ბ. ქალის წინააღმდეგ ძალადობის პრობლემა გაზვიადებულია.

________________________________________________________________________________

ა. კორუფცია პოლიციაში დაბალი ანაზღაურების ბრალია.

ბ. გადაადგილების უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა.

________________________________________________________________________________

ა. მე არასოდეს ვარღვევ ადამიანის უფლებებს.

ბ. დანაშაულებრივი გზით მიღებული ნივთების დაკავებისას პოლიციამ განუხრელად უნდა დაიცვას არსებული მითითებები და პროცედურები.

________________________________________________________________________________

ა. საუკეთესო მტკიცებულება აღიარებაა.

ბ. ადამიანები საკუთარ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდნენ.

________________________________________________________________________________

ა. მე არასოდეს გავხდები ლტოლვილი. ვეცდები, ჩემს სამშობლოში გავაუმჯობესო ცხოვრების პირობები.

ბ. ეჭვმიტანილ ქალებთან პოლიციელი ქალები უნდა მუშაობდნენ.

________________________________________________________________________________

ა. ძალადობა ოჯახში ორგანიზაციებმა უნდა მოაწესრიგონ და არა პოლიციამ.

ბ. პოლიციამ არასოდეს უნდა იმოქმედოს პოლიტიკური მოტივებით.

________________________________________________________________________________

5.7 7 რატომ ირღვევა ადამიანის უფლებები?

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

ეს ხერხი სტიმულს აძლევს მონაწილეებს, გაიაზრონ ადამიანის უფლებათა დარღვევის მიზეზები. მონაწილეებმა ეს საკითხი ზოგადად უნდა განიხილონ. ხერხის მიზანია, საშუალება მისცეს მონაწილეებს, გაიაზრონ როგორც საკუთარი, ისე კოლეგების ქცევა.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება სასურველია სწავლების კურსის ნებისმიერ ეტაპზე.

პროცედურა

მასწავლებელი მონაწილეებს მცირე, 3-4 ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფებად დაყოფს. ყოველ დანაყოფს აქვს სადემონსტრაციო ფურცელი და მარკერი. მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, დაასახელონ ის შესაძლო მიზეზები, რითაც პოლიციის თანამშრომლები შეეცდებიან, ახსნან მათ მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები. ყველა ჯგუფი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთს ირჩევს. თითოეული კატეგორიის ფარგლებში მონაწილეებმა რაც შეიძლება მეტი მიზეზი უნდა მოიფიქრონ და სადემონსტრაციო ფურცელზე ჩამოწერონ.

შესაძლო კატეგორიებია:

  • პოლიტიკური მიზეზები

  • პირადი მიზეზები

  • ეკონომიკური მიზეზები

  • სოციალური და კულტურული მიზეზები

სავარჯიშოს დაახლოებით 20 წუთი დასჭირდება. ამის შემდეგ ყველა ჯგუფი თავის სადემონსტრაციო ფურცელს კედელზე დაკიდებს. ჯგუფს ერთი მონაწილე წარმოადგენს. სხვა მონაწილეებს შეუძლიათ შეკითხვები დასვან ან შენიშვნები გამოთქვან. ამისათვის თითოეულ ჯგუფს 10 წუთი ეძლევა.

შემდეგ მასწავლებელი სთხოვს თითოეულ დანაყოფს, განიხილონ ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან აცილების გზები. მაგალითად, მონაწილეები დაწერენ: „თუკი დარღვევის მიზეზია.., მისი თავიდან აცილება ამგვარად შეიძლება...“ ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, დაასახელონ, თუ რას გააკეთებენ ისინი ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად. ახლა მათ უფრო მეტი დრო, დაახლოებით 45-60 წუთი, დასჭირდებათ.

მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, პასუხები ისევ სადემონსტრაციო ფურცლებზე დაწერონ. ამჯერად მოკლე პრეზენტაციისათვის ჯგუფის სხვა წარმომადგენელია მოწვეული, დანარჩენები კი შეკითხვებს უსვამენ მას. ამ სავარჯიშოსათვის თითოეულ ჯგუფს 10 წუთი დასჭირდება.

ხანგრძლივობა

სავარჯიშოს სრულად შესრულებას დაახლოებით 3 საათი დასჭირდება.

საჭირო საშუალებები

ამ სავარჯიშოს შესასრულებლად საჭირო საშუალებებია:

  • სადემონსტრაციო ფურცლები ყველა ჯგუფისათვის

  • მარკერები ყველა ჯგუფისათვის

  • აუდიოკასეტა

  • დამატებითი სასწავლო ოთახები ან ერთი დიდი აუდიტორია, სადაც ჯგუფებს სამუშაოს შესასრულებლად საკმარისი სივრცე ექნებათ

ალტერნატიული წინადადებები

დროის დასაზოგავად მასწავლებელს შეუძლია პირდაპირ სავარჯიშოს მეორე ნაწილზე გადავიდეს. ამ შემთხვევაში დანაყოფის იმ წევრს, რომელმაც სადემონსტრაციო ფურცლის დახმარებით ჯგუფი წარმოადგინა, მასწავლებელი შემდეგ შეკითხვას დაუსვამს: რა უნდა გაკეთდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად?

ამ შეკითხვის განხილვაში მასწავლებელმა მთელი ჯგუფი უნდა ჩართოს.

სავარჯიშოს შესრულების შემდეგ მასწავლებელი გადაწყვეტს, მთელი ჯგუფის მონაწილეობით განიხილოს თუ არა მომდევნო საკითხი: იყენებენ თუ არა მონაწილეები ისეთ ზომებს, რომლებიც მათ ადამიანის უფლებების დარღვევას თავიდან ააცილებს. თუკი მასწავლებელი ჩათვლის, რომ ამგვარი განხილვა საჭიროა, ამ სავარჯიშოს შესრულებაში ის, ნაცვლად ცალკეული დანაყოფებისა, მთელ ჯგუფს ჩართავს.

დასკვნა

ადამიანის უფლებები შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაირღვეს. დარღვევათა აღმოფხვრისათვის სხვადასხვა ზომების მიღებაა საჭირო.

პოლიტიკური მიზეზები

ძალაუფლების მქონე ადამიანებს მისი შენარჩუნება სურთ. ხშირად ისინი ისეთ მეთოდს იყენებენ, როგორიც არის ოპონენტების დაშინება. ამ დანაშაულის ჩამდენი ხშირად დაუსჯელი რჩება.

პირადი მიზეზები

მიუხედავად იმისა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა ეჭვმიტანილმა, პოლიციის თანამშრომელს ის არ მოსწონს. ეს არ არის პოლიციაში დამკვიდრებული ზეწოლის ფორმა და, როგორც წესი, სუბიექტური გრძნობით არის გამოწვეული.

ეკონომიკური მიზეზები

კორუფცია, ძალაუფლების გადამეტება, სხვისი საკუთრების მითვისება, საქმის გამოძიება მხოლოდ მაშინ, თუ ვინმე ამაში ფულს გადაიხდის და ა.შ.

სოციალური და კულტურული მიზეზები

უმცირესობის უფლებები ირღვევა და ეს მიღებულია საზოგადოებაში. გარკვეული ქმედება, მაგალითად, ქალთა უფლებების დარღვევა, ხშირად ადამიანის უფლებების დარღვევად არ აღიქმება.

სხვადასხვა დარღვევას განსხვავებული მიზეზები უდევს საფუძვლად, ამდენად, დარღვევების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა ღონისძიების გატარებაა საჭირო. ის, რაც ჭეშმარიტად უწყობს ხელს ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოფხვრას, არის პოლიციის სამსახურში პროფესიონალიზმით გაჯერებული ატმოსფეროს შექმნა. პოლიციის მუშაობა გამჭვირვალე უნდა იყოს; საზოგადოებას უნდა შეეძლოს მისი შეფასება და მასზე გავლენის მოხდენა. დაბოლოს, პოლიციის მუშაობა დამოუკიდებელმა სასამართლო ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს. პოლიციის თანამშრომლებმა და ხელმძღვანელობამ უნდა იცოდნენ, რომ ისინი პასუხს აგებენ თავიანთ ქმედებებზე.

დღეს პოლიციის მუშაობაში ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვის ტენდენცია შეიმჩნევა. პოლიცია, როგორც ორგანიზაცია, თვითონ ცდილობს, გააუმჯობესოს მუშაობის ხარისხი და, შესაბამისად, პროფესიონალიზმი. პოლიციის თანამშრომლები უნდა ფასდებოდნენ არა მარტო იმის მიხედვით, თუ რამდენი საქმე გახსნეს, არამედ მუშაობის ხარისხის მიხედვითაც. ერთადერთი საშუალება, რითაც შეიძლება ამის შემოწმება, არის პოლიციელის წინააღმდეგ შემოსული საჩივრების რაოდენობა.

უნდა შეფასდეს, აგრეთვე, პოლიციელის დამოკიდებულება საქმისადმი. ამ პუნქტის გათვალისწინება შეიძლება პოლიციის ზოგადი შეფასებისთვის გამიზნულ ინტერვიუებში. პოლიცია თავისი დამოკიდებულებით უნდა გამოხატავდეს პატივისცემას ადამიანისა და მისი უფლებებისადმი, მიუხედავად ამ ადამიანის რასის, რელიგიის, სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, რწმენის თუ ენისა. ადამიანის უფლების დარღვევა მიუკერძოებელმა, დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს. ეს გაზრდის პოლიციისადმი ნდობას და საზოგადოების მიერ მის აღიარებას.

ქვეყნის სამართლებრივი სისტემა ისეთი უნდა იყოს, რომ ადამიანის უფლებათა დარღვევები ვერ იგუოს. თუკი ადამიანის უფლებათა დარღვევა ხელისუფლების მიერ გატარებული დაშინების პოლიტიკის შედეგია, მისი თავიდან აცილება მხოლოდ შიდა წინააღმდეგობის და გარე ძალების დახმარებით არის შესაძლებელი.

აზრთა შესაძლო სხვადასხვაობა

მოსალოდნელია, რომ მონაწილეები იმ ფინანსურ სირთულეებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომლებიც ხელს უშლის სამუშაოს შესრულებაში. ფინანსური სირთულეები შეიძლება ადამიანის უფლებების დარღვევის გასამართლებლადაც იყოს გამოყენებული. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა ის დარღვევები უნდა განიხილოს, რომლებსაც ფინანსური სახსრების ნაკლებობა იწვევს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური თუ სხვა რესურსების ნაკლებობა ადამიანის უფლებათა დარღვევის გასამართლებლად ვერ გამოდგება.

5.8 8. შეიძლება თუ არა გავამართლოთ ადამიანის უფლებების დარღვევა?

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

მასწავლებელი მონაწილეებს დილემის წინაშე დააყენებს; მსგავს სიტუაციაში ისინი იოლად შეიძლება აღმოჩდნენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობაში. დილემა ასეთია: არის შემთხვევები, როდესაც ადამიანის უფლებები „გასაგები“ მიზეზების გამო ირღვევა. ამ ხერხის მიზანია, მკაფიოდ გამოიკვეთოს, რომ ის, რაც მორალური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, სამარლებრივი თვალსაზრისით მიუღებელია.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება. ყველაზე უფრო მეტი სარგებლობა მას იმ შემთხვევაში მოაქვს, როდესაც მონაწილეები გარკვეულ საქციელს ადამიანის უფლებების დარღვევად არ აღიქვამენ.

პროცედურა

მასწავლებელი მონაწილეებს შემდეგ საქმეს გააცნობს:

პოლიციელი დაკითხვას უტარებს მამაკაცს, რომელიც 6 წლის ბავშვის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. ბავშვი უცნობ ადგილას არის გადამალული და ისეთ მდგომარეობაშია, რომ მხოლოდ ერთი საათის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. პოლიციელი დარწმუნებულია, რომ ეჭვმიტანილმა ნამდვილად იცის ბავშვის ადგილსამყოფელი. რა ხერხების გამოყენება შეუძლია პოლიციელს და რა დოზით იმის გასარკვევად, თუ სად არის ბავშვი?

დისკუსიისას ძირითადი ყურადღება უნდა დაეთმოს პოლიციელის მიზანს და პოლიციის მუშაობას ზოგადად. გასაგებია, რომ ზემოხსენებული საქმის გასახსნელად პოლიციელი ყველაფერს იღონებს იმის გასაგებად, თუ სად მალავენ ბავშვს. ამჯერად მისი უპირველესი მიზანი ბავშვის გადარჩენაა; ის ნაკლებად ზრუნავს საქმის გახსნაზე და დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემაზე. ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ თუკი პოლიციელი ეჭვმიტანილს სცემს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქცევა ბევრისათვის მისაღებია, ის მაინც ადამიანის უფლების დარღვევად ჩაითვლება.

მონაწილეების მიერ „ეთიკური მიდგომის“ არჩევის შემთხვევაში მასწავლებელი შემდეგ კითხვას დასვამს:

  • „არის თუ არა თქვენთვის მისაღები პოლიციელის საქციელი, როდესაც გამოტეხვის მიზნით ის ეჭვმიტანილს სახეში გაარტყამს და აიძულებს, გაამხილოს ბავშვის გადამალვის ადგილი?“

  • „რისი უფლება აქვს პოლიციელს?“

პოლიციელის შესაძლო ქცევის განხილვისას მონაწილეები ნამდვილად მისაღებად ჩათვლიან მის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას. ამ შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია იკითხოს:

  • „მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ პოლიციელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას ან ის უნდა დაისაჯოს?“

  • „როგორი უნდა იყოს მისი სასჯელი?“

იმის განხილვისას, უნდა დაისაჯოს თუ არა პოლიციელი, მასწავლებელმა ეს თემა შემდეგ საკითხებს უნდა დაუკავშიროს: შეესაბამება თუ არა სასჯელი დანაშაულს, ვინ არის პასუხისმგებელი და რამდენად ეფექტიანია გამოძიება.

თუკი საჭიროა, მასწავლებელი დისკუსიას შემდეგი შეკითხვით დაასრულებს: გამოიღებს კი ეჭვმიტანილის ცემა მოსალოდნელ შედეგს? ამ შეკითხვაზე პასუხი უარყოფითია. ფიზიკური ტკივილის შიში აიძულებს ეჭვმიტანილს, უთხრას პოლიციელს ის, რისი გაგონებაც პოლიციას სურს. ეს კი შეიძლება სულაც არ იყოს სიმართლე!

ხანგრძლივობა

დაახლოებით 30 წუთი.

საჭირო საშუალებები

არ არის საჭირო.

ალტერნატიული წინადადებები

მასწავლებელს შეუძლია ბავშვის მაგივრად სხვა მსხვერპლი დაასახელოს, მაგალითად:

  • ქალი

  • იმ ქვეყანის უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენელი, რომელშიც მონაწილეები ცხოვრობენ

  • უცხოელი

  • 80 წლის ავადმყოფი მამაკაცი

  • კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე ცნობილი ტერორისტი

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებების ზოგიერთი დარღვევა მორალური თვალსაზრისით თითქოს მისაღებია, ის მაინც დარღვევად ითვლება და მიუკერძოებელმა, დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამნაშავის დასჯა მიზანშეწონილი არ არის.

აზრთა შესაძლო სხვადასხვაობა

თუკი პოლიციელის მიერ ჩადენილ ძალადობას მონაწილეები ადამიანის უფლების დარღვევად არ მიიჩნევენ და მისაღებად ჩათვლიან, მასწავლებელმა ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, რომ ეს დარღვევაა და, თუ საჭიროა, დაასახელოს მუხლები შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტებიდან.

დარღვევის გასამართლებელი კიდევ ერთი არგუმენტი შეიძლება ის იყოს, რომ ბავშვის სიცოცხლე ადამიანის უფლებების ნებისმიერ დარღვევაზე უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ადამიანის უფლებების დარღვევა ამ შემთხვევაში მისაღებად ჩაითვლება, სხვა შემთხვევაში რაღა უნდა ქნას პოლიციელმა, ისევ დაარღვიოს? სად უნდა დაისვას წერტილი? როდის უნდა გადაწყდეს, რომ დარღვევა მიუღებელია? ეს ძალზე რთული თემაა. საერთაშორისო სტანდარტების თანახმად ადამიანის უფლებების დარღვევა არასოდეს ჩაითვლება სამართლიანად. წამება და ცუდად მოპყრობა აკრძალულია. ეს აკრძალვა საყოველთაო და აბსოლუტურია (ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია, მუხლი 3). ეს ფაქტია და მისი უარყოფა შეუძლებელია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მისი აღქმა ზოგჯერ ძნელია.

ძალის გამოყენების განხილვისას მოსალოდნელია აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა. საერთაშორისო დოკუმენტები არ კრძალავს ძალის გამოყენებას, იმ ძალისაც კი, რომელმაც შესაძლოა ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს, მაგრამ ეს ძალა საფრთხის შესაბამისი, ხოლო მისი გამოყენება - გარდაუვალი უნდა იყოს. ზემოხსენებული საქმის განხილვისას ზოგიერთმა მონაწილემ შესაძლოა სწორედ ეს არგუმენტი მოიშველიოს და ძალის გამოყენება გაამართლოს (და სამართლებრივი თვალსაზრისით მართლზომიერად ჩათვალოს). თუმცა საერთაშორისო სტანდარტების ამგვარი ინტერპრეტირება დაუშვებელია. ეს სტანდარტები არ ემსახურება ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენების გზით. სიცოცხლის გადასარჩენად ძალის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი საფრთხე გარდაუვალია.

საქმეში უკეთ გასარკვევად მონაწილეებს შეუძლიათ მეტი ინფორმაცია მოითხოვონ მის შესახებ. მასწავლებელი მათ საქმისათვის საჭირო დეტალებს გააცნობს, თუმცა საქმის ძირითადი არსი არ უნდა შეიცვალოს.

5.9 9. გავცვალოთ როლები

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

ამ სავარჯიშოს მიზანი მონაწილეების წახალისებაა, რათა მათ „როლები გაცვალონ.“ მასწავლებელს შემდეგი სახის შეკითხვების დასმა შეუძლია: რა მოხდება, თქვენ რომ აღმოჩნდეთ ეჭვმიტანილი? როგორ მოპყრობას ელით?

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება სასწავლო კურსის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. ის დაეხმარება მონაწილეებს, თავი ადამიანის უფლებების დარღვევის ობიექტად წარმოიდგინონ, შეახსენებს, აგრეთვე, თავიანთ უფლებებს.

პროცედურა

პროცედურა საკმაოდ მოკლეა. „წარმოიდგინეთ, რომ დანაშაულის (მაგალითად, არაეთიკური საქციელის, ადამიანის უფლებათა დარღვევის, ქურდობის ან რაიმე სხვა დანაშაულის) ჩადენაში გდებენ ბრალს. როგორ მოპყრობას ელით?“

ამ შეკითხვებს მასწავლებელი ჯგუფს დაუსვამს და პასუხების მოსაფიქრებლად დროს მისცემს. პასუხების ღრმა განხილვა არ არის აუცილებელი, რადგან საკითხი ნათელია. მასწავლებელს შეუძლია ეს შეკითხვა შემდეგნაირად განავრცოს: „როგორ მოპყრობას ელით, თუ უდანაშაულო ხართ?“ ანდა „როგორ მოპყრობას ელით, თუ დამნაშავე ხართ? განა ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს?“

ხანგრძლივობა

ამ სავარჯიშოსათვის 10 წუთი საკმარისი უნდა იყოს. დისკუსიას შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს. რამდენად საჭიროა დისკუსია, მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს.

საჭირო საშუალებები

არ არის საჭირო.

ალტერნატიული წინადადებები

ეს თემა იდეალურია როლების გათამაშებისათვის ისეთ ჯგუფში, რომლის მონაწილეები კომუნიკაბელურნი და თავდაჯერებულნი არიან. ერთ-ერთი მონაწილე განასახიერებს პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც ქურდობა ედება ბრალად. მეორე მონაწილე კი პოლიციელია და დაკითხვას აწარმოებს. როგორ უნდა წარმართოს მან დაკითხვა? რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეჭვმიტანილი პოლიციელია? განა აქვს ამას მნიშვნელობა? სხვა მონაწილეები დაკითხვის პროცესს აკვირდებიან. იმისათვის, რომ როლების გათამაშება უფრო რეალისტურად გამოიყურებოდეს, სავარჯიშო შეიძლება ეჭვმიტანილის დაპატიმრებით დავიწყოთ. როლები შეიძლება მცირერიცხოვან ჯგუფებში მომზადდეს და მთელი ჯგუფის წინაშე გათამაშდეს.

მოსალოდნელი სირთულეები

ამ სავარჯიშომ მონაწილეებს ის შემთხვევები უნდა გაახსენოს, როდესაც მათ კოლეგებს ცუდად მოექცნენ ან ბრალი დასდეს დანაშაულში. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა შესაძლოა ცუდ ხელმძღვანელობას დაბრალდეს. თუკი მონაწილეები ასეთ შემთხვევებს გაიხსენებენ, მასწავლებელმა მათ თავ-თავიანთი გამოცდილებისა და მოსაზრებების ერთმანეთისათვის გაზიარების საშუალება უნდა მისცეს და თავისი დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება არ უნდა გამოთქვას.

5.10 10. სტერეოტიპები

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

ეს ხერხი დაეხმარება მონაწილეებს, გაიაზრონ სქესობრივ განსხვავებასთან დაკავშირებული საკითხები. რას ფიქრობენ მამაკაცები ქალებზე და რას ფიქრობენ ქალები მამაკაცებზე?

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება კურსის მსვლელობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. ის ეხმარება მონაწილეებს, ყურადღება გაამახვილონ უმცირესობათა ჯგუფებზე. გასათვალისწინებელია, რომ ეს ხერხი შერეულ ჯგუფში უნდა ჩატარდეს, სადაც 30% ქალია და 70% მამაკაცი ან პირიქით.

პროცედურა

მასწავლებელი იყენებს ორ სადემონსტრაციო ფურცელს. ერთზე წერს: „მამაკაცები არიან...,“ მეორეზე კი: „ქალები არიან..“ მონაწილეები ქალებისა და მამაკაცებისაგან შემდგარ ჯგუფებად იყოფიან.

ყოველი ჯგუფი თავის სადემონსტრაციო ფურცელზე მუშაობს. მონაწილეებს შეუძლიათ დაწერონ ყველაფერი, რაც სურთ. როდესაც ორივე ჯგუფი მუშაობას დაასრულებს (დაახლოებით 15-20 წუთში), ისინი ერთად განიხილავენ სადემონსტრაციო ფურცელზე დაწერილ მოსაზრებებს. მამაკაცები იმაზე საუბრობენ, რაც მათ შესახებ ქალებმა დაწერეს, ქალები კი იმაზე, რაც ქალების შესახებ მამაკაცებმა დაწერეს.

თითოეული ჯგუფი ხუთ ისეთ მოსაზრებას შეარჩევს თავისი ჯგუფის შესახებ, რომელსაც ის ეთანხმება (ანუ ქალები შეარჩევენ ხუთ მოსაზრებას მამაკაცების შესახებ, ხოლო მამაკაცები - ქალების შესახებ). შემდეგ მონაწილეები ამ მოსაზრებებს მთელი ჯგუფის მონაწილეობით განიხილავენ.

მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ სავარჯიშოს შესახებ.

აუცილებელია, რომ მასწავლებელი თავისი სქესის შესაბამის ჯგუფთან ერთად იყოს.

ხანგრძლივობა

მთელი სავარჯიშოს შესრულებას დაახლოებით 60 წუთი დასჭირდება.

საჭირო საშუალებები

ამ სავარჯიშოსათვის საჭიროა:

  • ორი სადემონსტრაციო ფურცელი

  • მარკერები

  • მაგნიტოფონი

  • ორი ოთახი

ან

  • დაფა და ცარცი.

თუკი ეს საჭირო საშუალებები და საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი, სავარჯიშოს შესრულება ფურცლების გამოყენებითაც შეიძლება, თუმცა ეს ართულებს კოლექტიური განხილვის შესაძლებლობას.

ალტერნატიული წინადადებები

შესაძლებელია ამ ხერხის მისადაგება ნებისმიერი სახის უმცირესობათა ჯგუფებისთვის (პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა), თუკი ისინი სასწავლო ჯგუფში ბუნებრივად არიან წარმოდგენილნი (მონაწილეთა, სულ მცირე, 30 პროცენტს უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ).

დასკვნა

იმ ადამიანების შესახებ, ვინც ჩვენგან განსხვავდება, წინასწარი აზრი გვაქვს ხოლმე შექმნილი. ეს აზრი გავლენას ახდენს მათ მიმართ ჩვენს ქცევასა და დამოკიდებულებაზე. საინტერესოა იმის გაგება, თუ რით განსხვავდებიან ეს ადამიანები სხვებისაგან. ყოველი ადამიანი ინდივიდუალურობით გამოირჩევა და არ წარმოადგენს თავისი რასის, სქესის, რელიგიის და ა.შ. სტერეოტიპს. მაგალითად, ყველა ქალი „ტიპური ქალივით“ არ იქცევა, არც ყველა ებრაელი იქცევა „ტიპური ებრაელივით“; უფრო მეტიც, ასეთი „ტიპური“ ინდივიდი საერთოდ არ არსებობს.

დღევანდელ პოლიციაში ქალები ჯერ კიდევ უმცირესობას შეადგენენ. ისინი ისეთ გარემოში მუშაობენ, სადაც უმრავლესობა მამაკაცებია და წამყვანი პოზიციაც მათ უკავიათ. სწორედ ამიტომ არის ქალების როლი და რაოდენობა პოლიციაში ხშირად სიმბოლური. ამერიკელი სოციოლოგი როუზბეთ მოს კანტერი განმარტავს, რომ „სიმბოლური თეორიის“ თანახმად ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ორგანიზაციის 15%-ზე ნაკლებს შეადგენს, „სიმბოლურად“ ითვლება, ანუ ეს ადამიანები საკუთარ თავს კი არ წარმოადგენენ, არამედ თავიანთ ჯგუფს. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ზოგადად ქალების შესახებ გავრცელებული ცრუ წარმოდგენები და სტერეოტიპები კონკრეტულ პოლიციელ ქალებს შეეხება.

იმედია, რომ ეს სავარჯიშო ხელს შეუწყობს სასწავლო ჯგუფში ურთიერთგაგებისა და ერთმანეთის აზრისადმი პატივისცემის გაზრდას და ამგვარი დამოკიდებულება გარე სამყაროზეც გავრცელდება.

მოსალოდნელი სირთულეები

მონაწილეებმა შესაძლოა უარი თქვან ამ სავარჯიშოს შესრულებაზე იმ საბაბით, რომ უჭირთ ზოგადი განცხადებების გაკეთება. ეს არ არის მართალი, რადგან ყველანი ვიცნობთ სტერეოტიპების, განსაკუთრებით ეროვნული სტერეოტიპების, მაგალითებს!

5.11 11. გაესაუბრეთ მომხმარებელს

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

ამ სავარჯიშოს მიზანია, დაანახოს მონაწილეებს, რომ მოქალაქე პოლიციის სამსახურის მომხმარებელია. რას მოელიან ადამიანები პოლიციის სამსახურისაგან? რა არის საჭირო იმისათვის, რომ მოქალაქე პოლიციის სამსახურს ენდობოდეს? როგორ უნდა გააუმჯობესოს პოლიციამ მუშაობის ხარისხი?

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება შეიძლება სასწავლო კურსის მეორე ნაწილის ნებისმიერ ეტაპზე, თუმცა ის კარგად მიესადაგება მე-4 ხერხს - „რა არის პოლიცია: ძალა თუ სამსახური?“ ამ სავარჯიშოს შესრულება სასურველია მცირერიცხოვან, არაუმეტეს 8 კაცისგან შემდგარ ჯგუფში.

პროცედურა

მონაწილეები სასაუბროდ მოქალაქეს იწვევენ და მასთან ერთად განიხილავენ, თუ რას მოელის ის პოლიციისაგან. შეხვედრისათვის მონაწილეები წინასწარ უნდა მოემზადონ და მოიფიქრონ შეკითხვები. ჩვეულებრივ, პოლიციას მოქალაქეებთან ურთიერთობა შემდეგ სიტუაციებში აქვს:

  • დემონსტრაციებისას

  • სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისას

  • როდესაც მოქალაქე მოწმის სახით არის მოწვეული

  • როდესაც მოქალაქე დანაშაულის მსხვერპლია

  • როდესაც მოქალაქე ეჭვმიტანილია

მასწავლებლის ინიციატივით შეიძლება მოქალაქეთა იმ კატეგორიების ჩამოთვლა, რომლებთანაც პოლიციას აქვს ხოლმე ურთიერთობა, ესენია:

  • ჟურნალისტი

  • ექიმი

  • მასწავლებელი

  • პოლიტიკოსი

ხანგრძლივობა

ამ ხერხის გამოყენებისთვის საათნახევრიდან ორ საათამდე დროა საჭირო. გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეებს მოსამზადებლად დრო (დაახლოებით 30 წუთი) დასჭირდებათ, სტუმართან დისკუსია დაახლოებით ერთ საათს გასტანს, გარკვეული დრო კი დიისკუსიისშემდგომ გააზრებას მოხმარდება.

საჭირო საშუალებები

მოქალაქეს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, ამის სურვილი უნდა ჰქონდეს. ის შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი იყოს ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანდა ნებისმიერი სხვა ადამიანი, ვისაც მასწავლებელი შესაფერის კანდიდატურად ჩათვლის.

ალტერნატიული წინადადებები

თუკი სასწავლო ჯგუფში 8-ზე მეტი მონაწილეა, ის შეიძლება უფრო მცირე ჯგუფებად დაიყოს და განხილვაზე მეტი მოქალაქე იქნეს მოწვეული. ჯგუფური სამუშაოს დასრულების შემდეგ მონაწილეები და მოქალაქეები იკრიბებიან და თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. შესაძლებელია სხვა ფორმატის გამოყენებაც, მაგალითად, მოწვეული მოქალაქეები სხვადასხვა ოთახში ან ერთი ოთახის სხვადასხვა კუთხეში განლაგდებიან. მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების შესასრულებლად სასწავლო ჯგუფები ან მათი წარმომადგენლები მოქალაქეებს ინტერვიუს ჩამოართმევენ.

დასკვნა

ამ სავარჯიშოს შედეგად უნდა გაუმჯობესდეს მოქალაქეებსა და პოლიციას შორის ურთიერთგაგება, რადგან ორივეს უფრო უსაფრთხო და დაცულ საზოგადოებაში ცხოვრება სურს. დასკვნა ასეთია: პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ ემსახუროს საზოგადოებას, და არა პირიქით. თუკი საზოგადოება პოლიციისადმი ნდობას დაკარგავს, პოლიციის არსებობას აზრი ეკარგება.

პოლიცია უნდა აცნობიერებდეს, რომ თავისი სამუშაოს შესრულებისას ის მოქალაქეებთან თანამშრომლობაზეა დამოკიდებული. ხშირად სწორედ საზოგადოება აწვდის პოლიციას საჭირო ინფორმაციას. უფრო მეტიც, პოლიციის თანამშრომლებს უნდა ესმოდეთ, რომ საზოგადოებასთან პარტნიორობას მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს.დღეს, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის სულ უფრო მზარდი გავლენის პირობებში, პოლიცია დამოუკიდებლად ვეღარ შეებრძოლება დანაშაულს.

მოსალოდნელი სირთულეები

ზოგიერთ მონაწილეს შესაძლოა გაუჭირდეს იმ აზრის გაზიარება, რომ პოლიციის მომხმარებელი მოქალაქეა. მას შესაძლოა საპირისპირო აზრი ჰქონდეს და ფიქრობდეს, რომ მოქალაქე პოტენციური დამნაშავეა, რომლის ერთადერთი მიზანია, არ ითანამშრომლოს პოლიციასთან. ასეთ მონაწილეებს უნდა შევახსენოთ, რომ გარდა პოლიციელობისა, ისინი მოქალაქეები არიან, ისევე როგორც მათი მშობლები, შვილები და მეგობრები.

5.12 12. ილუსტრაციები

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

გავუადვილოთ მონაწილეებს, დაინახონ, თუ რა კავშირი აქვს ადამიანის უფლებების პოტენციურ დარღვევებს პოლიციის ყოველდღიურ მუშაობასთან.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება სასწავლო კურსის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება. ხერხი განსაკუთრებით ისეთ ჯგუფს დაეხმარება, რომელიც ზედმეტად არის კონცენტრირებული ადამიანის უფლებების თეორიულ და ფილოსოფიურ ასპექტებზე, ანდა მათ, ვისაც უჭირს პოლიციის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის აღიარება. ილუსტრაციების გამოყენება შეიძლება, აგრეთვე, ხერხისათვის „რეალური ცხოვრება“ (მე-13 ხერხი).

პროცედურა

მასწავლებელი განმარტავს ხერხის მიზანს და აფრთხილებს მონაწილეებს, რომ სავარჯიშოს შესრულებისას მათ ფანტაზია უნდა გამოიყენონ და არა გამოცდილება. მონაწილეებს სრული თავისუფლება აქვთ, ამდენად, ნებისმიერი სიტუაციის წარმოსახვა შეუძლიათ. ეს ჯგუფში აზრთა თავისუფალი გაცვლის და არაკონფრონტაციული ატმოსფეროს შექმნას ემსახურება.

მასწავლებლის მიერ შერჩეული ილუსტრაციის განხილვისას მან მონაწილეთა შორის მოხალისე „ამბის მთქმელი“ უნდა იპოვოს. ყოველ „ამბის მთქმელს“ დაურიგდება ილუსტრაციების სერია, რომელიც ჯგუფის სხვა წევრებს არ უნახავთ. მონაწილე 5 წუთით ოთახიდან გადის და ამზადებს 5 წუთიან ამბავს, რომელიც შემდეგ შეკითხვებს უნდა პასუხობდეს:

  1. რას აღწერს ილუსტრაცია?

  2. ადამიანის უფლებების რა დარღვევა ხდება ამ ილუსტრაციაზე? ან, თქვენი აზრით, რა დარღვევა შეიძლება მოხდეს?

  3. რა მოელის (მოელით) ილუსტრაციაზე გამოსახულ ადამიანს (ადამიანებს)?

„მთქმელის“ მიერ შეთხზული ამბის მოსმენისას მონაწილეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, უყურონ ილუსტრაციას, ამიტომ სასურველია, ის პროექტორის საშუალებით გადიდდეს. თუმცა თუ პროექტორი არა გაქვთ, შეიძლება ილუსტრაციის გადიდებული ვარიანტი დაფაზე დაიკიდოს. ამბის დასრულებისთანავე მასწავლებელი მონაწილეებს აზრის გამოთქმას სთხოვს და ასეთ შეკითხვას უსვამს: შეიძლება, რომ ეს ამბავი მართლა მოხდეს? მოკლე დისკუსიის შემდეგ თავის შეთხზულ ამბავს სხვა მსურველი მოყვება და ასე შემდეგ.

ხანგრძლივობა

სავარჯიშოს ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ილუსტრაციას გამოიყენებს მასწავლებელი. მას შეუძლია მთელი დრო ილუსტრაციებს დაუთმოს.

საჭირო საშუალებები

  • ილუსტრაციები (იხ. დანართი). ილუსტრაციების ერთი კომპლექტი „ამბის მთქმელს“, ხოლო მეორე - ჯგუფისათვის საჩვენებლად.

  • ქაღალდი

ან

  • გამჭვირვალე ფირზე გადატანილი ილუსტრაციები

  • პროექტორი

ალტერნატიული წინადადებები

შეიძლება არა მარტო გარე დამკვირვებლის, არამედ ილუსტრაციაზე გამოსახული მოქალაქის ან პოლიციელის თვალით დანახული ამბის მოყოლაც.

დასკვნა

ერთი შეხედვით ნეიტრალური სიტუაცია, რომელშიც პოლიცია მონაწილეობს, მაინც შეიძლება დასრულდეს ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დარღვევით.

პოლიციის თანამშრომელი ზოგჯერ ვერ აცნობიერებს, რომ სიტუაცია, რომელიც მისთვის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია, მოქალაქემ შესაძლოა საშიშად აღიქვას.

მოსალოდნელი სირთულეები

პოლიციის თანამშრომლების ნეგატიურად წარმოჩენა ილუსტრაციებში შეიძლება საწყენი იყოს მათთვის. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელმა უნდა განმარტოს, რომ ილუსტრაციაზე სიტუაციის მძაფრად ასახვა ხშირად საკითხის ეფექტიანად წარმოჩენას უწყობს ხელს და ამდენად აუცილებელია.

5.13 13. რეალური ცხოვრება

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, იფიქრონ თავიანთ სამუშაო გამოცდილებასა და გარემოზე.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხმა შესაძლოა მონაწილეთა მხრიდან წინააღმდეგობა გამოიწვიოს, ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო კურსის გვიანდელ ეტაპზე (მაგრამ არა ბოლო დღეს!) სჯობს. მასწავლებელმა ეს ხერხი თავისი შეხედულებისამებრ უნდა გამოიყენოს. ღია დისკუსია მასწავლებელს შესაძლო წინააღმდეგობის შესუსტებაში დაეხმარება. მას შეუძლია ჰკითხოს მონაწილეებს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ სავარჯიშოს მიმართ. მიუხედავად ჯგუფის დამოკიდებულებისა სავარჯიშოსადმი, მის განსახილველად დრო მაინც უნდა გამოიყოს.

პროცედურა

მასწავლებელი უხსნის მონაწილეებს, რომ სავარჯიშო მათ ადამიანის უფლებათა დარღვევის იმ შემთხვევების გააზრებაში დაეხმარება, რომელთა მომსწრენი ისინი თვითონ ყოფილან. მათ არ უნდა არკვიონ, ვინ არის დამრღვევი. საუბრის პროცესი საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ცოდნა რეალური მაგალითებიდან შეიძინონ. ყველა მაგალითში სრულად უნდა იყოს დაცული ანონიმურობა. მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, ამ მაგალითებს კლასის გარეთ ნუ მოჰყვებიან.

რამდენიმე წუთის (5 წუთის) განმავლობაში მონაწილეები ადამიანის უფლების დარღვევათა იმ მაგალითებს გაიხსენებენ, რომლებსაც მუშაობის პროცესში წააწყდნენ. ეს შეიძლება იყოს დარღვევები, რომლებიც მონაწილეებს უნახავთ, რომელთა შესახებ სმენიათ ან რომელთა მონაწილე თავად ყოფილან.

ამ შემთხვევებს მონაწილეები წერილობით აღწერენ, ხოლო მასწავლებელი შეაგროვებს ფურცლებს; შემდეგ ის ჯგუფს ორ მცირერიცხოვან დანაყოფად გაყოფს. მასწავლებელი ერთ მაგალითს შეარჩევს და თითოეულ დანაყოფს ურიგებს. დისკუსიის სტიმულირებისათვის მასწავლებელი დაფაზე შემდეგ შეკითხვებს ჩამოწერს:

  • რომელი უფლებები დაირღვა ამ შემთხვევაში?

  • რა რეაქცია გამოიწვია დარღვევებმა იმ კოლეგებში, რომლებმაც მათ შესახებ იცოდნენ?

  • რა გავლენა იქონია პოლიციაში ან ჯგუფში არსებულმა კულტურამ ამ შემთხვევაზე?

  • რამდენად ხშირად ხდება ამგვარი დარღვევები თქვენს ქვეყანაში, რეგიონში თუ ორგანიზაციაში?

  • როგორ შეიძლებოდა ამ შემთხვევის თავიდან აცილება?

  • ეცადეთ, ისე შეცვალოთ მაგალითში აღწერილი სიტუაცია, რომ ქცევა მისაღები გახდეს. რა უნდა შეიცვალოს ამისათვის?

  • როგორ უნდა განვიხილოთ ეს სიტუაცია ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით?

ისევე, როგორც დიდი ჯგუფების შემთხვევაში, მცირე დანაყოფებთან მუშაობისას მასწავლებელმა თვალყური უნდა ადევნოს დისკუსიის პროცესს და იაროს ერთი დანაყოფიდან მეორეში; მან ხელი უნდა შეუწყოს ჯგუფის წევრების დისკუსიაში მონაწილეობას და, კვიმატი შეკითხვების დასმის გზით, გამოაცოცხლოს დუნე და უინტერესო დისკუსია.

განხილვის დასრულების შემდეგ ყოველი დანაყოფი მოკლედ წარმოადგენს თავის დასკვნებს. თუ დრო ცოტაა, მხოლოდ წინააღმდეგობრივი, რთული ან ტიპური შემთხვევები იქნება შერჩეული. თუკი დრო საკმარისია, მონაწილეებს შეუძლიათ ისაუბრონ იმაზე, თუ რას გრძნობდნენ ამ სავარჯიშოს შესრულებისას. ბოლოს მასწავლებელი მადლობას უხდის მონაწილეებს გულახდილი საუბრისა და თანამშრომლობისათვის.

ხანგრძლივობა

სავარჯიშოს ხანგრძლივობა მონაწილეების და მათ მიერ წარმოდგენილი მაგალითების რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუმცა თითოეული მაგალითისთვის შეიძლება დაწესდეს დროის შეზღუდვა, რაც ყველა შემთხვევის განხილვას უზრუნველყოფს და, ამავე დროს, ხელს შეუწყობს სასწავლო კურსის ტემპის შენარჩუნებას. ყოველი შემთხვევის განსახილველად 15 წუთი უნდა გამოიყოს (რეგლამენტის მკაცრად დაცვა არ არის აუცილებელი; მისი დაწესების ძირითადი მიზანია მონაწილეების სტიმულირება, რათა მათ სავარჯიშოს თავი გაართვან). შემაჯამებელი დისკუსიის ხანგრძლივობაც ჯგუფებისა და განსახილველი მაგალითების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. დროის ოპტიმალურად გამოყენების საკითხს მასწავლებელი გადაწყვეტს.

საჭირო საშუალებები

ამ სავარჯიშოს შესასრულებლად ყველა ჯგუფს საკმარისი სივრცე უნდა ჰქონდეს სასწავლო ოთახში, რათა დამოუკიდებლად იგრძნოს თავი და თავისუფლად წარმართოს დისკუსია. საჭიროა, აგრეთვე, დაფა, რომელზეც დაიწერება შეკითხვები. თუმცა მასწავლებელს შეკითხვების წაკითხვა ხმამაღლაც შეუძლია, ჯგუფი კი ჩაიწერს მათ.

ალტერნატიული წინადადებები

თუკი ეს უხერხულობას არ გამოიწვევს, მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მონაწილეებს, ადამიანის უფლებათა იმ დარღვევებზე ისაუბრონ, რომლებიც თვითონ ჩაუდენიათ. ამ შემთხვევაში მთავარი შეკითხვა ასეთია: გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც თქვენ თვითონ დაარღვიეთ სხვა ადამიანის უფლებები.

თუ ჯგუფი ჯერ სათანადოდ მომზადებული არ არის და თავს დაუცველად გრძნობს, მასწავლებელს შეუძლია საკუთარი მაგალითი მოიტანოს. თუმცა ამით სავარჯიშოს მთავარი მიზანი - საკუთარი გამოცდილების გახსენება - არ შესრულდება. არჩევანი მასწავლებელმა უნდა გააკეთოს, მაგრამ თუკი მას არჩევანი არა აქვს, ამ სავარჯიშოზე უარის თქმას საკუთარი მაგალითის მოყოლა სჯობს.

კითხვა შეიძლება რადიკალურად შემობრუნდეს და ასე დაისვას: შეგხვედრიათ თუ არა თქვენს მუშაობაში ისეთი ქცევის მაგალითი, როდესაც გამოჩნდა ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა? ამ შეკითხვას შეიძლება მოჰყვეს იგივე პროცედურა, რაც თავდაპირველი შეკითხვის შემთხვევაში იყო გამოყენებული.

დასკვნა

რთულია ადამიანის უფლებათა იმ დარღვევებზე საუბარი, რომლებიც თავად გამოგიცდია. ყელაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს მიუღებელი საქციელია, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში დარღვევები ხდება და ეს სავარჯიშო სწორედ ამას გვახსენებს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიციის მიერ აღმართული ე.წ. „ყრუ კედელი“. პოლიციის თანამშრომლები არ „უშვებენ“ ერთმანეთს. ეს მართლაც სერიოზული დილემაა. რას გააკეთებთ, თუკი დაინახავთ, რომ თქვენი კოლეგა ცუდ საქციელს ჩადის? ვისი ერთგული უნდა იყოთ, კოლეგის თუ იმ საზოგადოებისა, რომელსაც ემსახურებით? კოლეგებისადმი ერთგულება სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან ქუჩის პირობებში მუშაობისას პოლიციელები უპირობოდ უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს. თუმცა ის პოლიციელი, რომელიც მიუღებელ საქციელს შეეგუება, ერთგულებით თავს ვერ გაიმართლებს.

პირველ რიგში ადამიანის უფლებების დარღვევის თავიდან აცილება სჯობს. ამას მხოლოდ პროფესიონალი ხელმძღვანელი გუნდის შექმნის საშუალებით შევძლებთ.

მოსალოდნელი სირთულეები

ზოგიერთმა მონაწილემ შესაძლოა თქვას, რომ მას არასოდეს დაურღვევია ადამიანის უფლებები. ეს ნაკლებად სავარაუდოა, ამიტომ ასეთი განცხადება შეიძლება აღქმული იყოს როგორც მონაწილის უარი სავარჯიშოს შესრულებაზე. ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებელმა სთხოვოს მონაწილეებს, ერთი ასეთი შემთხვევა მაინც გაიხსენონ, უმჯობესია, უარის მიზეზი გაარკვიოს: „ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს გიჭირთ ამ სავარჯიშოს შესრულება, ანდა მიგაჩნიათ, რომ ის დროის ფუჭი ხარჯვაა ან არ არის მნიშვნელოვანი. მართლა ასეა?“

ჯგუფის ზოგიერთი წევრი შესაძლოა შეესწრო ადამიანის უფლებათა დარღვევას, მაგრამ ვერ აღიქვა. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა დარღვევის უფრო „რბილი“ მაგალითები უნდა ჩამოთვალოს და უკეთ განუმარტოს მონაწილეებს, თუ რას ნიშნავს უფლებების დარღვევა. მასწავლებელს შეუძლია შეკითხვის შემდეგნაირი პარაფრაზის დასმა: „რა ტიპის არაეთიკური საქციელი გინახავთ?“

5.14 14. დილემის წინაშე

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

სავარჯიშო ეხმარება მონაწილეებს, გაიაზრონ ის სირთულეები, რომლებიც ყოველდღიურ მუშაობაში ხვდებათ, და იპოვონ მათი გადაჭრის გზები.

როდის ვიხმაროთ ეს ხერხი

სასწავლო კურსის ნებისმიერ ეტაპზე.

პროცედურა

მასწავლებელი ჯგუფს თამაშში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. მონაწილეები ოთხკაციან ჯგუფებად დაიყოფიან. ყოველ ჯგუფს მასწავლებელი უსახავს სიტუაციას, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა დასასრული ჰქონდეს. ჯგუფებმა ცალ-ცალკე უნდა მოძებნონ ყოველი სიტუაციიდან გამოსავალი. ჯგუფის წევრები ა, ბ, გ და დ მონაწილეებად დანაწილდებიან. თუკი ა იწყებს, ბ, გ და დ შეაფასებენ მის მიერ მოფიქრებულ გამოსავალს და ქულებს ანიჭებენ.

ა მთელი ჯგუფის გასაგონად კითხულობს მოცემულ სიტუაციას და წარმოადგენს მისი გადაწყვეტის საკუთარ ხერხს. პროვოკაციული შეკითხვების დასმის საშუალებით ჯგუფი აიძულებს ა-ს, დაიცვას არჩეული ხერხი. რაც უფრო რთულია შეკითხვები, მით უფრო უჭირს ა-ს თავისი პოზიციის დაცვა. სიტუაციებს თან ერთვის შეკითხვების მაგალითები.

სავარჯიშოს ამ ნაწილის დასრულების შემდეგ ბ, გ, და დ მოითათბირებენ და ა-ს მიერ არჩეულ ხერხს მაქსიმუმ 3 ქულას მიანიჭებენ ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან თითოეულის მიხედვით:

ა. ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა

ბ. მოკლევადიანი შედეგი

გ. გრძელვადიანი შედეგი

მაქსიმალური ქულა - სამი - ნიშნავს, რომ არჩეული გზა იდეალურია და ა მონაწილემ მის დასაცავად კარგად დასაბუთებული არგუმენტები წარმოადგინა. ზოგ შემთხვევაში ქულები შეიძლება 0-დან 2-მდე მერყეობდეს. ა-სთვის მინიჭებული ქულები შეჯამდება. შემდეგ შეირჩევა ახალი სიტუაცია და მთელი პროცედურა თავიდან მეორდება, ოღონდ ახლა უკვე ბ მონაწილე იცავს თავს პროვოკაციული შეკითხვებისაგან. რიგრიგობით დგება გ-ს და დ-ს ჯერი. როდესაც ყველა სიტუაციის განხილვა დასრულდება (სამართლიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რომ ჯგუფის თითოეულმა წევრმა თანაბარი რაოდენობის სიტუაციები განიხილოს), ქულები შეჯამდება და გამოვლინდება გამარჯვებული. მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, დაასახელონ, ვინ გაიმარჯვა თითოეულ კატეგორიაში და ცდილობს, წაახალისოს მონაწილეები, შეაფასონ საკუთარი მონაწილეობა და ისაუბრონ თავიანთ დადებით და უარყოფით მხარეებზე.

ყველა ჯგუფი იკრიბება და ცხადდება გამარჯვებული. მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, გამოთქვან თავიანთი აზრი ამ თამაშის შესახებ შემდეგი შეკითხვების დახმარებით: რა ისწავლეს მონაწილეებმა ამ თამაშით? იყო თუ არა სიტუაციები დამაჯერებელი? როგორ შეიძლება მათი გაუმჯობესება? არის თუ არა ეს თამაში ღირებული?

ხანგრძლივობა

თამაშის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი სიტუაცია იქნება განხილული. პირველი სიტუაციის განხილვას უფრო მეტი ხანი დასჭირდება, რადგანაც მონაწილეები თამაშის წესებს უნდა გაეცნონ, თუმცა 15-20 წუთი ნებისმიერი სიტუაციის განხილვისთვის არის საკმარისი.

საჭირო საშუალებები

სიტუაციის ამსახველი მასალა თითოეული ჯგუფისთვის და ფურცლები, რომლებზეც მონაწილეები სიტუაციის გადაჭრის თავ-თავიანთ ვარიანტს დაწერენ.

ალტერნატიული წინადადებები

არ არის აუცილებელი ყველა სიტუაციის განხილვა თავიდანვე, თამაშის პირველად გამოყენებისას; შეიძლება მათი სხვა დროისთვის გადადება. შეკითხვები, რომლებიც სიტუაციას მოსდევს, მხოლოდ რეკომენდაციის სახით არის მოცემული. მონაწილეებს ბევრად უფრო დააინტერესებს საკუთარი შეკითხვების დასმა იმის გასაგებად, თუ რამდენად დაცულია ადამინის უფლებები..

როდესაც მონაწილეები თამაშს შეეჩვევიან, მასწავლებელი სთხოვს მათ, წერილობით აღწერონ სიტუაცია საკუთარი გამოცდილებიდან ან რაიმე მოიგონონ. სიტუაციებს მონაწილეთა ერთი ჯგუფი მეორეს გადასცემს და სთხოვს, მოიფიქროს გამოსავალი (სიტუაციები ჯერ მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს).

თუკი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ თამაშში კონკურენციის ელემენტის შეტანა აბრკოლებს საბოლოო მიზნის მიღწევას, მას შეუძლია უარი თქვას ქულების სისტემაზე.

დასკვნა

ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა ხელს უშლის პოლიციას, ხარისხიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა და ხშირად მუშაობის ხალისსაც უკარგავს, მაგრამ ეს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამართლებად ვერ გამოდგება! გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა დაუცველობამ შესაძლოა პირიქით, გააუარესოს პოლიციის ეფექტიანი მუშაობის ხარისხი. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როდესაც ეჭვმიტანილი იძულებულია, აღიაროს დანაშაული, რათა შეწყდეს მის წინააღმდეგ ძალადობა. თუკი ის მეთოდი, რომლითაც აღიარება იქნა მოპოვებული, სასამართლოზე გამომჟღავნდა, სასამართლო საქმეს არ განიხილავს და შედეგი მიღწეული არ იქნება.

მოსალოდნელი სირთულეები

მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ თამაშში გამარჯვების სურვილმა (კონკურენციის ელემენტის გამო) არ დაჩრდილოს დისკუსია, ანდა საკუთარი ქცევის დაცვის ჟინმა ცხარე კამათი არ გამოიწვიოს. სასურველია იმის განხილვა, თუ რა გავლენა მოახდინა გამარჯვების სურვილმა მონაწილეთა არჩევანზე.

შედარებით გამოუცდელი მონაწილეებით დაკომპლექტებულ ჯგუფებს შესაძლოა გაუჭირდეთ იმის შეფასება, თუ რამდენად ეფექტიანია ესა თუ ის შემოთავაზებული გამოსავალი. მასწავლებელი მზად უნდა იყოს ამისათვის და, საჭიროების შემთხვევაში, რჩევა მისცეს მონაწილეებს.

სიტუაციები

სიტუაცია 1:

ეჭვმიტანილი გარკვეული დროის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება გაუპატიურების საქმესთან დაკავშირებით. ძიება თითქმის დასრულებულია, თუმცა მტიკიცებულებას ერთი უმნიშვნელო დეტალი აკლია. ეჭვმიტანილის წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლამდე მხოლოდ ერთი დღე დარჩა. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ ამ ეჭვმიტანილმა ჩაიდინა დანაშაული. როგორ მოიქცევით?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. ეგებ თვითონ შეგეთხზათ მტკიცებულებისათვის აუცილებელი ყალბი დეტალი?

  2. როგორი იქნება თქვენი შემდეგი ნაბიჯი?

  3. რატომ არ უშვებთ ეჭვმიტანილს და არ ითხოვთ საქმის დახურვას?
    თქვენ ხომ ძალიან ბევრი სხვა საქმე გაქვთ!

სიტუაცია 2:

ქალაქში დიდი დემონსტრაცია იმართება. თქვენ და თქვენს კოლეგებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გევალებათ. თქვენ ამჩნევთ მღელვარებას მცირერიცხოვან ჯგუფში, რაც შესაძლოა უფრო სერიოზულ არეულობაში გადაიზარდოს. რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. რატომ არ გაისროლეთ ჰაერში და არ დააპატიმრეთ ეს ადამიანები?
    აპირებთ, რომ უფროსს შეატყობინოთ ამის შესახებ და მის გადაწყვეტილებას დაელოდოთ?

  2. ხომ შეიძლება, არაფერი გააკეთოთ და უბრალოდ ჩაიაროთ?

სიტუაცია 3:

დიდი ორგანიზაციის დირექტორი მოდის და გეუბნებათ, რომ ერთ-ერთმა მისმა თანამშრომელმა იქურდა. ამ თანამშრომელს იცნობენ, როგორც პროფკავშირების ცნობილ წევრს. პრესის ფურცლებიდან თქვენთვის ცნობილია, რომ ამ თანამშრომლის მიერ კომპანიაში არსებული სოციალური პოლიტიკის კრიტიკა მის დირექტორს უხერხულობას უქმნის. რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. რატომ არ მისდევთ ჩვეულ პროცედურას, ანუ რატომ არ იწყებთ გამოძიებას დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე?

  2. აპირებთ თუ არა, განიხილოთ ეს შემთხვევა თქვენს კოლეგებთან და პოლიციის უფროსთან ერთად?

  3. რატომ არ ეუბნებით დირექტორს, რომ არ გსურთ ითანამშრომლოთ მასთან და გამოიყენოთ თანამშრომლის თავიდან მოშორების მისეული ტაქტიკა?

სიტუაცია 4:

შეიტყვეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი კოლეგა მამაკაცი ზოგჯერ სქესობრივ ძალადობას იჩენს და ქალ კოლეგებს შეურაცხმყოფელი კომენტარებითა და ხუმრობებით მიმართავს. რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. რატომ არაფერს აკეთებთ? განა ეს თქვენი საქმე არ არის?

  2. აპირებთ, დაუწუნოთ საქციელი კოლეგას და შეეკითხოთ, რატომ ჩადის ამას?

  3. რატომ არ ეტყვით უფროსს, რომ გადაწყვეტილება მან მიიღოს?

სიტუაცია 5:

გაუსწარით მანქანას, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებით მიდიოდა. თქვენ ეს მანქანა გააჩერეთ, მძღოლი კი თავის გასამართლებლად ამბობს, რომ ძალიან ეჩქარება, რადგან თვითმფრინავს უნდა მიუსწროს. თქვენ მას ეუბნებით, რომ ჯარიმა უნდა გადაიხადოს. ის 100 დოლარს გთავაზობთ და გთხოვთ,არ შეიმჩნიოთ ეს დარღვევა და მისცეთ საშუალება, მიუსწროს თვითმფრინავს. რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. რატომ თქვით უარი 100 დოლარზე? ამ გზით საშუალებას მისცემდით მძღოლს, არ დაეგვიანა თვითმფრინავზე, ფულს კი გამოიყენებდით. ამას ვერავინ გაიგებდა, რადგან დამრღვევი უცხოელი იყო და ქვეყნიდან მიდიოდა.

  2. ფულს ნუ აიღებდით, მაგრამ საშუალება მიგეცათ მძღოლისთვის, თვითმფრინავისათვის მიესწრო.

  3. რატომ არ უთხარით, რომ ჯარიმას მაინც გამოუწერთ, ქრთამის შემოთავაზებისთვის კი უჩივლებთ?

სიტუაცია 6:

პოლიციის განყოფილებაში მოდის ქალაქის მერი და ითხოვს თავისი სახლის გარშემო გაძლიერებულ დაცვას. სახლში მემკვიდრეობით მიღებული დიდი რაოდენობის უძვირფასესი ნივთია. ოფიციალური მითითებები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. შეგიძლიათ უთხრათ მერს, რომ მისი სახლის გარშემო ისეთივე პატრულირება მოეწყობა, როგორც ჩვეულებრივი მორიგეობის დროს ყველა დანარჩენი სახლის გარშემო?

  2. ეტყვით თუ არა მას, რომ სახლს განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევთ და ამისათვის ორ კაცს გამოყოფთ?

  3. იმისათვის, რომ მერს ასიამოვნოთ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ სახლს კარგად მიხედავთ, სინამდვილეში კი არ გცალიათ, განა ასე არ არის? ის მაინც ვერ გაიგებს, რადგან მიდის!

სიტუაცია 7:

16 წლის ბიჭს უტარებთ დაკითხვას მოხუცი ქალის გაქურდვისთვის. მოხუცს სერიოზული ჭრილობები აქვს მიყენებული. ბიჭი ძალიან ცუდად იქცევა. როდესაც სთხოვთ, რომ შემოგხედოთ, არ გიყურებთ, ბევრს იგინება და ამბობს, პოლიციელები ფაშისტები არიან და მათთან თანამშრომლობა არ მინდაო. ბოლოს ის საუბარზე საერთოდ უარს ამბობს, სკამს მიაბრუნებს და პირს მოკუმავს. რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. ეტყვით, რომ თუკი ნებით არ ითანამშრომლებს, იძულებული იქნებით, მის წინააღმდეგ ნებისმიერი ძალა გამოიყენოთ?

  2. აპირებთ მშობლების ჩართვას ამ საქმეში? ბოლოს და ბოლოს, ბიჭის მოვლა ხომ მათი პასუხისმგებლობაც არის!

  3. რატომ არ გააგრძელებთ დაკითხვას? მას ხომ აქვს დუმილის უფლება?

სიტუაცია 8:

ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს უტარებთ დაკითხვას. ეს ადამიანი აშკარად მიგანიშნებთ, რომ თქვენი ენა არ ესმის. რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. გააგრძელებთ დაკითხვას? თქვენ ხომ დარწმუნებული ხართ, რომ მას თქვენი შესანიშნავად ესმის.

  2. როგორ ეხმიანება თქვენი ეს გადაწყვეტილება ეჭვმიტანილის უფლებებს?

  3. განა არ სჯობს, რომ დაკითხვა იმ კოლეგასთან ერთად გააგრძელოთ, ვისაც ოდნავ მაინც ესმის ეჭვმიტანილის ენა?

სიტუაცია 9:

ორგანიზებულ დანაშაულში ეჭვმიტანილთა საქმის გახსნაზე მუშაობთ; აპირებთ მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვას, მაგრამ მოწმეს სიმართლის თქმის ძალიან ეშინია, ეშინია შესაძლო ანგარიშსწორებისა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია თანახმა ჩვენების მიცემაზე, თუ მისი ჩვენება არ ჩაიწერება. რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. რატომ არ გაუშვით მოწმე? კრიმინალურ ორგანიზაციასთან ხუმრობა ხომ ძალიან საშიშია?

  2. ცდილობთ, დაარწმუნოთ მოწმე იმაში, მის ჩვენებას საქმისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ის კი მაინც უარს ამბობს. რას იზამთ?

  3. სთხოვეთ მოწმეს, მოგცეთ ჩვენება არაოფიციალურად, ჩანაწერების გარეშე. შემდეგ, როდესაც ის წავა, დაწერეთ ოფიციალური ჩვენება. მაინც ვერავინ გაიგებს!

სიტუაცია 10.

თქვენ არ მოგწონთ პოლიცია, რომელშიც მუშაობთ, რადგან ხედავთ, რომ თქვენმა კოლეგებმა და ხელმძღვანელობამ ბევრი შეცდომა დაუშვეს და ბევრი სერიოზული საქმე მიჩქმალეს. რა გასაკვირია, რომ საზოგადოების ნდობა პოლიციის მიმართ ასე დაბალია! რას იზამთ?

შეკითხვები, რომლებსაც ჯგუფის წევრები დასვამენ:

  1. გაწევრიანდით პროფკავშირში და იბრძოლეთ სიტუაციის გამოსასწორებლად. თქვენ ხომ თვითონ შეგიძლიათ პროფკავშირის შექმნა.

  2. აპირებთ საკითხის იმ სამინისტროში დასმას, რომელიც პოლიციას კურირებს?

  3. სხვა სამსახურის შოვნას ხომ არ აპირებთ?

5.15 15. პრესკონფერენცია

▲ზევით დაბრუნება


მიზანი

ამ ხერხის მიზანია, აგრძნობინოს მონაწილეებს, თუ რას ნიშნავს ანგარიშვალდებულება, განუვითაროს მათ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების გრძნობა და გულახდილობა.

როდის გამოვიყენოთ ეს ხერხი

ამ ხერხის გამოყენება შეიძლება სასწავლო კურსის მეორე ნაწილში, შესაძლოა კურსის ბოლოსაც.

პროცედურა

მონაწილეები ხუთი ადამიანისაგან შემდგარ მცირერიცხოვან ჯგუფებად იყოფიან. ყოველი ჯგუფი ნიშნავს პოლიციის უფროსს, სხვები კი მისი მრჩევლების როლში გამოდიან. ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით პოლიციის უფროსმა უნდა მოამზადოს განცხადება პრესკონფერენციისათვის, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიით გაშუქდება. საქმე შეეხება პოლიციის თანამშრომლის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევას. პოლიციის უფროსს მხოლოდ ხუთი წუთი აქვს განცხადებისათვის. ამის შემდეგ ჟურნალისტები მას შეკითხვებს დაუსვამენ.

ეს საქმე პრესამ უკვე გააშუქა. პოლიციის უფროსს უნდა, აუხსნას საზოგადოებას, რა ზომების მიღებას აპირებს პოლიცია, რათა ამგვარი ფაქტი აღარ განმეორდეს. როლების გათამაშების საშუალებით ყოველი ჯგუფი ამზადებს თავის „უფროსს“ პრესკონფერენციისათვის (ამისათვის 20 წუთი უნდა გამოიყოს). შემდეგ ყველა ჯგუფი ერთიანდება და მათ მიერ მომზადებული „პოლიციის უფროსები“ რიგრიგობით ატარებენ მინი-პრესკონფერენციებს. ყოველი მათგანი პრესისათვის ხუთწუთიან განცხადებას აკეთებს. მონაწილეები პრესის როლს თამაშობენ და პოლიციის უფროსს გამოსაცდელ კითხვებს უსვამენ. მათი მიზანია, გამოავლინონ პრესისათვის გაკეთებული განცხადებების სუსტი მხარეები (დაახლოებით 10 წუთი). ჟურნალისტების შეკითხვებისათვის გამოყოფილი დროის განმავლობაში პოლიციის უფროსების ჯგუფის დანარჩენ წევრებს უფლება აქვთ, რჩევები მისცენ გამომსვლელებს. მათ შეუძლიათ ჩაიწერონ ნებისმიერი საკითხი და მოგვიანებით განიხილონ იგი.

სიტუაციები, რომლებზეც ჯგუფები მუშაობენ, განსხვავებულია. ქვემოთ ჩამოვთვლით რამდენიმე მათგანს:

) წინასწარი დაკავებისას ეჭვმიტანილის მიმართ სერიოზული ძალადობა იყო ჩადენილი. ეჭვმიტანილი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მაგრამ ის მაინც სცემეს, მუცლის არეში ჩაარტყეს და მის ოჯახს დაემუქრნენ. საქმეში სამი პოლიციელი მონაწილეობდა. ეჭვმიტანილს მკურნალობა დასჭირდა. ეს დარღვევები მხოლოდ დამოუკიდებელი ინსპექციის ვიზიტისას გამოვლინდა. პოლიციის უფროსს სთხოვენ, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ამ ფაქტისადმი და თქვას, თუ რა ზომებს მიიღებს მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

) ოჯახში ძალადობა ძალზე აქტუალურ საკითხად იქცა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ყურადღებას უთმობენ ამ პრობლემას. ოჯახში ძალადობის რამდენიმე სერიოზულ შემთხვევას მათ პრესის ყურადღებაც მიაპყრეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახლახანს მომხდარ ერთ-ერთ ინციდენტზე პოლიციამ სათანადო რეაგირება არ მოახდინა. მათ აღნიშნეს, რომ ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, ოჯახში ძალადობა ოჯახის შიდა საკითხია და პოლიციას ურჩევნია, არ ჩაერიოს. ამას არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან და პოლიციის უფროსისაგან პრესკონფერენციის გამართვას ითხოვენ.

) ქალაქში არეულობაა, დემონსტრანტები მაღალ ხელფასებს და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ. გუშინ, კიდევ ერთი მასობრივი დემონსტრაციის დროს, პოლიციას წესრიგის დამყარება დაევალა. პოლიციამ წესრიგი დაამყარა, მაგრამ ძალადობის გზით, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 50 სერიოზულად დაშავდა. დღეს პოლიციის უფროსმა მოიწვია პრესკონფერენცია, სადაც საზოგადოებას უნდა ამცნოს, როგორ ჩატარდება საქმის გამოძიება და რა ზომებს მიმართავს ის მომავალში ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

) გუშინ ეჭვმიტანილის დაკავებისას გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლითაც შემთხვევით მოკლული იქნა იქვე მდგომი უდანაშაულო ადამიანი. პოლიციის უფროსს პასუხს სთხოვენ ამ საშინელი ტრაგედიისათვის; მან უნდა განუმარტოს საზოგადოებას, თუ რა ზომების მიღებას აპირებს ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

ყოველი პრესკონფერენციის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მონაწილეებს, აზრი გამოთქვან შემდეგ შეკითხვებთან დაკავშირებით:

  • აიღო თუ არა პოლიციის უფროსმა მთელი პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე?

  • შეიძლება, რომ ამ შემთხვევის გამო პასუხისმგებლობა მას დაეკისროს?

  • რას ფიქრობს პრესა იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც პოლიციის უფროსმა წარმოადგინა?

  • სხვა რა ზომების მიღება შეიძლება?

  • რამდენად რეალურია ეს შემთხვევა?

ყოველი პრესკონფერენციის შედეგების შესაფასებლად ჯგუფს 15 წუთი უნდა მივცეთ. მონაწილეების უნდა ავუხსნათ, რომ ხდება არა მათი მონაწილეობის შეფასება, არამედ სავარჯიშოსი.

ხანგრძლივობა

პრესკონფერენციისათვის მომზადება ყველა ჯგუფს ერთდროულად შეუძლია. ყოველ მინი-პრესკონფერენციას 15 წუთი სჭირდება, 15 წუთი დაგჭირდებათ სავარჯიშოს შესაფასებლადაც. სავარჯიშოს მთლიანი ხანგრძლივობა ჯგუფების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

საჭირო საშუალებები

საჭიროა ადგილი, სადაც ჯგუფები თავიანთი პრესკონფერენციებისათვის მოემზადებიან. მათ შესაძლოა სადემონსტრაციო ფურცელი ან დაფა დასჭირდეთ.

ალტერნატიული წინადადებები

თუ ვიდეოკამერა გაქვთ, შეიძლება მინი-პრესკონფერენციის ჩაწერა, რათა შემდგომში მონაწილეებმა ნახონ და შეაფასონ საკუთარი თავი.

ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები მხოლოდ რჩევის სახით არის მოცემული. მასწავლებელმა შესაძლოა უფრო შესაფერისი სიტუაციები შეარჩიოს, რაც ბევრად უკეთეს შედეგს გამოიღებს. სიტუაციები შეიძლება იყოს გამოგონილი ან რეალური, ანუ ის, რაც პრესაში გამოქვეყნდა. თავიანთი სიტუაციების წარმოდგენა მონაწილეებსაც შეუძლიათ.

დასკვნა

დაშვებულ შეცდომაზე ვიღაცამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ყველა დიდ ორგანიზაციაში (პოლიცია კი სწორედ ასეთი ორგანიზაციაა) ხელმძღვანელი მხოლოდ იმისთვის კი არ ინიშნება, რომ ორგანიზაციას უხელმძღვანელოს, არამედ იმისთვისაც, რომ პასუხი აგოს ხელქვეითების ქმედებაზე, გააანალიზოს იგი და მიიღოს ზომები დარღვევების თავიდან ასაცილებლად.

მიუხედავად იმისა, რომ პრესის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ხშირად ძალზე გამაღიზიანებელია, პოლიციაში აუცილებლად უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობა.

პოლიცია ემსახურება საზოგადოებას, ამ უკანასკნელს კი უფლება აქვს, შეაფასოს მისი მოღვაწეობა და მოითხოვოს ახსნა-განმარტება მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია. გამჭვირვალობას ხომ მეტი ურთიერთგაგებისა და ნდობისაკენ მივყავართ.

მოსალოდნელი სირთულეები

ამ შემთხვევაში სირთულეები არ არის მოსალოდნელი.

6 დანართი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic