The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში

ადამიანის უფლებები პოლიციის მოღვაწეობაში


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ტეილორი მარკ
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები
საავტორო უფლებები: აღნიშნული პუბლიკაციის დედანზე და მის ქართულ თარგმანზე საკუთრების უფლებას ფლობს ევროპის საბჭო: © Counsil of Europe
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სტრასბურგი, 2002 წლის მარტი : საინფ. ხასიათის ბროშურა - [თბ., 2004] - 72გვ. ; 24სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 21277] საინფორმაციო ხასიათის ბროშურა სტრასბურგი, 2002 წლის მარტი დამატებითი ინფორმაციის ან გამოცემების მოპოვების მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ: ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრს, ევროპის საბჭო მისამართი: Council of Europe F-67075 Strasbourg Cedex France ტელეფონი: +33 (0)3 88 41 20 24 ფაქსი: +33 (0)3 88 41 27 04 ელექტრონული ფოსტის მისამართი: Humanrights.info@coe.int პოლიციითა და ადამიანის უფლებებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, აგრეთვე, მიმართონ ევროპის საბჭოს ინტერნეტ-გვერდს შემდეგ მისამართზე: www.humanrights.coe.int/police



1 წინათქმა

▲ზევით დაბრუნება


ამ ბროშურის მომზადებისას ვეყრდნობოდით რალფ ქროშოუს კვლევით მუშაობას. ბ-ნი ქროშოუ ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ცენტრის საბჭოს წევრია. გარდა ამისა, იგი გაერთიანებულ სამეფოში, ესექსის პოლიციაში მუშაობდა მაღალ თანამდებობაზე.

ბიბლიოგრაფიულ წყაროდ გამოვიყენეთ მისი ბოლოდროინდელი ორი გამოცემა, რომლებიც პოლიციელთა მომზადების სფეროს ეხებოდა:

„ადამიანის უფლებები და პოლიცია - სახელმძღვანელო პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებისთვის“ (CI (98) 1), საინფორმაციო ცენტრი ადამიანის უფლებების სფეროში, ევროპის საბჭო, სტრასბურგი

„ადამიანის უფლებები და პოლიცია - საინფორმაციო ბროშურა პოლიციის მუშაობისთვის ადამიანის უფლებების მნიშვნელობის შესახებ” (CI (98) 2), საინფორმაციო ცენტრი ადამიანის უფლებების სფეროში, ევროპის საბჭო, სტრასბურგი

მარკ ტეილორი სტრასბურგში მცხოვრები თავისუფალი კონსულტანტი და მასწავლებელია, რომელიც, უმთავრესად, კულტურათაშორის და ადამიანების უფლებებთან დაკავშირებულ სფეროებში განათლების საკითხებზე და საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელობაზე მუშაობს.

ტექსტში გამოყენებული ილუსტრაციები მხატვარ ჯერალდ მენგანის შემოქმედებაა.

„პოლიციის პრაქტიკა და ადამიანის უფლებები - ევროპაში არსებული მდგომარეობა” ევროპის საბჭოს პროგრამის „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000” თხოვნით მომზადდა, რაც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებების სფეროში პოლიციის თანამშრომელთა შემდგომ განათლებას. ამ ბროშურის გამოქვეყნება ირლანდიის მთავრობის შემოწირულობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

ბროშურაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს, რომელიც ზემოთ მოხსენიებული პროგრამის მითითებების საფუძველზე მოქმედებს, და არ აკისრებს პასუხისმგებლობას ევროპის საბჭოს. ეს გამოცემა არ გულისხმობს მასში მოხსენიებული სამართლებრივი დოკუმენტების რაიმე ისეთ ოფიციალურ ინტერპრეტაციას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია წევრი სახელმწიფოების მთავრობებისთვის, ევროპის საბჭოს კანონიერი ორგანოებისა თუ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე ჩამოყალიბებული ნებისმიერი ორგანოსათვის რაიმე ვალდებულების დაკისრება.

წინამდებარე ბროშურა წარმოადგენს პროგრამის „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000” ფარგლებში შემუშავებული სასწავლო მასალის ნაწილს. სასწავლო მასალის დანარჩენი ნაწილებია:

1) „დისკუსიის წარმართვის ხერხები - სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის;”

2) საინფორმაციო ხასიათის ბროშურა პოლიციის თანამშრომელთათვის;

3) ბუკლეტი პოლიციის თანამშრომელთათვის;

4) სასწავლო ვიდეოფილმი „პოლიცია და ადამიანის უფლებები;”

5) სახელმძღვანელო გამოცდილი პროფესიონალებისათვის - „ხედვა, თანამედროვე მიდგომა და პროფესიონალიზმი პოლიციის მიერ ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობის აღკვეთის საქმეში”;

6) „პოლიციის სამსახური დემოკრატიულ საზოგადოებაში - არის თუ არა თქვენი ქვეყნის პოლიცია წამყვანი სამსახური ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით“.

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა დასამკვიდრებლად და დასაცავად სახელმწიფოები საერთაშორისო შეთანხმებებს დებენ. ეს შეთანხმებები შედის ეროვნულ კანონმდებლობაში, რომლის გატარება პოლიციის უმთავრესი მოვალეობაა. პოლიციის თანამშრომლებმა თითოეული ადამიანის უფლებები უნდა დაიცვან. ადამიანები არიან პოლიციის თანამშრომლებიც. უფლებები მათაც აქვთ. ერთი შეხედვით, ეს სრულიად გასაგები და მარტივია, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის.

მოდი, გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი პოლიციის ყოველდღიური ცხოვრებიდან: როდესაც პოლიციას ხშირად ძალზე შეზღუდული რესურსებით უწევს მუშაობა და მისგან მოითხოვენ, უზრუნველყოს იმ ადამიანების დაცვა, რომლებიც ამბობენ, რომ საფრთხე ემუქრებათ; როდესაც იმართება დიდი დემონსტრაცია და ისეთი პირი უჩანს, რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელი გახდება; როდესაც სისხლის სამართლის მნიშვნელოვანი საქმის გახსნასთან დაკავშირებით პოლიციაზე ზემდგომი უწყებებისა და საზოგადოებრივი აზრის მხრიდან დიდი ზეწოლა ხდება. ყველა ამ სიტუაციაში სულაც არ არის თავისთავად ცხადი, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები პოლიციის თანამშრომლებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება. მაგრამ დემოკრატიული საზოგადოების სამართლებრივი ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი გულისხმობს, რომ პოლიციის ყველა თანამშრომელმა უნდა იცოდეს, გააზრებული ჰქონდეს და შეეძლოს ადამიანის უფლებების სტანდარტების გამოყენება თავის ყოველდღიურ საქმიანობაში. როდესაც საქმიანობის პროცესში პოლიციის თანამშრომლები ეთიკური დილემების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სტანდარტების პატივისცემისა და დაცვის საჭიროების უკეთ გააზრება ხდება ის დამატებითი რესურსი, რომელსაც პოლიცია შეიძლება დაეყრდნოს.

ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელების დაწყებისას ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ საჭირო გამოცემათა უმრავლესობა ძალიან სპეციფიკური, იურიდიული ენით არის დაწერილი - ზოგჯერ ამ ტექსტებს მოძველებული და დღევანდელი დღისთვის შეუსაბამო სახე აქვს. სპეციალისტის დახმარების ან სპეციალური ცოდნის გარეშე ძნელია ამგვარი დოკუმენტების გაგება. ამ ბროშურის მომზადებისას ყველანაირად შევეცადეთ, გამოყენებული ტერმინოლოგიის ასახსნელად და განსამარტავად ნაცნობი სიტყვები გვეხმარა.

ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან და სტრუქტურებთან დაკავშირებული ზოგიერთი ძირითადი იდეისა და არგუმენტის მიმოხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, ყურადღება შეგვეჩერებინა რიგ კონკრეტულ მოვალეობებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება და როგორ არის საჭირო პოლიციის თანამშრომლების მიერ ამ მოვალეობების პრაქტიკულად განხორციელება. დავსახეთ სამომავლო მინიშნებებიც; იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოინდომებენ ამ თემის უფრო ღრმად შესწავლას, მითითებული გვაქვს ზოგიერთი წყარო და საკონტაქტო კოორდინატები.

3 1. საფუძვლები, თავი პირველი: ადამიანის უფლებები - რას წარმოადგენს ეს უფლებები? რა უდევს მათ საფუძვლად?

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებების რა და რა განსხვავებული კატეგორიები არსებობს?

აქვთ თუ არა ეს უფლებები პოლიციის თანამშრომლებს?

სრულყოფილ სამყაროში პოლიცია არ იქნებოდა საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენ არასრულყოფილ სამყაროში ვცხოვრობთ, გვიძნელდება თანაარსებობა და ამიტომ პოლიცია თანამედროვე საზოგადოების სრულიად აუცილებელი ნაწილია. პოლიცია გვჭირდება იმისათვის, რომ:

  • თავიდან აგვაცილოს და გამოავლინოს დანაშაული;

  • შეინარჩუნოს ან დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი;

  • დაეხმაროს ადამიანებს კრიტიკული მდგომარეობის დროს;

  • დაიცვას ადამიანის უფლებები.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ვეთანხმები თუ არა პოლიციის არსებობის ამ მიზეზებს? რაიმე მიზეზს ხომ არ დავუმატებდი?

პოლიციას თავისი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში, რადგან ის იცავს საზოგადოებრივ წესრიგს და ადამიანებს აძლევს თავიანთი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, პოლიცია იცავს კონკრეტულ უფლებებსაც, მაგალითად, ადამიანის უფლებას სიცოცხლეზე, რადგან თავიდან გვაცილებს და იძიებს ისეთ დანაშაულებს, რომლებიც ემუქრება ან ხელყოფს ამ უფლებას. გარდა ადამიანის უფლებების დასაცავად მიმართული რეალური ქმედებების განხორციელებისა, პოლიციას მოეთხოვება, საკუთარი მოვალეობების შესრულებისას პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

ერთი წუთით შევჩერდეთ! ჯერ ბროშურის ერთი-ორ გვერდს თუ გავეცანით და ორი სიტყვის: „ადამიანის“ და „უფლების“ - ერთობლიობა უკვე დაახლოებით ოცდაათჯერ შეგვხვდა! ჩვენ კი ჯერ არ დაგვიზუსტებია, რას ვგულისხმობთ ამ სიტყვებით.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რას გულისხმობს პირადად ჩემთვის ადამიანის უფლებები?

ადამიანის უფლებების საფუძველი - თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ღირსების პატივისცემა - მსოფლიოს უდიდეს რელიგიათა და ფილოსოფიურ მოძღვრებათა უმეტესობაში მოიძებნება. ადამიანის უფლებები არ არის ისეთი რამ, რასაც შეიძენ, დაიმსახურებ ან მემკვიდრეობით მიიღებ - მათ „ხელშეუხებელს“ უწოდებენ, ვინაიდან არც ერთ ადამიანს არა აქვს უფლება, წაართვას ისინი რაიმე მიზეზით მეორე ადამიანს. ეს ნიშნავს, რომ ისინი საერთოა ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად რასის, ფერის, სქესის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონების, წარმოშობის თუ სხვა სტატუსისა.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა უდევს საფუძვლად ადამიანის უფლებებს?

ადამიანის უფლებები, ძირითადად, ცალკეულ ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ეხება. ეს უფლებები აკონტროლებს და არეგულირებს ადამიანების მიმართ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებას, კერძო პირებს თავისუფლებას ანიჭებს სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში და სახელმწიფოებისგან მათ იურისდიქციაში მყოფ ადამიანთა ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებას მოითხოვს. უკეთესი გათვითცნობიერების მიზნით ეს უფლებები ასახულია საერთაშორისო ტექსტებში (ანუ დოკუმენტებში), რომლებთან დაკავშირებითაც სახელმწიფოებმა შეთანხმებას მიაღწიეს და რომლებშიც ჩამოყალიბებულია სტანდარტები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ამ დოკუმენტთაგან ყველაზე ცნობილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წელს მიღებული „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ზოგიერთს აღნიშნული დოკუმენტებიდან ძალიან გრძელი სახელწოდება აქვს, მაგრამ მიღებულია ამ სათაურების ოდნავ შემოკლება. ამ ბროშურაში ყველაზე ხშირად მოვიხსენიებთ ევროპის საბჭოს კონვენციას „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ - 1950 წელს ხელმოწერილი ეს დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ სახელით არის ცნობილი. 1950 წლიდან მოყოლებული, ცვალებადი ვითარებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, კონვენცია თერთმეტჯერ შესწორდა და განივრცო ეგრეთ წოდებული „პროტოკოლებით.“ ეს კონვენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის იურიდიულ ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფოებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას და მისი რატიფიცირება მოახდინეს - და თითქმის ყველა ამ ქვეყანაში იგი ეროვნულ კანონმდებლობაშია შეტანილი და მისი აღსრულება კანონის ძალით ხდება. ზემოთ მოხსენიებული, კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - გაერო-ს კონვენცია - წარმოადგენს პრინციპების თაობაზე განცხადებას, რომელიც ახლაც უდიდეს გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე. ბევრი იურისტი მოიშველიებს არგუმენტებს იმის სასარგებლოდ, რომ საერთაშორისო წესისა და პრაქტიკის მეშვეობით ეს კონვენციაც იურიდიული თვალსაზრისით სავალდებულო გახდა, ვინაიდან მრავალი ქვეყნის კონსტიტუციასა და სამართლებრივ პრაქტიკაშია გამოყენებული.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ერთმანეთისგან განსხვავებული რა და რა უფლების არსებობა გამიგია? რომელი მათგანი მიესადაგება პოლიციის საქმიანობას?

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ადამიანის უფლებები ყოველ ორ ათწლეულში ერთხელ განიცდიდა ევოლუციას, ამიტომ მართებული იქნებოდა, გვესაუბრა ულებების „თაობებზე“. თავდაპირველად ადამიანის უფლებები მიჩნეული იყო მთავრობების მიერ მოქალაქეთა ცხოვრებაში ჩაურევლობის შესახებ მოთხოვნად - ამის მიზანი იყო სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება. უფლებების ეს პირველი თაობა ცნობილია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სახელწოდებით. ეს უფლებებია: სიცოცხლის უფლება; უფლება, რომელიც გამორიცხავს ადამიანის წამებას და მის მიმართ ცუდად მოპყრობას; თავისუფლების უფლება; უფლება, რომელიც გულისხმობს შეხედულების, სინდისისა და სარწმუნოების თავისუფლებას; და ბოლოს, უფლება, რომელიც მშვიდობიანი თავშეყრის თავისუფლებას გულისხმობს. ეს ძირითადი უფლებებია და, როგორც დავინახავთ, უშუალო ზეგავლენას ახდენს პოლიციის საქმიანობაზე.

1960-იან წლებში წამოიჭრა მოსაზრება, რომ ადამიანის უფლებად უნდა იქნეს აღიარებული მთავრობების მხრიდან სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობის მიზნით პოზიტიური ჩარევის მოთხოვნებიც. უფლებების ამ მეორე თაობას ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები ეწოდა. ეს უფლებებია: სოციალური დაცვის უფლება; მუშაობის უფლება; განათლების უფლება; საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა სახით შეიძლება მიიღოს მონაწილეობა პოლიციამ ადამიანის ამგვარი უფლებების დაცვასა და პატივისცემაში?

პოლიციელები არ არიან სოციალური მუშაკები - ეს არ შედის მათი პასუხისმგებლობის სფეროში, მათ საამისოდ არც რესურსები აქვთ და არც მომზადებულები არიან. მაგრამ პოლიციელებს მუდმივი კონტაქტი აქვთ საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლებთან და ამიტომ შეიძლება გახდნენ პარტნიორები ყველა ადამიანისთვის უსაფრთხოებისა და დაცვის უზრუნველყოფის ერთობლივ მცდელობაში. პოლიციის ზოგიერთი სამსახურის ინიციატივები, რომლებიც მიმართულია სოციალური საკითხების წამოჭრის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებასთან რეგულარული შეხვედრების მოწყობისკენ, საზოგადოების ცხოვრების გაუმჯობესებაში პოლიციის მონაწილეობისა და დახმარების მაგალითებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. პოლიციის მნიშვნელოვან მოვალეობად შეიძლება ჩავთვალოთ ბავშვების უფლებათა დასაცავად და ოჯახებში ძალადობის აღსაკვეთად განსახორციელებელი ღონისძიებებიც. სულ უფრო მეტი აღიარება აქვს პოლიციის მოღვაწეობას ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. თუ უწინ ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ პოლიციელები უარს ამბობდნენ მათ მიერ „შინაურ“ ან „პირადი ურთიერთობების სფეროდ“ წოდებულ პრობლემებში ჩარევაზე, დღეს პოლიციის თანამშრომლებს საგანგებოდ ამზადებენ დაზარალებულზე ზრუნვისა და სისხლის სამართლის თავდასხმის საფუძველზე აგრესორის პასუხისგებაში გადაცემისათვის.

0x01 graphic

ასე რომ, უფლებების პირველი ორი თაობა ერთმანეთზეა დამოკიდებული; შეუძლებელია მათი ერთმანეთისგან განცალკევება, ვინაიდან ერთი მეორესთან არის გადაჯაჭვული. ამ თვალსაზრისით ადამიანის არც ერთი ცალკეული უფლება არ ითვლება სხვაზე მნიშვნელოვნად, თუმცა, ცხადია, ერთმა ან მეტმა უფლებამ სხვადასხვა ვითარებაში შეიძლება მეტი მნიშვნელობა შეიძინოს. უფლებების ორივე კატეგორიისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ჩარევა ან შეზღუდვა. და ეს უფლებები თითოეული ცალკეული ადამიანის უფლებებს წარმოადგენს.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ადამიანის უფლებათა რა კატეგორიები შეიძლება მიენიჭოს ადამიანთა ჯგუფებს?

სწორედ ეს არის ადამიანის უფლებათა მესამე თაობა. ჩვეულებრივ, მათკოლექტიურ უფლებებსუწოდებენ და, როგორც ამ სფეროში ნებისმიერი პროცესი, ისე მათი აღირებაც ხშირად მწვავე დისკუსიის საგანი ხდება. ეს უფლებებია სუფთა და განადგურებისგან დაცულ გარემოში ცხოვრების უფლება და პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების უფლება. ამ საკითხებთან დაკავშირებით რეგულარულად იმართება სხვადასხვა კამპანია და მხოლოდ რამდენიმე მათგანია შეტანილი საერთაშორისო შეთანხმებებში.

ჩვენს კონტინენტზე არსებული ვითარების გათვალისწინებით ევროპის საბჭომ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - 1994 წელს მიიღო ჩარჩო-კონვენცია ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით. კონვენცია არ აწესებს „კოლექტიურ უფლებებს“, მაგრამ ავალდებულებს სახელმწიფოს, მიიღოს ზომები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფოებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს კონვენციას და მისი რატიფიცირება მოახდინეს, იკისრეს ვალდებულება, მისცენ ეროვნულ უმცირესობებს შესაძლებლობა, შეინარჩუნონ თავიანთი ეროვნული რაობის არსებითი ელემენტები, სახელდობრ, თავიანთი სარწმუნოება, ენა, ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა. ურთიერთობა საზოგადოებაში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეიძლება ძალზე რთული იყოს, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის ორივე მხარეს დიდძალი დიპლომატია და ტაქტი მართებს. მაგრამ ევროპაში ისეთ ადგილებსაც მრავლად შეხვდებით, სადაც ამგვარმა ურთიერთობამ ვერ მოიკიდა ფეხი.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა როლი უნდა შეასულოს პოლიციამ საზოგადოებაშიეროვნული უმცირესობებისათუ დაუცველი ფენების დაცვაში?

მრავალ ქვეყანაში მიიღეს კანონები რასიზმის, რასისტული თავდასხმებისა და მუქარების წინააღმდეგ; ამ კანონების დანიშნულებაა ეთნიკურ უმცირესობათა ღირსების დაცვა და უზრუნველყოფა. პოლიციის თანამშრომლებმა ეს კანონები ზუსტად ისევე უნდა დაიცვან, როგორც სხვა კანონებს იცავენ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელების სიტყვები და საქციელი თვალშისაცემად ანტირასისტული იყოს და რომ პოლიციელებმა თავიანთი მოვალეობები კულტურული და დელიკატური ფორმით შეასრულონ. ევროკომისიის მუშაობაში რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით) ცენტრალური ადგილი დაეთმო პოლიციის თანამშრომელთა მომზადებას ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებთან ურთიერთობის საკითხებში.

კიდევ ერთხელ შევჩერდეთ! ამ ბროშურაში უამრავი ისეთი კითხვა დაისვა, რომელიც ეხება პოლიციის მოვალეობას, პატივი სცეს და დაიცვას სხვა ადამიანთა უფლებები, მაგრამ არაფერი თქმულა თავად პოლიციის თანამშრომელთა უფლებებზე.

პოლიციის თითოეული თანამშრომელი - როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ქალი თუ კაცი - იმავე უფლებებით სარგებლობს, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი; ეს უფლებები ზუსტად ისეთივე და ზუსტად ისეთი ხელშეუხებელია, როგორც სხვა ადამიანთა უფლებები. მაგრამ ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული (რომ არ გვეთქვა სულელური) იქნებოდა, შეგვეცადა, დაგვეფარა ის ფაქტი, რომ პოლიციის თანამშრომლებს ძალზე განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში. ურთიერთობა მათსა და სახელმწიფოს შორის პრივილეგირებულია, რასაც საფუძვლად უდევს პოლიციის არსებობის განმსაზღვრელი მიზეზები, რომლებზეც ამ თავის დასაწყისში ვისაუბრეთ. როდესაც სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ყურადღება მიაქციოს ადამიანის უფლებათა პატივისცემას და დაცვას, ხშირად ის პოლიციას აკისრებს ამის უზრუნველყოფას. გაერო-ც და ევროპის საბჭოც სერიოზულ ხელმძღვანელობას უწევენ დეტალური სტანდარტების შემუშავებას, რათა დაეხმარონ პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებს სხვა ადამიანების დაცვის პროცესში საკუთარი თავის დაცვაში. იგულისხმება გაერო-ს „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ქცევის წესები“ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმავე შინაარსის დოკუმენტი - „დეკლარაცია პოლიციის შესახებ“ (ორივე დოკუმენტი სრულად არის მოყვანილი 1-ლ და მე-2 დანართებში. გარდა ამისა, მე-3 დანართში შეგიძლიათ იხილოთ არასამთავრობო ორგანიზაციის - „ემნესთი ინთერნეშნლის“ - მიერ რეკომენდებული ადამიანის ძირითად უფლებებთან დაკავშირებული სტანდარტები). მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ევროპაში არ არსებობს იურიდიული თვალსაზრისით სავალდებულო დოკუმენტი პოლიციის თანამშრომელთათვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, პოლიციის ხელმძღვანელმა უწყებებმა პოლიციის მუშაობის სტანდარტების ჩამოყალიბებისას დეკლარაცია გამოიყენეს. ასე რომ, მივიღეთ გარკვეული სტანდარტები, რომლებიც საპარლამენტო ასამბლეამ საკმარისად მნიშვნელოვნად მიიჩნია საიმისოდ, რომ მოეთხოვა მათი „საჯაროდ მაქსიმალური გავრცელება“. დეკლარაციაში საკმაოდ ზუსტად არის განსაზღვრული არა მარტო „პოლიციის თანამშრომლების“ (ისინი დეკლარაციაში ასე მოიხსენიებიან) მოვალეობები, არამედ ის პირობებიც, რომლებშიც პოლიციამ უნდა იმუშაოს. ჩამოვთვლით ზოგიერთ მაგალითს:

1. დეკლარაცია მოუწოდებს პოლიციის თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ ბრძანებებს, როდესაც მათ იციან, რომ ეს ბრძანებები უკანონოა (ა/3 და ა/4) და თავიდან აცილებს მათ ამგვარად მოქცევისთვის დასჯას (ა/7).

2. დეკლარაციის შესრულება პოლიციის თანამშრომლისთვის საზოგადოების მხრიდან აქტიურ მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს (ა/16).

3. პოლიციის თანამშრომლებმა უნდა მიიღონ საფუძვლიანი მომზადება, მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები (ბ/4) და მნიშვნელოვანი ანაზღაურება (ბ/5).

პოლიციისთვის ხელმძღვანელობის გაწევის კიდევ ერთი ფორმაა ევროპის საბჭოს იურიდიულ საკითხთა გენერალური დირექტორატის მიერ მომზადებული „პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსი“.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: დამარწმუნა თუ არა ყველაფერმა ზემოთქმულმა? კიდევ რა სახის ინფორმაცია უნდა მივიღო, რომ დავინახო, სინამდვილეში როგორ მოქმედებს ყოველივე ეს?

4 2. საფუძვლები, თავი მეორე: კანონის აღსრულების მექანიზმები, დარღვევები, პოლიციის კარგი მუშაობა, „დამსმენები“

▲ზევით დაბრუნება


შეეკითხეთ საკუთარ თავს: რატომ აკეთებენ ადამიანები იმას, რასაც აკეთებენ?

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი აზრით, რატომ კისრულობენ სახელმწიფოები ვალდებულებას, დაიცვან ადამიანის უფლებები?

ადამიანები რაღაცას იმიტომ აკეთებენ, რომ უნდათ ამის გაკეთება, ანდა იმიტომ, რომ ყველა სხვა ასე აკეთებს, ანდა კიდევ მათ ეუბნებიან, რომ ასე უნდა გააკეთონ, ან ეშინიათ იმის, თუ რა მოხდება, ასე რომ არ გააკეთონ. გარკვეულწილად სახელმწიფოებიც მათ ჰგვანან. ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებას ისინი იმიტომ კისრულობენ, რომ სერიოზულად უნდათ სტანდარტების დამკვიდრება, ანდა იმიტომ, რომ სჯერათ ამის საჭიროება საერთაშორისო საზოგადოების მიერ მათი აღიარებისთვის, ანდა კიდევ იმიტომ, რომ აღელვებთ ქვეყნის გარედან გარკვეული სანქციების დაკისრების საშიშროება. რასაკვირველია, შესაძლებელია, არსებობდეს ყველა ამ მიზეზის ერთობლიობა და კიდევ სხვა მიზეზებიც ემატებოდეს.

საერთაშორისო შეთანხმებაზე ხელის მოწერა სახელმწიფოს მეთაურის (ან რომელიმე მისი წარმომადგენლის) მხრიდან შეთანხმებასთან დაკავშირებით ლოიალურობის მაჩვენებელი ჟესტია. მაგრამ ქვეყნის კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილი ეს შეთანხმება მხოლოდ მას შემდეგ გახდება, თუ მოხდება მისი რატიფიცირება - ეს კი, ჩვეულებრივ, ნიშნავს, რომ ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს შეთანხმების ხელმოწერა, შემდეგ კი მიიღოს ქვეყნის კანონმდებლობაში მის შესატანად აუცილებელი ზომები.

როგორი თავდაპირველი მოტივაციაც არ უნდა ედოს საფუძვლად, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების აღება სერიოზული ნაბიჯია, რომელსაც სერიოზული შედეგები მოჰყვება. სახელმწიფოს მოუწევს უზრუნველყოს, რომ მისი იურისდიქციის ფარგლებში მყოფ მოქალაქეებს ჰქონდეთ ეს უფლებები, ანდა პასუხი უნდა აგოს.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა სახის პასუხისმგებლობა იგულისხმება? ფინანსური? რეპუტაცია?

დეკლარაციებსა და შეთანხმებებს აზრი ეკარგებათ, თუ მათ რეალური ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლიათ იმ საკითხზე, რომელსაც ეხებიან. მსგავსი დეკლარაციები და შეთანხმებები ევროპის საბჭოსაც კი აქვს. მათ შესახებ არავის სმენია და ძალიან ცოტა სახელმწიფოს თუ მოუწერია მათზე ხელი, რომ არაფერი ვთქვათ რატიფიცირებაზე. ამას ვერ დასწამებ გაერო-ს დეკლარაციას ანდა ევროპის საბჭოს კონვენციას ადამიანის უფლებების შესახებ. ამ ორმა დოკუმენტმა უაღრესად ქმედითი როლი შეასრულა ადამიანის უფლებების სფეროში კულტურის დასამკვიდრებლად - მათ ზეგავლენას ნათლად დავინახავთ და ვიგრძნობთ მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ რეგიონულ და ეროვნულ ქარტიებში.

თუ სახელმწიფო ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ახდენს მის რატიფიცირებას, იგი ვალდებულია, ყურადღება მიაქციოს კონვენციის დებულებების ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანას. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? ადამიანმა, რომელიც აცხადებს, რომ მისი უფლებები დაირღვა [ეს არის ტექნიკური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ადამიანის უფლებებს არ ეკიდებიან პატივისცემით], უნდა სცადოს, რომ მისი საქმე ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში იქნეს განხილული. მაგრამ თუ სასამართლოები - ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს ჩათვლით - დაადგენენ, რომ დაზარალებულის პრეტენზია უსაფუძვლოა, შესაძლებელი ხდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა. თითოეულ განაცხადს განიხილავს სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, ხვდება თუ არა ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში. ეს არ არის გადაწყვეტილება საქმის თვისებებთან დაკავშირებით - მისი დანიშნულებაა, თავიდან იქნეს აცილებული რესურსებისა და დროის უქმად დახარჯვა ისეთ საქმეებზე, რომლებიც არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში. თუ გადაწყდა, რომ საქმე შეიძლება მიღებული იქნეს, სასამართლო პალატის შვიდი წევრი შეუდგება მუშაობას ფაქტების დასადგენად და იმის გასარკვევად, ხომ არ არის შესაძლებელი საქმის „მეგობრული გადაწყვეტა“. ეს ნიშნავს, რომ დაზარალებულს და სახელმწიფოს მოუწოდებენ, შეთანხმდნენ პრობლემის საერთო მოგვარებაზე - ამგვარი შეთანხმების შედეგად სახელმწიფომ დაზარალებულს შეიძლება გადაუხადოს კომპენსაცია ანდა ორივე მხარე შეიძლება შეთანხმდეს საქმის გაწვევაზე. თუ მეგობრული შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება, სასამართლო პალატას გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება, რომელსაც ორივე მხარე უნდა დაემორჩილოს. გამონაკლის შემთხვევაში საქმე შეიძლება განიხილოს 17 მოსამართლისგან შემდგარმა დიდმა პალატამ, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ საჭიროა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციასა და მისადაგებასთან დაკავშირებული სერიოზული საკითხის გადაჭრა.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: მეყოფოდა გამბედაობა ან მიზანმიმართულობა, ეს ყველაფერი რომ გამევლო?

იმ ადამიანთა უმრავლესობას, რომლებიც ასე შორს წასვლას მოახერხებენ, ცხადია, ამის გაკეთება იმიტომ შეუძლიათ, რომ მათ ადამიანის უფლებებზე მომუშავე ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია უწევს დახმარებას. ამას მნიშვნელოვანი ენერგია, გამძლეობა და ფინანსური სახსრებიც სჭირდება, რადგან აღნიშნული პროცედურები საკმაოდ დიდ დროს საჭიროებს - ზოგიერთი საქმე წლობით გაჭიანურებულა, სანამ ის განუხილავთ. მიმართვების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით მოხდა მთელი სისტემის რეორგანიზება და 1998 წლის ნოემბერში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 პროტოკოლის ძალაში შესვლის შედეგად ევროპული სასამართლო დღეს სრული დატვირთვით მუშაობს და პროცედურებიც გამარტივებულია.

ადამიანის უფლებათა დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირთათვის არსებული პროცედურების განხილვის შემდეგ ყურადღებას მივაპყრობთ პოლიციასა და აღნიშნულ დარღვევებს შორის ურთიერთკავშირს. მსოფლიოს ენების უმეტესობაში არსებობს გამოთქმა „ახალი ამბების უქონლობა თავად კარგი ამბავია“.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: მინახავს როდისმე, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში პოლიცია სათანადოდ იყოს წარმოჩენილი?

ჩვენს გაზეთებსა თუ ტელევიზიაში იშვიათად თუ შეხვდებით სიუჟეტებს, რომლებშიც მოთხრობილია პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობა, მიმართული ადამიანის უფლებების დასაცავად. ალბათ არც ასეთი სათაურები შეგხვედრიათ: „თავშესაფრის მაძიებელი პირი მადლობას უხდის პოლიციის თანამშრომლებს მათი კეთილი დამოკიდებულებისთვის, ეფექტიანი მუშაობისა და დახმარებისთვის“ ანდა „უსახლკარო ადამიანებს პოლიციის კამერებში დაძინების ნება დართეს, ვინაიდან ტემპერატურა -200C-მდე დაეცა.“ მაგრამ ასეთი ფაქტები ხდება! სამწუხაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში შეინიშნება ტენდენცია, ყურადღება უფრო ისეთ ფაქტებზე გამახვილდეს, როდესაც რაღაც ცუდი ხდება და ვინმე უნდა დაისაჯოს. სწორედ ამას უკავშირდება ერთ-ერთი სირთულე, რომელიც ზოგიერთ პოლიციელს წარმოექმნება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ სტანდარტებთან და კანონებთან მიმართებაში. ისინი გრძნობენ, რომ ყველაფერი, რაც კი პოლიციას ეხება, ისეა ჩამოყალიბებული, თითქოსდა პოლიციის თანამშრომლები ყოველთვის შეგნებულად არღვევდნენ კანონს, უკრძალავდნენ მოქალაქეებს ისეთ რაღაცეებს, რისი გაკეთების უფლებაც მათ აქვთ. თუმცა, ამავე დროს, პოლიციის თანამშრომლებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები და ტერორისტები უფრო მეტად არიან დაცულნი, ვიდრე პოლიცია თავის საქმიანობაში. მაგრამ მათ ერთი უმთავრესი რამ ავიწყდებათ: ადამიანის უფლებების სფეროში არსებული კანონმდებლობა გულისხმობს სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან ყველა ადამიანის დაცვის უზრუნველყოფას. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ ადამიანის უფლების შელახვა დარღვევის ის კატეგორიაა, რომელიც შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ ისეთმა პირმა, სახელმწიფოს სახელით მოქმედების უფლება რომ აქვს მინიჭებული. სისხლის სამართლის დამნაშავესა თუ ტერორისტს არა აქვს ასეთი უფლება. პოლიცია მოწოდებულია, დაიცვას კანონის შესრულება, ეს კი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის (რომლის შესრულების ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს ნაკისრი) შესრულებასაც გულისხმობს.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად ვეთანხმები ამ არგუმენტს?

განვიხილოთ ორი შესაძლო საქციელი, რომელსაც ერთი და იგივე ადამიანები ჩადიან. თუ მორიგე პოლიციელი, აღიარების გამოძალვის მიზნით, დაკითხვის პროცესში სცემს დანაშაულში ეჭვმიტანილს, ეს იქნება დანაშაული (თავდასხმა) და ადამიანის უფლების (უფლებისა, რომელიც კრძალავს ადამიანის მიმართ ცუდად მოპყრობას) დარღვევა. თუ იგივე პოლიციელი არ არის მორიგე, კერძო პირის სახით ჩაერთვება კამათში და ამის შედეგად სცემს მეორე ადამიანს, ეს იქნება სისხლის სამართლის თავდასხმა, მაგრამ არ იქნება ადამიანის უფლების დარღვევა. პოლიციის თანამშრომელი ორივე შემთხვევაში კანონის ძალით უნდა დაისაჯოს დანაშაულის ჩადენისათვის, მაგრამ პირველ მაგალითში ადამიანის უფლების დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირს უფლება ექნება, სახელმწიფოს მხრიდან დაკმაყოფილება ან კომპენსაცია მიიღოს, ვინაიდან სახელმწიფოს აკისრია ადამიანის უფლების დაცვის სამართლებრივი ვალდებულება.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: მსმენია რაიმე მსგავსი შემთხვევების შესახებ? რას ვფიქრობ ამაზე?

პოლიციელებს კანონი აძლევს უფლებას, გამოიყენონ ძალა, ატარონ იარაღი, დააკავონ და დააპატიმრონ ადამიანები, გაჩხრიკონ ადამიანები, ავტომანქანები და შენობები. ეს ის არსებითი უფლებებია, რომელთა საშუალებითაც პოლიციელები ასრულებენ თავიანთ ფუნქციებსა და მოვალეობებს. და ეს უფლებები ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით სხვადასხვანაირად არის შეზღუდული. შეზღუდულია ადამიანის ზოგიერთი უფლებაც, რათა მოხერხდეს სხვა უფლებების დაცვა ან პოლიციისთვის დახმარების გაწევა საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებასა თუ დანაშაულის თავიდან აცილებაში. მოგვიანებით, როდესაც მომდევნო თავებში სხვადასხვა უფლებას განვიხილავთ, უფრო დაწვრილებით შევეხებით კონკრეტულ შეზღუდვებს, თუმცა, ამ საკითხის ილუსტრირების მიზნით, შეგვიძლია აღვნიშნოთ თავისუფლების უფლება - ძირითადი და მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც ყველა ადამიანს აქვს. მაგრამ ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს კანონით განსაზღვრულ ზოგიერთ შემთხვევაში - მაგალითად, პოლიციელები უფლებამოსილნი არიან, აღუკვეთონ ადამიანებს თავისუფლება (დაპატიმრების მეშვეობით), თუკი ეს ადამიანები დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი, ანდა თუ საჭიროა, ხელი შეუშალონ მათ დანაშაულის ჩადენაში. მაგრამ საჭიროა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი უფლება არანაირ შეზღუდვას არ ექვემდებარება; უფლება, რომელიც კრძალავს ადამიანის წამებას, აბსოლუტურია ყველანაირ გარემოებაში, ომის დროსაც კი.

სამუშაო პროცედურები, წესები და მითითებები, აგრეთვე, პოლიციაში დამკვიდრებული სხვა სისტემები, რომლებიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზეა დამყარებული, არწმუნებს პოლიციის ცალკეულ თანამშრომლებს, რომ ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ; და თავიანთ საქმეს პროფესიონალურად და კანონიერად აკეთებენ. არავის არაფერში გამოადგება (გარდა დამნაშავეებისა), თუ საქმე არასწორად იქნება წარმოჩენილი იმის გამო, რომ გამომძიებელი სამსახურები მტკიცებულების მოსაპოვებლად უკანონო მეთოდებს იყენებდნენ.

0x01 graphic

შეეკითხეთ საკუთარ თავს: არსებობს თუ არა ისეთი სიტუაციები, როდესაც პოლიციის თანამშრომელმა უნდა დაარღვიოს კანონი მისივე აღსრულების მიზნით?

წესრიგის დამყარება ადამიანების სამუშაოა. პოლიციას სჭირდება, რომ მას ენდობოდეს ის საზოგადოება, რომელსაც იგი ემსახურება. კარგი პოლიციელობა ნიშნავს პოლიციელის უნარ-ჩვევებისა და თავის პროფესიაში გამოცდილების და კარგი საქციელის - ანუ კანონისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის - ერთობლიობას. ძალზე მნიშვნელოვანია პოლიციის ყველა თანამშრომლის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება: პოლიციელს უნდა შეეძლოს დანაშაულში ეჭვმიტანილთა იმგვარად დაკითხვა, რომ შესაძლებელი იყოს დაკითხვის შედეგად ინფორმაციის მოპოვებაც და დაკავებულთა მიმართ ცუდი მოპყრობის გამორიცხვაც; საჭიროა, აგრეთვე, დარწმუნების, მოლაპარაკებისა და შუამავლობის უნარ-ჩვევების განვითარება ძალის გამოყენების შეზღუდვის მიზნით. მთავრობებისა და ხელისუფლების სათავეში მყოფი პირების ვალდებულებაა, უზრუნველყონ სათანადო მომზადება, მაგრამ, ამავე დროს, პოლიციის ყველა თანამშრომლის მოვალეობაა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს მომზადება და მუშაობის პროცესში განაგრძოს თავისი უნარ-ჩვევების განვითარება.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რომელ უნარ-ჩვევებს გავაუმჯობესებდი პოლიციის უკეთესი მუშაობის მიზნით?

პოლიციელებს არა აქვთ მიზნად დასახული ადამიანის უფლებების დარღვევა. ხშირად დარღვევა იურიდიული ცოდნის ან მომზადების ნაკლებობის ბრალია. მაგრამ რა ხდება, როდესაც კოლეგები ხელყოფენ ადამიანის უფლებებს და იციან, რომ ეს ამა თუ იმ უფლების დარღვევაა? ეს ძველთაძველი კითხვაა: ვინ იცავს მცველებს, ვინ ამყარებს წესრიგს პოლიციელებში? ვინ „ასმენს“ თავის კოლეგებს?

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ვინ ამყარებს წესრიგს პოლიციელებში და აკეთებს კი ამას ვინმე?

პოლიციის თანამშრომელთა ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და ლოიალურობა. ეს თვისება მათ გადასარჩენად და თავისი საქმის კარგად (ხშირად რთულ პირობებში) საკეთებლად სჭირდებათ. თუ პოლიციის ოპერაციის მსვლელობისას ვინმე „შეცდომას“ უშვებს, ჩვეულებრივ, ამ შემთხვევას თანამშრომელთა ვიწრო ჯგუფში ისე არჩევენ და აგვარებენ, რომ უცხო არავინ გებულობს. რასაკვირველია, ეს ნორმალური ამბავია, არანაირ ჯგუფს არ შეუძლია ფუნქციონირება, თუ არ იარსებებს შიდა წესები ამგვარი საკითხების მოსაგვარებლად. პრობლემები თავს იჩენს მაშინ, როდესაც „შეცდომა“ წინასწარგანზრახული აქტი ხდება და, რაც კიდევ უფრო სერიოზულია, როდესაც პოლიციაში ყალიბდება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევათა ნებადამრთველი ან უგულებელმყოფი კულტურა. როგორც ზემოთ დავინახეთ, პოლიციის თაობაზე დეკლარაცია პოლიციელებს აკისრებს მოვალეობას და ანიჭებს უფლებას, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს. ის არ აძლევს მათ უკანონოდ მოქმედების ნებას. თუ პოლიციელებს მოეთხოვებათ ადამიანის უფლებათა სტანდარტების გათვალისწინებით მუშაობა, მაშინ უნდა არსებობდეს სისტემებიც, რომლებიც საშუალებას მისცემდა თანამშრომლებს, ანგარიში წარედგინათ იმ კოლეგების შესახებ, ვინც დაარღვია კანონი. საჭიროა ამ სისიტემებში დამცავი საშუალებების გათვალისწინება როგორც „დამსმენთათვის“, ისე კანონის დარღვევაში ეჭვმიტანილთათვის.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: გვაქვს თუ არა სისტემა, რომელიც იცავს ორივე მხარეს?

როგორც პოლიციისთვის, ისე ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისთვის გართულება მაშინ იჩენს თავს, როდესაც „დასმენა“ ან კრიტიკა გარედან მოდის. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მიმზიდველია მარტივი რეაქცია: პოლიცია „კრავს“ თავის რიგებს და, მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლები სათითაოდ შეიძლება მზად იყვნენ იმის აღიარებისთვის, რომ მოხდა ცუდი ფაქტი, ძალიან ცოტა თუ მოინდომებს კოლეგის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. ეს წრე ძნელი გასარღვევია. მაგრამ ამის გაკეთებას არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ გვინდა, რომ ვენდობოდეთ იმას, რასაც პოლიცია ამბობს. ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად აუცილებელია გულახდილი დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან. კარგად არის ცნობილი ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიციის ეჭვი ერთმანეთის მიმართ. პოლიციის თანამშრომელთა მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ სარჩელები სწრაფად და საჯაროდ უნდა იქნეს განხილული, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება რწმენას დაკარგავს. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ პოლიციასა და სხვა ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის ნაყოფიერი გაცვლა-გამოცვლა შესაძლებელია, თუკი ისინი შეძლებენ შეთანხებას კომუნიკაციისთვის საერთო საფუძველთან დაკავშირებით. საზოგადოების თვალში უფრო გულახდილი პოლიცია უფრო ეფექტიანია და უფრო მეტად შეესაბამება მოქალაქეთა საჭიროებებს.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: შეგვიძლია თუ არა ჩვენს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია?

ამ თავის დასკვნის სახით აღვნიშნავთ, რომ ურთიერთობა ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიციას შორის პოზიტიური ურთიერთობაა. რამეთუ ადამიანის უფლებების დაცვა პოლიციის ფუნქციაა, მოთხოვნა ადამიანის უფლებების პატივისცემის თაობაზე ზეგავლენას ახდენს იმ გზებზე, რომელთა საშუალებითაც პოლიციელები ყველა თავის ფუნქციას ასრულებენ.

შემდგომ თავებში, რომლებიც სხვადასხვა უფლებას შეეხება, ჯერ მიმოვიხილავთ თავად უფლებას და განვმარტავთ ევროპის საბჭოს სტანდარტებს, ხოლო შემდეგ ვნახავთ, როგორ ხდება ამ უფლების დაცვა პოლიციის მიერ. ევროპის საბჭოს სტანდარტებს საფუძვლად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა დაკავშირებული უწყებების მიერ ამ კონვენციის ინტერპრეტაცია უდევს. საჭიროების შემთხვევაში „პოლიციის შესახებ დეკლარაციაც“ არის ციტირებული; ამ დეკლარაციის მთლიანი ტექსტი პირველ დანართში შეგიძლიათ იხილოთ.

5 3. სიცოცხლის უფლება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

თითოეულ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება. სიცოცხლის უფლებას კანონი უნდა იცავდეს. დაუშვებელია ადამიანის სიცოცხლის თვითნებურად წართმევა.

[ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი+პოლიციის შესახებ დეკლარაციის მე-12 და მე-13 მუხლები]

ცხადია, სიცოცხლის უფლება ყველაზე მთავარი უფლება უნდა იყოს. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია მოითხოვს სახელმწიფოებისგან, მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც კრძალავს მკვლელობის გარკვეულ ფორმებს და ხელს უშლის სახელმწიფოს მიერ თვითნებურ მკვლელობას. ადამიანს სიცოცხლე შეიძლება წაერთვას მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლო მსჯავრდებულად ცნობს ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომელიც კანონის მიხედვით სიკვდილით ისჯება. სიკვდილით დასჯის გაუქმება დიდი ნაბიჯია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე. ევროპის საბჭო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და მოუწოდებს წევრებს, ხელი მოაწერონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 პროტოკოლს და მოახდინონ მისი რატიფიცირება.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი აზრით, როდის შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს მიერ მკვლელობის ჩადენის აუცილებლობა?

საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობით აღსავსე დამოკიდებულების შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოების საკითხი. სიცოცხლისათვის საფრთხე სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. პოლიციის ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქციებია მკვლელობის (და უკანონო მკვლელობის სხვა ფორმების) თავიდან აცილება და ამგვარი დანაშაულის გამოძიება.

როგორც ადრე უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობა ეხება ურთიერთობას სახელმწიფოსა და ადამიანებს შორის და გულისხმობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. ყოველთვის, როდესაც კი ეს შესაძლებელია, პოლიციის თანამშრომლებს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მშვიდობიანი საშუალებებით სარგებლობა მოეთხოვებათ, მაგრამ ზოგჯერ ადამიანთა სიცოცხლის დასაცავად მათ ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უწევთ და, სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ადამიანების დაღუპვას იწვევს.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა შემთხვევაში აქვთ ჩემს ქვეყანაში პოლიციის თანამშრომლებს ძალის ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება?

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში განსაზღვრულია სიტუაციები, როდესაც ნებადართულია ძალის გამოყენება; ძალის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების დაღუპვა (როგორც წინასწარგანუზრახველი შედეგი). მაგრამ კონვენციაში არ არის განსაზღვრული ისეთი სიტუაციები, როდესაც ნებადართულია ადამიანის განზრახ მოკვლა. კონვენციაში წერია:

„სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება წინამდებარე მუხლის დარღვევად, როდესაც გამოწვეულია აბსოლუტურად აუცილებელი ძალის გამოყენებით:

ა. უკანონო ძალადობისგან რომელიმე ადამიანის დასაცავად;

ბ. კანონიერი დაპატიმრების განსახორციელებლად ან კანონიერი გზით დაკავებული პირის გაქცევის თავიდან ასაცილებლად;

გ. აჯანყების ან ამბოხების ჩახშობისკენ მიმართული კანონიერი ღონისძიებისას.“

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი აზრით, რას გულისხმობს გამოთქმააბსოლუტურად აუცილებელი“? მახსენდება თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც მოგვიწია აუცილებელი ძალის გამოყენება?

პოლიციის ხელმძღვანელებმა უნდა დაგეგმონ და აკონტროლონ პოლიციის ოპერაციები, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მომაკვდინებელი ძალის გამოყენება და სიცოცხლის შემთხვევითი წართმევა. იმისათვის, რომ პოლიციის თანამშრომლებს დავეხმაროთ ქუჩაში წარმოქმნილი სიტუაციების შეფასებაში, საჭიროა მათი მომზადება წესრიგის მშვიდობიანი გზით დამყარებაში და მკაცრი სახელმძღვანელო მითითებები ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ აუცილებელია ძალის გამოყენება, მაშინ ის სიტუაციის პროპორციული უნდა იყოს. ძალის გამოყენების პროპორციულობის განსაზღვრისას შემდეგი ფაქტორები უნდა იქნეს გათვალისწინებული:

0x01 graphic

  • რა ხასიათის მიზანი აქვს დასახული პოლიციის ოპერაციას;

  • სავარაუდო საფრთხე სიცოცხლისთვის და დაშავების სავარაუდო საფრთხე;

  • გამოყენებული ძალის შედეგად სიცოცხლის წართმევის საშიშროების ხარისხი.

პოტენციურად მომაკვდინებელი ძალის გამოყენებისას პოლიციის თანამშრომლებს მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ მათ ქმედებებში, რომლებიც მიმართულია სიცოცხლის უფლების დასაცავად, ცენტრალური ადგილი უკავია ცნებებს „აბსოლუტურად აუცილებელი” და „პროპორციული.” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები თანმიმდევრულად და აშკარად მისდევს პრინციპს, რომ პოლიციის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს ხელქვეითთა ქმედებებზე.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა პროცედურები უნდა იქნეს გავლილი, როდესაც პოლიციის ოპერაციის მსვლელობისას ადამიანები იღუპებიან?

საჭიროა ისეთი ადმინისტრაციული პროცედურების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფს ამგვარი ოპერაციების შესახებ ზუსტი ჩანაწერების წარმოებას, რათა გამოძიებას ჰქონდეს შესაძლებლობა, განიხილოს დაღუპვის შემთხვევები და გამოიძიოს, რამდენად პატივისცემით ეპყრობოდნენ პოლიციის თანამშრომლები ადამიანის უფლებებს. ეს ჩანაწერები მნიშვნელოვანია პოლიციის თანამშრომლებისთვისაც, რადგან საშუალებას აძლევს მათ, თავი დაიცვან უსამართლო ბრალდებებისაგან. იგივე ეხება პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევებსაც.

6 4. წამებისა და ცუდად მოპყრობის კატეგორიულად გამორიცხვა

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

არც ერთი ადამიანის მიმართ არ იქნება გამოყენებული: წამება ან არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი.

[ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-15 მუხლები+პოლიციის შესახებ დეკლარაციის მე-3 მუხლი + ევროპული კონვენცია წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების შესახებ]

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური. მაგრამ წამების აკრძალვა სრული და აბსოლუტურია. არ არსებობს გამონაკლისი არანაირ გარემოებაში, ომის დროსაც კი. „პოლიციის შესახებ დეკლარაციაში“ ნათქვამია, რომ პოლიციის თანამშრომლებს აკისრიათ ვალდებულება, არ დაემორჩილონ ან უგულებელყონ ნებისმიერი ისეთი ბრძანება თუ მითითება, რომელიც გულისხმობს წამებას ან არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის სხვა ფორმებს.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი აზრით, რა და რა სახის საქციელს გულისხმობს ეს აკრძალვა?

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უფრო ზუსტად განსაზღვრა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლში აღნიშნული ტერმინები:

„არაადამიანური მოპყრობა“ არის მოპყრობა, რომელიც შეგნებულად იწვევს ფსიქიკურ ან ფიზიკურ ტანჯვას.

ადამიანის მიმართ მოპყრობა ან მის მიმართ გამოყენებული სასჯელი „დამამცირებელია“, თუ ის სერიოზულად შეურაცხყოფს ადამიანს სხვების წინაშე ანდა აიძულებს მას, მოიქცეს საკუთარი ნებისა თუ სინდისის საწინააღმდეგოდ.

„წამება“ არის განსაკუთრებულად არაადამიანური მოპყრობა, რომელიც ისახავს გარკვეულ მიზანს, მაგალითად, ინფორმაციის ან აღიარების გამოძალვას ანდა სასჯელის დაკისრებას.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა სახის სიტუაციებში შეიძლება გაუჩნდეთ პოლიციელებს არაადამიანური მოპყრობის აღნიშნული ფორმების გამოყენების ცდუნება?

ადამიანის უფლებები სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილებს და ტერორისტებსაც აქვთ. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მათ შეიძლება იცოდნენ რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სხვა ადამიანების ან სახელმწიფოს დასაცავად, დაუშვებელია მათი წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: როგორი მომზადება გავიარე სერიოზულ დანაშაულში ეჭვმიტანილებისა და ტერორისტების დაკითხვაში?

იმისათვის, რომ პოლიციის თანამშრომლებს დახმარება გაეწიოს კანონის ფარგლებში მუშაობაში და გაიზარდოს მათი პროფესიონალიზმი, საჭიროა განვითარდეს მათი პროფესიული უნარ-ჩვევები დანაშაულში ეჭვმიტანილების დაკითხვის სფეროში. პოლიციელებს უნდა მიეცეს ამ უნარ-ჩვევების გამოყენებაში გავარჯიშების შესაძლებლობა. აღიარების სამართლებრივი ძალა დანაშაულის დამტკიცებაში შეზღუდულია და სულ უფრო ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათ კლიენტებს აღიარება ძალის გამოყენებით - პოლიციის უკანონო ქმედების მეშვეობით - გამოსტყუეს. სწორედ ამიტომ არის აღიარებული,რომ გამოძიების სხვა სახეებში მომზადება განსაკუთრებით სასარგებლოა მტკიცებულებათა კანონიერი გზით და ეფექტიანად შეგროვებისთვის. გვინდა აღვნიშნოთ სასამართლო მტკიცებულებათა შეგროვების მნიშვნელობა, განსაკუთრებით ისეთ პირობებში, როდესაც აღმოჩნდა, რომ დნმ-ის ანალიზის ტექნოლოგიას მრავალ შემთხვევაში წარმატებით შეუძლია ბრალისა თუ უდანაშაულობის დადგენა.

გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, რომ პოლიციის შენობებისა და სხვა საპატიმროების შემოწმება ნებისმიერ დროს შეუძლია წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, რომელიც „წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის თავიდან აცილების შესახებ“ ევროპული კონვენციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რას შეიძლება არკვევდეს ეს კომიტეტი პოლიციის შენობებში?

როდესაც წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაცია მიდის პოლიციაში, იგი უფლებამოსილია, დამოუკიდებლად გაესაუბროს დაკავებულ პირებს. ასეთ დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგ საკითხებს:

  • დაკავებულ პირთა ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას;

  • დაკავებულ პირთა დაკავების მიზეზებს;

  • კამერებს ან სხვა ადგილებს, სადაც დაკავებულ პირებს უწევთ ყოფნა;

  • თითოეული დაკავებულის შესახებ ადმინისტრაციულ ჩანაწერებს;

  • დაკავებულ პირთა უფლებას, ისარგებლონ საკუთარი არჩეული ადვოკატისა და ექიმის მომსახურებით.

ყოველი ვიზიტის შემდეგ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ამზადებს კონფიდენციალურ ანგარიშს და განიხილავს მას შესაბამის სახელმწიფოსთან ერთად. ამ კონვენციისა და კომიტეტის მუშაობის დანიშნულებაა სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევა დაკავებულ პირთა დაცვის გაძლიერებაში და არა სახელმწიფოების მხილება და გაკიცხვა. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი თანდათანობით იმუშავებს სახელმძღვანელო მითითებებს, რომლებიც დაეხმარება სახელმწიფოებს, შეასრულონ დაკავებულ პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მათი მოვალეობები, დაეხმარება, აგრეთვე, პოლიციის თანამშრომლებს მათი მოვალეობების შესრულებაში.

ამ საკითხით დაინტერესებულ პირთათვის ევროპის საბჭომ გამოსცა ბუკლეტი სახელწოდებით „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ვიზიტი - რას ემსახურება იგი? პოლიციელთათვის განკუთვნილი 15 კითხვა და პასუხი“. ეს ბროშურა შეგიძლიათ მოიძიოთ ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრში ან ეწვიოთ ევროპის საბჭოს ინტერნეტგვერდს „Police and Human Rights” შემდეგ მისამართზე: www.humanrights.coe.int/police

0x01 graphic

7 5. თავისუფლების უფლება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

ყველა ადამიანს აქვს პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. დაუშვებელია რომელიმე ადამიანის თვითნებურად დაპატიმრება ან დაკავება. არც ერთ ადამიანს არ აღეკვეთება თავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ამის კანონიერი საფუძველი, და ეს მოხდება მხოლოდ კანონიერი პროცედურების შესაბამისად.

[ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი+პოლიციის შესახებ დეკლარაციის მე-8 მუხლი]

ეს სფეროც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კანონმდებლობით რეგულირდება და ძალზე მნიშვნელოვანია პოლიციის მუშაობისთვის. ადამიანის თავისუფლების აღკვეთა სერიოზული პასუხისმგებლობაა და სახელმწიფოს მძლავრი დამცავი საშუალებები უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რატომ არ უნდა ჰქონდეთ პოლიციის თანამშრომლებს ადამიანის ნებისმიერ დროს დაპატიმრების უფლება? ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ მათი სამუშაოა?

პოლიციის მიერ ადამიანების დაკავებისა და დაპატიმრების უფლება სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იქნეს მოქცეული, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების დარწმუნებას, რომ არ მოხდება ამ უფლების ბოროტად გამოყენება, გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი იქნებიან მუშაობისთვის უსაფრთხო სახელმძღვანელო მითითებებით. აღნიშნული უფლებები გონივრულად და კანონის განუხრელად დაცვის პირობებში უნდა იქნეს გამოყენებული.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლში ჩამოყალიბებულია ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთის ექვსი ნებადართული მიზეზი. პოლიციის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია: „ადამიანის კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება, როდესაც არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა, ანდა როდესაც დასაბუთებულად აუცილებლად არის მიჩნეული ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენის ან დანაშაულის ჩადენის შემდეგ გაქცევის თავიდან აცილება“.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი აზრით, რას ნიშნავს ამ შემთხვევაშიდასაბუთებული“?

დასაბუთებული ეჭვი უნდა ემყარებოდეს ისეთი ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს აფიქრებინებს, რომ ამ ადამიანს შეიძლება ჩადენილი ჰქონდეს დანაშაული. ცხადია, ყველა სიტუაცია განსხვავდება ერთმანეთისაგან, ამიტომ საჭიროა პროფესიონალი პოლიციელის სათანადო მომზადება გარკვეული უნარ-ჩვევების შესაძენად. ეს უნარ-ჩვევები აუცილებელია იმისათვის, რომ პოლიციელმა შეძლოს გაანალიზება, თუ რა ზომა უნდა იქნეს მიღებული და როდის. კონვენციის მე-5 მუხლში ჩამოთვლილია დაკავების ან დაპატიმრების სხვა მიზეზებიც:

ა. კანონიერი დაკავება სასამართლოს მიერ მსჯავრდებულად ცნობის შემდეგ;

ბ. კანონიერი დაპატიმრება ან დაკავება სასამართლო ბრძანების შეუსრულებლობის ნიადაგზე ან კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით;

გ. არასრულწლოვანის დაკავება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მისი განათლების ზედამხედველობის ან იურიდიული ხელისუფლების წინაშე მისი წარდგენის მიზნით;

დ. ადამიანების კანონიერი დაკავება ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ანდა არაჯანსაღი ფსიქიკის ადამიანთა, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაკავება;

ე. ადამიანების დაპატიმრება ან დაკავება ქვეყანაში ნებადაურთველი შესვლის თავიდან ასაცილებლად ან იმ ადამიანთა დაპატიმრება თუ დაკავება, რომლებიც დეპორტირებულნი უნდა იქნენ.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: მოიცავს თუ არა დაპატიმრებისა და დაკავების ჩამოთვლილი მიზეზები ყველა იმ სიტუაციას, რომელსაც შევხვედრივარ?

ადამიანის დაპატიმრების შემდეგ პოლიციელმა მას ზუსტი მითითებები უნდა მისცეს. საჭიროა ყოველი დაპატიმრებული ადამიანისთვის მისი დაპატიმრების მიზეზების ახსნა მარტივი და მისთვის გასაგები ენით, აგრეთვე, საკმარისი ინფორმაციის მიწოდება მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში არსებული ფაქტებისა და მტკიცებულებების შესახებ. თუ საქმე არასრულწლოვანებს ეხება, საჭიროა მათი მშობლების ან იურიდიული მეურვეების ინფორმირება. დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული ან დაპატიმრებული ნებისმიერი ადამიანი სწრაფად უნდა წარდგეს მოსამართლის წინაშე, გარდა ამისა, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მისი საქმე გონივრულ ვადაში იქნეს განხილული.

ყველა ეს დამკვიდრებული კანონი და პროცედურა უამრავ ბიუროკრატიულ სამუშაოს იწვევს და შეიძლება ძალიან შეუშალოს ხელი პოლიციის თანამშრომლებს. შესაძლოა, პოლიციელებს დაეხმაროს, თუ ეცოდინებათ, რომ ყველა ამ ფორმის შევსება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ძალიან ართულებს ცხოვრებას, ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვას.

8 6. საქმის სამართლიანი განხილვის უფლება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

მისი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დადგენის ან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების პროცესში ყველა ადამიანს აქვს უფლება, მისი საქმე გონივრულ ვადაში იქნეს სამართლიანად და საჯაროდ განხილული კანონით დაწესებული დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ყველა ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, მიჩნეული იქნება უდანაშაულოდ, სანამ მისი ბრალეულობა კანონის შესაბამისად არ დამტკიცდება.

[ძირითადი დოკუმენტი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი]

შეეკითხეთ საკუთარ თავს: როგორი იქნება ცხოვრება, უდანაშაულობის დამტკიცებამდე ეჭვმიტანილები დამნაშავეებად რომ იყვნენ მიჩნეულნი?

კიდევ ერთხელ შევეხებით უსამართლობით უკმაყოფილების თემას - პოლიციის ყოველმა თანამშრომელმა იცის, რომ სასამართლოებს ხშირად გაუთავისუფლებიათ დანაშაულში ეჭვმიტანილები, თუმცა მათი ადგილი ნამდვილად ციხეში იყო. მეორეს მხრივ, ყველა ქვეყანაში არსებობს უამრავი ისეთი ადამიანი, რომელმაც შეძლო საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს. თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მართლმსაჯულების სისტემის დანიშნულებაა, თავიდან აიცილოს ზემოთ აღნიშნული ორივე შემთხვევის ნორმად გადაქცევა. ამიტომ პოლიციელებს უნდა ჰქონდეთ დანაშაულის ეფექტურად და პროფესიონალურად გამოძიებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რესურსები და პროცედურები.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა უნარ-ჩვევები, რესურსები და პროცედურები გვაკლია იმისათვის, რომ დანაშაულის გამოძიებისას ჩვენი საქმე ვაკეთოთ?

დანაშაულში ეჭვმიტანილებს აქვთ უფლება, სანამ მათი დანაშაული დამტკიცდებოდეს, მოეპყრონ როგორც უდანაშაულოებს. ეს ნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ამ უფლების მიმართ პატივისცემა უნდა გამოამჟღავნონ, განსაკუთრებით ბრალდებული ადამიანისადმი თავიანთ დამოკიდებულებასა და ქცევაში და ნებისმიერ საჯარო განცხადებაში, რომელსაც საკუთარ გამოძიებასთან დაკავშირებით გააკეთებენ - კერძოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაკეთებულ განცხადებებში. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ ის საშიშროებები, რომლებიც არასწორ აღიარებას ახლავს. ამიტომ იმისათვის, რომ არ მოუწიოთ არასწორ აღიარებებზე დაყრდნობა, პოლიციის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ და გამოიყენონ დანაშაულის გამოძიების ყველა ხელმისაწვდომი სამეცნიერო დამხმარე საშუალება.

0x01 graphic

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა როლს ასრულებენ ანონიმური ინფორმატორები ჩვენს მიერ დანაშაულის გამოძიებაში?

ეს საკითხი წამოჭრა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც აღიარებს, რომ ანონიმურ ინფორმატორებს ხშირად გარკვეული წვლილი მიუძღვით პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავეთა დაჭერაში. მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ანონიმური ინფორმატორებისგან მომდინარე მტკიცებულებასთან ერთად საჭიროა სხვა სახის მტკიცებულებათა არსებობაც: ეს შეიძლება იყოს მოწმეების განცხადებები, დოკუმენტური მტკიცებულებები ან ბრალდებულის აღიარება.

ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ ადამიანთა ხუთი ძირითადი უფლება. ამ უფლებების დანიშნულებაა დაცვასა და ბრალდებას შორის ეგრეთ წოდებული პროცედურული თანასწორობის - სამართლიანი სასამართლო განხილვის არსებითი ელემენტის - უზრუნველყოფა. ეს უფლებებია:

ა. ბრალდებულის დროულად, მისთვის გასაგები ენით და დეტალურად ინფორმირება მის წინააღმდეგ არსებული ბრალდების ხასიათისა და მიზეზის შესახებ;

ბ. სათანადო დროისა და საშუალებების არსებობა დაცვის მოსამზადებლად;

გ. საკუთარი თავის დაცვა თვითონ ან თავისი არჩეული იურიდიული დახმარების მეშვეობით;

დ. მის წინააღმდეგ გამოძახებული მოწმეების ჩვენებათა თავად ან სხვის მიერ შესწავლა და მოპოვება უფლებისა, რომელიც გულისხმობს მის სასარგებლოდ მოლაპარაკე მოწმეების ისეთივე გამოძახებას და მათი აზრის შესწავლას ისეთივე პირობებში, როგორც მის წინააღმდეგ მოყვანილი მოწმეებისა;

ე. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს არ ესმის სასამართლოში გამოყენებული ენა ან არ ლაპარაკობს ამ ენაზე, უფასო თარჯიმნის დახმარების უზრუნველყოფა.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: როგორ შეუძლიათ პოლიციის თანამშრომლებს ბრალდებულთათვის ამ უფლებებით სარგებლობაში დახმარების გაწევა?

9 7. პირადი ცხოვრების უფლება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

ყველა ადამიანს აქვს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრებისადმი, მისი საცხოვრებლისა და კორესპონდენციისადმი პატივისცემით მოპყრობის უფლება. დაუშვებელია ამ უფლების შელახვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კეთდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში რიგი განსაზღვრული მიზნებისთვის.

[ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი+პოლიციის შესახებ დეკლარაციის მე-15 მუხლი]

მხატვრულ ფილმებში, რომლებიც პოლიციის მუშაობას ეხება, ხშირად არის ნაჩვენები, თუ როგორ უსმენენ პოლიციის თანამშრომლები ტელეფონებს, უთვალთვალებენ ადამიანებს, იჭრებიან მათ საცხოვრებელში, დღევანდელ პირობებში კი კომპიუტერებშიც დამნაშავეთა წინააღმდეგ მტკიცებულებათა აღმოჩენის მიზნით. ეს ქმედებები თითქოს ლოგიკური და „კარგი“ ჩანს, რადგან ემსახურება უფრო დიდ მიზანს: ბოროტმოქმედების წარდგენას მართლმსაჯულების წინაშე.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული ჩემი საქციელი, ისე რომ მოვქცეულიყავი, როგორც პოლიცია იქცევა ასეთ ფილმებში?

0x01 graphic

ფაქტია, რომ, ჩვეულებრივ, პოლიციელები ფილმებში არღვევენ კანონს კანონის აღსრულების მიზნით. რაგინდ სასწრაფოდ და აუცილებლად არ უნდა გვეჩვენებოდეს მათი ასეთი საქციელი, პოლიციის თანამშრომლების მიერ კანონის დარღვევა სრულიად გაუმართლებელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება.

პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და კორესპონდენციის პატივისცემა ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. როდესაც პოლიციას ენიჭება ამ უფლების შეზღუდვის უფლებამოსილება, ეს უკანასკნელი ყოველთვის მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს კანონს და პოლიციის ლეგიტიმური მიზნებისთვის უნდა იყოს აუცილებელი.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რომელიმე პოლიტიკოსს რომ ჩემთვის ეთხოვა მისი ოპონენტებისთვის თვალთვალი, როგორ მოვიქცეოდი?

ადამიანების თვალთვალი, მათი ჩხრეკა, კორესპონდენციის წაკითხვა და სატელეფონო საუბრების მოსმენა ადამიანის უფლებების შეზღუდვაა და, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად, შესაძლებელია მხოლოდ:

  • ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების ან ეკონომიკური კეთილდღეობის დაცვის მიზნით;

  • უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;

  • ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვის მიზნით;

  • სხვა ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა გარანტიები არსებობს ჩემს ქვეყანაში?

10 8. შეხედულების, რწმენისა და საკუთარი თავის გამოხატვის უფლება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად აირჩიოს შეხედულებები, სინდისი და სარწმუნოება, თავისუფლად შეიცვალოს სარწმუნოება ან რწმენა და გამოხატოს სარწმუნოება თუ რწმენა ეკლესიაში ყოფნისას, სწავლების, მუშაობის თუ დღესასწაულის პროცესში.

ყველა ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი თავი, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები და მიიღოს და სხვა ადამიანებს გაუზიაროს ინფორმაცია და იდეები.

დაუშვებელია ამ უფლების შელახვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კეთდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში რიგი განსაზღვრული მიზნებისათვის.

[ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი+ პოლიციის შესახებ დეკლარაციის მე-8 მუხლი]

გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველია, მისი პროგრესისა და თითოეული ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ეს ის სფეროა, რომელშიც პოლიციის თანამშრომლებმა უნდა გამოავლინონ ტაქტის, მოლაპარაკების წარმოებისა და მშვიდობის შენარჩუნების უაღრესად განვითარებული უნარ-ჩვევები. ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებების გამოხატვა ხშირად კონფლიქტს იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა სფეროში კონფლიქტის საფუძველი ხდება.

0x01 graphic

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ამ შემთხვევის შესაბამის რა სახის კონფლიქტებს შევსწრებივარ?

პოლიციელებს მოუწოდებენ, დაიცვან ადამიანები სარწმუნოებისა თუ შეხედულების ნიადაგზე დისკრიმინაციისგან. ამ ამოცანის შესასრულებლად აუცილებელია აღნიშნული უფლებების პატივისცემისა და დაცვის საკითხებში პოლიციის თანამშრომელთა მომზადება და მათთვის ინსტრუქტაჟის ჩატარება.

ცხადია, ისეთ სიტუაციებში, როდესაც წარმოიშობა ამ უფლებებთან დაკავშირებული კონფლიქტი, სახელმწიფოს შეუძლია უფლებების შეზღუდვა, მაგრამ ამგვარი შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს კანონს და დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის უნდა იყოს აუცილებელი. ასეთი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ:

  • საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით;

  • საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვის მიზნით;

  • სხვა ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

11 9. ადამიანთა თავშეყრის უფლება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი მიზნით თავშეყრისა და სხვა ადამიანებთან გაერთიანებების შექმნის უფლება.

დაუშვებელია ამ უფლების შელახვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კეთდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში რიგი განსაზღვრული მიზნებისთვის.

[ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი+პოლიციის შესახებ დეკლარაციის მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები]

ისევე, როგორც წინა თავში განხილული უფლებების შემთხვევაში, აქაც წონასწორობის საკითხი წამოიჭრება. ერთი ჯგუფის მიერ მოწყობილმა საჯარო დემონსტრაციებმა შეიძლება დასაბამი მისცეს საპირისპირო ხასიათის დემონსტრაციებს და რაოდენ მშვიდობიანიც არ უნდა იყოს ისინი თავიდან, პოტენციურად ამგვარი სიტუაციები ყოველთვის ფეთქებადია. პოლიციის თანამშრომლები ხშირად მათ შუაგულში არიან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავისუფლად თავშეყრის უფლება ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური ცხოვრებისა და პოლიტიკურ პარტიათა საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ამ უფლებით სარგებლობა. სახელმწიფომ შეიძლება დააწესოს აღნიშნული უფლების შეზღუდვები:

  • საზოგადოების უსაფრთხოების მიზნით;

  • საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვის მიზნით;

  • სხვა ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა წესები არსებობს ჩემს ქვეყანაში დემონსტრაციათა რეგულირებისთვის?

პოლიციის სამსახურების მისადაგება თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მოთხოვნებთან ძალზე კომპლექსური საკითხია. ეს განსაკუთრებით ეხება ხალხმრავალი შეკრებებისა და დემონსტრაციების რეგულირებას. მომძლავრდა და ინტენსიური გახდა პოლიციის ძველი მიდგომის კრიტიკა. ეს მიდგომა ხალხმრავალ შეკრებებს აღიქვამდა პოლიციის მოწინააღმდეგედ და რაღაც ისეთად, რაც მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაშლილიყო. თითქმის არავინ ფიქრობდა, თუ რა ზიანი შეიძლებოდა მიეყენებინა საზოგადოების წევრებთან მომავალი ურთიერთობისთვის პოლიციის ძალის დემონსტრირებას და გამოყენებას.

0x01 graphic

ახალი მიდგომები, რომელთაც საფუძვლად საზოგადოებაში წესრიგის დამყარების მოდელი უდევს, მიზნად ყველა მონაწილე მხარის - ხალხმრავალი შეკრების წევრების, შემთხვევითი უდანაშაულო დამსწრეებისა და პოლიციის - უფლებათა დაცვას ისახავს. ეს ნიშნავს, რომ პოლიციის სამსახურები ატყობინებენ ერთმანეთს სავარაუდო დემონსტრაციების შესახებ, გეგმავენ ღონისძიებებს და მოლაპარაკებას აწარმოებენ ორგანიზატორებთან. ამ გზით შესაძლებელია კომუნიკაციის ფორმების შემოღება და დემონსტრანტთა მხრიდან განხორციელებული მისაღები აქციების ფარგლების შესახებ წინასწარ შეთანხმება. ეს მიდგომა გვიჩვენებს, აგრეთვე, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებული შეხედულების ცვლილებას, შემტევიდან დამცავ სტრატეგიაზე გადასვლას და ძალის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებას. დემონსტრაციების რეგულირების მიმართ ეს თანამედროვე მიდგომა პრაქტიკაში იმით მჟღავნდება, რომ ყოველდღიურ ფორმებში გამოწყობილი (და არა სრულად შეიარაღებული) პოლიციის თანამშრომლები მშვიდობიანად იკავებენ ადგილს დემონსტრაციის გარშემო. თუ წინასწარ მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ძალადობა მოსალოდნელია, უკანა პლანზე ნაკლებად თვალშისაცემი ფორმით მომზადებულია სარეზერვო შენაერთები. თუ დემონსტრაციის მსვლელობისას მღელვარება წარმოიქმნება, გამოყენებული იქნება მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი ძალა, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი დემონსტრანტთა და პოლიციის თანამშრომელთა დაზიანების საშიშროება. იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მომავალი დემონსტრაციების ჩატარების პირობები, ძალზე მნიშვნელოვანია, შეფასდეს - სასურველია, ორგანიზატორებთან ერთად - თუ რა მოხდა და რატომ.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: როგორ ვახდენთ დემონსტრაციების რეგულირებას?

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის აღნიშნული მუხლები გულისხმობს, აგრეთვე, პროფკავშირების ჩამოყალიბებისა და მათში გაერთიანების უფლებას. ეს ის უფლებაა, რომელსაც ზოგიერთი დამსაქმებლის მხრიდან წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეს.

პოლიციის შესახებ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი პროფკავშირებზე პოლიციისთვის, მაგრამ მასში დაჟინებით არის მოთხოვნილი პოლიციის თანამშრომელთათვის პროფესიული ორგანიზაციების შექმნის შესაძლებლობის არსებობა და ამგვარ ორგანიზაციებში გაწევრიანებისთვის პოლიციელთა დაუსჯელობა.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: პოლიციელთა რა ფორმის პროფესიული ორგანიზაციები შეიძლება არსებობდეს ჩემს ქვეყანაში?

12 10. საკუთრების უფლება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს თავისი ქონების მშვიდობიანი ფლობის უფლება. არც ერთ ადამიანს არ უნდა ჩამოერთვას საკუთრება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კეთდება საზოგადოების საკეთილდღეოდ და კანონის შესაბამისად.

[ძირითადი დოკუმენტები: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის #1 პროტოკოლის 1-ლი მუხლი+პოლიციის შესახებ დეკლარაციის 1-ლი და მე-2 მუხლები]

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი აზრით, რა შემთხვევაში არ წარმოადგენს ქონება საკუთრებას?

ქონება არის რაიმე, რისი ფლობის უფლებაც კანონის საფუძველზე გაქვთ, იგი თქვენ გეკუთვნით. თქვენ ის იყიდეთ, მემკვიდრეობით მიიღეთ, ვიღაცამ გადმოგცათ. პოლიციის თანამშრომელთა მოვალეობაა, დაიცვან ყველა ადამიანის უფლება, მშვიდობიანი გზით ფლობდეს საკუთარ ქონებას. მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიება ადამიანის საცხოვრებლის დასაცავად, როდესაც ამ საცხოვრებელს მეზობლები დაეპატრონენ, და მოპარული ქონების პატრონისათვის დაბრუნება.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: მახსენდება თუ არა სხვა მაგალითები, როდესაც პოლიცია იცავს ქონების მშვიდობიანი გზით ფლობის უფლებას?

გარკვეულ სიტუაციებში პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან, მოახდინონ ქონების კონფისკაცია ან ჩამორთმევა. ასეთ შემთხვევებში მათ უნდა იცოდნენ ის წესები და მითითებები, რომლებიც ეხება პოლიციის მიერ ქონებისა და საკუთრების მართვას.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა წესები და მითითებები არსებობს ამასთან დაკავშირებით?

ქონების კონფისკაცია ან ჩამორთმევა მშვიდობიანად (ანდა მინიმალური ძალის გამოყენებით) უნდა განხორციელდეს; აუცილებელია კანონიერი გზით ჩამორთმეული თუ კონფისკებული თითოეული ნივთის აღრიცხვის ეფექტიანი სისტემის არსებობა. სათანადო და დაცული საწყობები ასეთი ქონებისთვის უზრუნველყოფს ამ ქონების დაბრუნებას ან კანონიერი მფლობელისთვის გადაცემას. ამასთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოეპყრონ „დაკარგულ და ნაპოვნ“ ნივთებს.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: მახსენდება თუ არა პოლიციის თანამშრომელთა მიერ ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ან კონფისკაციის შემთხვევები?

ამასთან დაკავშირებით ისმის კორუფციის საკითხი - ეს ის საკითხია, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებით დაემუქრება პოლიციას, ვინაიდან ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან პოლიციის თანამშრომელთა მოქრთამვას, რათა მათ არ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. პოლიციის შესახებ დეკლარაცია ძალზე მკაცრია ამ საკითხის მიმართ და პოლიციელებისგან მოითხოვს თანმიმდევრულ, მიუკერძოებელ და ღირსეულ მუშაობას, განსაკუთრებით კი კორუფციის ყველანაირი გამოვლინებისგან თავის შეკავებას და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

0x01 graphic

შეეკითხეთ საკუთარ თავს: როგორი დამოკიდებულება მექნება იმ კოლეგის მიმართ, რომელიც ქრთამს აიღებს?

ამგვარი საქციელის აღმოჩენისას პოლიციის ხელმძღვანელობამ მკაცრი ზომები უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება პოლიციის რეპუტაცია და, შესაბამისად, თანამშრომლობა საზოგადოების მხრიდან.

13 11. თავისუფლად გადაადგილების უფლება

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

სახელმწიფოს ტერიტორიაზე კანონიერად მცხოვრებ ყველა ადამიანს აქვს ამ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება.

ყველა ადამიანს შეუძლია დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის, საკუთარიც.

დაუშვებელია ამ უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კეთდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში რიგი კონკრეტული მიზნებისათვის.

[ძირითადი დოკუმენტი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 4 პროტოკოლის მე-2 მუხლი]

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი აზრით, რა მიზეზები არსებობს იმისა, რომ თავისუფლად გადაადგილების უფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან უფლებას წარმოადგენს?

წარმოიდგინეთ, რომ არ გქონდეთ თქვენს მიერ არჩეულ საავადმყოფოში მოხვედრის შესაძლებლობა, რადგან ვიღაც ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ის „მათია“ და ხელს გიშლიან იქ მოხვედრაში; წარმოიდგინეთ, რომ არ გქონდეთ საკუთარ ბინაში ან სახლში ცხოვრების შესაძლებლობა, რადგან მეზობლებს არ მოსწონთ თქვენი კანის ფერი; წარმოიდგინეთ, რომ გაგაჩერეს თქვენი საკუთარი ქვეყნის საზღვარზე და არ გიშვებენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს სწორედ ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებასაც ეს უფლება ცდილობს.

პოლიციის თანამშრომლებს მოეთხოვებათ, დაიცვან თავისუფლად გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება. მათ სათანადო (ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე) რეაგირება უნდა მოახდინონ ამ უფლებისა და თავისუფლების ხელყოფის თაობაზე ნებისმიერ საჩივარზე.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: ჩემი აზრით, რა შემთხვევაში უნდა შეზღუდოს სახელმწიფომ ეს უფლებები?

სახელმწიფოებს შეუძლიათ ამ უფლებების შეზღუდვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეზღუდვა მიზნად ისახავს:

  • ქვეყნის ან საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას;

  • საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას;

  • დანაშაულის თავიდან აცილებას;

  • ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვას;

  • სხვა ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

0x01 graphic

პოლიციის თანამშრომლებს მოეთხოვებათ, თავისუფლად გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების შეზღუდვის თავიანთი უფლებამოსილება გონივრულად გამოიყენონ. ქვემოთ ჩამოვთვლით ამ უფლებების შეზღუდვის მაგალითებს, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს:

ერთ-ერთი სახელმწიფოს მთავრობამ მაფიის წევრის თავისუფლად გადაადგილების უფლება შემდეგნაირად შეზღუდა: დაწესდა პოლიციის მხრიდან საგანგებო მეთვალყურეობა, აიკრძალა შინიდან პოლიციისთვის შეუტყობინებლად გასვლა, დაწესდა პოლიციაში გარკვეულ დღეებში მისვლისა და კომენდანტის საათის დაცვის ვალდებულება. მიჩნეული იყო, რომ ეს აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

როდესაც ადამიანს საპატიმროდან საქმის განხილვის დასრულებამდე ათავისუფლებენ და გათავისუფლება გარკვეული გარანტიების საფუძველზე ხდება, შესაძლებელია თავისუფლად გადაადგილების უფლების სხვადასხვა სახით შეზღუდვა, მათ შორის: ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა ან მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტების გაცემაზე უარის თქმა. უფლების ამგვარი ხელყოფა შეიძლება მივიჩნიოთ სავალდებულოდ დანაშაულის თავიდან აცილებისთვის.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: თავისუფლად გადაადგილების უფლების კანონიერი შეზღუდვის რომელი სხვა მაგალითები შემიძლია გავიხსენო?

„კანონიერი“ პირობები ქვეყანაში უცხოელის ყოფნისათვის სახელმწიფომ უნდა დაადგინოს. ეს ნიშნავს, რომ ის უცხოელები, რომლებიც ქვეყანაში დროებით და გარკვეული პირობებით იქნენ დაშვებულნი, სახელმწიფოს ტერიტორიაზე „კანონიერად“ იმყოფებიან, სანამ ასრულებენ დაწესებულ პირობებს - მაგალითად, ეს შეეხება ლტოლვილებს მრავალ ქვეყანაში. თუმცა ისინი სარგებლობენ ადამიანის ყველა უფლებით, რაც ნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლები ამ ადამიანებს დისკრიმინაციის გარეშე უნდა ეპყრობოდნენ.

14 12. ყველა ადამიანის უფლება ქმედით სამართლებრივ ზომებზე

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის ეს უფლება მოკლედ ასე განისაზღვრება:

ქმედითი სამართლებრივი ზომა: ყველა ადამიანს, რომლის კონვენციით განსაზღვრული უფლებები და თავისუფლებები დაირღვევა, უნდა ჰქონდეს ქმედითი სამართლებრივი ზომა სახელმწიფო ორგანოს მიმართ.

უფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე: კონვენციით განსაზღვრული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა გარანტირებული იქნება რაიმე, მაგალითად, სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების თუ სხვა სტატუსის, მიზეზით დისკრიმინაციის გარეშე.

[ძირითადი დოკუმენტი: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 და მე-14 მუხლები]

ამ თავში განხილული უფლებები საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის პროტოკოლებში განსაზღვრულ ყველა სხვა უფლებას. პოლიციის თანამშრომლებმა კარგად უნდა იცოდნენ ეს უფლებები და დაიცვან თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის პროცესში.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ჩემს ქვეყანაში მისი უფლებები დაირღვა, რა უნდა გააკეთოს მან?

როდესაც სახელმწიფო ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირებას, იგი კისრულობს ვალდებულებას, უზრუნველყოს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა შევიდეს ქვეყნის კანონმდებლობაში. ამ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი ის არის, რომ ეროვნულმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი ზომების არსებობა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩივის თავისი უფლებების დარღვევის თაობაზე. ამის გაკეთების საშუალებები სხვადასხვა სახელმწიფოში განსხვავებული იქნება, მაგრამ პრინცი პი ერთი და იგივე რჩება. აუცილებლად განხილული უნდა იქნეს იმ ადამიანების საჩივრები, რომლებიც აცხადებენ, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული მათი უფლებები, და, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ხელისუფლებამ მათ კომპენსაციაც უნდა მისცეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმე მხოლოდ მას შემდეგ წარედგინება, რაც ამოიწურება ყველა შესაძლებლობა ეროვნულ დონეზე.

ადამიანის უფლებების დარღვევაა ისეთი შემთხვევაც, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება უარს ამბობს აღნიშნული საჩივრების განხილვაზე.

შესაძლებელი იქნება საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის შენარჩუნება, თუ საჩივრებს პოლიციის მუშაობის შესახებ განიხილავს საჩივრების დამოუკიდებელი კომიტეტი და თუ შედეგები გამოქვეყნდება. ეს ნიშნავს, რომ პოლიციამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში უნდა გამოიძიოს სხვა პოლიციელის ქმედებები და რეგულარულად უნდა ხდებოდეს იმის შეფასება, თუ რა ბედი ეწევა საჩივრებს.

პოლიციის თანამშრომლებმა უნდა ითანამშრომლონ და დახმარება გაუწიონ თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას სამართლებრივი ზომების უზრუნველყოფაში იმ ადამიანთათვის, ვინც ჩივის, რომ დაირღვა მათი უფლებები. თუ ეს საჩივრები პოლიციის მუშაობას ეხება, გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს ოფიციალური ჩანაწერების განხილვა. ამიტომ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ ფაქტს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სათანადოდ და ზუსტად შეავსონ და შეინახონ ყველა ჩანაწერი, რეესტრი და სია, რომელთა შენახვაც მათ მოვალეობის შესრულებისას ევალებათ.

შეეკითხეთ საკუთარ თავს: რა სახის ჩანაწერებს ვაწარმოებ, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს აღნიშნული გამოძიების პროცესში?

ძალზე მნიშვნელოვანია იმის გათვითცნობიერება, რომ ადამიანის უფლებები ყველა ადამიანისთვის არის განსაზღვრული და რომ პოლიციის თანამშრომლებმა თავიანთი მოვალეობები ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ჩამოთვლილი ნებისმიერი მიზეზით დისკრიმინაციის გარეშე უნდა შეასრულონ. გახსოვდეთ, რომ შემდეგი ადამიანი, ვისი უფლებებიც დაირღვევა, შეიძლება იყოს თქვენი ახლო ნათესავი, კოლეგა, უახლოესი მეგობარი - და თქვენც კი.

15 13. მომავლის პოლიცია

▲ზევით დაბრუნება


ადამიანის უფლებათა დაცვისა და ამ უფლებებით სარგებლობის ხელშეწყობისას პოლიციის ხელმძღვანელები უნდა ამკვიდრებდნენ ფასეულობებს. ადამიანის უფლებები ევროპის საბჭოს წევრი თითოეული სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის ნაწილია და პოლიციის თითოეულმა თანამშრომელმა უნდა იცოდეს ეს და შეასრულოს კანონი.

  • იმისათვის, რომ პოლიციის სამსახურის მომავალი ნათელი იყოს და მას მხარს უჭერდეს საზოგადოება, საჭიროა გარკვეული ცვლილებების განხორციელება და ამ ცვლილებების მართვა;

  • პოლიციის თანამშრომელთა სამსახურში აყვანისა და შერჩევისას საჭიროა ადამიანის ხასიათის გათვალისწინება: შეუძლია თუ არა კანდიდატს, დაიცვას ადამიანის უფლებები?

  • იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები გათვალისწინებული და დაცული იქნეს პოლიციის პროფესიული მუშაობის ყველა ასპექტში, არსებითი მნიშვნელობა აქვს პოლიციელთა მომზადებას სამსახურში აყვანამდე, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და მომზადებას მართვის სფეროში;

  • პოლიციის სტრუქტურამ და შემადგენლობამ უნდა ასახოს ის საზოგადოება, რომელსაც ცდილობს, ემსახუროს. ეს ნიშნავს, რომ უნდა შემუშავდეს სამსახურში აყვანის ისეთი სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ქალების, მამაკაცების, რელიგიური, ეთნიკური და სხვა უმცირესობების წევრთა დასაქმებას იმ პროპორციით, რომლითაც ისინი საზოგადოებაში არიან წარმოდგენილნი. პოლიციასა და საზოგადოებას შორის კარგი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად საჭიროა წესრიგის დაცვის თვალსაზრისით ადგილობრივ საჭიროებებსა და ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს შორის წონასწორობის დამყარება;

  • ადამიანის უფლებებზე დამყარებული სამუშაო კულტურის დამკვიდრება გულისხმობს, რომ პოლიციის თანამშრომლები შეძლებენ პროფესიონალურად, რასიზმის ნიადაგზე დისკრიმინაციის, თაღლითობისა თუ კორუფციის გარეშე მუშაობას;

  • გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ის პრინციპებია, რომლებიც ხელს შეუწყობს, რომ პოლიციაში არსებობდეს კონტროლის სათანადო, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მექანიზმები; გარდა ამისა, ამ პრინციპების მეშვეობით დემონსტრირებული იქნება, რომ ხდება საჩივრების განხილვა და საქმის ბოლომდე მიყვანა;

  • პოლიციის სხვადასხვა ოპერაციის დაგეგმვისას ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის ფაქტორი;

  • საერთაშორისო თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარებას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია პოლიციის ყველა ორგანიზაციისთვის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ამ ორგანიზაციათა სტრუქტურებისა და პრაქტიკული მუშაობის შესაბამისობა პოლიციის მუშაობის საერთაშორისო სტანდარტებთან. იგულისხმება სხვადასხვა უახლესი მიღწევაც პოლიციის მუშაობის ტექნიკასა და ტექნოლოგიაში, აგრეთვე, პოლიციის იმ ფუნქციებში, რომლებიც ეხება პოლიტიკურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობის პრინციპსა და ადამიანის უფლებებს;

  • პოლიციელებს არ შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი ძალებით ებრძოლონ დანაშაულს და დაამყარონ საზოგადოებრივი წესრიგი, ისინი დიდი პროცესის მონაწილენი არიან და ამიტომ საჭიროა მუდმივი დიალოგი ამ პროცესში ჩართულ სხვა პარტნიორებთან - მთავრობასთან, სოციალურ სამსახურებთან, განათლების სისტემასთან და მთლიანად საზოგადოებასთან;

  • მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებენ პოლიციის თანამშრომლები თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ადამიანის უფლებების სფეროში კარგად მომზადებული და წინდახედული დამცველების სახით მუშაობას.

16 დანართები

▲ზევით დაბრუნება


16.1 I დანართი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დეკლარაცია პოლიციის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


დეკლარაცია პოლიციის შესახებ 1979 წელს შექმნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. მას შემდეგ დეკლარაცია საყოველთაოდ გახდა ცნობილი. მიუხედავად იმისა, რომ მას არა აქვს იურიდიული ძალა, პოლიციის მრავალმა ორგანიზაციამ გამოიყენა იგი წესრიგის დამყარების საკუთარი სტანდარტების ჩამოსაყალიბებლად. იურიდიულ საკითხთა გენერალურმა დირექტორატმა „პოლიციის ეთიკის ევროპულ კოდექსზე“ მუშაობაც დაასრულა.

რეზოლუცია 690 (1979)

პოლიციის შესახებ დეკლარაციასთან დაკავშირებით

პრეამბულა

ასამბლეა,

1. მიაჩნია რა, რომ აუცილებელ საფუძველს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა ეროვნული და საერთაშორისო დოკუმენტებით გარანტირებული ადამიანის უფლებებითა და ძირითადი თავისუფლებებით სრულყოფილი სარგებლობისთვის წარმოადგენს მშვიდობიანი საზოგადოება, რომელიც წესრიგისა და საზოგადოების უსაფრთხოების უპირატესობებით სარგებლობს;

2. მიაჩნია რა, რომ ამ თვალსაზრისით პოლიციას არსებითი როლი აკისრია ყველა წევრ სახელმწიფოში, რომ პოლიციას ხშირად უწევს საშიშ პირობებში მოქმედება და რომ პოლიციის თანამშრომელთა მოვალეობების შესრულება კიდევ უფრო რთულია, თუ პოლიციელთა ქცევის წესები არ არის საკმარისად ზუსტად განსაზღვრული;

3. მიაჩნია რა, რომ არ არის სწორი, პოლიციის რიგებში იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც პოლიციაში მუშაობისას დაურღვევია ადამიანის უფლებები ანდა ვინც პოლიციის ისეთ დანაყოფში მუშაობდა, რომელიც დაიშალა არაჰუმანური ქმედებების გამო;

4. მიაჩნია რა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემა გაუმჯობესდებოდა, საყოველთაოდ რომ იყოს მიღებული პოლიციის პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებული წესები, რომლებიც ითვალისწინებს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პრინციპებს;

5. მიაჩნია რა, რომ სასურველია, პოლიციის თანამშრომლებს აქტიურ მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას უწევდეს საზოგადოება, რომელსაც ისინი ემსახურებიან;

6. მიაჩნია რა, რომ პოლიციის თანამშრომლები უნდა სარგებლობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შესატყვისი სტატუსითა და უფლებებით;

7. მიაჩნია რა, რომ სასურველი იქნებოდა პოლიციის თანამშრომლებისთვის ომისა და სხვა საგანგებო პირობებში, აგრეთვე, უცხო ძალების მიერ ოკუპაციის შემთხვევებში ქცევის წესების ჩამოყალიბება;

8. ღებულობს შემდეგ დეკლარაციას პოლიციის შესახებ, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე რეზოლუციის განუყოფელ ნაწილს;

9. მიუთითებს პარლამენტთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის თავის კომიტეტს და იურიდიულ საკითხთა თავის კომიტეტს, აგრეთვე, ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, მაქსიმალურად გაავრცელონ დეკლარაცია.

დეკლარაცია პოლიციის შესახებ

. ეთიკა

[დეკლარაციის და თავები ვრცელდება ყველა პირსა და ორგანიზაციაზე, მათ შორის, ისეთ უწყებებზე, როგორიც არის საიდუმლო სამსახური, სამხედრო პოლიცია, შეიარაღებული ძალები ან პოლიციის მოვალეობების შემსრულებელი მილიცია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კანონის დაცვაზე, დანაშაულთა გამოძიებაზე და საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფოს უშიშროების შენარჩუნებაზე.]

1. პოლიციის თანამშრომელმა უნდა შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობები და დაიცვას თანამოქალაქეები და საზოგადოება ძალადობის, მძარცველური და სხვა საზიანო ქმედებებისგან, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული.

2. პოლიციის თანამშრომელმა თანმიმდევრულად, მიუკერძოებლად და ღირსეულად უნდა იმუშაოს, განსაკუთრებით კი თავი უნდა შეიკავოს კორუფციის ყველანაირი გამოვლინებისგან და წინააღმდეგობა გაუწიოს მას.

3. ნებისმიერ ვითარებაში აკრძალულია ადამიანისთვის ანგარიშის გასწორება, მისი წამება და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სხვა ფორმები. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, არ დაემორჩილოს ან უგულებელყოს ნებისმიერი ისეთი ბრძანება ან მითითება, რომელიც აღნიშნულ ზომებს ეხება.

4. პოლიციის თანამშრომელმა უნდა შეასრულოს იერარქიულად მისი ზემდგომი პირის მიერ გაცემული სათანადო ბრძანებები, მაგრამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ისეთი ბრძანების შესრულებისგან, რომელიც მან იცის, ან უნდა იცოდეს, რომ უკანონოა.

5. პოლიციის თანამშრომელმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს კანონის დარღვევას. თუ დარღვევის დაშვება გამოიწვევს დაუყოვნებელ ან გამოუსწორებელ და სერიოზულ ზიანს, მან დაუყოვნებელი ზომები უნდა მიიღოს თავისი შესაძლებლობის ოპტიმალურ ფარგლებში.

6. თუ არ არსებობს დაუყოვნებელი ან გამოუსწორებელი და სერიოზული ზიანის საშიშროება, პოლიციის თანამშრომელი უნდა შეეცადოს ამ დარღვევის შედეგების ან დარღვევის გამეორების თავიდან აცილებას და მოახსენოს საკითხი თავის ზემდგომ პირებს. თუ ამ გზით არანაირი შედეგი არ იქნა მიღწეული, საჭიროა საკითხის კიდევ უფრო მაღალი რანგის ხელმძღვანელობისთვის მოხსენება.

7. უკანონო ბრძანების შესრულებაზე უარის განმცხადებელ პოლიციელს არ დაეკისრება არანაირი სისხლის სამართლის თუ დისციპლინარული ზომა.

8. პოლიციის თანამშრომელმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ისეთი პირების ძიებაში, დაპატიმრებაში, დარაჯობასა თუ ერთი ადგილიდან მეორეში გადაყვანაში, რომლებიც არ არიან უკანონო ქმედების ჩადენაში ეჭვმიტანილები, მაგრამ იძებნებიან, დაკავებულნი არიან ანდა მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე მათი რასის, სარწმუნოებისა თუ პოლიტიკური შეხედულების ნიადაგზე.

9. პოლიციის თანამშრომელი პირადად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე და მისი ბრძანების საფუძველზე განხორციელებულ უკანონო ქმედებასა თუ შეცდომებზე.

10. აუცილებელია ბრძანებათა ზუსტად განსაზღვრული იერარქიის არსებობა. ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს იმის დადგენა, თუ საბოლოოდ რომელი ზემდგომი აგებს პასუხს პოლიციის თანამშრომლის მიერ ჩადენილ ქმედებებსა თუ შეცდომებზე.

11. კანონმდებლობაში გათვალისწინებული უნდა იყოს სამართლებრივი გარანტიებისა და ზომების სისტემა პოლიციის საქმიანობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის წინააღმდეგ.

12. თავისი მოვალეობების შესრულებისას პოლიციის თანამშრომელმა კანონით მოთხოვნილი თუ ნებადართული მიზნის მისაღწევად უნდა იმოქმედოს მთელი აუცილებელი სიმტკიცით, მაგრამ არასოდეს უნდა გამოიყენოს საჭიროზე მეტი ძალა.

13. პოლიციის თანამშრომლებმა უნდა მიიღონ გარკვეული და ზუსტი მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით და რა პირობებში უნდა გამოიყენონ იარაღი.

14. პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც ზედამხედველობს დაკავებულ ადამიანს, სამედიცინო დახმარებას რომ საჭიროებს, უნდა უზრუნველყოს სამედიცინო დამხარება სამედიცინო პერსონალისთვის მიმართვის გზით და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ზომები ამ პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. მან უნდა მისდიოს ექიმებისა და სხვა კომპეტენტური სამედიცინო მუშაკების მითითებებს, როდესაც ისინი დაკავებულ პირს სამედიცინო დახმარებას უწევენ.

15. პოლიციის თანამშრომელმა საიდუმლოდ უნდა შეინახოს კონფიდენციალური ხასიათის ინფორმაცია, რომელსაც შეიტყობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოვალეობის შესრულება ან სამართლებრივი დებულებები მისგან საპირისპიროს მოითხოვს.

16. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ასრულებს ამ დეკლარაციის დებულებებს, აქვს უფლება, ისარგებლოს იმ საზოგადოების აქტიური მორალური და ფიზიკური მხარდაჭერით, რომელსაც ემსახურება.

. სტატუსი

1. პოლიცია არის კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამსახური, რომელსაც ეკისრება კანონის დაცვისა და აღსრულების პასუხისმგებლობა.

2. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია პოლიციაში მუშაობა, თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის პირობებს.

3. პოლიციის თანამშრომელმა უნდა გაიაროს საფუძვლიანი ზოგადი მომზადება, პროფესიული მომზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი მომზადება, აგრეთვე, სათანადო მომზადება სოციალურ პრობლემებთან, დემოკრატიულ თავისუფლებებთან, ადამიანის უფლებებსა და, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან დაკავშირებით.

4. პროფესიული, ფსიქოლოგიური და მატერიალური პირობები, რომლებშიც პოლიციის თანამშრომელმა უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობები, უნდა იცავდეს მის თანმიმდევრულობას, მიუკერძოებლობასა და ღირსებას.

5. პოლიციის თანამშრომელს აქვს უფლება, მიიღოს სამართლიანი ანაზღაურება; ამ დროს გასათვალისწინებელია საგანგებო ფაქტორები, როგორიც არის, მაგალითად, დიდი რისკი და პასუხისმგებლობა და არანორმირებული სამუშაო განრიგი.

6. პოლიციის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ უფლება, თავად მიიღონ პროფესიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასთან, მათში გაწევრიანებასთან და აქტიური როლის შესრულებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, მათ სხვა ორგანიზაციებშიც შეუძლიათ აქტიურად მონაწილეობა.

7. წარმომადგენლობით პრინციპზე დამყარებულ პოლიციის პროფესიულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს:

- თანამშრომელთა პროფესიულ სტატუსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის უფლება;

- პოლიციის დანაყოფების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით კონსულტაციის მიღების უფლება;

- პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფის ან რომელიმე ერთი თანამშრომლის სასარგებლოდ სასამართლო საქმის აღძვრის უფლება.

8. პოლიციის პროფესიული ორგანიზაციის წევრობა და მასში აქტიური მონაწილეობა არ იქნება პოლიციის რომელიმე თანამშრომლისთვის საზიანო.

9. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ აღიძვრება დისციპლინარული ან სისხლის სამართლის საქმე, ამ თანამშრომელს აქვს უფლება, გამოთქვას თავისი სათქმელი და მიიღოს დაცვა იურისტის მხრიდან. გადაწყვეტილება გონივრულ ვადაში უნდა იქნეს მიღებული. გარდა ამისა, ამ თანამშრომელს აქვს უფლება, ისარგებლოს პოლიციის იმ პროფესიული ორგანიზაციის დახმარებით, რომელშიც გაწევრიანებულია.

10. პოლიციის თანამშრომელს, რომლის წინააღმდეგაც გამოყენებული იქნება დისციპლინარული ზომა ან რომელსაც დაეკისრება სისხლის სამართლის სანქცია, აქვს უფლება, მიმართოს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ უწყებას ან სასამართლოს.

11. რომელიმე სასამართლოსა თუ ტრიბუნალში პოლიციის თანამშრომელი იმავე უფლებებით სარგებლობს, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე.

0x01 graphic

. ომი და სხვა საგანგებო მდგომარეობები - უცხო ძალების მიერ ოკუპირება

[ეს თავი არ ეხება სამხედრო პოლიციას]

1. ომისა და მტრის მიერ ოკუპაციის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელმა სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა განაგრძოს ადამიანებისა და ქონების დაცვასთან დაკავშირებული თავისი მოვალეობების შესრულება. ამის გამო მას არ ექნება „მებრძოლის“ სტატუსი და არ შეეხება 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის მესამე კონვენციის დებულებები, რომლებიც ეხება სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას.

2. სამოქალაქო პოლიციაზე გავრცელდება 1949 წლის 12 აგვისტოს ჟენევის მეოთხე კონვენციის დებულებები, რომლებიც ეხება ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვას.

3. ოკუპანტმა ხელისუფლებამ არ უნდა უბრძანოს პოლიციის თანამშრომლებს წინამდებარე თავის 1-ლ მუხლში მოხსენიებული ამოცანებისგან განსხვავებული მოვალეობების შესრულება.

4. ოკუპაციის განმავლობაში პოლიციის თანამშრომელმა:

- არ უნდა მიიღოს მონაწილეობა წინააღმდეგობის მოძრაობათა წევრების მიმართ გატარებულ ღონისძიებებში;

- არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ისეთი ღონისძიებების გატარებაში, რომლებიც მიზნად ისახავს მოსახლეობის დასაქმებას სამხედრო მიზნებით და სამხედრო ნაგებობათა დასაცავად.

5. თუ პოლიციის თანამშრომელი დატოვებს პოლიციის რიგებს ოკუპაციის პერიოდში, ვინაიდან მას აიძულებენ ოკუპანტი ხელისუფლების ისეთი არალეგიტიმური ბრძანებების შესრულებას, რომლებიც ეწინააღმდეგება სამოქალაქო მოსახლეობის ინტერესებს (როგორიც არის, მაგალითად, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები) და ვინაიდან იგი ვერ ხედავს სხვა გამოსავალს, ეს თანამშრომელი აღდგენილი უნდა იქნეს პოლიციაში რაც შეიძლება მალე ოკუპაციის დასრულების შემდეგ და მან არ უნდა დაკარგოს არც ერთი უფლება თუ უპირატესობა, რომლითაც ისარგებლებდა, პოლიციაში რომ დარჩენილიყო.

6. არც ოკუპაციის განმავლობაში და არც მისი დასრულების შემდეგ პოლიციის თანამშრომელს არ უნდა დაეკისროს არანაირი სისხლის სამართლის თუ დისციპლინარული სანქცია უფლებამოსილად მიჩნეული ხელისუფლების ბრძანების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, თუ ამგვარი ბრძანების შესრულება პოლიციის ჩვეულებრივ მოვალეობას წარმოადგენს.

7. ოკუპანტი ხელისუფლება არ მიიღებს არანაირ დისციპლინარულ თუ სასამართლო ზომებს პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ იმის გამო, რომ ოკუპაციამდე ეს თანამშრომლები კანონიერი ხელისუფლების ბრძანებებს ასრულებდნენ.

16.2 II დანართი - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ქცევის კოდექსი

▲ზევით დაბრუნება


(მიღებულია გაერო- გენერალური ასამბლეის 1979 წლის 17 დეკემბრის 34/169 რეზოლუციის საფუძველზე)

მუხლი 1

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ნებისმიერ დროს უნდა შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობები, მათი პროფესიით განპირობებული განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესაბამისად უნდა ემსახურონ საზოგადოებას და დაიცვან ყველა ადამიანი უკანონო ქმედებებისგან.

კომენტარი:

(ა) ტერმინი „სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები“ გულისხმობს მართლმსაჯულების სფეროს ყველა თანამშრომელს, დანიშნულსა თუ არჩეულს, რომელიც ახორციელებს პოლიციის უფლებამოსილებას, განსაკუთრებით, დაპატიმრებას ან დაკავებას.

(ბ) იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის უფლებამოსილებას ახორციელებს სამხედრო ხელისუფლება (ფორმიანი თუ უფორმო) ან სახელმწიფო უშიშროების ძალები, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების განსაზღვრა აღნიშნული სამსახურების თანამშრომლებსაც იგულისხმებს.

(გ) საზოგადოების სამსახური გულისხმობს დახმარების გაწევას საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი საზოგადოების იმ წევრთათვის, ვინც პირადი, ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა საგანგებო ვითარების გამო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს.

(დ) ეს დებულება ვრცელდება არა მარტო ყველანაირ ძალმომრეობის, ძარცვისა და საზიანო აქტებზე, არამედ სისხლის სამართლის საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ ყველა აკრძალვაზეც. ეს ეხება ისეთი პირების საქციელსაც, რომელთაც არ შეუძლიათ იკისრონ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

მუხლი 2

თავიანთი მოვალეობების შესრულებისას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა პატივი უნდა სცენ და დაიცვან ადამიანის ღირსება და დაიცვან ყველა ადამიანის უფლებები.

კომენტარი:

(ა) ადამიანის უფლებები განსაზღვრული და დაცულია ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაში. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“, „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმება, დეკლარაცია „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისგან ყველა ადამიანის დაცვის შესახებ“, გაერო-ს დეკლარაცია „რასობრივ ნიადაგზე ყველანაირი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“, საერთაშორისო კონვენცია „რასობრივ ნიადაგზე ყველანაირი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“, საერთაშორისო კონვენცია „აპარტეიდის დანაშაულის აღმოფხვრისა და დასჯის შესახებ“, კონვენცია „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის შესახებ“, ტუსაღთა მიმართ მოპყრობის სტანდარტული მინიმალური წესები და ვენის კონვენცია „კონსულთან ურთიერთობების შესახებ“.

(ბ) ამ დებულებასთან დაკავშირებულ ეროვნულ კომენტარებში მითითებული უნდა იქნეს აღნიშნულ უფლებათა განმსაზღვრელი რეგიონული თუ ეროვნული დებულებები.

მუხლი 3

ძალის გამოყენება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო მასშტაბით შეუძლიათ.

კომენტარი:

(ა) ამ დებულებაში ხაზგასმულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გამოყენება გამონაკლის შემთხვევებში უნდა ხდებოდეს; მართალია, დებულება უშვებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს შეიძლება ჰქონდეთ ძალის გამოყენების უფლებამოსილება, რამდენადაც ეს აუცილებელია არსებულ პირობებში დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ანდა დამნაშავეების თუ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების კანონიერი დაპატიმრების თუ დაკავების განსახორციელებლად ან ამ პროცესში დახმარების გასაწევად, მაგრამ დაუშვებელია ამაზე მეტი ძალის გამოყენება.

(ბ) ჩვეულებრივ, ეროვნული კანონმდებლობა პროპორციულობის პრინციპის მიხედვით ზღუდავს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ძალის გამოყენებას. საჭიროა იმის გათვითცნობიერება, რომ წინამდებარე დებულების ინტერპრეტირებისას აღიარებული უნდა იქნეს პროპორციულობის ეროვნული პრინციპები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ დებულების ინტერპრეტირება იმგვარად, თითქოს ის იძლევა მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული ძალის გამოყენების უფლებას.

(გ) ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უკიდურეს ზომად ითვლება. ყველა ღონე უნდა იქნეს მიღებული, რათა გამოირიცხოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, განსაკუთრებით, ბავშვების მიმართ. ჩვეულებრივ, ცეცხლსასროლი იარაღი არ უნდა იქნეს გამოყენებული გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დანაშაულში ეჭვმიტანილი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ან სხვაგვარი საფრთხით ემუქრება სხვა ადამიანების სიცოცხლეს და ნაკლებად ქმედითი ზომები არ არის საკმარისი დანაშაულში ეჭვმიტანილის შესაჩერებლად ან დასაკავებლად. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თითოეულ შემთხვევაში აუცილებელია, ხელმძღვანელობას სასრაფოდ წარედგინოს ანგარიში.

მუხლი 4

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ხელთ არსებული კონფიდენციალური ხასიათის საკითხები არ უნდა იქნეს გამჟღავნებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოვალეობების შესრულება ან მართლმსაჯულების მოთხოვნები მკაცრად საწინააღმდეგოს მოითხოვს.

კომენტარი:

თავიანთი მოვალეობების ხასიათის წყალობით სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ღებულობენ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სხვა ადამიანთა პირად ცხოვრებას ანდა პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდეს მათი ინტერესებისთვის, განსაკუთრებით კი რეპუტაციისთვის. ამგვარი ინფორმაციის დაცვის და გამოყენების დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ მოვალეობის შესრულებისას ან მართლმსაჯულების ინტერესში. ამგვარი ინფორმაციის სხვა მიზნებით გამჟღავნება აბსოლუტურად დაუშვებელია.

მუხლი 5

სამართალდამცავი ორგანოების არც ერთმა თანამშრომელმა არ უნდა ჩაიდინოს, არ უნდა მოახდინოს პროვოცირება და არ უნდა დაუშვას წამების ან სხვა სასტიკი და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის არანაირი აქტი; სამართალდამცავი ორგანოების არც ერთი თანამშრომელი არ უნდა დაეყრდნოს წამების ან არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გასამართლებლად ზემდგომთა ბრძანებებს ან განსაკუთრებულ პირობებს, როგორიც არის, მაგალითად, საომარი მდგომარეობა ან ომის საშიშროება, ეროვნული უშიშროების, პოლიტიკური არასტაბილურობისა თუ სხვა საგანგებო პირობების საშიშროება.

კომენტარი:

(ა) ეს აკრძალვა ეყრდნობა გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისგან ყველა ადამიანის დაცვის შესახებ“, რომლის თანახმადაც: „[ამგვარი აქტი წარმოადგენს] დანაშაულს ადამიანის ღირსების წინააღმდეგ და დაგმობილი იქნება როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიზნებისგან განდგომა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში [და ადამიანის უფლებების შესახებ სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში] გაცხადებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დარღვევა.“

(ბ) დეკლარაციაში წამება შემდეგნაირად არის განსაზღვრული: „. . . წამება ნიშნავს ნებისმიერ აქტს, რომლის შედეგადაც სახელმწიფო მოხელის მიერ ან მისი პროვოცირებით ადამიანს განზრახ აყენებენ მწვავე ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტკივილს ან ტანჯვას, რაც მიზნად ისახავს მისგან ან მესამე პირისაგან ინფორმაციის თუ აღიარების გამოძალვას, მის დასჯას რაიმე ქმედებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა ან არსებობს ეჭვი, რომ ჩაიდინა, ანდა მის ან სხვა პირების დაშინებას. წამება არ გულისხმობს ისეთ ტკივილს ან ტანჯვას, რომელიც გამოწვეულია კანონიერი სანქციებით ან დამახასიათებელია ამ სანქციებისთვის, თუ ეს სანქციები შეესაბამება ტუსაღთა მიმართ მოპყრობის მინიმალურ სტანდარტულ წესებს.“

(გ) ტერმინი „სასტიკი, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი“ გენერალურ ასამბლეას არ განუსაზღვრავს, მაგრამ მისი ინტერპრეტირება იმგვარად არის საჭირო, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მაქსიმალური შესაძლო დაცვა ფიზიკური თუ ფსიქიკური შეურაცხყოფისგან.

მუხლი 6

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, კერძოდ, დაუყოვნებელი ზომები მიიღონ საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად.

კომენტარი:

(ა) „სამედიცინო დახმარება“, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი სამედიცინო პერსონალის, მათ შორის, სერტიფიცირებული სამედიცინო პრაქტიკოსებისა და საშუალო რგოლის სამედიცინო მუშაკების მიერ გაწეულ მომსახურებას, საჭიროების ან მოთხოვნის შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი.

(ბ) მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან სამედიცინო პერსონალია დაკავშირებული, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უნდა გაითვალისწინონ ამ პერსონალის მოსაზრებები, თუკი ეს უკანასკნელი რეკომენდაციას უწევს აღნიშნული თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირისთვის სათანადო მკურნალობის გაწევას სამართალდამცავი ორგანოების გარედან მოწვეული სამედიცინო პერსონალის მიერ ან ასეთ პერსონალთან კონსულტაციის მეშვეობით.

(გ) იგულისხმება, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უნდა უზრუნველყონ სამედიცინო დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვინც დაზარალდა კანონდარღვევათა შედეგად ან კანონდარღვევათა განმავლობაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად.

მუხლი 7

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა არ უნდა ჩაიდინონ კორუფციის არანაირი აქტი. გარდა ამისა, მათ სასტიკი წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ და შეებრძოლონ ყველანაირ ამგვარ გამოვლინებას.

კომენტარი:

(ა) კორუფციის ნებისმიერი აქტი, ისევე, როგორც ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, არ შეეფერება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროფესიას. სამართალდამცავი ორგანოების ნებისმიერი ისეთი თანამშრომლის მიმართ, ვინც კორუფციულ საქციელს ჩაიდენს, მისადაგებული უნდა იქნეს სამართლებრივი ზომები და უნდა აღსრულდეს კანონი, ვინაიდან მთავრობები ვერ აღასრულებენ კანონს თავიანთი მოქალაქეებისთვის, თუკი არ შეუძლიათ კანონის აღსრულება (ანდა არ აკეთებენ ამას) საკუთარი წარმომადგენლების მიმართ და საკუთარ დაწესებულებებში.

(ბ) თუმცა კორუფციას ეროვნული კანონმდებლობა განსაზღვრავს, უნდა იგულისხმებოდეს, რომ კორუფცია ნიშნავს ადამიანის მოვალეობათა შესრულებისას ან მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით ჩადენილ ან ჩაუდენელ ქმედებას მოთხოვნილი თუ მიღებული საჩუქრების, დაპირებების ან სტიმულების პასუხად, ანდა მათ უკანონო მიღებას მას შემდეგ, რაც ქმედება ჩადენილი ან ჩაუდენელი იქნება.

(გ) ზემოთ მოხსენიებულ გამოთქმაში „კორუფციის აქტი“ უნდა იგულისხმებოდეს კორუფციის მცდელობაც.

მუხლი 8

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უნდა დაიცვან კანონი და წინამდებარე კოდექსი. მათ ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა თავიდან აიცილონ და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიონ მათ ნებისმიერ დარღვევას.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, რომლებსაც გარკვეულ მიზეზზე დაყრდნობით მიაჩნიათ, რომ ადგილი აქვს ამ კოდექსის დარღვევას ან დარღვევა მოსალოდნელია, უნდა მოახსენონ ეს საკითხი თავიანთ ზემდგომ ხელმძღვანელობას და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა შესაბამის ხელისუფლებას ან ორგანოებს, რომლებსაც აქვთ საკითხის განხილვის ან გამოსწორების უფლებამოსილება.

კომენტარი:

(ა) როდესაც ეს კოდექსი შეტანილი იქნება ეროვნულ კანონმდებლობაში ან პრაქტიკაში, მისი შესრულება სავალდებულო გახდება. თუ ეროვნული კანონმდებლობა ან პრაქტიკა ამ კოდექსზე უფრო მკაცრ დებულებებს შეიცავს, უნდა შესრულდეს უფრო მკაცრი დებულებები.

(ბ) ამ მუხლის მიზანია წონასწორობის შენარჩუნება, ერთის მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელი უწყების შიდა დისციპლინასა და, მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების რეგულირებას შორის. ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევების შესახებ ანაგრიშები სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ბრძანებათა ზუსტად განსაზღვრული იერარქიის ფარგლებში უნდა წარადგინონ, ხოლო სხვა კანონიერი ზომა იერარქიის გადაჭარბებით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიიღონ, როდესაც არ არსებობს ან არ არის ეფექტური გამოსწორების არც ერთი სხვა საშუალება. იგულისხმება, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს არ უნდა ემუქრებოდეთ ადმინისტრაციული თუ სხვა სახის სასჯელი იმის გამო, რომ მათ წარადგინეს ანგარიში წინამდებარე კოდექსის დარღვევის ან სავარაუდო დარღვევის თაობაზე.

(გ) ტერმინი „შესაბამისი ხელისუფლება ან ორგანოები, რომლებსაც აქვთ საკითხის განხილვის ან გამოსწორების უფლებამოსილება,“ ეხება ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე არსებულ ნებისმიერ უწყებას თუ ორგანოს, იქნება ეს სამართალდამცავი ორგანოს შიგნით არსებული თუ მისგან დამოუკიდებელი ხელისუფლება, რომელსაც აქვს კანონით დადგენილი, ჩვეულებრივი თუ სხვა უფლებამოსილება, განიხილოს ამ კოდექსის მოქმედების სფეროში დაშვებულ დარღვევებთან დაკავშირებული საჩივრები.

(დ) ზოგიერთ ქვეყანაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა შეიძლება შეასრულონ ზემოთ, პუნქტ (გ)-ში აღწერილი ფუნქციების მსგავსი ფუნქციები საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით. ამიტომ შესაძლებელია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა გამართლება, თუკი ისინი, უკიდურესი საშუალების სახით და მათი ქვეყნების კანონებისა და ადათ-წესების შესაბამისად, აგრეთვე, წინამდებარე კოდექსის მე-4 მუხლის დებულებათა შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გააცნობენ დარღვევებს საზოგადოებას.

(ე) სამართალდამცავი ორგანოების ის თანამშრომლები, რომლებიც ასრულებენ ამ კოდექსის დებულებებს, იმსახურებენ პატივისცემას, სრულ მხარდაჭერას და თანამშრომლობას საზოგადოებისა და იმ სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან, რომელშიც მუშაობენ, აგრეთვე, სამართლამცავი სფეროს ყველა წარმომადგენლის მხრიდან.

16.3 III დანართი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული 10 ძირითადი სტანდარტი, რომლებიც საფუძვლად უდევს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა სათანადო ქცევას

▲ზევით დაბრუნება


ქვემოთ შეჯამებულია „ემნესთი ინთერნეშნელის“ მიერ სხვადასხვა ქვეყნის პოლიციელებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბებული ძირითადი სტანდარტები. ამ სტანდარტებს საფუძვლად უდევს გაერო-ს კანონის აღსრულების, სისხლის სამართლის სისტემისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სტანდარტები.

1. ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს ერთნაირი დაცვა კანონის მხრიდან, ნებისმიერ ნიადაგზე დისკრიმინაციის გარეშე, განსაკუთრებით კი დაცვა ძალადობის ან მუქარისაგან. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ პოტენციურად დაუცველი ჯგუფების, მაგალითად, ბავშვების, ხანდაზმულების, ქალების, ლტოლვილების, ადგილნაცვალი პირებისა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა დასაცავად.

2. დანაშაულის ყველა მსხვერპლს თანაგრძნობითა და პატივისცემით მოეკიდეთ, განსაკუთრებით დაიცავით მათი უსაფრთოხება და პირადი ცხოვრება.

3. არ გამოიყენოთ ძალა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სრულიად აუცილებელია, და ისიც მხოლოდ არსებულ პირობებში საჭირო მინიმალური მასშტაბით გამოიყენეთ.

4. ერიდეთ ძალის გამოყენებას ადამიანთა უკანონო, მაგრამ მშვიდობიანი თავშეყრის რეგულირებისას. აგრესიული თავშეყრის დაშლისას ძალა მხოლოდ მინიმილური აუცილებელი ოდენობით გამოიყენეთ.

5. სიკვდილის გამომწვევი ძალის გამოყენება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია თქვენი ან სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

6. არავინ დააპატიმროთ, თუ არ არსებობს ამის გაკეთების კანონიერი საფუძველი და თუ დაპატიმრება დაპატიმრების კანონიერი პროცედურების შესაბამისად არ ხდება.

7. უზრუნველყავით, რომ ყველა დაკავებულ პირს დაპატიმრებისთანავე შეეძლოს დაკავშირება თავის ოჯახთან და იურიდიულ წარმომადგენელთან, აგრეთვე, რომ ამ პირს ხელი მიუწვდებოდეს ნებისმიერ აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე.

8. ყველა დაკავებულ პირს ჰუმანურად მოექეცით. არანაირ პირობებში არ ჩაიდინოთ, არ გამოიწვიოთ და არ დაუშვათ წამების ან სასტიკი მოპყრობის არანაირი აქტი და არ დაემორჩილოთ ამის გაკეთების თაობაზე არავითარ ბრძანებას.

9. არ განახორციელოთ, არც სხვას უბრძანოთ და არ დაფაროთ არაოფიციალური მკვლელობა ანუ ადამიანის „გაქრობა“, და არ დაემორჩილოთ ამის გაკეთების თაობაზე არავითარ ბრძანებას.

10. ამ ძირითადი სტანდარტების თითოეული დარღვევის შესახებ მოახსენეთ თქვენს ზემდგომ ხელმძღვანელს და პროკურატურას. ყველა ღონე იხმარეთ, რათა უზრუნველყოთ, რომ მიღებული იქნეს ზომები ამ დარღვევათა გამოსაძიებლად.

„ემნესთი ინთერნეშნელ“ (1998 წლის დეკემბერი), „ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული 10 ძირითადი სტანდარტი, რომლებიც საფუძვლად უდევს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა სათანადო ქცევას“, POL 30/04/98, ლონდონი.