![]() |
კონკურენციის მნიშვნელობა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ჰაიეკი ფრიდრიხ აუგუსტ |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © ხანთაძე დავითი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 1 |
▲ზევით დაბრუნება |
კონკურენციის მნიშვნელობა1
უკანასკნელ ხანს ეკონომისტები თითქოს სულ უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ ,,კონკურენციის” მათეული გაგება არ ემთხვევა იმას, რასაც ჩვენ ყოველდღიურობაში ვგულისხმობთ. მაგრამ, მიუხედავად დისკუსიის კონკრეტულ სფეროში გადატანის, ,,მისი მიწაზე დაშვების” რამდენიმე თამამი ცდისა, რათა ყურადღება რეალური ცხოვრების პრობლემებისკენ მიემართათ (პირველ რიგში ეს ეხებათ ჯ. მ. კლარკსა და ფ. მაჰლუპს),2 მაინც, ზოგადად, მიჩნეულია, რომ ეკონომისტების მიერ კონკურენციის დღევანდელი გაგება უფრო წონადია, ხოლო ბიზნესმენებს იგი არასწორად ესმით, და, რომ ეგრეთ წოდებული ,,სრულყოფილი კონკურენციის” თეორია ადეკვატურ მოდელს იძლევა რეალურ ცხოვრებაში კონკურენციის ეფექტიანობის შეფასებისთვის, მეტიც - რამდენადაც რეალური კონკურენცია ამ მოდელისგან განსხვავდება - ის არასასურველი და საზიანოც კია.
ასეთ თვალსაზრისს, ჩემი აზრით, ცოტა რამ თუ ამართლებს. ვეცდები ვაჩვენო, რომ, რასაც სრულყოფილი კონკურენცია გულისხმობს, ძნელია საერთოდ ,,კონკურენციად” მივიჩნიოთ და, რომ მისი დასკვნები არ გამოდგება სწორი პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად. ამის მიზეზი, ვფიქრობ, ისაა, რომ ეს თეორია იმ გარემოებების არსებობის ვარაუდს ეფუძნება, რომლებსაც, უფრო მართებული ძველი თეორიის თანახმად, კონკურენციის პროცესი წარმოშობს (ან უახლოვდება მას), და, თუკი სრულყოფილი კონკურენციის თეორიით ნავარაუდები პირობები ოდესმე იარსებებდა, ის არა მარტო შეზღუდავდა სიტყვა ,,კონკურენციით” ნაგულისხმებ ყოველგვარ აქტივობას, არამედ მათ პრაქტიკულად გამორიცხავდა.
პრობლემა სიტყვა ,,კონკურენციის” გამოყენების ფარგლებს რომ არ სცდებოდეს, ეს დიდ სირთულეებს არ შეგვიქმნიდა. საქმე ისაა, რომ ეკონომისტებს, ამ სიტყვის სპეციფიკური გამოყენებით, თითქოს შეცდომაში შეჰყავთ თავისი თავი, რომელსაც არწმუნებენ, რომ ,,კონკურენციაზე” მსჯელობისას რაღაც არსებითს ამბობენ იმ პროცესის ბუნებისა და მნიშვნელობის შესახებ, რომელიც მოვლენათა კონკრეტულ ვითარებას განაპირობებს, მაშინ როცა სინამდვილეში მხოლოდ მისი არსებობის უბრალო კონსტატაციას სჯერდებიან და, ამდენად, ეკონომიკური ცხოვრების მამოძრავებელი ძალა, არსებითად, სამეცნიერო განხილვის მიღმა რჩება.
ამ შემთხვევაში არ ვაპირებ შევეხო მიზეზებს, რომელთა გამოც კონკურენციის თეორია ასეთ უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა. როგორც უკვე ვთქვი, ტავტოლოგიური მეთოდი, ასე აუცილებელი და ადეკვატური ინდივიდუალური ქმედების ანალიზისას, არალეგიტიმურად გავრცელდა სოციალური პროცესების პრობლემებზე, რომლებშიც მრავალი ინდივიდის გადაწყვეტილებები ურთიერთქმედებს და გარდაუვალად ენაცვლება ერთმანეთს დროში. ეკონომიკური გამოთვლები (ან არჩევანის წმინდა ლოგიკა), რომელიც დაკავებულია პირველი ტიპის პრობლემით, ადამიანური დამოკიდებულების შესაძლო ალბათობების კლასიფიკაციის ინსტრუმენტს წარმოადგენს და ერთი გეგმის ცალკეული ელემენტების ურთიერთკავშირის აღწერის ტექნიკით აღგვჭურვავს. მისი დასკვნები მისსავე დაშვებებშია ნაგულისხმები: სურვილები და ფაქტების ცოდნა, რომლებიც ითვლება, რომ ერთდროულადაა ცნობილი ცალკეული გონებისთვის, ერთადერთ, ცალსახა გადაწყვეტას განაპირობებს. ამ ტიპის ანალიზში განხილული ურთიერთობები ლოგიკური ხასიათისაა და მხოლოდ იმ დასკვნებს მოიცავს, რომლებიც დამგეგმავი ინდივიდის გონებისთვის მოცემული დაშვებებიდან გამომდინარეობს.
მაგრამ, როდესაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა საკუთარი, ინდივიდუალური გეგმების ჩამოყალიბებას ცდილობს, ვეღარ დავუშვებთ, რომ მონაცემები ყველა ინდივიდისთვის ერთი და იგივეა. ამ შემთხვევაში გასარკვევია, თუ როგორაა მორგებული განსხვავებულ ინდივიდთა ,,მონაცემები” მათი გარემოს ობიექტურ ფაქტებზე (რაც სხვა ადამიანების მოქმედებასაც გულისხმობს). მართალია, ამ ტიპის პრობლემების გადაწყვეტისას კვლავ გვიწევს მოცემული მონაცემებიდან გამომდინარე შედეგების სწრაფი დადგენის მეთოდის გამოყენება, მაგრამ ახლა საქმე გვაქვს არა მარტო განსხვავებულ პირთა მონაცემების ცალკეულ სიმრავლესთან, არამედ, ამავე დროს - და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - პროცესთან, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ცალკეული ინდივიდისთვის მონაცემთა მუდმივ ცვლილებას. როგორც აღვნიშნე, ამ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორი სხვადასხვა ინდივიდის მიერ ახალი ცოდნის შეძენის ან მათ შორის არსებული ურთიერთობებით გამოწვეულ მონაცემთა ცვლილების სახით შემოდის.
ამ პრობლემის კონტექსტში ზემოთქმულის მნიშვნელობა ცხადი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ კონკურენციის თანამედროვე თეორია, როგორც წესი, ისეთ მდგომარეობას განიხილავს, რომელსაც ,,კონკურენტულ წონასწორობას” უწოდებენ და რომელიც სხვადასხვა ინდივიდთა მონაცემების ერთმანეთზე სრულად მორგებას გულისხმობს, მაშინ როცა არსებითია იმ პროცესის ბუნების ახსნა, რომლის მეშვეობითაც ხდება ამ მონაცემთა ამგვარი მორგება. სხვანაირად, კონკურენტული წონასწორობის აღწერა არც კი ცდილობს იმის თქმას, რომ ამა და ამ პირობის არსებობისას დადგება ესა და ეს შედეგი, არამედ იფარგლება იმ პირობების განსაზღვრით, რომლებშიც შესაძლო შედეგები თავისთავად იგულისხმება და რომლებიც, სავარაუდოდ, შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ისინი. ან, წინ რომ გავუსწროთ მოვლენებს და მოკლედ განვაზოგადოთ, კონკურენცია თავისი ბუნებით დინამიკური პროცესია, რომლის არსებითი თვისებები იმ დაშვებებით იჩქმალება, რომლებიც საფუძვლად უდევს სტატიკურ ანალიზს.
_______________
1. ამ ესეში გადმოცემულია სტაფორდის მოკლე ლექციის შინაარსი, რომელიც ავტორმა წაიკითხა პრინსტონის უნივერსიტეტში 1946 წლის 20 მაისს.
2. ჟ. მ. კლარკი, ,,ქმედითი კონკურენციის შესახებ,” American Economic Review, ტომი XXX (1940 წლის ივნისი); ფ. მაჰლუპი, ,,კონკურენცია, პლაიოპოლი და მოგება,” Economica, ტომი IX (ახალი სერ.; 1942 წელი, თებერვალი და მაისი).
![]() |
2 2 |
▲ზევით დაბრუნება |
ის, რომ კონკურენტული წონასწორობის თანამედროვე თეორია თავიდანვე ისეთი სიტუაციის არსებობას უშვებს, რომელიც ჭეშმარიტმა განმარტებამ კონკურენტული პროცესის შედეგად უნდა წარმოგვიდგინოს, კარგად ჩანს ნებისმიერ თანამედროვე სახელმძღვანელოში მოცემული პირობების ჩვეულ ჩამონათვალში. მათი უმეტესობა, სხვათა შორის, არა მარტო ,,სრულყოფილი“ კონკურენციის ანალიზის საფუძველია, არამედ სხვადასხვა ,,არასრულყოფილი“ ან ,,მონოპოლისტური“ ბაზრების განხილვისასაც იგულისხმება, რომლებიც, ყოველთვის, ერთგვარად არარეალური ,,სრულყოფილების“ დაშვებებს ეფუძნება.1 თუმცა, ჩვენი უშუალო მიზნისთვის ყველაზე სასარგებლო იქნებოდა სწორედ სრულყოფილი კონკურენციის თეორიის ანალიზი.
მაშინ, როცა სხვადასხვა ავტორი სრულყოფილი კონკურენციის ძირითად პირობებს განსხვავებულად განსაზღვრავს, ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალი ჩვენი მიზნისთვის ალბათ სრულიად საკმარისია, რადგან, როგორც დავინახავთ, ეს პირობები სინამდვილეში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. საყოველთაოდ მიღებული შეხედულებით, სრულყოფილი კონკურენცია გულისხმობს:
1. ერთგვაროვან საქონელს, რომელზეც არსებობს მიწოდება და მოთხოვნა შედარებით დიდი რაოდენობის მცირე მეწარმეთა და მომხმარებელთა მხრიდან და როდესაც თავისი ქმედებით ფასზე საგრძნობ ზემოქმედებას არც ერთი ელის; თავისუფალ შესვლას ბაზარზე და ფასების ცვლილებასა და რესურსების მოძრაობაზე სხვა შეზღუდვების არარსებობას, ბაზრის ყველა მონაწილის მიერ არსებითი გარემოების სრულ ცოდნას.
მსჯელობის ამ ეტაპზე არ არის საინტერესო, თუ რისთვისაა საჭირო ეს პირობები და რას გულისხმობს მათი დაშვება. მაგრამ, უნდა ვცადოთ გავერკვეთ მათ შინაარსში, რისთვისაც უმჯობესია შევჩერდეთ მესამე პირობაზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანსა და, ამავე დროს, ყველაზე ბუნდოვანზე. რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ, რომ ბაზრის მონაწილე თითოეული სუბიექტი ამომწურავ ცოდნას ფლობს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ბაზარზე. ახლა არ ვაპირებ ჩავუღრმავდე ცნობილ პარადოქსს, თუ რა დამადამბლავებელი შედეგი მოყვებოდა ბაზრის სუბიექტების ყოვლისმომცველი ცოდნას და ყველაფრის წინასწარმეტყველების უნარს.2 ამავე დროს, ცხადია, იმის დაშვება, რომ ყველამ ყველაფერი იცის არაფერს არ წყვეტს და მთავარი პრობლემა სწორედ იმის დადგენაში მდგომარეობს, თუ როგორ შეიძლება ხელმისაწვდომი ცოდნის მაქსიმალური გამოყენება. ეს კონკურენტული საზოგადოებისთვის არა იმ საჭირო ადამიანების ,,პოვნის” სირთულეს წარმოშობს, ყველაზე მეტი რომ იციან, არამედ იმის დადგენის აუცილებლობას, თუ რა ინსტიტუციური მოწყობაა საჭირო, რათა უცნობ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე უკეთ ფლობენ სპეციფიკური ამოცანების გადაწყვეტისთვის საჭირო ცოდნას, ამ პრობლემების გადაწყვეტაზე ყველაზე მეტად მიუწვდებოდეთ ხელი. ამავე დროს, უნდა გავარკვიოთ იმ ცოდნის ბუნებაც, რომელსაც, როგორც ითვლება, ფლობენ ბაზრის მონაწილე სუბიექტები.
თუ განვიხილავთ მზა სამომხმარებლო საქონლის ბაზარს და დავიწყებთ მწარმოებლისა ან გამყიდველის პოზიციის შეფასებით, აღმოვაჩენთ, რომ ივარაუდება, თითქოს მათ იციან ის უმცირესი ხარჯი, რომლითაც შეიძლება ამ საქონლის წარმოება. მაგრამ ცოდნა, რომელიც თავიდანვე მოცემულად იგულისხმება, და ეს ერთ-ერთი არსებითი გარემოებაა, სინამდვილეში მხოლოდ თანდათან გროვდება ფაქტების აღმოჩენის კვალდაკვალ - რაც მხოლოდ კონკურენციის პროცესშია შესაძლებელი. ეს ერთ-ერთ ყველაზე არსებით გარემოებად მეჩვენება, მაშინ როცა კონკურენტული წონასწორობის ამოსავალი პუნქტი იმ ძირითადი მიზნის უგულებელყოფაა, რომლის გადაწყვეტაც მხოლოდ კონკურენციის პროცესს შეუძლია. მსგავსი მდგომარეობაა სრულყოფილი კონკურენციის მეორე ნიშნის შემთხვევაშიც, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლები სრულად არიან ინფორმირებული მომხმარებელთა სურვილებისა და მოთხოვნების თაობაზე, მათ მიერ მოთხოვნილი საქონლისა და მომსახურების სახეების ჩათვლით, და იმ ფასების თაობაზეც, რასაც ისინი მათში გადაიხდიდნენ. ყველაფერი ეს არ შეიძლება მოცემულ ფაქტებად მივიჩნიოთ, პირიქით, ეს უფრო ის პრობლემებია, რომელთა მოგვარება მხოლოდ კონკურენციის მექანიზმითაა შესაძლებელი.
იგივე მდგომარეობაა მომხმარებელთა თუ მყიდველთა მხრივაც. აქაც, არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს უფლება მივიჩნევდეთ, რომ ცოდნა, რომელსაც ისინი, როგორც ივარაუდება, კონკურენტული წონასწორობის მდგომარეობაში ფლობენ, მათ უკვე კონკურენიციის პროცესის დაწყებამდე ჰქონდათ. არსებული ალტერნატივების ცოდნა ბაზარზე მიმდინარე პროცესების, კერძოდ, რეკლამის და ა.შ. შედეგია, და ბაზრის მთელი სტრუქტურა, ძირითადად, სწორედ მყიდველის საჭირო ინფორმაციით აღჭურვას ემსახურება, რომლის საფუძველზეც მან უნდა გააკეთოს არჩევანი.
იმ დაშვებების ბუნება, რომლებსაც კონკურენტული წონასწორობის თეორია ეფუძნება, მკაფიოდ გამჟღავნდება, თუ დავინტერესდებით ჩვეულებრივ ,,კონკურენციად” მიჩნეული რომელი აქტივობა იქნებოდა შესაძლებელი ყველა ამ პირობის არსებობისას. ალბათ, უნდა გავიხსენოთ, რომ დოქ. ჯონსონის თანახმად, ,,კონკურენცია” - ესაა „სურვილი დაეუფლო იმას, რაც, იმავდროულად, სხვა სუბიექტის სწრაფვის საგანსაც წარმოადგენს”. ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ მიზნის მიღწევის შესაფერ საშუალებათაგან რამდენი იქნება გამყიდველისთვის ხელმისაწვდომი იმ ბაზარზე, სადაც ,,სრულყოფილი კონკურენცია” ბატონობს? ვფიქრობ, არც ერთი. საქონლის ან მომსახურების რეკლამა, მასზე ფასის დაკლება და მისი გაუმჯობესება (,,სახეცვლა”) გამორიცხულია თვით დეფინიციით - ,,სრულყოფილი” კონკურენცია ხომ ყოველგვარი კონკურენტული აქტივობის არარსებობას ნიშნავს.
ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა სრულყოფილი კონკურენციის თეორიიდან მონაწილეთა შორის ყოველგვარი პერსონალური ურთიერთობის არაორაზროვანი და სრული გამორიცხვა.3 რეალურ ცხოვრებაში ფაქტი, რომ არსებული საქონლისა და მომსახურების არაადეკვატური ცოდნა ერთგვარად კომპენსირებულია იმ პირებისა და ფირმების ცოდნით, რომლებიც ამ სამსახურს ასრულებენ - კონკურენცია ხომ, ძირითადად, ბრძოლაა რეპუტაციის ან კეთილგანწყობის მოსაპოვებლად - ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოებაა, რომელიც ყოველდღიურ პრობლემებს გვიგვარებს. კონკურენციის დანიშნულებაა გვასწავლოს, თუ ვინ შეძლებს გვემსახუროს ყველაზე უკეთ: რომელი ბაყალისა თუ სამოგზაურო სააგენტოსგან, რომელი უნივერსალური მაღაზიისა თუ სასტუმროსგან, რომელი ექიმისა ან ადვოკატისგან უნდა ველოდოთ ნებისმიერი პირადი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში. ცხადია, ყველა ამ სფეროში კონკურენცია ძალზე ინტენსიური შეიძლება სწორედ იმიტომ იყოს, რომ განსხვავებული პირები და ფირმები არასოდეს იქნებიან ერთგვარი და სწორედ ამ კონკურენციას უნდა ვუმადლოდეთ, რომ შეგვიძლია ვისარგებლოთ იმ ხარისხის მომსახურებით, რომელიც დღესაა ხელმისაწვდომი. მიზეზებს, რის გამოც კონკურენცია ამ სფეროში არასრულყოფილადაა წარმოდგენილი, არაფერი აქვს საერთო ამ ადამიანების საქმიანობის კონკურენტულ ასპექტთან და განპირობებულია თვით საქონლისა და სერვისის ხასიათით. თუ არც ერთი ექიმი არაა აბსოლუტურად მსგავსი მეორისა, ეს მათ შორის კონკურენციის ნაკლებ ინტენსიურობას კი არ ნიშნავს, არამედ იმას, რომ მათ შორის კონკურენციის ხარისხის არც ერთი დონე არ წარმოშობს ზუსტად იმ შედეგებს, რაც მხოლოდ მათ მიერ გაწეული სამსახურის იდენტურობისას მოხდებოდა. ეს არ არის წმინდა ვერბალური საკითხი. საუბარი კონკურენციის დეფექტებზე, როდესაც, სინამდვილეში, ნივთებსა და მომსახურებას შორის აუცილებელ სხვაობაზე ვლაპარაკობთ, უბრალოდ ცნებათა აღრევაა და, ხანდახან, აბსურდულ დასკვნებამდე მივყავართ.
მონაწილეთა მიერ სრული ცოდნის არსებობის დაშვება, იმ დაშვებებს შორის, რომლებსაც სრულყოფილი კონკურენციის თეორია ეფუძნება, ერთი შეხედვით, ყველაზე უცნაურად და ხელოვნურად რომ გვეჩვენება, სინამდვილეში, შესაძლოა იმ დაშვებათა სისტემიდან ერთ-ერთიდან მომდინარეობდეს (და ნაწილობრივ გამართლებულიც კი იყოს), რომელსაც აღნიშნული თეორია ეყრდნობა. რა თქმა უნდა, თუ ამოვალთ დაშვებიდან, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი ერთსა და იმავე საქონელს აწარმოებს და, ასევე, ფლობს იმავე დანიშნულების აღჭურვილობას და წარმოების შესაძლებლობებს, შესაძლებელია ვაჩვენოთ (თუმცა, რამდენადაც ვიცი, არავის უცდია), რომ ყველა მათგანი, დროთა განმავლობაში, ამ საქონლის ბაზრის შეფასებისთვის საჭირო თითქმის ამომწურავ ცოდნას დააგროვებს. გამოცდილების საფუძველზე ყოველი მწარმოებლისთვის არა მარტო ყველა ფაქტი იქნებოდა ცნობილი, არამედ ისიც, რაც იციან მისმა კოლეგებმა და, ამდენად, საკუთარ საქონელზე მოთხოვნის ელასტიკურობაც. გარემოება, როდესაც სხვადასხვა მეწარმე ერთსა და იმავე პროდუქციას აწარმოებს, ყველაზე ხელსაყრელია მათ წრეში იმ ცოდნის დაგროვებისთვის, რაც ასე აუცილებელია სრულყოფილი კონკურენციის განსახორციელებლად. შესაძლოა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ საქონელი იდენტური იქნებოდა იმ ერთადერთი აზრით, რომლითაც იგი შესაძლოა არსებითი იყოს ჩვენ მიერ ადამიანური ქმედების გაგებისთვის, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანებს მათ შესახებ ერთი და იგივე შეხედულება აქვთ, თუმცა ასევე შესაძლოა ჩამოყალიბდეს იმ ფიზიკური პირობების ერთობლიობა, რაც, ალბათ, ხელშემწყობი იქნება მათთვის, ვისაც გადაწყვეტილებების მისაღებად, არსებითი ფაქტების შესწავლისას, საქმე ექნება მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული საქმიანობის სიმრავლესთან.
როგორც უნდა იყოს, ცხადია, რომ ფაქტები ყოველთვის ვერ იქნება ასეთი შედეგის მიღწევის ხელშემწყობი, როგორც იმ შემთხვევაში, როდესაც ბევრ ადამიანს შეუძლია, სულ მცირე, ერთი და იმავე პროდუქციის წარმოება. ეკონომიკური სისტემის აღქმა სხვადასხვა საქონლის დანაწევრებულ, ლოკალურ ბაზრებად, დიდ წილად ეკონომისტების წარმოსახვის ნაყოფია და არა წარმოებისა და ინდივიდუალური მომსახურების სფეროში არსებული რეალობა, რასაც კონკურენციის შესახებ კამათში ხშირად იშველიებენ. სინამდვილეში, ზედმეტია მტკიცება, რომ ვერასოდეს შევხვდებით ორი მეწარმის აბსოლუტურად იდენტურ პროდუქციას, თუნდაც იმიტომ, რომ, როდესაც პროდუქცია წარმოების ადგილს ტოვებს, ეს სხვადასხვა ადგილას ხდება. ეს განსხვავებები ნაწილია ჩვენი ეკონომიკური პრობლემისა და საქმეს ვერ უშველის იმის დაშვება, რომ ისინი უბრალოდ არ არსებობს.
სრულყოფილი კონკურენციის უპირატესობაში დარწმუნებული ენთუზიასტები ხშირად იქამდეც კი მიდიან, რომ არსებული რესურსების უფრო მომგებიან გამოყენებას საქონლის მრავალფეროვნების იძულებითი სტანდარტიზაციით შეზღუდვით იმედოვნებენ. რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება ითქვას სხვადასხვა სფეროში არსებულ (დამხმარე) სტანდარტიზაციასთან დაკავშირებული შეთანხმებული რეკომენდაციების ან სტანდარტების სასარგებლოდ, რომლებსაც იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც სხვადასხვა პირობა თუ მოთხოვნა კონტრაქტებში მკაფიოდ არაა ჩამოყალიბებული. თუმცა, ეს არსებითად განსხვავდება იმათი მოთხოვნისგან, ვინც დარწმუნებულია, რომ სრულყოფილი კონკურენციის უპირატესობის მისაღწევად არც ადამიანური გემოვნების მრავალფეროვნებას უნდა გავუწიოთ ანგარიში და პროდუქციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მუდმივი ექსპერიმენტებიც უნდა შევზღუდოთ. რა თქმა უნდა, სრულყოფილი ბაზრის ჩამოსაყალიბებლად სრულიად ერთგვაროვანი სახლების აშენება პროგრესად ვერ ჩაითვლება; იგივე შეიძლება ითქვას სხვა საქონლის სფეროებზეც, სადაც ინდივიდუალური საქონლის განსხვავებულობა ხელს უშლის კონკურენციას, რომ ოდესმე გახდეს სრულყოფილი.
________________________
1. განსაკუთრებით აღსანიშნავია დაშვებები, რომ მოცემული საქონლისთვის მთელ ბაზარზე და ყველა დროს ერთგვაროვანი ფასები უნდა ბატონობდეს და რომ გამყიდველებმა იციან მოთხოვნის მრუდის ფორმა.
2. ო. მორგენშტერნი, ,,სრულფასოვანი პროგნოზი და ეკონომიკური წონასწორობა,” Zeitschrift für Nationalökonomie, ტომი vi (1935).
3. გ.ჯ. სტიგლერი, ფასის თეორია (1946), გვ. 24, ,,ეკონომიკური ურთიერთობები ვერ იქნება სრულყოფილად კონკურენტული, თუკი ისინი შეიცავს რამე სახის პერსონალურ ურთიერთობებს ეკონომიკურ ერთეულებს შორის“ (იხ. ასევე იქვე, გვ. 226).
![]() |
3 3 |
▲ზევით დაბრუნება |
კონკურენციის ბუნებისა და მნიშვნელობის შესახებ, ალბათ, უფრო მეტს გავიგებთ, თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ იმ ხელოვნურ დაშვებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სრულყოფილი კონკურენციის თეორიას და ვიკითხავთ: იქნება თუ არა კონკურენცია ნაკლებად მნიშვნელოვანი, თუკი ორი ნივთი არასოდეს იქნება იდენტური, რომ არა ამგვარი სიტუაციის ანალიზის სირთულე, კარგი იქნებოდა იმ შემთხვევის დეტალური განხილვა, როდესაც ვერ ხერხდება განსხვავებული საქონლის მკაფიოდ გამიჯნულ ჯგუფებში მარტივი კლასიფიკაცია, ან როდესაც საქმე გვაქვს მცირედ განსხვავებულ ჩანაცვლებათა უწყვეტ თანამიმდევრობასთან, რომლის ყოველი ერთეული, რაღაცით განსხვავებული სხვისგან, განსაკუთრებული, შესამჩნევი გადახრების გარეშე თავსდება ამ თანამიმდევრობათა უწყვეტ ჯაჭვში. ასეთ სიტუაციაში კონკურენციის ანალიზის შედეგი, მრავალი თვალსაზრისით, უფრო არსებითია რეალური ცხოვრების პირობებისთვის, ვიდრე იმავე მოვლენის ანალიზი წარმოების ისეთ ცალკეულ დარგში, რომელიც ყველა სხვა პროდუქციისგან მკვეთრად განსხვავებულ, ერთგვაროვან საქონელს აწარმოებს. ან, თუ დაშვება, თითქოს ორი ტიპის საქონელი არ არის იდენტური, მეტისმეტია, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ შემთხვევას, როდესაც არც ერთი ორი მეწარმე არ აწარმოებს იდენტურ საქონელს, როგორც ეს ხდება არა მარტო ყველა პერსონალური მომსახურებისას, არამედ მრავალი ისეთი საქონლის ბაზარზეც, როგორიცაა წიგნების თუ მუსიკალური საკრავების ბაზარი.
ჩვენს შემთხვევაში არ არის აუცილებელი ამ ტიპის ბაზრების სრული ანალიზი. საკმარისია გავერკვეთ, თუ რა როლს თამაშობს კონკურენცია მათ სტრუქტურაში. ცხადია, კონკრეტული შედეგის განჭვრეტა შეუძლებელი იქნება, ბაზარი მაინც წარმოშობს ფასთა სიმრავლეს, რის შესაბამისადაც ყოველი გაყიდული საქონლის ფასი მის მჭიდრო სიახლოვეში არსებულ პოტენციურ შემცვლელებზე ნაკლებია - და ეს თავისთავად არ არის ცოტა, თუ გავითვალისწინებთ თუნდაც ფასთა ასეთი სისტემის აღმოჩენის გადაულახავ სირთულეებს, რომლებიც თავს მაშინ იჩენს, თუ ვეცდებით გავიდეთ ცდისა და შეცდომის მეთოდის, იმ ერთადერთი მეთოდის მიღმა, რომელიც ინდივიდუალური მონაწილეების მიერ არსებითი გარემოებების თანდათან გაცნობას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, მართალია, რომ ასეთ ბაზარზე ფასებსა და ზღვრულ ხარჯებს შორის შესატყვისობა მხოლოდ იმ ხარისხითაა მოსალოდნელი, რომლითაც ინდივიდუალურ საქონელზე მოთხოვნის ელასტიკურობა სრულყოფილი კონკურენციის თეორიით დაშვებულ პირობებს ან განსხვავებულ საქონელთა შორის ჩანაცვლების ელასტიკურობა უსასრულობას უახლოვდება. მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში სრულყოფილების აღნიშნული სტანდარტი, როგორც რაღაც სასურველი ან კონკრეტული მიზანი, სრულიად უსაფუძვლოა. შედარების ბაზისი, რის საფუძველზეც უნდა შეფასდეს კონკურენციის მიღწევები, არ შეიძლება იყოს სიტუაცია, რომელიც ობიექტური ფაქტებისგან განსხვავდება და რომელსაც ვერც ერთი ცნობილი საშუალებით ვერ მივაღწევთ. ეს უნდა იყოს სიტუაცია, რომელსაც იმ შემთხვევაში მივიღებდით, როდესაც ხელი შეეშლებოდა კონკურენციის მოქმედებას. შემოწმების კრიტერიუმი უნდა იყოს არა მიუღწეველ თუ უშინაარსო იდეალთან მიახლოება, არამედ იმ პირობების გაუმჯობესება, რომლებიც კონკურენციის არარსებობის შემთხვევაში გვექნებოდა.
როგორი იქნებოდა განსხვავება ორი სავარაუდო მოდელის განხორციელების პირობებში - ერთი მხრივ, ტრადიციული გაგებით ,,თავისუფალი” კონკურენციისას და, მეორე მხრივ, როდესაც ცალკეული ნივთების წარმოების ნებართვა მხოლოდ ხელისუფლებისგან ლიცენზირებულ პირებს ექნებოდათ ან ხელისუფლების მიერ ფიქსირებული ფასებისას ან, თუ საქმე ერთდროულად ორივე შემთხვევასთან გვექნებოდა? ცხადია, უკანასკნელ შემთხვევაში არათუ ნულის ტოლი იქნებოდა ალბათობა, რომ სხვადასხვა საგანს ის პირები აწარმოებდნენ, ვისაც საუკეთესოდ ეცოდინებოდათ, თუ როგორ უნდა ეწარმოებინათ ისინი და ამიტომ ამას ყველაზე დაბალ ფასად გააკეთებდნენ, არამედ ნული იქნებოდა იმის ალბათობაც, რომ საერთოდ აწარმოებდნენ იმ საგნებს, რომლებსაც მყიდველები, თუკი ექნებოდათ არჩევანი, უპირატესობას მიანიჭებდნენ. ამ შემთხვევაში კავშირი ფაქტობრივ ფასებსა და ყველაზე დაბალ ხარჯს შორის, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ პროდუქციის წარმოება, ძალზე სუსტი იქნებოდა; მართლაც, ალტერნატივები, რომელთა შორისაც გააკეთებდნენ არჩევანს მწარმოებელი და მომხმარებელი, ანუ მათი მონაცემები, სრულიად განსხვავებული იქნება კონკურენციის პირობებში არსებული მონაცემებისგან.
და ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რეალური პრობლემაა არა მოცემული საქონლის თუ მომსახურების მოცემული ზღვრული ხარჯის ფასად შეძენის შესაძლებლობა, არამედ, ძირითადად, ის, თუ რა საქონლითა და მომსახურებით მოხერხდება მომხმარებლის დაკმაყოფილება ყველაზე იაფად. საზოგადოების ეკონომიკური პრობლემის გადაწყვეტა ყოველთვის დაკავშირებულია ჩვენი კვლევის უნარის მოგზაურობასთან ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობ სამყაროში, საგნების უკეთ კეთების გზების ძიების ცდასთან, რათა ის კეთდებოდეს უკეთ, ვიდრე კეთდებოდა აქამდე. და ეს ასე უნდა იყოს მანამ, სანამ იარსებებს ეკონომიკური პრობლემა, თუნდაც ერთი, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, რადგან ყველა ეკონომიკურ პრობლემას გაუთვალისწინებელი ცვლილებები წარმოშობს, რომლებიც ჩვენგან ადაპტაციას მოითხოვს. მხოლოდ ის საჭიროებს ახალ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველეთ და რისთვისაც წინასწარ თადარიგი ვერ დავიჭირეთ. რომ არა ასეთი ადაპტაციის საჭიროება და, თუ რაღაც მომენტისთვის გვეცოდინებოდა, რომ შეწყდა ყოველგვარი ცვლილება და ისიც, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ახლა, მაშინ აღარ გაჩნდებოდა კითხვები, თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ რესურსების გამოყენების პრობლემა.
პირი, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას ფლობს ან გაწაფულია იმდენად, რომ შეუძლია 50%-ით შეამციროს საქონლის წარმოების ხარჯები, საზოგადოებისთვის უზარმაზარი სამსახურის გაწევას იმ შემთხვევაშიც შეძლებდა, თუკი წარმოების დაწყებით საქონლის ფასს თუნდაც 25%-ით შეამცირებდა - არა მარტო ფასის, არამედ ხარჯების დამატებითი შემცირებით. მაგრამ ამას მხოლოდ კონკურენცია შეგვაძლებინებს. ყველა მომენტისთვის დაბალი, თუნდაც მინიმალური ფასების შემთხვევაშიც კი, ისეთის, რომ მეწარმეები, რომლებიც არ ფლობენ ამა თუ იმ ეკვივალენტურ უპირატესობებს, ვერ მოახერხებდნენ საბაზრო პროცესში მონაწილეობას და ყოველი საქონელი მაქსიმალურად იაფად იწარმოებოდა, თუმცა, შესაძლოა, ბევრი ხარჯებზე საგრძნობლად მაღალი ფასებით გაიყიდებოდა, მაინც, ეს იქნებოდა შედეგი, რომელსაც ვერავითარი სხვა მეთოდით ვერ მივაღწევდით, გარდა კონკურენციის მექანიზმისა.
![]() |
4 4 |
▲ზევით დაბრუნება |
ის, რომ რეალური ცხოვრების პირობებში თუნდაც ორი მეწარმის მდგომარეობა ვერ იქნება იდენტური, განპირობებულია იმ ფაქტებით, რომლებსაც, სრულყოფილი კონკურენციის თეორია, გრძელვადიან წონასწორობაზე თავისი კონცენტრაციით - რაც ამ მარად ცვალებად სამყაროში თავისთავად მიუღწეველია - სრულიად უგულებელყოფს. ყოველი მოცემული მომენტისთვის ცალკეული ფირმის აღჭურვილობა ძირითადად ისტორიული შემთხვევითობითაა განპირობებული, და სირთულე მოცემული აღჭურვილობის (პერსონალის მიერ დაგროვილი ცოდნის ჩათვლით) მაქსიმალური სარგებლით გამოყენებაშია და არა იმაში, თუ რა უნდა აკეთოს მან შეუზღუდავი დროის პირობებში, რათა უკეთ მოერგოს უცვლელ პირობებს. მოცემული შეზღუდული, მაგრამ ხანგრძლივი მოხმარების რესურსების ოპტიმალური გამოყენების პრობლემისთვის გრძელვადიანი წონასწორული ფასი, რომლითაც დაკავებულია ,,სრულყოფილი” კონკურენციის თეორია, არა მარტო უადგილოა, არამედ იმ პოლიტიკასთან დაკავშირებული დასკვნები, რომლებთანაც ამ მოდელს მივყავართ, მცდარია და საშიშიც. იდეას, რომ ,,სრულყოფილი” კონკურენციის არსებობისას ფასები ხანგრძლივი პერიოდის ხარჯების თანაბარი უნდა იყოს, ხშირად ისეთი ანტისოციალური პრაქტიკის მოწონებასთან მივყავართ, როგორიცაა ,,მოწესრიგებული კონკურენციის” მოთხოვნა, რომელმაც კაპიტალის სამართლიანი რენტაბელობა და სარეზერვო საწარმოო საშუალებების მოსპობა უნდა უზრუნველყოს. სრულყოფილი კონკურენციის მხარდაჭერა თეორიაში და მონოპოლიის ხელშეწყობა პრაქტიკაში ხშირად უცნაურად თანაარსებობს.
მაგრამ ეს იმ მრავალრიცხოვან შემთხვევათაგან მხოლოდ ერთ-ერთია, როდესაც დროის ელემენტის უგულებელყოფა სრულყოფილი კონკურენციის თეორიულ სურათს რეალობას ძალზე აშორებს, ანუ ყოველივე იმას, რაც ასე მნიშვნელოვანია კონკურენციის პროცესის გასაგებად. თუ ჩვენ მას (კონკურენციის პროცესს) მოვლენათა თანამიმდევრობად მივიჩნევთ, რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ რეალურ ცხოვრებაში ნებისმიერი მომენტისთვის მხოლოდ ერთი მეწარმე იარსებებს, რომელიც გარკვეული სახის პროდუქციის წარმოებას ყველაზე დაბალი ხარჯით და თავისი უახლოესი წარმატებული კონკურენტის ხარჯზე დაბალი ფასით გაყიდვასაც მოახერხებს, მაგრამ რომელიც, მუდმივ ცდაში გააფართოოს თავისი ბაზარი, ყოველთვის შეიძლება დამარცხდეს სხვასთან, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე შეიძლება შეუშალოს ხელი სხვამ ბაზრის მონოპოლიზებაში და ა.შ. ასეთი ბაზარი, ცხადია, ვერასოდეს აღმოჩნდება სრულყოფილი კონკურენციის მდგომარეობაში, მაგრამ კონკურენცია ამ შემთხვევაში, შესაძლოა, არა მარტო მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, არამედ, სავარაუდოდ, მან არსებით როლიც თამაშოს იმ შედეგის მიღწევაში, როდესაც საჭირო პროდუქცია მომხმარებელს ყველაზე იაფად მიეწოდება ნებისმიერ მომენტში, რასაც ვერ უზრუნველყოფდა ვერავითარი სხვა მეთოდი. სწორედ ასეთი ,,არასრულყოფილი” ბაზრის უფრო ,,სრულყოფილთან” შედარებისას, ვთქვათ ისეთთან, როგორიცაა მარცვლეულის ბაზარი, უკეთ ვიგებთ განსხვავების ბუნებას, რომელიც საფუძვლად უდევს მთელ ჩვენს დისკუსიას - განსხვავებას გარემოებებს, საფუძვლად რომ უდევს მთელ ეკონომიკურ სიტუაციას და რომლებსაც ადამიანი ვერ შეცვლის, და კონკურენტული აქტივობის ბუნებას შორის, რომლის მეშვეობითაც ახერხებს ადამიანი სიტუაციაზე მორგებას. იქ, სადაც გვაქვს, როგორც უკანასკნელ შემთხვევაში, მრავალი მწარმოებლის მიერ გამოშვებული სრულად სტანდარტიზებული საქონლის მაღალორგანიზებული ბაზარი, კონკურენტული აქტივობისთვის სივრცე თითქმის აღარ რჩება, რადგან ასეთ სიტუაციაში პირობები, რომლებსაც წარმოშობს ეს აქტივობა, თავიდანვე დაკმაყოფილებულია. საქონლის წარმოების საუკეთესო გზები, მისი თვისებები და დანიშნულება, თითქმის მთელი დროის მანძილზე და თითქმის თანაბრადაა ცნობილი ბაზრის ყველა წევრისთვის. ყოველი არსებითი ცვლილება ისე უცბად ვრცელდება და მასთან ადაპტაცია ისე სწრაფად ხდება, რომ, ჩვეულებრივ, ჩვენ უბრალოდ უმნიშვნელოდ მივიჩნევთ იმას, რაც ამ მოკლე გარდამავალ პერიოდებში ხდება და მხოლოდ ორი, წონასწორობასთან მიახლოებული მდგომარეობის შედარებით ვიფარგლებით, რომლებიც არსებობდა მანამდე და იარსებებს შემდეგაც. მაგრამ სწორედ ამ მოკლე და იგნორირებულ ინტერვალში მუშაობს კონკურენციის ფარული ძალები, მხოლოდ შემდეგ რომ ხდება ხილული, და სწორედ ამ ინტერვალში მიმდინარე პროცესი უნდა შევისწავლოთ, თუ გვინდა ,,ავხსნათ” წონასწორობა, რომელიც მას მოსდევს.
კონკურენციის უწყვეტი პროცესი შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ბაზრის შემთხვევაში, სადაც ადაპტაცია ნელია ცვლილებებთან შედარებით, თუმცა მიზეზი, თუ რატომაა ადაპტაცია ნელი, შესაძლოა კონკურენციის სისუსტეში ვეძებოთ, ანუ იმაში, რომ არსებობს სპეციფიკური ხელის შემშლელი გარემოებები ვაჭრობაში ჩართვისთვის ან ბუნებრივი მონოპოლიის ტიპის მსგავსი სხვა ფაქტორები, მაინც, ნელი ადაპტაცია არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს აუცილებლად სუსტ კონკურენციას. როდესაც ახლო ჩანაცვლების სახეობები მრავალფეროვანი და სწრაფად ცვლადია, როდესაც ხელმისაწვდომი ალტერნატივების შედარებითი უპირატესობების დადგენას დიდი დრო სჭირდება ან როდესაც მოთხოვნა ნივთებისა და მომსახურების მთელ კლასზე თავს იჩენს წყვეტილად და არარეგულარულ ინტერვალებში, გარემოებებზე მორგება ნელი იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც კონკურენცია ძლიერია და აქტიური.
ბუნდოვანება თუ გაურკვევლობა, რომელიც არსებობს ობიექტურ ფაქტებსა და ადამიანის მათზე რეაგირებას შორის, იმ მნიშვნელოვან ფაქტს ჩქმალავს, რომ კონკურენცია მით უფრო მნიშვნელოვანია, რაც უფრო რთული ან ,,არასრულყოფილია” ობიექტური პირობები, რომელშიც ის მუშაობს. მართალია, კვლავაც შორს ვარ შეხედულებისგან, რომ კონკურენცია მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც ის ,,სრულყოფილია”, მაინც იმისკენ ვიხრები, რომ კონკურენციის საჭიროება არსადაა ისეთი დიდი, როგორც, სფეროში, სადაც საქონლისა და მომსახურების ბუნება შეუძლებელს ხდის სრულყოფილი ბაზრის შექმნას, ისეთის, რომელსაც გულისხმობს თეორია. კონკურენციის გარდაუვალი არასრულყოფილება ისეთივე უმნიშვნელო არგუმენტია მის წინააღმდეგ, როგორც რამე სხვა მიზნის სრულყოფილი მიღწევის სიძნელეები ჩაითვლება გადამწყვეტ საბუთად იმის წინააღმდეგ, რომ ვინმემ სცადოს მათი გადაწყვეტა ან, ისევე, როგორც ჯანმრთელობის პრობლემები გამოდგება არგუმენტად ჯანმრთელობის წინააღმდეგ.
იმ პირობებში, როდესაც ბაზარზე ვერასოდეს იქნებიან საკმარისი რაოდენობის სუბიექტები, რომლებიც, ჩვენი მოთხოვნილებებისა და ცოდნის მუდმივად ცვალებადი ხასიათის ან ადამიანური უნარისა და შესაძლებლობების უსასრულო მრავალფეროვნების გამო, ერთგვაროვან საქონელსა და მომსახურებას შემოგვთავაზებდნენ, იდეალურ მდგომარეობად ვერ ჩაითვლება ისეთი, რომელიც ამგვარი იდენტური საქონლისა და მომსახურების დიდ რაოდენობას მოითხოვს. ეკონომიკური პრობლემა არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენების პრობლემაა და არა ის, თუ რა უნდა ვაკეთოთ არსებულისგან განსხვავებულ სიტუაციაში. არავითარი აზრი არა აქვს საუბარს რესურსების გამოყენებაზე ,,თითქოს” არსებობდეს სრულყოფილი ბაზარი, თუკი ეს არსებულისგან განსხვავებულ რესურსებს ნიშნავს ან იმის განსჯას, რას გააკეთებდა სრული ცოდნით აღჭურვილი პირი, თუკი ჩვენი ამოცანა იმ ცოდნის საუკეთესო გამოყენება უნდა იყოს, რასაც ფლობენ ადამიანები.
![]() |
5 5 |
▲ზევით დაბრუნება |
არგუმენტები კონკურენციის სასარგებლოდ იმ პირობებს არ ემყარება, რომლებიც მისი სრულყოფილების შემთხვევაში იარსებებდა. მაინც, იქ, სადაც ობიექტური გარემოებები კონკურენციის სრულყოფილებას შესაძლებელს გახდიდა, ეს, იმავდროულად, რესურსების გამოყენების მაქსიმალურ ეფექტიანობასაც უზრუნველყოფდა და, თუმცა შესაძლოა ამიტომაც არსებობს კონკურენციის ადამიანური ბარიერებისგან განთავისუფლების სრული მხარდაჭერის საფუძველი, მაინც, ეს არ ნიშნავს, რომ კონკურენციას არ შეუძლია წარმოშვას რესურსების ისეთივე ეფექტიანი გამოყენება, როგორც ეს მოხდებოდა რომელიმე ცნობილი მეთოდით, მაშინ როცა, ამ შემთხვევის ბუნებიდან გამომდინარე, ის არ იქნებოდა სრულყოფილი. მაშინაც კი, როდესაც ბაზარზე თავისუფალი შესვლა ნებისმიერი კონკრეტული მომენტისთვის მხოლოდ ყველა იმ საქონლისა და მომსახურების წარმოებას უზრუნველყოფს, რომლებზეც იარსებებს რეალური მოთხოვნა, სინამდვილეში საქონელს მოცემული ისტორიული სიტუაციისთვის რესურსების ყველაზე დაბალი მიმდინარე1 ხარჯებით აწარმოებენ, მაშინაც კი, როდესაც ფასი, რომელიც მომხმარებელმა მათში უნდა გადაიხადოს, საკმაოდ მაღალია და უბრალოდ მხოლოდ იმ უახლოესი ეფექტიანი წარმოების საქონლის ხარჯზეა დაბალი, რომელიც დააკმაყოფილებდა მისი, მომხმარებლის, მოთხოვნებს, და ეს, ვაღიარებ, მეტია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენთვის ცნობილი სისტემისგან შეგვიძლია ველოდეთ. პრინციპულია უბრალო რამ - თითქმის შეუძლებელია, რომ ხელოვნური ბარიერების გარეშე, რომელსაც ხელისუფლების აქტივობა ქმნის ან, იმავდროულად, შეუძლია მისი გაუქმებაც, ნებისმიერი საქონელი ან მომსახურება დროის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ფასად, რა ფასადაც აუტსაიდერს, თუკი ის დააპირებდა ბაზარზე შესვლას, შეუძლია იქონიოს ნორმალურზე მეტი მოგების იმედი.
მთელი ამ მსჯელობის პრაქტიკული გაკვეთილი შემდეგია: ჩვენ არა კონკურენციის სრულყოფილება უნდა გვაღელვებდეს, არამედ, პირველ რიგში, მისი არსებობა. რასაც ცალკეული, იზოლირებული წარმოების სფეროს ჩვენი თეორიული მოდელები ჩქმალავს, ისაა, რომ პრაქტიკაში კონკურენციას არაკონკურენციისგან გაცილებით დიდი უფსკრული ყოფს, ვიდრე სრულყოფილს არასრულყოფილისგან. მაგრამ თანამედროვე დისკუსიაში არსებული ტენდენცია გავალდებულებს არ იყო ტოლერანტული კონკურენციის ხარვეზებისადმი და არ ამოიღო ხმა კონკურენციის არარსებობაზე. ჩვენ, ალბათ, ჯერ კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ კონკურენციის რეალურ მნიშვნელობაზე იმ შემთხვევების ანალიზით, რომლებსაც სისტემატურად ვხვდებით იქ, სადაც კონკურენცია წინასწარგანზრახულად ითრგუნება, ვიდრე მაშინ, როდესაც მოცემული ფაქტებისთვის უადგილო იდეალთან შედარებით ყურადღების გადატანას რეალური კონკურენციის ნაკლოვანებებზე ვცდილობთ. მე შეგნებულად ვამბობ „სადაც წინასწარგანზრახულად ითრგუნება,” და არა მარტო ,,სადაც ის არ არის,” რადგან მისი მოქმედება მაინც გრძელდება, თუნდაც მეტი დაბრკოლებების გადალახვით, მანამ, სანამ მას სრულიად არ დათრგუნავს ძალა, რომელიც სახელმწიფოს დახმარებით ან მისი წაყრუებით იმოქმედებს, როგორც ამას გამოცდილება გვიჩვენებს. ბოროტება, რაც კონკურენციის დათრგუნვას მოჰყვება, სრულიად სხვა თანრიგისაა იმასთან შედარებით, რაც კონკურენციის არასრულყოფილებამ შეიძლება წარმოშვას. ფასების ზღვრულ ხარჯებთან შესაძლო შეუსაბამობაზე უფრო არსებითი გარემოება ისაა, რომ გარანტირებული მონოპოლიით ხარჯები სავარაუდოდ უფრო დიდია, ვიდრე არსებობს ამის საჭიროება. აღმატებულ ეფექტიანობაზე დაფუძნებული მონოპოლია ნაკლებადსაზიანოა, რამდენადაც იგულისხმება, რომ მისი გაქრობა გარანტირებულია მომხმარებელთა მოთხოვნების უფრო ეფექტიანად დაკმაყოფილების შემძლე სუბიექტის გამოჩენით.
ბოლოს, მინდა ცოტა ხნით დავუბრუნდე მოსაზრებას, რითაც დავიწყე და ძალზე მნიშვნელოვანი დასკვნა უფრო ზოგადი ფორმით გავიმეორო: კონკურენცია, არსებითად, შეხედულების ჩამოყალიბების პროცესია - ინფორმაციის გავრცელებით ის ქმნის ეკონომიკური სისტემის ერთიანობას და თანამიმდევრულობას, ანუ იმას, რასაც ჩვენ ერთიანი ბაზრის ცნებაში ვგულისხმობთ და აყალიბებს ადამიანების შეხედულებებს უკეთესსა და უიაფესზე, და ეს იმიტომ, რომ ადამიანებმა შესაძლებლობებისა და შანსების შესახებ იციან თუნდაც იმდენივე, რაც მათ რეალურად იციან. ამდენად, ესაა პროცესი, რომელიც გულისხმობს მონაცემების მუდმივ ცვლილებას, იმას, რაც იგნორირებულია თეორიით, ამ ფაქტებს მუდმივად და უცვლელად რომ მიიჩნევს.
______________________
1. ,,მიმდინარე” ხარჯი ამ კონტექსტში გამორიცხავს ყოველივე ჭეშმარიტად ძველს, უკვე გაწეულს და მოიცავს, რა თქმა უნდა, ,,მოხმარების ხარჯს”.