![]() |
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები (მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კიღურაძე ნინო, სანიკიძე გიორგი |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია |
წყარო:
სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები : მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] ; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001 - 220გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - ბიბლიოგრ.: გვ. 213-218. - ISBN 99928-32-24-X : [5ლ.], 500ც.[MFN: 15398] UDC: 327 + 316.324 + 341.221 + 339.924](075.8) K 234.807/3 - საერთო ფონდი K 234.808/3 - საერთო ფონდი K 234.809/3 - საერთო ფონდი F 78.274/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: ©ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2001 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2001 სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ |
1
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
იმ უმნიშვნელოვანესმა ცვლილებებმა, რომელიც მსოფლიოში მოხდა 80-90 წლების მიჯნაზე, როგორც მკვლევარებისათვის, ისე პოლიტიკოსებისათვის მთელი სიმწვავით წამოჭრა საკითხი ახალ ვითარებაში საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათისა და კანონზომიერებათა შესახებ. ბერლინის კედელის დანგრევა «ცივის ომის» დასრულების სიმბოლო გახდა. თუმცა, მიუხედავად ოპტიმისტური და ხშირად იდეალისტური პროგნოზებისა, ამ მოვლენას არ მოჰყოლია დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაახლოება უნივერსალურ ფასეულობათა საფუძველზე და ასევე არ მოხდარა ერთიანი მსოფლიო თანამეგობრობის ჩამოყალიბება, რომელიც დაეფუძნებოდა ყველას ყველასთან ურთიერთდახმარებასა და თანამშრომრლობას. ამ გარდამტეხ ეპოქას თან ახლდა მრავალი პოლიტიკოსისათვისა და მკვლევარისთავის მოულოდნელი და ხშირად არაპროგნოზირებადი მოვლენები: საბჭოთა კავშირის დაშლა და მსოფლიოს პოლიტიკურ რუქაზე ახალი სახელმწიფოების გაჩენა, ეთნიკური კომფლიქტების ესკალაცია, სეპარატისტული ტენდენციების გაღვივება გლობალური ურთიერთდამოკიდებულების დონის გაზრდის ფონზე, საერთაშორისო ტერორიზმის მეტად უკიდურესად მასშტაბური ხასიათი, ბოლოს კი საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული სისტემის დასუსტება.
საერთაშორისო პოლიტიკური მეცნიერებისათვის გლობალურ ცვლილებათა მოულოდნელობამ, მათი წინასწარ განჭვრეტის სირთულემ ორი მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა შექმნა ახალი საერთაშორისო ურთიერთობათა ხასიათის შესახებ. პირველი საკმაოდ პესიმისტურია და მის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევა ამჟამად უკვე არც თუ ისე ახალგაზრდა დარგია მეცნიერებისა1, მას არ მარტო არ დაუგროვებია საკმარისი ცოდნა საკვლევ სფეროში, არამედ იძულებულია ეჭვიც კი შეიტანოს დარგის არსებობის მიზანშეწონილობაში. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათსა და კანონზომიერებებს გააჩნიათ საკუთარი სპეციფიკა, რომელიც მათ განასხვავებს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვა სახეებისაგან. ეს კიდევ უფრო ამყარებს მათ პოზიციას, ვინც შეუძლებლად მიიჩნევდა საერთაშორისო ურთიერთობათა ერთიანი უნივერსალური თეორიის შექმნას, რომლის ჭეშმარიტება ან სიმცდარე დამტკიცდებოდა საკუთრივ საერთაშორისო ცხოვრების მოვლენებითა და ფაქტებით. ამ პოზიციის დამცველთა შეხედულებით, საერთაშორისო ურთიერთობები იმდენად მრავალსახოვანია, მასში ჩაბმულნი არიან იმდენად განსხვავებული სოციალური ჯგუფები, რომ საერთო თეორიული დასკვნების გამოტანა, მითუმეტეს უტყუარად სწორი პროგნოზების გაკეთება მეტად არადამაჯერებელია. სწორედ ამიტომ უარი უნდა ითქვას საერთაშორისო ურთიერთობების ერთიანი თეორიის შექმნის ნებისმიერ მცდელობაზე (უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შეხედულება ადრეც არსებობდა).
მაგრამ სწორედ მრავალ, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ თეორიებთან არის დაკავშირებული მეორე დასკვნა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო არენაზე დღეს არსებული სიტუაციის შეფასებას. ამ დასკვნის მიხედვით, სხვადასხვა თეორიული ტრადიციების, პარადიგმების, კონცეფციებისა და თეორიების ურთიერთკრიტიკა სულაც არ იწვევს მათ ნგრევასა და გაქრობას. პირიქით, იგი სწავლულებს აიძულებს გადააფასონ დაგროვილი ცოდნა, ხელს უწყობს მათი შეხედულებების ურთიერგამდიდრებას და ამგვარად საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მეცნიერების საერთო წინსვლას საკუთარი საკვლევი ობიექტის შემეცნების, მისი ხასიათისა და კანონზომიერებების გარკვევის მიმართულებით. იგი მიუთითებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათის საკითხის ანალიზის დროს ჩვენ ვერ ავცდებით ურთიერთსაწინააღმდეგო თეორიული პოზიციების განხილვას.
დღეს საერთაშორისო კვლევისას უპირველესი ყურადღება ექცევა გლობალიზაციის პროცესებს. ჩვენი მიზანი იყო, რომ სწორედ ამ კუთხით, გლობალიზაციის ჭრილიდან განგვეხილა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ზოგიერთი ფუძემდებლური საკითხი. აქვე ხაზს გავუსვამთ, რომ დღევანდელი ვითარების უფრო ობიექტურად წარმოსაჩენად, ზოგჯერ ვამჯობინებთ საერთაშორისო ურთიერთობების ნაცვლად ვიხმაროთ მსოფლიო პოლიტიკა. დღეს ურთიერთობები არ შემოიფარგლება მხოლოდ ეროვნულ (ნაციონალურ) სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებით (რაც თავისთავად გამომდინარეობს ტერმინიდან საერთაშორისო პოლიტიკა) და საერთაშორისო ურთიერთობებში უკიდურესად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი აქტორები არიან ჩაბმულნი (მულტინაციონალური კომპანიები, სერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა კერძო სტრუქტურები და ფონდები, ტრანსნაციონალური ტერორისტული დაჯგუფებები) დ ამდენად, უფრო უპრიანია ყოველივე ზემოთქმულის გამოსახატავად გამოვიყენოთ ტერმინი მსოფლიო პოლიტიკა. ბუნებრივია, საერთაშორისო ურთიერთობები არ ნიშნავს, რომ ლაპარაკია მხოლოდ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე, მაგრამ მხოლოდ ერთა-შორის - ინტერ-ნაციონალურ ურთიერთობებზე აქცენტის გაკეთება, მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაციის განხილვისას, ბუნებრივია, არასწორი იქნება.
და ბოლოს, გამოვყოფთ იმ ძირითად მიზნებს, რომლებსაც ისახავენ წარმოდგენილი ნაშრომის ავტორები:
მსოფლიო პოლიტიკის საერთო სურათის წარმოჩენა გლობალიზაციის ეპოქაში;
იმ თეორიული მიდგომების განხილვა, რომლებიც მიზნად ისახავენ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ახსნას;
იმ პროცესების განმარტება, რომლებითაც გლობალიზაცია თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკის ტრანსფორმაციას ახდენს.
______________________
1. მიიჩნევა, რომ დარგის ინსტიტუტიონალიზაცია დაიწყო 1919 წ. ეიბერსვიტში (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორიოს პოლიტიკის კათედრის შექმნით.
![]() |
2 I. თეორიები საერთაშორისო ურთიერთობათა ხასიათის შესახებ და გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო-პოლიტიკურ მეცნიერებაში არსებული მრავალი კონცეფცია და შეხედულება, საბოლოო ჯამში, შეიძლება სამ ძირითად თეორიად (ფილოსოფოს თომას კუნის მიერ პარადიგმებად მონათლული), დავაჯგუფოთ: რეალისტური (რომელიც მოიცავს კლასიკურ რეალიზმსა და ნეორალიზმს), ლიბერალური (ტრადიციული იდეალიზმი და ნეოლიბერალიზმი) და მსოფლიო სისტემის იგივე ნეომარქსისტული.. მათგან თითოეულის ამოსავალი წერტილი საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათის მისეული ხედვაა. ეს თეორიები, ბუნებრივია, არ ამოწურავს საერთაშორისო ურთიერთობათა მთელ შინაარსს. უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე მის ჩარჩოებში ინტენსიურად ვითარდება ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ტრანსნაციონალიზმი და ინსტიტუციონალიზმი, კონსტრუქტივიზმი და პოსტმოდერნიზმი. სულ უფრო დამოუკიდებელ მნიშვნელობას იძენენ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობათა სოციოლოგია. არსებობს განსხვავებები (და ხშირად მეტად თვალსაჩინო) ზემოაღნიშნული თეორიების შიგნითაც. იმავდროულად დღეისათვის ყველაზე გავრცელებული სწორედ ეს თეორიებია. დისკუსიათა შუაცეცხლში კი საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის საკითხების შესახებ, რომელიც დიდწილად განაპირობებს მისი განვითარების გზებს, რჩება დისკუსია ნეორეალიზმსა და ნეოლიბერალიზმს შორის.
პოლიტიკური რეალიზმის თეორიისათვის, რომლის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენელი 30-40-იან წლებში გახდა გ.მორგენთაუ, ცენტრალური ადგილი უჭირავს „ინტერესის ცნებას, რომელიც გამოიხატება ძალაუფლების ტერმინებით“ და მასთან დაკავშირებულ ძალების ბალანსს, გეოპოლიტიკურ სტრატეგიას და ა.შ. ნეორეალიზმში, რომლის ძირითადი იდეები 70-იანი წლების ბოლოს ჩამოაყალიბა კ.უოლცმა, ეს აქცენტები შედარებით შეცვლილია. იცავს რა ძალის სტრუქტურულ გაგებას, ნეორალიზმს იგი არ დაჰყავს სამხედრო კომპონენტამდე და რთავს მასში აგრეთვე ეკონომიკურ, ინფორმაციულ-კომუნიკაციურ, სამეცნიერო, ფინანსურ და წარმოებით შემადგენელ ნაწილებს. ეს თეორია ახალი ცნებებითაც არის გამდიდრებული, როგორიცაა ურთიერთდამოკიდებულება, ახალი, ძველზე გაცილებით უფრო ეფექტურ ძალაუფლების ტიპის ზეტერიტორიული ცნება - ძალაუფლება იდეებზე, კრედიტებზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე და ა.შ. მიუხედავად ამისა, საკუთრივ არსი რეალისტური მიდგომისა მისთვის დამახასიათებელი მსოფლიო პოლიტიკის გაცნობიერებით, როგორც უშეღავათო ბრძოლისა და სახელმწიფოების შორის ძალაუფლებისათვის და გავლენისათვის, კვლავაც უცვლელი რჩება.
პოლიტიკური რეალიზმის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია ცნება საერთაშორისო ურთიერთობების ანარქიული ხასიათის შესახებ. ამ თვალსაზრისით, სწორედ ანარქიულობა განასხვავებს საერთაშორისო ურთიერთობებს შიდა საზოგადოებრივი ურთიერთობებისაგან, რომლებიც დამყარებულია იერარქიის, სუბორდინაციის, ბატონობისა და მორჩილების პრინციპებზე, რაც ფორმალიზებულია სამართლებრივი ნორმებით, რომელთაგან უმთავრესია სახელმწიფოს მონოპოლია ლეგიტიმურ ძალადობაზე საკუთარი შიდა სუვერენიტეტის ჩარჩოებში. საერთაშორისო ურთიერთობათა ანარქიულობა კი, პოლიტიკური რეალიზმის მხადამჭერთა თვალსაზრისით, გამოიხატება ორი მთავარი ასპექტით. პირველია საერთო მთავრობის არარსებობა - მსოფლიოში ერთიანი მმართველი სტრუქტურის არარსებობა, რომლის განკარგულებების შესრულება სავალდებულო იქნებოდა ნებისმიერი სახელმწიფოს მთავრობისათვის. მეორე კი ის, რომ თითოეულ სახელმწიფოს მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების იმედი აქვს თავის ინტერესების დაცვის პროცესში. ამდენად, მსოფლიო მთავრობის, საერთო სამართლებრივი და მორალური ნორმების არარსებობა, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიო აარიდონ დამანგრეველ კონფლიქტებსა და ომებს, რეალიზმის მომხრეთათვის ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა უძველესი ხანებიდან მოყოლებული დღემდე. ამ სფეროს რეფორმირების ნებისმიერი იმედი ფუჭია, ზენაციონალური ორგანიზაციები ვერ მოიპოვებენ დემონირებად როლს. არავინ, სახელმწიფოს გარდა (მისი პოლიტიკური ხელმძღვანელების სახით), არ არის დაინტერესებული მის უსაფრთხოებაში, რომლის გამტკიცებას წარმოადგენს სახელმწიფოს მთავარ ინტერესს, მისი გაძლიერების მთავარ წინაპირობას. ზემოაღნიშნული თეორიის ჩარჩოებში ყოველივე ეს ნიშნავს, რომ რაციონალური თეორიის, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს იკვლევს, მთავარ შინაარსად რჩება სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტებისა და ომების შესწავლა, მის ცენტრალურ პრობლემად კი - უსაფრთხოების პრობლემა. ამასთანავე უსაფრთხოება განიხილება მხოლოდ მისი სამხედრო-ძალოვანი და სახელმწიფოებრივი ცენტრისტული ფორმით. მთელი ყურადღება კონცენტრირდება „უსაფრთხოების დილემაზე“, რომლის თანახმადაც რაც უფრო მეტ უსაფრთხოებას მიაღწევს სახელმწიფო (ან სახელმწიფოები) მით უფრო ნაკლებად უსაფრთხო ხდება სხვა სახელმწიფო (ან კავშირები).
„ცივი ომის“ დასრულების შემდეგ პოლიტიკური რეალიზმის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დაკნინდა. ნეორეალიზმის ზოგიერთმა წარმომადგენელმა საკუთარ თავს უწოდეს „ლიბერალური რეალისტები“ ან „უტოპიური რეალისტები“, რითაც ფაქტობრივად გამოავლინეს მზადყოფნა რეალისტური თეორიის მთელი რიგი დებულებების გადასინჯვაზე, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების ანარქიული ბუნების თაობაზე. მაგალითისათვის, პ.ბუზანი, რომელსაც ეჭვი არ შეაქვს თეზისში პოლიტიკური ურთიერთობების განსხვავებული ხასიათის შესახებ სახელმწიფოს შიგნით და საერთაშორისო არენაზე, იმავდროულად თვლის, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა ხასიათი იცვლება „მომწიფებული ანარქიის“ მიმართულებით, რომლის ჩარჩოებშიც ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოებს შეუძლიათ შეასრულონ საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტების როლი, პროგრესი კი მიღწევადია ყველასათვის, მათ შორის ყველა სუსტი სახელმწიფოებისა და ინდივიდებისათვისაც.
ამგვარ ვითარებაში საერთაშორისო-პოლიტიკური მეცნიერების ლიბერალურ-იდეალისტური თეორია, რომელიც თითქოს მივიწყებული იყო ბიპოლარული ურთიერთდაპირისპირების პერიოდში, ისევ იქცევს ყურადღებას და სხვადასხვა ფორმებს იძენს. მისი მრავალი მიმდევარი აღიარებს, რომ ვინაიდან საერთაშორისო არენაზე არ არსებობს იძულების მექანიზმი, ამდენად საერთაშორისო ურთიერთობები კვლავაც ანარქიული რჩება ბატონობის და მორჩილების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, როგორც თვლის ა.ვენდტი, იდეათა პირველადობა და ინტერესთა ბალანსის მიღწევის საშუალება ნიშნავს, რომ ანარქია წარმოადგენს საკუთრივ სახელმწიფოების პოლიტიკის შედეგს. უფრო მეტიც, საერთაშორისო ურთიერთობათა ანარქიულობა არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ძირეულად განსხვავებული შიდასაზოგადოებრივი ურთიერთობებისაგან. მაგალითად, ი.ფერგიუსონის თვალსაზრისით, მიუხედავად ნეორალისტების მტკიცებისა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში ანარქიის ბატონობის შესახებ, ჭეშმარიტებასთან გაცილებით უფრო ახლოს სხვა რამ დგას. „უკანონობასა და ძალადობას ყველაზე ხშირად ვაწყდებით ქალაქის უღარიბეს უბნებში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მოქმედებაში, ეთნიკურ კონფლიქტებში, მოუწერიგებელ ტერორიზმში და სამოქალაქო ომებში. პერუსა და კოლუმბიის მსგავს ქვეყნებში, მთელ რიგ პროვინციებში ფაქტობრივად მოქმედებს არა სახელმწიფო კანონები, არამედ დანაშაულებრივი სამყაროს კანონები, და პირიქით, სახელმწიფოთაშორისი ომები დღეს იშვიათი მოვლენაა და ტრანსნაციონალურ ურთიერთობათა მრავალი სფერო ამჟამად მშვიდობიანი და პროგნოზირებადია.“.
უფრო მეტი კრიტიკული შენიშვნაა გამოთქმული ანარქიულობის მეორე ასპექტის თაობაზე. ლიბერალური პარადიგმის მხარდამჭერთა თვალსაზრისით, ძნელია ურთიერთობებს აზიის, ჩრდ. ამერიკის, ოკეანიისა და დას. ევროპის განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის უწოდო, რომ ისინი იგება პრინციპზე „საკუთარ თავს თავად დაეხმარე“. ანარქიის თანმხლები მრავალი მოვლენა გადაილახა მთელი რიგი ინსტიტუტების წყალობით, რომლებიც მართავენ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს და უზრუნველყოფენ გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმებს. ეს ინსტიტუტები გამოხატავენ სახელმწიფოთაშორისო კონსენსუსს, უზრუნველყოფენ ამ კონსენსუსის შენარჩუნებას და გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმს. ეს ინსტიტუტები, გარდა იმისა, აღწევენ კონსენსუსს სახელმწიფოებს შორის, არბილებენ სახელმწიფოთა ფაქტობრივი არათანსწორობის შედეგებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი ნეოლიბერალი მიიჩნევს, რომ მსოფლიო თანამეგობრობის განვითარებაში დაიწყო ახალი ეტაპი და დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირების შეწყვეტის პირობებში, ბოლოსდაბოლოს გახდა შესაძლებელი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება იდეალისტური კონცეფციების საფუძველზე. მათი თვალსაზრისით, თანამშრომლობის იდეებს წარმატების გაცილებით უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე რეალისტების კლასიკურ შეხედულებებს კონფლიქტებზე.
ლიბერალური თეორიის სხვა მომხრეები ისწრაფვიან გამოიკვლიონ მიმდინარე ცვლილებების ხასიათი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ტენდენციები. მაგ, ჯ. როზენაუ ხაზს უსვამს, რომ დღეს წარმოქნის პროცესში მყოფი „პოსტსაერთაშორისო“ პოლიტიკაში კონტაქტები სხვადასხვა სტრუქტურებსა და აქტორებს შორის ხდება პრინციპულად ახლებურად. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ტრადიციული სამყაროს გვერდით, ჩვენ წინაშე იბადება „მეორე, პოლიცენტრიული მსოფლიო“, „პოსტსაერთაშორისო“ ურთიერთობათა სამყარო. იგი გამოირჩევა ქაოტურობითა და არაპროგნოზირებადობით, იდენტურობის დამახინჯებით, ახალი ავტორიტეტების წარმოქმნით, ლოიალურობის ორიენტაციების შეცვლით. ამასთან „პოსტსაერთაშორისო“ ურთიერთობათა საბაზისო სტრუქტურები თითქოს იხლიჩება ეტატისტურ და პოლიცენტრულ სამყაროებს შორის, რომლებიც ერთმანეთზე გავლენას ახდენენ, მაგრამ ვერ ნახულობენ და არ შეუძლიათ მონახონ ერთმანეთში ჭეშმარიტი შერიგების მიღწევის გზები.
ამასთანავე, ლიბერალური პარადიგმის მიმდევართა პოზიციების შეფასებებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საერთო ჯამში, ნეოლიბერალები უმთავრეს პოზიციებში (საერთაშორისო ურთიერთობათა ანარქიულობა, სახელმწიფოს წინამავალი როლი, ხელისუფლებისა და ძალის მნიშვნელობა), უფრო ახლოს დგანან ნეორალიზმთან, ვიდრე ტრადიციულ ლიბერალ-იდეალისტებთან.
რეალისტური თეორიის ძირითადი დებულებების კრიტიკით გამოდის ნეომარქსიზმი. მის მომხრეებს მსოფლიო წარმოუდგენიათ მრავალგვარი ეკონომიკების, სახელმწიფოების, საზოგადოებების, იდეოლოგიებისა და კულტურების გლობალური სისტემის სახით. ამ რთულ მრავალგვარობაში გარკვევისათვის გამოიყენება საბაზისო ცნებები - „მსოფლიო-სისტემა“ და „მსოფლიო-ეკონომიკა“. უკანასკნელი ასახავს არა იმდენად მსოფლიოში ეკონომიკურ ურთიერთობათა ჯამს, არამედ უკიდურესად ფართო სისტემას ურთიერთქმედებისა საერთაშორისო აქტორებს შორის, რომელშიც წინამავალ როლს ასრულებენ ყველაზე ძლიერნი. „მსოფლიო-ეკონომიკის“ მთავარი ნიშნებია - წარმოების მსოფლიო ორგანიზაცია, სამრეწველო კომპლექსების მზარდი კოორდინაცია, კაპიტალის ინტერნაციონალიზაცია და ფინანსთა სფეროში სახელმწიფოს ჩარევის შესაძლებლობის შემცირება. ნეომარქსისტთა მტკიცებით, სახელმწიფოები, რომელიც ადრე საკუთარ თავს იცავდნენ გარეგანი ჩარევისაგან, ამჟამად იქცევიან აგენტებად, რომლებიც გადასცემენ ნაციონალურ ეკონომიკებს „მსოფლიო-ეკონომიკის“ მოთხოვნებს, რათა მოახდინონ მათი ადაპტირება მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის პირობებისადმი. ამასთანავე, ზემოაღნიშნული პროცესები და მათი შესაბამისი სტრუქტურები წარმოადგენენ ადამიანთა მოღვაწეობის შედეგს, ისტორიის პროდუქტს. იმავდროულად, ხაზს უსვამენ ნეომარქსისტები, არსებობს გლობალიზაციის საწინააღმდეგო პროცესებიც - ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, სოციოკულტურულ და სხვა სახის ორგანიზაციებისა თუ სტრუქტურების დივერსიფიკაცია, განვითარების განსხვავებული გზების ძიება.
ჰიპერლიბერალურ „მსოფლიო-ეკონომიკას“, როგორც წერს ნეომარქსიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი რ. კოქსი, ესაჭიროება ლიდერი, რომელსაც შესწევს უნარი სხვები აიძულოს პატივი სცეს მის მიერ შემოღებულ წესებს. „ცივი ომის“ შემდეგ ეს როლი გაითავისა აშშ-მა. რეალურად, საერთაშორისო ურთიერთობები იძენენ აშშ-საგან დამოკიდებულ ხასიათს. ეს დამოკიდებულება ეხება მსოფლიო სისტემის არა მხოლოდ „მარგინალურ“ ზონებს, ანუ „მესამე სამყაროს“ განვითარებად ქვეყნებს, არა მარტო მის „აქტიურ“ და „მთავარ“ პერიფერიულ ზონებს, როგორებიც ხდებიან აღმოსავლეთ ევროპის, აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნები, რუსეთი თუ ინდოეთი, არამედ ისეთ ტრადიციულ „სისტემის ცენტრებს“, როგორიცაა იაპონია და დასავლეთ ევროპა. ნეომარქსისტთა შეხედულებით, მსოფლიო სისტემის მომავალი ევოლუცია დიდწილად დამოკიდებული იქნება „პერიფერიულ“ ზონათა და რეგიონთა პოლიტიკურ ნებასა და უნარზე კავშირი გაწყვიტონ მათთვის თავსმოხვეულ განვითარების სტრატეგიასთან, როგორც შიდა სფეროში, ისე საერთაშორისო ურთიერთობებში.
ზემოაღნიშნული თეორიების მომხრეთა მრავალი სხვა მოსაზრება შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ ზემოთ მოყვანილებიც საკმარისია იმის მკაფიოდ დასანახად, რომ ურთიერთკრიტიკის საფუძველზე იქმნება მთელი რიგი საერთო დებულებისა, რომელსაც სამივე თეორიის მიმდევრები იზიარებენ.
პირველ რიგში ეს არის დებულება იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანარქია საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავაც განაგრძობს არსებობას, და ნაწილობრივ შესაძლოა იზრდება კიდეც, მათი რეგულირების შესაძლებლობები არსებობს.
მეორე, ეს არის თეზისი, რომლის თანახმადაც საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეთა რიცხვი იზრდება და მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოებსა და სამთავრობათშორის ორგანიზაციებს, არამედ ახალ, არატრადიციულ აქტორებსაც - საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტრანსნაციონალურ კორპორაციებს, ფირმებსა და საწარმოებს, მრავალ საწარმოო, ფინასურ, პროფესიულ და სხვა სახის ასოციაციას, ასევე რიგით ინდივიდებს.
მესამე, ეს არის აღიარება ამ გამოწვევების და პრობლემების მსოფლიო ხასიათისა, რის წინაშეც აღმოჩდნენ დღეს საერთაშორისო ურთიერთობათა მონაწილენი.
იმავდროულად საერთო დებულებების არსებობა არ ნიშნავს განსხვავებების გაქრობას. თითოეული თეორიის მომხრენი უპირველესად ხაზს უსვამენ იმ ასპექტებს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ამა თუ იმ პარადიგმის ტრადიციებთან.
ახალმა მოვლენებმა საერთაშორისო ურთიერთობებში, რომლებსაც ყურადღება მიაქციეს ლიბერალური პარადიგმის მომხრეებმა, აიძულეს ნეორეალიზმის თეორეტიკოსები შეემსუბუქებინათ ზოგიერთი საკუთარი დებულება და შეეცვალათ სხვები. მაგ., კოლინ გრეი ლაპარაკობს სამხედრო ძალის მნიშვნელობის შემცირებაზე, ყოველ შემთხვევაში იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ბირთვულ იარაღს. მეორეს მხრივ ბარი ბუზანი და ჯონ მირშაიმერი აღნიშნავენ, რომ დღეს ნეორეალიზმმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს ეთნიკური კონფლიქტების შესწავლაზე და მათ გავლენაზე საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციაზე. მ. ბრეჩერი ხაზს უსვამს „პერიფერიული“ კონფლიქტების (ე.ი. რომლებიც დიდი სახელმწიფოების ინტერესებში არ შედიან) ანალიზის აუცილებლობას. 70-აინი წლებში ნეორეალიზმის მამამთავრის კ. უოლცის მიერ გამოთქმული დებულების - რომ ნეორეალიზმისათვის არსებობს მხოლოდ ორი ზესახელმწიფო და შესაბამისად ნეორეალიზმი წარმოადგენს ამ ორი ზესახელმწიფოს თეორიას, ფონზე ზემოაღნიშნულ მკვლევართა მოსაზრებები სერიოზულ ნოვაციად ჩანს. იმავდროულად „ცივის ომის“ დასრულებასთან დაკავშირებული ილუზიების სწრაფმა მარცხმა რეალისტური თეორიის მნიშვნელობა აქტუალური გახადა. ნეორეალიზმი საჭირო გახდა სხვადასხვა ქვეყნების როგორც სახელმწიფო ლიდერთათვის, ისე ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისათვის. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
პირველი - თანამედროვე საერთაშორისო სიტუაციის მრავალი ნიშან-თვისება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოში ვითარება გაცილებით უფრო სახიფათო გახდა და ნებისმიერი მოვლენა, რომლის ახსნაც შეუძლებელია, წარმოადგენს საფრთხეს. საერთაშორისო ურთიერთობათა ადრე არსებული მექანიზმების მოშლის პირობებში, როდესაც დაირღვა ნახევარი საუკუნის მანძილზე მსოფლიოში არსებული ძალთა ბალანსი, რასაც ყველა მიჩვეული იყო, მსოფლიო არენაზე ახალი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების არასახელმწიფოებრივ მონაწილეთა გამოჩენა და ბოლოს ახალი ტიპის მრავალგვარი და ურიცხვი კონფლიქტების წარმოშობა. მეორეს მხრივ ამ მოვლენებმა გამოაჩინა გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების არაეფექტურობა ახალი საერთაშორისო წესიგის აღმშენებლობის საქმეში, რომელიც დაეფუძნებოდა უნივერსალურ ფასეულობათა უზენაესობას და სახელმწიფოთა საერთო ინტერესებს, კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივ გზას და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის შექმნას.
მეორე - პოლიტიკური რეალიზმი ტრადიციულად წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციის საქმეში ამა თუ იმ სახელმწიფოში „საკუთარი“ ხელისუფლების სასარგებლოდ, რომელიც იცავს სახელმწიფოს „ეროვნულ“ ინტერესებს. იგი ხელისუფლებას უზრუნველყოფს არა მხოლოდ მხარდაჭერით საზოგადოების მხრიდან, არამედ ხელს უწყობს სახელმწიფო ერთიანობის შეანარჩუნებას გარეგანი წინაშე საფრთხის წინაშე.
მესამე - პოლიტიკური რეალიზმის თეორიის ძირითადი დებულებები - საერთაშორისო პოლიტიკის, როგორც ძალაუფლებისა და ძალის მოპოვების იარაღის შესახებ; სახელმწიფოს, როგორც მთავარი და არსებითად ერთადერთი რეალურად მოქმედ ძალის თაობაზე ამ პოლიტიკაში, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს; სახელმწიფოთა შორის ინტერესთა არათანმთხვევობის შესახებ და ამით განპირობებელი საერთაშორისო გარემოს აუცილებლად კონფლიქტოგენურობა - მისაღები გამოდგა დასავლეთისა და პირველ რიგში შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტისათვის.
მეოთხე - მნიშვნელოვან როლს პოლიტიკური რეალიზმის ძირითადი დებულების შენარჩუნების საქმეში ასრულებს გენერალიტეტის, სამხედრო-სამრეწველო კომლექსის წარმომადგენლთა, ექსპერტთა და ძალოვანი სტრუქტურების მრჩეველთა, უმაღლეს სახელმწიფო მოხელეთა, დამოუკიდებელ ანალიტიკურ ცენტრთა და ცალკეულ აკადემიურ მკვლევართა წარმოდგენები.
უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი ეყრდნობიან თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა დეტალურ ანალიზს და არკვევენ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესებს ამ ურთიერთობებში.
უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა ორი კონცეფცია: ეს არის ფ. ფუკუიამას „ისტორიის დასასრული“ და ს. ჰანთინგთონის „ცივილიზაციათა შეჯახება“. ფუკუიმა ლაპარაკობს დასავლურ ფასეულობათა ტრიუმფის შესახებ, პლურალისტული დემოკრატიის საყოველთაო გავრცელებაზე, ინდი-ვიდუალიზმისა და საბაზრო ეკონომიკის იდეალების შესახებ. ს. ჰანთიგთონი ხაზს უსვამს აღმავალ საფრთხეს, რომელიც მოდის სამხრეთიდან და რაც უკავშირდება მუსლიმური და კონფუციანური ცივილიზაციების, რომლებიც უპირისპიდებიან მათთვის მტრულ და უცხო დასავლეთს. ორივე თეორია, მიუხედავად მთელი რიგი სადავო დებულებებისა, აუცილებლად ანგარიშგასაწევია და გასათვალისწინებელი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ხასიათის შესწავლისას. |
ზ.ბჟეზინსკისა და ჩ.კრაუტმახერის შეხედულებით, დასავლეთის საბჭოთა კავშირზე გამარჯვების უმნიშვნელოვანესი შედეგი „ცივ ომში“ და ერთ-ერთი ზესახელმწიფოს გაქრობა არის ის, რომ ამიერიდან პასუხიმგებლობა მსოფლიო წესრიგზე ეკისრება ერთადერთ ზესახელმწიფოს - აშშ-ს. მას კი გააჩნია შესაძლებლობა არა მარტო დაიცვას მსოფლიო, არამედ გაავრცელოს დემოკრატიის, ინდივიდუალიზმის და საბაზრო საზოგადოების ფასეულობებიც მთელ მსოფლიოში. ჰ. კისინჯერის აზრით კი „ცივ ომში“ აშშ-ის გამარჯვებამ მას დააკისრა მძიმე, მაგრამ მისთვის შესაძლებელი მისია ერთადერთი ლიდერისა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის დაცვა.
საკვანძო საკითხები
|
საკვანძო საკითხები
საერთაშორისო-პოლიტიკურ მეცნიერებაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სამი თეორია (პარადიგმა): რეალისტური, ლიბერალური და ნეომარქსისტული.
დღეს უმთავრესი დისკუსია მიმდინარეობს ნეორეალიზმსა და ნეოლიბერალიზმს შორის.
არსებობს მთელი რიგი დენულებებისა, რომლებსაც სამივე თეორიის მიმდევრები იზიარებენ.
საერთაშორისო ურთიერთობათა სამი თეორია და გლობალიზაცია
80-იანი წლებიდან საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზისას ჩვეულებად იქცა ინტერპარადიგმული დებატები. ეს ნიშნავს, რომ სამი მთავარი თეორია ურთიერთშეჯიბრშია და „ჭეშმარიტება“ სწორედ მათ შორის დებატების შედეგად უნდა დადგინდეს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითოეული მათგანი მსოფლიო პოლიტიკის ამა თუ იმ კონკრეტულ ასპექტს სხვებზე უფრო ზუსტად და მართებულად აღწერს, შესაბამისად შესაძლებელია ამ თეორიების კომბინირების შედეგად სწორი პასუხის მიღება. მაგრამ საკითხი ესოდენ მარტივი გადასაწყვეტი არ არის, ვინაიდან ეს სამი თეორია არა იმდენად სხვადასხვა შეხედულებებია ერთი და იგივე სამყაროზე, არამედ უფრო მეტად სამი თეორიაა სხვადასხვა სამყაროს შესახებ. შევეცდებით განვმარტოთ ზემოთქმული: მიუხედავად იმისა, რომ თითოეული თეორია ფოკუსირებას ახდენს მსოფლიო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტზე (რეალიზმი ძალაზე დამყარებულ ურთიერთობებზე სახელმწიფოთა შორის, ლიბერალიზმი უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების ურთიერთქმედებაზე, მსოფლიო სისტემის თეორია კი მსოფლიო ეკონომიკის მოდელებზე), ბუნებრივია, ისინი მხოლოდ ზემოთქმულით არ შემოიფარგლებიან. თითოეული თეორიით უბრალოდ მიიჩნევა, რომ მასში ყურადღება გამახვილებულია მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლებზე, რაც უკეთესად ხსნის საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებს, ვიდრე სხვა თეორია. შესაბამისად, სამი თეორია პრაქტიკულად ურთიერთდაპირისპირებულია და მეტად რთულია მას მეორე თეორიის კომპონენტები მივუსადაგოთ. მაგალითისათვის, თუ თქვენ წარმოადგენთ მსოფლიო სისტემის თეორეტიკოსს, თქვენ მიგაჩნიათ, რომ სახელმწიფოს მოქმედებას მთლიანად განაპირობებს კლასების ძალა. კლასები კი, რეალისტური თეორიის თანახმად, არავითარ გავლენას არ ახდენენ სახელმწიფოს მოქმედებაზე. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, სამი თეორია რეალურად არის იმის ვერსიები, თუ რას წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები და არა მისი ცალკეული ნაწილების ახსნა. უპირველესად კი შეუთანხმებლობაა მათ შორის იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს მსოფლიო პოლიტიკა!
გამორიცხულია ვიფიქროთ, რომ ამ თეორიებისაგან თითოეულს გააჩნია ზუსტი პასუხი ყველაფერ იმაზე, რასაც შეადგენს საერთაშორისო ურთიერთობები გლობალიზაციის ეპოქაში. თითოეულ თეორიაში გლობალიზაცია სხვადასხვაგვარად არის აღქმული. განვიხილავთ თითოეულ მათგანს:
რეალისტებისათვის გლობალიზაცია სულაც არ ცვლის საერთაშორისო ურთიერთობათა ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებელს, კერძოდ მსოფლიოს ტერიტორიულ დაყოფას ეროვნულ სახელმწიფოებად. აღმავალი ურთიერთკავშირის მიუხედავად ეკონომიკებსა და საზოგადოებებს შორის, რამაც ისინი უფრო ურთიერთდამოკიდებულნი შეიძლება გახადოს, იგივე არ ითქმის სახელმწიფოთა სისტემაზე. სახელმწიფოები ინარჩუნებენ სუვერენიტეტს და გლობალიზაცია სულაც არ აქცევს სახელმწიფოთა შორის პოლიტიკურ ბრძოლას წარსულის რუდიმენტად. იგი არ ამცირებს არც ძალის გამოყენების საფრთხეს და არც ძალთა ბალანსის მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე, გლობალიზაცია შეიძლება შეეხოს ჩვენს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, მაგრამ იგი გავლენას არ ახენს სახელმწიფოთა საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაზე.
ლიბერალებისათვის სურათი აბსოლუტურად სხვაგვარად წარმოდგება. ისინი გლობალიზაციას მიიჩნევენ ხანგრძლივი დროის მანძილზე მიმდინარე მსოფლიო პოლიტიკის ტრანსფორმაციის საბოლოო პროდუქტად. მათთვის გლობალიზაცია თავისთავად უარყოფს მსოფლიო პოლიტიკის რეალისტურ მოდელებს, ვინაიდან აჩვენებს, რომ სახერლმწიფოები აღარ არიან საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრალური აქტორები, როგორც ეს ადრე იყო. მათი ადგილი დაიკავეს სხვადასხვა და აურაცხელი რაოდენობით აქტორებმა. მათ განსხვავებული მნიშვნელობა გააჩნიათ იმ სფეროს მიხედვით, რომელშიც უხდებათ მოღვაწეობა. ლიბერალები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში რევოლუციის მიმართ, რასაც გამოხატავს გლობალიზაცია. ყოველივე ეს, ტექნოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით, იწვევს საზოგადაოებათა სულ უფრო მჭიდრო ურთიერთდაკავშირებას და მისი შედეგი ხდება ადრე არსებულისაგან მკაფიოდ განსხვავებული მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების სისტემა. სახელმწიფოები აღარ წარმოადგენენ ჩაკეტილ ერთობებს და მსოფლიო სულ უფრო ემსგავსება მრავალმხრივი ურთიერთობების აბლაბუდას. ყოველივე ეს არ თავსდება არც რეალიზმის სახელმწიფო მოდელის, არც მსოფლიო სისტემის კლასობრივი მოდელის ჩარჩოებში.
მსოფლიო სისტემის თეორეტიკოსებისათვის გლობალიზაცია მატყუარას წარმოადგენს. არაფერი განსაკუთრებულად ახალი არ ხდება და იგი შეადგენს საერთაშორისო კაპიტალიზმის განვითარების გვიანდელ ეტაპს. მას არავითარი რაოდენობრივი ცვლილებები არ შეაქვს მსოფლიო პოლიტიკაში და არც არსებულ თეორიებსა თუ კონცეფციებს ხდის უფრო მრავლისმთქმელს. პირველ რიგში, გლობალიზაცია არის დასავლეთის მიერ შექმნილი და წარმართული ფენომენი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორიოს კაპიტალიზმის განვითარების ბუნებრივ ნაყოფს. უფრო მეტად, ვიდრე მსოფლიოს ერთგვაროვანს ხდის, იგი გამოხატავს გაყოფასა და შეუსაბამობას ცენტრს, ნახევრად-პერიფერიასა და პერიფერიას შორის.
გლობალიზაცია და მისი წინამორბედი პროცესები
გლობალიზაციაში ჩვენ უბრალოდ ვგულისხმობთ საზოგადოებათა იმ მზარდ ურთიერთდაკავშირების პროცესს, რომლის შედეგადაც მოვლენები მსოფლიოს ერთ ნაწილში სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს შორს მყოფ საზოგადოებებსა და ხალხებზე. გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოში პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოცილერი მოვლენები სულ უფრო და უფრო ურთიერთდაკავშირებული ხდება და უფრო ფართო მნიშვნელობას იღებენ. სხვა სიტყვებით, ერთ საზოგადოებაზე სულ უფრო მეტ გავლენას ახდენს სხვა საზოგადოებებში მიმდინარე პროცესები. ეს მოვლები შეიძლება სამ ტიპად დაიყოს: სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურად. ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო სულ უფრო „ვიწროვდება“ და ადამიანები აცნობიერებენ ამის შედეგს. მაგალითისათვის, ინტერნეტი - მსოფლიო აბლაბუდა იძლევა საშუალებას იჯდეთ სახლში და თვალყური ადევნოთ თუ რა ხდება მთელ მსოფლიოში. ელექტრონულმა ფოსტამ ასევე გარდაქმნა სიტუაცია. მაგალითისათვის, ორმა გამომცემელმა შეიძლება ერთმანეთს წუთების განმავლობაში გადასცენ წიგნის ტექსტი, რაც ამ ხუთიდე წლის წინ წარმოუდგენელი იყო. სხვა შემთხვევებია მსოფლიო სატელეკომუნიკაციო სისტემა, მსოფლიო გაზეთები, სოციალური მოძრაობები (ემნესტი ინტერნეიშენალ თუ გრინფისი) სამომხმარებლო პროდუქცია (მაკდონალდსი, კოკა-კოლა თუ პიცა) და მსოფლიო ეკონომიკა (შედით მეზობლად მდებარე სუპერმარკეტში და ნახეთ, თუ რამდენი ქვეყნის პროდუქცია იყიდება), ასევე გლობალური საფრთხეები (გარემოს დაბინძურება, შიდსი და ა.შ.).
ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ გლობალიზაციას არ არის სრულიად ახალი ფენომენი კაცობრიობის ისტორიაში. შესაძლოა ამგვარად დავსვათ საკითხი: ეს არის ახალი ტერმინი, რომელიც გამოიყენება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარე პროცესების აღსანიშნავად. არსებობდა გლობალიზაციის წინამორბედი მსგავსი პროცესები. მათ შორის უნდა გამოვყოთ ცხრა მახასიათებელი, რომლებიც განხილულია „გლობალიზაციამდელი“ ავტორების ნაშრომებში.
გლობალიზაციას ბევრი საერთო აქვს მოდერნიზაციის თეორიასთან (მოდესკი, მორსე). ამ ავტორთა თანახმად, ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია ახალი ტიპის კონტაქტების დამყარება საზოგადოებათა შორის და შეცვალა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები, რაც ახასიათებდა წინამოდერნისტულ მსოფლიოს. უპირველესად მოდერნიზაციამ შეცვალა სახელმწიფოს ბუნება, ერთის მხრივ გაზარდა მისი პასუხისმგებლობა და მეორეს მხრივ შეასუსტა მისი კონტროლი. ამის შედეგი იყო ის, რომ შეიცვალა საერთაშორისო ურთიერთობების ძალაზე დამყარებული მოდელი. ძალა ნაკლებად გამოსადეგარი გახდა, სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ ურთიერთობები ჰქონოდათ სხვა აქტორებთან საკუთარი მიზნების მისაღწევად, შესაბამისად დადგა სახელმწიფოს, როგორც აქტორის იდენტურობის საკითხიც.
გარკვეული მსგავსებას ამჟღავნებს პირველ შემთხევასთან უოლტ როსტოუს გამოთქმული თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ეკონომიკურ აღმავლობას მოდელი აუცილებლად გულისხმობს ინდუსტრიალიზაციას. ნაკლებად განვითარებულმა ეკონომიკებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ განვითრებული ეკონომიკის მოდელი წარმატების მისაღწევად და ამ მხრივ მათ შორის კავშირი მყარდება.
ლიბერალური პარადიგმა გულისხმობს ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას და ტრანსნაციონალური აქტორების არსებობს (კუპერი, ნეი).
მარშალ მაკლუჰანმა 1964 წელს გამოაქვეყნა ცნობილი ნაშრომი „გლობალური სოფელი“, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ელექტრონული კომუნიკაციების განვითარება შესაძლებლობას მოგვცემდა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მიმდინარე პროცესების თვალყურის დევნას. ყოველივე ეს გამოიწვევდა დროისა და სივრცის კომპრესიას, იმდენად, რომ დაიკარგებოდა ტრადიციული იდენტურობა (უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული კომუკაციების განვითარება გლობალიზაციის შემადგენელი, მაგრამ არა ერთადერთი ნაწილია).
1972 წელს ჯონ ბარტონმა იწინასწარმეტყველა „მსოფლიო საზოგადოების“ წარმოქმნა, რომელშიც შემცირდებოდა სახელმწიფოთა სისტემის როლი და გაიზრდებოდა არასახელმწიფოებრივ აქტორთა მნიშვნელობა.
60, 70, 80-იან წლებში დიდ მუშაობას ეწეოდა მსოფლიო წესრიგის მოდელების პროექტი (WOMP). იგი შეიქმნა სახელმწიფოთაშორისო სისტემისათვის ალტერნატივების გამოსანახად, რომელიც შეამცირებდა ომის საფრთხეს. მუშაობის ფოკუსირება ხდებოდა მსოფლიო მმართველობაზე, რაც დღეს, გლობალიზაციის პირობებში, განსაკუთრებულ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. 90-იანი წლებიდან პროექტი ძირითადად ზრუნავს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებასა და გარემოს დაცვაზე.
გარკვეული პარალელები არსებობს გლობალიზაციის იდეებსა და საერთაშორისო საზოგადოების არსებობის მომხრეთა შორის (მაგ., ჰედლი ბული). ის მიიჩნევს, რომ საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა საერთო და შეთანხმებული ნორმების სისტემა და ურთიერთგაგების საფუძველი სახელმწიფო ლიდერებს შორის, რაც იძლევა უფრო მეტად საზოგადოების, ვიდრე საერთაშორისო სისტემის ფორმირების საშუალებას. ყოველივე ამას იგი ნათლავდა „ახალ მედიავალიზმად“. მაგრამ საკმაოდ ბუნდოვანი იყო იმ შემთხვევაში, როდესაც მიიჩნევდა, რომ ზენაციონალური და საერთაშორისო ორგანიზაციები მეტოქეობას გაუწევდნენ სახელმწიფოს, მაგრამ იმავდროულად მსოფლიო საზოგადოების განვითარება არ გამოიწვევდა ეროვნული სახელმწიფოს გაქრობას.
ფ. ფუკუიამამ 1999 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ისტორიის დასასრული“. მისი თვალსაზრისით, ეკონომიკური ბაზრის შექმნის შედეგად გაძლიერებული ლიბერალური დემოკრატია შეცვლის მმართველობის ყველა სხვა ფორმას. იგი აღიარებს სხვა რეჟიმების არსებობას, მაგრამ მიიჩნევს, რომ კომუნიზმს, ფაშიზმსა თუ ისლამს არ შეუძლია ისეთი ეკონომიკური კეთილდღეობის მოტანა, როგორიც ლიბერალურ დემოკრატიას. ამდენად, ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება თავისთავად გამომდინარეობს საზოგადოებათა ინტერესებიდან.
არსებობს გარკვეული მსგავსება გლობალიზაციის პოლიტიკურ ასპექტებსა და „ლიბერალური მშვიდობის“ თეორიას შორის. ლიბერალური სახელმწიფოები არ იბრძვიან ერთმანეთში. ისტორიაში არსებობს პროგრესი, რაც სულ უფრო რთულს ხდის ომების დაწყებას.
გლობალიზაცია: მითი თუ რეალობა?
ქვემოთ განვიხილავთ გლობალიზაციის დადებით და უარყოფით მხარეებს.
გლობალიზაციის დადებითი მხარეებია:
ეკონომიკური ტრანსფორმაციის საშუალება იმდენად დიდია, რომ იგი ქმნის ახალ მსოფლიო პოლიტიკას. სახელმწიფოები აღარ არიან ჩაკეტილი ერთობები და მათ არ შეუძლიათ აკონტროლონ საკუთარი ეკონომიკები. მსოფლიო ეკონომიკა არასოდეს ყოფილა ესოდენ ურთიერთდამოკიდებული ვაჭრობის განვითარებითა და ფინანსების ბრუნვით.
კომუნიკაციებმა ფუნდამენტური რევოლუცია მოახდინეს იმ საშუალებებში, რომლებითაც ჩვენ ვუკავშირდებით დანარჩენ მსოფლიოს. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელშიც ერთ ადგილას მიმდინარე მოვლენებზე პირდაპირი დაკვირვება ხდება მეორე ადგილიდან. ელექტრონული კომუნიკაციები აფართოებს იმ სოციალური ჯგუფების ცნებებს, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ.
დღეს რეალობას წარმოადგენს გლობალური კულტურის არსებობა. ურბანისტული რეგიონები სულ უფრო ემსგავსებიან ერთმანეთს. მსოფლიო გლობალურ კულტურას იყენებს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰოლივუდიდან მოდის.
მსოფლიო უფრო ჰომოგენური ხდება, განსხვავებები ხალხებს შორის იშლება.
დრო და სივრცე იკუმშება. ჩვენი ძველი წარმოდგენები გეოგრაფიულ სივრცესა და ქრონოლოგიურ დროზე იცვლება თანამედროვე კომუნიკაციებისა და მედიის სისწრაფის საშუალებით.
იქმნება მსოფლიო სახელმწიფოებრივი მოწყობა ტრანსნაციონალური სოციალური და პოლიტიკური მოძრაობებით და იწყება ფუნქციების გადაცემა სახელმწიფოდან ზესახელმწიფო, ტრანსნაციონალურ და საერთაშორისო კავშირებზე.
ვითარდება კოსმოპოლიტური კულტურა. ხალხი იწყებს „აზროვნებას გლობალურად და მოქმედებას ლოკალურად“.
ყალიბდება რისკის კულტურა, როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ გლობალურ პრობლემებს (შიდსი, გარემოს დაბინძურება) მხოლოდ სახელმწიფოები ვერ გადაწყვეტენ.
მიუხედავად იმისა, რომ თვალსაჩინოა გლობალიზაციის ამ შედეგების პროგრესული მნიშვნელობა, არსებობს გლობალიზაციის მეორე, არასასურველი მხარე, რომლის წარმოსაჩენად ძირითადად შემდეგ არგუმენტებს იყენებენ:
ერთი თვალსაზრისით, გლობალიზაციას წარმოადგენს კაპიტალიზმის ყველაზე გვიანდელ ფაზას.. ჰირსტი და ტოპმსონი ხაზს უსვამენ, რომ გლობალიზაცია ნათლად ამჟღავნებს ეროვნული მთავრობების უუნარობას გლობალური ტენდენციების წინაშე. ყოველივე ეს ბოლოს უღებს მთავრობების მცდელობას დაიმორჩილონ გლობალური ეკონომიკური ძალები, მოახდინონ მათი კონტროლი და რეგულირება. ამგვარი სიტუაცია სულაც არ არის უნიკალური და გაცილებით უფრო ღრმად აქვს გამდგარი ფესვები, ვიდრე წარმოგვიდგენია. ხუთი მთავარი ეკონომიკური ფაქტორი შეიძლება გამოიყოს; 1) ამჟამინდელი მსოფლიო ეკონომიკა არ არის ერთადერთი ისტორიაში. მსგავსი რამ არსებობდა 1870-1914 წლებში. 2) მართლაც, ტრანსნაციონალური კომპანიები მეტად იშვიათი. ძირითადად არის ნაციონალური კომპანიები რომელთა მოღვაწეობასაც საერთაშორისო ხასიათი აქვს. 3) არ არსებობს ფინანსების მოძრაობა განვითარებული სამყაროდან განვითარებადში. პირდაპირი ინვესტირება ძირითადად კონცენტრირებული განვითარებულ სამყაროში. 4) მსოფლიო ეკონომიკა არ არის გლობალური, ვინაიდან ვაჭრობა, ინვესტიციები და ფინანსები კონცენტრირებული სამ ბლოკში - აშშ-ში, დას. ევროპასა და იაპონიაში. 5). ამ სამ ბლოკს, თუკი ისინი მოახდენენ პოლიტიკის კოორდინირებას, ძალუძთ მოახდინონ გლობალური ეკონომიკური ბაზრისა და ძალების რეგულირება. ყოველივე ეს მეტად მნიშვნელოვანი ხედვაა, მაგრამ მოიცავს გლობალიზაციის მხოლოდ ეკონომიკურ ასპექტებს.
გლობალიზაცია მეტად არათანაბარია თავისი შედეგებით. იმის ლაპარაკი, რომ ადამიანთა დიდ რაოდენობას არ შეუძლია მოიხმაროს ინტერნეტი, ოდნავ გადაჭარბებულია, მაგრამ ბევრ ადამიანს თავის ცხოვრებაში არასოდეს გამოუყენებია ტელეფონი. სხვა სიტყვებით, გლობალიზაციის სასურველ შედეგებს იმკის მხოლოდ განვითარებული სამყარო, მაშინ როდესაც გლობალიზაციის სიკეთე არანაირად არ აისახება დანარჩენ მსოფლიოზე.
უკვე აღნიშნული იყო, რომ არსებობს თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც გლობალიზაცია წარმოადგენს დასავლური იმპერიალიზმის ყველაზე გვაინდელ ფაზას. გლობალიზაცია დასავლეთმა წამოიწყო. რა ადგილი აქვს მასში არადასავლურ ფასეულობებს? გლობალიზაცია წარმოადგენს მსოფლიოს დასავლური თვალთახედვის ტრიუმფს მსოფლიოს არადასავლური კულტურების თვალთახედვის ხარჯზე.
გლობალიზაციის შედეგად ბევრი წაგებული რჩება. გახსნილობის ლოზუნგით ხდება ღარიბი ქვეყნების ხალხების უფრო მეტი ექსპლუატაცია. ტექნოლოგიები, რომელიც თანა ახლავს გლობალიზაციას ავტომატურად ხელს უწყობს მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ეკონომიკების წინსვლას და არ ითვალისწინებს ადგილობრივი მწარმოებელი ხალხების ინტერესებს.
გლობალიზაციის ძალები არ არის ყოველთვის „სიკეთის მომტანი“ ძალები. გლობალიზაცია სასურველ პიროებებს ქმნის ნარკობიზნესისათვის, საერთაშორისო ტერორიზმისათვის. ინტერნეტის ქსელში გამეფებული ანარქია კი წარმოშობს კითხვებს ცენზურისა და ზოგიერთი მასალის მოხმარებაზე შეზღუდვის დაწესების შესახებ.
თუკი დავუბრუნდებით გლობალიზაციის ე.წ. გლობალური მმართველობის ასპექტებს, ყველაზე მეტ შეშფოთებას იწვევს ის, თუ თუ როგორ არიან და ვის წინაშე პასუხისმგებელნი და დემოკრატიულად ანგარიშვალდებულნი საერთაშორისო სოციალური მოძრაობები? თუკი IBM და შელი სულ უფრო მეტ ძალას შეიძენენ, რამდენად ანგარიშვალდებულნი იქნებიან და დაექვემდებარებიან ისინი დემოკრატიულ კონტროლს? დევიდ ჰელდი ყოველივე ამას უწოდებს „კოსმოპოლიტურ დემოკრატიას“. მაგრამ სულ უფრო გაძლიერებული აქტორები გლობალიზებული მსოფლიოსა სწორედ რომ აღარ არიან ანგარიშვალდებულნი. ამგვარი არგუმენტი შეეხება ისეთ „კარგ“ აქტორებსაც, როგორიცაა საერთაშორისო ამნისტია ანდა მწვანეთა მოძრაობა.
საბოლოოდ, საკუთრივ გლობალიზაციის ცნება გარკვეულწილად პარადოქსულია. ერთის მხრივ იგი ყოველთვის გამოისახება, როგორც დასავლეთის, ბაზრისაკენ მიმართული ფასეულობების ტრიუმფი, მაგრამ როგორ ავხსნით იმ უზარმაზარ ეკონომიკურ წარმატებას, რომელსაც მიაღწია ზოგიერთმა ქვეყანამ გლობალურ მსოფლიოში? აქ ჩვენ უპირველესად ვგულისხმობთ ე.წ. აზიის „ვეფხვებს - სინგაპურს, ტაივანს, მალაიზიასა და კორეას, რომლებმაც უდიდეს ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწიეს, მაგრამ ამასთანავე იცავენ ე.წ. „აზიურ ფასეულობებს“ და უარყოფენ დასავლურს. სწორედ ეს არის პარადოქსი - მათ წარმატებას მიაღწიეს დასავლურ ფასეულობათა გამოყენების გარეშე. აქედან გამომდინარე, გარკვეულად ბუნდოვანი ხდება გლობალიზაციის ცნება, რომლის თანახმადაც ეს პროცესი გულისხმობს გარკვეული, დასავლური ფასეულობების გავრცელებას მთელ მსოფლიოში. თუკი ეს ქვეყნები გააგრძელებენ ეკონომიკურ და სოციალურ მოდერნიზაციას, შეიქმნება მომავალი დებატების პირობები „დასავლურ“ და „აზიურ“ ფასეულობებს შორის რელიგიის, ადამიანთა უფლებების თუ სხვა სფეროებში.
საკვანძო საკითხები
გლობალიზაციას გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. |
კითხვები და დავალებები:
რა უმთავრესი თეორიები არსებობს საერთაშორისო ურთიერთობათა ხასიათის შესახებ?
რომელი თანმთხვევი დებულებები ახასიათებთ საერთაშორიოს ურთიერთობათა თეორიებს?
ვინ არიან საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი და არატრადიციული აქტორები?
რა განაპირობებს ნეორეალისტური თეორიის აქტუალურობის გაზრდას?
არის თუ არა გლობალიზაცია ახალი ფენომენი მსოფლიო პოლიტიკაში?
როგორ ხსნიან სხვადასხვა თეორიები გლობალიზაციას?
დაახასიათეთ გლობალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ლიტერატურა:
P. Viotti & M. Kauppi, International Relation Theory: Realism, Pluralism, Globalism (New York: Macmillan, 1993).
D.A. Baldwin, Neoralism and Neoliberalism: The Contemporary Debate (new York: Columbia Univ. Press, 1993).
P. Hirst & G. Thompson, Globalization in Question (Cambridge: Polity Press, 1996).
J.N. Rosenau, Turbulence in World Politics (Princeton: Univ. Pres, 1990).
![]() |
3 II.საერთაშორისო ურთიერთობათა კანონზომიერებანი |
▲ზევით დაბრუნება |
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, საერთაშორისო ურთიერთობათა კანონზომიერებების პრობლემა ერთა-ერთი ყველაზე ნაკლებად დამუშავებული და ყველაზე მეტად სადისკუსიო თემაა. ეს აიხსნება პირველ რიგში საზოგადოებრივ ურთიერთობათა ამ სფეროსათვის დამახასიათებელი სპეციფიკით, რომელშიც განსაკუთრებით რთულია აღმოაჩინო ამა თუ იმ მოვლენათა და პროცესების განმეორება და სადაც, ამ მიზეზით, კანონზომიერებათა მთავარ მახასიათებლებს წარმოადგენს მათი შედარებითი, ფარდობითი და გაურკვეველი ხასიათი.
პოლიტიკური რეალიზმის თეორიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ იგი ცდილობს დაამტკიცოს იმ აზრის ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც საერთაშორისო პოლიტიკას საფუძვლად უდევს იგივე ობიექტური და უცვლელი კანონები პოლიტიკური ქცევისა, რომლის ძირებიც უნდა ვეძიოთ თავად ადამიანის ბუნებაში. პოლიტიკური რეალიზმის ცენტრალური ცნება „ინტერესი, გამოხატული ძალაუფლების ტერმინებით“ - უკავშირებს საერთაშორისო ურთიერთობების კანონების არსებობას ადამიანთა მოთხოვნილებას უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და განვითარებაზე, რაც უნდა დაიცვას სახელმწიფომ საგარეო პოლიტიკური მოღვაწეობისას. პოლიტიკური რეალიზმი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობათა განხილვა არა რაიმე იდეალის თვალსაზრისით, რამდენადაც მომხიბვლელი არ უნდა იყოს ეს იდეალი, არამედ მისი არსით - პოლიტიკის საფუძველზე.
„საერთაშორისო პოლიტიკა, მსგავსად სხვა ნებისმიერი პოლიტიკისა, წარმოადგენს ბრძოლას ძალაუფლებისათვის; რანაირიც არ უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკის საბოლოო მიზანი, მის უშუალო მიზანს ყოველთავის წარმოადგენს ძალაუფლება.“ გ. მორგენთაუ |
არ უარყოფენ რა მსოფლიო საერთაშორისო წესრიგის ჰარმონიულობის მიღწევის აუცილებლობას, რომელიც დაეფუძნება უნივერსალურ ფასეულობებს, დემოკრატიასა და სამართლის უზენაესობას, პოლიტიკური რეალისტები იმავდროულად ხაზს უსვამენ, რომ თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია დიდი სახელმწიფოების მუდმივი სწრაფვა შეინარჩუნონ საერთაშორისო არენაზე არსებული სტატუს ქვო, თუკი იგი მისაღებია მათი ინტერესებისათვის, ანდა მოინდომონ მისი შეცვლა, თუ ეს მათ ინტერესებში შედის. თავის მხრივ, ეს იწვევს საერთაშორისო ურთიერთობათა განსაკუთრებულ კონფიგურაციას, რასაც ძალთა ბალანსს უწოდებენ და შესაბამისად იმგვარი პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც მოწოდებულია შეინარჩუნოს ეს ბალანსი.
ნეორეალიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი კ. უოლცი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოთა სტრატეგიული ურთიერთდამოკიდებული ქცევის სიტუაციაში, მათი პოლიტიკა აიხსნება არა მხოლოდ შიდა მიზეზებით, არამედ სხვა სახელმწიფოთა მოქმედებითა და ქცევითაც. ამ მიზეზით, თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ ან ვეცადოთ წინასწარ განვსაზღვროთ ამგვარი ქცევა, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოთაშორისო სისტემის თავისებურებები, მისი სტრუქტურის სპეციფიკა.
პოლიტიკური რეალიზმი სკეპტიკურად უყურებს საერთაშორისო „საზოგადოების“ რეგულირების შესაძლებლობას სამართლებრივი ნორმების ანდა ზნეობრივი ფასეულობების საფუძველზე. როგორც გ. შვარცენბერგერი წერს, „საზოგადოებაში, რომელშიც არ არსებობს უზენაესი ხელისუფლება, კანონის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს ძალისა და იერარქიის უზენაესობის მხარდაჭერა, რომელიც ემყარება ძალაუფლების გამოყენებას და ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო სამართალი გამოიყენება სწორედ ამ მიზნებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას საერთაშორისო მორალთან დაკავშირებით: სახელმწიფო თავის მთავარ დანიშნულებას ხედავს არა იმაში, რომ აკონტროლოს საკუთარი ქცევა, არამედ იმაში, რომ იყოს ძალოვანი იარაღი პოტენციური თუ რეალური მტრების წინააღმდეგ“
ამგვარად, პოლიტიკური რეალიზმის თეორიის მიხედვით საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარ კანონზომიერებებს წარმოადგენენ: უპირობო და პრიორიტეტული როლი სახელმწიფოსი, როგორც მთავარი და რეალურად ერთადერთი აქტორისა საერთაშორისო ურთიერთობებში; სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განპირობება ნაციონალური ინტერესებით; ძალა (პირველ რიგში სამხედრო), როგორც ამ მიზნების მიღწევის მთავარი იარაღი; დიდ სახელმწიფოთა წარმმართველი როლი მსოფლიო პოლიტიკაში; ძალთა ბალანსი, როგორც საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნების საშუალება და საერთაშორისო წესრიგის მთავარი რეგულატორი.
რეალიზმის საკვანძო კონცეფციები
ანარქია: ნიშნავს არა ქაოსს, არამედ პოლიტიკური ხელისუფლების არარსებობას.
ანარქიული სისტემა: საერთაშორისო პოლიტიკის „მომაწესრიგებელი პრინციპი», რომლითაც განისაზღვრება მისი სტრუქტურა.
ძალაუფლების ბალანსი: სახელმწიფოთა შორის ძალთა გათანასწორება. „ისტორიკოსი“ რეალისტები მას მიიჩნევენ დიპლომატიის პროდუქტად, „სტრუქტურალისტი“ რეალისტები კი მასში ხედავენ ბუნებრივი გათა-ნასწორებისაკენ მიმართულ ტენდენციას.
ჰეგემონია: ძალოვანი სახელმწიფოს უნარი საკუთარი სისტემის ორბიტაში მოაქციოს სხვა სახელმწიფოები და მის გავლენა გავრცელდეს ლიდერობიდან დომინირებამდე.
საერთაშორისო სისტემა: სხვადახვა ურთიერთკავშირში მყოფი ნაწილების ერ თობა, რომელსაც კონკრეტული ფორმა აქვს მიღებული. სისტემებს გააჩნიათ დამახასიათებელი პრინციპები, როგორიცაა იერარქია (საშინაო პოლიტიკაში) და ანარქია (საერთაშორისო პოლიტიკაში).
ნაციონალური ინტერესი: სახელმწიფოთა ლიდერების მიერ იმის განსაზღვრა, თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის. |
ნეოლიბერალების თვალსაზრისით, ეს კანონზომიერებანი არასოდეს ყოფილა ეჭვგარეშე და უკანასკნელმა ათწლეულებმა კიდევ უფრო დააკნინა მათი ჭეშმარიტების დონე. როგორც ჯ.ნაი თვლის, დღეს საერთაშორისო ურთიერთობების მრავალ სფეროში კერძო სუბიქტებსა და არც თუ ისე დიდ სახელმწიფოებს გააჩნიათ გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები, ვიდრე ადრე. იმავდროულად მცირდება დიდ სახელმწიფოთა უნარი გამოიყენონ ტრადიციული ძალოვანი პოტენციალი საკუთარი მიზნების მისაღწევად. ძალის გამოყენება სულ უფრო იშვიათად ხდება, ძალა კი ნაკლებად მნიშვნელოვანი. ბ. ბადი და მ.კ. სმუტსი მიიჩნევენ, რომ 90-იანი წლების მსოფლიო ეძებს ურთიერთობათა ახალ ფორმებსა და ახალ სუბიქტებს. ნაციონალური ინტერესის კანონზომიერება კარგავს თავის ადრინდელ მნიშვნელობას. თანამედროვე ძალის მრავალი მნიშვნელოვანი ელემენტი გამოდის სახელმწიფო ავტორიტეტის კონტროლიდან და სახელმწიფოთაშორის სისტემას უტოვებს მეტად მწირ საშუალებებს მიმდინარე მოვლენებზე ეფექტური გავლენის მოსახდენად. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები სულ უფრო ნაკლებ საბაბს იძლევა იმისათვის, რომ განხილული იყოს, როგორც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, ვინაიდან დღეს მიმდინარეობს არსებითი და ალბათ გარდაუვალი ცვლილებები მსოფლიოს გაყოფის ხერხებში, მის ფუნქციონირებაში. ამოსავალი დებულებები, რომლებზედაც საუკუნეთა მანძილზე იყო ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგის ისტორიული ტიპები, როგორიცაა „უსაფრთხოება“, „ტერიტორიული ხელშეუხებლობა“, „სახელმწიფო სუვერენიტეტი“, „ხელისუფლების ლოიალურობა“, ან იცლება თავის არსისაგან, ანდა იძენს სრულიად ახალ მნიშვნელობას.
საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა ამ ახალი ტენდენციის საფუძველს წარმოადგენს მსოფლიოს მზარდი ურთიერთდამოკიდებულების კანონზომიერება მიკროელექტრონული, კავშირგაბმულობის სფეროში, ტრანსპორტსა და კომუნიკაციების რევოლუციების გავლენით. ამის შედეგი ხდება მსოფლიო პოლიტიკის სფეროში ახალი, არატრადიციული აქტორების შეჭრა - არასამთავრობო ორგანიზაციების, ფინანსური კომპანიების, მულტინაციონალური კორპორაციების, კერძო ჯგუფების, დემოგრაფიული ნაკადის, მაფიოზური სტრუქტურებისა და რიგითი ინდივიდების სახით. სახელმწიფოებს უკვე აღარ შეუძლიათ, როგორც ადრე, აკონტროლონ მათი მოღვაწეობა, რომელიც სულ უფრო ხშირად ხორციელდება სახელმწიფო სუვერენიტეტის გვერდის ავლით და მისი არსებობის მიუხედავადაც. ამ მიზეზით სახელმწიფოს მონოპოლია საერთაშორისო ურთიერთობებში კნინდება, თუმცა იგი კვლავ აცხადებს ამაზე პრეტენზიას. გეოსტრატეგიული პრიორიტეტები კარგავენ მნიშვნელობას. შიდა და საგარეო პოლიტიკა სულ უფრო ურთიერთგამჭვირვალე ხდება, მათ შორის საზღვარი თანდათანობით იშლება. საერთაშორისო ურთიერთობები კი სულ უფრო ტრანსნაციონალურ და ნაკლებად მართულ ხასიათს იძენს. სწორედ ზემოთქმულზეა ჩამოყალიბებული მ. ნიკოლსონის „მონაწილეობის პარადოქსი“. მისი არსია ის, რომ რამდენადაც ნაკლებია საერთაშორისო ურთიერთქმედებების მონაწილეთა რიცხვი და ამ ურთიერთობათა მრავალგვარობა, მით უფრო მოწესრიგებულია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა და პროგნოზირებადია ცალკეულ მონაწილეთა ქმედებები და მათი შედეგები. იმ შემთხვევაში კი, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ივსება ახალი მონაწილეებით, პროგნოზირება და შესაბამისად სათანადო ეფექტური ღონისძიებების გატარება მით უფრო რთული ხდება.
ლიბერალიზმის საკვანძო კონცეფციები
კოლექტიური უსაფრთხოება: სისტემის შიგნით მყოფი ნებისმიერი სახელმწიფო ეთანხმება იმ აზრს, რომ ერთის უსაფრთხოება ეხება ყველას და მზად არის შეურთდეს კოლექტიურ ძალებს აგრესიასთან დასაპირისპირებლად.
დემოკრატიის კოსმოპოლიტური მოდელი: რეგიონული პარლამენტების შექმნა და ამგვარი რეგიონული ორგანიზაციების (მაგ., ევროკავშირი) სულ უფრო მეტი ძალაუფლებით აღჭურვა. ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული კონვენციები მიღებული უნდა იქნას ნაციონალური პარლამენტების მიერ და მათ დაცვაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ; გაერო უნდა შეიცვალოს ჭეშმარიტად დემოკრატიული და ანგარიშვალდებული გლობალური პარლამენტით.
დემოკრატიული მშვიდობა: ომი წარმოუდგენელია დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის.
ინტეგრაცია: სახელმწიფოთა მჭიდრო დაკავშირების პროცესი რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში.
ლიბერალიზმი: იდეოლოგია, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს ინდივიდის თავისუფლება. ლიბერალთა უმრავლესობისათვის სახელმწიფოს შექმნა აუცილებელია ინდივიდის თავისუფლების შესანარჩუნებლად, რასაც შეიძლება დაემუქრონ სხვა ინდივიდები და სახელმწიფოები. მაგრამ სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს კოლექტიური ნების და არა ძალაუფლების მატარებლის მსახური.
პლურალიზმი: ზოგადი ტერმინი, გავრცელებული ამერიკულ პოლიტიკურ მეცნიერებაში. იყენებენ საერთაშორისო ურთიერთობათა ის თეორეტიკოსები, რომლებიც უარყოფენ სახელმწიფოს უპირველესბის რეალისტურ მრწმასს.
მსოფლიო მთავრობა: ასოცირებულია უპირველესად იმ იდეალისტებთან, რომლებიც მიიჩნევენ რომ მშვიდობა ვერასოდეს მიიღწევა სეპარატულ სახელმწიფოებად დანაწევრებულ მსოფლიოში. მშვიდობის უპირველესი გარანტია უნდა გახდეს საყოვეაო მსოფლიო მთავრობის შექმნა. |
ზემოთქმულიდან გამომდინარეობს საერთაშორისო ურთიერთობების ურთიერთდამოკიდებულება და ტრანსნაციონალიზაცია; სახელმწიფოს მიერ ადრინდელი „მოდის კანონმდებლის“ როლის დაკარგვა მსოფლიო არენაზე ურთიერთქმედებებისას; ძალისა და შესაბამისად ძალთა ბალანსის მნიშვნელობის შემცირება, როგორც ამ ურთიერთქმედებათა რეგულატორისა; „სუვერენიტეტის მიღმა მყოფი აქტორების“ რიცხვისა და მნიშვნელობის გაზრდა და ამით განპირობებული „მონაწილეობის პარადოქსი“. საზღვრების წაშლა შიდა და საერთაშორისო პოლიტიკას შორის - ამგვარია „ტრანსნაციონალიზმის“ იდეური შესატანი საერთაშორისო ურთიერთობათა კანონზომიერებების შეცნობაში.
რაც შეეხება ნეომარქსიზმს, ანუ მსოფლიო სისტემის თეორიას, საერთაშორისო ურთიერთობათა კანონზომიერებების შესწავლისას მისი ამოსავალი წერტილია გლობალური კაპიტალისტური მსოფლიო-სისტემის ჩარჩოებში არსებული ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა, მსოფლიო მეურნეობის პერიფერიის დამოკიდებულება მის ცენტრზე. მსოფლიო-ეკონომიკის გლობალიზაცია, რომელსაც თან ახლავს ყველაზე მდიდარი ქვეყნებისა და ხალხების სიმდიდრის ზრდა, იწვევს სოციალური კავშირების დარღვევას, უმართავ დემოგრაფიულ ნახტომებს და აღმავალ პოლარიზაციას მდიდრებსა და ღარიბებს შორის მსოფლიო მასშტაბით. არსებობს იმის ალბათობა, რომ ამ პროცესების განვითარებისა და გამძაფრების პირობებში ყველაზე უპოვარი ჯგუფები შესძლებენ თავიან ძალისხმევის კოორდინირებას, რათა შეამსუბუქონ ამგვარი პროცესების არასასურველი შედეგები. ამგვარი კოორდინაციის შედეგი შეიძლება გახდეს ეტაპობრივი მშენებლობა სრულიად ახალი ტიპის საზოგადოებების, სახელმწიფოების და მსოფლიო წესრიგისა.
ნეომარქსისტები ამტკიცებენ, რომ კაპიტალისტურ „მსოფლიო-სისტემაში“ გაბატონებული ჰიპერლიბერალიზმის იდეოლოგია ცვლის ნაციონალური სუვერენიტეტის როლს. სახელმწიფოს როლი მათ მიერ განიხილება პირველ რიგში საბაზრო ძალების დამხმარეს სახით და იგი კარგავს მოსახლეობის სოციალური დამცველის როლს. ღარიბი რეგიონების სასარგებლოდ გადანაწილება განიხილება ზემოაღნიშნული იდეოლოგიის ჩარჩოებში, როგორც „პროტექციონისტული ჩარევა“, რომელიც ეწინააღმდეგება ბაზრის ლოგიკას. ამის გამო რეგიონები სულ უფრო ნაკლებად უკავშირებენ საკუთარ ინტერესებს ცენტრს. მდიდრებს აღარ უნდათ ღარიბებისათვის მატერიალური დოვლათის განაწილება, ღარიბები კი თვლიან, რომ გამოყოფა იქნება ყველა პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა.
საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციას მივყავართ პოლიტიკური პროცესის მანიპულირებისაკენ მათი მხრიდან, ვისაც ხელეწიფება მისი დაფინანსება და ვინც ფლობს ნაციონალური და საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისათვის აუცილებელ რთულ ტექნოლოგიებს. ასევე მივყავართ განვითარებული ქვეყნების სამომხმარებლო მოდელების სტანდარტიზაციასა და იმიტაციისაკენ. მაგრამ იმავდროულად იგი იწვევს დივერსიფიკაციასაც. იგი აფართოებს საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სუბიექტების გამოჩენის და მათ მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობებს, აძლიერებს კულტურის უნიფიკაციისაგან თავის არიდების სურვილს.
ამგვარად, ნეომარქსისტული მიმდინარეობის მთავარი დედაარსია საერთაშორისო ურთიერთობების ისეთი ტენდენციების - როგორიცაა გლობალიზაცია, ურთიერთდამოკიდებულების გაზრდა და დემოკრატიზაცია, სახელმწიფოს სუვერენიტეტის როლის შეცვლა, წინააღმდეგობრივი ხასიათის მტკიცება.
ნეომარქსიზმის მაგალითზე (რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური მიმდინარეობაა საერთაშორისო მეცნიერების დარგში), მკაფიოდ ჩანს, რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლის პროცესში პოლიტიკური მეცნიერება ამოდის იმის აღიარებიდან, რომ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების საერთო და ყველას მიერ გაზიარებული კანონზომიერებანი. შევეცდებით მათ რეზიუმირებას:
ერთ-ერთი ასეთი კანონზომიერებაა თანამედროვე მსოფლიოში ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის გაზრდა, რომელიც გამოიხატება ეკონომიკური და ფინანსური პროცესების გლობალიზაციის, ეკოლოგიური საფრთხის გაზრდის, საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაცისა და ჰუმანიზაციის არაერთმნიშვნელოვანი და წინააღმდეგობრივი მოვლენებით. ეს ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას გაგებული სხვადასხვა თეორიული ტრადიციებისა და თეორიების მიმდევართა მიერ. მაგრამ ის ფაქტი, რომ მოხდა მისი აღიარება, კერძოდ პოლიტიკური რეალიზმის ისეთი თავგადაკლული მომხრეების მიერ, როგორებიც იყვნენ გ. მორგენთაუ და რ. არონი, იმაზე მიუთითებს, რომ ახალი რეალობების გავლენით (პირველ რიგში ლაპარაკია ბირთვულ იარაღზე) მსოფლიო განვითარებაში, ისინი მივიდნენ იმის აღიარებამდე, რასაც ადრე უაპელაციოდ უარყოფდნენ: ატომურ ეპოქაში სრული შეუვალობა ერთი, შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი, სახელმწიფოსა შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში ჩნდება ახალი, საერთო ინტერესები, რომელთა განხორციელება შეიძლება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით.
ამასთან დაკავშირებულია მეორე კანონზომირება, რომელსაც განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ტრანსნაციონალისტები, და რომელსაც აღიარებენ არა მხოლოდ ნეომარქსიტები, არამედ რეალისტებიც. მის არსი შემდეგი სახისაა: სახელმწიფოები უკვე აღარ წარმოადგენენ საერთაშორისო ურთიერთობათა ერთადერთ მონაწილეებს და ახალ აქტორთა (ტრანსნაციონალური კორპორაციები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობები და ა.შ) მიმართ პოლიტიკა აღარ შეიძლება აიგოს საგარეო პოლიტიკის ტრადიციული გაგების ჩარჩოებში. ამის გამო წარმოდგენა სერთაშორისო პოლიტიკაზე, როგორც შეჯიბრზე და მეტოქეობაზე სუვერენულ სახელმწიფოებს შორის, უნდა კორექტირებული იყოს და გასათვალისწინებელია განიარაღებისა და კოლექტიური უსაფრთხოების ფორმირების პროცესები. თავის მხრივ, ტრანსნაციონალისტები ხაზს უსვამენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიზის ფუნდამენტად რჩება ძალაუფლების ცნება. ისინი მიიჩნევენ, რომ ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკასა და სახელმწიფოთა ქცევაზე, მაგრამ ხელისუფლებათა ქცევაც ასევე ახდენს გავლენას ურთიერთდამოკიდებულების მოდელებზე. სხვა სიტყვებით, საერთაშორისო ურთიერთქმედებების მონაწილეთა მრავალსახეობა, სახელმწიფო სუვერენიტეტის „შემსუბუქება“ და უსაფრთხოების შინაარსის შეცვლა არ იწვევს სახელმწიფოს გამოდევნას მსოფლიო პოლიტიკის არენიდან, იგი მხოლოდ ცვლის და ართულებს მის როლს სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში.
კიდევ ერთი კანონზმიერება ეხება საერთაშორისო სამართლის სფეროს. ცნობილია, რომ ნეოლიბერალთა თვალსაზრისით, საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი რეგულატორები არის უნივერსალური ზნეობრივი ნორმები, რომელთა კოდიფიცირებაც ხდება და ისინი იქცევიან სამართლებრივ იმპერატივებად. სწორედ ამ ნორმებზეა დაფუძნებული საერთაშორისო ინსტიტუტები. ახლო პოზიცია უკავიათ ტრანსნაციონალისტებს, რომლებიც თვლიან, რომ საერთაშორისო წესრიგის დამყარებისა და შენარჩუნების საფუძველი და საშუალება უნდა იყოს არანაციონალური ანდა თუნდაც ზენაციონალური ხასიათის ნორმები, სტრუქტურები, ინსტიტუტები და პროცედურები. თუკი ლიბერალები განმარტავენ საერთაშორისო სამართალს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ერთადერთ ლეგიტიმურ რეგულატორს, პოლიტიკური რეალისტები და ნეომარქსიტები (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად სხვადასხვა მიზეზებით) მიიჩნევენ, რომ არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის აბსოლუტიზაცია. ვინაიდან იგი შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ინტერესებს ანდა არასამართლიანი იყოს ხალხებს შორის ურთიერთობისას.
თუმცა ყველა თეორიის წარმომადგენელი აღიარებს, რომ საერთაშორისო სამართალში არსებული თანამედროვე ტენდენციები ახდენენ საერთაშორისო პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირის დემონსტრირებას და ამ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება. საერთაშორისო სამართალი XIX ს-ში და უფრო ადრეულ საუკუნეებში ბატონობდა ყველა სუვერენულ სახელმწიფოზე და მის ამოცანას შეადგენდა არა ომის საფრთხის მოსპობა, არამედ მისი შეზღუდვა დროში, სივრცეში, წარმოების მეთოდებში და შესაბამისად, მიზნად ჰქონდა ძალთა თანაფარდობის დამყარება. XX ს. საერთაშორისო სამართალი კი მიზნად ისახავს ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნას სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის შენარჩუნებით. ზნეობრივი უნივერსალიებისა და საერთო სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბება არ არის ერთმნიშვნელოვანი პროცესი. კონფლიქტის შედეგი გლობალურ სოლიდარობასა და კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესების, კონკრეტული კულტურისა და ეთნონაციონალური ჯგუფის მხარდაჭერას შორის არ არის გარკვეული. ამდენად, არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმისა, რომ საერთაშორისო „საზოგადოება“ გახდება უნივერსალური ფასეულობებისა და ნორმების „საზოგადოება“, რომელიც შეცვლის და ისტორიას ჩააბარებს სახელმწიფოს, ეთნოსებისა და კულტურების ფასეულობებსა და ნორმებს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ურთიერთობათა რეგულირების მცდელობები უნივერსალური ფასეულობებისა და ყველასათვის სავალდებულო ნორმების საფუძველზე, სულაც არ არის განწირული წარუმატებლობისათვის, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკაში, როგორც ამას ხაზს უსვამს გ. შვარცენბერგერი, არსებობს არა მხოლოდ ძალის კანონი, არამედ ურთიერთქმედების კანონი და კოორდინირებისა და ურთიერთშეთანხმების კანონიც კი.
შემდეგი კანონზომიერება ეხება საერთაშორისო სისტემების ფუნქციონირებას (თუმცა როგორც სისტემების ხასიათი, ისე მათი ფუნქციონირების კანონები შეიძლება გაგებულ იქნას სხვადასხვაგვარად). სამივე თეორიის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ საერთაშორისო სისტემაში აღმავალ როლს ასრულებს ეკონომიკა, თუმცა ეს მათ სხვადასხვაგვარად ესმით: ნეორეალისტები ეკონომიკას განიხილავენ, როგორც ძალაუფლების რესურსს, ნეოლიბერალებისათვის ეს არის სახელმწიფოს აყვავებისა და სიმდიდრის ფაქტორი. მიიჩნევა, რომ ყველა საერთაშორისო სისტემის საერთო მახასიათებელია ის, რომ მასში მიმდინარე პროცესები განპირობებულია ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებითა და მათ შორის ურთიერთობებით. დაშვებულია საერთაშორისო სისტემების და მათი კლასიფიცირების კრიტერიუმების სხვადასხვა ტიპების არსებობა. ამასთან დაკავშირებით გავიხსნებთ, რომ სწორედ პოლიტიკურმა რეალიზმმა შემოიტანა ხმარებაში ისეთი ცნებები, როგორიცა ბიპოლარიზმი, მრავალპოლარიზმი. როგორც ცნობილია, ბიპოლარულ სისტემაში გაბატონებულია ორი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო. თუკი მათ სიძლიერით გაუტოლდებიან სხვა სახელმწიფოები, მაშინ მსოფლიო მრავალპოლუსიანი ხდება. ძალთა თანაფარდობის დაცულ სისტემაში, რამდენიმე ზემძლავრი სახელმწიფო ინარჩუნებს დაახლოებით თანაბარ გავლენას მოვლენათა მდინარებაზე. ბოლოს, იმპერიული საერთაშორისო სისტემაში გაბატონებულია ერთადერთი ზესახელმწიფო, რომელიც თავის ძალით დიდად უსწრებს ყველა დანარჩენს (ამ სიძლიერეს გამოხატულებაა შეიარაღების დონე, ეკონომიკური პოტენციალი, ბუნებრივი რესურსების მარაგი, ტერიტორიული სიდიდე და ა.შ.).
ერთ-ერთი მთავარი იდეა, რომელზედაც დაფუძნებულია საერთაშორისო სისტემის კონცეფცია, ეს არის იდეა მისი კანონების შეცნობაში სტრუქტურის გადამწყვეტი როლის შესახებ. ამ იდეას იზიარებს მკვლევართა აბსოლუტური უმრავლესობა. მის არსი შემდეგი სახისაა: სუვერენულ სახელმწიფოთა არაკოორდინირებული მოქმედება, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკუთარი ინტერესებით, აყალიბებს საერთაშორისო სისტემას, რომლის მთავარი მახასიათებელია ყველაზე ძლიერ სახელმწიფოთა შეზღუდული რაოდენობის დომინირება, მისი სტრუქტურა კი განსაზღვრავს ყველა საერთაშორისო აქტორის ქცევას. როგორც კ. უოლცი წერს, ნებისმიერი სახელმწიფო იძულებულია გასწიოს სამხედრო ხარჯები, თუმცა ეს რესურსების არაგონიერი ხარჯვაა. საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა ასევე თავს ახვევს ყველა ქვეყანას ქცევის იმგვარ მიმართულებას ეკონომიკის ანდა ეკოლოგიის სფეროში, რომელიც შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს მის ინტერესებს. სტრუქტურა საშუალებას იძლევა გავიგოთ და წინასწარ განვსაზღვროთ მსოფლიო არენაზე სახელმწიფოთა ქმედება, რომლებსაც ერთი და იგივე წონა არ გააჩნიათ საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში. იმის მსგავსად, როგორც ბაზრის მდგომარეობა განისაზღვრება რამდენიმე მსხვილი კომპანიის მიერ (რომლებიც ქმნიან ოლიგოპოლიტიკურ სტრუქტურას), ასევე საერთაშორისო-პოლიტიკური სტრუქტურა განისაზღვრება დიდი სახელმწიფოების ზეგავლენით, მათი ძალების თანაფარდობის კონფიგურაციით. ამ ძალების თანაფარდობაში ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო სისტემის სტრუქტურის შეცვლა, მაგრამ საკუთრივ ამ სისტემის ბუნება, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს დიდ სახელმწიფოთა შეზღუდული რაოდენობის არსებობა არათანმთხევი ინტერესებით, შეუცვლელი რჩება.
საერთაშორისო სისტემის სტრუქტურის მდგომარეობა წარმოადგენს მისი სიმყარისა და ცვალებადობის, თანამშრომლობისა და კონფლიქტურობის მაჩვენებელს. სწორედ მასში გამოიხატება სისტემის ფუნქციონირებისა და ტრანსფორმაციის კანონები. |
რ.არონმა გამოყო საერთაშორისო სისტემის სამი განზომილება: ძალთა თანაფარდობის კონფიგურაცია, აქტორთა იერარქია, შემადგენლობის ჰომოგენურობა ან ჰეტეროგენურობა. პოლიტიკური რეალიზმის ტრადიციების სრული დაცვით, ის უმთავრეს განზომილებად მიიჩნევდა ძალთა თანაფარდობის კონფიგურაციას, რომელიც ასახავს „ძალაუფლების ცენტრებს“ საერთაშორისო სისტემაში და გავლენას ახდენს მის უმთავრეს ელემენტებს - სუვერენულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთქმედებაზე. როგორც აღინიშნა, ამგვარი კონფიგურაციის ორი ტიპი არსებობას: ბიპოლარული და მრავალპოლუსიანი.
აქტორების იერარქია ასახავს მათ ფაქტობრივ არათანასწორობას სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური, რესურსების, სოციო-კულტურული, იდეოლოგიური თუ სხვა საშუალებებით გავლენის თვალსაზრისით საერთაშორისო სისტემაზე.
საერთაშორისო სისტემის ჰეგემონური ან ჰეტეროგენული ხასიათი გამოხატავს თანხმობის ხარისხს, რომელიც მიღწეულია აქტორებს შორის ამა თუ იმ პრინციპთან დაკავშირებით (მაგ, პოლიტიკური ლეგიტიმურობის პრინციპთან) ანდა ფასეულობასთან (მაგ., საბაზრო ეკონომიკასთან, პლურალისტულ დემოკრატიასთან). რაც უფრო მაღალ დონეზეა ასული ეს თანხმობა, მით უფრო ჰომოგენურია სისტემა. სისტემის მეტ ჰომოგენურობაში კი უფრო მეტი ზომიერება და თანხმობაა. ჰომოგენურ სისტემაში სახელმწიფოები შეიძლება იყვნენ მეტოქეები, მაგრამ არა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. საპირისპიროდ, ჰეტეროგენული სისტემა, რომელიც იხლიჩება ფასეულობითი და იდეოლოგიური ანტაგონიზმებით, ქაოტური, არასტაბილური და კონფლიქტურია.
საერთაშორისო სისტემის კიდევ ერთი მახასიათებელია მისი „რეჟიმი“ (ეს ცნება წინ წამოწიეს ლიბერალური პარადიგმის მომხრეებმა), ანუ საერთაშორისო მარეგულირებელი ფორმალური თუ არაფორმალური პრინციპების, ნორმების, შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურების ერთობლიობა. ეს არის მაგალითად საერთაშორისო ეკონომიკურ გაცვლებში გაბატონებული პრინციპები, რომელთა საფუძველიც 1945 წლის შემდეგ გახდა ლიბერალური კონცეფცია, რომელმაც დასაბამი დაუდო ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების არსებობას, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.
ამგვარად, აქტორთა ქცევის დამოკიდებულება სისტემის სტრუქტურულ მახასიათებლებზე მიიჩნევა ყველაზე ზოგად მახასიათებლად.
საერთაშორისო ურთიერთობათა შესწავლის სისტემური მიდგომის ევრისტიული ხასიათი არ იწვევს ეჭვს. იგი კერძოდ ვლინდება იმ თვალსაზრისით, რომ საკუთრივ მათი არსებობის იდეა სისტემურ კანონზომიერებებში შესაძლებლობას იძლევა ისინი განხილულ იქნას როგორც შედეგი მიღებული მთელი რიგი სახელმწიფოების მიერ მიღწეული გარკვეული პოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური სტატუს-ქვოს შესახებ საერთაშორისო არენაზე, საერთოპლანეტარულ, რეგიონალურ ანდა სუბრეგიონალურ დონეზე. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი საერთაშორისო სისტემა წარმოადგენს ძალთა თანაფარდობის არაფორმალურ ინსტიტუციონალიზაციას სახელმწიფოთა შორის შესაბამის სივრცობრივ და დროით კონტექსტში. იმავდროულად მიამიტური იქნებოდა გვეფიქრა, რომ პოლიტიკურ მეცნიერებაში საერთაშორისო სისტემების ფუნქციონირების და ტრანსფორმაციის შესახებ არსებული კანონზომიერებანი აღჭურვილნი არიან სიმკაცრის იმ ხარისხით, რომელიც საშუალებას მოგვცემდა მათ საფუძველზე გაგვეკეთებინა უტყუარი პროგნოზები. საქმე ის არის, რომ რამდენადაც ღრმა არ უნდა იყოს ჩვენი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის შესახებ, ის მაინც არასრული რჩება, ვერ „მისდევს“ ობიეტური რეალობის ევოლუციას.
ნათქვამი ეხება ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობათა კანონზომიერებებს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მეტად რთულ და მრავაწახნაგოვან სისტემას წარმოადგენს. აქ შესაძლებელია დავუშვათ გარკვეული ანალოგია ქაოსის თეორიასთან, რომელიც იმის გაცნობიერების შედეგი გახდა, თუ რაოდენ რთულია რთული სისტემების ახსნა და პროგნოზირება. მაგალითისათვის, მეტეოროლოგებმა პირველად სცადეს გამოეყენებინათ კომპიუტერები ამინდის პროგნოზირებისათვის მაგრამ საკმოდ სწრაფად დარწმუნდნენ, რომ ამ სფეროში პროგნოზირება სამ დღეზე მეტით შეუძლებელია. გრძელვადიანი პროგნოზების სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მათი შედეგი დამოკიდებულია საწყის მონაცემებში უმნიშვნელო გადახრებზე. აღმოჩნდა, რომ იგივე მოვლენა შეიძლება აღმოვაჩინოთ სხვა სფეროებშიც. რთულ სისტემებს გააჩნიათ ის თავისებურება, რომ სისტემის ცალკეულ ნაწილებზე კონტროლი არ უზრუნველყოფს მთლიანად სისტემაზე ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ხორციელდება ამგვარი სისტემის ჩარჩოებში, გააჩნია ისეთი შედეგები, რომელთა არათუ პროგნოზირება, არამედ თვალთახედვის არეში დატოვებაც კი მეტად რთულია. კ. კელიმ აღნიშნა, რომ დასავლური კულტურის ტრადიციას წარმოადგენს საგნებისა და მოვლენების მექანიკურად აღქმა. ეს ტრადიციები კი ყოველთვის არ ითვალისწინებენ, რომ გარკვეული საზღვრის შემდეგ სისტემები იღებენ ხასიათს, რომლებიც ხარისხობრივად განსხვავდება მისი შემადგენელი ნაწილების ჯამისაგან. მართლაც, თუკი გავითვალისწინებთ 6 მილიარდი ადამიანის სხვადასხვა შეხედულებებს, 200-მდე მთავრობის არსებობას, რომლებიც მათ მართავენ, თვითმართველობის აურაცხელ ორგანოებს, ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას, ტრანსნაციონალურ კომპანიებს და ბანკებს, რელიგიური მიმდინარეობებისა და ეთნიკური ერთობების მრავალსახეობას, ინტერნაციონალიზებულ მსოფლიო ეკონომიკას, ტელესაკომუნიკაციო სისტემების განვრცობას, ინფორმაციის რაოდენობის ზრდასა და მისი ხასიათის შეცვლას, ნათელი გახდება, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა სფერო წარმოადგენს ყველაზე რთულ სისტემას, რომელიც შეიძლება მოინახოს ცოცხალი ბუნების გარეთ, და თუნდაც რომ დაშვებული არ იყოს შეცდომა ამ სისტემის ცალკეული შემადგენელი ნაწილების ანალიზისას, მაშინ მათი ანალიზის მცდელობა ერთმანეთისაგან გამოცალკევებულად მაინც არასწორ შედეგებს იწვევს. ამ მიზეზით, შესაძლებელია, საერთაშორისო ურთიერთობათა ერთ-ერთ მთავარ კანონზომიერებას, რომელიც უნდა გაითვალისწინონ როგორც პოლიტიკოსებმა, ისე მკვლევარებმა, წარმოადგენს მისი მუდმივი ევოლუცია, მემკვიდრეობით გადასვლა და ცვლილება. ყოველივე ამის კვლევისათვის საჭიროა გამოსვლა საგარეო პოლიტიკური მოქმედების ვიწრო სტერეოტიპული ჩარჩოებიდან, ამ სფეროში დაგროვილი მთლიანი ცოდნის გამოყენება და, რა თქმა უნდა, მათი განვითარება.
საკვანძო საკითხები
პოლიტიკური რეალისტების შეხედულებით, თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია დიდი სახელმწიფოების მუდმივი სწრაფვა შეინარჩუნონ საერთაშორისო არენაზე არსებული სტატუს ქვო, თუკი იგი მისაღებია მათი ინტერესებისათვის, ანდა მოინდომონ მისი შეცვლა, თუ ეს მათ ინტერესებში შედის.
ნეოლიბერალების თვალსაზრისით, დღეს საერთაშორისო ურთიერთობების მრავალ სფეროში კერძო სუბიქტებსა და არც თუ ისე დიდ სახელმწიფოებს გააჩნიათ გაცილებით უფრო დიდი შესაძლებლობები, ვიდრე ადრე.
ნეომარქსისტები სახელმწიფოს როლს განიხილავენ პირველ რიგში საბაზრო ძალების დამხმარეს სახით, შესაბამისად, შემცირებულია სახელმწიფოს, როგორც მოსახლეობის სოციალური დამცველის ფუნქცია. საერთაშორისო სისტემის „რეჟიმი“ არის საერთაშორისო მარეგულირებელი ფორმალური თუ არაფორმალური პრინციპების, ნორმების, შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურების ერთობლიობა. |
კითხვები და დავალებები:
რას მიიჩნევენ პოლიტიკური რეალიზმის თეორიის მომხრენი საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარ კანონზომიერებად?
ნეოლიბერალთა თვალსაზრისით რამ განაპირობა ძალის მნიშვნელობის დაკნინება?
საერთაშორიოს ურთიერთობათა სისტემის რა განზომილებანი გამოყო რ. არონმა?
რა არის საერთაშორისო ურთიერთობათა „რეჟიმი“?
რას წარმოადგენს „მონაწილეობის პარადოქსი“?
რა საერთო კანონზომიერებებს აღიარებენ საერთაშორისო ურთიერთობათა სხვადასხვა თეორიების მიმდევრები?
ლიტერატურა:
C. Kegley (ed.), Controversies in International Relation: Realism and the Neoliberal Challenge (New York: St. Martin's, 1995).
D. Baldwin (ed.), Neorealism and Neoliberalism: The Contemporary Debate (New York: Columbia Univ. Press), 1993).
S. Burchill & A. Linklater et al., Theories of International Relations (Basingstoke: Macmillan, 1996).
M. Frost, Ethics in International relations: A Constitutive Theory (Cambridge: Cambridge University Press, 1996).
K. Booth & M. Zalewski (eds.), International Theory: Positivism and Beyond (Cambridge: Cambridge University Press, 1996).
![]() |
4 III. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი: გლობალიზებული მსოფლიო
ახალი ტერმინის პოპულარობას ხშირად ის განაპირობებს, თუ რამდენად ზუსტად გამოხატავს იგი მსოფლიოში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს. ახალი იდეა უპირველესად ახალი სიტუაციის აღწერისათვისაა საჭირო. მაგ., როდესაც ფილოსოფოსმა ჯერემი ბენთჰემმა დანერგა ტერმინ „ინტერნაციონალურის“ გამოყენება, იგი გამოხატავდა თანადროულ ახალ რეალობას, კერძოდ ნაციონალური სახელმწიფოების წარმოქმნასა და მათ შორის არსებულ ურთიერთობებს. ამ ხანებმადე არ იყო საუბარი „საერთაშორისო ურთიერთობათა“ შესახებ, ვინაიდან საზოგადოებები არ იყო ორგანიზებული ეროვნულ (ნაციონალურ) საზოგადოებებად, რომლებიც იმართებოდნენ გარკვეულ ტერიტორიულ საზღვრებში სახელმწიფოებით.
ორი საუკუნის შემდეგ, XXს. 80-იან წლებში გახშირდა საუბარი „გლობალიზაციის“ შესახებ. ტერმინმა სწრაფად მოიპოვა ადგილი სტანდარტულ ლექსიკაში - არა მხოლოდ აკადემიურ წრეებში, არამედ ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა, ბანკირთა, საქმოსანთა და ა.შ. შორისაც. მრავალ ენაში შეიქმნა მისი ექვივალენტური ტერმინები. ჩვეულებრივი გახდა ლაპარაკი გლობალურ ბაზრებზე, გლობალურ კომუნიკაციებზე, გლობალურ კონფერენციებზე, გლობალურ საფრთხეებზე და სხვ. 80-იანი წლებიდან საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა დისციპლინების შემსწავლელებმა დაიწყეს მსჯელობა გლობალურ (როგორც ინტერნაციონალურისაგან განსხვავებულ) მმართველობაზე, გარემოს გლობალურ ცვლილებებზე, გლობალურ გენდერულ ურთიერთობებზე, გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიკაზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ „გლობალური იდეები“ არსებობდა 80-იან წლებამდეც. ინგლისურად მოლაპარაკე ხალხებმა XIX ს. მიწურულს დაიწყეს ზედსართავ „გლობალურის“ გამოყენება „მთლიანად მსოფლიოს აღსანიშნავად“. მანამდე ეს ტერმინი ნიშნავდა მხოლოდ „სფერულს“. ტერმინები „გლობალიზება“ და „გლობალიზმი“ ლიტერატურაში 1944 წელს გაჩნდა. 1961 წელს კი ტერმინი „გლობალიზაცია“ შეიტანეს ვებსტერის ლექსიკონში, მაგრამ იგი ყოველდღიური ლექსიკის ნაწილად მხოლოდ 80-იანი წლებიდან იქცა.
გლობალიზაცია: განსაზღვრება
თუკი ჩავთვლით, რომ გლობალიზაცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ისეთივე ღრმა ცვლილებების გამომხატველი ტერმინია, როგორც „საერთაშორისო“, მაშინ როგორ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მისი ზუსტი არსი? გლობალიზაციის კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ ტერმინი ხშირად მეტად ფართო და ბუნდოვანი მნიშვნელობით გამოიყენება. ამასთანავე ხშირია ტერმინების „გლობალიზაციისა“ და „ინტერნაციონალიზაციის“ სინონიმებად ხმარებაც. ასევე არ არის იშვიათი „გლობალური ურთიერთობებისა“ და „საერთაშორისო ურთიერთობების“ თანმთხვევი მნიშვნელობით გამოყენებაც.
უპირველესად კი ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ტერმინი „გლობალიზაცია“ უნდა ვიხმაროთ იმ პროცესების არსის გადმოსაცემად, რომლებიც მიმდინარეობდა მსოფლიოში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე და განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 80-იანი წლებიდან. ამ შემთხვევაში იგი გამოხატავს იმ პროცესებს, რომელთა შედეგადაც სოციალური ურთიერთობების პროცესში თანდათანობით მცირდება მანძილისა და საზღვრების არსებობის მნიშვნელობა. სოციალური ურთიერთობები,, როდესაც ადამიანები მრავალფეროვანი და კომპლექსური გზებით არიან ურთიერთკავშირში და ურთიერთქმედებენ სულ უფრო მეტად ხდება განპირობებული და ორგანიზებული პლანეტარული ერთობის მიერ. ამ ნიშნით, ქვეყნების ადგილმდებარეობა და კერძოდ მათ შორის საზღვრები, მიუხედავად მნიშვნელობის შენარჩუნებისა, დიდწილად მეორე პლანზე გადადის ჩვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობისათვის. იგი იმ ტენდენციის გამოხატულებაა, რომლის შედეგადაც მსოფლიოში სულ უფრო მცირდება საზღვრების ჩაკეტილობა სახელმწიფოთა შორის.
ამ თვალსაზრისით, გლობალიზაცია უნდა განვასხვავოთ ინტერნაციონალიზაციისაგან. როგორც ამ უკანასკნელი ტერმინის კონსტრუქცია მიუთითებს, იგი გამოხატავს კავშირების ინტენსიფიკაციას ნაციონალურ დომენებს შორის. ქვეყნებმა ერთმანეთზე მრავალმხრივი და ღრმა გავლენა შეიძლება მოახდინონ, მაგრამ მათ უკავიათ გამოცალკევებული და ურთიერთგამიჯნული ადგილები. საერთაშორისო ურთიერთობათა პროცესში სახელმწიფოები ერთმანეთისაგან გამოყოფილნი არიან მკაფიო საზღვრებით და ასევე იმ დროით, რომელიც ზოგადად საჭიროა მათ შორის არსებული მანძილების დასაფარავად. ამ განსხვავების არსის წარმოსაჩენად საჭიროა ითქვას, რომ საერთაშორისო სფერო არის სხვადასხვა სახელმწიფოთაგან შემდგარი ერთობა, მაშინ როცა გლობალური სფერო არის კავშირების „აბლაბუდა“, „ქსელი“, რომელშიც საზღვრების მნიშვნელობა უკიდურესად შემცირებულია. თუკი საერთაშორისო კავშირებისათვის, მაგ., ყავით ვაჭრობისათვის, ამ საქმესთან დაკავშირებულმა ადამიანებმა უნდა გადალახონ მნიშვნელოვანი მანძილები ამისათვის აუცილებელი დროის განმავლობაში, გლობალური კავშირებისათვის (მაგ., სატელიტური კავშირისათვის) არ არსებობს დისტანციები და ეს კავშირები, დროის თვალსაზრისით, პირდაპირია. გლობალური ფენომენი ერთდროულად შეიძლება გავრცელდეს მთელ მსოფლიოში და მისთვის გადაადგილებისათვის საჭირო დრო არაფერს ნიშნავდეს. „ინტერნაციონალური“ ურთიერთდამოკიდებულების პირობები კი დიდწილად განპირობებულია მსოფლიოს ნაციონალურ სახელმწიფოებად დაყოფად. „გლობალური“ ურთიერთკავშირის ხაზები იშვიათად ემთხვევა ტერიტორიული საზღვრების ჩარჩოებს. ამასთანავე, საერთაშორისო და გლობალური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, შეიძლება თანაარსებობდნენ. შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიო ერთდროულად ინტერნაციონალიზებული და გლობალიზებულია.
გლობალიზაცია: სხვადასხვა დეფინიციები
„გლობალიზაცია აღნიშნავს ყველა იმ პროცესს, რომლებითაც მსოფლიოს ხალხები გაერთიანებულნი არიან ერთიან მსოფლიო საზოგადოებაში, გლობალურ საზოგადოებაში. (Martin Albrow 1990).
„გლობალიზაცია... შეიძლება განისაზღვროს, როგორც მსოფლიოს მომცველი სოციალური ურთიერთობების ინტენსიფიკაცია, რომელიც იმგვარად უკავშირებს ერთმანეთს ურთიერთდაშორებულ ადგილებს, რომ ლოკალურ მოვლენებზე ზეგავლენას ახდენს ათასობით მილის დაშორებით მოხდარი მოვლენები.“ (Anthony Giddens 1990).
„გლობალიზაციის ტენდენციის მახასიათებლებში შედის პროდუქციის ინტერნაციონალიზაცია, შრომის ახალი საერთაშორისო დაყოფა, მიგრაციული მოძრაობა სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, შეჯიბრის ახალი გარემოს შექმნა, რომელიც აჩქარებს ამ პროცესებს და სახელმწიფოს ინტერნაციონალიზაცია... რაც სახელმწიფოებს გლობალიზებული მსოფლიოს აგენტებად აქცევს.“ (Robert Cox 1994).
„მსოფლიო ხდება გლობალური სავაჭრო სკივრი, რომელშიც იდეები და საქონელი ხელმისაწვდომი ერთდროულად ნებისმიერ ადგილას.“ (rosabeth Moss Kanter 1995). „გლობალიზაცია არის ის, რასაც საუკუნეების მანძილზე მესამე სამყაროში ვუწოდებდით კოლონიზაციას.“ (Martin Khor 1995). |
გლობალიზაციის ასპექტები
გლობალური ურთიერთობების სპეციფიკის წარმოსაჩენად ალბათ უპრიანია მოკლედ მიმოვიხილოთ მისი უმთავრესი მახასიათებლები. მაგალითისათვის, კომუნიკაციების სფეროში გლობალიზაცია გამოიხატა კომპიუტერული კავშირების, ტელეფონის, ელექტრონული მას მედიის და ა.შ. გზით. ამგვარი ტექნოლოგიები ადამიანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტები დაამყარონ მათი ტერიტორიული დაშორების და სახელმწიფოების საზღვრების მიუხედავად. ფაქსმა ოკეანის გაღმა ისევე სწრაფად შეიძლება მიაღწიოს, როგორც გამგზავნმა საკუთარი საძილე ოთახის კარებს, რომ არაფერი ითქვას ელექტრონულ ფოსტაზე.
ორგანიზაციების თვალსაზრისით, გლობალიზაცია გამოიხატება კომპანიების, ასოციაციების, სააგენტოების შექმნითა და მათი რიცხვის გაზრდით, რომელთა დაკავშირებისათვის ტერიტორიული საზღვრები აღარ ახდენს გავლენას. იმგვარი ორგანიზაციები, როგორიცაა „ნისანის“ კორპორაცია, „საერთაშორისო ამნისტია“, „ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია“, საკუთარ სამოქმედო ასპარეზად მთელ მსოფლიოს მიიჩნევენ და მთელ კაცობრიობას თვლიან საკუთარ ამჟამინდელ ან პოტენციურ კლიენტად.
ეკოლოგიური თვალსაზრისით, გლობალიზაცია დაკავშირებულია ისეთ ფენომენებთან, როგორიცაა კლიმატის პლანეტარული ცვლილება (ანდა „გლობალური დათბობა“), ოზონის ხვრელი, ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის ამოწურვის პრობლემა, მსოფლიოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება. გარემოს დაცვაზე შეუძლებელია იზრუნოს ცალკეულმა ქვეყანამ სხვებისაგან დამოუკიდებლად, ვინაიდან ამ შემთხვევაში მსოფლიო ერთიან ორგანიზმს წარმოადგენს.
პროდუქციის თვალსაზრისით, „გლობალური ფაქტორი“ განსაკუთრებით თვალშისაცემია მაგ., ავტომობილებისა და მიკროელექტრონიკის წარმოების სფეროში. წარმოების სხვადასხვა სტადიები (კვლევა და ინოვაცია, ნაწილების დამზადება, აწყობა, ხარისხის კონტროლი და ა.შ.) არ არის ჩაკეტილი ნაციონალურ ეკონომიკაში, არამედ მოდებულია მრავალ ქვეყანაში, როგორც წარმოების ერთიანი ხაზი.
სამხედრო სფეროში ჩანს, რომ იწყება გლობალური იარაღის ხანა. ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტები, მზვერავი სატელიტები გარკვეულწილად მსოფლიოს ერთიან სტრატეგიულ სფეროდ აქცევენ. მაგალითისათვის, 1991წ. ყურის ომში ერთდროულად ჩართული იყო სატელიტური დაზვერვა, ზებგერითი დაბომბვები, ელქტრონული გადახდები საზღვრებს გარეშე ოპერაციის დასაფინანსებლად, პროპაგანდა მას მედიაში, და მსოფლიო მთავრობის - გაერო-ს მეშვეობით შექმნილი ფართო კოალიცია ბაღდადის წინააღმდეგ.
გლობალიზაციამ ასევე მოიცვა მრავალი ნორმა, რომლებითაც იმართება ჩვენი ცხოვრება, რაშიც შედის ათასობით ტექნიკური სტანდარტი და ნაგულისხმევია (სამწუხაროდ, მხოლოდ თეორიულად) ადამიანის საყოველთაო უფლებები. ეს და სხვა მრავალი წესები უფრო ზეტერიტორიულ, ვიდრე ქვეყნისათვის სპეციფიკურ ხასიათს ატარებს.
ბოლოს კი, გლობალიზაცია მკაფიო გახდა ყოველდღიურ აზროვნებაში. საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრებნი ადრინდელ თაობებზე გაცილებით უფრო მეტად აღიქვამენ მსოფლიოს ერთიანად. ალბათ გარკვეული როლი ამ ცნობიერების ჩამოყალიბებაში შეასრულა 1966 წელს კოსმოსიდან პირველად გადაღებულმა დედამიწის ფოტოებმა.
ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, ნათელია, რომ გლობალიზაციას უაღრესად ფართო სპექტრი გააჩნია. ეს პროცესი გარკვეულწილად შეეხო სოციალური ურთიერთობების ნებისმიერ სფეროს. ზემოთ ჩამოთვლილი იყო ამგვარი გამოხატულებანი, რაც ჩვენი მშობლების ახალგაზრდობაში წარმოუდგენელიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გარკვეულწილად ერთიანი მსოფლიოს წევრებიც ვართ.
ისტორიული ფესვები
საკმაოდ რთულია იმ სპეციფიკური მომენტის მოძიება, როდესაც გლობალიზაციამ სტარტი აიღო. პერიოდიზაცია ყოველთვის საეჭვო და ბუნდოვანია, შეცვლისა და განგრძობადობობის დაფიქსირება კი უკიდურესად რთული. მკვლევარები სხვადასხვა დროით ათარიღებენ გლობალიზაციის დასაწყისს: ახალი ისტორიის ეპოქის დასაწყისიდან (Modeski 1988); XIX საუკუნის შუა ხანებიდან (Robertson 1992); XXს. 50-იანი წლების მიწურულიდან (Rosenau 1990); ანდა 70-იანი წლებიდან (Harvey 1989). ამასთანავე, თუკი გლობალიზაციაში ვიგულისხმებთ ზეტერიტორიულობის პრინციპის აღზევებას, მისი დათარიღება შეიძლება მოხდეს რობერტსონისა და როზენაუს პოზიციების შეჯერებით.
რობერტსონი მართალია, რომ გლობალიზაციის ნიშნები ჩნდება XIXს. შუა ხანებიდან, მაგრამ ამასთანავე ეს იყო მეტად შეზღუდული და ნელი პროცესი. მაგ., სატელეგრაფო კომუნიკაციები დაიწყო XIXს. 40-იანი წლებიდან. მრავალი გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობა (მაგ., ფემინიზმი) და მარეგულირებელი კავშირები (მაგ., საყოველთაო საფოსტო კავშირი) XIXს. მიწურულს წარმოიქმნა. XX 20-იანი წლებიდან ძალას იკრეფს საკონტინეტთაშორისო მოკლეტალღიანი რადიომაუწყებლობა.
მეორეს მხრივ, გლობალიზაცია XXს. 60-იან წლებამდე არ იყო განგრძობადი, ხელშესახები, ინტენსიური და შედეგების სწრაფად მომტანი, რომელსაც გავლენა ექნებოდა კაცობრიობის ცხოვრებაზე. შესაბამისად, გლობალიზაციის მკაფიოდ გამოხატულ შედეგებზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ XXს. II ნახევრიდან. პირდაპირი სატელეფონო კავშირი ვითარდება 80-იანი წლებიდან, 60-იან წლებიდან გავრცელებას იწყებს ტელევიზორები, რომელთა რიცხვი 90იანი წლების მიწურულს 8330 მლნ-ს უტოლდება, შექმნილია 40 ათასი ტრანსნაციონალური კორპორაცია, ყოველდღიურად მთელ მსოფლიოში ხდება 1,230 მლრდ. აშშ დოლარის სავაჭრო და ფინანსური ოპერაცია, კომერციულ მგზავრთა რიცხვი საჰაერო ხაზებზე ყოველწლიურად მილიარდს აჭარბებს, არსებობს სხვადასხვა გლობალური ეკოლოგიური პრობლემები და გლობალური სოფლის მეტაფორები. მთელი სისრულით გამოხატული გლობალიზაცია სრულიად ახალი მოვლენაა.
კვალიფიკაციები
რადგან დავადგინეთ, რომ გლობალიზაცია უმნიშვნელოვანესი და შედარებით ახალი შემობრუნების წერტილია მსოფლიო ისტორიაში, უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი შეხედულებები მისი შინაარსის, სიღრმის, მიზეზებისა და შედეგების შესახებ. სამწუხაროდ, მსჯელობები გლობალიზაციის შესახებ გამარტივებული, გადაჭარბებული ანდა პირიქით, დამაკნინებელია. ქვემოთ მოყვანილი ხუთი კვალიფიკაცია მიზნად ისახავს პასუხი გაეცეს მის მიმართ ზოგიერთ კრიტიკულ შენიშვნას და ჩამოყალიბდეს უფრო გაწონასწორებული და მეცნიერული განსაზღვრება -პროცესის გასაგებად.
პირველი, გლობალიზაცია ყველგან ერთი და იგივე მოცულობის არ არის. მაგალითისათვის, დისტანციის როლისას შემცირება და ზეტერიტორიულობის პრინციპი გაცილებით უფრო თვალსაჩინოა ჩრდ. ამერიკაში, ევროპაში, წყნარი ოკეანის რეგიონში, ვიდრე აფრიკასა თუ ცენტრალურ აზიაში. გლობალური კომპანიებისა და ელექტრონული ფოსტის მსგავსი ფენომენები ძირითადად კონცენტრირებულია ე.წ. ჩრდილოეთში. დამატებით, გლობალიზაცია უფრო მეტად შეეხო ქალაქის მცხოვრებთ, პროფესიონალებს, ახალგაზრდობას, ვიდრე სხვა ჯგუფებს (თუმცა პროცესის შედეგებს, კარგად თუ ავად, მეტ-ნაკლებად ყველა იმკის). გლობალიზაციაზე მსჯელობისას ხაზი უნდა გავუსვათ მის უმთავრეს მახასიათებელს: იგი უპირველესად აღნიშნავს იმას, რომ მრავალი მოვლენა თანამედროვე მსოფლიოში სცდება ტერიტორიული საზღვრებს და დაშორება ამ მოვლენებისათვის არ წარმოადგენს დაბრკოლებას.
მეორე, გლობალიზაცია, როგორც ზოგიერთი მიიჩნევს, არ არის ჰომოგენიზაციის პირდაპირი და მარტივი პროცესი. მართალია, ტერიტორიული გეოგრაფიის გამჭვირვალეობა ელექტრონული მედიისა თუ სხვა საშუალებებით ხელს უწყობს საგნების, იდეების, სტანდარტებისა და ჩვეულებების ერთიანი ღირებულებების შექმნას, მაგრამ გლობალიზაცია სულაც არ ნიშნავს კულტურული მრავალგვარობის დასასრულს. მაგ., სხვადასხვა აუდიტორია გლობალურ ფილმს სხვადასხვაგვარად აღიქვამს და გლობალური პროდუქტი სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნას გამოყენებული სპეციფიკური ლოკალური მოთხოვნებისა და ჩვეულებების შესაბამისად. მიუხედავად ამისა, იდენტურობის დაკარგვის შიშმა გლობალიზაციის საწინააღმდეგო რეაქცია გამოიწვია და შესაძლოა ეს წინააღმდეგობა არნახული სიძლიერისაა. ამ თვალსაზრისით, გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნაციონალური, ეთნიკური და რელიუგიური რევაივალისტური მოძრაობების წინ წამოწევას XX ს. 60-იანი წლებიდან. ამგვარად, გლობალიზაცია მოიცავს ურთიერთშეჯიბრში მყოფი ელემენტების კომპლექსს, რომელთაგან ერთი ტენდენცია კულტურული ერთიანობისაკენაა მიმართული, ხოლო მეორე კიდევ უფრო აშკარას ხდის საზოგადოებებს შორის სხვაობებს.
მესამე, გლობალიზაცია არ მოსპო ადგილის, მანძილის, ტერიტორიული საზღვრების მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში. მართალია, პროცესმა დამატებითი განზომილება შესძინა გეოგრაფიას სოციალურ ურთიერთობებში კიბერსივრცის შექმნით, ელექტრომაგნიტური ტალღებით კომუნიკაციით და ა.შ., მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ არსებობს გრძედისა თუ განედის ძველი გეოგრაფიული ცნებები. მაგ., ტერიტორია კვლავაც ინარჩუნებს მნიშვნელობასბუნებრივი რესურსების ადგილმდებარეობის, ეროვნული იდენტურობის გამოხატვის და ა.შ. გამო. მანძილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება ისეთ მოვლენებს, როგორიცაა მოგზაურობა ანდა ვაჭრობა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო საზღვრები აკავებენ მიგრაციას და იცავენ საზღვრებს, თუნდაც რომ საზღვრების დაცვამ ვერ უზრუნველყოს თავდაცვა სარაკეტო დარტყნებისაგან და ელექტრონული ფულის ტრანსფერები. ამგვარად, გლობალიზაცია სულაც არ ნიშნავს „გეოგრაფიის დასასრულს“, არამედ იგი ქმნის ახალ ზეტერიტორიული სივრცეს, რომელიც არსებობს და კავშირშია ძველ ტერიტორიულ გეოგრაფიასთან. მსოფლიოს საქმეთა „რუქა“ ამგვარად გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე.
მეოთხე, გლობალიზაცია არ შეიძლება გაგებულ იქნას როგორც ცალკე არსებული მამოძრავებელი ძალა. პროცესი არ შეიძლება შემოისაზღვროს მაგ., მხოლოდ ამერიკითა და დასავლეთ ევროპით, განისაზღვროს კაპიტალიზმის აუცილებელ შედეგად, ან ინდუსტრული რევოლუციის წინასწარ განსაზღვრულ პროდუქტად ანდა უნივერსალური ჭეშმარიტების თანამედროვე სეკულარულ ძიებად. ალბათ მასში არსებობს ყველა ამ ზემოთ მოყვანილ არგუმენტთა და სხვების ნაწილი, მაგრამ ცალკე აღებული, ისინი ვერ ასახავენ მის არსს. გლობალიზაციის სრულყოფილი ახსნა მოითხოვს ურთიერთკავშირში მყოფი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური და ფსიქოლოგიური ძალების კომპლექსური ერთობლივ განხილვას, რომელთაგან ზოგიერთი მას აძლიერებს, ზოგიერთი კი ეწინააღმდეგება.
მეხუთე, და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, გლობალიზაცია არ წარმოადგენს პანაცეას. ზოგიერთმა ლიბერალმა თეორეტიკოსმა საზეიმოდ განაცხადა „საზღვრებს გარეშე მსოფლიოს“ ეპოქის დასაწყისი, როგორც საყოველთაო არათანასწორობის მოსპობის, კეთილდღეობის, მშვიდობის და თავისუფლების გამოხატულება (Ohmae 1990). სამწუხაროდ, უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის გამოცდილება საპირისპიროზე მეტყველებს. ადამიანებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან საკუთარ სქესზე, კლასობრივ წარმომავლობაზე, რასაზე, ეროვნებაზე, რელიგიაზე და სხვა სოციალურ კატეგორიებზე ხშირად გლობალიზაციის პროცესში არათანაბარი ხმა და არათანაბარი სარგებელი გაჩნიათ. სიღარიბე ისევ სახიფათო მასშტაბებისაა გლობალიზებულ მსოფლიოში. ეკოლოგიური დეგრადაცია არასოდეს ყოფილა ესოდენ საგრძნობი. იზრდება შეიარაღებული კონფლიქტების რაოდენობა. გლობალიზაცია არ არის ფორმულა დემოკრატიზაციისათვის. არ არსებობს ავტომატური კავშირი გლობალიზაციასა და ემანსიპაციას შორის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე არ შეიძლება არც იმის თქმა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში გლობალიზაციის შედეგად არაფერი შეცვლილა და არც მისი საყოველთაო და ყველასათვის მისაწვდომი შედეგების არსებობის მტკიცება.
საკვანძო საკითხები
|
გლობალიზაცია და სახელმწიფოთა სისტემა
დისკუსიები გლობალიზაციის შესახებ ხშირად გულისხმობს ისტორიულ ცვლილებათა კვლევას. მკვლევარები სვამენ კითხვას როდის გახდა მსოფლიო ერთიანი და ამასთანავე როდის მოხდა ეს ფუნდამენტური ცვლილება. მაგალითისათვის, შეუძლია თუ არა მოიტანოს მანძილისა და ტერიტორიული საზღვრების მნიშვნელობის შემცირებამ პროდუქციის წარმოების არსებული ფორმების ცვლილება? შეუძლია გლობალიზაციას შეცვალოს ის გზა, რომლითაც ხალხი აყალიბებს საკუთარი იდენტურობის გრძნობას და საზოგადოებას? ყოველივე ამის შედეგად ისინი უფრო მეტად თუ უფრო ნაკლებად ნაციონალისტურნი ხდებიან? შეუძლია პროცესს შეცვალოს ურთიერთობა ადამიანსა და ბუნებრივ გარემოს შორის? შეუძლია გლობალიზაციას შეცვალოს ის გზა, რომლითაც ადამიანები იქმნიან წარმოდგენას სამყაროს შესახებ? შეუძლია მას ხელი შეუწყოს რელიგიურ აღორძინებას? შეუძლია გლობალიზაციას გარდაქმნას მმართველობის სტრუქტურები?
ამ კითხვებზე საპასუხოდ, სხვადასხვა მკვლევარები გლობალიზაციას უკავშირებენ საინფორმაციო საზოგადოების წარმოშობას, გვიანდელი კაპიტალიზმის დასაწყისს, პოსტ-მოდერნიზმის ტრიუმფს, კომუნიზმის კრახს, ისტორიის დასასრულს. ამ თვალსაზრისებით, გლობალიზაცია აღიწერება გარდამავალ ფაზად ისტორიულ ეპოქებს შორის. განვიხილავთ გლობალიზაციის შედეგებს სახელმწიფოთა სისტემისათვის და შემდგომ შემდგომ შევეხებით მმართველობის უფრო ფართო ნიმუშებს.
ვესტფალიის სისტემა
რამდენიმე ათწლეულის წინ, ინტენსიური გლობალიზაციის დაწყებამდე, მსოფლიო პოლიტიკა უმთავრესად ორგანიზებული იყო ე.წ. ვესტფალიის სისტემის საფუძველზე. სახელწოდება მოდის ვესტფალიის ზავიდან (1648), რომელიც წარმოადგენს იმ უმთავრესი პრინციპების ადრეულ ოფიციალურ გამოხატულებას, რომელიც დომინირებდა მსოფლიოში სამი საუკუნის მანძილზე. ვესტფალიის სისტემა სახელმწიფოთა სისტემა იყო. XIX-XXსს-ში სახელმწიფოებმა თანდათანობით მიიღეს ეროვნული სახელმწიფოების ფორმა, დაიწყო ტერმინების „საერთაშორისოსა“ და „სახელმწიფოთაშორისოს“ გამოყენება და ვესტფალიის სისტემა ხშირად აღიწრებოდა, როგორც „საერთაშორისო სისტემა“.
ვესტფალიის სისტემა წარმოადგენდა მმართველობის ჩარჩოს. ეს იყო გზა გარკვეული სოციალური წესრიგის დამყარების, გაძლიერებისა და თვალყურის დევნისათვის. მის საფუძველს წარმოადგენდა სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის პრინციპი. სახელმწიფოებრიობა ნიშნავდა, რომ მსოფლიო დაყოფილი იყო ტერიტორიულ ნაწილებად, რომელთაგან თითოეულს მართავდა დამოუკიდებელი ხელისუფლება. ეს მოდერნისტული სახელმწიფო იყო ცენტრალიზებული, ფორმალურად ორგანიზებული საზოგადოებრივი სახელისუფლო აპარატი, რომელიც იყენებდა ლეგალურ მონოპოლიას შეიარაღებული ძალადობის ფორმით თავისი იურისდიქციის საზღვრებში. ვესტფალიის სისტემა ამასთანავე სუვერენული იყო, ეს ნიშნავს, რომ იგი ახორციელებდა ყოვლისმომცველ, უზენაეს, შეუზღუდავ და ექსკლუზიურ კონტროლს განსაზღვრული ტერიტორიის ჩარჩოებში. ყოვლისმომცველი მმართველობა ნიშნავს, რომ პრინციპში სუვერენულ სახელმწიფოს გააჩნია იურისდიქცია საკუთარ ქვეყანაში ნებისმიერ საქმიანობაზე. უზენაესი მმართველობა ნიშნავს, რომ არ არსებობს მასზე ზემოთ მდგომი ხელისუფლება და სუვერენულ სახელმწიფოს ეკუთვნის საბოლოო სიტყვა მოცემული ტერიტორიის ფარგლებში. შეუზღუდავი მმართველობა ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვესტფალიის სისტემის ეპოქაში ზოგჯერ იყო დებატები ჰუმანიტარული ჩარევის მოვალეობის შესახებ, მაგრამ სახელმწიფოთა უფლება ტოტალურ იურისდიქციაზე მიიჩნეოდა შეუვალად სხვა სახელმწიფოთათვის. და ბოლოს, ექსკლუზიური მმართველობა ნიშნავს, რომ რომ სახელმწიფო შინაურ საქმეებში არავის უნაწილებდა თავის კომპეტენციას. სახელმწიფოთა შორის არ არსებობდა „საზიარო სუვერენიტეტი“.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ვესტფალიის სისტემა ისტორიული ფენომენი იყო. სხვა სიტყვებით, სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემა მმართველობის განსაკუთრებულ ჩარჩოს ქმნიდა, რომელიც იქმნებოდა გარკვეულ დროში სპეციფიური პირობების შედეგად. სუვერენიტეტზე დამყარებული სახელმწიფოებრიობა არ არის დროისაგან დამოუკიდებელი ბუნებრივი ფენომენი. პოლიტიკა წარმოებდა ამ პრინციპისათვის უპირველესობის მინიჭების გარეშე XVII საუკუნის ჩათვლით და არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მსოფლიოს ისტორიამ არსებობა არ განაგრძოს სუვერენულ სახელმწიფოთა სისტემის უარყოფის შემდეგაც.
სუვერენიტეტის დასასრული
რეალურად, ვესტფალიის სისტემა უკვე ისტორიის კუთვნილებას წარმოადგენს. სახელმწიფო აპარატი კვლავაც აგრძელებს არსებობას და ზოგიერთი თვალსაზრისით იგი უფრო ფართო და ძლიერია - იმდენად ზემოქმედებს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, როგორც არასდროს. მიუხედავად ამისა, ვესტფალიის სისტემის სუვერენიტეტის ნორმა აღარ არის მსგავსად ქმედითი და აღარ შეიძლება აღდგეს ამჟამინდელ გლობალიზებულ მსოფლიოში. სუვერენიტეტის კონცეფცია კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება, განსაკუთრებით იმ ხალხებისათვის, რომლებისთვისაც გლობალიზაციის შედეგები არც თუ ისე შესამჩნევია და რომელთა ეროვნული თვითგამორკვევის პროცესსაც იგი გარკვეულწილად ხელს უშლის. მიუხედავად ამისა, როგორც იურიდიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, სახელმწიფოს მარეგულირებელი შემძლეობა აღარ ეყრდნობა იმდაგვარად სუვერენიტეტს, როგორც ადრე.
სახელმწიფო სუვერენიტეტი გულისხმობს მსოფლიოს ტერიტორიულ დაყოფას. იმისათვის, რომ ხელისუფლებამ განახორციელოს ექსკლუზიური ძალაუფლება მოცემულ დომენზე, მოვლენები უნდა ხდებოდეს ფიქსირებულ ადგილებზე, რომლებიც იურისდიქციით უნდა შემოსაზღვრული. გლობალიზაციის პირობებში კი საზოგადოებრივი ურთიერთობები იძენს მკაფიოდ გამოხატულ ზეტერიტორიულ ხასიათს და საზღვრები უპრობლემოდ გადაილახება ელქტრონული თუ სხვა გზებით. ამდენად, სუვერენიტეტის ეფექტურად განხორციელების საშუალება მცირდება.
ერთის მხრივ, მატერიალურ-ტექნიკურმა განვითარებამ შეამცირა სახელმწიფოს სუვერენიტეტი. თანამედროვე სახელმწიფო პრაქტიკულად უძლურია მარტო გააკონტროლოს მაგ., გლობალური კომპანიები, სატელიტური კავშირები, გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, გლობალური ვაჭრობა.
ამგვარ ცვილებებთან ერთად გლობალიზაციამ ასევე მოიტანა სუვერენიტეტის ზოგიერთი ფუძემდებლური კულტურული და ფსიქოლოგიური მახასიათებლის მნიშვნელობის შემცირება. მაგ., საზღვრების გარეთ დამაკავშირებელი საშუალებების შექმნით ადამიანებმა შეისისხლხორცეს მრავალი ისეთი თვისება, რომლებიც ემატება და ხშირად ამცირებს ეროვნული გრძნობებისა და სოლიდარობის როლს, რაც ადრე სახელმწიფო სუვერენიტეტს ლეგიტიმურობას ანიჭებდა. გლობალური კონფერენციების, გლობალური ტელეკომუნიკაციების და ა.შ. წყალობით მნიშვნელოვანი ზეტერიტორიული კავშირები გამოიხატა ქალების მოძრაობის, სექსუალური უმცირესობების მოძრაობების, ინვალიდების, კომპიტერულ-მედია კომპანიების სახით. მრავალი ხალხი თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ამჟღავნებს მზადყოფნას, რომ უფრო მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ეკონომიკურ წინსვლას, ადამიანის უფელბებს და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, ვიდრე სახელმწიფო სუვერენიტეტსა და მასთან ასოცირებულ ნაციონალური თვითგამორკვევის ნორმას. თუმცა, როგორც აღინიშნა, გლობალიზაცია ასევე იწვევს ეროვნული გრძნობების გაღვივებასაც.
სახელმწიფოები ირჩევენ იმ გზასა და დონეს, რამდენადაც ისინი მზად არიან დათმონ სუვერენიტეტის ნაწილი გლობალიზაციის პირობებში, მაგრამ ისინი არ იბრძვიან მის შესაჩერებლად. მაგ., ჩინეთის ხელისუფლებამ, რომელიც განსაკუთრებულად ხაზს უსვამს სუვერენიტეტზე დამყარებული მსოფლიოს არსებობის აუცილებლობასა და მარადიულობას, 90-იანი წლების ათწლიან ეკონომიკურ პროგრამაში ცენტრალური ადგილი მიანიჭა „გლობალურ ურთიერთდამოკიდებულებას“. ბუნებრივია, საკუთრივ ვესტფალიის სისტემაშიც არ ხდებოდა სუვერენიტეტის დაცვა, მაგრამ იგი ჰიპოთეტურად მაინც განხორციელებადად ითვლებოდა. სახელმწიფოს შეეძლო, ინსტიტუტებისა და ინსტრუმენტების გაძლიერებით, მიეღწია უბრალო ლეგალური სუვერენიტეტიდან ეფექტურ სუვერენიტეტისისათვის. საპირისპიროდ, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში, მმართველობა, უზენაესი და ექსკლუზიური სახელმწიფო ტერიტორიული ხელისუფლების სახით, მეტად არაპრაქტიკული გახდა. ამასთან ერთად, მრავალ პოსტკოლონიურ სახელმწიფოს, რომლებიც გლობალიზაციის ხანებში შეიქმნა, არასოდეს გააჩნდა სუვერენობა.
სახელმწოფოს სიცოცხლისუნარიანობა
თუკი გარკვეულწილად გლობალიზაციამ სუვერენიტეტის დაკნინება მოახდინა, სულაც არ მომხდარა სახელმწიფოების მოსპობა. საპირისპიროდ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა (მაგ., სომალისა და ავღანეთში) უკანასკნელ ხანებში სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერებული ჩანს. კომუნისტური მმართველობის კოლაფსის შედეგად შექმნილმა ბუნდოვანებამაც მხოლოდ მცირედით თუ შეცვალა სახელმწიფო საზღვრები. როგორც მმართველობის სტრუქტურა, სახელმწიფო რჩება უცვლელად აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე.
ამასთან ერთად, მრავალმა მთავრობამ შეძლო გლობალიზაციის პერიოდში გაეძლიერებინა თავიანთი გადამხდელუნარიანობა, ბიუჯეტი, მოქმედების არეალი და ზედამხედველობის შესაძლებლობანი. ამჟამად მცირე ნიშნებია იმისა, რომ გლობალიზაცია წარმოადგენს ცენტრალიზებულ სუვერენიტატზე დამყარებულ მსოფლიო მმართველობის სისტემაზე დომინირებად ტენდენციას, რასაც ლიბარალი უნივერსალისტები წინასწარმეტყველებდნენ და არც ლოკალური საზოგადოებების გზით მსოფლიოს მომცველი ანარქიული მმართველობაა, როგორც ამას ეკოლოგისტი რადიკალები ქადაგებდნენ. შესაბამისად, გლობალისტური პროგნოზი სახელმწიფოს მოსპობის შესახებ მცდარი გამოდგა. არც ისინი და არც სახელმწიფო-ცენტრალისტური რაელისტები მართლები არ აღმოჩდნენ. გლობალიზაციამ არ გამოიწვია სახელმწიფოების დაშლა, მაგრამ იმის თქმაც არ შეიძლება, რომ იგი სახელმწიფოებს არ შეეხო. პოლიტიკის შემსწავლელი სტუდენტებისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამდენად ცვლის თანამედროვე ისტორიაში ზეტერიტორიული სოციალური სივრცის წარმოქმნა სახელმწფოს მოღვაწეობასა და როლს. შეიძლება გამოვყოთ ორი ზოგადი ცვლილება:
გლობალიზაციის გავლენით სახელმწიფოს ზემოქმედების სფერო იცვლება. სუვერენული სახელმწიფო ჩვეულებრივ ახორციელებდა საშინაო ინტერესებს და მოქმედებდა, როგორც დამცავი ბარიერი გარეგანი საფრთხისაგან. საწინააღმდეგოდ, პოსტსუვერენული სახელმწიფო ისევე ცდილობს გლობალური მიზნების განხორციელებას, როგორც ეროვნული ინტერესებისას. მაგ., ირანული სახელმწიფო 80-იან წლებში დიდ მხარდაჭერას უჩენდა მსოფლიო ისლამიზს. უფრო ზოგადად, თანამედროვე სახელმწიფოები ხშირად ემსახურებიან გლობალური კაპიტალის ინტერესებს (ზოგჯერ ნაციონალური კაპიტალის საზიანოდაც კი).
არსებობს თვალსაზრისი, რომ გლობალიზაციამ შეამცირა სახელმწიფოთაშორის მნიშვნელოვანი ომის დაწყების საფრთხე. ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობა წარმოადგენს შიდა ამბოხს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ და არა შეიარაღებულ კონფლიქტს სახელმწიფოებს შორის. მაგრამ საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. თუმცა გლობალური ინტერესების წარმოქმნამ მნიშვნელოვანად შეამცირა სახელმწიფოთა სურვილი ტერიტორიული დაპყრობებისა. სახელმწიფოთაშორისო დაპირისპირება მეტად მავნეა გლობალური კაპიტალიზმისათვის, გარემოს გლობალურ დაცვაზე ზრუნვისათვის, გლობალური ტურიზმისათვის და ა.შ.
საკვანძო საკითხები
|
პოსტსუვერენული მმართველობა
თუკი პოლიტიკა არც თუ ისე დიდი ხნის წინ ემყარებოდა სუვერენული სახელმწიფოებრიობის ფუძემდებლურ პრინციპს, როგორ მოქმედებს მმართველობა თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში? ზემოთ ხაზგასმული იყო, რომ სახელმწიფოს ისევ მნიშვნელოვანი ძალა გააჩნია, მაგრამ ამასთანავე მისი შემძლეობა, ორიენტაციები და მოღვაწეობის სფეროები იცვლება სუვერენიტეტის დაკნინებასთან ერთად. იმავდროულად სხვა მხარეებმა სახელმწიფოს გარ ეთ ასევე მოიპოვეს მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიო მამრთველობის პროცესში. მათი მცდელობა განსაზღვრონ წესები და ნორმები ხშირად ავსებს სახელმწიფოთა მოღვაწეობას, მაგრამ სხვა შემთხვევბში ისინი შეიძლება დაუპირისპირდნენ ნაციონალური მთავრობების ინიციატივებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო მმართველობა დღეს შორს დგას იმისგან, რომ შეამციროს სახელმწიფოთა სისტემის როლი.
სუბსახელმწიფოებრივი გლობალური მმართველობა
თანამედროვე პირობებში გლობალიზაციის მნიშვნელოვანი მახასიათებელია პირდაპირი, საზღვრების გარეთა კავშირების განვითარება სუბსახელმწიფოებრივ ხელისუფლებათა შორის, რასაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინიციატივები შემოაქვს ცენტრალურ ხელისუფლებათა გვერდის ავლით. მაგ., მრავალ კანადურ და ჩინურ პროვინციას, აგრეთვე ამერიკის ზოგიერთ ფედერალურ შტატს ამჟამად გააჩნია საკუთარი „დიპლომატიური“ მისიები, რომლებიც შედარებით დამოუკიდებლად მოქმედებენ მათი შესაბამისი ნაციონალური საელჩოებისაგან. ევროპაში ორმოცდაათამდე რეგიონული მთავრობას ჩვიდმეტი ქვეყნიდან აქვთ პიდაპირი კონტაქტები ევროპულ რეგიონთა ასამბლეის, რეგიონთა ევროპის კავშირის კომიტეტის და 70-იანი წლებიდან შექმნილი სხვა მსგავსი ორგანიზაციების საშუალებით.
მუნიციპალურ დონეზე ასევე განვითარდა სხვადასსხვა სახის „ტრანსსუვერენული“ პოლიტიკა ლოკალურ ხელისუფლებათა მიერ იმგვარ სფეროებში, როგორიცაა გარემოს დაბინძურების კონტროლი, განიარაღება, დანაშაულის წინააღმდეგ პრევენტიული ზომები და თანამშრომლობა განვითარებისათვის. ამგვარი ტენდენციები შესაძლოა ალოგიკურიც იყოს, განსაკუთრებით ცენტრალური მეტროპოლიების თვალთახედვიდან. გლობალური კაპიტალის ნაკადები, საჰაერო დერეფნები და ტელეკომუნიკაციების ქსელი ხშირად ერთმანეთს აკავშირებენ მსოფლიოს ქალაქებს, მაგ., სინგაპურსა და ფრანკფურტს უფრო მეტად, ვიდრე მათ შესაბამის ნაციონალურ რეგიონებს.
ზესახელმწიფოებრივი გლობალური მმართველობა
იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ინიციატივა მსოფლიო პოლიტიკის კეთების პროცესში იწვევს „დაკონკრეტებას“ პროვინციულ და მუნიციპალურ ხელისუფლებამდე, სხვა ინიციატივები, იწვევს „გაფართოებას“ და იმართება ზესახელმწიფობრივი ხელისუფლების მიერ. სამთავრობათშორისი მარეგულირებელი ჩარჩოები თითქმის არაფერს ნიშნავდა XXს. II ნახევრამდე, მაგრამ მათი რიცხვი, განზომილება და მნიშვნელობა დიდად გაიზარდა გლობალიზაციასთან ერთად.
ერთის მხრივ, რეგიონულ დონეზე სამთავრობო შეთანხმებების რიცხვი მთელ მსოფლიოში უკიდურესად იზრდება. 1945 წლიდან ათასამდე სხვადასხვა სახის შეთანხმებაა მიღწეული. შედარებით გვიან შექმნილმა რეგიონალურმა ორგანიზაციამ, ევროპულმა კავშირმა უკვე მიიღო 20 ათასამდე მარეგულირებელი გადაწყვეტილება.
იმადროულად ახალი და უკვე არსებული (მაგ., გაერო) ორგანიზაციები ჩანს, რომ აფართოებენ თავიანთ ამოცანებს. მათი მზარდი გავლენისა და ინიციატივებიდან გამომდინარე, ზოგჯერ უპრიანია მათ არა „საერთაშორისო ორგანიზაციები», არამედ „გლობალური მმართველობის სააგენტოები“ ვუწოდოთ. სხვა სიტყვებით, მათი დანიშნულება დიდად ცდება სამთავრობათშორის კონსულტანციებსა და მოქმედების კოორდინაციას, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა ეს ორგანიზაციები.
ზესახელმწიფოებრივი რეგულირების ზრდა მეტად ფართო სპექტრს მოიცავს, რომლის მხოლოდ ნაწილზე გავამახვილებთ ყურადღებას. მაკროეკონომიკური პოლიტიკის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 60-იანი წლებიდან იძლევა მეტად გავლენიან დირექტივებს სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები, საყოვეთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ხარჯების შემცირება, სამუშაო ადგილების შექმნა, ტრანსნაციონალური კორპორაციების მოღვაწეობის კოდექსი. 1979 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა გააძლიერეს თავიანთი ძალისხმევა შორსმიმავალი სტაბილიზაციის პოლიტიკის შესამუშავებლად და სტრუქტურული გარდაქმნების პროგრამების ხელშესაწყობად თითქმის 100 ქვეყანაში. მრავალ შემთხვევაში ისინი ფაქტობრივად აკონტროლებენ და კურირებას უწვენ ნაციონალურ ფინანსთა სამინისტროებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO), რომელიც 1995 წელს შეიქმნა, მოღვაწეობის გაცილებით უფრო დიდ სფეროს მოიცავს დიდ სახელმწიფოებთან კავშირში, ვიდრე მისი წინამორბედი - ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმება. იმავდროულად საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, 70-იანი წლების შუა ხანებიდან თავის თავზე იღებს ვალდებულებას გარკვეულწილად თვალი ადევნოს გლობალურ ფინანსურ ბაზრებს. კონფლიქტების მოგვარების სფეროში ზესახელმწიფოებრივი სააგენტოები, მაგ., გაერო, აფრიკული ერთიანობის ორგანიზაცია, ეუთო განსაკუთრებით გამოირჩევიან. ზესახელმწიფოებრივი მმართველობა ასევე აქტიურია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, რაც 90-იან წლებში გამოიხატა არაერთი უპრეცედენტო ჰუმანიტარული ჩარევით. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა იდეას საუკუნეების ისტორია აქვს, ამ საკითხზე გლობალური კანონდებლობა მხოლოდ 60-იანი წლებიდან ყალიბდება. 1972 წ. გაერო-ს მიერ ორგანიზებული გარემოს დაცვისადმი მიძღვნილი კონფერენციიდან დაწყებული, ტარდება გლობალური შეხვედრები, იქმნება ლეგალური ინსტრუმენტები და ინსტიტუტები მთელ მსოფლიოში ეკოლოგიური დეგრადაციის შედეგების უვნებელსაყოფად. რაც შეეხება ელექტრონულ მედიას, საერთაშორიოს სატელეკომუნიკაციო კავშირის სახელმძღვანელო ტექნიკური სტანდარტების შესახებ 19 ათასს გვერდს აჭარბებს. როგორც ეს მაგალითები მიუთითებს, როგორც მმართველები, ისე მოქალაქეები, სულ უფრო აცნობიერებენ, სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ტერიტორიული მმარველობა არ უზრუნევლყოფს ზეტერიტორიული ფენომენების ადექვატურ მოწესრიგებას, რაც უკავშირდება თანამედროვე ინფორმაციიის, კომუნიკაციებისა და იარაღის ტექნოლოგიებს, გლობალურ ეკოლოგიურ ცვლილებებს, გლობალურ ბაზრებს და ა.შ.
ბუნებრივია, ზესახელმწიფოებრივი მმართველობისათვის არსებობს მნიშვნელოვანი შეზღუდვები. ოფიციალური გლობალური რეგულირება ჯერ კიდევ ნაკლებად ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა შრომის სტანდარტები, შეიარაღების კონტროლი და ა.შ. ამასთანავე, გლობალური მმართველობის მრავალი ინსტიტუტი არაადექვატურად არის დაკომპლექტებული და ქრონიკულად განიცდის ფინასების ნაკლებობას. სააგენტოებს შორის მეტად მცირე დონის კოორდინაციამ და ეფექტური გამაძლიერებელი მექანიზმების მუდმივმა ნაკლებობამ დააკნინა გლობალური სამართლის რეპუტაციაც. მიუხედავად ზემოთქმულისა, ზესახელმწიფოებრივი რეგულირება ხდება საკმაოდ ფართო და ეფექტური რამდენადაც იგი ქმნის მმართველობის მნიშვნელოვან ფორმას დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში.
ბაზარზე ორიენტირებული გლობალური მმართველობა
დღევანდელი მსოფლიო მმართველობის ეს წარდგინება არასრული იქნება, თუ იგი შეეხება მხოლოდ ოფიციალურ სააგენტოებს სუბსახელმწიფოებრივ, სახელმწიფოებრივ და ზესახელმწიფოებრივ დონეზე. გლობალიზებულ მსოფლიოში ყველა წესი XX საუკუნის მიწურულს მარტოოდენ საზოგადოებრივი სექტორიდან როდი მომდინარეობს. ბაზრები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური რეგულირების პროცესში, ხშირად ერთვებიან იმ სფეროებში, რასაც სახელმწიფოები და გლობალური მამრთველობის სააგენტოები უყურადღებოდ ტოვებენ.
კერძო სექტორის მიერ წესების ჩამოყალიბება და დანერგვა ალბათ გაცილებით უფრო შორს წავიდა გლობალური ფინანსური ბაზრების წყალობით, როდესაც ამ მხრივ ოფიციალურმა მმართველობამ ბევრი რამ ეფექტური ვერ გააკეთAა. მაგ., რაც შეეხება გლობალურ საფონდო ბაზრებს, ქცევისა და მოღვაწების კოდექსი ძირითადად ჩამოყალიბდა საფონდო ბირჟების საერთაშორისო ფედერაციის (დაარს. 1961), ბაზრის უსაფრთხოების საერთაშორის ასოციაციის (1969) და ნახევრადაოფიციალური უსაფრთხოების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (1984) საშუალებით. გარდა ამისა, კომერციული ბანკები მნივშნელოვან ინიციატივებს იჩენენ ისეთი ოფიციალური სააგენტოების, როგორიცაა მსაოფლიო სავალუტო ფონდი, მოღვაწეობის მოწესრიგებისათვის (ზოგჯერ მიიჩნევენ, რომ პირიქით - არევისათვის) ხშირი ფინასური კრიზისებისა და ვალების მქონე ქვეყნებში 1982 წლიდან.
კერძო სექტორის გლობალური ინიციატივები ასევე მოიცავს ფინანსურ ბაზრებს. მაგ., 1971წ. დაარსებული მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აერთიანებს 900 უმსხვილეს კომპანიას. მის მრავალ ინიციატივას შორის არის განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება სახელმწიფოთაშორისო კონფლიქტების მოწესრიგებაზე, მათ შორის ისრაელ-არაბული ქვეყნების დაპირისპირებაზე. ფორუმმა ასევე ფასდაუდებელი როლი შეასრულა მსოფლიო ვაჭრობის შესახებ ურუგვაის მოლაპარაკებების დროს, რისი შედეგიც გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნა. კერძო ფონდების როლი ასევე გაიზარდა გლობალურ პოლიტიკის კეთების პროცესში. ორი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ფორდის ფონდი, რომელიც განსაკუთრებით გავლენიანია განვითარებისათვის დახმარების სფეროში 60-იანი წლებიდან და სოროსის ფონდი, რომელმაც თვალსაჩინო როლი შეასრულა ყოფილი საბჭოთა ბლოკის ლიბერალიზაციაში. ყოველივე ზემოთქმულიდან ნათელი ხდება, რომ გლობალური მმართველობა არ წარმოადგენს მხოლოდ საზოგადოებრივი სექტორის საქმეს.
გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობები
საბაზრო ინსტიტუტები არ არიან ერთადერთი აქტორები საზოგადოებრივი სექტორის მიღმა, რომლებიც ხელს უწყობენ მმართველობის ახალი ფორმების წარმოქმნას თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში. მრავალი ინიციატივა ასევე მოდის გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობებიდან. აქ სახალხო მოთხოვნები და პროტესტი მობილიზებულია სოციალური ურთიერთობების სტანდარტების შეცლის მიმართულებით (მაგალითად, მილიტარიზმი და კაპიტალიზმი). ასოციაციები გლობალურია ერთის მხრივ იმ თვალსაზრისით, რომ ეხებიან საერთო მსოფლიო პრობლემებს და მეორეს მხრივ, იყენებენ გლობალიზაციის შედეგად შექმნილ საშუალებებს (საჰაერო მოგზაურობა, კომპიუტერული ქსელები, გლობალური კანონები და სხვ.). როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ამჟამინდელი საზოგადოებრივი მოძრაობების მსგავსი წინამორბედი მოძრაობები იწყება XIX საუკუნიდან. იმავდროულად, თანამედროვე მოღვაწეობაში ჩართულია ადამიანთა არნახული რაოდენობა, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციონალური რესურსები და მათ უზარმაზარი ზეგავლენა გააჩნიათ.
გლობალურ საზოგადოებრივ მოძრაობებს ახასიათებს უკიდურესი მრავალფეროვნება, ისინი მიმართულია სრულიად სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტისაკენ - აბორიგენების უფლებებიდან შიდსის საკითხამდე. ისინი ასევე ამჟღავნებენ მეტად მრავალფეროვან ხედვას იმ სამყაროსა, რომლის შექმნაც მათ სურს, შთაგონების წყაროდ იღებენ იდეებს ხან ანარქიზმიდან, ხან ნეოფაშიზმიდან, ტრადიციული და ახლადშექმნილი რელიგიებიდან და მათი ნაზავიდან და ა.შ. ზოგიერთი ამ მოძრაობიდან გლობალურია იმ თვალსაზრისით, რომ მათ მიერ გაბმული ქსელი მთელ მსოფლიოს მოიცავს, მაგ., განვითარების ისეთი ალტერნატივები, რომლებსაც გამოხატავს „ქალები ახალი ერისათვის“ (DAWN). საწინააღმდეგოდ, სხვები „აზროვნებენ გლობალურად და მოქმედებენ ლოკალურად“. ეს ნიშნავს, რომ ისინი ირჩევენ გლობალურ ორიენტაციას, მაშინ როცა მოქმედებენ ჩვეულებრივი ადამიანების დონეზე. ზოგიერთი ჯგუფი კამპანიას მართავს იზოლირებულად, როდესაც სხვები მიზნების განსახირციელებლად ერთიანდებიან დიდ კოალიციებში. ამ უკანასკნელის საილუსტრაციოდ, პესტიციდების საწინააღმდეგო აქციის ქსელი აერთიანებს 350 ჯგუფს 50-მდე ქვეყნიდან. საზოგადოებრივ მოძრაობებში ჩართულნი არიან როგორც შემთხვევითი „მოყვარულები“ (როგორიცაა მრავალრიცხოვანი სტუდენტური საპროტესტო მოძრაობები), ასევე დიდი ხნის პროფესიონალები და ინსტიტუციონალიზებული პროგრამები (grinfisi ანდა Christian Aid). საბოლოო ჯამში, გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობები იყენებენ მრავალი სახის სტრატეგიას. ზოგიერთი აქტივისტი თანამშრომლობს მთავრობებთან, გლობალური მმართველობის სააგენტოებთან, ბიზნესის ასოციაციებთან, მაშინ როცა სხვებს კოლაბორაცია „ისტებლიშმენტთან“ საკუთარი პრინციპებისათვის მიუღებელ კომპრომისად მიაჩნიათ.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ საზოგადოებრივი მოძრაობები ხშირად განიცდიან სახსრების ნაკლებობას და ახასიათებთ შიდადაპირისპირებანი, ისინი მაინც შესამჩნევ გავლენას ახდენენ თანამედროვე მსოფლიოს მმართველობაზე. მრავალ ქმედებას შორის უნდა აღინიშნოს, რომ მათი ძალები კონცენტრირებულია პოლიტიკის ინოვაციისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკოლოგიური მდგრადობა, ადამიანის უფლებების დაცვა, სტიქიური უბედურებები, სანოვაგის ნაკლებებობა და საზოგადოების სრულყოფა. 1990 წლიდან მრავალმა უმთავრესმა გლობალური მმართველობის სააგენტომ შექმნა ოფისები ამიერიდან არასამთარობო ორგანიზაციებად წოდებულ საზოგადოებრივ მოძრაობებთან კავშირისათვის. მრავალი ამგვარი ასოციაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ოფიციალური ინსტიტუტებისათვის მრჩეველთა რანგში, ისე მათი პოლიტიკის გატარებისათვის დახმარებაში. ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი ლტოლვილთათვის ზოგჯერ თითქმის მთლიანად დამოკიდებული ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებისაგან. ათასობით სამოქალაქო ჯგუფი მონაწილეობას იღებდა გაერო-ს სპონსორიზებულ გლობალური პრობლემების შესახებ კონფერენციებზე 70-იანი წლებიდან, სადაც ისინი ახდენდნენ ოფიციალური სტრუქტურის ლობირებას, გავლენა ჰქონდათ მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი პროგრამების მიღებაზე. ამგვარი სცენარები ახალი პოლიტიკის გამომხატველი გახდა XX ს. უკანასკნელ ათწლეულებში, რომელთა შედეგადაც საზოგადოებრივმა მოძრაობებმა ძალისხმევა მიმართეს ნაციონალური და ლოკალური ხელისფლების კონტროლისაგან თავის გამოთავისუფლებისაკენ ზესახელმწიფოებრივი მარეგულირებელი სააგენტოების საშუალებით.
ამ და სხვა გზებით, გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობების მრავალი აქტივისტი მიზნად ისახავდა და ზოგჯერ ახორციელებდა კიდეც არა მარტო პოლიტიკის შეცვლას, არამედ საკუთრივ პოლიტიკის არსის გარდაქმნას. მათი ინიციატივები ხშირად ცვლიდა პოლიტიკური ქმედების დომინირებად კონცეფციებს, პროცედურებსა და ტაქტიკას. მაგ., მრავალმა ამგვარმა ასოციაციამ აირჩია გადაწყვეტილებათა მიღების არაიერარქიული მოდელები და ზოგადად, მათ საქმიანობაში გაცილებით უფრო ფართოდ ჩართეს ქალები, ვიდრე ეს არის ოფიციალურ და კომერციულ სტრუქტურებში. როგორც შედეგი გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობებისა, სახალხო ჩართვა მსოფლიო პოლიტიკაში გახდა უფრო პირდაპირი და ექსტენსიური, ვიდრე ვესტფალიის სისტემის დროს, როდესაც მოქალაქის პოლიტიკაში ჩართვა გამოიხატებოდა მხოლოდ ნაციონალურ არჩევნებში მონაწილეობით იმის განსასაზღვრავად, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას უნდა განეხორციელებინა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
საკვანძო საკითხები
|
გლობალური დემოკრატიის პერსპეტივები
ჩვენ დავინახეთ, რომ გლობალიზაციამ ხელი შეუწყო მმართველობის სიმძიმის ცენტრის გადანაცვლებას სუვერენიტეტზე ფოკუსირებული სახელმწიფოთა სისტემიდან ურთიერთქმედების მრავალმხრივი, კომპლექსური წესების შექმნისაკენ - იმ თვალსაზრისით, რომ იქმნება ისეთი გარემო, რომელშიც არც ერთი ლოკალური ადგილი არ შეიძლება იყოს სრულფასოვნად სუვერენული. ამჟამად პოლიტიკა მოკლებულია ხელმძღვანელობისა და კონტროლის ცენტრს განსხვავებით ვესტფალიის სისტემისა. გარდა ამისა, ინიციატივების გამოჩენისა და ქცევის ნორმების შექმნის თვალსაზრისით, საზოგადოებრივ სექტორთან ერთად, ანგარიშგასაწევ როლს ასრულებენ ბაზრის აგენტები თუ საზოგადოებრივი მოძრაობები.
დემოკრატია - ხალხის მმართველობა - ფართოდ გაზიარებული თვალსაზრისით, წარმოადგენს თანამედროვე მმართველობისათვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებელ გადამწყვეტ ნორმას. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის დეფინიციები მნიშვნელოვნად ვარირებს ქვეყნებისა და დროის მონაკვეთის მიხედვით, არსებობს ფართო და საკმაოდ მყარი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ თანამედროვე მსოფლიოში კარგი მმართველობა ნიშნავს დემოკრატიულ მმართველობას. ბუნებრივად ისმის კითხვა: რა ელის დემოკრატიას თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში?
ერთი შეხედვით ჩანს, რომ გლობალიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს დემოკრატიის შესაძლებლობების განვრცობას. როგორც ზემოთ დავინახეთ, გლობალიზაციამ საკმაოდ დააკნინა სახელმწიფოთა სუვერენიტეტი - სუვერენიტეტსა და დემოკრატიას შორის კი გარკვეული შეუთავსებლობა ყოველთვის არსებობდა. სუვერენიტეტი გულისხმობს ყოვლისმომცველ, უზენაეს, შეუზღუდავ და ექსკლუზიურ ძალაუფლებას, მაშინ როცა დემოკრატია ზოგადად ეფუძნება შეზღუდულ, დანაწევრებულ, პირობით და კოლექტიურ ძალაუფლებას. მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება ხალხის მიერ აირჩევა, მაინც არსებობს ძალაუფლების კონცენტრირების პოტენციური საფრთხე სახელმწიფოში. ამ თვალსაზრისით სუვერენიტეტის შემცირება უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის დემოკრატიის განვითარებისათვის.
ზემოთქმულის მიუხედავად, სამწუხაროდ, გლობალიზაცია ყოველთვის არ არის ამგვარი გარდაქმნების მომასწავებელი. თანამედროვე პოსტსუვერენული მმარველობა დაქსაქსულია დემოკრატიის დეფიციტის გამო. სახელმწიფო, გლობალური მმართველობის სააგენტოები, საზოგადოებრივი მოძრაობები ყოველთვის განიცდიან ფართო მასების მონაწილეობის, კონსულტაციებისა და დებატების, წარმომადგენლობისა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობას.
გლობალიზაცია და დემოკრატიული სახელმწიფო
ზოგიერთი ენთუზიასტი ირწმუნება, რომ გლობალიზაცია და დემოკრატიზაცია უნდა იყოს ერთი მედლის ორი მხარე. ამ პერსპექტივის თანახმად, ლიბერალისტები ზეიმობდნენ მსოფლიოს მომცველი დემოკრატიული ცვლილებების ქარის დაბერვას XX საუკუნის დასასრულს აპარტეიდის, კომუნიზმისა და სხვა ერთპარტიული სისტემების კოლაფსის ფონზე. მიუხედავად ამისა, მრავალპარტიულობა არ არის ფართო სახალხო მონაწილეობისა და სახელმწიფოს კონტროლის გარანტი. ანგარიშვალდებულებას მოკლებული მთავრობები ჩვეულებისამებრ აგრძელებენ ადამიანის უფლებათა დარღვევას გლობალიზაციის ხანაშიც. ის ქვეყნებიც კი, რომლებიც ამ სფეროში ემნესტი ეინტერნეიშენალისაგან ყველაზე მაღალ შეფასებებს იღებენ, იშვიათად ბჭობენ საკუთარ მოსახლეობასთან გლობალური პოლიტიკის შესახებ. მაგალითისათვის, მოქალაქეებს მეტად იშვიათად გააჩნიათ გავლენიანი ხმა, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას დაეთანხმოს თუ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტრუქტურული გარდაქმნის ამა თუ იმ პროგრამას. სახელმწიფოს არ თავაზობს საკუთარ მოქალაქეებს გლობალური კაპიტალის, გლობალური ეკოლოგიური პრობლემებისაგან თავდაცვის საშუალებებს. დემოკრატიულად მოქმედი ხელისუფლება ხშირად დამატებულია, შესაძლოა შეცვლილი კიდეც, სხვა ინსტრუმენტებისა და ინსტიტუტებს მიერ.
გლობალური მმართველობის სააგენტოები და დემოკრატია
სამწუხაროდ, გლობალური მმართველობის სააგენტოები დღეს არ წარმოადგენენ აუცილებელ გარანტიას დემოკრატიისათვის. დავიწყოთ იმით, რომ მეტად მცირეა სახალხო მონაწილეობის დონე ამ ინსტიტუტებში. მსოფლიო ბანკის მმართველ საბჭოს, ევროპის მინისტრთა საბჭოს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს და სხვა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საშუალების მქონე ორგანიზაციების შეხვედრები ძირითადად დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ეს ორგანიზაციები დიდილად წარმოადგენენ „ტექნოპოლიტიკოსთა“ სფეროს, რომელშიც ეკონომისტები, ბუღალტრები, მენეჯერები, ინჟინრები, ქიმიკოსები, კანონმდებლები თუ სხვა „ექსპერტები“ პრაქტიკულად თავისუფალნი არიან დემოკრატიული არჩევითობისაგან. როდესაც მათ პოლიტიკას არასასურველი შედეგები მოყვება, როგორც იმ სტრუქტურული გარდაქმნების პროგრამების შემთხვევაში, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას იწვევენ, ამგვარი სააგენტოები არც კანონის თვალსაზრისით და არც საზოგადოებრივად არავის წინაშე არ არიან პასუხისმგებელნი.
ზოგიერთი შეიძლება ამტკიცებდეს, რომ გლობალური მმარველობის სააგენტოები არაპირდაპირ არიან წარმომადგენლობითი. იმგვარად, რომ სხვადასხვა დელეგაციებს აქვთ უფლება ილაპარაკონ მსოფლიოს სხვადასხვა ნაციონალური მოსახლეობის სახელით. ხაზგასასმელია, რომ მრავალ ქვეყანას გააჩნია მეტად საეჭვო დემოკრატიული მანდატები. ამასთან ერთად, მრავალ გლობალურ ორგანიზაციაში მიღებული წესი ერთი სახელმწიფო - ერთი ხმა, ფორმალურად მაინც ნიშნავს, რომ ანდორასა და ინდოეთს თანასწორი ხმები გააჩნიათ. გარდა ამისა, გაერო-ს უშიშროების საბჭ ოს ხუთი წევრისათვის მუდმივი ადგილის შენარჩუნება და მათთვის ვეტოს უფლების მინიჭება დემოკრატიულობის თვალსაზრისით აშკარა ნონსენსია. ამგვარადვე, კვოტებზეა დამყარებული ხმის უფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდში და მსოფლიო ბანკში - წევრთა ერთი მეოთხედი აკონტროლებს ხმათა სამ მეოთხედს.
გლობალური მმართველობის სააგენტოების არადემოკრატიული ხასითაის გაცნობიერება თანდათანობით ხდება. ევროკავშირის შემთხვევაში, გარკვეული (შეზღუდული) ნაბიჯები ამ მიმართულებით 70-იანი წლების მიწურულიდან გადაიდგა, რათა მომხდარიყო ხალხის პირდაპირი მონაწილეობა ზესახელმწიფოებრივ მმართველობაში. ამგვარ ორგანიზაციათა უმრავლესობა უფრო ღია გახდა საზოგადოებისათვის საკუთარი მოღვაწეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. თუმცა, ამგვარი რეფორმები მეტად მცირეა და სანახევრო ხასიათს ატარებს.
გლობალური საბაზრო დემოკრატია?
დემოკრატიის დაღმასვლის სხვა, მეტად სახიფათო მაჩვენებელი მომდინარეობს მმართველობის ზემოთ აღწერილი მარკეტიზაციისაგან. მართალია, Laissez faire პრინციპის მომხრენი მიიჩნევენ, რომ ბაზარი ზრდის სახალხო მონაწილეობასა და კონტროლს. მათი შეხედულებით, გლობალური დემოკრატია იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც მომხმარებლები და კაპიტალისტები თავიანთი საფულეებით (უფრო მეტად ვიდრე საარჩევნო ბიულეტენებით) ხმას მიცემენ ფულის საუკეთესო ფასს (უფრო მეტად ვიდრე ადამიანური პოტენციალის მაქსიმიზაციას) გლობალურ ბაზარზე (უფრო მეტად, ვიდრე ტერიტორიულ სახელმწიფოში).
ამდენად, ამგვარი შეხედულება გულისხმობს, რომ ფული და მატერიალიური სარგებელი არის ყველაფრის მომცველი და ყველაფრის ბოლო პოლიტიკაში. ტრადიციული დემოკრატიული პრინციპები ადამიანის ღირსებისა და თანასწორი შესაძლებლობების შესახებ ექვემდებარება სამენეჯერო ეფექტურობისა და პროდუქციის ხარისხის მოთხოვნებს. საბაზრო დემოკრატიაში ანგარიშვალდებულება ნიშნავს დირექტორთა საბჭოს პასუხისმგებლობას და კომპანიის პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე. მაგრამ პრაქტიკაში ჯერჯერობით აქციონერები იშვიათად ახდენენ გავლენას კორპორატიულ პოლიტიკაზე და მომხმარებლები ხშირად ოლიგოპოლიის ტყვენი არიან. უფრო შემაშფოთებელი ბუნებრივია ის არის, რომ მონაწილეობა საბაზრო მმართველობაში განპირობებულია უპირველსად სიმდიდრითა და შემოსავლით. მეტად მცირე რაოდენობის ადამიანები იღებენ მოწვევას მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისა და მსგავსი ორგანიზაციების შეხვედრებზე მონაწილებისათვის.
გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობები და დემოკრატია
ბაზრის მომხრეთაგან საწინააღმდეგოდ, სხვა მკველევარები გლობალურ საზოგადოებრივ მოძრაობებს მიიჩნევენ დემოკრატიის გადარჩენის საშუალებად თანამედროვე გლობალიზებულ მსოფლიოში. უკანასკნელ ათწლეულებში თვალსაჩინოა გლობალური სამოქალაქო აქტივიზმი. კერძოდ, გლობალიზაციამ მეტი შესაძლებლობები შექმნა ქალებისათვის, ინვალიდებისათვის, სექსუალური უმცირესობებისათვის, იმ ადგილობრივი ხალხებისათვის, რომლებსაც თვითგამოხატვის ნაკლები საშუალებები ეძლეოდათ ვესტფალიის სისტემის არსებობის პირობებში.
მიუხედავად ამისა, დემოკრატიის ეს მონაგარი საჭიროა განიხილებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში და უნდა ხაზი გაესვას თანამედროვე გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობების ხშირად მეტად ღრმა არადემოკრატიულ ხასიათს. პირველ რიგში ხაზი უნდა გაესვას, რომ ადამიანთა მეტად მცირე რაოდენობაა ჩაბმული ამ მოძრაობებში. კაცობრიობის უმრავლესობა მოკლებულია ფონდებს, ინტერნეტის ქსელს და სხვა საშუალებებს, რომლებზედაც დამოკიდებულია ამ მოძრაობების გავლენა. ამ მოძრაობათა აქტივიზმი შემოიფარგლება ძირითადად საშუალო კლასის თეთრი მოსახლეობით, რომელთაგან უმრავლესობა ჩრდ. ამერიკაში, დას. ევროპასა და იაპონიაში ცხოვრობს. გაერო-სთან კონსულტატიური უფლების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების 15%-ზე ნაკლებია ე.წ. სამხრეთიდან. ამასთანავე, როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობების წევრები ძირითადად თვითარჩეულნი არიან და მისდევენ იმ ფორმალურ პროცედურებსა და იცავენ თავიანთი ოპერაციების გამჭვირვალეობას და ანგარიშვალდებულნი არიან მათ წინაშე, ვის ინტერესებსაც იცავენ.
საერთო ჯამში, დემოკრატიას უკავია საკმოდ არამყარი პოზიცია თანამედროვე მმართველობის ნებისმიერ სფეროში. დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში, წესების ჩამოყალიბება და დანერგვა უპირველესად ხდება ელიტების ურთიერთშეჯიბრის საფუძველზე და ნაკლებად წარმომადგენლობითი დემოკრატიის გზით. ამჟამად ბუნდოვანია როდის და როგორ მოხდება დემოკრატიის სრული რეალიზება სულ უფრო გლობალიზებულ მსოფლიოში.
საკვანძო საკითხები
|
დასკვნები
გლობალიზაციამ შეცვალა მსოფლიო პოლიტიკის ბუნება და კვლავაც შეაქვს მასში ცვლილებები. ამ ცვლილებათა სიღრმე და ხასიათი დაუსრულებელი დებატების საგანს წარმოადგენს, მკვლევარები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან გლობალიზაციის დეფინიციების, მოცულობის, ახსნის, პროგნოზების და მორალური მხარის განსაზღვრისას. გლობალიზაციამ მსოფლიო პოლიტიკას ახალი სივრცობრივი განზომილება მიანიჭა. ძველი გეოგრაფიული ადგილების, მანძილების, საზღვრების დამატებით, დღეს არსებობს გლობალური განზომილება, რომელშიც ზოგიერთი მოვლენა გარკვეულ ტერიტორიულ ფარგლებში არ თავსდება (ე.ი. შეიძლება ხდებოდეს ნებისმიერ ადგილზე და მანძილს მნიშვნელობა ეკარგება (შეიძლება გადაიკვეთოს პლანეტა დროის ნებისმიერ, მოცემულ მონაკვეთში) და საზღვრებს გარეშეა (შეიძლება იმოძრაოს ქვეყნებს შორის საზღვრებისათვის ანგარიშის გაწევის გარეშე). გლობალური ფენომენის არნახული სისწრაფე XX ს. შუა ხანებიდან იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს მმართველობის ფორმებში. ერთის მხრივ, გლობალიზაციამ დააკნინა, სუვერენიტეტის ძველი პრინციპი, თუმცა სახელმწიფოები კვლავაც აგრძელებენ არსებობას და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ საზოგადოებრივ ცხოვრების რეგულირებაში. მეორეს მხრივ გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ხელისუფლებისა და მმართველობის სხვა ასპექტების წინ წამოწევას მსოფლიო პოლიტიკაში, რაშიც შედის საზღვრებს გარეშე სუბსახელმწიფოებრივი ურთიერთობები, ზეასახელმწიფოებრივი კანონები, საბაზრო ინსტიტუტების მარეგულირებელი ინიციატივები, გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობების კამპანიები.
კითხვები და დავალებები:
რით განსხვავდება გლობალიზაცია ინტერნაციონალიზაციისაგან?
რამდენად ახალი ფენომენია გლობალიზაცია?
დაასახელეთ ის მცდარი მოსაზრებები, რომლებიც ჩვეულებრივ ასოცირებულია გლობალიზაციიის იდეასთან.
დაასახასიათეთ გლობალიზაციის მამოძრავებელი ძალები.
რას ნიშნავს სახელმწიფოს სუვერენიტეტი?
რატომ განაგრძობენ არსებობას სახელმწიფოები გლობალიზაციის ეპოქაში?
აჩვენეთ, თუ როგორ ახდენს გავლენას კერძო სექტორი გლობალურ
მმართველობაზე.
რას წარმოადგენენ გლობალური საზოგადოებრივი მოძრაობები და როგორ მონაწილეობენ ისინი მსოფლიო პოლიტიკაში?
რა გავლენას ახდენს გლობალიზაცია დემოკრატიაზე?
ლიტერატურა:
I. Carlsson et al., Our Global Neighbouring (Oxford: Univ. Press, 1995).
M. Featherstone (ed.), Global Culture: Nationalism, Globalization and Modernity (London: Sage 1990).
D. Harvey, The Condition of Postmodernity: An Enquiry into the Conditions of Cultural Change, (Oxford: Balakwell, 1989).
P. Hirst & G. Thompson, Globalization in Question: The International Economy and the Possibilities of Governance (Cambridge: Polity Press 1996).
E. Kofman & G. Youngs (eds.), Globalization: Theory and Practice (London: Pinter, 1996).
G. Modeski, Sea Power in Global Politics, (Seattle, Univ. of Washington Press, 1988).
R. Robertson, Globalization: Social Theory and global Culture, (London: Sage, 1992).
J.N. Rosenau, Turbulence in World Politics (Princeton: Univ. Pres, 1990).
J.N. Rosenau & E.O. Czempiel (eds.), Governance without Government: Order and Change in World Politics (Cambridge: Univ. Press, 1992).
J.A. Scholte, Globalization: A Critical Introduction (London: Macmillan, 1997).
M. Waters, Globalization (London: Rouledge 1995).
![]() |
5 IV. საერთაშორისო ორგანიზაციები თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო ორგანიზაციები წარმოადგენენ საერთაშორისო ცხოვრების მოწესრიგების ყველაზე განვითარებულ და მრავალმხრივ მექანიზმებს. თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია საერთაშორისო ორგანიზაციათა რაოდენობისა და აქტიურობის მკვეთრი ზრდა. 1998 წლისათვის არსებობდა 6000-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათი რიცხვი უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა.
როგორც წესი, საერთაშორისო ორგანიზაციები იყოფა ორ ძირითად ჯგუფად.
საერთაშორისო (სამთავრობათშორისი) ორგანიზაციები ფუძნდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ; ამ ორგანიზაციათა ჩარჩოებში ხორციელდება წევრ-სახელმწიფოთა ურთიერთქმედება და მათი ფუნქციონირება დაფუძნებულია გარკვეულ საერთო გადაწყვეტილების მიღწევაზე წევრ სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შედიან შესაბამისი ორგანიზაციის მოღვაწეობის სფეროში.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები იქმნება არა სახელმწიფოთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ ფიზიკური ან იურიდიული პირების გაერთიანების გზით, რომელთა მოღვაწეობაც ხორციელდება სახელმწიფოთა ოფიციალური საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებს გარეთ.
საკვანძო კონცეფციები:
საერთაშორისო ორგანიზაცია: ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია პროცედურებისა და წევრობის დადგენილი ფორმალური წესები და რომელშიც წარმოდგენილია სამი ან მეტი ქვეყანა. სამი სახელმწიფო მინიმუმად იმ მიზეზითაა აღებული, რომ მრავალმხრიან ურთიერთობებს გაცილებით უფრო მეტი კომპლექსურობა ახასიათებს, ვიდრე ორმხრივს.
სამთავრობათშორისი ორგანიზაცია: საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც სრულფასოვანი ლეგალური წევრობა სახელმწიფოთა პრეროგატივას წარმოადგენს და გადაწყვეტილებათა მიღების ძალაუფლება მინიჭებულია აქვთ სახელმწიფოს წარმომადგენლებს. თუმცა, რეალურად, ამგვარ ორგანიზაციებში ასევე შედის ზოგიერთი კოლონიური ტერიტორია და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია: საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრებიც შეუძლიათ გახდნენ ტრანსნაციონალურ აქტორებს. უმთავრესი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები აერთიანებენ მრავალ ანალოგიურ ორგანიზაციებს სხვადასხვა ქვეყნებიდა. ამის მაგალითია „საერთაშორისო ამნისტია“. ამგავრ ორგანიზაციათა წევრები ასევე შეიძლება იყვნენ კომპანიები და პარტიები, ასევე კერძო პირებიც. |
ნათელია, რომ სახელმწიფოების მიერ შექმნილი ორგანიზაციები გაცილებით უფრო თვალსაჩინო გავლენას ახდენენ მსოფლიოში მიმდინარე იმ პროცესების დროს, როდესაც საერთაშორისო არენაზე მთავარი მოქმედი პირები სახელმწიფოები არიან. იმავდროულად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიაზაციათა რიცხვი გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფოების მიერ შექმნილი ორგანიზაციებისა და უკანასკნელ წლებში საკმაოდ მყარია მათი რიცხვის კიდევ უფრო გაზრდის ტენდენცია. თუკი 1968 წლისათვის იყო სულ 1899 საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, 1978წ. - 2420, 1987წ. - 435, 1998 წელს უკვე - 5766. ამ თვალსაზრისით პოვებს საკუთარ გამოხატულებას მსოფლიო სისტემის მზარდი გლობალიზაცია, რომელსაც ახასიათებს მრავალფეროვანი ტრანს-ნაციონალური ურთიერთქმედებების მოცულობის ზრდა.
პრინციპში, ამგვარ განვითარებაში შეიძლება დავინახოთ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის რადიკალური ტრანსფორმაციის და გლობალური მსოფლიო თანამეგობრობის ფორმირების წინაპირობა. თვისობრივად ახალ სიტუაციაში საზოგადოებრივი პროცესების თვითორგანიზაცია და რეგულირება განხორციელდება არა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის გზით, არამედ უშუალოდ პირდაპირი კავშირებისა და ურთიერთზემოქმედების საშუალებით. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება განვიხილოთ როგორც ფორმირების პროცესში მყოფი გლობალური სამოქალაქო საზოგადოების ელემენტები. უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალისტებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი ამ ტენდენციის განსაზღვრის თაობაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სულ უფრო მეტი არასახელმწიფოებრივი აქტორების გამოჩენა, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედებენ სახელმწიფოთა პარალელურად და გარკვეული თვალსაზრისით ეჭვქვეშ აყენებენ სახელმწიფოთა მონოპოლიას ამ სფეროში, ხდება მეტად ანგარიშგასაწევი ფენომენი გლობალიზაციის ეპოქის საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიძლება წამოჭრან საკითხები, რომლებსაც არ ითვალისწინებს მთავრობათა მოქმედება, შეაგროვონ ინფორმაცია საერთაშორისო პრობლემებზე; შეიმუშავონ მათი გადაწყვეტისათვის კონკრეტული მიდგომები და აიძულონ მთავრობები შესაბამისი ხელშეკრულებების ხელმოწერა; ყურადღება ადევნონ მთავრობათა მოღვაწეობას საერთაშორისო ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში და სახელმწიფოთა მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას; მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია და ხელი შეუწყონ „რიგით ადამიანში“ იმ რწმენის განმტკიცებას, რომ მას უშუალოდ ეხება მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრობლემები.
თუმცა, სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების როლი საერთაშორისო ცხოვრების რეგულირების საქმეში მაინც გაცილებით უფრო დიდია. ამ თვალსაზრისით ისინი საკუთარ თავს ორი სახით ავლენენ - ერთის მხრივ ქმნიან კოოპერატიულ ან კონფლიქტურ ველს წევრ სახელმწიფოთა შორის, მეორეს მხრივ კი გამოდიან საერთაშორისო არენაზე სპეციფიური მოქმედი პირების სახით და ამგვარად ახდენენ დამოუკიდებელ გავლენას საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების დინამიკაზე.
ამასთანავე, ამგვარი დამოუკიდებლობის ხარისხიც საკმოდ სადავო საკითხია და ტრადიციულად წარმოადგენს ანალიტიკოსთა დებატების საგანს. „რეალისტური“ მიდგომის მომხრენი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციები „ქმნიან“ მარტო იმას, რასაც «დებენ“ მათში წევრი სახელმწიფოები და მათ არ გააჩნიათ უნარი ამ სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებს გარეთ არსებული ნებისმიერი იმპულსის გენერირებისა. სხვა სიტყვებით, სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციები განიხილება მხოლოდ როგორც მუდმივი დიპლომატიური ფორუმი, რომლშიც მჟღავნდება მონაწილეების აზრთა თანმთხვევა თუ დაპირისპირება. მეორეს მხრივ „იდეალისტური“ მიდგომის მომხრენი ხაზს უსვამენ, რომ სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობის შედეგად იქმნება ხარისხობრივად ახალი სიტუაცია, რომლის დაყვანა არ შეიძლება მხოლოდ წევრ სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკური იმპულსების ჯამზე. მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ გზით მოხდება საერთაშორისო ურთიერთობათა მთელი სისტემის გარდაქმნა, მისი ტრანსფორმაცია ინტერესთა ბალანსის დამყარების არენიდან კაცობრიობის გლობალური პრობლემების გამოვლენისა და გადაწყვეტის მექანიზმად.
როგორც ჩანს, პირველი მიდგომა უფრო კარგად გამოხატავს საქმის რეალურ ვითარებას საერთაშორისო არენაზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ხაზგასასმელია სამი გარემოება:
თუნდაც რომ სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციები განვიხილოთ მეორად, საერთაშორისო სამართლის მიერ შექმნილ სუბიექტებად, ისინი ჩაბმულნი არიან (და ზოგჯერ მეტად აქტიურადაც) საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების ფორმირებასა და განხორციელებაში. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელთა ეფექტურობა სულ უფრო მეტად არის განპირობებული იმით, თუ რამდენად არიან ისინი სანქცირებულნი სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
ამ ორგანიზაციათა მოღვაწეობა მეტად შთამბეჭდავად ახდენს გავლენას მასში მონაწილე სახელმწიფოების საერთაშორისო-პოლიტიკურ ქცევაზე იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც საქმე არ ეხება ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის ფორმირებას, რომელთა შესრულებაც აუცილებელია. შეიძლება ითქვას, რომ საკუთრივ სახელმწიფოთა მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებში მათი საერთაშორისო სოციალიზაციის ფაქტორი ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოები წარმოადგენენ საერთაშორისო არენაზე მთავარ მოქმედ პირებს, სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების სახელმწიფოთა რიცხვს აჭარბებს და ისინი ერთობლივად ქმნიან მეტად ვრცელ ქსელს, რომელიც მოიცავს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების თითქმის ყველა სეგმენტს.
1998 წლისათვის არსებობდა 254 სახელმწიფოთაშორის ო ორგანიზაცია. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მონაწილეთა წრით (უნივერსალურები და რეგიონულები), ფუნქციონალური დანიშნულებით (საერთო და სპეციფიური კომპეტენცია), ახალი წევრების მიღების წესით (ღია და დახურული), უფლებამოსილებათა ხასიათით (რომელიც დაფუძნებულია წევრ სახელმწიფოთა პოზიციების დაახლოების პრინციპზე და რომლებიც ატარებენ ზენაციონალური ელემენტებს).
სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების განვითარების საერთო ტენდენციებად შეიძლება ჩაითვალოს: 1. მათი მოღვაწეობის რეგიონული ასპექტების შედარებითი გაძლიერება, რომელიც საშუალებას იძლევა ფოკუსირება მოხდეს უფრო კონკრეტულ საკითხებზე). 2. სოციალური კომპეტენციის მქონე ორგანიზაციათა რიცხვის მკვეთრი გაზრდა საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციფიური სფეროების რეგულირებისათვის. 3. სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების უფრო ხშირი და ფართო აღჭურვა ზენაციონალური უფლებამოსილებით.
სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების მასშტაბი, ხასიათი და გავლენა საერთაშორისო პოლიტიკურ ცხოვრებაზე ვარირებს მეტად ფართო საზღვრებში. ზოგიერთი ამგვარი ორგანიზაციის მოღვაწეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა შესაწავლისათვის და აუცილებელია მათი გამოცალკევებით განხილვა.
საკვანძო კონცეფციები
ანგარიშვალდებულება: სახელმწიფო ვალდებული ხდება ახსნას და გაამართლოს თავის ქმედება ან ქმედებანი სხვა სახელმწიფოს მიმართ.
კომპეტენცია: ქმედების უფლება მოცემულ გარემოში. ამგვარი უფლება შეიძლება გაცემულ იქნას მთავრობის მიერ გარკვეულ საერთაშორისო ორგანიზაციაზე, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ხდება მთლიანად პასუხისმგებლობის გადაცემა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციას ეძლევა უფლება იმოქმედოს სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ფონდები და პროგრამები: ინსტიტუტები, რომლების მოღვაწეობასაც თვალყურს ადევნებს გაერო-ს გენერალური ასამბლეა და რომეთაც ნებაყოფლობით აფინანსებენ სახელმწიფოები და სხვა დონორები.
ინტერვენცია: როდესაც ხდება პირდაპირი ჩარევა სახელმწიფოს საქმეებში გარე აქტორის მიერ გარკვეული მიზნების მისაღწევად მოცემული სახელმწიფოს პოზიციის გათვალისწინების გარეშე.
ჩარევა: როდესაც გარეშე ძალა, მაგ., საერთაშორისო ორგანიზაციის სახით, მოქმედებს სახელმწიფოს შიგნით სახელმწიფოს თანხმობით ან მისი თანხმობის გარეშე.
წესრიგი: როდესაც ურთიერთობები აქტორებს შორის, როგორებიცაა სახელმწიფოები, არის სტაბილური, პროგნოზირებადი, კონტროლირებადი და არ ხასიათდება ძალადობით, დაძაბულობითა და ქაოსით.
აღიარება: აქტი, რომლებსაც მთავრობები ახორციელებენ ცალ-ცალკე ან ერთობლივად, რომლითაც აღიარებენ სხვა ერთობის ლეგალურ სტატუსს და ამდენად საშუალებას აძლევენ მას გახდეს საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი - დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნას საელჩოები, გახდეს გაერო-ს წევრი. |
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია*
გაერო-ს არა მხოლოდ ცენტრალური ადგილი უკავია სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების სიტემაში, არამედ ასევე ასრულებს განსაკუთრებულ როლს თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკურ განვითარებაში. 1945წ. შექმნილი უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელსაც უნდა გაეთვალისწინებინა ერთა ლიგის შეცდომები და მისი არასრულფასოვნება, მიზანია მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების შექმნის ხელშეწყობა და სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის განვითარება.
გაერო წარმოადგენს ყველაზე წამომადგენლობით ფორუმს სახელმწიფოთა შორის დისკუსიებისათვის საერთაშორისო განვითარების აქტუალურ პრობლემებზე.
გაერო-ს წესდება წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველს, სახელმწიფოთა ქცევისა და მათ შორის ურთიერთობის თავისებურ საყოველთაოდ მიღებულ კოდექსს. სწორედ მის სულისკვეთებას უსადაგებენ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებს.
გაერო-ს ჩარჩოებში ხელმოწერილია ასობით საერთაშორისო კონვენცია და ხელშეკრულება, რომლებიც არებულირებენ საქმეთა ვითარებას საზოგადოებრივი ცხოვრების სრულიად სხვადასხვა სფეროებში.
გაერო-ს სტრუქტურის პრინციპებში (უპირველეს ყოვლისა უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაში) აისახა საერთაშორისო პოლიტიკური სისტემის ობიექტური რეალიები, მათი შეცვლა კი გახდა მთავარ სტიმული ამ ორგანიზაციის რეფორმირებისათვის მიმდინარე მუშაობისათვის.
გაერო-სთან არსებობს მრავალი სამთავრობათშორისი ორგანიზაცია, რომლებიც არეგულირებენ საერთაშორისო ცხოვრებას მათი ფუნქციური დანიშნულების ჩარჩოებში.
გაერო-ს გააჩნია განსაკუთრებული კომპეტენცია გადაწყვიტოს ომისა და მშვიდობის საკითხები, მათ შორის შეიარაღებული ძალის გამოყენებითაც.
გენერალურ ასამბლეაში თითოეულ ქვეყანას ერთი ხმა აქვს. უშიშროების საბჭოში 15 ქვეყანაა, მათ შორის 5 მუდმივი. გადაწყვეტილება მიიღება 9 ხმით 15-დან, ამასთანავე უნდა დაემთხვეს მუდმივი წევრების ხმები. საერთაშორისო მშვიდობისათვის მუქარის საკითხის განხილვისას, უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული უფლებამოსილებანი გააჩნია. შეუძლია შემოიღოს ეკონომიკური სანქციები და მიიღოს გადაწყვეტილება შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ.
გაერო-ს უმნიშვნელოვანეს ორგანოებს წარმოადგენენ აგრეთვე ეკონომიკური და სოციალური საბჭო და ჰააგში არსებული საერთაშორისო სასამართლო. გაერო-ს „ოჯახში“ შედის ასევ 14 სპეციალიზებული სააგენტო, რომელთაც სპეციალური ფუნქციური დანიშნულება გააჩნიათ. ზოგიერთი მათგანი გაერო-ს შექმნამდე ჩამოყალიბდა. მოღვაწეობის მასშტაბურობის თვალსაზრისით თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, რომლებიც განსაკუთრებულ როლს ასრულებენ წევრ სახელმწიფოთა სავალუტო-ფინანსური პოლიტიკის კოორდინაციის საქმეში. ასევე მნიშვნელოვანია ატომური ენერგიის საერთაშორსიო სააგენტო (მაგატე), რომელიც სპეციალური ფუნქციებითაა აღწურვილი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის კონტროლის საქმეში.
საკვანძო კონცეფცია: სპეციალიზებული სააგენტო: საერთაშორისო ორგანო, რომელსაც განსაკუთრებული კავშირი აქვს გაერო-ს ცენტრალურ სისტემასთან, მაგრამ რომლისგანაც იგი სამართლებრივად დამოუკიდებელია, გაჩნია საკუთარი ბიუჯეტი, აღმასრულებელი ხელმძღვანელობა, წევრ სახელმწიფოთა წარმომადგენლების საბჭო. |
ბიპოლარული დაპირისპირების პირობებში, საერთაშორისო არენაზე გაერო-ს მოღვაწეობას ხშირ შემთხვევაში ეფექტურობა აკლდა. ორი ზესახელმწიფოს პოლიტიკური, სამხედრო და იდეოლოგიური კონკურენცია არც თუ იშვიათად ახდენდა გაერო-ს უმთავრესი სტრუქტურებისა და ინსტიტუტების პარალიზებას. ცივი ომის დასრულების შემდეგ გაჩნდა ძლიერი იმპულსი გაერო-ს გააქტიურებისათვის და მისი გადაქცევისათვის საერთაშორისო ცხოვრების ორგანიზების ქმედით ორგანიზმად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტრუქტურა
ცენტრალური
უშიშროების საბჭო
ეკონომიკური და
წევრ-სახელმწიფოთა
გაერო-ს სამდივნო |
ფონდები
გაერო-ს განვითარების
გაერო-ს ბავშვთა
გაერო-ს კონფერენცია
მსოფლიო საკვების და სხვა მრავალი |
სპეციალიზებული
მსოფლიო
საკვებისა და
შრომის საერთაშორისო
გაერო-ს და სხვა მრავალი |
განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა გაერო-ს ძალისხმევამ მშვიდობის მხარდაჭერის საქმეში. თუკი თავის არსებობის პირველი ოთხი ათწლეულის მანძილზე გაერო-მ სულ განახორციელა 14 სხვადასხვა მისია და ოპერაცია კონფლიქტების რაიონებში დამკვირვებლების, შუამავლებისა და სამხედრო პერსონალის გაგზავნით, 1988 წლიდან განხორციელდა 33 სამშვიდობო აქცია. ამ აქტივობის პიკი მოდის 1995 წელზე, როდესაც გაერო-ს სამშვიდობო მოღვაწეობაში ჩართული პერსონალის რიცხვმა თითქმის 70 ათასს მიაღწია (მათ შორის 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე) 70-ზე მეტი ქვეყნიდან. მნიშვნელოვნად განვითარდა გაერო-ს ხაზით პრევენტიული დიპლომატია (მისია ფაქტების დასადგენად, დაზავებაზე თვალყურის დევნის ორგანიზება, შუამავლობა და ა.შ.), კონფლიქტისშემდგომი რეაბილიტაციის ხელშეწყობა. ამა თუ იმ ფორმით განვლილ ათწლეულში გაერო ჩაბმული იყო „ცხელ წერტილთა“ უმრავლესობაში კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში - სომალი, მოზამბიკი, კამბოჯა, ავღანეთი, ცენტრალური ამერიკა, ჰაიტი, ყოფილი იუგოსლავია, ახლო და შუა აღმოსავლეთი, რუანდა, დასავლეთ საჰარა, ტაჯიკეთი, საქართველო. იმავდროულად უსაფრთხოების საბჭო იყენებდა ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა სანქციები (ეკონომიკური, პოლიტიკური, დიპლომატიური, ფინანსური და სხვა იძულებითი ღონისძიებანი, რომლებიც არ არის დაკავშირებული სამხედრო ძალის გამოყენებასთან) და იძულებითი განიარაღება (ერაყთან მიმართებაში).
გაერო-ს მოღვაწეობის ამსახველი ზოგიერთი მომენტი
ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციების როლის გაზრდა A/32/197 (1977წ. დეკემბერი) გენერალური ასამბლეის პირველი მნიშვნელოვანი რეზოლუცია ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციების რეფორმის შესახებ. A/48/162 (1993წ. დეკემბერი) გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური ორგანიზაციის, კერძოდ ეკონომიკური და სოციალური საბჭოს რეფორმირებისაკენ გადაგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. გაერო-ს როლის გაზრდა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში SC Res 678 (1990წ. ნოემბერი) სამხედრო ძალის გამოყენების სანქცირება სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ. SC Res 743 (1992წ. თებერვალი) ხორვატიაში გაერო-ს მშვიდობის-მყოფელთა ძალების (UNPROFOR) შესვლის გადაწყვეტილება. SC Res 770 (1992წ. 13 აგვისტო) ბოსნიაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა ძალების (UNPROFOR-2) შესვლის გადაწყვეტილება. SC Res 816 (1993წ. აპრილი) ბონსიის არასაფრენ ზონად გამოცხადება, რამაც საშუალება მისცა ნატო-ს ძალებს განეხორციელებინათ დარტყმები სერბიის ავიაციაზე. გაერო-ს ჰუმანიტარული მოღვაწეობა SC Res 688 (1991წ. აპრილი) ყურის ომის მიწურულს ერაყში ინტერვენციის სანქცირება ჩრდ. ერაყში ქურთებისა და სამხრეთში შიიტი მუსლიმების დაცვის მიზნით. SC Res 733 (1992წ. 23 იანვარი) სომალიში ინტერვენციის პირველი სანქცია. SC Res 808 (1993წ. ივლისი) ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებებისათვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა. |
მაგრამ ცივი ომის დასრულებამ არა მარტო ახალი შესაძლებლობები შექმნა გაერო-სათვის, არამედ რელიეფურად გამოკვეთა მისი ადრე უხილავი ნაკლოვანებანი. ერთის მხრივ საქმე ეხება გაერო-ს უზარმაზარი ბიუროკრატიული აპარატის არსებობას, მის მოუქნელობას და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის არაეფექტურობას, ორგანიზაციის გადატვირთვას მრავალრიცხოვანი და ხშირ შემთხვევაში პარალელური ფუნქციების მქონე სტრუქტურებით. მეორეს მხრივ დადგა საკითხი გაერო-ს ადაპტირების აუცილებლობის შესახებ შეცვლილ საერთაშორისო პოლიტიკურ ლანდშტაფში. და ბოლოს, გაურკვეველი რჩება გაერო-ს მოღვაწეობის მრავალი კონცეპტუალური საკითხი: როგორი უნდა იყოს მისი პრიორიტეტების სისტემა, რა პირობებში უნდა მოხდეს მისი ფუნქციების დელეგირება რეგიონულ ორგანიზაციებზე ანდა სახელმწიფოთა კოალიციებზე, როგორია გაერო-ს ჩარევის პირობები და საზღვრები სუვერენულ სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში, როგორ შეიძლება მიღწეულ იქნას დემოკრატიზმისა და ოპერატიულობის შეწყმა გაერო-ს ფუნქციონირებაში, როგორც უნდა მოხდეს მისი უნივერსალურობის შეთავსება უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ სახელმწიფოთა სტატუსთან.
სწორედ ეს უკანასკნელი მოექცა ყურადღების ცენტრში დისკუსიების დროს გაერო-ს რეფორმირების შესახებ. არსებობს მეტ-ნაკლებად ფართო კონსენსუსი უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა რაოდენობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ, რათა მისი შემადგენლობა უფრო რეპრეზენტაბელური გახდეს. ყველაზე მიღებული კანდიდატები არიან გერმანია და იაპონია, მაგრამ იმავდროულად ანალოგიურ სტატუსზე პრეტენზიები გააჩნიათ მთელ რიგ განვითარებად ქვეყნებს, მაგალითად ინდოეთს, ბრაზილიას, მექსიკას. ამასთანავე, ვეტოს უფლების მქონე ქვეყნების რაოდენობის გაზრდამ შესაძლებელია გამოიწვიოს უშიშროების საბჭოს მუშაობის პარალიზება. ვეტოს საკითხს კი ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს. თუმცა, ამ ინსტიტუტის გაუქმება (ქვენების უფლებრივი გათანასწორების მოტივით) პრაქტიკულად არარეალურია, მასში გარკვეული კორექტივების შეტანა სავსებით შესაძლებელია. (მაგ ბლოკირებისათვის ერთის მაგივრად ორი ხმის აუცილებლობის შემოღება ანდა იმ საკითხების წრის შეზღუდვა, რომლებისთვისაც გამოიყენება ვეტოს უფლება).
საერთო ჯამში, გაერო-ს რადიკალური ტრანსფორმაციის პერსპექტივები ამჟამად არც თუ ისე აშკარაა, ერთის მხრივ წევრ სახელმწიფოთა თვალსაზრისების არდამთხვევის მიზეზით (ზოგიერთ მათგანს არ გააჩნია სურვილი მოხდეს რადიკალური ცვლილებები) ასევე აუცილებელი ფინანსური რესურსების არარსებობის გამო (ამ მიზეზით გაერო იძულებულია უკვე დღეს შეამციროს სამშვიდობო მოღვაწეობა). თუმცა გაერო-ს ადაპტირება შეცვლი ვიტარებასთთან აუცილებელია. სხვა შემთხვევაში ორგანიზაციის არსებობამ შესაძლოა აზრიც კი დაკარგოს
თანდათანობით იკვეთება ტენდენცია სამშვიდობო ოპერაციების განხორციელებისა გაერო-ს სანქციების გარეშე. რისი უპირველესი მაგალითია კოსოვოს ოპერაცია (იხ. ქვემოთ).
საკვანძო საკითხები
გაერო-ს ოპერაციათა უმრავლესობა გამართლებული იყო ტრადიციული გზით: არსებობდა საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის. |
ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო)
ნატო ამჟამად აერთიანებს 15 ქვეყანას და უზრუნველყოფს მათ ურთიერთკავშირს სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში. როგორც სამხედრო კავშირი, იგი უპირობოდ ყველაზე განვითარებულ და სრულყოფილ სტრუქტურას წარმოადგენს. არსებობს მექანიზების მთელი სისტემა, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება წევრ სახელმწიფოთა ერთობლივი მოქმედება, დაწყებული შეთანხმებული პოლიტიკიდან, რომელსაც ატარებენ ნატო-ს წევრები საერთაშორისო არენაზე, დამთავრებული საომარი მოქმედებების ორგანიზების განსაზღვრით ომის შემთხვევაში.
ნატო-ს უმაღლეს პოლიტიკურ ინსტანციას წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური საბჭო. რაც შეეხება კავშირის სამხედრო ორგანიზაციას, მის გულს წარმოადგენს ინტეგრირებული სამეთაურო სტრუქტურა, რომელიც უზრუნვეყოფს წევრ სახელმწიფოთა ჯარების ურთიერთქმედებას და მათ მზადყოფნას კოლექტიური თავდაცვისათვის კონფლიქტის წარმოქმნის შემთხვევაში.
ცივი ომის დასრულებასთან ერთად ფართომასშტაბიანი შეჯახების საფრთხე ფაქტობრივად მოიხსნა. გარკვეულწილად სამხედრო ალიანსის არსებობამ მიზანიც კი დაკარგა. ამ პირობები წინ წამოიწია ადაპტირების პრობლემამ და იმ კონფლიქტურ საკითხებში ნატო-ს როლის განსაზღვრამ, რომლებიც პოსტკონფრონტაციულ პერიოდს ახასიათებს. შემუშავდა ნატოს სტრატეგიის ახალი კონცეფციები. ალიანსის გარდაქმნა ძირითადად შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობს:
ხდება სამხედრო აქტივობის გარკვეული შემცირება ნატო-ს ჩარჩოებში. შედარებით შემცირდა შეიარაღებული ძალების რაოდენობაც.
ნატო-ს გარდაქმნის პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ალიანსის არასამხედრო ფუნქციების გაძლიერებაზე. 1991 წ. ალიანსის რომის სესიაზე მოწონებულ იქნა „ახალი სტრატეგიული კონცეფცია“, რომელშიც აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოების გარნატირების პოლიტიკურ ასპექტებზე დიალოგისა და თანამშრომლობის გზით. 1994 წ. ბრიუსელის სამიტზე ასევე ხაზი გაესვა ნატო-ს პოლიტიკურ როლს ევროპაში სტაბულურობისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნის საქმეში და მისი ურთიერთქმედების მნიშვნელობას კონტინეტზე არსებულ სხვა სტრუქტურებთან.
ნატო-ს ამჟამინდელი სტრატეგიით წინ წამოწეულია აშშ-ის სტრატეგიული როლი ევროპის საქმეებში და იმავდროულად უზრუნველყოფილია ალიანსის ევროპელ წევრთა უფრო დიდი დამოუკიდებლობა. 1994წ. ოფიციალურად მოწონებულ იქნა ნატო-ს ჩარჩოებში „უსაფრთხოების სფეროში ევროპის იდენტურობის“ ფორმირების (European Security and Defence Identity - ESDI) კურსი. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ალიანსის სამხედრო შესაძლებლობები შეიძლება
გამოყენებული იყოს დასავლეთ ევროპის კავშირის ოპერაციებისათვის.
აღებულია კურსი ალიანსში არშემავალ ქვეყნებთან ფართო კონტაქტებსა და კოოპერატიული ურთიერთქმედების აქტიურ განვითარებაზე. 1991წ. შეიქმნა საკონსულტაციო ფორუმი, რომელშიც ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად შევიდნენ ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიც. შემდგომში ნატო-ს პატრნიორი გახდა ზოგიერთი ნეიტრალური ქვეყანაც და პარტნიორთა რიცხვმა 44-ს მიაღწია. 1994 წ-დან მოქმედებს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“, რომელშიც მოწვეულია ეუთო-ს ყველა წევრი ქვეყანა ინდივიდუალური პროექტების საფუძველზე იმგვარ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სამხედრო დაგეგმარებისა და სამხედრო ხარჯების გამჭვირვალობის დაცვა, შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის შემოღება, ერთობლივი დაგეგმარება, სამხედრო შენაერთების სწავლება და მომზადება სამშვიდობო მისიებისა და ჰუმანიტარული ოპერაციების განსახორციელებლად. ამ პროგრამაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოც.
1993წ-დან დისკუსიებში ცენტრალური ადგილი დაიკავა ნატო-ს მომავალი წევრების საკითხმა. 1999 წ. ალიანსის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ პოლონეთი, ჩეხეთი და უნგრეთი. რუსეთი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მას უკვე აღარ ჰქონდა ძალა, რომ შეეკავებინა ყოფილი მოკავშირეების აღმოჩენა ბანაკში, რომელსაც კვლავაც საკუთარ პოტენციურ მოწინააღმდეგედ აღიქვამს.
შემდგომში თანდათანობით მთავარი ყურადღება გამახვილდა ალიანსის ახალ მისიებზე. ამასთანავე ხაზი ესმევა კავშირის ორიენტირებას კრიზისული რეგულირებისა და და სამშვიდობო მისიების შესრულებაში, შესაბამისად სამხედრო მომზადების შეცვლას და შეაიაღებული ძალების სისწრაფისა და მობილურობის უზრუნველყოფას. 1999 წ. „ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში“ შესაძლებელ ამოცანათა შორის პირველად დასახელდა „ოპერაციების ჩატარება კრიზისული სიტუაციების მოსაწერიგებლად, რომლებიც არ თავსდებიან ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 პუნქტში“ (ანუ არ არიან დაკავშირებულნი გარეშე აგრესიისაგან კოლექტიურ თავდაცვასთან). პირველი პრაქტიკული ოპერაცია ამ მხრივ გახდა საჰაერო დარტყმები იუგოსლავიაზე 1999 წ. კოსოვოს კრიზისის დროს, რამაც რუსეთის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და სწორედ მისი და ჩინეთის პოზიციამ შეუშალა ხელი გაერო-ს ჩაბმულიყო ამ ოპერაციაში. ამდენად, ნატო-მ ამ შემთხვევაში უკვე გაერო-ს როლი იტვირთა.
|
კითხვები და დავალებები:
რა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციები არსებობს?
რატომ იზრდება არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი საერთაშორისო ურთიერთობებში?
სახელმწიფოთოშორისო ორგანიზაციების განვითარების რა ზოგადი ტენდენციები შეიძლება გამოიყოს?
რა მიზნით შეიქმნა გაერო?
დაახასიათეთ გაერო-ს სტრუქტურა.
რა როლს ასრულებს დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში გაერო?
რატომ ითვლება ნატო ყველაზე ძლიერ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად?
რა მიზეზებმა განაპირობეს ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის როლის გაზრდა?
დაახასიათეთ პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“.
ლიტერატურა:
C. Archer, International Organizations, 2nd edn. (London: Routledge, 1992).
A. Roberts & B. Kingsbury (eds.), United Nations, Divided World: The Un's Roles in International Relations, 2nd edn. (Oxford: Clarendon Press, 1993).
A. James, Peacekeeping in International Politics (Basingstoke: Macmillan, 1990).
P. Taylor, International Organization in the Modern World, (London: Pinter, 1995).
________________________
* ამ თავში განიხილება მხოლოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ნატო-ს ალიანსის ოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტები. ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციებია, აგრეთვე ორგანიზაცია ისალმური კონფერენციის შესახებ საუბარი მომდევნო თავებში იქნება.
![]() |
6 V. სახელმწიფოთა სუვერენობა და ჰუმანიტარული ინტერვენცია გლობალიზაციის ეპოქაში |
▲ზევით დაბრუნება |
თუკი იმ აზრს გავიზიარებთ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში დღეს ძირეული თვისობრივი ცვლილებები მიმდინარეობს, მაშინ ლოგიკურია მივიჩნიოთ, რომ ყოველივე ეს იწვევს არანაკლებ მნიშვნელოვან ცვლილებებს იმ წესებში, რომლებიც არეგულირებენ პოლიტიკური ურთიერთქმედების მონაწილეთა ქცევას და ქმნიან თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების განსაზღვრულ სამართლებრივ-პოლიტიკური რეჟიმს.
ვესტფალიის სისტემის მთელი არსებობის მანძილზე მიმდინარეობდა დისკუსია საერთაშორისო სამართლის ეფექტურობისა და ზოგადად არსებობის მიზანშეწონილობის შესახებ. მკვლევართა ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ საერთაშორისო სამართალს უნდა შეესრულებინა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა ქცევის განმსაზღვრელი როლი, მეორე ნაწილის აზრით კი ეს იყო მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქციის ლეგალისტური არგუმენტი.
არც თუ ისე იშვიათად, საერთაშორისო სამართალს ადარებენ საგზაო მოძრაობის წესებს, რომელსაც აღიარებს ამ მოძრაობის ყველა მონაწილე საერთო უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად. სახელმწიფო სამართალში ეს ნორმები დაცულია სახელმწიფოს, როგორც „საერთო საგზაო ინსპექტორის“ არსებობის წყალობით. საკმაოდ მაღალია წესების დამორჩილების ხარისხი საერთაშორისო კერძო სამართალში, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს არასახელმწიფო ტრანსნაციონალური ურთიერთობების მონაწილეთა შორის - ცალკეულ მოქალაქეთა, კომპანიებს, ორგანიზაციებს და ა.შ. ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, კავშირგაბმულობა, ტურიზმი. აქ ეფექტურობა უზრუნველყოფილია წესების დამრღვევის საერთაშორისო ურთიერთობებიდან გარიყვის საკმაოდ დიდი ალბათობით, რასაც მოყვება შესაბამისი უარყოფითი ეკონომიკური თუ სახის შედეგები კომპანიებისათვის, იურიდიული თუ ფიზიკური პირებისათვის.
რაც შეეხება საერთაშორისო საჯარო სამართალს, რომლის გამოყენების სფეროსაც საერთაშორისო ურთიერთობები წარმოადგენს, იგი ხასიათდება შესრულების უფრო ნაკლები ალბათობით. დიდწილად ეს იხსნება ზესახელმწიფოებრივი „უზენაესი მსაჯულისა და აღმასრულებლის“ არარსებობით. საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითად ბირთვს წარმოადგენს არსებული ხელშეკრულებები, რომელთა დანიშნულებაცაა სახელმწიფოთა შორის სამხედრო დაპირისპირების გამორიცხვა. მიუხედავად ამისა, სისტემატური საომარი კონფლიქტები და მსხვილმასშტაბიანი ომები საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობის პერიოდები. ზოგადად, საერთაშორისო საჯარო სამართლის მიმართ დამოკიდებულება საკმაოდ სკეპტიკური, ზოგჯერ ცინიკურიც კი იყო.
ინარჩუნებდა რა უცვლელად გარკვეულ პრინციპებს, საერთაშორისო სამართალი ვითარდებოდა და ახდენდა ადაპტირებას საერთაშორისო ურთიერთობების კონკრეტული ეტაპების სპეციფიკისადმი. უკანასკნელ ხანებში, განსაკუთრებით „ცივი ომის” დასრულების შემდეგ, იწყება გადასინჯვა მთელი რიგი საბაზისო წესებისადმი მიდგომისა, რომლებმაც უნდა მოახდინონ საერთაშორისო ცხოვრების რეგულირება ახალ პირობებში. სულ უფრო მეტი სწავლული, ეყრდნობა რა მსოფლიო პოლიტიკაში არსებულ გლობალიზაციის ტენდენციას, რომელშიც გარკვეულად მცირდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთიერთობების ხვედრითი წონა არასახელმწიფოებრივი სუბიქტების როლის გაზრდის ხარჯზე, მოითხოვს ახალი მიდგომების შემუშავებას. ისინი მართლზომიერად მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო სამართლის ტრადიციული სფერო განხილული იყოს მსოფლიო პოლიტიკის „რეჟიმების“ უფრო ფართო კონტექსტში. რეჟიმებში იგულისხმება იმ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრინციპების, ნორმების, წესებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურების ერთობლიობა, რომელთა გარშემოც ხდება საერთაშორისო ურთიერთობების კონკრეტულ მონაწილეთა ყურადღებისა და ძალების კონცენტრირება. მათი თვალსაზრისით, ამ რეჟიმთა ერთობლიობა მსოფლიო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში შეადგენს „მსოფლიო მენეჯმენტის“ საკმაოდ ამორფულ ორგანიზმს.
უპირველესად უნდა ვიმსჯელოთ „მსოფლიო მენეჯმენტის“ ფორმირების პროცესში მყოფ უფრო ვიწრო წრეზე - უსაფრთხოების მწვავე პრობლემებზე, კერძოდ სუვერენიტეტისა და სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა-არჩარევის საკითხების, ომის და მშვიდობის შესახებ, რომლებიც დიდწილად განაპირობებენ საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სისტემის პოლიტიკურ-სამართლებრივ რეჟიმს, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დონეზე მაინც. ამ სფეროს აქტუალობა და მნიშვნელობა მკაფიოდ გამოავლინა ბალკანეთის უკანასკნელმა კონფლიქტმა. ამასთანავე ხაზს გავუსვამთ, რომ არსებული პრობლემა განიხილება არა იურისპრუდენციის სფეროს მკაცრ ჩარჩოებში, არამედ პოლიტიკის, სამართლისა და მორალის ურთიერთქმედების უფრო ფართო კონტექსტში.
სუვერენიტეტის პრინციპს, ანუ სახელმწიფოს არდამორჩილებას რაიმე გარეგანი ხელისუფლებისადმი, ტრადიციულად ფუძემდებლური მნიშვნელობა გააჩნდა საერთაშორისო საჯარო სამართალში. საერთაშორისო სამართლის მოქმედების არეალი სრულდებოდა სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებთან, რომლის შიგნითაც ყველა ემორჩილებოდა მხოლოდ სახელმწიფოს იურისდიქციას. სუვერენიტეტის უზენაესი პრინციპიდან გამომდინარეობდა ჩაურევლობის პრინციპი, როგორც სხვა სუბიექტების ვალდებულება არ ჩარეულიყვნენ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. რა თქმა უნდა, აბსოლუტური სუვერენიტეტი არ არსებულა. სახელმწიფო, რომელიც დებდა საერთაშორისო ხელშეკრულებას ან ხელმძღვანელობდა გარკვეული, საყოველთაოდ მიღებული წესებით, შესაძლოა წასულიყო საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობაზე. მაგალითად, უცხოური სახელმწიფოების დიპლომატიური ექსტერიტორიალურობის პრინციპი ანდა მრავალი ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულება შეასრულოს ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც საჩივარი შეაქვთ კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეებს, ბუნებრივია, ზღუდავს სუვერენიტეტს. გლობალური რადიო და ტელემაუწყებლობა, ინტერნეტი, იჭრებიან სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე არსებითად ყოველგვარი ნებართვის გარეშე და არსებული ხელისუფლების სურვილის საწინააღმდეგოდაც. მაგალითისათვის, ირანის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი პარაბოლური ანტენების აკრძალვის შესახებ, პრაქტიკულად განუხორციელებელი დარჩა. მსოფლიოს გლობალიზაცია საზღვრებს უფრო გამჭვირვალეს ხდის. მაგრამ აქვე ხაზი უნდა გაესვას, რომ ზოგადად, სუვერენიტეტის პატივისცემა და ჩაურევლობის პრინციპი დიდი ხნის მანძილზე საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედად წარმოადგენდა.
ვინაიდან საერთაშორისო ურთიერთობებში არ არსებობს უზენაესი, ამ ურთიერთობათა მონაწილე ყველა მხარის მიერ აღიარებული ხელისუფალი და თეორიულად ყველა სახელმწიფო თანასწორუფლებიანი თავისუფალია და თავის მოქმედებებში, XXს. დასაწყისამდე სუვერენიტეტის გარეგან გამოვლინებად ითვლებოდა ნებისმიერი სახელმწიფოს უფლება გამოეყენებინა სამხედრო ძალა სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობისას. მაგრამ 1928 წ. ბრიან-კელოგის პაქტით, რომელსაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე 62 სახელმწიფომ მოაწერა ხელი, ისტორიაში პირველად იქნა კოდიფიცირებული ნორმა, რომელიც კრძალავდა ძალის, როგორც ეროვნული პოლიტიკის ინსტრუმენტის გამოყენებას. უფრო გვიან ეს დადასტურდა ნიურბერგის ტრიბუნალის მიერ, რომელმაც ომი გამოაცხადა „უმძიმეს საერთაშორისო დანაშაულად“. მიუხედავად ამისა, ნათელი იყო, რომ ომის კანონგარეშედ მხოლოდ იურიდიული გამოცხადება არ წარმოადგენდა მშვიდობის სრულ გარანტიას.
საკვანძო კონცეფცია
სუვერენიტეტი: სახელმწიფოთა არსებობისათვის აუცილებელი პირობა, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ ექვემდებარებიან რაიმე გარეგან ხელისუფლებას. სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლება უპირველესად პასუხისმგებელია საკუთარ მოქალაქეთა წინაშე. |
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მომზადების პერიოდში იყო მცდელობა შემუშავებულიყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების - „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის“ უფრო ქმედითი მექანიზმი. სხვა სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უარყოფის ზოგადი დებულებები ჩამოყალიბდა II თავის მე-4 მუხლში: „გაერო-ს ყველა წევრი თავს იკავებს საერთაშორისო ურთიერთობებში მუქარას ან ძალის გამოყენებას როგორც ტერიტორიული ხელშეუხებლობის, ისე ნებისმიერი სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.“ მეორეს მხრივ, წესდება ითვალისწინებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებასა და აღდგენას ინდივიდუალური ან კოლექტიური წესით, ანუ უშვებს სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობას, მათ შორის სამხედრო ძალით. VII თავი (მუხლები 39-42) კი ითვალისწინებს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებით „მშვიდობის იძულებას“, რაც შეიძლება მიღებულ იქნას მუდმივი წევრების ვეტოს არარსებობის შემთხვევაში.
„ცივმა ომმა“ კი, რომელსაც ფაქტობრივად სათავე გაერო-ს წესდების მიღებისთანავე დაედო, მოახდინა მშვიდობისა და კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ბლოკირება საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის კონფრონტაციის შედეგად. 1946-90 წლებში გაერო-მ მხოლოდ ორჯერ შესძლო გადაწყვეტილების მიღება, რომელიც „მშვიდობის დარღვევის“ ფაქტს აფიქსირებდა. პირველ შემთხვევაში, 1950 წელს, ეს იყო კსდრ-ის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუცია (№82), რომლის მიღებაც მხოლოდ იმით აიხსნება, რომ საბჭოთა კავშირის წარმომდგენელი სხდომას არ ესწრებოდა. მეორეჯერ ეს მოხდა არგენტინის შეჭრასთან დაკავშირებით ფოლკლენდის კუნძულებზე (რეზოლუცია 502). ამავე პერიოდში მხოლოდ ორი სახელმწიფოს მოქმედება იქნა მიჩნეული „აგრესიულად“ (ისრაელი და სამხრეთ აფრიკა). ამ ხანებში კი 80 სახელმწიფოთაშორისო ომი მიმდინარეობდა, შიდა კონფლიქტების ჩათვლით კი მათი რიცხვი 300-ს აღწევდა.
1956 წელს ახლო აღმოსავლეთის კოფლიქტთან დაკავშირებით გენერალურმა ასამბლეამ შექმნა პრეცედენტი რეზოლუციის მიღებისა „ერთიანობა მშვიდობის დაცვისათვის“ რომლითაც შეიქმნა „გაერო-ს განსაკუთრებული ძალები“ და გენერალურ მდივანს მიანიჭა მათი გამოყენების პრეროგატივა. მაგრამ „მშვიდობის შენარჩუნების“ ამ ძალების გამოყენება მკვეთრად განსხვავდება „მშვიდობის იძულების“ პრინციპებისაგან, რაც გათვალისწინებულია VII თავით. „ცისფერი ჩაფხუტები“ გამოიყენება როგორც ძალები დაპირისპირებულ მხარეთა დასაშორიშორებლად დროებითი ზავის ან მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. როგორც წესი, ამგვარ კონტიგენტებს იარაღის გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ თავდასხმის ან საკუთარი ოფიცრებისა და ჯარისკაცების სიცოცხლის დაცვისათვის.
ეს მექანიზმი მეტ-ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრებისათვის, უპირველეს ყოვლისა სსრკ-სა და აშშ-სათვის, ვინაიდან იგი დამხმარე ძალა იყო მოსკოვისა და ვაშინგტონის „კლიენტებს“ შორის კონფლიქტების „გასაყინად“, რაც არაერთხელ მომხდარა, კერძოდ ახლო აღმოსავლეთში. იგი ასევე ხელს უშლიდა დიდ სახელმწიფოებს ჩართულიყვნენ ამა თუ იმ კონფლიქტში, რომელში ჩარევაც, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მათ არ სურდათ, მაგალითად კვიპროსზე.
იმავდროულად გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, მათი ძალისა და სტატუსისაგან დამოუკიდებლად, არაერთხელ გამოუყენებიათ სამხედრო ძალა ერთმანეთთან დაპირისპირების დროს. ამის მიზეზად და გამართლებად მიიჩნევდნენ თავდაცვის უფლებას, უცხოეთში საკუთარი მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას, სამოკავშირეო ვალდებულებებს, დაპირისპირებული სახელმწიფოებისა თუ სახელმწიფოთა შიგნით არსებული ძალების მიერ დახმარებისათვის მიმართვა (ამგვარი მიმართვა შესაძლოა მართლაც არსებულიყო ანდა ხელოვნურად ეექმნათ. მაგ., ავღანეთის შემთხვევა) და ა.შ.
უსაფრთხოების საბჭოს ყველა წევრის კონსენსუსის აღდგენის პერსპექტივა გამოჩნდა „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ქუვეითის წინააღმდეგ ერაყის აგრესიის შედეგად. 1990წ. ნოემბერში უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია 678, რომელმაც უფლებამოსილება მიანიჭა გაერო-ს წევრ ქვეყნებს გამოეყენებინათ „ნებისმიერი აუცილებელი საშუალება ქუვეითის გასათავისუფლებლად“. სსრკ-მა და დასავლეთის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციას. ჩინეთმა თავი შეიკავა. ამგვარად ერთიანობის პრინციპის დაცვა მოხდა. 1991წ. იანვარში კოალიციამ, როელსაც აშშ ედგა სათავეში და რომელშიც 29 ქვეყნის შეიარაღებული ძალები შედიოდნენ, დაიწყეს ოპერაცია „ქარიშხალი უდაბნოში“. ეს აქცია განიხილებოდა, როგორც უსაფრთხოების საბჭოს ეფექტურობის აღორძინების დასაწყისი და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის კოლექტიური უზრუნველყოფის პირველი არსებითი შემთხვევა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაერო-ს არ გააჩნია საკუთარი სამხედრო ძალები. სამხედრო-საშტაბო კომიტეტს კი საერთოდ არ დაუწყია ფუნქციონირება, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნა გათვალისწინებული იყო წესდების 43 და 47 მუხლებით. ამიტომაც მსოფლიო უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის გაერო-ს სანქციების აღსრულების ფუნქციის დელეგირება ხდება იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც გამოხატავენ სურვილს და რომელთაც გააჩნიათ ამისათვის აუცილებელი ძალები.
კოლექტიური ღონისძიებების რეალიზაციის მეორე, მაგრამ უფრო რთულ შემთხვევას საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენის საქმეში გაერო-ს ეგიდით წარმოადგენს ოპერაცია ბოსნიაში.
ამ შემთხვევაში გაერო-ს წევრი ქვეყნებმა კოლექტიური მოქმედებით მიაღწიეს დასახულ მიზანს - II მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი კონფლიქტის შეწყვეტას და საფუძველი ჩაუყარეს ბოსნიის შესაძლებელ მშვიდობიან განვითარებას. ამასთანავე ეს ოპერაცია მრავალი ასპექტით განსხვავდება „უდაბნოს ქარიშხლისაგან“.
ბოსნიის კონფლიქტი დიდწილად შიდა, ეთნიკური ხასიათის იყო, თუმცა მასში აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი სერბეთი და ხორვატია. მისი არსებითი განმასხვავებელი ნიშანია მასშტაბური ჰუმანიტარული ფაქტორის არსებობა - მეომარი მხარეების მიერ სამოქალაქო მოსახლეობის მასობრივი ძალდატანებითი გადაადგილება - მუსლიმების, ხორვატების და სერბებისა, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, მოსახლეობის გეგმაზომიერი განადგურება და ასევე საკვებისა და მედიკამენტების გარეშე განზრახ დატოვება. ამ ოპერაციისათვის ასევე დამახასიათებელი იყო ხანგრძლივი დროის მანძილზე გაერო-ს წევრების მხრიდან სრული მზადყოფნის არარსებობა შეეთავაზებინა საკუთარი თავი უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად „ნებისმიერი ღონისძიებების გამოყენების“ შესახებ.
სპარსეთის ყურეში ამერიკის ინტერვენცია დიდწილად სტიმულირებული იყო მათი ზრუნვით ამ რაიონიდან, კერძოდ ქუვეითიდან, ნავთობის უწყვეტ მოწოდებაზე. ბალკანეთზე ამერიკას ამგვარი ინტერესები არ გააჩნდა. გარდა ამისა, ამერიკული საზოგადოება არ იყო მზად მხარი დაეჭირა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ახალ ოპერაციაში ჩაბმისათვის, ვინაიდან ძლიერი იყო გაერო-ს ეგიდით სომალიში ჩატარებული მეორე ოპერაციისაგან მიღებული შოკი. კიდევ ერთ განსაკუთრებულ ნიშანს წარმოადგენდა ის, რომ საბოლოო ჯამში, კონფლიქტის მოგვარებაში გაერო-ს სამხედრო ინსტრუმენტად იქცა ნატო.
ბოლოს, არათანმიმდევრული იყო რუსეთის პოზიცია. თავდაპირველად რუსეთს წინააღმდეგობა არ გაუწევია უსაფრთხოების საბჭოში რეზოლუციის მიღებისათვის, მათ შორის იმისათვის, რომელიც ითვალისწინებდა „ნებისმიერი აუცილებელი საშუალების“ გამოყენებას მშვიდობის დასამყარებლად. მაგრამ შემდეგ უარყოფითად განეწყო ნატოსა და აშშ-ს როლის გაზრდის მიმართ ბალკანეთზე. მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ რუსეთი იმაზეც კი დათანხმდა, რომ მისი მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტი ფაქტობრივად დამორჩილებოდა ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელობას, ნათელი იყო, რომ უსაფრთხოების საბჭოს რიგებში განხეთქილების პირობები შეიქმნა. რუსეთის პოზიცია ასევე არ იყო ნატო-ს თანმთხვევი ერაყზე ახალ დარტყმებთან დაკავშირებით.
ამ მიზეზით ახალ ბალკანურ კრიზისთან - კოსოვოს პრობლემასთან დაკავშირებით, დასავლეთს ერთის მხრივ და და რუსეთსა და ჩინეთს შორის მეორეს მხრივ, ურთიერთსაპირისპირო პოზიციები ჩამოუყალიბდათ. რუსეთმა და ჩინეთმა მიიჩნიეს, რომ ეს კრიზისი იუგოსლავიის შიდა საქმეს წარმოადგენდა. ამ მიზეზით ვერ მოხერხდა უსაფრთხოების საბჭოში სამხედრო ოპერაციის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება. ნატო-ს საბჭოს განცხადებით, კოსოვოში სახეზე იყო „ჰუმანიტარული კატასტროფის“ ყველა ნიშანი და ამდენად, ნატოს ძალებმა ოპერაცია განახორციელეს უსაფრთხოების საბჭოს სანქციის გარეშე. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ დაადასტურა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს არაქმედითუნარიანობა.
ჰუმანიტარული ინტერვენცია
უკანასკნელ წლებში დასავლეთის როგორც პოლიტიკურ, ისე სამეცნიერო წრეებში მყარად იკიდებს ფეხს დოქტრინა მსოფლიო თანამეგობრობის ჩარევის უფლების შესახებ სახელმწიფოს შიდა საქმეებში არა მხოლოდ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის მიზნით, არამედ ჰუმანიტარული მიზეზებითაც (Humanitarian Intervation). ინგლისელი მეცნიერის რ. ვინსენტის შემოღებული განსაზღვრება ამ მოვლენისა დღეს კლასიკურად ითვლება: „ქმედებანი, განხორციელებული სახელმწიფოს მიერ, ჯგუფების მიერ სახელმწიფოს შიგნით, სახელმწიფოთა ჯგუფის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლებიც ძალადობრივი ფორმით იჭრებიან სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ეს არის კონკრეტული ქმედება, რომელსაც გააჩნია დასაწყისი და დასასრული და რომელიც მიმართულია ჩარევის ობიექტი სახელმწიფოს სახელისუფლო სტრუქტურების წინააღმდეგ. ის არ არის აუცილებლად კანონიერი ან უკანონო, მაგრამ იგი არღვევს საერთაშორისო ურთიერთობების ჩვეულებრივ მოდელს.“ რაც შეეხება „ჩარევას ჰუმანიტარული მიზეზებით“, „წითელი ჯვრის“ შემთხვევაში იგი განისაზღვრება, როგორც „ჩარევა, მოტივირებული ჰუმანიტარული შეხედულებებით ადამიანთა გაჭირვების შემსუბუქებისა და თავიდან აცილებისათვის.“
„ჰუმანიტარული მიზეზებით ინტერვენციის“ მომხრეები იხსენებენ ისტორიულ პრეცედენტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ „ცივი ომის“ პერიოდშიც კი ცალკეული სახელმწიფოები ახორციელებდნენ ჩარევის პოლიტიკას, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ პირადი, პირველ რიგში სამხედრო-პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, საბოლოო ჯამში მაინც დადებითი ჰუმანიტარული ეფექტი მოჰქონდა.
ამის მაგალითად ჩვეულებრივ მოჰყავთ ინდოეთის ჩარევა აღმ. პაკისტანში 1971 წელს. აღმოსავლეთ პაკისტანელების საპროტესტო მოძრაობის ჩახშობამ ისლამაბადის მიერ ადგილობრივ მოსახლეობაში ურიცხვი მსხვერპლი გამოიწვია, 9 მილიონზე მეტი ადამიანი კი იძულებული იყო ინდოეთში გაქცეულიყო. ინდოეთმა ჯარები შეიყვანა და გაანადგურა აღმ. პაკისტანის არმია, უზრუნველყო დევნილების დაბრუნება სამშობლოში. ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანგლადეში. რა თქმა უნდა, ინდოეთის მოქმედებაში თვალსაჩინო იყო ტრადიციული მოწინააღმდეგის - პაკისტანის დასუსტების სურვილი და ლტოლვილების პრობლემის გადაწყვეტა, რომელთა ყოფნაც ინდოეთის ტერიტორიაზე მისი უსაფთხოებისათვის სასურველი არ იყო. მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი ინდოეთის ჩარევას უეჭველი ჰუმანიტარული ეფექტი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, გენერალური ასამბლეის 105 წევრმა დაგმო ინდოეთის აქცია, როგორც სუვერენული პაკისტანის საშინაო საქმეებში ჩარევა. უსაფრთხოების საბჭოს უფრო მკაცრი სანქციებისაგან ინდოეთი იხსნა საბჭოთა კავშირის ვეტომ, რომელიც მოქმედებდა საკუთარი გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
მეორე ამგვარი ეპიზოდია ტანზანიის შეიარაღებული ძალების მიერ უგანდელი დიქტატორის იდი ამინის დამხობა. ამინის მმართველობის დროს, 1971-79წწ. პერიოდში განადგურდა ამ პატარა სახელმწიფოს 300 ათასამდე მცხოვრები. 1978წ. კი უგანდა წარუმატებლად შეეცადა ტანზანიის ტერიტორიის ნაწილის ანექსირებას. აგრესიის უკუდგებისა და კონფლიქტის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ტანზანიამ ჯარები შეიყვანა უგანდაში და ამინის რეჟიმი დაემხო. ტანზანიას არ შეხებია გაერო-ს სანქციები, ვინაიდან ოპერაცია მოინათლა „აგრესიის უკუდგების აუცილებლობით.“
რეალურად, ვიეტნამის ჯარების შეყვანამაც 1978 წელს კამბოჯაში, წერტილი დაუსვა პოლ პოტის სისხლიან რეჟიმს, თუმცა გაერო-ს წევრთა უმრავლესობამ დაგმო ვიეტნამის აგრესია.
90-იან წლებში გაერო-ს წევრი ქვეყნები ჯერ კიდევ არ აღიარებდნენ „ჰუმანიტარული მიზნებით ინტერვენციის“ მართლზომიერებას და ამჯობინებდნენ განეხილათ სიტუაციები, რომლებიც „ჰუმანიტარული კატასტროფის“ ყველა ნიშანი ჩანდა, VII თავის ფორმულის კუთხით: „მუქარა მშვიდობისათვის, მშვიდობის დარღვევა ან აგრესიის აქტი.“ სწორედ ამ სიბრტყეზე განიხილებოდა სიტუაციები, როდესაც უსაფრთხოების საბჭო იღებდა გადაწყვეტილებებს, რომლებითაც ხდებოდა „ნებისმიერი აუციელებელი საშუალების გამოყენების“ სანქცირება ერაყთან და ბოსნიასთან მიმართებაში, თუმცა სიტუაცია შექმნილი ერაყის ქურთებთან და შიიტებთან, განსაკუთრებით კი პირველ შემთხვევაში „ეთნიკურ წმენდასთან“ დაკავშირებით, იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მათი კვალიფიცირება მომხდარიყო, როგორც „ჰუმანიტარული კატასტროფა“. უსაფრთხოების საბჭომ არაპირდაპირად აღიარა ეს ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების საერთაშორისო ტრიბუნალის დაფუძნებით.
ჰუმანიტარული განზომილება კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო სომალიში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. 1992 წელს ამ ქვეყნის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არსებობა შეწყვიტა, ქვეყანა გადაიქცა მოქიშპე დაჯგუფებების და მაროდიორთა ჯგუფების ბრძოლის არენად და ქაოსმა მოიცვა. უსაფრთხოების საბჭომ ქვეყნაში გააგზავნა საერთაშორისო კონტიგენტი მშვიდობის გარანტიების შესაქმნელად. თუმცა ამით სიტუაცია არ შეცვლილა. გენერალ მოჰამედ აიდიდის დაჯგუფება თავს დაესხა მშვიდობისმყოფელებს, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული პაკისტანელი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. უსაფრთხოების საბჭომ მიიღო დამნაშავეთა დასჯის გადაწყვეტილება და აგრეთვე ამერიკული კონტიგენტის აიდიდის ძალებზე დარტყმების ესკალაციის გადაწყვეტილება. ერთ-ერთი ამგვარი ოპერაციის დროს კი 18 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა (ერთი ტყვედ ჩავარდა). ამერიკის საზოგადოებრივი აზრის გავლენით პრეზიდენტმა კლინტონმა მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის ჯარების გამოყვენის შესახებ სომალიდან. ქვეყანაში დარჩენილ გაერო-ს ძალებს, ბუნებრივია, არ შეეძლოთ, სომალის ანარქიისაგან გადარჩენა.
ინტერვენციის შედეგები
ჰუმანიტარული მოტივები |
არაჰუმანიტარული მოტივები
ვიეტნამის ინტერვენცია
ტანზანიის ინტერვენცია |
ჰუმანიტარული მოტივები
გაერო-ს ინტერვენცია 1993.V-1995.II |
არაჰუმანიტარული მოტივები
საბჭოთა ინტერვენცია 1979-1989. |
ამ ოპერაციაში მიღებულმა ტრამვამ ფაქტობრივად განაპირობა შემდეგი ჰუმანიტარულ კატასტროფის დროს ფაქტობრივი უმოქმედობა. 1994 წელს რუანდაში დაიწყო ტუტსისა და ხუტუს ხალხების მიერ ერთმანეთის მასობრივი განადგურება. გაერო-ს უსაფრთხოების მანდატით ისარგებლა მარტო საფრანგეთმა, რომელმაც მეტად შეზღუდული და დაგვიანებული აქცია განახორციელა რუანდაში ხუტუს ხალხის ნაწილის გადასარჩენად, რასაც ქვეყანაში სიტუაცია არ შეუცვლია.
ამგვარ ოპერაციებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1994 წელს ჰაიტიზე ჩარევას. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა არა იმდენად ჰუმანიტარულ აქციასა და საერთაშორისო მშვიდობის გარანტიების შექმნას, არამედ კანონიერი პრეზიდენტის არისტიდის უფლებების აღდგენას, რომელიც 1991 წელს სამხედრო ხუნტამ დაამხო. ლტოლვილთა ტალღამ აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ხელი შეუწყო გაერო-ს მიეღო VII თავზე დაფუძნებული რეზოლუცია „ნებისმიერი აუცილებელი საშუალების“ გამოყენების სანქცირების შესახებ. თუმცა აშშ-ს არ დასჭირვებია ამ რეზოლუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, ვინაიდან სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სამხედრო ხუნტამ ულტიმატუმებზე თანხმობა განაცხადა.
ამგვარად, 1990-95 წლების პერიოდში გაერო-ს მოღვაწეობაში მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა. უნდა გამოიყოს ამ ფენომენის შემდეგი მახასიათებლები: ეს შესაძლებელი გახდა ცივი ომის დასრულებისა და უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის მიღწეული კონსენსუსის საფუძველზე. მეორე რიგში, მსოფლიოში საზოგადოებრივი აზრი და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც უნდა ეტვირთათ ამგვარ ოპერაციებზე პასუხისმგებლობა, სულ უფრო მხარს უჭერდა მათ განხორციელებას მიუხედავად არასასურველი შედეგებისა (ხარჯები და მსხვერპლი სამხედრო მოსამსახურეთა შორის) ამგვარი მზადყოფნის არარსებობამ სომალიში, რუნადაში და გარკვეული პერიოდის მანძილზე ბოსნიაში გაართულა ოპერაციების განხორციელება. მესამე რიგში კი, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციები ტარდებოდა მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის ლოზუნგით, მათი უმრავლესობა მიმართული იყო ჰუმანიტარული კატასტროფების უვნებელსაყოფად და შიდა კანონიერების აღსადგენადაც კი.
იმავდროულად, ამ პროცესის პარალელურად იწყებს განვითარებას ახალი ტენდენცია - დასავლეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენების გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭოს სანქცირების გარეშე (რაც უპირველესად გამოწვეულია რუსეთისა და ჩინეთის არათანმიმდევრული პოზიციით). ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს დარტყმები ერაყზე „ყურის ომის“ შემდეგ და კოსოვოს ოპერაცია.
ამგვარი ოპერაციების განხორციელების მომხრენი მიიჩნევენ, რომ სუვერენიტეტი არასდროს ყოფილა აბსოლუტური ცნება. საერთაშორისო სამართლის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტორიტეტი რიჩარდ ფალკი 60-იან წლებში წერდა. „არსებითად შიდა წესრიგი არასდროს ყოფილა ავტონომიური მკაცრი მნიშვნელობით... სუვერენიტეტი ერს ანიჭებს მხოლოდ მთავარ კომპეტენციას, რაც არ არის და არასოდეს ყოფილა განსაკუთრებული კომპეტენცია“. სწორედ ამ მიზეზით, გაერო-ს დამფუძნებლებმა ჩამოაყალიბეს ინტერვენციის უფლება VII თავში „მშვიდობის საფთხის, დარღვევის ან აგრესიის აქტის შემთხვევაში“. თუკი ჩარევა პრინციპში დაშვებულია, მაშინ იმის დამტკიცებაა დარჩენილი, რომ „ჰუმანიტარული კატასტროფა“ ახალ ვითარებაში ისეთივე სახიფათოა, როგორც „მშვიდობის საფრთხე, დარღვევა ან აგრესიის აქტი“.
საერთაშორისო სამართალში არსებობს პრინციპების საერთაშორისო სისტემა, რომლებიც ეკუთვნიან jus cogens კატეგორიას, ანუ პრინციპებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა და შესაბამისად ისინი არ ხვდებიან შიდა იურისდიქციაში. ამ პრინციპებს ეკუთვნის წამების, მონობისა და გენოციდის აკრძალვა. ინგრიდ დელიპისი თვლის: „არც ერთ სახელმწიფოს, რომლებიც ეკუთვიან ჰუმანიტარული მიზეზებით ჩარევის მომხრეთა რიცხვს, არ შეუძლია ამტკიცოს, ნიურბერგის პროცესის შემდეგ, რომ საერთაშორისო სამართალი, ხელშეკრულებების არსრებობის შემთხვევაშიც კი, არ შეიცავს არავითარ წესებს, რომლებიც კრძალავენ სიმხეცესა და გენოციდს“. მრავალი მკვლევარი მიიჩნევს, რომ 1948 წელს მიღებული ადამიანის საყოველთაო უფლებების დეკლარაციის პრინციპები საერთაშორისო სამართლის ნორმები გახდა და შესაბამისად, არ წარმოადგენს სახელმწიფოს ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროს.
„ჰუმანიტარული მიზეზებით ინტერვენციის“ მომხრეები ასევ იშველიებენ გაერო-ს წესდების პრეამბულას და ზოგიერთ პუნქტს, რომელთა თანახმადაც წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება „განახორციელონ ერთობლივი და დამოუკიდებელი ქმედებანი ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების საყოველთაო პატივისცემისა და განმტკიცების მიზნით“ და ამდენად მიიჩნევენ, რომ გაერო-ს წესდება არსებითად ითვალისწინებს ამგვარ ჩარევას.
ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპი დაფიქსირებულია გაერო-ს წესდებაში, ადამაინის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში, ჰელსინკის აქტში და მრავალ სხვა დოკუმენტში. ამგვარად, სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება ამ უფლებების გარანტირებისა. მაგრამ მრავალი სახელმწიფო ამ პრინციპს არღვევდა და არც თუ იშვიათად სისტემატურად და მასობრივი მასშტაბებით. ამ მიზეზით, უმთავრესი პრობლემა გახდა დეკლარირებული უფლებების პრაქტიკული განხორციელება. სუვერენიტეტის პრინციპი ტრადიციული გაგებით კრძალავს ჩარევას საშინაო საქმეებში, მათ შორის იძულებას ვალდებულებების განხორციელებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. ამ მიზეზით, მსოფლიო საზოგადოებრიობა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე შემოფარგლებოდა დაგმობით და იშვიათ შემთხვევებში არასამხედრო სანქციებით, მაგალითად ეკონომიკური ემბარგოს შემოღებით. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ და გლობალიზაციის უსწრაფეს პროცესთან დაკავშირებით, მრავალი ქვეყნის საზოგადოებრივ წრეებში მწიფდება აზრი, რომ მსოფლიო არ შეიძლება გულგრილი დარჩეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისადმი ამა თუ იმ ქვეყანაში. სულ უფრო მტკიცდება პოზიცია, რომლის თანახმადაც „ჰუმანიტარული კატასტროფის“ თავიდან აცილება ისეთივე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩარევისათვის, რომგორც გაერო-ს წესდებაში დაფიქსირებული „მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერა“.
თუმცა ამგვარი პოზიციის კრიტიკოსები მრავალ უპასუხო კითხვას წამოჭრიან: რა არის „ჰუმანიტარული კატასტროფა“? რამდენი ასეული, ათასეული ან მილიონი ადამიანი უნდა დაიღუპოს, განიდევნოს, საარსებო საშუალებებს მოკლებული დარჩეს, რათა სიტუაციის კვალიფიცირება მოხდეს როგორც ჩარევისათვის აუცილებელს? ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება „ჰუმანიტარული კატასტროფის“ არსებობის შესახებ? როგორ უნდა მოხდეს იმის გარანტირება, რომ „ჩარევა ჰუმანიტარული მიზეზებით“ არ იქნას გამოყენებული, როგორც საფარველი ჩარეული სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისათვის? როგორ უნდა გამოირიცხოს შემთხვევები, როდესაც „ჩარევა ჰუმანიტარული მიზეზებით“ იწვევს „მის თანმხლებ ზიანს“ - იმ ქვეყნის, რომელშიც ჩარევა მოხდა, სამოქალაქო მოსახლეობის დაღუპვას და „თანმხლები ზიანის“ რა დონეა დასაშვები?
გარდა ამისა, ნათელია, რომ დღეს შეუძლებელია „ჰუმანიტარული მიზეზებით“ ჩარევის პრინციპის უნივერსალური გამოყენების უზრუნველყოფა. პირველ რიგში, ვერავინ ვერ გარისკავს ბირთვული სახელმწიფოს საქმეებში ჩარევას, თუნდაც რომ უტყუარად იყოს დადასტურებული „ჰუმანიტარული კატასტროფის“ არსებობა. ადამიანთა უფლებების დარღვევა იმდენად მრავალ სახელმწიფოში შეიძლება იყოს, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობას და წინამავალ ქვეყნებს ფიზიკურად არ შეეძლოთ ჩარევა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. უნივერსალურობის არარსებობის პირობებში კი, ბუნებრივია, წამოიჭრება კითხვა: რატომ ერევიან ერთი სახელმწიფოს საქმეებში, მეორისაში კი არა? მაგალითად ავიღოთ სერბიის შემთხვევა, სადაც მიჩნეულ იქნა რომ იდევნებოდნენ კოსოვარები და არა თურქეთის, სადაც დაახლოებით იმგვარივე პოლიტიკა ხორციელდება ქურთების მიმართ.
„ჰუმანიტარული მიზეზებით ინტერვენციის“ მომხრენი აღიარებენ ამ საკითხების მნიშვნელობას და თანახმანი არიან მათი შემდგომი დახვეწის თაობაზე, მაგრამ ამტკიცებენ, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ იმ დონის ერთიანობას და მორალური სიმწიფის დონეს მიაღწია, რომ უკვე აღარ შეურიგდება გენოციდს და ადამიანთა ფუძემდებლური უფლებების მასობრივ დარღვევებს.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ამ შემთხვევაში დისკუსია მიმდინარეობს უფრო კონკრეტული მიმართულებით. ტრადიციული მიდგომის მომხრენი ამტკიცებენ, რომ თავის დროზე გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფო დაეთანხმა ჩარევის შესახებ წესდების მიერ მოთხოვნილ მკაცრ პროცედურებს. ცალკეული სახელმწიფოების ან სახელმწიფოთა ჯგუფების მცდელობები ჩამოართვან უსაფთხოების საბჭოს და გაითავისონ ჩარევის უფლება გამოიწვევს ანარქიას და იმ მსოფლიო წესრიგის აღრევას, რომელიც არსებობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
„რევიზიონისტები“ ამის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ომისშემდგომი პერიოდის ძირითადი დროის მანძილზე VII თავის მექანიზმი პარალიზებული იყო და იგივე შეიძლება განმეორდეს ცივი ომის განახლების შემთხვევაში. გარდა ამისა, ხუთი სახელმწიფოს გამოყოფა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში 55 წლის მანძილზე დღეისათვის ანაქრონიზმად იქცა და მაგალითად ნატო-ს 19 ქვეყანა და ზოგიერთი ამ ორგანიზაციაში არ შემავალი სახელმწიფო გაცილებით უკეთესად და ეფექტურად წარმოადგენენ მსოფლიო თანამეგობრობას.
თეორიულად დღეს არსებობს სამი ვარიანტი მომავალში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების პოლიტიკურ-სამართლებრივი რეჟიმისა:
|
ნათელია, რომ ამ საკითხების წამოჭრა მიუთითებს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ძირეულ სახეცვლილებაზე. იმისგან, თუ როგორ მოხდება მათი გადაწყვეტა, დიდწილად არის დამოკიდებული საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების ხასიათი XXI საუკუნეში.
საკვანძო საკითხები
|
კითხვები და დავალებები:
რა არის „მშვიდობის იძულების“ პრინციპის არსი?
რა არის უფრო მნიშვნელოვანი ინტერვენციისათვის ჰუმანიტარული ხასიათის მინიჭებისას - მოტივები თუ შედეგები?
ჩამოთვალეთ ჰუმანიტარული ინტერვენციის მიზნები და პრინციპები.
რატომ ვერ აღწევენ სახელმწიფოები კოლექტიურ კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რა მორალური პრინციპებით უნდა გამართლდეს ჰუმანიტარული ინტერვენცია?
შეადარეთ სპარსეთის ყურისა და ბოსნიის კონფლიქტები.
რამდენად ქმედითია სამხედრო ძალა ჰუმანიტარული ფასეულობების დამკვიდრების საქმეში?
საერთაშორისო ურთიერთობების პოლიტიკურ-სამართლებრივი რეჟიმის განვითარების რა ვარიანტები არსებობს?
ლიტერატურა:
O. Ramsbotham & T. Woodhouse, Humanitarian Intervention: A Reconceptualization (Cambridge: Polity, 1996).
L. Minear & T.G. Weiss, Mercy Under Fire: War and the Global Humanitarian Community (Boulder, Col.: Westview Press, 1995).
L.F. Damrosch (ed.), Enforcing Restraint: Collective Intervention in Internal Conflicts (New York: Council on Foreign Relations, 1993).
J. Harris (ed.), The Politics of Humanitarian Intervention (London: Pinter, 1995).
R.J. Vincent, Nonintervention and International Order (Princeton: Univ. Press, 1974).
![]() |
7 VI. სამხედრო ფაქტორი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში |
▲ზევით დაბრუნება |
კაცობრიობის ფაქტობრივად მთელი ისტორიის მანძილზე შეიარაღებული კონფლიქტები წარმოადგენდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა ჯაჭვის ცენტრალურ რგოლს, თავისებურ კონტრაპუნქტებს. ომის საშუალებით წყდებოდა სახელმწიფოთა შორის დაგროვილი პრობლემები, ამა თუ იმ მომენტისათვის შესაბამისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძალების ურთიერთმიმართება, ხდებოდა კოალიციებისა და ბლოკების კორექტირება. შესაბამისად, სამხედრო ძალა განიხილებოდა, როგორც სახელმწიფოს ძლიერების უმთავრესი კომპონენტი და ფაქტორი.
შეიარაღებულ შეტაკებათა და შესაბამისად სამხედრო ძალის უმთავრესი როლი მსოფლიო პოლიტიკაში დიდწილად აიხსნებოდა იმით, როგორც წერდა გამოჩენილი სამხედრო თეორეტიკოსი, რომ ომი წარმოადგენდა პოლიტიკის გაგრძელებას ძალადობრივი მეთოდებით.
„ომი მხოლოდ ნაწილია პოლიტიკური მოღვაწეობისა. იგი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სფეროს... თუკი ომი პოლიტიკის ნაწილია, მაშინ ეს უკანასკნელი განაპირობებს მის ხასიათს... და რამდენადაც სწორედ პოლიტიკა წარმოშობს ომს, წარმოადგენს მისი მიმართულების მიმცემ გონებას, მაშასადამე ომი არის მხოლოდ პოლიტიკის ინსტრუმენტი, და არავითარ შემთხვევაში პირიქით.“ კარლ ფონ კლაუზევიცი |
მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარეა ამ მოვლენისა. წარმოადგენდნენ რა პოლიტიკის პირმშოებს, როგორც ამას სამართლიანად უსვამდა ხაზს კლაუზევიცი, ომები, თავის მხრივ, დიდწილად განაპირობდნენ პოლიტიკის შინაარსს და მიმართულებას. და მართლაც, სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ამოცანას შეადგენდა მისაღები საერთაშორისო პირობების მომზადება მომავალი შეტაკებებისა და საომარი კონფლიქტებისათვის, პირველ რიგში საკუთარი კოალიციების შექმნა და პოტენციურ მოწინააღმდეგეთა კოალიციების დაშლა. ამგვარი მდგომარეობა შენარჩუნდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე. თუმცა XX საუკუნის II ნახევარში მდგომარეობა თანდათანობით შეიცვალა.
სამხედრო ძალის როლი ბიპოლარული სისტემის არსებობის პირობებში
XX საუკუნის შუა ხანებამდე სამხედრო ძალა იმ მნიშვნელობით, რომელიც მას მიანიჭა ფონ კლაუზევიცმა წარმოადგენდა ერთ-ერთ საშუალებას, ხშირ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანს და ეფექტურს, კონკრეტული ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. საბოლოო ჯამში, სწორედ სამხედრო ძალის მეშვეობით მიმდინარეობდა ერთის მხრივ გავლენის სფეროების დაყოფა, ტერიტორიების დაპყრობა, რომელთაც ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდათ, უმნიშვნელოვანესი კომუნიკაციების კონტროლი, მეორეს მხრივ ხდებოდა მოწინააღმდეგეთა ანალოგიური მისწრაფებების ბლოკირება. სხვა სიტყვებით, სამხედრო ძალის გამოყენებით სახელმწიფოები მოიპოვებდნენ მათთვის რაიმე მნიშვნელოვანს, ანდა სხვა სახელმწიფოებს უკარგავდნენ შესაძლებლობას დაერღვიათ მათი ინტერესები, რაც, როგორც წესი, დაკავშირებული იყო გარკვეულ ტერიტორიებზე ან სატრანსპორტო გზებზე კონტროლის დაწესებასთან.
მაგრამ 40-იანი წლების მეორე ნახევრიდან საერთაშორისო ურთიერთობებში სამხედრო ძალის როლი თანდათანობით შეიცვალა. ეს აიხსნებოდა ორი უმთავრესი მიზეზით: 1. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციფიური სისტემის ფორმირება, რომელმაც ბიპოლარულის სახელწოდება მიიღო. 2. უსწრაფესი ტემპებით ახალი ბირთვული იარაღით აღჭურვა.
ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბება დაიწყო ნაცისტური გერმანიის განადგურებიდან სულ რაღაც ორიოდე წელიწადში. მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ანტიჰიტლერული კოალიცია მეტად არასისოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. წარუმატებელი გამოდგა ასევე გამარჯვებული სახელმწიფოების ზოგიერთი ლიდერის მცდელობა შექმნილიყო საერთაშორისო ურთიერთობათა რეგულირების პრინციპულად ახალი სისტემა სამი-ოთხი ყველაზე ძლიერი გამარჯვებული სახელმწიფოს თანამშრომლობის საფუძველზე. სწრაფად გამოვლინდა წინააღმდეგობანი სამხედრო თვალსაზრისით ანტიჰიტლერული კოალიციის ყველზე ძლიერ წევრებს - საბჭოთა კავშირსა და აშშ-ს შორის.
ეჭვს არ იწვევს, რომ ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი შეასრულა საბჭოთა ხელმძღვანელობის სურვილმა განევრცო საბჭოთა გავლენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ და რომლის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა, როგორც ამას მრავალი ისტორიკოსი მიიჩნევს, „დიდი სამეულის“ შეხვედრებზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში. ამას ადასტურებს სტალინის მცდელობები შეენარჩუნებინა საბჭოთა კონტიგენტი ირანის ჩრდილოეთში, პრეტენზიები თურქულ პროვინციებზე, კომუნისტების შეიარაღებული ბრძოლა ძალაუფლებისათვის საბერძნეთში, ბერლინის ბლოკადა 1948 წელს განსაკუთრებით კი ჩინეთის კომუნისტური პარტიის სამხედრო მხარდაჭერა, რამაც მის გამარჯვებას შეუწყო ხელი. ეს უკანასკნელი მოვლენა მოასწავებდა მსოფლიო არენაზე ძალთა ბალანსის მნიშვნელოვან დარღვევას, კომუნისტური სახელმწიფოების გასვლას აზია-წყნარი ოკეანის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში და, როგორც ჩანს, კომუნისტურმა ექსპანსიამ საბოლოოდ დაასამარა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის აგების იდეა იმ პრინციპებზე, რომლებიც განიხილებოდა ანტიჰიტლერული კოალიციის მეთაურთა შეხვედრებზე. თუკი ბიპოლარული სისტემის ერთ პოლუსად იქცა საბჭოთა კავშირის თავის სატელიტებთან ერთად, მეორე გახდა აშშ, რომელმაც საკუთარ თავზე იტვირთა ეკონომიკური და პოლიტიკური დაპირისპირება საბჭოთა, უფრო ფართოდ კი კომუნისტურ ექსპანსიასთან.
საბჭოთა-ამერიკული დაპირისპირება გახდა უმთავრესი ჯაჭვის რგოლი 40-წლების მიწურულის და 50-იან წლებში ჩამოყალიბებული საერთაშორისო ურთიერთობების სისტემისა და მასში მიმდინარე პროცესების მთავარი მამოძრავებელი ძალა. იგი დომინირებდა ფაქტობრივად ყველა ასე თუ ისე მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფლიქტებსა და წინააღმდეგობებში და მთელ რიგ შემთხვევებში შიდა სახელმწიფოებრივ კონფლიქტებშიც. სწორედ ამ ორი ზესახელმწიფოს გარშემო შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები, ნატო და ვარშავის ხელშეკრულება და ამით ბიპოლარულმა სისტემამ დასრულებული სახე მიიღო.
ამ ცხარე დაპირისპირებას საფუძვლად ედო არა მხოლოდ ორი ზესახელმწიფოს ბრძოლა, არამედ სოციალური სისტემების დაპირისპირებაც, რომლებიც დაფუძნებული იყო ურთიერთგამომრიცხავ იდეოლოგიებზე, რომელთაგან ერთი - კომუნისტური - ატარებდა აშკარად გამოხატულ მესიანისტურ ხასიათს და მიზნად ისახავდა შესაბამისი საზოგადოებრივი წყობის გავრცელებას მთელს მსოფლიოში. ეს დაპირისპირება ხშირად განიმარტებოდა, როგორც თამაში „ნულოვანი ჯამით“, რაც ნიშნავდა, რომ სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ანდა იდეოლოგიური გამარჯვება ერთი მხარისა აუცილებლად აღიქმებოდა მეორის მარცხად.
ამასთანავე მოხდა სამხედრო ძალის, როგორც სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტის სერიოზული კორექტირება. ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბებასთან ერთად იგი სულ უფრო მეტად განიხილებოდა, როგორც გლობალური პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაპირისპირების უმნიშვნელოვანესი საშუალება. მისი გამოყენების ტრადიციული მიზნები კი - ტერიტორიების დაპყრობა, ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება, ბაზრების კონტროლი და ა.შ. თანდათანობით უკანა პლანზე გადადიოდა, თუმცა მათ მთლიანად არ დაუკარგავთ მნიშვნელობა, და რომ არ მომხდარიყო პრინციპული ცვლილებები ომის წარმოების საშუალებებში, ალბათ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ახალი სამხედრო დაპირისპირება დაიწყებოდა.
თუმცა მოვლენათა ამგვარ განვითარებას ხელი შეუშალა ბირთვული იარაღის შექმნამ. ახალ შეიარაღებათა კოლოსალური დამანგრეველი ძალა სულ უფრო სათუოს ხდიდა სამხედრო ძალის გამოყენების მიზანშეწონილობას ზესახელმწიფოების და მათ მიერ კონტროლირებადი ბლოკების მიერ. სწორედ ბირთვული იარაღი იქცა მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად.
ამასთანავე იმის ალბათობამ, რომ აშშ ბერლინის კრიზისის დროს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ გამოიყენებდა ატომურ იარაღს, რომელიც იმ დროს სსრკ-ს არ გააჩნდა, ხელი შეუწყო ამ მეტად სახიფათო კრიზისის ჩახშობას. ბირთვულმა ფაქტორმა უეჭველად შეუწყო ხელი იმას, რომ 1950-53 წწ. კორეის ომი არ გადაიზარდა სსრკ-აშშ-ის ომში. წელს კარიბის კრიზისი კი, როდესაც ზესახელმწიფოები ბირთვული ომიდან სულ ერთ ნაბიჯზე იდგნენ, თავისებურ გარდამტეხ მომენტად გადაიქცა, რომლის შემდეგაც ორივე ზესახელმწიფოს ლიდერები ერიდებოდნენ იმგვარ სიტუაციებში მოხვედრას, რასაც შესაძლოა მათ შეიარაღებულ ძალებს შორის ფართომასშტაბიანი დაპირისპირება მოჰყოლოდა. ბირთვული შეკავების მთელი არსს წარმოადგენდა ის, რომ მხარე, რომელიც ბირთვულ ომს გააჩაღებდა და პირველი განახორციელებდა ატომურ დარტყმას მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, არ იყო იმისაგან დაზღვეული, რომ საპასუხო დარტყმას არ მიიღებდა. სტრატეგიული პარიტეტის პრინციპულად უმნიშვნელოვანესი პირობა იყო ის, რომ არ არსებობდა სრული გარანტია იმისა, რომ პირველი დარტყმით მოხდებოდა პოტენციური მოწინააღმდეგის ყველა ან თითქმის ყველა სტარტეგიული საშუალებების განადგურება და მას აღარ ექნებოდა საპასუხო დარტყმის განხორციელების უნარი. ამდენად, ბირთვული იარაღის გამოყენებამ კონკრეტული პოლიტიკური ან სამხედრო მიზნების მისაღწევად აზრი დაკარგა. მაგრამ გაჩნდა მეორე პრობლემა: არ არსებობდა და არც შეიძლებოდა არსებულიყო სრული გარანტია იმისა, რომ ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებს შორის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეტაკება არ გადაიზრდებოდა ბირთვულ ომში. შექმნილიყო იყო წარმოსახვითი სცენარებიც: მხარე, რომელიც აგებდა ომს, ალბათ შეეცდებოდა მის გადატანას ესკალაციის უფრო მაღალ დონეზე - თავდაპირველად გამოიყენებდა ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, ხოლო შემდეგ, თუ ამით არ შეწყდებოდა კონფლიქტი, შესაძლებელია საქმე მისულიყო სტრატეგიული შეიარაღებების გამოყენებამდე მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დარტყმის განსახორციელებლად.
ბირთვული ესკალაციის შესაძლებლობამ ფაქტობრივად მოახდინა სამხედრო ძალის გამოყენების ბლოკირება საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ სუბიექტებს შორის. შეიქმნა პარადოქსული, ჯერარნახული სიტუაცია, რომელსაც ზოგჯერ უწოდებდნენ „ბირთვულ ჩიხს“, მისი არსი კი გამოიხატებოდა „ბირთვული ურთიერთშეკავებით“. სამხედრო ძალამ დაკარგა თავისი როლი, როგორც კონკრეტული პოლიტიკური თუ სახის მიზნების მიღწევისა საერთაშორისო არენაზე. მან ახალი თვისება შეიძინა - გახდა პოტენციური მოწინააღმდეგის აგრესიის შეკავების საშუალება.
თუმცა ამგვარი სისტემა ჩამოყალიბდა ბიპოლარული სისტემის მხოლოდ ცენტრალურ რგოლში - დაპირისპირებული სოციალურ წყობის მქონე სახელმწიფოების ურთიერთობებში. იმ შემთხვევებში კი, როდესაც სამხედრო ძალის გამოყენება არ ქმნიდა ბირთვული დარტყმების განხორციელების საფრთხეს, მან შეინარჩუნა ძველი ფუნქციები და გამოიყენებოდა არა მხოლოდ ლოკალური კონფლიქტების მონაწილეების მიერ, არამედ ზესახელმწიფოების მიერაც, პირველ რიგში იმ მიზნით, რომ არ დაეშვათ მოწინააღმდეგე მხარეს გავლენის სფეროს გაზრდა ანდა განევრცოთ საკუთარი გავლენა ახალ ქვეყნებსა და რეგიონებზე. ამის ნათელი მაგალითებია აშშ-ს ომი ინდოჩინეთში და საბჭოთა კავშირის აგრესია ავღანეთის მიმართ.
პრინციპულ მნიშვნელობას ატარებდა კიდევ ერთი გარემოება: არ იყო გამორიცხული იმის ალბათობა, რომ ბირთვული პარიტეტი დაირღვეოდა. ეს შესაძლებელია მომხდარიყო ან ერთ-ერთი მხარის მნიშვნელოვანი რაოდენობრივი უპირატესობით სტრეტეგიულ შეიარაღებებში, ანდა რაიმე „ხარისხობრივი“ გარღვევით სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიების სფეროში, მაგალითად, ეფექტურად რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შექმნით. იმის მუდმივი ლოდინი და შიში, რომ მოწინააღმდეგის პოტენციალმა შეიძლება შეიძინოს გადამწყვეტი უპირატესობა, აიძულებდა ორივე ზესახელმწიფოს იარაღის რაოდენობრივ გაზრდას და ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღის შექმნაზე ინტენსიური მუშაობის წარმოებას. სწორედ გამალებული შეიარაღება წარმოადგენს ცივი ომის მთელი პერიოდის ერთ-ერთ ნიშანდობლივ მახასიათებელს. ყოველივე ამან გამოიწვია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსების არნახული გაზრდა და ეკონომიკას სულ უფრო მძიმედ დააწვა სამხედრო ტვირთი, განსაკუთრებით მძიმე იყო ეს საბჭოთა კავშირისათვის, ვინაიდან, პირველ რიგში საბჭოთა ეკონომიკა გაცილებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე ამერიკული, მეორე რიგში კი საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად უპირისპირდებოდა არა მარტო აშშ-ს, არამედ გარემომცველი სამყაროს ყველა დანარჩენ ცენტრებს, მაგალითად 60-იანი წლების მიწურულიდან ჩინეთს.
ბირთვული ურთიერთშეკავების სხვა წინააღმდეგობანი და განსაკუთრებული ნიშნებიც არსებობდა, რომლებიც მას არც თუ ისე სანდო საშუალებად აქცევდნენ სამხედრო ძალის პირდაპირი გამოყენების შეკავებისათვის. 1997 წელს სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში წამყვანი ამერიკელი მკვლევარების მიერ მომზადებულ მოხსენებაში აღნიშნული იყო: „ბირთვული შეკავება მოიცავდა და მოიცავს დილემათა და საფრთხეთა მთელ კომპლექსს. მაგალითად, შეკავება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუკი არსებობს უეჭველი და სანდო გეგმა იმ შემთხვევისათვის, თუკი იგი არაეფექტური გამოდგება. მაგრამ ამგვარი გეგმების შემუშავება მეტად რთული ამოცანაა. მცდელობები კი, რომ ბირთვული შურისგება გახდეს მაქსიმალურად რეალური, მეორე მხარის მიერ შეიძლება განხილული იყოს, როგორც იმ უპირატესობის მიღწევის საშუალება, რომელიც აგრესიის განხორციელების საშუალებას ქმნის. ეს ქმნის დაძაბულობას, ახდენს გამალებული შეიარაღების სტიმულირებას და ზრდის ბირთვული ომის ალბათობას კრიზისული არასტაბილურობის, ანდა შემთხვევითობის ნიადაგზე“. სხვა სიტყვებით, იმისათვის, რომ მოხდეს პოტენციური მოწინააღმდეგის შეკავება ომის გაჩაღებისაგან, აუცილებელი მისი დარწმუნება იმაში, რომ აგრესიული მოქმედება აუცილებლად გამოიწვევს „ბირთვულ“ პასუხს. მაგრამ ეს მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ბირთვული იარაღის შექმნას, რომლებიც განსაზღვრული იქნებიან სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებისათვის, ასევე გარკვეული უპირატესობის მიღწევას, თუ არ ნებისმიერი სახის ბირთვულ შეიარაღებაში. ამგვარი ქმედება კი მოწინააღმდეგე მხარის მიერ აუცილებლად განიხილება, როგორც მზადება ბირთვული აგრესიისათვის, რამაც კრიზისულ სიტუაციაში შეიძლება მოახდინოს ბირთვული იარაღის პირველი გამოყენება და ხელი შეუწყოს მუდმივ გამალებულ შეიარაღებას.“
გამალებული შეიარაღების მექანიზმი დიდწილად განისაზღვრებოდა იმითაც, რომ ნებისმიერი მხარე ცდილობდა დაესწრო პოტენციური მოწინაღმდეგისათვის იმ შეიარაღებათა სისტემის შექმნა, რომელიც შეცვლიდა ძალთა თანაფარდობას.
„ბირთული ჩიხის“ შექმნას ხელი არ შეუშლია ორივე კოალიციისათვის გამალებით შეიარაღებულიყვნენ ჩვეულებრივი იარაღით, რათა ბირთვული ურთიერთშეკავების პირობებში ამ თვალსაზრისით მოეპოვებინათ უპირატესობა. საერთო ჯამში საერთაშორისო ურთიერთობათა ბიპოლარულმა ხასიათმა და სტრატეგიულმა ბირთვულმა პარიტეტმა დიდწილად შეცვალეს სამხედრო ძალების ფუნქციები და გამოყენების მექანიზმები. მის უმთავრეს ამოცანად იქცა პოტენციური აგრესიის შეკავება. ამან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ორი დაპირისპირებული სისტემის სახელმწიფოების სამხედრო შეტაკების შეკავებაში. მაგრამ იმავდროულად წინა პლანზე წამოიწიეს ზოგიერთმა ახალმა, სამხედრო ძალის გამოყენების არაპირდაპირმა საშუალებებმა. ამგვარად, მრავალი ექსპერტი მიიჩნევს და ალბათ საფუძვლიანადაც, რომ გამალებული შეიარაღების სტიმულირება კონკრეტულად იმაზე იყო გათვლილი, რომ ძალები გამოეცალა ეკონომიკურად უფრო სუსტ საბჭოთა კავშირისათვის. თუკი ამგვარი გათვლა მართლაც არსებობდა, იგი რეალურად განხორციელდა. საბჭოთა ეკონომიკის მილიტარიზაციის უკიდურესად მაღალი დონე ცივ ომში ქვეყნის მარცხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, და ზოგადად კომუნისტური სისტემის და მასზე დაფუძნებული სახელმწიფოს კრახის მიზეზი გახდა.
შეიარაღებაზე კონტროლის დაწესების მიზეზები და შედეგები
გამალებული შეიარაღების ესკალაცია და მისი არაკონტროლირებადი ხასიათი სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევდა დაპირისპირებული საზოგადოებრივი სისტემების სახელმწიფოების ლიდერებს შორის. განსაკუთრებულ ყურადღებას კი იმსახურებდა ოთხი გარემოება. პირველ რიგში, ზოგიერთ სფეროში ყალიბდებოდა თავისებური „თანაფარდობის ჩიხი“ - ამა თუ იმ შეიარაღების შემდეგომი დახვეწა, პირველ რიგში ეს ეხება მასობრივი განადგურების იარაღს, არ აძლევდა არც ერთ მხარეს მნიშვნელოვან უპირატესობას, მაგრამ რესურსებს აცილებდა უფრო მნიშვნელოვანი და პერსპექტიული სისტემების შექმნას. მეორე რიგში, გამალებული შეიარაღების რამდენიმე შესაძლებელი მიმართულება გამოიკვეთა, რომელთა განვითარებაში არ იყო იყო ჩადებული მნიშვნელოვანი სახსრები და რომლებიც ჯერ კიდევ არ ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს სტრატეგიული ბალანსის ფორმირებაში. მესამე - მნიშვნელოვანი იყო უმძლავრესი სახელმწიფოების მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნება ბირთვულ სფეროში და მასობრივი განადგურების იარაღის წარმოების ზოგიერთ სხვა სფეროში და შესაბამისი შეიარაღებების გავრცელების არდაშვება. მეოთხე - ორივე დაპირისპირებული ბლოკი დაინტერესებული იყო ბირთვული ურთიერთშეკავების სიტუაციის შენარჩუნებით.
ამ ფაქტორებამ აიძულა სსრკ-ის და აშშ-ის ხელმძღვანელობა, და მთელ რიგ შემთხვევებში სხვა ბირთვული სახელმწიფოები ეძიათ გამალებული შეიარაღების შეზღუდული კონტროლის საშუალებები და მეთოდები. ამგვარი ძალისხმევის არსი შემდეგი სახის იყო: ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაიკეტოს შეიარაღების გარკვეული მიმართულებით განვითარების გზა, პირველ რიგში „ჩიხური“ და არც თუ ისე მნიშვნელოვანი, მაგრამ საკმაოდ ძვირადღირებული და ამით საშუალება შეიქმნას მთელი ენერგია და სახსრები მოხმარდეს სამხედრო-ტექნიკური პროგრესის ყველაზე პერსპექტიულ სფეროებს. მეორე რიგში, მნიშვნელოვანი იყო არდაშვება ან შეზღუდვა იმგვარი სისტემების შექმნისა, რომლებსაც შეეძლოთ ნიადაგი გამოეცალათ არსებული ბირთვული ურთიერთშეკავების სიტუაციისათვის და მკვეთრად გაეზარდათ კონფლიქტების არასასურველი ესკალაციის საფრთხე ბირთვულ შეტაკებამდე. შესაბამისი ძალისხმევა დასავლეთში იწოდა „შეიარაღებაზე კონტროლად“, საბჭოთა კავშირში კი „განიარაღებისათვის ბრძოლად“ და მიუხედავად სხვადასხვა ტერმინებისა, ორივე მხარე, საერთო ჯამში, მსგავსი მოტივებით ხელმძღვანელობდა.
ერთნაირი იყო, კერძოდ, სურვილი მოლაპარაკებათა დროს შეიარაღებებზე კონტროლის შესახებ შეზღუდულიყო პირველ რიგში შეიარაღებათა ის სისტემები, რომლებშიც მოწინააღმდეგეს უპირატესობა გააჩნდა, ანდა არ დაშვებულიყო ან მაქსიმალურად შემსუბუქებულიყო შეზღუდვები იმ სისტემებზე, რომლებშიც მოცემული სახელმწიფი უპირატესობას ფლობდა. ყოველივე ეს მოლაპარაკებათა პროცესს გაწელილ და უკიდურესად რთულ ხასიათს ანიჭებდა, ამასთანავე, განსაკუთრებული სიძნელეები წარმოიქმნებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ დისკუსიათა ობიექტი ხდებოდა მეტად დაწვრილებითი მომენტები ტექნიკური ხასიათისა. იმავდროულად თავისთავად მოლაპარაკებთა ფაქტი და შეთანხმებათა მიღწევა გარკვეულწილად ქმნიდა ნდობას ურთიერთდაპირისპირებული სახელმწიფოების ელიტებს შორის, გამოცდილების დაგროვებას მეტად დელიკატური პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტისა, რომლებიც დაკავშირებული იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკვანძო საკითხებთან.
ამ ფაქტორებთან ერთად გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი აზრის გავლენას, ვინაიდან სულ უფრო მატულობდა შეშფოთება, რომ გამალებული შეიარაღება ადრე თუ გვიან გამოიწვევდა სამხედრო შეტაკებას. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საზოგადოებრივი აზრის ზეწოლა 50-იანი წლების II ნახევარსა და 60-იან წლებში ბირთვული იარაღის გამოცდის საკითხთან დაკავშირებით. მასობრივი შეშფოთების ახალი ტალღა გამოიწვია საშუალო მანძილის ახალი საბჭოთა რაკეტების მოძალებამ, რომლებმაც პრინციპულად ახალი საფრთხე შეუქმნეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, რასაც ნატო-მ ევროპაში ახალი ნეიტრონული იარაღის განთავსების გეგმით, ხოლო შემდეგ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრინციპულად ახალი სისტემების შემუშავებით უპასუხა, რაც ამერიკაში დაიწყო „სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის“ პროგრამასთან დაკავშირებით.
ისტორიულად პირველი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება შეიარაღებაზე კონტროლის შესახებ - ბირთვული იარაღის სამ სფეროში გამოცდის აკრძალვის თაობაზე დაიდო 1963 წელს სსრკ-, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის. ამ ხელშეკრულებით იკრძალებოდა ბირთვული აფეთქებები ატმოსფეროში, კოსმოსსა და წყლის ქვეშ, თუმცა დაშვებული იყო ბირთვული იარაღის გამოცდა მიწისქვეშ. ერთის მხრივ, ეს შეთანხმება გახდა აღნიშნული სახელმწიფოების პოლიტიკური ხელმძღვანელობაზე საზოგადოებრივი აზრის, რომელიც სულ უფრო მეტ შეშფოთებას გამოთვამდა ბირთვული გამოცდების მძიმე ეკონომიკური და სამედიცინო შედეგების გამო, მნიშვნელოვანი ზეწოლის შედეგი.
მაგრამ მეორეს მხრივ, 60-იანი წლების დასაწყისიდან, ბირთვულმა აფეთქებებმა ატმოსფეროში ანდა წყლის ქვეშ ყოველგვარი აზრი დაკარგა სამხედრო თვალსაზრისით. ამ დროისათვის უკვე საკმარისი ინფორმაცია იყო მოპოვებული ბირთვული იარაღის მოქმედების სხვადასხვა ასპექტების შესახებ. მთავარ სამეცნიერო და საინჟინრო პრობლემებს წარმოადგენდა შედარებით მცირე ზომის ბირთვული იარაღის შექმნა, რომელთა მოთავსებაც შესაძლებელი იქნებოდა მზიდებზე, რომელშიც მუხტის წონა და გარეგანი პარამეტრები გადამწყვეტ როლს ასრულებდა და ამა თუ იმ კონკრეტული საბრძოლო ამოცანის შესრულებისათვის უნდა გამოყენებულიყო.
„ჭარბმა“ შეიარაღებამ ზოგიერთ სფეროში ფაქტობრივად მიიყვანა საბჭოთა კავშირი და აშშ ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, რომლებიც შეეხებოდა სტრატეგიულ შეიარაღებებს. პირველია ე. წ. დროებითი შეთანხმება შეტევითი სტარტეგიული იარაღის ზოგიერთ სფეროში შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლითაც მხარეები ვალდებულებას იღებდნენ არ აეგოთ მიწისზედა ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვებები. მეორე ხელშეკრულებით იზღუდებოდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. თითოეულ მხარეს უფლება ეძლეოდა მხოლოდ ორი ასეთი სისტემა ჰქონოდა, რომელიც დაიცავდა ეროვნული ტერიტორიების შეზღუდულ ნაწილს დედაქალაქის გარშემო და სტრატეგიული სისტემების ბაზირების ერთ-ერთ რაიონს.
ამ ხელშეკრულებების გარდა, მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე 1967წ. 1 ივლისს ხელმოწერილი ხელშეკრულება ატომური იარაღის გავრცელების აკრძალვის შესახებ. იგი ორ უმნიშვნელოვანეს მომენტს შეიცავს: მასზე ხელისმომწერმა ბირთვულმა სახელმწიფოებმა ვალდებულება აიღეს არ გადასცენ არაბირთვულ სახელმწიფოებს ატომური იარაღი ანდა სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დააწესონ კონტროლი, რომ ამგვარი იარაღი არ შეისყიდონ არაბირთვულმა სახელმწიფოებმა. თავის მხრივ არაბირთვულმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება არ აწარმოონ და არ შეიძინონ ამგვარი იარაღი. ამ ხელშეკრულებამ დააფიქსირა ბირთვული სახელმწიფოების მონოპოლისტური მდგომარეობა შეიარაღებათა ამ სფეროში და შეამცირა ბირთვუილი იარაღის გავრცელების შესაძლებლობა, თუმცა, როგორც ეს აჩვენა ინდოეთისა და პაკისტანის მოქმედებამ, სრულიად ვერ გამორიცხა იგი. ამჟამად რამდენიმე ქვეყანას - ინდოეთს, ისრაელს, პაკისტანს, ჩრდ. კორეას და ზოგიერთ სხვა სახელმწიფოს ან უკვე გააჩნია ატომური იარაღი ან ახლოსა არის მისული მის შექმნამდე.
60-70-იან წლებში ასევე დაიდო რამდენიმე ხელშეკრულება, რომლებითაც იკეტებოდა ბირთვულ თუ მასობრივი განადგურების სხვა იარაღით გამალებული შეიარაღების გზები, გამოყავდა ზოგიერთი გეოგრაფიული რეგიონი ან ისეთი სფეროები, როგორიცაა კოსმოსი, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერი ამგვარი იარაღის გავრცელების ზონიდან. მაგალითად, 1959წ. დეკემბერში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ანტარქტიკის შესახებ, რომლის თანახმადაც ეს კონტინენტი შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით. ტლატელოლკოს (1967.II) და რაროგონტოს (1985.VIII) ხელშეკრულებებით ლათინური ამერიკა, კარიბის რეგიონი და წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი ცხადდებოდა უბირთვო ზონად. 1967 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას იმ პრინციპებზე, რომლებიც საზღვრავდნენ სახელმწიფოთა მოღვაწეობას კოსმოსური სივრცის შესწავლისა და გამოყენების საქმეში, მთვარისა და სხვა მნათობების ჩათვლით. ამ შეთანხმების თანახმად, კოსმოსურ სივრცეში იკრძალებოდა მასობრივი განადგურების იარაღის განთავსება, სამხედრო ბაზების შექმნა და ა.შ. 1972 წ. თებერვალში კი დაიდო ხელშეკრულება ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე ბირთვული იარაღის განთავსების აკრძალვის შესახებ.
1975წ. აპრილში დაიდო მრავალმხრივი კონვენცია, რომლითაც აიკრძალა ბაქტერიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის შექმნა, წარმოება და შენახვა და რომლის თანახმადაც უნდა განადგურებულიყო უკვე შექმნილი ამგვარი იარაღი და მისი მზიდავი საშუალებები. 1977წ. ხელი მოეწერა კონვენციას, რომლითაც გარემომცველ ბუნებაზე აიკრძალა ზემოქმედება სამხედრო თუ სხვა ბუნებისათვის დამანგრეველი მიზნებით.
მიუხედავად ამ ხელშეკრულებებისა, 60-70-იან წლებში გამალებულ შეიარაღებას ტემპი არ დაუკარგავს და გრძელდებოდა მუშაობა ყველაზე პერსპექტიული მიმართულებებით. ამან კი რამდენიმე მეტად სახიფათო სიტუაციის შექმნა გამოიწვია. პირველი იყო საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტების შექმნა და წარმოება. 70-იან წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირმა დაიწყო მასობრივად, ქვეყნის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში ახალი ბალისტიკური რაკეტების ჩჩ-20-ის განლაგება. თითოეულ რაკეტას ინდივიდუალური დამიზნების სამი ქობინი გააჩნდა და მაღალი სიზუსტით 4000 კმ-მდე შეეძლო გადაესროლა. დასავლეთში და ჩინეთშიც ამ ფაქტმა დიდი შეშფოთება გამოიწვია და ეს ჩაითვალა საბჭოთა კავშირის მზადებად შეზღუდული ბირთვული ომისაკენ. საპასუხოდ ნატო-მ დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში განალაგა საშუალო მანძილის ახალი ამერიკული ბალისტიკური რაკეტები „პერშინგ-2“ და ფრთოსანი რაკეტები, რომელთაც ძალუძდათ გაენადგურებინათ უმნიშვნელოვანესი სამხედრო და პოლიტიკური სამიზნეები საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირი შეეცადა საწინააღმდეგო ზომები მიეღო. გამოცხადდა, რომ ქვეყანა წყვეტდა მოლაპარაკებებს ევროპაში საშუალო მანძილის ბირთვული საშუალებების შესახებ, განალაგებდა შორი მანძილის ოპერატიულ ტაქტიკურ რაკეტებს ჩეხოსლოვაკიისა და გდრ-ის ტერიტორიებზე და შექმნიდა ზღვაში ახალ ბირთვულ ადგილებს.
მაგრამ ამ მუქარებმა შედეგი არ გამოიღო და ნატო-მ შეძლო პრინციპული უპირატესობისათვის მიეღწია ევროპაში. ამჯერად უკვე საბჭოთა კავშირი აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ დასავლეთ ევროპიდან. ნატო-ს იარაღს შეეძლო გაენადგურებინა არა მარტო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, არამედ პარტიულ-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცენტრებიც, მათ შორის ევროპულ ნაწილზე მდებარე სამეთაურო ბუნკერები. გრადა ამისა, „პერშინგებს“ შეეძლოთ 15 წუთში მიეღწიათ საბჭოთა კავშირის ტერიტორიისათვის, რაც პრაქტიკულად შანსს არ უტოვებდა საბჭოთა პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ეპასუხათ საპასუხო დარტყმებით ნატო-ს მხრიდან მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში. ამგვარ ვითარებაში გორბაჩოვი იძულებული გახდა შეეცვალა პოზიცია და დათანხმებულიყო ორივე მხარის მიერ საშუალო და მოკლე მანძილის ყველა რაკეტის განადგურებაზე. ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1987წ. დეკემბერში ვაშინგტონში.
ახალმა ვითარებამ შეიარაღებაზე კონტროლის სფეროში შესაძლებელობა შექმნა დადებულიყო პრინციპულად უმნიშვნელოვანესი შეთანხმება სტრატეგიული შემტევი იარაღის შემცირების შესახებ. პირველად მოხერხდა შეთანხმების მიღწევა ბირთვული შეიარაღების რეალურ მნიშვნელოვან შემცირებაზე, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ ბალისტიკურ რაკეტებს, არამედ სტრატეგიული ტრიადის საავიაციო კომპონენტსაც, ასევე მოხერხდა შეზღუდვების დაწესება საკონტინენტნთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ზოგიერთ ტიპზე.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო 1990 წელს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების დადება. ამ ხელშეკრულების დამუშავება მოხდა იმ მიზნით, რომ შემცირებულიყო ალბათობა და ხიფათი ორი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შეიარაღებული კონფრონტაციისა, რომლებმაც (უპირველესად ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციამ) ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების კოლოსალური დაჯგუფებები განალაგეს ერთმანეთის პირისპირ.
ხელშეკრულების მიზანს შეადგენდა მოულოდნელი თავდასხმის და ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობის მოსპობა. ამ მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჩვეულებრივი შეიარაღებების (ტანკების, ჯავშანმანქანების, საარტილერიო სისტემების) რაოდენობათა გათანაბრების შესახებ რამდენიმე გეოგრაფიული რეგიონის მიმართ. მთელი ევროპა კი „ატლანტიკიდან ურალამდე“ ოთხ გეოგრაფიულ ზონდა დაიყო.
ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო აურაცხელი რაოდენობით იარაღის განადგურება. მაგრამ მოვლენები იმგვარად ვითარდებოდა, რომ პრაქტიკულად ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე დაიშალა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია, შემდეგ კი დაინგრა საბჭოთა კავშირი, რომელმაც მარცხი განიცადა ცივ ომში. ევროპაში სტრატეგიული სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და შეიქმნა ხელშეკრულების ახალ რეალობებთან ადაპტირების მეტად რთული პრობლემა. ამ პრობლემის გადაწყვეტა დაიწყეს მხოლოდ 1997 წელს. ამის ერთი მიზეზი იყო ხელშეკრულების მონაწილეთა თანხმობა იმის თაობაზე, რომ ჯერ უნდა შესრულდეს ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად შემცირდეს ეროვნული შეიარაღებული ძალები, შემდეგ კი გამოიძებნოს ახალი სიტუაციისადმი ადაპტირების გზები. მეორე მიზეზი იყო ის, რომ საკითხი ხელშეკრულებაში ცვლებების შესახებ მჭიდრო კავშირში იყო ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების პრობლემასთან.
საკვანძო საკითხები
|
სამხედრო ძალის როლი გლობალიზაციის ეპოქაში
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოვლენათა განვითარებამ მკაფიოდ აჩვენა, რომ სამხედრო ძალის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში არ არის ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული. იგი დამოკიდებულია მის ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე (ამის ნათელი დასტურია ბირთვული იარაღის გამოჩენა მისი ირაციონალური დამანგრეველი ძალით), ასევე საერთაშორისო ურთიერთობაათა სისტემაზე. ამიტომაც, 90-იან წლებში, როდესაც დაემხო ევროპაში მემარცხენე ტოტალიტარული რეჟიმები და დაიშალა საბჭოთა კავშირი, წინ წამოიწია პრინციპულმა საკითხებმა, თუ როგორი უნდა იყოს სამხედრო ძალის როლი საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ ფორმირებად სისტემაში და როგორია საკუთრივ ამ სისტემის ბუნება, მოხდება თუ არა საგარეო პოლიტიკური ქცევის ადრინდელ მოდელებთან და სტრატეგიებთან შემოტრიალება, რომელიც დამყარებული იყო სამხედრო ძალაზე, თუ წარმოიქმნება ახალი - განსხვავებული როგორც ბიპოლარულისაგან, ისე ამ უკანასკნელის წინა სისტემისაგან და სამხედრო ძალა შეიძენს დიდწილად ახალ განზომილებებსა და ფუნქციებს. ეს კითხვები სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში ფართო განხილვის საგნად იქცა.
ზოგადი თვალსაზრისით ჩამოყალიბდა ორი პრინციპულად განსხვავებული მოსაზრება 90-იან წლებში ფორმირებად საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის, და შესაბამისად მასში სამხედრო ძალის როლის შესახებ. პირველი ემყარება იმ აზრს, რომ ბიპოლარული სისტემის დაშლის შემდეგ მსოფლიო დაიყო გარკვეულ მსხვილ წარმონაქმნებად ან ერთობებად, რომლებიც ცივილიზაციური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს და ამ მიზეზით, ადრე თუ გვიან, ერთმანეთს დაეჯახებიან გადაულახავი წინააღმდეგობებით და კონფლიქტებით. ამ სახის ყველაზე ცნობილი კონცეფცია ეკუთვნის ს. ჰანთინგთონს. იგი მომავალ მსოფლიო პოლიტიკას ახასიათებს, როგორც ცივილიზაციათა შეჯახებას, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ენით, ისტორიით, რელიგიით, ტრადიციებით, ინსტიტუტებით და ადამიანთა სუბიექტური თვითიდენტიფიკაციით.
„მსოფლიო პოლიტიკა... შედის ახალ ფაზაში... ახალ მსოფლიოში კონფლიქტების მთავარ წყაროს წარმოქმნის არა იდეოლოგია და ეკონომიკა, არამედ ძირითადად განსხვავება კულტურებში. ნაციონალური სახელმწიფოები დარჩებიან ყველაზე ძლიერ ძალად მსოფლიო საქმეებში და ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტები მოხდება ნაციებს ან მათ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც სხვადასხვა ცივილიზაციებს ეკუთვნიან. ცივილიზაციათა განყოფის ხაზები მომავალში ქცევა ცხელ წერტილებად.“ ს. ჰანთინგთონი |
თუკი ეს თვალსაზრისი სამართლიანია, მაშინ სამხედრო ძალა დაიბრუნებს არა მხოლოდ თავის ტრადიციულ როლს, არამედ შესაძლებელია შეიძენს ახალ, უფრო დიდ მნიშვნელობას.
მომავალი საერთაშორისო ურთიერთობების მეორე ხედვა ეფუძნება ამერიკელი ფილოსოფოსის ფ. ფუკუიამას კონცეფციას. მისი შეხედულებით წარმოიქნება უნივერსალური ცივილიზაცია, რომელიც მოიცავს დედამიწის ყველა მნიშვნელოვან რეგიონს და დაეფუძნება დასავლური საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ლიბერალურ ფასეულობებს.
„ძნელია თავი დააღწიო შეგრძნებიდან, რომ მსოფლიო ისტორიაში ხდება რაღაც ფუნდამენტური... ჩვენს თვალწინ XX საუკუნე მოცული იყო იდეოლოგიური ძალადობის პაროქსიზმით და ლიბერალებს თავდაპირველად მოუხდათ ბრძოლა აბსოლუტიზმის ნარჩენების წინააღმდეგ, შემდეგ ბოლშევიზმისა და ფაშიზმის, და ბოლოს ახალი მარქსიზმის წინააღმდეგ, რომელიც ქმნიდა ბირთვული ომის აპოკალიფსისში ჩვენი ჩათრევის საფრთხეს. მაგრამ ეს საუკუნე, დასაწყისში ესოდენ დარწმუნებული დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფში, ამჟამად, დასასრულში, ბრუნდება იმასთან, რითაც დაიწყო: არა არც თუ ისე დიდ ხნის წინ ნაწინასწამეტყველებ „იდეოლოგიის დასასრულთან“ ანდა კაპიტალიზმისა და სოციალიზმის კონვერგენციასთან, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზმის უპირობო გამარჯვებასთან.“ ფ. ფუკუიამა |
თუკი ფუკუიამა მართალია, მაშინ სამხედრო ძალა აუცილებლად დაკარგავს თავის მნიშვნელობას მისი გამოყენება მოხდება მხოლოდ „ლიბერალური სამყაროს“ საზღვრებს გარეთ - პლანეტის იმ ადგილებში, რომლებიც რჩებიან ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებული ცივილიზაციის ტრიუმფის ზონის გარეთ.
ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რომელი კონცეფციაა ადექვატური - ცივილიზაციათა შეჯახების ისტორიის დასასრულისა თუ მრავალპოლუსინი მსოფლიოს თანამედროვე მსოფლიო განვითარების რეალიებისა? იქნება თუ არა XXI საუკუნის მსოფლიოში XVII-XVIII ევროპული ძალთა ბალანსი აღდგენილი? ეს საკმაოდ რთული კითხვები და მათზე ჯერ არ მონახულა ერთმნიშვნელოვანი პასუხი. ყველაზე ზოგადი თვალსაზრისით პრობლემა არსი შემდეგი სახისაა: შესაძლებელია თუ არა რეალურად არსებული მრავალფეროვნება, უპირველესად ცივილიზაციური და კულტურული, განხილული იყოს როგორც მრავალპოლუსიანი ტრადიციული ინტერპრეტირების თვალსაზრისით, რამდენად მოახდენენ კულტურული განსხვავებები სამხედრო კონფრონტაციის საფუძვლების შექმნას.
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, როგორც უკვე ითქვა, ჯერჯერობით არ იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ სამხედრო ძალა თანდათანობით ირიყება მსოფლიო პოლიტიკიდან. ლოკალური და რეგიონული სამხედრო კონფლიქტები, რომელთა უმრავლესობაშიც შიდა დაპირისპირება მჭიდრო კავშირშია სახელმწიფოთაშორის შეტაკებებთან, რჩება განვითარებადი სამყაროს ზონის დამახასიათებელ ნიშნად. ამას ადასტურებს სამოქალაქო ომები ავღანეთსა და ტაჯიკეთში, უმძაფრესი ეთნიკური კონფლიქტები აფრიკაში, რომელთაგან მრავალსაც თან ახლავს ფაქტობრივი გენოციდი. დაძაბული ვითარება შენარჩუნებულია შუა აღმოსავლეთში, უპირველესად ერაყის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ავანტურისტული პოლიტიკის შედეგად. მეტად სახიFფათო სამხედრო დაპირისპირების კერად შეიძლება იქცეს კორეის ნახევარკუნძული. აფრიკის მრავალ რეგიონში არსებობს კონფლიქტების საფრთხე. თურქეთსა და საბერძნეთს, თურქეთსა და კვიპროსს შორის წინააღმდეგობებს შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვეს.
ყოფილ სსრკ-ში, იუგოსლავიაში, ასევე ალბანეთში კომუნისტური რეჟიმების კრახს თან ახლდა სამხედრო ძალადობისა და კონფლიქტების წარმოქმნა, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე არ არის. ზოგიერთი სპეციალისტი სვამს საკითხს „არასტაბილურობისა და კონფლიქტების ახალი სატრყელის, რკალის“ ფორმირების შესახებ, რომელიც ბალკანეთიდან გადის მოლდოვაზე, ყირიმზე, კავკასიაზე, კასპიის რეგიონზე და შემდეგ ტაჯიკეთსა და ავღანეთზე.
ლოკალური და რეგიონული კონფლიქტების სიცოცლისუნარიანობამ წარმოქმნა სამხედრო ძალის გამოყენების ახალი ფორმები. მათ რიცხვში პირველ რიგში შედის სამშვიდობო ოპერაციები. მათში სამხედრო ძალები გამოიყენება მშვიდობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობისათვის, როგორც სახელმწიფოთა შიგნით, ისე სახელმწიფოთა შორის. ამგვარი ოპერაციების სპეციფიკას ის წარმოადგენს, რომ ისინი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების, პირველ რიგში გაერო-ს მანდატით. ამგვარ ოპერაციებს განეკუთვნება ე.წ. „მშვიდობის იძულება“, როდესაც სამშვიდობო ძალები ატარებენ სამხედრო ოპერაციებს, აგრესიის უვნებელსაყოფად და სტატუს ქვოს შესანარჩუნებლად. „მშვიდობის იძულების“ ეფექტური მაგალითი გახდა ერაყის წინააღმდეგ ჩატარებული სამხედრო ოპერაცია, ცნობილი „უდაბნოს ქარიშხლის“ სახელწოდებით. მის შედეგად აღდგა ქუვეითის დამოუკიდებლობა, რომელიც ერაყს ჰქონდა დაპყრობილი აგრესიის, არაპროვოცირებული ომის შედეგად. ყოველივე ამის შედეგად არსებითად შეიზღუდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის უნარი ისევ გაამწვავოს სამხედრო-პოლიტიკური ვითარება რეგიონში.
თუმცა ყველა სამშვიდობო ოპერაციას როდი სდევს თან წარმატება. ამგვარად, წარუმატებლად დასრულდა სამშვიდობო ოპერაცია სომალიში, სადაც ვერ მოხერხდა ტომთაშორისი ომის ჩაცხრობა, რამაც ფაქტობრივად სახელმწიფოებრიობის კრახი გამოიწვია. არაეფექტური გამოდგა რამდენიმე ოპერაცია აფრიკაში, დიდ ტბების რეგიონში, სადაც მიმდინარეობს ცხარე ეთნიკური ბრძოლები. არსებობს სხვა მსგავსი მაგალითებიც. თუმცა ამგვარი წარუმატებლობანი ვერ ფარავენ სულ უფრო აშკარად გამოხატულ ტენდენციას - სამხედრო ძალა განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიყენება არა ტრადიციული მიზნებისათვის, ტერიტორიებისა და რესურსების წყაროების ხელში ჩაგებს და ა.შ. (თუმცა ეს სულაც არ არის მოსპობილი), არამედ საერთაშორისო სამართალწესრიგის აღსადგენად, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების შესაქმნელად, აუცილებელი ჰუმანიტარული აქციების განსახორციელებლად.
გარდა ამისა, 90-იან წლებში იკვეთება სამხედრო ძალის „ძალისაგან გამოცლის“ ტენდენცია, რომელიც არც თუ ისე იშვიათად უძლურია გადაწყვიტოს ესა თუ ისე პოლიტიკური პრობლემები. ამის ნათელია მაგალითია აშშ-ის მარცხი ინდოჩინეთში. სამხედრო თვალსაზრისით გაცილებით უფრო ძლიერმა ამერიკულმა არმიამ ვერ შეძლო უპირობო გამარჯვების მოპოვება, რაც ვაშინგტონს საშუალებას მისცემდა ამ რეგიონში საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის მიეღწია. პრაქტიკულად ანალოგიური მაგალითია საბჭოთა კავშირის კრახი ავღანეთის ომში. შესაძლოა მსგავსი ტენდენციის შესახებ ვილაპაკოთ ჩეჩნეთის დაუსრულებელ კონფლიქტთან დაკავშირებითაც. „ძალისაგან გამოცლის“ სხვა გამოვლინება გახდა მთელ რიგ ლოკალურ კონფლიქტებში ერთგვარი ჩიხის სიტუაციის შექმნა, როდესაც ხანგრძლივი საომარი მოქმედებები ძალებისაგან ცლიდა ორივე მხარეს და არც ერთი მათგანის გამარჯვებას არ იწვევდა.
ამასთან ერთად, მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ 1999წ. მარტ-ივნისში ნატო-ს მიერ განხორციელებულმა ოპერაციამ წარმოაჩინა მთელი რიგი პრობლემებისა, სირთულეებისა და წინააღმდეგობებისა, რომელიც ახასიათებს საერთაშორისო ურთიერთობების ამჟამინდელ სისტემას და რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო ძალის როლთან ახალ ფორმირებად სამხედრო-პოლიტიკურ პირობებში. რა შეუძლია და რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო თანამეგობრობამ ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის შემთხვევაში და უფრო მეტიც, ფაქტობრივი გენოციდის შემთხვევაში, რომელსაც ახორციელებენ ესა თუ ისე დანაშაულებრივი რეჟიმები? რამდენად ეფექტურია ამგვარი ექსცესების მოსპობისათვის გაერო, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი უსაფრთხოების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის წარმოიქნება უთანხმოება ამგვარი სახის რეჟიმების წინააღმდეგ კონკრეტული მოქმედებების შესახებ? გამოიწვევს თუ არა სამხედრო ძალის გამოყენება, რომელიც პრობლემათა ერთ კომპლექსს წყვეტს, მთელი რიგი ახალი, არა ნაკლებ რთული პრობლემების წარმოქმნას? ისიც საინტერესოა, გახდება თუ არა რუსეთი, ჯიუტი პოზიციის გამო, რომელიც არ შეესაბამება მის რეალურ ძალას, „გარიყული სახელმწიფო“?
უკვე შეიძლება რამდენიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა, თუმცა ბალკანეთის ომის შედეგები კიდევ დიდხანს იქნება სათანადო ანალიზის საგანი. პირველ რიგში ნათელია, რომ კიდევ ერთხელ თვალსაჩინო ხდება სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობებისა და მსოფლიო სტრატეგიული პირობების დენუკლერიზაციის ტენდენცია. იმ გარემოებამ, რომ რუსეთი წარმოადგენს სიძლიერით მეორე ბირთვულ სახელმწიფოს, არ დაეხმარა მას მიეღწია საკუთარი მიზნებისათვის კონფლიქტში, პირველ რიგში არ დაეშვა სერბიის დაბომბვა. თავის მხრივ, სამი ბირთვული სახელმწიფო, აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი, მილოშევიჩის რეჟიმთან ომის პირობებში, არანაირად არ აკეთებდნენ აქცენტს თავინათ ბირთვულ პოტენციალსა და ატომურ სტატუსზე.
შემდეგი - ნატო-მ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა არა მხოლოდ მილოშევიჩის რეჟიმზე, რომელიც აიძულა მიეღო რამბუიეში შეთავაზებული პირობები, არამედ მრავალრიცხოვან სკეპტიკოსებზეც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მძიმე და სისხლიმღვრელი სახმელეთო ოპერაციის გარეშე შეუძლებელია ამ ომში წარმატების მიღწევა. გარდა ამისა, ნატო-მ განიმტკიცა უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურის სტატუსი ევროპა-ატლანტიკის რეგიონში, რომელსაც შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს სამხედრო ძალა ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნებისათვის. და ბოლოს, საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში დამკვიდრდა სამხედრო ძალის წარმატებული გამოყენება ჰუმანატარული მიზნებისათვის - მასობრივი ძალადობისა და ეთნიკური წმენდის შესაყვეტად, გაერო-ს სანქციის გარეშე.
იმავდროულად მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ ნატო-ს ოპერაციის შედეგები უფრო ხანგრძლივვადიან პერსპეტივაში საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ნათელი არ არის, თუ რამდენად წარმატებული იქნება წესრიგის აღდგენა კოსოვოში, როგორია კოსოვოს განთავისუფლების არმიის პოლიტიკური მომავალი, ხომ არ გამოიწვევს კოსოვოში მოვლენათა განვითარება ალბანურ ექსპანსიას რეგიონში დიდი ალბანეთის შექმნის მიზნით (რისი დასტურიცაა დაპირისპირება მაკედონიაში) და როგორ გავლენას იქონიებს ყოველივე ეს სტაბილურობაზე ბალკანეთის ამ ნაწილში. მაგრამ ყველაზე წინააღმდეგობრივი და რთულია იუგოსლავიაში ომის გავლენა გაერო-სა და ეუთო-ს პოლიტიკურ მომავალზე. ერთიც და მეორეს, ფაქტობრივად, უძლურნი აღმოჩდნენ შეეჩერებინათ ეთნიკური წმენდა და გენოციდის აქციები კოსოვოში. ყოველივე ამან გამოიწვია მათი გავლენისა და ავტორიტეტის მნიშვნელოვანი შემცირება მსოფლიო პოლიტიკაზე და კოსოვოს პრობლემის მოწესრიგების პრინციპული საკითხები წყდებოდა გაერო-ს ფარგლებს გარეთ - „შვიდეულისა“ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებზე. ასევე გაურკვეველი და ფაქტობრივად ჩამოუყალიბებელი რჩება რუსეთის პოზიცია.
საგულისხმოა, რომ განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოთა ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ივსება მათი პოლიტიკური ერთიანობით. ამის ცივილიზაციურ საფუძველს წარმოადგენს ლიბერალური ფასეულობები. ხდება თანდათანობითი დაახლოება ახალი ქვეყნებისა და საზოგადოებებისა შესაბამის ფასეულობებთან და ინსტიტუტებთან. პრაქტიკული თვალსაზრისით, ევროატლანიტიკური რეგიონის სახელმწიფოების ერთობა გამოიხატა შენარჩუნებით და 90-იანი წლების მეორე ნახევრდიდან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების გაფართოებით. ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციისაგან განსხვავებით, რომელიც კომუნისტური რეჟიმების დამხობისთანავე გაქრა მსოფლიოს სტრატეგიული რუქიდან, ნატო არა მხოლოდ შენარჩუნდა ცივი ომის დასასრულის შემდეგ, არამედ თანდათანობით იძენს ახალ ფუნქციებსა და ისახავს ამოცანებს, როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო ხასიათისას.
სტარტეგიული და კონცეპტუალური თვალსაზრისით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მადრიდის 1997წ. ზაფხულის სესიის გადაწყვეტილებები ბევრად სცილდება ამ ორგანიზაციაში რამდენიმე ახალი წევრის მიღების ფაქტს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან. ამ გადაწყვეტილებებმა ფაქტობრივად შეაჯამეს დასავლეთის მმართველი წრეების მიერ ახალი რეალობების გააზრება, რაც შეიქმნა ცივი ომის შეწყვეტის შემდეგ. უპირველეს ყოვლისა, დადასტურდა ის, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნები ერთმანეთთან თანამშრომლობასა და ნატო-ს - როგორც უმთავრეს მტვირთავს კონსტრუქციისა და მთავარ მექანიზმს ანტლანტიკური სოლიდარობის განხორციელებისათვის. ამ თვალსაზრისით ნატო-ს დაწყებული გაფართოება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ელემენტს დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიული გეზისა, რომელიც ეფუძნება საერთო პოლიტიკის ერთობლივი ძიების იმპერატივებს, რომელიც მიმართული წარმოქმნილი პრობლემების მოსასპობად. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუ ცივი ომის დასრულების შემდეგ გაქრებოდა ნატო-ს არსებობის აზრი, მაშინ ამ ორგანიზაციის გაფართოებას არ მოხდებოდა.
საბჭოთა კავშირისა და მის მეთაურობით არსებული სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის კრახის შემდეგ, ნატო გამოდის არა მარტო როგორც სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც წარსულში უპირისპირდებოდა ვარშავის ბლოკს, არამედ სულ უფრო მეტად როგორც ატლანტიკური რეგიონის ქვეყნების შეთანხმებული პოლიტიკური და სამხედრო ხაზის მექანიზმი. ეს მექანიზმი იქმნება არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების დაცვის აუცილებლობიდან ანდა ამა თუ იმ კონკრეტული საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობიდან. იგი ასევე წარმოქმნილია მათი პოლიტიკური კულტურის ღრმა ერთობით, სამყაროს მსგავსი ხედვით და მათი ადგილით მასში, ერთიანი ლიბერალური ფასეულობებით, რომელიც განსაზღვრავს მათი პოლიტიკური სისტემების ერთობას. სხვა სიტყვებით, ნატო ფაქტობრივად გარდაიქმნა წმინდა სამხედრო კავშირიდან ერთ-ერთ ცენტრალურ მექანიზმად ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის სახელმწიფოთა საერთო ინტერესების განსაზღვრისა და რეალიზაციისათვის, უფო მეტიც ატლანტიკური ცივილიზაციის გამოხატულებად. ამ თვალსაზრისით, ნატო-ს გაფართოება იმის დასტური გახდა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები განიხილება ამ ცივილიზაციის შემადგენელ ნაწილებად.
დემოკრატიულ, განვითარებული მრეწველობის ქვეყანათა რიცხვი თანდათანობით იზრდება და იერთებს ცენტრალური, აღმოსავლეთი, სამხრეთ ევროპის სახელმწიფოებსაც. ამ პროცესს ხშირ შემთხვევაში თან ერთვის მნიშვნელოვანი ძვრები ცივილიზაციურ და კულტურულ მოდელებში. ამის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს სამხრეთ ევროპის ქვეყნები, სადაც ჯერ კიდევ XX ს. შუახანებში დომინირებდნენ ტრადიციული ფასეულობები. ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში ისინი ეფუძნეოდნენ მასობრივ აზროვნებაში ღრმად ჩაბეჭდილ კათოლიციზმს. დღეისათვის კი ამ ზონაში სულ უფრო და უფრო ვრცელდება სამყაროს სამოქალაქო, საერო ხედვა და სხვა ლიბერალური კულტურული პარადიგმები. უფრო რთულად არის საქმე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისა და იაპონიის შემთხვევაში, რომლებიც ჩართულნი არიან დასავლეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემაში, მაგრამ იმავდროულად ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციულ კულტურულ თვისებურებებს.
და მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნებში თანდათანობით მკვიდრდება დემოკრატიის სპეციფიკური აზიური ფორმა, რომელიც ნებისმიერი, დემოკრატიული საზოგადოებისათვის დამახასიათებელ პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ნორმებს უსადაგებს ორიენტაციის შენარჩუნებს ისეთ ფასეულობებზე, როგორიცაა ოჯახი, განათლება, სოციალური დისციპლინა და პასუხისმგებლობა.
ამგვარად, მოვლენათა განვითარება 90-იან წლებში ადასტურებს ეკონომიკურად განვითარებული და დემოკრატიაზე ორიენტირებული სახელმწიფოების ზონის ფორმირების ტენდენციის არსებობას. ამ სახელმწიფოებს პოლიტიკური კულტურის დაახლოებული ფორმები გააჩნიათ, რომელიც თანდათანობით ვრცელდება ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის სულ ახალ-ახალ რეგიონებზე. ამ სახელმწიფოთა ერთმანეთთან ურთიერთობებში სამხედრო ძალა თანდათანობით კარგავს თავის მნიშვნელობას არა მხოლოდ საერთო დემოკრატიული ნორმების არსებობისა და წინააღმდეგობათა გადაწყვეტის საერთო პრინციპების გამო, არამედ ასევე სულ უფრო ღრმა ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების მიზეზითაც. ამასთან ერთად, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა მოიცავს შესაძლებელია გაცილებით უფრო ვრცელ რეგიონებსაც, სადაც ბატონობს ტრადიციული ნორმები და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის მექანიზმები და რომლებიც ორიენტირებულია სამხედრო ძალის ფართო გამოყენებაზე. საერთაშორისო ურთიერთობათა ამ ორი სისტემის გაყოფის ხაზები მეტად უცნაურია და ზოგიერთ გეოგრაფიულ რეგიონში, მაგალითად ბალკანეთზე ისინი ერთმანეთსაც კვეთენ.
ამგვარად, 90-იან წლებში ხდებოდა მსოფლიო პოლიტიკაში სამხედრო ძალის ფუნქციებისა და როლის ახალი ტრანსფორმაცია. მისი ტრადიციული გამოყენების გეოგრაფიული არეალების შემცირებასთან ერთად მიმდინარეობს მისი ცალკეული კომპონენტების შეფარდების შეცვლა. ეს უკანასკნელი უკავშირდება ბირთვული იარაღის როლის სერიოზულ და მეტად წინააღმდეგობრივ ტრასფორმაციას. როგორც უკვე აღინიშნა, 60-იანი წლების დასაწყისში კარიბის კრიზისის შემდეგ ბირთვული იარაღი გახდა არა ომის წარმოების საშუალება, არამედ აგრესიის შეკავების ინსტრუმენტი, რომელიც პირველ რიგში ხორციელდებოდა საკუთრივ ბირთვულ იარაღის გამოყენებით. ბირთვული იარაღის ამ ფუნქციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ბიპოლარულ სისტემაში, რომლის საფუძველშიც ძევს ორი ურთიერთგამომრიცხავი სოციალური სისტემის შეურიგებელი დაპირისპირება. მაგრამ თუ ამგვარი აგრესიის საფრთხე ქრება. პოლიტიკურ-იდეოლოგიური დაპირისპირება კი წარსულს ჩაბარდა, ბირთვული იარაღის ეს „ზეამოცანაც“ კარგავს თავის მნიშვნელობას.
საკვანძო საკითხები
|
კითხვები და დავალებები:
რატომ შეიცვალა სამხედრო ძალის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში II მსოფლიო ომის შემდეგ?
რა როლი ენიჭებოდა სამხედრო ძალას ბიპოლარული სისტემის არსებობის პირობებში?
რა გავლენა მოახდინა ბირთვულმა იარაღმა საერთაშორისო ურთიერთობებზე?
რამდენად ქმედითი გამოდგა „ბირთვული ურთიეთშეკავება“?
რამდენად შეიცვალა სამხედრო ძალის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში გლობალიზაციის ეპოქაში?
დაახასიათეთ თანამედროვე სამშვიდობო ოპერაციები.
ლიტერატურა:
G. Alperovitz, Atomic Diplomacy: Hiroshima and Potsdam: The Use of the Atomic Bomb and the American Confrontation with Soviet Power (New York, Simon & Shuster, 1965).
M. Cox, United States Foreign Policy Since the End of the Cold War (London: Pinter, 1995).
F. Hallliday, Rethinking International Relations (London: Macmillan, 1994).
M. Hogan (ed.), The End of the Cold War: Its Meanind and Implications (Cambridge: Univ. Press, 1992).
K.J. Holsti, War, the State, and the State of War (Cambridge: Univ. Press, 1996).
J. Mearsheimer, Back to the Future Instability After the Cold War, International Security, 15 (1), 1990.
J.A. Vasquez, The War Puzzle (Cambridge: Univ. Press, 1993).
![]() |
8 VII. ეკონომიკის გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
XX საუკუნის შუა ხანებისათვის გაბატონებული იყო აზრი, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ხასიათი ძირეულად განსხავდებოდა XIX საუკუნეში არსებული ანალოგიური ურთიერთობებისაგან. XIX საუკუნეში არსებობდა მტკიცე რწმენა, რომ ეკონომიკური განვითარებას მთავარ გარანტიას თავისუფალი ბაზარი წარმოადგენდა, რომელიც გარკვეულწილად დამოუკიდებელი იყო სახელმწიფო-საგან. მაგრამ ამ რწმენამ ვერ გაუძლო ვერც ორ მსოფლიო ომს და ვერც 1929 წლის ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ეკონომიკური ინტერნაციონალიზმის წარუმატებლობა და საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო ეკონომიკური რეორგანიზაციას, რომლის მთავარი აქტორი და მომწესრიგებელი სახელმწიფო გახდა. 1944 წლიდან კი, სწორედ ამ ახალ პრინციპზე დაყრდნობით, საფუძველი ჩაეყარა ე.წ. „ბრეტონ ვუდსის კონსენსუსს“ და ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ომისშემდგომი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების საფუძველი გახდა.
ამ ხანებიდან დაწყებული სულ უფრო თვალსაჩინო გახდა სახელმწიფოს განმსაზღვრელი როლი ვაჭრობის, კრედიტების, შრომისა და პროდუქციის სფეროებში. ბაზრის რეგულაცია შეცვალა სახელმწიფო რეგულაციამ, კერძო ბანკებს ჩაენაცვლენ სახელმწიფო ბანკები და ა.შ. საერთაშორისო მასშტაბით, ეკონომიკური ურთიერთობები უპირველესად იყო სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, და თუ კი მყარდებოდა ზოგიერთი ქვეყნის ჰეგემონია, ეს იყო არსებული პოლიტიკური წესრიგის ლოგიკური გაგრძელება: აუცილებელი იყო, რომ ძალთა ახალ გადანაწილებას შეექმნა საერთო წონასწორობის გარანტიები. ყოველივე ეს ზუსტად შეესაბამებოდა ეკონომიკური განვითარებისა და ჩამორჩენის დაძლევის ლოგიკას. მრავალი ინტელექტუალი ხაზს უსვამდა, რომ ამგვარი „მაკროეკონომიკური კაპიტალიზმი“ წარმოადგენდა მისი წინამავალი „მიკროეკონომიკური კაპიტალიზმის“ პირმშოს.
1945 წლის შემდეგ სწორედ დასავლური სახელმწიფოების პოლიტიკური ნებით მოხდა ეკონომიკური ურთიერთკავშირების განვითარების მიზნით მრავალმხრივი სისტემის ჩამოყალიბება. ბრეტონ ვუდსის სისტემის ინსტიტუტები (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) მასში ფუძემდებლურ როლს ასრულებენ. მათი ერთ-ერთი ამოცანაა 30-იანი წლების დესტაბილიზაციის მსგავსი შოკისაგან თავის არიდების მექანიზმების შექმნა, იმავდროულად კი მიღწეულ იქნა საერთაშორისო შეთანხმება საბაჟო ტარიფებსა და ვაჭრობაზე. ყოველივე ამან კი შემდგომისათვის სათანადო პირობები შექმნა და ინსტიტუციონალური ჩარჩოთი უზრუნველყო ვაჭრობის აღმავალი ლიბერალიზაცია. ინტერნაციონალიზაციის მოძრაობამ ახალი ძალა შეიძინა და მალე მსოფლიო კიდევ ერთი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა.
თანდათანობით მოხდა საფინანსო ბაზრების ლიბერალიზაცია, ახალი ძალა შეიძინა თავისუფალმა ვაჭრობამ და საერთაშორისო ეკონომიკურ წესრიგს გაუჩნდა იმის ძალა, რომ საკუთარი კანონები მოეხვია თავს პოლიტიკისათვის. თითქოს XIX საუკუნის ცივილიზაცია ფენიქსივით ფერფლიდან აღდგა, ბუნებრივია ახალი „სამოსით“. იმავდროულად დაიწყო რევოლუცია კომუნიკაციების სფეროში. წინ წამოიწია ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების საშუალებით მშვიდობის მიღწევის ლიბერალურმა კრედომ. დაიწყო გაერთიანებათა პროცესი, რაც უპირველესად თვალსაჩინო იყო საბანკო სფეროში. ეკონომიკური გლობალიზაცია თანდათანობით უფრო გამოკვეთილ სახეს იღებდა.
ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი
ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი, მიუხედავად გარკვეული „იდეური თანმთხვევისა“ XIX ს-ში არსებულ სიტუაციასთან, მკვეთრად განსხვავდება თავისი ბუნებითა და მოქმედების ფორმით მსოფლიოში ადრე არსებული ურთიერთობებისაგან: მიმდინარეობს საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის ინტენსიფიკაცია და იგი სულ უფრო კომპლექსურ ხასიათს იღებს. ეს უპირველესად ეხება კაპიტალის მობილურობის გაზრდას.
80-იანი წლებიდან იწყება ფართო გარღვევა მსოფლიო ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, რაც გამოიხატა ეკონომიკაზე სახელმწიფოს „ზრუნვის“ შემცირებით, კერძო მეწარმეობისათვის უფრო მეტი თავისუფლების მიცემით ქვეყნის შიგნით და პროტექციონიზმზე უარის თქმით უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებში, რაც მართალია არ გამორიცხავს სახელმწიფოს დახმარებას მსოფლიო ბაზარზე გასვლისათვის. უპირველესად სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია მთელი რიგი ქვეყნების - სინგაპურის, ჰონკონგის, ტაივანის, სამხრეთ კორეის ეკონომიკების არნახულად სწრაფი განვითარების ტემპები. თუმცა ისიც ხაზგასასმელია, რომ 90-იანი წლების მიწრულს ამ ქვეყნებში მეტად საგრძნობი ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.
კრიზისი, რომელშიც მოხვდა სამხრეთ-აზიის ზოგიერთი ქვეყანა, მრავალი ეკონომისტის თვალსაზრისით, იყო მათი ეკონომიკების „გადახურების“ შედეგი, მათი არნახული სისწრაფით განვითარება და იმავდროულად არქაული პოლიტიკური სტრუქტურების შენარჩუნება, რომლებიც ეკონომიკური ლიბერალიზაციის დეფორმაციას ახდენენ. |
თურქეთში ეკონომიკურმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ამ ქვეყნის სწრაფ მოდერნიზაციას. 90-იანი წლების დასაწყისიდან ლიბერალიზაციის პროცესი შეეხო ლათინური ამერიკის ქვეყნებსაც - არგენტინას, ბრაზილიას, ჩილის, მექსიკას. მკაცრ სახელმწიფო დაგეგმარებაზე უარის თქმამ, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებამ, მსხვილი ბანკებისა და სახელმწიფო დაწესებულებების პრივატიზაციამ, საბაჟო ტარიფების შემცირებამ, მათ შეაძლებინა მკვეთრად გაეზარდათ ეკონომიკური ზრდის ტემპები და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გასულიყვნენ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების შემდეგ. იმავდროულად ანალოგიური რეფორმები, თუმცა გაცილებით ნაკლებად რადიკალური სახის, გზას იკვლევენ ინდოეთში. 90-იანი წლებიდან ნაყოფს იმკის ჩინეთის ეკონომიკის მსოფლიოსათვის გახსნა.
ამ პროცესების ლოგიკური შედეგი გახდა ნაციონალურ ეკონომიკათა საერთაშორისო ურთიერთქმედების მკვეთრი აქტივიზაცია. საერთაშორისო ვაჭრობის ზრდის ტემპები აღემატება შიდაეკონომიკური ზრდის მსოფლიო ტემპებს. დღეს მსოფლიო საერთო პროდუქტის 15%-ზე მეტის რეალიზაცია ხდება უცხოურ ბაზრებზე. საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვა მსოფლიო თანამეგობრობის კეთილდღეობის ზრდის სერიოზული და უნივერსალური ფაქტორი გახდა. 1994 წ. GATT-ის ურუგვაის რაუნდით გათვალისწინებულია ტარიფების შემდგომი არსებითი შემცირება და ვაჭრობის ლიბერალიზაციის განვრცობა მომსახურების სფეროებში. GATT -ის გარდაქმნა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციად ნიშნავს საერთაშორისო ვაჭრობის გასვლას თვისობრივად ახალ მიჯნაზე, მსოფლიო მეურნეობის ურთიერთდამოკიდებულების გაზრდას.
უკანასკნელ ათწლეულში იმავე მიმართულებით ვითარდება ფინანსური კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის მეტად გაძლიერებული პროცესი. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა საერთაშორისო ინვესტიციების ნაკადის ინტენსიფიკაციით, რაც 1995 წლიდან უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ვაჭრობა და წარმოება. ეს გახდა მსოფლიოში საინვესტიციო კლიმატის მნიშვნელოვანი შეცვლის შედეგი. დემოკრატიზაციამ, პოლიტიკურმა სტაბილიზაციამ და ეკონომიკურმა ლიბერალიზაციამ მრავალი რეგიონი მიმზიდველი გახადა ინვესტორებისათვის. მეორეს მხრივ, მოხდა ფსიქოლოგიური გარდატეხა მრავალ განვითარებად ქვეყანაში, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ უცხოური კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს ტრამპლინს განვითარებისათვის, აიოლებს გასვლას მსოფლიო ბაზრებზე და ახალი ტექნოლოგიების მოპოვებას უწყობს ხელს. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავდა, აბსოლუტური ეკონომიკური სუვერენიტეტის ნაწილობრივ დათმობას და კონკურენციის გაზრდას მთელი რიგი ადგილობრივი დარგებისათვის. მაგრამ „აზიური ვეფხვებისა“ და ჩინეთის მაგალითმა უბიძგა განვითარებად ქვეყნებისა და გარდამავალი ეკონომიკების მქონე სახელმწიფოებს ჩართულიყვნენ შეჯიბრში ინვესტიციების მოსაზიდად. 90-იანი წლების შუა ხანებში უცხოური ინვესტიციების მოცულობამ გადააჭარბა 2 ტრილიონ დოლარს და კვლავაც სწრაფი ტემპით იზრდება. ორგანიზაციულად ამ ტენდენციას ამაგრებს საერთაშორისო ბანკების, საინვესტიციო ფონდებისა და ფასიანი ქაღალდების ბირჟების აქტიურობის თვალსაჩინო გაზრდა. ამგვარი პროცესის კიდევ ერთი წახნაგია ტრანსნაციონალურ კორპორაციათა მოღვაწეობის ველის არსებითი გაფართოება, რომლებიც დღეს აკონტროლებენ მთელი მსოფლიოს კერძო კომპანიების აქტივების დაახლოებით მესამედს და მათი პროდუქციის რეალიზაციის მოცულობა უახლოვდება აშშ-ის ეკონომიკის ერთიან პროდუქტს.
საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების მთელი ამ ლიბერალიზაციის მიუხედავად, მაინც შენარჩუნებულია გარკვეული წინააღმდეგობები სახელმწიფოთა შორის, როგორც ამას მეტყველებს საკმაოდ ხშირი და ხისტი დავა აშშ-სა და იაპონიას შორის ვაჭრობის დისბალანსის თაობაზე, ანდა აშშ-სა ევროკავშირთან ამ უკანასკნელის მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირების შენარჩუნების გამო. მაგრამ ნათელია, რომ ამჟამად არსებული მსოფლიო ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულების პირობებში, არც ერთ სახელმწიფოს არ შეუძლია დაუპირისპიროს საკუთარი ეგოისტური ინტერესები მსოფლიო საზოგადოებას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მას ემუქრება მსოფლიო „გარიყულად“ გადაქცევა და ამის გარდა იგი დაარღვევს არსებულ სისტემას, რასაც სავალალო შედეგები ექნება არა მარტო მისი კონკურენტებისათვის, არამედ საკუთრივ ამ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც.
მსოფლიო ეკონომიკის სისტემის ინტერნაციონალიზაციისა და ურთიერთდამოკიდებულების გარღმავების პროცესი მიმდინარეობს ორ სიბრტყეზე - გლობალურსა და რეგიონული ინტეგრაციის სიბრტყეზე. თეორიულად, რეგიონულმა ინტეგრაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს რეგიონთაშორის მეტოქეობას. მაგრამ დღეს ეს საფრთხე შემოიფარგლება მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ზოგიერთი ახალი თვისებით. პირველ რიგში ახალი რეგიონული გაერთიანებების გახსნილობით - ისინი არ ქმნიან თავიანთ პერიფერიებზე დამატებით სატარიფო ბარიერებს, და პირიქით, ამცირებენ მის მონაწილეებს შორის ტარიფებს უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხდება გლობალურად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჩარჩოებში. ეს წარმოადგენს სტიმულს ბარიერების შემდგომი, უფრო რადიკალური შემცირებისა მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის რეგიონულ ეკონომიკურ სტუქტურებს შორის. გარდა ამისა, ზოგიერთი ქვეყანა რამდენიმე რეგიონულ დაჯგუფების წევრია. მაგალითად აშშ, კანადა და მექსიკა არიან როგორც ATES-ის, ისე NAFTA-ს წევრები. გარდა ამისა, ტრანსნაციონალურ კორპორაციათა უმრავლესობა ერთდროულად ფუნქციონირებს დღეს არსებულ ყველა ორბიტაში.
მსოფლიო ეკონომიკური სისტემის ახალი თვისებები - საბაზრო მეურნეობის უსწრაფესი ზრდა, ნაციონალურ ეკონომიკათა ლიბერალიზაცია და მათი ურთიერთქმედება ვაჭრობისა და საერთაშორისო ინვესტიციების გზით, მსოფლიო ეკონომიკის სულ უფრო მეტი სუბიექტების - ტრანსნაციონალური კორპორაციების, ბანკების, საინვესტიციო ჯგუფების აღმავალი კოსმოპოლიტიზიცია - სერიოზულ გავლენას ახდენს მსოფლიო პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე. მსოფლიო ეკონომიკა ხდება იმდენად ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთდამოკიდებული, რომ ყველა მისი აქტიური მონაწილის ინტერესები მოითხოვს სტაბილურობის შენარჩუნებას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო-პოლიტიკური კუთხითაც. |
ზოგიერთი მკვლევარი, ეყრდნობა რა იმ ფაქტს, რომ XX საუკუნის დასაწყისის ევროპულ ეკონომიკათა ურთიერთკავშირის მაღლმა ხარისხმა ვერ უზრუნველყო პირველი მსოფლიო ომის თავიდან აცილება, ახდენს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების მაღალი დონის და მისი მნიშვნელოვანი სეგმენტის კოსმოპოლიტიზაციის - მსოფლიო პოლიტიკაში ეკონომიკური და სამხედრო ფაქტორების შეფარდების რადიკალური შეცვლის იგნორირებას. მაგრამ ყველაზე არსებითი საერთაშორისო ურთიერთობების ახალი სისტემის ფორმირებისათვის, არის ის ფაქტი, რომ ახალი მსოფლიო ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნა უშუალო კავშირშია სოციალურ-პოლიტიკური ველის დემოკრატიულ გარდაქმნებთან. გარდა ამისა, უკანასკნელ ხანებში მსოფლიო ეკონონომიკის გლობალიზაცია სულ უფრო მეტად ასრულებს უსაფრთხოების სფეროში მსოფლიო პოლიტიკის სტაბილიზატორის როლს. ეს გავლენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მთელი რიგი სახელმწიფოებისა და საზოგადოებების შემთხვევაში, რომლებსაც ავტორიტარიზმიდან გეზი აღებული აქვთ დემოკრატიისაკენ. ეკონომიკის მასშტაბური და მზარდი დამოკიდებულება, მაგალითად ჩინეთისა, და ასევე სხვა მრავალი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოსა მსოფლიო ბაზრებისაგან, ინვესტიციებისაგან, ტექნოლოგიებისაგან მათ აიძულებს მოახდინონ თავიანთი პოზიციების კორექტირება საერთაშორისო ცხოვრების პოლიტიკურ და სამხედრო პრობლემებთან დაკავშირებით.
ეკონომიკური უთანასწორობა: ჩრდილოეთი და სამხრეთი
ბუნებრივია, მსოფლიო ეკონომიკური ჰორიზონტი უღრუბლო არ არის. მთავარ პრობლემად რჩება უფსკრული ინდუსტრიულად განვითარებულ სახელმწიფოებსა და განვითარებად, ანდა ეკონომიკური თვალსაზრისით სტაგნაციაში მყოფ სახელმწიფოებს შორის. გლობალიზაციის პროცესები პირველ რიგში მოიცავს განვითარებად ქვეყნებს. მრავალი ეკონომისტის თვალსაზრისით, აფრიკული ქვეყნებისა და მთელი რიგი სხვა სახელმწიფოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგალითად ბანგლადეში, სამუდამოდ „ჩამორჩნენ“. მრავალი განვითარებადი ეკონომიკისათვის, კერძოდ ლათინური ამერიკისათვის, მათი მცდელობები მიუახლოვდდნენ მსოფლიო ლიდერებს არარად იქცევა უზარმაზარი საგარეო ვალისა და მისი მომსახურების აუცილებლობის გამო. განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენენ ეკონომიკები, რომლებიც ახდენენ ცენტრალიზებული დაგეგმარების სისტემიდან საბაზრო მოდელზე გადასვლას. მათი გასვლა საქონლის, მომსახურების, კაპიტალის მსოფლიო ბაზარზე განსაკუთრებით მტკივნეულია.
არსებობს ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჰიპოთეზა მსოფლიო პოლიტიკაზე ამ უფსკრულის, კავშირის გაწყვეტის შესახებ, რომელიც აღიწერება, როგორც დაპირისპირება ახალ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. საერთაშორისო ურთიერთობათა მრავალი მკვლევარი ამ გრძელვადიან ფენომენში ხედავენ მომავალი კონფლიქტების მთავარ წყაროს და სამხრეთის მცდელობებსაც კი ძალადობრივი ფორმით გადაანაწილოს მსოფლიოს ეკონომიკური კეთილდღეობა. მართლაც, ამჟამინდელი სერიოზული ჩამორჩენა წინამავალი სახელმწიფოებისაგან ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა ერთიანი პროდუქტის რაოდენობა მსოფლიო ეკონომიკაში პროცენტულად ანდა მოსახლეობის სულადობრივი შემოსავალი, რუსეთს, ინდოეთსა თუ უკრაინას დასჭირდებათ რამდენიმე ათწლეული განვითარების ისეთი აჩქარებული ტემპებისა, რომ მიუახლოვდნენ აშშ-ს, გერმანიის ანდა იაპონიის დონეს და არ ჩამორჩნენ ჩინეთს. იმავდროულად ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ამჟამინდელი ლიდერები ადგილზე არ გაიყინებიან. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ ახლო მომავალში რომელიმე ახალი რეგიონული ეკონომიკური დაჯგუფება, მაგალითად დსთ, ანდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ლათინური ამერიკის ქვეყნების გაერთიანება, შეძლებს მიუხლოვდეს ევროკავშირს, ATES-ს ანდა NAFTA-ს, რომელთაგანაც თითოეულზე მოდის მსოფლიო ერთიანი პროდუქტის, მსოფლიო ვაჭრობისა და ფინანსების 20%-ზე მეტი.
მეორე თვალსაზრისის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია, ეკონომიკური ნაციონალიზმის მუხტის დასუსტება, ის ფაქტი, რომ სახელმწიფოთა სამეურნეო ქმედება არ შეიძლება იყოს თამაში ნულოვანი შედეგით, იძლევა იმის იმედს, რომ ეკონომიკური უფსკრული ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არ გადაქცევა გლობალური კონფრონტაციის ახალ წყაროდ, განსაკუთრებით იმის სიტუაციაში, როდესაც, თუმცა არსებობს ჩამორჩენა ჩრდილოეთიდან აბსოლუტური მაჩვენებლებებით, სამხრეთი მაინც განვითარების გზით წავა და აამაღლებს თავის კეთილდღეობას. აქ ალბათ უპრიანია ანალოგია არსებულ მოდუს ვივენდისთან მსხვილ და საშუალო კომპანიებს შორის ნაციონალური ეკონომიკის ჩარჩოებში: მასშტაბით საშუალო კომპანიები აუცილებლად არ შედიან კონფრონტაციაში ლიდერ კორპორაციებთან და ცდილობენ მოახდინონ განსხვევების ლიკვიდირება მათ შორის ნებისმიერი საშუალებებით. ბევრია დამოკიდებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი გარემოსაგან, რომელშიც ფუნქციონირებს ბიზნესი, ამ შემთხვევაში მსოფლიოსაგან.
მსოფლიო ეკონომიკაში ლიბერალიზაციის და გლობალიზაციის შერწყმა, თვალსაჩინო სარგებელთან ერთად, თავის თავში შეიცავს ფარულ მუქარასაც. ერთის მხრივ ქვეყნებისა და რეგიონების მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთქმედება, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან განვითარების დონით, სამეურნეო სტრუქტურით, კაპიტალის კვლავწარმოების ტემპებითა და პროპორციებით ხელს უწყობს მათში ერთიანი ეკონომიკური მოდელი შექმნას. მეორეს მხრივ კი ინფლაციური პროცესები, უმუშევრობა, სტრუქტურული დისპროპორციები ქმნიან საფრთხეს, რომ ამ პირობებში ზემოთქმული მოვლენები გავრცელდებიან ჯაჭვური რეაქციის კანონებით და მიიღებენ ეპიდემიის ხასიათს, რაც ზოგადად სისტემის თავდაცვით პოტენციას აკნინებს. ცალკეული ქვეყნების მცდელობას წინ აღუდგნენ კრიზისული პროცესების გავრცელებას საკუთარ ნაციონალურ საზღვრებში სხვადასხვა სახის პროტექციონიზმის საშუალებით, შეუძლია გამოიწვიოს სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობების გაზრდა. ამგვარი პროცესები ასევე ხელს უშლის მსოფლიო მეურნეობის ინტერნაციონალიზაციის საერთო ტენდენციას.
სახელმწიფოთაშორისო ინტეგრაციული პროცესები მჭიდრო კავშირშია კორპორატიულ ინტერესებთან, რომელსაც დამატებითი ელემენტი შეაქვს პლანეტის სამეურნეო ცხოვრების ინტერნაციონალიზაციის საერთო პრობლემაში.
კაპიტალის თანამედროვე საერთაშორისო ორგანიზაციამ დასაბამი დაუდო ტრანსნაციონალური კორპორაციების წარმოქმნას, რომელთა რეალიზაციაც ხდება სხვადასხვა სტრუქტურული ფორმებით. ამჟამად არსებობს დაახლოებით 44 ათასი ტრანსნაციონალური კორპორაცია და მათი 276 ათასზე მეტი ფილიალი. ერთობლივად ისინი აკონტროლებენ მსოფლიო მრეწველობის კერძო სექტორის 1/3-ს, მსოფლიო სამრეწველო წარმოების 40%-ს, განვითარებული სამრეწველო ქვეყნების ექსპორტის 90%-ს, პირდაპირი ინვესტიციების 80%-ს. კორპორაციებზე მოდის საერთო მსოფლიო პროდუქტის 30%. მათი აქტივები აღწევს 10 ტრილიონ დოლარს.
კაპიტალის ორგანიზების დღეს არსებული ფორმები ასახავენ საერთაშორისო სამეურნეო მოღვაწეობის მონაწილეთა მოღვაწეობის ახალ მასშტაბებს და ტექნიკურ შესაძლებლობებს. ტრანსნაციონალური კორპორაციები შეიქმნა საწარმოთა სიდიდის ოპტიმაციის მოთხოვნილების შედეგად და ამასთან დაკავშირებულ აუცილებლობასთან მომხდარიყო საწარმოო ძალების ფუნქციონირებისათვის საზღვრების გაფართოება. კაპიტალის ინტერნაციონალიზაცია იწვევს მის უშუალო კავშირის დაკარგვას იმ ქვეყანასთან, რომლიდანაც იგი წარმომავლობითაა და აქცევს მას საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების დამოუკიდებელ ფაქტორად.
ტრანსპორტის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ, კავშირის ახალმა სახეებმა, დამაკომპლექტებელი ნაწილების გამოშვების უმაღლესი დონის სიზუსტემ შექმნა შესაძლებლობა ეროვნული წარმოების ერთიანი ტექნოლოგიური პროცესი დაშლილიყო სხვადასხვა ქვეყნებში ოპტიმალური ეკონომიკური და სოციალური პირობების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს წარმოების მაქსიმალურ უდანაკარგობას და საბოლოო პროდუქტის მასობრივ გამოშვებას.
შრომის საერთაშორისო დანაწილება, სულ უფრო მეტად განიცდის შრომის შიდადარგობრივი დაყოფის ზეგავლენას. ეს კი განისაზღვრება ამა თუ იმ საქონლის ღირებულებითი პირობებით და წარმოების ტექნოლოგიით, რომლებიც მზადდება პლანეტის სხვადასხვა ადგილზე განლაგებულ საერთაშორისო კორპორაციების საწარმოებში. მსოფლიო მეურნეობა თანდათანობით ერთვება ზენაციონალური გიგანტური კორპორაციების კვლავწარმეობის პროცესში. ეს გარემოება იქცა კაპიტალის საერთაშორისო ნაკადებისა და საგარეო ვაჭრობის ინტენსიფიკაციის ძლიერ სტიმულად.
ამასთან ერთად, წარმოიქმნება წინააღმდეგობათა სულ მცირე ორი მსხვილი ჯგუფი: წარმოების ინტერნაციონალიზაციასა და იმ ფორმებს შორის, რომლითაც ხდება დღეს მისი რეალიზაცია და რაც უპირატესობას ანიჭებს მსოფლიო ეკონომიკური პროცესში უფრო განვითარებულ სახელმწიფო და კერძო ფორმებს, ასევე წინააღმდეგობა სახელმწიფო და კორპორატიულ ინტერესებს შორის. 100 ყველაზე მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაცია შექმნილია განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებში. თუკი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის წინააღმდეგობათა გადალახვის მექანიზმი საკმაოდ განვითარებულია და მისი რეგულირება ხდება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების არათანაბრობა კვლავაც არსებობს და იარსებებს.
ტრანსნაციონალურ კორპორაციათა მოღვაწეობა განივრცო განვითარებადი სამყაროს ტერიტორიებზეც და დიდ გავლენას ახდენს იქ იმგვარი ეკონომიკური სტრუქტურის ფორმირებაზე, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება უპირველეს ყოვლისა თავად ტრანსნაციონალური კორპორაციების კვალავწარმოების მექანიზმის ფუნქციონირების ინტერესებს. საწარმოები და მთელი სამრეწველო კომპლექსები, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა, მათ შორის განვითარებად ქვეყნებშიც, ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად დაკავშირებულია უპირველესად არა მოცემული ქვეყნის სამეურნეო სისტემასთან, არამედ იმ საწარმოებთან, რომლებიც შედიან ტრანსნაციონალური კორპორაციის შემადგენლობაში მათი ადგილმდებარეობის მიუხედავად. ტრანსნაციონალური კორპორაციების ფილიალები, რომლებიც უშვებენ ყველაზე თანამედროვე და რთულ პროდუქციას, იყენებენ უახლეს მანქანებსა და ხელსაწყოებს, განვითარებად ქვეყნებში არსებობენ ჯერ კიდევ როგორც თავისებური ზედნაშენი მრავალწახნაგოვან ბაზისზე. არც თუ ისე იშვიათად მეტად უმნიშვნელოდ დაკავშირებულნი ეროვნულ წარმოებასთან, მას ართმევენ სამუშაო ძალის ყველაზე კვალიფიცირებულ ნაწილს, დეფიციტურ ნედლეულს, სარგებლობენ რა ადგილობრივ კაპიტალის ბაზრის მომსახურებით, ტრანსნაციონალური კორპორაციები ახდენენ არაერთგვაროვან გავლენას განვითარებადი ქვეყნების კვლავწარმოებით კავშირებზე, აყალიბებენ შრომის საერთაშორისო დანაწილების იმგვარ ტიპს, რომელსაც გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოახდინოს ამ ქვეყნებში ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ტრანსნაციონალური კორპორაციების საშუალებით განვითარებადი ქვეყნები რეალურად ერთვებიან მსოფლიო ეკონომიკური პროცესის დინებაში, მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები, ინოვაციები, შრომის თანამედროვე ორგანიზაცია, საერთაშორისო ვაჭრობის არხები.
ხაზი უნდა გაესვა, რომ კორპორაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების კონკურენციის მიზანი მოგებაა და არა საბაზრო ეკონომიკის სტაბილურობა. ლიბერალიზაცია ამცირებს კონკურენციის შეზღუდვებს, გლობალიზაცია კი ზრდის მისი მოქმედების ველს. როგორც უკანასკნელმა ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ლათინურ ამერიკაში, რუსეთში, რომელიც ასევე შეეხო მსოფლიოს უკლებლივ ყველა ბაზარს, მსოფლიო მეურნეობის ახალი მდგომარეობა ნიშნავს არა მხოლოდ პოზიტიური, არამედ ნეგატიური ტენდენციების გლობალიზაციასაც. ამის გაცნობიერება აიძულებს მსოფლიო ფინანსურ ინსტიტუტებს გადაარჩინონ სამხრეთ კორეის, სიანგანის, ბრაზილიის, ინდონეზიის, რუსეთის ბაზრები. მაგრამ ეს ერთჯერადი ოპერაციები მხოლოდ გამოკვეთავენ წინააღმდეგობებს ლიბერალური გლობალიზაციის სარგებელსა და მსოფლიო მეურნეობის სიმყარის შენარჩუნების ფასს შორის. მოსალოდნელია, რომ რისკების გლობალიზაცია გამოიწვევს მათი მენეჯმენტის გლობალიზაციასაც, ისეთი სტრუქტურების სრულყოფას, როგორიცაა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო სავალუტო ფონდი და შვიდი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოს ჯგუფი. ისიც ნათელია, რომ გლობალური ეკონომიკის მზარდი კოსმოპოლიტური სექტორი უფრო ნაკლებადაა ანგარიშვალდებული მსოფლიო საზოგადოების წინაშე, ვიდრე ნაციონალური ეკონომიკები სახელმწიფოთა წინაშე.
გლობალიზაციის პროცესი რეალურად მოიცავს ეკონომიკურად ყველაზე წინამავალ პოზიციებზე მყოფ განვითარებად ქვეყნებს, მათ ძირითად ჯგუფს კი კვლავაც მსოფლიო მეურნეობის პერიფერიაზე ტოვებს. 1917წ. რუსეთის რევოლუციამ კარდინალური გზით მოახდინა მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციული პროცესების დეფორმაცია, გამოიწვია მსოფლიო სამეურნეო კავშირებში ხანგრძლივი კრიზისი. ორი სამყარო - ორი სისტემა - ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი პარადიგმა. ორი სისტემის ურთიერთკავშირი ეკონომიკური თვალსაზრისით ფორმალური იყო, საკმაოდ ბუნდოვანი და კონფლიქტური. პოლიტიკური და სისტემური ბარიერები საკმაოდ მყარი იყო, რომ ლაპარაკი იყოს სოციალისტური ქვენების მსოფლიო ეკონომიკაში ფუნქციურ ჩართვაზე. საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის ძირითადი ნაკადები ძირითადად ტრიალებდა ქვეყნების ამ ორი ჯგუფის ჩაკეტილ ორბიტებში.
კონკურენტულ-საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებულიყო ოპტიმალური ანდა რაციონალური მოდელი კვლავწარმოებისა, რომელმაც შექმნა თანამედროვე ტექნოგენური ცივილიზაცია - ლიბერალური დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების საფუძველი და დარტყმა მიაყენა აგრესიული ნაციონალიზმისა და ქსენოფობიის იდეებს, ხალხთა შორის უნდობლობის პოლიტიკას.
სოციალიტურ ქვეყნებში არსებული კვლავწარმოების ანტისაბაზრო მოდელი ხელოვნური წარმონაქნი იყო, წარმოადგენდა იდეოლოგიურ შეხედულებათა ემანაციას. ზრდის შიდა ხელშეწყობის მოტივებს მოკლებული, იგი იწვევდა ბუნებრივი და ადამიანური რესურსების დაცლას და საბოლოოდ კვლავწარმეობის ტემპების შენელებასა და კაპიტალდაბანდებათა ეფექტურობის მოსპობას. მსოფლიო მეურნეობაში სოციალისტურმა ქვეყნებმა ფაქტობრივად ნედლეულის დანამატის სახე მიიღეს. სსრკ-ზე მოდიოდა მაღალი ტექნოლოგიების მსოფლიო წარმეობის მხოლოდ 0,3%. ამ პირობებში კი ვითარდებოდა მხოლოდ სამხედრო მრეწველობა და იარაღის ექსპორტი. დღეს ეს ბარიერი მოხსნილია, მაგრამ ყოფილი სოციალიტური ქვეყნებისათვის ახალი პრობლემები დგას.
90-იან წლებში ყოფილ სოციალისტური ქვეყნების უმრავლესობის მიერ ცენტრალიზებულ გეგმურ ეკონოკიმაზე პრინციპულად უარის თქმა ნიშნავდა მათი პოტენციალისა და ბაზრების ჩართვას საბაზრო ეკონომიკის გლობალურ სისტემაში. თუმცა ამ შემთხვევაში ლაპარაკი არ იყო ორი დაახლოებით თანაბარძალოვანი ბლოკის დაპირისპირების შეწყვეტაზე. სოციალიზმის ეკონომიკური სტრუქტურები არასოდეს არ წარმოადგენდა ღირსეულ კონკურენტს დასავლური ეკონომიკური სისტემისათვის. 80-იანი წლების მიწურულს ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს ქვეყნების ხვედრითი წილი ერთიანი მსოფლიო პროდუქტის წარმოებაში შეადგენდა დაახლოებით 9%-ს, ხოლო განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნებისა - 57%-ს. „მესამე სამყაროს“ ეკონომიკათა უმრავლესობა ორიენტირებული იყო საბაზრო სისტემაზე. ამ მიზეზით, ყოფილ სოციალისტურ ეკონომიკათა ჩართვას მსოფლიო მეურნეობაში უფრო მეტად პერსპექტიული მნიშვნელობა ჰქონდა და წარმოადგენდა ახალ დონეზე ერთიანი გლობალური ეკონომიკური სისტემის ფორმირების ან აღდგენის სიმბოლოს. თვისობრივი ცვლილებები კი საბაზრო ეკონომიკაში დაგროვდა ჯერ კიდევ „ცივი ომის“ დასრულებამდე.
გარდამავალ ეკონომიკათა ქვეყნები, მათ შორის მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩდნენ. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (პირველ რიგში მსოფლიო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებს და პრაქტიკულად არ ითვალისწინებენ ადგილობრივ სპეციფიკას. იმ ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომლებიც ამჯობინებენ (ანდა იძულებულნიც არიან) ბრმად მისდიონ ამგვარი ორგანიზაციების რეკომენდაციებს. რეფორმათა წარუმატებლობაზე კი პრაქტიკულად პასუხიმგებლობას იხსნიან (ხომ არ მოგვაგონებს ეს სიტუაცია საბჭოთა პერიოდში არსებულ ვითარებას, როდესაც ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი ცენტრში - მოსკოვში წყდებოდა და ადგილობრივი პოლიტიკური ხელისუფლების მოვალეობას სულაც არ შეადგენდა ამა თუ იმ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება?)
რაც არ უნდა ითქვას, ნათელია, რომ მსოფლიო პოლიტიკის ახალი ეტაპი წინა პლანზე წამოსწევს თავის ეკონომიკურ კომპონენტს. ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, დიდი ევროპის გაერთიანებას, საბოლოო ჯამში ხელს უშლის არა ინტერესთა წინაღმდეგობა სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში, არამედ სერიოზული ეკონომიკური შეუსაბამობა ერთის მხრივ ევროკავშირს და მეორეს მხრივ პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის. ამის მსგავსად, საერთაშორისო ურთიერთობათა განვითარების მთავარი ლოგიკა, მაგალითად აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, იკარნახება არა იმდენად სამხედრო უსფრთხოების მოსაზრებიდან, რამდენადაც ეკონომიკური გამოწვევებით და შესაძლებლობებით. უკანასკნელი წლების მანძილზე ისეთი საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტები, როგორიცაა „შვიდეული“, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსოფლიო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ATES-ი და NAFTA, აშკარად უტოლდებიან მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენის თვალსაზრისით უსაფრთხოების საბჭოს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, რეგიონულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, სამხედრო კავშირებს და ხშირად აღემატებიან კიდეც მათ. ამგვარად, მსოფლიო პოლიტიკის ეკონომიკიზაცია და მსოფლიო ეკონომიკის ახალი თვისებების ფორმირება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების ამჟამად ფორმირებადი სისტემის უმნიშვნელოვანესი პარამეტრი.
საკვანძო საკითხები
|
კითხვები და დავალებები:
დაახსიათეთ ბრეტონ-ვუდსის სისტემა.
რა ძირითადი მიზეზები განაპირობებს მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციას?
რა სიძნელეები ახლავს მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციას?
რამ განაპირობა ზოგიერთი მკვლევარის აზრით აზიური „ვეფხვების“ ეკონომიკური „გადახურება“?
რა სიძნელეები ახლავს ცენტრალიზებული დაგეგმარების ეკონომიკების გადასვლას საბაზრო რელსებზე?
რამდენად სახიფათოა არსებული ეკონომიკური უფსკრული ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის?
რა როლს ასრულებენ ტრანსნაციონალური კორპორაციები?
ლიტერატურა:
NN.B. Adams, World Apart: The North-South Divide and the International System (London: Zed, 1993).
J. Gavanagh, D. Wysham & M. Arruda (eds.), Beyond Bretton Woods: Alternatives to the Global Economic Order (London: Pluto Press, 1994).
P. Knox & J. Agnew, The Geography of the World Economy (London: E. Arnold, 1994).
R. O'Brien, Global Financil Integration: the End of Geography (London: Pinter, 1992).
T. Porter, States Markets and Regimes in Global Finance (London:Macmillan, 1998).
![]() |
9 VIII. რეგიონალიზმი და ინტეგრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
რეგიონალიზმისა და ინტეგრაციის განსაზღვრება
XXს. 60-იანი წლების მანძილზე, იმ ენთუზიაზმის ტალღაზე, რომელიც მოჰყვა რეგიონული ჯგუფების რაოდენობრივ ზრდასა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებას, რეგიონები საერთაშორისო პოლიტიკაში განისაზღვრებოდა, როგორც „სახელმწიფოთა შეზღუდული რიცხვი, რომელთა კავშირსაც განაპირობებს გეოგრაფიული სიახლოვე და ურთიერთდამოკიდებულების მაღალი დონე. მათი დიფერენცირება კი შესაძლებელია სავაჭრო კავშირების განვითარების, ფორმალური ორგანიზაციების რიცხვისა და მნიშვნელობის, პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულების ხარისხის მიხედვით“ (Nye 1968: vii). ნაი მიიჩნევდა, რომ რეგიონალიზმისა და ინტეგრაციის პროცესი მოიცავდა მსოფლიოს მრავალ მხარეს და მას ხელს უწყობდა ახალი სახელმწიფოების - ყოფილი კოლონიების რიცხვის გაზრდა; დაძაბულობის შედარებითი განმუხტვა ზესახელმწიფოებს შორის; ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების აღმავლობა; მრავალმხრივი სავაჭრო რეჟიმის განმტკიცება; დასავლეთ ევროპის უმძლავრესი ქვეყნების დაახლოება ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებით.
რეგიონალიზმის სასურველი განვითარებისათვის არ არის საკმარისი მარტოოდენ გეოგრაფიულ სიახლოვე და ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულება. სხვა ფაქტორებიც ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული პრობლემების გადაწყვეტის პროცესების განვითარების პოტენციური საფუძვლების შექმნისათვის. ეს არის ისტორიული გამოცდილება, ძალაუფლებისა და კეთილდღეობის გადანაწილება ჯგუფების შიგნითა და გარეთ, კულტურული, სოციალური და ეთნიკური ტრადიციები, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური არჩევანი - ყოველივე ზემოთქმულს შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდეს იმის გასაგებად თუ რატომ და როგორ სურთ მიიღონ აქტორებს გადაწყვეტილებანი რეგიონულ დონეზე.
მიუხედავად ამისა, რეგიონალიზმი შესაძლოა გარკვეულწილად განსასაზღვრად მონოლითური კონცეფცია იყოს. ზოგიერთი მკვლევარი მოითხოვს, რომ იგი დავანაწილოთ სპეციფიკურ და კონკრეტულ ტიპებად (Hurrel 1995). ამ გზით ჩვენ შეგვიძლია რეგიონალიზმის მნიშვნელოვანი ვარიაციების იდენტიფიცირება. ვარიაცია, მაგალითისათვის, შეიძლება აიხსნას სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების დონის ზრდის თვალსაზრისით; იმ სივრცით, რომელშიც ცალკეული ფასეულობები და კულტურული ტრადიციები განაგრძობენ არსებობას; ფორმალური ინსტიტუციონალური წესრიგის განვრცობის ხარისხით; იმ გეოგრაფიული გარემოთი, რომელშიც რეგიონული დაჯგუფება გამოხატავს თანმთხვევ იდენტურობას. მთავრობები და სახელმწიფოები შეიძლება იყვნენ უმთავრესი აქტორები ზოგიერთ რეგიონულ დაჯგუფებაში, სხვებში კი უფრო მნიშვნელოვან აქტორებს შეიძლება წარმოადგენდნენ კორპორატიული და ეკონომიკური ინტერესები. ზოგიერთი რეგიონული დაჯგუფების მიზანი შეიძლება იყოს უპირველესად ინტრარეგიონული ვაჭრობისა და ინვესტირებისაგან მაქსიმალური ეკონომიკური მოგების მიღება, სხვების დანიშნულებას კი შეადგენდეს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ანდა სოციალური და კულტურული ტრადიციების დაცვა.
რეგიონალიზმი შემდეგ ტიპებად შეიძლება ჩამოყალიბდეს:
|
ინტეგრაციის კონცეფცია უფრო რთული ჩამოსაყალიბებელია. ინტეგრაცია შეიძლება გაგებული იყოს როგორც პირობა ან პროცესი, როგორც აღწერა სისტემისა უკვე არსებული ელემენტებით; ანდა გამოყენებული იყოს იმის ასახსნელად, თუ რატომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური სისტემა და რატომ ვითარდება იგი ამა თუ იმ მიმართულებით.
საყურადღებოა ინტეგრაციის შემდეგი სახით განსაზღვრება: „მანამდე ავტონომიურად არსებულ ერთობებს შორის ურთიერთქმედების ინტენსიური და მრავალმხრივი კავშირების შექმნა და შენარჩუნება. ეს კავშირები თავისი ხასიათით ნაწილობრივ შეიძლება იყოს ეკონომიკური, ნაწილობრივ სოციალური, ნაწილობრივ კი პოლიტიკური: პოლიტიკურ ინტეგრაციის თან ახლავს ეკონომიკური და სოციალური ურთიერთქმედების მაღალი დონე” (Wallace, 1990: 9).
ინტეგრაცია შეიძლება ატარებდეს როგორც ფორმალურ ხასიათს - რაც გამოიხატება პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, ისე შეიძლება გამოიხატოს არაფორმალური ცნებებით - რაც გულისხმობს ურთიერთქმედებას ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებში. მსოფლიო რეგიონებს შორის ინტეგრაცია შეიძლება იყოს კომპლექსური და მრავლმხრივი პროცესი, რომელშიც ჩართულნი არიან აქტორთა სხვადასხვა ტიპები. ეს აქტორები მოქმედებენ საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროებში და ასევე არიან ამ სფეროების დამაკავშირებელნი.
კონცეპტუალური მიდგომები ინტეგრაციის მიმართ
საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის პლურალისტული ტრადიცია მოიცავს არა მხოლოდ ეროვნულ სახელმწიფოებს, არამედ სხვადასხვა სახის აქტორებსაც, რომლებიც ჩართულნი არიან პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ამ ტრადიციის მიხედვით, კარლ დოიჩი ამტკიცებს, რომ კომუნიკაციების და ურთიერთქმედების (ტრანსაქციის) ზრდამ სხვადასხვა აქტორებს შორის შეუძლია გაამყაროს ტრანსნაციონალური პოლიტიკური საზოგადოების კავშირები (ინტეგრაცია) და გამოიწვიოს „უსაფრთხოების საზოგადოების“ შექმნა, რომლის საფუძველს წარმოადგენს მშვიდობიანი თანამშრომლობისა და ურთიერთობის სურვილი.
მეორეს მხრივ, რეალისტური ტრადიცია, ინტეგრაციის ამხსნელ ფაქტორად სტრუქტურულ პირობებს მიიჩნევს. ნეორეალისტური და ნეოლიბერალური შეხედულებებით, ინტეგრაცია უნდა განისაზღვროს უტილიტარული ტერმინოლოგიით, ანდა სხვა სიტყვებით, გარკვეული დაჯგუფება ერთიანობას აღწევს იმ მიზნით, რათა მისმა წევრებმა საკუთარი პოზიციები გაამყარონ და ძალა გაზარდონ სხვა ერთობის წევრებთან მიმართებაში. |
ინტეგრაციამ, როგორც სამართლებრივმა პროცესმა, რომელიც გამოხატავს ურთიერთდამოკიდებულებასა და ურთიერთქმედებას ქვეყნების ჯგუფებს შორის, ბუნებრივია, შეიძლება სხვადასხვა ფორმები მიიღოს. ეკონომიკური ინტეგრაცია ხშირად გულისხმობს საბაჟო კავშირებს, შეთანხმებებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ანდა თავისუფალ ბაზარს, რის შედეგადაც იქმნება ეკონომიკური მოღვაწეობის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი პირობები და მიიღება რეგულირებისათვის საერთო წესები სხვადასხვა ეროვნული კანონების სანაცვლოდ. პოლიტიკური ინტეგრაცია შეიძლება გულისხმობდეს არა მხოლოდ ინსტიტუციონალური მექანიზმების ფორმირებასა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურებს, არამედ ასევე თანმთხვევი ფასეულობებისა და მიზნების ჩამოყალიბებას, უთანხმოებათა მშვიდობიან გადაწყვეტასა და სოციალურ-პოლიტიკურ მჭიდრო დაკავშირებას.
საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინა მიუთითებს რეგიონალიზმის განვითარების ეფექტურობაზე მშვიდობისათვის, სტაბილურობისა და წესრიგისათვის. რეგიონალიზმისა და ინტეგრაციის შესწავლა დაკავშირებულია იმ პრობლემებთან, თუ როგორ შეიძლება გადაწყდეს კონფლიქტები, განვითარდეს თანამშრომლობა და შენარჩუნდეს სტაბილურობა. ძალაუფლებისა და ალიანსების ტრადიციული ბალანსის თეორიებით ყურადღება გამახვილებულია წესრიგისა და უსფართხოების შენარჩუნებაზე (რეგიონული) თავდაცვითი კოალიციების ჩამოყალიბებით და ერთმანეთის მიმართ „ბალანსირებადი“ სამხედრო შემძლეობებით. გასული საუკუნეში, ომთაშორის პერიოდში, გლობალური კოლექტიური უსაფრთხოება და მრავალფუნქციანი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნა უფრო სასურველი ჩანდა, ვიდრე „ზეძალაზე“ დამყარებული აგრესიული რეგიონალიზმი. 1945 წლიდან საერთაშორისო ურთიერთობებში დომინირებდა ბიპოლარული ქიშპი და დაპირისპირება, რამაც უცილობლად გამოიწვია ამა თუ იმ ბანაკთან რეგიონული დაკავშირება. მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო მიუმხრობლობის მოძრაობა, რომლეიც 50-იან წლებში წარმოიქმნა და მიზნად ისახავდა ზესახელმწიფოებზე დამოკიდებულების შემცირებას. დასავლეთ ევროპის წარმატებული კოოპერაცია და ინტეგრაცია მთლიანად იყო მხარდაჭერილი აშშ-ის მიერ ფინასური და თავდაცვითი ასპექტებით. იმავდროულად კი მოხდა აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ძალადობრივი მიერთება საბჭოთა ბლოკთან.
1989 წლის შემდეგ გლობალური პოლიტიკა ცვალებადი და მრავალპოლუსიანია. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა თეორია პირველ რიგში იმის გარკვევას ისახავს მიზნად, თუ რამდენად შეუძლიათ ან არ შეუძლიათ ინსტიტუციონალიზებულ კოოპერაციულ რეგიონული ჯგუფებს გახდნენ მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო სისტემის ინტეგრალური ელემენტები. რეგიონული თანამშრომლობისა და სტრუქტურების განვითარება ხშირად აიხსნება, როგორც უტილიტარისტული და სახელმწიფოს მიერ წარმართული პროცესი, რომელიც სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ მოთხოვნების ჰარმონიზაციას გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების პირობებში. ნეორალისტური-ნეოლიბერალური დებატები საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ რამდენად გააჩნია უნარი რეგიონულ თანამშრომლობასა და დაჯგუფებებს იყვნენ ეფექტური და სანდო იარაღი წესრიგისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. დებატები საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის განვითარების მიმართულების შესახებ საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ თანამშრომლობისა და კავშირების მნიშვნელოვან მახასიათებლებზე, როგორიცაა ურთიერთნდობა, კეთილდღეობის გადანაწილება თანამშრომლობის გზით; პროპაგანდა, რომლის მიზანიცაა დაჯგუფების წევრთა ურთიერთობის პროცესში უნდობლობის მოსპობა; და ასევე ის, თუ რამდენად შეიძლება იყოს შეთანმხმება, გამაგრებული ინსტიტუციონალიზაციის მაღალი დონით, მისი წევრებისაგან ავტონომიური და დამოუკიდებელი ქმედების საშუალება.
საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლა აჩვენებს, რომ ეკონომიკური და ტექნოლოგიური ცვლილებები შეიძლება გახდეს გლობალური პოლიტიკური ცვლილების კატალიზატორი. ამ პერსპექტივიდან, „ნაციონალური“ ეკონომიკის ინტეგრაცია და კორპორატიული აქტიურობა შეიძლება გამოჩნდეს, როგორც რეგულირების სტრატეგია მოუწესრიგებელ და მეტად მგრძნობიარე გლობალურ ეკონომიკაში. ამასთანავე საერთაშორისო ურთიერთობათა დისციპლინის დიდი ნაწილი ტერიტორიული სუვერენული ძალაუფლების კონცეფციების ერთგული რჩება. ამ შემთხვევაში კი შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას იმ მიზეზით, რომ „დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის ლოგიკა და აპარატი არ არის ტრანსნაციონალური ინტეგრიზმის - ეკონომიკურისა თუ პოლიტიკურის - ხელშემწობი; მაგრამ ნეოფორდიზმის შედეგებმა აიძულა მრავალი ქვეყანა განევითარებინა სხვადასხვა სახის კოოპერაციული სტრატეგიები“ (Knox and Agnew 1994: 380).
„ტერმინი ნეოფორდიზმი გამოიყენება კაპიტალის ინვესტირებას, წარმოების პროცესებს, საწარმოო ძალების იმ შეცვლილი ურთიერთობების გამოსახატავად, რომლებიც აღარ თავსდება ტრადიციულ ჩარჩოებს. ეს ცვლილებები ასოცირებული დომინირებად გლობალურ ეკონომიკურ ან კულტურულ ნიმუშებთან და ასევე ორიენტირებულია რეგიონში არსებულ დინამიკასა და იდენტურობაზე.“
საკვანძო საკითხები
|
რეგიონალიზმი მსოფლიო პოლიტიკაში
რეგიონული ბლოკებისა და დაჯგუფებების ჩამოყალიბება 1945 წლის შემდეგ სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა. დღეს მსოფლიო პოლიტიკაში რეგიონალიზმის მრავალი ნიმუში არსებობს, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ამერიკის, სამხრეთ-დასავლ ეთი აზიის, აფრიკისა თუ ევროპის ქვეყნები. ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, განვიხილავთ სწორედ ევროპული რეგიონალიზმისა და ინტეგრიზმის პრობლემებს.
1945 წლის შემდეგ დასავლეთ ევროპა სულ უფრო და უფრო აღიქვამდა საკუთარ თავს, როგორც ეკონომიკების და ხალხების მაღალ დონეზე ინტეგრირებულ და მჭიდროდ დაკავშირებულ დაჯგუფებას. 1989 წლის შემდეგ ევროპის კონტინენტზე პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები „აღარ ემყარება დანაწევრებულ, ძალთა ბალანსზე დაფუძნებულ ევროპას, არამედ პოლიტიკურ სივრცეს, რომელშიც სულ უფრო მეტად დომინირებს ერთიანი ორგანიზაცია, იმდენად, რომ დაპირისპირება და მეტოქეობა წევრებს შორის უკიდურესად შემცირებულია საერთო წესებისა და ინსტიტუტების საშუალებით (Keohane, Mye and Hoffman 1993: 385). 1989 წლის შემდეგ ხდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რეინტეგრაცია ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაერთიანებებში.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ევროპული ინტერაციისა და რეგიონალიზმის გამოცდილება დიდად განსხვავდება სხვა რეგიონული დაჯგუფებებისაგან (მაგ., NAFTA-სა და ACEAN-ისაგან). ევროპული ინტეგრაციის ფორმალური პროცესი, რომლის ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა ევროკავშირი, განპირობებულია სპეციფიკური ისტორიული და პოლიტიკური მიზეზებით. ეს მიზეზები შეიძლება არც არსებობდეს, ანდა ნაკლები მნიშვნელობის იყოს სხვა რეგიონულ დაჯგუფებებში.
1945 წლის შემდგომი ეპოქის ერთ-ერთი ნიშანდობლივი თვისება იყო ძალაუფლებისა და ხელისუფლების ფუნდამენტური გადანაცვლება ევროპულ და იმპერიაზე ორიენტირებულ ძალთა ბალანსიდან ახალ დაპირისპირებულ ბიპოლარულ მსოფლიოზე. როგორც ერთი მკვლევარი შენიშნავს, „ზესახელმწიფოები“ ევროპაში უკვე აღარ არსებობენ და ზენაციონალური „ევროპული საზოგადოების“ შექმნის ძალისხმევა და მისი შესაბამისი ევროპული იდენტურობის გრძნობის ჩამოყალიბების სურვილი, რომელიც მოწოდებულია შეცვალოს სახელმწიფოთა და ხალხების მიმართ არსებულ ისტორიულ ლოიალურობა, მკაფიო აჩვენებს ამ ცვლილების მთელ სიღმეს“ (Hobsbawm 1994: 14).
ბიპოლარული წესრიგი მიუთითებდა ევროპის, როგორც გლობალური ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრის დასასრულზე. სამხედრო უსაფრთხოება, განადგურებული ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურები, პოლიტიკური არასტაბილურობა მთელს ევროპაში გახდა 1945 შემდგომ პირველ წლებში რეგიონალიზაციისა და დასავლეთ ევროპაში სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილი ინტეგრაციული სქემების წარმატების და გაიოლების მთავარი ფაქტორები. უინსტონ ჩერჩილის მიერ 1946 წელს წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც გაკეთდა მოწოდება „ევროპის შეერთებული შტატების“ შექმნის შესახებ, მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორც ცდილობდნენ პოლიტიკური ელიტები მორგებოდნენ და დაერეგულირებინათ ამ გლობალური ცვლილების კულმინაცია.
თანამშრომლობისა და განვითარების არაერთი გეგმის, შემდგომ კი ორგანიზაციების შექმნის შედეგად ევროპის ინტეგრაციის პროცესი აღმავალი გზით წავიდა.
ევროპის საბჭო
ევროსაბჭო შეიქმნა 1949 წელს და ამჟამად აერთიანებს 43 წევრს. ორგანიზაციის მიზანია წევრი სახელმწიფოების დაახლოება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდაჭერის, აგრეთვე კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის, ახალგაზრდობის, ინფორმაციის, სამართლის, გარემოს დაცვის გზით.
ევროსაბჭოს უმაღლესი ორგანოა მინისტრთა კომიტეტი, რომელიც ორჯერ იკრიბება წელიწადში საგარეო სამეთა მინისტერბის დონეზე. მიიღება რეკომენდაციები წევრ სახელმწიფოთა მთავრობებისათვის და რეზოლუციაები საერთაშორისო-პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მეტად აქტიურად ფუნქციონირებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც წარმოდგენლინი არიან წევრ სახელწმიფოთა პარლამენტარები.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროსაბჭოს მიერ მიღებულ 170-ზე მეტ საერთოევროპულ კონვენციას, რომელთა დაცვაც აუცილებელია იმ სახელმწიფოთათვის, რომლებმაც მათი რატიფიცირება მოახდინეს.
ქვეყნები, რომლებიც ევროსაბჭოში ერთიანდებიან, იღებენ ვალდებულებას, რომ ხელს მოაწერენ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. ევროსაბჭოში მიღების პირობას წარმოადგენს სახელმწიფოს დემოკრატიული სამართლებრივი მოწყობა, თავისუფალი არჩევნები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების მრავალი საკითხი ევროსაბჭოს ყურადღების ცენტრში ექცევა. მათ შორისაა, დევნილთა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის პრობლემა, ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები და ა.შ.
ევროსაბჭო უაღესად ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის წევრობას სახელმწიფოსათვის გარკვეულწილად ადასტურებს მათ მიკუთვნებას პლურასტული დემოკრატიის სტანდარტებისადმი. აქედან გამომდინარე, არსებობს გარკვეული ზეწოლის სისტემა ევროსაბჭოში შემავალ იმ სახელმწიფოებზე (ან კანდიდატებზე), რომლებშიც ამ ნიადაგზე წარმოიქნება ესა თუ ის პრობლემა. ამასთანავე, ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს ამ სახელმწიფოთა უკმაყოფილება საშინაო საქმეებში ჩარევის გამო. სხვა სიტყვებით, ევროსაბჭოს მოღვაწეობა იწერება ამ თუ იმ საერთაშორისო პოლიტიკურ კონტექსტში და მონაწილეთა მიერ განიხილება პირველ ყოვლისა მათი პირადი საგარეო პოლიტიკური ინტერესების პრიზმაში. ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის შედეგად შეიძლება შეიქმნას საკმაოდ სერიოზული კოლიზიები და ამგვარად არაერთხელ მომხდარა. მაგ., შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით თურქეთში (ქურთების პრობლემა), ბელარუსში (ადამიანის უფლებათა დარღვევა), რუსეთს კი ჩეჩნეთის ომთან დაკავშირებით დროებით შეუწყვიტეს წევრობა. საკმაოდ გაიწელა ევროსაბჭოში სომხეთისა და აზერბაიჯანის მიღების პროცესი ყარაბახის კონფლიქტის გადაუწყვეტელობის გამო.
ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)
ეს ორგანიზაცია ფუნქციონირებს 1973 წლიდან. მასში შედიოდა პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო, აგრეთვე აშშ და კანადა. ეუთო-ს უნიკალურობას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ-საზოგადოებრივი წყობის მქონე და ურთიერთდაპირისპირებული სამხედრო სტრუქტურები (ნატო და ვარშავის ხელშეკრულება), აგრეთვე ნეიტრალური და მიუმხრობელი ქვეყნები, ცდილობდნენ შეექმნათ მუდმივი დიალოგის ორგანიზებული პროცესი და ეწარმოებინათ მოლაპარაკებები კონტინეტზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიების შესაქმნელად.
ეუთო-ს მოღვაწეობის შედეგი გახდა 1975წ. მიღებული „ჰელსინკის აქტი“. მან განსაზღვრა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების პრინციპები („ჰელსინკის დეკალოგი“). ჰელსინკის შეხვედრას მოჰყვა არაერთი ანალოგიური ფორუმი. საერთო ჯამში, ეუთო-ს მოღვაწეობამ 80-90-იან წლებში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ევროპის რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციის საქმეში და ევროპული თანამშრომლობის განვითარებაში. ცივი ომის დასრულებამ კიდევ უფრო გაზარდა ორგანიზაციის როლი და მოაქცია იგი კონტინენტზე საერთაშორისო-პოლიტიკური განვითარების პოსტკონფრონტაციული ფაზის ცენტრში. ამ მხრივ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 1990 წ. ეუთო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობების მეთაურების შეხვედრაზე მიღებულ „პარიზის ქარტიას ახალი ევროპისათვის“.
სოციალისტური ბლოკის და საბჭოთა კავშირის დაშლამ და ყოველივე ამის შედეგად მომხდარმა ცვლილებებმა ევროპულ საერთაშორისო-პოლიტიკურ ლანდშაფტში მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ორგანიზაციის მუშაობაზე. 90-იანი წლების დამახასიათებელ ნიშნად იქცა მნიშვნელოვანი სიახლეები მთელი რიგი მიმართულებებით, იმავდროულად მუდმივი დებატები ამ სტრუქტურის ფუნქციური დანიშნულების შესახებ და მისი როლის თაობაზე ევროპის საერთაშორისო ცხოვრებაში.
მოხდა ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა რიცხვის მნიშვნელოვანი გაზრდა (ყოფილი საბჭოთა და იუგოსლავიური რესპუბლიკების ხარჯზე).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეუთო-ს ჩაბმა კონფლიქტური სიტუაციების მოწესრიგების საქმეში. არაერთი განცხადება და მოწოდება გაკეთდა შეიარაღებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები, რომლებიც ხშირად გაერო-ს რეზოლუციების იდენტურია, ძირითადად უპსახუდ რჩება და პრაქტიკული შედეგი არ გააჩნია. სწორედ ამ თვალსაზრისით ეუთო-ს როლის ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პრობლემას.
ეუთო-ს თითქოს სურს, რომ გახდეს მთავარი ინსტრუმენტი კონფლიქტების წარმოქმნის უვნებელყოფის, კრიზისების რეგულირებისა და პოსტკონფლიქტური აღმშენებლობის საქმეში. არ შეიძლება არ აინიშნოს, რომ ამ მხრივ გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები: ეუთო-ს გრძელვადიანი მისიები პოლიტიკური მონიტორინგის მიზნით, დაპირისპირებულ მხარეთა კონტაქტების ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნის მხარდაჭერა. ამ მიზნებით ეუთო-ს არაერთი მისია მოქმედებს სხვადასხვა სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოშიც.
აღსანიშნავია ეუთო-ს მოღვაწეობა ყარაბახის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. სწორედ მისი ეგიდით ფუნქციონირებს ე.წ. „მინსკის ჯგუფი“.
ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი ეუთო-ს მოღვაწეობაში არის მისი მომავალი როლის განსაზღვრა. არსებობს საერთო აზრი, რომ მან უნდა დაიკავოს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ევროპის საერთაშორისო-პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა რეალურად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყნის მისწრაფება ნატო-სა და ევროკავშირისაკენ, აშკარას ხდის ეუთო-ს როლის მარგინალიზაციის ტენდენციას. თავის მხრივ კი რუსეთს სურს (ჯერჯერობით წარუმატებლად) იგი გადააქციოს ნატო-ს გასანაეტრალებელ იარაღად.
ევროპის კავშირი
ევროპის კავშირს, რომელიც 15 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს, უნიკალური ადგილი უჭირავს საერთაშორისო ორგანიზაციათა შორის. ამ სისტემის ჩარჩოებში ხდება მასში მონაწილე ქვეყნების თანდათანობითი ინტეგრირება - სულ უფრო ფართო უფლებამოსილების გადაცემა და საზოგადოებრივი ცხოვრების რეგულირება მთელი თანამეგობრობის დონეზე, რომელიც სულ უფრო მეტად იღებს ერთიანი ორგანიზმის სახეს და იძენს დამოუკიდებელი ფუნქციონირების უნარს. ამ პროცესის ობიქტურ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკის აღმავალი ინტერანაციონალიზაცია. ამდენად, ევროკავშირის ჩარჩოებში ინტეგრაციული განვითარების მთავარ სფერო იყო და რჩება ეკონომიკა. ამ თვალსაზრისით მთავარ ამოცანას წარმოადგენს უნიფიცირებული ეკონომიკური სივრცის ფორმირება, რომელშიც ყველა მოქმედი პირი, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული, ჩაყენებული იქნება თანაბარ პირობებში მათი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კუთვნილების მიუხედავად.
1968წ. დასრულდა საბაჟო კავშირის ფორმირება. ერთიანი აგრარული ბაზრის და სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ფორმირება ევროკავშირის ჩარჩოებში დაიწყო კიდევ უფრო ადრე. 1985წ. მიღებულ იქნა ერთიანი ევროპული აქტი, რომლის შესაბამისადაც 1992წ. შეიქმნა ერთიანი შიდა ბაზარი და მოისპო ყველა შეზღუდვა და ფორმალობა, რომელბიც მოქმედებდნენ ინტეგრაციული ჯგუფის ქვეყნების შიდა საზღვრებში. 1990 წლიდან დაიწყო ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ფორმირება, რომლითაც საუკუნის დასასრულს ეკონომიკური სისტემების კონვერგენცია მოხდა (მასში შედის ინტეგრაციული გაერთიანების ცენტრალური ბანკი და ერთიანი ვალუტა).
კავშირის კომპეტანცია თანდათანობით ივსება სხვა სფეროებითაც - ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, ენერგოუზრუნველყოფა, კულტურა, გარემოს დაცვა, ინდუსტრიული პოლიტიკა, სამეცნიერო კვლევები და ტექნოლოგიების განვითარება, სოციალური პოლიტიკა. 1992 წ. მაასტრიხტში ხელმოწერილი ხელშეკრულება ევროპის კავშირის შესახებ ადგენს, რომ მას უნდა გაჩნდეს ორი «საყრდენი» - თანამშრომლობა და ურთიერთგაგება სასამართლო პრაქტიკისა და საშინაო საქმეების სფეროებში (კერძოდ, წევრ სახელმწიფოთა პოლიციურ სამსახურებს შორის, აგრეთვე საგარეო პოლიტიკაში და უშიშროების პოლიტიკაში (Common Foreign an Security Policy).
ევროკავშირი თანდათანობით ხდება სულ უფრო ანგარიშგასაწევი ძალა საერთაშორისო ურთიერთობების ახალ გლობალურ სისტემაში. კავშირის შიგნით შექმნილია საგარეო პოლიტიკური კოცნსულტაციებისა და შეთანხმების სისტემა, რაც წევრ სახელმწიფოებს ხშირად აძლევს საშუალებას ილაპარაკონ «ერთი ხმით»და ანიჭებს ევროკავშირს საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებლად მოქმედი პირის სახეს. ეს ვლინდება გაერო-ში და მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა თუ მოლაპარაკებებზე საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციების სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით. ზოგჯერ ევროკავშირის გავლენა მეტად თვალსაჩინო და ქმედითი ხდება ზოგიერთი საერთაშოირისო პოლიტიკური პროექტის მიღების საქმეში (ასე იყო მაგ., 1995წ. ევროპაში სტაბილურობის პაქტის ხელმოწერასთან დაკავშირებით). კავშირი მეტად აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს „მესამე სამყაროს“ ქვეყნების მიმართ და დახმარებას უწევს ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს.
მიუხედავად ამისა, ინტეგრაცია ურთიერთქმედებისა გარე სამყაროსთან (სავაჭრო-ეკონომიკური სფეროს გამოკლებით) ევროკავშირში ხორციელდება უპირველესად სამთავრობათშორისო კოორდინაციის გზით და გაცილებით უფრო ნაკლებად უფლებამოსილებათა დელეგირებით ინტეგრაციული კავშირის დონეზე. ამის შედეგად, წევრ სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკური ორიენტირების არდამთხვევის პირობებში, „ერთიანი საგარეო პოლიტიკის გატარება ხშირად შეუძლებელია. მაგ., ევროკავშირის წვლილი ყოფილი იუგოსლავიის კონფლიქტების მოწესრიგების საქმეში უფრო მცირე გამოდგა, ვიდრე ამას ელოდნენ. სწორედ ეს წარმოადგენს დღეს ევროკავშირის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას და საერთაშორისო პოლიტიკაში ევროკავშირის როლის მნიშვნელობა გაიზრდება მხოლოდ „ერთიანი საგარეო პოლიტიკის» შემუშავების შემთხვევაში. ყოველივე ამის პრაქტიკულ რეალიზაციას კი ხელს უშლის წევრ სახელმწიფოთა შიში, რომ შეეკრათ ხელ-ფეხი საკუთარი საგარეო პოლიტიკური ინტერესების განხორციელებისას.
კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაცია. მიღებული თვალსაზრისით, „ერთიანი ევროპის“ არსებობა არსრულყოფილი იქნება თავდაცვის სფეროში ინტეგრაციის გარეშე, თუმცა მაასტრიხტის ხელშეკრულებას ამ თვალსაზრისით საკმაოდ ზოგადი ხასიათი აქვს და და ითვალისწინებს მხოლოდ „ერთიანი თავდაცვითი პოლიტიკის შესაძლებელ ფორმირებას, რომელმაც შემდგომ უნდა შექმნას ერთიანი თავდაცვითი სისტემა. იუგოსლავიის მაგალითი ადასტურებს, რომ ეფექტური ერთიანი საგარეო პოლიტიკისათვის აუცილებელია მისი გარკვეული სამხედრო უზრუნველყოფა.
დღის წესრიგში დგას ევროკავშირის გაფართოების საკითხი. მასში გაერთიანების პირველი კანდიდატები არიან პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, სლოვენია და კვიპროსი.
საკვანძო საკითხები
|
დასკვნა
გლობალიზაციის პროცესი მოიცავს კაპიტალის, ვაჭრობის, ინფორმაციის, ტექნოლოგიების სწრაფ ტრანსნაციონალიზაციას. მსოფლიო სულ უფრო პატარა ხდება. მიუხედავად ამისა, ადამიანური რესურსები და სოციალური ზნე-ჩვეულებები უფრო ნაკლებად ხშირად არის ტრანსნაციონალური ფენომენი. გლობალიზაცია, რომელშიც დომინირებს დასავლური კორპორატიული იდენტურობა, ხშირად აღიქმება ადგილობრივი წესებისა და საზოგადოებებისავის საფრთხედ. რეგიონალიზმი და და ინტეგრაცია შეიძლება ხშირად აღქმული იყოს და გახდეს „ლოკალური“ იდენტურობისა და ფასეულობების დაცვისა და გამდიდრების მექანიზმი. მაგალითად, ევროკავშირის შიგნით, დავა წევრ სახელმწიფოებს შორის წამოიჭრება საერთო სოციალურ უზრუნვეყოფაზე, ასევე კორპორატიული ინტერესების გამომუშავებაზე კავშირის შიგნით ან მის გარეთ „იაფი ფასების“ ქვეყნებიდან საქონლისა და მუშახელის გადაადგილებაზე. იმავე ევროკავშირის შიგნით საფრანგეთის მთავრობა გამოხატავს უკმაყოფილებას აშშ-ის კინოინდუსტრიის შემოჭრით ევროპაში, რასაც დამღუპველი შედეგები აქვს ადგილობრივი ევროპული პროდუქციისათვის კინოს, მუსიკის, კულტურის სფეროებში. ყოველივე ეს მეტად მნიშვნელოვან ელემენტად იქცა აშშ—ევროკავშირის კონფლიქტისას ურაუგვაის GATT-ის რაუნდზე..
კონფლიქტების წარმოქმნის პოტენციალი სულაც არ მოსპობილა მაღალ დონეზე ურთიერთდამოკიდებული გლობალური სისტემის შექმნით, მაგრამ რეგიონალიზმი და ინტეგრაცია ხელს უწყობს სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს ჩამოყალიბება-განვითარებას ლოკალურ დონეზე და, ზოგიერთ შემთხვევაში, იწვევს ტრადიციულ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში მშვიდობას და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას.
აუცილებელია აღნიშნოს, რომ მსოფლიო პოლიტიკის დიფუზია და დეცენტრალიზაცია იწვევს არა არასტაბილურობას სისტემაში, არამედ ამჟამად ამაგრებს მის სტაბილურობას, ამჟღავნებს მოქნილობას და ადაპტირებადობის უნარს მსოფლიო სისტემისადმი მაკრო დონეზე... ახალი მსოფლიო წესრიგის უმთვარესი ნიშან-თვისება, მაგალითისათვის, ერთის მხრივ უნდა იყოს ლოკალური და რეგიონული კონფლიქტების განმუხტვა, ხოლო მეორეს მხრივ კონფლიქტების სტაბილიზაცია მთლიანად სისტემაში“ (Cerny 1993: 49).
ამ პერსპექტივით, რეგიონალიზმი და ინტეგრაცია არა წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფოთა ინტერესების შეჯერების იარაღს, ლოკალური უსაფრთხოების შექმნის საშუალებას ანდა ლოკალური იდენტურობისა და წესების დაცვის გზას გლობალური ცვლილებების წინააღმდეგ, არამედ ასევე ცივი ომის შემდგომ პერიოდში ხდება მსოფლიო წესრიგის სტაბილურობის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი მექანიზმი.
კითხვები და დავალებები:
რა ფაქტორები განაპირობებს რეგიონალიზმის სხვადასხვა ტიპების არსებობას?
რა ფორმებით შეიძლება ინტეგრაციის განსაზღვრა?
რა მიზეზებმა შეუწყო ხელი ევროპული ინტეგრაციის განვითარებას?
რა ფუნქციები გააჩნია ევროსაბჭოს?
რა როლი ეკისრება ეუთო-ს?
რა წარმოადგენს ევროკავშირის მიზნებსა და სპეციფიკას?
ლიტერატურა:
J.S. Nye (ed.), International Regionalism: Readings, (Boston: Little, Brown, 1968).
Hurrell, Explaining the Resurgence of Regionalism in World Politics, Review of International Studies, 21: 4 (1995).
P. Knox & J. Agnew, The Geography of the World Economy (London: Edward Arnold, 1994).
E. Hobsbawm, Age of Extremes: The Short History of Twentieth Century, 1914-1991 (London: Michael Joseph, 1994).
R. Keohane et al. (eds.), After the Cold War: International Institutions and State Strategies in Europe 1989-1991 (London: Harvard Univ. Press, 1993).
W. Wallace (ed.), The Dynamics of European Integration (London: Pinter, 1990).
![]() |
10 IX. ნაციონალიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
ნაციონალიზმმა, როგორც რწმენათა სისტემამ, იდეოლოგიამ და ასევე პოლიტიკურმა მოძრაობამ განსაკუთრებული როლი ითამაშა თანამედროვე მსოფლიოს ფორმირების პროცესში. იდეოლოგიის თვალსაზრისით, იგი წარმოადგენს იდეათა ერთობლიობას კაცობრიობის საზოგადოებებად ორგანიზების შესახებ, ამ ორგანიზების შესაბამისი პოლიტიკური ფორმის თაობაზე და აგრეთვე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარიმართოს ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, რომლებიც გამოხატავენ სხვადასხვა ერების ინტერესებს. ნაციონალიზმმა მრავალი დისკუსია გამოიწვია როგორც ზოგადად სოციალური მეცნიერების, ისე კონკრეტულად საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. ამ დისკუსიების ნაწილის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რატომ გახდა ნაციონალიზმი ესოდენ ყოვლისმომცველი ფენომენი, სხვა დისკუსიების თემას წარმოადგენდა იმ სიძნელეების გადალახვის გზების მოძიება, რომლებიც თან ახლავს ნაციონალური მოთხოვნების შეთანხმებას, შერიგებას საერთაშორისო წესრიგის მოთხოვნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალიზმი ხშირად განიხილებოდა, როგორც წარსულის გადმონაშთი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იგი ერთდროულად უპირისპირდება გლობალიზაციის პროცესებს და მეორეს მხრივ კი თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე სწორედ ამ პროცესების შედეგია. ნაციონალიზმის უმთავრეს პარადოქსს კი წარმოადგენს ის, რომ იდეოლოგიიის სახით იგი გამოკვეთავს სახელმწიფოებისა და ხალხების ურთიერთგანსხვავებულ ხასიათს. ამასთანავე იგი იმ გლობალური პროცესის შედეგია, როდესაც ყველა ქვეყანა ჩართულია ერთიან პოლიტიკურ და ნორმატიულ სისტემაში.
ნაციონალიზმი და გლობალიზაცია
ნაციონალიზმმა, როგორც იდეოლოგიამ და სოციალურმა მოძრაობამ, უდიდესი როლი შეასრულა თანამედროვე მსოფლიოს ფორმირების პროცესში. ამ ცოტა ხნის წინათაც კი ნაციონალიზმს საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისას შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ნაციონალიზმი განიხილებოდა, როგორც წარსულის გადმონაშთი, 1945 წლამდე ევროპაში ომების მიზეზი, კოლონიალიზმის მიერ დატოვებული „მემკვიდრეობა“ მესამე სამყაროში, საერთაშორისო ურთიერთობების თანმხლები, შესაძლოა აუცილებელი, მაგრამ ამასთანავე ირაციონალური თვისება. დომინირებდა თვალსაზრისი, რომ სახელმწიფოები თანდათანობით დაივიწყებდნენ ნაციონალიზმს და საერთაშორისო წესრიგის უზრუნველსაყოფად, უფრო მჭიდრო თანამშრომლობისათვის, გამოიყენებდნენ ახალ ინსტიტუტებს, მაგალითად გაერო-ს ანდა ევროკავშირს. გლობალიზაცია, როგორც სახელმწიფოთა და საზოგადოებების მჭიდრო ინტეგრაციის ფორმა, ამ პროცესის ხელშემწყობად მიიჩნეოდა: შემცირდებოდა განსხვავებები სახელმწიფოთა შორის, მოსახლეობა გახდებოდა უფრო გახსნილი თანამშრომლობისა და ვაჭრობისათვის. იდენტურობისა და ლოიალურობის დონე, რასაც აქამდე ემყარებოდა ნაციონალური სახელმწიფო, შემცირდებოდა. აქედან გამომდინარე, თითქოს არაფერი უნდა ყოფილიყო უფრო დაპირისპირებული გლობალიზაციის სულისკვეთებასთან, ვიდრე ნაციონალიზმი.
ამგვარმა მიდგომამ დღეს გარკვეულწილად სიმყარე დაკარგა და ბევრი უკვე საპირისპიროს ამტკიცებს. ნაციონალიზმის არსებობა, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად სამყაროში, დიდწილად განპირობებულია ხალხების მიერ დამოუკიდებლობის, ან სახელმწიფოთა შიგნით ფართო ავტონომიის მოთხოვნით, ანდა პროტესტით მიგრაციისა და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ. სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა პროცესში ნაციონალიზმი ქმნის ტერიტორიული ქიშპისა და ომის, ანდა ეკონომიკური სარგებლის მიღებისათვის დაპირისპირების საფუძვლებს.
ნათელია, რომ გლობალიზაცია სრულიად სხვადასხვა, ხშირად ურთიერთსაპირისპირო პროცესების სახით ვლინდება. საქონლისა და ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზრის შექმნით, სახელმწიფოთა შორის ადამიანთა გადაადგილებით იგი ასევე იწვევს უკურეაქციას და წინააღმდეგობას მათი მხრიდან, ვინც მიიჩნევს, რომ მათი ინტერესები შეილახა. ყოველივე ეს თვალსაჩინოა როგორც განვითარებულ ქვეყნებში, სადაც არსებობს მტრული დამოკიდებულება მიგრაციისა და თავისუფალი ვაჭრობის მიმართ, ისე მესამე სამყაროში, სადაც მიიჩნევენ, რომ ისინი იჩაგრებიან განვითარებული ქვეყნების მიერ. ამ თვალსაზრისით ნაციონალიზმი შეიძლება განხილული იყოს, როგორც რეაქცია გლობალიზაციის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ ნაციონალიზმი ასევე არის გლობალიზაციის პროდუქტი. ერთის მხრივ ნაციონალიზმის აღმავლობა 80-90-იან წლებში მიუთითებს სახელმწიფო აღმშენებლობის სხვა ფორმების წარუმატებლობაზე, უპირველეს ყოვლისა კომუნისტური სამყაროს ყოფილ მულტიეთნიკურ ქვეყნებში: სოციალისტური ბანაკის კოლაფსის შემდეგ ნაციონალური ნიშნით ოთხი სახელმწიფო დაიშალა - სსრკ, ჩეხოსლოვაკია, იუგოსლავია და აფრიკაში ეთიოპია. წარმოიქმნა 22 ახალი ქვეყანა. ამ შემთხვევაში გლობალიზაციის სამყაროში ხალხები მოითხოვენ არა უფრო დიდ სახელმწიფოებში ინტეგრირებას, არამედ სეცესიას - გამოყოფას, დამოუკიდებლობას და გამოხატავენ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი პირობებით გასვლის სურვილს. მაგრამ მეორეს მხრივ გამოვლინდა ნაციონალიზმის სხვა ფორმაც - ნაციონალური უნიფიკაცია, ანდა სწრაფვა გაერთიანებისაკენ, რისი უპირველესი მაგალითიცაა გერმანია და ასევე ნაწილობრივ ჩინეთი, იემენი და კორეა. ერთ შემთხვევაში კავშირი ნაციონალიზმსა და გლობალიზაციას შორის გამოიხატება ფრაგმენტაციით, სეცესიით, მეორე შემთხვევაში კი უნიფიკაციით, გაერთიანებით.
გლობალიზაცია და ნაციონალიზმი: წინააღმდეგობრივი პროცესები ნაციონალიზმის საპირისპირო ფაქტორები: ნაციონალიზმის ხელშემწყობი ფაქტორები:
- კეთილდღეობა ყველასათვის - უცხოელ ინვესტორებზე - ეკონომიკური ინტეგრაცია - მტრული განწყობა ემიგრაციისადმი - მიგრაცია - უმუშევრობის შიში
- მოგზაურობა და ტურიზმი - უკმაყოფილება ზენაციონალური - სამუშაო ადგილები - უცხო კულტურის მიუღებლობა - გლობალური საფრთხეები - ტერორიზმისა და ნგრევის შიში - მსოფლიოს მომცველი კომუნიკაციები - მტრული დამოკიდებულება გლობალური მედიისადმი
- ეკონომიკური სუვერენიტეტის - ლტოლვა სეცესიისადმი |
ნაციონალიზმისა და გლობალიზაციის ურთიერთკავშირის განხილვა ალბათ უნდა დაიწყოს საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემის ფორმირების საწყისი ეტაპიდან. დოქტრინის სახით, ნაციონალიზმი გულისხმობს დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. მისი დედაარსია ხალხების
განსხვავებული კულტურისა და ისტორიის არსებობის ხაზგასმა. ამასთანავე კი ნაციონალიზმი ორი უკანასკნელი საუკუნის მანძილზე გახდა საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესების შემადგენელი ნაწილი. გლობალური ცვლილებების შედეგად სოლიდარობისა და ლოიალურობის ძველი ფორმები დაკნინდა. ახალი იდეების გავრცელებას კი ხელი შეუწყო საერთაშორისო სისტემის ტრანსფორმაციამ: მსოფლიო ბაზრის აღმავალმა ინტეგრაციამ, ევროპული კოლონიური იმპერიების შექმნამ, ამ იმპერიებისადმი წინაამდეგობის მოძრაობების წარმოქმნამ, მსოფლიო ომებმა და დემოკრატიის გავრცელებამ. პარადოქსია, რომ ნაციონალიზმის დოქტრინა, რომელიც ქადაგებს ხალხთა დამოუკიდებლობასა და სეპარატიზმს, აღმავლობა განიცადა გასულ ორ საუკუნეში საერთაშორისო და გლობალური ტენდენციების წინ წამოწევის შედეგად და ამასთანავე დაუპირისპირდა ამ ტენდენციებს.
ზემოთქმულის მიუხედავად, კავშირი ნაციონალიზმსა და საერთაშორისო სისტემას შორის მარტოოდენ ისტორიული ხასიათით არ შემოიფარგლება, იგი ასევე ნორმატიულია, რაც მოიცავს გარკვეულ ფასეულობებსა და იდეებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროს ხალხმა და ვის მიმართ უნდა იყოს იგი ლოიალური, ვის უნდა დაემორჩილოს. ნაციონალიზმი, მსოფლიოში მისი გავრცელების შედეგად, გახდა საკუთრივ საერთაშორისო სისტემის არსებობის მთავარი გამამართლებელი ფაქტორი ანდა მისთვის ლეგიტიმურობის მიმნიჭებელი დოქტრინა. თანამედროვე ეპოქამდე სახელმწიფოთა არსებობა მართლდებოდა მათი მმართველების, დინასტიებისა და რელიგიების მეშვეობით. ნაციონალიზმის გავრცელების შედეგად მოხდა ამგვარი მიდგომის უარყოფა და მის სანაცვლოდ შეიქმნა სისტემა, რომელშიც სახელმწიფოთა არსებობა მართლდება იმის საფუძველზე, რომ ისინი გამოხატავენ საკუთარი ხალხების ინტერესებს. ამგვარად გაჩნდა „ეროვნული სახელმწიფოს“ ცნება, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია და მოვალეა განახორციელოს საკუთარი ხალხის ინტერესები. შეიქმნა ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპი, რომლის თანახმადაც თითოეულ ერს გააჩნია უფლება განსაზღვროს საკუთარი ბედი - იყოს დამოუკიდებელი ანდა ნებაყოფლობით გაერთიანდეს დიდ სახელმწიფოში. ზემოთქმული კი ნიშნავს, რომ საერთაშორისო წესრიგის, სამართლის, ლეგიტიმურობის ნებისმიერი პრინციპი, რომელიც სრულიად სხვა საფუძველზე წარმოიქმნა, ამჟამად გამართლებულია აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით. ნაციონალიზმი გახდა გახდა საერთაშორისო ურთიერთობათა ეთიკური, მორალური საფუძველი. საგულისხმოა, რომ დღეს არსებულ სახელმწიფოთა უდიდეს ორგანიზაციას სწორედ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ეწოდება.
საკვანძო საკითხები
|
ნაციონალიზმი როგორც იდეოლოგია
ნაციონალიზმს, სოციალურ მეცნიერებაში არსებული მრავალი სხვა ტერმინის - დემოკრატიის, რევოლუციის, ლიბერალიზმის ანდა სოციალიზმის მსგავსად, საკმაოდ ფართო მნიშვნელობა გააჩნია და გამოიყენება ორი საკმაოდ განსხვავებული მოვლენის აღსანიშნავად. პირველ რიგში იგი წარმოადგენს პოლიტიკურ დოქტრინას ანდა იდეოლოგიას, ე.ი. არის იმ პოლიტიკური პრინციპების ერთობლიობა, რომლებსაც მხარს უჭერენ მოძრაობები და ინდივიდები. მეორეს მხრივ კი იგი არის სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა, ტენდენცია, რომელმაც უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე მთელ მსოფლიოში მოიცვა ყველა საზოგადოება და მოახდინა მათი პოლიტიკური ტრანსფორმაცია.
ნაციონალიზმს, როგორც იდეოლოგიას, სხვა ზემოთნახსენები კონცეფციების მსგავსად, მრავალი ვარიანტი გააჩნია და შეუძლებელია მისი მარტივი, ცალმხრივი დეფინიცია. მრავალი სხვა პოლიტიკური დოქტრინის მსგავსად ნაციონალიზმს არ გააჩნია ფუძემდებლური თეორია ანდა კლასიკური ტექსტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდებოდა მისი განსაზღვრა. ალბათ ნაციონალიზმი ახლოს დგას იმასთან, რასაც ზოგჯერ ფილოსოფოსები უწოდებენ „cluster-concept“ (სხავადსხვა, დამოუკიდებელი ნაწილებისაგან შემდგარი კონცეფცია), ე.ი. წარმოადგენს იდეას, რომელზეც ჩვეულებრივ „გამობმულია“ სხვადასხვა ელემენტები. ნაციონალიზმი აღიარებული ანალიტიკოსი ენტონი სმიტი ნაციონალიზმის 7 მახასიათებელს გამოყოფს.
ნაციონალისტური იდეოლოგიის ფუძემდებლური მახასიათებლები:
წყარო: Anthony Smith, Theories of of Nationalism, 2nd edn., London: Duckworth, 1983, p. 21 |
ერნესტ რენანის განსაზღვრებით კი „ნაციონალიზმი უპირველესად არის პოლიტიკური პრინციპი, რომელიც მოითხოვს, რომ პოლიტიკური და ნაციონალური ერთიანად, ჰარმონიულად უნდა არსებობდნენ“. ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალიზმი უპირველესად მორალური პრინციპია, რომლის თანახმადაც ერები უნდა არსებობდნენ ერთიდაიგივე ხალხისა და თვითმართვადი პოლიტიკური საზოგადოებების არსებობის საფუძველზე. ნაციონალიზმი, როგორც იდეოლოგია, უპირველესად მორალური ანდა ნორმატიული პრინციპია და წარმოადგენს შეხედულებას იმის თაობაზე, თუ როგორია სამყარო და როგორი უნდა იყოს იგი.
ნაციონალიზმის თანახმად, ცალკეული „ერები“ და შესაბამისად „ეროვნული გრძნობა“ ათასწლეულების მანძილზე არსებობს. ისტორიის მოხმობა სამყაროს ნაციონალისტური ხედვის ცენტრალური ნაწილია. მუდმივად იხმარება „ძველის“, „პირველმოსახლის“, „ტრადიციულის“ ცნებები. მაგრამ საკუთრივ დოქტრინა შედარებით ახალი შექმნილია და იგი წარმოადგენს XVIII ს. მიწურულსა და XIXს. I ნახევარში საერთაშორისო სისტემის შეცვლის შედეგს. სიტყვა „ნაცია“ ანდა მისი ექვივალენტები, მრავალი საუკუნეა, რაც არსებობს და სხვადასხვაგვარად გამოხატავდნენ იმას, რასაც დღეს უნდა ვუწოდოთ ტომები, ხალხები, მონარქის ქვეშევრდომთა ჯგუფები, თემები. თემის, საზოგადოების გარკვეული იდეა, მისი საკუთარი ისტორიითა და იდენტურობით, და ხშირად საკუთარი ენითა და რელიგიით, ნებისმიერ კულტურაში არსებობდა. მიუხედავად ამისა, ტერმინ „ნაციისა“ და მასთან ასოცირებული „ნაციონალიზმის“ დოქტრინის თანამედროვე სახით გამოყენება XVIIIს-დან იწყება. ჩანს, რომ იგი შეიქმნა სამი გამოცალკევებული, მაგრამ ურთიერთკავშირში მყოფი ფაზის შედეგად.
პირველი ფაზა ასოცირდება განმანათლებლობასთან და უპირველესად საზოგადოებათა თვითგამორკვევის პრინციპთან. ეს არის იდეა, რომლის თანახმადაც ხალხის ჯგუფს გააჩნია გარკვეული საერთო ინტერესები და მან უნდა გამოხატოს საკუთარი სურვილი თუ როგორ შეიძლება საუკეთესო გზით ამ ინტერესების განხორციელება. ძველი საბერძნეთიდან წამოსული პოლისის, ანუ პოლიტიკური საზოგადოების იდეაზე დაყრდნობით, ყველაზე სრულყოფილად ეს იდეა ჟან ჟაკ რუსომ გამოხატა. მან შექმნა დემოკრატიისა და უმრავლესობის მმართველობის ლეგიტიმურობის თანამედროვე იდეების საფუძველი. გვიანდელი დემოკრატი მოაზროვნეები, უპირველესად ჯონ სტიუარტ მილნი, მას უმატებენ წარმომადგენლობით ხელისუფლებას, როგორც პოლიტიკური სისტემის ყველაზე სასურველ ფორმას: თუკი მოხდება წარმომადგენლობითი ხელისუფლების, როგორც ინდივიდუალური თვითგამორკვევის პრინციპის კოლექტიური ფორმის საშუალების რეალიზაცია, აქედან მეტად მცირე გზა რჩება გასავლელი ერთა თვითგამორკვევის იდეამდე.
მეორე ფაზა ნაციონალიზმის იდეის ევოლუციისა საფრანგეთის რევოლუციიდან მომდინარეობს. მონარქიის ოპოზიცია საკუთარ თავის აღსანიშნავად იყენებდა ტერმინს „ნაცია“, რომელშიც იგულისხმებოდა მთლიანად ფრანგი ხალხი დამოუკიდებლად მანამდე არსებული წოდებებისა და სტატუსისა. ამ შემთხვევაში „ნაციის“ კონცეფცია უპირველესად გამოხატავს ერთიან, თანასწორუფლებიან მოქალაქეობას, ხალხის ერთიანობას. რევოლუციის ლოზუნგი «ძმობა, ერთობა, თავისუფლება» სწორედ ამ იდეიდან იყო ამოზრდილი. ამდენად, «ნაციის» კონცეფცია დაკავშირებული იყო სახელმწიფოთა შიგნით მცხოვრებთა თანასწორობასთან, დემოკრატიის ადრეულ კონცეფციასთან. საფრანგეთში მიმდინარე ამ ევოლუციასთან ერთად დაიწყო მსგავსი პროცესები ამერიკაში, რაც გამოიხატა ჩრდილოეთში ამბოხით ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ (1776-83) და მოგვიანებით ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლით სამხრეთში (1820-22). აქ ამბოხის საფუძველი პოლიტიკური იყო - ბრძოლა ევროპის იმპერიული ცენტრებისაგან დამოუკიდებლობისათვის, პოლიტიკური უფლებებისათვის და საზოგადოების თვითგამორკვევისათვის.
„ნაციის“ ამ დემოკრატიულ და პოლიტიკურ კონცეფციას შეუერთდა მისი მესამე ფაზა, საბოლოო კომპონენტი - გერმანული რომანტიკული იდეა Volk-ის ანუ ხალხისა. რაც გულისხმობს, რომ საზოგადოების ერთიანობა ეფუძნებოდა არა იმდენად პოლიტიკურ იდენტურობას, რამდენადაც ისტორიას, ტრადიციასა და კულტურას. Volk-ის იდეის თანამხმად, როგორც მას ქადაგებდნენ მაგალითად ჰერდერი და ფიხტე, კაცობრიობა დაყოფილია ცალკეულ ხალხებად, რომელთა შორის განსხვავებები და მათი იდენტურობა უნდა გამოვლინდეს კვლევის საშუალებით და ამგვარად შესაძლებელი გახდება თითოეული ხალხის ხასიათისა და განსაკუთრებულობის დადგენა.
სწორედ ამ სამი ფაზისაგან შეიქმნა ის პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც დღეს ნაციონალიზმს ვუწოდებთ. იგი ალბათ ყველაზე მკაფიოდ იტალიელმა ჯუზეპე მაზინიმ წარმოაჩინა. მისი რწმენით, ერებს გააჩნიათ საკუთარი ეროვნული ტერიტორიები და უნდა იყვნენ დამოუკიდებელნი. იტალიის შემთხვევაში ლაპარაკი იყო დაქუცმაცებული ქვეყნის გაერთიანებაზე. მაგრამ მაზინიმ ხმარებაში ასევე შემოიტანა ორი სხვა ელემენტი, რომლებიც შევიდნენ ნაციონალიზმის თანამედროვე კონცეფციაში. პირველი წარმოადგენს ერის მორალურ კონცეფციას, რომლის თანახმადაც თითოეული ინდივიდი არა მხოლოდ ეკუთვნის ერს, არამედ მოვალეცაა დაემორჩილოს ერის ნებას. ამ გზით ერთგულების, პატრიოტიზმის, საზოგადოებასთან იდენტიფიცირების ადრეული კონცეფციები თანამედროვე სახელმწიფო სისტემის ნაწილი გახდა. მაზინის მეორე იდეას წარმოადგენს „ნაციების ოჯახის“ კონცეფცია: თუკი მსოფლიო დაყოფილია ერებად, მაშინ მათ იდენტიფიცირებისა და თვითგამორკვევის გზით, შეუძლიათ მიაღწიონ დამოუკიდებლობას. მისი თვალსაზრისით, ყოველივე ამის შედეგი იქნება მშვიდობა ერებს შორის ამ ახალ საფუძველზე. ფრანგი ერნესტ რენანისათვის კი ნაციონალიზმი იყო „ყოველდღიური პლებისციტი, პროცესი, რომლითაც ისტორიულად ჩამოყალიბებულ საზოგადოებას მუდმივად შეუძლია საკუთარი იდენტურობა და ნება გამოხატოს განგრძობადი არსებობის, თვითგამორკვევისა და სურვილების საშუალებით.“
საკვანძო საკითხები
|
ნაციონალიზმი როგორც მოძრაობა
ნაციონალიზმი XVIII საუკუნის მიწურულიდან იწყებს გავრცელებას. XIXს. დასაწყისიდან ევროპა ნაციონალისტური მოძრაობების არნახული აღმავლობის ფაქტის წინაშე აღმოჩნდა - საბერძნეთში, გერმანიაში, იტალიასა და ირლანდიაში, უფრო მოგვიანებით კი ცენტრალური და აღმოსავლეთის ევროპის მულტიეთნიკურ იმპერიეBბში - ავსტრო-უნგრეთის, პრუსიის, რუსეთის, ოსმალეთის იმპერიებში. ნაციონალისტური მოძრაობების გააქტიურების შედეგად ეს იმპერიები თანდათანობით თმობდნენ თავიანთ პოზიციებს, სანამ I მსოფლიო ომის შემდეგ საერთოდ არ გაქრნენ მსოფლიო პოლიტიკური რუქიდან.
I მსოფლიო ომის შედეგად შეიქმნა იმის საშუალება, რომ ეროვნული თვითგამორკვევა, რომელიც აქამდე ეხებოდა მხოლოდ ევროპასა და ემერიკის თეთრკანიან ელიტას, გამხდარიყო უნივერსალური პრინციპი და გამოვლენილიყო რადიკალური რევოლუციის ფორმით (ბოლშევიკური რევოლუცია რუსეთში) ანდა აშშ-ის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მიერ წარმოდგენილი ლიბერალური პროგრამის ფორმით. ომამდე მრავალი ნაციონალისტი მიიჩნევდა, რომ ერების უფლებების რეალიზება შეიძლებოდა მომხდარიყო სეცესიის გარეშე, ფედერალური ან რეგიონული უფლებების განხორციელებით სახელმწიფოთა შიგნით, ანდა კულტურული ავტონომიით. მაგრამ ომის შემდეგ თანდათანობით მოხდა თვითგამორკვევის პრინციპის ასოცირება დამოუკიდებლობასთან. თითქოს ჩანდა, რომ ადგილს იმკვიდრებდა ეროვნული თვითგამორკვევის ეპოქა და მაზინის მიერ ნაქადაგები „ნაციათა ოჯახი“. მაგრამ ამგვარად არ მომხდარა სამი ძირითადი მიზეზის გამო:
პირველ მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ევროპული კოლონიური იმპერიები საკმაო ხნის მანძილზე უარს ამბობდნენ დამოუკიდებლობა მიეცათ აფრიკისა და აზიის ხალხებისათვის. მხოლოდ II მსოფლიო ომის შემდეგ, რომელმაც დამარცხებულების გარდა, გამარჯვებულებსაც გამოაცალა ძალა, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია და ბელგია დათანხმდნენ და იძულებულნიც გახდნენ დამოუკიდებლობა მიენიჭებინათ მესამე სამყაროში თავიანთი კოლონიებისათვის.
მეორე მიზეზი არის ის, რომ ნაციონალიზმი, მთელი სისრულით გამოხატვის შემთხვევაში, იწვევდა არა მშვიდობას სახელმწიფოებს შორის, არამედ კონფლიქტებს, დიქტატურების დამყარებას, და ბოლოს - მსოფლიო ომებს. მაზინის პერეფრაზირირება რომ მოვახდინოთ, თუკი მართლაც არსებობდა „ნაციათა ოჯახი“ - ეს იყო შიდადაპირისპირებებით სავსე, ბედნიერებასა და სიმშვიდეს მოკლებული ოჯახი. ხალხები ტერიტორიული თვალსაზრისით, ხშირად ერთმანეთში აღრეულები იყვნენ და ისტორიული უფლებებით აპელირება აუცილებლად იწვევდა მათ შორის კონფლიქტებს. მაგალითისათვის, ნაციონალისიზმის ნიადაგზე დაპირისპირებები და ომები ბალკანეთზე პრაქტიკულად დღემდე გრძელდება. განსაკუთრებით საშიში ფორმა კი ნაციონალიზმმა 20-30-იან წლებიდან გერმანიასა და იტალიაში მიიღო. იტალიაში იგი ემყარებოდა ძალაუფლების გაზრდის სურვილსა და სამხედრო ექსპანსიას, ხოლო გერმანიის შემთხვევაში საზღვრების ძალადობრივ გადასინჯვასა და ებრაელების გენოციდს.
გარდა ამისა, არსებობდა მესამე მიზეზიც, რომელმაც 1918 წლის იმედების დასამარება გამოიწვია და რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო II მსოფლიო ომის შემდეგ გახდა. ეს მიზეზი შემდეგი სახის იყო: დამოუკიდებელ სახელმწიფოებშიც კი, სადაც მიიჩნეოდა, რომ მოხდა ნაციონალური იდენტურობისა და თვითგამორკვევის რეალიზაცია, შეიქმნა დაძაბულობის ახალი კერები. პირველად ეს თვალსაჩინო გახდა განვითარებულ სამყაროში, სადაც 60-იანი წლებიდან გამოვლინდა ეროვნული თვითგამორკვევის ახალი ტენდენციები ანდა წარმოიქმნა ეთნიკური მრავალფეროვნების აღიარებისა და სათანადო უფლებების მოთხოვნა სახელმწიფოთა შიგნით. ევროპაში არაერთი მაგალითი არსებობს: სეპარატისტული მოძრაობები ბასკეთში, ჩრდ. ირლანდიაში, შოტლანდიაში, ბელგიასა თუ კორსიკაზე. აშშ-ში მასობრივი საპროტესტო მოძრაობები დაიწყო თავდაპირველად ზანგების, ხოლო შემდეგ ყველა ფერადკანიანის თანასწორუფლებიანობის მოთხოვნით. კანადაში ფრანგულენოვანი კვებეკის პროვინცია მოითხოვს ფართო ავტონომიას და ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებლობასაც. თუმცა, ნაციონალისტური და ეთნიკური მოძრაობების აღმავლობას ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში ქვეყნების ფრაგემენტაცია არ მოჰყოლია.
გაცილებით უფრო ფეთქებადი აღმოჩნდა ნაციონალიზმის აღმავლობა აღმოსავლეთის კომუნისტურ ქვეყნებში. ნაციონალიზმი ამ შემთხვევაში გახდა საბჭოთა მმართველობასათან დაპირისპირებისა და წარსულთან კავშირის აღდგენის იარაღი. იგი ასევე დაუკავშირდა ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის მოთხოვნებს. საერთო ჯამში, ნაციონალიზმი კომუნიზმის ოპოზიციის საყრდენად გადაიქცა. ყოველივე ამან კი მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიოს პოლიტიკური რუქა.
საკვანძო საკითხები
|
ნაციონალიზმი და საერთაშორისო ურთიერთობები
ნაციონალიზმის დოქტრინის გაძლიერებისა და გავრცელების შედეგები საერთაშორისო ურთიერთობებისათვის მრავალი სახისაა. ერთის მხრივ ეს არის ნაციონალიზმის ჩართვა საერთაშორისო სისტემაში, მეორეს მხრივ კი ის ანალიტიკური და ეთიკური პრობლემები, რომელთაც ნაციონალიზმი წამოჭრის საერთაშორისო ურთიერთობების კვლევისა და პრაქტიკისათვის.
შედეგების თვალსაზრისით, ოთხი უმთავრესი უნდა გამოიყოს: პირველ რიგში ნაციონალიზმმა გამოიწვია სახელმწიფოთა სისტემისათვის ახალ ფასეულობათა, ლეგიტიმიზაციის ახალი სისტემის დამკვიდრება. სუვერენიტეტისა და ჩაურევლობის ტრადიციული, ვესტფალიის სისტემისათვის დამახასიათებელი გამართლების გარდა, სახელმწიფოთა სისტემას ამჟამად სურს გამოხატოს ცალკეული, ინდივიდუალურად ლეგიტიმური ხალხების ინტერესები. აქედან მომდინარეობს „ეროვნული სახელმწიფოს“ კონცეფციის მნიშვნელობა და ის, რომ, სახელმწიფოებმა უნდა გამოხატონ ერთა ინტერესები (საკუთრივ ტერმინი „საერთაშორისო“ გამოხატავს ამ ორაზროვნებას. იგი 1780 წელს გამოიგონა ინგლისელმა პოლიტიკურმა თეორეტიკოსმა ჯერემი ბენთჰემმა, რათა განესაზღვრა სამართლის ფორმა, რომელიც არსებობდა სხვადასხვა რომაულ ტომებს შორის ურთიერთობისას. შემდგომში იგი აღნიშნავდა „სახელმწიფოთაშორისო“ ურთიერთობებს, რაც ასევე მოიცავდა „ერთაშორის“ ურთიერთობებს). თვითგამორკვევა გახდა თეორიულად საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი და არსებული საერთაშორისო წესრიგის სავარაუდო საფუძველი. როგორც ერთა ლიგის ხელშეკრულება, ისე გაერო-ს ქარტია ითავისებს ამ თვალსაზრისს და სწორედ მისგან წარმოდგება საერთაშორისო სამართლის სისტემა. სახელმწიფოებს პრატიკული საქმიანობისას შეუძლიათ გამოხატონ ან არ გამოხატონ საკუთარი ხალხების ინტერესები, მაგრამ დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში, დიპლომატიასა და სამართალში, თეორიულად ისინი მოვალენი არიან ამგვარად მოიქცნენ.
მეორე შედეგი არის ის, რომ ნაციოონალიზმი გამოიყენებოდა როგორც მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული კომპონენტი სახელმწიფო აღმშენებლობისათვის, საერთო იდენტურობისა და საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობის ფორმირებისათვის. ბუნებრივია, ლოიალურობის ფორმები მანამდეც არსებობდა. - ისტორიის მანძილზე ადამიანები თავს წირავდნენ საკუთარი საზოგადოების საკეთილდღეოდ და ეს მოვალეობად მიაჩნდათ. მაგრამ თანამედროვე სახელმწიფოსათვის, რომელიც აღმოჩნდა ქალაქებში ადამიანების მძლავრი ნაკადების მოდინების ფაქტის წინაშე და რომელსაც სჭირდება რესურსების მობილიზება გარეგანი მოქიშპეების უკუსაგდებლად და საფრთხის უვნებელსაყოფად, განსაკუთრებულად მნისვნელოვანი გახდა ნაციონალური იდენტურობისა და მიზნების ფორმირება. ყოველივე ამის რეალიზაციის საშუალებებს წარმოადგენს განათლება, ეროვნულ ჯარში სამსახური, ეროვნული ისტორიის აპოლოგია, პატრიოტული ფილმების გადაღება. ეს ხელს უწყობს ხალხში საერთო იდენტურობის გრძნობის გაძლიერებას და სახელმწიფოსადმი მორჩილების დონის გაზრდას. ნაციონალიზმის მკვლევარები ხშირად ამტკიცებენ, რომ ნაციონალიზმი ამგვარი ქადაგება განსაკუთრებით ძლიერია ყოფილ კოლონიურ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოს საზღვრები და იდენტურობა შეიძლება იყოს სრულიად ახალი და გარედან თავსმოხვეული ხასიათის. ოფიციალური ნაციონალიზმის ქადაგება უეჭველად არის მესამე სამყაროს სახელმწიფოების მიერ წარმართული ეროვნული აღმშენებლობის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ მესამე სამყაროს. განვითარებულ ქვეყნებშიც - აშშ-ში, საფრანგეთსა თუ დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ასევე ზრუნავს ეროვნული იდენტურობის გაძლიერებასა და ნაციონალური მიზნების ჩამოყალიბებაზე. განათლებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით იგი გახდა ნაწილი სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის კავშირის ფორმირებისათვის, აუცილებელი საშინაო კომპონენტი საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოს ავტორიტეტისა და ძალოვანების ფორმირების პროცესში. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს საერთაშორისო არენაზე თუკი იგი იგი საკუთარი საზღვრების შიგნით არ ზრუნავს ეროვნული იდენტურობის გაძლიერებასა და ნაციონალური მიზნების ჩამოყალიბებაზე.
გაერო-ს წესდება, თავი I, მუხლი I გაერო მიზნად ისახავს: 2. განავითაროს მეგობრული ურთიერთობები ერებს შორის ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპის პატივისცემის საფუძველზე, აგრეთვე მიიღოს სხვა შესაბამისი ზომები საყოველთაო მშვიდობის განსამტკიცებლად; |
მესამე შედეგით, ნაციონალიზმი წარმოადგენს უძლიერეს იარაღს საერთაშორიოს პოლიტიკურ რუქაზე ცვლილებათა შეტანის საქმეში - ე.ი. სახელმწიფოებს შორის საზღვრების განსაზღვრასა და მათ ტერიტორიებზე. თეორიულად ეს ნიშნავს, რომ რუქა ასახავს ხალხების გადანაწილებას დედამიწაზე. მაგრამ პრაქტიკაში, ხშირ სემთხვევაში, ამ რუქის კონტურებს ისტორიული შემთხვევითობა განაპირობებს - ომები, კოლონიური ეპოქის შემდეგ საზღვრების ხელოვნური შექმნა. გარკვეულწილად ასევე შემთხვევითობას წარმოადგენს საზღვრები აშშ-სა და კანადას, ესპანეთსა და პორტუგალიას შორის. მიუხედავად ამისა, ნორმა, რომ რუქა უნდა შეესაბამებოდეს ხალხთა განსახლებას, კვლავაც უბიძგებს სახელმწიფოებს იზრუნონ „სამემკვიდრეო“ ტერიტორიების მოპოვებაზე. როგორც აღინიშნა, კომუნიზმის კოლაფსმა გამოიწვია როგორც სახელმწიფოთა გაერთიანება, ისე მათი დაშლა და შესაბამისად პოლიტიკურ რუქასთან დაკავშირებული მრავალი ახალი პრობლემა შექმნა.
ნაციონალიზმის მეოთხე შედეგი საერთაშორისო ურთიერთობებისათვის არის ის, რომ იგი წარმოადგენს კონფლიქტებისა და ხშირად ომების წყაროს. ომთაშორის პერიოდში დავამ ტერიტორიული დაყოფის შესახებ, შექმნა რწმენა, რომ თვითგამორკვევის პრინციპს უნდა უზრუნველეყო მშვიდობა ხალხებს შორის. მაგრამ ამგვარად არ მოხდა. ნაცისტურმა და იაპონურმა ექსპერიმენტებმა შექმნეს თვალსაზრისი ნაციონალიზმის დამანგრეველი ძალის შესახებ. ნაციონალიზმი გამოიყენება დიქტატორული რეჟიმების მიერ შიდა ოპოზიციის ჩასახშობად, ასევე გარე აგრესიასთან დასაპირისპირებლად. ნაციონალისტური დაპირისპირების შედეგები გახდა უკანასკნელი პერიოდის კონფლიქტები ყოფილ იუგოსლავიაში, ქაშმირში, შრი-ლანკაში, არაბულ-ისრაელის დაპირისპირებაში.
საკვანძო საკითხები
|
დებატები ნაციონალიზმთან დაკავშირებით
ნაციონალიზმითან დაკავშირებულმა პრობლემებმა არაერთი დისკუსია გამოიწვია. ყურადღებას გავამხვილებთ სამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე.
სამართლიანობა წესრიგის წინააღმდეგ
საერთაშორისო სისტემა ემყარება ორ პრინციპს - სახელმწიფოთა სუვერენიტეტს და მშვიდობის შენარჩუნებას მათ შორის. ხშირად მიიჩნევა, რომ ეროვნული თვითგამორკვევა და ლეგიტიმური ეროვნული უფლებების გამოხატვა შეესაბამება ამ საერთო პრინციპებს. ეს პრინციპები ხშირად ასრულებენ გადამწყვეტ როლს, მაგრამ სულაც არ მოგვიწევს ღრმა ისტორიული ექსკურსი იმის დასანახად, რომ არც თუ ისე იშვიათად სწორედ ეს პრინციპები განაპირობებენ კონფლიქტებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა პრინციპებთან დაპირისპირება უწევთ. პირველ რიგში, ხშირია შეუსაბამობა და კონფლიქტი ძალთა ბალანსისა და თვითგამორკვევის პრინციპებს შორის. დიდ სახელმწიფოებს შორის მშვიდობის შენარჩუნების პრობლემამ შესაძლოა გამოიწვიოს მათ მიერ გავლენის სფეროების გადანაწილება და ურთიერთთანხმობა, რომ გააჩნდეთ კოლონიები. XVIIIს. 90-იან წლებში რუსეთმა და პრუსიამ გაიყვეს პოლონეთის მანამდე დამოუკიდებელი სამეფო, ეს აქტი კი გახდა ძალთა ბალანსის შენარჩუნების მკაფიო გამოხატულება. XIX ს.-XX ს. დასაწყისში ევროპულმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს ურთიერთთანხმობას კოლონიური სისტემის არსებობაზე და აზიასა და აფრიკაში გავლენის სფეროების გადანაწილებაზე. ცივი ომის დროს და მის შემდეგაც დასავლურმა სამყარომ უფლება მისცა რუსეთს დაემორჩილებინა ხალხები აღმოსავლეთ ევროპაში და საკუთრივ საბჭოთა კავშირის შიგნით. ამგვარ დამოკიდებულებას განაპირობებდა დასავლეთის სურვილი შენარჩუნებულიყო სტაბილურობა და უსაფრთხოება მსოფლიო მასშტაბით (გავიხსენებთ მხოლოდ ორ მაგალითს: 1956 წ. უნგრეთის აჯანყებას და საუკუნის მიწურულის ჩეჩნეთის ომებს - ორივე შემთხვევაში დასავლეთიდან რეაქცია პრაქტიკულად არ მოჰყოლია ვითგამორკვევის აღიარებული პრინციპის მოთხოვნას). მსოფლიოს სხვა მხარეებში დამოუკიდებლობის ლეგიტიმური მოთხოვნები არაფრად იქნა ჩაგდებული რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. 1961 წლიდან 1991 წლამდე აფრიკული სახელმწიფოები უარს ამბდნენ ეცნოთ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ერითრია, სანამ ეს უკვე რეალურ ფაქტად არ იქცა. ასევე არც ერთი ქვეყანა არ არის მზად აღიაროს 15-20 მილიონი ქურთის უფლება შექმნან დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლებიც კომპაქტურად ცხოვრობენ ირანში, თურქეთსა და ერაყში. საბჭოთა სისტემის კოლაფსის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოება მზად იყო მისალმებოდა მის მემკვიდრე სახელმწიფოებს და ეღიარებინა მათი დამოუკიდებლობა, მაგრამ საერთო კონსენსუსი არსებობდა იმის თაობაზე, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულებულიყო. 1993 წ. ლონდონის საერთაშორიოს ურთიერთობათა ინსტიტუტში გამოსვლისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა დაგლას ჰერდმა განაცხადა: „მე იმედი მაქვს, რომ აღარ გავხდებით ახალი ეროვნული სახელმწიფოების შექმნის მოწმენი.“
უეჭველია, რომ სწორედ ამგვარ დამოკიდებულებასთან არის დაკავშირებული დასავლური პოლიტიკის დაბნეულობა და უმოქმედობა 90-იან წლებში იუგოსლავიაში მიმდინარე პროცესების მიმართ: ნათელი არ იყო, თუ რა დონეზე უნდა აღმოეჩინათ მხარდაჭერა თვითგამორკვევისათვის და რა ეტაპზე უნდა შეწყვეტილიყო ეს მხარდაჭერა. მაგრამ ამ შემთხვევიდან გამომდინარეობს სხვა, მასთან დაკავშირებული პრობლემა. თუკი ერთ საზოგადოებას მიეცემა სეცესიის უფლება, მაშინ დადგება იმავე ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სეცესიის პრობლემა: ეს ეხება სერბებს ბოსნიასა და ხორვატიაში, ასევე ჩრდ. ირლანდიას, უკრაინაში მცხოვრებ რუსებს, ისრაელის არაბებს. მსგავსი შემთხვევა, მეტად სავალალო შედეგებით, უკვე იყო ადრე გერმანელებთან დაკავშირებით, რომლებიც ჰიტლერის რაიხის საზღვრებს გარეთ ცხოვრობდნენ. არავის შეუძლია ამტკიცოს, რომ ნებისმიერ ხალხს, ვისაც გააჩნია გარკვეული იდენტურობა, შეუძლია მოითხოვოს საკუთარი სახელმწიფო. მაგ., ოთხი ათასამდე ენა არსებობს, მაგრამ არავინ მიიჩნევს, რომ საჭიროა ოთხი ათასი სახელმწიფოს არსებობა. ასევე, ერთი და იმავე ენაზე მოლაპარაკე ხალხებს შესაძლოა გააჩნდეთ სხვადასხვა სახელმწიფოები - არაბულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, სპარსულად მოლაპარაკეებს. პრობლემაა, თუ სად უნდა გაივლოს გამყოფი ხაზი. ამისათვის საჭიროა სამართლიანობისა და წესრიგის გარკვეული ბალანსის მოძიება. თვითგამორკვევის უფლება, მიჩნეული როგორც ერთი საზოგადოების ხალხების უფლება და მოთხოვნილება ჰქონდეთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ხშირად უპირისპირდება საერთაშორისო ურთიერთობათა სხვა პრინციპებს.
ისტორია თანამედროვეობის წინააღმდეგ
ნაციონალიზმი ემყარება „უწყვეტი ისტორიის“ კონცეფციას - ხალხები არსებობდნენ საუკუნეების მანძილზე და მათ გააჩნიათ ისტორიული მეხსიერება. ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის მიღწევა ამ ისტორიის კულმინაციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარეობს გატაცება იმგვარი სიტყვებით, როგორიცაა „აღორძინება“, „ხელახალი დაბადება“, ინტერესი არქეოლოგიისა და წინაპრების მიმართ. „ისტორიული“ მოთხოვნები და პრეტენზიები ასევე გამოიყენება არგუმენტების გასამყარებლად საზოგადოების შიგნით, თუ რა არის, ან რა არ არის „ჭეშმარტი, სანდო“. ყოველივე ამას მეტად მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს საერთაშორისო ურთიერთობებისათვის. მაგალითისათვის, იმის განსაზღვრა, თუ რა არის „ისტორიული“, „ბუნებრივი“, ზოგჯერ „ღვთის მიერ ბოძებული“ - რის გამოხატულებაცაა ეროვნული ტერიტორია. როდესაც ხალხს სურს უარყოს სხვა ხალხის მოთხოვნების ლეგიტიმურობა, უპირველესად იმის მტკიცება ხდბა, რომ დაპირისპირებული არ წარმოადგენს „ჭეშმარიტ“ ერს, ანდა მეტად მოკლევადიანი და არაფრისმთქმელი ისტორია აქვს, , ან იგი არსებობდა სადმე სხვაგან - დღევანდელი განსახლების ადგილიდან დაშორებულ ტერიტორიაზე, ანდა იყო და არის უცხო ძალის მსახური. ისტორია სავსეა მსგავსი მაგალითებით.
ნაციონალური სიმბოლოები
|
ნაციონალიზმისადმი ამგვარი მიდგომა საერთოა ნებისმიერი ნაციონალისტური მოძრაობისათვის. იგი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პერენაილისტური (მუდმივად არსებული) მიდგომა. საპირისპიროდ, მრავალი სოციალური მკვლევარი მიიჩნევს, ერები არიან ა) შემთხვევითი და ბ) შედარებით ახალი შექმნილები. ამგვარი მიდგომა ზოგადად იწოდება მოდერნისტულად. ამ თვალსაზრისით, დღეს არსებული მსოფლიო პოლიტიკური რუქა ასახავს შემთხვევით და შედარებით ახალ პროცესებს - კოლონიური სისტემის რღვევის შედეგად წარმოქმნილ საზღვრებს, რომელიც არ ემთხვევა ხალხების რეალურ განსახლებას, ომების შედეგებს, რასაც პრაქტიკულად იგივე შედეგები მოაქვს, კერძო პოლიტიკური დაჯგუფების ტრიუმფს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია იყოს კონკრეტული ერის ნების გამომხატველი. ამ ერის „შექმნაზე ზრუნვა“ კი მხოლოდ შემდეგ იწყება. არის რეაქცია საზოგადოების არსებობის ძველი ფორმების მოსპობაზე, რაც ემყარებოდა რელიგიას, დინასტიურ მმართველობას, სასოფლო ცხოვრებას და არის გზა თანამედროვე ქალაქების მცხოვრებნი უზრუნველყოს არსებობის გამართლებისა და დანიშნულების გრძნობით. იგი ქმნის წარმოსახვითი საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობას. ეს ტერმინი გამოიყენა ბენედიქტ ანდერსონმა იმ იდეის გამოსახატავად, რომლის თანახმადაც გარკვეული ხალხის ჯგუფში ერთი მეორეს იცნობს, მაგრამ ამ ჯგუფის ყველა წევრის ერთად თავმოყრა შეუძლებელია. წარსული - ტრადიცია, ისტორია, ენა, ფოლკლორი არ არის ის, რაც განსაზღვრავს დღევანდელობას. იგი პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების მიერ გამოიეყენბა მასალად ხალხის ერთიანობის განმტკიცებისათვის. სადაც წარსული საკმარისი არ არის, იქ ისტორია გამოიგონება. ნაციონალიზმის არსებობა შესაძლოა გარდაუვალია, მაგრამ მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია შემთხვევითობის როლი. ერთი მოდერნისტის სიტყვებით, „ნაციონალიზმის მაგიას წარმოადგენს ის, რომ მას შეუძლია შანსი გარდაქმნას ბედად“ (Anderson 1991: 19).
ამ ორ პოზიციას შორის არსებობს სხვა, ნაკლებად რადიკალური მიდგომები. ზოგიერთი თეორეტიკოსით, მიუხედავად იმისა, რომ ერები და ნაციონალიზმი, თანამედროვე პოლიტიკური თვალსაზრისით ახალი შექმნილია, მაინც არსებობს მისი უფრო ადრინდელი კულტურული, ლინგვისტური და პოლიტიკური საფუძვლები. ეს კი ნიშნავს, რომ გადაჭარბებულია ერების შექმნის პროცესში შემთხვევითობაზე ყურადღების გამახვილება. ამგვარად, პერენიალისტური მიდგომის გაზიარების გარეშე, შესაძლებელია დაიწეროს მაგალითისათვის ინგლისელი, რუსი, ჩინელი თუ ქართველი ხალხის ისტორია. ასეთია გამოჩენილი ავტორის, ენტონი სმიტის პოზიცია, რომელიც ფოკუსირებას ახდენს სიმბოლიზმზე (A. Smith 1991). სმიტი, კერძოდ ემხრობა კონცეფცია ეთნოსის გამოყენებას, რომელიც ემყარება ეთნიკური ჯგუფის გამოსახატავად გამოყენებულ ფრანგულ ტერმინს იმ საზოგადოებების აღსანიშნავად, რომლებიც, ჯერ კიდევ წინანაციონალისტურ ხანაში, ქმნიდნენ გარკვეულ საფუძველს თანამედროვე ერებისათვის. ზოგიერთმა მკვლევარმა გამოიყენა ეს მიდგომა რათა განესხვავებინა ერების სხვადასხვა სახეეები - ისინი ვისაც გააჩნდა ხანგრძლივი ისტორია გამომდინარე ეთნიკური საფუძვლებიდან - ამგვარი კანდიდატები შეიძლება ყოფილიყვნენ ჩინეთი ანდა გერმანელები - და ისინი, რომლებიც უფრო ახალი შექმნილნი არიან - წარმოადგენენ ევროპული კოლონიური სისტემის პროდუქტს - აშშ, ავსტრალია, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მრავალი ქვეყანა. აქ განსხვავება შეიძლება გამოიკვეთოს ეთნიკურ და პოლიტიკურ ნაციონალიზმს, ანდა „ისტორიულ“ და „ახლად შექმნილ“ ფორმებს შორის. გამყოფი ხაზი შეიძლება გაივლოს იმ შემთხვევებს შორის, როდესაც სახელმწიფო და მასთან ასოცირებული ნაციონალიზმი მომდინარეობს უკვე არსებული საზოგადოებიდან და იმ შემთხვევებს შორის, როდესაც სახელმწიფო თავად ქმნის ნაციონალიზმს და ავრცელებს სოლიდარობის გრძნობას ხალხში. ამგვარ გამოცალკევებას შეიძლება გარკვეული გამართლება გამოეძებნოს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მრავალმა ქვეყანამ არნახული ძალისხმევა გასწია საკუთარი ნაციონალიზმის შექმნა-განვითარებისათვის. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია დიდი ენერგია შეალიეს საკუთარ ხალხში იდენტურობის, ისტორიის ენის განსაკუთრებული გრძნობის ჩანერგვას, იმ ტრადიციების შექმნას, რასაც ეროვნული შეიძლება ეწოდოს.
პოზიტიური და ნეგატიური
საერთაშორისო ურთიერთობებში ნაციონალიზმთან დაკავშირებული დისკუსიები ხშირად ეხება მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს. ამ თვალსაზრისით სულ მცირე, ოთხი პოზიტიური არგუმენტის მოყვანა შეიძლება. 1. ნაციონალიზმი იწვევს ლეგიტიმურობის პრინციპის შექმნას, რასაც ემყარება სახელმწიფოთა თანამედროვე სისტემა. ამ პრინციპის თანახმად სახელმწიფოებს შეუძლიათ და ვალდებულნი არიან გამოხატონ საკუთარი ხალხის ინტერესები, ვინაიდან სწორედ ხალხისაგან იღებენ ლეგიტიმურობას: რუსო-მილის თემა წარმომადგენლობითი ხელისუფლების შესახებ საერთაშორისო მასშტაბით სწორედ ამ გზით ხორციელდება. 2. ნაციონალიზმი არის დემოკრატიული პრინციპების რეალიზაცია: ნაციონალიზმი არის საშუალება, რომლითაც წარმომადგენლობითი ხელისუფლების განმანათლებლობის პრინციპები უნდა განხორციელდეს საერთაშორისო არენაზე. 3. ნაციონალიზმს გააჩნია მეტად მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ფუნქცია: იგი იწვევს საზოგადოებისადმი კუთვნილების გრძნობას, კულტურული ერთიანობის კონკრეტული ფორმების შექმნას. ნათელია, რომ ზემოთქმულის გარეშე ქაოსი და გამოუვალი მდგომარეობა შეიქმნებოდა. 4. ნაციონალიზმი იყო და რჩება ადამიანთა შემოქმედებისა და მრავალფეროვნების უმნიშვნელოვანეს მასაზრდოებელ წყაროდ - ნაციონალიზმის წარმოქმნას უზარმაზარი შედეგები ჰქონდა ხელოვნების, ლიტერატურის, ენის, სპორტის და ა.შ., თუნდაც გასტრონომიის განვითარებისათვის.. იგი არა მარტო კონკრეტულ ხალხებს, არამედ მთლიანად კაცობრიობას ამდიდრებს. მის გარეშე მსოფლიო უსახური და კარჩაკეტილი იქნებოდა. დიდი საზოგადოებებში მცხოვრები ხალხების კულტურული გამოხატულება - მულტიკულტურალიზმის განვითარება ყოველივე ამის უკანასკნელი მაგალითია.
ასევე არსებობს მრავალი, მყარი ძალის ნეგატიური არგუმენტი: 1. ნაციონალიზმი არის კონფლიქტებისა და ომების მიზეზი. შეთანხმება შეუძლებელი ტერიტირიული მოთხოვნები, საერთაშორისო და ნაციონალურ პოლიტიკაში ემოციებზე დაყრდნობა გამორიცხავს შეთანხმების შესაძლებლობას. ნაციონალიზმი გახდა თანამედროვეობის შავი ჭირი, მსოფლიო ომების, ეთნიკური წმენდის, გენოციდის მიზეზი და მთელ მსოფლიოში არსებული დაუსრულებელი დაბალი ინტენსიურობის კონფლიქტების მასაზრდოებელი წყარო. თავისთავად ნაციონალიზმი შეიძლება წარმოადგენდეს საღ აზრზე დამყარებულ, ლეგიტიმურ იდეოლოგიას, მაგრამ მეტად სწრაფად გარდაიქმნას ქსენოფობიად - უცხოს ზიზღად, შოვინიზმად - აგრესიულ დამოკიდებულებად უცხოელთა და უცხო ქვეყნების მიმართ, მილიტარიზმად - ძალის გამოყენებად პრობლემების გადასაწყვეტად და იმპერიალიზმად - იმპერიების შექმნის სურვილად სხვა ქვეყნების დასამორჩილებლად. 2. ნაციონალიზმი, თუნდაც რომ ერიდებოდეს სამხედრო კონფრონტაციას, შეიძლება გახდეს წინაღობა თანამშრომლობისათვის, იქნება ეს ვაჭრობა, მიგრაცია, გარემოს დაცვა თუ თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკის სხვა რაიმე მახასიათებელი. თანამედროვე მსოფლიო უნდა ემყარებოდეს არა სეპარატულ, ურთიერთმოქიშპე ნაციონალური მიზნების, არამედ საერთო, გლობალური ინტერესების გააზრებას: მაგალითისათვის, ეს არის პოტენციური გლობალური ბირთვული და ეკოლოგიური საფრთხეები. 3. ნაციონალიზმი, სახელმწიფოების დაშლის ხელშეწყობით, ასევე არღვევს სიცოცხლისუნარიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკური სამართლიანობისა და რესურსების გადანაწილების პრობლემები ნებისმიერ საზოგადოებაში წარმოიქმნება, მაგრამ სეცესიის გარდა ეს პრობლემები სხვა გზებითაც შეიძლება გადაწყდეს. 4. სახელმწიფოს შიგნით ნაციოანლიზმის აყვავება არასასურველ მოვლენად შეიძლება იქცეს. იგი ქვენების შიგნით ქმნის არატოლერანტობისა და დიქტატურის დამყარების ნიადაგს. მმართველობის გარკვეულმა ფორმამ შეიძლება გამოიყენოს ნაციონალიზმისა და უსაფრთხოების არგუმენტები, რათა გაამართლოს ძალაუფლების უზურპაცია. ასევე შეიძლება მოხდეს ნაციონალიზმის გამოყენება უმრავლესობის ჯგუფის მიერ, რათა დაიმორჩილოს, გააძევოს, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, გაანადგუროს ისინი, ვინც არ არიან მიჩნეულნი უმრავლესობის ნაწილად. ამგვარი კლიმატის პირობებში საერთაშორისო ზეწოლას ადამიანთა უფლებების დაცვის მოთხოვნით მეტად მცირე შედეგები თუ მოაქვს. ამგვარი სახელმწიფოებისა და მთავრობების მიერ, რომლების არღვევენ საკუთარი ხალხების უფლებებს, ნებისმიერი კრიტიკა აღიქმება ერის ცხოვრებაში გარეგანი ჩარევის ფორმად და ამდენად, ყველა კრიტიკოსი ხალხის მტერია და კრიტიკოსთა ფასეულობები სხვა ერის ფასეულობებია. ნაციონალიზმი ასევე იწვევს კულტურისათვის მიუღებელ და უცხო კარჩაკეტილობას.
საკვანძო საკითხები
|
პოსტნაციონალისტური ეპოქის დასაწყისი?
ჯერ კიდევ ნაციონალიზმის გარიჟრაჟზე, XIXს. დასაწყისიდან წინასწარმეტყველებდნენ, რომ ნაციონალიზმი გარდაუვალი დაკნინება ელოდა, რასაც გამოიწვევდა ის საერთაშორისო საერთაშორისო პროცესები, რომლებსაც დაექვემდებარებოდნენ სახელმწიფოები და ხალხები. XIXს. ლიბერალებსა და კომუნისტებს სწამდათ, რომ მსოფლიო ბაზრის შექმნა წაშლიდა განსხვავებებს ხალხთა შორის. I მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა იმედი, რომ საერთაშორისო სამართალი, დემოკრატიის გავრცელება და თვითგამორკვევის პრინციპის ტრიუმფი უზრუნველყოფდა ეროვნული კონფლიქტების დასრულებას. 70-იანი წლების შემდეგ, პირველად ურიერთდამოკიდებულებისადმი, ხოლოს შემდეგ გლობალიზაციისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში, ხაზი გაესმეოდა, რომ ჩვენ ვმოძრაობთ უფრო ერთიანი სამყაროს მიმართულებით, რომელშიც ეროვნული განსხვავებები და ეროვნული სახელმწიფო ნაკლებად გავლენიანი და ნაკლებად საჭირო გახდებოდა.
ნაციონალიზმი რჩება საერთაშორისო ურთიერთობათა მყარ შემადგენელ ნაწილად. ამასთანავე, ნაციონალიზმის სიძლიერესა და მასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობის მიუხედავად, გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიოში ახალი სიტუაციაა შექმნილი. პირველ რიგში ნაციონალიზმის კლასიკური გამართლება - დამოუკიდებლობის მოთხოვნა იმ მიზეზით, რომ არსებობს უცხო კოლონიური ძალაუფლება, თითქმის მთლიანად წარსულს ჩაბარდა. საბჭოთა კავშირისა და სხვა მულტიეთნიკური იმპერიების კოლაფსმა კაცობრიობის ისტორიის ეს თავი გადაფურცლა. დღეისათვის ორასამდე სახელმწიფო არსებობს და საერთაშორისო არენაზე გაბატონებული თვალსაზრისით, ახალი სახელმწიფოების შექმნა არეულობების, დისჰარმონიის და არა წესრიგის დამყარებას გამოიწვევს. ამდენად მაზინისა და ვუდრო ვილსონის არგუმენტები პრაქტიკულად დავიწყებულია. მაზინის მეტაფორის პერაფრაზირება რომ მოვახდინოთ, უფრო მეტი ბავშვი ოჯახს არა უფრო ბედნიერ, არამედ ნაკლებად ბედნიერად აქცევს.
მეორე, ზემძლავრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა დიდწილად დამოკიდებულია დემოკრატიულობის დონეზე. საკმაოდ ძლიერია არგუმენტი, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები ერთმანეთს შორის არ ომობენ და ამდენად, შეუძლია თავიდან აიცილონ ნაციონალიზმის ყველაზე არასასურველი შედეგები. მესამე, ნაციონალიზმის შინაარსი, მისი პოლიტიკური პროგრამა იცვლება. როდესაც 80-90-იან წლებში მრავალგვარი ნაციონალიზმის აყვავების ხანა დადგა და არა მხოლოდ ყოფილ კომუნისტურ სამყაროში, ნაციონალიზმი ერთი თვალსაზრისით მაინც შეიცვალა. როგორც ერიკ ჰობსბაუმი წერს, ნაციონალური ინტერესისა და დიდების ძველი რწმენა, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული თვითდაკმაყოფილებადი ნაციონალური ეკონომიკის ქადაგებით, თანდათანობით შეიცვალა სხვა, ასევე ნაციონალისტური იდეით, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას საერთაშორისო ბაზარზე სასურველი ადგილის მოსაპოვებლად (Hobsbawm 1990).
საბოლოოდ ჩვენ მივდივართ არგუმენტამდე, რაც საკუთრივ გლობალიზაციას ახასიათებს, კერძოდ კავშირების გამყარება საზოგადოებათა შორის - ვაჭრობაში, მიგრაციაში, ტურიზმში, კომუნიკაციებში - იწვევს ნაციონალური იდენტურობის ნგრევას, ისე როგორც საერთაშორისო და გლობალური მართვის ინსტრუმენტებისა და ინსტიტუტების გამრავლება, ბაზრების გლობალიზაციასთან ერთად, ამცირებს სახელმწიფოთა ძალაუფლებას. არ არის საჭირო გამოვიყენოთ გლობალიზაციის ყველაზე რადიკალური სავარაუდო ვარიანტები ანდა ვიწინასწარმეტყველოთ ეროვნული სახელმწიფოების გაქრობა იმის დასანახად, რომ ამ არგუმენტებში სიმართლის გარკვეული მარცვალია. საწინააღმდეგო არგუმენტი უკვე იყო გამოყენებული: რომ ინტეგრაცია იწვევს რეაქციის სახით ფრაგმენტაციას, და ბევრი რამ, რაც მიიჩნევა გლობალიზაციად არის ერთი ქვეყნის ფასეულობებისა და ინტერესის თავსმოხვევა სხვისათვის. მიუხედავად ამისა, გლობალიზაციას ყოველთ ვის თან ახლავს ცენტრიდანული და სეპარატისტული ტენდენციები, როგორც ეს იყო საერთაშორისო სისტემის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. ნაციონალიზმთან ერთად. ნაციონალიზმი, სხვადასხვა ფორმებით, რჩება ნებისმიერი ხალხის ცხოვრების, ასევე ინტერნაციონალური სისტემის განუყოფელ ნაწილად. ნაციონალიზმი არ არის გლობალიზაციის ალტერნატივა, არამედ მისი შემადგენელი ნაწილია.
საკვანძო საკითხები
|
კითხვები და დავალებები:
რამ შეუწყო ხელი ნაციონალიზმის გავრცელებას ორი უკანასკნელი საუკუნის მანძილზე?
შეიძლება თუ არა ნაციონალიზმის დეფინიცია?
რა შედეგები მოჰყვა საერთაშორისო ურთიერთობებისათვის ნაციონალიზმის აღმავლობას?
რა ფუნქცია აკისრია ნაციონალიზმს თანამედროვე სახელმწიფოს განვითარებაში?
ერები ყოველთვის არსებობდნენ: დისკუსია.
როგორია საერთაშორისო სისტემის დამოკიდებულება ეროვნული თვითგამორკვევის მოთხოვნებისადმი?
რა კავშირშია ნაციონალიზმი საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის შესწავლასთან?
რა ადგილი უკავია ნაციონალიზმს გლობალიზაციის პროცესებში?
ლიტერატურა:
J. Mayall, Nationalism and International Society (Cambridge Univ. Press, 1991).
E. Gellner, Nations and Nationalism, (Oxford: Blackwell, 1983).
A. Smith, Theories of of Nationalism, 2nd edn., (London: Duckworth, 1983).
A. Smith, National Identity (London: pINGUIN, 1991).
K. Deutsch, Nationalism and Social Communication (Cambridge, Mass.: MIT Press, 1996).
A. Anderson, Imagined Communities, Reflections on the Origin and Spread of Nationalism (London: verso, 1992).
E. Hobsbawm, Nations and Nationalism Since 1780: Programme, Myth, Reality (Cambridge Univ. Press, 1991).
![]() |
11 X. კულტურული კონფლიქტი საერთაშორისო ურთიერთობებში: დასავლეთი და ისლამი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურა და კულტურული განსხვავებები პრობლემა საერთაშორისო ურთიერთობათა მთელი ისტორიის მანძილზე განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ამასთანავე, XXს. მიწურულს, ცივი ომისა დასრულებისა და გლობალიზაციის პროცესების განვითარების შედეგად ახალი საერთაშორისო წესრიგის ფორმირების პირობებში, კულტურის მნიშვნელობა ახალი კუთხით წარმოჩნდა. მსოფლიოს „შემჭიდროებამ“ სხვადასხვა კულტურებს შორის კონტაქტები გააღრმავა, ყოველივე ამის შედეგი კი გახდა კულტურისა და სოციალური წესრიგის ტრადიციული მოდელების რადიკალური ცვლილება. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ხალხები აღმოჩდნენ დილემის წინაშე: რა უნდა შენარჩუნდეს მათი კულტურიდან და რა უნდა მიეცეს დავიწყებას, როგორც დრომოჭმული და გამოუსადეგარი.
დასავლური კულტურა და პოლიტიკური ეკონომიკა გლობალიზაციის დომინირებადი ფორმა გახდა. თუკი დასავლური მოდელის გლობალური მოძალება ერთის მხრივ კაცობრიობას უფრო იდენტურს და მსგავსს ხდის, მეორეს მხრივ იგი იწვევს მძაფრ უკურეაქციას, განსაკუთრებით კულტურის სფეროში. მაშინ, როდესაც გარკვეული კულტურის მატარებელი ხალხი სხვის კულტურას აღიქვამს არა მხოლოდ უცხოდ, არამედ საფრთხედაც, იქნება სერიოზული კონფლიქტის საფუძველი. ცივი ომის დასრულების შემდეგ, წინ წამოიწია ისტორიულმა კულტურულმა განსხვავებამ დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის და გახდა კულტურული უნდობლობის ატმოსფეროს შექმნის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. დასავლეთისა და ისლამური სამყაროს საპირისპირების ისტორიაში ბევრია შავი ფურცელია. დღესაც მიმდინარეობს დისკუსია „ცივილიზაციათა შეჯახების“ შესახებ, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დასავლური და ისლამური ცივილიზაციების დაპირისპირებას ეთმობა. ამასთანავე ხაზი უნდა გაესვას, რომ კულტურა, თანამედროვე სახელმწიფოებრივ სისტემაში, საზოგადოების ერთიანობის გამყარების უმძლავრეს იარაღად რჩება.
კულტურის ფაქტორი კაცობრიობის მოღვაწეობაში
კულტურებმა არსებობა ადამიანთა მიერ საზოგადოებების შექმნისთანავე დაიწყეს. კულტურა სოციალურ კონსტუქციას წარმოადგენს, რომლის მრავალსახოვანებაც მის დეფინიციას მეტად რთულს ხდის. საზოგადოების ლიტერატურა და ხელოვნება კულტურის ნაწილია. ასევე საზოგადოების შიგნით ყალიბდება და ვითარდება პოლიტიკური კულტურა. იგი წარმოადგენს იმ რწმენათა და პრაქტიკული მოღვაწეობის ერთობლიობას, რომლებიც ასახავენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხალხს უყალიბებენ გარკვეულ მრწამსს იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს საზოგადოება და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს იგი. კულტურა სცდება იდეოლოგიის ჩარჩოებს და იგი განმარტავს საზოგადოებაში ინდივიდთა იდენტურობის შინაარსს. საერთო ენის, ეთნიკურობის, რელიგიის, ჩვეულებების, ინსტიტუტების გაცნობიერება, რაც ივსება სპეციფიკური ტერიტორიული განსახლების ფაქტორით, წარმოადგენს კულტურის სამშენებლო მასალას. ხალხის კულტურის ფორმირების პროცესში ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვითიდენტიფიკაციის სიმბოლოები, ტოტემები.
კულტურები ყალიბდება სხვადასხვა დონეზე: სოფლის ქალაქის, რეგიონის დონეზე ოჯახის, კლანების, ეთნიკური ჯგუფების საშუალებით. კულტურული იდენტურობა ახასიათებს როგორც ერს, ისე სახელმწიფოს. კულტურული იდენტურობის ყველაზე დიდ კონსტუქციას წარმოადგენს ცივილიზაცია, რომელშიც სხვადასხვა ხალხების იდენტიფიცირება ხდება მათი დამაკავშირებელი ესთეტიკური, ფილოსოფიური, ისტორიული თუ სოციალური ტრადიციებით. ცივილიზაციები ტრანსნაციონალურ ერთობებს წარმოადგენენ და ისინი ყალიბდება სხვადასხვა ხალხებისა და მსოფლიოს რეგიონების ფუძემდებლური კულტურული მახასიათებლების გაერთიანებით.
ცივილიზაციები დინამიურია დროსა და სივრცეში. სხვადასხვა კულტურების გაერთიანებასთან ერთად, ისინი ყალიბდება წარსული ცივილიზაციების იდეებსა და მაგალითებზე. ამგვარად, შუა საუკუნეების ქრისტიანობა დიდწილად დაემყარა ძველბერძნული და რომაული ცივილიზაციების მრავალ ფილოსოფიურ და ტექნოლოგიურ მიღწევას. შემდგომ ევროპული ქრისტიანობა გარდაიქმნა ევროპულ ცივილიზაციად, რომლის საფუძველიც ეროვნული სახელმწიფო გახდა და ამგვარივე მოდელი გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაშიც.
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს მკაფიოდ გამოკვეთილი ცივილიზაციების გარკვეული რაოდენობა, უპირველესად ეს არის დასავლური, ისლამური, ინდური და ჩინური. ამასთანავე, მრავალი ხალხის მიკუთვნება გარკვეული ცივილიზაციისადმი, საკმაოდ რთულია. ერთის მხრივ იმის გამო, რომ ისინი არ ერთიანდებიან ჩამოყალიბებული და საკმარისი ძალის მქონე სიმბოლოების, ტოტემების ირგვლივ, მეორეს მხრივ კი „იგლიჯებიან“ სხვადასხვა ცივილიზაციებს შორის. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ რთულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, ანდა იგივე რუსეთის ცივილიზაციური კუთვნილების განსაზღვრა.
კულტურის მნიშვნელობა საერთაშორისო ურთიერთობებში
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის სფეროში დომინანტური დასავლური ტრადიციის, რეალიზმის მიხედვით, კულტურას მხოლოდ მეორადი მნიშვნელობა გააჩნია და საერთაშორისო სისტემის ანარქიაში მას გადაწონის ძალაუფლების logika. Realpolitik-ის ფაქტის წინაშე მრავალი სახელმწიფო სწორედ ამგვარად იქცევა. და მაინც, რეალისტური ლოგიკის მიუხედავად, მეტად სათუოა საერთაშორისო ურთიერთობებში კულტურისათვის მხოლოდ უმნიშვნელო, მეორადი ადგილის მინიჭება. საკუთრივ საერთაშორისო სისტემა, რომელიც ემყარება ტერიტორიული სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის ცნებებს, საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიას, წარმოიქნა აღორძინების ეპოქის ევროპაში და თანდათანობით გავრცელდა მსოფლიოში XIX-XX სს. მანძილზე. საერთაშორისო სისტემამ წარმოქმნა საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც დამყარებული ევროპოცენტრულ კულტურულ წარმოდგენებსა და მოთხოვნებზე.
ამდენად, კულტურა ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორიოს სისტემისათვის. განსაკუთრებით საყურადღებო კი არის „უცხოს“, „სხვის“ აღქმის ისტორია, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც ცივილიზაცია.
„უცხოს“ ისტორია
საერთაშორისო სისტემაში ჰეგემონიისადმი მიძღვნილ შრომაში ჯონ ეგნიუ და სტიუარტ კორბრიჯი ყურადღებას ამახვილებენ იმ გზაზე, რომლითაც „ორგანიზებულ იქნა გეოპოლიტიკური წესრიგი სივრცის, ადგილების, ხალხების გარშემო“ (Agnew and Corbridge 1995: 46). თანამედროვე ეპოქაში დომინირებადი გლობალური თვალსაზრისი გამომუშავდა ევროპული ცივილიზაციის მიერ. ამ თვალსაზრისით, XVს. მიწურულიდან XXს. დასაწყისამდე, ევროპელებმა განსაზღვრეს „ადამიანთა საზოგადოებების - პრიმიტიულიდან თანამედროვემდე - იერარქია“ (Agnew and Corbridge 1995: 49). ევროპული ცივილიზაცია საკუთარ თავს სხვებზე ზემოთ მდგომად მოიაზრებდა, საკუთარ ძირებად მიიჩნევდა ბერძნულ და რომაულ ცივილიზაციებს. ევროპული ცივილიზაციის მოდერნიზაცია კი გამოიხატა ეროვნული სახელმწიფოების შექმნით.
„უცხოს“ დახასიათება ევროპელთა მიერ თითქმის ყოველთვის სტერეოტიპული და დამამცირებელი იყო. „უცხოს“ ამგვარი იდენტიფიცირება არსებითად განაპირობებდა ევროპელთა პოლიტიკური მოღვაწეობის ფორმას მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. ევროპის შიდა სივრცეში საერთაშორისო საზოგადოების „ცივილიზებული“ წესები ფართოდ გამოიყენებოდა, მაგრამ ამ წესების დაცვაზე ევროპის ფარგლებს გარეთ აღარ ზრუნავდნენ. ევროპელები მოდერნიზაციის მოდელს მთელ მსოფლიოში კოლონიური სისტემის შექმნითა და სხვა ხალხების დამორჩილებით ავრცელებდნენ. ევროპული „უპირატესობის“ ამგვარმა დეკლარირებამ სახეცვლილება მხოლოდ XXს. შუა ხანებში დაიწყო, რასაც შედეგად ევროპული იმპერიების თანდათანობითი დაშლა მოჰყვა. მიუხედავად ამისა, რწმენა, რომ დასავლეთი წარმოადგენს მოდელს კაცობრიობის პროგრესისათვის, კვლავაც დარჩა.
XXს. შუა ხანებიდან განვითარების მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახდა აშშ-სა და სსრკ-ს შორის გლობალური პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში კულტურის ფაქტორის უკანა პლანზე გადაწევა. ორი ზესახელმწიფო ერთმანეთს უპირისპირდებოდა პოლიტიკური ეკონომიკის მოდელებით - ლიბერალური კაპიტალიზმითა და სახელმწიფო ცენტრალიზებული სოციალიზმით. ეროვნული და სახელმწიფოებრივი განსხვავებები გამოიხატებოდა პოლიტიკური ტერმინოლოგიით და ყურადღება არ ექცეოდა ლოკალურ კულტურულ მახასიათებლებს. ცივი ომის მონაწილე ორივე მხარე ცდილობდა, რომ თავს მოეხვია საკუთარი მოდელი მესამე სამყაროსა და მიუმხრობელი ქვეყნებისათვის. ერთ-ერთ პოლიტიკურ-სამხედრო ბლოკთან დაკავშირება შესაბამისად განსაზღვრავდა, თუ ვინ და რა იყო „უცხო“.
ცივი ომის დასრულებამ კვლავ წინა პლანზე გამოიყვანა კულტურული განსხვავებების პრობლემა. დასავლური საბაზრო კაპიტალიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის ტრიუმფმა, ტექნოლოგიურ წინსვლასთან ერთად, გზა გაუხსნა გლობალიზაციის მანამდე არნახულ პროცესს. ეგნიუ და ქორბრიჯი ამ „ტერიტორიული პრინციპის უარმყოფელ“ გეოპოლიტიკურ წესრიგს ტრანსნაციონალური ლიბერალიზმის ჰეგემონიას უწოდებენ. მათი თვალსაზრისით, „ლიბერალური სახელმწიფოს, საერთაშორისო ინსტიტუტების სიძლიერით შექმნილი და განმტკიცებული ბაზრის (ან ბაზარზე გასვლის) ეს ახალი იდეოლოგია შეიძლება თავისთავად იწოდოს „კაპიტალის წრიულ მოძრაობად“ (Agnew and Corbridge 1995: 166). მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ჩართულია, ან სურს ჩაერთოს მსოფლიო საბაზრო ეკონომიკაში. მრავალი რეჟიმი განვითარებად ქვეყნებში ცდილობს თავი დაანებოს სახელმწიფო ცენტრალიზებულ ეკონომიკას, როგორც ეკონომიკის მენეჯმენტის დრომოჭმულ ფორმას, დაუკავშირდეს დასავლეთს და გახდეს მსოფლიო ბაზრის ნაწილი.
გლობალიზაცია და კულტურა
გლობალიზაციის პროცესებს მნიშვნელოვანი შედეგები მოაქვს კულტურებისათვის. ამ პროცესების შედეგად წარმოქმნილი დილემა მთელ მსოფლიოს - მათ შორის დასავლეთის ქვეყნებსაც მოიცავს: რამდენად სახიფათოა მსოფლიო ბაზარში ჩართვა არსებული კულტურული მოდელებისა და სოციალური წესრიგისათვის. გლობალიზაციის პროცესის თანმდევი ღრმა გავლენა, რასაც ფრენსის ფუკუიამა ნათლავს „ლიბერალურ იდეად“, ჩანს, რომ მსოფლიოს უფრო ერთგვაროვანს ხდის, მაგრამ ასევე იწვევს მძაფრ კულტურულ უკურეაქციას. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დასავლეთისადმი სტერეოტიპული უარყოფითი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული. იგი გამოიხატება დასავლეთის არსის გადმოცემისას აროგანტობის, ექსპლუატატორობის, უპასუხისმგებლო ინდივიდუალიზმის, სექსუალური უზნეობის გამომხატველი ტერმინოლოგიის გამოყენებით. განვითარებადი სამყაროს ზოგიერთ ნაწილში ინდივიდუალურ ავტონომიურობასა და ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ლიბერალური კაპიტალიზმი მორალურ გაბანკროტებად, გახრწნად მიიჩნევა.
დასავლეთის პოპ-კულტურა გლობალიზაციასთან დაკავშირებული დებატების ცენტრია მოქცეული. დასავლური პოპ-კულტურა თავისთავად გლობალური მოვლენაა, მაგრამ ხშირად მას ეჭვის თვალით უყურებენ და არსებობს მძაფრი წინააღმდეგობა მის მიმართ. ახლო და შუა აღმოსავლეთში ისლამური ფასეულობების დაცვის მოთხოვნა მასობრივი ფენომენი ხება. საუდის არაბეთის და ირანის ისლამური რეჟიმები ცდილობენ აკრძალონ ფილმები, მუსიკა, ვიდეო, სატელიტური ანტენები. აზიაში მიმდინარეობს დისკუსიები „აზიური ფასეულობების“ შესახებ და სახელმწიფო/ბიზნეს ელიტა ქადაგებს, რომ დასავლური მოდელის შემოჭრა - ინდივიდუალიზმი და კაპიტალიზმი ხელს უშლის ადგილობრივი საბაზრო ეკონომიკის წარმატებებს. სინგაპურსა და მალაიზიაში „აზიურ ფასეულობებზე“ დაყრდნობით შეიქმნა არალიბერალური კანონმდებლობა ადგილობრივი ახალგაზრდობის დასავლური გავლენის „დაცვისაგან“, მისი ქცევისა და მოთხოვნების კონტროლისათვის.
ცივილიზაციათა შეჯახება?
ცივი ომის დასრულების შემდეგ, დასავლურ, უპირველესად შეერთებული შტატების, აკადემიურ წრეებში, გაჩაღდა დისკუსია მსოფლიოს მომავლის შესახებ. ამ დებატების დროს განსაკუთრებით გაესმეოდა ხაზი, რომ კულტურული განსხვავებები სულ უფრო მეტად იქონიებდნენ მომავალში გავლენას მსოფლიო წესრიგზე. ამ მხრივ განსაკუთრებულად საყურადღებო გამოდგა სემუელ ჰანთინგთონის სტატია „ცივილიზაციათა შეჯახების“ შესახებ, რომელშიც იგი ამტკიცებს, რომ ცივილიზაციები სულ უფრო მეტად ასრულებენ აქტორების როლს საერთაშორისო სისტემაში. ჰანტინგტონი (1993: 25), მსოფლიოში შემდეგ ცივილიზაციებს გამოყოფს: დასავლურ, კონფუციანურ, იაპონურ, ისლამურ, ინდურ, სლავურ-მართლმადიდებლურ, ლათინურ ამერიკულ და შესაძლოა აფრიკულ ცივილიზაციებს.
ჰანთინგთონისათვის „ცივილიზაციათა შეჯახების“ შეჯახება ისტორიული განვითარების შედეგია. ისტორიაში ყოველთვის მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის ბრძოლები. ახალი ისტორიის საწყისი ეტაპის ევროპაში ბრძოლები მიმდინარეობდა მონარქებს შორის ტერიტორიების გასავრცობად და მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. საფრანგეთის რევოლუციამ წარმოქმნა ბრძოლა ერებს შორის ნაციონალიზმის ნიადაგზე. რუსულმა რევოლუციის შემდეგ დაიწყო იდეოლოგიათა ბრძოლა - კომუნიზმს, ფაშიზმსა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. ცივი ომის დასსრულება ახალი ეპოქის დასაწყისი გახდა, როდესაც კონფლიქტი გამოვიდა დასავლური ფაზიდან და გარდაიქმნა დასავლურ და არადასავლურ ფაზად. არადასავლელებს სურთ არა მხოლოდ იყვნენ დასავლური პოლიტიკის გადამღებნი, არამედ ისტორიის ახალი მამოძრავებელნი.
ცივი ომის შემდგომ პერიოდის მსოფლიოში, კონფლიქტები ასევე იცვლება იდეოლოგიური და ეკონომიკურიდან კულტურულის მიმართულებით. სახელმწიფოები ისევ უნდა დარჩნენ მთავარ აქტორებად, მაგრამ კონფლიქტები სულ უფრო მეტად გახდება სხვადასხვა ცივილიზაციური ჯგუფების დაპირისპირების შედეგი. ჰანტინგტონი მიიჩნევს, რომ განსხვავებები ცივილიზაციათა შორის გაცილებით უფრო ღრმა არის, ვიდრე ქიშპის იმპულსები საკუთრივ ცივილიზაციათა შიგნით. ცივილიზაციურ განსხვავებებს შეადგენს წარმოადგენები ადამიანისა და ღმერთის, კაცისა და ქალის, ინდივიდუალურსა და სახელმწიფოს, უფლებების, ხელისუფლების, მოვალეობისა და სამართლიანობის შესახებ. კულტურა არ არის მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი რწმენათა სისტემა, ნაციონალიზმისა თუ კომუნიზმის მსგავსად, არამედ საკუთრივ იდენტურობას განაპირობებს და ქმნის ცხოვრების აღქმის საფუძველს. იგი წარმოადგენს საუკუნეების მანძილზე მიმდინარე სოციალური კონსტრუქციის შედეგს.
ჰანთინგთონის თანახმად, გლობალიზაცია კიდევ უფრო შესაძლებელს ხდის ცივილიზაციურ კონფლიქტს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს, მსოფლიოს მრავალ მხარეში მის მიერ ნაქადაგებმა იდეებმა წარუმატებლობა განიცადა. სოციალისტურმა და ნაციონალისტურმა იდეოლოგიებმა გზა გაუხსნეს „რეისლამიზაციას, ინდუიზაციასა თუ რუსიზაციას“. „ლიბერალური იდეა“ უნივერსალურია მხოლოდ ხელოვნურ დონეზე და ინდივიდუალიზმის, ლიბერალიზმის, კონსტიტუციონალიზმის, ადამიანის უფლებების, კანონის მმართველობის, დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის, აგრეთვე სახელმწიფოსა და ეკლესიის გაყოფის დასავლურ იდეებს ხშირ შემთხვევაში შესაბამისი რეზონანსი არ მოჰყვება ისლამურ, ჩინურ, იაპონურ, ინდურ, ბუდისტურ ანდა მართლმადიდებლურ კულტურებში.
აქედან გამომდინარე, საერთაშორისო უსაფრთხოება უფრო მეტად დამოკიდებული იქნება კულტურულ იდენტურობაზე, ვიდრე სახელმწიფოს ანდა ერის სუვერენობაზე. კულტურული კონფლიქტი თავის მხრივ ორ დონეზე შეიძლება გამოიხატოს: პირველ რიგში ეს არის ბრძოლა რესურსებისათვის „ტერიტორიული უსამართლობის“ საფუძველზე, მეორე რიგში კი უფრო ზოგადი შეჯიბრი საერთაშორისო სისტემაში გავლენისა და ძალის მოსაპოვებლად, კერძოდ საერთაშორისო ნორმებსა და ორგანიზაციებზე. ამ შეჯიბრის მთავარი დინამიკა გახდება დაპირისპირება „დასავლეთს“, როგორც დომინანტ ცივილიზაციას, და სხვადასხვა ხარისხით „დანარჩენ“ ცივილიზაციებს ორის. ცივილიზაციათა უმრავლესობა სულ უფრო მეტად იხრება იმისაკენ, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იდეას, რომლის თანახმადაც დასავლური ნორმები უნივერსალურია; მაგალითისათვის, დასავლეთის მცდელობა გაავრცელოს ლიბერალური დემოკრატიის მოდელი და ადამიანის უფლებები, ბევრგან მიიჩნევა ნეოიმპერიალიზმის ფორმად.
ცივილიზაციური კონფლიქტის შესახებ მსჯელობისას ფოკუსირება ძირითადად ისლამზე ხდება. 80-იან წლებში რეიგანის ადმინისტრაციის დროს ურთიერთობის გართულებამ ირანთან, ლიბიასთან, სირიასთან და ლიბანთან გამოიწვია გარკვეული არაბულ/ისლამური ბლოკის შექმნა გააფთრებით უპირისპირდება შეერთებულ შტატებს და მის ფასეულობებს. ცივი ომის დასრულების შემდეგ არაერთი ნაშრომი მიეძღვნა ისლამური საფრთხის ანალიზს (თუ ჰანტინგტონი მხოლოდ თეორიულ ჩარჩოებში განიხილავს ამგვარ საფრთხეს, სხვა ავტორები, მაგ., ბერნარდ ლიუსი უფრო ღრმა, მეცნიერულ კვლევას აწარმოებენ ამ მიმართულებით).
ისლამი შეიძლება წარმოადგენდეს კონფლიქტის განსაკუთრებულ წყაროს როგორც საკუთრივ ისლამური სამყაროში, ისე დიასპორის გზით. 90-იანი წლების დასაწყისში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ისლამი იყო „კრიზისის ნახევარმთვარეს“ მოსაზღვრე ცივილიზაციებთან კონფლიქტების სახით ბალკანეთზე, აფრიკაში, შუა აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ფილიპინებზე. უპირველესად კი იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ისლამი აწარმოებდა კულტურულ და იდეოლოგიურ ბრძოლას დასავლეთთან. ისლამური სამყაროში დამკვიდრებული რწმენის ფორმებისათვის თითქოს სრულიად უცხო იყო დასავლური ფასეულობები და ის, რაც იგულისხმება მოდერნიზმში დასავლეთსა და ისლამურ სამყაროს შორის არსებული ისტორიული კონფლიქტი თითქოსდა ორივე მხრიდან ხელახლა აღორძინდა.
საკვანძო საკითხები
|
ისლამური „უცხო“
დასავლეთსა და ისლამს შორის ისტორიული კონფლიქტი არსებობს. ორი ცივილიზაციიის ურთიერთუნდობლობა მრავალი საუკუნის მანძილზე გროვდებოდა „სახალხო მეხსიერებაში“.
მეშვიდე საუკუნის შემდეგ, დიდი ხნის მანძილზე, ქრისტიანობას ავიწროებდა ისლამური ძალა. ისლამური ცივილიზაცია საკუთარ თავს ქრისტიანულზე უფრო მაღლა მდგომად მიიჩნევდა და იდეები და ტექნოლოგიები სწორედ აღმოსავლეთიდან გადადიოდა დასავლეთში და არა პირიქით. უკევ მერვე საუკუნეში არაბებმა გადაკვეთეს ჩრდ. აფრიკა და ღრმად შეიჭრნენ ესპანეთსა და საფრანგეთში. საუკუნეები გრძელდებოდა ბრძოლები ესპანეთისათვის, ხმელთაშუა ზღვის აუზში დომინირებისათვის, წმინდა ადგილებისათვის. ისლამი ევროპის კარიბჭესთან იდგა, თუმცა ეს საფრთხე მოიხსნა. ასევე განადგურდა ესპანეთში არსებული მაღალგანვითარებული ისლამური საზოგადოება. თუმცა ისლამური საფრთხე კვლავაც დარჩა და შემდგომ ოსმალური იმპერიის სახით გამოვლინდა, რასაც 1453 წ. აღმოსავლეთში ქრისტიანობის ფორპოსტის, კონსტანტინოპლის დაცემა მოჰყვა. ოსმალური ჰეგემონია შუა აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის აუზში დიდ საფრთხეს უქმნიდა ევროპელებს. ოსმალოები ევროპაშიც შეიჭრნენ და მათი უკუგდება მხოლოდ XVII ს. შუა ხანებში მოხერხდა.
ახალ დროში, ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ დასავლეთისა და ისლამის ურთიერთობა დასავლეთის დომინირებით წარიმართებოდა. XVIII ს-ში დასავლეთში მსოფლიოს უმთავრესი ინდუსტრიული და სამხედრო ძალების შექმნამ მალე გამოიწვია ისლამური სამყაროს უმეტეს ნაწილზე კოლონიური და იმპერიული ბატონობის დამყარება. 1798 წ. ნაპოლეონის ექსპედიცია ეგვიპტეში შემოტრიალების უმთავრესი მომენტია. დასავლეთის ფიზიკური და პოლიტიკური შეჭრა და მისი შედეგები დღემდე აღელვებს არაბულ/ისლამურ ცივილიზაციას. მეორეს მხრივ, დასავლეთის მთავარი ინტერესი ისლამურ სამყაროში კონტროლი შენარჩუნება იყო. თავის ცნობილ ნაშრომებში „კულტურა და „იმპერიალიზმი“ და „ორიენტალიზმი“, ედუარდ საიდი ყურადღებას ამახვილებს იმ ნიშნებზე, რაც ახასიათებს დასავლეთის დომინირებას. საიდი ამტკიცებს რომ დასავლურ კულტურულ წარმოდგენაში დიდ ხნის მანძილზე ყალიბდებოდა მცდარი სტერეოტიპები მუსლიმი ხალხების შესახებ. ამ ფენომენტს საიდი ნათლავს ორიენტალიზმად. ორიენტალისტური ტრადიციის დიდი ნაწილი ემყარება მითს, არასწორ გაგებას და ბევრი რამ უთქმელი რჩება აღმოსავლეთის შესახებ. დასავლეთში დომინირებდა რწმენა, რომლის თანახმადაც აღმოსავლეთის ხალხები კულტურულად, ისტორიულად, სოციალურად უცხონი და ჩამორჩენილები არიან. დაიწყო აღმოსავლეთის ასოცირება სისასტიკესთან, დესპოტიზმთან, უსამართლობასთან, ეკზოტიკურ სექსუალურ პრაქტიკასთან. საერთო ჯამში, საიდის რწმენით, ორიენტალისტური შეხედულება არის დასავლური ჰეგემონიის გამოხატულება. აღმოსავლეთის „ორიენტალიზაცია“ მოხდა არა იმიტომ, რომ იგი აღმოსავლურია, არამედ იმის გამო, რომ იგი სუბორდინაციის პოზიციაში და სწორედ ამგვარად უნდა იყოს. ამასთანავე თანამედროვე ისტორიამ და მას მედია ძალა შემატა ამ სტერეოტიპებს.
ისლამური ცივილიზაციის პასუხი დასავლეთისადმი
ევროპულმა ექსპასიამ ისლამურ სამყაროში მრავალი სახის რეაქცია გამოწვია. თავის, შედეგებით, საბოლოო ჯამში უმნიშვნელოვანესი გამოდგა ისლამური რევაივალიზმი და ნაციონალიზმი. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფუგურა იყო ჯამალ ად-დინ ალ-ავღანი (Gard. 1897). ავღანი მიზნად ისხავდა თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით პირველსწაყისი ისლამის იდეალების აღორძინებას. ამტკიცებდა, რომ ისლამის სული შეესაბამება თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს და მხოლოდ მისი აღორძინება გამოიწვევს ისლამური სამყაროს გაერთიანებასა და კოლონიალიზმის შედეგების მოსპობას. ამგვარი მრწამსი შემდგომში თანამედროვე ისლამური აზროვნების ქვაკუთხედად იქცა.
თუმცა კონკრეტულად ისლამის აღორძინებამდე დაიწყო ნაციონალისტური აღორძინება საკუთრივ მუსლიმ ხალხებში. XIXს. მულტიეთნიკური ოსმალეთის იმპერიის დაკნინების პირობებში, რაც საბოლოო ჯამში, იმპერიის დაშლით დასრულდა, ფართოდ იწყებს გავრცელებას პანთურქიზმის იდეები. საბოლოოდ, სწორედ თურქული ნაციონალიზმის შედეგი გახდა მოდერნიზებული თურქული სეკულარული სახელმწიფოს შექმნა და ისლამური სახალიფოს იდეის ოფიციალური უარყოფა 1924 წელს.
ოსმალეთის იმპერიის შიგნით ძალას იკრეფდა არაბული ნაციონალიზმი. მიუხედავად იმისა, რომ ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და II მსოფლიო ომის შემდეგ მრავალმა არაბულმა ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, ნაციონალიზმის ნიადაგზე წარმოქმნილმა არაბულმა ერთობის იდეამ კრახი განიცადა. ამის მკაფიო დასტურია ეგვიპტისა და სირიის გაერთიანების წარუმატებელი ექსპერიმენტი, ასევე ისრაელ-არაბული ქვეყნების ომები, როდესაც ომში მონაწილე არაბული ქვეყნები უპირველესად საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობდნენ, რის შედეგადაც ისპობოდა კოორდინირებული მოქმედებისა და შესაბამისად, წარმატების მიღწევის საშუალება.
ისლამის როლის, მისი პოლიტიზაციისა და რადიკალიზაციის საქმეში შემობრუნების წერტილი გამოდგა არაბული სახელმწიფოების ფიასკო 1967 წ. ისრაელთან ექვსდღიან ომში. რადიკალური ისლამისტური მოძრაობები სწორედ ამ პერიოდიდან იღებს უკიდურესად ანტიდასავლურ ხასიათს.
XXს. 20-იანი წლებიდან იწყება ასევე ნაციონალიზმის „ზემოდან“ ქადაგება. ნაციონალისტური იდეოლოგიის გამოყენებითა და აშშ-ის მხარდაჭერით ირანის შაჰმა თითქოსდა მუსლიმური სამყაროსათვის არნახულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ეს წარმატებები ეფემერული გამოდგა. გზა გაუხსნა პოლიტიკური ისლამს. ყოველივე ეს კი უპრეცედენტო მოვლენით - ირანში ისლამური რევოლუციით დაგვირგვინდა.
თანამედროვე პოლიტიკური ისლამი
ვესტერნიზაციის წინააღმდეგ მოძრაობა ისლამურ სამყაროში XX ს. დასაწყისში იღებს სათავეს, მაგრამ რეალურ და ქმედით სახეს 70-იანი წლებიდან იღებს. რამ შეუწყო ხელი ისლამიზმის ესოდენ წინ წამოწევას? რა ფაქტორებმა განიპირობეს ის, რომ დღეს ისლამისტებს* რელიგია სურთ აღიქვან არა რელიგიურ დოქტრინად არამედ პოლიტიკურ იდეოლოგიად? და ბოლოს, რას ისახავენ ისინი მიზნად და რამდენად ახდენს გავლენას პოლიტიზებული ისლამი საერთაშორისო ურთიერთობებზე?
ისლამისტებისათვის ისლამი წარმოადგენს გლობალურ და ტოტალურ მსოფლმხედველობას და ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის განმსაზღვრელიცაა. ისლამს ტიპიური ტოტალიტარული იდეოლოგიის სახე აქვს მიღებული.
ისლამისტებისათვის ძალაუფლების ხელში აღება ნიშნავს „დასავლური ფასეულობებით კორუმპირებული“ საზოგადოების რეისლამიზაციას, მაგრამ ამასთანავე მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების გამოყენებით, თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრების ისლამის კონცეპტუალურ ჩარჩოებში ჩასმით.
ისლამიზმმა დაიკავა ის ადგილი, რომელიც ადრე პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთ და ნაციონალისტურ მოძრაობებს ეკავათ. კოლონიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი მუსლიმი ხალხები წარსულში შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ისლამს. ამჟამად კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა - ეროვნული საკითხის ნაცვლად წინა პლანზე გამოვიდა რელიგია. ერსაც ისლამისტები აღიქვამენ მუსლიმური სამყაროსათვის უცხო ცნებად და კოლონიალიზმის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის ერთ-ერთ გამოხატულებად.
ისლამიზმი შესაძლოა განვიხილოთ, როგორც მუსლიმური სამყაროს შინაგანი გამოცოცხლების ერთ-ერთი ასპექტი, რისი გამომწვევიც დასავლურ მოდერნიზმთან და პოსტმოდერნიზმთან შეხებაა. ისლამისტთა დამოკიდებულება დასავლეთისადმი საკმაოდ სტერეოტიპულია და სამ ძირითად პუნქტად შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. ნოსტალგია (სწორედ ისლამმა შეიტანა დასავლეთში ცივილიზაცია); 2. დასავლეთის ფასეულობათა მანკიერებისა და დასავლეთის „ორმაგი“ პოლიტიკის მხილება (მორალური პრინციპების დაცვას იგი მხოლოდ სხვისაგან მოითხოვს); 3. ისლამის აპოლოგია (ყველაფერი ყურანსა და სუნაშია მოცემული და ისლამი საუკეთესო რელიგიაა). |
ცნობილი ისლამისტი მოაზროვნე ჯალალ ალ-ე აჰმადი ამასთან დაკავშირებით ნაშრონმში „მედასავლეთეობა“ წერს: „მთავარი შეცდომა არის ის, რომ დასავლეთი აღიქმება არა „უწმინდურად“ და „ურწმუნოდ“, არამედ „მოძღვრად“. „იყო დრო, როდესაც ყურანის ერთი ლექსით ან ერთი ისლამური ტრადიციით ხმას აკმენდინებდნენ ყველას და ნებისმიერ მტერს თავის ადგილს უჩენდნენ. დღეს კი დასავლელის ნებისმიერ სიტყვას ჭეშმარიტებად ვიღებთ.“
საერთო ჯამში, ისლამიზმი შეიძლება მივიჩნიოთ მესამე სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთ გამოვლინებად, რომლის დედაარსია რელიგიის განახლება, მისგან რევოლუციური პოლიტიკური პროგრამის შექმნა და ამ პროგრამის რეალიზაციით საზოგადოებრივი ცხოვრების რეისლამიზაცია. ისლამიზმი „მესამე სამყაროს“ ფენომენია, გაჯერებული მუსლიმური სპეციფიკით. რევოლუციისა და თეოლოგიის სინთეზი (ე. წ. „განთავისუფლების თეოლოგია“) ზოგადად მესამე სამყაროში მიმდინარე მოძრაობებისთვისაა დამახასიათებელი. „მესამე სამყაროსეული“ რევოლუციის თემა ისლამიზმში შეცვალა ჯიჰადის, „წმინდა ომის“ თემამ.
ჯერ კიდევ ჰანთინგთონის წინასწარმეტყველებამდე „ცივილიზაციათა შეჯახების“ შესახებ, შეიქმნა ისლამური რევოლუციის ფენომენი, რომელიც მოულოდნელი გამოდგა როგორც პოლიტიკოსებისათვის, ისე საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარებისათვის. მოდერნიზაციამ და უღრუბლო მომავლის იმედმა მძიმე დარტყმა მიიღო და აქედან გამომდინარე შეირყა იმ თეორიების საფუძველი, რომლის თანახმადაც სეკულარიზაცია ისტორიული განვითარების პროცესის საფუძველი უნდა ყოფილიყო. კიდევ უფრო რთული აღსაქმელია ის ფაქტი, რომ „ისლამური“ რესპუბლიკის იდეას რეზონანსი მოჰყვა საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში. მან შემოიტანა პოლიტიკურ დებატებში ანტიდასავლური და ანტიმოდერნისტული ცნებები და მძიმე დარტყმა მიაყენა საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიზის ორ დასავლურ კონცეფციას: რეალიზმსა და ლიბერალიზმს.
სადამ ჰუსეინის მთავრობა, რომელიც არაბული სეკულარული სოციალისტური პარტიის - ბაასის წიაღიდან გამოვიდა, იყენებდა რელიგიურ არგუმენტებს ირანთან ომის დროს. ჰუსეინი თავის მიმართვებს ხალხისადმი ალაჰის ხსენებით იწყებდა და და იზრუნა, რომ გარემოცული ყოფილიყო რელიგიური სიმბოლოებით. ამგვარადვე პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაცია, რომელიც 70-იან წლებში ლაპარაკობდა ლაიცისტური პალესტინის შესახებ, რომელშიც ყველა რელიგია თანაბარი უფლებებით ისარგებლებდა, უკვე მხოლოდ ისლამურ სიმბოლოებს იყენებს: იერუსალიმის კლდის გუმბათის მეჩეთის გამოსახულება გახდა ლოგო ყველა ოფიციალურ დოკუმენტზე, საფოსტო მარკებზე, სატელევიზიო არხზე და ა.შ. ყურანის მუდმივი ციტირება და ალაჰის ხსენება არაფატის გამოსვლებში… საერო არაბული ნაციონალიზმისაგან დარჩა მხოლოდ მუსლიმური იდენტურობა. ისლამი გამოიყენება ერთდროულად არსებული რეჟიმებისათვის დამცავად - ხელისუფლებაზე თავდასხმა იგივეა, რაც ისლამზე თავდასხმა და იმათი მოტივირებისათვის, ვინც ცდილობს ამ რეჟიმების დამხობას - დამორჩილდეს ამგვარ ხელისუფლებას ნიშნავს ღმერთის დაუმორჩილებლობას. ის, რომ ისლამი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არაბული ქვეყნების მოსახლეობის თვითშეგნებაში არ ნიშნავს, რომ იგი განსაზღვრავს ამ სახელმწიფოთა პოლიტიკას.
საერთაშორისო ურთიერთობებში რელიგიის როლი განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ქვეყნების შემთხვევაში, სადაც რელიგია და სახელმწიფო ოფიციალურად არ არიან ურთიერთგამოყოფილნი. ეს უპირველესად ეხება თანამედროვე ისლამურ სამყაროს. სადაც ხშირ შემთხვევაში, სეკულარიზმი აღიქმება იდენტურობისათვის მთავარ საფრთხედ. ისლამურ სამყაროში ისლამური რევოლუციის კონცეფციამ შეცვალა კომუნიზმისა. ე. გელნერი ისლამში ხედავს მკვიდრ და დაცულ ბლოკს, რომელმაც გაუძლო როგორც თანამედროვე საზოგადოების მიერ თავსმოხვეულ სეკულარიზაციას, ისე იდეოლოგიურ ეროზიას, რომლის მსხვერპლიც კომუნიზმი გახდა. მაგრამ ეს ურთიერთობანი ერთის მხრივ სახელმწიფოსა და ნაციონალიზმს, ხოლო მეორეს მხრივ საზოგადოებებსა და გლობალიზაციას შორის, სრულიად განსხვავებულ შეფასებებს იმსახურებენ სპეციალისტთა მხრიდან.
მრავალი მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ ისლამიზმი წარმოადგენს თანამედროვე ფენომენს, რომლმაც ფაქტობრივად გადმოიღო იმ იდეოლოგების საფუძვლები, რომელთა წინააღმდეგაც იგი იბრძვის. ლაპარაკი უპირველესად სოციოკულტურულ საპროტესტო მოძრაობაზე, რომელსაც არ შეუქმნია პოლიტიკურ და ეკონომიკური გარკვეულად სიცოცხლისუნარიანი მოდელი.
ირანის ისლამური რევოლუციის მაგალითი მეტად საგულისხმოა, ვინაიდან ისტორიაში პირველად ისლამისტებმა მოახდინეს რევოლუცია, რის შედეგადაც ხელისუფლების სათავეში მებრძოლი რადიკალი სამღვდელოება მოვიდა. ბუნებრივია კითხვა, თუ თვისობრივად რა ცვლილებები მოიტანა ამ რევოლუციამ. პირველ რიგში, ქვეყანაში ნაციონალისტური რიტორიკა შეიცვალა ისლამისტურით (ის, რასაც ცდილობდნენ 60-იანი წლებიდან დაწყებული ისლამისტები). შაჰის ნაციონალისტური ლოზუნგები კი შეიცვალა ისლამურით. ამ პირობებში ბუნებრივია მტრის ხატის შესაქმნელად უპირველესად გამოყენებულ იქნა აშშ - შაჰის უპირველესი მოკავშირე, საერთაშორისო ასპარეზზე კი ახალი ისლამური რესპუბლიკა არაპროგნოზირებად და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისათვის მიუღებელ სახელმწიფოდ იქცა. თუმცა, ყოველივე ამას ახალი რეჟიმი პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე იყენებდა. უპირველესად ირანთან დაპირისპირებულ მუსლიმურ სახელმწიფოებში ოპოზიციური მოძრაობების მხარდასაჭერად, აგრეთვე პალესტინის მოძრაობის მხარდასაჭერად. თუმცა, ყოველივე ამას, იმავე პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ხელი არ შეუძლია ახალი რეჟიმისათვის, საიდუმლოდ შეესყიდა იარაღი ერაყთან ომის დროს ამერიკისაგან ისრაელის შუამავლობის გზით („ირანგეიტის საქმე“). თუკი მრავალეროვან ირანში მონარქიის დროს ქვეყნის ერთიანობის საფუძვლად ეთნიკურობა იყო აღქმული, ხაზი გაესმეოდა, რომ ქვეყნის ყველა მცხოვრები ირანელი იყო (ამ მიზნით, ქვეყანა 1935 წლიდან სპარსეთის ნაცვლად ირანი ეწოდა), დღეს სახელმწიფოს მცხოვრებთა მუსლიმობას გაესმევა ხაზი. ამასთან ერთად, ცენტრალურ ხელისუფლებას არსებობის პირველივე ხანებში ეთნიკურ სეპარატიზმთან მოუხდა შეხება (უპირველესად ლაპარაკია ქურთების ავტონომისტურ მოთხოვნებზე) და გარკვეული დათმობების გაკეთებაც მოუხდა სწორედ ნაციონალისტების მიმართ, თუმცა ახალი რეჟიმი, ზოგადი ისლამური მრწმასისაგან გამომდინარე, თეორიულად არ ცნობს ეთნიკურობას ერთიანი ისლამური თემის - ამ შემთხვევაში ირანის შიგნით). ირანისა და ნაციონალური პატრიოტიზმის თემამ კიდევ ერთხელ წამოიწია ირანში ერაყთან ომის პერიოდში. ომის წარმოება მხოლოდ ისლამის სახელით, რაც ბუნდოვანი და გაუგებარიც ხდებოდა ერაყთან დაპირისპირების პირობებში, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიიტია. ამდენად ლოზუნგად ისევ იქცა სამშობლოს, არა ისლამურის, არამედ ირანის ერთგულება.
რა ადგილს იკავებს დღეს, გლობალიზაციის პირობებში ისლამიზმი მუსლიმურ საზოგადოებაში და რამდენად არის მზად ისლამური სამყარო მიიღოს თანამედროვეობის გამოწვევა? სახელმწიფო მეთაურთა და ოპოზიციის ხშირ შემთხვევაში პოპულისტური რიტორიკის მიუხედავად, დასავლური სამომხმარებლო მრწამსი მტკიცედ იკიდებს ფეხს აღმოსავლეთში. დღეს ლაპარაკობენ პოლიტიკური ისლამის მარცხის შესახებაც.
საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, რომელშიც დომინირებენ სახელმწიფოები, რელიგიათა როლი ერთდროულად რეალური და ლიმიტირებულია. რელიგიებმა შეიძლება შეცვალონ რეჟიმის სახე (ირანი), თუმცა ნაკლებად შეუძლიათ შეცვალონ საერთაშორისო წესრიგი. ისლამურმა კონფერენციამ შეიძლება გააკეთოს მოწოდება, რომელიც გათვლილი პოპულისტურ ემოციებზე და არც თაკილობს ამის გაკეთებას, მაგრამ როდესაც დგება სიტყვიდან საქმეზე გადასვლის დრო, სწორედ სახელმწიფოები ცვლიან მას (ამდენად, აქ თავის სიტყვას ამბობს რეალისტური მოდელი). ქაშმირის კონფლიქტის დროს ინდოეთი და პაკისტანი ხშირად აპელირებენ რელიგიით, მაგრამ ეჭვიც არ არსებობს, რომ თუკი ორი სახელმწიფო ხელს მოაწერს სამშვიდობო ხელშეკრულებას, ისინი თავიანთ რელიგიურ მეთაურებს დავალებას მისცემენ, რომ თეოლოგიური გამართლება გამოუნახონ ახალ პოლიტიკას.
დღევანდელი მუსლიმური სამყაროს მდგომარეობა არასტაბილურია. სოციალური თუ ეროვნული პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებად სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, პარტიები თუ ჯგუფები ხშირად რელიგიას მიიჩნევენ. დღევანდელ ვითარებაში, ეკონომიკური მოდერნიზაციისა და სოციალური ცვლილებების შედეგად, მთელ მსოფლიოში სუსტდება ადამიანთა ტრადიციული იდენტიფიკაცია საცხოვრებელ ადგილთან, ასევე სუსტდება ეროვნული სახელმწიფოს, როგორც იდენტიფიკაციის წყაროს როლი. შექმნილი სიცარიელე ხშირად ივსება რელიგიით, რომელიც ზოგჯერ რადიკალური იდეოლოგიის სახეს იღებს. ნათქვამი უპირველესად ეხება მუსლიმურ სამყაროს. ისლამის პოლიტიზაციამ უმაღლეს დონეს მიაღწია, თუმცა ამ პოლიტიზაციის შემოქმედთ არ გააჩნიათ კონკრეტული პოზიტიური პროგრამა და მხოლოდ არსებულის მოსპობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ისლამურ სამყაროს კი აქვს უნარი გაითავისოს ლიბერალური აზროვნება ისე, რომ არ დაკარგოს საკუთარი მეობა. ამ საქმეში მას დასავლეთიც უნდა ამოუდგეს მხარში, რომელმაც გარკვეული კორექტივები უნდა შეიტანოს თავის პოლიტიკაში ისლამური სამყაროს მიმართ და მაქსიმალურად მხარი დაუჭიროს დემოკრატიზაციის პროცესებს, დაეხმაროს მუსლიმურ ქვეყნებს იმ სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც სამყაროში რელიგიური ლოზუნგებით მიმდინარე ექსტრემისტული მოძრაობების საფუძველს წარმოადგენენ.
საკვანძო საკითხები
|
კითხვები და დავალებები:
რა არის კულტურა? რა მნიშვნელობა აქვს მას საერთაშორისო ურთიერთობებში?
კულტურული წარმოდგენით, ჩვეულებრივ როგორც ხასიათდება „უცხო“?
რატომ ფიქრობს ს. ჰანტინგტონი, რომ პოლიტიკურ/იდეოლოგიურ კონფლიქტები ცივი ომის შემდეგ შეიცვლება ცივილიზაციური კონფლიქტებით?
რა ძირითადმა მიზეზებმა გამოიწვია ისლამის რევალივალიზმი?
რა სახისაა დასავლური კულტურის ისლამისტური შეფასება?
რა იყო ნაციონალიზმის ისლამიზმით შეცვლის მიზეზები?
ლიტერატურა:
J. Agnew, and St. Corbridge, Masretring Space: hegemony, territory, and international political-economy (London: Routledge, 1995).
J. Bill, and R. Springborg, Politics in the Middle East (London: Scott, Foresman/Little, Brown, 1990).
S. P. Huntington, The Clash of Civilizations, Foreign Affairs (Summer 1993).
E. W. Said, Orientalism: Western conceptions of Orient (London: Penguin, 1995).
B. Badie, Les deux Etats, Pouvoirs et société en Occident et en terre de l'Islam, (Paris: Fayard, 1986).
H. Enayat, Modern Islamic Political Thought. The Response of the Shī'ī and Sunī Muslims to the Twentieth century, (Austin: Univ. of Texas Press, London-Basingstoke: McMillan, 1982).
J. L. Esposito, Islam: The straight path, (New York, 1991).
O. Roy, L'échec de l'Islam politique, (Paris, 1992).
____________________
* პოლიტიკური ისლამის აღსანიშნავად ყველაზე მიზანშეწონილად მიგვაჩნია ტერმინ ისლამიზმის (და არა ფუნდამენტალიზმისა თუ ინტეგრიზმის) გამოყენება.საკუთრივ ეს სიტყვა გარკვეულ ტერმინოლოგიურ კონსენსუსს წარმოადგენს იმ სხვადასხვა სახისა და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ჯგუფებისა და ორგანიზაციების აღსანიშნავად, რომლებიც ისლამს უპირველესად პოლიტიკურ იდეოლოგიად აღიქვამენ. ამდენად, დღეისათვის ისლამიზმის არაერთი ვერსია არსებობს.
![]() |
12 ბიბლიოგრაფია: |
▲ზევით დაბრუნება |
Henry A. Kissinger, Diplomacy, Touchstone Books, 1995.
Samuel P. Huntington, The Clash of Civilizations and the Remaking of World Order, Touchstone Books, 1998.
Raymond Aron, The Century of Total War, The Beacon Press, Boston, 1955.
Kate Dalacoura, Katerina Dalacoura, Islam, Liberalism and Human Rights : Implications for International Relations, I B Tauris & Co Ltd, 1998.
Alexander Wendt, Social Theory of International Politics (Cambridge Studies in International Relations, 67, Cambridge Univ. Pr., 1999.
Sohail H. Hashmi (Editor), Schail H. Hashmi(Editor), Stanley Hoffmann
State Sovereignty: Change and Persistence in International Relations Pennsylvania State Univ., 1997.
F. Fukuiama, The End of History and the Last man, London, Hamish Hamilton, 1992.
Kalevi J. Holsti, The State, War, and the State of War (Cambride Studies in International Relations, 51), Cambridge Univ. Pr, 1996.
David A. Lake (Editor), Robert Powell (Editor), Strategic Choice and International Relations, Princeton Univ. Pr., 1999.
Chris Brown, Understanding International Relations, St. Martins Pr., 1997.
Wayne C. McWilliams, Harry Piotrowski, The World Since 1945: A History of International Relations, Lynne Rienner Publishers, 1997.
Wesley M. Bagby, America's International Relations Since World War I, Oxford Univ. Press, 1999.
J.P.D. Dunbabin, The Cold War : The Great Powers and Their Allies (International Relations Since 1945, Vol 1), Addison-Wesley Pub Co, 1994.
Werner Link, Jackie Bennett-Ruete, The East-West Conflict: The Organization of International Relations in the Twentieth Century, St Martins Pr., 1986.
Pierre Allan (Editor), Kjell Goldmann (Editor), The End of the Cold War: Evaluating Theories of International Relations, Martinus Nijhoff, 1995.
Stephen Ryan, Ethnic Conflict and International Relations, Dartmouth Pub. Co, 1995.
Michael, E. Howard, William R. Louis, The Oxford History of the XX Century, Oxford Univ. Press, 1998.
Adrian Guelke, The Age of Terrorism and the International Political Systems, St. Martins Pr.,
Glenn P. Hastedt, American Foreign Policy: Past, Present, Futur, Prentice Hall, 1999.
J.S. Goldstein, International Relations, Longmann Pub. Group, 1998.
P.R. Viotti, M.V. Kauppi, International Relations: Realism, Pluralism, Globalism, and Beyond, Allyn & Bacon, 1999.
D.M. Snaw, E. Brown, International Relations: The Changing Countours of Power, Addison-Wesley Pub. Co, 1999.
Lewis J. Edinger, Politics in Germany, Attitudes and Processes, LBoston, 1968.
Ludvig Dehio, Germany and Worl Politics in the Twentieth Century, Norton & Co, N-Y, 1967.
P. Viotti & M. Kauppi, International Relation Theory: Realism, Pluralism, Globalism (New York: Macmillan, 1993).
D.A. Baldwin, Neoralism and Neoliberalism: The Contemporary Debate (new York: Columbia Univ. Press, 1993).
P. Hirst & G. Thompson, Globalization in Question (Cambridge: Polity Press, 1996).
C. Kegley (ed.), Controversies in International Relation: Realism and the Neoliberal Challenge (New York: St. Martin's, 1995).
D. Baldwin (ed.), Neorealism and Neoliberalism: The Contemporary Debate (New York: Columbia Univ. Press), 1993).
S. Burchill & A. Linklater et al., Theories of International Relations (Basingstoke: Macmillan, 1996).
M. Frost, Ethics in International relations: A Constitutive Theory (Cambridge: Cambridge University Press, 1996).
K. Booth & M. Zalewski (eds.), International Theory: Positivism and Beyond (Cambridge: Cambridge University Press, 1996).
I. Carlsson et al., Our Global Neighbouring (Oxford: Univ. Press, 1995).
M. Featherstone (ed.), Global Culture: Nationalism, Globalization and Modernity (London: Sage 1990).
D. Harvey, The Condition of Postmodernity: An Enquiry into the Conditions of Cultural Change, (Oxford: Balakwell, 1989).
P. Hirst & G. Thompson, Globalization in Question: The International Economy and the Possibilities of Governance (Cambridge: Polity Press 1996).
E. Kofman & G. Youngs (eds.), Globalization: Theory and Practice (London: Pinter, 1996).
G. Modeski, Sea Power in Global Politics, (Seattle, Univ. of Washington Press, 1988).
R. Robertson, Globalization: Social Theory and global Culture, (London: Sage, 1992).
J.N. Rosenau, Turbulence in World Politics (Princeton: Univ. Pres, 1990).
J.N. Rosenau & E.O. Czempiel (eds.), Governance without Government: Order and Change in World Politics (Cambridge: Univ. Press, 1992).
J.A. Scholte, Globalization: A Critical Introduction (London: Macmillan, 1997).
M. Waters, Globalization (London: Rouledge 1995).
C. Archer, International Organizations, 2nd edn. (London: Routledge, 1992).
A. Roberts & B. Kingsbury (eds.), United Nations, Divided World: The Un's Roles in International Relations, 2nd edn. (Oxford: Clarendon Press, 1993).
A. James, Peacekeeping in International Politics (Basingstoke: Macmillan, 1990).
P. Taylor, International Organization in the Modern World, (London: Pinter, 1995).
O. Ramsbotham & T. Woodhouse, Humanitarian Intervention: A Reconceptualization (Cambridge: Polity, 1996).
L. Minear & T.G. Weiss, Mercy Under Fire: War and the Global Humanitarian Community (Boulder, Col.: Westview Press, 1995).
L.F. Damrosch (ed.), Enforcing Restraint: Collective Intervention in Internal Conflicts (New York: Council on Foreign Relations, 1993).
J. Harris (ed.), The Politics of Humanitarian Intervention (London: Pinter, 1995).
R.J. Vincent, Nonintervention and International Order (Princeton: Univ. Press, 1974).
G. Alperovitz, Atomic Diplomacy: Hiroshima and Potsdam: The Use of the Atomic Bomb and the American Confrontation with Soviet Power (New York, Simon & Shuster, 1965).
M. Cox, United States Foreign Policy Since the End of the Cold War (London: Pinter, 1995).
F. Hallliday, Rethinking International Relations (London: Macmillan, 1994).
M. Hogan (ed.), The End of the Cold War: Its Meanind and Implications (Cambridge: Univ. Press, 1992).
K.J. Holsti, War, the State, and the State of War (Cambridge: Univ. Press, 1996).
J. Mearsheimer, Back to the Future Instability After the Cold War, International Security, 15 (1), 1990.
J.A. Vasquez, The War Puzzle (Cambridge: Univ. Press, 1993).
N.B. Adams, World Apart: The North-South Divide and the International System (London: Zed, 1993).
J. Gavanagh, D. Wysham & M. Arruda (eds.), Beyond Bretton Woods: Alternatives to the Global Economic Order (London: Pluto Press, 1994).
P. Knox & J. Agnew, The Geography of the World Economy (London: E. Arnold, 1994).
R. O'Brien, Global Financil Integration: the End of Geography (London: Pinter, 1992).
T. Porter, States Markets and Regimes in Global Finance (London:Macmillan, 1998).
J.S. Nye (ed.), International Regionalism: Readings, (Boston: Little, Brown, 1968).
A.Hurrell, Explaining the Resurgence of Regionalism in World Politics, Review of International Studies, 21: 4 (1995).
P. Knox & J. Agnew, The Geography of the World Economy (London: Edward Arnold, 1994).
E. Hobsbawm, Age of Extremes: The Short History of Twentieth Century, 1914-1991 (London: Michael Joseph, 1994).
R. Keohane et al. (eds.), After the Cold War: International Institutions and State Strategies in Europe 1989-1991 (London: Harvard Univ. Press, 1993).
W. Wallace (ed.), The Dynamics of European Integration (London: Pinter, 1990).
J. Mayall, Nationalism and International Society (Cambridge Univ. Press, 1991).
E. Gellner, Nations and Nationalism, (Oxford: Blackwell, 1983).
A. Smith, Theories of of Nationalism, 2nd edn., (London: Duckworth, 1983).
A. Smith, National Identity (London: Pinguin, 1991).
K. Deutsch, Nationalism and Social Communication (Cambridge, Mass.: MIT Press, 1996).
A. Anderson, Imagined Communities, Reflections on the Origin and Spread of Nationalism (London: verso, 1992).
E. Hobsbawm, Nations and Nationalism Since 1780: Programme, Myth, Reality (Cambridge Univ. Press, 1991).
J. Agnew, and St. Corbridge, Masretring Space: hegemony, territory, and international political-economy (London: Routledge, 1995).
J. Bill, and R. Springborg, Politics in the Middle East (London: Scott, Foresman/Little, Brown, 1990).
S. P. Huntington, The Clash of Civilizations, Foreign Affairs (Summer 1993).
E. W. Said, Orientalism: Western conceptions of Orient (London: Penguin, 1995).
B. Badie, Les deux Etats, Pouvoirs et société en Occident et en terre de l'Islam, (Paris: Fayard, 1986).
H. Enayat, Modern Islamic Political Thought. The Response of the Shī'ī and Sunī Muslims to the Twentieth century, (Austin: Univ. of Texas Press, London-Basingstoke: McMillan, 1982).
J. L. Esposito, Islam: The straight path, (New York, 1991).
O. Roy, L'échec de l'Islam politique, (Paris, 1992).
Ç. Áæåçèíñêèé, Áîëüøàÿ øàõìàòíàÿ äîñêà, Ì., 1999
K.Сю Гаджиев, ведение в геополитику, М., Логос, 1999.
И.А. Василенко Политическая глобалистика, М., Логос, 2000ю
Wolfgang W. Mickel,Berthold Wiegand, Geschichte, Politik und Gesellschaft, Bd.2, Die Großmächte, Internationale Beziehungen, Deutschland nach 1945, Cornelsen, Düsseldorf, 1993.
Walter Boeck, Internationale Beziehungen, Ploetz, Freiburg, 1984.
Paul Kevenhörster, Wichard Woyke, Internationale Politik nach dem Ost - West - Konflikt. Globale und regionale Herausforderungen, agenda Vlg., Münster, 1995.
Wichard Woyke, Reinhard Meyers, Internationale Beziehungen. Ein Lehrbuch, Uni-TB. GmbH., Stgt, 1999.
Rudolf Blühdorn, Internationale Beziehungen. Einführung in die Grundlagen der Aussenpolitik. Springer-Verlag, Bln., 1998.
Karl-Heinz Naßmacher, Politikwissenschaft, Bd.2, Internationale Beziehungen und politische Ideen, Werner.
Prüfsteine Politik 3. Internationale Beziehungen. (Lernmaterialien) Cornelsen, Düsseldorf.
Rußland in Europa? Innere Entwicklungen und internationale Beziehungen. Böhlau, Köln, 1999.
Gerhard Zimmer, Terrorismus und Völkerrecht - Militärische Zwangsanwendung, Selbstverteidigung und Schutz der internationalen Sicherheit, Shaker Verlag GmbH.
Hans-Joachim Koenig, Stefan Rinke, Transatlantische Perzeptionen: Lateinamerika-USA-Europa in Geschichte und Gegenwart, Hans-Dieter Heinz, 1998.
Konrad Ginther, Völkerrecht zwischen normativem Anspruch und politischer Realität. Festschrift für Karl Zemanek zum 65. Geburtstag. Mit Frontispiz. Duncker & Humblot GmbH.
Weltpolitik. Jahrbuch für internationale Beziehungen I. Campus Vlg., Ffm. 1998.
Weltpolitik. Jahrbuch für internationale Beziehungen II. Campus Vlg., Ffm. 1998.
Ch. Zorgbibe, Dictionnaire de politique internationale, Paris, PUF, 1988.
R. Aron, Paix et guerre entre les nations, Paris, Calmann-Lévy, 1984.
R. Aron, Leçons sur l'histoire, Ed. de Fallois, Paris, 1989.
S. Sur, Relations internationales, Paris, Montchrestien, 1995.
S. Berstein, P. Milza, Histoire du Xxe siècle, Paris, Hatier, 1996.
B. Droz,, A. Rowley, Histoire générale du Xxe siècle, Paris, Seuil, 1992.
J.-B. Duroselle, Histoire diplomatique de 1919 à nos jours, Paris, Dalloz, 1993.
P. Lellouche , Le nouveau Monde. De l'ordre de Yalta au désordre des nations, Paris, Grasset, 1992.
M.-Th. Bitch, Histoire de la construction européene, Bruxelles, Comlexe, 1995.
J. Lévesque, L'URSS et sa politique internationale de Lénine a Gorbatchev, Paris, A.Colin, 1988.
H. Laurens, le Grand Jeu. Orient arabe at rivalités internationales depuis 1945, Paris, A.Colin, 1991.
J.-L. Dufour, M. Vaisse, La guerre au XXe siècle, Paris, hachette, 1993.
S.Berstein, Democraties, régimes autoritaires et totalitarismes au XXe siècle, Paris, hachette, 1992.
P. Milza, les relations internationales 1945-1973, Paris, hachette, 1994.
P. Milza, les relations internationales de 1973 à nos jours, Paris, hachette, 1996.
G. Martinez, Le conflit israélo-arabe, des origines à nos jours, Paris, Seuil, 1997.
J. Dalooz, La France et le monde de[puis 1945, Paris, A. Colin, 1993.
M. Michel, Décolonisation et émergence du tiers-monde, Paris, hachette, 1996.