![]() |
განათლების პოლიტიკის ახალი ინიციატივები სამოქალქო ინტეგრაციის კონტექსტში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი განათლება|განათლების სისტემა |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამოცემა მომზადდა EDD–ის (გერმანია) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შალვა ტაბატაძე სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი. უმცირესობათა განათლების პოლიტიკის ექსპერტი |
![]() |
1 რეზიუმე |
▲ზევით დაბრუნება |
2009 წლის ბოლოდან არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დაიწყო ან განახლდა საქართელოს განათლების სისტემაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თითოეული ინიციატივა მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, თუმცა ამ ინიციტივებს თან ახლავს გარკვეული რისკ-ფაქტორებიც, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება, განათლების პოლიტიკის გამტარებელთა მიზნის მიღწევას ხელი შეუშალოს და, მეტიც, განათლების ხარისხთან მიმართებაში უკუშედეგიც კი მოიტანოს.
ამ დოკუმენტის მიზანია მიმოიხილოს 2009 წლის ბოლოდან განათლების სისტემაში არსებული ინიციატივები სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში. დოკუმენტის პირველ ნაწილში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმცირესობათა წარმომადგენელთათვის საშეღავათო სისტემის შექმნა, სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღება, სასწავლო გეგმებში და სახელმძღვანელოებში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე, მასწავლებლის სერთიფიცირების და პროფესიული განვითარების პოლიტიკა. მეორე ნაწილში განხილულია ის საფრთხეები და რისკ-ფაქტორები, რაც ამ ინიციატივებს ახლავს თან არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებაში; დოკუმენტის მესამე ნაწილი მოიცავს რეკომენდაციებს მეორე ნაწილში მიმოხილული რისკ-ფაქტორებისა და საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
2009 წლის ბოლოდან არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა დაიწყო ან განახლდა საქართველოს განათლების სისტემაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თითოეული ინიციატივა მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, თუმცა ამ ინიციატივებს თან ახლავს გარკვეული რისკ-ფაქტორებიც, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შეიძლება, განათლების პოლიტიკის გამტარებელთა მიზნის მიღწევას ხელი შეუშალოს და, მეტიც, განათლების ხარისხთან მიმართებაში უკუშედეგიც კი მოიტანოს.
ამ დოკუმენტის მიზანია მიმოიხილოს 2009 წლის ბოლოდან განათლების სისტემაში არსებული ინიციატივები სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში. დოკუმენტის პირველ ნაწილში განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმცირესობათა წარმომადგენელთათვის საშეღავათო სისტემის შექმნა, სასკოლო გამოსაშვები გამოცდების შემოღება, სასწავლო გეგმებში და სახელმძღვანელოებში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე, მასწავლებლის სერტიფიცირების და პროფესიული განვითარების პოლიტიკა. მეორე ნაწილში განხილული იქნება ის საფრთხეები და რისკ-ფაქტორები, რაც ამ ინიციატივებს ახლავს თან არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებაში; დოკუმენტის მესამე ნაწილი მოიცავს რეკომენდაციებს მეორე ნაწილში მიმოხილული რისკ-ფაქტორებისა და საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.
![]() |
3 განათლების და მეცნიერების სამინისტროს ახალი ინიციატივები |
▲ზევით დაბრუნება |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთი ინიციატივა წამოაყენა 2009 წლის ბოლოდან და გამოსცა 2010-2011 წლების განათლების და მეცნიერების სამინისტროს გამოწვევებისა და ინიციატივების დოკუმენტი. აღნიშნული ინიციატივები შემდეგი მიმართულებებით განხორციელდება: (ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის 12%-იანი კვოტირების შემოღება; (ბ) სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდა და სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდების შემოღება 2011 წლიდან; (გ) მოსწავლეთა მაღალი დასწრების უზრუნველყოფა; (დ) ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა და განვითარება; (ე) სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება; (ვ) უსაფრთხო სკოლის კონცეფციის განვითარება და დანერგვა; (ზ) მასწავლებელთა პროფესიული დონის ამაღლება და სერტიფიცირება; (თ) ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართვა განათლების პროცესში; (ი) ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; (კ) სამინისტროს, რესურს-ცენტრებსა და სკოლებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება; (ლ) არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლის გაძლიერება; (მ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა.
ყველა აღნიშნული ინიციატივა, მეტ-ნაკლებად, გააუმჯობესებს არაქართულენოვან სკოლებში განათლების ხარისხს. ამ მიმართულებებიდან რამდენიმე საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის, თუმც უნდა ითქვას, რომ გარკვეული ინიცია ტივები ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი სახისაა; მათზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა. ამიტომ ზოგადი ინიციატივების დონეზე ანალიზის გაკეთება საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ამ დოკუმენტის ფარგლებში განხილული იქნება ის ინიციატივები, რომლებიც, ასე თუ ისე, უკვე წარმოდგენილია და მათ მნიშვნელობა აქვთ არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის. კერძოდ, დოკუმენტი განიხილავს: (1) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის საშეღავათო პოლიტიკას; (2) მასწავლებელთა სერტიფიცირებისა და პროფესიული განვითარების პოლიტიკას; (3) სასკოლო ატესტატის მნიშვნელობის გაზრდისა და სკოლის გამოსაშვები საატესტატო გამოცდების შემოღების პოლიტიკას; 4) სასწავლო გეგმების დახვეწის, ახალი საგნების შემოღების, არაქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოებში ქართული ენის წილის გაზრდის ინიციატივებს.
![]() |
4 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის საშეღავათო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არაქართულე ნოვანი აბიტურიენტების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო. 2005 წლიდან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. აღნიშნულ ღონისძიებებში, ძირითადად, იგულისხმებოდა არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი პროგრამების განხორციელება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი სასწავლებლების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ამ ღონისძიებების მიუხედავად, პრობლემა პრობლემად რჩებოდა. ბოლოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2010 წლიდან ეთნიკური უმცირესობებისთვის მისაღებ გამოცდებზე საშეღავათო პოლიტიკა გატარდეს. ამ ინიციატივის მიზანია გაიზარდოს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობა საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებს აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ და ოსურ ენებზე აბარებენ. მათ ხელი უნდა შეეწყოთ, ქართულ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი უნარ-ჩვევები შეიმუშაონ, რაც მათ გაუიოლებს ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, 2009 წლის 19 ნოემბერს მიღებული ცვლილებების შესაბამისად, დადგინდა იმ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა, რომლებიც გაივლიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის მიერ სტუდენტთა განსაზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე იღებს სტუდენტებს მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ და აფხაზურ ენებზე გავლილი ტესტების შედეგების საფუძველზე; აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხება ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღებ სტუდენტთა საერთო რაოდენობის 5-5%, ხოლო ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი სტუ- დენტები 1-1%. ამასთან, შესაბამის წელს დარეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანული, სომხურენოვანი ტესტის შედე გების საფუძველზე ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში.
ამასთან, დადგინდა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ და აფხაზურ ენებზე გავლილი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ზემოაღნიშნული პროცენტული რაოდენობა არ შედის აკადემიურ უმაღლეს და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე განსაზღვრულ სტუდენტთა რაოდენობაში.
ახალი ინიციატივის მიხედვით, იწყება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ეს პროგრამა გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჩაირიცხა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ და აფხაზურ ენებზე გავლილი ტესტების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეიძენს უნარ-ჩვევებსა და ცოდნას (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) ქართულ ენაში; ენის ცოდნის დონე უნდა იყოს ისეთი, რომ სტუდენტმა შეძლოს სწავლის გაგრძელება ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით. შესაბამისად, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს ქართულ ენაზე უმაღლესი განათლების მისაღებად აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენას. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანული, სომხურენოვანი, ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ვალდებული არიან, ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა გააგრძელონ ქართულ ენაზე და დააგროვონ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კრედიტების რაოდენობა.
საქართველოს ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ და აფხაზურენებზე გავლილი ტესტების შედეგების საფუძველზე ის სტუდენტები, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
ცვლილებებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება, დაადგინოს სახელმწიფო სასწავლო გრანტის დაფინანსების მოცულობა და ოდენობა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც გადიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს სწავლის გაგრძელების უფლება ექნება მხოლოდ ქართულ ენაზე ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის ან დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანთლებლო პროგრამით. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის 60-კრედიტიანი და მისი სწავლება სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაიცემა ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, 2012-2013 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიაროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ჩატარებამდე აკრედიტებული ან ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ითვლება აკრედიტებულად.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანული, სომხურენოვანი, ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩარიცხვის მსურველი, რომელიც გაივლის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას და აპირებს სწავლის გაგრძელებას საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით, ვალდებულია, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიაროს შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
![]() |
5 მასწავლებელთა სერტიფიცირება და პროფესიული განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის N 1101 ბრძანებით დამტკიცდა მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულება, რომელიც განსაზღვრავს მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების, მასწავლებლობის უფლების მოპოვების, სერტიფიკატის გაცემის, მასწავლებლობის უფლების განახლებისა და სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის ვადამდე ჩამორთმევის პირობებს.
დებულების შესაბამისად, საგამოცდო პროგრამა ეფუძნება დამტკიცებულ ეროვნულ სასწავლო გეგმას და დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. სასერტიფიკაციო გამოცდა შედგება შინაარსობრივი და უნარების ნაწილისაგან. სასერტიფიკაციო გამოცდა ჩაბარებულად ითვლება შინაარსობრივი და უნარების ნაწილის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში. სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში: ა) ქართული ენა და ლიტერატურა (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზური და ქართული); ბ) მათემატიკა; გ) საზოგადოებრივი მეცნიერებები: გ.ა) ისტორია, გ.ბ) გეოგრაფია, გ.გ) სამოქალაქო განათლება; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: დ.ა) ფიზიკა, დ.ბ) ქიმია, დ.გ) ბიოლოგია; ე) უცხოური ენები: ე.ა) ინგლისური, ე.ბ) გერმანული, ე.გ) ფრანგული, ე.დ) რუსული; ვ) ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნები: ვ.ა) ხელოვნება, ვ.ბ) მუსიკა, ვ.გ) ფიზიკური აღზრდა. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე. სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე მასწავლებლობის იმ კანდიდატებისათვის, რომელთაც სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში.
მასწავლებლის სერტიფიკატი მოქმედებს მისი გაცემიდან რვა წლის განმავლობაში. მასწავლებლობის უფლება უქმდება, თუ მასწავლებელი მისი მოპოვებიდან რვა წლის შემდეგ არ განაახლებს ამ უფლებას. მასწავლებლობის უფლება განახლდება რვა წლის ვადით.
2014 წლის ბოლომდე მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმ მოქმედ მასწავლებელს, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის სულ მცირე ერთი წლის სტაჟი ან წარმატებით აქვს გავლილი მაძიებლობის პერიოდი, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მუშაობის, სულ მცირე, ერთი წლის სტაჟი, მიუხედავად იმისა, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასასვლელად რეგისტრაციის მომენტისთვის არის თუ არა ის მოქმედი მასწავლებელი. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განათლებასთან დაკავშირებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჩაეთვლებათ დაკმაყოფილებულად.
დებულების მიხედვით დეტალურადაა გაწერილი სასერტიფიკატო გამოცდის პროცედურები. პირველ სასერტიფიკატო გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2010 წლის 31 მარტამდე, ხოლო სასერტიფიკატო გამოცდა ჩატარდება 2010 წლის ზაფხულში. ამ მიმართულებით აგრეთვე მნიშვნელოვანი ინიციატივაა სერტიფიცირებული მასწავლებლის ფინანსური წახალისების მექანიზმების ამუშავება და მასწავლებლის ხელფასის ზრდის მიბმა სერტიფიცირების გამოცდასთან და მის შედეგებთან.
![]() |
6 სკოლის დამამთავრებელი საატესტატო გამოცდების სისტემის შემოღება |
▲ზევით დაბრუნება |
აღნიშნული მიმართულებით კონკრეტული გაწერილი პოლიტიკის ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. აღნიშნულ რეფორმაზე საჯარო გამოსვლების დროს ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. რეფორმის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გაიზარდოს სკოლის როლი; ამას ხელს შეუწყობს სკოლის დამამთავრებელი სავალდებულო გამოცდების შემოღება 2011 წლიდან. სასკოლო გამოსაშვები გამოცდები დაეფუძნება არსებულ სასწავლო გეგმებს. სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს ექნება ატესტატის ასაღებად საჭირო დატვირთვა; მათით მოხდება მინიმალური კომპეტენციის დადასტურება. გამოცდები იმ საგნებში, რომელიც სავალდებულო იქნება უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად (უნარები, ინგლისური ენა, ქართული ენა და ლიტერატურა და მეოთხე დამატებითი საგანი შვიდი არჩევითი საგნიდან), შეასრულებენ საკონკურსო გამოცდის ფუქნციასაც. სკოლის დამთავრების სერტიფიკატი გაიცემა გამოცდების გარეშე. სერტიფიკატი იქნება მოსწავლის მიერ თორმეტი კლასის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც მოსწავლეს შეეძლება სწავლა გააგრძელოს საშუალო პროფესიული განათლე- ბის დაწესებულებაში.
გამოსაშვები გამოცდების ზუსტი რაოდენობა ჯერ საბოლოოდ დადგენილი არ არის. პრეზიდენტის განცხადებით, გამოცდების რაოდენობა იქნება ათი, თუმცა განათლების და მეცნიერების მინისტრის თქმით, გამოცდების რაოდენობა შეიძლება იყო რვა ან ათი ეს იქნება კონკრეტული, სასკოლო პროგრამაზე ორიენტირებული გამოცდები და ერქმევა სასკოლო გამოსაშვები გამოცდები
შემოღებული სისტემის მიხედვით, ტესტირება იქნება როგორც ნორმაზე, ისე კრიტერიუმებზე დაფუძნებული; ანუ, მისი გამოყენება მოხდება როგორც არსებულ სტანდარტთან მინიმალური კომპეტენციის გადასალახად, ისე სხვა მოსწავლეთა შედეგებთან შესაჯიბრებლად.
![]() |
7 სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები და ინიციატივები |
▲ზევით დაბრუნება |
სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების მხრივაც არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ზოგადი სახით ეს ინიციატივები შემდეგი მიმართულებით განხორციელდება: (ა) ეროვნული სასწავლო გეგმის დახვეწა და განვითარება თორმეტივე კლასის ყველა საგნისთვის; (ბ) ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ხუთი წლის მანძილზე უცვლელად შენარჩუნება; (გ) ახალი საგნების ინტეგრირება ეროვ-ნულ სასწავლო გეგმაში: (1) სამხედრო-პატრიოტული აღზრდა (ან სამოქალაქო თვდაცვა და უსაფრთხოება); (2) საინფორმაციო ტექნოლოგიები; (3) მსოფლიო კულტურა; (4) ფიზიკური აღზრდის გარდაქმნა სპორტის გაკვეთილებად.
რაც შეეხება, კერძოდ, სახელმძღვანელოებს, შემდეგი ინიციატივები არის წარმოდგენილი:
(ა) სასკოლო სახელმძღვანელოების ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში მოყვან; (ბ) გრიფირების წესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; (გ) გრიფირების წესის გამკაცრება; (დ) სასკოლო გამოცემებისთ-ვის ერთიანი ტექნიკური სტანდარტების დანერგვა (ზომა, წონა, ფორმა, გაყოფადობა, შრიფტი და ა.შ.); (ე) მუდმივი მონიტორინგის განხორციელება სკოლებში არაგრიფირებული წიგნების გამოყენებაზე; (ვ)მულტილინგვური სახელმძღვანელოების შექმნა და მათი 30 პროცენტის ქართული ტექსტით დატვირთვა; ესმოსწავლეებს გაუღვიძებს ქართული ენის შესწავლის ინტერესს და გაუადვილებს სწავლის პროცესს.
![]() |
8 ახალი ინიციატივების შესაძლო პრობლემები და რისკ-ფაქტორები სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა ზემოთ განხილული ინიციატივა მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისთვის. არაქართულენოვანი სკოლებისთვის თითოეულ ამ ინიციატივას თან ახლავს გარკვეული რისკ-ფაქტორებიც, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ახალი რეფორმებისა და ინიციატივების ეფექტურად განხორციელებას.
![]() |
9 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის საშეღავათო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის საშეღავათო პოლიტიკის შემოღება დაეხმარება ეთნიკურ უმცირესობებს ინტეგრაციის პროცესში; ეს პოლიტიკა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად ითვლება, თუმცა იმ სახით, რა სახითაც განხორციელდა იგი, არა ერთ საგრძნობ საფრთხეს მოიცავს, კერძოდ:
უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად სახელმწიფო ენის გაუქმებამ, შესაძლებელია, გამოიწვიოს არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის სწავლების ისედაც ძალიან დაბალი დონის გაუარესება ან, უკეთეს შემთხვევაში, აღარ მოხდეს ამ მიმართულებით სახელმწიფო ენის სწავლების გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
არაა გამორიცხული, მივიღოთ უკუპროცესი: ქართულენოვანი მოსწავლეები გადავიდნენ არაქართულენოვან სკოლებში. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია უმცირესობაში მყოფი უმრავლესობის (მაგალითად, ეთნიკურად ქართველები ჯავახეთში) პრობლე მები. მათში ისედაც შეინიშნებოდა არაქართულენოვან სკოლებში განათლების მიღების ტენდენცია.
უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც მიიღებენ დამატებით ადგილებს არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთათვის, ექნებათ ფინანსური ინტერესი, შეინარჩუნონ ეს სტუდენტები მომავალში. შესაბამისად, არის საფრთხე, რომ ერთი წლის განმავლობაში 60 კრედიტზე გათვლილი ქართული ენის კურსიც არაეფექტური გამოდგეს და ამაზე უმაღლესმა სასწავლებლებმა თვალი დახუჭონ. ეს განსაკუთრებით სავარაუდოა იმ პირობებში, როცა მისაღებ გამოცდებზე ქართული ენის ჩაბარების მოთხოვნა საერთოდ აღარ იქნება; ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს ამ პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის არანაირ მექანიზმს 2012- 2013 წლამდე. აქ ღირსაცნობია კიდევ ერთი გარემოება: სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების აბსოლუტურ უმრავლსეობას არ აქვს ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების გამოცდილება და არც შესაბამისი მიმართულებით მომზადებული პროფესორ-მასწავლებლები ჰყავს. ამ ფაქტმა, შესაძლებელია, განაპირობოს კიდეც სწავლების დაბალის ხარისხი.
ახალი ინიციატივის მიხედვით, 60-კრედიტიანი პროგრამის გავლის შემდეგ, უმაღლესი სასწავლებელი სტუდენტზე გასცემს შესაბამის სერტიფიკატს; ამის შემდეგ სტუდენტი ქართულ ენაზე გააგრძელებს უმაღლეს სასწავლებელში სწავლას. ინიციატივაში არ არის წარმოდგენილი შეფასების რა სისტემას დაეფუძნება სერტიფიკატის გაცემა. საქართველოში ჯერ არ არის განსაზღვრული ენის ფლობის დონეები, ანუ ენის ფლობის რა დონეა საჭირო უმაღლეს სასწავლებელში ქართულ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად. ასე რომ, უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული სერტიფიკატები შეიძლება ვერ იყოს სტუდენტთა რეალური ცოდნის შეფასების ადეკვატური, ანუ სტუდენტებმა შეიძლება სათანადო დონეზე არც იცოდნენ სახელმწიფო ენა და სერტიფიკატები კი მიიღონ. შესაბამისი ენობრივი კომპეტენციების გარეშე გაუჭირდებათ აკადემიური საგნების ათვისება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს ქართულ ენაში არ მოეთხოვებათ ქართულში მინიმალური ენობრივი კომპეტენციაც კი, თეორიულად დასაშვებია, რომ აბიტურიენტი, რომელიც აბსოლუტურად ვერ ფლობს სახელმწიფო ენას, გახდეს სტუდენტი; მან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში უნდა შეიძინოს აკადემიური განათლებისთვის საჭირო ენობრივი კომპეტენცია. აკადემიურ სფეროში ენობრივი კომპეტენციის მისაღწევად კი 5-8 წელია საჭირო; ეს დადასტურებულია არაერთი კვლევითა და სამეცნიერო დაკვირვებით.
აღნიშნული ცვლილებები უფრო გათვლილია ქვემო ქართლისა და ჯავახეთის აბიტურიენტების ხელშეწყობაზე, თუმცა არსებული რედაქციის შესაბამისად, შესაძლებელია, რომ კვოტების ძირითადი ნაწილი გადანაწილდეს თბილისის, რუსთავის, ახალციხის მოსწავლეებზე (სწავლების და ზოგადი განათლების უფრო მაღალი დონის გამო) და მხოლოდ მცირე ნაწილი ჯავახეთისა და ქვემო ქართლის კომპაქტურად განსახლების რაიონებზე. ამდენად, მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება სასურველ მიზანს ვერ მიაღწიოს; მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ კვოტირების პროცენტი საკმაოდ მაღალია და შეიძლება ეს საფრთხე არც დადგეს ამ ეტაპზე, თუმცა ამ საფრთხის უგულებელყოფა მაინც არ შეიძლება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ წარსულში არსებულ ტენდეციებს. საქმე ისაა, რომ არაქართულენოვანი სკოლების კუსრდამთავრებულთა დიდი ნაწილი, რომელთაც განაცხადი შეჰქონდათ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში, სწორედ არაკომპაქტურ განსახლებებზე მოდიოდა, თუმცა მათი უმრავლესობა უნარების ტესტებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არ აბარებდა.
ცნობილია, რომ ინტეგრაციის პრობლემა სერიოზულად დგას ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კვოტირების შედეგად ჩარიცხული კადრები დაუბრუნდნენ თავიანთ რეგიონებს. თუ კვოტირების შედეგად ჩარიცხული აბიტურიენტების უმრავლესობა აღარ დაბრუნდა თავ-თავიანთ რეგიონებში, ამ რეგიონების ინტეგრაციის და კადრების ნაკლებობის პრობლემა, მიუხედავად საშეღავათო სისტემის შემოღებისა, კვლავ აქტუალური იქნება.
ცვლილებების შესაბამისად, შესაძლებელია, მივიღოთ კვოტირებული სტუდენტების დიდი რაოდენობა პრესტიჟულ ფაკულტეტებსა და სპეციალობებზე, ხოლო პროფესიები, რომლებიც კადრების დეფიციტს განიცდიან, ისევ ამ პრობლემის წინაშე დარჩნენ (მაგალითად, არაქართულენოვანი სკოლები უკვე განიცდიან პედაგოგების დეფიციტს, რაც მომავალ წლებში უფრო გამძაფრდება). შესაბამისად, აღნიშნულმა ინიციატივამ ამ მიმართულებით შეიძლება ეფექტი ვერ გამოიღოს დამატებითი მექანიზმების ამუშავების გარეშე.
მნიშვნელოვანია ოსურ და აფხაზურ ენებზე ტესტირებაგავლილი აბიტურიენტების საშეღავათო პოლიტიკის საკითხი. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვანია, თუმცა წარსული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან ჩარიცხული სტუდენტები უფრო რუსულენოვნები იყვნენ, ვიდრე აფხაზურ ან ოსურენოვნები. შესაბამისად, ამ ინიციატივის შედეგად, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან წამოსული აბიტურიენტების ის მცირე რაოდენობაც კი შეიძლება ქართული უმაღლესი განათლების სისტემის მიღმა დარჩნენ; მათ შეიძლება ვერ მოახერხონ აფხაზურ და ოსურ ენებზე ზოგად უნარებში ტესტირების გავლა. ამ პრობლემის მეორე მხარე ისაა, რომ დროის მცირე მონაკვეთში - 2010 წლის მისაღები გამოცდებისთვის შეიძლება აფხაზურ და ოსურ ენებზე ტესტების შედგენაც ვერ მოხერხდეს.
![]() |
10 მასწავლებელთა სერტიფიცირება და პროფესიული განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
არავინ დავობს, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირება მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად სკოლებში. სერტიფიცირების დაგეგმილ პროცესს აქვს გარკვეული ზოგადი ხასიათის ხარვეზები, როგორც განათლების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, თუმცა ამ დოკუმენტის კონტექსტში სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები არის წარმოდგენილი:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მტკიცებით, სერტიფიცირება არის ნებაყოფლობითი პროცესი, თუმცა 2009 წლის 4 დეკემბერს დამტკიცებული მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების მიხედვით და ზოგადი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად (21/3 და 61-ე მუხლის მე-4 პუნქტი), მოქმედი მასწავლებლები, რომელთაც არ აქვთ განათლების ბაკალავრის კვალიფიკაცია, თუ 2014 წლამდე არ ჩააბარებენ გამოცდას, ვერ დააკმაყოფილებენ ზოგადი განათლების შესახებ კანონის 21/3 მუხლის მოთხოვნებს და არ მიენიჭებათ მასწავლებლის სტატუსი. ასე რომ, მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად მოქმედი მასწავლებლებისთვის სერტიფიცირება სავალდებულოა. ნებაყოფლობითია მხოლოდ არჩევანი იმისა, თუ 2010-იდან 2014 წლამდე როდის ჩააბარებს გამოცდას.
სერტიფიცირების დებულების საგნების ჩამონათვალში არ შედის აზერბაიჯანული, სომ ხური და რუსული, როგორც მშობლიური ენები, ანუ, არაქართულენოვანი სკოლის ამ საგნების მასწავლებლებისთვის არ ჩატარდება შინაარსობრივი გამოცდა და, შესაბამისად, ეს მასწავლებლები ვერ მოიპოვებენ მასწავლებლის სტატუსს. განათლების და მეცნიერების სამინისტრომ წარმოადგინა ამ მიმართულებით კიდევ ერთი ინიციატივა, რაც გულისხმობს ხელფასების გაზრდას სერტიფიცირების შედეგების შესაბამისად. მასწავლებლის სტატუსი იძლევა სხვა მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებსაც, რომელთა მიღმაც დარჩებიან ამ საგნების არასერტიფიცირებული მასწავლებლები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ამ საგნების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტებიც. ეს უკანასკნელი კი განმსაზღვრელი დოკუმენტია უმაღლესი სასწავლებლებისთვის, რომლებმაც მომავალი მასწავლებლების პროგრამები უნდა დაგეგმონ. თუ არ გვექნება ამ საგნების მასწავლებლების სტანდარტები, შესაძლებელია, უმაღლესმა სასწავლებლებმა აღარ მოამზადონ ამ საგნების პედაგოგები. აღნიშნული პროცესი, უკვე რეალურად დაწყებულია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში.
სერტიფიცირების დებულების საგნობრივ ჩამონათვალში არ არის შეტანილი ქართული, როგორც მეორე ენა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულის, როგორც მეორე ენის, სასწავლო გეგმა არსებობს ცალკე მოსწავლეთათვის და არსებობს ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლის საგნობრივი ცალკე სტანდარტი. აღნიშნული რედაქციის დატოვების პირობებში, ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლებს მოუწევთ პროფესიული განვითარების პროგრამები გაიარონ ქართულის, როგორც მშობლიური ენის, სწავლების მიმართულებით და გამოცდებიც ჩააბარონ იმავე ტესტებით, რა ტესტებითაც აბარებენ ქართულის, როგორც მშობლიური ენის, პედაგოგები. სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო დრომდექართულის სწავლება ხდებოდა მშობლიური ენის მეთოდიკით და სასწავლო გეგმით, რასაც არანაირი შედეგი არ ჰქონდა. მხოლოდ ბოლო წლებში მოხდა მასწავლებლების გადამზადება ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების მეთოდიკაში და სასწავლო პროცესის შესაბამისად დაგეგმვა. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ მათი პროფესიული განვითარება და სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარება არ მოხდეს ქართულის, როგორც მშობლიური ენის, მიხედვით. ამას შეიძლება ცუდი შედეგი ჰქონდეს ქართული ენის სწავლების თვალსაზრისით არაქართულენოვან სკოლებში.
![]() |
11 სკოლის დამამთავრებელი საატესტატო გამოცდების სისტემის შემოღება |
▲ზევით დაბრუნება |
საატესტატო გამოცდების შემოღება ერთ-ერთი ეფქტური გზაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არაქართულენოვანი სკოლების ინტეგრაციისთვის. არაქართულენოვანი სკოლები საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმითა და შესაბამისი სახელმძღვანელოებით ისარგებლებენ სწავლების პროცესში, რათა ამ სკოლების კურსდამთავრებულებმა შეძლონ საატესტატო გამოცდების ჩაბარება. თუმცა, წარსულში არსებული პრობლემები სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების მიმართულებით, შეიძლება გარკვეულ პრობლემად იქცეს საატესტატო გამოცდების ჩატარებისას, კერძოდ:
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შეტანა არაქართულენოვან სკოლებში საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა სამი ფაქტორის გამო: 1) რეფორმის ერთი წლით გვიან დაწყება ამ სკოლებში; 2) სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი და სახელმძღვანელოების დაგვიანებით მიწოდების პრობლემა; 3) სახელმძღვანელოების სიძვირე და სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან უფასოდ მიღებული სახელმძღვანელოები. არაქართულენოვანმა სკოლებმა ან ძალიან გვიან დაიწყეს ან საერთოდ ვერ დაიწყეს საქართველოს ახალი სასწავლო გეგმებითა და სახელმძღვანელოებით მუშაობა (მაგალითად, 2007-2008 წლებში მხოლოდ სოციალური პროგრამების ფარგლებში შეძენილი სახელმძღვანელოები შევიდა სკოლებში). შესაბამისად, ახალ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგამოცდო სისტემა შეიძლება პრობლემად იქცეს ამ რეგიონებში და გამოიწვიოს მასიურად დაბალი შედეგების დაფიქსირება. ამასშეიძლება გარკვეული სოციალური პროტესტიც კი მოჰყვეს.
მნიშვნელოვანი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს ქართული ენის, როგორც მეორე ენის, საატესტატო გამოცდამ. ამ მხრივ, ორი ტიპის პრობლემაა: (ა) იმ პირობებში, როცა სახელმწიფო აღიარებს, რომ ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ენის სწავლება და ამიტომ ხსნის ქართული ენის გამოცდას მისაღები გამოცდებიდან, ამავე დროს ყველასთვის ატარებს გამოსაშვებ საატესტატო გამოცდას, თანმიმდევრული ნამდვილად არ არის; ამან შეიძლება ბევრი მოსწავლე უატესტატოდ დატოვოს. (ბ) მნიშვნელოვანია, თვითონ გამოცდის შინაარსი და ფორმატი საატესტატო გამოცდები მიბმული უნდა იყოს სასწავლო გეგმებზე, ანუ სასწავლო გეგმებს უნდა დაეფუძნოს გამოცდები; როგორ უნდა ჩატარდეს ქართულის, როგორც მეორე ენის, გამოცდა აბსოლუტური გაურკვევლობაა. შემუშავებული პირველი-მეთორმეტე კლასების სტანდარტი გულისხმობს, რომ მოსწავლე მიაღწევს მეთორმეტე კლასში გარკვეულ ენობრივ კომპეტენციებს, თუ პირველი კლასიდან ახალი სასწავლო გეგმით შეისწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას. მაგრამ 2011 და შემდგომ წლებში კურსდამთავრებულები ენას არ სწავლობდნენ ახალი სასწავლო გეგმის შესაბამისად პირველი კლასიდან, ისინი სწავლობდნენ ენას სახელმძღვანელო „თავთავით“, რომელიც ოფიციალურ სასწავლო გეგმას არ ეფუძნებოდა და რომლის სწავლებაც სხვადასხვანაირად მიმდინარეობდა სხვადასხვა კლასში და სხვადასხვა სკოლაში, სხვადასხვა ქალაქსა თუ სხვადასხვა რეგიონში. შე საბამისად, მოსწავლეები ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებენ მე-12 კლასის მიხედვით განსაზღვრულ სასწავლო გეგმას ენობრივი კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით და მათი უმეტესობა ვერ გადალახავს ამ სტანდარტისთვის განსაზღვრულ მინიმუმსაც კი.
არაქართულენოვან სკოლებში ახალი სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების შეტანა ერთი წლით გვიან დაიწყო. შესაბამისად, 2012 წელს განსხვავება იქნება ქათულენოვან და არაქართულენოვან სკოლის კურსდამთავრბულებს შორის; მათ ხომ განსხვავებული სასწავლო გეგმით გაიარეს მე-7-9 კლასები და მეტ-ნაკლებად განსხვავე-ბული სასწავლო გეგმით დაფარეს მე-10-12 კლასები. აღნიშნულმა სხვაობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს 2012 წელს ჩასატარებელ საატესტატო გამოცდების შედეგებზე, თუ იგი დაეფუძნება იმ სასწავლო გეგმას, რომლის მიხედვითაც არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებს არ უსწავლიათ.
ზოგადი განათლების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება არასახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს, საქართველოს ისტორია, საქართველოს გეოგრაფია და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებები უნდა ისწავლებოდეს ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - ქართულად ან აფხაზურად. იმავე კანონის 58-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი „ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი უნდა ამოქმედდეს ეტაპობრივად, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა“. თუ აღნიშნული დებულება დარჩა კანონში, მაშინ შეიძლება არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებს მოუწიოთ საატესტატო გამოცდების ჩაბარება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებსა თუ საგნობრივ ჯგუფებში სახელმწიფო ენაზე, რადგან კანონის მოთხოვნა სახელმწიფო ენაზე სწავლების შესახებ ვრცელდება შეფასების კომპონენტზეც; საატესტატო გამოცდა კი არის სწავლების პროცესის შეფასების ერთ-ერთი ფორმა. გამოცდების ჩაბარება საზოგადოებრივ მეცნიერებებში სახელმწიფო ენაზე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებს. აღნიშნული დებულება ბევრი სხვა მოსაზრებების გამოც იწვევს სერიოზულ პრობლემებს.
![]() |
12 სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სერიოზული ცვლილებაა დაგეგმილი, თუმცა მათთან დაკავშირებით შესაძლო რისკ-ფაქტორების ანალიზი საკმაოდ ჭირს, რადგან ამ საკითხების განხილვა ზოგადი მსჯელობის იქით არ წასულა. ზოგადი ხასიათის საჯარო განცხადებები კი ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი იყო. ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს ამ მიმართულებით და მხოლოდ 2010 წლის აპრილის თვეში იქნება კონკრეტული ცვლილებები ეროვნულ სასწავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოებში და შესაძლებელი გახდება შესაბამისი ანალიზის გაკეთებაც. ამ ეტაპზე არაქართულენოვან სკოლებთან მიმართებაში ცხადად გამოიკვეთა ახალი საგნების მასწავლებლებით უზრუნველყოფის პრობლემა. ზოგადი ხასიათის განცხადებებზე დაფუძნებით, შესაძლებელია გარკვეული რეკომენდაციების შეთავაზება, რაც დოკუმენტის შემდეგ ნაწილში იქნება წარმოდგენილი.
![]() |
13 რეკომენდაციები და წინადადებები განათლების სისტემის ინიციატივების ეფექტურობის გაზრდისთვის სამოქალაქო ინტეგრაციის კონტექსტში |
▲ზევით დაბრუნება |
რეკომენდაციები და წინადადებები გამომდინარეობს ზემოთ განხილული რისკ-ფაქტორებიდან. ცხადია, ყველა რისკ-ფაქტორის თავიდან არიდება ვერ მოხერხდება; შესაბამისად, აქ მხოლოდ პრაქტიკაში რეალიზებადი რეკომენდაციებია წარმოდგენილი.
![]() |
14 ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ეთნიკური უმცირესობებისთვის საშეღავათო პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
აბიტურიენტების ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებელში უნარების ტესტზე დაყრდნობით აუცილებელი ინიციატივაა, თუმცა მნიშვნელოვანია ქართულ ენაში ჩატარდეს ენობრივ კომპეტენციაზე დაფუძნებული საკვალიფიკაციო გამოცდები მინიმალური მოთხოვნებით. აღნიშნული გამოცდა შეიძლება გადავიდეს სკოლის საატესტატო გამოცდადაც; ამ შემთხვევაში საჭირო იქნება გაიმიჯნოს სკოლის დასამთავრებლი მინიმალურ კომპეტენციის ზღვარი და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად საჭირო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მხოლოდ ამ საკვალიფიკაციო ტესტების ჩაბარების შემდეგ შეიძლება მიენიჭოს აბიტურიენტს მისაღებ გამოცდებზე გასვლის უფლება. ის აბიტურიენტები, რომლებიც ქართულისა ენის კომპეტენციის ევროსაბჭოს დონეების მიხედვით (არაუმეტეს 1 დონისა) დამდგენ ტესტებს წარმატებით ჩააბარებენ, დაიშვებიან უნარების შემმოწმებელ ეროვნულ გამოცდებზე და შიდა კონკურენციის პირობებში მოხდება მათი უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა. გასათვალისწინებელია განათლების და მეცნიერების სამინისტროს კონტრ-არგუმენტი - თუნდაც საკვალიფიკაციო გამოცდების პირობებში შესაძლებელია ენაში გამოცდა პრობლემად იქცეს აბიტურიენტებისთვის და მთლიანად დაიკარგოს ცვლილებების არსი. ამიტომ მნიშვნელოვანია საგამოცდო ტესტები დაეფუძნოს არა არსებულ სასწავლო გეგმას, არამედ ევროსაბჭოს ენობრივი კომპეტენციების დონეებს და მინიმალური ზღვარი გავიდეს პირველ დონეზე. მეცნიერული კვლევები ადასტურებს, რომ ენის შესასწავლად საჭიროა ხუთი-რვა წელი, რათა სტუდენტმა შეძლოს ამ ენაზე უმაღლეს სასწავლებელში საგნები ისწავლოს. თუ მოსწავლეს არ გააჩნია ენობრივი კომპეტენცია, ერთი წლის განმავლობაში ვერ აითვისებს ისე, რომ უმაღლესი სასწავლებლის საგნები დაძლიოს. ასე რომ, უმაღლეს სასწავლებელში ერთწლიანი ქართული ენის პროგრამა არ იქნება საკმარისი ამ სტუდენტებისთვის.
უნდა შემუშავდეს ენის ფლობის დონეების სისტემა და შეფასება მოხდეს ამ დონეების შესაბამისად. ანუ, განისაზღვროს ენობრივი კომპეტენციების ის დონე, რომელიც უზრუნველყოფს, სტუდენტის მიერ მომდევნო წლებში სახელმწიფო ენაზე სწავლებას; ქართული ენის საგანმანათლებო პროგრამის გავლის სერტიფიკატი და მომდევნო კურსებზე სწავლის უფლება უნდა დაეფუძნოს ენის ფლობის დონეების შესაბამისად შედგენილი სტანდარტიზებული ტესტირების სისტემას.
უნდა მოხდეს ქართული ენის საგანამანთლებლო პროგრამების აკრედიტაცია ამ პროგრამების ხარისხის უზრუნველსაყოფად და მხოლოდ აკრედიტირებულ პროგრამებზე მიეცეთ სტუდენტებს სერტიფიკატი შესაბამისი შეფასების სისტემის გავლის შემთხვევაში.
უმჯობესი იქნება, კვოტები გამოიყოს სპეციალობების შესაბამისად. კარგი იქნება, თუ ეს კვოტები უმეტესად რეგულირებად პროფესიებზე გავრცელდება, ხოლო არარეგულირებადის ხვედრითი წილი მოიკლებს; ამას საბაზრო ეკონომიკა და შრომის ბაზარი თვითონ დაარეგულირებს.
კვოტების უდიდესი ნაწილი უნდა გადანაწილდეს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლების კურსდამთავრებულებზე. აქ გვაქვს რისკ-ფაქტორი: ამ გადანაწილების შედეგად არ მოხდეს თბილისის სკოლებიდან რეგიონის სკოლებში მოსწავლეთა გადინება კორუფციული ან სხვა გარიგებების შედეგად. ვფიქრობ, ამ რისკ-ფაქტორის რეგულირება შესაძლებელია; მშობლები და მოსწავლეები, ალბათ, თვითონ იქნებიან დაინტერესებულნი, რომ მათ სკოლებში არ ირიცხებოდნენ ფიქტიური მოსწავლეები თბლისიდან. კარგი იქნება, თუ თბილისიდან აღნიშნული რეგიონების სკოლებში მოსწავლეთა გადასვლის თითოეული შემთხვევა შეუთანხმდება განათლების სამინისტროს, რათა ამ პროცესმა არ მიიღოს მასიური და უკონტროლო ხასიათი. ვფიქრობ, თბილისიდან რეგიონებში მოსწავლეთა ფიქტიური გადინების პროცესის რეგულირება გაცილებით მარტივია, ვიდრე იმის რეგულირება, რომ კვოტირებული ადგილების დიდი ნაწილი არ გადანაწილდეს თბილისის, რუსთავის და ახალციხის აბიტურიენტებზე.
საჭიროა შემუშავდეს საკონტრაქტო სისტემა კვოტირების შედეგად ჩარიცხულ სტუდენტებთან, რათა ისინი დაბრუნდნენ და დასაქმდნენ თავ-თავიანთ რეგიონებში.
უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ უმაღლეს სასწავლებლებს ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებისას, პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადებისას, სასწავლო გეგმებისა და სილაბუსების, სასწავლო ლიტერატურის შედგენისას. აქ კარგი იქნებოდა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურად ჩართვა.
მნიშვნელოვანია, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობა ინფორმირებული იყოს აღიშნული საშეღავათო პოლიტიკის შესახებ, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში განცხადების შეტანის მსურველთა რაოდენობა. ამ პროცესში, შესაძლებელია, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების აქტიურად ჩართვა.
უნდა განისაზღვროს მისაღები გამოცდების საშეღავათო პოლიტიკის ვადა და ეს მოხდეს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში, რათა მოსწავლეებში არ შემცირდეს სახელმწიფო ენის სწავლების მოტივაცია. საშეღავათო პოლიტიკა შეიძლება განხორციელდეს გარდამავალ პერიოდში და შეიძლება გაგრძელდეს 2019 წლამდე, ანუ პერიოდამდე, როცა ახალი სასწავლო გეგმების რეფორმირებული კლასის მოსწავლეები დაამთავრებენ სკოლას. (2007 წლიდან არაქართულენოვანი სკოლების პირველი კლასები ახალი სასწავლო გეგმის შესაბამისად სწავლობენ და ისინი სკოლას 2019 წელს დაამთავრებენ.)
![]() |
15 მასწავლებელთა სერტიფიცირება და პროფესიული განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
საჭიროა არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგებთან საინფორმაციო კამპანიის წარმოება სერტიფიცირების პროცესის თაობაზე; ამ უკანასკნელზე ისინი უნდა ფლოფდნენ სრულყოფილ ინფორმაციას მშობლიურ ენაზე. ამ მიმართულებითაც არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების როლი ერთობ დიდია.
კარგი იქნება გაიზარდოს, არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგთა პროფესული განვითარების პროგრამების დაფინანსება და წახალისდნენ ამ მიმართულებით მომუშავე პროვაიდერები.
მნიშვნელოვანია, სომხური და აზერბაიჯანული, როგორც მშობლიური ენა, შევიდეს მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულების საგნობრივ ჩამონათვალში; ასეთ შემთხვევაში ამ საგნების მასწავლებლებს მიეცემათ მასწავლებლის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და შესაბამისი სოციალური გარანტიების მიღების საშუალება. ამასთან, უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა უზრუნველყონ ამ საგნების მომავალი მასწავლებლების მომზადება.
ქართული, როგორც მეორე ენა, უნდა შევიდეს მასწავლებელთა სერტიფიცირების დე ბულების საგნობრივ ჩამონათვალში. ამით არაქართულენოვანი სკოლის ქართული ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მოხდება ქართულის, როგორც მეორე ენის,
სწავლების მიმართულებით; უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა მოამზადონ ქართულის, როგორც მეორე ენის, მომავალი მასწავლებლები და სასერტიფიკატო გამოცდების ტესტები შედგენილი უნდა იყოს ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელთა სტანდარტზე დაფუძნებით.
![]() |
16 სკოლის დამამთავრებელი საატესტატო გამოცდების სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
მნიშვნელოვანია, რომ საატესტატო გამოცდებში არაქართულენოვანი სკოლებისთვის გამოიკვეთოს გონივრული და რეალური მინიმალური კომპეტენციების ზღვარი ახალი სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების დანერგვის პრობლემების გათვალისწინებით; ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოსწავლეებსს არ შეექმნათ სერიოზული დაბრკოლება ატესტატის მიღებისას.
საჭიროა, 2012 წლის საატესტატო გამოცდების ტესტებში გათვალისწინებული იყოს ქართულენოვან და არაქართულენოვან სკოლის კურსდამთავრებულთა სასწავლო გეგ-მაში არსებული განსხვავებები.
ცვლილებები უნდა შევიდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონში და საზოგადოებ რივი მეცნიერებების მხოლოდ სახელმწიფო ენაზე სწავლების მოთხოვნა გადავადდეს. ვადა განისაზღვროს მულტილინგვური განათლების რეფორმისა და მისაღებ გამოცდებზე საშეღავათო სისტემის პოლიტიკის კონტექსტში.
![]() |
17 სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ მიმართულებით უფრო კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება შესაძლებელი იქნება კონკრეტული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ. ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები კი შემდეგია:
არაქართულენოვანი სკოლების კონტექსტში მნიშვნელოვანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში და მაქსიმალური აქცენტის გაკეთება სამოქალაქო განათლებაზე. შესაბამისად, აქცენტი უნდა გაკეთდეს სამოქალაქო განათლების სასწავლო გეგმის გაძლიერებასა და განხორციელებაზე. თუ საგანი გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვას და უსაფრთხოებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არაქართულენოვან სკოლებთან მიმართებაში სამოქალაქო განათლებაა პრიორიტეტული და აღნიშნული საგანიც შეიძლება ამ კონტექსტში ჩაჯდეს.
საჭიროა დაიგეგმოს და გატარდეს ის ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს სამხედროპატრიოტული აღზრდის/სამოქალაქო თავ დაცვის და უსაფრთხოების საგნის სწავლებას უმცირესობათა ენებზე.
კარგი იქნებოდა მსოფლიო კულტურის საგნის შემოღება; ეს მოსწავლეებში ინტერკულტურულ მგრძნობელობას და სხვადასხვა კულტურის პატივისცემას განავითარებდა. სასურველია, კურსი მოიცავდეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების კულტურებსაც და ამ კულტურათა როლს მსოფლიო კულტურისა თუ ქართული კულტურის ისტორიაში.
მულტილინგვური სახელმძღვანელოების შემოღებისას მთავარია არსებული გამოცდილების გაზიარება და არა მექანიკურად სახელმძღვანელებში სახელმწიფო ენის მოცულობის 30%-ით განსაზღვრა. ამ მიმართულებით ოთხი ტიპის გამოცდილება არსებობს, რომელთაც აქვთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები: ა) მთლიანად ორენოვანი სახელმძღვანელოები; ბ) სახელმწიფო ენაზე არსებული სახელმძღვანელოები და მშობელთათვის სპეციალურად შექმნილი დამხმარე სახელმძღვანელოები, რათა მშობლებმა შეძლონ შვილების დახმარება სწავლისას; ეს გაზრდის მშობელთა ჩართულობასაც; გ) ერთენოვანი სახელმძღვანელოები (სახელმწიფო და მშობლიური) და მათი გამოყენების მონაცვლეობა კლასის, სკოლის და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით; დ) ორენოვანი სახელმძღვანელოები, რომელთა შემთხვევაში ენის გამოყენება ხდება არა მექანიკურად, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ლინგვისტური და მეთოდური ასპექტების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანი სწორედ ეს ასპექტებია და არა პროცენტული გადანაწილება. საქართველოს კონტექსტში მეოთხე მიდგომა, ალბათ, ყველაზე ოპტიმალურია; ამავე დროს - ყველაზე რთულად განსახორციელებელი, როგორც საკადრო, ისე ფინანსური რესურსების თვალსაზრისით.
![]() |
18 ბიბლიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ 2010 წლის 14 და 21 იანვრის გადაცემები. მოპოვებულია 2010 წლის 16 თებერვალს ვებ-გვერდიდან http://www.1tv.ge/showarchive/Video-View.aspx?LangID=1&Location=124
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის პოლიტიკის დოკუმენტი შალვა ტაბატაძის ავტორობით (2009) - განათლების რეფორმა და არაქართულენოვანი სკოლები. მოპოვებულია ვებ-გვერდიდან http://cipdd.org/index.php?lang_id=ENG&sec_id=40&info_id=398
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეზენტაცია „2010-2011 წლების გამოწვევები და ინიციატივები“. მოპოვებულია 2010 წლის 17 თებერვალს ვებ-გვერდიდან http://mes.gov.ge/
საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ (2005).
საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ (2004).
საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (2009), მასწავლებლის სერტიფიცირების დებულება. მოპოვებულია ვებ-გვერდიდან http://www.tpdc.ge/index.php?mact=News,cntnt01,detail,0&hl=ge&ccid=206