![]() |
სასამართლო ჟურნალისტიკის სახელმძღვანელო |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი მედია |
საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: გამოცემულია სამართლებრივი განათლების ასოციაცია ALPE-ს და ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის ICFJ-ს მიერ ოქტომბერი 2002 ALPE სამართლებრივი განათლების ასოციაცია თბილისი, ინგოროყვას 14 ტელ: 935841 922914 ფაქსი: 920596 ელ-ფოსტა: alpeonline@gol.ge www.samartali.ge ICFJ ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი 1616 H st., NW III floor Washington D.C. 20006 USA www.icfj.org |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე, დემოკრატიული და მიუკერძოებელი საზოგადოება საჭიროებს ისეთ სასამართლო სისტემას, რომელიც არა მხოლოდ დაფასებული და მისაღები უნდა იყოს მისთვის, არამედ - გამჭვირვალე და სამართლიანი. ჟურნალისტებს შეუძლიათ სწორედ ამგვარი სისტემის ჩამოყალიბებას და შენარჩუნებას შეუწყონ ხელი სასამართლო და საკანონმდებლო საკითხების სისტემატიური გაშუქებით. როგორ მუშაობს სასამართლო სისტემა, როდის აკეთებს ის თავის საქმეს და როდის არა - აი, ის საკითხები, რომელთა გაშუქებითაც ჟურნალისტები დახმარებას გაუწევენ მოქალაქეებს გაერკვნენ ამ სისტემაში. ამასთან, ისინი დაამკვიდრებენ პატივისცემას კანონის მიმართ და ნათელს მოჰფენენ იმ პრობლემებს ან გამიზნულ მცდელობებს, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლო რეფორმის განხორციელებას.
ეს სახელმძღვანელო გამოკვეთს საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებულ პრინციპულ საკითხებს და მკითხველს სთავაზობს იდეებს, თუ როგორ უნდა გაკეთდეს საინტერესო რეპორტაჟი სასამართლო პროცესის შესახებ. ამას გარდა, ის ეხება ისეთ პრობლემებსა და საინტერესო სახიფათო მომენტებს, რომლებიც მხოლოდ სასამართლო ჟურნალისტიკას ახასიათებს. ამ წიგნში მოყვანილი დეტალები რეალურია და შეესაბამება მისი გამოქვეყნების მომენტს, მაგრამ რადგანაც საქართველოში სასამართლო რეფორმა კვლავ გრძელდება, ჟურნალისტებმა ამ სახელმძღვანელოს გამოყენებისას უნდა შეამოწმონ ნებისმიერი ინფორმაცია და კომპეტენტური სამართალმცოდნეების დახმარებით შეუსაბამონ არსებულ სიტუაციას. ეს წიგნი მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს სამართლებრივ საკითხებზე კვალიფიციური და საინტერესო სიუჟეტების შექმნაში, რომელთა საშუალებითაც საზოგადოება უკეთ გაეცნობა სასამართლო სისტემას.
ამ სახელმძღვანელოს ბოლოს თქვენ იხილავთ შესაბამისი ორგანიზაციების და ვებ გვერდების მისამართებს, საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმისა და ზოგადად სასამართლო სისტემის შეფასებას, სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტების განმარტებებს, სამართლის ძირითადი სფეროების მონახაზს და სამართლებრივი ტერმინების განმარტებით ლექსიკონს.
![]() |
2 ნაწილი 1. სასამართლო ხელისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კონსტიტუციით ქვეყნაში განისაზღვრება ხელისუფლების სამი შტო - საკანომდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო.
საკანონდებლო ხელისუფლებას წარმოადგენს პარლამენტი, რომელიც პასუხისმგებელია კანონების მიღებაზე
აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს პრეზიდენტი და სახელმწიფო კანცელარია, რომელიც პასუხისმგებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღსრულებაზე
სასამართლო ხელისუფლებას წარმოადგენს საერთო სასამართლოები და საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების ყველა დანარჩენ შტოს, რათა ადგილი არ ჰქონდეს კანონის დარღვევას და უზრუნველყოს მისი შესაბამისი გამოყენება
საქართველო, ევროპის უმეტესი ქვეყნების მსგავსად, წარმოადგენს კონტინენტური საკანონმდებლო სისტემის ნაწილს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქ იწერება კოდექსები სხვადასხვა სამართლებრივი სფეროებისთვის. ესენია: სამოქალაქო კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, ადმინისტრაციული კოდექსი და შესაბამისი საპროცედურო კოდექსები.
მე-6 მუხლი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციისა, რომელსაც საქართველოს შეუერთდა, ამბობს: „ყველა ადამიანს, საკუთარი სამოქალაქო უფლებების და ვალდებულებების დასაცავად, ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის აღძვრის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა სასამართლომ უმოკლეს ვადაში, სამართლიანად და საჯაროდ“.
საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მოწყობა და სტრუქტურა 1995 წელს, პარლამენტის მიერ მიღებული ქვეყნის კონსტიტუციით განისაზღვრება. მისი მეხუთე თავი მთლიანდ სასამართლო ხელისუფლებისადმია მიძღვნილი. აქ განსაზღვრულია ყველა სასამართლო ორგანო, რომელიც განახორციელებს მართლმსაჯულებას ქვეყანაში (საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები, საომარ პირობებში საერთო სასამართლოების სისტემაში არსებული სამხედრო სასამართლოები). კონსტიტუციით საქართველოს პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებაა და შესაბამისი მუხლი მეხუთე თავში განსაზღვრავს პროკურატურის უფლებამოსილებას, კომპეტენციას და ზოგიერთ პროცესუალურ წესს.
იმისათვის, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, კონსტიტუცია კრძალავს სპეციალური ან საგანგებო სასამართლოს შექმნას. კონსტიტუციის მეხუთე თავი განსაზღვრავს ისეთ ზოგად პრინციპებს, როგორებიცაა:
სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა;
მოსამართლის დამოუკიდებლობა, ხელშეუხებლობა, უსაფრთხოება;
სასამართლო საჯაროობა;
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, კომპეტენცია, შექმნის წესი;
უზენაეს სასამართლოს უფლებამოსილება, კომპეტენცია, შექმნის წესი
![]() |
2.1 თავი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო |
▲ზევით დაბრუნება |
საკონსტიტუციო სასამართლო შექმნილია კონსტიტუციური კონტროლისთვის, აგრეთვე იმისათვის, რომ დაცული იყოს და შესრულდეს კონსტიტუციის მუხლები. ის კონსტიტუციური კონტროლის ყველაზე მაღალი სასამართლო ორგანოა. კონსტიტუცია განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლის შემადგენლობით, რომელთაც 10 წლით აქვთ მინიჭებული უფლებამოსილება. სასამართლოს შემადგენლობა პარიტეტის საფუძველზე ყალიბდება: სამ წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, სამს - ირჩევს პარლამენტი სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, დანარჩენ სამს კი ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
კონსტიტუცია განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ საკითხთა წრეს, რომლებზედაც მან გადაწყვეტილებები უნდა გამოიტანოს. ესენია:
ა) კანონის და პრეზიდენტის (ასევე, აფხაზეთის, აჭარის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა) ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები;
ბ) სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციასთან დაკავშირებულ დავები;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხები;
დ) რეფერენდუმებისა და არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხები;
ე) საერთაშორისო ხელსეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხები;
ვ) მოქალაქის სარჩელის საფუძველზე ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხები კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულ დებულებებთან მიმართებაში.
საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს კონსტიტუციით და ორგანული კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებსაც.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის საფუძველია საქართველოს მოქალაქის, საქართველოს იურიდიული პირების, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის, სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, სახალხო დამცველის მიერ შეტანილი სარჩელი ან წარდგინება.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას.
2002 წლის 12 თებერვალს მიღებული შესწორებებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში, მათ შორის:
- სარჩელის შეტანის უფლება მიენიჭა საქართველოს იურიდიულ პირებს (კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებაში)
- თუ სარჩელი ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სადაო ნორმატიული აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად აღიარება არ არის საფუძველი განხილვის შეწყვეტისა ან შეჩერებისთვის
- მნიშვნელოვნად შემცირდა განხილვის ვადა, ანუ დროის ის მონაკვეთი, როდესაც სასამართლომ უნდა დაამთავროს საქმის განხილვა და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ეს არის ექვსი თვე საქმის არსებითად განსახილველად მიღების დღიდან. ზოგ შემთხვევაში, თუ ის ეხება მაგალითად, პრეზიდენტის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევების, ან რეფერენდუმის დანიშვნის კონსტიტუციურობას, ეს ვადები კიდევ უფრო შემჭიდროვებულია და 15, 17, 30 დღეს მოიცავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ასევე არსებობს ორგანული კანონი, რომელიც დეტალურად აწესრიგებს მისი უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წესს და კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ.
![]() |
2.2 თავი 2. საერთო სასამართლოები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში სასამართლო ორგანოთა მოწყობა, სისტემა და კომპეტენცია განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და 1998 წელს პარლამენტის მიერ მიღებილი ორგანული კანონით‚ საერთო სასამართლოების შესახებ“.
ქონებრივ დავასთან, მორალური ან მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან, კომერციული (შპს, სააქციო საზოგადოება) და არაკომერციული იურიდიული პირების (კავშირი) რეგისტრაციასთან, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენასა და სხვა სამოქალაქო უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი საერთო სასამართლოების კომპეტენციაში შედის. საერთო სასამართლოები ასევე განიხილავენ სისხლის სამართლის საქმეებსა და ადმინისტრაციულ დავებს.
საქართველოს საერთო სასამართლოებია:
უზენაესი სასამართლო;
საოლქო სასამართლო;
რაიონული (საქალაქო) სასამართლო;
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები.
საერთო სასამართლოები სამ ინსტანციად იყოფა:
I ინსტანცია - რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების კოლეგიები; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია.
II ინსტანცია (აპელაცია) - თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სააპელაციო პალატები.
III ინსტანცია (კასაცია) - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატები და დიდი პალატა. ის საბოლოო ინსტანციის სასამართლოა და გადასინჯავს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებებს
● საქართველოს უზენაესი სასამართლო
საქართველოს უზენაესი სასამართლო არის მართლმსაჯულების ყველაზე მაღალი ორგანო საქართველოში. უზენაესი სასამართლო ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო სასამართლოებში. უზენაესი სასამართლოს მუშაობას უძღვება თავმჯდომარე, რომელსაც პრეზიდენტის წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ასევე 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. ამჟამად, უზენაეს სასამართლოში 30 მოსამართლეა.
უზენაეს სასამართლოში შექმნილია სამი საკასაციო პალატა და ერთი სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია. ესენია:
1. სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა;
2. სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
3. ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა;
4. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია.
თითოეულ პალატას და კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2001 წლიდან ფუნქციონირებს დიდი პალატა, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, პალატების თავმჯდომარეებისა და პლენუმის მიერ პალატებიდან არჩეული არანაკლებ თორმეტი მოსამართლისაგან.
საქმეები განიხილება 9 მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ: „ა) საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) საქმის სირთულიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს ნორმის ახლებურ განმარტებას და გ) საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას“, პალატის სხდომებს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით - ერთ-ერთი საკასაციო პალატის თავმჯდომარე.
უზენაესი სასამართლოს პალატები სამი წევრის შემადგენლობით საკასაციო წესით განიხილავენ საჩივრებს სააპელაციო და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგია პირველი ინსტანციით განიხილავს განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის საქმეებს, როგორებიცაა, მაგალითად, სახელმწიფოს ღალატი, ჯაშუშობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ღიაა და თითოეული მათგანი იბეჭდება სპეციალურ გამოცემაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
უზენაესი სასამართლოს პლენუმი
უზენაეს სასამართლოში შექმნილია პლენუმი, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აგრეთვე, აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების და უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლისაგან.
პლენუმის უფლებამოსილებებია:
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების და იუსტიციის საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა;
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით უზენაესი სასამართლოს კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებისა და შემადგენლონის არჩევა;
საქართველოს კონსტიტუციის 64-65-ე მუხლების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხის განხილვა;
კოლეგიისა და პალატების თავმჯდომარეების მოხსენებების, აგრეთვე, კოლეგიისა და პალატების საქმიანობის სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებების მოსმენა;
უზენაესი სასამართლოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს შექმნა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით მისი რედაქტორისა და სარედაქციო კოლეგიის დანიშვნა; უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა და მისი შემადგენლობის დამტკიცებ;
სასამართლოს პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე სასამართლოების მიერ კანონთა გამოყენებისას ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით რეკომენდაციების მიღება და გამოქვეყნება და კანონით დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
საკონსტიტუციო სასამართლოს მსგავსად, არსებობს ცალკე ორგანული კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებაც“, რომელიც დეტალურად აწესრიგებს მისი უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წესს.
● საოლქო სასამართლოები
საქართველოში ორი საოლქო სასამართლოა - ქუთაისისა და თბილისის საოლქო სასამართლოები. საოლქო, რაიონულის მსგავსად, წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს, სადაც საქმე კოლეგიურად, სამი მოსამართლის მიერ განიხილება. საოლქო სასამართლოებში ფუნქციონირებს:
1. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
2. სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია;
3. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია.
საოლქო სასამართლოს კოლეგიები განიხილავენ:
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებს;
დავებს, რომელთა ღირებულება აღემატება 500 000 ლარს;
ადმინისტრაციულ საქმეებს, თუმცა რაიონული სასამართლოებისგან განსხვავებით, საოლქო სასამართლოს კოლეგიას შეუძლია იმსჯელოს უკვე პრეზიდენტის ბრძანებულების, ან სხვა სახის აქტის კანონიერების თაობაზე, აგრეთვე, სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და მხარეებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე. ეს ვრცელდება ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის აქტებზეც. ასევე, საოლქო სასამართლოს კომპეტენციაა კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის ან ჩამორთმევის შესახებ საქმეების განხილვა;
კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებს.
საოლქო სასამართლოებში შექმნილია სააპელაციო პალატები, რომლებიც მეორე ინსტანციით - აპელაციის წესით - სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავენ საჩივრებს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე. თითოეულ საოლქო სასამართლოში მოქმედებს 3 პალატა. ესენია:
1. სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა;
2. სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა;
3. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა.
● რაიონული სასამართლო
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები წარმოადგენენ საერთო სასამართლოების ყველაზე დაბალ რგოლს, სადაც ყველა საქმე განიხილება ერთი მოსამართლის მონაწილეობით. რაიონული სასამართლოები ფუნქციონირებენ საქართველოს რაიონებში, ასევე იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედიან არცერთ რაიონში და ქალაქის რაიონებში. საქართველოში სულ 75 რაიონული სასამართლოა.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოები განიხილავენ:
სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, იურიდიულ პირებს შორის;
საქმეებს რელიგიურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დავების შესახებ;
უდავო წარმოების საქმეებს;
საქმეებს, რომლებიც საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე, იმ საქმეებს, რომლებშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, საწარმოები და ორგანიზაციები;
სისხლის სამართლის საქმეებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის თაობაზე, გარდა იმ დანაშაულებისა, რომლებსაც განიხილავენ საქართველოს უზენაესი სასამართლო, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი და საოლქო სასამართლოები;
ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორებიცაა, მაგალითად, საკრებულოს დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მერიის სამშენებლო ფირმასთან შეთანხმების კანონიერების საკითხის გარკვევა, ან საქენერგოს მიერ მოქალაქისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ.
კანონით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს შეიძლება დაექვემდებაროს სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვაც.
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოები
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს აქვთ თავიანთი უმაღლესი სასამართლოები, რომლებშიც შექმნილია კოლეგიები და პალატები.
კოლეგიები:
1. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
2. სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა კოლეგია;
3. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია.
პალატები:
1. სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატა;
2. სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა;
3. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა.
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საოლქო სასამართლოს მსგავსად, დავებს პირველი ინსტაციით ისმენენ. ხოლო პალატები აპელაციის წესით განიხილავენ საჩივრებს მათი ქვემდებარე რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე.
![]() |
2.3 თავი 3. სასამართლოს პერსონალი |
▲ზევით დაბრუნება |
II. მოსამართლე
საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრულია, რომ მოსამართლედ შეიძლება გამწესდეს 30 წელს მიღწეული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე და სახელმწიფო ენის მცოდნე პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. საკვალიფიკაციო გამოცდა შედგება სამი ეტაპისაგან: ა) ტესტური გამოცდა; ბ) წერითი გამოცდა და გ) კონკურსი. საკვალიფიკაციო გამოცდის სამივე ეტაპს ატარებს საქართველოს იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული საგამოცდო პროგრამით. ამ წესში გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, რომლის წევრადაც შეიძლება გამწესდეს გამოჩენილი მეცნიერი, ან საყოველთაოდ აღიარებული სამართლის სპეციალისტი.
მოსამართლედ გამწესება (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა) ხდება პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოს წარდგინებით სულ მცირე 10 წლის ვადით.
ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ განსაზღვრავს, რომ თანამდებობის დაკავებამდე სავალდებულოა მოსამართლემ გაიაროს ორ თვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამით. გამონაკლისია ის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის სულ მცირე ერთი წლის გამოცდილება აქვს.
კონსტიტუცია კრძალავს მოსამართლის თანამდებობის შეთავსებას სხვა თანამდებობასთან, ასევე უკრძალავს მას პოლიტიკური პარტიის წევრობას და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას.
კონსტიტუცია უზრუნველყოფს მოსამართლის დამოუკიდებლობას, მოსამართლის და მისი ოჯახის უსაფრთხოებას, ასევე მის ხელშეუხებლობას.
დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნებართვის გარეშე მოსამართლის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, აგრეთვე, მისი ბინის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლის თანამდებობა ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე დიდი ანაზღაურებითა და სოციალური დაცვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ცალკე კანონიც კი არსებობს „მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“.
კომპეტენცია
რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში მოსამართლეთა დიფერენციაცია არ არსებობს. ყველა მოსამართლე განიხილავს როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეებს.
უზენაეს სასამართლოში, ისევე როგორც საოლქო სასამართლოების კოლეგიებსა და პალატებში, იწყება მოსამართლეთა დიფერენციაცია. აქ თითოეულ სისხლის სამართლის, სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს სამართლის სესაბამის სფეროში მომუშავე მოსამართლე.
საქართველოში განსაზღვრულია 388 მოსამართლის საშტატო ერთეული.
III. მოსამართლის თანაშემწე
1997 წელს მიღებულმა ორგანულმა კანონმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ სასამართლო სისტემაში მოსამართლის თანაშემწის ინსტიტუტი დაამკვიდრა. მოსამართლის თანაშემწე იღებს მოქალაქეებს და მათ განცხადებებს, ამზადებს საქმეებს სასამართლო განხილვისათვის და მოსამართლის დავალებით ასრულებს საქმის სასამართლოში განხილვასთან დაკავშირებულ სხვა სამუშაოებს. თანაშემწე საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამდებობაზე დანიშვნის დროს, მაგალითად მას უნდა ჰქონდეს იურიდიული განათლება და, ამასთან, გავლილი უნდა ჰქონდეს სამთვიანი სასწავლო კურსი სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ანდა მოსამართლედ, გამომძიებლად, პროკურორად, ან ადვოკატად მუშაობის ერთი წლის გამოცდილება. კანონში 1999 წლის 28 მაისის შეტანილმა ცვლილების თანახმად, ყველა სასაწავლო კურსის გავლის გარეშე დანიშნული მოსამართლის თანაშემწე ვალდებულია 1 წლის განმავლობაში ჩააბაროს სპეციალური გამოცდა თანაშემწის სამოსამართლო სწავლების ცენტრში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გათავისუფლდებიან თანამდებობიდან.
მოსამართლის თანაშემწეს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლის წარდგინებით.
სხდომის მდივანი
სასამართლო სხდომის მდივანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასამართლოს მუშაობაში. მათი მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია საქმეთა განხილვა სასამართლოში. სხდომის მდივანი აწარმოებს სასამართლო მიმდინარეობის ჩაწერას, ადგენს განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მოსამართლესთან ერთად ხელს აწერს მათზე. თითოეულ მოსამართლეს, უმრავლეს შემთხვევაში, ჰყავს ერთი სხდომის მდივანი. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სასამართლოს თავმჯდომარე. სხდომის მდივანს გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური სასაწავლო კურსი საქართველოს სამოსამართლო სწავლების ცენტრში, ან უნდა ჰქონდეს სხდომის მდივნად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. სხდომის მდივნებთან დაკავშირებული ეს ფუნქციები და პროცესები მოცემულია ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“.
IV. უზენაესი სასამართლოს აპარატი
უზენაესი სასამართლოს აპარატის შემადგენლობა და ფუნქციები იგივეა, რაც სხვა სასამართლოებისა, თუმცა იმ განსხვავებით, რომ უზენაესი სასამართოს აპარატი იმავდროულად მუშაობს სასამართლო პრაქტიკის შესწავლის და განზოგადების, ასევე სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მიმართულებით. აპარატის განყოფილებების და ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მის მუშაობას უძღვება აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს უზენაესი სასასართლოს თავმჯდომარე.
![]() |
2.4 თავი 4. მოსამართლეთა თვითმმართველობა |
▲ზევით დაბრუნება |
V. მოსამართლეთა კონფერენცია
ახალმა კანონმდებლობამ გაითვალისწინა მოსამართლეთა თვითმმართველობის ისეთი ორგანო, როგორიცაა მოსამართლეთა კონფერენცია, რომლის მოწვევა ხდება ექვს თვეში ერთხელ საქართველოს ყველა მოსამართლის მონაწილეობით (გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა).
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ქარტიით, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წარდგინებით თვითონვე ამტკიცებს. კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგნაირია:
ა) ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც შედგება მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 9 მოსამართლისგან, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე. ის აქტებს დასამტკიცებლად წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.
ბ) საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული მმართველი მოსამართლეებისა და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 5 წლის ვადით არჩეული სხვა მოსამართლეებისგან შედგება, პასუხისმგებელია საერთო სასამართლოებში ადმინისტრირების პოლიტიკის გატარებასა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაზე. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.
გ) სადისციპლინო საბჭო, რომლის შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი ცალკე კანონითაა განსაზღვრული.
მოსამართლეთა კონფერენცია ისმენს საკოორდინაციო საბჭოს, სადისციპლინო კომიტეტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარეთა ყოველწლიურ ანგარიშს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ. კონფერენციას შეუძლია მიმართოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საქართველოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარის გადაყენების მოთხოვნით. კონფერენცია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის კოდექსს.
● მოსამართლეთა ასოციაცია
მოსამართლეთა ასოციაცია, როგორც მოსამართლეების პროფესიული გაერთიანება მოსამართლეთა გარკვეულმა ჯგუფმა ჩამოაყალიბა 1999 წელს. დრესდღეობით ასოციაციის წევრი საქართველოს თითქმის ყველა მოსამართლეა. ასოციაციის მიზანი მოსამართლეთა ინტერესების დაცვა, დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და მდგრადობის გარანტიების განმტკიცებაა.
![]() |
2.5 თავი 5. საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება |
▲ზევით დაბრუნება |
2000 წელს მიღებული კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ განსაზღვრავს: ა) საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს; ბ) დისციპლინური სახდელის სახეებს; გ) დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს. აღნიშნული კანონით მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრის უფლება აქვს:
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ;
აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეებს აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების, ასევე მათ ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ;
თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების თავმჯდომარეებს, შესაბამისად, თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მოსამართლეების, ასევე მათ ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლეების მიმართ;
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებში, საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლის მიმართ (გარდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა);
აფხაზეთისა და აჭარის იუსტიციის საბჭოებს აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეების, ასევე მათ ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ.
კანონის თანახმად, დისციპლინური დევნის დაწყებისთვის საბაბი შეიძლება გახდეს: ა) ნებისმიერი პირის საჩივარი ან განცხადება (ანონიმურის გარდა); ბ) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შესახებ; გ) ზემდგომი სასამართლოს კერძო განჩინება ან სხვა აქტი, რომლითაც დადგენილია მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას კანონის უხეში დარღვევა; დ) მოკვლევის ორგანოს უფროსის, გამომძიებლის ან პროკურორის შეტყობინება; ე) სხვა მოსამართლის ან სასამართლოს კერძო დადგენილება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის შესახებ; ვ) მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მოსამართლის მიერ ისეთი მოქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს მოსამართლის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომად; ზ) სადისციპლინო კოლეგიის წარდგინება მოსამართლის მიმართ ახალი საფუძვლით დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას დისციპლინური დევნის აღძვრის უფლებამოსილებით აღჭურვილი თანამდებობის პირი ან ორგანო ორი კვირის განმავლობაში ახორციელებს წინასწარ შემოწმებას დევნის საფუძვლიანობის გასარკვევად. ორი კვირის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის აღძვრის ან მისი შეწყვეტის შესახებ.
დევნის აღძვრის შემთხვევაში, იქმნება სადისციპლინო კომისია სამი წევრის შემადგენლობით. თუ დისციპლინური დევნა აღძრა იუსტიციის საბჭომ, მაშინ კომისია იქმნება ერთი იუსტიციის საბჭოს წევრის, ერთი მოსამართლისა და იუსტიციის საბჭოს აპარატის თანამშრომლის შემადგენლობით. ხოლო თუ სასამართლომ აღძრა დისციპლინური დევნა, მაშინ კომისიაში შევა ორი მოსამართლე და ერთი აპარატის თანამშრომელი. კომისია ვალდებულია ერთი თვის ვადაში დაამთავროს საქმის მოკვლევა. კომისიის დასკვნას განიხილავს ის ორგანო, რომელმაც აღძრა დისციპლინური დევნა. იუსტიციის საბჭოს მიერ დასკვნის განხილვისას დაუშვებელია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა.
იმ შემთხვევაში, თუ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემაზე, საქმე სამი დღის განმავლობაში განსახილვევლად ეგზავნება მოსამართლეთა დისციპლინურ საბჭოს.
VI. საერთო სასამართლოების დისცილინური საბჭო
მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმის განხილვას ახორციელებს საქართველოს საერთო სასამართლოების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების დისციპლინური საბჭოები.
საქართველოს საერთო სასამართლოების დისციპლინური საბჭო შედგება 12 წევრისაგან. სადისციპლინო საბჭოს 8 წევრს, რომელთაგან 3 უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, 4 - აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების, ასევე თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების მოსამართლე, ხოლო 1 - რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. სადისციპლინო საბჭოს 4 წევრს საქართველოს იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი 8 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს ასევე მოსამართლეთა კონფერენცია.
აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების დისციპლინური საბჭოები შედგება 9 წევრისაგან.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური საბჭოს 6 წევრს, რომელთაგან 3 შესაბამისი უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეა, ხოლო დანარჩენი 3 - შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე, ირჩევს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია. დისციპლინური საბჭოს 3 წევრს შესაბამისი იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი 6 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კონფერენცია.
სადისციპლინო საბჭოებს ჰყავთ თავმჯდომარეები. თავად სადისციპლინო საბჭოში იქმნება კოლეგიები 3 წევრის შემადგენლობით. კოლეგია იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ და მხოლოდ სადისციპლინო საბჭოში. ყველა პროცესუალური მოქმედება, მხარეთა უფლება-მოვალეობები, კოლეგიის შექმნისა და სხვა პროცესუალური მოქმედების წესები დაწვრილებით არის განსაზღვრული კანონით.
თუ დისციპლინური საქმის მოკვლევის ან განხილვის ნებისმიერ ეტაპზე გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობის შესახებ, საქმე ეგზავნება სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილებით აღჭურვილ ორგანოს.
დისციპლინური საქმის მასალები კონფიდენციალურია.
![]() |
2.6 თავი 6. საქართველოს იუსტიციის საბჭო |
▲ზევით დაბრუნება |
„საერთო სასამართლოები შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, 12 წევრისაგან შემდგარი იუსტიციის საბჭო წარმოადგენს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, რომელიც შექმნილია სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავების, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის, წარდგენის, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და კანონით დადგენილი სხვა ამოცანების შესასრულებლად. საბჭოს შემადგენლობა პარიტეტის საფუძველზე იქმნება. 4 წევრს ნიშნავს პრეზიდენტი, 4 - ირჩევს პარლამენტი (თუმცა დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობის ორზე მეტი წარმომადგენლის არჩევა), ხოლო 1 - ნიშნავს უზენაესი სასამართლო. თანამდებობის მიხედვით საბჭოს შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეები.
იუსტიციის საბჭოს წევრი, თუ ის არ არის პარლამეტის წევრი ან იუსტიციის მინისტრი, შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ოცდახუთი წლის ასაკიდან. მიუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილება 3 წელს გრძელდება. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 3 წლით და მხოლოდ ერთხელ.
იუსტიციის საბჭოს წევრს, თუ ის არ არის პარლამეტის წევრი ან იუსტიციის მინისტრი, უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში, თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი მოღვაწეობისა. იუსტიციის საბჭოს წევრის ხელფასი არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრის ხელფასზე ნაკლები.
საქართველოს იუსტიცის საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი, ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტის დავალებით.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილებებია:
პრეზიდენტისთვის მოსამართლის თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენა;
პრეზიდენტისთვის საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობის წარდგენა;
რაიონული სასამართლოების მოსამართლეთა სპეციალიზაციის განსაზღვრა;
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგენით საერთო სასამართლოების (უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის სტუქტურის და საშტატო რაოდენობის დადგენა და დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის წარდგენა;
სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალათა განხილვა;
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიმართ დისციპლინური დევნის (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გარდა) აღძვრა;
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
პრეზიდენტისთვის წინადადების წარდგენა მოსამართლეთა კანონით დადგენილი წესით წახალისების თაობაზე;
სასამართლო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების შემუშავება;
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს ჰყავს აპარატი, რომლის საქმიანობის წესს, ფუნქციებს და დებულებას განსაზღვრავს პრეზიდენტი. აპარატის მუშაობას უძღვება იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომელსაც იუსტიციის საბჭოს წევრთაგან (იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის წევრების გარდა) 3 წლის ვადით ნიშნავს პრეზიდენტი. იუსტიციის საბჭოს მდივნის ფუნქციებია: იუსტიციის საბჭოს მუშაობის ორგანიზაციული-ტექნიკური უზრუნველყოფა, საბჭოს სხდომათა მომზადება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურებრივ დოკუმენტებზე ხელის მოწერა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხა უფლებამოსილებების შესრულება.
აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში ფუნქციონირებს ამ რესპუბლიკების იუსტიციის საბჭოები, რომლებიც შესაბამის ავტონომიური რესპუბლიკაში კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ ანალოგიურ ფუნქციებს. მათ თავმჯდომარეობენ ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი თანამდებობის პირები.
![]() |
2.7 თავი 7. საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი |
▲ზევით დაბრუნება |
საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოში შექმნილია საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომელიც გათვალისწინებულია ორგანული კანონით „საერთო სასამართლოების შესახებ“. დეპარტამენტის მუშაობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით.
დეპარტამენტი:
„განკარგავს ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად“;
„უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით“;
„უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით“;
„ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას“;
„ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და საქართველოს იუსტიციის საბჭოს წინაშე.
![]() |
2.8 თავი 8. პროკურატურა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კონსტიტუციამ საქართველოს პროკურატურა განსაზღვრა როგორც სასამართლო ხელისუფლების შემადგენელი ერთეული, მისი დაწესებულება.
პროკურატურა:
1. ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას;
2. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრინველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას;
3. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს წინასწარ გამოძიებას;
4. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე მოკცვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას;
5. ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისას, თხზულებითი ხასიათის სხვა ღონისძიებათა აღსრულებისას, აგრეთვე დაკავების, წინასწარი პატიმრობის და ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;
6. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილებს, როგორც მხარე და მხარს უჭერს სახელმ,წიფო ბრალდებას;
7. კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
პროკურატურის მუშაობას უძღვება გენერალური პროკურორი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 5 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი. ქვემდგომ პროკურორებს თანამდებობაზე თავად გენერალური პროკურორი ნიშნავს. კანონმა პროკურორებითვის, ისევე როგორც მოსამართლეებისთვის, გაითვალისწინა საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელსაც საქართველოს იუსტიციის საბჭო ატარებს.
პროკურატურაზე კონტროლის განხორციელების უფლება, კანონით მინიჭებული ფარგლების გათვალისწინებითა და შესაბამისი პროცედურის დაცვით, მინიჭებული აქვთ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და სასამართლო ხელისუფლებას.
ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ განსაზღვრავს გამოცდების ჩატარების წესს, ასევე პროკურატურის უფლებამოსილებას, ორგანიზაციას, საქმიანობის წესსა და ა.შ.
![]() |
2.9 თავი 9. ომბუდსმენი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს პარლამენტი ხუთი წლის ვადით ირჩევს სახალხო დამცველს (ომბუდსმენი). სახალხო დამცველის მოვალეობაა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე მონიტორინგი, მთავრობისათვის კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა და შესაბამისი გარემოებებისას სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა.
![]() |
2.10 თავი 10. ინფორმაცია სამართლებრივი ცვლილებების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მიხედვით, კანონი ძალაში შედის მხოლოდ მისი ოფიციალურ ბეჭდვითი ორგანოში გამოქვეყნების შემდეგ. მიღებული კანონები და კანონქვემდებარე აქტები ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო მაცნესა და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებებს აქვეყნებს პერიოდულ ჟურნალში „ადამიანი და კანონი“. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია სპეციალურ გამოცემებში. ქვეყნდება ასევე, თბილისის და ქუთაისის საოლქო სასამართლოების გადაწყვეტილებები. საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო გადაწყვეტილებები, ასევე, ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებ-გვერდებზე (იხ. ვებ-გვერდების მისამართი დამატებაში).
![]() |
2.11 თავი 11. კერძო არბიტრაჟი |
▲ზევით დაბრუნება |
1997 წელს მიღებულმა კანონმა „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ განსაზღვრა დავის გადაწყვეტის სასამართლოსგან ალტერნატიული სამართლებრივი საშუალება - კერძო არბიტრაჟი. „კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონი მხარეებს აძლევს უფლებას თავად განსაზღვრონ არბიტრი წარმოშობილი დავის გადაწყვეტისთვის. საერთაშორისო პრაქტიკით კერძო არბიტრაჟი მიჩნეულია სამოქალაქო და კომერციული დავის გადაწყვეტის სწრაფ და იაფ საშუალებად, თუმცა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა საერთო სასამართლოებს შედარებით ფართო შესაძლებლობას უტოვებს ზეგავლენა მოახდინოს კერძო არბიტრაჟის ფუნქციონირებაზე. ეს გარემოება მნიშვნელოვნად აფერხებს კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში. მაგალითისათვის:
მხარის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დანიშნოს არბიტრი (მუხლი11.2)
არბიტრაჟის გადაწყვეტილება გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მუხლი 43).
არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება შეჩერდეს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თუ მისი აღსრულება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მას.
დღეის მონაცემებით საქართველოში ხუთი კერძო საარბიტრაჟო ფირმა მოქმედებს, მათ შორისაა ამერიკისა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოები.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ საქართველოზე ვრცელდება საერთაშორისო საინვესტიციო და ინტელექტუალური საკუთრების დავების მსოფლიოში მიღებული ნორმები.
![]() |
2.12 თავი 12. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახური |
▲ზევით დაბრუნება |
საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შესახებ) აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს 1999 წელს მიღებული კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“.
კანონით სააღსრულებო საქმიანობას უძღვება სააღსრულებო დეპარტამენტი, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შემადგენელი სტრუქტურული ერთეულია, ხოლო სააღსრულებო დაწესებულებებია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკების ტერიტორიული ორგანოები - სააღსრულებო ბიუროები.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება გადაწყვეტილების აღსრულება ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის, სამოქალაქო სააღსრულებო სამსახურის გარდა იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სტრუქტურაში შექმნილია სააღსრულებო პოლიციის სამმართველო. სააღსრულებო პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს გადაწყვეტილებათა აღსრულებისას გამოიყენოს ფიზიკური ძალა კანონით მინიჭებულ ფარგლებში.
![]() |
2.13 თავი 13. მოკვლევის და გამოძიების ორგანოები კომპეტენციათა გამიჯნვა |
▲ზევით დაბრუნება |
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განასხვავებს ,,მოკვლევას” და ,,გამოძიებას”, როგორც სისხლის სამართლის პროცესის საწყის საფეხურებს. მოკვლევას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურები, უშიშროების სამინისტრო, საზღვრების დაცვის სამსახურები, საბაჟოები, საგადასახადო და სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთაც ეცნობებათ მომხდარი დანაშაულის შესახებ. ძირითადი გამოძიება წარმოადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას. განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოძიებას აწარმოებს პროკურატურა (სამხედრო და სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული დანაშაულების) და უშუშროების სამინისტრო. კანონის თანახმად, ყველა ჩამოთვლილი ორგანოს გამომძიებელი თანასწორუფლებიანია. შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები აწარმოებენ დანაშაულის წინასწარ გამოძიებას.
პასუხისმგებლობა და კონტროლი
მოკვლევის და გამოძიების ორგანოებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ დარღვევებისთვის, რომელთაც თან სდევთ უდანაშაულო პირების დაპატიმრება.
სხვა შემთხვევებში, საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია დისციპლინარული ზომები. პროკურატურა უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ზედამხედველობა მოკვლევასა და გამოძიებაზე, აგრეთვე გადააყენოს გამომძიებლები საქმიდან. საპროცესო დარღვევების შემთხვევაში, მასალებს განიხილავს სასამართლო, რომელსაც შეუძლია დაადოს ჯარიმა მომკვლევს/გამომძიებელს.
პროკურატურა
სასამართლო ხელისუფლებაში გენერალური პროკურორის კონსტიტუციური ადგილის მიუხედავად, იგი ესწრება მთავრობის სხდომებს და de facto დამოუკიდებელი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.
პროკურატურაზე საორგანიზაციო დეტალები მოცემულია 1997 წლის კანონში პროკურატურის შესახებ.
● ფუნქციები:
სისხლის სამართლის პროცესებზე ბრალდება; სისხლის სამართლებრივი გამოძიების პროცესუალური მართვა;
ზოგიერთ შემთხვევაში, წინასწარი გამოძიების წარმოება; პენიტენციალური სისტემის და თავისუფლების აღკვეთის ადგილების ზედამხედველობა; ანტიკრიმინალური ქმედებების კოორდინაცია.
● ორგანიზაცია:
საქართველოს გენერალური პროკურატურა; მთავარი სამხედრო პროკურატურა და მთავარი ტრანსპორტის პროკურატურა; აჭარის და აფხაზეთის პროკურატურები; თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურა; რაიონული პროკურატურები; პენიტენციალურ სისტემაზე პასუხისმგებელი პროკურორები.
● კონტროლი და ზედამხედველობა:
საპარლამენტო კონტროლი გენერალური პროკურორისთვის დასმული კითხვების მეშვეობით;
საპრეზიდენტო კონტროლი: პროკურორის პერიოდული ანგარიში;
ფინანსური ზედამხედველობა: საქართველოს კონტროლის პალატის საშუალებით.
მომკვლევებისა და გამომძიებლების პასუხისმგებლობის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმები ვრცელდება პროკურორებზეც.
● პროკურორების დანიშვნა და წვრთნა:
კანონი ითვალისწინებს საკვალიფიკაციო გამოცდებს, რომელსაც აწყობს იუსტიციის საბჭო. 2001 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ეს პროგრამა, თუმცა გამოცდები არ ჩატარებულა 2002 წლის შუამდე.
![]() |
2.14 თავი 14. უფლებების და ინტერესების დაცვის მექანიზმები |
▲ზევით დაბრუნება |
პიროვნებას, რომელსაც სურს საკუთარი უფლებების დაცვა, შემდეგი არჩევანი აქვს:
I. დაიწყოს სამართალწარმოება
კონსტიტუციის 42.1 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. როდესაც პირი გადაწყვეტს მიმართოს სასამართლოს, სხვადასხვა ფაქტორი წამოიწევა:
კომპეტენტური სამართლებრივი წარმომადგენლობის მისაწვდომობა და ღირებულება
სამართლებრივი წარმომადგენლობა სავსებით ლიბერალიზებულია. ნებისმიერს შეუძლია წარსდგეს სასამართლოში და დაიცვას ბრალდებულის ინტერესები სპეციალური კვალიფიკაციის და/ან ლიცენზიის გარეშე. 2001 წელს მიღებულ იქნა კანონი ადვოკატურის შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს ადვოკატების ტრეინინგი, რაც საკვალიფიკაციო გამოცდებით დასრულდება. ისინი, ვინც ჩააბარებენ გამოცდას, გახდებიან ადვოკატურის წევრები. მთელ ქვეყანაში არაერთი ორგანიზაცია იძლევა უფასო იურიდიულ დახმარებას, იხ. მათი ნუსხა ამ ცნობარის უკანა მხარეს.
სამართლებრივი ინფორმაცია
ადექვატური და განახლებული სამართლებრივი ინფორმაცია არ არის ადვილად ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.
II. მიმართვა ომბუცმენისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში
2002 წელს ომბუდსმენმა მხოლოდ ორჯერ გამოიყენა თავისი უფლება მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის: საარჩევნო კანონის და შრომითი კანონმდებლობის ზოგიერთი დადგენილების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
III. ინდივიდუალური მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის
ეს იაფიანი საშუალებაა, მაგრამ პროცედურებს დიდი დრო მიაქვთ. საკონსტიტუციო სასამართლოს მონაცემების თანახმად, საკონსტიტუციოში შეტანილ სარჩელთა 90%, 1996 წელს ამ სასამართლოს დაარსებიდან მოყოლებული, შეეხება ადამიანის უფლებათა დარღვევებს.
IV. დისციპლინარული სამართალწარმოების დაწყების მოთხოვნა.
იხ. ზემოთ
V. ზეპირი სარჩელი ან იუსტიციის საბჭოში და სხვა ინსტიტუციებში ,,საჯარო მიღების” საათები.
2000 წლიდან იუსტიციის საბჭოს მუდმივ წევრებს გამოყოფილი აქვთ სამუშაო საათები, რომელთა მანძილზე მოქალაქეებს შეუძლიათ აღძრან როგორც დისციპლინარული, ასევე სასამართლო საკითხები.
VI. ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი განსაზღვრავს ნორმებს და ადგენს სტანდარტებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ადმინისტრაციის მუშაკები. მაგრამ კონსტიტუციის თანახმად ძალაუფლების განაწილების გამო, კოდექსი არ ეხება პარლამენტს, ომბუდსმენს და სასამართლო ხელისუფლებას. კოდექსი აგრეთვე არ შეეხება შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უფლებამოსილნი არიან აწარმოონ გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და ხელი შეუწყონ სასამართლოს ჯეროვანი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია უჩივლოს ადმინისტრაციული ორგანოს დადგენილებას და დაიწყოს ადმინისტრაციული სამართალწარმოება (თავი 13). კოდექსის აგრეთვე ადგენს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოწვეულ ზარალს ანაზღაურებს სახელმწიფო, სამოქალაქო კოდექსის თანახმად (თავი 14). ადმინისტრაციული ქმედებები ასევე ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.
VII. პარლამენტის წევრის მოთხოვნა
კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება აქვს დაკითხოს მთავრობის წევრი. პარლამენტის წევრთა ჯგუფს (ერთ მეხუთედს) უფლება აქვს დასვას ზოგიერთი იურიდიული გადაწყვეტილების კონსტიტუციურობის საკითხი საკონსტოტუციო სასამართლოში.
VIII. მასმედიის წარმომადგენლების ინფორმირება
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის თანახმად (ინფორმაციის თავისუფლება) ადმინისტრაციული სამსახურების საჯარო ინფორმაცია გახსნილია. მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო ინფორმაციის“ საზღვრები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, ჟურნალისტები იყენებენ კოდექსს სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოსაპოვებლად, რითიც ხელს უწყობენ პასუხისმგებლობის და გამჭვირვალობის სტანდარტების განვითარებას.
ტელე-რადიო მაუწყებლობა რეგულირებულია კომუნიკაციის დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის მიერ, რომელსაც პარლამენტი ნიშნავს. კომისიის თავმჯდომარე ინფორმაციის მინისტრივითაა. კომისია გასცემს ლიცენზიებს და პოტენციურად შეუძლია განსაზღვროს პროგრამა, შინაარსი და სხვა სამაუწყებლო მითხოვნები. სამთავრობო მედიის თავმჯდომარეებს ნიშნავს პრეზიდენტი. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, მედიის წარმომადგენელი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, შეიძლება მიეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დეფამაციისა და უსაფუძვლო ბრალდებისთვის.
IX. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება
მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად ცდილობს გააღვივოს საზოგადიებაში სამოქალაქო და ანტიკორუფციული შეგნება. იხ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნუსხა ცნობარის უკანა მხარეს.
X. მიმართვა ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლოს ან ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს
1999 წლის აპრილში საქართველო გაწევრიანდა ევროპის საბჭოში და იმავე წლის ივნისში ქართველი მოსამართლე დაინიშნა ადამიანის უფლებათა სასამართლოში. როგორც საბჭოს წევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ადამიანის უფლებების ევროპის და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებაა უზენაესი. ეს პოტენციურად ძლიერი გზაა, რითიც შესაზლებელია თავიდან აიცილო შიდა წინააღმდეგობები და გამოიწვიო საერთაშორისო ზეწოლა. თუმცა კი, ღირებულების და ლეგალური ინფორმაციის თვალსაზრისით, საკმაოდ რთულია.
XI. მიმართვა ამნისტი ინტერნეიშენალის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის
მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებზე. იხ. ინტერნეტ გვერდების ნუსხა ცნობარის უკანა მხარეს.
![]() |
2.15 თავი 15. სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ჩამონათვალი |
▲ზევით დაბრუნება |
1. კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ - 1996 წ.
2. კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ - 1996 წ.
3. კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ - 1996 წ.
4. კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ - 1996
5. კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა შრომის ანაზრაურების თაობაზე - 1996 წ.
6. კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზრაურების თაობაზე - 1996 წ.
7. ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ - 1997 წ.
8. ორგანული კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ-1999წ.
9. კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ - 2000 წ.
10. ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ - 1997 წ.
![]() |
3 ნაწილი 2. სამართლებრივი პუბლიკაციების მომზადება |
▲ზევით დაბრუნება |
კანონის უზენაესობა დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კანონი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს აწესრიგებს - ბიზნესით, დაზღვევით, განათლებითა და მედიცინით დაწყებული, საოჯახო საქმეებითა და სპორტით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი საკითხები ახალი ამბების ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს. ყოველდღიურად, გაზეთების უმრავლესობა 10-12 მასალას აქვეყნებს სამართლებრივ თემაზე, სპეციალურ თემატურ გვერდებსა და დამატებებს თუ არ ჩავთვლით. ქართულ საზოგადოებაშიც თანდათან იკვეთება მსგავსი ტენდენციები და თუ ქართველ ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებების ასახვის სურვილი აქვთ, მათ სამართლებრივი პუბლიკაციების მომზადების უნარიც უნდა ჰქონდეთ. სასამართლო ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე ქართველი ჟურნალისტები ძირითადად შემდეგ პრობლემებს აწყდებიან:
1. კანონები ხშირად გადატვირთულია იურიდიული ტერმინოლოგიით და რთულად გასაგები ენით არის გადმოცემული. ჟურნალისტების დიდ ნაწილს კი არ გააჩნია კვალიფიციური იურიდიული განათლება (მათ ეს არც მოეთხოვებათ).
2. განვითარებად დემოკრატიებში პრობლემების კანონიერი გზით გადაწყვეტა არ წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო გამოსავალს, გარდა ამისა, მოქალაქეებს მწირი ინფორმაცია აქვთ საკუთარი სამართლებრივი უფლებების შესახებ. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში გავრცელებულია კანონისადმი ცინიკური დამოკიდებულება, რაც იწვევს ,,არაფორმალური სამართლის” (კანონის უზენაესობის მძლავრი ალტერნატივა) დამკვიდრებას.
3. პირველი ორი პრობლემის გათვალისწინებით, სამართლებრივ თემატიკაზე შექმნილი სტატიები შესაძლოა, არც ისე მიმზიდველი აღმოჩნდეს საზოგადოებისათვის. ამიტომ ზოგჯერ ჭირს ამ მასალების გამოქვეყნების აუცილებლობაში რედაქტორების დარწმუნება.
როგორ გადავლახოთ ეს პრობლემები? მეტიც, როგორ ვაქციოთ ისინი ჩვენთვის ხელსაყრელ პირობებად?
განვიხილოთ პირველი პრობლემა - კანონის ფორმალურ-იურიდიული ასპექტი და მისი გაგების სირთულე. როგორც უკვე აღინიშნა, ჟურნალისტების მცირე ნაწილს გავლილი აქვს სპეციალური იურიდიული მომზადება. თქვენი, როგორც ჟურნალისტის საქმე, სწორი შეკითხვების დასმაა და პასუხების მარტივ, ადვილად გასაგებ ენაზე „გადმოთარგმნა“. გახსოვდეთ, რომ ამ შეკითხვებს თქვენი აუდიტორიის სახელით სვამთ, ჩვეულებრივი მოქალაქეები კი, ისევე როგორც თქვენ, სამართლის ექსპერტები არ არიან.
თქვენი უპირველესი ამოცანაა, სასამართლო სისტემის მუშაობას გაეცნოთ. კარგი იქნება, მოიძიოთ და გაიცნოთ კეთილგანწყობილი იურისტები და სასამართლო მოხელეები, რომლებიც სამართლებრივი დეტალების გარკვევაში დაგეხმარებიან. თქვენი მასალების მეტად ფასეულ წყაროს წარმოადგენს, ასევე, სასამართლო არქივები, ვინაიდან ყოველთვის არ გექნებათ საშუალება დაესწროთ თქვენთვის საინტერესო ყველა სასამართლო მოსმენას. კონტაქტების ქსელის შექმნა ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ისევე, როგორც ჟურნალისტიკის ნებისმიერ სხვა სფეროში, აუცილებელია კონტაქტების დამყარება იმ ადამიანებთან, რომლებიც თავად გახდებიან პუბლიკაციების ობიექტები ან ამ პუბლიკაციების მომზადებაში დაგეხმარებიან. სამართლებრივ სფეროში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან თითოეულმა შეცდომამ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგიქმნათ. თქვენ, ან თქვენს გამომცემელს სასამართლოს წინაშეც კი შეიძლება მოგიწიოთ პასუხის გება! გთხოვთ, გაეცნოთ, ამ სახელმძღვანელოს ბოლოს დართულ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების მისამართებს, ეს საჭირო კონტაქტების დამყარებაში დაგეხმარებათ.
გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავებულ იურისტს შესაძლოა არ გაუჩნდეს დამწყებ ჟურნალისტთან საუბრის სურვილი, მაგრამ ის აუცილებლად დაგეხმარებათ, თუ სამართლებრივი საკითხებისადმი გააზრებულ ინტერესს და საბაზისო ცოდნას უჩვენებთ. ამასთან, დამოუკიდებელი იურიდიული პრაქტიკის განვითარებასა და კონკურენციის ზრდასთან ერთად, იურისტები მედიისადმი უფრო ლოიალურები და გახსნილები გახდებიან, ვინაიდან პრესაში მათი სახელის ხშირად ხსენებამ შეიძლება ახალი კლიენტების მოზიდვას შუწყოს ხელი.
მეორე პრობლემა, რომელსაც თქვენ წააწყდებით, ის არის, რომ მოქალაქეებს მწირი ინფორმაცია გააჩნიათ საკუთარი სამართლებრივი უფლებების თაობაზე და მათთვის კანონი პრობლემების გადაწყვეტის გარანტიას არ წარმოადგენს. ამ პრობლემის დაძლევაში მედიას უმნიშვნელოვანესი ფუნქციის შესრულება შეუძლია - რაც უფრო ხშირად გააშუქებთ სამართლებრივ საკითხებს და ახალი ამბების გადმოცემისას სამართლებრივ ასპექტებს გამოკვეთავთ, მით უფრო გაზრდით საზოგადობაში კანონის მიმართ ნდობას. თქვენს მიერ სათანადოდ და ობიექტურად მიწოდებული ინფორმაცია, მოქალაქეებს პრობლემების სასამართლოსა და არბიტრაჟის გზით მოგვარებისაკენ უბიძგებს, საბოლოო ჯამში კი, ხელს შეუწყობს საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.
ალბათ გსმენიათ გამოთქმა: „არ არსებობს პრობლემები, არსებობს მხოლოდ შესაძლებლობები“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი თვალთახედვით შევხედავთ საკითხს. განვითარებად საზოგადოებაში ადამიანების მიერ კანონის უგულვებელყოფა და ინფორმაციის დეფიციტი ცალსახად უარყოფითი მოვლენაა. ამდენად წმინდა საინფორმაციო ხასიათის გარდა, ჟურნალისტს დამატებით საგანმანათლებლო ფუნქციაც აკისრია. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ჟურნალისტისაგან თვითგანათლების მუდმივ სრულყოფას მოითხოვს. მუდამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი მასალები საზოგადოების სამართლებრივი განათლების ზრდას შეუწყობს ხელს და ადამიანებს ცხოვრების უკეთ წარმართვაში დაეხმარება.
მესამე პრობლემა - საზოგადოებისთვის (და რედაქტორისთვის!) თქვენი მასალების საინტერესო ფორმით მიწოდება - ჟურნალისტური უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკის საკითხია. გავრცელებული მოსაზრებით, დასავლეთში ჟურნალისტებს გაცილებით ხელსაყრელი სამუშაო პირობები აქვთ, მაგალითად, მათ შესაძლებლობა აქვთ გამოაქვეყნონ მასალები სპეციალურ თემატურ გვერდებსა და საგაზეთო დამატებებში, საზოგადოების დამოკიდებულებაც კანონის მიმართ განსხვავებულია - კანონის უზენაესობა საყოველთაოდაა აღიარებული. უკეთესი სამუშაო გარემოს მიუხედავად, დასავლელი ჟურნალისტებისათვის ასევე აუცილებელია საქმისადმი შემოქმედებითი და პროფესიული მიდგომა. გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, მათ უნდა მოახერხონ სამართლებრივი პუბლიკაციების მიმზიდველი ფორმით მომზადება და მკითხველის დაინტერესება, ვინაიდან ისინიც აწყდებიან პირველ პრობლემას - კანონები ხშირად მეტისმეტად პროფესიული, რთულად გასაგები და მოსაწყენი ენით არის დაწერილი.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, ხშირად რთულდება ინფორმაციის მოპოვება. მაგალითად, სასამართლო აცხადებს - „ყველაფერი, რაც ცხადდება სასამართლო დარბაზში, საჯაროა და საზოგადოების ღირსი ინტერესის სფეროს წარმოადგენს“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტს, პუბლიკაციის მომზადებისას, შეიძლება შეექმნას სამართლებრივი ხასიათის სხვადასხვა დაბრკოლება.
საქართველოს მსგავსად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ჟურნალისტებს ექმნებათ სხვადასხვა სახის პრობლემები. მაგალითად, ინფორმაციის მოპოვების სტადიაზე, თქვენ შეიძლება აგიკრძალონ საქმის ოფიციალურ წარმოებაზე დასწრება, ან ხელი შეგიშალონ დოკუმენტების დათვალიერებაში, მიზეზად კი, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება მოიტანონ. ზოგიერთ შემთხვევაში ოფიციალური ჩანაწერები შეიძლება დაილუქოს, მოსამართლემ კი შეიძლება აუკრძალოს სასამართლო დარბაზის გარეთ საუბარი ადვოკატებს, მოწმეებსა და სასამართლო პროცესის სხვა მონაწილეებს.
ინფორმაციის მიღების, გავრცელების, ასევე აზრის გამოთქმის თავისუფლების უმთავრეს გარანტს ქვეყანაში კონსტიტუცია წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუცია, მუხ. 24: „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით; მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია; სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება;
ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
ინფორმაციის თავისუფლების მძლავრ გარანტიებს აწესებს საქართველოს ზოგადი ადმონისტარციული კოდექსი. მის მიხედვით საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდმლოებას.
ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. სწორედ ამიტომ საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას ჟურნალისტმა ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ინფორმაციის ბუნებას და შესაბამისად გაგებით მოეკიდოს მას. ადმინისტრაციული კოდექსი სამი ტიპის ინფორმაციას გამოყოფს, რომელთა გასაიდუმლოებაც არის შესაძლებელი:
პირადი საიდუმლოება: საჯარო დაწესებულებაში დაცული პერსონალური მონაცემები, რომელთა გასაიდუმლების შესახებ მოთხოვნა დაყენებულია თვით ამ პირის მიერ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სახელმწიფო საიდუმლოება: სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია განისაზღვრება სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით.
კომერციული საიდუმლოება: ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას. მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს შესახებ არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. ამასთან, ინფორმაციის წარდგენისას პირი ვალდებულია მიუთითოს, რომ ინფორმაცია მისი კომერციული საიდუმლოებაა.
ადმინისტრაციული კანონმდებლობა ასევე არ ეხება გამოძიებისა და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. გამოძიებისა და პროკურატურის დისკრეციული უფლებაა, გამოძიების, დაზარალებულის და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე კანონით დადგენილი ნორმა. გადაწყვეტილება მიიღება ყოველი საქმის ინდივიდუალური თავისებურებიდან გამომდინარე.
ინფორმაციის სწრაფი მოპოვება ან გავრცელება, რაც აუცილებელი ფაქტორია მედიის წარმატებული მუშაობისთვის, ხშირ შემთხვევაში დიდ რისკთანაა დაკავშირებული. ინფორმაციის მოპოვების ან მისი გავრცელებისას, ბუნებრივია, ყურადღება მახვილდება ამ ინფორმაციის ოპერატიულობაზე, ექსკლუზიურობასა და სენსაციურობაზე. ამ სამივე მიზნის მიღწევა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში უნდა მოხდეს, რაც ბუნებრივია, ძალზე მცირე დროს გვიტოვებს ინფორმაციის დამუშავებისათვის. ამან კი შეიძლება არასწორი, შეუმოწმებელი შეგნებულად ან შეუგნებლად ცრუ ინფორმაციის გავრცელება განაპირობოს. ეს, თავის მხრივ, შეიძლება გახდეს მრავალი, როგორც უაღრესად მძიმე, ასევე ნაკლებად მძიმე შედეგის გამომწვევი (მაგ. საქმიანი ან პირადი რეპუტაციის შელახვა, ფინანსური ან სხვა სახის ზარალი, სახელმწიფო უსაფრთხოების საზიანო და ა.შ). მივყვეთ თანმიმდევრობით და მიმოვიხილოთ თუ რას ადგენენ სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის კანონები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 148:
„ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით,- ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე“.
როგორც ვხედავთ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ცილისწამებისთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება თუ ის დანაშაულის ჩადენის დაბრალებაში გამოიხატა. რას წარმოადგენს თავად დანაშაული? დანაშაული არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება. დანაშაული ასევე შეიძლება იყოს უმოქმედობა, თუ პიროვნებას რაიმე მოვალეობის, მოქმედების შესრულება ეკისრებოდა და არ შეასრულა; ან ისეთი მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდა რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული არსებული შედეგი. აღსანიშნავია ისც, რომ არ შეიძლება ვინმეს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულად ვცნოთ მანამდე, სანამ არ იქნება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. დღეს უკვე არავინ დაობს იმაზე, რომ კანონის ეს ნორმა ვერ პასუხობოს სიტყვის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტებს. ამის საილუსტრაციოდ ისიც კმარა, რომ ამ მუხლით ძალზედ მწირია სასამართლო პრაქტიკა, თუმცა თუ ფორმალურად შევხედავთ საკმაოდ მრავლადაა დანაშაულის დაბრალების ფაქტები მედიის საშუალებით. სისხლის სამართლის სფეროსაგან განსხვავებით, საკმაოდ ხშირია ჟურნალისტების წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი, ამდენად თქვენ მზად უნდა იყოთ წამოყენებული პრეტენზიებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, პირს უფლებას ანიჭებს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი პირს ანიჭებს უფლებას სასამართლო წესით დაიცვას თავისი ღირსება ან სასამართლო წესით გააბათილოს ესა თუ ის ინფორმაცია. თუ მოსარჩელე დაასაბუთებს, რომ მასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგნებულად დამახინჯებულად გავრცელდა, ამასთანავე საინფორმაციო საშუალება ვერ ასაბუთებს მათ მიერ გავრცელებული ცნობების უტყუარობას, იგი ვალდებული იქნება გამაბათილებელი ცნობები გამოაქვეყნოს, ბოდიში მოიხადოს ან სხვა სახის კომპენსაცია გადაიხადოს დაზარალებული პირის სასარგებვლოდ. კომპენსაციის ოდენობას, სახეს, რაობას განსაზღვრავს სასამართლო და მისი შესრულება სავალდებულოა. ბოლოდროინდელმა სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა რომ, მედიის წინააღმდეგ შელახული ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღსადგენად სასამართლოს ბევრი საჯარო მოსამსახურე მიმართავს. ამის გამო პრესის და ცილისწამების შესახებ კანონმდებლობის გადახედვის აუცილებლობა დადგა. ყველა ჟურნალისტმა სასურველია თვალყური ადევნოს ამ კანონის მოქმედებას, ცვლილებასა და სასამართლო პრაქტიკას, რადგან ეს მნიშვნელოვანია როგორც პროფესიული, ასევე პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისით.
მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ სფეროში აბსოლუტურად განსხვავებული კანონები მოქმედებს და შესაბამისად უნდა იმოქმედოთ. მაგალითად, ადვოკატებს ხშირად არ სურთ საქმის გარემოებების შესახებ საუბარი, რადგან ამან შეიძლება მათი კლიენტის ინტერესებს მიაყენოს ზიანი. საჯაროობამ ასევე ხელი შეიძლება შეუშალოს წინასასამართლო მოლაპარაკებებს.
უნდა ასევე იურთიერთოთ სასამართლო მოხელეებთან. მათი დახმარების გარეშე თქვენი სამუშაო ძალიან გართულდება. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად სასამართლო ჩანაწერები თქვენთვის ყველა შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს, იმისათვის, რომ პრაქტიკულად მოიპოვოთ ეს ჩანაწერები, აუცილებელია სასამართლოს აპარატთან აქტიური თანამშრომლობა. სასამართლო მოხელეებისგან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ადვოკატებისა და მოსამართლეების სამუშაო განრიგის, დანიშვნა-განაწილების, ასევე სასამართლო მოსმენების თარიღების შესახებ. მათ შეუძლიათ სასამართლო გადაწყვეტილებების განმარტებაშიც აღმოგიჩინონ ფასდაუდებელი დახმარება. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი პირველ რიგში სასამართლოს თანამშრომლები არიან და შესაბამისად კორპორაციულ ინტერესს იცავენ. ასე რომ, ამომწურავი ინფორმაციის მოსაპოვებლად აუცილებელია მათთან გულთბილი, ტაქტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
რაც შეეხება მოსამართლეებს - ისინი იშვიათად იძლევიან ინტერვიუს და ასევე იშვიათად ატარებენ პრეს-კონფერენციებს. უკეთეს შემთხვევაში, მოსამართლემ შეიძლება მოგაწოდოთ მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია საქმის შესახებ. მიუხედავად ამისა, თქვენ უნდა დაამყაროთ და შეინარჩუნოთ საუკეთესო ურთიერთობა მოსამართლეებთან, ვინაიდან ეს აუცილებლად იმოქმედებს მათ ქვეშევრდომებთან თანამშრომლობაზე.
ყოველივე ეს, ალბათ, დამთრგუნველად ჩანს, მით უმეტეს, თუ თქვენ არ გაგაჩნიათ სათანადო იურიდიული მომზადება. სინამდვილეში, ასეთი ცოდნის ნაკლებობა შესაძლოა უპირატესობასადაც კი იქცეს, ვინაიდან თქვენ გეძლევათ საესაძლებლობა საკითხი მკითხველის თვალსაწიერიდან დაინახოთ. ასეთ შემთხვევაში, კანონებსა და სამართლებრივ საკითხებს აღიქვავთ არა როგორც კონკრეტულ, ვიწრო სფეროს, არამედ გაცილებით ფართოდ - სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში. ამავე დროს, სამართლებრივი პუბლიკაციების მომზადებისას თქვენ უკეთ გრძნობთ მარტივი, ადვილად გასაგები ენით თხრობის აუცილებლობას. რთული სამართლებრივი საკითხების გაშუქებისას, სიმარტივე და გადმოცემის სისადავე აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუ თქვენ სამართლებრივი ტერმინოლოგიის გამოყენება გიწევთ, გაითვალისწინეთ, რომ ხალხს ეს ტერმინები არ ესმის და ყოველთვის განმარტეთ ისინი.
![]() |
3.1 როგორ შევქმნათ კარგი სამართლებრივი პუბლიკაცია? |
▲ზევით დაბრუნება |
გამორჩეული ან მნიშვნელოვანი სასამართლო საქმეები, რომლებიც ქმნიან პრეცედენტს და ახდენენ ფართომასშტაბიან გავლენას საზოგადოებაზე.
საქართველოს სამართლებრივი სისტემა კონტინენური სამართლის პრინციპებზეა აგებული. ამის მიუხედავად კანონის განმარტებისათვის და ტრადიციის ჩამოყალიბებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომელთაც პრეცედენტული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს და მნიშვნელოვანწილად განაპირობოს მართლმსაჯულების მომდევნო წლების პრაქტიკა. ამგვარი პროცესები მედიის მუდმივი ყურადღების სფეროში უნდა იყოს. საქართველოს მაგალითზე ამგვარ პრეცედენტებს ძირითადად უზენაესი სასამართლო ქმნის. განსაკუთრებით რთული საქმეებისათვის ამ მიზნით იქ დიდი პალატაც კი შეიქმნა. ამა თუ იმ საქმის პრეცედენტულობა, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს გახმაურებულს, თუმცა მედიას მაინც დიდი როლი მიუძღვის ამ პროცესში. თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრეცედენტული საქმეები მოვიყვანთ ინგლისის მაგალითს, რომელიც პრეცედენტული სამართლის კლასიკური ქვეყანაა. ინგლისური კანონმდებლობით, გამორჩეული, გახმაურებული საქმეები იძენენ „პრეცედენტის“ მნიშვნელობას - ანუ, ის რაც მოხდა ერთ სასამართლოში კონკრეტული სასამართლო საქმის განხილვისას შეიძლება გამოიყენონ როგორც მაგალითი სხვა, მსგავსი საქმის წარმოებისას.
ასეთი საქმის კარგ მაგალითს წარმოადგენს ლოს ანჟელესის სასამართლოში 2002 წლის მარტში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ძაღლის მიერ ჩადენილი საქციელის გამო, მეორე ხარისხის მკვლელობის მუხლით, პასუხი მოსთხოვეს მის პატრონებს. ასევე საყურადღებოა 2002 წლის მარტში დიდი ბრიტანეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, როდესაც სრულიად პარალიზებულ ქალს მისცეს უფლება თავისი ნებით გამოსალმებოდა სიცოცხლეს, მიუხედავად მისი ექიმების წინააღმდეგობისა.
უცნაური ან კომიკური სასამართლო საქმეები ასევე წარმოადგენს საინტერესო პუბლიკაციების წყაროს, განსაკუთრებით გაზეთების ბოლო გვერდებზე განსათავსებლად.
ამ თვალსაზრისით კარგ მაგალითად გამოდგება BBC TV London-ის მიერ 2002 წლის 10 აპრილს ახალ ამბებში გადმოცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც ორი ოჯახი ერთმანეთს სასამართლოში ედავებოდა, თუ ვის ეკუთვნოდა კატა, რომელსაც ორივე ოჯახი კვებავდა. საქმის წარმოებისთვის დახარჯული თანხა დაახლოებით ასჯერ აღემატებოდა თავად კატის ღირებულებას! უფრო სერიოუზული, მაგრამ ასევე უცნაური სასამართლო საქმის შესახებ 1999 წელს მოგვითხრობდა ინგლისური რეგიონალური გაზეთი The Yotkshire Post, როდესაც მკვლელი ყურის ანაბეჭდების მეშვეობით დაადგინეს, რომლებიც მან მსხვერპლის თვალთვალისას მისი ფანჯრების მინებზე დატოვა. ამ საქმეში მონაწილე ჰოლანდიელმა ექსპერტმა დაამტკიცა, რომ ყურის ანაბეჭდები ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდები და ამით საფუძველი დაუდო იდენტიფიკაციის ახალ კანონიერ საშუალებებს. ჟურნალისტმა ამ მასალის მომზადებისთვის სპეციალური პროფესიული ჯილდოც კი დაიმსახურა.
![]() |
3.2 საგანმანათლებლო და საინფორმაციო პუბლიკაციები |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოების განათლება სამოქალაქო უფლებების და სასამართლო სისტემის შესახებ.
გახსოვდეთ, რომ ჟურნალისტის როლის ერთ-ერთი განსაზღვრება ამგვარია:
„ჟურნალისტი ახორციელებს საზოგადოების უფლებას იცოდეს სიმართლე და აწვდის მას ზუსტ, ობიექტურ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც მოქალაქე გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას იღებს“.
ამ განმარტებით, ჟურნალისტს ცენტრალური როლი ენიჭება მოქალაქეთა საზოგადოებრივი უფლებების განმტკიცებაში, რაც განსაკუთრებით ესადაგება დღევანდელი საქართველოს სამართლებრივ სფეროს.
მაგრამ შედეგს ვერ მიაღწევთ, თუ პირდაპირ და უკმეხად გამოაცხადებთ: „ამ პუბლიკაციაში ან სატელევიზიო თუ რადიო გადაცემაში მე თქვენს განათლებას ვაპირებ“. სწორედ საგანმანათლებლო პუბლიკაციების მომზადებისას დაგჭირდებათ ყველაზე მეტად, ჟურნალისტისთვის აუცილებელი შემოქმედებითი მიდგომა და წარმოსახვის უნარი.
არსებობს საგანმანათლებლო მასალების მომზადების სტანდარტული გზები, მაგალითად „კითხვებისა და პასუხების“ საგანგებო სვეტი (Q&A). მაგრამ აუდიენციის ყურადღების მისაპყრობად, უმჯობესია მასალის გადმოცემის უფრო მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება. მაგალითად, ინფორმაციის თავშესაქცევი, მიმზიდველი სახით მიწოდება კარიკატურების და კროსვორდების გამოყენებით შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ მოუთხროთ მკითხველებს ცნობილ ადამიანებთან დაკავშირებული ამბები, რაც აუდიტორიას მოიზიდავს და გაგიადვილებთ საზოგადოების განათლებას სასამართლო სისტემისა და სამართლებრივი უფლებების სფეროში. იუმორი ასევე ხელს უწყობს სამართლებრივი თემატიკის გაცოცხლებას. სასამართლო ჟურნალისტიკაში იუმორის გამოყენების მრავალნაირი ფორმა და საშუალება არსებობს. მაგალითად, თქვენს პუბლიკაციაში შეგიძლიათ რომელიმე ცნობილი იუმორისტული ფრაზა ან გამოთქმა გამოიყენოთ. თუმცა, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და თავიდან აიცილოთ იუმორის არამართებული გამოყენება ისეთ მასალებზე მუშაობისას, სადაც ადამიანების განცდებს ეხებით.
![]() |
3.3 სამართლებრივი შეცდომების გაშუქება და დაშვებული უსამართლობის გამოსწორება |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლო წლებში საქართველოს ჟურნალისტიკაში დამკვიდრდა წესი ყველგან და ყველაფერში შეცდომა ეძებო. ეს ერთის მხრივ ჯანსაღი მიდგომაა, რადგან უზრუნველყოფს ჟურნალისტების სიფხიზლეს საზოგადოებრივი ინტერესებისათვის საჯარო ზედამხედველობა განახორციელონ. ამ მხრივ, ამაში დასაძრახი არაფერია. ეს ჩვეულებრივი პროფესიული „ავადმყოფობაა“. მეორეს მხრივ, მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ შეცდომების ძიებაში, თავად არ შევცდეთ. ჟურნალისტებს ხშირად საყვედურობენ არაობიექტურობასა და არაკომპეტენტურობას. უნდა გვახსოვდეს, რომ აბსოლუტურად ობიექტური არაფერია, მითუმეტეს ინფორმაცია. ჟურნალისტიკაში არსებობს სისწორის და ობიექტურობის უტყუარი ბარომეტრი. ინფორმაცია მაშინ ითვლება მისაღებად და გავრცელების ღირსად თუ მისი სისწორე დაგიდასტურათ სულ მცირე სამმა დამოუკიდებელმა წყარომ. სასამართლო საქმეების განხილვისას ყოველთვის უნდა დავიცვათ მხარეთა პარიტეტი. ნუ შეუშინდებით ბრალდებას, რომ თქვენი პუბლიკაცია არაკომპეტენტურია, თუ ბრალდება დაინტერესებული მხარისაგან მოდის, მაგრამ გამოქვეყნებამდე ყოველთვის შეეცადეთ იურიდიული ნიუანსები დამოუკიდებელ ექსპერტთან გადაამოწმოთ. განვითრებულ ქვეყნებში მედიის ყველა საშუალებას სპეციალური იურისტი ჰყავს ამ მიზნით, რომელიც კოსულტაციას უწევს ჟურნალისტებს. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ადამიანს გამოუტანეს განაჩენი მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამ პიროვნებამ 27 წელი დაჰყო ციხეში და მისი განაჩენის გადაისინჯვა მხოლოდ 2002 წლის მარტში, ადგილობრივი გაზეთის რედაქტორის მიერ წარმოებული დაუღალავი კამპანიის შედეგად მოხერხდა.
აუდიტორიის დასაინტერესებლად კიდევ ერთ ჟურნალისტურ ხერხს წარმოადგენს - სამართლებრივ და საკანონმდებლო საკიხებთან დაკავშირებულ ახალ ამბებში, პიროვნული ელემენტის შემოტანა.
მაგალითად, პუბლიკაცია ალ ქაედას ეჭვმიტანილთა სამართლებრივი უფლებების შესახებ, რომელიც საკმაოდ აკადემიურ თემატიკას ეხებოდა, იწყებოდა შემდეგი სიტყვებით: „მოსამართლე რიჩარდ გოლდსტოუნი შეშფოთებულია...“ (გარდიანი, 2002 წ. 30 იანვარი). მეტად რთული სამართლებრივი საკითხის განხილვისას, ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი წამყვანი იურისტის პიროვნულ აღწერას ადამიანური ელემენტი შემოაქვს და მკითხველს სხვადასხვა ეთიკური და სამართლებრივი პრობლემის გააზრებაში ეხმარება.
საგაზეთო ჩანართი - The Times of London Law - რეგულარულად აქვეყნებს რუბრიკას კვირის იურისტი,” სადაც აღწერს პუბლიკაციებს მეტად მნიშვნელოვან სასამართლო საქმეებში ჩართული იურისტების ან ამ სფეროში მომუშავე გამორჩეული, არატიპიური ადამიანების შესახებ. ასეთი სახის რუბრიკა საკმაოდ აქტუალური და საინტერესო იქნებოდა საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის კონტექსტში. რეფორმის „ადამიანური მხარეს“ (მოსამართლეები, ადვოკატები და სასამართლო მოხელეები) ჩვენებით, ჟურნალისტი საზოგადოების ინფორმირებასა და განათლებას მიმზიდველი, არადიდაქტიკური ფორმით ახერხებს. საკანონმდებლო ცვლილებებზე პუბლიკაციის მომზადებისას ასევე სასურველია არა მარტო სამართლებრივი კუთხის ჩვენება და პრობლემის აუცილებლობის ჩვენება მკითხველისთვის, არამედ გაშუქება იმისა, თუ რა სოციალურ თუ პოლიტიკურ ცვლილებებს იწვევს ეს კონკრეტული საკანონმდებლო ნოვაცია; როგორ იჭრება იგი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში და მისდაუნებურად გარკვეული ცვლილებები შეაქვს მასში. მკითხველს თავად უნდა დავუტოვოთ არჩევანის გაკე- თების შესაძლებლობა - თუ რა უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის უმუშევრად დარჩენილი ადამიანები, რომლებმაც ვერ გაუძლეს კონკურენციას, რომელიც ამ კანონმა გაამძაფრა, თუ ჯანსაღი კონკურენტული გარემო, რომელიც ეკონონიკური კეთილდღეობის საფუძველია. ამის თვალსაჩინო ნიმუშია ადვოკატთა შესახებ კანონი, რომელიც საქართველოში ადვოკატთა ასოციაციის ჩამოყალიბებისა და საადვოკატო გამოცდების ჩატარებას ითვალისწინებს. ეს წინადადება საქართველოს პარლამენტმა 2001 წელს შეიმუშავა და გეგმის თანახმად, საქართველოს ყველა ადვოკატმა 2003 წლამდე უნდა ჩააბაროს გამოცდები. ვინც ჩაიჭრება ავტომატურად დაკარგავს იურიდიული პრაქტიკის უფლებას. მრავალი ადვოკატი, რომელსაც მხოლოდ საბჭოთა სისტემის დროინდელი კანონმდებლობა აქვს შესწავლილი, იძულებულია ან სწავლას დაუბრუნდეს, ან სულაც პროფესია შეიცვალოს. საქართველოსავით გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებში, ასეთი მედია-პუბლიკაციები ხელს უწყობენ დებატებს საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც ხელს უწყობს დემოკრატიზაციის პროცესსა და მოსახლეობის სამართლებრივ განათლებას. ამავე დროს, ჟურნალისტი უნდა მოერიდოს სურათის ზედმეტად ვარდისფერ ფერებში დახატვას, რაც საბჭოური პროპაგანდისთვის იყო დამახასათიებელი. იგი არ უნდა ერიდებოდეს რთული, ძნელად საპასუხო შეკითხვების დასმას თავისი აუდიტორიის სახელით.
ზოგიერთი ქართველი მოსამართლე შესაძლოა არ იყოს შეჩვეული ასეთ შეკითხვებს და გაღიზიანდეს. დაიმახსოვრეთ, რომ კანონით ისინი არ არიან ვალდებული საკუთარი გადაწყვეტილებები განმარტონ. კარგი იქნება, თუ მათ უბრალოდ განუმარტავთ, რომ დასავლეთში მიღებულია, რომ წამყვანმა მოსამართლეებმაც კი ახსნან თავიანთი გადაწყვეტილებები. ამით ისინი საზოგადოებას სამართლებრივი პრინციპების გათვითცნობიერებაში ეხმარებიან, რაც, თავის მხრივ, იწვევს უფრო ფართო გაშუქებას მედიაში და სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების მხრიდან პოზიტიურ დამოკიდებულებას.
ქართულ კონტექსტში, სადაც სამართლებრივი სისტემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჭარბობს, მიზანშეწონილია მასალების მომზადება ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომელთაც წარმატებულად შეძლეს საკუთარი შელახული უფლებების დაცვა. ამ სახის პუბლიკაციების გამოქვეყნება დაეხმარება საზოგადოებას შეცვალოს კანონის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და კანონის უზენაესობა დაამკვიდროს.
![]() |
3.4 ბოლოსიტყვაობის ნაცვლად |
▲ზევით დაბრუნება |
ამ წიგნის შედგენამდე ჩვენ შევისწავლეთ შესაბამისი უცხოური ლიტერატურა, ვესაუბრეთ სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე უცხოელ დაქართველ გამოცდილ ჟურნალისტებს. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ არ არსებობს სირთულე, რომლის დაძლევაც არ შეიძლება. ჟურნალისტიკის სხვა სფეროებთან შედარებით, სასამრთლო ჟურნალისტიკა მართლაც ურთულესად შეიძლება მოგვეჩვენოს. ამ სირთულის დასაძლევად ერთადერთი რეცეპტი არსებობს: კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ არის თუ არა ესა თუ ის სასამართლო საქმე საზოგადოების ინტერესის ღირსი და როცა გადაწყეტილებას მივიღებთ ბოლომდე უნდა გავაშუქოთ იგი.
![]() |
4 ნაწილი 3. დამატებები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 დამატება 1. მნიშვნელოვანი საკონტაქტო მონაცემები |
▲ზევით დაბრუნება |
სამართლებრივი განათლების ასოციაცია
- ინგოროყვას ქ. №14
ამერიკის იურისტთა ასოციაცია
- ჭავჭავაძის გამზ. №39
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- ავლევის ქ. №21
თავისუფლების ინსტიტუტი
- გრიბოედოვის ქ.№23
კავშირი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“
- კოსტავას ქ.№6, მე-3 სართული
კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი
- მარჯანიშვილის ქ. №29, მე-2 სართული
იურიდიული კლინიკა (იურიდიული ფაკულტეტი)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-8 კორპუსი
იურიდიული კლინიკა (საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I და მე-2 კორპუსები
იურიდიული კლინიკა (იუსტიციიის სამინისტრო)
- რუსთაველის გამზ. №30
ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, პარლამენტი
- რუსთაველის გამზ. №8 (საქართველოს პარლამენტი)
ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებათა დაცვისთვის
- რუსთაველის გამზ. №40
კავკასიის ურთიერთობები
- ბარნოვის ქ. №41
ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, სახელმწიფო უშიშროების საბჭო
- ინგოროყვას ქ. №7, მე-8 სართული
საქართველოს უზენაესი სასამართლო
- ძმები ზუბალაშვილების ქ. №32
საქართველოს იუსტიციის საბჭო
- აღმაშენებლის ქ. №80
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
- რუსთაველის გამზ. №30
![]() |
4.2 დამატება 2. მნიშვნელოვანი კანონებისა და საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი |
▲ზევით დაბრუნება |
● საქართველოს კონსტიტუცია
აგვისტო 1995
● ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
იანვარი 1996
● კანონი საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ
მარტი 1996
● კანონი სახალხო დამცველის შესახებ
მაისი 1996
● კანონი გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ
ივნისი 1996
● კანონი ნორმატიული აქტების შესახებ
ოქტომბერი 1996
● კანონი კერძო არბიტრაჟის შესახებ
აპრილი 1997
● ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ
ივნისი 1997
● საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
ივნისი 1997
● კანონის საქართველოს სასამართლოების მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
ივნისი 1997
● საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
ნოემბერი 1997
● ორგანული კანონი პროკურატურის შესახებ
ნოემბერი 1997
● კანონი იმპიჩმენტის შესახებ
ნოემბერი 1997
● კანონი სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ
ნოემბერი 1997
● კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსების ამოქმედებასთან დაკავშირებულ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ
ივნისი 1998
● კანონი საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების შესახებ
ივნისი 1998
● კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსაჯულთა უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ
ნოემბერი 1998
● ორგანული კანონი საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ
მაისი 1999
● საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
ივნისი 1999
● კანონი პატიმრობის შესახებ
ივლისი 1999
● საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
ივლისი 1999
● ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
ივლისი 1999
● კანონი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ
იანვარი 2000
● კანონი ადვოკატთა შესახებ
ივნისი 2001
![]() |
4.3 დამატება 3. დოკუმენტთა ნიმუშების ჩამონათვალი სასამართლო სამართალწარმოებაში |
▲ზევით დაბრუნება |
I. დოკუმენტთა ნიმუშები სამოქალაქო პროცესში
1. სარჩელი
2. შუამდგომლობა
3. შუალედური გადაწყვეტილება
4. კერძო საჩივარი
5. გადაწყვეტილება
6. სააპელაციო საჩივარი
7. საკასაციო საჩივარი
II. დოკუმენტთა ნიმუშები სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას
1. საბრალდებო დასკვნა
2. მოსამართლის ბრძანება
3. შუამდგომლობა
4. მოსამართლის დადგენილება
5. განაჩენი
6. სააპელაციო საჩივარი
7. საკასაციო საჩივარი
1. სარჩელი არის დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მხარის მიერ სასამართლო პროცესის დასაწყებად. ამ დოკუმენტით მხარე აცნობებს სასამართლოს მისი უფლებების დარღვევის ან სხვა სადავო საკითხის შესახებ. საჩივარი იწერება 1 ინსტანციის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.
2. შუამდგომლობა არის დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მხარის მიერ და ითხოვს სხვადასხვა პროცესუალურ ქმედებას, მაგალითად, ექსპერტიზას, სასამართლო მოსმენის გადადებას და ა.შ. შუამდგომლობა მხარემ შეიძლება წამოაყენოს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლე ან აკმაყოფილებს ან უარყოფს შუამდგომლობას.
3. შუალედური გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღოს მოსამართლემ სხვადასხვა შემთხევევაში, მაგალითად, სასამართლო მოსმენის დაწყების, ექსპერტიზის დანიშვნის, მესამე მხარის საქმეში შემოყვანის შესახებ და ა.შ. შუალედური გადაწყვეტილებით მოსამართლე პასუხობს შუამდგომლობას, კერძო საჩივარს და ა.შ.
4. კერძო საჩივარით მხარემ შეიძლება გაასაჩივროს მოსამართლის განჩინებები, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე შუალედური გადაწყვეტილებები.
5. გადაწყვეტილება არის მოსამართლის მიერ საბოლოოდ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც მოსამართლე არსებითად წყვიტავს საქმეს. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სააპელაციო სასამართლოში; ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება საკასაციო სასამართლოში (კასაცია). აპელაცია იწერება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე და ფორმით საჩივარის მსგავსია, უბრალოდ მითითებულია თუ რატომ და რომელ ნაწილში ხდება წინამდებარე გადაწყვეტილებების გასაჩივრება.
6. საბრალდებო დასკვნა - პროცესუალური დოკუმენტი, რომელშიც პროკურორი ადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აგზავნის სასამართლოში, რათა დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა.
7. მოსამართლის ბრძანება - სისხლის სამართლის პროცესში გამოძიების მწარმოებელ ორგანოს სჭირდება მოსამართლის ბრძანება მთელი რიგი ღონისძიებების გასატარებლად, ისეთი როგორიცაა დაპატიმრება, პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა ან სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებები. მოსამართლის ბრძანების გარეშე ზემოაღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა.
8. შუამდგომლობა - იგივეა რაც სამოქალაქო პროცესში - დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია მხარის მიერ და ითხოვს სხვადასხვა პროცესუალურ ქმედებას, მაგალითად, ექსპერტიზას, სასამართლო მოსმენის გადადებას და ა.შ. შუამდგომლობა მხარემ შეიძლება წამოაყენოს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მოსამართლე ან აკმაყოფილებს ან უარყოფს შუამდგომლობას.
9. განაჩენი - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე, რომლითაც განსასჯელის მიმართ გამოდის გამამტყუნებელი ან გამამართლებელი გადაყვეტილება.
10. მოსამართლის დადგენილება - მოსამართლის გადაყვეტილება შუამდგომლობებსა ან სხვა სახის შუალედურ საკითხებზე. (მაგ. ექსპერტიზის დანიშვნა, საქმის ხელხლა ძიებაში დაბრუნება და ა.შ.)
11. სააპელაციო საჩივარი - სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის აუცილებელი დოკუმენტი, რომელსაც ადგენს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარე, ამ საჩივრის საფუძველზე განიხილავს სააპელაციო სასამართლო საჩივარს.
12. საკასაციო საჩივარი - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის აუცილებელი, გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მხარის მიერ შედგენილი საჩივარი, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გადასინჯავს.
![]() |
4.4 დამატება 4. სასარგებლო ვებ-გვერდები |
▲ზევით დაბრუნება |
European Court of Justice:
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო:
მსოფლიო განვითარების მოხსენება 2002, თავი 6: სამართლებრივი სისტემა:
სამართლებრივი სისტემის დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები, გაერო:
ევროსაბჭოს რეკომენდაციები მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის შესახებ, 1994:
ევროპის მოსამართლეთა ქარტია:
საერთაშორისი სტანდარტების ფორმულირებანი: გაეროს ხელშეკრულება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ:
ევროსაბჭოს კონვენცია ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტალურ თავისუფლებათა შესახებ: http://conventions.coe.int/Treaty/EN/CadreListeTraites.htm
EU Procedural safeguards for suspects and defendants in criminal proceedings:
http://europe.eu.int/comm/justice-home/unit/penal/ consult-paper-proc-safeguards-en.htm
Human Rights Watch:
სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის:
სამართლებრივი ენა: სამართლებრივი ლექსიკონების გამოყენება:
სიზუსტე სასამართლო ჟურნალისტიკაში:
ეთიკის კოდექსი:
![]() |
4.5 დამატება 5. საკანონმდებლო აქტები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 19
1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
მუხლი 20
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
2. არავის არა აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ბინაში და სხვა მფლობელობაში მათ მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა, თუ არ არის სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა.
![]() |
4.6 დამატება 6. საქართველოს კანონი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. პრესის თავისუფლება
საქართველოს რესპუბლიკაში პრესა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებები თავისუფალია. ეს თავისუფლება რესპუბლიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული. საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ გამოთქვან, გაავრცელონ და დაიცვან თავიანთი თვალსაზრისი ინფორმაციის ნებისმიერი საშუალებით, აგრეთვე მოიპოვონ ინფორმაცია საზოგადოებრივ და სახელმწიფო ცხოვრების საკითხებზე. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ცენზურა დაუშვებელია.
მუხლი 2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში იგულისხმება: გაზეთები, ჟურნალები, ტელერადიოპროგრამები, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკა, ბიულეტენები, 600-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნები და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემები, თუ ისინი განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისათვის.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები წარმოდგენილია აგრეთვე გამომცემლობებით, პერიოდული პრესის, ტელე და რადიომაუწყებლობის რედაქციებით, საინფორმაციო სააგენტოებით და სხვა დაწესებულებებით, რომლებიც აწარმოებენ და ავრცელებენ მასობრივ ინფორმაციას.
მუხლი 3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ენა
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ენა არის საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენა - ქართული ენა, აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში სრული თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ფუნქციონირებს ქართული და აფხაზური ენები. საქართველოს რესპულიკაში ნებადართულია აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერ სხვა ენაზე.
საქართველოს რესპუბლიკა მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობისათვის უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას მათ მშობლიურ ენასა და სხვა ენებზე.
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის არმქონე პირებს (პოლიტიკურ ემიგრანტებს,სამუშაოდ ჩამოსულ უცხოელებს და ა.შ.) პრეზიდენტის ან მთავრობის გადაწყვეტილებით ნება აქვთ მოამზადონ, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მშობლიურ ან ქართულ ენაზე, თუ ეს ინფორმაცია არ ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის ინტერესებს.
მუხლი 4.მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეკრძალებათ:
ა) სახელმწიფო საიდუმლოებათა გამჟღავნება;
ბ) არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების დამხობისაკენ ან შეცვლისაკენ მოწოდება;
გ) ომის, სისასტიკის, რასობრივი, ეროვნული, რელიგიური შეუწყნარებლობის პროპაგანდა;
დ) ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ხელს უწყობს სისხლის სამართლის დანაშაულს;
ე) მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ჩარევა,მათი პიროვნების ღირესების ხელყოფა;
ვ) პორნოგრაფიის, უზნეობის პროპაგანდა.
მუხლი 5.საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ
კანონმდებლობა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ შედგება ამ კანონისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისაგან, აგრეთვე აფხაზეთის ასს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ კანონებისა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებისაგან.
თავი II
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა საქმიანობა და გავრცელება
მუხლი 6.მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაარსების უფლება
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დაარსების უფლება აქვთ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მასობრივ მოძრაობებს,შემოქმედებით კავშირებს, სხვა გაერთიანებებს, რომლებიც შექმნილი და რეგისტრირებულია კანონის შესაბამისად, აგრეთვე 18 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეებს. ამ ორგანიზაციებს და პიროვნებებს აქვთ რამდენიმე გაზეთის ან ჟურნალის, გამომცემლობისა და აგრეთვე დამოუკიდებელი ტელერადიომაუწყებლობის რედაქციის დაარსების უფლება. არ დაიშვება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზაცია. არც ერთი დამფუძნებლის საერთო წილი ერთი და იმავე სახის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არ უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს.
დამფუძნებელს უფლება აქვს შეაჩეროს, შეწყვიტოს ან ორგანიზაციულად შეცვალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობა. ასეთ შემთხვევაში დამფუძნებელი პასუხიმგებელია როგორც სახელმწიფო ორგანოების, ასევე კერძო პირების წინაშე ყველა ადრე აღებული ვალდებულებებისათვის.
მუხლი 7.რეგისტრაცია და განცხადება რეგისტრაციის შესახებ
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რეგისტრაცია ხდება:
ა) საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალება საერთო რესპუბლიკური დანიშნულებისაა;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ორგანოში; თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალება გათავალისწინებულია ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის;
გ) პრეფექტურაში,თუ გაზეთი, ჟურნალი ან ტელე-რადიოპროგრამა ადგილობრივი დანიშნულებისაა.
რეგისტრაციის სამივე ფორმის დროს უკვე რეგისტრირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალება თანაბარი უფლებით სარგებლობს.
განცხადება რეგისტრაციის შესახებ შესაბამისმა ორგანომ უნდა განიხილოს მისი შეტანიდან ერთ თვის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განმცხადებელს უნდა ეცნობოს წერილობით ერთი კვირის განმავლობაში.
მასობრივი ინფორმაციის საშუალების რეგისტრაციისათვის აუცილებელია:
1. დამფუძნებელი;
2. მითითება მასობრივი ინფორმაციის საშუალების ენაზე (ენებზე);
3. ზუსტი მისამართი;
4. მიზნები და ამოცანები;
5. სავარაუდო აუდიტორია;
6. გამოცემის სავარაუდო პერიოდულობა და სავარაუდო ტირაჟი;
7. დაფინანსების წყაროები;
8. რედაქტორი ან რედკოლეგია.
თუ რაიმე მიზეზის გამო მასობრივი ინფორმაციის საშუალება არ ფუნქციონირებს 1 წლის განმავლობაში, მაშინ აუცილებელია მის ხელმეორედ რეგისტრაცია.
მუხლი 8. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების პოლიგრაფიული ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა
რეგისტრირებულ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ არსებული ხელშეკრულების საფუძველზე გამოიყენონ პოლიგრაფიული ბაზები. კერძო ან კოოპერატიულ საკუთრებად შეიძინონ საკუთარი სტამბა რესპუბლიკაში ან საზღვარგარეთ (მათ შორის საბჭოთა კავშირშიც). ანალოგიური უფლება ვრცელდება ტელე-რადიოპროგრამების ტექნიკურ საშუალებებზეც.
მუხლი 9. რეგისტრაციის გარეშე ინფორმაციის გავრცელების შემთხვევები
რეგისტრაცია არ სჭირდება სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების, ოფიციალური ნორმატიული და სხვა აქტების, სასამართლო და საარბიტრაჟო ბიულეტენების გამოცემას, აგრეთვე ხუთას ცალზე ნაკლები ტირაჟის ვიწრო სპეციალურ ლიტერატურას, რომელიც ინფორმაციის გავრცელებისათვის არ არის გამიზნული. წინასაარჩევნო მასალების გასავრცელებლად საკმარისია საარჩევნო კომისიის ნებართვა.
მუხლი 10. რეგისტრაციაზე უარის თქმა
მასობრივი ინფორმაციის საშუალების რეგისტრაციაზე შეიძლება უარი ითქვას:
ა) თუ მისი მიზნები ამ კანონს ეწინააღმდეგება;
ბ) თუ არსებობს ამავე სახელწოდების სხვა გამოცემა;
გ) თუ აკრძალული მასობრივი ინფორმაციის საშუალების გაუქმებიდან არ არის გასული ერთი წელი.
მუხლი 11. სარეგისტრაციო გადასახადი
სარეგისტრაციო გადასახადი წესდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შეჩერება ან შეწყვეტა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს, თუ განმეორებით დაირღვა ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები ან იმ შემთხვევაში, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია მატერიალურ ზარალთან, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს რესპუბლიკას.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შეჩერება ნიშნავს ბეჭდვითი გამოცემის ერთი ან რამდენიმე ნომრის აკრძალვას, აგრეთვე განკარგულებას ტელერადიომაუწყებლობის დროებითი შეწყვეტის შესახებ.
მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის დროებითი (არა უმეტეს ერთი თვისა) შეჩერების უფლება აქვს იმ ორგანოს,რომელმაც იგი რეგისტრაციაში გაატარა. შეჩერება ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მასობრივი ინფორმაციის საშუალებას. ყველას შეუძლია გაასაჩივროს გადაწყვეტილება მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის შეჩერების შესახებ. სასამართლო ვალდებულია ორი კვირის განმავლობაში განიხილოს აღძრული საკითხი. თუ სასამართლო დაადგენს შეჩერების უკანონობას, აუცილებელია დაზარალებული მასობრივი ინფორმაციის საშუალების მატერიალური და მორალური ზარალის კომპენსირება.
მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის სრული შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ სასამართლოს.
თუ დამფუძნებელი გააუქმებს ამა თუ იმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, რედაქციას ან რედაქტორს (მთავარ რედაქტორს) აქვს უპირატესი უფლება დაარსოს იმავე სახელწოდების მასობრივი ინფორმაციის საშუალება (გაზეთი, ჟურნალი, გამომცემლობა, ტელე-რადიომაუწყებლობის რედაქცია).
მუხლი 13. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დამფუძნებელი, რედაქტორი, რედაქცია და გამომცემელი
დამფუძნებელი განსაზღვრავს მასობრივი ინფორმაციის საშუალების პროგრამას(ძირითად პრინციპებს).
თუ მასობრივი ინფორმაციის დამფუძნებელი ერთდროულად გამომცემელი (დამფინანსებელი) არ არის, დამფუძნებელსა და გამომცემელს (დამფინანსებელს) შორის ფორმდება ხელშეკრულება. გამომცემელს, რომელიც ფინანსურად დამოუკიდებელია. უფლება აქვს იყოს დამფუძნებელიც. მასობრივი ინფორმაციის საშუალების დამფუძნებლის, რედაქციასა და გამომცემლის საწარმოო, ქონებრივი და ფინანსური ურთიერთობა აიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. დამფუძნებელს, გამომცემელსა და რედაქციას შორის ფინანსურ თუ სხვა ნიადაგზე წარმოქმნილ კონფლიქტებს აგვარებს სასამართლო დამფუძნებელს უფლება აქვს დააყენოს საერთოდ რედაქციის პასუხისმგებლობის საკითხი ხელისუფლების წინაშე, თუ იგი ვერ აგვარებს ან ვერ უძღვება სამუშაოს. რედაქციის საქმიანობას წარმართავს რედაქტორი სარედაქციო კოლეგიის დახმარებით.
სარედაქციო კოლეგია იქმნება დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული წესდების მიხედვით.
მუხლი 14. სარედაქციო წესდება
მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო წესდებას ხმების უმრავლესობით იღებს რედაქციის საერთო კრება, რომელსაც ესწრება მისი შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი და ამტკიცებს დამფუძნებელი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს დამფუძნებელი. თუ დამფუძნებელი და გამომცემელი ერთი და იგივე ორგანო ან ერთი და იგივე კერძო პირია, კონფლიქტს მასა და რედაქციას შორის აგვარებს სასამართლო.
მუხლი 15. პერიოდული პრესის ძირითადი მონაცემები
პერიოდული გამოცემის ყოველი გამოშვების ძირითადი მონაცემებია:
1. გამოცემის სახელწოდება;
2. დამფუძნებელ-გამომცემელი ან ცალკე დამფუძნებელი და ცალკე გამომცემელი;
3. რედაქტორის (მთავარი რედაქტორის) სახელი და გვარი;
4. გამოშვების რიგითი ნომერი და გამოსვლის თარიღი პერიოდული გამოცემისათვის, ხოლო გაზეთებისათვის - დასაბეჭდად ხელმოწერის დრო;
5. ინდექსი;
6. ტირაჟი;
7. ფასი;
8. რედაქციისა და სტამბის მისამართები.
ტელე-რადიომაუწყებლობა ვალდებულია ეთერში ყოველი გასვლის დროს გამოაცხადოს რედაქციის დასახელება.
მუხლი 16. საკონტროლო და სავალდებულო ეგზემპლარები
პერიოდული გამოცემის უფასო საკონტროლო ეგზემპლარები ეგზავნებათ: პრეზიდენტის პრესსამსახურს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. ცენტრალურ ბიბლიოთეკებს და საცავებს.
ტელე-რადიომაუწყებლობის რედაქციები ვალდებული არიან გადაცემათა მასალები (ტექსტი, ფირი) შეინახონ ეთერში გასვლის შემდეგ ერთ თვის განმავლობაში. მნიშვნელოვანი გადაცემებისა და ოფიციალური ქრონიკებისათვის იქმნება ტელე-რადიომაუწყებლობის საგანგებო საარქივო ფონდი.
მუხლი 17. გავრცელების წესი და ნებართვა
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა პროდუქციას ავრცელებენ უშუალოდ რედაქცია (მათ შორის ღია საჯარო გაყიდვის წესით), გამომცემელი, კავშირგაბმულობის საწარმოები, ორგანიზაციები ან მოქალაქეები ამ კანონის საფუძველზე. პრესის გავრცელებაზე, სახელმწიფო მონოპოლია არ არსებობს. ცალკეულ ორგანიზაციებს ან მოქალაქეთა ჯგუფებს შეუძლიათ პრესის გავრცელების სახელმწიფო სამმართველოს პარალელურად შექმნან დამოუკიდებელი საწარმოო სამაეურნეო ანგარიშზე და ხელშეკრულების საფუძველზე გაავრცელონ ნებისმიერი პერიოდული გამოცემა. ყველა ასეთი საწარმო საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას კანონით დადგენილი წესით.
პერიოდული პრესის თითოეული ცალკე გამოშვება ვრცელდება რედაქტორის ნებართვის შემდეგ.
ბეჭდვითი გამოცემის ტირაჟს განსაზღვრავს დამფუძნებელი.
სახელმწიფო პერიოდული ბეჭდვითი გამოცემის ტირაჟს აწესრიგებს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ან უზენაეს საბჭოს უფლება აქვს გაზარდოს ან შეამციროს სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ნებისმიერი პერიოდული გამოცემის ტირაჟი.
ტელე-რადიომაუწყებლობის კერძო დაწესებულებების საეთერო დრო რეგულირდება ტელე-რადიომაუწყებლობის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
კანონიერ საფუძველზე მოქმედი მასობრივი ინფორმაციის საშუალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის ტირაჟის ან მისი ნაწილის ამოღება, აგრეთვე ნებადართული ტელერადიომაუწყებლობის დამოუკიდებელი არხების ჩახშობა ან შეწყვეტა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
მუხლი 18. ოფიციალური ცნობები
სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მიერ დაფუძნებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი ვალდებული არიან უფასოდ გამოაქვეყნონ ამ ორგანოების ოფიციალური ცნობები, ამ ვალდებულებებისაგან თავისუფალი არიან არასამთავრობო მასობრივი ინფორმაციის საშუალებანი, გარდა საგანგებო შემთხვევისა (ომის გამოცხადება, სტიქიური უბედურების შესახებ მოსახლეობის ონფორმირება და ა.შ.).
თავი III
მოქალაქეთა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ჟურნალისტთა უფლება-მოვალეობანი
მუხლი 19. მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ინფორმაციის მიღების უფლება
საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს უფლება აქვთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ოპერატიულად მიიღონ ცნობები სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ ინფორმაცია მიიღონ სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანებების ან თანამდებობის პირებისაგან, აგრეთვე მოითხოვონ საჭირო დოკუმენტები. უარის შემთხვევაში მათ უფლება აქვთ მიმართონ ზემდგომ ორგანოებს ან სასამართლოს.
მუხლი 20. პიროვნების ან ორგანიზაციის შეურაცხმყოფელი მასალის უარყოფისა და მასზე პასუხის უფლება
მოქალაქეს ან ორგანიზაციას უფლება აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალებით რედაქციას მოსთხოვოს პიროვნების შეურაცხმყოფელი მასალის უარყოფა. უარყოფა ან პასუხი ქვეყნდება გაზეთში ან ჟურნალში სპეციალური რუბრიკით იმავე გვერდზე ან ტელე-რადიპროგრამების მორიგ გამოშვებაში მომთხოვნის შემოსვლის დღიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა. უარყოფა შეიძლება გამოქვეყნდეს სხვა გაზეთში ან ჟურნალში, თუ პიროვნების შეურაცხმყოფელი მასალა დაიბეჭდა რომელიმე ერთჯერად გამოცემაში.
თუ მოქალაქეს ან ორგანიზაციას არ აკმაყოფილებს პასუხი, უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს.
მუხლი 21. ჟურნალისტი და მისი უფლება
ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი. ჟურნალისტი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებით
ჟურნალისტს უფლება აქვს:
1. მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია;
2. თავისი მოვალეობის შესრულებისას შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, შეხვდეს თანამდებობის პირებს;
3. ჩაიწეროს მასალა ნებისმიერი საშუალებით (მათ შორის აუდიოვიზუალური ტექნიკის გამოყენებით, კინო და ფოტო გადაღებით) კანონით აკრძალული შემთხვევების გარდა;
4. დაესწროს და აქტიურად გააშუქოს მასობრივი ღონისძიებები: საზოგადოებრივი თავყრილობები მიტინგები,დემონსტრაციები, დაუბრკოლებლად ჩავიდეს სტიქიური უბედურების რაიონებში და ა.შ.
5. მიმართოს სპეციალისტებს შემოსული მასალების შესამოწმებლად;
6. მოითხოვოს ავტორობის საიდუმლოს შენახვა;
7. არ მოაწეროს ხელი და არ მომაზადოს მასალა, რომელიც მის მრწამსს ეწინააღმდეგება, ანდა სარედაქტორო სწორების დროს დამახინჯდა;
8. ჟურნალისტს უფლება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი საარქივო მასალით, საიდუმლო და სპეცფონდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას ან პიროვნების პირად ცხოვრებას (არქივიდან პირადი ცხოვრების შესახებ მასალის გამოქვეყნება შეიძლება თვით ამ პიროვნების ან მისი ახლობელი ნათესავების ნებართვით);
9. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ ჟურნალისტი წინასწარ მიავლინონ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, რომლებიც ვალდებული არიან უზრუნველყონ ჟურნალისტი სამუშაო პირობებით. საგანგებო სიტუაცებში საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს ან მთავრობას შეუძლია დროებით შეუზღუდოს ჟურნალისტს ამ მუხლის მე-2,3,4,8 პუნქტებში ჩამოთვლილი უფლებები.ასეთ შემთხვევაში ოფიციალური ხელისუფლება ვალდებულია განუმარტოს ჟურნალისტს ან მის წარმდგენ ორგანოს დროებითი შეზღუდვის მოტივები.
მუხლი 22. ჟურნალისტის აკრედიტება
მასობრივი ინფორმაცის საშუალებებს შეუძლიათ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოებთან, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეთანხმებით მოახდინონ მათთან თავისი ჟურნალისტების აკრედიტება.
აკრედიტებული ჟურნალისტი ესწრება სხდომებს, თათბირებს, აგრეთვე ამ ორგანოთა და ორგანიზაციათა სხვა ღონისძიებებს, აკრედიტებულჟურნალისტს უფლება აქვს გაეცნოს სტენოგრამებს, ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას საერთო წესის მიხედვით.
მუხლი 23. უარი ინფორმაციის მიწოდებაზე
ინფორმაციის მიწოდებაზე უარის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელს ეძლევა წერილობითი ახსნა-განმარტება უარის მიზეზების მითითებით ინფორმაციის მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 დღისა.
ინფორმაციის მიწოდებაზე უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში.
მუხლი 24. ჟურნალისტის მოვალეობანი
ჟურნალისტი მოვალეა:
1. დაიცვას რედაქციის წესდება და პროგრამა;
2. შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა;
3. დააკმაყოფილოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთა თხოვნა მათი ავტორობის არგამხელის ან, პირიქით, მითითების შესახებ, თუ ასეთი ინფორმაცია პირველად ქვეყნდება;
4. უარი თქვას რედაქტორის (მთავრი რედაქტროის, ან რედაქციის მიერ მიცემულ დავალებაზე, თუ ეს დავალება არღვევს კანონს;
5. პატივი სცეს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა კონსტიტუციურ უფლებებს;
6. პატივი სცეს საქართველოს რესპუბლიკას და მისი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს სიმბოლოს, ღირსებას.
თავი IV
კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა
მუხლი 25. ყალბი ცნობების გავრცელება, მოქალაქეთა ან ორგანიზაციათა ღირსებისა და პატივის შელახვა
ყალბი ცნობების გავრცელებისათვის, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განზრახ შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, მათ ხელმძღვანელებს, რედაქტორს (მთავრ რედაქტორს) და მასალების ავტორებს, რომლებმაც დაარღვიეს ეს კანონი.
მუხლი 26. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობაში ჩაურევლობა
სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების, ნებისმიერი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ჟურნალისტის ან რედაქციის კანონიერი პროფესიული საქმიანობის დაბრკოლება, ჟურნალისტთა და რედაქტროთა იძულება,შეცვალონ ან უარი თქვან ინფორმაციის გავრცელებაზე, ისჯება ათასიდან ორი ათას მანეთამდე ჯარიმით, ძალდატანების განმეორებით მცდელობის შემთხვევაში - ხუთი ათასიდან ათი ათას მანეთამდე ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
თუ სახელმწიფო ან სახელმწიფო ორგანოები არღვევენ პრესისა და ინფორმაციის სხვა საშუალებების თავისუფლების კანონს, მათ წინააღმდეგ შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.
მუხლი 27. პასუხისმგებლობა მასობრივი ინფორმაციის უკანონო მომზადებისა და გავრცელებისათვის
მასობრივი ინფორმაციის საშუალებით პრდუქციის შექმნა და გავრცელება, თუ იგი რეგისტრაციაში არ არის გატარებული, იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ათას მანეთამდე ჯარიმას, რომელსაც სასმართლო აკისრებს რედაქციას, და ნაბეჭდი ტირაჟის ან სხვა პრდუქციის ამოღებას.
კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იზრდება ხუთი ათას მანეთამდე. ამასთან ხდება იმ ტექნიკური საშუალებების კონფისკაცია, რომლებსაც საინფორმაციო საშუალება იყენებს ინფორმაციის მომზადებისა და გავრცელებისათვის.
მუხლი 28. პასუხიმგებლობისაგან გათავისუფლების შემთხვევები
რედაქტორს (მთავარ რედაქტორს), ასევე ჟურნალისტს არ ეკისრებათ პასუხიმგებლობა არსწორი ცნობების გავრცელებისათვის:
თუ ამ ცნობებს შეიცავდა ოფიციალური ინფორმაციები;
თუ ისინი მიღებულია საინფორმაციო სააგენტოებისა ან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების პრესამსახურებისაგან;
თუ ისინი სიტყვა-სიტყვით იმეორებენ სხვადასხვა ოფიციალურ თავყრილობებზე პასუხიმგებელ პირთა გამოსვლებს;
თუ ასეთი ცნობები იყო გამოსვლებში, რომლებიც ეთერში გავიდა წინასწარი ჩაწერის გარეშე, ან ტექსტებში, რომლებიც არ ექვედებარება რედაქტირებას ამ კანონის შესაბამისად.
მუხლი 29. ღირსების სასამართლო
ჟურნალისტის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებისათვის, რომელიც არ ატარებს კრიმინალურ ხასიათს, მაგრამ მიუღებელია ეთიკური თვალსაზრისით და რასაც მოჰყვა თვით ჟურნალისტის და მასობრივი ინფორმაციის საშუალების საზოგადოებრივი დისკრედიტირება, იქმნება ღირსების სასამართლო.
ღირსების სასამართლოს ქმნის ჟურნალისტთა კავშირი ან ნებისმიერი მასობრივი ინფორმაციის საშუალების კოლექტივი (თუ წარმოიშვა შინა კონფლიქტური სიტუაცია). ღირსების სასამართლოს შეუძლია დააყენოს პროფესიონალი ჟურნალისტის დასჯის საკითხი (გაკიცხვა, ფულადი ჯარიმა, კავშირის წევრობის დროებითი შეჩერება ან გარიცხვა).
თავი V
საერთაშორისო თანამშრომლობა
მუხლი 30. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საერთაშოოისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებით საფუძველზე.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებანი უცხოეთის მოქალაქეებთან და ორგანიზაციებთან. თუ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობის წესრიგისაგან განსხვავებული წესები, პრიორიტეტი ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებებს. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთის წყაროებიდან (ტელევიზია, რადიო, პრესა, წიგნები, ბროშურები და ა.შ.).
მუხლი 31. საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების, საზღვარგარეთის სახელმწიფო დიპლომატური და სხვა წარმომადგენელთა საინფორმაციო საქმიანობა
საქართველოში აკრედიტებული უცხოელი კორესპონდენტებისა და უცხოეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სხვა წარმოადგენლობების სამართლებრივ მდგომარეობასა და პროფესიულ საქმიანობას, აგრეთვე საქართველოში დიპლომატიური, საკონსულო და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების საინფორმაციო საქმიანობას აწესრიგებს საქართველოს კანონმდებლობა და შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებები.
თავი VI
კანონის კონტროლი და განხორციელება
მუხლი 32. კანონის დაცვისა და განხორციელების ზედამხედველობის კომისია
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის დაცვასა და განხორციელებას ზედამხედველობას უწევს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შესაბამისი კომისია.
![]() |
4.7 დამატება 7. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
თავი III
ინფორმაციის თავისუფლება
მუხლი 27. ტერმინთა განმარტება
ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამ თავის მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო დაწესებულება - სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, აგრეთვე პირი, რომელიც კანონმდებლობის ან ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო დაწესებულების სახელით ასრულებს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფინანსებას იღებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან;
ბ) კოლეგიური საჯარო დაწესებულება - საჯარო დაწესებულება, რომლის ხელმძღვანელი ან სათათბირო ორგანო ერთზე მეტი საჯარო მოხელისაგან შედგება და რომელშიც გადაწყვეტილებებს ერთზე მეტი საჯარო მოხელე ერთობლივად იღებს ან ამზადებს;
გ) კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრი - საჯარო მოხელე, რომელიც ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში ან მომზადებაში;
დ) თანამდებობის პირი - „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდეობის პირი;
ე) სხდომა - საჯარო დაწესებულების სახელით გადაწყვეტილების მიღების ან ამ გადაწყვეტილების მომზადების მიზნით დაწესებულების წევრთა მიერ საკითხის განხილვა;
ვ) გამოქვეყნება - კანონით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში საჯარო ინფორმაციის შეტანა და საჯარო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო მონაცემთა ბაზა - საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოხელის მიერ სისტემურად შეგროვებული, დამუშავებული და შენახული მონაცემები;
თ) პერსონალური მონაცემები - საჯარო ინფორმაცია, რომელიც პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა;
ი) აღმასრულებელი პრივილეგია - საჯარო დაწესებულებებისა და საჯარო მოხელეების გათავისუფლება ამ თავით გათვალისწინებული მოვალეობებისაგან.
მუხლი 28. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
საჯარო ინფორმაცია ღიაა გარდა საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ანდა, როდესაც ღიაობა აშკარად და გარდაუვლად არსებით ზიანს მიაყენებს:
ა) ეროვნულ უსაფრთხოებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი გამხელა დაემუქრება დაგეგმილი ან განხორციელების პროცესში მყოფი სამხედრო, სადაზვერვო ან დიპლომატიურ ქმედებათა განხორციელებას და მათ მონაწილეთა ფიზიკურ უსაფრთხოებას;
ბ) სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მისი გამხელა საფრთხეს შეუქმნის სამართალდამცავი ან სადაზვერვო სამსახურების კონფიდენციალური წყაროების იდენტიფიცირებას, ხელს შეუშლის დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოვლენას, აღკვეთასა და დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას, საფრთხეს შეუქმნის ნებისმიერი პირის სიცოცხლესა და ფიზიკურ უსაფრთხოებას ან შელახავს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის უფლებას გამოძიების საიდუმლოებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამოტანილია დადგენილება ამ ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ძებნის შესახებ.
მუხლი 29. აღმასრულებელი პრივილეგია
თანამდებობის პირის მიერ გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოხელეთა ვინაობა დაცულია გამხელისაგან აღმასრულებელი პრივილეგიით.
მუხლი 30. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ შეიძლება მიღებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ კანონი აწესებს მისი გამხელისაგან დაცვის პირდაპირ მოითხოვნას, ადგენს ინფორმაციის გამხელისაგან დაცვის კონკრეტულ კრიტერიუმებს და შეიცავს საიდუმლოდ დასაცავი ინფორმაციის ამომწურავ ჩამონათვალს.
მუხლი 31. საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ვადის გაგრძელება
გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების ან მისი ვადის გაგრძელების შესახებ, გარდა საკანონმდებლო აქტით დადგენილი შემთხვევებისა, შეიძლება მიღებულ იქნეს არა უმეტეს 5 წლის ვადით. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოების, ვადის გაგრძელების, აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 32. სხდომათა საჯაროობა
თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 33. საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესი
საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ საიდუმლო საჯარო ინფორმაციის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების დახურული სხდომის ოქმის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნებისმიერი ნაწილი უნდა გამოქვეყნდეს.
მუხლი 34. საჯარო დაწესებულების დახურული სხდომა
კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, აგრეთვე მისი ჩატარების ადგილის, დროის, დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას - მისი დახურვის შესახებ. სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შეცვლა დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს. კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია გამოაქვეყნოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები და გადაწყვეტილების ოქმი.
მუხლი 35. საჯარო რეესტრი
საჯარო დაწესებულება ვალდებულია შეიტანოს ამ დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაცია საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში შეტანილი უნდა იქნეს საჯარო ინფორმაციაზე მითითება მისი მიღებიდან, შექმნიდან, დამუშავებიდან ან გამოცემიდან 2 დღის ვადაში საჯარო ინფორმაციის დასახელების, მიღების თარიღის, იმ ფიზიკური ან იურიდიულიპირის, საჯარო მოხელის, საჯარო დაწესებულების დასახელების მითითებით, რომლისგანაც შემოვიდა ან რომელსაც გაეგზავნა ეს ინფორმაცია.
მუხლი 36. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელე.
მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა.
მუხლი 38. საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა
საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.
მუხლი 39. პერსონალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
პირს არ შეიძლება უარი ეთქვას იმ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, რომელიც იძლევა ამ პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და ამ კოდექსის თანახმად სხვა პირებისათვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს. პირს აქვს უფლება გაეცნოს მის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები.
მუხლი 40. გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ
1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;
ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;
გ) მოთხოვნის თაობაზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებით დაინტერესებულ, სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.
2. საჯარო დაწესებულება ვალდებულია აცნობოს განმცხადებელს მიღებული გადაწყვეტილების, მისი საფუძვლის და შესაბამისი ნორმატიული აქტის შესახებ.
მუხლი 41. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების პროცედურა, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია
ყველას აქვს უფლება იცოდეს:
ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;
გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოხელეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;
დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოხელეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ პასუხისმგებელი თანამდებობა ან ევალებათ საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;
ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;
ვ) არჩევით თანამდეობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;
ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;
თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;
ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;
კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;
ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;
მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია.
მუხლი 43. პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი
საჯარო დაწესებულება ვალდებულია:
ა) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს მხოლოდ ის მონაცემები, რომელთა შეგროვების უფლებას მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს კანონი და რომლებიც აუცილებელია ამ საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად;
ბ) შეიმუშაოს და დანერგოს მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და შემადგენლობის კანონით განსაზღვრულ მიზნებთან და ვადებთან შესაბამისობის კონტროლის პროგრამა;
გ) პირის მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაანადგუროს კანონით განსაზღვრული მიზნებით გაუთვალისწინებელი, აგრეთვე არაზუსტი, არასარწმუნო, არასრული და საქმესთან დაუკავშირებელი მონაცემები და შეცვალოს ისინი ზუსტი, სარწმუნო, დროული და სრული მონაცემებით;
დ) შეინახოს შესწორებული მონაცემები, მათი გამოყენების დროის მითითებით, შესაბამის მონაცემებთან ერთად მათი არსებობის მანძილზე, მაგრამ არანაკლებ 5 წლის განმავლობაში;
ე) პერსონალური მონაცემების შეგროვებისას მიმართოს იმ პირს რომელზედაც გროვდება ინფორმაცია, აგრეთვე სხვა წყაროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ამოიწურა პირველწყაროდან პერსონალური მონაცემების მიღების ყველა სხვა შესაძლებლობა, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა და მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი მას პირდაპირ და უშუალოდ ანიჭებს განსაზღვრული კატეგორიის პირების შესახებ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის უფლება;
ვ) საჯარო რეესტრში შეიტანოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, აგრეთვე მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების მოთხოვნის, მოთხოვნის თარიღის, ხასიათისა და მიზნის, მომთხოვნის ვინაობისა და მისამართის შესახებ;
ზ) დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის პირს მის უკანასკნელ ცნობილ მისამართზე მესამე პირის ან საჯარო დაწესებულების მიერ მისი პერსონალური მონაცემების მოთხოვნის შესახებ, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
თ) პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემამდე კიდევ ერთხელ მიიღოს ყველა გონივრული ზომა იმის გადასამოწმებლად, არის თუ არაისინი ზუსტი, საქმესთან კავშირში მყოფი, დროული და სრული;
ი) პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვისას აცნობოს შესაბამის პირს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები; სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მისთვის პერსონალური მონაცემების მიცემა; პერსონალურ მონაცემთა წყაროები და შემადგენლობა; აგრეთვე იმ მესამე პირების შესახებ, რომელთაც შეიძლება გადაეცეთ პერსონალური მონაცემები.
მუხლი 44. პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობა
პერსონალური მონაცემები, თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გარდა, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ პირის თანხმობის ან ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.
2. სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება პერსონალური მონაცემების განსაიდუმლოების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და ამოიწურა სხვა წყაროდან ამ ინფორმაციის მიღების ყველა სხვა შესაძლებლობა.
მუხლი 45. პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობა
პერსონალური მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად მხოლოდ პირის იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით.
მუხლი 46. მონაცემებში შესწორების შეტანა ან მათი განადგურება
პირს უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემებში შესწორების შეტანა ან უკანონოდ მოპოვებული მონაცემების განადგურება. პერსონალური ინფორმაციის შეგროვების კანონიერების თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება საჯარო დაწესებულებას. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანამდე პირის განცხადება საჯარო ინფორმაციის უზუსტობის შესახებ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და თან უნდა დაერთოს მას. აღნიშნულ საკითხზე საჯარო დაწესებულება ან საჯარო მოხელე გადაწყვეტილებას იღებს 10 დღის ვადაში.
მუხლი 47. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა. ზიანის ანაზღაურება
1. პირს აქვს უფლება საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოხელის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრული ან ნაწილობრივი დახურვის, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას;
ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისა და დამუშავებისათვის;
გ) პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელებისას, აგრეთვე მათი სხვა პირისა ან საჯარო დაწესებულებისათვის უკანონოდ გადაცემისას;
დ) საჯარო დაწესებულების ან საჯარო მოხელის მიერ ამ კოდექსის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას.
2. მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას ან საჯარო მოხელეს.
მუხლი 48. სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამოთხოვა
სასამართლოს უფლება აქვს გამოითხოვოს და განიხილოს გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის მიზნით. სასამართლოს უფლება აქვს ეს განხილვა აწარმოოს დახურულ სხდომაზე.
მუხლი 49. ანგარიშის წარდგენა
ყოველი წლის 10 დეკემბერს საჯარო დაწესებულება ვალდებულია წარუდგინოს ანგარიში საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს:
ა) საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნათა რაოდენობის შესახებ და მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ;
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის, გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოხელის ვინაობის, აგრეთვე კოლეგიური საჯარო დაწესებულების მიერ საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ;
გ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე;
დ) საჯარო მოხელეთა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხიმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ.
მუხლი 50. ადრე არსებული საჯარო ინფორმაციის ღიაობა
ამ კოდექსის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, გარდა კომერციული, პროფესიული და პირადი საიდუმლოებისა, ღიაა, თუ იგი შექმნილი, გაგზავნილი ან მიღებულია 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, ამ ინფორმაციაში მოხსენიებული პირების იდენტიფიკაციის გამომრიცხავი ფორმით მათი სიცოცხლის მანძილზე.
![]() |
4.8 დამატება 8. სამოქალაქო კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები
1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.
2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.
3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.
4. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში.
5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
მუხლი 19. პირადი უფლებების დაცვა გარდაცვალების შემდეგ
მე-18 მუხლში აღნიშნული უფლებები შეუძლია გამოიყენოს იმ პირმაც, რომელიც, თუმცა თვითონ არ არის სახელის ან პირადი ღირსების უფლების მატარებელი, მაგრამ საამისოდ აქვს დაცვის ღირსი ინტერესი. მას შეუძლია სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის განხორციელება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც. სახელის, პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის ქონებრივი ანაზღაურების მოთხოვნა სიკვდილის შემდეგ დაუშვებელია.
![]() |
4.9 დამატება 9. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 16. სისხლის სამართლის პროცესის საქვეყნოობა
1. სისხლის სამართლის საქმის განხილვა ყველა სასამართლოში ღიაა.
2. სამართალწარმოების მონაწილეებსა და სხვა პირებს აქვთ პროცესის დროს სტენოგრაფირების, ხმის ჩაწერისა და სხვა ჩამწერი საშუალებების უხმაუროდ გამოყენების უფლება, თუ ისინი ხელს არ უშლიან სასამართლო განხილვას. პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე რადიოთი და ტელევიზიით ტრანსლაციის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.
3. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შეუძლიათ თავისუფლად გააშუქონ სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და შედეგები, ოღონდ ამ დროს მათ უნდა იხელმძღვანელონ უდანაშაულობის პრეზუმფცის პრინციპით.
4. სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებით (დადგენილებით), საქმე განიხილება მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით; ამავე წესით განიხილება საქმეები 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა დანაშაულის, სქესობრივი დანაშაულისა თუ ინტიმური ცხოვრების შესახებ ცნობების გაუხმაურებლობის მიზნით, თუ ამას მოითხოვენ მხარეები. დახურულ სასამართლო სხდომაზე დარბაზში შეიძლება დაუშვან თითოეული განსასჯელისა და დაზარალებულის ორ-ორი წარმომადგენელი.
5. დახურულ სხდომაზე განიხილება აგრეთვე საგამოძიებო ორგანოების წარდგინება (შუამდგომლობა) სასამართლო ბრძანებისა და დადგენილების გამოთხოვის შესახებ.
6. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა წარმოებს ყველა საპროცესო წესის დაცვით.
7. სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება ყველა შემთხვევაში საქვეყნოდ ცხადდება.
8. მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების მასალების გახმაურების საკითხს წყვეტს გამომძიებელი ან პროკურორი უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვით.
9. 16 წელს მიუღწეველი პირი სასამართლო სხდომის დარბაზში არ დაიშვება.
10. შეიარაღებული პირი სასამართლო სხდომის დარბაზში დაიშვება მხოლოდ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნებართვით.
![]() |
4.10 დამატება 10. სისხლის სამართლის კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 148. ცილისწამება
ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
![]() |
4.11 დამატება 11. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონი |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა
მუხლი 7.
ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია სახელმწიფო საიდუმლოებად იქნეს მიჩნეული.
სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ შემდეგი ინფორმაცია:
1. თავდაცვის სფეროში:
ა) რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, ჯარების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს;
ბ) შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ, რომლებიც შეეხება ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შემუშავებას;
გ) განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.
2. ეკონომიკის სფეროში:
ა) სახალხო მეურნეობის სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობათა, აგრეთვე სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების განლაგებისა და მოცულობის შესახებ;
ბ) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის;
გ) ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის - ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და სხვა ფასეულობათა - სახელმწიფო მარაგების კონკრეტულ სახეობათა შესახებ, ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების დამზადების, შენახვის, დაცვისა და ყალბისმქმნელობის თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების თაობაზე.
3. საგარეო ურთიერთობათა სფეროში:
ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს;
ბ) უცხო სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის საკითხების შესახებ, თუ ცნობების გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს.
4. სახელმწიფო უშიშროებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში:
ა) სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების დაფინანსების შესახებ; იმ პირთა თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან;
ბ) „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირთა დაცვისა და ადმინისტაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ;
გ) სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ;
დ) სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების, კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ.
მუხლი 8.
ინფორმაცია, რომელიც არ მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოებად
1. აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნებისმიერი ცნობა, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს ნორმატიული აქტები, გარდა თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროების, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.
3. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს რუკები, გარდა სამხედრო დანიშნულების სპეციალური რუკებისა.
4. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფებისა და სხვა განსაკუთრებული მოვლენების შესახებ, რომლებიც უკვე მოხდა ან შეიძლება მოხდეს და ემუქრება მოქალაქეთა უსაფრთხოებას;
ბ) გარემოს მდგომარეობისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის, მისი ცხოვრების დონის შესახებ, სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უზრუნველყოფის ჩათვლით, აგრეთვე სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლების, მოსახლეობის განათლებისა და კულტურის შესახებ;
დ) კორუფციის, თანამდებობის პირთა უკანონო ქმედობებისა და კრიმინოგენული სიტუაციის შესახებ;
ე) პრივილეგიების, კომპენსაციებისა და შეღავათების შესახებ, რომლებსაც სახელმწიფო ანიჭებს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებს, საწარმოებს, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებს;
ვ) სახელმწიფო სავალუტო ფონდისა და ოქროს საერთო მარაგის შესახებ;
ზ) სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა ჯანმრთელობის შესახებ.
მუხლი 9.
სახელმწიფო საიდუმლოებად ინფორმაციის მიჩნევის წესი
1. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნების აუცილებლობის დასაბუთება, ამ ცნობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევალება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე, საწარმოს, დაწესებულებას და ორგანიზაციას, რომელმაც ეს ცნობები შეიმუშავა ან მიიღო განსახილველად და/ან შესანახად.
2. სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნების საკითხს წყვეტს სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი პირი, რომელსაც ეს უფლებამოსილება აქვს ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის `დ”
ქვეპუნქტით.
მუხლი 10.
სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა
1. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას გამოსაქვეყნებლად ამზადებს და ოფიციალურ სახელმწიფო გამოცემებში აქვეყნებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია.
2. ცვლილებები და დამატებები სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ქვეყნდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
3. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექცია სულ ცოტა 5 წელიწადში ერთხელ ოფიციალურად აქვეყნებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას.
4. თუ სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში შეტანილია ინფორმაცია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან არღვევს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის დადგენილ წესს, დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში.
მუხლი 11.
საიდუმლოობის ხარისხის დადაბლება და სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება
საიდუმლოობის ხარისხის დადაბლება და მისი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება ხდება სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებით ან შეცვლით, ამ გადაწყვეტილების მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის მე- 10 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ფორმდება სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის მიერ საიდუმლო ცნობათა ნუსხაში სათანადო ცვლილების შეტანით.
![]() |
4.12 დამატება 12. საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსი |
▲ზევით დაბრუნება |
თავი I. კოდექსის მიზნები და ამოცანები
მუხლი 1
ეს კოდექსი ადგენს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთათვის სამოსამართლო ეთიკის ძირითად პრინციპებს, ქცევისწესებსა და სტანდარტებს, რომლებიც მოსამართლემ უნდა დაიცვას როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების, ისე სხვა საქმიანობის განხორციელებისას და პირად ცხოვრებაში.
მუხლი 2
კოდექსის მიზანია, ხელი შეუწყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო ხელისუფლების ერთიანობის განმტკიცებას, სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობისა და რწმენის ამაღლებას, მოსამართლის თანამდებობის პრესტიჟისა და ავტორიტეტის დაცვას.
მუხლი 3
სამოსამართლო ეთიკის ნორმის დარღვევა კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში იწვევს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
თავი II. სამოსამართლო ეთიკის ზოგადი პრინციპები
მუხლი 4
მოსამართლე უნდა იყოს კანონის, მოსამართლის ფიცისა და მოვალეობის ერთგული, მართლმსაჯულების განხორციელებისას - კანონისა და სამართლის უზენაესობის გარანტი.
მუხლი 5
მოსამართლე უნდა განამტკიცებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, შეუვალობის, სამართლიანობის, სიწმინდისა და მიუკერძოებლობისადმი.
მუხლი 6
მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის წოდებისათვის შეუფერებლად.
მუხლი 7
მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს ან შეხედულებას სხვა მოსამართლისა და კოლეგის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე.
მუხლი 8
მოსამართლე უპატივცემულოდ არ უნდა იხსენიებდეს სხვა მოსამართლის მიერ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
მუხლი 9
მოსამართლემ აზრის გამოთქმის, რწმენისა და გაერთიანების უფლებით სარგებლობისას არ უნდა შელახოს მართლმსაჯულების ღირსება, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა.
მუხლი 10
მოსამართლემ, რომელიც დაარღვევს სამოსამართლო ეთიკის ნორმას, უნდა იზრუნოს მისი ქმედებით გამოწვეული ზიანის გამოსასწორებლად.
თავი III. მოსამართლის ქცევის წესები სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელებისას
მუხლი 11
მოსამართლე მართლმსაჯულების განხორციელებისას დამოუკიდებელია და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ კანონის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების
შესაბამისად.
მუხლი 12
მოსამართლე სამოსამართლო უფლებამოსილებას უნდა ახორციელებდეს ღირსეულად, კეთილსინდისიერად, უანგაროდ და მიუკერძოებლად.
მუხლი 13
მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა იყოს დამოუკიდებელი და შეუვალი; მისი აზრი არ უნდა მერყეობდეს პოლიტიკური, სოციალური, მხარის ინტერესის, საზოგადოებრივი ზემოქმედების ან სხვაგვარი ურთიერთობის ზეგავლენის გამო, ანდა კრიტიკის შიშით.
მუხლი 14
სამოსამართლო მოვალეობის შესრულებისას მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი ან აკვიატებული აზრის, შეხედულების, ცრურწმენისა თუ განწყობისაგან. იგი უნდა მოერიდოს ისეთ ქცევას (მიმიკას, გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას და სხვა), რომელსაც პროცესის მონაწილენი აღიქვამენ წინასწარ შექმნილ ან აკვიატებულ შეხედულებად.
მუხლი 15
დაუშვებელია, რომ მოსამართლის რასობრივ, ეროვნულ, ეთნიკურ, ენობრივ, წოდებრივ, თანამდებობრივ, ქონებრივ, რელიგიურ, სქესობრივ კუთვნილებასთან, ინვალიდობასთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, წოდებრივ-თანამდებობრივ სტატუსთან ან სხვა გარემოებებთან დაკავშირებული შეხედულებანი გავლენას ახდენდნენ გადაწყვეტილების კანონიერებასა ან სხვა მოვალეობის სათანადოდ განხორციელებაზე.
მუხლი 16
დაუშვებელია, მოსამართლე კონკრეტულ საქმეზე წინასწარ ათანხმებდეს მისაღებ გადაწყვეტილებას, ანდა რაიმე ფორმით ანგარიშს აბარებდეს ამ გადაწყვეტილების გამო.
მუხლი 17
მოსამართლემ არ უნდა შეასრულოს ისეთი დავალება თუ რეკომენდაცია, რომელიც რაიმე ფორმით ხელყოფს მის დამოუკიდებლობას.
მუხლი 18
მოსამართლე პატივისცემით, ყურადღებით და კორექტულად უნდა მოეკიდოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელთა ინტერესს, მოიპოვონ და გაავრცელონ ინფორმაცია მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოს საქმიანობის ან კონკრეტული
საქმის შესახებ.
მუხლი 19
მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოთქვამდეს აზრს ან იძლეოდეს განმარტებებს განსახილველი ან განხილვის პროცესში არსებული საქმის შესახებ, თუ ეს არ შეეხება საქმის წარმოების ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარეს.
მუხლი 20
მოსამართლე საჯაროდ ან პირად საუბარში უნდა მოერიდოს ისეთ განცხადებას, რომელსაც შეუძლია წარმოშვას საფუძვლიანი წინაპირობა, რომ ეს განცხადება ხელს შეუშლის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
მუხლი 21
მოსამართლე საჯაროდ ან პირად საუბარში არ უნდა გამოხატავდეს თავის დადებით ან უარყოფით განწყობას განსახილველ, განხილვის პროცესში არსებულ ან უკვე განხილულ საქმეში მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ.
მუხლი 22
მოსამართლე არ უნდა იყენებდეს შეურაცხმყოფელ, დამამცირებელ სიტყვებსა და გამოთქმებს ან რასისტულ თუ შოვინისტურ ტერმინოლოგიას.
მუხლი 23
მოსამართლე უნდა იყოს ყურადღებიანი, გულისხმიერი და კორექტული იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიმართავს.
მუხლი 24
მოსამართლე სასამართლოში საქმის განხილვისას შემოსილი უნდა იყოს მანტიით.
მუხლი 25
მოსამართლე ღირსებითა და თავაზიანად უნდა ეპყრობოდეს პროცესის მონაწილეებს.
მუხლი 26
მოსამართლემ პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაცია არ უნდა გამოიყენოს არადანიშნულებისამებრ.
მუხლი 27
მოსამართლე პატივს უნდა სცემდეს სასამართლოს პერსონალს.
მუხლი 28
მოსამართლე თვალყურს უნდა ადევნებდეს, რომ სასამართლოს მოხელე იცავდეს პროფესიული ეთიკის ნორმებს, თავშეკავებულად მოქმედებდეს, არ იჩენდეს რაიმე მიკერძოებას, არ ავლენდეს განსხვავებულ დამოკიდებულებას მხარეების მიმართ ან არ ამჟღავნებდეს წინასწარ შექმნილ განწყობას.
მუხლი 29
მოსამართლე ვალდებულია, რეაგირებდეს სასამართლოს მოხელის მიერ პროფესიული ეთიკის ნორმის დარღვევაზე და ახორციელებდეს შესაბამის ღონისძიებებს.
მუხლი 30
მოსამართლე სისტემატურად უნდა იმაღლებდეს პროფესიული ცოდნის დონეს.
მუხლი 31
მოსამართლე ხელს უნდა უწყობდეს სასამართლოს მოხელეთა პროფესიონალიზმისა და კომპეტენტურობის ამაღლებას, აძლევდეს მათ საჭირო რჩევა-დარიგებას.
თავი IV. მოსამართლის არასამოსამართლო მოღვაწეობა
მუხლი 32
მოსამართლის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება სამსახურებრივ მოვალეობას, დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება მოსამართლისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, არ უქმნის საფრთხესსასამართლოს ავტორიტეტს, არ ქმნის ეჭვის საფუძველს სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას მის ობიექტურობასა და მოუსყიდველობაში, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ამ კოდექსს.
მუხლი 33
მოსამართლისათვის სამოსამართლო მოვალეობანი უპირველესია. მოსამართლე არ შეიძლება ეწეოდეს რაიმე ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო ან შემოქმედებითი საქმიანობისა, თუ იგი ხელს არ უშლის სამოსამართლო უფლებამოსილების სათანადოდ განხორციელებას.
მუხლი 34
მოსამართლემ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს მის სამსახურებრივ სტატუსსა და მოვალეობასთან შეუთავსებელ გარიგებაში.
მუხლი 35
მოსამართლე არ შეიძლება გახდეს წევრი ისეთი გაერთიანებისა, რომელიც ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვს, ანდა ეჭვქვეშ აყენებს მოსამართლის რეპუტაციას, ზიანს აყენებს სასამართლოს ავტორიტეტს.
მუხლი 36
მოსამართლე არ უნდა ეწეოდეს პოლიტიკურ საქმიანობას. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი ან ასრულებდეს პარტიულ დავალებას, ან პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით გამოდიოდეს სიტყვით.
მუხლი 37
მოსამართლე საჯაროდ არ უნდა ამჟღავნებდეს თავის პოლიტიკურ შეხედულებას. აკრძალულია მისი მხრიდან ნებისმიერი პოლიტიკური პროპაგანდა როგორც სასამართლო დარბაზში, ისე მის გარეთ.
მუხლი 38
მოსამართლემ საჯაროდ ან სხვა ფორმით მხარი არ უნდა დაუჭიროს კანდიდატურას სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ან გამოვიდეს მის წინააღმდეგ.
მუხლი 39
მოსამართლეს ეკრძალება გაფიცვა. მას არა აქვს უფლება, რაიმე მოტივით, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, უარი თქვას ან სხვას მოუწოდოს სამსახურებრივი და პროფესიული მოვალეობის შეუსრულებლობისაკენ.
მუხლი 40
მოსამართლემ სასამართლოს მოხელესაც უნდა ურჩიოს, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური საქმიანობის ან პოლიტიკური შეხედულების დემონსტრირებისაგან.
მუხლი 41
მოსამართლეს უფლება აქვს, გამოხატოს პოზიცია საკუთარ ან სხვა ქვეყანაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისათვის მოსამართლის ან სხვა იურიდიული პროფესიის ადამიანის შევიწროების, დევნის, დაუცველობის, ზეწოლის ან მის საქმიანობაში უკანონო ჩარევის გამო.
მუხლი 42
მოსამართლეს უფლება აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა საზოგადოებრივ საწყისებზე ან მონაწილეობდეს ისეთ სახელმწიფო, ან საზოგადოებრივ კომისიაში, რომელიც დაკავშირებულია საკანონმდებლო საქმიანობასთან, მართლმსაჯულების განხორციელების სრულყოფასთან, სხვა სამართლებრივ ან ისეთ არასამართლებრივ საკითხებთან, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნას არ ეწინააღმდეგება.
მუხლი 43
მოსამართლეს უფლება აქვს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარმოადგენდეს ქვეყანას ან მის რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ოფიციალურ ცერემონიალზე, კულტურულ - საგანმანათლებლო ღონისძიებაზე ან ღირსსახსოვარ თარიღთან დაკავშირებით.
მუხლი 44
მოსამართლეს უფლება აქვს, იყოს თავისი ან უცხო ქვეყნის (ქალაქის ან სხვა ადმინისტრაციული ერთეულის) საპატიო მოქალაქე.
თავი V. კოდექსის ამოქმედება
მუხლი 45
სამოსამართლო ეთიკის კოდექსი ძალაში შედის საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ მიღებისთანავე.
![]() |
5 გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები |
▲ზევით დაბრუნება |
● ადმინისტრაციული საქმე: დავა, რომელშიც ერთერთი მხარე სახელმწიფოა.
● ადვოკატი: პირი, რომელიც პროფესიულ დონეზე წარმოადგენს სხვა პირს სასამართლოში.
● სასამართლო აღმასრულებელი: იუსტიციის სამინისტროს მიერ დაქირავებული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებაზე.
● ადვოკატთა კოლეგია: ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება.
● ადვოკატთა გამოცდა: ტესტური გამოცდა, რომელიც აუცილებელია საადვოკატო საქმიანობისთვის.
● სასამართლოს კანცელარიები: განყოფილება სასამართლოებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქმეთა მოძრაობაზე, კორესპონდენციის, შეტყობინებების გაგზავნაზე.
● სამოქალაქო საქმე: საქმე, დაკავშირებული ქონებრივ დავასთან, მორალური ან მატერიალური ზიანის ანაზღაურებასთან, კომერციული (შპს, სააქციო საზოგადოება) და არაკომერციული იურიდიული პირების (კავშირი, ფონდი) რეგისტრაციასთან, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენასა და სხვა სამოქალაქო უფლებების განხორციელებასთან.
● მოსამართლეთა კონფერენცია: მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო.
● კონსტიტუცია: სახელმწიფოს მთავარი კანონი.
● კონსტიტუციურობა: ამა თუ იმ აქტის, მოქმედების კონსტიტუციის ნორმებთან შესაბამისობა.
● საქართველოს კონტროლის პალატა: სახელმწიფო კონტროლის ორგანო, პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების მართებულად გამოყენების კონტროლსა და ამ სახსრების გახარჯვის ზედამხედველობის განხორცილებაზე.
● აპელაცია: პირველი ინსტანციის (რაიონული) სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა.
● კასაცია: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა.
● უდავო წარმოება: სასამართოს მიერ ისეთი საქმეების განხილვა, რომლებიც არ შეიძლება იყოს დავის საგანი ვისიმე მხრიდან, ანუ, ვთქვათ, მოქალაქის უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების, საწარმოსა და კავშირის რეგისტრაციის, იურიდიული ფაქტების დადგენის, შვილად აყვანის შესახებ.
● განაწილვადება: სასამართლოს მიერ ბაჟის გადამხდელისთვის ნების დართვა, გადაიხადოს ბაჟის ნაწილი, იმ პირობით რომ დარჩენილ ნაწილს დაფარავს მოგვიანებით.
● აცილება: მდგომარეობა, როდესაც მოსამართლე ჩამოშორებულია საქმის განხილვას, იმ მოტივებით, რომელთა ჩამონათვალიც მოცემულია შესაბამის კანონმდებლობაში.
● მტკიცებულება: გარემოება, ან ნივთი, რომელიც ასაბუთებს ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის არსებობას, რაიმე მოქმედების ჩადენას.
● შუამდგომლობა: პროცესის მონაწილის თხოვნა სასამართლოსადმი მოსამართლის, ან პროცესის სხვა მონაწილის მიერ, ამა თუ იმ მოქმედების შესრულებასა ან არშესრულებაზე.
● განჩინება: სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება და წარმოადგენს რაიმე პროცესუალური მოქმედების ნებართვას, ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებას.
● განაჩენი - სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე, რომლითაც განსასჯელის მიმართ გამოდის გამამტყუნებელი ან გამამართლებელი გადაყვეტილება.
● გადაწყვეტილება არის სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო განხილვისას მოსამართლის მიერ საბოლოოდ მიღებული დოკუმენტი, რომლითაც მოსამართლე არსებითად წყვიტავს საქმეს.
● I ინსტანცია - რაიონული (საქალაქო) სასამართლოები; თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების კოლეგიები; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია.
● II ინსტანცია (აპელაცია) - თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სააპელაციო პალატები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების სააპელაციო პალატები. აქ საჩივრდება პირველი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ან განაჩენი.
● III ინსტანცია (კასაცია) - საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატები და დიდი პალატა. ის საბოლოო ინსტანციის სასამართლოა და გადასინჯავს ქვედა ინსტანციების გადაწყვეტილებას ან განაჩენს.
● კასატორი: პირი, რომელიც მიმართავს საკასაციო სასამართლოს შესწორება ან დამატება კანონში: პარლამენტის მიერ მოქმედ კანონში განახორციელებული ცვლილებები.
● კანონპროექტი: ახალი კანონის პროექტი, რომელსაც განიხილავს პარლამენტი.
● იუსტიციის საბჭო: საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს სასამართლო რეფორმის, მოსამართლეთა შერჩევის საკითხებთან მიმართებით
● სასამართლო მოხელე: სხდომის მდივანი აწარმოებს სასამართლო მიმდინარეობის ჩაწერას, ადგენს განხილვასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და მოსამართლესთან ერთად ხელს აწერს მათზე.
● სისხლის სამართლის საქმე: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამო წარმოებული საქმე.
● Ex-officio: ლათინურიდან წარმოებულია და ნიშნავს ,,თანამდებობის პირის მიერ დაკავებულ პოზიციას“.
● აღმასრულებელი ხელისუფლება: ხელისუფლების განშტოება, რომელიც პრაქტიკაში განახორციელებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს.
● საერთო სასამართლოები: სასამართლო სისტემა ქვეყანაში. მასში შედის ყველა სასამართლო, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოსი.
● იმუნიტეტი: ზოგი სახელმწიფო პირის ხელშეუხებლობა კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
● ინფორმაციის თავისუფლება: ხელისუფლების საქმიანობასა და სახელმწიფო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
● არასამთავრობო ორგანიზაცია: სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არაკომერციული იურიდიული პირი (ორგანიზაცია) რომლის მიზანია სამოქალაქო ფასეულობების განმტკიცება, დაცვა და ა.შ.
● ნორმა: გარკვეული ქცევის წესი, რომელიც სავალდებულოა ყველასათვის.
● ომბუდსმენი (სახალხო დამცველი): ოფიციალური თანამდებობის პირი, რომელიც განიხილავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.
● უზენაესი სასამართლოს პლენუმი: უზენაეს სასამართლოში შექმნილი სტრუქტურა, რომელიც შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, აგრეთვე, აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი სასამართლოების თავმჯდომარეების და უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლისაგან.
● სასამართლო პრეცედენტი: სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მაგალითად იქნას აღებული მომავალში მსგავსი ხასიათის საქმეთა გადაწყვეტის დროს.
● კერძო არბიტრაჟი: დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, როდესაც საქმეს განიხილავს არა საერთო სასამართლო, არამედ კონკრეტულად ამ დავისთვის მხარეთა შეთანხმებით დანიშნული არბიტრების შემადგენლობა.
● საპროცესო კანონი: წესები სამართლის სხვადასხვა სახის დავების სასამართლოთა მიერ განხილვის შესახებ.
● პროკურატურა: სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების მაწარმოებელი სახსელმწიფო სტრუქტურა. გამოდის სახელმწიფო ბრალმდებლად სასამართლოში.
● რეფერენდუმი: ქვეყნის მთელი მოსახლეობის მიერ რაიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებული კენჭისყრა.