The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

შვიდი მთავარი მიზეზი, რომ უზრუნველვყოთ ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად

შვიდი მთავარი მიზეზი, რომ უზრუნველვყოთ ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: აღნიშნული პუბლიკაციის დედანზე და მის ქართულ თარგმანზე საკუთრების უფლებას ფლობს ევროპის საბჭო © Concil of Europ
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საკოორდინაციო განყოფილება „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ III გენერალური დირექტორატი სოციალური ინტეგრაცია ევროპის საბჭო F-67075 Strasbourg Cedex ტელ.: 33 (0) 3 90 21 52 51 ფაქსი: 33 (0) 3 90 21 52 85 www.coe.int/children



1 1. ბავშვები არ არიან პატარა ადამიანები პატარა უფლებებით

▲ზევით დაბრუნება


ბავშვებს აქვთ უფლებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვებს ბევრი არსებითი უფლება აქვთ. ევროპაში ბავშვების ძირითადი უფლებები დამატებით დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და ევროპის სოციალური ქარტიით. ამ უფლებათა მაგალითებია: სიცოცხლის უფლება, უფლება, მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა, იძულებითი შრომის ან მონობისაგან დაცვის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, საფრთხისგან დაცვის უფლება და განათლების უფლება.

  • „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“, ევროპის საბჭოს სამწლიანი პროგრამა, მიზნად ისახავს, დაამკვიდროს პატივისცემა ბავშვთა უფლებების მიმართ ევროპის ყველა ქვეყანაში.

2 2. ბავშვები დაუცველი არსებები არიან. მათ მეტი, და არა ნაკლები, დაცვა ესაჭიროებათ

▲ზევით დაბრუნება


ბავშვები მრავალგვარი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. ბავშვებს იყენებენ მონებად, ჯარისკაცებად, მოსამსახურეებად. ხშირია ბავშვების უგულებელყოფა, შეურაცხყოფა, დასახიჩრება, მკვლელობა. ეს ხდება ქუჩაში, სკოლებში, საავადმყოფოებში, ინტერნეტში, დაკავების ცენტრებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ოჯახში და იმ ადგილებში, სადაც იგულისხმება, რომ ბავშვები უსაფრთხო პირობებში უნდა იყვნენ. ბავშვები დაუცველები არიან და უმეტესად უფროსებზე დამოკიდებულნი. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაცვა და მათი ხმაც ძნელად თუ სწვდება საზოგადოებას. აუცილებელია ბავშვების დაუცველობის წინააღმდეგ საგანგებო ზომების მიღება.

  • პროგრამა „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ მიზნად ისახავს ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრას. მას საფუძვლად უდევს ე.წ. ოთხი P-ს პრინციპი: ბავშვების დაცვა (Protection of children), ძალადობის თავიდან აცილება (Prevention of violence), დამნაშავეთა სამართალში მიცემა (Prosecution of criminals) და ბავშვების მონაწილეობა (Participation of children) პროგრამა ყურადღებას ამახვილებს განსაკუთრებით დაუცველ ბავშვებზე: უნარშეზღუდულ ბავშვებზე, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებზე და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე.

3 3. ყოველგვარი ძალადობა ბავშვების მიმართ გაუმართლებელია

▲ზევით დაბრუნება


ევროპის ბევრ ქვეყანაში საზოგადოება უშვებს და იწონებს კიდეც ბავშვების წინააღმდეგ პერიოდულ ძალადობას, კერძოდ, ოჯახებში მიღებულ ძალადობის ფორმებს. მაგრამ არავითარ ტრადიციას, რელიგიას, რწმენას, ეკონომიკურ სიტუაციას თუ „სწავლების“ მეთოდს არ შეუძლია გაამართლოს ბავშვის ცემა, შეურაცხყოფა, დამახინჯება, დამცირება თუ სხვა მსგავსი ქმედება, რომელიც ხელყოფს ბავშვის ღირსებას. ევროპა უნდა გახდეს კონტინენტი, სადაც აღარ იარსებებს ისეთი რამ, როგორიც ფიზიკური დასჯაა (სახლში იქნება ეს, სკოლაში თუ სპეციალურ დაწესებულებაში).

  • პროგრამა „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ ბრძოლას გამოუცხადებს ბავშვების წინააღმდეგ ყოველგვარი ფორმის ძალადობას, კერძოდ კი შეეცდება, დაეხმაროს საზოგადოებას ამ საკითხის გათვითცნობიერებაში, ხელი შეუწყოს განათლებას, მომზადებას და შესაძლებლობათა განვითარებას, რაც მიზნად ისახავს ძალადობის არარსებობის კულტურის დამკვიდრებას და ნულოვან ტოლერანტობას ყოველგვარი ძალადობის მიმართ.

4 4. ბავშვების მიმართ ყოველგვარი ძალადობის თავიდან აცილება შესაძლებელია

▲ზევით დაბრუნება


ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევათა უმეტესობა საზოგადოებისთვის დაფარულია. ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვებს ეშინიათ ლაპარაკის (მოყოლის იმის შესახებ, თუ რა მოხდა) და, თუკი მაინც იტყვიან, უფროსები ყოველთვის ისე არ იქცევიან მათ მონათხრობთან დაკავშირებით, როგორც საჭიროა. მონაცემებისა და კვლევის ნაკლებობა ართულებს მთავრობებისთვის ქმედითი პრევენციული პოლიტიკის ჩამოყალიბებას.

  • პროგრამა „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ დაეხმარება ქვეყნებს ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის თავიდან ასაცილებელი სტრატეგიის შემუშავებაში. პროგრამა იმუშავებს, რათა გაუმჯობესდეს სისტემები, რომლებიც ხელს შეუწყობს ძალადობის შემთხვევების შესახებ შეტყობინების ხელშეწყობას: ეს იქნება სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი სამსახურები, ოჯახებისათვის დახმარება და ძალადობის შემთხვევათა ადრეული იდენტიფიცირება და პროფესიონალურ დონეზე დოკუმენტებით დადასტურება. პროგრამა დახმარებას გაუწევს, აგრეთვე, იმის უზრუნველყოფას, რომ ხელისუფლების ორგანოებს და პროფესიონალებს განუვითარდეთ შესაძლებლობა, სწრაფად და სათანადოდ მოახდინონ რეაგირება ძალადობის შეტყობინებულ შემთხვევებზე. საგანგებო სამუშაოები ჩატარდება ბავშვების სექსუალური ძალადობისა და ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად.

5 5. ბავშვების დაცვა მოითხოვს სტრატეგიულ მიდგომას

▲ზევით დაბრუნება


განსახილველი საკითხების კომპლექსურობა და მნიშვნელობა, აგრეთვე, ამ საკითხებთან დაკავშირებით მოქმედ პირთა რაოდენობა სტრატეგიული მიდგომის არსებობას საჭიროებს. ქვეყნებმა უნდა დასახონ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები, გადასინჯონ თავ-თავიანთი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზები და წამოიწყონ მონაწილეობაზე დაფუძნებული პროცესები, რომლებშიც ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს მონაწილეობას და მოხდება ყველა მისაწვდომი რესურსის მობილიზება.

  • პროგრამა „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქვეყნებს ბავშვთა უფლებების დაცვისკენ მიმართული ეროვნული სტრატეგიების გაერთიანებასა თუ შემუშავებაში. პროგრამა ასევე დაეხმარება სახელმწიფოებს ყოვლისმომცველი, თანმიმდევრული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი სამართლებრივი ბაზების ჩამოყალიბებაში. იგი ქვეყნებს შესთავაზებს ეფექტიანი ინსტიტუციური ბაზების მოდელებს და ხელს შეუწყობს მონაწილეობაზე დაფუძნებული პროცესების წამოწყებას ეროვნულ სტრატეგიათა შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

6 6. ბავშვთა უფლებები გვეხება ყველას

▲ზევით დაბრუნება


ხელისუფლების ყველა ორგანომ და დაწესებულებამ გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინოს ბავშვთა უფლებები. ყველა პროფესიონალმა, განსაკუთრებით მათ, ვინც ყოველდღიურ კონტაქტშია ბავშვებთან (მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალურმა მუშაკებმა, მასწავლებლებმა, იურისტებმა, მოსამართლეებმა, ჟურნალისტებმა და პოლიციელებმა), კერძო პირებმა (სახელდობრ, მშობლებმა) და ბიზნესის სექტორმა უნდა გაიზიარონ პასუხისმგებლობა ბავშვების კეთილდღეობაზე. აღიარებული უნდა იყოს დამოუკიდებელი დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ამ საქმეში და ამ როლის შესრულებას ხელი უნდა შეეწყოს. ბავშვების უფლებები უპირველეს ყოვლისა და ყველაზე მეტად თავად ბავშვებს ეხებათ. მაგრამ ცოტა ბავშვმა თუ იცის, საერთოდ რა უფლებები აქვთ მათ და კიდევ ნაკლები - თუ როგორ გამოიყენონ ეს უფლებები. ბავშვებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ ინფორმაციაზე საკუთარი უფლებების შესახებ და მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა და ხელი უნდა შეეწყოთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ისეთ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომლებიც მათ ცხოვრებაზე ახდენს ზემოქმედებას.

  • პროგრამა „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ მიზნად ისახავს საზოგადოების ყველა სექტორის მობილიზებას, მათთვის ხელის შეწყობას იმაში, რომ გაათვითცნობიერონ საკუთარი კონკრეტული პასუხისმგებლობები, და მათი შესაძლებლობის განმტკიცებას, თავიდან აიცილონ ძალადობა და დაიცვან ბავშვები. პროგრამა ბავშვებისთვის უფრო მისაწვდომს გახდის ინფორმაციას და მის ფარგლებში შემუშავდება მეთოდები და ინსტრუმენტები ყველა დონეზე: ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე ბავშვების მიზანმიმართული მონაწილეობის მისაღწევად.

7 7. ბავშვთა უფლებები ევროპის განვითარების საწინდარია

▲ზევით დაბრუნება


საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით ბავშვების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. საერთაშორისო თანამშრომლობას არსებითი როლი ენიჭება ისეთი პრობლემების გადაწყვეტისას, რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით ბევრ ქვეყანას შეეხება, დიდი როლი აკისრია, აგრეთვე, ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში და მის მსხვერპლთა დაცვაში. საერთაშორისო თანამშრომლობის ნაკლებობით ყველაზე მეტად კიბერ-დამნაშავეები და ადამიანებით მოვაჭრეები სარგებლობენ.

ევროპის საბჭო 1949 წელს დაარსდა, რათა აეშენებინა ახალი ევროპა სამ ძირითად ბურჯზე დაფუძნებით. ეს არის ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა. ეს მანდატი გულისხმობს, რომ ევროპის საბჭოს წევრმა ყველა სახელმწიფომ (ამჟამად მათი რაოდენობა 46-ია) უნდა ითანამშრომლოს და იკისროს ისეთი ევროპის მშენებლობის ვალდებულება, სადაც ბავშვები თავს უსაფრთხოდ, ბედნიერად და საკუთარ სახლში იგრძნობენ.

  • პროგრამა „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ მაქსიმალურად ისარგებლებს საერთაშორისო თანამშრომლობით. იგი გააერთიანებს მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს - სტანდარტების დასახვას, მონიტორინგს, პოლიტიკის შემუშავებას, ტექნიკურ დახმარებასა და საზოგადოებაში ცოდნის გაღრმავებას - და მათ ბავშვთა უფლებების სამსახურში ჩააყენებს. ევროპის საბჭო ითანამშრომლებს ევროპის სხვა მნიშვნელოვან სტრუქტურებთან, როგორიც არის ევროკავშირი და „იუნისეფი“ და უზრუნველყოფს ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის შესახებ გაერო-ს გამოკვლევაში მოცემული რეკომენდაციების შესატყვის განხორციელებას.

ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“: მუშაობის მიმდინარეობა

ევროპის ყველა მთავრობათაშორისი ორგანიზაციიდან ევროპის საბჭოს საუკეთესო პოზიცია უკავია იმისათვის, რომ ეფექტიანად მოაგვაროს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. მას შესწევს უნარი:

1. გააერთიანოს უაღრესად ქმედითი ინსტრუმენტები: სტანდარტების დასახვა - მონიტორინგი - პოლიტიკის შემუშავება - თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამები - ურთიერთობა (განათლება, მომზადება და კომუნიკაცია);

2. ადვილად მოახდინოს ოთხი ძირითადი მოქმედი პირის (ოთხი ბურჯის) მობილიზება. ეს მოქმედი პირები არიან: მთავრობები, პარლამენტარები, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ევროპის საბჭოს ყველა უწყება, დაწესებულება და ძირითადი ადმინისტრაციული ორგანო იზიარებს ამ პროგრამის სულისკვეთებას და უკვე შეაქვს საკუთარი წვლილი პროგრამის მიზნების მიღწევაში. ორგანიზაციის დონეზე ამ „გუნდური მუშაობის“ სულისჩამდგმელები არიან სამუშაო ჯგუფი (რომელშიც ევროპის საბჭოს ყველა შესაბამისი სამდივნოა წარმოდგენილი) და პროგრამის საკოორდინაციო დანაყოფი (რომელიც სოციალური ერთობის გენერალური დირექტორატის სამდივნოში შედის).

ქვემოთ ჩამოთვლილია ევროპის საბჭოს მიმდინარე საქმიანობის მაგალითები:

I. სტანდარტების დასახვა

ევროპის საბჭოს ყველაზე ფასეული თვისება ალბათ სტანდარტების დასახვის უნარია. მუშაობაში მისი უწყებებისა და დაწესებულებების განსაკუთრებით დინამიკურ მონაწილეობას ორგანიზაცია ამ თვისებას უნდა უმადლოდეს. ამჟამად მზადდება სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტი, რომლებიც ბავშვებს ეხება. მათ შორის არის:

  • კონვენცია და რეკომენდაცია სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობისაგან ბავშვების დაცვის შესახებ;

  • რეკომენდაცია მშობლების დადებითი როლის შესახებ, რომელიც გამორიცხავს ძალადობას;

  • რეკომენდაცია ახალ მედია-გარემოში ბავშვების გარკვეული უფლებებით აღჭურვის შესახებ;

  • სტანდარტები ბავშვების დასაცავად მედიაში და სხვა საინფორმაციო სამსახურებში საზიანო ხასიათის გადაცემებისა და მასალებისაგან;

  • რეკომენდაცია უმცირესობებს მიკუთვნებული ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ;

  • რეკომენდაცია ევროპული წესებით იმ არასრულწლოვანი სამართალდამრღვევებისთვის, რომლებსაც თავისუფლება აქვთ აღკვეთილი ან დაქვემდებარებულნი არიან საზოგადოებრივ სანქციებს ან ზომებს;

  • გადასინჯული ევროპული კონვენცია ბავშვების შვილად აყვანის შესახებ;

  • ევროპის საბჭოს ქარტია მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სფეროში განათლების შესახებ.

ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რეზოლუციებსა და დასკვნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც ღებულობს. ქვემოთ ჩამოთვლილია ანგარიშები, რომლებიც მზადდება საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტებში და რომელთა შედეგად შესაძლებელია მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიღება:

  • ანგარიში ძალადობისა და ბავშვების ექსპლუატაციისა და მათ მიმართ ძალადობის სხვა ფორმებთან ბრძოლისთვის სასარგებლო სამართლებრივი და სხვა ინსტრუმენტების განხორციელების შესახებ;

  • ანგარიში შიდს-ის გამო დაობლებული და დაუცველი ბავშვების შესახებ;

  • ანგარიში ევროპაში კონფლიქტის ან კონფლიქტისშემდგომ ზონებში მცხოვრები ბავშვების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ;

  • ანგარიში ევროპაში ბავშვებისა და მოზარდების თვითმკვლელობის შესახებ: მნიშვნელოვანი საკითხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში;

  • ანგარიში ბავშვების მიმართ ძალადობის პირველი ფორმის - დაბადებისას მიტოვების - აღმოფხვრის შესახებ.

II. მონიტორინგი

ძალზე მნიშვნელოვანია წევრ სახელმწიფოთა მიერ ადამიანის უფლებათა სტანდარტების დაცვის მონიტორინგი. ევროპის საბჭოს ძირითადმა დაწესებულებებმა (საპარლამენტო ასამბლეამ და მინისტრთა კომიტეტმა) ჩამოაყალიბეს მონიტორინგის რამდენიმე სისტემა (ქვეყნებზე დაფუძნებული, თემატური ან ხელშეკრულებაზე დაფუძნებული). ამ სფეროში შესანიშნავ მაგალითებს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და დასკვნები.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია, დიდი წვლილი შეაქვს სიტუაციის შეფასებაში ცალკეულ ქვეყნებში ვიზიტების მეშვეობით. კომისრის ანგარიშებმა და საქმიანობამ ბევრ შემთხვევაში წარმოაჩინეს ბავშვთა უფლებების საკითხები.

მონიტორინგის მწარმოებელ უწყებებს ეთხოვებათ, საგანგებო ყურადღება მიაპყრონ ბავშვების მიმართ ძალადობის საკითხს. პროგრამის „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ ფარგლებში დაინერგება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების სისტემატური გადასინჯვა.

III. პოლიტიკის შემუშავება

ევროპის საბჭოს შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს პოლიტიკის შემუშავების სფეროში. ამ სამუშაოს უდიდეს ნაწილს ასრულებენ სამუშაო კომიტეტები, რომლებიც შედგებიან მთავრობათა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლებისაგან არასამთავრობო (ორგანიზაციის „მეოთხე ბურჯი“) და სხვა მთავრობათაშორისი ორგანიზაციებიდან. ისინი ევროპის საბჭოს სექტორული პოლიტიკის შემოქმედები არიან. სამართლებრივი თანამშრომლობის, ადამიანის უფლებების, სოციალური ერთობის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სამუშაო კომიტეტებს თავიანთ დღის წესრიგში აქვთ შეტანილი ბავშვთა უფლებების საკითხები, მათ შორის:

  • ბოშათა ბავშვებისათვის განათლების ხელმისაწვდომობა;

  • განათლება დემოკრატიული მოქალაქეობის განვითარების მიზნით;

  • უნარშეზღუდული ბავშვების უფლებები;

  • სპეციალურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბავშვთა უფლებები;

  • მიგრანტთა ბავშვების ინტეგრაცია;

  • ბავშვების მონაწილეობა: მეთოდების, ინსტრუმენტების და ქსელების განვითარება, საგანგებო ყურადღების მიპყრობა გარიყვისგან დაზარალებული ბავშვებისადმი (მიგრანტთა ბავშვები, ქუჩის ბავშვები, სპეციალურ დაწესებულებებში მოთავსებული ბავშვები, უნარშეზღუდული ბავშვები და ა.შ.);

  • ბავშვებთან დაკავშირებულ პოლიტიკასთან მიმართებაში ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის გადასინჯვა;

  • ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზების გაანალიზება, სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირება და ბავშვთა უფლებების დასაცავად ეროვნული სტრატეგიებისათვის მოდელების შექმნა;

  • პრევენციის ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკის გაანალიზება, სხვადასხვა საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირება და ბავშვების მიმართ ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე ძალადობის პრევენციისათვის მოდელების შექმნა;

  • ბავშვის სათანადო აღზრდისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება;

  • ინსტრუმენტების შემუშავება გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სფეროში განათლებასთან დაკავშირებით.

IV. თანამშრომლობა და დახმარება

თხოვნის შემთხვევაში ევროპის საბჭო ითანამშრომლებს ცალკეულ ქვეყნებთან და დაეხმარება მათ სამართლებრივი რეფორმის გატარებაში, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ბაზის შემუშავებაში, აგრეთვე, პროფესიონალთა მომზადებაში.

V. მოქმედების არეალი - განათლება, მომზადება და კომუნიკაცია

სტანდარტებსა და პოლიტიკას თან უნდა ახლდეს კომუნიკაციის, განათლებისა და მომზადების სტრატეგიები. ამჟამად მიმდინარეობს შემდეგი საქმიანობა:

  • ბავშვთა უფლებების შესახებ ინტერნეტგვერდის შექმნა;

  • ბავშვთა ინტერესებზე კონცენტრირებული ინტერნეტგვერდის შექმნა;

  • სახელმძღვანელოების გამოცემა შემდეგ საკითხებზე: ინტერნეტში მუშაობის წესები, ძალადობა სკოლებში, დემოკრატიული მართვა სკოლებში;

  • ინსტრუქტორებისთვის სახელმძღვანელოების გამოცემა შემდეგ საკითხებზე: განათლება ადამიანის უფლებების სფეროში ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად (Compasito), ძალადობა სქესობრივი ნიშნით და ძალადობა სკოლებში;

  • ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბის ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ, ბავშვების/ახალგაზრდების ინტერესებზე კონცენტრირებული ქარტიის გამოცემა;

  • საკომუნიკაციო კამპანიები ისეთ სპეციფიკურ საკითხებზე, როგორიც არის სექსუალური ძალადობა, ფიზიკური დასჯა, ძალადობა სკოლებში და ძალადობა მედიაში;

  • ეროვნულ დონეზე ღონისძიებებისა და კამპანიების ორგანიზება.

8 ევროპის საბჭო და ბავშვთა უფლებები (ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტები)

▲ზევით დაბრუნება


8.1 1. კონვენციები

▲ზევით დაბრუნება


ძირითადი კონვენციები

  • კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ (1950)

  • ევროპის სოციალური ქარტია (1961)

  • ევროპის შესწორებული სოციალური ქარტია (1996)

  • ევროპის სოციალური ქარტიის დამატებითი ოქმი, რომელშიც გათვალისწინებულია კოლექტიური საჩივრების სისტემა (1995)

  • ევროპული კონვენცია წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის შესახებ (1987) სხვა კონვენციები

  • ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის შესახებ (2005)

  • კონვენცია ბავშვებთან დაკავშირებით კონტაქტის შესახებ (2003)

  • კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ (2001)

  • ევროპული კონვენცია მოქალაქეობის შესახებ (1997)

  • ევროპული კონვენცია ბავშვთა უფლებების განხორციელებაზე (1996)

  • ევროპული კონვენცია ბავშვთა მეურვეობასთან მიმართებაში გადაწყვეტილებების აღიარებისა და განხორციელების და ბავშვთა მეურვეობის აღდგენის შესახებ (1980)

  • ევროპული კონვენცია ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა იურიდიული სტატუსის შესახებ (1975)

  • ევროპული კონვენცია ბავშვების შვილად აყვანის შესახებ (1967)

8.2 II. მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები და რეზოლუციები (1990-2006)

▲ზევით დაბრუნება


  • რეკომენდაცია Rec (2006)1 ახალგაზრდების მიმართ პოლიტიკის შემუშავებაში ეროვნული ახალგაზრდული საბჭოების როლის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (2005)5 საცხოვრებელ დაწესებულებებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებების შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (2004)13 ადგილობრივი და რეგიონული მასშტაბის ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (2003)20 არასრულწლოვანთა დამნაშავეობასთან გამკლავების ახალი გზებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების როლის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (2002)5 ძალადობისგან ქალების დაცვის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (2001)16 სექსუალური ექსპლუატაციისაგან ბავშვების დაცვის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (2001)10 პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (2001)11 სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობასთან ბრძოლის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (98)8 ოჯახურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ბავშვების მონაწილეობის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (97)19 ელექტრონულ მედიაში ძალადობის ჩვენების შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (97)13 მოწმეთა დაშინებისა და დაცვის უფლებების შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (94)14 ერთიანი და ინტეგრირებული საოჯახო პოლიტიკის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (93)2 ბავშვის შეურაცხყოფის სამედიცინო-სოციალური ასპექტების შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (91)11 ბავშვებისა და ახალგაზრდების სექსუალური ექსპლუატაციის, პორნოგრაფიისა და პროსტიტუციის და ვაჭრობის შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (91)9 საოჯახო საკითხებში გადაუდებელი ზომების შესახებ

  • რეკომენდაცია Rec (90)2 ოჯახებში ძალადობასთან დაკავშირებული სოციალური ზომების შესახებ

*

  • რეზოლუცია RecAP(2005)1 უნარშეზღუდული ზრდასრული ადამიანებისა და ბავშვების შეურაცხყოფისაგან დაცვის შესახებ

8.3 III. საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციები და რეზოლუციები (1990-2005)

▲ზევით დაბრუნება


  • რეკომენდაცია 1703 (2005) თავშესაფრის მაძიებელი, ოჯახებისგან მოშორებული ბავშვების დაცვისა და დახმარების შესახებ

  • რეკომენდაცია 1698 (2005) სპეციალურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბავშვთა უფლებების შესახებ: საპარლამენტო ასამბლეის 1601 (2003) რეკომენდაციის განხორციელება

  • რეკომენდაცია 1666 (2004) ბავშვების ფიზიკური დასჯის ევროპის მასშტაბით აკრძალვის შესახებ

  • რეკომენდაცია 1596 (2003) ევროპაში ახალგაზრდა მიგრანტების მდგომარეობის შესახებ

  • რეკომენდაცია 1632 (2003) მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოზარდების შესახებ: სოციალური და ჯანდაცვაზე დაფუძნებული მიდგომა ახალგაზრდების ავადმყოფობისადმი

  • რეკომენდაცია 1601 (2003) დაწესებულებებში მიტოვებული ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

  • რეკომენდაცია 1561 (2002) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის სოციალური ზომების შესახებ

  • რეკომენდაცია 1555 (2002) მედიაში ქალების წარმოსახვის შესახებ

  • რეკომენდაცია 1551 (2002) ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად 21-ე საუკუნის საზოგადოების მშენებლობის შესახებ: ბავშვებისთვის ევროპული სტრატეგიის (რეკომენდაცია 1286 (1996)) განხორციელება

  • რეკომენდაცია 1545 (2002) ქალებით ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ

  • რეკომენდაცია 1532 (2001) დიდ და პატარა ქალაქებში ბავშვებისა და მოზარდებისთვის დინამიკური სოციალური პოლიტიკის შესახებ

  • რეკომენდაცია 1526 (2001) არასრულწლოვანებით ვაჭრობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ აღმოსავლეთევროპული მარშრუტის გასაუქმებლად: მოლდოვის მაგალითი

  • რეკომენდაცია 1523 (2001) ოჯახებში მონობის შესახებ

  • რეკომენდაცია 1501 (2001) ბავშვთა განათლებაში მშობლებისა და მასწავლებლების პასუხისმგებლობის შესახებ

  • რეკომენდაცია 1459 (2000): სამოქმედო გეგმა კოსოვოს ბავშვებისათვის

  • რეკომენდაცია 1449 (2000) სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ევროპაში არალეგალური მიგრაციის შესახებ

  • რეკომენდაცია 1443 (2000) საერთაშორისო შვილად აყვანის შესახებ: ბავშვთა უფლებების პატივისცემა

  • რეკომენდაცია 1398 (1999) ალბანეთში ბავშვების მდგომარეობის შესახებ

  • რეკომენდაცია 1371 (1998) ბავშვების შეურაცხყოფისა და უგულებელყოფის შესახებ

  • რეკომენდაცია 1336 (1997) ბავშვის შრომის ექსპლუატაციასთან ბრძოლა, როგორც პრიორიტეტული საკითხი

  • რეკომენდაცია 1286 (1996) ბავშვებისთვის ევროპული სტრატეგიის შესახებ

  • რეკომენდაცია 1121 (1990) ბავშვთა უფლებების შესახებ

*

  • რეზოლუცია 1337 (2003) ქალებით ვაჭრობასთან და პროსტიტუციასთან დაკავშირებული მიგრაციის შესახებ

  • რეზოლუცია 1307 (2002) ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ: ნულოვანი შემწყნარებლობა

  • რეზოლუცია 1291 (2002) ბავშვთა გატაცება ერთ-ერთი მშობლის მიერ მეორე ქვეყანაში

  • რეზოლუცია 1247 (2001) გოგონათა წინადაცვეთის შესახებ

  • რეზოლუცია 1215 (2000) ბავშვ ჯარისკაცთა სამხედრო სამსახურში მიღებისა და შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობის წინააღმდეგ კამპანიის შესახებ

  • რეზოლუცია 1212 (2000) შეიარაღებული კონფლიქტებისას გაუპატიურების შესახებ

  • რეზოლუცია 1099 (1996) ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ

8.4 IV. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის რეკომენდაციები და რეზოლუციები

▲ზევით დაბრუნება


  • რეკომენდაცია 135 (2003) სკოლებში ძალადობის აღკვეთისა და მასთან ბრძოლისთვის ადგილობრივ დონეზე პარტნიორობის შესახებ

  • რეკომენდაცია 53 (1999) მიტოვებული ბავშვების/მოზარდების და ოჯახების მიმართ პოლიტიკის შესახებ

*

  • რეზოლუცია 160 (2003) სკოლებში ძალადობის აღკვეთისა და მასთან ბრძოლისთვის ადგილობრივ დონეზე პარტნიორობის შესახებ

  • რეზოლუცია 74 (1999) მიტოვებული ბავშვების/მოზარდების და ოჯახების მიმართ პოლიტიკის შესახებ

9 აშენეთ ჩვენთან ერთად!

▲ზევით დაბრუნება


პროგრამის „ევროპის მშენებლობა ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად“ გრაფიკულ გამოსახულებას საფუძვლად დაედო ტანგრამი. ტანგრამი ჩინური თავსატეხი თამაშია, იგი „ფაზლს“ ჰგავს. მიზანს წარმოადგენს სურათის აწყობა შვიდი ჩვეულებრივი ფიგურისგან: ეს არის ხუთი სამკუთხედი - ორი მოზრდილი, ერთი საშუალო ზომის და ორიც პატარა, ერთი კვადრატი და ერთი პარალელოგრამი. ერთი შეხედვით ფიგურების შედგენა იოლი ჩანს, მაგრამ რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიხვდებით, რომ საქმე არც ასე მარტივად არის! თუ ეს თამაში უწინ არასოდეს გითამაშიათ, სცადეთ ამ ბროშურის ილუსტრაციების გამრავლება საპირისპირო გვერდზე მოცემული ამოსაჭრელი ნიმუშების მეშვეობით. თუ ამას ვერ გააკეთებთ, დახმარება ბავშვს სთხოვეთ ან იხილეთ პასუხები 33-ე და 34-ე გვერდებზე.