The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი განათლება|განათლების სისტემა
წყარო: უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ : ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები : [კრებული] / სამოქალაქო საზ-ბის ინ-ტი ; [შემდგ.-რედ.: ლალი ბაქრაძე, ლიკა ღლონტი, ემზარ ჯგერენაია ; რედ.: ლია კაჭარავა] - თბ., 2005 - 94გვ. ; 20სმ. - - გარეკანზე სათ.: ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები. - ISBN 99940-710-3-3 : [ფ.ა.]   [MFN: 23873]
 
UDC:  378
K 246.209/3 - საერთო ფონდი
K 246.210/3 - საერთო ფონდი
K 246.211/3 - საერთო ფონდი
378/უ-418 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
378/უ-418 - საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება
F 86.355/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები Towards the European Higher Education Area Main Documents of the Bologna Process კრებულის შემდგენელ - რედაქტორები: ლალი ბაქრაძე ლიკა ღლონტი ემზარ ჯგერენაია პასუხისმგებელი რედაქტორი: ლალი ბაქრაძე რედაქტორი: ლია კაჭარავა კრებული მომზადდა და გამოიცა ევრაზიის ფონდის დაფინანსებით (გრანტი N.:G04-0138) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრების მეშვეობით. მასში გადმოცემული თვალსაზრისები შეიძლება არ ემთხვეოდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ევრაზიის ფონდის შეხედულებებს. თბილისი 2005



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა 1999 წლის 19 ივნისს იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციის სახელწოდებით ცნობილ დოკუმენტს. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით შესაბამისმა სახელმწიფოებმა გამოხატა საერთო მზადყოფნა მონაწილეობა მიეღო უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში.

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნისათვის სამზადისი რამდენადმე ადრე დაიწყო. კერძოდ, ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა: უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1988), ლისაბონის კონვენცია (1997) და სორბონის დეკლარაცია (1998). ხოლო ისეთები როგორიცაა პრაღისა და ბერლინის კომუნიკე, გრაცისა და სალამანკის დოკუმენტები, სტუდენტთა გიოტებორგის დეკლარაცია პროცესის შემდგომი მიმდინარეობისას შეიქმნა. ბოლონიის პროცესი დინამიურად და აქტიურად ვითარდება. მის ფარგლებში რეგულარულად ეწყობა სემინარები, რომელთა მიზანია ფუძემდებლური დოკუმენტებით განსაზღვრული კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. სემინარების თანმიმდევრულად იქმნება ახალი დოკუმენტებიც.

წინამდებარე კრებული დაინტერესებულ საზოგადოებას სთავაზობს იმ ძირითად დოკუმენტებს,რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ ბოლონიის პროცესის მასშტაბების, მისი ძირითადი მიზნებისა და ამოცანების გასაგებად.

დღეს ჩვენი საზოგადოება განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავს ბოლონიის პროცესისადმი. აქედან გამომდინარე, აქტუალური ხდება პასუხი კითხვაზეც: რას წარმოადგენს ბოლონიის პროცესი და რა შეიძლება მოუტანოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას მასში მონაწილეობამ? პროცესის მიმზიდველობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეჭვს არ იწვევს. ბოლონიის პროცესი ევროპული პროცესია და, თავისთავად ცხადია, მასში ჩართვა ჩვენი ქვეყნისათვის ევროპისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ევროინტეგრაციის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოს მოცულობაც.

საქართველოს მიერთება ბოლონიის დეკლარაციასთან და ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია დაკავშირებულია პროცესში მონაწილე მხარეთა მიერ აღიარებული შემდეგი ძირითადი პრინცი პების თანმიმდევრულ განხორციელებასთან: იოლად გასაგები და შესადარებელი აკადემიური ხარისხების სამსაფეხურიანი სისტემის შემოღება; კრედიტების სისტემის შემოღება; მობილობის ხელშეწყობა; განათლების ხარისხის უზრუნველყოფა; უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მიმზიდველობის ზრდა; უმაღლეს განათლებაში ევროპული განზომილებების დანერგვა; სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში; სტუდენტთა მონაწილეობა უმაღლესი სასწავლებლების მართვაში; უმაღლესი განათლებაში სწავლებისა და კვლევის განუყოფლობა. პრინცი პების ჩამოთვლაც კი ადვილად გვარწმუნებს იმაში, თუ რამდენად სერიოზული რეფორმებია გასატარებელი დროის არცთუ დიდ მონაკვეთში, რათა 2010 წლისათვის ანუ იმ პერიოდისათვის, როცა ბოლონიის პროცესის ძირითადი ეტაპის დასრულებაა ნავარაუდევი, საქართველო გახდეს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცის სრულფასოვანი წევრი. წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად გააცნობიეროს ერთის მხრივ, ჩვენთვის მოცემული შანსის მნიშვნელობა და მეორეს მხრივ, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანების მასშტაბები. უმაღლესი განათლების რეფორმირებას საფუძველი შეუქმნა 2004 წლის კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ, რომლის დებულებები ძირითადად შესაბამისობაშია ბოლონიის პროცესის პრინცი პებთან.

ვიმედოვნებთ, რომ კრებული გარკვეულ დახმარებს გაუწევს როგორც ხელისუფლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, სტუდენტებს, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ რეფორმის წარმატებით განხორციელების საქმეში. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოცემულ სფეროში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ერთიანი ტერმინოლოგია. ეს, ცხადია, ართულებს მსგავსი გამოცემების განხორციელებას. წინამდებარე კრებულზე მუშაობისას ჩვენ ვხელმძღვანელობდით უმაღლესი განათლების შესახებ კანონით დამკვიდრებული ტერმინებითა და განმარტებებით, კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების სისტემის სახელმძღვანელოზე დართული ლექსიკონით და შემდეგი ინგლისურენოვანი გამოცემით: The Greenwood Dictionary of Education, 2003. ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის ლისაბონის 1997 წლის კონვენცია, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წელს, იბეჭდება იმ სახით, როგორიც მოგვაწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული დოკუმენტის მიხედვით ზოგიერთი ტერმინის ქართული თარგმანი არ შეესაბამება ინგლისურენოვან ორიგინალს. მაგალითად, დეგრეე, რაც ინგლისურად ნიშნავს აკადემიურ ხარისხს, ქართულად ითარგმნა როგორც სამეცნიერო ხარისხი.

და ბოლოს, საყურადღებო და სასარგებლო შენიშვნებისათვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ბატონ ირაკლი მაჩაბელს და ქალბატონ ლელა მაისურაძეს.

ლალი ბაქრაძე

2 უნივერსიტეტების დიდი ქარტია MAGNA CHARTA UNIVERSITATUM ბოლონია, 1988 წლის 18 სექტემბერი

▲ზევით დაბრუნება


პრეამბულა

ევროპის უნივერსიტეტების, ქვემორე ხელისმომწერი, რექტორები შეიკრიბნენ ბოლონიაში, ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის საზღვრების გაუქმებამდე ოთხი წლით ადრე, ევროპის უძველესი უნივერსიტეტის ცხრაასი წლისთავის აღსანიშნავად; ევროპულ ერებს შორის შორსგამიზნული თანამშრომლობის იმედითა და რწმენით, რომ ადამიანები და სახელმწიფოები მუდმივცვალებად და მზარდ ინტერნაციონალურ საზოგადოებაში განსაკუთრებით გააცნობიერებენ უნივერსიტეტების როლს. ისინი მიიჩნევენ, რომ

1. ათასწლეულის მიჯნაზე კაცობრიობის მომავალი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმ კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ განვითარებაზე, რომელიც უნივერსიტეტების კულტურულ, სასწავლო და კვლევით ცენტრებში მიმდინარეობს;

2. უნივერსიტეტების დანიშნულება - გაავრცელოს ცოდნა ახალგაზრდა თაობებს შორის - დღეს მთელ საზოგადოებაზე უნდა გავრცელდეს; საზოგადოების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მომავლი საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად;

3. უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობა ისეთი განათლებით, რომელიც მას ბუნებრივი გარემოსა და სიციცოხლის ჰარმონიის პატივისცემას ასწავლის.

ევროპის უნივერსიტეტების, ქვემორე ხელისმომწერი, რექტორები, ყველა სახელმწიფოსა და ერის წინაშე ვაცხადებთ იმ ფუნდამენტურ პრინცი პებს, რომლებიც ამიერიდან საფუძვლად დაედება უნივერსიტეტების საქმიანობას.

ფუნდამენტური პრინციპები

1. უნივერსიტეტი არის ავტონომიური დაწესებულება, განსხვავებული ისტორიული მემკვიდრეობისა და გეოგრაფიული პირობების გამო სხვადასხვაგვარად ორგანიზებულ საზოგადოებებში, რომელიც ქმნის, ამოწმებს, აფასებს და ავრცელებს კულტურას კვლევისა და სწავლების გზით.

არსებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კვლევა და სწავლება ზნეობრივად და ინტელექტუალურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლებისაგან;

2. უნივერსიტეტში სწავლება და კვლევა ურთიერთისაგან განუყოფელი უნდა იყოს, რათა სასწავლო პროცესი არ ჩამორჩეს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებსა და სამეცნიერო ცოდნის მიღწევებს;

3. კვლევისა და სწავლების თავისუფლება საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური პრინცი პია. ამიტომ, მთავრობებმა და უნივერსიტეტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა უზრუნველყონ ამ ფუნდამენტური მოთხოვნის პატივისცემა.

უნივერსიტეტი გმობს შეუწყნარებლობას და ღიაა დიალოგისათვის; ის იდეალური ასპარეზია ისეთი მასწავლებლებისათვის, რომლებიც მზად არიან სხვას გაუზიარონ თავისი ცოდნა, განავითარონ იგი კვლევისა და ინოვაციების საშუალებით და გადასცენ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ამ ცოდნასთან ზიარების უფლება, სურვილი და უნარი;

4. უნივერსიტეტი არის ევროპული ჰუმანისტური ტრადიციების მეურვე. იგი მუდმივად მიისწრაფვის უნივერსალური ცოდნისაკენ. მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას უნივერსიტეტი სცილდება გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს და ადასტურებს სხვადასხვა კულტურათა ურთიერთშეცნობისა და ურთიერთგავლენის სასიცოცხლო აუცილებლობას.

განხორციელების საშუალებები

ზემოთ მოყვანილი პრინცი პების გათვალისწინებით, ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა თანამედროვე პირობების შესაფერისი ეფექტური საშუალებების გამოყენება:

1. კვლევასა და სწავლებაში თავისუფლების დასაცავად, აღნიშნული თავისუფლების სარეალიზაციოდ აუცილებელი საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ერთობის ყველა წევრისათვის;

2. მასწავლებელთა მოზიდვა და მათი სტატუსის განსაზღვრა უნდა ექვემდებარებოდეს კვლევისა და სწავლების განუყოფლობის პრინციპს;

3. ყველა უნივერსიტეტმა - კერძო გარემოებების სათანადო გათვალისწინებით - უნდა უზრუნველყოს სტუდენტების თავისუფლებების დაცვა და მათ მიერ ისეთი გარემოთი სარგებლობა, რომელშიც შესაძლებელია კულტურისა და ცოდნის შეძენა;

4. უნივერსიტეტები - განსაკუთრებით ევროპაში - ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლასა და სწავლის გაუმჯობესებისათვის გახშირებულ ერთობლივ პროექტებს განიხილავენ, როგორც აუცილებელს ცოდნის შემდგომი განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც თავიანთი არსებობის ადრეულ ეტაპზე, უნივერსიტეტები ხელს უწყობენ სტუდენტებისა და მასწავლებლების მობილობას. ამავდროულად, უნივერსიტეტები ეკვივალენტური სტატუსის, წოდებების, გამოცდებისა (ეროვნული დი პლომებისადმი უნდობლობის გარეშე) და სტი პენდიების მინიჭების ზოგად პოლიტიკას მიიჩნევენ მნიშვნელოვან ფაქტორად დღევანდელ პირობებში თავიანთი მისიის განსახორციელებლად.

ქვემორე ხელისმომწერი რექტორები, მოქმედებენ რა თავიანთი უნივერსიტეტების სახელით, გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა სახელმწიფომ და დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს ამ დიდი ქარტიის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტების თავისუფალ და ერთსულოვან სურვილს გამოხატავს.

3 ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენცია

▲ზევით დაბრუნება


მოცემულ კონვენციაში მონაწილე მხარეები

აცნობიერებენ რა, რომ განათლების უფლება არის ადამიანის ერთ-ერთი უფლება, ხოლო უმაღლესი განათლება, რომელიც წარმოადგენს ცოდნის გაფართოებისა და განვითარების გადამწყვეტ ფაქტორს, არის განსაკუთრებით ღირებული კულტურული და მეცნიერული მიღწევა, როგორც ყველა ადამიანისთვის, ასევე საზოგადოებისათვის;

იღებენ რა მხედველობაში, რომ უმაღლესი განათლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის განმტკიცებასა და ხალხთა და ქვეყნებს შორის ურთიერთნდობის დამკვიდრებაში;

იღებენ რა მხედველობაში, რომ ევროპის რეგიონში განათლების სისტემათა დიდი მრავალფეროვნება წარმოადგენს მისი კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური და ეკონომიკური მრავალფეროვნების ანარეკლს, რაც არის განსაკუთრებული მონაპოვარი და მოითხოვს ყოველმხრივ პატივისცემას;

სურთ რა მისცენ საშუალება მოცემული რეგიონის ყველა ადამიანს, სრულად გამოიყენოს ეს მრავალფეროვნების წყარო, ყოველი ქვეყნის მოქალაქისა და ყოველი მხარის სასწავლო დაწესებულების მოსწავლისათვის სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო რესურსებთან დაშვების გამარტივების გზით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მხარი დაუჭირონ მათ მცდელობას გააგრძელონ განათლება ან დაასრულონ სწავლების პერიოდი სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

თვლიან რა, რომ ევროპის რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყანაში გავლილი სასწავლო კურსების, მოწმობების, დი პლომებისა და ხარისხების ცნობა არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, მიმართული მხარეებს შორის აკადემიური მობილობის გაფართოების ხელშეწყობისაკენ;

ანიჭებენ რა დიდ მნიშნელობას უმაღლეს სასწავლებელთა ავტონომიის პრინცი პს და აცნობიერებენ რა ამ პრინცი პის განმტკიცებისა და დაცვის აუცილებლობას;

არიან რა დარწმუნებულნი, რომ კვალიფიკაციათა სამართლიანი ცნობა არის საზოგადოებისა და მთავრობათა კულტურული უფლება და მოვალეობა;

იღებენ რა მხედველობაში ევროსაბჭოსა და UNESCO-ს ქვემოთ ჩამოთვლილ კონვენციებს, რომლებიც ეხება მოწმობების ცნობას ევროპაში:

ევროპული კონვენცია უნივერსიტეტში დაშვებისათვის საჭირო დი პლომების ექვივალენტობის შესახებ (1953, ETS 15) და მისი ოქმი (1964, ETS 49);

ევროპული კონვენცია საუნივერსიტეტო განათლების პერიოდების ექვივალენტობის შესახებ (1956 ETS 21);

ევროპული კონვენცია საუნივერსიტეტო კვალიფიკაციების აკადემიური ცნობის შესახებ (1959, ETS 32);

ევროპის რეგიონის ქვეყნების კონვენცია უმაღლეს განათლებაში სწავლების კურსების, დი პლომებისა და სამეცნიერო ხარისხების ცნობის შესახებ (1979);

ევროპული კონვენცია უნივერსიტეტში სწავლების პერიოდების საერთო ეკვივალენტობის შესახებ(1990, ETS 138);

იღებენ რა, აგრეთვე, მხედველობაში ხმელთაშუა ზღვის აუზის, არაბული და ევროპული ქვეყნების საერთაშორისო კონვენციას უმაღლეს განათლებაში სწავლების, დი პლომებისა და ხარისხების ცნობის შესახებ (1976), მიღებულს UNESCO-ს ფარგლებში, რომელიც ნაწილობრივ ეხება აკადემიურ ცნობას ევროპაში;

აცნობიერებენ რა, რომ მოცემული კონვენცია განიხილება UNESCO-ს კონვენციებისა და საერთო რეკომენდაციების კონტექსტში, რომლებიც ეხება მსოფლიოს სხვა რეგიონებს და რომ აუცილებელია ინფორმაციის გაცვლა ამ რეგიონებს შორის;

აცნობიერებენ რა ფართო ცვლილებებს, განხორციელებულს ევროპის რეგიონის უმაღლეს განათლებაში ამ კონვენციების მიღების შემდგომ, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი დივესიფიკაცია უმაღლესი განათლების ეროვნული სისტემების შიგნით და მათ შორის, აგრეთვე, სამართლებრივი აქტებისა და პრაქტიკის ამ პროცესებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობას;

აცნობიერებენ რა ევროპის რეგიონში ცნობის პრაქტიკული პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის ძიების აუცილებლობას;

აცნობიერებენ რა ცნობის ახლანდელი პრაქტიკის სრულყოფისა და უფრო მეტი გამჭვირვალობის, ევროპის რეგიონის უმაღლესი განათლების მდგომარეობასთან უკეთესი ადაპტაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას;

არიან რა დარწმუნებულნი ევროსაბჭოსა და UNESCO-ს საერთო ეგიდით მიღებული კონვენციის პოზიტიურ მნიშვნელობაში, რომელიც განსაზღვრავს ევროპულ რეგიონში ცნობის პრაქტიკის შემდგომი განვითარების ჩარჩოებს;

აცნობიერებენ რა მოცემული კონვენციის პრინცი პებისა და დებულებების ცხოვრებაში გატარების მუდმივი მექანიზმების შექმნის მნიშვნელობას, შეთანხმდნენ შემდეგზე:

განყოფილება I. განსაზღვრებანი:

კარი 1.1.

ამ კონვენციაში ქვემოთ მოყვანილი ტერმინები შემდეგი მნიშვნელობით გამოიყენება:

დაშვება (უმაღლეს განათლებაში)

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებასთან დაკავშირებით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ განსახილველად საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება.

მიღება (უმაღლეს სასწავლებელში და მის პროგრამებში)

ქმედება ან სისტემა, რომელიც შესაბამისი კავლიფიკაციის მქონე კანდიდატს აძლევს უფლებას გააგრძელოს სწავლა უმაღლესი განათლების განსაზღვრულ დაწესებულებაში და/ან განსაზღვრულ პროგრამაში.

შეფასება (დაწესებულების ან პროგრამების)

უმაღლესი განათლების მოცემულ დაწესებულებაში ან პროგრამაში განათლების ხარისხის დადგენის პროცესი.

შეფასება (ინდივიდუალური კვალიფიკაციისა)

კომპეტენტური ორგანოს წერილობითი დასკვნა ან შეფასება ინდივიდის უცხოური კვალიფიკაციისა.

ცნობის კომპეტენტური ორგანო

ორგანო, ოფიციალურად უფლებამოსილი გააკეთოს სავალდებულო ხასიათის დასკვნა უცხოური კვალიფიკაციის ცნობის შესახებ.

უმაღლესი განათლება

სწავლების კურსის ყველა სახეობა ან სწავლების კურსების ერთობლიობა, აგრეთვე, სპეციალისტთა ან მკვლევართა მომზადება საშუალო განათლების შემდგომ დონეზე, რომელსაც ცნობენ მხარის შესაბამისი ორგანოები როგორც საკუთარი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელ ნაწილს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება

დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლეს განათლებას და აღიარებულია მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ, როგორც მისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელი ნაწილი.

უმაღლესი განათლების პროგრამა

სწავლების კურსი, ცნობილი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ როგორც მისი უმაღლესი განათლების სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომლის დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას.

სწავლების პერიოდი

უმაღლესი განათლების პროგრამის ნებისმიერი შეფასებული და დოკუმენტირებული კომპონენტი, რომელიც, თუმცა არ მოიცავს სწავლების სრულ კურსს, წარმოადგენს ცოდნის და გამოცდილების მნიშვნელოვან შენაძენს.

კვალიფიკაცია

) უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია

ხარისხის დამადასტურებელი ნებისმიერი საბუთი, დიპლომიან სერტიფიკატი, გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს უმაღლესი განათლების პროგრამის წარმატებით დასრულებას.

) კვალიფიკაცია, რომელიც იძლევა უმაღლეს განათლებაში დაშვების უფლებას

ნებისმიერი დიპლომიან სერტიფიკატი, გაცემული კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დამთავრებას და კვალიფიკაციის მფლობელს აძლევს დაშვების უფლებას სასწავლებელში უმაღლესი განათლების მისაღებად (შდ. დაშვების განსაზღვრებას).

ცნობა

უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოური საგანმანათლებლო კვალიფიკაციის მნიშვნელობის ოფიციალური დადასტურება, კვალიფიკაციის მფლობელის საგანმანათლებლო და/ან პროფესიულ საქმინობაში დაშვების მიზნით.

მოთხოვნა

) ზოგადი მოთხოვნები

პირობები, რომლებიც ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს უმაღლეს განათლებაში ან მის გარკვეულ დონეზე დასაშვებად ან უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის გარკვეული დონის მისაღებად.

) განსაკუთრებული მოთხოვნები

პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს დამატებით ზოგადი მოთხოვნების გარდა, უმაღლესი განათლების სპეციფიკურ პროგრამაში ან ცოდნის გარკვეულ სფეროში უმაღლესი განათლების სპეციფიკური კვალიფიკაციის მისაღებად.

განყოფილება II. სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია

კარი II.1

1. თუ ცნობის საკითხების გადაწყვეტა შედის ცენტრალური სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციაში, მაშინ მხარეებზე დაუყოვნებლივ ვრცელდება ამ კონვენციის დებულებები და ისინი იღებენ საჭირო ღონისძიებებს მათ გასატარებლად თავიანთ ტერიტორიაზე.

თუ ცნობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია ეკუთვნის მხარის შემადგენელ ნაწილებს, მაშინ მხარე ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში, ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას, ან ნებისმიერ დროს ამის შემდეგ, გადასცემს ერთ-ერთ დეპოზიტორს მოკლე შეტყობინებას მისი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის და სტრუქტურის შესახებ. ამ შემთხვევაში დასახელებული მხარის შემადგენელი ნაწილების კომპეტენტური ორგანოები მიიღებენ სათანადო ზომებს კონვენციის დებულებათა დასანერგად მათ ტერიტორიაზე.

2. თუ ცალკეულ უმაღლეს სასწავლებლებს ან სხვა ორგანოებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები ცნობის თაობაზე, მხარეები გადაუგზავნიან მათ კონვენციის ტექსტს და ყოველ ღონეს იხმარენ იმისათვის, რომ ხელი შეუწყონ მათ მიერ კონვენციის დებულებათა განხილვასა და დანერგვას.

3. მოცემული კარის 1 და 2 პუნქტების დებულებები გამოიყენება mutatis mutandis1 მხარეთა მოვალეობების მიმართ, რომელთაც ისინი იღებენ ამ კონვენციის შემდგომი კარების შესაბამისად.

კარი II.2

ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას, ან ნებისმიერ დროს ამის შემდეგ, ყოველმა ქვეყანამ, წმინდა საყდარმა ან ევროგაერთიანებამ, უნდა შეატყობინონ მოცემული კონვენციის ერთ-ერთ დეპოზიტორს იმ ორგანოების შესახებ, რომლებიც კომპეტენტურნი არიან მიიღონ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებები ცნობის საკითხებზე.

კარი II.3

ეს კონვენცია არ აუქმებს ერთ-ერთი მხარის მიერ გაცემული კვალიფიკაციის ცნობასთან დაკავშირებულ უფრო ხელსაყრელ დებულებას, რომელიც შესულია ან გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომლის მონაწილე არის, ან შეიძლება გახდეს მომავალში, კონვენციის მონაწილე მხარე.

განყოფილება III. კვალიფიკაციის შეფასების ძირითადი პრინციპები

კარი III.1

1. ერთ-ერთი მხარის მიერ გაცემული კვალიფიკაციის მფლობელთ შესაბამის ორგანოში მიმართვისთანავე აქვთ ადეკვატური დაშვება კვალიფიკაციის შესაფასებლად.

2. დაუშვებელია დისკრიმინაცია ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: სქესი, რასა, კანის ფერი, ინვალიდობა, ენა, რელიგია, პოლიტიკური ან სხვა მრწამსი, ეროვნება, ეთნიკური ან სოციალური წარმოშობა, ის, რომ პირი ეკუთვნის ეროვნულ უმცირესობას, ქონებრივი, საზოგადოებრივი წარმოშობა და სხვა სტატუსით, ან სხვა ნიშნებით, რომლებიც არ არიან კავშირში საძიებელი კვალიფიკაციის ცნობასთან. ამ უფლების უზრუნველსაყოფად ყოველი მხარე ვალდებულებას იღებს გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა კვალიფიკაციის ცნობის განცხადების შესწავლა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მიღებული ცოდნისა და ჩვევების საფუძველზე.

კარი III.2

ყოველმა მხარემ უნდა უზრუნველყოს კვალიფიკაციების შეფასებისა და ცნობისათვის გამოყენებული პროცედურებისა და კრიტერიუმების საჯაროობა, შეთანხმებულობა და საიმედოობა.

კარი III.3

1. გადაწყვეტილება ცნობის შესახებ მიღებული უნდა იქნეს საძიებელი კვალიფიკაციის შესახებ მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე;

2. პასუხისმგებლობა ადეკვატური ინფორმაციის მოწოდებაზე პირველ რიგში ეკისრება თვით მაძიებელს, რომელმაც კეთილსინდისიერად უნდა უზრუნველყოს ასეთი ინფორმაციის კეთილსინდისიერება;

3. განმცხადებლის მოვალეობისაგან დამოუკიდებლად კვალიფიკაციის გამცემი სასწავლებლები ვალდებულნი არიან მოთხოვნისთანავე, დროის გონივრულ მონაკვეთში, მისცენ საჭირო ინფორმაცია კვალიფიკაციის მფლობელს, დაწესებულებას ან იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც ხდება ცნობის ძიება;

4. მხარეები დაავალებენ, ხოლო შესაბამის შემთხვევებში მოუწოდებენ მათ განათლების სისტემაში შემავალ ყველა სასწავლო დაწესებულებას, დააკმაყოფილონ ყველა დასაბუთებული მოთხოვნა ინფორმაციის გაცემაზე, დასახელებულ დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის შესაფასებლად;

5. შეფასების განმახორციელებელ ორგანოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაამტკიცოს, საჭიროების შემთხვევაში, რომ განცხადება არ აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს.

კარი III.4

ყოველი მხარე, კვალიფიკაციის ცნობის ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფს მისი განათლების სისტემის შესახებ გაცემული ინფორმაციის ადეკვატურობასა და სიცხადეს.

კარი III.5

განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ცნობის შესახებ უნდა მოხდეს გონივრულ ვადებში, რომელსაც წინასწარ განსაზღვრავს ცნობის განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანო და რომელიც აითვლება სრული ინფორმაციის მიღების მომენტიდან. ცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში უნდა დასახელდეს მიზეზი, რის გამოც არ ხდება ცნობა და გაიცეს ინფორმაცია იმ შესაძლო ზომების შესახებ, რომელიც უნდა მიიღოს მაძიებელმა მომავალში ცნობის მისაღწევად. თუ ცნობა გაჭიანურდა ან გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, მაძიებელს უფლება აქვს გააპროტესტოს ეს მოქმედება დროის გონივრული მონაკვეთის განმავლობაში.

განყოფილება IV. უმაღლეს განათლებაში დასაშვებად საჭირო კვალიფიკაციის ცნობა

კარი IV.1

ყოველი მხარე ცნობს კვალიფიკაციებს, გაცემულს სხვა მონაწილე მხარის მიერ მათი ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად და მის მფლობელს აძლევს თავისი უმაღლესი განათლების სისტემის სასწავლო პროგრამებში დაშვების ნებას, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნების წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი IV.2

ალტერნატიულად საკმარისია, რომ მხარემ სხვა მხარის მიერ გაცემული კვალიფიკაციის მფლობელს მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ამ კვალიფიკაციის შეფასება მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო კარი IV.1-ის დებულებები ამ შემთხვევაში გამოიყენება მუტატის მუტანდის.

კარი IV.3

თუ კავლიფიკაცია იძლევა კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის უმაღლესი განათლების მხოლოდ გარკვეული ტი პის დაწესებულებაში ან პროგრამაში განათლების მიღების უფლებას, ყოველი სხვა მხარე უზრუნველყოფს ამ კვალიფიკაციის მფლობელს უფლებით, მიიღოს განათლება ანალოგიური პროგრამებით მისი უმაღლესი განათლების სისტემის დაწესებულებაში იმ შემთხვევათა გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის დაშვების წესებსა და იმ ქვეყნის წესებს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი IV.4

თუ მიღება უმაღლესი განათლების ცალკეულ პროგრამებში დამოკიდებულია სპეციფიკური მოთხოვნების შესრულებაზე, დაშვების ზოგად მოთხოვნებზე დამატებით, დაინტერესებული მხარის ორგანოებს შეუძლიათ მოსთხოვონ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მაძიებელს შეასრულოს ეს მოთხოვნები. ამ შემთხვევაში, დაინტერესებული მხარის სათანადო ორგანოებს ეძლევათ უფლება შეაფასონ, აკმაყოფილებს თუ არა მაძიებლის კვალიფიკაცია, მიღებული სხვა ქვეყანაში, წაყენებულ ექვივალენტურ მოთხოვნებს.

კარი IV.5

თუ რომელიმე მხარის უმაღლეს განათლებაში დასაშვებად სკოლის დამთავრების სერტიფიკატთან ერთად საჭიროა დამატებითი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარება, მაშინ სხვა მხარეებმა დაშვება შეიძლება გახადონ ამ მოთხოვნებზე დამოკიდებული ან შესთავაზონ ალტერნატიული გადაწყვეტა, საკუთარი განათლების სისტემის ფარგლებში, დამატებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ნებისმიერ ქვეყანას, წმინდა საყდარს ან ევროგაერთიანებას, შეუძლია ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში, ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას, ან ნებისმიერ დროს ამის შემდეგ, შეატყობინოს ერთ-ერთ დეპოზიტორს, რომ ის იყენებს ამ კარის დებულებას, იმ ქვეყნების დასახელებით, რომელთა მიმართ იგი აპირებს გამოიყენოს ეს კარი და ასევე შეატყობინოს ამ გადაწყვეტილების მიზეზი.

კარი IV.6

IV.1, IV.2, IV.3, IV.4 და IV.5 კართა დებულებების გადასინჯვის გარეშე მიღება უმაღლეს სასწავლებლებში ან მის პროგრამაში შეიძლება იყოს შეზღუდული ან შერჩევითი. იმ შემთხვევაში, როცა დაშვება უმაღლეს სასწავლებლებში ან პროგრამებში შერჩევითია, მიღების პროცედურა უნდა უზრუნველყოფდეს უცხოური კვალიფიკაციის შეფასების სამართლიანობას დისკრიმინაციის იმ გამოვლინებების გარეშე, რაც მითითებულია ამ კონვენციის III განყოფილებაში.

კარი IV.7

IV.1, IV.2, IV.3, IV.4 და IV.5 კართა დებულებების გადასინჯვის გარეშე მიღება ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ან მის პროგრამაში შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე, რომ მაძიებელმა უნდა დაამტკიცოს თავისი კომპეტენცია მოცემულ სასწავლო დაწესებულებაში დადგენილი სწავლების ენისა, ან ენების ან წინასწარი შეთანხმებით დადგენილი ენების ცოდნაში.

კარი IV.8

იმ მხარეებში, სადაც უმაღლეს სასწავლებლებში დაშვების უფლება შეიძლება მიღებულ იქნეს არატრადიციული კვალიფიკაციის საფუძველზე, ანალოგიური კლასიფიკაციები, მიღებული სხვა მხარეებში, უნდა შეფასდეს ისევე, როგორც არატრადიციული კვალიფიკაცია, მიღებული იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი IV.9

უმაღლესი განათლების პროგრამებში დაშვების მიზნით, ყოველმა მხარემ შეიძლება განახორციელოს იმ კვალიფიკაციათა ცნობა, რომლებიც გაცემულია მის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური სასწავლო დაწესებულების მიერ, თუ იგი განპირობებულია ეროვნული კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნებით, ან იმ მხარესთან დადებული სპეციალური ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის დასახელებული სასწავლო დაწესებულება.

განყოფილება V. სწავლების პერიოდების ცნობა

კარი V.1

ყოველი მხარე ცნობს მეორე მხარის უმაღლესი განათლების პროგრამის ჩარჩოებში გავლილ სწავლების პერიოდს. ცნობა ეხება სწავლების იმ პერიოდებს, რომლებიც საჭიროა უმაღლესი განათლების პროგრამის დასასრულებლად იმ მხარეში, სადაც ხდება ცნობის ძიება. იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავებების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის სწავლების დასრულებულ პერიოდსა და იმ ქვეყნის უმაღლესი განათლების პროგრამის პერიოდს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი V.2

ალტერნატიულად საკმარისია, რომ პირს, რომელმაც დაამთავრა სწავლების პერიოდი სხვა მხარის უმაღლესი განათლების პროგრამის ჩარჩოებში, მხარემ მისცეს შესაძლებლობა მიიღოს სწავლების ამ პერიოდის შეფასება დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო კარი V.1-ის დებულებები ამ შემთხვევაში გამოიყენება mutatis mutandis.

კარი V.3

კერძოდ, ყოველი მხარე ხელს შეუწყობს სწავლების პერიოდის ცნობას თუ დაკმაყოფილდა შემდეგი მოთხოვნები:

ა) არსებობს წინასწარი შეთანხმება, ერთი მხრივ, საბუთის გამცემ უმაღლეს სასწავლებელს ან ამ საკითხზე პასუხისმგებელ ორგანოსა და მეორეს მხრივ, იმ უმაღლეს სასწავლებელს ან ამ საკითხზე პასუხისმგებელ ორგანოს შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება;

ბ) უმაღლესი სასწავლებელი, სადაც დასრულდა სწავლების პერიოდი, გასცემს სერტიფიკატს ან აკადემიური მოსწრების ფურცელს, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტმა წარმატებით შეასრულა სწავლების აღნიშნული პერიოდისათვის წაყენებული ყველა საჭირო პირობა.

განყოფილება VI. უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ცნობა

კარი VI.1

რადგან ცნობის გადაწყვეტილება ეფუძნება ცოდნასა და ჩვევებს, რაც დადასტურებულია უმაღლესი განათლების კვალიფიკაციით, ყოველი მხარე ცნობს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციას, მინიჭებულს მეორე მხარის მიერ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც შესაძლებელია საფუძვლიანი განსხვავების დადასტურება კვალიფიკაციის გამცემი ქვეყნის კვალიფიკაციასა და იმ ქვეყნის კვალიფიკაციას შორის, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი VI.2

ალტერნატიულად საკმარისია, რომ სხვა მხარის მიერ გაცემული კვალიფიკაციის მფლობელებს მხარემ მისცეს უფლება მიიღოს ამ კვალიფიკაციის შეფასება, მფლობელის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო კარი VI.1-ის დებულებები ამ შემთხვევაში გამოიყენება mutatis mutandis

კარი VI.3

მხარის მიერ უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის ცნობას მოსდევს ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილ შედეგთაგანი:

ა) დაშვება უმაღლესი განათლების გასაგრძელებლად შესაბამისი გამოცდების ჩათვლით და/ან სამეცნიერო ხარისხის ძიებისათვის მოსამზადებელ პროგრამებში იგივე პირობებით, რაც მოეთხოვება იმ ქვეყნის კვალიფიკაციის მფლობელს, სადაც ხდება ცნობის ძიება;

ბ) სამეცნიერო ხარისხის გამოყენება იმ ქვეყნის კანონებისა და წესების მიხედვით, ან მისი იურისდიქციის ქვეშ, სადაც ხდება ცნობის ძიება;

ამის გარდა, ცნობას შეუძლია გააადვილოს დაშვება დასაქმების ბაზარზე იმ ქვეყნის კანონებისა და წესების მიხედვით, ან მისი იურისდიქციის ქვეშ, სადაც ხდება ცნობის ძიება.

კარი VI.4

რომელიმე მხარის უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის შეფასებას, გაცემულს სხვა მხარის მიერ, შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ფორმები:

ა) რეკომენდაციები დასაქმების ზოგადი მიზნების განხორციელებისათვის;

ბ) რეკომენდაცია, რომელიმე სასწავლო დაწესებულებას ჩართოს იგი თავის პროგრამებში;

გ) რეკომენდაცია ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს, მომუშავეს ცნობის საკითხებზე;

კარი VI.5

ყოველმა მხარემ შეიძლება განახორციელოს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული იმ კვალიფიკაციის ცნობა, რომელიც გაცემულია მის ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური სასწავლო დაწესებულების მიერ, თუ ეს განპირობებულია ეროვნული კანონმდებლობის კონკრეტული მოთხოვნებით, ან იმ მხარესთან დადებული სპეციალური ხელშეკრულებით, რომელსაც ეკუთვნის დასახელებული სასწავლო დაწესებულება.

განყოფილება VII. იმ კვალიფიკაციების ცნობა, რომელსაც ფლობენ ლტოლვილები, ადგილნაცვალი და ლტოლვილებთან გათანაბრებულთ

კარი VII.1

ყოველი მხარე თავისი განათლების სისტემის ფარგლებში და კონსტიტუციური, სამართლებრივი და მარეგლამენტირებელი დებულებების შესაბამისად, გაატარებს ყველა შესაძლო და გონივრულ ღონისძიებას სამართლიანი და სწრაფი შეფასების პროცედურების დასამუშავებლად, იმისათვის, რომ დადგინდეს, აკმაყოფილებენ თუ არა ლტოლვილები, ადგილნაცვალი პირნი და ლტოლვილებთან გათანაბრებულები შესაბამის მოთხოვნებს, რომ დაშვებულნი იქნენ უმაღლესი განათლების მისაღებად ან გასაგრძელებლად, ან დასასაქმებლად, მაშინაც კი, როდესაც ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე მიღებული კვალიფიკაცია არ არის დასაბუთებული დოკუმენტურად.

განყოფილება VIII. ინფორმაცია უმაღლესი სასწავლებლებისა და პროგრამების შეფასების შესახებ

კარი VIII.1

ყოველი მხარე გასცემს ადეკვატურ ინფორმაციას თავის განათლების სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და მათში მოქმედი პროგრამების შესახებ, იმ მიზნით, რომ შეუქმნას სხვა მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შესაძლებლობა დარწმუნდნენ, შეესაბამება თუ არა კვალიფიკაციის ხარისხი, მინიჭებული ამ დაწესებულებების მიერ, მოთხოვნებს, წაყენებულს იმ ქვეყანაში, სადაც ხდება ცნობის ძიება. ინფორმაცია უნდა იყოს შემდეგი:

ა) თუ მხარეს აქვს ჩამოყალიბებული სისტემა უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და პროგრამების ოფიციალური შეფასებისათვის: ინფორმაცია ამ შეფასების მეთოდებსა და შედეგებზე, ასევე კონკრეტულ ხარისხის სტანდარტებზე ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებისა და პროგრამისათვის, რომელიც გასცემს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;

ბ) თუ მხარეს არა აქვს ჩამოყალიბებული სისტემა უმაღლესი განათლების დაწესებულებებისა და პროგრამების ოფიციალური შეფასებისათვის: ინფორმაცია მის ამა თუ იმ უმაღლეს სასწავლებელში ან მისი უმაღლესი განათლების სისტემის გარკვეული პროგრამით მიღებული სხვადასხვა კვალიფიკაციის ცნობის შესახებ.

კარი VIII.2

ყოველი მხარე მიიღებს ადეკვატურ ზომებს, რათა შეადგინოს, განაახლოს და გამოაქვეყნოს:

ა) მიმოხილვა მის განათლების სისტემაში შემავალი სხვადასხვა ტი პის უმაღლესი სასწავლებლების შესახებ, ყოველი სახის ინსტიტუტის ტი პიური დახასიათებით;

ბ) აღიარებული უმაღლესი სასწავლებლების (სახელმწიფო თუ კერძო) სია, რომლებიც შედიან მის სისტემაში, იმის მითითებით თუ რა კვალიფიკაციების მინიჭება შეუძლიათ მათ და რა, მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს, რომ მიღებულ იქნეს დაშვება სასწავლებლად ამ ინსტიტუტში ან პროგრამაში;

გ) უმაღლესი განათლების პროგრამების აღწერა;

დ) იმ უმაღლესი სასწავლებლების სია, რომლებიც განლაგებულია მონაწილე მხარის ტერიტორიის გარეთ და რომლებსაც იგი განიხილავს, როგორც საკუთარი საგანმანათლებლო სისტემის ნაწილს. განყოფილება IX. ინფორმაცია ცნობის საკითხებზე

კარი IX.1

უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის გამარტივების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, შექმნან ქვეყანაში მიღებული კვალიფიკაციების შინაარსის სრული აღწერის თვალსაჩინო სისტემა.

კარი IX.2

1. აღიარებენ რა ადეკვატური, ზუსტი და დროული ინფორმაციის საჭიროებას, ყოველი მხარე დააარსებს ან დაამტკიცებს უკვე არსებულ ეროვნულ საინფორმაციო ცენტრს და ატყობინებს მისი დაარსებისა და მასში მომხდარი ნებისმიერი ცვლილების შესახებ ერთ-ერთ დეპოზიტორს;

2. ყოველი მხარის ეროვნული საინფორმაციო ცენტრი:

ა) ხელს უწყობს ადეკვატური და ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას მისი ქვეყნის განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების შესახებ;

ბ) ხელს უწყობს ინფორმაციის მოპოვებას სხვა მხარეების განათლების სისტემებისა და კვალიფიკაციების შესახებ;

გ) უზრუნველყოფს კონსულტაციებსა და ინფორმაციას კვალიფიკაციების ცნობისა და შეფასების

საკითხებზე ეროვნული კანონმდებლობისა და რეგლამენტაციის შესაბამისად;

3. ყოველ ეროვნულ საინფორმაციო ცენტრს თავის განკარგულებაში უნდა ჰქონდეს რესურსები, აუცილებელი თავისი ფუნქციების შესასრულებლად.

კარი IX.3

მხარეები ეროვნული საინფორმაციო ცენტრების საშუალებით, ან სხვა გზით, ხელს შეუწყობენ UNESCO/ევროსაბჭოს დი პლომის დანართის ან სხვა ნებისმიერი თანადი საბუთის გამოყენებას მხარეების უმაღლეს სასწავლებლებში.

განყოფილება X. განხორციელების მექანიზმები

კარი X.1

კონვენციის ზედამხედველობა, ხელშეწყობა და განხორციელების გაადვილება ევალებათ შემდეგ ორგანოებს:

ა) ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავ-შირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის კომიტეტს;

ბ) აკადემიური ცნობისა და მობილობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელს (ENIC), დაარსებულს 1994 წლის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 9 ივნისის და UNESCOს ევროპის რეგიონალური კომიტეტის 18 ივნისის დადგენილებით.

კარი X.2

1. ამით ფუძნდება ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის კომიტეტი (ამის შემდეგ მოიხსენიება როგორც ,,კომიტეტი”). იგი შედგება თითო წარმომადგენლისაგან ყოველი მხარიდან;

2. კარი X.2-ის მიზნებისათვის ტერმინი ,,მხარე” არ გამოიყენება ევროგაერთიანების მიმართ;

3. ქვეყნები, მოხსენიებული XI.1.1. კარში და წმინდა საყდარი, თუ ისინი არ წარმოადგენენ კონვენციის მხარეს, ევროკავშირში, აგრეთვე ENIC-ის ქსელის თავმჯდომარე, მიიღებენ მონაწილეობას ,,კომიტეტის” სხდომებში, როგორც დამკვირვებლები. იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დასპეციალებულნი არიან ევროპის რეგიონის ცნობის პრობლემებში, აგრეთვე, იქნებიან მოწვეულნი ,,კომიტეტის” შეხვედრებზე დამკვირვებლის სტატუსით;

4. UNESCO-ს ევროპული ქვეყნების სწავლების კურსების უმაღლესი განათლების დი პლომებისა და ხარისხების ცნობის კონვენციის განხორციელების რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე, იქნება მოწვეული ,,კომიტეტის” შეხვედრებზე დამკვირვებლის სტატუსით;

5. ,,კომიტეტი” ხელს შეუწყობს კონვენციის განხორციელებას და მეთვალყურეობას გაუწევს მის შესრულებას. ამ მხრივ მას შეუძლია მხარეების ხმათა უმრავლესობით მიიღოს რეკომენდაციები, დეკლარაციები, პროტოკოლები და პრაქტიკაში წარმატებით გამოყენებული მოდელები მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების ორიენტაციის მიზნით, მათ მიერ კონვენციის რეალიზაციისას და უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ცნობისათვის შემოსული განცხადებების განხილვის დროს. თუმცა მხარეები არ არიან შეზღუდულნი ჩამოთვლილი დოკუმენტებით, ისინი ყოველნაირად მიისწრაფიან იხელმძღვანელონ ამ დოკუმენტებით, დაიყვანონ ეს საბუთები კომპეტენტურ ორგანოებამდე და ხელი შეუწყონ მათ გამოყენებას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ,,კომიტეტი” გაარკვევს ENIC-ის ქსელის აზრს.

6. ,,კომიტეტი” წარუდგენს მოხსენებას ევროპის საბჭოსა და UNESCO-ს შესაბამის ორგანოებს;

7. ,,კომიტეტი” ამყარებს კავშირებს UNESCO-ს რეგიონულ კომიტეტებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან UNESCO-ს ეგიდით მიღებული უმაღლესი განათლების სფეროში სასწავლო კურსების, დი პლომებისა და ხარისხების ცნობის შესახებ კონვენციების გამოყენების საკითხებით;

8. კონვენციის მხარეთა უმრავლესობა შეადგენს კვორუმს;

9. ,,კომიტეტი” მიიღებს თავის პროცედურულ წესებს. იგი შეიკრიბება მორიგ სესიაზე, სამ წელიწადში ერთხელ მაინც. ,,კომიტეტი” პირველად შეიკრიბება კონვენციის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში;

10. ,,კომიტეტის” სამდივნო უზრუნველყოფა ევალებათ ერთობლივად ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და UNESCO-ს გენერალურ დირექტორს.

კარი X.3

1. აკადემიური ცნობისა და მობილობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელში (ENIC-ის ქსელში) ყოველ მხარეს წარმოადგენს ეროვნული საინფორმაციო ცენტრი, შექმნილი ან დამტკიცებული კარი IX.2-ს შესაბამისად. თუ კარი IX.2-ის შესაბამისად მხარეში ერთზე მეტი ეროვნული საინფორმაციო ცენტრია შექმნილი, მაშინ ყველა ცენტრი იქნება ქსელის წევრი, მაგრამ შესაბამის მხარეს ექნება მხოლოდ ერთი ხმა;

2. ENIC-ის ქსელი, რომლის შემადგენლობა შეზღუდულია კონვენციის მონაწილე ქვეყნებით, მხარს დაუჭერს და ზედამხედველობას გაუწევს კონვენციის პრაქტიკულ დანერგვას კომპეტენტური ეროვნული ორგანოების მიერ. ქსელი მოაწყობს პლენარულ სესიებს წელიწადში ერთხელ მაინც. იგი ირჩევს პრეზიდენტსა და ბიუროს დადგენილი ვადით;

3. ENIC-ის ქსელის სამდივნო უზრუნველყოფა ევალებათ ერთობლივად ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანსა და UNESCO-ს გენერალურ დირექტორს.

4. მხარეები ENIC-ის ქსელის მეშვეობით თანამშრომლობენ სხვა მხარეების ეროვნულ საინფორმაციო ცენტრებთან, კერძოდ, ეხმარებიან მათ საჭირო ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც დაეხმარება მათ აკადემიურ ცნობასა და მობილობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში.

განყოფილება XI. დასკვნითი დებულებები

კარი XI.1

1. კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად:

ა. ევროსაბჭოს წევრებისათვის;

ბ. UNESCO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნებისათვის;

გ. სხვა ქვეყნებისათვის, რომლებმაც ხელი მოაწერეს, იღებდნენ მონაწილეობას ან წარმოადგენდნენ მხარეებს ევროპის საბჭოს ევროპის კულტურულ კონვენციაში და/ან UNESCO-ს რეგიონის ქვეყნების უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული სწავლების კურსების, დი პლომების და ხარისხების ცნობის კონვენციაში;

2. ამ ქვეყნებსა და წმინდა საყდარს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი თანხმობა მიიღონ მონაწილეობა (შეასრულონ) შემდეგ ქმედებებში:

ა. ხელმოწერა, რომელსაც არ სჭირდება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება;

ბ. ხელმოწერა, რომელსაც სჭირდება რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება და რომელსაც უნდა მოჰყვეს რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება;

გ. მიერთება.

3. ხელის მოწერა ხდება ერთ-ერთ დეპოზიტორთან. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მოქმედებაში შესვლის დოკუმენტი შესანახად უნდა გადაეცეს ერთ-ერთ დეპოზიტორს.

კარი XI.2

ეს კონვენცია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას იმ დღიდან, როდესაც ხუთი ქვეყანა, მათ შორის ევროსაბჭოს და/ან UNESCO-ს ევროპული რეგიონის მინიმუმ სამი ქვეყანა, განაცხადებს თანხმობას მიიღოს მონაწილეობა კონვენციაში. ყველა სხვა ქვეყნისათვის იგი ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას ქვეყნის მიერ კონვენციაზე მიერთების თანხმობის განცხადების დღიდან.

კარი XI.3

1. ამ კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ ქვეყნებს, რომლებიც არ მოხვდნენ XI.1 კარის ჩამონათვალში, შეუძლიათ გამოთქვან სურვილი მიუერთდნენ ამ კონვენციას. ყველა განაცხადი ამის თაობაზე უნდა გაეგზავნოს ერთ-ერთ დეპოზიტორს, რომელიც გადაუგზავნის მას მონაწილე ქვეყნებს სულ ცოტა 3 თვით ადრე, ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის კომიტეტის სხდომამდე. ზემოაღნიშნულის შესახებ დეპოზიტორები შეატყობინებენ, აგრეთვე, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს და UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოს;

2. გადაწყვეტილება განმცხადებელი ქვეყნის კონვენციასთან მიერთების თაობაზე მიიღება მხარეთა 2/3-ის მიერ;

3. გადაწყვეტილება ახალი ქვეყნის კონვენციასთან მიერთების თაობაზე ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას მიერთების დოკუმენტის ერთ-ერთი დეპოზიტორისათვის შესანახად გადაცემის დღიდან.

კარი XI.4

1. ამ კონვენციის მხარეები, რომლებიც ამავდროულად წარმოადგენენ მხარეებს ერთ ან რამდენიმე ჩამოთვლილ კონვენციაში:

ევროპული კონვენცია უნივერსიტეტში დაშვებისათვის საჭირო დი პლომების ეკვივალენტობის შესახებ (1953, ETS 15) და მისი ოქმი (1964, ETS 49);

ევროპული კონვენცია საუნივერსიტეტო პერიოდების ეკვივალენტობის შესახებ (1956, ETS 21);

ევროპული კონვენცია საუნივერსიტეტო კვალიფიკაციების აკადემიური ცნობის შესახებ (1958, ETS 32);

ხმელთაშუა ზღვის აუზის არაბული და ევროპული ქვეყნების საერთაშორისო კონვენცია უმაღლეს განათლებაში სწავლების კურსების, დი პლომებისა და ხარისხების ცნობის შესახებ (1976);

ევროპის რეგიონის ქვეყნების კონვენცია უმაღლეს განათლებაში სწავლების კურსების, დი პლომებისა და სამეცნიერო ხარისხების ცნობის შესახებ (1979);

ევროპული კონვენცია უნივერსიტეტში სწავლების პერიოდების ზოგადი ეკვივალენტობის შესახებ (1990, ETS 138);

ა. ერთმანეთთან ურთიერთობაში იყენებენ ამ კონვენციის დებულებებს;

ბ. აგრძელებენ ზემოთ ჩამოთვლილი კონვენციების გამოყენებას იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ აღნიშნულ კონვენციებში, მაგრამ არ მონაწილეობენ ამ კონვენციაში.

2. კონვენციის მხარეები ვალდებულებას იღებენ არ შეუერთდნენ პირველ (1) პუნქტში ჩამოთვლილ კონვენციებს, თუ ისინი უკვე არიან მისი მხარეები, გარდა ხმელთაშუა ზღვის აუზის არაბული და ევროპული ქვეყნების კურსების, დი პლომებისა და ხარისხების ცნობის შესახებ.

კარი XI.5

1. ყოველ მხარეს შეუძლია ხელმოწერის ან ტარიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას, განსაზღვროს ტერიტორია ან ტერიტორიები, სადაც გამოიყენება მოცემული კონვენცია;

2. შემდგომში ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია ერთ-ერთი დეპოზიტორის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით გაავრცელოს კონვენციის გამოყენება განცხადებაში მითითებულ სხვა ტერიტორიაზეც. დასახელებულ ტერიტორიაზე კონვენცია ძალაში შევა იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას დეპოზიტორის მიერ ამ განცხადების მიღებიდან.

3. ნებისმიერი განცხადება, რომელზედაც იყო ლაპარაკი წინა ორ პუნქტში, შეიძლება გაწვეულ იქნეს უკან დეპოზიტორის მისამართით გაგზავნილი შეტყობინებით. გაწვევა ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ერთთვიან ვადას დეპოზიტორის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან.

კარი XI.6

1. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია კონვენციის დენონსაცია ერთ-ერთ დეპოზიტორთან შეტყობინების გაგზავნის გზით;

2. დენონსაცია მოქმედებას იწყებს იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს თორმეტთვიან ვადას დეპოზიტორის მიერ ამ შეტყობინების მიღების დღიდან. ეს დენონსაცია არ მოქმედებს ცნობის იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიღებული იყო ადრე ამ კონვენციის ფარგლებში;

3. მოცემული კონვენციის მოქმედების შეჩერება ან დაყოვნება, რაც შედეგია მხარის მიერ კონვენციის დებულებების მნიშვნელოვანი დარღვევისა, განხილული იქნება საერთაშორისო წესების შესაბამისად.

კარი XI.7

1. ყოველ მონაწილე ქვეყანას, წმინდა საყდარს ან ევროგაერთიანებას, აქვს უფლება ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების მომენტში ან მოქმედებაში შეყვანის დოკუმენტის შესანახად გადაცემისას განაცხადოს, რომ იგი იტოვებს უფლებას არ გამოიყენოს მთლიანად ან ნაწილობრივ ერთი, ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილ კარები: IV.8, V.3, VI.3, VIII.2, IX.3. ყველა სხვა შენიშვნა დაუშვებელია.

2. ყოველ მხარეს, რომელსაც აქვს შენიშვნები ჩამოთვლილი კარების მიმართ, შეუძლია სრულიად ან ნაწილობრივ მოხსნას ეს შენიშვნები დეპოზიტორთან შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. შეზღუდვების მოხსნა ძალაში შედის დეპოზიტორის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან.

3. მხარემ, რომელმაც გააკეთა შენიშვნები ამ კონვენციის დებულების შესახებ, არ შეიძლება მოსთხოვოს სხვა მხარეს იმავე დებულებათა შესრულება; თუ შენიშვნა ნაწილობრივია ან პირობითი, მაშინ მხარეს შეუძლია მოითხოვოს დებულებების შესრულება იგივე მოცულობით, რაც თავად მიიღო.

კარი XI.8.

1. ამ კონვენციაში შესწორების პროექტები შეიძლება მიღებულ იქნეს ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციის კომიტეტის მიერ, მხარეთა ორი მესამედის უმრავლესობით. ასეთნაირად მიღებული შესწორების ნებისმიერი პროექტი ჩაირთვება მოცემული კონვენციის ოქმში. ოქმში უნდა იყოს მითითებული მისი ძალაში შესვლის პირობები, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვენ მხარეთა თანხმობას დაემორჩილონ მათ;

2. არ შეიძლება წინა პუნქტის შესაბამისად შესწორების შეტანა მოცემული კონვენციის III განყოფილებაში;

3. ნებისმიერი წინადადება შესწორების შესახებ უნდა გადაეცეს ერთ-ერთ დეპოზიტორს, რომელიც გადაუგზავნის მას მხარეებს სულ მცირე სამი თვით ადრე ,,კომიტეტის” სხდომამდე. დეპოზიტორი შეატყობინებს ამის შესახებ, აგრეთვე, ევროსაბჭოს მინისრტთა კაბინეტსა და UNESCO-ს აღმასრულებელ საბჭოს.

კარი XI.9

1. ამ კონვენციის დეპოზიტორები არიან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და UNESCO-ს გენერალური დირექტორი;

2. დეპოზიტორი, რომელსაც ჩაბარდება შესანახად აქტი, შეტყობინება ან განცხადება, კონვენციის მონაწილე ქვეყნებს, აგრეთვე, ევროსაბჭოსა და UNESCO-ს ევროპული რეგიონის სხვა წევრ ქვეყნებს აწვდის შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;

ბ. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მოქმედებაში შეყვანის ნებისმიერი დოკუმენტის შესანახად მიღების შესახებ;

გ. კონვენციის XI.2 და XI.3.4. კარების მიხედვით კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერ თარიღს;

დ. XI.7 კარის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი შეზღუდვისა და ასეთი შეზღუდვის უკან გაწვევის შესახებ;

ე. XI.6 კარის თანახმად გაკეთებული ამ კონვენციის ნებისმიერი დენონსაციის შესახებ;

ვ. II.1 და II.2 კარების თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების შესახებ;

ზ. IV.5 კარის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი განცხადების შესახებ;

თ. XI.3 კარის თანახმად გაწევრიანებაზე გაკეთებული ნებისმიერი მოთხოვნის შესახებ;

ი. XI.8 კარის თანახმად გაკეთებული ნებისმიერი წინადადების შესახებ;

კ. კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტის, შეტყობინების ან განცხადების შესახებ;

3. დეპოზიტორი, რომელიც იღებს განცხადებებს ან აგზავნის შეტყობინებებს ამ კონვენციის დებულების თანახმად, დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ მეორე დეპოზიტორს.

რის დასტურადაც სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილი ქვემორე ხელისმომწერები ვაწერთ ხელს ამ კონვენციას.

შესრულებულია ლისაბონში 1997 წლის 11 აპრილს ინგლისურ, ესპანურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე; ამასთან, ოთხივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს, და შესრულებულია ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთ-ერთი ბარდება შესანახად ევროპის საბჭოს არქივს, მეორე კი - UNESCO-ს არქივს. სათანადო წესით დამოწმებული ასლები ეგზავნება XI.1 კარში ჩამოთვლილ ყველა ქვეყანას, წმინდა საყდარს, ევროგაერთიანებას, აგრეთვე UNESCO-ს სამდივნოს.

საქართველოს მიერ კონვენცია ხელმოწერილია 1997 წლის 11 აპრილს, რატიფიცირებულია 1999 წლის 13 ოქტომბერს და ძალაშია 1999 წლის 1 დეკემბრიდან.

____________________________

1. აუცილებელი, საჭირო შესწორებებით, ცვლილებებით (რედ.)

4 სორბონის დეკლარაცია ევროპის უმაღლესი განათლების სისტემის არქიტექტურის ჰარმონიზაცია

▲ზევით დაბრუნება


საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ოთხი მინისტრის ერთობლივი დეკლარაცია

სორბონა, პარიზი, 1998 წლის 25 მაისი

ევროპულმა პროცესმა ბოლო დროს რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. მაგრამ არ უნდა დაივივიწყოთ, რომ ევროპა არა მარტო საერთო ვალუტა, ბანკები და ეკონომიკაა, არამედ იგი ასევე უნდა გახდეს ,,ცოდნის ევროპა,” ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კონტინენტის ინტელექტუალური, კულტურული, სოციალური და ტექნიკური განზომილებები. ამას უმეტეს წილად განსაზღვრავს უნივერსიტეტები, რომელთა როლი გადამწყვეტია ასეთი განვითარებისათვის.

უნივერსიტეტები ევროპაში სამი მეოთხედი ათასწლეულის წინ ჩამოყალიბდა. ჩვენს ქვეყანებს შეუძლიათ იამაყონ უძველესი უნივერსიტეტებით. ისინი ამჟამად მნიშვნელოვან თარიღებს ისევე ზეიმობენ, როგორც დღეს პარიზის უნივერსიტეტი. ადრე სტუდენტებსა და მეცნიერებს შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება და ცოდნის გავრცელება მთელ კონტინენტზე. დღეს ბევრი ჩვენი სტუდენტი ისე ამთავრებს სწავლას, რომ ჯერ კიდევ ვერ სარგებლობს საზღვარგარეთ გარკვეული დროით სწავლის უპირატესობით.

ჩვენ ვუახლოვდებით განათლებასა და შრომის პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდს, როდესაც პროფესიული კარიერის მრავალფეროვნება და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა აშკარა აუცილებლობა ხდება. ჩვენ მოვალენი ვართ, სტუდენტებისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე, შევქმნათ უმაღლესი განათლების ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის მოღვაწეობის ოპტიმალური სფეროს შერჩევას.

უმაღლესი განათლების ღია ევროპული სივრცე შეიცავს მდიდარ პოზიტიურ პერსპექტივებს, ცხადია, ჩვენი მრავალფეროვნების გათვალისწინებით. მაგრამ, მეორე მხრივ, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას ბარიერების გაუქმების და სწავლებისა და სწავლის ისეთი სტრუქტურების შესაქმნელად, რომელებიც გააფართოებენ მობილობას და მჭიდრო თანამშრომლობას.

ჩვენი სისტემების საერთაშორისო აღიარება და მიმზიდველობა პირდაპირაა დაკავშირებული იმასთან, თუ რამდენად გასაგებია ის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. როგორც ჩანს სისტემა, რომელიც ორი ძირითადი - დი პლომამდელი და დი პლომის შემდგომი - საფეხურისაგან შედგება, აღიარებულ უნდა იქნეს საერთაშორისო შედარებისა და ეკვივალენტობისათვის.

ამ სისტემის ორიგინალობა და მოქნილობა მიღწეული იქნება კრედიტებისა (როგორიცაა კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა - ECTS) და სემესტრების გამოყენებით. მიღებული კრედიტების აღიარება შესაძლებელს გახდის სწავლის დაწყებას ან გაგრძელებას ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში და აკადემიური ხარისხის მიღებას სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდში. ცხადია, სტუდენტს საშუალება უნდა ჰქონდეს დაიწყოს აკადემიური მოღვაწეობა თავისი პროფესიული ცხოვრების ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლიდან.

დიპლომამდელი საფეხურის სტუდენტს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ნებისმიერ პროგრამაზე, ინტერდისცი პლინური სწავლების შესაძლებლობების, უცხო ენების ცოდნის გაუმჯობესებისა და ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით. პირველი საფეხურის აკადემიური ხარისხის, როგორც შესაბამისი დონის კვალიფიკაციის, საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანია, რათა ყველასათვის ნათელი გახდეს ჩვენი უმაღლესი განათლების სტრუქტურა.

დიპლომის შემდგომ საფეხურზე უნდა იყოს არჩევანი მოკლევადიან სამაგისტრო ხარისხსა და გრძელვადიან სადოქტორო ხარისხს შორის, ერთიდან მეორეზე გადასვლის შესაძლებლობით. ორივე შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კვლევით და დამოუკიდებელ მუშაობას.

სწავლების ორივე, დიპლომამდელ და დიპლომის შემდგომ, საფეხურზე ხელი უნდა შევუწყოთ სტუდენტებს, რათა მათ ერთი სემესტრი მაინც გაატარონ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში. ამასთან ერთად, მეტმა პედაგოგმა და მეცნიერმა უნდა იმუშაოს საზღვარგარეთ, ევროპულ ქვეყნებში. ევროკავშირის მზარდი მხარდაჭერა სტუდენტებისა და პედაგოგების მობილობის საქმეში სრულად უნდა იქნეს გამოყენებული.

ბევრმა ქვეყანამ (არა მარტო ევროპაში) კარგად გააცნობიერა ასეთი ევოლუციის ხელშეწყობის აუცილებლობა. ევროპის რექტორთა კონფერენციები, უნივერსიტეტების პრეზიდენტები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილე ქვეყნებიდან ჩართულნი არიან აღნიშნული პრობლემების ფართო განხილვაში.

გასულ წელს, ლისაბონში მიღებულ იქნა კონვენცია ევროპის რეგიონში უმაღლესი განათლების კვალიფიკაციების ცნობის შესახებ. მასში ჩამოყალიბებულია საბაზისო მოთხოვნები და აღიარებულია, რომ ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ კვალიფიკაციების ცნობის უფრო კონსტრუქციულ სქემებში მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია წინსვლა კონვენციის დებულებებზე დაყრდნობით. ეს უკვე ქმნის აკადემიური ხარისხების პროფესიული მიზნებისთვის ურთიერთაღიარების ზოგად საფუძველს ევროკავშირის დირექტივების გამოყენებით.

ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნების მთავრობები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და ხელს უწყობენ მიღებული ცოდნისა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების გამარტივებულ აღიარებას. ჩვენ მოველით, რომ ეს ხელს შეუწყობს საუნივერსიტეტთაშორისო შეთანხმებებს. ჩვენი აკადემიური ხარისხებისა და საფეხურების საყოველთაო სტრუქტურების პროგრესული ჰარმონიზაცია შეიძლება მიღწეულ იქნეს არსებული გამოცდილების გაზიარებით, ერთობლივი დი პლომებით, საპილოტო ინიციატივებითა და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგით.

ამით ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, რომ ხელს შევუწყობთ საერთო სისტემის ჩამოყალიბებას, საზღვარგარეთ აღიარების გაუმჯობესებისა და სტუდენტების მობილობისა და დასაქმების გამარტივების მიმართულებით. პარიზის უნივერსიტეტის იუბილე დღეს აქ, სორბონაში, გვაძლევს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნის კარგ შესაძლებლობას, სადაც ეროვნული თავისებურებანი და საერთო ინტერესები იმოქმედებენ და გააძლიერებენ ერთმანეთს ევროპის, მისი სტუდენტებისა და, ზოგადად, მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის სხვა წევრებს და ევროპის დანარჩენ ქვეყნებს შემოგვიერთდნენ აღნიშნული მიზნების მისაღწევად. მოვუწოდებთ ყველა ევროპულ უნივერსიტეტს გააძლიეროს მსოფლიოში ევროპის როლი მისი მოქალაქეების განათლების უწყვეტი გაუმჯობესებისა და განახლების გზით.

ხელს აწერენ საფრანგეთის, იტალიის, გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის წარმომადგენლები.

5 ბოლონიის დეკლარაცია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცებოლონია, 1999 წლის 19 ივნისი

▲ზევით დაბრუნება


ევროპის განათლების მინისტრების ერთობლივი დეკლარაცია

ბოლო წლების განსაკუთრებული მიღწევების გამო ევროპაში მიმდინარე პროცესი უფრო კონკრეტული და მნიშვნელოვანი რეალობა გახდა ევროკავშირისა და მისი მოქალაქეებისათვის. გაფართოების ტენდენციები, ევროპის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, ამ რეალობას უფრო დიდ პერსპექტივებს უსახავს. ამავე დროს, ჩვენ იმის მოწმენი ვართ, რომ პოლიტიკური და აკადემიური სამყაროს დიდი ნაწილი და საზოგადოება სულ უფრო მეტად აცნობიერებს სრულყოფილი და წარმატებული ევროპის აუცილებლობას. კერძოდ, მისი ინტელექტუალური, კულტურული, სოციალური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური განზომილებების გაერთიანებასა და გაძლიერებას.

,,ცოდნის ევროპა” ამჟამად ფართოდაა აღიარებული, როგორც სოციალური და ინდივიდუალური ზრდის უცვლელი ფაქტორი და ევროპის მოქალაქეების კონსოლიდაციისა და სულიერი გამდიდრების აუცილებელი კომპონენტი. მას შეუძლია მისცეს თავის მოქალაქეებს საჭირო კომპეტენცია ახალი ათასწლეულის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად და იმის შეგრძნება, რომ ისინი იზიარებენ ერთიან ღირებულებებს და ეკუთვნიან საერთო სოციალურ და კულტურულ სივრცეს.

განათლება და საგანმანათლებლო თანამშრომლობა გადამწყვეტი ფაქტორია სტაბილური, მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და გაძლიერებისათვის, განსაკუთრებით იმ სიტუაციის ფონზე, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში შეიქმნა. ამ მოსაზრებებზე დაფუძნებულმა 1998 წლის 25 მაისის სორბონის დეკლარაციამ გამოკვეთა უნივერსიტეტების ცენტრალური როლი ევროპის კულტურულ განზომილებათა განვითარებაში. დეკლარაციაში ხაზგასმულია, რომ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეთა მობილობის, დასაქმების გაუმჯობესებისა და კონტინენტის ყოველმხრივი განვითარებისათვის.

დეკლარაციაზე ხელის მოწერით, თუ პრინცი პული თანხმობის გამოხატვით რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაეთანხმა დეკლარაციაში დასახული მიზნების განხორციელებას. ამავდროულად, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაწყებული უმაღლესი განათლების რეფორმა ადასტურებს მთავრობათა უმეტესობის მზაობას, იმუშაოს ამ მიმართულებით.

თავის მხრივ, ევროპის უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს გამოწვევა და მთავარი როლი იტვირთეს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნასა და ბოლონიის 1988 წლის უნივერსიტეტების დიდი ქარტიის (Magna Charta Universitatum) ფუნდამენტური პრინცი პების აღორძინებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორედ უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა და ავტონომია უზრუნველყოფს უმაღლესი განათლებისა და კვლევის მუდმივ შესაბამისობას ცვალებად საჭიროებებთან, საზოგადოების მოთხოვნებსა და მეცნიერული ცოდნის განვითარებასთან.

კურსი სწორი მიმართულებითა და გამოკვეთილი მიზნით დაისახა. მაგრამ სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი განათლების სისტემების თავსებადობისა და შესადარებლობის მაღალი დონის მიღწევა მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას. რეალურ წინსვლას კონკრეტული ღონისძიებებით უნდა შეეწყოს ხელი. 18 ივნისის შეხვედრაში ავტორიტეტული ექპერტებისა და მეცნიერების მონაწილეობამ უზრუნველყო სასარგებლო წინადადებების წამოყენება შემდგომი მოქმედებისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას. ნებისმიერი ცივილიზაციის სიცოცხლისუნარიანო ბა და ეფექტურობა შეიძლება შეფასდეს იმით, თუ რამდენად მიმზიდველია მისი კულტურა სხვა ქვეყნებისათვის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამორჩეული კულტურული და სამეცნიერო ტრადიციების მქონე უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის მიმზიდველობა მთელი მსოფლიოსათვის.

ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას სორბონის დეკლარაციაში ჩამოყალიბებული ზოგადი პრინცი პებისადმი და ჩვენი შეთანხმებული მოქმედებით მოკლე ხანში - ნებისმიერ შემთხვევაში, მესამე ათასწლეულის პირველ დეკადაში მაინც შევძლებთ მივაღწიოთ ქვემოთ მოცემულ უმთავრეს მიზნებს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დასამკვიდრებლად და უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის მთელ მსოფლიოში გასავრცელებლად:

  • იოლად გასაგები და შესადარებელი აკადემიური ხარისხების სისტემის შემოღება, მათ შორის დი პლომის დანართის დანერგვის გზით, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპის მოქალაქეების დასაქმებასა და უმაღლესი განათლების ევროპული სისტემის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.

  • ძირითადად ორ მთავარ საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება, დი პლომამდელი და დი პლომის შემდგომი საფეხურები. განათლების მეორე საფეხურზე დაშვების წინაპირობაა პირველი, სულ მცირე, სამწლიანი საფეხურის, წარმატებით დასრულება. უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დასრულებისას მინიჭებული აკადემიური ხარისხი, როგორც კვალიფიკაციის შესაბამისი დონე, მისაღები უნდა იყოს ევროპული შრომის ბაზრისათვის. მეორე საფეხური, როგორც ეს მიღებულია ევროპის ბევრ ქვეყანაში, მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მინიჭებით უნდა დასრულდეს.

  • კრედიტების სისტემის (კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის - (ECTS), როგორც სტუდენტების მობილობის ხელშემწყობი საშუალების შემოღება. კრედიტების მოპოვება შესაძლებელი უნდა იყოს უმაღლესი განათლების ფარგლებს გარეთაც, მაგალითად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ჩათვლით, იმ პირობით, თუ მათ შესაბამისი უნივერსიტეტები აღიარებენ.

  • მობილობის ხელშეწყობა ისეთი წინააღმდეგობების დაძლევით, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას. კერძოდ:

- სტუდენტებისათვის სწავლისა და წვრთნის შესაძლებლობისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების ხელმისაწვდომობა;

- მასწავლებლების, მეცნიერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ ევროპულ სივრცეში კვლევებზე, პედაგოგიურ მოღვაწეობასა და წრთვნაზე დახარჯული პერიოდის აღიარება და ცნობა, მათთვის კანონით დადგენილი უფლებების დაცვით.

  • ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ევროპული თანამშრომლობის ხელშეწყობა შესადარებელი კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების კუთხით.

  • უმაღლეს განათლებაში აუცილებელი ევროპული განზომილებების დანერგვა, განსაკუთრებით, კურიკულუმების (საგანმანათლებლო პროგრამების) განვითარება, სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა, მობილობის სქემებისა და სწავლების, წვრთნისა და კვლევების ინტეგრირებული პროგრამების შექმნა.

ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ - ინსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, კულტურების, ენების, ეროვნული განათლების სისტემების მრავალფეროვნებისა და უნივერსიტეტთა ავტონომიის სრული პატივისცემით მივაღწევთ დასახულ მიზანს - განვახორციელებთ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კონსოლიდაციას. ამისათვის ჩვენ გავაგრძელებთ როგორც მთავრობებთან, ისე უმაღლესი განათლების სფეროში მომუშავე ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. ჩვენ ველით, რომ უნივერსიტეტები კვლავაც დროულად და დადებითად გამოგვეხმაურებიან და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ამ განზრახვის წარმატებით განხორციელებაში.

გვჯერა, რომ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ჩამოყალიბება მოითხოვს მუდმივ მხარდაჭერას, სისტემატურად წარმოქმნილი საჭიროებების კონტროლსა და ადაპტაციას, ჩვენ გადავწყვიტეთ კვლავ შევხვდეთ ერთმანეთს ორ წლის შემდეგ, რათა შევაფასოთ მიღწეული წარმატებები და დავსახოთ შემდგომი ნაბიჯები.

ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, მალტის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები.

6 უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ფორმირება ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სალამანკის შეხვედრის მიმართვა 2001 წლის 29-30 მარტი

▲ზევით დაბრუნება


2001 წლის 29-30 მარტს ევროპის 300-ზე მეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი შეიკრიბა სალამანკაში, რათა მოემზადებინათ თავიანთი ინიციატივა ბოლონიის პროცესში გაერთიანებული ქვეყნების უმაღლესი განათლების მინისტრების პრაღის შეხვედრისათვის. ისინი შეთანხმდნენ შემდეგ მიზნებზე, პრინცი პებსა და პრიორიტეტებზე:

სამომავლო გეგმები

ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები კვლავ ადასტურებენ ბოლონიის დეკლარაციის პრინი პებისადმი მხარდაჭერას და ვალდებულებას უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (ათწლეულის ბოლოსათვის) შექმნასთან დაკავშირებით. ისინი სალამანკაში ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) შექმნას განიხილავენ, როგორც სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე მოვლენას, რომელიც დაეხმარება მათ უფრო ეფექტიანად მიაწვდინონ ხმა მთავრობებსა და საზოგადოებას და ამით იზრუნონ უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად.

1. პრინციპები

ავტონომია ანგარიშვალდებულებით

პროგრესი მოითხოვს, რომ ევროპის უნივერსიტეტები აღიჭურვონ უფლებამოსილებით იმოქმედონ ანგარიშვალდებული ავტონომიის პრინცი პით. ისინი, როგორც ავტონომიური და პასუხისმგებელი იურიდიული პირები, საგანმანათლებლო და სოციალური ერთეულები, ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას 1988 წლის უნივერსიტეტების დიდი ქარტიის (Magna Charta Universitatum) პრინცი პებისადმი, განსაკუთრებით კი აკადემიური თავისუფლებისადმი. ამგვარად, უნივერსიტეტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სტრატეგიის ჩამოყალიბება, სწავლებასა და კვლევებში პრიორიტეტების შერჩევა, თავისი რესურსების განაწილება, კურიკულუმის (საგანმანათლებლო პროგრამის) შემუშავება და პროფესორებისა და სტუდენტების მიღების საკუთარი კრიტერიუმების დაწესება. ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ღებულობენ გამოწვევას იმუშაონ კონკურენციის პირობებში როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში, ამისათვის კი მათ ესაჭიროებათ თავისუფლება მართვაში, ნაკლებად მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩოები და სათანადო დაფინანსება. წინააღდეგ შემთხვევაში, ისინი აღმოჩნდებიან კონკურენციისა და თანამშრომლობისათვის არახელსაყრელ პირობებში. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შესაქმნელად საჭირო დინამიკა ვერ იქნება მიღწეული ან მივიღებთ არათანაბარ კონკურენციას, თუ არ შეიცვლება დღევანდელი ზედმეტად მკაცრი ფინანსური და ადმინისტრაციული კონტროლი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

კონკურენცია ემსახურება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. იგი არ გამორიცხავს თანამშრომლობას და არ დაიყვანება კომერციულ ცნებამდე. ევროპის ზოგიერთი ქვეყნის უნივერსიტეტს ჯერჯერობით უნარი არ შესწევს ჩაებას თანაბარ კონკურენციაში და ევროპის ფარგლებში ,,ინტელექტის გადინების” მისთვის არასასურველი პრობლემის წინაშე იმყოფება.

განათლება როგორც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე უნდა დაეფუძნოს ევროპის ტრადიციებს: განათლებას, როგორც საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას; როგორც დი პლომამდელი, ასევე დი პლომის შემდგომი განათლების ხელმისაწვდომობას; მოქალაქეობასა და მოკლე და გრძელვადიან სოციალურ შესაბამისობას.

კვლევებზე დაფუძნებული უმაღლესი განათლება

რადგანაც კვლევა უმაღლესი განათლების მამოძრავებელი ძალაა, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ფორმირება უნდა ხდებოდეს კვლევის ევროპულ სივრცესთან ერთად.

მრავალფეროვნების ორგანიზება

ევროპის უმაღლესი განათლება ხასიათდება ენების, ეროვნული სისტემების, სასწავლებლების ტიპებისა და პროფილების, აგრეთვე, კურიკულუმების მრავალფეროვნებით. მისი მომავალი დამოკიდებულია მის შესაძლებლობაზე, მოახერხოს ამ ფასდაუდებელი მრავალფეროვნების ორგანიზება ისე, რომ მიაღწიოს დადებითი შედეგს და მოქნილობას, ნაცვლად სიძნელეებისა და გაურკვევლობისა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა სურვილია დაახლოვდნენ და დაეყრდნონ თავსებადობას, კერძოდ, იმ საერთო მნიშვნელს, რომელიც მოცემულ საკითხზე ფართოდაა გაზიარებული, განსხვავებანი კი აღიქვან, როგორც ღირებულება და არა როგორც აუღიარებლობისა და უარყოფის მიზეზი. უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ ერთიანობის მინიმალური დონე, რათა თავიდან აიცილონ მიღწეული თავსებადობის რღვევის საშიშროება, გამოწვეული კრედიტების, აკადემიური ხარისხების კატეგორიებისა და სწავლების ხარისხის კრიტერიუმების განსაზღვრისა და დანერგვის გადამეტებული სიმრავლით.

2. ძირითადი საკითხები ხარისხი როგორც ქვაკუთხედი

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე უნდა შეიქმნას ძირითადი აკადემიური ღირებულებების საფუძველზე, რათა დააკმაყოფილოს ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნები, ე.ი., მიაღწიოს სწავლების მაღალ ხარისხს. რა თქმა უნდა, ხარისხის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს დაწესებულების მიზნები, მისია და პროგრამები. ის მოითხოვს ბალანსის დაცვას ინოვაციებსა და ტრადიციებს, აკადემიურ დახელოვნებასა და სოციალურ/ეკონომიკურ მნიშვნელობას, შეთანხმებულ კურიკულუმებსა და სტუდენტთა არჩევანის თავისუფლებას შორის. იგი მოიცავს სწავლებასა და კვლევას, ისევე, როგორც, მართვასა და ადმინისტრირებას, სტუდენტებისადმი ყურადღებიან დამოკიდებულებასა და არასაგანმანათლებლო მომსახურებებით უზრუნველყოფას. არსებული ხარისხი არ არის საკმარისი და საჭიროებს ისეთ გარდაქმნებს, რომელიც დაიმსახურებს სტუდენტების, პარტნიორებისა და საზოგადოების აღიარებასა და ნდობას, როგორც სამშობლოში, ისე ევროპასა და მსოფლიოში.

უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ხარისხი არის ნდობის, რელევანტურობის, მობილობის, თავსებადობისა და მიმზიდველობის ძირითადი პირობა.

ნდობის მოპოვება

როგორც კვლევის შეფასებას, ასევე ხარისხის უზრუნველყოფას უმაღლეს განათლებაში აქვს საერთაშორისო განზომილება. ევროპაში ხარისხის უზრუნველყოფა არ შეიძლება ეფუძნებოდეს ერთი სააგენტოს მიერ შემოღებულ საერთო სტანდარტს. პერსპექტიული შეიძლება იყოს მხოლოდ იმგვარი მექანიზმების შემუშავება, რომელთა მეშვეობითაც ევროპის დონეზე ურთიერთმისაღები გახდება ხარისხის უზრუნველყოფის შედეგები, მათ შორის ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება ,,აკრედიტაცია”. აღნიშნული მექანიზმები უნდა ითვალისწინებდნენ ეროვნულ, ენობრივ და დისცი პლინურ სხვაობებს და არ იწვევდნენ უნივერსიტეტების გადატვირთვას.

შესაბამისობა

ევროპის შრომის ბაზრთან შესაბამისობა სხვადასხვა გზით უნდა აისახოს კურიკულუმებში, იმისდა მიხედვით, თუ როდის მიიღწევა დამქირავებლისათვის საჭირო კომპეტენცია - პირველი თუ მეორე აკადემიური ხარისხის შემდეგ. დასაქმების შესაძლებლობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პერსპექტივით შეიძლება მიღწეულ იქნეს იმ ღირებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც განსაზღვრავენ ხარისხიან განათლებას. იგი, აგრეთვე, მიიღწევა კურსის პროფილებისა და მიდგომების მრავალფეროვნების, მოქნილი პროგრამების და მრავალმხრივი დაოსტატებისა და კომპეტენციის განვითარების მეშვეობით, ისეთის, როგორიცაა კომუნიკაცია და ენები, ცოდნის მობილიზაცია, პრობლემის გადაწყვეტა, გუნდური მუშაობა.

მობილობა

სტუდენტების, პერსონალისა და კურსდამთავრებულების თავისუფალი გადაადგილება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მნიშვნელოვანი განზომილებაა. ევროპულ უნივერსიტეტებს სურთ ხელი შეუწყონ ,,ჰორიზონტალური” და ,,ვერტიკალური” ტიპის მობილობას და არ აღიქვამენ ვირტუალურ მობილობას ფიზიკური მობილობის შემცვლელად. სასწავლებლებს სურვილი აქვთ წარმატებულად და მოქნილად გამოიყენონ ცნობისა და მობილობის არსებული მექანიზმები, როგორიცაა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა - ECTS, ლისაბონის კონვენცია, დი პლომის დანართი, საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელი და აკადემიური ცნობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრები - ENIC/NARIC. ევროპული გამოცდილების მქონე პერსონალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებს სურვილი აქვთ გაუქმდეს მოქალაქეობის მოთხოვნები და სხვა წინააღმდეგობები ევროპაში აკადემიური კარიერის გასაკეთებლად. ცხადია, ასევე საჭიროა ერთიანი ევროპული მიდგომა ვირტუალური მობილობისა და ტრანსნაციონალური განათლებისადმი.

თავსებადი კვალიფიკაციები დიპლომამდელ და დიპლომის შემდგომ საფეხურებზე

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მხარს უჭერენ თავსებადი კვალიფიკაციის სტრუქტურას, დაფუძნებულს დი პლომამდელი და დი პლომის შემდგომი სწავლების საფეხურებზე. საყოველთაოდ მიღებულია, რომ პირველი აკადემიური ხარისხისათვის საჭიროა 180 ან 240 (კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის - ECTS) ქულა, მაგრამ საჭიროა არსებობდეს სხვაობა იმისდა მიხედვით, თუ რისთვისაა განკუთვნილი ეს კრედიტები - დასაქმებისა თუ სწავლის გასაგრძელებლად დი პლომის შემდგომ დონეზე. გარკვეულ პირობებში უნივერსიტეტმა შეიძლება გადაწყვიტოს ისეთი ინტეგრირებული კურიკულუმის შემუშავება, რომელიც პირდაპირ მაგისტრის ხარისხის მიღებით მთავრდება. შესაბამისმა საგნობრივმა ქსელებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ ამგვარი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში. უნივერსიტეტები დარწმუნებულნი არიან კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის უპირატესობასა და თავიანთ ძირითად უფლებაში გადაწყვიტონ სხვა სასწავლებელში დაგროვებული კრედიტების მიღება.

მიმზიდველობა

ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სურვილია ნიჭიერი ხალხის მოზიდვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მოითხოვს რიგი ქმედებების განხორციელებას ინსტიტუციურ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე. სპეციფიური ზომები მოიცავენ კურიკულუმის ადაპტაციას, ევროპასა და მის გარეთ მისაღებ აკადემიურ ხარისხებს, ხარისხის უზრუნველყოფის საიმედო კრიტერიუმებს, პროგრამებს, რომლებიც ისწავლება მსოფლიოში გავრცელებულ ძირითად ენებზე, შესაბამის ინფორმაციასა და მარკეტინგს, უცხოელი სტუდენტებისა და მეცნიერების შესაბამის მომსახურებას და სტრატეგიული ქსელების შექმნას. წარმატება, ასევე, დამოკიდებულია იმიგრაციისა და შრომის ბაზრის ამკრძალავი რეგულაციების სწრაფ მოხსნაზე.

ევროპის საგანმანათლებლო დაწესებულებები აღიარებენ, რომ მათ სტუდენტებს სჭირდებათ და მოითხოვენ ისეთ კვალიფიკაციებს, რომელსაც ისინი ეფექტურად გამოიყენებენ, როგორც სწავლის გასაგრძელებლად, ასევე კარიერისათვის მთელ ევროპაში. ამასთან დაკავშირებით, სასწავლებლები, მათი ქსელები და ორგანიზაციები აღიარებენ რა თავიანთ როლსა და პასუხისმგებლობას, ადასტურებენ მზადყოფნას ავტონომიის ფარგლებში მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების სათანადო ორგანიზება.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოუწოდებენ მთავრობებს, ეროვნულ და ევროპულ კონტექსტში, დააჩქარონ და ხელი შეუწყონ ცვლილებებს და უზრუნველყონ კოორდინაციისა და დაახლოებისათვის აუცილებელი გარემოს ჩამოყალიბება. ისინი ასევე ადასტურებენ თავიანთ შესაძლებლობასა და მზადყოფნას ერთობლივი მცდელობებით განახორციელონ განვითარების ინიცირება და მხარდაჭრა:

  • ჩამოაყალიბონ უმაღლესი განათლებისა და კვლევის ახალი განსაზღვრებები მთელი ევროპისათვის;

  • მოახდინონ კურიკულუმებისა და უმაღლესი განათლების სრული რეფორმირება და განახლება;

  • განავითარონ სამეცნიერო კვლევაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლება;

  • შეიმუშავონ ხარისხის შეფასების, უზრუნველყოფისა და სერტიფიცირების ურთიერთმისაღები მექანიზმები;

  • ევროპული განზომილების საერთო მნიშვნელზე დაყრდნობით, უზრუნველყონ განსხვავებულ დაწესებულებებს, კურიკულუმებსა და აკადემიურ ხარისხებს შორის თავსებადობა;

  • ხელი შეუწყონ სტუდენტებისა და პერსონალის მობილობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას;

  • მხარი დაუჭირონ უნივერსიტეტების მოდერნიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისათვის ყველაზე მეტი პრობლემები შეინიშნება;

  • დაძლიონ წინააღმდეგობები, რათა გახდნენ ღია, მიმზიდველნი და კონკურენტუნარიანნი ქვეყნის შიგნით, ევროპასა და მთელ მსოფლიოში;

  • განიხილონ უმაღლესი განათლება, როგორც უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა.

7 სტუდენტების გიოტებორგის დეკლარაცია გიოტებორგი, 2001 წლის 25 მარტი

▲ზევით დაბრუნება


პრეამბულა

ჩვენ, ევროპელი სტუდენტების წარმომადგენლები, შევიკრიბეთ გიოტებორგის სტუდენტების ყრილობაზე 2001 წლის 22-25 მარტს, სადაც მივიღეთ ეს დეკლარაცია ბოლონიის პროცესის მომავლის შესახებ. ევროპელი სტუდენტების ეროვნული კავშირები (ESIB) აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ და კვლავაც მიიღებენ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნაში.

1999 წლის ივნისში ევროპელი სტუდენტების ეროვნული კავშირები (ESIB) და მათი წევრები საკუთარი ინიციატივით მივიდნენ ბოლონიაში გამართულ მინისტრთა შეხვედრაზე, რომელიც შეეხებოდა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეს. ორი წლის შემდეგ პრაღაში გამართულ სამიტზე ევროპელი სტუდენტების ეროვნული კავშირები (ESIB) ერთ-ერთი ძირითადი მომხსენებელი იქნება. ბოლონიის პროცესში სტუდენტების წვლილის მზარდი აღიარება შედეგია ევროპელი სტუდენტების მისწრაფებისა ხელი შეუწყონ ხარისხიან, ხელმისაწვდომ და მრავალფეროვან უმაღლეს განათლებას ევროპაში.

შესავალი

ევროპელი სტუდენტების ეროვნული კავშირები (ESIB) ევროპელი მოქალაქეებისათვის ბოლონიის პროცესს განიხილავენ საზღვრების გარეშე ევროპისაკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად. ყველა ევროპელი სტუდენტი უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში პარიტეტულ საწყისებზე უნდა გაერთიანდეს. ამ სივრცის შექმნა ევროპული ქვეყნების საერთო მოვალეობაა და შესაბამისად გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათ შორის არსებული სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებები. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნის მიზეზი არის უმაღლესი განათლების ყველა ეროვნული სისტემის გაუმჯობესება, მოწინავე გამოცდილების გაზიარებისა და ევროპულ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობისა და სოლიდარობის ხელშეწყობის გზით.

სოციალური გავლენა

მიუხედავად იმისა, რომ ბოლონიის დეკლარაციაში ნაჩვენებია ევროპული უმაღლესი განათლების განზომილებების ძირითადი ასპექტები, მასში არ არის განსაზღვრული, თუ რა სოციალურ გავლენას მოახდენს ეს პროცესი სტუდენტებზე. უმაღლესი განათლება სტუდენტებს ისეთი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიღების საშუალებას, აძლევს რომელიც მათ მომავალში როგორც პირად,ასევე პროფესიულ ცხოვრებაში გამოადგებათ. სოციალური და სამოქალაქო წვლილი უმაღლესი სასწავლებლების პირველადი ფუნქცია უნდა იყოს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი მოქმედი პირები არიან, შესაბამისად, უმაღლესი განათლების ერთობის ყველა წევრი ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. სტუდენტები არ განიხილებიან როგორც მხოლოდ საგანმანათლებლო მომსახურების მომხმარებლები. აქედან გამომდინარე, მთავრობის მოვალეობაა უზრუნველყოს ყოველი მოქალაქისათვის უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. ეს ნიშნავს სტუდენტების უზრუნველყოფას ადეკვატური დაფინანსებით სასწავლო გრანტის ფორმით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის დაფინანსებას მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი ამოცანების განსახორციელებლად.

უმაღლესი განათლების სივრცე

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ევროპის დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ევროპის განათლების სისტემის საფუძველი ყოველთვის იყო ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება, ეს ასე უნდა დარჩეს მომავალშიც. ამის შემდეგ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა პროგრამის შესადარებლობისა და გაცვლის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია სამუშაოს მოცულობაზე დაფუძნებული კრედიტების სისტემის მთელ ევროპაში დანერგვა. საჭიროა აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და აკადემიური ხარისხების შესადარებელი სისტემის საერთო ევროპული სტრუქტურის შექმნა, რაც უზრუნველყოფს სხვა ქვეყნებსა თუ სასწავლებლებში დაგროვებული კრედიტების ტრანსფერსა და აკადემიური ხარისხის აღიარებას. აკადემიური ხარისხების ორსაფეხურიანმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს თავისუფალი და თანაბარი პირობები ყველა სტუდენტისათვის; სტუდენტის გარიცხვა მხოლოდ აკადემიური მოსწრების საფუძველზე უნდა იყოს შესაძლებელი. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად და გასაუმჯობესებლად საჭიროა მჭიდრო თანამშრომლობა ეროვნული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს შორის. აკრედიტაცია, როგორც პროგრამათა სერტიფიცირების პროცესი, სხვა კრიტერიუმებთან ერთად ითვალისწინებს ხარისხის უზრუნველყოფის პროცესს და გამოყენებულ უნდა იქნეს, როგორც ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმი.

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე, ხელს უწყობს რა ამ სფეროში სრულყოფასა და თანამშრომლობას, მოითხოვს სტუდენტთა, მასწავლებელთა, და მეცნიერთა ფიზიკურ მობილობას. მობილობა კარგი საშუალებაა კულტურული ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობისათვის. მობილობის ხელშემშლელი ბარიერები არსებობს არა მარტო აკადემიურ სამყაროში. უნდა მოიხსნას სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ბარიერებიც. მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ უცხოელი სტუდენტები ისეთივე კანონიერი უფლებებით, როგორითაც სარგებლობენ ადგილობრივი სტუდენტები. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კი თავიანთი სტუდენტებისთვის უნდა შექმნან მობილობის პროგრამები.

უმაღლესი განათლების ნამდვილი ევროპული სივრცის შექმნის შედეგად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გაიზრდება მობილობა, გაუმჯობესდება სწავლების ხარისხი და ევროპული განათლება და კვლევა უფრო მიმზიდველი გახდება. ბოლონიის პროცესის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები გამჭვირვალობისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ხელი უნდა შეეწყოს ძირითადი ინფორმაციის დაგროვების პროცესს. ინფორმაციის დონის გასაუმჯობესებლად საჭიროა დი პლომის დანართის დანერგვა და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყველასათვის მისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნა.

სტუდენტების როლი

და ბოლოს, ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ სტუდენტები, როგორც კომპეტენტური, აქტიური და კონსტრუქციული პარტნიორები, ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა უნდა გახდნენ განათლების სფეროში ცვლილებების შესატანად. ბოლონიის პროცესში სტუდენტების ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სტუდენტების მუდმივი და ფორმალიზებული მონაწილეობისა ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოსა და სადისკუსიო ფორუმებში, რომელიც შეეხება ევროპაში უმაღლეს განათლებას.

ESIB - ევროპის სტუდენტების ეროვნული კავშირები, როგორც ევროპელი სტუდენტების წარმომადგენელი ორგანიზაცია უნდა შევიდეს ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფში.

ESIB - ევროპის სტუდენტების ეროვნული კავშირები ვალდებულებას იღებენ გააგრძელონ სტუდენტების შეხედულებების პრეზენტაცია და მხარდაჭერა ევროპის დონეზე.

8 უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისკენ ევროპის ქვეყნების უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრის კომუნიკე პრაღა, 2001 წლის 19 მაისი

▲ზევით დაბრუნება


ბოლონიის დეკლარაციის ხელმოწერიდან ორი და სორბონის დეკლარაციის მიღებიდან სამი წლის შემდეგ ევროპის 32 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრები შეიკრიბნენ პრაღაში, რათა განეხილათ შედეგები და დაესახათ პროცესის სამომავლო მიმართულებები და პრიორიტეტები. მინისტრებმა დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება 2010 წლისათვის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დაფუძნებასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრისთვის პრაღის შერჩევა სიმბოლურად გამოხატავს პროცესში მთელი ევროპის ჩართვის სურვილს ევროკავშირის გაფართოების ფონზე.

მინისტრები მიესალმნენ და განიხილეს სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში - ,,ბოლონიის პროცესის ხელშეწყობა” - და დაასკვნეს, რომ ბოლონიის დეკლარაციაში დასახული მიზნები ხელმომწერი ქვეყნების უნივერსიტეტებისა და უმაღლესი განათლების სხვა დაწესებულებების მიერ ფართოდაა აღიარებული და გამოყენებული, როგორც უმაღლესი განათლების განვითარების საფუძველი. მინისტრებმა დაადასტურეს, რომ უნდა გაგრძელდეს მობილობის ხელშეწყობა, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, მასწავლებლებს, მეცნიერებს და ადმინისტრაციულ პერსონალს ისარგებლონ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის სიმდიდრით, მისი დემოკრატიული ღირებულებების, კულტურის და ენების მრავალფეროვნების და უმაღლესი განათლების განსხვავებული სისტემების ჩათვლით.

მინისტრებმა გაითვალისწინეს 29-30 მარტის სალამანკის ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების შეხვედრისა და ევროპის 24-25 მარტის გიოტებორგის სტუდენტების შეხვედრის რეკომენდაციები და მაღალი შეფასება მისცეს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) და ევროპაში სტუდენტების ეროვნული კავშირების (ESIB) ბოლონიის პროცესში აქტიურ მონაწილეობას. მათ, აგრეთვე, აღნიშნეს და დადებითად შეაფასეს პროცესის წინსვლის ხელშემწყობი ბევრი სხვა ინიციატივაც. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკომისიის კონსტრუქციულ თანადგომას.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ დეკლარაციაში რეკომენდირებული აკადემიური ხარისხების სტრუქტურასთან დაკავშირებული საქმიანობა უმეტეს ქვეყნებში ინტენსიურად და ფართო მაშტაბით განხორციელდა. განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს ხარისხის უზრუნველყოფისათვის ჩატარებული სამუშაოები. მინისტრებმა აღიარეს თანამშრომლობის საჭიროება ტრანსნაციონალური განათლების მიერ წამოჭრილ პრობლემათა გადასაჭრელად. მათ, აგრეთვე, აღიარეს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის საჭიროება.

ბოლონიის პროცესის ექვსი მიზნიდან გამომდინარე შემდგომი საქმიანობა

ბოლონიის დაკლარაციიდან გამომდინარე, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნა ევროპაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმზიდველობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების პირობაა. მათ მხარი დაუჭირეს იდეას, რომ უმაღლესი განათლება უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებრივი დოვლათი, რომელიც არის და რჩება საზოგადოებრივ პასუხისმგებლობად, და რომ სტუდენტები არიან უმაღლესი განათლების ერთობის სრულფასოვანი წევრები. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, მინისტრებმა მომავალ პროცესებთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთეს:

იოლად გასაგები და შესადარებელი აკადემიური ხარისხების სისტემის შემოღება

მინისტრები დაბეჯითებით მოუწოდებენ უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სრულად ისარგებლონ არსებული ეროვნული კანონმდებლობისა და ევროპული მექანიზმების იმ უპირატესობებით, რომელთა მიზანია კურსების, აკადემიური ხარისხებისა და სხვა მიღწევების აკადემიური და პროფესიული აღიარების ხელშეწყობა, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი კვალიფიკაციების, კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების ეფექტური გამოყენება უმაღლესი განათლების მთელ ევროპულ სივრცეში.

მინისტრებმა მოუწოდეს ისეთ ორგანიზაციებსა და ქსელებს, როგორიცაა აკადემიური ცნობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრები (NARIC) და საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელი (ENIC) ინსტიტუციურ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე ხელი შეუწყონ მარტივი, ეფექტური და სამართლიანი აღიარების პროცედურას, რომელიც ასახავს კვალიფიკაციების არსებულ მრავალფეროვნებას.

ორ მთავარ საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება

მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ აქტიურად განიხილება და ინერგება ორ მთავარ საფეხურზე დაფუძნებული აკადემიური ხარისხების სტუქტურა, რომელიც დი პლომამდელ და დი პლომის შემდგომ სწავლებად იყოფა. ზოგიერთ ქვეყანაში ეს სტრუქტურა უკვე მიღებულია, ზოგში კი დიდი ინტერესით განიხილება. აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხების, ან მათი შესაბამისი ორსაფეხურიანი აკადემიური ხარისხების, მიღება შესაძლებელია როგორც უნივერსიტეტებში ასევე სხვა ტიპის უმაღლეს სასწავლებლებშიც. აკადემიური ხარისხების შესაბამის პროგრამებს შესაძლოა და, ცხადია, უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა მიმართულებები და განსხვავებული პროფილები, რათა დაკმაყოფილდეს პიროვნებების, აკადემიური პერსონალისა და შრომის ბაზრის მრავალფეროვანი მოთხოვნილებები, როგორც ეს აღინიშნა ბაკალავრის ხარისხისადმი მიძღვნილ ჰელსინკის სემინარზე (2001 წ. თებერვალი).

კრედიტების სისტემის შემოღება

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ სწავლისა და კვალიფიკაციების მინიჭების პროცესის მეტი მოქნილობისათვის საჭიროა კვალიფიკაციების ერთიანი ქვაკუთხედის მიღება, რომელიც დაეფუძნება საკრედიტო სისტემას, ისეთს, როგორიცაა კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) ან მასთან ადვილად შესადარებელ სხვა სისტემას, ტრანსფერისა და დაგროვების ფუნქციებით. ხარისხის უზრუნველყოფის საზოგადოდ აღიარებულ სისტემებთან ერთად, მსგავსი შეთანხმებები გააადვილებს სტუდენტების მიღებას ევროპულ შრომის ბაზარზე და აამაღლებს ევროპული უმაღლესი განათლების თავსებადობას, მიმზიდველობასა და კონკურენტუნარიანობას. აღნიშნული სისტემისა და დი პლომის დანართის ფართო გამოყენება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით წინსვლას.

მობილობის ხელშეწყობა

მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს, რომ სტუდენტების, მასწავლებელების, მეცნიერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის გაუმჯობესებას (როგორც ეს ბოლონიის დეკლარაციაშია დასახული) უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, მათ დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება გადალახონ ყველა ის წინააღმდეგობა, რაც ხელს უშლის სტუდენტების, მასწავლებელის, მეცნიერებისა და ადმინისტრაციული პერსონალის თავისუფალ გადაადგილებას და ხაზი გაუსვეს მობილობის სოციალურ მნიშვნელობას. მათ აღნიშნეს ევროგაერთიანების პროგრამებით შემოთავზებული მობილობის შესაძლებლობები და ამ სფეროში მიღწეული პროგრესი, მაგალითად, ევროპის საბჭოს მიერ, 2000 წელს ქ. ნიცაში დამტკიცებული მობილობის სამოქმედო გეგმის დაწყება.

ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ევროპული თანამშრომლობის ხელშეწყობა

მინისტრები აღიარებენ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სასიცოცხლო როლს მთელ ევროპაში მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვასა და კვალიფიკაციების შესადარებლობის გამარტივებაში. მათ, ასევე, დადებითად შეაფასეს კვალიფიკაციების ცნობისა და ხარისხის უზრუნველყოფის ქსელებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა. მათ ხაზი გაუსვეს ევროპის დონეზე ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული სისტემების მჭიდრო თანამშრომლობის, ურთიერთნდობისა და აღიარების აუცილებლობას. მათ მოუწოდეს უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გაავრცელონ მოწინავე გამოცდილების მაგალითები და შექმნან შეფასებისა და აკრედიტაცია/სერტიფიკაციის ურთიერთმისაღები მექანიზმები. მინისტრებმა მოუწოდეს უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს საგანათლებო დაწესებულებს, ეროვნულ სააგენტოებსა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელს (ENQA), ითანამშრომლონ იმ ქვეყნების შესაბამის ორგანიზაციებთან, რომლებიც არ არიან აღნიშნული ქსელის წევრები, რათა ჩამოაყალიბონ რეკომენდაციების საერთო ჩარჩოები და გაავრცელონ მოწინავე გამოცდილება.

ევროპული განზომილებები უმაღლეს განათლებაში

უმაღლეს განათლებაში მნიშვნელოვანი ევროპული განზომილებების გასაძლიერებლად და კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, მინისტრები მოუწოდებენ უმაღლესი განათლების სექტორს, ყველა დონეზე განავითარონ ,,ევროპული” შინაარსის, ორიენტაციისა და სტრუქტურის მოდულები, კურსები და კურიკულუმები. განსაკუთრებით ეს ეხება სხვადასხვა ქვეყნების სასწავლებლების თანამშრომლობით შექმნილ იმ მოდულებს, კურსებსა და კურიკულუმებს, რომლებსაც აღიარებულ ერთობლივ აკადემიურ ხარისხებამდე მივყავართ.

გარდა ამისა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს შემდეგ საკითხებს:

სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში

სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში არის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მნიშვნელოვანი ელემენტი. ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებასა და ეკონომიკაზე აგებულ მომავალ ევროპაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სტრატეგია აუცილებელია, რათა პიროვნება მომზადებული შეხვდეს იმ გამოწვევებს, რომელსაც უმზადებს კონკურენცია და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. ეს სტრატეგია ასევე აუცილებელია სოციალური ურთიერთობების, თანასწორი შესაძლებლობებისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და სტუდენტები

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ უნივერსიტეტების, სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სტუდენტების უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში კომპეტენტურ, აქტიურ და კონსტუქციულ პარტნიორებად ჩართვა აუცილებელი და მისასალმებელია. სასწავლებლებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ თავსებადი და ეფექტური, ამასთანავე, მრავალფეროვანი და ადაპტაციის უნარის მქონე უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ჩამოყალიბებას. მინისტრებმა, აგრეთვე, აღნიშნეს, რომ უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში სწავლების ხარისხი არის ნდობის, შესაფერისობის, მობილობის, თავსებადობის და მიმზიდველობის საფუძველთა საფუძველი. მაღალი შეფასება მიეცა იმ წვლილს, რომელიც სასწავლებლებმა შეიტანეს კვალიფიკაციებთან შესაბამისობაში მოყვანილ სასწავლო პროგრამების დამუშავებისას და მოუწოდეს მათ ამ მიმართულებით აქტივობის გაგრძელებისაკენ.

მინისტრებმა დაადასტურეს, რომ სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ და გავლენა უნდა იქონიონ უნივერსიტეტებსა და სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მართვასა და შინაარსზე. მათ კვლავ დაასტურეს სტუდენტების მიერ მოთხოვნილი სოციალური განზომილების გათვალისწინების აუცილებლობა ბოლონიის პროცესში.

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მიმზიდველობა

მინისტრები შეთანხმდნენ ევროპისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების სტუდენტებისთვის ევროპული უმაღლესი განათლების მიმზიდველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ევროპული უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხების გაგება და შესადარებლობა მთელ მსოფლიოში უნდა გაუმჯობესდეს კვალიფიკაციების საერთო სტრუქტურების ჩამოყალიბებით, აგრეთვე, ხარისხის უზრუნველყოფისა და აკრედიტაცია/სერტიფიკაციის შეთანხმებული მექანიზმების განვითარებითა და მზარდი საინფორმაციო ძალისხმევით.

მინისტრებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ უმაღლესი განათლებისა და კვლევის ხარისხი არის და უნდა იყოს ევროპის უმაღლესი განთლების მიმზიდველობისა და კონკურენტუნარიანობის ძირითადი განმსაზღვრელი. ისინი შეთანხმდნენ, რომ მეტი ყურადღება დაეთმობა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცში სხვადასხვა პროფილის დაწესებულებებსა და პროგრამებს. ტრანსნაციონალური განათლების შესაძლო შედეგებსა და პერსპექტივებთან დაკავშირებით მათ ევროპულ ქვეყნებს მზარდი თანამშრომლობისაკენ მოუწოდეს.

შემდგომი განვითარება

მინისტრებმა გადაწყვიტეს განაგრძონ ბოლონიის დეკლარაციის მიზნებით დასახული თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება მსგავსებებს, გამდიდრებულია კულტურებს, ენებსა და ეროვნული სისტემებს შორის განსხვავებებით და გამოიხატება მთავრობათაშორისი ყველა შესაძლებელი კოოპერაციითა და მიმდინარე დიალოგით ევროპის უნივერსიტეტებთან, სხვა უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან.

მინისტრები მიესალმებიან ბოლონიის პროცესთან ახალი წევრების მიერთებას შესაბამისი ქვეყნების მინისტრების განაცხადების საფუძველზე. ამ ქვეყნებისათვის ევროგაერთიანებამ გახსნა პროგრამები სოკრატესი (Socrates) და ლეონარდო და ვინჩი (Leonardo da Vinci) ან ტემპუს-კარდი (Tempus-Cards). მათ მიიღეს განაცხადები ხორვატიიდან, კვი პროსიდან და თურქეთიდან.

მინისტრებმა გადაწყვიტეს, რომ შემდეგი შეხვედრა შედგება 2003 წლის მეორე ნახევარში ბერლინში და მასზე განხილული იქნება მიღწეული შედეგები, დაისახება მიმართულებები და პრიორიტეტები უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შემდგომი განვითარებისათვის. ისინი შეთანხმდნენ შემდგომი მუშაობის სტრუქტურაზე, რომელიც მოიცავს სამუშაო და მოსამზადებელ ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფი უნდა შედგებოდეს ყველა ხელმომწერი და ახალი მონაწილე ქვეყნისა და ევროკომისიის წარმომადგენლებისაგან; მას უნდა თავმჯდომარეობდეს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც ამ დროისათვის თავმჯდომარეობს ევროკავშირში. მოსამზადებელი ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინისტრების წინა და მომდევნო შეხვედრების მასპინძელი ქვეყნების, ევროკავშირის ორი წევრი და ორი არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლებისაგან. ეს ბოლო ოთხი წევრი უნდა აირჩიოს სამუშაო ჯგუფმა. იმ დროისათვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი და ევროკომისია, აგრეთვე, უნდა შედიოდნენ მოსამზადებელ ჯგუფში. მოსამზადებელი ჯგუფის თავმჯდომარე არის მინისტრების მომდევნო შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციამ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპულმა ასოციაციამ (EURASHE), ევროპაში სტუდენტების ეროვნულმა კავშირებმა და ევროპის საბჭომ კონსულტაციები უნდა გაუწიონ სამუშაო ჯგუფს.

პროცესის დაჩქარების მიზნით, მინისტრები მოუწოდებენ სამუშაო ჯგუფს მოაწყონ სემინარები შემდეგი საკითხების გამოსაკვლევად: აკრედიტაციასა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული თანამშრომლობა, კვალიფიკაციის აღიარების საკითხები და კრედიტების გამოყენება ბოლონიის პროცესში, სოციალური განზომილება, მობილობის ხელშემშლელ წინააღმდეგობებზე ყურადღების გამახვილებით, ბოლონიის პროცესის გაფართოება, სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში და პროცესში სტუდენტთა ჩართულობა.

9 2003 წლის გრაცის დეკლარაცია ბერლინის შემდეგ: უნივერსიტეტების როლი 2010 წლამდე და სამომავლოდ გრაცი, 2003 წლის 30 მაისი

▲ზევით დაბრუნება


1. უნივერსიტეტებს ცენტრალური როლი ეკუთვნით ევროპული საზოგადოების განვითარებაში. ისინი ქმნიან, იცავენ და ავრცელებენ ცოდნას, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისათვის ადგილობრივ, რეგიონულ და მსოფლიო დონეზე. ისინი ხელს უწყობენ ევროპული ღირებულებებისა და კულტურის განვითარებას.

2. უნივერსიტეტები ხელს უწყობენ ,,ცოდნის ევროპას”, რომელიც მთელ კონტინენტზე უნივერსიტეტების წიაღში როგორც დამოუკიდებელად, ისე პარტნიორული თანამშრომლობის გზით ჩამოყალიბებულ ძლიერ კვლევით ტრადიციებსა და კვლევაზე ორიენტირებულ განათლებას ეფუძნება. კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება ამდიდრებს სწავლებისა და კვლევის პროცესებს.

3. ევროპული უნივერსიტეტების განვითარება ეფუძნება რამდენიმე ძირითად ღირებულებას, რგორიცაა: თანასწორობა და ხელმისაწვდომობა; კვლევა და განსწავლულობა ყველა დისცი პლინაში, როგორც უმაღლესი განათლების ინტეგრალური ნაწილი; სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი; კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება.

4. სტუდენტები აკადემიური საზოგადოების წამყვანი პარტნიორები არიან. ბოლონიის რეფორმებმა უნდა გააადვილოს ყოველი სტუდენტისთვის მოქნილი და ინდივიდუალური სასწავლო პირობების შექმნა; კურსდამთავრებულთა დასაქმების გაუმჯობესება და ჩვენი უნივერსიტეტების მიმზიდველობის გაზრდა ევროპისა და სხვა ქვეყნების სტუდენტებისათვის.

5. ევროპული უნივერსიტეტების აქტივობა მასშტაბურია, ისინი ხელს უწყობენ ინოვაციებსა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას. კონკურენტუნარიანობა და მაღალი ხარისხი შესაბამისობაში უნდა იყოს სოციალურ თანადგომასა და ხელმისაწვდომობასთან. ბოლონიის რეფორმები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ უნივერსიტეტები შეეცდებიან კონკურენტუნარიანნი გახდნენ მსოფლიო მასშტაბით და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას მთელ ევროპაში.

6. უნივერსიტეტებმა უნდა შეინარჩუნონ ხარისხის, მართვისა და ლიდერობის მაღალი დონე.

უნივერსიტეტები როგორც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

7. მთავრობებს, უნივერსიტეტებსა და მათ სტუდენტებს საერთო ხედვა უნდა გააჩნდეთ ,,ცოდნის ევროპის” შესახებ. უნივერსიტეტებს ხელი უნდა შეეწყოს მრავალმხრივ განვითარებასა და დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მოპოვებაში. უმაღლესი განათლება უპირველეს ყოვლისა განიხილება როგორც უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რათა შენარჩუნებულ იქნეს ძირითადი აკადემიური და სამოქალაქო ღირებულებები, გაუმჯობესდეს მიღწევების დონე და ხელი შეეწყოს უნივერსიტეტებს, შეასრულონ მნიშვნელოვანი პარტნიორული როლი სოციალური, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საქმეში.

8. მთავრობებმა უნივერსიტეტებს უნდა მიანიჭონ შესაბამისი უფლებამოსილებები და გააძლიერონ მათი ავტონომია სტაბილური საკანონმდებლო და ფინანსური გარემოს მეშვეობით. უნივერსიტეტები მზად არიან ანგარიშგებისათვის და პასუხისმგებლობას იღებენ გაატარონ რეფორმები სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კავშირში, გააუმჯობესონ ინსტიტუციური ხარისხი და სტრატეგიული მენეჯმენტის შესაძლებლობები.

კვლევა როგორც უმაღლესი განათლების განუყოფელი ნაწილი

9. მჭიდრო კავშირი უმაღლეს განათლებასა და კვლევებს შორის უმნიშვნელოვანესია ევროპული უმაღლესი განათლებისათვის და ევროპული უნივერსიტეტების განმსაზღვრელ მახასიათებელს წარმოადგენს. მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ეს ურთიერთდამოკიდებულება და ხელი შეუწყონ უმაღლესი განათლებისა და კვლევის ევროპულ სივრცეებს შორის კავშირის გაძლიერებას, როგორც ევროპული კვლევების შესაძლებლობების და ევროპული განათლების მიმზიდველობის გაუმჯობესების საშუალებას. შესაბამისად, მათ სრულად უნდა აღიარონ დოქტორანტურის დონე, როგორც სწავლების მესამე საფეხური ბოლონიის პროცესში. უნივერსიტეტებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებასა და სწავლაზე მთელ ევროპაში. სტუდენტები ყველა დონეზე უნდა მონაწილეობდნენ კვლევებში და კვლევაზე დაფუძვნებულ სწავლებაში, რათა დააკმაყოფილონ ევროპის, როგორც განათლებული საზოგადოების, მოთხოვნილებანი.

10. ევროპის უნივერსიტეტების მრავალფეროვნება ხელს უწყობს მათ შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებას, დაფუძნებულს განსხვავებულ ინტერესებზე, მისიასა და სიძლიერეზე. ევროპაში თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამების განვითარება დოქტორანტურისა და მის შემდგომ საფეხურებზე, მაგალითად, ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავების გზით, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევის ევროპულ სივრცეთა დაკავშირებას.

ხარისხის გაუმობესება ინსტიტუციური გაძლიერების გზით

11. ლიდერობის, ხარისხისა და სტრატეგიული მენეჯმენტის არსებობა თითოეულ სასწავლებელში წარმოადგენს რეფორმების წარმატებული განხორციელების წინაპირობას. მთავრობებმა უნდა შექმნან ისეთი პირობები, რომ უნივერსიტეტებმა შეძლონ გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება შიდა სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ადმინისტრირების საკითხებში; როგორიცაა, მაგალითად, სტრუქტურა, ინსტიტუციურ დონესა და ფაკულტეტებს შორის ბალანსი და შრომითი რესურსების მენეჯმენტი. მთავრობასა და უნივერსიტეტებს შორის მოლაპარაკებათა საფუძველზე უნდა დაიდოს ხელშეკრულებები იმ ვადით, რომელიც საჭირო იქნება სიახლეების დასანერგად.

12. უნივერსიტეტებმა, თავის მხრივ, უნდა წაახალისონ ლიდერობა და შექმნან მართვის ისეთი სტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ჩამოაყალიბონ ხარისხის უზრუნველყოფის საყოველთაოდ გასაგები შიდა სისტემა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. სტუდენტებმა ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ შესაბამის კომიტეტებში საქმიანობის გზით. გარეშე დაინტერესებულმა მხარეებმა ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყონ მმართველობითი, თუ საკონსულტაციო საბჭოების მეშვეობით.

ბოლონიის პროცესის დაჩქარება

13. ბოლონიის პროცესმა თავიდან უნდა აიცილოს ზედმეტი რეგლამენტირება და სანაცვლოდ, განავითაროს საერთო ორიენტირები და კურსების კლასიფიკატორები.

14. სამსაფეხურიანი სისტემის შექმნა (რომლის მესამე საფეხურია დოქტორანტურა) მოითხოვს ცვლილებებს. უნივერსიტეტები თავიანთ სამოქმედო პრიორიტეტებად მიიჩნევენ:

  • კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS), როგორც კურიკულუმის რესტრუქტურიზაციისა და განვითარებისათვის აუცილებელი მექანიზმის შემოღება, რათა შეიქმნას სტუდენტზე ორიენტირებული და მოქნილი სასწავლო მეთოდიკა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ჩათვლით;

  • ევროპის დონეზე კვალიფიკაციის სტრუქტურისა და სწავ-ლის შედეგების საერთო განსაზღვრებების შემუშავება და განხილვა, კურიკულუმთან მიმართებაში მრავალფეროვნებისა და სასწავლებლების ავტონომიის შენარჩუნებით;

  • აკადემიური პერსონალის, სტუდენტების, პროფესიული ორგანიზაციებისა და დამსაქმებლების ჩართვა კურიკულუმის რეფორმის პროცესში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებისათვის საჭირო უფლებების მინიჭების მიზნით;

  • კურიკულუმებში დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განსაზღვრა და პირველი საფეხურის პროგრამების საშუალებით შრომის ბაზარზე დასაქმების უზრუნველყოფა;

  • ინფორმაციის გავრცელება დი პლომის დანართის შესახებ მსოფლიოში გავრცელებულ ძირითად ენებზე, პროფესიულ ორგანიზაციებისა და დამსაქმებლებისათვის მისი გაცნობისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების გაადვილების მიზნით.

მობილობა და სოციალური განზომილება

15. სტუდენტების მობილობა თავისთავად ხელს უწყობს ხარისხს. სწავლისადმი განსაკუთრებული მიდგომების მეშვეობით იგი აუმჯობესებს სწავლებისა და კვლევის ხარისხს. იგი ზრდის დასაქმების შესაძლებლობებს. თანამშრომელთა მობილობასაც მსგავსი უპირატესობები აქვს.

16. თუ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე რეალობად იქცევა, მთავრობებმა უნდა გააუქმონ მობილობისათვის ხელის შემშლელი ბარიერები, შეასწორონ კანონმდებლობა სტუდენტების მხარდასაჭერად, მაგალითად, სხვა სასწავლებელში სასწავლო გრანტებისა და სესხის გადატანის შესაძლებლობით, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური მომსახურებისა და მუშაობის უფლების შესახებ რეგულაციების გაუმჯობესებით.

17. მთავრობებმა და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა სტიმული უნდა მისცენ მობილობას სტუდენტთა მხარდაჭერის გაუმჯობესებით (მათ შორის, სოციალურ საკითხების, საცხოვრებელი ადგილითა და არასრული განაკვეთის სამუშაოთი უზრუნველყოფა), აკადემიური და პროფესიული კონსულტაციებით, ენის სწავლებითა და კვალიფიკაციების აღიარებით. სასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ მობილობის ხელშემწყობი ყველა მექანიზმის გამოყენება, განსაკუთრებით კი, კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემისა და დი პლომის დანართის. ხელი უნდა შეეწყოს მოკლევადიან მობილობას და დისტანციური სწავლებისა და დი პლომის შემდგომი საფეხურის სტუდენტთა მობილობას.

18. უნდა გაუმჯობესდეს კარიერის ზრდის შესაძლებლობა ახალგაზრდა მეცნიერებისა და მასწავლებლებისათვის, რათა ხელი შეეწყოს ახალგაზრდა დოქტორების სამუშაო მობილობას, ევროპაში დარჩენას ან დაბრუნებას. გენდერული პერსპექტივისთვის საჭიროა განსაკუთრებული ზომების მიღება ოჯახებისათვის, სადაც აკადემიური კარიერა ოჯახის ყველა წევრისათვისაა ხელმისაწვდომი. პენსიების ტრანსფერზე დაწესებული აკრძალვები უნდა შეიცვალოს პენსიების გადატანითა და სოციალური შეღავათების სხვა ფორმით.

19. სწავლებასა და კვლევაში ქალის როლის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი ევროპისათვის. გენდერული თანასწორობა ხელს უწყობს სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას და უნივერსიტეტებმა უნდა განავითარონ იგი ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის საშუალებით.

20. ანგარიშიდან - ,,2003 წლის ტენდენციები” - კარგად ჩანს, რომ საინფორმაციო ბაზა მობილობის საკითხებთან დაკავშირებით არ არის ადეკვატური. მთავრობებმა უნდა ითანამშრომლონ სტატისტიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად. ასევე აუცილებელია ევროკომისიასთან თანამშრომლობა არსებული მონიტორინგის მექანიზმების შემოწმებისათვის. მეტი კვლევაა ჩასატარებელი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის განვითარების საკითხებზე.

21. ერთობლივი პროგრამები და აკადემიური ხარისხები, რომლებიც ინტეგრირებულ კურიკულუმს ეყრდნობა, საუკეთესო საშუალებაა ევროპული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. მთავრობებმა უნდა გააუქმონ ერთობლივი ხარისხების მინიჭებასა და აღიარებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბარიერები და ასევე გაითვალისწინონ შესაბამისი დაფინანსება აღნიშნული თანამშრომლობისათვის.

22. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა განსაზღვრონ ერთობლივი პროგრამების საჭიროება და შემდგომ შეიმუშაონ ისინი, ხელი შეუწყონ მიმდინარე საპილოტო პროექტებიდან საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და უზრუნველყონ მაღალი ხარისხი, სწავლის შედეგებისა და კომპეტენციების განსაზღვრის და კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემის ფართომასშტაბიანი გამოყენების მხარდაჭერის გზით.

ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა ევროპისათვის

23. ბოლონიის პროცესში ხარისხის უზრუნველყოფა მთავარი საკითხია და მისი მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია გვთავაზობს ევროპისათვის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკას, დაფუძნებულს რწმენაზე, რომ სასწავლებლების ავტონომია ქმნის და მოითხოვს პასუხისმგებლობას, უნივერსიტეტები პასუხისმგებელნი არიან სწავლებისა და კვლევის შიდა ხარისხის კულტურის განვითარებაზე და რომ აღნიშნულის განვითარება ევროპის დონეზე, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, აუცილებელ შემდგომ ნაბიჯს წარმოადგენს.

24. შიდა ხარისხის კულტურა და ეფექტური პროცედურები ხელს უწყობს ინტელექტუალურ და სასწავლო მიღწევებს. ეფექტური ლიდერობა, მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა, ასევე, სტიმულს აძლევს ასეთ მიღწევებს. სტუდენტების აქტიური მონაწილეობით უნივერსიტეტებმა უნდა გააკონტროლონ და შეაფასონ საკუთარი მოღვაწეობა ყველა სფეროში, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მომსახურების დეპარტამენტების ჩათვლით. ხარისხის უზრუნველყოფის გარე პროცედურები, სასწავლებლების აუდიტის მეშვეობით, უნდა ამოწმებდნენ შიდა მონიტორინგის ეფექტურობას.

25. ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა განზომილებამ, ეროვნული კონტექსტისა და საგანთა არეალის გათვალისწინებით, უნდა გააუმჯობესოს ურთიერთნდობა და გამჭვირვალობა.

26. ევროპაში ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურების მიზანია: სწავლებისა და კვლევის, ასევე ორგანიზაციული ხარისხის გაუმჯობესება, ინსტიტუციური ავტონომიის პატივისცემა, შიდა ხარისხის კულტურის განვითარება, ხარჯების ეფექტიანობა, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების შეფასებათა გათვალისწინება, ბიუროკრატიისა და ხარჯების შემცირება და ზედმეტი რეგულირების თავიდან აცილება.

27. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია გვთავაზობს, რომ დაინტერესებულმა მხარეებმა და განსაკუთრებით უნივერსიტეტებმა უნდა ითანამშრომლონ ,,ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის კომიტეტის” შექმნის საკითხში. ეს ორგანიზაცია უნდა იყოს დამოუკიდებელი, პატივს სცემდეს უნივერსიტეტების პასუხისმგებლობას ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში და რეაგირებდეს საზოგადოებრის პრობლემებზე. მან უნდა უზრუნველყოს სადისკუსიო ფორუმების ორგანიზება და მცირე საბჭოს შექმნის საშუალებით გააკონტროლოს შემოთავაზებული პრინციპების კოდექსის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ხარისხის უზრუნველყოფის ჭეშმარიტად ევროპული განზომილების განვითარებას.

უნივერსიტეტები რეფორმის ცენტრში.

28. ბოლონიის პროცესს თავიდან პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, მაგრამ ახლა იგი იძენს მამოძრავებელ ძალას მასში ნებაყოფლობით ჩართული პარტნიორების - უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების, მთავრობების, სტუდენტების და სხვა დაინტერესებული მხარეების - აქტიური მონაწილეობით. ზემოდან ქვემოთ მიმართული რეფორმები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ 2010 წლამდე მიღწეულ იქნეს დასახული ამბიციური მიზნები. ამჟამად მთავარია რეფორმების სრული ინტეგრირება ინსტიტუციურ ფუნქციებსა და განვითარების პროცესებში თვითრეგულირებადი სისტემის შესაქმნელად. უნივერსიტეტებს უნდა მიეცეთ დრო საკანონმდებლო ცვლილების გასატარებლად აკადემიურ მიზნებსა და ინსტიტუციურ რეალობაში.

29. მთავრობებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა გააცნობიერონ ინსტიტუციური ინოვაციების მოცულობა და ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც უნივერსიტეტებს აქვთ ევროპული კვლევითი სივრცისა და ევროპული ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების გრძელვადიანი განვითარების პროცესში, როგორც ეს აღნიშნულია ევროკავშირის ლისაბონის დეკლარაციაში. ერთობლივი ქმედებით, ევროპული უმაღლესი განათლება, რომელიც ეხება ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, შეძლებს კონტინენტის გაუმჯობესებას.

10 უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნა უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრების კონფერენციის კომუნიკე ბერლინი, 2003 წლის 19 სექტემბერი

▲ზევით დაბრუნება


პრეამბულა

1999 წლის 19 ივნისს, სორბონის დეკლარაციის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციას. ისინი შეთანხმდნენ მნიშვნელოვან ერთობლივ ამოცანებზე 2010 წლისათვის ერთიანი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის (EHEA) ჩამოსაყალიბებლად. ბოლონიის პროცესის შედეგების შემსწავლელ პირველ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა პრაღაში, 2001 წლის 19 მაისს, მათ გაზარდეს დასახულ მიზანთა რაოდენობა და კვლავ დაადასტურეს ნაკისრი ვალდებულება შექმნან უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე 2010 წლისათვის. 2003 წლის 19 სექტემბერს ევროპის 33 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელი მინისტრები შეიკრიბნენ ბერლინში, რათა განეხილათ მიღწეული წარმატებები, დაესახათ პრიორიტეტები და ახალი მიზნები შემდგომი წლებისათვის უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნის დაჩქარების მიზნით. ისინი შეთანხმდნენ შემდეგ მოსაზრებებზე, პრინცი პებსა და პრიორიტეტებზე:

მინისტრები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ბოლონიის პროცესის სოციალური განზომილების მნიშვნელობას. კონკურენტუნარიანობის გაზრდის საჭიროება გაწონასწორებული უნდა იქნეს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის სოციალური მახასიათებელების გაუმჯობესებით, რომელთა მიზანია სოციალური თანადგომის გაძლიერება და სოციალურ და გენდერულ უთანასწორობათა შემცირება ნაციონალურ თუ ევროპულ დონეზე. ამ კონტექსტში მინისტრები ადასტურებენ თავიანთ პოზიციას, რომ უმაღლესი განათლება არის საზოგადოებრივი დოვლათი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. ისინი ხაზს უსვამენ, რომ საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობასა და გაცვლაში უპირატესობა აკადემიურ ღირებულებებს უნდა მიენიჭოს.

მინისტრები ჯეროვან ყურადღებას მიაპყრობენ ევროპის საბჭოს მიერ ლისაბონსა (2000წ.) და ბარსელონაში (2002წ.) გაკეთებულ დასკვნებს, რომელთა მიზანია ევროპაში შეიქმნას ,,მსოფლიოში ყველაზე კონკურენტუნარიანი და დინამიური, ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკა, რომელსაც ექნება სტაბილური ეკონომიკური ზრდის უნარი - სულ უფრო მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილებითა და უფრო მტკიცე სოციალური თანადგომით”, რაც მოითხოვს შემდგომ ნაბიჯებსა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ბოლონიის პროცესის კონტექსტში.

მინისტრები მხედველობაში იღებენ პრაღისა და ბერლინის შეხვედრებს შორის ბოლონიის პროცესის განვითარების თაობაზე სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშს. ისინი ასევე ითვალისწინებენ ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) მიერ მომზადებულ ანგარიშს - ,,ტენდენციები III”, ისევე როგორც რამდენიმე წევრი სახელმწიფოსა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სტუდენტების მიერ მოწყობილი სემინარების შედეგებს; ეს სემინარები პრაღისა და ბერლინის შეხვედრებს შორის სამუშაო პროგრამის ნაწილია. გარდა ამისა, მინისტრები აღნიშნავენ, რომ ეროვნული საანგარიშო მოხსენებები ბოლონიის პროცესის პრინცი პების გამოყენებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის თვალსაჩინო დადასტურებაა. და ბოლოს, ისინი მხედველობაში იღებენ ევროკომისიისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებს და ადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას პროცესის სისრულეში მოსაყვანად.

მინისტრები თანხმდებიან, რომ მიღებული უნდა იქნეს ზომები უმაღლეს განათლებასა და მეცნიერულ კვლევებს შორის მჭიდრო კავშირების უზრუნველსაყოფად. ჩამოყალიბების პროცესში მყოფი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე დიდ სარგებელს მიიღებს კვლევის ევროპულ სივრცესთან (ERA) ნაყოფიერი თანამშრომლობით, ამგვარად გაძლიერდება ,,ცოდნის ევროპის” საფუძველი; საბოლოო მიზანი ევროპის კულტურული სიმდიდრისა და ენობრივი ნაირფეროვნების დაცვაა, რაც მისი მრავალფეროვანი ტრადიციების მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული და, ასევე, ევროპის ინოვაციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ხელშეწყობაა, ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის მზარდი თანამშრომლობის მეშვეობით.

მინისტრები აღიარებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სტუდენტური ორგანიზაციების განმსაზღვრელ როლს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის განვითარებაში. ისინი მხედველობაში იღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გრაცის შეხვედრიდან გამომდინარე ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის რეკომენდაციებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაციის (EURASHE) წვლილს და ევროპაში სტუდენტების ეროვნული კავშირების (ESIB) საქმიანობას.

მინისტრები მიესალმებიან მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების მიერ გამოხატულ ინტერესს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის განვითარებისადმი და კონფერენციაზე განსაკუთრებით მიესალმებიან ევროპის იმ ქვეყნების წარმომადგენებს, რომლებიც ჯერ არ არიან ჩართული ბოლონიის პროცესში, ასევე ევროკავშირის, ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების (EULAC) უმაღლესი განათლების საერთო სივრცის შემსწავლელი კომიტეტის წარმომადგენლებს.

პროგრესი

მინისტრები მიესალმებიან უმაღლესი განათლების პრაღის სამიტის შემდგომ პერიოდში განხორციელებულ ინიციატივებს, მიმართულს შესადარებლობისა და თავსებადობისაკენ, უმაღლესი განათლების სისტემების გამჭვირვალობისა და ევროპული უმაღლესი განათლების ხარისხის დახვეწისაკენ როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეროვნულ დონეზე. მინისტრები მაღალ შეფასებას აძლევენ ყველა პარტნიორის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების - მიერ აღებულ პასუხისმგებლობასა და მათ თანამშრომლობას ამ მიმართულებით.

მინისტრები ყურადღებას ამახვილებენ ბოლონიის პროცესის ყველა დეტალის მნიშვნელობაზე უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ჩამოსაყალიბებლად და ხაზს უსვამენ ინსტიტუციურ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე საქმიანობის გააქტიურების საჭიროებას. პროცესისათვის შემდგომი იმპულსის მისაცემად მინისტრები მომავალი ორი წლისათვის ვალდებულებას იღებენ განახორციელონ შუალედური პრიორიტეტები. კერძოდ, გააძლიერებენ ძალისხმევას ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური სისტემების მხარდასაჭერად, ორსაფეხურიანი სისტემის ეფექტური გამოყენების გასაფართოებლად და აკადემიური ხარისხებისა და სწავლის ხანგრძლივობის ცნობის სისტემის გასაუმჯობესებლად.

ხარისხის უზრუნველყოფა

ცნობილია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის განვითარებაში უმთავრესი ადგილი უკავია. მინისტრები ვალდებულებას იღებენ ხელი შეუწყონ ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებას ინსტიტუციურ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ ხარისხის უზრუნველყოფის საკითხში ერთობლივად მიღებული კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიების საჭიროებას.

მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ უმაღლესი განათლების სისტემაში, ინსტიტუციური ავტონომიურობის პრინცი პების შესაბამისად, ხარისხის უზრუნველყოფაზე მთავარი პასუხისმგებლობა თვით საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკისრება. ეს უზრუნველყოფს საფუძველს აკადემიური სისტემის რეალური ანგარიშვალდებულებისათვის ხარისხის ეროვნული სისტემის ფარგლებში.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 2005 წლისათვის ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სისტემაში შევა:

  • პროცესში ჩართული ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების პასუხისმგებლობის განსაზღვრა;

  • პროგრამების ან სასწავლებლების შიდა და გარე შეფასება, სტუდენტების მონაწილეობითა და შედეგების გამოქვეყნებით;

  • აკრედიტაციის, სერტიფიკაციის ან სხვა შესაბამისი პროცედურების სისტემა;

  • საერთაშორისო მონაწილეობა, თანამშრომლობა და საერთო ქსელის შექმნა.

ევროპულ დონეზე მინისტრები მოუწოდებენ ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) წევრებს, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციასთან (EUA), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპულ ასოციაციასთან (EURASHE) და ევროპის სტუდენტების ეროვნულ კავშირებთან (ESIB) თანამშრომლობით განავითარონ ხარისხის უზრუნველყოფის შეთანხმებული სტანდარტები, პროცედურები და ინსტრუქციები, შეისწავლონ ხარისხის უზრუნველყოფის და/ან აკრედიტაციის სააგენტოების, ან ორგანოებისათვის შემოწმების ადეკვატური სისტემების უზრუნველყოფის გზები და 2005 წლისათვის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით ჩააბარონ მინისტრებს ანგარიში. შესაბამისი ანგარიში გაეწევა ხარისხის უზრუნველყოფის სხვა ასოციაციებისა და ქსელების გამოცდილებას.

აკადემიური ხარისხის სტრუქტურა:

ორ მთავარ საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება

მინისტრები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ისინი ბოლონიის დეკლარაციით დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად ახორციელებენ ორსაფეხურიან სისტემაზე გადასვლას, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის საყოველთაო რესტრუქტურიზაციას. ყველა მინისტრი იღებს ვალდებულებას, რომ 2005 წლისათვის ორსაფეხურიანი სისტემის დანერგვა დასრულდება.

მინისტრები ხაზს უსვამენ მიღწეული შედეგების განმტკიცების მნიშვნელობას და სასწავლებლებში ახალი კვალიფიკაციების შეთანხმებისა და მიღების გაუმჯობესებას, სასწავლებლებსა და დამქირავებლებს შორის მოლაპარაკებების მეშვეობით.

მინისტრები წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ თავიანთი უმაღლესი განათლების სისტემებისათვის შეიმუშაონ იოლად შესადარებელი და თავსებადი კვალიფიკაციების სტრუქტურა, რომელიც მიზნად დაისახავს აღწეროს კვალიფიკაციები სამუშაოს მოცულობის, დონის, სწავლის შედეგების, კომპეტენციების და პროფილის საშუალებით. ისინი, ასევე შეიმუშავებენ კვალიფიკაციების სტრუქტურას უმაღლესი განათლების ევროპული სივრცისათვის. ასეთი სტრუქტურის ფარგლებში აკადემიურ ხარისხებს ექნებათ სხვადასხვანაირად განსაზღვრული შედეგები. პირველი და მეორე საფეხურის აკადემიურ ხარისხებს უნდა ჰქონდეთ განსხვავებული მიმართულებები და მრავალფეროვანი პროფილები, რათა დააკმაყოფილონ ინდივიდუალური, აკადემიური და შრომის ბაზრის მოთხოვნები. პირველი აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ, კვალიფიკაციების ცნობის ლისაბონის კონვენციის შესაბამისად, სტუდენტს უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს მეორე საფეხურის პროგრამაში. მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხი დოქტორანტურაში სწავლის საშუალებას უნდა იძლეოდეს.

მინისტრები იწვევენ სამუშაო ჯგუფს იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება შემოკლებულ ვადებში განხორციელებული უმაღლესი განათლების დაკავშირება კვალიფიკაციების სტრუქტურის პირველი საფეხურის აკადემიურ ხარისხთან.

მინისტრები ხაზს უსვამენ თავიანთ ვალდებულებას უმაღლესი განათლება გახადონ ყველასათვის ხელმისაწვდომი, ყველა შესაძლო საშუალებებით.

მობილობის ხელშეწყობა

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შექმნის საფუძველი სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობაა. მინისტრები ხაზს უსვამენ მობილობის მნიშვნელობას როგორც აკადემიური და კულტურული, ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სფეროებისათვისაც. მინისტრები კმაყოფილებით შენიშნავენ, რომ მათი ბოლო შეხვედრის შემდეგ გააქტიურდა და გაიზარდა მობილობა ევროკავშირის პროგრამების წყალობით. ისინი შეთანხმდნენ, რომ გადადგმული იქნება ნაბიჯები სტუდენტების მობილობის სტატისტიკური მონაცემების ხარისხისა და სისრულის გასაუმჯობესებლად.

მინისტრები ადასტურებენ თავიანთ განზრახვას გამოიყენონ მაქსიმალური ძალისხმევა იმ დაბრკოლებათა გადასალახავად, რომლებიც აფერხებენ მობილობას უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში. სტუდენტთა მობილობის ხელშეწყობის მიზნით მინისტრები გადადგამენ აუცილებელ ნაბიჯებს, რათა სტუდენტებმა შეძლონ ეროვნული გრანტებისა და სესხების გამოყენება

კრედიტების სისტემის შემოღება

მინისტრები აღნიშნავენ კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემის (ECTS) მნიშვნელოვან როლს სტუდენტთა მობილობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო კურიკულუმების განვითარების საქმეში. კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა ხდება კრედიტების ეროვნული სისტემის საფუძველი. მინისტრები მხარს უჭერენ კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემის შემდგომ განვითარებას იმ მიზნით, რომ იგი გახდება არა მხოლოდ ტრანსფერის, არამედ კრედიტების დაგროვების სისტემაც და გამოყენებული იქნება ჩამოყალიბების პროცესში მყოფი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის განვითარების პარალელურად.

აკადემიური ხარისხების აღიარება: იოლად გასაგები და შესადარებელი ხარისხების სისტემის შემოღება

მინისტრები ხაზს უსვამენ ლისაბონის კონვენციის მნიშვნელობას, რომელიც ბოლონიის პროცესში მონაწილე ყველა ქვეყნის მიერ უნდა იქნეს რატიფიცირებული, და მოუწოდებენ საინფორმაციო ცენტრების ევროპულ ქსელს (ENIC) და აკადემიური ცნობის ეროვნულ საინფორმაციო ცენტრებს (NARIC) კომპეტენტურ ეროვნულ ხელისუფლებასთან ერთად ხელი შეუწყონ კონვენციის შემდგომ დანერგვას.

მათ მიზნად დაისახეს, რომ 2005 წლიდან ყოველმა კურსდამთავრებულმა ავტომატურად და, ამავე დროს, უფასოდ მიიღოს დი პლომის დანართი. დი პლომის დანართი უნდა შეიქმნას და გაიცეს ევროპაში ფართოდ გავრცელებულ ენაზე.

მინისტრები მიმართავენ სასწავლებლებსა და დამქირავებლებს გამოიყენონ დი პლომის დანართი, ისარგებლონ აკადემიური ხარისხების სისტემების გაუმჯობესებული გამჭვირვალობითა და მოქნილობით, ამით კი ხელი შეუწყონ დასაქმების შესაძლებლობების ზრდასა და შემდგომი სწავლისათვის აკადემიური აღიარების გაიოლებას.

უმაღლესი განათლების დაწესებულებები და სტუდენტები

მინისტრები მიესალმებიან ბოლონიის პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სტუდენტების მონაწილეობის მზაობას და აღიარებენ, რომ ამ პროცესში ყველა პარტნიორის აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მის გრძელვადიან წარმატებას.

აცნობიერებენ რა იმ წვლილს, რომლის შეტანაც შეუძლიათ ძლიერ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკურ და სოციალურ განვითრებაში, მინისტრები აღიარებენ, რომ მათ უნდა მიეცეთ უფლება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება შიდა ორგანიზაციულ და ადმინიტრაციულ საკითხებზე. მინისტრები მოუწოდებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უზრუნველყონ რეფორმების სრული ინტეგრაცია დაწესებულებათა ძირითად ფუნქციებსა და პროცესებში.

მინისტრები აღნიშნავენ ბოლონიის პროცესში სტუდენტური ორგანიზაციების კონსტრუქციულ მონაწილეობას და ხაზს უსვამენ სამომავლო ღონისძიებებში სტუდენტების უწყვეტად და ადრეული ეტაპიდან ჩართვის აუცილებლობას.

სტუდენტები უმაღლესი განათლების მართვის სრულუფლებიანი პარტნიორები არიან. მინისტრები აღნიშნავენ, რომ ეროვნული სამართლებრივი ზომები სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის ფართოდაა მიღებული უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში. ისინი, ასევე მოუწოდებენ სასწავლებლებსა და სტუდენტთა ორგანიზაციებს გამონახონ სხვადასხვა გზები, რომელთა მეშვეობითაც მოხდება უმაღლესი განათლების მართვაში სტუდენტების მონაწილეობის გაზრდა.

მინისტრები აქცენტს აკეთებენ სტუდენტებისათვის სწავლისა და ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნის საჭიროებაზე, რათა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად მათ შეძლონ სწავლის წარმატებით დასრულება სათანადო დროში. ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ შესადარებელი მონაცემების არსებობის აუცილებლობას.

ევროპული განზომილებები უმაღლეს განათლებაში

მინისტრები აღნიშნავენ, რომ პრაღის მოწოდების შესაბამისად ვითარდება ევროპული კონტექსტისა და მიმართულების დამატებითი მოდულები, კურსები და კურიკულუმები. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინიციატივა გამოიჩინეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რათა თავიანთი აკადემიური რესურსებისა და კულტურული ტრადიციების გაერთიანებით ხელი შეუწყონ ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ერთობლივი აკადემიური ხარისხების განვითარებას პირველ, მეორე და მესამე საფეხურებზე.

გარდა ამისა, ისინი ხაზს უსვამენ საზღვარგარეთ სწავლის შესაბამისი პერიოდის უზრუნველყოფის აუცილებლობას ერთობლივი აკადემიური ხარისხების პროგრამების ფარგლებში, ისევე როგორც შესაბამის პირობებს ენობრივი მრავალფეროვნებისა და ენის სწავლებისათვის, რათა სტუდენტებმა შეძლონ თავიანთი პოტენციალის სრულყოფილი გამოყენება შრომის ბაზარზე და გააცნობიერონ ევროპის მოქალაქეობა.

მინისტრები თანახმანი არიან პასუხისმგებლობა აიღონ და ეროვნულ დონეზე გამორიცხონ ყველა საკანონმდებლო წინააღმდეგობა, რაც ხელს უშლის ასეთი აკადემიური ხარისხების ცნობასა და დანერგვას; და აქტიურად დაუჭირონ მხარი ერთობლივი აკადემიური ხარისხის მისაღწევად ინტეგრირებული კურიკულუმების განვითარებას და ხარისხის ადეკვატურ უზრუნველყოფას.

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის მიმზიდველობა

მინისტრები აღიარებენ, რომ ევროპული უმაღლესი განათლების მიმზიდველობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. მათ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ შეიმუშავებენ სტი პენდიების პროგრამებს მესამე ქვეყნების სტუდენტებისათვის.

მინისტრები აცხადებენ, რომ უმაღლესი განათლების სფეროში ტრანსნაციონალური გაცვლები უნდა ხორციელდებოდეს აკადემიური ღირებულებების ბაზაზე და თანახმანი არიან იმუშაონ ამ მიმართულებით ყველა შესაბამის ფორუმზე. ყველა სათანადო ვითარებაში ასეთი ფორუმები უნდა ითვალისწინებდნენ სოციალურ და ეკონომიკურ პარტნიორებს.

ისინი მხარს უჭერენ რეგიონებთან თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ამ რეგიონების წარმომადგენლებისათვის ბოლონიის სემინარებისა და კონფერენციების ჩატარებით.

სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში

მინისტრები ხაზს უსვამენ უმაღლესი განათლების მნიშვნელობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის უზრუნველსაყოფად. ისინი ღებულობენ სათანადო ზომებს, რათა შეასწორონ თავიანთი ეროვნული პოლიტიკა აღნიშნული მიზნის რეალიზებისათვის და დაარწმუნონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ყველა დაინტერესებული პირი, რომ გაზარდონ შესაძლებლობები, რათა უმაღლესი განათლების დონეზე უზრუნველყოფილ იქნეს სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, წინა განათლების აღიარების ჩათვლით. მათ აღნიშნეს, რომ ამგვარი მოქმედება უნდა იყოს უმაღლესი განათლების შემადგენელი ნაწილი.

გარდა ამისა, მინისტრები მოუწოდებენ მათაც, ვინც მუშაობენ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის კვალიფიკაციების სტრუქტურაზე, შექმნან ფართომასშტაბიანი მოქნილი სწავლის გზები, შესაძლებლობები და ტექნიკური რესურსები და უზრუნველყონ კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) კრედიტების სათანადო გამოყენება. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ყველა მოქალაქისათვის პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე მათი უნარისა და მისწრაფებების შესაბამისად, რათა მათ შეძლონ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა უმაღლესი განათლების სფეროში.

დამატებითი ღონისძიებები

უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე და კვლევის ევროპული სივრცე - ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების ორი საყრდენი აცნობიერებენ რა უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცესა და კვლევის ევროპულ სივრცეს შორის უფრო ახლო კავშირების ხელშეწყობის აუცილებლობას, და მთელ ევროპაში კვლევების როგორც უმაღლესი განათლების განუყოფელი ნაწილის მნიშვნელობას, მინისტრები საჭიროდ მიიჩნევენ, რომ ბოლონიის პროცესში ამჟამად არსებული უმაღლესი განათლების ორი ძირითადი საფეხურის გარდა მესამე საფეხურად შეიტანონ დოქტორანტურის დონე.

მათ ხაზი გაუსვეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევების, კვლევის სწავლებისა და ინტერდისცი პლინურობის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და ევროპის უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის. მინისტრები მიიჩნევენ, რომ უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ დოქტორანტურისა და დოქტორანტურის შემდგომ საფეხურებზე მობილობას და ამ პროცესებში ჩართულ სასწავლებლებს ურჩევენ გააძლიერონ თანამშრომლობა დოქტორანტურაში სწავლისა და ახალგაზრდა მეცნიერების მომზადების სფეროში.

მინისტრები გაატარებენ ყველა აუცილებელ ღონისძიებას, რათა ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გახდნენ უფრო მიმზიდველი და ეფექტიანი პარტნიორები. ამიტომაც მინისტრებმა მიმართეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ გაზარდონ სამეცნიერო კვლევების როლი ტექნოლოგიური, სოციალური და კულტურული წინსვლისათვის.

მინისტრები აცნობიერებენ, რომ არსებობს წინააღმდეგობები, რომლებიც ამუხრუჭებენ ამ მიზნის მიღწევას და რომ მათი მოგვარება შეუძლებელია მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ. იგი მოითხოვს ძლიერ მხარდაჭერას (ფინანსურის ჩათვლით) და ეროვნული მთავრობებისა და ევროპული ორგანოების შესაბამის გადაწყვეტილებებს. და ბოლოს, მინისტრებმა განაცხადეს, რომ ხელი უნდა შეეწყოს დოქტორანტურის საფეხურზე ქსელების არსებობას, რაც სტიმულს მისცემს უმაღლესი განათლების სრულყოფას და გახდება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ერთ-ერთი მახასიათებელი.

მიმოხილვა

2010 წლისათვის დასახული მიზნების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ მიღებული იქნება ზომები ბოლონიის პროცესში მიღწეული შედეგების ანალიზისათვის. შუალედური შეფასების პროცედურა რეალურად მიმდინარე პროცესების შესახებ სანდო ინფორმაციას მოგვაწვდის და საჭიროების შემთხვევაში შემოგვთავაზებს კორექტირების ღონისძიებებს.

მინისტრებმა სამუშაო ჯგუფს დაავალეს 2005 წლის სამიტისათვის მიღწეული შედეგების შეჯამების პროცესის ორგანიზება და დეტალური მოხსენებების მომზადება იმ შუალედური პრიორიტეტების პროგრესსა და განხორციელებაზე, რომელიც მომავალი ორი წლისათვისაა დასახული:

  • ხარისხის უზრუნველყოფა,

  • ორსაფეხურიანი სისტემა,

  • აკადემიური ხარისხებისა და სწავლის ხანგრძლივობის აღიარება.

გარდა ამისა, მონაწილე ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უმაღლესი განათლების კვლევისათვის ბოლონიის პროცესის მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მიმდინარე კვლევებისა და კვლევის შედეგების საინფორმაციო ბაზებზე ხელმისაწვდომობა გამარტივებული უნდა იქნეს.

შემდგომი ნაბიები

ახალი წევრები

მინისტრები აუცილებლად მიიჩნევენ პრაღის კომუნიკეს შესაბამისი დებულების, ,,განაცხადზე გაწევრიანების შესახებ”, ადაპტირებას შემდეგი სახით: ევროპის კულტურული კონვენციის მონაწილე ქვეყნებს უფლება აქვთ გაწევრიანდნენ უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში, თუ გამოხატავენ სურვილს განახორციელონ ბოლონიის პროცესის მიზნები თავიანთი უმაღლესი განათლების სისტემებში. გასაწევრიანებელი ქვეყნების განაცხადები უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დანერგავენ დეკლარაციის პრინცი პებსა და მიზნებს.

მინისტრებმა გადაწყვიტეს, მიეღოთ ალბანეთის, ანდორის, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის, წმინდა საყდრის, რუსეთის, სერბეთის, მონტენეგროსა და ,,ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის” განაცხადები გაწევრიანების შესახებ და მიესალმნენ ამ ქვეყნებს, როგორც ახალ წევრებს. ამრიგად, პროცესი 40 ევროპულ ქვეყნამდე გაფართოვდა.

მინისტრები აღიარებენ, რომ ბოლონიის პროცესში მონაწილეობის მიღება გულისხმობს არსებით ცვლილებას და რეფორმას ყოველი ხელმომწერი ქვეყნისათვის. ისინი შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ ახალ წევრებს ცვლილებებსა და რეფორმებში მათი დისკუსიებსა და ურთიერთდახმარების პროცესებში ჩართვით, რაც გათვალისწინებულია ბოლონიის პროცესით .

სტრუქტურა

მინისტრები კომუნიკეში შეტანილი ყოველი საკითხის განხილვას, ბოლონიის პროცესის წარმართვას და შემდეგ მინისტრთა შეხვედრის დაგეგმვას ანდობენ სამუშაო ჯგუფს, რომელიც უნდა შედგებოდეს ბოლონიის პროცესისა და ევროკომისიის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენლებისაგან. ხოლო ევროპის საბჭო, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაცია (EURASHE), ევროპაში სტუდენტების ეროვნული კავშირები (ESIB) და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO/CEPES) ისარგებლებენ მრჩევლის სტატუსით. წელიწადში ორჯერ ამ ჯგუფის შეხვედრას უნდა თავმჯდომარეობდეს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც იმ დროისათვის თავმჯდომარეობს ევროკავშირში, რომელსაც მოადგილეობას გაუწევს შემდეგი კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელის ხელმძღვანელობით შეიქმნება საბჭო, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სამუშაო ჯგუფის საქმიანობას. ამ ჯგუფის შემადგენლობაში შევა თავმჯდომარე, მომავალი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი - როგორც მოადგილე, ევროკავშირის ყოფილი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლები, სამი მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთაც აირჩევს სამუშაო ჯგუფი ერთი წლით; ევროკომისიის წარმომადგენლები და როგორც მრჩეველი წევრები: ევროპის საბჭო, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაცია (EURASHE) და ევროპაში სტუდენტების ეროვნული კავშირები (ESIB). სამუშაო ჯგუფს და საბჭოს, საჭიროებისამებრ, შეუძლიათ მოიწვიონ სპეციალური მუშა ჯგუფები.

შედეგების შემსწავლელ შემდგომ საქმიანობას ხელს შეუწყობს სამდივნო, რომელიც შეიქმნება მინისტრთა შემდეგი კონფერენციის მასპინძელი ქვეყნის მიერ.

ბერლინის კონფერენციის შემდგომ გამართულ პირველ შეკრებაზე სამუშაო ჯგუფს მოეთხოვება განსაზღვროს საბჭოს პასუხისმგებლობა და სამდივნოს ამოცანები.

სამუშაო პროგრამა 2003-2005

მინისტრები სთხოვენ სამუშაო ჯგუფს, კოორდინაცია გაუწიოს სამუშაოებს ბოლონიის პროცესის წინსვლისათვის ისე, როგორც მითითებულია ამ კომუნიკეში და გააკეთოს ამის შესახებ საანგარიშო მოხსენება მინისტრთა შემდგომ შეხვედრაზე 2005 წელს.

შემდეგი კონფერენცია

მინისტრების გადაწყვიტილებით შემდეგი კონფერენცია ჩატარდება 2005 წლის მაისში, ქალაქ ბერგენში (ნორვეგია).

11 აბრევიატურები

▲ზევით დაბრუნება


ECTS

The European Credit Transfer and Accumulation System კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა http://europa.eu.int/comm//education/programmes/ socrates/ects-en.html

EHEA

European Higher Education area უმაღლესი განათლების ევროპული სივრცე

EUA

European university association ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია www.eua.be

ERA

European Research area კვლევის ევროპული სივრცე www.cordis.lu/era

EURASHE

European Association of Institutions in Higher Education საგანმანათლებლო დაწესებულებების ევროპული ასოციაცია www.eurashe.be

EULAC

Common Area for Higher Education in the European Union, Latin America and the Caribbean ევროკავშირის, ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების უმაღლესი განათლების საერთო სივრცე www.6x4uelac.org/docs/Weber-Merida.pdf

ESIB

The National Unions of Students in Europe ევროპაში სტუდენტების ეროვნული კავშირები www.esib.org

ENQA

The European Association for Quality Assurance in Higher Education უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია www.enqa.net

ENIC

European Network of Information Centres საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელი www.enic-naric.net

NARIC

National Academic Recognition Information Centres აკადემიური ცნობის ეროვნული საინფორმაციო ცენტრები www.enic-naric.net

CEPEC

European Centre for higher Education უმაღლესი განათლების ევროპული ცენტრი www.cepes.ro

DS

Diploma Supplement დიპლომის დანართი http: //europa. eu.int/comm/ education/policies/ rec-qual/recognition/diploma-en.html

SOCRATES

ევროკომისიის განათლების ხელშეწყობის პროგრამა http://europa.eu.int/comm/ education/programmes/

Leonardo da vinci

(ლეონარდო და ვინჩი)

ევროკომისიის პროფესიული მომზადების ხელშეწყობის პროგრამა http://europa. eu.int/comm/education/programmes/

Tempus-Cards (ტემპუსკარდი)

ევროკომისიის ტემპუსის პროგრამის პირველი ნაწილი, შეიქმნა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უმაღლესი განათლების რეფორმების მხარდასაჭერად http://europa.eu.int/comm/education/programmes/

12 ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ავტონომია - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა

აკადემიური ხარისხი/დიპლომი - აკადემიური ხარისხი ადასტურებს სტუდენტისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დადგენილი სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მინიჭებულ კვალიფიკაციას. კრედიტების დაგროვების სისტემაში პროგრამა სრულდება სწავლის შედეგების სპეციფიკური ერთობლიობის მიღწევისათვის კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის მინიჭების საშუალებით.

დიპლომამადელი სწავლება - დიპლომამადელ სწავლებაში იგულისხმება სწავლის პერიოდი პირველი აკადემიური ხარისხის მიღებამდე.

დიპლომის დანართი - დიპლომის დანართი წარმოადგენს ოფიციალური აკადემიური ხარისხის/ კვალიფიკაციის დამატებას, რომლის მიზანია სწავლების ხასიათის, დონის, კონტექსტის, შინაარსისა და სტატუსის აღწერა, რომელიც განხორციელებულია და წარმატებით არის დასრულებული აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მფლობელის მიერ. მის საფუძველს წარმოადგენს ევროკომისიის, ევროპის საბჭოსა და UNESCO/CEPES-ის მიერ შემუშავებული მოდელი. იგი აუმჯობესებს საერთაშორისო გამჭვირვალობასა და კვალიფიკაციების აკადემიურ/პროფესიულ აღიარებას.

დიპლომის შემდგომი სწავლება - სწავლების კურსი პირველი აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ, რომელიც, ჩვეულებრივ, მთავრდება მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.

დოქტორის ხარისხი - დოქტორის ხარისხი არის საერთაშორისო აღიარებული მაღალი დონის კვალიფიკაცია, რომელიც მის მფლობელს აძლევს კვლევისა და აკადემიური მუშაობის წარმოების უფლებას. ის შეიცავს ორიგინალურ სამეცნიერო კვლევას, რომელიც წარმოდგენილია დისერტაციაში (თეზისში). მას ამჟამად განიხილავენ როგორც აკადემიურ ხარისხს, მინიჭებულს მესამე საფეხურის დასრულების შემდეგ.

ერთობლივი აკადემიური ხარისხი - ხარისხი, რომელიც ენიჭება მობილურ სტუდენტს ორი (ან მეტი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთობლივად შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ.

კრედიტი - ECTS შემთხვევაში კრედიტი დროის ერთეულებში გამოსახული სტუდენტის დატვირთვის ზომას წარმოადგენს.

კრედიტების დაგროვება - კრედიტების დაგროვების სისტემაში პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად სემესტრის, აკადემიური წლის ან სრული პროგრამის წარმატებით დასრულებისათვის კრედიტების განსაზღვრული რაოდენობა უნდა იყოს მიღებული. კრედიტების მინიჭება და დაგროვება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ სწავლის განსაზღვრული შედეგის წარმატებით დასრულება დადასტურებულია შეფასებით.

კრედიტების ტრანსფერი - მობილური სტუდენტის მიერ მშობლიურ და მასპინძელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების გადატანა ურთიერთაღიარების მიზნით.

კრედიტების ტრანსფერისა და აკუმულაციის ევროპული სისტემა (ECTS) - ECTS არის სისტემა, რომლის მიზანია საგანმანათლებლო სისტემების გამჭვირვალობისა და ევროპის რეგიონში სტუდენტთა მობილობის გაუმჯობესება კრედიტების ტრანსფერის საშუალებით. ის ეფუძნება ძირითად დებულებას, რომ აკადემიური წლის განმავლობაში სწავლების საერთო დატვირთვა 60 კრედიტის ტოლია. 60 კრედიტი ნაწილდება კურსებზე ან მოდულებზე შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევისათვის სტუდენტის დატვირთვის აღსაწერად. კრედიტის ტრანსფერი გარანტირებულია დეტალური ხელშეკრულებით, რომელსაც ხელს აწერენ სტუდენტის მშობლიური უნივერსიტეტი, მასპინძელი უნივერსიტეტი და თავად მობილური სტუდენტი.

კურიკულუმი - იხილე საგანმანათლებლო პროგრამა

მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხი - მეორე საფეხურის აკადემიური ხარისხი არის უმაღლესი განათლების კვალიფიკაცია, რომელიც ენიჭება პიროვნებას მეორე საფეხურის წარმატებით დასრულების შემდეგ. ეს საფეხური შეიძლება მოიცავდეს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოსაც. ჩვეულებრივ, სტუდენტი დაიშვება მეორე საფეხურზე პირველი საფეხურის აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ.

მობილობა - სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ აკადემიური ხარისხებისა და კვალიფიკაციის ცნობით.

მობილური სტუდენტი - სტუდენტი, რომელიც აკადემიური ხარისხის მიღებისათვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მშობლიური უნივერსიტეტის ფარგლებს გარეთ (ხშირად სხვა ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში) გადის.

პირველი აკადემიური ხარისხი - ბოლონიის დეკლარაციით განსაზღვრული უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის კვალიფიკაცია, რომელიც ენიჭება კურსდამთავრებულს მინიმუმ სამი წლის სწავლის ან 180 კრედიტის დაგროვების შემდეგ.

საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) - სასწავლო კურსების ერთობლიობა (მათი მიზნები და ამოცანები, შინაარსიდა მოცულობა, ცოდნისა და უნარ-ჩვევების ხარისხის შეფასების სისტემა, სასწავლო პროცესის ორგანიზების თავისებურებები და მეთოდური უზრუნველყოფა), რომელიც სათანადო აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლადაა გამიზნული.

საფეხური - საფეხური წარმოადგენს სწავლების კურსს, რომელიც იძლევა აკადემიურ ხარისხს. ბოლონიის დეკლარაციაში დასახელებული ერთ-ერთი მოთხოვნა არის ,,ორ ძირითად, დიპლომამდელ და დიპლომის შემდგომ, საფეხურზე დაფუძნებული სისტემის შემოღება”. ამჟამად სწავლა დოქტორანტურაში ითვლება მესამე საფეხურად.

სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში - საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომლის მიზანია პიროვნებისათვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მისი საგანმანათლებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ოპტიმალური პირობების შექმნა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს); რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზება, სამეცნიერო კვლევების განხორციელება და შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა, რომელიც შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხებს).

უნარ-ჩვევები - უნარ-ჩვევები არის სწავლის პროცესში ფორმირებული შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება დაიყოს ,,საგნობრივად” და ,,ზოგადად”.

ხარისხი - სასწავლო პროცესისა და მისი შედეგების ინტეგრალური მახასიათებელი, რომელიც სასწავლო პროგრამების შინაარსითა და პედაგოგთა კვალიფიკაციით განისაზღვრება.

ხარისხის უზრუნველყოფა - შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.