![]() |
მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: მელიქიძე ვალერი |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია |
წყარო:
მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია : სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 152გვ. : ილ. ; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-1-5 : [ფ.ა.] [MFN: 29993] UDC: 339.924 + 327(100) + 316.32 + 32.001](042.4) K 23.839/4 - საერთო ფონდი K 24.580/1 - საერთო ფონდი K 24.581/4 - საერთო ფონდი 339.924(042.4)/მ-541 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი) F 7.570/4 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 © Center for Social Sciences, 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სოციალურ მეცნიერებათა სერია მომზადებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური სტიპენდიის საფუძველზე სალექციო კურსი სოციალური მეცნიერებების მაგისტრატურისათვის თბილისი 2006 სოციალურ მეცნიერებათა სერია მთავარი რედაქტორი: მარინე ჩიტაშვილი ენობრივი რედაქტორი: ლია კაჭარავა დაკაბადონება, ყდის დიზაინი: გიორგი ბაგრატიონი ქ. თბილისი, 0108, თ. ჭოველიძის ქ. ¹ 10 ელ. ფოსტა: contact@ucss.ge ინტერნეტ გვერდი: www.ucss.ge წიგნი მომზადებულია და გამოცემულია „სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ (Center for Social Sciences) მიერ, ფონდის OSI – Zug, ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამის (HESP) ფინანსური ხელშეწყობით The book has been published by the Center for Social Sciences, sponsored by the OSI-Zug Foundation and the Higher Education Support Program (HESP) of the Open Society Institute-Budapest. |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
არც ისე დიდიხნის წინ ამერიკელ ტურისტთა ჯგუფი იტალიას ეწვია. „საკვირველი!“ - განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა ადგილობრივ გამყოლს, ჩემს მეგობარს: „თქვენც გქონიათ პიცა?!“. იაპონელ ბოი სკაუტთა ჯგუფი ჩავიდა ჩიკაგოში. „საკვირველი!“ უთხრეს მათ თავის ჯგუფის ხელმძღვანელს - „მათაც ჰქონიათ მაკდონალდსი?!“.1 „Хотели как лучше, а получилось как всегда“ -
ვიქტორ ჩერნომირდინი, თანამედროვე რუსი მჭერმეტყველი.
![]() |
2 შესავალი - რა არის გლობალიზაცია? |
▲ზევით დაბრუნება |
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დაახოლებით მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან საზოგადოებრივი განვითარება დედამიწაზე მიმდინარეობს დიდი, ერთიანი პროცესის ფარგლებში, რომელიც გლობალიზაციის სახელითაა ცნობილი.
აღიარებულია, აგრეთვე, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უდიდესი უმეტესობა ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ სახით, ხვდება ამ პროცესის მოქმედების სფეროში, ხოლო ყველაზე აქტიურებს თავიანთი ამბიციების რეალიზაცია მხოლოდ მის ფარგლებში შეუძლიათ.
შესაბამისად ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ელემენტარული განათლება მაინც აქვს მიღებული, იცნობს სიტყვას „გლობალიზაცია“, ისევე როგორც მასთან ახლოს მდგარ ისეთ ტერმინს, როგორიცაა გლობალური. ეს სიტყვები შედარებით განვითარებულ ქვეყნებში მაინც უკვე დიდი ხანია ყოველდღიური სალაპარაკო ენის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.2 ასე რომ, ყოფით დონეზე მაინც, უამრავ ადამიანს გააჩნია საკუთარი განზოგადებული წარმოდგენა ამ პროცესის შესახებ და პოზიცია (დადებითი თუ უარყოფითი) მის მიმართ. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება იმ სახით და იმ დონეზე, როგორც აღწერილია კურსის ეპიგრაფში მოყვანილ მაგალითში.
სულ სხვაგვარადაა მდგომარეობა ამ ტერმინის ფორმალური, მეცნიერულად დასაბუთებული განმარტების თვალსაზრისით. არსებობს გლობალიზაციის იმდენი განმარტება, რომ საბოლოოო ჯამში რაიმე დასკვნების გამოტანა მათ საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია. სიტუაცია ძალიან წააგავს იმას, რომელიც აღწერა ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა რობერტ ჰაინლაინმა ჯერ კიდევ 1940-იანი წლების დასაწყისში. „მაგალითად, - ამბობდა მისი ერთ-ერთი წიგნის გმირი - ზმნას ყოფნა ინგლისურ ენაში გააჩნია ოცდაერთი განსხვავებული მნიშვნელობა, რომელთაგანაც არც ერთი არ შეესაბამება სინამდვილეს”.3
ამ სიტუაციის წარმოქმნა ადვილად გასაგებია. ის კარგად აიხსნება საზოგადოებრივი განვითარების პრობლემების ზედმეტი იდეოლოგიური დატვირთვით, ისევე როგორც ავადსახსენებელი პოლიტიკური კორექტულობის კულტურით, რომელიც არ იძლევა საშუალებას დაარქვა ნამდვილი სახელი საკმაოდ უწყინარ მოვლენებსაც კი.
ასეთი მდგომარეობა აშკარად აწყობთ პოლიტიკოსებს, რადგანაც აძლევს მათ საშუალებას დაუდონ მეცნიერული (უფრო სწორედ „წამეცნიერულო“) სარჩული ფაქტიურად ნებისმიერ გადაწყვეტილებას. მეორე მხრივ, მრავალი საკმაოდ ადვილად გასაგები მოვლენა ასეთი მიდგომის ფარგლებში ძნელად ასახსნელი ხდება.
შედეგად ვიღებთ იმას, რისი მაგალითიც მოყვანილი იქნა ინგლისურ გაზეთ „გარდიანში“ 2002 წელს - ერთ-ერთი გადაცემის დროს რედაქტორმა ეკონომიკის საკითხებში ევან დევისმა ახსენა „გლობალიზაცია - რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს“. წამყვანმა უპასუხა: „კეთილი, თუ მან არ იცის ეს რას ნიშნავს, ეშმაკმა დალახვროს, მაშ ჩვენ რაღა მოგვეთხოვება?“4
გლობალიზაციის დღესდღეობით ყველაზე ხშირად ხმარებული განმარტებებიდან შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ყველაზე ტიპური, როგორებიცაა მაგალითად:
- „[ყველაფერი] რაც გავრცელებულია ან გამოიყენება მთელ მსოფლიოში“ (უებსტერის ლექსიკონი).5
- „პროცესი, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ და საინვესტიციო ბაზრებს იმოქმედონ საერთაშორისო ასპარეზზე, ძირითადად დერეგულირებისა და გაუმჯობესებული კავშირების შედეგად“(კოლინზის ლექსიკონი).6
- „პროცესი, რომლის საშუალებითაც ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებას, რომელიც ხასიათდება საქონლისა და იდეეების გავრცელებით (დიფუზიით), შეუძლია გამოიწვიოს კულტურული წარმოსახვის სტანდარტიზაცია მსოფლიოს დონეზე“ (ბრიტანული ენციკლოპედია).7
ძალიან უხეშად კონცენტრირებული სახით პოპულარული წარმოდგენები გლობალიზაციის შესახებ შესაძლებელია დავიყვანოთ შემდეგ 5 თეზისამდე.
გლობალიზაცია არის -
ა/ ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლა; ბ/ გლობალური, საერთო-საკაცობრიო პრობლემების აღმოცენება; გ/ რამდენიმე ქვეყნის მიერ მსოფლიოზე ძალაუფლების ხელში ჩაგდება; დ/ნებისმიერი საზოგადოებრივი პროცესების გავრცელება მთელს მსოფლიოში; ე/ ქვეყნების მიერ საკუთარი კულტურული თვითმყოფადობის დაკარგვა.
|
აშკარაა, რომ ყველა ასეთი ხასიათის განმარტება, მიუხედავად იმისა, ის ძალიან ზოგადია, თუ ზედმეტად დეტალური, არ ხსნის გლობალიზაციის არსს და არ პასუხობს კითხვებზე რატომ და როგორ? მათ საფუძველზე ფაქტიურად შეუძლებელია მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაციის მიზეზებისა და შედეგების ადეკვატური შეფასება, რაც ამ კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, სპეციალურად ამ კურსისათვის შემუშავებულია გლობალიზაციის განმარტება, რომელიც, ავტორის აზრით, უფრო შესაბამისია თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისადმი და მათი განზოგადებული აღქმის საშუალებას იძლევა.
ეს განმარტებაა - გლობალიზაცია არის ურთიერთობათა სისტემა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვან მოთამაშეს და/ან მოთამაშეთა ჯგუფს (უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლების მეშვეობით) შეუძლია(თ) ისეთი პროცესების ინიცირება და მათზე ამა თუ იმ სახით გავლენის მოხდენა, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებს მსოფლიოს მასშტაბით.
რაც შეეხება მსოფლიოს წამყვან მოთამაშეებს, ისინი შეიძლება იყვნენ წარმოდგენილი ნებისმიერი სუბიექტით, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან შესწევს უნარი გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღებაზე სხვების მიერ. ე.ი. ასეთი შესაძლებელია გახდეს ნებისმიერი კერძო პიროვნება, საზოგადო მოღვაწე თუ ორგანიზაცია (კერძო, საჯარო, ეროვნული თუ ზეეროვნული, სახელმწიფო თუ არასამთავრობო), ვისაც შეუძლია მოახდინოს ისეთი გადაწყვეტილების ინიციირება, რომელსაც საბოლოო ჯამში მოსდევს მსოფლიო მასშტაბის სისტემური ცვლილებები.
ბუნებრივია, რომ დღესდღეობით უდიდეს უმეტესობა შემთხვევებში ასეთებად გვევლინებიან სუვერენული სახელმწიფოები რომელთაც ძირითადად გააჩნიათ ასეთი ცვლილებების გენერირების უნარი.8 გარდა ამისა, იმისათვის, რომ ესა თუ ის ცვლილება ეფექტურად განხორციელდეს, საჭიროა მისი კოდიფიცირება, ფორმალიზაცია და ლეგალიზაცია საერთაშორისო თუ ეროვნულ დონეებზე. ეს ისევდაისევ მიანიშნებს სახელმწიფოებს როგორც გლობალიზაციის მთავარ აგენტებს.
გლობალიზაციას საფუძვლად უდევს პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც -ექსპანსია - (ლათინურიდან expansio - გაფართოვება, გავრცელება) - ანუ [რაღაცის] ზომის, მოცულობის, რაოდენობისა ან ზღვარის გაფართოვებაზე მიმართული ქმედება. ფაქტიურად გლობალიზაცია შესაძლებელია დახასიათდეს როგორც - [დედამიწის სასრულ სივრცეში] ლოგიკურ ზღვარს მიღწეული ექსპანსია.
სამწუხაროდ ქართულ ენაში ამ ნასესხებ ტერმინს ცივი ომის პერიოდის შემდეგ საკმაოდ შელახული რეპუტაცია აქვს. ის ძირითადად ნაგატიურად აღიქვება, რადგანაც ტრადიციულად იხმარებოდა ისეთ შესიტყვებებში როგორებიცაა „იმპერიალისტური (კომუნისტური, კოლონიური და ა.შ.) ექსპანსია“.
|
სინამდვილეში ექსპანსია ძირითადად არის შიდა სისტემური პრობლემების მოგვარების სტანდარტული ინსტრუმენტი, რომელიც ამას აღწევს ამ პრობლემების სისტემის გარეთ გატანის ხარჯზე. ითვლება, რომ მას ძალიან ხშირად მიმართავენ სუსტი რეჟიმები, რომლებიც ცდილობენ თავისი უსუსურობის მიჩქმალვას საშინაო პრობლემების მეზობლებზე გადაბრალების გზით (მაგალითად, იხილეთ არგენტინის სამხედრო რეჟიმის კონფლიქტი დიდ ბრიტანეთთან ფოლკლენდის კუნძულების გამო 1982 წელს ან სადამისეული ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაცია 1990 წელს).
მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისათვის მაინც უკვე საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ექსპანსია არის პროცესი, რომელიც არა მარტო უშუალოდ ექვემდებარება დაგეგმვას, არამედ ხშირად გეგმიური ღონისძიების ხასიათს ატარებს. საკუთრივ ექსპანსიის რეალიზაციის კონკრეტულ მექანიზმებს პრინციპული მნიშვნელობა არა აქვთ. ის შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ.
მსოფლიოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე სამხედრო ექსპანსია ამ წამყვანი ქვეყნებისათვის გამონაკლისს წარმოადგენს. მას როგორც უკიდურეს საშუალებას მიმართავენ, თუმცა არც ისე დიდიხნის წინ ის ექსპანსიის ძირითად სახეს წარმოადგენდა.
„გეგმიური” ექსპანსია ორიენტირებულია კონკრეტულ, სასრულ შედეგზე და მიმდინარეობს კონტროლირებად გარემოში. ამის ტიპური მაგალითია ევროგაერთიანების გაფართოვება. მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა, ის გლობალური პროცესის ხასიათს (ე.ი. დაახლოებით - „გაუმარჯოს „ევროგლობალურ“ გაერთიანებას!“) ვერ მიიღებს, რადგანაც ამისათვის ევროპელებს არც საკმარისი მოტივაცია აქვთ და ვერც საკმარის ენერგიას დააგროვებენ.
სავარაუდოა, რომ გლობალიზაციას, ფიზიკიდან მოტანილ ანალოგიას თუ ვიხმართ - ორმაგი ბუნება აქვს. ისევე როგორც სინათლე, რომელიც ტალღაც არის და დისკრეტული ნაწილაკებიც, გლობალიზაციაც ერთდროულად სიტუაციაცაა და პროცესიც. გლობალიზაციის პროცესების მიმდინარეობა შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული სიტუაციის ფარგლებში, მაგრამ თვით ამ სიტუაციის არსებობა, თავის მხრივ, ამ პროცესების მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.
პრინციპში გლობალიზაციის პროცესები შეიძლება შევადაროთ ტალღებს, რომლებიც თავისი წყაროდან სხვადასხვა მიმართულებით ვრცელდებიან. ყველაზე ახლო ანალოგია ამ შემთხვევაში წყალში ჩაგდებული ქვით შექმნილი კონცენტრული ტალღებია ან ცალკეულ შემთხვევებში მიწისძვრისა, ან ბირთვული აფეთქების შემდეგ აგორებული სეისმური ტალღა, რომელიც დედამიწის ქერქში, თუ წყალში ვრცელდება.
ასეთი ტალღების (პროცესების) წყაროები დედამიწაზე უამრავია (პრინციპში ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო), მაგრამ მათი „სიმძლავრე” ძირითადად მცირეა და მაქსიმუმ ლოკალური გავლენის მოხდენა შეუძლია. დღესდღეობით ფაქტიურად არსებობს ერთადერთი წყარო, რომელსაც ისეთი პროცესების გენერირების უნარი შესწევს, რომლებიც მთელი დედამიწის მასშტაბით ვრცელდება, და რამდენიმე უფრო მცირე წყარო, რომლებსაც შეუძლიათ შესადარი სიმძლავრის პროცესების გენერირება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძირითადი წყაროს „სიხშირეზე“ მუშაობენ.
ტალღები შეიძლება წყაროდან ყველა მიმართულებით ვრცელდებოდეს, ან შედარებით ინტენსიური, ვიწროდ მიმართული იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ისეთი პროცესები, რომლებთაც მოსდევთ ცვლილებები, მსოფლიო მასშტაბით, ფაქტიურად არ ექვემდებარებიან კონტროლს. თუმცა მათ ინიციატორებს შეუძლიათ მათზე გავლენის მოხდენა ნაკლებად ან არაგარანტირებული შედეგებით.
იმის გამო, რომ გარემო, რომელშიც ეს ტალღები (პროცესები) ვრცელდება, ფრიად არაერთგვაროვანია, ისინი სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდებიან, შესაძლოა გაძლიერდნენ სხვა შესადარი ტიპის პროცესებთან შეხების შედეგად (ინტერფერენცია) ან, პირიქით, ჩაქრნენ. მათ შეუძლიათ საგრძნობლად შეიცვალონ ხასიათი (საწინააღმდეგომდეც კი), გამოვლენის ფორმა და ასეთი სახით მიუბრუნდნენ მის ინიციატორებს.
დღესდღეობით ფიზიკური სივრცის გადალახვა ან ფიზიკური წინააღმდეგობის დაძლევა გლობალური პროცესების ინიციატორებისათვის პრობლემას ფაქტიურად აღარ წარმოადგენს. პროცესების დამახინჯება, შენელება, ჩაქრობა ხდება ძირითადად პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ სივრცეეებში. ამიტომაც ხშირად გლობალური პროცესების წყაროსთან ახლოს მდებარე ტერიტორიები შეიძლება ან გამოთიშული იყვნენ მათგან ან გვიან და დამახინჯებულად აღიქვამდნენ. და, პირიქით, შორს განლაგებული, ამ პროცესების სრულფასოვანი, აქტიური მონაწილეები ხდებოდნენ.
|
ამავე დროს არსებობს ექსპანსიის ნაკლებად კონტროლირებადი, სპონტანური პროცესი, რომელიც აბსოლუტური შედეგების მისაღწევად მიიღწვის. ასეთი ტიპის ექსპანსია ყოველთვის გამონაკლისის სახით გვხვდებოდა და კაცობრიობის „დაღვინებასთან“ ერთად მისი გამოვლინება აბსოლუტურ მინიმუმამდე დაეცა. თუმცა სწორედ ასეთი სახის ექსპანსიასთანაა დაკავშირებული ყველა მსხვილმასტაბიანი ცვლილებები ჯერ რეგიონალურ, ხოლო შემდგომ გლობალურ დონეზე, რომელიც კაცობრიობას განუცდია. დღესდღეობით ერთადერთი საზოგადოება, რომელსაც შესწევს ასეთი ტიპის ექსპანსიის უნარი, ამერიკის შეერთებული შტატებია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს პროცესი აშკარად უკვე თავის პიკს გადაცდენილია და სულ უფრო და უფრო ატარებს პირველი ტიპის ექსპანსიის ხასიათს.
სიტუაცია, რომელიც იწვევს ასეთი ტიპის ექსპანსიის წარმოქმნას, როგორც ჩანს, ნებისმიერი ეთნოსის არსებობის მანძილზე ხდება ერთხელ - როდესაც ის იწყებს საკუთარი თავის, როგორც ისეთი ერთობის აღქმას, რომელსაც შესწევს უნარი დაუპირისპირდეს გარე სამყაროს.9 ამ დროს ეთნოსი სავსეა ენერგით, მოუსვენარია, მისთვის არ არსებობს გადაულახავი წინააღმდეგობები, ის უაღრესად მოტივირებულია მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.10 რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას შესწევს უნარი მოახდინოს იდეების გენერირება, შექმნას ახალი ფასეულობები. ის აქტიურია, ფლობს ინიციატივას, იმ დროს, როდესაც ყველა დანარჩენი ეთნოსები მხოლოდ რეაგირებენ მის
მოქმედებაზე. მისი შინაგანი ენერგია მოითხოვს გამოსავალს და ადრე თუ გვიან გარდაუვლად ხდება მისი „ამოფრქვევა“ გარე ექსპანსიის სახით.
ეტყობა გვხვდება ფსევდო სიტუაციებიც, რომლებიც იწვევენ სპონტანურის მაგვარ ექსპანსიას, თუმცა ასეთი ფაქტიურად ყოველთვის წარუმატებლად მთავრდება. ეს ხდება დიდი ისტორიული ძვრების (ომების, რევოლუციების) შედეგად, თუ ასეთი ძვრის ობიექტში ჯერ კიდევ არსებობს საკმარისი შინაგანი ენერგია. მაგრამ ასეთი ეთნოსი საჭიროებს ხელოვნურ იდეოლოგიურ მოტივაციას, ქარიზმატულ ლიდერს და მკაცრ (ხშირად რეპრესიულ) ორგანიზაციას. კლასიკური მაგალითები - გერმანელები ჰიტლერის და რუსები სტალინის დროს.
|
ასეთ სიტუაციაში მყოფი ეთნოსი ახორციელებს ექსპანსიას არა იმიტომ, რომ მას ასე უნდა ან ის მის უშუალო მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, არამედ იმიტომ, რომ ასე მართებს. საქმე გვაქვს კვაზიბუნებრივ პროცესთან, რომელიც ფაქტობრივად ნიუტონის პირველი კანონის შესაბამისად ვითარდება - ე.ი. პროცესი მიმდინარეობს იქამდე, სანამ შეუძლია გარემოს წინააღმდეგობის დაძლევა. ის თავისთავად საკმაოდ მარტივია და სწორხაზოვანი.
ასეთი სპონტანური ექსპანსიის წარმატებული რეალიზაციის ყველაზე ცნობილი მაგალითებია:
ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობა;
რომის იმპერიის შექმნა;
მუჰამედის დროინდელი არაბების ექსპანსია;
მონღოლ-თათართა დაპყრობები;
ესპანეთისა და ბრიტანეთის კოლონიური იმპერიების შექმნა;
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის აშშ-ს გლობალური ექსპანსია.
ეთნოსთა სიდიდეს უმეტეს შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს - მათ შესწევთ უნარი აიყოლიონ და თავის ინტერესებში გამოიყენონ სხვა ხალხები, მათზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი, ისე, მაგალითად, როგორც ეს მოახერხეს მონღოლებმა, რომლებსაც საკუთარ წარმატებებს ძირითადად თათრების ხელით მიაღწიეს.
ამავე დროს, შემდეგი ფაქტორები თამაშობენ ხშირად გადამწყვეტ როლს სპონტანური ექსპანსიების განვითარებასა და წარმატებაში:
1. ეთნოსის გეოგრაფიული მდებარეობა ექსპანსიის უშუალო წინამავალ პერიოდში და მის საწყის ეტაპზე. ეს ფაქტორი განაპირობებს, გადაურჩება თუ არა ეთნოსი კონსოლიდაციის წინა გარდაუვალ კრიზისს (სამოქალაქო დაპირისპირებას, ომს, ა.შ.); აგრეთვე, თუ რა წინააღმდეგობას (ბუნებრივს, ადამინურს) გადაეყრება ის ექსპანსიის პროცესში, რა მიმართულებით წავა ექსპანსია.
2. კულტურის ტიპი - რომელიც განაპირობებს არა მარტო ეთნოსის ორგანიზაციის ფორმას და მის ეფექტურობას ექსპანსიის პროცესში, არამედ (რაც უფრო მნიშვნელოვანია) რამდენად ეფექტურად შესძლებს ის მონაპოვარის ათვისებასა და შენარჩუნებას.
გარდა ამისა წარმატებული ექსპანსიისა და მისი შედეგების შესანარჩუნებლად ეთნოსის ტექნიკური შეიარაღების დონე ან უნდა აღემატებოდეს, ან მინიმუმ ტოლი უნდა იყოს მისი ძირითადი მოწინააღმდეგეებისა. |
როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან სჩანს, ყველა შემთხვევაში ექსპანსიის შედეგად ათვისებული სივრცე უზარმაზარი იყო. უკვე ესპანეთის ექსპანსია თავისი გამოვლენით გლობალურს უახლოვდებოდა, მაგრამ მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ევროპულმა კოლონიურმა ექსპანსიამ დაუდო დასაბამი გლობალიზაციას როგორც ასეთს. რამ გამოიწვია ეს გადამწყვეტი ხარისხობრივი ცვლილება კაცობრიობის განვითარებაში?
1. საბაზრო ურთიერთობების და კერძო საკუთრების დამკვიდრება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში საშუალებას იძლეოდა ეფექტურად, დიდი მოგებით გამოეყენებინათ ის რესურსები, რომლებზეც ეს ქვეყნები ამყარებდნენ კონტროლს, ექსპანსიის შედეგად. ესპანეთი, სადაც მისი წარმატების პიკზე ასეთი ურთიერთობების ნატამალიც კი არ იყო, ფაქტიურად „დაალპა“ ამერიკაში დახვავებულ უზარმაზარ სიმდიდრეს, რადგანაც ის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე ვერ მიმართა;
2. სამრეწველო რევოლუციის შედეგად მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა მიიღეს ტექნოლოგიები, რომლებმაც არა მარტო უზომოდ გაზარდეს მათი საშუალებები მოეპოვებინათ, გადაეზიდათ და ეფექტურად გადაემუშავებინათ მათ განკარგულებაში აღმოჩენილი რესურსები, არამედ მოეპოვებინათ ინფორმაცია პოტენციულ თუ რეალურ მოწინააღმდეგეზე, მიეწოდებინათ ის გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის, მოეხდინათ სწრაფი რეაგირება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შექმნილ სიტუაციებზე იქ დამატებითი რესურსების (ჯარის, ტექნიკის) გადასროლის ხარჯზე, ეზრუნველეყოთ გადამწყვეტი უპირატესობა მოწინააღმდეგეზე ბრძოლის ველზე. ფაქტიურად გლობალიზაციის პირველი ეტაპი დაფუძნებული იყო ორთქლის გემზე, რკინიგზაზე, ტელეგრაფსა და შაშხანაზე (მოგვიანებით ტყვიამფქვევზე);
3. საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი სისტემის შექმნა, რომლის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო შეგნებულად, დაძალების გარეშე მიეღო მონაწილეობა მისი ქვეყნის მიერ ინიცირებულ პროცესებში, დაეცვა მისი ინტერესები და შეეძლო ამ პროცესში მოხვეჭილი სიმდიდრე ლეგალურად გამოეყენებინა საკუთარი გამდიდრებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ გლობალიზაციამ განიცადა რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, მას ახასიათებს რამდენიმე უცვლელი ძირითადი პრინციპი -
ა/ მნიშვნელობა არა აქვს რომელი ქვეყანა, ქვეყანათა ჯგუფი თუ ნებისმიერი სხვა სუბიექტი არიან გლობალიზაციის პროცესების ინიციატორები. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის გლობალიზაცია ძირითადად დიდი ბრიტანეთისა და დასავლეთის რიგი სხვა წამყვანი სახელმწიფოების კოლონიური ექსპანსიის შედეგი იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალიზაცია - ორი ანტაგონისტური სოციალური სისტემის (კაპიტალიზმისა და სოციალიზმის) კონკურენციის შედეგი. ინიციატორთა შორის შეიძლება მოხვდეს ფაქტიურად ნებისმიერი მოთამაშე, რომელსაც რეგულარულად, საკმაო დროის მანძილზე შეუძლია იმდენად ძლიერი პროცესის (პროცესების) გენერირება, რომ მისი შედეგები საბოლოო ჯამში აღიქმება მთელ დედამიწაზე.11
გლობალიზაციის (გლობალიზაციური) პროცესია ისეთი, რომლის მიმდინარეობაც იწვევს ხარისხობრივ ცვლილებებს საზოგადოებრივი ურთიერთობების სისტემებში გლობალური მასშტაბით ან საზოგადოებრივი განვითარების ახალი ტრენდის ფორმირებას. არ არის აუცილებელი ასეთ პროცესს გლობალური გამოვლენა ჰქონდეს. ასეთი პროცესების მაგალითებს მეოცე საუკუნეში მიეკუთვნება, ვთქვათ, რუზველტისეული „ახალი კურსი“ 1930-იან წლებში აშშ-ში, მეორე მსოფლიო ომი, სსრკ-ის დაშლა. გლობალურია ნებისმიერი პროცესი, რომელიც პლანეტარული მასშტაბით ვლინდება. ის შესაძლოა დაემთხვეს გლობალიზაციის პროცესს, თუმცა ეს აუცილებელი არ არის.
|
ბ/ არა აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროში (პოლიტიკურში, ეკონომიკურში, კულტურულში . . . ) ხდება ამ პროცესების ინიცირება.
გ/ ნებისმიერი ქვეყანა თუ სხვა სუბიექტი, რომელსაც ხელეწიფება გლობალური პროცესების ინიცირება თავის მოქმედებაში პირველ რიგში საკუთარი მოთხოვნილებებიდან და ინტერესებიდან გამოდის. ფაქტიურად შესაძლებელია ვილაპარაკოთ, რომ გლობალიზაცია არის ლოკალური პროცესების გლობალური გამოვლენა. არც ერთი პროცესი, რომელსაც მოსდევს ცვლილებები გლობალურ დონეზე, არ არის თავიდანვე ჩაფიქრებული როგორც ასეთი. ხშირად „პირველადი ბიძგი“ შეიძლება საკმაოდ სუსტი იყოს, მაგრამ განვითარების პროცესში უზომოდ გადიდდეს და გლობალური ხასიათი მიიღოს, თუ ხელსაყრელ პირობებში მოხვდა - ე.წ. „პეპლის ეფექტი“.
დ/ გლობალიზაცია, ძალიან ფართო გაგებით, ქმნის განვითარების შესაძლებლობებს, თუმცა მსოფლიოში მომქმედი ამა თუ იმ მოთამაშის უნარი გამოიყენოს ეს შესაძლებლობები საკუთარი მიზნების მისაღწევად, წარმოადგენს ფრიად განსხვავებულ პრობლემას, რომელიც უნდა გადაწყდეს არა გლობალურ, არამედ ადგილობრივ დონეზე.
გარდა ამისა, გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპი, აგრეთვე, ხასიათდება რიგი კარგად გამოხატული თავისებურებებისა, რომლებიც საკმარისია, იმისათვის, რათა მასზე მკაფიო წარმოდგენა შევიქმნათ.
1. ყველა პროცესი გლობალიზაციის ფარგლებში ღიაა და ორმხრივი. არსებობს უკუკავშირები პროცესების ინიციატორებსა და მათ ობიექტებს შორის. ე.ი. ნებისმიერი ინიციატივა ამა თუ იმ სახით გარდაუვლად ასე თუ ისე უბრუნდება ინიციატორს. ეს უკურეაქცია პრინციპში შეიძლება გაუტოლდეს ან აღემატებოდეს კიდეც თვით ამ ინიციატივას. ნებისმიერი ინიციატივა მსოფლიო მასშტაბით გავრცელების პროცესში გარდაუვლად იცვლის სახეს, მახინჯდება; შესაძლებელია საბოლოო ჯამში თავისი საწინააღმდეგო სახეც კი მიიღოს.
2. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია აირჩიოს, შეუერთდეს თუ არა ამ პროცესებს და რა სახით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს არჩევანი, როგორც ამას უწინ საბჭოთა კავშირში უწოდებდნენ - ნებაყოფლობით-დაძალებითია. ასეთი „შეერთების” წესები და პირობები ცნობილია, თუმცა ნაკლებად ფორმალიზებული. საბოლოო ჯამში, ისინი შესაძლებელია დაყვანილ იქნენ საბაზრო ეკონომიკის განვითარებამდე, კონკურენტული ბაზრების შექმნამდე, საზღვრების გახსნამდე საქონლისა და კაპიტალის თავისუფლად გადასაადგილებლად და ტრანსნაციონალური კორპორაციების შეუზღუდავ დაშვებაზე იმ ქვეყნების საშინაო ბაზრებზე, რომლებიც გლობალიზაციის პროცესების გავლენას განიცდიან. ეს მკვეთრად ზრდის ნებისმიერი ცალკე აღებული ქვეყნის პასუხისმგებლობას საკუთარი კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის.12 წარუმატებლობის შემთხვევისათვის დამცავი მექანიზმები არსებობს, მაგრამ საკმაოდ არასრულყოფილი, და მათი გამოყენება ხშირად მევახშის ხელში ჩავარდნის ტოლფასია.
3. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უპირატესობა სხვებთან შედარებით იმდენად დიდია, რომ ისინი აღარ წარმოადგენენ „დახურულ კლუბს“, როგორც ეს გლობალიზაციის დასაწყისში იყო. მათ არ ეშინიათ დედამიწაზე მერიტოკრატიული სისტემის არსებობისა. პირიქით, გლობალიზაციის პროცესების ფარგლებში ნებისმიერ ქვეყანას უქმნიან „შესაძლებლობათა სარკმელს“ (ზოგს რამდენჯერმე), რომელიც ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს იმისათვის, რომ წამყვან სახელმწიფოთა რიცხვს შეუერთდეს (რასაკვირველია, თუ ამის უნარი გააჩნია).
4. დღევანდელი ტექნოლოგიები (მართვის, კომუნიკაციური, ინფორმაციის დამუშავების, სამხედრო და ა.შ.) ისეთია, რომ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ საკუთარი ინტერესების დაცვა ტერიტორიაზე უშუალო სამხედრო თუ ადმინისტრაციული კონტროლის დამყარების გარეშე. აქედან გამომდინარე:
- გლობალიზაციის პროცესები შერჩევითია. ისინი შესაძლებელია წერტილოვანი გავლენის დონეზე ხორციელდებოდეს. ყველაფერთან ერთად ეს ტოვებს გლობალიზაციის ჩარჩოებს გარეთ არა მარტო ცალკეულ ქვეყნებს, არამედ მთელ რეგიონებს. თუ ასეთ ადგილებში გლობალიზაციის გავლენა ამა თუ იმ სახით მაინც იგრძნობა, მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი პროცესების კონტროლირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ინფორმაციული თუ მატერიალური ნაკადების რაღაცა ნაწილი მაინც „ეპარება“ ძირითად კალაპოტს.
- მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ფორმალური და ფაქტიური პასუხისმგებლობა დედამიწაზე მიმდინარე (მ.შ. უშუალოდ მათ მიერ წამოწყებული) პროცესების შედეგებზე შედარებით მცირდება. მათ ფაქტიურად შეუძლიათ, უმეტეს შემთხვევაში ზურგი შეაქციონ იმ პროცესებსა და მოვლენებს, რომლებშიც უშუალო ჩარევა მათ კონკრეტულ ინტერესებში არ შედის და შემოიფარგლონ ცარიელი დემაგოგიით. ეს მკვეთრად განასხვავებს გლობალიზაციას თანამედროვე ეტაპს მისი დასაწყისისაგან, როდესაც კოლონიური იმპერიები იძულებულები იყვნენ ასე თუ ისე ჩარეულიყვნენ პლანეტაზე მიმდინარე პროცესების უმეტესობაში, რადგანაც ისინი მათ მიერ უშუალოდ კონტროლირებადი ტერიტორიების ფარგლებში მიმდინარეობდა.
ის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები დღესდღეობით გადამწყვეტ როლს თამაშობენ გლობალიზაციური პროცესების წარმოჩენასა და რეალიზაციაში, არ ნიშნავს იმას, რომ გლობალიზაცია ამ ქვეყნების შეთქმულების შედეგია, როგორც ეს ბევრს მიაჩნია. უბრალოდ საზოგადოებრივი განვითარების თანამედროვე ეტაპზე ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ ამ პროცესის ყველაზე აქტიურ აგენტებს და შესაბამისად ყველაზე ინტენსიურად განიცდიან მის ზეგავლენას. ასეთი „განვითარების აგენტების“ როლი კაცობრიობის ისტორიაში უამრავ სხვა ეთნოსსა თუ სახელმწიფოს უთამაშია. გადის დრო, განვითარების ერთ ეტაპს ახალი ცვლის და ისინი გარდაუვლად უთმობენ ადგილს სხვა, უფრო აქტიურ და მიზანდასახულ ეთნოსებს. ასეთია განვითარების ლოგიკა.13
|
ერთ-ერთი მთავარი გაუგებრობა, რომელიც გლობალიზაციის პროცესთანაა დაკავშირებული ისაა, რომ მისგან რაღაცა კონკრეტულ შედეგს მოელიან (დადებითს, თუ უარყოფითს). ასე მაგალითად, მრავალი წელი მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, ზრდის თუ არა გლობალიზაცია ადამიანების კეთილდღეობას.14 სინამდვილეში გლობალიზაცია, როგორც ასეთი, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი (ამ შემთხვევაში კვაზი-ბუნებრივი) პროცესი აბსოლუტურად ნეიტრალურია მისი გავლენის ობიექტების მიმართ. ამიტომ პრინციპულად არასწორია მისი ხარისხობრივი შეფასება.
როგორ გავლენას ახდენს გლობალიზაცია ამა თუ იმ სახელმწიფოსა თუ ეთნოსზე, დამოკიდებულია, პირველ რიგში, იმაზე, ეს უკანასკნელი რამდენად კარგად აუღებს მას ალღოს და შეძლებს მის გამოყენებას საკუთარ ინტერესებში.
საერთოდ, არ ღირს ადამიანის ნების როლის გადაჭარბება ისეთი მასშტაბის მოვლენაში, როგორიცაა გლობალიზაცია. ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული შეგნებული გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც მოსდევს კონკრეტული ქმედება. გადაიზრდება თუ არა ეს ქმედება პროცესში, ხოლო, თავის მხრივ, გახდება თუ არა ეს პროცესი გლობალური მასშტაბის, ადამიანის ნებასურვილზე ნაკლებადაა დამოკიდებული. ასე რომ არ იყოს, მაშინ რეალური გახდებოდა „Deutchland uber alles“ ტიპის სცენარების რეალიზაცია, რაც მადლობა ღმერთს - არარეალურია.
გლობალიზაცია არ წარმოადგენს ამა თუ იმ მოვლენის დედამიწის ფარგლებში გავრცელების პროცესს - ვთქვათ სატელეფონო ხაზების ან ტელევიზორების, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, საერთაშორისო ფინანსური ტრანსაქციების ინტენსიფიკაციის, ტრანსნაციონალური კორპორაციების გავლენის, ერთიანი კულტურული ფასეულობების, ბოლოს და ბოლოს, მაკდონალდსების ან ამერიკული კინოს გავრცელების და ა.შ., როგორც ეს საზოგადოდ (მ.შ. ბევრი მეცნიერის მიერ) აღიქვება. სინამდვილეში ყველაფერი ჩამოთვლილი არა გლობალიზაციაა, არამედ მისი მეორადი შედეგი (ხშირად გაუთვალისწინებელი), შეიძლება ვიხმაროთ სიტყვა „სიმპტომიც“ კი.
გლობალიზაცის არსი მდგომარეობს იმ ღრმა სტრუქტურულ ცვლილებებში თანამედროვე საზოგადოებაში, რომლებიც, თავის მხრივ, ქმნიან პირობებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენის საარსებოდ. შეუძლებელია ინტერნეტის დანერგვა და გავრცელება მთელს მსოფლიოში (თუგინდ ამისი ტექნოლოგია არსებობდეს) თუ არ არსებობს უნივერსალურად აღიარებული და ხშირად დაკანონებული პრინციპი ინფორმაციის გაცვლის თავისუფლებისა. ვერც ერთი კორპორაცია, რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ის, ვერ გახდება ტრანსნაციონალური, თუ ქვეყნები, რომელშიც ის მოქმედებს, არ აღიარებენ თავისუფალი ვაჭრობისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპს (თუგინდ დაძალებით, და თუგინდ მხოლოდ ამ უცხოური კომპანიების მიმართ).
გლობალიზაციის ძირითადი კონკრეტული შედეგი ისაა, რომ მან აქცია დედამიწა ზიარ ჭურჭლად, რომლის რომელიმე ცალკე აღებული ნაწილის იზოლაცია ამა თუ იმ მოცემული საზოგადოებრივი პროცესისაგან პრინციპულად შეუძლებელია. თუმცა თვით ამ პროცესების გავრცელების სიჩქარე ფრიად არაერთგვაროვანია და შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე საათიდან (ინფორმაცია), ვიდრე რამდენიმე ათეულ წლამდე (ცვლილებები ამა თუ იმ საზოგადოების სოციალურ სტრუქტურაში, ფასეულობების სისტემაში, ტრადიციებში, ცხოვრების წესში და ა.შ.). გლობალიზაციის შედეგების ნაწილი ვლინდება გლობალური სისტემების შექმნაში, რომლებიც მკაფიოდ გამოხატულ ქსელურ ხასიათს ატარებენ. დღესდღეობით დედამიწა ფაქტობრივად გადაფარულია საწარმოო, ფინანსური, სავაჭრო, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, საინფორმაციო და ა.შ. ქსელებით. ერთმანეთში გადახლართული ქსელები ვითარდებიან, არსებობენ საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების ფარგლებში და ქმნიან გლობალურ ეკონომიკურ სისტემას. ამ სისტემაში ჰორიზონტალური კავშირები აშკარად დომინირებენ ვერტიკალურზე, მას არ გააჩნია ერთიანი სამართავი ცენტრი, ის დიდწილად თვითრეგულირებადია და ფუნქციონირების პროცესში ნაკლებ ყურადღებას აქცევს მსოფლიოში არსებულ ფორმალურ საზღვრებს.15
რასაკვირველია, ქსელების სიხშირე არაეთგვაროვანია - განვითარებულ მსოფლიოში (აშშ-ს ოკეანეებისა და დიდი ტბების მიმდებარე არეალები, დასავლეთი ევროპა, იაპონია და ა.შ.) ის მაქსიმალურია, ხოლო მესამე მსოფლიოში ამ ქსელებში უზარმაზი სიცარიელებია და მცირერიცხოვანი განვითარების ცენტრები ერთმანეთისაგან დიდი მანძილებითაა დაშორებული (იხილეთ, მაგალითად, რუსეთის ურალის აღმოსავლეთით განლაგებული რეგიონები, თუმცა ფორმალურად ეს მაგალითი მესამე მსოფლიოს არ ეხება, ანდა იგივე აფრიკა - იხ. დანართი 1.).
ეს ქსელები იერთებენ მათთვის მნიშვნელოვან ბაზრებს, საწარმოებსა თუ პიროვნებებს, მაშინ როდესაც დანარჩენები მათგან გათიშულები რჩებიან, და ეს შეიძლება მოხდეს (და ხდება კიდეც) ნებისმიერი ცალკე აღებული ქვეყნის, რეგიონის, დასახლებული პუნქტის და ზოგჯერ საწარმოსა თუ ფირმის ფარგლებში.
ის, რომ ეს ქსელები გლობალურია, იმას არ ნიშნავს, რომ მათზე მოდის დედამიწაზე არსებული შესაბამისი ნაკადებისა თუ ინფრასტრუქტურული ელემენტების უდიდესი ნაწილი. მათი გლობალურობა გამოიხატება შემდეგ მახასიათებლებში - ა/ისინი იცავენ ერთსა და იმავე [მათთვის დამახასიათებელ] თამაშის წესებს განურჩევლად იმისა, თუ რა კონკრეტულ ადგილობრივ პირობებში და დედამიწის რომელ კუთხეში უხდებათ არსებობა; ბ/ დროისა და მანძილის ფაქტორებს მათი განუწყვეტელი ფუნქციონირებისათვის ნაკლები (ხშირად მინიმალური) მნიშვნელობა გააჩნიათ; გ/მათ შეუძლიათ შეღწევა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, სადაც მათი არსებობისათვის მინიმალურად მისაღები პირობები არსებობს.
|
ისევდაისევ, ამა თუ იმ ქსელის წარმატებული განვითარებისათვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ აღიქვება ის ამა თუ იმ საზოგადოებაში გაბატონებული მორალის ნორმებისა, თუ საკანონმდებლო სისტემის თვალსაზრისით. დღევანდელ მსოფლიოში არსებული გლობალური ქსელებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებული და წარმატებული გლობალური დანაშაულის სისტემაა, რომელიც ფაქტობრივად გლობალური ეკონომიკური სისტემის ერთ-ერთ ქვესისტემას წარმოადგენს.
იმ შემთხვევაში თუ გლობალიზაციის პროცესში არ ხდება ახალი სისტემების ჩამოყალიბება, მისი შედეგები გლობალური პრობლემების (გამოწვევების) სახით მოგვევლინებიან. თუმცა ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ეს პრობლემები ერთნაირად ეხება ყველას დედამიწაზე. უდიდეს უმეტესობა შემთხვევებში საქმე გვაქვს ეტყობა პრობლემებთან, რომლებიც თავისი გამოვლენით უშუალოდ ან მხოლოდ ქვეყნების ჯგუფებს, რეგიონებს, თუ ადამიანების ჯგუფებს ეხება, მაგრამ მათი მეორადი შედეგები აიძულებს მიიღონ ისინი მხედველობაში იმათაც, ვინც მათი უშუალო გავლენის სფეროში ნაკლებად ხვდება. ასეთია, მაგალითად, ჩვენს მიერ ამ კურსში განხილული მოსახლეობის ანდა ტერორიზმის პრობლემები.
გარდა ამისა, მიმდინარე საზოგადოებრივი განვითარების პრიორიტეტები და პოლიტიკური კონიუნქტურა (ძირითადად მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში) უდიდეს გავლენას ახდენენ იმაზე, აღიქმება თუ არა ესა თუ ის პრობლემა როგორც გლობალური, მისი გამოვლენის კონკრეტული ხასიათისა და მასშტაბების მიუხედავად.
ასე მაგალითად, 2006 წლის ეროვნული უშიშროების სტრატეგიის ფარგლებში აშშ-მა ასე ჩამოაყალიბა გლობალური გამოწვევები -
პანდემიების ტიპის (შიდსი/ფრინველის გრიპი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევები;
არალეგალური ვაჭრობა, განსაკუთრებით ნარკოტიკებითა და ადამიანებით;
ბუნებრივი გარემოს განადგურება, მიუხედავად იმისა, გამოწვეულია ის ადამიანის ქმედებითა თუ ბუნებრივი მეგაკატასტროფებით.16
რუსეთმა როგორც 2006 წლის დიდი რვიანის ხელმძღვანელმა ქვეყნამ ასე ჩამოაყალიბა ის გლობალური პრობლემური სფეროები, რომლებიც უნდა მოხვედრილიყვნენ ამ ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტების რიცხვში - გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება, ბრძოლა ინფექციურ დაავადებებთან და განათლება.17 გასაგებია, რომ იგივე ამ ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნები შესაძლოა სხვანაირად აღიქვამდნენ გლობალურ პრობლემატიკას, მათი განვითარების კონკრეტული პრიორიტეტების შესაბამისად.
ფაქტიურად გლობალური პრობლემების წარმოქმნა და მათი მოგვარების მცდელობა ხორციელდება შემდეგი სქემით - წარმოქმნა ცალკეული ქვეყნის/რეგიონის დონეზე - განვითარება გლობალურ დონემდე [იშვიათად] და/ან აღიარება როგორც გლობალურის [უმეტესობა შემთხვევებში] - მისი შესწავლა, ანალიზი და გადაჭრაზე მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა „გლობალურ“ დონეზე (სამთავრობო თუ არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები, ვთქვათ გაერო, თუ დიდი რვიანი) - მოგვარების მცდელობა ამა თუ იმ ქვეყნისა თუ რეგიონის დონეზე იმ კონკრეტული შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ადგილზე არსებობს და ამ პრობლემისადმი ლოკალური მიდგომის შესაბამისად.
ფაქტიურად წრე იკვრება - პრობლემები იქმნება და საბოლოო ჯამში გადაიჭრებაა ადგილობრივ დონეზე, იმდენად, რამდენადაც ამა თუ იმ კონკრეტულ მოთამაშეს ეს ხელეწიფება.18
გლობალიზაციამ ამ ტრადიციულ სქემაში ფაქტიურად ერთადერთი, თუმცა ფრიად მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა - სულ უფრო ხშირად ე.წ. გლობალური პრობლემები თავზე ატყდება იმათ, ვინც მათ შექმნასთან არავითარ კავშირში არ იმყოფება და მათი წარმატებით გადაჭრა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში პრინციპულად არ ძალუძს.19
არსებობს ერთადერთი ფაქტორი, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს აერთიანებს, მიუხედავად, მათი განვითარების დონისა, კულტურის ტიპისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა. ეს ფაქტორი შიშია. ფაქტიურად ერთადერთი, რაც ადამინთა საზოგადოებას დღეს ერთი სისტემის ფარგლებში აქცევს - მისი ფიზიკური განადგურების პოტენციური ტექნიკური შესაძლებლობის არსებობაა. ასეთი სახით კაცობრიობა ჩამოყალიბდა დაახლოებით 1945 წლის აგვისტოსა და 1957 წლის ოქტომბერს შორის - ე.ი. იმ პერიოდში, როდესაც ამერიკელებმა გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის წინააღმდეგ, ხოლო საბჭოთა კავშირმა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებით დაამტკიცა, რომ აღარ არსებობდა ადგილი პლანეტაზე, სადაც ბირთვული ჭურვის მიტანა არ შეიძლებოდა. სავარაუდოა, რომ თვალსაწიერ მომავალში შიშის დამატებით ფაქტორად გადაიქცეს გლობალური ეკოლოგიური პრობლემის თანმხლები მოვლენები.
|
![]() |
3 თავი 1. გლობალიზაციისა და მსოფლიო პოლიტიკის თეორიები |
▲ზევით დაბრუნება |
1.1. თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის თეორიულ წანამძღვრების მიმართ სრულიად გამართლებულად შეიძლება იგივე მიდგომა გამოვიყენოთ, რაც ტერმინ გლობალიზაციის მიმართ იყო გამოყენებული. მსოფლიო პოლიტიკის დღესდღეობით აღიარებული თეორიები ერთიანი მოვლენის იმდენად წინააღმდეგობრივ სურათს გვიხატავენ, რომ მათ საფუძველზე ნებისმიერი დასკვნის გაკეთება ისეთივე წარმატებითაა შესაძლებელი, როგორც ვერავითარი პოზიტიური დასკვნის გამოტანა.
ამავე დროს, ქვეყანასა და კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაზე დამოკიდებული, ესა თუ ის თეორია, ხოლო უფრო ხშირად კი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ესა თუ ის თეორიული თეზისი, შესაძლოა დიდ (ზოგჯერ გადამწყვეტ) გავლენას ახდენდეს როგორც უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირველ პირებზე, აგრეთვე, მათზე, ვინც ამ პირების მიერ გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობს.
თეორიული აზრთწყობის ღია უშუალო გავლენის მაგალითები თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში გამონაკლისის სახით გვხვდება. მაგრამ იმავე დროს საზოგადოდ აღიარებულია, რომ რეალიზმისა და ნეო-რეალიზმის, ისევე როგორც გარკვეულ წილად ნეოლიბერალურ წარმოდგენებს, უდიდესი გავლენა ჰქონდათ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაზე. ასევე აშკარაა, რომ აშშ პრეზიდენტ ბუშის პირველი ადმინისტრაციის (2001-2005 წწ.) საგარეო პოლიტიკა დიდწილად ნეოკონსერვატიული თეორიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
მე-14 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ევროპელი ფილოსოფოსი, წარმოშობით ინგლისელი უილიამ ოკამი, დღეს ძირითადად ცნობილია უნივერსალური სამეცნიერო პრინციპის ჩამოყალიბებით, რომელსაც ოკამის სამართებლის სახელით ვიცნობთ. ეს პრინციპი, რომელიც გამოიყენებოდა ცრუმეცნიერული დასკვნების თავიდან ასაცილებლად, ჟღერს როგორც - „ნუ ამრავლებ არსთა რაოდენობას აუცილებლობის გარეშე (ნუ დაუშვებ სიმრავლეს აუცილებლობის გარეშე)“. ზოგადად ეს ნიშნავს, რომ რაიმე მოვლენის აღწერის დროს უმჯობესია ყველაზე მარტივ განმარტებას დავსჯერდეთ, ანუ როგორც დღევანდელ ინგლისურში ამბობენ - „keep it simple, stupid“.
არც ისე შორეულ წარსულში, ცნობილი მათემატიკოსი პუანკარე დაახლოებით იმავე აზრისა იყო, როდესაც ამბობდა - „როდესაც ადამიანს არ ესმის პრობლემა, ის ბევრ ფორმულას წერს, მაგრამ როდესაც ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რაშია საქმე - უკეთეს შემთხვევაში ორი ფორმულა რჩება“.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ეს პრინციპი ნამდვილად მუშაობს. რაც შეეხება საზოგადოებრივ მეცნიერებებს, აქ სიტუაცია ძალიან წააგავს ძველთაძველ ინდურ იგავს მოხეტიალე მათხოვარ ბრმებზე, რომლებიც გზად სპილოს გადაეყარნენ. ერთი, რომელმაც სპილოს ხორთუმს წაავლო ხელი, ამტკიცებდა, რომ სპილო გველსა ჰგავს, მეორე, რომ ფოთოლს, რადგანაც ყური შერჩა ხელში, მესამე ბოძს - ის სპილოს ფეხს დაეჯახა, ხოლო კიდევ ერთი გაიძახოდა, რომ სპილო თოკია, მას შემდეგ, რაც კუდი მოქაჩა. ყველა თავისას გაიძახოდა, ბოლოს ვერ შეთანხმდნენ და ერთმანეთს დაერივნენ. სპილო დიდი ხანია თავისი გზით წავიდა, ისინი კი ისევ მტვერში გორავდნენ... |
ქვემოთ კონცენტრირებული, განზოგადოებული სახით განხილულია რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მიდგომა როგორც საზოგადოდ გლობალიზაციის პროცესისადმი, ასევე მსოფლიო პოლიტიკის ორი ყველაზე აღიარებული თეორიული მიდგომა (რეალიზმი და ლიბერალიზმი). ამ თავის მიზანია, შეუქმნათ სტუდენტებს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად შესწევთ უნარი განსხვავებულ თეორიულ მიდგომებს სწორედ წარმოაჩინონ ის პროცესები, რომლებიც გლობალიზაციის ჩარჩოებში ვითარდება, ანდა რამდენად შესწევთ მათ უნარი, თავის მხრივ იმოქმედონ მსოფლიო პოლიტიკის მიმდინარეობაზე.20
1.2. გლობალიზაციის თეორიული აღქმა.
1.2.1. ჰიპერგლობალისტები წარმოდგენილები არიან იმ მეცნიერებით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კაცობრიობის ისტორიაში დადგა ახალი ხანა, როდესაც ტრადიციული ეროვნული სახელმწიფოები გადაიქცნენ გლობალური ეკონომიკის მოძველებულ, უფრო მეტიც - უსარგებლო, ზედმეტ მოთამაშეებად. ასეთ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ეკონომიკური ლოგიკა, რომელიც წინ აყენებს ერთიან გლობალურ ბაზარსა და გლობალურ კონკურენციას, როგორც საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელ ძალებს. ჰიპერგლობალისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ გლობალიზაციას მოაქვს ეკონომიკების „დენაციონალიზაცია“ წარმოების, ვაჭრობისა და ფინანსების ტრანსნაციონალური ქსელების შექმნის გზით. ასეთ „უსაზღვრო“ ეკონომიკაში ეროვნული სახელმწიფოები თამაშობენ გლობალური კაპიტალის უბრალო „გადამცემი ღვედებისა“, და საბოლოო ჯამში შუამავლების როლს, რომლებიც ექცევიან ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ მართვის ორგანოებს შორის. ამ თვალსაზრისით, ბევრს სჯერა, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია ქმნის სოციალური ორგანიზაციის ახალ ფორმებს, რომლებიც იკავებენ ან საბოლოო ჯამში დაიკავებენ ტრადიციული ეროვნული სახელმწიფოების, როგორც გლობალური საზოგადოების პირველადი ეკონომიკური და პოლიტიკური ერთეულების ადგილს.
ჰიპერგლობალისტებს სჯერათ, რომ გლობალიზაცია ძირითადად ეკონომიკური მოვლენაა, რომ მზარდად ინტეგრირებული გლობალური ეკონომიკა უკვე არსებოს; რომ გლობალური კაპიტალის მოთხოვნების დაწოლით ნებისმიერი სახელმწიფოსათვის პოლიტიკა „შესაძლებლობის ხელოვნებიდან“ გადაიქცა „ეფექტური ეკონომიკური მართვის“ ხელოვნებად.
გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია ქმნის გამარჯვებულებისა და დამარცხებულების განაწილების ახალ სქემას. ამასთან დაკავშირებით, ძველი „ჩრდილო-სამხრეთის“ დაყოფის როლი თანდათანობით მცირდება და ადგილს უთმობს ეკონომიკური ძალაუფლების დაყოფის უფრო რთულ სისტემას. ამის გამო, მთავრობები იძულებულები არიან „მართონ“ გლობალიზაციის სოციალური შედეგები იმასთან დაკავშირებით, რომ გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კონკურენცია ძირს უთხრის სოციალური დაცვის სოციალ-დემოკრატიულ მოდელს და გვაუწყებს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელის გადაშენებას. გლობალიზაცია შესაძლებელია, აგრეთვე უკავშირდებოდეს გლობალური ეკონომიკის გამარჯვებულებისა და დამარცხებულების მზარდ პოლარიზაციას. მათ, ვინც დღეს „გარიყულია“, სამომხმარებლო იდეოლოგიის გლობალური გავრცელება, აგრეთვე, თავს ახვევს ახალი ტიპის „პირადობას“, რომელიც იკავებს ტრადიციული კულტურისა და ცხოვრების წესის ადგილს. ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება, აგრეთვე, აძლიერებს ერთიანი გლობალური ცივილიზაციის აღმოცენების შეგრძნებას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური და ეკონომიკური ორგანიზაციის უნივერსალური სტანდარტებით. ასეთ „გლობალური ცივილიზაციას“, აგრეთვე ემსახურებიან მართვის საკუთარი მექანიზმები, ისეთები, მაგალითად, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდია, ხოლო სახელმწიფოები და ხალხები სულ უფრო და უფრო ექვემდებარებიან ახალ საზოგადოებრივ, კერძო გლობალურ თუ რეგიონულ ხელისუფლებებს.
შესაბამისად ეროვნული სახელმწიფოები სულ უფრო ნაკლებად ახერხებენ იმის მართვას, რაც მათ საზღვრებში ხდება ან მათი მოქალაქეების მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილებას. მეორე მხრივ, კავშირგაბმულობის გლობალური ინფრასტრუქტურა და მრავალი საერთო ინტერესის არსებობის შეგრძნება ხელს უწყობს ადამიანთა შორის ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას. ფაქტიურად შესაძლებელია ვილაპარაკოთ „გლობალური სამოქალაქო საზოგადოების“ აღმოცენებაზე. ამ თვალსაზრისით, ფაქტიურად ხდება ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების დენაციონალიზაცია და „გაბნევა“, რასაც მოსდევს ეროვნული სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ავტონომიის შემდგომი ძირის გამოთხრა.
1.2.2. სკეპტიკოსები, განსხვავებით ჰიპერგლობალისტებისაგან, მსოფლიო ვაჭრობის, კაპიტალდაბანდებისა და შრომის ნაკადების სტატისტიკაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნიდან, უბრალოდ შედარებით იზრდება ინტერნაციონალიზაციის დონე, ე.ი. ურთიერთობა ძირითადად ეროვნულ მეურნეობებს შორის. ამტკიცებენ რა, რომ გლობალიზაცია მითია, სკეპტიკოსები ეფუძნებიან გლობალიზაციის ეკონომიკურ კონცეფციას და აიგივებენ მას სრულად ინტეგრირებულ გლობალურ ბაზართან. მიაჩნიათ რა, რომ დღევანდელი ეკონომიკური ინტეგრაციის დონე ჩამოუვარდება ამ „იდეალს“ და, რომ ასეთი ინტეგრაცია ბევრად ჩამორჩება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დონეს, ისინი ასკვნიან, რომ თანამედროვე გლობალიზაციის გამოვლენა ფრიად გაზვიადებულია.
ამასთან დაკავშირებით სკეპტიკოსები ასკვნიან, რომ ჰიპერგლობალისტების მოსაზრება ძირფესვიანად მცდარია და პოლიტიკურად მიამიტი იმის გამო, რომ ის სათანადოდ ვერ აფასებს ეროვნული მთავრობების არსებულ შესაძლებლობებს მართონ საერთაშორისო ეკონომიკური მოღვაწეობა. იმის ნაცვლად, რომ უკონტროლოდ განვითარდნენ, ინტერნაციონალიზაციის ძალები თვითონ ექვემდებარებიან ეროვნული მთავრობების მარეგულირებელ ძალაუფლებას, რათა უზრუნველყონ მიმდინარე ეკონომიკური ლიბერალიზაცია.
სკეპტიკოსების თვალსაზრისით, ყველა არსებული მტკიცებულება მიგვანიშნებს, იმას რომ ეკონომიკური საქმიანობა განიცდის მნიშვნელოვან რეგიონალიზაციას იმ დროს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება სამი ძირითადი ფინანსური და სავაჭრო ბლოკის - ევროპის, აზიაწყნარი ოკეანისა და ჩრდილო ამერიკის შექმნის მიმართულებით. შესაბამისად კლასიკური „ოქროს სტანდარტის“ ეპოქასთან შედარებით მსოფლიო ეკონომიკა ბევრად უფრო ნაკლებად ინტეგრირებულია, ხოლო მსოფლიო იმპერიების ხანასთან შედარებით ის უფრო ნაკლებად გლობალიზებულია გეოგრაფიული მოცვის თვალსაზრისით.
სკეპტიკოსები, აგრეთვე არ თვლიან, რომ ეროვნული მთავრობები ექვემდებარებიან საერთაშორისო ტენდენციებს. პირიქით, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ მათი როლი საზღვრებს გაღმა ეკონომიკური აქტიურობის განვითარებასა და რეგულირებაში სულ უფრო ცენტრალური ხდება. მთავრობები ინტერნაციონალიზაციის პასიური მსხვერპლი კი არა, პირიქით, მისი ძირითადი არქიტექტორები არიან. უფრო მეტიც, ზოგი განიხილავს ინტერნაციონალიზაციას როგორც ძირითადად აშშ-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მსოფლიო ეკონომიკური წესწყობის თამნხლებ პროდუქტს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უბიძგა ეროვნული ეკონომიკების ინტერნაციონალიზაციას. სხვებს საერთოდ მიაჩნიათ, რომ მსოფლიო ვაჭრობისა და კაპიტალდაბანდებების მიმდინარე ინტენსიფიკაცია წარმოადგენს დასავლური იმპერიალიზმის ახალ სტადიას, რომლის ფარგლებშიც ეროვნული მთავრობები გამოდიან მონოპოლისტური კაპიტალის აგენტების როლში.
მიუხედავად აზრთა გარკვეული სხვადასხვაობისა, სკეპტიკოსები ერთხმად მიიჩნევენ, რომ ინტერნაციონალიზაციას არ მოჰყვა ჩრდილოეთ-სამხრეთის უთანაბრობის შემცირება. პირიქით, ხდება სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადების ზრდა მდიდარ ჩრდილოეთში, „მესამე სამყაროს“ მრავალი ქვეყნის მზარდი მარგინალიზაციის ხარჯზე. ისინი, აგრეთვე ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ უცხოური ინვესტიციების ნაკადების კონცენტრირება ძირითადად ხდება განვითარებულ კაპიტალისტურ სახელმწიფოებში, ხოლო მულტინაციონალური კორპორაციების უმეტესობა რჩება ძირითადად მათი მშობლიური ქვეყნებისა ან რეგიონების ქმნილებებად.
შესაბამისად სკეპტიკოსები ეჭვის თვალით უყურებენ წარმოდგენას იმაზე, რომ ინტერნაციონალიზაციას თან სდევს მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი, უფრო მეტიც - ძირფესვიანად გარდაქმნა. ისინი აღიარებენ, რომ უთანაბრობა და იერარქიზაცია იმდენად ღრმად არის გამჯდარი მსოფლიო ეკონომიკაში, რომ, სტრუქტურული თვალსაზრისით, გასული საუკუნის მანძილზე ეს სიტუაცია ძალზე უმნიშვნელოდ შეიცვალა.
მრავალი სკეპტიკოსის წარმოდგენით, ასეთი უთანაბრობა ხელს უწყობს ფუნდამენტალიზმისა და აგრესიული ნაციონალიზმის წარმოჩენას, იმის ნაცვლად, რომ უბიძგოს მსოფლიო ცივილიზაციის შექმნას, როგორც ამას ჰიპერგლობალისტები ვარაუდობენ. პირიქით, ხდება მსოფლიოს დაქუცმაცება ცივილიზაციურ ბლოკებად და კულტურულ თუ ეთნიკურ ანკლავებად. წარმოდგენა კულტურული ერთობისა და გლობალური კულტურის შესახებ, აგრეთვე, მითია.
გლობალური უთანაბრობის გაღრმავება, საერთაშორისო პოლიტიკის რეალობები, ისევე როგორც „ცივილიზაციათა შეხლა“, აგრეთვე, ააშკარავებს „გლობალური მთავრობის“ იდეის უსაფუძვლობას - მსოფლიოს წესის ორგანიზაცია მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული უმეტესწილად დასავლეთის მთავრობების ხელში იმყოფება. ამ თვალსაზრისით, სკეპტიკოსები განიხილავენ ძირითადად დასავლურ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია შეინარჩუნოს დასავლეთის პირველობა მსოფლიო ურთიერთობებში.
ზოგ სკეპტიკოსს მიაჩნია, რომ „გლობალიზაცია“ საერთოდ წარმოადგენს მოხერხებულ პოლიტიკურ თეზისს, რომელიც გამოიყენება არაპოპულარული ორთოდოქსური ნეოლიბერალური ეკონომიკური სტრატეგიების გასამართლებლად.
1.2.3. ტრანსფორმაციონალისტურ თეზისს საფუძვლად უდევს იმის რწმენა, რომ ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე გლობალიზაცია წარმოადგენს იმ სწრაფი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებების მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომლებიც სახეს უცვლიან თანამედროვე საზოგადოებებსა და მსოფლიო წესრიგს. ამ წარმოდგენის მხარდამჭერთა აზრით, გლობალიზაციის თანამედროვე პროცესები ისტორიულად იმდენად უპრეცენდენტოა, რომ საზოგადოებები და მთავრობები მთელს მსოფლიოში იძულებულები არიან შეეწყონ მსოფლიოს, რომელშიც უკვე აღარ არსებობს მკაფიო განსხვავება საერთაშორისო და შინაგან, საგარეო და საშინაო ურთიერთობებს შორის. ამ თვალსაზრისით, გლობალიზაცია წარმოადგენს მძლავრ გარდამქმნელ ძალას, რომელიც პასუხისმგებელია იმ „მასიურ შერყევაზე“, რომელსაც განიცდიან საზოგადოებები, ეკონომიკები, მართვის ინსტიტუტები და მსოფლიო წესრიგი.
ტრანსფორმაციონალისტთა წარმოდგენით გაუგებარია, სად შეიძლება მიგვიყვანოს ამ „შერყევამ“, რადგანაც გლობალიზაცია წარმოადგენს შემთხვევით, ძნელად გასათვალისწინებელ, წინააღმდეგობებით აღსავსე ისტორიულ პროცესს. სკეპტიკოსებისა და ჰიპერგლობალისტებისაგან განსხვავებით, ტრანსფორმაციონალისტები არ განსაზღვრავენ გლობალიზაციის სამომავლო განვითარების ტრაექტორიას. ისინი აგრეთვე არ ცდილობენ განსაზღვრონ გლობალიზაცია რაღაც მარტივი, მკაფიო, იდეალური „გლობალიზებული მსოფლიოს“ სახით, იქნება ეს გლობალური ბაზარი თუ გლობალური ცივილიზაცია. ისინი უფრო აღიქვამენ მას როგორც გრძელვადიან ისტორიულ პროცესს, რომელიც სავსეა წინააღმდეგობებით და რომელიც დიდწილად ყალიბდება ისეთი ფაქტორების ხარჯზე, რომლებიც გარემოებათა დამთხვევის მეშვეობით აღმოჩნდნენ ერთად.
ასეთი ფრთხილი მიდგომა გლობალიზაციის მომავლის მიმართ არ გამორიცხავს წარმოდგენას იმაზე, რომ გლობალური ეკონომიკური, სამხედრო, ტექნოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ნაკადების გამოვლინება ისტორიულად უპრეცედენტოა. მათთვის მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა [თუ მათი ტერიტორია და/ან საზოგადოება მთლიანად არა], ამა თუ იმ თვალსაზრისით, ფუნქციონალურად, წარმოადგენს უფრო დიდი (გლობალური) სისტემის ნაწილს. ამავე დროს ერთიანი გლობალური სისტემის არსებობა არ განიხილება როგორც, ვთქვათ, ერთიანი მსოფლიო საზოგადოების შექმნის მტკიცებულება. პირიქით, ტრანსფორმაციონალისტებისათვის გლობალიზაცია გაიგივებულია გლობალურ სტრატიფიკაციასთან, რომლის ფარგლებშიც ზოგიერთი ქვეყანა, საზოგადოება თუ თემი სულ უფრო ებმება გლობალურ ერთობაში, მაშინ როდესაც სხვები სულ უფრო გარიყულები ხდებიან. გარდა ამისა, აღარ მოქმედებს ტრადიციული იერარქიული შრომის საერთაშორისო განაწილება, აგებული ჩრდილო-სამხრეთის, პირველ-მესამე სამყაროდ დანაწილებაზე. პირიქით, ჩრდილოეთი და სამხრეთი, პირველი და მესამე სამყარო გვერდიგვერდ არსებობენ მსოფლიოს ნებისმიერ დიდ ქალაქში.
ამას უკავშირდება, აგრეთვე, ეკონომიკური აქტიურობის „დეტერიტორიზაცია“ იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური და სამეწარმეო საქმიანობა სულ უფრო გლობალური და ტრანსნაციონალური ხასიათის ხდება. ტრანსფორმაციონალისტურ წარმოდგენას საფუძვლად უდევს რწმენა იმის შესახებ, რომ თანამედროვე გლობალიზაცია ახდენს ეროვნული მთავრობების ძალაუფლებისა თუ ფუნქციების რეორგანიზაციას. მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ სახელმწიფოებს ჯერ კიდევ აქვთ საბოლოო ლეგალური ძაუფლება ყველაფერზე, რაც ხდება მათ განკარგულებაში მყოფი ტერიტორიების ფარგლებში. ამავე დროს ისინი, ამტკიცებენ, რომ ხდება ამ ძალაუფლების „გადახლართვა“ იმ მზარდ ძალაუფლებასთან, რომელსაც იძენენ საეთაშორისო მართვის ინსტიტუტები, ან იმ შეზღუდვებთან თუ პასუხისმგებლობებთან, რომლებიც გამომდინარეობენ საერთაშორისო სამართლიდან. რთული გლობალური სისტემები - ფინანსურიდან ეკოლოგიურამდე, გადახლართავენ ისეთი თემების ბედ-იღბალს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებშია განლაგებული.
სკეპტიკოსებისა და ჰიპერგლობალისტებისაგან განსხვავებით, ტრანსფორმაციონალისტები ამტკიცებენ, რომ ხდება ახალი „სუვერენული რეჟიმის“ ჩამოყალიბება, რომელიც იკავებს სახელმწიფოებრიობის ტრადიციული კონცეპციის ადგილს. მათი წარმოდგენით დღეს სუვერენიტეტი ნაკლებადაა ტერიტორიულად განსაზღვრული ბარიერი და უფრო ვაჭრობის საშუალებაა იმ პოლიტიკაში, რომელიც განისაზღვრება რთული ტრანსნაციონალური ქსელებით. გარდა ამისა, გლობალიზაცია უკავშირდება აგრეთვე, მძლავრი, ახალი არატერიტორიული ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმების აღმოცენებას გლობალურ სივრცეში, როგორებიცაა მულტინაციონალური კორპორაციები, ტრანსნაციონალური სოციალური მოძრაობები, საერთაშორისო მარეგულირებელი სააგენტოები, და ა.შ.
შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ მოეტანა „სახელმწიფოების აღსასრული“, გლობალიზაცია უბიძგებს მთელი რიგი „შეგუებითი“ სტრატეგიების აღმოცენებას და განსაზღვრულ წილად, უფრო აქტიური სახელმწიფოს განვითარებას. აუცილებელი არაა, რომ ეროვნული სახელმწიფოების ძალაუფლება შემცირდეს. პირიქით, ხდება მისი გადახალისება და რესტრუქტურიზაცია მართვის პროცესების სირთულის ზრდასთან ერთად ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში.
1.3. მსოფლიო პოლიტიკის თეორიები
1.3.1. რეალიზმი. რეალიზმი საერთაშორისო ურთიერთობების გაბატონებულ თეორიას წარმოადგენს, ხოლო მის საწყისებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შეიძლება მივაკვლიოთ. არსებობს სამი ძირითადი ელემენტი, რომელიც გაიგივებულია რეალიზმთან -სტატიზმი, გადარჩენა და თვით დახმარება.
სტატიზმი რეალიზმის საფუძველს წარმოადგენს. ამ შეხედულების შესაბამისად: ა/სახელმწიფო მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ხოლო ყველა დანარჩენი მოთამაშეები ნაკლები მნიშვნელობის მატარებლები არიან; ბ/სახელმწიფო „სუვერენიტეტი“ აღნიშნავს დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთობის არსებობას, რომელსაც აქვს იურიდიული ძალაუფლება თავის ტერიტორიაზე.
ყველა სახელმწიფოს უპირველეს მიზანს გადარჩენა წარმოადგენს. ესაა უპირველესი ეროვნული ინტერესი, რომელიც ყველა პოლიტიკურმა მოღვაწემ უნდა დაიცვას. ყველა სხვა მიზნები, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება - მეორადია („მდაბიო პოლიტიკა“). იმისათვის, რომ დაიცვან სახელმწიფოს უსაფრთხოება, მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ისეთი ეთიკური კოდექსი, რომელიც აფასებს ამა თუ იმ მოქმედებას მისი შედეგის შესაბამისად და არა იმის საფუძველზე, ის მართალია თუ ტყუილი. პოლიტიკური რეალისტებისათვის რაიმე უნივერსალური მორალური პრინციპების არსებობის კონკრეტიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ცალკეული პოლიტიკური ერთობების ფარგლებში.
თვითდახმარების პრინციპი აღიარებს, რომ არ შეიძლება სხვა სახელმწიფოს ნდობა საკუთარი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. საერთაშორისო პოლიტიკის სტრუქტურა დაუშვებელს ხდის მეგობრობას, ნდობასა და პატიოსნებას. არსებობს მხოლოდ მუდმივი გაურკვევლობა, რომელიც გამომდინარეობს გლობალური მთავრობის არარსებობიდან. თანაარსებობა შესაძლებელია მხოლოდ ძალთა თანაფარდობის შენარჩუნების გზით. შეზღუდული თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ურთიერთობების დროს, როდესაც რეალისტი სახელმწიფო მეტ მოგებას ნახულობს, ვიდრე სხვა სახელმწიფოები.
რეალისტები ხშირად იმეორებენ, რომ უკანასკნელი ოცდახუთი საუკუნის მანძილზე მსოფლიო პოლიტიკის ხასიათი არ შეცვლილა - მის საფუძველშია ომები, რომლებიც დროებით წყდება მომავალი ომებისათვის მოსამზადებლად. ისინი აგრეთვე, ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისათვის უწყვეტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცვლილებები.
რეალიზმის დღევანდელი წარმომადგენლებისათვის ანუ ნეო-რეალისტებისათვის, პოლიტიკა იდენტიფიცერულია კაპიტალიზმისა და დასავლური დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების გავრცელების ხელის შეწყობასთან. საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა განაპირობებს საგარეო პოლიტიკის ნებისმიერ არჩევანს. ხოლო ზოგიერთი რეალისტის წარმოდგენით, ეს სტრუქტურა, თავის მხრივ, განპირობებულია საერთაშორისო სისტემის მაორგანიზებელი პრინციპით, რომელსაც ანარქია წარმოადგენს. ანარქიის ქვეშ ყველაზე ხშირად იგულისხმება ის, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ხდება ისეთ ასპარეზზე, სადაც არ არსებობს ყოვლისმომცველი, ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ცალკეული სუვერენული სახელმწიფოების ნაკრებზე მაღლა დგას. დამატებით, ასეთ სისტემაში, უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, საზოგადოდ მეტი გავლენა აქვთ.
ტრადიციული რეალისტები აღიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალაუფლების განსხვავებული ელემენტები (მაგალითად, ეკონომიკური რესურსები ანდა ტექნოლოგია), სამხედრო ძალა სახელმწიფოს ძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი (აშკარა) ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ნეორეალისტებიც თვლიან, რომ სამხედრო ძალა დღესაც სახელმწიფოს მართვის განუყოფელი ნაწილია, მათი აზრით, ძალაუფლება უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ სამხედრო რესურსების მობილიზაციისა და მის მიერ ამ ძალის გამოყენების უნარი სისტემის სხვა სახელმწიფოების დასაყოლიებლად და მათზე კონტროლის განსახორციელებლად. ისინი ხედავენ ძალაუფლებას როგორც სახელმწიფოს შესაძლებლობების ნაერთს. სახელმწიფოები განსხვავდებიან სისტემაში მათი ძალის და არა მათი ფუნქციების შესაბამისად. ძალაუფლება ანიჭებს სახელმწიფოს ადგილს, ანუ პოზიციას, საერთაშორისო სისტემის ფარგლებში და ეს ადგილი განაპირობებს მის ქცევას.
სახელმწიფოები ფუნქციონალურად მსგავსი ელემენტებია იმ გაგებით, რომ განიცდიან ერთი და იმავე შეზღუდვების გავლენას, რომელთაც ანარქია ქმნის და ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი პოზიცია სისტემაში. განსხვავებები ორი ქვეყნის პოლიტიკას შორის განპირობებულია განსხვავებებით მათ ძალებსა და შესაძლებლობებში. ტრადიციული რეალისტების მსგავსად ბევრი ნეორეალისტი თვლის, რომ ძალთა თანაფარდობა წარმოადგენს სისტემის წესწყობილების ცენტრალურ ელემენტს.
სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების დაცვაზე არიან ორიენტირებულები, ხოლო ანარქისტული და კონკურენტული სისტემა უბიძგებს მათ უპირატესობა მიანიჭოს თვითდახმარებას, თანამშრობლობასთან შედარებით. სახელმწიფოები რაციონალური (გონივრული) მოთამაშეები არიან, რომლებიც ირჩევენ სტრატეგიებს იმ თვალსაზრისით, რომ შეამცირონ დანაკარგები და მაქსიმალურად გაზარდონ მოგება. სახელმწიფოები განიხილავენ ყველა სხვა სახელმწიფოებს როგორც პოტენციურ მტრებს და მათი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს. ეს უნდობლობა ქმნის უსაფრთხოების დილემას, რომელიც განაპირობებს სახელმწიფოთა უმეტესობის პოლიტიკას.
ნეორეალისტები არ თვლიან, რომ გლობალიზაცია ცვლის საერთაშორისო პოლიტიკის თამაშის წესებს. სახელმწიფოები დღესაც საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი მოთამაშეები არიან. ისინი, აგრეთვე წარმოადგენენ ერთადერთ ძალას, რომელსაც უნარი შესწევს გააკონტროლოს ან მართოს გლობალიზაციის პროცესები. მთავარი პრობლემა ნეორეალისტებისათვის გლობალიზაციასთან დაკავშირებით გამომდინარეობს უსაფრთხოების იმ ახალ გამოწვევებიდან, რომელსაც ეს პროცესი ქმნის. უპირველეს ყოვლისა, ისინი გამოწვეულია უთანაბრო ეკონომიკური გლობალიზაციით, აგრეთვე, იმ მნიშვნელოვანი გავლენით, რომელსაც გლობალიზაცია ახდენს სახელმწიფოთა საშინაო პოლიტიკასა და ძალაუფლების სტრუქტურებზე. ეს განსაკუთრებით ეხება ტრანსნაციონალურ სოციალურ მოძრაობებსა და მათ მიერ შექმნილ გლობალურ ქსელებს, რომლებიც ეცილებიან სახელმწიფოს ძალაუფლებას პოლიტიკის მთელ რიგ სფეროებში. ნეორეალისტები ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ მოძრაობას, რომელსაც სურს საჯარო მსჯელობა უსაფრთხოების კრიტიკულ საკითხებზე. მთლიანობაში ისინი თვლიან, რომ გლობალიზაციის მიუხედავად, მსოფლიო დღესაც წინააღმდეგობრივი და გამოურკვეველია, ხოლო საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა აქცევს ძალისმიერ ქცევას პოლიტიკას დომინანტურ პარადიგმად.
1.3.2. ლიბერალიზმი რეალიზმისაგან განსხვავებით არ წარმოადგენს ერთიან თეორიულ სისტემას და დღევანდელი სახით ის უფრო მრავალი განსხვავებული იდეის ნაკრებია. მაშინ, როდესაც რეალიზმი განიხილება როგორც „სამთავრობო“ იდეოლოგია, ლიბერალიზმი უფრო ოპოზიციისაკენ იხრება და მისი ძირითადი დანიშნულება ეტყობა ძალისმიერი პოლიტიკის ლიდერების „დევნაა“. მიუხედავად ამისა, არსებობდა შედარებით მოკლე პერიოდები მეოცე საუკუნის მანძილზე, როდესაც ლიბერალიზმი ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას დასავლეთის რიგი სახელმწიფოების პოლიტიკურ ელიტასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ეს კონკრეტულად ეხებოდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს (ე.წ. „იდეალიზმი“), მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაეროს დაარსებით გამოწვეულ ოპტიმიზმსა და ასევე მოკლე პერიოდს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც რიგ დასავლელ პოლიტიკურ „გურუებს“ რატომღაც ეგონათ, რომ „ისტორია დამთავრდა“.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ლიბერალიზმი დაფუძნებულია თავშეკავებულობაზე, ზომიერებაზე, კომპრომისსა და მშვიდობაზე - ე.ი. იმაზე, რაც რეალურ საერთაშორისო პოლიტიკაში დღესდღეობით პრაქტიკულად არ გვხვდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიბერალები ეგუებიან ძალისმიერი პოლიტიკის ლოგიკას - ისინი თვლიან, რომ ასეთი პოლიტიკა გარკვეული იდეების რეალიზაციის შედეგია, ხოლო საბოლოო ჯამში, იდეები ცვლილებებს ექვემდებარება. ასე რომ, თუ მსოფლიო დღეს მაინცდამაინც სტუმართმოყვარედ არ ექცევა ლიბერალიზმს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება ოდესმე დადგეს ლიბერალური იდეების გამარჯვების ხანა.
ლიბერალური იდეოლოგიის ცენტრში პოლიტიკაში პროგრესის შესაძლებლობის რწმენაა. ლიბერალიზმის ძირითადი საზრუნავი პიროვნების თავისუფლებაა. ისინი სახელმწიფოს დაარსებას განიხილავენ როგორც ამ თავისუფლების დაცვის აუცილებელ ელემენტს სხვა პიროვნებებისა ან სახელმწიფოებისაგან. სახელმწიფო ყოველთვის უნდა ემსახურებოდეს კოლექტიურ ნებას, და არა მართავდეს მას, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები ამის გარანტებად გვევლინებიან. ლიბერალიზმი ძირითადად წარმოადგენს ისეთი მთავრობის (მართვის) თეორიას, რომელიც ცდილობს ერთმანეთს შეურიგოს წესრიგი (უსაფრთხოება) და მართლმსაჯულება (თანასწორუფლებიანობა) მოცემული საზოგადოების ფარგლებში. საშინაო და საგარეო ინსტიტუტებს ლიბერალები აფასებენ იმის შესაბამისად, თუ რამდენად შესწევთ მათ უნარი გაატარონ პიროვნების თავისუფლების იდეა პრაქტიკაში.
ამავე დროს, ბევრი მიიჩნევს, რომ რეფორმების წარმატებული გატარება ამა თუ იმ საზოგადოების „შიგნით“ შეუძლებელია, თუ შესაბამისი რეფორმები მათ „გარეთაც“ არ გატარდა. სანამ სახელმწიფოები განაგრძობენ ერთმანეთთან ისეთი სახით ურთიერთობას, როგორც ცალკეული პიროვნებები ველურ ბუნებაში, მშვიდობისა და პროგრესის ლიბერალურ იდეებს განხორციელება არ უწერიათ.
ლიბერალებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოთა თავისუფლება წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემების მნიშვნელოვან ნაწილს და არა ამ პრობლემების გადაჭრის საშუალებას. შესაბამისად სახელმწიფოები უნდა გახდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილები და დაექვემდებარონ მათ წესებსა და ნორმებს. ფუნქციების ის ნაწილი, რომელთა შესრულება სახელმწიფოებს არ შეუძლიათ, უნდა გადაეცეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს.
დღევანდელი ნეოლიბერალები მხარს უჭერენ თავისუფალ ვაჭრობას და საბაზრო ანუ კაპიტალისტურ ეკონომიკას, როგორც მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევის ინსტრუმენტებს. ამავე დროს, დემოკრატიული სახელმწიფოები უფრო მიილტვიან მათი მოქალაქეების უფლებების პატივისცემისაკენ და არსებობს ნაკლები შანსი იმისა, რომ ისინი ომს წამოიწყებენ თავის დემოკრატიულ მეზობლებთან. გარდა ამისა, ურთიერთდამოკიდებულების პროცესის განვითარება მსოფლიოში იწვევს იმას, რომ სახელმწიფოებს ცალმხრივი მოქმედება და მეზობლებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა სულ უფრო ძვირი უჯდებათ და უძნელდებათ.
ზოგი ნეოლიბერალი თვლის, რომ გზა მშვიდობის და კეთილდღეობისა ისაა, რომ დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა გააერთიანონ რესურსები და უარიც კი თქვან მათი სუვერენიტეტის ნაწილზე, რათა, შექმნან ინტეგრირებული ერთობა ეკონომიკური ზრდისა უზრუნველსაყოფად და რეგიონალური პრობლემების მოსაგვარებლად. ისინი, აგრეთვე, მიიჩნევენ, რომ მსოფლიო გახდა უფრო პლურალისტული საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართული მოთამაშეების თვალსაზრისით და ეს მოთამაშეები უფრო ურთიერთდამოკიდებულები გახდნენ.
ნეოლიბერალები განიხილავენ საერთაშორისო ინსტიტუტებს როგორც საერთაშორისო სისტემაში თანამშრომლობის განვითარების შუამავლებსა და საშუალებებს. საერთაშორისო რეჟიმები და ინსტიტუტები დახმარებას უწევენ მთავრობებს კონკურენტული და ანარქისტული საერთაშორისო სისტემის მართვაში. ისინი აქეზებენ, ზოგჯერ კი მოითხოვენ მთავრობებისაგან მიმართონ მრავალმხრივი პოლიტიკის გატარებასა და თანამშრომლობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის ინსტრუმენტებს. ამავე დროს, ისინი აღიარებენ, რომ თანამშრომლობის მიღწევა უფრო ძნელია იმ სფეროებში, სადაც მათი ლიდერები ვერ პოულობენ საერთო ინტერესებს.
ნეოლიბერალების ნაწილს მიაჩნია, რომ გლობალიზაცია დადებითი ძალაა. საბოლოო ჯამში, ყველა სახელმწიფო ნახავს მოგებას იმ ეკონომიკური ზრდის შედეგად, რომელიც გლობალიზაციას მოაქვს. მათ სჯერათ, რომ სახელმწიფოები არ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ გლობალიზაციას ან შეეცადონ გააკონტროლონ ის არასასურველი პოლიტიკური ჩარევის გზით.
ზოგი, აგრეთვე, მიიჩნევს, რომ სახელმწიფოებმა უნდა მოახდინონ ჩარევა იმისათვის, რომ გზა გაუხსნან კაპიტალიზმს „ადამიანური სახით“, ისევე როგორც ბაზრებს, რომლებიც უფრო გულისყურით მოექცევიან ყველა ადამიანის საჭიროებებსა და ინტერესებს. უნდა შეიქმნას ახალი და გარდაიქმნას ძველი ინსტიტუტები, რათა თავიდან იქნეს აცილებული კაპიტალის არათანაბარი გადაადგილება, მიღწეულ იქნეს მდგრადი ეკოლოგიური განვითარება და დაცული იყოს მოქალაქეთა უფლებები.
![]() |
3.1 კონკრეტული შემთხვევა (Case-Study) 1 - ორი საზოგადოებრივი სისტემა - ასპარეზობა გრძელდება? |
▲ზევით დაბრუნება |
იმ მრავალრიცხოვან დებულებებს შორის, რომელსაც საბჭოურ სკოლაში მოსწავლეებს აზუთხინებდნენ, ერთ-ერთი, რომელიც ეხებოდა საზოგადოების განვითარების სტადიებს, ეტყობა ყველას ამახსოვრდებოდა. ამ თეზისის შესაბამისად, საზოგადოება ვითარდება პირველყოფილი თემური წყობილებიდან, მონათმფლობელობისა და ფეოდალიზმის გავლით, კაპიტალიზმამდე, სანამ მიაღწევს თავისი განვითარების უმაღლეს სტადიას - კომუნიზმს. ამ თეზისისა ისე სჯეროდათ, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ, ნიკიტა ხრუშჩოვის პირით, 1960 წელს ისიც კი აღუქვა ხალხს, რომ 1980 წლისათვის ქვეყანა კომუნიზმში იცხოვრებდა. რა გამოვიდა ამისაგან, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ეს სქემა, რასაკვირველია, კომუნიზმის ხსენების გარეშე, ფაქტიურად ყველგანაა გავრცელებული.
მის ავტორობას კ. მარქსს მიაწერდნენ, თუმცა როგორც ბოლოს გამოირკვა, ამ სახით ის 1930-იანი წლების ბოლოს ი. სტალინის მითითებით იყო დაკანონებული. ამასთან, როგორც ჩანს, აღნიშნული სქემა მაინცდამაინც ზედმიწევით ევროპის წარსულ განვითარებასაც კი ვერ აღწერს, რომლის საფუძველზეც ის ვითომ დამუშავდა. მონათმფლობელობა არსებობდა მხოლოდ ანტიკურ საბერძნეთსა და რომში და მათთან ერთად გადაშენდა. იმ ხალხებმა კი, ვინც დაიკავეს მათი ადგილი, საერთოდ არ გაიარეს ეს სტადია, და პირდაპირ ფეოდალიზმში ამოყვეს თავი, რომელიც მათი საკუთარი გამოგონება იყო და არა იმპერიისაგან მემკვიდრეობით მიღებული. იგივე ინდოეთსა და ჩინეთს „კლასიკური“ მონათმფლობელობისა და ფეოდალიზმის სტადიები საერთოდ არ გაუვლიათ და მათი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა ევროპულისაგან, ათეული საუკუნეების მანძილზე პრაქტიკულად უცვლელი იყო დღევანდელი მოდერნიზაციის ეტაპის დადგომამდე.21
როგორც ჩანს, თანამედროვე მსოფლიოში საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახით მხოლოდ ორი საზოგადოებრივი სისტემა არსებობს. ერთ-ერთი მათგანი კაპიტალიზმია, რომელიც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკას, კერძო საკუთრებას, დემოკრატიულ მმართველობას, ძალაუფლებათა დანაწილებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების პრიმატს. ეს სისტემა ზედმიწევით კარგად არის აღწერილი და მისი დამატებითი კომენტარი საჭირო ნამდვილად არ არის.
კაპიტალიზმი, ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან ახალგაზრდაა - მისი ჩამოყალიბება სამრეწველო რევოლუციას ემთხვევა და დაახლოებით ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის. იმ სახით, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ, მან დაიწყო ტრანსფორმაცია აშშ-ში „დიდი დეპრესიის“ შედეგების დაძლევის პროცესში 1930-იან წლებში და მეტნაკლებად დასრულებული სახე (განვითარების დღევანდელი ეტაპისათვის) უკვე გასული საუკუნის ბოლოსათვის მიიღო. მიუხედავად თავისი წამყვანი პოზიციისა, მსოფლიოში კაპიტალიზმი ძირითადად მაინც დასავლურ-ევროპულ რეგიონულ პროექტად გვევლინება, რომელშიც საბოლოოდ ჩართულია დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმცირესობა (დაახლოებით 24-30 - იხილეთ თავი 3). ერთადერთი გამონაკლისის, იაპონიის გარდა, ყველა ეს სახელმწიფო, ფართო გაგებით, შეიძლება ევროპულ ცივილიზაციას მივაკუთვნოთ. პლუს სადღაც ახლოს ამ ქვეყნებთან დგანან სამხრეთი კორეა და ტაივანი აზიაში, ისევე როგორც ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნების უმეტესობა (ბალტიის ქვეყნების ჩათვლით).
ლათინური ამერიკა მთლიანად ეტყობა ნაცრისფერ ზონაშია - აქ შეერთებული შტატები უკვე საუკუნეზე მეტია (დასაწყისში უშუალოდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების დახმარებით) ცდილობს შექმნას სრულფასოვანი კაპიტალისტური საზოგადოებების ჩამოყალიბების წინაპირობები, თუმცა რეალური შედეგები საკმაოდ მოკრძალებულია. რაიმე სხვა მიმართულებით ეს ქვეყნები აშკარად ვერ განვითარდებიან - უბრალოდ რეალური ალტერნატივა არ გააჩნიათ. ამავე დროს, ვერც სიცოცხლისუნარიანი, წარმატებული საბაზრო ეკონომიკური სისტემისა და განსაკუთრებით დემოკრატიული, სამოქალაქო საზოგადოების შექმნა მათ ვერ შეძლეს (ჩილე ეტყობა ერთადერთი გამონაკლისია, თუმცა ისიც საკმაოდ პირობითად). მაქსიმუმ, რაც აქ იქნა მიღწეული (ისიც უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე), დაბალი დონის (low-level) პოლიტიკური სტაბილიზაცია, და თანაც ყველგან არა (ჰაიტი, კოლუმბია, ეტყობა ვენესუელაც, პერუც, ბოლივიაც სულ საწინააღმდეგო მაგალითებს გვიჩვენებენ).
ტროპიკული აფრიკა ძირითადად იმდენად დაულაგებელია, რომ თვალმისაწვდომ მომავალში რაიმე სტაბილური სიტუაციის შექმნაზე აქ ლაპარაკი ეტყობა ზედმეტია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად აქაც ყველა კაპიტალისტურ საზოგადოებას აშენებს. ქვეყანათა უმეტესობა აქ ჯერ კიდევ ტრადიციული სოციალური და ეკონომიკური სისტემების დაშლის პროცესშია. მეტ-ნაკლებად დალაგებული და სტაბილური სახელმწიფო სტრუქტურები აქვთ მხოლოდ იმათ, ვინც შესძლო კოლონიური ეპოქის მემკვიდრეობის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება. ასეთებია მაგალითად სამხრეთი აფრიკა, კენია, მით უმეტეს, ბოტსვანა, სადაც თანამედროვე აფრიკული ადმინისტრაცია ძალიან წარმატებით იყენებს იმ სტრუქტურებს (უპირველესად ყოვლისად დემოკრატიულ სახელმწიფო მმართველობის აპარატს და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას), რომელიც მას ბრიტანელებისაგან დარჩა.
მთელი დანარჩენი მსოფლიო, დაწყებული ჩრდილო აფრიკის მუსლიმანური სახელმწიფოებიდან და ბელორუსია-რუსეთიდან აღმოსავლეთ ევროპაში, მთელი აზიის ჩათვლით (ზევით ხსენებული ქვეყნების გამოკლებით) მკვეთრად განსხვავებული საზოგადოებრივი წყობის პირობებში ცხოვრობს.22
თანამედროვე სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლებს ამ ფაქტის აღიარება ძალიან უჭირთ, იმ დონემდე, რომ ამ სისტემას უბრალოდ ფორმალური სახელიც კი არ გააჩნია. ამავე დროს, მის მკვეთრ განსხვავებას მისთვის კარგად ცნობილ ანტიკური დემოკრატიისაგან, ყურადღებას ჯერ კიდევ არისტოტელე აქცევდა. მათ შორის, ვინც მოიხსენიებდა ამ სისტემას, იყვნენ ადამ სმითი, ვოლტერი, ჰეგელი და რასაკვირველია მარქსი, რომელმაც მას „აზიური წარმოების წესი“ უწოდა.
პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოში მოყვანილია ცენტრალიზებული საზოგადოების „პირამიდის“ გამარტივებული სქემა, მაგრამ თვით ეს საზოგადოება გადაშენებულის სახით მოიხსენიება. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ამ სისტემას კომუნისტური უწოდეს, თუმცა იგივე საბჭოთა კავშირში მას არაფერი საერთო არ ჰქონდა მასებისათვის ამ საკმაოდ მიმზიდველ იდეასთან.23
როგორც ჩანს, ასეთი სისტემა იყო პირველი, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა დედამიწაზე სტაბილური სახელმწიფო სტრუქტურები პირველყოფილი თემური წყობილების დაშლის პროცესში რამდენიმე ათასი წლის წინ. მას საფუძვლად უდევს ძალაუფლებისა და საკუთრების სიმბიოზი, სახელმწიფო წარმოების წესი.
ის უნივერსალურად ყალიბდებოდა ყველგან, სადაც კი რესურსების ცენტრალიზაცია (პირველ რიგში, შრომითი რესურსების) სამეურნეო ამოცანების გადაწყვეტის პროცესში, დიდ საზოგადოებრივ მოგებას იძლეოდა. ასეთი პირობები არსებობდა თავის დროზე პრაქტიკულად ყველა იმ დიდი მდინარეების გასწვრივ, სადაც მასშტაბური მელიორაციული პროექტები ნაკლებად განვითარებელი საწარმოო საშუალებების პირობებშიც კი საკვებით სტაბილური უზრუნველყოფის გარანტიას იძლეოდა.24 ამას პრაქტიკულად ერთდროულად დაემატა ქვეყნის თავდაცვის ფუნქცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მომხდური სხვა ცივილიზაციის წარმომადგენელი იყო, განსაკუთრებით მომთაბარე.
სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე მისი ძირითადი ფუნქციები საზოგადოებრივი სამუშაოებისა და [ტოტალური] თავდაცვის ორგანიზაციაში მდგომარეობდა. ასეთ პრინციპზე აიგო ფაქტიურად ყველა პირველი ცივილიზაცია აზიასა და ჩრდილო აფრიკაში (ეგვიპტე, შუამდინარეთი, ინდოეთი, ჩინეთი). თუმცა იმ დროს მათ შორის კავშირი არ არსებობდა, უბრალოდ დაახლოებით ერთნაირმა პირობებმა მსგავსი გადაწყვეტილება გამოიწვია. იგივე მიმართულებით განვითარდა სახელმწიფო წყობა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში კოლუმბის წინა ეპოქაში. დაახლოებით ისეთივე პრინციპებზე აიგო ყველა ისლამური სახელმწიფო, და ბოლოს - ისტორიულად ყველაზე გვიან - [მოსკოვის] რუსეთის სახელმწიფო.
დანარჩენი მსოფლიოსაგან განსხვავებით დასავლეთ ევროპაში (რომელიც ფაქტიურად ერთ დიდ ნახევარკუნძულს წარმოადგენს) ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნება უბიძგებდა შრომის საზოგადოებრივ დანაწილებასა და გაცვლას, ხოლო რელიეფის დანაწევრება ქმნიდა ბუნებრივ წინააღმდეგობებსა და მოსახლეობის დაცვის საშუალებას როგორც საკუთარი ფეოდალებისაგან, ასევე გარეშე მტრებისაგან.
ეს პირობები, აგრეთვე, ხელს უწყობდა მრავალრიცხოვანი, შედარებით მცირე ზომის კონკურენტი სახელმწიფოების შექმნას და ერთდროულად არ იძლეოდა დიდი კონტინენტური იმპერიების ჩამოყალიბების საშუალებას, როგორც ეს აზიაში ხდებოდა. შედეგად ევროპაში სიცოცხლისუნარიანი გამოდგნენ დამოუკიდებელი ქალაქები და წვრილი მეწარმეობის სხვადასხვა ფორმები - მომავალი კაპიტალიზმის კერები. აზიაში ამ სტრუქტურებს ცენტრალიზებული ხელისუფლება ახშობდა. |
რა პრინციპებზეა ჩამოყალიბებული ის საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი? ძალიან სქემატურად, შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:
ასეთ სისტემაში შემავალი სახელმწიფო უაღრესად ცენტრალიზებულია და მიისწრაფის გამავალი ინფორმაციის, მატერიალური თუ ენერგეტიკული ნაკადების ტოტალური კონტროლისაკენ. მას ახასიათებს განსაკუთრებით ხისტი საზოგადოებრივი სტრუქტურები, რომლებიც პრაქტიკულად მოკლებულია ევოლუციის უნარს. შედეგად, ასეთი საზოგადოება ნაკლებად „ელასტიურია“, ცუდად ეგუება გარემო პირობების ცვლას. სერიოზული გარეშე დაწოლა ანგრევს ასეთ საზოგადოებას, მაგრამ თუ ეს დაწოლა იხსნება (ან სუსტდება) ის ფაქტიურად ისეთივე სახით აღდგება, როგორიც დაშლამდე იყო. ამავე დროს ის ძალიან ეფექტურია დიდი, ტოტალური პროექტების რეალიზაციის დროს (მაგალითად, ომის დროს „ქუდზე კაცის გამოყვანა“, თუ საერთო-სახელმწიფოებრივი რეფორმების გატარება, როგორც ეს დღეს ჩინეთში ხდება);
ასეთი სისტემის სახელმწიფო დაფუძნებულია სტატიკურ წონასწორობაზე, განსხვავებით კაპიტალისტური სახელმწიფოებისა, რომლებიც აწყობილია დინამიურ წონასწორობაზე, რომლის საფუძველშიც ცვლილება, განვითარებაა. ამიტომ მას არ უნდა, ეშინია ცვლილებებისა, რომლებიც მისთვის მავნებელია. აქ საუბარია არა მარტო სოციალურ თუ ეკონომიკურ ცვლილებებზე, არამედ ბანალურ ტექნიკურ ინოვაციებზეც. იგივე ჩინელებმა გამოიგონეს იმ ტექნოლოგიების დიდი ნაწილი, რომლებიც მოგვიანებით ევროპულსამრეწველო რევოლუციას დაედო საფუძვლად, მაგრამ თვითონ ჩინელები არ იყენებდნენ;25
სისტემა ეფუძნება ე.წ. უშუალო სამისამართო მართვას, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებათა უმეტესობა მიიღება მართვის ერთ ცენტრში და, პრინციპში, უნდა უშუალოდ დავიდეს საბოლოო შემსრულებლამდე. შედარებით დიდ და რთულ სისტემებში ეს საბოლოო ჯამში იწვევს ქაოსს და უმართავობას;26
სახელმწიფო ასეთი სისტემების ფარგლებში განსაკუთრებით მიისწრაფის მატერიალური საკუთრების როგორც ასეთის, წარმოების საშუალებებისა და ფინანსური ნაკადების სრული კონტროლისაკენ. ბაზარი, კერძო საკუთრება, ფულადი მიმოქცევა და სასაქონლო გაცვლა მისთვის მისაღებია მხოლოდ მის მიერ დაწესებულ ფარგლებში და მისი სრული კონტროლის ქვეშ. შედეგად, ასეთი სისტემა საკმაოდ სწრაფად დეფიციტური ხდება, ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის უმეტესობის საბაზო მოთხოვნილებებს, რაც მის არსებობას საფრთხეს უქმნის. შედეგად, აქ ხდება საქონლის, მომსახურებისა და იდეების შედარებით შეუზღუდავი წარმოებისა და გაცვლის ნების დართვა (რაღაცა დონის „პროტობაზრის“ შექმნამდე), მაგრამ კონტროლის მოდუნება იწვევს ქვეყანაში დინამიური პროცესების განვითარებას და საბოლოო ჯამში სტაბილურობის შესუსტებას. იგივე ჩინეთმა თავისი ისტორიის მანძილზე არაერთგზის „მოუშვა სადავეები“ და დაუშვა ქვეყანაში საბაზრო ურთიერთობები. შედეგად ქვეყანაში იწყებოდა ქონებრივი დაშლა და ხაზინის შემოსავლების მკვეთრი შემცირება, რასაც მოსდევდა მოხელეების ზეწოლის ზრდა კერძო მესაკუთრეებზე. უკმაყოფილოები იყვნენ თვით ეს მესაკუთრეებიც, რომლებიც საკმაოდ დაცულებად გრძნობდნენ თავს სახელმწიფო წარმოების წესის ფარგლებში და იჩაგრებოდნენ საზოგადოებრივი დესტაბილიზაციის პროცესში. უკმაყოფილო იყო ხალხიც, რომელსაც უჭირდა ახალ, უჩვეულო პირობებთან შეგუება. ამიტომ ასეთი გადახვევები სერიოზული კრიზისით მთავრდებოდა და ქვეყანა ისევ ცდილობდა არსებობის ჩვეულ წესს მიბრუნებოდა. ფაქტიურად, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ასეთი საზოგადოებები ქანქარასავით;
მოძრაობენ - შედარებით შეუზღუდავიდან - მკაცრად შეზღუდულ მოდელებს შორის;
ასეთ სისტემაში აშკარად გამოიკვეთება სახელმწიფოს (რომელიც გაიგივებულია საზოგადოებასთან) ინტერესების პრიორიტეტი, პიროვნების პრიორიტეტებთან შედარებით. ადამიანებს ასეთ საზოგადოებაში არ გააჩნიათ პიროვნების სტატუსი. ისინი ხშირად განიხილებიან მხოლოდ როგორც იმ დიდი მექანიზმის ადვილად ცვლადი, „ერთჯერადი მოხმარების“ დეტალები, რომელსაც სახელმწიფო ეწოდება. ადამიანის უფლებები იმ სახით, რომლითაც ის მიღებულია დღევანდელ დასავლურ საზოგადოებაში, აქ საერთოდ არ აღიქმება. რაიმე საუბარი საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის კონსტრუქციულ ურთიერთობებზე აქ ზედმეტია. ასეთ სისტემაში საერთოდ არ არსებობს ის, რასაც ეწოდება საჯარო პოლიტიკა და რაც წარმოადგენს საზოგადოების „ქვემოთ“ ფორმირებული სურვილებისა და მისწრაფებების გამოხატულებას. არსებობს პოლიტიკური ნების ერთადერთი წყარო - ხელისუფლება, რომელიც აქ ერთადერთი აქტიური საწყისია. მოსახლეობას, როგორც ასეთს, რაიმე ცვლილების მოთხოვნა ან გატარება შეუძლია მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებზე ძალისმიერი ზეწოლის გზით.
ამ კონტექსტში პრეტენზიები რუსეთის მიმართ, რომ მან ხელი აიღო დემოკრატიულ რეფორმებზე საკმაოდ უსაფუძვლოა. ამ ქვეყანაში ასეთი რამე უბრალოდ არ იყო. ზედმეტია ასეთი ტიპის ქვეყანაში დემოკრატიაზე ლაპარაკი. ის არა არადემოკრატიული, არამედ ადემოკრატიულია იმ გაგებით, რომ მისი საზოგადოებრივი სისტემა ამ ტიპის ურთიერთობებს უბრალოდ ვერ აღიქვამს. მას შეუძლია ფორმალურად აღიაროს დემოკრატიული საზოგადოების ამოსავალი პრინციპები, ხელი მოაწეროს ყველა შესაბამის საერთაშორისო დოკუმენტს (იგივე ადამიანის უფლებათა დეკლარაციას), დანერგოს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები, მაგრამ ამავე დროს წარმატებით უგულვებელყოს ყველაფერი ეს. ბოლოს და ბოლოს, ყველა ფორმალური დემოკრატიული ატრიბუტი სტალინის დროინდელ საბჭოთა კავშირსაც კი გააჩნდა.
აქედან გამომდინარე, ადვილად გასაგებია რუსეთის პრეზიდენტის ვ. პუტინის სიტყვები, რომელიც მან 2005 წლის 24 თებერვალს ბრატისლავაში აშშ პრეზიდენტ ჯ.ბუშთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე წარმოთქვა - ჩვენ არ ვაპირებთ არავითარი რუსულ დემოკრატიის გამოგონებას. ჩვენ ერთგულები ვიქნებით ყველა დემოკრატიული პრინციპისა, რომელიც დამკვიდრებულია მთელს ცივილიზებულ მსოფლიოში. რასაკვირველია, დემოკრატიის ყველა ძირითადი პრინციპი და ინსტიტუტი რუსეთის საზოგადოების დღევანდელი განვითარების, მისი ისტორიის, ტრადიციების ადეკვატური უნდა იყოს... დემოკრატიის დანერგვას თან არ უნდა სდევდეს სახელმწიფოს დაშლა და ხალხის გაღატაკება.27
|
კავშირები ასეთ საზოგადოებაში ძირითადად ვერტიკალური და ერთმიმართულებიანია. უფლებები საზოგადოდ ნაწილდება ზევიდან-ქვევით, ხოლო მოვალეობები ქვევიდან-ზევით. შესაბამისად მუშაობს კანონიც. საზოგადოების უფრო მაღალი ფენის წარმომადგენელი ყოველთვის მართალია მასზე დაბალ საფეხურზე მდგართან და, პირიქით. ისეთი უძველესი საკანონმდებლო ტრადიციების მქონე ქვეყანაშიც კი, როგორიც ჩინეთია, მეტ-ნაკლებად ობიექტურად კანონმდებლობა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთსა და იმავე საზოგადოებრივი შრის ფარგლებში. კანონები საზოგადოდ ტარდება შერჩევით, მიზანშეწონილობის პრინციპით. როგორც თავის დროზე განაცხადა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის ერთ-ერთმა ყველაზე დაახლოვებულმა პირმა - გრაფმა ბერკენდორფმა - კანონები იწერება ხელქვეითებისათვის და არა უფროსობისათვის;
სახელმწიფო საზოგადოდ პერსონოფიცირებულია მის ლიდერში, რომელსაც ხშირად (ფორმალურად მაინც) განუსაზღვრელი ძალაუფლება გააჩნია და არაფერზე პასუხს არ აგებს.28 ასეთ სახელმწიფოში (რომელსაც ხშირად როგორც პატერნალისტურს მოიხსენიებენ) ურთიერთობა ხელისუფლებასა (ხელისუფალს) და საზოგადოებას შორის ფაქტიურად მწყემსისა და ცხვრის ფარის ურთიერთობის დონეზეა დაყვანილი. საზოგადოდ, მწყემსი უნდა ზრუნავდეს თავის ფარაზე, როგორც გულმოდგინე მეურნე თავის საკუთრებაზე. მაგრამ თავისი საკუთრების წინაშე ის პასუხისმგებელი არ არის (ეს ეწერა პეტრე პირველის თვითმპყრობელის შესახებ კანონის პირველ მუხლში). ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთ საზოგადოებებში მოსახლეობის უდიდესი უმეტესობა, საბოლოო ჯამში, ეჩვევა „ფარის“ როლს და აღიქვამს ხელისუფლებასა და მის ლიდერს როგორც მათი არსებობის პირობების უზრუნველმყოფელს. ადამიანებს საზოგადოდ ურჩევნიათ გადაულოცონ თავიანთი უგლებები სახელმწიფოს და პასიურად დაელოდონ, თუ როგორ გადაწყვეტს მათ ბედს ხელისუფლება. დიდი სოციალური ძვრების დროსაც კი, როდესაც ადამიანებს პრინციპში შეუძლიათ აირჩიონ თავიანთთვის უფრო მისაღები განვითარების ახალი კურსი, ისინი იბრძვიან იმისათვის, რომ „თავზე დაისვან“ უფრო უკეთესი, მწყალობელი ხელისუფალი;
ერთ პიროვნებაზე სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება მას საბოლოო ჯამში უაღრესად დაუცველს ხდის, თუ ეს უკანასკნელი უბრალოდ ცუდად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ან ვიღაცა ახერხებს მის ძალით გადაყენებას. ხელმძღვანელმა, დამოკიდებული მის პერსონალურ თვისებებზე, შეიძლება ააშენოს ანდა დაამხოს ასეთი საზოგადოება (იხილეთ, მაგალითად - წყვილები: სტალინი - ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირში;მაო ძედუნი - დენ სიაოპინი ჩინეთში). ასეთი ხელმძღვანელების კონტროლის რეალური მექანიზმები უბრალოდ არ არსებობს;
სახელმწიფო იმართება დანიშნული ბიუროკრატების მიერ, რომლებიც პასუხს აგებენ მხოლოდ მათ მიმართ, ვინც მათ თანამდებობაზე ნიშნავს. ჩინეთში მრავალი საუკუნის მანძილზე მოხელეებს ირჩევდნენ ფორმალურად მერიტოკრატიული რთული გამოცდების საფუძველზე, და ისინი სახელმწიფოს ერთგულებაზე დებდნენ ფიცს. რუსეთში მათ ნიშნავს ზემდგომი ხელმძღვანელი, დაწყებული ქვეყნის პირველი პირიდან, პირადი ერთგულების პრინციპიდან გამომდინარე; თანამდებობებს ეს პირები თავის სარჩენად იღებენ (სრულიად ფორმალური რუსული ტერმინი получить должность в кормление, თუმცა დღეს ის თავისი პირდაპირი მნიშვნელობით იშვიათად იხმარება). ორივე შემთხვევაში ასეთ მოხელეებს აქვთ მოსახლეობაზე გავლენის ფაქტიურად განუსაზღვრელი საშუალებები. მათი შემზღუდავი მხოლოდ მათი ზემდგომია და შიდა კორპორაციული დაუწერელი კანონები. საბოლოო ჯამში, ასეთი სიტუაცია იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ყოვლისმომცველ კორუფციას. ის, აგრეთვე, იწვევს ისეთი ტიპის სოციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებას, რომელიც ყველაზე კარგად აღიწერება ისევდაისევ რუსული ანდაზით - ты начальник - я дурак, я начальник - ты дурак. გარდა ამისა, ასეთ ქვეყნებში, მოხელეები ხშირად ჰიბრიდული კერძო-სახელმწიფო საკუთრების უდიდესი მფლობელები ხდებიან და ხელში იგდებენ ქვეყნის მართვის კიდევ ერთ მძლავრ ბერკეტს.
ზემოთ აღწერილი სისტემის ფარგლებში დღეს მსოფლიოს მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ცხოვრობს. რასაკვირველია, მასში შემავალი ქვეყნები ერთგვაროვან მასას ნამდვილად არ წარმოადგენენ, თუმცა ძირითად სისტემურ პრინციპებს ასე თუ ისე მაინც იზიარებენ. მათი უმეტესობა დიდი ხანია ფორმალურად მაინც აღიარებს საზოგადოების დემოკრატიული აღმშენებლობის პრინციპებს, რაც ეს მათ ჩვეულ არსს იოტისოდენადაც არ ცვლის. შედარებით რბილია ტრადიციული სისტემური მახასიათებლების გამოვლინება, მაგალითად, სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში; მაგრამ ხისტია ყველა დანარჩენ მუსლიმანურ ქვეყანაში, ჩინეთსა და რუსეთში. იგივე ინდოეთი, რომელიც დღემდე უფრო მრავალრიცხოვანი დიდი ერების კონგლომერატად გვევლინება, ვიდრე ჩამოყალიბებულ ერთიან სახელმწიფოდ, საკმაოდ დემოკრატიულია [იძულებით] ფედერალურ, მაგრამ ტრადიციული შტატების დონეზე.
აშკარაა, რომ თავისი ძირითადი მახასიათებლებით, ასეთი ტრადიციული აზიური თუ პირამიდული სისტემა დიამეტრალურად საწინააღმდეგოა თანამედროვე განვითარებული საზოგადოებებისა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს სისტემები აუცილებლად ერთმანეთის ანტაგონისტური უნდა იყვნენ, მაგრამ ერთმანეთთან ნაკლებად თავსებადია და კონკურენტული. მათ შორის წინააღმდეგობა უკვე კონცეპტუალურ დონეზე არსებობს - ორივე აგებულია მკვეთრად განსხვავებულ ფასეულობათა სისტემაზე, შეფასების კრიტერიუმებზე, ქცევის სტერეოტიპებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აზიური სისტემის ფასეულობები და კრიტერიუმები დასავლეთში მიღებულზე უარესია ან ამორალური - ბოლოს და ბოლოს მათზე დაყრდნობით მსოფლიოს უძველესმა ცივილიზაციებმა მრავალსაუკუნოვანი განვითარების გზა გამოიარეს. ისინი უბრალოდ სხვაა.
ამავე დროს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში განახლების სიჩქარე ეკონომიკურ, ფინანსურ, ტექნოლოგიურ სფეროებში იმდენად მაღალი გამოდგა, რომ ძირს უთხრის ვერტიკალურ კავშირებზე აგებულ, მოუქნელ პირამიდულ სისტემას. თანამედროვე მსოფლიოში მართვის ეფექტური სისტემები დამყარებულია პარალელურ გადაწყვეტილებებზე, როდესაც სისტემას შეუძლია საკუთარი თავის მოდიფიცირება ოპტიმალური გადაწყვეტილებების ძებნაში. მაგრამ ჰორიზონტალური, ნაკლებად შეზღუდული ინფორმაციული ნაკადების არსებობა შესაძლებელია მხოლოდ განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებაში მძლავრი საშუალო კლასით. სწორედ ასეთი ნაკადები გამოდიან ეკონომიკის კატალიზატორებად, ხდიან ქვეყანას კონკურენტუნარიანს. ყველაზე წარმატებული თანამედროვე ქვეყნები ვითარდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის, ავტონომიების უფლებების ზრდის მიმართულებით, ხასიათდებიან ქვეყნის შიგნით დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხით.
მაგრამ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი არის ის, რასაც ტლანქი, ძნელად ადაპტირებადი ტრადიციული საზოგადოებრივი სისტემა უბრალოდ ვერ ეგუება. სწრაფი ცვლილებები, არასტაბილურობა (თუგინდ განვითარებით გამოწვეული), ინოვაციები (განსაკუთრებით სოციალურ-პოლიტიკურ სფეროში) - ე.ი. ყველაფერი, რაც ასოციირებულია გლობალიზაციასთან, მისთვის მავნებელია. თვით დინამიური გლობალიზაციის პროცესი, რომელსაც სათავეში წამყვანი დასავლური სახელმწიფოები უდგანან, ძირს უთხრის მას, იწვევს მის დესტაბილიზაციას. მნიშვნელობა არა აქვს, როგორ დამოკიდებულებაში არის ამ სისტემის წარმომადგენელი ესა თუ ის კონკრეტული სახელმწიფო განვითარებულ მსოფლიოსთან. ნებისმიერ შემთხვევაში, კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, საბოლოო ჯამში ის აგებს მასთან კონკურენტულ ბრძოლას (სსრკ - ამის ყველაზე ტიპური მაგალითი).
ასე რომ, ელემენტარული თვითგადარჩენის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ასეთ ქვეყნებს ან ადაპტაცია სჭირდებათ განვითარების თანამედროვე მოთხოვნილებებისადმი, ან სისტემური მიმიკრია მაინც, რომელიც ნაწილობრივ მოხსნის მათზე გარე ზეწოლას. ლაპარაკია სწორედ ადაპტაციაზე ე.ი. ისეთ მინიმალურ ცვლილებებზე, რომელთა შედეგად ასეთი ქვეყანა შეიძენს დასავლეთისათვის მისაღებ (ან მოსათმენ) იმიჯს, ჩაებმევა (ასე თუ ისე) გლობალიზაციის პროცესებში და გააკეთებს ამას ტრადიციული სისტემის დესტაბილიზაციის გარეშე. შედარებით წარმატებით აკეთებენ ამას, მაგალითად, ტაილანდი და მალაიზია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, შესაძლოა იორდანია.
„ნიუ-იორკ თაიმსი“ წერდა 2002 წელს - რომ არსებობდეს ისეთი სახელმწიფო, რომელიც ქმნის ტერორიზმის მფარველ ავტოკრატებს, იპარავს მილიონობით დოლარს მაშინ, როდესაც ღატაკებად აქცევს საკუთარ მოქალაქეებს, ძირს უთხრის საზოგადოებრივ განათლებასა და ჯანდაცვას, უშვებს ბავშვების მონობას, აწამებს დისიდენტებს და ითმენს ეთნიკური უმცირესობების დარბევას, მაშინ ჩვენ ყველა დავგმობთ მას. ერთი გამონაკლისით - სამხრეთ აზიაში ასეთ სისტემას დემოკრატია ეწოდება.29 ლაპარაკი პაკისტანზეა, რომელმაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად დაარღვია ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვის ყოველი დაწერილი თუ დაუწერელი პრინციპი, პლუს თალიბების მთავარი სპონსორი იყო. მიუხედავად ამისა, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მა გამოაცხადა ის თავის უმთავრეს სტრატეგიულ მოკავშირედ ნატოს ფარგლებს გარეთ.
პაკისტანი წარმოადგენს პოლიტიკური მიმიკრიის კლასიკურ მაგალითს გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დღევანდელ მსოფლიოში წარმატებით იარსებოს ტრადიციულმა „აზიურმა“ სახელმწიფომ დემოკრატიულ დემაგოგიაზე დაყრდნობით.
|
ყურადსაღებია ის გარემოება, რომ რომელიმე ასეთი ტიპის ქვეყნის თანამედროვე საზოგადოებად წარმატებული ტრანსფორმაციის მაგალითი ნამდვილად არ არსებობს. ასეთად საზოგადოდ ასახელებენ იაპონიას, რაც ეტყობა პრინციპულად არასწორია. იაპონია, უიშვიათესი გამონაკლისის სახით, ტიპური ზეცენტრალიზებული „აზიური“ საზოგადოება ნამდვილად არ ყოფილა. მისი იზოლირებული, კუნძულოვანი მდგომარეობა ხსნიდა უცხოური ინტერვენციის საშიშროებას, ხოლო არსებული მწირი ბუნებრივი რესურსების ცენტრალიზებული მართვა არ იძლეოდა შესამჩნევ უპირატესობას დეცენტრალიზირებულ მეურნეობის სისტემასთან შედარებით.30 თუმცა მრავალრიცხოვანი, ცალკეული ფეოდალური კლანები ნამდვილად „პირამიდის“ პრინციპით იყო აგებული.
ქვეყანა ძლიერ ცენტრალიზებული გახდა მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, მეიძის რევოლუციის ფარგლებში მიმდინარე მოდერნიზაციის დროს. მეორე მსოფლიო ომში დამარცხებამ ზეცენტრალიზაციის აუცილებლობაც მოხსნა და ქვეყანამ კიდევ ერთი წარმატებული მოდერნიზაცია გაიარა. თუმცა, რამდენად შეძლო მან მისთვის პრინციპში უცხო, ევროპიდან მოსული სისტემისადმი ადაპტაცია, ძნელი სათქმელია. 2006 წლის დასაწყისისათვის იაპონიის მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკამ განიცადა ზედიზედ ოთხი რეცესია უკანასკნელი ათი წლის მანძილზე. ამ დროს, მის ეკონომიკას პრინციპში არაფერი არ სჭირს, ის საათივითაა მომართული და დღესაც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, რაც თავისთავად ფრიად აძნელებს მისი „მკურნალობის“ ეფექტური რეცეპტების შემუშავებას.
როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში საქმე უფრო გვაქვს საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის პრობლემებთან, რომელიც სწორედ ადაპტაციასთან არის დაკავშირებული. სანამ იაპონელები წარმატებით ითვისებდნენ გარედან შემოსულ ინოვაციებს, მათ შორის სოციალურს, მათ მკაფიო მიზანი გააჩნდათ, რომლის მიღწევაც იყო საჭირო. როგორც კი მათ ამ მიზანს წარმატებით მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ შემდგომი წინსვლის სტიმული უბრალოდ დაიკარგა - ის კონკრეტული ქცევის მოდელი, სტერეოტიპები, სტიმულები, რომლებიც თავისათვის გამოიმუშავეს იგივე ამერიკელებმა, იაპონელებისათვის მაინც უცხოა, სხვა ცივილიზაციის ფარგლებში არის აღმოცენებული. შედეგად კრიზისი. მის წარმატებით გადასალახავად იაპონელებს ეტყობა სჭირდებათ ან საკუთარი ცივილიზაციური მემკვიდრეობის დიდ ნაწილზე ხელის აღება და ევროპული ცივილიზაციისადმი ადაპტაცია, ან მძლავრი გარეშე კრიზისის წარმოქმნა, რომელიც ისევ დარაზმავდა მათ მისი დაძლევის პროცესში. საყურადღებოა, რომ 2006 წლის თებერვალში „ნიუსვიქში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი ამტკიცებს, რომ იაპონელებმა უკვე პრაქტიკულად გაიარეს ცივილიზაციური ადაპტაციის პერიოდი და ფაქტიურად პირველ არაევროპელ-ევროპელებად გვევლინებიან.31
ზემოთ მოყვანილი მაგალითი იმისთვისაა საჭირო, რომ უჩვენოს ტრადიციული საზოგადოებების თანამედროვე, კაპიტალისტურ სისტემაში ტრანსფორმაციის სირთულე. ასევე ძნელად მიმდინარეობდა ასეთი ტრანსფორმაცია თვით ევროპის შედარებით ცენტრალიზებულ სახელმწიფოებში, მაგალითად აბსოლუტისტურ საფრანგეთში, რომელიც ამავე დროს ძალიან შორს იდგა ზემოთ დახასიათებულ „პირამიდულ“ საზოგადოებებიდან. საფრანგეთს დასჭირდა განუწყვეტელი სისხლიანი რევოლუციების, ომებისა და საზოგადოებრივი არეულობის თითქმის ერთი საუკუნე (მოყოლებული 1789 წლის რევოლუციიდან, ვიდრე 1871 წლის პარიზის კომუნამდე), სანამ მოხერხდა მისი საბოლოო ტრანსფორმაცია თანამედროვე კაპიტალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებად. და მაინც მიუხედავად ამისა, 2006 წლის მარტში „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერდა: „ის [საფრანგეთი] იმართება როგორც დიდი კორპორაცია, რომელსაც სათავეში ძლიერი პრეზიდენტი უდგას. ნებისმიერი ცვლილება ძალთა განაწილებაში იწვევს კრიზისს. პარლამენტი, როგორც ჩანს ძალიან სუსტია იმისათვის, რომ შეზღუდოს ეს ხელისუფლება. პროტესტები ფაქტიურად მთავრობის ყურადღების მიქცევის ერთადერთ საშუალებად გვევლინება.“32
იგივე აბსოლუტისტური ესპანეთის აგონია მიმდინარეობდა მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ვიდრე 1930-იანი წლების სამოქალაქო ომამდე და გენერალ ფრანკოს თითქმის ორმოცწლიან დიქტატურამდე. მისი საბოლოოდ გაფორმება როგორც თანამედროვე, განვითარებული ქვეყნისა, მოხდა 1986 გაერთიანებულ ევროპასთან შეერთების შემდეგ, თუმცა ამაში ბრიუსელში მჯდომი ბიუროკრატების დამსახურება ეტყობა არანაკლებია, ვიდრე თვით ესპანელების.
შედარებით წარმატებულია ტრანსფორმაციის შედეგები ორ ისეთ აზიურ სახელმწიფოში, როგორიცაა ტაივანი და სამხრეთი კორეა. მაგრამ ისინი ამ რეგიონის ძალიან არატიპური წარმომადგენლები არიან. მით უმეტეს, ტაივანი, სადაც აშშ-მ, ფაქტიურად მოახდინა კონტინენტური ჩინეთიდან დევნილების თანამედროვე საზოგადოებად გადაქცევის სპეციალური პროექტის რეალიზაცია. სამხრეთი კორეის სოციალური თუ ეკონომიკური სტრუქტურა მთლიანად მოშლილი იყო ჯერ ხანგრძლივი იაპონური ოკუპაციისა და 1950-1953 წლების ომის შემდეგ. აქაც ფაქტიურად მოხდა ახალი საზოგადოების ჩამოყალიბება აშშ-ს უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით. მაგრამ ამ პროცესს თითქმის ორმოცი წელი დასჭირდა, ხოლო ანალოგიურ სიტუაციაში მყოფი ჩრდილო კორეა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე არაადამიანურ საზოგადოებად ჩამოყალიბდა. |
ფრიად თვალსაჩინოა ამ თვალსაზრისით რუსეთის მაგალითი. მოყოლებული მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლებიდან და ვიდრე 1914 წლამდე რუსეთმა ჩაატარა ეტყობა დღეისათვის ყველაზე შორს წასული მოდერნიზაცია, ნამდვილ, ხისტ აზიურ სისტემაში არსებულ სახელმწიფოებს შორის. ეს ტრანსფორმაცია იყო საკმაოდ არათანაბარი, მაგრამ ნამდვილად წარმატებული ეკონომიკურ სფეროში (რუსეთის ეკონომიკური წარმატებები იმ დროს ცოტათი თუ ჩამოუვარდებოდა დღევანდელი ჩინეთის მიღწევებს) და 1905 წლის რევოლუციის შემდეგ - სოციალურშიც.
ამ ფაქტორების კომბინაციამ გამოიწვია ტრადიციული საზოგადოების სისტემური საფუძვლების მოშლა. მოხდა სისტემური კრიზისი, რომელიც პირველ მსოფლიო ომში ქვეყნის წარუმატებელ მონაწილეობაში გამოვლინდა. შედეგი - 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალება, რომელმაც საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში ბევრად უფრო ხისტი ცენტრალიზებული სისტემა შექმნა, ვიდრე ის აბსოლუტური მონარქიის დროს იყო. რუსეთმა (საბჭოთა კავშირის სახელით) გაიარა კიდევ ერთი მოდერნიზაცია - უაღრესად წარმატებული ცენტრალიზებული სახელმწიფოს მშენებლობის; მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელი თანამედროვე, განვითარებულ მსოფლიოში აღიარებული მორალური ფასეულობების თვალსაზრისით.
ასეთმა რუსეთმა გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში და ჩაება ცივ ომში განვითარებულ მსოფლიოსთან, რომელშიც დამარცხდა, იმ მიზეზით, რომ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემა, რომელზეც ის იყო დაფუძნებული, აბსოლუტურად არაკონკურენტუნარიანი გამოდგა თანამედროვე გლობალური ურთიერთობების სისტემაში. პრაქტიკულად სსრკ-ს დამარცხებამ დასავლეთთან შეჯიბრებაში მართლა გვაუწყა ისტორიის დასასრული იმ გაგებით, რომ დამთავრდა ეპოქა, რომელშიც ტრადიციულ ურთიერთობათა სისტემაზე აწყობილ სახელმწიფოებს შეეძლოთ წარმატებით განეცხადებინათ პრეტენზია გლობალურ ლიდერობაზე და ეჩვენებინათ განვითარების სხვისთვის მისაბაძი მაგალითი.
საინტერესოა, რომ ზუსტად ასეთივე შედეგი გამოიღო ირანში პროდასავლურმა საკმაოდ რბილმა მოდერნიზაციამ შაჰ მოჰამად რეზა ფეხლევის დროს. ქვეყანაში 1979 წელს მოხდა რევოლუცია, რომელმაც ის მკვეთრად შეაბრუნა საკმაოდ ხისტი ტრადიციული განვითარების მოდელისაკენ, რომელიც ამასთანავე ისლამურ იდეოლოგიას ეფუძნება. |
საყურადღებოა, რომ 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის რეალური მოდერნიზაციის (ე.ი. დემოკრატიული, საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის) ცდა პრაქტიკულად არ მომხდარა. ის, რასაც 1992-2004 წლებში ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების სახელით არის ცნობილი, იყო არა იმდენად შეგნებული ქმედება, რამდენადაც საზოგადოების შოკური რეაქცია იმპერიის დაშლაზე (სხვათა შორის მეორე დაშლაზე 73 წლის მანძილზე), რომელიც გააძლიერა დასავლეთის დაწოლამ და ადგილობრივი მმართველი ელიტების ცვლის პროცესმა. როგორც კი ასე თუ ისე ჩამოყალიბდა ახალი მმართველი ელიტა, მოხდა შედარებითი ეკონომიკური სტაბილიზაცია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდის შედეგად, რუსეთი ისევ მიუბრუნდა იმ განვითარების მოდელს, რომელიც მას ხელეწიფება - დამყარებულს ძალაუფლებისა და საკუთრების სიმბიოზზე, სახელმწიფო წარმოების წესზე.33
რასაკვირველია, რუსეთს ამ გზით შორს წასვლის ნაკლები შანსი გააჩნია - ამისათვის მას არც ორგანიზაციული რესურსი აქვს, არც მიმზიდველი იდეოლოგია. ეტყობა საკმაოდ მალე აქ ახალი წონასწორობა შეიქმნება, როდესაც ქვეყანა იმედია მოახერხებს ტრადიციულ სისტემასა და კაპიტალიზმს შორის სიმბიოტური სისტემის შექმნას, როგორც ეს მოახერხეს იგივე მალაიზიამ ან ტაილანდმა.
რუსეთის სოციალური სისტემის ევოლუციის მაგალითი იმითია მნიშვნელოვანი, რომ ადრე თუ გვიან მის მდგომარეობაში ჩინეთი აღმოჩნდება. იმ სისტემის ისტორიული განვითარების ლოგიკა, რომლის ფარგლებშიც ეს ქვეყანა არსებობს, ამაზე არაორაზროვნად მიუთითებს.
ჩინეთი დღეისათვის ბევრად უფრო გლობალიზებულია, ვიდრე ოდესმე რუსეთი იყო. მას ეკონომიკის ყველაზე გრძელვადიანი, უწყვეტი, მაღალი ზრდის ტემპი აქვს მსოფლიოში, ის განვითარებული ქვეყნების გარეთ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მიმღებია, პრაქტიკულად ნებისმიერი წიაღისეული ნედლეულის ყველაზე დიდი მომხმარებელია მსოფლიოში, ბოლოს ყოველი მეხუთე ადამიანი დედამიწაზე - ჩინელია.
რასაკვირველია მისი მმართველობის სისტემა ბევრად უკეთაა ორგანიზებული, ვიდრე რუსეთის, მოსახლეობა უფრო დისციპლინირებული და დარაზმული ქვეყნის ხელმძღვანელობის გარშემო, რეფორმები უკეთ დაგეგმილი და ორგანიზებული, მაგრამ ის თავის საფუძველში ისევ ზეცენტრალიზებული, არადემოკრატიული (ზოგიერთის აზრით - ავტორიტარული), კომუნისტურ იდეოლოგიაზე დამყარებული სახელმწიფოა.34
დღესდღეობით ჩინეთი საკმაოდ მოკრძალებულ როლს თამაშობს გლობალურ პოლიტიკაში, მისი ხელმძღვანელობა ძირითადად იმითია დაკავებული, რომ არ დაუშვას ქვეყნის სისტემური საფუძვლების მოშლა სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში (დასავლეთის აზრით, რომელიც მრავალი წელია მოუწოდებს ჩინეთს შეანელოს ის - „არამდგრადად“ სწრაფის).
ამავე დროს გასაგებია, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი მოდერნიზაციის შედეგები წინააღმდეგობაში მოვა საზოგადოების ორგანიზაციის სისტემასთან - დღევანდელი ჩინეთის მმართველი ელიტისა და ახალი, მის მიერვე შექმნილი საშუალო კლასის ინტერესები ერთმანეთს შეეჯახება.35
თუ ეს შედარებით ადრე მოხდება, მაშინ მოხდება მინიმუმ მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი (ეტყობა გლობალური) და რეგიონური პოლიტიკური დესტაბილიზაცია. თუ ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში არ მოხდა, მაშინ ჩინეთი გარანტირებულად დაიწყებს სულ უფრო აქტიური როლის თამაშს ჯერ რეგიონალურ, შემდგომ გლობალურ პოლიტიკაში. და ეს პოლიტიკა გარანტირებულად იქნება არა პროდასავლური ან დემოკრატიული, არამედ ნაციონალისტური და ანტიამერიკული (დღესდღეობით ჩინეთის სამხედრო დოქტრინა სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ სწორედ აშშ-ს ხედავს). ფაქტიურად ჩინეთის გაძლიერება ამა თუ იმ სახით კვლად დაიწყებს იმ გლობალურ სისტემურ წინააღმდეგობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა მსოფლიოში.
ასეთმა პოლიტიკამ ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო შედეგი იქნება ის, რომ ბევრი განვითარებადი ქვეყანა (განსაკუთრებით, აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში), რომელიც დღეს ფორმალურად „ხელს აწერს“ კაპიტალიზმსა და დემოკრატიას, პირს იბრუნებს განვითარების ამ მოდელისაგან. ზემოთ თქმულიდან გასაგებია, რომ სისტემური წინააღმდეგობა დღევანდელ მსოფლიოში მაინც არსებობს, თუმცა შედარებით შერბილებული ფორმით.
![]() |
4 თავი 2. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
2.1. პირველი გლობალიზაცია.
ნებისმიერი საზოგადოება, მისი სტრუქტურული ორგანიზაციის, განვითარების დონისა და ტიპის განურჩევლად, ცდილობს გადაჭრას შემდეგი ორი ძირითადი (თუმცა გამოუცხადებელი) ამოცანა:
ა/დაამყაროს სტაბილური ბალანსი, ერთი მხრივ, საზოგადოების წევრების მოთხოვნილებებს შორის (რომელიც უზრუნველყოფილია მის განკარგულებაში არსებული წარმოების საშუალებებით), და მეორე მხრივ, ბუნებრივი გარემოს შესაძლებლობებს შორის დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნილებები;36 ბ/გაანაწილოს მოპოვებული სიმდიდრე საზოგადოების წევრებს შორის ისე, რომ შეინარჩუნოს საზოგადოების სტაბილურობა. ფაქტიურად, მოცემული ამოცანების წარმატებით გადაჭრა წარმოადგენს საზოგადოების ფუნქციონირების მინიმალურ აუცილებელ წინაპირობას.
თუმცა პოლიტიკა საზოგადოდ განისაზღვრება, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესი და მეთოდი ადამიანთა ჯგუფებისათვის, მოცემულ საზოგადოებრივ კონტექსტში ის შესაძლებელია განვიხილოთ როგორც ღონისძიებების ნაკრები, რომელიც ქმნის წინაპირობას ზემოთ მოცემული ამოცანების გადასაჭრელად.37
ეს არ ნიშნავს რასაკვირველია, რომ კავშირი ზემოთ მოყვანილ ამოცანებსა და ნებისმიერ მოცემულ პოლიტიკას შორის, უშუალო და აშკარა უნდა იყოს. პოლიტიკა ემსახურება ამ ამოცანების გადაჭრას საბოლოო ჯამში, ხოლო მათი შემაერთებელი ჭიპლარი შესაძლებელია გრძელი იყოს (რთულ თანამედროვე საზოგადოებებში ძალიან გრძელი). ამის სხვა წინაპირობაც რომ არ არსებობდეს, ნებისმიერი საზოგადოების ფუნქციონირებაში შესაძლებელია გაჩნდეს შეფერხებები, თუ ეს ჭიპლარი ზედმეტად დაიხლართება, ანდა საერთოდ გაწყდება. ამის ყველაზე გავრცელებული მაგალითები დაკავშირებულია ისეთ შემთხვევებთან, როდესაც საზოგადოების განვითარება ზედმეტად დამოკიდებული ხდება რომელიმე იდეოლოგიურ დოქტრინაზე, რომელიც უგულვებელყოფს ყოველდღიური ცხოვრების ობიექტურ მოთხოვნილებებს.
ეს ხდებოდა ვთქვათ საბჭოთა კავშირში, სადაც დამოკიდებულება კომუნისტურ იდეოლოგიაზე, განსაკუთრებით მისი არსებობის გვიანდელ ეტაპზე, მთლიანად წინააღმდეგობაში მოვიდა საზოგადოებრივი განვითარების ზემოთ განხილულ ამოცანებთან, რაც მისი დაცემის ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი გახდა. მაგალითად, 1961 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მაშინდელმა პირველმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, გამოაცხადა კურსი ქვეყანაში კომუნისტური საზოგადოების მშენებლობაზე 1980 წლისათვის. თავისთავად ეს ამოცანა სრულიად არარეალური და შეუსრულებელი იყო (რაც „წარმატებით დამტკიცდა” ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესში). მაგრამ იმ დროს, მის გადასაჭრელად, სრულიად რეალურად ხდებოდა დიდძალი ფინანსური და სხვა რესურსების დაბანდება, რომელიც დააკლდა ეკონომიკისა და სოციალური სფეროს იმ ნაწილებს, სადაც მათზე ობიექტური მოთხოვნილება არსებობდა.
ნებისმიერ მოცემულ ისტორიულ კონტექსტში საზოგადოება შეიძლება ჩაითვალოს განვითარებულად, თუ მის განკარგულებაში არსებობს ეფექტური, მუშა ინსტრუმენტები, რომელიც აძლევს მას საშუალებას წარმატებით გადაჭრას განვითარების ორი ძირითადი ამოცანა, შედარებით გრძელი პერიოდის განმავლობაში (ეტყობა მინიმუმ საუკუნე და მეტი), ძირითადი საზოგადოებრივი სტრუქტურების ისეთი შედარებით უმნიშვნელო ცვლილებების ხარჯზე, რომელიც მათ არსს არ ცვლის. შედარებით ნაკლებად განვითარებულია ის საზოგადოება, რომელსაც ასეთი მექანიზმები ან საერთოდ არა აქვს, ანდა არსებული გაუმართავია.38 შედეგად იმისათვის, რომ მდგრადად განვითარდეს, შეინარჩუნოს თავი როგორც ერთობამ, ასეთ საზოგადოებას სტრუქტურული გარდაქმნა ესაჭიროება. |
როგორც უკვე ითქვა, გამოიყოფა გლობალიზაციის ორი სტადია, ანუ ორი გლობალიზაცია. სწორედ პირველი გლობალიზაციის დროს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, კავშირი საზოგადოების განვითარების ძირითად ამოცანებსა და მაშინდელი წამყვანი გლობალური მოთამაშეების პოლიტიკას შორის, უშუალო და აშკარა იყო. მზარდი ეკონომიკისა და მოსახლეობის გადაუდებელმა მოთხოვნილებებმა უბიძგა რიგ ევროპულ სახელმწიფოებს ექსპანსიისაკენ, იმ მიზნით, რომ ხელში ჩაეგდოთ ბუნებრივი რესურსები, ბაზრები და ტერიტორიები მოსახლეობის იმ ნაწილის დასასახლებლად, რომელსაც საკადრისი ადგილი არ მოეძებნებოდა მეტროპოლიის ფარგლებში. ევროპული სახელმწიფოების კოლონიური ექსპანსია საუკუნეებს მოითვლიდა იქამდე, სანამ გლობალიზაციური პროცესის ხასიათს შეიძენდა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე კოლონიებში შექმნილ კრიზისებზე მეტროპოლიის რეაგირება, ობიექტური მიზეზებით, ძირითადად იმდენად დაგვიანებული იყო, რომ ეს კრიზისები ასე თუ ისე განიმუხტებოდა უმაღლესი ხელისუფლების უშუალო ჩარევის გარეშე. მეტიც, ამ ხელისუფლების დაგვიანებული რეაქცია უკვე არარსებულ სიტუაციაზე, ზოგჯერ ახალ კრიზისებს იწვევდა. კოლონიების მართვა ხშირად იმდენად არაეფექტური იყო, რომ რიგ შემთხვევებში მეტროპოლიები ნებაყოფლობით ამბობდნენ მათზე უარს. მაგალითად, მრავალწლიანი უშედეგო ცდების შემდეგ აეთვისებინა ალასკა, რუსეთი იძულებული იყო 1867 წელს მიეყიდა ის აშშ-თვის, მიუხედავად იმისა, რომ ოქროს უმდიდრესი საბადოები იმ დროისათვის იქ უკვე აღმოჩენილი იყო. საინტერესოა, რომ გაყიდვის ინიციატორად თვით რუსეთი გამოდიოდა, და იმისათვის, რომ დაეთანხმებინათ ამერიკელები ამ გარიგებაზე, რუსებს აშშ-ს კონგრესის ლობირებაც კი მოუწიათ.
ექსპანსია გახდა გლობალიზაციური, უპირველესად ყოვლისა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების საშუალებების განვითარების შედეგად, რამაც მისცა ცენტრალურ ხელისუფლებას საშუალება მოეხდინა ეფექტური რეაგირება კოლონიებში მომხდარ მოვლენებზე ყოველდღიური პოლიტიკური საქმიანობის ჩარჩოებში.
ეს იყო პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა შესძლეს შეექმნათ და შეენარჩუნებინათ ურთიერთობათა ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებში მათ შეეძლოთ გავლენის მოხდენა საზოგადოებრივი განვითარების პროცესებზე მთელს მსოფლიოში. შესაბამისად ამ ქვეყნების პოლიტიკამაც გლობალური ხასიათი შეიძინა - ე.ი. ერთი ან რამდენიმე წამყვანი მოთამაშის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და აქტიურობა, სწრაფად იწვევდა გლობალურ გამოძახილს.
ეს სისტემა საბოლოოდ ჩამოყალიბდა დაახლოებით იმ დროისათვის, როდესაც ასე თუ ისე დამთავრდა ბრიტანეთის იმპერიის ფორმირება - დაახლოებით სამხრეთ აფრიკაში, ბურების რესპუბლიკების წინააღმდეგ ომის დასრულებისათვის (1902 წ.). თუმცა ამ დროს, ეს პროცესი როგორც გლობალიზაცია არ აღიქმებოდა და ლაპარაკი მსოფლიო პოლიტიკის ინტერნაციონალიზაციაზე იყო.
ამ სისტემამ თავისი დასრულებული სახით ფაქტიურად მხოლოდ ათიოდე წელი გასტანა: პირველი დარტყმა მას პირველმა მსოფლიო ომმა და ამის შედეგად ამ პროცესიდან რუსეთისა და გერმანიის გამოთიშვამ მიაყენა, ხოლო 1929 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები საბოლოოდ ჩაკეტა თავის ბინებში და ერთმანეთისაგან გათიშა.
მთავარი, რაც ამ გლობალიზაციას შემდგომი გლობალიზაციური პროცესისაგან განასხვავებდა, მდგომარეობდა იმაში, რომ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი იმყოფებოდა რამდენიმე [დასავლეთ] ევროპული სახელმწიფოს (ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, ბელგია, იტალია, პორტუგალია), პლუს რუსეთის უშუალო პოლიტიკური კონტროლის ქვეშ.39 უფრო შეზღუდული იყო იმ ქვეყანათა ჯგუფი, რომელსაც ხელეწიფებოდა გლობალურ ურთიერთობათა სისტემის ფორმირება -ბრიტანეთის იმპერია, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, აშშ, რუსეთი. მათთან ახლოს იდგა იტალია და განსაკუთრებით რუსეთთან 1906 წელს მოგებული ომის შემდეგ - იაპონია (იხ. დანართი 2.).40 დამატებით, ურთიერთობა წამყვან გლობალურ მოთამაშეებს შორის (თანამშრომლობა თუ კონკურენცია), მიმდინარეობდა ერთი [კაპიტალისტური] სოციალურეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ფარგლებში. ის ფაქტიც, რომ რუსეთი ამ სისტემას არ ეკუთვნოდა (იხილეთ, კონკრეტული შემთხვევა 1), სიტუაციას არ ცვლიდა - ეს ქვეყანა დაჟინებით ატარებდა რეფორმებს, რომელიც ამ სისტემაში ინტეგრაციაზე იყო მიმართული.41 ე.ი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალურ სისტემური კონკურენციის ტიპის ურთიერთობას ამ დროს ადგილი არა ჰქონია.
ამ დროს არსებობდა წამყვანი გლობალური მოთამაშეების ძალიან ვიწრო ჯგუფის მიერ წამოწყებული გლობალური განვითარების ტრენდების ტრანსლაციის ფორმალური შესაძლებლობა. შედეგად, მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხარისხი აშკარად უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს.
აგრეთვე, უფრო მაღალი იყო, გლობალიზაციური პროცესების ინიციატორების (პირველ რიგში ბრიტანეთის იმპერიის), უშუალო პასუხისმგებლობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ისევე როგორც მათი შესაძლებლობები, გაეკონტროლებინათ ეს პროცესები. ეს იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ამ პროცესების უდიდესი უმეტესობა მიმდინარეობდა სულ რამდენიმე ერთიან პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში.
გარდა გლობალიზაციის რამდენიმე დამოუკიდებელი სუბიექტისა (ახალი ტიპის ეროვნული სახელმწიფოსი), დედამიწაზე მცხოვრები ყველა სხვა ეთნოსის ჩართვა გლობალურ პროცესებში ხდებოდა ძალით, მათი ნება-სურვილის გათვალისწინების გარეშე. ეს იწვევდა იმას, რომ გლობალიზაციის პროცესში ხშირად ხვდებოდნენ ისეთი ეთნოსები, რომელთა იქ მონაწილეობა არაეფექტური, ანდა აშკარად წამგებიანი იყო.
მინიმუმზე იყო დაყვანილი უკუკავშირები გლობალიზაციის სუბიექტებსა და მათი გავლენის ქვეშ მყოფი გლობალიზაციის ობიექტებს შორის, რაც აგრეთვე ამცირებდა პროცესების ეფექტურობას. უფრო მეტიც, გვერდი-გვერდ მდებარე უზარმაზარი ტერიტორიები, ხშირად ერთმანეთთან ურთიერთობდნენ მხოლოდ მათგან ათასობით კილომეტრით დაშორებული მეტროპოლიების მეშვეობით.
მთლიანობაში, მაშინდელი გლობალური ურთიერთობათა სისტემა საკმაოდ ხისტი და მოუქნელი იყო, არ გააჩნდა ევოლუციური სრულყოფის საშუალება. ზოგ ევროპულ კოლონიურ სახელმწიფოსა (დიდ ბრიტანეთში უპირველესად ყოვლისა) და აშშ-ში მაინც, იმ დროისათვის ძირითადად ჩამთავრებული იყო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესები. მაგრამ ის ურთიერთობათა პრინციპები, რომელიც აუცილებლად იყო აღიარებული ამ ქვეყნების შიგნით, და მეტწილად ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობისას, არ ვრცელდებოდა ამ „ელიტარული კლუბის“ გარეთ დარჩენილ სახელმწიფოებსა და ხალხებზე. გლობალური პროცესების ხასიათი არ ემთხვეოდა საზოგადოებრივი ურთიერთობების ტიპს, რომელიც უკვე მიღწეული იყო მათ წამომწყებ ქვეყნებში და ის აშკარად „ტაქტიდან იყო ამოვარდნილი“. ფაქტიურად ევროპის წამყვანი ქვეყნები თავის კოლონიურ იმპერიებს აზიური პირამიდული საზოგადოებების ყაიდაზე აგებდნენ (იხილეთ, კონკრეტული შემთხვევა 1).
ორი შენიშვნა გლობალიზაციის მიმართ:
|
გლობალიზაციის ამ კოლონიურმა სტადიამ, საკმაოდ პარადოქსულად, გამოავლინა მაშინდელი წამყვანი გლობალური მოთამაშეების შედარებითი სისუსტე. კოლონიური სახელმწიფოები ხელში იგდებდნენ უზარმაზარ ტერიტორიებს და მათზე უშუალო კონტროლს ამყარებდნენ ძირითადად იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ საიმედო ინფორმაცია ამ ტერიტორიების შესახებ, რომელიც მისცემდა მათ საშუალებას შერჩევით ემოქმედათ. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ სხვა მართვის მექანიზმები უშუალო კონტროლის გარდა, მიუხედავად მისი არაეფექტურობისა და არასაიმედობის.
სწორედ უშუალო კონტროლის არაეფექტურობამ გამოიწვია, პირველ რიგში, კოლონიური სისტემის დაშლა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ დროისათვის ის ფასი, რომელსაც მეტროპოლიები იხდიდნენ კოლონიებზე უშუალო კონტროლის შესანარჩუნებლად, ბევრად აღემატებოდა იმ მოგებას, რომლის მიღებაც მათ შეეძლოთ ამ ტერიტორიებიდან. მხოლოდ ყველაზე ნაკლებად განვითარებული სახელმწიფოები (პორტუგალია მაგალითად), ტოვებდნენ თავის კოლონიებს იქ მიმდინარე შეიარაღებული წინააღმდეგობის შედეგად. თითქმის ყველა დანარჩენ შემთხვევაში, კოლონიური სახელმწიფოები ტოვებდნენ კოლონიებს იმის გამო, რომ მათი შენახვა ძალზე ძვირი ჯდებოდა (ფინანსური, მატერიალური, ორგანიზაციული, ა.შ.).
ერთ-ერთი უძლიერესი დარტყმა კოლონიურ სისტემას, და შესაბამისად პირველი გლობალიზაციის პროცესში შექმნილ ურთიერთობათა სისტემას, მიაყენა შეერთებულმა შტატებმა. 1941 წლის აგვისტოში, მეორე მსოფლიო ომის ყველაზე მძიმე მომენტში, აშშ-მ გააფორმა დიდ ბრიტანეთთან ცნობილი ატლანტიკური ქარტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის შემდგომი გლობალური ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებაში, მ.შ. გაეროს შექმნაში. იმავე წლის სექტემბერში ამ ქარტიას შეუერთდა რიგი სხვა ქვეყნებისა, მ.შ. საბჭოთა კავშირიც, მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ამ ქარტიის რვა პუნქტის ძირითადი დებულებები მაინცდამაინც არ მოსწონდა. ამ ქარტიის მესამე პუნქტის შესაბამისად - „[ხელისმომწერი მხარეები] პატივს სცემენ ყველა ხალხების უფლებას აირჩიონ მმართველობის ის ფორმა, რომელშიც მათ უნდა იცხოვრონ; მათ აგრეთვე სურთ დაინახონ, რომ აღდგენილ იქნება ყველა იმ ხალხების სუვერენული უფლებები და თვითმმართველობა, რომელთაც ეს უფლებები ძალით ჰქონდათ წართმეული.“42 ფაქტიურად ამ პუნქტში ლაპარაკი იყო ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე.
ამ პუნქტის შეტანა ქარტიაში განპირობებული იყო აშშ-ში ამ დროისათვის გაბატონებული ღრმა რწმენით კოლონიური მმართველობის მიუღებლობის შესახებ. გარდა ამისა, (თუმცა ეს მოსაზრება რასაკვირველია არ იყო გახმაურებული) არსებული კოლონიური მმართველობის სისტემა უბრალოდ ხელს უშლიდა აშშ-ს საკუთარი გლობალური ინტერესების რეალიზაციაში. ბრიტანეთის პრემიერი, სერ უინსტონ ჩერჩილი, საკმაოდ უკმაყოფილო იყო ქარტიის ამ პუნქტის, რომელიც ფაქტიურად მოასწავებდა ბრიტანეთის იმპერიის აღსასრულს. ის შემდგომში რეგურალურად ცდილობდა მისი მნიშვნელობის გაბათილებას და ამბობდა, რომ ეს პუნქტი მხოლოდ გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხებოდა. მიუხედავად ამისა, შემდგომში ყველა, ვინც კი იბრძოდა თვითგამორკვევისათვის კოლონიური იმპერიებიდან, ამ პუნქტს ეყრდნობოდა, როგორც მათი მოთხოვნების ფორმალურ გამართლებას.
|
ამავე დროს, ხდებოდა ტრანსნაციონალური ორგანიზაციისა და აქტიურობის ისეთი ახალი ფორმების აღმოცენება, რომელიც ძირითადად ეფუძნებოდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მულტინაციონალური კორპორაციების ინტერესებს. ეს უკანასკნელები, კოლონიური სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, იბრძოდნენ იმისათვის, რომ მოეპოვებინათ კონტროლი ბაზრებზე, და არა იმ ტერიტორიებზე, რომელიც ამ ბაზრებს შეიცავდა. ფაქტიურად მე-20 საუკუნის დასაწყისში არსებობდა ერთადერთი სახელმწიფო - აშშ, სადაც კერძო კორპორაციები და მთავრობა ერთად მუშაობდნენ ერთობლივი ინტერესების რეალიზაციის პროცესში. ეს ეხებოდა უპირველესად ყოვლისა ლათინურ ამერიკას, სადაც მონროს დოქტრინაზე დაყრდნობით, აშშ-ს მთავრობა და ამერიკული კორპორაციები, ერეოდნენ ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო საქმეებში მათზე უშუალო კონტროლის დამყარების გარეშე.43
მონროს დოქტრინა - დოქტრინა გამოცხადებული 1823 წელს, ჯეიმს მონროს პრეზიდენტობის დროს.
ამ დოქტრინის შესაბამისად ევროპულ სახელმწიფოებს ერთმეოდათ უფლება მოეხდინათ ამერიკის კოლონიზაცია, ანდა ჩარეულიყვნენ ამერიკის კონტინენტებზე არსებული სუვერენული სახელმწიფოების საშიანო საქმეებში. სამაგიეროდ აშშ აპირებდა ნეიტრალიტეტის დაცვას ომებში, რომელსაც ადგილი ექნებოდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის, ანდა ევროპულ სახელმწიფოსა და მის კოლონიას შორის, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ასეთ ომს ადგილი ექნებოდა ამერიკაში. ამ შემთხვევაში, აშშ განიხილავდა მას, როგორც მის წინააღმდეგ მიმართულ მტრულ ქმედებას. 1904 წელს პრეზიდენტმა ტეოდორ რუზველტმა შეიტანა მნიშვნელოვანი შესწორება ამ დოქტრინაში, რომლის შესაბამისად, აშშ იძენდა უფლებას, ჩარეულიყო ლათინური ამერიკის ქვეყნების საშინაო საქმეებში, ფაქტიურად თავის თავზე იღებდა საერთაშორისო პოლიციურ უფლებებს. ეს პოლიტიკა გახმოვანდა როგორც „ილაპარაკე ჩუმად, მაგრამ მოიმარჯვე დიდი კეტი“. ამ დოქტრინამ უდიდესი როლი შეასრულა გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებაში, რადგანაც ფაქტიურად გადააქცია ლათინური ამერიკა აშშ-ს „უკანა ეზოდ“, სადაც მას შეეძლო დაეცვა საკუთარი ინტერესები, როგორც ადგილობრივი სუვერენული სახელმწიფოების, აგრეთვე სხვა წამყვანი გლობალური მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინების გარეშე, განსაკუთრებით ცივი ომის პერიოდში. |
ყველაზე კარგად ასეთი პოლიტიკის ეფექტურობა გამოვლინდა პანამის არხზე კონტროლის დამყარებასთან დაკავშირებულ მოვლენებში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ არხის მშენებლობას უდიდესი როლი ენიჭებოდა გლობალური სატრანსპორტო კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბებაში.
ის ორჯერ ამცირებდა მანძილს ატლანტიკის ოკეანედან წყნარ ოკეანეში. წამყვანი გლობალური მოთამაშე, რომელიც მოახერხებდა ამ არხზე კონტროლის დაწესებას, მძლავრ დამატებით არგუმენტებს იძენდა თავის კონკურენტებთან ურთიერთობაში.44 კოლუმბია, რომლის ტერიტორიაზეც ფრანგები წარუმატებლად ცდილობდნენ არხის მშენებლობას, უარს ამბობდა ამ მშენებლობის უფლებების აშშ-ზე გადაცემაზე. შედეგად, 1903 წლის ბოლოს, დღევანდელი პანამის ტერიტორიაზე მოხდა ადგილობრივი მსხვილი მიწათმფლობელების აჯანყება, რომლებმაც აშშ-ს უშუალო მხარდაჭერით გამოაცხადეს დამოუკიდებლობა კოლუმბიისაგან. აშშ იყო პირველი, ვინც აღიარა ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და გააგზავნა ჯარი მის დასაცავად. სამაგიეროდ მან მიიღო პანამის ტერიტორიაზე არხის მშენებლობისა და მისი უვადო განკარგვის უფლება. პანამის არხი გაიხსნა 1914 წელს. თუმცა 1999 წელს აშშ-მ ის და მისი მიმდებარე ტერიტორიები პანამას გადასცა, მან დაიტოვა სამხედრო ინტერვენციის ფორმალური უფლება, თუ მის ეროვნულ ინტერესებს საფრთხე შეექმნებოდა.
პარალელურად, წამყვანი გლობალური მოთამაშეების მრავალრიცხოვანი მრავალმხრივი აქტიურობის რეგულირებისა და კონტროლის მოთხოვნილებამ გამოიწვია შესაბამისი მარეგულირებელი რეჟიმების შექმნა და განვითარება. ეს რეჟიმები ეფუძნებოდა მთელ რიგ დასავლურ კომერციულ, ფინანსურ თუ მთავრობათაშორის პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ფორმალურად ეს პროცესი დაიწყო 1865 წელს საერთაშორისო სატელეგრაფო კავშირის დაარსებით, ხოლო უკვე პირველი მსოფლიო ომისათვის, გლობალურ ურთიერთობათა მნიშვნელოვანი სექტორები ექვემდებარებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების რეგულირებას. ამ პროცესში საფუძველი ეყრებოდა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროცესების ტრანსნაციონალურ კონტროლსა და მართვას. 1914 წლისა-თვის ამა თუ იმ სახით ხდებოდა ამ პროცესების რეგულირება 4 დიდ სფეროში (იხილეთ ცხრილი 2.1.)
ცხრილი 2.1. საერთაშორისო ორგანიზაციები, 1914 წელს(პასუხისმგებლობის სფეროების მიხედვით)
რეგულირების სფერო |
ორგანიზაციების რაოდენობა |
სამრეწველო განვითარება |
|
ინფრასტრუქტურა |
8
|
სამრეწველო სტანდარტები და ინტელექტუალური საკუთრება |
4
|
ვაჭრობა |
3
|
პოტენციური სოციალური კონფლიქტების მართვა
|
|
შრომითი ურთიერთობები |
1 |
სოფლის მეურნეობა |
4 |
|
|
სახელმწიფოებისა და სახელმწიფო სისტემის გაძლიერება |
|
საზოგადოებრივი წესრიგი და ადმინისტრაცია |
2 |
სახელმწიფოთა შორის კონფლიქტების მოგვარება |
2 |
საზოგადოების გაძლიერება |
|
ადამიანის უფლებები |
1 |
სოციალური დაცვა და დახმარება |
1 |
ჯანდაცვა |
3 |
განათლება და მეცნიერება |
4 |
წყარო: D. Held, A. McGrew, D. Goldblatt, J. Perraton, Global Transformations, Politics, Economics and Culture, Stanford University Press, Stanford, California, 1999, pp. 44-45.
რასაკვირველია, ხსენებული ორგანიზაციების არსებობა არ ნიშნავდა, რომ მათი საქმიანობა რეალურად გლობალური იყო. ისინი, ისევდაისევ, იქმნებოდა წამყვანი გლობალური მოთამაშეების ელიტალური კლუბის წევრების მიერ (ძირითადად ევროპელების), ეფუძნებოდა მათ წარმოდგენებს მსოფლიოში არსებულ პრობლემებისა და მათი რეგულირების მექანიზმების შესახებ, ემსახურებოდა მათ ინტერესებს. მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციების ჩამოყალიბება მოასწავებდა საზოგადოებრივი განვითარების პრინციპულად ახალი ეტაპის დადგომას, როდესაც სუვერენული სახელმწიფოები ამა თუ იმ სახით გადასცემდნენ თავისი უფლებების ნაწილს ისეთ სტრუქტურებს, რომლებიც მათი უშუალო, ფორმალური იურისდიქციისა და კონტროლის გარეთ იმყოფებოდნენ.
მეორე გლობალიზაცია ხასიათდება რეგიონალიზაციის პროცესის მკვეთრი გაძლიერებით. ის დღესდღეობით წარმოდგენილია დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, და რამდენიმე არშემდგარი, თუ ჩრდილო კორეის ტიპის, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გარიყული, სახელმწიფოს გარდა, ყველა დანარჩენი წარმოდგენილია ერთ ან რამდენიმე რეგიონალურ ორგანიზაციაში. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონალიზაციის პროცესი, ასე თუ ისე, ვითარდება ყოვლისმომცველი გლობალიზაციის ჩარჩოებში, ის დიდწილად მის პარალელურ, უფრო რთულ მოვლენას წარმოადგენს. გლობალიზაციისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად წარმოადგენს საზოგადოების მიერ ნაკლებად კონტროლირებად, სპონტანური ექსპანსიის პროცესს, რეგიონალიზაცია მომდინარეობს ექსპანსიის შეგნებული მცდელობიდან ისეთი არეალის ფარგლებში, სადაც საზოგადოებრივი აქტიურობის პროცესების კონტროლი შესაძლებელია. ე.ი. რეგიონალიზაცია გეგმიური, რეგულირებადი წამოწყებაა. საზოგადოებრივი განვითარების ნებისმიერი სუბიექტი ბუნებრივად იღწვის მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. მაგრამ, თუ მისი ექსპანსიის პირველადი ბიძგი შედარებით ძლიერია, განსაზღვრული ზღურბლის (ძირითადად სივრცითი) გადალახვის შემდეგ პროცესების კონტროლი ფრიად რთული, თუ საერთოდ შესაძლებელი ხდება. რეგიონალიზაციას ადგილი აქვს, როდესაც ხდება როგორც ამ პირველი ბიძგის, ასევე მისი შედეგების, საგულდაგულო გათვლა მათზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით (რამდენადაც ეს შესაძლებელია თანამედროვე საზოგადოებაში). გარდა ამისა, რეგიონალიზაცია შესაძლებელია წარმოადგენდეს რეაქციას (შეგნებულს?), გლობალიზაციის უკონტროლო პროცესებზე, ერთგვარ დამცველ მექანიზმს ამ პროცესების წინააღმდეგ. დღესდღეობით მსოფლიო მოითვლის 36 ორგანიზაციას, რომელიც ფორმალურად რეგიონალურ ხასიათს ატარებს. თუმცა მათი მოქმედების არეალი, ფუნქციები და წევრების რაოდენობა, მნიშვნელოვნად განსხვავდება დამოკიდებული მათ მიზნებზე და განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორ და რა დონის გავლენას ახდენს ამა თუ იმ ორგანიზაციაში გაწევრიანება მისი მონაწილეების სუვერენიტეტზე. ამ თვალსაზრისით, ყველაზე “შორს წასული” რეგიონალური ორგანიზაცია ევროკავშირია, თუმცა აქაც პოლიტიკური ინტეგრაცია ჯერ ვერ დამთავრდა ერთიანი კონსტიტუციის მიღებით.
|
2.2. მეორე გლობალიზაცია
2.2.1. განსხვავებით პირველისაგან, მეორე გლობალიზაცია ჩამოყალიბდა ორი ანტაგონისტური საზოგადოებრივი წყობის სისტემური კონკურენციის პროცესში (იხილეთ, კონკრეტული შემთხვევა 1). ოთხი ათეული წლის განმავლობაში მსოფლიო ცხოვრობდა ე.წ. „ცივი ომის“ პირობებში და ორი ანტაგონისტური იდეოლოგიის მასიურ დაწოლას განიცდიდა. ამ პერიოდს ახასიათებდაგლობალური განხეთქილება ქვეყნების იმ ორ ბლოკს შორის, რომელთაც სათავეში აშშ და საბჭოთა კავშირი ედგნენ. თითქმის ყველა იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, და მათზე დაფუძნებული ქმედება, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენდა გლობალური განვითარების ყველა ელემენტზე, ხდებოდა ამ კონკურენციის ფარგლებში, და განპირობებული იყო მის მიერ.
ასეთი კონფრონტაციის გარეშე, როგორც აშშ-ის, ასევე საბჭოთა კავშირის აქტიურობა, ეტყობა დიდწილად შემოიფარგლებოდა მათი შესატყვისი შედარებით ვიწრო გეოგრაფიული არეალებით. საბჭოური მუქარა რომ არა, აშშ შესაძლებელია შეგუებოდა თავისი ინტერესების შემოფარგვლას ტრადიციული ჩრდილო-სამხრეთის ღერძით, რომელიც ორივე ამერიკას მოიცავდა. იგივეს თქმა შეიძლება საბჭოეთის გლობალურ აქტიურობაზეც. რეალურად არსებული, თუ მოჩვენებითი საფრთხეები, აიძულებდნენ ამ ქვეყნებს განეხილათ მთელი დედამიწა როგორც მათი „გარჩევების“ პოტენციური ასპარეზი, და ამა თუ იმ სახით, ჩაეთრიათ საკუთარ ურთიერთობებში პრაქტიკულად ნებისმიერი დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი მსოფლიოში.
ამ სისტემური კონკურენციის წამყვანი მონაწილეები, თავისი სტრუქტურისა და ფუნქციონირების ძირითადი პარამეტრებით, და შესაბამისად, გლობალურ პროცესებში მონაწილეობის მოტივაციით, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულისათვის ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენდა ახალი ტიპის ახალგაზრდა საზოგადოებას, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებსა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს. მას გააჩნდა ზრდის უზარმაზარი პოტენციალი და უდიდესი შინაგანი ენერგია. მისი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური სტრუქტურები უაღრესად მოქნილი იყო, და შედარებით ადვილად რეფორმირებადი. 1929 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდგომ წლებში, ქვეყანაში გატარდა ეკონომიკური და სოციალური რეფორმების მთელი სერია, რომელიც თავისი გავლენით, როგორც უშუალოდ აშშ-ს, ასევე გლობალური საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებზე, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას განეკუთვნება.
ამერიკელებიც წარმოდგენდნენ მეოცე საუკუნის დიდ ეთნოსებს შორის ყველაზე ახალგაზრდა, აქტიურ და წარმატებულ ეთნოსს. ამ ეთნოსისათვის, ისევე როგორც ქვეყნისათვის მთლიანად, ექსპანსია წარმოადგენდა არა მარტო მოთხოვნილებას, არამედ აუცილებლობასაც. მისი შეზღუდვა, აქტიურობის ტრადიციული არეალით, ეწინააღმდეგებოდა მთლიანად საზოგადოების პოზიტიური განვითარების მოთხოვნილებებს, საფრთხეს უქმნიდა მათ.
აშშ-მ, აბსოლუტურად მინიმალური ზარალის ხარჯზე, მიიღო მაქსიმალურად შესაძლებელი მოგება მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობიდან. ის ფაქტიურად, მეორე მსოფლიო ომში ერთადერთი რეალური გამარჯვებული იყო. ამ ომის პროცესში დაგროვებული უზარმაზარი სამხედრო საწარმოო პოტენციალი აგრეთვე მოითხოვდა ექსპანსიას ომის შემდგომი ტრანსფორმაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესის შედარებით უმტკივნეულოდ ჩასატარებლად.
ამ ქვეყნისათვის „ცივი“ გლობალური კონფრონტაცია საკუთარი ინტერესების რეალიზაციის იდეალურ პირობას წარმოადგენდა, ის მისთვის მომგებიანი იყო. მას უკვე შემუშავებული, და წარმატებით გამოცდილი ჰქონდა, სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობის მექანიზმები ახალი ბაზრების შექმნისა თუ არსებულ ბაზრებზე შეღწევის, და მათზე კონტროლის დამყარების პროცესში. ამ შემთხვევაში, კავშირი საზოგადოების განვითარების ძირითად ამოცანებსა და აშშ-ს გლობალურ ექსპანსიას შორის, უშუალო და ნათელი იყო. ამ პროცესის იდეოლოგიური უზრუნველყოფა (იგივე Pax Americana-ს იდეა მაგალითად), რეალურად მის შესაბამის დამხმარე როლს თამაშობდა.
ამ დროისათვის, ქვეყანა პოტენციურად (განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების მოთხოვნილებების თვალსაზრისით), მზად იყო გლობალური ექსპანსიისათვის. ამავე დროს, იქ არსებული იზოლაციონიზმის მძლავრი ტრადიცია ხელს უშლიდა ამ პოტენციალის პრაქტიკულ რეალიზაციას. საბჭოთა კავშირთან გარდაუვალი კონფრონტაცია დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად, მშვენიერ საბაბს წარმოადგენდა აშშ-ს გამართლებული გლობალური ამბიციების ცხოვრებაში გასატარებლად.
ამერიკელები არც მალავდნენ თავის გლობალურ იმპერიულ ამბიციებს. როგორც ერთხელ აშშ-ს პრეზიდენტ ტრუმენს წამოსცდა, ამერიკის პასუხისმგებლობა მსოფლიოს წინაშე უფრო დიდი იყო, ვიდრე ოდესმე გადაყრია „დარიუს პირველის სპარსეთი, ალექსანდრეს საბერძნეთი, ადრიანეს რომი თუ ვიქტორიას ბრიტანეთი“. როგორც ტრუმენი ამბობდა -“მსოფლიოს ტოტალიტარიზმისაგან გადარჩენის” ერთადერთი გზა „მდგომარეობს მსოფლიოს მიერ ამერიკული სისტემის ათვისებაში“, რადგანაც „ამერიკული სისტემას შეუძლია გადარჩენა მხოლოდ მსოფლიო სისტემად გადაქცევის გზით“.45
ამავე დროს, წამყვანი დასავლელი პოლიტიკოსებისათვის (უპირველესად ყოვლისა სერ უინსტონ ჩერჩილისათვის), საბჭოთა კავშირი სრულიად გამართლებულად წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ახალ ინკარნაციას, მხოლოდ უფრო ხისტს, დაუნდობელსა და აგრესიულს, ნაკლებად სანდოს. ხოლო (პირველ რიგში ინგლისის) მცდელობა, არ დაეშვათ „რუსი ბარბაროსები ცივილიზებული ხალხების ოჯახში“, წამყვანი ევროპული ქვეყნების პოლიტიკის ერთ-ერთ ამოსავალ იდეას წარმოადგენდა. რუსეთი დაჟინებით ცდილობდა „გაეჭრა სარკმელი ევროპაში“, ხოლო ევროპელები, თავის მხრივ, ცდილობდნენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების სფეროებიდან რაც შეიძლება შორს შეეჩერებინათ რუსული ექსპანსია. რუსებს ითმენდნენ, მათ იყენებდნენ როგორც ცოცხალ ძალას მრავალრიცხოვან შიდა-ევროპულ სამხედრო გარჩევებში, თუ სადამსჯელო ოპერაციებში (რომელთა უმეტესობაშიც რუსეთს არავითარი რეალური საკუთარი ინტერესი არ გააჩნდა), მაგრამ წამყვანი მსოფლიო სახელმწიფოების ოჯახის სრულუფლებიან წევრად არ იღებდნენ.46
ამ პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, მეორე მსოფლიო ომის შედეგად, საბჭოთა კავშირმა/რუსეთმა შეაღწია ევროპის შუაგულში და კონტროლი დაამყარა ფაქტიურად მთელ აღმოსავლეთ ევროპაზე (რასაკვირველია აშშ და დიდი ბრიტანეთის ფორმალური კურთხევით)47. უკვე ეს ფაქტი საკმარისი იყო იმისათვის, რომ დასავლეთის მკვეთრი წინააღმდეგობა გამოეწვია და მასთან კონფრონტაციაზე წასულიყო. მით უმეტეს, რომ სსრკ ამ დროს წარმოადგენდა ტოტალიტალურ საზოგადოებას, რომლის ფარგლებში მასობრივი რეპრესიები წარმოადგენდნენ ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. ასეთი საზოგადოებრივი ურთიერთობების ექსპორტის შესაძლებლობაც კი, ნამდვილად უქმნიდა სერიოზულ საფრთხეს მსოფლიოს პოტენციურ პოზიტიურ, დემოკრატიულ განვითარებას.48
ამ სიტუაციას აგრეთვე ართულებდა ის გარემოებაც, რომ საბჭოთა კავშირი, როგორც ქვეყანა, რომელმაც თავის ზურგზე გადაიტანა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ტვირთის უდიდესი ნაწილი, უაღრესად პოპულარული იყო ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთსა და იტალიაში, როგორც ახალი ტიპის კომუნისტური საზოგადოება. კომუნისტური იდეოლოგიაც, ამ დროს, საკმაოდ ბევრ ხალხს იზიდავდა, ხოლო საბჭოთა კავშირის პირობებში რეალიზებული მისი კონკრეტული მოდელი, მათთვის მოსათმენი თუ გამართლებული იყო, ახალი საზოგადოების მშენებლობის პროცესში კლასობრივი ბრძოლის აუცილებლობის პოზიციებიდან. გარდა ამისა, დანარჩენ მსოფლიოშიც, კოლონიურ ქვეყნების ნაწილსა და ლათინურ ამერიკაში, კომუნისტური დოქტრინა წარმოადგენდა მჩაგვრელებთან ბრძოლის პოპულარულ იდეოლოგიას.
მეორე მხრივ, სსრკ-მ, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად, განიცადა უზარმაზარი ზარალი, რომელიც ამ გამარჯვებას ფაქტიურად აბათილებდა. მხოლოდ მოსახლეობის დანაკარგები ამ ომში, სხვადასხვა მონაცემებით - 27-33 მილიონ ადამიანს აღწევდა. მისი ეკონომიკა მთლიანად სამხედრო ყაიდაზე იყო გადაწყობილი, ხოლო მისი ყველაზე განვითარებული სექტორები, დასავლეთ რუსეთსა და უკრაინაში, უბრალოდ „პირიდან მიწისა იყო აგვილი“. მისთვის განვითარების უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა ეკონომიკის აღდგენა საკუთარი შიდა რესურსების ხარჯზე.49
იმის გამო, რომ ის კლასიკურ აზიურ, პირამიდულ საზოგადოებრივ სისტემას წარმოადგენდა, საბჭოთა კავშირი ობიექტურად ძალზე მოუქნელი, ხისტი, და ნაკლებად რეფორმირებადი იყო. თავისი არსით, ის აგრეთვე ჩაკეტილ სისტემას წარმოადგენდა, რომლისთვისაც კონტროლი აღმოსავლეთი ევროპის ნაწილზე ეტყობა, იმ მაქსიმუმს წარმოადგენდა, რომლის „ატანაც“ მას შეეძლო.
როგორც რუსეთის იმპერიის ახალ ინკარნაციას, მას აგრეთვე არ გააჩნდა გეოსტრატეგიული ინტერესები ტრადიციული იმპერიული გავლენის სფეროების გარეთ (შუა და ახლო აღმოსავლეთი, განსაკუთრებით სპარსეთი, და აღმოსავლეთი აზია). მას პრინციპში არ სჭირდებოდა გლობალური ექსპანსია, რომელიც მისთვის უშუალო, პოზიტიური შედეგის მომტანი არ იყო. როგორც თვითკმარი, ცენტრალიზებული ეკონომიკა, ის არ, და ვერც იღწვოდა, ახალი ბაზრებისა, თუ რესურსების წყაროების კონტროლისაკენ - მას ამის არც სურვილი, არც რეალური მექანიზმები არ გააჩნდა. მეტიც - მისთვის ნებისმიერი ღია, საბაზრო კონკურენცია წამგებიანი იყო.
ამავე დროს, აქ არსებობდა რეალური, ხილული წინააღმდეგობა მის ეკონომიკურ მოთხოვნილებებსა და მის ოფიციალურ იდეოლოგიურ დოქტრინას შორის. კომუნისტური იდეოლოგია, რომელიც ქადაგებდა საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალი ტიპის რეალიზაციას მთელს მსოფლიოში, თავისი არსით ექსპანსიონისტური იყო. ის მოითხოვდა სსრკ-ში არსებული საზოგადოებრივი ურთიერთობების ექსპორტს მის ფარგლებს გარეთ, მით უმეტეს, რომ მსოფლიო კოლონიური სისტემის დაშლის პროცესში მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნილება არსებობდა. რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ეს მოთხოვნილება მოდიოდა პირდაპირ წინააღმდეგობაში საბჭოთა კავშირის რეალურ ეკონომიკურ პოტენციალთან. როდესაც აშშ ახორციელებდა და ახორციელებს საკუთარი დემოკრატიული ფასეულობების ექსპორტს მსოფლიოს მასშტაბით, ამ ექსპანსიის უკან დგას, და მას მხარს უბამს, მსოფლიოს ყველაზე მძლავრი ეკონომიკა. საბჭოთა კავშირს კი იდეოლოგიური ექსპანსიის ეკონომიკური უზრულველყოფის მექანიზმები უბრალოდ არ გააჩნდა, ხოლო ასეთი მექანიზმების გარეშე ის საბოლოო ჯამში, არა მარტო არაეფექტური, არამედ წამგებიანიც ხდებოდა.
შესაძლებელია გამოიყოს „ოთხი ნაბიჯი“, რომელიც გადაიდგა დასავლეთში საბჭოთა კავშირთან კონფრონტაციისა და ცივი ომის დაწყების მიმართულებით - აშშ-სსრკ-ს კონკურენციის ფორმალური დასაწყისი შეიძლება დაუკავშიროთ ე.წ. „გრძელ დეპეშას“, რომელიც 1946 წლის 22 თებერვალს მოსკოვიდან, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს გაუგზავნა ჯორჯ კენანმა, საბჭოთა კავშირში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის იმდროინდელმა მოადგილემ.50 ეს დეპეშა ცნობილი გახდა იმით, რომ მასში პირველად ჩამოყალიბდა სსრკ შეკავების დოქტრინა. მისი ყველაზე ცნობილი თეზისებია - „საბჭოთა ხელისუფლება შეუვალია საღი აზროვნებისა“, მაგრამ „უაღრესად მგრძნობიარეა ძალის მიმართ“.51 აქვე იყო ჩამოყალიბებული რამდენიმე თეზისი, რომელსაც შემდგომ დაეფუძნა აშშ ცივი ომის პოლიტიკა:
ამ დეპეშას მოჰყვა იგივე 1946 წლის 5 მარტს, ამერიკულ ქალაქ ფულტონში, დიდი ბრიტანეთის იმ დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრის უ. ჩერჩილის გამოსვლა, რომელშიც მან მოუწოდა დემოკრატიულ მსოფლიოს, ესწავლა ისტორიის გაკვეთილები. მისი თქმით, ნაციზმის დაშოშმინების მცდელობამ გამოიწვია გერმანიის აგრესიის ესკალაცია და ომი. დემოკრატიულ მსოფლიოს არ უნდა გაემეორებინა საბედისწერო შეცდომები, უნდა გაერთიანებულიყო იმ ახალი ტოტალიტალური საფრთხის წინაშე, რომელსაც საბჭოთა კავშირი განასახიერებდა, რომელმაც რკინის ფარდით გაყო ევროპა თავის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე საკუთარი წესწყობილების დასამყარებლად. ჩერჩილის სიტყვამ გამოააშკარავა უკვე არსებული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ, და ბიძგი მისცა ამ დამოკიდებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის პრაქტიკულ რეალიზაციას. ჩერჩილი, როგორც ცნობილი, თანმიმდევრული, მსოფლიო რანგის ანტირუსული პოლიტიკოსი, საბჭოთა კავშირთან კონფრონტაციის იდეის გამჟღერებელი იდეალური ფიგურა იყო. ფაქტიურად, ამ გამოსვლის შემდეგ, უკვე შეიძლებოდა ლაპარაკი აშშ-ს შემობრუნებაზე საბჭოთა კავშირთან სამოკავშირო ურთიერთობებიდან, მასთან კონფრონტაციისაკენ. თუმცა ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფორმალურად ცივ ომს საწყისი ჩაუყარა ე.წ. ტრუმენის დოქტრინის გამოცხადებამ, აშშ-ს ამ პრეზიდენტის მიერ 1947 წლის მარტში. ამ დოქტრინის შესაბამისად, აშშ აღუქვამდა ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას საბერძნეთსა და თურქეთს იმ მიზნით, რომ გადაერჩინა ისინი საბჭოთა გავლენის სფეროში მოხვედრისაგან. მან მოახდინა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მიმართულების შეცვლა სსრკ-ს მიმართ, ამ უკანასკნელის შეკავების მიმართულებით. ამ დოქტრინის ფარგლებში, სხვადასხვა სახის დახმარება მიიღეს აგრეთვე საფრანგეთმა და იტალიამ, იმ მიზნით, რომ არ დაეშვათ კომუნისტები მათ მთავრობებში.
ამ დოქტრინის შემდგომი განვითარების პროცესში, 1950 წელს, ტრუმენმა გამოაცხადა სსრკ-ს შეკავების პასიური ფორმიდან აქტიურზე გადასვლა. ეს ცვლილება ეყრდნობოდა აშშ ეროვნული უშიშროების საბჭოს №68 საიდუმლო მოხსენებას, რომლის შესაბამისად, საბჭოთა კავშირი გეგმავდა გამხდარიყო ერთადერთი გაბატონებული მსოფლიო ძალა, და შეეცვალა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პარამეტრები თავის სასარგებლოდ, საბჭოთა ძალაუფლების კომუნისტური ექსპანსიის საფუძველზე.52
გრძელი დეპეშიდან, ¹68 მოხსენებამდე, განვლილი წლების მანძილზე, საბჭოთა კავშირის შეკავების კონცეპციამ პრინციპული ცვლილებები განიცადა. თუ კენანი დასაშვებად მიიჩნევდა კომუნიზმის გავრცელებას ზოგიერთ ქვეყნაში საბჭოთა კავშირის გარეთ, და მოუწოდებდა მასზე ეკონომიკური ზეწოლისაკენ, №68 მოხსენება ამტკიცებდა, რომ ნებისმიერი დათმობა კომუნიზმისადმი მიუღებელი იყო, და მოითხოვდა მის უკუგდებას სამხედრო საშუალებებით.
|
2.2.2. ფაქტიურად მეორე გლობალიზაციაში შესაძლებელია ორი პირობითად პარალელური შრის გამოყოფა. პირველი წარმოადგენილი იყო ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესებით, რომელიც (დასაწყისში მაინც) ძირითადად აშშ-დან მომდინარეობდა და რომელშიც საბჭოთა კავშირი ობიექტურად, ვერც და არც, მონაწილეობდა. მაგრამ ეს პროცესები, გლობალური სისტემური კონფრონტაციისა და ცივი ომის გარეშე, როგორც მინიმუმ, ნაკლებად ინტენსიური და ყოვლისმომცველი იქნებოდა. ამ კონფრონტაციამ მათ პირველადი ბიძგი მაინც მისცა.
ამ პროცესის პირველ, ყველაზე ხილულ და წარმატებულ შედეგს, აშშ-ს მიერ დასავლეთი ევროპისა და იაპონიის ომისშემდგომი ეკონომიკური ტრანსფორმაცია წარმოადგენს. სანამ ცივი ომი დაიწყებოდა, აშშ, მაინც და მაინც, თავს არ იწუხებდა ამ ქვეყნების ეკონომიკური პრობლემებით (განსაკუთრებით გარმანიისა და იაპონიის). ცივმა ომმა ეს ქვეყნები საბჭოთა მუქარასთან ბრძოლაში მის უმნიშვნელოვანეს მოკავშირეებად გადააქცია. ამიტომ, აშშ-მ დაიწყო მათი ეკონომიკური აღორძინების პროცესის ინტენსიური ფინანსურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა.
ევროპაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა ე.წ. „მარშალის გეგმის“ ფარგლებში, რომელსაც ეს სახელი აშშ-ს მაშინდელი სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად დაერქვა. ოფიციალურად მას როგორც „ევროპის აღდგენის პროგრამას“ მოიხსენიებდნენ. მისი განხორციელება ოფიციალურად დაიწყო 1947 წლის ივლისში და განისაზღვრა 4 ფისკალური წლით. გარდა ეკონომიკური განვითარებისა, მის დამატებით მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენდა კომუნიზმის მოგერიება ევროპის მასშტაბით.
საინტერესოა, რომ აშშ-სსრკ-ს სისტემური კონფრონტაცია იმ დროს, ჯერ კიდევ, შორს არ იყო წასული. ამიტომ, საბჭოთა კავშირმა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა მასში მონაწილეობის ოფიციალური მიწვევა მიიღეს. ამავე დროს, აშშ აშკარად შეშფოთებული იყო იმის შესაძლებლობით, რომ სსრკ ამ მოწვევას მართლა მიიღებდა. ამიტომ, ამ უკანასკნელს, მონაწილეობის განზრახ მიუღებელი პირობები წაუყენეს, მაგალითად, მისი ეკონომიკური მდგომარეობის დამოუკიდებელი გარე აუდიტი და ა.შ.
ამ გეგმის ფარგლებში, 17 ევროპულმა სახელმწიფომ, რომელიც გაერთიანდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD), 13 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ეკონომიკური და ტექნიკური დახმარება მიიღეს (130 მილიარდი დოლარი 2006 წლის ფასებში). მ.შ. დასავლეთმა გერმანიამ, მეორე მსოფლიო ომის წამომწყები ქვეყნის უდიდესმა ნაწილმა, მიიღო დახმარების სიდიდით მესამე პაკეტი (დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შემდეგ) - 1 448 მილიონი დოლარი.53
იმავე წლებში, იმავე მოსაზრებებიდან გამომდინარე, აშშ უწევდა დახმარებას იაპონიასაც, რომლის მიმართ დამოკიდებულება აშშ-ს საზოგადოებაში, სხვათა შორის, ბევრად უფრო ნეგატიური იყო, ვიდრე გერმანიის მიმართ. 1946-1951 წლებში იაპონიამ დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო.
საინტერესოა, რომ ამ დახმარების შედეგად, ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია სწორედ ამ ორმა ქვეყანამ, რომელთა ეკონომიკა ომის შედეგად ფაქტიურად მთლიანად მოშლილი იყო. იგივე დიდ ბრიტანეთს, რომელმაც გერმანიაზე 2.3-ჯერ მეტი დახმარება მიიღო, მისი პოზიტიური შედეგები ფაქტიურად არ შეტყობია.
მთლიანად, მარშალის გეგმისა და იაპონიის დახმარების რეალიზაცია შესაძლებელი გახდა ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად, რომელსაც საფუძვლად ედო საბჭოთა ექსპანსიის (რეალურისა თუ მოჩვენებითის) მოგერიების აუცილებლობა, და რომელიც აშშ-ს პოლიტიკის გლობალიზაციის უმნიშვნელოვანეს საწყის ელემენტს წარმოადგენდა. შედეგი, რომელიც მათ გამოიღეს, ბევრად უფრო მრავალმხრივი გამოდგა, ვიდრე ეტყობა ამას ამ პოლიტიკის ავტორები ელოდნენ.
პირველი - არც მარშალის გეგმა, არც იაპონიის დახმარება, არ წარმოადგენდა იზოლირებულ მოვლენას. ის იყო იმ ღონისძიებეთა ნაკრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც ეფუძნებოდა ევროპასა და იაპონიაში ამერიკული ჯარის ყოფნასა და ამ ქვეყნების ახალ ამერიკულ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემებში ჩართვას. საბოლოო ჯამში, სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ეკონომიკური დახმარების კომბინაციამ, გამოიწვია დასავლეთი ევროპის ქვეყნებსა და იაპონიაში რწმენის ატმოსფეროს ჩამოყალიბება, რომელმაც თავის მხრივ, ეტყობა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ აღორძინებაში.
მეორე - ზემოთ მოყვანილი ფაქტორების კომბინაციამ, და მისმა თანმხლებმა სწრაფმა ეკონომიკურმა აღორძინებამ (ევროპის ეკონომიკური განვითარების ტემპი 1948-52 წლებში უსწრაფესი იყო მის ისტორიაში), გამოიწვია ამ ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების დონის სწრაფი აღდგენა და შემდგომი მნიშვნელოვანი ზრდა, ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაცია. როგორც შედეგი, ამას მოჰყვა კომუნისტების გავლენის დაცემა, პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი როლის მკვეთრი შემცირება, დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების დანერგვა იქ, სადაც ისინი ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი (იგივე იაპონია თუ გერმანია), და უკვე არსებულების დახვეწა და გაძლიერება.
მესამე - განვითარება ამ პერიოდში ემყარებოდა ლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს. შედეგად ამერიკელებმა შექმნეს უზარმაზარი ახალი დინამიური ბაზრები საკუთარი ექსპორტისათვის, ასევე როგორც, სხვადასხვა სახის პროდუქციისა და მომსახურების მოწოდების წყაროები. იგივე საბჭოთა საფრთხით გამოწვეული სამხედრო გადაიარაღების აუცილებლობა, წარმოადგენდა უზარმაზარ დამატებით სტიმულს, ევროპული ქვეყნების მრეწველობის შემდგომი აღმავლობისათვის. დამატებით, რაც უფრო მეტად ვითარდებოდნენ ევროპული ქვეყნები და იაპონია, მით უფრო ნაკლები უჯდებოდათ ამერიკელებსიქ საკუთარი ჯარის შენახვა.
ფაქტიურად, ამ შემთხვევაში მაინც, ამერიკის მიერ უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში უშუალო ჩარევამ, და მათ ტერიტორიებზე ჯარის განთავსებამ, მოუტანა მას უზარმაზარი ეკონომიკური მოგება ძალიან მოკლე დროის განმავლობაში. აშშ-ს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებამ, საბოლოო ჯამში, გამოიწვია გლობალური ეკონომიკური სისტემის საფუძვლის ჩაყრა, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ჯგუფის ჩამოყალიბება, გლობალური ეკონომიკის სამი ძირითადი ცენტრის შექმნა (აშშ, დასავლეთი ევროპა, იაპონია), რომლებიც ნახევარი საუკუნის განმავლობაში განაპირობებდნენ მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ძირითად ტენდენციებს.
დამატებით, მარშალის გეგმის რეალიზაციის პროცესში მიღებულმა გამოცდილებამ და მისმა გაკვეთილებმა, დიდი როლი ითამაშეს ევროპის შემდგომ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციაში. მან აგრეთვე წარმოაჩინა პრინციპული სხვაობა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის - ანალოგიურ სიტუაციაში ეს უკანასკნელი ძირითადად ფულს კარგავდა. იგივე აღმოსავლეთ ევროპელი სატელიტების განვითარების დახმარების საბჭოური პროგრამები მინიმალურად ეფექტური იყო და მისთვის ნაკლებად მომგებიანი - ის უბრალოდ ვერ ახერხებდა თავისი პოლიტიკური დომინირების ტრანსფორმაციას ეკონომიკურ მოგებაში.
2.2.3. მეორე გლობალიზაციის მეორე შრე წარმოდგენილი იყო საკუთრივ ცივი ომით, ე.ი. ისეთი სახის კონფრონტაციით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის, რომლის პროცესში ისინი ყველანაირად თავს არიდებდნენ ერთმანეთთან უშუალო სამხედრო კონფრონტაციას, მაგრამ აწარმოებდნენ ე.წ. „ომებს მინდობილობით“ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში.
ომი მინდობილობით, ისეთი ომია, რომლის პროცესში ფაქტიურად მეომარი მხარეები იყენებენ სხვა, მესამე მხარეებს, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად, იმ მიზნით, რომ ერთმანეთთან უშუალო შეტაკება მაქსიმალურად თავიდან აიცილონ. ასეთი ომების ყველაზე ტიპური მაგალითებია ვიეტნამის, ანგოლის, კორეის, ისევე როგორც ამ პერიოდის სხვა მრავალრიცხოვანი კონფლიქტები, განსაკუთრებით აფრიკის ტერიტორიაზე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რომელიმე ასეთი კონფლიქტის დროს აშშ-სსრკ-ს უშუალო შეტაკება გარდაუვალი იყო, ამის ოფიციალური აღიარება მაინც არ ხდებოდა სიტუაციის შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად.54 |
ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ცივმა ომმა პოზიტიური როლი ითამაშა კაცობრიობის განვითარებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ოთხი ათეული წლის მანძილზე მსოფლიოს ორმა, სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, რომელთა ფასეულობათა სისტემები, იდეოლოგია, ორგანიზაციული და მართვის პრინციპები ერთმანეთის უთავსებადი იყო, მოახერხა კონკურენცია ეთნმანეთთან პირდაპირი სამხედრო შეტაკების გარეშე. ამ პროცესში მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი როლი, შეასრულა იმ ფაქტმა, რომ ორივე წამყვან გლობალურ მოთამაშეს გააჩნდა ბირთვული იარაღის არსენალი, რომელიც მათ გარანტირებული ურთიერთ განადგურების საშუალებას აძლევდა.
გავიხსენოთ, რომ სიტუაციებში, როდესაც დაძაბულობა და შეუთავსებლობა ქვეყნებს შორის პრინციპულად ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე აშშ-სა და სსრკ-ს შორის, წამყვანმა ევროპულმა სახელმწიფოებმა მოახერხეს ორი მსოფლიო ომის დაწყება. აშშ-მ და სსრკ-მ უჩვენეს იმის მაგალითი, რომ შესაძლებელია ორი განსხვავებული სოციალური სისტემის შედარებით მშვიდობიანი თანაარსებობა გლობალური კონკურეციის პირობებში.
ცივი ომი გამოყენებული იყო ორივე მხარის მიერ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო საქმეებში თითქმის შეუზღუდავი ჩარევის საბაბი. თუმცა ასეთი ქმედების რაციონალური მარცვალი საკმაოდ სწრაფად თითქმის მთლიანად გაქრა. აშშ და სსრკ ახდენდნენ ამა თუ იმ კონკრეტულ ქმედებას დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, არა იმიტომ, რომ ის მათთვის უშუალო დადებითი შედეგის მომტანი იყო, არამედ ძირითადად იმის შიშით, რომ მათთვის მოწინააღმდეგეს არ დაესწრო. შედეგად, ხშირად ადგილი ჰქონდა ისეთ ქმედებას, რომელიც ორივე მხარის რეალური ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარად ალოგიკური იყო. ეს რასაკვირველია, პირველ რიგში ეხება ისევდაისევ შეერთებულ შტატებს, რომლის გლობალური პოლიტიკა უშუალოდ იყო დაკავშირებული საზოგადოების განვითარების ორ ძირითად ამოცანასთან. ამერიკელები იღვწოდნენ გლობალური დომინირებისათვის საბოლოო ჯამში, იმისათვის, რომ გაემდიდრებინათ საკუთარი ქვეყანა, შეექმნათ იქ ცხოვრების მაღალი სტანდარტები, და დაემყარებინათ სოციალური სტაბილურობა.
1956 წელი გადამწყვეტი აღმოჩნდა გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ წლის ოქტომბერში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების საფუძველზე, ისრაელი შეიჭრა ეგვიპტეს კუთვნილ სინას ნახევარკუნძულზე საკუთარი სამხედრო-სტრატეგიული მიზნების რეალიზაციის მიზნით. ამის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადასხეს დესანტი სუეცის არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მეომარე მხარეების დაშორიშორების საბაბით. ამ დროს, მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა კონტროლის აღდგენა სუეცის არხზე, რომლის ნაციონალიზაცია ეგვიპტემ მოახდინა ამ მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს არხი გადაიქცა ყველაზე მნიშვნელოვან სატრანსპორტო არტერიად მზარდი დასავლეთ ევროპული ეკონომიკისათვის. მისი გავლით ხდებოდა ნავთობის მიწოდება სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებიდან, ხოლო ნავთობი წარმოადგენდა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გადამწყვეტ კომპონენტს.
შესაბამისად, კონტროლი სუეცის არხზე წარმოადგენდა ევროპაზე გავლენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, აძლევდა მის მფლობელებს დამატებით უპირატესობას უშუალო კონკურენტებთან ურთიერთობებში, საკმაოდ ზრდიდა მათ შანსებს ჰქონოდათ საკუთარი, დამოუკიდებელი ხმის უფლება გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში.
სამხედრო თვალსაზრისით ბრიტანულ-ფრანგული ინტერვენცია საკმაოდ წარმატებული იყო, მაგრამ გამოიღო კატასტროფული პოლიტიკური შედეგი, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას ამ ქვეყნების ადგილზე გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების სისტემაში:
ა/ამ კრიზისის დროს, საბჭოთა კავშირი პირველად, ღიად დაემუქრა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს, მათი უდიდესი ქალაქების დაბომბვით ბირთვული იარაღის გამოყენებით, თუ ისინი ინტერვენციას არ შეწყვეტდნენ. ამის შემდეგ მან დაიწყო არაბების მსხვილმასშტაბიანი, ღია მხარდაჭერა, ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში, რასაც ის იქამდე ძირითადად თავს არიდებდა;55
ბ/აშშ იძულებული იყო ღიად დაპირისპირებოდა თავის უახლოეს მიკავშირეებს, და მოეხდინა მათზე ზეწოლა ეგვიპტედან ჯარების გაყვანის მიზნით, მ.შ. ბრიტანეთზე ფინანსური ბერკეტების გამოყენებით. ამ კონფლიქტის შემდგომ აშშ-ც, საბჭოთა კავშირის მსგავსად, გახდა იძულებული ინტენსიურად ჩარეულიყო ახლო აღმოსავლეთის პრობლემების გადაწყვეტაში ისრაელის მხარეს, რასაც ის აგრეთვე იქამდე მაქსიმალურად გაურბოდა;
გ/ამ კონფლიქტმა დააბოლოვა ის ეპოქა, როდესაც ევროპას შეეძლო ეთამაშა წამყვანი როლი გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დაკარგეს გლობალური მოთამაშეების სტატუსი. აშშ გადაიქცა დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ერთადერთ ლიდერად, რომელიც დღემდე ძირითადად განაპირობებს ამ ქვეყნების მოქმედებას გლობალურ ასპარეზზე. ამ კრიზისმა აგრეთვე მიაყენა საბოლოო დარტყმა მსოფლიო კოლონიალურ სისტემას და გამოიწვია ბრიტანეთის იმპერიის სწრაფი შემდგომი დაშლა;
დ/ამ კონფლიქტის მონაწილე მხარეების დაშორიშორების მცდელობის პროცესში პირველად გაჩნდა გაეროს სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის შექმნის იდეა, და მოხდა მისი პრაქტიკული რეალიზაცია.
|
მათთვის პოლიტიკის გლობალიზაცია, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობა დედამიწის მასშტაბში, უპირველესად ყოვლისა, წარმოადგენდა წინმსწრებ ქმედებას, ქმნიდა წინაპირობებს იმ კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების გადასაჭრელად, რომელთა რეალიზაციას მრავალრიცხოვანი კერძო კომპანიები ახდენდნენ. ამერიკელებისათვის ისეთი საკმაოდ უაზრო პროცესიც, როგორიც გამალებული შეირაღებაა, საბოლოო ჯამში მომგებიანი იყო. სახელმწიფო სამხედრო შეკვეთები, ამ ქვეყანაში, ყველაფერთან ერთად, სამოქალაქო სექტორიდან გადასახადების სახით ამოღებული თანხების დიდი ნაწილის კერძო ფირმებისათვის დაბრუნების მექანიზმს წარმოადგენდა.
ამავე დროს, საბჭოთა კავშირის მოტივაცია გლობალურ სისტემურ კონკურენციაში უმეტისწილად სუბიექტური იყო. ის ეფუძნებოდა ძირითადად კომუნისტურ იდეოლოგიას და ამერიკის შიშს. ფაქტიურად, ნებისმიერი საბჭოური ქმედება, რომელსაც აშშ-თან კონკურენციის პროცესში ადგილი ჰქონდა მისი უახლოესი პერიფერიის ფარგლებს გარეთ (განსაკუთრებით აფრიკასა თუ ლათინურ ამერიკაში), ასეთი ალოგიკური ქმედების მაგალითს წარმოადგენდა, და საბოლოო ჯამში მისთვის მოგების მომტანი არ იყო.
საყურადღებოა, რომ დღესაც კი, რუსი პოლიტოლოგები ამ სიტუაციას როგორც ჩანს ვერ ათავისებენ, როდესაც ბრალს დებენ შეერთებულ შტატებს იმაში, რომ ქვეყანა “არ შეიძლება იყოს ერთდროულად გლობალური პოლიციელიც და კომერსანტიც”.56 ამ დროს, დედამიწა არ არის სატურნირო ასპარეზი, რომელზეც მამაცი რაინდები ერთმანეთს ეჯიბრებიან მშვენიერი მანდილოსნების გულის მოსაგებად.57
ქვეყანა, რომელიც გლობალური კონკურენციის პროცესში ვერ იღებს რეალურ ეკონომიკურ მოგებას, საბოლოო ჯამში წაგებული რჩება, რარიგ დიდ პოლიტიკურ წარმატებებს არ უნდა აღწევდეს. პოლიტიკა, მით უმეტეს ძალაზე დაფუძნებული, გლობალური მასშტაბის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკა, „ძვირი სიამოვნებაა“. მასზე გაწეული დანახარჯები, როგორც მინიმუმ, უნდა ანაზღაურდეს. თუ ეს არ ხდება, ქვეყნის ეკონომიკა ასეთ დაწოლას გრძელვადიან პერსპექტივაში უბრალოდ ვერ უძლებს. ამიტომაც იყო, რომ მიუხედავად რიგი პოლიტიკური მიღწევებისა შეერთებულ შტატებითან კონკურენციის პროცესში, საბჭოთა კავშირი, საბოლოო ჯამში, დამარცხდა ცივ ომში და ასპარეზი დატოვა. ამის წამყვანი მიზეზი კი ის იყო, რომ ამ კონკურენციის პროცესში მისი ეკონომიკა უბრალოდ გაკოტრდა.
საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ საბჭოთა კავშირი შეერთებული შტატების რეალური გლობალური კონკურენტი მხოლოდ მასობრივი განადგურის იარაღის პარიტეტის თვალსაზრისით იყო. თუმცა ამ პარიტეტსაც ქვეყანამ დაახლოებით 1960-იანი წლების შუა წლებისათვის მიაღწია. პარიტეტი ამ შემთხვევაში იმას ნიშნავდა, რომ როგორც აშშ-ს, ასევე სსრკ-ს, შესწევდათ უნარი, ბირთვული ომის შემთხვევაში, გარანტირებულად (თან რამდენჯერმე), გაენადგურებინათ მოწინააღმდეგე.58 ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე, საბჭოთა ჯარს შესწევდა უნარი, მიეღწია წარმატებისათვის დასავლეთ ევროპულ, ან ახლო აღმოსავლეთის საომარ თეატრებზე, მაგრამ არ შესწევდა უნარი, გადაეტანა საბრძოლო მოქმედებები აშშ-ს ტერიტორიაზე. ამავე დროს, ეკონომიკურად სსრკ აშშ-ზე შეუდარებლად უფრო სუსტი იყო. თუმცა ზუსტი შედარება პრაქტიკულად შეუძლებელია, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი, სხვადასხვა წლებში, როგორც ჩანს, ამერიკულის ერთი მესამედიდან ნახევრამდე მერყეობდა. ამიტომ მას ამერიკელებთან სამხედრო პარიტეტის შენარჩუნება და გლობალური კონკურენცია (სამხედრო უპირველესად ყოვლისა), შედარებით ბევრად უფრო ძვირი უჯდებოდა, ვიდრე ამერიკელებს. ამ პარიტეტის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, საბჭოთა კავშირმა ფაქტიურად გაწირა სამოქალაქო წარმოება და მთელი ეკონომიკა სამხედრო ყაიდაზე გადააწყო.59
პლუს, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ხისტი, სახელმწიფოს მიერ მართული ეკონომიკური სისტემა აღარ ექვემდებარებოდა რეფორმირებას და გაკოტრებისაკენ მიექანებოდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყნის განვითარებაზე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყოვლისმომცველი გავლენა იყო. მაშინაც კი, როდესაც სსრკ-მ მიაღწია ამერიკასთან მასობრივი განადგურების იარაღის სტრატეგიულ პარიტეტს, მან ვერ მოახერხა სამხედრო წარმოების გადაყვანა ექსტენსიურიდან ინტენსიურ მოდელზე და ამით საბოლოოდ მოუსპო ეკონომიკის სამოქალაქო სექტორებს განვითარების პერსპექტივები. დაახლოებით იმავე დროიდან დაიწყო სსრკ-ს პრინციპული ჩამორჩენა თანამედროვე ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინფორმატიკის დარგში. საბოლოო ჯამში, ამან მკვეთრად დასცა საბჭოთა ჯარის ბრძოლისუნარიანობა ამერიკულთან შედარებით, ქვეყნის კონკურენტუნარიანობა მთლიანად.
შედეგად, 1970-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირისა და დასავლეთის ურთიერთობამ, ცოტა არ იყოს, ფარსის ხასიათი მიიღო. ამ დროს ქვეყანა დასავლეთთან უშუალო იდეოლოგიური, პოლიტიკური, და მესამე ქვეყნების ტერიტორიაზე, სამხედრო კონკურენციის პირობებში ცხოვრობდა. ამავე დროს, ეკონომიკის რიგი წამყვანი დარგების (სამხედრო წარმოების ჩათვლით) განვითარება, და მოსახლეობის ხარისხიანი სამომხმარებლო საქონლითა და საკვები პროდუქტებით დაკმაყოფილება, ძირითადად დასავლეთიდან იმპორტის ხარჯზე ხდებოდა. ხოლო სახსრებს ამ საქონლის იპრორტისათვის, სსრკ ძირითადად იმავე დასავლეთზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიყიდვისა, ხოლო მოგვიანებით, მისგან სესხების მიღების შედეგად შოულობდა.
ამ დროიდან მოყოლებული, სსრკ, აშშ-ს კონკურენტის სტატუსიდან, ფაქტიურად მისი სპარინგპარტნიორის სტატუსამდე ჩამოქვეითდა. რასაკვირველია, ასეთი სპარინგ-პარტნიორი ჯერ კიდევ უაღრესად საშიში იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის უკვე ძირითადად რეაგირებას ახდენდა აშშ-ს ქმედებაზე. აშშ ახდენდა ახალი იდეეების გენერირებას, პროცესების ჩასახვას, თუ ფასეულობების გავრცელების ხელსშეწყობას გლობალური მასშტაბით. მისთვის სსრკ უკვე იმ ობიექტს წარმოადგენდა, რომელზეც ხდებოდა ახალი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ტექნოლოგიების გამოცდა; მასთან კონკურენცია წარმოადგენდა გამართლებას ბევრი ისეთი შიდა და საგარეო პოლიტიკური ღონისძიების გასატარებლად, რომელიც სხვაგვარად ნაკლებად მისაღები იქნებოდა, როგორც ამერიკელი ამომრჩევლებისათვის, ასევე მისი მოკავშირეებისათვის. თუ ამ დროისათვის საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა წამყვანი გლობალური მოთამაშის სტატუსს, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ აშშ-ს ინტერესებში შედიოდა. ამერიკა, აცხადებდა რა საბჭოთა კავშირს თავის ძირითად გლობალურ კონკურენტად, ფაქტიურად „სწევდა“ ამ უკანასკნელს ამ სტატუსამდე, ქმნიდა მისი სიდიდის ილუზიას.60
|
ალოგიკური ამერიკული ქმედების მაგალითს წარმოადგენდა, უპირველესად ყოვლისა, ვიეტნამის ომი, რომელშიც აშშ-ს სამხედრო ძალები უშუალოდ, ოფიციალურად ჩართულები იყვნენ 1965-1973 წლებში. პრინციპიულად, ქვეყნის რეალური ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ს შიდა ვიეტნამურ კონფლიქტთან არაფერი აკავშირებდა. 1954 წელს, ფრანგი კოლონიზატორების ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, ვიეტნამი ფორმალურად ორ ნაწილად იყო გაყოფილი - ჩრდილო და სამხრეთად. მისი მთლიანობის აღდგენა დაგეგმილი იყო საყოველთაო არჩევნების გზით. ამ დროს, სამხრეთი ვიეტნამის ხელისუფლება მინიმალურად იყო პოპულარული მოსახლეობაში, და მეტ-ნაკლებად სამართლიანი აღჩევნების პირობებში, წააგებდა მათ ჩრდილო ვიეტნამის კომუნისტური რეჟიმის სასარგებლოდ. ამიტომ მან, ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მიაღწია არჩევნების ჩაშლას იმ საბაბით, რომ არ დაეშვა კომუნისტების გაბატონება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
აშშ ჩაერია ამ წმინდა შიდა-ვიეტნამურ კონფლიქტში იმ მოტივით, რომ შეეჩერებინა საბჭოთა კავშირის ექსპანსია რეგიონში, გამოეხატა ამით თავისი პრინციპული ანტიკომუნისტური პოზიცია, და რაც მთავარია, ესწავლებინა კომუნისტებისათვის გაკვეთილი, რომლის საფუძველზეც მას მომავალში შეეძლებოდა ლაპარაკი საბჭოთა კავშირთან ლოკალურ კონფლიქტში გამარჯვებულის პოზიციიდან. ამისკენ მას აგრეთვე უბიძგებდა 1950-53 წლების კორეის ომის შედეგები, რომელიც პრინციპში „ყაიმით” დამთავრდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მასში გადამწყვეტი უპირატესობა გააჩნდა, პლუს იქ ის გაეროს მანდატით იბრძოდა.
როგორც ცნობილია, აშშ ამ ომში დამარცხდა, თავის ისტორიაში უდიდესი დამცირება განიცადა და საკმაო დროით საკუთარ ძალებში რწმენა დაკარგა. ამ ომის შედეგად, ვიეტნამის გარდა, უზარმაზარი ზარალი განიცადეს მეზობელმა ლაოსმა და კამბოჯამ (ამ უკანასკნელმა გენოციდის დონეზე). რაც მთავარია, საბჭოთა კავშირი, რომელიც ამ რეგიონს მინიმალურ ყურადღებას აქცევდა იქ ამერიკელების მისვლამდე, დაფუძნდა იქ მინიმუმ ორი ათეული წლით (სსრკ-ს სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ბაზები ვიეტნამში მხოლოდ რუსეთმა დახურა 1990-იან წლებში, თანაც ძირითადად უსახსრობის გამო).
მიუხედავად ყველა ნაკლისა, პოლიტიკის გლობალიზაციის თვალსაზრისით მეორე გლობალიზაცია, პირველთან შედარებით, აშკარად წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა. ამ პერიოდის მთავარი უპირატესობა წინამავალთან იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავებით პირველი გლობალიზაციისაგან, როდესაც რამდენიმე სახელმწიფო უშუალოდ აკონტროლებდა დედამიწის ტერიტორიისა და მოსახლეოის უდიდეს ნაწილს, მეორე გლობალიზაციის დროს წამყვანი გლობალური მოთამაშეები ერთმანეთს ეცილებოდნენ გავლენას მრავალრიცხოვან, ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. დამოუკიდებელი სუბიექტების რაოდენობამ კი გადააჭარბა 100-ს 1960-იან წლებში და 150-ს 1970-იან წლებში.
ასეთი სიტუაცია, როგორც მინიმუმ:
ა/აძლევდა დამოუკიდებელ ქვეყანას არჩევანის საშუალებას - გამხდარიყო პრო-საბჭოური, პროამერიკული, თუ გამოეცხადებინა თავი მიუმხრობლად. ცივი ომის მეორე ნახევარში მაინც, ამ უკანასკნელ ჯგუფს ფორმალურად დედამიწის ქვეყნებისა და მოსახლეობის უმეტესობა მიეკუთვნებოდა (იხ. დანართი 3.1 და 3.2). მიუმხრობელი იყო მაგალითად ჩინეთი, რომელიც 1960 წელს საბჭოთა კავშირთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, მრავალი წლის მანძილზე, ფაქტიურად ნებაყოფლობით იზოლაციაში არსებობდა. ასევე მიუმხრობელი იყო ინდოეთი, მიუხედავად მისი ეფექტური თანამშრომლობისა საბჭოთა კავშირთან ჩინეთთან წინააღმდეგობის საერთო ინტერესების საფუძველზე. ირანი, 1979 წლის რევოლუციის შემდეგ, ფორმალურად დაუპირისპირდა როგორც აშშ-ს, ასევე საბჭოთა კავშირს (ამ უკანასკნელს შედარებით რბილი ფორმით) და ა.შ. იმავდროულად, წამყვანი გლობალური მოთამაშეების დაუფარავი დაწოლა და საკუთარი პოზიციის არჩევის აუცილებლობა, აიძულებდა დამოუკიდებელ ქვეყნებს (განსაკუთრებით ისეთებს, ვინც ახალი განთავისუფლებული იყო კოლონიური უღლისაგან), აქტიურად ჩართულიყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, არ აძლევდა მათ თვითიზოლაციის საშუალებას.
მიუმხრობელობა, როგორც ქვეყნის ფაქტიური პოლიტიკური პოზიციის გამოხატულება, არ უნდა აურიოთ მიუმხრობელობის მოძრაობასთან, ფორმალურად არსებულ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩამოყალიბდა 1950-იან წლებში როგორც ქვეყნების ბლოკი, რომელიც უპირისპირდებოდა მსოფლიო ჰეგემონებს. დღეისათვიას ამ ორგანიზაციაში, ფორმალურად 114 ქვეყანაა გაერთიანებული.
რეალურად ამ გაერთიანებაში ცივი ომის პერიოდში შედიოდნენ როგორც აშშ-ს, ასევე სსრკ-ს, ღია მოკავშირეები და კლიენტი ქვეყნები, როგორებიცაა მაგალითად, კუბა თუ საუდის არაბეთი, ჩილე თუ კოლუმბია. ეს რასაკვირველია, ეჭვის ქვეშ აყენებდა ორგანიზაციის რეალურ სტატუსს, თუმცა მისი ცალკეული წევრები, ისეთები როგორც იუგოსლავია, შრი ლანკა, თუ ბანგლადეში (1971 წელს პაკისტანიდან გამოყოფის შემდეგ), ნამდვილად ცდილობდნენ დისტანცირებას აშშ-სსრკ-ს გლობალური წინააღმდეგობის პროცესიდან. |
ბ/ დამოუკიდებელ ქვეყნებს გაუჩნდათ პოლიტიკური მანევრირების საკმაოდ დიდი შესაძლებლობა ამერიკულ-საბჭოთა წინააღმდეგობის ექსპლუატაციის ხარჯზე. საკმაოდ ბევრი ქვეყანა, რომელსაც ძლიერი, მიზანდასახული ხელმძღვანელობა ჰყავდა, წარმატებით იყენებდა ამ წინააღმდეგობას საკუთარი გამორჩენის მიზნით, ისეთი მიზნების მისაღწევად, რომელიც წამყვანი გლობალური მოთამაშეების უშუალო ინტერესებში ნაკლებად შედიოდა. ასე მაგალითად, ამას აკეთებდა ეგვიპტე გამალ აბდელ ნასერის პრეზიდენტობის დროს 1950-იან, 1960-იან წლებში, სირია - 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, ვიდრე სსრკ დაშლამდე. პაკისტანი - ობიექტურად ერთ-ერთი ყველაზე ანტიდემოკრატიული, პრომუსულმანური და ანტიდასავლური სახელმწიფო, ათეულობით წლების მანძილზე იყენებს აშშ-თან ახლო ურთიერთობას რეგიონში საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად. სადამ ჰუსეინისეული ერაყი, მინიმუმ ორი ათეული წლის მანძილზე (ფაქტიურად კუვეითში შეჭრამდე 1990 წელს), სარგებლობდა და თავის ინტერესებისათვის იყენებდა როგორც სსრკ-ს, ასევე აშშ-ს ყურადღებას.
საბოლოო ჯამში, ცივი ომის დროინდელი გლობალური პოლიტიკა მდგომარეობდა არა იმდენად აშშ-სა და სსრკ-ს უშუალო ჩარევაში მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივი განვითარების პროცესებში, რამდენადაც ასეთი ჩარევის პოტენციურ შესაძლებლობაში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მიმართ. მსოფლიოს დამოუკიდებელი ქვეყნები სულ უფრო მზარდი მასშტაბებით ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობის, სახელმწიფო მოწყობის, განვითარების ტიპისა თუ დონის, არა იმიტომ, რომ ორი წამყვანი გლობალური მოთამაშე მათ საქმეებში უშუალოდ ერეოდა, არამედ იმის შიშით, რომ ასეთ ჩარევას შესაძლოა ჰქონოდა ადგილი.
მიუხედავად დაუფარავი მტრობისა, აშშ და სსრკ თავის გლობალურ პოლიტიკაში დაახლოებით ერთი და იგივე მიზნის მისაღწევად იბრძოდნენ, რომელიც მდგომარეობდა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მოწინააღმდეგის შეკავების ხარჯზე დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. შედეგად, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათმა ურთიერთობამ მტრული თანამშრომლობის ხასიათი მიიღო. საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლის პროცესში მათ შექმნეს ორივესათვის მომგებიანი ურთიერთობათა სისტემა. ფაქტიურად, აშშ-სა და სსრკ-ს სახით, მსოფლიოს მოევლინა ორი თვითდანიშნული გლობალური პოლიციელი, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად უზრუნველყოფდნენ შედარებით სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს დედამიწაზე ფორმალურად დამოუკიდებელ ქვეყნებზე უშუალო კონტროლის დამყარების გარეშე. ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში, ეს მოთამაშეები არა მარტო ზღუდავდნენ მოწინააღმდეგის ზედმეტ აქტიურობას, არამედ დიდ წილად ახშობდნენ ნებისმიერ მათთვის არასასურველ პროცესს, რომელიც მათი გავლენის უშუალო სფეროების გარეთ შეიძლება განვითარებულიყო.
ფორმალურად, ცივი ომის დროს, პირველ გლობალიზაციასთან შედარებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების განუსაზღვრელობის დონე უნდა საკმაოდ მომატებულიყო, იმასთან დაკავშირებით, რომ ორივე გლობალურ მოთამაშეს, თავისი აქტიურობის პროცესში, მრავაუცნობიანი ამოცანის ამოხსნა უწევდა, რომელშიც უცნობების სახით მრავალრიცხოვანი დამოუკიდებელი ქვეყნები გვევლინებოდა. სინამდვილეში, მათი გლობალური აქტიურობის დიდი ნაწილი შემოიფარგლებოდა უშუალოდ სტრატეგიული მოწინააღმდეგის შეკავების ამოცანის გადაჭრით.61 ამ დროს, მათთვის მეტნაკლებად ადვილი იყო შედარებით მცირე რაოდენობის მოწინააღმდეგისა თუ მოკავშირის საკმაოდ კარგად ცნობილი თვისებების (დადებითის თუ უარყოფითის) გათვალისწინება, და მათზე დაყრდნობით საკუთარი ქმედების დაგეგმვა.
ასეთი სისტემის ყველაზე დიდი ნაკლი იმაში მდგომარეობდა, რომ ოთხი ათეული წლის მანძილზე მსოფლიო მიეჩვია იმას, რომ დედამიწის ნებისმიერ კუთხეში წარმოქმნილი მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარება თუ ჩაქრობა, უმეტისწილად ხდებოდა აშშ-სა და სსრკ-ს (ცალ-ცალკე ან ერთად) ჩარევის შედეგად, მიუხედავად იმისა, გააჩნდათ თუ არა ამ უკანასკნელებს ასეთი ჩარევის ფორმალური მიზეზი, ანდა კონფლიქტში ჩათრეული მხარეების თანხმობა (მაგალითად, ეს მოხდა ორი, 1967 და 1973 წლების არაბულ-ისრაელის კონფლიქტების დროს). მსოფლიო მიჩვეული იყო აგრეთვე იმას, რომ ამ ქვეყნების ურთიერთ შემავსებელი კონკურენცია ვრცელდებოდა ყველგან დედამიწაზე (უფრო სწორედ, შესაძლებელი იყო გავრცელებულიყო საჭიროების შემთხვევაში).
ფაქტიურად, არსებობდა იმის ილუზია, რომ ეს ქვეყნები აკონტროლებდნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, უფრო მეტად კი იმის სურვილი, რომ პასუხისმგებლობა ამ პროცესებზე მთლიანად მათთვის გადაებრალებინათ.
2.2.4. 1991 წელს მსოფლიო პოლიტიკური ასპარეზიდან საბჭოთა კავშირის წასვლამ გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში უზარმაზარი სიცარიელე დატოვა. ამან, ყველაფერთან ერთად, უფრო ნათელი გახადა მსოფლიო პოლიტიკაში წამყვანი გლობალური მოთამაშეების დომინირებაზე დაფუძნებული ურთიერთობათა სისტემის ზემოთ განხილული ნაკლი.
1991 წლის შემდეგ არ ჩამოყალიბდა გლობალიზაციის ახალი სტადია (მესამე გლობალიზაცია) იქიდან გამომდინარე, რომ არ გაჩნდა ახალი გლობალური მოთამაშე, ხოლო ერთადერთი დარჩენილი - აშშ, აგრძელებს მოქმედებას იმ ძველ სტრატეგიულ აზროვნებაზე დაყრდნობით, რომელიც ჩამოუყალიბდა გლობალური კონფრონტაციის პერიოდში. მან ვერ მოახერხა ისეთი ახალი იდეების, ფასეულობების, პოლიტიკის ჩამოყალიბება და ცხოვრებაში გატარება, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ცივი ომის პერიოდში გამოყენებულისაგან; ძირითადად შეინარჩუნა და განავრცო ცივი ომის დროინდელი სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტები (მაგალითად, ნატო).62
ასეთი აზროვნება მოითხოვს მტრული თანამშრომლობის არსებობას, პასუხისმგებლობის განაწილებას შესადარი ძალისა და გავლენის მქონე მოწინააღმდეგესთან, რომელიც, როგორც მინიმუმ, ქმნის ფონს წამყვანი გლობალური მოთამაშის ქმედების შედეგების შესაფასებლად, შემდგომში ამ შედეგების ადგილობრივი თუ გლობალური საზოგადოებრივი აზრისათვის წარსადგენად.
შესაბამისად, მთელი ათწლეული საბჭოთა კავშირის გადაშენების შემდეგ, აშშ-ს გლობალური ქმედება საეჭვოდ გამოიყურებოდა როგორც ახალი სტრატეგიული მოწინააღმდეგის ძებნა გარდაცვლილის სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც მან იპოვა (უფრო სწორედ კი დანიშნა) ასეთი მოწინააღმდეგე გლობალური ტერორიზმის სახით, ამერიკის მოქმედება შედარებით უფრო დალაგებული და მიზანმიმართული გახდა.
ერთდროულად, ამას მოჰყვა ხილული ცვლილებები გლობალური ურთიერთობების სისტემაში, პლუს გაჩნდა ახალი პრობლემების მთელი რიგი, რომელთა დიდი ნაწილი უკავშირდება აშშ-ს, როგორც ერთადერთ დარჩენილ წამყვან გლობალურ მოთამაშეს:
- შეერთებულ შტატებს, მრავალწლიანი იდეოლოგიური და სამხედრო კონკურენტის გაქრობის შემდეგ, ფაქტიურად მოეხსნა შეზღუდვები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში საკუთარი ინტერესების გასატარებლად. 1991 წელს, კუვეითის განთავისუფლების მიზნით ერაყის წინააღმდეგ ჩატარებულმა სამხედრო კამპანიამ, კიდევ უფრო გააძლიერა მისი რწმენა იმაში, რომ წარმატებით შეეძლო ნებისმიერი კონკრეტული სამხედრო-პოლიტიკური ამოცანის გადაჭრა გლობალურ მასშტაბში, თავის გარშემო მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნების გაერთიანება მის მიერ დასმულიამოცანების გადასაჭრელად.
- აშშ-ს მიეცა საშუალება უგულვებელყოს ნებისმიერი პოლიტიკური ოპოზიცია, იმოქმედოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის, ქვეყანათა ჯგუფის, ფორმალური საერთაშორისო ინსტიტუტის ნების საწინააღმდეგოდ. ე.ი. აღარ არსებობდა ის ძალა, რომელსაც შესწევდა უნარი შეეზღუდა მისი აქტიურობა, შეემცირებინა მისი ცდუნება ჩარეულიყო ნებისმიერ ადგილას, თუ ნებისმიერ პროცესში მსოფლიოში, სადაც კი მისი ინტერესები შესაძლებელია შელახულიყო.
- 1991 წლამდე აშშ, საბჭოთა კავშირთან ერთად, მონაწილეობდა პოლიტიკური შრომის გლობალური განაწილების სისტემაში. ამ სისტემის მოშლის შემდეგ, აშშ-მა მემკვიდრეობით მიიღო არა მარტო მონოპოლია ისეთი პროცესების ინიციირებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში გლობალური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას. რაც ეტყობა უფრო მნიშვნელოვანია - მას შერჩა პასუხისმგებლობა იმ ტერიტორიებსა და პროცესებზე, რომელზეც იქამდე სსრკ-ს უშუალო, ანდა მათი საერთო გავლენის სფეროში შედიოდა, მ.შ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ წარმოქმნილ პრობლემებზე ამ ქვეყნის ყოფილი ტერიტორიის ფარგლებში.
- რეალური გლობალური მოწინააღმდეგის არარსებობა აძლევს აშშ-ს საშუალებას იმოქმედოს შერჩევით, არ მიაქციოს ყურადღება იმ ქვეყნებს, რეგიონებსა თუ პროცესებს, რომლებიც მის უშუალო, მიმდინარე ინტერესების სფეროში არ ხვდება. მაგალითად, აშშ აძლევს თავს უფლებას თითქმის მთლიანად უგულვებელყოს ის პროცესები, რომელიც ვითარდება სუბ-საჰარის აფრიკაში, თუმცა ეს სწორედ ის რეგიონია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ყურადღება ყველაზე ძალიან სჭირდება. აქ ფაქტიურად შეიქმნა საკმაოდ დიდი ზონა, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს დესტრუქციული პროცესები (უპირველესად ყოვლისა დასავლეთი აფრიკა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი, სომალი და ა.შ.) რომლის შეჩერება ადგილობრივი, ისევე როგორც გაეროს ძალებით, შეუძლებელია. აშშ მიზანდასახულად თავს არიდებს კონტინენტზე მიმდინარე პროცესებში უშუალო ჩარევას, განსაკუთრებით სომალიში 1993-1995 წლებში გაეროს სამშვიდობო ოპერაციაში წარუმატებელი მონაწილეობის შემდეგ.
- მსოფლიო პოლიტიკურ ურთიერთობებში შეიქმნა აშკარა დისპროპორცია იმის საფუძველზე, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოების უმეტესობას, რომლებიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში იმყოფებიან, დიდწილად დაეკარგა არჩევანის საშუალება, განვითარების ალტერნატივა, შეეეზღუდა პოლიტიკური მანევრირების საშუალება. აქ ლაპარაკი არ არის საბჭოთა კავშირის მიერ შემოთავაზებული განვითარების მოდელის ავკარგიანობაზე. მისი არსებობა, ამა თუ იმ განვითარებად ქვეყანას, როგორც მინიმუმ, აძლევდა საშუალებას შეგნებულად გაეკეთებინა არჩევანი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის სასარგებლოდ. ასეთი ალტერნატივის არარსებობა კი ქმნის წარმოდგენას იმაზე, რომ დასავლური საზოგადოებრივი განვითარების მოდელს დანარჩენ მსოფლიოს თავზე ახვევენ.
მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი (თუ უდიდესი არა), განიხილავს აშშ-ს როგორც ერთადერთ პასუხისმგებელს დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე.63 აშშ-ს არა მარტო მიმართავენ დახმარებისათვის რაიმე პრობლემის გაჩენისას, არამედ ფაქტიურად პასუხს სთხოვენ ყველა ასეთი პრობლემის გაჩენაზე (მათ შორის ხშირად მისი უახლოესი მოკავშირეებიც). ფაქტიურად ხდება ნებისმიერი ადგილობრივი ჩავარდნისა თუ კრიზისის ინტერპრეტაცია როგორც ამერიკის ჩარევის შედეგის ამა თუ იმ მოცემული ქვეყნის საშინაო საქმეებში. ეს კი თავის მხრივ ფრიად უადვილებს ცხოვრებას უამრავ დიქტატორსა თუ კვაზი-დიქტატორს მსოფლიოში, აძლევს მათ საშუალებას ნაწილობრივ მაინც მოიხსნან პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე. ბევრი ქვეყნის ხელმძღვანელს საკუთარ ხალხთან ურთიერთობაში შემოჰყავს ამერიკის ფაქტორი, როგორც საკუთარი წარუმატებლობის, თუ არაპოპულარული ზომების გამართლება (იხილეთ მაგალითად ვენესუელისა თუ ბოლივიის ხელმძღვანელობა). ფაქტიურად ანტიამერიკანიზმი დღევანდელ მსოფლიოში გადაიქცა დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო პრობლემების გადაწყვეტის მნიშვნელოვან ფაქტორად.
გლობალური პოლიტიკის ევოლუციის სტადიები:
პირველი გლობალიზაცია — 7-8 წამყვანი გლობალური მოთამაშე უშუალოდ აკონტროლებს დედამიწის ტერიტორიისა და მოსახლეობის უდიდეს ნაწილს. სხვა დამოუკიდებელი სუბიექტების რაოდენობა შედარებით მცირეა, მათზე წამყვანი მოთამაშეების გავლენა, ხშირ შემთხვევებში, მხოლოდ ფორმალურად არ განიხილება როგორც კონტროლი. მსოფლიოს ხალხებისათვის დამოუკიდებელი განვითარების შესაძლებლობა მინიმალურია. გლობალური პოლიტიკური განუსაზღვრელობის დონე შედარებით დაბალია რეალურად დამოუკიდებელი სუბიექტების მცირე რაოდენობის გამო, ერთდროულად შედარებით მაღალი, იმის გამო, რომ გლობალური პოლიტიკის წამყვან სუბიექტებს შორის უშუალო სამხედრო კონფლიქტის ალბათობა, და ასეთი შეტაკების მოსალოდნელი შედეგები, გააზრებული და გათვლილი არ არის. რამდენიმე, შესადარი ძალისა და გავლენის მქონე გლობალური მოთამაშის კონკურენცია იწვევს ორ მსოფლიო ომს. მეორე გლობალიზაციის პირველი სტადია (1945-1991 წლები) — ორი, დაახლოებით ერთნაირი სამხედრო პოტენციალის მქონე გლობალური მოთამაშე, ეცილება ერთმანეთს გავლენას 150-ზე მეტ, ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. შესაბამისად, პოლიტიკური განუსაზღვრელობის დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე პირველი გლობალიზაციის დროს. დამოუკიდებელ ქვეყნებს გააჩნიათ განვითარების მოდელის ფორმალური არჩევანი და პოლიტიკური მანევრირების საშუალება. წამყვანი გლობალური მოთამაშეები პრინციპულად უთავსებადია, მათი წინააღმდეგობა სისტემურ ხასიათს ატარებს. მათ შორის პოტენციური სამხედრო შეტაკების შესაძლებლობის დონე უაღრესად მაღალია, მაგრამ მისი შედეგები შესაბამისად გათვლილი და გააზრებული. შესაბამისად, ასეთ შეტაკებას ადგილი არა აქვს, ცივ ომში დამარცხებული მოთამაშე (საბჭოთა კავშირი) წინააღმდეგობის გარეშე ტოვებს გლობალურ ასპარეზს.
მეორე გლობალიზაციის მეორე სტადია (1992 წელი - ) — ერთადერთი დარჩენილი წამყვანი გლობალური მოთამაშე არსებობს 192 ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირისპირ.64 დამოუკიდებელ ქვეყნების მიერ განვითარების მოდელის არჩევანის შესაძლებლობა მინიმუმამდეა დასული. წამყვანი გლობალური მოთამაშე აგრძელებს მოქმედებას ცივი ომის დროინდელ იდეებზე, სტრატეგიებზე და ინსტრუმენტებზე დაყრდნობით. პოლიტიკური განუსაზღვრელობის დონე შედარებით მატულობს, ისევე როგორც გლობალური პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. თავს იჩენს წამყვანი გლობალური მოთამაშის უშუალო გავლენის ფარგლებს გარეთ შექმნილი, და მისი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, სპონტანური პროცესები, რომელსაც პოტენციურად შეუძლია გლობალური საზოგადოებრივი განვითარების არსებული ტრენდების შეცვლა, ან ახლების ფორმირება.
|
- აშშ-თვის განუზომლად გაიზარდა მარცხის ფასი. ცივი ომის დროს, საბჭოთა კავშირთან კონკურენციის პროცესში, ყოველთვის არსებობდა შესაძლებლობა ნებისმიერი წარუმატებლობის როგორც მოწინააღმდეგის წარმატებული ქმედების შედეგის ინტერპრეტაცია. დღესდღეობით, ისეთი ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელზეც შესაძლებელია საკუთარი ჩავარდნის გადაბრალება, აშშ-ს უბრალოდ არ ჰყავს.65 საინტერესოა, რომ აშშ-ს აგრეთვე არ ჰყავს იმდენად ძლიერი მოკავშირე, რომელსაც უნარი შესწევს გასაჭირში რეალურად დაეხმაროს, ან საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობა გაუწიოს.
არსებობს საკმაოდ ბევრი ქვეყანა, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეებად მოგვევლინებიან (უფრო სწორედ ასე წარმოაჩენენ საკუთარ თავს), მაგრამ ცალ-ცალკე მათი რეალური გავლენა აშშ-ს მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე საკმაოდ მცირეა (შეიძლება ითქვას მინიმალური). ეს ეხება ისეთ ევროპელ მძიმეწონოსნებსაც, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი თუ ინგლისი. აშშ-მა შეიძლება გამოიყენოს მათი მხარდაჭერა ამა თუ იმ საკუთარი გადაწყვეტილების ეფექტის გასაძლიერებლად, როგორც მაგალითად, გამოიყენა ინგლისის აქტიური პოზიცია 2003 წელს ერაყის წინააღმდეგ ომის აუცილებლობის გასამართლებლად. ამავე დროს, მას ადვილად შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, მათი წინააღმდეგობის უგულვებელყოფა. ევროგაერთიანებაც, რომელიც პოტენციურად შესაძლებელია გაუტოლდეს აშშ-ს როგორც გლობალური მოთამაშე, ჯერ ვერ ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი, ეფექტური პოლიტიკური ერთობა. აშშ-თან ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებებშიც მისი ხმა ისმის იქამდე, სანამ ის ამერიკის პოზიციას მაინც და მაინც არ ეწინააღმდეგება.
- ის სიძნელეებიც, რომლებიც წარმოიქმნება გლობალური ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, აგრეთვე ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდა. ცივი ომის პროცესში, როგორც სსრკ, ასევე აშშ, თავის მოქმედებაში ითვალისწინებდნენ ძირითადად ერთმანეთის და მათი უშუალო მოკავშირეების მოქმედების ფაქტორს, რომლის გათვლა მრავალწლიან ჭიდილში მიღებული გამოცდილების საფუძველზე საკმაოდ ადვილი იყო. ის საკმაოდ შეზღუდული სტერეოტიპების ნაკრებზე იყო დაფუძნებული.
აშშ-თვის ადვილი იყო იმის გათვლა, რომ სსრკ აუცილებლად ჩაერეოდა ისეთი ქვეყნის საქმეებში,სადაც რომელიმე ადგილობრივი ხელმძღვანელი თავს მარქსისტად, მით უმეტეს კომუნისტად გამოაცხადებდა, მიუხედავად იმისა, ეს მის რეალურ ინტერესებში შედიოდა, თუ არა, და ამის საფუძველზე შესაბამისი წინმსწრები ღონისძიებების გატარება. ასე მოიქცა ის, მაგალითად, 1970-იანი წლების ბოლოს ავღანეთში, როდესაც ფაქტიურად მოახერხა იქ საბჭოთა ინტერვენციის პროვოცირება, ადგილობრივ მარქსისტურ მთავრობასთან მებრძოლი ძალების მხარდაჭერისა და კონსოლიდაციის გზით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი, აშშ-ს საქმე აქვს უამრავ ძალასთან (რომელთა უდიდესი უმეტესობა ან საერთოდ არ არსებობდა ცივი ომის დროს, ან ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ან ასე თუ ისე კონტროლირდებოდა სსრკ-ს მიერ), რომელთაგანაც ბევრს დღეს არ გააჩნია ფორმალური სტატუსი, მართვის ცენტრი თუ კონკრეტული ადგილმდებარეობა, ხასიათდება კონფლიქტური ინტერესებით, და/ან საერთოდ არ გააჩნია მკაფიოდ გამოკვეთილი ინტერესები. ფაქტიურად გაჩნდა რიგი სპონტანური პროცესებისა, რომელიც წამყვანი გლობალური მოთამაშიდან არ მომდინარეობს, მაგრამ გააჩნია გლობალურ პროცესებამდე განვითარების პოტენციალი. ასეთ სიტუაციაში ბევრად უფრო რთულია დაგეგმო და იმოქმედო ეფექტურად, განუსაზღვრელობის დონეც მკვეთრად მატულობს.
ტერორისტული საშიშროება იყო გამოყენებული როგორც 2003 წელს ერაყში ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი საბაბი, რაც თავისთავად ფრიად საკამათო ქმედება იყო, რომელმაც აშშ-ს მსოფლიოში, რბილად რომ ვთქვათ, პოპულარობა ნამდვილად არ შემატა. ამავე დროს, ამ ინტერვენციას, როგორც ასეთს, არ შეუძლია რაიმე საფრთხე შეუქმნას გლობალური ურთიერთობების არსებულ სისტემას. სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევა საერთაშორისო საზოგადოების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს წამყვანი გლობალური მოთამაშეებისა, თუ განსაკუთრებით აგრესიული ლოკალური მოთამაშეების, საკმაოდ სტანდარტულ მოქმედების წესს მეორე მსოფლიო ომის მომდევნო მთელი პერიოდის განმავლობაში.
ნამდვილ პრობლემად ის მოგვევლინა, რომ აშშ-მა ამ შემთხვევაში წარმოაჩინა თავი როგორც წამყვანმა გლობალურმა მოთამშემ, რომელსაც არ შესწევს უნარი ჩამოაყალიბოს იმ მოქმედებების მკაფიო თანმიმდევრობა, რომელიც მისცემს საშუალებას მიხედოს დაპყრობილ ტერიტორიას წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ. აშშ-ს ხელმძღვანელობას აშკარად ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა იმის თაობაზე, თუ რა უნდა ეკეთებინა ერაყში უშუალოდ იქ შეჭრის შემდეგ, არ გააჩნდა ამ ქვეყნის გრძელვადიანი ოკუპაციისა და ტრანსფორმაციის სტრატეგია, და რაც უფრო მნიშვნელოვანია — იქიდან გასვლის სტრატეგია.
|
2.2.5. მეორე გლობალიზაციის დროს გაგრძელდა და გაძლიერდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაწყებული პროცესი, რომელიც მიმართული იყო გლობალური პროცესების კონტროლისა და მართვის მცდელობაზე შესაბამისი მარეგულირებელი მექანიზმებისა და გარემოს შექმნის მიზნით. ამ პროცესში შემუშავდა და მსოფლიოს მასშტაბით ამუშავდა მრავალი ე.წ. საერთაშორისო რეჟიმი.66 იმის გათვალისწინებით, რომ ეს რეჟიმები თავიდანვე ყალიბდებოდა წამყვანი გლობალური მოთამაშეების ინიციატივით, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ისინი გამოხატავენ დასავლეთის (ფართო გაგებით) ინტერესებს, ან როგორც ცივი ომის მემკვიდრეობა, ეფუძნება აშშ-სა და სსრკ-ს ინტერესების კომპრომისს.
პრინციპულად, ამა თუ იმ პროცესების, განსაკუთრებით პოლიტიკურის, კონტროლი და მით უმეტეს მართვა შედარებით დიდი ტერიტორიის ფარგლებში, შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების არსებობის პირობებში. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ეს ხდებოდა მხოლოდ მეტ-ნაკლებად ხისტი სტრუქტურის მქონე იმპერიების პირობებში. ასეთი იმპერიის შექმნა გლობალურ დონეზე დღესდღეობით პრინციპულად შეუძლებელია. ერთადერთ გლობალურ მოთამაშეს, ამის არც მაინცდამაინც სურვილი, არც, როგორც ეს ერაყის კამპანიამ გვიჩვენა, რეალური ძალა გააჩნია.
არსებობს მეორე, ახალი, ევროგაერთიანების ფარგლებში რეალიზებული გზა, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნები ნებაყოფლობით თმობენ სუვერენიტეტის დიდ ნაწილს საერთო მიზნების მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ევროგაერთიანებაში შედის კომპაქტურად განლაგებული, დაახლოებით ერთი ტიპის ქვეყნები (25 ქვეყანა მსოფლიოში არსებული 193-დან), ისევდაისევ სწორედ პოლიტიკურ სფეროში, მათი ინტეგრაციის დონე შედარებით დაბალია. ამიტომ მსოფლიოს განვითარება ამ სცენარითაც გრძელვადიან პერსპექტივაშიც ნაკლებად სავარაუდოა.
შესაბამისად, ყველა ის ფორმალური ქმედება, რომელსაც ადგილი აქვს მრავალრიცხოვანი საერთაშორისო რეჟიმების ფარგლებში, პალიატიურ ხასიათს ატარებს, და ნაკლებად შეუძლია ეფექტური გავლენის მოხდენა როგორც გლობალიზაციური პროცესების ჩასახვაზე, ასევე მათ განვითარებაზე. |
ასეთი რეჟიმები შესაძლებელია ძალზე პირობითად სამ დიდ ჯგუფად დაიყოს:
ა/ რეჟიმები, რომლებიც განაპირობებენ გლობალური ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების კონტროლსა და მართვას, მაგალითად გაეროს საზღვაო სამართლის კონვენცია (United Nations Convention on the Law of the Sea (UNCLOS) და ა.შ. ეს რეჟიმები, თავისი არსით, უნდა იყვნენ და არიან განსაზღვრული ზუსტ ტერმინებში, წარმოადგენენ მრავალრიცხოვანი, ძირითადად არაპოლიტიკური მოთამაშეების ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს, ისინი ადვილად კონტროლირებადი და შემოწმებადია. ამ რეჟიმების დარღვევა იწვევს დაუყოვნებელ ხილულ შედეგს, რომლის შეფასება შესაძლებელია რაოდენობრივად (მ.შ. ფინანსური დანაკარგების სახით), ხშირად ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დანაკარგებით. ისინი ერთნაირად მოქმედებენ ნებისმიერ ქვეყანაში, მათი განვითარების ტიპისა და დონის მიუხედავად. თუმცა პოლიტიკური ელემენტი ასეთ რეჟიმებში შესამჩნევია, წმინდა ტექნოლოგიური და ორგანიზაციული კომპონენტები მაინც გადამწყვეტ როლს თამაშობენ.67
ბ/ძირითადად ეკონომიკური (სავაჭრო, ფინანსური და ა.შ.) რეჟიმები, რომლებიც თითქმის მთლიანად შექმნილი იყო აშშ-სა და მისი უახლოესი მოკავშირეების, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირს შედარებით ნაკლები ინტერესი გააჩნდა ამ სფეროში, პლუს ის იმდენად ძლიერი არ იყო ეკონომიკურად, რომ საკუთარი ინტერესები წარმატებით წარმოეჩინა და დაეცვა. ეს რეჟიმები ძირითადად შექმნილია ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტების გარშემო, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. მიუხედავად განვითარებადი ქვეყნების აქტიური პოზიციისა ასეთი რეჟიმების სტრუქტურისა და კონფიგურაციის მიმართ, მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეები მაინცდამაინც არ ჩქარობენ დათმონ ამ რეჟიმების ფარგლებში ადრე მოპოვებული უპირატესობები და პრივილეგიები. ამის კარგი ილუსტრაციაა 2005 წლის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ჰონკონგის შეხვედრა, სადაც განვითარებადი მსოფლიოს მზარდ უკმაყოფილებას დასავლეთმა შეაგება მრავალი საკმაოდ ბუნდოვანი დაპირება, მაგრამ თავის თავზე ფაქტიურად არც ერთი კონკრეტული ვალდებულება არ აიღო. ამავე დროს, იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი რეჟიმების ფუნქციონირების შედეგებიც შედარებით ადვილად შემოწმებადია და თვალნათლივი (მათი გამოხატვა ადვილადაა შესაძლებელი კონკრეტულ ფინანსურ, მატერიალურ და ა.შ. ნაკადებში), ისინი მუშა ინსტრუმენტებს წარმოადგენენ.
გ/ რეჟიმები, რომლებიც განაგებენ გლობალური უსაფრთხოების საკითხებს და მათთან დაკავშირებულ აქტიურობის სხვა სფეროებს, მაგალითად ადამიანის უფლებათა რეჟიმის ჩათვლით. ეს რეჟიმები ძირითადად ასოცირებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, მაგრამ არ შეიზღუდებიან ამ საერთაშორისო ინსტიტუტით. მსოფლიო დღეს მოითვლის 300-მდე საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაგანაც 23 უშუალოდ გაეროს სისტემაში შედის. აქ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც თითქმის ყველა არსებული ხელშეკრულება თუ ორგანიზაცია, რომელიც ასე თუ ისე ახდენს გავლენას გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებზე, წარმოიქმნა ანტაგონისტური საზოგადოებრივი სისტემების კონფრონტაციის პროცესში, და ამ კონფრონტაციის შედეგად.
არსებობს ფორმალური და არაფორმალური სტანდარტებისა და წესების უზარმაზარი ერთობა, რომელსაც ეთანხმებიან, და რომელსაც მისდევენ, გლობალურ სივრცეში წარმოდგენილი პოლიტიკური მოთამაშეები. ეს სტანდარტები და წესები, ქვეყანათაშორისი და ტრანსნაციონალური აქტიურობის მეშვეობით, და მის ფარგლებში, ქმნიან მარეგულირებელი მექანიზმების ურთულეს სისტემას. ამ მექანიზმების დიდი ნაწილის ეფექტურობა საკმაოდ საეჭვოა, რადგანაც ისინი ასახავენ ისეთი ურთიერთობების შედეგებს, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეები იძულებულები იყვნენ მიეღწიათ რაღაც სახის კომპრომისისათვის და ამ პროცესში ცდილობდნენ “არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური”.
ამ წესებს შორის გვხვდება ისეთი „პირობითი“ წესებიც, როგორიცაა მაგალითად „საერთაშორისო საზოგადოების ნება“, რომელსაც განსაზღვრულ პირობებში შეუძლია შეიძინოს „კანონის სტატუსი“ ან გახდეს ლეგალური საერთაშორისო მოქმედების საფუძველი. რეალურ ცხოვრებაში ეს “ნება” ძირითადად გამოიხატება იგივე წამყვანი გლობალური მოთამაშეების პოლიტიკურ მიდრეკილებებსა და საჭიროებებში, ხშირად გამოიყენება ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის საბაბად, იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ჩარევა არ ჰპოვებს გაეროში წარმოდგენილი ქვეყნების უმეტესობის მხარდაჭერას (იხილეთ მაგალითისათვის სერბიის დაბომბვა 1999 წელს ნატოს ძალების მიერ). დამატებით, ასეთი სტანდარტებისა და წესების უმეტესობის შეფასების კრიტერიუმები საკმაოდ ბუნდოვანია და სხვადასხვა სახის შერჩევითი ინტერპრეტაციის საგანი ადვილად ხდება.
ასეთი ტიპის რეჟიმები ხშირად გამოიყენება შერჩევით, დამოკიდებული ისევდაისევ, წამყვანი გლობალური მოთამაშეების რეალურ მიდრეკილებებსა და საჭიროებებზე. ზოგი ქვეყანა სასტიკად ისჯება იმისათვის, რომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების ნებას, ხოლო სხვების ქმედებას იგივე „ნებამ“ შესაძლებელია ზურგი შეაქციოს და მათ შერჩეთ ის ქმედება, რომლისთვისაც სხვები ისჯებიან. წამყვანი გლობალური მოთამაშეები, ან ქვეყნები, რომლებიც რაიმე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამ წამყვანი მოთამაშეების საქმიანობაში, ან ქვეყნები, რომლებიც უბრალოდ მდებარეობენ ისეთ რეგიონში, რომელიც მოცემულ ისტორიულ მომენტში ამ მოთამაშეებს არ აინტერესებთ, ხშირად ახერხებენ უამრავი ფორმალური თუ არაფორმალური წესებისა და სტანდარტების დარღვევას, მაგრამ ამაზე არავითარ პასუხს არ აგებენ. ამას აკეთებენ მრავალი წლების მანძილზე ისლამური ტერორიზმის ისეთი მფარველები და სულისჩამდგმელები, როგორებიცაა საუდის არაბეთი და პაკისტანი (იხილეთ კონკრეტული შემთხვევა 3), მაგრამ მათ „საერთაშორისო საზოგადოების გულისწყრომისაგან” აშშ-თან „განსაკუთრებული ურთიერთობები“ იცავს. ამას აკეთებდა იგივე კუბა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ლათინური ამერიკისა თუ აფრიკის ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი ტერორისტული ორგანიზაციის თუ პარტიზანული მოძრაობის შექმნასა და მართვაში, აგზავნიდა სამხედრო ქვედანაყოფებს აფრიკის ტერიტორიაზე მიმდინარე სამოქალაქო ომებში მონაწილეობის მისაღებათ - მაგრამ მას სსრკ მფარველობდა.
მრავალი საერთაშორისო რეჟიმი ფაქტიურად არ მუშაობს, რადგანაც არ ითვალისწინებს მისი დამრღვევების მიმართ რაიმე იძულებითი სანქციების გატარებას. ასეთი რეჟიმის ყველაზე მეტის მთქმელი მაგალითია 1968 წელს ხელმოწერილი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება. ის შეიმუშავა ცივი ომის ორივე წამყვანმა მოთამაშემ, მას შემდეგ, როდესაც მიხვდნენ, რომ ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელება მისი მფლობელი ვიწრო ჯგუფის გარეთ (აშშ, სსრკ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი) მკვეთრად გაზრდიდა გლობალური სტრატეგიული განუსაზღვრელობის დონეს და საფრთხეს შეუქმნიდა ორივეს უსაფრთხოებას.
მიუხედავად ამისა, მათმა წინააღმდეგობამ არ დაუშვა ისეთი ეფექტური მექანიზმების შექმნა, რომლებიც გაითვალისწინებდნენ ლეგალურ ძალდატანებას ამ ხელშეკრულების პირობების დამრღვევი ქვეყნების მიმართ. შედეგად, პირველი, ვინც შექმნა ბირთვული იარაღის დამოუკიდებელი არსენალი (შესაძლოა მსოფლიოში სიდიდით მესამე, მაგრამ ოფიციალურად ამას დღემდე არ აღიარებს) და შერჩა ეს ქმედება, იყო ისრაელი. მას მოგვიანებით, 1990-იან წლებში, მიყვნენ ინდოეთი და პაკისტანი - ტრადიციული შეურიგებელი მოქიშპეები და „დაისაჯნენ” აშშ-ს შედარებით რბილი მოკლევადიანი სანქციებითა და უკმაყოფილების გამოხატვით. ორივე იმდენად მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშეა, რომ მათ მიმართ უფრო სასტიკი სანქციების გამოყენება უბრალოდ შეუძლებელი იყო, მით უმეტეს პაკისტანის მიმართ, რომელიც აშშ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა მსოფლიოში. ჩრდილო კორეა მრავალი წლის მანძილზე შანტაჟს უწევს აღმოსავლეთ აზიას მის განკარგულებაში ვითომ არსებული ბირთვული იარაღით, მაგრამ არ განიცდის არავითარ შესაბამის სანქციებს. ქვეყანა აშშ-ს უშუალო ინტერესების სფეროს გარეთ იმყოფება, ხოლო მისი მეზობელი ქვეყნები სხვადასხვა მიზეზებით ან არ არიან დაიტერესებულები მიმართონ გადამჭრელ ზომებს მის მიმართ (სამხრეთი კორეა, ჩინეთი), ან არ შეუძლიათ ამის გაკეთება (იაპონია). მეორე მხრივ, ერაყის მიერ 1970-იან წლებში აშენებული ბირთვული რეაქტორი იყო განადგურებული ისრაელის საჰაერო დარტყმით, რადგანაც მას პოტენციურად შეეძლო ზარალი მიეყენებინა ისრაელისა და აშშ-ს ინტერესებისათვის რეგიონში, პლუს აშშ-თან „განსაკუთრებული ურთიერთობების“ შედეგად ისრაელს შესწევს უნარი დაარღვიოს საერთაშორისო სამართლის ნორმები მისთვის ყოველგვარი არასასურველი შედეგის გარეშე. |
მთავარი პრობლემა საერთაშორისო რეჟიმებთან მიმართებაში იმაშია, რომ არსებობს მათი რეალიზაციის უნივერსალური პრინციპები (საერთაშორისო სამართალი), მაგრამ არ არსებობს ამ პრინციპების ცხოვრებაში გამტარებელი ეფექტური, მომუშავე მექანიზი.
1945 წელს შექმნილი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია ფორმალურად განაცხადოს პრეტენზია გლობალურ მასშტაბში საყოველთაო მშვიდობის დაცვაზე, სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფაზე ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად, ადამიანის ძირითადი უფლებების საყოველთაო პატივისცემის უზრუნველყოფაზე.
ამავე დროს, მისი სტრუქტურა ასახავს მეორე მსოფლიო ომის დასასრულის რეალიებს, და ნაკლებად მოსახერხებელია მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაციის პროცესში შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად. უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე ხუთი ქვეყნიდან სამი (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) წარმოადგენს ყველაზე ტიპურ დემოკრატიულ, კაპიტალისტურ საზოგადოებას, ხოლო დარჩენილი ორი (სსრკ/რუსეთი და ჩინეთი) არის მათი პრინციპულად ანტაგონისტური, ყველაზე ტიპური აზიური, პირამიდული საზოგადოებრივი სისტემის წარმომადგენელი. მხოლოდ ეს ფაქტი გამორიცხავდა (და გამორიცხავს) კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღებას პრინციპული, გლობალური მასშტაბის პოლიტიკური პრობლემების თაობაზე. ამას ისიც ემატება, რომ უშიშროების საბჭოს ოთხი წევრის (აშშ-ს გარდა) შესაძლებლობა გამოიყენოს ვეტოს უფლება, მაქსიმალურად უახლოვებს მათ წამყვანი გლობალური მოთამაშის სტატუსს მნიშვნელოვანი მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, ხშირად უქმნის მათ ცდუნებას მიმართოს მას იგივე აშშ-ს ჯიბრზე.
რაც შეეხება გაეროს გენერალურ ასამბლეას, ის ხშირად სოფლის ყრილობას წააგავს, სადაც ყველა ხმამაღლა თავისას გაიძახის. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხუმრობდა, რომ „გაეროში იმდენი ფირმის პრეზიდენტია, რამდენი ქვეყანაც არის წარმოდგენილი, ხოლო ყოველი მათგანი განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს, გააჩნია განსაკუთრებული პრიორიტეტები და უმუშევარი სიძე, რომელსაც ხელფასი სჭირდება“.
იგივე მადლენ ოლბრაიტის მონაცემებით, 2003 წელს გაეროს წლიური ბიუჯეტი ოთხი წამყვანი ოფისის (ნიუ იორკში, ჟენევაში, ნაირობიში, ვენაში) და ხუთი რეგიონალური კომისიის მუშაობაზე შეადგენდა 1.25 მილიარდ ამერიკულ დოლარს, ანუ იმდენს, რამდენსაც პენტაგონი ხარჯავდა ყოველ 32 საათში. ხოლო გაეროს სისტემაში მთლიანად დასაქმებული იყო 50 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი, ანუ მხოლოდ 2 ათასით მეტი, ვიდრე ემსახურებოდა შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმს. გაეროს ჯამური წლიური ხარჯები მისი ყველა ფონდების, პროგრამებისა და სპეციალიზირებული სააგენტოების ჩათვლით, შეადგენდა ნიუ იორკის საქალაქო ბიუჯეტის დაახლოებით ერთ მეოთხედს.68
ე.ი. ნებისმიერი პარამეტრით, დღევანდელი წარმოდგენებით, გაერო საკმაოდ პატარა, მცირებიუჯეტიანი ორგანიზაციაა, რომლის რეალური შესაძლებლობები ნაკლებად შეესაბამება მის წინაშე დაყენებული ამოცანების მასშტაბებსა და სირთულეს.
ამ ორგანიზაციას გააჩნდა (და დღესაც გააჩნია) მოქმედების თავისუფლება ჰუმანიტარული, განათლების, ჯანდაცვის, ან (შედარებით ნაკლებად) ბუნებრივი გარემოს დაცვის სფეროებში, სადაც მისი მიღწევები ფრიად შტამბეჭდავია (იხილეთ თავი 4.1).
ამავე დროს, ის ძალიან შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდეს წამყვანი გლობალური მოთამაშეების პოლიტიკურ ინტერესებთან. ცივი ომის პროცესში აშშ-მა და სსრკ-მა ფაქტობრივად გადააქციეს გაერო ისეთ ასპარეზად, რომელსაც იყენებდნენ ერთმანეთზე ღვარძლის გადმოსანთხევად, აგრძელებდნენ იქ თავის გლობალურ პაექრობას. შედეგად ამ წლების განმავლობაში გაეროს ფაქტიურად ქმედითუნარიანობა ჰქონდა დაკარგული, როგორც დამოუკიდებელ მოთამაშეს აქტუალური გლობალური პრობლემების (განსაკუთრებით პოლიტიკურის) გადაწყვეტის პროცესში. პრობლემების მოგვარება ხდებოდა აშშ-სა და სსრკ-ს მიერ, ხოლო გაეროს მათი გადაწყვეტილებების ფორმალური გაფორმების ნება ეძლეოდა (ასე მოხდა, მაგალითად, 1967 და 1973 არაბულ-ისრაელის საომარი მოქმედებების შეწყვეტის პროცესში).
გაეროს არსებობის მანძილზე იყო მხოლოდ ორი შემთხვევა, როდესაც მან შესძლო გადამწყვეტი, ეფექტური ზომების მიღება ისეთი რეგიონალური კონფლიქტების მოგვარების მიზნით, რომელიც პოტენციურად შესაძლებელია გლობალურ მუქარის დონემდე განვითარებულიყო. პირველად ეს მოხდა როდესაც ჩრდილო კორეა შეიჭრა სამხრეთში 1950 წელს, და მეორედ, როდესაც ერაყმა მოახდინა კუვეითის ოკუპაცია 1990 წელს. პირველ შემთხვევაში, უშიშროების საბჭომ მოახერხა აგრესორის წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ამ დროს საბჭოთა კავშირი მის მუშაობას ბოიკოტირებდა, ხოლო 1990 წელს სსრკ იმდენად დასუსტებული იყო, რომ ვეღარ ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის ნებას.
გაერო დაუფარავად ამაყობს იმით, რომ მისი ჯარები მანაწილეობდნენ და მონაწილეობენ სამშვიდობო ოპერაციებში მსოფლიოს მრავალ კუთხეში. ამავე დროს, ეს ხდება ძირითადად მაშინ და ისეთ ადგილებში, სადაც წამყვანი გლობალური მოთამაშეები არ არიან დაინტერესებული აიღონ საკუთარ თავზე ამა თუ იმ ლოკალური პრობლემის მოგვარება.
გაერო დამოუკიდებლად ფრიად უძლურია მოაგვაროს სერიოზული ლოკალური კონფლიქტები, მაშინაც კი, როდესაც მისი ჯარები მასშტაბური გენოციდის უშუალო მოწმეები ხდებიან. ასე მოხდა, მაგალითად, 1990-იან წლებში რუანდისა და ბოსნიის ცნობილი გენოციდების დროს, რომელიც განვითარდა გაეროს სამშვიდობო კონტინგენტის თვალწინ. 2006 წლის გაზაფხულზე ის ვერ ახერხებდა სამი წლის მანძილზე განვითარებული გენოციდის შეწყვეტას სუდანის დასავლეთ პროვინციაში - დარფურში.
როდესაც წამყვან გლობალურ მოთამაშეებს გააჩნიათ დედამიწაზე მიმდინარე რომელიმე პროცესში ჩარევის უშუალო ინტერესი, ისინი ადვილად აკეთებდნენ ამას მიუხედავად იმისა, რომ გაეროს წევრების უდიდესი ნაწილი შესაძლებელია ამის წანააღმდეგი იყოს. როგორც აშშ, ასევე საბჭოთა კავშირი, რეგულარულად აკეთებდნენ ამას ცივი ომის დროს; ხოლო აშშ აგრძელებს ასეთ მოქმედებას დღესაც. ის მაგალითად შეიჭრა ერაყში 2003 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მანდატი ასეთ ქმედებაზე არ ჰქონდა. ამიტომ ხდება, რომ რაიმე სერიოზული ლოკალური კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეები ახდენენ არა გაეროს, არამედ გლობალური მოთამაშეების ლობირებას. იგივე დარფურის პრობლემა, როგორც ჩანს, მაშინ მოგვარდება, თუ ვინმე მოახერხებს ამ პროცესში აშშ-ს ადმინისტრაციის აქტიურ ჩარევას. საბოლოო ჯამში დღევანდელ მსოფლიოში ნებისმიერი საერთაშორისო პოლიტიკური რეჟიმი, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია არაფორმალურ, თუ კანონის ძალის მქონე წესებსა და სტანდარტებზე, მუშაობს ზუსტად იქამდე, სანამ რომელიღაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტს არ გაუვა მისი ღია დარღვევა. ძირითადად ეს ხდება იმიტომ, რომ წამყვან გლობალურ მოთამაშეს (მოთამაშეებს) გააჩნია საშუალება, განუცხადოს მსოფლიოს, რომ მხოლოდ ის მიდის სწორე მიმართულებით, ხოლო დანარჩენები მას უბრალოდ ფეხს ვერ უბამენ. ხოლო მისი მიბაძვით, ამისივე გაკეთება, ასე თუ ისე, შეუძლიათ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებსაც, რომლებიც ან წამყვანი გლობალური მოთამაშეების მფარველობით სარგებლობენ, ან მათი ქმედება, იგივე მოთამაშის მიმდინარე ინტერესების ფარგლებს გარეთ რჩება.
„წესების დამრღვევი“ რეალურად ისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სადამსჯელო ქმედებით დაინტერესებულები არიან წამყვანი გლობალური მოთამაშეები, ანდა ისევდაისევ, თუ ასეთი დასჯა მათ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში კი ის არის, რომ გლობალიზაციური პროცესების განვითარების თვალსაზრისით, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ლეგალურია ესა თუ ის კონკრეტული ქმედება, რამდენად შეესაბამება ის საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის სანქციით ხორციელდება, და ა.შ. აქ მთავარია - ვისგან მომდინარეობს ეს ქმედება, რამდენად ძლიერია პირველადი ბიძგი და შესაბამისად გლობალიზაციური პროცესის ინტენსივობა, რა დონისა და სახის ცვლილებებს იწვევს ის მისი გავლენის ობიექტებში. იგივე მოსაზრება ლოგიკურად ვრცელდება დედამიწაზე არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებზეც.
მაგალითად, „დიდი რვიანი” (G-8, აშშ, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, კანადა, იტალია, რუსეთი) არასოდეს ყოფილა ფორმალურად დაფუძნებული, არ გააჩნია ლეგალური სტატუსი, წესდება, მუდმივი სტრუქტურა. ის ფაქტიურად წარმოადგენს მისი წევრი ქვეყნების ხელმძღვანელების „ინტერესების კლუბს“. ამავე დროს მისი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოსთვის მინიმუმ არ ჩამორჩება ნებისმიერ სხვა, გლობალური მასშტაბის ფორმალურ საერთაშორისო ორგანიზაციას, გაეროს ჩათვლით. ხოლო ყოველწლიური შეხვედრების დღეებში ის მაქსიმალურად უახლოვდება წამყვანი გლობალური მოთამაშის სტატუსს, რომლის გადაწყვეტილებები ახდენს გავლენას პროცესების ჩასახვასა და განვითარებაზე მთელ მსოფლიოში. მთლიანობაში, პოლიტიკური ურთიერთობების თანამედროვე გლობალური არქიტექტურა ფაქტობრივად არ შეცვლილა პირველი გლობალიზაციის შემდეგ და ისევ საეჭვოდ წააგავს შედარებით რბილ პირამიდულ სისტემას. აქაც უფლებები ნაწილდება ძირითადად „ზევიდან-ქვევით“ - უფრო ძლიერებიდან, უფრო სუსტებისაკენ, ხოლო მოვალეობები პირიქით - „ქვევიდან-ზევით“. სამართალი ეფექტურად მუშაობს მხოლოდ დაახლოებით თანაბარი ძალის, განვითარების ტიპისა და დონის მქონე პოლიტიკური სუბიექტების „შრეებში“. არსებობს ყველაზე მაღლა მდგომი სუბიექტი, რომლიდანაც მოდის ისეთი სიგნალების დიდი უმეტესობა, რომელსაც შეუძლია შეიტანოს ცვლილებები გლობალურ პოლიტიკურ ურთიერთობებში. ამავე დროს, ასეთ სუბიექტს გააჩნია საშუალება იმოქმედოს “ქვევიდან” წამოსული სიგნალების დიდი ნაწილის გათვალისწინების გარეშე, რაც საბოლოო ჯამში ქმნის სისტემის დესტაბილიზაციის საფრთხეს.
თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ ტერმინებში ეს სიტუაცია ასე შეიძლება აღიწეროს - დემოკრატიის პრინციპები გაბატონებულია წამყვან გლობალურ მოთამაშეებსა და მათთან დაახლოებულ სახელმწიფოებში, მაგრამ ამ ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ურთიერთობა ძირითადად არადემოკრატიულია. ანგარიშგებისა და დემოკრატიული სამართლის პრინციპები წარმოადგენენ შიდასახელმწიფო მშენებლობის ამოსავალ პრინციპებს, მაგრამ სახელმწიფო საზღვრების მიღმა ისინი ჩანაცვლებულია ეროვნული ინტერესების რეალიზაციისკენ (და მაქსიმალური პოლიტიკური უპირატესობის მიღებისაკენ) სწრაფვით. დემოკრატია და ადამიანის უფლებები საერთაშორისო ურთიერთობებში ვრცელდება განვითარებული ქვეყნების შედარებით ვიწრო, „შიდა წრის“ წარმომადგენლებზე, მაგრამ არა მათზე, ვინც ამ “წრის” საზღვრებს გარეთ არის დარჩენილი.69
გასაგებია, რომ ასეთ სისტემას უამრავი ნაკლი გააჩნია, რაც გლობალიზაციის მოწინააღმდეგეების სამართლიან გულისწყრომას იწვევს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ კიდევ არსებობს გლობალურ პროცესებზე აშშ-სა და მისი მოკავშირეების ფაქტიური მონოპოლია. ამავე დროს, ასეთ სისტემაში ძლიერი, წამყვანი მოთამაშის არსებობა, რომელსაც შეუძლია კრიზისის დროს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მიიღოს სწრაფი, გადამჭრელი ზომები; იმოქმედოს თუ საჭიროა დანარჩენი მოთამაშეების ნების საწინააღმდეგოდ, საბოლოო ჯამში ზრდის სისტემის ეფექტურობასა და საიმედოობას. არსებობს სრულიად გამართლებული მოსაზრება, რომ წამყვანი მოთამაშის გაქრობა მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების სისტემიდან გამოიწვევს გლობალურ დესტაბილიზაციასა და ქაოსს.
ასეთი სისტემა საუკეთესოა, რაც შესაძლებელია დღეს პლანეტარული მასშტაბით არსებობდეს. ის რიგი პარამეტრით აღემატება პირველი გლობალიზაციის დროს ჩამოყალიბებულ სისტემას, და რაც მთავარია, ევოლუციის პოტენციალი გააჩნია. ბოლოს და ბოლოს, მასში პოტენციურად მონაწილეობის მიღება შეუძლია თითქმის ორ ასეულ ფორმალურად დამოუკიდებელ მოთამაშეს.
2.3. გლობალიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხილულ შედეგს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესების ორგანიზაციისა და მართვის იდეების, კონცეპციების, მექანიზმებისა და ინსტიტუტების საკმაოდ შეზღუდული ნაკრების გავრცელება მთელ მსოფლიოში. არიან რა მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაციის შედეგები, ისინი ერთდროულად მის უმნიშვნელოვანეს აგენტებს წარმოადგენენ. ყველა ეს იდეა, კონცეპცია, მექანიზმი თუ ინსტიტუტი შეიქმნა კონკრეტულ ისტორიულ მომენტში, კონკრეტული ქვეყნების მცირე ჯგუფის (დასავლეთი ევროპის ქვეყნები და აშშ) კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ქვეყნების კონკრეტული პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას ემსახურებოდა. მათი დანერგვა დანარჩენ მსოფლიოში, როგორც ეს საზოგადოდ ხდება გლობალიზაციის პროცესში, ნებაყოფლობით-იძულებითი იყო. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ნებისმიერ საზოგადოებაში კულტურა, ტრადიციები, ფასეულობათა სისტემა (რასაკვირველია რელიგიიის ჩათვლით) ასრულებენ ერთგვარი იმუნური სისტემის როლს. ეს სისტემა მოქმედებს როგორც ფილტრი, რომელიც ცდილობს არ დაუშვას ამ საზოგადოებაში ისეთი იდეა, კონცეპცია, მექანიზმი თუ ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს საზოგადოებაში არსებული სტატუს ქუოს დარღვევა.
იდეალურ შემთხვევაში ფილტრი არ გაატარებს ისეთ კონცეპციასა თუ ინსტიტუტს, რომლის დანერგვაც საზოგადოებას შეიძლება არ აწყობდეს. რეალურ ცხოვრებაში რასაკვირველია, თვით ფილტრი შეიძლება იყოს სუსტი ან ცუდათ მუშაობდეს; ანდა იდეები და ინსტიტუტები, თუ მათი მხარდამჭერი (მატარებელი) გარე ძალა, შესაძლებელია იმდენად ძლიერი იყოს, რომ ნებისმიერი ადგილობრივი წინააღმდეგობა დაჯაბნოს. დღეს მსოფლიოში ცოტა ქვეყანა მოიძებნება, რომელსაც შეუძლია ღიად უგულვებელყოს დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიდან მომდინარე პოლიტიკის კონცეპციები თუ ინსტრუმენტები (მაგალითად იგივე ჩინეთი).
უდიდეს უმეტესობა შემთხვევაში, დამოკიდებული კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ისტორიულ კონტექსტზე, საზოგადოება ახდენს იდეის თუ მექანიზმის ტრასფორმაციას და ადაპტაციას საკუთარი პრიორიტეტებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ე.ი. საბოლოო ჯამში ინერგება არა მათი ესა თუ ის უკვე არსებული მოდელი, არამედ კონკრეტული ადგილობრივი ვარიანტი. ფაქტიურად, უხეშად რომ ვთქვათ, გამოდის ის, რაც გამოდის. შედეგად იდეა, კონცეპცია, მექანიზმი თუ ინსტიტუტი შესაძლებელია საკმაოდ ახლოს იყოს გარედან შემოთავაზებულ ვარიანტთან, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს მისგან, შეინარჩუნოს მასთან მხოლოდ ფორმალური მსგავსება, გადაიქცეს მის საწინააღმდეგო მოვლენად.
იმ იდეებს, კონცეპციებს, მექანიზმებსა და ინსტიტუტებს შორის, რომელიც გავრცელდა მსოფლიოში პოლიტიკის გლობალიზაციის შედეგად, ძირითადია - სახელმწიფო სუვერენიტეტი, ეროვნული სახელმწიფო, ახალი გლობალური მოთამაშეები, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. სახელმწიფო სუვერენიტეტის პრობლემა გახდა აქტუალური გლობალიზაციის დღევანდელ ეტაპზე, იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს ქვეყნების უდიდესი უმეტესობის რეალური სტატუსი მოდის წინააღმდეგობაში სუვერენიტეტის ტრადიციულად აღიარებულ და ფორმალიზებულ ცნებასთან. სახელმწიფოსთან მიმართებაში, სუვერენიტეტი წარმოადგენს უმაღლესი პოლიტიკური ნების (ე.ი. საკანონმდებლოს, სასამართლოს, და/ან აღმასრულებელის) განხორციელების უფლებას; ხელისუფლების ძალაუფლების განხორციელებას ხელშეუხებელი, ფორმალურად აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ასეთი კონცეფცია გახდა საყოველთაოდ აღიარებული ძირითადად მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ტერიტორიული სუვერენიტეტი, სახელმწიფოთა ფორმალური თანასწორუფლებიანობა, ჩაურევლობა ფორმალურად აღიარებული, დამოუკიდებელი ქვეყნების შინაგან საქმეებში, გახდა საერთაშორისო საზოგადოების მოქმედების ამოსავალი პრინციპი. ამ დროს, საერთაშორისო საზოგადოება, როგორც ასეთი, წარმოდგენილი იყო რეალურად მხოლოდ ევროპული ქვეყნების ნაწილით, აშშ-თ, რუსეთითა და იაპონიით. ყველა დანარჩენი ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს ისინი მაინცდამაინც პატივს არ სცემდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ.
რასაკვირველია, რამდენიმე, დაახლოებით ერთნაირი ტიპისა და განვითარების დონის ქვეყნის მიმართ, ამ პრინციპის აღიარება და დაცვა შედარებით ადვილი იყო. მაგრამ მეორე გლობალიზაციის დადგომასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების უდიდეს უმეტესობას ასეთი ტიპის სუვერენიტეტის განხორციელების ორგანიზაციული, მატერიალური, თუ ფინანსური საშუალება არ გააჩნდა. უფრო მეტიც, ათობით ფორმალურად დამოუკიდებელ ქვეყანას არ შეუძლია ფუნქციონირება უწყვეტი, გრძელვადიანი უცხოური „განვითარების დახმარების“ გარეშე.
გასაგებია, რომ ასეთი ქვეყნებისათვის სუვერენიტეტი სამართლებრივ ფიქციას წარმოადგენს. მსოფლიოს წამყვანი გლობალური მოთამაშეები ასევე ღიად აცხადებდნენ თავის უფლებას ჩარეულიყვნენ ნებისმიერი ქვეყნის საშინაო საქმეებში საკუთარი იდეეების ცხოვრებაში გატარებისა და თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით (აშშ ამას დღესაც აკეთებს - იხილეთ კონკრეტული შემთხვევა 2).
ფორმალურად სუვერენული ქვეყნების შინაგან საქმეებში განსაკუთრებულ შემთხვევებში (ვთქვათ მშვიდობისა და წესრიგის აღსადგენად) ჩარევის უფლება გააჩნია გაეროსაც. საკმაოდ ზღუდავს თავისი წევრების ფორმალურ სუვერენიტეტს ევროგაერთიანებაც.
ამას უკანასკნელ წლებში ისიც დაემატა, რომ თანამედროვე გლობალური ნაკადების უდიდესი ნაწილის (ძირითადად ელექტრონულის, თუ კრიმინალურის), ეფექტური კონტროლი არც ერთ სახელმწიფოს პრინციპულად არ ძალუძს; ხოლო სხვადასხვა ტიპის გლობალური გაცვლების ინტენსივობა იმდენად დიდია, რომ მათი კონტროლის მცდელობა სახელმწიფო სუვერენიტეტის ტრადიციული ცნებიდან გამომდინარე, არა მარტო ნაკლებად შესაძლებელია, არამედ მავნეც კი. ყველაფერმა ამან გამოიწვია სახელმწიფო სუვერენიტეტის ტრადიციული ცნების ეროზია. დღეს იმაზეც კი არის საუბარი, რომ მსოფლიოში არსებობს ერთადერთი რეალურად სუვერენული სახელმწიფო - შეერთებული შტატები, რომელსაც შეუძლია პრინციპში ჩაერიოს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის შინაგან საქმეებში, მაგრამ შეუძლია არ დაუშვას ვინმეს მიერ მისი პოლიტიკური სუვერენიტეტის შელახვა.
ამის შემდეგ, სუვერენიტეტის დონის შემცირების შესაბამისად, მოდიან ჩინეთი და ინდოეთი, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ისინი იმდენად დიდები არიან, აშშ-მა რომ მოინდომოს კიდეც მათი სუვერენიტეტის შელახვა, პრინციპში გაუგებარია, ეს როგორ უნდა განახორციელოს პრაქტიკულად. სუვერენულად ითვლება აგრეთვე რუსეთი, იმასთან დაკავშირებით, რომ ის ერთადერთია დედამიწაზე, ვისაც გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა მიაყენოს აშშ-ს გამანადგურებელი დარტყმა ბირთვული იარაღის გამოყენებით.
ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერი ცალკე აღებული ქვეყნის სუვერენიტეტი ნაკლებად შეესაბამება მის ტრადიციულ ცნებას. ის წარმოადგენს საკმაოდ მრავალრიცხოვანი, შიდა და გარე ფაქტორების კომბინაციის შედეგს, და განიცდის ცვლილებას დროში. ფაქტიურად, დღეს შეიძლება იმის თქმა, რომ სახელმწიფო სუვერენიტეტი წარმოადგენს არა მარტო, და არა იმდენად, უმაღლესი პოლიტიკური ნების განხორციელების შესაძლებლობას ხელშეუხებელი საზღვრების ფარგლებში, რამდენადაც ქვეყნის ხელმძღვანელობის შესაძლებლობას, განახორციელოს საკუთარი პოლიტიკური ნების ფორმირება და რეალიზაცია გარედან ჩარევის გარეშე (უფრო სწორედ, ის დამოკიდებულია ამ ჩარევის წყაროების რაოდენობაზე, ჩარევის ინტენსიურობასა და ხანგრძლივობაზე). ქვეყანა საზოგადოდ მით უფრო სუვერენულია, რაც მეტი შესაძლებლობა გააჩნია გაანეიტრალოს საკუთარ ფუნქციონირებაზე გარეშე ძალების (სხვა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ, ცალკეულ შემთხვევებში, მულტინაციონალური კომპანიების) გავლენა.
ამასთან დაკავშირებით ყურადსარებია შემდეგი გარემოებაც - სახელმწიფო სუვერენიტეტი თანამედროვე მსოფლიოში არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყანა შესძლებს გადარჩეს ძალისმიერი კონფრონტაციის პროცესში, თუმცა ის წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ჩამოყალიბებისა და განვითარების მნიშვნელოვან მექანიზმს.
ეროვნული სახელმწიფოს კრიზისი ხშირად განიხილება როგორც გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი. ასეთი ტიპის სახელმწიფო საზოგადოდ განისაზღვრება როგორც პოლიტიკური ერთეული, რომელიც ძირითადად დასახლებულია ხალხით, რომელსაც გააჩნია საერთო კულტურა, ისტორია და ენა.70 ფაქტიურად ლაპარაკია იმაზე, რომ რომელიმე ცალკე აღებულ ეთნოსს შეუძლია შემოიკრიბოს თავის გარშემო სახელმწიფო, რომლის ფარგლებში მას კონკურენტი ეთნოსი არ ეყოლება, ანდა ეს უკანასკნელი იმდენად სუსტი და მცირერიცხოვანი იქნება, რომ ვერ გაუწევს შესამჩნევ კონკურენციას ძირითად ეთნოსს.
ასეთი გზით ჩამოყალიბებული სახელმწიფოები დღეს მსოფლიოში სულ რამდენიმეა. მის ყველაზე ტიპურ წარმომადგენლებად მოიხსენიებენ ისლანდიასა და იაპონიას, ე.ი. კუნძულოვან ქვეყნებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდნენ ფაქტიურ იზოლაციაში. უმეტეს შემთხვევაში სახელმწიფო ხდებოდა ეროვნულები ჩამოყალიბების პროცესში, როდესაც ხელისუფლება მიზანდასახულად ახდენდა იქ არსებული ყველა ეთნოსის გადაკეთებას ერთ-ერთი, მისთვის წამყვანი ეთნოსის ყაიდაზე, ხშირად ძალისმიერად, ურჩების განდევნისა და გენოციდის გზით. ამის ტიპური მაგალითია იგივე საფრანგეთი. 1789 წლის რევოლუციის მომენტისათვის ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით ნახევარი ლაპარაკობდა ასე თუ ისე ფრანგულად, მ.შ. დაახლოებით ერთი მეათედისათვის ის მშობლიურს წარმოადგენდა. დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საფრანგეთი თითქმის მონოეთნიკური გახდა, ხოლო ფრანგული მშობლიური ენაა ყველა იქ მცხოვრებისათვის (გამონაკლისი მხოლოდ კუნძული კორსიკაა).
ეროვნული სახელმწიფოს იდეა ძალზე პოპულარული გახდა მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში, რის საფუძველშიც საკმაოდ პრიმიტიული, პრაგმატული მოსაზრებები უნდა ვეძიოთ. პოლიეთნიკურთან შედარებით, მონოეთნიკურ სახელმწიფოში შედარებით მცირდება შიდა კონფლიქტების შესაძლებლობა; გარედან ჩარევის შანსი იქ მცხოვრები უმცირესობების ინტერესების დაცვის საბაბით; ქვეყნის მართვა უფრო მარტივი, პროგნოზირებადი, და იაფი ხდება. ფაქტიურად მსოფლიოს ყველა განვითარებული სახელმწიფო დღეისათვის ეროვნულობის პრინციპებზე არის აწყობილი.
ამავე დროს, ადვილად გასაგები მიზეზების გამო, ასეთი ტიპის სახელმწიფო მოწყობას დღეს საფრთხე ემუქრება. ნებისმიერ ეროვნულ სახელმწიფოს მიღწეული სტატუს ქუო-ს შესანარჩუნებლად როგორც მინუმუმ ესაჭიროება:
ა/ ქვეყანაში იმიგრაციის მაქსიმალური შესაძლებელი შეზღუდვა;
ბ/ მიგრანტების მიმართ მკაცრი, ძალდატანებითი ასიმილაციური პოლიტიკის გატარება.
გასაგებია, რომ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, ასეთი პოლიტიკის გატარება პრაქტიკულად არ შეუძლიათ.71 მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრი ზრდისა და დაბერების გამო მათ სჭირდებათ მიგრანტები იმისათვის, რომ შეავსონ მუშახელის შექმნილი დეფიციტი, პლუს შეავსონ ის სამუშაო ვაკანსიები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მუშაობას აღარ კადრულობს. ამ პროცესში მათ ობიექტურად არ შეუძლიად ასიმილაციის იძულება, რადგანაც ეს უშუალო წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრინციპებთან. გლობალიზაცია ამ პროცესს ამწვავებს, ძირითადად იმის ხარჯზე, რომ უაღრესად ინტენსიურს ხდის გლობალურ მიგრაციულ პროცესებს, ზრდის განვითარებული ქვეყნების, როგორც მიგრაციის დანიშნულების ადგილების, მიმზიდველობას.
რაც ყველაზე მთავარია, მიგრანტთა უდიდესი უმეტესობა (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში), წარმოდგენილია ისეთი რელიგიის, კულტურული ფასეულობებისა, თუ ქცევის სტერეოტიპების მატარებელი ადამიანებით, რომლებიც ხშირად ნეგატიურად არიან განწყობილი მათი მიმღები ქვეყნებისა, თუ მთლიანად დასავლეთის მიმართ, ეწინააღმდეგებიან ასიმილაციის ნებისმიერ მცდელობას, მ.შ. ძალითაც. შედეგად, დასავლეთი ევროპა მაინც, შესაძლებელია საკმაოდ მალე დადგეს საკმაოდ მძიმე არჩევანის წინაშე - ეთნიკური, რელიგიური, კულტურული თვითმყოფადობა, თუ დემოკრატია და ადამიანის უფლებები.
როგორც არ უნდა განვითარდნენ მოვლენები შემდგომში, გასაგებია, რომ ეროვნული სახელმწიფოს იდეა შეესაბამებოდა შედარებით მოკლე ეტაპს კაცობრიობის ისტორიაში და დღევანდელი გლობალიზებული მსოფლიოს რეალობას ნაკლებად ასახავს. ამავე დროს, სწორედ ეროვნული სახელმწიფოს იდეის პრაქტიკულ რეალიზაციასთან არის დაკავშირებული იმ პრობლემებისა და კონფლიქტების უდიდესი ნაწილი, რომელსაც განიცდის დღეს განვითარებადი მსოფლიოს საკმაოდ დიდი ნაწილი (განსაკუთრებით აფრიკა), და რომლებიც ჯამში, გლობალური პრობლემის სახით მოგვევლინება.
როდესაც ევროპელები კოლონიებიდან მიდიოდნენ, მათ მემკვიდრეობით დაუტოვეს ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს ეროვნული მოწყობის ფორმა, ფაქტიურად: ერი და სახელმწიფო ერთია, ყოველ ეთნოსს აქვს უფლება შექმნას საკუთარი სახელმწიფო, ნებისმიერი ეთნოსის წარმომადგენლები ერთი, ეროვნული სახელმწიფოს ფარგლებში უნდა ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ.72
ამავე დროს, მათ მიუჩინეს ამ ახალ სახელმწიფოებს ტერიტორია და საზღვრები ისე, როგორც გამოუვიდათ, იმ ტერიტორიული დაყოფის ფარგლებში, რომელიც ჩამოყალიბდა კოლონიებისათვის კონკურენციის პროცესში, ძირითადად მე-19 საუკუნეში. შედეგად ერთი სახელმწიფოს ფარგლებში აღმოჩნდა ერთმანეთის მიმართ უაღრესად მტრულად განწყობილი ორი ან მეტი ეთნოსი. ეს მოხდა, მაგალითად, რუანდაში, სადაც ბრიტანეთმა გააერთიანა ერთმანეთის სამკვდრო-სასიცოცხლო მტრები - ტუტსი და ჰუტუ. ამას საბოლოო ჯამში მოჰყვა 1994 წლის ცნობილი გენოციდი ამ ქვეყანაში. ერთდროულად მათ დაყვეს ერთი და იგივე ეთნოსები ორ ან მეტ დამოუკიდებელ ქვეყნებს შორის. შედეგად განვითარებადი მსოფლიოს უდიდეს ნაწილში ათწლეულების მანძილზე მიდის ეთნოსების ძალისმიერი დაშორიშორებისა თუ გაერთიანების პროცესი, რომელიც რეალურად წარმოადგენს საფრთხეს პოზიტიური გლობალური განვითარებისათვის, და რომელიც თავისი მნიშვნელობით თანამედროვე მსოფლიოსათვის აღემატება იგივე ტერორიზმის მუქარას.
დემოკრატიის პრინციპებზეა დღეს ფორმალურად აწყობილი მსოფლიოს დამოუკიდებელი ქვეყნების უმეტესობა. ღიად გამოაცხადოს თავი არადემოკრატიულად, დღეს შეუძლია მხოლოდ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ძალიან დიდი მარაგის მფლობელ, საკმაოდ მცირერიცხოვან ქვეყნებს (მაგალითად, საუდის არაბეთს, კუვეითს, ბრუნეის, თურქმენეთს და ა.შ.), ანდა ისეთ გარიყულ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩრდილო კორეა ან ბირმა. თუმცა, მე-20 საუკუნის ნებისმიერ ცალკე აღებულ პერიოდში, დედამიწის მოსახლეობის საშუალოდ მხოლოდ 31% ცხოვრობდა ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოებში.73
ცნობილი ამერიკელი მეცნიერი სამუელ ჰანტინგტონი გამოყოფს დედამიწაზე დემოკრატიის გავრცელების სამ „გრძელ ტალღას“. პირველი ტალღა დაიწყო მე-19 საუკუნის დასაწყისში, როდესაც აშშ-ს მამაკაცთა დიდმა ნაწილმა მიიღი ხმის უფლება, და გაგრძელდა მე-20 საუკუნის 1920-იან წლებამდე. ამ დროის განმავლობაში შეიქმნა 29 დემოკრატიული სახელმწიფო. შემდეგ ეს ტრენდი შებრუნდა, მოყოლებული 1922 წლიდან, როდესაც იტალიის სათავეში მუსოლინი მოვიდა, და გაგრძელდა 1942 წლამდე, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოების რაოდენობა 12-მდე შემცირდა. მეორე ტალღა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და თავის მწვერვალს მიაღწია 1962 წელს, როდესაც 36 ქვეყანა იყო დემოკრატიული. აქედან მოყოლებული, ვიდრე 1970-იანი წლების შუა წლებამდე, ეს რაოდენობა ექვსით შემცირდა. 1974 წლიდან მოყოლებული, მესამე ტალღის დროს, მსოფლიოს დაემატა დაახლოებით 30 ახალი დემოკრატიული სახელმწიფო, რამაც ნამდვილი დემოკრატიული სახელმწიფოების რიცხვი გააორმაგა.74
თუმცა 2006 წელს გამოქვეყნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ჭორლდ აუდიტ-ის მონაცემებით, “ნამდვილად დემოკრატიული” მსოფლიოში მხოლოდ 40 ქვეყანაა.75 ეს ის ქვეყნებია, რომლებიც შეიძლება “უდავოდ” თავისუფლებად ჩაითვალოს. მათ რიცხვში შედის მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყანა, პლუს ევროგაერთიანების ის ახალი წევრები, რომლებიც ჯერ ფორმალურად განვითარებულებად არ არიან აღიარებული, პლუს ჩილე, ურუგვაი, კოსტა-რიკა, პანამა ლათინურ ამერიკაში, სამხრეთი აფრიკა და განა აფრიკაში (იხ. დანართი 4.).76
დემოკრატია დღევანდელ მსოფლიოში საზოგადოდ აღიქმება როგორც ლიბერალური დემოკრატია, ე.ი. წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფორმა, რომლის ფარგლებში „არჩეული წარმომადგენლებისა და უმრავლესობის ნება, განახორციელონ გადაწყვეტილების მიღების უფლების რეალიზაცია, ხდება კანონის ფარგლებში, და საზოგადოდ გაზომიერდება კონსტიტუციით, რომელიც ხაზს უსვამს პიროვნებებისა და უმცირესობების თავისუფლებისა და უფლებების დაცვას“.77 |
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომ გახდა დემოკრატია მსოფლიოში სახელმწიფო მოწყობის ძირითადი ფორმა მეორე გლობალიზაციის პერიოდში:
1. როგორც უ. ჩერჩილი ამბობდა - „დემოკრატია სახელმწიფო მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, ყველა იმ დანარჩენის გარდა, რომელიც ადრე უკვე იყო ნაცადი“;78
2. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობას მმართველობის ასეთი სისტემა „მემკვიდრეობით დარჩა“ ყოფილი მეტროპოლიებისაგან;
3. დემოკრატიის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს აშშ-ს, ისევე როგორც მისი უახლოესი მოკავშირეების (მაგალითად, ევროგაერთაინების) გლობალური პოლიტიკის ერთერთ ამოსავალ პრინციპს79;
4. დემოკრატიული ინსტიტუტები, მათში შესაბამისი ლეგალური კორექტივების შეტანის შედეგად, ამა თუ იმ ქვეყნის შედარებით ძლიერი, უპრინციპო ხელმძღვანელობის ხელში, იქცევა მასების მანიპულირებისა და ექსპლუატაციის უფრო ეფექტურ იარაღად, ვიდრე ღია ავტორიტარული მმართველობა.
ასე რომ, ქვეყნები ფორმალურად დემოკრატიული ხდებიან ან იმიტომ, რომ ეს მათ რიგ, ხილულ უპირატესობას ანიჭებს წამყვან გლობალურ მოთამაშეებთან ურთიერთობაში (პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ფინანსურს და ა.შ.), ანდა სისტემური მიმიკრიის პროცესში (იხილეთ კონკრეტული შემთხვევა 1) - ე.ი. ორივე შემთხვევაში ეს გლობალიზაციური პროცესების მოქმედების შედეგია. ამ დროს, ეს სიტუაცია ღიად ტოვებს საკითხს - რამდენად არიან მზად დემოკრატიული იდეების აღსაქმელად და ცხოვრებაში გასატარებლად ის ქვეყნები, რომლებიც თავს დემოკრატიულად აცხადებენ? ცხადია, რომ უმეტეს შემთხვევაში დღევანდელ მსოფლიოში, დემოკრატიული მმართველობის პრინციპების ადაპტაცია ამა თუ იმ ქვეყნის კონკრეტული პირობებისადმი, ხდება ძირითადად არა ამ ქვეყნის განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, არამედ გარეშე ფაქტორების მოქმედების შედეგად და/ან ადგილობრივი მმართველი ელიტის კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.
თავისი კლასიკური გაგებით, დემოკრატია აგვირგვინებს უზრუნველყოფილ, სტაბილურ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებრიობას, მაგრამ არ ჩნდება რევოლუციის მომდევნო დილას. ის ფაქტი, რომ ერაყში უცხოური ოკუპაციის პირობებში 2005 წელს არჩევნები გაიმართა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიამ გაიმარჯვა. ფ.ზაქარიას მოჰყავს ბოსნიის მაგალითი, სადაც მიუხედავად ევროპელების მრავალწლიანი მიზანდასახული (ძვირად ღირებული) მცდელობისა, რეალურმა დემოკრატიამ მაინც და მაინც მტკიცედ ვერ მოიკიდა ფეხი. ხოლო ბოსნია ევროპის შუაგულში მდებარეობს და ფაქტიურად პირდაპირი უცხოური მმართველობის პირობებში ვითარდება.80
გარდა ამისა, თავისუფალი და დემოკრატიული, საბოლოო ჯამში, მხოლოდ მაძღარი და შეძლებული ადამიანი ხდება. ამის თაობაზე არსებობს საკმაოდ საინტერესო მონაცემები - გასული საუკუნის ბოლოსათვის, იმ ქვეყნებში, სადაც ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 1500 ამერიკულ დოლარზე ნაკლები იყო, დემოკრატია საშუალოდ 8 წელს ძლებდა, 1500-3000 დოლარი - 18 წელს. შედარებით მდგრადი ხდებოდა დემოკრატია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს შემოსავალი 6000 დოლარს აღემატებოდა. ამავე დროს, 69 ქვეყნიდან დემოკრატიული რეჟიმებით, სადაც ერთ მოსახლეზე შემოსავალი 6000-9000 დოლარი იყო, დიქტატურას მიუბრუნდა 39. თუ ქვეყანამ ეს ბარიერი გადალახა - დემოკრატია გარანტირებულია. ასეთი დემოკრატიული ქვეყანა დედამიწაზე 32 იყო. ამავე დროს შემოსავლის სიდიდე თავისთავად დემოკრატიისა და თავისუფლების გარანტიას არ იძლევა - მსოფლიოში 51 ქვეყანას გააჩნდა 9000 დოლარზე მაღალი შემოსავალი, მაგრამ მათ შორის კუვეითიცაა, საუდის არაბეთიც, გაერთიანებული არაბთა ემირატებიც.
აქედან შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ დემოკრატიის დანერგვა ამა თუ იმ ქვეყანაში თან უნდა სდევდეს იქ ეკონომიკურ განვითარებას, ან ეს პროცესები მინიმუმ პარალელურად უნდა მიდიოდეს. დემოკრატიული განვითარება თანმხლები, თუ წინმსწრები წარმატებული ეკონომიკური ტრანსფორმაციის გარეშე განვითარებულ მსოფლიოში, საბოლოო ჯამში განწირულია წარუმატებლობისათვის.
იგივე ჰანტინგტონი ამბობს - „წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, არსებობს ორი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს დემოკრატიის მომავალ კონსოლიდაციასა და გავრცელებაზე - ეკონომიკური განვითარება და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. . . ეკონომიკური განვითარება ხდის დემოკრატიას შესაძლებლად, პოლიტიკური ხელმძღვანელობა აქცევს მას რეალობად“.81
ასე რომ, მსოფლიო მასშტაბით თავისუფლებისა და დემოკრატიის სწრაფი, საბოლოო გავრცელების პერსპექტივები საკმაოდ ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. ეს არ არის მოკლევადიანი მასშტაბური კამპანიის საგანი, არამედ მიზანდასახულ, ფრთხილ მრავალწლიან შრომას მოითხოვს. ისეთი სახით, როგორც დღეს მათი პროპაგანდა ხდება წამყვანი გლობალური მოთამაშეების მიერ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს ჩარევა დამოუკიდებელი ქვეყნების საშინაო საქმეებში არაგარანტირებული შედეგებით.
დაახლოებით ასეთივე მდგომარეობაა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებები და დემოკრატია ერთმანეთისაგან განუყოფელი ორი ცნებაა, ფაქტიურად მედლის ორი მხარე. შეუძლებელია იყოს დემოკრატიული ისეთი სახელმწიფო, სადაც არ ხდება ადამიანის უფლებების დაცვა, და პირიქით, არადემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ფორმალურად ადამიანის უფლებები ჩამოყალიბებულია „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში“, რომელიც გაერომ მიიღო 1948 წელს.
ამავე დროს, ადამიანის უფლებების მაქსიმალური რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ, ისევდაისევ, მდიდარი, სტაბილური საზოგადოების პირობებში. ამ უფლებების აღიარება და პრაქტიკული რეალიზაცია წარმოადგენს საკმაოდ მძიმე, გრძელვადიანი პროცესის შედეგს. უმეტეს შემთხვევაში, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, თავისი დღევანდელი სახით ადამიანის უფლებების ჩამოყალიბება მოხდა უკვე ცივი ომის ბოლო ეტაპზე. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იანი წლების ბოლოს, სრულიად ლეგალურად მოქმედებდა რასობრივი დისკრიმინაციისა და სეგრეგაციის პრინციპები. აფროამერიკელების თანასწორუფლებიანობის პრაქტიკული რეალიზაცია მოხერხდა მხოლოდ 1980-იან წლებში, დიდი და მძიმე ბრძოლის შემდეგ.
შესაბამისად, დღევანდელ მსოფლიოში, ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოები, ყველაზე განვითარებული ადამიანის უფლებების ფაქტიური სისტემით, არიან იგივე სკანდინავიის ქვეყნები, როგორც ყველაზე სტაბილურები, მდიდარი და ეფექტურად მართულები. ამ სიტუაციას აქ ფრიად აადვილებს ის გარემოებაც, რომ ისინი ძირითადად მონოეთნიკურები არიან.
საზოგადოდ, ნებისმიერი არასტაბილურობა ქვეყანაში, არის ეს ეკონომიკური კრიზისი, სოციალური დაძაბულობა, თუ განსაკუთრებით ეთნიკური უთანხმოება, ფრიად ნეგატიურად მოქმედებს როგორც დემოკრატიის, ასევე განსაკუთრებით ადამიანის უფლებების პრინციპების რეალიზაციაზე. მაგალითად აშშ-მა (მე-14 ადგილი მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის), მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში (და ამ ბრძოლის საბაბით), უკვე დაუშვა ადამიანის უფლებების მთელი რიგი დარღვევები. აშშ-ს ხელმძღვანელობას, მაგალითად, ადანაშაულებენ (მ.შ. ევროპელებიც და გაეროც) საკუთარი მოქალაქეების სატელეფონო საუბრების მასობრივ, არასამართლებრივ მონიტორინგში, გუანტანამოს (კუბა) სამხედრო ბაზაზე მრავალი ადამიანის არასამართლებრივ, უვადო პატიმრობაში, რიგ ევროპის ქვეყნებში საიდუმლო ციხეების დაარსებაში და იქ პატიმრების წამებაში, რიგი პატიმრების, იგივე წამების მიზნით, ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებზე გადაცემაში, როგორიც სირიაა, მისი მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიიდან (იტალია) ადამიანების გატაცებაში. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ტერორიზმთან ომი აშშ-ს ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს, და საერთოდ საკმაოდ დაბალი ინტენსივობისაა.
გლობალიზაციისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში, გლობალიზაციის ახალ მოთამაშეებად ძირითადად განიხილებიან (საკმაოდ პარადოქსულად) - საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგიონალური ორგანიზაციები, ტრანსნაციონალური კორპორაციები, ინსტიტუციური ინვესტორები (საპენსიო და საინვესტიციო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები), ქალაქები, გამოჩენილი პიროვნებები, არასამთავრობო ორგანიზაციები.
ამ დროს, ასეთი ჩამონათვალი, როგორც მინიმუმ არაკორექტულია. განვიხილოთ ასეთი ახალი მოთამაშეების ორი ტიპური მაგალითი.
დამოუკიდებელი ევროპული ქალაქები წარმოადგენდნენ [დასავლეთ] ევროპული ექსპანსიის ძირითად აგენტებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, როდესაც განუვითარებული, სუსტი სახელმწიფოები, ამ ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებდნენ. როგორც ამ მისიის შემსრულებლებმა, ქალაქებმა (განსაკუთრებით დიდმა ქალაქებმა), რაღაც ისტორიული პერიოდის მანძილზე უკანა პლანზე გადაიწიეს, მაგრამ ისევ დაიწყეს აქტიური თამაში მეორე გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე, გლობალური პროცესების ინტენსიფიკაციასთან დაკავშირებით. თუმცა დამოუკიდებელ მოთამაშეებათ ისინი ნაკლებად მოგვევლინებიან, რადგანაც მოქმედებენ ამა თუ იმ სახელმწიფოს ფორმალურ სამართლებრივ სივრცეში.
იგივეს თქმა შეიძლება მსხვილ კორპორაციებზეც. დიდი ბრიტანეთის გლობალური კოლონიური ექსპანსიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხორციელდებოდა არა სახელმწიფოს, არამედ სწორედ კერძო კომპანიების მიერ. ინდოეთზე პირველადი კონტროლი დაამყარა ბრიტანულმა “აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიამ”, რომელიც სახელმწიფომ ჩაანაცვლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ამ უზარმაზარი კოლონიის მართვას უბრალოდ ვერ მოერია. ამავე დროს, კორპორაციების რეალური როლი თანამედროვე მსოფლიოში ფრიად საინტერესოდ შეიცვალა. როგორც ჩანს, დაწყებული გასული საუკუნის 1950-იანი წლებიდან, მოხდა წამყვანი თანამედროვე სახელმწიფოების ტრანსფორმაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვა რაღაცა სახის სიმბიოტური ურთიერთობების ჩამოყალიბება სახელმწიფო ხელისუფლებასა და დიდ ბიზნესს შორის. ასეთი სახის ურთიერთობა ყველაზე ადრე, და ყველაზე ნათლად, იაპონიაში გამოვლინდა.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მონოპოლიები აიძულებენ მთავრობას, მიიღოს მათთვის საჭირო გადაწყვეტილებები, და უშუალოდ იმოქმედოს მათ ინტერესებში; არამედ იმას, რომ ხელისუფლება და დიდი ბიზნესი ქმნიან ახალი ტიპის ერთობას, რომელიც იღწვის ერთობლივი მიზნების მისაღწევად. ამ ტანდემში ხელისუფლება თამაშობს „შუბის წვერის“ როლს - ის გაკვალავს გზებს, უძრუნველყოფს კორპორაციების მოქმედების ხელსაყრელ პირობებსა და უსაფრთხოებას. კორპორაციები, თავის მხრივ, იღებენ აქტიურ (ზოგჯერ გადამწყვეტ) მონაწილეობას სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში და ა.შ., მაგრამ საპასუხოდ უხდიან ხელისუფლებას არა მარტო დიდძალ თანხებს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია - სთავაზობენ ლოიალობას და მზადყოფნას იმოქმედონ თავისი ქვეყნის ინტერესებში, იყვნენ ამ ინტერესების გამტარებლები მსოფლიოში.
მაგრამ, ამის შედეგად, ისინი დამოუკიდებელი გლობალური მოთამაშეები ნაკლებად არიან.82 ახალი, თანამედროვე გლობალური მოთამაშეების სახით დღეს ფაქტიურად გვევლინებიან მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი წარმოადგენენ ფორმალური პოლიტიკური სტრუქტურების გარეთ მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებიც ძირითადად არაკომერციული საქმიანობით არიან დაკავებულები. ასეთი ორგანიზაციების რაოდენობა მსოფლიოში ძალზე დიდია. მხოლოდ აშშ-სა და ინდოეთში, ცალ-ცალკე, მათი რაოდენობა 2-2 მილიონს უდრის. საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა ათეულ ათასობით განისაზღვრება.
თავისი არსით, ეს ორგანიზაციები [დასავლეთ] ევროპული ტრადიციიდან მომდინარეობს. იქ დღესაც არსებობენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი, მრავალრიცხოვანი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი გაერთიანებები, რომლებიც ძირითადად ემსახურებიან ადგილობრივი თემების შესაძლებლობების გაძლიერებას, ასრულებენ ისეთ ფუნქციებს (სოციალურს, ჰუმანიტარულს, კულტურულს, გარემოსდაცვითს), რომელსაც ფორმალური ხელისუფლება ცუდად ასრულებს. ასე რომ, არასამთავრობო ორგანიზაციები, მიუხედავად იმისა, სად არიან ჩამოყალიბებულები, თუ რა მასშტაბის, რა სახის საქმიანობაში არიან ჩართულები, მაინც, ფართო გაგებით, ევროპული საზოგადოების იდეალების, ურთიერთობათა კულტურის, ორგანიზაციული ფორმების მატარებლები არიან. უკვე ეს ფაქტი აქცევს მათ ძირითადად დასავლეთიდან მომდინარე გლობალიზაციური პროცესების ეფექტურ ინსტრუმენტებად.
არასამთავრობო ორგანიზაციების კულტურისა და ტრადიციის დანერგვა (ძირითადად, გარედან) ქვეყანების უმეტესობაში შედარებით ადვილია, იმის გათვალისწინებით, რომ მათზე ძირითადად არ ვრცელდება ის იდიოსინკრაზია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში არსებობს დასავლური სახელისუფლებო, თუ ბიზნეს-ორგანიზაციების მიმართ.
გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე მრავალრიცხოვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე ხშირად ანაცვლებენ განვითარებული ქვეყნების მთავრობებს განვითარებად მსოფლიოში ჰუმანიტარული, განვითარების დახმარებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მისიის შესრულებაში. იმის გათვალისწინებით, რომ პრაქტიკულად ყველა ასეთი ორგანიზაცია მსოფლიოს წამყვან განვითარებულ ქვეყნებს წარმოადგენს, იქ არის დაფუძნებული და დიდწილად მაინც ამ ქვეყნებისა მთავრობებისა და წამყვანი კორპორაციების მიერ არის დაფინანსებული, ისინი, ნებით თუ უნებლიედ, მაინც ამ ქვეყნების გლობალური აგენტების როლს ასრულებენ. მაშინაც კი, როდესაც ეს ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ დისტანცირებას დასავლეთის გლობალური პოლიტიკისაგან, ისინი მაინც არსებობენ დასავლური [ევროპული] ცივილიზაციის ფასეულობების ჩარჩოებში და საბოლოო ჯამში მის ინტერესებში მოქმედებენ.
არსებობს აგრეთვე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ფრიად საყურადღებო ჯგუფი, რომელიც თავის თავზე იღებს მსოფლიოს მთავრობების მიერ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრინციპების პრაქტიკული რეალიზაციის მონიტორინგის ფუნქციას. ასეთებია მაგალითად თრანსპარენცყ International, Human Rights Watch, Freedom House, Amnesty International და მრავალი სხვა. ისინი ფაქტიურად ახორციელებენ მსოფლიოს მთავრობების ქცევის მონიტორინგს, რაღაც გაგებით “ნიშნებს უსვამენ” მათ მათი კონკრეტული ქცევის შესაბამისად. მათი ავტორიტეტი თანამედროვე მსოფლიოში იმდენად დიდია, რომ წამყვანი გლობალური მოთამაშეებისა, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულება ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, დიდწილადაა დამოკიდებული მათ შეფასებაზე.
ამავე დროს, ისევ და ისევ, ისინი ატარებენ თავის მონიტორინგსა და შეფასებას ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რომელიც ჩამოყალიბებულია დასავლეთის სამეცნიერო, პოლიტიკური, სოციალური სისტემებისა და ტრადიციების ფარგლებში, და საბოლოო ჯამში, წამყვანი გლობალური მოთამაშეების ინტერესებში მოქმედებენ, დასავლური გლობალიზაციის მძლავრ აგენტებს წარმოადგენენ. რასაკვირველია, ისინი ასრულებენ იმავე ფუნქციას, როდესაც აკრიტიკებენ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მთავრობებს, მიუთითებენ მათ დაშვებულ შეცდომებსა და მოქმედების ხარვეზებს.
![]() |
4.1 კონკრეტული შემთხვევა (Case-Study) 2 - ამერიკის შეერთებული შტატები - „უხალისო იმპერია“ |
▲ზევით დაბრუნება |
იმპერია - წარმოადგენს რეგიონების ნაკრებს, რომლებთაც ადგილზე იმპერატორის სახელით მართავენ გუბერნატორები, ვიცემეფეები ან კლეინტი მეფეები. ეს ტერმინი შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ დიდ, მრავალეროვან სახელმწიფოზე, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართება. სხვა სახელმწიფოების მსგავსად იმპერია საკუთარ პოლიტიკურ სტრუქტურას ნაწილობრივ მაინც დაძალების საშუალებით ინარჩუნებს. სახმელეთო იმპერიები (ისეთები როგორც რუსეთი ან საბჭოთა კავშირი) მიისწრაფიან მიმდებარე ტერიტორიებზე გავრცელებისაკენ; საზღვაო იმპერიები (მაგალითად, ბრიტანეთის) ხასიათდებიან ნაკლებად ხისტი სტრუქტურითა და გაბნეული ტერიტორიებით.ისტორიულად, იმპერიათა უმეტესობა წარმოიშვებოდა ძლიერი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოების დაპყრობისა და უფრო დიდ პოლიტიკურ ერთობაში მათი გაერთიანების ხარჯზე.83
იმპერიალიზმი - უცხო ტერიტორიულ ერთეულებზე კონტროლისა ან ძალაუფლების გავრცელების პოლიტიკა, მათი მითვისებისა და/ან იმპერიის შენარჩუნების მიზნით. ხდება უცხო ქვეყნების პოლიტიკასა და ეკონომიკაზე როგორც უშუალო ტერიტორიული, ასევე არაპირდაპირი კონტროლის დამყარების გზით. ზოგჯერ იხმარება ამა თუ იმ ქვეყნის მიერ კოლონიების დაპყრობისა და დაშორებულ ტერიტორიებზე დომინირების პოლიტიკის განსასაზღვრად, მიუხედავად იმისა, აღიარებს თუ არა ასეთი ქვეყანა საკუთარ თავს იმპერიად თუ არა.84
|
ჯორჯ ბუშ უმცროსის საინაუგურაციო სიტყვა, წარმოთქმული მის ხელმეორედ გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით 2005 წლის იანვარში, საყოველთაო აღიარებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია აშშ-ს ისტორიაში. „ნიუ-იორკ თაიმსი“, რომელიც, რბილად რომ ვთქვად, ამ პრეზიდენტს სიმპატიით არ ეპყრობა, ის საერთოდ მეორე საინაუგურაციო სიტყვების პირველ ხუთეულში შეყავს. მასზე წინ ის აშკარად მხოლოდ ა. ლინკოლნის გამოსვლას აყენებს.85 ბუშის ამ გამოსვლაში ფაქტიურად ჩამოყალიბდა აშშ საგარეო პოლიტიკის ახალი დოქტრინა, რომელსაც მინიმუმ რამდენიმე წლის მანძილზე შესწევდა უნარი სერიოზულ გავლენა მოეხდინა როგორც საერთაშორისო ურთიერთობების გლობალურ სისტემაზე, ასევე გლობალიზაციის პროცესებზე მთლიანად.86
ამ დოქტრინის ცენტრალური გზავნილია - „თავისუფლების გადარჩენა ჩვენს მიწა-წყალზე მზარდადაა დამოკიდებული თავისუფლების წარმატებაზე სხვა ქვეყნებში“ და კიდევ - „ყველაზე დიდი იმედი იმისა, რომ მშვიდობა დამყარდება ჩვენთან, მდგომარეობს თავისუფლების გავრცელებაში მთელს მსოფლიოში“.87 იმაზე, თუ რამდენად ძლიერია აქცენტი თავისუფლებასა და ადამიანების უფლებათა უნივერსალურ ფასეულობებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სიტყვები თავისუფლება (ფრეედომ ანდ ლიბერტყ) და დემოკრატია მოხსენებაში 49-ჯერ იყო ნახსენები. ფაქტიურად აშშ-ს პრეზიდენტი ატარებდა იდეას იმის შესახებ, რომ მშვიდობა და სამშვიდობო პროცესი აღარ წარმოადგენენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ პრიორიტეტებს. მისი წარმოდგენით, თავისუფლებას აქვს აშკარა პრიორიტეტი მშვიდობასთან შედარებით, ის მსოფლიოში მშვიდობის წინაპირობად გვევლინება, ხოლო [აშშ-ს პოლიტიკის] „საბოლოო მიზანია მსოფლიოში ტირანიისათვის ბოლოს მოღება“, თუმცა აშშ-ს მიერ რეფორმების წახალისება „ძირითადად იარაღის გამოყენებით არ უნდა ხორციელდებოდეს“.88
ამერიკის სენატის გავლენიანი წევრები უმალვე შეეცადნენ ამ პრინციპების სარეალიზაციო საკანონმდებლო საფუძველი ჩამოეყალიბებინათ. კერძოდ, 2005 წლის მარტის დასაწყისში რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა და დემოკრატმა ჯო ლიბერმანმა შეიტანეს სენატში ერთობრივი კანონპროექტი „დემოკრატიის გავრცელების (promotion) შესახებ“, რომელიც ითვალისწინებდა აშშ მთავრობისათვის ფართო უფლებების მინიჭებას დემოკრატიული პრინციპებისა და ფასეულობების გასავრცელებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ. როგორც სენატორმა მაკეინმა განაცხადა თავის მოხსენებაში - „დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელება საზღვარგარეთ უბრალოდ განუყოფელია შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საკითხებისაგან. თუ ნიუ-იორკის, ვაშინგტონისა ან კალიფორნიის უსაფრთხოება დამოკიდებულია თავისუფლების დონეზე ერ-რიადში, ბაღდათსა თუ კაიროში, ჩვენ უნდა გავავრცელოთ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სოციალური მოდერნიზაციის იდეები ისევე, როგორც ვახდენთ ჩვენი იარაღის სრულყოფასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას“.
სენატორ ლიბერმანის თქმით, მოყოლებული უკვე მეოცე საუკუნის დასაწყისიდან „ამერიკის პრეზიდენტებს ესმოდათ, რომ ამერიკის სასიცოცხლო ინტერესები ყველაზე უკეთ მაშინაა უზრუნველყოფილი, როდესაც ჩვენ სხვებს ვეხმარებით თავისუფლების ხმის მოპოვებაში“. გარდა ამისა, ამერიკას გააჩნია დემოკრატიის იდეეების გავრცელების „მორალური მანდატი“. სენატორების თქმით: „უკანასკნელმა მოვლენებმა საქართველოში, ავღანეთში, ერაყსა და პალესტინაში გვიჩვენეს, რომ ადამიანთა სურვილი იცხოვრონ თავისუფლად, უნივერსალურია”.89
თუ რა შედეგს მოიტანენ ჯ. ბუშის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები, დიდათაა დამოკიდებული იმაზე, თუ რა სახით და რამდენად ეფექტურად შესძლებს აშშ მათ პრაქტიკულ რეალიზაციას. როგორც პრეზიდენტ ჯ.კარტერის მრჩეველი ეროვნული უშიშროების დარგში ზბიგნევ ბზეჟინსკი 2004 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „არჩევანი“ (The Choice) წერდა - „ამერიკულ ძალასა და ამერიკულ სოციალურ დინამიკას, თუ ერთად იმოქმედებენ, შეუძლიათ გამოიწვიონ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული გლობალური ერთობის თანდათანობითი ჩამოყალიბება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არასწორედ იქნებიან გამოყენებული და ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვლენ, ისინი უბიძგებენ მსოფლიოს ქაოსისაკენ, ხოლო ამერიკას ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრედ გადააქცევენ“.90 ფაქტიურად, იგივე ბზეჟინსკის სიტყვებით, საქმე გვაქვს არჩევანთან -აშშ იღწვის გლობალური დომინირებისა თუ გლობალური ლიდერობისათვის? უფრო მარტივად - ქვეყანა შეეცდება უჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს უმეტესობასათვის მისაღები განვითარების ალტერნატივა, თუ აიძულებს სხვებს იარონ იმ გზით, რომელიც მას აწყობს.
მადლენ ოლბრაითი, პრეზიდენტ კლინტონის სახელმწიფო მდივანი- სწორედ შეიძლება ჩაითვალოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუწიოს მხარდაჭერა დემოკრატიასა და თავისუფლებას. ჩვენ განსაკუთრებული ქვეყანა ვართ. დემოკრატია საყოველთაო ფასეულობაა, მაგრამ დღეს მას ამერიკული იერსახე დაჰკრავს... შეუძლებელია მისი თავზე მოხვევა. ჩვენ ის უნდა დავიცვათ და მხარი დაუჭიროთ. კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს, როგორ შეიძლება მოუბრუნდეს აშშ-ს დაძალებული დემოკრატია.91 |
საბოლოო ჯამში, პრობლემა დადის კითხვამდე - არის თუ არა აშშ იმპერია და ატარებს თუ არა ის იმპერიალისტურ პოლიტიკას?
საყურადღებოა ის გარემოება, რომ იმპერიული იდეა დღევანდელ მსოფლიოში (განსაკუთრებით სამხრეთში), პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობს. ამაში დამსახურება არა მარტო მემარცხენე საზოგადოებრივ მოღვაწეებს მიუძღვით, ვ. ლენინის მეთაურობით. იგივე მემარჯვენე დასავლელი მოღვაწეებიც ამ ტერმინს უხვად იყენებდნენ ანტისაბჭოურ პროპაგანდაში ცივი ომის დროს. გავიხსენოთ თუგინდ რ. რეიგანის ცნობილი „ბოროტების იმპერია”. სინამდვილეში იმპერია წარმოადგენს ნებისმიერი წარმატებული ექსპანსიის შედეგების ორგანიზაციისა და მართვის მექანიზმს. ეტყობა იმპერიად გადაქცევის შანსი აქვს ნებისმიერ დიდ წარმატებულ სახელმწიფოს, მისი მმართველობის ფორმის მიუხედავად. დღეს იმაზეც კი ლაპარაკობენ, რომ ადრე თუ გვიან იმპერიული თვისებები შესაძლოა ევროგაერთიანებამაც კი შეიძინოს.92
იმავდროულად უკანასკნელი წლების მანძილზე დასავლეთში აშკარად შეიმჩნევა იმპერიული ნოსტალგიის ნიშნები. ეს განსაკუთრებით გამოიხატება ბრიტანეთის იმპერიის მოღვაწეობის შედეგების დადებით გადაფასებაში, როგორც ამას აკეთებს ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი ნ.ფერგიუსონი, რომელიც წერს - „ის, რაც ბრიტანეთის იმპერიამ დაამტკიცა, იყო რომ იმპერია წარმოადგენს საერთაშორისო მთავრობის ნაირსახეობას, რომელსაც მუშაობის უნარი შესწევს, და არა მარტო მმართველი ძალის ინტერესებში“. და შემდგომ - „ბრიტანეთის იმპერია, თუმცა ის უნაკლო არ იყო, შესაძლებელია წარმოადგენდა მისი ქვეშევრდომებისათვის ყველაზე ნაკლებ სისხილიან გზას თანამედროვეობისაკენ”.93
შესაბამისად გაისმის ხმები, რომლებიც მხარს უჭერს ამერიკული იმპერიის იდეას, განსაკუთრებით იქ, სადაც საჭიროა არშემდგარი სახელმწიფოების ხალხების გადარჩენა იმ უკიდურესად მძიმე სიტუაციიდან, რომელშიც ისინი იმყოფებიან; ანდა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა. გასაგებია, რომ მობრუნება ამერიკული იმპერიის იდეისაკენ გამოწვეულია ძირითადად იმით, რომ არსებული საერთაშორისო ურთიერთობების მარეგულირებელი ფორმალური სტრუქტურები საკმაოდ არაეფექტურია. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც მისაღებია სწრაფი, გადამჭრელი, მაგრამ არაპოპულარული გადაწყვეტილებები (მაგალითად, დაფუძნებული დამოუკიდებელი ქვეყნების შინაგან საქმეებში უშუალო სამხედრო ჩარევაზე). იგივე ნ. ფერგიუსონი წერს - „იმის ნაცვლად, რომ უზარმაზარი ლოკოკინასავით ამოეფაროს ელექტრონულ ჯავშანს, შეერთებულმა შტატებმა თავისი უზარმაზარი რესურსების სულ უფრო დიდი ნაწილი უნდა მიმართონ იმისაკენ, რომ გადააქციონ მსოფლიო უსაფრთხო ადგილად კაპიტალიზმისა და დემოკრატიისათვის. „ისტორიის დასასრულის“ იდეის მიამიტი ტრიუმფალიზმის საწინააღმდეგოდ, ეს თავისთავად კი არ ხდება, არამედ მოითხოვს კანონისა და წესრიგის მძლავ ინსტიტუციურ დასაყრდენს. იმპერიული აშშ-ს ნამდვილი როლი ისაა, რომ დააფუძნოს ეს ინსტიტუტები იქ, სადაც ისინი არ არსებობენ, თუ საჭიროა. სამხედრო ძალის გამოყენებითაც. ასეთი პოლიტიკის საწინააღმდეგო არავითარი ეკონომიკური არგუმენტი არ არსებობს, რადგანაც ის აუტანელად ძვირი არ დაჯდება. დემოკრატიის დანერგვა მსოფლიოს ყველა გარიყულ სახელმწიფოში (rogue states) არ გაზრდის აშშ თავდაცვის ბიუჯეტს ქვეყნის მშპ-ს 5%-ზე ბევრად ზევით. ამასთანავე არსებობს ეკონომიკური არგუმენტი ამ იდეის მხარდასაჭერად, რადგანაც ასეთ ქვეყნებში კანონის უზენაესობის შეტანა მოიტანს გრძელვადიან დივიდენტებს მათი ვაჭრობის აღორძინებისა და განვითარების შედეგად.“94 ამერიკული იმპერიის იდეა ჯერ კიდევ საკმაოდ წინააღმდეგობრივია იმისათვის, რომ აშშ ადმინისტრაციამ ის ამა თუ იმ სახით აღიაროს. პრეზიდენტი ჯ. ბუში ამბობდა, მაგალითად - „ჩვენ არ ვიღწვით იმპერიისაკენ. ჩვენი ერი ერთგულია საკუთარი და სხვების თავისუფლებისა“.95 ამავე დროს, აშშ ყველა შესადარი პარამეტრებით აშკარად შორს სცილდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცნობილ (და წარმატებულ) ბრიტანეთის იმპერიას.
ობიექტურად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ის დედამიწაზე დარჩენილი ერთადერთი ზესახელმწიფოა. იგივე ეკონომიკური პარამეტრებით ის შორს, უკან იტოვებს ნებისმიერ რეალურ თუ პოტენციურ კონკურენტს. 2003 წელს მასზე მოდიოდა მსოფლიო შიდა პროდუქტის 29.5% - 10 948.5 მილიარდი დოლარი (21.4% დოლარის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით), რაც მეტია ვიდრე მომდევნო ოთხი ყველაზე განვითარებული ქვეყნის (იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) მშპ ერთად აღებული (10256.6 მილიარდი დოლარი). ჩინეთიც კი, რომელიც მომავალში მისი რეალური ეკონომიკური კონკურენტი შეიძლება გახდეს (სავარაუდოდ 2018 წლისათვის), მისი მშპ-ს მხოლოდ 12.9%-ს აწარმოებს (59.0%-ს მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით).96 ეს მონაცემები ორჯერ და მეტად აღემატება ბრიტანეთის იმპერიის ანალოგიურ მონაცემებს, როდესაც ეს უკანასკნელი თავისი სიძლიერის პიკზე იმყოფებოდა.
გარდა ამისა, ამერიკას გააჩნია უშუალო ეკონომიკური გავლენის ისეთი მძლავრი მექანიზმები, როგორიცაა ტრანსნაციონალური (მულტინაციონალური) კორპორაციები. ბრიტანეთის იმპერიის გლობალური დომინირების დროს ასეთები პრაქტიკულად საერთოდ არ არსებობდა (ფორმალურად ითვლება, რომ პირველი ასეთი კორპორაცია მხოლოდ 1932 წელს შეიქმნა, როდესაც Lever Brothers gaerTianda Margarine Unie-თან და შექმნა Unilever). დღესდღეობით (2006 წლის დასაწყისისათვის) ასეთი მსოფლიოში ათასობითაა, ხოლო მათ შორის ამერიკული მინიმუმ ნახევარია. მსოფლიოს 20 ყველაზე დიდ კომპანიას შორის 10 ამერიკულია, ხოლო მათ შორის ორი ყველაზე დიდის - Wall Mart-სა და Exxon Mobil-ს შემოსავალები 2003 წელს ცალ-ცალკე აღემატებოდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის მშპ-ს, 15 ყველაზე მდიდრის გარდა. მათი შემოსავლები, მაგალითად სჭარბობდა ისეთი ქვეყნების მშპ-საც როგორიცაა ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ავსტრია თუ დანია.97 იგივე Exxon Mobil დედამიწის 200 ქვეყანასა თუ ტერიტორიაზე მოქმედებს.
აშშ იმპერიული დომინირების ერთ-ერთი ფრიად თავისებური გამოხატულება ისაა, რომ მას პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა წამყვანი სახელმწიფოსი დიდძალი თანხები მართებს. რწმენა ამერიკის საიმედობაში ათეულობით წლის განმავლობაში იმდენად დიდი იყო, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც ზედმეტი ფული უჩნდებოდა, მას აშშ-ს ფასიან ქაღალდებში აბანდებდა. დღესაც კი, როდესაც ამ რწმენამ შერყევა დაიწყო, ეს პრაქტიკა მაინც გრძელდება. იგივე რუსეთი, რომელიც დიდძალ დამატებით თანხებს იღებს მსოფლიო ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის შედეგად, ამ ფულს საკუთარი ქვეყნის განვითარებაში კი არ აბანდებს, არამედ აშშ-ს ფასიან ქაღალდებში. ასეთი გზით მთელი მსოფლიო ათწლეულების მანძილზე ფაქტიურად აფინანსებს დედამიწის ყველაზე მდიდარი ქვეყნის განვითარებას.
ამერიკის ხაზინის მონაცემებით 2005 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აშშ-ს საგარეო ვალის საერთო მოცულობა შეადგენდა 9,560,623 მილიონ დოლარს.98 ასეთ სიტუაციაში არა აშშ-ა იმდენად დამოკიდებული თავის კრედიტორებზე, რამდენადაც ეს უკანასკნელები არიან მასზე დამოკიდებული. ღმერთმა დაიფაროს, აშშ-ი დეფოლტი მოხდეს (ამის საშიშროება, მაგალითად, არსებობდა 2006 წლის მარტში) და მსოფლიოს ბევრი წამყვანი ეკონომიკა (იგივე ჩინური) უბრალოდ ჩაიშლება. ზოგი ექსპერტი საერთოდ მიიჩნევს, რომ აშშ-მ საკუთარი ვალუტის გაუფასურება თუ დეფოლტი (ფინანსურ ვალდებულებებზე უარის თქმა) შეუძლია გამოიყენოს როგორც საგარეო პოლიტიკის იარაღი. რასაკვირველია, თვით შტატებსაც ეს ბევრ სიკეთეს არ მოუტანს, მაგრამ მის კონკურენტებს უბრალოდ მუსრს გაავლებს.
აშშ-ს შეიარაღებული ძალები, აგრეთვე, შორს იტოვებენ ნებისმიერ კონკურენტსა თუ კონკურენტების ჯგუფს. ქვეყანამ კარგად შეისწავლა წარუმატებელი ვიეტნამის ომის გამოცდილება და შექმნა პრინციპულად ახალი ტიპის არმია, რომელსაც შესწევს უნარი რეალურ დროში მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ საფრთხეზე გლობალურ მასშტაბში. საბჭოთა კავშირსაც კი, მისი სიძლიერის მაქსიმუმზე, არ გააჩნდა არაფერი შესადარი და ის კონკურენციას შეერთებულ შტატებს მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღის ხარჯზე უწევდა.
ფაქტიურად აშშ-ს შეიარაღებული ძალები წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის გარანტს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ისინი უშუალოდ წარმოდგენილია დედამიწის ქვეყნების 2/3-ში. ამ ძალების ხუთი რეგიონალური სამხედრო მართვის ცენტრების პასუხისმგებლობის არეალები მთელ დედამიწას ფარავენ. ზღვაზე აშშ-ს ინტერესებს იცავს ცხრა “სუპერ ავიამზიდი” საბრძოლო ჯგუფი, რომელთაგანაც თითოეული ცალკე აღებული აშკარად სჭარბობს ყველაფერს, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანას შეიძლება გააჩნდეს. ჰაერში მას გააჩნია სამი სხვადასხვა ტიპის „სტელსის” რადარებისთვის შეუმჩნეველი თვითმფრინავი, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ მსოფლიოში. იგივე ჩინეთი, რომელიც მიზანდასახულად იღწვის აშშ-გან ჩამორჩენის დასაძლევად სამხედრო სფეროში, ძირითად საბრძოლო კომპონენტებში მას მინიმუმ 10-15 და მეტი წლით ჩამორჩება.
ქვეყანაზე მოდის მსოფლიოს თავდაცვის ხარჯების თითქმის ნახევარი. ეს ხარჯები მეტია, ვიდრე 20 მომდევნო ქვეყნის გაერთიანებული სამხედრო ბიუჯეტები. ისინი, მაგალითად, ექვსჯერ აღემატება რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს. ამავე დროს აშშ ახერხებს ამის გაკეთებას მშპ-სთან შედარებით საკმაოდ მცირე დანახარჯებით - 2003 წელს თავდაცვის ბიუჯეტი მის დაახლოებით 3.5%-ს შეადგენდა.
აშშ-ს პრინციპულად მარტო შეუძლია ნებისმიერი რამდენიმე საბრძოლო ამოცანის გადაჭრა, ნებისმიერი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. ისევდაისევ ბრიტანეთის იმპერიას ასეთი სამხედრო უპირატესობა არასოდეს გააჩნდა. თუ ზღვაზე ის ასე თუ ისე სჯობნიდა თავის ძირითად კონკურენტებს, მისი სახმელეთო ჯარები საზოგადოდ ჩამორჩებოდა ნებისმიერი სახმელეთო იმპერიის ჯარებს როგორც რაოდენობით, ასევე მომზადების ხარისხით, რაც თვალნათლივ გამოიკვეთა ორივე მსოფლიო ომში.
ფაქტიურად ბრიტანეთის იმპერია იყო პირველი ტოლებს შორის, მაშინ როდესაც აშშ უბრალოდ - პირველია. ყველა ზევით მოყვანილი ფაქტის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ აშშ-ს შესწევს უნარი შექმნას პირველი რეალური გლობალური იმპერია, საკითხია, რამდენად არის ქვეყანა ამისათვის მზად და სჭირდება მას ეს საერთოდ?
ფაქტია, რომ აშშ-ს დამფუძნებელი მამები თავიდანვე მოიზარებდნენ მას როგორც იმპერიას, თუმცა „თავისუფლების იმპერიას“ (empire of liberty), თომას ჯეფერსონის სიტყვებით. მისი იდეოლოგია ეფუძნებოდა, და ეფუძნება ე.წ. „ცხადი მოწოდების“ (manifest destiny) იდეას, რომელიც განისაზღვრება როგორც „აშკარა და გარდაუვალი ბედი”. ამ იდეის შესაბამისად ამერიკას ევალება დემოკრატიის გავრცელება, როგორც მმართველობის ერთადერთი ღირსეული ფორმის, საღვთო მისია. ფაქტიურად ეს იდეა ემთხვევა ბრიტანელების „თეთრი ადამიანის ტვირთს”, თუ ფრანგების „მაცივილიზებელ მისიას”, ხოლო დღევანდელი ლაპარაკი თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებაზე მისი უახლესი ინტერპრეტაციაა.
ეტყობა, რაღაცა სახით, აშშ თავიდანვე როგორც იმპერია ყალიბდებოდა, როდესაც მეცხრამეტე საუკუნეში პრეტენზია განაცხადა ჩრდილო ამერიკის კონტინენტის დიდ ნაწილზე. ტერიტორიის რაღაც ნაწილი მან შეიძინა. მაგალითად, ალასკა რუსეთისაგან, თუ ლუიზიანა და მისისიპისა და კლდოვან მთებს (Rockies) შორის მდებარე ტერიტორია - საფრანგეთისაგან. თუმცა ორივე შემთხვევაში, როგორც წინათ საბჭოთა კავშირში ამბობდნენ, გარიგება გამყიდვლებისათვის „ნებაყოფლობით-იძულებითი“ იყო. ქვეყნის სამხრეთი ტერიტორიების უდიდესი ნაწილი კი მის ხელში ტრადიციული იმპერიალისტური დაპყრობების შედეგად გადავიდა. ესენია - კალიფორნია, ნევადა, იუტა, ნიუ მექსიკო და არიზონა;
კოლორადოსა და ვაიომინგის ნაწილები. ეს მიწები აშშ-მ ხელში ჩაიგდო 1846-48 წლების ომის შემდეგ, რომელშიც მექსიკა პრეზიდენტმა ჯეიმს პოლკმა ჩაითრია. ის, რასაც ზოგიერთი მკვლევარი „მეორე იმპერიული ფაზის“ სახელით მოიხსენიებს, 1898 წლის ამერიკულ-ესპანური ომის შემდეგ დაიწყო. ამ ომის შედეგად აშშ-ს ხელში გადავიდა პუერტო რიკო, გუამი და ფილიპინები. იგივე პოლიტიკა გააგრძელა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა, რომელმაც მონროს დოქტრინის საფუძველზე გამოაცხადა აშშ-ს უფლება ჩარეულიყო ლათინური ამერიკის ნებისმიერი ქვეყნის შინაგან საქმეებში იმისათვის, რომ არ დაეშვა იქ ევროპელების ჩარევა. მანვე მოახდინა ჰავაების ანექსია იმ საბაბით, რომ ამ ტერიტორიიდან ვინმეს შეეძლო დამუქრებოდა აშშ დასავლეთ სანაპიროს (ე.წ. წინმსწრები მოქმედება).99
ცხრილი 1. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უცხო ტერიტორიების ოკუპაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითები
ტერიტორია |
დაიპყრეს |
დატოვეს |
ხანგრძლივობა (წელი)
|
სტატუსი
|
ჰავაი |
1893 |
არა |
112 |
აშშ შტატი |
პუერტო რიკო |
1898 |
არა |
107 |
თანამეგობრობა აშშ-სთან |
გუამი |
1898 |
არა |
107 |
აშშ-ს საკუთრება |
ფილიპინები |
1898 |
1946 |
48 |
დამოუკიდებელი
|
ამერიკული სამოა |
1899 |
არა |
106 |
აშშ-ს საკუთრება |
პანამა (არხის ზონა) |
1903 |
1979 |
76 |
დამოუკიდებელი
|
ვირგინიის კუნძულები |
1916 |
არა |
89 |
აშშ-ს საკუთრება |
დომინიკის რესპუბლიკა |
1916 |
1924 |
8 |
დამოუკიდებელი |
ჰაიტი |
1915 |
1934 |
19 |
დამოუკიდებელი |
დასავლეთი გერმანია |
1945 |
1955 |
10 |
დამოუკიდებელი |
იაპონია |
1945 |
1952 |
7 |
დამოუკიდებელი |
ჩრდილო მარიანის კუნძულები |
1947 |
არა |
58 |
თანამეგობრობა აშშ-სთან
|
პალაუ |
1947 |
1994 |
47 |
თავისუფლად ასოცირებული აშშ-სთან |
მიკრონეზია |
1947 |
1986 |
39 |
თავისუფლად ასოცირებული აშშ-სთან |
მარშალის კუნძულები |
1947 |
1986 |
39 |
თავისუფლად ასოცირებული აშშ-სთან |
სამხრეთი კორეა |
1950 |
არა |
55 |
დამოუკიდებელი |
სამხრეთი ვიეტნამი |
1965 |
1972 |
7 |
ანექსირებულია ჩრდილო ვიეტნამის მიერ100 |
ავღანეთი |
2002 |
? |
? |
დამოუკიდებელი |
ერაყი |
2002 |
? |
? |
დამოუკიდებელი |
წყარო: Nial Ferguson, Colossus, The Rise and Fall of American Empire, Allen Lane an imprint of Penguin Books, 2004, Statistical Appendix.
დღიდან დაარსებისა აშშ გაურბოდა კავშირების შექმნას უცხო ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ევროპულთან, იმის შიშით, რომ ქვეყანა გაებმებოდა „ძველი სამყაროს“ ინტრიგებში და შებღალავდა თავის განსაკუთრებული ქვეყნის სტატუსს. დამოუკიდებლად მოქმედება კი შესაძლებლობას მისცემდა ქვეყანას უკეთ დაეცვა თავისი ეროვნული ინტერესები. ეს ტრადიცია ოდნავ შერბილდა ცივი ომის დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა მოკავშირეები კომუნისტურ სისტემასთან საბრძოლველად, თუმცა მას არასოდეს უთქვამს უარი ცალმხრივ მოქმედებაზე. გარდა ამისა, შეერთებული შტატები ყოველთვის ანიჭებდნენ უპირატესობას წინმსწრებ ქმედებას რეალურად არსებული თუ წარმოდგენითი საფრთხის შემთხვევაში. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ და ხშირად გამოიხატება აშშ-ს მიერ საერთაშორისო ნორმებისა და ხელშეკრულებების უგულვებელყოფაში. ქვეყნის პოლიტიკას საფუძვლად უცვლელად სამი პრინციპი უდევს - თავისუფლება, თვითგამორკვევა და თავისუფალი ვაჭრობა.
|
ამით პრაქტიკულად ჩამთავრდა აშშ-ის ტერიტორიის ფორმირება და ქვეყანამ ფაქტიურად უკან დახევაც კი დაიწყო (იხ. ცხრილი 1). მან, მაგალითად 1946 წელს დაუბრუნა დამოუკიდებლობა ფილიპინებს, რომელსაც ის 48 წელი ფლობდა. მანვე გადასცა პანამას არხის ზონა 1979 წელს, თუმცა თვით ეს ქვეყანა, როგორც ასეთი, თავის დროზე აშშ-ს შექმნილი იყო მისი ინტერესების უზრუნველსაყოფად.
ის ტერიტორიები, რომლებიც მან ამა თუ იმ სახით შემოიერთა, ძირითადად მოიცავს წყნარი ოკეანის მცირე კუნძულების ჯგუფებს. მათი ტერიტორია და მოსახლეობა იმდენად მცირეა, რომ ქვეყნის გაფართოებაზე მათ ხარჯზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
ამავე დროს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღემდე შეერთებული შტატები მინიმუმ ოთხმოცჯერ ჩაერივნენ სხვა ქვეყნების საქმეებში ძალის გამოყენებით (ღია თუ ფარულის). ხშირად ამ ჩარევას ოკუპაცია მოსდევდა. ამ შემთხვევებიდან ორი - გერმანიისა და იაპონიის ოკუპაცია და აღმშენებლობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოადგენს უცხოური ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, გამართლებულ და დადებით მაგალითებს, ისევე როგორც მარშალის გეგმის განხორციელება. გარდა ზემოთ მოყვანილისა, იმ ოთხმოციდან, მხოლოდ ორ შემთხვევაში აშშ მოქმედებდა გაეროს რეზოლუციების საფუძველზე და რეალური დიდი საერთაშორისო კოალიციების ჩარჩოებში. ეს მოხდა 1950-53 წლების კორეის ომის და 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს (ამას შეიძლება დაემატოს, აგრეთვე, 1991-2003 წლის გაეროს სანქციები ერაყის წინააღმდეგ). ყველა დანარჩენ შემთხვევაში, იგივე ვიეტნამში 1965-72 წლებში, თუ ერაყში 2003 წლიდან, აშშ მოქმედებდა ყოველგვარი საერთაშორისო სანქციების გარეშე, მაქსიმუმ ნატოს მოკავშირეებთან ერთად (სერბიის დაბომბვა 1999 წელს).
ხშირად, განსაკუთრებით ლათინურ ამერიკაში, აშშ უწევდა დახმარებას ძალებს, რომლებიც რბილად რომ ითქვას, არადემოკრატიულები იყვნენ - თუგინდ იგივე ნიკარაგუასა და სალვადორში 1990-იან წლებში. ასეთი ჩარევები აშკარა იმპერიალისტურ ხასიათს ატარებს და მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი საზოგადოდ ძალიან დაბალია. იგივე ჰაიტიში გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული აშშ იმდენჯერ ჩაერია ადგილობრივი რეჟიმების გამოსაცვლელად, რომ სიტუაცია შესაძლებელია ანეკდოტურად გამოიყურებოდეს, მას ადგილობრივი მოსახლეობის რეალური ტანჯვა-წამება რომ არ მოსდევდეს.
პრინციპში, საქმე გვაქვს საკმაოდ პარადოქსულ სიტუაციასთან - მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფო ფაქტიურად ქმნის გლობალური განვითარების ახალ ტრენდებს დედამიწის ყველა კუთხეში თავისუფლების, დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის იდეების გავრცელების (ხშირად ძალისმიერის) ხარჯზე. ამავე დროს, ეს ქვეყანა არ ქმნის იმპერიული ხასიათის იერარქიულ სტრუქტურას უცხო ტერიტორიების მითვისებისა და მართვის ხარჯზე. პირიქით, ის ჯიუტად თავს არიდებს რაიმე სახის გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას, რომელთაც შეიძლება მოყვეს სწორედ იმ პრინციპების წარმატებული რეალიზაცია, რომლებიც ზემოთ იყო ჩამოთვლილი. ფაქტიურად აშშ-ს სურს ძირეული პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური ტრანსფორმაციების მოხდენა ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ აღარ სურს მათზე პასუხისმგებლობა საწყისი ეტაპის შემდეგ.
როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, ტრანსფორმაცია დაკავშირებული უცხოურ ჩარევასთან, დაფუძნებულია გრძელვადიანი პროექტების რეალიზაციაზე. ინგლისური ეკონომისტიც კი, რომელიც ძალზე ფრთხილ და კონსერვატულ ჟურნალად ითვლება, აღიარებს, რომ უბრალოდ სადმე დემოკრატიის დანერგვას ერთი თაობა და მეტი სჭირდება.101 ამავე დროს, მაშინაც კი, როდესაც აშშ თავის თავზე იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას დიდ დამოუკიდებელ ქვეყანაში ინტერვენციის დროს (ვიეტნამი, ერაყი), ლაპარაკი იქიდან წამოსვლაზე იწყება ლამის არია უფრო ადრე, ვიდრე რეალური სამხედრო ოპერაციები იწყება. თუმცა, ფაქტიურად ერთადერთი რეალურად წარმატებული შედეგი აშშ ჩარევისა სხვა ქვეყნის ტრანსფორმაციაში - სამხრეთი კორეა, წარმოადგენს სწორედ გრძელვადიანი იმპერიული პროექტის კლასიკურ მაგალითს. რომელიმე ქვეყანაში მდგრადი მშვიდობის, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული ინსტიტუტების დაფუძნება არ ხდება მოკლე წარმატებული ომისა, თუ დემოკრატიული რევოლუციის შედეგად - ეს მოითხოვს დიდ დროს, ფინანსებს, შრომასა და მოთმინებას. ამის უახლესი მაგალითებია ბოსნია, კოსოვო და სხვათა შორის, ჩრდილო ირლანდიაც. |
საჭიროა იმის სწორი წარმოდგენა, რომ იმპერია, როგორც ასეთი, წარმოადგენს მეტროპოლიაში არსებული შიგა სისტემური წინააღმდეგობების წარმატებული გადაჭრის შედეგს. ეს წინააღმდეგობები გამომდინარეობს ძირითადად მოსახლეობის მზარდი მოთხოვნოლებებისა და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობების შეუთავსებლობიდან. ზედაპირზე ეს წინააღმდეგობები მოგვევლინებიან ჭარბი მოსახლეობის, რესურსების (მ.შ. ტერიტორიის) ნაკლებობის, ადგილობრივი ბაზრების შეზღუდულობის და ა.შ. სახით.102 ამ წინააღმდეგობების დაძლევა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე მოითხოვდა მოსახლეობის მოთხოვნილებესა და რესურსებს შორის ახალი ბალანსის შექმნას დამატებითი ტერიტორიების (როგორც რესურსების წყაროს) შემოერთებისა და ექსპლუატაციის ხარჯზე.103
წარმატებული იმპერიული მშენებლობა ტრადიციულად მოითხოვდა როგორც მინიმუმ, შემდეგი აუცილებილი კომპონენტების არსებობას:
ა/მოსახლეობის ისეთი აქტიური შრის არსებობას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თავის ამბიციებს მეტროპოლიის ფარგლებში და თავს გარიყულად გრძნობს. ეს ხალხი მზად უნდა იყოს დატოვოს სამშობლო და ჩაებას გრძელვადიანი პროექტების რეალიზაციაში უცხო გარემოში; ხშირად ფაქტიურად კულტურული მისიონერების სახით (თუგინდ ცეცხლითა და მახვილით);
ბ/მეტროპოლიის მიერ მზადყოფნასა და შეგნებას, რომ ის ერევა სადმე იმისათვის, რომ იქ სამუდამოდ დარჩეს. როგორც ადამ სმიტი ამბობდა, „ყოველი იმპერია იღწვის უკვდავებისაკენ”;
გ/მეტროპოლიის მზადყოფნას განახორციელოს დაპყრობილი ტერიტორიების ტრანსფორმაცია, რაც განუყოფელია ეროვნულ, სახელმწიფოს მშენებლობისაგან (nation, state building). ეს კი ფაქტიურად იმპერიის ძირითადი ფუნქციაა;
დ/იმპერიის, როგორც იერარქიული სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც მთელი ძალაუფლება ცენტრშია თავმოყრილი და ეს ფაქტი ნებისმიერ კოლონიებს, კლიენტ-სახელმწიფოებსა და ა.შ. კარგად უნდა ჰქონდეთ გათავისებული.
ყველა ეს კომპონენტი წარმოდგენილი იყო ნებისმიერ წარმატებულ იმპერიაში, მაგრამ აშკარა წინააღმდეგობაშია აშშ-ს რეალობასთან.
პირველი - აქ ნამდვილად არ არსებობს წინააღმდეგობა მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობებს შორის.
აშშ-ს ტერიტორია, სანაპიროების გარდა, შედარებით ნაკლებად ათვისებულია და ისეთი დიდი ტერიტორიის შტატები როგორიცაა მაგალითად, მონტანა თუ ორეგონი, ფაქტიურად ცარიელია. აშშ-ს გეოგრაფიული მდებარეობა ახლოსაა იდეალურთან, ხოლო მისი საზღვრების არც ერთი კილომეტრი (ძალიან ჰიპოთეზურად ბერინგის სრუტის გარდა) არ არის საშიში. |
მეორე - არ არსებობს რესურსების დეფიციტი, ერთი გამონაკლისის გარდა — ეს ნავთობია, რომლის დაახლოებით ნახევარი გარედან შემოაქვთ. მაგრამ ამ დეფიციტის უდიდესი ნაწილი ხელოვნურადაა შექმნილი საავტომობილო და ნავთობის კომპანიების მიერ და ფედერალური ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის გატარების შედეგად ადვილად შეიძლება მინიმუმზე დავიდეს.104
მესამე - ადგილობრივ მოსახლეობას ნამდვილად არა გააჩნია აუცილებლობა გაიუმჯობესოს სასიცოცხლო პირობები ემიგრაციის ხარჯზე. მხოლოდ მისი ძალიან მცირე ნაწილი ტოვებს ქვეყანას დიპლომატიურ მისიებში, სამხედრო ნაწილებსა თუ ამერიკული ფირმების საზღვარგარეთის ფილიალებში დროებით დასასაქმებლად. პირიქით, აშშ ყველაზე მიმზიდველი დანიშნულების ადგილია მთელი მსოფლიოს მიგრანტებისათვის. ის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მიგრანტები სამუშაო ძალის ერთ მეათედზე მეტს შეადგენენ.
მეოთხე - ქვეყანა ისეა მორგებული ოთხწლიან საარჩევნო ციკლზე, რომ მთელი გადაწყვეტილების მიმღები მექანიზმები ამ დროის ინტერვალში ფუნქციონირებენ და ნებისმიერი ადმინისტრაცია თავს არიდებს გრძელვადიან პროექტებზე პასუხისმგებლობის აღებას, თუ ისინი ქვეყნის გარეთ უნდა განხორციელდეს.
მეხუთე - აშშ იმდენად ძლიერია და ეფექტურია, რომ ახერხებს ტრადიციული იმპერიების წინაშე მდგომი ყველა სტრატეგიული ამოცანის წარმატებით გადაჭრას ე.წ. რბილი ძალის (soft power) გამოყენებით - პოლიტიკური, ეკონომიკური ბერკეტები, ძალის გამოყენების მუქარა და ა.შ.
ყველაზე მთავარი წინააღმდეგობა კი ისაა, რომ იმპერიალიზმი და დემოკრატია პრინციპულად შეუთავსებელი კატეგორიებია. პირველი გულისხმობს იერარქიასა და დამორჩილებას, მეორე - თანასწორობასა და არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელება იმპერიის მშენებლობის ხარჯზე ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს. ნაკლებად მოიძებნება ხალხი, ვინც დღევანდელ მსოფლიოში ასეთი თამაშის წესებს წინააღმდეგობის გარეშე დათანხმდება.
ბოლოს, კლასიკური იმპერიული და თანამედროვე ამერიკული საზოგადოების ორგანიზაციის მოდელები სისტემურად შეუთავსებელია. ამერიკელებისათვის იმპერიის შესაძლებლობის აღიარება ნიშნავს იმ ფუძემდებელ პრინციპზე უარის თქმას, რომელიც მათ ფაქტიურად აქცევს ამერიკელებად - თავისუფლების კონსტიტუციურ რწმენაზე. ბოლოს და ბოლოს ამერიკელები პირველი შეგნებული ანტიიმპერიალისტები იყვნენ და ამ ანტიიმპერიალისტურმა რწმენამ ააშენებინა მათ ბრიტანული იმპერიისაგან დამოუკიდებელი ქვეყანა.
ყველაფერი ჩამოთვლილი იმის მაჩვენებელია, რომ აშშ-ს ამა თუ იმ სახით ტრანსფორმაცია ტრადიციულ იმპერიად პრინციპულად არარეალურია. მას შესაძლებელია გაუჩნდეს იმპერიის სისტემური მახასიათებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავის ამოსავალ პრინციპებზე ხელს აიღებს. ამავე დროს ეს არ გამორიცხავს მის მიერ აქტიური იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას. ფაქტიურად, აშშ-ს უნიკალურობა, რომელიც მკვეთრად განასხვავებს მას მსოფლიოს სხვა წარმატებული ქვეყნებისაგან ისაა, რომ მას შეუძლია გაატაროს იმპერიალისტური პოლიტიკა იმპერიად გადაქცევის გარეშე.
როგორც ჩანს, აშშ-მა თავისი განვითარების პროცესში უკვე გაუსწრო ტრადიციული იმპერიული სისტემური ორგანიზაციის მოდელს. რარიგ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს - კოლონიური იმპერიების შექმნა, განსაკუთრების „ოკეანეს გადაღმა“ (overseas) ტერიტორიების დიდი მასივების დაპყრობა მეტყველებს მეტროპოლიების სისუსტეზე და არა მათ სიძლიერეზე. ეს ხდება, პირველ რიგში, იმიტომ, რომ დამპყრობელს, ჯერ ეს ერთი, არ გააჩნია საშუალება მოიპოვოს საიმედო ინფორმაცია მისთვის საჭირო რესურსების შესახებ, მეორე - არ გააჩნია მართვის ინსტრუმენტები ამ რესურსების ასათვისებლად უცხო ტერიტორიაზე უშუალო სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის დამყარების გარეშე, მესამე - არ გააჩნია ინსტრუმენტები ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე ეფექტური გავლენის მოსახდენათ საკუთარი ინტერესების მიღწევის მიზნით.
როგორც ზევით იყო ნაჩვენები, აშშ-ს დღესდღეობით ეს პრობლემები არ გააჩნია. ის აღწევს პრაქტიკულად ნებისმიერ დასახულ მიზანს ქვეყნის გარეთ საკუთარი ინტერესების გატარების პროცესში, ძირითადად რბილ ძალაზე (soft power) დაყრდნობით. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის ინიციირება ამ პროცესისათვის მდგრადი, გრძელვადიანი სახის მიცემის გარეშე ის მაქსიმუმია, რომელზეც ქვეყანა თანახმაა წავიდეს საკუთარი ინტერებიდან გამომდინარე. ასეთი მიდგომა, როგორც ჩანს, აკმაყოფილებს ამერიკელი ამომრჩევლების ინტერესს ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელების მიმართ. ეს შედარებით იაფია, მოითხოვს რეალური ადამიანური თუ მატერიალური რესურსების მინიმალურ დანახარჯებს, იძლევა ხილულ შედეგებს მოკლე დროში. გარდა ამისა, ის მკვეთრად ამცირებს უშუალო აშშ-ის პასუხისმგებლობას მათ მიერვე ინიციირებულ პროცესებზე.105
გრძელვადიან ტრადიციულ იმპერიულ პროექტებში ჩაბმა აშშ-სთვის არა მარტო უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, არამედ მისი დასუსტების მაჩვენებელიც. რასაკვირველია, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როგორებიცაა, მაგალითად, არშემდგარი სახელმწიფოების გარდაქმნა და მოდერნიზაცია, როდესაც გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პროექტების რეალიზაცია უბრალოდ გარდაუვალია და აუცილებელი (მაგალითად, ავღანეთი). მაგრამ ასეთი პროექტების რეალიზაცია უნდა ეტყობა ფართო საერთაშორისო თანამშრომლობას ეფუძნებოდეს. მცდელობა იმისა, რომ ეს ძირითადად აშშ-ს ხელით მოხდეს, უფრო წააგავს იმას, რომ ეს ქვეყანა სხვის გამო ცეცხლში ჩავარდეს, რაც მის ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება. |
იმავდროულად ამერიკის შეერთებული შტატები და მათთან ერთად მსოფლიო დღეს დილემის წინაშე დგას.
ერთი მხრივ, აშშ-ს სწორედ აქვს გააზრებული თავისი ისტორიული მისია და გააჩნია საშუალება მისი რეალიზაციისა გლობალურ მასშტაბით. დღევანდელ მსოფლიოში საჭიროა რეალური მაორგანიზებელი ძალა, რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს ისეთი პროცესების ორგანიზაცია და მართვა, რომლებიც საბოლოო ჯამში სიკეთის მომტანია მთელი მსოფლიოსათვის (მასობრივი მოსპობის იარაღის გავრცელებასთან ბრძოლა, გარიყული რეჟიმების ალაგმვა, საერთაშორისო ვაჭრობა და ა.შ.). ერთადერთი ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია დღეს - შეერთებული შტატებია.106 ფაქტიურად, აშშ თავის თავზე იღებს „მსოფლიო პოლიციელის“ როლს, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უმეტესობა მას სიამოვნებით უთმობს. მიუხედავად ამის აშკარა საჭიროებისა, ეს ამერიკას პოპულარობას მსოფლიოში ნამდვილად არ მატებს. ანტიამერიკული ტენდენციები, რომელიც ყოველთვის ასე თუ ისე არსებობდა (დიდები და წარმატებულები საზოგადოდ ნაკლებად პოპულარულები არიან), უკანასკნელ წლებში აშშ-ს უახლოეს მოკავშირეებსა და მეგობრებზეც კი გავრცელდა.107
მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღარ არსებობს ძალა, რომელსაც შესწევს უნარი საჭიროების შემთხვევაში თვით აშშ-ს ამბიციები შეზღუდოს. ევროპა, რომელსაც პრინციპში შეუძლია ამის გაკეთება, პოლიტიკურად იმდენად დაყოფილია, რომ ვერც სრულფასოვან პარტნიორად, ვერც ოპონენტად აშშ-ს ვერ გამოადგება. ჩინეთი, რომელიც პერსპექტივაში შესაძლებელია გახდეს ამერიკის კონკურენტი საერთაშორისო ასპარეზზე, დღესდღეობით ამ როლისათვის აშკარად მზად არ არის.
შედეგად, აშშ ხშირად ზოგჯერ მოქმედებს არა იმიტომ, რომ ამის ობიექტური, გამართლებული მოთხოვნილება არსებობს, არამედ იმიტომ, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. ასეთი მოქმედების კლასიკური მაგალითია 2003 წლის ერაყის ინტერვენცია.
გასაგებია, რომ სადამ ჰუსეინი იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ტირანი, რომლის არსებობა დამოუკიდებელი ქვეყნის სათავეში საერთაშორისო საზოგადოებისათვის ნაკლებად მოსათმენი იყო. ამავე დროს ის იყო ერთ-ერთი იმ საკმაოდ მრავალრიცხოვან ტირანებს შორის, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში არსებობენ. უიშვიათესი გამონაკლისის გარდა (დიდი ბრიტანეთი), მსოფლიოს ყველა წამყვანი სახელმწიფო, აშშ-ს უახლოესი მოკავშირეების ჩათვლით, აგრეთვე, გაერო, როგორც ასეთი, წინააღმდეგი იყო ამ ნაბიჯისა.
ამერიკა მაინც შეიჭრა ერაყში ყველა აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებისა და ნორმის გვერდის ავლით. საბაბი, რომელიც მან გამოიყენა ამის გასამართლებლად -ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არსებობა და მისი კავშირი ალქაედასთან, ყველასათვის ნაკლებად სარწმუნო და მისაღები იყო. ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის სიყალბე 2005 წლის დასაწყისში ოფიციალურად თვით აშშ-მა აღიარა.
ერაყის ინტერვენციის რეალური მიზეზი - კონტროლი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნავთობის საბადოებზე, კარგად ახსნა თომას ფრიდმანმა ჯერ კიდევ 2003 წლის დასაწყისში „ნიუიორკ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.108 ერაყის ოკუპაციის ისტორია ამ შეხედულებას სულ უფრო სარწმუნოს ხდის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არსებობს ერთი ნაკლებად გახმაურებული ფაქტი - ერაყის ფორმალურად არჩეული ახალი ხელისუფლების კონტროლი ნავთობის სექტორზე არ ვრცელდება. |
2006 წლის გაზაფხულზე, ერაყის ომის სამი წლის თავზე ჯერ კიდევ ნაკლებად გასაგები იყო, თუ რეალურად რისი მიღწევა სურდათ შეერთებულ შტატებს ამ ქვეყანაში. გასაგებია, რომ ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა ამ ქვეყანაში, მით უმეტეს, მოკლევადიან პერსპექტივაში, არარეალურია. მაქსიმუმ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია აქ დღევანდელ ეტაპზე - თავიდან იქნეს არიდებული ქვეყნის განვითარება ირანის სცენარით და შეიქმნას მდგრადი, შედარებით ადამიანური სახელმწიფო სისტემა, რომელიც ფორმალურად მაინც აღიარებს დემოკრატიის პრინციპებს და აშშ-ს მოკავშირეობას გაუწევს. ე.ი. ქვეყანამ უნდა გაიაროს ის გზა, რომელიც არაბული ქვეყნების დიდმა უმეტესობამ უკვე გაიარა მინიმალური პოზიტიური შედეგებით.
ეს კი თავის მხრივ ბადებს კითხვას - საჭირო კი იყო ამისათვის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია და გრძელვადიანი ოკუპაცია თანმხლები ნეგატიური შედეგებით (როგორც ერაყისათვის, ასევე თვით შეერთებული შტატებისთვისაც)? უფრო მეტიც - აშშ-მა არ გამოიყენა მისთვის უფრო ჩვეული და წარმატებული “რბილი ძალა” ერაყის შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს ძალა ამ კონკრეტული სიტუაციის მოგვარებას ვერ გასწვდა, თუ ეს პრეზიდენტ ჯ.ბუშის ადმინისტრაციამ მიზანდასახულად არ გააკეთა?
როგორიც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, აშშ აღმოჩნდა სიტუაციაში, რომელიც თვით ამერიკელებმა ზედმიწევით სწორედ აღწერეს ცნობილი გამოთქმით - violence is the last refuge of incompetent (ძალადობა უუნაროს უკანასკნელი თავშესაფარია).
ითვლება, რომ ერაყის კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიტიური შედეგი ისაა, რომ მან უშუალოდ აშშ-ს ჩამოაცილა საერთაშორისო ტერორისტების ყურადღება. ამ ხალხს ურჩევნიათ უშუალოდ ერაყში ებრძოლონ „დასავლელ აგრესორებს“, რასაც მათთვის მეტი პრესტიჟი და პოპულარობა მოაქვს. ამავე დროს, აქ მათ გააჩნიათ უნიკალური საშუალება რეალურ საბრძოლო პირობებში გაწვრთნან დიდი რაოდენობით ახალი მებრძოლი, რომელთა ინსტრუქტორებად ამერიკელი სამხედროები გამოდიან. საბოლოო ჯამში, ყველა ეს ტერორისტი ისევ აშშ-სა და მის მოკავშირეებს შეებრძოლება, მხოლოდ უფრო ეფექტურად და ინტენსიურად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
ჩინური გაზეთი „ჩაინა ნიუსი“ წერდა 2005 წლის დასაწყისში - „ის, რომ შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, რომელსაც უნარი შესწევს მოახდინოს გავლენა მოვლენათა განვითარებაზე თავისი სამხედრო ძალის მეშვეობით, რასაკვირველია სინამდვილეს შეესაბამება... სხვა დიდი სახელმწიფოები არ ეწინააღმდეგებიან იმას, რომ აშშ-მა უაზროდ ღვარონ სისხლი და გაფლანგონ თავისი ეროვნული სიმდიდრე ახლო აღმოსავლეთში ისეთი ერთობის შესაქმნელად, რომელიც წააგავს ბრიტანეთის გავლენის სფეროს, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ბედის ირონიით, აშშ-მა, გაიმარჯვა რა ცივ ომში, შეიარაღებაზე აიღო ის სტრატეგია, რომელმაც საბჭოთა კავშირი ამ ომში დამარცხებამდე მიიყვანა. აშშ - საბჭოთა კავშირის მსგავსად, იმედს იმაზე ამყარებდა, რომ უხეში სამხედრო ძალა საკმარისი იქნება, რათა დააშინოს მსოფლიო ასპარეზზე არსებული სხვა დიდი მოთამაშეები, რომელთაც აშინებთ ვაშინგტონის აგრესიულობა“.109 |
![]() |
5 თავი 3. ეკონომიკური განვითარება და მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია |
▲ზევით დაბრუნება |
3.1. გლობალიზაციის მეორე ეტაპის პრობლემატიკა ძირითადად დაიყვანება შემდეგ კითხვამდე - ვინ მართავს მსოფლიო ეკონომიკას და ვის ინტერესებში? ის, რომ პოლიტიკა და ძალაუფლება დღევანდელ მსოფლიოში დიდწილად ეკონომიკაზეა დამოკიდებული, საკმაოდ მარტივ ახსნას პოვებს - გავლენის ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენება წამყვანი გლობალური მოთამაშეებისათვის საბოლოო ჯამში უფრო ეფექტურია და მომგებიანი, ვიდრე ნებისმიერი სხვის. გარდა ამისა, ამ ქვეყნებს გარეთ არსებული რესურსების ექსპლუატაციაც ეკონომიკური მექანიზმების გამოყენებით, უფრო მომგებიანია, ვიდრე ტერიტორიის უშუალო ოკუპაციაზე დაფუძნებული. ასეთი მიდგომა, აგრეთვე, საშუალებას აძლევს მსოფლიოს წამყვან მთავრობებს დისტანცირება მოახდინონ ბევრი უსიამოვნო პროცესებისგან, რომლებიც დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარეობს.110
კოლონიურ სისტემაზე აგებული რესურსების ექსპლუატაცია (და ეს მეოცე საუკუნის კოლონიური სისტემების ისტორიამ გვიჩვენა) ადრე თუ გვიან ქმნის სიტუაციას, როდესაც მასთან დაკავშირებული ნეგატიური ფაქტორების ფასი (მ.შ. ამ ტერიტორიების უსაფრთხოების, ეკონომიკური, სოციალური, მართვის სისტემების ორგანიზაცია და უზრუნველყოფა, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის დაძლევა და ა.შ.) უფრო მაღალი ხდება, ვიდრე ამ ტერიტორიებიდან მიღებული უშუალო მოგება.
ამავე დროს, გლობალიზაციის ამ ეტაპზე მსოფლიო აღმოჩნდა გაყოფილი ორ ფრიად განსხვავებულ ნაწილად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით - ძირითადად ყოფილი წამყვანი კოლონიური სახელმწიფოები, მათი უშუალო გამონაყოფები და მეზობლები, რომლებიც განიხილებიან როგორც განვითარებული სახელმწიფოები და მთელი დანარჩენი მსოფლიო.
განვითარებულად აღიარებულია ის სახელმწიფოები, რომლებმაც (ისტორიულად ან განვითარების დღევანდელ ეტაპზე), მიაღწიეს ინდუსტრიალიზაციის მაღალ დონეს, გააჩნიათ მოსახლეობის ცხოვრების იმდენად მაღალი სტანდარტი, რამდენის მიღწევაც შესაძლებელია არსებული სიმდიდრისა და ტექნოლოგიების პირობებში. არსებობს ძლიერი კორელაცია ამ სტატუსსა და ამ ქვეყნებში არსებულ მყარ, განვითარებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის. ამის სინონიმებია - ინდუსტრიული სახელმწიფოები, ეკონომიკურად უფრო განვითარებული სახელმწიფოები. დღეს, აგრეთვე იხმარება ტერმინები, რომლებიც დაფუძნებულია მსოფლიოს დაყოფაზე ამ ქვეყნებთან მიმართებაში - პირველი მსოფლიო/ მესამე მსოფლიო, ჩრდილოეთი/სამხრეთი.
სხვადასხვა ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნებს მიაკუთვნებენ განვითარებულებს, ამიტომ მათი რაოდენობა იცვლება, დამოკიდებულად იმაზე, თუ ვის ინფორმაციას ვიყენებთ. მაგრამ არსებობს 24 ქვეყანა, რომლებიც ნებისმიერ კლასიფიკაციაში ხვდება. ესენია - ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, ისრაელი. იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდი მათ უმატებს სინგაპურს, ტაივანს, ჰონკონგს და სამხრეთ კორეას.
ეს 24 ქვეყანა ფაქტიურად წარმოადგენს მსოფლიოს მაღალშემოსავლიან ქვეყნებს, მინუს ისრაელი, პლუს სამხრეთი კორეა. საერთო ჯამში ასეთი ქვეყნების რაოდენობა შეიძლება 34-ს აღწევდეს.111
|
განვითარებული ქვეყნების უპირატესობა დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართ, ისაა, რომ ისინი ვითარდებიან მომუშავე, ეფექტური, საბაზრო ეკონომიკური სისტემის ფარგლებში. ეს სისტემა საკუთარ ხარვეზებს შეიცავს, მაგრამ თავისი აშკარა ეფექტურობა დაამტკიცა ე.წ. სოციალისტურ ეკონომიკურ სისტემასთან ჭიდილში. გლობალიზაციის ერთ-ერთი წამყვანი ასპექტი ისაა, თუ რამდენად წარმატებით შეძლებს დანარჩენი მსოფლიო შეუერთდეს საბაზრო ეკონომიკურ სისტემას - თავისი ნება-სურვილისა და/ან განვითარებული ქვეყნების წაქეზებით (ზოგჯერ დაძალებით).
ფაქტიურად, 1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან (ე.ი. მსოფლიო კოლონიური სისტემის დაშლის ყველაზე აქტიური სტადიიდან მოყოლებული) მდიდარი ქვეყნები მანტრასავით უმეორებენ ღარიბებს - „აკეთე როგორც ჩვენ, აკეთე ჩვენთან ერთად, აკეთე ჩვენზე უკეთ“.
ზოგადად საკითხი შემდეგნაირად დგას - გინდა შეუერთდე გლობალურ ეკონომიკას, გინდა მდიდარი და სტაბილური გახდე? - გაატარე საბაზრო რეფორმები იმ მოდელითა და პირობებით, რომლებთაც ჩვენ გთავაზობთ.
ფაქტიურად ამ თეზისის საწინააღმდეგოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის საკმაოდ ინტენსიურ პროცესს მოჰყვა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ და ყველაზე ღარიბ ქვეყნების შემოსავლების მკვეთრი რღვევა - თუ 1960 წელს მსოფლიოს მოსახლეობის 20%, რომელიც ყველაზე მდიდარ ქვეყნებში ცხოვრობდა იღებდა 30-ჯერ მეტ შემოსავალს, ვიდრე ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები იგივე 20%, 1990 წლისათვის ეს სხვაობა 60-მდე, ხოლო 1997 წლისათვის 74-მდე (სიც!) გაიზარდა.112
სხვა მონაცემები ამ რღვევას უფრო თვალში საცემს ხდის. მაგალითად, 2002 წელს მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 5%-ს შემოსავალი აღემატებოდა ყველაზე ღარიბი 5%-ს შემოსავალს 114-ჯერ. ყველაზე მდიდარი 1% იღებდა იმდენ შემოსავალს, რამდენსაც იღებდა უღარიბესი 57%. ხოლო 2 მილიონი ყველაზე მდიდარი ამერიკელების შემოსავალი უდრიდა მსოფლიოს 2 მილიარდი ყველაზე ღარიბი მოსახლის შემოსავალს. მეტიც - მაგალითად, 1920 წელს დასავლეთი ევროპის ერთი მოსახლის საშუალო შემოსავალი აღემატებოდა აფრიკელისას 2.9-ჯერ, ხოლო 1992 წელს კი 13.2-ჯერ.113
ე.ი. კოლონიური უღლისაგან გათავისუფლებამ, განვითარების საბაზრო მოდელზე გადასვლამ, მრავალგზის ოპტიმისტურმა რეფორმირებამ საგრძნობი დადებითი შედეგი ჯერჯერობით ქვეყნების მხოლოდ შედარებით შეზღუდული ჯგუფისათვის გამოიღო.
მეოცე საუკუნეში, მხოლოდ ოთხი სახელმწიფო - იაპონია, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია საბოლოოდ იქნენ აღიარებული როგორც განვითარებული სახელმწიფოები. თან არც ერთი ამ სახელმწიფოს განვითარება ამ სტატუსამდე არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიმდინარე გლობალური ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების ფარგლებში. კიდევ ორი ქვეყანა, სამხრეთი კორეა და ტაივანი, ახლოს არიან ამ ზღურბლის გადასალახავად, მაგრამ ფორმალურად მაინც ამას ვერ ახერხებენ.114
მსოფლიოს ასი ქვეყანა დღეს ფორმალური ეკონომიკური მონაცემებით უარესად ცხოვრობს, ვიდრე კოლონიალიზმის დროს. ბევრი მათგანის ცხოვრების დონე 30 და მეტი პროცენტით დაეცა. დღესაც ყველაზე მდიდარ სახელმწიფოების წილზე მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 80%-ზე მეტი მოდის.
ბევრის მიერ ეს განიხილება როგორც გლობალიზაციის პროცესის ჩავარდნა. მათი წარმოდგენით, გლობალიზაცია, გაგებული როგორც მსოფლიო ბაზარში ინტეგრაციის პროცესი, მინიმუმ არადემოკრატიულია, ემსახურება ვიწრო კორპორატიულ ინტერესებს, სჯის ღარიბ ქვეყნებს, და საზოგადოდ, ღარიბ მოსახლეობას. უფრო პრაგმატულები პირიქით თვლიან, რომ საბოლოო ჯამში საბაზრო რეფორმები გადაფარავენ იმ უსიამოვნებას, რომელიც მათ საწყის ეტაპზე ღარიბებისათვის მოაქვთ, მაგრამ მათი მექანიზმების პოტენციალი დღესდღეობით ნაკლებადაა ათვისებული.
მთლიანობაში, გლობალურ საბაზრო სისტემაში მსოფლიო ყველა ქვეყნის ინტეგრაციის პოზიტიურ შედეგებზე დაფუძნებული მოლოდინი გადაჭარბებული იყო, როგორც ამ პროცესის ინიციატორი ჩრდილოეთის, აგრეთვე სამხრეთის ქვეყნების მხრიდან. არსებობს საკმაოდ მარტივი ბუნებრივი სისტემების არათანაბარი განვითარების კანონი, რომელიც ამბობს, რომ იერარქიის ერთი და იმავე დონის სისტემები საზოგადოდ სინქრონულად არ ვითარდებიან: იმ დროს როდესაც მათი ნაწილი აღწევს განვითარების უფრო მაღალ დონეს, სხვები განვითარების უფრო დაბალ დონეზე რჩებიან. აბსოლუტური „ერთფეროვნება“ უბრალოდ შეუძლებელია. ამ კანონის სრულიად გამართლებულად მიყენება შეიძლება სოციალურ სისტემებთანაც.
მაქსიმუმ, რისი მიღწევაც შეიძლება ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესში, არის შემოსავლების საშუალო დონის ზრდა როგორც გლობალურ დონეზე, აგრეთვე ცალკე აღებულ ნებისმიერ ქვეყანაში, რაც, საბოლოო ჯამში, მოიტანს სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობას, მინიმუმამდე დასწევს სიღარიბეს.
ე.ი. ფაქტიურად, ლაპარაკია დაახლოებით ისეთსავე ტიპის პროცესზე, რაც მოხდა ჯერ შეერთებულ შტატებში რუზველტის რეფორმების შედეგად, ხოლო შემდეგ დასავლეთ ევროპასა და იაპონიაში. უნდა შეიქმნას ქვეყნების მძლავრი „საშუალო ფენა“, რომელიც მათ უმეტესობას მოიცავს, ხოლო დარჩენილი შედარებით ღარიბები ჯერ ეს ერთი უმნიშვნელო უმცირესობას უნდა წარმოადგენდნენ, მეორედაც, მათი საშუალო ცხოვრების დონე უნდა საგრძნობლად აღემატებოდეს დღევანდელს.115
3.2. ის, რომ ზემოთ აღწერილი მიდგომა ეკონომიკური გლობალიზაციის მიმართ დღეს მაინცდამაინც არ მუშაობს, რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული, რომელთაგანაც წამყვანი ისევდაისევ პოლიტიკურია. არსებობს ფართოდ გავრცელებული გაუგებრობა იმის შესახებ, რომ განვითარებული ქვეყნები ვალდებულები არიან მოახდინონ საკუთარი განვითარების გადატანა (ტრანსფერი) განვითარებად მსოფლიოში, დახმარება გაუწიონ იქ მიმდინარე რეფორმებს და პასუხიც კი აგონ ამ რეფორმების წარმატებაზე. ბევრისათვის ეს მორალური იმპერატივის დონეზეა აყვანილი (ცნობილი „თეთრი ადამიანის ტვირთის“ იდეა). ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მთავრობა მოყოლილია საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების (განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორის) წნეხის ქვეშ, რომლებიც თვლიან, რომ განვითარებული ქვეყნები პასუხს აგებენ განვითარებულების წინაშე, მათი სიღატაკისა და ჩამორჩენის თაობაზე.
რასაკვირველია ზემოთ მოყვანილი მოსაზრებები განსაზღვრულ გამოხმაურებას პოულობენ ოფიციალურ პოლიტიკურ დოკუმენტებსა და დახმარების პროგრამებში. სინამდვილეში კი ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა მოქმედებს განვითარებად მსოფლიოში ძირითადად საკუთარი ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც მოითხოვენ მისგან -
ა/შეუქმნას ხელშემწყობი გარემო საკუთარ ბიზნესს უკვე არსებული ბაზრების ფარგლებში წარმატებული საქმიანობისათვის, დაეხმაროს მას ახალი ბაზრების შექმნასა და მათში შესაღწევად და
ბ/უზრუნველყოს პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა იმ ქვეყნებში/რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია
ა/ ამოცანის გადასაჭრელად.
გლობალური ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის დასაწყისში მაინც, როგორც „კაპიტალისტური“, ასევე „სოციალისტური“ ბლოკის ქვეყნები უბრალოდ ცდილობდნენ ერთმანეთისათვის დაესწროთ ყოფილი კოლონიებისათვის ეკონომიკური დახმარების გაწევა იმის შიშით, რომ ეს მოწინააღმდეგეს არ გაეკეთებინა. ასეთი დახმარების მიმღები ქვეყნების რეალური ინტერესები, მათი შესაძლებლობები გაეტარებინათ შეთავაზებული რეფორმები, ბოლოს საკუთრივ ეკონომიკური განვითარების კონკრეტული მოდელების ავკარგიანობა უბრალოდ განსჯის საგანი არ იყო. ორივე ბლოკი იღვწოდა საკუთარი ინტერესების დასაცავად, ხოლო განვითარებადი ქვეყნები ამ „თამაშში” დამხმარე როლებს ასრულებდნენ.
საწყის ეტაპზე ასეთი მოდგომაც კი საკმაოდ ეფექტური გამოდგა. იქამდე, სანამ დადგებოდა რეალური სტრუქტურული რეფორმებისა და ინსტიტუციური ცვლილებების ეტაპი, წმინდა ტექნიკური ღონისძიებებიც კი ხილულ დადებით შედეგებს იძლეოდა (მაგალითად, იგივე „მწვანე რევოლუცია“ სოფლის მეურნეობაში). 1970-იანი წლების მეორე ნახევრამდე სამრეწველო წარმოების ზრდის ტემპი მთლიანად განვითარებად ქვეყნებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე მთლიანად კაპიტალისტურ ქვეყნებში. ამასთანავე ბევრ განვითარებად ქვეყანაში იზრდებოდა შემოსავალი ერთ მოსახლეზეც.
1970-იან წლებში, 1980-იანი წლების დასაწყისში, ერთმანეთს დაემთხვა რიგი ფაქტორებისა, რომლებმაც, საბოლოო ჯამში ეს ტენდენცია შეაბრუნეს და განვითარებად ქვეყნებში მთლიანად ერთ მოსახლეზე მშპ-ს 10%-იანი ვარდნა გამოიწვიეს.
პირველი ფაქტორი, რომელსაც საზოგადოდ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ისაა, რომ საბჭოთა კავშირს ამ დროისათვის აღარ შესწევდა უნარი ეკონომიკური კონკურენცია გაეწია დასავლეთისათვის განვითარებად ქვეყნებში. შედეგად ამ უკანასკნელებს უბრალოდ მოესპოთ განვითარების ალტერნატივა და ისინი, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, დასავლური ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის გავლენის სფეროში აღმოჩნდნენ.
მეორე, ნავთობის ფასების ორი (1973 და 1979 წლების) მსოფლიო კრიზისის შედეგების დაძლევა განვითარებადი ქვეყნებისათვის შეუძლებელი გახდა ძირფესვიანი რეფორმების გარეშე, რომლებიც ე.წ. სტრუქტურული გარდაქმნების პოლიტიკის ფარგლებში განვითარდა. ეს პოლიტიკა ძირითადად მოითხოვდა განვითარებადი ქვეყნებიდან გაეტარებინათ ბაზარზე ორიენტირებული სტრატეგიები, რომელიც ეფუძნებოდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის მკვეთრ შეზღუდვას და მათ გახსნას დასავლური ინვესტიციებისადმი. ეკონომიკა ეფუძნებოდა ექსპორტს, ამ ქვეყნებში დაგროვებული ვალების გასასტუმრებლად საჭირო თანხების მოსაზიდად. გარდა ამისა, ასეთი გარდაქმნები მოითხოვდნენ სახელმწიფო ფინანსების მკაცრ ეკონომიას, რაც შემთხვევათა უმეტესობაში ისედაც სუსტ ადგილობრივ სოციალურ პროგრამებს უბრალოდ ძირს უთხრიდა.
ამას დაემატა „მცურავი“ (floating) საბანკო პროცენტები, რამაც მკვეთრად გაზარდა ამ ქვეყნების ვალები, გამოიწვია ნედლეულზე ფასების მკვეთრი დაცემა, ვაჭრობის პირობების გაუარესება, როდესაც განვითარებული ქვეყნები მიმართავდნენ პროტექციონისტურ პოლიტიკას, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ განვითარებადი ქვეყნების მცდელობას მათთვის მიებაძათ.
რამდენიმე საინტერესო ფაქტი.
განვითარებადი ქვეყნების ექსპორტი განვითარებულ ქვეყნებში, ძირითადად „პიკურ ტარიფს“ (15% და მეტი) ექვემდებარება. მაგალითად, ბანგლადეში ყოველწლიურად აწვდის აშშ-ს 2.4 მილიარდი დოლარის პროდუქციას და იხდის 14% ტარიფს, ხოლო საფრანგეთი აწვდის 30 მილიარდზე მეტ პროდუქციას და იხდის 1% ტარიფს.
ევროკავშირის წლიური სუბსიდია ერთ ძროხაზე რძის წარმოებაში 913 დოლარია, იმ დროს როდესაც სუბ-საჰარის აფრიკაში ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 490 დოლარია, ხოლო იგივე ევროკავშირის დახმარება ერთი აფრიკელისათვის 8 დოლარია. იაპონიის შემთხვევაში ერთ ძროხაზე სუბსიდია 2 700 დოლარია (!), ხოლო ერთ აფრიკელზე დახმარება 1.5 დოლარი.116 მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოლ ვულფოვიცის 2005 წლის დეკემბრის მონაცემებით, მდიდარი ქვეყნები თავიანთ ფერმერებს სუბსიდიების სახით ყოველწლიურად უხდიან 280 მილიარდ ამერიკულ დოლარს. აქედან ევროგაერთიანებაზე მოდის თითქმის ნახევარი - 133 მილიარდი, ხოლო იაპონიასა და აშშ-ზე 49 და 47 მილიარდი, შესაბამისად. ვულფოვიცის აზრით, ეს ნიშნავს, რომ აშშ და ევროგაერთიანება ყოველ ერთ დოლარ დახმარებაზე ხარჯავენ 3 დოლარს საკუთარი ფერმერების სუბსიდიებზე, იაპონია - 5 დოლარს.117
ლაპარაკი და ფორმალური მოლაპარაკებები მსოფლიოში სავაჭრო-ეკონომიკური გაცვლების სრული ლიბერალიზაციის შესახებ ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ათწლეულები მიმდინარეობს. მათ შედარებით ნაკლები ისეთი ხილული შედეგი მოჰყვა, რომელიც საშუალებას მისცემდა განვითარებად ქვეყნებს განვითარებულებთან გათანაბრებული პირობებით ემოქმედათ გლობალურ ბაზრებზე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 2003 წლის კანკუნის (მექსიკა) შეხვედრა ამ საკითხებზე უბრალოდ ჩაიშალა. 2005 წლის ჰონკონგის 149 ქვეყნის მინისტრების შეხვედრის მთავარი შედეგი იმაში მდგომარეობდა, რომ ის ჩაშლას გადაურჩა. მისი უფრო კონკრეტული შედეგები კი, ისაა, რომ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს დაპირდნენ მათი პროდუქციის 97%-ს კვოთებისა და საბაჟო გადასახადების გარეშე დაშვებას მსოფლიო ბაზარზე 2008 წლისათვის, თუმცა რაიმე კონკრეტული საბუთი (ხელშეკრულება) ამის თაობაზე გაფორმებული არ ყოფილა. განვითარებად ქვეყნებს, აგრეთვე დაჰპირდნენ განვითარებული ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების თანდათანობით გაუქმებას. მაგრამ ამ შემთხვევაშიც რაიმე კონკრეტული საბუთი, რომელიც ამ დაპირებას ლეგალურ სარჩულს დაუდება, არ გაფორმებულა. ე.ი. მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც განვითარებადი ქვეყნები ფორმალურადაც კი ვერ გახდებიან განვითარებული ქვეყნების ტოლფასი კონკურენტები გლობალურ ბაზრებზე (თავი დავანებოთ იმას, რომ ისინი, უპირველესად ყოვლისა, ფაქტიურადაც ესეთები არ არიან). |
შედეგად განვითარებადი ქვეყნების უმეტესობამ ასეთ დაწოლას ვერ გაუძლო და 1990-იან წლებს ბევრად უარეს მდგომარეობაში შეხვდა, ვიდრე იგივე 1970-იანი წლების დასაწყისში იყო.
მესამე - იმ შემთხვევაში, როდესაც განვითარებადი ქვეყნები უერთდებიან მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, მათზე ავტომატურად იწყებს მოქმედებას ამ ბაზრისათვის დამახასიათებელი იგივე ციკლური ეკონომიკური კრიზისები და მათი თანმხლები რეცესიები და ფინანსური „შოკები”. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს, რაოდენ წარმატებულ და სწორ საბაზრო პოლიტიკას ატარებდნენ ესა თუ ის ქვეყნები - ისინი აწყდებიან ბაზრის “ჩავარდნის” კლასიკურ გამოვლინებას, რომელსაც ამ შემთხვევაში ასიმეტრული ხასიათი აქვს.118 განვითარებად საბაზრო მეურნეობებს უბრალოდ ნაკლები საშუალება აქვთ გადაიტანონ ესა თუ ის გლობალური ფინანსური კრიზისი, ვიდრე მდიდარ ქვეყნებს (იხილეთ, აღმოსავლეთი აზიის 1997 წლის კრიზისი). აქ ასეთი კრიზისის გამოწვევა უბრალოდ კერძო კომპანიებისა თუ ცალკეული პირების სპეკულაციური მოქმედებითაა შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში ამ ქვეყნებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ საშინაო ვალების აღებისა, რადგანაც მათი საკუთარი ფინანსური ბაზრები საკმაოდ შეზღუდულია. ისინი მეტად არიან დამოკიდებული უცხოურ ვალუტაში აღებულ ვალებზე, რაც ბაზარზე იწვევს ეჭვს მათ შესაძლებლობებში გაისტუმრონ ისინი. შედეგად, იძულებულები არიან მიმართონ მკაცრ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას იმ მიზნით, რომ ბაზრის ეს „რწმენა“ აღადგინონ, მაშინ როდესაც რეცესიასთან მიმართებაში მათ წესით უნდა მოახდინონ ეკონომიკის მასტიმულირებელი მაკროეკონომიკური ღონოსძიებები. ასეთი ქმედება, რომელიც იწვევს მინიმუმ საბანკო სესხების პროცენტებისა და უმუშევრობის დონის ზრდას, სოციალური პროგრამების შემცირებას, დიამეტრალურად საწინააღმდეგოა იმისა, რასაც ასეთ შემთხვევებში მდიდარი ქვეყნები მიმართავენ. ასეთ შემთხვევებში კრიზისის შედეგები უფრო მეტად შედარებით ღარიბ ქვეყნებს ატყდება, ხოლო ამ ქვეყნების შიგნით უფრო ღარიბ მოსახლეობას. გარკვეული გაგებით, ასეთი კრიზისის გასტუმრების ფასის ნაწილი მაინც განვითარებულ ქვეყნებს განვითარებად ქვეყნებსა და ამ ქვეყნების ღარიბ მოსახლეობაზე გადააქვთ.
მეოთხე - იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბაზარი გამართულად მუშობს, შედარებით სუსტები და ნაკლებად განვითარებულები მაინც ისჯებიან. ბაზარი თავისთავად განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს არ ქმნის. ის აშკარა უპირატესობას ანიჭებს იმათ, ვისაც უკვე გააჩნიათ პროდუქტიული კაპიტალი - ფინანსები, მიწა, სხვა ფიზიკური კაპიტალი, და რაც ყველაზე მთავარია დღევანდელ, ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ გლობალურ ეკონომიკაში - ადამიანური კაპიტალი. იმ ქვეყნებს, რომლებიც უკვე უსწრებენ სხვებს - რომელთაც გააჩნიათ სტაბილური პოლიტიკური სისტემები, კერძო საკუთრების გარანტირებული უფლებები, საიმედო საბანკო სისტემები, განვითარებული სოციალური მომსახურების სისტემები - ბევრად მეტი შანსი აქვთ თავის სასარგებლოდ გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელთაც მათ ერთიანი გლობალური ბაზარი სთავაზობს. ქვეყნები, რომელთაც ასეთი ინსტიტუციური კაპიტალი არ გააჩნიათ, ექცევიან ე.წ. „ინსტიტუციურ სიღარიბის ხაფანგში“ - მაგრამ ასეთების რიცხვს განვითარებული ქვეყნების (მ.შ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების) უდიდესი უმეტესობა მიეკუთვნება. ასეთი “ხაფანგის” არსებობის ერთ-ერთი ტიპური მაჩვენებელია ის, რომ გლობალური კაპიტალი სინამდვილეში მიემართება იქ, სადაც ის უკვე უხვადაა წარმოდგენილი და არა იქ, სადაც ის ნაკლებია. პირველ შემთხვევაში, მეტი მოგება გარანტირებულია. ასეთი ქვეყნების რიცხვს კი ისინი მიეკუთვნებიან, სადაც მმართველობა და მასთან დაკავშირებული სხვა ინსტიტუტები შედარებით ეფექტურია და ჩადებულ კაპიტალზე მისაღები მოგების გარანტიას იძლევა. ასეთ შემთხვევაში არც მმართველობის ფორმას, არც მის კონკრეტულ გამოვლინებას (დემოკრატია თუ დიქტატურა), არც ამასთან დაკავშირებულ დამატებით ფაქტორებს (სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, ადამიანის უფლებების დაცვა, პრესის თავისუფლება და ა.შ.) მნიშვნელობა არა აქვს - მთავარია კაპიტალის წარმატებული ბრუნვა სტაბილური ეკონომიკური და სოციალური გარემოს პირობებში.
მეხუთე - მიუხედავად ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესის ნაკლები ეფექტურობისა, დღეს ყველაზე უაზრო დიქტატორული რეჟიმების გამოკლებით (ჩრდილო კორეა, ბირმა, კუბა), პრაქტიკულად ყველა განვითარებადი ქვეყანა ვითარდება გლობალური ბაზრის გავლენით, ხოლო ყველაზე წარმატებული განვითარებადი ქვეყნები (ჩინეთი) სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე. ხოლო, როგორც გლობალიზაციის თანამედროვე კვლევები გვიჩვენებს, რაც უფრო მეტად არიან ჩართული ესა თუ ის ქვეყნები გლობალიზაციის პროცესებში (მეტად გლობალიზებულნი არიან), მით უფრო აქტიურად მისდევენ ისინი ისეთ პოლიტიკას, რომელსაც მოსდევს ეკონომიკის უფრო სწრაფი ზრდა, ინფლაციის უფრო დაბალი დონე, უფრო მაღალი შემოსავლების დონე და უფრო დიდი ეკონომიკური თავისუფლება. ასეთი ქვეყნები ინარჩუნებენ თავისუფალი ვაჭრობისა და კაპიტალის მოძრაობის შემზღუდავი ბარიერების მინიმუმს, მათი კანონმდებლობა საზოგადოდ უფრო მოწესრიგებულია, სამეწარმეო გადასახადები ნაკლები. პოლიტიკა ტექნოლოგიების დარგში ხელს უწყობს ინოვაციებს. ასეთი ქვეყნები ასევე უფრო მიზანდასახულად იცავენ კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის პრინციპებს, მათი პოლიტიკური სტაბილურობის დონე, აგრეთვე სხვებზე ბევრად უფრო მაღალია.
მეორე მხრივ, ნაკლებად გლობალიზებული ქვეყნები იჩენენ მიდრეკილებას ისეთი პოლიტიკის მიმართ, რომელიც დაფუძნებულია ბაზრების ფუნქციონირებაში უშუალო ჩარევაზე და იწვევს ინფლაციას, სტაგნაციას და მკვეთრად ამცირებს მათ კონკურენტუნარიანობას.119
მსოფლიოს იმ 60 ქვეყანას შორის, რომელთათვისაც 2004 წელს გამოთვლილი იყო გლობალური ინტეგრაციის ხარისხი, 20 ყველაზე გლობალიზებულებს შორის იყო მხოლოდ 2 განვითარებადი ქვეყანა - სინგაპური (პირველი! ყველაზე გლობალიზებული ქვეყანა მსოფლიოში) და მალაიზია (მეცხრამეტე). ოცდამეოთხე ადგილი ეკავა საკმაოდ მოულოდნელად პანამას. ყველა დანარჩენი წამყვანი განვითარებადი ქვეყნები ნაკლებად გლობალიზებულთა რიცხვს ეკუთვნოდნენ, მაგრამ ასეთებს შორის არ იყო არც ერთი განვითარებული ქვეყანა.120
საზოგადოდ ქვეყნის გლობალიზებულობის ხარისხი საკმაოდ თვალნათლივ ემთხვევა აქ პოლიტიკური თავისუფლების დონეს. კორუფციის დონეც მით უფრო დაბალია, რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ ქვეყნის მონაწილეობის დონე გლობალურ პროცესებში. ზოგადი თეზისის სახით შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ ქვეყნის ინტეგრაცია გლობალურ პროცესებში ეხმარება იქ პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების გავრცელებას. ასეთი ინტეგრაცია, აგრეთვე იწვევს ქვეყანაში გამჭირვალობის უფრო მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კორუფციასთან ბრძოლას და ზრდის სახელმწიფო მართვის ეფექტურობას. თუმცა როგორც ყოველთვის, ასეთი მტკიცება აბსოლუტური არ შეიძლება იყოს. იგივე ყველაზე გლობალიზებული სინგაპური გამოირჩევა [რბილად რომ ვთქვათ] მკაცრი სახელმწიფო კონტროლით პრესაზე და შეზღუდული პიროვნული თავისუფლებებით. მეორე მხრივ, სამხრეთი აფრიკა, რომელიც გამოირჩევა პოლიტიკური თავისუფლების საკმაოდ მაღალი დონით (განსაკუთრებით დანარჩენი აფრიკის ფონზე), ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გლობალიზებულია. ისევდაისევ, გლობალიზაცია არ იძლევა განვითარების გარანტიებს, ის მხოლოდ ქმნის შესაძლებლობებს, ხოლო ამ შესაძლებლობების გამოყენება ყოველ კონკრეტულ ქვეყანაზეა დამოკიდებული.
|
3.3. დღეისათვის ითვლება, რომ ყველაზე საიმედო გარანტია ქვეყნის წარმატებით განვითარებისა ე.წ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, ე.ი. ისეთი ინვესტიციები, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას გამოიყენება საკუთრების შესაძენად მისი მართვის მიზნით. ეს კი იმის გარანტიას იძლევა, რომ ინვესტორი დიდი ხნით არის მოსული ქვეყანაში და იგივე “პორტფოლიო” ინვესტიციებისაგან განსხვავებით რაღაცა სპეკულაციური ჭორების გაჩენისთანავე არ აიკრავს გუდანაბადს და არ გაიქცევა. მაგრამ ასეთი ინვესტიციებისათვის გადამწყვეტია, რომ მიმღებმა ქვეყანამ უზრუნველყოს კაპიტალის ცირკულაცია სტაბილურ ეკონომიკურ და სოციალურ გარემოში.
გლობალური კაპიტალი მაქსიმალურად თავს არიდებს რისკებს. ერთადერთი სფერო, სადაც ის დღეს მზად არის ჩადოს ფული ნებისმიერ პირობებზე - თხევადი და გაზისებრი სათბობის მოპოვებაა - ეს კი ერთ მუჭა ქვეყნებს ეხება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში კაპიტალის მიმღებმა ქვეყანამ უნდა ფაქტიურად დაამტკიცოს, რომ ის ღირსია წამყვანი გლობალური ეკონომიკური მოთამაშეების ყურადღების, მოიპოვოს ამ ყურადღების უფლება სხვა ქვეყნებთან მძაფრ კონკურენტულ ბრძოლაში. ასეთი ტიპის კაპიტალის მოძრაობა სრულიად ობიექტური პროცესია და ხორციელდება ე.წ. შრომის საერთაშორისო განაწილების (დღესდღეობით ეტყობა უპრიანია ვილაპარაკოთ შრომის გლობალურ განაწილებაზე) პრინციპის შესაბამისად.
ერთადერთი, რაც გლობალურ კაპიტალს აინტერესებს, ესაა წარმოების ოპტიმიზაცია და მოგების მაქსიმიზაცია. ეს ხდება იმ უპირატესობების გამოყენების საფუძველაზე, რომლებსაც ქმნიან დედამიწის სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებს შორის ობიექტურად არსებული განსხვავებები, განპირობებული მათი ეკონომიკური, სოციალური, ბუნებრივი, ნაციონალურისტორიული თავისებურებებით, გეოგრაფიული მდებარეობით.
ეს პროცესი მაქსიმალურად აპოლიტიკურია და ერთსა და იმავე თანაბარ პირობებში არ ასხვავებს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს, არ აქცევს ყურადღებას კაპიტალდაბანდების ადგილში არსებულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სისტემებს, თუ სხვა დამატებით ფაქტორებს.
დღეს საკმაოდ ხშირია იმაზე ლაპარაკი, რომ განვითარებადი ქვეყნების წარმოებაში განვითარებული ქვეყნების პირდაპირი ინვესტიციები ამ უკანასკნელებს საკმაო ზარალს აყენებენ ძირითადად დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილების გადინების ხარჯზე (outsourcing). ეს სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ევროგერთიანება იძულებული გახდა შეექმნა სპეციალური ფონდი, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა გაანეიტრალოს ის ზარალი, რომელსაც ევროპის შრომის ბაზარი განიცდის სამუშაო ადგილების განვითარებადი ქვეყნების სასარგებლოდ დაკარგვის შედეგად. განვითარებული ქვეყნების (განსაკუთრებით ევროპის) შრომითი რესურსები, აგრეთვე ზარალდება იმის ხარჯზე, რომ მზარდი კონკურენცია განვითარებადი ქვეყნების იაფი მუშახელის მხრიდან ძირს უთხრის მათი სოციალური დაცვის გარანტიებს. ბევრი ექსპერტი საერთოდ იმასაც კი თვლის, რომ ასეთი პროცესის შედეგად ხდება განვითარებული ქვეყნების დეინდუსტრიალიზაცია, ფაქტიურად ეს ქვეყნები არსებობენ არა პოსტინდუსტრიულ განვითარების სტადიაზე, არამედ დეინდუსტრიულ.
დღეს გლობალური კაპიტალი მოითხოვს ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნისაგან, რომელსაც სურს მისი ყურადღების მოპყრობა, იაფ, შრომისმოყვარე, დისციპლინირებულ, მაგრამ უუფლებო მუშახელს. როგორც ერთ-ერთმა რუსულმა ინტერნეტ-გვერდმა დაწერა რუსულ ბიზნესთან მიმართებაში - დაქირავებულ მუშაკს უნდა უყვარდეს თავისი დამქირავებელი უკვე იმისათვის, რომ მან მას სამუშაო მისცა, მით უმეტეს, იმისათვის, რომ ამ სამუშაოში საერთოდ გასამრჯელოს უხდის. ასეთი მიდგომა როგორც ჩანს უნივერსალურია და უფრო მეტადაა გამოხატული სხვა განვითარებად ქვეყნებში, ვიდრე რუსეთში, სადაც სოციალური დაცვის რაღაც მექანიზმები ჯერ კიდევ შემორჩენილია.
ამა თუ იმ ქვეყნის მიმზიდველობის მძლავრი ფაქტორია, აგრეთვე მისი მზადყოფნა განათავსოს თავის თერიტორიაზე ე.წ. ჭუჭყიანი წარმოებები (შავი და ფერადი მეტალურგია, ქიმია და ა.შ.), რომელთა განლაგებაც განვითარებულ ქვეყნებში ნაკლებად მისაღებია ამ ქვეყნების მოსახლეობისათვის.
ნებისმიერმა განვითარებადმა ქვეყანამ, აგრეთვე, უნდა უზრუნველყოს გლობალური ბიზნესის ფუნქციონირებისათვის საჭირო მინიმალური ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
თუ ასეთი პირობების შესრულების შემდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში მოხდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს არ ნიშნავს კაპიტალდაბანდებას ქვეყნის განვითარებაში. კაპიტალი ფაქტიურად ქმნის ამა თუ იმ ქვეყანაში გლობალური ქსელების დასაყრდენ პუნქტებს, რომელთაც შეუძლიათ წარმატებული ფუნქციონირება მიმღები ქვეყნისაგან ფაქტიურ იზოლაციაშიც (მაგალითად, თავისუფალი ეკონომიკური ზონების ფარგლებში), როგორც ამ ქსელების ინტეგრალურ ნაწილებს. გადაიქცევიან თუ არა გლობალურ კაპიტალზე დაფუძნებული საწარმოები იმ ჩონჩხად, რომლიც გარშემოც მოხდება ამა თუ იმ ქვეყნის განვითარება, ამ კაპიტალს ნაკლებად აინტერესებს. ეს უკვე კაპიტალის მიმღები ქვეყნების პასუხისმგებლობა და პრობლემაა.
როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილი 3.1-დან ჩანს, იმ განვითარებადი ქვეყნების რაოდენობა, რომლებითაც გლობალური კაპიტალი რეალურად იყო დაინტერესებული, საკმაოდ შეზღუდულია. 2003 წელს გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის მონაცემებით მთლიანად მსოფლიოში შემოვიდა დაახლოებით 650 მილიარდი დოლარის ინვესტიციები, მ.შ. განვითარებულ ქვეყნებში მოხვდა მათი დაახლოებით 2/3. განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების 26% შევიდა უშუალოდ ჩინეთში, ხოლო დამატებით 15% - ჰონკონგში ე.ი. 160-ზე მეტი ქვეყნიდან ერთმა მიიღო მთელი ინვესტიციების 2/5, ხოლო დარჩენილი ქვეყნებიდან 6-ში კაპიტალდაბანდებები აშკარად გახორციელდა ძირითადად მათ სათბობის მომპოვებელ სექტორში.
ცხრილი 3.1 პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება რჩეული ქვეყნების
|
1985-1995 (საშუალო წლიური)
|
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
|
მსოფლიო
|
182438
|
825925
|
716128
|
632599
|
648146
|
|
განვითარებადი ქვეყნები, მ.შ.
|
49868
|
217845
|
155528
|
166337
|
233227
|
|
1 |
ჩინეთი
|
11715
|
46878
|
52743
|
53505
|
60630
|
2. |
ჰონკონგი
|
4093
|
23777
|
9682
|
13627
|
34035
|
3. |
სინგაპური
|
4529
|
14122
|
5822
|
9331
|
16060
|
4. |
ტაივანი
|
1009
|
4109
|
1445
|
453
|
1898
|
5. |
სამხრეთი კორეა
|
697
|
3692
|
2975
|
3785
|
7687
|
6. |
მალაიზია
|
2 994
|
554
|
3 203
|
2 473
|
4 624
|
7. |
ტაილანდი
|
1 428
|
886
|
947
|
1 952
|
1 064
|
8. |
ინდონეზია
|
1 364
|
-2 978
|
145
|
-597
|
1 023
|
9. |
ინდოეთი
|
452
|
3 403
|
3 449
|
4 269
|
5 335
|
10. |
აზერბაიჯანი
|
176
|
227
|
1 392
|
3 285
|
4 769
|
11. |
რუსეთი
|
207
|
792
|
693
|
1 424
|
1 715
|
12. |
ყაზახეთი
|
749
|
2 835
|
2 590
|
2 088
|
4 269
|
13. |
საუდის არაბეთი
|
-201
|
504
|
453
|
778
|
1 868
|
14. |
სირია
|
350
|
947
|
1 030
|
1 084
|
1 206
|
15. |
თურქეთი
|
522
|
3 266
|
1 063
|
1 753
|
2 733
|
16. |
ანგოლა
|
208
|
2 146
|
1 672
|
3 505
|
2 048
|
17. |
ნიგერია
|
1 004
|
1 277
|
2 040
|
2 171
|
2 127
|
18. |
მექსიკა
|
4 532
|
27 635
|
15 129
|
11 373
|
16 602
|
19. |
ვენესუელა
|
617
|
3 683
|
782
|
2 659
|
1 518
|
20. |
პერუ
|
611
|
1 144
|
2 156
|
1 335
|
1 816
|
21. |
ბრაზილია
|
1 757
|
22 457
|
16 590
|
10 144
|
18 166
|
22. |
არგენტინა
|
2 196
|
2 166
|
2 149
|
1 887
|
4 257
|
23. |
ჩილე
|
1 081
|
4 200
|
2 550
|
4 385
|
7 603
|
წყარო: UNITED NATIONS CONFERENCE ON TRADE AND DEVELOPMENT Division on Investment, Technology and Enterprise Development World Investment Report 2005 http://www.unctad.org/wir http://www.unctad.org/fdistatistics
ეს ცხრილი აგრეთვე მიგვანიშნებს ერთ ფრიად საყურადღებო ფაქტს. იგივე 1970-იან წლებში ორი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მძლავრი კონკურენციის პირობებში წამყვანი გლობალური კომპანიები იძულებულები იყვნენ ებრძოლათ განვითარებადი ქვეყნების ბაზრებისათვის ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში უშუალო ძალისმიერი ჩარევის დონეზე. ასე მაგალითად, 1973 წელს ჩილეში სახელმწიფო გადატრიალების უკან აშკარად იდგა უდიდესი ამერიკული სატელეფონო კომპანია AT&T, რომლის ინტერესებსაც პრეზიდენტ სალვადორ ალიენდეს მემარცხენე ხელისუფლება ემუქრებოდა. დღეს მოთხოვნილება განვითარებადი ქვეყნების მხრიდან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე აშკარად სჭარბობს მათ შემოთავაზებას. ამიტომ გლობალურ კომპანიებს აქვს საშუალება აირჩიონ მათთვის მაქსიმალურად მომგებიანი პირობები და მოახდინონ ინვესტიციების გადანაწილება სხვა მიმართულებით, როგორც კი ამ პირობების გაუარესების ოდნავი მინიშნება ხდება. იგივე ჩინეთში ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ადგილობრივი მუშახელი ზედმეტად მომთხოვნი და ძვირად ღირებული გახდა, და საჭიროა რიგი წარმოებების გადატანა ვიეტნამში. შესაბამისად, შედარებით შემცირდა განვითარებადი ქვეყნების შესაძლებლობები დაიცვან თავისი ინტერესები გლობალურ კაპიტალთან ურთიერთობაში.
3.4. ზემოთ აღწერილი პროცესის პარალელურად ხდება განვითარებადი ქვეყნების გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის პროცესის მართვის მცდელობა, ე.წ. გლობალური განვითარების პოლიტიკის ფარგლებში. რასაკვირველია, ძნელია წარმოვიდგინოთ რომელიღაცა ქვეყნის მთავრობის ანალოგი გლობალურ დოზენე, მისთვის დამახასიათებელი მარეგულირებელი და საგადასახადო ძალაუფლებით. მაგრამ გლობალური ეკონომიკური კონტროლი რაღაცა სახით მაინცაა საჭირო, თუგინდ იმისათვის, რომ შეამციროს მსოფლიო ბაზრის „ჩავარდნის“ რისკები და ღარიბებისათვის მაინც შექმნას მოქმედების უფრო თანაბარი პირობები, ვიდრე მათ დღეს გააჩნიათ.
განსხვავებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისაგან, რომელთაც კერძო კაპიტალი ახორციელებს, ეს პროცესი მთლიანად წამყვანი განვითარებული ქვეყნების მთავრობების უშუალო თუ გასაშუალებული კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს და მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაციის პროცესის განუყოფელ (შესაძლებელია წამყვან) ნაწილს წარმოადგენს.
დღეს ასეთი მარეგულირებელი მექანიზმების როლს თამაშობს მსოფლიოს ორი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი - საერთაშორისო სავალუტო ფონდი და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი, უფრო ცნობილი როგორც მსოფლიო ბანკი. მათზე მნიშვნელოვან წილადაა დამოკიდებული განვითარებად ქვეყნებში მიმდინარე გლობალური ინტეგრაციისა და საბაზრო რეფორმების უმეტესობა.
ორივე ეს დაწესებულება შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ როგორც ურთიერთდახმარების მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც შეეძლო ნებისმიერ წევრ ქვეყანას ომის შემდგომი რეკონსტრუქციის პროცესში. დღესდღეობით ისინი ემსახურებიან მხოლოდ განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის (ყოფილ სოციალისტურ) ქვეყნებს, მაგრამ რაც დრო გადის, მათი ქმედების კანონიერებისა და ეფექტურობის საკითხი სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. მთავარი ბრალდება, რომელსაც ამ ორგანიზაციებს უყენებენ, ისაა, რომ ისინი ზედმეტად ერევიან მსესხებელი ქვეყნების საშინაო საქმეებში და ზედმეტ ძალაუფლებას ფლობენ, განსაკუთრებით შედარებით პატარა ქვეყნებთან მიმართებაში.121 უპირველესად ეს ეხება იმ პირობების რაოდენობასა და მოცულობას, რომელსაც ეს ორგანიზაციები უყენებენ ამა თუ იმ ქვეყანას სესხების გაცემის დროს.
თუ 1980-იან წლებში ასეთი პირობების რაოდენობა დაახლოებით 6-დან 10-მდე მერყეობდა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ის 25-მდე გაიზარდა. შესაბამისაად გაიზარდა სახელმწიფო მართვის იმ სფეროების რაოდენობაც, რომელთა გარდაქმნას, გაძლირებას თუ განახლებას მოითხოვენ ეს ორგანიზაციები. შედეგად ძალიან ხშირად ხდება ამა თუ იმ ქვეყნისათვის ისეთი რეფორმების თავზე მოხვევა, რომლებიც პოლიტიკურად ნაკლებად “მდგრადია” და შესაბამისად არაეფექტური.
ორივე ორგანიზაცია თავის ქმედებით მთლიანად დამოკიდებულია ანგლოსაქსონურ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ იდეებზე და აძალებს განვითარებად ქვეყნებს გაატარონ შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკა, მიუხედავად იმისა, იმუშავებს თუ არა ის მიცემული ქვეყნის კონტექსტში. ეს სიტუაცია, აგრეთვე, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ არსებობს ფრიად შეზღუდული ნაკრები იმ ეკონომიკური განვითარების მოდელებისა, რომლებიც მათ შეუძლიათ სესხების მიმღებ ქვეყნებს შესთავაზონ. მსოფლიო ბანკმა თავის დროზე ასეთი მოდელების რაოდენობა საერთოდ ხუთამდე დაიყვანა, იმ დროს, როდესაც ნაკლებად გასაგებია, რომელმა სტრატეგიამ თუ პოლიტიკამ შესაძლოა პრინციპულად უზღუნველყოს ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებული განვითარება. გარდა ამისა, მიუკერძოებელ დამკვირვებელს ხშირად რჩება წარმოდგენა, რომ ეს ორგანიზაციები თავზე ახვევენ მათი დახმარების მიმღებ ქვეყნებს განვითარების ვარიანტებსა თუ კონკრეტულ მექანიზმებს, რომლებიც ცუდად მუშაობენ თვით მათი შემუშავების ადგილებში განვითარებულ ქვეყნებში, ანდა ეს ქვეყნები მათ რეალიზაციაზე საერთოდ უარს ამბობენ.
არც ერთი ეს ორგანიზაცია არ არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი, მით უმეტეს, აპოლიტიკური. საბოლოო ჯამში ორივე ემსახურება იმ ქვეყნების ინტერესებს, რომლებიც ძირითადად აფინანსებენ მათ საქმიანობას ე.ი. შეერთებული შტატებისა და დასავლეთი ევროპის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი მხოლოდ აშშ-ს მოქალაქე შეიძლება იყოს, ხოლო სავალუტო ფონდის — ევროპელი. თავის დროზე მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელად ავსტრალიელი ჯეიმს ვულფერსონი რომ დაენიშნათ, საჭირო გახდა მისთვის სასწრაფოდ აშშ-ს მოქალაქეობის მინიჭება.
„ერთ მშვენიერ დღეს მარსის მცხოვრებლები რომ ესტუმრონ დედამიწას, ისინი, ალბათ მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ გიჟები ვართ. ჩვენ ვხარჯავთ 900 მილიარდ ამერიკულ დოლარს თავდაცვაზე და 268 მილიარდს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე. ამავე დროს, განვითარების დახმარება მხოლოდ 68 მილიარდს აღწევს. ჩვენ გვჭირდება დაახლოებით 30 დოლარი ერთ ბავშვზე წლიურად იმისათვის, რომ მივცეთ განათლება ყველა იმ ბავშვს, რომლებიც დღეს სკოლაში არ დადიან. მაგრამ ფული არ არის. ამის ნაცვლად ჩვენ ყოველწლიურად გამოვყოფთ 150 დოლარს ერთ ადამიანზე თავდაცვის ხარჯების სახით“.მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯეიმს ვულფერსონი. 28 ოქტომბერი, 2004 წელი.122 |
შედეგად, არსებობს ფართოდ გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ორივე ეს ორგანიზაცია, დახმარების ნაცვლად, რეალურად მსესხებელ ქვეყნებს ზიანს აყენებს, მაგალითად ისეთ შემთხვევებში, როდესაც აძალებს პრივატიზაციის პროგრამების გატარებას, რომლებიც საბოლოო ჯამში ამდიდრებენ ერთ მუჭა ყაჩაღებს, ანდა ატარებინებს კაპიტალების ბაზრის ლიბერალიზაციას იქამდე, სანამ მათი ფინანსური სექტორი დაიწყებდეს ეფექტურად ფუნქციონირებას.123
ასეთი ზიანის მომტანი პოლიტიკის ტიპურ მაგალითად შესაძლებელია მოვიყვანოთ იგივე ბოლივია, სადაც აშშ და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაწოლის შედეგად 1990-იან წლებში გატარდა ყოვლისმომცველი ნეოლიბერალური რეფორმები. ქვეყანაში პრივატიზებული იქნა პრაქტიკულად ყველა მეტ-ნაკლებად ფასეული აქტივი, მ.შ. მთლიანად გაზისა და ნავთობის, სამთომომპოვებელი, ენერგეტიკული, სატრანსპორო და საკომუნიკაციო სექტორები. შედეგი - მოსახლეობის მასობრივი გაღატაკება, ქვეყნიდან კაპიტალის მასობრივი გადინება. ქვეყნის საშუალო კლასი მისი მოსახლეობის 27%-დან 7%-მდე დაეცა. ბოლივია გადაიქცა სამხრეთი ამერიკის უღარიბეს ქვეყანად და ეს მაშინ, როდესაც მას ეკუთვნის კონტინენტის გაზის სიდიდით მეორე მარაგი, კალის პირველი, ხოლო ცინკის - მესამე. 2003 წლის თებერვალში ქვეყანაში დაიწყო ის, რასაც იქ „მუშურ-გლეხურ რევოლუციას“ უწოდებენ. ამ მოძრაობის ყველაზე ცნობილი პუნქტები იყო - გაზის მრეწველობის ნაციონალიზაცია იმისათვის, რომ მისი შემოსავლები გადანაწილდეს მოსახლეობის ღარიბი და საშუალო ფენების სასარგებლოდ და აშშ-ს მიერ ინიციირებული პროგრამის - „ბანანები კოკის მაგივრად“ დახურვა. კოკის, ნარკოტიკური ნივთიერების კოკაინის ნედლეულის, მოყვანა უზრუნველყოფს ადგილობრივი გლეხური მეურნეობის მინიმალურ შემოსავალს მაინც, მაშინ როდესაც ხილისა და ბოსტნეულის წარმოება უზრუნველყოფს საარსებო მინიმუმის მხოლოდ 10-20%-ს. პირველი 1200 გლეხური ოჯახი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში, უბრალოდ გადაშენდა და ყველა დანარჩენს აუწყა, თუ რა ელოდებოდათ ტრადიციულ კულტურაზე ხელის აღების შემთხვევაში.
ორი წლის არეულობის შემდეგ, 2005 წლის დეკემბერში, საყოველთაო არჩევნების შედეგად ქვეყანის სათავეში მოვიდა მემარცხენე პრეზიდენტი, რომელმაც ღიად გამოაცხადა კურსი ეკონომიკის ნაციონალიზაციასა და კოკის წარმოების ლეგალიზაციაზე. ამასთან დაკავშირებით ყურადსაღებია ის გარემოება, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისიდან ლათინური ამერიკა საგრძნობლად მემარცხენე გახდა. ბოლივიამდე მემარცხენე რეჟიმები მოვიდნენ სათავეში ვენესუელაში, ბრაზილიაში, არგენტინაში, ურუგვაიში. ბოლივიის ანალოგიურმა მასობრივმა მოძრაობამ დაამხო ნეოლიბერალური რეჟიმი ეკვადორში. ყველა ამ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის იმედგაცრუება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მართული ნეოლიბერალური ეკონომიკური რეფორმებით გამარცხენების პროცესის ერთ-ერთი წამყვანი, თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი იყო.
ამავე დროს, ორივე ორგანიზაცია საოცარ უსუსურობას იჩენს იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ვერ არსულებენ სესხის პირობებს. ასეთი შემთხვები უამრავია და ყოველთვის ხდება ხელშეკრულების პირობების გადახედვა და თანხების ჩარიცხვის გაგრძელება. ეს განსაკუთრებით ეხება უღარიბეს ქვეყნებს, რომელთაც დიდძალი ვალი აქვთ დაგროვებული - მათ უბრალოდ ისევდაისევ აძლევენ სესხს, მიუხედავად იმისა, როგორ ასრულებენ ისინი ხელშეკრულების პირობებს.
2006 წლის მარტში მსოფლიო ბანკი პრინციპულად დათანხმდა ჩამოეწერა 37 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ვალი რომელიც მისთვის მსოფლიოს 17 უღარიბეს ქვეყანას მმართებდა. ეს ქვეყნებია - ბენინი, ბოლივია, ბურკინა ფასო, ეთიოპია, განა, გაიანა, ჰონდურასი, მადაგასკარი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, ნიგერი, მალი, რუანდა, სენეგალი, ტანზანია, უგანდა და ზამბია.124 |
რასაკვირველია, ამა თუ იმ ქვეყანამ შეიძლება ვერ შეასრულოს ხელშეკრულება იმის გამო, რომ მისი ფუნქციონირების პირობები შეიცვალა ანდა იმიტომ, რომ მთავრობაში სხვადასხვა ფრაქციებია წარმოდგენილი და „რეფორმატორები“ შესაძლოა მართვას ჩამოაშორონ. მაგრამ, როგორც სჩანს, ძირითადად ადგილი აქვს თავისებურ „თამაშს“ მსესხებელ მთავრობასა და დონორებს შორის, როდესაც ორივე მხარემ თავიდანვე იცის, რომ დათქმული პირობები არ შესრულდება, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და თავი ისე მოაქვთ, ვითომ ყველაფერი თავისი გზით მიდის.
ფაქტიურად, ბევრი ქვეყნის კორუმპირებულ მთავრობებს აწყობთ ამ ინსტიტუტებთან ასეთი ტიპის ურთიერთობა - რაც მეტია და შეუსრულებელია სესხის ის პირობები, რომლებზეც ისინი თანხმდებიან, მით მეტია მათი შესაძლებლობა ამ საბაბით, ისე გადაანაწილოს რესურსები, რომ მათი გამოყენების ეფექტურობა შემცირდეს საზოგადოებისათვის, მაგრამ გაიზარდოს მთავრობის წევრების პირადი გამორჩენის თვალსაზრისით.
ბევრი ქვეყნისათვის ზემოთ აღწერილი ტიპის ურთიერთობას ფრიად ნეგატიური, დამატებითი შედეგი მოაქვს. ლაპარაკია პროცესზე, რომელიც პრინციპში ანალოგიურია ცნობილი ჰოლანდიური სენისა. ეს „სენი“ წარმოადგენს ეკონომიკურ ფენომენს, დაკავშირებულს რომელიმე ქვეყანაში დიდი რაოდენობით ისეთი ბუნებრივი რესურსის აღმოჩენასთან, რომელიც ძალიან ფასობს მსოფლიო ბაზარზე (დღეს ეს განსაკუთრებით ნავთობი და ბუნებრივი აირია). ეს უბრალოდ უკარგავს ასეთ ქვეყანას განვითარების სტიმულს და მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებშიც კი დეინდუსტრიალიზაციას იწვევს. ასეთი რამ დაემართა ჰოლანდის 1960-იან წლებში, როდესაც იქ დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი აღმოაჩინეს, ისეთივე პროცესი მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ რუსეთში.
ძალიან ბევრი განვითარებადი, განსაკუთრებით უღარიბესი ქვეყნებისათვის, მით უმეტეს, თუ მათ სუსტი, კორუმპირებული მთავრობები ჰყავთ, უცხოური სესხები თუ გრანტები ფაქტიურად იგივე როლს ასრულებენ, როგორც ბუნებრივი რესურსები. რა საჭიროა ამ ფულის რეალურად ჩადება საბაზრო ეკონომიკურ გარდაქმნებსა და დემოკრატიზაციაში, თუ დახმარება მაინც გაგრძელდება, მიუხედავად ყველაფრისა. რასაკვირველია, ეს ფული იმათთან, ვისთვისაც ეს წესით და რიგით გამოიყოფა - ღარიბ მოსახლეობასთან, თითქმის არ მიდის, სამაგიეროდ კორუმპირებულ ელიტას ამდიდრებს.
|
ასეთი სიტუაცია ადვილად ასახსნელია ორივე დაწესებულების ფუნქციონირების პოლიტიკური მოტივირებულობის თვალსაზრისით. რასაკვირველია, როგორც მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის, ასევე წამყვანი განვითარებული ქვეყნების ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმის, რომ ისეთი რთული პროცესის მართვა, როგორც დედამიწის სახელმწიფოთა დაახლოებით 5/6-ს მიერთებაა იმ ეკონომიკურ სივრცესთან, რომელიც დარჩენილმა 1/6-მა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე შექმნა, პრაქტიკულად შეუძლებელია.
მათ ასევე მშვენივრად ესმით, რომ ძალიან ბევრი განვითარებადი (განსაკუთრებით აფრიკული) სახელმწიფოებისათვის რეალური საბაზრო რეფორმების გატარება პრინციპულად გადაუჭრელი ამოცანაა. აქ ეს დაახლოებით ისეთივე პროცესის თანაფარდია, რომელსაც ცხონებულ საბჭოთა კავშირში უწოდებდნენ „строительство социализма минуя стадию капиталистического развития“.
ფორმალურად განვითარებადი ეკონომიკების დაფინანსების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს ე.წ. ოფიციალური განვითარების დახმარება. მას გაიღებს მსოფლიოს 22 ყველაზე მდიდარი ქვეყანა, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განვითარების დახმარების კომიტეტში არიან გაერთიანებულები.125
თავის მაქსიმუმს ამ დახმარებამ ეტყობა შორეულ 1960-65 წლებში მიაღწია, როდესაც ის დონორი ქვეყნების მთლიანი შიდა შემოსავლის (MSS) 0.48%-ს აღწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 1970 წელს ამ ქვეყნებმა იკისრეს ვალდებულება ასეთი დახმარების სახით გამოეყოთ მათი მშშ არანაკლები 0.7%-სა, ის განუწყვეტლივ მცირდებოდა. 1990 წელს ის შეადგენდა 0.34%. ამის შემდეგ, სავარაუდოდ საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული ეიფორიის ფონზე, ეს დახმარება მკვეთრად დაეცა 0.22%-მდე 2001 წელს. მონტერეიში შემდგარ განვითარების დაფინასებისადმი მიძღვნილ გაეროს კონფრენციაზე 2002 წელს ჩაითვალა, რომ ეს მოცულობა არასაკმარისია განვითარებადი ქვეყნებისადმი ეფექტური დახმარების გასაწევად. ამიტომ კომიტეტის წევრებმა აიღეს ვალდებულება 2006 წლისათვის დახმარებაზე მიმართული მშშ-ს წილი 0.29%-მდე გაეზარდათ. 2005 წელს ასეთი დახმარების სახით გაიცა 106.5 მილიარდი დოლარი, რაც თავისი აბსოლუტური მოცულობით ყველაზე დიდი დახმარებაა, ოდესმე გაცემული. მაგრამ ამ დახმარების საკმაოდ დიდი ნაწილი მოვიდა ერაყისა და ნიგერიის - პოტენციურად მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნების (ნავთობის ხარჯზე) ვალების ჩამოწერაზე (ერაყს ჩამოეწერა 14 მილიარდი, ხოლო ნიგერიას 5 მილიარდი დოლარი). ამავე დროს, მსოფლიოს 17 უღარიბეს ქვეყანას მხოლოდ უპირებდნენ 37 მილიარდის ჩამოწერას, თანაც მრავალწლიანი მოლაპარაკების შემდეგ. გარდა ამისა დამატებითი 2.2 მილიარდი დოლარი გამოიყო 2004 წლის დეკემბრის ინდოეთის ოკეანეს ცუნამით დაზარალებული ქვეყნების დასახმარებლად, რაც წესით და რიგით როგორც განვითარების დახმარება საერთოდ არ უნდა აღრიცხულიყო.126
იმის გამო, რომ ეს დახმარება პოლიტიკურად ძლიერაა მოტივირებული, ყველაზე დიდი რაოდენობით ის მიემართა ერაყში - 2.3 მილიარდი დოლარი, პაკისტანში - 2-დან 3 მილიარდამდე და ავღანეთში - 1.5 მილიარდი. ძალიან დიდი რაოდენობით მიემართება ეს დახმარება, აგრეთვე სუბსაჰარის აფრიკის ქვეყნებში, რომლებზეც 2003 წელს მისი საერთო მოცულობის თითქმის მესამედი მოდიოდა. ფულის ეს რაოდენობა ამ რეგიონისათვის უდრის მისი მთლიანი კაპიტალის ფორმირების 32%-ს, მაშინ როდესაც მთლიანად განვითარებადი ქვეყნებისათვის ის მხოლოდ 4.4%-ია, ანდა მშპ-ს თითქმის მეხუთედს უდრის. უზარმაზარი დახმარება მიემართებოდა, აგრეთვე, პალესტინის ავტონომიაში, რომელსაც როგორც სჩანს ასეთი დახმარების გარეშე ფუნქციონირება საერთოდ არ შეუძლია.
|
ბევრი ქვეყანის მშპ-ში ოფიციალური უცხოური დახმარების წილი იმდენად დიდია, რომ რაღაც ეკონომიკურ (თუ ჰუმანიტარულ) სიმახინჯეს უფრო წააგავს. 2003 წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მშპ-ს 95%! ფორმირდებოდა დახმარების ხარჯზე - გასაგებია ქვეყანა ჯერ კიდევ ფაქტიურად მრავალწლიანი ომის პირობებში არსებობდა, მაგრამ მაინც.
იმავე წელს მსოფლიოს კიდევ 33 ქვეყანაში დახმარების წილი მშპ-ს 10%-ს აღემატებოდა, მ.შ. მონღოლეთში, ნიკარაგუაში, ეთიოპიაში, მავრიტანიასა და რუანდაში დაახლოებით მეხუთედს, პალესტინის ავტონომიაში 29%-ს, აღმოსავლეთ ტიმორში, ერითრეაში, ბურუნდიში, სიერა ლეონეში დაახლოებით 2/5.
|
2005 წელს ისეთმა ავტორიტეტულმა გლობალურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა Action Aid da Oxfam გამოაქვეყნეს სპეციალური მოხსენება, რომელშიც მოუწოდებდნენ პოლიტიკურად სახელგატეხილი საერთაშორისო დახმარების სისტემის
რეფორმისაკენ.127 ისინი ამტკიცებდნენ, რომ საერთაშორისო დახმარების 40% მიემართებოდა დონორი ქვეყნების ზედმეტად ძვირად ღირებული საქონლისა და მომსახურების შესაძენად. აშშ და იტალია მაინც ყველაზე ხშირად მიმართავდნენ ფონდების ე.წ. უკუსვლას (როუნდ-ტრიპპინგ) და ხარჯავდნენ გამოყოფილი თანხების არანაკლებ 70%-სა საკუთარ კომპანიებსა და კონსულტანტებზე. შედეგად მთლიანად მსოფლიოში თანხების მხოლოდ 1/5 აღწევდა იმ ადამიანებამდე, რომელთათვისაც ის ფორმალურად იყო გამოყოფილი. Action Aid-ს დამოუკიდებელი შეფასების თანახმად აშშ-სა და საფრანგეთის შემთხვევაში დახმარების 90% „მოჩვენებითია“. მთლიანად კი მდიდარი ქვეყნები ასეთი „მოჩვენებითი დახმარების“ ფორმალურად გაღებული თანხიდან დაქვითვის შემდეგ განვითარებადი ქვეყნების დახმარებაზე ხარჯავდნენ მათი მშშ-ს მხოლოდ 0.1%, ხოლო G-7-ს ქვეყნები მხოლოდ 0.07%-ს ნაცვლად დეკლარირებული 0.25%-სა.128 ამ დახმარების პროცედურები და პირობები ისეთია, რომ ისინი ხშირად ძირს უთხრიან იმ მწირ ადგილობრივ შესაძლებლობებსაც კი, რომლებიც დახმარების მიმღებ ქვეყნებში არსებობს ანდა საერთაშორისო დონორები თავის საქმიანობაში საერთოდ გვერდს უვლიან ამ ქვეყნებში არსებულ განაწილების ქსელებსა თუ საწარმოო სიმძლავრეებს. აშკარაა, რომ დონორებს უფრო ადარდებთ საკუთარი წარმატება და თავის წარმოჩენა, ვიდრე დახმარების მიმღები ქვეყნების რეალური განვითარების პრობლემები.
აგრეთვე, ყურათსაღებია საერთაშორისო განვითარების დახმარების სისტემაში კორუფციის პრობლემაც. მის სერიოზულობაზე მეტყველებს თუგინდ ის ფაქტი, რომ 2005 წელს აშშ-ს სენატმა მიიღო სპეციალური საკანონმდებლო აქტი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებში კორუფციის მონიტორინგზე. იგივე აზრს იზიარებდა 2004 წლის ბოლოს ევროგაერთაინების ანტიკორუფციული ორგანიზაცია OLAF-ი, რომელიც თავის წლიურ ანგარიშში წერდა, რომ განვითარებადი ქვეყნების დახმარება გახდა „კომპლექსური და კარგად ორგანიზებული თაღლითობის მსხვერპლი“, როდესაც დახმარებისათვის გამოყოფილი ფონდების დიდი (ცალკეულ შემთხვევებში უდიდესი) ნაწილი მიემართება კერძო ანდა დანაშაულებრივი გამორჩენისათვის.129 მაგალითისათვის მოყვანილია ევროგაერთიანების მიერ დაფინანსებული 50 ადგილობრივი წყლის მომარაგების სისტემის გაუმჯობესების პროექტი პარაგვაიში, სადაც ფონდების 90% იყო მიმართული ფონდში, რომელსაც ამ პროექტთან არაფერი საერთო არ გააჩნდა.
შედეგად რაიმე მკაფიოდ გამოხატული ურთიერთდამოკიდებულება განვითარების დახმარების სახეობასა და მოცულობას, ერთი მხრივ, და ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის განვითარების პროცესის წარმატებას შორის ძნელი შესამჩნევია. ბევრი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასეთი დამოკიდებულება საერთოდ არ არსებობს. ასე რომ არ იყოს, იგივე ნიკარაგუა თუ პალესტინის ავტონომია, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე დიდ დახმარებას იღებენ (როგორც სესხების, ასევე გრანტების სახით) მსოფლიოში, ყველაზე წარმატებულ განვითარების ტრანსფერის მაგალითებს უნდა გვიჩვენებდნენ, იმ დროს როდესაც რეალური სიტუაცია სრულიად საწინააღმდეგოა.
პალესტინის ავტონომია საერთოდ უაღრესად კორუმპირებული, არაქმედითუნარიანი წარმონაქმნია, რომლიც სახელმწიფო მექანიზმის ფუნქციონირება მთლიანად უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული, ხოლო ნიკარაგუა იმ 17 უღარიბესი ქვეყნის რიცხვშია, რომლის ვალების ჩამოწერასაც მსოფლიო ფინანსური ორგანიზაციები აპირებენ.
განსაკუთრებით შეერთებული შტატებისათვის, განვითარებადი ქვეყნების დახმარება, ამა თუ იმ სახით (უშუალოდ თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მეშვეობით), ძირითადად საგარეო პოლიტიკის გაგრძელებაა, მხოლოდ სხვა მეთოდებით. რამდენად მოიტანს მათ მიერ გაცემული ფული რეალურ ეკონომიკურ ცვლილებას ამა თუ იმ ქვეყანაში, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია ასეთი ქვეყნების მმართველი რეჟიმები ლოიალურები იყვნენ აშშ-ს მიმართ. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ „სუსტ” ქვეყნებს, რომლებიც პოტენციურად შესაძლებელია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისათვის საშიშროებას წარმოადგენდნენ, თუგინდ იმიტომ, რომ მათი ტერიტორია და რესურსები სხვადასხვა ჯურის ტერორისტებმა შესაძლებელია თავიანთი მიზნებისათვის გამოიყენონ.130
აშშ საერთაშორისო დახმარების ნახევარზე მეტი მიემართება სტრატეგიული მოკავშირეების ეკონომიკურ თუ სამხედრო დახმარებაზე. დაახლოებით 30 ქვეყანა, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად უჭერენ მხარს აშშ-ს ბრძოლას ტერორის წინააღმდეგ, იღებენ დახმარებას, ძირითადად იმისათვის, რომ უზრუნველყონ მათი მთავრობების მიერ აშშ-ს პოლიტიკის მხარდაჭერა.131 უშუალოდ განვითარებაზე მიმართულ დახმარებაზე მოდის თანხების მხოლოდ 30%, რომლის უდიდესი ნაწილი, თავის მხრივ, მიემართება ისეთ პროექტებზე, რომლებიც დაკავშირებულია ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე, დემოკრატიის განვითარებასა და ეფექტური მართვის სისტემების დანერგვაზე, ე.ი. ისეთებზე, რომელთა რეალური ეფექტის გაზომვა არც ისე ადვილია, მიუხედავად მათი უდიდესი მნიშვნელობისა.
ასეთი მიდგომის კლასიკური მაგალითია ავღანეთი, სადაც იმასთან ერთად, რომ ქვეყანაში უშუალოდ აბანდებენ დიდძალი რაოდენობით ფულად თანხებს, ამერიკელებმა ადგილზე დატოვეს პროვინციების პრაქტიკულად ყველა მმართველი, რომელთა უმეტესობაც უბრალოდ სამხედრო დამნაშავეა, რომელთა ადგილი ობიექტურად რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნალის ბრალდებულთა სკამზეა. ასეთია თუგინდ ავღანეთის უზბეკური ჩრდილოეთის მმართველი გენერალი დუსთუმი. გარდა ამისა, აშშ იძულებულია თვალი დახუჭოს ამ ქვეყანაში ნარკოტიკების მასობრივ წარმოებაზე, რომელმაც 2005 წელს აბსოლუტურ რეკორდს მიაღწია და ქვეყანა ნარკოტიკების ყველაზე დიდ მწარმოებლად აქცია მსოფლიოში. |
აქედან გამომდინარე, ის, რაც გლობალური ეკონომიკური განვითარების დახმარების (თუ განვითარების ტრანსფერის) სისტემას წარმოადგენს, ნამდვილად არ შეიძლება განვიხილოთ როგორც წარუმატებელი. განვითარების ტრანსფერი მხოლოდ მისი გამოცხადებული მიზანია, მაშინ როდესაც მის არსს წარმოადგენს წამყვანი გლობალური მოთამაშეების პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებით. რასაკვირველია, დღევანდელი გლობალური პოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, ამ სისტემის მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალია. ამასთან ერთად ის ეტყობა სრულიად მისაღებია ამ მოთამაშეებისათვის. პლუს ამას, ამდენი ათეული წლის მანძილზე, როგორც მთლიანად გლობალური ეკონომიკური ინტეგრაცია, ასევე კერძო ეკონომიკური დახმარების პროცესები იმდენად „გაჯდა“ საერთაშორისო ურთიერთობების გლობალურ სისტემაში, რომ მათი რესტრუქტურიზაციის ცდა ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ძალიან მტკივნეული იქნება როგორც დახმარების მიმღებებისათვის, ასევე დონორებისთვისაც.
3.4. გლობალური ეკონომიკური ტრანსფერის მთლიანად შედარებით ნაკლებად წარმატებული პროცესის ფონზე, არსებობს რიგი ქვეყნებისა, რომლებმაც მოახერხეს განვითარებულ მსოფლიოზე ეკონომიკური დამოკიდებულების დაძლევა და აშკარად უმიზნებენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რიგებს. ეს ეხება პირველ რიგში, ე.წ. აზიურ ვეფხვებს (სამხრეთი კორეა, სინგაპური, ტაივანი, ჰონკონგი), განსაკუთრებით 1990-იანი წლებიდან მოყოლებილი - ჩინეთს, და აგრეთვე მალაიზიას. ფაქტიურად, როგორც ვხედავთ, ლაპარაკია მსოფლიოს ძალიან შეზღუდულ რეგიონზე, ხოლო აქ ჩამოთვლილი 6 ქვეყნიდან 3 ასე თუ ისე ჩინეთია, სინგაპურის მოსახლეობის უდიდესი უმეტესობა ჩინელები არიან, ხოლო მალაიზიისა - ყველაზე განვითარებული უმცირესობა. ყველგან ამ ქვეყნებში (იგივე კორეისა და მუსულმანური მალაიზიის ჩათვლით) მოსახლეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს კონფუციური ტრადიციები, რომლებიც მოითხოვს ყველასაგან შრომისმოყვარეობას, დისციპლინას, სწავლის პატივისცემასა და ხელისუფლებისადმი უპირობო დამორჩილებას.
გარდა ამისა, ამ ქვეყნების უმეტესობა მიზანდასახულად ატარებდა და ატარებს საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ძალიან ნაკლებად ემთხვევა მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, თუმცა მათგან სესხებს დიდი სიამოვნებით იღებს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლელი ეკონომისტების ნაწილი ნათლავს მათ მიერ გატარებულ რეფორმებს როგორც ლიბერალურს, რეალურად საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმის სხვადასხვა ვარიაციებთან.
იგივე ჰონკონგის ეკონომიკური აღორძინება პრაქტიკულად ბრიტანული კოლონიური ადმინისტრაციის „სპეციალური პროექტის“ წარმატებული რეალიზაციის შედეგია; სამხრეთი კორეის რეალური ეკონომიკური განვითარება მოხდა იმ წლებში, როდესაც ერთმანეთს ცვლიდნენ მეოცე საუკუნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ულმობელი დიქტატორული რეჟიმები; ტაივანზე 1940-იან წლებში ჯერ კიდევ კონტინენტურ ჩინეთში არჩეული პარლამენტი მხოლოდ 1990-იანი წლების დასაწყისში გადაირჩიეს, თანაც იმიტომ, რომ მისი წევრების უმეტესობა უბრალოდ სიბერით გარდაიცვალა.
როგორც ჩანს, გლობალიზაციის დღევანდელ ეტაპზე განვითარების ტრანსფერის ყველაზე წარმატებულ მაგალითს მაინც სამხრეთი კორეა გვიჩვენებს. ასევე წარმატებული იაპონიის ტრანსფორმაცია ძირითადად პირველ მსოფლიო ომამდე განხორციელდა, ხოლო ტაივანისა და ჰონკონგის განვითარება მაინც სპეციალური პროექტების რეალიზაციის შედეგს წარმოადგენდა (ისევე როგორც იგივე ისრაელის) და სხვებისათვის მისაბაძ მაგალითად ვერ გამოდგება.
ქვეყნის აღორძინება ფაქტიურად დაიწყო 1962 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. ის მიმდინარეობდა უმკაცრესი პოლიტიკური რეპრესიების პირობებში, სანამ დიქტატურა არ შეიცვალა სამოქალაქო დემოკრატიული მმართველობით 1988 წელს. მაგრამ ამ დროისათვის ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაცია უკვე ფაქტობრივად დამთავრებული იყო. სწორედ ამ ტრანსფორმაციის წარმატებამ, ეკონომიკის მძლავრმა ზრდამ, მისმა შესაბამისმა მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრმა მატებამ და დამოუკიდებელი ინტერესების მატარებელი მოსახლეობის საშუალო ფენის ჩამოყალიბებამ, გამოიწვია დემოკრატიული ტრანსფორმაცია ქვეყანაში.
კორეული განვითარების მოდელი დაფუძნებული იყო ზემოდან-ქვემოთ მიდგომაზე (top-down approach), სახელმწიფოს უშუალო ჩარევაზე ეკონომიკურ პროცესებში და მათ მკაცრ კონტროლზე. განვითარების პროცესი ეფუძნებოდა ხუთწლიან სახელმწიფო გეგმებს და უპირველესად ყოვლისა მოითხოვდა ყურადღების გადატანას უცხოური დახმარებიდან საგარეო ვაჭრობაზე. მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის აღორძინებაში ითამაშა, აგრეთვე, ურთიერთობების ნორმალიზაციამ იაპონიასთან 1965 წელს და უცხოური ინვესტიციების მომდევნო მკვეთრმა ზრდამ. ამას მოჰყვა ჯერ მსუბუქი, შემდეგ კი მძიმე მრეწველობის სწრაფი აღმავლობა 1960-70-იან წლებში. ამ დროს ქვეყნის ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდის დონე 8.6%-ს შეადგენდა.
ეკონომიკის აღორძინება სამხრეთ კორეაში უდიდეს წილად ეფუძნებოდა ე.წ. ჩაიბოლებს, ბიზნეს კონგლომერატებს. მათი ნაწილი წარმოადგენს დიდ ერთიან კორპორაციებს, ხოლო სხვები დაყოფილები არიან ერთმანეთთან შედარებით სუსტად დაკავშირებულ ცალკეულ კომპანიებად, რომლებსაც საერთო სახელწოდება აქვთ. ორივე შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის ასეთი ჩაიბოლები ეკუთვნის ამა თუ იმ საოჯახო კლანებს, რომლებიც მათ აკონტროლებენ და/ან მართავენ. კორეის ეკონომიკა ტრადიციულად შედარებით მცირე მრეწველობაზე და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე დაფუძნებული იყო. 1962 წლიდან მოყოლებული მისმა მმართველმა სამხედრო რეჟიმებმა აიღეს კურსი მსხვილ წარმოებაზე დაფუძნებულ ინდუსტრიალიზაციაზე. მთავრობა განსაზღვრავდა ახალი კაპიტალდაბანდებების მიმართულებას, ხოლო ჩაიბოლები მოგვევლინებოდნენ სამთავრობო პოლიტიკის რეალიზაციის მთავარ ინსტრუმენტებად, რისთვისაც მათ გარანტირებული ჰქონდათ საბანკო კრედიტები. ამგვარად ჩაიბოლებმა ითამაშეს წამყვანი როლი ახალი წარმოებების, ბაზრების და საექსპორტო პროდუქციის შექმნაში, ქვეყნის გადაქცევაში ერთ-ერთ აზიურ ვეფხვად. 2005 წელს ამერიკული ჟურნალის Fortune-ს მიერ შედგენილ ტრადიციულ მსოფლიოს 500 წამყვანი კომპანიის სიაში 11 სამხრეთკორეული ჩაიბოლი შედიოდა, მ.შ. ორი Samsung Electronics da Hyundai Motors პირველ ასეულში განლაგდნენ, შესაბამისად 39-ე და 92-ე ადგილებზე.132
ამავე დროს სამხრეთი კორეის ეკონომიკას საკუთარი სუსტი მხარეებიც გააჩნდა, რაც გამოვლინდა 1997 წლის აზიის ფინანსური კრიზისის დროს. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა დაუცველი იყო საგარეო ბაზრების კრიზისებისაგან, ძირითადად იმის გამო, რომ მთლიანად ჩაიბოლებზე იყო დაფუძნებული. ეს კონგლომერატები კი ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ საშინაო ბაზარს, გაუმართლებლად ცალმხრივად იყვნენ ორიენტირებულები საექსპორტო წარმოებაზე, ერთმანეთთან კონკურენციის პროცესში მათ ბევრად მეტი საწარმოო სიმძლავრეები შექმნეს, ვიდრე მოვლა შეეძლოთ. ექსპანსიის პროცესში მათმა დიდმა ნაწილმა უზარმაზარი ვალები დააგროვა, რომელთა მომსახურება თუ რესტრუქტურიზაცია ფინანსური კრიზისის პირობებში შეუძლებელი გახდა, რამაც რიგი გახმაურებული გაკოტრება გამოიწვია. მაგალითად 1999 წელს, Daewoo-ს კოლაპსის დროს, ამ უკანასკნელს 80 მილიარდი დოლარი ვალი ჰქონდა დაგროვებული. ამავე დროს, ჩაიბოლებში გამოვლინდა ფართოდ გავრცელებული კორუფცია, განსაკუთრებით საბუღალტრო ანგარიშგების გაყალბება და მექრთამეობა.
ფინანსური კრიზისისა და მთავრობის მიერ განხორციელებული ფინანსური და საწარმოო რესტრუქტურიზაციის ორი რაუნდის შედეგად, უდიდესი ჩაიბოლების რაოდენობა თითქმის განახევრდა 2003 წლისათვის 30-დან 1995 წელს. მთავრობა შეეცადა აეძულებინა ეს კონგლომერატები თავიდან მოეშორებინათ ძირითად ბიზნესთან ნაკლებად დაკავშირებული საწარმოები, მოეხდინათ მართვის დეცენტრალიზაცია და დაექირავებინათ პროფესიონალი მენეჯერები. საინტერესოა, როგორ გამოვლინდა ქვეყნის ხელმძღვანელობის როლი ამ პროცესებში. ხშირად ქვეყნის პრეზიდენტი უბრალოდ იბარებდა ჩაიბოლების მეპატრონეებს და პირდაპირ კარნახობდა მათ, როგორ უნდა მოეხდინათ კომპანიების რესტუქტურიზაცია, მაგალითად, რომელ ჩაიბოლს, რომელი საწარმო გადაეცა თავისი კონკურენტისათვის და რა მიეღო სანაცვლოდ.
მთავრობის ამ მცდელობამ ცალსახად სამხრეთი კორეის ეკონომიკური სტრუქტურა ვერ შეცვალა - ის ისევ ჩაიბოლებზეა დაფუძნებული. მაგრამ მთლიანობაში ქვეყნის განვითარების ასეთი მოდელი - დაფუძნებული მთავრობის უშუალო მონაწილეობაზე ეკონომიკის მართვაში და საჭიროების შემთხვევაში ფორმალურად კერძო კორპორაციების საქმიანობაში აქტიურ ჩარევაზე, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა თანამედროვე ისტორიაში. 2003 წლის მონაცემებით სამხრეთი კორეის ეკონომიკა მე-11 ყველაზე დიდი იყო დედამიწაზე, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები თუმცა ჯერ კიდევ საგრძნობლად ჩამორჩება ყველაზე განვითარებული ქვეყნებისას, აშკარად სჭარბობს ევროგერთიანების ნებისმიერი ახალი წევრისას (სლოვენიის გარდა). ქვეყანა მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი ლიდერია. ის მეცნიერებაზე მშპ-ს ისეთივე წილს ხარჯავს, როგორც, მაგალითად, გერმანია, მილიონ მოსახლეზე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დაკავებულთა რაოდენობით მას მე-16 ადგილი უკავია დედამიწაზე, ექსპორტში მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წილით - მე-5, ხოლო 100 მოსახლეზე ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობით მესამე.
ამავე დროს, ძნელი სათქმელია, რამდენად გამოდგება ამ ქვეყნის განვითარების ფრიად სპეციფიკური მოდელი სხვებისათვის. ეტყობა ნებისმიერი ქვეყნის განვითარება უნიკალურია. გასაზიარებლად აქ მხოლოდ შეცდომები გამოდგება, ხოლო წარმატების მიღწევის გზები ნებისმიერმა ქვეყანამ საკუთარი უნდა ეძებოს. |
როგორც ჩანს, ქვეყნის წარმატებული ეკონომიკური განვითარება და გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია, აღმოსავლეთი აზიის რეგიონში მაინც, ნაკლებადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიულია ის. მთავარია, არსებობდეს ეფექტური მთავრობა, რომელსაც სწორედ ესმის თავისი ქვეყნის ინტერესები, შეუძლია ამ ცოდნის საფუძველზე კონკრეტული მოქმედების გეგმის შემუშავება და მოსახლეობის მობილიზება ამ გეგმების სარეალიზაციოდ. რამდენად მისაბაძია ეს მაგალითი ამ ფრიად სპეციფიკური რეგიონის ფარგლებს გარეთ, ძნელი სათქმელია. ერთადერთი მაგალითი, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება მოხდა დიქტატურის პირობებში, ჩილეა პინოჩეტის მმართველობის პერიოდში. მაგრამ აქ სახელმწიფო თითქმის მთლიანად იყო გამოთიშული ეკონომიკური პროცესებიდან და გარდაქმნები კლასიკური ნეოლიბერალური მოდელით მიდიოდა. გარდა ამისა, ჩილემ გაატარა მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმის ღონისძიებებისა, რომელთა დიდი ნაწილიც საერთოდ არსად მსოფლიოში არ გამოყენებულა, მ.შ. თვით შეერთებულ შტატებშიც. ამასთან ერთად, ჩილეს ეკონომიკური წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული მის როგორც მსოფლიოში სპილენძის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის როლზე. რამდენად მადგრადი შეიძლება იყოს მისი ეკონომიკა ამ ნედლეულზე მსოფლიო ბაზრის ფასების მკვეთრი დაცემის შემთხვევაში ძნელი სათქმელია (აზიურ ვეფხვებს, განსხვავებით ჩილესაგან, სასარგებლო წიაღისეული საერთოდ არ გააჩნიათ. მათი ძირითადი კაპიტალი სოციალურია).
ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ეკონომიკური რეფორმების მცდელობა დიქტატურისა, და ამ პროცესის სახელმწიფოს მიერ უშუალოდ მართვის პირობებში, ადრე თუ გვიან კატასტროფით მთავრდება, რისი მაგალითის გამონახვაც შესაძლებელია იგივე სამხრეთი ამერიკის ნებისმიერი ქვეყნის მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიაში.
მთლიანობაში წარმატებული საბაზრო რეფორმების მაგალითები გვიჩვენებენ, რომ ფართოდ გავრცელებული ცბიერი დასავლური მევახშეების შიში, რომლებიც სისხლს სწოვენ უბედურ განვითარებად ქვეყნებს, რბილად რომ ვთქვად, საკმაოდ გაზვიადებულია. პრაქტიკულად ნებისმიერ განვითარებად ქვეყანას, რომელსაც გააჩნია ეფექტური, ძლიერი, მოტივირებული მთავრობა, შეუძლია მიუჩინოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ის ადგილი, რომელიც მათ წესითა და რიგით უნდა ეკავოთ - ფულის გამსესხებლისა და დამხმარის, და არა განვითარების მოკარნახის. ეფექტური მთავრობა არ ნიშნავს მაინცდამაინც, რომ ის გამჭირვალე და არაკორუმპირებული უნდა იყოს - მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს თვისებები ნაკლებადაა დაკავშირებული სახელმწიფო მართვის ეფექტურობასთან. უაღრესად სუფთა და გამჭირვალე მთავრობა შესაძლებელია საკმაოდ არაეფექტური გამოდგეს, და, პირიქით - არაგამჭირვალე და კორუმპირებული - ეფექტური.
განვითარების ტრანსფერი საზოგადოდ ორმხრივი მოძრაობის ქუჩის სახით გვევლინება. არც ერთ განვითარებულ ქვეყანას და/ან დონორ ორგანიზაციას არ ძალუძს თავზე მოახვიოს ნებისმიერ განვითარებად ქვეყანას რაღაცა სახის პოზიტიური გარდაქმნები, თუ ეს უკანასკნელი მზად არ არის გაითავისოს ისინი ანდა, თუ (და ეს უფრო მნიშვნელოვანია) ადგილობრივი მმართველი ელიტა ასეთებში ან რეალურად დაინტერესებული არ არის, ან იმდენად სუსტია, რომ მათი მართვა არ შეუძლია.
წამყვანი გლობალური მოთამაშეები აწესებენ განვითარების ტრანსფერის წესებსა და პირობებს გამომდინარე საკუთარი განვითარების პრიორიტეტებიდან და არსებული პრობლემების ხედვიდან. ბუნებრივია მათ სურთ, რომ დანარჩენმა მსოფლიომაც დააფუძნოს საკუთარი განვითარება ამ წესებსა და პირობებზე. მეორე მხრივ, განვითარებადი ქვეყნების მთავრობების უშუალო პასუხისმგებლობაა მიიღონ საღი გადაწყვეტილებები მათი ქვეყნებისათვის შესაფერისი განვითარების მოდელების თაობაზე, განიხილონ, შეაფასონ, გადაახალისონ და დანერგონ არსებული განვითარების მოდელები, ანდა შეიმუშავონ საკუთარი, ორიგინალური მოდელები. არც ერთ გლობალურ მოთამაშეს არ შესწევს უნარი მიიღოს გადაწყვეტილებები ამ მთავრობების ნაცვლად, მით უმეტეს, მას არ შესწევს უნარი გააკეთოს ეს რეგიონალურ ანდა გლობალურ დონეზე. პირდაპირ უცხოურ კაპიტალდაბანდებასა თუ განვითარების დახმარებას შეუძლია, უკეთეს შემთხვევაში, განვითარების წინაპირობების შექმნა, მას არ შეუძლია, განვითარების პროცესის, როგორც ასეთის, უზრუნველყოფა. თუ ამა თუ იმ ქვეყანას თვითონ არ შესწევს უნარი დანერგოს და განახორციელოს განვითარების პოლიტიკა, ნებისმიერი გარეშე დახმარება წყალში ჩაიყრება. რასაკვირველია, თუ განვითარებულ მსოფლიოს აუცილებლად ესაჭიროება ამა თუ იმ განვითარებადი ქვეყანის წარმატებული ეკონომიკური ტრანსფორმაცია როგორც გამონაკლისი, მას პრინციპში შეუძლია ამის გაკეთება. მაგრამ პრაქტიკულად ეს ნიშნავს ასეთ ქვეყანაში უშუალო კოლონიური მმართველობის შემოღებას ამასთან დაკავშირებული ყველა ნაკლებად სახარბიელო შედეგით. თანაც ეს პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში მოითხოვს ამ ქვეყნის მოსახლეობისაგან თანამშრომლობის მინიმალურ დონეს მაინც (ის ამ ტრანსფორმაციის პროცესს აქტიურ წინააღმდეგობას მაინც არ უნდა უწევდეს) და საკმაოდ გრძელვადიანია. როგორც სამხრეთი კორეის მაგალითი გვიჩვენებს, იდეალურთან მიახლოებულ პირობებშიც კი მას არანაკლები საუკუნის მეოთხედისა ესაჭიროება.
![]() |
5.1 კონკრეტული შემთხვევა (Case Study) 3 - ტერორიზმი - მსოფლიო პოლიტიკის ახალი ძირითადი მოთამაშე? |
▲ზევით დაბრუნება |
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ტერორიზმის საზოგადოდ აღიარებული განმარტება, ის შეიძლება დახასიათდეს როგორც ძალადობრივი ქმედება, რომელიც მიმართულია საზოგადოების ნაწილის, მთლიანად საზოგადოებისა თუ ხელისუფლების დასაშინებლად.133 შესაბამისად ტერორისტული ქმედება ისეა გათვლილი დროში და ისეთი სახით იგეგმება, რომ გამოიწვიოს მაქსიმალური შიში და აღშფოთება საზოგადოებაში. მისი მიზანი შეიძლება ისიცაა, რომ გამოიწვიოს ხელისუფლების შეუსაბამო, გაზვიადებული რეაქცია. შესაბამისად ტერორიზმის ძალა (განსაკუთრებით თანამედროვე საზოგადოებაში) ისაა, რომ ის ყურადღება, რომელსაც მას უთმობენ შეშინებული მოქალაქეები, ხოლო მათი დაწოლით მთავრობებიც, შეუსაბამოა იმ მუქარისა, რომელსაც ის წარმოადგენს არსებული პოლიტიკური და სოციალური წეს-წყობილებისადმი. ძალზე ძნელია „ნამდვილი“ ტერორიზმისა და მაგალითად უცხოური საოკუპაციო ძალისადმი ლეგალური შეიარაღებული წინააღმდეგობის გარჩევა. ამ ორი სახის ქმედება ხშირად ერთმანეთის სინონიმებად გვევლინება, ზოგჯერ ასეთი ჩანაცვლება მიზანმიმართულია. ეტყობა უმჯობესი იქნებოდა გაგვესაზღვრა როგორც ტერორისტული მხოლოდ ის ქმედება, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული და გვერდზე გადავდოთ ჯარისა თუ პოლიციის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს როგორც შეარაღებული წინააღმდეგობა თუ აჯანყება. შესაბამისად 2004 წელს ბესლანში (რუსეთი) სკოლაში ჩეჩენი ბოევიკების მიერ მძევლების აყვანა რასაკვირველია განისაზღვრება როგორც ტერორიზმი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის შეიარაღებული თავდასხმა სამართალდამცავ ორგანოებზე ნალჩიკში 2005 ტერორიზმის კვალიფიკაციაში უკვე აღარ ჯდება.
ფართოდაა გავრცელებული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ ტერორიზმი არის ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავის თავს ასეთებად თვლიან) თავისი დამცირებისადმი საჯარო ყურადღების მიპყრობის მიზნით. მათთვის, ვინც ებრძვის თავისზე შეუდარებლად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია ასე თუ ისე გააწონასწოროს მხარეთა საშუალებები.
მეორე მხრივ, უკმაყოფილებისა და მარგინალიზაციის განსაზღვრული პირობები შეიძლება არსებობდეს ნებისმიერ საზოგადოებაში, როგორი განვითარებული და სტაბილურიც არ უნდა იყოს ის. აქედან გამომდინარე, ტერორიზმი შეიძლება აღმოცენდეს ფაქტიურად ნებისმიერ ადგილას, განსაკუთრებით, თუ არსებობს რაიმე სახის იდეოლოგია (რელიგიური თუ საერო) რომლის ინტერპრეტაციაც პრინციპლად შესაძლებელია ისე, რომ გაამართლოს ტერორიზმი.
როგორც 1960-70-იანი წლების დასავლეთ ევროპული გამოცდილება გვიჩვენებს, განვითარებული დემოკრატიული საზოგადოების არსებობა, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად გამოხატოს მისი პროტესტი დემოკრატიული პროცედურის ჩარჩოებში, არ ხდის ასეთ საზოგადოებას შეუვალს ტერორიზმისათვის. ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდნენ მარგინალური პიროვნებები, ან მათი ჯგუფები, რომლებიც ლეგალური საპროტესტო პროცედურის ფარგლებში მაინც ვერ გახდებიან საკმარისად ცნობილები, რომ მიიპყრობენ საზოგადოების იმდენი ყურადღება, რომელიც მათ ამბიციებს დააკმაყოფილებს. ამიტომ მათ შეუძლიათ მიმართონ ტერორიზმს საკუთარი იდეების პროპაგანდის მიზნით.
ტერორიზმი ფართოდ გამოიყენება პოლიტიკურ ბრძოლაში უძველესი დროიდან, თუმცა საკმაოდ მძლავრ და ეფექტურ პოლიტიკურ იარაღად ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან გადაიქცა. ეს გამოწვეული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის დამთხვევით.
პირველი - თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებებისა და მას მედიის გაჩენამ უაღრესად გააძლიერა ტერორიზმის გავლენა საზოგადოებაზე. ერთი მხრივ - ტერორისტული აქტების მიმდინარეობის თუ მათი შედეგების ოპერატიული და თვალნათლივი მიწოდების ხარჯზე, მეორე მხრივ - ტერორისტების იდეების (ხშირად უნებლიე) პროპაგანდით და ტერორისტებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობით, ე.ი. ტერორისტების მიზნების ფაქტიური რეალიზაციით.134
მეორე - თანამედროვე საბრძოლო საშუალებები, რომლებსაც ტერორისტული აქტების განსახორციელებლად იყენებენ, ძალიან ეფექტურია და საკმაოდ მძლავრი იმისათვის, რომ შეედარონ თანამედროვე ჯარის შეიარაღებას. გარდა ამისა, თანამედროვე სამრეწველო თუ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს (განსაკუთრებით ქიმიურ ქარხნებს, ატომურ ელექტროსადგურებს და ა.შ.) „უბრალო” ავარიის შემთხვევაშიც კი შეუძლიათ აურაცხელი ზიანი მიოაყენონ ადამიანებსა თუ ბუნებრივ გარემოს. შესაბამისად, ისინი განიხილება როგორც მიმზიდველი სამიზნეები ტერორისტებისათვის, რაც, აგრეთვე, ფრიდ აზვიადებს ტერორიზმის პოტენციულ საფრთხეს. როგორც 2001 11 სექტემბრის ცნობილმა მოვლენებმა გვიჩვენა, თანამედროვე საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც უაღრესად დამანგრეველი ტერორისტული იარაღი.
სამაგალითოა ის შედეგი, რომელიც გამოიღო 2004 წლის მარტში ესპანეთში, მადრიდის ოთხ რკინიგზის სადგურში ათი ბომბის აფეთქებამ. ამ ტერაქტის შედეგად, რომელზეც პასუხისმგებლობა იკისრა ალქაედას ტერორისტულმა დაჯგუფებამ, დაიღუპა 191 და დაშავდა არანაკლები 1400 ადამიანისა. ტერაქტის მიზეზად დასახელებული იყო ესპანეთის მიერ აშშ-ს ერაყის ოკუპაციის მხარდაჭერა და მისი საჯარისო კონტინგენტის მონაწილეობა საომარ მოქმედებებში ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამას მოჰყვა ესპანელების მასობრივი პროტესტები, აშშ მხარდამჭერი პრემიერმინისტრ ხოსე მარია ასნარის მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის დამარცხება საყოველთაო არჩევნებზე და 1300-კაციანი ესპანური საჯარისო კონტინგენტის ერაყიდან გაყვანა. გარდა ამისა, ესპანეთისა და აშშ ურთიერთობა „გაცივდა“ იმ დონემდე, რომ აშშ პრეზიდენტმა ჯ. ბუშმა საკმაოდ დემონსტრაციულად ვერ გამოძებნა დრო მიეღო სატელეფონო მილოცვები ესპანეთის ახალი პრემიერ-მინისტრ ხოსე ლუის როდრიგე საპატეროსაგან მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევასთან დაკავშირებით, თუმცა მისი მოუცლელობა არ გავრცელდა ყოფილ პრემიერზე. ამ შემთხვევაში ტერორისტებმა მიაღწიეს სტრატეგიულ მიზანს, თუმცა ეს აბსოლუტური გამონაკლისია და მათი აქტიურობის შედეგები საზოგადოდ ბევრად უფრო მოკრძალებულია. |
მესამე - ტერორიზმი იაფია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ტრადიციულ კონტრტერორისტულ ღონისძიებებთან შედარებით (საბრძოლო საშუალებები, ჯარის/პოლიციის მომზადება, სამხედრო და პოლიციური ოპერაციების წარმართვა და ა.შ.). ტერორისტების მიერ გამოყენებული ტექნოლოგიები შედარებით მარტივია. ვთქვათ ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებლად საჭირო მასალის შეძენა შეიძლება ნებისმიერ სასოფლო მაღაზიაში (სასუქები), საათის მექანიზმიან ბომბში გამოიყენება ძველი სარეცხის მანქანების ტაიმერები, დისტანციური მართვის მექანიზმებად - მობილური ტელეფონების ნაწილები. ყველაფერი ამის დამზადებისა თუ გამოყენების ინსტრუქციები ინტერნეტშია განთავსებული. ტერორისტული აქტების შემსრულებლები საჭიროებენ მინიმალურ მომზადებას, ან შესაძლოა არავითარი სპეციალური მომზადება საერთოდ არ გააჩნდეთ. უბრალოდ შეუდარებელია ის ადამიანური რესურსები, რომელიც იხარჯება ტერორისტული აქტების მომზადებასა და რეალიზაციაზე, ერთი მხრივ, და ტერორიზმთან ბრძოლაზე, მეორე მხრივ.
2004 წლის აგვისტო-სექტემბერში რუსეთში განხორციელდა ტერაქტების სერია, რომელთა შედეგად აფეთქებული იქნა ორი სამგზავრო თვითმფრინავი, მოხდა ორი აფეთქება ქ.მოსკოვში და ბოლოს ჩრდილო ოსეთის ქ.ბესლანის სკოლაში მძევლების (ძირითადად ბავშვების) აყვანა. ამ უკანასკნელი ტერაქტის შედეგად დაიღუპა 338 ადამიანი, მათ შორის 171 ბავშვი, 600-ზე მეტი დაშავებული მიყვანილი იყო საავადმყოფოებში, უშუალოდ ტერაქტის შემდეგ. ცნობილი ჩეჩენი ტერორისტის შამილ ბასაევის განცხადებით, რომელმაც თავის თავზე აიღო ამ ტერაქტების სერიის ორგანიზაცია - „თვითმფრინავების აფეთქება დამიჯდა ოთხი ათასი დოლარი, კაშირსკაიაზე და მეტროსთან - შვიდი ათასი დოლარი, ხოლო ოპერაცია „ნორდ-ვესტი“ (ბესლანი - ავტორი) - რვა ათასი ევრო.135
დამატებითი შედარება (ეს უშუალოდ ტერორიზმს არ ეხება, მაგრამ ახლოს დგას მასთან) - ცნობილი ინდოელი დამნაშავის - ვიერრაპანის წინააღმდეგ თამილნადუს შტატის მთავრობა ათი წლის მანძილზე ატარებდა სპეცოპერაციას, რომელშიც რეგულარული პოლიციური დანაყოფების გარდა მონაწილეობდა 500-კაციანი სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მხოლოდ მასზე ნადირობა ევალებოდა და თავიდანვე ამისათვის იყო ჩამოყალიბებული. მისი ლიკვიდაციის მომენტისათვის 2004 წლის ოქტომბერში ამ ოპერაციაზე პირდაპირმა დანახარჯებმა 10 მილიონ დოლარს მიაღწია.136
|
ტერორიზმი რყვნის. თვით ასეთი მოძრაობის ლოგიკა, რომელიც დაფუძნებულია უდანაშაულო ადამიანების განადგურებასა და დაშინებაზე, ეწინააღმდეგება ნებისმიერ საზოგადოებაში მიღებული მორალის ყველაზე ელემენტარულ ნორმებს. ის ყოველთვის ნეგატიური მორალური მუხტის მატარებელია. ტერორისტულ მოძრაობებს სათავეში დასაწყისში ხშირად უდგანან იდეალისტები, რომლებიც ან განიცდიან „დემორალიზაციას” (უბრალოდ კარგავენ ადამიანურ თვისებებს) ან/და ნადგურდებიან უფრო პრაგმატული კონკურენტების მიერ, რომლებიც საერთოდ არაფრად აგდებენ საზოგადოებრივ მორალს. საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ტერორისტული მოძრაობა ხდება მარგინალებისა და დამნაშავეების თავშესაფარი, რომელთაც მართავენ ამორალური პოლიტიკური მანიპულატორები. ამავე დროს, ასეთი მდგომარეობის შექმნაზე ხშირად არანაკლებ პასუხისმგებლები არიან ისინი, ვინც აიძულებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ბრძოლის ასეთ უკიდურეს მეთოდს მიმართონ.137 ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაცია აგრეთვე იყენებს კრიმინალურ მეთოდებს როგორც მოქმედებისათვის საჭირო ფინანსებისა და იარაღის მოსაპოვებლად, ისე მხარდამჭერების მოსაზიდად (შანტაჟი). ამიტომ ზღვარი ნებისმიერ ტერორისტულ ორგანიზაციასა და კრიმინალურ სამყაროს შორის ადრე თუ გვიან იშლება. იმის გამო, რომ ტერორიზმის მთავარი მიზანია გამოიწვიოს მაქსიმალური შიში და აღშფოთება საზოგადოებაში, ის ხშირად მისი სამიზნე ხელისუფლებისა და საზოგადოების მიერ განიხილება როგორც ნაკლებად აზრიანი, ირაციონალური. მოთხოვნები, რომელსაც ტერორისტები აყენებენ, ხშირად პრინციპულად შეუსრულებადია, მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლება მზად არის ისინი დააკმაყოფილოს. შესაბამისად კონფლიქტების მოგვარების ტრადიციული, რაციონალური გზები, რომელსაც მიმართავს თანამედროვე დასავლური საზოგადოება, ნაკლებად ჭრის ტერორიზმთან მიმართებაში.
ტერორიზმთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის საზოგადოდ განიხილება როგორც დამოუკიდებელი მოვლენა და შესაბამისად ხდება მასთან ბრძოლის ორგანიზაცია. სინამდვილეში ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას - წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას. თუმცა ტერორისტები იშვიათად აღწევენ თავის გამოცხადებულ მიზნებს, მათი ცალკეული ქმედებების განუზრახველი შედეგებიც კი ზოგჯერ იწვევენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კაცობრიობის განვითარებაში. ასე მაგალითად, მოვლენათა ჯაჭვმა, რომელიც მოჰყვა ჭლექიანი სერბი სტუდენტის გავრილა პრინციპის მიერ 1914 წლის ზაფხულში ქ. სარაევოში (ბოსნია) ავსტრიაუნგრეთის ერცგერცოგის მკვლელობას, საბოლოო ჯამში, პირველი მსოფლიო ომი გამოიწვია.
ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პიროვნებებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოო ჯამში მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან.138 ასე მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, გადამწყვეტი როლი შეასრულა 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლაში, ყველა თანმხლები შედეგით, რომელიც კაცობრიობამ თავის თავზე განიცადა მე-20 საუკუნის შვიდ ათეულ წელზე მეტის განმავლობაში.139
ზემოთ აღწერილ ორივე შემთხვევაში ტერორისტულ აქტიურობას მოჰყვა გლობალური ცვლილებები, რომლებიც თავისი მასშტაბებით აშკარად შეუსაბამო იყო კონკრეტული ქმედების უშუალო შედეგებისა. ეს უპირველეს ყოვლისა გვიჩვენებს ტერორიზმის საშიშროებას იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება მთლიანად, და, უპირველეს ყოვლისა, მართვის ორგანოები, ადეკვატურად არ აღიქვამენ ტერორიზმის საშიშროებას, არ გააჩნიათ მასთან ბრძოლის ეფექტური მექანიზმები და რაც ყველაზე უარესია - ცდილობენ მოკლევადიანი პოლიტიკური მოგების მისაღწევად გამოიყენონ კონკრეტული ტერორისტული აქტების შედეგები (ავსტრია-უნგრეთი 1914 წელს).
თანამედროვე ტერორიზმი შესაძლებელია დაიყოს ორ ფრიად განსხვავებულ ნაწილად. პირველია ლოკალური ტერორიზმი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში გამომდინარეობს სხვადასხვა სახის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობებიდან და წარმოადგენს ამ მოძრაობების არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს, თუმცა ეს მოძრაობები როგორც ასეთი ხშირად ლეგალიზებულია შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით. მეორე ნაწილია ტერორიზმის ის ნაირსახეობა, რომელიც დღეს მოიხსენიება როგორც საერთაშორისო (ზოგჯერ გლობალური) ტერორიზმი და საზოგადოდ გლობალური საფრთხის მატარებელად აღიქება.
ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველგან დედამიწაზე. ის საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში 1960-1970-იან წლებში, ძირითადად როგორც მარქსისტული ექსტრემიზმი (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) და დღესაც ლატენტურ ფაზაშია წარმოდგენილი ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილო ირლანდია), სადაც ადგილობრივი ეროვნული უმცირესობების (შესაბამისად ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ასეთი გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.
საერთოდ ლოკალური ტერორიზმის (თუგინდ ძალიან აქტიური) ჩახშობა თუ არა, ნაწილობრივ განეიტრალება მაინც თანამედროვე მსოფლიოში ვერ ხერხდება ძირითადად იმიტომ, რომ იმათ, ვისაც ამ საკითხის მოგვარება ეხება (ძირითადად შესაბამისი ქვეყნების მთავრობები) ან არ შეუძლიათ, ან არ აწყობთ ეფექტური ღონისძიებების გატარება. ეს, მაგალითად, შეეხება ტერორიზმს ქაშმირში (ინდოეთი) ან შრი-ლანკაზე, ალჟირში, თურქეთში, რუსეთში - ჩრდილო კანკასიაში.140
იქ, სადაც ხელისუფლებას უნდოდა და უნარი შესწევდა ტერორიზმთან ებრძოლა, მაგალითად, ევროპაში, მან უპასუხა ტერორისტულ გამოწვევებს ძალისმიერი პოლიციური მეთოდების, ანტიტერორისტული პროპაგანდის, მოლაპარაკებისა და მოსყიდვის კომბინაციით. შედეგად მარქსისტული ტერორი ევროპაში საერთოდ აღმოიფხვრა, ხოლო ბასკური და ჩრდილო ირლანდიული ტერორისტები ჩაყენებულები არიან ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ისინი ფორმალურად მაინც უარს ამბობენ ბრძოლის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასეთი კონფლიქტი ათწლეულებს მოითვლის, მათი უშუალო გავლენა იშვიათად სცილდება იმ ქვეყნებსა თუ რეგიონებს, სადაც ისინი ვითარდება. თუ ასეთები ზოგჯერ განიხილება როგორც გლობალური ტერორის ნაწილი, ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთ მთავრობებს, მათი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, აწყობთ მათი ამ სახით წარმოდგენა. ეს მოსაზრება შესაძლებელია გავრცელდეს ისეთ გძლელადიან და გახმაურებულ კონფლიქტზე, როგორიცაა პალესტინა-ისრაელის.
ეს კონფლიქტი თავისი არსით ძალიან ტიპურია და თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კონფლიქტთა რიცხვს მიეკუთვნება.141 ამ დროს ის ადგილი, რომელიც მას უკავია მსოფლიო პოლიტიკური ურთიერთობების სისტემაში, აშკარად არ შეესაბამება მის რეალურ სირთულესა და გამოვლინების ინტენსიურობას.
დაახლოებით სამი ათეული წლის მანძილზე მას ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ეკავა შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობათა სისტემაში, რომლებიც მხარს უჭერდნენ კონფლიქტის მოწინააღმდეგე მხარეებს - შესაბამისად ისრაელსა და პალესტინელ არაბებს (როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, ძირითადად ერთმანეთის ჯიბრით).
დღესაც, სსრკ-ს წასვლის შემდეგ მსოფლიო ასპარეზიდან, ამ კონფლიქტს დაახლოებით ისეთივე ადგილი უკავია აშშ-სა და მთლიანად მუსულმანური სამყაროს ურთიერთობებში. ეს კონფლიქტი, აგრეთვე, წარმოადგენს საერთაშორისო ტერორისტული მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას და მისი არსებობისა და განვითარების საბაბს.
თანამედროვე ბიზნეს-ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, ხდება ამ კონფლიქტის რეიტინგის საკმაოდ ხელოვნური გაზრდა ლოკალურ/რეგიონალურიდან, ვიდრე სუბგლობალურამდე, ხოლო მისი გამწვავების პერიოდებში გლობალურ დონემდეც.
შესაბამისად იზრდება მის მოგვარებაში მონაწილეობის მიღების მსურველ სუბიექტთა რიცხვიც, რომელთაგანაც ყოველი პირადი, ეგოისტური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ასეთი დაიტერესება ბუნებრივია მკვეთრად ამცირებს კონფლიქტის მოგვარების შანსებს. მაგალითისათვის, ბევრ არაბ ხელისუფალს პრინციპში აწყობს ამ კონფლიქტის არსებობა, თუგინდ იმიტომ, რომ ის უქმნის შესაძლებლობას, საჭიროების შემთხვევაში, გადაიტანოს საკუთარი „ქუჩის“ ყურადღება მოუგვარებელი საშინაო პრობლემებიდან.
ებრაულ-პალესტინულმა კონფლიქტმა რამდენიმე ფრიად საყურადღებო შედეგი გამოიღო -
1. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული (უნებლიედ) ეროვნული მშენებლობის პროექტის რეალიზაცია - პალესტინური ერის ჩამოყალიბება ერთმანეთთან ხშირად ნაკლებად დაკავშირებულ არაბთა ჯგუფებიდან, რომლებიც ძირითადად შრომითი მიგრანტებით იყვნენ წარმოადგენილები. ისრაელის სახელმწიფოს ჩასახვის მომენტისათვის მათ იზიდავდა ამ რეგიონში შესაძლებლობები, რომელთაც ქმნიდა პალესტინაში ებრაელი მოსახლეების მიერ ინიციირებული ეკონომიკური განვითარება. 1947 წელს არაბული პალესტინა, პალესტინელი არაბები, მხოლოდ გაეროს ვაი-სტრატეგების წარმოდგენაში თუ არსებობდნენ.
2. შემოიყვანა ადგილობრივ პოლიტიკაში დამატებითი მოთამაშე, რომელიც ისტორიულად აქ არ იყო წარმოდგენილი და საერთო არაფერი ჰქონდა არც რეგიონთან და არც მიმდინარე კონფლიქტთან. ესაა ირანი, რომლის ინტერესებსაც აქ რადიკალური შიითური მოძრაობა ჰიზბალლა წარმოადგენს. ეს მოძრაობა ყველაფერთან ერთად ფაქტიურად განსაზღვრავს ფორმალურად დამოუკიდებელი ლიბანის ბედ - იღბალს (განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მ 2005 წელს აიძულა სირიელები ეს ქვეყანა დაეტოვებინათ) და ეტყობა პოტენციურად მეტი დესტაბილიზაციის შეტანა შეუძლია ამ რეგიონში, ვიდრე ნებისმიერ რადიკალურ პალესტინულ მოძრაობას.
3. შემოიტანა პალესტინურ წინააღმდეგობის მოძრაობაში ისლამური ფაქტორი, რომელიც გასული საუკუნის 1980-იანი წლების შუა წლებამდე აქ საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. პალესტინური ორგანიზაციები ან ნაციონალისტური, ან მემარცხენე მიმართულების იყვნენ. ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა ჰამასი - დღესდღეობით ყველაზე გავლენიანი ასეთი დაჯგუფება - მხოლოდ 1987 წელს დაარსდა (როგორც ჩანს ისრაელის უშიშროების სამსახურების მონაწილეობით, რომლებიც ისლამისტებში ნაკლებ საშიშროებას ხედავდნენ, ვიდრე საბჭოთა კავშირის მფარველობის ქვეშ მყოფ ფათჰის მოძრაობაში, რომელსაც იასირ არაფატი ედგა სათავეში). დაახლოებით ამავე დროს შეიქმნა ასევე შეურიგებელი ისლამური ჯიჰადიც. ამას, აგრეთვე მოჰყვა, თავის დროზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი და გავლენიანი ადგილობრივი ქრისტიანი არაბების მარგინალიზაცია და მათი შესამჩნევი ნაწილის პალესტინიდან განდევნა.
|
ეს კონფლიქტი იმითიცაა ფრიად გამწვავებული, რომ ისრაელმა აირჩია 1967 წლის ექვსდღიანი ომის შედეგად დაპყრობილი პალესტინური ტერიტორიების მართვის მისთვის აშკარად ყველაზე წამგებიანი სცენარი. მან აქ ნახევრად კოლონიური, ოკუპაციური მმართველობის რეჟიმი დააწესა, რომელიც უკვე თითქმის ოთხი ათეული წელია ხორციელდება მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროსა და ე.წ. ღაზას სექტორში.
1970-იანი წლებიდან მიმდინარეობს ამ ტერიტორიების საუკეთესო ნაწილების მითვისება და იქ ებრაული დასახლებების მშენებლობა. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე ამას დაემატა არაბებისა და ებრაელების გამყოფი 6 მეტრის სიმაღლის კედლის მშენებლობა. ის ფორმალურად აღიარებულ 1967 წლის ისრაელის საზღვარს არ ემთხვევა და საკმაოდ დასაბუთებულად პალესტინური ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობად აღიქმება (მ.შ. გაეროსა და ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ).
2006 წლის დასაწყისისათვის დაახლოებით 250 ათასი ებრაელი ცხოვრობდა მდ. იორდანის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე 125 ოფიციალურად აღიარებულ დასახლებაში (არსებობს აგრეთვე უამრავი არაოფიციალური დასახლება). დამატებით 180 ათასი ცხოვრობდა აღმოსავლეთი იერუსალიმის ანექსირებულ უბნებში და დაახლოებით 16 ათასი ჰოლანის სიმაღლეებზე.142
ფორმალურად ამ ტერიტორიებზე არსებობს ე.წ. პალესტინური ავტონომია (1994 წლიდან) - განუვითარებელი ეკონომიკით, სუსტი სოციალური ინფრასტრუქტურით, მძიმე დემოგრაფიული სიტუაციით, მოსახლეობის მასობრივი სიღარიბით და რაც მთავარია, უაღრესად არაეფექტური და კორუმპირებული მმართველობით, რომლის ფუნქციონირება მთლიანად უცხოურ დახმარებაზეა დამოკიდებული. ფაქტიურად პალესტინური სახელმწიფო ჩანაცვლებულია რამდენიმე მოწინააღმდეგე, ფარულად ან ღიად ტერორისტული ორგანიზაციების უხალისო გაერთიანებით, რომელთაც ერთმანეთთან ღია ომისაგან მხოლოდ ერთიანი მტრის არსებობა აკავებს.
ასეთ წარმონაქმს პრინციპულად არ შეუძლია უზრუნველყოს რაიმე სახის სოციალური და უშიშროების გარანტიები მოსახლეობისათვის, რომელიც ყველაფერთან ერთად განიცდის (როგორც მინიმუმ) ყოველდღიუღ აბუჩად აგდებასა და დამცირებას, რაც ნებისმიერი ოკუპაციური რეჟიმის თანმხლები მოვლენაა. შესაბამისად, აქ სოციალური (და ეთნიკური) დაძაბულობის დონე ძალზე მაღალია - ე.ი. არსებობს ის გარემო, რომელიც მასობრივად უბიძგებს ადამიანებს (განსაკუთრებით ახალგაზრდებს) ტერორიზმისაკენ.
ძალთა ობიექტური უთანაბრობა ისრაელსა და პალესტინას შორის იმდენად დიდია, რომ ტერორი პალესტინელების ერთადერთი პოლიტიკური არგუმენტია, რომელზეც ისრაელის მხარე რეაგირებას ახდენს. ფაქტობრივად, “რასაც სიონისტი ექსტრემისტები აკეთებდნენ თავის დროზე ბრიტანელების პალესტინიდან განსადევნად, პალესტინელი ექსტრემისტები ჩადიან ებრაელების მიმართ”.143
იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის ჯარი და უშიშროების სამსახურები დღესდღეობით ყველაზე ეფექტურია დედამიწაზე, ტერაქტები ისრაელს მინიმალურ უშუალო ზიანს აყენებენ. მაგრამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ტერორისტული აქტიურობის მიზანმიმართული, სისტემატური გამოყენება მკვეთრად ზრდის მის ეფექტურობას.
რაც დრო გადის, პალესტინული ტერორიზმი, ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი კონტროლი და ამასთან დაკავშირებული მსხვერპლი და სოციალური დაძაბულობა ისრაელისათბის სულ უფრო ნაკლებად მისაღები და მოსათმენი ხდება.
შედეგად, დაახლოებით 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან, თავი იჩინა მოვლენამ, რომელსაც შეიძლება „კოლონიალიზმის სინდრომი“ დავარქვათ.
პალესტინური ტერიტორიების ოკუპაციისა, და განსაკუთრებით იქ არსებული ებრაული დასახლებების უშიშროებისა და სასიცოცხლო მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები (პირველ რიგში სოციალური), აღარ ბათილდება ამ ტერიტორიების კონტროლიდან მიღებული მოგებით, რომლის გამართლებაც თუგინდ სიონიზმის პოზიციებიდან იქნებოდა შესაძლებელი. ფაქტიურად ისრაელი დაღალა ამ ოკუპაციამ, რომელიც ძირითადად ემსახურება მისი მოსახლეობის ყველაზე ექსტრემისტული უმცირესობის მისწრაფებებს, რომელიც მოითხოვს ამ ტერიტორიების დე იურე თუ დე ფაქტო ანექსიას.144
ისრაელს სასწრაფოდ სჭირდება არაბებთან დაშორიშორება, აგრეთვე, ელემენტარული დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.5-ჯერ აღემატება ისრაელისას, მ.შ. პალესტინელი ქალების ფერტილურობის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ისრაელში მცხოვრებების (სადაც მაღალი ფერტილურობით ისევ ადგილობრივი არაბები გამოირჩევიან). ისრაელის ებრაული მოსახლეობა ძირითადად გარედან ჩამოსახლებული მიგრანტების ხარჯზე იზრდებოდა, მაგრამ ასეთი მიგრანტების უკანასკნელი მნიშვნელოვანი წყარო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სახით ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ამოიწურა.
ცნობილი ებრაელი მოღვაწე, „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიმომხილველი თომას ფრიდმანი ჯერ კიდევ 2002 წელს წერდა - „დაშორიშორების გარეშე 2010 წლისათვის ისრაელსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე იცხოვრებს მეტი არაბი, ვიდრე ებრაელი. ასეთ პირობებში ისრაელს ექნება სამი არჩევანი: ისრაელელები გააკონტროლებენ მთელ ამ ტერიტორიას აფართეიდის საშუალებით, ან გააკონტროლებენ მას პალესტინელების განდევნით, ან მიანიჭებენ პალესტინელებს ხმის უფლებას, რის შემდეგაც ებრაული სახელმწიფო აღარ იარსებებს. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს ნიშნავს ისრაელის, როგორც ებრაული დემოკრატიის აღსასრულს“.145
აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კონფლიქტის გაგრძელება აწყობთ პალესტინელ არაბებს. ეტყობა ამიტომ მათი ხელმძღვანელობა მრავალი წლის მანძილზე ახერხებს ისრაელთან რეალურ დიალოგზე უარის თქმას. მას მშვენივრად ესმის, რომ დრო პალესტინელებზე მუშაობს.
როგორც ჩანს, პალესტინის ხელმძღვანელებისათვის მისაღებია ის მსხვერპლი, რომელსაც განიცდის ადგილობრივი მოსახლეობა ტერაქტების საპასუხოდ ისრაელის მიერ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციების შედეგად (ყველაზე წარმატებული ტერორისტული აქტიურობის პერიოდის დროსაც კი ერთ დაღუპულ ებრაელზე დაახლოებით სამი არაბი მოდის). სამაგიეროდ ეს მსხვერპლი უზომოდ ზრდის არაბების სიძულვილს ისრაელის მიმართ და ახდენს მათ კონსოლიდაციას სხვადასხვა ჯურის ადგილობრივი ტერორისტული ორგანიზაციების გარშემო.
საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც დღეს აქ აშშ-ს, ევროგაერთიანების, რუსეთისა და გაეროს სახითაა წარმოდგენილი, ამ კონფლიქტის მოგვარებაში ვერავითარ კონსტრუქციულ როლს ვერ თამაშობს. მის ჩარევას არ მოჰყვა კონფლიქტის მოგვარების რაიმე რეალისტური გეგმა, რომელიც შესაძლებელია ისრაელს აწყობდეს, მან ვერ/ან არ მოახდინა რაიმე ეფექტური დაწოლა მოწინააღმდეგე მხარეებზე იმ მიზნით, რომ მოეგვარებინათ კონფლიქტი იმ პირობებით, რომელიც შესაძლებელია ამ საზოგადოებას აწყობდეს.146 |
ამავე დროს, რეალურად, მხოლოდ ისრაელს შეუძლია (და სასწრაფოდ სჭირდება), თუგინდ ძალისმიერი გზით, ამ კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარება თუ არა, სხვა, „უფრო მოსათმენ“ ხარისხში მისი გადაყვანა (მით უმეტეს თუ მას მხარს აშშ აუბამს). თუმცა უკანასკნელ დრომდე, არც პალესტინელებთან დაშორიშორების რეალური გეგმა, არც მაინც და მაინც ამის სურვილი, არც ასეთი ნაბიჯის აუცილებლობის შეგნება თვით ისრაელს გააჩნდა.
მხოლოდ 2005 წელს ისრაელის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა, მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა, მოახდინა ებრაელთა დასახლებების ძალისმიერი ევაკუაცია ღაზის სექტორიდან, სადაც 1 300 ათასი არაბით გარშემორტყმული, ცხოვრობდა 8.5 ათასი ებრაელი, და მდ. იორდანის დასავლეთი ნაპირის ნაწილიდან. 2006 წლის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ექუდ ოლმერტმა, აგრეთვე, დაგეგმა ასეთი დასახლებების უმეტესი ნაწილის გაყვანა იუდეიდან და სამარიიდან. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად შორს წავა ისრაელი ამ მიმართულებით. 2005 წელს, 2006 წლის დასაწყისში, ისრაელისა და პალესტინელების ურთიერთობაში სტრატეგიული გარდატეხა მოხდა. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები შემდგომში, ისრაელი იძულებული გახდა ცალმხრივ დათმობებზე წასულიყო, გამოეცხადებინა პალესტინელებთან უშუალო შეხების ზონის მკვეთრი შემცირების, მისთვის პერსპექტივაში უფრო უსაფრთხო ტერიტორიული კონფიგურაციის ძიების სურვილი.
ისრაელი ამ ნაბიჯის გადადგმაზე აიძულა ფაქტორების მთელმა კომპლექსმა, რომელთა ნაწილიც ზემოთ იყო აღწერილი. ამ ფაქტორებში ტერორიზმს ერთ-ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამავე დროს პალესტინელების გადმოსახედიდან სწორედ ტერორიზმია ის არგუმენტი, რომელსაც მათთვის წარმატება მოაქვს ისრაელთან ურთიერთობაში. ამან მათ (და არა მარტო მათ) შეიძლება შეუქმნას ილუზია, რომ ტერორიზმის გამოყენება პოლიტიკურ ურთიერთობებში (ლოკალურ დონეზე მაინც) გამართლებულია მისი ეფექტურობის თვალსაზრისით. მით უმეტეს, რომ კონკრეტულ შემთხვევა 1-ში აღწერილი პირამიდული საზოგადოებრივი ურთიერთობის მოდელიდან გამომდინარე, ეს წინააღმდეგობაში არ მოდის ამ ურთიერთობების ორგანიზაციის მოთხოვნილებებთან.
საერთაშორისო ტერორიზმი. საზოგადოდ, ე.წ. საერთაშორისო ტერორიზმის გამოჩენას უკავშირებენ 2001 წლის 11 სექტემბრის ცნობილ მოვლენებს, როდესაც არაბი (ძირითადად საუდის არაბელი) ფანქრის სათლელი გამოსაწევ პირიანი დანებით შეიარაღებულმა ტერორისტების მცირე ჯგუფმა მოახერხა სამი სამგზავრო თვითმფრინავის მოტაცება და მათი მიმართვა ნიუ-იორკის ყველაზე მაღალ, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის „ტყუპ“ ცათამბჯენებსა და პენტაგონის შენობაზე ვაშინგტონში.147 ამ დროს მხოლოდ ნიუ-იორკში 3173 ადამიანი დაიღუპა. ამ ტერაქტის უშუალო გავლენა საერთაშორისო საზოგადოებაზე მთლიანად, და ამერიკულზე პირველ რიგში, იმდენად ძლიერი იყო, რომ ხშირად ლაპარაკობენ მსოფლიოზე 9/11-მდე და მის შემდეგ. სინამდვილეში ეს არ იყო არც პირველი ტერორისტული აქტი, განხორციელებული აშშ-ს ტერიტორიაზე ისლამისტების მიერ, არც პირველი მიზანმიმართული აქტი უშუალოდ ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ მსოფლიოში.
ამერიკელებმა საკმაოდ ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ გამოეწვიათ ექსტრემისტი ისლამისტების სიძულვილი. მხოლოდ ის, რომ აშშ ათწლეულების მანძილზე ფაქტიურად გამოდის ისრაელის უსაფრთხოებისა და არსებობის გარანტად, იყო ირანის შაჰის რეჟიმის ყველაზე აქტიური მოკავშირე, დააფუძნა სამხედრო ბაზები არაბული ქვეყნების ტერიტორიაზე, საკმარის საბაბს იძლეოდა იმისათვის, რომ ექსტრემისტებს მათ წინააღმდეგ ემოქმედათ.
ნ. ფერგუსონის აზრით, ტერორისტების შემობრუნება ამერიკის, როგორც მათი აქტიურობის ობიექტისაკენ, მოხდა 1983 წლის აპრილში, როდესაც განხორციელდა თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე ბეირუთში (ლიბანი) - მსხვერპლი 63 ადამიანი.148 ამ ტერორისტულ აქტს მოჰყვა ამერიკელი საზღვაო ფეხოსნების ყაზარმების აფეთქება იმავე წელს იქვე ბეირუთში (241 დაღუპული). ამის შემდგომი მხოლოდ მსხვილი ტერორისტული აქტები ამერიკელების წინააღმდეგ მოითვლის - იგივე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის აფეთქებას 1993 წელს, ყაზარმების აფეთქებას საუდის არაბეთში 1996 წელს, აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმებს კენიასა და ტანზანიაში 1998 წელს და ბოლოს - თავდასხმას საესკადრო ნაღმოსან „კოულზე“ ადენში (იემენი) 2000 წელს.
საკვირველი ამ სიტუაციაში არის არა ის, რომ 9/11-ს საერთოდ მოხდა, არამედ ის, რომ აშშ ადმინისტრაცია ფაქტიურად არ რეაგირებდა მათი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტერორისტულ აქტზე. ისიც კი, რომ ტერორისტებს ადვილად შეეძლოთ სამგზავრო თვითმფრინავის იარაღად გამოყენება, მრავალი წლის წინ მხატვრულ ლიტერატურაში იყო აღწერილი.149 საკვირველია, აგრეთვე, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს საერთოდ გამორჩათ ამ ტერორისტული აქტის მომზადება, თუმცა ახალგაზრდა საუდელები, რომლებიც შეერთებულ შტატებში საფრენ სკოლებში რეაქტიული თვითმფრინავის მხოლოდ უშუალოდ ფრენის დროს მართვას სწავლობდნენ, მაგრამ არა მის დაშვებას, აშკარად მათი თვალთახედვის არეში უნდა მოხვედრილიყვნენ. |
გარდა ამისა, ამერიკელები, და მათი მიბაძვით მთელი მსოფლიო, საერთაშორისო ტერორიზმის ორგანიზაციასა და განხორციელებას აბრალებენ ე.წ. ალქაედას ტერორისტულ დაჯგუფებას, რომელსაც ხელმძღვანელობს უსამა ბინ ლადენი თავისი სამალავიდან ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე. შესაბამისად ისინი ამ ტიპის ტერორიზმთან ბრძოლას უდგებიან სტანდარტული, მრავალი წლის განმავლობაში ნაცადი მეთოდებით.150
სინამდვილეში სახელი ალქაედა მოიგონა აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ 1998 წელს აღმოსავლეთ აფრიკაში ამერიკის საელჩოების აფეთქების მოკვლევის პროცესში. მან ის შეარქვა ტერორისტების საკმაოდ სუსტად ორგანიზებულ ჯგუფს, რომლებიც უსამა ბინ ლადენის გარშემო იკრიბებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა სახით ეს ორგანიზაცია მაინც შედგა, ის არასოდეს არ ყოფილა საერთაშორისო ტერორისტული ქსელი, როგორც ეს საზოგადოდ არის მიჩნეული.
პრინციპში, ის უფრო შოულობდა დაფინანსებას მრავალრიცხოვანი უკვე არსებული, დამოუკიდებელი ტერორისტული ორგანიზაციებისათვის, ამყარებდა კონტაქტებს მათ შორის, უწევდა კონსულტაციებს და ა.შ.151
აშშ-ს მიერ ავღანეთში ჩატარებულმა კონტრტერორისტულმა ოპერაციებმა პრინციპში ძირი გამოუთხარა ალქაედას იქაურ სტრუქტურებს, მაგრამ საერთაშორისო ისლამური ტერორისტული მოძრაობა მას შემდეგ არა მხოლოდ არ ჩაცხრა, პირიქით, ბევრად უფრო აქტიური გახდა. აქ ფაქტიურად საქმე გვაქვს რადიკალურ საერთაშორისო იდეოლოგიასთან, რომელსაც იზიარებენ მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები და პიროვნებები ისლამურ სამყაროში (განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში). ისინი ნაკლებად არიან დაკავშირებული ბინ ლადენთან, მაგრამ იზიარებენ მის იდეებსა და ბრძოლის მეთოდებს. ისრაელის დაზვერვა მათ ამიტომ „საერთაშორისო ჯიჰადს“ უწოდებს ალქაედას ნაცვლად.152
ყველაზე პრობლემური ამ ტერორისტულ მოძრაობასთან მიმართებაში ისაა, რომ მისი არსებობის მიზეზები საკმაოდ არასწორადაა გააზრებული, როგორც სამთავრობო, ისე ექსპერტების დონეზე. ითლება, რომ ისლამისტები ძირითადად ცდილობენ მოიგერიონ დასავლეთის ის აგრესია, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ ჯვაროსნული ლაშქრობებისა და კოლონიალიზმის დროს და რომელიც მიმართულია ისლამის დანაწევრებისა და დამცირებისკენ.
ასეთი მიდგომა საკმაოდ ამარტივებს სიტუაციას და დამაჯერებლად ვერ ხსნის იმას, რატომ სწირავს ათასობით ადამიანი თავს ყოველდღიურ დაუნდობელ ბრძოლაში. სიონისტების, ამერიკელი იმპერიალისტებისა თუ მთლიანად ანტიისლამური დასავლეთისადმი სიძულვილი არ წარმოადგენს საკმარის მოტივაციას იმ წინააღმდეგობისა, რომელსაც განვითარებული მსოფლიო ისლამურ სამყაროში გადაეყარა.
სინამდვილე ბევრად უფრო რთულია. საქმე გვაქვს ისლამის, როგორც რელიგიური სისტემის, და მასზე აგებული ცივილიზაციის სისტემურ კრიზისთან, რომლის ერთ-ერთი, თანაც არა მთავარი გამოხატულება, ტერორიზმია. საყურადღებოა, რომ ისლამი, იგივე ქრისტიანობისაგან განსხვავებით, უფრო გულდასმით აკონტროლებს მისი მიმდევრების სოციალურ ცხოვრებას დაწყებული ოჯახიდან, დამთავრებული მთლიანად საზოგადოებით. თავის დროზე ამან მნიშვნელოვანი და დადებითი როლი ითამაშა თანამედროვე ისლამური ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში.
ისლამის სისტემური კრიზისი დაემთხვა მუსულმანურ ქვეყნებში დემოგრაფიულ აფეთქებას, ტრადიციული აგრარული საზოგადოების მოშლას, მოსახლეობის მასობრივ მიგრაციას ქალაქად, ამ მასების მიერ მოქმედების ტრადიციული ორიენტირების დაკარგვას, მის მარგინალიზაციასა და ლუმპენიზაციას. ტრადიციული ისლამი იმ უამრავ პრობლემას, რომელსაც ეს ხალხი გადაეყარა, დამაჯერებელ პასუხს ვერ სცემს. ამიტომ მის ადგილს იკავებს ფუნდამენტალიზმი როგორც იმ ადამიანების გულდაუჯერობლობის გამოხატვა, რომლებმაც რელიგიის დაკარგვა დაიწყეს.153 ფუნდამენტალიზმი ერთადერთი იდეოლოგიაა, რომლის აღქმაც ამ ლუმპენებს შეუძლიათ, რადგანაც ის იძლევა ადვილად აღსაქმელ პასუხებს რთულ კითხვებზე.154 რას ეუბნება ისლამური ფუნდამენტალიზმი თავის მიმდევრებს? - გავყაროთ ურჯულოები, ჩამოვაგდოთ დასავლეთის ლაქია ხელისუფლები, ჩავაცვათ ქალებს ჰიჯაბი, დავსვათ სახლში - აჩინონ ბავშვები, გავიყოთ ნავთობის ფული; ჩვენ, ნამდვილმა მუსულმანებმა, ვმართოთ ჩვენი ქვეყნები და ყველაფერი კარგად იქნება. ამას ტრადიციულად ემატება კონტექსტიდან ამოგლეჯილი რამდენიმე გამოთქმა ყურანიდან. ესაა და ეს. მაგრამ დაბნეული, მარგინალიზირებული, ხშირად გაუნათლებელი ადამიანისათვის ეს საკმარისია. იგივე ბოლშევიკებმა თავისი მიმდევრები (ძირითადად ასეთივე ლუმპენები) ასეთივე დონის დემაგოგიით აიყოლიეს.
|
პრობლემა ისაა, რომ მეშვიდე საუკუნის შემდეგ, როდესაც ისლამი დაარსდა, მისი რეფორმირება არ მომხდარა. ამის შედეგად მრავალრიცხოვანი ქვეყნები, სადაც ისლამი ოფიციალური რელიგიაა, და მისი ასეულ მილიონობით მიმდევარი, ხშირად ცდილობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში სიტყვასიტყვით მიბაძონ იმას, რაც ყურანში ჩაიწერა 14 საუკუნის წინ. ყურანის იმ მცნებათა დიდი უმეტესობა, რომლებიც არეგულირებს მუსულმანის ყოველდღიურ ცხოვრებას, ე.წ. განვითარებულ მსოფლიოს მაინც ბარბაროსულად მიაჩნია. მაგალითად, ხელის მტევნის მოკვეთა ქურდობისათვის ან საჯაროდ ქვებით ჩაქოლვა ოჯახური ღალატისათვის, ან საჯაროდ თავის მოკვეთა და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, ისლამი ართმევს ადამიანის სტატუსს და გამოთიშავს საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მოსახლეობის ნახევარს - ქალებს.155
დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში მეშვიდე საუკუნის ადათებით ცხოვრების მცდელობა უბრალოდ არ აძლევს ისლამურ ქვეყნებს მოდერნიზაციის საშუალებას - განსაკუთრებით სოციალურ და კულტურულ სფეროებში, თავი რომ დავანებოთ ეკონომიკას. ფაქტიურად არსებობს ორად-ორი გამონაკლისი შედარებით წარმატებული მოდერნიზაციისა ისლამურ სამყაროში - თურქეთი და მალაიზია. თითქმის ყველა დანარჩენ შემთხვევაში ისლამური სახელმწიფოები საკმაოდ შორს ჩამორჩებიან თავის მეზობლებს გლობალურ კონკურენციაში.
დღეს ისლამი დგას გარდაუვალი რეფორმების წინაშე, რათა წარმატებით შეაგებოს თავისი მრევლი გლობალიზაციის ეპოქის გამოწვევებს. თავისთავად ამაში არაფერი არნახული ან მიუღწევადი არ არის. იგივე პროცესი გაიარა ქრისტიანობამ რეფორმაციის პროცესში. განსხვავება ისაა, რომ ქრისტიანული (ამ შემთხვევაში პროტესტანტულ-ქრისტიანული) რეფორმა გამოწვეული იყო მაშინდელი საზოგადოებრივი განვითარების შინაგანი ლოგიკით. ისლამის შემთხვევაში, მან უნდა განიცადოს რეფორმა, რათა შეეწყოს თამაშის წესებს, რომლებიც მისმა კონკურენტმა რელიგიებმა — ქრისტიანობამ და იუდაიზმმა დააწესეს, ან დაჯაბნოს ისინი, თუ შესძლებს. ამასთან ერთად ქრისტიანობას შეეძლო დაეთმო რეფორმისათვის იმდენი დრო, რამდენიც სჭირდებოდა, ისლამს ეს დრო უბრალოდ არ გააჩნია.
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, საქმე გვაქვს სრულფასოვან ცივილიზაციათა კონფლიქტთან, რომელშიც ისლამური მხარე იძულებით აქტიური მოთამაშის როლში გამოდის. ეს კი უკვე თავისთავად გლობალური მასშტაბის და პოტენციურად შესაძლებელია გლობალიზაციური მოვლენაა.
ის, რომ ისლამური სამყაროს რეაქცია ამ გარდაუვალ ცვლილებებზე, პირველ რიგში, მასობრივი ფანატიზმისა და ტერორიზმის სახით გამოიხატება, გასაკვირი არ არის. ეს სისტემის თავდაცვითი მექანიზმის ამოქმედების კონკრეტული გამოვლინებაა. ბოლოს და ბოლოს კათოლიკურ ევროპაში რეფორმის წინა კრიზისი მასობრივ რელიგიურ ისტერიებსა და საღვთო ინკვიზიციის შექმნაში გამოიხატა.
დამატებითი პრობლემა ისაა, რომ ქრისტიანული რეფორმაცია უაღრესად სისხლიანი იყო. დანაკარგი, რომელიც განიცადა ევროპამ რელიგიური ომების დროს, პროცენტულად ბევრად აღემატება იმას, რაც მან მსოფლიო ომების დროს განიცადა. თუ ისლამური რეფორმაცია (ის გარდაუვალია და ფაქტიურად უკვე მიდის) დაახლოებით იგივე სცენარით განვითარდა, ისლამური ტერორიზმი იქნება მსოფლიოს პოლიტიკური პეიზაჟის განუყოფელი ნაწილი თვალსაწიერ მომავალში.
ისლამის, როგორც რელიგიის, და მასზე დაფუძნებული ცივილიზაციის გარდაქმნა, წარმოადგენს ერთ-ერთ უიშვიათეს გამონაკლისს, როდესაც შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ ის უშუალოდ გამოწვეულია გლობალიზაციური პროცესებით. თუმცა საქმე გვაქვს ე.წ. გლობალიზაციის გაუთვალისწინებელ შედეგებთან. თუ ის ყველაზე არასასურველი, სისხლიანი სცენარით განვითარდა, არსებობს შანსი იმისა, რომ მან გლობალიზაციის პროცესები უკან შეაბრუნოს; ფაქტიურად ითამაშოს იგივე როლი, რაც პირველმა მსოფლიო ომმა ითამაშა პირველი გლობალიზაციის მიმართ. |
ეს პროცესი სპონტანურია და ნაკლებად არის დამოკიდებული იმ ადამიანების ნება-სურვილზე, რომლებიც მასში უშუალოდ არიან ჩათრეულები, ან ვისაც ეს უშუალოდ ეხება ისლამური სამყაროს გარეთ. მისი გამოვლენა ავტომატურად ხდება ნებისმიერ ადგილას, სადაც კი არსებობს ისლამური და ნებისმიერი სხვა ფასეულობების სისტემებს შორის წინააღმდეგობის წინაპირობები (რეალური თუ მოჩვენებითი).
აუცილებელი არ არის ეს ფასეულობათა სისტემები ქრისტიანული იყოს - ფრიად დაძაბული და კონფლიქტურია ურთიერთობა მუსულმანებსა და ინდუისტებს შორის იგივე ინდოეთში.
კონფლიქტურია ურთიერთობა,რადიკალური ისლამის მიმდევრებსა და უმეტესობა მუსულმანური ქვეყნების საერო მთავრობებს შორის, ისლამის სხვადასხვა მიმართულებების მიმდევრებს შორის. ის, რაც დღეს წარმოდგენილია როგორც [ისლამური] საერთაშორისო ტერორიზმი (ძირითადად განვითარებული ქვეყნების მთავრობებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ), მხოლოდ შედარებით მცირე, თუმცა ფრიად გახმაურებული ნაწილია იმ განუწყვეტელი წინააღმდეგობის, რაც ხდება თვით მუსულმანურ სამყაროში ამ რელიგიის სხვადასხვა მიმართულების მიმდევრებს, ფუნდამენტალისტებსა და ზომიერ მუსულმანებს შორის. სრულიად არ არის აუცილებელი ისლამურ ტერორიზმს საორგანიზაციო ცენტრი, თუ ცენტრები გააჩნდეს. ის აღმოცენდება ყველგან, სადაც კი არსებობენ დაჩაგრულები მუსულმანები (ან ისეთები, ვინც თავის თავს დაჩაგრულებად მიიჩნევენ), მით უმეტეს, თუ აქვე არსებობენ პოლიტიკოსები, ვისაც მათი მართვა შეუძლიათ საკუთარი მერკანტილური მიზნების მისაღწევად. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი სპეციალისტი ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლას ამების მოკვლის მცდელობას ადარებს. ამ არსებას თავი საერთოდ არ გააჩნია და რამდენ ნაწილადაც არ უნდა დაჭრა ის, ყოველი ცალკეული ნაწილი საკუთარი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას.
ლონდონში 2005 წლის ივნისში მოხდა ტერორისტული აქტები, რომლებშიც 52 ადამიანი დაიღუპა. იქ ოთხმა ახალგაზრდა ინგლისელმა მუსულმანმა ექსტრემისტული ისლამისტური პროპაგანდის გავლენით ჩათვალეს თავი ვალდებულად შებრძოლებოდნენ ურჯულოებს. რომელიმე ისლამურ დაჯგუფებასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე, ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მათ გააკეთეს ასაფეთქებელი მოწყობილობები, დაგეგმეს და მოაწყეს ტერაქტი. ყველაფერი ეს სულ 500 გირვანქა სტერლინგი დაჯდა. საიტერესოა, რომ დაახლოებით იმავე დროს ასეთივე ტერორისტული აქტების მოწყობას აპირებდა ახალგაზრდების მეორე ჯგუფიც, რომლებმაც თავის მიზანს ვერ მიაღწიეს როგორც ჩანს იმის გამო, რომ მათ მიერ იგივე ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია ასაფეთწებელი მოწყობილობების დამზადების თაობაზე ნაკლებად სანდო გამოდგა. |
პირველი ზარი, რომელიც ისლამთან დაკავშირებული [გლობალური] კრიზისის დაწყებას მოასწავებდა, გაისმა 1979 წელს ირანში. მაშინ არავინ მიხვდა, თუ რამ გამოიწვია რადიკალური ისლამური რევოლუცია, თუმცა მისი ფორმა, ინტენსივობა და შინაარსი აშკარად არ შეესაბამებოდა იმ ობიექტურად არსებულ დაძაბულობას, რომელიც შექმნა ამ ქვეყანაში შაჰის რეჟიმმა. მოჰამედ რეზა ფეხლევი, ნებისმიერი თვალსაზრისით, საკმაოდ რბილი მმართველი იყო, ხოლო ქვეყნის მოდერნიზაციის მისეული მცდელობა - საკმაოდ მოკრძალებული.
ეს ფაქტი თავის დროზე შესაბამისად შეფასებული არ იყო და ირანის გაკვეთილებიდან სწორი დასკვნები არ იყო გაკეთებული. ამას წინ უსწრებდა, თუ დაემთხვა, მინიმუმ სამი სხვადასხვა მასშტაბის პროცესი, რომლებმაც საბოლოო ჯამში მოიტანეს საერთაშორისო ტერორიზმის ისეთი სახით ჩამოყალიბება, რომლითაც ის დღეს არსებობს:
1. საუდის არაბეთი, რომელსაც გააჩნია მსოფლიოში უდიდესი ნავთობის რეზერვები, ამავე დროს ხასიათდება დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე არქაული, არადემოკრატიული და რეპრესიული მმართველი რეჟიმით. იმ მიზნით, რომ უცვლელად შეენარჩუნებინა ქვეყანაში არსებული მმათველობის და, უპირველესად ყოვლისა, ნავთობის შემოსავლების განაწილების სისტემა, გადაეტანა საკუთარი მოსახლეობის ყურადღება ამასთან დაკავშირებულ პრობლემებიდან, ეს რეჟიმი მრავალი წლის მანძილზე ხელს უწყობდა ქვეყანაში ფუნდამენტალისტური, ანტიდასავლური ისლამური შეხედულებების პროპაგანდას (მ.შ. ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის ფარგლებში). ის აგრეთვე დიდძალ თანხებს აბანდებდა ასეთი იდეების პროპაგანდაში ქვეყნის გარეთ. ფაქტიურად საუდელები მიზანდასახულად ახდენდნენ ექსტრემისტული ისლამური შეხედულებებისა და ტერორისტული აზროვნების ინკუბაციას მსოფლიოს საკმაოდ დიდ ნაწილში, მ.შ. წამყვან დასავლურ ქვეყნებში.
2. ავღანეთში 1979 წლის საბჭოთა აგრესიის შემდეგ აშშ-მა დიდძალი ფინანსები დააბანდა ადგილობრივ წინააღმდეგობის მოძრაობაში, გაუწია მას მსხვილმასშტაბიანი ტექნიკური დახმარება. ამ დახმარების საკმაოდ დიდი ნაწილი ხვდებოდა ადგილობრივი მუსულმანი ექსტრემისტების ხელში, რომელთაც აშშ არანაკლებ სძულდათ, ვიდრე სსრკ. აშშ-ს მაშინდელმა უმაღლესმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ (პირადად პრეზიდენტმა რეიგანმა) ამაზე თვალი დახუჭა მოკლევადიანი პილიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. შედეგად ამას მოჰყვა იგივე ალქაედას შექმნა ე.წ. „ავღანელი არაბების“ საძმოს საფუძველზე. ამ პროცესში უდიდესი როლი ითამაშა, აგრეთვე, საუდის არაბეთის საგარეო დაზვერვამ პრინც თურქი ალფაისალის ხელმძღვანელობით და პაკისტანის უწყებათაშორისო დაზვერვამ, რომელსაც გენერალი ჰამიდ გული მეთაურობდა. მაშინვე ამ პაკისტანულმა უწყებამ შექმნა და მოგვიანებით ავღანეთის სათავეში მოიყვანა თალიბანის მოძრაობა.
3. დასავლეთ ევროპის ქვეყნების მთავრობებმა არ მოინდომეს ან ვერ მოახერხეს დაახლოებით 1960-იანი წლებიდან რეგიონში ჩასახლებული მილიონობით მუსულმანის ასიმილაცია, შესაბამისი ქვეყნების საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად ნაკადში მათი ჩართვა.156 მათი უდიდესი უმეტესობა გარიყული აღმოჩნდა, ხოლო უკვე ევროპაში დაბადებული ახალგაზრდების საკმაოდ დიდ ნაწილს დამცირებულების, შეურაცხყოფილების მდგრადი სინდრომი გაუჩნდა. ასეთი ადამიანები ადვილად ხვდებიან ფუნდამენტალისტური ისლამური პროპაგანდის გავლენის ქვეშ, ხდებიან რადიკალური იდეების მატარებლები და აქტიური პროპაგანდისტები, ტერორისტული ჯგუფების ორგანიზატორები და ბოევიკები. ისინი არსებობენ ფუნდამენტალისტური პროპაგანდის სივრცეში. მათზე მუდმივ გავლენას ახდენენ მრავალრიცხოვან მეჩეთებში მოღვაწე მქადაგებლები, რომელთა ნაწილი იმდენად რადიკალურია, რომ მუსულმანურ ქვეყნებშიც კი დევნილები არიან. ისლამისტური პროპაგანდის მეორე - ელექტრონული ნაკადი (ინტერნეტი, თანამგზავრული ტელევიზია) საყოველთაო აღიარებით, აგრეთვე, იმდენად ეფექტურია, რომ იგივე აშშ-ს კონტრპროპაგანდა აშკარად დაჯაბნილია მათ მიერ. შესაბამისად დასავლეთ ევროპაში ობიექტურად შექმნილია რადიკალური ისლამის მატარებლების საკმაოდ მძლავრი ფენა, რომლებიც იქ ადრე თუ გვიან საერთაშორისო ტერორის მეხუთე კოლონის როლს შეასრულებენ.
ამავე დროს, თავისთავად საერთაშორისო [ისლამურ] ტერორიზმს არ შეუძლია გლობალური პოლიტიკური ურთიერთობების განპირობება. თუმცა, რასაკვირველია, ის შეიძლება უქმნიდეს ზოგიერთი ქვეყნის სახელმწიფო უშიშროებას ტაქტიკურ, ხოლო პოტენციურად, მომავალში, სტრატეგიულ საფრთხესაც.
ტერორიზმის რეალური გავლენა გლობალიზაციის პროცესებზე დიდწილადაა დამოკიდებული იმ კონკრეტული გლობალური თუ რეგიონალური მოთამაშეების (ძირითადად სახელმწიფოების) ქმედებაზე, რომელთაც შესწევთ უნარი მოახდინონ ამ პროცესის გამოყენება (ზოგჯერ მართვა) საკუთარ ინტერესებში, მოკლევადიანი პოლიტიკური მოგების მისაღწევად.
ეს კვლავინდებურად ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხება, რადგანაც 9/11-ს მოვლენების შემდეგ „ტერორთან გლობალური ომი“ გახდა მათი გლობალური პოლიტიკური აქტიურობის ერთერთი ძირითადი ამოსავალი პრინციპი. ამ ომის ფარგლებში აშშ-მა გადადგა მთელი რიგი ნაბიჯებისა, რომელთა მოკლე, და განსაკუთრებით, საშუალო და გრძელვადიანმა შედეგებმა შესაძლებელია გლობალური მასშტაბის ცვლილებები გამოიწვიოს (როგორც მინიმუმ ეს ერაყის ოკუპაციის შედეგებს ეხება).
ამავე დროს, ტერორიზმის გლობალურ მოთამაშედ გადაქცევის თვალსაზრისით, პრინციპულად ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგა აშშ-მ მათთან ბრძოლის საბაბით, ანდა რა კონკრეტული შედეგები მოიტანეს ამ ნაბიჯებმა. ის, რომ წამყვანმა გლობალურმა მოთამაშემ საერთაშორისო ტერორიზმი მის მთავარ გლობალურ მოწინააღმდეგედ გამოაცხადა, ავტომატურად აამაღლა ტერორიზმის სტატუსი გლობალური მოთამაშის დონემდე.
აქედან გამომდინარე, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორებმა სტრატეგიულ მიზანს მიაღწიეს - ისლამური ფუნდამენტალისტური მოძრაობა გადაიქცა გლობალური მასშტაბის მოვლენად, ხოლო მისი თანმხლები ტერორიზმი - გლობალურ მოთამაშედ. ტერორისტებმა აგრეთვე, (თუგინდ უნებლიედ) გადაჭრეს ფუნდამენტალისტებისათვის ფრიად მნიშვნელოვანი დამატებითი სტრატეგიული ამოცანა - ჩააბეს გარეშე ძალები (მინიმუმ აშშ და მისი ის მოკავშირეები, რომლებიც ერაყის ოკუპაციაში მონაწილეობენ) შიდა-ისლამურ სისტემურ კრიზისში, გადააქციეს ისინი ამ კრიზისის თანმხლები პროცესების აქტიურ მონაწილეებად (შესაძლებელია მძევლებადაც).
ეს სრულიად საწინააღმდეგოა იმისა, რასაც ეს ძალები ასეთ სიტუაციაში უნდა აკეთებდნენ. წესით და რიგით, ნებისმიერმა გარეშე ძალამ უნდა მოახდინოს მაქსიმალური დისტანცირება ისეთი მასშტაბისა და სირთულის სპონტანური პროცესიდან, როგორიცაა მსოფლიო რელიგიის სისტემური კრიზისი. ასეთი ტიპის კრიზისის გამოყენება საკუთარ ინტერესებში, მით უმეტეს მისი მართვა, ნებისმიერ ქვეყნისა თუ ქვეყანათა ჯგუფისათვის, რარიგ ძლიერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, პრინციპულად შეუძლებელია.
მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია განვითარებულ მსოფლიოს ასეთ კრიზისთან მიმართებაში, შეეცადოს ფრთხილად შეაბრუნოს პროცესები ორივე მხარისათვის (მუსულმანებისა და დანარჩენი მსოფლიოსათვის) მომგებიანი მიმართულებით. წინააღმდეგ შემთხვევაში (და ეს უკვე ხდება) ის იძენს განტევების ვაცის როლს, რომელსაც ბრალდება ასეთი კრიზისის ობიექტურად თანმხლები ყველა ნეგატიური პროცესები.
![]() |
6 თავი 4. ზოგიერთი გლობალური პრობლემა. დემოგრაფიული და ეკოლოგიური პრობლემები. |
▲ზევით დაბრუნება |
4.1. გლობალური მოსახლეობის პრობლემა.
4.1.1. ეს პრობლემა ფაქტიურად ერთ-ერთ უიშვიათეს გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც კავშირი გლობალიზაციასა და თვით პრობლემის წარმოქმნას შორის უშუალო და აშკარაა. მისი ყველაზე თვალნათლივი შედეგია მსოფლიო მოსახლეობის არნახული ტემპებით ზრდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (იხ. ცხრილი 4.1.1). ეს პროცესი იმდენად ინტენსიურად წარიმართა, რომ “დემოგრაფიული აფეთქების” სახელით გახდა ცნობილი.
ცხრილი 4.1.1 დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა
წელი |
მოსახლეობის რაოდენობა (მილიონი ადამიანი) |
საშუალო წრიული ზრდის ტემპი (%)
|
მოსახლეობის საშუალოწრიული მატება (მილიონი ადამიანი) |
1800 |
952 |
- |
1.611 |
1900 |
1656 |
- |
7.04 |
1950 |
2519 |
- |
17.26 |
1960 |
3021 |
1.821 |
50.20 |
1970 |
3692 |
2.10 |
74.30 |
1980 |
4435 |
1.71 |
82.90 |
1990 |
5264 |
|
|
2000 |
6071 |
1.43 |
70.70 |
2010 |
6830 |
1.18 |
75.90 |
1 ეხება წინა პერიოდს
წყარო: Population Division of the Department of Economic and Social Affairs of the United Nations Secretariat, World Population Prospects: The 2002 Revision and World Urbanization Prospects: The 2001 Revision, http://esa.un.org/unpp, 27 January 2005;
Максаковский В.П. Географическая картина мира. Ч.1. Общая характеристика мира. Ярославль: Верх.-Волж. кн. изд-во, 1996.
მოსახლეობის ზრდის უდიდესი ნაწილი ამ პერიოდში მოვიდა განვითარებად ქვეყნებზე, რის შედეგადაც მათი წილი მსოფლიო მოსახლეობაში გაიზარდა 67.7%-დან 1950 წ. 80.7%-მდე 2000 წ. მთლიანად ამ ქვეყნებში მოსახლეობა 2.9-ჯერ გაიზარდა, კერძოდ, პაკისტანსა და ნიგერიაში 3.9-ჯერ, მექსიკაში 3.6-ჯერ და ა.შ.
8 ყველაზე დიდ განვითარებად ქვეყნებში (ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ბრაზილია, ბანგლადეში, პაკისტანი, ნიგერია, მექსიკა) მსოფლიოს მოსახლეობის 52% ცხოვრობს (47% 1950 წ.), მ.შ. ორ ყველაზე დიდში - ჩინეთსა და ინდოეთში - 38%. |
თავისთავად მოსახლეობის რაოდენობის ასეთი ზრდა არაფერ არატიპურს არ წარმოადგენს - დაახლოებით ასეთივე ეტაპი გაიარეს დღევანდელმა განვითარებულმა ქვეყნებმა სამრეწველო რევოლუციის დაწყების შემდეგ. მაშინ ეს პროცესი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ობიექტური ფაქტორებით იყო განპირობებული, თან სდევდა მათ, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილს შეეხო (დღევანდელი განვითარებული ქვეყნები - ე.წ. „ოქროს მილიარდი“). მთლიანობაში მან დადებითი როლი შეასრულა გლობალურ განვითარებაში.
ეს პროცესი დემოგრაფიული მოდერნიზაციის სახელითაა ცნობილი და საზოგადოდ გულისხმობს უახლესი ეკონომიკური და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებას ადამიანის დასაცავად ბუნებრივი და სოციალური გარემოს უარყოფითი გავლენისაგან. ეს მიღწევები ხდიან შესაძლებელს ადამიანის უფრო კომფორტულ საცხოვრებელ თუ სანიტარულ-ჰიგიენური პირობებს, უფრო სრულფასოვან კვებას, ნაკლებად დამქანცველ ფიზიკურ შრომას, ეფექტურ სამედიცინო პროფილაქტიკას, საჭიროების შემთხვევაში - გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და ა.შ. |
განვითარებად ქვეყნებშიც მოსახლეობის „აფეთქება“ გამოწვეული იყო სიკვდილიანობის
მკვეთრი შემცირებით შობადობის ტრადიციულად მაღალ ფონზე. პრობლემა ისაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობის შემცირება მოჰყვა ცხოვრების დონისა და ცხოვრების პირობების თანდათანობით გაუმჯობესებას, რაც ერთდროულად შობადობაზეც მოქმედებდა, თუმცა შედარებით უფრო ჩამორჩენით (რამდენიმე ათეული წლით).
განვითარებად ქვეყნებში (რომელთა უმეტესობაც ამ ეტაპის დასაწყისში ჯერ კიდევ კოლონიები იყვნენ) სიკვდილიანობის შემცირება მოხდა პრაქტიკულად თვალის დახამხამებაში - რამდენიმე წელიწადში. მიზეზი - გარედან შემოსული (ზოგჯერ მიზანდასახულად, ზოგჯერ შემთხვევით) მინიმალური ინოვაციები - ახალი წამლები (ასპირინი, პენიცილინი), მავნე მწერების საწინააღმდეგო ქიმიური საშუალებები (DDT და სხვა), ელემენტარული წარმოდგენები პირად ჰიგიენაზე. დაიწყო (მეტ-ნაკლებად) ვაქცინაცია და ეპიდემიებთან ბრძოლა, გაუმჯობესდა მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგება.
|
ყველაფერი ეს იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ქვეყნები და ტერიტორიები, რომლებთაც დემოგრაფიული აფეთქება შეეხო, უკვე იყვნენ ჩართული გლობალური ურთიერთობების სისტემაში, რომელმაც გახადა შესაძლებელი ამ ინოვაციების შედარებით შეუფერხებელი გადაცემა. ფაქტიურად მათ მიიღეს განვითარებული ქვეყნებიდან პირველი განვითარების ტრანში ორივე მონაწილე მხარის მინიმალური ძალისხმევის ხარჯზე. მეორე მხრივ, მეორე ტრანში, რომელშიც უნდა შესულიყო ამ ქვეყნების მოდერნიზაცია, სტრუქტურული ტრანსფორმაცია და ა.შ., რომელსაც საბოლოო ჯამში უნდა მოჰყოლოდა მათი ეკონომიკური განვითარება მისი თანმხლები მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის ზრდით, ისევე როგორც მისი კვლავწარმოების ტრენდების შეცვლით, ძლიერი დაგვიანებით იყო მიწოდებული, ხოლო მისი შედეგები ფრიად არაეთგვაროვენი გამოდგა.
განვითარებად ქვეყნებში სიკვდილიანობა იმდენად არ დაცემულა, რომ განვითარებული ქვეყნების დონეს მიახლოვებოდა, მაგრამ 1950-1980 წლებში ის 2.3-ჯერ შემცირდა, მ.შ. 1960-80 წლებში - ორჯერ. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გამოეწვია დემოგრაფიული აფეთქება. 1950-55 წლებში განვითარებად ქვეყნებში ფერტილურ ასაკში მყოფ ერთ ქალზე საშუალოდ 6.2 ბავშვი მოდიოდა.
ეს ყველაფერი შეეხო ქვეყნებს, რომელთა სახელმწიფოებრიობა უმეტესწილად ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაში იმყოფებოდა, ხოლო განვითარების დონით ყოფილ მეტროპოლიებს ისინი ხშირად რამდენიმე ასეული წლით ჩამორჩებოდნენ. მათ ეს პროცესი არ სჭირდებოდათ, ისინი მას არ გეგმავდნენ და ვერ აკონტროლებდნენ. ფაქტიურად აქ დემოგრაფიული მოდერნიზაციის პროცესი (უფრო სწორედ მისი ზოგიერთი ელემენტი) წარმოადგენდა არა ამ ქვეყნებისა თუ რეგიონების განვითარების ლოგიკურ შედეგს, არამედ მსოფლიოს უფრო განვითარებული ნაწილის ყოველდღიური ცხოვრების წესის გარკვეული ელემენტების დანერგვას, რომელთა ტრანსფერი (მიზანდასახული თუ უნებლიე) გლობალიზაციური პროცესების ფარგლებში ადვილი იყო. იმის გამო, რომ დემოგრაფიული აფეთქების პროცესი ძირითადად (დასაწყისში მაინც) ფაქტიურად “მექანიკური” იყო, ის ნაკლებად იყო დამოკიდებული კონკრეტული ქვეყნის ცივილიზაციის ტიპზე, მოსახლეობის კულტურაზე, სარწმუნოებაზე და ა.შ. მმართველობის ეფექტურობაც კი ამ შემთხვევაში ძალიან ნაკლებ როლს თამაშობდა - შედარებით კარგად და ცუდად მართული ქვეყნები ამ დროს „ერთ ნავში“ აღმოჩნდნენ.157
დემოგრაფიულმა დაწოლამ ამ ქვეყნების უმეტესობას არ მისცა საშუალება ფეხზე დამდგარიყო, ამ პრობლემამ ძირითადი როლი ითამაშა მათი მოსახლეობის ცხოვრების დონის მკვეთრად შეამცირებაში (ზოგჯერ 30 და მეტი პროცენტით) კოლონიურ პერიოდთან შედარებით (განსაკუთრებით აფრიკაში) და მილიარდი ადამიანი მშიერ ღატაკად აქცია158.
4.1.2. დემოგრაფიული აფეთქების ტენდენცია მსოფლიოში ფაქტიურად ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-70-იან წლებში შესუსტდა, ხოლო უკვე ამ საუკუნის დასაწყისში საბოლოოდ გატყდა. დღეს მთლიანობაში განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის აღწარმოება ხდება დაახლოებით იმავე პრინციპით, რაც მდიდარ ქვეყნებში — ე.ი. ადამიანები უფრო გვიან ქორწილდებიან და ნაკლები ბავშვი ჰყავთ. საშუალოდ განვითარებად ქვეყნებში ერთ ქალზე ფერტილურ ასაკში დღეს 2.9 ბავშვი მოდის, ხოლო ოც ქვეყანაში შობადობა ვეღარ ფარავს სიკვდილიანობას.
იმის გამო, რომ ამ პროცესის ინერცია ძალზე დიდია (ერთ ქალზე მოსული ბავშვების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე წინა თაობაში, მაგრამ თვით დედების რაოდენობა ბევრად მეტია) - დედამიწის მოსახლეობის ყოველწლიური მატება ჯერ კიდევ ძალიან მაღალია და გაეროს გათვლებით 1950-იანი წლების დონეს ზუსტად 100 წლის თავზე, 2050-იანი წლებისათვის დაუბრუნდება. დედამიწის მოსახლეობის სტაბილიზაცია მოხდება ეტყობა დაახლოებით 10 მილიარდი ადამიანის დონეზე ამ საუკუნის მეორე ნახევარში.
გაეროს რწმენით, გარდატეხა მოსახლეობის აღწარმოების პროცესში მოჰყვა მის მიერ მრავალი წლის მანძილზე ოჯახის დაგეგმვის ღონისძიებათა პროპაგანდას (და ღონისძიებებს ამ სფეროში). 192 ქვეყნის მთავრობების 72% უშუალოდ მონაწილეობს ასეთი პროგრამების რეალიზაციაში, ხოლო კიდევ 17% არასამთავრობო ორგანიზაციების შუამავლობით.159 სინამდვილეში, როგორც ჩანს, განვითარებად ქვეყნებში შობადობის კლება მოიტანა არა ოჯახის დაგეგმვამ როგორც ასეთმა, ისევე როგორც ცხოვრების დონის ზრდამ (ის უმეტესად ძალიან მოკრძალებული იყო, თუ საერთოდ ჰქონდა ადგილი), არამედ ქალთა ემანსიპაციამ. ეს ემანსიპაცია არ უნდა გავიგოთ ისე, როგორც ფენომენი, რომელსაც ადგილი ჰქონდა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირში გასულ საუკუნეში. ლაპარაკია ხშირად ძალიან მოკრძალებულ პროცესზე, რომელიც ძირითადად ქალთა განათლებას ეხება.
საკმარისია ეტყობა, მუსულმანურ ქვეყნებშიც კი, ქალმა მიიღოს სულ რამდენიმე წლიანი დაწყებითი სასკოლო განათლება, რათა მისი არა მარტო დემოგრაფიული, არამედ საერთოდ სოციალური ქცევა საგრძნობად შეიცვალოს. ასეთი ტენდენცია საკმაოდ კარგად გამოხატულია, მაგალითად, ირანში. აქ ისლამურ წესებზე აწყობილი სახელმწიფო მმართველობის სისტემის მიუხედავად, ერთ ქალზე მოსული ბავშვების რაოდენობა შემცირდა 2.8-ჯერ დაახლოებით 1970-იანი წლების დასაწყისიდან 21-ე საუკუნის დასაწყისისათვის - 2.3-მდე. ეს უფრო დაბალია, ვიდრე ლათინური ამერიკის ქვეყნების უმეტესობაში.160 1990-იან წლებში ქალების ნახევარზე მეტი ამ ქვეყანაში იყენებდა თანამედროვე კონტრაცეპციის მეთოდებს.161 მოზრდილ ქალთა წერა-კითხვის ცოდნის დონე 2002 წელს აქ მამაკაცების დონის 84%-ს უდრიდა, ხოლო დაწყებით სკოლაში ვაჟებისა და ქალების დასწრების დონე ფაქტიურად ერთმანეთს გაუტოლდა.162
|
უამრავი ქვეყანა მსოფლიოში დღეს მოხვედრილია ე.წ. „სიღატაკის მახეში” - მაშინაც კი, თუ მათ გააჩნიათ შედარებით ეფექტური, ნაკლებად კორუმპირებული ხელმძღვანელობა, ისინი ვერ ერევიან მათ წინაშე მდგომ პრობლემებს იმის გამო, რომ უბრალოდ ძალიან ღარიბები არიან. მაშინაც კი, როდესაც მთავრობებს გულწრფელად სურთ მათ წინაშე მდგომი პრობლემების მოგვარება, მათ აკლიათ საგადასახადო შემოსავალი ინფრასტრუქტურაში, სოციალურ სექტორში, გარემოს დაცვაში, თვით საჯარო ადმინისტრაციაში დასაბანდებლადაც კი. პრაქტიკულად ნებისმიერი ასეთი ქვეყანა, აგრეთვე, ყოველწლიურად ისტუმრებს უზარმაზარ თანხებს საგარეო ვალების მომსახურებაში. ხოლო საბაზო ინფრასტრუქტურის, სოციალური კაპიტალის, და მართვის სისტემის გარეშე შეუძლებელია კერძო ინვესტიციების მოზიდვა და ეკონომიკური განვითარება. გზების, სასუქების, ელექტროენერგიის, იაფი, ეფექტური საწვავის, სკოლების, საავადმყოფოების, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის, წყალმომარაგების გარეშე ადამიანები ქრონიკულად მშივრები და ავადმყოფები რჩებიან.
ძალიან ხშირად (შეიძლება ითქვას განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში) ამ სიტუაციას უაღრესად ამწვავებს არაეფექტური მართვა, კორუფცია, ეკონომიკური პოლიტიკის არასწორი არჩევანი.
უფრო მეტიც - ასეთ ქვეყნებში ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვა. დიდია იმის შანსი, რომ როგორც სხვადასხვა მოქიშპე პოლიტიკურ თუ ეთნიკურ დაჯგუფებებს შორის ერთი ქვეყნის შიგნით, ასევე ორ ან მეტ ასეთი ტიპის ქვეყანას შორისაც, მოხდეს კონფლიქტი იმის თაობაზე, თუ ვინ გააკონტროლებს ისეთ ბუნებრივ რესურსებს, რომელთა ექსპლუატაციასაც სწრაფი მოგების მოტანა შეუძლია. ასეთი ქვეყნების მთავრობები ხშირად არა მარტო ვერ აკონტროლებენ ისეთ კრიმინალს, რომელსაც საერთაშორისო გავლენა გააჩნია, თვითონვე მფარველობენ მას.
გარდა ამისა, გაეროს შეფასებებით, არსებობს აშკარა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სიღარიბესა და შემოსავლების მკვეთრ „შოკურ“ დაცემას შორის, ერთი მხრივ, და შეიარაღებულ კონფლიქტებს შორის, მეორე მხრივ. სიღარიბე მათ ბიძგს აძლევს და დასაყრდენს უქმნის. საშუალოდ შემოსავლების 5%-იანი შოკური დაცემა ზრდის კონფლიქტის ალბათობას 50%-თ.163 რუანდის ცნობილი გენოციდის დროს, 1994 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში დაიღუპა არა ნაკლებ 800 ათასი ადამიანი. 1998-2000 წლის ომს კონგოში, რომელშიც ექვსი აფრიკული სახელმწიფო მონაწილეობდა, გადაჰყვა თითქმის 4 მილიონი ადამიანი, ძირითადად შიმშილითა და დაავადებებით. ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეები, ძირითადად უგანდა და რუანდა, აიარაღებდნენ ადგილობრივ ტომებს და იყენებდნენ მათ მინერალებით მდიდარ ტერიტორიებზე კონტროლის დასამყარებლად. საბოლოო ჯამში კონფლიქტის ყველა ეს მონაწილე ერთმანეთს დაერია.
4.1.3. ფორმალურად განვითარებადი მსოფლიოს მოსახლეობის დღევანდელი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა 1990 წელთან შედარებით. 1990-2002 წლებში საშუალო შემოსავლები აქ 22%-თ გაიზარდა, უკიდურესად ღარიბი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 130 მილიონით შემცირდა, ცხოვრების საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობა 2 წლით გაიზარდა და ა.შ.
ფაქტიურად კი სიტუაციის ეს გაუმჯობესება მსოფლიოს შედარებით ვიწრო არეალის მოსახლეობის მცირე ნაწილს შეეხო. აშკარად გაუმჯობესდა მდგომარეობა აზიაში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში. უკიდურესად ღარიბი ადამიანების კლებამ აქ 201 მილიონი შეადგინა, ხოლო ამ კატეგორიის ადამიანების წილი მთლიან მოსახლეობაში ორჯერ დაეცა (30%-დან 1990 წ. 15%-მდე 2001 წ.). მაგრამ ეს პროგრესი ფაქტიურად მთლიანად ერთი ქვეყნის - ჩინეთის ხარჯზეა მიღწეული. შესაბამისად, მთელ დანარჩენ მსოფლიოში უღარიბესი ადამიანების რიცხვი 71 მილიონით გაიზარდა. კრიზისის ეპიცენტრი ტროპიკულ აფრიკაშია, სადაც უკიდურესად ღარიბი, მშიერი და შიდსით დაავადებულ ადამიანთა ყველაზე დიდი კონცენტრაციაა მსოფლიოში. დაახლოებით იგივე სიტუაციაა სამხრეთ აზიაში, ძირითადად ინდოეთის სასოფლო რაიონებში და ქალაქის „ჯურღმულებში”. მართალია შიდსი აქ ისე არ არის გავრცელებული, როგორც აფრიკაში, მაგრამ უკვე ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ხასიათი მიიღო. ყველა დანარჩენ განვითარებად რეგიონში აშკარად გამოკვეთილი ტენდენციები არ შეიმჩნევა, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დიდი უმეტესობისა, სადაც სიღარიბის დონის მკვეთრი ნახტომის შემდეგ ის ან არ მცირდება, ან აგრძელებს ზრდას.164
გლობალური გაჭირვების ზოგიერთი ინდიკატორი სიღარიბე, 2001 - 1 090 მილიონი ადამიანი კმაყოფილდება 1.08 ამერიკულ დოლარზე ნაკლებით დღეში, ე.ი. მსოფლიოს მოსახლეობის 18%. მ.შ. 313 მილიონი ტროპიკულ აფრიკაში (რეგიონის მოსახლეობის 46%), 271 მილიონი აღმოსავლეთ აზიაში (15%), 431 მილიონი სამხრეთ აზიაში (41%). 2 736 მილიონი ადამიანი კმაყოფილდებოდა დღეში 2.15 დოლარზე ნაკლებით, მ.შ. ტროპიკული აფრიკის მოსახლეობის 77%, აღმოსავლეთი აზიის 47%, სამხრეთი აზიის 77%.165 კვების ნაკლებობა, 2000 - 831 მილიონი ადამიანი, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 14% არ იკვებებოდა მინიმალური ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დონეზე, მ.შ. 185 მილიონი ტროპიკულ აფრიკაში, 212 მილიონი აღმოსავლეთ აზიაში, 312 მილიონი სამხრეთ აზიაში. ეს არის განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 18%, ნაკლებად განვითარებული ქვეყნების 38%, სამხრეთი აზიის - 24%, ტროპიკული აფრიკის - 33%. 1980-1995 წლებში ტროპიკულ აფრიკაში საკვები პროდუქტების წარმოება შემცირდა 8%-თ. ჯანმრთელობა, 2001-2002 - შიდსით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა 15 მილიონიდან 1990 წელს 38 მილონამდე.
აქედან განვითარებად ქვეყნებში 18 მილიონი ქალი და 2.9 მილიონი ბავშვია. ამ ადამიანების დაახლოებით 70% ტროპიკულ აფრიკაში ცხოვრობს. 13 მილიონ ბავშვს შიდსით დაეღუპა დედა ან ორივე მშობელი. 22 მილიონი ადამიანი უკვე გარდაიცვალა ამ დაავადებით, მ.შ. 3.1 მილიონი მარტო 2002 წელს. სვაზილენდში 25-29 წლის ასაკის ორსული ქალების 56% შიდისთაა დაავადებული.166 - ყოველწლიურად 500 000 ქალი იღუპება ორსულობისა და მშობიარობის დროს - თითო ქალიწუთში. - მშობიარობის წილი, რომელსაც ესწრებოდა კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალი -განვითარებად ქვეყნებში - 56%-ია, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში კი - 31 %. - სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, 2000-2005 წწ. - საშუალოდ დედამიწაზე 67 წელი, მდიდარ ქვეყნებში - 79 წელი, განვითარებად ქვეყნებში - 64.9 წელი, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში - 52.0 წელი.167 სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ბოტსვანაში 1970 წლის შემდეგ დაეცა 20 წლით 36 წლამდე. ზამბიაში მცხოვრებ ადამიანს ნაკლები შანსი გააჩნია მიაღწიოს 30 წლის ასაკს, ვიდრე ინგლისელს 1840 წელს.
განათლება, 2001 - განვითარებად ქვეყნებში წერა-კითხვის უცოდინართა წილი თხუთმეტ წელზე ზემოთ ასაკის მოსახლეობის 25.5%-ს, ანუ 836 მილიონი ადამიანს შეადგენს. წერა-კითხვის უცოდინარი ქალების წილი 32.9%-ია, მ.შ. ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში - 56.2%. ბავშვები, 2002 - ყოველ დღე 30 000 ბავშვი იღუპება შიმშილით, დაავადებით, გაუწყლოებით, ე.ი. ისეთი მიზეზებით, რომელთა თავიდან არიდება შეიძლებოდა.
|
|
ყოველი მეოთხე ბავშვი მსოფლიოში მოიხმარს დღეში 1.08 დოლარზე ნაკლებს. |
- ყოველი მეოთხე ბავშვი არ აიცრება. - ყოველი მესამე ვერ მიიღებს საკმარის კვებას სიცოცხლის პირველი 5 წლის მანძილზე. - ყოველი მეოთხე ვერ მიაღწევს სკოლის მეოთხე კლასს. ყოველი მეექვსე საერთოდ ვერ წავა სკოლაში. - 300 000 ბავშვი მონაწილეობს საომარ მოქმედებებში როგორც ჯარისკაცი. წყალმომარაგება და სანიტარული პირობები, 2004 წ. - ყოველ 14 წამში ერთხელ იღუპება ბავშვი დიარეით გამოწვეული გაუწყლულობის გამო; 6000 ბავშვი იღუპება ყოველდღიურად ცუდი წყლისა და სანიტარული პირობების მიზეზით. -მსოფლიოს საავოდმყოფოების საწოლების ნახევარი უკავიათ წყალთან დაკავშირებული სნეულებებით დაავადებულ ადამიანებს. - ყოველ მეხუთე ადამიანს მსოფლიოში არ მიუწვდება ხელი სუფთა წყალზე, ხოლო 40%-ს არ გააჩნია მინიმალური სანიტარული პირობები.168 |
დღეს მხოლოდ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კმაყოფილდებიან დღეში 1.08 დოლარით, ფაქტიურად ემთხვევა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობას, ან რვა ყველაზე დიდი განვითარებადი ქვეყნის 1950 წლის მოსახლეობის რაოდენობას, ერთად აღებულს.169 ეს კი ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველ დღე ფიზიკური გადარჩენისათვის იბრძვიან.
გარდა ამისა, ასეთი სიტუაცია არაპროპორციულად სჯის ქალებს, ბავშვებს, მოხუცებსა და ხეიბრებს, მთლიანად სოფლისა და ქალაქის „ჯურღმულების“ მოსახლეობას. ამ ხალხს „ხაფანგში“ მოხვედრის ძალიან დიდი შანსი აქვთ.
დღეს მსოფლიოში სიღარიბისა და მასთან დაკავშირებული სხვა უარყოფითი პროცესების განვითარება საკმაოდ პრიმიტიული სქემით მიმდინარეობს - პროცესის საწყის ეტაპზე - დემოგრაფიული დაწოლა + ეკონომიკური ჩამორჩენა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით + არასწორი განვითარების მოდელის არჩევა = პროცესის დღევანდელ ეტაპზე — მასიური სიღარიბე + შიმშილი + გაუნათლებლობა + კულტურული ჩამორჩენა + ეკონომიკური ჩამორჩენა რღვევაში გადადის + [ხშირად, განსაკუთებით აფრიკაში, შიდა და გარე კონფლიქტები, სახელმწიფო მექანიზმების სრული მოშლა].
ეს პროცესი ფაქტიურად ციკლურია, რადგანაც ყველა ზემოთ მოყვანილი ფაქტორი ერთმანეთს „კვებავს” და აზვიადებს. ასეთ წრეში მოხვედრილი ქვეყნებისათვის მისი გარღვევა უაღრესად მძიმეა და საბოლოო ჯამში მხოლოდ საკუთარი ძალისხმევისა და შიდა რესურსების მობილიზაციის ხარჯზე შეიძლება მოხდეს. უცხოური დახმარება ამ სიტუაციაში მხოლოდ დამატებით როლს შეიძლება თამაშობდეს.
ამის ილუსტრაცია კარგად შეიძლება იგივე შიდსის პრობლემის მაგალითზე აფრიკაში. გასაგებია, რომ დასავლეთის თვალთახედვით განვითარებული ქვეყნების მიერ ამ დაავადების მკურნალობაზე გამოყოფილი თანხები საკმარისი არ არის, მაგრამ აფრიკის რომელიმე ჩამორჩენილი ქვეყნების გადმოსახედიდან ეს სიტუაცია სხვანაირად გამოიყურება. ისინი გარედან მოსული თანხების მცირე ნაწილსაც კი ვერ ითვისებენ. ამისათვის მათ არ გააჩნიათ საკმარისი კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალი, მთლიანად ჯანდაცვის, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამასთან ერთად ბევრ აფრიკულ ქვეყანაში შიდსმა უბრალოდ მუსრი გაავლო ჯანდაცვის, განათლებისა და სხვა სოციალური სამსახურების მუშაკებს, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ მისივე თავიდან აცილებაში.
ხშირად შიდსის საწინააღმდეგო ღონისძიებები კონფლიქტში მოდის ადგილობრივ ტრადიციებთან და კულტურულ უნარ-ჩვევებთან. ბოლოს და ბოლოს - შიდსი აქ ძირითადად ღარიბების (უმეტესწილად ღარიბი ქალების) დაავადებაა. ღარიბი ადამიანისათვის ინფიცირების შანსი 20-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე შეძლებულის. ქალები და გოგონები იმდენად არაპროპორციულად დაუცველები არიან შიდსისაგან, რომ გაერო საერთოდ ფიქრობს მათ დასაცავად სპეციალური ფონდის შექმნას.
მკურნალობა ვერ გაამდიდრებს ამ ხალხს და, მით უმეტეს, ვერ შეცვლის ქალის სტატუსს ადგილობრივ საზოგადოებაში. ახალგაზრდა ქალები და გოგონები ისევ იძულებულები იქნებიან იმეძავონ, რადგანაც სხვანაირად მათი ოჯახები ვერ გადარჩებიან, ხოლო შიდსით დაავადებული შეძლებული მოხუცები ისევ იყიდიან ახალგაზრდა ცოლებს. განურჩევლად სქესისა და ასაკისა შიდსით დაავადებულები საზოგადოებიდან გარიყულები არიან, ხოლო მათ გარდაცვალების ცნობებში უმეტესწილად წერია - „მიზეზი უცნობია“.
შიდსის მკურნალობის მასობრივი კამპანია, პლუს მისი პროფილაქტიკის პროპაგანდა შესაძლებელია გააუმჯობესებს დღეისათვის უსაშველო სიტუაციას, მაგრამ ვერ შეაჩერებს ეპიდემიას როგორც ასეთს. ამისათვის საჭიროა მთლიანად იმ სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შეცვლა, რომელშიც ეს ადამიანები ცხოვრობენ - ე.ი. ის, რასაც ვერ მიაღწია აფრიკამ მინიმუმ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის მანძილზე. წრე შეიკრა.
4.1.4. დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის მცდელობა მსოფლიო მასშტაბით უკვე ფაქტიურად ნახევარ საუკუნეს მოითვლის. პრინციპში ის ორი მიმართულებით ვითარდება. პირველი - გლობალური მასშტაბის „განვითარების“ პოლიტიკის ფარგლებში (მეტი განვითარება, უფრო მაღალი ცხოვრების დონე, ნაკლები შობადობა, სიღარიბე და ა.შ.), მეორე - უშუალოდ სიღარიბის დაძლევასა და მოსახლეობის ზრდის კონტროლზე მიმართული საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში. გაერო ამ პროცესში ფორმალურად ჩართულია 1960 წლიდან, როდესაც დაიწყო პროგრამების რეალიზაცია ე.წ. „განვითარების ათწლეულების“ ფარგლებში. ამ დროს გაერო განსაკუთრებით ყურადღებას აქცევდა ისეთი მიზნების მიღწევას, რომლებიც უკავშირდება წერაკითხვის უცოდინარობის დაძლევას, სასკოლო სისტემის განვითარებას, ჯანდაცვას (მ.შ. ოჯახის დაგეგმვას), საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის განვითარებას (წყალმომარაგება, კანალიზაცია) და ა.შ.
საინტერესოა, რომ გაეროს ეს ღონისძიებები ნამდვილად ერთიანი გლობალური პოლიტიკის ფარგლებში ეწერება. ისინი იმ გაგების შედეგია, რომელსაც აღწევენ როგორც ყველა განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნები. გაეროსა (აგრეთვე, მასთან დაკავშირებული სააგენტოებისა და წამყვანი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების - (Oxfam, Care, Save the Children და ა.შ.) აქტიურობა ზემოთ აღწერილ სფეროებში იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი ფაქტიურად წარმოადგენენ მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაციის ერთ-ერთ იშვიათ წარმატებულ მაგალითს, რომელიც გლობალურ კონსენსუსზეა აგებული და რომლის მოქმედების არეალი და შედეგები გლობალური მასშტაბისაა.170
მათი მიზნები ძირითადად ადვილად აღსაქმელია, თვალნათლივი და კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული. ისინი პოლიტიკურად მაქსიმალურად ნეიტრალურია და (უკანასკნელ დრომდე მაინც) ფაქტიურად არ უყენებენ იმ ქვეყნების მთავრობებს, სადაც ისინი ხორციელდება, არავითარ წინასწარ პირობებს, მსგავსად იმისა, როგორც ამას აკეთებს მსოფლიო ბანკი ან სავალუტო ფონდი. უმეტესწილად ეს პროგრამები ადგილზე როგორც ჰუმანიტარული ხასიათის მატარებლები აღიქვება. ფაქტიურად, უაღრესად ანტაგონისტურად განწყობილი დიქტატორების გარდა, მათ არავინ განიხილავს როგორც რომელიმე ქვეყნის შინაგან საქმეებში ჩარევას.171
რასაკვირველია, იმის გათვალისწინებით, რა მასშტაბისა და სირთულისაა ამ პროგრამების წინაშე მდგარი ამოცანები, მათი უმეტესობის სრული რეალიზაცია ვერ ხერხდება, თუმცა ბევრი შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობაზე გავლენის თვალსაზრისით (ხშირად განვითარებულებისაც).
გაეროს პროგრამების ფარგლებში:
- მთლიანად აღმოიფხვრა (1997 წლისათვის) ისეთი დაავადება, როგორიცაა ყვავილი;
- 1990-იან წლებში განახევრდა დიარეით გამოწვეული ბავშვთა სიკვდილიანობა;
- ყველგან, 12 ქვეყნის გარდა, 2000 წლისათვის ახალშობილთა სიკვდილიანობის დონე დაეცა 120-ზე ქვემოთ ყოველ 1 000 ცოცხალ მშობიარობაზე;
- მსოფლიოს 175 ქვეყანაში აღარ გვხვდება პოლიომიელიტი, რომელიც 1950-1960-იან წლების დასაწყისში ეპიდემიური ხასიათისა იყო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშიც კი;
- კანქვეშა ჭიით (რიშტათი) დაავადებების რაოდენობა შემცირდა 97%-თ 2000 წლისათვის, ის გვხვდება მხოლოდ 14 ქვეყანაში;
- თავიდან იქნა აცილებული 1 მილიონი ბავშვის გარდაცვალება ვიტამინ A-ს უკმარისობის გამო;
- 90 მილიონი ახალშობილი დაცული იქნა იოდის დეფიციტით გამოწვეული სწავლის უნარის დაკარგვისაგან.
ბევრი პროგრამის შედეგი არ შეიძლება იქნეს შეფასებული როგორც საბოლოო წარმატება, თუმცა ისინი მაინც მნიშვნელოვანია.
- 1990-იან წლებში ბავშვთა სიკვდილიანობის დონე შემცირდა დაახლოებით 1/3-თ 63 ქვეყანაში, ხოლო 20%-თ 100-ში;
- 1990 წლისათვის მოხერხდა ერთ წლამდე ასაკის ბავშვების 80%-იანი იმუნიზაციის დონის მიღწევა (თუმცა ტროპიკულ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ეს მიღწევა შენარჩუნებული არ იქნა);
- 2000 წლისათვის სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელმა ხანგრძლივობამ მიაღწია და
გადააჭარბა 60 წელს 124 ქვეყანაში 173-დან, სადაც ის ამ ზღვარზე დაბალი იყო;
- თუმცა გაერომ ვერ მიაღწია ყველა ადამიანის უზრუნველყოფას უსაფრთხო სასმელი წყლით ჯერ 1990, შემდეგ 2000 წლისათვის, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებთაც დღეს ამის საშუალება გააჩნიათ, დაახლოებით ოცი წლის მანძილზე 4.1 მილიარდით გაიზარდა და 5 მილიარდს მიაღწია.
4.2 გლობალური ეკოლოგიური პრობლემები.
ნებისმიერ ცოცხალ არსებას შეუძლია არსებობა და განვითარება მხოლოდ იმ შეზღუდვების ფარგლებში, რომელსაც მას მისი საარსებო ბუნებრივი გარემო უწესებს. შესაბამისად ევოლუციის პროცესში ცოცხალი ორგანიზმები ცდილობენ მაქსიმალურად მოერგონ გარემო პირობებს. ადამიანი სხვა ცოცხალი არსებებისაგან ძირითადად იმით განსხვავდება, რომ ცდილობს მოარგოს გარემოს პირობები საკუთარ მოთხოვნილებებს.
ამავე დროს, წარმოადგენს რა ბიოსფეროს შემადგენელ ნაწილს, ადამიანი ძლიერაა დამოკიდებული გარემო პირობებზე. ასე მაგალითად, უჰაეროდ ადამიანს შეუძლია იარსებოს მხოლოდ 3 წუთი, უწყლოდ - 3 დღე, უჭმელად - 30 დღე. არსებობს წყლის, ჰაერისა და საკვების დასაშვები პირობების ფრიად შეზღუდული დიაპაზონი. იგივე შეიძლება ითქვას გარემოს პარამეტრებზე: ტემპერატურაზე, წნევაზე, სინოტივეზე, დასხივებაზე და სხვადასხვა ფიზიკური ველების მნიშვნელობებზე.
საზოგადოების განვითარება უშუალოდ დაფუძნებულია მისთვის ხელმისაწვდომ ბუნებრივ რესურსებზე. ნებისმიერი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ კონკრეტული “ეკოლოგიური” და რესურსული შეზღუდვების ფარგლებში, რომელთაც ბუნება უწესებს საზოგადოებას. ფაქტიურად საზოგადოების განვითარების ეტაპები ემთხვევა ახალი ბუნებრივი რესურსების ათვისებისა და გარემოზე ზეგავლენის ეკონომიკური და ტექნიკური მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის ეტაპებს.
|
4.2.1. 2005 წლის 25 იანვარს მსოფლიო ჰავის ცვლილებების სამუშაო ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება/რეკომენდაცია „ჰავის ცვლილების გამოწვევის მიღება”.172 ამ მოკლე მოხსენების არსი, რომელიც შეადგინა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა და მეცნიერების ჯგუფმა, შემდეგშია: 10 წელიწადში, შეიძლება უფრო ნაკლებ დროში, კაცობრიობა მიაღწევს იმ ზღურბლს, რომლის შემდეგაც გლობალური დათბობის პროცესები შეუქცევადი გახდება. გლობალური დათბობის არსი მდგომარეობს დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეების საშუალო ტემპერატურების ზრდის ტენდენციაში, რომელიც აღინიშნება უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში. ითვლება, რომ საშუალო გლობალური ტემპერატურა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან გაიზარდა 0.6 + 0.20. ითვლება აგრეთვე, რომ 2005 წლის წინამდებარე 50 წლის განმავლობაში ამ დათბობის უდიდესი ნაწილი იყო განპირობებული ადამიანის საქმიანობით. ნახშირორჟანგისა და სხვა სათბური გაზების მზარდი რაოდენობა წიაღისეული საწვავის წვის შედეგად, ისევე როგორც სოფლის მეურნეობა, მიწის ზედაპირის გაშიშვლება და ადამიანის სხვა ქმედება განიხილება როგორც დათბობის ძირითადი კომპონენტები.
სამუშაო ჯგუფი უაღრესად თავშეკავებულია თავის დასკვნებში. ამ დასკვნების შესაბამისად - „ამ საშიშროების წინაშე მობილიზაციის შეუძლებლობის ფასი შესაძლებელია უაღრესად მაღალი იყოს. მხოლოდ ეკონომიკური ზარალი ძალზე დიდი იქნება - რაც უფრო და უფრო დამანგრეველი და ხშირი გახდება ამინდის ისეთი ექსტრემალური მოვლენები როგორებიცაა წყალდიდობა, გვალვა - მთელი თემები, ქალაქები, კუნძულოვანი სახელმწიფოები დაზარალდებიან ან დაიტბორებიან ზღვის დონის აწევასთან ერთად; სასოფლო-სამეურნეო წარმოება შეფერხდება. [ამ პროცესის] სოციალური და ადამიანური ღირებულება ეტყობა უფრო მაღალი იქნება და მოიცავს მასობრივ სიკვდილიანობას, დაავადებების გავრცელებასა და უაღრესად გაძლიერებას, მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას და ცხოვრების ხარისხის მკაფიოდ გამოხატულ დაცემას. გავლენა ეკოსისტემებსა და ბიომრავალფეროვნებაზე, აგრეთვე, გამანადგურებელი იქნება“.173 მოხსენების ავტორები ასევე დასძენენ, რომ ჰავის საშიში ცვლილების თავიდან აცილება უნდა განიხილებოდეს საზოგადოების კეთილდღეობის ისეთსავე წანამძღვრად, როგორც ეროვნული უსაფრთხოებაა.
რასაკვირველია ადამიანის საზოგადოებისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობა არასოდეს არ ყოფილა მაინცდამაინც მოწესრიგებული. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მის მოშლას გამოუწვევია მრავალი ცივილიზაციის დაღუპვა და დღესაც ეს ფაქტორი გადაშენების საფრთხის წინაშე აყენებს, მაგალითად, სუბ-საჰარის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას.
ამავე დროს ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ურთიერთობის მოუგვარებლობა განიხილება როგორც კაცობრიობის კეთილდღეობისა და თვით არსებობის უშუალო საფრთხე. ფაქტიურად ლაპარაკი იმაზეა, რომ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის მოუგვარებლობა გადაიქცა გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემად, რომლის გავლენა ცივილიზაციიის სტაბილურ განვითარებაზე დაახლოებით ისეთივეა, როგორც ბირთვული ომის საშიშროება. ე.ი. გამოჩნდა კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აერთიანებს კაცობრიობას გადაშენების შიშის საფუძველზე.
ეკოლოგიური პრობლემა - ნებისმიერი მოვლენები, რომელიც უკავშირდება ადამიანის შესამჩნევ გავლენას ბუნებრივ გარემოზე და ბუნების უკურეაქციას ამ ქმედებაზე, საზოგადოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შესაბამისი შედეგებით, რომელიც განპირობებულია ბუნებრივი ფაქტორებით (სტიქიური უბედურება, ჰავის ანომალიები, ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი არარეგულირებული მიგრაციები, ინფექციური დაავადებების პანდემიები და ა.შ.). |
ბირთვული ომის საშიშროებამ, მიუხედავად მისი რეალობისა, ვერ მოახერხა გადამწყვეტი კორექტივების შეტანა გლობალური პოლიტიკური ურთიერთობის სისტემაში. დღეს ის ისევე აქტუალურია, როგორც ცივი ომის დროს, თუმცა როგორც ასეთი, ნაკლებად აღიქმება. ამავე დროს, ამ პრობლემის არსებობა და გადაჭრა, ასეთუისე ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული და მის კონტროლს ექვემდებარება.
რაც შეეხება გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას, აქ საზოგადოების კონტროლს ექვემდებარება მხოლოდ პროცესების ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მის ფარგლებში იქნა ინიცირებული. მას შემდეგ, როდესაც ისინი ხვდებიან ბუნებრივ გარემოში, მათზე უშუალო კონტროლი ფაქტიურად შეუძლებელია.
უფრო ფართო გაგებით, ბუნებასთან ურთიერთობა არ ქმნის ახალ პრობლემებს, ის უბრალოდ ააშკარავებს (თუმცა ფრიად დამახინჯებული ფორმით) იმ პრობლემებს, რომლებიც უკვე არსებობენ ადამიანის საზოგადოების შიგნით. პრობლემა შეიძლება „ჩაცხრეს“ საკმაო დროის მანძილზე, მოგვიანებით აღმოცენდეს სახეცვლილი, გაზვიადებული, თავისი ჩასახვის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, რათა თავზე დაატყდეს იმათ, ვისაც ის არ შეუქმნია.
მაგალითისათვის, მსოფლიოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ატმოსფეროს ოზონის შრეებში ხვრელების არსებობა დედამიწის ჩრდილო და სამხრეთი პოლუსების თავზე. მავნე ნივთიერებები (ფრეონი, წინათ მასობრივად გამოიყენებოდა სამაცივრო დანადგარებსა და აეროზოლებში), რომლებიც 21-ე საუკუნის დასაწყისში მოქმედებენ ამ ხვრელების განვითარებაზე, წარმოიქმნენ ადამიანის ცხოველქმედების შედეგად გასული საუკუნის 60-იან წლებში ძირითადად განვითარებად მსოფლიოში. ე.ი. ლაპარაკია რღვევაზე პრობლემის რეალურ ჩასახვასა და მის წარმოჩენას შორის, რომელიც მოითვლის რამდენიმე ათეულ წელიწადსა და ათასობით (სამხრეთი პოლუსის შემთხვევაში ათიათასობით) კილომეტრს.
მხოლოდ შედარებით მცირე, ლოკალური პროცესების შედეგები უშუალოდ მოქმედებს მათზე, ვისაც მათ შექმნაში ბრალი მიუძღვით (მაგალითად, გლეხი, რომელიც საკუთარი სახლის თავზე ფერდობზე ხეებს ჭრის, იმისთვისაც უნდა იყოს მზად, რომ ადრე თუ გვიან ეს ფერდობი ამ სახლზე ჩამოწვება). ისინი კი, ვინც დიდ, ხშირად რეგიონალური მასშტაბის პროცესების წარმოქმნაზე აგებენ პასუხს, საზოგადოდ დიდ მოგებას შოულობენ (მაგალითად, იმ კომპანიების აქციების მფლობელები, რომლებიც ტროპიკული ტყეების ექსპლუატაციას ეწევიან).
ამიტომ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც საზოგადოებრივი განვითარების კრიზისები ერთი შეხედვით შესაძლოა ბუნებრივი ფაქტორებით იყოს განპირობებული, მათი რეალური მამოძრავებელი ძალა სოციალურ-ეკონომიკურია. შესაბამისად ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია არა საზოგადოების ბუნებაზე ზეგავლენის მოკლევადიანი ხილული შედეგები, არამედ ბუნებრივი გარემოს საშუალო და გრძელვადიანი რეაქცია ადამიანის ქმედებაზე.
გლობალური ეკოლოგიური პრობლემის მიზეზები საკმაოდ კარგადაა ცნობილი (თუ გააზრებული არა) - საზოგადოდ აღიარებული (და დღეისათვის ყველაზე წარმატებული) საზოგადოებრივი განვითარების მოდელი დაფუძნებულია როგორც მთლიანი, ასევე ერთ მოსახლეზე მატერიალური მოხმარების უწყვეტ ზრდაზე. ეს ის მოდელია, რომელმაც წარმატება მოუტანა დღევანდელ წამყვან გლობალურ მოთამაშეებს. დღეს ის მოიაზრება როგორც გლობალიზაციის წინაპირობა და ხდება მისი შეთავაზება (თუ თავზე მოხვევა) განვითარებადი ქვეყნებისათვის.
ნათელია, რომ ასეთი ტიპის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემხვევაში, თუ ის დაფუძნებულია ბუნებრივი რესურსების (ცოცხალი ბუნების რესურსების ჩათვლით) მოხმარების შესაბამის ზრდაზე. დღემდე ეს პროცესი შეიზღუდებოდა მხოლოდ ადამიანის განკარგულებაში არსებული ამ რესურსების მოპოვების ტექნიკური საშუალებების შესაძლებლობებით. ამავე დროს, ადამიანის საზოგადოების რესურსული მარგი ქმედების კოეფიციენტი უაღრესად დაბალია - მოპოვებული ბუნებრივი რესურსების 95-97% იკარგება იქამდე, სანამ აღწევს საბოლოო მომხმარებელს. ეს დანაკარგი, რომელიც ხვდება ბუნებრივ გარემოში, იწვევს მატერიალური, ენერგეტიკული, ინფორმაციული ნაკადების დათრგუნვას გლობალური ეკოსისტემის ფარგლებში, იწვევს მის დეგრადაციას. საბოლოო ჯამში, კაცობრიობა აწყდება სასრულ ფიზიკურ სივრცეში (პლანეტა დედამიწა) არსებულ სასრულ რესურსულ ბაზაზე დაფუძნებული განუწყვეტელი მატერიალური ზრდის ლოგიკურად გადაუჭრელ ამოცანას.
უკვე დღესდღეობით კაცობრიობის არამდგრადი განვითარების მოთხოვნილებები აღემატება გლობალური ეკოსისტემის პოტენციალს. უკანასკნელი საუკუნე ნახევრის მანძილზე მოსახლეობის რაოდენობა დედამიწაზე გაიზარდა დაახლოებით ოთხჯერ, ხოლო დაწოლა ბუნებრივ გარემოზე 100-ჯერ.
ადამიანის ქმედება ამცირებს ბუნებრივი გარემოს ასიმილაციურ და რეგენერაციულ უნარს იმ დონემდე, როდესაც ეს უკანასკნელი კარგავს ადამიანის საზოგადოების სასიცოცხლო მოთხოვნილებების უზრუნველმყოფელის თვისებებს.
უფრო მარტივად - ადამიანის საზოგადოების ფუნქციონირების შედეგად ბუნებრივ გარემოში იმდენი ნარჩენი ხვდება, რომ იქ თვით ადამიანის ადგილი აღარ რჩება.
სხვათა შორის, ზემოდ მოყვანილი არგუმენტი იმაზე მეტყველებს, რომ საზოგადოდ აღიარებული პრინციპული მიზანი - საბოლოო ჯამში ყველამ დედამიწაზე იცხოვროს დაახლოებით ისე, როგორც განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა ცხოვრობს დღეს, პრინციპულად მიუღწეველია. დედამიწის ბიოსფეროს „წყალწყვა“ - ანუ მისი უნარი გაუწიოს წინააღმდეგობა გარე დაწოლას გადაგვარების გარეშე, გადაილახება იქამდე, ვიდრე ეს პროცესი რამდენადმე შორს წავა.174
გლობალური ეკოლოგიური კრიზისი შესაძლებელია გავიგოთ როგორც გლობალური ეკოლოგიური სისტემის დეგრადაცია იმ დონემდე, როდესაც მას აღარ შესწევს უნარი უზრუნველყოს მთლიანად ადამიანის საზოგადოების, როგორც ასეთის, განვითარება და თვით არსებობაც კი.
ეს კრიზისი ნამდვილად უნდა განვიხილოთ როგორც გლობალიზაციის გაუთვალისწინებელი შედეგი. ის ძირითადად განპირობებულია იმით, რომ თანამედროვე ადამიანის საზოგადოებაში ნაკლებადაა გააზრებული ბუნებრივი ეკოსისტემების (გლობალურის ჩათვლით) ფუნქციონირების კანონები, სათანადოდ ვერშეფასებულია მათი როლი საზოგადოების განვითარებასა და არსებობაში, არსებობს შეუსაბამობა საზოგადოებრივი განვითარების მოთხოვნილებებს შორის, რომელიც უზრუნველყოფილია მის განკარგულებაში არსებული ტექნოლოგიებით და ბუნებრივი ეკოსისტემების შესაძლებლობებს შორის დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნილებები (განსაკუთრებით საზოგადოების ცხოველქმედების ნარჩენების ასიმილაციის თვალსაზრისით).
4.2.2. დღესდღეობით ადამიანის საზოგადოების ბუნებასთან ურთიერთობის გლობალური სისტემა შემდეგ ფაქტორებზეა აწყობილი:
საბაზრო ეკონომიკა უბრალოდ „ვერ აღიქვამს“ ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობის პრობლემებს და შესაბამისად ვერ გამოიმუშავებს მათი გადაჭრის ეფექტურ მექანიზმებს. ბაზარი უაღრესად მოქნილი მექანიზმია იმ შემთხვევაში, თუ საქმე აქვს საქონელთან, რომლის ღირებულების დადგენა პრინციპულად შეიძლება, ხოლო ღირებულება იმ შრომის რაოდენობის ფუნქციაა, რომელიც იხარჯება მის წარმოებაზე.
ეს პრინციპი უკვე საკმაოდ ცუდად მუშაობს წიაღისეულ რესურსებთან მიმართებაში, რომელთა განფასება იწყება მხოლოდ ამა თუ იმ რესურსის მოპოვების მომენტიდან. ის ითვალისწინებს მის მოპოვებაზე, გადამუშავებაზე და ტრანსპორტირებაზე დახარჯულ შრომას, მაგრამ ვერ აფასებს, თუ რა ღირს, მაგალითად, იგივე ნავთობი, როგორც ასეთი. წიაღისეულის ფასზე ძლიერ მოქმედებს ისეთი სუბიექტური ფაქტორები, როგორიცაა საბადოს გეოგრაფიული მდებარეობა, მოპოვების პირობები, პოლიტიკური კონიუნქტურა, საბაზრო სპეკულაცია და ა.შ. შედეგად ორი სხვადასხვა საბადოდან მოპოვებული წიაღისეული, რომელთა ფასიც შეიძლება ზოგჯერ ერთმანეთისაგან ორჯერ და მეტჯერ განსხვავდებოდეს, მომგებიანად იყიდება ბაზარზე, ხოლო მათი ფასის რყევა დროის ძალიან მცირე მონაკვეთის მანძილზე შეიძლება საწყისიდან ათეულობით პროცენტს აღწევდეს (მაგალითად, მსოფლიო ნავთობის ფასების ზრდა 2004 წლის შემდეგ).
ის, რაც უშუალოდ ადამიანის შრომის შედეგს არ წარმოადგენს, საზოგადოდ აღიქვება როგორც რაღაც „ღვთისაგან ნაბოძები“, რომლის მოხმარებაც შეიძლება იქამდე, სანამ ის მოგების მომტანია (ყველაზე ხშირად მის გამოლევამდე) და რომელსაც მაინც და მაინც არ უფრთხილდებიან. ასე ექცევიან წიაღისეულ სიმდიდრეს ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნებიც კი (იხ. წინა თავში განხილული „ჰოლანდიური სენი”), მაგრამ ასეთი მიდგომა ფაქტიურად აბსურდამდე მიდის ცოცხალ ბუნებასთან მიმართებაში.
რა ღირს სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, გადაუგვარებელი ტყე, თევზის სარეწი ოკეანეში? ეკონომიკურად შეფასებად რა ზარალს განიცდის ლანდშაფტი, რომელშიც მავნე საწარმოო ნარჩენები ხვდება? ამ კითხვებზე პასუხი არსებული ეკონომიკური სისტემის პირობებში არ არსებობს. ამ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ ასეთი რესურსები არავის არ ეკუთვნის (ისინი კერძო საკუთრების ობიექტებს არ წარმოადგენენ) და როგორც ასეთი საერთოდ ბაზრის მოქმედების სფეროშია არ ხვდება. ბაზარი ცოცხალ გარემოსთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას აღიქვამს ფაქტიურად როგორც ფორს მაჟორს, რაღაცას სტიქიური უბედურების მაგვარს.
ეს, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ საზოგადოდ ეკონომიკური საქმიანობის გავლენა ცოცხალ გარემოზე ვერ მიიღება მხედველობაში მისი განფასების პროცესში - ეს მოვლენა „გარეშე“ ფაქტორის სახელითაა ცნობილი (externality). მისი ყველაზე ცნობილი მაგალითია ე.წ. „თემის ტრაგედია“, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოებრივ საკუთრებასთან მიმართებაში.
ასეთის მაგალითია, ვთქვათ, თევზის სარეწი ოკეანეში, რომელსაც ფორმალური პატრონი არა ჰყავს. ამიტომ ხშირად რამდენიმე ქვეყანა მას მოიხმარს იქამდე, სანამ თევზის მარაგი არ გამოილევა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ერთი ან რამდენიმე ქვეყანა გადაწყვეტს შეწყვიტოს რეწვა და შეინარჩუნოს მარაგი, მოიძებნება ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც ასეთ სიტუაციას თავისი მოგებისათვის გამოიყენებს და დამატებით გამდიდრდება სხვის ხარჯზე.
გლობალიზაციის პირობებში ასეთი რამ ხდება, მაგალითად, მაშინ, როდესაც ბაზრის ერთ-ერთ მოთამაშეს აქვს საშუალება არ მიიღოს მხედველობაში ბიომრავალფეროვნების გადაგვარებასთან დაკავშირებული პრობლემები. შედეგად მას შესწევს უნარი უფრო იაფად გაყიდოს თავისი საქონელი ან მომსახურება, ვიდრე იმას, ვისაც ასეთი პრობლემები აწუხებს, ძირი გამოუთხაროს არსებულ მარეგულირებელ მექანიზმებსა და კონსერვაციის მცდელობას. ფაქტიურად ბიზნესის ურთიერთობა გარემოსთან ერთი განუწყვეტელი „ბაზრის ჩავარდნის“ (market failure) მაგალითია.
ფაქტიურად ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ცოცხალ გარემოსთან მიმართებაში (დაბინძურების კვოტების, დასაშვები ნორმების, სამეურნეო საქმიანობის შეზღუდვების, ეკოლოგიური ზარალის შეფასების და ა.შ.) თაობაზე, საკანონმდებლო აქტების ჩათვლით, წარმოადგენს ძირითადად პოლიტიკური კომპრომისის შედეგს და თავიდანვე ნაკლებად ქმედითუნარიანია.
ამ კომპრომისის აქტიური მხარეებია - ბიზნესი, რომელსაც სურს მაქსიმალური მოგება მიიღოს ბუნების ექსპლუატაციიდან, მის დაცვაზე მინიმალური დანახარჯებით, სამოქალაქო საზოგადოება (ადგილობრივი, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, და/ან საერთაშორისო), რომელსაც სურს არ დაუშვას ამა თუ იმ კონკრეტული რესურსის დეგრადაცია, ხელისუფლება, რომელსაც სურს შეინარჩუნოს სოციალური სტაბილურობა, მოიგოს ორივე მხარის გული და გაიხანგრძლივოს მანდატი. დღესდღეობით, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ამ პროცესში აქტიურად ერევიან სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები.175
ფორმალურად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ პროცესში მეცნიერ-ექსპერტია, რომელმაც უნდა შეაფასოს მთელი პროცესის ავკარგიანობა. პრობლემა ისაა, რომ სწორედ ასეთი სამეცნიერო დასკვნები ყველაზე ნაკლებად საიმედოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე მსხვილმასშტაბიან, გრძელვადიან პროცესებს ეხება. ჩვენი ცოდნა ამ პროცესების შესახებ უბრალოდ არასაკმარისია, რომ მის საფუძველზე შეიძლებოდეს მმართველი ორგანოსა, თუ ცალკეული გადაწყვეტილების მიმღები პირის მიერ კორექტული სამართავი გადაწყვეტილების მიღება.
ასე, მაგალითად, 2001 წელს ისეთმა გავლენიამა ორგანიზაციამ, როგორიცაა გაეროს გლობალური დათბობის მთავრობათაშორისი კომისია, შეიმუშავა და მსოფლიოს მთავრობებს წარუდგინა 2100 წლამდე გლობალური დათბობის განვითარების 20 სცენარი(!). გასაგებია, რომ ამდენი სცენარით ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში უბრალოდ არარეალურია.176 ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათზე ან უბრალოდ ხელს ჩაიქნევენ (შემთხვევათა უმეტესობაში) ანდა ამოირჩევენ ფორმალურად სახელმძღვანელოდ ისეთ სცენარს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებას მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით აწყობს. მეცნიერებს, აგრეთვე, ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ ისინი სპეციალურად აზვიადებენ სიტუაციას თავისი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ზოგჯერ მაინც ეტყობა შორს არ დგას სინამდვილისაგან. არსებობს ნახევრადანეკდოტური ამბავი იმის თაობაზე, თუ როგორ მოსთხოვეს ამერიკელმა ბიოლოგებმა მთავრობას მრავალმილიონიანი გრანტი ამაზონიაში (ბრაზილია) უნიკალური ადგილობრივი მწერების სახეობების გადასარჩენად. „კეთილი - იყო პასუხი, ოღონდ მოგვაწოდეთ ამ სახეობების სია“. „არ შეგვიძლია - მიუგეს მეცნიერებმა - ჩვენ ისინი ჯერ არ აღმოგვიჩენია“.
პასუხისმგებლობას ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის გლობალური მასშტაბით ცვლილებებზე თავის თავზე ძირითადად იღებენ მხოლოდ განვითარებული ქვეყნები (თან ზოგჯერ ყველა არა), რომლებიც საკმარისად მდიდრები არიან იმისათვის, რომ ამ ღონისძიებებით გამოწვეული შეზღუდვები ადვილად აიტანონ, პლუს გააჩნიათ ეფექტური მართვის მექანიზმები ამ სფეროში მიღებული ხელშეკრულებების ცხოვრებაში ეფექტურად გასატარებლად. ყველაზე დიდ წარმატებას საკუთარი რესურსებისა და გარემოს დაცვაში დღეს დასავლეთმა ევროპამ და იაპონიამ მიაღწია, მაგრამ მათი წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი, გარდა მათი სიმდიდრის, ეფექტური მართვის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა ისაა, რომ მათ გააჩნიათ საშუალება დაიცვან საკუთარი გარემო სხვა (ძირითადად განვითარებადი) ქვეყნების გარემოს ექსპლუატაციის ხარჯზე.
საერთოდ გლობალურ დონეზე გარემოსა და რესურსებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მდიდრებს (ქვეყნებსა და ინდივიდუმებს) უზომოდ მეტი საშუალება აქვთ თავისი გამორჩენისათვის გამოიყენონ უკეთესი ხარისხისა და მდიდარი ბუნებრივი რესურსები, ვიდრე ღარიბებს. საერთოდ, კარგად მოვლილი და მართული ეკოსისტემები წარმოადგენენ რისკებისა და ადამიანების დაუცველობის შემცირების გარანტიას იგივე ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში.
ღარიბ მოსახლეობას (განსაკუთრებით სოფლად) უბრალოდ არ გააჩნია ტექნიკური, ფინანსური, მენეჯერული, ინტელექტუალური რესურსები მათ განკარგულებაში მყოფი რესურსების ეფექტურად მართვისა და გამოყენებისათვის. ისინი ხშირად ფიზიკურად „გარიყულები“ არიან ნაკლებად პროდუქტიულ და ადვილად დეგრადირებად ტერიტორიებზე. განსაკუთრებით იქ, სადაც დემოგრაფიული დაწოლა დიდია, ასეთი ხალხი უბრალოდ „ჭამს“ იმ ეკოსისტემებს, რომლებზეც დამოკიდებულია. შედეგად ასეთი ეკოსისტემები უფრო ადვილად ექვემდებარება დეგრადაციას შიმშილის, გვალვისა ან წყალდიდობის შედეგად. ეს, თავის მხრივ, უფრო ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დაუცველობას.
ასეთი სიტუაციის კლასიკური მაგალითია ისევდაისევ აფრიკა საჰარის სამხრეთით (განსაკუთრებით ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, მალი, ნიგერი). როდესაც საჰარასთან უშუალოდ მოსაზღვრე ტერიტორიებზე მოხდა დემოგრაფიული აფეთქება, ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივად აგრძელებდა ეკოსისტემების ექსპლუატაციას ტრადიციული, უაღრესად არაეფექტური მეთოდებით, უბრალოდ ერთი ადამიანის ადგილს მინიმუმ სამი-ოთხი იკავებდა. შედეგად, უკვე გასული საუკუნის 70-იანი წლებისათვის გაუდაბურებამ ამ ტერიტორიებზე ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საჰარა სამხრეთისაკენ ზოგჯერ წელიწადში ათეულობით კილომეტრით იზრდებოდა.
განვითარებადი ქვეყნები (ისეთი წარმატებულებიც კი, როგორიცაა ჩინეთი) გლობალური მასშტაბით ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის მოწესრიგებაზე მიმართულ საბუთებს ან ფორმალურად აწერენ ხელს, ან საერთოდ უარს ამბობენ გლობალურ ღონისძიებეში მონაწილეობაზე იმ საბაბით, რომ ბუნების დაცვაზე მიმართული ღონისძიებები მათი განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, ძირითადად ღარიბი ქვეყნების მთავრობები მზად არიან ინტენსიურად, ნებისმიერ პირობებზე აითვისონ ადგილობრივი რესურსები მოკლევადიანი სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად. მათ არ და ვერ აინტერესებთ როგორც საკუთარი ხალხის მომავალი თაობების ინტერესები, ისევე როგორც შესაძლო გლობალური კატასტროფა, მაშინ როდესაც ისინი ყოველდღე „თვალში უცქერენ“ მასობრივ შიმშილსა თუ სამოქალაქო დაპირისპირებას.
ისევ კლასიკური მაგალითი ბრაზილიაა, სადაც ათეულობით წლების მანძილზე ერთმანეთის შემცვლელ მთავრობებს გაჰყავდათ გზები ამაზონიის ჯუნგლებში და უფასოდ ურიგებდნენ იქ მიწის ნაკვეთებს უმიწაწყლო გლეხებს, ოღონდ კი თავიდან აერიდებინათ სოციალური დაძაბულობა და შეენარჩუნებინათ მსხვილ ლატიფუნდიებზე დაფუძნებული ტრადიციული სოფლის მეურნეობის სისტემა. ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიებზე ნიადაგი ძალიან არანაყოფიერი და ადვილად დეგრადირებადია, რის შედეგადაც რამდენიმე წლის შემდეგ ეს გლეხები მიაგდებენ ხოლმე ეროდირებულ ნაკვეთს, არავის ადარდებდა. მით უმეტეს, არ ადარდებდა ბრაზილიის ხელმძღვანელობას ის ფაქტი, რომ ამაზონიის ტყეებზეა დამოკიდებული დიდწილად ატმოსფერული ცირკულაცია პლანეტაზე.177
დამატებით ართულებს სიტუაციას საზოგადოებისა და ბუნებრივი გარემოს ფუნქციონირების დროითი ჩარჩოების შეუთავსებლობა. რაც უფრო განვითარებულია და ფორმალიზებულია საზოგადოება, მით უფრო ნაკლებად ემთხვევა მისი ფუნქციონირების დრო ბუნებრივი სისტემებისას.178 გლობალური ცვლილებები ბუნებრივ გარემოში, ისევე როგორც ადამიანის მოქმედების დადებითი თუ უარყოფითი შედეგები, გამოსავლენად მოითხოვს დროს, რომელიც ადამიანის აქტიურობასთან შედარებით გრძელვადიანია. ლაპარაკია მინიმუმ ათეულობით წლებზე, როდესაც ადამიანის რეალური აქტიურობა საზოგადოდ ერთი წლის ფარგლებში მიმდინარეობს, ხოლო შედარებით ეფექტურად იგეგმება მაქსიმუმ ხუთი წლის ფარგლებში. იგივე საბაზრო კონიუნქტურა იმდენად სწრაფად იცვლება, რომ რაიმე გრძელვადიანი, წინმსწრები ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება საბაზრო ეკონომიკის პირობებში ძნელად წარმოსადგენია.
აქ „მოვლენათა ჯაჭვები“ ისეა დახლართული, რომ მათი წყაროს მიკვლევა თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად აშკარაა ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის პრობლემების აღქმის, მათი გადაწყვეტის ეფექტური საშუალებების გამოძებინსა და მათი უარყოფითი მოქმედების შერბილების სირთულეები. ამას ემატება სირთულეები პრობლემების გადაჭრის დაგეგმვასა და გატარებაში, რაც საზოგადოდ იწვევს წინმსწრები ღონისძიებების არარსებობას; მოქმედება ხდება ფაქტის მოხდენის შემდეგ და შეეფარდება ხილულ შედეგებს ბუნებრივ გარემოში, ნაცვლად პრობლემის მიზეზებისა ადამიანის საზოგადოებაში (რაც საზოგადოდ მინიმალურ დადებით შედეგს იძლევა). ხშირად მაშინაც კი, როდესაც ასეთი მიზეზები ცნობილია, მათზე გავლენა შეუძლებელია გამომდინარე არსებული სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური რეალობიდან. შესაბამისად, მიღებული ზომები პალიატიურ ხასიათს ატარებენ, მიმართულია ძირითადად პრობლემის ეფექტური მოგვარების გადადებაზე ან კრიტიკის დასაწყნარებლად.
ასე, მაგალითად, აფრიკაში ცოცხალი ბუნებრივი გარემოს განადგურება, განსაკუთრებით მისი ცხოველური კომპონენტის (სპილოები, მარტორქები და ა.შ), გამოწვეულია ამ კონტინენტის საზოგადოებრივი განვითარების პრობლემების მოუგვარებლობით. უამრავი ჭარბი სასოფლო მოსახლე თავის გადასარჩენად მისდევს ბუნებრივი გარემოს ზედმეტ (და ძირითადად უაზრო) ექსპლუატაციას, რომლის პროცესშიც ნებისმიერი ცოცხალი არსების (საკუთარი თავის ჩათვლით) საარსებო გარემოს უბრალოდ ანადგურებს.
გასაგებია, რომ აფრიკის პრობლემების მოგვარება თვალსაწიერ მომავალში პრინციპულად შეუძლებელია. ამავე დროს, დასავლეთის მთავრობებზე (სრულიად გამართლებულად) ზეწოლას აწარმოებს საკუთარი სამოქალაქო საზოგადოება აფრიკის ბუნებრივი გარემოს გადარჩენის მოთხოვნით. შედეგად ათეულობით წლების მანძილზე გამოიყოფა უზარმაზარი თანხები აფრიკაში ნაკრძალების შექმნაზე და სხვა თანმხლები ღონისძიებების გატარებაზე მინიმალური შედეგით.
ნებისმიერი ნაკრძალი (უკეთეს შემთხვევაში) მოქმედებს იქამდე, სანამ მორიგი ომი, გენოციდი თუ სტიქიური უბედურება (გვალვა მაგალითად) არ აყრის ადგილიდან ადამიანებს და არ აიძულებს მათ ეძებონ თავშესაფარი და უკეთესი მიწები ნაკრძალის ტერიტორიაზე. ასე მოხდა, მაგალითად რუანდაში 1994 წლის გენოციდის შემდეგ.
4.2.3. გლობალურ დონეზე ასეთი ტიპის კომპრომისების შედეგია ის საერთაშორისო რეჟიმი, რომელიც დღეს გარემოსთან და რესურსებთან ურთიერთობის სფეროში არსებობს. ამ რეჟიმის შექმნის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო, მაგრამ რეალურად გლობალური 1972 წლიდან გახდა, როდესაც შედგა გაეროს კონფერენცია „ადამიანის გარემოზე“ სტოკჰოლმში. ამ კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ეტყობა ისაა, რომ მას მოჰყვა გლობალური და რეგიონული გარემოს მონიტორინგის ქსელების შექმნა, გაეროს გარემოს პროგრამის დაარსება (UNEP), აგრეთვე, ფართო პოლიტიკური და ინსტიტუციური ცვლილებები ლოკალურ დონეზე, რომელსაც მოჰყვა ბევრი მთავრობის მიერ გარემოს დაცვის სამინისტროებისა და ეროვნული გარემოსდაცვითი და მარეგულირებელი სააგენტოების შექმნა. მან, აგრეთვე, მისცა ბიძგი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების გლობალური ქსელის შექმნას.
მომდევნო წლებში საერთაშორისო ინტერესი გარემოს პრობლემებისადმი სულ უფრო იზრდებოდა. შედეგად, ამ საუკუნის დასაწყისისათვის არსებობდა 130-ზე მეტი მრავალმხრივი და ასეულობით ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება. სამწუხაროდ, რეალური პოზიტიური შედეგები, ხმამაღალი რიტორიკის მიუხედავად, ამ ხელშეკრულებების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა გამოიღო.
ამის მიზეზი ძირითადად ისევდაისევ ისაა, რომ თანამედროვე მეცნიერება, რომელიც დაკავებულია ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობების კვლევით, ვერ იძლევა ამ პროცესების ანალიზის საბოლოო, დამაჯერებელ დასკვნებს, რომლებიც ასეთი ურთიერთობების რეალურ შედეგებს, შესაძლებელ საფრთხეებს თუ პრობლემების მოგვარების ეფექტურ ღონისძიებებს ეხება. შედეგად, ნებისმიერი გლობალური მოვლენა შეიძლება განვიხილოთ როგორც დადებითი, უარყოფითი თუ არარსებული, მონაცემთა ერთი და იგივე ნაკრების საფუძველზე. ასე რომ, ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება დაფუძნებულია არა იმდენად დამაჯერებელ მტკიცებებზე, რამდენად დაინტერესებული მხარეების კონკრეტულ კერძო ინტერესებზე, რომელთაც ძირითადად კონკრეტულ პრობლემასთან ნაკლები კავშირი აქვთ. ასეთი სიტუაცია, აგრეთვე, იწვევს ან ძალზე ზოგადი და არადამაჯერებელი საბუთების შექმნას, ან ისეთების, რომლებიც ზედმეტად დეტალურია, რთული და შესასრულებლად ძნელი, ზოგჯერ უბრალოდ შეუსრულებელი.
განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა აგრეთვე უბრალოდ ვერ აძლევს თავს ფუფუნებას დაიცვას ბუნებრივი გარემო და რესურსები. სიტუაცია დაახლოებით ისეთივეა, როგორც ადამიანის უფლებებისა ან დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის საქმეში. საზოგადოება საკმარისად შეძლებული უნდა იყოს იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი ბუნებრივი რესურსები და გარემო, არ გადააქციოს ისინი უმოწყალო ექსპლუატაციის საგნად.
ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში ერთადერთი რეალურად მომქმედი მექანიზმი, რომელიც კაცობრიობას დღეისათვის აქვს, ე.წ. „კიოტოს ოქმია“, რომელიც ფაქტიურად, ჩარჩო დოკუმენტია იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც მიმართულია ატმოსფეროში ადამიანის მოქმედების შედეგად მოხვედრილი ნახშირორჟანგის მოცულობის სტაბილიზაციაზე და შემცირებაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ყველაზე დიდი ვალდებულებები თავის თავზე აიღო ევროგაერთიანებამ - შეამციროს ე.წ. „სათბურის გაზის“ ემისია 2008-12 წლებისათვის 8%-თ 1990 წლის დონესთან შედარებით, აშშ-მ 7, ხოლო იაპონიამ 6%-თ. რუსეთმა, უკრაინამ და ახალმა ზელანდიამ იკისრა ვალდებულებები მოახდინოს თავისი ემისიების სტაბილიზაცია 1990 წლის დონეზე. საბოლოო ჯამში, ამ ოქმის რეალიზაციის შედეგად ნახშირორჟანგის ემისია სულ 5%-თ უნდა შემცირდეს.
განვითარებად ქვეყნებს ეს ვალდებულებები საერთოდ არ ეხებათ, მ.შ. ჩინეთს, რომელიც აშშ-ს შემდეგ ნახშირორჟანგის ყველაზე დიდ „მწარმოებელია“ დედამიწაზე და ინდოეთს, რომელიც მას დიდად არ ჩამორჩება. საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა ეტყობა მრავალჯერ გადაჭარბებს ნახშირორჟანგის ემისიის იმ შემცირებას, რომელსაც განვითარებული ქვეყნები დიდი ჯაფის შედეგად მიაღწევენ.
მთავარი, რაც ამ ოქმის რეალიზაციას მოჰყვება, არის ყოველი სახელმწიფოსათვის ემისიების კვოტების შემოღება, რომლითაც მათ ვაჭრობა შეუძლიათ. თუ, მაგალითად, ვიღაცამ მოახდინა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და თავის კვოტაზე ნაკლებ ემისიას აწარმოებს, მას შეუძლია ის ისეთ ქვეყანას მიყიდოს, რომელიც საკუთარ კვოტაში ვერ ეტევა. ფაქტიურად ლაპარაკია საბაზრო ურთიერთობების შეტანაზე გლობალური ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტაში, თუმცა როგორც კვოტების მოცულობები, ისევე მათი ფასწარმოქმნის კონკრეტული მექანიზმები ფრიად სპეკულატიურ ხასიათს ატარებს.
ამ ოქმს თავიდანვე უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა. მაგალითად, მისი პირობების დაცვაზე კატეგორიული უარი განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯ.უ. ბუშის ადმინისტრაციამ. რუსეთიც დიდხანს ეწინააღმდეგებოდა მის რატიფიკაციას იმ საბაბით, რომ, ჯერ ეს ერთი, ემისიის 5%-იანი შემცირება ვერავითარ საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს გლობალური დათბობის პროცესის დინამიკაზე (და ამაში ის ეტყობა სავსებით მართლია) და, მეორეც, მისი შეზღუდვები რეალურ ნეგატიურ გავლენას მოახდენს მის ეკონომიკურ განვითარებაზე (იგივეს ამბობენ ამერიკელებიც).
საბოლოო ჯამში, რუსეთმა მოახდინა ამ ოქმის რატიფიკაცია 2004 წლის დეკემბერში (უკანასკნელმა 150 ქვეყანას შორის) ევროგაერთიანების დაუფარავი ზეწოლის შედეგად, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. კიოტოს ოქმი დიდწილად ეტყობა გადაიქცა ევროგაერთიანების შიდა პოლიტიკურ პროექტად, რომელიც როგორც წარმოების ტექნიკური გადაიარაღების, ასევე მართვის მექანიზმებისა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ასეთი ტიპის მექანიზმის დანერგვასთან მიმართებაში, ბევრად უსწრებს მთელ დანარჩენ მსოფლიოს. თუმცა 2006 წლის დასაწყისისათვის აქაც 15 „ძველი“ წევრიდან მხოლოდ 5 ახერხებდა ასე თუ ისე ამ ოქმის მოთხოვნილებების შესრულებას.
ე.ი. კიოტოს ოქმი ისეთი ტიპისაა, როგორც ზემოთ იყო აღწერილი - არადამაჯერებელი და შესასრულებელად რთული. ამავე დროს, მიუხედავად ყველაფრისა, მან შეიძლება შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი თუგინდ იმ თვალსაზრისით, რომ მის რეალიზაციაზე გამოჩნდება, თუ რამდენად არის მზად მსოფლიო მის წინაშე მდგარი რეალური გლობალური პრობლემის გადასაჭრელად (ბოლოს და ბოლოს რაიმე სხვა ალტერნატიული მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს).
4.2.4. სამწუხაროდ გლობალური ეკოლოგიური კრიზისის მოგვარების იდეების აშკარა ნაკლებობა შეიმჩნევა. ფაქტიურად ერთადერთია გაეროს გარემოსა და განვითარების მსოფლიო კომისიის მიერ (ბრუნტლანდის კომისია), 1987 წელს გამოაქვეყნებულ მოხსენებაში წამოყენებული ე.წ. მდგრადი განვითარების იდეა. დღესდღეობით ის ფორმალურად აღიარებულია როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ეროვნული მთავრობების მიერ, როგორც ზოგადი სამოქმედო ორიენტირი.
მოკლედ რომ ვთქვათ, მდგრადია ისეთი განვითარება, რომელიც საშუალებას იძლევა დაკმაყოფილდეს საზოგადოების დღევანდელი მოთხოვნილებები ისე, რომ მომავალ თაობებს არ მოესპოთ საშუალება დაიკმაყოფილონ თავიანთი საკუთარი მოთხოვნილებები. მომდევნო წლების მანძილზე ეს ტერმინი (თუ არა იდეის არსი, როგორც ასეთი) გახდა ნებისმიერი ისეთი პოლიტიკური დოკუმენტის განუყოფელი ნაწილი, რომელიც განვითარებას ეძღვნება. ფართო გაგებით, ეს კონცეფცია, აღიქვება როგორც საშუალება ისეთი სტრატეგიების შემუშავებისა და დანერგვის, რომლებიც დაეხმარებიან კაცობრიობას მიაღწიოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას ბუნებრივი გარემოს დეგრადაციის, რესურსების ზედმეტი ექსპლუატაციისა და დაბინძურების გარეშე. იმ ფაქტს, რომ კაცობრიობის დღევანდელი განვითარების ეტაპზე, ეს ორი მიდგომა უბრალოდ ერთმანეთის გამომრიცხავია, კონცეფციის ავტორებმა დელიკატურად გვერდი აუარეს. საზოგადოდ მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკული რეალიზაცია ნიშნავს საზოგადოებრივი განვითარების ახალი ეტაპის დადგომას. მაგრამ ადამიანის საზოგადოება, მათ შორის მისი დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვესისტემა - ბაზარი, პრინციპულად ახორციელებს ძირფესვიან გარდაქმნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისტემურ კრიზისს გადაეყრება. ამის მაგალითია, 1929 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომლის შედეგად მოხდა საბაზრო ურთიერთობების სისტემის საფუძვლიანი გადასინჯვა.
ასეთი კრიზისის შესაძლო მიზეზები ცნობილია - გლობალური ეკოსისტემის ასიმილაციური და რეპროდუქციის უნარის შემცირება. ასევე ცნობილია მისი გადაჭრის საშუალებებიც - გლობალურ ეკოსისტემაზე ადამიანის დატვირთვის შემცირება იქამდე, სანამ ეს დატვირთვა არ მოექცევა ეკოსისტემის აღწარმოების შესაძლებლობის ფარგლებში.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს, მატერიალური მოხმარების (მთლიანის და ერთ მოსახლეზე) რადიკალურ შემცირებას, მისი თანმხლები წარმოებისა და განაწილების ეფექტურობის ზრდით, და რაც მთავარია - თანამედროვე საზოგადოების ფასეულობათა სისტემის სრული გადასინჯვით, რომელიც გადამწყვეტ უპირატესობას ანიჭებს მატერიალური მოხმარების განუწყვეტლივ ზრდას განვითარების სხვა პრიორიტებთან შედარებით.
პრობლემა ისაა, რომ სისტემური კრიზისი არ ხდება ცვლილებების აუცილებლობის შეგნების, განათლებისა და პროპაგანდის საფუძველზე. ის ხდება, როდესაც ხდება, და მისი დადგომა არ არის დამოკიდებული ადამიანის ნება-სურვილზე.
გარდა ამისა, გლობალური საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებს განაპირობებენ წამყვანი გლობალური მოთამაშეები, რომლებიც ცალ-ცალკე თუ ერთად, ნამდვილად არ განიცდიან არავითარ სისტემურ კრიზისს, რომელიც შესაძლებელია ბუნებრივი გარემოს დეგრადაციით იყოს გამოწვეული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი კრიზისი არ ხდება - უბრალოდ ეს ქვეყნები ახერხებენ მათი პრობლემების მნიშვნელოვენი ნაწილის გატანას საკუთარი ტერიტორიების ფარგლებს გარეთ (იგივე ჭუჭყიანი წარმოებები).
ეს მოთამაშეები, აგრეთვე, სწორედ ვერ აფასებენ მათი შესაბამისი საზოგადოებრივი სისტემების მდგომარეობას. თანამედროვე საზოგადოებებში წარმატებისა თუ ჩავარდნის შეფასების მთავარი კრიტერიუმი ბაზრის მდგომარეობაა. ხოლო ბაზარი, მისი აშკარა ღირსებების მიუხედავად, საკმაოდ პრიმიტიული მექანიზმია. ის აფასებს ნებისმიერ პროცესსა თუ სიტუაციას დიახ/არა - თეთრი/შავი - მოგება/წაგების ლოგიკის საფუძველზე. ამ თვალსაზრისით, დღეს მსოფლიოში არ არსებობს ბუნებრივი გარემოს დეგრადაციით გამოწვეული არავითარი კრიზისი, რომელიც მოითხოვს საბაზრო ურთიერთობების სისტემის ძირფესვიან გადასინჯვას, ან ბაზარი უბრალოდ ვერ ცნობს მის ნიშნებს.
ამ დროს ეკოლოგიური კრიზისი იმით განსხვავდება საზოგადოებრივი განვითარების სხვა კრიზისებისაგან, რომ როდესაც ბაზარი ამოიცნობს ასეთი გლობალური სისტემური კრიზისის ნიშნებს, მის განკარგულებაში არსებული მექანიზმები და რესურსები არ იქნება საკმარისი მის მოსაგვარებლად.
ყოველწლიურად ორგანული საწვავის დაწვის შედეგად ატმოსფეროში ხვდება 5.8 მილიარდი ტონა ნახშირბადი, რაც 20 მილიარდ ტონა ნახშირორჟანგს შეესაბამება. ასეთი რაოდენობის ნახშირბადის დასაგროვებლად ფოტოსინთეზის პროცესში მისი ატმოსფეროდან შთანთქვის დროს ბუნებას სჭირდება თითქმის მილიონი წელი. წელიწადში მსოფლიოში მოიპოვება 120 მილიარდი ტონა მადანი, საწვავი წიაღისეული და საშენი მასალა, გამოიდნობა 800 მილიონი ტონა სხვადასხვა მეტალი.
მეტალურგიული წარმოება იძლევა დაჭუჭყიანების 34%-მდე, თბოელექტროსადგურები-27%, ნავთობის მრეწველობა-12%, ქიმიური-9%-ს, გაზის-7%. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე გადაგვარებული ნიადაგების ფართობი შეადგენს 20 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, რაც იმაზე მეტია, დღეს მსოფლიოში რომ გამოიყენება. კაცობრიობა, რომელიც თავისი ბიომასით შეადგენს დედამიწის ცოცხალი ნივთიერების პროცენტის მეათასედებს, ქმნის ათასჯერ მეტ ნარჩენებს, ვიდრე მთელი ბიოსფერო. მათი რაოდენობა ყოველ თხუთმეტ წელიწადში ერთხელ ორმაგდება. დედამიწის ჰიდროსფეროში ყოველწლიურად ჩაედინება 600 მილიარდ ტონამდე სამრეწველო ჩამდინარე წყლები, რომლებიც შეიცავს 300 მილონ ტონამდე რკინას, 2.3 მილიონ ტონა ტყვიას, 7000 ტონა ვერცხლისწყალს, 6000 ტონა ფოსფორს და სხვა მავნე ნივთიერებებს, რაც მნიშვნელოვნად აბინძურებს მსოფლიო ოკეანეს, ამცირებს მის ბიომრავალფეროვნებას, სახეს უცვლის ადამიანის საკვებ რესურსებს და ამცირებს კიდეც მათ.
საწარმოო ნარჩენი აირები (მ.შ. ავტომანქანების გამონაბოლქვი) იწვევენ ატმოსფეროში გოგირდისა და აზოტის ჟანგების მოხვედრას. ისინი უბრუნდებიან დედამიწას მჟავე წვიმების სახით, რომლებიც ამჟავებენ და გადააგვარებენ ნიადაგს, წყალსაცავებს, მცენარეულ საფარს. ხდება ნიადაგების დეგრადაცია.
გაუდაბნოების პროცესით მოცულია ტერიტორია, რომელიც ფართობით აღემატება ჩრდილო და სამხრეთ ამერიკას, ერთად აღებულს. მხოლოდ ადამიანის მიერ დაშრობილი არალის ზღვის შემოგარენიდან ქარს ყოველწლიურად მიაქვს 150 მილიონ ტონაზე მეტი მიწა. პლანეტაზე ტყეების გაჩეხვის სიჩქარე წელიწადში მათი საერთო ფართობის დაახლოებით 0.2%-ს უდრის. ავსტრალიამ, მაგალითად, უკვე დაკარგა თავისი ტყეების 3/4, ამერიკამ 2/5, აფრიკამ - 1/5. ეს პროცესი განსაკუთრებით შეეხო ტროპიკულ ტყეებს (ამაზონია, კონგო, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია), რომლებიც ატმოსფეროში ნალექის ცირკულაციის რეგულატორების როლს თამაშობს.
|
![]() |
7 თავი 5. ზოგიერთი გლობალური პრობლემა. გლობალური ტექნოლოგიები, კულტურა მსოფლიო ურთიერთობებში. |
▲ზევით დაბრუნება |
5.1. გლობალური ტექნოლოგიების ტრანსფერი
5.1.1. გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი შედეგი ისაა, რომ დედამიწა უბრალოდ ძალიან პატარა გახდა. ისევ და ისევ, პრინციპულად აღარ არსებობს მანძილის დაძლევის პრობლემა, ხოლო ნებისმიერი ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, გავრცელება ანდა ურთიერთობა ცალკეულ ინდივიდებს შორის შესაძლებელია რეალურ დროში.
გასაგებია, რომ ამის შესაძლებლობა მხოლოდ იმათ გააჩნიათ, ვინც საკმარისად შეძლებულია ამისათვის. მაგრამ, მას შემდეგ, რაც რეიგანისა და ტეტჩერის ადმინისტრაციებმა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მიაღწიეს კომუნიკაციების ბაზრების დერეგულირებასა და დემონოპოლიზაციას 1980-იან წლებში, კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების ელექტრონული საშუალებები (ტელევიზია, ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონი) ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი განვითარებადი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისათვის, ვინც სიღარიბის ზღვარს გადაცდენილია, თუ რომელიღაცა ადგილობრივი დიქტატორი ხისტ იზოლაციონალისტურ პოლიტიკას არ ეწევა (მაგალითად, ჩრდილო კორეა).179
გლობალური კომუნიკაციების საშუალებების განვითარება ამავე დროს მხოლოდ შედარებით მცირე ნაწილია იმ უზარმაზარი გავლენისა, რომელსაც თანამედროვე მეცნირების მიღწევები, ტექნიკა და ტექნოლოგია ახდენენ გლობალიზაციის პროცესებზე. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დამოკიდებულება სწორხაზოვანი არ არის. ტექნოლოგია გლობალური პროცესების მძლავრი მატარებელია; იმავე დროს, ტექნოლოგიების უმეტესობის დანერგვა და ფართო გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ იმ ხელსაყრელი პირობების ფარგლებში, რომელთაც მათ გლობალიზაცია უქმნის. იმის შესაბამისად, თუ ტექნოლოგიის შექმნისა და ათვისების რა უნარი გააჩნიათ სხვადასხვა ქვეყნებს, დღეს ისინი საზოგადოდ სამ დიდ კატეგორიად იყოფიან: ტექნოლოგიური ინოვატორები, ტექნოლოგიის ამთვისებლები და ტექნოლოგიურად „გათიშულები“. პირველ კატეგორიას ეკუთვნიან აშშ და ის ქვეყნები, რომელთა ყოველ მილიონ მოსახლეზე წელიწადში აშშ-ში დაცული ათი პატენტი მაინც მოდის. როგორც ცხრილი 5.1-დან ჩანს, ამ კატეგორიაში შედიან მხოლოდ დასავლეთი ევროპისა და მისი გამონაყოფი ქვეყნები, პლუს აღმოსავლეთი აზიის 5 ქვეყანა. მეორე კატეგორიას ეკუთვნის ყველა ის დანარჩენი ქვეყანა, რომელთა ექსპორტშიც მაღალტექნოლოგიური პროდუქციის წილი მინიმუმ 2%-ია (ყველა დანარჩენი განვითარებული ქვეყანა და განვითარებულების ყველაზე მოწინავე ნაწილი - ბრაზილია, არგენტინა, მალაიზია, ინდონეზია, და ა.შ.), ხოლო მთელი დანარჩენი მსოფლიო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩათვლით, “გათიშულების” რიცხვში ხვდება ე.ი. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც წარმატებული განვითარების ნაკლები შანსი აქვთ.
ცხრილი 5.1 აშშ პატენტების საერთო რაოდენობა და ერთ მილიონ მოსახლეზე, 2001 ქვეყანა პატენტები პატენტები/ მილიონ მოსახლეზე
1 |
ტაივანი |
6 545 |
299 |
2 |
იაპონია |
34 891 |
275
|
3 |
შვედეთი |
1 935 |
217
|
4 |
შვეიცარია |
1 557 |
216
|
5 |
ისრაელი |
1 031 |
161
|
6 |
ფინეთი |
769 |
148
|
7 |
გერმანია |
11 895 |
145 |
8 |
კანადა |
4 063 |
131 |
9 |
ლუქსემბურგი |
48 |
120 |
10 |
დანია |
556 |
103 |
11 |
ნიდერლანდები |
1 494 |
93 |
12 |
ჰონკონგი |
620 |
93 |
13 |
სამხრეთი კორეა |
3 763 |
80 |
14 |
ავსტრია |
632 |
78 |
15 |
ბელგია |
796 |
77 |
16 |
საფრანგეთი |
4 456 |
75 |
17 |
სინგაპური |
304 |
74 |
18 |
გაერთიანებული სამეფო |
4 356 |
74
|
19 |
ისლანდია |
21 |
70 |
20 |
ნორვეგია |
283 |
63 |
21 |
ავსტრალია |
1 031 |
53 |
22 |
ირლანდია |
166 |
44 |
23 |
ახალი ზელანდია |
160 |
42 |
24 |
იტალია |
1 978 |
34 |
წყარო: აშშ-ის საპატენტო ოფისი, 2002
რასაკვირველია, ასეთი დაყოფა ხარვეზებს არ არის მოკლებული, მაგრამ პრინციპულ სურათს ის მაინც იძლევა. მისი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ ის დაფუძნებულია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე და საერთოდ არ ითვალისწინებს ფუნდამენტალური მეცნიერების მიღწევებს. ამავე დროს, დაახლოებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, ტექნოლოგიის განვითარება მთლიანად ფუნდამენტალური მეცნიერის წინმსწრებ მიღწევებზეა დამოკიდებული. ხოლო ფუნდამენტალური მეცნიერება, თავის მხრივ, ძალიან ნაკლებადაა დაკავშირებული დღევანდელი განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალასთან - ბაზართან.
ფუნდამენტულ მეცნიერებას ავითარებეს ძირითადად ის ქვეყნები, რომლებსაც ამის ფინანსური და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, შესაბამისი განათლების ინფრასტრუქტურა აქვს; რომლებიც (და ეს ეტყობა ყველაზე მნიშვნელოვანია) თავს მსოფლიო ან მინიმუმ რეგიონალური ლიდერების როლში ხედავს.180 ასეთი სამეცნიერო სისტემის აწყობა ძირითადად მთავრობის ინიციატივებზე, დაფინანსებასა და ორგანიზაციაზეა დამოკიდებული. 181
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1990-იან წლებამდე მსოფლიოში არსებობდა ფაქტიურად ორად ორი ქვეყანა, რომელთაც საშუალება გააჩნდათ განევითარებინათ ფუნდამენტარული მეცნიერებების თითქმის მთელი სპექტრი - აშშ და საბჭოთა კავშირი.
საბჭოთა კავშირმა გამომდინარე ნაწილობრივ იდეოლოგიური მოსაზრებებიდან, უმეტისწილად კი ქვეყნის ბრეჟნევისდროინდელი ხელმძღვანელობის უმეცრობის გამო, შეაჩერა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება. ამას შედეგად მოჰყვა ქვეყნის მთლიანი ტექნოლოგიური ჩამორჩენა, რომელმაც ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა მის საბოლოო დაშლაში. |
ყველა დანარჩენ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, იგივე საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იაპონიის ჩათვლით, შეეძლოთ ფუნდამენტალური მეცნიერებების სპექტრის მხოლოდ გარკვეული ნაწილების განვითარება, ხოლო სხვაგან ის მხოლოდ კეროვან ხასიათს ატარებდა (და ატარებს). დღეს რუსეთს საბჭოთა ფუნდამენტალური სამეცნიერო მემკვიდრეობის მხოლოდ ნაწილი შერჩა, მაგრამ მის ადგილს სულ უფრო აქტიურად იკავებს ჩინეთი (განსაკუთრით მათემათიკასა და ფიზიკაში) და ინდოეთი.
გლობალიზაციის თვალსაზრისით ზემოთ მოყვანილი ანალიზის არსი ისაა, რომ რაგინდ არ უნდა იყოს განვითარებული ესა თუ ის ქვეყანა ტექნოლოგიურად, მისი მიღწევები ყოველთვის იქნება დამოკიდებული იმაზე, ვინც მისი ტექნოლოგიური განვითარების თეორიულ, ფუნდამენტარულ საფუძველს უზრუნველყოფს. ფაქტიურად დღევანდელ მსოფლიოში სამეცნიერო-ტექნოლოგიური იერარქიის არა სამ, არამედ ოთხ იარუსიანი სისტემა არსებობს - მის მწვერვალზე ყოველთვის ის ქვეყნები იქნება, რომელთაც შესწევს უნარი ტექნოლოგიის განვითარების თეორიული საფუძვლები შექმნან.
5.1.2. რაც შეეხება ტექნოლოგიების ტრანსფერს განვითარებად ქვეყნებში, რაც პრინციპულად მსოფლიო განვითარების პროცესის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, ის ორ ნაწილად უნდა დაიყოს:
პირველი ეხება ძირითადად ისეთი სახის ტექნოლოგიებს, რომელზეც დამოკიდებულია ამ ქვეყნებში საწარმოო ძალებისა და, საბოლოო ჯამში, მთლიანად ეკონომიკის განვითარება. ყველა ეს ტექნოლოგია ბაზარზეა გამოტანილი და ყველა მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.182 ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანასაც კი შეუძლია საწარმოო ტექნოლოგიების შემოატანა პირდაპირი უცხოური დახმარებისა თუ კრედიტების ფარგლებში. ამ ფულის ძირითადი ნაწილი, ბოლოს და ბოლოს, ასეთი ტიპის პროგრამებისათვის გამოიყოფა.
პრობლემები ამ ტექნოლოგიების დანერგვის ეტაპზე იწყება. უპირველეს ყოვლისა, ის მოითხოვს ქვეყნაში ტექნოლოგიური გადაიარაღების აუცილებლობისა და მისი პრიორიტეტების ზუსტ, სწორე განსაზღვრას; რეალისტურ, მიღწევად მიზნებზე დაფუძნებული პროგრამის არსებობას; ქვეყანაში არსებული რესურსების სწორე შეფასებას, პირველ რიგში, სოციალური კაპიტალის (შრომითი რესურსების, მათთვის დამახასიათებელი კვალიფიკაციით, შრომისუნარიანობით და ა.შ.); ტექნოლოგიების დანერგვის ინსტიტუციური და საორგანიზაციო გარემოს შექმნას.
ასეთი ტიპის გადაიარაღების პროცესში მთავრობის როლი გადამწყვეტია. პირველ ეტაპზე მაინც, როდესაც ბაზარს უბრალოდ არ შეუძლია სტრატეგიული ამოცანების დასახვა და მათი ეფექტურად მართვა, მთავრობა უნდა უშუალოდ ხელმძღვანელობდეს ტექნოლოგიის ტრანსფერის პროცესს.
ამიტომ სწორედ მთავრობის ეფექტურობა განაპირობებს ძირითადად მის წარმატებას.
დამატებით, ზოგჯერ გადამწყვეტ სიძნელეს, წარმოადგენს ქვეყანაში არსებული სამუშაო ძალის ხარისხი, მ.შ. შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, წარმატებისადმი ლტოლვა, ფიზიკური შრომისუნარიანობა. ე.ი. მთელი რიგი წმინდა კულტურული ფაქტორებისა, რომელთა შორის უდიდეს როლს თამაშობს ტრადიციაში არსებული პატივისცემა განათლებისადმი და განათლების მიღებისადმი ლტოლვა.183
ასე რომ, ტექნოლოგიური ტრანსფერი განვითარების მიზნით ისევდაისევ (იხილეთ, თავი 3) დამოკიდებულია არა იმდენად ტექნოლოგიებზე, როგორც ასეთზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად არიან მზად ამისათვის მიმღები ქვეყანა.
როგორც ცნობილია, ყველაზე წარმატებით ტექნოლოგიური გადაიარაღება გაიარეს აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებმა. ყველა ამ ქვეყნებში ეს პროცესი სახელმწიფოს მიერ იმართებოდა, ხოლო ადგილობრივი მუშახელის მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას შეიძლება შეშურდეს.
მეორე შემთხვევაში ლაპარაკია „ფართო მოხმარების ტექნოლოგიებზე“, რომლებიც პრინციპში ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც მათი შეძენის ფინანსური საშუალება აქვს. ასეთ ტექნოლოგიებში, პირველ რიგში, იგულისხმება ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიები - განსაკუთრებით რადიო, ტელევიზია, ტელეფონი, მსუბუქი ავტომანქანა, კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.
მათი უმეტესობის მოხმარება მინიმალურად განათლებულ, ხშირად უბრალოდ გაუნათლებელ ადამიანსაც კი შეუძლია. თუმცა ძირითადად განვითარებად ქვეყანაში მათი კონცენტრაცია ხდება განვითარების ცენტრებში, რომელთაც გარე სამყაროსთან ინტენსიური კონტაქტები გააჩნიათ. ასეთი ტექნოლოგიების ტრანსფერი მთლიანად ბაზარზეა დამოკიდებული, ხოლო მისი ავკარგიანობა ძირითადად განისაზღვრება არა ადამიანის რეალური მოთხოვნილებით მასზე, არამედ წარმატებული მარკეტინგით. მისი ტრანსფერის ძირითადი შედეგი, არა იმდენად მისი მომხმარებლის ცხოვრების ხარისხის ზრდაა, რამდენადაც კულტურის დიფუზიაა.
5.2. კულტურული დიფუზია.
5.2.1. კულტურების ურთიერთგავლენა (და კონკურენცია) სპონტანური პროცესია, რომელიც ავტომატურად ხდება ნებისმიერი ორი განსხვავებული ეთნოსის შეხების არეალში. ფაქტიურად ნებისმიერი ეთნოსის სიცოცხლისუნარიანობა და წარმატება, რიგორც ასეთი, შეიძლება განისაზღვროს იმის შესაბამისად, რამდენად შეუძლია მას უცხო კულტურის ელემენტების ასიმილაცია და ამის ხარჯზე საკუთარი კულტურის გამდიდრება. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ეს პროცესი უაღრესად ინტენსიური გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ კულტურულმა ფასეულობებმა (მ.შ. ყოფითი კულტურის) - ა/უაღრესად სწრაფი, მაღალეფექტური მატერიალური „გადამტანი” შეიძინეს ტექნოლოგიების სახით. უფრო მეტიც, ტექნოლოგია არა მარტო კულტურული ფასეულობების გადამტანი, არამედ მათი დამოუკიდებელი მატარებელი გახდა, თვითონ გადაიქცა კულტურის ელემენტად; და ბ/კულტურა (პირველ რიგში მისი ის ნაწილი, რომელიც მასკულტურის სახელითაა ცნობილი) საქონლად გადაიქცა და მისი უდიდესი ნაწილის ფორმირება და გავრცელება საბაზრო ურთიერთობის კანონებით რეგულირდება.
კულტურის უნივერსალური, საყოველთაოდ აღიარებული განმარტება ბუნებრივია არ არსებობს, თუმცა ასეთთან ყველაზე ახლოს დგას ეტყობა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) შემდეგი ფორმულირება - [კულტურა] წარმოადგენს საზოგადოებისა თუ სოციალური ჯგუფისათვის დამახასიათებელ გამოკვეთილ სულიერ, მატერიალურ, ინტელექტუალურ და ემოციულ თავისებურებებს, რომელიც ხელოვნებასა და ლიტერატურასთან ერთად მოიცავს ცხოვრების წესებს, თანაცხოვრების საშუალებებს, ფასეულობათა სისტემებს, ტრადიციებსა და რწმენას.184 |
ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას, ამ თვალსაზრისით, ტოვებს პროცესი, რომელიც დაიწყო გასული საუკუნის 1930-იან წლებში დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ დროს მსოფლიოს ერთერთმა ყველაზე დიდმა და წარმატებულმა კომპანიამ, jeneral motorsma (General Motors) - ნავთობის, მეტალურგიული და ავტოსაბურავების წარმოების დარგების სხვა წამყვან მოთამაშეებთან ერთად, ხელში ჩაიგდო ასზე მეტი ტრამვაის ქსელი აშშ-ს 45 წამყვან ქალაქში და მოშალა ისინი. 1950-იანი ბოლოსათვის ტრამვაის სისტემის დაახლოებით 9/10 და შიდა საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა სახეების დიდი ნაწილი გაუქმდა. იმავე დროს სახელმწიფომ დააბანდა საავტომობილო გზების მშენებლობაში იქამდე არნახული თანხები (ძირითადად, როგორც ჩანს იმისათვის, რომ დიდი რაოდენობით იმ დროისათვის დაუსაქმებელი მუშახელი ჩაება სახელმწიფო დასაქმების პროგრამებში). ჯამში, ამას მოჰყვა ქვეყანაში მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის (რკინიგზის ჩათვლით) ჩანაცვლება ავტომანქანით.
ყველაფერთან ერთად, ამან გამოიწვია, სრულიად ახალი ცხოვრების წესის ფორმირება, რომელიც ფაქტიურად გულისხმობს, რომ მხოლოდ ავტომანქანის მფლობელია საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. აშშ-ში, სადაც ეს ცხოვრების წესი ჩამოყალიბდა, საქმე იქამდეა მისული, რომ ადამიანი, რომელსაც მანქანა არა ჰყავს, ცალსახად როგორც წარუმატებელი განიხილება, რაც ამ ქვეყანაში მიუტევებელი ცოდვაა. ფაქტიურად ავტომანქანა არა იმდენად სამომხმარებლო ღირებულების მატარებლის, თუ სატრანსპორტო საშუალების ფუნქციას ასრულებს, რამდენადაც კულტურულ სტასუს სიმბოლოდ (სტატუს-სყმბოლ) გადაიქცა.
ორმოცდაათიანი წლებისათვის პირადი მსუბუქი ავტომანქანა იყო დასავლური კულტურის ყველაზე ხილული, და ამავე დროს, ყველაზე მომხიბვლელი ნაწილი (გრძელ, დიდ ფრთებიან ამერიკულ მანქანაზე მთელი მსოფლიოს მამაკაცებს აბოდებდა). დღეისათვის ასეთი მიდგომა ავტომანქანისადმი გლობალიზებულია. ავტომანქანა უნივერსალური სტატუს სიმბოლოა ნებისმიერ საზოგადოებაში, მიუხედავად მისი განვითარების დონისა თუ კულტურის ტიპისა.
ფაქტიურად, 1950-1960-იან წლებში მსოფლიოში ადგილი ჰქონდა ტექნოლოგიის ტრანსფერისა და შესაბამისი კულტურული დიფუზიის პრაქტიკულად სპონტანურ პროცესს, რომელსაც თავისი გამოვლენის მასშტაბებითა და დედამიწაზე წარმატების უნივერსალური კრიტერიუმების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, დღეისათვის ბადალი არა ჰყავს.
ამ პროცესს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარეც აქვს. საავტომობილო ტრანსპორტი დედამიწაზე ნავთობისა და ფოლადის ყველაზე დიდ მომხმარებელია, შესაბამისად, ჰაერის ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, მ.შ. ნახშირორჟანგიდაც.185 ავტომანქანების დიზაინი, წარმოება, რეალიზაცია, ტექნიკური მომსახურება, ისევე როგორც მისი საწვავით უზრუნველყოფა (ნავთობის მოპოვება, ტრანსპორტირება, გადამუშავება, რეალიზაცია), გზების მშენებლობა და მომსახურება, მოძრაობის მართვა, დაზღვევა, პლუს ამასთან დაკავშირებული ფინანსური ნაკადები - ერთად ეტყობა წარმოადგენენ ყველაზე დიდ, უნიფიცირებულ, წარმატებულ გლობალურ სისტემას (მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში, გზის რომელ მხარეს, დადიან ავტომანქანები).
გარდა ამისა, სწორედ ავტომანქანების საწვავით უზრუნველყოფის აუცილებლობა გახდა გლობალური პოლიტიკური პროცესებისა და პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი.
საინტერესოა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსხვილმასშტაბიანი გლობალური პროცესი განვითარდა ფაქტიურად მთლიანად კერძო ბიზნესის ინიციატივით, სახელმწიფოს მინიმალური მხარდაჭერით. ის, აგრეთვე, არის იმის კლასიკური მაგალითი, რომ გლობალური პროცესები წინასწარ არ იგეგმება და ლოკალური მოვლენების გლობალური გამოვლინებაა.186
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფილოსოფოსი, პოლონელი სტანისლავ ლემი წერდა 2006 წლის მარტში გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მიცემულ ინტერვიუში: ის, რაც დაემართა ჩემს ფუტუროლოგიურ აზრთწყობას სინამდვილესთან შეხებისას, ცოტათი მოგვაგონებს საავტომობილო კატასტროფას. ის, რაც ჩვენ დღეს გვაქვს, არაა ის, რაზეც ოდესღაც ვოცნებობდი. განხორციელდა მხოლოდ ის, რაც მომგებიანი გამოდგა, რისი კარგად გაყიდვაც მოხერხდა. ჩვენ მომავლიდან ავიღეთ არა ყველაზე ლამაზი, ყველაზე ამაღლებული, არა ის, რაც ყოველ ჩვენთაგანს უკეთესს გაგვხდიდა, არამედ ის, რაც, კომერციული თვალსაზრისით, ყველაზე პერსპექტუილი გამოდგა, რასთანაც დაკავშირებული იყო დიდი სარეკლამო სააგენტოების ახალგაზრდა სპეციალისტების საუკეთესო მერკეტინგული გეგმები.187 |
5.2.2. ინდივიდუალური საავტომობილო ტრანსპორტის გლობალური გავრცელება ამავე დროს არ აღიქვება როგორც დასავლური (პირველ რიგში ამერიკული) ექსპანსია, განსხვავებით ე.წ. მასობრივი კულტურის გავრცელებისა, რომელიც ძალიან ხშირად „კულტურული კოლონიალიზმის (იმპერიალიზმის)” სახელით მოიხსენიება.
ამ პროცესს ძირითადად უკავშირებენ მასობრივი კულტურის ისეთი ელემენტების წარმოებასა და გავრცელებას, როგორიცაა კინოფილმები, სატელევიზიო გადაცემები, მუსიკა, კომპიუტერული თამაშები - ე.ი. ყველაფერი ის, რისი „მოხმარება“ მნახველისა თუ მსმენელის კულტურული თუ ინტელექტუალური განვითარების დონეს აბსოლუტურად მინიმალურ მოთხოვნილებებს უყენებს.188 იგივე ჭრილში განიხილება ყოფითი კულტურის უნიფიკაციაც მსოფლიო მასშტაბით (მაგალითად, მასობრივი კვების სტერეოტიპების დანერგვა - fast-food).
ამ პროცესის შეფასება როგორც კოლონიალიზმის (თუ იმპერიალიზმის), უპირველესად ყოვლისა, მეტყველებს მის უაღრეს ეფექტურობასა და გავლენაზე მსოფლიო მოსახლეობის კულტურული და ქცევითი სტერეოტიპების ჩამოყალიბებაზე. განსაკუთრებით ინტერნეტის, სატელიტური ტელევიზიის, ინფორმაციის კომპაქტური მატარებლების (CD) ეპოქაში, პრაქტიკულად აღარ არსებობს ადგილი დედამიწაზე, რომელსაც ის არ ფარავდეს - ე.ი. ეს პროცესი მაინც ტექნოლოგიის ტრანსფერზეა დამოკიდებული და მის გარეშე შეუძლებელია. დღეს ძალიან ძნელია იმის თქმა, რომელია აქ „კვერცხი“ და რომელია „ქათამი“ - ახალი ტექნოლოგიების გამოგონება იწვევს კულტურული დიფუზიის პროცესის ინტენსიფიკაციას, თუ კულტურის დიფუზიის ინტენსიფიკაციის მოთხოვნები იწვევს შესაბამისი ტექნოლოგიების დამუშავებას.
ამ პროცესის აშკარა ხილული შედეგია მისი გავლენის ქვეშ მოხვედრილი პრაქტიკულად ნებისმიერი კულტურის ტრანსფორმაცია. ფაქტიურად ადგილი აქვს მსოფლიო კულტურების უნიფიცირების ტენდენციას გარედან მოსული კულტურული სტერეოტიპების გავლენით.189
პრინციპულად ეს პროცესი არაფერ ახალს არ წარმოადგენს - ისევ და ისევ ნებისმიერი ორი კულტურის შეხების არეალში ხდება მათ ურთიერთგავლენა. ამ დროს ხდება არსებული ტრადიციების, ფასეულობათა სისტემების, ქცევის სტერეოტიპების, ყოველდღიური ცხოვრების წესის ტრანსფორმაცია, ან საერთოდ ახლით ჩანაცვლება, თაობათა შორის ურთიერთობის გამწვავება. განსაკუთრებით მტკივნეულია ასეთი ტრანსფორმაციები სპონტანური, „რევოლუციური” პროცესების შედეგად, რომლებიც ახალი იდეოლოგიების დანერგვას მოსდევს (მნიშვნელობა არა აქვს, ის რელიგიურია თუ საერო). ვთქვათ ქრისტიანობისა თუ ისლამის გავრცელება, კომუნისტური იდეოლოგიის დანერგვა ყოფილ რუსეთის იმპერიაში, ანდა მისი ნგრევით გამოწვეული „კულტურული ვაკუუმი”. |
დღევანდელი [მასობრივი] კულტურული დიფუზიის გლობალური პროცესი საუკუნეების მანძილზე მიმდინარე პროცესისაგან რიგი მნიშვნელოვანი პარამეტრებით განსხვავდება:
გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ის ფაქტობრივად ერთი ცენტრიდან მომდინარეობს (აშშ) და მის სტერეოტიპებზეა დამყარებული. ფაქტიურად საქმე გვაქვს ერთგვარ კულტურულ მონოპოლიასთან;
მისი ინტენსივობა და „მასა“ (იგივე კინოფილმების, მუსიკალური კლიპების და ა.შ.) იმდენად დიდია, რომ მსოფლიო მასშტაბით თრგუნავს ნებისმიერ კონკურენციას (85% იმ კინოფილმებისა, რომლებსაც უჩვენებენ დედამიწაზე - ამერიკულია);
წარმატებული კონკურენცია (თანაც ადგილობრივ თუ რეგიონულ დონეზე, ზოგიერთ სექტორებში), ამ ძირითად „კულტურულ დინებასთან“ , შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც საკუთარ პროდუქციას აშშ-დან ნასესხებ სტერეოტიპების ეფექტურად „მიუსადაგებს“ (იხილეთ, მაგალითად, „ბოლივუდის“ - ინდური კინოს ფენომენი, რომლის გავლენის ქვეშ აზიის დიდი ნაწილი იმყოფება, ლათინურ ამერიკული სატელევიზიო სერიალები, იაპონური მულტიპლიკაცია, ევროპული პოპულარული მუსიკა, Haute Couture და ა.შ.). ასეთი კონკურენციის ყველაზე წარმატებული მაგალითი ეტყობა არაბული სატელევიზიო არხი ალჯაზირაა, რომელიც მუსულმანურ სამყაროში იგივე როლს თამაშობს, როგორსაც CNN დასავლეთში. მიუხედავად ამისა, ამ პროცესის, როგორც „კულტურული იმპერიალიზმის“ განხილვა არასწორი იქნებოდა. სიტუაცია აქ ერთდროულად უფრო მარტივიცაა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეტყობა უფრო დიდი გარდაქმნების გამომწვევი, ვიდრე „კლასიკური” იმპერიალისტური ექსპანსიის პროცესში.
ნებისმიერი აქტიური კულტურული დიფუზიის პროცესის უკან დგას რაღაც იდეა, რწმენა იმისა, რომ ფასეულობათა სისტემა თუ ქცევის სტერეოტიპი, რომელსაც ერთი საზოგადოება მეორეს სთავაზობს (ან თავზე ახვევს) სხვაზე უკეთესია და არსებობის მეტი უფლება აქვს. ამისგან განსხვავებით, დღევამდელი გლობალური კულტურული დიფუზიის პროცესი მაქსიმალურად დეპერსონიფიცირებული და დეიდეოლოგიზირებულია. ის ხორციელდება ბიზნესმენთა შედარებით მცირე ჯგუფის ინტერესებში, რომელთათვისაც ის ნორმალური „ბიზნესპროექტია” წარმოადგენს - ე.ი. მათ მიერ იმართება და მათ მოგებაზე მუშაობს.
აქ „კულტურის“ ცნება საერთოდ არ არის დაკავშირებული არავითარ იდეასთან - ის უბრალოდ საქონელია, რომელიც ბაზარზე უნდა გაიყიდოს, მსგავსად სხვა ნებისმიერის, პამპერსისა თუ თვითმფრინავის. ამიტომაც მისი შექმნა და რეალიზაცია ხდება ნორმალური მარკეტინგული ტექნოლოგიების საფუძველზე.
ხდება პოტენციური ბაზრის შესწავლა, მომხმარებლის „დამუშავება“ ინტენსიური რეკლამის საშუალებით - შემდგომ საქონლის რეალიზაცია. იმას, რომ ეს საქონელი წესით და რიგით, რაიმე კულტურული ფასეულობის მატარებელი უნდა იყოს, არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ასეთი ფასეულობა შესაძლებელია შეიქმნას როგორც საწარმოო პროცესის თანმხლები პროდუქტი, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის.
ის სწორედ იმიტომ არის ისეთი ეფექტური, რომ, საბოლოო ჯამში უსახოა და ინდიფერენტული პროდუქტის მომხმარებლის მიმართ, მით უმეტეს ამ პროდუქტის შიგთავსის - მთავარია, მომხმარებელმა მასში ფული გადაიხადოს. ძალიან უხეშად ის მოგვაგონებს ძველ ანეკდოტს დაქირავებულ მკვლელეზე, რომელიც ბოდიშს უხდის თავის მსხვერპლს, სანამ თავში ტყვიას დაახლიდეს - „მაპატიე ძმაო, პირადად შენი წინააღმდეგი მე არაფერი არა მაქვს, უბრალოდ საქმეს ვაკეთებ“.190
უკანასკნელი დროის ასეთი მიდგომის ტიპური მაგალითია, ჟურნალი „პლეიბოის“ ინდონეზიური ვარიანტის გამოშვება. მსოფლიოს უდიდესი მუსულმანური ქვეყნის მოსახლეობის ყველაზე ფუნდამეტალისტური ნაწილს რეაქცია მაინც ასეთ ქმედებაზე საკმაოდ ადვილი გასათვლელი იყო. მაგრამ ამ პროექტის ავტორები იმდენად მიჩვეულები არიან მხოლოდ საბაზრო კონიუნქტურისა და მოგების კატეგორიებით აზროვნებას, რომ გულწრფელად გაუკვირდათ, როდესაც ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლის მეორე დღეს მისი ოფისი დაარბიეს.
ნებისმიერ საზოგადოებაში ასეთი ექსპანსია იწვევს ადგილობრივი კულტურის ტრანსფორმაციას, ზოგჯერ სტაგნაციასა და დეგენერაციას, “ნაბუშარი”, ერთდღიურა კულტურული ჰიბრიდების შექმნას. უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით მოზარდები და ახალგაზრდები, ამის შედეგად აღიქვამენ მსოფლიოს ფრიად დამახინჯებული სახით, მათთვის რეალური სიტუაცია (განსაკუთრებით, იმ ნაწილში, რომელიც აშშ-ს ეხება) ჩანაცვლებულია ილუზოლურით, რომელსაც მარკეტინგის სპეციალისტები ქმნიან.
გლობალურ დონეზე კულტურების დიფუზიის პროცესებმა გამოიწვია ადამინების ფრიად გამორჩეული ჯგუფის შექმნა.
ამ ჯგუფს მიეკუთვნიან ისინი, ვინც მართავენ და უშუალოდ ემსახურებიან გლობალურ ქსელებს - ძირითადად ტრანსნაციონალური კორპორაციების მენეჯერები და კვალიფიცირებული სპეციალისტები.
იმის გამო, რომ მათზეა ძირითადად დამოკიდებული ამ ქსელების მუშაობის ორგანიზაცია და მართვა, მათი უშუალო გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე უაღრესად დიდია. მიუხედავად მათი ფორმალური წარმოშობისა და ეროვნების, ისინი აზროვნებენ და მოქმედებენ ერთიანი, უნივერსალური კორპორაციული კულტურის ფარგლებში, რომელსაც აქვს აშკარად გამოკვეთილი ქცევის სტერეოტიპები, შეფასების კრიტერიუმები, ფასეულობები, ტრადიციები. ფაქტიურად შესაძლებელია ლაპარაკი სპეციფიკური გლობალური კორპორაციული [სუბ]კულტურის ჩამოყალიბებაზე, თუმცა ამერიკული საწყისები ამ სისტემაში ჯერ კიდევ შეიმჩნევა.
ეს ადამიანები არაფრად აგდებენ დედამიწაზე არსებულ ქვეყნებსა და რეგიონებს შორის არსებულ სხვაობებს (ცხოვრების წესის ჩათვლით), უბრალოდ ზოგჯერ არ იციან, რომ სამხრეთი კორეა და ჰონკონგი ორი განსხვავებული ქვეყანაა (ეს მოუვიდათ, მაგალითად, უკვე ამ საუკუნეში Microsoft-ის ტოპ-მენეჯერებს). სადაც კი არ უნდა მოღვაწეობდნენ ეს ადამიანები, ისინი მოითხოვენ, რომ ადგილზე მათ შეუქმნან საქმიანობისა და ყოფაცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც მათი წარმოდგენით ოპტიმალურია. მათი რეალური „წონა“ იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც სურს მათთან ურთიერთობა, იძულებულია მათი წესებით ითამაშოს. ფაქტიურად ამ ადამიანების სახით საქმე გვაქვს გლობალური მოქალაქეების პირველ ჯგუფთან.191
რასაკვირველია, ზედმეტად კატეგორიული იქნებოდა ამ გლობალური პროცესის დიდი ნაწილის ცალსახად უარყოფითად შეფასება, თუმცა ბევრი დადებითის მოძებნაც მასში ძნელია. იმის აღიარებაცაა საჭირო, რომ ის ობიექტურად გარდაუვალია. ამ ტიპის პროცესებთან გამკლავება ფრიად რთულია (იმ შემთხვევაშიც, თუ ამის აუცილებლობა საერთოდ იგრძნობა) - ის ფაქტიურად ყველგან აღწევს, ისეთ იზოლირებულ საზოგადოებებშიც კი, როგორიც წინათ საბჭოთა კავშირი იყო, პლუს მოსახლეობის უდიდესი უმეტესობა მას როგორც უარყოფითს არავითარ შემთხვევაში არ აღიქვამს - პირიქით, ის მასისათვის უაღრესად მიმზიდველია.
რაც შეეხება იმას, რომ ამ პროცესის წარმოქმნა და განვითარება ძირითადად აშშ-ს უკავშირდება და როგორც მისი მიზანდასახული ექსპანსია განიხილება. ეს ისევდაისევ კერძო ბიზნესის ინიციატივაა, რომელშიც აშშ-ს მთავრობა მინიმალურად ერევა, ხოლო ბიზნესი კი საპასუხოდ მაქსიმალურად პოლიტიკურად კორექტულია და ცდილობს ხელმძღვანელობაში არსებული ტენდენციები დროზე და სწორად შეიტყოს (კლასიკური მაგალითი, როდესაც 1980-იან წლებში ამერიკული კინოხელოვნება მასობრივად უშვებდა კინოფილმებს, სადაც აუცილებლად ორი მთავარი გმირი იყო - თეთრი და აფროამერიკელი, რომლებიც ერთად ებრძოდნენ საერთო მტერს).192
ის, რომ სწორედ ამერიკელები არიან ყველაზე აქტიურები მასობრივი კულტურის წარმოებაში და ყველაზე წარმატებულები, პირველ რიგში, იმითია განპირობებული, რომ ხელოვნების საქონლად გადაქცევის ბიზნეს-მოდელი მათ მიერაა გამოგონებული და მათ დღესაც გააჩნიათ დიდი „შედარებითი უპირატესობა“ (comparative advantage) კონკურენტების მიმართ. ეს ძირითადად იმის ხარჯზე ხდება, რომ გადამწყვეტი უპირატესობა ასეთი ტიპის კონკურეციის პროცესში აქვთ ფირმებს, რომელთაც გააჩნიათ მარკეტინგისა და გავრცელების მეტი რესურსები - ე.ი. ამერიკულებს. იმას, რომ, მაგალითად, ამერიკული კინოსტუდიების ნაწილის პატრონები 1980-იანი წლებიდან იაპონელები არიან, ნაკლები მნიშვნელობა აქვს.
გარდა ამისა, უყვართ ამერიკა თუ არა, ის მსოფლიოს მასობრივი მომხმარებლისათვის მაინც ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა და მის რეალიებზე აგებული მითოლოგიაც შესაბამისად ყველაზე გავლენიანია. იგივე იტალიელი, მით უმეტეს, ინდოელი ან ბრაზილიელი ვერ გამოდგება „იდეალურ გმირად“ - ამისათვის მათი ქვეყნები და ცხოვრების წესი საკმარისად მიმზიდველი არ არის (რამდენიც არ უნდა ღვარონ დიასახლისებმა ცრემლი ინდურ კინოფილმებსა თუ ბრაზილიურ სერიალებზე).
დაახლოებით ასევე პრობლემატურად აღიქვება ბევრის მიერ ინგლისური ენის (მისი ამერიკული ვარიანტის) გავრცელება მსოფლიოში, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის ძირითადი საშუალების. ინგლისურის გავლენა მსოფლიოს განვითარებაზე ასევე ხასიათდება როგორც „ლინგვისტიკური იმპერიალიზმი“. ამავე დროს, ინგლისური ენის გავრცელება იმდენად ინტენსიურია, რომ British Council-ს შეფასებით 2015 წლისათვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი ილაპარაკებს ინგლისურად, ხოლო ორ მილიარდამდე ადამიანი დაიწყებს ამ ენის შესწავლას მომავალი ათი წლის განმავლობაში.193
ინგლისურის ასეთი გავრცელება ისევდაისევ არ უნდა იყოს აღქმული როგორც მიზანდასახული ექსპანსია, ეს მსოფლიოს განვითარების სასიცოცხლო მოთხოვნილებაა. გლობალიზებულ დედამიწაზე აუცილებლად საჭიროა ურთიერთობის ერთიანი ენა. თავის დროზე, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ყველასათვის მისაღები ხელოვნური ენების შექმნის ცდებიც კი იყო, რომელთა შორის ერთ-ერთი - „ესპერანტო“, საკმაოდ ცნობილი იყო ევროპელ ინტელექტუალებს შორის მაინც.
ის, რომ, საბოლოო ჯამში, ინგლისურმა დაიკავა მსოფლიო საკომუნიკაციო საშუალების ადგილი, სრულიად ლოგიკურია და გამომდინარეობს იმ როლიდან, რომელსაც ობიექტურად თამაშობს შეერთებული შტატები (პლუს სხვა ინგლისურენოვანი ქვეყნები) დღევანდელი მსოფლიოს განვითარებაში.
აღმოჩნდა, რომ დღეისათვის ინგლისურის როლი იმდენად დიდია, რომ ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ლაპარაკობს ინგლისურად, ბევრად უფრო „ღიაა“ გარე სამყაროსთან ურთიერთობისათვის, მეტი შანსი აქვს მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, და საერთოდ განვითარდეს იმ თავის მეზობლებთან შედარებით, რომლებიც ინგლისურად არ ლაპარაკობენ.194 მაგალითად, ირლანდიის არნახული პროგრესი გასული საუკუნის უკანასკნელი წლების მანძილზე, რისთვისაც მან კელტური ვეფხვის ზედმეტი სახელიც კი დაიმსახურა, მნიშვნელოვან წილად იმაზეც იყო დამოკიდებული, რომ მისი სამუშაო ძალა ინგლისურენოვანია.
ამავე დროს, კულტურული დიფუზიის გლობალურმა პროცესმა არა მარტო არ გამოიწვია დედამიწაზე მცხოვრები ხალხების დაახლოება, არამედ ისინი ძირითადად კულტურულად უფრო 108 გამიჯნა. ძალიან ხშირად, მასობრივი კულტურის გავრცელებას ადამიანები განიხილავენ როგორც მათი კულტურული ღირსების ხელყოფას და შესაბამისად რეაგირებენ, თუმცა რეაქციის ფორმები შესაძლებელია ფრიად განსხვავდებოდეს.
მაგალითად, საფრანგეთი განთქმულია გარედან შემოსული მასკულტურის ორგანიზებული წინააღმდეგობით. აქ მთავრობა უშუალოდ ერევა პროცესებში, კვოტებისა და სუბსიდიების გამოყენებით.195 ამისათვის მას ემუქრებიან ევროგაერთიანების ბიუროკრატები, რომლებიც აპირებენ იმ დახმარების ლიმიტირებას, რომელიც შეუძლია გაუწიოს ამა თუ იმ ქვეყანამ მის ფარგლებში წარმოებულ პროდუქციას.196 სხვაგან ეს შინაგანი პროტესტი უფრო რადიკალურ, სპონტანურ ხასიათს იძენს. ბევრს მიაჩნია, რომ დღევანდელი, ფართოდ გავრცელებული, რელიგიური ფანატიზმი, ნაციონალიზმი, ტრაიბალიზმი, შეუწყნარებლობა, დიდწილად წარმოადგენს რეაქციას გლობალური კულტურული უნიფიკაციის მცდელობაზე. თუმცა ისევდაისევ, ეს მცდელობა მიზანდასახულ, გეგმიურ პროცესს არ წარმოადგენს. ის წარმატებული ლოკალური პროექტის გლობალური შედეგია, რომელზეც გლობალურ დონეზე რეაქცია უაღრესად ძნელი გასათვლელი იყო (თუ საერთოდ შესაძლებელი) და მისი ინიციატორების პასუხისმგებლობის სფეროში არ მოიაზრება. სამაგიეროდ, ის დღეს გადადის გლობალური პოლიტიკის პასუხისმგებლობის არეალში.
ახალი ტექნოლოგიებისა და კულტურული ფასეულობების სიმბიოზის კლასიკურ მაგალითს, რომელიც მუშაობს ერთიანი გლობალური სუბ-კულტურის ჩამოყალიბებაზე წარმოადგენს ინტერნეტი და მობილური ტელეფონი. ამ ორივე კომუნიკაციის საშუალების „შეღწევა” მსოფლიო მოსახლეობაში უაღრესად დიდია, განსაკუთრებით მობილური ტელეფონის.
ეს ტელეფონი ჯერ კიდევ 1983 წელს შემოვიდა ხმარებაში, მაგრამ უაღრესად პოპულარული გახდა 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც მისმა ტექნიკურმა დახვეწამ და მკვეთრმა გაიაფებამ ხელმისაწვდომი გახადა ის განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისათვისაც. 2004 წლის ბოლოსათვის მსოფლიოში 1.76 მილიარდი მობილური ტელეფონის ხელმომწერი ირიცხებოდა, ანუ მთელი მოსახლეობის მეოთხედზე მეტი. მობილური ტელეფონების რაოდენობამ უკვე შესამჩნევად გაუსწრო ფიქსირებული სატელეფონო ხაზების რაოდენობას (1.21 მილიარდი). ევროპის ხუთ ქვეყანაში ყოველ 100 მოსახლეზე 100 მეტი მობილური ტელეფონი მოდის, ხოლო ლუქსემბურგში ეს რაოდენობა 138-ს უდრის, რაც აბსოლუტური მსოფლიო რეკორდია. ევროპის რიგ ქვეყნებში, აგრეთვე, დაიწყო ფიქსირებული სატელეფონო ხაზების რაოდენობის აბსოლუტური შემცირება.197 პრინციპში, მობილური ტელეფონები უფრო განვითარებად ქვეყნებს „მოერგო“. აქ მათი ქსელების ტექნიკურად განვითარება უფრო ადვილია, ამიტომ მომხმარებელთა რაოდენობაც მეტია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი „ტრადიციულ” ტელეფონზე უფრო ძვირია. აქ 2004 წელს მათ მომხმარებელთა 56% ირიცხებოდა, ხოლო 2000 წლიდან მოყოლებული მათზე მოვიდა მსოფლიო ბაზრის ზრდის თითქმის 4/5. იგივე შედარებით ღარიბ ჩინეთში მობილური აქვს დაახლოებით ყოველ მეოთხე მოსახლეს, მაგრამ ეს 335 მილიონი ადამიანია. რუსეთში მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა 60%-თ 2004 წლის ცხრა თვეში. იქ ახლა მობილური მოსახლეობის 51%-ზე მეტს აქვს. ჰონკონგში ყოველ 100 მოსახლეზე 119 მობილური ტელეფონი მოდის. ამავე დროს, შეერთებული შტატებში მობილური ტელეფონები ჰქონდა მთელი მოსახლეობის 62.1%-ს, რაც, მაგალითად, ნაკლებია, ვიდრე კარიბის კუნძულების უმეტესობაზე.
ამ ქვეყანაში მომხმარებლები ყველა სახის კომპანიებს შორის ყველაზე ნაკლებათ არიან კმაყოფილი ტრადიციული ტელეფონის კომპანიების მომსახურებით, ხოლო მათ შემდეგ ყველაზე მეტად მობილური ტელეფონების კომპანიები ეზიზღებათ. 198
განსხვავებით მობილური ტელეფონებისაგან, ინტერნეტი მაინც ძირითადად განვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელ მივლენად რჩება. მსოფლიოში მოსახლეობის დაახლოებით 13% ჩართულია ინტერნეტში, თუმცა ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში ასეთების წილი მთელი მოსახლეობის ნახევარზე მეტია. ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი მსოფლიოში ისლანდიასა, შვედეთსა და მალტაზეა - შესაბამისად 77 და 75-75%.
აქ, რასაკვირველია, ძირითად როლს თამაშობს მისი ტექნიკური აღჭურვილობის ღირებულება (კომპიუტერი და ფიქსირებული ხაზები), მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინტერნეტი უფრო დიდ მოთხოვნებს უყენებს მისი მომხმარებლის განათლების დონეს. პლუს ბევრი ქვეყანა დიქტატორული ან ნახევრად-დიქტატორული რეჟიმებით, თუ პირდაპირ არ კრძალავს ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის ამ უბადლო საშუალებას, ცდილობს ის მაქსიმალურად შეზღუდოს. ფაქტიურად განვითარებადი ქვეყნების დონეზე არსებობს პირდაპირი კორელაცია ქვეყნის „გახსნილობას“ შორის, ერთი მხრივ, და ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების გავრცელებას შორის, მეორე მხრივ. იგივე ჩინეთში აკრძალური ინტერნეტ-გვერდების რაოდენობა ათასებს მოითვლის და აკრძალვის კონტროლი ძალიან მკაცრია. აქ ზოგიერთი შეფასებით 30 ათას ადამიანამდე მონაწილეობს ინტერნეტის ცენზურის პროცესში და ებრძვის ლეგალურ საიტებზე ხელისუფლებისათვის ისეთი „გამაღიზიანებელი“ სიტყვათა შეთანხმებების გამოჩენას, როგორებიცაა „ადამიანის უფლებები“ თუ „სიტყვის თავისუფლება“. უფრო მეტიც, როგორც სჩანს, ისეთი წამყვანი ინტერნეტის მომსახურების მიმწოდებლები, როგორიც, მაგალითად, Yahoo! ატყობინებენ ხელისუფლებას იმ პიროვნებების შესახებ, რომლებიც იძიებენ მისთვის არასაიმედო ვებ-გვერდებს; ხოლო Google-მ 2006 წელს გაშვებული ჩინურენოვანი ვერსიიდან უბრალოდ ამოიღო ის ვებ-გვერდები, რომლებიც ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოსწონს.
2004 წლის ბოლოსათვის ინტერნეტის მომხმარებლები მსოფლიოში შემდეგნაირად იყვნენ განაწილებულები:
ინტერნეტის მომხმარებელთა წილი % რეგიონის მოსახლეობაში მსოფლიო მომხმარებლებში
აფრიკა |
1.4 |
1.6
|
აზია |
7.4 |
32.6
|
ევროპა |
31.6 |
28.3
|
ახლო აღმოსავლეთი |
6.7 |
2.1
|
ჩრდილო ამერიკა |
66.5 |
26.7
|
ლათინური ამერიკა
|
|
|
/კარიბები |
10.1 |
6.8 |
ავსტრალია/ოკეანია |
47.4 |
1.9 |
|
|
|
წყარო: http://www.internetworldstats.com/stats.htm
![]() |
8 დასკვნა — გლობალური პოლიტიკა ერაყის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
ნებისმიერი მსხვილმასშტაბიანი მოვლენა, ბუნებრივია ის თუ საზოგადოებრივი, გამოირჩევა დიდი ინერციით. პროცესები, სიტუაციები, ურთიერთობები შენარჩუნდება დიდი ხნის მანძილზე მათი გამომწვევი მიზეზების გაქრობის შემდეგ. ასეთი ინერციის ყველაზე ნათელი მაგალითი აფრიკაა. პრობლემები, რომლებიც დღეს აწუხებს ამ კონტინენტს, წარმოიშვა პირველი გლობალიზაციის დროს, როდესაც მაშინდელმა წამყვანმა გლობალურმა მოთამაშეებმა დაიყვეს ის ერთმანეთში. დაიყვეს ისე, როგორც გამოუვიდათ, ადგილობრივი ინტერესების ყოველგვარი გათვალისწინების გარეშე. ე.წ. დეკოლონიზაციის პროცესმა მეორე გლობალიზაციის დროს უბრალოდ მოახდინა ამ თვითნებური დაყოფის შედეგების ფორმალიზაცია და ლეგალიზაცია; თავზე მოახვია ის ხალხებს, რომლებსაც უპირველეს ყოვლისა თავისი ნებით არასოდეს მიუღიათ მასში მონაწილეობა. შედეგად, ჩრდილო აფრიკის გარდა, მთელი დანარჩენი კონტინენტი ძირითადად წარმოდგენილია ნაკლებად სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოებით, რომლებიც აგრძელებენ არსებობას მათი ფორმალური საზღვრების ჩარჩოებში ისევდაისევ იმიტომ, რომ მსოფლიოს წამყვანი ძალები [დაჟინებით] მოითხოვენ არსებული სიტუაციის შენარჩუნებას. ასეთივე პოზიციებიდან შესაძლებელია განვიხილოთ მეორე გლობალიზაციაც. ურთიერთობათა ის ნაკრები, რომელიც განაპირობებს დღეს მსოფლიო საზოგადოებრივი განვითარების პროცესებს, ჩამოყალიბდა და განვითარდა ქვეყნების ორი ბლოკის სისტემური წინააღმდეგობის პროცესში, რომელთაც სათავეში ედგნენ აშშ და სსრკ. ეს პროცესი ხასიათდებოდა შემდეგი მნიშვნელოვანი თავისებურებებით:
მიუხედავად აშკარა სისტემური უთავსებადობისა და დაუფარავი მტრობისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ურთიერთობა ამ ბლოკებს შორის (განსაკუთრებით უშუალოდ აშშ-სა და სსრკს შორის) შესაძლებელია დახასიათდეს როგორც მტრული თანამშრომლობა. საკუთარი ინტერესებისათვის ბრძოლის პროცესში მათ შექმნეს ორივესთვის მომგებიანი ურთიერთობათა სისტემა. ასეთმა სისტემამ, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ნაკლს შეიცავდა, ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ მინიმუმ ოთხი ათეული წლის მანძილზე დედამიწაზე ინტერესების შედარებით სტაბილური ბალანსი იყო დაცული.
მხარე, რომელსაც აშშ ედგა სათავეში (უფრო სწორი იქნებოდა ვთქვათ - თვით აშშ) ამ ურთიერთობებში აქტიურ როლს თამაშობდა. ის ახდენდა ისეთი იდეეების გენერირებას, პროცესების ჩასახვასა თუ ფასეულობების გავრცელების ხელისშეწყობას, რომლებიც ისევდაისევ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მიმზიდველი აღმოჩნდნენ მსოფლიოსათვის, ვიდრე ისეთები, რომელთა უკან სსრკ იდგა. საბჭოთა კავშირი, რომელიც არავითარ შემთხვევაში ამ პროცესის პასიური დამკვირვებელი არ იყო, მაინც მათზე რეაგირების მომხდენის როლში უფრო გამოდიოდა, იმ გაგებით, რომ ის ძირითადად ცდილობდა მოწინააღმდეგის გამოწვევის მოგერიებას. განსაკუთრებით ამ წინააღმდეგობის ბოლო ეტაპზე მას უბრალოდ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლის ადგილი ჰქონდა მიჩენილი.199
ამ შეჯიბრმა მოწინააღმდეგე მხარეებს დიამეტრალურად საწინააღმდეგო შედეგები მოუტანა. შეერთებულ შტატებს (და მათ მოკავშირეებს) ბრძოლამ საკუთარი ინტერესების დასაცავად მსოფლიოში ყველაფერთან ერთად მოუტანა ახალი ბაზრების გახსნა და/ან შექმნა შესაბამისი დამატებითი მოგებებითა და ეკონომიკური ზრდით. საბჭოთა კავშირმა, რომელიც ეფუძნებოდა სახელმწიფო წარმოების წესს, ვერ მოახერხა შესაბამისი მოგების მიღება იმ კონტროლიდან რომელსაც ის ამყარებდა (ამა თუ იმ გზით) ქვეყნებსა და ტერიტორიებზე მსოფლიოს გარშემო. პირიქით, პრაქტიკულად ნებისმიერი ასეთი მოკავშირე მძიმე ტვირთად აწვებოდა საბჭოთა ეკონომიკას.
საბჭოთა კავშირმა შეასრულა თავისი ისტორიული მისია და დატოვა მსოფლიო ასპარეზი 1991 წელს, თუმცა ამის შემდეგ გლობალურ ურთიერთობებში უზარმაზარი სიცარიელე შეიქმნა. გლობალიზაციის დღევანდელი ეტაპის უმთავრესი პრობლემა შემდეგშია - შესაძლებელია თუ არა შენარჩუნდეს ისეთი ურთიერთობათა სისტემა, რომელიც მოითხოვს ორი ანტაგონისტურად განწყობილი მეტოქის არსებობას გამართულად მუშაობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე უბრალოდ გაქრა? თუ საჭიროა ურთიერთობათა რაიმე ახალი სისტემის შექმნა, რომელიც მისცემს მსოფლიოს საშუალებას შეინარჩუნოს შედარებითი სტაბილურობა და განვითარების პოზიტიური ტრენდები?
მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გლობალურ ურთიერთობათა სისტემამ განიცადა რიგი ხილული ცვლილებებისა. ამას აგრეთვე მოჰყვა მთელი რიგი ახალი პრობლემების გამოჩენა, რომელთა დიდი ნაწილიც უკავშირდება აშშ-ს როგორც ერთადერთ დარჩენილ წამყვან გლობალურ მოთამაშეს.
ცხადია, შეერთებული შტატები მათი მრისხანე მოწინააღმდეგის გაქრობის შემდეგ, ბევრად უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს იმისათვის, რომ გაატარონ საკუთარი ინტერესები მსოფლიოში ისე, როგორც ეს მათ აწყობთ. მათ უნარი შესწევთ უგულვებელყონ ნებისმიერი ოპოზიცია, გაეროს მაგვარი ფორმალური საერთაშორისო ინსტიტუტების ჩათვლით, ისევე როგორც მათი უახლოესი ევროპელი მოკავშირეების მეგობრული წინააღმდეგობა. სხვა შედეგებთან ერთად ეს აძლევს აშშ-ს საშუალებას იმოქმედოს შერჩევით, არ მიაქციოს ყურადღება იმ ქვეყნებს, რეგიონებსა თუ პროცესებს, რომლებიც მათი უშუალო, მიმდინარე ინტერესების სფეროში არ ხვდებიან. მაგალითად აშშ აძლევს თავს უფლებას თითქმის მთლიანად უგულვებელყოს ის პროცესები, რომლებიც ვითარდება სუბ-საჰარის აფრიკაში, თუმცა ეს სწორედ ის რეგიონია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის ყურადღება ყველაზე ძალიან სჭირდება. ამავე დროს, ეს უჩენს მას ცდუნებას ჩაერიოს უფრო ხშირად და უფრო მეტ ადგილას მსოფლიოში, იქ სადაც მის ინტერესებს შესაძლებელია საფრთხე ემუქრებოდეთ.
მარცხის ფასიც (როგორც საშინაო, ასევე საგარეო) ამ ქვეყნისათვის აგრეთვე განუზომლად იზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ აღარ არსებობს იმდენად ძლიერი მოწინააღმდეგე, რომელზეც შესაძლებელი იქნებოდა მცდარი გადაწყვეტილებების შედეგების გადაბრალება. უფრო მეტი, აშშ, როგორც ერთადერთი დარჩენილი მსოფლიო სუპერ სახელმწიფო ფაქტიურად პროჟექტორების შუქშია მოქცეული, რამაც ის კრიტიკის იოლ სამიზნედ გადააქცია. ბევრისათვის (აშშ-ს მოკავშირეების ჩათვლით) ლამის არის ჩვევად გადაიქცა შეერთებულ შტატებზე ყველა იმ პრობლემის გადაბრალება, რომელთაც ადგილი აქვს მსოფლიოში, ნებისმიერი ადგილობრივი ჩავარდნისა თუ კრიზისის ინტერპრეტაცია როგორც ამერიკის ჩარევის შედეგის ამა თუ იმ მოცემული ქვეყნის საშინაო საქმეებში.
ის სიძნელეებიც, რომელიც წარმოიქმნება გლობალური ურთიერთობების სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, აგრეთვე ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდა. შედარებით ადვილია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნისათვის ყურად იღოს შედარებით მცირე რაოდენობის მოწინააღმდეგისა თუ მოკავშირის საკმაოდ კარგად ცნობილი თვისებები (დადებითი თუ უარყოფითი) და მათზე დაყრდნობით დადეგმოს საკუთარი ქმედება. ბევრად უფრო რთულია დაგეგმო და იმოქმედო ეფექტურად, როდესაც იმავე ქვეყანას საქმე აქვს უამრავ მოწინააღმდეგესთან (რომელთაგანაც ბევრს დღეს არ გააჩნია ფორმალური სტატუსი, მართვის ცენტრი თუ კონკრეტული ადგილმდებარეობა), კონფლიქტური ინტერესებით და/ან მკაფიოდ გამოკვეთილი ინტერესების გარეშე. ამ სიტუაციაში განუსაზღვრელობის დონე მკვეთრად მატულობს.
ეს მდგომარეობა ასევე გაზვიადებულია იმით, რომ ის ქვეყნები, რომლებიც აშშ მოკავშირეებად მოგვევლინებიან (უფრო სწორედ ასე წარმოაჩენენ საკუთარ თავს) ცალ-ცალკე იმდენად ძლიერები არ არიან, რომ გასაჭირში რეალურად დაეხმარონ, ან საჭიროების შემთხვევაში წინააღმდეგობა გაუწიონ. ეს განსაკუთრებით ეხება აშშ ევროპელ მოკავშირეებს, რადგან ევროგაერთიანება ჯერ ვერ ჩამოყალიბდა როგორც ერთიანი, დამოუკიდებელი, ეფექტური პოლიტიკური ერთობა, ხოლო ცალცალკე ისეთ მძიმეწონოსნებსაც, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი თუ ინგლისი ვერ შეაქვთ საკადრისი წვლილი გლობალური ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაში. როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპის ძირითადი სიძნელე ისაა, რომ აშშ აგრძელებს მოქმედებას იმ ძველ სტრატეგიულ აზროვნებაზე დაყრდნობით, რომელიც ჩამოუყალიბდა გლობალური კონფრონტაციის პერიოდში. მან ვერ მოახერხა ისეთი ახალი იდეების, ფასეულობების, პოლიტიკის ჩამოყალიბება და ცხოვრებაში გატარება, რომლებიც პრინციპულად განსხვავდება ცივი ომის პერიოდში გამოიყენებულისაგან. უფრო მეტიც, მთელი ათწლეული საბჭოთა კავშირის გადაშენების შემდეგ აშშ-ს გლობალური ქმედება საეჭვოდ გამოიყურებოდა როგორც ახალი სტრატეგიული მოწინააღმდეგის ძებნა გარდაცვლილის სანაცვლოდ.
მას შემდეგ რაც მან იპოვა (უფრო სწორედ კი დანიშნა) ასეთი მოწინააღმდეგე გლობალური ტერორის სახით, ამერიკის მოქმედება შედარებით უფრო დალაგებული და მიზანმიმართული გახდა. ტერორისტული საშიშროება იყო გამოყენებული როგორც 2003 წელს ერაყში ინტერვენციის ერთ-ერთი მთავარი საბაბი, რაც თავისთავად ფრიად საკამათო ქმედება იყო, რომელმაც აშშ-ს მსოფლიოში, რბილად რომ ვთქვათ, პოპულარობა ნამდვილად არ შემატა. ამავე დროს, ამ ინტერვენციას, როგორც ასეთს, არ შეუძლია რაიმე საფრთხე შეუქმნას გლობალური ურთიერთობების არსებულ სისტემას. სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევა საერთაშორისო საზოგადოებრიობის თანხმობის გარეშე წარმოადგენდა წამყვანი გლობალური მოთამაშეებისა, თუ განსაკუთრებით აგრესიული ლოკალური მოთამაშეების, საკმაოდ სტანდარტული მოქმედების წესს მეორე მსოფლიო ომის მომდევნო მთელი პერიოდის განმავლობაში.
ნამდვილ პრობლემად ის მოგვევლინა, რომ აშშ-მა ამ შემთხვევაში წარმოაჩინა თავი როგორც წამყვანმა გლობალურმა მოთამაშემ, რომელსაც არ შესწევს უნარი ჩამოაყალიბოს იმ მოქმედებების მკაფიო თანმიმდევრობა, რომელიც მისცემს საშუალებას მიხედოს დაპყრობილ ტერიტორიებს წარმატებული სამხედრო კამპანიის შემდეგ. აშშ-ს ხელმძღვანელობას აშკარად ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა იმის თაობაზე, რა ეკეთებინა ერაყში უშუალოდ იქ შეჭრის შემდეგ, არ გააჩნდა ამ ქვეყნის გრძელვადიანი ოკუპაციისა და ტრანსფორმაციის სტრატეგია, და რაც უფრო მნიშვნელოვანია - იქიდან გასვლის სტრატეგია.
ბევრი ადარებს ერაყისა და ვიეტნამის კამპანიებს, თუმცა ზოგიერთი ზედაპირული მსგავსების მიუხედავად ისინი პრინციპულად განსხვავებულია. ეს განსხვავება იმაშია, რომ ვიეტნამი, როგორც ქვეყანა, იყო და რჩება - მარტო. იქიდან წამოსვლა (თუგინდ ამ დროს უკანასკნელი პერსონალი იქიდან ამერიკული საელჩოს სახურავიდან ვერტმფრენებით გამოჰყავდათ) ნამდვილად დაშორიშორებას ნიშნავდა მომავალი კონფრონტაციის ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე, თუ ამას აშშ არ მოისურვებდა. მეორე მხრივ, ერაყი წარმოადგენს დიდი და უკანასკნელ დროს საკმაოდ აგრესიული მუსულმანური სამყაროს განუყოფელ ნაწილს. ერაყიდან წამოსვლის ნებისმიერი მცდელობა, თუ იქ იმ დროისთვის არ შეიქმნა ერთიანი, სტაბილური, კარგად აწყობილი ქვეყანა, აუცილებლად განიხილება როგორც ექსტრემისტული, ანტიდასავლური ძალების გამარჯვება. ამ შემთხვევაში ტერორი დაედევნება უკან დახეულ ჯარს.200
გარდა ამისა, ერაყის კამპანიის ნებისმიერი დაბოლოება, გარდა გადამწყვეტი, საბოლოო გამარჯვებისა, გამოიწვევს აშშ-ს სახის დაკარგვას (loosing the face), რაც თანამედროვე გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე ძლიერ (თუ საბოლოოდ არა) ძირს გამოუთხრის აშშ-ს, როგორც უდავო გლობალური ლიდერის პოზიციებს. ამერიკას შეეძლო უფლება მიეცა თავისათვის დაეკარგა სახე ვიეტნამის შემდეგ (თუმცა ეს უაღრესად მძიმე აღმოჩნდა), რადგან მას ყოველთვის შეეძლო თითი გაეშვირა საბჭოთა კავშირისა და ჩინეთისაკენ (რასაც ის აკეთებდა კიდეც). ერაყის შემთხვევაში უბრალოდ არ არსებობს ისეთი ძალები, რომლებიც შეიძლება იყვნენ გამოყენებული როგორც ამერიკის შესაძლო დამარცხების დამაჯერებელი გამართლება. ისიც კი, რასაც გლობალური ტერორის სახელით მოიხსენიებენ, უფრო იდეის სახით მოგვევლინება, ვიდრე რეალური ქსელისა თუ ორგანიზაციის, რომელთაც შეუძლიათ ღირსეულად შეხვდნენ ამერიკის გამოწვევას. მით უფრო მკაფიო ხდება აშშ-ს გლობალური პოლიტიკის არათანმიმდევრულობა, რომ გამომდინარე მოკლევადიანი, ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებებიდან, აშშ-ს ადმინისტაციამ მისცა საშუალება ამ ძალებს ჩაეთრიათ ის შიდა-ისლამურ სისტემურ „გარჩევაში“, სადაც გრძელვადიანი გლობალური სტრატეგიული გამარჯვების მიღწევა ქვეყანას პრინციპულად არ შეუძლია.
ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, როდესაც მსოფლიო ასპარეზზე მოჩანს აშშ ახალი ნამდვილი სტრატეგიული მოწინააღმდეგე - ჩინეთი.201 აშშ-ჩინეთის შესაძლო სტრატეგიულმა წინააღმდეგობამ შეიძლება შემდეგი გავლენა მოახდინოს გლობალური ურთიერთობების არსებულ სისტემაზე - პირველი - უამრავი ზედაპირული მსგავსების მიუხედავად ის არ წარიმართება აშშ-სსრკ-ს მტრული თანამშრომლობის მსგავსად. ჩინეთი ბევრად უკეთ მართული, ორგანიზებული და მიზანმიმართული ქვეყანაა, ვიდრე საბჭოთა კავშირი ოდესმე იყო. მას იმპერიული ჰეგემონიის მშენებლობისა და ცხოვრებაში გატარების ათობით საუკუნის გამოცდილება გააჩნია. მისთვის მომავალი კონფრონტაცია მხოლოდ კიდევ ერთი ეპიზოდია მის ისტორიაში, რომელიც ათასწლეულებს მოითვლის - რაღაც ოცდამეორე დინასტიის გაფურჩქვნისა და დაცემის მსგავსი.
მეორე - საბჭოთა კავშირი ჩაება ცივ ომში გერმანიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, რომლის შემდეგაც ის საბოლოოდ გონზე ვერც მოვიდა. მისთვის აშშ-თან წინააღმდეგობა საბოლოო დამარცხების მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მეორე მხრივ, ჩინეთი უახლოვდება ამ კონფრონტაციას როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ იკრებს ძალებს, ჯერ კიდევ შორსაა თავისი ეკონომიკური წარმატების მწვერვალიდან. გარდა ამისა, როგორც ქვეყანა, რომელმაც მიაღწია არნახულ წარმატებას აშშ-ს ინტერესების დაუფარავი უგულვებელყოფის პროცესში, ჩინეთი წარმოადგენს განსაკუთრებით მისაბაძ სამოქმედო მაგალითს ბევრი ქვეყნისათვის (განსაკუთრებით ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში, რომლებთაც არ გააჩნიათ იმპერიულ ჩინეთთან ურთიერთობის უშუალო ისტორიული გამოცდილება). შესაბამისად მას საკმაოდ ადვილად შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები გლობალური ურთიერთობების არსებულ სისტემაში ისეთი ქვეყნების კოალიციის მშენებლობის ხარჯზე, რომლებიც აღიქვამენ საკუთარ თავს ამერიკის ჰეგემონიის (ნამდვილ თუ მოჩვენებით) მსხვერპლად.
მესამე - საბჭოთა კავშირი ფაქტიურად თვითკმარი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით და გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში შეუმჩნეველ როლს თამაშობდა. როგორც მინიმუმ ის არ უქმნიდა კონკურენციას დასავლეთს გლობალური ბაზრების, განსაკუთრებით ენერგიის წყაროების თაობაზე.
აშშ - სსრკ-ს კონფრონტაცია თითქმის მთლიანად მიმდინარეობდა იდეოლოგიურ, პოლიტიკურ, სამხედრო სფეროებში. ჩინეთი, მეორეს მხრივ, წამყვანი მსოფლიო ეკონომიკური მოთამაშეა, რომელიც ვარაუდით უკვე 2015 წ. შეიძლება დაეწიოს აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით. ის უშუალოდ უწევს კონკურენციას დასავლეთს განსაკუთრებით ნედლეულის თაობაზე (პირველ რიგში თხევადი საწვავის წყაროების გამო). ენერგიის წყაროებთან უსაფრთხო შეღწევის აუცილებლობა განაპირობებს მის მოქმედებას თვალსაწიერ მომავალში. ეს კი ნიშნავს, რომ ის უშუალოდ ჩაერევა (და უკვე ერევა) ისეთ ტერიტორიებსა და პროცესებში, რომლებიც დასავლეთის (ძირითადად ამერიკის) სტრატეგიული ინტერესების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენდა.
გარდა ამისა, გლობალურ ბაზარში ჩინეთის ეკონომიკის ინტეგრაციის დონე უკვე უაღრესად მაღალია, ისევე როგორც აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულება. ბევრი ექსპერტი იმასაც კი ამბობს, რომ „ამერიკის მრეწველობა ჩინეთშია“, იმ გაგებით, რომ იაფი მუშახელისა და მოგების ძიებაში ამერიკული კომპანიები მეტად აქტიურები ხდებიან ჩინეთში, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ამას ისიც ემატება, რომ ჩინეთს, როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთ უდიდეს მფლობელს, შეუძლია უფრო დიდი გავლენა მოახდინოს (და უკვე ახდენს) აშშ-ს ეკონომიკაზე (განსაკუთრებით დოლარზე), ვიდრე პირიქით. შესაბამისად ამერიკა-ჩინეთის ნებისმიერი წინააღმდეგობა ბევრად მეტ გამოხმაურებას ჰპოვებს გლობალურ ეკონომიკაში, ვიდრე აშშ-სსრკ-ს წინააღმდეგობას შესაძლოა ოდესმე ჰქონოდა (თუ ბირთვულ ომს არ ჩავთვლით, რომელიც მადლობა ღმერთს, არ შედგა).
მიუხედავად ყველა იმ ცვლილებისა, რომელიც მსოფლიოს გლობალიზაციამ მოუტანა, მან საბოლოო ჯამში ვერ მოახერხა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა - მსოფლიოს გაერთიანება ისეთ დონემდე, როდესაც სისტემური წინააღმდეგობა აღარ იქნებოდა გლობალური ურთიერთობების ჩამოყალიბების მთავარი მამოძრავებელი ძალა. გლობალიზაცია შეიძლება განვმარტოთ როგორც საზღვრებს გადაღმა გაცვლებზე სახელმწიფოების მიერ იძულებით დაწესებული შეზღუდვების შემცირება ან გაუქმება და შედეგად მზარდად ინტეგრირებული და რთული წარმოებისა და გაცვლის გლობალური სისტემის აღმოცენება.202 მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მზარდი ინტენსივობით მიდის, მან ვერ გააუქმა სახელმწიფოებს შორის სისტემური წინააღმდეგობის აუცილებლობა.
მიხედავად ბევრი ლაპარაკისა მიუმხრობელი გლობალური მოთამაშეების გაჩენის თაობაზე, რომელთაც ხელეწიფებათ საბოლოო ჯამში განსაზღვრონ კაცობრიობის მომავალი — არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად; ჯერ ჯერობით მათი ეს გავლენა შორს ჩამორჩება წამყვანი სახელმწიფოების გავლენას. მეტიც, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია მაინც საბოლოო ჯამში მათი შესაბამისი ქვეყნების მთავრობების აგენტების როლში გამოდის. პრობლემა ძირითადად იმაშია, რომ გლობალიზაციის ორი სტადია ინიციირებული იყო (შესაბამის სახელმწიფოებში განსახიერებულ) ახალგაზრდა ეთნოსების მიერ, რომლებიც მიუძღოდნენ მას, რომლებთაც შესწევდათ უნარი და უნდოდათ ისეთი ახალი იდეების თუ ფასეულობების გენერირება და ცხოვრებაში გატარება, რომლებმაც საბოლოო ჯამში შეცვალეს მსოფლიოს იერსახე.
დღესდღეობით გლობალური ურთიერთობები შესაძლებელია განისაზღვროს ორი ისეთი მოთამაშის მიერ, რომელთაგანაც ერთ-ერთი უკვე უკვე გაუძღვა მსოფლიოს ერთი გლობალიზაციული ციკლის [მიმდინარე] მანძილზე და დღეისათვის აშკარად განიცდის ახალი იდეების ნაკლებობას, ხოლო მეორე წარმოადგენს მსოფლიოს უძველეს ტერიტორიულ იმპერიას, რომელმაც იდეების გენერირების სტადია დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ჩაამთავრა.
შესაბამისად ისმის საკითხი - გაგრძელდება თუ არა მომავალში მეორე გლობალიზაცია, თუ ურთიერთობათა რაღაც ახალი სისტემა შექმნის გლობალიზაციის ახალ ეტაპს? ორივე შემთხვევაში რჩება ორი კითხვა, რომლებზეც დღესდღეობით დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს -
თუ გაგრძელდა გლობალიზაციის მიმდინარე ეტაპი, საკმარისი იქნება თუ არა ის იდეეები და პრაქტიკული ქმედება, რომლებმაც ის ჩამოაყალიბეს, იმისათვის, რომ მან უცვლელად იარსებოს?
თუ ადგილი ექნება გლობალიზაციის ახალ სტადიას, ვინ გამოვა ახალი იდეებისა და
ფასეულობების გენერატორის როლში, მოგვევლინება ახალ წამყვან გლობალურ მოთამაშედ?
ზემოთ მოყვანილი დასკვნები, ისევე როგორც მთლიანად ლექციების ამ კურსში მოყვენილი არგუმენტაცია დაფუძნებულია მსოფლიოში მიმდინარე საზოგადოებრივი განვითარების პროცესების ტრადიციულ ხედვაზე. ეს ხედვა ოპერირებს პროცესების ისეთი მონაწილეების კატეგორიებით, რომლებთაც გააჩნიათ რაღაც სახის ორგანიზაცია, პროცესების ხედვა და მოქმედების მიზნების არსებობა. პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა კონკრეტული სახით ხდება ამ მონაწილეების წარმოჩენა - სახელმწიფოების, სხვადასხვა რანგისა და აფილიაციის ორგანიზაციების და ა.შ.
ამავე დროს, როგორც ჩანს, მსოფლიო შესაძლებელია ვითარდებოდეს ისეთი მიმართულებით, როდესაც საზოგადოებრივი განვითარების ძირითადი მამოძრავებელი ძალის სახით მოგვევლინაბიან ადამიანების უზარმაზარი მასები, რომლებთაც ერთმანეთთან მხოლოდ უკმაყოფილების გრძნობა აკავშირებთ.
წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ამასთან დაკავშირებული პრობლემა ნამდვილად არსებობს, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია, ამიტომ მას ფორმალური სახელიც კი არ გააჩნია. ამავე დროს, მასზე საუბრობენ ერთმანეთთან ისეთი ნაკლებად თავსებადი მოღვაწეები, როგორებიცაა მაგალითად რუსი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე სოლჟენიცინი და აშშ-ს პრეზიდენტ კარტერის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების დარგში ზბიგნევ ბზეჟინსკი. სოლჟენიცინის აზრით -„მსოფლიო კონფლიქტი შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად: მესამე მსოფლიო ოქროს მილიარდის წინააღმდეგ. ეს არის სიღარიბის საერთო საკაცობრიო, საერთო ისტორიული აღშფოთება და მოთხოვნა სიმდიდრის მიმართ. ცივილიზაციების კონფლიქტის თეორია ამ შემთხვევაში გამოიყენება არსის შესანიღბად, რომელიც დედამიწის მოსახლეობის კეთილდღეობაში არსებულ ურღმეს რღვევაში მდგომარეობს“.203
ბზეჟინსკი - „შეერთებულმა შტატებმა თვალში უნდა შეხედონ ახალ და უაღრესად მნიშვნელოვან რეალობას: მსოფლიოში ადგილი აქვს თავისი მასშტაბითა და ინტენსიურობით პოლიტიკური აქტიურობის უპრეცედენტო ზრდას, რასაც პოპულისტურ ქმედებასთან შეჯახების შედეგად მოყვება ძალისმიერი სტრატეგიის ცვლილება. ამა თუ იმ სახით ამაზე რეაგირების საჭიროება აყენებს სხვებისაგან განსხვავებულ სუვერენულ ამერიკას ისტორიული არჩევანის წინაშე: განსაზღვროს საკუთარი გლობალური როლი.204
ამ მოვლენის საფუძველში რასაკვირველია ის უდიდესი განსხვავებაა შემოსავლებსა და კეთილდღეობის დონეში, რომელიც არსებობს განვითარებულ ქვეყნებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. სხვაობა, რომელიც შესამჩნევად გაიზარდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, გლობალიზაციის პროცესების ინტენსიფიკაციის პროცესში.
მისი გამოვლენა დემოგრაფიულია, შეიძლება ითქვას - ეთნო-პოლიტიკურიც. დღევანდელი განვითარებადი მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ახალგაზრდებით არის წარმოდგენილი. ეს ახალგაზრდები შედარებით უკეთესი განათლებისა და განსაკუთრებით გლობალიზაციით მოტანილი ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე საშუალებების მეშვეობით საკმაოდ არიან გათვითცნობიერებული დასავლურ ცხოვრებაში. ის, რომ ისინი დასავლურ კეთილდღეობას, უხეშად რომ ვთქვათ, სატელევიზიო სერიალებზე დაყრდნობით საკმაოდ დამახინჯებულად, გაზვიადებულად აღიქვამენ, სიტუაციას უფრო ამწვავებს.
შედეგად უმძაფრესი სოციალური შურის გრძნობა - არ მიყვარს ისინი, ვინც ჩემზე უკეთ ცხოვრობს, მეც მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ამას იგივე სერიალების გმირები აკეთებენ და ა.შ.
ის, რომ ეს ახალგაზრდობა განვითარებადი ქვეყნების თაობაზე შედარებით უკეთ არის განათლებული, არ ნიშნავს, რომ მათ ისეთი ცოდნა გააჩნიათ, რომ შეეძლოთ სწორედ შეაფასონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და გაითავისონ საკუთარი ადგილი ამ პროცესებში. პირიქით, ეს მასა ძირითადად დეზორგანიზებული, გამწარებული და უკულტურო რჩება. მაგრამ ის ასევე უაღრესად პოლიტიზირებულია, და ასეთ სიტუაციას ხშირად მიზანდასახულად ქმნიან და თავის ინტერესებში იყენებენ სხვადასხვა ჯურის პოლიტიკოსები (მ.შ. ადგილობრივი ელიტის წარმომადგენლებიც), ძირითადად იმისათვის, რომ გაიმტკიცონ საკუთარი ძალაუფლება ამ ენერგიის დასავლეთის წინააღმდეგ მიმართვის ხარჯზე. ფაქტიურად ტერორისტები ამ საპროტესტო მოძრაობის მეწინავე რაზმს წარმოადგენენ, რომლებიც ემტერებიან დასავლეთს იმისათვის, რომ მან ისინი თავის მდიდრულ სუფრაზე არ მიუშვა.205
გლობალიზაციამ, გამოიწვია რა მსოფლიოს ისტორიაში არნახული მიგრაციული ნაკადები, ასე თუ ისე შეეხო ფაქტიურად ყველა ქვეყნის ეთნო-სოციალურ სტრუქტურას. მაგრამ ყველაზე მძაფრად და მოულოდნელად ეს გამოვლინდა სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებიც განაპირობებდნენ გლობალიზაციის პროცესების ფორმირებასა და მიმდინარეობას მეორე გლობალიზაციის დროს. შეერთებულ შტატებში, ევროპაში, რუსეთში ადგილი აქვს უმძაფრეს დემოგრაფიულ ძვრას. აქ ყველგან ის ერები, რომლებზეც დაფუძნებულია ტრადიციული ეროვნული სახელმწიფოები, უმძიმეს დემოგრაფიულ კრიზისს განიცდიან.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ მიმართებით რუსეთშია, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსახლეობა ყოველწლიურად თითქმის ერთი მილიონი ადამიანით მცირდება. ეს ხდება ამ ქვეყნის ყოფილი კოლონიებიდან მიგრანტების დიდი ნაკადის შემოსვლის მიუხედავად. ევროპაში სიტუაცია შედარებით სტაბილურია, მაგრამ მხოლოდ გარედან შემოსული მიგრანტებისა და ამ მიგრანტების ბუნებრივი მატების ხარჯზე. აშშ-ში სიტუაცია შედარებით უკეთესია, მაგრამ ტრენდი ყველგან პრინციპში ერთნაირია - ადგილობრივი მოსახლეობა თანდათანობით ადგილს უთმობს გარედან შემოსულებს, რის შედეგადაც აქ ყველგან ტრადიციული თეთრი ქრისტიანული მოსახლეობა შესაძლებელია უმცირესობაში აღმოჩნდეს. დასავლური ცივილიზაცია (და რუსეთი) იცვლის თავის ეთნოკულტურულ საფუძველს. და ეს პროცესი, როგორც ჩანს, შეუქცევადია.
იგივე ევროპელებმა ვერ ჩაანაცვლეს ეროვნული სახელმწიფოები ერთიანი ზეეროვნული ევროპული ერთიანობით ევროგაერთიანების ფარგლებში - პირიქით, აქ ხდება რთული და უაღრესად არაერთგვაროვანი ევრო-აზიური (ნაწილობრივ აფრიკული) კონგლომერატის ფორმირება. აშშ-ში ლათინოამერიკელები (განსაკუთრებით მექსიკელები) ფაქტიურად შეტევას ახორციელებენ თეთრ მოსახლეობაზე.
პრობლემა დამატებით გამძაფრებულია ორი ფაქტორით -
1. როგორც ევროპელებმა, ასევე ამერიკელმა თეთრმა-ანგლო-საქსმა-პროტესტანტებმა ეტყობა დიდწილად დაკარგეს ის კულტურული კოდი, რომელსაც ისინი წარმატებით ახვევდნენ თავს ყველა მათთან მისულ განსხვავებული კოდის მატარებელს და ახდენდნენ მათ ასიმილაციას. იგივე მძლავრი კათოლიკური იდენტურობის ლათინოამერიკელების დიდი მასა აშკარად სჯაბნის მათ კულტურული თვითგამორკვევისათვის ბრძოლაში. დასავლეთ-ევროპელები კი აშკარად დაჯაბნეს მუსულმანებმა, განსაკუთრებით არაბებმა.
2. მიგრანტები, რომლებიც აქტიურად ახვევენ საკუთარ თავს განსაკუთრებით დასავლეთ ევროპასა და აშშ-ს, გარდა იმისა, რომ მკვეთრად განსხვავებული სოციალურ-კულტურული ფასეულობების მატარებლები არიან, ძირითადად წარმოადგენენ იმ გამწარებული მასების ყველაზე აქტიურ ნაწილს, რომელზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი. ისინი, რაც დრო გადის, სულ უფრო ნეგატიურად არიან განწყობილები იმ ქვეყნების მიმართ, სადაც უკეთესი ცხოვრების ძებნაში მიეშურებიან (დიდი ფინანსური დანახარჯების, ტანჯვა-წამების, დამცირებისა და ბევრი სიცოცხლის ფასადაც კი). ადაპტაციისა და ადგილობრივ ცხოვრებაში საბოლოო ინტეგრაციის ნაცვლად ამ მიგრანტების მეორე თაობა ხშირად უფრო მტრულად და შეურიგებლად ეპყრობა თავის ახალ სამშობლოებს. ეს განსაკუთრებით კარგად გამოვლინდა საფრანგეთში 2005 წლის შემოდგომის მოვლენების დროს, როდესაც ასეულ ათასობით მუსულმანმა (ძირითადად არაბმა) ახალგაზრდამ ცეცხლში გაახვია ქვეყნის დიდი ნაწილი. ამ პროცესის მიზეზები დღეისათვის კარგად არ არის გათვითცნობიერებული. აქ შეიძლება თავის როლს თამაშობს ადგილობრივი ეთნოსების დაბერების ობიექტური პროცესი, როდესაც ისინი უბრალოდ აღწარმოების უნარსა და სურვილს თანდათან კარგავენ - შედეგად იქმნება მოსახლეობის ვაკუმი, რომელსაც რასაკვირველია ვიღაცა გარედან მოსული შეავსებს (ასე ხდებოდა კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, გლობალიზაციამ ეს ჩანაცვლება უბრალოდ უფრო გაამძაფრა). ამას ემატება აგრეთვე აბსურდამდე მიყვანილი ეთნო-რელიგიური ტოლერანტულობისა და უმცირესობების ინტერესების უპირატესი დაცვის პრინციპები. განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში ეს ხშირად ელემენტარული თვითშენახვის ინსტინქტის დაკარგვის დონეზე ადის. ევროპელები ვერც და არც ახდენენ მათთან მისული მიგრანტების ადაპტაციას, მით უფრო ვერ აკონტროლებენ მათ ნაკადებს, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად მათ ისინი არ სჭირდებათ, არც იაფი მუშა ძალის საჭიროების, არც ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე.206
ზოგიერთი მკვლევარი აქ შექმნილ სიტუაციას საერთოდ რომის იმპერიის დაშლის მაგვარად ნათლავს. შესაძლებელია ეს წარმოდგენა საკმაოდ გაზვიადებულია, მაგრამ საერთო ტრენდი სახეზეა და რაც დრო გადის, სულ უფრო ნათელი ხდება. საქმე გვაქვს ობიექტურად ახალ სიტუაციასთან, რომელიც პრინციპულად განსხვავდება ყველაფრისაგან, რასაც წამყვანი გლობალური მოთამაშეები შეხვედრიან თავიანთი ისტორიის მანძილზე. ფაქტიურად ლაპარაკია იმაზე, რომ მათ მიერ ინიციირებული გლობალური პროცესები მათ უკან, თან ცუდად მიუბრუნდათ. ასე რომ, იმ საკითხებს, რომლებიც ზემოთ უკვე დაუყენეთ გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპს, ემატება შემდეგი -
საშუალოდან - გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ მოახერხებენ წამყვანი გლობალური მოთამაშეები მიმდინარე პროცესებისადმი ადაპტაციას - გამოიყენებენ მათ საკუთარ ინტერესებში, თუ აყვებიან მათ, საკუთარი იდენტურობის შესამჩნევ დაკარგვამდე?207 როგორ შეცვლის ამ ადაპტაციის შედეგები მათ მოქმედებას გლობალურ ასპარეზზე?
იგივე მოთამაშეები მოკლევადიან პერსპექტივაში — გაიაზრებენ თუ არა ამ პროცესს როგორც გლობალურ სისტემურ მოვლენას და მოახერხებენ მასზე შესაბამის რეაგირებას, თუ მათი პოლიტიკური ანალიზისა და გადაწყვეტილების მიმღები ინსტიტუტები არ შეესაბამებიან ამოცანის სირთულეს და ისინი კვალინდებულად გაგრძელებენ ამ პროცესის კონტექსტიდან ამოგლეჯილ იზოლირებულ მოვლენებზე რეაგირებას (როგორც ამას აკეთებენ იგივე ტერორთან მიმართებაში)?
როგორ შეცვლიან ეს საპროტესტო ტენდენციები თვით განვითარებადი ქვეყნების (განსაკუთრებით მუსულმანურის და ლათინურ ამერიკულის) პოლიტიკურ კონფიგურაციას, როგორ გავლენას მოახდენს ეს გლობალიზაციის პროცესების მიმდინარეობაზე?
![]() |
9 შენიშვნები |
▲ზევით დაბრუნება |
1 NATIONAL GEOGRAPHIC, “A World Together”, August 1999. http://magma.nationalgeographic.com/2000/culture/global/main.html 115
2 ტერმინი გლობალური მაინც უამრავი სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება, რომელთა უმეტესობაც აღნიშნავს რაღაცას ძალიან დიდს, უზომოს და შორს დგას მისი პირვანდელი მნიშვნელობისაგან, რომელიც განსაზღვრავს რაიმეს, რაც მთლიანად დედამიწას მოიცავს. ტიპურია ამ თვალსაზრისით, ფრიად საყურადღებო რუსული გამოთქმა “глобальный облом”.
3 “For example, the verb “to be” in English has twenty-one distinct meanings, every single one of which is false-to-fact.” Robert A. Heinlein “Elsewhen”, Assignment in Eternity, The New American Library, USA, copyright 1941.
4 The Guardian, October 31, 2002
5 ყველა აქ მოყვანილი მაგალითი შემთხვევითაა შერჩეული. To “make worldwide in scope or application“ (Webster)
6 „Process enabling financial and investment markets to operate internationally, largely as a result of deregulation and improved communications“ (Collins)
7 “The process by which the experience of everyday life, marked by the diffusion of commodities and ideas, can foster a standardization of cultural expression around the world”. (Encyclopedia Britannica Online)
8 რასაკვირველია, ამა თუ იმ, დასაწყისში ძალზე სუსტ პროცესებს შეუძლია, საბოლოო ჯამში, გამოიწვიოს გლობალური ცვლილებები — ე.წ. „პეპლის ეფექტი“, თუმცა ასეთი მოვლენის ალბათობა ფრიად დაბალია.
9 ჩვენ შეგნებულად არ ვხმარობთ ტერმინ „სახელმწიფოს” ამ სიტუაციასთან მიმართებაში, რადგანაც ეთნოსის ორგანიზაციის ტიპს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
10 რომ შევიქმნათ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ასეთი ეთნოსი ან, მით უმეტეს, მისი ცალკეული წევრები, უნდა წავიკითხოთ ნებისმიერი ნაწარმოები სამოქალაქო ომის შემდგომ შეერთებულ შტატებზე, უმჯობესია ევროპელის მიერ დაწერილი. განსაკუთრებით საყურადღებოა ჟიულ ვერნის რიგ ნაწარმოებებში შექმნილი იანკის ტიპები.
11 გლობალური ცვლილებები შესაძლოა მოჰყვეს რომელიმე სუბიექტის ერთჯერად, შედარებით მოკლევადიან ქმედებასაც. ასე, მაგალითად, 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისებმა, რომლებიც გამოიწვია ჯერ არაბული ქვეყნების, ხოლო შემდგომ რევოლუციური ირანის ქმედების შედეგად მისი ფასების მკვეთრმა ზრდამ, გლობალური მასშტაბის ცვლილებები გამოიწვიეს, კერძოდ, დიდი (თუ არა გადამწყვეტი) როლი ითამაშეს განვითარებადი ქვეყნების უდიდესი უმეტესობის ეკონომიკური აღმავლობის სტადიის შეწყვეტაში. ამავე დროს, ამ აქციებმა ვერ გადააქცია ემბარგოს ინიციატორები წამყვან გლობალურ მოთამაშეებად.
12 ძალიან ბევრი ქვეყნისათვის ასეთი ტვირთი აშკარად ძნელად ასაწევია, და როგორც ჩანს, იგივე ბრიტანეთის ყოფილი აფრიკულიკოლონიები სიამოვნებით დაუბრუნდებოდნენ თავის სიუზერენს.
13 პრინციპში უკვე არსებობს იმის მინიშნებები, რომ ასეთი ჩანაცვლება შესაძლებელია თვალსაწიერ მომავალში მოხდეს, იგივე ჩინეთისა თუ, რაც უფრო მოსალოდნელია, ინდოეთის მიერ.
14 საინტერესოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების და ანალიზის არსებული მეთოდიკა იმდენად არასრულფასოვანია, რომ მის საფუძველზე შესაძლებელია როგორც იმის მტკიცება, რომ დედამიწის მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება, ასევე ტოლი წარმატებით იმის დამტკიცება, რომ ის ეცემა.
15 ამ სისტემის შესაბამისი გლობალური პოლიტიკური სისტემა არ არსებობს.
16 The National Security Strategy, March 2006 X. Engage the Opportunities and Confront the Challenges of Globalization http://www.whitehouse.gov/nsc/nss/2006/
17 Статья президента России, опубликованная 1 марта в ведущих мировых СМИ, РИА Новости, 01/03/2006 12:00.
18 ასე, მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 150 ქვეყანა შეუერთდა ე.წ. კიოტოს ოქმს გლობალური დათბობის ნეგატიურ შედეგებთან ბრძოლის თაობაზე, აშშ პრინციპულად უარს ამბობს ამ ოქმით გათვალისწინებული ღონისძიებების რეალიზაციაზე იმ საბაბით, რომ ისინი არაეფექტურია და მისი ეკონომიკური განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება, ხოლო ჩინეთი საერთოდ არ ხვდება მისი მოქმედების სფეროში იმ საბაბით, რომ ის განვითარებადი ქვეყანაა. ამავე დროს, ამ ორ ქვეყაბაზე მოდის ე.წ. სათბური გაზების წარმოების მინიმუმ ისეთივე წილი, როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიოსი.
19 აქ ისევდაისევ უპრიანია მოვიყვანოთ 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისების მაგალითი, როდესაც განვითარებადი ქვეყნების უდიდესი უმეტესობა ფაქტიურად აღმოჩნდა ემბარგოს ინიციატიორებისა და დასავლეთის ქვეყნების მოუგვარებელი ურთიერთობის მძევალის როლში.
20 გასაგებია, რომ ყველა აქ განხილული იდეები მოყვანილია კონსპექტის სახით და მათი მთავარი მიზანია შეუქმნათ სტუდენტებს მიახლოებითი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რასთან ექნებათ საქმე ამ თემაზე ძირითადი ლიტერატურის კითხვის დროს.
21 ფეოდალიზმი, როგორც ჩანს, არ წარმოადგენს დამოუკიდებელ განვითარების ეტაპს და იქმნება ნებისმიერ ადგილას და დროს დედამიწაზე როგორც რეაქცია ტრადიციული სამეურნეო და სოციალური სტრუქტურების დაშლაზე.
22 საქართველო, სომხეთი, უკრაინა ლათინური ამერიკის მსგავსად ეტყობა ნაცრისფერ ზონაში არიან.
23 ამიტომაც ეტყობა სსრკ-ს დაშლის შემდეგ ბევრს დასავლეთში ეგონა, რომ „ისტორია დამთავრდა”, თუმცა გაუგებარია, რატომ არ აქცევს არავინ ყურადღებას ჩინეთს, რომელიც დღესაც ოფიციალურად „კომუნისტური” სახელმწიფოა.
24 იმ შემთხვევაში კი, როდესაც ქვეყანას შიმშილი მაინც ემუქრებოდა, რესურსების ცენტრალიზებული გადანაწილების სისტემა იძლეოდა სიტუაციის მნიშვნელოვანი შერბილების საშუალებას. მოვიგონოთ ბიბლიური იოსების სიზმარი 7 მსუქან და 7 გამხდარ ძროხაზე.
25 მეთხუთმეტე საუკუნეში ამ ქვეყნის საზღვაო ფლოტი აშკარად უფრო დიდი იყო, ვიდრე ყველა ევროპული სახელმწიფოს ფლოტი ერთად, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის დაწვეს იმპერატორის ბრძანებით, რომელსაც შეეშინდა, რომ ინტენსიური საგარეო კონტაქტები ქვეყნის სტაბილურობას ძირს გამოუთხრიდა.
26 კლასიკური მაგალითი “გვიანი” საბჭოთა კავშირი, სადაც, მაგალითად, ვლადივოსტოკში მდებარე რომელიმე დაწესებულების დამლაგებლის შტატს მოსკოვში ამტკიცებდნენ
27 РИА „Новости“, 24.02.2005 116
28 დღევანდელ ისტორიულ პერიოდშიც კი, იმას ეს პიროვნება ძალით მოდის ხელისუფლებაში, ინიშნება, თუ მას ირჩევენ, მნიშვნელობა არა აქვს.
29 What Is Democracy Anyway? By NICHOLAS D. KRISTOF, The New York Times, May 3, 2002
30 ისტორიულად, მეორე მსოფლიო ომის დამასრულებელ ეტაპამდე, იაპონია მხოლოდ ერთხელ იდგა უცხოური ინტერვენციის რეალური საფრთხის წინ, როდესაც მონღოლებმა მე-13 საუკუნეში აქ ორჯერ გადმოსხეს საექსპედიციო კორპუსები. ორივეჯერ იაპონია სტიქიამ იხსნა.
31 Turning Up-Japanese, By Christian Caryl, Newsweek International, http://www.msnbc.msn.com/id/11182591/site/newsweek/
32 Student protests in France lack the spirit of '68 By Elaine Sciolino The New York Times, FRIDAY, MARCH 17, 2006
33 იხილეთ - РОССИЯ - ГОД 2005: ЛОГИКА ОТКАТА Основные тенденции развития власти, экономики, социальной и внешней политики, Лилия Шевцова, Независимая газета от 21.01.2005; АВТОРИТАРИЗМ В РОССИИ ОГРАНИЧЕН БЕССИЛИЕМ ВЛАСТИ, Питер Лавель, Известия, 03.02.05; Россия умирает: три разрушительных процесса, Роберт Нигматулин, Известия, 14.02.05.
34 თუმცა რაც დრო გადის, ამას სულ უფრო ნაციონალიზმი ცვლის.
35 ლაპარაკია სწორედ საშუალო ფენაზე — მსხვილი კაპიტალის წარმომადგენლები (უიშვიათესი გამონაკლისის გარდა) ყოველთვის პოულობდნენ საერთო ენას ნებისმიერ მმართველ რეჟიმთან, თუ ეს უკანასკნელი მაინც და მაინც მათი პრინციპული მოწინააღმდეგე არ იყო — როგორც სტალინის საბჭოთა კავშირი ან მაოს ჩინეთი. იგივე სამხრეთ კორეაში დიქტატორულ რეჟიმს სწორედ საშუალო ფენის წარმომადგენლებმა მოუღეს ბოლო.
36 ამ კონკრეტულ შემთხვევაში “ბუნებრივი გარემო” მინერალურ რესურსულ ბაზასაც მოიცავს.
37 ინგლისურად ეს ასე ჟღერს — the set of measures that create a framework for implementation of the above tasks.
38 გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი ნაკლებად განვითარებული საზოგადოება ისეთივე ევფემიზმია, როგორც ვთქვათ — განვითარებადი ქვეყანა. სინამდვილეში უნდა ვიხმაროთ ტერმინი განუვითარებელი (საზოგადოება, ქვეყანა), მაგრამ პოლიტიკური კორექტულობის პრონციპი ამის საშუალებას არ იძლევა.
39 ესპანეთმა აშშ-თან 1898 წელს წაგებული ომის შემდეგ კოლონიური სახელმწიფოს სტატუსი ფაქტიურად დაკარგა.
40 როგორც ვხედავთ, მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეების ნაკრები იმ დროიდან მოყოლებული ფაქტიურად უცვლელი რჩება (იხილეთ G-8).
41 მით უფრო მიზანდასახულად და წარმატებით ამას აკეთებდა იაპონია.
42 Third, they respect the right of all peoples to choose the form of government under which they will live; and they wish to see sovereign rights and self government restored to those who have been forcibly deprived of them. http://usinfo.state.gov/usa/infousa/facts/democrac/53.htm
43 თუ როგორ ხდებოდა ეს პრაქტიკულად ყველაზე კარგადაა ეტყობა აღწერილი ამერიკელი მწერლის ო'ჰენრის (O'Henry) მოთხრობების ციკლში — „მეფეები და კომბოსტოები” (Cabbages and Kings).
44 ანალოგიური მნიშვნელობა ჰქონდა სუეცის არხზე კონტროლის დაწესებასაც, რაც რამდენიმე ათეული წლით ადრე მოახერხეს ბრიტანელებმა, თუმცა ფრიად განსხვავებული მეთოდებით.
45 N. Ferguson, Colossus, The Rise and Fall of The American Empire, ALLEN LANE an imprint of PENGUIN BOOKS, 2004, p. 80.
46 როგორც კი რუსეთის პრეტენზიები ევროპელებს გადაჭარბებულად ეჩვენებოდათ, გამოიძებნებოდა მისთვის საკადრისი ადგილის მისაჩენი მექანიზმები. ასე მოხდა მაგალითად 1853-56 წლების ყირიმის ომის დროს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საკმაოდ უხეშად აგრძნობინეს რუსებს მათი რეალური სტატუსი.
47 ეს უშუალო კონტროლი ვრცელდებოდა ბულგარეთზე, რუმინეთზე, უნგრეთზე, ჩეხოსლოვაკიაზე, აღმოსავლეთ გერმანისა და პოლონეთზე, რომლებიც სსრკ-ს სატელიტებად განიხილებოდნენ.
48 ლაპარაკია სწორედ პოტენციურ განვითარებაზე, რადგანაც დანარჩენი მსოფლიოს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იყო იმ დროისათვის დემოკრატიული.
49 სსრკ ეკონომიკის აღდგენა ნაწილობრივ განხორციელდა უნგრეთიდან, რუმინეთიდან, ფინეთიდან და განსაკუთრებით აღმოსავლეთი გერმანიიდან მიღებული რეპარაციების ხარჯზე. მაგრამ ამ რეპარაციების მოცულობა და ხარისხი ვერ ედრებოდა მარშალის გეგმის პარამეტრებს. ამასთან ერთად, ფინეთის გარდა ყველა ამ ქვეყნების აღდგენა საბოლოო ჯამში ისევ საბჭოთა კავშირის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა.
50 http://www.ntanet.net/KENNAN.html
51 Soviet power was „impervious to the logic of reason,“ it was „highly sensitive to the logic of force.“
52 http://en.wikipedia.org/wiki/Truman_Doctrine
53 http://en.wikipedia.org/wiki/Marshall_plan
54 ასე ხდებოდა მაგალითად 1950-53 წლების კორეის ომის დროს, როდესაც საკმაოდ დიდი საბჭოური სამხედრო კონტინგენტი ჩრდილო კორეაში (განსაკუთრებით მფრინავები) ოფიციალურად არ ფიქსირდებოდა. ასევე არაოფიციალური რჩებოდა აშშ-ს უშუალო როლი 1979-89 წლების ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის წინააღმდეგობის ორგანიზაციასა და წარმართვაში.
55 საკმაოდ მოულოდნელი გავლენა მოახდინა ამ ომმა საქართველოზე. იმ დროს ეგვიპტეს ჯარი მასობრივად იყენებდა სახედრებს ტვირთების გადასაზიდად. ამიტომ საბჭოთა კავშირში, მათ შორის საქართველოში, მოხდა ამ ცხოველების მასობრივი კონფისკაცია და მათი ეგვიპტეში გაგზავნა. საინტერესოა, რომ სახედრების პოპულაცია საქართველოში მას შემდეგ ფაქტიურად აღარ აღდგა.
56 М. Делягин, Модернизация России создаст системные проблемы в отношениях с Западом, http://www.forum.msk.ru/material/economic/10957.html
57 საინტერესოა, რომ ევროპაშიც კი რაინდული ტურნირები საბოლოო ჯამში გადაიქცნენ სპორტის ნაირსახეობად, რომლის ფარგლებში პროფესიონალი ტურნირის რაინდები იბრძოდნენ სრულიად რეალური გასამრჯელოს მისაღებათ.
58 დღესაც კი, აშშ-სა და რუსეთს ერთად როგორც მინიმუმ 27 000 ბირთვული ჭურვი გააჩნიათ.
59 აქ მაკარონსაც კი იმ ქარხნებში და იმ დაზგებზე აწარმოებდნენ, რომლებსაც ომის შემთხვევაში ვაზნები უნდა გამოეშვა.
60 იგივეს აკეთებს ის ტერორიზმის მიმართ — იხილეთ კონკრეტული შემთხვევა 3.
61 სსრკ-ს შემთხვევაში ეტყობა მისი გლობალური პოლიტიკა მთლიანად აშშ-ს შეკავებას ეფუძნებოდა, აშშ-ს შემთხვევაში ნაკლებად, თუმცა ძირითადად.
62 იხილეთ კონკრეტული შემთხვევა 2.
63 ეს პასუხისმგებლობა საზოგადოდ ვრცელდება მთელ განვითარებულ მსოფლიოზე, თუმცა უფრო შერბილებული სახით.
64 იმის მიუხედავად, რომ ასეთი შედარება საკმაოდ არაკორექტულია, მაინც საინტერესოა იმის გამოთვლა, რომ 2006 წელს აშშ-ზე მოდიოდა საშუალოდ 2.5-ჯერ მეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვიდრე მოდიოდა საშუალოდ მასზე და საბჭოთა კავშირზე ცალ-ცალკე, ცივი ომის ბოლო პერიოდში (დაახლოებით 1970-იანი წლების ბოლოდან).
65 პოტენციურად ეს ადგილი შეიძლება ჩინეთმა შეავსოს, მაგრამ ეს მომავლის საქმეა.
66 საერთაშორისო რეჟიმი შესაძლებელია განისაზღვროს როგორც „ცხადი და არაცხადი პრინციპები, ნორმები, წესები და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, რომელთა გარშემო ხდება მოთამაშეთა მოლოდინის შეყრა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების მოცემულ სფეროში”. International regime - “implicit and explicit principles, norms, rules, and decision-making procedures aroud which actor expectitions converge in a given issue area of international relations”. S. Krasner. International Regimes. Ithca, Cornell University Press, 1983, პ.2. აქ ისევდაისევ, არ არის ლაპარაკი ისეთ რეჟიმებზე, რომლებიც ქვეყნებს შორის ორმხრივ, ანდა რეგიონალურ ურთიერთობებს არეგულირებენ. ლაპარაკი გლობალური ურთიერთობების მოწესრიგების მცდელობაზეა.
67 მეორეს მხრივ, აშშ უშუალოდ აკონტროლებს, ისეთ უმნიშვნელოვანეს გლობალურ სისტემას, როგორიც ინტერნეტია, და უარს ამბობს ამ კონტროლის დათმობაზე გაეროსათვის.
68 Think Again: The United Nations, by Madeleine K. Albright , Foreign Policy, September/October 2003, http://www.foreignpolicy.com
69 D. Held & A. McGrew, D. Goldblatt & J. Perraton, Global Transformations, Politics, Economics and Culture, Stanford University Press, 1999, p. 49.
70 The American Heritage® Dictionary of the English Language, Fourth Edition copyright ©2000 by Houghton Mifflin Company. Updated in 2003. Published by Houghton Mifflin Company.
71 გამონაკლისს იაპონია და ისრაელი წარმოადგენენ, მაგრამ ამ ქვეყნებში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პრაქტიკული რეალიზაცია, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ სპეციფიკურ ხასიათს ატარებს.
72 ეს არ ეხება ეროვნულ დისაპორებს, რომლებიც ძირითადი ეთნიკური ტერიტორიიდან დიდი მოშორებით ვითარდებიან (მაგალითად, იგივე ირლანდიელები, თუ სომხები აშშ-ში და ა.შ.).
73 http://users.erols.com/mwhite28/govt2000.htm
74 http://usinfo.state.gov/products/pubs/whatsdem/whatdm13.htm
75 http://www.worldaudit.org/publisher.htm. ქვეყნის დემოკრატიულობის სტატუსი განისაზღვრებოდა შემდეგი კრიტერიუმებით: საყოველთაო სამართალი, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კორუპცია. თუმცა, რასაკვირველია, როგორც ნებისმიერი ასეთი კლასიფიკაცია, ზოგ შემთხვევაში მაინც, ესეც საკმაოდ პირობითია.
76 დანართი 4 ასახავს არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ს 2006 წლის კვლევის “თავისუფლება მსოფლიოში” შედეგებს. აქ თავისუფალია ისეთი ქვეყანა, რომლის მთავრობა აცხადებს თავს დემოკრატიულად და უშვებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების არსებობას (თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ პარტიების დევნას); ნაწილობრივ თავისუფალია ქვეყანა, სადაც მთავრობა აცხადებს თავს დემოკრატიულად, მაგრამ კრძალავს ოპიზიციურ პოლიტიკურ პარტიებს; არათავისუფალია ქვეყანა, რომლის მთავრობა არ აცხადებს პრეტენზიას დემოკრატიულობაზე.
77 World Book Encyclopedia, World Book Inc., 2006.
78 http://www.quotedb.com/quotes/2452
79 მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების, ადამიანის უფლებების დაცვის, ჰუმანიტარული და განვითარების დახმარების ორგანიზაციის პროცესში ევროგაერთიანება ზოგ შემთხვევაში უახლოვდება წამყვანი გლობალური მოთამაშის სტატუსს.
80 F.Zakaria. The Future of Freedom. W.W. Norton, London-New-York, 2004, p. 259.
81 http://usinfo.state.gov/products/pubs/whatsdem/whatdm13.htm
82 სრულიად კორექტულია, იგივე არგუმენტაცია ვიხმაროთ ინსტიტუციური ინვესტორების მიმართაც.
83 იმპერია მკვეთრად განსხვავდება ფედერაციისაგან, რომლის შემადგენლობაშიც ხშირად ეთნიკურად მკვეთრად განსხვავებული ნაწილები ერთიანდებიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (იხ. მაგალითად შვეიცარია).
84 http://www.free-definition.com/Empire.html
85 WILLIAM SAFIRE, Bush's “Freedom Speech”, The New York Times, January 21, 2005
86 ამ გამოსვლაში მოყვანილი მოსაზრებები ჯ. ბუშმა განავრცო და გააძლიერა, აგრეთვე, თავის ყოველწლიურ მიმართვაში კონგრესისადმი (State of the Union Address) და მოხსენაბაში, რომელიც მან გააკეთა ბრიუსელში, 2005 წლის თებერვალში ევროპული ტურნეს დროს.
87 “The survival of liberty in our land increasingly depends on the success of liberty in other lands.” “The best hope for peace in our world is the expansion of freedom in all the world.”
88 “is not primarily the task of arms.”
89 პალესტინის ხსენებამ ამ კონტექსტში საკმაოდ ირონიული ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც 2006 წლის დასაწყისში აქ სათავეში საყოველთაო აღიარებით თავისუფალი, სამართლიანი აღჩევნების შედეგად ტერორისტული ორგანიაზია ჰამასი მოვიდა.
90 Z. Brzezinski, The Choice: Global Domination or Global Leadersip. Basic Books, New York, 2004, p. VII
91 madlen olbraiti: “Cven mxari unda dauWiroT arabul qveynebs, ki ar uxelmZRvaneloT” naTan gardelzi, Corriere Della Sera, 3 marti, 2005 weli http://www.inopressa.ru/corriere/2005/03/03/13:33:51/olbrait
92 თუმცა ასეთ შემთხვევაში ის აშკარად მსოფლიოში პირველი ბიუროკრატიული იმპერია გახდება.
93 Manifest destiny warmed up? The Economist, August 14, 2003.
94 N. Ferguson, Colossus, The Rise and Fall of the American Empire. Allen Lane an imprint of Penguin Books, 2004, p. 300.
95 op.cit. Economist. 118
96 Human Development Report 2004, UNDP, pp. 184-187.
97 op.cit., pp. 184-187, http://www.free-definition.com/Transnational-corporation.html
98 http://www.treas.gov/tic/debtad05.html
99 Pre-emptive action.
100 ამ მოსაზრებას ჩვენ არ ვეთანხმებით — 1975 წელს მოხდა ვიეტნამის ტერიტორიული ერთიანობის აღდგენა.
101 Cultivating new friends helps old ones flourish, too. Apr 7th 2005, The Economist
102 მაგალითად, ესპანეთის კოლონიური ექსპანსია გამოწვეული იყო თურქების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობითა და იმ გზების გადაკეტვით, რომლებითაც აღმოსავლეთიდან სანელებლები შემოჰქონდათ. რუსეთის იმპერია შეიქმნა ძირითადად ჩაკეტილი ქვეყნისათვის ოკეანეში გასასვლელი გზებისათვის ბრძოლის პროცესში.
103 მოქმედების ალტერნატიული ვარიანტის ფარგლებში შესაძლებელია წონასწორობის აღდგენა მოსახლეობის მოთხოვნილების შემცირებით, მისი ცხოვრების დონის ხელოვნური შეზღუდვისა ან უშუალოდ მოსახლეობის რაოდენობის შემცირების შედეგად - მასობრივი რეპრესიების, ხელოვნური შიმშილის, ომის ხარჯზე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში მოხდა.
104 ეს დეფიციტი საერთოდ არ იარსებებდა, რეიგანის ადმინისტრაციას, ისევდაისევ მსხვილი მონოპოლიების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ გაეუქმებინა ის ენერგოეფექტური სახელმწიფო პროგრამები და ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდებოდა 1970-იანი წლების ნავთობის კრიზისების შემდეგ.
105 ის ფაქტი, რომ ეს შედეგები ძირითადად არამდგრადია, ეტყობა ნაკლებად მნიშვნელოვანია.
106 კლასიკური მაგალითი, თუ როგორ მოქმედებს აშშ-ს პოლიტიკა გარიყულ რეჭიმებზე — ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შეშინებული აქტიურობა მას შემდეგ, რაც ამერიკამ ტერორს ომი გამოუცხადა.
107 განვიხილოთ თუგინდ ანტიიამერიკული სენტიმენტების ჩამოყალიბება ავსტრალიაში, რომელიც ტრადიციულად მისი ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული მოკავშირე იყო — New Best Friends, The Economist April 2nd, 2005.
108 THOMAS L. FRIEDMAN A War for Oil? The New York Times, January 5, 2003.
109 http://www.dw-world.de/dw/article 08.02.2005
110 ის, რაც დღეს ერაყში ხდება, აშკარა “ამოვარდნაა” და ნაკლებად გასაგებია, საბოლოო ჯამში, რას მოუტანს აშშ-ს ინტერესებს.
111 ამ სიას ხშირად ემატებიან ევროპის “მინი-სახელმწიფოები”. ბალტიის რესპუბლიკები და ევროგაერთიანების სხვა ახალი წევრებიც ეტყობა ამ კატეგორიაში გადავლენ. ამავე დროს ჰონ-კონგი სახელმწიფო არ არის, ხოლო პოლიტიკური მოსაზრებით ხშირად გვერდს უვლიან ამ სიაში ტაივანის შეყვანას. წყარო: http://www.freedefinition. com/Developed-countries.html
112 ინფორმაცია მოპოვებულია გაეროს განვითარების პროგრამის რიგ წყაროებზე დაყდნობით. საინტერესოა, რომ ავტორის მონდომების მიუხედავად, 1997 წლის შემდგომი მონაცემები მან ვეღარ მოიპოვა.
113 Human Development Report 2003. UNDP, New York-Oxford, Oxford University Press, p.39.
114 ისრაელი და სინგაპური იმდენად სპეციფიკური სახელმწიფოებია, რომ მათი ამ კონტექსტში განხილვა ეტყობა არა ღირს.
115 ე.ი. განსხვავება დაახლოებით ისეთი უნდა იყოს, როგორიც დღეს ამერიკელ და აფრიკელ ღარიბს შორისაა.
116 UNDP Human Development Report 2003, pp. 155-156.
117 Global Development Briefing - Diplomatic Assurances, December 08, 2005
118 საერთოდ ითვლება, რომ მინიმალური ფასი, რომელსაც იხდის წარმატებული განვითარებადი ქვეყნები მსოფლიო კაპიტალისტურ ეკონომიკაში ინტეგრაციისათვის, საშუალოდ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ სერიოზული ფინანსური კრიზისია.
119 The good in globalization, Richard W. Fisher and W. Michael Cox The New York Times, MONDAY, APRIL 10, 2006.
120 Measuring Global, Foreign Policy, March-April 2004.
121 ფაქტიურად, ხშირ შემთხვევებში ასეთი ჩარევა იმდენად ძლიერია და ყოვლისმომცველი, რომ ის ეკონომიკური დახმარების სფეროდან ფაქტიურად “ეროვნული მშენებლობის” (nation building) სფეროში გადადის.
122 Global Development Briefing - Take Me to Your Leader, October 28, 2004
123 ყველა ასეთ პრობლემაზე იხილეთ — Joseph Stiglitz, Globalization and its Discontents. Penguin Books, 2002.
124 World Bank Writes Off $37B In Debts For Poor Countries (The Associated Press) World Bank approves $37 billion debt write-off (Reuters) http://www.developmentex.com/index.jsp?action=getnews&id=39508&view=T
125 ixileT — Final ODA Data for 2003. http://www.oecd.org/dataoecd/19/52/34352584.pdf
126 Global Development Briefing - Never, Again, April0 6, 2006.
127 Most International Aid Wasted, Say Agencies, Reuters, Mon Feb 28, 2005 08:49 AM ET, By Jeremy Lovell
128 Scandal of “phantom” aid money, Larry Elliott, economics editor, Friday May 27, 2005, Guardian
129 Global Development Briefing - Contraband , December 02, 2004
130 Stuart E. Eizenstat, John Edward Porter, and Jeremy M. Weinstein, Rebuilding Weak States, Foreign Affairs, January/February 2005.
131 Wrong fix for foreign aid, The New York Times , Monday, February 6, 2006
132 FORTUNE's annual ranking of the world's largest corporations. Fortune Global 500, 2005, From the July 25, 2005 issue
133 პიროვნებისა ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ ძალის უკანონო გამოყენება ან ძალის გამოყენების მუქარა საზოგადოების ან მთავრობის დაშინების ან იძულების მიზნით, ხშირად იდეოლოგიური ან პოლიტიკური აბაბით. The American Heritage Dictionary of the English Language, Fourth Edition Copyright © 2000 by Houghton Mifflin Company. Published by Houghton Mifflin Company. ძალადობის წინასწარ განზრახული გამოყენება (ან მუქარა) მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ისეთი მიზნების მისაღწევად, რომლებიც თავისი არსით პოლიტიკური, რელიგური ან იდეოლოგიურია; ეს ხდება დაშინებით ან იძულებით შიშის დანერგვის გზით. WordNet ® 2.0, © 2003 Princeton University
134 საყურადღებოა, რომ ყველა იმ ტერორისტული საშინელების მიუხედავად, რომელიც დღეს მსოფლიოს რიგ განვითარებულ ქვეყნებს თავს ატყდება, ადამიანების სიცოცხლის დანაკარგი ტერორისტული აქტების შედეგად 119 30-ჯერ ნაკლებია, ვიდრე საავტომობილო ავარიების შედეგად. ამავე დროს, ის ყურადღება, რომელსაც საზოგადოება თუ ხელისუფლება უთმობენ საავტომობილო ავარიების, მრავალგზის ჩამოუვარდება იმ ყურადღებას, რომელსაც ტერორიზმს უთმობენ, ეტყობა იმიტომ, რომ ავარიების მრავალრიცხოვანი მსხვერპლი განიხილება როგორც ერთგვარი შესაწირი, რომელიც უნდა გაიღოს საზოგადოებამ თანამედროვე ცხოვრების კომფორტისა და სიმდიდრისათვის.
135 ”Басаев взял на себя ответственность за все последние теракты”, www.grani.ru 17.09.2004
136 УБИТ “ИНДИЙСКИЙ РОБИН ГУД” - САМЫЙ НЕУЛОВИМЫЙ ПРЕСТУПНИК СТРАНЫ, http://www.izvestia.ru/world/article549586, 20.10.04
137 ზემოთ აღწერილი სიტუაციები ტიპურია, თუმცა ბევრია გამონაკლისებიც, განსაკუთრებით თანამედროვე ევროპაში — მაგალითად, აქ მემარცხენე მარქსისტი ტერორისტები არ ეკუთვნოდნენ არც ღარიბებს, მით უმეტეს დაჩაგრულებსა და გარიყულებს და გააჩნდათ თავისი იდეების გამოხატვის დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ყველა ლეგალური საშუალება.
138 ისრაელი, სადაც ტერორისტები პრემიერ-მინისტრები ხდებოდნენ, მაგალითად, მენაჰემ ბეგინი, ერთ-ერთ უიშვიათესი გამონაკლისია ტერორისტების სახელმწიფოს სათავეში მოსვლისა.
139 საინტეროსაა, რომ მაშინდელი რუსეთის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი (განსაკუთრებით ლიბერალური ინტელიგენცია) არა მარტო არ უარყოფდა ტერორიზმს, როგორც საზოგადოებისადმი მიუღებელ პროტესტის საშუალებას, არამედ ღიად გამოთქვამდა აღტაცებას ტერორისტებით. რუსული ტერორიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე ბორის სავინკოვი კი საერთოდ ქვეყნის წამყვან ინტელექტუალთა რიცხვს განეკუთვნებოდა.
140 გამონაკლისის სახით შეიძლება მოვიხსენიოთ ისლამისტი ტერორისტები ფილიპინებზე, სადაც მათი ყველაზე აქტიური და წარმატებული ორგანიზაცია “აბუ-საიაფი” ეტყობა ძირითადად მაინც კრიმინალურ დაჯგუფებას წარმოადგენს, რომელიც იყენებს პოლიტიკურ დემაგოგიას მერკანტილური მიზნების მისაღწევად. ამავე დროს იგივე პოპულისტური დემაგოგია უზრუნველყოფს მის მხარდაჭერას ადგილობრივი მუსულმანების მხრიდან, რაც ფრიად ართულებს მასთან ბრძოლას.
141 ისრაელ-პალესტინულ კონფლიქტის ისტორიაზე, მიზეზებზე და განვითარების თავისებურებებზე ძალიან ბევრია დაწერილი, ამიტომ აქ მხოლოდ მისი ჩვენთვის საინტერესო ასპექტები განიხილება.
142 A Bitter Prize, By Tom Segev, From Foreign Affairs, May/June 2006
143 Ferguson, Nial Colossus, The Rise and Fall of the American Empire, Allen Lane an Imprint of Penguin Books, London, 2004, p.112.
144 aRmosavleTi ierusalimi da siriis kuTvnili holanis simaRleebi israelma de faqto ukve miiTvisa.
145 Thomas L. Friedman, The New Math. New York Times, January 15, 2003
146 თუმცა ამ კვარტეტის შემადგენლობიდან გამომდინარე გაუგებარია, თვით მას რა შეიძლება რეალურად აწყობდეს.
147 მეოთხე თვითმფრინავი, რომელიც ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში, როგორც ჩანს მათი და მგზავრების შეტაკების დროს დაიღუპა.
148 Ferguson, Nial. Colossus, The Rise and Fall of the American Empire, Allen Lane an Imprint of Penguin Books, London, 2004, p.124.
149 იგივე ტომ კლენსიმ, ცნობილმა ამერიკელმა რომანისტმა, სცენარი, რომელშიც სამგზავრო თვითმფრინავი გამოყენებული იქნა აშშ კონგრესის შენობაზე იერიშის მისატანად, აღწერა თავის ნაწარმოებში Debt of Honour ჯერ კიდევ 1994 წელს. ამ დროს ტომ კლენსი ფაქტიურად აშშ-ს მთავრობის კარის მწერალია და, როგორც სჩანს, არაფერს წერს ამერიკულ სპეცსამსახურებთან კონსულტაციების გარეშე. იხ. Clancy, Tom. Debt of Honour. HarperCollinsPublishers, London, 1995, 900 p.
150 Gregory M. Scott, Louis Furmanski, Randall J. Jones - editors. 21 Debated Issues in World Politics. Prentice Hall, New Jersey, 2000. Issue 7, Terrorism, p. 110-128.
151 Jason Burke, Think Again: Al Qaeda. http://www.foreignpolicy.com, May-June, 2004.
152 op.cit. Jason Burke
153 Капитализм для всех, Павел Быков, Татьяна Гурова, Эксперт» №15(509), 17 апреля 2006
154 ტერმინი ფუნდამენტალიზმი თანამედროვე რელიგიურ აზროვნებასა და პრაქტიკაში რამდენიმე მნიშვნელობის მატარებელია, მ.შ. საღვთო ტექსტების, მაგალითად, ყურანის სიტყვასიტყვით განმარტების ან ზოგჯერ ანტიმოდერნისტული რელიგიური მოძრაობის. დასავლეთში ტერმინი ისლამური ფუნდამენტალიზმი ხშირად გამოიყენება ისეთი პიროვნებებისა თუ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ქადაგებენ ისლამიზმს — პოლიტიკურ იდეოლოგიას, რომელიც მოითხოვს საერო სახელმწიფო მართვის სისტემის ჩანაცვლებას ისლამურ სამართალზე დაფუძნებული სისტემით. ყველაზე რადიკალური ისლამისტები, აგრეთვე, ქადაგებენ საერო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას, ტერორიზმს. http://en.wikipedia.org/wiki/Fundamentalism#Islamic_views
155 სხვათა შორის, ბევრი ისეთი რამ, რაც დღეს ბარბაროსობად შეიძლება აღვიქვათ, ბიბლიაშიც წერია, მაგრამ ამას “ალეგორიას” ვუწოდებთ.
156 ამ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი შემოუშვეს ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, როგორც რომელიმე მუსულმანური, ძირითადად არაბული რეჟიმის მიერ დევნილი. ამ დროს არავინ ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ 5 ასეთი დევნილიდან მინიმუმ ოთხი ექსტრემისტული ისლამისტური შეხედულებების მატარებელი იყო, რადგანაც სწორედ ისინი წარმოადგენდნენ (და წარმოადგენენ) მუსულმანური სამყაროს საერო მთავრობების ძირითად მოწინააღმდეგეებს.
157 “მექანიკური” იმიტომ, რომ ის ხდებოდა ძირითადად სიკვდილიანობის შემცირების ხარჯზე, რომელიც არ იყო დამოკიდებული მოსახლეობის სოციალურ ქცევაზე. მის უნივერსალურობაზე და “მექანიკურობაზე” მიგვითითებს ის ფაქტიც, რომ ის აბსოლუტურად იგივე სცენარით განვითარდა სსრკ-ს შუა აზიის რესპუბლიკებში, რომლებიც იმ დროს დანარჩენი მსოფლიოდან იზოლირებულები იყვნენ.
158 ცხოვრების დონის ასეთი შემცირება 100 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
159 UN Department of Economic and Social Affairs (DESA) “World Fertility Report 2003,” http://www.un.org/esa/population/publications/worldfertility/World_Fertility_Report.htm
160 imisaTvis, rom mosaxleoba ar izrdebodes da xdebodes ubralo Canacvleba gardacvlilebisa axalSobilebiT, yovel qalze fertilur asakSi (15-45 weli), unda modiodes aranaklebi 2.10-2.15 bavSvisa.
161 “World Fertility Report 2003”, op.cit.
162 UNDP HDR, 2004
163 : Millenium Project. Report to the UN Secretary-General. Investing in Development. A Practical Plan to Achieve the Millenium Development Goals. Overview. 2005., p.8.
164 ყველა ეს პროცესები დაწვრილებით აღწერილია უკვე ნახსენებ Millenium Project. Report to the UN Secretary-General-Si. ის ფაქტი, რომ ჩინეთში უაღრესად ღარიბი ადამიანების რაოდენობა შემცირდა იმას კი არ ნიშნავს, რომ ამ მილიონებმა უეცრად კარგად ცხოვრება დაიწყეს. უბრალოდ მათ თავზე გადაშენების საფრთხე აღარ ტრიალებს.
165 მონაცემები მოყვანილია 1993 წლის დოლარებში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით. ეს არის მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სიღატაკის უნივერსალური ქვედა ზღვარი. ითვლება, რომ ამაზე ნაკლები შემოსავლით ადამიანს არსებობა აღარ შეუძლია. დღევანდელი საქართველოს პირობებში ეს დაახლოებით შეადგენს (1 დოლარი — 1.8 ლარი, პარიტეტი 1/3) 65 თეთრს დღეში, ანუ 19 ლარს თვეში. წყარო: Millenium Project. Report to the UN Secretary-General. Investing in Development. A Practical Plan to Achieve the Millenium Development Goals. Overview. 2005. yvela danarCeni monacemi moyvanilia UNDP Human Development Report, 2003 and 2004, New York-Oxford, Oxford University Press, “Aids turns back the clock for world's young” Victoria Brittain, Saturday May 4, 2002 The Guardian.
166 The Global Development Briefing, © 2006 The Development Executive Group, www.DevelopmentEx.com
167 HDR 2005, UNDP, 2005, p. 253.
168 Pipe Dreams, Tearfund, http://www.tearfund.org/
169 ეს დაახლოებით 254 საქართველოა.
170 გასაგებია, რომ გაერო არ არის იდეალური ორგანიზაცია და ბევრი ხარვეზების გამო სასწრაფო რეფორმირებას მოითხოვს (იხ. თავი 2), მაგრამ ამ შემთხვევაში მისი მუშაობის კონკრეტული შედეგები დეტალური განხილვის Rirsia.
171 ასეთ შემთხვევაშიც გამოსავალი მოიძებნება ხოლმე. მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამამ 2006-2010 წლების სამოქმედო პროგრამის შემუშავების დროს, თურქმენეთთან სამუშაოდ აირჩია მხოლოდ ადგილობრივი ლანდშაფტების გადარჩენა და საერთოდ გვერდი აუარა თურქმენბაშისთან ურთიერთობას სოციალურ საკითხებზე.
172 MEETING THE CLIMATE CHALLENGE, RECOMMENDATIONS OF THE INTERNATIONAL CLIMATE CHANGE TASKFORCE, JANUARY 2005 by The Institute for Public Policy Research (UK), The Center for American Progress, The Australia Institute. http://www.americanprogress.org/site/pp.asp?c=biJRJ8OVF&b=306503
173 ითვლება, რომ როგორც მინიმუმ ეს პროცესი, თუ არ მოხდა მისი სტაბილიზაცის, გამოიწვევს 2050 წლისათვის მსოფლიო ოკეანის დონის 2 მეტრით ზრდას, შესაბამისად იმ დაბლობი ტერიტორიების დატბორვას, სადაც დედამიწის მოსახლეობის 1/3 ცხოვრობს. “ყველაზე ცუდი სცენარის” პირობებში კი მსოფლიო ოკეანის დინებების სისტემის მოშლას, მ.შ. გოლფსტრიმის დინების არიდებას ევროპიდან, რამაც იქ შესაძლოა გამყინვარება გამოიწვიოს.
174 როგორც გლობალური დათბობის პრობლემა გვიჩვენებს, ეს ზღვარი ეტყობა უკვე გადაილახა.
175 ეს იდეალურ სიტუაციას ეხება. რეალობაში, განვითარებად ქვეყნებში მაინც მთავრობები ძირითადად ცდილობენ “მოხსნან” მაქსიმალური თანხები თავისი წევრების პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.
176 ესეც იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ 2100 წლამდე კაცობრიობის განვითარების სცენარის შემუშავებას საერთოდ რაიმე აზრი გააჩნია.
177 ტრადიციულად, ამაზონიის დეგრადაციას დიდ ამერიკულ მონოპოლიებს აბრალებენ, თუმცა მათი როლი აშკარად ძალიან გადაჭარბებულია ადგილობრივი მოსახლეობის ქმედებასთან შედარებით.
178 განვითარებული საზოგადოების ორი მთავარი მოთამაშის ხელისუფლებისა და ბიზნესის აქტიურობის დრო უთავსებადია ბუნებრივი გარემოს აქტიურობასთან. პირველი დაფუძნებულია საარჩევნო ციკლზე (2-4 ან 6 წელი), მეორე — ფისკალურ წელზე.
179 აშშ-მა ამ დროს, მაგალითად, დაშალეს მსოფლიოში ყველაზე დიდი საკომუნიკაციო კომპანია, AT&T, რომელიც სხვათა შორის “უკან ედგა” 1973 წლის გადატრიალებას ჩილეში.
180 როდესაც ვლაპარაგობთ განათლებაზე, იგულისხმება, პირველ რიგში კლასიკური ტიპის ფართო სასკოლო განათლება, მოსახლეობის ელიტალური ნაწილისათვის მაინც, პლუს ნიჭიერი ბავშვების გამოვლენის ეფექტური სისტემა. განვითარებადი ქვეყანა, რომელსაც თავისი სკოლა ძირითადად ბავშვებში უნარჩვევების გამომუშავებაზე გადაჰყავს, წინასწარ ამბობს უარს რეალური განვითარების პრეტენზიაზე.
181 ამ დროს მთავრობების ძირითადი მოტივაცია სამხედრო უპირატესობის მიღწევაშია. უფრო მეტიც, ფაქტიურად ყველა დიდი გამოგონება, დაფუძნებული ფუნდამენტურ მეცნიერებებზე, დაწყებული ბირთვული ენერგიიდან, კოსმოსური ფრენიდან, კომპიუტერიდან, ინტერნეტიდან, მოხვდა “მოქალაქეთა” ხელში მას შემდეგ, რაც ის თავის ინტესებში ჯერ სამხედროებმა დააფინანსეს და აითვისეს.
182 არსებობს გამონაკლისები, როდესაც წამყვანი ქვეყნები კრძალავენ ამა თუ იმ ტექნოლოგიების ექსპორტი განსაზღვრულ ქვეყნებში სტრატეგიული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ ეს გამონაკლისებია.
183 ამ ტიპის გადაირაღებისათვის უკვე არა მუშახელის განათლება, არამედ ვიწრო, მაგრამ ინტენსიური პროფესიული მომზადებაა საჭირო.
184 UNESCO Universal Declaration on Cultural Diversity, 2002, http://www.unesco.org/education/imld_2002 /unversal_decla.shtml
185 მსოფლიო ავტომობილიზაციას ასეთი, მასობრივ ინდივიდუალურ მომხმარებელზე ორიენტირებული ხასიათი რომ არ მიეღო, ეტყობა დღეს გლობალურ დათბობაზე ნაკლებს ვილაპარაკებდით.
186 არანაკლებ საინტერესოა ის, რომ საავტომობილო ტრანსპორტი, როგორც ასეთი, უაღრესად არაეფექტურია. იგივე მისი მოძრაობის ორგანიზაციის პრობლემები პრინციპულად მოუგვარებელია (იხილეთ მაგალითად ვერეს “სამკუთხედი” თბილისში). მაგრამ ეს, აგრეთვე, იმის მაჩვენებელია, რომ ეფექტური მარკეტინგის შედეგად 121 შესაძლებელია ფაქტიურად ნებისმიერი საქონლის რეალიზაცია, თუ ის ლამაზადაა გაფორმებული.
187 http://www.izvestia.ru/person/article3091504/index.html Человек с Земли, Наталья Кочеткова
188 საინტერესოა, რომ ბეჭდვითი პროდუქცია, მხატვრული ლიტერატურაა ეს, თუ პერიოდიკა, ამ ჭრილში პრაქტიკულად არ მოიხსენიება, ეტყობა იმიტომ, რომ მკითხველისაგან მომზადებისა და ინტელექტის განსაზღვრულ დონეს მოითხოვს, ბოლოს და ბოლოს ის შედარებით ძვირია.
189 ამ პროცესის უფრო დაწვრილებით განსახილველად იხილეთ UNDP Numan Development Report 2004. Cultural Liberty in Today's Diverse World. http://hdr.undp.org
190 ინგლისურად ეს უკეთ ჟღერს — `just a business - nothing personal~.
191 დაახლოებით ასეთივე ჯგუფს ქმნიან მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების მოხელეებიც, თუმცა ამ შემთხვევაში მათი გლობალურობის ხარისხი შედარებით ნაკლებია.
192 სიტყვა ზანგის ან შავის ხმარება ამერიკაში უაღრესად არაპოლიტკორექტულია.
193 English to be spoken by half of the world's population within 10 years, By James Burleigh, Independent, 09 December 2004
194 Closed borders and open palms. Sep 7th 2000, From The Economist print edition
195 საფრანგეთში, მაგალითად, მკაცრად რეგლამენტირებულია ფრანგული ენის წილი რადიოგადაცემებში (მინიმუმ 40%) და კვოტის დარღვევისათვის რადიოსადგურს საერთოდ მაუწყებლობის ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას; ამერიკული ფილმების ჩვენებიდან მიღებული შემოსავლის 70% მიემართება ფრანგული კინოს განვითარებაზე და ა.შ. საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ შირაკი სხვათა შორის იმითიცაა ცნობილი, რომ დემონსტრაციულად ტოვებს საერთო ევროპულ ღონისძიებებს იმ დროს, როდესაც ფრანგი მომხსენებლები ინგლისურად იწყებენ გამოსვლას.
196 HDR 2004, p.99.
197 ICT indicators: data and statistics on the ICT/telecommunication sector, http://www.itu.int/ITU-D/ict/informationsharing/index.html
198 http://www.itfacts.biz/index.php
199 ინგლისურში არსებობს ტერმინი სიდეკიცკ, რომლითაც ახასიათებენ მსახიობს, რომლის ძირითადი ფუნქციაა მუდამ იდგეს მთავარი გმირის გვერდით და თავისი გაზვიადებულად უაზრო ქმედებით წარმოაჩინოს მისი ღირსებები. სწორედ ამას აკეთებდა საბჭოთა კავშირი აშშ-ს მიმართ თავისი არსებობის უკანასკნელ წლებში.
200 ის ფაქტი, რომ ეს უბედურება ძირითადად ევროპელებს დაატყდება თავზე, რომლებიც უფრო ადვილად ხელმისაწვდომები არიან, ვიდრე აშშ, იოტისოდენა არ ცვლის კამპანიის სტრატეგიულ შედეგს.
201 მომავალში მას შეიძლება ინდოეთიც დაემატოს, მაგრამ სათუოა, რომ ეს მოკლე თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოხდეს.
202 ixileT T. palmeris leqcia saitze — http://www.polit.ru/lectures/2005/12/09/palmer.html
203 Александр Солженицын: „Сбережение народа - высшая изо всех наших государственных задач“, http://www.globalaffairs.ru/articles/5504.html, 28 Апреля 2006
204 Збигнев Бжезинский: Последний суверен на распутье, http://www.globalaffairs.ru/numbers/18/5294.html, 10 Марта 2006
205 ფაქტიურად ისლამის სისტემური კრიზისი ამ დიდი კრიზისის მხოლოდ ერთ-ერთი, თუმცა ყველაზე აქტიური შემადგენელი ნაწილია.
206 ამერიკის სოფლის მეურნეობასა და მომსახურების სფეროს ჯერ კიდევ სჭირდებათ მექსიკელი მიგრანტები, მაგრამ რაც დრო გადის, მათი მოზიდვით გამოწვეული სოციალური დანაკარგები სულ უფრო სჭარბობს უშუალო ეკონომიკურ მოგებას.
207 ეს განსაკუთრებით დასავლეთ ევროპას და რუსეთს ეხება. ბევრი მიიჩნევს, რომ ევროპა იმ დონემდეა დაკნინებული, რომ თუ უახლოეს მომავალში იქაური მუსულმანური უმცირესობა მოითხოვს ყველა ქალისათვის ჰიჯაბის ტარებას, ამას ფაქტიურად უპროტესტოდ დანებდებიან. იხილეთ თუგინდ - Thwarting „Eurabia“, By Michael Barone, Published September 27, 2005, The Washington Times, www.washingtontimes.com