![]() |
სახალხო დიპლომატიის აღდგენა - კონფლიქტის არაძალადობრივი გადაწყვეტა, სამეგრელოს მოსახლეობის ხედვა რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კვლევის ანგარიში|საია; CIPDD; saferworld |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ნოემბერი 2010 კვლევის ანგარიში პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი კვლევა მომზადებულია ნონა ქობალიას, მადონა ხარებავასა და მერა, დანელიას მიერ. მისი მომზადების პროცესში მონაწილეობა მიიღეს: ლარისა აგაბალაევამ გივი გაბედავამ თეა გაბისიანმა ბაჩანა გაგუამ ია თოდუამ ეკა მინჯორაიამ იაგო ფასანძემ მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ა. წერეთლის გამზირი 72 0154 თბილისი, საქართველო ტელ: +995 32 35 51 54 ფაქსი: +995 32 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org ვებ-გვერდი: www. cipdd.org საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჯ. კახიძის (ყოფილი კრილოვის) ქუჩა ½ 15 0102 თბილისი, საქართველო ტელ: 995 32) 936101 / 952353 ფაქსი: (995 32) 923211 ელ-ფოსტა: gyla@ gyla.ge ვებ-გვერდი: www. gyla.ge Seferworid The Grayston Ccentre 28 Charles Square London, N1 6HT, UK ტელ: +44 (0)20 7324 4646 ფაქსი: +44 (0)20 7324 4647 ელ-ფოსტა: general@ Seferworid .org uk ვებ-გვერდი: www. seferworid .org uk კომპანია ½3015948 (ინგლისი და უელსი) საქველმოქმედო ორგანიზაცია ½143843 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევა დაიგეგმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ. გამოკითხვა 2010 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩაატარა სამეგრელოს ძირითადმა რეგიონულმა ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა და მოქმედებს პროექტის „საქართველოში კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა“ ფარგლებში. უსაფრთხო მსოფლიო (Seferworid) და შერიგების რესურსები (Conciliation Resources) ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას - 2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით. წინამდებარე კვლევა ამ პროგრამის ნაწილია; იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
კვლევაში გამოხატული შეხედულებები არ ასახავს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს თვალსაზრისს.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
პროექტის - საქართველოს კონფლიქტების, უსაფრთხოების და მშვიდობის საკითხებზე ფართო და ინფორმაციული დიალოგის ხელშეწყობა - ფარგლებში სამეგრელოში 2010 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა კვლევა „სახალხო დიპლომატიის აღდგენა/განვითარების, როგორც კონფლიქტის არაძალადობრივი გზით გადაწყვეტის, საზოგადოებრივი აღქმა“ ფოკუს-ჯგუფების მეთოდით.
კვლევა წარმოადგენს ზემოაღნიშნულ პროექტში ჩართული ძირითადი ჯგუფის წევრების საზოგადოებასთან დიალოგის პროცესის ორგანულ ნაწილს. მისი მიზანია სახალხო-დიპლომატიური პროცესისადმი სამეგრელოს მოსახლეობის დამოკიდებულების, მათი ჩართულობის ხარისხისა და რესურსების შესწავლა დიალოგის ხელშეწყობაზე მიმართული ღონისძიებების ეფექტიანობის ამაღლების გზების დასახვისათვის.
ჩვენ მივისწრაფვოდით, შეგვესწავლა, როგორია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტაში სახალხო დიპლომატიური პროცესებისადმი ქართველი, კონკრეტულად კი, სამეგრელოს რეგიონის მოსახლეობის დამოკიდებულება, სახალხო დიპლომატიის დღევანდელობისა და შემდგომი განვითარების მათეული ხედვა, ხელისუფლების ქმედებებზე სახალხო დიპლომატიის ზეგავლენის ხარისხისა და სახალხო დიპლომატიის აქტორთა საქმიანობის შეფასება, ასევე, სახალხო დიპლომატიის განხორციელების გზების შესახე, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე, გამოცდილება და შინაგანი მზაობა ამ პროცესებში ჩართვისათვის.
![]() |
3 2. მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 2.1. გამოკითხვის ფორმები |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევა ჩატარდა ორ ნაწილად, ინდივიდუალური გამოკითხვის (ანკეტირების) და ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიების ფორმით.
გამოკითხვის ამ ორი ფორმის კომბინირება განსაზღვრა მისწრაფებამ, მოგვეპოვებინა მრავალფეროვანი ემპირიული და თვისობრივი ხასიათის ინფორმაცია ანალიზისა და შედარებით სრული სურათის მიღებისათვის.
ინდივიდუალურმა გამოკითხვამ მოგვცა მრავლისმეტყველი სტატისტიკური სურათი, ხოლო გამოკითხვამ ფოკუს-ჯგუფებში, როგორც თვისობრივმა მეთოდმა სოციოლოგიაში - თვისობრივი ანალიზის მეტი შესაძლებლობა, რადგან, დახურული კითხვების (მცირე გამონაკლისის გარდა) და ტესტების პრინციპით შედგენილი ანკეტისაგან განსხვავებით, ემყარება ღია და დამატებითი კითხვების მოდელს, რის შედეგადაც ვლინდება როგორც რესპონდენტთა მყარი შეხედულებები, ისე დისკუსიის პროცესში სპონტანურად წარმოშობილი, ხშირად ძალზე ფასეული მოსაზრებები და, რაც არანაკლე, მნიშვნელოვანია, არა კონიუნქტურით ნაკარნახევი, არამედ გულწრფელი, ჭეშმარიტი დამოკიდებულებები.
![]() |
3.2 2.2. რესპონდენტთა შერჩევის პრინციპი |
▲ზევით დაბრუნება |
გამომდინარე ვარაუდიდან, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში მოსაზრებები და მიდგომები სახალხო დიპლომატიის საკითხებისადმი გარკვეულწილად განსხვავებულია, რაც განპირობებულია მათი ინფორმირებულობის, პროცესში ჩართულობისა და მზაობის ხარისხით, რესპონდენტთა კონტინგენტის შერჩევა მოხდა იმგვარად, რომ გამოგვევლინა სახალხო დიპლომატიისადმი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის, ადგილობრივ და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ქალებისა და მამაკაცების, დასაქმებულთა და უმუშევართა, სოფლისა და ქალაქის მოსახლეობის, კონფლიქტთან ცხოვრებისეული და პროფესიული შეხების მქონე ადამიანების დამოკიდებულება.
![]() |
3.3 2.3. სტატისტიკური ანალიზი/ზოგადი ინფორმაცია გამოკითხულთა შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ანკეტირების მეთოდით გამოკითხულთა საერთო რაოდენობაა 450 რესპონდენტი, ფოკუს-ჯგუფებში დისკუსიის მეთოდით - 50.
ანკეტირებით გამოკითხულთა ასაკობრივი დიაპაზონია 18-იდან 55 წლის ასაკზე ზემოთ.
117 რესპონდენტი დასაქმებულია, 333 - უმუშევარი. დასაქმებულთა შორის არიან პედაგოგები, იურისტები, მედიკოსები, წვრილი მოვაჭრეები, საჯარო მოხელეები მუნიციპალური თვითმმართველობის ორგანოებიდან, თვითდასაქმებულები საოჯახო ბიზნესში, შინამეურნეობაში და სხვა.
220 მამრობითი სქესის წარმომადგენელია, 230 - მდედრობითი.
ასაკობრივი დიფერენციაციის მიხედვით გვაქვს შემდეგი სურათი: გამოკითხულია 250 - 35-იდან 55 წლამდე, 146 - 18-იდან 30, 54 - 55 წლამდე და ზევით ასაკის ადამიანი, რომელთაგან 300 ადგილობრივი მოსახლეა, 150 - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი.
გამოკითხულთაგან ზუგდიდის რაიონში დროებით (იგ პირები) თუ მუდმივად ცხოვრობს 150, სენაკში - 100, ფოთში - 100, ხობში - 50, ჯვარსა და მის მიდამოებში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) - 50. რესპონდენტთა საერთო რაოდენობიდან 200 ცხოვრობს უშუალოდ აფხაზეთის პირობით საზღვართან მომიჯნავე მუნიციპალიტეტებში - ზუგდიდსა და წალენჯიხაში.
კვლევის მეორე ნაწილი ჩატარდა 4 ფოკუსჯგუფში: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის ყოფილი პიონერთა ბანაკის კორპუსებში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები (8 რესპონდენტი); 2. ასოციაცია „დეასთან“ არსებული ახალგაზრდული კლუბის ლიდერები და აქტივისტები (16); 3. ზუგდიდის მუნიციპალური ბიუჯეტის მონიტორინგის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრები და დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში შექმნილი სათემო ჯგუფების ლიდერები (14); ზუგდიდის ინტელიგენციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი და რეგიონული მედიის წარმომადგენლები (12). ფოკუს-ჯგუფებში სულ გამოიკითხა 50 რესპონდენტი.
ფოკუს-ჯგუფები დაკომპლექტდა იმის გათვალისწინებით, რომ მიგვეღო ურთიერთშემავსებელი, ცხოვრებისეული და პროფესიული მიდგომებით განსხვავებული ინფორმაცია აფხაზურ-ქართული ურთიერთობების, სახალხო დიპლომატიის საკითხებთან მეტ-ნაკლები შეხებისა და გამოცდილების მქონე სხვადასხვა ასაკისა და სოციალური მდგომარეობის რესპონდენტებისაგან. ამან გაზარდა შესაძლებლობა, კვლევის მონაცემების საფუძველზე, გარკვეული ალბათობით ვივარაუდოთ, თუ რა შესაძლებლობებია რეგიონში სახალხო დიპლომატიის განვითარება აღდგენისათვის ადამიანური და სხვა რესურსების თვალსაზრისით და რა მიმართულებით უნდა გააქტიურდეს მუშაობა, ერთი მხრივ, სახალხო დიპლომატიის აქტორთა წრის გაფართოებისა და, მეორე მხრივ, თავად სახალხო დიპლომატიის, როგორც კონფლიქტის დარეგულირების ერთ-ერთი ეროვნულ-სტრატეგიული მექანიზმის, უფრო ეფექტიანი გამოყენებისათვის აფხაზურ-ქართული კონფლიქტის ტრანსფორმაციაში.
სამწუხაროდ, ჩვენმა კვლევამ ვერ მოიცვა ყველა სოციალური ჯგუფი და სამეგრელოს რეგიონის მთელი გეოგრაფიული არეალი, მაგრამ ვფიქრობთ, მსგავსი შერჩევით მიღებული ინფორმაცია გარკვეულწილად საინტერესოა და იძლევა სახალხო დიპლომატიისა და მისი სხვადასხვა ასპექტისადმი რეგიონის მოსახლეობის დამოკიდებულების მეტ-ნაკლებად ტიპიურ სურათს.
![]() |
3.4 2.4. ანკეტირების შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
შეკითხვების პირველი ბლოკი მიმართული იყო იმის გარკვევაზე, თუ როგორ ხედავენ მოქალაქეები სახალხო დიპლომატიას, ანუ რა აზრს დებენ მასში, რა ინფორმაციას ფლობენ, რა იციან მისი საქმიანობის შესახებ, რამდენად სწამთ მისი და ვის მოიაზრებენ სახალხო დიპლომატიური პროცესების მთავარ აქტორებად. ამდენად, ბლოკი ემსახურება გამოკითხულთა ინფორმირებულობის გამოვლენას ტერმინებთან „სახალხო დიპლომატია“ და „სახალხო დიპლომატიის აქტორი“ დაკავშირებით.
სახალხო დიპლომატია გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობისათვის ასოცირდება ყოფით ურთიერთობებთან აფხაზ და ქართველ ნათესავებს, მეგობრებს შორის (94), რასაც მოიაზრებენ როგორც საწყის წერტილსჰნიადაგს კონტაქტებისთვის დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენელთა ჯგუფებს შორის ამა თუ იმ კონკრეტული, არაპოლიტიკური პრობლემის მოგვარების, ურთიერთდახმარების მიზნით (101).
204 რესპონდენტისათვის სახალხო დიპლომატია უფრო ფართო ცნებაა და განისაზღვრება, როგორც „ხალხის ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში“. ეს განსაზღვრება აერთიანებს გამოკითხულთა კოგნიტურ და ემოციურ რეაქციებს ტერმინზე „სახალხო დიპლომატია“ და მოიცავს როგორც ნათესაურ ურთიერთობებსა და ინდივიდუალურ ყოფით კონტაქტებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის კონკრეტული პრობლემების მოგვარებისთვის, ისე მიზანმიმართულ დიალოგს დაპირისპირებულ მხარეთა არაოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, ზოგადად კონფლიქტის დარეგულირებისა და სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისათვის.
საინტერესოა, რომ ამ მოსაზრებათა თანაფარდობა იცვლება გამოკითხულთა საქმიანობისა და გამოცდილების შესაბამისად. ღრმად გააზრებული რეაქციები სჭარბობს ინტელიგენციის წარმომადგენლების, ახალგაზრდებისა და ადგილობრივი რესპონდენტების მხრიდან, ემოციური კი - იძულებით გადაადგილებულ პირთა და იმ ადგილობრივ მცხოვრებთა მხრიდან, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ კონკრეტულ პრობლემებსა და ინციდენტებთან, რასაც აფხაზქართველთა შორის არსებული კონფლიქტი ქმნიდა და ქმნის ადამიანთა გატაცების, დაყაჩაღების, „ეგზეკუციების“, „წმენდის“, „ექსპოპრიაციის“, პროვოკაციული სროლებისა და შეიარაღებული თავდასხმების, აფხაზეთთან მომიჯნავე ქართულ სოფლებში შემოჭრის სახით. ეს კი მოითხოვს ურთიერთდახმარებასა და ურთიერთშეთანხმებას როგორც საზღვრის გაღმა-გამოღმა მცხოვრებლებს, ისე გალის რაიონში საკუთარი რისკის ფასად დაბრუნებულ დევნილებსა და აფხაზურ ადმინისტრაციასა და უკონტროლო ბანდებს შორის, აფხაზ ნათესავ-მეგობართა მედიაციით.
რესპონდენტთა ერთი ნაწილი (62) აკონკრეტებს, რომ სახალხო დიპლომატიაში გულისხმობს მხარეთა შორის თემატურ თანამშრომლობას არაპოლიტიკური საკითხების გარშემო, იქნება ეს ბიზნეს-ურთიერთობები თუ ერთობლივი ინიციატივები, როგორიცაა, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა ორივე მხარეს იდენტიფიცირებული შშმ პირთა, ასევე, სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პირთა პრობლემების, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისა და ურთიერთდახმარებისთვის და სხვა.
80 რესპონდენტი სახალხო დიპლომატიას განსაზღვრავს როგორც ოფიციალურ შეხვედრებსა და ურთიერთობებს პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხების განხილვის მიზნით. თუ ამ მათეულ განსაზღვრებას განვიხილავთ აქტორების შესახე, დასმულ კითხვაზე პასუხებთან კავშირში, დავინახავთ, რომ ოფიციალურ შეხვედრებში იგულისხმება შეხვედრები საქართველოს მთავრობისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ან მათთან დაახლოებული პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენელთა შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით
რესპონდენტთა ერთი მცირე ნაწილი უპასუხოდ ტოვებს ამ კითხვას, ნაწილი კი სახალხო დიპლომატიის ცნებას აფასებს სკეპტიკურად, ნიჰილისტურად განწყობილი ან გაღიზიანებული ადამიანის პოზიციიდან: „სახალხო დიპლომატია სამთავრობო თამაშებია“, „ეს არის კატა ტომარაში“, „დროის გაყვანისა და ხალხის მოტყუების შესაძლებლობა“, „ფულის კეთებისა და საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა“, „ილუზია იმისა, რომ რაღაც კეთდება“, „აფხაზებთან რევერანსები“, „ოპოზიციის ხრიკები და ქვეგამხედვარობა“, „გაუმართლებელი დათმობები საქართველოს ინტერესების საზიანოდ“ და სხვა.
სახალხო დიპლომატიის მთავარ მოქმედ პირებად/აქტორებად რესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობა მოიაზრებს მოქალაქეებს („უბრალო ადამიანებს“) ორივე მხრიდან (227), შედარებით ნაკლები - არასამთავრობო ორგანიზაციებს (162), უფრო ნაკლები (114) - ხელისუფლებას, ოფიციალურ სტრუქტურებს. რესპონდენტთა ერთი ნაწილი მთავარ აქტორებად ერთდროულად ასახელებს რიგით ადამიანებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ნაწილი - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ორივე მხრიდან. უფრო მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატია ხორციელდება სამივე ამ აქტორის მიერ. ერთ-ერთი რესპონდენტი მის მიერ ხელისუფლების წარმომადგენელთა დასახელეაბას დიპლომატიის აქტორთა წრეში ხსნის იმით, რომ „მთავრობაც ხალხის წარმომადგენელია, მთავრობაც ხალხის ნაწილია“.
აფხაზ-ქართველთა შორის სახალხო დიპლომატიის რეალურ და პოტენციურ აქტორთა შორის სახელდებიან აფხაზური და ქართული მედიის, კავკასიის რეგიონის ხალხთა წარმომადგენლები. ამ უკანასკნელი მოსაზრების ავტორები (2) მიიჩნევენ, რომ სახალხო დიპლომატიაში სხვა კავკასიელთა ჩართვა აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ისინი მოვლენებს უპირატესად უყურებენ მხოლოდ აფხაზებისა და თავიანთი ვიწრო, მცდარად გაგებული ინტერესების პოზიციიდან, რამაც თავის დროზე კონფლიქტის მხარედ აქცია ისინი და დღემდე რჩებიან პოტენციურ მოწინააღმდეგეებად აფხაზურ-ქართული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. რამდენიმე რესპონდენტი ასახელებს რუსეთს, რასაც ხსნის იმით, რომ „აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში ყველაფერი დამოკიდებულია რუსეთზე.“
რესპონდენტთა ერთი კატეგორია ცნებაში „სახალხო დიპლომატი“ აერთიანებს მედია ტორისა და აქტორის ფუნქციებს, კერძოდ, ძირითად აქტორად მოიაზრებს საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს (6).
ყოველივე ეს მოწმობს, რომ რესპონდენტთა საგრძნობი ნაწილი არ ან ნაკლებად არის ინფორმირებული სახალხო დიპლომატიის არსის შესახებ.
რესპონდენტთა უმრავლესობა (328) მიიჩნევს, რომ აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში სახალხო დიპლომატია, როგორც ინდივიდებსა და ცალკეულ ჯგუფებს შორის ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის რესურსი, სათანადოდ არ არის გამოყენებული. 85 რესპონდენტის აზრით, ობიექტური რეალობა მეტის გაკეთების საშუალებას არ იძლევა.
ამ უკანასკნელი მოსაზრების ავტორებს სახალხო დიპლომატიის წარმატების არგუმენტებად მოჰყავთ საზღვრისპირა რეგიონებში წარმოქმნილი ლოკალური პრობლემების მოგვარების შემთხვევები აფხაზი და ქართველი ეროვნების „უბრალო“ ადამიანებს შორის მოლაპარაკების გზით; შეხვედრები და დიალოგი შერეული ოჯახების, ერთი გვარის, მაგრამ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის, სხვადასხვა დონისა და მასშტაბის შეხვედრები როგორც მოსახლეობის ჯგუფების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით (120), რასაც შესაძლოა, ერთი შეხედვით, არ მოჰყოლია ცვლილებები აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში, მაგრამ დაათბო ურთიერთობა თუნდაც ამგვარი შეხვედრების მონაწილეთა შორის და ხელი შეუწყო დიალოგისთვის განწყობილ ადამიანთა წრის გაფართოებას.
სახალხო დიპლომატიის წარმატებად არის მიჩნეული ერთობლივი ქართულ-აფხაზური პროექტების განხორციელებით მიღებული გამოცდილება - კავშირების აღდგენა/დამყარება, ერთობლივი პუბლიკაციები, ინფორმაციის გაცვლა (76); საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა საზოგადოებასთან - ტრენინგები, აქციები, პუბლიკაციები (30); ქსელური მუშაობა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, უპირატესად, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის (12), რაც პოსტკონფლიქტურ ადრეულ პერიოდში წარმოუდგენელი იყო.
პირველი მოსაზრების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახალხო-დიპლომატიური პროცესების შემაფერხებელ ობიექტურ რეალობას ქმნის მესამე ძალის (რუსეთის) წინააღმდეგობა (243); მეორე მხარის (აფხაზების) ნეგატიური განწყობები ამგვარი ურთიერთობების მიმართ (80); ორ მხარეს შორის კომუნიკაციის სირთულე (96); ბარიერები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან (86); აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციების დაბალი მოტივაცია და შინაგანი მზაობა, ბაზე დე-ფაქტო ხელისუფლებასთან (46); საქართველოს არასამთავრობო სექტორის (მცირე გამონაკლისის, უპირატესად, მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა) დაბალი ფინანსური შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია სრულ დამოკიდებულებასთან დონორების მხარდაჭერაზე და არასათანადო ხელშეწყობასთან ქართული სახელისუფლებო სტრუქტურების მხრიდან (38), ნაწილობრივ, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის შესაბამისი სწავლების პროგრამების ხელმიუწვდომლობასთან (63).
რესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობის (401) აზრით, სახალხო დიპლომატიის განვითარებას ხელშეწყობა და სტიმულირება სჭირდება. მხოლოდ ხუთი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატიას წარმოშობს და ავითარებს საჭიროება, რომელიც „ცხოვრებას მოაქვს“. მათი აზრით, ორგანიზებული სახალხო დიპლომატია აფრთხობს ადამიანებს, განსაკუთრებით, მეორე მხრიდან, ვინაიდან სახალხო-დიპლომატიურ პროცესებში ჩართვა მათთვის დაკავშირებულია გარკვეულ საფრთხეებსა და რისკებთან დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რაც გამოიხატება ტერორსა და რეპრესიებში ქართველებთან სასაუბროდ განწყობილი აფხაზი მოქალაქეების მიმართ. მათი მოსაზრებით, სახალხო დიპლომატია შეიძლება შედგეს მხოლოდ ორმხრივი ინტერესების ნიადაგზე. როცა ეს ინტერესები განსხვავდება და არ ჯდება ოფიციალური პოლიტიკის ჩარჩოებში, ხალხი იძულებულია მიმართოს ფარულ სახალხო დიპლომატიას, რომელიც ვლინდება კონფიდენციალურ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში კრიზისულ ვითარებაში, რასაც არ სჭირდება ადამიანების რაიმე სპეციალური მომზადება.
რესპონდენტები სახალხო დიპლომატიის სფეროში თავიანთი გამოცდილებისა და ემპირიული მოსაზრებების საფუძველზე აყალიბებენ, თუ რა სახის მხარდაჭერა ესაჭიროებათ ადამიანებს (საინიციატივო ჯგუფებს), რომ უფრო აქტიურად და ეფექტიანად ჩაერთონ სამშვიდობო ინიციატივებში. მათი საგრძნობი ნაწილი (199) თვლის, რომ აუცილებელია საინფორმაციო-საგანმანათლებლო მხარდაჭერა - სახალხო დიპლომატიაში ჩართვის მსურველი ადამიანების ინფორმირება მსოფლიო გამოცდილების, ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებისა და შესაძლებლობების შესახებ. პირველი რიგის ფაქტორებად სახელდება აგრეთვე:
სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერა თანმიმდევრული და კოორდინირებული მუშაობისთვის (102);
შერეული ოჯახების რესურსის მეტად გამოყენება (115);
სახალხო-დიპლომატიური ღონისძიებების ორგანიზატორთა, უპირატესად, არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა და კოორდინაცია მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან (92);
მედიის გააქტიურება სახალხო დიპლომატიის მიღწევების პოპულარიზაციის, სამშვიდობო ინიციატივების ინფორმაციული მხარდაჭერის, მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლის ინტენსიფიკაციისა და პოზიტიური საზოგადოებრივი აზრის შექმნის მიმართულებით, რაც შეიძლება იქცეს სამშვიდობო საქმიანობაში ორივე მხრიდან უბრალო ადამიანების ჩართვის სტიმულად (73);
ერთობლივი ინიციატივების, განსაკუთრებით, შეხვედრების მორალური მხარდაჭერა და სტიმულირება (24);
ახალგაზრდების, ქალების, ზოგადად, ახალი სახეების მონაწილეობის წახალისება (23);
საერთო პრობლემების მხარდაჭერა, მათ შორის შშმ პირთა შეკავშირებაში (23);
მხარდაჭერა ბიზნეს-პროექტების დაფინანსებით, მაგალითად, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა უშუალოდ მდინარე ენგურის მოსაზღვრე სოფლებში (52);
ერთობლივი კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა (52);
ახალი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მაგალითად, ინტერნეტ-ფორუმის, სოციალური ქსელების გამოყენება (28).
რესპონდენტების უმრავლესობა სახალხო დიპლომატიის მომავალს განიხილავს ოფიციალურ დიპლომატიასთან, ასევე, ხალხთა ურთიერთდაახლოების, დიალოგის სტიმულირებასა და განვითარებაზე მიმართულ სამთავრობო ღონისძიებებთან კონტექსტში და გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობს სხვადასხვა სექტორის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული სტრატეგია და ტაქტიკა სახალხო დიპლომატიის განვითარების მხარდასაჭერად.
მხოლოდ რამდენიმე რესპონდენტი ასახელებს რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომელშიც ძირითადი აქცენტი კეთდება სახალხო-დიპლომატიური პროცესის განვითარების მხარდაჭერაზე, როგორც ხალხებს შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის გადაწყვეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გზაზე. ამიტომ სახალხო დიპლომატიის პერსპექტივების გაზრდის გზებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე რესპონდენტთა უმრავლესობა (289) პასუხობს, რომ აუცილებელია სახალხო დიპლომატიის განვითარების სამთავრობო სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება.
რუსი ოკუპანტების ღია და დაუფარავი მისწრაფება აფხაზთა ასიმილაციისაკენ, აგრეთვე, უშუალოდ პირველწყაროდან მომდინარე მრავალრიცხოვანი ინფორმაცია აფხაზეთში რუსეთის პოლიტიკით უკმაყოფილო აფხაზი მოსახლეობის განწყობების შესახებ, რაც უპირატესად ცხადდება კონფიდენციალურ საუბრებში აფხაზ და ქართველ მოქალაქეებს შორის, რესპონდენტებში აღძრავს რწმენას, რომ ხვალინდელი დღე სახალხო დიპლომატიას ეკუთვნის და მის ახალ, უფრო მაღალ დონეზე გადასვლის რეალურ შესაძლებლობებს ქმნის.
რესპონდენტები სათანადო მხარდაჭერის პირობებში მოელიან:
პირადი კონტაქტების უფრო ინტენსიურ გადაზრდას ჯგუფებს შორის საქმიან შეხვედრებში, სასიცოცხლო მნიშვნელობის არაპოლიტიკური საკითხების გარშემო როგორც კონფლიქტის ზონის მიმდებარე ადგილებში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ (220);
მეტი ერთობლივი და პარალელური პროექტების განხორციელებას აფხაზური ორგანიზაციების მონაწილეობით (89);
სახალხო დიპლომატიის მომავალი წარმატებები, მათი აზრით, უკავშირდება აგრეთვე საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობის (პუბლიკაციები, აქციები, ტრენინგები) გაძლიერებას (52);
კვლევითი და ანალიტიკური მუშაობის გაუმჯობესებას, სახალხო დიპლომატიის განვითარებაზე მიმართული რეკომენდაციების შემუშავებასა და მათ ადვოკატირებას (58);
ქსელურ მუშაობას (15);
განსაკუთრებით არის აქცენტირებული მუშაობა ახალგაზრდებთან, დევნილებთან, აკადემიურ წრეებთან, მედიასთან, შშმ პირებთან, შერეულ ოჯახებთან (164).
რესპონდენტების უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არსებობს დიდი და დღემდე არასათანადოდ გამოყენებული რესურსები იმისათვის, რომ გაძლიერდეს ხალხის ჩართულობა მშვიდობის მშენებლობის პროცესში, კერძოდ, ადამიანური რესურსი:
მომზადებული, ინიციატივიანი, მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში წვლილის შეტანისათვის შინაგანი მზაობის მქონე ადამიანები (243 რესპონდენტის მოსაზრება);
საერთო პრობლემების ქონა, განსაკუთრებით, ქალთა და ბავშვთა, შშმ პირთა მდგომარეობის კუთხით (58);
უკვე შემდგარი პირადი და სამუშაო კონტაქტები აფხაზებთან, რაც ქმნის და ამ კონტაქტების გაგრძელება-გაღრმავების შესაძლებლობას (93);
საერთო კონფლიქტური და პოსტკონფლიქტური გამოცდილება და, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდგომ მომხდარი ცვლილებები აფხაზთა თვითშეგნებასა და დამოკიდებულებაში რუსეთის პოლიტიკის მიმართ (36);
მედიის გამოცდილება და პოტენციალი საზოგადოებრივი აზრის სამშვიდობო ინიციატივების სასარგებლოდ განწყობის საქმეში (20);
სახალხო დიპლომატიის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელური მუშაობის პრაქტიკა (12);
არსებული რესურსების მიზანმიმართული სტრატეგიული გამოყენება (104).
რესპონდენტთა უდიდეს უმრავლესობას არა აქვს სახალხო დიპლომატიურ პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება (348), 71 ადამიანი მიიჩნევს, რომ აქვს, თუმცა არ აკონკრეტებს, რა სახისაა და რამდენად მდიდარია ეს გამოცდილება. მხოლოდ სხვა კითხვებზე პასუხით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ, მცირე გამონაკლისის გარდა, ისინი სახალხო-დიპლომატიურ პროცესებში თავიანთ ჩართულობად მიიჩნევენ ყოფით კონტაქტებს აფხაზ ნათესავებთან, მოგვარეებთან და გალის აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.
273 გამოკითხულს არ აქვს კავშირი/კომუნიკაცია მეორე მხარესთან, 147-ს, უპირატესად, გალიდან დევნილებს, აქვთ, მაგრამ მეტ-ნაკლები ინტენსივობითა და განსხვავებული მიზნებით.
ეს, ძირითადად, ნათესაური კავშირებია (134), გაცილებით ნაკლებად - სავაჭრო და ბიზნეს-თანამშრომლობა (12) და პროფესიული, კოლეგიური ურთიერთობები (10). იმ 13 რესპონდენტიდან, რომელიც მიიჩნევს, რომ აქვს, უბრალოდ, ადამიანური კავშირები მეორე მხარესთან და ხშირად უცნობ აფხაზებთანაც კი, მხოლოდ ოთხი აკონკრეტებს, რომ ეს არის დისტანციური, ვირტუალური მეგობრობა სოციალური ინტერნეტ-ქსელებით გაცნობილ აფხაზ თანატოლებთან.
მეორე მხარესთან კონტაქტის მქონე რესპონდენტები უპირატესად ურთიერთობენ სატელეფონო კავშირის მეშვეობით (122), 41 - ინტერნეტ-ქსელებით, 6 - საფოსტო მიმოწერით. მხოლოდ 68 რესპონდენტს აქვს აფხაზებთან უშუალო, პირადი შეხვედრები, აქედან 22-ს ენგურის ხიდზე არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე; 17-ს ოკუპირებულ ზონაში; 12-ს ენგურის საზღვრისპირა ზოლში, 20-ს საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე თბილისისა და ზუგდიდის ჩათვლით, სადაც სავაჭროდ, სამკურნალოდ თუ ქართველი ნათესავ-მეგობრების მოსანახულებლად გადმოდიან აფხაზები, ასევე, ქვეყნის გარეთ, უპირატესად, რუსეთში. მეორე მხარესთან ადამიანური ურთიერთობის განახლება-დამყარებისთვის განწყობილია 406 რესპონდენტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული მოსახლეობის დიდ ნაწილს, დევნილსაც და ადგილობრივსაც, აქვს ამ ურთიერთობების გაღრმავების სურვილი. მხოლოდ 27 რესპონდენტი აცხადებს უარს აფხაზებთან რაიმე სახის ურთიერთობაზე იმ მოსაზრებით, რომ „ცალმხრივი სიყვარული და დათმობები შეურაცხმყოფელია“, ან პირადი გამოცდილებით იცის, რომ აფხაზებთან, რომლებიც უპირობოდ ითხოვენ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას ქართველების მიერ და მხოლოდ ამასთან აკავშირებენ კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას, საუბარს და, შესაბამისად, იქ დევნილთა დაბრუნებას, აზრი არ აქვს.
მოსაზრებები იმის შესახებ, არის თუ არა მეორე მხარე განწყობილი დიალოგისთვის, თითქმის შუაზე იყოფა. 208 რესპონდენტი მიიჩნევს, რომ აფხაზებს აქვთ ამის სურვილი, 222 კი მიიჩნევს, რომ არ აქვთ. ინტერესმოკლებული არ არის ის ფაქტი, რომ, პირველ შემთხვევაში, ეს ის რესპონდენტები არიან, რომელთაც არა აქვთ კონტაქტები აფხაზურ მხარესთან და, ძირითადად, ემყარებიან მხოლოდ შინაგან რწმენასა და ვარაუდებს, ხოლო მეორე შემთხვევაში - რესპონდენტები, რომელთაც აქვთ ინტენსიური თუ ეპიზოდური კავშირები და, როგორც ამბობენ, პირველწყაროდან იციან აფხაზთა განწყობები და დამოკიდებულებები. ისინი თვლიან, რომ აფხაზები არ წამოვლენ ქართველებთან ისეთი ურთიერთობების აღდგენაზე, რომელიც შორდება ნათესაურ კავშირებს ან პირადად მათ ეკონომიკურ და სხვა ყოფით ინტერესებს. ამ 220 რესპონდენტიდან მესამედი მიიჩნევს, რომ აფხაზთა ამგვარი განწყობის მიზეზი არის მათ ცნობიერებაში გამჯდარი მტრის ხატი, რომელსაც რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა და რადიკალური აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგია ქმნის ქართველთაგან. ორი მესამედი კი თვლის, რომ მიუხედავად მეტ-ნაკლები შინაგანი მზაობისა, ქართველებთან ღია დიალოგის სურვილის გაცხადება და, მით უფრო, აქტიური ჩართვა სახალხო-დიპლომატიურ პროცესებში მათ უქმნის, თუ რეალურ საფრთხეს არა, დისკომფორტს მაინც აფხაზეთის ოფიციალური წრეებისა და, არანაკლებ, აფხაზური საზოგადოების მკვეთრად ანტიქართულად განწყობილი ნაწილის მხრიდან. აფხაზებთან უშუალო კონტაქტების მქონე ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართველებთან ურთიერთობების აღდგენის მოსურნე აფხაზები უკვე უახლოვდებიან ზღვარს, როცა მათ ვეღარ შეაჩერებს დე-ფაქტო ხელისუფლების ზეწოლა და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ მათ მეტ ჩართულობას სახალხო-დიპლომატიურ პროცესებში.
რესპონდენტთა გაცილებით მცირე ნაწილი (23) აცხადებს, რომ არა აქვს ინფორმაცია აფხაზთა განწყობასა და მზაობაზე ქართველებთან დიალოგისთვის.
გამოკითხულთაგან 63 ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთი ნაწილი განწყობილია აფხაზებთან დიალოგისა და ურთიერთობისთვის, ვერ ხედავს საკუთარ თავს სახალხო დიპლომატიაში, უპირატესად იმიტომ, რომ არა აქვს შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. უფრო მცირე ნაწილი ყურადღებას ამახვილებს საკუთარ არაპროგნოზირებად ემოციებზე აფხაზთა მხრიდან ულტიმატუმების ენაზე საუბრის შემთხვევაში. 17 რესპონდენტს არ აქვს ამის სურვილიც კი, რადგან თვლის, რომ „ცალმხრივი სიყვარული დამამცირებელია“ და „ვისაც არ ვუნდივარ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია“. 370 რესპონ დენტი აღნიშნავს, რომ აქვს ამ პროცესებში ჩართვის სურვილი, თუმცა, სახალხო დიპლომატიის არსთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხებიდან გამომდინარე, მათ დიდ ნაწილს ნაკლებად აქვს გაცნობიერებული, რომ სახალხო დიპლომატიაში ჩართვისათვის მზაობა თავისთავში მოიცავს უფრო მეტს, ვიდრე ეს სურვილი და აფხაზებთან ყოფითი ურთიერთობის გამოცდილებაა.
ანკეტირების შედეგები გვიჩვენებს, რომ რესპონდენტთა მიდგომები გარკვეული საკითხების მიმართ ნაკლებად არის დამოკიდებული მათ კუთვნილებაზე ამა თუ იმ სოციალური თუ ასაკობრივი ჯგუფისადმი და უპირატესად განისაზღვრება შინაგანი კონსტიტუციითა და პიროვნული განვითარების დონით, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ, როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური განწყობები გვხვდება ერთი პროფესიის, ერთი ასაკობრივი ჯგუფის შიგნითაც და მეტ-ნაკლებად ემთხვევა სხვა ჯგუფების წარმომადგენელთა პოზიციებსაც. განწყობებისგან განსხვავებით, შესაძლოა ვილაპარაკოთ სხვადასხვაობაზე აზრის ფორმულირების შესაძლებლობებსა და უნარებს შორის და ინფორმირებულობისა და გამოცდილების სხვადასხვა დონეზე, თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში, მაგალითად, ახალგაზრდებისა და შშმ პირთა შემთხვევაში, შეიძლება გამოიყოს სახალხო დიპლომატიის სფეროს პრიორიტეტების თავისებური იერარქია, რომელიც იგება მათთვის განსაკუთრებით ახლობელი პრობლემების აქცენტირების საფუძველზე. ეს არის აფხაზი და ქართველი ახალგაზრდების შეკავშირება ახალგაზრდული პრობლემების გარშემო და კონფლიქტის გადაჭრის გზების ძიება ახალგაზრდული ხედვის საფუძველზე, ხოლო შშმ პირთა და მათი ოჯახების წევრთა შემთხვევაში - ზოგადად შესაძლებლობათა შეზღუდვის სფეროში არსებული პრობლემებისა და, კონკრეტულად. ამ ომის შედეგად დაზარალებულთა საერთო პრობლემებისა და ანტისაომარი განწყობების გარშემო.
საყურადღებო ფაქტია, რომ კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრის შესაძლებლობა გამოირიცხება როგორც ქალების, ისე მამაკაცების მიერ, რაც მეტყველებს იმაზე, რომ სტერეოტიპი, რომელიც უკავშირდება ქალის მშვიდობისმოყვარეობას და მამაკაცის მეომრულ განწყობას, აფხაზურ-ქართული კონფლიქტის შემთხვევაში აღარ მუშაობს და სახალხო დიპლომატიამ ეს სტერეოტიპი თანდათან უნდა ამოშალოს აფხაზთა ცნობიერებიდანაც, რომლებიც აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების ერთ-ერთ პირობად აყენებენ უმკაცრეს შეზღუდვებს ქართველი მამაკაცების, როგორც პოტენციური შურისმაძიებლებისა და ომის გამჩაღებლების რეპატრიაციაში.
![]() |
3.5 2.5. გამოკითხვა ფოკუს-ჯგუფებში |
▲ზევით დაბრუნება |
ფოკუს-ჯგუფებისათვის განსახილველად შეთავაზებულ იქნა რამდენიმე ბლოკში გაერთიანებული საკითხები:
სახალხო დიპლომატიის რაობა, ძირითადი აქტორები, სახალხო დიპლომატია და ოფიციალური (სამთავრობო) დიპლომატია;
სახალხო დიპლომატია და კონფლიქტის ტრანსფორმაცია, სახალხო დიპლომატია გუშინ და დღეს (მიღწევები და სისუსტეები), სახალხო დიპლომატიის შემდგომი განვითარების რესურსები და გზები.
![]() |
4 3. სახალხო დიპლომატიის ამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
გამოკითხულთა ყველა ჯგუფი აღიარებს აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების გაწყვეტის ნეგატიურ შედეგებს და, შესაბამისად, ამ ურთიერთობების აღდგენას განიხილავს როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს, კონფლიქტის სამშვიდობო ტრანსფორმაციის უცილობელ პირობას და ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ ფაქტორს.
რესპონდენტთა უმრავლესობის პოზიცია აფხაზეთის რეინტეგრაციის მიმართ ცალსახად არის ორიენტირებული ნდობის აღდგენაზე, მშვიდობიან ურთიერთობებზე, რაც, მათი აზრით, ვერ მიიღწევა ეფექტიანი სახალხო დიპლომატიის გარეშე და წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეთნიკური (და არა მხოლოდ ეთნიკური) ნიშნით გათიშული საზოგადოების კონსოლიდაციის ერთ-ერთ უცილობელ პირობას, გონივრულ, ურთიერთმისაღე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ აღმავლობასთან ერთად.
რესპონდენტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატია არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოების, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის შექმნის რთულ და წინააღმდეგობრივ გზაზე, ხოლო მისი წარმატება - წინაპირობა იმისა, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი ოფიციალურ სოხუმსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის პრობლემის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისათვის.
აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ აფხაზებთან პირდაპირ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანებს შორის არ აღდგა ნდობა და ურთიერთგაგება, კონფლიქტი არ გადაიჭრება და გაყოფილი საზოგადოება მუდამ იდგება ფარული კონფრონტაციის ღია კრიზისში გადაზრდის საშიშროების წინაშე („აფხაზების გარეშე აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ“, „ქარს დასთეს, ქარიშხალს მოიმკი და ეს არასოდეს დამთავრდება“ - ციტატები დისკუსიის მასალებიდან). ამდენად, სახალხო დიპლომატია აუცილებელია როგორც დღეს არსებულ რეალობაში, ისე პერსპექტივაში - დევნილთა დაბრუნებისა და თანაცხოვრების პირობების აღდგენის შემთხვევისათვის.
რესპონდენტები თვლიან, რომ სახალხო დიპლომატია იმით არის მეტ-ნაკლებად მისაღები დაპირისპირებული მხარეებისთვის, რომ გვერდს უვლის ურთულეს პოლიტიკურ საკითხებს და ემყარება პოზიტივს ადამიანების განწყობებსა და სასიცოცხლო ინტერესებში, წინა პლანზე აყენებს ადამიანს და არა კონიუნქტურას, ოფიციალურ თვალსაზრისს, მით უფრო, ვისიმე მერკანტილურ პოლიტიკურ ინტერესებსა და თამაშებს, მუშაობს და ვითარდება შინაგანი კანონზომიერებით, რომელიც ემყარება ადამიანთა თვითგადარჩენის ინსტიქტებს, გააზრებულ სამშვიდობო მისწრაფებებს და ახდენს დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთობის დარეგულირებას მათი შეკავშირებით საერთო საჭიროებების ირგვლივ.
![]() |
5 4. რამდენად სწამთ ადამიანებს სახალხო დიპლომატიის |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის შედეგების ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ სამეგრელოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვს აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის პრინციპებზე აგებული პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობა და განწყობილია ამ დიალოგში ჩართვისთვის.
შესაბამისად, აფხაზურ-ქართული სახალხო დიპლომატიის განახლება-განვითარების ხელშეწყობა აღიარებულია ერთ-ერთი პირველი რიგის საკითხად მხარეებს შორის ურთიერთობის დათბობისა და პერსპექტივაში კონფლიქტის განმუხტვისათვის, რამდენადაც კონფლიქტი თავისი არსით უფრო განგრძობადია, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პროცესი და შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილთა დაბრუნების შემდგომაც კი („აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში არ ნიშნავს კონფლიქტის ამოწურვას“).
ყველა რესპონდენტი თანხმდება იმაზე, რომ სახალხო დიპლომატია ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე, ხელს უწყობს რა ინფორმაციის გაცვლას დაპირისპირებულ მხარეებს შორის და სახალხო-დიპლომატიური პროცესების მონაწილეთა მიერ მიღებული ინფორმაციის გაზიარებას თავიანთი საზოგადოებებისადმი, რაც, საბოლოო ჯამში, ამსხვრევს სტერეოტიპებს და ამცირებს სიძულვილს. სწორედ აქედან გამომდინარე, რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ ადამიანს თუ საზოგადოებრივ ჯგუფს შეუძლია პოზიტივი შეიტანოს ჩვენი ხალხების ურთიერთგანწყობებში და გამოთქვამს მზაობას, ხელი შეუწყოს ამ პროცესს.
რესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობა აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ ქართული საზოგადოების განწყობები შეიცვალა კონფლიქტის მშვიდობიანი და არაძალადობრივი გზით დარეგულირების სასარგებლოდ, თუმცა, გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის არა იმდენად სახალხო დიპლომატიის მიღწევა, რამდენადაც აგვისტოს ომში განცდილი მარცხისა და ახალი ტერიტორიების დაკარგვის შედეგი. ისინი მიიჩნევენ, რომ დღეს სახალხო დიპლომატია არათუ დაპირისპირებულ მხარეთა ურთიერთობების დათბობის, არამე ქართველი ხალხის განწყობების სამშვიდობო კალაპოტში გადაყვანის მიმართულებითაც კი სუსტია.
რესპონდენტთა საგრძნობი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატია, გარკვეულწილად, აღიზიანებს და უარყოფითად განაწყობს ადამიანებს სწორედ იმის გამო, რომ ქართული მხარის მზაობა კომპრომისებისათვის, რაც დასტურდება სხვადასხვა ავტორიტეტული და გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული და აფხაზური მხარისათვის განსახილველად შეთავაზებული კონცეფციებით აფხაზურ-ქართული ურთიერთობების დარეგულირების სფეროში, უპასუხოდ რჩება ან ცინიკურ გამოხმაურებას იმკის აფხაზების მხრიდან. უკანასკნელ წლებში მსგავსი ნეგატიური განწყობები დაუკავშირდა აფხაზთაგან უპასუხო „ბოდიშის“ კამპანიას, აგრეთვე, დაუდასტურებელ თუ დადასტურებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ ჩატარებულ აფხაზთა და ქართველთა შეხვედრებზე, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული სახალხო დიპლომატიის ფორმატში, აქტიურად განიხილება აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხიც.
„ვფიქრობ, რომ ქართული სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელთა თანხმობა და მზაობა ამ საკითხის განხილვისათვის არის არა მათი შინაგანი განწყობის გამოხატულება, არამედ ხარკი, გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიან საზღვარგარეთ მოგზაურობისა და დროსტარებისთვის. ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა მათი ასეთი განცხადებები დაფუძნებული ხალხის აზრსა და პოზიციაზე, ან, თუ ისინი მხოლოდ თავიანთი პოზიციიდან საუბრობენ, მართლა შეუძლიათ თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე წასვლა. ვეჭვობ, თუნდაც ერთ ქართველს, თუკი მართლა ქართველია და არ გადაგვარებულა, შეეძლოს ეს. მაშინ რატომ იწყებენ აფხაზებთან საუბარს შეგნებული ტყუილით?“
რესპონდენტთა ერთი ნაწილის აზრით, სახალხო დიპლომატიის წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთბრალდებები შეიცვალოს საკუთარი ბრალეულობის აღიარებითა და მონანიებით. ორივე მხარემ ხალხისა და მთავრობის დონეზე უნდა აღიაროს საკუთარი წვლილი კონფლიქტის გაჩაღებაში „მეტ-ნაკლებად, მაგრამ ორივე მხარეს მიგვიძღვის ბრალი იმაში, რაც მოხდა და ნუ შეგვაშინებს, რომ აფხაზებს დღეს საამისო მზადყოფნა ან შესაძლებლობა არა აქვთ. ჩვენ მათზე გაცილებით თავისუფალნი ვართ და საკუთარ შეცდომებზე ლაპარაკიც ჩვენ უნდა დავიწყოთ. ბოლოს და ბოლოს, ეს ჩვენს ინტერესებში უფრო შედის, რადგან გონივრული კომპრომისი არის გასაღები ჩაკეტილი აფხაზეთისაკენ, ჩვენი სახლებისაკენ.“
რამდენიმე რესპონდენტი, განსაკუთრებით ისინი, ვისაც აფხაზეთში ცხოვრების გამოცდილება აქვს, სკეპტიკურად არის განწყობილი სახალხო დიპლომატიის როლისადმი აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებში და გამოთქვამს ეჭვს, რომ სახალხო დიპლომატია ვერაფერს შეცვლის, რადგან ეს ურთიერთობები საკმაოდ მჭიდრო და ინტენსიური იყო შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებამდე, მაგრამ თავიდან ვერ აიცილა ის,რაც მოხდა.
![]() |
6 5. ოფიციალური და სახალხო დიპლომატია |
▲ზევით დაბრუნება |
რესპონდენტები აქტიურად განიხილავენ სახალხო დიპლომატიის და ოფიციალური დიპლომატიის საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს, როგორც მიზნების, აქტორების, მეთოდების, მიდგომების, ისე ურთიერთქმედების თვალსაზრისით.
რესპონდენტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზურ-ქართულ კონფლიქტში ძირითადი პასუხისმგებლობა ოფიციალურ მხარეებს ეკისრება და, შესაბამისად, გადამწყვეტი სიტყვა ოფიციალურ დიპლომატიას ეკუთვნის, ხოლო სახალხო დიპლომატია არის ძალიან ეფექტური, მაგრამ მხოლოდ დამხმარე მექანიზმი, რომელსაც შეუძლია შეასუსტოს ურთიერთგაღიზიანება, შექმნას გარკვეული პოზიტიური ატმოსფერო, მაგრამ არ შეუძლია გადაჭრას კონფლიქტი.
რესპონდენტთა შედარებით მცირე ნაწილის აზრით, სახალხო დიპლომატია შეიძლება განვიხილოთ როგორც გადამწყვეტი მექანიზმი კონფლიქტის მოგვარებისათვის, რადგან სწორედ ის მუშაობს მაშინ, როცა ვერ მუშაობს ოფიციალური დიპლომატია, როცა კონფლიქტი გაყინულია ან ცხელია და ოფიციალურ მხარეებს შორის კონტაქტები მოშლილია. სწორედ სახალხო დიპლომატია იღებს თავის თავზე ინფორმაციის გაცვლას მხარეებს შორის მაშინ, როცა ოფიციალური არხები დახურულია. სწორედ უბრალო ადამიანები იღებენ თავის თავზე პოზიციათა დაახლოების ძიებას, როცა პოლიტიკოსებს არ სურთ ან არ შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი. ამასთან, თავდაპირველად სწორედ არაფორმალური დიალოგის მეშვეობით ხდება სხვადასხვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მოსინჯვა, რომელთაც შეიძლება მიგვიყვანონ კონფლიქტის გადაჭრამდე.
ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი მეტად მნიშვნელოვანია ოფიციალური პოლიტიკის გათავისუფლებისთვისაც პოპულიზმისა და საომარი რიტორიკისაგან, რომელიც ხშირად წარმოადგენს ხარკს საომრად განწყობილი მოსახლეობის დაკვეთისათვის („საზოგადოებრივი აზრი დიდი ძალაა, მას შეუძლია, აიძულოს ხელისუფლება, ეძებოს კონფლიქტის გადაჭრის რეალური და ეფექტიანი გზები“, „და თითოებული საზოგადოება მძევალია ხელისუფლების ხელში, მაგრამ ისეც ხდება, რომ თავად ხელისუფლებაც ხდება აგრესიულად განწყობილი საზოგადოების მძევალი, ამიტომ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებად ქცეული მოსახლეობა ბევრ რამეს წყვეტს ოფიციალურ პოლიტიკაში“ - (ციტატები დისკუსიის მასალებიდან).
რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატია არ არის ოფიციალურ დიპლომატიასთან აპრიორი დაპირისპირებული ალტერნატიული გზა. იმ შემთხვევაში, როცა ორივე მათგანი ორიენტირებულია სახელმწიფოს ინტერესებსა და ჰარმონიული საზოგადოების შექმნაზე, კონფლიქტების გადაჭრასა და პრევენციაზე, ისინი წარმოადგენენ დიპლომატიის ორ ურთიერთდაკავშირებულ განშტოებას ერთი მიზნით, მაგრამ განსხვავებული ფუნქციებით, შესაძლებლობებითა და აქტორებით და მოქმედებენ სხვადასხვა სიბრტყეზე, სხვადასხვა ფორმატში. მაგრამ, იმ შემთხვევაში, როცა ოფიციალური პოლიტიკა მიმართულია კონფლიქტის გამწვავებასა ან კონფლიქტის შედეგად მიღებული სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე და წინააღმდეგობაში მოდის ხალხის ინტერესებთან, ოფიციალური დიპლომატია და სახალხო დიპლომატია საფუძველშივე ემიჯნება ერთმანეთს და ურთიერთდაპირისპირებული ცნებები ხდება. რესპონდენტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არ არსებობს რაიმე საგრძნობი დაპირისპირება ქართულ ოფიციალურ დიპლომატიასა და სახალხო დიპლომატიას შორის მიზნის თვალსაზრისით და, ამდენად, ხელისუფლება არანაირად არ უშლის ხელს სახალხო-დიპლომატიური პროცესების განვითარებას. პირიქით, ახდენს მის სტიმულირებას და ზოგჯერ თავად დგას სახალხო დიპლომატიის ფორმატში ჩატარებული ღონისძიებების ორგანიზატორთა უკან (ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, აზრები გაყოფილია, რადგან ერთი ნაწილი ამაში ხედავს ხელისუფლების მხრიდან სახალხო დიპლომატიის როლის აღიარებას, მეორე ნაწილი კი - საშიშროებას, მივიღოთ „სუროგატული, ხელისუფლების მიერ მართული, ფორმალური სახალხო დიპლომატია“).
რესპონდენტთა შედარებით მცირე ნაწილი სახალხო დიპლომატიას ქართულ სინამდვილეში განიხილავს როგორც ოფიციალური დიპლომატიისგან მკვეთრად განსხვავებულ ალტერნატივას, ხოლო ხელისუფლებას - როგორც სახალხო დიპლომატიასთან დაპირისპირებულ ბანაკს, რომელსაც ხალხის ინიციატივების ეშინია. ამ შეხედულებას ამყარებს არასამთავრობო დიპლომატიის ცნობად სახეთა შორის ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების სიმრავლე, რაც მათ უქმნის შეგრძნებას, რომ სახალხო დიპლომატია და სამთავრობო დიპლომატია არა უბრალოდ სხვადასხვა ან ურთიერთშემავსებელი, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია.
რესპონდენტთა ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ხშირად უფრო მეტად არის სტერეოტიპების ტყვეობაში, ვიდრე უბრალო ხალხი და, მით უმეტეს, სამოქალაქო სექტორი, რომელიც შინაგანად უფრო თავისუფალია და ღია სიახლისათვის, ამიტომ სახალხო დიპლომატია უფრო იოლად იღებს საკუთარ თავზე პირველმკვალავის როლს. ხოლო ოფიციალური დიპლომატია, რომელიც შეზღუდულია სხვადასხვა გარემოებითა და ზოგჯერ ობიექტური, უმრავლეს შემთხვევაში კი, სუბიექტური ფაქტორებით, უკან ექაჩება მას („ხელისუფლება ხშირად არის თავისივე ბოლომდე გაუაზრებელი გამოთქმების მძევალი და უჭირს თამამი და ახლებური გადაწყვეტილებების მიღება, განსხვავებით სახალხო დიპლომატიის აქტორებისაგან, რომელნიც ხშირად უფრო მოქნილნი არიან, რადგან არ ამძიმებთ ძალაუფლების დაკარგვის ან შესაძლო შეცდომის შიში.“ „ისიც გასათვალისწინებელია, რომ, პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან, მათაც აქვთ სტერეოტიპები, რომელთაგან გათავისუფლება არც ისე იოლია.“ (ციტატები დისკუსიების მასალებიდან).
რესპონდენტთა ერთი ნაწილის აზრით, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აშკარად ზღუდავს სახალხო-დიპლომატიურ პროცესში ჩართვის მოსურნე მოქალაქეებს. რომ არაფერი ვთქვათ წნეხსა და რეპრესიებზე, ეს გამოიხატება იმაშიც, რომ ხდება სახალხო-დიპლომატიური ღონისძიებების მონაწილეთა და პოტენციურ მონაწილეთა მკაცრი გადამოწმება და „ინსტრუქტირება“, რის გამოც „ისინი, ძირითადად, ლაპარაკობენ გამზადებული, ცენზურაგავლილი ტექსტებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ღონისძიებების ეფექტიანობას.“ (ქართულ-აფხაზურ შეხვედრებში მონაწილეობის გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) „ქართველებსა და აფხაზებს შორის ყოფით ურთიერთობებსა და კონტაქტებშიც კი მუდამ იგრძნობა აფხაზების სწორება მთავრობაზე, ოფიციალურ სეპარატისტულ იდეოლოგიაზე, ყოველ შემთხვევაში, მათ მუდამ ახსოვთ, რომ კედლებსაც ყური აქვთ და, თუ ხმამაღლა ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ სამთავრობო გაზეთის ენაზე და მხოლოდ თვალის ცეცებითა და ჩურჩულით იმაზე, რასაც გულის სიღრმეში განიცდიან და ფიქრობენ.“ (აფხაზებთან კონტაქტების მქონე დევნილები და საზღვრისპირა ზოლში მცხოვრები რესპონდენტები)
რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზური სახალხო დიპლომატია და ოფიციალური დიპლომატია ზედმიწევნით არის ერთმანეთთან შეთანხმებული. ისიც კი, რომ ბევრი აფხაზი თუნდაც ასე ჩუმად გამოთქვამს სინანულსა და ძველი ურთიერთობების აღდგენის სურვილს, თავისუფლად ჯდება მათი სამთავრობო პოლიტიკის ჩარჩოებში, რადგან საუბარია ურთიერთობების აღდგენაზე მეგრელებთან და არა მთელ ქართულ მოსახლეობასთან, რასაც აფხაზეთის ხელისუფლება და, პირველ რიგში, აფხაზეთის პოლიტიკის მთავარი მოთამაშე მოსკოვი მოიაზრებს, როგორც დასაყრდენს აფხაზურ-მეგრული სახელმწიფოს შექმნისა და საქართველოს შემდგომი დაშლის იდეის რეალიზაციისათვის.
ამასთან დაკავშირებით გამოითქმის განსხვავებული მოსაზრებაც რესპონდენტთა იმ ნაწილის მხრიდან, რომელიც იზიარებს აზრს აფხაზური სახალხო დიპლომატიისა და დე-ფაქტო ხელისუფლების ოფიციალური პოლიტიკის შეთანხმებული ხასიათის შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ შეთანხმება ეხება არა აფხაზურ-მეგრული სახელმწიფოს შექმნას, არამედ „მცდელობას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე წამსვლელი ადამიანების მომრავლებისათვის, საქართველოში აფხაზებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისა და დევნილთა დაბრუნების იმედით“.
რესპონდენტთა ნაწილი მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს აფხაზური სახალხო დიპლომატიისა და ოფიციალური დიპლომატიის შეთანხმებულობას და მიიჩნევს, რომ გარკვეულ სიტუაციაში და ცალკეულ აქტორთა შემთხვევაში შესაძლოა ეს ასეც იყოს, მაგრამ ეჭვის შეტანა კონტაქტებზე წამოსული ყველა აფხაზის გულწრფელობაში და მათი გამოცხადება ოფიციალური პოლიტიკის ემისრებად სახალხო დიპლომატიაში, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელია.
რესპონდენტთა აზრი სახალხო და ოფიციალური დიპლომატიების ურთიერთქმედების საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ კოორდინაცია აუცილებელია („არ შეიძლება, მარჯვენამ არ იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა.“) თუნდაც იმიტომ, რომ, თუ სახალხო დიპლომატიას რაღაც დონეზე არ ექნება ურთიერთობა ოფიციალურ სტრუქტურებთან, არაფორმალური კონტაქტები, რაც სახალხო დიპლომატიის პრეროგატივაა, შეიძლება მოსწყდეს რეალობას და დარჩეს ემოციების დონეზე. თავის მხრივ, ოფიციალური დიპლომატიის აქტორებმაც უნდა გაითვალისწინონ სახალხო დიპლომატიის მონაპოვრები და მის წიაღში არსებული რესურსები, რათა პოლიტიკა დაუახლოვდეს ხალხის ნებას და უპასუხოს არა მხოლოდ გარეშე, თუნდაც კეთილგანწყობილ ძალთა, არამედ საკუთარი ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის დაკვეთას.
ყველა რესპონდენტი, რომელიც მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატიისა და ოფიციალური დიპლომატიის საქმიანობის კოორდინაცია აუცილებელია თუნდაც რაღაც დოზით, ხაზს უსვამს, რომ ეს არ უნდა მოხდეს სახალხო დიპლომატიის ორგანიზატორთა მხრიდან გაუმართლებელი დათმობებისა და უპირობო მორჩილების ხარჯზე. პირიქით, სახალხო დიპლომატია უფრო აქტიური და შემტევი უნდა იყოს ხელისუფლების მიმართ და განახორციელოს ხელისუფლებაზე პოზიტიური ზემოქმედება, ხოლო ოფიციალურმა დიპლომატიამ გაამყაროს ან პოზიტიურად შეცვალოს თავისი პოზიციები სახალხო დიპლომატიის მონაპოვრების საფუძველზე.
რესპონდენტების ნაწილი არ იზიარებს ამ მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ „პოლიტიკურ კულუარებში ბევრი რამ ხდება ისეთი, რაც ხალხს არ დაესიზმრება არც ერთ და არც მეორე მხარეს, ამიტომ სახალხო დიპლომატია სჯობს დასჯერდეს იმას, რაც ეძლევა და ნუ შეეცდება, თავის თავზე აიღოს ოფიციალური დიპლომატიის დირიჟორის როლი“. „უსაფუძვლო ოპტიმიზმი, რომელიც აფხაზთან ურთიერთობისა და აფხაზის მხრიდან დახმარების შემთხვევაში შეიძლება დაეუფლოს პოლიტიკისგან შორს მდგარ გლეხს, ვერ გამოდგება ოფიციალურ დიპლომატიაში.“ „მთავრობამ უკეთ იცის, რა ენაზე ელაპარაკოს მოწინააღმდეგეს. სახალხო დიპლომატი საკუთარი თავის, ადამიანთა ვიწრო ჯგუფის წარმომადგენელია, ოფიციალური დიპლომატი კი - სახელმწიფოს წარმომადგენელი, ის ვერ მისცემს თავს იმის უფლებას, რომ წავიდეს ისეთ დათმობებსა და კომპრომისებზე, რასაც ყოფით ურთიერთობაში გააკეთებენ გულაჩუყებული ნათესავ-მეგობრები.“
რესპონდენტები აბსოლუტურად თანხმდებიან იმაზე, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეუწყოს სახალხო დიპლომატიის განვითარებას, თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ არის.
შედეგებთან დაკავშირებით ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ „ხალხის ნება, თუკი ის არ ემთხვევა მთავრობის სურვილებს, ვერაფერს, მათ შორის, სახალხო დიპლომატიის დონესაც ვერ შეცვლის ვერც საქართველოში და ვერც სხვა რომელიმე ქვეყანაში“, „სახალხო დიპლომატია ეფექტიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნებადართული და დაგეგმილია ზევიდან“, უფრო დიდი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატიამ შეიძლება მიაღწიოს თვალსაჩინო წარმატებას ზევიდან მომდინარე წინააღმდეგობის შემთხვევაშიც ან ზემოდან ხელშეწყობის გარეშე. „სახალხო დიპლომატია გარკვეულ წარმატებებს აღწევს მაშინაც, როცა წინააღმდეგობაში მოდის ოფიციალურ პოლიტიკასთან, უფრო მეტიც, სწორედ მაშინ ხდება საჭირო, როცა ოფიციალური დიპლომატია ვერ ახერხებს კონფლიქტის განმუხტვას“.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოკითხვის მონაწილეები ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობენ რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის მიმართ და მის მიერ აფხაზთა რეინტეგრაციაზე მიმართულ დოკუმენტში დეკლარირებულ ოფიციალურ პოზიციას სახალხო დიპლომატიის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. შესაბამისად, ამბობენ, რომ ჩვენს ხელისუფლებას არ აქვს არანაირი, თუნდაც სუსტი სტრატეგია და ტაქტიკა აღნიშნულთან დაკავშირებით.
ამ საკითხში მეტ-ნაკლებად ინფორმირებული რესპონდენტები კი, ხაზს უსვამენ იმას, რომ მსგავსი დოკუმენტების შექმნაზე გაწეული მუშაობა ფუჭია, თუკი არ მოჰყვება კონკრეტული ნაბიჯები მისი რეალიზაციისათვის, რასაც ნაკლებად მოელიან „არაპროგნოზირებადი, არათანმიმდევრული, პიარ-კამპანიებზე ორიენტირებული მთავრობისაგან“.
![]() |
7 6. არასამთავრობო დიპლომატია |
▲ზევით დაბრუნება |
უმრავლესობისათვის სახალხო დიპლომატია და არასამთავრობო დიპლომატია სხვადასხვა ცნებებია. სახალხო დიპლომატიაში ისინი გულისხმობენ ურთიერთობებს/შეხვედრებს პოლიტიკისგან შორს მდგარ. „ხალხიდან გამოსულ“ ცალკეულ პირებს/ჯგუფებს შორის, ხოლო არასამთავრობო დიპლომატიაში - ორგანიზებულ სახალხო დიპლომატიას არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე. ორივე დიპლომატია, სახალხოც და არასამთავრობოც, მათი აზრით, გამოხატავს ხალხის ნებას.
ნაწილისთვის არასამთავრობო დიპლომატია წარმოადგენს შუალედურ რგოლს სახალხო დიპლომატიასა და სამთავრობო დიპლომატიას შორის. ერთი ნაწილისათვის იგი ასოცირდება ოფიციალურისაგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციის მქონე პოლიტიკოსების ხედვასა და საქმიანობასთან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში, აქტორებთან, რომელთაც ამოძრავებთ კეთილი ნება და კონფლიქტის დარეგულირების გულწრფელი მისწრაფება ან პირადი მერკანტილური ინტერესები და პოლიტიკაში თვითდამკვიდრების სურვილი.
![]() |
8 7. კონფლიქტის მიზეზები და სახალხო დიპლომატია |
▲ზევით დაბრუნება |
გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ ქართველი მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანია, გაერკვეს აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მიზეზებში, გააანალიზოს ეს მიზეზები და ამ ფონზე განიხილოს სახალხო დიპლომატიის ხარვეზები როგორც ომის გაჩაღებამდე, ისე უშუალოდ პოსტკონფლიქტურ წლებში და დღეს, როცა სახალხო დიპლომატია გვევლინება როგორც კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრისა და ესკალაციის თავიდან აცილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა.
რესპონდენტთა დაახლოებით ორი მესამედი ფიქრობს, რომ კონფლიქტი გაჩაღდა მხოლოდ და მხოლოდ მესამე ძალის ანუ რუსული იმპერიალიზმის წყალობით, რომლის დევიზია „გათიშე და იბატონე“ და რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე მუშაობდა კონფლიქტის წანამძღვრების შექმნაზე.
ეს წანამძღვარი, უპირველეს ყოვლისა, იყო აფხაზთა გაუცხოება ქართული კულტურისადმი, რაც განაპირობა მოსკოვისა და მისი თბილისელი მარიონეტების რუსიფიკატორულმა პოლიტიკამ; აფხაზთა გაუმართლებელმა პრივილეგირებამ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ყველა სხვა სფეროში და სხვაზე აღმატებულების, დაუსჯელობის განცდამ, აფხაზური ენის მიზანმიმართულმა ჩანაცვლებამ რუსული ენით, კავკასიური ერთობის განცდის ჩანაცვლებამ რუსეთის მიერ შეთავაზებული სუროგატული ხალხთა მეგობრობით უფროსი ძმის მფარველობის ქვეშ და სხვა.
გამოკითხულთა დაახლოებით მესამედი ასახელებს აფხაზთა და ქართველთა ფარულ თუ აშკარა კონფრონტაციას და ურთიერთჩასაფრებულ, ეჭვით სავსე ურთიერთგანწყობას, რომელიც განპირობებული იყო არა მხოლოდ რუსეთის ნეგატიური როლით, არამედ ქართველთა ერთგვარი ქედმაღლობით და აფხაზთა არასრულფასოვნების კომპლექსით. აფხაზებში არსებობდა ქართველის უარყოფითი სტერეოტიპი, ხოლო ქართველებში - აფხაზის. აფხაზისთვის ქართველი იყო მისი მიწის მიტაცებასა და აფხაზთა ასიმილაციაზე, ხოლო ქართველისთვის აფხაზი - საქართველოს ძირძველი მიწებიდან ქართველთა განდევნაზე დაგეშილი გაუცხოებული კაცი.
ქართული ინტელექტუალური ელიტა (და არა ე.წ. წითელი ინტელიგენცია) რუსში ხედავდა დამპყრობელს, რომელმაც იძულებით გააერთიანა იგი საბჭოთა კავშირში, თავს მოახვია კომუნისტური იდეოლოგია და გზა გადაუკეტა ევროპისა და დასავლური ღირებულებებისაკენ, ხოლო აფხაზთა უმრავლესობა - ქართული ექსპანსიისაგან დაცვის გარანტს, რამდენადაც უკრიტიკოდ იღებდა რუსეთის პოლიტიკასა და იდეოლოგიას, რომელიც შეფუთული იყო, როგორც მცირე ერების განვითარების, მჩაგვრელთაგან გათავისუფლების უანგარო ხელშეწყობა.
მძლავრი საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის წინაშე უძლური აღმოჩნდა ქართველი ხალხის ყველა მცდელობა, წინ აღდგომოდა აფხაზთა გაუცხოების პროცესს, რასაც ხელი შეუწყო საქართველოში იმავე რუსების ხელდასმით მოქმედი ბოლშევიკური ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ აფხაზეთში, რომელიც აფხაზთა მიერ აღიქმებოდა არა როგორც კლასობრივი ბრძოლა, არამედ აფხაზთა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქართული პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთს, ფაქტობრივად, ჰქონდა ყველაზე ფართო ავტონომია რუსეთის ფედერაციის და საბჭოთა კავშირის სხვა სუბიექტების შემადგენლობაში არსებულ ავტონომიებთან შედარებით და განვითარებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მკვეთრად უკეთესი პირობები, ხოლო აფხაზებს - მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის ადამიანის უფლებების დარღვევამდე მისული პრივილეგიები, აფხაზური სეპარატიზმი სულ უფრო სწრაფი ტემპებით ღვივდებოდა და პერმანენტულად გამოდიოდა საქართველოსგან გამოყოფისა და რუსეთის მომიჯნავე კრასნოდარის მხარესთან მიერთების ლოზუნგით. ამ კოზირის გათამაშება აშკარად ემთხვეოდა მოსკოვის პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოს მოძრაობის აღმავლობის დღეებს.
ეს იწვევდა აფხაზეთის ქართული მოსახლეობის უარყოფით რეაქციას აფხაზური სეპარატისტული ძალების მიმართ, რაც ნაკლებად ვლინდებოდა პოლიტიკური დაპირისპირების სახით, მაგრამ განუწყვეტლივ იგრძნობოდა მათ დამოკიდებულებაში აფხაზების, როგორც პოტენციური მტრის, მიმართ. ამდენად, რაც უნდა რომანტიულად ვუყუროთ აფხაზთა და ქართველთა თანაცხოვრებას აფხაზეთში, რაც ყოფით დონეზე შესაძლოა ნაწილობრივ ასეც იყო, ვერ ვიტყვით, რომ დაძაბულობა და კონფრონტაციული განწყობები მხოლოდ აფხაზთა მხრიდან ვლინდებოდა.
რესპონდენტთა ერთი ნაწილი (ძირითადად, დევნილები, რომლებსაც ჰყავთ ნათესავები აფხაზეთში და აქვთ გამოცდილება სახალხო დიპლომატიაში) კატეგორიულად არ ეთანხმება ასეთ შეფასებას და მიიჩნევს, რომ ქართველთა დამოკიდებულება აფხაზების მიმართ არ იყო აგრესიული, არამედ პირიქით, აგებული იყო კეთილგანწყობაზე, ეთნიკური სიახლოვის განცდაზე, ხოლო იქიდან მოდიოდა სრულიად სხვა იმპულსი.
მათ არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ქართველთა ნაწილი, უპირატესად, ინტელიგენცია, ცდილობდა, წინ აღდგომოდა ამ პროცესებს არა აფხაზთა შევიწროების, არამედ ტრადიციული აფხაზურ-ქართული ურთიერთობების აღდგენისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ლოზუნგით, თუმცა, პირველ შემთხვევაში აწყდებოდა ცინიკურ პასუხს - გუბეში დახრჩობას ზღვაში დახრჩობა სჯობსო, ხოლო მეორე შემთხვევაში ექცეოდა ჯვარედინ ცეცხლში - მას თანაბარი გააფთრებით უპირისპირდებოდნენ აფხაზი სეპარატისტები, რუსული კაგებე და ოფიციალური თბილისიც, რომელიც რუსეთის შიშით თვალს ხუჭავდა ქართველთა უუფლებობაზე.
ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ აფხაზთა რიგები იზრდებოდა მათთვის დაწესებულ პრივილეგიებს დახარბებულ ქართველთა ხარჯზე, რომლებიც ამ მერკანტილური ინტერესებით ეწერებოდნენ აფხაზებად და ახალი პატრონისადმი ერთგულების დასტურად ორმაგი გააფთრებით ერთვებოდნენ ანტიქართულ მოძრაობაში. ხოლო ქართველებმა, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს შინაგანი კონსტიტუციის გამო, გულში ჩაიხვიეს წყენა და უკანასკნელ იმედად ებღაუჭებოდნენ აფხაზთა გამოფხიზლების მოლოდინს. თუმცა, ეს საკითხი არ ქცეულა აფხაზთა და ქართველთა პირდაპირი, გაწონასწორებული დიალოგის საგნად არც საქართველოს მთავრობასა და სეპარატისტ ლიდერებს და არც ხალხებს შორის.
ასაკოვანი, უპირატესად, აფხაზეთში ცხოვრების გამოცდილების მქონე რესპონდენტები, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, შიგნიდან დაკვირვებოდა აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებსა და შეიარაღებული კონფლიქტის წანამძღვრებს, ხაზგასმით აღნიშნავენ მაშინდელი ქართული სახალხო დიპლომატიის უძლურებას აგრესიული სეპარატიზმის, მესამე ძალის ზეწოლისა და ოფიციალური თბილისის მერყევი (აფხაზების მიმართ ხან ზედმეტად დამთმობი, ხან ზედმეტად უხეში და ქართველების მიმართ ცალსახად დამთრგუნველი და დისკრიმინაციული) პოლიტიკის წინაშე.
კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული და აფიშირებული სახალხო დიპლომატია ქართველებსა და აფხაზებს შორის ატარებდა ფორმალურ ხასიათს, ეფუძნებოდა ხალხთა შორის მეგობრობის, ურღვევი ერთობის და ძმური მძლე კავშირის საბჭოურ გაგებას და პოსტულატებს და ქმნიდა იდილიური, უპრობლემო თანაცხოვრების სურათს, რაც თავისი სიყალბით აღიზიანებდა როგორც აფხაზურ,ისე ქართულ მხარეს.
მაშინდელ სახალხო დიპლომატიას თავზე ადგა რუსეთის აჩრდილი, რომელიც მშვიდობისმოყვარის მანტიით ინიღბებოდა, მაგრამ ცალსახად იყო ორიენტირებული, ერთი მხრივ, „აფხაზთყლაპია“ ქართველების დათრგუნვაზე და საქართველოს ხელისუფლებისა და აფხაზეთის ქართული მოსახლეობის გადაქცევაზე ფეთქებადსაშიში აფხაზეთის პრობლემის მძევლად, მეორე მხრივ, აფხაზთა გაუცხოებაზე ქართველი თანამემამულეებისადმი და სეპარატისტული განწყობების გაძლიერებაზე.
სწორედ კრემლის პოლიტიკა იყო მიზეზი იმისა, რომ აფხაზების მიერ ოფიციალური თბილისის დამთმობი პოლიტიკა სეპარატისტული ძალების მიმართ აღიქმებოდა, როგორც შედეგი მოსკოვის ზეწოლისა და არა ხელისუფლების პასუხისმგებლობისა აფხაზ მოქალაქეთა თვითშეგნებისთვის, რაშიც იყო გარკვეული სიმართლე და ამით, თავის მხრივ, აღიზიანებდა ქართულ მოსახლეობასაც.
„როგორც ოფიციალურ პოლიტიკაში, ისე სახალხო დიპლომატიაში აღრეული იყო კონსენსუსი და მონური მორჩილება, სწორედ ეს იქცა კატალიზატორად 90-იანი წლების მოვლენებში, როცა აფხაზეთში რკინიგზის დასაცავად, სინამდვილეში, დამხობილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა დასათრგუნად შეყვანილ ჯარებს, რომელთაც არაფერი ესაქმებოდათ საკუთრივ აფხაზ მოსახლეობასთან, აფხაზები შეხვდნენ როგორც ოკუპანტებს, ხოლო ქართველების დიდი ნაწილი როგორც მხსნელ არმიას, რომელსაც ბოლო უნდა მოეღო ქართველების დისკრიმინაციისთვის აფხაზეთში. სწორედ აქ ამოხეთქა წლების მანძილზე დაგროვილმა პრობლემებმა, რომლებსაც თავის დროზე გვერდს უვლიდა ოფიციალური სახალხო დიპლომატია, არასახალხო სახალხო დიპლომატია, რუხის დიპლომატია [იგულისხმება ზუგდიდში, სოფელ რუხში ორგანიზებული აფხაზთა და ქართველთა მეგობრობის დღეები, რომელიც პერმანენტულად იმართებოდა ბოლო ათწლეულში საბჭოთა ტრადიციული ზეიმების სტილში]“, (ციტატა დისკუსიის მასალებიდან).
სახალხო დიპლომატიისადმი ფორმალური მიდგომის შედეგად მივიღეთ ის, რომ ერთობლივმა ფოლკლორულმა ფესტივალებმა და სოციალისტური ერთობის დემონსტრაციაზე ორიენტირებულმა ღონისძიებებმა ვერ გაანეიტრალა აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებული დაძაბულობა. დროულად და პირდაპირი დიალოგის ფორმატით არ იქნა განხილული ურთიერთპრეტენზიები, რეალურად არსებული თუ თითიდან გამოწოვილი პრობლემები, რამაც კონფლიქტის ესკალაციამდე მიგვიყვანა.
![]() |
9 8. სახალხო დიპლომატიის მიღწევები |
▲ზევით დაბრუნება |
1992-1993 წლების შემდეგ აგვისტოს ომამდე იყო აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების მეტ-ნაკლებად წარმატებული მცდელობები როგორც ოფიციალურ-სამთავრობო, ისე არაოფიციალურ დონეზე - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დიპლომატიაში ჩართულ მოქალაქეთა ჯგუფების მონაწილეობით. სახალხო დიპლომატია მართალია ნელა, მაგრამ აღმავალი ხაზით ვითარდებოდა. აფხაზ და ქართველ მოსახლეობას შორის პიროვნული კონტაქტები უფრო ინტენსიური გახდა, გარკვეული ძვრები გვქონდა პროფესიული თემების წარმომადგენლებს, კოლეგებს შორის საქმიან ურთიერთობებში, ტარდებოდა ორმხრივი შეხვედრები აფხაზ და ქართველ ანალიტიკოსებს, არაოფიციალურ პირებს, საზოგადოების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს შორის ნეიტრალურ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მედიაციით. შესაძლოა არა ძირეულად, მაგრამ ნაწილობრივ გადაფასდა ადრინდელი კონფრონტაციული დამოკიდებულებები ამ შეხვედრების მონაწილეთა და მათთან დაკავშირებული წრეების მიერ. ჩატარდა ერთობლივი კვლევები, განხორციელდა როგორც ნდობის აღდგენაზე, კონფლიქტის განმუხტვაზე, ისე ბიზნეს-ურთიერთობების დამყარებაზე მიმართული პარალელური და ერთობლივი პროექტები. გაჩნდა ქსელური მუშაობის გამოცდილება, ჩატარდა ერთობლივი კვლევები, დაინერგა სასწავლო პროგრამები სახალხო დიპლომატიაში ჩართვის მოსურნეთათვის, გაიზარდა ადამიანური და მატერიალური რესურსები სახალხო დიპლომატიის შემდგომი განვითარებისათვის. თუმცა, ამან ხელი ვერ შეუშალა კონფლიქტის ესკალაციას მესამე ძალის მიერ ინსპირირებული ომის სახით აფხაზეთსა და ოსეთში არსებული ნეგატიური განწყობების საფუძველზე, რაც შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც არა მარტო ოფიციალური დიპლომატიის მარცხი, არამედ, გარკვეულწილად,სახალხო დიპლომატიის სისუსტეც.
![]() |
10 9. სახალხო დიპლომატიის წარუმატებლობები/სისუსტეები |
▲ზევით დაბრუნება |
ქართველთა და აფხაზთა კონფლიქტში სახალხო დიპლომატიის სისუსტეს იმთავითვე განაპირობებდა რუსეთისა და აფხაზეთის მთავრობის მიერ დაწესებული ბარიერები და საქართველოს ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკა, ნიშანდებული სამშვიდობო და საომარი რიტორიკის მონაცვლეობით, ფორმალიზმი სახალხო დიპლომატიის მიმართ დამოკიდებულებაში, საერთაშორისო ორგანიზაციების ნაკლები ინტერესი დამატებითი აქტორების ჩართვისადმი კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ასევე, მოსახლეობის (ქართველებისა და აფხაზების) ნაწილის აგრესიულობა და მოუმზადებლობა სახალხო დიპლომატიისათვის.
რესპონდენტთა უმრავლესობა სახალხო დიპლომატიის წარუმატებლობას აფხაზურ-ქართული კონფლიქტის დარეგულირებაში ან/და უფრო მასშტაბური სამშვიდობო ინიციატივებისა და მისწრაფებების რეალიზაციაში ცალსახად აკავშირებს რუსეთის ნეგატიურ როლთან, ნაწილი - როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ბარიერების ერთობლიობასთან. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ არც საქართველოს ხელისუფლება ავლენს პოლიტიკურ ნებას და მზაობას სახალხო დიპლომატიის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც, ძირითადად, ვლინდება საკითხისადმი ფორმალურ მიდგომაში, „სახალხო დიპლომატიის ნიშის დათმობაში მხოლოდ მისი „რჩეული“ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის“. ხშირია მოსაზრებები, რომ ადეკვატურად ვერ/არ მოქმედებს ორივე მხარის სამოქალაქო საზოგადოება და სახალხო დიპლომატიის არსი დაჰყავთ მერკანტილურ ინტერესებზე, რითაც ახდენენ მისი ჭეშმარიტი დანიშნულების ნიველირებას, უარყოფითად განაწყობს მოსახლეობას ან ბადებს ეჭვს სახალხო დიპლომატიის რეალური ძალის მიმართ.
გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატიის სისუსტის განმსაზღვრელი ფაქტორია არა ხელისუფლების მიერ დაწესებული ბარიერები ან ნაკლები მხარდაჭერა, არამედ ობიექტური რეალობა. ხალხი და ხელისუფლება ამ თვალსაზრისით თანაბარ პირობებშია, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი საპირისპირო მხარისთვის მიუღებელია ზუსტად იმ ხარისხით, რა ხარისხითაც დიალოგი ქართველ ხალხთან. შესაბამისად,მთავრობას არა აქვს მექანიზმები, დიალოგზე გამოიწვიოს იგი ქართველი ხალხის ინტერესის იგნორირების გარეშე. „აფხაზები აპრიორი ითხოვენ მათი დამოუკიდებლობის აღიარებას, ამაზე კი ვერც ხალხი და ვერც ხელისუფლება, რომელსაც ტახტის შენარჩუნება სურს, ხალხის შიშით ვერ წავა. ესეც არ იყოს, საქართველოს ხელისუფლებაც ხალხის ნაწილია, პოლიტიკოსებიც ადამიანები არიან თავიანთი დამოკიდებულებებით ამ ურთულესი საკითხისადმი.“
სახალხო დიპლომატიის სისუსტის ერთ-ერთ მიზეზად რესპონდენტები (არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პედაგოგები) ასახელებენ იმას, რომ ნდობის აღდგენაზე ორიენტირებულ პროექტებში ყურადღება კონცენტრირებულია ორმხრივ შეხვედრებსა და თანამშრომლობაზე, ასევე, აფხაზური მხარის განწყობების შეცვლისაკენ მიმართულ ღონისძიებებზე და არა აფხაზეთიდან დევნილ და საზღვრისპირა ზონაში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე, მის მზაობაზე/მომზადებაზე დიალოგისა და კონსენსუსისთვის. და ეს მაშინ, როცა ნდობის აღდგენა ქართულ მოსახლეობაში არანაკლებ პრობლემურია, ვიდრე აფხაზურ მოსახლეობაში.
თუ ეს უკანასკნელი ნაწილობრივ პირადი დამოკიდებულებებიდან და, უპირატესად, სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დანერგილი კონიუნქტურიდან გამომდინარე, ღიად ავლენს კონფრონტაციულ და უკომპრომისო განწყობებს, ქართველთა ნაწილში უნდობლობა და კონფრონტაცია უფრო შეფარულ ხასიათს ატარებს. როგორც საომარი მოქმედებების პირობებში, ისე დევნილობის ოცი წლის მანძილზე განცდილი და გადატანილი უმძიმესი დანაკარგები და მისგან გამომდინარე ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ტოვებს ნიადაგს გულში დალექილი წყენის, ტკივილის შესაძლო გადაზრდისათვის კონფრონტაციულ დამოკიდებულებაში. ამიტომაც ამ ადამიანებისათვის აუცილებელია მუდმივი მხარდაჭერა კეთილგანწყობის, ტოლერანტობის, მიმღებლობის ხარისხის ამაღლებასა და მოთმინების უნარის შენარჩუნებაში იმ ხანგრძლივი დროის მანძილზე, რასაც მოითხოვს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის ამოცანა.
რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი საშიშროება ქართული მხრიდან აღარ არსებობს, რადგან ცალკე მწარე გამოცდილება (დევნილთა ფოკუს-ჯგუფი) და ცალკე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმართული მრავალწლიანი ძალისხმევა (არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია), ასევე, გარკვეულწილად, სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დეკლარირებული პოლიტიკა კონფლიქტის ზონაში დარჩენილი მოსახლეობის (აფხაზი მოსახლეობის) მიმართ (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები), ქვეყანაში ქმნის ისეთ გარემოს, როცა ადამიანებს განვითარებული აქვთ მორალური პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი უარყოფითი ემოციების მართვისთვის, თვითკონტროლისთვის და შინაგანი მზაობა პოზიტივის, კონსენსუსის ძიებისათვის.
ამდენად, თუ მიმღებლობის პრობლემებზე ვლაპარაკობთ, ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება აფხაზურ მხარეს, რომელიც, მრავალი ათეული წელია, გაუცხოებული და დისტანცირებულია ქართველებისაგან და იმყოფება სტერეოტიპების, ცრუ წარმოდგენების, კონიუნქტურული აზროვნების ტყვეობაში. შესაბამისად, სწორედ მათ სჭირდებათ დახმარება ამ სტერეოტიპების დაძლევასა და ღირებულებათა გადაფასებაში.
რესპონდენტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სახალხო-დიპლომატიური ურთიერთობები დღეს უპირატესად ვითარდება უშუალოდ ამ მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით, რომლებსაც, თავის მხრივ, ამის საშუალებას აძლევენ დონორი ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით რამეს აკეთებს, ეს არის მისდამი უკრიტიკოდ განწყობილი, ლოიალური არასამთავრობო ორგანიზაციების ეპიზოდური მხარდაჭერა. ამიტომ სახალხო-დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩართვის მოსურნე ადამიანები ორიენტირებულნი არიან ან მხოლოდ პოლიტიკოსებზე ან უცხოელ მეგობრებზე, რაც აფერხებს სახალხო-დიპლომატიურ ურთიერთობებში ჩართული ადამიანების წრის გაფართოებას.
სახალხო დიპლომატიის სისუსტეს განსაზღვრავს ნაკლოვანებები მედიასთან მუშაობაში, რომელსაც შეუძლია შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი კონფლიქტის ტრანსფორმაციაში მხარეთა ინფორმირებულობის, ინფორმაციის გაცვლითა და სიტუაციის კვალიფიციურად და მშვიდობისმოყვარის პოზიციიდან გაშუქების გზით. ამის საპირისპიროდ მას-მედიამ დიდი როლი შეასრულა კონფლიქტის გაღრმავებაში აგვისტოს ომისწინა პერიოდში, იშვიათად ჩანდა დადებითი ინფორმაცია ორი ხალხის ურთიერთობაზე, სახალხო დიპლომატიის მუშაობაზე. ტელევიზიით უპირატესად საომარი კადრები გადაიცემოდა.
უფრო მეტიც, სახელმწიფო მოხელეების თუ მწვავე „ნიუსებს“ დახარბებული სტუდიების შეკვეთით, თხზავდნენ და დგამდნენ სიუჟეტებს არარსებულ ფაქტებსა და შემთხვევებზე. ამ ყოველივეს კი ისე იღებდნენ ზუგდიდში, არც კი ფიქრდებოდნენ, რომ ამ ქუჩებსა და ხედებს ვერც აფხაზურ მხარეს და ვერც ადგილობრივ მოსახლეობას ვერ შეაპარებდნენ, როგორც გალში გადაღებულს. ასეთი სიუჟეტები ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ.
„სრულიად განსაკუთრებული საკითხია, როგორ აცივდება კამერა სახეში აფხაზებს, რომლებიც დახმარებისთვის, სამედიცინო იქნება ეს თუ სხვა, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და აგრესიულად განწყობილ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაფუჭების რისკის ფასად, იღებენ ამ გადაწყვეტილებას და არ სურთ მათი ეს ნაბიჯი მთელ ქვეყანას მოედოს. ეს აფრთხობს სხვა აფხაზებსაც, თორემ მიმოსვლა და ურთიერთდახმარება უფრო ინტენსიური იქნებოდა, მათაც ხომ უნდა გავუგოთ და დავზოგოთ და არ შევუქმნათ დამატებითი პრობლემები შინ დაბრუნების შემდეგ. რიგითი აფხაზები სწორედ ამის შიშით გაურბიან ჩვეულებრივ, ყოფითი სახის კონტაქტებს ქართველებთან, თუმცა, როგორც თავადაც არ მალავენ პირად საუბრებში, ამის დიდი სურვილი აქვთ. მით უმეტეს, გაურბიან ისინი საქმიან კონტაქტებს,“ რადგან საქმიანი შეხვედრები, მაგალითად, მცირე ბიზნესით დაკავშირებულ ადამიანებს შორის, თუ ზედმეტად გახმაურდა, ამ ბიზნესს ჩაშლით ემუქრება. ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მობილიზებული შეხვედრები სხვადასხვა პროფესიისა და საერთო საჭიროებების მქონე ადამიანებს შორის, საერთოდ არ იმალება, ვინაიდან არათუ სამთავრობო სტრუქტურები, თვით არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ორიენტირებული არიან საკუთარი დამსახურების აფიშირებაზე ისე, რომ არ ფიქრობენ, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ ამის გამო კონტაქტებზე წამოსულ აფხაზებს თავიანთი ხელისუფლებისა და აგრესიული სეპარატისტული წრეებისაგან.
პრობლემურია სახალხო დიპლომატიის აქტორებზე საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის საკითხიც. განსაკუთრებით რთულია შერეული ოჯახების ყოფა. მათ სურთ თავიანთ ნათესავებთან კონტაქტი, ეს კი არსებულ სიტუაციაში ძნელია, რადგან საზოგადოებრივი აზრი არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, კარგია თუ ცუდი აფხაზებთან კონტაქტი და კომპრომისები. ეს გაურკვევლობა სხვადასხვაგვარად, ზოგჯერ ძალზე მტკივნეულად ვლინდება აფხაზურ-ქართული შერეული ოჯახებისადმი არაჯანსაღ დამოკიდებულებაში - მათ ხან ეჭვის თვალით უყურებენ, ხან, პირიქით, ზედმეტს მოელიან მათგან და „აფხაზებთან საქმის გარჩევაში“ მთელ იმედებს მათზე ამყარებენ.
ეჭვიან დამოკიდებულებას არცთუ იშვიათად განიცდიან ორგანიზებული სახალხო დიპლომატიური ღონისძიებების ინიციატორებიც. ეს განპირობებულია იმით, რომ არ არის საკმარისი ინფორმაცია მათი პოზიციების შესახებ; მოსახლეობის ფართო წრეები არ არიან გარკვეულნი კონფლიქტოლოგიის საფუძვლებში და ერთმანეთისგან ვერ ასხვავებენ ეროვნული ინტერესების ღალატს და კომპრომისებს ეროვნული ინტერესების, კონსენსუსის სახელით. ამის მაგალითად სახელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ურთიერთსაპირისპირო, წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება პაატა ზაქარეიშვილის, გურამ ოდიშარიასა და ქართული სახალხო არაოფიციალური დიპლომატიის სხვა მეტ-ნაკლებად ცნობილ სახეთა მიმართ. ხშირად ეს ადამიანები წინ უსწრებენ ოფიციალურ დიპლომატიასა და სამთავრობო პოლიტიკას. სწორედ ამის გამო, მათი საქმიანობა გაუგებარია გაუთვითცნობიერებელი ადამიანებისათვის, რომლებიც „თავიანთ საათს მთავრობის საათის მიხედვით ასწორებენ“.
რესპონდენტები მიუთითებენ გარკვეულ საფრთხეებზეც, რომლებსაც სუბიექტურად თუ ობიექტურად განიცდიან აფხაზებთან კონტაქტების დამყარების შესაძლებლობის მქონე ქართველებიც. საზოგადოებაში არსებობს შიში, რომ თუკი პირი ზედმეტად შევა აფხაზთან ურთიერთობაში, გადავა საზღვრისპირა რეგიონში ან სახლში სტუმრად მიიღებს აფხაზს, ის შეიძლება სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადონ. არადა, ძალზედ ხშირია საზღვრისპირა რეგიონში გარკვეული ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება, საზოგადოების აზრით, შესაძლებელია პირადი კარგი ურთიერთობებით. ადამიანებს უჭირთ გაუგონ მათ, ვისაც უბრალოდ ენატრება აფხაზი ახლობლები და, მიუხედავად მათი არცთუ ღირსეული, ხშირად ქედმაღლური დამოკიდებულებისა, სიხარულით უღებს კარს ურთიერთობების დათბობის იმედით.
სახალხო დიპლომატია ორივე მხრიდან პატრიოტებმა უნდა აკეთონ. ეს არ არის საშიში, პირიქით, პატრიოტიზმი უბიძგებს ორივე მხარეს, აირჩიონ საუკეთესო გზა თავიანთი ხალხებისათვის. ეს გზა კი ურთიერთკომპრომისებზე, კონსენსუსზე და არა ოკუპანტთან თანამშრომლობასა და ეროვნული ინტერესების ღალატზე გადის.
გამოკითხულთა უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სახალხო დიპლომატიის წარმატებისათვის პირველ რიგში აუცილებელია ქართული მოსახლეობის სრული თავისუფლება აფხაზებთან კონტაქტებისთვის, შემაკავებელი ფაქტორების შესუსტება, პირველ რიგში, თვითცენზურისა და, მით უმეტეს, კოლაბორაციონიზმში უსაფუძვლო დადანაშაულების აჩრდილის მოსპობა ქართული მხარისათვის და კონფიდენციალობის გარანტიები აფხაზური მხარისთვის.
![]() |
11 10. სახალხო დიპლომატიის რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის წარმატების რესურსად რესპონდენტთა უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს იმას, რომ როგორც აფხაზების, ისე ქართველების ინტერესებში შედის მშვიდობა და სტაბილურობა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, გამოსვლა კრიზისიდან, რომელსაც დროში გაწელილი და გადაუჭრელი კონფლიქტი უქმნის მასში ჩართულ ადამიანებს ორივე მხარეს.
„აფხაზური სიბრძნე გვეუბნება: როცა ქარიშხლები ქრიან, ერთმანეთს ხეთა კენწეროები ეხლება, მაგრამ მიწის სიღრმეში გადახლართული ფესვებით ნებსით თუ უნებლიედ ამაგრებენ ერთმანეთს, რომ არ წაიქცნენ. როგორი მწვავე შეხლ-შემოხლაც არ უნდა გვქონდეს, ეს ყველაფერი ზედაპირულია. თავად აფხაზებიც გრძნობენ, ან ადრე თუ გვიან იგრძნობენ, რომ ამ ფესვების დაშორება ისე ვერ მოხდება, რომ ორივე მხარე არ წავიქცეთ. უნდა მივცეთ მათ საშუალება, კიდევ უფრო მძაფრად შეიგრძნონ ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივეს და, უპირველეს ყოვლისა, მათ წააქცევს ქარი, რადგან ქართულ ფესვებს, ასე თუ ისე, საერთაშორისო მხარდაჭერა გააძლებინებს რუსული ქარების შემოტევასა და რყევებში“.
ყველა რესპონდენტი ხაზს უსვამს აფხაზთა და ქართველთა მენტალურ მსგავსებასა და ოკუპანტის მენტალობისაგან განსხვავებულობას, როგორც ნიადაგს კონფლიქტის დარეგულირებისათვის.
„მიუხედავად ყველაფრისა, აფხაზები ქართველებს გულის სიღრმეში მაინც უფრო ახლობლებად თვლიან, ვიდრე რუსებს, თუმცა, ოფიციალურ ცენზურაზე არანაკლებ მათ მართავს თვითცენზურა. ისინი თავად არიან ქართველებისადმი, საქართველოსადმი დამოკიდებულებაში წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპების მძევლები,“ (ინტელიგენციის წარმომადგენელი)
შესაბამისად, რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის ძალისმიერი გზით დაბრუნების მცდელობაზე ფიქრიც კი ზედმეტია („ეს კარგად გვიჩვენა აგვისტოს ომმაც“), და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების დიდი კონცენტრაცია გამორიცხავს ამას, არამედ იმიტომ, რომ არ შეიძლება იმ სუსტი ძაფების გაწყვეტა, რომელიც აფხაზების ნაწილს ჯერ ისევ აკავშირებს საქართველოსთან, იქნება ეს პრაგმატული მოსაზრება, ნათესაური ურთიერთობები თუ უფრო ღრმად გაცნობიერებული, მაგრამ ხშირად არაღიარებული ეჭვი და შეგრძნება, რომ არჩევანში შეცდა „აფხაზები ვიწრო წრეში, მათთვის სანდო ქართველებში ხშირად წუხან მოვლენათა ამგვარი შემობრუნების გამო, თუმცა, იმაში, რაც მოხდა, ცალსახად ადანაშაულებენ ქართველებს, რომლებმაც ვერ გაუგეს მათ, გულთან ვერ მიიტანეს აფხაზთათვის სასიცოცხლო მისწრაფება დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ და რუსების ხელში ჩაყარეს ისინი. რაც უნდა მტკივნეული და პარადოქსული იყოს ეს ბრალდება, მასში ჩანს აფხაზთა წუხილი, რომ ქართველებმა, როგორც ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა, ვერ გაუგეს მათ და, თუ ამ სიახლოვის განცდას გამოვაცალკევებთ სხვა დანაშრევებისაგან, ჩნდება იმედი, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაცია არ არის გამორიცხული მათ მიერ ქართველების კონტრაუმენტების მოსმენისა და პოზიციების დაახლოების საფუძველზე“.
აფხაზებს აღელვებთ დემოგრაფიული სურათის მკვეთრი ცვლილება, „ახლა ბევრი ხედავს, რომ თუ ასე გაგრძელდა, სულ მალე აფხაზი სანთლით იქნება საძებარი აფხაზეთში მოზღვავებული უცხო ტომის ხალხებს შორის და ისე ჩაიკარგება „როგორც ყველი ღარიბულ ხაჭაპურში.“
„მე არა მაქვს ინფორმაცია, რას ფიქრობენ ამაზე აფხაზები, მაგრამ თუ ლოგიკას მივყვებით, არ შეიძლება აფხაზები კმაყოფილნი იყვნენ იმ პერსპექტივით, რომელსაც რუსული დემოგრაფიული ექსპანსია უქადის მათ. განა ქართველებს იმიტომ არ გვიპირისპირდებოდნენ, რომ თავს უმცირესობაში გრძნობდნენ და აფრთხობდათ თვითმყოფადობის დაკარგვის შიში?“
რესპონდენტთა აზრით, თვით დევნილთა დაბრუნებაც კი ადრე თუ გვიან მოიაზრება როგორც აფხაზების ინტერესებში შემავალი საკითხი, რაც უნდა სუსტად იყოს გამოხატული ეს აფხაზთა მიდგომებში დღეს. მხოლოდ დევნილთა დაბრუნება შეავსებს იმ სიცარიელეს, რომლის შევსებაც დღეს ხდება უცხო მენტალიტეტის ადამიანების - სომხების, რუსების და თვით გათურქებული აფხაზების მიერ (ინტელიგენციის წარმომადგენელი).
დევნილთა დაბრუნება პირდაპირ უკავშირდება აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებასაც, ვინაიდან „დღესაც კი მისი ეკონომიკა დგას გალში სტიქიურად დაბრუნებული ქართული მოსახლეობის მხრებზე.“
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულში აფხაზები თავიანთ იდენტობას უკავშირებდნენ არა ქართველებთან, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ნათესაობას, თუმცა, ახლა სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. ჩრდილოეთ კავკასიელთა თარეში მათ თანდათან უჩენს ნოსტალგიას ქართველების მიმართ. პირად საუბრებში უკვე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არათუ დსთ-ში, უფრო ლოკალურ კავკასიურ სივრცეშიც კი მათ ვერ იპოვეს ქართველთა ჩამნაცვლებელი საერთო მენტალიტეტის, საერთო ტრადიციების მატარებელი ხალხი და ეს გამოყენებულ უნდა იქნეს (ინტელიგენციის ფოკუს-ჯგუფი).
რაც უნდა ბევრი იყოს ლაპარაკი ქართველთა მხეცობაზე და - პირიქით, ერთმანეთისგან შექმნილი მტრის ხატები არ არის ურყევი და შეუვალი. უმრავლესობა, მიუხედავად პოზიციისა, ასახელებს ბევრ მაგალითს, რომელშიც ჩანს აფხაზის დადებითი ხატი და - პირიქით. ხოლო ის ფაქტი, რომ აფხაზებიცა და ქართველებიც ვიწრო წრეში ლაპარაკობენ ამ მაგალითებზე, მოწმობს იმას, რომ ორივე მხარე დაიღალა ხელოვნურად შექმნილი მტრის ხატის ზეწოლისაგან და არსებობს დადებითი ინფორმაციის მოთხოვნილება.
ამრიგად, ყველა რესპონდენტი ერთსულოვანია იმაში, რომ სახალხო დიპლომატიის მთავარი რესურსია აფხაზთა და ქართველთა კულტურების, ტრადიციებისა და ინტერესების ერთიანობა, მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება, მათი თვითმყოფადობისათვის საფრთხის შემცველი ძალის იდენტურობა, რასაც შეუძლია ითამაშოს დადებითი როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ურთიერთმისაღებ გადაწყვეტაში.
![]() |
12 11. რეგრესი სახალხო დიპლომატიაში აგვისტოს ომის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
აგვისტოს ომმა, სხვა შედეგებთან ერთად, მოიტანა მკვეთრი რეგრესი ისედაც სუსტ სახალხო დიპლომატიაში. კიდევ უფრო გართულდა არაოფიციალური დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. ერთგვარ ჩიხში მოექცა ორ მხარეს შორის ადრინდელი კონტაქტების გაგრძელების შესაძლებლობა.
ამას აქვს მრავლობითი მიზეზი: რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები ზღუდავენ ისედაც რთულ გადაადგილებას პირობით საზღვარზე. შემცირდა მიმოსვლა და კონტაქტები ადამიანებს შორის. გართულდა როგორც არაოფიციალური საქმიანი დიალოგი, ისე ყოფითი კონტაქტებიც კი აფხაზურ მხარესთან.
ოფიციალურ სოხუმს გაწყვეტილი აქვს საქართველოსთან ნებისმიერი სახის, მათ შორის, ოფიციალური დიალოგი, რომელიც მართალია უშედეგოდ, მაგრამ რაღაც სახით მაინც არსებობდა ომამდე და, რუსის ჯარის იმედით, იგი უფრო კატეგორიულია საქართველოსაგან თავისი დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნაში.
აფხაზი მოსახლეობის დიდი ნაწილიც მიიჩნევს, რომ ამ მომენტში ქართული მხარისაგან დისტანცირება მომგებიანია მათთვის და ყოფით დონეზეც კი ლაპარაკობს ულტიმატუმებითა და ნიშნის მოგებით.
უარყოფითი განწყობები გაძლიერებულია ქართულ მოსახლეობაშიც, რომელიც მიიჩნევს, რომ აფხაზებმა კიდევ ერთხელ უღალატეს მათ ამ ომში, და არათუ გულთან მიტანეს საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის უმძიმესი შედეგები (მსხვერპლი), არამედ დაუფარავად ზეიმობდნენ ამას, უფრო მეტიც, ისარგებლეს მომენტით და დამატებით მიიტაცეს ახალი ტერიტორია.
ბევრი თანხმდება, რომ ეს განწყობები დაძლეულ უნდა იქნეს, რადგან ქართული მხარის მისია და მიზანი უფრო დიდია, ვიდრე საკუთარი განწყობების ტყვეობაში ყოფნა. „ჩვენ მეტი უნდა მოვითმინოთ და დავთმოთ, ეს, პირველ რიგში, ჩვენთვის არის საჭირო.“ „ეს შეიძლება დამამცირებელი იყოს, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამად ღირს, ბოლოს და ბოლოს თავი შეიძლება იმით ვინუგეშოთ, რომ ამას ნაწილობრივ ვაკეთებთ თავად აფხაზებისთვის, ვინც შეიძლება დღეს ბოლომდე ვერ აცნობიერებდეს, რას უქადის რუსის ჯარის ყოფნა აფხაზეთში, მაგრამ დრო ჩვენთვის მუშაობს და აუცილებლად გაიზრდება ანტირუსული განწყობები აფხაზ მოსახლეობაშიც.“ (ინტელიგენციის მოსაზრება)
![]() |
13 12. დიპლომატიის ახალი რესურსები ოკუპაციის შემდეგ |
▲ზევით დაბრუნება |
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ უკანასკნელ ხანებში ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რეგიონში სამშვიდობო პროცესების დაჩქარება და ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა.
სახალხო დიპლომატიის, სამშვიდობო ინიციატივების აუცილებლობის მთავარ არგუმენტად უფრო ხშირად მოჰყავთ ის, რომ უკანასკნელ პერიოდში მკვეთრად გაიზარდა აფხაზეთის ტერიტორიაზე საოკუპაციო ჯარების ყოფნასთან დაკავშირებული ინციდენტები. სიახლე ის არის, რომ ამისგან ზარალდებიან არა მხოლოდ ქართველები, არამედ აფხაზებიც. მაგალითად, ამ შემოდგომაზე გალში რუსებსა და აფხაზებს შორის მომხდარ ღია შეტაკებებსა თუ სხვადასხვა ვითარებაში, რომლის პროვოცირება უბრალო აფხაზების და, გარკვეულწილად, დე-ფაქტო ხელისუფლებისა და აფხაზური მედიის მიერ ასევე რუსებს უკავშირდება, დაღუპულია ათამდე აფხაზი, მათ შორის აფხაზური პოლიციის და აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რაც დაკავშირებულია წილების გაყოფასთან. გარდა ამისა, რუსებთან დაპირისპირების შედეგად იღუპება მშვიდობიანი აფხაზი მოსახლეობაც, რომლებსაც რუსები გონორით ელაპარაკებიან და ავალდებულებენ, ხარკი გაიღონ მათთვის, როგორც თავისუფლების მომტანი ჯარებისათვის. აფხაზი დღეს ისევე უუფლებოა აფხაზეთში, როგორც იქ თავისი რისკის ფასად დაბრუნებული ქართველი. მათაც ტერორში ამყოფებენ და, თუ ასე გაგრძელდა (და უეჭველია, გაგრძელდება კიდეც), შესაძლებელია იკლოს თავად აფხაზთა წინააღმდეგობამ სამშვიდობო ძალების შეყვანისადმი, ხოლო უფრო შორეულ პერსპექტივაში გაჩნდეს პოზიტიური დამოკიდებულება ქართველთა დაბრუნებისა და, კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში, საქართველოს იურისდიქციაში აფხაზეთის დაბრუნების საკითხისადმი.
„პარადოქსია, მაგრამ დღეს, ერთი შეხედვით, ქართული მხარე ისე შორს არის აფხაზურისგან, როგორც არასდროს, მაგრამ, ამავე დროს, ისე ახლოს - როგორც არასდროს, რადგან აფხაზური მხარე თანდათან აცნობიერებს, რომ რუსების მიერ დაგებულ ხაფანგში მოექცა.“ (ციტატა დევნილთა ფოკუს-ჯგუფში გამოთქმული მოსაზრებიდან).
ამდენად, სახალხო დიპლომატიის განვითარების საფრთხეები ჩვენი მზაობისა და ნების შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს რესურსად სახალხო დიპლომატიის განვითარებისათვის.
თვითგადარჩენის ინსტიქტის გაღვიძებას ხელს შეუწყობს სხვა მომენტიც: „მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ აფხაზეთის ბუნებისადმი რუსების მომხმარებლურ დამოკიდებულებას და ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილებას. „ბევრ აფხაზს ქართველებზე არანაკლებ ადარდებს საფრთხე, რომელსაც აფხაზეთის ეკოლოგიას უქმნის სამხედრო პორტების მომრავლება, ნავთობის მოპოვებისა და ტრანსპორტირების თანმდევი საფრთხეები, აფხაზეთის მდინარეებისა და ზღვის სანაპიროს გადაქცევა ქვა-ღორღისა და ქვიშის ერთ დიდ კარიერად. პირად საუბრებში აფხაზები სულ უფრო ხშირად და დაუფარავად გამოთქვამენ წუხილს მოვლენათა ამგვარი შემობრუნების გამო.“
აფხაზ მოსახლეობას არ აწყობს დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დეკლარირებული ტერიტორიული პრეტენზიები და ზუგდიდთან და სხვა მოსაზღვრე რაიონებთან ურთიერთობების დაძაბვა. ბევრს არ მოსწონს, რომ მისი ხელისუფლება სულ უფრო მკაფიოდ და არაორაზროვნად გამოთქვამს ტერიტორიულ პრეტენზიებს ენგურისპირა სოფლებზე, რომლებიც ადმინისტრაციულად ეკუთვნის ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს, მაგრამ მდებარეობს ენგურის მარჯვენა სანაპიროზე და უშუალოდ ესაზღვრება აფხაზეთს (სერგეი ბაღაფშის ინტერვიუ გაზეთ „კომერსანტში“, სადაც იგი საუბრობს მითიურ ბუნებრივ საზღვარზე აფხაზეთსა და საქართველოს შორის ენგურის სახით და მოსაზღვრე ქართული მუნიციპალიტეტების მიერ მიტაცებულ ხუთკიხლომეტრიან ზოლზე ენგურის „აფხაზურ სანაპიროზე“).
აფხაზებმა იციან, რომ ასეთი ზრახვები და, მით უმეტეს, მცდელობა, გამოიწვევს საომარი მოქმედებების განახლებას, რაც ბევრ აფხაზ ოჯახს გამოაცლის საარსებო წყაროს და ქართული ბაზრით სარგებლობის შესაძლებლობას.
ყოველ შემთხვევაში, აფხაზ მოსახლეობაში ნელ-ნელა ღვივდება უკმაყოფილება მოვლენათა ასეთი შემობრუნების მიმართ. ეს განწყობები კი, შეიძლება განვიხილოთ, როგორც კიდევ ერთი, ჯერ ისევ სუსტი, მაგრამ მზარდი რესურსი სახალხო დიპლომატიის ამუშავებისათვის აფხაზ-ქართველთა ურთიერთობებში.
ფოკუს-ჯგუფების მონაწილეთა ერთი მცირე ნაწილი არ ეთანხმება ამგვარ ოპტიმიზმს და მიიჩნევს, რომ არ ღირს თავის მოტყუება აფხაზთა გამოფხიზლების ფუჭი მოლოდინით (თუნდაც გამოფხიზლდნენ, ამას რუსები არად დაგიდევენ). შესაბამისად, საქართველოს მთავრობამაც და ხალხმაც ისინი წინანდებურად უნდა განიხილოს როგორც სამშვიდობო მედიაციისადმი დაპირისპირებული ძალა და დასახოს ამ წინააღმდეგობის დაძლევის გზები.
საბოლოო ჯამში, ყველა რესპონდენტი თანხმდება იმაზე, რომ ახალ რეალიებში - საოკუპაციო ჯარების მძვინვარებისა და დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან გამკაცრებული კონტროლის პირობებში - სახალხო დიპლომატია შეიძლება საწყის ეტაპზე შემოიფარგლოს არააფიშირებული შეხვედრებით შერეულ ოჯახებს, ასევე, ერთი გვარის, მაგრამ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის, რაც ადრე თუ გვიან გადაიზრდება უფრო დიდ მასშტაბებში, თუ პროცესი სწორად წარიმართება და სათანადო ხელშეწყობაც იქნება. ამას უკვე ვეღარ შეაკავებს კონფრონტაციულად განწყობილი შიდა და გარე ძალებიდან მომდინარე შეზღუდვები თუ რეალიზებული მუქარა.
თავისებურად განიხილავს რამდენიმე რესპონდენტი დროის ფაქტორსაც. მათი აზრით, „არავითარი მოქმედება არ არის საჭირო - მოვა დრო, მოხდება მსოფლიო პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება ჩვენ სასარგებლოდ და აფხაზეთის პრობლემაც მოგვარდება.“ „დროა საჭირო იგივე რუსული ფაქტორის აღმოფხვრისა და მთავრობათა პოზიციების დაახლოება-დამსგავსებისათვის.“ „უნდა გავიდეს დრო, რომ გაიზარდოს ახალი თაობა, რომელიც სხვა თვალით შეხედავს ამ პრობლემას.“ „დროა საჭირო ისეთი სახელმწიფოს ფორმირებისა და ეკონომიკის განვითარებისათვის, რომ აფხაზებმა მოისურვონ ჩვენთან ცხოვრება.“ „მე მჯერა, რომ თუ შევეშვებით, თუ მოიხსნება მოლოდინი, რომ ქართველები ომით შეიჭრებიან აფხაზეთში, თუ აფხაზები თავს იგრძნობენ ქართველებისგან „გათავისუფლებულად“, მტრის ხატი შეიცვლება და მთელი მათი უარყოფითი ენერგია და წინააღმდეგობა გადავა რუსეთზე. ხოლო რადგანაც, ჩვენგან განსხვავებით, რუსებს ვერაფერს დააკლებენ, მხსნელის ძიებაში ისევ ქართველებს მოგვადგებიან. ამიტომ სახალხო დიპლომატიის ამოცანაა, შექმნას ისეთი განწყობა, რომ აფხაზმა არ ითაკილოს ქართველებისკენ შემობრუნება და არ დააყოვნოს ეს იმის შიშით, რომ ეს დამარცხების აღიარება იქნება. მათ უნდა გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ შევხვდებით არა როგორც დამარცხებულს, არამედ როგორც ძმას, ახლობელს და არ წამოვაძახებთ იმას, რაც იყო. პირიქით, ჩვენი მხრივ, თავადაც მოვინანიებთ ჩვენ წილ დანაშაულს ამ ყოვლად აბსურდულ მტრობაში.“
„არათუ იქაურ ქართველებს, აფხაზებსაც აქვთ გულის სიღრმეში ადრინდელი თანაცხოვრების ნოსტალგია. ეს ადრე თუ გვიან თავისას გააკეთებს, უბრალოდ, ზედმეტად არ უნდა გავაღიზიანოთ ისინი. ვაცალოთ, გონს მოვიდნენ და თავად ნახონ, როგორია ოკეანეში დახრჩობა და რამდენად არის ეს გუბეში დახრჩობაზე უკეთესი, და საერთოდ, რამდენად რეალური იყო ამ დილემის არსებობა.“
![]() |
14 13. კონფლიქტის გადაჭრის გზები - რა შევთავაზოთ აფხაზებს? |
▲ზევით დაბრუნება |
სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების, ორივე მხარის მოსახლეობისათვის ცხოვრების შემსუბუქების ერთ-ერთ გზად რესპოდენტების ნაწილი მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის თემატურ თანამშრომლობას მოწინააღმდეგესთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა გაერთიანება უეროვნებო კრიმინალებთან ბრძოლაში, გალსა და ზუგდიდს შორის სტიქიურად დაბრუნებულთა გადაადგილების უსაფრთხოება, შემხვედრი ნაბიჯები აფხაზი მოსახლეობის მისწრაფებისადმი, საქართველოში ეძებონ სამედიცინო დახმარება, ეძებონ კონტაქტები შესაძლო პარტნიორებთან თუნდაც წვრილი ვაჭრობის სფეროში, რადგან ეკონომიკური ინტერესები ხშირად ადამიანური ურთიერთობების აღდგენისაკენ უბიძგებს ქართველებისადმი გაუცხოებულ აფხაზ მოსახლეობას.
უნდა შეწყდეს რიტორიკა, შიდა მოხმარებაზე გათვლილი იდეოლოგია და შეურაცხმყოფელი განცხადებები.
საქართველო უნდა გახდეს აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტი და მიმზიდველი პარტნიორი.
უნდა გაუქმდეს ეკონომიკური ბლოკადა აფხაზეთზე და უნდა მოხდეს ეკონომიკის დეპოლიტიზაცია.
უარი უნდა ითქვას ეკონომიკურ და საინფორმაციო ბლოკადაზე, რადგან ამით ხელს ვუწყობთ აფხაზეთის უფრო აქტიურ ინტეგრაციას რუსეთთან.
ნებისმიერი ანალიზით დასტურდება, რომ აფხაზეთის საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია მისი უსაფრთხოება.
საქართველომ უნდა გადალახოს დამარცხებულის კომპლექსი და შეუქმნას აფხაზებს უსაფრთხოების იმაზე მეტი გარანტიები, ვიდრე ამის გაკეთება შეუძლია რუსეთს.
აფხაზებს ეშინიათ რუსეთის, მაგრამ ჩვენი უფრო ეშინიათ; როგორც კი მოვსპობთ აგრესიას აფხაზების მიმართ, მათთვის მაშინვე მცირდება რუსეთის ფუნქცია. დღესდღეობით კი, აფხაზებს მინიმალურ, მაგრამ მაინც გარკვეულ გარანტიებს სთავაზობს რუსეთი და არა ჩვენ.
ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, აფხაზურ მხარესთან იპოვოს ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის ისეთი გზები, რომლებიც უკეთესად შეგვასწავლის მათ ინტერესებს, საფრთხეებს და შიშებს.
ჩვენ მეტი უნდა დავთმოთ (მაგრამ ეს არ ნიშნავს ბოდიშებით ლაპარაკს), რადგან, ჩვენგან განსხვავებით, სწორედ რადიკალური სეპარატისტული ძალებისათვის არის ხელსაყრელი საქართველოსგან მეტად დისტანცირება როგორც დროში, ისე სივრცეში. ამიტომ დიდია საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორების ხელშეწყობის მნიშვნელობა, თუმცა, ვერც გაერო, ვერც ეუთო და ვერც ერთი სხვა კეთილმოსურნე ქვეყანა, ჩვენგან და აფხაზებისგან დამოუკიდებლად, ვერ განსაზღვრავს, სუვერენიტეტის კონკრეტულად რა ხარისხი შეიძლება შეესაბამებოდეს ორივე მხარის ინტერესებს. როცა მინიმუმზეა დასული აგრესია ჩვენი მხრიდან, აფხაზებს არგუმენტები უმცირდებათ თავიანთ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და ჩიხში ექცევიან.
საკმარისია უარვყოთ ძალისმიერი გზები და უცებ გამოჩნდება მრავალი სამშვიდობო ალტერნატივა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ აფხაზებს სურთ ევროპული ორიენტაცია, ჩვენ მათ ამაში უნდა დავეხმაროთ თუნდაც იმისთვის, რომ, როცა მათ არჩევანის საშუალება ექნებათ, სწორი არჩევანი გააკეთონ ევროპის სასარგებლოდ.
![]() |
15 14. სახალხო დიპლომატიის განვითარების ღონისძიებები პოტენციურ მონაწილეთა თვალით |
▲ზევით დაბრუნება |
რესპონდენტების აზრით, სახალხო დიპლომატიის სფეროს განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა:
სახალხო დიპლომატიის განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება სამოქალაქო საზოგადოების მიერ და მისი წარდგენა საქართველოს ხელისუფლებისათვის;
საქართველოს ხელისუფლების მიერ სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის რეალიზაციის პირობების შექმნა;
სახალხო დიპლომატიისა და ოფიციალური დიპლომატიის მოქმედების ორმხრივი კოორდინაცია და თანამშრომლობის გზებისა და მექანიზმების მოძიება; სახალხო დიპლომატიური პროცესის კოორდინაციის მექანიზმის შექმნა;
არაფორმალურ დიალოგის პირობების გაუმჯობესება და მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის მიერ, მეტი აქტიურობა და მათთვის სათანადო პირობების შექმნა სახალხო დიპლომატიურ პროცესებში ჩართვისათვის;
სახალხო დიპლომატიის აქტორთა მიერ მედიასთან თანამშრომლობის გაუმჯობესება, მჭიდრო სამუშაო კონტაქტების დამყარება მას-მედიასთან სახალხო დიპლომატიის მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და აფხაზურ მხარესთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით, პრინციპით „არ ავნო“;
პროექტებში ჩართული და შეხვედრების მონაწილე ადამიანების წრის გაფართოება უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანების რესურსის გამოყენებით; აღნიშნულ პროექტებში ახალი ძალების მოზიდვა;
შეხვედრებსა და პროექტებში ადამიანთა მონაწილეობის მოდელის გაუმჯობესება;
სახალხო დიპლომატიაში ჩართვის პოტენციალის მქონე ადამიანების დატრენინგება და ამ პროცესის მონაწილეთა შემდგომი სწავლების პროგრამების გაფართოება;
საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ძალისხმევა სახალხო დიპლომატიაში ჩართვის მოსურნე აფხაზი ადამიანების წინაშე მდგარი ბარიერების, პირველ რიგში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მომდინარე წინააღმდეგობების შემსუბუქებისათვის;
კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება კონტაქტების აღდგენისა და სახალხო დიპლომატიური პროცესის გაღრმავებისთვის.
შეხვედრების იდეას მხარს უბამენ ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი აზრით, დასაწყისში ერთმანეთს უნდა შეხვდნენ ჰომოგენური ჯგუფები (სტუდენტები - სტუდენტებს, შშმ პირები და მათი ოჯახები - შშმ პირებს და მათ ოჯახებს, ჟურნალისტები - ჟურნალისტებს, მედიკოსები - მედიკოსებს, არასამთავრობოები - არასამთავრობოებს და ა.შ.), ხოლო შემდეგ არაერთგვაროვანი ჯგუფებიც.
აუცილებელია სამეგრელოს მოსახლეობის ჩართულობა, რადგან, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ უფრო მყარია აფხაზებთან ეთნიკური სიახლოვის განცდა. იმავდროულად, შედარებით მეტია მისვლამოსვლის შესაძლებლობა, რასაც განაპირობებს როგორც ზუგდიდში განსახლებულ დევნილთა ოჯახების ცალკეული წევრების სტიქიური დაბრუნება და ცხოვრება გალის ტერიტორიაზე, ისე გეოგრაფიული სიახლოვე. ეს კი, დამატებითი ფაქტორია ძველი კავშირების შენარჩუნება-განახლებისა და გაგრძელებისათვის აფხაზებსა და ქართველებს შორის გალის ტერიტორიაზე შეხვედრებისა და ყოფითი ურთიერთობების ინტენსივობის პირობებში, მით უფრო, რომ უკანასკნელ ხანებში გახშირდა აფხაზი ეროვნების მოსახლეობის გადმოსვლა ზუგდიდის ტერიტორიაზე ბიზნეს-ინტერესებით და ქართველი ნათესავების მონახულების მიზნით. საზოგადოებაში ტოლერანტობის გაზრდისთვის კიდევ ერთი ხელსაყრელი ფაქტორია აფხაზური და შერეული ოჯახების ცხოვრება სამეგრელო-აფხაზეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე, თუმცა, ეს ფაქტორი დღემდე არ არის სათანადოდ გამოყენებული.
სახელდება, აგრეთვე, ერთობლივი ბიზნეს-გეგმების განხორციელება, სტუდენტების დაახლოება, საერთო კულტურული პროგრამების შექმნა და მათში მონაწილეობა როგორც ახალგაზრდა, ისე უფროსი თაობის ჩართულობით.
უნდა შეივსოს ინფორმაციული ვაკუუმი, ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ორივე მხარისათვის. ორივე ხალხმა უნდა იცოდეს ერთმანეთის დღევანდელი ცხოვრების შესახებ.
![]() |
16 15. ახალგაზრდობის როლი სახალხო დიპლომატიაში |
▲ზევით დაბრუნება |
რესპონდენტთა უმრავლესობა გამოთქვამს აფხაზებთან ადამიანური კონტაქტებისა და საქმიან შეხვედრებში მონაწილეობის სურვილს. ეს სურვილი განსაკუთრებით მძაფრია ახალგაზრდების მხრიდან. ბევრ მათგანს საერთოდ არ უნახავს აფხაზი და თუ ვინმეს ეკონტაქტება, ეს ხდება სოციალური ინტერნეტ-ქსელების მეშვეობით. რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ, რაც მეტი ახალგაზრდა გაიცნობს ერთმანეთს ორივე მხრიდან, მით ნაკლები იქნება უნდობლობა, შიში და სიძულვილი მათ შორის. სწორედ ამ მოსაზრებით დაისვა ახალგაზრდების ჯგუფის მხრიდან სახალხო დიპლომატიაში ორივე მხარის ახალგაზრდობის უფრო აქტიურად ჩართვის საკითხი, რასაც მეტ-ნაკლებად ეხებოდნენ ყველა სხვა ფოკუსჯგუფშიც.
განვლილმა ოცმა წელმა მნიშვნელოვნად შეცვალა აფხაზეთიდან დევნილთა და იქ დარჩენილთა ასაკობრივი შემადგენლობა.
თაობათა ცვლასთან ერთად, გაჩნდა ახალი, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივი/ურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ სიღრმისეულად ურთიერთდაკავშირებული ტენდენცია კონფლიქტის მხარეთა ურთიერთდამოკიდებულებაში. კერძოდ, წამოვიდა თაობა, რომელსაც, ერთი მხრივ, გაცილებით ნაკლებად ამძიმებს ომის მწარე მოგონებები, როგორც მუდმივი გამაღიზიანებელი ფაქტორი, რაც თავის თავში მოიცავს რესურსს კონფლიქტის გადაჭრის გზების გონივრულად აწონ-დაწონვისა და კონსენსუსისთვის. მეორე მხრივ, ამ თაობისთვის მხოლოდ უფროსებისგან არის ცნობილი პოზიტივი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, რადგან შესუსტებულია ან გაწყვეტილია ადრინდელი ნათესაური და კეთილმეზობლური კავშირები. შესაბამისად, ბუნებრივია, თანაცხოვრების გამოცდილება ვერ იქნება მათში ანტაგონისტური დამოკიდებულების შემაკავებელი ფაქტორი.
ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს რთული სოციალეკონომიკური პირობები, ომგადატანილი და არსებობისთვის ბრძოლაში გადაღლილი მშობლების სტრესული მდგომარეობა, თვითრეალიზაციის პირობებისა და საშუალებების სიმწირე და, მისგან გამომდინარე, უპერსპექტივობის განცდა, რაც არცთუ იშვიათად ბადებს მტრის ხატის ძიების მოთხოვნილებას, ამცირებს მათი ტოლერანტობის ხარისხსა და მზაობას ომის მიერ გათიშული მხარეების თანაცხოვრებისთვის დევნილთა დაბრუნების შემთხვევაში.
ეს პირობები თავის თავში მოიცავს პოზიტივის დომინაციისადმი საფრთხეს განწყობებსა და დამოკიდებულებებში, რადგან ომის შემდგომი ინციდენტების განგრძობითობა და მათი შედეგების უშუალო შეხება ამ ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების წევრების ცხოვრებასთან (ოჯახების გათიშულობა, გალში გადასული ახლობლების ყოფნა გამუდმებული რისკის ქვეშ, მათზე განხორციელებული პერმანენტული თავდასხმები, მორალური წნეხი და დისკრიმინაცია) ქმნის ნოყიერ ნიადაგს უარყოფითი ემოციების გაღვივებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ კონფლიქტის გამო ზუგდიდი, ფაქტობრივად, ჩიხშია და, ნაწილობრივ, დევნილთა მაღალი კონცენტრაციის გამოც, ახალგაზრდობა მეტ დაბრკოლებებს აწყდება ღირსეული ცხოვრების, თვითრეალიზაციის, დასაქმების პირობების, სტაბილურობისა და პერსპექტივის განცდის მიმართულებით. ეს კი ზრდის მათ აგრესიას ამ მდგომარეობის შექმნაში „მთავარი დამნაშავის“ - აფხაზების მიმართ.
ამგვარად, ორივე მხარის ინტერესებში შედის და აფხაზებმაც უნდა გაიცნობიერონ, რომ მსგავსი განწყობების გამძლავრებისა და პრევალირების პირობებში, ვერც ისინი იქნებიან მშვიდად, რაც უნდა მკაცრად აჟღარუნებდეს იარაღს რუსეთი და რაც უნდა ეკლიანი, თუნდაც დენგამტარი მავთულხლართებითა და ბეტონის კედლებით შემოღობოს აფხაზეთი.
იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ „ახალგაზრდების ნაწილს აღარ აქვს აფხაზეთის, როგორც მშობლიური მხარის განცდა, რადგან მისგან შორს გაიზარდნენ და დიდად არ ადარდებთ, დაბრუნდება თუ არა აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში. ამდენად, ეს, პირველ რიგში, ჩვენი, ქართველების პრობლემაა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ შევცვალოთ მსგავსი განწყობები, მაგრამ არა ომით, არამედ აფხაზეთში მშვიდობიანი გზით დაბრუნებითა და თანაცხოვრებისათვის მზაობით.
![]() |
17 ანოტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის შედეგების ანალიზი იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ სამეგრელოს მოსახლეობის დიდ ნაწილს მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვს აფხაზებთან სახალხო დიპლომატიის პრინციპებზე აგებული პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობა და განწყობილია ამ დიალოგში ჩართვისთვის.
შესაბამისად, აფხაზურ-ქართული სახალხო დიპლომატიის განახლება-განვითარების ხელშეწყობა აღიარებულია ერთ-ერთ პირველი რიგის საკითხად მხარეებს შორის ურთიერთობის დათბობისა და პერსპექტივაში კონფლიქტის განმუხტვისათვის, რამდენადაც კონფლიქტი თავისი არსით უფრო განგრძობადია, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების პროცესი და შეიძლება გაგრძელდეს და გაგრძელდება კიდეც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დევნილთა დაბრუნების შემდგომაც კი. „აფხაზეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში არ ნიშნავს კონფლიქტის ამოწურვას.“
რესპონდენტები სახალხო დიპლომატიის მთავარ ამოცანად განსაზღვრავენ ორივე მხარის მიერ მტრის ხატისა და სხვა სტერეოტიპების დაძლევის ხელშეწყობას, რაც უნდა მოხდეს ყველა დონე ზე - იქნება ეს ერთმანეთთან უშუალო შეხების მქონე ადამიანები, შერეული ოჯახები, სხვადასხვა პროფესიული ან პირადი ინტერესებითა და ემოციებით დაკავშირებული ვიწრო წრეები თუ უფრო მასშტაბური ქართულ-აფხაზური ურთიერთობები.
კონფლიქტის გადაჭრის ხელშეწყობის ყველაზე რეალიზებად და ხალხისათვის ხელმისაწვდომ გზად მათ მიაჩნიათ სახალხო დიპლომატიის გაშლა-განვითარება და მასში ჩართული ადამიანების წრის გაფართოება, რადგან სახალხო დიპლომატია ამზადებს ნიადაგს სამთავრობო დიპლომატიის წარმატებისთვის ან ავსებს მას.
რესპონდენტები ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ სახალხო დიპლომატიამ, პირველ რიგში, უნდა მოამზადოს საკუთარი საზოგადოება კომპრომისებისა და პოზიციების დაახლოებისთვის, მაგრამ არამც და არამც ერთი რომელიმე მხარის ულტიმატუმების დაკმაყოფილებისათვის.
რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსი ოკუპანტების უკონტროლო და აგრესიული მოქმედება აფხაზი მოსახლეობის მიმართ და აფხაზეთის შთანთქმაზე ორიენტირებული შეუნიღბავი პოლიტიკა, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის სახალხო დიპლომატიის განახლება-განვითარებას აფხაზებსა და ქართველებს შორის, მაგრამ ამავე დროს თავის თავში მოიცავს რესურსსა და სტიმულს სახალხო დიპლომატიისადმი აფხაზთა სასიცოცხლო ინტერესის აღძვრისათვის.
ამაზე განსაკუთრებით ამახვილებენ ყურადღებას გალიდან დევნილები, რომლებსაც ინტენსიური მიმოსვლა აქვთ გალსა და ზუგდიდს შორის. ისინი არა ვარაუდების, არამედ უშუალოდ აფხაზებთან შინაურული, კონფიდენციალური საუბრების საფუძველზე ამბობენ, რომ დღითიდღე მრავლდება იმ აფხაზთა რიცხვი, რომლებიც შეიძლება მოვიაზროთ სახალხო დიპლომატიაში პოტენციურ მონაწილეებად. მთავარია, ჩვენი ხალხი და, ცხადია, ჩვენი ხელისუფლებაც მზად იყოს მათთან საუბრისა და ურთიერთობისათვის.
ძალზე მნიშვნელოვანია ამ ტენდენციების გათვალისწინება სახალხო დიპლომატიის განვითარების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მთელ საქართველოში და, განსაკუთრებით, ზუგდიდსა და წალენჯიხაში, სადაც, დევნილთა მაღალი კონცენტრაციისა და კონფლიქტის ზონასთან უშუალო სიახლოვის გამო, კონფლიქტის აღქმა უფრო მწვავეა და, ნაწილობრივ, განსხვავებულიც პოზიტიურსა და ნეგატიურ განწყობებს შორის ბალანსის მხრივ.
რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად უნდა შეუწყოს ხელი მოსახლეობის გააქტიურებას ამ მიმართულებით და არსებული რესურსების ეფექტიან ამოქმედებას, შეიმუშაოს მწყობრი და და სამშვიდობო ინიციატივებზე გათვლილი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა სახალხო დიპლომატიის სტიმულირების გზებსა და ღონისძიებებს.
დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, რომელიც ამ ეტაპზე სათანადოდ ვერ ასრულებს როლს, რომელსაც უნდა ასრულებდეს სახალხო დიპლომატიის სტიმულირებასა და მისი მიღწევების პოპულარიზაციაში.
რესპონდენტები სახალხო დიპლომატიის პერსპექტივებს განიხილავენ ისეთ ღონისძიებებთან კონტექსტში, როგორიცაა:
სახალხო დიპლომატიის განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება სამოქალაქო საზოგადოების მიერ და მისი წარდგენა საქართველოს ხელისუფლებისათვის;
საქართველოს ხელისუფლების მიერ სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობის კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შემუშავებული სტრატეგიის რეალიზაციის პირობების შექმნა;
სახალხო დიპლომატიისა და ოფიციალური დიპლომატიის მოქმედების ორმხრივი კოორდინაცია და თანამშრომლობის გზებისა და მექანიზმების მოძიება; სახალხო დიპლომატიური პროცესის კოორდინაციის მექანიზმის შექმნა;
არაფორმალური დიალოგის პირობების გაუმჯობესება და მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის მიერ, მეტი აქტიურობა და მათთვის სათანადო პირობების შექმნა სახალხო დიპლომატიურ პროცესებში ჩართვისათვის;
სახალხო დიპლომატიის აქტორთა მიერ მედიასთან თანამშრომლობის გაუმჯობესება, მჭიდრო სამუშაო კონტაქტების დამყარება მას-მედიასთან სახალხო დიპლომატიის მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და აფხაზურ მხარესთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით, პრინციპით „არ ავნო“;
პროექტებში ჩართული და შეხვედრების მონაწილე ადამიანების წრის გაფართოება უკვე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანების რესურსის გამოყენებით; აღნიშნულ პროექტებში ახალი ძალების მოზიდვა;
შეხვედრებსა და პროექტებში ადამიანების მონაწილეობის მოდელის გაუმჯობესება;
სახალხო დიპლომატიაში ჩართვის პოტენციალის მქონე ადამიანების დატრენინგება და ამ პროცესის მონაწილეთა შემდგომი სწავლების პროგრამების გაფართოება;
საერთაშორისო ორგანიზაციების მეტი ძალისხმევა სახალხო დიპლომატიაში ჩართვის მოსურნე აფხაზი ადამიანების წინაშე მდგარი ბარიერების, პირველ რიგში, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მომდინარე წინააღმდეგობების შემსუბუქებისათვის;
კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და რეალიზება კონტაქტების აღდგენისა და სახალხო დიპლომატიური პროცესის გაღრმავებისთვის.
![]() |
18 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ის საქმიანობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი.
ასოციაციის მიზნებია:
იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება
იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა
საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება
სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა
Saferworld
უსაფრთხო მსოფლიოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კონფლიქტის პრევენცია და შემცირება; ასევე, უსაფრთხოების ერთობლივი მიდგომების შემუშავება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტური პოლიტიკის დამკვიდრებას ადვოკატირების, კვლევის და პოლიტიკის განვითარებით