The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

საოჯახო ტურისტული ბიზნესი (ორგანიზაციისა და მართვის თავისებურებანი)

საოჯახო ტურისტული ბიზნესი (ორგანიზაციისა და მართვის თავისებურებანი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეკონომიკა
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: Family Tourist Industry Peculiarities of Organization and Management საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი თბილისი 2005წ. საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი და მესტიის რაიონის საზოგადოებრიობა გულითად მადლობას უხდის ფრიდრიხ ებერტის ფონდს პროექტის მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარებისათვის. კრებულის შედგენაზე მუშაობდნენ: დ. გაბუნია, გ.ქართველიშვილი, ჯ.ხანთაძე, დ. ჯავახიშვილი კორექტორი: ა.ჯობავა კომპიუტერული უზრუნველყოფა: მ.ციცქიშვილი რედაქტორი: თენგიზ გაჩეჩილაძე. საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი 2005წ.



1 ზემო სვანეთის ტურისტული მარშრუტები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

წინამდებარე კრებული შედგენილია არასამთავრობო ორგანიზაციის - საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირის (სმმკ) მიერ ზემო სვანეთის მოსახლეობისათვის დაბა მესტიაში ჩატარებული ტრენინგ-სემინარის - „საოჯახო ტურისტული ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის ზოგიერთი თავისებურება“ - მასალების საფუძველზე.

სემინარი ჩატარდა ფრიდრიხ ებერტი ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საოჯახო ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ზემო სვანეთში“ ფარგლებში.

სემინარის ჩატარებას წინ უძღოდა პროექტის შემსრულებელთა ექსპედცია ზემო სვანეთში, რომლის დროსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და საუბრების შედეგად გამოიკვეთა მომავალი ტრენინგ-სემინარის თემატიკა.

ამავე პერიოდში, ადგილობრივი მეგზურების დახმარებით, შესაძლებელი გახდა ოთხი ქვეითი და ერთი საცხენოსნო სამთო-ტურისტული მარშრუტის დაკვლევა-მარკირება, რომელთა აღწერილობითი მასალებიც წარმოდგენილია ამავე კრებულის მეორე ნაწილში.

ჩვენი აზრით კრებული სასარგებლო იქნება საოჯახო ტურისტული ბიზნესით დაინტერესებული საქართველოს სხვა მთიანი რეგიონების მოსახლეობისათვისაც.

2 ზოგადი ცნობები საქართველოს მთიანეთის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთიანეთი გადაჭიმულია 1300კმ-ზე ტამანის ნახევარკუნძულიდან აფშერონამდე. მის მთავარ და გვერდით ქედებზე ასეულობით თოვლ-ყინულოვანი მწვერვალი და უღელტეხილია. ამ მწვერვალთაგან თხუთმეტი სიმაღლით აღემატება ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანს (4810მ), ექვსი მათგანი კი ხუთიათასიანია - იალბუზი (5642), შხარა (5068), დიხთაუ (5200), ჯანღა (5059), მყინარწვერი (5033) და ყოშთანთუ (5152).

საქართველო მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე და მცირე (სამხრეთ) კავკასიონის მთიანეთში. კავკასიონის ყველაზე მაღალი და მკაცრი 700კმ-იანი უბანი საქართველოს ფარგლებშია მოქცეული. მა ქვეყნის ტერიტორიის ერთ მესამედზე მეტი უკავია, ხოლო საშუალო სიმაღლე 3520 მეტრს აღწევს.

ქართველი მთიელები ძველთაგანვე სარგებლობდნენ კავკასიონის უღელტეხილებით, მიმოსვლა ჰქონდათ როგორც შიგა, ისე გარე მეზობლებთან. ქართველი მეფის ვახტანგ VI-ის ემიგრაცია რუსეთში 1200-მდე წარჩინებულთან ერთად (1724 წელს), უღელტეხილებზე მასობრივი გადასვლის საუცხოო მაგალითია. მათი მარშრუტი ნოწარულის ხეობიდან გურძი-ვცეკის გადასვლელითა (3400) და ფასტაგის მყინვარის გავლით დიგორიაში გადიოდა. ეს მარშრუტი დღესაც ურთულეს სამთო-ტურისტულ მარშრუტთა რიცხვს მიეკუთვნება.

აღსანიშნავია აგრეთვე, რომ მყინვარწვერის კალთებზე ზღვის დონიდან 4100 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული - უძველესი ქრისტიანული ძეგლი, განდეგილ წმინდა მამათა სალოცავი და საცხოვრისი.

ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ, თქმულებებმა და ლეგენდებმა შემოგვინახა იმ ადამიანთა სახელები, რომლებიც ძველ დროში მწვერვალებზე ადიოდნენ. გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მღვდელ იოსებ მოხევეს მყინვარწვერიც (5033) კი დაულაშქრავს.

საქართველო ოდითგანვე იპყრობდა უცხოელების ყურადღებას. იდუმალებით მოცული პლანეტის ეს პატარა, ლამაზი და მდიდარი კუთხე წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით, ყოველთვის იზიდავდა როგორც აზიელებს, ასევე ევროპელებს. კავკასია ყოველთვის წარმოადგენდა ევროპისა და აზიის შემაერთებელ ხიდს. მას ძველთაგანვე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური დატვირთვა გააჩნდა, ამიტომ უამრავი ვაჭარი და სოვდაგარი ძალაუნებურად მოინახულებდა ხოლმე ჩვენს ქვეყანას, რადგან იგი ტრანზიტული ტვირთების გამტარებელ გზაჯვარედინს წარმოადგენდა.

ჩვენდა საბედნიეროდ, საქართველოსადმი ინტერესი მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით არ განისაზღვრებოდა. იყვნენ ადამიანები, რომელთაც აინტერესებდათ ჩვენი გეოგრაფიული და კულტურული გარემო, ქართული ყოფა, ისტორია, ზნე-ჩვეულებები და, რაც მთავარია, ჩვენი ულამაზესი მაღალმთიანეთი. ამგვარი ინტერესებით მრავალი მკვლევარი და მისიონერი სწვევია ჩვენს ქვეყანას. სვანეთიც ძველთაგანვე უცხოელ მეცნიერ-მკვლევართა ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. აქ მე-18 საუკუნიდან მოყოლებული სისტემატურად მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ევროპელი მკვლევარები და მოგზაურები. მათგან მიმოვიხილავთ მხოლოდ იმ ადამიანების საქმიანობას, რომლებიც საქართველოს მთიანი სისტემებით იყვნენ დაინტერესებულნი.

იმ პირველ ევროპელ მეცნიერ - მოგზაურთა შორის, რომლებიც კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში საქმიანობდნენ, უნდა მოვიხსენიოთ გერმანელი გეოლოგი ჰერმან აბიხი, ვინც პირველმა მოხაზა კავკასიონის ძირითადი კონტურები, ცნობილი გეოგრაფი და მოგზაური, დიდი ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი დუგლას უილიამ ფრეშფილდი. მან 1868 წელს პირველმა დაიპყრო მყინვარწვერი და იალბუზის აღმოსავლეთი მწვერვალი, 1896 წელს - თეთნულდი და იმავე წელს ლონდონში გამოსცა ორტომეული „კავკასიური გამოკვლევები“, რომელსაც თავის ფუნდამენტურობის გამო დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

კავკასიონს იკვლევდა ინგლისელი დ. კოკინი, რომელმაც 1888წ. პირველმა დალაშქრა მიუვალი და გოროზი სამხრეთი უშბა, უნგრელი დეკი (მისი სამნაწილიანი „კავკასია“ 1905-1907 წლებში ბერლინში დაისტამბა), ინგლისელი მუმერი, მრავალი გამოკვლევისა და მშვენიერი წიგნის - „ჩემი ასვლები ალპებსა და კავკასიაში“ - ავტორი, რომლის ინგლისური გამოცემა 1903 წელს ფრანგულადაც ითარგმნა. კავკასიონს მიუძღვნა თავისი ორწლიანი კაპიტალური ნაშრომი ცნობილმა გერმანელმა მთამსვლელმა და მკვლევარმა გოტფრიდ მერცბახერმა (კავკასიის მაღალმთიანეთი, 1901წ.).

გამორჩეული როლი შეასრულა მწვერვალ უშბის დაპყრობის ეპოპეაში გერმანელი მთამსვლელი ადოლფ შულცეს ხელმძღვანელობით მოწყობილმა ექსპედიციამ. შულცეს ჯგუფმა 1903 წელს შეუპოვრობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, პირველმა დალაშქრა ჩრდილოეთ უშბა მარშრუტით, რომელსაც დღეს შულცეს გზა ეწოდება.

უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი კავკასიონის კვლევა-ძიებაში ცნობილ იტალიელ მთამსვლელს, მკვლევარსა და ფოტოხელოვანს ვიტორიო სელას. მან სამჯერ (1889, 1890, 1896 წლებში) მოინახულა ცენტრალური კავკასიონი, უბანი, რომელიც მოიცავს კავკასიონის მთიანი მასივის ურთულეს მონაკვეთს მყინვარწვერიდან იალბუზამდე და კავკასიონის „გულად“ წოდებულ ყველაზე მიუვალ და მკაცრ რაიონს წარმოადგენს. ვიტორიო სელამ დალაშქრა მრავალი მწვერვალი, მრავალჯერ გადასერა კავკასიონის ქედი, აღწერა და ფოტოფირფიტაზე აღბეჭდა საქართველოს ულამაზესი კუთხეების - სვანეთის, რაჭის და ხევის მთის ლანდშაფტი, ისტორიული სოფლები, არქიტექტურული ძეგლები, მაშინდელი ყოფა, რიტუალები და სხვა. იგი იყო კავკასიონის პირველი ფოტოდოკუმენტალისტი. მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგად შემოგვრჩა 400-ზე მეტი უმაღლესი ხარისხის 30X40 სმ ზომის ნეგატივი მეტად მნიშვნელოვანი კომენტარებით.

ამგვარად ევროპელმა მკვლევარებმა მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღწერილობები დაგვიტოვეს. ასევე, ჩვენმა სასიქადულო მამულიშვილებმა, სხვადასხვა დარგის მეცნიერებმა - გიორგი ნიკოლაძემ, ალიოშა ჯაფარიძემ, სოსო ასლანიშვილმა, ნიკო კეცხოველმა, ლევან მარუაშვილმა და მრავალმა სხვამ დეტალურად შეისწავლეს ჩვენი მთიანეთის კუთხე-კუნჭული, საფუძვლიანად გამოიკვლიეს ჰიფსომეტრული და რელიეფური თავისებურებანი, თოვლ-ყინულოვანი მასივები, ჰიდროლოგია, ალპური ზოლის ბოტანიკა, სამთამადნო სიმდიდრეები, მთის ეთნოკულტურები და, რასაკვირველია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივები.

ჯუმბერ ხანთაძე,
საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირის თავმჯდომარე,
სახელმწიფო და გ.ნიკოლაძის სახელობის პრემიების
ლაურეატი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი.

3 საოჯახო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები ზემო სვანეთში

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს, როგორც ტიპიურ მთიან ქვეყანას, გააჩნია უზარმაზარი ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი. ტურიზმის მოყვარულთათვის იგი ფრიად მომხიბვლელი და საინტერესო მხარეა. საქართველო ნამდვილი „ბუნების წალკოტია“. მის ტერიტორიაზე წარმოდგენილია თითქმის ყველა ტიპის ბუნებრივი გარემო სუბტროპიკებიდან დაწყებული, თოვლიანი მთებით დამთავრებული. ასე, რომ ტურისტს სურვილისამებრ შეუძლია მოინახულოს საქართველო წლის ყოველ პერიოდში, დაისვენოს, იმოგზაუროს და დატკბეს მისი ბუნების მშვენიერებითა და სიდიადით.

სვანეთი და, კერძოდ, ზემო სვანეთი, საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა. მცენარეული საფარის მწვანე ფერის, ბუმბერაზი თოვლიანი მწვერვალების კაშკაშა სითეთრისა და ცის ზღაპრული სილურჯის შეხამება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მისი ულამაზესი ლანდშაფტები, მაღალი და მიუვალი მწვერვალები, უძველესი კულტურულ-ისტორიული ძეგლები და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნება ყოველთვის იზიდავდა მრავალრიცხოვან ტურისტს.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე სვანეთი წარმოადგენდა ალპინისტურ და სამთო-სათხილამურო ცენტრს, საკმაოდ კარგად ორგანიზებული და განვითარებული ინფრასტრუქტურით. აქ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ რამდენიმე მეტად პოპულარული სამთო-ტურისტული მარშრუტი გადიოდა, მოქმედებდა ტურისტული და ალპური ბანაკები, თავშესაფარები, ბაზები, არსებობდა სამაშველო ჯგუფები. მარშრუტზე ტურისტთა მოძრაობა მკაცრ კონტროლს ექვემდებარებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, სამწუხაროდ, სვანეთში არსებული ინფრასტრუქტურა სასტუმროების, ტურისტული ბაზების და ბანაკების სახით საერთოდ მოიშალა და განადგურდა. ამჟამად საქართველოში არსებული სოციალურ-რეკრეაციული პოტენციალის აღდგენა და განვითარება მნიშვნელოვან სიძნელეებთანაა დაკავშირებული.

ცნობილია, რომ მსოფლიო ტურისტულ ბიზნესში ყოველწლიურად 500 მილიარდამდე დოლარი ბრუნავს. მარტო ალპური ქვეყნების შემოსავალი სამთო-ტურისტული ბიზნესიდან 150 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ეს ქვეყნები კარგა ხანია გასცდნენ ანთროპოლოგიური დატვირთვის ზღვარს - მძლავრმა ტურისტულმა ნაკადმა და ინფრასტრუქტურამ დაარღვია ბუნების წონასწორობა და ათასგვარი ეკოლოგიური პრობლემა წარმოშვა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებისა და ხშირად პროტესტსაც იწვევს. ამის გამო მოსალოდნელი „ალპური აპოკალიფსის“ საშიშროებაც კი გაჩნდა.

საქართველო და, კერძოდ, სვანეთი პრაქტიკულად ყამირია ასეთი მასშტაბური ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად. ამიტომ ისინი, ვინც ტურისტული თვალსაზრისით ევროპა და სხვა ქვეყნები „აითვისა“, აუცილებლად მონახავენ მათი საქმიანობის განვითარებისათვის ისეთ თვალწარმტაც კუთხესაც, როგორიც სვანეთია. მითუმეტეს, რომ სვანეთი თავისი უხვი, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის ტურისტული პროდუქციით საერთაშორისო ბაზარზე კონკურენციას გაუწევს ნებისმიერ ტურისტულ ქვეყანას. ამის გამო მოსალოდნელია, რომ სვანეთში მასობრივი ტურიზმი თანამედროვე ფორმებით, გაჩნდება დიდი სასტუმროები, კემპინგები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელთა მშენებლობას სიამოვნებით დააფინანსებენ უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორები. რასაკვირველია, ისინი შეეცდებიან ჩადებული თანხების ამოღებას და მოგების მიღებას, რისთვისაც გამოიყენებენ ევროპული და სხვა ტურისტული ქვეყნების მაგალითზე მრავალგზის აპრობირებულ მექანიზმებს ტურისტული ნაკადის მოსაზიდად.

ზომიერების ფარგლებში ასეთი საქმიანობის განვითარება თავისთავად არ არის ცუდი, რადგან იგი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ასაქმებს ხალხს.

სახელმწიფოსათვის მასშტაბური ტურიზმი იოლად კონტროლირებადი და ბიუჯეტის შემვსები სფეროა. თუმცა, მსხვილი ინვესტორები ჯერჯერობით არ ჩანან. ამავე დროს ქვეყნის არასახარბიელო ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ჯერჯერობით ვერ ახერხებს ადგილობრივი ინიციატივების სტიმულირებას და მომსახურეობის ახალი სახის - საოჯახო ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასაც. ამიტომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაფერი თავად უნდა იტვირთოს - ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი საოჯახო ტურიზმის განვითარებას, რადგან ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეს უფრო მოქნილი და მომგებიანი საქმიანობაა. მართალია, ჯაფასა და პასუხისმგებლობასაც მეტს მოითხოვს, ვიდრე სასტუმროებში დასაქმება, სამაგიეროდ, ამ პროცესში მოსახლეობა მასობრივად ჩაებმება, შემოსავლებიც მეტი იქნება, რომელიც მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილზე გადანაწილდება.

საოჯახო ტურიზმი მომსახურეობის სფეროს მიეკუთვნება, მაგრამ ეს მომსახურება სულაც არ ნიშნავს ჩვენი ტრადიციებისა და პიროვნული სიამაყის შელახვას. აქ, როგორც ყველა დარგში, საჭიროა კონკრეტული ცოდნის მიღება და სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქართველი კაცის თანდაყოლილ სტუმართმოყვარეობას, ზრდილობას და თავაზიანობას, ეს ყველაფერი არავითარ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს.

ტურიზმის მრავალ სახეობათა შორის, ზემო სვანეთს თავისი ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ყველაზე მეტად მიესადაგება ე.წ. სოფლის ტურიზმი, ტურიზმის ეს სახეობა ითვალისწინებს ტურისტების მიღებას სოფლებში, ან უშუალოდ ოჯახებში. ამ შემთხვევაში ტურისტებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო მეტი გაიგონ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესის შესახებ, გაეცნონ ბუნების ღირსშესანიშნაობებს, დაათვალიერონ ისტორიულ-კულტურულ-ეთნოგრაფიული ძეგლები, აქტიურდა დაისვენონ.

ტურიზმის ამ სახეობის წარმატებულად ფუნქციონირების საფუძველთა საფუძველს საოჯახო ტურისტული ბიზნეს საქმიანობა წარმოადგენს, მაგრამ დღეისათვის ადგილობრივი მოსახლეობის სამენეჯერო (მმართველობითი) გამოცდილების უქონლობა ხელს უშლის საოჯახო ტურისტული ბიზნესის ეფექტურ განვითარებას.

საოჯახო ტურისტული საქმიანობა - ეს ფაქტობრივად მცირე მასშტაბის ტურისტული ინდუსტრიაა. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც დიდი ტურიზმი საჭიროებს სწორ დაგეგმარებას და ცალკეული ელემენტების საწყისების ცოდნას. საოჯახო ტურისტული მომსახურეობის სწორი ორგანიზაცია შეუძლებელია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების ცოდნის გარეშე, როგორიცაა:

  • ტურისტთა განვითარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების დაგეგმარების საწყისები, ოთახების გაწყობა და ექსპოლატაცია;

  • ადგილობრივ და უცხოელ ტურისტთა მიღების, განთავსების, კვების ორგანიზაციის და სანახაობრივი ობიექტების შერჩევის თავისებურებანი;

  • ტურისტული ბიზნესის ეკონომიკური ასპექტები: საოჯახო ტურისტული ბიუჯეტის შედგენა და მისი შესრულება;

  • ტურისტთა სატრანსპორტო, ინფორმაციული და საგამყოლო მომსახურება;

  • ტურიზმი და ბუნების დაცვის ეკოლოგიური პრობლემები.

ზემო სვანეთის ისტორიულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მის კულტურულ და ყოფით ტრადიციებს, რომლებიც საინტერესოა როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი ტურისტებისათვის. ტურისტული სახლის მასპინძელს უნდა შეეძლოს შესთავაზოს ტურისტს ადგილობრივი ისტორიულ-კულტურული ძეგლების დათვალიერება, ფოლკლორული ჯგუფის ან ანსამბლის კონცერტზე ან სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე, საკულტო-რელიგიურ და სხვა ეთნოგრაფიულ ღონისძიებებზე დასწრება. ტურისტებს ასევე ძალზე აინტერესებთ ადგილობრივი ყოფითი ტრადიციების გაცნობაც.

საქართველოს მდიდარი ლანდშაფტური რესურსები ფართო არჩევანს სთავაზობს ტურისტს. მასპინძელმა უნდა იცოდეს ახლომდებარე სპეციალურად მარკირებული ფეხით სასიარულო ან საცხენოსნო ტურისტული მარშრუტების დეტალებიც, ჰქონდეს მომზადებული საჭირო რუკები, ჰყავდეს წინასწარ შერჩეული გამყოლი და შეურჩიოს ტურისტს ან ტურისტთა ჯგუფს სათანადო მარშრუტი. ხოლო ცუდი ამინდის შემთხვევაში შესთავაზოს სტუმრებს ალტერნატიული გეგმა, მაგალითად, კულტურულ-ეთნოგრაფიული ან ისტორიულ-არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება, ფოლკლორული მუსიკის მოსმენა და სხვა.

ზემო სვანეთის ყოფითი ტრადიციები, სრულიად ორიგინალური კერძები და გამორჩეული მასპინძლობა, კარგი საფუძველია ე.წ. „გასტრონომიული“ ტურიზმის მოყვარულთათვისაც. ამ შემთხვევაში ოჯახის მასპინძელმა უნდა შესძლოს ზომიერების ფარგლებში დააკმაყოფილოს ტურისტთა გასტრონომიული მოთხოვნები, მათი განწყობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის (ასაკის) გათვალისწინებით.

მთიანი და განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონები ხასიათდება მყიფე ეკოსისტემით. ტურისტების უკონტროლო მოქმედებებმა შეიძლება გამოუსწორებელი ეკოლოგიური ზიანი მიაყენოს გარემოს, უარყოფითად იმოქმედოს ცხოველთა და მცენარეთა სამყაროზე და საფრთხე შეუქმნას ჯერ კიდევ ეკოლოგიურად დაუზიანებელ უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს. ამიტომ ამ მხრივ საჭიროა მასპინძლის სიფხიზლე და ადგილობრივ ეკოლოგიურ თავისებურებებზე ტურისტთა ყურადღების გამახვილება.

ტურიზმის განვითარების მთელი პროცესის პერიოდში ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს გარკვეული მოგება ტურისტული ბიზნესისაგან, რაც მისი კეთილდღეობის ამაღლებაში უნდა აისახოს.

საოჯახო ტურისტული ბიზნესის განვითარების შედეგად ადგილობრივი საზოგადოების პოტენციური მოგება ძირითადად მოიცავს:

  • ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლის ზრდას;

  • ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას (სასტუმრო სახლები, ქოხები, სასადილოები, რესტორნები სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები);

  • სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და მისი შესყიდვის გაფართოებას;

  • შიდა რეწვისა და სუვენირების დამზადების ტრადიციების აღდგენა-განვითარებას;

  • ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების ზრდას.

საქართველოს მთიანეთში და ამ შემთხვევაში ზემო სვანეთში, საოჯახო ტურისტული საქმიანობის განვითარებას და ხელშეწყობას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ სასურველია:

  • სახელმწიფომ განახორციელოს საოჯახო ტურისტული ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერა უპროცენტო ან დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის გზით;

  • მესტიის გამგეობამ და საკრებულომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციონ ტურიზმის და კერძოდ საოჯახო ტურიზმის განვითარებას. საოჯახო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა უნდა გახდეს მათი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

საოჯახო ტურისტული საქმიანობის ხელშეწყობის პროცესში აუცილებლად გათვალისწინებულია ზომიერების შენარჩუნება, ვინაიდან ტურისტების უკონტროლო და დაუგეგმავმა ნაკადებმა შეიძლება რეგიონში სერიოზული პრობლემები წარმოშვას, კერძოდ:

  • გადამეტებული ურბანიზაცია შეიძლება გახდეს სვანეთის - ამ ულამაზესი კუთხის ორიგინალობისა და უნიკალურობის დაკარგვის მიზეზი;

  • რეგიონის გადატვირთვა ჭარბი რაოდენობის ტურისტებით, მნიშვნელოვან ეკოლოგიურ დაბინძურებას გამოიწვევს და შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბიომრავალფეროვნებაზე და ა.შ.

ოჯახური ტურისტული ბიზნესი შეიძლება განვიხილოთ როგორც მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი საქმიანობა. მას შეუძლია მოუტანოს დამატებითი ფინანსები იმ ოჯახებს, რომლებსაც არ აქვთ დიდი არჩევანი თავისი შემოსავლების გაზრდაში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტურიზმის და, კერძოდ, ოჯახური ტურისტული საქმიანობის განვითარება ადგილობრივი თემების თანამონაწილეობით - ეს ზემო სვანეთის მოსახლეობის ალტერნატიული საქმიანობის ახალი, მაგრამ პერსპექტიული სფეროა. დასაქმება და დამატებითი შემოსავლების ზრდა, საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას შეუთავსოს მათთვის სრულიად ახალი საბაზრო პირობებს, შეინარჩუნონ ბუნების მრავალფეროვნება, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ადგილობრივი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა.

წინამდებარე კრებული წარმოადგენს მოკრძალებულ ცდას ხელი შეუწყოს ზემო სვანეთის და სხვა მთიანი რეგიონების მოსახლეობას ეზიაროს საოჯახო ტურისტული ბიზნესის ორგანიზაციის საწყისებს და მომსახურეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

დომენტი გაბუნია,
საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი.

4 სვანეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი ასპექტი

▲ზევით დაბრუნება


სვანეთმა მსოფლიოს კულტურის საგანძურს უნიკალური ისტორიული მასალა შემოუნახა, ეს მასალა ორგანულად ერწყმის ბუნების განუმეორებელ სილამაზეს და ქმნის იმ საოცარ ჰარმონიას, რომელსაც განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი.

სვანეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზე. მდინარეების - ცხენისწყლისა და ენგურის ხეობების ორმაგ ქვაბულში და შემოზღუდულია: ჩრდილოეთიდან - კავკასიონის მთავარი ქედით, აღმოსავლეთიდან - ლეჩხუმის ქედით, სამხრეთიდან - ლეჩხუმისა და სამეგრლოს ქედებით, ხოლო დასავლეთიდან - აკიბოსა და კოდორის ქედებით. ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის გადაღმა სვანეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან - რაჭა, სამხრეთიდან - ლეჩხუმი და იმერეთი, ხოლო დასავლეთიდან - სამეგრელო და აფხაზაეთი.

გეოგრაფიულად და ადმინისტრაციულად სვანეთი ორ ძირითად რაიონად იყოფა: ენგურის აუზი იწოდება ზემო სვანეთად (მესტიის რაიონი), ხოლო ცხენისწყლის აუზი - ქვემო სვანეთად (ლენტეხის რაიონი). მათ ერთმანეთისაგან სვანეთის ქედი ჰყოფს. სვანეთს უკავია 4388,9 კვ.კმ ფართობი, ანუ საქართველოს ტერიტორიის 5,8%25; აქედან მესტიის რაიონს ეკუთვნის 3044,5 კვ.კმ, ხოლო ლენტეხის რაიონს - 1344,4კვ.კმ/

ტრადიციებით ზემო სვანეთში განასხვავებდნენ ბალს ქვემო და ბალს ზემო სვანეთს (ბალი - ქედის სახელწოდებაა), რაც „სადადეშქელიანო-საბატონო“ და „თავისუფალ-უბატონო“ სვანეთს შეესატყვისება. ქვემო სვანეთი კი „სადადიანო“ სვანეთად იწოდებოდა (შ. ჩართოლანი „ძველი სვანეთი“ თბ. 1996).

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, სვანეთი ითვლება ძნელად მისადგომ კუთხედ. თუმცა, რამდენადაც მკაცრი და ძნელად მისადგომია, იმდენად საინტერესო და მიმზიდველია.

სვანეთის ისტორიულ-კულტურულ ძეგლებში მოიაზრება:

  • ეკლესიები და მთაში შემონახული სიწმინდეები (ჯვარ-ხატი, ხელნაწერები, ოქრო-ვერცხლის სამკაულები, ფრესკული მხატვრობა, მოჩუქურთმებული კარები და სხვა);

  • არქეოლოგიური ძეგლები (ყველაზე ადრეული ძეგლები ქვის ხანის გვიანდელ საფეხურს - ნეოლითს განეკუთვნება);

  • საქართველოს ყველა კუთხისაგან განსხვავებული არქიტექტურა - სვანური კოშკი და „მაჩუბი“ (სვანური საცხოვრებელი სახლი);

  • ხალხური რეწვის ნიმუშები (ძველი სვანური ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქუდები, სვანური სახლის დამახასიათებელი ელემენტები, ავეჯი, ჯამ-ჭურჭელი, სათავსოები, ხალხური საკრავები, საბრძოლო იარაღები და სხვა);

  • მუსიკალური ეთნოგრაფიული ფოლკლორი (სიმღერები, ფერხულები, ცეკვები, ლეგენდები და სხვა).

სვანეთში ეკლესიები თავის როლს კომუნისტური რეჟიმის დროსაც ასრულებდა. სვანი კაცი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ძლიერი რწმენით და ჯვარ-ხატისადმი უდიდესი პატივისცემით. წარსულშიც და, საბედნიეროდ, დღესაც. თავმოყვარე სვანი თავის სიმართლეს ეძებს ხატთან დაფიცების საშუალებით, რომლის დროსაც ყველა ეჭვი თუ კითხვა ისპობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტი მოშუღლეთა შერიგების დროსაც, ვინაიდან ხატთან შერიგებული დაუძინებელი მტრებიც კი ხატის შიშით და რიდით ცხოვრების ბოლომდე ინახავდნენ მიცემულ სიტყვას, რაც ხშირად განაპირობებდა უსიამოვნების და მსხვერპლის თავიდან აცილებას.

ეკლესიები და მათში დაცული სიწმინდეები შეიძლება ჩაითვალოს სვანეთის ერთ-ერთი ძირითადი და მტკივნეული პრობლემის - მიგრაციის საწინააღმდეგო საშუალებად. სვანეთის ცენტრიდან ისეთ დაშორებულ სოფლებში, როგორიცაა უშგული, კალა, ადიში, წვიმრი, იფარი, ჟაბეში, მაზერი და სხვა, დარჩენილი მოსახლეობის უმეტესობა არ ტოვებს საცხოვრებელს იმის გამო, რომ ამდენი საუკუნე გამოვლილი, წინაპრების მიერ საიდუმლოდ და სათუთად შენახული სიწმინდის მიტოვების უფლებას საკუთარი სინდისი და თავმოყვარეობა არ აძლევს.

ამ სიწმინდეების ისტორიულ ღირებულებაზე ალბათ თანამედროვეობა იტყვის თავის სათქმელს და გააცნობს მთელ სამყაროს, როგორც მსოფლიო კულტურის საგანძურის განუყოფელ ნაწილს.

როგორც მთელ ჩვენს ქვეყანაში, ისე სვანეთშიც ეკლესიას თანდათან უბრუნდება მისი ძირითადი ფუნქცია. ბოლო წლების განმავლობაში ზოგიერთ ეკლესიას ჩაუტარდა რესტავრაცია-კონსერვაცია. ამ სამუშაოების შედეგად ბევრი საინტერესო ფრესკა აღდგა დღეისათვის ამ რეგიონში არსებობს „მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია“, ფუნქციონირებს ორი მუდმივმოქმედი ეკლესია, ყველა ეკლესიაში მეუფის კურთხევით პერიოდულად ტარდება ტრადიციული რელიგიური რიტუალები და წირვა-ლოცვა.

ვიმედოვნებთ, რომ ყველა დაზიანებულ ეკლესიას დაუბრუნდება პირვანდელი სახე, რაც უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის სვანეთს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე სტუმრებისთვისაც.

სვანეთის ისტორიის და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია სვანური კოშკი და სვანური სახლი - „მაჩუბი“.

კოშკის ძირითადი დანიშნულება თავდაცვა იყო, თუმცა არსებობდა კოშკები, რომლებსაც საგუშაგო კოშკებს ეძახიან. კოშკი შეხედვით მარტივი ტიპის შენობაა, მაგრამ ისტორიამ დაგვანახა, რომ მის შემქმნელს ბევრი რამ გაუთვალისწინებია კონსტრუირების პროცესში.

კოშკის საძირკველს გაჭრილი ვაშლის ფორმა აქვს (სიმრგვალით ქვემოთ), მას მოსდევს დაახლოებით 4-6 მეტრის სიმაღლის მასიურად ნაშენი ნაწილი, შემდეგ იწყება სართულები. პირველ სართულს ერთ მეტრზე მეტი სისქის კედლები აქვს და მცირე ზომის შესასვლელი კარი, ყოველ შემდეგ სართულს აქვს ვიწრო პატარა ფანჯარა და მცირე ზომის ასასვლელი; სართულშუა გადახურვა ქვემოთა მხრიდან ნახევრად თაღოვანია, ზემოდან კი ბრტყელი. სართულებს შორის ასასვლელი ერთსა და იმავე კუთხეში არ მეორდება. კოშკის კედლები თანდათან თხელდება: კოშკის ბოლოში კედლის სისქე 0,5 მეტრია.

კოშკის საშუალო ზომები 5X5X25მ. ფანჯრის შიდა ზომები გარეთაზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მხედველობის (თოფის დამიზნების) არეს და ზრდის კოშკის თავდაცვისუნარიანობას. საძირკველის სიმრგვალე უზრუნველყოფს კოშკის ვერტიკალურ მდგომარეობას. ნაგებობის ქვედა ნაწილის მასიურობის გამო სიმძიმის ცენტრი წანაცვლებულია მაქსიმალურად ქვემოდ, რაც ზრდის კოშკის მდგრადობას. აღსანიშნავია, რომ ფერდობთან ახლოს აგებული კოშკი აუცილებლად წიბოთია ორიენტირებული ფერდობისაკენ. ზვავის შემთხვევაში თოვლი წახნაგებით იჭრება და ორმხრივად იყრება. 1987 წელს სვანეთში მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა და დიდთოვლობამ კარგად დაადასტურა ზვავების მიმართ მდგრადობა.

საგუშაგო-სათვალთვალო კოშკები სვანეთის მთელ ტერიტორიაზე ერთმანეთის მიყოლებითაა აშენებული. საშიშროების შემთხვევაში პირველ კოშკზე ანათებდნენ სპეციალურად მომზადებულ თივას. კვამლის დანახვაზე იგივე მეორდებოდა ყოველ მომდევნოზე. მთელი ხეობა სწრაფად იღებდა საჭირო ინფორმაციას და საომრად ემზადებოდა. შეზღუდული ხილვადობის შემთხვევაში კი დათქმული სიგნალი გადაეცემოდა თოფის ზედიზედ რამდენიმე გასროლით.

სვანური საცხოვრებელი სახლი - „მაჩუბი“ საკმაოდ დიდი მოცულობის ორსართულიანი შენობაა. შენობის პირველი სართული გამოიყენებოდა, როგორც ადამიანების, ისე მსხვილფეხა პირუტყვის საცხოვრებლად, ხოლო მეორე სართულზე ინახავდნენ თივას.

სახლი თბებოდა შუაცეცხლით, აქვე ოჯახის წევრებისათვის მზადდებოდა საჭმელიც. იყო ცალკე შესასვლელი ორმაგი კარი დერეფნით (სვანურად „ჰაგაამ“), რომლის დანიშნულება იყო როგორც სითბოს შენარჩუნება, ისე ნაწილობრივ თავდაცვა. ასეთი ტიპის სახლებში ოჯახის წევრთა რაოდენობა ოცდაათ და მეტ ადამიანს აღწევდა. ცნობილია, რომ მულახის თემში, ქალდანების საცხოვრებელ კომპლექსში ერთდროულად ასამდე ადამიანი ცხოვრობდა. ეს კომპლექსი გარშემორტყმულია სამი მეტრის გალავნით. მისი ალაყაფის ჭიშკარი ურდულითაა დაკეტილი. სამწუხაროდ, შემორჩენილია ამ კომპლექსის მხოლოდ ნაწილი. ეზოში ამჟამადაც დგას ერთი კარგად შემონახული და ერთიც ნახევრად დანგრეული კოშკი, აგრეთვე ეკლესია თავისი უნიკალური ჯვარ-ხატებით და სიწმინდეებით. აქ აგრეთვე ყოფილა სამსართულიანი და ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ხორბლისა და ქერის სალეწი კალო, დილეგები და საიდუმლო გვირაბები, რომლებიც ამ კომპლექსს აკავშირებდა უღრან ტყესთან. ყოველივე ეს მოგვაგონებს ციხე-სიმაგრეს, რაც ამ ოჯახისა და გვარის სიძლიერეზე მიგვანიშნებს. ასეთივე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსები სვანეთში სხვა სოფლებშიც გვხვდება. მაგალითად, ხერგიანების (დ. მესტია), ჩარკვიანების (სოფ. ლატალი) და სხვა.

სვანურ სახლში გაუყოფელი ოჯახების ერთად ცხოვრება ითვლებოდა ოჯახის სიამაყედ. ოჯახს მართავდა უფროსი, ე.წ. „მახვში“, რომლსაც უმეტეს წილად ასაკის და გონიერების მიხედვით ირჩევდნენ, თუმცა არ იყო გამორიცხული სხვას ეტვირთა ეს საქმე. მახვშისათვის განკუთვნილი იყო სპეციალური სკამი - „საკარცხული“, რომელზე დაჯდომის უფლება ნებართვის გარეშე არავის ჰქონდა. ხანდახან მახვში სტუმარს, პატივიცემის ნიშნად უთმობდა ამ ადგილს. მამაკაცებისათვის განკუთვნილია იყო „საკარცხულის“ სტილში გამოთლილი გრძელი სკამი, ე.წ. „ლურგიმ“, ხოლო ქალებისთვის ოდნავ დაბალი სკამი. ოჯახის ყველა წევრი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ მახვშს. სახნავი მიწების სიმწირის გამო სვანეთში ყოველთვის იყო ხორბლის ანუ პურის ნაკლებობა, თუმცა ხორცი და რძის პროდუქტები შეიძლება ითქვას, საკმარისად ჰქონდათ. მახვში სამართლიანად არეგულირებდა შრომის პროცესს და საკვების განაწილებას.

სვანეთში მხოლოდ საცალფეხო გზით შეიძლებოდა ასვლა, ამდენად ყველა საჭირო ნივთს (ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ავეჯს, ჯამ-ჭურჭელს და სხვა) ადგილზე ქმნიდნენ.

სვანეთში ჩატარებული უნიკალური არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა თუ როგორი დახვეწილი ხერხებით ხდებოდა სხვადასხვა ეპოქაში, ქვის ხანიდან დაწყებული დღემდე, იმ საგნების დამზადება, რომლებითაც დღეს საქართველოს და, კერძოდ, სვანეთის არქეოლოგიის მუზეუმი ამაყობს.

დღესდღეობით შემორჩენილია წესები და ხელსაწყოები, რომლითაც ხდება ხალხური რეწვის ნიმუშების დამზადება. თუმცა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მეთოდი დაკარგულია და მათი აღდგენა თითქმის შეუძლებელია (მაგალითად ვერცხლის მოსევადება, ჯვარ-ხატების გაფორმების ზოგიერთი ხერხი და სხვა).

ხალხური რეწვის გადასარჩენად აუცილებელია ხანდაზმულებისაგან იმ ტექნოლოგიური ხერხებისა და წესების გადმოღება, რომლებმაც საბედნიეროდ, დღემდე მოაღწია.

სვანეთის ისტორიისა და კულტურის ერთ-ერთ შემადგენელი ნაწილია მუსიკალური ფოლკლორი. სვანეთის ბუნებისა და ყოფის სიმკაცრის შესაბამისად, მუსიკალური ფოლკლორიც მკაცრი და ომახიანია. სიმღერებისა და ფერხულების ძირითადი ნაწილი ეძღვნება ლაშქრობებს, ომებს, ბრძოლებში გამოჩენილ გმირებს, სახელოვან მეფეებს (მაგალითად თამარ მეფეს). ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება რელიგიურ დღესასწაულებს. ბევრი სიმღერა და ფერხული ეძღვნება ნადირობას, ნადირობის ქალღმერთ დალის. არსებობს აგრეთვე საყოფაცხოვრებო ხასიათის სიმღერები და ძალიან ცოტა - სახუმარო და სასიყვარულო თემებზე აგებული სიმღერები.

სვანეთში დღესაც მნიშვნელოვანია სამგლოვიარო სიმღერები. ყველა მიცვალებული, როგორც სვანეთში, ისე სვანებით დასახლებულ ბარში და თბილისშიც კი, იმარხება სვანური „ზარით“. ეს არის სიმღერა, რომლის ვარიანტები გვხვდება სვანეთის სხვადასხვა სოფლებში.

არსებობს ისეთი სიმღერებიც, რომელთა შექმნა უძველეს დროზე მიგვანიშნებს. ამ სიმღერებში ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა დაკარგულია. ასეთია მაგალითად „ლილე“, რომელსაც მღერიან არა მარტო საქართველოში. იგი ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე შეიქმნა. ეს სიმღერა სავარაუდოდ, ეძღვნება მზის ღვთაებას. ასეთივე უძველეს სიმღერებს მიეკუთვნება „ქალთიდი“, „კვირია“, „ელია ლურდე“ და სხვა.

სვანურ მუსიკალურ ფოლკლორში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ფერხულს (სიმღერისა და ცეკვის ერთდროული განსახიერება). იგი სრულდება უმეტესწილად მამაკაცთა მიერ, თუმცა არის ისეთი ფერხულებიც, სადაც ქალებიც მონაწილეობენ. ასეთია მაგალითად, „თამარ-დედოფალი“, „ირინოლა“, „დალა-კოჯას“ და სხვა. მამაკაცთა ფერხულები შინაარსობრივად ეძღვნება ძირითადად ლაშქრობებს, ომებს და ნადირობას. მაგალითად, „მურზა ი ბექსილ“, შგარი და ლაშგარი“, „გაულ-გავხე“, „ლემჩილ“ და სხვა.

არსებობს მრავალი შაირი ცნობილ ადამიანებზე. ამ შაირებში სოლისტი ასრულებს იმ გმირის როლს, ვისაც ეძღვნება სიმღერა, ხოლო გუნდი ამბობს მოძახილს და ხოტბას ასხამს მას.

ახლო წარსულში შექმნილია სიმღერები სვანეთის საამაყო შვილებზე, ომის გმირებზე, ალპინისტებზე (ბიმურზელა მესტიელზე, მიხეილ ხერგიანზე და სხვა).

აღსანიშნავია სიმღერა „გაულ-გავხე“, რომელიც ეძღვნება მეფის რუსეთის წინააღმდეგ სოფელ ხალდეს აჯანყებას. იგი სვანი ვაჟკაცების მებრძოლი სულის, თავისუფლების წყურვილისა და ხატზე დაფიცების ერთგულების ბრწყინვალე მაგალითია, სამწუხაროდ, ამ აჯანყებას ემსხვერპლა ამ სოფლის მამაკაცების დიდი ნაწილი და ღირსშესანიშნავი ნაგებობები.

სვანურ ხალხურ სასიმღერო რეპერტუარში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს საგალობლებს, რომლებიც ტრადიციის შესაბამისად სრულდება ნებისმიერ ლხინში თუ რელიგიური დღესასწაულების დროს. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია წმინდა გიორგის საგალობელი „ჯგურაგიშ“, ასევე „წმინდაიო“, „კვირია“ და სხვა.

სვანეთის სასიმღერო ფოლკლორი, იმავდროულად მუსიკაში აჟღერებული სვანეთის ისტორიაცაა. ყველა სიმღერას აქვს წარმოშობის დრო და ადგილი, ყველა მათგანი არის ლეგენდის ნაწილი, რომელიც ზეპირი გადმოცემის გზით არის მოსული ჩვენამდე. დღეს აუცილებელია მათი გადარჩენა, შესწავლა, ჩაწერა და გამოქვეყნება, რათა არ დაგვეკარგოს სვანეთის სულიერი საგანძურის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაწილი.

ჩვენ შევეცადეთ სვანეთში სასტუმროს ახალგაზრდა მფლობელისათვის წარმოგვედგინა სვანეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი დეტალი. სასურველია, რომ საქართველოში ტურიზმის სფეროში მოღვაწე ყველა ქალმა და კაცმა თავად იცოდეს, თუ რაოდენ ძვირფასი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია მის კუთხეს, მთლიანად ჩვენ ქვეყანას. მათ უნდა შეძლონ ჩამოსული სტუმრისათვის შეარჩიონ და კვალიფიციურად შესთავაზონ ჩვენი ტრადიციების გაცნობა, ბუნების ულამაზესი ძეგლების, ეთნოგრაფიულ-არქელეოგიური ღირსშესანიშნაობების, მუზეუმების მონახულება, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მოსმენა და ნახვა.

ვახტანგ ფილფანი,
სვანეთის კულტურის განვითარების ფონდი.

5 საცხოვრებელი სახლების ადაპტაცია ტურისტული სასტუმროებისა და გესტჰაუზების მოსაწყობად

▲ზევით დაბრუნება


ტურისტული ინფრასტრუქტურის განუვითარებლობისა და სხვა ხელისშემშლელი პირობების მიუხედავად, საქართველოს მთიანეთისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება. ტურისტების მისაღებად აქტუალური ხდება შედარებით მცირე დანახარჯებით პატარა სასტუმროების მშენებლობის ან არსებული სახლების „გესტჰაუზების“ (სასტუმრო სახლებად) გადაკეთების საკითხი.

ამ ამოცანის გადასაწყვეტად, დათვალიერებულ იქნა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მესტიის რაიონში. ტრადიციული საცხოვრებელი სვანური სახლი ამჟამად პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს. მას შეენაცვლა ევროპული ტიპის საცხოვრებელი, სრულიად განსხვავებული გეგმარებით, სხვადასხვა სახის და სხვადასხვა დროს გაკეთებული მიშენებებით. ცხადია, რომ ყოველი სახლის გადაკეთება მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, მაგრამ ტურისტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოვლინდა ტიპობრივი საკითხები და აუცილებლად ჩასატარებელი სამუშაოები. ქვემოთ მოყვანილია ძირითადი საკითხები, რომლებსაც უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება საცხოვრებელი სახლის ადაპტაციისა და მოწყობის პროცესში:

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

  • კეთილმოწყობილი აბაზანების (საშხაპე) და საპირფარეშოების (შესაბამისად 2,5-1,8კვ.მ.) საკმარისი რაოდენობის (3-4 კაცზე ერთი სველი წერტილი) მოწყობა შენობის შიგნით და მათი მოხერხებული განლაგება საძინებლების მიმართ. სეპტიკების (გამწმენდი ნაგებობების) მოწყობა კანალიზაციის არმქონე ადგილებში;

  • საძინებლის (14-16კვ.მ.) იმგვარად დაგეგმარება, რომ ეს ოთახები არ იყოს ერთმანეთში გამავალი, ჰქონდეთ მოხერხებული ორიენტაცია, იზოლირებული იყვნენ ხმაურიანი ქუჩისა თუ სათავსოებისაგან;

  • სასტუმრო ოთახის, სასადილო ოთახის და სამზარეულოს მოხერხებული განლაგება (სასურველია ერთ საერთულზე);

  • ოჯახის სათავსოებისა და შესაბამისად, მათი წევრების საცხოვრებლის გამიჯვნა სტუმრების ინფრასტრუქტურისაგან ისეთნაირად, რომ არ შეიქმნას ხელისშემშლელი პირობები არცერთი მხარისათვის. ეს შეიძლება არ ეხებოდეს აგროტურიზმის ობიექტებს, სადაც ტურისტი უშუალოდ მონაწილეობს ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში;

  • მიწის ნაკვეთის სწორი ზონირება, მისი დაყოფა წინა - დეკორატიულ ეზოდ, ბაღად და სამეურნეო ეზოდ;

  • სასურველია ზომიერების ფარგლებში, სახლს შევუნარჩუნოთ ადგილობრივი ქვის წყობა, ტრადიციული ორნამენტები და ელემენტები, ბინა დავაკომპლექტოთ ადგილობრივად დამზადებული ავეჯით და სხვა.

თუ ოჯახი გადაწყვეტს თავისი საცხოვრებელი სახლის მისადაგებას ან გადაკეთებას საოჯახო სასტუმროდ, სასურველია, მშენებლობის დროს შეცდომების თავიდან ასაცილებლად, სამშენებლო პროექტი მომზადდეს არქიტექტორის ან გამოცდილი ინჟინერ-მშენებელის მონაწილეობით.

ჩვენ შევეცდებით მესტიის მკვიდრის, ქ-ნ ზ. ჩართოლანის სახლის მაგალითზე გაჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება მინიმალური დანახარჯებით სახლის გადაკეთება ოჯახურ სასტუმროდ ისეთნაირად, რომ ის პასუხობდეს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.

აქ წარმოდგენლ გეგმებზე მუქად აღნიშნულია სახლის რეალური მდგომარეობა, ხოლო მკრთალი ხაზებით - თუ როგორ შეიძლება ის გადაკეთდეს მინიმალური ნგრევისა და მიშენების ხარჯზე.

ვინაიდან პროექტის თანახმად სახლს დაემატა სამი საძინებელი ოთახი, საჭირო გახდა კიდევ ორი აბაზანის დამატება მეორე სართულზე და ერთი ახალი აბაზანის მოწყობა ოჯახისათვის პირველ სართულზე. დაგეგმარებიდან გამომდინარე არსებული აბაზანა მიეკუთვნა პირველ სართულზე განლაგებულ საძინებელ ოთახს. ამგვარად, დამატებული ოთახებიდან ერთი პირველ სართულზეა სამზარეულოს ადგილას, თავისი ინდივიდუალური აბაზანით, ორი კი განლაგდა მეორე სართულზე - ღია ტერასის მაგივრად. ამ შემთხვევაში ყველა საძინებელი გახდა იზოლირებული, მეორე სართულზე მათთან უშუალო სიახლოვეს ორი აბაზანაა, რაც სავსებით საკმარისია გესტჰაუზის ტიპის სასტუმროებისათვის.

ჩართოლანების სახლის რეკონსტრუქციის გეგმა

0x01 graphic

მეორე სართულზე განლაგებულ დიდ სასტუმრო ოთახს, სასურველია, მიუშენდეს სამზარეულო, რომელიც კიბის საშუალებით დაუკავშირდება ოჯახის საცხოვრებელ ფართს, სამეურნეო საწყობებს და ეზოს. მეორე სართულის ცენტრში მოზრდილი ჰოლი კი დააკავშირებს ყველა სათავსოს და ფართო მზიან ტერასას.

როგორც ავღნიშნავთ, არსებულ სახლში აუცილებელი იყო ოჯახის სათავსოების გამიჯვნა, რაც ჩვენი აზრით, ამ პროექტში მოხერხდა. ბინაში შესვლა პირველ სართულზე შესაძლებელი გახდა როგორც მთავარი ჰოლიდან, ისე სამეურნეო ეზოდან. ასეთ შემთხვევაში სასტუმროში ცხოვრება და ოჯახის საქმიანობა დამოუკიდებლად მიმდინარეობს და ამავე დროს, ყველა ურთიერთკავშირი ფუნქციონალურად მარტივი და მოსახერხებელია. სახლის რეკონსტრუქციამ არ შექმნა არავითარი სიძნელეები მისი ნაკვეთის ზონირებაში. წინა ეზოში ოჯახს ფაქტობრივად უკვე მოწყობილი აქვს საყვავილეები, საჭიროა მხოლოდ ფეხმავალთა და ავტომანქანების შესასვლელის ცალ-ცალკე გამიჯვნა, კერძოდ ავტომანქანების სადგომების და სამეურნეო ეზოს მოწყობა სახლის უკანა მხარეს.

სახლის ასეთი გადაკეთების შემთხვევაში, ჩართოლანების ოჯახს შეუძლია წარმატებული სასტუმრო ბიზნესი აწარმოოს, ვინაიდან შექმნილ ინფრასტრუქტურას დაემატება მათი შრომისუნარიანობა და სტუმართმოყვარეობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ამ სასტუმროს.

მსგავსი სარეკონსტრუქციო საქმიანობისათვის სასურველია ასეთ ოჯახებს სახელმწიფომ გაუწიოს დახმარება დაბალ პროცენტიანი სესხების გაცემით.

ლევან ლორთქიფანიძე,
არქიტექტორი,
კურორტ გუდაურის და ბაკურიანის გენგეგმის ავტორი.

6 ტურისტების მომსახურების დანახარჯების გათვლები (საოჯახო სასტუმროს მფლობელთათვის)

▲ზევით დაბრუნება


როგორც უცხოეთში, ისე ჩვენი ქვეყნის რეგიონებში, სადაც ტურისტების ხალხმრავალი ნაკადებია, უკვე დიდი ხანია მოქმედებს საოჯახო სასტუმროები (ქობულეთი, ბათუმი, ბორჯომი, ბაკურიანი).

საქართველოს მაღალმთიანეთი (სვანეთი, რაჭა ხევსურეთი, თუშეთი, ზემო აჭარა და სხვა) ტურისტებისათვის საუცხოო დასასვენებელი ადგილია, თუმცა ამჟამად ეს რეგიონები მათ მიერ ნაკლებადაა ათვისებული. ხოლო მომავალში მოსალოდნელია, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების დიდი ნაკადის ჩასვლა ამ რეგიონებში. ამიტომ სასურველია, საოჯახო სასტუმროების მომავალმა მეპატრონეებმა იცოდნენ, როგორც სტუმრის მიღებაზე გაწეული ხარჯების, ისე სახელმწიფო გადასახადების გათვლა და საგადასახადო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მრავალი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრებზე საქონლის (მომსახურების) დეფიციტის პირობებში, მწარმოებლების ძირითად ამოცანას წარმოადგენდა წარმოებული პროდუქციის განაწილება. ასეთი ტიპის ბაზრები, რომლებიც დღეს იშვიათად გვხვდება, ცნობილია „გამყიდველის ბაზრის“ სახელით.

მრეწველობის, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის და კონკურენციის სწრაფმა ზრდამ განაპირობა საქონლის (მომსახურების) მიწოდების ნაკადები, რომელმაც თანდათან გადააჭარბა ბაზარზე არსებული მოთხოვნების მოცულობას. ამიტომ „გამყიდველის ბაზარი“ თანდათან გარდაიქმნა „მომხმარებლის ბაზრად“, ანუ ამ შემთხვევაში საქონლის ბაზარზე მთავარია მომხმარებლის ნება და ინტერესი. ამ დროს მწარმოებლის ძირითადი ამოცანაა განსაზღვროს, თუ რა მოცულობის პროდუქციის (მომსახურების) რეალიზაცია შეუძლია მას.

ფასდების (ფასწარმოქმნის) ეფექტიანობა მდგომარეობს ბაზარზე მიწოდებული (მისაწოდებელი) საქონლის ან მომსახურებისათვის რეალისტური ფასების განსაზღვრაში და მაქსიმალურად მოქნილი ფასდათმობების შემუშავებაში.

გასული საუკუნის 60-იან წლებში მსოფლიოში ფასწარმოქმნას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება, მაგრამ 80-ანი წლებიდან მას უკვე წარმატების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად მიიჩნევენ. ამჟამად ფასების პოლიტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფირმამ თავისი პროდუქციის ფასის ვარიაციით და ბაზრის მდგომარეობის მიხედვით უნდა შეძლოს ბაზრის გარკვეული ნაწილის ათვისება და დაგეგმილი მოგების მიღება.

ფასწარმოქმნის პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მასტიმულირებელ ფაქტორს წარმოადგენს ფასდათმობათა თანამედროვე პრაქტიკა. ამ დროს ფირმა-მეწარმე თავის მომხმარებელს სთავაზობს გარკვეულ პროცენტიან ფასდაკლებას, თუ ეს უკანასკნელი მისგან შეიძენს განსაზღვრული ოდენობის, ან ღირებულების პროდუქციას.

თავისუფალი საბაზრო კონკურენციის პირობებში ფასების ფორმირება ხდება მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთმოქმედების შედეგად.

მოთხოვნა - ეს საქონლის ან მომსახურების ის რაოდენობაა, რომლის შესყიდვაც მომხმარებელს შეუძლია სათანადო ფასებში მოცემულ დროსა და განსაზღვრულ ადგილზე. მოთხოვნა საწინააღმდეგო დამოკიდებულებაშია ფასთან მიმართებაში: რაც უფრო მაღალია ფასი, მით უფრო ნაკლებია მოთხოვნა მოცემულ საქონელზე ან მომსახურებაზე.

მიწოდება - ეს არის იმ საქონლის ან მომსახურების რაოდენობა, რომლის გაყიდვა შეუძლიათ (მზად არიან გაყიდონ, მოემსახურონ) მწარმოებლებს შესაძლო ფასში მოცემულ დროსა და განსაზღვრულ ადგილზე. მიწოდება პირდაპირ დამოკიდებულებაშია ფასზე: რაც უფრო მაღალია ერთეული საქონლის გასაყიდი ფასი, მით მეტი საქონლის წარმოება შეუძლია მეწარმეს.

ფასების ზრდა სტიმულს იძლევა წარმოების, მომსახურების გასაფართოვებლად, მაგრამ, ამავე დროს, მას თან ახლავს მოთხოვნის შემცირება. ფასების შემცირებისას საპირისპირო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამრიგად, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასი ასრულებს გარკვეულ მარეგულირებელ ფუნქციას მეწარმეებსა და მომხმარებლებს შორის, რაც ეკონომიკას წონასწორული მდგომარეობისაკენ წარმართავს.

სამეწარმეო საქმიანობის ყველაზე მარტივი და ყველაზე ძველი ფორმაა ინდივიდუალური კერძო საწარმო. ასეთი ტიპის საწარმოს ყველა საშუალებებს (მატერიალურ ფონდებს) ფლობს ერთი მესაკუთრე-ინდმეწარმე, რომელიც დამოუკიდებლად წყვეტს საკითხს, თუ რა, როგორ, რა ფასად და ვისთვის აწარმოოს (მოემსახუროს). იგი ერთპიროვნულად განაგებს მიღებულ შემოსავლებს, აკისრია შეუზღუდავი მატერიალური პასუხისმგებლობა და პასუხს აგებს ვალდებულებებზე მთელი თავისი ქონებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის (მუხლი 100) თანახმად, მეწარმე ვალდებულია წარმოების, მაგალითად, საოჯახო სასტუმროს გახსნიდან ათი დღის ვადაში საიდენტიფიკაციო კოდის მისაღებად მიმართოს ადგილობრივ საგადასახადო ინსპექციას, რომელიც მეწარმეს - ფიზიკურ პირს, განცხადების წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში მიანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს და ამავე ვადაში გადასცემს მას გადასახადის გადამხდელის მოწმობას.

სასურველია ინდმეწარმემ, მუშაობის დაწყებამდე გაარკვიოს, თუ კონკრეტულად რამდენი დანახარჯი ექნება თავისი შენობის სასტუმროს მოწყობაზე (გარეგნული იერსახე, გათბობა, სათანადო სერვისი და სხვა). ყოველივე ამის შემდეგ საჭიროა გაიანგარიშოს თუ რა რაოდენობის და ფასის პროდუქტი, ელექტროენერგია, საყოფაცხოვრებო საგნებია საჭირო, რათა გაწეული დანახარჯების გათვალისწინებით მიიღოს მოგება, ე.ი. ინდმეწარმეს ესაჭიროება მომსახურებაზე დანახარჯების ჩამონათვალის-კალკულაციის შედგენის ცოდნა.

გასაწევი ხარჯები შედგება ორი ძირითადი სახის - მუდმივი და ცვლადი ხარჯების ჯამისაგან.

მუდმივი - ისეთი დანახარჯებია, რომელთა სიდიდეზე არ მოქმედებს მომსახურების მოცულობის ცვლილება. ასეთებია შენობის ქირა (თუკი ინდმეწარმე იხდის მას), გაცვეთილი ძირითადი საშუალებების რემონტისათვის საჭირო თანხები, უძრავი ქონების გადასახადი, სეზონურად დაქირავებული პერსონალის ხელფასი და ა.შ. ეს ის ხარჯებია, რომელსაც ინდმეწარმე გადაიხდის, თუნდაც გარკვეულ ეტაპზე კლიენტურაც რომ არ ჰყავდეს.

ცვლადი - ისეთი დანახარჯებია, რომელთა სიდიდე იცვლება მომსახურების მოცულობასთან ერთად. მას მიეკუთვნება დანახარჯები საკვებ პროდუქტებზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე, სატრანსპორტო მომსახურებაზე და ა.შ.

დანახარჯების კალკულაციაში დაწვრილებით და უკლებლივ უნდა იყოს ნაჩვენები ყველა ის ხარჯი, რომელიც მოსალოდნელია მუშაობის პროცესში. მატერიალურ დანახარჯებთან ერთად გათვალისწინებულია ბიუჯეტში გადასახდელი თანხებიც.

მაგალითისათვის შევადგინოთ დანახარჯების კალკულაცია ერთ დამსვენებელზე:

ჯარჯების ჩამონათვალი (ლარებში):

შეძენილი კვების პროდუქტი
და ნედლეული

250,00

ელექტროენერგია

20,00

გაზი

20,00

შესყიდული წარმოების
ძირითადი საშუალებები
(მაგიდა, საწოლი, თეთრეული):

35,00

ძირითადი შაშუალებების
რემონტი

10,00

უძრავი ქონების გადასახადი

15,00

სხვა გაუთვალისწინებელი
ხარჯები

20,00

სულ:

370,00

ვთქვათ, ერთი თვის შემოსავალი შეადგენს 500 ლარს, მაშინ სოციალური გადასახადი - შემოსავლისა (500ლ) და დანახარჯების (370ლ) სხვაობის (130ლ) 20%25-ის ანუ 26 ლარის ტოლია.

ამის შემდეგ 130 ლარს უნდა გამოვაკლოთ სოციალური გადასახადის (26ლ) და მათი სხვაობიდან (104ლ) ვიანგარიშებთ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც 12%25-ს შეადგენს. განხილულ შემთხვევაში იგი 104-ის 12%25-ის ტოლია, ანუ 12,48 ლარი.

ე.ი. თქვენი მთლიანი დანახარჯი ერთ დამსვენებელზე იქნება 370ლ+12,48ლ=408,48ლ, ხოლო თქვენი მოგება იქნება 500-408,48=91,52ლ.

შემდეგ წელს, თუკი თქვენ აგრძელებთ მუშაობას, ბიუჯეტში იხდით წინა წელს გადახდილ საშემოსავლო გადასახადს - 12,48 ლარს და სოციალურ გადასახადს -26 ლარს ასეთი გრაფიკით: 15 მაისს 12,48 ლარის 25%25-ს, რომელიც ტოლია 6.50 ლარის, ე.ი. სულ 3.12+6.50=9.72 ლარს. ამავე ტანხას გადაიხდით 15 ივლისს, 15 სექტემბერს და 15 დეკემბერს.

თუ თქვენ შემდგომ წელს წყვეტთ მუშაობას, ამის შესახებ ოფიციალურად, წერილობით უნდა შეატყობინოთ საგადასახადო ინსპექციას, რათა თავიდან აიცილოთ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები.

იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში თქვენი მიღებული ერთობლივი შემოსავალი აღემატება 35000 ლარს, თქვენ საგადასახადო კოდექსის თანახმად (მუხლი 217-ის „ე“ ქვეპუნქტი), საშემოსავლო და მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას წარუდგენთ საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე.

საგასახადო კოდექსის (მუხლი 168 „ლ“ პუნქტი) თანახმად, ინდმეწარმე, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და იჯარით გასცემს საცხოვრებელ ფართს 60 კვადრატულ მეტრამდე, თავისუფლდება როგორც საშემოსავლო, ისე სოციალური გადასახადისაგან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებსაც, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის. კერძოდ: მრავალშვილიანი (სამი და მეტი შვილი) პირი, რომელსაც გაქირავებული აქვს 60 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან თუ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 3000 ლარს; გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ერთ ან ორშვილიან პირს კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი უმცირდება 50 პროცენტით.

თუკი თქვენ ერთჯერადად დაიქირავებთ მუშაკს (მაგალითად, მძღოლს), ვალდებული იქნებით დადოთ მასთან ხელშეკრულება, დაბეგროთ მისი ანაზღაურება საშემოსავლო გადასახადით და ეს თანხა გადაიხადოთ ბიუჯეტში ანაზღაურებიდან სამი დღის ვადაში.

მაგალითად: ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მძღოლის მუშაობის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით. ამ თანხას უნდა დავაკლოთ საშემოსავლო გადასახადი - 12%25 ანუ 12 ლარი. ე.ი. ამ შემთხვევაში მძღოლი ხელზე მიიღებს 88 ლარს. ამ საშემოსავლო გადასახადის (12 ლარის) გარდა მეწარმემ ბიუჯეტში უნდა გადაიხადოს სოცნარიცხიც - 100 ლარის 20%25, ე.ი. 20 ლარი.

საგადასახადო კოდექსის (მუხლი 217-ის მე-2 ნაწილი) თანახმად ინდმეწარმე ვალდებულია, აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების გამარტივებული აღრიცხვა საგადასახადო ინსპექციის ბეჭდით დადასტურებულ ჟურნალში.

საგადასახადო კოდექსის (მუხლი 272-ე მეოთხე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი) თანახმად, გარდა აღნიშნული გადასახადებისა, თქვენ გევალებათ ქონების გადასახადის გადახდა ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ქონებაზე (საწოლი, მაგიდა, თეთრეული და ა.შ.), რომელიც მეტად მცირეა და გამოიანგარიშება შემდეგნაირად: ვთქვათ, საანგარიშო წლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების ღირებულება 1000 ლარია. წელიწადში დასარიცხი ცვეთა შეადგენს ამ ქონების ღირებულების 20%25-ს, ე.ი. 200 ლარს. 1000 ლარს უნდა გამოვაკლოთ 200 ლარი და გადასახადი იქნება დარჩენილი 800 ლარის 1%25, ე.ი. 8 ლარი. ეს თანხა უნდა გადაიხადოთ შემდგომ წელს თანაბარწილად - ორ-ორი ლარი 15 აპრილისათვის, 15 ივლისისათვის, 15 ოქტომბრისათვის, 15 ოქტომბრისათვის და შემდეგი წლის 15 იანვრისათვის.

ყველა საწარმო, მიუხედავად იმისა ვრცელდება თუ არა მასზე შეღავათები, ვალდებულია სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება აწარმოოს საგადასახადო კოდექსით მკაცრად განსაზღვრულ ვადებში, რათა თავიდან აიცილოს კოდექსით დადგენილი ჯარიმები.

საგადასახადო ორგანიზაციებში დადგენილ ვადებში და დადგენილი ფორმით საბუთების ჩაბარების გარდა, მეწარმეს ასევე ევალება აწარმოოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, როგორიცაა პროდუქციის შესყიდვის, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები და ა.შ. ამ დოკუმენტებში ასახული უნდა იყოს:

  • დოკუმენტის დასახელება;

  • დოკუმენტის შედგენის თარიღი;

  • დოკუმენტის ნომერი;

  • სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა რეკვიზიტები: ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი (თუკი არსებობს ასეთი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, მისი გამცემი ორგანოს დასახელება, გაცემის თარიღი;

  • სამეურნეო ოპერაციის შინაარსი;

  • გაცემული საქონლის/მომსახურების დასახელება, მისი ოდენობა;

  • გაცემული საქონლის/მომსახურების ღირებულება (ჩამონათვალის მიხედვით);

  • სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა ხელმოწერები.

პირველადი საგადასახადო დოკუმენტები დგება არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გრჩებათ თქვენ, ხოლო მეორე გადაეცემა შემსრულებელს. სააღრიცხვო დოკუმენტაცია სავალდებულოა შეინახოთ არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.

ყველა ინდმეწარმემ საქმიანობის დაწყების წინ სასურველია შეიძინოს საქართველოს საგადასახადო კოდექსი და უფრო დაწვრილებით გაეცნოს მისთვის საჭირო მუხლებს, ამასთანავე გაიაროს კონსულტაცია საგადასახადო ინსპექციის იურისტთან. ყოველივე ეს თქვენ დაგეხმარებათ საწარმოს გამართულად და წარმატებით მუშაობაში.

ინდმეწარმის წარმატება ბევრადაა დამოკიდებული მეწარმის უნარ-ჩვევებზე, მის ალღოზე და პიროვნულ თვისებებზე, სწორედ ამიტომ საბაზრო კონკურენციის პირობებში დიდ წარმატებას აღწევენ ძირითადად უნარიანი და ენერგიული ადამიანები.

ზემოთ აღწერილი ვალდებულება-მოვალეობები და ურთიერთობა საგადასახადო ინსპექციასთან ერთი შეხედვით შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ღრმად ჩაწვდებით, მიხვდებით, რომ ისინი შესასრულებლად იოლია. რასაკვირველია, ამას თანმიმდევრული და დაკვირვებული მუშაობა სჭირდება.

რუსუდან რუხაძე,
საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი.

7 რეკომენდაციები ოჯახური სასტუმროს დიასახლისებისათვის

▲ზევით დაბრუნება


მთაში წასული ტურისტი ითვლება აქტიურ დამსვენებლად, ვინაიდან დღის განმავლობაში ხარჯავს დიდ ენერგიას. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ სასტუმროში დაისვენებს, იგრძნობს თუ არა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ.

ოჯახური სასტუმრო წარმატებულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა ოთხი ძირითადი რამ - კეთილმოწყობილი სახლი და კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალი.

კეთილმოწყობილი სახლი - ეს არის ეზო, სასტუმრო ოთახი, საძინებელი აბაზანა, საპირფარეშო, რომლებიც სასურველია შემდეგნაირად გამოიყურებოდეს:

ეზო - სახლის ეზო უნდა იყოს გამწვანებული, ყვავილებით გალამაზებული, დასუფთავებული და მოვლილი, არ უნდა იყოს გადატვირთული ძველი სამეურნეო ინვენტარით. სასურველია ეზოში იდგეს მაგიდა და სკამები, სადაც კარგ ამინდში ტურისტი ისადილებს, ისაუზმებს და მზეს მიეფიცხება. სამეურნეო-საყოფაცხოვრებო საქმეები (სარეცხის გაფენა, ნაგვის გატანა, შეშის დაპობა და ა.შ.) უნდა ხდებოდეს უკანა ეზოს მხარეს, მოფარებულ ადგილას, უკიდურეს შემთხვევაში, სტუმრების არყოფნის დროს.

სასტუმრო (სასადილო) ოთახი - სადაც იკრიბებიან, საუზმობენ, სადილობენ და ვახშმობენ ტურიტები, უნდა იყოს ნათელი და სუფთა, ხშირად უნდა ნიავდებოდეს. არ უნდა იყოს ავეჯით გადატვირთული და არ უნდა იდგეს საწოლი.

საძინებელი - ტურისტისათვის განკუთვნილ საძინებელ ოთახს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი შესასვლელი, ფანჯარა ფარდით გაწყობილი (სასურველია, ორი სახის: სქელი და თხელი). ოთახში უნდა იყოს განლაგებული შემდეგი ავეჯი და ნივთები:

  • ორი საწოლი - საწოლები უნდა იყოს გამართული; თეთრეული სასურველია თეთრი ფერის და ხშირად გამოიცვალოს;

  • საბანი უნდა შეესაბამებოდეს ბინაში არსებულ საშუალო ტემპერატურას;

  • ყოველ საწოლთან სასურველია იდგეს ე.წ. „ტუმბო“ ან პატარა მაგიდა, რაზეც დაიდგმება ელექტრო ლამფა დამოუკიდებელი ჩამრთველით, ან სინათლის სხვა წყარო;

  • სასურველია საძინებელ ოთახში იყოს სარკე;

  • ტანსაცმლის კარადა (ცარიელი), ან ღია საკიდი;

  • პატარა საწერი მაგიდა;

  • ორი სკამი;

  • ყოველ ტურისტს ოთახში უნდა დახვდეს ერთი დიდი და ერთი - პატარა პირსახოცი.

ოთახში ან კარადაში არ უნდა ეწყოს ოჯახის წევრების პირადი ნივთები, კედლებზე არ უნდა ეკიდოს საოჯახო ფოტოსურათები; ტურისტს არ უნდა ჰქონდეს იმის შეგრძნება, რომ იგი ვიღაცის ოთახში ცხოვრობს.

საძინებელი ოთახის დალაგება ხდება ყოველდღე, დილის საათებში, როდესაც ტურისტი გასულია ოთახიდან (სასეირნოდ, სასაუზმოდ და ა.შ.). ოთახის დალაგება მოიცავს: მტვრის გადაწმენდას, საწოლის გასწორებას, გადასაფარებლის გადაფარებას, დაგვა-დასუფთავებას ნოტიო ტილოთი. არ არის სასურველი ტურისტის პირადი ნივთების ხელის ხლება და გადაადგილება.

აბაზანა, საპირფარეშო - უნდა იყოს ყოველთვის დასუფთავებული და უზრუნველყოფილი წყლით; თუ არსებობს წყლის შეწყვეტის საშიშროება, საჭიროა დამატებით ჭურჭელში იყოს წყლის საკმარისი მარაგი. აბაზანა და საპრფარეშო აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს, ანუ ჰქონდეს სარკმელი, ან სავენტილაციო მილი. უნდა იყოს კარგად განათებული და ჰქონდეს უსაფრთხო ელექტროგაყვანილობა.

სასურველია, სველ წერტილში, რომელსაც ხმარობენ ტურისტები, იდგეს უნიტაზი და იქვე იყოს ხელსაბანი და საშხაპე.

თუ სასტუმროში არ არსებობს, ან მწყობრიდან გამოვიდა წყლის გამაცხელებელი, დიასახლისმა წყლის გაცხელება უნდა მოახერხოს სხვა საშუალებით. აბაზანაში უნდა იყოს სარკე, პატარა თარო და რამდენიმე საკიდი პირსახოცებისა და ტანსაცმლისათვის. ტურისტს აბაზანაში უნდა დახვდეს საპონი.

აბაზანაში არ უნდა ეწყოს ოჯახის წევრების პირადი ნივთები (კოსმეტიკა, ფლოსტები, სარეცხი და ა.შ.). საპირფარეშოში აუცილებლად უნდა იყოს ტუალეტის ქარალდი და ტუალეტის საწმენდი ჯაგრისი.

თუ ტურისტების რაოდენობა ორ-სამ პერსონაზე მეტია, ხოლო სველი წერტილი მხოლოდ ერთია, საჭიროა იგი დღეში რამდენჯერმე დალაგდეს და ჩაუტარდეს დეზინფექცია სათანადო ხსნარებით.

ტურისტების სტუმრობის დროს ოთახებში არ უნდა იყვნენ შინაური ცხოველები.

ოჯახური სასტუმროს სამართავად საჭიროა ოჯახის შრომისუნარიანი და კეთილგანწყობილი მინიმუმ ორი წევრი - კოორდინატორი და დიასახლისი. თუ ტურისტთა რაოდენობა აღემატება 6-8 პერსონას, საჭირო იქნება მესამე დამხმარე ადამიანი. კოორდინატორსა და დიასახლისს შორის სასურველია ფუნქციები შემდეგნაირად განაწილდეს:

კოორდინატორი - კომუნიკაბელური ადამიანი, თავს უყრის ინფორმაციას ტურისტთა შესახებ, ურთიერთობა აქვს ტურისტულ ორგანიზაციებთან; უზრუნველყოფს სტუმრების მიღება-დაბინავებას, აწვდის ტურისტს ინფორმაციას სასტუმროს შინაგანაწესის და ყველა სახის მომსახურების ფასების შესახებ.

კოორდინატორმა სასურველია წინასწარ იცოდეს ტურისტების ჩამოსვლის ზუსტი თარიღი და დრო, ტურისტთა რაოდენობა, როგორი განლაგებით სჭირდებათ ოთახები (ერთი, ორი ან მეტი ადამიანი ერთ ოთახში), რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან, რა სპეციფიკურობა ახასიათებთ და სხვა. მაგალითად, ებრაელები არ მიირთმევენ ღორის ხორცს, იაპონელებს უყვართ ფეხშიშველი სიარული, ხშირად ვეგეტარიანებელი არიან და ა.შ.

ტურისტმა ან ტურისტულმა ორგანიზაციამ კოორდინატორისაგან წინასწარ უნდა იცოდეს მომსახურების ფასები:

  • ღამისთევა+საუზმე;

  • ღამისთევა ორჯერადი კვებით (საუზმე, ვახშამი);

  • ღამისთევა სამჯერადი კვებით;

  • ლანჩ-ბოქსი (საგზალი);

  • სასტუმროში არსებული დამატებითი მომსახურების საშუალებანი (ცხენი, გიდი, ავტომანქანა და სხვა).

კოორდინატორი აგრეთვე უნდა ზრუნავდეს სასტუმროს სხვადასხვა სამეურნეო საქონლით და პროდუქტით მომარაგებაზე.

დიასახლისი - ძირითადად დაკავებული უნდა იყოს საშინაო საქმეებით. მის კომპეტენციაშია - კერძების მომზადება, ტურისტების კვების დროს მაგიდასთან მომსახურება და ზრუნვა სახლის სისუფთავეზე.

დიასახლისს უნდა ახსოვდეს, რომ სწორად ორგანიზებული კვება და მისი ხარისხი ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.

კოორდინატორი და დიასახლისი, როგორც წესი, უნდა ცდილობდნენ, რომ ოჯახის პირადი სტუმრებით არ შეაწუხონ ტურისტები. აგრეთვე მოარიდონ ისინი ყოველგვარ კონფლიქტურ სიტუაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან ან სხვა ტურისტულ ჯგუფებთან.

ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიძლება ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი ვაქციოთ კარგ ოჯახურ სასტუმროდ.

სასტუმროს მესვეურები ყოველდღიურად უნდა ცდილობდნენ, რომ სასტუმრო გახდეს უფრო კომფორტული, კონკურენტუნარიანი, გაუმჯობესდეს კვების ხარისხი, მომსახურება და საცხოვრებელი პირობები; შეძენილი იქნას უკეთესი ხარისხის ავეჯი, თეთრეული, ჭურჭელი და სხვა.

სასტუმროს კარგი საცხოვრებელი პირობები და მომსახურება იძლევა შესაძლებლობას მოიზიდოთ მეტი ტურისტი და ამით მიიღოთ მეტი შემოსავალი.

ნანა გველებიანი,
გუდაური, სასტუმრო „თრუსო“-ს დირექტორი.

8 რჩევები ტურისტების ავტოტრანსპორტით მომსახურე მძღოლებისათვის

▲ზევით დაბრუნება


წარმოიდგინეთ, როცა თქვენი ოჯახის წევრებთან ერთად, ავტოტრანსპორტით მიემგზავრებით სხვა ქალაქში, გასაგებია, რომ თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ კომფორტულ მგზავრობას. თუ მძღოს ემჩნევა წინა დღით გადამეტებულად მიღებული სასმელი, ბევრს ლაპარაკობს მობილური ტელეფონით, გამუდმებით ეწევა სიგარეტს, მანქანა სახიფათოდ და ბიძგებით დაყავს ცხადია, ეს თქვენ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ტურისტებიც მოითხოვენ ავტომძღოლისაგან კვალიფიციურ მომსახურებას.

ტურიზმის სფეროში ავტოსატრანსპორტო მომსახურებას, მითუმეტეს მაღალ მთაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამიტომ, სასურველია, ყველა მძღოლი პროფესიულად მოემსახუროს კლიენტს, რისთვისაც საწყის ეტაპზე საჭიროა მან რამდენიმე პირობა შეასრულოს, კერძოდ:

  • მივიდეს დანიშნულების ადგილას რამდენიმე წუთით ადრე, მოწესრიგებული, სასიამოვნოდ ჩაცმული და დასვენებული;

  • მანქანა დაახვედროს ტურისტებს ტექნიკურად გამართული, დასუფთავებული, სათადარიგო საბურავით, საჭირო ინსტრუმენტებით აღჭურვილი და საწვავით მომარაგებული;

  • არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადააჭარბოს სიჩქარეს; ცუდი გზის პირობებში 15-20 კმ სიჩქარეც შეიძლება გადაჭარბებულად ჩაითვალოს;

  • დაეხმაროს მგზავრებს ბარგის დატვირთვა-გადმოტვირთვაში;

  • ტურისტების მანქანიდან ჩამოსვლისთანავე შეამოწმოს მანქანის სალონი და დარჩენილი ნივთი დროულად დაუბრუნო პატრონს;

  • რადიომიმღების და მუსიკის ჩართვა-გამორთვა სასურველია შეთანხმებული იყოს მგზავრებთან, რადიომიმღები ძალიან არ უნდა ხმაურობდეს;

  • არ არის სასურველი ტურისტებთან ერთად სხვა პირების მგზავრობა;

  • არ არის აგრეთვე რეკომენდებული გზაში სიგარეტის მოწევა, მობილური ტელეფონით გამუდმებული ლაპარაკი და მანქანიდან გარემოს დანაგვიანება;

  • მგზავრების სურვილისამებრ გააჩეროს მანქანა და ამის გამო არ გამოხატოს უკმაყოფილება;

  • მანქანის დაძვრა, გაჩერება, შეჩერება თუ გზაზე შემხვედრი ორმოს აცილება უნდა ხდებოდეს ისე, რომ მგზავრები ძალიან არ შეწუხდნენ;

  • გზის საშიშ მონაკვეთებზე აუცილებელია მგზავრების მანქანიდან ჩამოსმა და მათთვის ამ ადგილის ფეხით გავლის შეთავაზება;

  • მძღოლი ვალდებულია ზრუნავდეს მგზავრთა უსაფრთხოებაზე, როგორც ავტომანქანაში, ისე მათი გარეთ ყოფნის დროს;

  • თუ გზაზე გამოჩნდა წინაღობები წვიმის შედეგად ჩამოტანილი ქვა-ღორღის, დიდი ტალახის ან სხვა სახით, სჯობს მძღოლმა მგზავრების ან სხვათა დახმარებით გაწმინდოს ეს მონაკვეთი და არ შეეცადოს მანქანით მის გადალახვას, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს მანქანის დაზიანება და ახალი პრობლემის შექმნა;

  • მძღოლი მგზავრობის დროს არ უნდა შეეჭიდოს კოკისპირულ წვიმას, ინტენსიურ თოვას, გაუვალ ნისლს და ბუნების სხვა ჭირვეულობას, რომელმაც შეიძლება საფრთხეში ჩააყენოს მგზავრები - ამ შემთხვევაში რეკომენდებულია უსაფრთხო ადგილას მანქანის დროებით გაჩერება და მოცდა;

  • მძღოლი უნდა შეეცადოს, რომ ტურისტებს ღამით მგზავრობა არ მოუწიოთ.

სასურველი, მძღოლმა ზოგადად იცოდეს მგზავრობის მარშრუტის ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ძეგლების შესახებ და გიდის (მეგზურის) არყოფნის შემთხვევაში შესძლოს მგზავრების კითხვებზე კვალიფიციური პასუხის გაცემა.

მგზავრობის დროს მძღოლი თავისი მოქმედებით არ უნდა იქცევდეს ყურადღებას, არ უნდა ახდენდეს თავისი ოსტატობის აფიშირებას და სხვა. მგზავრები ამას თვითონ შეაფასებენ და კმაყოფილნიც დარჩებიან.

გივი ქართველიშვილი,
საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი.

9 რჩევები სამთო-ტურისტის გამყოლისათვის

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში სამთო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა სამთო გამყოლების - გიდების მაღალი კვალიფიკაცია.

თუ ადგილობრივმა მკვიდრმა ან ვინმე სხვამ რომელიმე მარშრუტი ინდივიდუალურად და მაღალ ტემპში გაიარა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნება უკვე კარგი სამთო გამყოლია.

როგორც ყველა საქმეში, აქაც საჭიროა კონკრეტული საკითხების ცოდნა, რომელიც არაერთი დეტალისაგან შედგება, მითუმეტეს, როცა საქმე გვაქვს ჯგუფის გაძღოლასა და მის უსაფრთხოებასთან.

ქვემოთ მოყვანილია რჩევები სამთო ტურისტის გამყოლისათვის, რომელიც მას გამოადგება თავისი საქმიანობის პირველ ეტაპზე:

  • სამთო ტურისტების გამყოლმა სასურველია იცოდეს საკონტაქტო უცხო ენა (მაგალითად - რუსული, ინგლისური);

  • ტურისტული სეზონის დაწყებამდე, მარშრუტის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, წინასწარ გაიაროს აღნიშნული მარშრუტი;

  • მარშრუტზე გასვლამდე გაეცნოს ჯგუფის შემადგენლობას, მის წევრთა შესაძლებლობებს, სურვილებს, ჯანმრთელობას;

  • მაღალ მთაში რთულ მარშრუტზე გასვლამდე სასურველია ჯგუფმა ჩამოსვლიდან ერთი-ორი დღის განმავლობაში მიიღოს ადაპტაცია-აკლიმატიზაცია;

  • ჯგუფთან ერთობლივად განიხილოს მარშრუტი, შეათანხმოს ჯგუფის წევრებთან მარშრუტზე სიარულის ხანგრძლივობა და ტემპი, შესვენების ადგილი და დრო, შეარჩევინოს ჯგუფს შესაბამისი ჩაცმულობა, საერთო საჭურველი, საგზალი და სხვა, მარშრუტზე გასვლამდე შეამოწმოს ჯგუფის საერთო საჭურველის (კარავი, თოკი, პრიმუსი და სხვა) ვარგისიანობა;

  • მარშრუტის გავლის მთელ პერიოდისათვის იცოდეს სინოპტიკოსების მონაცემები და ჰქონდეს კავშირი (ტექნიკური საშუალებებით) დასახლებულ პუნქტებთან;

  • გამყოლი უნდა გამოცხადდეს ჯგუფთან მარშრუტზე გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მოწესრიგებული და დასვენებული, უნდა იყოს მარშრუტის გავლისათვის შესაფერისად ჩაცმული, ჰქონდეს აღჭურვილობა და საერთო საჭურველის ნაწილი (ალტიმეტრი, რუკა, მარშრუტის აღწერილობა, პრიმუსი, თერმოსი, დანა, ფანარი, კავშირის საშუალება, მცირე აფთიაქი და სხვა);

  • თუ მარშრუტი რთულია, გამყოლი კი - ერთი, სასურველია ჯგუფი შედგებოდეს არა უმეტეს 8-10 კაცისაგან;

  • ერთნაირი მონდომებით მოემსახუროს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტს;

  • ჯგუფი გაიყვანოს მარშრუტზე და უკან დააბრუნოს დათქმულ დროს;

  • საჭურველი, საგზალი და მარშრუტის გავლისათვის საჭირო დრო გათვლილი უნდა იყოს უამინდობაზეც;

  • მარშრუტზე გასვლის წინ ჯგუფის ადგილსამყოფელში ან თავის მეწყვილესთან დატოვოს შეტყობინება, თუ რომელ მარშრუტზე გადის, დაბრუნების თარიღი და საათის მითითებით;

  • ეცადოს დათქმულ მარშრუტს არ გადაუხვიოს; თუ აერია გზა, სასურველია, დაბრუნდეს მარშრუტიდან აცდენის ადგილამდე და გააგრძელოს სვლა მარშრუტით;

  • სასურველია მარშრუტის მონაკვეთებზე ჰქონდეს დასვენებისათვის შერჩეული კარგი ადგილები და შეეძლოს იქიდან გადაშლილი პანორამის აღწერა;

  • მარშრუტის პირველი მონაკვეთი დაიწყოს ნელი ტემპით და ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ ჯგუფი დაასვენოს, რათა ტურისტებმა მოირგონ სამოსი, გაისწორონ ჩაცმულობა, ზურგჩანთა, შეეგუონ სიარულს და სხვა;

  • მარშრუტის გავლის მთელ პერიოდში ჯგუფის ყველა მონაწილე უნდა იყოს გამყოლის თვალთახედვის არეში, ამიტომ აუცილებელი პირობაა ჯგუფი არ გაიწელოს;

  • გამყოლი უნდა იკვებებოდეს ჯგუფთან ერთად და, სასურველია, არ ეწეოდეს სიგარეტს;

  • ყოვლად დაუშვებელია მარშრუტზე რაიმე ნაგვის დაყრა, აუცილებელია მისი ჩამოტანა პოლიეთილენის პარკებით სანაგვე ყუთამდე;

  • სიარულის ტემპი შეარჩიოს ჯგუფში ყველაზე სუსტი მონაწილის ტემპის გათვალისწინებით;

  • ფიზიკურად სუსტ მონაწილეს, მითუმეტეს მდედრობითი სქესის წარმომადგენელ, დელიკატურად შესთავაზოს ბარგის ნაწილის წაღება ან ტვირთი გადაუნაწილოს ჯგუფის წევრებს;

  • თუ მარშრუტზე ჯგუფს რეგულარულად ჩამორჩება რომელიმე მონაწილე, უნდა გაარკვიოს ამის მიზეზი. შეიძლება ეს იყოს ბარგის ზედმეტი წონა, ცუდად ჩალაგებული და მოურგებელი ზურგჩანთა, ფეხსაცმელი, სვლის ტემპი, ჯანმრთელობა; გაითავლისწინოს დადგენილი მიზეზი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება;

  • თუ ჯგუფში ვინმე შეუძლოდ შეიქნა და აუცილებელი გახდა მისი უკან დაბრუნება, ავადმყოფს უნდა გააყოლოს სულ მცირე ორი ტურისტი, თუ ამის საშუალება არ არის, ჯგუფი მთლიანად უნდა მოხსნას მარშრუტიდან და დააბრუნოს;

  • მარშრუტის გავლის დროს უნდა ეცადოს დაიცვას ჯგუფთან წინასწარ შეთანხმებული პირობები: სიარულის ტემპი, სადილის, დასვენების, ღამისთევისა და დაბრუნების დრო და სხვა;

  • დღის ბოლოს საშუალედო ბანაკებში კარვების გაშლა, აგრეთვე მარშრუტიდან დაბრუნების დრო ისე უნდა განისაზღვროს, რომ ტურისტებმა ყველაფერი უნდა მოასწრონ დაბნელებამდე;

  • სამთო გამყოლმა უნდა გაიაროს პირველადი სამედიცინო დახმარების სპეციალური კურსი;

  • საჭიროების შემთხვევაში შეეძლოს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;

  • ყოველი მარშრუტის გავლის დროს ჯგუფს უნდა ჰქონდეს ე.წ. პირველადი დახმარების წამლები და საშუალებები (გულის, კუჭის, ყელის, წნევის, დამწვრობის, ჭრილობის, სიცხის დამწევი, თავის ტკივილის; ბინტი, ბამბა და სხვა.) გამყოლმა უნდა იცოდეს საველე აფთიაქში არსებული წამლების დანიშნულება და მისი მიღების წესები;

  • გამყოლი ყურადღებით უნდა იყოს, რათა ტურისტმა მარშრუტის გავლის პროცესში არ დაკრიფოს და არ შეჭამოს რაიმე უცნობი და მაწყინარი მცენარის ნაყოფი;

  • გამყოლმა არ უნდა დაუშვას ჯგუფის მონაწილეებში მზით დამწვრობა, მოყინვა, მთელი ჯგუფის ან მისი წევრის გადაღლა, ჯგუფის წევრის ახირებული სურვილის შესრულება: ციცაბო კლდეზე ასვლა, მარშრუტიდან გადახვევა, ცივ წყალში ბანაობა და სხვა;

  • მარშრუტზე ყოვლად დაუშვებელია ალკოჰოლიანი სასმელების წაღება და შემთხვევით შეხვედრილი ადგილობრივი მაცხოვრებლების ან სხვათა მიერ შემოთავაზებული ალკოჰოლიანი სასმელების მიღება;

  • საგზალის პროდუქტები სასურველია იყოს მრავალფეროვანი და კარგი ხარისხის; რაოდენობა უნდა განისაზღვროს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით: რამდენი კაცი და რამდენი ქალია ჯგუფში, რა ასაკის არიან, რა მარშრუტია გასავლელი, რამდენი საათი თუ დღეა სავალი, წლის რა პერიოდია, რა პროდუქტების შეძენა შეიძლება გზაზე, როგორი ამინდია მოსალოდნელი. გასათვალისწინებელია ჯგუფის გემოვნება და მატერიალური შესაძლებლობებიც. პროდუქტების წონა უნდა დადგინდეს იმის მიხედვით თუ რამდენი საუზმე, სადილი და ვახშამია დაგეგმილი მარშრუტის გავლის პერიოდში; ყოველივე ამის გათვალისწინებით პროდუქტების რაოდენობა შესაძლოა მერყეობდეს 600-800 გრამამდე დღეში (მშრალი პროდუქტი ერთ კაცდღეზე);

  • სჯობს საჭურველისა და პროდუქტების შერჩევაზე საკმარისი დრო დაიხარჯოს მარშრუტზე გასვლამდე, რათა ყველაფერი იყოს ზუსტად გათვლილი და ჯგუფმა ზედმეტი არაფერი ატაროს და არც არაფერი არ დააკლდეს;

  • მარშრუტის გავლის მთელ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტების ტრანსპორტირების პირობებს, მის მოვლას ღამისთევის ადგილებში, რათა პროდუქტი არ დაიჭყლიტოს, არ გაფუჭდეს, არ დასველდეს, არ შეჭამოს ცხოველებმა და სხვა, დიდი მნიშვნელობა აქვს პროდუქტების შეფუთვასა და ჩალაგებასაც;

  • თუ ჯგუფი რამდენიმე დღით გადის მარშრუტზე, სასურველია პროდუქტები დაიყოს და დაფასოვდეს მისი მოხმარების დღეების მიხედვით: მარშრუტის გავლის პირველი, მეორე და ა.შ. დღეებზე;

  • ვინაიდან სამთო გამყოლები, როგორც წესი, მარშრუტზე ტურისტებთან ერთად რამდენიმე დღე არიან, აუცილებელია გამყოლმა იცოდეს საველე პირობებში რამდენიმე დასახელების ცხელი კერძის დამზადებაც.

სამთო-ტურისტის საჭურველის
სავარაუდო ნუსხა

  • ზურგჩანთა (საშუალო ან დიდი ზომის)

  • საძილე ტომარა

  • „კარემატი“ (პარალონი)

  • სამთო ფეხსაცმელი

  • კედები

  • გამაშები - გეტრები

  • წინდები

  • საცვალი

  • პერანგი გრძელსახელოიანი

  • შარვალი გრძელტოტიანი, ქამარი

  • სვიტერი - შალის თბილი

  • სვიტერი - უსახელოებო

  • ქურთუკი

  • „ანორაკი“ (ქარის, წვიმის საწინააღმდეგო)

  • ქუდი თბილი და მზისგან დამცავი

  • ხელთათმანი თითებიანი

  • თხილამური ან რაიმე ჯოხი

  • შავი სათვალე

  • ლაბადა წვიმის (პოლიეთილენის) ან სხვა

  • ჯიბის ფანარი, ასანთები საშუალება

  • პირადი ჰიგიენის საგნები

  • ჯამი, კოვზი, ჩანგალი, დანა, კათხა

  • მათარა ან პოლიეთილენის ბოთლი

  • ბლოკნოტი, კალმისტარი, ფანქარი

  • ვიდეო კამერა, ტელეფონი, ჭოგრიტი, ფოტოაპარატი

საერთო მოხმარების საჭურველის და სამეურნეო საქონლის
სავარაუდო ნუსხა

  • კარავი

  • თოკი ალპინისტური≈30,0-40,0მ.

  • კომპასი, დურბინდი-ჭოგრიტი

  • საველე აფთიაქი

  • ნიჩაბი პატარა ან წერაყინი

  • პრიმუსი გაზის, ბენზინის - საწვავით

  • ცული პატარა, (მარშრუტზე ტყის არსებობის შემთხვევაში)

  • თოკი სამეურნეო

  • ქვაბები მსუბუქი, სხვადასხვა ზომის

  • ტაფა პატარა

  • ჩამჩა პატარა

  • სამზარეულოს დანა (მჭრელი)

  • ჯამი 3-4 ლიტრიანი

  • ასანთი-სანთებელა

  • ნემსი, ძაფი, წებოვანა (სკოჩი)

  • პოლიეთილენის პარკები ნარჩენების წამოსაღებად.

პირადი და საერთო საჭურველი სასურველია შეესაბამებოდეს ჩამონათვალს. რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ჯგუფის მატერიალური შესაძლებლობები; საჭურველი უნდა იყოს მსუბუქი, მცირე მოცულობის და კარგად მორგებული, ხოლო კორექცია უნდა გაკეთდეს მარშრუტის ხანგრძლივობის, სირთულის, სეზონის, ამინდისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ცხელი კერძების სავარაუდო ნუსხა
(საველე პირობებში

  • ფაფა ბრინჯის, მანანის, ჰერკულესი, წიწიბურა

  • ბორშჩი, შჩი

  • სუპი ბრინჯით ან მაკარონით

  • სუბლიმირებული სუპები (სხვადასხვა)

  • ფლავი ხორცით, ყველით, კარაქით

  • ერბოკვერცხი, ომლეტი

  • პიურე, მოხარშული კართოფილი

  • ყიყლიყო, გრენკი

  • კომპოტი, ჩაი, ყავა, კაკაო, რძე

ჩვენ ვარაუდით, აღნიშნული რჩევები გამყოლს გამოადგება თავისი საქმიანობის საწყის ეტაპზე. მისი შემდგომი პროფესიული სრულყოფა დამოკიდებულია მონდომებაზე, პრაქტიკაზე და პიროვნულ თვისებებზე.

გივი ქართველიშვილი,
საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი.

10 ტურიზმის ეკოლოგია

▲ზევით დაბრუნება


დღეს, როდესაც მსოფლიო საზოგადოება დაღლილია დიდი ქალაქებისა და აგლომერაციების ერთფეროვნებით, დახუთული გარემოთი და ცხოვრების თავბრუდამხვევი ტემპით, მეტად ფასეული გახდა დასვენება მთაში პატარა, მაგრამ კარგათ მოწყობილი ოჯახური ტიპის სასტუმროში. ასეთი სასტუმროები ტურისტს საშუალებას ეძლევს თავი იგრძნოს ადგილიბრივ ყოფასთან და ბუნებასთან უფრო ახლოს. ამ პრაქტიკამ უნდა ფეხი მოიკიდოს ჩვენს მაღალმთიანეთში.

კავკასიონის მწვერვალები, უღელტეხილები, მყინვარები, მღვიმეები, მდინარეები, ჩანჩქერები ახლო მომავალში მოიზიდავს სამთო ტურისტების, ალპინისტების, მოგზაურობისა და აქტიური დასვენების მოყვარულთა ხალხმრავალ ნაკადს. თუ გვსურს შევინარჩუნოთ ჩვენი ბუნება და მისი ნახვის მსურველთა ლტოლვა, აუცილებელია ყველა ჩვენგანმა და ჩვენმა სტუმრებმაც დავიცვათ მთის ეკოლოგიის უსაფრთხოება.

ბოლო წლებში სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ყურადღება დაეთმო ტერმინს „ეკოტურიზმი“. ეკოტურიზმის კონცეფციის აღმოცენება პირველ რიგში გამოიწვია ბუნებრივი გარემოს მიმართ ინტერესის ზრდამ და იმის გაცნობიერება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბუნებრივი გარემოს დაცვა და მისი შენარჩუნება. განსაკუთრებით იგრძნობა ამ საკითხის მნიშვნელობა იმ შემაშფოთებელ ფონზე, როდესაც ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედებამ უკვე საშიშ დონეს მიაღწია და გადაგვარებას უქადის ბუნების მიერ ნაბოძებ კლიმატურ რესურსებს. ამის გამო თანდათან ირღვევა გარემოსთან შეგუების ბუნებრივი წონასწორობა, რაც მისი მზარდი დაბინძურებითაა გამოწვეული.

გლობალური დათბობის შედეგად მოსალოდნელი ეკოკატასტროფის საშიშროებამ ნათლად დაანახა მთელ კაცობრიობას, თუ რაოდენ სავალალოა ეკოლოგიური საკითხების უგულვებელყოფა. ნებისმიერი ასეთი საკითხის, უდიდეს მნიშვნელობას იძენს ჩვენს დროში, როდესაც კაცობრიობა უკვე ყოველდღიურად იმკის ბუნებაზე გაუაზრებელი ზემოქმედების შედეგებს. ამიტომ საჭიროა არა მარტო სახელმწიფომ, არამედ ლოკალურ დონეზეც ეკოლოგიური წესების გააზრება და შესაბამისი მოქმედება. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს საკითხი ტურიზმის საკითხები შესწავლისა და ცხოვრებაში ფართოდ დანერგვის საგანი.

პირველად ტერმინი „ეკოტურიზმი“ გვხვდება 80-იანი წლების ბოლოს შექმნილ ნაშრომებში. მისი წარმოშობა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული იყო იმ რეაქციასთან, რომელიც გამოიწვია ევროპაში მასობრივი ტურიზმის მიერ ბუნებრივ გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა და უარყოფითმა გავლენამ.

ჩვენი მყიფე ბუნებრივი გარემოს ნახვის, შესწავლისა და მავნე ზეგავლენისაგან დაცვის იდეამ შეათავზა ტერმინი „ეკო“, რომელიც ასოცისრდება ეკოლოგიასთან, ეკოსისტემასთან, ეკოსფეროსთან და წარმოიშვა დღეისათვის ტურიზმის ისეთი პოპულარული და კეთილშობილური მიმართულება როგორიცაა ეკოტურიზმი.

ტერმინის „ეკოტურიზმის“ განსაზღვრა შემდეგია: მოგზაურობა შედარებით ხელუხლებელ და დაუბინძურებელ ტერიტორიაზე მისი პეიზაჟის, ველური ბუნების, ცხოველთა სამყაროს და კულტურული ღირსშესანიშნაობების შესწავლისა და დათვალიერების მიზნით. ეს არის კულტურული დასვენება ბუნების წიაღში, რომელიც არ აყენებს ზიანს გარემოს.

ტერიტორიის მონახულება, მისი გაცნობა და ბუნებრივი ელემენტების შესწავლა სიახლეს არ წარმოადგენს. რეკრეაციული აქტივობის ისეთი სახეობები, როგორიცაა ლაშქრობა, ალპინიზმი, სათხილამურო სპორტი და სხვა, პოპულარული იყო ჯერ კიდევ ტერმინ „ეკოტურიზმის“ შემოღებამდე. ამიტომ აქტივობა, რომელიც ეკოტურიზმის კატეგორიაში შედის, ახალი არ არის. ახალი არის თვით იდეოლოგია, რომელიც დამკვიდრდა ტურიზმზე და რეკრეაციულ რესურსებზე მოთხოვნის კატასტროფული ზრდის გამო.

დასვენება ბუნების წიაღში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და დიდი ხანია პოპულარულია კავკასიონზე. განსაკუთრებით მის მაღალმთიან ნაწილში, რომელიც ცნობილია თავისი უმდიდრესი ბუნებრივი და კულტურული რეკრეაციული რესურსები. მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბუნების წიაღში დასვენებისა და ტურიზმის პროცესი არაორგანიზებულად და დაუგეგმავად მიმდინარეობს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძვირფასი და უნიკალური ლანდშაფტების დეგრადაცია და განადგურებაც კი. ამიტომ ტერიტორიული რესურსების გამოყენება ტურისტული მიზნებისათვის უნდა იყოს რაციონალური, კარგად ორგანიზებული და აუცილებლად ემყარებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს.

მდგრადი განვითარების განსაზღვრა შემდეგნაირად შეიძლება: ეს არის ისეთი პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს დღევანდელ თაობებს ისე განვითარდნენ, რომ მომავალ თაობებსაც დარჩეთ ამის საშუალება. სამივე მიმართულება მუდამ დაბალანსებული უნდა იყოს. როგორც კი ერთ-ერთი მათგანი გაუსწრებს მეორეს, მდგრადი განვითარების სამკუთხედი დაირღვევა და შედეგად მივიღებთ დაუბალანსებელ სიტუაციას, რომლის დროსაც ან გარემო იქნება დაუცველი, ან ეკონომიკური ზრდა შეუძლებელი, ან მოსახლეობას არ ექნება შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფა. სწორედ მდგრადი განვითარების პრინციპებზე წარმოიშვა ისეთი დარგი, როგორიცაა მდგრადი ტურიზმი. მდგრადი ტურიზმის იდეა და მისი განვითარება საშუალებას აძლევს თანამედროვეებს ხელშეუხებლად შეუნარჩუნონ მომავალ თაობებს ბუნებრივი გარემო. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ტურიზმის განვითარებაში ხელს უწყობს ქვეყნებს დაძლიონ სიღარიბე და ამასთანავე შეინარჩუნონ ბუნებრივი გარემო და კულტურული მემკვიდრეობა.

განვითარებადი ქვეყნებისათვის ტურიზმი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. კერძოდ, იგი ქმნის ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას, ხელს უწყობს მოხმარების საგნების ადგილზე რეალიზაციას, ძირითადი სიმდიდრის - კულტურისა და ბუნებრივი მემკვიდრეობის კაპიტალიზაციის შესაძლებლობას, უკეთესი სამუშაო პირობების შექმნას.

არსებობს მდგრადი ტურიზმის რამდენიმე საინტერესო სახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

ეთნოგრაფიული ტურიზმი - როდესაც ტურისტი ჩამოდის, რათა გაეცნოს ადგილობრივი მოსახლეობის წეს-ჩვეულებებს, რიტუალებს, კულტურას, სიმღერებს, ცეკვებს, ტრადიციულ შიდარეწვას, მეწარმეობას და ა.შ.

აგროტურიზმი - როდესაც ტურისტი ჩამოდის იმ მიზნით, რომ იცხოვროს ადგილობრივი მოსახლესავით, იმუშაოს მასთან ერთად მინდორში, მოწველოს ძროხა, დაამუშაოს მიწა, იკვებოს მასთან ერთად, ანუ გარკვეული დროით გახდეს მასპინძლის ოჯახის წევრი.

გასტრონომიული ტურიზმი - როდესაც ადამიანი ჩამოდის ადგილობრივი სამზარეულოს მრავალფეროვნების და ტრადიციული სუფრის წესების გასაცნობად.

ეკოტურიზმი - როდესაც ტურისტი ჩამოდის რომ გაეცნოს ბუნებრივ მრავალფეროვნებას. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული როლი ენიჭება ბუნების დაცვის იდეის პოპულარიზაციაში, ტურისტთა ფართო მასებში ეკოლოგიის საკითხთა შესახებ ცოდნის გავრცელებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში.

ეკოტურიზმის ყველა მონაწილემ, როგორც ორგანიზატორებმა, ისე ტურისტებმაც, უნდა გააცნობიერონ, რომ მიმზიდველი ლანდშაფტების უბრალოდ დათვალიერების გარდა, მათ აგრეთვე წვლილი უნდა შეიტანონ და ხელი შეუწყონ ბუნებრივი ობიექტების შენარჩუნებასა და მათი სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესებას. ბუნებრივი გარემოს ყველაზე უფრო ხელსაყრელი მდგომარეობის შექმნა შესაძლებელი გახდება დეტალური და მუდმივი პროგრამის შემუშავებისა და ჩამოყალიბების გზით, სადაც ეკოტურიზმის მონაწილეები შეძლებენ, თავისი წვლილი შეიტანონ ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესებაში არა მარტო რაღაც გარკვეულ ლანდშაფტზე ყოფნისას, არამედ გააგრძელებენ თავიანთ თანადგომას მუდმივ და ხანგრძლივ საფუძველზე.

ბოლო დროს აღინიშნება ორგანიზებული ტურიზმის შემცირება და მის ნაცვლად, დამოუკიდებელი დამსვენებლების ე.წ. „ველური ტურისტების“ ნაკადის მოზღვავება. ხშირად მათი სტუმრობის შემდეგ ბუნების მრავალი უნიკალური და ლამაზი ობიექტი დაბინძურებულია, ლანდშაფტი დაზიანებულია, განადგურებულია მცენარეული საფარი, იშვიათი მცენარეები. ყოველივე ეს მეტყველებს ე.წ. „ეკოლოგიური ბილიკების“ შექმნისა და ხალხთან სათანადო საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების აუცილებლობაზე. „ეკოლოგიური ბილიკები“ უნდა გადიოდეს ყველგან, სადაც ტურისტთა მოძრაობა უკვე დაიწყო, ან არის მოსალოდნელი. ტურიზმში მომუშავე პერსონალი კარგად უნდა ერკვეოდეს ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის საკითხებში, აქტიურად უზიარებდეს ტურისტებს ცოდნას და აძლევდეს მას სწორ მიმართულებას. „ეკოლოგიურ ბილიკებს“ სხვანაირად „ბუნების საგანმანათლებლო ბილიკებს“ უწოდებენ. ისინი იკვალება ბუნების უნიკალურ უბნებში, ბუნებრივ ძეგლებთან ან სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებთან და ამით გაცილებით უკეთ ინახება ბუნებრივი კოპლექსები.

ტურიზმმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზიანოს არც ბუნებრივი გარემო და არც კულტურული მემკვიდრეობა. თუ ხვალ ეს ორი კომპონენტი აღარ იარსებებს, ჩვენთან ჩამოსვლის სურვილი არც არავის ექნება.

ეკოტურიზმის განვითარებისათვის სასურველია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გეგმა, თუ რა არის სანახავი ადგილზე, ვის შეუძლია აჩვენოს ეს ყველაფერი და რა სახით წარმოუდგინოს, ამიტომ საჭირო ხდება კვალიფიცირებული ადგილობრივი გიდების (გამყოლების) აუცილებლობა.

მაშ ასე, გავუფრთხილდეთ სანუკვარ ბუნებას ყოველგვარი დაზიანებისაგან.

ნატო კირვალიძე,
რეგიონალური ეკოლოგიური ცენტრი კავკასიისათვის.

11 საოჯახო სასტუმროში ტურისტების კვების თავისებურება

▲ზევით დაბრუნება


ქართული სამზარეულო ჩვენი ქვეყნის უძველესი და უმდიდრესი კულტურის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა. იგი დამსახურებული პოპულარულობით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში.

როგორც წესი, ტურისტის ან სტუმრის კეთილგანწყობა ბევრად არის დამოკიდებული მათ ყოველდღიურ კვებაზე, ამიტომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ.

უცხოელი ტურისტების უმრავლესობა, რომელიც პირველად უსინჯავს გემოს ქართველი დიასახლისის ნახელავს, უმალვე აღნიშნავს ჩვენი კერძების საუკეთესო გემოსა და სურნელებას. თუ ოჯახის სასტუმროში ტურისტი ერთი ან ორი დღით არის ჩამოსული, მაშინ მისი დაპურება ქართული კერძებით, რასაკვირველია, ადვილია, მაგრამ თუ ტურისტი საქართველოში უკვე კარგა ხანს სტუმრობს და თქვენთან კიდევ რამდენიმე დღე გაჩერდება, სტუმრის გამოკვების საკითხი (კერძების ხშირი გამეორების საშიშროების თვალსაზრისით) ცოტაოდენ რთულდება, ამიტომ აუცილებელია მენიუს გაფართოება.

მაღალ მთაში ოჯახი, ბუნებრივია, მრავალფეროვანი პროდუქტების (ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილი) ნაკლებობას განიცდის, შესაბამისად კერძების არჩევანიც მცირდება. ამის კომპენსაცია შეიძლება მოვახდინოთ არსებული პროდუქტებიდან კარგად დამზადებული კერძების ხარჯზე, ისე, რომ ბარიდან მოსულმა ქართველმა დიასახლისმაც ჯეროვნად შეაქოს თქვენი ნახელავი!

მთაში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს მსხვილფეხა პირუტყვი და იმ დროს, როდესაც რძის ნაწარმისაგან დამზადებული კერძებით შეიძლება ტურისტის კვების საკითხის თითქმის სანახევროდ გადაწყვეტა, ჩვენმა დიასახლისებმა (საქართველოს სხვადასხვა კუთხეში) რძისგან ქვემოთ ჩამოთვლილი ათზე მეტი დასახელებიდან, კარგად სამი ან ოთხი დასახელების პროდუქტის დამზადება თუ იციან. ან იციან, მაგრამ ოჯახის ტრადიციული მენიუდან ამოღებული აქვთ არადა: ჭყინტი და იმერული ყველი, სულგუნი, გუდის ყველი, ხაჭო, დამბალი ხაჭო, ნადუღი, არაჟანი, დო, მაწონი, კარაქი, ერბო, ნაღები ხომ სტუმრის რაციონის გამდიდრების უდიდესი რეზერვია.

მთის მკვიდრმა ახალგაზრდა დიასახლისებმა თითქმის ყველამ უნდა იცოდეს ისეთი ტრადიციული და ელემენტარული კერძების კარგად დამზადება, როგორიცაა ხაჭაპური, კუბდარი, ხინკალი, ხაშლამა ან ერბოკვერცხი, მაგრამ როგორც წესი, ამ დასახელებებიდან მათ იციან ერთი ან ორი კერძის მართლაც კარგად დამზადება, დანარჩენი კი სასწავლი აქვთ.

ხშირად შეხვდებით სუფრას, სადაც ხაჭაპური ან მლაშეა, ან უმარილო, ან ძალიან ბევრი ყველი აქვს დატანებული, ან პირიქით, ყველი ცოტაა, ან ცომია ძალზე სქელი.

არის შემთხვევები, როდესაც ხინკლის შეზავებულ ფარშს მეორე დღესაც და თან სქელ ცომში მოახვევენ. ხაშლამის ხარშვისას ქაფი მოუხდელია, ხან ჭარბად აქვს მწვანილი, ან გადახარშულია. ერბოკვერცხის მომზადებისას კვერცხს კარგად არ ათქვეფენ, კარაქს ზომაზე არ უზამენ, ტაფას სახურავს არ დააფარებენ და ერბოკვერცხი დაცემული გამოდის.

ყველა შემთხვევაში, როგორც წესი, კერძს ეკარგება გემო, სურნელება და სამზერადაც შეუხედავია. ეს იწვევს სტუმრის მხრიდან მდუმარე გამოუხატავ უკმაყოფილებას, რაც მომავალში უარყოფითად მოქმედებს ოჯახის შემდგომ სტუმრიანობაზე.

ეს მაგალითები იმიტომ კი არ მოგვყავს, რომ ვინმე შეურაცხვყოთ. ამით პირველ რიგში გვსურს შევახსენოთ მაღალ მთაში მცხოვრებ დიასახლისებს: ვინაიდან მათ მხარეში პროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის მეტად შეზღუდული ნაირსახეობაა, ამის კომპენსაცია თავისუფლად შეიძლება მოხდეს არსებული პროდუქტებიდან მრავალფეროვანი და კარგად დამზადებული კერძების ხარჯზე. ამიტომ სასურველია, დიასახლისებმა ტურისტების მიღებამდე თავის ოჯახში არსებული და ხელმისაწვდომი პროდუქტებიდან ბევრი დასახელების კერძების დამზადება ისწავლონ, აგრეთვე ქართული, ევროპული, ვეგეტარიანული და სამარხვო ზოგიერთი კერძის დამზადებაშიც კარგად დახელოვნდნენ, რაც სტუმრის კმაყოფილების ერთ-ერთი გარანტი იქნება. დიასახლისებმა უნდა იცოდნენ, რომ ხშირად სტუმრები თავისი ზრდილობის და მორიდებულობის გამო შეაქებენ ხოლმე მათ ნახელავს, მაგრამ მხოლოდ ქათინაურია - კერძი სინამდვილეში უნდა იყოს გემრიელი და ლამაზად გაფორმებული.

კვების პრობლემის გადასაწყვეტად კარგი იქნება სასტუმროს შედგენილი ჰქონდეს ერთი ე.წ. სამუშაო მენიუ, სადაც შეტანილი იქნება ოჯახში არსებული და ხელმისაწვდომი პროდუქტებიდან დამზადებული კერძების საერთო ჩამონათვალი, რომელსაც დიასახლისი კარგად ამზადებს. ტურისტების ყოველი ახალი ჯგუფის შემოსვლის და მათი გამოკითხვის შემდეგ, დიასახლისმა უნდა გაითვალისწინოს მათი გემოვნება, სურვილები და შეადგინოს უკვე კონკრეტული მენიუ ამ ჯგუფის სტუმრობის მთელ პერიოდზე.

დიასახლისი ტურისტების მიღებისთანავე უნდა შეუთანხმდეს მათ კვების ჯერადობაზე, მენიუზე და საჭმლის მიღების საათზე. რასაკვირველია, ზუსტად უნდა დავიცვათ კვების რეჟიმი - საუზმე იქნება თუ საადილი, და მივართვათ სტუმარს დათქმულ (შეთანხმებულ) დროს.

დიდი მნიშვნელობა აქვს სუფრის გაწყობას, სასადილო ოთახს, მაგიდას, სკამებს, ავეჯს, სერვიზს. არ არის საჭირო ეს ყველაფერი იყო ძვირადღირებული, მაგრამ უნდა იყოს სტუმრისათვის მოსახერხებელი. სასადილო მაგიდაზე გადასაფარებელი სასურველია იყოს ნაჭრის, სუფთა, მხიარულ ფერებში, კარგი იქნება, თუ პატარა ლარნაკში იდება რამდენიმე ყვავილი ან ფოთოლი. მაგიდაზე არ უნდა იყოს გადაფარებული პოლიეთილენის საფარი. კერძები ლამაზად და ბუნებრივად უნდა იყოს გაფორმებული, ხოლო ლანგარი ან თეფშები, ზედმეტად არ უნდა იყოს გადატვირთული კერძით.

სუფრაზე სტუმრების დასხდომამდე დიასახლისმა უნდა შეამოწმოს, საკმარისია თუ არა თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი, ხელსახოცები, მარილი, პური და სხვა. თუ სტუმრებს სადილზე დააგვიანდათ, დიასახლისმა ყველა ცხელი კერძი ხელმეორედ უნდა გააცხელოს და ისე მიართვას; გარდა ამისა, სასურველია, ოჯახმა ვახშმობის ან სხვა დროს, თავისი პირადი სტუმრებით არ გადატვირთოს ტურისტები, ზომიერი ყურადღება მიაქციოს სუფრას კვების მთელ პერიოდში, დროულად აალაგოს ცარიელი თეფშები და სხვა.

სასურველია დიასახლისმა სტუმრებს ყოველდღე მიართვას წვნიანი კერძი და გაითვალისწინოს, რომ კერძები არ უნდა იყოს ზედმეტად ცხიმიანი, მლაშე და ცხარე.

თუ სტუმარს თავისი ნაციონალური კერძი მოენატრა და მოისურვა მისი დამზადება მისივე ჩამოტანილი ან თქვენს ხელთ არსებული პროდუქტებისაგან, თქვენ უნდა დაეხმაროთ მას დამზადებაში და დამზადების წესიც ჩაინიშნოთ.

ქართული, ასვევ უცხოური კერძების დასახელება და მათი რეცეპტები უამრავია. ყველა კერძის მომზადების ცოდნა შეუძლებელია და არც არის საჭირო, ამისათვის არსებობს წიგნები, ჟურნალებში და გაზეთებში გამოქვეყნებული რეცეპტები, გამოცდილი დიასახლისების ჩანაწერები და სხვა საშუალებები, რითაც უნდა ისარგებლოს ყველა დიასახლისმა.

ტურიტების სტუმრობისას სასურველია კერძების დასახელება ყოველდღიურად იცვლებოდეს, ამიტომ დიასახლისმა კერძის მოცულობის განსაზღვრაც კარგად უნდა იცოდეს.

ქართული სტუმართმოყვარეობა და გულუხვობა შესანიშნავი და გამორჩეული თვისებაა, მაგრამ გადამეტებული არაფერი ვარგა. მაგალითად, დიდი რაოდენობით კერძის მირთმევა, ან სპირტიანი სასმელის უზომოდ დაძალება, ცუდი ტონია, თან ოჯახის ბიუჯეტსაც უარყოფითად აწვება.

თუ ოჯახმა ტურისტული სეზონის დაწყებამდე იცის მომავალი სტუმრების რაოდენობა და მათი ჩამოსვლის დრო, სასურველია დიასახლისმა თადარიგი დაიჭიროს და წინასწარ იზრუნოს პროდუქტების მომარაგებაზე თუ შესყიდვაზე (მითუმეტეს თუ ახლოს არ არის მაღაზია). მაგალითად: თაფლი, მურაბა, ჯემი, წნილი, ტყემალი, ტომატის საწებელი, ფქვილი, ლობიო, კართოფილი, ბურღულეული, ლორი და სხვა. კარგი იქნება თუ სპირტიანი სასმელებიდან ოჯახი შემოდგომით შეიძენს ნატურალურ კარგ ღვინოს და არაყს, რითაც სტუმარს თითო - ორი ჭიქით გაუმასპინძლდება ხოლმე.

ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ სტუმრის დროულად, ზომიერად და გემრიელი კერძებით გამოკვება საოჯახო სასტუმროს წარმატებით ამოქმედების ერთ-ერთი მთავარი გარანტია.

ქვევით მოცემულია მაღალ მთაში მცხოვრები ოჯახებისათვის ხელმისაწვდომი პროდუქტების გამოყენებით დამზადებული კერძების არასრული ჩამონათვალი, ტურისტების საშუალო გემოვნების გათვალისწინებით. შემოთავაზებული მენიუ შეიძლება გამოვიყენოთ ტურისტების სტუმრობის რამდენიმე დღეზე.

ჩამოთვლილი კერძების რაოდენობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი უნდა შესთავაზოთ სტუმარს. ჩვენი მიზანია, ამ ჩამონათვალით დიასახლისებს შევახსენოთ კერძების დასახელებები, ხოლო მათ აქედან თვითონ შეარჩიონ მენიუ თავისი შესაძლებლობების და გემოვნების შესაბამისად.

საუზმე, სამხარი, ვახშამი

  • პური - ახალი ან გახუხული

  • ყველი სხვადასხვა, ნაკლებად მარილიანი, მოუხდელი, ელარჯი, დამბალი ხაჭო

  • ბოსტნეულის სალათა, ვინიგრეტი

  • ხაჭაპური, კუბდარი, ლობიანი, ფხლოვანი, ხაბიზგინი (შეკეცილი), ჭიშდვარი

  • ღვეზელი (ხორცით, კართოფილით, ბრინჯით, სოკოთი)

  • ყველეული „სირნიკი“ (მშრალი ხაჭო, კვერცხი და ცოტა ფქვილი - შემწვარი ხაჭოში)

  • კარაქი ოჯახის, არაჟანი, ხაჭო ნაღები

  • რძე, მაწონი, დო, ნადუღი პიტნით, გადაზელილი

  • ფაფა მანის, ბრინჯის, ბურღულის, ჰერკულესი, წიწიბურა

  • ლობიო (ცხლად, ცივად)

  • მოხარშული ხორცი ცივად

  • შემწვარი სულგუნი, შემწვარი სულგუნი კვერცხით

  • კართოფილი მოხარშული (კარაქით, ხახვით, კამით), კართოფილი შემწვარი ზეთში

  • პიურე (კარაქით, რძით)

  • მოხარშული კვერცხი (თოხლო, მკვრივი, მაგარი)

  • ერბოკვერცხი, ტაფამწვარი, ომლეტი (შემწვარ ლორზე მოსხმული კვერცხი)

  • ერბოკვერცხი პამიდვრით (ხახვით, მწვანილით)

  • ყიყლიყო (კვერცხში ამოვლებული პური კარაქზე შემწვარი)

  • გრენკი (კარაქში ან ერბოში შემწვარი პური)

  • აჯაფსანდალი

  • შაქარი, თაფლი, მურაბა, ჯემი

  • ქადა, რულეტი, ხილი

  • ჩაი შავი, მწვანე, ჩაი რძით, ლიმონით

  • ყავა ნალექიანი, უნალექო, რძით; კაკაო, რძე.

სადილი

  • სუპი (სტაფილოთი, კართოფილით; ბრინჯით, ვერმიშელით ან ბურღულით)

  • სუპი - სოკოსი, მჟაუნის, ლობიოსი

  • მაწვნის შეჭამანდი

  • ჩიხირთმა, ხარჩო

  • ბორშჩი და შჩი (ხორცით და უხორცოდ), გუფთა, სუპი

  • არტალა, ბულიონი ქათმის, საქონლის

  • სალათა მწვანე, ბოსტნეულის, მაიონეზით, კომბოსტოსი, კიტრი-პომიდორის

  • მოხარშული წითელი ჭარხალი - ძმრით, ქინძით

  • ლობიო სირსველი, ამოზელილი, ნიგვზით, მოხრაკული ზეთში და ხახვში

  • მხალი ისპანახის, ჭინჭრის, წითელი; კომბოსტო, ბადრიჯანი ნიგვზით

  • სოკო მოხრაკული ხახვში

  • ხინკალი (ხორცით, ხაჭოთი, ყველით, სოკოთი, კარტოფილით)

  • ხაშლამა, ყაურმა, ჩაქაფული, ჩახოხბილი

  • სოუსი, რაგუ

  • კატლეტი სხვადასხვა გარნირით

  • ტოლმა - გალუბცი ბოსტნეულის ფარშით

  • თევზის რომელიმე კერძი

  • საცივი ღორის ხორცის ან შინაური ქათმის, ბაჟე

  • დანდური, მჟავეულობა, მწვანილი

  • ტყემალი, ტომატის საწებელა, ნიორწყალი

  • ხილი, კომპოტი, კისელი, წყალი მურაბის წვენით, ხილის ნატურალური წვენი

  • ჩაი შავი, მწვანე, ყავა სხვადასხვა

  • მინერალური მჟავე წყალი

ზემოთ ჩამოთვლილი კერძების გადაადგილება საუზმის, სამხრის, სადილის თუ ვახშმის დროს დამოკიდებული იქნება ძირითადად დიასახლისის გემოვნებაზე და დამზადების შესაძლებლობაზე.

რასაკვირველია, კერძების ეს ჩამონათვალი დოგმა არ არის და ზოგიერთ დიასახლისს შეუძლია ბევრად მეტი კერძის ოსტატურად დამზადება; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე დასახელების კარგად დამზადებული კერძი, ხშირად სჯობს უღიმღამო დიდ სუფრას.

სამთო-ტურისტების საგზალი (ლანჩ-ბოქსი)

საოჯახო სასტუმროდან, როგორც წესი, ტურისტები ერთი ან რამოდენიმე დღით გადიან სამთო-ტურისტულ მარშრუტებზე. ამ შემთხვევაში სასურველია თუ ამავე სასტუმროში ისინი შეძლებენ მიიღონ საგზალი (ლანჩ-ბოქსი).

ქვემოთ მოყვანილია პროდუქტების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელიც ტურისტებს დასჭირდებათ საგზლისათვის:

  • პური, ორცხობილა, ხაჭაპური, ქადა;

  • ყველი, კარაქი, ერბო, ხაჭო, არაჟანი, მაწონი;

  • ათქვეფილი კვერცხი (ჩასხმული პოლიეთილენის ბოთლში);

  • ლორი, ძეხვი შებოლილი, ნახევრადშებოლილი;

  • კონსერვი თევზის, ხორცის;

  • სუბლიმირებული სუპები პაკეტებით;

  • მოხარშული ხორცი;

  • ბურღულეული, ფაფეულობა, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი;

  • შედედებული რძე, რძის ფხვნილი;

  • ბოსტნეული მწვანილი;

  • ტომატი, ტყემალი;

  • შაქრის ფხვნილი, შაქრის ნატეხი, პეჩენია, კამფეტი, შოკოლადი; თაფლი, ჯემი;

  • ჩირი, ტყლაპი, ქიშმიში;

  • ხილის ნატურალური წვენი;

  • ჩაი, ყავა;

  • მარილი;

  • ხელსახოცი.

მაში ასე, დიასახლისებო, დაიპყარით ტურისტების გულები

თქვენი ნახელავით!

გივი ქართველიშვილი,
საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი.

12 ზემო სვანეთის ზოგიერთი სამთო-ტურისტული მარშრუტის აღწერილობა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირი.

უცხოელი თუ შიდა ტურისტი სვანეთში ჩამოდის ჩვენი ყოფის, ისტორიული ძეგლების, ხატ-სალოცავების, გნებავთ, ჩვენი სამზარეულოს გაცნობის მიზნით და, რაც მთავარია, ქვეითად ან ცხენით სამოგზაუროდ. სამოგზაურო ანუ ტურისტული მარშრუტი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული „პროდუქტია“, რომელსაც თქვენს სტუმარს სთავაზობთ. სწორედ მარშრუტზე მიღებული განცდა-შთაბეჭდილება, ნანახით მიღებული სიამოვნება განაპირობებს თქვენს წარმატებულ საქმიანობას მომავალში ტურისტული ნაკადის მოზიდვის თვალსაზრისით. გახსოვდეთ, რომ თქვენი სტუმარი - ცოცხალი რეკლამაა, ყოველგვარ რეკლამაზე ძლიერი საშუალება. შინ დაბრუნებული ის თავის ემოციას ძალაუნებურად ავრცელებს თავის ახლობლებში, მეგობრებში, სანათესაოში თუ კოლეგებში ზეპირსიტყვიერად, ფოტოსურათებითა და ვიდეომასალით და იმის მიხედვით, თუ როგორია მისი სვანეთში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილება, სხვებსაც აღუძრავს სურვილს მოინახულონ ჩვენი სამშობლოს ეს ულამაზესი კუთხე. იმისათვის, რომ თქვენ დააკმაყოფილოთ სტუმრის ცნობისმოყვარეობა და წინასწარ შეამზადოთ იგი მომავალი მარშრუტისათვის, ქვემოთ მოგვყავს რამოდენიმე მარშრუტის აღწერილობა. სასურველია ყველამ, ვინც საქმიანობაშია ჩართული, დიასახლისებიდან დაწყებული მძღოლამდე, ზოგადად იცოდეს იმ მარშრუტის თავისებურებანი, რომელზეც ტურისტები გადიან. მაგალითად, რა სიმაღლეზეა მარშრუტის ესა თუ ის მონაკვეთი, რა დრო სჭირდება მის გავლას, რა წინააღმდეგობებია გადასალახი, სად შეიძლება შეისვენოს მოგზაურმა და ა.შ.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ხშირად ტურისტს სურვილი აქვს დამოუკიდებლად, გამყოლის გარეშე, გაიაროს მარშრუტი. ასეთ შემთხვევაში აქ წარმოდგენილი მასალა თქვენი განმარტებების თანხლებით ტურისტს გაუადვილებს მარშრუტზე მოძრაობას და, რასაკვირველია, დაეხმარება გამყოლებსაც.

ქვემოთ აღწერილი მარშრუტები, საცხენოსნოს გარდა, ერთდღიანი და რადიალურია, ანუ ტურისტი ერთი და იგივე გზით მიდის და ბრუნდება. რასაკვირველია, ტურისტისათვის წრიული მარშრუტი ბევრად საინტერესოა, რადგან მას მუდამ სურს ახალ-ახალი გარემოს ხილვა. მაგრამ წრიული მარშრუტების ათვისებას ხელს უშლის სათანადო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, თავშესაფრების არ არსებობა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ღამის გათევა. თავშესაფარი საშუალებას მოგვცემდა გაგვეკვალა მრავალდღიანი და მრავალფეროვანი მარშრუტები, რაც ბევრად გაზრდიდა ტურისტულ ნაკადებს. ამიტომ ახლო მომავალში თქვენ გმართებთ ამ მიმართულებითაც იფიქროთ და დაამუშაოთ ისეთი წრიული მარშრუტები, რომლებიც ქოხის არსებობის პირობებში, საშუალებას მოგცემთ შესთავაზოთ სტუმარს მრავალდღიანი მოგზაურობა.

სვანეთს სამთო-ტურისტული მარშრუტების ამოუწურავი მარაგი გააჩნია - საითაც არ გაიხედავ, რომელ ხეობაშიაც არ შეხვალ - ყველგან სულისშემძვრელი სილამაზეა. ამდენად, აქ წარმოდგენილი მარშრუტები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც მომავალში უნდა გაიკვალოს. ერთი სიტყვით, საფიქრალი და სამუშაო ბევრია, მაგრამ მეტად სახალისო, რადგან იგი ჩვენი და ჩვენი ქვეყნის კეთილ მომავალს ემსახურება.

ქვემოთ გთავაზობთ მეტად საინტერესო ოთხი ქვეითი და ერთი საცხენოსნო მარშრუტის აღწერილობას. წარმოდგენილი მარშრუტები მარკირებულია 2005 წლის ზაფხულის გამოცდილი გამყოლების - ბესო გულედანის, ავღან ნავერიანის, ნუგზარ ნიგურიანის, თეიმურაზ ნიჟარაძის, ვახტანგ ფილფანისა და სოსო წერედიანის დახმარებით, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით. მარშრუტების აღწერილობები დამუშავებულია პროექტის შემსრულებლების - საქართველოს მთის მოყვარულთა კავშირის წევრების მიერ. მარშრუტის აღწერილობა შეიცავს ტექსტურ განმარტებებს, მარშრუტის კარტოგრაფიულ სქემასა და ჰიფსომეტრიულ პროფილს ძირითადი ორიენტირების მითითებით.

წარმოდგენილ სქემაზე მანძილები განსაზღვრულია მსხვილმასშტაბიანი (1:50000) რუკის მიხედვით, ხოლო სიმაღლეები ათვლილია ალტიმეტრის მეშვეობით. ცთომილება მანძილებში ჩვენი ვარაუდით არ არემატება 200 მ-ს, ხოლო სიმაღლეში - 30 მ-ს, მარშრუტის გავლისათვის საჭირო გათვლილია საშუალო ტემპით მოსიარულე ჯგუფისათვის.

13 მესტია

▲ზევით დაბრუნება


ზემო სვანეთში ჩასვლისას, სამთო მარშრუტებზე გასვლამდე, სასურველია ერთი დღე დავუთმოთ მეტად საინტერესო და განუმეორებელ დაბა მესტიის გაცნობას.

მესტიაში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მარგიანების საგვარეულო სვანურ საცხოვრებელ სახლ-მუზეუმს და სვანურ კოშკს, სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ექსპონატებს, მესტიის შემოგარენში ზარგააშში მდებარე სამთამადნო ჭაბურღილს (შტოლნა), საქვეყნოდ ცნობილი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანისა და ასევე ცნობილი სამთო-მოთხილამურის ბორია კახიანის სახლ-მუზეუმებს. აგრეთვე სხვადასხვა შემადგენლობის არაერთ მინერალური წყლის წყაროებს „სგიმ“-ს.

გარდა ამისა, სასურველია თუ მოინახულებთ მესტიიდან ორი კილომეტრით დაშორებულ ჰანწვალის მთის კალთებს, საიდანაც გადაშლილია ცენტრალური კავკასიობის და სვანეთის ქედის ულამაზესი მწვერვალების ხედი.

0x01 graphic

14 მარშრუტი - მონადირეთა ნაბინავარი უშბის მყინვარწვერზე (უშბა)

▲ზევით დაბრუნება


მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები

მარშრუტი შედგება ორი - მარტივი, დაახლოებით ხუთნახევარკილომეტრიანი და რთული სამკილომეტრიანი მონაკვეთისაგან. სასტარტო წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 1600 მ-ზე. დონეთა სხვაობა პირველ მონაკვეთზე შეადგენს 230 მ-ს, ხოლო მეორე მონაკვეთზე - 870 მ-ს. მარშრუტის გავლის საერთო ხანგრძლივობა ქვეითად - 8-9 საათია. მარშრუტის მიზანია ახლო გავეცნოთ კავკასიონის ერთ-ერთ ულამაზესსა და უმკაცრეს უბანს - უშბა-შხელდამაზერის მთიან მასივს.

მარშრუტის აღწერილობა

მარშრუტის იწყება სოფელ ტვებიშის თავში მდინარე დოლრაზე მდებარე ხიდიდან (1600 მ. ზღვის დონიდან). მთელი მარშრუტი გაკვალულია ყვითელი ფერის საღებავით მონიშნული ისრებით - ლოდებზე, ხეებზე, ფირნიშებზე.

მარშრუტი მიყვება მდინარე დოლარის მარჯვენა ნაპირს სამარხილო გზით, გზის მარცხენა მხარეს განთავსებულია ხის მესერით შემორაგული სათიბები. მარშრუტის მარჯვნივ ჩანს მაზერის პიკი და სამხრეთ უშბა. 30 წუთის სავალზე გვხვდება ღელე, რომელიც შეიძლება დამშრალიც იყოს. აქედან გავდივართ იელის ბუჩქნარში. მარჯვნივ დავინახავთ ქვებით ნაშენებ მწყემსების თავშესაფარს, 15 წუთის შემდეგ მჟავე წყლის წყაროა ჭის სახით, მარჯვნივ ჩანს მაზერის პიკი, მან უკვე დაფარა უშბა. ამის შემდეგ გზა კვეთს მდინარე დოლარის მარჯვენა შენაკადს. მარჯვნივ, შენაკადის გასწვრივ ჩანს მაზერის ორი ჟანდარმი, ხოლო მარცხენა ფერდზე - გადამწვარი წიწვოვანი ტყის კორომი.

ზღვის დონიდან 1700 მ-ზე გადავდივართ დოლარის მეორე მარჯვენა შენაკადზე. გზის მარცხნივ ჩანს თოვლიანი მთა - ჩერინდა (3580 მ). აქედან იწყება შესამჩნევი აღმართი. სამარხილე გზა მთავრდება და ბილიკი შედის წიწვოვან ტყეში. დოლრას მარცხენა ნაპირზე ჩამოდის მყინვარული ენა და მდინარე. დაახლოებით 1850 მეტრ სიმაღლეზე გავივაკებთ, გავივლით იელის ბჩქნარს და შემდეგ წიწვოვან კორომს, რომელშიც შერეულია არყის ტყე. ვეშვებით თავქვე, გავდივართ ბუჩქნარში. ბილიკზე გვხვდება გამორჩეულად დიდი ლოდი. აქედან, მარჯვენა მხარეს უკვე ჩანს მარშრუტის რთული მონაკვეთის ნაწილი და ორი ჩანჩქერი. ქვიანი აღმართით ვაგრძელებთ გზას და ისევ გავივაკებთ უკვე ტყეში.

მარშრუტი - უშბა
კარტოგრაფიული სქემა და ჰიფსომეტრიული პროფილი

0x01 graphic

მარშრუტის დასაწყისიდან დაახლოებით ორი საათის სავალის შემდეგ გამოჩნდება მარშრუტის რთული მონაკვეთის სრული პანორამა: ჩანჩქერების პლატო, საიდანაც თითქმის ერთი სიმაღლიდან (2400მ) წარმოიქმნება ოთხი წყალვარდნილი, მათ შორის სამი მარცხენა მცირეა, ხოლო კიდურა მარჯვენა - მძლავრი. ჩვენ უნდა მოვექცეთ წყალვარდნილების თავზე, გადავკვეთოთ სამი მცირე წყალვარდნილი და პარალელურად შევუყვეთ მძლავრი ჩანჩქერის წარმომქმნელ ნაკადს უშბის მყინვარწვერისაკენ. ეს ხედი საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და მივიღოთ გზის გაგრძელების გადაწყვეტილება.

კიდევ რამდენიმე წუთის სიარულის შემდეგ მივადგებით მდინარე დოლრაზე გადებული, ხის მორებით აგებულ კაპიტალურ ბოგირს. ბოგირზე გადასვლისთანავე ბილიკი შედის ტყეში და იქვე აღმოვჩნდებით ხის მორებით აშენებულ თავშესაფართან. აქ ბილიკი იყოფა ორ შტოდ - ერთი მიუყვება მდ. დოლრას ხეობას და მიემართება ბეჩოს გადასასვლელისაკენ. ამ მიმართულებით თავშესაფარიდან ორიოდე ნაბიჯში არის ცივი სასმელი წყალი. ჩვენი მარშრუტის ბილიკი იწყება ქოხიდან და მიემართება მდინარე დოლრას მართობულად. ბილიკი შედის შერეულ ტყეში, რომელშიც ჭარბობს არყის ხე. დაახლოებით 2000 მეტრზე ზღვის დონიდან ტყიდან გავდივართ ქიმზე, რომლის ორივე მხარეს შეინიშნება ნაზვავი, შეგვხვდება მოგლეჯილი ხეები. ამ მონაკვეთზე მთელი ტყე ქიმის ორივე მხარეს დაწოლილია. არ არის გამორიცხული, რომ ზაფხულშიც ნაზვავში კიდევ იყოს დარჩენილი თოვლი (ეს დამოკიდებულია მარშრუტის გავლის პერიოდზე). ქიმზე ბილიკი მიუყვება ბალახოვან საფარს, რომელიც შიგადაშიგ იცვლება ლოდნარით. ეს მონაკვეთი ყველაზე დიდი დახრილობით გამოირჩევა და ერთ კილომეტრზე დაახლოებით 450 მეტრი სიმაღლის დაძლევა მოგვიწევს. ქიმიდან ზემოთ ვხედავთ მარშრუტის ერთ-ერთ მთავარ ორიენტირს - ჩანჩქერების პლატოს, რომლისკენაც უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა, ხოლო ქვემოთ ჩანს ჩვენს მიერ გავლილი გზა - მდინარე დოლრა, სოფ. მაზერი და უფრო შორს სვანეთის ქედის თოვლიანი მწვერვალები.

ქიმის თავში მოვხვდებით მარცხენა პატარა ჩანჩქერის ძირში, საიდანაც ბილიკი კლდოვანი ფერდის გასწვრივ მკვეთრად უხვევს მარცხნივ და დაახლოებით 100 მ-ში ფრონტალურად შეუყვება ციცაბო თხემს. ეს, დაახლოებით 200-მეტრიანი მონაკვეთი ყველაზე დახრილია და ბალახით დაფარულ ქვა-ღორღიან ფერდზე გადის, რაც მოძრაობას აფერხებს და სიფრთხილესაც მოითხოვს, რათა ქვა არ დავაგოროთ და ჩვენს უკან მომავალს სართხე არ შევუქმნათ. ამ ფერდის მარჯვნივ დაბალი ფოთლოვანი ტყეა, მარცხნივ წიწვოვანი ტყე. ბილიკი პარალელურად მიუყვება ფოთლოვანი ტყის ზოლს. მარშრუტის მარცხენა მხარეს, წიწვოვან ტყეში, შეინიშნება ორი კლდოვანი კონუსი. ეს კარგი ორიენტირია, ცოტა ქვემოთ ამ კლედეებიდან ბილიკი უხვევს მარჯვნივ და შედის დაბალ ფოთლოვან ტყეში, რომლის ტრავერსის შემდეგ მოვექცევით მარცხენა პატარა წყალვარდნილის თავზე. გადავკვეთავთ მას და შევდივართ ისევ დაბალ ფოთლოვან ტყეში. მისი გავლის შემდეგ ვკვეთთ მეორე წყალვარდნილის წარმომქმნელ ნაკადს. გავდივართ ალპურ მდელოზე და მცირე აღმართის ავლის შემდეგ, მივადგებით მესამე უფრო ძლიერი წყალვარდნილის წარმომქმნელ ნაკადს, სიმაღლე 2500 მეტრია. ჩვენ დავინახეთ სამივე მცირე წყალვარდნილის საწყისი წერტილები, მაგრამ ვეღარ ვხედავთ მეოთხე, მარჯვენა უმძლავრეს წყალვარდნილს. აქედან უკვე ჩანს ორთავა უშბა.

მესამე წყალვარდნილის გავლის შემდეგ მივუყვებით თხემს, რომლის მარცხენა მხარე, როგორც წესი, ნაზვავი თოვლითაა დაფარული. სწორედ ამ ნაზვავი თოვლით იკვებება მესამე წყალვარდნილი. დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე ბილიკი გაყვება მძლავრი წყალვარდნილის წარმომქმნელი ნაკადის მარჯვენა ნაპირს, რომელიც უშუალოდ უშბის მყინვარიდან იღებს სათავეს. აქედან გავდივართ უშბის მყინვარზე (2700). ყინულოვანი მორენის ორ დიდ ლოდზე ჩანს ფინიშის მაუწყებელი ყვითელი წარწერა. ქვაზე მიკრულია ლითონის ფირფიტა, რომელზეც ამოტვიფრულია რუსული ლექსი. მარჯვენა მხარეს მოთქრიალებს უშბის მყინვარიდან გამომავალი მძლავრი ნაკადი. აქედან კარგად მოჩანს უშბის მყინვარი.

ჩვენ მოვექეცით კავკასიონის დამატყვევებელი სილამაზის ბუმბერაზებს შორის: ჩრდილოეთიდან დაგვყურებს შხელდას 11 მწვერვალისაგან წარმოქმნილი კედელი (4390), დასავლეთიდან - ორთავა უშბის გრანდიოზული კლდოვანი მასივი (4710 და 4690) და სამხრეთიდან მაზერის პიკის (4012) ქარაფები.

მარშრუტი შესრულებულია, მის დასაძლევად დაგვჭირდა 6 საათი. იგივე გზით ვეშვებით მშვიდად და 3 საათში ჩავდივართ ბანაკში.

მარშრუტზე მოგვიხდება რამდენიმე ადგილზე წყლის ნაკადის გადაკვეთა. სასურველია გვეცვას სამთო ფეხსაცმელი, ვიქონიოთ სათხილამურო ჯოხი და მუქი სათვალე.

_______________________

* არსებობს მარშრუტის გავლის ორი ვარიანტი: 1) სავარაუდო ბანაკიდან (სოფ. მაზერი, ჭოხულდი, ტვიბესი) ქვეითად მთელი მარშრუტის გავლა; 2) მარშრუტის რბილი ექვსკილომეტრიანი მონაკვეთის ცხენებით გავლა დოლრას ხიდამდე და რთული მონაკვეთის ქვეითად დაძლევა.

15 მარშრუტი - ჭალაადის მყინვარი (ჭალაადი)

▲ზევით დაბრუნება


მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები

მარშრუტს მივყავართ მწვერვალ ჩათინის მისადგომებთან, ჭალაადის მყინვარის ენამდე. მარშრუტის საერთო სიგრძე დაახლოებით 6-კმ-ია, მათგან პირველი მონაკვეთი, სტარტიდან მესტიაჭალის ხიდამდე 4,5 კმ-ია და 180 მეტრიანი დონეთა სხვაობით ხასიათდება, მეორე - კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის (ხიდიდან ფინიშამდე) დახრილობა 420 მ-ს აღწევს. მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 5-6 საათია.

მარშრუტის აღწერილობა

დაბა მესტიის ცენტრიდან საავტომობილო გზით მივყვებით მდინარე მესტიაჭალის მარცხენა ნაპირს. დასახლებული პუნქტის ბოლოს, გზიდან მარცხნივ შევნიშნავთ ხე-ტყის სახერხ პატარა ქარხანას, მარჯვნივ - ფუნქციადაკარგულ მესაქონლეობის ფერმის რამდენიმე ნაგებობას. ერთ-ერთი წითლად თუნუქითაა შეღებილი თუნუქითაა დახურული. გზის მარჯვნივ, ბოლო შენობის კედელზე ყვითელი საღებავით გაკეთებული წარწერა - START - 1490, რაც მარშრუტის დასაწყისს ნიშნავს.

გზის გასწვრივ, ჩრდილოეთით მოჩანს დალაყორას კლდოვანი მასივი (3430მ). მის ძირში ერთდებიან მდინარეები მესტიაჭალა და ჭალაადი. ჩვენ უნდა მოვხვდეთ ამ ხეობათა შესაყართან და გავაგრძელოთ სვლა დასავლეთით ჭალაადის ხეობით, ჭალაადის მყინვარამდე.

მარშრუტი მიყვება საავტომობილო გრუნტის გზას და დაახლოებით 15-20 წუთის სავალზე სოფ. ლავლადაშამდე ნიშნულები არ გვხვდება. დალაყორას მასივამდე მოძრაობას განვაგრძობთ ისევ გრუნტის გზით. ალაგ-ალაგ არის მითითებული მოძრაობის მიმართულება. ზღვის დონიდან 1600მ შეგვხვდება ნიშნული, აქვეა სასმელი წყალი. სტარტიდან დაახლოებით მე-5 კილომეტრზე 1650 მ ზ.დ. გზის მარცხნივ შევნიშნავთ მავთულბადეებითა და ქვებით ნაშენ ნაპირდამცავ ზოლს. ამ ადგილას მდ. მესტიაჭალას, რომელიც ლეღზირის მყინვარიდან იღებს სათავეს და ჩრდილოეთიდან მოედინება, უერტდება მარჯვენა შენაკადი - მდ. ჭალაადი.

ამ ადგილიდან ჩვენს პირდაპირ ჩანს: დალაყორას ფერდობი, მარცხნივ სიღრმეში მწვერვალ ჩათინის (4370მ) ფონზე - ჭალაადის მყინვარი, საითაც ვაგრძელებთ მოძრაობას.

მდინარეების შესართავიდან 200 მეტრით ზემოთ გავივლით ხის პრიმიტიულ შლაგბაუმს და ვიწრო კიდული ხიდით გავდივართ მესტიაჭალის მარჯვენა ნაპირზე (1680მ). აქედან ჩრდილოეთით მოჩანს მესტიაჭალის ხეობა და მწვერვალი ულუთაუჩანს. ბილიკით შევდივართ ტყეში და სულ მალე მოვხვდებით მესაზღვრეების ქოხთან. ტყე-ტყე მივყვებით ბილიკს, შევდივართ ჭალაადის ხეობაში და ვმოძრაობთ მდინარის მარცხენა ნაპირზე დინების საწინააღმდეგოდ.

მარშრუტი - ჭალაადი

კარტოგრაფიული სქემა

0x01 graphic

ხიდიდან 20 წუთის სავალში დაახლოებით 1750 მეტრზე ზღვის დონიდან შეგვხვდება გზის გასაყარი. ნიშნულების თანახმად, ჩვენ გავყვებით მარცხენა შტოს, ავუვლით ქოხის ნანგრევებს და არყნარს. აქ ზღვის დონიდან 1800მ მარშრუტი გადის ქვა-ღორღიან ადგილზე. ამის შემდეგ ნიშნულები დატანილია ლოდებზე. აქედან კარგად ჩანს მწვერვალი ჩათინი, რომლის სამხრეთ ფერდობებზეც ყალიბდება ჭალაადის მყინვარი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩათინის ჩრდილოეთიკედელი, რომელიც ალპინისტურ ლიტერატურაში ჩათინის რომბის სახელითაა ცნობილი, ითვლება კავკასიონის ურთულეს ალპინისტურ ობიექტად - აქ ძველი, კომუნისტური დროის კლასიფიკაციით უმაღლესი მე-5 და მე-6 კატეგორიის თხუთმეტამდე ალპინისტური მარშრუტი იყო გაკვალული.

ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას ჩათინის მიმართულებით და 1920მ ზღვის დონიდან გავდივართ ფინიშზე. აქედან ჩანს ჭალაადის ყინულვარდნილი და გლეტჩერული ჩამონატანი, საიდანაც სათავეს იღებს მდ. ჭალაადი.

ეს მარშრუტი არ გამოირჩევა დიდი დახრილობით და ამდენად ჰიფსომეტრული პროფილის განხილვას არ საჭიროებს. ამიტომ თითქმის ყველა ფიზიკურად მოუმზადებელ ტურისტსაც შეუძლია მისი დაძლევა და კავკასიონის მეტად გამორჩეული მწვერვალის ჩათინის ნახვა.

16 მარშრუტი - ტვიბერის გადასასვლელის მისადგომები (ტვიბერი)

▲ზევით დაბრუნება


მარშრუტის ზოგადი მახასიათებლები

მარშრუტი მიყვება მდინარე ტვიბერის ხეობას სოფელ ჟაბეშიდან (მდინარეების ტვიბერისა და წანერის შესართავიდან) ჩრდილოეთით და გადის ყვითლოდისა და ტვიბერის მყინვარებამდე. მარშრუტის სიგრზე დაახლოებით 5,5 კმ-ია, დონეთა სხვაობა 730 მ., ხანგრძლივობა - 6-7 საათი.

მარშრუტის აღწერილობა

მარშრუტი იწყება მულახის თემის ბოლო სოფელ ჟაბეშში, მდ. მულხურას ხიდიდან, რომელიც მდებარეობს მდინარეების ტვიბერისა და წანერის შესართავიდან 300 მეტრით ქვემოთ. ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მდინარეს მულხურა ეწოდება. ხიდთან, გზის მარცხნივ 1580მ-ზე ზღვის დონიდან დიდ ქვაზე ყვითელი საღებავით აღნიშნულია სტარტის მაჩვენებელი ნიშნული. აქედან მდინარე ტვიბერის მარცხენა ნაპირზე, წანერის მყინვარული მასივის ფონზე ჩანს უქონგურო კოშკი. მივყვებით სამარხილო გზას. გავუვლით შიფერით დახურულ განდგომილად მდგარ საცხოვრებელ სახლს და მდ. ტვიბერის მარჯვენა ნაპირით შევდივართ კარიელის ვიწრო ხეობაში. 1620 მ-ზე ზღვის დონიდან დიდ ლოდზე შეგვხვდება ნიშანი, რაც კარიბჭის მაჩვენებელია. აქ ადრე ქვებით ნაშენები ორი დიდი საფორტიფიკაციო ნაგებობა ყოფილა აღმართული. ამჟამად ისინი ფუნქციადაკარგული და დანგრეულია, თუმცა კარგად შეინიშნება მათი კვალი. სვანურმა ზეპირსიტყვიერებამ და ლეგენდებმა ამ კარიბჭეებთან დაკავშირებული მრავალი საგმირო სიუჟეტი შემოგვინახა.

პირველი კარიბჭის გავლის შემდეგ ბილიკი ორად იყოფა, ერთი უხვევს დასავლეთით და ადის მთაში, მეორე - ჩვენი მარშრუტის ბილიკი - მიყვება მდ. ტვიბერს და გეზს იღებს ჩრდილოეთისაკენ. ამის შემდეგ ბილიკი ღელეს გადაკვეთს, იქვე ბუჩქნარში შეგვხვდება სასმელი წყალი. მარშრუტი მიყვება შმაგი მდინარე ტვიბერის ნაპირს. გზადაგზა ბილიკის მარცხნივ გვხვდება ჟოლოსა და მოცვის მასივები. 1800მ-ზე გავუვლით წაქცეული ფიჭვის მორზე გაკეთებულ ფირნიშს ყვითელი კლაკნილი გამოსახულებით. ამ ადგილებიდან გავლილი გზის მიმართულებით გამოჩნდება სოფელი ჟაბეში, საიდანაც ჩვენი მარშრუტი დავიწყეთ.

მარშრუტი - ტვიბერი
კარტოგრაფიული სქემა და ჰიფსომეტრიული პროფილი

0x01 graphic

სტარტიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე მივადგებით მეორე, გარე კარიბჭეს, კარიბჭის ნანგრევებზე ამოსულ ხეზე დამაგრებულია ფირნიში. უკან დაგვრჩა კარიელის ხეობის ფიჭვნარი. აქედან იწყება შერეული ტყე და როდოდენდრონების (დეკას) ბუჩქნარი.

მალე შეგვხვდება გიგანტური ლოდების ნანგრევებით წარმოქმნილი ორი გამოქვაბული და კლდეზე დამაგრებული ბარელიეფი. აქვე ახლოს ნაზვავ თოვლზე გავლით (სეზონის მიხედვით) მივადგებით კლდეს, საიდანაც გადმოსჩქეფს ჩანჩქერი. ამ ადგილებში, რომელსაც ადგილობრივები მაშელანის კლდეს უწოდებენ, ბილიკი გადის მოცხარის ბუჩქნარზე. გვხვდება მჟაუნა და კუცი, არყისა და კედარის შერეული ტყე. ბილიკს გავყავართ მაშელანის ვაკეზე, სადაც შეგვხვდება სასმელი წყალი. აქედან ნიშნულები დასმულია ბილიკის მარცხენა მხარეს. დაახლოებით 1920 მ-ზე ზღვის დონიდან გავუვლით კიდევ ერთ ჩანჩქერს, რომლისთვისაც ფსევდო-ეგზოტიკური სახელი შეურქმევიათ - „დაღლილი ქალის ცრემლები“. აქედან გავდივართ იალაღებზე და დავინახავთ შენობას, რომელიც ადრე ტვიბერისა და ყვითლოდის უღელტეხილზე გადმოსული ტურისტების თავშესაფარს წარმოადგენდა. აქედან მოჩანს: ჩრდილოეთით თოთი, კლდოვანი მთა ლუხვილი, ხოლო სამხრეთით - ტვიბერის ქედი ჟაბეშის სათიბებითა და დეკას მასივებით. ამის შემდეგ გადავდივართ ნაზვავზე ლაკაიას ღელეში, ბილიკი შედის არყნარ ტყესა და ბუჩქნარში, ვეშვებით მდინარის კალაპოტისაკენ. ეს მონაკვეთი დამრეცი და რთულია. ბილიკის მარჯვნივ დიდ ლოდზე შეგვხვდება ნიშნული, რაც ნაზვავზე გადასვლას მიგვანიშნებს. აქედან მარშრუტის ძირითადი ორიენტირია დიებაჩის კლდოვანი მასივი. მასთან მისვლამდე არყის ტყეს მარჯვნივ მოვიტოვებთ. ნაზვავიდან ამოსვლის შემდეგ (2160) ბილიკიდან მარჯვნივ არყის ხეებზე დამაგრებულია ნიშნულები. შემდეგი ნიშნული დასმულის ბილიკის მარჯვნივ მონადირეთა გამოქვაბულთან დიებაჩის თავზე (2290). აქედან ჩანს: აღმოსავლეთით - ყვითოლდის მყინვარი და მწვერვალი ტიხტინგენი (4618); მის მარჯვნივ - სემის გადასასვლელი, რომელიც მდინარე წანერის ხეობაში გადადის; პირდაპირ - მწვერვალი თოთი და ტვიბერის ყინულვარდნილი.

აქედან გადავდივართ თოვლიან ფერდობზე და დაახლოებით 500მ. გავლის შემდეგ შევდივართ ქვა-ღორღიან ადგილზე, სადაც მინერალური წყლების მარჯვენა მხარეს დიდ ლოდზე მონიშნულია ფინიშის მაუწყებელი სიმბოლო და სიმაღლე ზღვის დონიდან - 2310მ. ჩვენს პირდაპირ ტვიბერის ყინულვარდნილია.

მე-XX საუკუნის დასაწყისში ამ ადგილას იკრიბებოდა ჩრდილოეთის ცირკის მყინვარები (სერი, ტვიბერი, თოთი, ბაშილი, ძინალა) და აღმოსავლეთიდან მომავალი ყვითოლდის მყინვარი. ეს თოვლ-ყინულოვანი სისტემა საქართველოში ყველაზე მძლავრ ერთიან გამყინვარებულ ზონას ქმნიდა. გასული საუკუნის მანძილზე მყინვარებმა შესამჩნევი დეგრადაცია განიცადეს - ისინი მაღლა მთებისაკენ იწევენ. შედეგად სერის მყინვარმა დაკარგა აქტიური კონტაქტი ტვიბერთან ერთად - მათი შეერთების ადგილი მორენული მასითაა ამოვსებული. მსგავსი სურათია ტვიბერისა და ძინალის მყინვარების შესართავთან. ყვითლოდის მყინვარი 700-800 მეტრით დაშორდა ტვიბერს და ა.შ. სამწუხაროდ, მყინვარების დისპერგირების პროცესი გრძელდება.

ჩვენ თვალწინ, კავკასიონის გრანდიოზული პანორამა იშლება. აქ ჩრდილოეთიდან წყალგამყოფი ქედი დაახლოებით 12 კმ-ან მონაკვეთზე ათამდე უღელტეხილია (ლეხრიზი, ბაშილი, ლასხოდარი, ტვიბერი, ყვითლოდი და სხვა). მთაზე გამავალი საცალფეხო ბილიკები მდ. ტვიბერის აუზში იყრიან თავს და ერთადერთი გადასასვლელით - კარიელის ვიწრო ხეობით უკავშირდებიან მუხალს.

17 მარშრუტი - მწვერვალ შხარას მისადგომები (შხარა)

▲ზევით დაბრუნება


მარსრუტის ზოგადი მახასიათებლები

მარშრუტი იწყება ზემო სვანეთის ყველაზე მაღლა მდებარე და უკიდურესად დაცილებულ უშგულის თემის სოფელ ჟიბიანში. მარშრუტი საშუალებას იძლევა გავეცნოთ როგორც უშგულის თემის უნიკალურ არქიტექტურულ და საკულტო ძეგლებს, ისე მის მკაცრ და ლამაზ გარემოს უშგულიდან მდინარე ენგურის სათავემდე, რომელიც შხარას მყინვარიდან გამოდის. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 9 კმ-ია, დონეთა სხვაობა 300 მ. ხანგრძლივობა 6-7 საათი.

მარშრუტის აღწერილობა

მარშრუტი იწყება უშგულის თემის სოფელ ჟიბიანში 2080 მ-ზე ზღვის დონიდან. სოფლის თავში გორაკზე დგას სვანეთის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი - ლამარია, რომლის ტერიტორიაზეც განთავსებულია წმინდა გიორგის ეკლესია. ამ გორაკის ფერდზე კიდურა კოშკიან სვანურ სახლთან იწყება მარშრუტი (გაკეთებულია სტარტის მანიშნებელი ნიშანი), ათი წუთის სავალზე, ფერდზე დაშვების შემდეგ ხიდით (2060მ. ზღვის დონიდან) გადავდივართ მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე და განვაგრძობთ მოძრაობას დინების საწინააღმდეგოდ ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. მარშრუტის პირველი, შვიდკილომეტრიანი მონაკვეთი მიყვება გზას, რომელიც, როგორც სვანეთის სხვა გზები, მეტად ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც გამოიყენება ტრაქტორით ან მარხილით მთიდან თივის ჩამოსატანად და ამდენად კარგად ჩანს. მთელი მარშრუტი მონიშნულია ყვითელი საღებავით შერულებული ისრებით, ძირითადად დიდ ქვებსა და ლოდებზე.

ხიდთან ახლოს გადაკვეთთ წყლის პატარა ნაკადულს - ენგურის პირველ მარჯვენა შენაკადს, რომელსაც ადგილობრივები ნათკარვაშის ტვიბს ანუ ღელეს ეძახიან. მარშრუტის დასაწყისიდან დაახლოებით ნახევარი საათის სავალზე გადავკვეთთ მეორე პატარა შენაკადს - ლადგიმის ღელეს. აქედან კარგად იმზირება ულამაზესი შხარა (5150). წინა პლანზე მოჩანს თოვლ-კლდოვანი მთა, რომლის ფერდობებზეც, თითქმის მწვანე ზოლამდე, ორი ნაზვავი ნაკადი ჩამოედინება (სეზონის მიხედვით). მარჯვნივ ჩანს ნამყვამის მყინვარული პლატო, ხოლო მარცხნივ - შხარას კედელი მყინვარითურთ. ეს პეიზაჟი კარგი ორიენტირია ჩვენი მოძრაობისათვის, რადგან იგი თითქმის მთელ მარშრუტზე ჩანს. ჩვენ ვმოძრაობთ ამ მიმართულებით და მიზნად ვისახავთ შხარას მყინვარის ძირში მოხვედრას.

მარშრუტი - შხარა
კარტოგრაფიული სქემა და ჰიფსომეტრიული პროფილი

0x01 graphic

2100 მეტრის სიმაღლეზე ენგურს უერთდება კიდევ ერთი, უფრო მძლავრი ნაკადი - ფაყვლაში, რომლის ნაპირებიც დაჭაობებულია.სტარტიდან 50 წუთის სავალზე ენგურის გაღმა შევნიშნავთ პატარა ტბას. აქედან 10 წუთის სავალზე გადავკვეთთ პატარა ნაკადს. შემდეგ გზა ორად იყოფა - ერთი ადის მაღლა სათიბებში, მეორე - ჩვენი მარშრუტია და ისევ ენგურის მარჯვენა ნაპირს მიყვება. ამის შემდეგ გვხვდება გიგანტური ლოდი და ქვედა და ზედა ლალხორაშის ღელეები. ამ ადგილის გასწვრივ ენგურის მარცხენა ნაპირზე შეამჩნევთ დიდ ლოდნარს და იქვე მწყემსების ნაბანაკარს.

2300 მ-ზე მდინარე ენგურს მარცხენა შენაკადი უერთდება. იგი სათავეს იღებს ნამყვამის მყინვარიდან. ჩვენი ბილიკი კვლავ ენგურს მიყვება, 10 წუთის სავალის შემდეგ ტყეში შედის და ლოდნარს მიადგება. მარშრუტის ეს მონაკვეთი ცალკეულ ადგილებში ქვა-ღორღიანი, ბალახითაა დაფარული და მოძრაობისას სიფრთხილეს მოითხოვს ქვებზე დაცურების თავიდან ასაცილებლად. კიდევ ოცი წუთი და ლოდნარის თავში 2390 მ-ზე ზღვის დონიდან მარშრუტის ბოლო მონაკვეთი გამოჩნდება. ჩვენ მივადგებით ენგურის სათავეს.

შხარას მთიან მასივში სამი მყინვარული ნაკადი წარმოიქმნება, რომლებიც ერთდებიან 300 მ-ზე ზღვის დონიდან და ქმნიან შხარას მყინვარს. მყინვარის ქვედა ნაწილი მორენებითაა დაფარული. მის ბოლოში ხმაურით გამოსჩქეფს მდინარე ენგური.

გზის ცალკეულ მონაკვეთებზე წყალში გატოპვა მოგვიწევს, ამიტომ სასურველია ვიქონიოთ სათანადო ფეხსაცმელი.

18 საცხენოსნო მარშრუტი ჟაბეში - უშგული

▲ზევით დაბრუნება


მარშრუტის ზოგადი მახასიათებელი

საცხენოსნო მარშრუტი იწყება მულახის თემის სოფელ ჟაბეშში, მიემართება სამხრეთით, გადაკვეთს მდინარეებს - მულხურასა და ადიშისწყალის წყალგამყოფ მთათა სისტემას, ჩადის სოფ. ადიშში; იქედან სოფლების - ხალდესა და იფრალის გავლით გადადის მდ. ენგურის ხეობაში მთავრდება უშგულში. მარშრუტი სამდღიანია და ითვალისწინებს ღამისთევას სოფ. ადიშში და იფრალში. მარშრუტის სიგრძე დაახლოებით 38-40 კმ-ია. იგი ორ უღელტეხილზე გადის და ამდენად ხასიათდება ცვალებადი ჰიფსომეტრიით - მაქსიმალური სიმაღლე 2700 მეტრია, მინიმალური - 1690მ.

1. ჟაბეში - ადიშის მონაკვეთი

მარშრუტი იწყება სოფელ ჟაბეშში მინერალურ წყაროსთან, სადაც ქვაზე დასმულია ნიშანი 1690. მარშრუტი გადის სამხრეთ-დასავლეთით და მიყვება სამეურნეო გზას. მარშრუტის დასაწყისიდან დაახლოებით 500 მეტრში შეგვხვდება ფიქალზე დასმული ნიშანი და ხელმარჯვნივ ლაღვის წმ. გიორგის ეკლესია.

დაახლოებით 2050 მ-ზე ზღვის დონიდან იწყება დეკას მასივები, აქვეა სასმელი წყალი. შევდივართ არყნარისა და დეკას ბუჩქნარის შერეულ ტყეში. აქედან ჩრდილოეთით დავყურებთ სოფ. ჟაბეშსა და ტვიბერის ხეობას, ჩრდილო-დასავლეთით მულხურას ხეობაში ბანგურიანის მთის ძირში მოჩანს მულახის თემის სოფლები - ლახირი და ჭოლაში; აღმოსავლეთით ჩვენს პირდაპირ აღმართულია მწვერვალ თეთნულდის თოვლიანი კონუსი (4860). მოძრაობას განვაგრძობთ ისევ სამარხილე გზით. გავივლით წიწვოვანი და შერეული ტყის მასივს. ერთი საათის მგზავრობის შემდეგ შეგვხვდება გზის გასაყარი. აქ დეკის ბუჩქნარში არყის ხეზე დამაგრებულია ნიშნული ისრის გამოსახულებით, აქედან ჩრდილოეთით ჩანს ბანგურიანის სამხრეთი კედელი, კომსომოლსკაიას პიკი, მარცხნივ - უშბის მასივი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - წანერი-ტვიბერის წყალგამყოფი ქედი.

მარშრუტი მიუყვება აღმოსავლეთით ქედ-ქედ ალპურ ზონას. სიმაღლე მატულობს და უკვე ვმოძრაობთ 2700 მ. მახლობლობაში ზაგარზე, ანუ ზეგანზე. აქედან გადავყურებთ მდ. ენგურის ხეობას, დასავლეთით შორს ჩანან სოფელი წვიმრი, უღვირის უღელტეხილი, ზურულდის ქედი, ხოლო აღმოსავლეთით თეთნულდის თოვლიანი წვერი. ზეგანზე გვხვდება გზაგასაყარი. აღმოსავლეთი ბილიკი ისევ ზეგანს მიუყვება, მარჯვენა, სამხრეთით დაბლა ეშვება. ეს ჩვენი გზაა, რაზედაც ნიშნული მიგვითითებს. მალე ვკარგავთ სიმაღლეს და ორ კილომეტრში 2350 მ-მდე ვეშვებით, სადაც ისევ გზის გასაყარი გვხვდება. ხელმარჯვნივ ბილიკი მესაქონლეობის ფერმებისკენ მიდის, რომელთაც ჩვენ რამდენიმე ასეულ მეტრში ვხედავთ. მეორე, ჩვენი შტო, დაბლა ეშვება. ხელმარცხნივ სათიბებია და მალე სოფ. ადიშიც გამოჩნდება. გავდივართ ღელეში და შევდივართ ადიშში, სადაც ცხენები უნდა დავასვენოთ და ღამე გავათიოთ.

მარშრუტი - ჟაბეში-უშგული
კარტოგრაფიული სქემა

0x01 graphic

ჟაბეშიდან ადიშამდე ცხენით დინჯი ტემპით 5-6 საათის სავალია.

მარშრუტი - ჟაბეში-უშგული
ჰიფსომეტრიული პროფილი

მარშრუტის პირველი მონაკვეთი (ჟაბეში-ადიში)

1. სტარტი - მინერალური წყალი (1690)
2. წმინდა გიორგის ეკლესია (1700)
3. ტყიანი ზოლის დასაწყისი (1750)
4. პირველი გზაჯვარედინი (2300)
5. ზაგარი (2700)
6. მეორე გზაჯვარედინი (2700)
7. მესამე გზაჯვარედინი (2350) მარჯვნივ ფერმები, მარცხნივ - სათიბები
8. ფინიში - სოფ. ადიში (2020)

მარშრუტის მეორე მონაკვეთი (ადიში-იფრალი)

1. სტარტი (2030)
2. ჩანეშის წმინდა გიორგის ეკლესია (2100)
3. მდინარის გადაკვეთა (2300)
4. ჩხუტნიერის უღელტეხილი (2700)
5. გზის გასაყარი (2400)
6. ფერმები (2200)
7. წყალვარდნილი (1950)
8. სოფ. ხალდე (1900)
9. ფინიში - სოფ. იფრალი (1890)

მარშრუტის მესამე მონაკვეთი (იფრალი-უშგული)

1. სტარტი (1890)
2. სოფ. ლალხორი (1800)
3. სოფ. დავბერი (1800)
4. გზის გასაყარი (1990)
5. წყარო და გზის გასაყარი (2000)
6. ღელე (2050)
7. ფინიში - უშგულის თემი (?2000)

0x01 graphic

I მარშრუტის პირველი მონაკვეთი
(ჟაბეში-ადიში)
II მარშრუტის მეორე მონაკვეთი
(ადიში-იფრალი)
III მარშრუტის მესამე მონაკვეთი
(იფრალი-უშგული)

2. ადიში-იფრალის მონაკვეთი

მარშრუტი იწყება ადიშის თავში მდ. ადიშჭალის მარჯვენა შენაკადზე გადასასვლელ ბოგირთან (2030). ბოგირის მარცხნივ ძველ კოშკზე დასმულია მაჩვენებელი ისარი. ბოგირიდან ხელმარცხნივ წყლის ძველი წისქვილია. მარშრუტი მიყვება მდ. ადიშჭალის მარჯვენა ნაპირს.

აქედან ნახევარი საათის სავალზე გადავდივართ ღელეზე, ბილიკიდან ხელმარცხნივ დავინახავთ ჩანეშის წმინდა გიორგის ეკლესიას და კოშკის ნანგრევებს. აქედან დაახლოებით 200 მეტრში ბილიკი გადის ნაზვავზე, ნიშნულები დატანილია მდელოში არსებულ ქვებზე. ისევ შევუყვებით მდინარის მარჯვენა ნაპირს და სტარტიდან დაახლოებით 1 საათის სავალზე დავინახავთ ლარდაადის მყინვარს, რომელსაც ადგილობრივები ადიშის მყინვარადაც მოიხსენებენ. ეს მყინვარი თეთნულდ-ადიშის მთიანი მასივის სამხრეთ კალთებზე ფორმირდება და 2400 მეტრამდე ჩამოდის. აქედან იღებს სათავეს მდ. ადიშჭალა. სწორედ ამ ადგილის მახლობლად გადავკვეთთ მდინარეს და შევუყვებით ციცაბო ფერდს, რომელიც შერეული ტყითაა დაფარული. ბილიკს ჩხუტნიერის გადასასვლელისაკენ (2720) მივყავართ. ეს უღელტეხილი მდინარეების - ადიშჭალისა და ხალდესჭალის წყალგამყოფ გვალდის ქედზე გადადის. ეს მონაკვეთი რთულია და ხშირ შემთხვევაში ცხენიდან ჩამოქვეითება მოგვიხდება. ბილიკზე მოედინება პატარა ღელე, რაც დამატებით სირთულეს გვიქმნის. ჩხუტნიერიდან კარგად ჩანს ჩვენს მიერ ადიშიდან გამოვლილი გზა. უღელტეხილიდან ქედ-ქედ ვეშვებით მდ. ხელდისჭალის აუზში. 2400 მ-ზე შეგვხვდება გზის გასაყარი. ერთი ბილიკი აღმოსავლეთით მიდის, მეორე - სამხრეთით. აქ დასმული ნიშნული მიგვითითებს, რომ უნდა გავყვეთ ხელმარჯვნივ, სამხრეთით მიმავალ ბილიკს. ქვემოთ მოჩანს ფერმერთა საზაფხულო ქოხები. 2200 მ-მდე დაშვების შემდეგ მიუახლოვდებით მდ. ხალდესჭალის კალაპოტს და დავეშვებით მდინარის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ სოფ. ხალდემდე (1900). გზად შეგვხვდება გრძელი წყალვარდნილი.

ხალდე ტრაგიკული ისტორიით გამოირჩევა. იგი ცნობილია როგორც მეფის რუსეთის წინააღმდეგ ამბოხების მოთავე. ამ სოფლის მოსახლეობამ სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა დამპყრობლებს, ბოლომდე იბრძოლა, რის საფასურადაც სოფელი თავისი კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. სოფელი მას შემდეგ წელში ვეღარ გაიმართა და აქ მხოლოდ ზაფხულობით ადის რამდენიმე ოჯახი. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია შესანიშნავი სიმღერა - ფერხული „გაუ-გავხე“.

ხალდედან კვლავ მდინარის მარჯვენა ნაპირით ვეშვებით სოფ. იფრალამდე, სადაც ჩვენი მარშრუტის II ეტაპი მთავრდება.

ჩვენ უკვე ვიმყოფებით მდინარე ენგურის ხეობაში, კალის თემში. აქედან სამხრეთით მოჩანს სვანეთის ქედი, რომელიც მდ. ენგურისა და ცხენისწყალის აუზების წყალგამყოფია. ამ მონაკვეთზე მუშურის უღელტეხილით შეიძლება ცხენისწყლის ხეობაში ანუ ქვემო სვანეთში, ლენტეხის რაიონში გადასვლა.

ჩვენს პირდაპირ, დასავლეთით, ენგურის გაღმა დაახლოებით 1,5 კმ მოჩანს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავი - წმინდა კვირიკეს ეკლესია. თუ თქვენ კიდევ შეგრჩათ ძალები, შეიძლება მოვინახულოთ ეს ძეგლიც.

მანძილს ადიშიდან იფრალამდე 5-6 საათის განმავლობაში დავფარავთ.

3. იფრალი-უშგულის მონაკვეთი

მარშრუტის მესამე მონაკვეთი იწყება სოფ. იფრალიდან 1890 მ-ზე ზღვის დონიდან. ფირნიში უჩა მარგველიანის სახლთან არის დასმული. აქედან ჩამოვდივართ სოფ. ლალხორში, საავტომობილო გზით ვმოძრაობთ ენგურის დინების საწინააღმდეგოდ და ძალიან მალე შევდივართ სოფ. დავბერში, საიდანაც მივუყვებით სამარხილო გზა. 2000 მ-ზე შეგვხვდება გზის გასაყარი, მარჯვენა - საავტომობილო გზაზე ჩადის, მარცხენა - ფერდს მიუყვება. დასმული ნიშნული მიგვანიშნებს, რომ უნდა გავუყვეთ მარცხენა განშტოებას. ჩვენ მივყვებით ტყიან კლაკნილ ფერდს და ვმოძრაობთ 2000-2200 მეტრ სიმაღლეთა ინტერვალში. აქედან დაახლოებით სამ კილომეტრში შეგვხვდება წყარო. წყაროდან 200 მეტრში გზა ისევ ორად იყოფა - მარცხენა ადის მთაში, მარჯვენა აღმოსავლეთით ფერდზე გადის, საითკენაც ნიშნულიც მიუთითებს. ამის შემდეგ ბილიკი გადაკვეთს ღელეს, არყის ხეების „დერეფანში“. აქ საჭიროა ყურადღება, რათა მხედარი ხის ტოტებმა არ დააზიანოს.

200-300 მეტრის გავლის შემდეგ შეგვხვდება გზაჯვარედინი. ჩვენ ხელმარჯვნივ გავუხვევთ. აქვე ხელმარჯვნივ შევნიშნავთ მეხდაცემულ ნახევრად ხმელ ფიჭვის ხეს. სუსტი თავდაღმართით ვეშვებით მდინარე ენგურის ნაპირისაკენ. აქ სიმაღლე 2050 მ. ზღვის დონიდან დიდ ლოდზე დასმულია მარშრუტის დასასრულის ნიშნული. ერთ კილომეტრში უშგულის თემია, რომელიც ოთხ სოფელს (მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი) აერთიანებს.

იფრალიდან 4-5 საათის მგზავრობის შემდეგ ჩვენ წინ გამოჩნდება საოცარი სანახაობა - აღმოჩნდებით უშგულის შუასაუკუნოვანი კოშკების სამყაროში.