The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ადამიანის უფლებები

ადამიანის უფლებები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნარინდოშვილი მალხაზ
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
წყარო: ISBN 99940-885-1-3
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: [ავტ. მალხაზ ნარინდოშვილი ; რედ. გიორგი მელაძე] - [თბ.] : თავისუფლების ინ-ტი, [2005] - 119გვ. ; 20სმ. -: [ფ.ა.][MFN: 30981] თავისუფლების ინსტიტუტი წიგნის გამოცემა დაფინანსებულია დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) მიერ. მიუხედავად ამისა, მხოლოდ თავისუფლების ინსტიტუტი აგებს პასუხს ამ გამოცემის შინაარსზე. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დემოკრატიის ეროვნული ფონდის (National Endowment for Democracy) აზრს. რედაქტორი: გიორგი მელაძე თავისუფლების ინსტიტუტი მადლობას უხდის თათია ჯულაყიძეს და გიორგი ქარაზანიშვილს ამ წიგნის მომზადებაში შეტანილი წვლილისათვის. 2005, თავისუფლების ინსტიტუტი www.liberty.ge თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი 0108, გრიბოედოვის 23 ტელ.: 93 66 15, ფაქსი: 93 67 84 / ელ-ფოსტა: liberty@liberty.ge



1 თავი 1. ადამიანის უფლებათა ზოგადი არსი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948) ადგენს ადამიანის უფლებათა ჩამონათვალს, რომელთაც პატივი უნდა სცენ და დაიცვან სახელმწიფოებმა. ეს განსაზღვრული უფლებები შეიძლება ექვს ჯგუფად დავყოთ: უსაფრთხოების უფლებები, რომლებიც იცავენ ადამიანებს ისეთი დანაშაულებისაგან, როგორებიცაა მკვლელობა, მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, წამება და გაუპატიურება; სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაპატიმრებაში, საიდუმლო სასამართლო პროცესებში და გადამეტებულ სასჯელებში; თავისუფლების უფლებები, რომლებიც იცავენ რწმენის, გამოხატვის, შეკრების, გაერთიანებისა და გადაადგილების თავისუფლებებს; პოლიტიკური უფლებები, რომლებიც იცავენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის თავისუფლებას სხვადასხვა ფორმით, როგორიცაა გაერთიანება, პროტესტის გამოხატვა და არჩევნებში ხმის მიცემა;თანასწორობის უფლებები, რომლებიც ნასწორუფლებიანი მოქალაქეობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის უარყოფის გარანტიებს; და სოციალური (ან „კეთილდღეობის“) უფლებები, რომლებიც სხვა ბევრ საკითხთან ერთად მოითხოვენ ყველა ბავშვის განათლების მიღების უზრუნველყოფას და უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილისაგან დაცვას. არსებობს აგრეთვე კოლექტიური უფლებების ცნება. ისინი არ არის ასახული საყოველთაო დეკლარაციაში, თუმცა მათ მოიცავს შემდგომ მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებები. კოლექტიური უფლებები მოიცავენ ეთნიკური ჯგუფების დაცვას გენოციდისაგან და სახელმწიფოების მიერ მათ ეროვნული ტერიტორიებისა და რესურსებზე საკუთრების უფლების დაცვას.

ჩვენი მიზანია, გავცეთ პასუხი კითხვაზე, რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები, და აღვწეროთ მათი არსი. შეიძლება, ორ ადამიანს საერთო ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა შესახებ, მაგრამ მათი აზრები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა რომელიმე კონკრეტული უფლება ადამიანის უფლებას.

ადამიანის უფლებები პოლიტიკური ნორმებია, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა ეპყრობოდნენ მთავრობები და ინსტიტუტები ადამიანებს. ისინი ჩვეულებრივი ზნეობრივი ნორმები არ არის, რომლებიც მხოლოდ პიროვნებათაშორის ქცევას შეეხება (როგორებიცაა ტყუილისა და ძალადობის აკრძალვა). ისინი უკრძალავენ მთავრობებს დისკრიმინაციას მოქმედებებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესში და ავალებენ მათ, აღკვეთონ დისკრიმინაციის როგორც კერძო, ისე საჯარო ფორმები.

ადამიანის უფლებები არსებობს, როგორც ზნეობრივი ანდა სამართლებრივი უფლებები. ადამიანის უფლება შეიძლება მოიცავდეს როგორც აქტუალურ ადამიანურ ზნეობრივ პრინციპებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს სამართლებრივი უფლებები ეროვნულ დონეზე (მათ შეგვიძლია „სამოქალაქო“ ან „კონსტიტუციური“ უფლებები ვუწოდოთ), ისე სამართლებრივ უფლებას საერთაშორისო სამართლის სისტემაში. ადამიანის უფლებათა მოძრაობა მიისწრაფვის, რომ ადამიანის უფლებებმა ოთხივე სახით იარსებოს.

ადამიანის უფლებები მრავალრიცხოვანი (რამდენიმე ათეული) უფროა, ვიდრე მცირეოდენი. ჯონ ლოკისეული სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები მცირერიცხოვანი და აბსტრაქტულია იმ უფლებებთან შედარებით, რომლებიც დღეს მიიჩნევა უფლებებად (მაგალითად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, მონობის გაუქმება, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, გენოციდის აკრძალვა). ადამიანის უფლებები იცავენ ადამიანებს ღირსებისა და ძირითადი ინტერესების შელახვისაგან. ადამიანის მრავალი უფლება თანამედროვე პრობლემებს შეეხება და ახლახან არის შექმნილი.

საერთაშორისო სამართალი გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანის უფლებებისათვის გლობალური ხელმისაწვდომობის მინიჭების საკითხში.

ადამიანის უფლებები საერთაშორისო ნორმებია, რომლებიც მოიცავენ ყველა სახელმწიფოს და დღეს მცხოვრებ ყველა ადამიანს.

ადამიანის უფლებები წარმოადგენენ მინიმალურ სტანდარტებს. მათი მიზანი საშინელის თავიდან აცილება უფროა, ვიდრე საუკეთესოს მიღწევა. როგორც მინიმალური სტანდარტები, ისინი ღიად ტოვებენ უმეტეს სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხს, რათა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე იქნეს მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ეს მათ საშუალებას აძლევთ, განიცადონ კულტურული და ინსტიტუციური სახეცვლილებები და დატოვონ დიდი სივრცე დემოკრატიულ გადაწყვეტილებათა მისაღებად ადგილობრივ დონეზე.

უფლებებს ხშირად მავალდებულებელი ხასიათი აქვთ და ვალდებულებებს აკისრებენ თავიანთ ადრესატებს, რომელთაც გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობა აკისრიათ. ადამიანის უფლებები ძირითადად იმ სახელმწიფოს მთავრობას აკისრებენ ვალდებულებებს, სადაც პირი ცხოვრობს ან იმყოფება. საქართველოს მოქალაქეთა უფლებები ძირითადად საქართველოს მთავრობასთანაა დაკავშირებული. საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა სახელმწიფოთა მთავრობები მეორადი, ანუ „დამატებითი“, ადრესატები არიან. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ სახელმწიფოთა მხარდაჭერას, ხელშეწყობას და ზოგჯერ კრიტიკასაც მათ მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულების ხელშეწყობის მიზნით.

ადამიანის უფლებათა არსებობა

ადამიანის უფლებები დღეს, როგორც საერთაშორისო, ისე კონკრეტული სახელმწიფოს კანონმდებლობის ნაწილია, მაგრამ თუკი ადამიანის უფლებები მხოლოდ ასახვის გამო იარსებებდა, მათი ხელმისაწვდომობა ყოველთვის საშინაო და საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაზე იქნებოდა დამოკიდებული. მრავალი ადამიანი ეძებდა გზას, რათა მხარი დაეჭირა რებისათვის, რომ ადამიანის უფლებებს უფრო ღრმა ფესვები აქვს და უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამ იდეის ერთ-ერთ ვერსია ისაა, რომ ადამიანები უფლებებით იბადებიან, ადამიანის უფლებები თანდაყოლილი და განუსხვისებელია. აშშ-დამოუკიდებლობის დეკლარაცია (1776) აცხადებს, რომ ხალხს „მათი შემოქმედის მიერ აქვს მინიჭებული“ „სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის“ ბუნებითი უფლებები. ამ გაგებით, ღმერთი უზენაესი კანონშემოქმედია და მის მიერ არის დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებები.

ადამიანის უფლებების ღმერთის ნებისადმი მიკუთვნება უკიდურესად მრავალფეროვან სამყაროში არ უზრუნველყოფს მათ პრაქტიკულ სიმყარეს. სამართალში ასახვა ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე გაცილებით მყარ სტატუსს უზრუნველყოფს პრაქტიკული მიზნების მისაღწევად.

ადამიანის უფლებები შეიძლება სამართალში ასახვისგან დამოუკიდებლად არსებობდეს. ადამიანის უფლებები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ძირითადი ზნეობრივი ნორმები, რომლებიც აღიარებულია ყველა ან თითქმის ყველა ადამიანური ზნეობრივი პრინციპის მიერ. ცნობილია, რომ ადამიანთა ყველა ჯგუფს აქვს ზნეობრივი პრინციპები, ანუ ქცევის იმპერატიული ნორმები, რომლებსაც კეთილგონიერება და ფასეულობები უდევს საფუძვლად. ეს ზნეობრივი პრინციპები შეიცავენ ნორმებს (მაგალითად, უდანაშაულო ადამიანის განზრახ მკვლელობის აკრძალვა) და სპეციფიკურ ფასეულობებს (მაგალითად, ადამიანის სიცოცხლის მაღალფასეულობა).

რომელი უფლებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებს?

კითხვები იმის შესახებ, თუ რომელი უფლებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებს, ადამიანის უფლებათა მრავალ ჯგუფთან დაკავშირებით წარმოიშობა. იმის გადაწყვეტისას, თუ რომელი განსაზღვრული უფლებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებს, შეიძლება დავეყრდნოთ საერთაშორისო დეკლარაციას და ევროპულ კონვენციას. ქვემოთ განხილულია: (1) სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები; (2) სოციალური უფლებები; (3) უმცირესობათა და კოლექტიური უფლებები და (4) გარემოს უფლებები.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები სათავეს იღებს ისეთი დოკუმენტებიდან, როგორებიცაა ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა (1789, საფრანგეთი) და უფლებათა ბილი (1791, აშშ). თანამედროვე წყაროებია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველი 21 მუხლი და ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, საერთაშორისო შეთანხმება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია და ადამიანისა და ხალხების უფლებათა აფრიკული ქარტია.

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა უმეტესობა აბსოლუტური არ არის და შეიძლება შეიზღუდოს საჯარო და კერძო ინტერესებით, ძალადობის შემზღუდველი წესების მეშვეობით, სამართლებრივი სასჯელით. საერთაშორისო შეთანხმებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ნებადართულია უფლებათა შეზღუდვა „ერისათვის საფრთხის შემცველი საერთო-სახალხო უკიდურესი აუცილებლობის“ დროს (მუხლი 4). თუმცა იგი კრძალავს ზოგიერთი უფლების შეზღუდვას, მათ შორის არის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვის, მონობის აკრძალვის, სისხლის სამართლის კანონებისათვის უკუძალის მინიჭების აკრძალვის უფლებები და აზრისა და რელიგიის თავისუფლება.

სოციალური უფლებები

ზემოთ განხილულ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა გარდა საყოველთაო დეკლარაცია მოიცავს აგრეთვე სოციალურ (ან კეთილდღეობის) უფლებებს. მათ მიეკუთვნება თანასწორუფლებიანობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ქალებისა და უმცირესობათა მიმართ, სამუშაოს შოვნის შესაძლებლობათა ხელმისაწვდომობა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება, უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობები, პროფესიული კავშირების შექმნისა და კოლექტიური შეთანხმების უფლება, სოციალური უსაფრთხოება, შესაბამისი ცხოვრების სტანდარტი (რაც მოიცავს შესაბამის საკვებს, ჩაცმას და ბინით უზრუნველყოფას), ჯანმრთელობის დაცვა და განათლება. ეს უფლებები საერთაშორისო სამართლის ნაწილად იქცნენ ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებების მეშვეობით, როგორებიცაა საერთაშორისო შეთანხმება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, ევროპის სოციალური ქარტია და სან-სალვადორის პროტოკოლი (1988), რომელმაც შესწორება შეიტანა ადამიანის უფლებათა ამერიკულ კონვენციაში.

უმცირესობათა და კოლექტიური უფლებები

უმცირესობათა უფლებებისათვის ზრუნვის საკითხს დიდი ხნის ისტორია აქვს ადამიანის უფლებათა მოძრაობის სფეროში. ადამიანის უფლებათა დოკუმენტებში ხაზგასმულია, რომ ყველა ადამიანს, მათ შორის ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების წევრებსაც, ერთნაირი ძირითადი უფლებები აქვთ და ამ უფლებებით სარგებლობა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა შეეძლოს. დისკრიმინაციისაგან თავისუფლების უფლება მკაფიოდ არის წარმოჩენილი საყოველთაო დეკლარაციაში და შემდგომ საერთაშორისო ხელშეკრულებებში. მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკური შეთანხმება, მასში მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, პატივი სცენ და დაიცვან თავიანთი ხალხის უფლებები „განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, პოლიტიკური ან სხვაგვარი შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური კუთვნილებისა, საკუთრებისა, წარმოშობისა ან სოციალური მდგომარეობისა“.

ზოგიერთი სტანდარტული ინდივიდუალური უფლებაგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის. მათ მიეკუთვნება გაერთიანების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, რელიგიის თავისუფლება და თავისუფლება დისკრიმინაციისაგან. ადამიანის უფლებათა დოკუმენტები შეიცავს ასევე უფლებებს, რომლებიც კონკრეტულად უმცირესობებს შეეხება და მათთვის დაცვის სპეციალურ საშუალებებს ადგენს. მაგალითად, სამოქალაქო და პოლიტიკური შეთანხმების 27-ე მუხლში ნათქვამია, რომ პირებს, რომლებიც ეთნიკურ, რელიგიურ ან ენობრივ უმცირესობებს მიეკუთვნებიან, „არ უნდა ეთქვათ უარი უფლებაზე, თავიანთი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, განაცხადონ და გამოიყენონ თავიანთი რელიგია ან ილაპარაკონ საკუთარ ენაზე“.

1964 წლიდან მოყოლებული გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უმცირესობათა უფლებებს ძირითადად ისეთ სპეციალიზებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ითვალისწინებს, როგორებიცაა საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის გაუქმების შესახებ (1965) და კონვენცია ქალების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის ყველა ფორმის გაუქმების შესახებ (1979). იხილეთ აგრეთვე ადგილობრივი ხალხების უფლებების დეკლარაციის პროექტი (1945).

ჯანმრთელი გარემოს უფლებები

მიუხედავად უფლებების რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის საშიშროებისა, არსებობს აბსოლუტური ნორმები, რომლებიც ადამიანის უფლებებად უნდა იქნეს მიჩნეული, თუმცა ძირითადად ისინი ასეთებად არ აღიქმება. ბოლოს და ბოლოს, არსებობს მრავალი სფერო, სადაც ადამიანთა ღირსებას და ფუნდამენტურ ინტერესებს მთავრობის მოქმედებებისა თუ დაუდევრობის გამო საფრთხე ემუქრება. მხედველობაში გვაქვს ჯანმრთელი გარემოს უფლებები, რომლებიც ხშირად განისაზღვრება, როგორც ცხოველთა ან თავად ბუნების უფლებები. ამგვარი გაგების გამო ისინი არ შეესაბამება ადამიანის უფლებების ძირითად არსს, ვინაიდან ამ უფლებათა მფლობელებს არ წარმოადგენენ ადამიანები ან ადამიანთა ჯგუფები. თუმცა უფრო ზომიერი ფორმულირებაც არის შესაძლებელი; გარემოს უფლებები შეიძლება გავიგოთ, როგორც ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებები. ასეთ შემთხვევაში უფლება ადამიანზეა ორიენტირებული: ის პირდაპირ არ მოიცავს ცხოველთა მოთხოვნილებებს, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას ან უწყვეტ განვითარებას.

უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ზემოთ მითითებულ ადამიანის უფლებათა ძირითად არსთან, თუკი იგი გაგებულ იქნება, როგორც უფლება, რომელიც უმთავრესად პასუხისმგებლობას აკისრებს მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს. იგი მოუწოდებს მათ, დაარეგულირონ სამთავრობო თუ არასამთავრობო წარმომადგენელთა ქმედებები უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების უზრუნველსაყოფად. მოქალაქეები მეორეხარისხოვანი ადრესატები არიან. უფლება ადამიანთა უსაფრთხოებისათვის გარემოს მინიმალურ სტანდარტებს უფრო ადგენს და არ მოუწოდებს გარემოს დაცვის უფრო მაღალი და ფართო სტანდარტებისაკენ.

რამდენად შეიძლება ჩაითვალოს
სოციალური უფლებები ადამიანის უფლებებად

საყოველთაო დეკლარაცია შეიცავდა სოციალურ (ან „კეთილდღეობის“) უფლებებს, რომლებიც შეეხებოდა განათლებას, კვებას და საქმიანობას. დეკლარაციაში მათი ასახვა დიდ კამათთან იყო დაკავშირებული (Beetham 1995). სოციალური უფლებები ხშირად სასურველი მიზნების მიღწევის მოთხოვნებად მიიჩნევა და არა რეალურ უფლებებად. მათ არ შეიცავს ევროპული კონვენცია (თუმცა მასში მოგვიანებით შესწორების სახით შეტანილ იქნა განათლების უფლება). სამაგიეროდ ისინი ჩადებულ იქნა განსაკუთრებულ საერთაშორისო ხელშეკრულებაში - ევროპის სოციალურ ქარტიაში. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაიწყო საყოველთაო დეკლა რაციაში შემავალი უფლებების საერთაშორისო სამართალში გატარების პროცესი, მან ევროპული სისტემის მოდელი აირჩია, რადგან საერთაშორისო ხელშეკრულებაში შემავალი ეკონომიკური და სოციალური სტანდარტები სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისგან განცალკევებით განიხილა. ეს საერთაშორისო ხელშეკრულება - საერთაშორისო შეთანხმება ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ („სოციალური შეთანხმება“, 1966) ამ სტანდარტებს უფლებებად მიიჩნევდა, თუმცა პროგრესულად რეალიზებად უფლებებად.

სოციალური უფლებების ოპონენტები მათ ადამიანის უფლებებად არ მიიჩნევენ. სოციალური უფლებების წინააღმდეგ გავრცელებული მოსაზრებებია: (1) ისინი არ ემსახურებიან ჭეშმარიტად ფუნდამენტურ ინტერესებს; (2) ისინი მეტად მძიმე ტვირთის სახით აწევთ მთავრობებს და გადასახადის გადამხდელებს და (3) ისინი განუხორციელებელია ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში (ამ საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ: Beetham 1995; Cranston 1967, 1973; Howard 1987; Nickel 2005, 2006).

პირველ რიგში შევეხოთ მნიშვნელოვან საკითხს და მაგალითად მოვიშველიოთ ორი სოციალური უფლება: ცხოვრების შესაბამისი სტანდარტის უფლება და უფასო საჯარო განათლების მიღების უფლება. ეს უფლებები ავალებენ მთავრობებს, შეეცადონ ისეთი სერიოზული უარყოფითი მოვლენების გამოსწორებას, როგორებიცაა შიმშილი და გაუნათლებლობა.

საკვებისა და სიცოცხლის სხვა ძირითადი მატერიალური პირობების მნიშვნელობის დანახვა ადვილია. ისინი არსებითია ადამიანთა სიცოცხლისათვის, მოქმედებისა და განვითარებისათვის. თუკი ეს სიკეთეები არ იქნება სათანადოდ ხელმისაწვდომი, ცხოვრების, ჯანმრთელობისა და თავისუფლების მრავალ ინტერესს დაემუქრება საფრთხე და ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის სერიოზული ალბათობა წარმოიშობა. კავშირი ამ უფლებით გარანტირებული სიკეთეების ქონასა და მინიმალურად კარგი ცხოვრების ქონას შორის პირდაპირი და აშკარაა - ფაქტორი, რაც ყოველთვის არ არის დამახასიათებელი ადამიანის სხვა უფლებებისათვის.

თანამედროვე მსოფლიოში განათლების მიღების შესაძლებლობის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ზღუდავს (როგორც აბსოლუტურად, ისე შედარებით) ადამიანების შესაძლებლობას, სრულად და ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში (Hodgson 1998). განათლების ნაკლებობა ზრდის უმუშევრობისა და არასაკმარისად დასაქმების ალბათობას.

სოციალური უფლებების მნიშვნელობის მხარდასაჭერად კიდევ ერთი გზაა მათი მნიშვნელობის წარმოჩენა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სრულად განხორციელებისათვის. თუკი სახელმწიფო მოახერხებს შიმშილის აღმოფხვრას და უზრუნველყოფს ყველას მიერ განათლების მიღების შესაძლებლობას, ეს ხელს შეუწყობს ადამიანთა შესაძლებლობას, იცოდნენ, გამოიყენონ და ისარგებლონ თავიანთი თავისუფლებებით, სამართლიანი სასამართლოს უფლებით და პოლიტიკური მონაწილეობის უფლებით. ამის დანახვა ადვილია განათლებასთან მიმართებით. გაუნათლებლობა ბარიერს წარმოადგენს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზაციისათვის, ვინაიდან გაუნათლებელმა ადამიანებმა ხშირად არ იციან, რა უფლებები აქვთ და რის გაკეთება შეუძლიათ ამ უფლებათა გამოსაყენებლად და დასაცავად. ამის დანახვა ადვილია აგრეთვე დემოკრატიული მონაწილეობის სფეროშიც. განათლება და მინიმალური შემოსავალი ეკონომიურად დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებს უფრო უადვილებს, მიჰყვნენ პოლიტიკას, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ კამპანიებში და დახარჯონ დრო და ფული, რაც საჭიროა არჩევნებზე წასასვლელად და ხმის მისაცემად.

სახელმწიფოები, რომლებიც არ აღიარებენ და არ ახორციელებენ სოციალურ უფლებებს, მაინც საჭიროებენ, როგორმე გასწიონ ხარჯები გაჭირვებულთა უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ეს სახელმწიფოები - განსაკუთრებით მაშინ, თუკი ისინი პოლიტიკური მონაწილეობის დემოკრატიულ უფლებებს აღიარებენ - ვერ შეეგუებიან მოსახლეობის დიდი ნაწილის შიმშილს და უსახლკარობას. მხოლოდ გასულ საუკუნეში მოხერხდა მთავრობათა მიერ მხარდაჭერილი სოციალური უფლებების მეშვეობით გაჭირვებულთა უზრუნველყოფის ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილის შემსუბუქება. სოციალურ უფლებებთან დაკავშირებული გადასახადებით ხდება სხვა ისეთ მძიმე მოვალეობათა ნაწილობრივი ჩანაცვლება, როგორიცაა ოჯახისა და საზოგადოების მოვალეობა, უზრუნველყონ უმუშევართა, ავადმყოფთა, უუნაროთა და ასაკოვანთა სათანადო მოვლა-პატრონობა. გადაწყვეტილების მიღება, განხორციელდეს თუ არა სოციალური უფლებები, დამოკიდებულია არა იმის გადაწყვეტაზე, გაწეულ უნდა იქნეს თუ არა ამგვარი ტვირთი, არამედ იმის გადაწყვეტაზე, გაგრძელდეს თუ არა მთლიანად არაფორმალური უზრუნველყოფის სისტემაზე დაყრდნობა, რომელსაც არასტაბილური სარგებელი მოაქვს და რომლის ხარჯებიც მძიმედ აწვება ოჯახებს, მეგობრებსა და საზოგადოებას.

2 თავი 2. ადამიანის უფლებების წარმოშობა და განვითარება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა ისტორია

ადამიანის უფლებები მათი სოციალური ფესვები, დანიშნულება - კაცობრიობის ისტორიული და სოციალურ-კულტურული განვითარების შემადგენელი საკითხია, რომელმაც ათასწლეულები გაიარა და შეუცვლელად იმყოფება პოლიტიკური, სამართლებრივი, ეთიკური, რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნების ყურადღების ცენტრში. სხვადასხვა ეპოქაში ადამიანის უფლებების პრობლემა, ინარჩუნებდა რა თავისი არსით პოლიტიკურ-სამართლებრივ ხასიათს, იძენდა რელიგიურ, ეთიკურ ან ფილოსოფიურ ჟღერადობას სოციალური ძალების, კულტურისა და ტრადიციების გადანაწილების შესაბამისად.

საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა კატალოგი იმ ეტალონებისა და სტანდარტების ხანგრძლივი ისტორიული ფორმირების შედეგია, რომლებიც ნორმებად იქცა თანამედროვე დემოკრატიულ სა ზოგადოებაში. ათასწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა ინდივიდსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობის ფორმათა ძიება; საზოგადოებრივი პროგრესისა და თავისუფლების გზაზე კაცობრიობის განვითარების შესაბამისად სულ უფრო აშკარად იკვეთებოდა მისწრაფება სახელმწიფოს ყოვლისშემძლეობის შეზღუდვის, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირთა თვითნებური ქმედებისგან ადამიანის დაცვისა და პიროვნების თვითგამორკვევისათვის უფრო ფართო ასპარეზის მინიჭებისაკენ.

ადამიანის უფლებები - ეს არის თავისუფლების კონკრეტულ-ისტორიული საფეხურების ყველაზე დახვეწილი სამართლებრივი ფორმა. ყველა ადამიანი ფლობს თანდაყოლილ განუსხვისებელ უფლებას მატერიალურ თუ სულიერ სიკეთეთა განსაზღვრულ მოცულობაზე, რომელთა უზრუნველყოფასაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებამ და სახელმწიფომ. ამ სიკეთეთა მოცულობა ყოველთვის განისაზღვრებოდა ინდივიდის მდგომარეობით საზოგადოების კლასობრივ სტრუქტურაში და მატერიალურ წარმოებაში. საზოგადოების მკვეთრი პოლარიზაცია მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი) და ცივილიზაციათა თავისებურება (ევროპული, აზიური და სხვა) ადამიანის უფლებებს არ აძლევდნენ ფორმალური თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული უნივერსალური ხასიათის შეძენისა და თანამედროვე სახის მიღების შესაძლებლობას.

ადამიანის უფლებათა კონცეფცია ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში ძველ პოლისებში (ათენი, რომი) ჩაისახა, სადაც პირველად წარმოიშვა დემოკრატიის იდეები და შეიქმნა მოქალაქეობის კულტურა. ძველ პოლისებში მოქალაქეობასთან, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო პოლიტიკური უფლებები: თავისუფლების უფლება, სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღების უფლება, მართლმსაჯულების განხორციელებაში მონაწილეობა და ა. შ. ამასთან, ამგვარი უფლებები მხოლოდ მათ ენიჭებოდათ, ვინც ფიზიკური შრომით არ იყო დაკავებული.

ძველი პოლისებისათვის დამახასიათებელი მოქალაქეობის პრინციპის ჩაკეტილობისა და შეზღუდულობის მიუხედავად ამგვარი ინსტიტუტი შეიძლება მხოლოდ კულტურის მაღალ დონეს წარმოეშვა და, თავის მხრივ, ამ კულტურის ფუნქციონირების, განვითარებისა და გამდიდრების საშუალება იყო. შემთხვევითი არ არის, რომ იმ ეპოქაში მოქალაქეობის იდეა და ინსტიტუტი დამახასიათებელი იყო სახელმწიფო წყობილების მხოლოდ ისეთი ფორმისათვის, როგორიც იყო პოლიტეა.

თავდაპირველი წარმოდგენები მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების, თითოეული მოქალაქის პოლისის კეთილდღეობისათვის ზრუნვის შესახებ ჩამოყალიბდა იმ თეორიათა საერთო კალაპოტში, რომლებიც ხაზს უსვამდნენ კანონისა და კანონიერების უდიდეს მნიშვნელობას (პლატონი, სოკრატე, არისტოტელე, პერიკლე, დემოსთენე და სხვა). მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა ადამიანის უფლებათა და საზოგადოებაში კანონის უზენაესობის პრინციპის ურთიერთქმედებათა განუყოფლობა. ისტორიული განვითარების ყოველი ახალი საფეხური ადამიანის უფლებებს ახალ თვისებებს მატებდა და მათ სუბიექტთა უფრო ფართო წრეზე ავრცელებდა. ეს კი ხორციელდებოდა კლასებისა და წოდებების მიერ თავიანთი უფლებების, თავისუფლების, მისი გაფართოებისა და გამდიდრებისათვის ბრძოლის შედეგად.

ადამიანის ისტორიული შემოქმედების პროცესი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმ უფლებათა და თავისუფლებათა მოცულობაზე, რომლებიც განსაზღვრავენ მის სოციალურ შესაძლებლობებს და კეთილდღეობას, უზრუნველყოფენ ცხოველმოქმედების თვისებას, კავშირებისა და ურთიერთქმედებათა სისტემას, ადამიანთა ურთიერთობებს საზოგადოებაში. ამიტომაც ადამიანის უფლებათა პრობლემა ყოველთვის მწვავე კლასობრივი ბრძოლების საგანი იყო. ბრძოლები მიმდინარეობდა იმ უფლებათა ფლობისა და გაფართოებისათვის, რომლებიც აფიქსირებდნენ ადამიანის მდგომარეობას საზოგადოებაში. და საზოგადოების განვითარების ყოველი ახალი საფეხური ნაბიჯი იყო თავისუფლების შეძენისა და გაფართოებისაკენ გადადგმული. ისტორია ცხადყოფს, რომ კაცობრიობისათვის უცნობი დრო, როდესაც არ არის საჭირო ძალისხმევა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ყოველი თაობა პასუხობს ისტორიის მუდმივ გამოწვევას, რომელიც დაკავშირებულია ისეთი დიდი ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებასთან, როგორიც არის ადამიანის თავისუფლება და უფლებები.

ადამიანის უფლებათა ისეთი ინსტიტუტების ფორმირების ისტორიის გაცნობა, როგორებიც არის პიროვნების თავისუფლება და ხელშეუხებლობა, უფლება სასამართლო წესით დაცვაზე, პირის დამნაშავედ ცნობა მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფო საქმეების გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება, სიტყვისა და სინდისის თავისუფლება და სხვები, ცხადყოფს ადამიანის უფლებებისა და მათი გარანტიების გაფართოების თანდათანობით და გარდაუვალ პროცესს.

გაგება იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი უფლებამოსილია, ფლობდეს ადამიანის უფლებებს თავისი ღირსებიდან და ადამიანურობიდან გამომდინარე, შედარებით ახალია. თუმცა მისი ფესვები გადგმულია მრავალი კულტურის ადრეულ ტრადიციებსა თუ დოკუმენტებში.

ისტორიულად ადამიანები უფლებებს და პასუხისმგებლობას იძენდნენ მათი ამა თუ იმ ჯგუფისადმი მიკუთვნების მიხედვით - იქნებოდა ეს ოჯახი, დომინანტური ერი, რელიგია, კლასი, საზოგადოება თუ სახელმწიფო. მრავალ საზოგადოებაში არსებობდა ე.წ. „ოქროს წესის“ - „ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც შენ არ გინდა, რომ მოგექცნენ“ - მსგავსი ტრადიციები. ინდური ვედები, ბაბილონური ჰამურაბის კოდექსი, ბიბლია, ყურანი და კონფუცის აფორიზმები ხუთი უძველესი წერილობითი წყაროა, რომლებიც ადამიანთა მოვალეობების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების საკითხებს შეეხება. გარდა ამისა, ინკებისა და აცტეკების ქცევისა და მართლმსაჯულების კოდექსები და იროკეზების კონსტიტუცია იყო ადგილობრივი ამერიკული წყაროები, რომლებიც მე-18 საუკუნემდე კარგა ხნით ადრე არსებობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა საზოგადოებაში არსებობდა ზეპირი თუ წერილობითი ტრადიცია, რომელიც ქცევისა და მორალის წესებსა და მართლმსაჯულებასთან ერთად მიზნად ისახავდა თავისი წევრების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას.

ინდივიდუალურ უფლებათა დამდგენი ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა Magna Charta Libertatum (1215), ინგლისური ადამიანის უფლებათა ბილი (1689), ფრანგული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია (1789), ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია და ამერიკული უფლებათა ბილი (1791), დღევანდელი ადამიანის უფლებათა დოკუმენტების წერილობითი წინამორბედებია. თუმცა მრავალი ამ დოკუმენტთაგანის პოლიტიკაში გამოყენებისას ხშირად უგულებელყოფილი იყვნენ ქალები, ფერადკანიანი ადამიანები და განსაზღვრული სოციალური, რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჯგუფების წევრები. მიუხედავად ამისა, შევიწროებულმა ადამიანებმა ამ დოკუმენტებში ჩამოყალიბებული პრინციპები, რომლებიც თვითგამორკვევის უფლებას ადგენენ, გამოიყენეს რევოლუციათა მხარდასაჭერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების განვითარების, მათი ბუნებრივად და განუსხვისებლად აღიარების გზაზე „წინამავალად“ შეიძლება ჩაითვალოს ინგლისი. ჯერ კიდევ ფეოდალიზმის პირობებში, როდესაც მიმდინარეობდა პოლიტიკური კონფლიქტი სამეფო ხელისუფლებასა და გაბატონებულ წოდებებს შორის, რომლებიც მოითხოვდნენ თვითნებობის შეზღუდვას ხელისუფლების მხრიდან, 1215 წელს მიღებულ იქნა თავისუფლებათა დიდი ქარტია (Magna Charta Libertatum). ეს აქტი აღიარებულია „ინგლისური თავისუფლების ქვაკუთხედად“. და მიუხედავად იმისა, რომ ის ფეოდალიზმის პერიოდის სამართლებრივი დოკუმენტი იყო, სწორედ მან შექმნა ის საფუძვლები, რომლებმაც წარმოშვეს წინაპირობები საზოგადოების ცხოვრებაში თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცებისათვის. ქარტიაში ნათქვამია, რომ „ქვემოთ დაწერილი თავისუფლებანი“ ენიჭება სამეფოს ყველა თავისუფალ ადამიანს, რათა „ფლობდნენ მათ“; გატარებულია ადამიანის ჩინოვნიკების თვითნებობისაგან, კანონზე დაუფუძნებელი ნებისმიერი ჯარიმებისაგან დაცვისა და მისი ძირითადი ქონების ხელშეუხებლობის იდეა. „თავისუფალ ადამიანს წვრილმანი გადაცდომისათვის დაეკისრება ჯარიმა მხოლოდ გადაცდომის ხასიათის შესაბამისად და აგრეთვე მსხვილი გადაცდომისათვის გადაცდომის მნიშვნელობის შესაბამისად, ამასთან, მისი ძირითადი ქონება ხელშეუხებელი უნდა დარჩეს; ასეთივე წესით დაეკისრება ჯარიმა ვაჭარს, და მისი საქონელი დარჩება ხელშეუხებელი, გლეხსაც, და მისი ინვენტარი დარჩება ხელშეუხებელი, თუ ისინი დაჯარიმდებიან ჩვენი მხრიდან, და არც ერთი ზემოთ აღნიშნული ჯარიმის დაკისრება არ მოხდება სხვაგვარად, თუ არა სამეზობლოში არსებული პატიოსანი ადამიანების ფიცით დამტკიცებული ჩვენების საფუძველზე“.

„თავისუფლებათა დიდი ქარტიის“ 39-ე მუხლი შეიცავს დებულებას, რომელსაც კვლავაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში - ადამიანის დამნაშავედ აღიარება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებისა და ქვეყნის კანონების საფუძველზე: „არც ერთი თავისუფალი ადამიანი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული, ციხეში ჩასმული, ქონებაჩამორთმეული, კანონგარეშედ გამოცხადებული ან სხვაგვარად შევიწროებული, და არც ჩვენ წავალთ და არც სხვებს გავგზავნით მის წინააღმდეგ, თუ არა მის თანასწორთა მიერ გამოტანილი კანონიერი განაჩენისა და ქვეყნის კანონების საფუძველზე“.

ქარტია ითვალისწინებს ყველას უფლებას, დატოვონ სამეფო და დაბრუნდნენ უკანვე სრული უსაფრთხოების ქვეშ (სამეფოს საერთო ინტერესების შესაბამისად კონფისკაცია დასაშვებია მხოლოდ „მცირე ხნით საომარი პერიოდის დროს“) (მუხლი 42). მასში გათვალისწინებულია მოსამართლის, კონსტებლის, შერიფისა და ბეილიფის თანამდებობებზე მხოლოდ ისეთი პირების დანიშვნა, რომლებმაც „იციან სამეფოს კანონები და აქვთ მათი დაცვის სურვილი“; ყველას (როგორც საეროების, ასევე სასულიეროების) ვალდებულებაა, ვასალებთან ურთიერთობებში დაიცვან ქარტიაში ასახული ჩვეულებები და თავისუფლებები. თუკი მეფე „არღვევს ქარტიით მონიჭებულ და დამტკიცებულ მშვიდობას და თავისუფლებებს“, ნებადართულია აჯანყების უფლება „მთელი მიწის სათვისტომოსთან ერთად“ (მუხლი 61).

„თავისუფლებათა დიდ ქარტიას“ აკრიტიკებენ მასში ასახული უფლებების ფეოდალურ-წოდებრივი ხასიათის გამო, რადგან ავიწყდებათ მისი წარმოშობის ისტორიული კონტექსტი. დოკუმენტში არსებული იმ იძულებითი ხასიათის დათმობებისა და მისი წოდებრივი ტენდენციის გათვალისწინებითაც კი არ შეიძლება ამ დოკუმენტში ასახული პრინციპების მაღალი ფასეულობის არაღიარება: თანამდებობის პირების ქმედებათა კანონთან შესაბამისობა, გადაცდომისა და სასჯელის თანაფარდობა, დამნაშავედ აღიარება სასამართლოს მიერ, ძირითადი ქონების შენარჩუნება, ქვეყნის დატოვებისა და უკანვე დაბრუნების თავისუფლება, დაბოლოს, აჯანყების უფლება „მთელი მიწის სათვისტომოსთან ერთად” თავისუფლებათა დარღვევის შემთხვევაში.

ამ სამართლებრივ აქტში ჩადებული იდეები, რომლებმაც დროს გაუსწრო და რომელთა მთლიანი რეალიზაციაც, რასაკვირველია, შეუძლებელი იყო იმ პერიოდში და თვითონ მეფეების მიერ ირღვეოდა, ცხადყოფენ, თუ რატომ იწყება ადამიანის უფლებათა შესახებ კანონმდებლობის განვითარების ისტორიის ათვლა „თავისუფლებათა დიდი ქარტიით“. ეს არის საწყისი დოკუმენტი, რომელმაც აიძულა მონარქი, მიეცა შეპირება, რომ დაიცავდა კანონებსა და თავისუფლებებს.

ადამიანის უფლებათა გარანტიის გამყარებისა და ხელისუფლების თვითნებობის შეზღუდვის სფეროში შემდგომ ნაბიჯად მოგვევლინა 1679 წელს Habeas Corpus Amendment Act-ის მიღება. ამ დოკუმენტმა დააწესა პიროვნების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესუალური გარანტია, რომელიც შემდგომში მყარად დამკვიდრდა არა მხოლოდ ინგლისში, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაშიც. Habeas Corpus - ეს არის სასამართლო ბრძანება, რომელიც ეგზავნება პატიმრობაში მყოფის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს. იგი მიზნად ისახავდა, თავიდან აეცილებინა პირთა დიდი ხნით გაჩერება ციხეში, თუკი კანონით შესაძლებელი იყო მათი თავდებით გათავისუფლება. შერიფი, ციხის უფროსი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომლის ზედამხედველობის ქვეშაც იმყოფება დაპატიმრებული, ვალდებულნი არიან, მათთვის ბრძანების წარდგენიდან სამი დღის ვადაში შეასრულონ იგი და მიჰგვარონ დაპატიმრებული ან დაკავებული იმ ლორდ-კანცლერს, ლორდ-ბეჭდის მცველს, მოსამართლეებს ან სასამართლო ბარონებს, რომელთაგანაც მომდინარეობს ბრძანება. თანამდე ბობის პირმა, რომელსაც მიჰგვარეს დაკავებული ან დაპატიმრებული, ორი დღის ვადაში უნდა გაათავისუფლოს იგი პატიმრობიდან, ამასთან, ერთი ან რამდენიმე თავდებობის მიღებისა და განსაზღვრული თანხის შეტანის შემდეგ წინასწარ უნდა მიიღოს მისგან ვალდებულება, რომ წარდგება სასამართლოს წინაშე კანონით მითითებულ ვადაში. თავდებით გათავისუფლება გამოირიცხებოდა მძიმე სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ჩადენის ან სახელმწიფო ღალატის შემთხვევაში. თანამდებობის პირის მიერ Habeas Corpus ბრძანების შეუსრულებლობა ისჯებოდა ჯარიმით დაპატიმრებული ან დაზარალებული პირის სასარგებლოდ (ხუთასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მუხლი IX) და ითვლებოდა, რომ პირი არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას.

Habeas Corpus Act-მა დაადგინა წესი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი იყო ერთი და იმავე დანაშაულისათვის განმეორებით დაკავება ან დაპატიმრება (მუხლი V).

Habeas Corpus-ის პროცედურა წარმოადგენდა ხელისუფლების თვითნებობისა და უკანონობის შეზღუდვის ფასდაუდებელ საშუალებას, რადგან მიზნად ისახავდა, გამოერიცხა სამეფო ხელისუფლების ფარული რეპრესიები, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციის მიმართ, რომელიც წარმოდგენილი იყო ბურჟუაზიის ფორმირებული კლასით. არ არის შემთხვევითი, რომ იგი თანამედროვე მსოფლიოშიც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას პიროვნების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტის სახით.

1689 წლის უფლებათა ბილი (The Bill of Rights) მიზნად ისახავდა პარლამენტის როლის გაზრდას, რომლის თანხმობის გარეშეც დაუშვებელი იყო კანონების შეჩერება, გადასახადების გადახდევინება „გვირგვინის სასარგებლოდ“, მშვიდობიანობის დროს მუდმივი არმიის შეკრება და შენახვა. მეფისთვის პეტიციებით მიმართვა ხელქვეითთა უფლებაა და ამიტომ უკანონოდ გამოცხადდა „ამგვარი პეტიციებისათვის ყოველგვარი დაკავება ან დევნა“. ბილი შეიცავდა სხვადასხვა გარანტიებს, რომლებიც მიმართული იყო გადამეტებული სასამართლო გადასახადების, გადამეტებული ჯარიმების, მკაცრი და უჩვეულო სასჯელებისა და კონფისკაციების წინააღმდეგ, რომლებიც გასამართლებამდე გამოიყენებოდა გარკვეული პირების მიმართ.

მასში დადგენილია პარლამენტში სიტყვის, განხილვებისა და აქტების თავისუფლება, რომელიც „არ უნდა შეიზღუდოს ან დაექვემდებაროს განხილვას რომელიმე სასამართლოში ან სხვა ადგილას, გარდა თვით პარლამენტისა“.

ხალხის სრული და თავისუფალი წარმომადგენლების სახით შეკრებილმა პირებმა ამ აქტში აღადგინეს და განამტკიცეს თავიანთი ძველი უფლებანი და თავისუფლებანი, და „ისინი ეძებენ, მოითხოვენ და დაჟინებით ამტკიცებენ ყველა ამ პუნქტის, როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე აღებულის, მიხედვით თავიანთ უდავო უფლებებსა და თავისუფლებებს; და ამტკიცებენ, რომ არანაირ განცხადებას, განაჩენას, ფაქტსა და ქმედებას, მიმართულს ხალხის საზიანოდ ზემოთ აღნიშნული რომელიმე პუნქტის მიხედვით, სამომავლოდ არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე შედეგი ან გამოდგეს მაგალითად“.

1701 წლის გვირგვინის შემდგომი შეზღუდვისა და ქვეშევრდომის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფის შესახებ აქტში (Act of Settlement) პირველად არის თავმოყრილი დებულებები, რომლებშიც აღიარებულია ინგლისის კანონების ბუნებითი ხასიათი, და რომ ეს კანონები „წარმოადგენენ მისი ხალხის თანდაყოლილ უფლებებს, და ყველა მეფემ და დედოფალმა, რომლებიც იქნებიან ამ სამეფოს ტახტის მფლობელები, უნდა მართოს სამეფო კანონების შესაბამისად, და ყველა მოსამსახურემ და თანამდებობის პირმა უნდა იმსახუროს ამავე კანონების შესაბამისად“.

იმ აქტების ჩამონათვალი, რომლებითაც დადგენილია კანონთა უზენაესობა და პიროვნების უფლებათა გარანტიები, შეიძლება შეივსოს 1628 წლის უფლების შესახებ პეტიციითა და 1701 წლის დაფუძნების შესახებ აქტით. თუკი გვერდს ავუვლით ამ სამართლებრივი აქტების წოდებრივ-კლასობრივ ხასიათს და იმ ისტორიულ პირობებში მათი რეალიზაციის შეუძლებლობას, სასურველი იქნებოდა ყურადღების მიპყრობა იმ იდეებისა და პრინციპების სიმდიდრისათვის ადამიანის უფლებათა სფეროში, რომლებიც ადამიანის უფლებების თანამედროვე კატალოგსა და კონცეფციებში შევიდა. მათი ფესვები პოლიტიკური და სამართლებრივი აზროვნების სიღრმეშია, რომლებიც წარმოიქმნა XVII საუკუნეში ინგლისში მიმდინარე ბურჟუაზიული რევოლუციის დროს. ამ ეპოქის გამოჩენილი მოაზროვნეების - ჯ.მილტონის, თ.ჰობსის, ჯ.ლოკის - ნაშრომებში ხაზგასმული იყო თავისუფლების, ადამიანის ბუნებითი უფლებების, სახელმწიფოს ადამიანთა თავისუფალი შეთანხმების შედეგად წარმოშობისა და მისი ბუნებით კანონებზე დაფუძნების შესახებ იდეები. ამ კონცეფციებმა უდიდესი გავლენა იქონიეს ადამიანის უფლებათა შესახებ კანონმდებლობის განვითარებაზე არა მხოლოდ ინგლისში, არამედ სხვა სახელმწიფოების საკანონმდებლო პრაქტიკაზეც ამ სფეროში.

პირველ რიგში ლაპარაკია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც 1776 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ინგლისის კოლონიური ბატო ნობის ქვეშ იმყოფებოდა. XVII საუკუნის ამერიკული ბურჟუაზიული რევოლუცია არა მხოლოდ სოციალური, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ხასიათისაც იყო, რაც კოლონიური ბატონობისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გადაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა ინგლისის ბატონობის ქვეშ მყოფმა ჩრდილოეთ ამერიკის ზოგიერთმა კოლონიამ. ვირჯინიაში 1601 წელს მიღებული პირველი კოლონიური ქარტია კოლონიის მცხოვრებლებს ანიჭებდა „ყველა უფლებას, პრივილეგიას და იმუნიტეტს... იმგვარად, თითქოს ისინი იცავდნენ კანონის მოთხოვნებს და დაიბადნენ ინგლისის ფარგლებში“. მასაჩუსეტსის 1641 წლის თავისუფლებათა აქტში დეტალურად იყო დაფიქსირებული იმ ძირითად უფლებათა წრე, რომელთაგან მრავალი შემდგომში შეტანილ იქნა ამერიკულ უფლებათა ბილში. სხვა ქარტიებმა, კერძოდ პენსილვანიის ქარტიამ, განსაზღვრული ზემოქმედება იქონიეს პიროვნების უფლებათა დაცვის საშუალებებზე. ყველა ამ დოკუმენტში აშკარად იკვეთება „თავისუფლებათა დიდი ქარტიისა“ და ინგლისში უფრო მოგვიანებით მიღებული აქტებისა და პრეცედენტების გავლენა.

თ.ჯეფერსონის, ბ.ფრანკლინის, თ.პეინის, ჯ.მედისონისა და სხვათა პოლიტიკურ იდეებში განვითარებულია ბუნებით-სამართლებრივი დოქტრინის, საზოგადოებრივი ხელშეკრულების, ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების პრინციპები. ადამიანის ბუნებითი თანდაყოლილი უფლებების კონცეფცია სულ უფრო და უფრო მყარ ადგილს იკავებდა ამერიკის პოლიტიკურ დოქტრინებში, კოლონიური ბატონობის წინააღმდეგ მიმართულ არგუმენტაციაში და საკანონმდებლო აქტებში. ვირჯინიის კონვენტის მიერ 1776 წლის 12 ივნისს მოწონებული ვირჯინიის უფლებათა დეკლარაციით, რომლის ავტორად მოგვევლინა ჯორჯ მედისონი, დადგენილია, რომ ყველა ადამიანი თავისი ბუნებით არის თანაბრად თავისუფალი, დამოუკიდებელი და ფლობს განუსხვისებელ უფლებებს, რომლებზეც მას არ შეუძლია უარის თქმა, შედის რა საზოგადოებაში, და ვერც თავის შთამომავლებს ვერ ჩამოართმევს ამ უფლებებს. ადამიანის განუსხვისებელ უფლებებს მიეკუთვნებოდა „სიცოცხლითა და თავისუფლებით ტკბობა საკუთრების შეძენისა და ფლობის მეშვეობით, რასაც უთანაბრდება ბედნიერებისა და უსაფრთხოებისაკენ სწრაფვა და მათი მოპოვება“ (მუხლი 1). ვირჯინიის უფლებათა დეკლარაციის უფლებების იდეები და კომპლექსი შემდგომში განმეორდა და განვითარდა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში და უფლებათა ბილში (აშშ-ს კონსტიტუციის პირველ ათ შესწორებაში).

უმნიშვნელოვანესი ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც განვითარებულია ადამიანისა და ხალხის თავისუფლებისა და განუსხვისებელი უფლებების იდეები - დამოუკიდებლობის დეკლარაცია (დეკლარაცია დაწერილია თ. ჯეფერსონის მიერ) ერთხმად იქნა მიღებული ცამეტი შეერთებული შტატის მიერ და დამტკიცებული მესამე კონტინენტური კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს. მან ხორცი შეასხა პიროვნების თავისუფლების, მისი ავტონომიის საწყისებს და დაადგინა, რომ ისინი ექვემდებარებიან დაცვას სახელმწიფოს ნებისმიერი ხელყოფისაგან. ადამიანის თავისუფლებისა და უფლებების იდეა ხელისუფლებათა დანაწილებისა და ფედერალიზმის იდეებთან ერთად ამერიკული კონსტიტუციონალიზმის ძირითად პოსტულატებს წარმოადგენს.

დეკლარაციაში გამოხატულია ერის თვითგამორკვევის უფლება, „როდესაც მოვლენათა მსვლელობას მივყავართ იქამდე, რომ ერთი ერი იძულებული ხდება, თავი გაითავისუფლოს პოლიტიკური მარწუხებისაგან, რითაც ის დაკავშირებულია სხვა ერთან, და დაიკავოს დამოუკიდებელი და თანაბარი ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის, რის უფლებაც მას მინიჭებული აქვს ბუნებისა და მისი შემოქმედის კანონების ძალით...“ ეს განამტკიცებს ერის უფლებას, შეცვალოს ან გააუქმოს მმართველობის ისეთი ფორმა, რომელიც დამღუპველი ხდება ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფისათვის, და შემოიღოს ახალი მმართველობა, რომელიც ეფუძნება მმართველობის ორგანიზაციის ისეთ პრინციპებსა და ფორმებს, რომლებიც „ყველაზე უკეთესად უზრუნველყოფენ ხალხის უსაფრთხოებას და ბედნიერებას“. „...როდესაც ერთსა და იმავე მიზანთან უცვლელად დაკავშირებული ბოროტად გამოყენება და ძალადობა მოწმობენ მზაკვრულ განზრახვაზე, აიძულონ ერი, შეეგუოს შეუზღუდავ დესპოტიზმს, ამგვარი მმართველობის ჩამოგდება და სამომავლოდ უსაფრთხოების ახალი გარანტიების შექმნა ერის უფლებად და ვალდებულებად იქცევა“. დეკლარაციაში დეტალურად არის ჩამოყალიბებული, როგორც „ურიცხვი უსამართლობისა და ძალადობის კრებული“, ის ფაქტები და გარემოებები, რომლებმაც გამოიწვიეს ბრიტანეთის გვირგვინთან განხეთქილება და გაერთიანებული კოლონიების თავისუფალ და დამოუკიდებელ შტატებად გამოცხადება. ამ ფაქტებსა და გარემოებებს შორის არის დიდი ბრიტანეთის მეფის უარი საერთო კეთილდღეობისათვის სასარგებლო და აუცილებელი კანონების მიღებაზე, მნიშვნელოვანი კანონების მოქმედების შეჩერება, წარმომადგენელთა პალატის დათხოვნა, სხვა დეპუტატების არჩევაზე უარის თქმა, წინააღმდეგობა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, სასამართლო ხელისუფლების ორგანიზაციის შესახებ კანონების მიღებაზე უარის თქმა, ხალხის შევიწროება გამოგზავნილი ჩინოვნიკებით, ხალხის თანხმობის გარეშე გადასახადების დაკისრება და სხვ. „ხელმწიფე, რომელსაც ტირანის ყველა თვისება ახასიათებს, არ შეიძლება იყოს თავისუფალი ერის მმართველი“.

უსამართლობათა და ძალადობათა კრებულს დეკლარაცია უკავშირებს საკანონმდებლო ორგანოების უფლებათა შეზღუდვას, უსამართლო კანონების თავს მოხვევას, წინააღმდეგობას „საერთო კეთილდღეობისათვის“ სასარგებლო კანონების მიღებაზე. ამიტომ აუცილებელია ისეთი მმართველობის დადგენა, რომელიც თავის უფლებამოსილებას განახორციელებს თავად მის მიერ მართული ხალხის თანხმობით, და რომლის ძირითადი მიზანი იქნება ადამიანის განუსხვისებელი უფლებების უზრუნველყოფა. „ჩვენ გამოვდივართ იმ აშკარა ჭეშმარიტებიდან, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და შემოქმედის მიერ მინიჭებული აქვს განსაზღვრული განუსხვისებელი უფლებები, რომელთაც მიეკუთვნება სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა“.

როგორც ტექსტიდან ჩანს, ამერიკის რევოლუციის მამების ყველა ამაღლებული თავისუფლების მოყვარული სულიერი ნააზრევი ეყრდნობოდა ბუნებით-სამართლებრივ დოქტრინას. თ.პეინი ბუნებით უფლებებად მიიჩნევდა „ყველა ინტელექტუალურ და სულიერ უფლებას, ისევე როგორც ადამიანის უფლებას, მიაღწიოს კეთილდღეობას და ბედნიერებას, თუკი ამით არ იზღუდება სხვების ბუნებითი უფლებები“.

1787 წლის აშშ-ს კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული არც ადამიანის ბუნებითი უფლებები და არც მათი ჩამონათვალი. თუმცა პრეამბულა შეიცავს უმნიშვნელოვანეს ფასეულ პრინციპებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფა. „ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, უფრო სრულყოფილი კავშირის შექმნის, მართლმსაჯულების დადგენის, შიდა სიმშვიდის გარანტირების, ერთობლივი თავდაცვის უზრუნველყოფის, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ხელშეწყობისა და ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლობისათვის თავისუფლების განმტკიცების მიზნით ვაცხადებთ და ვადგენთ წინამდებარე კონსტიტუციას ამერიკის შეერთებული შტა ტებისთვის“.

კონსტიტუციაში ადამიანის უფლებათა ჩამონათვალის არარსებობა მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია ამერიკულ დოქტრინებში მათ ბუნებითსამართლებრივ განმარტებასთან. კონსტიტუციის ზოგიერთი დამფუძნებელი (მაგალითად, ა.ჰამილტონი) მიიჩნევდა, რომ ადამიანის ბუნებითი უფლებები არ უნდა დადგენილიყო პოზიტიური კანონით, და რომ მათი ჩამონათ ვალი შეიძლებოდა ამომწურავი ყოფილიყო, რასაც შეიძლება საშიშროება გამოეწვია. თუმცა ამგვარმა მიდგომამ კრიტიკა და უკმაყოფილება გამოიწვია და კინაღამ შეაჩერა კონსტიტუციის მიღება. კონსტიტუციის მოწონება გადაიდო მასში შესაბამისი შესწორებების შეტანის შესახებ მტკიცე დაპირების მიღებამდე. დ.მედისონმა და თ.ჯეფერსონმა შეადგინეს კონსტიტუციის შესწორებათა სერია და 1791 წლის 15 დეკემბერს ძალაში შევიდა ამერიკული უფლებათა ბილი - „პიროვნული თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების დიდი ამერიკული ქარტია“, რომელიც შეიცავდა კონსტიტუციის პირველ ათ შესწორებას.

უფლებათა ბილმა დააფიქსირა ადამიანის უმთავრესი ძირითადი უფლებები. აღსანიშნავია, რომ ამ უფლებათაგან ზოგიერთი ფორმულირებულია, როგორც აკრძალვები ფედერალური ხელისუფლების მიმართ, რათა ამ უკანასკნელმა არ გამოსცეს ადამიანის ბუნებითი უფლებების შემზღუდველი კანონები. ამგვარად, I შესწორებაში აღნიშნულია: „კონგრესმა არ უნდა გამოსცეს არც ერთი კანონი, რომელიც შეეხება რელიგიის დადგენას ან კრძალავს მისით თავისუფალ სარგებლობას, ან ზღუდავს სიტყვის ან ბეჭდვის თავისუფლებას, ან ხალხის მშვიდობიანი შეკრებისა და მთავრობისათვის თავისი საჩივრების დასაკმაყოფილებლად პეტიციებით მიმართვის უფლებას“. ამგვარი ფორმა მნიშვნელოვანწილად გამოწვეული იყო ამერიკელთა უნდობლობით სახელმწიფო ხელისუფლებისადმი და ადამიანის მიმართ ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის შეზღუდვისკენ სწრაფვით. ამიტომაც ადამიანის უფლებები ფორმულირებულია არა როგორც ინდივიდის ქცევის წესები, არა როგორც განსაზღვრული მოქმედებების შესრულების უფლებები (ეს უფლებები მას დაბადებიდან აქვს მინიჭებული), არამედ როგორც ხელისუფლების უფლებამოსილებათა შეზღუდვები, რათა მან არ დაარღვიოს ინდივიდის თავისუფლების უფლება. II შესწორებაში აღნიშნულია, რომ არ უნდა შეიზღუდოს ხალხის უფლება, შეინახოს და ატაროს იარაღი. VIII შესწორება ითვალისწინებს, რომ არ უნდა იქნეს მოთხოვნილი ზედმეტი გადასახადები, არ უნდა მოხდეს გადამეტებული ჯარიმების დაკისრება, და არ უნდა შეეფარდოს სასტიკი და უჩვეულო სასჯელები. IV და V შესწორებებში გვხვდება ასეთი ფორმულირებები: ამგვარად, „არ უნდა დაირღვეს“ პირის უფლება, დაცული იყოს პირადი, კომუნიკაციის, ქონების უსაფუძვლო ჩხრეკისგან და დაპატიმრებისგან; „არც ერთი პირი არ შეიძლება მიცემულ იქნეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში... თუ არა დიდი ჟიურის მიერ წარდგენილი ან გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე“.

მხოლოდ VI შესწორებაში გამოიყენება ფორმულა „ბრალდებულს უფლება აქვს“.

ამგვარი ფორმულირებები ახასიათებს ადამიანის უფლებათა „პირველი თაობის“ საკანონმდებლო აღიარებას, ანუ ლიბერალურ-დემოკრატიულ (სამოქალაქო და პოლიტიკურ) უფლებებს, რომელთა წარმოშობაც გამოიწვია ბურჟუაზიულმა რევოლუციებმა და რომლებიც გამოხატავენ ინდივიდის ე.წ. „ნეგატიურ“ თავისუფლებას, ანუ მის თვითგამორკვევაში და ავტონომიაში ნებისმიერი, მათ შორის სახელმწიფო, ჩარევისაგან თავისუფლებას (სინდისის, სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების, პეტიციების თავისუფლებანი და სხვა). ამგვარი ხასიათისაა კონსტიტუციის ზოგიერთი შემდგომი შესწორებაც.

კონსტიტუციური ნორმებისა და პრინციპების, ფედერალური კანონების, შტატების კანონების გაფართოებით მრავალრიცხოვანმა სასამართლო გადაწყვეტილებებმა მნიშვნელოვნად გააფართოეს უფლებათა ბილის მოქმედების სფერო. შტატების კონსტიტუციები, მიუხედავად მათი მიღების თარიღისა, სხვადასხვაგვარი მოდიფიკაციებით იმეორებდნენ დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და უფლებათა ბილის დებულებებს. ამგვარად, მასაჩუსეტსის შტატის კონსტიტუციის (1780წ.) პრეამბულაში ხაზგასმულია ადამიანის უფლებათა ბუნებითი ხასიათი; მასაჩუსეტსის რესპუბლიკის მცხოვრებთა უფლებების დეკლარაციის (რომელიც მასაჩუსეტსის კონსტიტუციის პირველ განყოფილებას წარმოადგენს) I მუხლით დადგენილია ყველა ადამიანის თანასწორობა და ბუნებითი უფლებები და მოცემულია ამ უფლებათა ჩამონათვალი. უკვე 1970 წელს მიღებული ილინოისის შტატის კონსტიტუცია ასევე შეიცავს უფლებათა ბილს და ადგენს უფლებათა განუსხვისებლობას, რწმენის თავისუფლებას, სათანადო სამართლებრივ პროცედურას და კანონის წინაშე თანასწორ დაცვას, სიტყვის თავისუფლებას, შეკრებისა და პეტიციების თავისუფლებას, პიროვნების ხელშეუხებლობის გარანტიათა სისტემას და სხვ.

აღნიშნული მოწმობს, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციამ, აშშ-ს კონსტიტუციამ და უფლებათა ბილმა საფუძველი ჩაუყარეს გრძელვადიან ტრადიციას, რომელსაც უცვლელი, დროისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. მით უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს ისტორიული დოკუმენტები XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც მკვიდრდებოდა ბურჟუაზიული წყობა, მიმდინარეობდა თვითმპყრობელობისაგან და თვითნებობისაგან პიროვნების დაცვის საშუალებათა ძებნა.

ამავე პერიოდში ევროპაში მოხდა დიდი ფრანგული რევოლუცია, რომლის მნიშვნელობაც გასცდა ერთი სახელმწიფოს ფარგლებს და დიდი გავლენა იქონია საზოგადოებრივი ვითარების შეცვლაზე ბევრ ქვეყანაში, ფეოდალურაბსოლუტისტურ წესებთან ბრძოლაზე, რომლებიც დაფუძნებული იყო მმართველი კლასების პრივილეგიებზე, ჩინოვნიკთა თვითნებობასა და უკანონობაზე, პიროვნებისა და საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების არარსებობაზე. რევოლუციამ წამოაყენა თანასწორობის, ძმობის, სამართლიანობის პრინციპები, რომელთა მიხდევითაც უნდა მომხდარიყო რევოლუციის გამარჯვების შემდეგ დამკვიდრებული ახალი საზოგადოების ფორმირება.

ფრანგული რევოლუცია იყო არა მარტო ტრიუმფი, არამედ ტრაგედიაც იმ ხალხისა, რომელმაც იაკობინელთა დიქტატურის ყველა საშინელება გამოსცადა. თუმცა მან დატოვა დიდი სამართლებრივი დოკუმენტი - 1789 წლის ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია. მასში აისახა განმანათლებლობის ეპოქის ჰუმანური იდეები - თავისუფლება, თანასწორობა, ეროვნული სუვერენიტეტი, საზოგადოებრივი ხელშეკრულება, კანონის ავტორიტეტი, ადამიანის უფლებები. ვოლტერის, მონტესკიესა და რუსოს პოლიტიკურ-სამართლებრივი და ზნეობრივი იდეები ის ფუნდამენტი იყო, რომელზეც ვითარდებოდა თავისუფალი აზროვნება, თვითნებობასთან და აბსოლუტიზმთან შეურიგებლობა, კანონისა და ადამიანის განუსხვისებელი უფლებების წინაშე ქედის მოხრა, „საერთო კეთილდღეობისაკენ“ სწრაფვა.

დეკლარაციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებათა უგულებელყოფა წარმოადგენს საზოგადოებრივ უბედურებათა და მთავრობათა გარყვნილების ერთადერთ მიზეზს“. სხვა სიტყვებით, მხოლოდ ადამიანის უფლებათა დაცვით არის შესაძლებელი საზოგადოებრივი უბედურების თავიდან აცილება და საზოგადოების ნორმალური ცხოვრების უზრუნველყოფა. ამიტომ, ფრანგი ხალხის წარმომადგენლებმა, შექმნეს რა ეროვნული კრება, „მიიღეს გადაწყვეტილება, დაედგინათ საზეიმო დეკლარაციით ადამიანის ბუნებითი, განუსხვისებელი და წმინდა უფლებები“, რათა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა ქმედებანი შეესაბამებოდნენ პოლიტიკური ინსტიტუტის მიზანს, რომ მოქალაქეთა მოთხოვნები, რომლებიც ამიერიდან უბრალო და უდავო პრინციპებს ეფუძნება, კონსტიტუციისა და საერთო კეთილდღეობის დაცვისაკენ მიისწრაფოდნენ.

პირველი მუხლი აცხადებს, რომ „ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და უფლებებით თანასწორნი»; მეორე მუხლი - რომ „ყოველგვარი პოლიტიკური კავშირის მიზანია ადამიანის ბუნებითი და განუსხვისებელი უფლებების უზრუნველყოფა. მათ მიეკუთვნება თავისუფლება, საკუთრება, უსაფრთხოება და ჩაგვრისადმი წინააღმდეგობა“.

დეკლარაციაში ადამიანის უფლებები გადმოცემულია ფორმულირებით, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის სიცხადესა და გარკვეულობას: „აზრისთავისუფალი გამოხატვა წარმოადგენს ადამიანის ერთ-ერთ უძვირფასეს უფლებას; ამიტომ ყველა მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს აზრი, წეროს, ბეჭდოს და პასუხი აგოს მხოლოდ ამ თავისუფლების კანონით გათვალისწინებული ბოროტად გამოყენების შემთხვევებში“ (მუხლი 11); „კანონით დადგენილ უნდა იქნეს მხოლოდ მკაცრად და უდავოდ აუცილებელი სასჯელები; არავინ არ შეიძლება დაისაჯოს, თუ არა სამართალდარღვევის ჩადენამდე მიღებული და გამოქვეყნებული და სათანადოდ გამოყენებული კანონის საფუძველზე“ (მუხლი 8); „ვინაიდან ნებისმიერი ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე არ დადგინდება მისი ბრალეულობა, ისეთ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელი ხდება პირის დაპატიმრება, ნებისმიერი ზედმეტად მკაცრი ზომა, რომლის გამოყენებაც არ წარმოადგენს აუცილებლობას, უმკაცრესად უნდა აღიკვეთოს კანონით“ (მუხლი 9) და სხვა.

დეკლარაციის მე-4 მუხლში პირველად არის ფორმულირებული პრინციპი, რომელიც შევიდა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის თანამედროვე კონსტიტუციებში და ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებში: „თავისუფლება არის შესაძლებლობა, აკეთო ყველაფერი, რაც ზიანს არ აყენებს სხვას. ამგვარად, ნებისმიერი ადამიანის ბუნებითი უფლებების განხორციელება შეზღუდულია მხოლოდ იმ ფარგლებით, რომლებიც უზრუნველყოფს საზოგადოების სხვა წევრების ასეთივე უფლებებით სარგებლობას. ეს ფარგლები შეიძლება დადგენილ იქნეს მხოლოდ კანონით“.

თავისუფლების ფარგლები გამოხატულია მე-5 მუხლშიც: „კანონს უფლება აქვს, შეზღუდოს მხოლოდ ისეთი ქმედებები, რომლებიც ზიანის მომტანია საზოგადოებისათვის. ყველაფერი, რაც არ არის აკრძალული კანონით, ნებადართულია, და არავინ არ შეიძლება აიძულო, აკეთოს ის, რაც კანონით არ არის დადგენილი“.

მკაფიოდ და ლაკონურად არის განმტკიცებული პიროვნებისა და მისი საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიები (მუხლები 7, 8, 9, 10, 12, 17).

ნიშანდობლივია, რომ დეკლარაცია, გამომდინარეობს რა ბუნებით-სამართლებრივი დოქტრინის იდეიდან, აღიარებს და ხაზს უსვამს სახელმწიფოს როლს ადამიანის უფლებათა გარანტიების უზრუნველყოფაში: „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა გარანტიებისათვის აუცილებელია სახელმწიფოებრივი ძალა. იგი იქმნება ყველას ინტერესებში და არა იმათი პირადი სარგებლობისათვის, ვისაც იგი აქვს მინდობილი“ (მუხლი 12). შესაბამისად, „საზოგადოებას უფლება აქვს, მოითხოვოს ნებისმიერი თანამდებობის პირისაგან მისი საქმიანობის ანგარიში“ (მუხლი 15).

მე-16 მუხლში გამოხატულია სამართლებრივი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრინციპები: უფლებათა გარანტიების უზრუნველყოფა და ხელისუფლების დანაწილება: „საზოგადოებას, სადაც არ არის უზრუნველყოფილი უფლებათა გარანტიები და არ არსებობს ხელისუფლების დანაწილება, არა აქვს კონსტიტუცია“, ანუ სამართლებრივი ორგანიზაცია.

ჩვენ დაწვრილებით დავახასიათეთ სხვადასხვა ეპოქასა და სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა შესახებ შექმნილი იურიდიული აქტები, რათა გვეჩვენებინა იმ ნორმების, ინსტიტუტებისა და პრინციპების ისტორიული ფესვები, რომლებიც აითვისა საერთაშორისო სამართალმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. ადამიანის დამნაშავედ აღიარება მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სამართალდარღვევისა და სასჯელის თანაფარდობა, „სათანადო სამართლებრივი პროცედურა“, უდანაშაულობის პრეზუმფცია და პიროვნების ხელშეუხებლობის სხვა გარანტიები, კამათის, სიტყვის, ბეჭდვის, რელიგიის თავისუფლება, საკუთარი ქვეყნის დატოვებისა და უკან დაბრუნების უფლება, პეტიციების უფლება, თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის - ეს და სხვა უფლებანი, რომლებიც ჰუმანურ ფასეულობათა ოქროს ფონდში შევიდა, პირველად იქნა გადმოცემული თავისუფლებათა დიდ ქარტიაში, განვითარებული ინგლისურ უფლებათა ბილში, Habeas Corpus Act-ში, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, ამერიკულ უფლებათა ბილში, ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაში. ამ ფასეულობათა გენეზისისათვის თვალყურის დევნებისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძველბერძნული ფილოსოფია, რომელმაც იმპულსი მისცა ადამიანის ბუნებითი უფლებების შესახებ სწავლების განვითარებას, აგრეთვე რეფორმაციისა და განმანათლებლობის პერიოდის პოსტულატები, რომლებმაც წამოაყენეს სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობის იდეები.

საჭიროა ყურადღების გამახვილება ბუნებით-სამართლებრივი სწავლების განმსაზღვრელ როლზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განვითარებაში, მათი პრიორიტეტის აღიარებაში, სახელმწიფოსა და თანამდებობის პირთა მხრიდან თვითნებობის შეზღუდვაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში აღნიშნულია, რომ „ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების, თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს“. პირველი მუხლი ადგენს ბუნებითი დოქტრინის წამყვან იდეას: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ ძმობის სულისკვეთებით უნდა იქცეოდნენ“.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში განმეორებულია დებულება, რომელიც პირველად ფორმულირებულ იქნა თავისუფლებათა დიდ ქარტიაში და შემდგომში დადგენილ იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში: თუკი არ ხდება კანონის, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, ხალხს აქვს აჯანყების უფლება; იმ მთავრობის ჩამოგდება, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს, არის ხალხის არა მარტო უფლება, არამედ ვალდებულებაც. ეს თეზისი შემდეგი სახით არის გამოხატული: „აუცილებელია, უფლებებს იცავდეს კანონის ძალა, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს, მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ“.

როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, წესდებაში ჩაწერილი მისი მიზნებიდან და პრინციპებიდან ერთ-ერთს წარმოადგენდა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების აუცილებლობა და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი, ყველას მიმართ, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის მიუხედავად, პატივისცემის ხელშეწყობა და განვითარება. ამ მიზნის წამოყენება იყო რეაქცია ადამიანის უფლებათა მასობრივ და უხეშ დარღვევებზე, რომლებიც ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის წინარე და მისი მიმდინარეობის პერიოდებში. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილის შექმნის იდეა ცარიელ ადგილზე არ წარმოშობილა. იგი ეყრდნობოდა წარსულის დემოკრატიულ კულტურულ ტრადიციებს, წამყვან სახელმწიფოთა სამართლებრივ აზროვნებასა და კანონმდებლობაში ფორმირებულ უნივერსალურ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა გამოცხადების აუცილებლობას. ამიტომაც უფლებათა საერთაშორისო ბილის პირველი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია - მოკლე ვადაში შეიქმნა; ამასთან, მასში არ იქნა გამორჩენილი არც ერთი ისეთი პრინციპი და ნორმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროდან, რომლებიც ჰუმანიტარული განვითარების ოქროს ფონდს შეადგენენ.

თუმცა იმ პერიოდში დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები მსოფლიოს ყველა სახელმწიფოს მონაპოვარს არ წარმოადგენდნენ. ამიტომაც საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებსა და ნორმებს შეიცავდა, სარეკომენდაციო ხასიათისა იყო და მსოფლიოს ყველა სახელმწიფო სთავაზობდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კატალოგს ამ სფეროში შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის განვითარების მაგალითის, სტანდარტის სახით: „გენერალური ასამბლეა ადამიანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად აცხადებს, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს, სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ისე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში“.

საყოველთაო დეკლარაცია შეიცავდა უფლებათა და თავისუფლებათა გამდიდრებულ ნუსხას, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ, არამედ XIX საუკუნის დასასრულს ფორმირებულ და XX საუკუნეში განვითარებულ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებსაც. თუმცა ადამიანის უფლებათა „პირველი თაობის“ - სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების - ძირითადმა პრინციპებმა და ნორმებმა უკვე დაამტკიცეს თავიანთი ცხოვრებისეულობა და ეფექტურობა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოთა პრაქტიკაში. ამიტომაც უდავოა მათი გავლენა ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სამართლის განვითარებაზე.

ბუნებრივი იყო საპირისპირო პროცესიც - საერთაშორისო სამართლის დემოკრატიული სამართლებრივი იდეებისა და ნორმების ზეგავლენა ეროვნული კანონმდებლობის განვითარებაზე. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ იტალიის, იაპონიისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ომისშემდგომ კონსტიტუციებში ადამიანის უფლებები დიდი მოცულობით იყო წარმოდგენილი მოქალაქეთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ სპეციალურ განყოფილებებში. საფრანგეთში ძირითადი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები განმტკიცდა 1946 წლის კონსტიტუციის პრეამბულაში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაზე მითითებით. გასული საუკუნის 70-იან წლებში საბერძნეთში, პორტუგალიასა და ესპანეთში მიღებულმა „მეორე ტალღის“ ბურჟუაზიულმა კონსტიტუციებმა განამტკიცეს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კიდევ უფრო ვრცელი სისტემა. ერთ-ერთ გამოკვლევაში მითითებულია, რომ „1948 წლის შემდეგ მიღებული ეროვნული კონსტიტუციებიდან არა ნაკლებ 90-ისა შეიცავს იმ ფუნდამენტური უფლებების ნუსხას, რომლებიც ან გადმობეჭდილია დეკლარაციის დებულებებიდან, ან შევიდნენ კონსტიტუციებში დეკლარაციის გავლენით“.

საყოველთაო დეკლარაციამაც და უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში შექმნილმა ყველა შემდგომმა საერთაშორისო-სამართლებრივმა დოკუმენტმაც იქონიეს და კვლავაც აქვთ დიდი გავლენა ეროვნული კანონმდებლობის განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამა თუ იმ საერთაშორისო დოკუმენტების წევრი სახელმწიფოებისათვის, მას შემდეგ, რაც ისინი შესაბამის პროცედურებს გაივლიან, ამ დოკუმენტებში არსებული მითითებები სავალდებულო ხდება. არ არის შემთხვევითი, რომ საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების მრავალი მუხლი იწყება სიტყვებით: „ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფო ვალდებულებას იღებს...“; „წევრი სახელმწიფოები ყველა ადამიანისათვის უზრუნველყოფენ...“; „წევრი სახელმწიფოები პასუხისმგებელნი არიან...“; „წევრი სახელმწიფოები იღებენ ყველა სათანადო ზომას...“ და ა.შ.

აღნიშნული იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო სამართლის განვითარები პროცესისათვის დამახასიათებელია ურთიერთშევსება და ურთიერთზემოქმედება.

თანამედროვე სამართალში მათი გამოცხადების დროის შესაბამისად მიღებულია ადამიანის უფლებათა დაყოფა სამ თაობად. პირველ თაობას მიეკუთვნება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, რომლებიც წარმოადგენენ ინდივიდის „ნეგატიური“ თავისუფლების გამოხატულებას და მიზნად ისახავენ ადამიანის დაცვას ნებისმიერი სახის უკანონო ჩარევისაგან (მათ შორის სახელმწიფოს მხრიდანაც). ტერმინი „ნეგატიური“ ამ შემთხვევაში გულისხმობს სახელმწიფოს ან ნებისმიერი პირის ვალდებულებას, თავი შეიკავოს გარკვეული მოქმედებისგან. მაგალითად, სამოქალაქო უფლებებია: რელიგიის, გამოხატვის, გაერთიანების, შეკრების და მანიფესტაციის უფლებები. ამ უფლებების განხორციელებისას პირი დაცული უნდა იყოს, რომ სახელმწიფო უკანონოდ არ აკრძალავს ეკლესიის მშენებლობას და ქადაგებას, მანიფესტაციისა და მიტინგის ჩატარებას, ფონდის, კავშირისა და სხვა ტიპის ორგანიზაციის შექმნას და ა.შ. ამ უფლებათა განხორციელებისას პირველ რიგში სახელმწიფოა შეზღუდული და მისი ძალაუფლებაა შეკვეცილი.

მეორე თაობას მიაკუთვნებენ სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს, რომლებსაც „პოზიტიურს“ უწოდებენ, ვინაიდან მათ უზრუნველსაყოფად ჩვეულებრივ საჭიროა სახელმწიფოთა მხრიდან კონკრეტულ მოქმედებათა განხორციელება. „პოზიტიური“ ამ შემთხვევაში ნიშნავს სახელმწიფოს ვალდებულებას, შექმნას პირობები და ხელი შეუწყოს ადამიანთა ისეთი ინტერესების განხორციელებას, როგორიცაა: განათლება, დასაქმება, ჯანდაცვა და ა.შ. სახელმწიფოები კონსტიტუციით ან სხვა კანონებით იღებენ თავის თავზე ასეთ ვალდებულებებს და საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია დავასახელოთ თუნდაც სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს საბაზო განათლება ყველა მოქალაქისთვის.

დაბოლოს, მესამე თაობას მიეკუთვნება ე.წ. „კოლექტიური“ უფლებები, ანუ ხალხთა უფლებები. მათ ჩვეულებრივ მიაკუთვნებენ განვითარების უფლებას, მშვიდობის, ჯანსაღი გარემოს, კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის უფლებებს და სხვ. ხალხთა უფლებები არ წარმოადგენს კონკრეტულად ინდივიდთა უფლებებს, ისინი ეკუთვნის ადამიანთა კოლექტივს, რომლებიც აყალიბებენ ხალხს ან ერს, და ეს უფლებები არ შეიძლება რეალიზებულ იქნეს ცალკეული პიროვნების მიერ. ხალხთა უფლებების რეალიზაციის პროცესში ყოველი ცალკეული პირი, რომელიც შედის ამა თუ იმ ხალხის შემადგენლობაში, სარგებლობს თავისი უფლებებით და თავისუფლებებით (სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლებები, არჩევნებში მონაწილეობის უფლება და ა.შ.) და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სწორედ ასეთი სახით გამოხატული უმრავლესობის აზრი შეადგენს მთელი ერის ნებას.

ხალხთა უფლებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია თვითგამორკვევის უფლება. ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების ძალით ისინი თავისუფლად ადგენენ თავიან პოლიტიკურ სტატუსს და თავისუფლად უზრუნველყოფენ თავიანთ ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას. ერთი ერის თვითგამორკვევამ არ უნდა მიაყენოს ზიანი სხვა ხალხთა უფლებებს. ეს უფლება უნდა განხორციელდეს საერთაშორისო სამართლის სხვა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების დაცვით, მათ შორის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვით. ამიტომ თვითგამორკვევის უფლება არ უნდა განიმარტოს მხოლოდ, როგორც ერის უფლება, შექმნას თავისი საკუთარი სახელმწიფო. თვითგამორკვევის ფორმები შეიძლება მრავალგვარი იყოს - ნაციონალურ-კულტურული ავტონომიიდან ფედერალიზმის სხვადასხვა ფორმებამდე.

ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები დაცულ უნდა იქნეს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ნაციონალური ან სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებების მიუხედავად.

3 თავი 3. ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის რეგიონული სისტემები

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებების დაცვის უნივერსალურ ინსტრუმენტებთან ერთად არსებობს რეგიონული სისტემებიც, რომლებიც ხშირად უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტებს უზრუნველყოფს.

რეგიონული სისტემების უპირატესობა ის არის, რომ მათ საჩივრების დაკმაყოფილების უკეთესი საშუალება აქვთ. რაც შეეხება სასამართლოებს ისინი სავალდებულო გადაწყვეტილებებს იღებენ ხოლმე და ადამიანის უფლებების კომისიათა რეკომენდაციებს ქვეყნები, როგორც წესი, სერიოზულად ითვალისწინებენ. მათი მეშვეობით შესაძლოა ეროვნული კანონმდებლობაც კი შეიცვალოს, რათა ის შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებთან. ამასთან, რეგიონული სისტემები უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ კულტურული და რელიგიური პრობლემებისადმი, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი არსებობს.

ევროპა

ადამიანის უფლებების ევროპული სისტემა სამი ნაწილისგან შედგება: ევროსაბჭოს სისტემა, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და ევროპის კავშირი.

ადამიანის უფლებების ევროპული სისტემა ყველაზე დახვეწილი რეგიონული სისტემაა. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების საპასუხოდ ჩამოყალიბდა. ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და პლურალისტური დემოკრატია ევროპის სამართლებრივი წყობის ქვაკუთხედია.

ევროსაბჭო

მთავარი ინსტრუმენტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (1950) და მისი 13 დამატებითი ოქმია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მე-6 და მე-13 ოქმებია სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, რაც ადამიანის უფლებების ევროპულ სისტემას ამერიკულისგან განასხვავებს. ასევე აღსანიშნავია მე-11 ოქმი, რომელიც ადამიანის უფლებების ევროპულ კომისიას და ევროპულ სასამართლოს ერთი მუდმივი ევროპული სასამართლოთი ცვლის. ევროპული კონვენცია ძირითადად სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს შეიცავს. ევროპის სოციალური ქარტია (1961) ყურადღებას ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე ამახვილებს, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორიც კონვენცია.

წამებისა და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ სფეროში გარდატეხა მოახდინა ევროპულმა კონვენციამ (1948), რომელიც აყალიბებს ევროპულ კომისიას წამების და სხვა სასტიკი, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობისა და დასჯის აღსაკვეთად. კომისია კონვენციის წევრ ქვეყნებში აგზავნის დელეგაციებს დაკავების ადგილების მოსანახულებლად. შესაბამისად, სისტემის ლოგიკა მის პრევენციულობაში მდგომარეობს, ნაცვლად ex post facto დაცვისა რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და სასამართლოს ჯერ კიდევ ახასიათებს.

ევროპული ჩარჩო ხელშეკრულება ეროვნული უმცირესობების დაცვისთვის (1995) ევროპაში უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებით პრობლემების ზრდის საპასუხოდ შეიქმნა. ეს პრობლემები საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის სოციალისტური რესპუბლიკის დაშლისა და უფრო ზოგადად ევროპაში 1990-იან წლებში თვითგამორკვევის პროცესის შედეგია.

კონვენციის თანახმად, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან ეროვნული უმცირესობების წევრთა ინდივიდუალური უფლებები, მაგრამ ამასთანავე ისეთი პირობები უნდა შექმნან, რომ უმცირესობებს საშუალება ჰქონდეთ, საკუთარი კულტურა და იდენტურობა შეინარჩუნონ და განავითარონ. თუმცა აღმასრულებელი მექანიზმი მოხსენებითი სისტემით შემოიფარგლება.

1. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო

ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის მთავარი მექანიზმია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში, რომლის სავალდებულო იურისდიქციაც ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერაა აღიარებული. მოსამართლეთა რაოდენობა ევროსაბჭოს წევრთა რაოდენობას ემთხვევა. ყველა საქმეში ჩართულია ე.წ. „სახელმწიფო მოსამართლე“, რომელიც სასამართლოს ეხმარება სახელმწიფო კანონმდებლობის უკეთ გაგებაში. თუმცა დანიშნული მოსამართლეები პერსონალური სტატუსით მოღვაწეობენ.

სასამართლოში საჩივრის მისაღებად უნდა არსებობდეს შემდეგი გარემოებები:

  • ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია და მისი დამატებითი ოქმების დარღვევის ფაქტი;

  • მოსარჩელე დარღვევის მსხვერპლი უნდა იყოს;

  • ყველა ადგილობრივი სამართალდამცავი მექანიზმი ამოწურული უნდა იყოს;

  • სარჩელი შეტანილი უნდა იყოს საშინაო სამართალდამცავი მექანიზმების ამოწურვიდან არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში.

სარჩელის მიღების შემთხვევაში შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პალატა სარჩელის ხარისხს განიხილავს. მათი გადაწყვეტილება საბოლოოა, თუ მიიჩნევენ, რომ სარჩელი არასათანადო მნიშვნელობისაა.

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა და შესაძლოა ზარალის ანაზღაურებასაც უზრუნველყოფდეს. გადაწყვეტილებების აღსრულებას უზრუნველყოფს მინისტრთა კომიტეტი. დღესდღეობით სისტემის მთავარი პრობლემა სარჩელების დიდი რაოდენობაა.

2. ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ადამიანის უფლებების სისტემა

ეუთოს არ გააჩნია სამართლებრივი წესდება, მისი დეკლარაციები და რეკომენდაციები მხოლოდ პოლიტიკური ხასიათისაა და არ არის იურიდიულად სავალდებულო. მიუხედავად ამისა, კონფერენციებსა და ექსპერტთა შეხვედრებზე მიღებული სხვადასხვა ვალდებულებები, რომელთა შესრულებასაც წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა საბჭო აკონტროლებს, მონიტორინგის უფრო წარმატებული მექანიზმია. ცივი ომის დროს „ჰელსინკის პროცესმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში და მისი გაგრძელებისთვის შემდგომ უფრო ფართო ევროპაში.

ეუთო გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს ადამიანის უფლებებისა და განსაკუთრებით უმცირესობათა უფლებების სფეროში. ის აგრეთვე წამყვან როლს ასრულებს ეუთოს საველე მისიებში. ამისათვის ეუთოს აქვს ადამიანის უფლებების დეპარტამენტი და ჰყავს ადამიანის უფლებების ოფიცრები, რომლებიც მივლინებულნი არიან ქვეყნებში, რათა ზედამხედველობა გაუწიონ და მოხსენებები გააკეთონ ადამიანის უფლებების არსებულ მდგომარეობაზე, აგრეთვე ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას. ეუთო ასევე დახმარებას უწევს ადამიანის უფლებების სახელმწიფო ინსტიტუტებს იმ ქვეყნებში, სადაც მისიები ჰყავს წარგზავნილი.

ეუთო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დემოკრატიული არჩევნების დაკვირვებისას ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომლებიც პლურალისტულ დემოკრატიებად გარდაქმნის პროცესში არიან. ეუთოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აგრეთვე ევროპაში კონფლიქტების მოგვარებისა და კონფლიქტის შემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში.

3. ევროკავშირის პოლიტიკა ადამიანის უფლებების დარგში

ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, რომელიც 1957 წ. შეიქმნა, არ ეხებოდა ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები და ევროპის ინტეგრაცია, თუმცა დემოკრატია და ადამიანის უფლებების კონცეფცია ევროპის სამართლებრივი წყობის წამყვანი საკითხი გახდა. მთავარი როლი ევროპის სასამართლომ შეასრულა. მან ჩამოაყალიბა ადამიანის უფლებების იურისდიქცია, რომელიც მომდინარეობდა „წევრი ქვეყნების საერთო კონსტიტუციური ტრადიციებიდან“ და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან რომლებსაც წევრი ქვეყნები იყვნენ მიერთებულნი, მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან. ზოგიერთი უფლება აიგო საზოგადოებრივი სამართლის ზოგად პრინციპებზე, როგორიცაა ქონების უფლება შეკრების ან რელიგიის თავისუფლება, ან თანასწორობის პრინციპი, რაც ევროპის საზოგადოებრივ სამართალში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

1980-იანი წლებიდან ევროპის თანამეგობრობამ შეიმუშავა ადამიანის უფლებების პოლიტიკა მესამე სამყაროს ქვეყნებთან დაკავშირებით, რაც აგრეთვე აისახა ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმებში“ ახალი სახელმწიფოების ცნობისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში.

2000 წელს მოწვეულ იქნა კონვენტი ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის დასაწერად, რომელიც 2000 წელს ნიცის სამიტზე იქნა მიღებული. დღესდღეობით ეს ქარტია ევროპის ადამიანის უფლებების ყველაზე თანამედროვე დოკუმენტია. საყოველთაო დეკლარაციის მსგავსად ის მოიცავს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს, ამასთან მას იურიდიულად სავალდებულო სტატუსი არ აქვს. თუმცა ის შეიძლება იმ სავალდებულო დებულებათა განმარტებად ჩაითვალოს, რადგან შეიცავს ადამიანის უფლებების რამდენიმე ვალდებულებას, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულების ნაწილსაც შეადგენენ. 1995 წლიდან მოყოლებული ევროკავშირი თავის ორმხრივ ხელშეკრულებებში მოიცავს ადამიანის უფლებათა კლაუზულებს. მოსალოდნელია, რომ ევროპის კონსტიტუცია, რომელიც ახლა მუშავდება საბოლოოდ გადაწყვეტს ადამიანის ძირითად უფლებათა ევროპული ქარტიისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების საკითხს.

ევროპის კავშირი ადამიანის უფლებების პოლიტიკას შეიმუშავებს როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებისთვის, სადაც ის ზოგადი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილს შეადგენს. ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური მოხსენება ადამიანის უფლებების შესახებ ხაზს უსვამს ამ პოლიტიკის მნიშვნელობას. საბჭო აკეთებს საჯარო განცხადებებს, მაგრამ ის კულისებს მიღმაც აქტიურია: აწარმოებს „ადამიანის უფლებების დიპლომატიას“ და მართავს „დიალოგს ადამიანის უფლებებზე ევროპის კომისიასთან ერთად ზოგიერთ ქვეყანასთან, მაგალითად ჩინეთთან და ირანთან. ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს წამების, სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლას.

1998 წ. ვენაში დაარსდა ევროკავშირის რასიზმისა და ქსენოფობიის მონიტორინგის ცენტრი, რათა გადაწყვიტოს ევროპაში რასიზმისა და ქსენოფობიის მზარდი პრობლემა. იმავე წელს მეცამეტე მუხლი დაემატა ევროპის საზოგადოების შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს, დაამარცხოს დისკრიმინაცია რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან რწმენის, ასაკის, შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების ან სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.

ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს აგრეთვე თანასწორუფლებიანობის საკითხს. წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან, მისდიონ „ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი ანაზღაურების“ პრინციპს და მათთვის თანაბარი შესაძლებლობები უზრუნველყონ.

ამერიკა

ადამიანის უფლებების შიდაამერიკული სისტემის არსებობა დაიწყო ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების ამერიკული დეკლარაციით, რომელიც 1948 წ. იქნა მიღებული ამერიკის ორგანიზაციის ქარტიასთან ერთად. ამ ორგანიზაციის მიერ 1959 წ. დაარსებული შიდაამერიკული კომისია ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის მთავარი ორგანოა.

1969 წელს ძალაში შევიდა ამერიკის კონვენცია ადამიანის უფლებების შესახებ. მოგვიანებით მას დაემატა ორი ოქმი: ერთი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებზე და მეორე სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ. აშშ ამ კონვენციის წევრი არ არის, თუმცა კომისია ვაშინგტონშია განლაგებული. კონვენცია გათვალისწინებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა შიდაამერიკული სასამართლოსთვის, რომელიც 1979 წელს დაარსდა და განლაგებულია კოსტა-რიკაში. იქვე მდებარეობს „ადამიანის უფლებების შიდაამერიკული ინსტიტუტი“.

ქალთა უფლებების დაცვის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია შიდაამერიკული კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის, დასჯის და აღმოფხვრის შესახებ (ბალემ დო პარას კონვენცია), რომელიც ძალაში 1955წ. შევიდა. კონვენციის თანახმად, სავალდებულოა რეგულარული ანგარიშის წარდგენა ქალთა შიდაამერიკული კომისიისათვის, რომელიც 1928 წლიდან ფუნქციონირებს. არსებობს აგრეთვე სპეციალური მომხსენებელი ქალთა უფლებების თაობაზე.

ადამიანებს, ჯგუფებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ პეტიციით მიმართონ ადამიანის უფლებათა შიდაამერიკულ კომისიას, რომელსაც შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია ადამიანის უფლებების დასაცავად მიღებული ზომების შესახებ. შიდაამერიკული სასამართლოსთვის მიმართვა მხოლოდ კომისიის მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელიც წყვეტს, თუ რომელი საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ. სასამართლოს შეუძლია აგრეთვე სარეკომენდაციო აზრის გამოთქმა კონვენციის ინტერპრეტაციის თაობაზე. კომისიის მსგავსად სასამართლოს ექვსი წევრი ჰყავს და მუდმივმოქმედი არ არის.

კომისიას შეუძლია აწარმოოს გამოძიება ადგილზე და აქვეყნებს სპეციალურ მოხსენებებს განსაკუთრებულ საკითხებზე. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმარება ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთ, რათა მათი საქმეები ადამიანის უფლებათა შიდაამერიკულ კომისიასა და სასამართლოს გადაეცეს.

აფრიკა

ადამიანის უფლებების აფრიკული სისტემა 1981 წელს შეიქმნა ადამიანისა და ხალხთა უფლებების შესახებ აფრიკული ქარტიის მიღებით. მის საფუძველზე არსებობს ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია რომელიც 11 წევრისგან შედგება და გამბიაში მდებარეობს. დღეისათვის აფრიკის კავშირის 53-ივე წევრმა ქვეყანამ მოახდინა ქარტიის რატიფიკაცია რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის მიდგომას იმეორებს და ერთ დოკუმენტში უყრის თავს ადამიანის უფლებების ყველა კატეგორიას. პრეამბულაში აღნიშნულია „აფრიკული ცივილიზაციის ფასეულობა“, რაც ხელს უწყობს ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკულ კონცეფციას. ადამიანის უფლებების გარდა ის აცხადებს ხალხთა უფლებებს, განმარტავს ვალდებულებებს ოჯახისა და საზოგადოების მიმართ, რასაც, მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

კომისია ფართო მანდატით სარგებლობს ადამიანის უფლებების ხელშეწყობის სფეროში. მას შეუძლია აგრეთვე მიიღოს საჩივრები ქვეყნებისგან (რაც ჯერჯერობით არ მომხდარა), ადამიანებისა და ჯგუფებისგან. მიღების კრიტერიუმები ფართოა და ითვალისწინებს აგრეთვე ურთიერთობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან დარღვევების მსხვერპლთა სახელით. მიუხედავად ამისა, კომისიას არ შეუძლია მიიღოს იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებები. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ქარტიის ოქმის მიღებისა ადამიანისა და ხალხთა უფლებების აფრიკული სასამართლოს დაფუძნების თაობაზე, რომელიც ძალში შევა მას შემდეგ, რაც 15 ქვეყანა მოახდენს მის რატიფიკაციას. სასამართლოს შემადგენლობაში შევა 11 მოსამართლე. მიუხედავად ამისა, ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ მიმართონ სასამართლოს, თუ სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით სპეციალურგანცხადებას გააკეთებს. სხვა შემთხვევაში მას საჩივრების მიღება მხოლოდ კომისიის გავლით შეუძლია, ისევე, როგორც შიდაამერიკულ სისტემაში.

კომისია აქვეყნებს რეგულარულ მოხსენებებს თითოეულ ქვეყანაზე, თუმცა ისინი ხშირად არადამაკმაყოფილებლად ასახავს მდგომარეობას ადამიანის უფლებების მხრივ. გაეროს პრაქტიკის მსგავსად კომისიას ჰყავს სპეციალური მომხსენებლები არაოფიციალური, თვითნებური აღსრულების თაობაზე, ციხეებში და დაკავების პირობებთან დაკავშირებით და ქალთა მდგომარეობაზე.

კომისია ასევე აგზავნის საგამოძიებო მისიებს და აწყობს შეხვედრებს განსაკუთრებულ შემთხვევებთან დაკავშირებით. აფრიკის არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ, დაესწრონ კომისიის ყველა საჯარო შეხვედრას. ისინი ხშირად წარუდგენენ კომისიას დარღვევების საქმეებს და ხელს უწყობენ კომისიის საქმიანობას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობები ქარტიას ეროვნულ სამართლებრივ სისტემებშიც იყენებენ.

გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით 1990 წელს მიღებულ იქნა აფრიკის ქარტია ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის შესახებ. ქარტიით გათვალისწინებულია აფრიკის ექსპერტთა კომიტეტი ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობის თაობაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიკრიბოს. თუმცა ამ ქარტიის რატიფიკაციის პროცესი ფერხდება და შედეგების წინასწარმეტყველება რთულია.

სხვა რეგიონები

არაბული ქარტია ადამიანის უფლებების შესახებ შეიმუშავეს არაბმა ექსპერტებმა და დამტკიცებულ იქნა არაბული ქვეყნების ლიგის საბჭოს მიერ 1994წ., თუმცა 2002 წლამდე ძალაში არ შესულა.

მიუხედავად სამხრეთ აზიის ასოციაციის მრავალი მცდელობისა, ბავშვთა კეთილდღეობის რეგიონულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით 2002 წ. მიეღო კონვენცია, ჯერ ვერ მოხერხდა აზიაში ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტის მიღება ან ადამიანის უფლებების კომისიის დაარსება. თუმცა მიმდინარეობს რეგიონული ინტეგრაცია Asean-ისა და აზია-წყნარი ოკეანის ადამიანის უფლებათა სახელმწიფო ინსტიტუტების ფორუმის ფარგლებში რაც შესაძლოა აზიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შექმნით დამთავრდეს. სამოქალაქო საზოგადოების დონეზე 100-ზე მეტმა აზიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 1998 წ. მიიღო „აზიის ადამიანის უფლებათა ქარტია“, როგორც სახალხო ქარტია.

4 თავი 4. სისხლის სამართლის საერთაშორისო იურისდიქცია

▲ზევით დაბრუნება


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჩამოყალიბდა, როგორც მუდმივმოქმედი ტრიბუნალი, 1998წ. რომში მიღებული სტატუტის თანახმად. მისი იურისდიქცია მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის გენოციდი კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც გამოიხატება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემატურ თავდასხმაში, მათ შორის გაუპატიურების, სექსუალური მონობის იძულებით დაფეხმძიმების ან სექსუალური ძალადობის სხვა შემთხვევები აგრეთვე ხალხის ძალადობრივი გზით გატაცება და მსგავსი არაჰუმანური აქტები, რაც ადამიანებს დიდ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს აყენებს.

ყოფილი იუგოსლავიის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი უშიშროების საბჭოს მიერ შეიქმნა 1993 წელს ჰააგაში, როგორც სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც განიხილავდა ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე. მის კომპეტენციაში შედის ჟენევის 1994 წლის კონვენციის დარღვევებზე მუშაობა, რომელშიც შედისშეიარაღებული კონფლიქტის მსხვერპლთა დაცვა, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა, წამება, გაუპატიურება ან სხვა მსგავსი არაჰუმანური ქმედებები, ჩადენილი შეიარაღებული კონფლიქტისა და გენოციდის დროს. იუგოსლავიის ტრიბუნალს ჰყავს საერთო პროკურორი რუანდის საერთაშორისო კრიმინალურ ტრიბუნალთან რომელიც არუშაში 1994წ. გენოციდის შემდეგ დაარსდა. სპეციალური ტრიბუნალები ფუნქციონირებს აგრეთვე სიერა-ლეონესა და კამბოჯაში.

ისევე, როგორც იუგოსლავიისა და რუანდის ტრიბუნალები, საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია ეროვნული იურისდიქციის დამატებაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი ან არ სურს გაასამართლოს დამნაშავეები, საქმეს საერთაშორისო სასამართლო იღებს. ყველა ტრიბუნალი ეყრდნობა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპს, მიუხედავად ბრალდებულის სამსახურებრივი მდგომარეობისა.

5 თავი 5. ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა სისტემის ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ზეგავლენა, რაც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოდის. ისინი ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვისთვის მთავარი მოქმედი პირები არიან სამოქალაქო საზოგადოებაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ერთი რომელიმე მიმართულებით მუშაობენ, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების ან წამების, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთის უზრუნველსაყოფად. ისეთი ორგანიზაცია, როგორიცაა Amnesty Internationl ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით სპეციალურ მეთოდებს მიმართავს. ასეთი სტრატეგია, რომელიც დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით ხორციელდება, შეიძლება ძალზე ეფექტური გამოდგეს. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელისუფლებაზე და საერთაშორისო საზოგადოებაზე ზემოქმედების მექანიზმია მაღალი დონის მოხსენებები, რომლებიც ფაქტებზე დაყრდნობით იქმნება. არასამთავრობო ორგანიზაციების კიდევ ერთი ეფექტური მიდგომაა საერთაშორისო მაკონტროლებელი ორგანოებისათვის „ჩრდილოვანი მოხსენების“ წარდგენა სახელმწიფოს ოფიციალური ანგარიშების პარალელურად.

ადამიანის უფლებების დამცველთა დეკლარაციის (გენერალური ასამბლეის 1998წ. რეზოლუციის) თანახმად, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ხალხს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქმიანობისთვის სათანადო თავისუფლება უნდა მიენიჭოთ და დაცული უნდა იყვნენ ყოველგვარი დევნისგან. ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს აკრიტიკებენ და თავიანთი საქმიანობის გამო იდევნებიან. მსოფლიოში უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტები დაუპატიმრებიათ თავიანთი კანონიერი საქმიანობისთვის. სახელმწიფომ ეს აქტივისტები უნდა დაიცვას არა მარტო საკუთარი წარმომადგენლებისგან პოლიციისგან, არამედ ძალადობრივი დაჯგუფებებისგანაც.

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ როლს ასრულებენ აგრეთვე ადამიანის უფლებების სწავლებაში კურიკულუმის შექმნით, ტრენინგების ჩატარებითა და საჭირო მასალების მომზადებით. გლობალურ დონეზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა გაეროს ადამიანის უფლებათა ათწლეულს, რომელმაც განვითარებად ქვეყნებში ხელი შეუწყო ადამიანის უფლებათა სასწავლო ინსტიტუტების შექმნას.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის და მათი დაცვისთვის ბრძოლაში.

6 თავი 6. გლობალური გამოწვევა ადამიანის უფლებებისათვის

▲ზევით დაბრუნება


რამდენიმე ათეული წლის წარმატებული საქმიანობის შედეგად ადამიანის უფლებების ძირითად გამოწვევად იქცა ვალდებულებათა შესრულება. რამდენიმე ახალი მეთოდი იქნა შემუშავებული იმისათვის, რომ გაძლიერდეს ადამიანის უფლებათა იმპლემენტაცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური დამოკიდებულება, რაც გამოიხატება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მისიებში წარმომადგენლების წარგზავნასა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ინსტიტუციონალიზაციაში, რასაც სავარაუდოდ ასევე მძლავრი პრევენციული შედეგები უნდა მოჰყვეს.

ადამიანის უფლებათა პატივისცემა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ძლიერდება ასევე ადგილობრივი ინსტიტუტების შესაძლებლობათა გაზრდით, ანუ ადამიანის უფლებათა პოპულარიზაციისა და მონიტორინგისთვის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ჩამოყალიბებით. ამ პროცესში მთავარ როლს ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ჯერ კიდევ არსებობს სტანდარტების ჩამოყალიბების პრობლემა ისეთ სფეროებში როგორიცაა, მაგალითად ბავშვთა უფლებების დაცვა, ბიოტექნოლოგია გენური ინჟინერია და ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის საკითხები.

ამავე დროს არსებული ადამიანის უფლებები უფრო თვალსაჩინო გახდება ძირითად უფლებებზე ყურადღების გამახვილებით. ახალ მიდგომას საჭიროებს აგრეთვე ყურადღების გამახვილება ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს შორის კავშირების გაღრმავებაზე. იგივე ეხება ადამიანის უფლებებსა და ლტოლვილთა სამართალს, როგორც ლტოლვილთა პრობლემების აღკვეთის, ისე მათი დაბრუნების საკითხის დონეზე. იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით არსებობს სახელმძღვანელო პრინციპები. ეს უკავშირდება ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების პრევენციის საკითხს, აგრეთვე კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის საკითხს, რაც ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.

ანგარიშვალდებულება ადამიანის უფლებების დარღვევისათვის და მათი პატივისცემა გლობალური პრობლემაა. ეს უნდა მოეთხოვებოდეს არა მარტო ცალკეულ პირებს, არამედ ისეთ არასახელმწიფოებრივ აქტორებს, როგორიცაა ტრანსნაციონალური კორპორაციები, და მთავრობათშორის ორგანიზაციებს: მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას.

ახალი გამოწვევა ადამიანის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში განპირობებულია სახელმწიფოების მიერ გაძლიერებული ანტიტერორისტული ზომების მიღებით 11 სექტემბრის შემდეგ, რომელიც ნაწილობრივ ადამიანის უფლებების შეზღუდვით დასრულდა.

7 თავი 7. წამების აკრძალვა

▲ზევით დაბრუნება


დაუშვებელია ვინმეს მიმართ წამების ან სასტიკი, არაადამიანური თუ ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენება.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მე-5 მუხლი

სამყარო წამების გარეშე

ფართოდ გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ წამება მხოლოდ ღარიბ და „არაცივილიზებულ“ საზოგადოებებში ხდება, წამების პრაქტიკა მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოთა 2/3-ში გვხვდება, მაღალგანვითარებული ქვეყნების ჩათვლით. განსხვავება მხოლოდ წამებისა და სასტიკი მოპყრობის სხვა სახეების გამოყენების რაოდენობასა და ფორმებშია.

წამების აკრძალვა აბსოლუტური ხასიათისაა, რაც მრავალი საერთაშორისო შეთანხმებით არის უზრუნველყოფილი. ადამიანის უფლება წამებისგან თავისუფლებაზე უფლებათა იმ რიცხვს განეკუთვნება, რომელთა შეზღუდვაც სახელმწიფოს არანაირი საფუძვლით არ შეუძლია. აკრძალვის მიუხედავად როგორც წამების, ისე არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შემთხვევები ძალზე ხშირად ხდება.

თანამედროვე ეპოქაში საერთაშორისო სამართალში განვითარებულმა მოვლენებმა და ინფორმაციის გავრცელების მეთოდების სრულყოფამ შესაძლებელი გახადა წამებასა და სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმებზე მსოფლიოს ყურადღების კონცენტრირება. შემუშავდა წამების აკრძალვისა და პრევენციის მკაცრი საერთაშორისო სტანდარტები. მათი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა უამრავი საგამოძიებო, მონიტორინგისა თუ ზედამხედველობის ფუნქციების მატარებელი ორგანიზაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

რა არის წამება?

წამების სამართლებრივი ცნება მოცემულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის წინააღმდეგ (საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 1994 წლის 22 სექტემბერს). კონვენციის პირველ მუხლში ვკითხულობთ:

„წამება არის თანამდებობის პირის ან ოფიციალური უფლებამოსილების შემსრულებლის ან მისი წაქეზებით ან თანხმობით სხვა პირის განზრახი ქმედება, რომელიც ადამიანს აყენებს მძიმე ტკივილს ან ტანჯვას, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს...“

როგორც ვხედავთ, წამება მხოლოდ ფიზიკური ტკივილის გამომწვევი ქმედება არ არის. იგი შეიძლება ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაშიც გამოიხატოს.

ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ტკივილის შეგნებული მიყენება როგორც წამების, ისე არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის დამახასიათებელი ნიშანია. განსხვავება არაადამიანურ, ღირსების შემლახავ მოპყრობასა და წამებას შორის დამოკიდებულია ჩადენილი ქმედების ბუნებაზე მიზანსა და გამოვლენილი სისასტიკის სიმძიმეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო სასტიკ, მტკივნეულ და მიზანმიმართულ ქმედებასთან გვაქვს საქმე, მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ იგი წამებად ჩაითვალოს.

წამების მიზანი შეიძლება იყოს როგორც პირისგან ამა თუ იმ ინფორმაციის ან აღიარების მიღება, ისე მისი დასჯა იმ ქმედებისათვის, რომელიც მან ან სხვა პირმა ჩაიდინა, ან რომლის ჩადენაშიც იგი არის ეჭვმიტანილი. წამება ან სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმა შესაძლოა ასევე პირის დაშინების ან იძულების მიზანს ემსახურებოდეს ან სხვა, მათ შორის დისკრიმინაციაზე (დისკრიმინაცია ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის, რასის, კანის ფერის და ა.შ. მიხედვით) დამყარებული, მიზეზით იყოს განპირობებული.

წამებად არ ჩაითვლება ის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტანჯვა ან ტკივილი, რომელიც კანონიერი სანქციისა და სასჯელის გამოყენების დროს შეიძლება განიცადოს ადამიანმა (მაგ., სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას).

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით შეგვიძლია გამოვყოთ წამების სამი ძირითადი ელემენტი:

  • შეგნებული ქმედება, რომელიც იწვევს სასტიკ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტანჯვას;

  • ქმედება ემსახურება განსაზღვრულ მიზანს;

  • ქმედება ჩადენილია თანამდებობის პირის ან ოფიციალური უფლებამოსილების შემსრულებლის მიერ.

წამების მეთოდები - როგორ ხდება წამება?

ნებისმიერი საგანი, დაწყებული წყლით და გაგრძელებული საყოფაცხოვრებო საგნებით, შეიძლება გამოყენებული იყოს წამების იარაღად. თუმცა დღესდღეობით წამების მეთოდები იმდენად განვითარდა, რომ ზოგიერთი მათგანი არ ტოვებს ხილულ კვალს მსხვერპლის სხეულზე, მაგრამ ზიანი მოაქვს ადამიანის შინაგანი ორგანოებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობისათვის.

წამების მეთოდები შეიძლება ორ ძირითად ჯგუფად დავყოთ: ფიზიკური და ფსიქოლოგიური.

ფიზიკური წამება იწვევს მსხვერპლის სასტიკ ტკივილს და ტანჯვას. ფიზიკური წამებისათვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი მეთოდებია ცემა ხელკეტებით და რკინის საგნებით, ასევე ელექტროშოკის, გაგუდვისა და სიგარეტით დაწვის ხერხები.

ფსიქოლოგიური წამება მოიცავს გამოფიტვისა და დეპრივაციის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა საკვების, წყლის, ძილისა და სანიტარული საშუალებების ხელმისაწვდომობის უფლების ჩამორთმევა. ფსიქოლოგიურ წამებად ჩაითვლება ასევე კომუნიკაციის შესაძლებლობის ჩამორთმევის ხერხი, როგორიცაა თავისუფლებაშეზღუდული პირის სრული მოწყვეტა გარე სამყაროსგან ან სხვა პატიმრებისგან. აღსანიშნავია ასევე იძულებისა და დაშინების მეთოდი, რაც სხვათა წამების ყურების იძულებაში, სიკვდილით დასჯის მუქარაში ან სისტემატურ დამცირებაში ვლინდება. ასევე ხშირად გამოიყენება სქესობრივი ძალადობა, როგორც ორივე - ფსიქოლოგიური და ფიზიკური - წამების მეთოდი.

წამების მოტივები - რატომ ხდება წამება?

წამების მოტივები მრავალგვარია. ძალაუფლების დემონსტრირების ან უბრალოდ სისუსტის დაფარვის სურვილი ხშირად გადაიზრდება ხოლმე წამებაში ან სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმაში.

თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, წამება ძირითადად პოლიტიკური რეპრესიის, დასჯისა და შურისძიების საშუალება იყო. დღეს იგი, როგორც წესი, ინფორმაციისა და აღიარების მიღების იარაღად გამოიყენება.

წამება ხშირად ადამიანის დაშინების, ასევე მასში უსარგებლობისა და დაუცველობის გრძნობის გაღვივების და შედეგად მისი პიროვნულობის დანგრევის მიზნით გამოიყენება.

ყველა მსგავსი ქმედება, რითაც არ უნდა იყოს იგი მოტივირებული, დიდ ზეგავლენას ახდენს წამების მსხვერპლზე. ფიზიკურ რეაბილიტაციას ხშირად წლები სჭირდება, წამების ფსიქოლოგიური შედეგები კი მსხვერპლის მთელ ცხოვრებას გასდევს კვალად.

წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი და ჩამდენნი

წამების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, სადაც არ არსებობს კანონის უზენაესობის ტრადიცია. სასტიკ მოპყრობას ძირითადად ვხვდებით საპატიმროებში, პოლიციის განყოფილებებსა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში.

დაკავებული პირები და პატიმრები ადამიანების განსაკუთრებულად დაუცველი ჯგუფია, ვინაიდან ისინი თითქმის სრულად არიან დამოკიდებულნი ხელისუფლების წარმომადგენლებზე. დაკავების ადგილი თავისი არსით ჩაკეტილი სივრცეა, შესაბამისად დაკავებული პირები ხშირად საზოგადოების ყურადღებისგან მოწყვეტილად გრძნობენ თავს. ეს იმითაც არის განპირობებული, რომ არცთუ იშვიათად ისინი ადამიანთა იმ კატეგორიას განეკუთვნებიან, რომელთა მიმართ საზოგადოების დიდ ნაწილს არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება აქვს.

წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლად ხშირად გვევლინებიან უმცირესობების (სოციალური, რელიგიური, ეთნიკური და ა.შ.) წარმომადგენლები, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქე ლტოლვილები და თავშესაფრის მაძიებელნი.

წამების აკრძალვის საერთაშორისო სტანდარტების
შესრულება და კონტროლი

1948 წლიდან მოყოლებული საერთაშორისო სამართლის დებულებები წამებისა და სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვის შესახებ მნიშვნელოვნად განვითარდა და გაუმჯობესდა. მრავალმა სახელმწიფომ მოახდინა ამგვარი დებულებების შემცველი საერთაშორისო აქტების რატიფიცირება.

საერთაშორისო დონეზე გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი და გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ზედამხედველობას უწევენ სახელმწიფოების მიერ წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო სტანდარტების დაცვას.

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი შეიქმნა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე-17 მუხლის საფუძველზე და ამოწმებს კონვენციის წევრი სახელმწიფოების ანგარიშებს წამების ფაქტების თაობაზე, რომელთა წარდგენაც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს. ხსენებული კომიტეტი უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა ქვეყნების ანგარიშებში მოყვანილი ფაქტების თაობაზე.

სპეციალური მომხსენებლის ინსტიტუტი შეიქმნა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის რეზოლუციით წამებასთან დაკავშირებული საკითხების შემოწმების, სანდო ინფორმაციის მოძიებისა და მის საფუძველზე ეფექტური რეაგირებისათვის. სპეციალური მომხსენებელი კომისიას ყოველწლიურად წარუდგენს მოხსენებას გაწეული სამუშაოს შესახებ, სადაც მიმოხილულია ქვეყნებში არსებული წამების პრაქტიკა და შემუშავებულია რეკომენდაციები მისი აღმოფხვრისათვის.

კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ- ფაკულტატიური ოქმი

2002 წელს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შემუშავებულ იქნა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საწინააღმდეგო კონვენციის ფაკულტატიური ოქმი. ოქმის მიზანია წამებისა და სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმების აღკვეთა საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საექსპერტო ორგანიზაციების შექმნით, რომლებიც რეგულარულად შეამოწმებენ თავისუფლების შეზღუდვის ადგილებს მათი სისტემატური მონახულების გზით. ეს ორგანიზაციები თავისუფლების შეზღუდვის ადგილების შემოწმების შედეგების მიხედვით შეიმუშავებენ რეკომენდაციებს თავისუფლებაშეზღუდული პირებისადმი მოპყრობისა და დაკავებულთა პირობების გაუმჯობესების მიზნით.

ვიზიტები თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში წამების ფაქტების აღკვეთისა და დაკავებულ პირთა პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. შესაბამისად ოქმი წინგადადგმული ნაბიჯია წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული პრევენციის მექანიზმების გაძლიერების თვალსაზრისით.

წამების სრული აღმოფხვრა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც საერთაშორისო სტანდარტები ქვეყნების ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია საერთაშორისო სტანდარტებთან და წამების ფაქტების მონიტორინგის ეროვნული სისტემების შექმნა.

წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა
და სასჯელის აღსრულების ევროპული კომიტეტი

წამების თავიდან აცილების ევროპული კომიტეტი შეიქმნა წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სასჯელის აღსრულების ევროპული კონვენციის საფუძველზე. კომიტეტი შედგება ექიმების, ადვოკატებისა და პოლიციის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში მომუშავე ექსპერტებისგან.

კომიტეტი თავისუფლებაშეზღუდული პირებისადმი მოპყრობას პოლიციის განყოფილებებში, საპატიმროებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში ვიზიტების გზით ამოწმებს. კომისია პერიოდულად ამოწმებს კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში სპეციალურ ვიზიტებსაც ახორციელებს. კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები შედის კონფიდენციალურ მოხსენებაში შესაბამისი ქვეყნის მთავრობის მიმართ. კონფიდენციალურობის მიზანი კომიტეტსა და მთავრობას შორის კონსტრუქციული და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის უზრუნველყოფაა.

თუკი რომელიმე სახელმწიფო უარს განაცხადებს კომიტეტთან თანამშრომლობაზე და მისი რეკომენდაციების შესრულებაზე, წამების თავიდან აცილების ევროპული კომიტეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლის მეთოდი საჯარო განცხადების გაკეთებით.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა

1961 წლის მაისში ბრიტანელმა ადვოკატმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „მივიწყებული პატიმრები“, რითაც ფაქტობრივად სათავე დაედო მსოფლიო მასშტაბით წამების აღმოფხვრისა და ზოგადად ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე ყველაზე წარმომადგენლობითი და ეფექტური საერთაშორისო მოძრაობის „Amnesty International“-ის ჩამოყალიბებას. მოძრაობა მილიონზე მეტი წევრისგან შედგება და მოიცავს დაახლოებით 7 800 ადგილობრივ, ახალგაზრდულ, სპეციალისტთა და პროფესიულ ჯგუფებს 100მდე ქვეყანაში.

„Amnesty International“ ყოველწლიურად ახორციელებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ პროგრამებს. 2000 წლის ოქტომბერში მან შეიმუშავა წამების პრევენციის რამდენიმეპუნქტიანი პროგრამა. „Amnesty International“ ყველა სახელმწიფოს მოუწოდებს წამების პრევენციისათვის აუცილებელი შემდეგი ზომების მიღებას:

1. წამების ოფიციალური გაკიცხვა

სახელმწიფოს ყველა უმაღლესმა თანამდებობის პირმა მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება უნდა დააფიქსიროს წამების მიმართ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს უნდა განემარტოთ, რომ წამების არც ერთი ფაქტი არავითარ შემთხვევაში არ იქნება შეწყნარებული.

2. დაკავებულ პირთა იზოლაციის შეზღუდვა

წამება ხშირად ხდება მსხვერპლის იზოლაციაში ყოფნის დროს, როდესაც შეუძლებელია გარე სამყაროსთან კავშირის დამყარება და იმ ადამიანებთან დაკავშირება, რომელთაც პოტენციურად ხელეწიფებათ დახმარების აღმოჩენა. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ პირის იზოლაციაში ყოფნა მისი წამების შესაძლებლობად არ იქცეს. ძალზე მნიშვნელოვანია რომ დაკავებულის ნათესავებს, ადვოკატებს და ექიმებს ოპერატიულად შეეძლოთ მათთან დაკავშირება და შეხვედრა.

3. საიდუმლო დაკავების აკრძალვა

ხშირად წამება საიდუმლო შენობებსა თუ ოთახებში მიმდინარეობს, როგორც წესი, მას შემდეგ, რაც ხდება მსხვერპლთა „გაუჩინარება“. შესაბამისად უზრუნველყოფილ უნდა იქნეს, რომ ადვოკატებისა და ნათესავებისათვის ზუსტად იყოს ცნობილი დაკავებულთა ადგილსამყოფელი.

4. დაცვის გარანტიები დაკითხვისა და დაკავებისას

ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია, რეგულარული ზედამხედველობა გაუწიოს დაკავებისა და დაკითხვის პროცესში კანონით დადგენილი პროცედურების დაცვას. დაკავებისას პიროვნებას დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თავისი უფლებების, მათ შორის პოლიციელთა მხრიდან მოპყრობის თაობაზე საჩივრის წარდგენის უფლების, შესახებ. აუცილებელია თავისუფლების შეზღუდვის ადგილების სისტემატური დამოუკიდებელი შემოწმება.

5. წამების შესახებ საჩივართა მიუკერძოებელი გამოძიება

ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს წამების შესახებ ყველა საჩივრის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება. აუცილებელია მომჩივანთა და მოწმეთა დაცვა დაშინების ყოველგვარი მცდელობისგან.

6. წამების გზით მიღებული ჩვენებების დაუშვებლობა

ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ წამების საშუალებით მიღებულ აღიარებას და სხვა მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ გააჩნდეს.

7. წამების აკრძალვა კანონის საფუძველზე

ქვეყნის ხელისუფლება ვალდებულია, სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გამოაცხადოს წამება. წამების აკრძალვის მოთხოვნის უგულებელყოფა დაუშვებელია ნებისმიერი გარემოების არსებობის მიუხედავად, საომარი ვითარებისა და საგანგებო მდგომარეობის ჩათვლით.

8. წამებაში ბრალდებულთა სამართლებრივი ევნა

წამებაზე პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ამ პრინციპის გამოყენება სავალდებულოა მიუხედავად დამნაშავისა თუ მსხვერპლის ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური თუ რასობრივი კუთვნილებისა.

9. სპეციალური მომზადება

აუცილებელია პატიმართა ზედამხედველობასა და დაკითხვაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენელთა მუდმივი ტრენინგი, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა განემარტოთ, რომ წამება დანაშაულს წარმოადგენს და ისინი ვალდებულნი არიან, არ დაემორჩილონ ნებისმიერ ბრძანებას წამების შესახებ.

10. კომპენსაცია და რეაბილიტაცია

წამების მსხვერპლს და მასზე მატერიალურად დამოკიდებულ პირს უნდა ჰქონდეთ ფინანსური კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. წამების მსხვერპლი ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამედიცინო მომსახურებით და რეაბილიტაციის აბსოლუტური უფლებით.

11. საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიკაცია

სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მოახდინონ წამების საწინააღმდეგო გარანტიების შემცველი ძირითადი საერთაშორისო აქტების, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტისა და მისი ფაკულტატიური ოქმის, რატიფიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალური საჩივრების მიღების პროცედურას.

8 თავი 8. არადისკრიმინაცია

▲ზევით დაბრუნება


ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს დეკლარაციაში განმტკიცებული უფლებებით და თავისუფლებებით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილის ან სხვა ნიშნისა...

ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია, მე-2 მუხლი

დისკრიმინაცია:
დაუსრულებელი ბრძოლა თანასწორობისათვის

პრინციპი, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი დაბადებით თანასწორია და თანაბარი უფლებებით სარგებლობს, ადამიანის უფლებათა ცნების ქვაკუთხედია და თითოეული ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან გამომდინარეობს. ამის მიუხედავად თანასწორობის ამ ბუნებითი უფლების სრული რეალიზება არასოდეს მომხდარა. ადამიანთა მოდგმის დასაწყისიდან დისკრიმინაცია სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდა და ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა. დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან განსხვავებული რელიგიური, ეროვნული თუ ეთნიკური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ნაკლის მქონე ადამიანები. დისკრიმინაციის აღმოჩენა იოლია ჩვენ მიერ გამოყენებულ ლექსიკაშიც, რომლითაც საკუთარ თავს, ხშირად არაგამიზნულად, ზოგჯერ კი მიზანმიმართულადაც, სხვებისგან განვასხვავებთ. დისკრიმინაციის იმდენად მრავალრიცხოვანი სახეობა არსებობს რომ სავარაუდოდ ყველას განუცდია იგი ამა თუ იმ ფორმით.

ამ თავში აქცენტი გაკეთდება დისკრიმინაციის ყველაზე გავრცელებულ ფორმებზე, კერძოდ დისკრიმინაციაზე რასის, კანის ფერისა და ეთნიკური წარმოშობის მიხედვით, ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე.

ისტორიულად ბიოლოგიური განსხვავებები ბოროტად გამოიყენებოდა „უზენაესი“ და „უმდაბლესი“ რასების არსებობის გამართლებისა და რასის ნიადაგზე ადამიანების დაყოფისათვის. მაგალითად, ჩარლზ დარვინის თეორიები ევოლუციისა და ძლიერის გადარჩენის შესახებ რასობრივი უპირატესობის „მეცნიერული“ დასაბუთებისათვის გამოიყენებოდა. დისკრიმინაციისა და რასიზმის ფორმები ასახული იყო ასევე კასტების ინდურ სისტემასა და ძველი საბერძნეთისა და ჩინეთის კონცეფციებში კულტურული უპირატესობის შესახებ. გარდა ამისა, რასიზმის პრეისტორია მსოფლიო მასშტაბით ებრაელების დევნით იყო გამორჩეული. ესპანეთის კოლონიურმა მმართველობამ, განსაკუთრებით XVI-XVII საუკუნეებში, პირველად დააწესა თანამედროვე რასობრივი კასტური საზოგადოება „ახალ სამყაროში“ (სამხრეთ ამერიკის კონტინენტი), სადაც „სისხლი“ უზენაეს პრინციპად იქცა. ამ სისტემის მსხვერპლად იქცნენ აბორიგენი ინდიელები და აფრიკიდან დეპორტირებული მონები. „ახალ სამყაროში“ ტერმინი „ნეგრი“ «უმდაბლესი» რასის წევრი მონის სინონიმად გამოიყენებოდა. მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში რასიზმის იდეოლოგია სხვა განზომილებაში გადაიზარდა. ამერიკაში სამოქალაქო ომის შემდგომ შტატების კონფედერაციაში რასობრივმა დაპირისპირებამ და კუ-კლუქს-კლანის მიერ შავკანიანთა შევიწროებამ დაისადგურა. ევროპელი კოლონისტებიც სარგებლობდნენ ამ იდეოლოგიით, ცდილობდნენ რა სოციალური დარვინიზმის თეორიის გავრცელებას აფრიკის კონტინენტზე თავიანთი ძალაუფლების დაწესებისა და შენარჩუნებისათვის. მე-20 საუკუნე განსაკუთრებით გამოირჩეოდა რასიზმის გამოვლინების ფორმების მრავალფეროვნებით: ნაცისტური რეჟიმის რასობრივი შუღლი ევროპაში, ინსტიტუციური რასობრივი დისკრიმინაცია სამხრეთ აფრიკის აპართეიდის სისტემაში ან ეთნიკურად და რასობრივად მოტივირებული გენოციდები ყოფილ იუგოსლავიასა და რუანდაში.

ასეთი ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით დისკრიმინაციის საყოველთაო აკრძალვა აისახა თითქმის ყველა საერთაშორისო ხელშეკრულებასა და ეროვნულ კანონმდებლობაში. ამის მიუხედავად, დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, რწმენის, მსოფლმხედველობის, ეთნიკური კულტურული და სოციალური წარმოშობის, სქესობრივი ორიენტაციისა და სხვა ნიშნების მიხედვით ადამიანის უფლებათა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც ყველაზე ხშირად ირღვევა თანამედროვე მსოფლიოში.

დისკრიმინაციის განსაზღვრება

არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, ერთი მხრივ, პირად მოსაზრებებსა და, მეორე მხრივ, მათ საფუძველზე მოტივირებულ კონკრეტულ ქმედებებს შორის. პირველი თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებას მიეკუთვნება მეორე კი გულისხმობს ქცევას, რომელიც სხვებსაც შეეხება. სანამ მოსაზრება ქმედებაში არ გადაიზრდება, ის არ აყენებს ზიანს სხვებს და არ ექვემდებარება აკრძალვას კანონის საფუძველზე. თუმცა, როგორც წესი, რასისტული და ქსენოფობიური შეხედულებები ხშირად დამცირებაში, შეურაცხყოფასა და თვით ფიზიკურ აგრესიაშიც კი გადაიზრდება ხოლმე. ასეთი ქმედებები შეიძლება დახასიათდეს, როგორც დისკრიმინაცია და გარკვეული პირობების არსებობისას კანონით ისჯება.

ტრადიციულად ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი საერთაშორისო მექანიზმები სახელმწიფოს დისკრიმინაციული ზემოქმედებისგან ადამიანის დაცვის პრინციპის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ამის მიზეზია დამკვიდრებული შეხედულება, რომ დისკრიმინაციის ძირითადი სუბიექტები სახელმწიფოები არიან. ეს მიდგომა მხოლოდ უკანასკნელ ხანებში შეიცვალა დისკრიმინაციის უფრო მეტად გააზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი დისკრიმინაციული ინციდენტის ინციატორები სწორედ კერძო პირები არიან.

დისკრიმინაციის დეფინიცია: დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. განსხვავებული მოპყრობის მიზეზებზე საუბრისას შეიძლება გამოვყოთ დისკრიმინაცია რასის, ეთნიკური წარმოშობის, კანის, ფერის, სქესის, რელიგიის, სქესობრივი ორიენტაციისა და სხვა ნიშნების საფუძველზე, თუმცა ასევე აუცილებელია იმის მხედველობაში მიღებაც რომ ყველა სახის გამორჩეული დამოკიდებულება არ არის დისკრიმინაცია ადამიანის უფლებათა დარღვევის თვალსაზრისით. ამის მიუხედავად, მხოლოდ გონივრულ და ობიექტურ კრიტერიუმზე დამყარებული გამორჩეული მოპყრობა შეიძლება იყოს გამართლებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში.

მაგალითი: საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

დისკრიმინაციის სამი ძირითადი ელემენტი:

ზოგადად შეიძლება გამოიყოს სამი მთავარი ელემენტი, რომლებიც საერთოა დისკრიმინაციის ყველა ფორმისათვის:

  • ქმედებები, რომლებიც დისკრიმინაციად ითვლება: გამორჩევა, შეზღუდვა და უპირატესობის მინიჭება.

  • დისკრიმინაციის მიზეზები, ისეთი პერსონალური მახასიათებლები, როგორიცაა რასა, კანის ფერი, ეროვნული/ეთნიკური წარმოშობა, სქესი ასაკი და ა.შ.

  • დისკრიმინაციის მიზნები ანდა შედეგები: დისკრიმინაციის მსხვერპლთა მიერ საკუთარი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის აღკვეთა. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ პირდაპირი დისკრიმინაცია, როდესაც პირი გარკვეული ადამიანის/ჯგუფის დისკრიმინაციას ისახავს მიზნად, და არაპირდაპირი დისკრიმინაცია, როდესაც ერთი შეხედვით სრულიად ნეიტრალური ქმედება de facto იწვევს ერთი ადამიანის/ჯგუფის გამორჩევას.

დისკრიმინაციის სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები: როგორც წესი დისკრიმინაციას საზოგადოებაში მოქმედი გავლენიანი ჯგუფები ახორციელებენ. გავლენის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს რაოდენობრივი უპირატესობა (უმრავლესობა VS. უმცირესობა) ან ძალაუფლება (მაღალი კლასი VS. დაბალი კლასი). თავისი გავლენის წყალობით ერთი ჯგუფი მეორეს ისე ეპყრობა, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანს და ხშირად უარყოფს მის წევრთა უფლებებს.

ასევე აღსანიშნავია პოზიტიური დისკრიმინაციის, ანუ „პოზიტიური მოქმედების“, საკითხი. ეს ტერმინი აღწერს ხელისუფლების მიერ მიღებულ სპეციალურ ზომებს, რომლებიც გამიზნულია de facto თანასწორობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის ინსტიტუციური ფორმების აღმოფხვრისათვის. ინსტიტუციურ დისკრიმინაციაში იგულისხმება ისეთი პოლიტიკა კანონები და ჩვეულებები, რომლებიც იწვევენ სისტემატურ უთანასწორობასა და დისკრიმინაციას საზოგადოებაში, ორგანიზაციასა თუ დაწესებულებაში. ამის მიუხედავად, პოზიტიური მოქმედების საკითხი გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული იმ თვალსაზრისით, რომ იგი ფაქტობრივად ერთი ჯგუფის გამორჩევას ნიშნავს წარსული უთანასწორობის კომპენსირების მიზნით. ამის მაგალითია გარკვეული ჯგუფებისთვის - მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის, ეთნიკური უმცირესობებისათვის - ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით განათლებისა და დასაქმების სფეროებში.

ამ სახის გამორჩეული დამოკიდებულება მხოლოდ მაშინ არ ჩაითვლება დისკრიმინაციად, თუ ის სამართლიანი და გონივრულია, არ იწვევს ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით თანასწორ საფუძველზე სარგებლობის უფლების გაუქმებას ან დარღვევას და ემსახურება:

  • უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას;

  • საზოგადოებრივი მრავალფეროვნების, თვითმყოფადობისა და თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარების უზრუნველყოფას.

რასიზმი

რასიზმი უდიდესი ზიანის მომტანია პირთა გარკვეული ჯგუფის იზოლაციის ადამიანებისათვის სულიერი ტკივილის მიყენებისა და საზოგადოების დაქსაქსვის თვალსაზრისით. აქტიური რასიზმი, ისევე, როგორც რასაზე დამყარებული პრივილეგიის პასიური მიღება, დამანგრეველად ზემოქმედებს რასობრივი უსამართლობის შემოქმედთა და მსხვერპლთა მენტალურ ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. რასიზმისა და მასთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის მიზეზები და შედეგები კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს სამართლებრივ დაუცველობას და დისკრიმინაციას, ეკონომიკურ ზიანს და საგანმანათლებლო საშუალებების არახელმისაწვდომობას სოციალურ და პოლიტიკურ მარგინალიზაციას და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

არ არსებობს „რასიზმის“ საყოველთაოდ აღირებული განსაზღვრება. რასიზმი შეიძლება დახასიათდეს, როგორც შეგნებული ან გაუაზრებელი რწმენა ერთი რასის თანდაყოლილ უპირატესობაში მეორესთან შედარებით, ან იმგვარი მოპყრობა და ქმედებათა ისეთი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში რასობრივ იერარქიაზე დამყარებული წესრიგის დამკვიდრებას, რომლის სათავეშიც იმყოფება ერთი ჯგუფი, როგორც უფლის ნების გამომხატველი.

ტერმინი „რასიზმი“ დიდ კამათს იწვევს, ვინაიდან იგი სხვადასხვა რასების არსებობის ვარაუდს ემყარება, რაც თანამედროვე მსოფლიოში რასიზმის რეალური მნიშვნელობის დამახინჯებაა. დღესდღეობით „რასა“ სოციალურ კონსტრუქციად განიხილება და აქცენტი უფრო კულტურულ განსხვავებებზე კეთდება, ვიდრე ბიოლოგიურ ნიშნებზე. აქედან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ „კულტურულ რასიზმზე“, რომელიც სავარაუდოდ თანამედროვე რასისტთა მსოფლმხედველობისა და ქმედებების გაცილებით სრულფასოვანი აღწერაა. რასიზმი, როგორც აზროვნების მიმართულება თავისთავად ზიანის მომტანია, თუმცა არ ექვემდებარება კანონისმიერ შეზღუდვას მანამ, სანამ კონკრეტულ ქმედებებში არ გადაიზრდება. ეს ნიშნავს რომ მხოლოდ რასისტული შეხედულებები, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევას. აზრისა და რწმენის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აბსოლუტური ხასიათისაა, ანუ არ ექვემდებარება შეზღუდვას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსაზრება დისკრიმინაციულ პოლიტიკაში ან ჯგუფების კულტურულ გამიჯვნაში აისახება შეგვიძლია ვილაპარაკოთ დისკრიმინაციულ ქმედებაზე ან რასობრივ დისკრიმინაციაზე, რომელიც კანონით ისჯება.

რასიზმი სხვადასხვა დონეზე არსებობს, რაც დამოკიდებულია მსხვერპლსა და რასისტს შორის ურთიერთობასა და გამოყენებულ ძალაუფლებაზე:

  • პერსონალური დონე (ვინმეს დამოკიდებულება, მოსაზრება, მრწამსი);

  • ინტერპერსონალური დონე (ქცევა სხვების მიმართ);

  • კულტურული დონე (ღირებულებები და საზოგადოებრივი ქცევის წესები);

  • ინსტიტუციური დონე (კანონები, ჩვეულებები, ტრადიციები).

რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის ინსტიტუციური ფორმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო სამხრეთ აფრიკაში არსებული აპართეიდის სისტემა, რომლის კანონმდებლობა სტრუქტურირებულად ახდენდა შავკანიანთა და თეთრკანიანთა სეგრეგაციას.

1965 წელს მიღებული გაეროს კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ მოიცავს რასობრივი დისკრიმინაციის ყოვლისმომცველ სამართლებრივ დეფინიციას.

კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად: „კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „რასობრივი დისკრიმინაცია“ ნიშნავს ნებისმიერ განსხვავებას, გამორჩევას შეზღუდვას ან უპირატესობას რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის გამო, რაც გამიზნულია ან შედეგად მოაქვს თანაბარ საფუძველზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, გამოყენებისა და განხორციელების შეზღუდვა ან გაუქმება საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში“.

რასობრივი ძალადობა რასიზმის ზემოქმედების განსაკუთრებით თვალსაჩინო მაგალითია. რასობრივი ძალადობა ძირითადად გამოიხატება ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის წინააღმდეგ ძალადობისა და აგრესიის სპეციფიკური აქტების განხორციელებაში რასის, კანის ფერის, ეროვნული ან ეთნიკური წარმოშობის გამო. გარკვეული ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა იმ სოციალური და პოლიტიკური გარემოს ძირითადი ნაწილია, სადაც სიძულვილზე დამყარებული ძალადობის ფაქტები ხდება.

ქსენოფობია

ქსენოფობია გულისხმობს ავადმყოფურ შიშს უცხოელთა ან უცხო სახელმწიფოთა მიმართ. იგი ასევე აღწერს იმ დამოკიდებულებას ან ქმედებას რომელიც გამოარჩევს ან ხშირად ამცირებს ადამიანებს იმ წარმოდგენაზე დაყრდობით, რომ ისინი უცხოები არიან თემის, საზოგადოების ან ეროვნული იდენტურობისათვის.

განსხვავება რასიზმსა და ქსენოფობიას შორის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სამართლებრივი ან აკადემიური თვალსაზირისით, თუმცა რასისტული და ქსენოფობიური ქცევის შედეგები ყოველთვის მსგავსია. რასისტული გამოვლინებები განსაკუთრებით მძიმე ზემოქმედებას ბავშვებზე ახდენს, რადგან რასობრივი დისკრიმინაციის საკუთარ თავზე გადატანა დაბნეულობისა და შიშის უსასტიკეს განცდას იწვევს მათში.

მაგალითი: გაეროს საკომიტეტო მოსმენისას, რომელზეც ბავშვებზე რასიზმის ზეგავლენის საკითხი განიხილებოდა, კონგოელი ქალბატონი მოუყვა დამსწრე საზოგადოებას, რომ პირველად რასისტული დამოკიდებულება საკუთარ თავზე დაბადებისას გამოსცადა. სამშობიაროში ერთ-ერთმა მედდამ უარი განაცხადა გართულებული მშობიარობისას აუცილებელ დახმარებაზე ვინაიდან დედამისი წარმოშობით ქვეყნის სხვა რეგიონიდან იყო. როდესაც გაიზარდა, მიხვდა, რომ მისი წარმომავლობა - ტომი, საიდანაც იყო წარმოშობით, ენა, რომელზეც ლაპარაკობდა და რეგიონი, სადაც ცხოვრობდა -მისი ცხოვრების თითოეულ ასპექტზე ახდენდა გავლენას, რამაც მასში უსარგებლობის, შიშისა და უუფლებობის განცდა გამოიწვია.

შეუწყნარებლობა და ცრურწმენა

შეუწყნარებლობა: პენის უნივერსიტეტი თავის საპროგრამო განცხადებაში შეუწყნარებლობას განსაზღვრავს „დამოკიდებულებად, შეგრძნებად ან მრწამსად, რომლითაც ადამიანი გამოხატავს თავის სიძულვილს სხვა ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ მათი რასის, კანის ფერის, ეროვნული წარმოშობის, სქესის, სქესობრივი ორიენტაციის, პოლიტიკური ან რელიგიური მრწამსის გამო“.

ცრურწმენა: ცრურწმენის კლასიკური განსაზღვრება ჩამოყალიბებულია ჰარვარდის გამოჩენილი ფსიქოლოგის გორდონ ოლპორტის მიერ, რომლის მიხედვითაც „ცრურწმენა არის მცდარ და ჯიუტ განზოგადებაზე დაფუძნებული ანტიპათია. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ“.

ორივე შეიძლება იოლად იქცეს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციული ქმედების მოტივაციად. ზოგადად შეუწყნარებლობა და ცრურწმენა განიხილება როგორც რასიზმისა და ქსენოფობიის საფუძველი და საწყისი წერტილი.

ეთნიკური ცრურწმენის ცნება, რომელიც აღწერს ერთი ჯგუფის კულტურულ უპირატესობას მეორესთან შედარებით, მხოლოდ უკანასკნელ ხანებში იქნა შემუშავებული. მაგალითად, ევროპაში გავრცელებულია ანტითურქული, ანტიპოლონური ცრურწმენა. მსგავსი ცრურწმენა გამიზნულია გარკვეული ჯგუფის კულტურულ-რელიგიურ მახასიათებლებზე (წარმოსახვითსა თუ რეალურზე) თავდასხმისათვის და „კულტურული რასიზმის“ მსგავსია.

ერთ დღეს რომ გავიღვიძოთ და ყველა ერთი რასის, აღმსარებლობისა და კანის ფერის ვიხილოთ, მაინც ვიპოვით მიზეზებს ცრურწმენისთვის.

ჯორჯ აიტკენი

ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა განსაკუთრებით რთულია. ერთი მხრივ, ისინი პერსონალურ მახასიათებლებს აღწერენ და შესაბამისად ადამიანის პირადი ცხოვრების ნაწილსაც მოიცავენ. იმის მიუხედავად, რომ პირადი მოსაზრებები ცვლილებას ექვემდებარება (განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და დიალოგის გზით), აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა იმის გასარკვევად, სად მთავრდება განათლება და სად იწყება ინდოქტრინაცია! თუმცა, მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია აშკარა ზღვრის გავლება შეუწყნარებლობასა და შემწყნარებლობას შორის. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ტერმინ შემწყნარებლობასთან დაკავშირებული სირთულეები, ვინაიდან, გარკვეულწილად, იგი უკვე შეიცავს ყალბ შეგრძნებას უპირატესობისა, როდესაც მხოლოდ ვიტანთ ვინმეს არსებობას, თუმცა სინამდვილეში პატივს არ ვცემთ მას.

საერთაშორისო სტანდარტები

მონობის, კოლონიალიზმისა და, უპირველეს ყოვლისა, მეორე მსოფლიო ომის დროს მიღებული გაკვეთილების შედეგს წარმოადგენს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო პრინციპების ინკორპორაცია ეროვნულ კონსტიტუციებსა და საერთაშორისო შეთანხმებებში. რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტია კონვენცია დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 1999 წლის 16 აპრილს. იგი ეფუძნება თითოეული ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის პრინციპებს კიცხავს რასობრივი დისკრიმინაციის ნებისმიერ ფორმას და სახელმწიფოებს ავალდებულებს ჯეროვანი ზომების გატარებას მათ აღმოსაფხვრელად.

კონვენცია ვალდებულებებს აკისრებს როგორც სახელმწიფოებს, ისე გარკვეულწილად, კერძო სექტორსაც:

პატივისცემის ვალდებულება: ამ თვალსაზრისით სახელმწიფოებს ეკრძალებათ საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგოდ მოქმედება. სხვა სიტყვებით, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, „არ იმოქმედოს“, თუკი არ არსებობს სპეციალური სამართლებრივი დათქმა.

დაცვის ვალდებულება: აქ იგულისხმება სახელმწიფოს მოვალეობა, დაიცვას თავისი მოქალაქეები მათი უფლებების დარღვევისგან. დისკრიმინაციის თვალსაზრისით, ეს წესი კერძო პირებს შორისაც მოქმედებს. სახელმწიფო ვალდებულია, გარკვეულ დონეზე (ინდივიდების კერძო ცხოვრებაში უხეში ჩარევის გარეშე) აქტიურად იმოქმედოს ინდივიდთა მიერ გამოვლენილი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.

აღსრულების ვალდებულება: ეს ვალდებულება სახელმწიფოებისგან მოითხოვს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა რეალიზებისათვის აუცილებელი სამართლებრივი, ადმინისტრაციული და სასამართლო ზომების მიღებას.

კერძო სექტორს, ისევე როგორც ხელისუფლებას, დისკრიმინაციასა და რასიზმთან ბრძოლის დიდი შესაძლებლობა აქვს. კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები საზოგადოების უდიდეს ნაწილს შეადგენენ, შესაბამისად დისკრიმინაციულ და რასისტულ მიდგომასთან ბრძოლა ყველაზე ეფექტურად სამოქალაქო საზოგადოებას ხელეწიფება.

ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მედიის როლი რასობრივი დისკრიმინაციის აღკვეთის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, მედიის მრავალი საშუალება ეთნიკური და რასობრივი დისკრიმინაციის პროპაგანდას ეწევა. მედიის შესაძლებლობები შეიძლება დავინახოთ რუანდაში მოქმედი რადიოს „Mille Collines“ შემთხვევაში, რომელიც სამოქალაქო ომის დროს რასისტულ პროპაგანდას ეწეოდა და ეთნიკური წმენდის მთავარი წამქეზებელი იყო.

9 თავი 9. კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო

▲ზევით დაბრუნება


კანონის უზენაესობის შინაარსი

კანონის უზენაესობა მოიცავს როგორც ადამიანის უფლებებს, ისე პოლიტიკურ, კონსტიტუციურ და სამართლებრივ საკითხებს. ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოება, რომელიც ცდილობს, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებს, უნდა აღიარებდეს კანონის, როგორც ფუნდამენტური პრინციპის, უზენაესობას. მოქალაქეები საჯარო ორგანოების თვითნებური ქმედებებისგან დაცულნი არიან მაშინ, როცა მათი უფლებები კანონებშია ჩადებული. ეს კანონი კი საჯაროდ უნდა იყოს ცნობილი, თანაბრად უნდა ეხებოდეს ყველას და ეფექტურად უნდა ტარდებოდეს.

კანონის უზენაესობის არარსებობა ადამიანის უფლებების შესრულების მთავარი დაბრკოლებაა. ის უზრუნველყოფს ადამიანებს შორის ურთიერთობების სამართლიან მართვას და ამგვარად, ხელს უწყობს დემოკრატიულ მრავალფეროვნებას. კანონის უზენაესობა აგრეთვე ამკვიდრებს მმართველთა ანგარიშვალდებულებას და მათ კონტროლს კანონის მეშვეობით. სამართლიანი სასამართლო კანონის უზენაესობის მთავარი ელემენტია. კანონის უზენაესობა პირველ რიგში გულისხმობს არადისკრიმინაციული კანონების არსებობას. თუმცა მათ არსებობას ცხოვრებაში ეფექტური გატარების გარეშე აზრი არ აქვს. ამგვარად, სახელმწიფომ უნდა დაამკვიდროს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც დაიცავენ სამართლებრივ სისტემას - სასამართლოები, პროკურორები და პოლიცია. ეს ინსტიტუტები ადამიანის უფლებების გარანტირების ვალდებულებას ატარებენ.

სამართლიანი სასამართლოს უფლება უკავშირდება მართლმსაჯულებას (მის განხორციელებას) როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის კონტექსტში. სათანადო მართლმსაჯულებას ორი ასპექტი აქვს: ინსტიტუციონალური (მაგ., სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა) და პროცედურული (მაგ., მოსმენის სამართლიანობა). ყველას აქვს უფლება თავისი უფლებების დასაცავად ხელი მიუწვდებოდეს მხარეთა თანასწორობაზე დაფუძნებულ სწრაფ, უწყვეტ, საჯარო, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და კანონიერ სასამართლოზე. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი იცავს სხვადასხვა ინდივიდუალურ უფლებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მართლმსაჯულებას ეჭვმიტანილად ცნობის მომენტიდან განაჩენის აღსრულებამდე. საერთაშორისო დებულებები სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ თანაბრად ეხება ყველა სასამართლოსა და ტრიბუნალს. მრავალ ქვეყანაში არსებობს სამხედრო და სპეციალური სასამართლოები, რომლებიც იმ განსაკუთრებული პროცედურების შესრულებას უწყობს ხელს რომლებიც მართლმსაჯულების ნორმალურ სტანდარტებს არ შეესაბამება.

ბრალდებულის უფლებების მინიმალური სტანდარტები:

1. თითოეული ადამიანი თანასწორი უნდა იყოს სასამართლოსა და ტრიბუნალის წინაშე და თანაბრად უნდა სარგებლობდეს მართლმსაჯულების მინიმალური გარანტიებით;

2. ყველას აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ეფექტურ და სამართლიან სასამართლოზე;

3. ტრიბუნალი უნდა იყოს კანონიერი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

4. ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს სამართლიანი და საჯარო მოსმენით. ამგვარად, საყოველთაო საჯარო მოსმენა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა შეიზღუდოს;

5. ყველას აქვს უფლება, ითვლებოდეს უდანაშაულოდ, სანამ მისი დანაშაული კანონით დადგენილი წესით არ დადგინდება;

6. ყველას აქვს უფლება, მისი გასამართლება მოხდეს ხანგრძლივი დაყოვნების გარეშე;

7. ყველას აქვს უფლება, გასამართლება მისი თანდასწრებით მოხდეს. ბრალდებულს აქვს უფლება, საკუთარი არჩევანის საფუძველზე ისარგებლოს სამართლებრივი რჩევით, დაცვითა და წარმომადგენლობით. ყველას აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლებებისა და მათზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგების შესახებ;

8. ბრალდებულს აქვს მოწმის გამოყვანისა და ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვის უფლება. მხარეებს მტკიცებულებების შეგროვების თანაბარი უფლებები აქვთ. ბრალდებულს უფლება აქვს, არ აღიაროს დანაშაული და არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლობლების წინააღმდეგ;

9. ბრალდებულს აქვს უფლება, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი და თარჯიმნის დახმარებით საჭიროების შემთხვევაში;

10. არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა შიდა ან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ახალი კანონით, რომელიც აუმჯობესებს მის მდგომარეობას. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუქცევითი ძალა არ აქვს.

კანონისა და სასამართლოს წინაშე თანასწორობა

თანასწორობის გარანტია კანონის უზენაესობის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია. ის კრძალავს დისკრიმინაციულ კანონებს და უზრუნველყოფს სასამართლოს თანაბარი ხელმისაწვდომობისა და სასამართლოს მიერ თანაბრად მოპყრობის უფლებას. ამ უფლების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია მხარეთა თანასწორუფლებიანობა, რაც გულისხმობს პროცესში მონაწილე თითოეული მხარისთვის საკუთარი პოზიციის წარმოსადგენად თანაბარი შესაძლებლობის მიცემას ისე, რომ არც ერთ მხარეს არ მიენიჭოს რაიმე არსებითი უპირატესობა. ამასთან, ნებისმიერ ბრალდებულს აქვს უფლება, მოეპყრან ზუსტად ისე, როგორც სხვა ბრალდებულებს, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარი მოპყრობა არ ნიშნავს იდენტურ მოპყრობას. თანასწორუფლებიანობა ადმინისტრაციული და სასამართლო სისტემის მიერ დაცული უნდა იქნეს მსგავს ობიექტურ ფაქტებთან მიმართებაში. როცა ფაქტები განსხვავდება, თანასწორუფლებიანობის პრინციპი განსხვავებულ მოპყრობას მოითხოვს.

ეფექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, შეზღუდოს ან გამორიცხოსსაქმის სასამართლო განხილვა გარკვეულ სფეროში ან ადამიანთა გარკვეული წრისთვის.

დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

კანონის უზენაესობის ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია სამართლებრივ სისტემაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. ხელისუფლების დაყოფის პრინციპის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად გამიჯნული უნდა იყოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

მოსამართლის თავისუფლება დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ღერძია. თუ მთავრობას მოსამართლის დათხოვნა ნებისმიერ დროს შეუძლია, მოსამართლეთა ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა არ არის უზრუნველყოფილი. არ შედგება სამართლიანი სასამართლო პროცესი, თუ სასამართლო ან მოსამართლეები ფინანსურად, პოლიტიკურად ან სხვა რაიმე გზით განიცდიან ზეწოლას, ან არასასამართლო ორგანოების კონტროლს ქვეშ არიან. სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა არასასამართლო ორგანოს მიერ შეუძლებელია, გარდა ამნისტიის შემთხვევისა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური აცხადებს.

საჯარო მოსმენა

მართლმსაჯულებისადმი ნდობის განმტკიცებისა და მხარეთა სამართლიანი მოსმენისთვის პროცესი ღია უნდა იყოს. სამართლიანობა არა მარტო უნდა ხორციელდებოდეს, არამედ მისი დანახვაც უნდა იყოს შესაძლებელი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ ხდება სამართლიანობის აღსრულება და რა გადაწყვეტილებები მიიღება. საჯარო მოსმენას ესწრებიან საზოგადოების და პრესის წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება აქვთ, პროცესის მსვლელობა მხარეების სიტყვიერი განცხადებების საფუძველზე შეაფასონ. საჯაროობის პრინციპი აუცილებლად უნდა იყოს დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება საზოგადოების გამორიცხვა. დახურული პროცესების შემთხვევაშიც კი, მკაცრად განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, გადაწყვეტილება საჯარო უნდა გახდეს.

უდანაშაულობის პრეზუმფცია

უდანაშაულობის პრეზუმფცია აღნიშნავს ნებისმიერი ბრალდებულის უფლებას, ჩაითვალოს უდანაშაულოდ და მას მოეპყრან, როგორც უდანაშაულოს, ვიდრე კანონის შესაბამისად სამართლიანი სასამართლო მის ბრალეულობას არ დაამტკიცებს. ეს პრინციპი მოქმედებს პიროვნებაზე ეჭვის მიტანის მომენტიდან და სრულდება ვარაუდის დადასტურებით. ამგვარად სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს ბრალდებულის დანაშაული და საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში ბრალდებული არ უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ. არავინაა ვალდებული ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. ყველას აქვს უფლება, ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დანაშაული კანონით დადგენილი წესით არ დადგინდება.

უდანაშაულობის პრეზუმფცია მოსამართლეებისგან მოითხოვს, თავი შეიკავონ საქმის წინასწარი განსჯისგან. ეს ეხება აგრეთვე სასამართლო პროცესში მონაწილე ყველა საჯარო მოხელეს. მიუხედავად ამისა, ამ უფლების დარღვევად არ ითვლება ოფიციალური ორგანოს მიერ საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მსვლელობის შესახებ ან ეჭვმიტანილის ვინაობის დასახელება, თუ პიროვნება ბრალდებულად არ ცხადდება.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებებისა, ბრალდებულს აქვს უფლება, მისი გასამართლება მოხდეს ხანგრძლივი დაყოვნების გარეშე, თუმცა სასამართლო პროცესის დაწყება დამოკიდებულია საქმის ვითარებაზე და მის სირთულეზე. სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ ნებისმიერ პირს აქვს აგრეთვე კვალიფიციური სამართლებრივი რჩევით სარგებლობის და დაცვის უფლება პირადად ან ადვოკატის მეშვეობით. ბრალდებულს შეუძლია, თავად აირჩიოს დამცველი და თუ მას ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არ აქვს, სახელმწიფო გარკვეულ შემთხვევებში ვალდებულია, მას უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. ბრალდებულის უფლებაა აგრეთვე, გასამართლება მოხდეს მისი თანდასწრებით.

ბრალდებულს აქვს მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის და საკუთარი მოწმეების წარდგენის უფლება, რაც მას საშუალებას აძლევს, დაკითხოს როგორც საკუთარი, ისე ბრალდების მხარის მოწმეები. თუ ბრალდებული არ ლაპარაკობს სასამართლოში გამოყენებულ ენაზე, მას უფლება აქვს ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით, მათ შორის დოკუმენტების თარგმნისას. ეს უფლება ეხება როგორც ადგილობრივ, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

კანონის არაუკუქმედითობა უზრუნველყოფს ნებისმიერი ადამიანის უფლებას, პასუხი არ აგოს იმ დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენის დროისთვისკანონით არ ისჯებოდა. ეს უფლება აღინიშნება ლათინური ფრაზით Nulla Poena Sine Lege. სასჯელის ძირითადი მიზანია სამართლიანობის აღდგენა დანაშაულის პრევენცია, ამდენად, სასჯელი არ შეიძლება იყოს დანაშაულის დისპროპორციული, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი. ასევე დაუშვებელია გასამართლების შემდეგ იმავე ქმედებისთვის პირის განმეორებითი დევნა.

განსხვავებული დამოკიდებულებები

კანონის უზენაესობის პრინციპს ზოგადად ყველა აღიარებს, თუმცა არსებობს კულტურული განსხვავებები, როცა საქმე ეხება ამ პრინციპის არსის ინტერპრეტაციას სხვადასხვა ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა ამერიკულ და აზიურ მიდგომას შორის. ამერიკელი იურისტები კანონის უზენაესობას მიაწერენ საკუთარი სამართლებრივი სისტემის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ძალაუფლებათა გამიჯვნა და სხვ. აზიელები კი ხაზს უსვამენ კანონის რეგულარული და ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობას ისე, რომ აუცილებელი არ იყოს მისდამი მთავრობის ძალაუფლების დაქვემდებარება.

ზოგიერთ გარდამავალი დემოკრატიის ქვეყანაში არსებულ პრობლემებს კულტურულ მრავალფეროვნებას ვერ მივაწერთ. ეს უფრო იმის ბრალია რომ მოქალაქეებს ნაკლებად აღელვებთ სახელისუფლებო და სამართლებრივი სისტემები, რომლებიც პროტექციული და კორუმპირებულია, რის გამოც დანაშაული და სამოქალაქო ძალადობა მატულობს. საქმე ისაა, რომ ეფექტური კანონის უზენაესობის დამკვიდრებას დრო და ფინანსური რესურსები სჭირდება. იქ, სადაც პოლიტიკური ლიდერები პატივს არ სცემენ დემოკრატიულ ღირებულებებს და სამოქალაქო უფლებებს, რთულია სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა. მიუხედავად ამისა, ეკონომიკური გლობალიზაციის ეპოქაში იზრდება საერთაშორისო სტაბილურობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საჭიროება, რისი გარანტირებაც შეუძლია მხოლოდ რეჟიმს, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას.

იმპლემენტაცია და მონიტორინგი

ადამიანის უფლებების დაცვა სახელმწიფოს შიდა დონეზე იწყება, აქედან გამომდინარე, კანონის უზენაესობის დანერგვა დამოკიდებულია სახელმწიფოს სურვილზე, დაამკვიდროს ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და სასამართლოს სამართლიან მეთოდებს. სახელმწიფოებმა უნდა შექმნან ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მართლმსაჯულებისთვის, ასევე ცხოვრებაში გაატარონ კანონები და რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლიან და ობიექტურ სასამართლო დევნას.

კანონის უზენაესობის ცნება მჭიდრო კავშირშია დემოკრატიის იდეასთან და აგრეთვე ძალზე მნიშვნელოვანია საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის, ამდენად, მისი განხორციელება დამოკიდებულია ამ ღირებულებების რეალიზებაზე. გარდამავალი სახელმწიფოების გამოცდილება მოწმობს, რომ კანონის უზენაესობის დამკვიდრება არ ხერხდება, თუ პოლიტიკური ლიდერები არ იზიარებენ ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს და, ამგვარად ხელს უწყობენ კორუფციულ და კრიმინალურ სისტემებს.

როგორც წესი, კანონის უზენაესობის განმტკიცება კორუფციისა და პოლიტიკოსთა თვითნებობის აღკვეთის ერთადერთ საშუალებად ითვლება. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ადამიანის უფლებების პატივისცემა. ამის ცხოვრებაში გატარებისთვის სამი ნაბიჯია აუცილებელი: პირველი, არსებული კანონების გადასინჯვა და, თუ საჭიროა, კოდიფიცირება; მეორე, მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერება; ბოლოს, ხელისუფლების მიერ კანონის დაცვის გაზრდა, პირველ რიგში სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.

არსებობს სპეციფიკური საკონსულტაციო ორგანოები ევროსაბჭოს ვენის კომისიის მსგავსად, რომელიც შექმნილია კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის.

როგორც წესი, ადამიანის უფლებათა დებულებები სახელმწიფოს კონსტიტუციაშია ჩადებული. საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ხელშეკრულებები იცავს. როგორც კი სახელმწიფო ამა თუ იმ ხელშეკრულების წევრი გახდება, ის ვალდებულია, დაიცვას და ქვეყანაში გაატაროს დოკუმენტის დებულებები. საერთაშორისო სამართალი არ ადგენს იმპლემენტაციის წესებს, ეს შიდასამართლებრივ წყობაზეა დამოკიდებული.

ადამიანის უფლებების შესრულების მონიტორინგისთვის ზოგიერთი ხელშეკრულება, მაგალითად, გაეროს პაქტი სამოქალაქო და სოციალურ უფლებათა შესახებ, უზრუნველყოფს სამეთვალყურეო მექანიზმს. ეს მექანიზმი შედგება მოხსენებითი სისტემისგან, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, რეგულარულად მოახსენოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ შესაბამის საერთაშორისო ორგანოს. მაგალითად, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტი აკეთებს კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ ართმევს თავს სახელმწიფო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, და აგრეთვე იძლევა რეკომენდაციებს.

ადამიანის უფლებების ზოგიერთი ხელშეკრულება უზრუნველყოფს აგრეთვე საჩივრების მექანიზმს. ქვეყანაში ყველა სასამართლო საშუალების ამოწურვის შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს გაეროს კომიტეტს, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ადამიანის უფლებების შიდაამერიკულ ან აფრიკულ კომიტეტებს.

საერთაშორისო ტრიბუნალები

რუანდასა და იუგოსლავიაში განხორციელებული გენოციდით გამოწვეული საერთაშორისო რეაქციის შედეგად შეიქმნა ორი საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელთაც უნდა აღეძრათ საქმე შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ყველაზე სასტიკი დანაშაულებისთვის. ტრიბუნალების წარმატებული საქმიანობის მიუხედავად მათ ბრალს სდებენ უკანონობაში, აკრიტიკებენ საეჭვო მეთოდიკისათვის, არასწორად ბრალდებული პირებისთვის კომპენსაციის არარსებობის გამო და დაცვის მხარისადმი მტრული დამოკიდებულებისთვის. ამ ნაკლოვანებების გათვალისწინებით, საერთაშორისო საზოგადოება აპირებს, ისე გარდაქმნას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომ მეტი პასუხისმგებლობა სახელმწიფოებს დაეკისროთ და ყურადღება კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე გამახვილდეს.

შუამდგომლობა და არბიტრაჟი

სახელმწიფოები გამალებით ცდილობენ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების მოძებნას სასამართლო პროცესის გასამარტივებლად. შუამდგომლობა არის დავის მოგვარების ხერხი მესამე მხარის დახმარებით. არბიტრაჟი არის დავის მოგვარების საშუალება არბიტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც სავალდებულოა ორივე მხარისთვის. მრავალი ქვეყანა სასამართლომდელ ეტაპზე სავალდებულო შუამდგომლობას მიმართავს. სასამართლო პროცესის საჭიროება მხოლოდ შუამდგომლობის წარუმატებლობის შემთხვევაში ჩნდება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს მეთოდი ადამიანს უზღუდავს სასამართლოს ხელმისაწვდომობას, რადგან ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო ძიების ალტერნატივამ შესაძლოა მხარეები აიძულოს, გამოსავალი იპოვონ.

10 თავი 10. რელიგიის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას ასევე ერთპიროვნულად ან საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, კერძოდ ან საჯაროდ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებას ღვთისმსახურების, რიტუალების შესრულების, წეს-ჩვეულებების დაცვის ან სწავლების გზით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია, მე-18 მუხლი

რელიგიის თავისუფლება:
გასავლელი ხანგრძლივი გზა

მილიონობით ადამიანს სწამს, რომ არსებობს ძალა, რომელიც სულიერად გვმართავს. საუკუნეების მანძილზე მრავალი განიცდიდა შევიწროებას და დევნას იმისათვის, რაც სწამდა ან არ სწამდა. დღესაც იმავეს მოწმენი ვართ. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში რომის იმპერიაში ჯერ ქრისტიანებს შემდგომში კი ერეტიკოსებად შერაცხულთ დევნიდნენ, მესამე საუკუნეში ბუდისტებს ავიწროებდნენ ინდოეთში მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული ევროპაში არაქრისტიანები გახდნენ რელიგიური შეუწყნარებლობის მსხვერპლნი. მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება მსოფლიო ისტორიიდან. დღესაც ვხვდებით დევნას რელიგიურ ნიადაგზე მრავალ არსებულ კონფლიქტში მორწმუნეებსა და არამორწმუნეებს, მულტირელიგიურ ქვეყნებში ტრადიციული და „ახალი“ რელიგიების წარმომადგენლებს, ან ოფიციალური რელიგიის მქონე სახელმწიფოებსა და იმ ინდივიდებს შორის, რომლებიც არ განეკუთვნებიან მას (მაგ., „ეთნიკური წმენდა“ ბოსნიაში, რელიგიური დაპირისპირება ჩრდილოეთ ირლანდიაში).

რელიგიური მრწამსი მჭიდრო კავშირშია ადამიანის სულიერ, შინაგან სამყაროსთან, ვინაიდან ყველაზე ღრმა პირად წარმოდგენებს შეეხება სამყაროს წარმოშობისა და მასში ადამიანის დანიშნულების შესახებ. მრწამსი ასევე კულტურული იდენტურობის გამოხატვის ძირითადი ელემენტია. გარდა ამისა, ხშირად რელიგია და რწმენა პოლიტიკისა და პოლიტიკოსების საქმიანობის არეალში ექცევა. ზოგჯერ რელიგიას და რწმენას პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იყენებენ და ის ხელისუფლებისაკენ სწრაფვის იარაღად იქცევა. ყოველივე ეს რელიგიის თავისუფლებას ყველაზე მგრძნობიარე თემად აქცევს ადამიანის ყველა სხვა უფლებას შორის.

არავინ არ არის ბუნებით შეზღუდული ერთი ეკლესიის ან სექტის მსახურებით, არამედ ყველა ნებაყოფლობით უერთდება იმ საზოგადოებას სადაც მიაჩნია, რომ იპოვა ის აღმსარებლობა, რომელიც ყველაზე მისაღებია ღმერთისათვის. იმედი გადარჩენისა, იყო რა ერთადერთი მიზეზი ამ საზოგადოებაში მისი შესვლისა, შესაბამისად გახდება ერთადერთი მიზეზი მასში დარჩენისა... აქედან გამომდინარე, ეკლესია არის ამ მიზნისათვის ნებაყოფლობით გაერთიანებულ ადამიანთა საზოგადოება.

ჯონ ლოკი, წერილი შემწყნარებლობის შესახებ, 1689

რა არის რელიგია?

არ არსებობს რელიგიის საყოველთაოდ აღიარებული განსაზღვრება. „რელიგია“ ეტიმოლოგიურად მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან რელიგარე რაც „მაკავშირებელს“ ნიშნავს. რელიგია არის ის, რაც მორწმუნეს „უზენაეს ჭეშმარიტებასთან“ აკავშირებს. რელიგიის დღემდე შემოთავაზებული განსაზღვრებების განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს რწმენა უზენაესის არსებობაში. ამ „უზენაესს“ ნორმატიული ფუნქცია აქვს და მორწმუნენი ვალდებულნი არიან, შეასრულონ თავიანთი რელიგიით დადგენილი წესები. მათ ასევე ევალებათ თავიანთი რელიგიური მრწამსის გამოხატვა ღვთისმსახურების ან კულტის გარკვეული ფორმით.

რა არის რწმენა?

რწმენა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე რელიგია. იგი მოიცავს რელიგიას თუმცა არ არის შეზღუდული ამ უკანასკნელის ტრადიციული მნიშვნელობით. რწმენა, როგორც წესი, განისაზღვრება განსაზღვრული იდეის ან ფაქტის ჭეშმარიტების გონებრივ აღიარებად. საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად, ტერმინი რწმენა ფარავს არარელიგიური ადამიანების უფლებებსაც, როგორებიც არიან ათეისტები (რომელთაც არ სწამთ ღმერთი) ან აგნოსტიკოსები (რომელთაც არ შეუძლიათ გადაჭრით განაცხადონ, არსებობს თუ არა ღმერთი). რწმენის ისეთი ნაირსახეობები, როგორიცაა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სამეცნიერო მრწამსი, არ ექცევა მოცემული დაცვის ფარგლებში.

რა არის რელიგიის თავისუფლება?

საერთაშორისო სამართალში რელიგიის თავისუფლება დაცულია, როგორც აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება თავისი ყველაზე უხეში გაგებით მოიცავს უფლებას გარკვეული რელიგიური მიდგომის ან ნორმების აღიარებაზე ან არაღიარებაზე. აზრისა და სინდისის თავისუფლება კი გულისხმობს ადამიანის უფლებას ნებისმიერი საკითხის შესახებ აზრის გამოთქმაზე, პერსონალური მსოფლმხედველობის ქონასა და განსაზღვრული რელიგიის ან რწმენის მიმდევრობაზე, როგორც ერთპიროვნულად, ისე საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად მისი გამოხატვის გზით.

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება უპირობოდ დაცული ფასეულობებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავითარი პირობით არ შეიძლება ადამიანის იძულება, გაამხილოს თავისი აზრები ან გახდეს ამა თუ იმ რელიგიის ან რწმენის მიმდევარი.

საერთაშორისო სტანდარტები

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლი რელიგიის თავისუფლებას „ყველას“ უფლებად აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იცავს მოზარდებსა და ზრდასრულებს, უცხოელებსა და თანამემამულეებს როგორც უმცირესობათა რელიგიური ჯგუფების, ისე დომინანტი რელიგიების წარმომადგენლებს. დეკლარაციის ამ მუხლით მინიჭებული უფლების ჩამორთმევა დაუშვებელია თვით საგანგებო მდგომარეობის ან საომარი ვითარების დროს.

სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლში მოცემულია ის უფლებები, რომლებსაც რელიგიის თავისუფლების ცნება მოიცავს:

  • ღვთისმსახურებისა და შეკრების (რელიგიასა და რწმენასთან მიმართებაში) და ამ მიზნისათვის შესაბამისი ადგილების დაფუძნებისა და შენარჩუნების თავისუფლება;

  • შესაბამისი რელიგიისა და რწმენის რიტუალებისა და წეს-ჩვეულებებისათვის აუცილებელი მასალების შექმნა, მიღება და გამოყენება;

  • ინდივიდებისა და ორგანიზაციებისგან საქველმოქმედო სახის ფინანსური და სხვა სახის დახმარების თხოვნისა და მიღების თავისუფლება;

  • რელიგიისა და რწმენის მოთხოვნების შესაბამისი ლიდერების მომზადების, დანიშვნის ან არჩევის თავისუფლება;

  • ადამიანის მიერ საკუთარი რელიგიისა და რწმენის მიხედვით დასვენების დღეების დაცვისა და წმინდა დღეების აღსანიშნავი ცერემონიების შესრულების თავისუფლება;

  • რელიგიის თავისუფლება სამუშაო ადგილებზე ლოცვის, შესაბამისი სამოსის ტარებისა და დიეტური საკვების მიღების უფლების ჩათვლით;

  • შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება ღვთისმსახურებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისათვის;

  • ადამიანის მიერ საკუთარი რწმენის გაცხადების თავისუფლება;

  • რელიგიის შეცვლის ან უარყოფის უფლება;

  • უფლება რელიგიური განათლების მიღებაზე „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ გათვალისწინებით.

კოლექტიური თავისუფლება

რელიგიის თავისუფლება არ გულისხმობს მხოლოდ ცალკეული ინდივიდების მიერ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებებით სარგებლობას. რელიგიისა და რწმენის გამოხატვა შეიძლება საზოგადოებაში და, შესაბამისად, ხშირად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს ნიშნავს მორწმუნეთათვის შეკრებისა და გაერთიანების უფლების მინიჭებას.

რელიგიური გაერთიანებები

რელიგიურ საფუძველზე შექმნილი ცალკეული ორგანიზაციები ასევე სარგებლობენ რელიგიის თავისუფლებით გათვალისწინებული სრული დაცვით.

მათი უფლებები მოიცავს:

  • შესაბამისი საქველმოქმედო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩამოყალიბების თავისუფლებას;

  • რელიგიური პუბლიკაციების შექმნის, გამოქვეყნებისა და გავრცელების თავისუფლებას;

  • მოსახერხებელ ადგილებში რელიგიისა და რწმენის სწავლების თავისუფლებას.

არადისკრიმინაციულობის პრინციპი

აკრძალულია დიკრიმინაცია და შეუწყნარებლობა რელიგიურ ნიადაგზე. ეს გულისხმობს რელიგიისა და რწმენის მიხედვით გამორჩევის, უპირატესობის მინიჭებისა და შეზღუდვის დაუშვებლობას. რელიგიური დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის აკრძალვა ძირითადად საჯარო სამსახურს მოიცავს თუმცა არ არის შეზღუდული მისით და კერძო სექტორსაც შეეხება. ეს ნიშნავს, რომ არც სახელმწიფოს და არც კერძო დამქირავებელს არ აქვთ უფლება, დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოიჩინონ ადამიანის მიმართ რელიგიის ნიადაგზე.

განათლება

მშობლებს უფლება აქვთ, თავად გადაწყვიტონ, როგორ აღზარდონ შვილები საკუთარი მრწამსის შესაბამისად. სახელმწიფო ვალდებულია, პატივი სცეს ამ უფლებას და მოახდინოს მისი რეალიზება სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემაში. ტერმინი „ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის“ მიზნად ისახავს მშობლების მოქმედების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ იქ სადაც რელიგიურმა ქმედებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ ან გონებრივ მდგომარეობას (მაგალითად, საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო მშობლის უარი ბავშვის მკურნალობაზე).

რწმენის გამოხატვა

რელიგიური რწმენის გამოხატვის თავისუფლება მოიცავს შესაბამისი რწმენის მიხედვით სწავლების, ღვთისმსახურების, რიტუალებისა და წეს-ჩვეულებების შესრულების სამართლებრივ დაცვას. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ილაპარაკოს თავისი რწმენის შესახებ, ასწავლოს იგი, შეასრულოს მისი რიტუალები მარტომ ან სხვებთან ერთად, დაიცვას დიეტური მოთხოვნები და ატაროს შესაბამისი სამოსი.

რელიგიის გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის. იგი შეიძლება შეიზღუდოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობისა და სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. ნებისმიერი შეზღუდვა აუცილებლად პროპორციულ ხასიათს უნდა ატარებდეს და კანონით უნდა იყოს განსაზღვრული. მაგალითად, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, როდესაც საქმე გვაქვს ადამიანების მსხვერპლად შეწირვასთან თვითმკვლელობასთან ან სხვა, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ქმედებასთან.

რელიგია და სახელმწიფო

რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია ურთიერთობა სახელმწიფოსა და რელიგიებს ან რწმენებს შორის. არსებობს რელიგიურ რწმენასთან სახელმწიფოს ურთიერთობის რამდენიმე მოდელი: სახელმწიფო რელიგიები, დაწესებული ეკლესიები სახელმწიფოს ნეიტრალური დამოკიდებულება რელიგიების მიმართ, ოფიციალური რელიგიის არარსებობა, სახელმწიფოსა და რელიგიის გამიჯვნა სამართლებრივად აღიარებული რელიგიური ჯგუფების დაცვა.

საერთაშორისო სტანდარტები არ შეიცავს მოთხოვნას სახელმწიფოსა და რელიგიას შორის რომელიმე კონკრეტული სახის ურთიერთობის დამყარების თაობაზე. ერთადერთ საერთაშორისო მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ ნებისმიერის სახის ურთიერთობა არ უნდა იწვევდეს იმ პირთა დისკრიმინაციას, რომლებიც არ წარმოადგენენ ოფიციალურ ან აღიარებულ რელიგიას.

აპოსტასია - რწმენის არჩევისა და შეცვლის თავისუფლება

საერთაშორისო სტანდარტებით რელიგიის შეცვლისა და უარყოფის უფლების თვალსაჩინო დაცვის მიუხედავად საკითხი კვლავ ინარჩუნებს თავის სადავოობას. ისტორიულად ქრისტიანობა, ისლამი და სხვა რელიგიები სასჯელის სხვადასხვა სახეს ითვალისწინებდნენ მსგავსი ტიპის ქმედებისათვის. თვით დღესაც აპოსტასია (რწმენისგან განდგომა) სასტიკად ისჯება იმ ქვეყნებში, სადაც საზოგადოება ისლამის შარიათის ტრადიციას ემყარება. ეს რელიგიის თავისუფლებისა და სხვა უფლებათა გააზრებაში კულტურული სხვაობების ნათელი ილუსტრაციაა. ამის მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტებით ერთმნიშვნელოვნად არის გარანტირებული უფლება თავისუფლად და ყოველგვარი იძულების გარეშე ადამიანის მიერ რელიგიის არჩევაზე.

პროზელიტიზმი - რწმენის გავრცელების უფლება

ადამიანს აქვს საკუთარი რწმენის გავრცელებისა და სხვათა წახალისების უფლება, შეიცვალონ საკუთარი რწმენა სხვა რელიგიის სასარგებლოდ, სანამ ყოველივე ეს იძულებისა და ძალადობის გარეშე ხდება. ასეთ ქმედებას პროზელიტიზმი ან ევანგელიზმი ეწოდება. ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპასა და აფრიკაში ხშირად ხდება კონფლიქტები ადგილობრივ ეკლესიებსა და მისიონერული საქმიანობით დაკავებული რელიგიების წარმომადგენლებს შორის. ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფოები კრძალავდნენ ასეთ ქმედებებს. თუმცა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს სახელმწიფოებისგან გამოხატვის თავისუფლების დაცვას და მორწმუნეთა უფლების უზრუნველყოფას, ჩაერთონ პროზელიტიზმის არაძალადობრივ ფორმებში.

კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა სამხედრო სამსახურისადმი

კულტურული სხვაობები განაპირობებს განსხვავებული მიდგომის არსებობას სხვადასხვა ქვეყნებში სავალდებულო სამხედრო სამსახურისადმი კეთილსინდისიერ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით. შესაძლებელია პირის გათავისუფლება სამხედრო ძალებში სავალდებულო სამსახურისგან, თუკი სასიკვდილო ძალის გამოყენება სერიოზულ წინააღმდეგობაში მოდის მის სინდისთან. მრავალ ქვეყანაში შეინიშნება მსგავსი უფლების აღიარების ტენდენცია (მაგ., საქართველო, აშშ, საფრანგეთი, ავსტრია და ა.შ.), სადაც უზრუნველყოფილია ალტერნატიული სამსახური. მეორე მხრივ, ასევე ბევრ ქვეყანაში არ სარგებლობს აღიარებით კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა სამხედრო სამსახურისადმი და ადამიანს შეიძლება თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს სამხედრო სამსახურზე უარის გამო.

საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაცია და მონიტორინგი

რელიგიის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემას წარმოადგენს სავალდებულო საერთაშორისო აქტების არარსებობა. გაეროს მიერ 1981 წელს მიღებულ დეკლარაციას რელიგიისა და რწმენის ნიადაგზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის აღმოფხვრის შესახებ განსაზღვრული სამართლებრივი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა აქვს, თუმცა იგი მხოლოდ ჩვეულებითი საერთაშორისო სამართლის დეკლარაციულ დებულებებს შეიცავს. გარდა ამისა დეკლარაცია ხელშეკრულება არ არის და შესაბამისად მავალდებულებელ ხასიათს არ ატარებს.

აღნიშნული პრობლემა აქტუალური არ არის ევროპაში, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლების ადეკვატური დაცვის შესაძლებლობას. კონვენციის საფუძველზე შექმნილია ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს მოქალაქეთა ინდივიდუალური საჩივრები რელიგიის თავისუფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

რის გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?

ჩვენ შეგვიძლია დასაბამი დავუდოთ დისკრიმინაციისა და რელიგიური შეუწყნარებლობის აღმოფხვრას სხვათა უფლებების პატივისცემით. რელიგიური შემწყნარებლობა მოიცავს სხვა რწმენის მიმდევართა პატივისცემას იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელია, მათი რწმენა არასწორად მიგვაჩნდეს. შემწყნარებლობისა და პატივისცემის ასეთი კულტურა ჩვენგან მოითხოვს უარის თქმას სხვა რწმენის მიმდევართა დისკრიმინაციაზე ან შეურაცხყოფაზე და პატივისცემის გამოჩენას ადამიანის ფუნდამენტური უფლების მიმართ, იყოს განსხვავებული.

რწმენათაშორისი დიალოგი
რელიგიური პლურალიზმის მისაღწევად

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე გაძლიერდა ეკლესიებისა და მორწმუნეთა ინტერესი რელიგიური და კულტურული პლურალიზმის საკითხების ირგვლივ დიალოგის დაწყებაზე. ამ სურვილმა პრაქტიკაშიცპოვა ასახვა რამაც შესაძლებელი გახადა სხვადასხვა რელიგიური საზოგადოებების ურთიერთანამშრომლობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მიღწევის მიზნით. წამყვან საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მიზანიც რელიგიური დიალოგის ხელშეწყობაა, წარმოადგენს: მსოფლიო ეკლესიათა საბჭო, რელიგიისა და მშვიდობის მსოფლიო კონფერენცია, რელიგიათა მსოფლიო პარლამენტი და ა.შ. შექმნილია მრავალი რეგიონული ორგანიზაცია დიალოგის გზით რწმენათაშორისი კონფლიქტების მოგვარებისა და თავიდან აცილების მიზნით (მაგ., შუააღმოსავლეთში მოქმედი სამღვდელოება მშვიდობისათვის სადაც ერთად იყრიან თავს რაბინები, მღვდლები, პასტორები და იმამები რეგიონში მშვიდობის დასადგურების ხელშეწყობის განზრახვით).

კულტები, სექტები და ახალი რელიგიური მოძრაობები

დაუშვებელია რელიგიის თავისუფლების ვიწროდ ინტერპრეტაცია. ახალი რელიგიური მიმდინარეობები და რელიგიური უმცირესობები ისეთივე დაცვით უნდა სარგებლობდნენ, როგორითაც ტრადიციული მსოფლიო რელიგიები. ეს პრინციპი განსაკუთრებით აქტუალურია უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე რელიგიური უმცირესობებისა და ახალი რელიგიური მიმდინარეობების შევიწროების შემთხვევებისა და მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებების გათვალისწინებით. ახალი რელიგიური მიმდინარეობები ძირითადად ცნობილია „კულტისა“ და „სექტის“ სახელწოდებით. ორივე ტერმინი საკმაოდ ორაზროვანია, თუმცა სექტა, როგორც წესი, ეწოდება დისიდენტური ტიპის ისეთ რელიგიურ ჯგუფს, რომელიც გამოეყო ძირითად რელიგიას, მაშინ, როცა კულტად განიხილება რელიგიურ რწმენათა არაღიარებული სისტემა, რომელსაც თან ახლავს განსაკუთრებული რიტუალები.

რელიგიური ექსტრემიზმი და მისი შედეგები

2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ტერორიზმი იმაზე მეტად იყენებს რელიგიურ რწმენას თავის იარაღად, ვიდრე ოდესმე. ასეთი კომბინაცია ძალზე სახიფათოა, ვინაიდან იგი მსოფლიოს „კარგ“ და „ცუდ“ ადგილებად ყოფს, ხოლო ადამიანების დიფერენცირებას რელიგიური მრწამსის მიხედვით ახდენს.

როდესაც ექსტრემისტული თავდასხმების შემდეგ ექსტრემისტები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული „ღვთის სახელით“ ჩაიდინეს, ხდება რელიგიის თავისუფლების ბოროტად გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისა და მოთხოვნების დაფარვისათვის. რწმენის ნიადაგზე ჩადენილი ტერორისტული აქტების მომრავლება მეტყველებს არა რელიგიურ მრწამსზე დაფუძნებულ განსხვავებულ კულტურებს შორის კონფლიქტზე, არამედ შეუწყნარებლობასა და უმეცრებაზე დამყარებული დაპირისპირების არსებობაზე.

11 თავი 11. განათლების უფლება

▲ზევით დაბრუნება


...განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაზრდისკენ...

ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია, 26-ე მუხლი

პრეისტორია და შინაარსი

ევროპაში განმანათლებლობის ეპოქამდე განათლება მშობლებისა და ეკლესიის პასუხისმგებლობის საგანს წარმოადგენდა. მხოლოდ თანამედროვე საერო სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ერთად გახდა განათლება საზოგადოების საზრუნავი. XVI-XVI I საუკუნეებში ცნობილი ფილოსოფოსები ჯონ ლოკი და ჟან ჟაკ რუსო საკუთარ ნაშრომებში განათლების უფლების თანამედროვე კონცეფციას ეხებოდნენ.

XIX საუკუნეში სოციალიზმისა და ლიბერალიზმის გაჩენასთან ერთად განათლება ადამიანის უფლებების სფეროში მოექცა. აქედან მოყოლებული განათლების ფუნდამენტური უფლება და სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს უფასო განათლება აისახა სხვადასხვა ქვეყნის კონსტიტუციებში, აგრეთვე არასაკონსტიტუციო კანონმდებლობაში. მეოცე საუკუნის განმავლობაში განათლების უფლება ჩაიდო სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებაში.

XXI საუკუნეში თითქმის მილიარდმა წერა-კითხვის უცოდინარმა ადამიანმა შეაბიჯა. ეს მსოფლიოს მოსახლეობის მეექვსედი ან ინდოეთის მთელი მოსახლეობაა და ეს რიცხვი დღითიდღე მატულობს.

განათლების უფლება შეიძლება დახასიათდეს, როგორც „შესაძლებლობის უფლება“. ეს უფლება ადამიანს საშუალებას აძლევს, უკეთ წარმართოს საკუთარი ცხოვრება, განივითაროს პიროვნება, შეიძინოს ის ცოდნა და უნარჩვევები, რაც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების თანაბარი შესაძლებლობისთვის, შეითვისოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისა და შემწყნარებლობის ფასეულობები, მოემზადოს აქტიური და პასუხისმგებელი მოქალაქეობისთვის. ერთი სიტყვით, განათლების უფლება ადამიანს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს სხვა უფლებებით.

მრავალი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლების გამოყენება, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, არჩევნებში მონაწილეობის უფლება, დამოკიდებულია განათლების მინიმალურ დონეზე მაინც. აგრეთვე ზოგიერთი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლების გამოყენება, მაგალითად სამუშაოს არჩევის უფლება, თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების უფლება, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის შედეგებით სარგებლობის უფლება და უმაღლესი განათლების მიღების უფლება, შესაძლებელია მხოლოდ განათლების გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ. იგივე მართებულია კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ეთნიკური და ენობრივი უმცირესობებისთვის განათლება საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განმტკიცების ძირითადი საშუალებაა.

განათლებას ასევე შეუძლია ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას, ტოლერანტულობას, ერებსა და უმცირესობებს შორის პატივისცემასა და მეგობრობას და ადამიანის უფლებების უნივერსალური კულტურის ჩამოყალიბებას.

განათლება უფრო მეტია, ვიდრე კითხვის, წერის ან დათვლის სწავლა. თვითონ სიტყვას „Educatio („განათლება“) ლათინური საფუძველი აქვს და ნიშნავს „ვინმეს გაძღოლას“. ადამიანის განათლების უფლება მოიცავს დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას. უამრავი ადამიანი მოკლებულია დაწყებით განათლებასაც კი, ამიტომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენაზე უფასო დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას და სავალდებულოობას.

განათლების უფლებისა
და სახელმწიფო ვალდებულებების შინაარსი

განათლების უფლებას მყარი საფუძველი აქვს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალში. ის განმტკიცებულია ადამიანის უფლებების მრავალ უნივერსალურ და რეგიონულ დოკუმენტში.

განათლების ფუძემდებლური უფლება ხელისუფლებისგან მოითხოვს გარკვეულ ქცევას თითოეული ადამიანის მიმართ. სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს, დაიცვას და შეასრულოს განათლების უფლება.

პატივისცემის ვალდებულება სახელმწიფოს უკრძალავს აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების საწინააღმდეგო ქცევას, ამ უფლებების აღსრულებაში ჩარევას ან მის შეზღუდვას. სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ მშობელთა თავისუფლებას, შვილებისათვის შეარჩიონ კერძო ან სახელმწიფო სკოლა, უზრუნველყონ მათი რელიგიური და მორალური განათლება საკუთარი რწმენის შესაბამისად. საჭიროა თანასწორი მიდგომა როგორც გოგონებისა და ბიჭების სწავლებისადმი, ისე ყველა რელიგიურ, ეთნიკურ თუ ენობრივ ჯგუფთან მიმართებაში.

დაცვის ვალდებულება სახელმწიფოსგან მოითხოვს, საკანონმდებლო ან სხვა საშუალებით აღკვეთოს და აკრძალოს ინდივიდუალური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა მესამე პირის მიერ. სახელმწიფო უნდა იყოს იმის გარანტი, რომ კერძო სკოლები არ მიმართავენ დისკრიმინაციულ პრაქტიკას ან მოსწავლეთა ფიზიკურ დასჯას.

შესრულების ვალდებულება შეიძლება დახასიათდეს, როგორც უფლების თანმიმდევრული რეალიზაციის ვალდებულება. უნდა განვასხვაოთ წარმართვისა და დასრულების ვალდებულებებიც.

წარმართვის ვალდებულება ეხება სახელმწიფოს მიერ კონკრეტული ქმედების განხორციელებას. ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის თანახმად, იმ სახელმწიფოებმა, სადაც ჯერ არ არის უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება, „უნდა შეიმუშაონ მოქმედების დეტალური გეგმა უფასო და სავალდებულო განათლების პრინციპის თანმიმდევრული დანერგვისთვის შესაფერისი დროის განმავლობაში“.

აუცილებელი სტანდარტები:

  • უფასო და სავალდებულო დაწყებითი განათლება;

  • ყველასათვის ხელმისაწვდომი საშუალო განათლება;

  • გონებრივი შესაძლებლობების შესაბამისად ყველასათვის ხელმისაწვდომი უმაღლესი განათლება;

  • გაძლიერებული ფუნდამენტური განათლება მათთვის, ვისაც არასრული დაწყებითი განათლება აქვს;

  • წერა-კითხვის უცოდინარობისა და გაუნათლებლობის აღმოფხვრა საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების საჭიროებების გათვალისწინებით.

ამრიგად, განათლების უფლების მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება თანასწორუფლებიანობისა და არადისკრიმინაციის პრინციპისა და ნებისმიერი სახის სკოლის არჩევის თავისუფლების საფუძველზე.

განათლების უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფო ვალდებულება ოთხი ელემენტისგან შედგება: უზრუნველყოფა, ხელმისაწვდომობა, მისაღები ფორმა, ადაპტაცია.

უზრუნველყოფა

სავალდებულო და უფასო დაწყებითი განათლება აუცილებელი წინაპირობაა განათლების უფლების უზრუნველყოფისთვის. დაწყებითი სკოლის გარანტირებისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულება. მართალია, სახელმწიფო არ არის განათლების ერთადერთი მიმწოდებელი, მაგრამ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მას ავალდებულებს უკანასკნელი საშუალების უზრუნველყოფას ისე, რომ დაწყებითი სკოლა ყველა სასკოლო ასაკის ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი. თუ სკოლები არ არის საკმარისი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, სახელმწიფოს ვალდებულება ამ შემთხვევაში არ სრულდება და განათლების ხელმისაწვდომობის უფლება რეალიზებას საჭიროებს.

საშუალო და უმაღლესი განათლების უზრუნველყოფა განათლების უფლების ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტია. „უფასო განათლების თანმიმდევრულად წარმოდგენის“ მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შეუძლია თვითონ მოიხსნას საკუთარი ვალდებულებები.

ხელმისაწვდომობა

ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა განათლების უფლების შესრულებაზე, სულ მცირე, არსებული საგანმანათლებლო ინსტიტუტების ხელმისაწვდომობის გარანტირებით ყველა გოგონასთვის, ბიჭისთვის ქალისა და კაცისთვის თანაბრად, თანასწორუფლებიანობისა და არადისკრიმინაციულობის საფუძველზე.

თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე შემოქმედებით მიღწევადობას. ინსტიტუტების ფიზიკური ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფროსებისა და უნარშეზღუდულებისთვის. შემოქმედებითი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ გამომრიცხავი ბარიერები მოხსნილი უნდა იყოს, მაგალითად, სახელმძღვანელოებიდან უნდა ამოიღონ სტერეოტიპული იდეები მამაკაცისა და ქალის როლის შესახებ, როგორც ეს გათვალისწინებულია კონვენციაში ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ.

მისაღები ფორმა

ეს ელემენტი გულისხმობს, რომ მშობლებსა და შვილებს უნდა ჰქონდეთ მათთვის მისაღები განათლების ტიპის არჩევის უფლება, აგრეთვე უნდა არსებობდეს კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებათა შექმნისა და მართვის უფლება. მოსწავლეებსა და მშობლებს აქვთ უფლება, იყვნენ თავისუფლები ინდოქტრინაციისგან, ისეთი მასალის იძულებითი სწავლისგან, რომელიც ეწინააღმდეგება მოსწავლის რელიგიურ და სხვა რწმენებს.

სწავლების ენის საკითხი ასევე წინააღმდეგობებითაა აღსავსე. არ არსებობს საყოველთაო უფლება ენობრივი უმცირესობებისთვის, რომ მათი მშობლიური ენა ისწავლებოდეს სკოლაში. სოციალურ და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ენის პრაქტიკა არ უნდა აიკრძალოს. უმცირესობების შესახებ საერთაშორისო დოკუმენტები ერთ მნიშვნელოვნად აღიარებენ მშობლიური ენის სწავლის უფლებას, თუმცა განათლების მშობლიურ ენაზე მიღების საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია. სამწუხაროდ, ზოგიერთ უმცირესობას საკუთარი ენის სწავლის საშუალებაც არ აქვს, მაგალითად, ბოშებს ევროპაში ან ავსტრალიის აბორიგენებს.

ადაპტაცია

ჩვეულებრივ, ის, რასაც ბავშვი სკოლაში სწავლობს, უნდა განისაზღვრებოდეს მისი მომავალი საჭიროებების მიხედვით. განათლების სისტემა მორგებული უნდა იყოს მოსწავლეებზე და ითვალისწინებდეს ბავშვის ინტერესებს, აგრეთვე სოციალურ განვითარებას და წინსვლას როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით.

ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ განათლების უფლებას პატივს სცემენ, იცავენ და ასრულებენ. მიუხედავად ამისა, ეს მოვალეობა მხოლოდ სახელმწიფოს არ ეკისრება. განათლების უფლების დანერგვის ხელშეწყობა სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაცაა.

სახელმწიფო მოხსენებები და შედარებითი მაჩვენებლები ამ საკითხის გაკონტროლების საუკეთესო საშუალებაა. ამ ინდიკატორებით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ განათლების უფლების არათანაბარ იმპლემენტაციაზე მსოფლიოს სხადასხვა რეგიონში.

მიუხედავად საგრძნობი წარმატებისა ბავშვებისთვის განათლების უფლების უზრუნველყოფის საკითხში, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი გადაუჭრელი პრობლემა: დისკრიმინაცია, უთანასწორობა, იგნორირება და ექსპლუატაცია, რომელიც ზემოქმედებს გოგონებზე, ქალებსა და უმცირესობებზე. საზოგადოებამ თავისი ძალისხმევა უნდა მიმართოს სოციალური და კულტურული წესების შესაცვლელად, რომლებიც ამ ჯგუფებს უზღუდავენ საკუთარი უფლებებით სარგებლობის საშუალებას და, ამგვარად, ხელს უწყობენ მათ დაუცველობას.

იმპლემენტაცია და მონიტორინგი

შექმნის დღიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ აღიარა „საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობა ეკონომიკური, სოციალური კულტურული ან ჰუმანიტარული ხასიათის საერთაშორისო პრობლემების გადასაწყვეტად“.

საერთაშორისო თანამშრომლობა ინფორმაციის, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაცვლის მეშვეობით ძალზე მნიშვნელოვანია განათლების უფლების შესრულებისთვის, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. როგორც ჩანს, განათლების უფლება ეკონომიკური აუცილებლობაა, რაზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნების განვითარება. განათლება ყველა სახელმწიფოს მიერ უნდა განიხილებოდეს, როგორც გრძელვადიანი, პრიორიტეტული ინვესტიცია, რადგან ის აუმჯობესებს ადამიანურ რესურსებს, რაც მნიშვნელოვანი შენატანია ეროვნული განვითარების პროცესში.

განათლების, როგორც ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის, მნიშვნელობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც. ძირითადი განათლების ეფექტური უზრუნველყოფა დამოკიდებულია პოლიტიკურ შეხედულებებსა და ნებაზე, რომელიც განმტკიცებულია შესაბამისი ფისკალური, ეკონომიკური, სავაჭრო, შრომის, დასაქმების და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკით. ამ მიზნის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური და ფინანსური ვალდებულება, სახელმწიფო სექტორის წამყვანი როლი, სამართლიანობა ამ სექტორში, საგანმანათლებლო გადასახადების შემცირება, საგანმანათლებლო რეფორმების განვითარების სხვა სტრატეგიებთან ინტეგრაცია.

განათლების უფლების სრული აღსრულებისთვის საჭიროა ინსტიტუციური მხარდაჭერა. ამ კუთხით იუნესკო წამყვან როლს ასრულებს, რადგან განათლება მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა. იუნესკოს შემუშავებული აქვს სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც განათლების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებების უკეთ შესრულებისთვისაა გამიზნული. განათლებაში დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კონვენციის წევრმა ქვეყნებმა იუნესკოს ყოველწლიურად უნდა წარუდგინონ მოხსენებები, თუ რა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს მიმართავენ ისინი კონვენციის სასარგებლოდ.

ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა კომიტეტი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, ზედამხედველობას უწევს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულების პროცესს პაქტის წევრ ქვეყნებში. იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობისთვის ყურადღება უნდა მიექცეს შედარებით მაჩვენებლებს, როგორიცაა: წერა-კითხვის უცოდინართა ხვედრითი წილი, რეგისტრაციის კოეფიციენტი სწავლის დამთავრებისა და შეწყვეტის კოეფიციენტი, მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროპორცია, განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯების შეფარდება მთლიან სახელმწიფო ხარჯებთან ან სხვა სექტორის ხარჯებთან.

განათლება თავისუფლების უფრო კარგი დამცველია, ვიდრე მუდმივი ჯარი.

ედვარდ ევერეტი

იმპლემენტაციის პრობლემები

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესრულება ხშირად მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს საჭიროებს. მრავალ ქვეყანაში განათლებაზე სახელმწიფო სახსრების მთავარი ნაწილი იხარჯება.

ხშირად ბავშვებისთვის განათლების უფლებით სარგებლობის მთავარ დაბრკოლებას სიღარიბე წარმოადგენს. როგორც წესი, მსოფლიოში ბავშვების 90% სკოლაში შედის. მთავარი პრობლემები შემდეგ წარმოიშვება, როცა მოსწავლეთა დიდი ნაწილი სწავლას თავს ანებებს ან ერთსა და იმავე კლასში რამდენჯერმე რჩება.

ფინანსების ნაკლებობა სათანადო ორგანოებს საშუალებას არ აძლევს ააშენონ ახალი სკოლები, ხელი შეუწყონ მასწავლებელთა მომზადების ცენტრების ფუნქციონირებას, შეარჩიონ კომპეტენტური მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი, სკოლები უზრუნველყონ სასწავლო მასალებით და სხვა რესურსებით, ასევე უზრუნველყონ ნორმალური სატრანსპორტო სისტემის არსებობა. ყველაფერი ეს პირდაპირაა დამოკიდებული სახელმწიფოს ეკონომიკურ შესაძლებლობებზე. სიღარიბის გამო ოჯახებს არ შეუძლიათ გადაიხადონ სწავლის და სასწავლო მასალების საფასური. სიღარიბე ასევე იწვევს შიმშილს, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ბავშვის განვითარებად ტვინს.

განათლების უფლების ცხოვრებაში ეფექტური გატარების კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ფართოდ გავრცელებული ბავშვის შრომა. სამწუხაროდ, მრავალ ოჯახს სჭირდება ის დამატებითი შემოსავალი, რომელსაც ბავშვების მიერ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ იღებს და ამის გამო ოჯახს არ შეუძლია ბავშვის სკოლაში გაშვება.

სიღარიბე და ბავშვთა შრომა ხელს განსაკუთრებით გოგონების განათლებას უშლის. ბევრ გოგონას იმისათვის, რომ იარსებოს, მძიმე შრომა უწევს საკმაოდ ადრეულ ასაკში. მათ ასეთი სიმძიმე აწვებათ არა მარტო ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ სოციალური მოლოდინების გამოც, რაც უკავშირდება ადრეულ დედობას და ძველმოდურ დამოკიდებულებებს. გოგონების განათლების შესახებ ტრადიციულ შეხედულებებს ჯერ კიდევ დიდი ზეგავლენა აქვს და მშობლებს გოგონების სკოლაში შეყვანის სურვილს უკარგავს. გოგონებისთვის განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფა მზარდი საერთაშორისო საზრუნავია.

საერთაშორისო და შიდა შეიარაღებული კონფლიქტები და სოციალური უთანხმოება ცხოვრების ნორმალურ ტემპს არღვევს. სასწავლო პროცესი ფერხდება, როცა სკოლები კონფლიქტის რეგიონთან ახლოს მდებარეობს. ჰუმანიტარული სამართლით უზრუნველყოფილი გარანტიების მიუხედავად სკოლებზე თავდასხმის შემთხვევები მაინც არსებობს. ეს განათლების უზრუნველყოფის კიდევ ერთი დაბრკოლებაა.

12 თავი 12. ბავშვთა უფლებები

▲ზევით დაბრუნება


ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას სახელმწიფო თუ კერძო სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულების, სასამართლოს, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოების მიერ უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფას...

ბავშვთა უფლებების გაეროს
კონვენციის მე-3 მუხლი

ბავშვთა უფლებების ბუნება
და შინაარსი

ბავშვთა უფლებების კონცეფცია ადამიანის უფლებების ზოგადი მოძრაობიდან განვითარდა, თუმცა მის სრულყოფაზე ასევე დიდი ზეგავლენა მოახდინა უკანასკნელი 300 წლის მანძილზე სოციალურ, საგანმანათლებლო და ფსიქოლოგიურ სფეროებში განვითარებულმა მოვლენებმა. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ბავშვის განვითარების ახლებური კონცეფციის ფორმირების შედეგად ბავშვის დაუცველობის საკითხებიდან აქცენტის გადატანა მოხერხდა მისი ავტონომიის უფლებაუნარიანობის, თვითგამორკვევისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თემებზე ტრადიციული პატერნალისტური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, რომ ბავშვი მხოლოდ მშობლების კონტროლის ობიექტს წარმოადგენს. ყოველივე ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია პოლიტიკურ პროცესებზე, რაც დაგვირგვინდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს ბავშვთა უფლებების სფეროში პირველი სავალდებულო საერთაშორისო აქტის - ბავშვთა უფლებების კონვენციის - მიღებით (საქართველოს მიერ რატიფიცირებულია 1999 წლის 5 თებერვალს).

ბავშვთა უფლებების კონვენციის ძირითადი დებულებები

ა) ბავშვის უფლებაუნარიანობა

ყველა ადამიანის ღირსების პატივისცემის ნიადაგზე ბავშვთა უფლებების კონვენცია ბავშვს საკუთარი უფლებების მატარებლად აღიარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვის უფლებები არ არის წარმოებული მისი მშობლების ან სხვა ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის უფლებებიდან. სწორედ ეს არის ბავშვთა უფლებების კონცეფციის ფუძემდებლური პრინციპი, რომ ბავშვი როგორც ღირსების მატარებელი სუბიექტი და საზოგადოების სრულფასოვანი მოქალაქე, უფლებამოსილია, გააპროტესტოს და შეცვალოს მისთვის მიუღებელი დისკრიმინაციული მიდგომა და ქმედებები.

რეალურად ბავშვები მშობლებზე არიან დამოკიდებულნი (ფიზიკური და ფსიქოლოგიური განვითარების, მატერიალური სახსრების/შემოსავლის ნაკლებობის გამო) და ნებისმიერი სახის ცვლილება ამ უკანასკნელთა ეკონომიკურ და სოციალურ ყოფაში უცილობლად აისახება ბავშვის ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ზრუნვა ბავშვების ინტერესებზე არ გულისხმობს სოციალურად პრივილეგირებული ჯგუფის შექმნას. მეორე მხრივ ეს არის აუცილებელი პირობა საზოგადოებაში ბავშვების სტატუსის ამაღლებისა იმ დონემდე, რომ მათ შეეძლოთ საკუთარი ინტერესების დაცვა (მათ შორის სასამართლოს გზით). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ბავშვების როგორც სოციალური ჯგუფის, ინტერესების აღქმა სერიოზულად.

ასი ბავშვი, ასი ინდივიდი, რომლებიც სრულფასოვანი ადამიანები არიან, - არა მომავლის ადამიანები, არამედ ადამიანები ახლა - დღეს.

იანუშ კორჩაკი „How to Love a Child“ („როგორ გვიყვარდეს ბავშვი“) (1919)

ბ) ყოვლისმომცველი მიდგომა ბავშვის მიმართ

ბავშვთა უფლებების კონვენცია უნიკალური ტიპის დოკუმენტია, ვინაიდან იგი ადამიანის უფლებების შესახებ პირველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომელშიც კომბინირებულია ერთდროულად ეკონომიკური, სოციალური და კულტურული, ასევე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ამ კონვენციაში ყოვლისმომცველი მიდგომაა შემუშავებული ბავშვების უფლებების შესახებ. იგი გაცილებით შორს მიდის, ვიდრე ბავშვთა უფლებების ადრინდელი დეკლარაციები, რომლებიც ბავშვების აღზრდის პროცესში მათ დაცულობაზე აკეთებდნენ აქცენტს, რადგან შეიცავს ასევე დებულებებს ბავშვის იდენტურობის, თვითგამორკვევისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე.

გ) ბავშვის - მშობლის - სახელმწიფოს
ურთიერთდამოკიდებულება

ბავშვთა დაცვის კონვენცია თანაბრად ახდენს ბავშვის როგორც ავტონომიური, ისე დაცვითი ტიპის უფლებების გარანტირებას. კონვენცია გამოკვეთილად აღიარებს მშობლის „უფლებას, ვალდებულებას და პასუხისმგებლობას“ ბავშვის „აღზრდასა და განვითარებაზე“. თუმცა მშობლის ეს პასუხისმგებლობა შეზღუდულია „ბავშვის განვითარების შესაძლებლობასთან შესაბამისობის“ სტანდარტით. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელს არ გააჩნია აბსოლუტური ძალაუფლება შვილზე. რაც შეეხება სახელმწიფოს მონაწილეობას ბავშვის აღზრდის პროცესში, უპირველესი პასუხისმგებლობა თავიანთი შვილების განათლებაზე მშობლებს აკისრიათ, თუმცა როდესაც არ შეუძლიათ ან არ აქვთ სურვილი, თავი გაართვან საკუთარ ვალდებულებებს, სრულიად ლეგიტიმურია სახელმწიფოს/საზოგადოების მხრიდან ჩარევა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე.

დ) ბავშვების მიმართ დისკრიმინაციის აკრძალვა

კონვენცია ნათლად კრძალავს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ, აყალიბებს რა გრძელ ჩამონათვალს იმ საფუძვლებისა, რომელთა მიხედვითაც დაუშვებელია დიფერენციაცია: „რასა, კანის ფერი, სქესი, ენა, რელიგია, პოლიტიკური და სხვა შეხედულება, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობა, ქონებრივი მდგომარეობა, ქმედუუნარობა, დაბადების ადგილი ან სხვა ნებისმიერი სტატუსი“.

ჩემი ოცნებაა, რომ ჩემმა პატარა შვილებმა ოდესმე იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც მათ განსჯიან არა კანის ფერის, არამედ მათი პიროვნული თვისებების მიხედვით.

მარტინ ლუთერ კინგი (მეოცე საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ში სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ლიდერი)

ე) ბავშვის საუკეთესო ინტერესები

ნებისმიერი ნაციის მომავალი პერსპექტივა შეიძლება შეფასდეს მისი ახალგაზრდობის დღევანდელი მდგომარეობით.

ჯონ კენედი

მესამე მუხლის თანახმად, ბავშვთა უფლებების კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპია „ბავშვის საუკეთესო ინტერესები“. ამ დებულებით აქცენტირებულია ბავშვის ინტერესების გათვალისწინების უპირველესი აუცილებლობა. იგი არ არის შეზღუდული ბავშვებთან პირდაპირ შეხებაში მყოფი ქმედებებით (მაგ., განათლება, მეურვეობის თაობაზე სასამართლო საქმეები), არამედ მოიცავს ყველაფერ მნიშვნელოვანს, რამაც შესაძლებელია პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა იქონიოს ბავშვზე (მათ შორის დასაქმების პოლიტიკა, საბიუჯეტო სახსრების განაწილება). ეს ნიშნავს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში მოღვაწე პირის ვალდებულებას ნებისმიერი ქმედების განხორციელებამდე გაითვალისწინოს მისი შესაძლო გავლენა ბავშვებზე.

ვ) „ბავშვის“ განსაზღვრება ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით

ბავშვთა უფლებების კონვენცია „ბავშვს“ განსაზღვრავს თვრამეტ წლამდე ასაკის ადამიანად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ესა თუ ის სახელმწიფო სრულწლოვანების მიღწევის სხვა ასაკს აღიარებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სრულწლოვანების მიღწევის ასაკის შემცირებისას, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, დაიცვან კონვენციით განმტკიცებული პრინციპები ნებისმიერ ნიადაგზე დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების თაობაზე.

ზ) კონვეციით დაცული უფლებები: მონაწილეობა - დაცვა - უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლით გარანტირებულია ბავშვის უფლება მონაწილეობაზე. კერძოდ, ამ მუხლის მიხედვით სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლება, თავისუფლად გამოთქვას ეს შეხედულებები მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. ამასთან ბავშვის ამ შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის მხედველობაში მიღებით. ბავშვის მოსაზრებისათვის „სათანადო ყურადღების“ მიპყრობა ამ დებულების ძირითადი ელემენტია. იგი მოითხოვს ბავშვების გარკვეული დონის ჩართულობას, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, რეალური ზეგავლენა იქონიონ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე (მაგ., სასამართლოში მეურვეობის თაობაზე სამართალწარმოების დროს). გარდა ამისა, ბავშვთა უფლებების კონვენცია ბავშვებს სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებებსაც ანიჭებს, როგორიცაა სინდისის, რელიგიის შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, ასევე უფლება წამებისა და უკანონო დაკავებისგან დაცვაზე, სამართლიანი სასამართლოს გარანტიები და ა.შ.

რაც შეეხება დაცვითი ტიპის უფლებებს, ბავშვთა უფლებების კონვენციის საფუძველზე ბავშვები სარგებლობენ დაცვით „ნებისმიერი სახის ფიზიკური და გონებრივი ძალადობისგან, გაუფრთხილებელი, ექსპლუატაციური, სასტიკი და ზიანის მიმყენებელი მოპყრობისგან, მშობლების კანონიერი მეურვის ან მზრუნველის ან სხვა ნებისმიერი პირის მეურვეობასა და მზრუნველობაში ყოფნის დროს“ (ყოველივე ეს ასევე შეეხება სკოლაში გამოსაყენებელ დისციპლინურ ზომებს). ბავშვების დაცვითი გარანტიები ასევე განმტკიცებულია კონვენციაში შემავალი ეკონომიკური და სქესობრივი ექსპლუატაციის, ტრეფიკინგისა და ტოქსიკომანიის საწინააღმდეგო დებულებებით. ბავშვთა უფლებების კონვენციით გარანტირებული ბავშვის უფლება უზრუნველყოფაზე მოიცავს უფლებას ჯანმრთელობაზე, განათლებაზე სოციალურ უსაფრთხოებასა და ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა კონვენცია ამკვიდრებს ახალ სტანდარტს კერძოდ მასში გათვალისწინებულია ბავშვის უფლება თავისი იდენტურობის ოჯახური და სხვა სოციალური ტიპის ურთიერთობის დაცვაზე, ასევე უფლება დასვენებაზე, თავისუფალ დროზე, თამაშსა და კულტურულ საქმიანობაზე, შეზღუდვები ბავშვების საზღვარგარეთ გაშვილებაზე, სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს ნებისმიერი ფორმის ძალადობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი ბავშვების გამოჯანმრთელება და რეაბილიტაცია.

თუ მტკიცე და ხანგრძლივი მშვიდობის დამკვიდრება გვსურს, ბავშვებით უნდა დავიწყოთ.

მაჰათმა განდი

განსხვავებული დამოკიდებულებები

ბავშვთა უფლებების დაცვა ნათელს ჰფენს ბავშვების სტატუსს საზოგადოებაში, მათ ცხოვრებისეულ პირობებს და მიბაძვის ობიექტებს. უფრო მეტიც ეს მრავლისმეტყველია ოჯახისა და ქალთა სტატუსის შესახებ შესაბამის საზოგადოებაში.

ბავშვთა უფლებების სფეროში ყველაზე მწვავე დავის საგანია ფიზიკური დასჯის საკითხი. მაშინ, როცა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ზრდასრულებს შორის სხვისთვის გამიზნულად ზიანის მიყენებას დანაშაულად ჩათვლიდა, იგივე პრინციპი არ გამოიყენება ბავშვებთან მიმართებაში. ამის სანაცვლოდ ხშირად გადააწყდებით დისკუსიებს როგორც ფიზიკური დასჯის „გონივრული“ ზომისა და საშუალებების, ისე ამ პროცესის დროს ექიმის დასწრების აუცილებლობის თაობაზე. გასაოცარია, მაგრამ მსოფლიოს მხოლოდ 10 ქვეყანაში არის ცალსახად აკრძალული ბავშვების ფიზიკური დასჯა.

სხვა სადავო საკითხს წარმოადგენს გოგონების სტატუსი (მაგ., ბიჭებისათვის უპირატესობის მინიჭება ოჯახში, განათლებაში, დასაქმებაში, რელიგიური სამართლის შეზღუდული ინტერპრეტაცია გოგონების საწინააღმდეგოდ და ა.შ.).

ნუთუ შესაძლებელია, არსებობდეს იმაზე წმინდა ვალდებულება, როგორიცაა ბავშვის უფლებების დაცვის მოვალეობა ისევე გულმოდგინედ როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანის უფლებებს ვიცავთ? ნუთუ შესაძლებელია, არსებობდეს იმაზე დიდი გამოცდა ლიდერებისათვის, როგორიცაა ყველა ბავშვისათვის ამ თავისუფლებების უზრუნველყოფის ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე?!

კოფი ანანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი

იმპლემენტაცია და მონიტორინგი

როგორც წესი, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროსათვის დამახასიათებელია სხვაობა პრინციპებსა და პრაქტიკას შორის. ბევრის მტკიცებით, ესსხვაობა განსაკუთრებით თვალში საცემია ბავშვების უფლებებთან მიმართებაში. ამის მრავალი მიზეზი არსებობს (ბავშვთა უფლებების საკითხი ხშირად მჭიდროდ არის დაკავშირებული საზოგადოებაში გაბატონებულ შეხედულებებთან „ოჯახური ფასეულობებისა“ და „კულტურულ-რელიგიური ტრადიციების“ შესახებ), თუმცა ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორს ალბათ ბავშვთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის სისტემის არაეფექტურობაც წარმოადგენს.

კონვენცია თავისი დებულებების იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განხორციელების მხოლოდ ერთ მექანიზმს ითვალისწინებს, კერძოდ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების ვალდებულებას, წარუდგინონ ანგარიშები საზედამხედველო ორგანოს, ბავშვთა უფლებების კომიტეტს. ამ პროცედურის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, წარუდგინოს კომიტეტს ანგარიში კონვენციის მოთხოვნების ცხოვრებაში გატარების მიზნით მიღებული ზომების თაობაზე. კომიტეტი შეისწავლის ამ ანგარიშებს და „ქვეყნების მთავრობებთან კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში“ გამოსცემს შენიშვნებს, ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს.

არ არსებობს მონიტორინგის სხვა მექანიზმები, რომლებსაც ადამიანის უფლებების დაცვის სხვა საერთაშორისო შეთანხმებები ითვალისწინებს (ინდივიდუალური საჩივრის წარდგენისა და გამოძიების პროცედურა). ამის მიუხედავად კომიტეტის საქმიანობა საკმაოდ ინოვაციურია და ყველანაირად ცდილობს ტრადიციული მექანიზმების არარსებობის კომპენსირებას. პირველ რიგში შესაბამის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ სრულფასოვანი სურათის მისაღებად იგი ცდილობს არასამთავრობო ორგანიზაციათა მოზიდვას, რათა მათ საკუთარი ანგარიშები წარადგინონ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კომიტეტის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება საზოგადოებრივი ფორუმები სპეციფიკური საკითხების განსახილველად (მაგ., „ბავშვი და ოჯახი“, „შიდსი“) მათზე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების კონცენტრირების მიზნით.

რაც შეეხება კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ზომების მიღებას ეროვნულ დონეზე, 2002 წელს ბავშვთა უფლებების საკითხისადმი მიძღვნილ გაეროს სპეციალურ სესიაზე შემუშავებული დოკუმენტი მოუწოდებს სახელმწიფოებს, დააფუძნონ ბავშვთა უფლებების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელების ორგანოები, როგორიცაა დამოუკიდებელი ომბუდსმენი ბავშვთა საკითხებზე, და უზრუნველყონ მათი საქმიანობა. ომბუდსმენმა უნდა უზრუნველყოს როგორც საჩივრების მიღების, ბავშვებისა და მშობლებისათვის კონსულტაციის გაწევის, ისე ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმები.

მსოფლიო მასშტაბით მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ბავშვთა უფლებების კონვენციის დებულებებთან. უფრო მეტიც, ბევრგან ხდება კონვენციის აღიარება ეროვნული კანონმდებლობის ნაწილად და ჩვეულებრივ პრაქტიკად არის ქცეული მისი უშუალო გამოყენება ეროვნულ სასამართლოებში ბავშვთა უფლებებზე სამართალწარმოებისას. საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების უპირატეს იურიდიულ ძალას შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობასთან მიმართებაში და შესაბამისად საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ნაწილად აქცევს ბავშვთა უფლებების კონვენციას.

13 თავი 13. გამოხატვისა და მედიის თავისუფლება

▲ზევით დაბრუნება


ყველას აქვს უფლება აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ყოველგვარი ჩარევის გარეშე აზრის ქონის, ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას მედიის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით და საზღვრების მიუხედავად.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია, მე-19 მუხლი

წარსული და დღევანდელი მნიშვნელობა

აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება - რომელიც მოიცავს ინფორმაციისა და იდეათა მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას ნებისმიერი მედიასაშუალების გამოყენებით (საყოველთაო დეკლარაციის მე19 მუხლი) - ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებაა, რომელიც ყველა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო დოკუმენტით არის განმტკიცებული. ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ჯონ სტი უარტ მილმა პრესის თავისუფლებას უწოდა „დაცვის გადამწყვეტი საშუალება კორუფციული და ტირანული ხელისუფლების წინააღმდეგ“ (On Liberty, 1859). იგი დემოკრატიული სისტემის ფუძემდებლური უფლებაა სადაც ყველას და არა მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეს აქვს უფლება, განაცხადოს ის, რასაც ფიქრობს და აკრიტიკოს ხელისუფლება. 1941 წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა რუზველტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთად მოიხსენია იმ ოთხ ფუნდამენტურ თავისუფლებას შორის, რომლებზეც უნდა დაფუძნებულიყო მომავალი მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გავრცელება საზღვრების მიუხედავად ღია და პლურალისტური საზოგადოების უზრუნველყოფის ძირითადი ელემენტია.

ბატონო ჩემო, მე არ ვიზიარებ თქვენს შეხედულებებს, მაგრამ თავს გავწირავ თქვენი უფლებისათვის, გამოხატოთ ისინი.

ვოლტერი (1694-1778)

გამოხატვის თავისუფლება არის ჩარჩო უფლება, რომელიც ისეთი ელემენტებისგან შედგება, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება და პრესის ისევე როგორც ზოგადად მედიის, თავისუფლება. იგი ემყარება აზრის თავისუფლებას და თავისი არსით მჭიდრო კავშირშია მასთან. აზრის გამოხატვის ფორმები განსხვავდება ერთმანეთისგან აზრის ინდივიდუალური გამოხატვით დაწყებული და მედიის ინსტიტუციური თავისუფლებით დამთავრებული. აზრის თავისუფლება აბსოლუტური სამოქალაქო უფლებაა, მაშინ, როცა გამოხატვის თავისუფლება პოლიტიკური უფლებაა, რომელიც შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებს დაექვემდებაროს.

გამოხატვის თავისუფლება ორმხრივი უფლებაა: მოსაზრებებისა და იდეების გავრცელებისა და გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციისა და იდეათა მოძიებისა და მიღების თავისუფლება როგორც სიტყვიერად, ისე წერილობითი, ბეჭდვითი ან ხელოვნების ფორმით, ან სხვა ნებისმიერი მედიასაშუალებით, ახალი ტექნოლოგიების ჩათვლით. საბოლოო ჯამში გამოხატვის თავისუფლება კომუნიკაციის უფლების განუყოფელი ნაწილია.

გამოხატვის თავისუფლების ძირითადი ელემენტებია:

1. ყოველგვარი ჩარევის გარეშე აზრის ქონის უფლება (აზრის თავისუფლება);

2. ინფორმაციისა და იდეათა მოძიების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლება (სიტყვის თავისუფლება, ინფორმაციის თავისუფლება): სიტყვიერად, წერილობითი, ბეჭდვითი ან ხელოვნების ფორმით;

ნებისმიერი მედიასაშუალებით (მედიის თავისუფლება);

საზღვრების მიუხედავად (საერთაშორისო ურთიერთობების თავისუფლება).

გამოხატვის თავისუფლების ძირითად შეზღუდვებს შეიცავს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლი. იგი კრძალავს ომისა და ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებას რომელიც მოიცავს მოწოდებას დისკრიმინაციისა და ძალადობისადმი. სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, აღასრულოს ეს ვალდებულებები ეროვნული კანონმდებლობის გზით.

მედიის როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში

მედია პლურალიზმი პლურალისტური საზოგადოების აუცილებელი ელემენტია. ამა თუ იმ საზოგადოებაში დემოკრატიის ხარისხი შეიძლება პრესისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის დონის მიხედვით შეფასდეს.

პირველი, რასაც ავტორიტარული ან დიქტატორული რეჟიმები აკეთებენ ძალაუფლების განმტკიცებისათვის, არის გამოხატვისა და მედიის თავისუფლებათა შეზღუდვა ან საერთოდ აღმოფხვრა. მედიის თავისუფლების უზრუნველყოფასთან ერთად, რომელსაც მეოთხე ხელისუფლებასაც უწოდებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შემდეგ, უმნიშვნელოვანესია ჟურნალისტებისა თუ მედიასაშუალებათა მფლობელების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა, რათა მათ არ შელახონ სხვათა უფლებები თავიანთი საქმიანობის პროცესში. ეს კი ისეთი სამართლებრივი სისტემის შექმნას მოითხოვს, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მედიასაშუალებების დამოუკიდებლობას და კერძო საშუალებათა შორის პლურალიზმის არსებობას, ხოლო, მეორე მხრივ, ზედამხედველობს მედიის საქმიანობას მის მიერ ობიექტურობის, სამართლიანობისა და ეთიკის ნორმების დაცვის მიზნით.

მედია და უმცირესობები

უმცირესობები, განსაკუთრებით ეროვნული უმცირესობები, ხშირად აწყდებიან მედიის ხელმისაწვდომობასა და საკუთარ ენაზე მედიასაშუალებების არსებობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. მათი გადაჭრისათვის გამიზნულ სპეციალურ სავალდებულო სტანდარტებს შეიცავს ეროვნული უმცირესობების დაცვის ევროპის ჩარჩო კონვენცია, მიღებული ევროპის საბჭოს მიერ 1995 წელს. კონვენციის შესაბამისად ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებსაც აქვთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. სახელმწიფო თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ მათ თავისუფლებას ინფორმაციისა და იდეათა მოძიებაზე, მიღებასა და გავრცელებაზე უმცირესობათა ენებზე, საზღვრების მიუხედავად. დაუშვებელია მათ მიმართ დისკრიმინაცია მედიის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ასევე დაუშვებელია, მათ ხელი შეეშალოთ საკუთარი ბეჭდვითი ან ელექტრონული მედიის შექმნაში კანონის ფარგლებში.

რეგიონული და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის კონვენციის მე-11 მუხლი სახელმწიფოებს ავალებს სამაუწყებლო საშუალებების მიერ უმცირესობის ენაზე პროგრამების შექმნის უზრუნველყოფას, ან ერთი რადიოს ან ტელევიზიის არსებობას მაინც, რომელიც მაუწყებლობას უმცირესობათა ენებზე განახორციელებს.

მოწოდება ომისკენ და შუღლის გაღვივება

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის თანახმად, კანონმდებლობით აკრძალული უნდა იყოს ნებისმიერი მოწოდება ომისკენ.

პირველად სიტყვები კლავს, ტყვიები მხოლოდ შემდეგ.

ადამ მინიკი, პოლონელი მწერალი

ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წარმოებული ომების ინსპირირებაში საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა დააკისრა მედიას, რომელიც ომის, შუღლისა და ეთნიკური წმენდის პროპაგანდას ეწეოდა. 1994 წელს რუანდაში მომხდარ ძალადობაში, რამაც მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ძირითად დამნაშავედ ცნობილ იქნა რადიო Mille Colline-ს პროგრამები. „არ დახოცოთ ეს ტარაკნები ტყვიებით, ხანჯლებით აჩეხეთ ისინი ნაკუწებად“ - იყო ერთ-ერთი ძალადობისკენ მომწოდებელი უამრავი განცხადებიდან. კრიზისის დასრულების შემდეგ საომარი მოქმედებების წაქეზებაში პასუხისმგებელ ჟურნალისტთა უმრავლესობა დააპატიმრეს.

მედია და ინტერნეტქსელი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2001 წლის ანგარიშის მიხედვით უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. 1995 წლის მაჩვენებელთან შედარებით (16 მილიონი) ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა 2000 წლისთვის 25-ჯერ გაიზარდა და 400 მილიონ ადამიანს მიაღწია. 2002 წლისთვის ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობამ 1 მილიარდს მიაღწია. მსოფლიო ქსელის ასეთმა მასშტაბურმა ზრდამ უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მედიაზე, რადგან მრავალი სიახლე შესთავაზა როგორც ჟურნალისტებს, ისე გამომცემლებს. თვით მცირე მედიაკომპანიებსაც გაუჩნდათ გლობალური პუბლიკისათვის ხმის მიღწევის შესაძლებლობა. შედეგად სახელმწიფო კონტროლისა და ცენზურისათვის თავის არიდება გაცილებით იოლი გახდა.

გამოხატვის თავისუფლების დარღვევა, საფრთხე და რისკი

პრაქტიკაში ადამიანის ამ ფუძემდებლური უფლების დარღვევის მრავალი ფაქტის მოწმენი ვართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული უსამართლო შეზღუდვების გზით. Reposrters Withour Boarders-ის თანახმად, 2001 წელს 21 ჟურნალისტი იქნა მოკლული და 489 დაპატიმრებული თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო.

არსებობს ასევე ცენზურის საფრთხე, რომელიც შესაძლებელია გამოვლინდეს სახელმწიფო ცენზურაში ან ცენზურაში ეკონომიკური ან სხვა საშუალებების გამოყენებით. სახელმწიფო ცენზურა იმაში გამოიხატება, რომ გარკვეული სტატიების პუბლიკაცია მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი, როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის მრავალ სოციალისტურ ქვეყანაში ხდებოდა ცივი ომის დასრულებამდე. ცენზურის მიზეზი შეიძლება ეკონომიკური ინტერესებიც გახდეს. მაგალითად, როდესაც სამხედრო ინდუსტრია ცდილობს, ის სტატიები აღკვეთოს, რომლებიც კრიტიკული ხასიათისაა ომის მიმართ.

ცენზურა შესაძლოა თვითცენზურის სახითაც გამოვლინდეს, როდესაც გადაწყვეტილების მიღებამდე ჟურნალისტი ან მედიასაშუალების მფლობელი პოლიტიკურ ან სხვა ინტერესებს იღებს მხედველობაში. დაბოლოს, გადაწყვეტილებებმა ინფორმაციის გავრცელების თაობაზე შეიძლება გამორიცხოს ის ინფორმაცია, რომელიც კარგად არ იყიდება, ასევე უმცირესობათა მოსაზრებები.

ლეგიტიმური შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებაზე

აზრის თავისუფლება არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვას და აბსოლუტური ხასიათისაა. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, იგი შეიძლება დაექვემდებაროს ლეგიტიმურ შეზღუდვებს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლებაზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული და აუცილებელია:

  • სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვისათვის;

  • ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის;

  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან მორალის დაცვისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-10 მუხლში წარმოდგენილ დასაშვებ შეზღუდვათა ჩამონათვალი უფრო ვრცელი, მაგრამ გაცილებით კონკრეტულია. მის მიხედვით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება დაექვემდებაროს იმ პირობებს, შეზღუდვებს ან სასჯელს, რომლებიც განსაზღვრულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. ასეთი შეზღუდვები შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ შემდეგი ლეგიტმური მიზნები აქვთ:

  • საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან დანაშაულის აღკვეთა;

  • ჯანმრთელობის ან მორალის დაცვა;

  • სხვათა უფლებებისა და რეპუტაციის დაცვა;

  • კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილება;

  • სასამართლო ხელისუფლებისა და მისი მიუკერძოებლობის შენარჩუნება.

კანონით განსაზღვრული ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვას უნდა შეიცავდეს მხოლოდ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და არა მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანება ან განკარგულება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის მოთხოვნა. იგი გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას ღია და პლურალისტური საზოგადოების კონცეფციასთან აკავშირებს, რომელიც დემოკრატიული საშუალებებით იმართება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველთვის ძალზე მკაცრად მოითხოვდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც კარგად ჩანს ასევე ეგრეთ წოდებული ლინგენსის საქმიდან. 1986 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში იმყოფება, ამ საქმეზე დაადგინა, რომ პოლიტიკოსის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები გაცილებით ფართოა, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის მიმართ და დაუშვებელია ჟურნალისტის შეზღუდვა რეპუტაციის დაცვის მოტივით.

იმპლემენტაცია და მონიტორინგი

არსებობს გამოხატვის თავისუფლების რეალიზების ხელშემწყობი ინსტრუმენტებისა და პროცედურების ფართო სპექტრი. გამოხატვის თავისუფლების დაცვისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები დადგენილია საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო აქტებით. ეს უფლება განმტკიცებულია მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოთა უმრავლესობის კონსტიტუციებში. გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიისა და კომუნიკაციის თაობაზე არსებული კანონები და რეგულაციები. მათი მეშვეობით ხორციელდება თავისუფლების დაკონკრეტება და როგორც კონსტიტუციური, ისე საერთაშორისო დებულებების ცხოვრებაში გატარება.

გამოხატვის თავისუფლების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის მონიტორინგის მრავალი მექანიზმი არსებობს. მაგალითად სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, ყოველ 5 წელიწადში წარადგინონ ანგარიშები საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების თაობაზე, რომლებსაც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გაეროს კომიტეტი განიხილავს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს საჩივრები სახელმწიფოების მიერ გამოხატვის თავისუფლების დარღვევის თაობაზე და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელთა აღსრულებაც სავალდებულოა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის.

გაეროს წესდების საფუძველზე შექმნილია აზრისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერისა და დაცვის სპეციალური მომხსენებლის ინსტიტუტი, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიას მოახსენებს მსოფლიო მასშტაბით გამოხატვის თავისუფლების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასევე შეიმუშავებს რეკომენდაციებს შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად. ეუთოს წევრ 55 სახელმწიფოში მოქმედებს ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლებაზე. მისი ძირითადი ფუნქციაა, მისდიოს სახელმწიფოში მედიის სექტორში განვითარებულ მოვლენებს და ხელი შეუწყოს თავისუფალი დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის შექმნას, რაც გადამწყვეტი ფაქტორია თავისუფალი, ღია საზოგადოებისა და ანგარიშვალდებული ხელისუფლების უზრუნველყოფისათვის საერთაშორისო ვალდებულებებისა და ეუთოს სტანდარტების შესაბამისად.

პროფესიულ გაერთიანებათა
და არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი

ისეთი პროფესიული გაერთიანებები, როგორიცაა ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია ან პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, ცდილობენ, ყოვლისმომცველი ინფორმაცია მოიპოვონ სხვადასხვა ქვეყნებსა თუ რეგიონებში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე, ცდილობენ, ოპერატიული დახმარება აღმოუჩინონ დარღვევების მსხვერპლთ, აწარმოებენ კამპანიებს თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად და ამზადებენ ანგარიშებს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემების თაობაზე როგორიცაა მედის კონცენტრაცია ან სახელმწიფოს სტრუქტურათა საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისათვის ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნების შესრულება. თავიანთ საქმიანობაში მათ დახმარებას აღმოუჩენენ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პრესისა და მედიის თავისუფლების დაცვზე ახდენენ სპეციალიზაციას ან ზოგადად ადამიანის უფლებების მხარდაჭერაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი ასევე თითქმის ყოველთვის ერთობლივად მიზნად ისახავენ ადამიანის უფლებების აღკვეთას, კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმებისათვის გამიზნული მკაცრი ცილისწამების კანონმდებლობის შემსუბუქებისათვის კამპანიების წარმოებას.

14 თავი 14. დემოკრატია

▲ზევით დაბრუნება


ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ ან თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით.

ყველას აქვს უფლება თავისი ქვეყნის საჯარო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობაზე.

ხალხის ნება უნდა იყოს სახელმწიფო ხელისუფლების საფუძველი. ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და გაუყალბებელ, საყოველთაო და თანასწორ არჩევნებში ფარული კენჭისყრით ან სხვა ეკვივალენტური თავისუფალი საარჩევნო პროცედურებით.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო
დეკლარაცია, 21-ე მუხლი

დემოკრატია ხშირად განმარტებულია როგორც ხალხის მმართველობა. თუმცა მისი განსაზღვრა არც ისე იოლია - დემოკრატია მმართველობის ფორმაა, იგი შეიძლება განხილულ იქნესიდეოლოგიად, რომელიც მრავალ განსხვავებულ მოდელში აისახება როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში.

დემოკრატია მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებათა პრინციპებთან და შეუძლებელია არსებობდეს ნებისმიერი ადამიანის ღირსებისადმი სრული პატივისცემის უზრუნველყოფის გარეშე. დღეისათვის დემოკრატიული მმართველობის ფორმა უდავოდ ყველაზე პროდუქტიულია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. დემოკრატია სასიცოცხლოდ დამოკიდებულია მოქალაქეთა ინტერესებსა და აქტიურ მონაწილეობაზე.

რა არის დემოკრატია და როგორ ვითარდება იგი?

დემოკრატია არის მმართველობის ფორმა, სადაც ხელისუფლების წყარო ხალხია. სიტყვა „დემოკრატია“ წარმოდგება ძველბერძნული სიტყვებიდან: „დემოს“ ნიშნავს ხალხს და „კრატოს“ - მმართველობას. დემოკრატიის ექსპერიმენტი პირველად ათენში განხორციელდა. გადაწყვეტილებებს ათენის მოქალაქეები პირდაპირი კენჭისყრით იღებდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს ჰქონდათ. ქალები, ბავშვები, მონები და უცხოელები არ სარგებლობდნენ ამ უფლებით. ათენის დემოკრატია უშუალო დემოკრატიის ნაირსახეობას წარმოადგენდა.

თანამედროვე დემოკრატიის პრინციპი კი მე-17 საუკუნეში განვითარდა კალვინისტური რელიგიური მოძრაობიდან, განსაკუთრებით შოტლანდიაში. ყველას თავისუფლებისა და თანასწორობის იდეა აღმოცენდა და შემდგომში განვითარდა განმანათლებლობის პერიოდში და დემოკრატიის ფუძემდებლურ ღირებულებად იქცა.

პირველი თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოყალიბდა, ხოლო პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნდა, იყო საფრანგეთი დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ. 1945 წელი აღსანიშნავია დასავლური ლიბერალური დემოკრატიის გავრცელებით მსოფლიო მასშტაბით და მის მიერ მმართველობის ალტერნატიული ავტორიტარული რეჟიმების ჩანაცვლებით. ფაშისტური რეჟიმების დამარცხების შედეგად მე-20 საუკუნეში დაძლეულ იქნა დემოკრატიის კრიზისი ევროპაში. დეკოლონიზაციის პროცესისა და დასავლეთის მიერ ხალხების თვითგამორკვევის უფლების აღიარების შედეგად დემოკრატიული პროცესები მრავალ ყოფილ კოლონიაში განვითარდა.

დიქტატორული რეჟიმები ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, არგენტინასა და ურუგვაიში დემოკრატიული მმართველობით შეიცვალა. ბერლინის კედლისა და კომუნიზმის ნგრევასთან ერთად დემოკრატიამ კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები. თუმცა ჯერ კიდევ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც თეორიულ დონეზე მხარს უჭერენ დემოკრატიას, როგორც მმართველობის ფორმას, პრაქტიკაში სრულად არ სცემენ პატივს დემოკრატიულ პრინციპებს.

თანამედროვე დემოკრატიის ფუძემდებლური ელემენტები

ძალზე რთულია იმის შეფასება, თუ როგორია დემოკრატიის ხარისხი ამა თუ იმ ქვეყანაში, თუმცა საყოველთაოდ არის აღიარებული ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც ყოველი დემოკრატიული საზოგადოების საფუძველს ქმნიან.

დემოკრატიულ სისტემაში ყველაზე სუსტს ისეთივე შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს, როგორიც ყველაზე ძლიერს.

მაჰათმა განდი

თანასწორობა - თანასწორობის პრინციპი გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და უნდა სარგებლობდეს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობით, და ყველა თანასწორია კანონის წინაშე.

მონაწილეობა - დემოკრატია არ არსებობს მონაწილეობის გარეშე.

მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში დემოკრატიული სისტემის შექმნის წინაპირობაა. დემოკრატია მონაწილეობის ფორმაა თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ფართო ცნებაა და არ შემოიფარგლება მხოლოდ პოლიტიკით, არამედ ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებსაც მოიცავს. თუმცა მხოლოდ მონაწილეობა არ შეიძლება გახდეს დემოკრატიის გარანტი. უმრავლესობის ხელისუფლება და უმცირესობის უფლებები - თუმცა

დემოკრატია დეფინიციურად ხალხის მმართველობას ნიშნავს, თავისი არსით იგი უმრავლესობის ხელისუფლებაა. იგი ასევე გულისხმობს უმრავლესობის ვალდებულებას, პატივი სცეს უმცირესობათა უფლებებს და გაითვალისწინოს მათი განსხვავებული მოთხოვნილებანი. ამ ვალდებულების შესრულება საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერის ინდიკატორია. კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო - დემოკრატიის მიზანია, აღკვეთოს ერთი ადამიანის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ ძალაუფლების თვითნებური განხორციელება სხვებზე. კანონის უზენაესობა უზრუნველყოფს სამართლებრივი წესრიგის არსებობას სახელმწიფოში, რომლითაც გარანტირებულია ყველას თანასწორობა კანონის წინაშე, სახელმწიფო ძალაუფლების შეზღუდვა და დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო ხელისუფლების ხელმისაწვდომობა. ადამიანის უფლებების პატივისცემა - იმის აღიარება, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თანასწორი და თავისუფალია, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის საფუძველია. დემოკრატიული მმართველობის სისტემაში სახელმწიფო პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს მათი სრული რეალიზების თანაბარ შესაძლებლობას ყველასთვის. დემოკრატიულ საზოგადოებაში განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს ისეთი უფლებები, როგორიცაა შეკრების, გამოხატვის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება. მაგრამ მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების უზრუნველყოფას არ ძალუძს მშვიდობისა და ადამიანის უსაფრთხოების გარანტიის შექმნა. აუცილებელია ასევე ფუძემდებლური ეკონომიკური, კულტურული და სოციალური მოთხოვნილებების გათვალისწინება დემოკრატიის განვითარებისათვის სასურველი გარემოს შესაქმნელად.

პოლიტიკური პლურალიზმი - საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და იდეების კონსოლიდაციისა და საზოგადოებრივ დებატებში წარმოდგენის ფუნქცია პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ. მხოლოდ პოლიტიკური პლურალიზმის პირობებშია შესაძლებელი ცვალებადი მოთხოვნილებებისადმი ადაპტირებადი მოქნილი სტრუქტურების, როგორც დემოკრატიული მმართველობის საფუძვლის, შენარჩუნება.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - არჩევნები დემოკრატიის ყველაზე ფუნდამენტური და უნიკალური დამახასიათებელი ნიშანია. მმართველობის არც ერთი სხვა ფორმა არ უტოვებს ხალხს პოლიტიკური ხელმძღვანელობის შერჩევის შესაძლებლობას. არჩევნებში მათ შეუძლიათ გამოხატონ როგორც ცვლილების, ისე არსებული პოლიტიკური კურსის შენარჩუნების სურვილი.

ხელისუფლების დანაწილება - ჯონ ლოკის მიერ შემოთავაზებული და მონტესკიეს მიერ განვითარებული თეორია ხელისუფლების დანაწილების შესახებ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. ამ პრინციპის თანახმად, ხელისუფლება დაყოფილია საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო შტოებად, რომლებიც დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ და ანგარიშვალდებულნი არიან როგორც ერთმანეთის, ისე ხალხის წინაშე. ამგვარი სისტემა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებს უზრუნველყოფს და აღკვეთს სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას.

დემოკრატიის ფორმები

თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოებში წარმოდგენილი მმართველობის სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ლიბერალურ დემოკრატიულ მოდელებთან მიმართებაში ერთმანეთისგან განასხვავებენ პირდაპირ და წარმომადგენლობით დემოკრატიას.

პირდაპირი დემოკრატია მმართველობის ისეთი ფორმაა, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლების რეალიზება ხდება პირდაპირი წესით მოქალაქეთა მთელი ერთობლიობის მიერ, რომლებიც უმრავლესობის წესის პროცედურებს ექვემდებარებიან. ასეთი მოდელი განხორციელებადია მხოლოდ უკიდურესად პატარა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში. შესაბამისად არც ერთი თანამედროვე დემოკრატიული სისტემა სრულად არ ეფუძნება პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებს, თუმცა გარკვეულწილად შეიცავს მის ცალკეულ ელემენტებს. პირდაპირი დემოკრატიის ინსტიტუტების მაგალითებია რეფერენდუმი, საერთო-სახალხო გამოკითხვა (პლებისციტი), სახალხო საკანონმდებლო ინიციატივა და ა.შ.

წარმომადგენლობითი დემოკრატია მმართველობის ისეთი ფორმაა, სადაც ხალხის უფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე ხორციელდება არა უშუალოდ, არამედ არჩეული და მის წინაშე ანგარიშვალდებული წარმომადგენლების მეშვეობით. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ორი ძირითადი ელემენტია მმართველთა გამიჯვნა მართვის ობიექტებისგან და პერიოდული არჩევნები, როგორც ხალხის მიერ მმართველთა კონტროლის საშუალება.

წარმომადგენლობითი დემოკრატია ასოცირებულია მმართველობის ორ ძირითად სისტემასთან: საპარლამენტო და საპრეზიდენტო დემოკრატიასთან.

საპარლამენტო დემოკრატია: მმართველობის ამ ფორმაში ცენტრალურ როლს პარლამენტი თამაშობს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, რომელიც დამოკიდებულია პარლამენტის ნდობაზე. ქვეყნის მეთაურს მხოლოდ მცირე აღმასრულებელი უფლებამოსილება აქვს ან საერთოდ არ გააჩნია იგი და მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას ასრულებს.

საპრეზიდენტო დემოკრატია: აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი), რომელიც პირდაპირი წესით აირჩევა ხალხის მიერ და არ არის დამოკიდებული პარლამენტის ნდობაზე.

დემოკრატიულ სახელმწიფოში მნიშვნელოვანი სხვა საკითხები

ურთიერთობა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და განსაკუთრებით პოლიტიკური უმცირესობის დაცვა ერთ-ერთი ძირითადი საკითხია. უმცირესობა უნდა დაემორჩილოს უმრავლესობის გადაწყვეტილებებს, ამიტომ აუცილებელია უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებების პატივისცემისა და მათი პოლიტიკური ნების მხედველობაში მიღების სამართლიანი დონის გარანტირება. სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ფორმირებისა და მის ირგვლივ გამართული დებატების ძირითადი საგანია. დემოკრატია საჭიროებს თავისუფალ და აქტიურ ადამიანებს, ისევე როგორც პასუხისმგებელ მოქალაქეებს. მხოლოდ თავისუფალ და აქტიურ მოქალაქეებს შეუძლიათ ანგარიშვალდებული ამყოფონ მთავრობა მისი წინასაარჩევნო დაპირებების მიმართ.

თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპია. საინფორმაციო საშუალებების კონტროლი დღესდღეობით ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიღების პროცესის უზურპირების სინონიმურია დემოკრატიულ წყობილებაში. ჟურნალგაზეთები, ტელევიზია, რადიო თუ ინტერნეტი გადამწყვეტ როლს თამაშობს დემოკრატიულ სახელმწიფოთა განვითარებაში. ადამიანებს, საზოგადოებებსა და სახელმწიფოებს ერთმანეთთან კომუნიკაციის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ელექტორატის მიერ არჩევანის გაკეთებისათვის ხელის შეწყობის მიზნით აუცილებელია მათი ინფორმირება არჩევის მსურველთა მიზნების შესახებ. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებაა ფუნქციონირებადი დემოკრატიის რეალიზაციის თვალსაზრისით.

დემოკრატია და ადამიანის უფლებები განუყოფელი კატეგორიებია. ამ თვალსაზრისით ადამიანის ყველა უფლების უზრუნველყოფას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიისათვის. გარკვეული სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემები განასხვავებენ ადამიანის უფლებებსა და მოქალაქეთა უფლებებს. ეს იმაში გამოიხატება, რომ ცალკეული პოლიტიკური უფლებებით მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ.

ადამიანის უფლებების გარანტირება მხოლოდ დემოკრატიის პირობებშია შესაძლებელი. თუმცა მხოლოდ ფორმალური დემოკრატია ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების რეალიზაციას. შესაბამისად ადამიანის უფლებების რეალიზაცია დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობის ინდიკატორია.

იმპლემენტაცია და მონიტორინგი

სრულყოფილი დემოკრატია არ არსებობს და არც არასოდეს არსებობდა. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები დემოკრატიის ძირითადი ელემენტების ინტეგრაციას ახდენენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორობის, არადისკრიმინაციისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად. დემოკრატია მუდმივი ინტერაქციის, სრულყოფისა და რეგულირების პროცესია ძირითად საზოგადოებრივ მოთხოვნილებებსა და მათ უზრუნველსაყოფად არსებულ სოციალურ სტრუქტურებს შორის.

არსებობს დემოკრატიის პრინციპის დამცავი მრავალი მექანიზმი როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონალურ დონეზე. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია, რომელიც კონვენციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ ჩივილის შესაძლებლობას იძლევა მისი დებულებების დარღვევისათვის, ამის საუკეთესო მაგალითია. დემოკრატია კონვენციით აღიარებული და, ამდენად, მისი შესაბამისი მმართველობის ერთადერთი ფორმაა.

1967 წელს დანიამ, შვედეთმა და ნორვეგიამ აღძრეს საჩივარი საბერძნეთის წინააღმდეგ, სადაც სასტიკი სამხედრო რეჟიმი დამყარდა. ამის შემდეგ საბერძნეთი გამოვიდა კონვენციიდან, მაგრამ სასამართლო სამართალწარმოება გაგრძელდა, რაც საბერძნეთის ევროპის საბჭოდან გაძევებით დასრულდა. 1974 წელს საბერძნეთში დემოკრატიული წყობილების დამყარებასთან ერთად იგი დაუბრუნდა ევროპის საბჭოს და კონვენციასაც შეუერთდა, დაიწყო ასევე სამხედრო რეჟიმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროცესი.

რასაკვირველია, დემოკრატიის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი ყველა მექანიზმი არ არის ისეთი ეფექტური, როგორიც ევროპის საბჭოს მიერ მიღებული საერთაშორისო შეთანხმებები, თუმცა არსებობს დემოკრატიისათვის მებრძოლი მრავალი სხვა ორგანიზაცია. 1990 წელს ეუთოს (ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) ეგიდით შეიქმნა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ვარშავაში, რომლის ამოცანაცაა დახმარების აღმოჩენა ეუთოში შემავალი სახელმწიფოებისათვის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და გაძლიერებაში. იგი დაკვირვებას ახორციელებს ეროვნულ არჩევნებზე დემოკრატიულ პრინციპებთან მათი შესაბამისობის შემოწმების მიზნით.

დემოკრატია და გლობალიზაცია

ტრადიციულად პოლიტიკური მონაწილეობა შემოსაზღვრულია ეროვნული საზღვრებით. გადაწყვეტილებები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებზე, როგორც წესი, მიიღებოდა კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. გლობალიზაციის ეპოქაში მრავალი გადაწყვეტილება და მათი შედეგი სცილდება ეროვნულ საზღვრებს. ისეთი ახალი გლობალური მოთამაშეები, როგორებიცაა მრავალეროვნული კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, დიდ ზეგავლენას ახდენენ სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებზე მთელ მსოფლიოში. გლობალიზაციას შეუძლია ასევე დემოკრატიის გავრცელებას შეუწყოს ხელი ახალი ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.