![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
რა არის ოკუპაციური თერაპია? რას წარმოადგენს იგი? იმისათვის, რომ გავიგოთ ეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ ამ სიტყვის - „ოკუპაცია“ - მნიშვნელობა. ტერმინს - „ოკუპაცია“ - რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთი განმარტების მიხედვით, იგი საქმიანობას ნიშნავს. თერაპიაში სიტყვა „ოკუპაცია“ სწორედ ამ მნიშვნელობით გამოიყენება. ოკუპაციური თერაპიის მიხედვით, ეს ტერმინი გულისხმობს ადამიანის მიერ დროის მიზანმიმართულ გამოყენებას მისი ინტერესებისა და ღირებულებების გათვალისწინებით.
ოკუპაცია ეს ისეთი საქმიანობაა, რომელიც მიზანმიმართულია და ღირებული პიროვნებისათვის ან საზოგადოებისათვის. ოკუპაცია - ეს არის აქტივობა, რომელშიც ადამიანი ჩართულია მისი დროის უმეტესი ნაწილის განმავლობაში. ეს აქტივობებია: მუშაობა, დასვენება, თამაში და ყოველდღიური ცხოვრებისეული ჩვევები. თითოეული ეს აქტივობა ინდივიდის მიერ წარიმართება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი უნიკალური გზებით, რომელიც ეფუძნება მის გამოცდილებას, ინტერესებს, ღირებულებებს, ჩვევებს, რომელსაც ადამიანი იძენს დაბადებიდან, გარემოსთან მუდმივი ურთიერთობის პროცესში.
თუ დავაჯგუფებთ იმ საქმიანობებს, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ჩართულია, მივიღებთ 3 ძირითად კატეგორიას:
საკუთარი თავის მომსახურება (ჩაცმა, ბანაობა, მგზავრობა);
პროდუქტიული საქმიანობა (სწავლა, მუშაობა, სახლის დალაგება);
დასვენება (აქტიური და პასიური ფორმები; ჰობი, სეირნობა, კითხვა).
ოკუპაციური თერაპევტი ცდილობს ხელი შეუწყოს ადამიანს, რათა მან თავისი მიზანმიმართული საქმიანობა წარმატებულად და დამოუკიდებლად განახორციელოს.
ოკუპაციური თერაპია წარმოადგენს მედიცინის, სოციალური მეცნიერებებისა და რეაბილიტაციის კომბინაციას. იგი ეფუძნება ადამიანისადმი ჰუმანისტურ მიდგომას და თითოეულ პიროვნებას განიხილავს ინდივიდუალურ და უნკალურ ჭრილში.
ოკუპაციური თერაპიის განსაზღვრება, რომელიც მიღებულია ევროპის ქვეყნების ოკუპაციურ თერაპევტთა საბჭოს (COTEC) მიერ ასეთია: „ოკუპაციური თერაპია წარმოადგენს ფიზიკურად და გონებრივად უნარშეზღუდულ ადამიანთა მკურნალობას სპეციფიკურად შერჩეული აქტივობების საშუალებით. დარგის მიზანია, ხელი შეუწყოს პიროვნებას, რათა მან მიაღწიოს ფუნქციონირების მაქსიმალურ დონეს და დამოუკიდებლობას ცხოვრების ყველა სფეროში“.
მსოფლიო ოკუპაციურ თერაპევტთა მიხედვით - „ოკუპაციური თერაპია არის პროფესია, რომელიც ეხება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ოკუპაციის გზით. ოკუპაციური თერაპიის ძირითადი მიზანია, საშუალება მიეცეს ადამიანებს, მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ საქმიანობებში“.
ოკუპაციური თერაპევტები ამ შედეგს იმით აღწევენ, რომ საშუალებას აძლევენ ადამიანებს, შეასრულონ ისეთი საქმიანობა, რომელიც გაზრდის მათი მონაწილეობის უნარს, ან იმით, რომ ცვლიან გარემოს უკეთესი თანამონაწილობის მიღწევისათვის“ (WFPT, 2004).
ოკუპაციური თერაპია განიხილავს ჯანმრთელობას, როგორც დინამიურ და მრავალგანზომილებიან ფენომენს, რომელიც მოიცავს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ემოციურ, სოციალურ, ეროვნულ და კულტურულ ასპექტებს.
მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციური თერაპია აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხარისხს, იყენებს რა მიზანმიმართულ საქმიანობებს - იგი ეყრდნობა ადამიანზე ორიენტირებულ ანუ ე.წ. კლიენტზე ცენტრირებულ მიდგომას, რაც იმას გულისხმობს, რომ კლიენტი (ადამიანი, ინდივიდი, პიროვნება) აქტიურ მონაწილეობას ღებულობს თერაპიულ პროცესში. ოკუპაციის თერაპია გულისხმობს, რომ ადამიანი უნიკალურია და მას გააჩნია შესაძლებლობები, იყოს მოტივირებული, აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
კლიენტს არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება /უფლება აქვს, რის შედეგადაც მიიღწევა ოკუპაციური თერაპიის უპირველესი მიზანი - ადამიანი პოულობს მისთვის მნიშვნელოვან, ცხოვრებისეული საზრისის მატარებელ, საქმიანობას (ოკუპაციას). ამით იგი ერთგვარად აღმოაჩენს თავის თავის შესაძლებლობებს, ხდება ფუნქციური. სწორად შერჩეული ოკუპაცია ხელს უწყობს ადაპტაციის პროცესებსა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას უნარშეზღუდულობისას.
ოკუპაციური თერაპია ეს არის სისტემატიური ურთიერთობა ადამიანსა და მის ოკუპაციას (საქმიანობას) შორის. ოკუპაცია - ეს არის ადამიანის მიერ დროის მიზანმიმართული გამოყენება მისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა აქტივობებისათვის.
ოკუპაციის კომპონენტებია: სხეული/ფსიქიკა, დრო/სივრცე და სოციუმი/გარემო. კონკრეტული ამოცანის შესრულებისას ეს კომპონენტები მუდმივად ზემოქმედებენ ერთმანეთზე ანუ მუდმივ ინტერაქციაში (ურთიერთობაში, ურთიერთქმედებაში) არიან ერთმანეთთან.
ოკუპაციური თერაპიის ფუნქციაში შედის ამ ელემენტებს შორის ურთიერთობის შეცვლა, რაც ყველა ან რომელიმე ელემენტის ადაპტაციის, მორგების გზით ხორციელდება.
როგორია ეს ინტერაქცია: როდესაც პიროვნება საქმიანობს, ანუ როდესაც იგი ჩართულია ოკუპაციაში, პარალელურად მისი გონება და სხეულიც ჩართულია ამაში - გონება ჩართულია და სხეული კი ასრულებს გარკვეულ დავალებას. ადამიანი ყოველთვის შედის ინტერაქციაში (ურთიერთქმედებაში) გარემოსთან, ამგვარად ერგება გარემოს. აქედან გამომდინარე, „საკმარისი ადაპტაცია“ ნიშნავს, როცა პიროვნების ოკუპაცია (საქმიანობა) და მისი გარემო დაბალანსებულ ურთიერთობაშია ერთმანეთთან.
ოკუპაციური თერაპია წარმოადგენს ფიზიკურად, გონებრივად თუ სოციალურად უნარშეზღუდული ადამიანების მკურნალობის/ინტერვენციის მეთოდს, რომლის მიზანიცაა - ამ ადამიანებმა საკუთარი რესურსების გამოყენებით მიაღწიონ დამოუკიდებლობის მაქსიმალურ დონეს.
თუ მედიცინის ამოცანაა დაავადების მკურნალობა, ოკუპაციური თერაპიის ამოცანაა - პროფილაქტიკა (პრევენცია) ანუ იმ უნარზე შეზღუდულობის ხარისხის შემცირება, რომელიც თავად დაავადებისაგან მომდინარეობს.
ოკუპაციური თერაპია ეხმარება ადამიანს აღადგინოს, განავითაროს, და შეიძინოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია დამოუკიდებლად ფუნქციონირების, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის.
ოკუპაციური თერაპიის ფუნქცია ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ გაზარდოს კარგად ყოფნის ხარისხი და აღადგინოს პიროვნების ჯანმრთელობის დონე, ხოლო ამისათვის იგი მიზანდასახულ, წინასწარ განსაზღვრულ ოკუპაციას (საქმიანობას) იყენებს. აღსანიშნავია, რომ ინდივიდის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მის ყოველდღიურ გამოცდილებაზე, რომელიც მას სოციუმთან მიმართებაში აქვს გამომუშავებული (Kilhofner, 1997).
ოკუპაციური თერაპია საშუალებას აძლევს ადამიანს, ისწავლოს და მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ფიზიკური, ემოციური, კოგნიტური, სოციალური და ფუნქციონალური პოტენციალი.
ოკუპაციური თერაპია იყენებს ყოველდღიურ აქტივობებს, რათა დაეხმაროს ადამიანებს დამოუკიდებლობის მიღწევაში. ფიზიკურად უნარშეზღუდული ადამიანისათვის მნიშვნელოვანია, მას თვითონ შეეძლოს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება - ჩაცმა, დავარცხნა, დაბანა, ჭამა. როდესაც ეს ჩვევები დაიხვეწება, ოკუპაციური თერაპიული პროგრამა იწყებს მუშაობას პიროვნების საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულების უნარებზე - მაგ., სწავლა, ოჯახის და სახლის მოვლა, სამუშაოს მოძებნა და დასაქმება.
ფსიქიკური და ემოციური პრობლემების მკურნალობას, ოკუპაციური თერაპიული პროგრამა ხშირად მოიცავს: დროის სწორად დაგეგმვაში მონაწილეობას, პროდუქტულ მუშაობას სხვებთან ერთად, თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების სწავლას და ა.შ.
ოკუპაციური თერაპევტი ეძებს გონებრივად, ფიზიკურად უნარშეზღუდული თუ სოციალურად არაადაპტირებული პირებისათვის აქტივობებში ჩაბმის გზებს, რათა ისინი მონაწილენი, პარტნიორები გახდნენ თავიანთი ყოველდღიური უნარჩვევების გაუმჯობესების პროცესში - ფიზიკური, ფიზიოლოგიური და გარემოს ფაქტორების გათვალისწინებით. ეს ეხმარება ინდივიდებს იმოქმედონ თავიანთ გარემოზე და გააუმჯობესონ საკუთარი ჯანმრთელობა და შესაძლებლობები.
ოკუპაციური თერაპიის მთავარი მიზანია სამი ელემენტის - პიროვნების, გარემოსა და ოკუპაციის - ურთიერთმორგება. უნარშეზღუდული პიროვნება, რომელსაც სპეციფიკური, განსხვავებული უნარები გააჩნია, საჭიროებს ჩვენს მიერ ისეთი საქმიანობის (ოკუპაციის) შეთავაზებას, რომელიც შესრულებადი იქნება მისთვის, ხოლო ამ საქმიანობის ხელშემწყობი უნდა იყოს ის გარემოც, სადაც ხორციელდება, ანუ უნდა მოხდეს გარემოს მორგება პიროვნებისა და მისი საქმიანობისათვის. ოკუპაციური თერაპიის პროცესი შეიძლება იყოს ეფექტური მხოლოდ ამ სამივე ელემენტის მორგების შემთხვევაში.
ოკუპაციური თერაპია მთელ რიგ ფაზებს მოიცავს, ძირითადად შემდეგ საფეხურს:
ნახაზი 1. ოკუპაციური თერაპიის პროცესი. J. Creek, 2002. Occupational Therapy and Mental Health
შესაძლებელია ზემოთმოცემული ზოგადი სქემის უფრო დეტალური ანალიზი. ამ მიზნით უფრო ღრმად განვიხილოთ პროცესის შემადგენელი ორი უმნიშვნელოვანესი საფეხური - შეფასება და ინტერვენცია.
შეფასების პროცესი მთლიანად უკავშირდება თერაპიულ პროცესს. შეფასება მიმართულია კლიენტის პრობლემის დადგენაზე და აგრეთვე, იმ მიზნების იდენტიფიკაციაზე, რომელთა მისაღწევად უნდა წარიმართოს მუშაობა ინტერვენციის დროს. ოკუპაციური თერაპიის პირველი ნაბიჯი კლიენტის შესახებ დეტალური მონაცემების შეგროვება და მათი ოგრანიზებაა. შეფასება ოკუპაციური თერაპიის პროგრამის უწყვეტი ნაწილია, რომელიც მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ სრულდება. შეფასების პროცესი მიზნად ისახავს ეფექტური ინტერვენციის შემუშავებას და დაგეგმვას.
ინტერვენცია დეტალური შეფასებისა და მოქმედების გეგმის შედგენის შემდგომი საფეხურია. ინტერვენციის ძირითადი ელემენტებია: კლიენტი, თერაპევტი, აქტივობა და გარემო.
კლიენტის აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა პროცესში და არა მომსახურების პასიური მიღება არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელსაც მოაქვს ცვლილებები თერაპიაში. ურთიერთობების ხარისხი თერაპევტსა და კლიენტს შორის განსაზღვრავს კლიენტის მოტივაციას, პროცესში ჩართულობას და თანამშრომლობას.
აქტივობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ოკუპაციურ თერაპიაში, რომელსაც უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა და ღირებულება კლიენტისათვის. აქტივობის არჩევაში გადამწყვეტია შემდეგი 3 ფაქტორი: კლიენტის მიზნები, აქტივობის ხასიათი, თვისობრიობა და კლიენტის მოტივაცია. აქტივობის გაგებისა და ანალიზის უნარი ეხმარება თერაპევტს, შეარჩიოს ისინი კლიენტის საჭიროებების მიხედვთ.
შეუძლებელია ადამიანი განვიხილოთ გარემოსაგან იზოლირებულად. ინტერვენციის კონტექსტს აქვს უდიდესი გავლენა როგორც მუშაობის პროცესზე, ისე შედეგზე.
განვიხილოთ შეფასების (ნახ.1.1) და ინტერვენციის/მკურნალობის პროცესები (ნახ.1.2) სქემის სახთ:
![]() |
2 თეორიული მიდგომები და მუშაობის სტრატეგიები ოკუპაციურ თერაპიაში |
▲ზევით დაბრუნება |
ნახაზი 1.1 შეფასების პროცესი J. Creek, 2002. Occupational Therapy and Mental Health
ნახაზი 1.2 თერაპიის დაგეგმვის პროცესი J. Creek, 2002. Occupational Therapy and Mental Health
ოკუპაციური თერაპია იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს და თეორიულ მიდგომებს თერაპიული მიზნებისა და პიროვნების საჭროებების შესაბამისად. ესენია: განვითარების, ადაპტაციის, რეაბილიტაციის და განათლების სტრატეგიები:
განვითარება - გულისხმობს პოტენციური ფსიქო-მოტორული შესაძლებლობების განვითარებას და ახალი უნარების შეძენას. განვითარება დამოკიდებულია ნერვული სისტემისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის ინტეგრაციაზე, აგრეთვე, ამ სისტემების უნარზე, იმუშაონ ერთად და აწარმოონ მიზანმიმართული და კოორდინირებუმლი ქმედებები. ეს ინტერაქცია შემდგომში ცვლილებას განიცდის გარემოდან წამოსული უკუკავშირისა და მის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების წყალობით. უნარების კომპონენტები უმჯობესდება პრაქტიკაში და ინტეგრირდება დახვეწილ ქმედებაში. ინდივიდს შეუძლია ქმედება განახორციელოს მხოლოდ თავისი განვითარების დონის შესაბამისად. შეუძლებელია მოხდეს უფრო წინწასული უნარების განვითარება მანამ, სანამ არ მოხდება არსებული ძირეული უნარების სრულფასოვნად დაუფლება და მათი ქცევით რეპერტუარში გაერთიანება. შეუძლებელია განვითარების საფეხურებზე გადახტომა ან მათი გამოტოვება. ოკუპაციური თერაპია საშუალებას აძლევს კლიენტს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური პოტენციალი.
ადაპტაცია - გულისხმობს მნიშვნლოვანი ცვლილების განხორციელებას, რომელიც საშუალებას მისცემს პიროვნებას, უპასუხოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს და მოერგოს საჭიროებებს; აგრეთვე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და გაზარდოს კარგად ყოფნის ხარისხი.
ადაპტაცია მოიცავს შემდეგ ოთხ ძირითად სფეროს:
პიროვნების ადაპტაცია - გულისხმობს ფიზიოლოგიურ, პერცეპტულ და კოგნიტურ პასუხებს გარემოს მიმართ;
უნარ-ჩვევების, როლებისა და ოკუპაციების ადაპტირებული შეძენის ძესაძლებლობას;
ოკუპაციის ადაპტაციას, რათა მოხდეს ქმედების ხელშეწყობა;
გარემოს ადაპტაციას, რაც ნიშნავს პიროვნებისათვის მისაწვდომი პირობების შექმნას და ქმედების ფასილიტაციას (ხელშეწყობას).
რეაბილიტაცია - ეს არის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ჯგუფის მიერ განხორციელებული ინტერვენცია, რომელიც იწვევს ცვლილებებს და ეხმარება პიროვნებას, ავადმყოფობისა თუ დაზიანების შემდეგ, ფუნქციის აღდგენაში და ფუნქციონალური დამოუკიდებლობის მოპოვებაში.
რეაბილიტაცია იწვევს ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური ან ნევროლოგიური პროცესების ცვლილებას, განაპირობებს უნარ-ჩვევებისა და ქცევის გავარჯიშებას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით: ,,ჯანმრთელობა არის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კარგად ყოფნის სრული მდგომარეობა და არა მხოლოდ დაავადების ან რაიმე ტიპის პათოლოგიის არარსებობა (WHO, 1948)”.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (Hagedorn, 2001) ასხვავებს: სამედიცინო, სოციალურ და დასაქმებით რეაბილიტაციას.
სამედიცინო რეაბილიტაცია - სამედიცინო ზრუნვის პროცესი მიზნად ისახავს ინდივიდის ფუნქციონალური, ფსიქოლოგიური შესაძლებლობების და, აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპენსატორული მექანიზმების განვითარებას, რაც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, მიაღწიოს თვითდამოკიდებულებას (იყოს დამოკიდებული მხოლოდ საკუთარ თავზე) და წარმართოს აქტიური ცხოვრების სტილი/წესი.
სოციალური რეაბილიტაცია - რეაბილიტაციის პროცესის ეს ნაწილი გულისხმობს უნარშეზღუდული პიროვნების ინტეგრაციას ან რეინტეგრაციას საზოგადოებასთან, რითაც ეხმარება მას, მოერგოს ოჯახის, საზოგადოებისა და ოკუპაციის მოთხოვნებს. აგრეთვე, ამცირებს ნებისმიერ ეკონომიკურ თუ სოციალურ ხელის შემშლელ ფაქტორებს, ბარიერებს, რამაც, შესაძლოა, დააბრკოლოს რეაბილიტაციის პროცესი.
დასაქმებითი-პროფესიული რეაბილიტაცია - ნიშნავს ისეთ მომსახურებით უზრუნველყოფას, როგორიცაა: პროფესიული ტრეინინგები და შერჩევითი განთავსება. ასეთი ტიპის რეაბილიტაციის მიზანია, უნარშეზღუდული ადამიანების უზრუნველყოფა შესაბამისი სამუშაოთი და შემდგომში მათთვის ამ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) განმარტებით, რეაბილიტაცია ინტერდისციპლინურ პროცესს გულისხმობს, რომელშიც გუნდის წევრები ერთად უზრუნველყოფენ კლიენტს იმ უნარებითა და მეთოდებით, რომელიც მისი საჭიროების შესაბამისია. გუნდი, კლიენტის ჩათვლით, მოქმედებს მჭიდრო თანამშრომლობის პრინციპით, რათა ერთობლივდ, შეთანხმებულად მიაღწიოს რეაბილიტაციის მიზნებს. ჩვეულებრივ, გუნდი მუშაობს სამედიცინო დირექციის ზედამხედველობის ქვეშ.
რეაბილიტაციის ძირითადი მიზნები:
პიროვნებამ მიაღწიოს დამოუკიდებლობას მუშაობისა და თვით-მოვლის სფეროებში;
პიროვნების ფუნქციონალური უნარების აღდგენა, რომელიც წარსულში მიღწეულ დონეს ან მასთან მაქსიმალურად მიახლოებულ დონეს გულისხმობს;
შენარჩუნებული და დაუზიანებელი პოტენციების გაზრდა და მათი შენარჩუნება;
რეზიდუალური (ნარჩენი) უნარშეზღუდულობის კომპენსირება, დამხმარე საშუალებების, სპეციალური მოწყობილობების, ორთეზების, გარემოსთან ადაპტაციის გამოყენებით.
განათლება - გულისხმობს ისეთი დასწავლის პროცესს, რომელიც იწვევს ცვლილებებს. ამ დროს ხდება იმ ცოდნის, უნარ-ჩვევების, დამოუკიდებლობების და ფასეულობების შეძენა, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებითი ელემენტებია.
ოკუპაციური თერაპევტები ხშირად არიან დაკავებულები სწავლებით, თუმცა ისინი არ არიან მასწავლებლები და და კვლავ რჩებიან თერაპევტებად. ოკუპაციური თერაპევტის ფუნქცია შესაძლოა იყოს: კოლეგების და სხვა პროფესიონალების განათლება, ზოგადად საზოგადოების განათლება, სპეციფიკური უნარების სწავლება, სტუდენტების განათლება და ხელმძღვანელობა. თითოეული ეს სფერო განუყოფელი ნაწილია ოკუპაციური თერაპიისა.
ოკუპაციური თერაპევტი იყენებს შემდეგ სასწავლო მიდგომებსა და ტექნიკას:
ფიზიოლოგიური - ბიო-უკუკავშირი, მოტორული და პერცეპტულ-მოტორული უნარების გავარჯიშება.
ბიჰევიორალური - ქცევითი ცვლილება, შეცდომების გარეშე დასწავლა, ქცევის გავარჯიშება.
კოგნიტურ - პერცეპტული - მეხსიერებისა და პერცეპციის გავარჯიშება.
კოგნიტურ- ბიჰევიორალური - კოგნიტური რესტრუქტურირება, შფოთვის მენეჯმენტი, ასერტიულობის ტრეინინგი.
სოციალური - სოციალური მოდელირება, როლური თამაშები, სოციალური უნარების ტრეინინგი.
ჰუმანისტური - სტუდენტზე ცენტრირებული სწავლება, ექსპერიმენტული სწავლება (R. Hagedorn, 2001).
ოკუპაციური თერაპევტი ზოგადად შეიძლება იყოს კლინიცისტი, მრჩეველი, განმანათლებელი და დამხმარე (ეხმარება როგორც თვით კლიენტს, ისე მის მომვლელს).
ოკუპაციური თერაპევტი, როგორც კლინიცისტი, ხელს უწყობს იმ უნარების დასწავლას, რომელიც აუცილებელია ადაპტაციისა და პროდუქტიულობისათვის. თერაპევტი აგრეთვე ანვითარებს, აღადგენს და განამტკიცებს ფუნქციონალურ შესაძლებლობებს. იგი ეხმარება კლიენტს, შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და კარგად ყოფნის ხარისხი.
კლიენტების უმეტესობას არასოდეს ჰქონია შესაძლებლობა, შეეძინა ის ძირითადი, ელემენტარული, ბაზისური უნარ-ჩვევები, რომელზედაც შემდგომ დააშენებდა დანარჩენ, უფრო რთულ და კომპლექსურ უნარებს.
ქცევითი დარღვევების მქონე კლიენტები მნიშვნელოვნად შეზღუდულები არიან ამ ქცევებითვე. გარემოსთან ინტერაქციისა და სხვა ადამიანებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ოკუპაციური თერაპევტის ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ, დასწავლის თეორიის ტექნიკის გამოყენებით, დაასწავლოს კლიენტს ახალი უნარები და დაეხმაროს მას შეცვალოს ის ქცევა, რომელიც არაა შესაბამისი ან ზიანის მომტანია როგორც კლიენტის პიროვნებისათვის, ასევე სხვებისათვის.
შეზღუდული უნარების მქონე ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს უნარ-შესაძლებლობების მთელი სპექტრი, რომელიც მას რეალურად არასოდეს გამოუვლენია და გამოუყენებია, ე.ი. ზოგად განვითარებასთან და ზრდასთან ერთად, არ მომხდარა აქტივობების განვითარება და მათი რეალურ ქცევაში გადატანა ანუ გამოცდილების შეძენა. ოკუპაციური თერაპიის ინტერვენციის (ჩარევის) მიზანიც სწორედ ამ გამოცდილებითი ცოდნისა და უნარ-შესაძლებლობლებებზე დაფუძნებული ცოდნის გაერთიანებაა.
,,ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია პოტენციალი, მოახდინოს ინტეგრირებული ფუნქციონირება, იყოს ინტეგრირებული სხვა ადამიანებთან განსხვავებულ გარემოში. ჩვენ გვჯერა, რომ სრული სოციალური თანამონაწილეობა არის ოკუპაციური ქმედების მიზანი (Law et al, 2002, Kielhofnen, 1997).
ოკუპაციური თერაპია
გამოცდილებით ......................................................უნარებზე დაფუძნებული
სწავლება ....................................................................სწავლება
ოკუპაციური თერაპევტი მუშაობს შემდეგ საკითხებზე:
კომუნიკაცია
მოძრაობა და პოზირება
აქტივობის ამორჩევა, ანალიზი და დახარისხება (დაჯგუფება)
შეფასება
სწავლება
ჩართვა
თანამონაწილეობა
მუშაობა გუნდის სხვა წევრებთან და მომუშავე პერსონალთან
ოკუპაციური თერაპია მუშაობს ყველა ასაკის ადამიანთან, რომელსაც ტრავმის, დაავადების, ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხების ან სოციალურად არახელსაყრელი პირობების გამო, სჭირდება სპეციალური მხარდაჭერა. მაგალითად, ბავშვებში იგი აანალიზებს ბავშვის ფუნქციებსა და აქტივობებს, რომელსაც ბავშვი ახორციელებს განსხვავებულ გარემოებებში. ამის შედეგად ოკუპაციური თერაპევტი ადგენს ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებს ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახდენს ბავშვის ძლიერი და სისტი მხარეების იდენტიფიკაციას, რათა ინტერვენციის (ჩარევის) პროცესში, ძლიერ მხარეებზე, რესურსებზე და შესაძლებლობებზე დაყრდნობით, მოხდეს შეზღუდულობის დაძლევა. ოკუმპაციური თერაპია ავითარებს აქტივობების საფუძვლად არსებულ კომპონენტებს, რაც ხელს უწყობს შემდგომში ბავშვის ადაპტაციას და ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ბავშვმა შეიძინოს სასურველი და მოსალოდნელი სოციალური როლები და მოხდეს მისი სოციუმში ინტეგრაცია (ჩართვა) (ბაღში) თანატოლებთან თამაში, სკოლაში სიარული და ა.შ.).
გარდა ამისა, ოკუპაციური თერაპია ეხმარება პაციენტს, აიცილოს ის სტრესული მდგომარეობები, რომელიც თან ახლავს ქრონიკულად მიმდინარე დაავადებებს. ამავე დროს, იგი ეხმარება იმ ადამიანების დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარის გაზრდას, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ მოვლას. აქედან გამომდინარე, ოკუპაციური თერაპია ამცირებს მკურნალობისა და მოვლისათვის აუცილებელ ხარჯებს და აუჯობესებს პაციენტისა და მისი ოჯახის ცხოვრების დონეს. სწორედ ამიტომ ენიჭება მას ბევრ ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში.
ოკუპაციური თერაპიის მოღვაწეობის სფერო არ არის შეზღუდული. იგი მრავალფეროვანია და გულისხმობს მუშაობას როგორც ცალკეულ კლიენტთან, ასევე უშუალოდ საზოგადოებასთან - სოციალურ მუშაკებთან, მშობელთა კომიტეტებთან, არქიტექტორებთან. არქიტექტორებისათვის ოკუპაციური თერაპევტის ცოდნის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა აშენდეს ბარიერისგან თავისუფალი და ადაპტირებული შენობები, რაც საშუალებას მისცემს უნარშეზღუდულ ადამიანს, ადვილად გამოიყენოს საცხოვრებელი პირობები. ამასთან, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თვითონ სახლის ღირებულებას ფიზიკური დეფექტის მქონე ადამიანისათვის.
![]() |
3 ოკუპაციური თერაპიის ძირითადი პრინციპები დაავადების მულტიდისციპლინარულ მართვაში |
▲ზევით დაბრუნება |
აღსანიშნავია, რომ ოკუპაციური თერაპია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია დაავადების მკურნალობის მულტიდისციპლინარულ მიდგომაში. ამასთან, მნიშვნელოვანია აქვე ვთქვათ, რომ ოკუპაციური თერაპევტის მუშაობა გულისხმობს მულტიდისციპლინარულ გუნდში მუშაობასა და აქტიურ თანამშრომლობას გუნდის სხვა წევრებთან. უნარშეზღუდულობის მართვის ანუ მენეჯმენტის გუნდი ახდენს კლიენტის მოტორული და მენტალური ფუნქციების შეფასებასა და პრობლემათა იდენტიფიცირებას კლასიკური გასინჯვის, სპეციალური ტესტებისა და სკალების მეშვეობით, რის შედეგადაც ადგენს მენეჯმენტის სპეციალურ პროგრამას, რომელიც ხორციელდება როგორც სპეციალური დაწესებულების, ასევე ბინის პირობებში. მულტიდისციპლინარული მართვის პრიორიტეტებია: კომუნიკაცია, სოციო-ემოციური განვითარება, განათლება.
მიზნების დასახვა: მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია ის, რომ კლიენტი არის გუნდის წევრი. რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტი აქტიურად მონაწილეობს მიზნების დასახვის პროცესში. მულტიდისციპლინარული გუნდი ეხმარება კლიენტს, განსაზღვროს გრძელვადიანი მიზნები და დასახოს რეალისტური მოკლევადიანი მიზნები. მიზნების დასახვის პროცესში უდიდესი როლი თვით კლიენტს ენიჭება.
ურთიერთპატივისცემა, ერთიანი პროგრამის შემუშავება: მულტიდისციპლინარული გუნდის წევრები პატივს უნდა სცემდნენ ერთმანეთის პროფესიას, არც ერთი დისციპლინა არ უნდა იყოს განხილული როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელო. გუნდის წევრებმა უნდა მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას შეფასების მეთოდებისა და მკურნალობის სტრატეგიებზე და გამოიმუშაონ მკურნალობის და რეაბილიტაციის ერთიანი პროგრამა. მულტიდისციპლინარული გუნდის წევრები უნდა შეთანხმდნენ და განსაზღვრონ, თუ რა ფუნქციები აკისრია და რაზე მუშაობს თითოეული მათგანი (ანუ უნდა მოხდეს როლებისა და ფუნქციების გადანაწილება).
კომუნიკაცია მულტიდისციპლინარულ გუნდში:
კარგი კომუნიკაცია გუნდის წარმატებული მუშაობის აუცილებელი პკირობაა.
მულტიდისციპლინარულ გუნდში კომუნიკაციის დამყარების სხვადასხვა არხი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი არხია მიზნების ერთობლივი დაგეგმვის პროცესი (შეხვედრა). ეს შეხვედრა უზრუნველყოფს სპეციალისტთა მიერ მიზნების ურთიერთშეთანხმებულად დასახვას და მუშაობის სფეროების დანაწილებას, სასურველია გუნდური შეკრებები, რათა გუნდის წევრებმა გამოიმუშაონ თანმიმდევრული მიდგომა კლიენტის მიმართ. აგრეთვე, ერთი სპეციალისტის მიერ მიღებული შედეგი შეიძლება მეორემ გამოიყენოს თავის მუშაობაში.
ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მულტიდისციპლინარული მიდგომა განსაკუთრებით ეფექტური იქნება ნებისმიერი ტიპის უნარშეზღუდულობის მენეჯმენტისათვის.
სად მუშაობენ ოკუპაციური თერაპევტები?
სფერო, რომელშიც უწევს მუშაობა ოკუპაციურ თერაპევტს, ყალიბდება იმ დაწესებულების ან დამქირავებლის მოთხოვნათა შესაბამისად, სადაც ის მუშაობს. ეს არის: ნაადრევი მშობიარობით დაბადებული ბავშვების ხელშეწყობა (ზრდასა და განვითარებაში) ანუ ადრეული ინტერვენცია; გამომწვევი ქცევის მქონე ფიზიკური ან გონებრივუნარშეზღუდულობის მქონე სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვები, მუშაობა მოზრდილებთან, საშინაო პირობების ადაპტირება იმ პირთათვის, რომელთაც გადაიტანეს ინსულტი, აქვთ შეზღუდული მხედველობა ან დემენცია; პოსტტრავმულ პერიოდში მყოფი კლიენტები, სოციალურად დეპრივირებული პოპულაცია (ქუჩის ბავშვებისა, ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ბავშვების სახით), აღჭურვილობის (ხელსაწყოების, მოწყობილობების, დამხმარე საშუალებების) დაგეგმვა, შექმნა და ინსტრუქციების მიცემა სწორად გამოყენებისათვის; კვლევების ჩატარება სამკურნალო აქტივობების ეფექტურობის გასაზომად.
ოკუპაციური თერაპევტები მუშაობენ საავადმყოფოებში, ამბულატორიულ პირობებში, სკოლებში, რეაბილიტაციის ცენტრებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში, მოხუცებულთა სახლებში, სამედიცინო კლინიკებში და ბინაზე პაციენტთა მომსახურების სააგენტოებში.
![]() |
4 მოდელი ,,პიროვნება-გარემო-ოკუპცია“ |
▲ზევით დაბრუნება |
ოკუპაციური თერაპევტის მიზანია სხვადასხვა ხარისხის გუმჯობესება, რაც გულისხმობს ადამიანის უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას გარემოში უკეთ ადაპტაციისათვის და მათი ფუნქციონირების და დამოუკიდებლობის მაქსიმალური დონის მიღწევას.
პიროვნების, გარემოსა და ოკუპაციის (საქმიანობის) ურთიერთქმედება თავიდანვე ცენტრალური საკითხი იყო ოკუპაციური თერაპიისა, მაგრამ ლიტერატურაში ამის სათანადოდ გაშუქება არ ხდებოდა. უკანასკნელი 20 წელია მოხდა გადასვლა ახალ მოდელზე, რომელიც ინტერაქტიურ მიდგომას ტრანსაქტიურით ცვლის.
ინტერაქტიური მიდგომა გულისხმობდა, რომ პიროვნება და გარემო ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობენ და შესაძლებელია მათი დამოუკიდებლად შესწავლა. ტრანსაქტიური პრინციპის მთავარი ამოსავალი წერტილი კი არის ის, რომ გარემო და პიროვნება ურთიერთს განაპირობებენ. ამ თეორიამ წინ წამოსწია და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქცევა გარემოთია განპირობებული და შეუძლებელია მისი განხილვა კონტექსტის, დროის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მახასიათებლების გარეშე. ვინაიდან გარემო მუდმივად იცვლება, მუდმივად იცვლება მიზნის მისაღწევად საჭირო ქცევაც. უნარშეზღუდული ადამიანის პრობლემები ყოველთვის გარემოსთან ურთიერთობაში ვლინდება. გარემოშია სხვადასხვა ხელის შემშლელი პირობები და ძალიან მცირეა მათი გადაჭრის საშუალებები. ამგვარად, პრობლემურია ავადმყოფების გარმოსთან ურთიერთობა და არა თვით ის ,,ნაკლი“, ,,დეფიციტი, რომელიც მათ გააჩნიათ, რაც ხაზს უსვამს უნარშეზღუდულობის ,,ეკოლოგიურ ბუნებას. ბოლო წლებში სპეციალისტების ყურადღება გადატანილია პიროვნების შეცვლიდან გარემო პირობების შეცვლაზე. მიზნად დაისახეს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ამ ადამიანებს მაქსიმალურად გაუადვილდებათ ფუნქციონირება.
გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან დაწყებული სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები ავადმყოფთა სხვადასხვა ჯგუფებთან ატარებდნენ უამრავ გამოკვლევას გარემოსა და პიროვნების ურთიერთობის შესასწავლად და ზოგადი კრიტერიუმების შესამუშავებლად, თეორიული საფუძვლების დასაბუთებისა და პრაქტიკული საქმიანობისათვის. მოპოვებული მასალების საფუძველზე, შექმნილია კლასიფიკაციები და კითხვარები, რომლებსაც ოკუპაციური თერაპევტები იყენებენ. სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა გამოცდილების გაცვლის საფუძველზე შეიქმნა მოდელი „პიროვნება-გარემო-ოკუპაცია“, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ოკუპაციური თერაპიისათვის. ეს მოდელი წარმოადგენს პრაქტიკული საქმიანობის საფუძველს და ზედმიზევნით თანხვდება ფართო საზოგადოებრივ ინტერესებს.
ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის ა.შ.შ. და კანადა, ასევე, ევროპის მრავალ ქვეყანაში, შექმნილია კანონმდებლობა (მაგ.: აშშ, უნარშეზღუდულთა დისკრიმინაციის აქტი, 1990), რომელიც გულისხმობს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ხასიათის წინა პლანზე წამოწევას. ამ სფეროში ავადმყოფთა დასახმარებლად აუცილებელია მჭიდრო ურთიერთობა მრავალი, ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული, სპეციალობისა, როგორიც არის გარემოს ფსიქოლოგია, სოციალური მეცნიერებანი, ანთროპოლოგია, გეოგრაფია, არქიტექტურა. ისევე, როგორც კლინიკური ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპიაც ორგანულად ერთვის ამ დარგების ჯგუფს და საკუთარი წვლილი შეაქვს მის მუშაობაში.
ნახაზი წარმადგენს მოდელის - ,,პიროვნება, გარემო, ოკუპაცია“, სქემას და მასში მოცემულია მისი სამივე შემადგენელი კომპონენტი, ესენია:
I პიროვნება;
II გარემო;
III ოკუპაცია (საქმიანობა).
სამივე წრის გადაკვეთა წარმოადგენს ოკუპაციურ ქმედებას.
მოდელის ძირითადი ცნებებია: პიროვნება, გარემო, აქტივობა (მოქმედება), ამოცანა, ოკუპაცია (საქმიანობა) და ოკუპაციური ქმედება.
ნახაზი: 2
ოკუპაციური ქმედება
პიროვნება - არის უნიკალური არსება, რომელიც თავის თავზე ერთდროულად მრავალ ფუნქციას (როლს) იღებს. ეს როლები დინამიურია და ცვალებადობას განიცდის დროსა და გარემოში. ყოველ პიროვნებას გააჩნია ატრიბუტების კომპლექტი (მოქმედების კომპონენტები), რასაც ემატება ცხოვრებისეული გამოცდილება. ადამიანი სარგებლობს ამ საშუალებებით, რათა გარემოსთან და სხვა ადამიანებთან ჰქონდეს ურთიერთობა. იგი ამას აღწევს ოკუპაციური ქმედების საშუალებით.
ტერმინი ,,პიროვნება“ გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობას, პერსონალურ სტილს, კულტურულ და სოციალურ საფუძვლებს და პირად უნარებს ანუ მონაცემებს. პირად უნარებში შედის მოტორული, სენსორული, შემეცნებითი უნარები და მთლიანად ჯანმრთელობა. ყოველი პიროვნება იყენებს ჩვევათა ნაკრებს (კომპლექტს), როგორც თანდაყოლილს, ასევე შეძენილს, რათა ჩაერთოს ოკუპაციურ ქმედებებში ანუ მისთვის მიზანმიმართულ საქმიანობებში.
ტერმინს ,,გარემო“ აქვს ფართო გაგება. გარემო თავის მხრივ იყოფა მრავალ სახეობად: პოლიტიკური, სოციალური, ინსტიტუციური, ფიზიკური, ეკონომიკური და კულტურული. გარემოს ცნებაში ერთნაირად მნიშვნელოვანია კულტურული და ეთნიკური სფეროები, სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სამკურნალო დაწესებულებები, საავადმყოფოები და სხვა მსგავსი დაწესებულებები.
გარდა ამისა, არსებობს ფიზიკური გარემოც - სახლები, დაწესებულებები თუ სხვა შენობები, საზოგადოებრივი თუ სხვა შენობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები.
ოკუპაციური თერაპია პიროვნებას განიხილავს არა როგორც ცალკე აღებულ ინდივიდს, არამედ გარემოს ყველა დონეზე - მშობლების, ოჯახის წევრების, მეზობლების და მთლიანად საზოგადოების გათვალისწინებით.
ბარკერის მიხედვით, გამოყენება (რაიმე სახით) თავისთავად კარნახობს ადამიანს ქცევის ნორმებს. მაგ., პატარა ქალაქის კლუბში შეიძლება ჩატარდეს კონცერტი, პოლიტიკური მიტინგი ან საეკლესიო რიტუალი. სამივე შემთხვევაში მონაწილეობას, პრინციპში, ერთი და იგივე ხალხი მიიღებს (ამ ქალაქის მოსახლეობა), მაგრამ სამივე შემთხვევაში განსხვავებული იქნება ამ ხალხის როლი, ქცევა და ოკუპაციური ქმედება. ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია იმ გარემოს (კონტექსტის) როლი, რომელშიც ქცევა ხორციელდება (Strong et al 1999).
აქტივობა-ამოცანა-ოკუპაციები
მიუხედავად იმისა, რომ მოდელის - „პიროვნება-გარემო-ოკუპაცია“, სამ ცნებას საკუთარი მახასიათებლები გააჩნია, მაინც მიზანშეწონილია მათი ერთად განხილვა, რადგან მათ შორის უმჭიდროვესი კავშირი არსებობს (Christiasen, Baum 1991).
აქტივობა - ამოცანის საფუძველია (ბაზისია). ეს არის რაიმე (ნებისმიერი) საქმიანობა, რომელსაც პიროვნება ყოველდღიურად ახორციელებს (მაგ.: წერის პროცესი).
ამოცანა - არის მიზანმიმართული აქტივობების ერთობლიობა, რომელშიც ჩართულია
პიროვნება (მაგ.; მოხსენების დაწერის ვალდებულება - დავალება).
ოკუპაცია - არის საკუთარ თავზე მიმართული ფუნქციური ამოცანების და აქტივობების ერთობლიობა (ნაკრები), რომელშიც პიროვნება ჩართულია მთელი ცხოვრების მანძილზე (მაგ., ბუღალტერის პროფესია, რომელიც მოითხოვს ანგარიშების ხშირად წერას).
ეს საქმიანობა - ოკუპაცია - ამ შემთხვევაში ინდივიდუალური პროფესიული აქტივობის შემადგენელი ნაწილია. ოკუპაციები არის ის სხვადასხვა ქმედებები (ან ქმედებათა ჯუფი), რომელშიც პიროვნება ჩაერთვება საკუთარი შინაგანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყველაფერი ეს ხდება ინდივიდის სხვადასხვა როლისა და სხვადასხვა გარემოს პირობებში.
მოდელის სწორი გაგებისა და გამოყენებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია დროის ასპექტები. აქ განიხილება ყოველდღიური, ყოვლადკვირეული, სეზონური ან უფრო ხანგრძლივი რიტმული ქცევები, რომლებსაც პიროვნება ახორციელებს. დროის ყველაზე სრულყოფილი მოდელი არის სიცოცხლე. როგორც ცილინდზე ჩანს (ნახაზი 3), სამივე კომპონენტი ცვალებადია დროში. მაგ., ბავშვზე ზემოქმედებას ახდენს მშობელთა საქმიანობა და ოჯახური გარემო; ადამიანის ზრდასთან ერთად, გარემოსთან ურთიერთობები ძირითადად საზოგადოებრივ მომენტს ეფუძნება და ოჯახის გარდა მრავალ ინდივიდსა და ადამიანთა ჯგუფს მოიცავს.
ოკუპაციური ქმედება - პიროვნების, გარემოს და ოკუპაციის ურთიერთობის შედეგია. ეს არის დინამიკური გამოცდილება პიროვნებისა, რომელიც შესაბამის გარემოში მიზანმიმართულ აქტივობაშია ჩაბმული.
ამ განსაზღვრების თანახმად, პიროვნება დინამიური, მოტივირებული და განვითარებადი არსებაა, რომელიც მუდმივად ურთიერთქმედებს გარემოსთან. მისი პირადი მონაცემები (თანდაყოლილი და შეძენილი უნარები) განაპირობებს ამ ურთიერთობებს და უკუპაციური ქმედების ხარისხს. ეს მონაცემები განსაზღვრავს ოკუპაციურ-თერაპიული ჩარევის მიმართულებას და მიზანს. მაგ., ადამიანის კულტურულ-ეროვნული ფესვები პრაქტიკულად არ არის ცვალებადი, თუმცა მისი შეხედულებები და ქცევები შეიძლება შეიცვალოს სხვა რელიგიაში გადასვლის, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლის, საკუთარ თავზე მუშაობის შემთხვევაში ან სხვა მრავლი მიზეზის გამო.
ნახაზი 3
იმისათვის, რომ უფრო უკეთ წარმოვიდგინოთ, თუ რა არის ოკუპაციური ქმედება, რა კომპონენტებისაგან შედგება იგი და გარემო ფაქტორები ახდენენ მასზე ზეგავლენას, განვიხილოთ იგი ნახაზზე (4).
ნახაზი: 4. ოკუპაციური ქმედება (The American Occupational Therapy Association, lnc: A Curriculum Guide for Occupational Therapy Educators, 1974)
გარემო - არის კონტექსტი, რომელშიც პიროვნება ოკუპაციურ ქმედებას ახორციელებს. გარემო განაპირობებს ქცევას და პირიქით - თვითონ ამ ქცევით არის განპირობებული, გარემო არ არის სტატისტიკური და შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ოკუპაციურ ქმედებას. გარემო მოიაზრება, როგორც უფრო ცვალებადი, ვიდრე პიროვნება (განსაკუთრებით, უნარშეზღუდული პაციენტის შემთხვევაში).
ოკუპაცია - არის პიროვნებისათვის მიზანმიმართული, სასურველი და ღირებული საქმიანობები, მაგალითად: თვითმოვლა (ჭამა, დაბანა, პირადი ჰიგიენა),პროდუქტიულობა (სწავლა, სამსახური), დასვენება (აქტიური და პასიური გართობა, ჰობი, ლაშქრობა, სოციალიზაცია). ოკუპაცია შეკავშირებულია პიროვნებასთან, რადგან პიროვნებას შინაგანად გააჩნია თავდაცვის, თვითრეალიზაციის და მიზნის მიღწევის მოთხოვნილება. ოკუპაცია მოიცავს აქტივობებს და შესრულებად ამოცანებს მიზნის მისაღწევად. ოკუპაციბი მრავალმხრივი და კომპლექსურია და სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.
ოკუპაციური ქმედება - არის ერთიანი, დინამიური ფენომენი, გააჩნია დროითი და სივრცითი განზომილება. ოკუპაციური ქმედება ყალიბდება კომპონენტებს შორის - პიროვნება-გარემო-ოკუპაცია - ურთიერთქმედებით რომელშიც ადამიანი მონაწილეობს. ოკუპაციური ქმედება მოითხოვს გარემოსა და პიროვნებას შორის პერიოდულად წამოჭრილი კონფლიქტების დაბალანსებას. ცხოვრების მანძილზე ადამიანი მუდმივად ურთიერთობს გარემოსთან და საკუთარ შეფასებას აძლევს ამ ურთიერთობებს.
მოდელის - პიროვნება-გარემო-ოკუპაცია - წევრების შეთავსება (მორგება-დამთხვევა) ხდება მაშინ, როდესაც მოდელის სამივე კომპონენტი ხანგრძლივად ურთიერთქმედებს დროსა და სივრცში. გარემო პირობების გავლენით შეთავსება იზრდება ან მცირდება. რაც მეტად გადაიფარება წრეები, მით უფრო ჰარმონიულია სამივე კომპონენტის ურთიერთქმედება და იზრდება ოკუპაციური ქმედების ხარისხი. მაგ., უნარშეზღუდულ ადამიანს შეიძლება ისე მოვუწყოთ გარემო, რომ გავზარდოთ ოკუპაციური ქმედება - სამივე კომპონენტის უკეთ შეთავსების ხარჯზე. ასევე შესაძლოა ისეთი ზემოქმედება, როდესაც უმჯობესდება ავადმყოფის რაიმე არსებული უნარ-ჩვევა ან პიროვნული მონაცემი (როდესაც ვერ ვცვლით გარემოს). ამ გზითაც ოკუპაციური ქმედება შენარჩუნდება ან გაუმჯობესდება.
ძალიან დიდია მოდელის მნიშვნელობა ოკუპაციური თერაპიისათვის. მოდელი იძლევა მიზნობრივი ჩარევის საშუალებას, რათა შესაძლებელი გახდეს პიროვნებაზე, გარემოზე და ოკუპაციაზე სხვადასხვა გზით ზემოქმედება.
- დადებითი ცვლილებების მისაღწევად, გზების არჩევანი მრავალფეროვანია;
- მოდელი იძლევა საშუალებას, დავგეგმოთ და გამოვიყენოთ ინტერვენცია სხვადასხვა კონტექსტში და სხვადასხვა დონეზე;
- ვისარგებლოთ მეცნიერების სხვა დარგებში უკვე არებული ხელსაწყოებითა და საზომებით.
მოკლედ რომ ვთქვათ, მოდელი ხელს უწყობს ოკუპაციური თერაპიის კლინიკური პრაქტიკის და მეცნიერული საფუძვლების გაძლიერებასა და გაუმჯობესებას. მაგალითად, პიროვნება შეიძლება განვიხილოთ არა როგორც რომელიმე დაწესებულების (საავადმყოფოს) ან ბინის პირობებში მყოფი ადამიანი, არამედ როგორც ინდივიდი, როგორც ოჯახის წევრი, გარკვეული საზოგდოების, რეგიონის ან ქვეყნის მაცხოვრებელი. ყველა ამ დონეზე პიროვნების ოკუპაციური ქმედება შეიძლება შეფასდეს გარემოს კულტურული, ეკონომიკური, ფიზიკური და სოციალური კუთხით, ისევე, როგორც პირადი ოკუპაციური მონაცემებით. ეს ზრდის ჩარევის (ინტერვენციის) ჩარჩოებს და სტრატეგიებს, რომლებიც შეიძლება შემუშავდეს კლიენტის დასახმარებლად.
ოკუპაციური თერაპევტის ჩარევა (ინტერვეცია) იწყება კლიენტის და ექიმის მიერ კლიენტის ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენით და ოკუპაციური პროცესის ხელშემშლელი პირობების ახსნით. ამ გზით ნათელი ხდება ინტერვენციის მიზანი. შეფასების პროცესი მოიცავს გამოკითხვას, კლიენტზე დაკვირვებას და სპეციალური კითხვარების შევსებას. მიღებული მონაცემებით განისაზღვრება ჩარევის ფოკუსი და დონე. შედეგები კი შეფასდება ოკუპაციურ ქმედებაში მიღწეული ცვლილებების მიხედვით.
მოდელს - „პიროვნება-გარემო-ოკუპაცია“, სფუძვლად დაედო მრავალი ადრეული ნაშრომი ოკუპაციურ თერაპიულ საკითხებზე, ბოლო ხანს კი დაემატა კონცეფციები ეკოლოგიის სფეროდან. ძველი საფუძვლების ახალი პრინციპებით გამდიდრება უფრო მოქნილს ხდის მოდელს, ნათელი ხდება ინტერვენციის (ჩარევის) შედეგებიც, რაც გამოიხატება მოდელის - პიროვნება-გარემო - ოკუპაცია - კომპონენტთა შეთავსების (მორგების) გაუმჯობესებაში.
მოდელი წარმოაჩენს ოკუპაციურ ქმედებაში ჩართული ადამიანებისა და მათი მრავალფეროვანი გარემოს ურთიერთობების მეტად კომპლექსურ ხასიათს.
![]() |
5 ოკუპაციური თერაპიის როლი და მარგინალური პოპულაცია |
▲ზევით დაბრუნება |
მუშაობა მარგინალურ პოპულაციასთან (ქუჩის ბავშვები, იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ბავშვები) ოკუპაციური თერაპიული ინტერვენციის გამოყენებით.
ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ბოლო წლებში ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა კვლევამ უჩვენა, რომ სულ უფრო საჭირო ხდება ოკუპაციური თერაპიის დანერგვა და გავრცელება ისეთ ახალ არატრადიციულ სფეროში, როგორიცაა მარგინალური პოპულაცია: ქუჩის ბავშვები, იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ბავშვები. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ძალიან ბევრი პრობლემა წარმოიშვება ცხოვრების დისფუნქციური სტილისა და უარყოფითი სოციალური გარემო პირობების გამო, როგორიცაა ქუჩა, ომი, ძალადობა და სხვა მსგავსი მოვლენები.
აუცილებელია, რომ ოკუპაციური თერაპიის პრინციპები და ცოდნა ფართოდ შეეხოს სოციუმის საჭიროებებს და იყოს გამოყენებული ისეთი სფეროს მიმართ, როგორიცაა მარგინალური პოპულაცია, რათა დაიძლიოს ოკუპაციური გარიყულობა და მივაღწიოთ სოციალურ და ოკუპაციურ სამართლიანობას - რაც ნიშნავს, ისეთი გარემოს შექმნას, რომლის ფარგლებშიც ადამიანს აქვს საშუალება აირჩიოს, ჩამოაყალიბოს და ჩარეთოს მისთვის ღირებულ და მიზანმიმართულ, კონსტრუქციულ საქმიანობებში, რაც გააუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, დასაქმებულობას და თანაბარუფლებიანს გახდის მას ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში, როგორიცაა პროდუქტიულობა, საცხოვრებელი პირობები და სხ. (CAOT - Canadian Association of Occupatonal Therapy, 1997).
ქუჩის ბავშვები ისევე, როგორც იძულებით გადაადგილებული ბავშვები, გარემოებებისა და მდგომარეობის პირდაპირი, უშუალო მსხვერპლნი არიან, რასაც ოკუპაციური დეპრივაცია ეწოდება. ეს არის მდგომარეობა, რომელიც პიროვნებაში იწვევს გარკვეული უნარების რეგრესს და წარმოადგენს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შედეგს. ასევე, მოქმედებენ საზოგადოებისაგან გარიყვის, ოჯახური და ინტერპერსონალური ურთიერთობების არასტაბილურობის ფაქტორები (ანუ, როდესაც პრობლემები არსებობს გარემოს სხვადასხვა მაკრო, მეზზო და მიკრო დონეებზე).
მარგინალური პოპულაცია (ქუჩის ბავშვებისა, ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ბავშვების სახით) იმ ფაქტორების ზემოქმედების გამო, რომლებიც გარედან მოქმედებენ და არ ექვემდებარებიან მის კონტროლს, მოკლებულია შესაძლებლობებს, რომელთა საშუალებითაც ის შეიძლება ჩართული იყოს მნიშვნელოვან ოკუპაციებში/საქმიანობებში.
დეპრივაციული მდგომარეობა წარმოიქმნება პიროვნების არა შინაგანი შეზღუდვის შედეგის, არამედ მას განაპირობებს გარემოდან მოსული რაიმე ფაქტორის ზემოქმედება, რომლის გასაკონტროლებელი საკმარისი რესურსი პიროვნებას არ გააჩნია. ასეთ მადეპრივირებელ სიტუაციაში ხანგრძლივი ყოფნის შედეგად, ბავშვებს ექმნებთ სირთულეები, რომლებც დაკავშირებულია პედაგოგიურ და სოციალურ მიშვებულობასთან, მათ არ ეძლევათ საშუალება, განავითარონ თავიანთი ასაკის შესაბამისი უნარ-ჩვევები: თვითმომსახურება, თამაში, სწავლა, კომუნიკაცია, რის გამოც ხშირია განსვლა ბავშვების მენტალურ და ქრონოლოგიურ ასაკს შორის.
მარგინალურ ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ტრავმული გამოცდილება, მიღებული ოჯახურ გარემოში ან ზოგადად იმ გარემოში, სადაც მათ უწევთ დროის უმეტესი ნაწილის გატარება. ტრავმა ოჯახურ გარემოში ქუჩის ბავშვების შემთხვევაში არის მიზეზი მათი ქუჩაში გასვლისა, ხოლო ლტოლვილი და დევნილი ბავშვების შემთხვევაში, ეს ტრავმა უფრო მეორადი ხასიათისაა. ბავშვი თვითონ უშუალოდ არ არის მონაწილე მატრავმირებელი სიტუაციისა და ტრავმის შეძენა ხდება მშობლებისა და უფროსი თაობის გამოცდილების გაზიარების გზით.
ბავშვის ქუჩაში მოხვედრა იწვევს მის სოციალურ და კულტურულ გარიყვას, საზოგადოება მას მარგინალურად აღიქვამს (რადგან ის არ ცხოვრობს იმ ნორმებით, რაც უმეტესობისათვის მისაღები და ზოგადად სოციალურად განპირობებულია), ამ დროს იგი ჩართულია არაადაპტირებულ და არასასურველ ოკუპაციებში (საქმიანობებში), როგორიცაა ბანდებად ჩამოყალიბება, წებოს ყნოსვა, კრიმინალი, აგრესიული ქცევები, რაც მისთვის იქცევა მიმზიდველ ალტერნატივად. მაშასადამე, მუდმივი უფუნქციო და დეპრივირებული არსებობის პროდუქტი არის ანტისოციალური ქცევები, რაც, თავის მხრივ, უდიდეს ბარიერს უქმნის ბავშვს სოციუმში ჩართვისა და ინტეგრაციის გზაზე. სოციუმიდან დეზინტეგრაცია მნიშვნელოვნად ზღუდავს ბავშვისათვის სასურველი და ადაპტირებული სოციალური როლების ჩამოყალიბებას და ამ სოციალური როლების ფარგლებში ვალდებულებების მიღებას.
ყოველივე ჩამოთვლილი კი უშუალოდ ახდენს ზემოქმედებას ბავშვის სულიერებაზე. ბავშვის სულიერი გაძლიერებისა და მხარდაჭერისათვის აუცილებელია, განუვითაროთ მას საკუთარი მნიშვნელობების განცდა და ჩავრთოთ იგი მნიშვნელოვან ოკუპაციებში (საქმიანობებში), რადგან ადამიანი იმ საქმიანობის მიხედვით ყალიბდება, რაშიც არის ჩართული.
ოკუპაციურ თერაპიას, რომლის ძირეულ პარადიგმებს და ღირებულებებს წარმოადგენს: სოციალური სამართლიანობა, პოროვნებაზე ანუ კლიენტზე ორიენტირება, ადამიანის უფლებები, თანამონაწილეობა, საზოგადოებაზე დაფუძნებული რეაბილიტაცია, - შეუძლია და იგი უნდა შეეხოს პირდაპირ მარგინალურ პოპულაციასთან მუშაობის თემას, მისი გაძლიერებისა და ოკუპაციური რეაბილიტაციის მიზნით. ეს მისცემს შესაძლებლობას ამ ადამიანებს, ჩაერთონ ოკუპაციურ ქმედებაში ანუ ჰქონდეთ მიზანმიმართული და ღირებული საქმიანობის გამოცდილების საშუალება.
ოკუპაციურ-თერაპიული ინტერვენცია ფოკუსირებას ახდენს ამ ბავშვების ცხოვრების ხარისხისა და მათი ქმედების დონის გაუმჯობესებაზე, იყენებს რა მნიშვნელოვან, ღირებულ და მიზანმიმართულ აქტივობებს, როგორიცაა თამაში, ყოველდღიური საქმიანობები, კულტურული და სოციალური აქტივობები, პიროვნული ჩვევების გაუმჯობესების ვორქშოფები, სპორტული აქტივობები, ხელსაქმე და ხელგარჯილობა, ცნობიერების ამაღლება, ადვოკატურის ტრენინგი, როლური თამაშები და სხვა.
ამდენად, ნათელია, თუ რა როლი ენიჭება ოკუპაციურ თერაპევტს ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საქმეში; იგი ეხმარება ყველა ტიპის ადამიანს, ვისაც ესაჭიროება მხარდაჭერა და განიცდის ოკუპაციურ დისფუნქციას, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ცხოვრობს მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ პირობებში.
აღსანიშნავია, რომ მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ოკუპაციურ დისფუნქციას ვუწოდებთ (როდესაც ადამიანი არ არის ჩართული მისთვის მნიშვნელოვან და სასურველ, მიზანმიმართულ აქტივობებში, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს მისი ცხოვრების დონეზე), შესაძლოა იყოს სხეულის დაზიანების ან გონებრივი შეფერხების შედეგი, მაგრამ აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ სოციალური, ეკოლოგიური და პოლიტიკური მიზეზებით გამოწვეული ოკუპაციური დისფუნქცია. ამ მდგომარეობამ მთელ მსოფლიოში ეპიდემიურ საზღვრებს მიაღწია (Wilcok, A, 1998).
ოკუპაციურმა თერაპევტმა უნდა იმუშაოს არა მხოლოდ ინსულტით, შიზოფრენიით დაავადებულ თუ განვითარების დარღვევების მქონე პაციენტებთან, არამედ ასევე იმ პირებთან, რომლებიც განიცდიან არახელსაყრელი გარემოს ზემოქმედებას.
იმ ბავშვებთან მუშაობის პროცესში, რომლებიც ოდესღაც იმყოფებოდნენ ქუჩის ან ომის სიტუაციაში, ოკუპაციური თერაპევტის მიზანია ხელი შეუწყოს მათი შინაგანი პოტენციალის მაქსიმალურ წარმოჩენასა და განვითარებას, რაც, თავის მხრივ, დაეხმარება ბავშვს ჯანსაღ განვითარებაში და მოახდენს ტრავმის ფსიქოლოგიური შედეგების პრევენციას.
ოკუპაციური თერაპევტი არის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია თავისი წვლილის შეტანა ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს და გამოიყენოს საკუთარი პოტენილი.
![]() |
6 მუშაობა მარგინალურ პოპულაციასთან საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოსთვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისათვის, მწვავე და გადაუდებელ პრობლემას წარმოადგენს ისეთი მარგინალური პოპულაციის არსებობა, როგორიცაა ქუჩის, იძულებით გადაადგილებული და ლტოლვილი ბავშვები. სწორედ ეს პოპულცია წარმოადგენს ჩვენი შესწავლისა და კვლევის საგანს ხანმოკლე პროექტების ფარგლებში. 2002 წელს მხოლოდ თბილისის მასშტაბით აღმოჩნდა 1400 ქუჩის ბავშვი (UNICEF).
ჩვენი ჯგუფის ამოცანა იყო, მოგვეძებნა ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში დაკავებულები არიან ამ პრობლემით, დაგვემყარებინა მათთან კავშირი და მიგვეღო თანხმობა თანამშრომლობაზე. ხოლო შემდგომი ამოცანა იყო, სამიზნე ჯგუფისათვის აქტუალური პრობლემების კვლევა და საბოლოოდ მარგინალურ ჯგუფებთან ხანმოკლე პროექტის შექმნა/დიზაინი და განხორციელება, ოკუპაციურ-თერაპიული ინტერვენციის გამოყენებით.
ჩვენს მიერ მოძებნილ იქნა 3 ასეთი ორგანიზაცია, რომლებიც დაახლოებით 1994-95 წლებიდან აქტიურად მუშაობენ ამ ტიპის პრობლემებზე, ესენია: ,,ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო“, ,,ბავშვი და გარემო“ და ,,კარივტასი-გავროში“. თითოეულმა მათგანმა ამ პროექტში მონაწილეობის დიდი სურვილი გამოთქვა და პროფესიული მხარდაჭერის თანხმობა მოგვცა. პროექტების ჩამოყალიბების და განხორციელების უპირველესი მიზანი იყო ოკუპაციური თერაპიის როლის წარმოჩინება მარგინალურ პოპულაციასთან მუშაობის პროცესში. საჭიროებების შეფასებისათვის, გამოვიყენეთ რა სხვადასხვა ტიპის კვლევის მეთოდები, გაკეთდა მაკრო-ანალიზი, ამ ტიპის პრობლემაზე გამოქვეყნებული სტატიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე.
შეფასების ჩატარების შედეგად, გამოვლინდა საქართველოში მარგინალური პოპულაციისათვის დამახასიათებელი შემდეგი ოკუპაციური პრობლემები:
საზოგადოებისაგან სოციალური გარიყვა/ექსკლუზია;
ტრავმატიზაცია (ქუჩაში, ოჯახში, ომში);
მეორადი ტრავმის ფენომენი იძულებით გადაადგილებულ ბავშვებში;
ოკუპაციური დისფუნქცია - თვითმოვლის, თამაშის, სწავლის,პროდუქტიულობისა და დასვენების სფეროებში;
არაადაპტირებული ქცევები - ტოქსიკომანია, წამალდამოკიდებულება; აგრესიული (კრიმინალური) ქცევები - ქუჩის მავშვებთან მიმართებაში;
შეზღუდული ინტერესები;
დაბალი თვითშეფასება და თვითცნობიერების დაბალი დონე (არ აქვთ გაცნობიერებული ახლანდელი პოტენციური შესაძლებლობები);
არაადეკვატური (ასაკისა და სოციალური ნორმების შეუსაბამო) სოციალური როლები - უფრო ქუჩის ბავშვებში;
სოციო-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფიზიკურ რეალობაში ხელშემწყობი და მხარდამჭერი გარემოს დეფიციტი;
მნიშვნელობის მქონე და მიზანმიმართული საქმიანობებუის ნაკლებობა.
პროექტის სამიზნე ჯგუფს შეადგენდა 60 ბავშვი (სამივე ორგანიზაციიდან) და მასში მონაწილეობდა ორგანიზაციის დაახლოებით 10 თანამშრომელი. პროექტი განხორციელდა მონაცემების შეკრებიდან 1 თვის განმავლობაში (2003 წლის აპრილში).
ზემოთ ჩამოთვლილი ოკუპაციური საჭიროებების გათვალისწინებით, ჩვენი პროექტის გრძელვადიანი მიზანი იყო მარგინალური ბავშვების სოციალური ინკლუზიის (ჩართვის) ხელშეწყობა.
პროექტის სპეციფიკური მიზნები:
1. მუშაობა თვითცნობიერებისა და მასთან დაკავშირებული მახასიათებლების განვითარებაზე (რათა გააცნობიერონ საკუთარი პოტენციალები);
2. სოციალური ინტერაქციისა და კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე მუშაობა;
3. საზოგადოებრივ ცნობიერებაზე მუშაობა (მაკრო და მეზზო დონეზე);
4. არაპირდაპირი ფორმით ტრავმულ გამოცდილებებზე მუშაობა;
5. პასიური, „გარიყული“ რომლის შეცვლა აქტიური, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილე როლით;
6. ბავშვთა უფლებების შესახებ ბავშვის ცოდნის ამაღლება.
თითოეული ამ მიზნის მიღწევა ხდებოდა შემდეგი აქტივობების ანუ ოკუპაციური ფორმების გამოყენებით:
ექსპრესიული თერაპია: ჯგუფური და კოლექტიური ხატვა, იმიჯ-თეატრი და თავისუფალი საუბრები;
ხელგარჯილობა - თიხის, კერვისა და ქსოვის აქტივობების გამოყენებით;
კულტურული აქტივობები - ექსკურსია ქალაქის ძველ უბნებში;
ადვოკატურა (Advocacy Workshop) - იურისტთან და ფსიქოლოგთან ერთად ბავშვებისათვის მათი უფლებების გაცნობა; ბავშვების ინტერესების დაცვა;
სპორტულ თამაშებში მონაწილეობა, მებაღეობა;
თამაში/როლური თამაშები;
სოციალური საქველმოქმედო აქცია (ბავშვების ნახატების გამოფენა-გაყიდვა).
შედეგები:
საქართველოში მარგინალურ პოპულაციასთან მუშაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისეთ სოციალურ დარგს, როგორიცაა ოკუპაციური თერაპია, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი, კერძოდ, სოციალურად დეპრივირებული და დაუცველი ფენის, ჯანმრთელობის სფეროში.
მიუხედავად მრავალი პრობლემისა, რომელიც ამ პროექტების განხორციელებას ახლდა თან (ამ სფეროში მუშაობის გამოცდილების სიმცირე, დროის სიმცირე და სხვ), ჩვენ მაინც შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გამოტანა: პრაქტიკულმა მუშაობამ ცხადყო, რომ ნებისმიერ დონეზე ამ ბავშვებთან მუშაობა ბევრად უფრო წარმატებულია, როდესაც გარკვეული მიზნების ფარგლებში არსებობს თანამშრომლობა სხვადასხვა სპეციალისტებთან, პედაგოგთან, იურისტთან და სხვ. აგრეთვე, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა უშუალოდ ბავშვებთან, როგორც უმნიშვნლოვანეს პარტნიორებთან მუშაობა.
განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს მუშაობა მეზზო (ორგანიზაციულ) და მაკრო (სახელმწიფო) დონეზე, რადგან გარემოს ეს შრეები მუდმივ ინტერაქციაშია პიროვნულ ფაქტორებთან .
აღსანიშნავია, რომ ეფექტურობის თვალსაზრისით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავდაპირველად მუშაობას კადრებთან (ორგანიზაციულ დონეზე), საგანმანათლებლო ტრენინგებისა და ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ხოლო შემდეგ უშუალოდ ბავშვებთან.
______________________________________________________________
1. ოკუპაციური თერაპია ისევე, როგორც ზოგიერთი სხვა ფსიქოთერაპიული მიდგომა, სიტყვის - ,,პაციენტი“ ნაცვლად იყენებს ტერმინს ,,კლიენტი“, რათა ხაზი გაუსვას იმას, რომ ის არ განიხილავს ადამიანს, რომელთანაც მუშაობს, როგორც ავადმყოფს და არ თვლის, რომ საქმე აქვს პათოლოგიასთან
![]() |
7 ბიბლიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
1.A Curriculum Guide for Occupational Therapy educators, 1974.
2.Christianson H, Baum C, (1997) Occupational Therapy, Enabling, Function and Well-Bieng. Churchill Livingstone..
3.Cockburn, L, Trentham, B, (2002) Participatory action research: Integrating Community Occupational Therapy.
4.Ptactice and Research, Canadian Journal of Occupational Therapy, 20-30.
5.Creek. J. (2002) Occupational Therapy and Mental Health, Lippincott Williams and Wilkins.
6.Grady, A. (1995) Building Inclusive Community: a challenge for Occupational Therapy, American Journal of Occupational Therapy, 49, 300-310.
7.Hegedorn R. (2000) Tools for Practice in Occupational Therapy. Churchill Livingstone.
8. Hagedorn R. (2001) Occupational Therapy, Perspectives and Processes. Churchill Livingstone.
9.Hagedorn R. (2001) Foundation for Practice in Occupational Therapy, Churchill Livingstone.
10.Hopkins. L. Smith. D. (1993), Williard and Spackman's Occupational Therapy-Eighth Ed./edited by J.B Lippincott Company, Philadelphia.
11.Kilholfner G. (1983), Health Through Occupation, theory and practice in occupation therapy.
12. Kilholfner G. (2002), Model of Human Occupation, third ed. Lippincott Williams and Wilkins.
13.Keilhofner G. and Forsyt K. (1997) “The model of human occupation: an overview of current concepts”, British Journal of Occupational Therapy. 60(3), 103-110.
14.Kronenberg F. (1999) Street Children: Being and Becoming, Research report, Hogeschool Limburg, the Netherlands, 1-42.
15.Low M et al. (1996) The Person-Enviroment-Occupation Model: A transitive approach to occupational performance. Canadian Journal of Occupational Therapy, 63(1), 9-22.
16.Simo Algado S. et al, (1997) Spirituality in a refugee camp. Canadian Journal of Occupational Therapy, 64(3) 138-145.
17.Simo Algado S. et al. (2002) Occupational Therapy Inervention with Children Survivors of War, Canadian Journal of Occupational Therapy, 69(4), 205-217.
18.Strong S. et al. (1999) Application of the Person-Environment-Occupation Model: A practical tool. Canadian Journal of Occupational Therapy, 66(3), 122-132.
19.Sumsion T. (1999) Client-Centered Practice in Occupational Therapy: A guide for implementation, Churchill Livingstone.
20.Thibeault, R, Hebert, M.(1997) A congruent model for health promotion in occupational therapy, Occupational Therapy International, 4(4), 271-293.
21.The American Occupational Therapy Association, Inc. Bethesda, Maryland (2002), Occupational Therapy Practice.
22.framework Domain and Process. Draft XVII.
23.Wilcock A. (1998) Occupational Therapy and Public Health, Chapter 9, An Occupational Perceptive of health, 221-251, ISBN 15564233586, SLACK.
24.Whireford G. (2000) Occupational Deprivation: Global Challenge in the New Millennium, British Journal of Occupation Therapy, 63(5), 200-204.