The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

თანამედროვე ქართული ლიტერატურა (სტატია)

თანამედროვე ქართული ლიტერატურა (სტატია)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გობეჩია მელიტონ, პუანსო მაფეო-შარლ
თემატური კატალოგი ლიტერატურა|საუბრები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე
საავტორო უფლებები: © გობეჩია ნინელი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: LA LITTÉRATURE GÉORGIENNE CONTEMPORAINE N 290 MERCURE DE FRANCE – 16-VII-1909 Source https://gallica.bnf.fr Bibliothèque nationale de France. ფრანგულიდან თარგმნა ნინელი გობეჩიამ



1 თანამედროვე ქართული ლიტერატურა1

▲ზევით დაბრუნება


1908 წელს, დეკემბრის ბოლოს (20) საქართველომ სადღესასწაულოდ აღნიშნა თავისი ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, თავად აკაკი წერეთლის იუბილე. ეს იყო ეროვნული ზეიმი რუსეთის მიერ ძლიერ დაჩაგრული, მომხიბვლელი და უბედური პატარა ქვეყნისათვის. პოეტმა მიიღო მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მწერლების აურაცხელი მიმართვა თუ წერილი, რასაც თან ერთვოდა კავკასიის ყველა კუთხიდან მისული დელეგაციების პატივისცემა. ამ ენთუზიაზმს მან უპასუხა თავისი ულამაზესი პოეზიით. იმავდროულად მისი შემოქმედება გააშუქა უამრავმა გაზეთმა.

ეს გახდა შესაფერისი დრო ქართული ლიტერატურული მოძრაობის შესაჯამებლად, არა მხოლოდ ტფილისელი ლამარტინის - აკაკი წერეთლის, არამედ ქართველი ვიქტორ ჰიუგოს - ილია ჭავჭავაძის დაფასებისთვისაც, რომელიც მოკლეს ორი წლის წინ.

___________________

1. ზოგადად ქართული ლიტერატურისა და კერძოდ ჭავჭავაძისა და წერეთლის შესახებ ნაყოფიერად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი წყაროები:

ა. ხახანოვი: ქართული ლიტერატურის ისტორია, რუსულად (ეროვნული ბიბლიოთეკა) და ფრანგულად: საქართველოს ისტორია ლიტერატურული მიმოხილვებით (ნობლე, 1900).

აკაკი წერეთელი: მემუარები; მისი თხზულებები ქართულად აგრეთვე დაცულია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისევე როგორც ჭავჭავაძის ნაწარმოებები.

ალექსანდრ დიუმა: მოგზაურობის შთაბეჭდილებები.

მარი ბროსე ფრანგულად დაწერა ქართული ლიტერატურის ისტორია.

ნ. ვენტინარი: საქართველო და ორი დიდი ქართველი (ფრანგულად; ლიეჟი, 1905).

ჟურნალში Moambe: მნიშვნელოვანი კრიტიკული წერილები კიტა აბაშიძის მიერ ჭავჭავაძის თხზულებებზე, განსაკუთრებით განდეგილზე. აგრეთვე, არჩილ ჯორჯაძის ნაშრომები იმავე ავტორის ეკონომიკურ შეხედულებებზე.

ივანე ჯავახიშვილის კვლევები ჭავჭავაძეზე ჟურნალ ისარში (1907) და წერეთელზე ყოველკვირეულ ჟურნალ ფასკუნჯში (Le Phénix).

გერმანულად - არტურ ლაისტის ნაშრომები ზოგადად ქართულ ლიტერატურაზე და განსაკუთრებით იმ რამდენიმე პოეტზე, რომლებიც მან თარგმნა (Georgische Dichter).

ინგლისურად - მარჯორი უორდროპის სხვადასხვა თარგმანები.

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს ბარონ დე ბაიეს ნაშრომები, რომელმაც საქართველოს შესახებ მრავალი საინტერესო შთაბეჭდილება და კვლევა შემოგვთავაზა. P. G.

2 I

▲ზევით დაბრუნება


უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ საქართველო - პოლიტიკური მოწყობის ოცდასამსაუკუნოვანი ისტორიით, რომელმაც განიცადა ნამდვილი ოქროს ხანა XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის მეფობის დროს. ეს ქვეყანა, რომელსაც დღეს მხოლოდ ორნახევარი მილიონი მაცხოვრებელი ჰყავს, ოდესღაც ათ მილიონამდე მოსახლეს ითვლიდა. გავიხსენოთ საქართველო - ლეგენდარული კეთილდღეობითა და შთამბეჭდავი ლიტერატურით. სწორედ საქართველოს ოქროს ხანიდან იღებს სათავეს ქართული პოეზიის შედევრები, როგორიცაა შოთა რუსთველის „ვეფხის-ტყაოსანი“, იოანე შავთელისა და ჩახრუხაძის ულამაზესი ოდები, ასევე მოსე ხონელისა და სარგის თმოგველის შემოქმედება რომანების სახით.

თუმცა, საუბედუროდ, ამ ეპოქის შემდგომ დაიწყო როგორც ლიტერატურული, ასევე ეროვნული ცხოვრების დაღმასვლა მონღოლთა, სპარსთა და თურქთა შემოსევების შედეგად. ლიტერატურული აღორძინების ხანა კი ხელახლა იწყება XVII საუკუნეში, სადაც ბრწყინავს მეფე თეიმურაზ I-სა და არჩილ II-ის პოეზია. XVIII საუკუნეში თავს გამორჩეულად იმკვიდრებს დავით გურამიშვილისა და ბესიკის ნაშრომები სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებთან ერთად. ეს უკანასკნელი კი აგრეთვე ავტორია პირველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონისა... და აი, ამგვარად შევაბიჯეთ XIX საუკუნეში.

მეცხრამეტე საუკუნეში მნიშვნელოვანია გამოვყოთ ორი განსხვავებული პერიოდი - ქართულენოვანი ჟურნალის „ცისკრის“ გამოცემამდე და მის შემდგომ. ჟურნალს ხელმძღვანელობდა ქართული თეატრის დამაარსებელი, ქვეყნის პირველი დრამატურგი თავადი გიორგი ერისთავი. სწორედ აქ იბეჭდებოდა მისი დრამატული პიესები. ამ ჟურნალშივე ქვეყნდებოდა „ქართველი ბაირონის“ - ალექსანდრე ჭავჭავაძისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები თუ გრიგოლ ორბელიანის პოეტური შედევრები. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილნი გახლდათ დიდგვაროვნები, რომელნიც ამ დრომდე თავიანთ ნაშრომებს მხოლოდ ხელნაწერების ან ბროშურების მეშვეობით ავრცელებდნენ. ამავე ეპოქაში ბრწყინავდნენ თავადები ვახტანგ ორბელიანი და რაფიელ ერისთავი. აგრეთვე, თავადის ასული პოეტები ბარბარე ჯორჯაძე და ნინო ორბელიანი.

ამრიგად, როგორც ჩანს, წერის ხელოვნება თავდაპირველად მხოლოდ მაღალი არისტოკრატიის პრივილეგიას წარმოადგენდა. თუმცა, მალევე გამოჩნდნენ ნაკლებად ცნობილი საგვარეულოების წარმომადგენლებიც, როგორიცაა: დიმიტრი ყიფიანი - დიდი პატრიოტი პოლიტიკოსი, შექსპირისა და მოლიერის მთარგმნელი (რომელიც მოკლულ იქნა), დანიელ ჭონქაძე - ავტორი პირველი რეალისტური რომანისა „სურამის ციხე“, რომელიც აღწერდა გლეხთა ყოფასა და კულტურას.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ლიტერატურაზე უცხოური გავლენა განსაკუთრებით გაძლიერდა. სწორედ ამ ახალი სკოლის სათავეში აღმოჩნდნენ თავადები - ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, რომელთაც უფრო დეტალურად მოგვიანებით განვიხილავთ. ახალგაზრდა მწერლებს შორის აღნიშვნის ღირსია: რომანისტი, დრამატურგი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე; გიორგი წერეთელი, რომელიც ასევე ისტორიკოსია; ნიკო ლომოური; სოფრომ მგალობლიშვილი; ეკატერინე გაბაშვილი; ალექსანდრე ყაზბეგი - თვალსაჩინოდ აღმწერი მთის ხალხის ყოფისა. პროზაიკოსები - ილია ელეფთერიძე; მიხეილ ჯავახიშვილი; დავით კლდიაშვილი; შიო არაგვისპირელი; - შესანიშნავი ლირიკოსი თავადი მამია გურიელი; ძმები რაზიკაშვილები, რომელნიც მთის ცხოვრების პოეტურ შესწავლას უძღვნიან თავიანთ შემოქმედებას; დუტუ მეგრელი; ჯაყელი; განათლებული ენათმეცნიერი სილოვანი (სილოვან ხუნდაძე); განდეგილი (დომინიკა ერისთავი); იროდიონ ევდოშვილი; მელიტონ გობეჩია და სხვები. მეორეს მხრივ, საქართველოს საუკეთესო ქადაგებების წიგნის ავტორი გახლავთ ეპისკოპოსი გაბრიელი, რომელიც ინგლისურად თარგმნა ბროუდ ვინძორის ეპისკოპოსმა მეჰუნმა. ამასთანავე, პუბლიცისტი და ეკონომისტი ნიკოლოზ ნიკოლაძე - გამოირჩევა ევროპული იდეების ქვეყნის შიგნით გავრცელების მცდელობით. დრამატურგთა შორის გამოვყოთ შემდეგნი: თავადი დავით ერისთავი (ვაჟი გიორგი ერისთავისა), ავქსენტი ცაგარელი და ივანე მაჩაბელი; ისტორიკოსებს შორის: პლატონ იოსელიანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფილოსოფოსი; დიმიტრი ბაქრაძე - ავტორი „ისტორია საქართველოსი“; პარიზში დაბადებული მარი ბროსე, რომელმაც თავი მიუძღვნა კვლევის ამ დარგს; პროფესორი დავით ჩუბინაშვილი - შემქნმელი ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონისა; ალექსანდრე ცაგარელი, ხახანოვი (ალექსანდრე ხახანაშვილი). ქიმიკოსი ვასილ პეტრიაშვილი და პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი მათ მიერ შექმნილი შესანიშნავი ნაშრომებით ავსებენ ინტელექტუალურ ფალანგას, რომლის ორ უდიდეს წარმომადგენელს ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს ახლა მეტად სიღრმისეულად განვიხილავთ.

3 II

▲ზევით დაბრუნება


თავადი ილია ჭავჭავაძე დაიბადა 1837 წლის 27 ოქტომბერს ყვარელში, კახეთში (რეგიონი საქართველოს აღმოსავლეთით), განათლებულ ოჯახში. თბილისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს იყო პერიოდი ალექსანდრე II-ის დიდ რეფორმებამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც რუს საზოგადოებაში კეთილშობილური და ლიბერალური ძალები იღვიძებდნენ. ილია განიმსჭვალა იმდროინდელი მწერლების მიერ ქადაგებული, ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული იდეებით და გახდა ბატონყმობის მტკიცე მოწინააღმდეგე, უკეთესი მომავლის წინასწარმეტყველი.

ლიტერატურული ხელოვნებით გატაცებულმა ილიამ მისი პირველი ლექსები გაუგზავნა ცნობილ ყოველთვიურ ჟურნალ „ცისკარს“. (სწორედ ამ ჟურნალის შესახებ საუბრობს ალექსანდრე დიუმა თავის „მოგზაურობის შთაბეჭდილებებში“.) ჟურნალში ილიას ამ ადრეულ მცდელობებს უარყოფითად შეხვდნენ. თუმცა, ამის პასუხად მან იმდენად ძლიერად გააკრიტიკა არასწორად ჩამოყალიბებული ძველი ხედვები, რომ იმთავითვე აღქმულ იქნა მომავლის ადამიანად, ახალ იდეათა გამტარებლად. მართლაც, ისინი არ შემცდარან, ილიამ მალევე დაიმკვიდრა თავი იმდროინდელ ახალგაზრდობას შორის, რომელნიც მოწადინებულნი იყვნენ ლიტერატურული გემოვნების განწმენდისა და გაკეთილშობილებისათვის. ამრიგად, საქართველო მოიცვა „მამათა და შვილთა ლიტერატურულ-იდეურმა ბრძოლამ“ ისევე, როგორც საფრანგეთი რომანტიზმის ეპოქაში და გერმანია „ქარიშხლისა და შეტევის“ მიმდინარეობის ჩამოყალიბებისას.

1861 წელს ილია ტიფლისს დაბრუნდა ენთუზიაზმითა და გეგმებით აღსავსე მას შემდეგ, რაც გაილაშქრა ორთოგრაფიული არქაიზმებისა (რომელის განსაკუთრებული მხარდამჭერი გრიგოლ ორბელიანი გახლდათ) და მაღალი ლიტერატურული სტილის წინააღმდეგ ბუნებრივი და ხალხისთვის მარტივად აღქმადი სტილის დასამკვიდრებლად. გზად, კავკასიონის მთის გადმოკვეთისას მან ყაზბეგის მშვიდი და ცივი მთა შეადარა მდინარე თერგის უმართავ ღელვას. და მართლაც, მღეროდა მღელვარე, ხმაურიანი, სწრაფი მდინარე, რომელიც არასოდეს გადაიქცევა ბაყაყების გუბედ. მდინარე, რომელიც მუდამ დარჩება მოძრაობის, სიცოცხლისა და ბრძოლის ხატად.2

1862 წელს ილიამ დააარსა საკუთარი ყოველთვიური გაზეთი „საქართველოს მოამბე“, რომელშიც აქვეყნებდა თავის ლექსებს, მოთხრობებს, მიმდინარე საზოგადოებრივ ამბებს, ლერმონტოვის, გოგოლის, ანდრე შენიეს, პიერ-ჟოზეფ პრუდონის თარგმანებს. ორი წლის შემდეგ, გლეხების ემანსიპაციის გამოცხადების შემდეგ, იგი დათანხმდა გამხდარიყო მომრიგებელ-შუამავალი მათსა და დუშეთის მიწის მესაკუთრეებს შორის, ხოლო 1868 წელს, სასამართლო რეფორმის შემდეგ, გამხდარიყო მომრიგებელი მოსამართლე რომლის ერთადერთი მიზანი ხალხის განათლება და შვება გახდა. 1875 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, რომელიც ააყვავა მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში, ხოლო ბანკის კრებები ნამდვილ პარლამენტად აქცია, სადაც

ყველა ძირითადი საზოგადოებრივი საკითხი განიხილებოდა. 1877 წელს მან აგრეთვე დააარსა გაზეთი „ივერია“, რომელსაც ოცდახუთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და რომლის კარი ღია იყო დღევანდელი მოწინავე მწერლებისათვის. როდესაც რუსულმა თავადაზნაურობამ საქართველოს თავადაზნაურობას სახელმწიფო საბჭოში ადგილი მიანიჭა, თავადაზნაურთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ აირჩია ილია ამ საპატიო თანამდებობის დასაკავებლად (1906 წ.). ყველა მხრიდან მას სთხოვდნენ საზოგადოებების თავმჯდომარეობას და კომიტეტებში გამოსვლას. კავკასიის მეფისნაცვლმა ის თავის საბჭოში მიიწვია. აი, სწორედ ეს იყო შესანიშნავი ინტელექტუალური ძალაუფლება! ორმოცდაათი წლის განმავლობაში ილია ჭავჭავაძე იდგა ქვეყნის იდეებისა და ინტერესების სათავეში, მუდმივად ავითარებდა მას თავისი უხვი ნიჭით, პატივისცემითა და დიდებით გარშემორტყმული.

სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, 1907 წლის 31 აგვისტოს, როდესაც მეუღლესთან ერთად ტიფლისს მიემგზავრებოდა, მის ეტლს გზად სასტიკად თავს დაესხნენ რევოლვერებით შეიარაღებული თავდამსხმელები. დაჭრეს ილიას მეუღლე და მოკლეს ისედაც გაუბედურებული ერის ყველაზე დიდებული მხცოვანი! კიურის, შანიესა და ახლა უკვე ილია ჭავჭავაძის გარდაცვალება - აი, ბედისწერის საშინელი ირონია!

საგულისხმოა ის, რომ ამ დიდი მწერლის ნაწარმოებები სრულად ჯერაც არ გამოქვეყნებულა. ლექსები, რომანები, კრიტიკა, კვლევები, აფორიზმები და ადაპტაციები პერიოდულ გამოცემებშია მიმოფანტული. საქართველოს საგამომცემლო საზოგადოებამ 1892 წელს მხოლოდ ოთხტომეული გამოსცა. ჩვენ მიზნად ვისახავთ განვაგრძოთ ეს ღვთიური საქმე, რათა მნიშვნელოვანი ნაშრომები, რის შესახებაც ახლა რამდენიმე სიტყვით მოგახსენებთ, ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდეს.

ეს ნაშრომები შეესაბამება თავადის ლიტერატურული მოღვაწეობის სამ პერიოდს, რომლის შესწავლა უკვე შეგვიძლია პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ შექმნილ ქართული ლიტერატურის ისტორიაში.

პირველი - ეს არის მომზადება - ესენია: „ცისკარსა“ და „საქართველოს მაცნეში“ გამოქვეყნებული ნაშრომები, როგორიცაა: პოემები - „კაკო ყაჩაღი“ და „აჩრდილი“; მოთხრობები - „კაცია ადამიანი?!“ და „გლახის ნაამბობი“, რომელიც განასახიერებს იმდროინდელ ცხოვრებას, ბატონ-ყმობას, და ასე შემდეგ.

მეორე ნაწილი იწყება 1864 წლიდან, ყმათა განთავისუფლების პერიოდით. პოეტი, როგორც პატრიოტი, ქმნის დრამატულ პოემას „ქართვლის დედა“, ისტორიულ პოემას „დიმიტრი თავდადებული“, მოკლედ, ისეთ ნაწარმოებებს, რომლებიც აღვსილია ქვეყნისადმი მხურვალე სიყვარულით.

მესამე ნაწილი, რომელიც შეიცავს ისეთი მოთხრობებით, როგორიცაა „ოთარაანთ ქვრივი“ და „სახრჩობელაზედ“. პოემით „განდეგილი“ მწერალი აღწევს წმინდა ხელოვნებისა და მარადიული ჭეშმარიტების აპოგეას.

გარდა ამისა, ჭავჭავაძე თითქმის ყველგან სოციალურად აქტიური რჩება; ის არის პოეტი-მოქალაქე, ამ სიტყვის უკეთილშობილესი გაგებით და სწორედ ამიტომ შეგვიძლია მასზე ფიქრისას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ვიქტორ ჰიუგო გავიხსენოთ; მაგრამ ის ასევე არის მამულიშვილი იმ მშვენიერი ქვეყნისა, რომელსაც სიყვარულით აღწერს. მართლაც, კახეთი კავკასიის ულამაზესი რეგიონია, რომელსაც ცქრიალა წყლით რწყავენ მდინარე ალაზანი და იორი. მას კიდევ უფრო თვალწარმტაცს ხდის გომბორის მთები, ყვავილებით დაფარული ფერდობები და ველების გასაოცარი ნაყოფიერება. პოეტი სწორედ ამ რეგიონს უძღვნის გონებიდან წამოსულ პირველ ფურცლებს, რომელსაც აქცევს თავისი ყველაზე ძვირფასი აზრების საყრდენად, იგი მეგობრებივით მიმართავს მთებსა და მდინარეებს. პოეტი ასევე უგალობს მდინარე არაგვის მომხიბვლელობას და მდინარე მტკვრის დინებაში კითხულობს წამებულ გმირთა ტანჯვას. მას სურს, რომ ყველამ მასავით შეიყვაროს სამშობლო.

ამასთანავე, პოეტი ხმამაღლა გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ ადამიანები ძალიან ხშირად ივიწყებენ სამშობლოს წვრილმანი ინტერესების გამო, და რომ იგი ვერ ახერხებს მათ გამოღვიძებას. ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ლექსი „ელეგია“, რომელშიც ის წერს:

„მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდან ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?“

პოემაში „ქართვლის დედა“, ის მოუწოდებს დედებს, რომელთაც მხოლოდ გოდება იციან, დაივიწყონ წარსული და გაჰყვნენ ახალი ბედისწერის ვარსკვლავს. მას სწამს სამშობლოს აღორძინების. თავისი ადრეული ნაწარმოებებიდანვე ის მძაფრად ეხება შრომის საკითხებს, გვაჩვენებს უსახლკაროთა უმწეობას, ითხოვს უბრალო ხალხის მდგომარეობის შემსუბუქებას. სურს, რომ სასარგებლო საქმე იქნას გაკეთებული. ამიტომ ის თავის ლექსში „სანთელი'' ამბობს:

„აგერ ოთახსაც ჩრდილმან გადაჰკრა,
კედლებზე ძლივს სცემს ბნელადა შუქი,
აგერ სანთელიც შანდალში ჩაქრა...
რა დამრჩა მისგან? - მწვარი პატრუქი.

ეგრეთაც კაცი ძლიერი ჰქრება,
რა ეწვევა მას სიკვდილი - მტერი;
მშვენიერ არსის მაგიერ გვრჩება
ერთი მუჭა-ღა გამხმარი მტვერი.“

ჭავჭავაძე საკმაოდ სევდიანია. იგი მელანქოლიურია განსაკუთრებით სასიყვარულო ლექსებში იმის გაცნობიერებისას, რომ ქალებისთვის სიყვარული მათთვის მირთმეულ ვარდებზე ადრე ჭკნება. ერთგულებაც კი უკმაყოფილოს ტოვებს. ის მიეკუთვნება „საყოველთაო მწუხარებით“ მოცულ პოეტთა ჯგუფს, თუმცა ნაკლებად პესიმისტურია, ვიდრე სხვა შესანიშნავი პოეტები, როგორიცაა, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეს განწყობა მას უბიძგებს მისწრაფებისაკენ ჩაეფლოს წარსულში, რომლისგანაც იღებს ღრმა გაკვეთილებს, გადაულოცოს აწმყოს „მომაკვდინებელი სატირა“. ამან გამოიწვია მის წინააღმდეგ ამხედრებულთა ბრალდებები, თითქოს მას არ უყვარდა სამშობლო. „სულელები!“ - პასუხობდა ის ცილისმწამებლებს. - „ისინი ვერ ხედავენ სიყვარულს, რომელიც ჩემს სიმწარეში იმალება“.

პოეტს არა მხოლოდ წარსული ანუგეშებს, იგი მელანქოლიიდან შრომას გამოჰყავს; „გუთნის დედა“-ში საკუთარ თავს ხარს ადარებს, რომელიც „შავ მიწას“ ხნავს. მას სურს, რომ ნაშრომი იყოს ნაყოფიერი მუდამ თავისი ქართველ თანამოძმეთა სიყვარულით აღსავსე, რომლებთანაც სურს ყოფნა სიხარულსა თუ მწუხარებაში უკეთესი ბედისწერის, საყოველთაო განთავისუფლების რწმენით (იხილეთ „ნანა“ და „ქართველი სტუდენტების სიმღერა“ - ძალიან პოპულარული ნაწარმოებები); ზოგჯერ მისი პოეზია რელიგიური მოტივებითაა გაჯერებული (ლექსი „ლოცვა“), ანთებულია ფართოდ ქრისტიანული ქველმოქმედებით, რომელსაც ძალუძს საზღვრების გადალახვა (ლექსი პარიზზე, დაწერილი 1871 წელს).

ხაზს ვუსვამთ, რომ ჭავჭავაძის მიერ შექმნილი პირველი დიდი ნაწარმოებები მონობის საწინააღმდეგო მოწოდებებით იყო აღსავსე. მაგალითად, ავიღოთ ყაჩაღების ცხოვრების ამსახველი, ზემოთ ნახსენები პოემა „კაკო ყაჩაღი“. პოემის გმირი კაკო - ტყის მეფე, ხვდება ზაქროს, რომელიც თავის უბედურ ცხოვრებაზე ჰყვება. 12 წლის ზაქრო დედის მზრუნველობას მოსწყვიტა ბატონმა და მწყემსად წაიყვანა. როდესაც მისმა მოხუცმა მამამ იგი მოითხოვა, პასუხად შოლტით სცემეს. აღშფოთებული ბიჭი იღებს იარაღს, კლავს ბატონს და გარბის. იგი კაკოს მსგავსად ყაჩაღი ხდება - აი, საზოგადოების კიდევ ერთი მსხვერპლი! ტყეში ორივე მეფობს, თავისუფლები არიან, ემორჩილებათ მთელი ბანდა, ისინი კი მიმართ არიან სამართლიანნი. პოეტის იდეა ნათელია, იგი საოცარი აღწერილობებითა და ძლიერი მიმზიდველობით წარმოჩინდება. რა არის „გლახის ნაამბობი“? ამბავი, სადაც გამოაშკარავებულია ბატონისეული ვნება, თვითნებობის კიდევ ერთი მაგალითი... ნაწარმოების გმირის გაბროს საცოლეს ბატონი დათიკო ღირსებას უბღალავს, შემდეგ კი თავის მეტოქეს ციმბირში გზავნის. გაბრო ბატონს ხელიდან უსხლტება შურის საძიებლად. იგი ხდება არა ყაჩაღი, არამედ მათხოვარი, რომელსაც პოეტი ერთ დღეს შეხვდება და ნაწარმოების გმირის სახით აალაპარაკებს. და ბოლოს, სატირა, რომლის თარგმნაც რთულია, სათაურით „კაცია ადამიანი!?“, კვლავ ეხება ბატონყმობის პრობლემას და მკაცრად დასცინის უგუნურ თავადაზნაურობას თავადი ლუარსაბის სახით, რომელიც უმეცარი და სულელი მემამულის განსახიერებაა. ლუარსაბი, მოწყენილობისგან ჭერზე ბუზებს ითვლის; ის უსარგებლოდ ჭამს, სულელური სიამაყით ივსება, თავს ადამის შთამომავლად თვლის და ათას სისულელეს ამბობს. ეს იუმორისტული ნაწარმოები ბევრს არ ეამა, რადგან მასში საკუთარი თავი ამოიცნო, რასაც ილია ჭავჭავაძემ ყურადღება არ მიაქცია და ისტორიული მიმოხილვით განაგრძო: კითხულობდა იგი - „რა გავაკეთეთ?“, რომელშიც მან მძაფრი ტერმინებით გაკიცხა ქართველები მონობაში ყოფნისა და ინტრიგებში ჩაბმისთვის, რამაც სამშობლო რუსული ტირანიის მონობაში დატოვა.

ამდენი დარტყმის შედეგად, ბატონყმობის ბასტილია საბოლოოდ დაინგრა. მართალია, თავადი სიხარულს გამოხატავდა, მაგრამ არ წყვეტდა თანამოძმეთა კრიტიკას. იგი თავის ნაწარმოებებში თანაუგრძნობდა შევიწროებულ გლეხობას, მაგრამ საუბრობდა მათ იმ ნაკლოვანებებზე, რომელნიც გამოსწორებას საჭიროებდნენ. მაგალითად, ზოგ ნაწარმოებში ის მოგვითხრობს გულუბრყვილო და ჯიუტ გლეხზე, ზოგან კი აღწერს ბატონყმობით გამოწვეულ მორალურ ზიანს, რომელიც აღმოფხვრას საჭიროებს.

თუმცა, განთავისუფლების მიღწევის შემდეგ, პოეტი უფრო მეტ ყურადღებას წარსულს მიაპყრობს, თოთქოს ის მაგიური ჯოხით აღვიძებს გმირებსა და მათში მიძინებულ ძველ ენთუზიაზმს. ეს აღქმა არის საქართველოს ისტორიის ლირიკული მიმოხილვა. პოემა „ქართვლის დედა“ გვახსენებს კორნელისეულ კონფლიქტს მოვალეობასა და ვნებას შორის. კერძოდ, ქალი ყოყმანობს არჩევანის გაკეთებას, რომელიც დედობრივ სიყვარულსა და დაპყრობილ სამშობლოს შორისაა გახლეჩილი, იმ არჩევანისა, რომელიც შვილის გარდაუვალ მსხვერპლს მოითხოვს. ვითარდება ამაღლებული დიალოგი, სადაც მწერალი პირველივე ცდაზე შესანიშნავად ახერხებს ფსიქოლოგიური ანალიზის დრამატული სცენის შექმნას. სწორედ ამ ნაწარმოებში იფეთქებს ულამაზესი საომარი სიმღერა, რომელიც ერთგვარ ქართულ „მარსელიოზად“ იქცა. „დემეტრე თავდადებული'' აღადგენს XIII საუკუნის იდეალურ ფიგურას, მეფეს, რომელიც თავისი ხალხის გადასარჩენად კვდება და რომლის გმირობაც გარკვეულწილად მოგვაგონებს ჩვენს „პორკონ დე ლა ბარბინეს“. ეს არის შესანიშნავი მაგალითები, რომლებსაც პოეტი გვთავაზობს რათა ჩავუღრმავდეთ ამ საკითხებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჭავჭავაძე, უპირველეს ყოვლისა, სოციალურად აქტიური იყო, რომელიც ძირშივე გმობდა მანკიერებებს, რასაც კი გზად წააწყდებოდა, შემდეგ კი ადიდებდა ეროვნულ გრძნობებს. ის აგრძელებდა თავის მოღვაწეობას ხალხისა და არისტოკრატიის დაახლოების მცდელობით. სჯეროდა, რომ მათ შორის ჰარმონიის ჩამოყალიბება სამშობლოს დიადს გახდიდა. თავადაზნაურობის დემოკრატიზაციის საკითხზე შეშფოთება ნათლად ასახულია ერთ-ერთ დიდებულად აგებულ და დაწერილ ქართულ რომანში - „ოთარაანთ ქვრივი“. ეს არის ახალგაზრდა გლეხის, გიორგისა და თავადის ასულის - კესოს სიყვარულის ისტორია. გიორგი ბატონის, კესოს ძმის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს და თიბვის სეზონზე თივის ზვინიდან გადმოვარდნილი, ურემზე დაეცემის შედეგად სასიკვდილოდ დაშავდება. სიკვდილის წინ ის თავის საიდუმლო გრძნობებში კესოს გამოუტყდება, კესო კი მას შუბლზე კოცნის. ეს კოცნა გიორგისთვის საბოლოო ნუგეშია. მისი გარდაცვალების შემდეგ კესოს ძმა იცავს გიორგის, ის სწუხს, რომ საზოგადოებაში გავრცელებული სხვაობები ხელს უშლის ლოგიკურ კავშირებს და იმედოვნებს, რომ მისი დის ცრემლები მდინარედ გადაიქცევა, რომელიც დაანგრევს ჩატეხილ ხიდს და გააერთიანებს ორ საპირისპირო ნაპირს - დიდებულებსა და ხალხს შორის.

ამგვარად, პოეტი ნატრობს ოდესღაც არარსებული კლასების შერწყმას, გმობს ჩაგვრას და თავისუფალი, ძმური მომავლისთვის ემზადება. უპირველეს ყოვლისა, ის აპროტესტებს სიცრუეს, მისი ეს აღშფოთება კი ქმნის შედევრს - „სახრჩობელაზედ“. სივრცის სიმცირის გამო, ჩვენ ვერ მოგითხრობთ ამ საინტერესო, მომხიბვლელ, დახვეწილ და ძლიერ ამბავს, ჩვენ მხოლოდ ხაზს გავუსვამთ იმას, რაც მოთხრობაში ცხადი გამბედაობით გამოირჩევა - ჯალათი მხოლოდ ის კი არ არის, ვინც დამნაშავის სასიკვდილო განაჩენის შემსრულებელია, არამედ მთელი საზოგადოება, რომელიც თავის მოვალეობას ვერ ასრულებს.

ჭავჭავაძე, როგორც ნამდვილი ფილოსოფოსი, კარგად აცნობიერებს, რომ ადამიანის ტანჯვის მიზეზი მხოლოდ უთანასწორობა და სოციალური უსამართლობა კი არ არის, არამედ, არსებობს კიდევ უფრო დიდი, სრულიად შინაგანი ტრაგედია - ადამიანის იდეალებისაკენ სწრაფვისა და მატერიალური სიამოვნებების მოთხოვნილების შეჯახება. ამ იდეას იგი გამოხატავს „განდეგილში“,3 რომელიც მისი ბოლო დიდი პოემა იყო.

ეს განდეგილობაში მყოფი მოღვაწე გარკვეულწილად ჰგავს იმ ცნობილ ანტონ დიდს, რომელსაც მშვენიერი ქალი ცდუნებად ევლინება; იგი ხორციელად წინააღმდეგობას უწევს, მაგრამ მისი გული მაინც შელახულია - და სწორედ ამას ეწირება. ეს კი ნიშნავს, რომ ბუნება მბრძანებელია, და გარკვეულწილად ეს წარმოადგენს დაბრკოლებას უმაღლესი იდეალების მისაღწევად. ადამიანი კი საბოლოოდ მოიპოვებს ბედნიერებას ამ ორ ურთიერთსაპირისპირო განცდათა ჰარმონიაში, თუ ის შეძლებს ამ კონფლიქტის გადაჭრას…

ჩვენ აქ ვეღარ გავაგრძელებთ თავადი ილია ჭავჭავაძის სხვა ლიტერატურულ შედევრებზე საუბარს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამ მაღალ იდეებს მოიცავს, ამიტომ მონუმენტური შემოქმედების ამ ძალიან მოკლე მიმოხილვას ვასრულებთ მისი სხვა ინტელექტუალური შესაძლებლობების ჩამოთვლით: ის გახლდათ ენციკლოპედიური მოაზროვნე; ისევე როგორც ვიქტორ ჰიუგო, თავისი მისიისადმი რწმენის მქონე ხალხის ლიდერი, რომელსაც ვერ აშინებდა დაპირისპირებები. ჯერ კიდევ 1863 წელს, თავის გაზეთში, „მაცნეში“, მან დაიწყო ბრწყინვალე სტატიების სერია. 1880 წელს „ივერიაში“ გამოაქვეყნა შესანიშნავი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრაქტატი „ცხოვრება და კანონი“. თუმცა, ნუ შევრაცხავთ მას სოციალისტად ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. ის საკუთრებას ხელშეუხებლად მიიჩნევდა, მაგრამ ცდილობდა მის შერწყმას შრომასთან და მიწის სოციალიზაციის გარკვეულ ხარისხს მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებდა, თუ შრომის ნაყოფი საზოგადოებას რჩებოდა.

როგორც „ქართული ბანკის“ თავმჯდომარე, ის ყველას აოცებდა თავისი მჭევრმეტყველებითა და ერუდიციით. გარუსების მტერი ილია აჯანყდა იმ ისტორიკოსების წინააღმდეგ, რომელთა ნაშრომებიც გაყალბებული და მიკერძოებული იყო. როგორც ლიტერატურათმცოდნემ, მან დააარსა ახალი აზროვნების სკოლა, რომლის სათავე ჟურნალ „ცისკარში“ (1861 წ.) გამოქვეყნებული ენერგიული სტატიით იწყება, ასევე მის კალამს ეკუთვნის აქვე გამოქვეყნებული შესანიშნავი კვლევები, განსაკუთრებით შოთა რუსთველსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ილიამ დახვეწა და გაამარტივა მჭევრმეტყველება, გაავრცელა თავისი აზრი მრავალრიცხოვან აფორიზმებსა და მოკლე ლექსებში. მოკლედ, ილია ჭავჭავაძემ სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მთლიანად, გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად მიუძღვნა თავი სამშობლოს.

ის, რასაც თავადი ილია ჭავჭავაძე ქადაგებს ბრწყინვალე, სილამაზით აღსავსე და გულწრფელ ნაშრომებში ესენია: როგორც შეტევით, ასევე თავდაცვით მიღწეული პროგრესი; საბრალოთა ხვედრის გაუმჯობესება; დაჩაგრულთა გათავისუფლება; სიკეთის ჰქმნა; ეგოიზმისა და ალტრუიზმის, როგორც ორი დიდი მტრის შერიგება, რომლნიც ჩვენში ღრმად დევს; გული, რომელიც სოციალურ უსამართლობას გონიერებაზე უკეთ წყვეტს და საბოლოოდ რომ ვთქვათ, სიყვარულში დაბადებული ჰარმონია.

მივიჩნევთ, რომ ნამდვილად ღირდა მისი სახელის გაცნობა მათთვის, ვინც აქამდე არ შეხვედრია მის შედევრებს. ჩვენც კი განვაგრძობთ თხრობას მისი თანასწორის შესახებ, რომელიც არანაკლებ იმსახურებს ჩვენს კეთილგანწყობასა თუ აღტაცებას.

_______________

2. მდინარე თერგის აღწერა აღებულია ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიდან“.

3. თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე, მაგრამ არა ფრანგულ ენაზე, გარდა მოკლე ვერსიისა მოთხრობის სახით, რომელიც გამოქვეყნდა La Petite République-ში.

4 III

▲ზევით დაბრუნება


თავადი აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 30 ნოემბერს საჩხერეში, ქუთაისის გუბერნიაში, იმერეთში (დასავლეთ საქართველო). მამამისი ძველი ქართველი თავადის განსახიერება გახლდათ - უხეში, ნახევრად განათლებული და წინაპრებით მოამაყე. დედა კი, მიუხედავად იმისა, რომ თავად სამეფო ოჯახიდან იყო, გამოირჩეოდა ნაზი ბუნებითა და ანგელოზისეული სათნოებით. პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძასთან ზემო იმერეთის წყნარ და თვალწარმტაც სოფელში გაგზავნეს, სადაც მან ბედნიერი ბავშვობა გაატარა და სახლში დაბრუნებულს ყველაფერი საკმაოდ მოსაწყენად ეჩვენებოდა. აკაკის დედას მოსწონდა, როდესაც გლეხის ბავშვებს წერა-კითხვას ასწავლიდა, ამიტომ აკაკისთან ერთად მათაც შეასწავლა წერა-კითხვა. თორმეტი წლისა იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა, სადაც გაბატონებული ცარისტული რეჟიმი აიძულებდა რუსული ენის შესწავლას ქართული ენის ზიანის ფასად. ამან და სამშობლოს თავს დატეხილმა სხვა უბედურებებმა ემოციურად ააღელვა მოზარდის სული.

იგი ყრმობის ასაკიდანვე წერდა ლექსებს (პირველი ლექსი „ლამპარი“ დაწერა 12 წლისამ). აკაკიმ დატოვა გიმნაზია და განიზრახა პეტერბურგში გამგზავრება ქვეყნის სასიკეთო მოღვაწეობისათვის. თავდაპირველად მას სურდა სამხედრო განათლებას დაუფლებოდა იმ ფარული მიზნით, რომ მომავალში ეროვნული აჯანყების ლიდერი გამხდარიყო! თუმცა მოუხდა ამ გრანდიოზული საომარი გეგმების მიტოვება და უბრალოდ უნივერსიტეტში ჩაბარება. ეს გახლდათ 1860 წელი, რუსული „ქარიშხლისა და შეტევის“ ხანა. ხანა დიდი იმედებისა და, როგორც ვნახეთ, მოახლოებული რეფორმებისა. აკაკი ჩაება იმდროინდელ ახალგაზრდულ მღელვარებაში, სადაც ხვდება მომავალ ცნობილ ადამიანებს, ესენია: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები; აქედანვე შეუერთდა ზემოთ ხსენებული ჟურნალ „ცისკრის“ რეგულარულ ავტორთა რიგებს.

სწორედ აქ გადადგა მან პირველი ნაბიჯები თავისი მომხიბვლელი ლექსებით, როგორიცაა: „საიდუმლო ბარათი“, „მონანიება“, „ამაო ძიება“, „მოხუცის ხსოვნა“ და ა.შ., სადაც შესამჩნევი იყო მისი მარტივი სტილი და ზუსტი გამოთქმა. აქვე იგრძნობოდა, თუ რაოდენ დიდი ლირიკოსი პოეტი უნდა გამხდარიყო.

ჩვენდა სამწუხაროდ, თარგმანი ამცირებს ასეთი შედევრების სილამაზეს. მაგალითად, როგორ შეიძლება გადმოვცეთ ლექსში გამეფებული ემოცია: მამადავითის მთა, იქ დაკრძალული ეროვნული გმირის საფლავი, რომელსაც მდინარე მტკვარი ნაზი ჩურჩულით ეალერსება, საოცნებო ადგილი, სადაც პოეტის მზერა მიჰქრის ფირუზის ციდან ზურმუხტისფერ მიწამდე? როგორ შეიძლება ამ მშვენიერი თავგადასავლის ხიბლის გამოხატვა, სადაც ქნარზე დამკვრელი ეკითხება ვარდს, ბულბულს და ვარსკვლავს - მათში ხომ არ გაცოცხლებულა გარდაცვლილი მისი საყვარელი? როგორი სუფთა ტექნიკური ოსტატობაა, შთაგონების როგორი მრავალფეროვნება! მედიტაციები, ლირიკული გადახვევები, ფოლკლორის ინტერპრეტაციები, ხელახლა შექმნილი ლეგენდები, დრამები, შესანიშნავი ლექსები...

მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვსურს გამოვკვეთოთ ლექსების თემატიკა, დაწყებული „თორნიკე ერისთავით“- ისეთი დიდებული გმირული შინაარსის პოემით, რომელსაც მთელ ქართულ ლიტერატურაში ძალიან ცოტა თუ შეედრება. მისი სიუჟეტი აღებულია მე-10 საუკუნის ეროვნული ისტორიიდან. ჯარის მთავარსარდალი, ხანდაზმული თორნიკე, მონასტერში მიდის და თავის ძალაუფლებას ახალგაზრდა ორბელიძეს გადაულოცავს. იწყება აჯანყება, რომელსაც ბიზანტიის წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ბარდა სკლიაროსი აწყობს. ბიზანტიელები ქართველებს შესთხოვენ დახმარებას და სწორედ იმ დროს, როცა მარცხისათვის არიან განწირულნი, ასპარეზზე გამოდის თორნიკე, რომელიც მოიპოვებს შთამბეჭდავ გამარჯვებას. ერთი შეხედვით სიუჟეტი მარტივია, თუმცა რა საოცარი სტროფებია! ეს ულამაზესი სტრიქონები დიდებულად განასახიერებს საქართველოს, როგორც კავკასიის ქედზე მიჯაჭვულ პრომეთეს, რომლის გულსაც სვავები - მისი მტრები კორტნიან!

აგრეთვე გმირული პოეზიის ძალიან კარგი ნიმუშია „ბაგრატ დიდი“. მასში აღწერილია დამპყრობელი თემურ ლენგის მიერ ბაგრატის დატყვევება და მის მიმართ მთავარი მოთხოვნა - უარყოს თავისი რელიგია მართლმადიდებლობა და გამაჰმადიანდეს. ბაგრატი მოჩვენებით თანხმდება მაჰმადიანობის მიღებაზე და იღებს საქართველოს დაპყრობის დავალებას, თუმცა საიდუმლო წერილს უგზავნის შვილს, რომელიც უღელტეხილზე ჩასაფრებული ხვდება, სადაც მოხდება ცნობილი მონღოლური არმიის განადგურება.

„ნათელა“ ცდილობს დიდ მონღოლთა ბატონობის დროს ქვეყნის გადარჩენას ქმრის, ცოტნე დადიანის მეშვეობით. ამ დროს ქართველი დიდგვაროვნები ტყვედ არიან ჩავარდნილი და მონღოლები მათ აწამებენ. ცოტნე დადიანი ოქროს ურდოში მიდის და ნოინს სთხოვს სიკვდილით დასჯას, მცხუნვარე მზისგან დამწვარ სხვა წამებულთა მსგავსად. როდესაც ტანთ გახდას იწყებს, ამ გმირობით აღტაცებული ნოინი ანიჭებს მას თავისუფლებას, მხოლოდ იმ პირობით თუ იგი აკოცებს მის წინაშე მდგომ ქალს. ცოტნე თავიდან უარს ამბობს, მაგრამ შემდეგ თანხმდება, თუმცა მის წინაშე წარდგენილი ქალი ნათელაა, რომელსაც უკვე ნოინის კეთილგანწყობა მოუპოვებია.

„გამზრდელი“ სრულიად თანამედროვეა. ის მოგვითხრობს პატივსაცემი გამზრდელის ჰაჯი უსუბის ვნებებს აყოლილი შეგირდის ისტორიას, რომელიც ბღალავს მისი ძიძისშვილის ცოლის ღირსებას. შეურაცყოფილი ქმარი უარს ამბობს საფარ-ბეგის მკვლელობაზე, მაგრამ ავალებს უამბოს მის მიერ ჩადენილი უმსგავსო საქციელის შესახებ გამზრდელ ჰაჯი უსუბს. ამ დანაშაულით დამძიმებული მოხუცი, დამნაშავის დაწყევლის ნაცვლად თავს იკლავს, რადგან ვერ შეძლო მისი აღზრდა ისეთ პატიოსან და ძლიერ მამაკაცად, როგორიც სურდა.

ამრიგად,ზემოთ აღწერილია წერეთლის ოთხი საუკეთესო პოემა, თუმცა აქვე უნდა დავამატოთ ორი შესანიშნავი ისტორიული დრამა: „თამარ ცბიერი“ და „პატარა კახი“, განსაკუთრებით პირველის შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდრე დიუმა მამა არაერთხელ შთაგონებულა ქართული ლიტერატურით, რასაც ის თავის მოგზაურობის შთაბეჭდილებებშიც უსვამს ხაზს. ყველა ამოიცნობს მის ნესლის კოშკის მარგარიტა ბურგუნდიელს თავად წერეთლის თამარში, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა უფსკრული ყოფს ნაყოფიერ და გულუბრყვილო რომანისტს სერიოზული და ძლიერი პოეტისგან...

დრამის შინაარსი ასე გამოყურება: დეკადენტური პერიოდისას XVII საუკუნეში) თამარი ეწევა გარყვნილ ცხოვრებას, თუმცა, ვერ იპყრობს მგოსანი გოჩას გულს, რის გამოც ძალიან შეწუხებულია. გოჩა უარყოფს თამარს და აღშფოთებით ადარებს მას მეთორმეტე საუკუნეში მოღვაწე დიდ, წმინდა თამარ მეფეს. შემდეგ მის წინააღმდეგ პატრიოტულ შეთქმულებას აწყობს, რომელიც სამწუხაროდ, გამოაშკარავდება. გოჩას და მის დამხმარეს, ნათლულ ცირას, ელით სიკვდილით დასაჯა. გოჩას სურს, პასუხისმგებლობა მთლიანად აიღოს საკუთარ თავზე, რისთვისაც იძულებულია გაამხილოს შეთქმულების მიზეზი. ჭეშმარიტი სიყვარული და პატივისცემა საბოლოოდ სძლევს თამარის ავ ზნეობრივ მიდრეკილებებს. თამარი ნანობს თავის შეცდომებს, ვით სინანულში მყოფი მაგდალინელი. იგი პატიებას სთხოვს თავის მეუღლე მეფეს, სწრაფად ხდის თავსახურს და შესწოვს საწამლავით სავსე ბეჭედს.

„პატარა კახი“, სადაც აღწერილია მეფე ერეკლე II-ის ისტორია, როდესაც მან ჩვიდმეტი წლის ასაკში დაამარცხა მთიელი მაჰმადიანების არმია. დრამაში მონაწილეობენ ისეთი სახალხო გმირები, როგორებიც არიან, მაგალითად, გივი და საბრძოლველად მამაკაცის სამოსში გადაცმული მოხუცი გელას ქალიშვილი. დრამა მთელი ამ საინტერესო და ცოცხალი ნაწარმოების განმავლობაში გაჯერებულია ულამაზესი ლირიკული რიტმებით.

აკაკი წერეთლის ასევე შესანიშნავი ისტორიული მოთხრობაა „ბაში-აჩუკი“. სადაც გმირებად ვხვდებით შაჰ-აბასის მიერ დატყვევებულ ბიძინა ჩოლოყაშვილს, შალვასა თუ ელიზბარს. ბაში-აჩუკი ყაჩაღი ხდება და იწყებს ბრძოლას დამპყრობელი სპარსელების წინააღმდეგ. მას ერთი თავადის ასულის სიყვარული ამოძრავებს, რომელსაც საბოლოოდ იტაცებს და ცოლად ირთავს. ეს გახლავთ ბრწყინვალე, რომანტიკული მოთხრობა, რომელიც დიდ პატივს სძენს მწერლის კალამს.

უდავოა, რომ აკაკი წერეთელს ყველაზე მეტად პოპულარულს ხდის მისი ლირიკული პოეზია: ელეგიები, ბალადები, სატირები, იგავ-არაკები, ლეგენდები (განსაკუთრებით ოთია და ადამი, წმინდა გიორგი) და ბოლოს, სიმღერები. მის ერთ-ერთ სიმღერას ქვემოთ ვთარგმნით, თუმცა, ბოდიშს ვიხდით თარგმანში ამ სიმღერის ხიბლის ვერშენარჩუნებისთვის.4

აქ კი ვთარგმით ერთ ლექსს, აკაკი წერეთლის ლექსების პირველი ტომის მშვენიერი შესავალი ნაწილიდან, რომელიც შედგება ორი სტროფისაგან:

გულის პასუხი

ცრემლში მილესავს ნაღველი
და მელნად ის მიხმარია!...
შიგ თაფლი არის ნარევი
და ზოგან ცხარი ძმარია!..

ზოგს ეტკბილება, ზოგს არა,
მაგრამ რა ჩემი ბრალია?
ბულბული ვარდს და ეკალზე
თანსწორად მომღერალია!

თავადმა აკაკი წერეთელმა საბოლოოდ დაწერა ძვირფასი მემუარები, რომლებიც სავსეა ინფორმაციით იმ წრეების შესახებ, რომელთა გარემოცვაშიც ის იმყოფებოდა თავისი მოღვაწეობის პერიოდში. ამ მემუარებში მოცემული ინფორმაციების წყალობითაც შეგვიძლია აღვადგინოთ სამოციანი წლების მთელი ის ულამაზესი ეპოქა, რომელიც ასე ბრწყინვალე გამოდგა მთელი რუსეთისთვის.

________________

4. შენიშვნა მთარგმნელისგან: სამწუხაროდ, ამ სიმღერის ორიგინალი ვერ მოიძებნა.

5 §

▲ზევით დაბრუნება


ამრიგად, ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ იმის საჩვენებლად, თუ რა დიდება ერგოთ თავადებს - მწერალებს ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს და რა განსხვავებები ახასიათებთ მათ. თითოეულ მათგანს თავისი მიმდევრები ჰყავს; პირველს - უფრო ენერგიული ფილოსოფოსი პოეტები, ხოლო მეორეს - ლამარტინელები, რომლებიც უფრო მეტად ერთგულნი არიან ლიტერატურული ხელოვნებისადმი. სამწუხაროა, რომ საქართველოს ცოტა კრიტიკოსი ჰყავს (მხოლოდ ბატონი აბაშიძე შეგვიძლია ვახსენოთ) ამ შესანიშნავი ნაწარმოებების შესასწავლად და გასავრცელებლად. მიუხედავად ამისა, 20 დეკემბრის იუბილე მნიშვნელოვან ეტაპად უნდა ჩაითვალოს, რადგან სწორედ მაშინ, ცნობილი პოეტის პატივსაცემად შეიქმნა ლიტერატურული ფონდი, ეროვნული შენატანების მეშვეობით ქართული ლიტერატურის მატერიალური და მორალური მხარდაჭერისათვის. ფონდის სახსრები გამოყენებული იქნება კარგი ნაწარმოებების გამოსაცემად და უსახსროდ მყოფი ნიჭიერი მწერლების მხარდასაჭერად.

დაე, ეს რამდენიმე გვერდი შთააგონებდეს სიყვარულსა და დაფასებას იმ მშვენიერი ინტელექტუალური ძალისხმევის მიმართ, რომელიც იქ, კავკასიის ძირში, ფიქრობს, იტანჯება, მღერის და ოცნებობს...

მაფეო-შარლ პუანსო და მელიტონ გობეჩია

ფრანგულიდან თარგმნა
ნინელი გობეჩიამ