![]() |
მესამე სექტორის საზოგადოებრივი იმიჯი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კაჭკაჭიშვილი იაგო, თევზაძე გიგი, მუსხელიშვილი მარინა, დათუაშვილი ეკა, ლოსაბერიძე დავით, გურგენიძე პაატა, აფციაური რამაზ, თარხნიშვილი ლევან, ხუციშვილი ქეთი, უსუფაშვილი დავით, გოგოლაძე მაია |
თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები |
წყარო: ISBN 99928-37-62-4 |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა თბილისი 2003 სერიის რედაქტორი დავით ლოსაბერიძე გამოცემა განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერის შედეგად, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) შორის დადებული N114-A-00-02-00140-00 თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. ავტორთა მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ისა ან Save the Children-ის შეხედულებებს. The Public Image of the Third Sector – David Losaberidze (ed.), Caucasus Institute for Peace, Democracy and Development, 2003 This publication was made possible through support provided by the US Agency for International Development (USAID) under the terms of Cooperative Agreement No. 114-A-00-02-00140-00 between USAID and Save the Children. The opinions expressed herein are those of the authors and do not necessarily reflect the views of USAID or Save the Children. გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163 |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ეს ბროშურა მომზადდა საჯარო დისკუსიის საფუძველზე, რომელიც 2003 წლის 22 მარტს ჩაატარა კავკასიურმა ინსტიტუტმა სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში და რომელიც რიგით მეორეა არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე მდგარი პრობლემებისადმი მიძღვნილ დისკუსიათა ციკლიდან.
პროგრამა დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მესამე სექტორის შემდგომ განვითარებას, მისი საქმიანობის (მართვა, ფინანსები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა) ხარისხობრივ გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პირობების ჩამოყალიბებას.
პროგრამას ახორციელებს კოალიცია, რომლის შემადგენლობაშიც შედის:
ამერიკული ორგანიზაცია Save the Children - Georgia, ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია:
ბიზნეს სამართლის ცენტრი,
მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი,
პარტნიორები-საქართველო,
სამოქალაქო ინფორმაციის ცენტრი „ალტერნატივა“,
საქართველოს გაეროს ასოციაცია,
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
ამას გარდა, პროგრამა ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო სპექტრის ჩართვას იმპლემენტაციის პროცესში და მათ ტექნიკურ და ფინანსურ ხელშეწყობას.
* * *
დისკუსიის თემას წარმოადგენდა არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივი იმიჯის პრობლემა. დისკუსიაზე წარმოდგენილ იქნა 2002 წლის ნოემბერს სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ეროვნული მასშტაბის სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევამ დაგვანახა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს მესამე სექტორის მოღვაწეობას.
კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ დაიწყო კამათი. როგორც ძირითადი მომხსენებლები, ისე კამათის მონაწილენი ორ ძირითად ჯგუფად გაიყვნენ. ერთნი აუცილებლად მიიჩნევდნენ არასამთავრობო სექტორის მუშაობის გააქტიურებას საზოგადოების ინფორმირებულობის სფეროში. მეორენი თვით მესამე სექტორს განიხილავდნენ დიფერენცირებულ წარმონაქმნად და ვერ ხედავდნენ ანალოგიური საქმიანობის აუცილებლობას.
ბროშურის მომზადების პროცესში მოხსენებები უფრო აკადემიური სტილით იქნა წარმოდგენილი; ჩვენ არ შეგვიცვლია კამათის მონაწილეთა გამოსვლები, რათა შენარჩუნებულიყო ის განწყობა, რომელიც შეხვედრისას სუფევდა. კავკასიური ინსტიტუტის სახელით დიდ მადლობას ვუხდით როგორც ძირითად მომხსენებლებს, ისე დისკუსიის ყველა მონაწილეს.
![]() |
2 იაგო კაჭკაჭიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების სოციოლოგიური შესწავლა
მეთოდოლოგია სოციოლოგიური გამოკვლევისათვის
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულების შესწავლა განხორციელდა შემდეგი მაჩვენებლების (ინდიკატორების) მიხედვით:
ა) მოქალაქეთა ინფორმირებულობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ;
ბ) მოქალაქეთა დარწმუნებულობა იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დადებით როლს ასრულებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში;
გ) მოქალაქეთა დარწმუნებულობის ხარისხი იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას სასარგებლო მომსახურებას აწვდის;
დ) მოქალაქეთა სურვილი, ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ე) მოქალაქეთა რეალური მონაწილეობის ხარისხი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა გამოკითხვის მეთოდით, კერძოდ, პირისპირ ინტერვიუს ფორმის გამოყენებით. მოსახლეობის შერჩევითი ერთობლიობა მოიცავდა არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ გარკვეული ინფორმაციის მქონე რესპონდენტებს. იმ ადამიანებთან, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, ინტერვიუ აღარ გრძელდებოდა.
გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენდა საქართველოს ცხრავე რეგიონის 18 წლის და ზევით მოსახლეობა. შერჩევითი ერთობლიობის მოცულობა შეადგენდა 1200 რესპონდენტს, რომელთა შერჩევა განხორციელდა როგორც კვოტური, ისე შემთხვევითი შერჩევის პრინციპების დაცით.
ზოგადი შეფასებები
გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (85.1%) ძირითადად უკმაყოფილოა საქართველოში არსებული ვითარებით.
რაც შეეხება კონკრეტულ სტრუქტურებს, ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად ფასდება აღმასრულებელი ხელისუფლება (მთავრობა) და პარლამენტი. პირიქით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად ფასდება მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა. გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად აფასებს მას მედიას, კერძო ბიზნესს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს. საინტერესოა, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ რესპონდენტთა დამოკიდებულება ამბივალენტურია: თითქმის თანაბარია დადებითად და უარყოფითად განწყობილთა რაოდენობა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმირებულობა
არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა როგორც თავად რესპონდენტთა მიერ საკუთარი ინფორმირებულობის ხარისხის განსაზღვრა (თვითშეფასება), ასევე ტესტური შეკითხვები, ანუ შეფასების ობიექტური მეთოდი.
მონაცემებმა აჩვენა, რომ რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (81.2%), რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, უკმაყოფილოა საკუთარი ინფორმირებულობის ხარისხით.
ტესტური შეფასება გულისხმობდა რესპონდენტთათვის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აღმწერი დებულებების შეთავაზებას. რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ, სწორია თუ არასწორი თითოეული მათგანი. შეთავაზებული დებულებები აღწერდა არასამთავრობო ორგანიზაციების ძირითად მახასიათებლებს და არა მათი საქმიანობის სპეციფიკას რომელიმე სფეროში. შედეგების მიხედვით უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ზოგადად საკმაოდ დაბალია:
•რესპონდენტთა ნახევარზე მეტი მცდარად პასუხობს ან უჭირს უპასუხოს, რომ ა) არასამთავრობო ორგანიზაციებს არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება; ბ) მათი საქმიანობა არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე; გ) ისინი არ არიან გათავისუფლებული ყველა ტიპის გადასახადისაგან.
•რესპონდენდტთა მესამედზე მეტმა არასწორად იცის ან უჭირს უპასუხოს, რომ ა) არასამთავრობო ორგანიზაცია, არ შეიძლება იყოს საბიუჯეტო ორგანიზაცია; ბ) არასამთავრობო ორგანიზაციები შეიძლება არსებობდეს ფონდის ან კავშირის სახით.
საბოლოო ჯამში, ტესტურ შეკითხვებზე რესპონდნტთა პასუხების შესაბამისად, გამოიყო რესპონდენტთა სამი კატეგორია: ა) კარგად ინფორმირებულები (9%); ბ) მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები (25%); გ) ცუდად ინფორმირებულები (66%).
გამოკითხვის შედეგებით, არასამთავრობო სექტორის შესახებ კარგად ინფორმირებული რესპონდენტია - დიდი ქალაქის მაცხოვრებელი, 200 ლარზე მეტი შემოსავლის და უმაღლესი განათლების მქონე 45 წლამდე პირი.
რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასახელებენ რესპონდენტები?
რესპონდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესახელებინათ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობასაც იცნობენ ან რომელთა შესახებაც სმენიათ. სულ დასახელებული 107 არასამთავრობო ორგანიზაციიდან შედარებით მაღალი სიხშირით გამოირჩევა შემდეგი ორგანიზაციები:
თავისუფლების ინსტიტუტი ------------------------------------55.6%
წითელი ჯვარი ----------------------------------------------------16.8%
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ----------------------------18.8%
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ --------------------15.2%
საინტერესოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ჩამონათვალი არსებითად არ განსხვავდება მათთვის, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ზოგადად დადებითად ან უარყოფითად აფასებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ რესპონდენტები არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ უარყოფით ან დადებით განწყობას მათ მიერ დასახელებულ კონკრეტულ ორგანიზაციებს უკავშირებენ, უნდა დავასკვნათ, რომ ატიტუდები ამ ორგანიზაციების მიმართ საკმაოდ პოლარიზებულია.
მონაცემები აჩვენებს, რომ მასმედიის საშუალებები (ტელევიზია, პრესა, რადიო) ძირითადი წყაროა რესპონდენტთათვის არასამთავრობო სექტორის შესახებ ინფორმაციის მისაღებად (არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცემულ მასალებზე, როგორც ინფორმაციის წყაროზე, მიუთითებს გამოკითხულთა მხოლოდ 2.3%).
არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენისა და საქმიანობის შეფასება სხვადასხვა სფეროში
როგორც მონაცემები აჩვენებს, რესპონდენტთა უფრო დიდ ნაწილს (42%) მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მცირეა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გამოკითხულთა გარკვეული რაოდენობა (18%) ასეთი გავლენის არსებობას საერთოდ უარყოფს, ამ ორი პოზიციის მქონეთა რაოდენობა ჯამში გამოკვეთილ უმრავლესობას შეადგენს.
რესპონდენტთა პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის დაბალი ხარისხის შესახებ ამ ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების რელევანტურია. უმრავლეს სფეროში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უფრო მეტად უარყოფითად ფასდება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ეროვნული უმცირესობების და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა, სადაც დადებითად და უარყოფითად შემფასებელთა ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცულია (საშუალოდ 40-45%).
გამორჩეულად უარყოფით შეფასებას იმსახურებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ა) ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა (73%); ბ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (66.3%) და გ) ხელისუფლების ქმედებების კონტროლი (65.3%).
თუ გავითვალისწინებთ, რომ თითქმის ყველა სფეროში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეფასებას ნეგატიური ფონი უფრო ახლავს, ვიდრე დადებითი, რთულდება ერთმნიშვნელოვნად გამოიყოს ისეთი სფერო, რომელშიც ყველაზე მეტად ან ყველაზე ნაკლებადაა მიზანშეწონილი არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩარევა. ერთგვარ გამონაკლისს ამ შემთხვევაშიც წარმოადგენს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა: რესპონდენტები ამ სფეროებში ყველაზე ნაკლებად აღიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობას. რამდენადმე აქცენტირებულად რესპონდენტები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას მოითხოვენ (49%).
შეთავაზებული სფეროების გარდა, რესპონდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ღია კითხვის პასუხებში საკუთარი ინიციატივით დაესახელებინათ ქვეყნის წინაშე მდგარი ის პრობლემები, რომელთა მოგვარებაში არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
პრობლემების ჩამონათვალი ცხადყოფს, რომ მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან პირველ რიგში სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის ხელშეწყობას მოითხოვს. ეს, თავის მხრივ, მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას, რაც არასამთავრობო სექტორის ძირითად ფუნქციად მოიაზრებოდა პოსტსაბჭოთა პერიოდში, გაუჩნდა ალტერნატივა - მოსახლეობა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას სოციალური პრობლემების გადაჭრასაც უკავშირებს.
არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელისუფლება
მთავრობასა (ხელისუფლებასა) და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობას სხვადასხვა ასპექტი გააჩნია. არსებობს საზოგადოების ისეთი მოდელი, სადაც მთავრობა განსაზღვრულ ფუნქციებს იხსნის, რომელთა ეფექტურად შესრულებას არასამთავრობო ორგანიზაციები და კერძო სტრუქტურები უზრუნველყოფს. ცნობილია, რომ საზოგადოების დემოკრატიულობის ხარისხი მით უფრო მაღალია, რაც უფრო მეტი ფუნქციის დელეგირება ხდება არასამთავრობო/კერძო სტრუქტურებისათვის, ანუ რაც უფრო ნაკლებად ერევა ხელისუფლება სოციალური ცხოვრების ისეთ სფეროებში, რომლებიც ავტონომიური რეგულირების შესაძლებლობებს შეიცავს ადამიანთა კერძო ინიციატივით შექმნილი ორგანიზაციების მეშვეობით.
გამოკითხვა ითვალისწინებდა რესპონდენტთა ატიტუდების შესწავლას იმ თვალსაზრისით, თუ რაზე ახდენენ ისინი ორიენტაციას - მთავრობის მიერ საზოგადოების ტოტალურ მართვაზე თუ პასუხისმგებლობის განაწილებაზე მთავრობასა და არასამთავრობო სტრუქტურებს შორის (ამგვარი ატიტუდების შესწავლა, გარკვეულწილად, ამა თუ იმ საზოგადოების მემარცხენე /მემარჯვენე ორიენტაციების ერთ-ერთ მაჩვენებლადაც ითვლება).
მონაცემები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა (60%) საზოგადოებივი ცხოვრების მართვაში მთავრობის უალტერნატივო ჩართულობის (მონაწილეობის) მომხრეა. ამ თვალსაზრისის გამომხატველ რესპონდენტებს პირობითად შეიძლება „სტეიტისტები“ (ინგლისური სიტყვიდან - State) ვუწოდოთ. „სტეიტისტს“ არა აქვს მკაფიოდ გამოკვეთილი პროფილი სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით.
„სტეიტიზმის“ მაღალი მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, საზოგადოების განვითარების კულტურულ-ისტორიული ფაქტორების სიმრავლითაა გამოწვეული. ამ ფაქტორების შესწავლა მოცემული კვლევის ამოცანებს სცილდება. თუმცა, კვლევამ გამოავლინა გარკვეული კავშირი „სტეიტიზმის“ მაჩვენებელსა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასებას შორის. კერძოდ, ის რესპონდენტები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის საქმიანობას დადებითად აფასებენ, „სტეიტიზმის“ უფრო ნაკლებ ხარისხს ავლენენ.
გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ რესპონდენტები ხელისუფლებას მიიჩნევენ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად არასამთავრობო ორგანიზაციის ეფექტური საქმიანობისათვის (37%), თუმცა, მნიშვნელოვანი რაოდენობა (22.4%) მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი თავად არასამთავრობო ორგანიზაციების არაეფექტური საქმიანობაა.
არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროები
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს, ძირითადად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტები არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას არა მხოლოდ მომავალი 10 წლის განმავლობაში ვარაუდობენ, არამედ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს პრინციპულად განიხილავენ როგორც დაფინანსების ყველაზე ადეკვატურ წყაროს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საქართველოში. დონორი ორგანიზაციების გარდა, რესპონდენტები ბიზნესმენებსაც მოიაზრებენ როგორც დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროს.
კორუმპირებულია თუ არა არასამთავრობო სექტორი?
გამოკითხვამ აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კორუმპირებულობის შესახებ წარმოდგენა რესპონდენტებში მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული არ არის.
მართალია, სახელისუფლო სტრუქტურებთან (პარლამენტი, მთავრობა, გამგეობა/მერია, საკრებულო) შედარებით, რომელთა კორუმპირებულობაზე მოსახლეობის უმრავლესობა მიუთითებს, არასამთავრობო ორგანიზაციების (როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო) კორუმპირებულობას გამოკითხულთა შედარებით მცირე ნაწილი (საშუალოდ 25%) აღნიშნავს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ რესპონდენტები კატეგორიულად არ/ვერ ამტკიცებენ არასამთავრობო ორგანიზაციების არაკორუმპირებულობას. რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი (საშუალოდ 30%) თავის შეკავებას ამჯობინებს, რაც არც ერთ სხვა სტრუქტურასთან მიმართებაში არ ვლინდება. საერთო ჯამში, იმ რესპონდენტების ხვედრითი წილი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების არაკორუმპირებულობზე ან კორუმპირებულობაზე მიუთითებენ, უმრავლესობას ვერ აყალიბებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტის შეფასებასთან დაკავშირებული წყვილადი ალტერნატიული დებულებების ხვედრითი წილის (მოსახლეობის შერჩევაში) ანალიზის საფუძველზე გამოიყო ოთხი ჯგუფი (კლასტერი):
I ჯგუფი (42%) - რესპონდენტები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს ძირითადად დადებითად აფასებენ. კერძოდ, თვლიან, რომ:
•არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას;
•არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ადამიანებს უადვილდებათ საკუთარი ინტერესების დაცვა და მიზნების რეალიზაცია;
•არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეებს იცავს სახელმწიფოს ძალადობისგან;
•არასამთავრობო ორგანიზაციები ეფექტურად ამხელს კორუფციას;
•არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უწყობს საზოგადოებაში ცივილური სამყაროსთვის დამახასიათებელი პროგრესული იდეების დამკვიდრებას;
•არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოპოვებული სახსრები, ძირითადად, ხმარდება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებს.
II ჯგუფი (19%) - რესპონდენტები, რომლებიც არასამთავრობო სექტორის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს, ძირითადად, უარყოფითად აფასებენ, კერძოდ, თვლიან, რომ:
•არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებაში ქაოსსა და უწესრიგობას ამკვიდრებს;
•არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანებს ცარიელ დაპირებებს აძლევს;
•არასამთავრობო ორგანიზაციები ხელს უშლის სახელმწიფოს, იზრუნოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ;
•არასამთავრობო ორგანიზაციები არაკანონიერი გზით ნაშოვნი ფულის „გათეთრების“ საშუალებაა;
•არასამთავრობო ორგანიზაციები არ ზრუნავს ეროვნულ ღირებულებებზე და პროპაგანდას უწევს უცხო ფასეულობებს;
•არასამთავრობო ორგანიზაციები მოპოვებულ სახსრებს არადანიშნულებისამებრ იყენებს.
III ჯგუფი (12%) - რესპონდენტები, რომლებსაც არასამთავრობო სექტორის საქმიანობის ასპექტების შესახებ ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნიათ.
IV ჯგუფი (28%) - რესპონდენტები, რომლებსაც შეიძლება პირობითად „ოპორტუნისტები“ ვუწოდოთ. ამ ტიპის რესპონდენტები არ ატარებენ „ერთ თანმიმდევრულ ხაზს“: არასამთავრობო სექტორის საქმიანობის ასპექტებიდან დაახლოებით ნახევარს აფასებენ დადებითად და ნახევარს უარყოფითად.
აღსანიშნავია, რომ არც ერთ ჯგუფს არ გააჩნია მკაფიოდ გამოკვეთილი პროფილი სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით, თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე ტენდენცია:
1. დადებითად შემფასებელთა ხვედრითი წილი საგრძნობლად კლებულობს 54 წელზე უფროსი რესპონდენტების ასაკობრივ ჯგუფში. ამავე ჯგუფშიმატულობს იმ რესპონდენტთა წილი, რომლებსაც ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნიათ.
2. „ოპორტუნისტების“ ხვედრითი წილი 18-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში უფრო მაღალია სხვა ჯგუფებთან შედარებით, თუმცა, უარყოფითად განწყობილთა („ნეგატივისტების“) წილი ამ ჯგუფში ყველაზე დაბალია.
მოქალაქეთა ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ფორმებიდან შეიძლება გამოიყოს: ა) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოქალაქეებისათვის შეთავაზებული მომსახურებით სარგებლობა; ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ 12.7%-ს უსარგებლია არასამთავობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული მომსახურებით (ამ კატეგორიას პირობითად შეიძლება „მოსარგებლეები“ ეწოდოს). კიდევ უფრო ნაკლებია - 5.8% - იმათი ხვედრითი წილი, ვინც თანამშრომლობდა (ან თანამშრომლობს) არასამთავრობო სექტორთან (მათ შეიძლება პირობითად „თანამშრომლები“ ეწოდოს).
გამოკითხვის შედეგებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა შესაძლო მომსახურებიდან „მოსარგებლეთა“ კატეგორიას უფრო ხშირად გამოუყენებია საქველმოქმედო საქმიანობა/ჰუმანიტარული დახმარება. შემდეგ მოდის საგანმამათლებლო კურსებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე დასწრება, იურიდიული კონსულტაცია.
ის რესპონდენტები, ვისაც გამოუყენებია არასამთავრობო ორგანიზაციების მომსახურება, არსებითად დადებითად აფასებენ მათთვის გაწეულ სამსახურს.
რაც შეეხება რესპონდენტთა იმ მცირე ნაწილს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან უთანამშრომლია/თანამშრომლობს (ე.წ. „თანამშრომლები“), მათგან უმრავლესობას მონაწილეობა აქვს მიღებული სემინარებისა და ტრენინგების მოწყობაში. გარკვეული ნაწილი თავად არის ან ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი/დამფუძნებელი, ხოლო ზოგიერთს მოხალისედ უმუშავია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ძირითად მოტივაციას „თანამშრომლებისათვის“ წარმოადგენს იმის შესაძლებლობა, რომ ხელი შეუწყონ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას. აღსანიშნავია, რომ ისეთი ფაქტორი, როგორიცაა კარგი ანაზღაურება, არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მოტივაცია რესპონდენტთათვის.
როგორც უკვე აღინიშნა, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას (94.2%) არასოდეს უთანამშრომლია არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის სურვილს ასეთი გამოცდილების არმქონე რესპონდენტთა მესამედი (33.8%) გამოთქვამს. გამოკითხულთა უფრო დიდ ნაწილს (47.3%) არასოდეს უთანამშრომლია და არც მომავალში აქვს თანამშრომლობის სურვილი. კიდევ 19.7%-ს უჭირს საკუთარი მოტივაციის განსაზღვრა.
ის ფაქტი, რომ რესპონდენტებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სურვილი სუსტია, იმ მონაცემებითაც დასტურდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის დაწყებას რესპონდენტები, თანაბარი ანაზღაურების პირობებშიც კი, ამჯობინებენ კერძო ბიზნესში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში და სახელისუფლო სტრუქტურებში დასაქმებას.
საინტერესოა, რომ სტატისტიკურმა ანალიზმა მხოლოდ ამ კითხვასთან მიმართებაში გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავება სქესის მიხედვით. რესპონდენტი ქალები უფრო მეტად ავლენენ ორ სტრუქტურაში მუშაობის სურვილს: ა) საბიუჯეტო ორგანიზაციებში (ქალების 24.2%; კაცების 14.5%); ბ) არასამთავრობო ორგანიზაციებში (ქალების 10.7%; კაცების 7.9%).
არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანმშრომლობის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის სურვილი დაკავშირებულია ისეთ მაჩვენებლებთან, როგორებიცაა: რესპონდენტის ასაკი, განათლების ცენზი და შემოსავალი. თანამშრომლობის სურვილი ყველაზე მაღალია 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, უმაღლესი განათლების მქონე, მაღალშემოსავლიან რესპონდენტებში.
მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში (საერთო რაოდენობის დაახლოებით 45%) არასამთავრობო ორგანიზაციები არაპოპულარულია, ან ამ ორგანიზაციებში დასაქმების არაპრესტიჟულობის, ანდა მათი საქმიანობის არაეფექტურობისა და მიკერძოებულობის გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მიმართვა და მზაობა მათ მხარდასაჭერად
კითხვაზე „თუ თქვენი, როგორც მოქალაქის, უფლებები დაირღვა, ქვემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურებიდან ვის მიმართავდით დასახმარებლად?“ რესპონდენტთა პასუხების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების „წონა“, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ჩამორჩება სასამართლოს და სახალხო დამცველის გავლენას, თუმცა აღემატება პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის გავლენას.
მაღალს ვერ ვუწოდებთ აგრეთვე მოქალაქეთა მზაობას აქტიურად დაუჭირონ მხარი სექტორს ან ჩაერთონ მოხალისეებად ღონისძიებებში: გამოკითხულთა უმრავლესობა უარს ამბობს საპროტესტო აქციაში მონაწილეობაზე მესამე სექტორის დასაცავად; თითქმის ნახევარი არც მოხალისედ ჩაერთვებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებში. საერთო სურათს ერთგვარად არღვევს უმრავლესობის მიერ გამოხატული სურვილი, შესაძლებლობის შემთხვევაში, ფულადი სახსრებით დაეხმაროს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ოღონდ, უნდა ითქვას, რომ რესპონდენტთა აღნიშნული სურვილი „ვირტუალურ რეალობას“ უფრო წააგავს, ვიდრე სინამდვილეს.
სინთეზური ინდიკატორის მნიშვნელობა მოსახლეობის შესარჩევად
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დამოკიდებულების სინთეზური ინდიკატორი აიგო ხუთი მაჩვენებლის საფუძველზე, რომელთა წონებიც განისაზღვრა ექსპერტული შეფასების საფუძველზე. თითოეული მაჩვენებელის მნიშვნელობა განისაზღვრა -5-დან +5-მდე (აღნიშნული კონტინუუმი მოიცავს განფენილობას უკიდურესად უარყოფითი (-5) პარამეტრიდან, უკიდურესად დადებით (+5) პარამეტრამდე).
სინთეზური ინდიკატორი წარმოადგენს ხუთი მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულს (შესაბამისი წონების გათვალისწინებით). შესაბამისად, სინთეზური ინდიკატორის მნიშვნელობაც მოთავსებულია -5-დან +5-მდე.
მაჩვენებელი
მნიშვნელობა
-5-დან+5-დე
I. მოქალაქეთა ინფორმირებულობა არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ-2.86
II. მოქალაქეთა დარწმუნებულობა იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები
დადებით როლს ასრულებს საქართველოში მიმდინარე პროცესებში ----0.655
III. მოქალაქეთა დარწმუნებულობის ხარისხი იმაში, რომ არასამთავრობო
ორგანიზაციები საზოგადოებას სასარგებლო მომსახურებას აწვდის ------2.8
IV. მოქალაქეთა სურვილი, ითანამშრომლონ არასამთავრობო ორგანიზაციებთან -0.045
V. მოქალაქეთა რეალური მონაწილეობის ხარისხი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში -----4.415
სინთეზური ინდიკატორის მნიშვნელობა, თითოეული მაჩვენებლის წონის გათვალისწინებით, არის - 0.6455.
![]() |
3 გიგი თევზაძე |
▲ზევით დაბრუნება |
არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო განვითარება. საზოგადოების მხრიდან ამ ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებულია როგორც გადაჭარბებული იმედები, ისე - გადაჭარბებული უიმედობა.
არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტების მსგავსად ყველაზე ძლიერი, რა თქმა უნდა, დედაქალაქშია; შესაბამისად, მისი შეფასების დადებითი და უარყოფითი მუხტის ლომის წილიც თბილისზე მოდის. რეგიონებში მისი აქტუალობა ნაკლებია და, შესაბამისად, საზოგადოებების რეაქციაც მასზე ნაკლებად მწვავეა.
დადებითი შეფასებები დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენაზე და ხელისუფლების იძულებაზე, დასაჯოს დამნაშავე. გარდა ამისა, საქართველოში „დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ“ პოლიტიკური დაჯგუფებებისათვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, კავშირი, რამდენადაც ისინი (პოლიტიკოსები) მათში დასაყრდენ ძალას ხედავენ.
უარყოფითი შეფასებები უკავშირდება გრანტების მოზიდვას, მისი ხარჯვის შეფასებას. ასეთი დამოკიდებულების გავრცელება საზოგადოებაში გამოწვეულია იმით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების შემოსავალი და ცხოვრების პირობები, საშუალო სტატისტიკური მოქალაქის შემოსავალზე და ცხოვრების პირობებზე მაღალია. რეაქციაზე და წარსულზე ორიენტირებული პოლიტიკური დაჯგუფებები, მათ შორის რელიგიური ექსტრემისტები, ამოდიან რა ამ ფაქტიდან, სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც „უცხო ღირებულებების“ მატარებელს და მათ ძირითად მოწინაამღდეგეს, მიუღებლად აცხადებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების დედაქალაქში კონცენტრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის მისი ორგანიზაციების ნელ-ნელა ჩაკეტილ ფენად ქცევა. ამას, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა (და უწყობს) უცხოური გრანტები, რომელთა გარეშეც საქართველოში შეუძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა (ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები მზად არიან დაკავდნენ ისეთი პრობლემებით, რაც მაინცა და მაინც აქტუალური არ არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისათვის) ხოლო მეორე მხრივ - თვითონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მცდელობა ნაკლებად კონკურენტიან გარემოში იარსებონ - იმდენად, რამდენადაც საარსებო და სამუშაო წყარო მხოლოდ უცხოურია (უცხოური ფონდების ადგილობრივი წამომადგენლობების ჩათვლით); რაც უფრო ზუსტად და ცხადად იქნება ეს წყარო სეგმენტირებული და გადანაწილებული პროფილების მიხედვით, მით უფრო ადვილი იქნება არსებობის შენარჩუნება.
ამ ვითარების ირიბი შედეგია სამოქალაქო საზოგადოების, როგორც მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობის, დადგენა: რაც უფრო ჩაკეტილი ხდება არსამთავრობო ორგანიზაციების წრე, მით უფრო ძნელია მასში შეღწევა და აქტიური პოზიციის დაკავება როგორც ფიზიკური პირების ისე ახალი ორგანიზაციების მიერ. მეორე მხრივ, თვითონ არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებულები მათ ქსელში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვით, რადგან ასეთი ჩართვა გამოიწვევს ისედაც შეზღუდული რესურსების გადანაწილებას და შეცვლის არსებულ ბალანსს.
როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება აღიქმება როგორც მხოლოდ ორგანიზაციების ერთობა. ასეთი ვითარება შესაძლებელია თვითონ საზოგადოების და, ზოგადად, ქვეყნის ტრადიციულობას და წინა-მოდერნულ სოციალურ სტრუქტურას დავაბრალოთ, სადაც სამოქალაქო აქტივობის და ჩართულობის ერთადერთი ფორმა ორგანიზებული ჯგუფია (გილდია). მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სრულიად არ უწყობს ხელს საზოგადოების მოდერნიზაციას; არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა მეტყველებს არა დემოკრატიზაციის ტემპის ზრდაზე, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, არამედ, პირიქით - ამ ტემპის სტაგნაციაზე.
მოკლე ისტორია
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახები შუა საუკუნეებში გაჩნდა. ამის ხელისშემწყობი ფაქტორი უდავოდ იყო იმ დროის თბილისის, როგორც დამოუკიდებელი ქალაქ-სახელწიფოს, ტიპის სისტემის ჩამოყალიბება. მართალია, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ საქართველოს გაერთიანების ცენტრალურ საკითხად თბილისის დედაქალაქად ქცევის დაყენება ალბათ მიუთითებს იმას, რომ თბილისი, არა მხოლოდ გეოგრაფიულად და პოლიტიკურად, არამედ სოციალურ/კულტულურადაც გამორჩეული ცენტრი იყო. თანაც, აღსანიშნავია, რომ თბილისი, დედაქალაქად ქცევის მიუხედავად, მაინც არ გახდა მონოეთნიკური წარმონაქმნი; ის უფრო მულტი-ეთნიკური, მულტი-საზოგადოებრივი ქალაქი იყო. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ხელოსნობის და ვაჭრობის განვითარებას. ვაჭართა და ხელოსანთა გილდიებს („ამქარი“), მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო მმართველობა მეფის მმართველობამ ჩაანაცვლა, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ ქალაქის ცხოვრებაში1.
არ არის გამორიცხული, რომ გილდიის ტიპის ინსტიტუტების შენარჩუნებას საქართველოში იმანაც შეუწყო ხელი, რომ საქართველო ადრეული შუა საუკუნეების შემდეგ არ ყოფილა არც ერთიანი, და არც მაინცადამაინც სუვერენული. დიდ ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, გორი, ბათუმი) XX საუკუნის დასაწყისამდე შენარჩუნდა ამქრის ტიპის ერთობები. სამოქალაქო მონაწილეობაც აშკარად არ იყო უცხო2. ამის მაგალითია არა მარტო ქალაქების თვითმმართველობების არჩევნებში აქტიური მონაწილეობა, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო ორგანიზაციების სიმრავლე3, ჟურნალების და გაზეთების შთამბეჭდავი რიცხვი4, არამედ, თუნდაც პოლიციის შეფის არჩევითი თანამდებობის შემოღება ქუთაისის გუბერნიაში.
საბჭოთა ხელისუფლების და იდეოლოგიის მთავარი სამიზნე დამოუკიდებელი და თვითორგანიზებადი სისტემები იყო. ამიტომ, ერთ-ერთი სერიოზული დარტყმა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს საზოგადოებას, იყო ბრძოლა ხელოსანთა და ვაჭართა ამქრების წინაამღდეგ. ვაჭრების წინაამღდეგ ბრძოლის იდეოლოგიური საფუძვლის მონახვა ადვილი იყო - მათ ხელისუფლება დაუპირისპირდა, როგორც პროლეტარიატის ექსპლუატატორებს. ხელოსნების შემთხვევაში საბჭოთა იდეოლოგიამ პროგრესის არგუმენტი გამოიყენა, დაუპირისპირა რა ორგანიზებული და მექანიზებული წარმოება ხელით შრომას.
საბჭოთა ხელისუფლების მიერ ორგანიზებული რეპრესიების შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციები ან მთლიანად გაქრა ან სახე იცვალა; იდეოლოგიურ ინსტრუმენტებად ფსევდო არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოდგა. ამის მაგალითია არა მარტო ერთიანი პროფესიული კავშირი, რომელიც ყოველთვის ხელისუფლების იარაღი იყო, არამედ, მაგალითად, მწერალთა, კომპოზიტორთა და სხვა კავშირები, უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც მანამდეც არსებობდა, ოღონდ, საბჭოთა პირობებში იდეოლოგიის „ინტელექტუალური მხარდაჭერის“ ფუნქცია შეიძინა. მთავრობისადმი ლოიალური და მხარდამჭერი ინტელიგენცია კარგად ფინანსდებოდა, ხოლო მოწინაამღდეგე - აქტიურად ისჯებოდა. თუმცა, საბჭოთა ხელისუფლების მოქმედება ამ მხრივ ყოველთვის არ იყო სწორხაზოვანი: მწერალთა და სხვა კავშირებშიც, უნივერსიტეტებშიც ყოველთვის იყვნენ „უკმაყოფილოები“, რომლებმაც მთავრობასთან დაუწერელი შეთანხმების საფუძველზე კარგად იცოდნენ, სად გადიოდა მთავრობის კრიტიკის ზღვარი. ამით ხელისუფლება ინარჩუნებდა „ადამიანურობის“ იმიჯს დასავლეთთან საურთიერთოდ. ასეთი ზომები, რა თქმა უნდა, მიმართული იყო სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ამავე დროს თავის თავში ინახავდა საწინაამღდეგო შესაძლებლობასაც: დისიდენტური მოძრაობა როგორც საბჭოთა კავშირში, ისე საქართველოშიც სწორედ მწერალთა და სხვა კავშირებში და უნივერსიტეტებში აღმოცენდა.
დისიდენტები („სხვაგვარად მოაზროვნეები“) იყვნენ ადამიანები, რომელთათვისაც მთავრობის მიერ დაშვებული კრიტიკის და უკმაყოფილების ზღვარი არ იყო საკმარისი: ასეთ განწყობას ხელს უწყობდა პატარა ღრიჭოები რკინის ფარდაში, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაშვებული იყო5, და რომლის გავლითაც ქვეყანაში იპარებოდა ინფორმაცია დემოკრატიაზე და თავსუფლებაზე. დისიდენტების აზრით, არსებული სისტემა უნდა დანგრეულიყო და ჩანაცვლებულიყო მათთვის საოცნებო დემოკრატიით.
ანალიტიკური მასალის და სხვა, თუნდაც სტატისტიკური, საჭირო ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის და ამავე დროს საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მუშაობის გამო საბჭოთა კავშირის დანგრევა დისიდენტებისათვის აშკარად ცხადი არასოდეს ყოფილა. თუმცა, ამის ბევრი ირიბი საბუთი არსებობდა: დასავლეთის გავლენის ზრდა, ეკონომიკის ერთი შეხედვით შეუმჩნეველი დაღმასვლა, რეპრესიის მექანიზმების შესუსტება და ა.შ. ამ გაურკვევლობის გამო დისიდენტები საკმაოდ ცოტანი იყვნენ, თუმცა, მათი რეიტინგი საზოგადოებაში ძალიან მაღალი იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში დისიდენტობა დაკავშირებული იყო ნაციონალურ იდეასთან. დემოკრატია ამავე დროს ნიშნავდა ერის თვითგამორკვევას და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. საბჭოთა იდეოლოგიის თანახმად ერების სამხედრო და ეკონომიკური დამოუკიდებლობა ჩანაცვლებული იყო ერების ე.წ. კულტურული დამოუკიდებლობით. იდეოლოგიური მანქანა აკეთებდა ყველაფერს, რომ ეროვნული თვითიდენტიფიკაციის მთავარ ფაქტორად კულტურული მემკვიდრეობა ქცეულიყო6 და ერის იდეა ერის ისტორიის იდეას მთლიანად გაიგივებოდა. ამის შედეგად, მოსახლეობისათვის უფრო გასაგები იყო ნაციონალისტური ლოზუნგები, ვიდრე დემოკრატიის და თავისუფლების იდეები. ამიტომ, საქართველოში დისიდენტობის ნაწილი ბუნებრივად გადაიზარდა ნაციონალისტურ მოძრაობაში, რამაც უარყოფითად იმოქმედა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვაზე. დამოუკიდებლობის პირველ წლებში არჩეული ხელისუფლების მიერ ნაციონალისტური ინტერესები უმაღლეს ღირებულებებად გამოცხადდა. მოსახლეობის უმეტესობაც ეთანახმებოდა ასეთ იდეოლოგიას. კონკრეტული ადამიანის უფლებების დაცვის იდეა 70 წლის განმავლობაში უუფლებობაში მცხოვრებთა უმრავლესობისათვის - სრულიად გაუგებარი იყო.
საბჭოთა პერიოდის სიმულაციური არასამთავრობო ორგანიზაციების რელიქტები დღემდე არსებობს და მათი გაქრობა ალბათ მთლიანად საზოგადოების მოდერნიზაციას უკავშირდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ 80-იანი წლების ბოლოს პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია - მწვანეთა მოძრაობა - სწორედ მწერალთა კავშირის ტყუპისცალ ორგანიზაციაში - რუსთაველის საზოგადოების ფარგლებში - ჩამოყალიბდა. მწვანეთა მოძრაობამ ბიძგი მისცა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ბუმს, რომელიც 90-იანი წლების შუამდე გრძელდებოდა. გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ჩამოყალიბებით ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების დაწყებას7 რამდენიმე მიზეზი აქვს:
1. საქართველოში გარემოს დაცვის იდეა მისაღები იყო მოსახლეობისათვის, რადგანაც თანხმობაში იყო ადგილობრივ ნაციონალიზმთან - როგორც ეროვნული თვითიდენტიფიკაციის უზრუნველმყოფი, ისტორიული ტერიტორიის დამცველი და შემანაჩურნებელი;
2. პირველი სერიოზული და წარმატებული დაპირისპირებები ხელისუფლებასთან, გარდა ნაციონალისტური გამოსვლებისა, გარემოს დაცვის საკითხებზე მოხდა 80-იან წლებში8. გარემოს დაცვითი საქმიანობა თითქოს ასახიერებდა არანაციონალისტურად და, შეიძლება ითქვას, არარადიკალურად განწყობილ სამოქალაქო აქტივობებს;
3. ზემოთქმულის გამო უცხოური დახმარება თავიდან გარემოს დაცვაზე იყო ორიენტირებული, რამდენადაც არანაციონალისტურად განწყობილი პოლიტიკოსების და სამოქალაქო დაჯგუფებების გააქტიურებით დასავლეთი დაინტერესებული იყო.
გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა „დამწყების“ როლი შეასრულეს, თუმცა, მალე ისინი პროფესიულ ორგანიზაციებად იქცნენ და მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი შენელდა. მოგვიანებით, უმეტესად როგორც ნაციონალისტური ხელისუფლების მოქმედებებზე რეაქციამ, ადამიანის უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა დაიწყო განვითარება. ეს ორგანიზაციები აქტიურ კავშირში იყო, ერთი მხრივ, მას მედიასთან, რომელიც XX საუკუნის ბოლოს ჯერ კიდევ არ იყო ბიზნესად ჩამოყალიბებული და პოლიტიკური ან სამოქალაქო აქტივობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენდა, ხოლო მეორე მხრივ - დისიდენტურ დაჯგუფებებთან, რომელებიც არ მოხვდნენ ნაციონალისტურ მთავრობაში.
დისიდენტების ნაწილმა მოახერხა შეგუებოდა ახალ რეალობას. დესტრუქციული მიმართულებიდან გადავიდა კონსტრუქციულ, ანუ ადამიანის უფლებადაცვით მოქმედებებზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით არ წარიმართა იმ პიროვნებების პოლიტიკური განვითარება, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში და მოვიდნენ ნაციონალისტურ ხელისუფლებაში 80-იანი წლების ბოლოს. მათ მთავრობის აპარატში დახვდნენ ის მოხელეები, ვისაც წლების გამოცდილება ჰქონდათ კომუნისტური რეჟიმის სამსახურში. თუ გავითალისწინებთ იმასაც, რომ ხელისუფლებაში მოსულ ახალ ხალხს მართვაზე მხოლოდ ზოგად-თეორიული წარმოდგენა ჰქონდა, დამხვდურმა აპარატმა/ვითარებამ ადვილად მოახერხა კომუნისტური მართვის სისიტემაზე მათი გადაწყობა. რის შედეგადაც კორუფცია, სტრუქურტების ურთიერთგადაფარვა, პასუხისმგებლობების გადღაბვნა ამ ახალ, ნაციონალისტურ ხელისუფლებაშიც ისეთივე ჩვეული მოვლენა გახდა, როგორც საბჭოთა მმართველობის დროს.
90-იანი წლების სოციალური როლები ჯერ კიდევ გაუგებარი და გაურკვეველი იყო. ამიტომ, ყველა - დაწყებული პოლიტიკური დაჯგუფებებით, დამთავრებული პროფესიული და ინტერესის ჯგუფებით - ერთ კონგლომერატს შეადგენდა და მათი დეკლარირებული მიზნები ვარირებდა პოლიტიკურიდან საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების მოთხოვნამდე. ამის რადიკალური ილუსტრაციაა ის ფაქტი, რომ 1992 წელს არჩეულ პარლამენტში მკლავჭიდელთა ასოციაციის თავმჯდომარე მოხვდა.
ბუნებრივია, სტრატიფიკაციის პროცესი უნდა დაწყებულიყო - ყოველი ორგანიზაცია და დაჯგუფება მიისწრაფოდა გაერკვია როგორც თავისი მოქმედების არეალი, ისე თავისი მოქმედებების მიმართულება. ისიც ცხადი გახდა, რომ ყველა პრობლემას თავისი სპეციფიკა აქვს და მათი ერთ ადგილას, თუნდაც ქვეყნის პარლამენტში, გადაწყვეტა არ შეიძლება. ამას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ 1992-95 წლების პარლამენტი მწვავე პოლიტიკური დებატებით იყო დაკავებული. სტრატიფიკაციის სასარგებლოდ მუშაობდა ისიც, რომ უცხოური დახმარება თავისი მიმღებებიდან ითხოვდა მკვეთრ ჩამოყალიბებას, რათა მათ (ფონდებს და დახმარებების პროგრამებს) არ ჩაედინათ შეცდომა და არ ეგოთ პასუხი თავიანთი მმართველობის წინაშე არასწორი დაფინანსებისთვის.
ამიტომ, 90-იანი წლების შუახანებში დაიწყო, ერთი მხრივ, პოლიტიკური პარტიების, ხოლო მეორე მხრივ - არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცალკევება; სამოქალაქო სივრცეში ჩამოყალიბდა რამდენიმე სუბიექტი:
1. პოლიტიკური პარტიები, რომელიც, მართალია, დასაწყისში ფომალურად, მაგრამ მაინც აყენებდნენ ქვეყნის მოწყობის სხვადასხვა პოლიტიკურ პროგრამას;
2. სათემო ორგანიზაციები, რომლბიც ფოკუსირდნენ სათემო-კომუნალური პრობლემების მოგვარებაზე;
3. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც რომელიმე დარგზე მოახდინეს ფოკუსირება;
4. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ადამინის უფლებების დაცვით და დემოკრატიზაციით დაკავდნენ;
5. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სამეცნიერო ინსტიტუტებად ჩამოყალიბდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოთხი ამ კლასიფიკაციაში საკმაოდ განსხვავებული სტრუქტურაა, განსხვავებული და ხშირად ურთიერთსაწინაამღდეგო მისიებით და გზავნილებით, ჯერ კიდევ ხდება მათი საერთო, ზოგადი, კრებითი სახელის - „არასამთავრობო ორგანიზაციის“ ქვეშ გაერთიანება. მათ აერთიანებს არა მიზნები და ამოცანები, არამედ - წარმოშობის ისტორია და ხშირად - კანონმდებლობა, ანუ ის საკანონმდებლო ჩარჩო - „არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია“, რომლის ფარგლებშიც დღესდღეობით არის შესაძლებელი მათი არსებობა.
ამ დისკურსულმა გაურკვევლობამ შექმნა სირთულეები წარსულში და მოსალოდნელია, მომავალშიც შექმნას. დაახლოებით 90-ინაი წლების შუახანებში მოქალაქეთა კავშირმა - დასავლურ ღირებულებებზე ორიენტაციის განმცხადებელმა მთავრობის მხარდამჭერმა პოლიტიკურმა ძალამ - დაიწყო პოლიტიკური პროექტის ჩამოყალიბება, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა პოლიტიკური ძალის დემოკრატიულობის და არაკორუმპირებულობის ზუსტი ინდიკატორი უნდა ყოფილიყო. ამის მიზეზი იყო, უპირველეს ყოვლისა, თვითონ ამ პოლიტიკური ძალის სისუსტე, რომელსაც თავის შიგნითაც კი არ შესწევდა ძალა ერთიან პოლიტიკაზე შეთანხმებულიყო. არასამთავროების, და მათი გავლით, დასავლეთის ძლიერი ქვეყნების მხარდაჭერა მათ სჭირდებოდათ 1. საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად საკუთარ პარტიაში9; 2. იმ საკანონმდებლო ცვლილებების გასატარებლად, რომელიც გააძლიერებდა მათ კონტროლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
ამ პოლიტიკური პროექტის ავტორები, რა თქმა უნდა, ფიქრობდნენ, რომ მოახერხებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ფარგლებში მოქცევას. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ მათთვის არასამთავრობო ორგანიზაციის ცნება ძირითადად უფლებადაცვითი ორგანიზაციებით ამოიწურებოდა. სწორედ იმიტომ, რომ „სინამდვილეში“ არასამთავრობო ორგანიზაციები ბევრად მრავალფეროვანი და განსხვავებული იყო, მოხდა ამ პროექტის ფაქტიური გაუქმება. ზემოთაღწერილ პროექტთან უშედეგო ბრძოლის შემდეგ იმავე პროექტის გამოყენება იმ პარტიებმაც დაიწყეს, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ დემოკრატიზაციის სურვილით; ასე რომ; საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე კოალიცია დაფიქსირდა. კოალიციებში შედიოდნენ როგორც არაუფლებადაცვითი, მაგრამ მაინც არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე ხელოვნურად შექმნილი სტრუქტურები. ბუნებრივია, დაპირისპირება ამ კოალიციებს შორის გარდაუვალი იყო. შედეგად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს საკუთარი პოზიციების გაძლიერებისათვის და კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაციისათვის ზრუნვა. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობით არასამთავრობო უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა გარკვეული გავლენა მოიპოვეს და შეძლეს რამდენიმე მნიშვნელოვანი შესწორების გატანა პარლამენტში, რაც სახელმწიფოს მართვის დემოკრატიულ პროცედურებს უზრუნველყოფდა.
არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩართულობის პიკი 2001 წლის შემოდგომა იყო. შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტებულიყო. საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პირობებში, არც დემოკრატ და არც არადემოკრატ პარტიებს ეს არ აწყობდათ - კანონპროექტმა საკმარისი ხმები პარლამენტში ვერ დააგროვა. გარდა ამისა, არანაკლები ფსიქოლოგიური როლი ითამაშა „არასამთავროების“ ცნების გაურკვევლობამ და ცხადი გზავნილის არ- და ვერც არსებობამ მათი მხრიდან.
უნდა ითქვას რომ, დღესდღეობით, არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მოსახლეობის არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიზეზი რამდენიმეა:
1. მათი არაერთგვაროვნება: ძალიან ბევრი და განსხვავებული ორგანიზაცია გაერთიანებულია ერთი „ქუდის“ ქვეშ;
2. სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილი აქტიურად მუშაობს მათი, როგორც „გრანტიჭამიების“10 და „მოღალატეების“11 წინაამღდეგ;
3. ძირითადად, რადიკალური უფლებადაცვითი ორგანიზაციები, რომლის სახელსაც უკავშირდება დემოკრატიზაციის პოლიტიკური პროგრამები და უარყოფითი პროპაგანდა, თბილისში არიან თავმოყრილნი; ისინი მხოლოდ ვირტულურად არსებობენ რეგიონში;
4. იმის გამო, რომ ცენტრში თავმოყრილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვით და შესაბამისი პოლიტიკური პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, რეგიონის პრობლემები, როგორიცაა თვითმმართველობა და ა.შ. მათი მოქმედების არეალს გარეთ რჩება. ამიტომ რეგიონის მოსახლეობისთვის რადიკალური უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები არსებობენ, როგორც სადღაც ცენტრში მყოფი ხალხი, რომელთა მიზნებიც მთლად ცხადი არ არის12.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2000 წლიდან არასამთავრობო უფლებადაცვითი და დარგობრივი ორგანიზაციები უფრო მეტად დაინტერესდნენ რეგიონული პრობლებებით და თვითმმართველობით. თუმცა, ამ დაინტერესებამ ჯერჯერობით ვერ მიიღო ტოტალური ხასიათი.
გამოწვევები, რომლებიც დღეს დგას
არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე
დღეს აშკარაა, რომ ცნება „არასამთავრობო ორგანიზაცია“ მოიცავს რამდენიმე ერთმანეთისაგან განსხვავებულ სისტემას. ამიტომ, პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, არის, არა „არასამთავრობო ორგანიზაციების“ კვლევა, ანდა, თუნდაც, მათთვის ქცევის კოდექსის შემუშავება, არამედ მათი რეალური განსხვავებულობის დაფიქსირება და მათი ტიპოლოგია. როგორც ზემოთ მოყვანილი აღწერიდან უნდა ჩანდეს, არასამთავრობო ორგანიზაციების დაყოფა სადღაც 90-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო. ამიტომაც დღეს თუკი შესაძლებელია საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების, როგორც ერთიანის შესახებ, მხოლოდ იურიდიული ან ისტორიული აზრით. ანუ, არასამთავრობო ორგანიზაციაა ის, რომელიც ხვდება არასამთავრობო, არამაომგებიანი ორგანიზაციის განსაზღვრების ქვეშ და რომლის ფესვებიც, გარკვეული ისტორიული პირობების გამო, საერთოა. შეიძლება გადაჭარბებულია, მაგრამ ვიკვლიოთ და ვილაპარაკოთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე იგივეა, რაც ვიკვლიოთ მრგვალთავიანები და შემდეგ ამის საფუძველზე მათი ქცევის ალგორითმის შემუშავება ვცადოთ.
დღეს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვსაუბრობთ, სულ მცირე ოთხი ჯგუფი უნდა გამოვყოთ:
1. უფლებადამცველი,
2. სამეცნიერო,
3. დარგობრივი - რომელიმე კონკრეტულ სოციალურ სფეროზე მიმართული (მაგ. განათლება, ენერგეტიკა, თვითმმართველობა ა.შ.),
4. საქველმოქმედო.
მათი ამოცანები, მოქმედების წესი, სოციალური შემადგენლობა სხვადასხვანაირია. ამიტომ, ამ დაყოფის გარეშე და სამიზნე ჯგუფის გამოყოფის გარეშე ნებისმიერი კვლევა თუ კონსტუქციული საქმინაობა (მაგალითად - ეთიკის კოდექსის შემუშავება) არ იქნება შედეგის მომტანი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ყოველ ჯგუფს თავისი მომავალი აქვს. უკვე დღესაც, მათი მიზნები და მოქმედების წესები განსხვავდება ერთმანეთისაგან. მაგალითისათვის სასკოლო განთლების სისტემის დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით განათლებაზე მიმართული არასამთავრობო ორგანზაციების ბოლო დროინდელ მოქმედებებს მოვიყვან. არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ამოცანაა კარგი ურთიერთობა დაამყაროს მთავრობასთან და მისი გავლით მოახერხოს თავისი პროგრამების დანერგვა. უფლებადაცვითი ორგანიზაციები, როგორც ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ კონფრონტაციაზე იყვნენ მიმართული და ასე ცდილობდნენ დეცენტრალიზაციის გატანას. ორივე ამ ჯგუფისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მუშაობს განათლების რეფორმაზე, მეორის მოქმედებები არასწორია და ხანდახან მიუღებელიც. ასეთი მაგალითების მოტანა ბევრის შეიძლება.
მაშასადამე, იმისათვის, რომ კვლევა ან რაიმე გამაერთიანებელი მოქმედება განვახორციელოთ, ჯერ უნდა გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე. კითხვები, რომლებიც დღეს ჩვენ წინაშე უნდა დადგეს, შემდეგია:
1. სწორედ ვსვამთ თუ არა კითხვას არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ?
2. რას ვგულისხმობთ ჩვენ და რას გულისხმობენ ჩვენი რესპოდენტები?
3. რას გვეუბნება სამთავრობო, სტუდენტური, მას მედიის და სხვა დისკურსები არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ?
____________________
1 ივ. ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია“ წიგნი მეორე. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. თბილისი, 1948.
2 უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1918 წლები). თანამედროვე ევროპული ინსტიტუტები საქართველოში რუსეთის გავლით და გავლენით დამკვიდრდა და განვითარდა.
3 იხ. ჟურნალი „ჰორიზონტი“ N 8, 9, (1999), N 9 (1999-2000), N 10, N 11 (2000).
4 საუკუნის დასაწყისში მარტო თბილისში 100-ზე მეტი დასახელების პერიოდული ჟურნალ-გაზეთი გამოიცემოდა.
5 ისევ და ისევ სტაბილურობის შესანარჩუნებლად და დემოკრატიული ქვეყნების წინაშე იმიჯის გაუმჯობესებისთვის.
6 როგორც ბოლო დროის გამოკვლევები ცხადყოფს, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობისათვის დღესაც ასეა. ამით შეიძლება აიხსნას ჩაუქრობელი ეთნიკური კონფლიქტები ამ რეგიონში
7 არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიც და ცენტრალური ევროპის ქვეყნებშიც
8 ხუდონჰესის (მშენებარე ჰესი კავკასიონის სამხრეთით, რომელსაც უკვე არსებულ ენგურჰესთან ერთად უნდა შეექმნა ჰესების კასკადი. ხუდონჰესის აშენებით იტბორებოდა რამდენიმე სოფელი. დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიხედვით ეს ჰესი არ იმუშავებდა, მალე მოისილებოდა და ეკოსისტემაში სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევდა) და ტრანსკავკასიური რკინიგზის (რკინიგზის ხაზი, რომელსაც კავკასიონის ქედში უნდა გაევლო. დამოუკიდებელი ექსპერტიზის მიხედვით ამის გაკეთება იმ დროის საბჭოთა კავშირში არსებული ტექნოლოგიით შეუძლებელი იყო და მშენებლობა მხოლოდ ეკოსისტემის დამანგრეველ შეუქცევად პროცესებს გამოიწვევდა) მშენებლობების ჩაშლა დღემდე მწვანეთა მოძრაობას მიეწერება. ამ მშენებლობების წინაამღდეგ ბრძოლა აღქმული იყო, როგორც საბჭოთა კავშირის წინაამღდეგ ბრძოლა, რაც, თავის მხრივ, ეკოლოგიური მოძრაობის მომხრეების რაოდენობას ამრავლებდა
9 აქ იგულისხმება მოქალაქეთა კავშირი, რომელიც 1995 წლიდან 2001 წლამდე ნომინალურად იყო მმართველი პარტია. პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტი შევარდნაძე იყო. პარტიაში ძალაუფლების ხელში აღების და/ან შენარჩუნების შანსის გამო მრავალი სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანი იყო გაერთიანებული. პარტიის დემოკრატიაზე ორიენტირებულ ფრთას (ანუ მათ ვინც საკუთარ კარიერას უკავშირებდა ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს) არასამთავროების დახმარება პოზიციებს უძლიერებდა პრეზიდენტის წინაშე, რომელიც, საკუთარი გამოცდილებითაც და უშუალო გარემოცვის გამოც, მიდრეკილი იყო უფრო წარსულზე ორიენტირებული და „საბჭოთა“ ტიპის გადაწყვეტილებები მიეღო
10 ამიტომ, ისინი, ვინც ცნებას „არასამთავრობო ორგანიზაციას“ მისი შემდგომი დაზუსტების გარეშე იყენებს, სინამდვილეში, იმ სამთავრობო პროპაგანდას აგრძელებს, რომელიც არასამთავროების მთავარ ნიშნად „გრანტის ჭამას“ და „გრანტით ცხოვრებას“ აცხადებს. სხვა საერთო 'შინაარსობრივი ნიშნის“ მოძებნა, როგორც ამას ზემოთმოყვანილი ტექსტი უნდა ცხადყოფდეს, შეუძლებელია.
11 „ღალატში“ მათ, როგორც წესი, მთავრობის წარმომადგენლები ადანაშაულებენ. „ღალატი“ გამოიხატება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების საერთაშორისო გახმაურებაში
12 თუმცა, რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაციის საკუთარი ცნება არსებობს და ის დაკავშირებულია უფრო ლტოლვილთა დახმარებასთან, სხვადასხვა საგანმანათლებლო მოქმედებებთან და ა.შ
![]() |
4 მარინა მუსხელიშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
დღევანდელი შეკრების თემას - „როგორია არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივი იმიჯი“ - შეხვედრის ორგანიზატორები უფრო ფართო კონტექსტში განიხილავენ: რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა მესამე სექტორის მიმართ. სანამ ამ საკითხზე მსჯელობას დავიწყებდეთ, ალბათ მიზანშეწონილია მისი უკეთ ფორმულირება და დაზუსტება, ვინაიდან დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა ანალიზის რამდენიმე დონეს გულისხმობდეს - სტრატეგიულს, ტაქტიკურს და ტექნიკურს. მოსალოდნელი რეკომენდაციები, შესაბამისად, შეიძლება სამ ტიპად დაიყოს:
1. რევოლუციური ხასიათის ცვლილება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ მიგვაჩნია, რომ თავად არასამთავრობო სექტორი ფუნქციონალურად და სტრუქტურულად დამახინჯებულია და ნდობის გასაძლიერებლად რევოლუციურ გარდაქმნას საჭიროებს როგორც ინსტიტუციონალური ფორმების განახლებით, ისე სექტორში მოქმედი ელიტის ნაწილობრივი ან სრული გამოცვლით;
2. ტაქტიკური ხასიათის ცვლილება. ამ შემთხვევაში ელიტები და ინსტიტუტები რჩება ძირითადად იგივე, მაგრამ მნიშვნელოვნად იცვლება კონკრეტული მუშაობის ფორმები და მიმართულებები;
3. ტექნიკური ხასიათის ცვლილება. მუშაობის სტილი და შინაარსი არ იცვლება. ძლიერდება და უმჯობესდება მუშაობის ის მხარე, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობების მოგვარებას ეხება.
როგორც სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, საზოგადოებაში არიან როგორც არასამთავრობო სექტორის მომხრეები, ისე მისი აქტიური მოწინააღმდეგეები. ამ არსობრივად პოლიტიკური დაყოფის1 ფონზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ იმიჯმეიკერებს, ანუ იმ ტიპის ექსპერტებს, ვინც პარტიებს არჩევნებზე ემსახურება. ესენი, არსებითად, მესამე დონის რეკომენდაციების შემმუშავებელი სპეციალისტები არიან. არა მგონია, რომ ეს იყოს დღევანდელი დისკუსიის მიზანი; და ვერც მე ვერ დავდგები ნეიტრალური დაქირავებული ექსპერტის პოზიციაზე.
თუმცა, ასევე არაკონსტრუქციული იქნებოდა პირველ დონეზე არსებული პრობლემების ანალიზით შემოფარგვლა. მრგვალი მაგიდის ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას, საეჭვოა, გამოადგეთ რჩევა, რომელიც უკვე ფორმირებული მესამე სექტორის არსებით გარდაქმნას გულისხმობდეს. ამგვარი მიდგომა არც რეალისტური იქნებოდა და არც პრაქტიკული. ამდენად, მე ვეცდები ჩემი გამოსვლა, თუმცა კი პირველ დონეზე არსებული ვითარების ანალიზს მივუძღვნა, მაგრამ მეორე დონის ზომების ჩამოყალიბებით დავასრულო.
ათიოდე წლის წინ დაწყებული სამოქალაქო სექტორის მშენებლობის პროცესი გარკვეულ წარმოდგენებსა და მისწრაფებებს ეყრდნობოდა. ეს წარმოდგენები და მისწრაფებები კარგადააა ცნობილი და ბევრჯერ იქნა გაცხადებული, ამდენად აქ ვრცლად განხილვას არ საჭიროებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო დასავლური ტიპის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც ჰქონდა თავისი ფილოსოფიური საფუძველი და განხორციელების სტრატეგია. არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა გავნითარებულიყო დასავლური სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების ტიპის შესაბამისად2. მათ მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა შესაბამისი ქვეყნების დემოკრატიზაციის პროცესში და საზოგადოებასა და სახელმწიფოს ახალი სტრუქტურული ურთიერთობის დამკვიდრებაში.
განვლილი დრო საკმარისი ისტორიული პერიოდია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ, რამდენად წარმატებული ან რეალისტური გამოდგა ეს პროექტი და რას შეიძლება ველოდოთ მომავალში; როგორი მიმართებები ჩამოყალიბდა „მესამე სექტორსა“ და საზოგადოებას შორის და როგორი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მათ. ქვემოთ ჩამოთვლილია ნიშნები, რომლებიც დღეისთვის მკაფიოდაა ჩამოყალიბებული და, როგორც ჩანს, მათ სწრაფ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ:
1. ერთ საკვანძო ასპექტში არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ დაემსგავსა იმ ჩანაფიქრს, რომელიც არსებობდა თავიდან. ისინი ვერ გახდნენ მასიური, მოხალისეობაზე დაფუძნებული, ღია სტრუქტურები, რომლებშიაც მოქალაქეები ერთიანდებიან ჯგუფური მოქმედებისთვის, სხვა, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის პარალელურად (დამოუკიდებლად). თითოეული ორგანიზაცია, როგორც წესი, წარმოადგენს ფუნქციონერთა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლის თითოეული წევრი მიმართულია საკუთარი მუშაობისთვის ანაზღაურების მიღებაზე (ხელფასი ან ჰონორარი). ისინი პრაქტიკულად ვერ იზიდავენ საწევროებს, შემოწირულობებს და ნებაყოფლობით დახმარებას მოსახლეობისგან. თუ ერთ მშვენიერ დღეს შეწყდა დაფინანსება საერთაშორისო ფონდებისა და უცხოური მთავრობების მხრიდან, არცთუ ბევრი დარჩება დღევანდელი მრავალფეროვნებისგან. იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია გაწევრიანებული, სოციოლოგიური გამოკითხვებიც მოწმობს3.
2.მიუხედავად იმ დიდი სხვაობისა, რომელიც არსებობს პირვანდელ ჩანაფიქრსა და რეალურ ვითარებას შორის, საქართველოს არასამთავრობო სექტორში დღესდღეობით თავმოყრილია მნიშვნელოვანი რესურსი, რომელიც უეჭველად გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრებასა და პოლიტიკაზე. წლების განმავლობაში ამ სექტორის განვითარებაზე იხარჯებოდა და იხარჯება მნიშვნელოვანი სახსრები, შეთვისებულია მნიშვნელოვანი მოცულობის ნოუ ჰაუ, დაგროვდა გამოცდილება და ინტელექტუალური რესურსი. ადამიანები, რომლებიც სექტორში მუშაობენ ან უნდათ, რომ იმუშაონ, მიეკუთვნებიან ძირითადად ახალ სოციალურ ფენას: ესენი არიან ახალგაზრდა, პროფესიულად მომზადებული (ინგლისური, კომპიუტერი, უმაღლესი განათლება, ხშირად საზღვარგარეთ მიღებული დიპლომები ან სერტიფიკატები), პრო-დასავლური, კონკურენტული ადამიანები. ისინი სხვა, უფრო ხელსაყრელ სოციო-პოლიტიკურ გარემოში ეკონომიკასა თუ სახელმწიფო სტრუქტურებში გააკეთებდნენ კარიერას, ხოლო ჩვენში მეტ გასაქანს სწორედ არასამთავრობო სექტორში პოულობენ.
3. არასამთავრობო სექტორი არ არის ერთფეროვანი არც თავისი საქმიანობის ტიპით და არც ორგანიზაციების სიძლიერით. ამავე დროს, როგორც გამოკვლევა აჩვენებს, საზოგადოებრივი აზრი მთლიანად სექტორის შესახებ ფორმირებულია ორგანიზაციათა მცირე ნაწილის მიერ, რომელთა გარდა სხვა ორგანიზაციებს მოსახლეობა სინამდვილეში არ იცნობს. მიუხედავად ამისა, მე ვიტყოდი, რომ საზოგადოებრივი აზრი მთლიანობაში ასახავს შექმნილ ვითარებას. საქმე ისაა, რომ ყველაზე ცნობილი ორგანიზაციები იმავდროულად ყველაზე წარმატებულები არიან, ისინი მთლიანობაში ასახავენ განვითარების ძირითად მიმართულებას. ამ ძირითადი კალაპოტიდან ამოვარდნა, როგორც წესი, ხელს არ უწყობს ორგანიზაციების წარმატებულ წინსვლას.
4.არასამთავრობო სექტორი ჩამოყალიბდა როგორც ზოგადი ტრანზიტოლოგიური პარადიგმის ნაწილი და ატარებს ამ პარადიგმით განპირობებულ იდეოლოგიას. ეს იდეოლოგია გულისხმობს შემდეგს: გარკვეული დასავლური ტიპის ინსტიტუტების ხელშეწყობით და შესაბამისი რეფორმების გატარებით ქვეყანა შეიძლება გახდეს დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატია. ანუ, ის არა მარტო მოიცავს განვითარების მიმართულებას და მის გარკვეულ საბოლოო იდეალს, არამედ სახავს კიდეც ამ იდეალის მიღწევის სტრატეგიას, რომელიც სხვა მიზნებთან ერთად გულისხმობს გარკვეული ღირებულებებისა და იდეალების პროპაგანდასა და გავრცელებას საზოგადოებაში.
როგორ შეიძლება შევაჯამოთ ეს მახასიათებლები მთლიანობაში სექტორის ადგილის განსასაზღვრად? რა არის ეს - ელიტა, საზოგადოების წარმომადგენლობა, არაფორმალური პოლიტიკური პარტია თუ სხვა რამ? იმის გათვალისწინებით, რომ არასამთავრობო სექტორში თავმოყრილია მცირერიცხოვანი, გავლენიანი, სპეციფიკური დაფინანსებისა და მიზნების მქონე სოციალური ჯგუფი, რომელსაც ასევე გარკვეული „ყალბი ცნობიერება“ ახასიათებს, მე ვიტყოდი, რომ მის აღსაწერად ყველაზე უკეთ გამოდგება წმინდა მარქსისტული ტერმინოლოგია და რომ მას ყველაზე ზუსტად პოლიტიკური კლასის ცნება შეესაბამება.
აქ მთავარია ორი მახასიათებელი - ეკონომიკური არსებობის თავისებურება და ამ არსებობის შესაბამისი ცნობიერების ფორმირება. რაც შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ისინი უკვე იყო ნახსენები და დიდ განმარტებას არ საჭიროებს - სექტორი არსებობს მთლიანად უცხოური ფონდების დაფინანსებით და მასში დასაქმებული ადამიანები ხშირად ცხოვრების საშუალო დონესთან შედარებით ბევრად უფრო მაღალ შემოსავლებს იღებენ. რაც შეეხება მის „ყალბ ცნობიერებას“, იგი შეიძლება რამდენიმე ფრაზით გამოიხატოს: „ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება; ჩვენ ვვითარდებით როგორც სამოქალაქო საზოგადოება; ჩვენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, გვევალება ხელისუფლებასთან დაპირისპირება“.
ეს წარმოდგენები, რომლებიც ათიოდე წლის წინ უბრალოდ მოქმედებისა და განვითარების სტრატეგიას თუ ასახავდა, დღესდღეობით „ყალბ ცნობიერებად“ ჩამოყალიბდა იმის გამო, რომ თეორია და პრაქტიკა მეტად დაშორდა ერთმანეთს. საქართველოში პრაქტიკის დაშორება თეორიისგან ბევრი მახასიათებლით უნიკალურ მოვლენას არ წარმოადგენს - ასე მაგალითად, მასობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა ვერც ერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში ვერ მოხერხდა4. შედარებით თავისებურია ის პოლიტიკური გავლენიანობა, რომელიც სექტორმა მოიპოვა. თუმცა, ქვემოთ იმ კანონზომიერებებზე შევჩერდები, რომლებიც პრაქტიკისა და თეორიის აცდენას განაპირობებს. ეს ის სოციალური და ისტორიული წანამძღვრებია, რომლებიც არაა სფეციფიკური საქართველოსთვის, არამედ ბევრ დღეს არსებულ ე.წ. „მინიმალურ“ (არალიბერალურ) დემოკრატიას ახასიათებს. ესენია კაპიტალიზმის შედარებით გვიანდელი განვითარება (მეცხრამეტე საუკუნე, ჩვენთან შემდგომში საბჭოური წყვეტით); დასავლეთთან კულტურული (რელიგიური) სიახლოვე და მოდერნიზაციის განსხვავებული მოდელი, რომელსაც მე პირობითად პოლიტიკურ მოდერნიზაციას ვუწოდებ.
ამ ტიპის ქვეყნებში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში საზოგადოებრივი დისკურსი და საზოგადოებრივი ინსტიტუტები დიდად განსხვავდებოდა დასავლური სამოქალაქო საზოგადოების მოდელისგან. ძირითადად, ამ დისკურსებში მონაწილეობდნენ ინტელექტუალები და ინტელიგენცია - ის, რასაც ყველაზე უკეთ აღწერს სიტყვა „საზოგადოებრიობა“ („ობსჩესტვენნოსტ“5), და რასაც სულ არ უდგება დასავლური ტერმინი „სამოქალაქო საზოგადოება“. არ უდგება პირველ რიგში დისკურსში ბურჟუაზიული, ეკონომიკური ინტერესების არწარმომადგენლობით და დისკურსის მეტად მაღალი იდეოლოგიური და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციითა და პოლარიზებით. ზოგიერთი ავტორი ამ ვითარებას „პოლარიზებული პლურალიზმის“ ტერმინით მოიხსენიებს.
განსხვავდებოდა მედიის სისტემებიც, რომლებშიაც ჭარბობდა პოლიტიკურად მიკერძოებული პრესა და ჟურნალისტიკა. ჩვენში მაღალი იყო მიბმულობა პოლიტიკურ ბრძოლებზე და დაბალი იყო მედიის ეკონომიკური დამოუკიდებლობა.
ეს ვითარება დღესაც იგრძნობა სამხრეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის იმ ქვეყნებშიც კი, რომლებსაც დემოკრატიული არსებობის ჩვენზე გაცილებით ხანგრძლივი ისტორია გააჩნიათ. სულაც არაა გასაკვირი, რომ კიდევ უფრო მძაფრია ამ ფაქტორების გავლენა იმ სივრცეზე, სადაც მეოცე საუკუნის განმავლობაში მოხდა საზოგადოებების ძალისმიერი მოდერნიზება ერთი პოლიტიკური იდეოლოგიის მიერ, მთლიანად ინსტრუმენტალიზებული ტოტალიტარული სახელმწიფოს ძალით.
პოლიტიკური რეჟიმის გამოცვლას ზოგჯერ საზოგადოება მეტად სწრაფად, რამდენიმე წელიწადში ახერხებს. თანამედროვეობის ტიპის გამოცვლა საზოგადოებას რევოლუციურად არ ძალუძს, ის მხოლოდ თანდათან მოდიფიცირდება. მარქსიზმ-ლენინიზმის, როგორც მმართველი იდეოლოგიის, გარდაცვალებამ გარდაქმნა პოლიტიკური ლანდშაფტი, მაგრამ იდეოლოგიური, დოგმატური მიდგომები სამოქალაქო და საზოგადოებრივ წარმოდგენებსა და ფილოსოფიაში დღესაც განმსაზღვრელ როლს ასრულებს და უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზებას უწყობს ხელს.
ერთობ აბსტრაქტული რომ არ გამომივიდეს ნათქვამი, კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან საილუსტრაციოდ. ერთ გერმანელს ამას წინათ გაუჩნდა მორალური დილემა: მან დაინახა ქუჩაში დემონსტრანტები, რომელთა პლაკატებზე ეწერა, რომ ბუშმა თვითონ მოაწყო 11 სექტემბრის მოვლენები. გერმანელი ჩავარდა საგონებელში. ერთი მხრივ, ეს აშკარა ტყუილია და მან, როგორც მოქალქემ, ამის აღსაკვეთად ზომები უნდა მიიღოს - მაგალითად, დარეკოს პოლიციაში და მოითხოვოს დემონსტრანტების დაკავება ან დაშლა. მეორე მხრივ, ეს ხომ პოლიტიკური აქციაა, არსებობს სიტყვისა და აზრის თავისუფლება, ამდენად პოლიციის ჩარევა დემონსტრანტების უფლებების შელახვად შეიძლება გადაიქცეს.
მე არ ვგულისხმობ, რომ ამგვარი მორალური დილემები, თუნდაც სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ქართველებსაც არ უჩნდებათ, მაგრამ მათი არტიკულირება ხდება არა მორალური დილემის წამოჭრით და მასზე მსჯელობით, არამედ პოლიტიკური მიმართებების სტიგმატიზებით - სიტყვის თავისუფლება უპირობოდ მისასალმებელია იმათთვის, ვინც „დასავლეთელია“ და „დემოკრატი“, ხოლო მისი შეზღუდვა შეიძლება აღელვებდეთ მხოლოდ იმათ, ვინც „პრორუსულია“ და „ხელისუფლების აგენტი“. პლაკატების მოხსნის მოთხოვნა საქართველოს კონტექსტში აუცილებლად იქნებოდა აღქმული როგორც ბუშის პოლიტიკის მხარდაჭერა, ხოლო მათი დაშვება - როგორც ამ პოლიტიკის უარყოფა.
ამ იდეოლოგიზირებულ კონტექსტში არასამთავრობო სექტორი ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთი იდეოლოგიის მატარებელი და არა სხვადასხვა იდეოლოგიის ჭიდილის ადგილი (რასაც სამოქალაქო საზოგადოების იდეა გულისხმობს). საკუთარი თვალსაწიერიდან ის ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული ტიპის „დემოკრატიზაციის“ ავანგარდი, რომელიც წინ უძღვის საზოგადოებას. მისი ფუნქცია არის წინამძღოლობა, რეფორმირება, ვესტერნიზაცია და მოდერნიზაცია. სექტორის პოლიტიკური პოზიცია გამოიხატება ხელისუფლების მიმართ ტოტალურ დაპირისპირებაში. მისი თვითშეგნება მეტად მკაფიოდ აპირისპირებს „ჩვენ“ „ისინი“ და ხასიათდება მორალური ზეობის განცდით. როგორც იდეოლოგიზირებულ აზროვნებას შეეფერება, ხდება „მათი“ სტიგმატიზება („ხელისუფლების აგენტები“, „პრორუსული ძალები“). როგორც შეეფერება ავანგარდს, სექტორი კრიტიკულად უყურებს ქართულ საზოგადოებას და ცდილობს მის ცივილიზებასა და განათლებას.
საპირისპირო წარმოდგენები არ არის ფორმირებული არტიკულირებულ იდეოლოგიად (განვითარების პოლიტიკურ სტრატეგიად), მაგრამ ახდენს თვით სექტორის სტიგმატიზებას „გრანტიჭამიებად“, „ცრუ-ს აგენტებად“, „ბოლშევიკებად“, „ისინი ჭკუას გვასწავლიან და სულელები ვგონივართ“ და ასე შემდეგ. ამდენად, თუმცა კი ადამიანის დამოკიდებულება ამ სექტორის მიმართ პრინციპში პოლიტიკური თვალთახედვის ამსახველია, საპირისპირო წარმოდგენებს არ გააჩნია საკუთარი იდეოლოგები და არტიკულატორები საზოგადოებრივ სივრცეში, რაც მიანიშნებს მათ დაქვემდებარებულ მდგომარეობაზე. საბოლოოდ, საზოგადოების პოლიტიკური მიმართებების მრავალფეროვნება აისახა არა სექტორის შიდა სტრუქტურირებაში, როგორც ეს თავიდან იყო დაგეგმილი, არამედ სექტორისადმი დამოკიდებულებაში ზოგადად - ჩამოყალიბდა ხედვა შიგნიდან და ხედვა გარედან.
საზოგადოების მიერ სექტორის აღქმას აქვს პოლიტიკური ხასიათი, რაც ადეკვატურია მთლიანობაში სექტორის არსისა. სექტორის პოლიტიზირება არ ტოვებს მისი პროპაგანდირების არაპოლიტიკურ შესაძლებლობას და მეტად არასტაბილურს ხდის სექტორის მომავალს მთლიანობაში. იმის ნაცვლად, რომ ჩამოყალიბდეს სტაბილურ ქსელად (გარკვეულ დისტანციაზე პოლიტიკისგან) და ინსტიტუციონალურად გადაურჩეს ნებისმიერ პოლიტიკურ ბრძოლას, სექტორი თავის გადასარჩენად იძულებულია ხელი შეუწყოს მხოლოდ გარკვეული ტიპის პოლიტიკის განხორციელებას.
ეს ვითარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მესამე სექტორის მიმართ ნდობის პოტენციალი არ არსებობს. როგორც გამოკითხვა აჩვენებს, მოსახლეობა სექტორს საკმაოდ ენდობა. მაგრამ არსი ამ ნდობისა კარგად არის გასაანალიზებელი. თვით ეს ტერმინი - „ნდობა“ - რომელიც კითხვას არ იწვევს მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ საუბარში გამოიყენება, შეიძლება ასახავდეს სტრუქტურულად მეტად განსხვავებულ მოვლენებსა და ფილოსოფიებს, და შესაბამისად მოვლენების განვითარების განსხვავებულ პერსპექტივებს. პოლიტიკური პარტიის ნდობა ბუნებრივად შეზღუდულია იმ ადამიანთა წრით, ვინც მის იდეოლოგიას იზიარებს, ხოლო მეტეროლოგიური ბიუროს ნდობა შეზღუდულია მხოლოდ მისი უნარით, სწორად იწინასწარმეტყველოს ამინდი. ნდობის ამ ორი „იდეალური ტიპისგან“ მესამე სექტორისადმი ნდობაში პირველი აშკარად უფრო წონიანია.
ჩვენი ყოფა მე განვსაზღვრე როგორც „პოლიტიკური თანამედროვეობა“, რომლის შეცვლა მყისიერად ვერ მოხდება; ამიტომ, ბუნებრივია, რომ მე არ მოველი მესამე სექტორის რადიკალურ გარდაქმნას ან მისი არსებობის სრულ სტაბილიზებას. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ დემოკრატიის წამალი თავად დემოკრატიაა და, რომ ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია. ეს ნაბიჯები კი საჭიროებს რეალობისადმი თვალის გასწორებას და დოგმატური მიდგომების გადასინჯვას.
ნდობის ამაღლების რეკომენდაცია უნდა მდგომარეობდეს ავანგარდისტული წინამძღოლობის მოდელის უფრო დემოკრატიული და ლიბერალური მოდელისაკენ გარდაქმნით. სექტორმა უნდა გაიაზროს საკუთარი იდეოლოგიური მიკერძოებულობა და შესაბამისი ცნობიერების შეზღუდულობა. სექტორის შიგნით უნდა მოხდეს გარკვეული სტრუქტურული დიფერენცირება, მაშინ ნდობის მოპოვებაზე ზრუნვამ შეიძლება მიიღოს შესაბამისი სამი მიმართულებით გარდაქმნის ფორმა:
1. პოლიტიკური ავანგარდი. სექტორის ეს ნაწილი შედგება ყველაზე პოლიტიზირებული ლიდერებისგან, რომლებიც შეიძლება „მთავარ იდეოლოგებად“ განვიხილოთ. ეს ნაწილი დიდ გავლენას ახდენს არა მარტო ცნობიერებაზე, არამედ უშუალოდ პოლიტიკაზე. სინამდვილეში, ისინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორები არიან, რომლებიც არ ექვემდებარებიან კონტროლს საზოგადოების მხრიდან იმდენად, რამდენადაც არ მონაწილეობენ არჩევნებში. მათთვის ნდობის შენარჩუნების სწორი გზა იქნებოდა გადანაცვლება უშუალოდ პოლიტიკასა და სახელმწიფო სტრუქტურებში. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის აღების ეს გზა მათი მხრიდან იქნებოდა ერთგვარი შემოტრიალება დემოკრატიისაკენ, რასაც მოსახლეობა სათანადოდ დააფასებდა. თანაც ეს არ არის უჩვეულო განვითარება, რომელიც არ ჯდება მათსავე იდეოლოგიაში - სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ ფუნქციას ხომ ახალი პოლიტიკური ლიდერების წარმოჩენაც წარმოადგენს.
2. ექსპერტული ავანგარდი. ეს არის სექტორის ის ნაწილი, რომელსაც ინტელექტუალური ლიდერობის პრეტენზია გააჩნია. ამ ნაწილს ნდობის მოსაპოვებლად პირიქით, სჭირდება დეპოლიტიზება და თავის რიგებში დაგროვილი ცოდნის არადოგმატური გადასინჯვა. ამ ნაწილისადმი ნდობის ამაღლება შესაძლებელია ექსპერტისა და გურუს, ცოდნისა და ჭეშმარიტების, დოგმისა და თეორიის დაშორიშორებითა და განცალკევებით. ექსპერტული ავანგარდი, რომელიც ჩაკეტილია ერთი პარადიგმის ჩარჩოებში, ცხადია, ისეთივე უპერსპექტივო იქნება, როგორც პოლიტიკური ავანგარდი, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში.
3. სამოქალაქო ავანგარდი. მართალია, უანგარო აქტივისტი სექტორში დღეს ნაკლებადაა წარმოდგენილი, მაგრამ ზოგადად ასეთი ადამიანებისთვის სექტორის იქით გზა არაა. ამგვარი ადამიანების მოზიდვა და მათთვის გასაქანის მიცემა საჭიროებს ორ რამეს: უკვე არსებული ორგანიზაციების შიდა ფუნქციონირების პრინციპების მნიშვნელოვან გარდაქმნას და დაფინანსების სტრუქტურის შეცვლას. შესაძლოა ამავე კალაპოტში ან ცალკე სფეროდ განვიხილოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც აწარმოებენ მოსახლეობის რაიმე სახის არასაექსპერტო მომსახურებას, მაგალითად, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას. მათთვის ღიაობა და გამჭვირვალეობა, სრული ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე და მუდმივი გარე კონტრლის მექანიზმები მუშაობის ეფექტიანობის გაზრდასთან ერთად ნდობის ამაღლების უცილობელი ნაწილია.
____________________
1 პოლიტიკური ამ სიტყვის ფართო გაგებით, და არა ვიწროპარტიული მიკუთვნებულობის მნიშვნელობით
2 თუ რაში მდგომარეობს დემოკრატიზაციის პრაქტიკოსებში არსებული წარმოდგენა არასამთავრობო სექტორის ინსტიტუციონალურ მოწყობასა და მის მიმართებაზე დემოკრატიასთან, კარგადაა ჩამოყალიბებული ლარი დაიმონდის სტატიაში Toward Democratic Consolidation, Journal of Democracy, V.5, N.3, 1994. არასამთავრობო სექტორის და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების უფრო ღრმა ისტორიული და სოციო-ფილოსოფიური გააზრების მოკლე (და მეტად არასრული) მიმოხილვა და ბიბლიოგრაფია მოცემულია ავტორის ბროშურაში „სამოქალაქო საზოგადოება“, საზოგადოების კვლევის ცენტრი, თბილისი, 2000
3 აქ მოცემული გამოკითხვის გარდა ანალოგიური მონაცემები მიღებულია საზოგადოების კვლევის ცენტრის მიერ ციტარებულ გამოკითხვაში
4 ამას მოწმობს, მაგალითად, სოციოლოგიური გამოკითხვა, რომელიც ჩატარდა 2002 წელს 8 პოსტსაბჭოურ ქვეყანაში COPERNICUS 2 პროექტის ფარგლებში: Living conditions, Lifestyles and Health
5 იხ. მაგალითად, Вадим Волков, Общественность: забытая практика гражданского общества, www.carnegie.ru.
![]() |
5 ეკა დათუაშვილი |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობის რეალური სურათის შესწავლის სურვილი დიდი ხანია გვქონდა. 2001 წელს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პირველი მცდელობა, შეგვესწავლა მოსახლეობის განწყობა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, მხოლოდ თბილისის მასშტაბით განხორციელდა, რადგან მაშინ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდული იყო. 2002 წლის ნოემბერში კი სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს, განხორციელდა ეროვნული მასშტაბის სოციოლოგიური კვლევა.
რატომ დაიბადა ასეთი კვლევის ჩატარების სურვილი?
ამ ბოლო წლებში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მისამართით მრავალი ბრალდება იქნა წამოყენებული. განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდა გრანტების სახით მიღებული თანხების ხარჯვის მიზნობრიობის (უფრო ზუსტად, არამიზნობრივი ხარჯვის) საკითხი. ამ ხმებმა საკმაოდ ნოყიერი დასაყრდენი პოვა საზოგადოებაში. 490 მილიონი აშშ დოლარის მითის აბსურდულობა მხოლოდ სექტორის წარმომადგენლებისათვის თუ იყო ცხადი. საზოგადოების ფართო ფენებისათვის კი დღესაც გაურკვეველი დარჩა, რა იყო ამ ისტორიაში სიმართლე და რა ტყუილი. სექტორის კონტროლისათვის საკანონმდებლო ნიადაგის შექმნის ბოლოდროინდელ გახშირებულ მცდელობებსაც არ გამოუწვევია ხალხში განსაკუთრებული გულისწყრომა. ბოლოს და ბოლოს, ამდენი მილიონი თუ გაიფლანგა, ვინმეს ხომ უნდა მიექცია ამაზე ყურადღება.
ბოლო დროინდელმა მოვლენებმა სექტორის ბევრ წარმომადგენელს გაუჩინა სურვილი რეალურად შეეფასებინა, თუ მოსახლეობის რა ნაწილი დგას ჩვენ უკან, რამდენად იცნობს საზოგადოება არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას.
გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ისტორია საქართველოში სულ რაღაც ერთ ათეულ წელს ითვლის. განვლილი პერიოდი საჭირო იყო ორგანიზაციათა ინსტიტუციური განვითარებისთვის, გამოცდილებისა და ექსპერტიზის დაგროვებისათვის. მაგრამ დღეისათვის მესამე სექტორი ჩამოყალიბებულია და ფუნქციონირებს. ოფიციალურად 5000-მდე ორგანიზაციაა დაფუძნებული. სხვადასხვა შეფასების მიხედვით დაახლოებით 250 მაინც მეტ-ნაკლები წარმატებითა და სტაბილურობით მოღვაწეობს. განხორციელებულია მრავალი პროექტი, საკმაოდ სოლიდური ოდენობის თანხებია დახარჯული საგრანტო პროგრამებში. მოსახლეობის ფართო ფენები კი ხელშესახებ შედეგებს ვერ ხედავს.
მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ღირებულ საქმეს არ აკეთებენ და არ ვაკნინებ სექტორის როლს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. მაგრამ მეც ამ სექტორის წარმომადგენელი ვარ და კარგად ვარ ინფორმირებული. არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კი ინფორმაცია ძირითადად პირადი კონტაქტების, შეხვედრებისა და ინფორმაციის უშუალო გაცვლის შედეგად, შიდა ქსელებით ვრცელდება.
რაც შეეხება საზოგადოებას, მისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროს მედია წარმოადგენს. კვლევის შედეგების მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცემული მასალებიდან ინფორმაციას გამოკითხულთა მხოლოდ 3,2% იღებს.
ჩვენი მიზანი იყო შეგვეფასებინა რეალური სურათი და, მიღებული მონაცემებიდან გამომდინარე, დაგვეგეგმა ადეკვატური ღონისძიებები სიტუაციის გასაუმჯობესებლად. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ საზოგადოების განწყობა არასამთავრობო ორგნიზაციების მიმართ არ იქნებოდა გამოკვეთილად პოზიტიური, რაც კვლევის შედეგებმაც დაადასტურა, კერძოდ:
საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულთა 41%. მართალია, ზოგადი შეფასებების მხრივ მოსახლეობის პოზიცია უფრო უარყოფითია პარლამენტისა და მთავრობის მიმართ, მაგრამ რაც შეეხება მედიას, ბიზნესს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, მათი მაჩვენებლები უკეთესია;
რესპონდენტთა 42% თვლის, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მცირეა, 18%-ის აზრით კი, ასეთი გავლენა არც არსებობს;
არასამთავრობო ორგანიზაციებს კორუმპირებულ სტრუქტურად მიიჩნევს მოსახლეობის 26.5%. რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამთავრობო სტრუქტურებთან შედარებით არც ისე ცუდია, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტორის არაკორუმპირებულობაში დარწმუნებულია გამოკითხულთა 42.5%, ხოლო 31%-ს უჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. შედარებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების არაკორუმპირებულობაში დარწმუნებულია რესპონდენტთა 47%, ხოლო მედიასთან მიმართებაში ეს მაჩვენებელი 67%-ია;
მოსახლეობის 21,4%-ს მყარად მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია არის ფულის გათეთრების საშუალება; 37% თვლის, რომ მოპოვებული თანხების გამოყენება პირადი მიზნებისთვის ხდება;
გამოკითხულთა 94,2%-ს არასოდეს უთანამშრომლია არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ასეთი რესპონდენტების 47,4%-ს არც მომავალში აქვს თანამშრომლობის სურვილი.
მაგრამ კვლევამ ბევრი დადებითი შედეგიც აჩვენა:
1. როგორც ჩანს, განვლილ პერიოდში სექტორის ძალისხმევა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების კუთხით საზოგადოების მხრივ ადეკვატურადაა შეფასებული. მოსახლეობის 65% თვლის, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში. რესპონდენტთა 57.7% თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები იცავს მოქალაქეებს სახელმწიფოს ძალადობისაგან, ხოლო 44% თვლის, რომ ისინი ეფექტურად ამხელენ კორუფციას (თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, თავად არასამთავრობო ორგანიზაცათა არაკორუმპირებულობისა გაცილებით ნაკლებ ადამიანს სჯერა);
2. მათ შორის, ვისაც უსარგებლია საზოგადოებრივი ორგანიზაციების სერვისით, 85% დადებითად აფასებს გაწეულ მომსახურებას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი რესპონდენტების ხვედრითი წილი ძალიან მცირეა, სულ 12,7%. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ კვლევის შერჩევის მეთოდს და მიღებული მომსახურების სახეებს, რეალური მონაცემი გაცილებით უფრო დაბალი იქნება. მოსარგებლეთა თითქმის ნახევარს (48.4%) უსარგებლია ჰუმანიტარული დახმარებით (აქ ცუდად ინფორმირებული რესპოდენტი უკვე ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მომსახურებას), დიდია სემინარებზე და ტრენინგებზე დასწრების წილიც (34.6%), რომელთაგან უმეტესობას მაინც ერთჯერადი ხასიათი აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მოსარგებლეთა შეფასება აჩვენებს, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი მოთხოვნების ადეკვატურია.
3. მართალია, როგორც აღვნიშნეთ, გამოკითხულთა 94,2% არასდროს უთანამშრომლია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან (არასდროს ყოფილა ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ღონისძიებებში), მაგრამ ისინი, ვისაც თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, ძირითად მოტივად ასახელებენ „საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობას“ - 46,4%. რაც შეეხება ანაზღაურებას, ის განმსაზღვრელი აღმოჩნდა „თანამშრომელთა“ მხოლოდ 8.7%-სათვის.
4. და ბოლოს, რაც მთავარია, საზოგადოებას ძალიან მნიშვნელოვანი მოლოდინები გააჩნია არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. მოსახლეობას სჯერა, რომ მესამე სექტორს აქვს უნარი მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მრავალი პრობლემის გადაჭრაში, განსაკუთრებით სოციალური პრობლემების მოგვარებაში, კორუფციასთან ბრძოლაში და ადამიანის უფლებების დაცვაში. ამასთანავე მიაჩნიათ, რომ ძალისხმევის გააქტიურება საჭიროა ბავშვთა უფლებების დაცვაში და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების იმიჯი მოსახლეობაში, ცხადია, დიდადაა დამოკიდებული საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხზე. აღსანიშნავია, რომ საკუთარი ინფორმირებულობის ხარისხით კმაყოფილია გამოკითხულთა მხოლოდ 1,4 %.
კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს არ გააჩნია მყარი პოზიციები საზოგადოებრივი ორგანიზაციების დადებითად ან უარყოფითად შეფასებისას. მკვეთრად ჩამოყალიბებული უარყოფითი განწყობის მქონეა მოსახლეობის 19%, ძირითადად, დადებითი განწობაა 42%-ში, ხოლო დანარჩენი მოსახლეობა არ ატარებს ერთ თანმიმდევრულ ხაზს. სწორედ ამ ჯგუფებთან ინტენსიური მუშაობაა საჭირო სექტორის მხრიდან. მითუმეტეს რომ, საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხიც ძალიან დაბალია როგორც თვითშეფასების, ისე ტესტური შეფასების მაჩვენებლების მიხედვით.
მოსახლეობის უფრო ფართო ფენების ინფორმირებასა და მათი მხარდაჭერისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დღეისთვის საკმაოდ კარგი ნიადაგია მომზადებულია. სექტორი საზოგადოების მხრიდან უკვე აღიარებულია დემოკრატიული პროცესების ხელშემწყობ ძალად. მაგრამ ნებისმიერი პროგრესული ინიციატივის რეალიზებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა ესაჭიროება. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ვსაყვედურობთ სამთავრობო სტრუქტურებს, რომ ისინი არ არიან გამჭვირვალე, არ ითვალისწინებენ მოსახლეობის აზრს. მაგრამ თავად საზოგადოებრივ ორგნიზაციებსაც ბევრი აქვს გასაკეთებელი საკუთარი გამჭვირვალობისა და საქმიანობის შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის.
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა აგრეთვე კვლევა, რომლის მიზანიც იყო საქართველოს არასამთავროვბო ორგანიზაციების ორგანიზაციული განვითარების შეფასება. ამ კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ არასამთავრობო სექტორის განსაკუთრებით სუსტი მხარეა უკუკავშირის მექანიზმები სამიზნე ჯგუფებთან და ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები მოსახლეობაში.
პროცესი ორი მიმართულებით უნდა წავიდეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იზრუნონ საკუთარი ორგანიზაციულ სრულყოფასა და შემდგომ განვითარებაზე, გამჭვირვალე სტრუქტურებისა და მექანიზმების დანერგვაზე, შედეგების შეფასებასა და საზოგადოებასთან ეფექტური უკუკავშირის დამყარებაზე. ამ მხრივ მნიშვნელივანი წინდაგადგმული ნაბიჯია ის, რომ სექტორში დაიწყო მსჯელობა ეთიკის კოდექსის საჭიროებასა და მის შესაძლო პრინციპებზე.
რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებას: ამ კვლევას 2 მიზანი ჰქონდა - ერთი, როგორც უკვე აღვნიშნე, რეალური სურათის დაფიქსირება და მეორე არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მესამე სექტორის შესახებ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა. ამ მხრივ ნამდვილად ბევრია გასაკეთებელი; იმედია, ერობლივი ძალისხმევით სექტორი მიაღწევს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილის ნდობისა და მხარდაჭერის მოპოვებას.
![]() |
6 დისკუსია |
▲ზევით დაბრუნება |
დავით ლოსაბერიძე - დისკუსიის განმავლობაში შეიძლება ვიდავოთ კვლევის მეთოდოლოგიაზე, ანდა საერთოდ კვლევის ჩატარების საჭიროებაზე, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ვისაუბრებთ უფრო ზოგადი სიტუაციის შესახებ, ანუ იმაზე, საჭიროა თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციების იმიჯის გაუმჯობესება საზოგადოებაში; არასამთავრობო სექტორი საკმაოდ დიფერენცირებულ ჯგუფად ჩამოყალიბდა, ამიტომ იქნებ გავარკვიოთ, აზრი აქვს თუ არა ერთიანი იმიჯის შექმნაზე ლაპარაკს, ანდა, საერთოდ, იმიჯის აუცილებლობის საკითხზე.
პაატა გურგენიძე - კომენტარს გავაკეთებ გიგი თევზაძის მიერ დასმულ საკითხზე. გიგის აზრით, რადგანაც არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან განსხვავებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის არიან მოწოდებულნი, ამიტომ შეუძლებელია მათ ერთიანი ეთიკა და ერთიანი ქცევის ნორმები ჰქონდეთ. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ არასამთავრობოებს მაინც შეიძლება ჰქონდეთ ერთიანი ძალიან ზოგადი რაღაც. ამასთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ ადამიანებიც განსხვავებულები არსებობენ, მაგრამ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მათ საერთო ქცევის ნორმები არ უნდა ჰქონდეთ. მთავარია, ამძალიან ზოგად დებულებებს მივანიჭოთ მნიშვნელობა, ანუ ადამიანის უფლებების ცნებას მივანიჭოთ მნიშვნელობა ეთიკური ნორმების თვალსაზრისით. ადამიანის უფლებების ცნებაც ძალიან ზოგადია, მაგრამ, ჩემი აზრით, მათი დაცვა აუცილებელია, მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰქონდეს ჩამოყალიბებული ეთიკის ნორმები. ვაჟა ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“, გიგის მოსაზრების თანახმად, მონადირეთა საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ნაწარმოები უნდა იყოს, რადგანაც ზედმეტ ნორმებს ახვევს თავს საზოგადოებას.
გიგი თევზაძე - წინააღმდეგობა მართლაც ასებობს - თუ არსებობს გარემოს დაცვითი ორგანიზაციების პოზიცია და არსებობს მონადირეთა უფლებების დაცვითი პოზიცია - მათი მიზნები ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
პაატა გურგენიძე - მეორე მხრივ - ითვლება, რომ მორალური და ეთიკური ნორმები მონადირეთა ასოციაციისათვისაც მნიშვნელოვანია.
გიგი თევზაძე - ზოგადი ნორმები უნდა არსებობდეს, ეს არის წესები, რომელიც ყველა ორგანიზაციამ უნდა დაიცვას - არასამთავრობომაც და სამთავრობომაც. რაც შეეხება იმას, რომ სპეციფიკურად რაღაც საერთო მოვნახოთ არასამთავრობოებს შორის, რაც მათ საზოგადოებრივ იმიჯს გააძლიერებს ან დაეხმარება მის შექმნას, ცოტა ხელოვნურად მეჩვენება. ბიუჯეტის გამჭვირვალების მსგავსი ზოგადი წესები ვერ მიიღებს არსებულ ვითარებაში ეთიკური კოდექსის სახეს. თუ მოვიცდით და მოხდება არასამთავრობოების გაერთიანება, ამაზე ფიქრი მაშინ უფრო შესაძლებლად მეჩვენება. თუმცა, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, სულ მალე არასამთავრობოების წიაღიდან გამოსული ორგანიზაციები შეიძლება უფრო დაიყოს, ნაწილი შეიძლება ლობისტურ ორგანიზაციებად გადაიქცეს, ნაწილი საგამომცემლო, ნაწილი სამეცნიერო ორგანიზაციებად. არასამთავრობოებად დარჩება ის ორგანიზაციები, ვისთვისაც შესაძლებელი იქნება ამ ეთიკური ნორმების შემუშავება. მე იმ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც დარჩება სხვადასხვა პროფილის (სათემო, საკანონმდებლო, ენერგეტიკის) ორგანიზაცია, მაგრამ მიმართული იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებზე. ანალოგიური რამ შეიძლება ითქვას ადამიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებზე. ამგვარ დაყოფა-დიფერენცირებამდე რომ მივმართოთ არსებულ არასამთავრობოებს კვაზი საკანონმდებლო, ან საკანონმდებლო ინიციატივებით, არ იქნებოდა კარგი.
რამაზ აფციაური - საკითხი ამგვარად დგას: რას ვგულისხმობთ ამ იმიჯში? ჩემთვის, მაგალითად, ეს იმიჯი დაკავშირებულია ინფორმირებულობასთან. ეგება დაგვეწყო ამ საკითხის გარშემო საუბრით. ერთიანი იმიჯის ფორმირება ალბათ შეუძლებელია, იმიტომ რომ ყველა ორგანიზაცია განსხვავდება ტიპობრივადაც, საქმიანობის კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციას წარმოვადგენთ, ზოგი კავშირია, ზოგი ფონდი, ზოგი ანალიტიკური ცენტრი, საზოგადოებისათვის ჩვენ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციები ვართ. საზოგადოებისათვის ის კლიშე, ზოგადი გავრცელებული ხატი, ვრცელდება ყოველ ჩვენგანზე. კარგი იქნებოდა, თუ ამას გავითვალისწინებდით, ანუ იმიჯზე როცა ვსაუბრობთ, ვთქვათ, რას ვგულისხმობთ ამ იმიჯის იქით.
ლევან თარხნიშვილი - კვლევის შედეგების მიხედვით, პირველ ოთხეულში ის ორგანიზაციებია, რომელთაც სრულიად განსხვავებული მიზნები და მოქმედების სტრატეგია გააჩნია. ამიტომ თვისობრივად მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ერთნაირი იმიჯი, ერთნაირი ტაქტიკა, ინფორმირებულობა და სხვა. მაგალითად, წითელი ჯვრის საქმიანობას რაც უფრო მეტი ხალხიიცნობს, უფრო კარგია, რადგანაც ეს არის ორგანიზაცია, რომლის მოქმედება მიმართულია ხალხის დასახმარებლად, მაგრამ, მეორე მხრივ, თავისუფლების ინსტიტუტისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოქმედებას ხალხის 100% რომ იცნობდეს, ეს კარგია თუ ცუდი, არ ვიცი. უფრო სწორედ, დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს კარგი იქნება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 100% უყურებს საინფორმაციო გადაცემებს, ან 100%-ს დასჭირდა ეს არასამთავრობო როგანიზაცია - მივიდა მასთან და გამოიყენა. ანუ, მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო. მაგალითად, პროფესიული კავშირებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობის შესახებ ინფორმაციის ფართო მასებში გავრცელება აუცილებლობას არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც საკითხები, რაც მათ აერთიანებს, მაგრამ ძალზე მინიმალური. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ვილაპარაკოთ ბიზნესზე და არ მოვახდინოთ დაყოფა მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს შორის. დიდი საწარმოს მეპარტრონესა და მცირე ჯიხურის მფლობელს ვერ დავავალდებულებთ, რომ ერთნაირი მიზნები, სტრატეგია და იმიჯი ჰქონდეთ. ეს შეუძლებელია, მათ აერთიანებს ის, რომ ორივე მუშაობს მოგებაზე, სხვა მეტი არაფერი. ასევე, არასამთავრობო სექტორში შეიძლება ჩამოგვეყალიბებინა რამდენიმე სეგმენტი; ალბათ შესაძლებელი იქნებოდა თითოეული ჯგუფის შიგნით ჩამოყალიბებულიყო ერთობლივი მიდგომა-ტაქტიკა, მაგრამ ძალიან გამიჭირდება ვთქვა, რომ თავისუფლების ინსტიტუტსა და წითელ ჯვარს ერთნაირი სტრატეგია უნდა გააჩნდეს.
ქეთი ხუციშვილი - კველევის შედეგების შესახებ მინდა აღვნიშნო, რომ ის, ძირითადად, არ განსხვავდება მოსალოდნელი შეფასებისაგან. შემდეგი კითხვა მაქვს მათთან, ვინც კვლევები ჩაატარა: რომ არ არსებობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსახლეობის აზრით, ეს უკეთესი იქნებოდა თუ უარესი? რამდენად საჭიროდ თვლის მოსახლეობა მესამე სექტორის არსებობას?
იაგო კაჭკაჭიშვილი - ასე პირდაპირ არ ყოფილა კითხვა დასმული.
ეკა დათუაშვილი - მოლოდინები დიდია. საზოგადოებას აქვს იმის მოლოდინი, რომ არასამთავრობოებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ დემოკრატიზაციის მიმართულებით, კორუფციასთან ბრძოლაში, სახელმწიფო აპარატის ქმედებების კონტროლში, გარემოს დაცვაში და სხვა. ამასთან, საზოგადოებას მიაჩნია, რომ არასამთავრობოებს შეუძლიათ და კიდეც უნდა გააქტიურდნენ ამ მიმართულებით. დღეისათვის მოსახლეობას მიაჩნია, რომ არასამთავროების გავლენა მინიმალურია, მაგრამ ამავე დროს არსებობს უკეთესის მოლოდინიც.
ქეთი ხუციშვილი - თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოების მხრიდან მოლოდინი არსებობს ინფორმაციულობასთან დაკავშირებით, შეიძლება ეს ინფორმირებულობა ორ კატეგორიად დავყოთ. ერთი კატეგორიაა - ის ინფორმაცია, რაც გადაიცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით; მას ფლობს საზოგადოების ის ნაწილი, ვისაც ხელი მიუწვდება ამ საინფორმაციო საშუალებებზე. თუმცა, კადრს მიღმა რჩება საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც არ შუქდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით და, ვფიქრობ, არც არის მიზანშეწონილი მისი გაშუქება. ჩვენი ორგანიზაციის მაგალითზე ვიტყვი, რომ ყოველი კონკრეტული დეტალის სააშკარაოზე გამოტანა არ არის შესაძლებელი.
ეკა დათუაშვილი - მეორე მხრივ, უამრავი ღირებული საქმეა გაკეთებული, რომლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება აუცილებელია. არასამთავრო ორგანიზაციებმა ნახევარ წელიწადში, თუნდაც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის შესახებ. ჩემი აზრით, ამგვარი ინფორმაციების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა სექტორის იმიჯის გაზრდა.
ქეთი ხუციშვილი - მაგრამ არასამთავრობოთა აქტივობებიდან შეიძლება გამოიყოს ისეთი მომენტებიც, რომელიც ნაკლებ აუცილებელია, რომ საზოგადოებას მიეწოდოს. მაგალითად, თურქი მესხების საკითხის გადაწყვეტა თუ არასამთავრობოების ჩარევით მოხერხდა, არა მგონია, ძალიან სასურველი იყოს ამის აფიშირება, რადგან მოსახლეობის რეაქცია შეიძლება არაერთგვაროვანი იყოს. ანალოგიური სახის ინფორმაციის მოსახლეობისათვის ჭარბად მიწოდება მიზანშეწონილად არ მეჩვენება.
ეკა დათუაშვილი - ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიწოდება, შემდეგ მოსახლეობამ შეიძლება მოიწონოს ან არ მოიწონოს აღნიშნული ქმედება და ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. კვლევაში იყო ასეთი კითხვა - ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა - ბევრმა ჩათვალა, რომ ამ სფეროში (და კიდევ ბავშვთა უფლებების დაცვის საფეროში) არასამთავრობოების საქმიანობა წარმატებულია. თუმცა, ბევრი მიიჩნევდა, რომ ამავე სფეროებში ზედმეტად დაცულია ეროვნული უმცირესობების უფლებები და სექტორს გადაჭარბებულადაც კი ჩაუთვალეს აქტიურობა; ასე თუ ისე, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ინფორმაცია უნდა გავრცელდეს.
დავით უსუფაშვილი - მოკლედ გამოვეხმაურები იმიჯის თემას. პირველ რიგში ვუპასუხებ კითხვაზე - საჭირო არის თუ არა იმიჯზე ზრუნვა? - საჭირო არის. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რას ვგულისხმობთ იმიჯში. იმიჯი, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს სხვის წარმოდგენას რაღაცაზე. ამ თვალსაზრისით, მე მგონი, სამოქალაქო სექტორზე, როგორც ასეთზე, ადეკვატური წარმოდგენა საზოგადოებაში არ არსებობს. გამოკვლევის შედეგად მიღებულმა პროცეტულმა მაჩვენებლებმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს, იმიტომ რომ ერთია, როცა ცალკეული ორგანიზაციების ჯამი ფასდება და მეორეა მთლიანად სექტორის იმიჯის შეფასება. ჩემი აზრით, ეს განსხვავებული საკითხებია; კონკრეტული ადამიანი ორგანიზაციის საქმიანობას შეიძლება დადებითად მიიჩნევდეს იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ეხმიანება მის გასაჭირს, მაგრამ არასამთავრობო სექტორი, როგორც ასეთი, მისთვის მიუღებელი და გაუგებარი იყოს. ზოგადად, არასამთავრობო სექტორის საქმიანობა და გაგება საზოგადოებაში უფრო მძიმე სურათს იძლევა, აქ უფრო მძიმე სიტუაციაა. ეს მხოლოდ სექტორის ბრალი არ არის, მაგრამ ობიექტური სიტუაცია ასეთია. არასამთავრობო სექტორის სტრატეგია, როგორც სახელმწიფო სექტორისა და ბიზნესის ალტერნატივა, ჯერ კიდევ გაუაზრებელია. კანონმდებლობის გარდა, არის კიდევ კერძო ინიციატივაზე დამყარებული ქმედება და მოგებაზე არაორიენტირებული ქმედება, მაგრამ თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ხომ არის? ამას გარდა, ისიც გასარკვევია, სექტორში დასაქმებულ პირთა ერთობლიობიდან რა ნაწილს აქვს სახელმწიფო სამსახურში ან ბიზნესში წასვლის ალტერნატივა? საჭიროა ამ შემთხვევას წმინდა მატერიალური, სახელფასო კუთხით შევხედოთ, ანუ ვინ არის მოწოდებით არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირი? ალბათ დამეთანხმებით, ეს სეგმენტი ძალზე მცირეა. ამიტომ როცა ვლაპარაკობთ იმიჯზე, სექტორის შიდა რეალობასაც უნდა შევხედოთ. გასაგებია, რომ სექტორი იქცა თვითდასაქმების ასპარეზადაც, მაგრამ ეს ასპექტი იმიჯზე სერიოზულად მოქმედებს, რადგანაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილისათვის ეს დასამალი არ არის. როცა, მაგალითად, ორგანიზაცია არიგებს საკვებს უპატრონო ბავშვებისათვის და ამბობს, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციაა, - მოსახელობას აქვს უფლება დაფიქრდეს: რა ქველმოქმედებაზეა აქ ლაპარაკი, ვინ არის ქველმოქმედი, ვინც არიგებს საკვებს თუ ის, ვინც თავისი ჯიბიდან ფული ამოიღო? ანუ რა ღირებულებას ქმნის არასამთავრობო სექტორი ისეთს, რომ ეს მას საზოგადოებისათვის საჭირო ობიექტად აქცევს. საკვების დარიგება ხომ სხვასაც შეეძლო? ასეთი მაგალითები გავლენას ახდენს ამ იმიჯზე. ის შემთხვევები, რაც აქ იყოგანხილული, მოქმედებს იმიჯზე. თუ გვინდა რაღაც ნაბიჯები გადავდგათ იმიჯის გამოსასწორებალად, უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებული იმიჯი დიდად მოსაწონი არ არის. ცალკეული მცდელობები ერთია, მაგრამ სექტორში, როგორც ასეთში, თავმოსაწონი ბევრი არაფერია. უნდა ვიზრუნოთ კარგის წარმოსაჩენად. შავი და თეთრი უნდა გაიმიჯნოს; ეს თუ სექტორმა არ გააკეთა, სხვა ამას ვერაფრით ვერ შეძლებს. ამიტომაა ეთიკის კოდექსები და ა.შ., მოკლედ, ყველაფერი ის, რაზედაც ვსაუბრობდით. წინა დისკუსიის შედეგად გამოცემულ ბროშურას დართული აქვს ესტონეთის არასამთავრობო სექტორის ეთიკის კიდექსი. ორჯერ წავიკითხე; მცირე შენიშვნების გარდა, მზად ვარ, ახლავე მოვაწერო ხელი. მართლაც, რა არის აქ შეუსრულებადი იმ ხალხისათვის, ვისაც ეს ღირებულებები და პრინციპები აერთიანებს. ძალზე რთულია ველოდეთ იმას, რომ თვით საზოგადოებრივი პროცესები შეტრიალდება და ის გამოასწორებს იმიჯს. რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, რომელიც მიღებულია კვლევაში, 20% მაინც თვლის, რომ სექტორი არ არის კორუმპირებული. თუ კითხვას ასე დავსვამთ - რა პროცენტი ადამიანებისა არ იპარავს, თუკი ამის საშუალება აქვს - მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაბალ პროცენტს მივიღებთ. კორუფციასთან დაკავშირებული საკითხები ისეა გაშუქებული, რომ ბევრს კი მიაჩნია, რომ თავისუფლების ინსტიტუტი კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ დარწმუნებული არაა, რომ გიგა ბოკერია ნახევარს ჯიბეში არ იდებს იქიდან, რასაც დონორი აძლევს. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სხვა დანარჩენი არ იპარავს. აქედან გამომდინარე, კვლევის შედეგი ცუდი არ არის, თუ გავითვალისწინებთ კორუფციაზე საერთო წარმოდგენებს. არასამთავრობო სექტორზე როცა ვსაუბრობთ, მე მგონი, მნიშვნელოვანია მოქალაქისათვის იმის გააზრება, საერთოდ სამთავრობო სექტორი და შესაბამისად სახელმწიფო, რა არის. რომ დავსვათ კითხვა - პოლიტიკურ პარტიებს რაიმე შედეგი მოაქვთ თუ არა ქვეყანაში, გაცილებით ნაკლები შედეგი იქნება, ვიდრე ეს არასამთავრობოების შემთხვევაშია. ან თუ ვიკითხავთ, მთავრობას მოაქვს თუ არა შედეგი მოსახლეობისათვის, ასევე ძალიან დაბალი დადებითი მაჩვენებელი იქნება. მაგრამ ზოგადად განწყობა საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი ცხოვრებისადმი იმდენად უარყოფითია, რომ ბუნებრივად იწვევს ამ შედეგებს. ამიტომ კვლევის შედეგად მიღებულმა დაბალმა მონაცემებმა არ უნდა დაგვაფრთხოს, ფონი გაცილებით უარესია. რაც შეეხება იმიჯს, იმ სახით, რა სახითაც ის არის, არა მგონია, მან სექტორის შემდგომ პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ცალკეულმა ორგანიზაციებმა ალბათ უნდა დაისახონ მიზანი, რომ გაიუმჯობესონ იმიჯი, მაგრამ სექტორის დღევანდელი, არსებული სახით, პოპულარიზება მაინცადამაინც სასურველ საქმიანობად არ მიმაჩნია.
გიგი თევზაძე - თავისთავად არასამთავრობო სექტორზე მსჯელობისას საუბარი გადადის სამოქალაქო საზოგადოებაზე და პირიქით. დღეს საქართველოს ვითარება ისეთია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაკრები წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს არის რეალური ვითარება. ამას ბევრი რამ (ფოკუსჯგუფები, გამოკითხვები) ამტკიცებს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. ის გარკვეული ადამიანებისათვის კარგია, სხვებისათვის - ცუდი, ისევე როგორც ხელისუფლება. თავმოწონება და პერსონიფიკაციაზე ლაპარაკი დღეს ალბათ მართებული არ უნდა იყოს. სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან ჩამოყალიბების სტადიაშია და სანამ არ ჩამოყალიბდება, ძალიან ძნელია მის შიგნით რაიმე სისტემური ერთეულების შესახებ საუბარი. თუ პრობლემას პოლიტიკურ-სოციოლოგიური თვალსაზრისით შევხედავთ, სამოქალაქო საზოგადოებას აკლია სამეწარმეო გარემო. ყველა ქვეყანაში, სადაც საუბრობენ სამოქალაქო საზოგადოებაზე, წარმოუდგენელია ეკონომიკური სუბიექტების გარეშე იაზროვნონ. ჩვენთან სამეწარმეო სუბიექტებისადგილს ვერავინ დაიკავებს და სანამ სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება, მასში ბუნებრივია, ერთგვაროვანი ორგანიზმების გამოყოფა არ მოხდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამოქალაქო საზოგადოების რაღაც პატარა ჩანასახები გაჩნდა, რომელსაც ჯერჯერობით ორგანიზაციული ფორმა მიღებული არა აქვს. მაგრამ ვითარება ისეთია, რომ ეს არ არის სტრუქტურიზებული და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ისეთი ტერმინებით საუბარი, როგორიცაა მათი სარგებლიანობა და არასარგებლიანობა, არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ინფორმაციის ჯამური მიწოდება საზოგადოებისათვის აზრს კარგავს. რაც შეეხება კოდექსს, პრინციპში ის ალბათ მისაღებია, მაგრამ აქ ორი საშიშროება არსებობს; მაგალითად, თუ მიიღებენ ისინი, ვინც გადაწყვეტს, რომ ხელი მოაწეროს, იქნება იმათი კოდექსი და ისინი იქნებიან ვალდებულნი, არა ვიღაც აიძულონ, არამედ მხოლოდ საკუთარი თავი კოდექსის პრინციპების დაცვაზე. შეიძლება ამის გაკეთება, თუმცა, ეს იქნება რაღაც ჯგუფის გამოყოფა, რომელიც იტყვის, რომ მე ვარ ეს და მე ვიცავ ამას და ამას. და ეს არანაირად არ გავრცელდება იმ ორგანიზაციაზე, რომელიც ამას ხელს არ მოაწერს. ძირითადად, ყველა ლაპარაკობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებია, სხვა სფეროები ყოველთვის გვერდზერჩება. მეორე მხრივ, რამდენად არის აუცილებელი, ყველამ იცოდეს, რომ სამოქალაქო კოდექსი, რაც საამაყო კანონია პარლამენტში მიღებულ კანონთაგან, ძირითადად, მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების დაწოლით გავიდა. ლობისტურ ორგანიზაციას სულ არ სჭირდება ზედმეტი აფიშირება - ეს პრობლემები რეალურად არსებობს. კითხვა სხვანაირად უნდა დავსვათ. თუ 1/4 პასუხობს, რომ მან იცის რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ორგანიზაციებმაც იციან ეს, მაგრამ არა აქვს არტიკულირებული იმავე ფორმით. მაგალითად, ზუგდიდში რომ იკითხო IOCC-ის შესახებ, რომელიც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს სკოლებში - განათლებას აძლევს ბავშვებს და დაწყებით კლასებში კვებავს კიდეც, მოსახლეობას შეიძლება სულაც არ ჰქონდეს წარმოდგენა, რომ იგი არასამთავრობო ორგანიზაციაა. მათ უბრალოდ იციან, რომ ეს არის მართლმადიდებლების საერთაშროისო კავშირი, რომელიც მათ რაღაცას აძლევს. ე.ი. წარმოდგენები სხვადასხვაგვარია და წარმოდგენებზე დაყრდნობა არ უნდა მოხდეს, კვლევა უნდა იყოს უფრო ჩაღრმავებული. დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში გაიზრდება არა მარტო საერთო შეფასება, არამედ იმათი რიცხვიც, ვინც იცის, რა იგულისხმება ამ საკანონმდებლო ან რაღაც გაურკვეველი ქუდის ქვეშ.
პაატა გურგრნიძე - იმიჯი პირდაპირ კავშირშია არასამთავრობო სექტორის გავლენასთან, და ამას მინდა შევეხო ორიოდე სიტყვით. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს ჩატარებული გამოკვლევისათვის. შედეგების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ შედეგები სულაც არ არის კატასტროფული და შევეცდები დავასაბუთო ეს. აქ ითქვა, რომ მსგავსი იმედები სხვებსაც ჩაუსახა ამ შედეგებმა. ჩემი აზრით, სექტორის რეალური გავლენა ისეთია, როგორიც უნდა იყოს. სხვაა, რომ ჩვენ სხვანაირი მოლოდინი გვქონდა და ამაში ვეთანხმები ქალბატონ მარინას, რომ ჩვენი არასამთავრობო სექტორის განვითარების პარადიგმა სხვანაირი იყო. ეს შეიძლება დავაბრალოთ იმას, რომ ეს პარადიგმა იმპორტირებული იყო. ითქვა, რომ უმცირესობის დაცვა, ეს გავლენის დადებითი სფეროა. სხვაგანაც სამოქალაქო სექტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. ეკოლოგიასა და დემოკრატიის სფეროში რომ არ არის გავლენა, ეს ცნობილია. მაგრამ სად, რომელ ქვეყანაში გამოუწვევია არასამთავრობო სექტორს ქვეყნის დემოკრატიზაცია ან ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა? ეკოლოგიური პორბლემების გავლენაზე თუ არის საუბარი, სწორედ ეკოლოგიური ორგანიზაციები განიცდიან პოლიტიზაციას. თუ საუბარია დემოკრატიზაციაზე, არასამთავრობოთა საქმიანობის შედეგად არავითარი დემოკრატიზაცია არ გამოწვეულა. სერბიის მაგალითი უფრო ხუმრობაა. რაც შეხება მოსახლეობის მხრიდან იმის აღნიშვნას, რომ სტრქტურულად საჭიროა სოციალურ როლზე ყურადღების გამახვილება, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ადეკვატურად ხედავს არასამთავრობოების როლს. კვლევის მონაცემების მიხედვით გავლენა პროცენტულად შეფასდა როგორც მცირე, თუმცა ეს არ არის კატასტროფა. კატასტროფა იქნებოდა, მეტი რომ ყოფილიყო, ანუ მეტს რომ ჰქონოდა იმის იმედი და მომსახურების გაზრდის მოლოდინი, რასაც დღეს ვაწვდით. 13% თუ მოიხმარს ჩვენს მომსახურებას, კარგია. 100% რომ იყოს, დანგრეულა ჩვენი სახელმწიფო და ისაა. არასამთავრობო სექტორის ღირებულება თავისთავად იმაში მდგომარეობს, რომ ის სახელმწიფოს ალტერნატივაა. არ არსებობს იდეალური დემოკრატიული სახელმწიფო. და ეს არის შევსება დემოკრატიის ნალული მხარეებისა; თუ არასამთავრობო სექტორი უფრო ძლიერადაა წარმოდგენილი სადმე - ეს ამერიკაშია. ამერიკისათვის ეს ტრადიციულია იმიტომაც, რომ პლურალისტური დემოკრატიის ქვეყანაა და არა მაჟორიტარული. მაგრამ რატომაა უფრო მეტი ღირებულების? ამაზე რატომ უნდა ავიღოთ ორიენტაცია? ხალხს ძალიან სწორიწარმოდგენა აქვს, რომ არასამთავრობო სექტორის როლი ყველაზე მეტად სოციალურ სფეროში უნდა მჟღავნდებოდეს. ამ გამოკვლევიდან მიღებული ერთი გაკვეთილი ისაა, რომ არასამთავრობო სექტორის იმიჯი სოციალური როლის გაზრდის ხარჯზე უნდა შეიცვალოს. სხვა ამ სექტორს არაფერი კატასტროფული არ სჭირს. თუ გვგონია, რომ გაზეთებში დავწერთ სტატიებს, რა კარგები ვართ და იმიჯი შეცვლება - ძალიან ვცდებით. კვლევის შედეგად აღმოჩნდა ისიც, რომ მოსახლეობას არასამთავრობო სექტორი ნაკლებად კორუმპირებული ჰგონია, ვიდრე სახელმწიფო. თუ ეს ასეა, მეტს რას უნდა მივაღწიოთ? მშვენიერი შედეგია, რომელიც ასახავს რეალურ გამოცდილებას. ვისაც რეალური შეხება ჰქონია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ის ხომ დარწმუნდა ამაში, ხოლო ის, ვისაც არ ჰქონია შეხება და საზოგადოების ნორმებით მსჯელობს, კიდევ კარგი დასკვნა გაუკეთებია. და კიდევ დავამატებ, რომ სოციალური როლის გაზრდა არასამთავრობო სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია.
იაგო კაჭკაჭიშვილი - რამდენიმე საკითხს მინდა შევეხო. 1) არასამთავრობო სექტორი ფრაგმენტირებული და სეგმენტიზირებულია, ამიტომ ერთიანი სტანდარტებით ასეთ ფრაგმენტიზირებულ სივრცეს არ შეიძლება მივუდგეთ. რა საკვირველია, ეს ასეა და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რა პროფილისაც არ უნდა იყოს ის, ატარებს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელს, ანუ ქმნის სპეციფიკურ სოციალურ დისკურსს, რომელიც განსხვავდება სხვა არსებული დისკურსისაგან ჩვენს სოციალურ სივრცეში; 2) საქართველოში ბევრია ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ფართო ფენებზე ზემოქმედებას. ამის გამო, სრულიად ბუნებრივია, რომ კვლევა ჩატარდეს მოსახლეობაში. რაც შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისი ქმედებაც გათვლილი არაა ფართო მასებზე, მათთან უმჯობესია ჩატარდეს მცირემასშტაბიანი კვლევა - შეირჩეს მიზნობრივი ჯგუფები და მათზე სპეციფიკურად იქნას მიმართული კვლევა, როგორც სპეციფიკურ ობიექტზე. მიზნობრივი ჯგუფების კვლევა ჩვენს ფუნქციაში არ შედიოდა; ეს სხვა ტიპის სამუშაოა, რომელიც სხვა ტიპის მეთოდოლოგიას მოითხოვს. ინფორმირებულობა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ არ უნდა გვესმოდეს მხოლოდ იმ აზრით, რომ მოსახლეობამ შეიტყოს მათი საქმიანობის შესახებ და ეს საქმიანობა იყოს მისთვის ტრანსპარანტული. მე ვფიქრობ, რომ ინფორმირებულობას უნდა ახლდეს საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს საქართველოში მოქმედ არასამთავრობოორგანიზაციებს შემუშავებული არა აქვთ. აქ ითქვა, რომ არის ინფორმაცია, მაგრამ მის შესახებ განსხვავებული წარმოდგენები არსებობს. თუ ეს წარმოდგენა იმგვარად შეიქმნა, რომ არაადეკვატურია იმ ქმედების ან ღირებულების, რომელსაც ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს, უნდა დაიგეგმოს საკომუნიკაციო სტრატეგია იმგვარად, რომ ეს ატიტუდი შეიცვალოს. ეს რომ არ იყოს შესაძლებელი, მაშინ ნებისმიერ სოციოლოგიურ კვლევას აზრი და ღირებულება დაეკარგებოდა; სოციოლოგიური კვლევის არსი სწორედ ისაა, რომ ვიკვლიოთ ატიტუდები და ვიმოქმედოთ ამ ატიტუტების შესაცვლელად. არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ეს ატიტუდები შესაცვლელია. ამ უკანასკნელთა მიმართ გაცემული ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ისაა, რომ შეიმუშაონ საკომუნიკაციო სტრატეგია საკუთარი ღირებულებების ობიექტივაციისათვის. და კიდევ ერთი ტექნიკური საკითხი; ვინც კვლევის დროს განაცხადა, რომ არა აქვთ წარმოდგენა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, კითხვის გამეორებითა და ჩაძიებით მართლაც აღმოჩნდა, რომ მათ წარმოდგენაც არა აქვთ ამ ორგანიზაციებზე და დასკვნაც ისეთია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუთვითცნობიერებელი სექტორის საქმიანობის შესახებ. მაგალითად, ზუგდიდის სოფლებში თვით ამ IOCC შესახებაც არაფერი არ იციან. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ფორმალურად გავცხრილეთ ჩვენი კვლევების დროს ინტერვიუერები იმათგან, ვინც საკუთარი თავი წარმოადგინაა როგორც პირმა, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ არაფერი იცის. ამ ტიპის ფორმალური კრიტერიუმების შემოტანა ნებისმიერი ტიპის სოციოლოგიური კვლევისათვის არის დასაშვები და მისაღები. კვლევის შედეგად 107 არასამთავრობო ორგანიზაცია დასახელდა, ანუ საკუთარი ინიციატივით რესპოდენტებმა დაასახელეს 107 ორგანიზაცია. ზოგ შემთხვევაში დასახელებულია ისეთი ორგანიზაციებიც, რომელიც თავისი ბუნებით არ არის არასამთავრობო (მაგალითად გაეროს განვითარების პროგრამა). საინტერესო შედეგი ისაა, რომ ეს ჩამონათვალი არ იცვლება იმისდა მიხედვით, დადებითად არის რესპოდენტი განწყობილი არასამთავრობოების მიმართ, თუ უარყოფითად. კონცეფტუალურ ფონად კი კვლევას გასდევს არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება - არ არის არც ცალსახა ნეგაცია და არც ცალსახა პოზიტიური შეფასება. აქ დასმული იყო კითხვაც - როგორ არის არასამთავრობოების საქმიანობა შეფასებული სხვა სტრუქტურებთან შედარებით. ამ შემთხვევაში სექტორის პოზიცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე საქართველოს პარლამენტის ან მთავრობის პოზიცია, მაგრამ გაცილებით უარესმდგომარეობაშია, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ბიზნესი და მასმედია. ე.ი. სჯობია მთავრობას და პარლამენტს, მაგრამ არ სჯობია მედიას, მართლმადიდებლურ ეკლესიას, რომელმაც დადებითი განწყობის თვალსაზრისით ყველაზე დადებითი რეიტინგი დაიმსახურა.
რამაზ აფციაური - წინა დისკუსიის შემდეგ გადაწყდა, რომ გვესაუბრა არასამთავრობოების იმიჯის შესახებ. ჩვენ ვთქვით, რომ ჩატარდა კვლევა და მივიღოთ შედეგები, როგორც ფაქტები. პრინციპში, იმგვარ შედეგებზე, რაც კვლევის შედეგად მივიღეთ, ჩვენ ვსაუბრობდით 2001 წელს, როდესაც პირველი შემოტევები დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მაშინ ჩვენ ვკითხულობდით - რა ვქნათ, ვინ შეიძლება იყოს ჩვენთან. ასეთი უნდა ყოფილიყო საზოგადოება, რომელიც არ გვედგა მხარში, უფრო ზუსტად - მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი გვიჭერდა მხარს. შევეცადეთ შეგვესწავლა, რატომ არ იდგა საზოგადოება ჩვენს ზურგს უკან, ჩვენ ხომ საზოგადოებისათვის ვმუშაობთ? აღმოჩნდა, რომ საზოგადოება გვსაყვედურობდა ბევრ საკითხში - გახსნილობაში, ფინანსურ საკითხებში და ა.შ. მეორე მომენტი ის იყო, რომ ჩვენ ვერ ვაწვდიდით საზოგადოების საჭირო ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. ამ კვლევამ საშუალება მოგვცა კონკრეტული ინფორმაცია, ჩვენი ვარაუდები გადმოგვეყვანა ციფრებში და დავრწმუნებულიყავით, რომ ეს ასეა. შემდგომი ნაბიჯები ლოგიკური უნდა იყოს. შევთანხმდეთ რაღაც ნორმებზე, პრინციპებზე, რომელთაც, სავალდებულო არაა, საერთო კოდექსი ერქვას და რომელიც შეთანხმებული იქნება ჩვენ შორის (ეთიკური კოდექსის მსგავსად) და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ჩვენ შესახებ საზოგადოებისათვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება. აბსოლუტურად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ არ შეიძლება პოპულარიზაცია გაეწიოს იმას, რაც გვაქვს, მაგრამ შეიძლება დაიგეგმოს კონკრეტული საკომუნიკაციო კამპანიები. იმის შესახებ, რაც კარგი გავაკეთეთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ადმინისტრაციული კოდექსის მიღების დროს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობდნენ და მათ ქვეყნისათვის, დემოკრატიისათვის ძალიან კარგი საქმე გააკეთეს. ყოველ შემთხვევაში ამ ინფორმაციამ 10 ადამიანიდან ერთს მაინც შეიძლება წარმოდგენა შეუცვალოს არასამთარობოების საქმიანობის შესახებ და აფიქრებინოს, რომ ჩვენც რაღაცა კარგი გავაკეთეთ. ჩვენ საზოგადოებირივი აზრის გამოსწორებას ძალიან სწრაფად ვერ შევძლებთ, მაგრამ საიდანღაც მაინც უნდა დავიწყოთ. კარგი იქნებოდა, რომ კვლევის კრიტიკისათვის თავი დაგვენებებინა, მიგვეღო შედეგები, როგორც ფაქტები, და იმის შესახებ გვეფიქრა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ.
ჯაბა დევდარიანი - 2 საკითხი მინდა გამოვყო. ვეთანხმები რამაზს იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ მისასალმებელი მისწრაფება თვთშეფასებისაკენ, მაგრამ ცოტა არ იყოს მთრგუნავს ის ფაქტი, რომ ამ ორგანიზაციებს აქვთ ნაკლები მისწრაფება მოქმედებისაკენ. ანალიტიკური მიდგომა კვლევითი ნაშრომის ავკარგიანობისაკენ უშუალოდ ამ აუდიტორიაში არ უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას იმ დეტალებს, რომელიც დაგვეხმარებოდა მოქმედებისას. მე მხოლოდ რამდენიმე საკითხს ვხედავ, რომელიც მოქმედებისაკენ არის მიმართული. მაგალითად, სულ არის მსჯელობა იმის შესახებ, რომ არასამთავრობოებს არა აქვთ საყრდენი საზოგადოებაში. ამ კვლევამ გვიჩვენა, რომ არასამთარობოებს საზოგადოებაში აქვთ ღირებულებებზე დამყარებული საყრდენი, ანუ მოსახლეობის ლიბერალურად განწყობილი ჯგუფი. არასამათავრობოები მოსახლეობის თვალში არის გარკვეული ღირებულებითი კომპონენტის მატარებელი და ეს არის საფუძველი იმისა, რომ კონკრეტული იმიჯის გამოსასწორებლად მიმართული ღონისძიებები ამას დაეფუძნოს. დისკუსიის ერთ-ერთი თემა არასამთავრობოებს შორის დიფერენციაციაა. ეს არის მიმდინარეპროცესი, როცა ხდება ჰუმანიტარული მიმართულიების არასამათავროებობის გამოკვეთა, ან ანალიტიკური ცენტრების ჩამოყალიბება, მაგრამ დავფიქრდეთ, რა რაოდენობის ხალხზე გვაქვს აქ ლაპარაკი. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ არასამთავრობოებს დავყოფთ ორგანიზაციული განვითარების დონითა და განხორციელებული საქმიანობის ხედვადობის მიხედვით, გაირკვევა, რომ მხოლოდ 21 ორგანიზაციაა თბილისში და 7 დანარჩენი საქართველოში, რომელიც განვითარების თვალსაზრისით უმაღლეს დონეს აღწევს, ხოლო პირველ ორ დონეში გვაქვს სულ 85 ორგანიზაცია. აქ იგულისხმება საერთო მახასიათებლები და გამოყოფილ იქნა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები. ისეთი ორგანიზაციების რაოდენობა, რომელთაც დიდი მაშტაბის საქმიანობის გაშლის საშუალება გააჩნია და დახვეწილი ორგანიზაციული სტრუქტურა აქვს, ძალიან მცირეა. შესაბამისად, იმიჯის მშენებლობაში ალბათ ამ დივერსიფიკაციის ჩვენება მნიშვნელოვანია. უმეცრება ბადებს ქიმერებს; როცა არ იცი, რა ხდება არასამთავრობოების განვითარების სფეროში, ბუნებრივია გეგონოს, რომ ისინი არიან მასონთა ლოჟები, აგენტები და ა.შ. თუ მოსახლეობას გავაცნობთ ამ ორგანიზაციებს და მათ საქმიანობას, თუ შევძლებთ საზოგადოებაში ისეთი დისკუსიის გაშლას, როგორიც ამ ოთახში მიმდინარეობს, თუ ვაჩვენებთ, რა გააკეთეს კარგიდა რა ცუდი, შედეგი უთუოდ უკეთესი გვექნება.
თენგიზ შერგელაშვილი - ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი კვლევის შედეგები და არც ის ფაქტი, რომ ყველაზე მკვეთრად სოციალური საკითხების აქტუალურობა გამოიკვეთა. მე გაცილებით უფრო სკეპტიკურად ვუყურებ საზოგადოების ნდობას რაიმე ასეთი ორგანიზაციის მიმართ - ეს იქნება არასამთარობო, სამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები. ანუ ზოგადად საზოგადოების ნიჰილიზმი და უნდობლობა არის ის დამახასიათებელი ფონი, რომელზეც ვითარდება საქართველოში ყველა პროცესი. თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევა ჩატარდა რეგიონებშიც, საკმაოდ კარგი შედეგები იქნა მიღებული. დავამატებდი კიდევ ერთ რამეს. თუ დავაკვირდით, შეუსაბამობა ვლინდება ჩვენს მსჯელობებსა და კვლევის შედეგბშიც. აბსტრაქტულად იმიჯის ცნება არ არსებობს. მაგალითად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელიმე არასამთარობო ორგანიზაციის ცნობადობას, როცა ვაფასებთ იმიჯს. რადგანაც კონკრეტულად მისი საქმიანობა, შედეგიანობა ან ბენეფიციარების არეალი - ეს ის საკითხებია, რომლის მიხედვითაც უნდა შევაფასოთ ეს იმიჯი, ანუ ყველა იმიჯის შეფასების შემთხვევას უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიდგომა. მე ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარება არც თუ ისე დაბალი ტემპებით მიდის. მაგრამ პრობლემად რჩება ორგანიზაციული სრულყოფა. ამ ორაგნიზაციულ სრულყოფაში უნდა გამოიკვეთოს გარკვეული სტრატეგია - რა იმიჯს უნდა მიაღწიოს ამ ორგანიზაციამ, ანუ როგორ უნდა დაიცვას ის საზოგადოებამ, ანუ იმის მენეჯმენტი, თუ როგორ უნდა დაიცვას არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებამ - ანალოგიურ სტრატეგიაზე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებში საერთოდ არ მიმდინარეობს. ერთი თვის წინ სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში მოეწყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ მიერ მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც მას მედიის კონტენტ ანალიზზე იყო დაფუძნებული. იქ გამოვლენილი ოთხეული ძალიან მსგავსი იყო წინამდებარე კვლევის შედეგად მოწოდებული ოთხეულისა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საზოგადოება მიმართულია ზედაპირულობისაკენ და შესაბამისად, ძალიან ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციის იმიჯი გამომდინარეობს მას მედიის მიერ ზედაპირული შეფასების ზეგავლენით და ა.შ. ასე რომ, ჩემი აზრით, როდესაც ვსაუბრობთ ამგვარ კვლევებზე, მიზანზეც საჭიროა გამახვილდეს ყურადღება. ანუ იმაზე, თუ ამ კვლევებმა რა ფუნქცია უნდა შეასრულოს; მეორე მხრივ, ეს შეიძლება იყოს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციისათვისრესურსი, რათა თავისი იმიჯის ამაღლების სტრატეგია დაგეგმოს. შეიძლება მთელ ამ ინფორმაციაში ვიღაცისათვის მნიშვნელოვანი ის იყოს, თუ რომელ რეგიონში არიან სტეიტისტები, რომ ამ რეგიონში იმიჯის შექმნაზე მუშაობა უფრო ეფექტური იყოს. როდესაც სიტუაციას ზოგადად ანალიტიკურად ვაფასებთ, შეიძლება მემარცხენე ორიეტაციის არასამთავრობოების გავლენა უფრო დიდი აღმოჩნდეს. უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება, რომ შედეგები ცალკეულმა ორგანიზაციებმა გამოიყენონ საკუთარი იმიჯის გამოსასწორებლად. ზოგადად, არასამთავრობოების იმიჯის შესახებ მსჯელობა არამართებულად მიმაჩნია - ეს პირველი დასკვნაა. მეორე დასკვნა ასეთია: საზოგადოებისათვის მაშინ იქნება შედეგიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, როდესაც ისინი თავად იქნებიან ძლიერნი იმიჯის შექმნის თვალსაზრისით. და ბოლოს მესამე: ეთიკის კოდექსზე მუშაობის დროს აუცილებელია, მოხდეს აზრთა შეჯერება რაღაც ფასეულობების შესახებ, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს კონკურენციის მომენტიც.
ნინო დურგლიშვილი - დავით უსუფაშვილმა დასვა საკითხი, თუ რამდენად მიზანშეწონილია არასამთავრობო სექტორში პოპულარიზება იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ხდება. მე მინდა ეს საკითხი სხვა კუთხით დავსვა - რამდენად შესაძლებელია ამ ყველაფრის პოპულარიზება. ამაში დაეჭვების საფუძველს მაძლევს ის, რომ ძირითადი ცნებები - ეს არის გარკვეული სოციალური ინსტიტუტების ცნობელობა, ინფორმირებულობის ხარისხი, ინსტიტუტის იმიჯი საზოგადოებაში და რეალური შედეგები, რომელსაც ეს ინსტიტუტი ახდენს საზოგადოებაზე. ეს სამი ცნება ერთმანეთთთან პირდაპირ რომ იყოს დაკავშირებული, ძალიან კარგი იქნებოდა და ამდენი შეკითხვა არ გაჩნდებოდა. რაც შეეხება ცნობელობის ხარისხს, ის არავითარ შემთხვევაში არ არის იმიჯის შეფასების გარანტია, ანუ დადებითი თუ უარყოფითი იმიჯის შეფასებაზე, ხშირად უარყოფითი იმიჯის მატარებელი ინსტიტუტები უფრო პოპულარულები არიან. რეალური შედეგები საზოგადოებაზე სხვა მომენტია. მე მაქვს ჩატარებული გამოკვლევა მას მედიის გავლენასა და იმიჯის შესახებ საზოგადოებაში; სხვათა შორის გათვალისწინებული მქონდა ეს მომენტებიც. არ დავყრდნობილვარ მხოლოდ იმას, რა ინფორმაციაც ჰქონდათ რესპოდენტებს, ან რა ახსოვდათ; ვცდილობდი აღმედგინა, რა ახსოვდათ პასიური ცნობიერებიდანაც. დიდი განსხვავება მოგვცა ჟურნალისტური გამოძიებების დასახელებამაც. მაგალითად, ახსოვდათ გაცილებით ნაკლები, მაგრამ, როდესაც ვეუბნებოდით სათაურებს, იხსენებდნენ გაცილებით მეტს. გამოკვლევა როცა ჩატარდა, უკვე მოქმედებდა გადაცემა „60 წუთი“, ინფორმირებულობის ხარისხი გაზეთების, ჟურნალების და, კერძოდ, გადაცემის „60 წუთი“ ძალიან მაღალი იყო, თუმცა იმიჯი - ძალიან დაბალი. გაცილებით დაბალი, ვიდრე 20%. ანუ „60 წუთის“ იმიჯი 3%-ზე, ხოლო სხვა საინფორმაციო საშუალებების კი - 1.8%-ზე მეტი არ იყო. როდესაც ვსაუბრობთ პოპულარიზაციაზე, ძირითადი აქცენტირება მას მედიაზე კეთდება, რომელიც თავის მხრივ, საზოგადოებაში ძალიან დაბალი იმიჯით სარგებლობს. ეს კი გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათი რეალური გავლენა მინიმალურია. საზოგადოებაში ყველას აქვს ლაპარაკის უფლება, მაგრამ ვერავინ ვერ ცვლის ამ საზოგადოებას. ეს უარყოფითი ტენდენცია კი იწვევს იმას, რომ კიდევ უფრო უარყოფითად ფასდება ამა თუ იმ სოციალური ინსტიტუტის ქმედება, ვიდრე ის რეალურად შეიძლება შეფასდეს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ, თუ საკითხი დადგება ისე, თუ როგორ ვიზრუნოთ იმიჯზე, აქ პოპულარიზაცია არაფერს მოგვცემს, ან შეიძლება მოგვცეს გაცილებით უფრო უარყოფითი დამოკიდებულება და უარყოფითი იმიჯი. მაგალითად, რაც უფრო ხშირად დაინახავს მოსახლეობა, რომ თავისუფლების ინსტიტუტი ჩაერია პროცესებში და ვერაფერი შეცვალა, მით უფრო უარყოფითი იქნება მისი იმიჯი. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ რეალური შედეგის მიღწევაზე, რასაც საზოგადოება დაინახავს. რაც შეეხება გიგის მიერ დასმულ საკითხს, შინაგანად დიფერენცირებული არასამთავრობო სექტორის პირობებში შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთი მის იმიჯზე, რა თქმა უნდა, საუბარი შეიძლება მხოლოდ პირობითად და აქ დაფიქსირდება მხოლოდ ზოგადი განწყობა. ჩემთვის დაახლოებით ანალოგიურია, რომ ვილაპარაკოთ სამთავრობო სექტორის იმიჯზე მთლიანობაში. უფრო კონკრეტულად, თუ გვინდა იმიჯის გაუმჯობესების საერთო ვექტორის გამოყვანა, ეს უნდა გაკეთდეს ამ დიფერენცირების გათვალისწინებით და იმ იმიჯის გამოყვანით, რომელიც ამ დიფერენციაციაში რეალურად აქვთ ცალკეულ მხარეებს.
მარინა მუსხელიშვილი - აქ ითქვა, რომ ძალიან განსხვავებულია და დიფერენცირებულია ორგანიზაციები სექტორის შიგნით და არ შეიძლება ერთიან იმიჯზე ლაპარაკი. ჩემ წინა გამოსვლაში ჩემი დასკვნაც ის იყო, რომ აუცილებელია შინაგანი სტრუქტურის მიხედვით დიფერენციაცია და განსხვავებული მიდგომების შემუშავება სხვადასახვა ტიპის ორგანიზაციისათვის. მაგრამ ასევე ავღნიშნე ის ერთობა, რაც სექტორის შიგნით არსებობს და ისიც, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს ეს დიფერენციაცია. მე შეგახსენებთ, რომ ეს სტრუქტურა არის პოლიტიკური კლასი, რომელსაც გააჩნია საკუთარი ცნობიერება, საკუთარი დაფინანასების წყაროები და საკუთარი პოზიცია საზოგადოებაში. ანუ ეს არის ჯგუფი, რომელსაც გააჩნია ყალბი ცნობიერება. მე მიმაჩია, რომ სტრუქტურული დიფერენციაციის დაძლევის გზა არის სწორედ ამ ყალბი ცნობიერების დაძლევა. როდესაც ვთქვი, რომ ხდება იდეოლოგიზაცია და პოლიტიზაცია, ვგულისხმობდი არა იმას, თუ ვინ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან მეგობრობს, არამედ იმას, რომ საჭიროა ამ ყალბი ცნობიერების დაძლევა, რომელიც არ აძლევს ამ სექტორს განვითარების შესაძლებლობას. ეს ყალბი ცნობიერება ერთი ფრაზით ფორმულირდება - ჩვენ ვართ სამოქალაქო საზოგადოება და ჩვენ თანდათან ვვითარდებით კიდევ უკეთესად ამ მიმართულებით. მე შემთხვევით არ დავიწყე მე-19 საუკუნით და დემოკრატიზაციის პარადიგმით. მე-19 საუკუნის მაგალითი მე მოვიყვანე, რათა მეჩვენებინა რომ ის სტრუქტურული განსხვავება, რაც არაკაპიტალისტურ სამყაროსა და კაპიტალისტურ სამყაროს შორის არსებობს, არის საკმაოდ სტაბილური პატერნი, რომელიც 10 და 20 წლიწადში არ ქრება, თუმცა კი სუსტდება. და მეორეც, პარადგიმა რომ ვახსენე, ის ინსტიტუტები, რომელთა განვითარებზეც აქ ვსაუბრობთ, განვითარდა სხვა ტიპის დასავლურ საზოგადოებაში და ჩვენთან აბსოლუტურად სხვანაირად მოქმედებს. არის თუ არა ეს სამოქალაქო საზოგადოება, ეს ცალკე თემაა. საერთოდ, რა არის სამოქალაქო საზოგადოება? მაგალითად, თუ შეიძლება ლაპარაკი სამოქალაქო საზოგადოებაზე ირანში (ერთ-ერთი სტატიის სათაურია)? აუცილებელია შევთანხმდეთ, რა არის სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. ეს არის ის საკითხები, რომელთა გადაჭრა აუცილებელია, განსაკუთრებით იმ სტრუქტურული დიფერენცირების პრობლემის გადასაჭრელად, რაზედაც აქ ვსაუბრობთ. ამ საკითხების გარშემო დისკუსიები უნდა წარიმართოს, თუ გვინდა სექტორი გამოვიდეს იმ ვითრებიდან, რომელშიც ის ამჟამად იმყოფება.
მაია გოგოლაძე - ვეთანხმები, რომ დღევანდელ სიტუაციაში არასამთავრობო სექტორის იმიჯზე ლაპარაკი ძნელია. მინდა ყურადრება მივაქციო იმას, რომ არასამთავრობო სექტორმა უნდა მიხედოს შიდა პრობლემებს, გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში ცარიელი იმიჯი არაფერს მისცემს სექტორს, მთელი ყურადღება უნდა გამახვილდეს შედეგებზე. თუ იარსებებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გამოკვეთენ თავიანთ მიზანს და მუშაობის მიმართულებას, სპეციფიკას, უფრო ადვილი იქნება არასამთავრობო სექტორის იმიჯის გამოსწორება და უფრო მეტი იქნება მათი გავლენა საზოგაოდების ჩამოყალიბებაზე. არსებული დაქსაქსულობის ფონზეძალიან ძნელია ამის გაკეთება. მე მგონი, მხოლოდ საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება ამ მიმართულებით მაინცადამაინც დიდად შედეგიანი ვერ იქნება.
ეკა დათუაშვილი - აქ ნათქვამი იყო, რომ სექტორი ძირითადად გადაიქცა დასაქმების საშუალებად. მე ვიტყოდი, რომ ბევრ ქვეყანაში სწორედ დასაქმებაში შეტანილი წვლილის გამო ენიჭება არასამთავრობო სექტორს დიდი მნიშვნელობა. თუკი რომელიმე ბიზნესმენს უნდა ქველმოქმედების გაწევა, ამგვარ საშუალებას იძლევა არასამთავრობო ორგანიზაციები და ეს სულაც არ არის ნეგატიური მომენტი, რომელზედაც არ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი და რომ ეს იმიჯს შელახავს. გიგიმ აღნიშნა, რომ ჯამურად არასამთავრობო სექტორში მუშაობის შეფასება ძალიან ძნელია; მე ვიტყოდი, რომ ბევრ ქვეყანაში ამგვარი შეჯამება უკვე გაკეთებულია. 50-ზე მეტ ქვეყანაში შეფასებულია არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ სამოქალაქო ორგანიზაციების წვლილი, რომელთა სპექტრი კიდევ უფრო ფართოა და რომელთა ღირებულება რაღაც ციფრით - სერვისების მიწოდების თვალსაზრისით - მიღებულია. საქართველოსათვისაც ასეთი მეთოდების არსებობის ფაქტი ძალიან საინტერესოა და ვთვლი, რომ გამოგვადგებოდა. აქ დაისვა კითხვა, რაში გამოიყენება ასეთი კვლევები. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გავაანალიზოთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ როგორც ცალკეული ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე სექტორში იმისათვის, რომ წინ წავიწიოთ. აქ ლაპარაკი იყო იმიჯის შესახებ, თუმცა, ძირითადად წარმოდგენილი კვლევის საგანი იყო ის, რომ შეგვესწავლა - საზოგადოების დამოკიდებულება სექტორის მიმართ. არსებული დამოკიდებულების დაფიქსირების შემდეგ სასურველია გავაკეთოთ ადეკვატური დასკვნები და შემდგომი სამოქმედო გეგმა განვსაზღვროთ. ეს იყო ამ კვლევის საგანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, სწორი და დაფიქრებული ნაბიჯები გადავდგათ.
გიგი თევზაძე - აქ ლაპარაკი იყო სტრუქტურის შესახებ და ყალბი ცნობიერების შესახებ. თუ არსებობს ამგვარი ცნობიერება, ეს არასამთავრობოებს შორის არსებობს, მაგალითად ადამიანის უფლებათადამცველ ორგანიზაციებს შორის. სხვა არასამთავრობოებს შორის ეს ყალბი ცნობიერება, ამგვარი ერთიანობის შეგრძნება არ არის და ეს კიდევ რჩება პრობლემად. დღეს სერბიაში რომ დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს, ეს ადამიანის უფლებათადამცველი არასამთარობო ორგანიზაციების დამსახურებაა, ეს სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის მოცემული და სწორედ იმის თქმა, რომ არასოდეს არსად არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნის დემოკრატიზაციაში არ შეუტანიათ წვლილი, არის ხუმრობა. პოლონეთის მაგალითიც ამას გვიჩვენებს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა განვითარება 80-იანი წლებიდან დაიწყო. შეფასებას რაც შეეხება - მე არ ვთვლი, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში არის საშუალება, რომ გავზომოთ არასამთავრობოთა სარგებლიანობა, რადგანაც ეს რთულია. მაგალითად, ბროდსკი რომ დაიჭირეს, მიზეზი, რის გამოც ის ჩასვეს, გახლდათ ის, რომ მან ვერ უპასუხა კითხვას, თუ რა სასარგებლო შრომას ეწეოდა. სარგებლიანობაზე ლაპარაკი არა მგონია, რომ თანაბარზომიერი იყოს და არა მგონია, რომ ამ კრიტერიუმით მოგვეცემა საშუალება გავზომოთ სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახის წვლილი ქართულ საზოგადოებაში.
საშა რუსეცკი - მესამე სექტორის როლზე და იმიჯზე აუცილებელია საუბარი, ასევე სექტორის განვითარების პარადიგმაზე, რომ რაღაცნაირად არა მხოლოდ იმიჯზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა, არამედ საერთოდ მუშაობის ეფექტურობაზე. ჩემი აზრით, უკვე საკმაოდ დიდი მუშაობა არის გაწეული და სექტორი მთლიანად ინსტიტუციონალიზებულია. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ განვითარების პარადიგმა არ ჩანს ძალიან კარგი, რადგანაც არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო გამოცდილება, მაგალითად, აშშ გამოცდილება ამ სფეროში. რას ვგულისხმობ? ჩვენთან მესამე სექტორი განიხილება როგორც საზოგადოებრივი გაერთიანებები და არა როგორც ეკონომიკის სუბიექტები ისე, როგორც ეს განიხილება აშშ-ში. ამის გამო იქ ფიგურირებს სხვა ტეერმინი, არამომგებიანი ორგანიზაციები. თვითონ განსხვავებას ამ ტერმინოლოგიაში აქვს მნიშვნელობა, არასამთავრობო განსაზღვრავს მთავრობასთან მიმართებას, მაშინ როდესაც არამომგებიანი განსაზღვრავს ეკონომიკურ ელემენტს, მოგებაზე არაორიენტირებულ სტილს. ამან გამოიწვია, რომ არამომგებიანი ორგანიზაციების ტიპი არ არის განვითარებული საქართველოში. მაგალითად, არ არის განვითარებული ე.წ. წარმოებები (და არის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები), რომლებიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული, მაგრამ კონკურენტულნი არიან სხვა სექტორის საწარმოებთან. ზოგადად, არასამთავრობოების იმიჯი ალბათ ჯამია სხვადასხვა ოგანიზაციის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი იმიჯების ჯამისა. საზოგადოებასთან ურთიერთობის (ფაბლიქ რელეიშენის) კულტურის არარსებობის პირობებში ისმის კითხვა: მთლიანად მესამე სექტორისათვის უნდა არსებობდეს თუ არა ერთიანი კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა? არის თუ არა სამოქალაქო საზოგადოება იმისათვის მზად, რომ შეიქმნას არასამთავრობოების ერთიანი სახე და იმიჯი (სატელევიზიო გადაცემების სახით, მას მედიის სახით თუ სხვა დანარჩენის საშუალებით)? მე მქონია გამოკვლევები ჩატარებული და ვიცი, რომ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოება უფრო მაღალ დონეზეა განვითარების დონით, ვიდრე ჩვენი მეზობლები - აზერბაიჯანისა და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოება. სხვა ქვეყნებიც შეიძლება დავასახელო, თუმცა სხვა სფეროში წავისუსტებთ. კიდევ ერთი რამ მინდა აღვნიშნო; ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ნაკლებად არიან დამოუკიდებლები; ამიტომ არამომგებიანი ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობა მეტ დამოუკიდებლობას მოგვანიჭებდა, მოგვცემდა ადამიანური და, საერთოდ, რესურსების ეფექტურად გამოყენების მეტ შესაძლებლობას.
ლევან თარხნიშვილი - ყურადღებას გავამახვილებ იმიჯსა და იმიჯის განვითარებაზე. მე ძნელად წარმომიდგენია იმიჯის შექმნა და მითუმეტეს, ერთობლივი საიმიჯო სტრატეგიის ქონა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დაჯგუფებების მიერ. გარდა სტრუქტურული განსხვავებისა, მათ სერიოზულად განასხვავებს აუდიტორია. თუ არ გავითვლისწინებთ აუდიტორიის მრავალფეროვნებას, შეუძლებელი იქნება საიმიჯო სტრატეგიის ჩამოყალიბება. მაგალითად, კვლევაში გამოჩნდა ე.წ. სტეიტისტები. ჩემი აზრით, სოციალური ორიენტაციის მატარებელი ორგანიზაციები ყველა სახის ჯგუფებთან უნდა მუშაობდეს, ხოლო მათთვის, ვინც ორიენტირებულია გარკვეულ ჯგუფებთან მუშაობაზე, მათთვის ცოტა რთული უნდა იყოს სტეიტისტებთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ისმის კითხვა - გვინდა კი ეს? სტეიტისტები, თავიანთი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ვერ უშვებენ დამოუკიდებელი არასამთავრობო სექტორის არსებობას, როგორც სამთავრობო სექტორის ალტერნატივას. მათი გაგებით, არასამთავრობო სექტორი ხელს უშლის სამთავრობო სექტორს დაამყაროს ისეთი წესრიგი, როგორიც საჭიროა. ამას პრინციპში ვერაფრით შევცვლით, თუ სტეიტისტები არ შეიცვლიან აზროვნებას. უნდა არასამთავრობო სექტორს, რომ შეაცვლევინოს წარმოდგენები სტეიტისტებს? შეიძლება უნდა. ე.ი. როდესაც ლაპარაკია საიმიჯო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, ანუ გრადაცია ამ ჯგუფის შიგნი; უნდა განისაზღვროს მათი სამიზნე აუდიტორიაც - ანუ ვისზე იმუშაონ და რა უნდა გააკეთონ. კვლევებმა დაგვანახა, რომ სერიოზული ვაკუუმი არსებობს სოციალური ორიენტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებში, ანუ ცოტაა ის ორგანიზაციები, ვინც ყოველდღიურად მუშაობს ადგილობრივ დონეზე.
ზაალ ანჯაფარიძე - ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა კომუნიკაციების სტრატეგიაზე. მე ვთვლი, რომ ნებისმიერი სერიოზული არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს საკუთარ იმიჯზე; ამის მიღწევის გზა არის სწორედ დაგეგმილი საკომუნიკაციო სტრატეგია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციას ეს გააჩნია, მაშინ მისი იმიჯისათვის ჩრდილის მიყენება ძნელია. ეს სტერეოტიპები, რომელიც ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებზე - რომ ისენი არიან გრანტიჭამიები და ა.შ., არის მიზანმიმართული საინფორმაციო პოლიტიკის შედეგი და თუ არასამთავრობო ორგანიზაციას არ გააჩნია ეფექტური კომუნიკაციების სტრატეგია, მაშინ ის ამ საინფორმაციო შეტევას ვერაფრით ვერ უპასუხებს.
პატრიკ კრამპი - ერთი სკითხი უნდა გვახსოვდეს. იმდენად მნიშვნელოვანი ის კი არ არის, თუ რა იმიჯი უნდა შევიქმნათ, არამედ ის, თუ რა ინფორმაციის მიწოდება გვმართებს საზოგადოებისათვის. ჩვენ რაც საერთო გვაქვს, არის ის, რომ ვიყენებთ ფონდებს, რომელებიც განკუთვნილია საზოგადოების განვითარებისათვის. ცხადია, რომ პასუხისმგებლობა გვაკისრია: საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი აქტივობების, ჩვენი საქმიანობის შესახებ. დროთა განმავლობაში თვითონ საზოგადოება განავითარებს არასამთავრობოების იმიჯს და თვითონ განსაზღვრავს, რა სახის საქმიანობა არის მისთვის უფრო მისაღები და რა უნდა განახორციელოს არასამთავრობო სექტორმა.
დავით ლოსაბერიძე - ჩემი აზრით, ამ დისკუსიამ გამოავლინა არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების საზოგადოებრივი იმიჯის პრობლემები, არამედ წარმოაჩინა არასამთავრობო სექტორში არსებული განწყობებიც, საერთოდ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტისადმი. კერძოდ, ვგულისხმობ განსხვავებას დასავლელ ინტელექტუალთა და რუსული ტიპის ინტელიგენციას შორის. საქართველოსათვის, როგორც რუსეთის კულტურული გავლენის სფეროსათვის, ნიშანდობლივი იყო ინტელიგენტთა გარკვეული ტიპის, ინტელიგენციის ფენის არსებობა. ინტელიგენციისათვის დამახასიათებელი იყო მთელი რიგი ნიშნები: ის ყოველთვის ოპოზიციაში იყო ხელისუფლებასთან, არ თანამშრომლობდა ამ უკანასკნელთან, ყოველთვის აკრიტიკებდა მას და გამოირჩეოდა მაქსიმალური ინდივიდუალიზმით. ამ თვისებათაგან აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი - სოციალური უსუსურობა - მას არ გააჩნდა საყრდენი საზოგადოებაში. რუსი ინტელიგენციის საპირისპირო ფენომენს წარმოადგენს დასავლური ტიპის ინტელექტუალი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ხშირად თვითონ გვევლინება ცვლილებების მამოძრავებელ უმთავრეს ძალად. ყოველივე ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ჩემი აზრით, საქართველოს არასამთავრობო სექტორი, გარკვეულწილად ატარებს ინტელიგენციისათვის დამახასიათებელ თვისებებს. იგი მუდამ უკმაყოფილოა არსებული სიტუაციით, თუმცა ამავე დროს ემიჯნება საზოგადოებრივ აზრს და თავს ყველაზე და ყველაფერზე ზემდგომად მიიჩნევს. მისი აზრით, თუ, ერთი მხრივ, რაღაც დადებითისკენ იცვლება, მეორე მხრივ, ყველაფერი უცვლელია. არასამთავრობო სექტორში არსებობს გარკვეული თვითკმაყოფილება იმის გამო, რომ იგი არ არის ისე „გასვრილი“, როგორც, მაგალითად, სახელმწიფო აპარატი ან საზოგადოების სხვა სტრატები. იგი გრძნობს თვითკმაყოფილებას მიღწეულის გამო და ამასთან მიდრეკილია თვითმგვემი თვითკრიტიკულობისადმი. აღნიშნული განწყობა მოქმედებს ისეთი საკითხის განხილვისას, როგორიცაა არასამთავრობო სექტორის იმიჯი საზოგადოებაში. ახლა ორიოდ სატყვა უშუალოდ სადისკუსიო საკითხზე. უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია თვით იმიჯის დეფინიციის პრობლემა. საჭიროა შევთანხმდეთ, რას ვუწოდებთ იმიჯს - არის ეს სარეკლამო კამპანია (დაახლოებით იმის მსგავსი, რასაც ახორციელებს კოკა-კოლა - საზოგადოებაში ვრცელდება აზრი, რომ ეს სასმელი კარგია, ასევე კარგია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხოლო ბირთვული ნარჩენები ცუდია და ასევე ცუდია პოლიტიკური პარტიები თუ სხვა ანალოგიური სტრატა თუ ინსტიტუცია), თუ არსებობისათვის აუცილებელი რამ. მარინამ აღნიშნა ნდობის ორი ვარიანტი: პოლიტიკურ პარტიას სხვა ნდობის ჯგუფი ჰყავს, ხოლო მეტეოროლოგიურ სამსახურს - სხვა. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათადამცველ ორგანიზაციებს სჭირდებათ იმიჯი, როცა ისინი ადვოკატირებას ახდენენ და სამოქალაქო ინტერესებს იცავენ. ამ შემთხვევაში აუცილებლობას წარმოადგენს საზოგადოებრივი მხარდაჭერა, კარგი იმიჯი და დადებითი განწყობა საზოგადოების მხრიდან. თუმცა, ანალიტიკური ცენტრები და სხვა ტიპის არასამთავრობო (პროფესიული და სხვ.) ორგანიზაციებიც საჭიროებენ გარკვეული დადებითი განწყობის შექმნას მოსახლეობაში. თუ პირველი ტიპის, სამოქალაქო აქტივობის პრინციპზე დაფუძნებული ორგანიზაცია, გარკვეულწილად პოლიტიკურ პარტიას წააგავს, რომლისთვისაც საზოგადოების მხარდაჭერა (არჩევნების თუ სხვა პერიოდში) სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მეორე ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო მეტეოროლოგიურ ბიუროს გვანან, მათ ექსპერტულ აზრს ანგარიში ეწევა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც საზოგადოებრივი ნდობის მომენტის არსებობა აუცილებელია, თუმცა შეიძლება ეს ისე მნიშვნელოვანი არ იყოს, როგორც პირველ შემთხვევაში. აქვე დავძენ, რომ საქართველოსა და მსგავსი ქვეყნების სამოქალაქო სექტორისათვის ნდობის მომენტის მნიშვნელობა უფრო იზრდება. პოსტოტალიტალურიტიპის საზოგადოებებში, გარკვეული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ძლიერია არატოლერანტულობა განსხვავებული აზრის მიმართ. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია იმ ზოგადი განწყობის ჩამოყალიბება, რომ დასაშვებია განსხვავებული აზრის არსებობა; ის, რომ მე მომწონს ან არ მომწონს რელიგიური უმცირესობები, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მე უარყოფითად ვარ განწყობილი მათი დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების (და საერთოდ, არასამთავრობო სექტორის) მიმართ. ის მომენტი, რომ მოსახლეობის 22% აპრიორი უარყოფითად არის განწყობილი არასამთავრობოების მიმართ, ჩემი აზრით, საფრთხეს წარმოდგენს. ამავე დროს დამაიმედებელია ის გარემოება, რომ 20% მაინც დადებითად აფასებს ჩვენს საქმიანობას. აქედან შემიძლია გავაკეთო დასკვნა: შესაძლოა ვიფიქროთ როგორც ზოგადად მესამე სექტორის იმიჯის, ისე მისი დიფერენცირების პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა ჯგუფის იმიჯებზე, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: საზოგადოების მხრიდან სექტორისადმი დადებითი დამოკიდებულების არსებობა აუცილებელია თვით საზოგადოებაში ტოლერანტობისა და განსხვავებულ მსოფლმხედველობათა მშვიდობიანი თანაარსებობის უზრუნველსაყოფად. და ბოლოს, მინდა გულახდილად გითხრათ, ეს შეხვედრა ჩემთვის გარკვეულწილად დამაინტრიგებელი გახლავთ. დაახლოებით ვიცოდი როგორც ძირითადი მომხსენებლების, ისე დისკუსიათში მონაწილეთა უმრავლესობის პოზიციები, მაგრამ მაინტერესებდა, როგორ დაასაბუთებდნენ ისინი თვიანთ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. ის ფაქტი, რომ საპირისპირო შეხედულებებს შორის არსებული პოზიციები ოდნავ დაახლოვდა, მაგრამ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არ შეცვლილა, უკვე თავისთავად მრავლისმეტყველია. ჩემთვის ნათელია, რომ მესამე სექტორში ჯერ კიდევ არ არსებობს სექტორის დანიშნულების და როლის შესახებ ერთიანი ხედვა. სწორედ ამიტომ ბროშურას, რომელიც ჩვენი დისკუსიის მასალების საფუძველზე მომზადდება, არ ექნება დასკვნითი, შემაჯამებელი ნაწილი. ვიტოვებ იმედს, რომ კამათი იმიჯის პრობლემებზე გაგრძელდება და საბოლოოდ, განსხვავებული ხედვების არსებობის პირობებში რამდენიმე ძირითადი, ყველასათვის მისაღები პრინციპის, თუ თამაშის წესების შემუშავებით დასრულდება.
![]() |
7 Summary |
▲ზევით დაბრუნება |
The brochure describes the results of a round table discussion organized by the Caucasus Institute for Peace, Democracy and Development in the framework of the Citizen's Advocate! Program. The round table took place on 22 March 2003 and represented the second meeting of the series of discussions planned within the program.
The four invited guests-speakers focused on the public image of the third sector, discussing the results of the latest nation-wide sociological survey conducted in November 2002 within the Citizen's Advocate! Program. According to those results, Georgian public is rather badly aware of activities of the non-governmental sector in Georgia.
In the following discussion, the participants were grouped around two main standpoints. The first grouping suggested the intensification of NGO activities and improvement of information-delivering mechanisms to widen the public knowledge about the aims of the third sector. The second grouping regarded the third sector as representing a too wide spectrum of interests and did not think that any intensification of NGO activities would help to improve their image.
Finally, the discussion between the two groupings helped to get their positions closer to each other without changing their opinions very much. The participants failed, however, to develop a common view. Nevertheless, they identified several important problems which certainly must be taken into account in further non-governmental activities.