The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მშენებლობის ნებართვები და წესები

მშენებლობის ნებართვები და წესები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ისაშვილი სერგო
თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისი 2009 გამოცემულია გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული შეხედულებანი, დასკვნები და განმარტებანი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მოსაზრება რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ტექ. რედაქტორი: ირაკლი სვანიძე გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ხიდაშელი აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. კრილოვის ქ.15, 0102, თბილისი, საქართველო (+995 32) 95 23 53, 93 61 01 ტირაჟი: 500 ცალი აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე © 2009, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


მოქალაქეები და, უმეტეს წილად, მეზობლები ერთმანეთში დავობენ მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე შენობების, სასაზღვრე მიჯნების, დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესების დარღვევის გამო, რაც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში კონფლიქტამდე მიდის.

წინამდებარე ბროშურაში მოცემულია კანონით გათვალისწინებული სასარგებლო რჩევები და განმარტებები, რაც დაგეხმარებათ მშენებლობის სფეროში თქვენი უფლებების უკეთ დაცვასა და რეალიზებაში.

2 ტერმინთა განმარტება

▲ზევით დაბრუნება


ღობე - წარმოადგენს მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ კონსტრუქციას, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს როგორც საკადასტრო საზღვარზე (საზიარო ღობე), ისე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. თუ ღობის სხვადასხვა მხარეს ღობის და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ნიშნული სხვადასხვაა, მაშინ ყრუ ღობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება უფრო მაღალი ნიშნულით.

საზიარო კედელი - სამეზობლო საზღვარზე არსებული კედელი, რომლის ნაწილი შეიძლება მომიჯნავე ნაკვეთზე განთავსებული შენობის ერთ-ერთ კედელს წარმოადგენდეს. ასევე, საზიარო სამეზობლო საზღვარზე არსებული ან ასაშენებელი საყრდენი კედელი.

მშენებლობის ნებართვა - უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, გარკვეული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც წარმოადგენს მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს.

ხაზობრივი ნაგებობა - საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, მილგაყვანილობა, საჰაერო-საბაგირო გზა და ელექტროგადამცემი ხაზი.

სანებართვო მოწმობა - ნებართვის ფლობის დამადასტურებელი საბუთი.

საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - საქართველოს მოქალაქეების, ოჯახების (კომლების) კერძო საკუთრებაში გადაცემული ან მათ მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მათ კერძო საკუთრებად და რომელზეც დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გადამამუშავებელი საწარმოების, სამეურნეო შენობა-ნაგებობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

შენობა-ნაგებობის ვარგისად აღიარება - უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სანებართვო პირობების შესაბამისად, დასრულებულ მშენებლობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც ადასტურებს შენობა-ნაგებობის შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისიანობას.

დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემდგომი დახვეწისა და ეფექტური ფუნქციონირების მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შეიქმნას „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების კომისია“, რომელიც ექვემდებარება შესაბამისი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს.

3 საზიარო კედლის/ღობის განთავსება სამეზობლო საზღვარზე

▲ზევით დაბრუნება


  • სამეზობლო საზღვარზე შესაძლებელია განთავსდეს როგორც საზიარო კედელი, ისე საზიარო ღობე, მხოლოდ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

  • საზიარო კედლის/ღობის სიგანე თანაბრად უნდა განაწილდეს სამეზობლო საზღვრიდან ორივე მეზობლის მხარეს და უნდა აშენდეს იმგვარად, რომ, შეწყვილებულ შენობათა მშენებლობის შემთხვევაში, დააკმაყოფილოს მეზობლების მოთხოვნები.

  • თუ ერთ-ერთ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი შენობა მოითხოვს საზიარო კედლის მეტ სიგანეს, ვიდრე კედლის ნახევარია, მაშინ კედლის ეს ნაწილი უნდა აშენდეს ამ ნაკვეთის ფარგლებში.

  • საზიარო კედლის/ღობის გამოყენებისას, გასაწევი ხარჯები ნაწილდება ორივე მეზობელზე, კედლის შესაბამისი წილის პროპორციულად.

  • მხარეთა შეთანხმებით, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო ნაგებობათა ერთი (საზიარო) კედლის შეწყვილება.

4 მშენებლობის დროს გასათვალისწინებელი სამეზობლო ურთიერთობები

▲ზევით დაბრუნება


  • სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას, მესაკუთრემ (დამკვეთმა) უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში.

  • ქუჩაზე ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეში მოხვედრილმა ატმოსფერულმა ნალექმა ზიანი არ უნდა მიაყენოს ქუჩას ან სხვა საზოგადოებრივ სივრცეს და მესამე პირებს.

  • მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს უფლება არ აქვს, ხელი შეუშალოს მეზობლის საინჟინრო-კომუნალური ქსელების საკუთარ მიწის ნაკვეთზე გატარებას ძირითად საინჟინრო-კომუნალურ ქსელებთან მიერთების მიზნით, თუ ამისათვის არ არსებობს სხვა ტექნიკური საშუალება.

  • მოსაზღვრე მიწის ნაკვეთზე აღნიშნული ქსელების გატარების შესახებ მეზობელი უნდა იყოს წინასწარ ინფორმირებული ერთი თვით ადრე და, ამასთან, გასაყვანი ქსელები არ უნდა ეხებოდეს მრავალწლიან ნარგავებსა და არსებულ შენობა-ნაგებობებს. იმ შემთხვევაში, თუ დათესილია ერთწლიანი კულტურები, აღნიშნული სამუშაო უნდა შესრულდეს მოსავლის აღების ან კომპენსაციის გადახდის შემდეგ. სამუშაოს დასრულებისას, პირვანდელ მდგომარეობაში უნდა იქნეს მიყვანილი ის ტერიტორია, სადაც გატარდა საინჟინრო-კომუნალური ქსელები.

მოთხოვნები ვრცელდება აღნიშნული ქსელების შეკეთება/რეკონსტრუქციაზეც.

  • მიწის ნაკვეთში გატარებული მომიჯნავე მიწის ნაკვეთებისთვის განკუთვნილი საინჟინრო-კომუნალური ქსელები არ შეიძლება ჩაითვალოს დაბრკოლებად მომავალში. ამ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დაწყებამდე ქსელი უნდა იქნეს გადატანილი მოთხოვნისთანავე.

5 მთავარი არქმშენინსპექცია

▲ზევით დაბრუნება


მთავარი არქმშენინსპექცია და მის სისტემაში შემავალი ადგილობრივი ინსპექცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ტერიტორიულ-სამშენებლო საქმიანობაზე, განსაკუთრებული მნიშვნელობის და კანონით განსაზღვრულ სხვა ობიექტებზე, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.1

____________________

1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალი, საქართველოს კანონი ,,მშენებლობის ნებართვის შესახებ” მუხლი 4.

6 სამშენებლო მიწის ნაკვეთის სახეობები

▲ზევით დაბრუნება


1. სამშენებლო მიწის ნაკვეთი;

2. სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთი;

3. სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთი.

სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთის სახეობებში შედის სასოფლო-სამეურნეო ზონის მიწის ნაკვეთები, რომლებზეც კანონით დაშვებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის, აგრეთვე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. სხვა დანარჩენი ობიექტების მშენებლობისათვის საჭიროა განაშენიანების რეგულირების გეგმით შესაბამისი ტერიტორიის ფუნქციური ზონის შეცვლა.

7 შენობა-ნაგებობების კლასები

▲ზევით დაბრუნება


შენობა-ნაგებობები იყოფა ხუთ კლასად. მათ შორის, პირველი კლასის შენობა-ნაგებობებს არ ესა-შენობა-ნაგებობებს არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.

პირველ კლასს განეკუთვნება:

1. 60კვ.მ-მდესართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მეტრამდე ჩაღრმავების შენობა.

2. 20 კუბურ მეტრამდე მოცულობის, 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა.

3. გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მეტრამდე სიმაღ-2,2 მეტრამდე სიმაღლის მქონე ღობე.

4. შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმისან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 5 მეტრისა.

5. მე-5 კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგურები 50 კვ.მ-მდე მზისა და ბიოგაზის დანადგარები).

6. კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) მონტაჟი/გაყვანა არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

7. გარე რეკლამისთვის გათვალისწინებული ნაგებობა.

საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობი8.სათვის განკუთვნილი 2,5 მეტრამდე სიმაღლის და 6 კვ.მ-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან/და დანადგარები.

ასევე, მშენებლობის ნებართვა არ ესაჭიროება:

1. საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე განთავსებული დამხმარე სამეურნეო სათავსოს მოწყობას.

2. მცირე არქიტექტურული ფორმის ნაგებობებს (კიოსკი, საჩრდილებელი, საყვავილე და სხვა), მოზარდთა ღია სპორტული და სათამაშო მოედნების, ასევე, ღია ავტოსადგურების მოწყობას.

3. სანახაობითი ღონისძიებების, სახალხო დღესასწაულების და ბაზრობა-გამოფენისთვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობას.

4. სარეკლამო კონსტრუქციის მოწყობას, რომლის ფირნიშის ფართობი არ აღემატება 27 კვ.მ-ს.

5. შენობა-ნაგებობის, მათ შორის, ფასადის ყველა სახის სარემონტო სამუშაოს განხორციელებას, არსებული გაბარიტების ფარგლებში.

6. ხაზოვანი ნაგებობების და სხვა საკომუნიკაციო ქსელების სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.

8 გახსოვდეთ!!!

▲ზევით დაბრუნება


მართალია, პირველი კლასის შენობა-ნაგებობებს მშენებლობის ნებართვა არ სჭირდება, მაგრამ მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია, განზრახული მშენებლობის შესახებ წერილობით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს (ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო) და განცხადებას თან დაურთოს მიწის ნაკვეთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დანარჩენი (ოთხი) კლასის შენობა-ნაგებობებს ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა.

ყურადღება!!!

  • მშენებლობის დაწყების მომენტისთვის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამტკიცებული ეგზემპლარი.

  • სამშენებლო მოედნის საზღვრები, როგორც წესი, უნდა მოექცეს მიწის ნაკვეთის საზღვრებში.

  • დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს არა აქვთ უფლება, შეუზღუდონ მშენებლობის ნებართვის მფლობელს სამშენებლო საქმიანობის განხორციელება.

  • სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულებამდე შვიდი დღით ადრე ნებართვის მფლობელი ვალდებულია, შეატყობინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ, რაზეც დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.

  • დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესის 6 თვეზე მეტი ხნით შეჩერების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მშენებლობის ობიექტის კონსერვაცია, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამშენებლო მოედანზე უცხო პირთა შეუღწევლობა (უსაფრთხოების ღობე და ჩასაკეტი ჭიშკარი).

  • შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანისას, დგება კონსერვაციის აქტი, რომელსაც ხელს აწერს, ერთი მხრივ, ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) და, მეორე მხრივ, ობიექტის სახელმწიფო ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირი.

  • მშენებლობის კონსერვაცია (გარდა განსაკუთრებული სამშენებლო ზონისა - 1 წელი) შესაძლებელია არა უმეტეს 3 წლით.

  • შენობა-ნაგებობის დასრულების შემდეგ ის ვარგისად უნდა იქნეს აღიარებული ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ, II და III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში - 30 დღის განმავლობაში. თუ ამ ხნის მანძილზე არ იქნა გამოცემული შესაბამისი აქტი, შენობა-ნაგებობა ჩაითვლება ვარგისად.

მშენებლობის სანებართვო მოსაკრებელი
(რა თანხას ვიხდით მშენებლობის ნებართვისთვის)

მშენებლობის ნებართვისთვის გადასახადს ფიზიკური თუ იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივ ბიუჯეტში, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს მიერ დაწესებული ოდენობის მიხედვით, თუ ნებართვას არ გასცემს სხვა უწყება (შესაძლებელია ეს იყოს სამინისტრო).

საკრებულოს მიერ დაწყებული სამშენებლო მოსაკრებლის ოდენობა პროექტით გათვალისწინებული ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის - ხუთ ლარს.

მშენებლობის ნებართვის სტადიები

1. ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა (არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება).

2. არქიტექტურული სამშენებლო პროექტის შეთანხმება(არქიტექტურული როექტი).

3. მშენებლობის ნებართვის გაცემა.

მშენებლობის ნებართვა და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიები უნდა განხორციელდეს 60 დღის ვადაში.

მშენებლობისას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გათვალისწინებული პირობები

საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობათა (მაგ: ადმინისტრაციული სავაჭრო-საყოფაცხოვრებო, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, სატრანსპორტო მომსახურების და სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები, რომლებსაც ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა) როგორც მშენებლობის, ისე მშენებლობის დოკუმენტის დამუშავებისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონით აღიარებული პირობები, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პირებისთვის შენობაში უნდა იყოს ისეთი კონსტრუქციები, რაც მისცემს მათ ნორმალური გადაადგილების საშუალებას.