The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1920 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები

იმერეთის სამეფოს გაუქმება, 1819-1920 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ხომერიკი მანანა
თემატური კატალოგი ისტორია
წყარო: ISBN 978-9941-17-554-2
საავტორო უფლებები: © მ. ხომერიკი
თარიღი: 2012
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამომცემლობა «უნივერსალი» თბილისი 2012 UDC (uak) 94(479.222.1) “18”+929.73(479.22) x-716 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აღნიშნული პროექტი (გრანტი №BB-20-10). განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ასახავდეს ფონდის შეხედულებებს. This project has been made possible by financial support from the Shota Rustaveli National Science Foundation (Grant №B-20-10). All ideas expressed herewith are those of the author, and may not represent the opinion of the Foundation itself. პროექტის ავტორი, მეცნიერ ხელმძღვანელი და რედაქტორი: მანანა ხომერიკი ისტ.მეცნ.დოქტორი რეცენზენტი: ალექსანდრე დაუშვილი ისტ.მეცნ.დოქტორი, პროფესორი გამომცემლობა «უნივერსალი», 2012თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზ. 19, -: 222 36 09, 5(99) 17 22 30 E-mail: universal@internet.ge



1 თავი 1. იმერეთის სამეფოს გაუქმება

▲ზევით დაბრუნება


1.1 1.1. აზნაურის ტრაქტატი

▲ზევით დაბრუნება


XIX საუკუნეში იმერეთის სამეფოს ბედზე დიდი გავლენა მოახდინა ქართლ-ხეთის სამეფოს ანექსიამ.

1801 წლის მაისში, როდესაც გენერალ-მაიორი კნორინგი საქართველოში პირველად ჩამოვიდა, მან ქართლ-კახეთის გარდაცვლილი მეფის, გიორგი XII-ის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი სახელმწიფო საქმეებში ყოველგვარ მონაწილეობას ჩამოაშორა, შემდეგ კი გენერალ ლაზარევის ხელმძღვანელობით შექმნა საქართველოს დროებითი მთავრობა, რომელიც თავისი მოვალეობის შესრულებას 1801 წლის 6 ივნისს შეუდგა და 1802 წლის 8 მაისამდე, „საქართველოს უმაღლესი მმართველობის“ გახსნამდე იარსება1.

1802 წლის 9 აპრილს საქართველოს ახალი გამგებელი კნორინგი ნამდვილ სამოქალაქო მრჩეველ პ. კოვალენსკისთან და რუს მოხელეებთან ერთად, წმინდა ნინოს ჯვრის თანხლებით თბილისში საზეიმოდ შემოვიდა2.

თბილისში ჩამოსვლის მეოთხე დღესვე, 1812 წლის 12 აპრილს, კნორინგმა სიონის ტაძართან შეკრიბა საქართველოს წარჩინებულნი და თბილისის მცხოვრებნი, რომლებსაც რუსეთის მხედრობამ ალყა შემოარტყა. ასეთ ვითარებაში გამოუცხადა გამგებელმა შეკრებილთ იმპერატორ ალექსანდრე I-ის მანიფესტი ქართლ-კახეთში მეფობის გაუქმების შესახებ, ხოლო შემდეგ აიძულა ისინი „ნებაყოფლობით“ დაეფიცათ რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე3. ასეთმა უხეშმა ხერხმა ძალიან შეურაცხყო ქართველები, რომელთა ნაწილმა არ მოისურვა ხიშტების ქვეშ დაფიცება იმპერატორის ერთგულებაზე. მაშინ კნორინგის ბრძანებით წარჩინებულ ქართველ თავადთა და აზნაურთა ერთი ჯგუფი დააპატიმრეს, რამაც კიდევ უფრო აღაშფოთა ქართველობა4.

„სამწუხაროდ, - წერს ისტორიკოსი პოტო, - კნორინგი არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც აქვთ უნარი ხალხის ნდობის მოპოვებისა. მან უმალვე დაამახინჯა თვით აზრი საქართველოს ნებაყოფლობით შეერთებისა, მისცა რა მას რაღაც ძალადობის სახე.“5.

პოტოსგან განსხვავებით პ. ბუტკოვი არაფერს ამბობს კნორინგის უტაქტობაზე. იგი წერს, რომ კნორინგმა ვნების კვირაში (აღდგომის კვირაში), 1802 წლის 12 აპრილს, შაბათ დღეს, სიონის ტაძარში გამოაცხადა საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტი და დააფიცა რუსეთის მთავრობის ერთგულებაზე ბატონიშვილები: კათალიკოს ანტონ II, ვახტანგი, დავითი და თეიმურაზ გიორგის ძე, საქართველოს სამღვდლოება და ხალხი6.

ალექსანდრე I ერთსა და იმავე დროს, მანიფესტით, ფარისევლურად ბატონიშვილებს საქართველოში თავისუფლად დატოვებას აღუთქვამდა, ხოლო მთავარმართებელ კნორინგს საგანგებო ინსტრუქციით ავალებდა, რათა ბატონიშვილები და მეფის მთელი ოჯახი „ნებაყოფლობით რუსეთში გამოეწვია“7. „ნებაყოფლობით“ რუსეთში წასვლა კი, მიუხედავად გულუხვი დაპირებისა, ქართველი ბატონიშვილებიდან არავის სურდა.

თბილისში მანიფესტის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მთავარმართებელმა კნორინგმა საქართველოს უმაღლესი მთავრობის შექმნა სპეციალური წერილით აცნობა ქართლ-კახეთის მეზობელ სამეფო-სამთავროებსა და საფაშოებს: იმერეთის მეფეს, ერევნის, განჯის, შუშისა და შექის ხანებს, ახალციხის, ყარსის და ბაიაზეთის ფაშებს, აგრეთვე ლეკთა საზოგადოებას. კნორინგი ატყობინებდა ზემოჩამოთვლილ მფლობელებს, რომ მისმა საიმპერატორო უდიდებულესობამ აღმოსავლეთ საქართველო მიიღო უშუალო მმართველობაში და ამიერიდან ყველა საქმეს მეზობლებთან სამართლიანად მოაგვარებდა. ზოგიერთმა მფლობელმა საქართველოს მთავარსარდალს კნორინგს საპასუხო წერილიც კი გამოუგზავნა და მოსწერა, რომ დარწმუნებულია რუსეთის სახელმწიფოს სამართლიანობასა და ძლიერებაში. სინამდვილეში კი თითქმის ყველა ზემოჩამოთვლილი პოლიტიკური ერთეულების მფლობელებს აფიქრებდათ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და ყოველანაირად ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ქართველი ბატონიშვილებისათვის ტახტის აღდგენისათვის ბრძოლაში.8

მალე საქართველოს უმაღლესი მთავრობის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს მთავარმართებელი კარლ კნორინგი კავკასიის ხაზზე წავიდა, ქვეყნის მართვა კი პ. კოვალენსკის ჩააბარა.

აღმოსავლეთ საქართველოში მეფობის გაუქმებამ ყველაზე მეტად იმერეთის მეფე სოლომონ II დააფიქრა. ჯერ კიდევ 1801 წლის 4 აგვისტოს სოლომონ II რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე I-ს წერდა: „იცის ესე უმაღლესმან კარმან უდიდებულესობისა თქვენისამან რომ სახლი მეფობისა საქართველოსა სახლი არის ჩემი, - რომელისაცა დაფარვით განცემასა მეფისა გიორგისაგან და დამხობასა სამეფოსა სახლისასა და გამწარებულსა მწუხარებასა მათსა შევრაცხ უბედურებად ჩემდა. შეიწყალეთ, ყოვლადუმოწყალესო ხელმწიფეო, სახლი მეფისა ირაკლისა, Фამელია და ძენი მისნი“ ასევე ითხოვდა თავისი ავადმყოფი ბებიის, დარეჯან დედოფლის შეწყალებას, რადგან „სანატრელმან და სახსოვარმა პაპამან ჩემმან მეფემან ირაკლი, შემდგომად მეფისა გიორგის მისცა ანდერძათ მეფობა იულონს, პირმშოსა ძესა თვისსა და ყოველი საქართველო დააფიცა მემკვიდრეობასა ზედა“.9

იმერეთის მეფის მიერ ერეკლეს შვილების განსაკუთრებით გამოსარჩლებას და დახმარებას აღმოსავლეთ საქართველოს ტახტის აღდგენისათვის სხვა მნიშვნელობაც ჰქონდა. ეს იმერეთის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლაც იყო. ცხადი იყო, ცარიზმი ხელსაყრელ მომენტში კავკასიაში თავის პლაცდარმს უსათუოდ გააფართოებდა და იმერეთის სამეფოც აღმოსავლეთ საქართველოს ბედს გაიზიარებდა.

იმერეთის სამეფო ოსმალეთის უღლის ქვეშ იმყოფებოდა, ვიდრე ტახტზე სოლომონ I ავიდოდა. როდესაც 1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, სოლომონ მეფემ თავისი ძალებით გაათავისუფლა ცუცხვათისა და შორაპნის ციხესიმაგრეები და ნაწილობრივ ქუთაისი. 1770 წელს მან გენ. ტოტლებენის მეთაურობით გამოგზავნილი რუსული ჯარის დახმარებით განდევნა ოსმალთა მცირე გარნიზონები ბაღდათის და ქუთაისის იმ ადგილებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ თურქებს ეკავათ. სოლომონმა მაშინ დაანგრევინა ქუთაისისა და შორაპნის ციხეები, რათა ოსმალთ კვლავ არ დაეკავებინათ ისინი. მართალია, იმერეთის სამეფო იურიდიულად შემდეგაც ოსმალეთის ხელქვეითად ითვლებოდა, მაგრამ ოსმალეთმა ვერ შეძლო დანგრეულ ციხეებში თავისი გარნიზონების დაყენება10. იმერეთის სამეფო, სამეგრელოსა და გურიის სამთავროები იმ დროიდან თითქმის აღარ იყვნენ პორტაზე დამოკიდებული. ეს მიწები განთავისუფლდნენ თურქების ბატონობისაგან. იმერეთი დაუბრუნდა თავის კანონიერ მეფეს, სოლომონ I-ს, რომელსაც შემდგომში „დიდი“ ეწოდა. თურქებმა, რომლებმაც იცოდნენ სოლომონის ხასიათი და ეშინოდათ მისი გაძლიერებისა, მისსივე საკუთარი ქვეშევრდომები აუმხედრეს მას, რომლებიც აუჯანყდნენ რაჭის ძლიერი ერისთავის მეთაურობით და მეფედ დასვეს მისი ბიძაშვილი თეიმურაზ II. განდევნილი სოლომონი იძულებული იყო თავისი მცირერიცხოვანი ერთგული პირების თანხლებით ტყე-ტყე ეხეტიალა „და ასეთ სავალალო მდგომარეობაში შეხვდა აღდგომას, რომ მღვდელიც კი არ ჰყავდა, რათა აღევლინა სასიხარულო სააღდგომო ჰიმნები. კეთილმორწმუნე მეფემ ისე იზეიმა ეს დიდი დღე, როგორც შეძლო. ასწლოვან მუხაზე მოჭრა ჯვრის გამოსახულება და მცირერიცხოვან ერთგულებთან ერთად, სამჯერ შემოუარა მის მიერ კურთხეულ ხე, გალობდა ღამისა და მუხნარის წყვდიადში: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“11. დაამარცხა რა თავისი ძველი მტრები და „ლეკი მტაცებლები“ სურამის ახლოს, მეფემ ვეღარ მოასწრო თავისი სამეფოს კეთილდღეობის განმტკიცება.

სოლომონ I გარდაიცვალა 1782 წელს. მისი სულიერი ანდერძის მიხედვით, იმერეთის ტახტის მემკვიდრედ რჩებოდა მცირეწლოვანი დავით ბატონიშვილი, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ვაჟიშვილი. მის სრულწლოვანებამდე იმერეთის თავადებმა დროებითი მმართველობა დაავალეს სოლომონის ბიძაშვილს, დავითს, რომელმაც ცოტა ხნის გავლის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ თავისი სამეფოს კეთილდღეობაზე ეზრუნა და სოლომონ I-ის გზა გაეგრძელებინა, დაიწყო ზრუნვა მხოლოდ ტახტის შენარჩუნებაზე. მან გარეკა და თანამდებობებს ჩამოაშორა სოლომონ I-ისა და მისი მემკვიდრის ერთგული თავადები. დაიწყო მათი დევნა, რითაც ბევრი მათგანი აიძულა იმერეთის სამეფოს საზღვრებს გასცლოდა. ტახტის კანონიერი მემკვიდრე, დავით ბატონიშვილი, გადავიდა ქართლ-კახეთის სამეფოში, სადაც მისმა პაპამ, მეფე ერეკლე II-მ გაზარდა ტფილისში. იმერეთიდან განდევნილი თავადები მეფე ერეკლეს სთხოვდნენ, რომ ეხსნა ისინი დავითის ძალადობისაგან და იმერეთის ტახტზე აეყვანა კანონიერი მემკვიდრე, რომელმაც იმ დროისთვის თითქმის უკვე მიაღწია სრულწლოვანებას. მეფე ერეკლემ იმერეთში თავისი შვილიშვილი დავით გიორგის ძე გაგზავნა ჯართან ერთად. დავით გიორგის ძემ, რომელსაც იმერეთის მემკვიდრეც ახლდა, ქართლიდან გააგზავნა იგი რაჭის მთების გზით ოდიშში, სამეგრელოს მთავარ დადიანთან, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა იმერეთის მმართველთან. ოდიშში მემკვიდრე შეუერთდა დადიანსა და იმერეთიდან გამოქცეულ თავადებს. ისინი ოდიშის მხრიდან დაიძრნენ დავითის წინააღმდეგ, იმ დროს, როდესაც ქართლ-კახეთის ჯარი ქართლის მხრიდან მიუახლოვდა იმერეთის საზღვრებს. დავითმა ამის შესახებ რომ შეიტყო, სასწარაფოდ შეკრიბა ჯარი და ვინაიდან თავის იმერლებს არ ენდობოდა, ახალციხის ფაშას სთხოვა დახმარება, დაპირდა რა, რომ წარმატებისა და ტახტის შენარჩუნების შემთხვევაში, არა მხოლოდ ბევრ ადგილებსა და ციხესიმაგრეებს დაუთმობდა პორტას, არამედ მისცემდა მათ ქრისტიანულ ეკლესიებს მეჩეთებად გადასაკეთებლად. თავისი დანაპირების შესრულების საწინდრად დავითმა იმერეთის უპირველესი თავადების შვილები გაუგზავნა ახალციხეში ფაშას, რომელთა რიცხვი 16-ს აღწევდა. იმერლებმა შეიტყვეს თავიანთი მმართველის საქციელის შესახებ, რის შემდეგაც ერთხმად მოითხოვეს მისთვის მმართველობის ჩამორთმევა და ტახტზე კანონიერი მემკვიდრის, არჩილ ბატონიშვილის შვილის აყვანა.

დავითი, რომელმაც დაკარგა ხალხის ყოველგვარი მხარდაჭერა, უკვე დამარცხებული იყო დადიანის ჯარებთან ბრძოლაში და მეფე ერეკლეს ჯართან შერკინების საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა, ახალციხეში გაიქცა. იქ მან მძევლებად გაგზავნილი ბავშვები გაყიდა, შეკრიბა ლაშქარი თურქების და ლეკებისაგან და დახმარება სთხოვა ფაშას, რომელიც ყოველთვის მზად იყო, როგორც დუბროვინი წერს, საქართველოს გაჩანაგებისათვის. ის სამჯერ შემოიჭრა იმერეთში და სამჯერვე დამარცხდა, თუმცა იმერლებს ეს დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდათ. თურქებს და ლეკებს ტყვედ მიჰყავდათ მშვიდობიანი მოსახლეობა და შემდეგ ჰყიდდნენ მათ აზიურ ბაზრებში. გატაცებულთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, თავად იმერლების ჩვენებით 17 ათას კაცს უტოლდებოდა. იმერლები მტკიცედ უმკლავდებოდნენ თავს დატეხილ უბედურებას. მტრის მესამე შემოჭრის დროს, მათ მოახერხეს თავად დავითის დატყვევება.

შეეშინდა რა წამების, რასაც იმსახურებდა იმ უბედურებისათვის, რომელიც ქვეყანას მოუტანა, დავითმა ხალხის წინაშე მოინანია დანაშაული და დაიფიცა, რომ არაფერს მოიმოქმედებდა იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ. მეფე ერეკლეს გამოქომაგებამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. დავითი ტფილისში გაიხმეს. იმერეთის ტახტზე აყვანილ იქნა სოლომონ I-ის ძმის, არჩილის შვილი დავითი, სოლომონ II-ის სახელით.

მეფე ერეკლემ სოლომონ II-ს სთხოვა, ეპატიებინა დავითისთვის და მიეცა მისთვის რამდენიმე სოფელი იმერეთში, ხოლო თავის მხრიდან მისცა მას 1200 მანეთი ყოველწლიური პენსია. სოლომონ II-მ შეასრულა ერეკლეს თხოვნა და ჩქარა დავითი ტფილისიდან იმერეთში გადავიდა საცხოვრებლად მისთვის ბოძებულ სოფლებში.

თურქებისათვის ფრიად არასასიამოვნო იყო საქმის ამგვარი დაგვირგვინება და ის, რომ დავითმა ასე ადვილად თქვა უარი ტახტზე. დავითის ტახტზე აღდგენის მომიზეზებით, ახალციხის ფაშა სულეიმანმა, პორტას ბრძანებით, დაძრა ჯარები ქართლზე. მეფე ერეკლემ კვლავ დავით გიორგის ძე გაგზავნა ჯარით თურქების წინააღმდეგ. ის ახალქალაქს დაესხა თავს, იმ მიზნით, რომ თურქების ყურადღება აქეთ გადმოეტანა და იმერეთისთვის დარტყმა აეცილებინა. თურქებმა ყურადღება არ მიაქციეს ქართველების ჯარის მოქმედებას ახალქალაქის წინააღმდეგ და განაგრძობდნენ ქართლის საზღვრების მიმართულებით მოძრაობას. მაშინ დავით ბატონიშვილი ახალქალაქიდან ყარსისკენ დაიძრა, სადაც შეხვდა თურქეთის ჯარს მაგომედ-ფაშას მეთაურობით და სავსებით გაანადგურა. ამის შემდეგ თურქებმა ყარაღაჩთან შეუტიეს, მაგრამ იქიდანაც უკუქცეულნი იყვნენ.

მას შემდეგ რაც მარცხი განიცადა, სულეიმან-ფაშამ დაიწყო დავითის შეგულიანება და დაპირდა, რომ მეორეჯერ აიყვანდა მას იმერეთის ტახტზე. დავითსა და სულეიმან-ფაშას შორის მიმოწერა გაიბა, რომელიც გამომჟღავნდა. დავითი მხილებულ იქნა და თავადაც ყველაფერში გამოტყდა. მან კვლავ არა მხოლოდ დაიფიცა, რომ მშვიდად იცხოვრებდა და არაფერს მოიმოქმედებდა, არამედ ცალ ხელში მაცხოვრის ჯვარი ეპყრა, მეორეში კი სახარება, როდესაც მეფე სოლომონს თავისი მცირეწლოვანი შვილი კონსტანტინე მისცა თავდებად, იმერლების დაღვრილი სისხლის სანაცვლოდ სწირავდა მას მსხვერპლად, თუ კვლავ მოიმოქმედებდა რაიმე საზიანოს იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ.

დავითმა ამ გზით თავიდან აიცდინა დამსახურებული სასჯელი, რის შემდეგაც გაწირა საკუთარი შვილი, ოჯახი და გაიქცა ახალციხეში. სულეიმან-ფაშამ მეფის შესაფერისი პატივით მიიღო იგი. მაშინვე მისცა ჯარი, რომლითაც დავითი იმერეთში შემოიჭრა, დაამარცხა მის წინააღმდეგ გამოსული იმერეთის ჯარი და სოლომონ II აიძულა გაქცეულიყო ქართლ-კახეთის სამეფოს საზღვარზე, საჩხერეში. თურქული ჯარის დახმარებით, დავითმა მეორედ გამოაცხადა თავი იმერეთის მეფედ, იმერლებისგანაც შეკრიბა ჯარი და გაემართა ქართლის საზღვრებისაკენ, სადაც შეხვდა ქართულ ჯარს, ერეკლე II-ის შვილიშვილის, ბატონიშვილ იოანე გიორგის ძის მეთაურობით. იოანე ბატონიშვილი 2 ათასი მეომრით უშიშრად შეებრძოლა დავითის 8 ათასიან ჯარს, დაამარცხა და აიძულა კვლავ ახალციხეში გაქცეულიყო. იქ დავითმა ახალ ჯარს მოუყარა თავი და ისევ შემოიჭრა იმერეთში, მაგრამ დამარცხებულ იქნა ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ, რომელიც მეფე ერეკლემ სოლომონ II-ის თხოვნით გაგაზავნა მის დასახმარებლად. ქართველებმა დავითის ჯარის ნარჩენებს ახალციხის საფაშოს საზღვრამდე მისდიეს. ჩქარა ამის შემდეგ დავითი ყვავილით გახდა ავად და გარდაიცვალა12.

იმერეთის ტახტზე სოლომონ II უფრო მყარად გრძნობდა თავს და პირველ ხანებში თავისთვის საშიშად არ მიაჩნდა დავითის ქვრივი ანა, რის გამოც მას იმერეთში დარჩენის ნება დართო მის მცირეწლოვან ვაჟთან, კონსტანტინესთან ერთად. თავდაპირველად მეფე სოლომონ II თავისი პაპის, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მსგავსად რუსეთის ქვეშევრდომობას ეძებდა. ასევე იქცეოდნენ სამეგრელოსა და გურიის მთავრები. ამ მიზანს ემსახურებოდა ივერიის მეფეებსა და მთავრებს შორის 1790 წელს გაფირმებული სამოკავშირეო ხელშეკრულება13. ისინი იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს ეს ერთგვარი გაერთიანება დაეხმარებოდა მათ იმაში, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის პირობები მათზეც გავრცელებულიყო. ეს ნათლად ჩანს 1793 წელს იმპერატრიცა ეკატერინე მეორისადმი გაგზავნილი ივერიის მეფეთა და მთავართა შორის დადებული ტრაქტატის წარდგინებიდან: „და ვითარცა თანამორწმუნენი ესოდენი ქრისტიანენი ვითხოვთ ვედრებით, რათა არა განყოფილ იქმნას საუკუნოდ ერნი ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა რუსთა იმპერიისა ზედა მიწერითა, და რათა მზგავსად საქართველოისა მთელი ივერია იყოს მიწერილ იმპერიასა ზედა რუსეთისა ტრახტატისა ამის ჩვენისაებრ მფარველობითა თქვენისა უავგუსტესისა კარისათა…“ მაშინ არავინ იცოდა, რომ რუსეთი გეორგიევსკის ტრაქტატს დაარღვევდა და საქართველოს მიწა-წყალს მიიტაცებდა … საქართველოს მეფეთა და მთავართა მოტივაცია კარგად ჩანს ხსენებული წარდგინებიდან, რომელიც შეიცავს თხოვნას, რომ რუსეთის იმპერიის „მსახურებად შეერთებულნი ესე ყოვლისა ივერიისა მეფენი და მთავარნი ყოვლად უმოწყალესითა საერთოთა მფარველობითა განგვათავისუფლოთ ხელთაგან მოხმადიანთა მონარხთასა“. ხელს აწერენ: „მეფე ქართლისა, კახეთისა და სხვათა ერეკლე. მეფე სრულიად იმერეთისა და სხვათა სოლომონ. მთავარი ოდიშისა და სხვათა გრიგოლ. მთავარი გურიისა ვახტანგი“.14 მსგავსი ხელშეკრულება 1773 წლის 27 ივლისსაც იყო დადებული მეფე ერეკლე II-სა და მეფე სოლომონ I-ს შორის: „ჩვენ, საქართვერლოსა და კახეთის მეფე ირაკლი და სრულიად იმერეთის მეფე სოლომონ, სრულიად უგანათლებულესის მათის იმპ. დიდებ. დედობრივის ბრძანებით ამ ვალდებულობისა ჩვენის ხელწერილობით ურთიერთა შორის მეგობრობისა პირდაუფერებლობით დადგინებულობას ვაწესებთ…“15.

სოლომონ II XVIII ს-ის მიწურულს დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა. მთავართა არსებობას მხოლოდ მორჩილების პირობით ურიგდებოდა. იგი თავის თავს უწოდებდა „ქუემოისა ივერიისა და სხუათა მეფეს“16. სოლომონ ლეონიძე წერდა, რომ „აფხაზეთი უძველესი დროიდანვე იმერეთისა იყო“ და ფოთის ციხეც იმერეთს ეკუთვნოდა17. მეფე დადიანს თავის ურჩ ყმად თვლიდა. მისი აზრით, რადგან მან დადიანი „მთავრად დაადგინა“, მას მეფისთვის წინააღმდეგობის უფლება არ ჰქონდა. ის მეფეს უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა. დასავლეთ საქართველოში მეფესა და მთავრებს შორის განხეთქილება უფრო გამწვავდა ერეკლე II-ის გარდაცველების შემდეგ, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე (1798წ.) გიორგი XII ავიდა.18 ამიერიდან შესუსტდა კავშირ-ურთიერთობა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის. მართალია, ერეკლე II სოლომონ II-ს როგორც პაპა შვილიშვილს ისეც მფარველობდა, მაგრამ მას უმთავრესად საქართველოს საგარეო მტრების წინააღმდეგ იმერეთ-ამიერეთის კავშირის აუცილებლობის შეგნება და მისი დაცვა ამოძრავებდა. მ. დუმბაძე აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, გიორგი XII თავის პოლიტიკაში გარკვეულ უპირატესობას პირად დინასტიურსა და ნათესაურ ინტერესებს ანიჭებდა. იმერეთის მეფესა და სამეგრელოს მთავარს შორის მიმდინარე ბრძოლაში, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაეჭირა მეფის სახით გამაერთიანებელი ძალისათვის, ის ზურგს უმაგრებდა თავის სიძეს - დადიანს და ამით ხელს უწყობდა იქ არსებული განხეთქილების შემდგომ გაღრმავებას, რითაც ხელს უშლიდა ქვეყნის საკუთარი ძალებით გაერთიანებისათვის ბრძოლის წარმატებას. მეფე სოლომონ II-ც არ იყო თავისუფალი მიკერძოებისგან. ისიც თავის მხრივ, უფრო მეტად იყო დაკავშირებული თავის ბიძებთან, მეფე ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილებთან, ვიდრე ქართლ-კახეთის კანონიერ მეფე გიორგი XII-სთან, რომელიც დარეჯან დედოფლის გერი იყო19. სოლომონი გიორგის შემდეგ ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრედ იულონის და არა დავით გიორგის ძეს აღიარებდა, რის გამოც, კოვალენსკის გადმოცემით, გიორგი XII ცდილობდა, რომ მის სიძეს გრიგოლ დადიანს იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა20.

როგორც ვთქვით, სოლომონ II ფიქრობდა, რომ თუ მთელ დასავლეთ საქართველოში გაბატონდებოდა, მაშინ რუსეთი მას მფარველობაში მიიღებდა 1783 წ. ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე. რუსეთის წარმომადგენელმა კოვალენსკიმ მასთან ოფიციალური ურთიერთობა დაამყარა. ის სოლომონ II-ს მოუწოდებდა, რომ გიორგი XII-ს დაახლოებოდა, რაშიც რუსეთი დაინტერესებული იყო დასავლეთ საქართველოს მიმართ თავისი სამომავლო გეგმების განსახორციელებლად. სოლომონ მეფე ქართლ-კახეთში მყოფ რუს წარმომადგენლებს აცნობებდა, რომ რუსეთის მფარველობის მიღება სურდა. მეფისა და მისი თანამებრძოლების აზრით იმერეთის დამოუკიდებელი არსებობისათვის კარგი გარანტია იქნებოდა ქართლ-კახეთში იულონ ბატონიშვილის გამეფება. ამიტომ, სოლომონი რუსეთის მფარველობის თხოვნას იულონის გამეფების თხოვნასაც ურთავდა თან. ცდილობდა ქართლ-კახეთში სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებისათვის შეეწყო ხელი. 1801 წლის მარტში მეფემ ქართლ-კახეთის „შეერთების“ გამო დიპლომატიური მილოცვა გაუგზავნა გენერალ კნორინგს და მისგან მადლობაც მიიღო21. 1801 წლის 4 აგვისტოს იმერეთის მეფემ თავისი დესპანი ჯაფარიძე გაგზავნა რუსეთში, რომელსაც იმერეთის რუსეთის მფარველობაში შესვლა უნდა მოეთხოვა, მაგრამ მისი მთავარი მისია იყო ქართლ-კახეთში მეფობის აღდგენა და იულონ ბატონიშვილის გამეფება. გენერალმა კნორინგმა კავკასიის სამხედრო ხაზიდან დესპანი რუსეთში არ გაუშვა, უკან დააბრუნა და მეფეს შემოუთვალა, რომ რუსეთ-ოსმალეთს შორის არსებული კეთილგანწყობილება არ უნდა შერყეულიყო, რაც ხელს უშლიდა თხოვნის დაკმაყოფილებას, ხოლო იულონის გამეფების თაობაზე, კნორინგი აცნობებდა მეფეს, რომ რუსეთის მთავრობამ ქართლ-კახეთის სამეფოს ბედი უკვე გადაწყვიტა და მეფობა გააუქმა, ამიტომ თქვენი ჩარევა ქართლ-კახეთის საქმეებში იმპერატორის შეურაცხყოფას ნიშნავსო22. ამგვარი პასუხი მისაღები და მოსაწონი აღმოჩნდა ალექსანდრე I-სათვის, როგორც ეს მის მიერ 1802 წლის 20 აგვისტოს კნორინგისათვის გაგზავნილი რესკრიპტიდან ჩანს23. სოლომონ II-ის თხოვნა რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შესახებ გულწრფელიც რომ ყოფილიყო, იმპერატორს არ სურდა პორტასთვის პრეტენზიების წამოყენების საბაბის მიცემა. მაგრამ სულ მალე უკვე დღის წესრიგში დადგა იმერეთის დაპყრობის საკითხი. დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო, გურია და განსაკუთრებით იმერეთი ფაქტობრივად აღარ სცნობდნენ სულთნის ბატონობას. შედარებით უფრო რეალური იყო ოსმალეთის ბატონობა სოხუმში, ფოთსა და ბათომში, სადაც სულთნის მეციხოვნეები იდგნენ, აგრეთვე საფაშოებში: ახალციხესა და ყარსში. ოსმალეთსა და რუსეთს შორის ამ დროს ჯერ კიდევ ძალაში იყო ხელშეკრულება და რუსეთის მთავრობას მისი დარღვევა არ სურდა. ოსმალეთი მისთვის საშიშ ძალას აღარ წარმოადგენდა, მაგრამ იქ თავისი გავლენის შენარჩუნება რუსეთის მთავრობას საჭიროდ მიაჩნდა. ოსმალეთში ინგლისის გვერდით რუსეთის მოქიშპედ ძლიერი საფრანგეთი გამოდიოდა, რომელიც ცდას არ აკლებდა, რათა ოსმალეთი ან სულ დაეპყრო, ან იქ განსაკუთრებული გავლენა მოეპოვებინა. რუსეთის მთავრობა დიდი სიფრთხილით იმიტომ ცდილობდა პორტასთან საზავო პირობების დაცვას, რომ ის საფრანგეთს ან ინგლისს არ მინდობოდა, რომლებიც რუსეთის მოქიშპეები იყვნენ. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კნორინგს უკრძალავდნენ იმერეთისა და სამეგრელოს რუსეთის ხელმწიფის მფარველობაში შემოყვანისაკენ მიმართულ საქმიანობას, იმ დროს, როდესაც უწონებდნენ ერევნის ხანთან წამოწყებულ პოლიტიკურ მოლაპარაკებას, რომლის მიზანი ამ ქვეყნის რუსეთის ხელმწიფის მფარველობაში შემოყვანა იყო.24

კნორინგმა დააფიცა რა აღმოსავლეთ საქართველოს მცხოვრებნი რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე და კიდევ ერთხელ შემოიარა თავისი საგამგეო ქვეყანა, კავკასიის ხაზზე ციხექალაქ გეორგიევსკში დაბრუნდა და შემდგომ იგი თბილისში აღარ ჩამოსულა. მან ვერ გაიგო, - წერს ისტორიკოსი ნ. დუბროვინი, - თუ რა დიდი როლი ენიჭებოდა (ადმინისტრაციული და სამხედრო) საქართველოს რუსეთისთვის კავკასიის დამორჩილების საქმეში. მთავარმართებელმა კნორინგმა ყველა უფლება ქართლ-კახეთის გამგებლობისა „საქართველოს მმართველს“ პ. კოვალენსკის ჩააბარა. თვითონ კი საქართველოს გეორგიევსკის მრუდე სარკით უყურებდაო.25 კოვალენსკიმ კი ნდობა ბოროტად გამოიყენა და სამოქალაქო მოხელეებს ირჩევდა და ნიშნავდა საკუთარი შეხედულებისამებრ. აღმ. საქართველოს გასაყვლეფად და ოქროს დასაგროვებლად იგი არავითარ ბნელ საქმეს არ თაკილობდა.26 1802 წლის 26 ივნისს სოლომონ მეფემ, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებმა ტფილისში კნორინგს გაუგზავნეს სპარსეთის შაჰ ბაბა-ხანისგან მიღებული ფირმანების პირები, რითაც სურდათ თავისთვის ერთგვარი ალიბი შეექმნათ. თან რუსეთის კარის ნდობა მოეპოვებინათ და ისიც დაენახვებინათ, რომ სპარსეთი მზად იყო იმერეთის დასახმარებლად. მეფე წერდა: „ვიცი თანამდებობად ჩემდა, ერთგულება გონებრივი უმაღლესისა რუსეთის საიმპერატოროსა კარისადმი, რომლისთვისაც მდგომარესა ამას ჟამსა, მოვართვი მაღალმსვლელობასა თქვენსა პირი ფირმანისა სპარსეთის ხელმწიფისაგან მიწერილი ჩემდამი და წარმოვგზავნე ელჩი პოლნამოშნი, კნიაზი სოლომონ, რომელსაცა აქვს რწმუნებულად ყოველი აზრი ჩვენი“.27 კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების I ტომში მოყვანილია ბაბა-ხანის ფირმანების რუსული თარგმანი, რომელსაც თან ახლავს შენიშვნა - „დედანი არ აღმოჩნდა“.28 საისტორიო არქივში კი ფირმანების ქართული თარგმანიც არის დაცული. ბაბა-ხანი მეფე სოლომონს მაღალფარდოვანი მისალმების შემდეგ სწერდა: „უწყოდეთ, რათგან ქვეყანა საქართველოსა ერანის უზადოს მფლობელისა და ცამდე აღწევნილს სიმტკიცით შემოზღუდვით მამულთა და ადგილთ ნაწილი არის, და გიორგი მეფემ და მისმან შვილებმან პირშაობითა და უჭკუობით, მცირე რამ ჯარი რუსეთისა თავეთის სიმტკიცისა და შემწეობისთვის მოიყვანეს თბილისს ქალაქში და დააყენეს და იმ მხარეს დამპყრობისა და დამკვიდრების ალამი და ბაირახი აუმართავსთ“.29 ბაბა-ხანის მთავარი გზავნილი იყო იულონ ბატონიშვილის გამეფება: „დიდებულ მეფეთ გვართაგან შობილი, დასაბამითგან დასასრულამდე ბედნიერებისა მისგან ან ბედნიერობის მოწადე იულონ ხან, მეფეთ გვართაგან საქართველოსთა სახელოვნად რჩეული და გამორჩეული. მტკიცეს ბედნიერობის ერთგულთა რიცხვთა შორის აღნიშნულ იქმნა და ხელმწიფის (იგულისხმება ბაბა-ხანი მ.ხ.) მოწყალების განცხადებულს… მეფობის ხარისხით ხსენებულს საქართველოში, თავ ამაღლებილი არის და რადგანაც პირველად ამ უმაღლესის კარიდამ უნდა მოხდეს თავისს ადგილსა და ხარისხზე ფეხის შედგომა, ამისთვის მისს დასამყარებლად და დასამტკიცებლად და ხელთა მისთა დასამორჩილებლად ზემოხსენებულთა მათ ქვეყანათა წარმოვგზავნე… კარის კაცებსა და დიდრონს ხანებში გამორჩეული ფირუ-ელიხან ყაჯარი“. ბაბა-ხანისგან მისი წარგზავნილი „იულონ ხანის შესაწევნელად ბრძანებულ იქმნა დამტკიცებისა მისისათვის და რაც მას ხსენებულს ქვეყანასაშინა წინააღმდეგი რამ არის მისის აღებისა და განწმენდისათვის“. ბაბა-ხანი მოითხოვდა, რომ მეფე სოლომონიც დახმარებოდა იულონს გამეფებაში, რისთვისაც მას „მოწყალება გადაეფინებოდა“. იულონ ბატონიშვილისთვის გამოგზავნილ ფირმანშიც ბაბა-ხანი იმავეს აცხადებს: „ფირუელიხან ყაჯარი, მრავლისა და გამარჯვებულის ჯარებით, იმ მხარეების საქმეების გასასწორებლად გამოვისტუმრეთ“30. ბაბა-ხანს თითქოსდა მხოლოდ იულონ ბატონიშვილის დახმარების სურვილი ამოძრავებდა. მისი ფირმანების პირები კი, როგორც ავღნიშნეთ, მეფე სოლომონმა, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებმა სოლომონ ლეონიძეს თბილისში გაატანეს.

1802 წლის 4 ივლისს საქართველოს მმართველი კოვალენსკი მთავარსარდალ კნორინგს აცნობებდა, რომ იმერეთის მეფე სოლომონმა და მასთან მცხოვრებმა ბატონიშვილებმა იულონმა და ფარნაოზმა მთავარსარდალთან გამოგზავნეს თავადი სოლომონ ლეონიძე, მაგრამ ვეღარ მოუსწრეს მას. ხსენებული თავადი მეფე ერეკლესთან იზრდებოდა და მთელი მისი მეფობის დროს წარმატებით ასრულებდა დავალებებს. მეფე გიორგის მეფობის დროს კი მას ყველაფერი ჩამოერთვა. გადავიდა იმერეთში. მისი ღირსებების შესახებ კოვალენსკის ადრეც მოუხსენებია კნორინგისათვის, რის შედეგადაც ლეონიძეს ნება დართეს ქართლ-კახეთში ჩასულიყო შვილების სანახავად. ახლა კი მან სოლომონისგან და ბატონიშვილებისგან წერილები ჩამოიტანა, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ რუსეთისადმი თავიანთი ერთგულების დასამტკიცებლად ისინი კოვალენსკისა და კნორინგს უგზავნიდნენ სპარსეთის მპყრობელის ბაბა-ხანის ფირმანების ასლებს, ასევე სთხოვდნენ, რომ უყურადღებოდ არ დაეტოვებინათ მათი ნდობით აღჭურვილი თავადი ლეონიძე. ამ უკანასკნელმა კოვალენსკის საიდუმლოდ აცნობა, რომ მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 1783 წლის ტრაქტატის დადებაში. მეფე ერეკლეს დროს ყოველნაირად ცდილობდა სამსახური გაეწია ხელმწიფისათვის. ახლაც სრულიად რუსეთის იმპერიისადმი ერთგულებით იყო გამსჭვალული, რის გამოც საკუთარ თავზე იღებდა მეფე სოლომონის დარწმუნებას იმაში, რომ მთელი თავისი სამფლობელოები, რომლებიც პორტას აღარ ემორჩილებოდნენ, რუსეთის იმპერატორის ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთთან შეერთებით. სოლომონ მეფის ერთადერთი პირობა იყო მისთვის მეფის სახელისა და პატივის შენარჩუნება, ვინაიდან უშვილო იყო და მისი პრეტენზიები საკუთარი თავის გარდა არავისზე ვრცელდებოდა. თუ რუსეთის მხრიდან დამაიმედებელი პასუხი იქნებოდა, მეფე იმპერატორის კარზე თავის რწმუნებულად ლიონიძეს გააგზვნიდა ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. ლეონიძე ასაბუთებდა იმ სარგებლობას, რომელიც მოჰყვებოდა იმერეთის შეერთებას. ლეონიძეს ნება დართეს, რომ თავის ოჯახთან ერთი კვირა გაეტარებინა31.

1802 წლის 25 აგვისტოს მეფე სოლომონი რუს ხელისუფალს უგზავნის წერილს, რომელშიც აღმოსავლური თავაზიანობის გამოჩენის შემდეგ გამოთქვამს გაკვირვებას იმის გამო, რომ მას, მეფეს, პასუხს სთხოვენ თავისი მოქმედებისთვის: „გარნა წერილმან უფლისა ღენერალისა ვან პეტროვიჩისამან მიმცა ჩვენ განკვირვებად, რომელიცა ითხოვს ჩვენ მიერ უწყებად მიზეზსა ლაშქართა შეყრისასა; აქვს მეფობასა თავის უფალს ნება თვისი ვითარ იწოდეს და რაბამ ბრძანებისა, თვისივე სამეფოთა შინა; აწ უკეთუ საიჭველ რამე იყო შეყრა ლაშქართა ჩვენთა; თვით თვალითა თვისითა ჰხედვან უფალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ სოკოლოვი თუ სად და რომელს საზღვარსა შინა მოქმედებდნენ ლაშქარნი ჩვენნი პირისპირ წინა აღმდგომობთა ჩვენთა“. მეფე ხაზს უსვამს, რომ თავისი მეფური უფლება-მოვალეობანი კარგად აქვს გაცნობიერებული: „უფალნო, რად ირწმუნებთ რათამცა არ უწყოდე მეფემან ძალი ჩემი, ანუ საზომი მეფობისა ჩემისა, ვიცი თანამდებობად ჩემი გასინჯვა უღრმესი, უზენაესისა ბრძანებისა; და ვითარცა ყოვლად ძლიერისა ღმრთისა მიმართ, ეგრეთ განვეკერძალები ყოვლად უმოწყალესისა ხელმწიფისა უმაღლესსა ნებასა, რათამცა სამართალმან და კანონმან სახელმწიფომან ვერ ჰპოოს ჩემ შორის ბრალი, ანუ მიზეზი ჭეშმარიტი“32.

1802 წლის 10 სექტემბერს კოვალენსკი კრონინგს ატყობინებდა, რომ მეფე სოლომონი იმყოფებოდა სამეგრელოს ფარგლებში, ლეჩხუმში, რომლის ნახევარიც, ციხეებთან ერთად დაიკავა. მისი ჯარი შედგებოდა რვა ათასი მეომრისაგან, გარდა ამისა ის განაგრძობდა საკუთარ სამფლობელოში ჯარის შეკრებას და ელოდებოდა ათას კაციან ლეკთა ლაშქარს, რომელიც ახალციხის ფაშას დახმარებით მოიწვია. დადიანი თავის მხრიდან შეძლებისდაგვარად უწევდა წინააღმდეგობას, საგანგებოდ შეურიგდა ძმას და დედას, მოიმხრო გურიელი და თურქი მოხელე სელიმ-აღა, რომელიც იყო იმერეთში მოკლული მეჰმედ-საბიდ-ფაშას ამალის წევრი. თავისი ბატონის გამო, შურისძიების მიზნით, ის დადიანს შეუერთდა იმერეთის მეფის წინააღმდეგ. კოვალენსკი თავის ინფორმატორზე დაყრდნობით იმასაც დასძენდა, რომ მეფე სოლომონი და ბატონიშვილები ქართლ-კახეთის წინააღმდეგ აშკარა მტრობას არ გეგმავდნენ, ვინაიდან სპარსეთის ჯარის დახმარებას არ ელოდნენ.33

1802 წლის 8 სექტემბერს ალექსანდრე I-მა საქართველოში მთავარმართებლად რუსეთის იმპერიის ერთგული გენერალი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი დანიშნა. მომდევნო წლის 1 თებერვალს პ. ციციანოვი თბილისში ჩამოვიდა. ეს გარუსებული რუსი სამხედრო წარმოშობით ქართველი იყო, მაგრამ ეს სრულიად არ ეამაყებოდა. იმერეთის ყოფილ დედოფალ ანასადმი მიწერილ ერთ-ერთ წერილში ის ქართველებს უსარგებლოებს უწოდებს და სცხვენია მათთან სისხლისმიერი ნათესაობისა „…безполезных грузинцев коим и к стыду моему принадлежу по крови“34. (იმასაც ამბობდა: ფიცი რომ გავტეხო, მაშინ სპარსული ან სომხური სული უნდა მქონოდა, თუმცა მათი შედარებაც არ შეიძლება ზოგიერთ დღევანდელ ქართველთანო)35. რუსულ ისტორიოგრაფიაში ციცინოვს მაღალი შეფასება ეძლევა: „მას ესმოდა, რომ მხოლოდ ხელქვეითების სიყვარულსა და სრულ ნდობას უფროსისადმი შეუძლიათ სასწაულების მოხდენა და იმ უდიდესი ზნეობრივი ძალების ამოქმედება, რომლითაც სუვოროვი ამარცხებდა. როგორც სუვოროვის მოსწავლე, რომელიც მის გამარჯვებათა საიდუმლოს ჩაწვდა, ციციანოვი სწორედ ამ უძლეველ ძალაში ეძებდა საყრდენს და საფუძვლად დაუდო იმ საძირკველს, რომელზედაც აშენდა კავკასიის არმიის საუკუნოვანი დიდება. ციციანოვმა შექმნა მთელი სკოლა, რომლის მიმდევარი იყო კოტლიაროვსკი და რომელიც ერმოლოვმა დააგვირგვინა“.36 ციციანოვი იმპერატორის ნდობით სარგებლობდა და თითქმის შეუზღუდავ უფლებებით იყო აღჭურვილი.

1801-1802 წლებში, როდესაც ქართლ-კახეთში რუსეთის ბატონობა მკვიდრდებოდა, დასავლეთ საქართველოში მეფე სოლომონი თავისი სამეფოს გაერთიანებისათვის და ქართლ-კახეთში იულონ ბატონიშვილის გამეფებისთვის იბრძოდა. მის კარზე თავს იყრიდნენ ქართლ-კახეთიდან დევნილი იულონ, ფარნაოზ და ალექსანდრე ბატონიშვილები. რუსეთი, რომელიც სოლომონ მეფეს მფარველობაში მიღებაზე უარს ეუბნებოდა, ამავე დროს საბაბს ეძებდა იმერეთის საქმეებში ჩასარევად. საბაბი რამდენიმე გამოჩნდა: 1) ომი, რომელსაც მეფე სამეგრელოს მთავრის წინააღმდეგ აწარმოებდა ლეჩხუმის შემოერთების მიზნით; 2) კონსტანტინე ბატონიშვილი, რომელიც მეფეს მუხურის ციხეში ჰყავდა და რომლის გამოყენებაც რუსულ მხარეს სოლომონზე ზემოქმედებისათვის სჭირდებოდა; 3) ქართლ-კახეთის ბატონიშვილები, რომლებიც მეფის კარზე აფარებდნენ თავს, ნაცვლად იმისა, რომ დამპყრობლების სურვილისამებრ რუსეთში წასულიყვნენ საცხოვრებლად. ამას დაემატა ცნობები, რომლის თანახმად მეფე სულთნის მფარველობას ეძებდა, ასევე დადიანის მიერ რუსებთან წარგზავნილის იმერეთში სიკვდილით დასჯა და სხვა. ეს ყველა საბაბი თუ მიზეზი, რაც სოლომონს დანაშაულად ეთვლებოდა, მის მიერ ჩადენილი იყო თავისი სამეფოს დაცვისა და გადარჩენის მიზნით. პოტოს ნაშრომში ვკითხულობთ, რომ ციციანოვს არ დასჭირვებია მოსახერხებელი შემთხვევების ძებნა დასავლეთ ამიერკავკასიის საქმეებში ჩასარევად. ასეთი შემთხვევები თავისთავად ეძლეოდა, როგორც ქართლ-კახეთის რუსეთისათვის მიერთების ბუნებრივი შედეგი. ქართლ-კახეთის ყოფილ სამეფოში ძლიერი ხელისუფლების დამყარებამ დაუყოვნებლივ გამოიწვია მფარველობის მოთხოვნები მეზობელი მფლობელების მხრიდან, რომლებიც ერთმანეთთან გამუდმებით მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ. ამრიგად, იმერეთისა და სამეგრელოს მიმართ, არა მხოლოდ სათანადო საბაბი არ იყო ჩარევისთვის, არამედ პირიქით, ციციანოვს არ შეეძლო, თუნდაც ამგვარი სურვილი ჰქონოდა, ყური არ ეთხოვებინა მოწოდებებისთვის შუამავლობისა და სუსტების ძლიერებისგან დაცვის შესახებო37.

იმერეთის მეფენი (ძველთაგანვე) ადრეც ემტერებოდნენ თავიანთ მეზობლებს, სამეგრელოს მფლობელებს, რომლებიც დადიანის ტიტულს ატარებდნენ. ამ მტრობის მიზეზი პოტოს აღიარებით იყო იმერეთის მეფეთა ისტორიული უფლებები სამეგრელოზე, როგორც თავიანთ ყოფილ საკუთრებაზე, რომელიც არეულობის დროს განუდგა იმერეთს. სოლომონ II, მიუხედავად თავისი ნათესაური კავშირებისა გრიგოლ დადიანთან (სოლომონის მეუღლე - მარიამ კაციას ასული დადიანი, გრიგოლ დადიანის და იყო, ხოლო გრიგოლ დადიანის მეუღლე, ნინო, გიორგი XII-ს ასული და მეფე ერეკლეს შვილიშვილი იყო) განაგრძობდა მასთან ომს, რომელიც ჯერ კიდევ მისი წინამორბედის დროს დაიწყო. გრიგოლი ორჯერ იქნა სამეგრელოდან გაძევებული, მან გადაწყვიტა რუსეთის ქვეშევრდომობა ეძებნა, რაზედაც მოწმობს 1802 წლის 20 დეკემბერს მის მიერ სოკოლოვისადმი გაგზავნილი წერილი, რამაც ძალზე გაახარა ციციანოვი. სამეგრელოს მთავრის შუამდგომლობამ სწორედ ხელსაყრელ დროს მოუსწრო რუსეთის მთავრობას და სავსებით შეესატყვისებოდა მის გეგმებს შავი ზღვის სანაპიროსთან მიმართებაში. გარდა ამისა, ციციანოვს საშუალებას აძლევდა ზეწოლა მოეხდინა იმერეთის მეფეზე38, რომელიც რუსი ისტორიკოსის თქმით, საქართველოს მიმართ კეთილმეზობლურ წესებს არ იცავდა. ამგვარ ბრალდებაში ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ მეფე სოლომონი განიცდიდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და ცდილობდა ხელი შეეწყო გაუქმებული ტახტის აღდგენისათვის.

ლაზარევი კნორინგს ატყობინებდა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილმა მიიღო დედისგან შემდეგი შინაარსის წერილი: „ახლა ქალაქში რუსული ჯარი მცირერიცხოვანია და კარგი დროა ბრძოლის დასაწყებად“. ალექსანდრე ბატონიშვილი შუშაში გაემგზავრა იბრაგიმ ხანთან, იმ განზრახვით, რომ პირკულიხანს დალოდებოდა, შემდეგ მასთან ერთად წასულიყო ბალაქანში, სადაც ლეკები შემოემატებოდნენ და კახეთში შემოვიდოდნენ. იმერეთის მეფემ, რომელსაც მასთან ხშირი მიმოწერა ჰქონდა, ასევე მიიღო დახმარების თხოვნის შემცველი წერილი. მუდმივად თავისთან მყოფი იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებისგან შეგულიანებული მეფე სოლომონი მზად არის მას დაეხმაროს და ამისთვის ჯარები მზადყოფნაში იყოლიოსო.39 დეკემბრის თვეში ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოს დაუძინებელ მტერს - განჯის ჯავად-ხანს ესტუმრა,40 მაგრამ ვერსად ვერ მიიღო რაიმე ხელშესახები ძალა რუსეთის საქართველოდან გასადევნად. 1802 წლის 18 დეკემბერს პოდპოლკოვნიკი სიმონოვიჩი გენერალ ლაზარევს უპატაკებდა, რომ მოპოვებული ცნობების თანახმად, მეფე სოლომონმა ძლიერ შეავიწროვა დადიანი, რომელიც იძულებული გახდა ფოთისა და აჭარის მიდამოებში ეძებნა თავშესაფარი. მეფემ მთელი მისი სამფლობელო დაიპყრო, კავშირი შეკრა გურიის, აფხაზეთის, სვანეთის მფლობელებთან და ლეკებთან, რათა პირველივე მარჯვე შემთხვევაში ახალციხეში შერიფ-ფაშა აღედგინა. ამავე დროს დერბის მოურავმა მაქსიმემ სიმონოვიჩს აცნობა, რომ მეფემ კახეთიდან შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: „როგორც, კი ახალციხეში აღდგენილი იქნება შერიფ-ფაშა, რუსებზე გაერთიანებულად უნდა მოვახდინოთ იერიში“.41 ფაშა სურამის ხეობით უნდა წამოსულიყო, მეფე სოლომონი ზემო ქართლში უნდა შესულიყო დამხმარე ძალებით, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები ასეთივე ჯარებით რაჭიდან ქართლში, ალექსანდრე ბატონიშვილი აზერბაიჯანული ჯარებით ტფილისზე, ხოლო დაღესტნელი ლეკები კახეთზე. დანიშნულ დღეს საქართველოს მცხოვრებლებიც უნდა დასცემოდნენ რუსებს42. იულონი, ალექსანდრე და ფარნაოზ ბატონიშვილები არწმუნებდნენ მეფეს, რომ მონაწილეობა მიეღო აჯანყებაში, რომელიც ქართლ-კახეთში იგეგმებოდა43. როგორც ვთქვით, სოლომონ II გარკვეულ დრომდე თავისთვის სახიფათოდ არ მიიჩნევდა ანა დედოფლისა და ბატონიშვილის იმერეთში ყოფნას. მოგვიანებით, მეფე სოლომონმა, რომელსაც დავითმა არაერთხელ უღალატა, უნდობლობა გამოუცხადა მის ცოლ-შვილს. დედოფალი ანა ქუთაისიდან გაიქცა, ტყეებში იმალებოდა და იმერეთის საზღვართან მდგარ კავკასიის გრენადერთა პოლკის როტის მეთაურს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა დახმარებას. ეს წერილი წარედგინა პოლკის მეთაურს, გენერალ-მაიორს ტუჩკოვს, რომელმაც წერილი აჩვენა საქართველოში ჯარების მთავარსარდალს და იქაურ დიპლომატიური საქმეების მმართველს, ლაზარევს, რომელმაც ვერ გაბედა გადაწყვეტილების მიღება. ლაზარევისგან უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ, ტუჩკოვმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მან ჩაატარა ისეთი მანევრები, რამაც საშუალება მისცა ანა დედოფალს სამალავიდან გამოსულიყო და შეერთებოდა რუსულ ჯარს. ამის შემდეგ, დედოფალი იმპერატორის ნებართვით გადაყვანილ იქნა ტფილისში, იქიდან კი სანკტ-პეტერბურგში სადაც, 1802 წლის დასაწყისში ჩავიდა. ანა დედოფალმა თხოვნით მიმართა იმპერატორ ალექსანდრე I-ს თავისი მცირეწლოვანი შვილის, კონსტანტინეს მუხურის ციხიდან განთავისუფლების თაობაზე. იმპერატორმა იმერეთში გაგზავნა კოლეგიის მრჩეველი სოკოლოვი, რომელსაც მეფე სოლომონი უნდა დაეყოლიებინა ბატონიშვილის ციხიდან გამოშვებასა და სანკტ-პეტერბურგს გაგზავნაზე. სოკოლოვმა გრძელი და რთული გზა განვლო, სანამ იმერეთს მიაღწევდა. მეფე სოლომონმა მის შესახვედრად თავადი ჯაფარიძე გამოგზავნა. მეფე სოლომონმა იმპერატორის წარგზავნილი რამდენიმე დღე ალოდინა, სანამ შეხვედრის დღეს დაუნიშნავდა. სოკოლოვს უნდოდა მეფესთან გაეგზავნა კოლეგიის ასესორი იაკოვლევი, რომელიც შეათანხმებდა აუდიენციის დღეს, მაგრამ ჯაფარიძე, მეფის მოურავის რანგში, ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას. სოკოლოვის მოთხოვნა სულ უფრო კატეგორიული ხდებოდა. ბოლოს მან განაცხადა, რომ თუ იაკოვლევს არ მისცემდნენ გამცილებელს და ცხენებს მეფესთან მისასვლელად, მაშინ ის ფეხით იქნებოდა გაგზავნილი. მოურავი დაპირდა, რომ მეორე დღეს ცხენებსაც მისცემდა და საკუთარ ძმასაც გააყოლებდა. მოურავმა ზედმეტი გულახდილობა გამოიჩინა სოკოლოვთან, რომელსაც გაუმხილა, რომ მეფისგან ჰქონდა მიღებული მითითება მისი შეყოვნების შესახებ. ამასთან სთხოვა მეფესთან შეხვედრის დროს სოკოლოვს მისთვის განემარტა, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, არ დალოდებოდა მეფის მოწვევას. ამის შემდეგ მოურავმა იაკოვლევიც გააფრთხილა, არ გაემჟღავნებინა, რომ მისთვის ცნობილი იყო საქმის ნამდვილი ვითარება. ჯაფარიძის ამგვარი საქციელი შეიძლება იმით აიხსნას, რომ მას მეფის რისხვის ეშინოდა და თავის დაზღვევას ცდილობდა, მაგრამ ის უფრო შორს წავიდა, მან რუსეთის წარგზავნილები დაარიგა, რომ სიფრთხილე გამოეჩინათ მეფის ორ უახლოეს წარჩინებულთან, სახელდობრ: სარდალ თავად ქაიხოსრო წერეთელთან და მოურავ თავად ჯაფარიძესთან, რომლის შესახებ დუბროვინი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია ეს ორი ჯაფარიძე ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, თუ მოგვარეები. ეს დასახელებული პირები, თავად ჯაფარიძის თქმით, ყველაზე მეტად ეხმარებოდნენ მეფეს დადიანის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმედოვნებდნენ რა, რომ ომის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მეფე მათ უხვად დააჯილდოებდა დადიანისგან წართმეული მიწებით.

იაკოვლევის სოფელ ხონისწყალში ჩასვლისთანავე, სადაც მეფე იმყოფებოდა, მასთან მაშინვე მივიდა თავადი ქაიხოსრო წერეთელი მისი ვინაობის გასაგებად. ასევე გამოკითხა, თუ ვის მიერ იყო გამოგზავნილი და რაიმე წერილი ხომ არ ჰქონდა თან. მეორე დღეს იაკოვლევი მეფე სოლომონთან მიიწვიეს. მან მეფეს კნორინგის წერილი გადასცა, რომელშიც ის სოლომონს იმპერატორის მოთხოვნის შესრულებას სთხოვდა. იაკოვლევმა აღნიშნა, რომ უკვე 11 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმერეთის ტერიტორიაზე. მან მეფეს სთხოვა სოკოლოვთან აუდიენციის დანიშვნა, რომლის დროსაც მას იმპერატორის სიგელი გადაეცემოდა. სოლომონმა მოიბოდიშა მოუცლელობის გამო, რაც გამოწვეული იყო დადიანთან სამხედრო მოქმედებებით. დააბრუნა რა იაკოვლევი სოკოლოვთან, მეფემ მოსწერა თავის სახლთუხუცესს ზურაბ წერეთელს, რომელიც თავის სოფელში იმყოფებოდა, რომ სოკოლოვთან გამგზავრებულიყო და ჩამოეყვანა44.

დუბროვინი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თავადი ზურაბ წერეთელი იქამდე იყო მეფე დავითის წარგზავნილი რუსეთის კარზე. ის დადებითად იყო განწყობილი რუსეთისადმი და შემდეგში, იმერეთში თავისი გავლენის წყალობით გახდა ერთ-ერთი მთავარი პირი, ვინც მეფე სოლომონი აიძულა რუსეთის ქვეშევრდომობაში შესულიყო თავის სამეფოსთან ერთად. ზურაბ წერეთელი შეხვდა თუ არა სოკოლოვს და მისგან გაიგო, რომ ის უკვე 13 დღის განმავლობაში ელოდებოდა აუდიენციას, მაშინვე შეუთვალა მეფე სოლომონს, რომ შეხვედრა მეტი აღარ გადაედო. მეფემ უპასუხა, რომ ხონისწყლის დატოვება შექმნილ ვითარებაში არ შეეძლო, რის გამოც იძულებული იყო იქვე დაენიშნა შეხვედრა. ამასობაში კიდევ 3 დღე დაიკარგა. 24 ივლისს სოკოლოვი, სახლთუხუცესი წერეთლის, ბეჟან ავალიშვილის და მოურავ ჯაფარიძის თანხლებით გაემგზავრა ხონისწყალში. მეორე დღისათვის მეფემ მას აუდიენცია დაუნიშნა, რომელიც შედგა სიმინდის ფუჩეჩით გადახურულ კარავში. სოლომონი უბრალო სკამზე იჯდა. ის წამოდგა და სოკოლოვს მიესალმა. რუსმა წარგზავნილმა მეფეს იმპერატორის სახელით გადასცა სიგელი და საათი. სოლომონი შეწუხებული ჩანდა. ბოლოს მან განაცხადა, რომ სიგელს გაეცნობოდა. იმავე საღამოს ბეჟან ავალიშვილი მივიდა სოკოლოვთან, ვითომდა იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში მისთვის დახმარება აღმოეჩინა და გარეშე ხალხის ცნობისმოყვარეობისაგან დაეცვა. დუბროვინის განმარტებით, ნამდვილი მიზეზი ის იყო, რომ სოკოლოვთან არ მიეშვათ ის ადამიანები, რომლებსაც რუსეთის წარგზავნილთან შეხვედრა სურდათ. სოლომონმა სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელიც კი არ მიუშვა სოკოლოვთან, ვინაიდან იცოდა მისი რუსოფილობა. მომდევნო აუდიენციის დროს სოლომონი ყოყმანობდა. არ იცოდა, გაეთავისუფლებინა კონსტანტინე ბატონიშვილი და რუსეთში გაეშვა, თუ არა. ბეჟან ავალიშვილმა მეფეს ურჩია არ გაეშვა ხელიდან იმპერატორის კეთილგანწყობის მოპოვების შემთხვევა და უარი არ ეთქვა მის თხოვნაზე. მოლაპარაკება რამდენიმე დღეს გაგრძელდა. სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი იაკოვლევის მეშვეობით ახერხებდა სოკოლოვისთვის რჩევების მიცემას. მან ურჩია სოლომონ მეფის უახლოესი პირების დაბარება და მათი დარწმუნება. მეფემ ისურვა, რომ სოკოლოვს სცოდნოდა იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც კონსტანტინე ბატონიშვილი საპყრობილეში იმყოფებოდა. თავადებმა უამბეს სოკოლოვს მეფე დავითის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა იმერეთის სამეფოს. მიუხედავად ამისა, ამბობდნენ ისინი, მეფემ არ იყარა ჯავრი უბედურ ბატონიშვილზე და ის მხოლოდ ციხეში გამოკეტა, სადაც მას ეძლევა ყველაფერი, რაც არსებობისთვის აუცილებელია. მათი თქმით, მეფე სოლომონი მზად იყო აესრულებინა იმპერატორის სურვილი, მაგრამ შიშობდა, რომ როდესაც კონატანტინე ბატონიშვილი დედას დაუბრუნდება, დედა-შვილი იმერეთის ახალი არეულობის მიზეზი არ გამხდარიყვნენ.

30 ივლისს სოკოლოვი მოწვეული იყო მეფესთან. მეფე მას შეხვდა მხოლოდ იმ პირების თანხლებით, რომლებიც მოლაპარაკებაზე იმყოფებოდნენ. სოლომონ მეფემ გამოთქვა თავისი ვარაუდი იმის თაობაზე, რომ იმპერატორს მის შესახებ უარყოფით აზრებსა და ეჭვებს უნერგავდნენ. დააკონკრეტა კიდეც, რომ გენერალ-ლეიტენანტმა კნორინგმა ალექსანდრე I-ს მოახსენა, თითქოსდა სოლომონს ფარული ურთიერთობა ჰქონდა გაბმული ბაბა-ხანსა და სხვა აზიელ მფლობელებთან, რაც მიმართული იყო საქართველოში განლაგებული რუსული ჯარის წინააღმდეგ. ამაზე სოკოლოვმა უპასუხა, რომ კნორინგს არ შეეძლო ისეთი რამ მოეხსენებინა იმპერატორისათვის, რისი მტკიცებულებებიც არ ექნებოდა. სოლომონმა არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა ის დადანაშაულებული ყოფილიყო ქართველი ბატონიშვილების გამო, რომლებიც მასთან ცხოვრობდნენ. სოკოლოვისთვის ცნობილი იყო: იმერეთის მეფე ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ საქართველო, ანუ ქართლ-კახეთის სამეფო, თავის დამოუკიდებლობას აღიდგენდა, რომ ხალხი მეფე ერეკლეს ვაჟიშვილს, იულონ ბატონიშვილს აიყვანდა ტახტზე, რომელიც იმხანად იმერეთში იმყოფებოდა და რომ თავად სოლომონი ამ საკითხზე მიმოწერას აწარმოებდა დარეჯან დედოფალთან. ყოველივე ამის გამო, სოკოლოვი შეეცადა სოლომონ მეფე ამ თემაზე სალაპარაკოდ გამოეწვია. მან აღნიშნა, რომ იმპერატორი გაკვირვებული იყო სამი ქართველი ბატონიშვილის - იულონის, ფარნაოზისა და ალექსანდრეს საქციელით, რომლებიც იმ დრომდე იმერეთში იმყოფებოდნენ. მათი ასეთი საქციელი მით უფრო საკვირველია, რომ ისინი იმპერატორის სახელით არაერთხელ იყვნენ მიწვეული მათივე სამშობლოში და რომ მათ პირდებიან ყოველივეს დავიწყებას, როგორც კი ისინი ჭეშმარიტ გზას დაადგებიანო.

მეფე სოლომონის პასუხი ამგვარი იყო: იმპერატორის ნების საწინააღმდეგო არაფერია იმაში, რომ ბატონიშვილები ჩემს სამეფოში ჰპოვებენ თავშესაფარს, ვინაიდან მანიფესტის ძალით მათ ეპატიათ უწინდელი შეცდომები და ნება მიეცათ თავიანთი ნებასურვილისამებრ აერჩიათ ადგილსამყოფელი. სოკოლოვმა განმარტა, რომ ბატონიშვილებს ძველი შეცდომები მხოლოდ მას შემდეგ ეპატიებათ, როდესაც ისინი რუსეთის ტახტის ერთგულებაზე დაიფიცებენ, რასაც ისინი არ აკეთებენო. რაც შეეხება ადგილსამყოფელის არჩევას, მათ უფლება ეძლევათ ან თავიანთ სამშობლოში დარჩნენ, ან რუსეთში გადავიდნენ საცხოვრებლად. ხოლო რუსეთის ფარგლებს გარეთ ცხოვრების უფლება ქვეშევრდომებს არა აქვთ იმპერატორის საგანგებო განკარგულების გარეშე. სოკოლოვმა ისიც იცოდა, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი იმერეთში აღარ იმყოფებოდა. იმ დროისთვის ის უკვე ერევანში იყო. მეფე სოლომონი შეეცადა ამ საქმეში თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. იმპერატორის წინაშე თავის გასამართლებლად წერილის გაგზავნაც კი მინდოდა, მაგრამ მეშინოდა, რომ კნორინგი ჩემს წარგზავნილს უკან დააბრუნებდაო. სოლომონმა გაიხსენა წინა წელს მომხდარი შემთხვევა, როდესაც მის მიერ სანკტ-პეტერბურგში გაგზავნილი თავადი ჯაფარიძე კნორინგმა ჯერ გეორგიევსკში გააჩერა და შემდეგ უკან გამოგზავნა. სოკოლოვისთვის ცნობილი იყო ეს ფაქტი. იმერეთის მეფემ ჯაფარიძეს გაატანა შუამდგომლობა ქართლ-კახეთის ტახტზე იულონ ბატონიშვილის აყვანის შესახებ. კნორინგმა კი ჯაფარიძე უკან დააბრუნა და თან საქართველოს რუსეთთან შეერთების მანიფესტის რამდენიმე ეგზემპლარიც გამოატანა. ამიტომ სოკოლოვმა მეფეს უპასუხა, რომ კნორინგი ვერ გაბედავდა ჯაფარიძის სანკტ-პეტერბურგში გაშვებას იმ დავალებით, რომელიც მას მიცემული ჰქონდა. რაც შეეხება სოკოლოვის იმერეთში ჩასვლის მთავარ მიზეზს, კონსტანტინე ბატონიშვილს, მეფეს გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. ელოდა თავისი მდივნის, სოლომონ ლეოინიძის ჩამოსვლას.

დუბროვინი სოლომონ ლიონიძეს ახასიათებს, როგორც პიროვნებას, რომელიც განუწყვეტლივ განაწყობდა მეფეს რუსეთის წინააღმდეგ. ამიტომ მისი ჩამოსვლა რუსული მხარისთვის არაფერ კარგს არ მოასწავებდა.

სოლომონ ლეონიძის პაპა ლეკი ყოფილა, რომელიც საქართველოში მოინათლა და მისი ქვეშევრდომობა მიიღო. სოლომონის მამა იყო მღვდელი თელავში. სოლომონი მისი ხელმძღვანელობით 24 წლის ასაკამდე სწავლობდა რუსულსა და აზიურ ენებს. შემდეგ ის ტფილისში გადავიდა, სადაც გარკვეული ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ანა ბატონიშვილთან, მეფე ერეკლეს დასთან და იმერეთის ქვრივი დედოფლის, ანა მათეს ასულის ბებიასთან. ანა ბატონიშვილის რეკომენდაციით ლეონიძე მეფე ერეკლემ აიყვანა მწერლად და ჩქარა თავისი ნიჭის, სპარსული და სხვა აღმოსავლური ენების სრულყოფილი ცოდნის წყალობით ლეონიძე გადაყვანილი იქნა მდივნად და მსაჯულის წოდებასაც მიაღწია. როდესაც ქართლ-კახეთში რუსული ჯარი იმყოფებოდა პოლკოვნიკ ბურნაშევის მეთაურობით, სოლომონს თავადის ღირსება მიენიჭა. დუბროვინი, რომელიც სოლომონ ლეონიძეში რუსეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგეს ხედავს, ცუდად ახასიათებს მას. წერს, თითქოსდა, სოლომონი ცილისწამების გზით ცდილობდა მეფე ერეკლე და მისი უფროსი შვილი გიორგი ერთმანეთისთვის გადაემტერებინა, რაც გაუგეს, ჩამოართვეს თანამდებობაც და ქონებაც. შემდეგ ქართლ-კახეთში პოლკოვნიკ სიროხნევის ყოფნისას, ლეონიძეს ეპატია დანაშაული. მეფემაც მიიღო, მაგრამ სერიოზულ საქმეებში აღარ რევდნენ. ქონებიდან მხოლოდ ის დაუბრუნდა, რაც მისი სახლიდან იყო წაღებული. მეფე ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ, გიორგი XII-სთან შესვლა აკრძალული ჰქონდა, მაგრამ გიორგის შვილის, დავითის ნდობის მოპოვება შეძლო. ამ მონაყოლიდან ჩანს, რომ სოლომონ ლეონიძე არ იწონებდა იმ მეტისმეტ დათმობებს, რაზედაც გიორგი XII მიდიოდა რუსეთთან მიმართებაში. დუბროვინი განმარტავს, რომ დავით ბატონიშვილი კანონიერ მემკვიდრედ თვლიდა თავს და იცოდა რა იმ მოლაპარაკების შესახებ, რომელსაც მამამისი პეტერბურგში აწარმოებდა საქართველოს რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების თაობაზე, დაიწყო ლეონიძის დახმარებით თავის სასარგებლოდ მოქმედება ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში. ხალხში დაიწყეს ხმის გავრცელება, რომ გიორგის შემდეგ ტახტზე დავითი უნდა ასულიყო. ეს კი რუსეთის გეგმებში არ შედიოდა. მეფე გიორგის გარდაცველების დღესვე, ლაზარევმა თავი მოუყარა თბილისში მყოფ ყველა წარჩინებულს და დავით ბატონიშვილის თანდასწრებით წაიკითხა უზენაესი ბრძანებულება, რომლის თანახმად მეფის მემკვიდრედ არავინ არ უნდა ყოფილიყო არჩეული. თავადი ლეონიძე გამოეყო შეკრებილთ და დავით ბატონიშვილს მეფობა მიულოცა. ლაზარევმა მეორედ გაიმეორა უზენაესი ბრძანება, ლეონიძე კი გააფრთხილა, რომ აღარ გაებედა მსგავსი საქციელი. ამის შემდეგ, დუბროვინის მოწმობით, ლეონიძე დარბოდა ტფილისის ქუჩებში და არიგებდა თავისივე შეთხზულ მანიფესტს დავით ბატონიშვილის ტახტზე ასვლის შესახებ. ლაზარევს ისიც შეუტყვია, რომ ლეონიძე ღამით დარეჯან დედოფალს ეთათბირა. ხალხის დარაზმვა და აჯანყება სერიოზულ ხასიათს იღებდა. ლაზარევმა დააპატიმრა ლეონიძე, რის შესახებაც მთავარსარდალ კნორინგს მოახსენა. პატიმრობაში მყოფმა ლეონიძემ მოახერხა კნორინგისათვის თხოვნის გაგზავნა, რომელშიც უდანაშაულოდ აცხადებდა თავს და განთავისუფლებას ითხოვდა. ლაზარევმა მის განთავისუფლებას ხელი შეუშალა და ლეონიძეც ციხეში რჩებოდა, ვიდრე კნორინგი თავად არ ჩამოვიდა ტფილისში და დავით ბატონიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა45.

როდესაც კნორინგი კავკასიის ხაზზე ბრუნდებოდა, ლეონიძემ დუშეთამდე გააცილა იგი, იქიდან კი იმერეთში გაიქცა, მეფე სოლომონს თავისი სამსახური შესთავაზა და დაიწყო იმერეთში მცხოვრები ქართველი ბატონიშვილების წაქეზება, რომ იმერეთის მეფესთან ერთად თავს დასხმოდნენ ქართლ-კახეთში განლაგებულ რუსულ ჯარს. იქ მას დაუპირისპირდა სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, რომელმაც ლეონიძის იმერეთიდან გაძევებას მიაღწია. დადიანთან უშედეგო სტუმრობის შემდეგ ლეონიძემ კვლავ იმერეთს მიაშურა. მან ბევრი რამ იცოდა, რაც სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო მეფისათვის, რისი წყალობითაც ლეონიძემ სოლომონ II-ის კეთილგანწყობა მოიპოვა. მეფემ მას სოფელი უბოძა, რომელშიც 700 სული ცხოვრობდა და როგორც თავის მდინვანს, დაუნიშნა ხელფასი 500 მარჩილის ოდენობით წელიწადში.

პოტოს ნაშრომში გამოყოფილია მეფე სოლომონზე განსაკუთრებული გავლენის მქონე ორი პირი - ზურაბ წერეთელი და სოლომონ ლეონიძე. მათ შორის არსებითი განსხვავება არსებობდა. ლეონიძეს ახასიათებს, ეშმაკ, მოხერხებულ ადამიანად, რომელსაც ბევრი რამ გადახდენია თავს. მას არაერთხელ უღალატია ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებისათვისო. იმერეთში ის ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ სოლომონ მეფის სრულ დამორჩილებას. გამუდმებით განაწყობდა რუსეთის დიდმოხელეთა წინააღმდეგ და მათ მიმართ ურჩობისკენ უბიძგებდა. ლეონიძე ღიად უპირისპირდებოდა დამპყრობლებს. არ იღებდა მონაწილეობას მათთან გარიგებებში, რასაც რუსული მხარე ხსნიდა არა მისი პატიოსნებით, არამედ პირიქით, ანგარებით; მან იცოდა, რომ ჩვენი ჯილდოები ვერ შეედრებოდნენ იმ მდგომარეობას, რომელიც მას მეფე სოლომონის კარზე ეჭირაო. სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი კი, როგორც ჩანს, უარს არ ამბობდა ქრთამზე. გარდა იმისა, რომ ანგარებიანი იყო, ის ყველას აღემატებოდა თავისი პატივმოყვარეობით. მეფე მას წყალობას არ აკლებდა, როგორც თავის ერთ-ერთ ყველაზე სანდო პირის, წერეთელმა კი ფარული ურთიერთობები გააბა რუსულ მხარესთან. ის სოლომონის ტახტიდან ჩამოგდების მომხრედ წარმოაჩენდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ სახლთუხუცესის მიერ რუსებისათვის გაწეული სამსახური უანგარო არ ყოფილა, მას მხოლოდ ანგარება როდი ამოძრავებდა. ზურაბ წერეთელს სურდა რუსების დახმარებით იმერეთის კანონიერი მეფის ადგილი დაეკავებინა. ეს პატივმოყვარე ოცნება მას მკაცრად გასაიდუმლოებული ჰქონდა. ვინაიდან რუსული მხარე არ აძლევდა მას არავითარ საბაბს, რომ იმერეთის ტახტის დაკავების იმედი მისცემოდა, ისიც ზედმეტ დახმარებას არ უწევდა და კიდევაც ეჭვის საბაბს აძლევდა მათ: ხომ არ ემსახურებოდა ორივე მხარეს? პოტოს აზრით, ეს მართლაც ასე იყო. ჭკვიანი, ეშმაკი, ფრთხილი ზურაბ წერეთელი მზად იყო მეფე სოლომონის კარზე თავისი მდგომარეობა მხოლოდ მეფობაზე გაეცვალა და რუსებს იქამდე ემსახურებოდა, სანამ ამგვარი შესაძლებლობის სჯეროდა. როგორც კი გამეფების იმედს კარგავდა, მაშინვე მეფე სოლომონის მხარეზე გადადიოდა და ყოველგვარ დახმარებას უწევდა. ერჩივნა, რომ იმერეთი ისეთივე მდგომარეობაში დარჩენილიყო, როგორც იქამდე იყო. სახლთუხუცესის სურვილის მიხედვით, იმერეთის ტახტზე ან თავად უნდა მჯდარიყო, ან ისევ მეფე სოლომონი46.

დუბროვინი გვაცნობს რა სოლომონ ლეონიძეს, როგორც რუსეთის მოწინააღმდეგეს, დასძენს, რომ სწორედ მის ჩამოსვლას ელოდებოდა მეფე სოლომონ II, რომელიც პასუხის გაცემას უგვიანებდა სოკოლოვს. რუსულმა მხარემ თავიდანვე იცოდა, რომ ლეონიძე მათი დამხმარე ვერ იქნებოდა.

მართლაც, ლეონიძე თავისი ჩამოსვლიდან მესამე დღეს, 7 აგვისტოს, მეფემ სახლთუხუცესთან და ბეჟან ავალიშვილთან ერთად სოკოლოვთან გაგზავნა. მათ განაცხადეს, რომ მეფემ იცის “იმპერატორის კეთილგანწყობის ფასი, მაგრამ მისი თხოვნის შესრულებამ შეიძლება დაამხოს მეფეც და მისი სამეფოც. მათ განმარტეს, რომ მეფე ომობდა დადიანთან, ოდიშისა და ლეჩხუმის მფლობელთან. აქამდე მეფემ წარმატებას მიაღწია. დაიპყრო რა ლეჩხუმის სამი ციხე და ბევრი სოფელი, რომელთა მფლობელებმაც უკვე შეჰფიცეს ერთგულება. ახლა რჩება მხოლოდ ციხე ცხუშის აღება, რაც დაასრულებს ომს. ამიტომ თუ ახლა მეფე კონსტანტინე ბატონიშვილს გაათავისუფლებს და რუსეთში გაუშვებს, ყველა იფიქრებს, რომ მეფემ ეს ნებაყოფლობით კი არ გააკეთა, არამედ რუსეთის იმპერატორის მხრიდან ძალდატანების შედეგად. გაიგებენ რა მეფის ამგვარი საქციელის შესახებ, უკვე დამორჩილებული მფლობელები უარს იტყვიან დადებულ ფიცზე და კვლავ დადიანს დაუბრუნდებიან, რითაც ბოლო მოეღება მთელ იმ წარმატებას, რასაც მეფემ მიაღწია ამ ომის დროს და რისი მიღწევის იმედი კვლავაც აქვს. სოკოლოვი მათ გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ მას უპასუხეს, რომ ბატონიშვილის განთავისუფლება არ შეიძლებოდა ომის დასრულებამდე. ომის წარმატებით დასრულების შემდეგ, სოლომონ მეფე გაათავისუფლებდა ბატონიშვილს და ან თავისთან დაიტოვებდა, როგორც თავის კანონიერ მემკვიდრეს, ან რუსეთში გაგზავნიდა. სოკოლოვი არ ნებდებოდა. მოლაპარაკება კიდევ შედგა, მაგრამ საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწია.

მეფე სოლომონმა იმპერატორ ალექსანდრე I-თან პასუხი გაატანა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ ის თავად იშვილებდა კონსტანტინეს, ხოლო თუ შვილი შეეძინებოდა, მაშინ კონსტანტინეს რუსეთში გაამგზავრებდა47. პოტო აღნიშნავს, რომ სოლომონს გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რა საშიშ თამაშში ებმებოდა, რუსეთის ხელმწიფის ნებისთვის წინააღმდეგობის გაწევით. ავტორის აზრით, გარეშე პირთა გავლენა კეთილგონიერებაზე ძლიერი აღმოჩნდა48.

1802 წლის დეკემბერში კანცლერმა ანა დედოფალს აუწყა, რომ მისი ვაჟის განთავისუფლება ვერ მოხერხდა, რომ მეფე სოლომონს, რომელიც უშვილო იყო, სურდა კონსტანტინეს შვილად აყვანა, რის გამოც კანცლერი დედოფალს ურჩევდა საქართველოში დაბრუნებას, სადაც ციციანოვს უკვე დავალებული ჰქონდა ახალი ზომების მიღება ბატონიშვილის გასათავისუფლებლად. ანა დედოფალი დათანხმდა.

14 დეკემბერს ციციანოვი აცნობებს გენერალ ლაზარევს, ბატონიშვილ კონსტანტინეს მოწამვლის შესახებ და უსაყვედურებს იმის გამო, რომ მან დროულად არ გაგზავნა „სამედიცინო მოხელე“ დახმარების აღმოსაჩენად, მით უმეტეს, რომ თავად იმპერატორი იყო დაინტერესებული ბატონიშვილის ბედით. ასევე სთხოვს, თუ გვიან არ იქნება, ახლა მაინც გაგზავნოს მკურნალი. დოკუმენტიდან ნათლად ჩანს, რომ ბატონიშვილის მოწამვლაში სოლომონ მეფეა ეჭვმიტანილი49.

1802 წლის 24 დეკემბერს ლაზარევის მიერ ციციანოვისათვის გაგზავნილი პასუხიდან ირკვევა, რომ კონსტანტინე ბატონიშვილი არავის მოუწამლავს. მისი მოწამვლის შესახებ ყალბი ცნობები მამასახლისს მოუწოდებია50. ციციანოვის 1802 წლის 30 დეკემბრის პატაკიდან ვიგებთ, რომ სოლომონ მეფე მთლიანად დაუფლებია ლეჩხუმის პროვინციას. მართალია, დადიანის დასახმარებლად აფხაზთა ჯარი შემოვიდა ქელეშ-ბეის მეთაურობით, მაგრამ არ შეება მეფეს, შეურიგდა მას და აფხაზეთში დაბრუნდა, ხოლო დადიანი ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა51.

ალექსანდრე სოკოლოვი თავის „მოგზაურობაში“ იხსენებს, რომ მეფე მას მკაცრ მეთვალყურეობის ქვეშ ამყოფებდა. ზურაბ წერეთელსაც არ უშვებდა მასთან მარტოს, ყოველთვის ორ წარჩინებულს აყოლებდა თან, მაგრამ ეს მაინც არ უშლიდა ხელს სოკოლოვს, რომელიც ახერხებდა მისთვის საჭირო ადამიანებთან შეხვედრას: «что однако же, мне мало препятствовало в моих операциях для заполучения к себе людей, коих тайно видеть я хотел…»52 სოკოლოვს ისიც შეუტყვია, რომ მეფის ერთგული თანამებრძოლები აღუშფოთებია მისი იმერეთში ჩასვლის მიზეზს. ისინი გაშმაგებით ლანძღავდნენ იმერეთის ყოფილ დედოფალ ანას, კონსტანტინე ბატონიშვილის დედას. ისინი ამბობდნენ, რომ ბატონიშვილის სიკვდილიც კი ჯობდა მის რუსეთში გაშვებას. მათ ეშინოდათ, რომ იმერეთიც ქართლ-კახეთის ბედს გაიზიარებდა: «лучше у себя юношу сего искрошить, нежели отпустить в Россию, чтоб напоследок отечество свое не подвергнуть жребию Грузии»53.

სოკოლოვმა, როგორც თვითონ წერს, ბევრი ინფორმაცია მიიღო რუსეთისადმი იმერეთის მეფის ცუდი განწყობის შესახებ, აგრეთვე იმერეთში თავშეფარებულ ბატონიშვილებთან ერთად მის მონაწილეობაზე ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენისა და იქ რუსული ჯარების გაჟლეტვის მცდელობაში. თავის მხრივ ზურაბ წერეთელმაც მოახსენა, რომ მეფემ არ იცის რას აკეთებს, ვის ეხუმრება. ამის მაგალითად მან სამი ბატონიშვილის - იულონის, ფარნაოზისა და ალექსანდრესთვის დამალვაში ხელისშეწყობა დაასახელა. ამ ფაქტიდან კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ზურაბ წერეთელი სოლომონის ზურგს უკან ემოქმედა და რუსეთის გულშემატკივრად წარმოეჩინა თავი. მას იმერეთში უმთავრესი თანამდებობა ეკავა. სახლთუხუცესის თანამდებობა XVII ს-ის დასაწყისიდან გაძლიერდა. სახლთუხუცესი იყო სამეფო სასახლისა და შემოსავალ-გასავლის გამგე. მასში ორგვარი ფუნქცია იყრიდა თავსა: როგორც სასახლის გამგე სასახლის მოხელე იყო, ხოლო როგორც სამეფო შემოსავალ-გასავლის გამგე - სამეფო მოხელე. XVII-XVIII საუკუნეებში ხდება სასახლისა და სამეფოს გამგებლობის შეერთება. ამ მოვლენას ნ. შენგელია იმით ხსნის, რომ კერძო საკუთრება მეფისა და სახელმწიფო ქონება არ იყო განსაზღვრული: ორივე მეფის კუთვნილებას შეადგენდა54. ზურაბ წერეთელი სახლთუხუცესის თანამდებობაზე პირველად 1778 წელს იხსენიება, სოლომონ I-ის წყალობის წიგნში55. სოლომონ II-ის მეფობის დროს ზურაბ წერეთლის უფლება-მოვალეობანი გაიზარდა. მან მთელი სამეფო კარის გამგებლობა ჩაიგდო ხელში. სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი ხელმძღვანელობდა იმ ჯარს, რომელიც სოლომონ II-მ გაგზავნა 1795 წელს ერეკლე II-ის დასახმარებლად აღამაჰმადხანთან ბრძოლის დროს. ჯარების სარდლობა სახლთუხუცესის უშუალო განსაგებელში არ შედიოდა, მაგრამ როგორც სამეფოს „განმგეს“, მას შეეძლო სარდლობის შეთავსებაც. ჯერ კიდევ 1794 წელს მეფე ერეკლე წერდა სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელს: „განსაკუთრებით შენ გაუწიე დიდი სამსახური ჩემს შვილს (იგულისხმება შვილიშვილს - მ.ხ.) სოლომონს იმერეთის დასაპყრობად და ტახტის დასაჭერად. ჯილდოთ ამისა გიწყალობებთ შენ სოფელ არადეთს აზნაურ იშხნელებით, გლეხებით და მთელი მათი კუთვნილი მიწებით.56 მიუხედავად თავისი ძველი დამსახურებისა მეფე სოლომონის წინაშე, ზურაბ წერეთელს თავისმა გადამეტებულმა ამბიციებმა მისი ღალატისკენ უბიძგა. ის უკვე მეფის პირველკაცობასაც ვეღარ ეგუებოდა და რუსეთის დახმარებით მეტი აღზევება სურდა.

სოკოლოვმა, მართალია ბევრი ინფორმაცია მოიპოვა, მაგრამ თავისი მისია ვერ შეასრულა და მეფე ვერაფერზე დაიყოლია. სოლომონმაც იცოდა, რომ მის შესახებ უარყოფითი აზრი იყო ჩამოყალიბებული და თავის მართლებას ცდილობდა. 1803 წლის 2 იანვარს ის სწერდა ციციანოვს, რომ მისი წერილი სიმონ მაჭავარიანის ხელით მიიღო. მტრები ცილს სწამებენ მას. მეფე აცხადებდა, რომ ყველა საკითხს უთანხმებდა ციციანოვს, ვინაიდან ხედავდა მის კეთილგონიერებას და მშვიდობისმოყვარეობას, რაც, ვითომდა, ქართლ-კახეთის ყველა მეზობლისთვის იყო ცნობილი. ამით ის იზიდავს მათ და სურვილს აღუძრავს, რომ მისი მეშვეობით საიმპერატორო კარის მოწყალება ეძებონო. ამიტომ მეფე სოლომონიც ენდობა მას, როგორც ბრძენ მმართველს და სთხოვს, რომ არ დაუმალოს, თუ რას ამბობენ მის შესახებ მოძულენი. თუ იმას უთვლიან დანაშაულად, რომ მეფე თავის ბიძებს, ქართლ-კახეთის ბატონიშვილებს აძლევდა თავშესაფარს, ამაზე სოლომონი აცხადებდს, რომ ისინი მეფე ერეკლეს სახლის წევრები არიან. განა შესაძლებელია, რომ მეფემ მათ მიმართ მხეცის ბოროტება გამოიჩინოს და საკვებიც კი არ მისცეს? თუ ვინმე მეფეს ადანაშაულებს გრიგოლ დადიანთან მიმართებაში, ამაზე მეფე აცხადებს, რომ დადიანი მისი სამეფოს თავადია, რომელიც განუდგა მას, გაუერთიანდა აფხაზებს, სვანებს, ჯიქებს და მათი ჯარი იმერეთში შემოიყვანა. მეფემ ახალციხიდან ლეკები მოიყვანა, რომლებიც წინათ თავს ესხმოდნენ ქართლ-კახეთს, აჩანაგებდნენ სოფლებს. ღმერთმა აკურთხა იმერთა იარაღი, გაამარჯვებინა მტერზე, რითაც ასახელა სამეფო კარი და ჯარი. მეფემ ლეჩხუმი მიიერთა, რომელიც მემკვიდრეობით ეკუთვნოდა მის სამეფოს. ოდიშში გრიგოლის ძმა ოტია დააყენა დადიანად, რომელიც მეფის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ყოველივე ამის მერე, მეფე გაკვირვებას გამოთქვამდა, თუ რაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული მისი მტრების დასმენები. ის ხომ როგორც საღვთო მცნებების დარღვევას, ისე ერიდებოდა რაიმე დანაშაულის ჩადენას. მიუხედავად იმისა, რომ მტრები ობობას ქსელებს ხლართავდნენ მის წინააღმდეგ, მეფე გამოთქვამდა იმპერატორის სამართლიანობისა და ციციანოვის იმედს, რომელიც მის უდანაშაულობას დაადასტურებდა57.

საქართველოს მართებელი პეტრე კოვალენსკი 1803 წლის 6 თებერვალს ციციანოვს უპატაკებდა, რომ გასული წლის ნოემბერში იმერეთის მეფისგან მიიღო შეტყობინება დადიანზე მისი გამარჯვების შესახებ. ახლა კვლავ მიიღო მეფის გზავნილი, რომელსაც კოვალენსკი დედანში უგზავნის ციციანოვს58.

მეფე სოლომონ II-სა და გრიგოლ დადიანის მეგობრობა ოც წელზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მეგობრობის წყალობით, მეფე სოლომონი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა დადიანის სახლში მის ხარჯზე. ამავე მეგობრობის წყალობით, დადიანის დახმარებითა და თანადგომით გამაგრდა იმერეთის ტახტზე. ამ გულწრფელი და მრავალ განსაცდელში შემოწმებული მეგობრობის აღსანიშნავად მეფემ დადიანს მისი და სთხოვა ცოლად, დადიანი დათანხმდა იმერეთის მეფის თხოვნაზე და დიდი ხნის მანძილზე ისინი ძმებივით ცხოვრობდნენ.

გრიგოლ დადიანი მეორედ დაქორწინდა ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის ასულზე, რაც თითქოსდა გახდა მიზეზი მთელი იმ დევნისა და უბედურებისა, რომელიც სამეგრელოს მთავრის წინააღმდეგ იყო მიმართული. დუბროვინის მტკიცებით, ღალატს, მოსყიდვას, შეთქმულებებს და მსგავს ქმედებებს დადიანის წინააღმდეგ წარმართავდა ერეკლე მეორის მეუღლე დარეჯან დედოფალი, რომელიც სოლომონ მეორის ბებია იყო.

პავლე ციციანოვი იმპერატორ ალექსანდრე I ატყობინებდა, რომ დარეჯან დედოფალმა, რომელიც თავის შვილებსა და მეფე გიორგის შვილებს შორის სთესდა მტრობასა და შუღლს, ახლა მიაღწია თავისი შვილიშვილის სოლომონ II-სა და მთავარ გრიგოლ დადიანს შორის მრავალწლიანი მეგობრობის შერყევას, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ უკანასკნელმა იქორწინა მეფე გიორგის ქალიშვილზე. დარეჯან დედოფალს კი თავისი გერი, მეფე გიორგი, სძულდა.

ბუნების სიმდიდრით გამორჩეული ლეჩხუმის პროვინცია გახდა მიზეზი მეფესა და დადიანს შორის მტრული და სამხედრო მოქმედებებისა. ყოველ მათგანს სურდა, რომ მთელ პროვინციას დაპატრონებოდა. იმერეთის მეფემ, რომლის ძალები აღემატებოდა დადიანის ძალებს, ისე შეავიწროვა იგი, რომ დადიანს გამარჯვების იმედი გადაეწურა და დაიწყო რუსეთის მფარველობის და ქვეშევრდომობის ძიება59.

ამრიგად, ციციანოვს იმის საბაბი ჰქონდა, რომ ჩარეულიყო როგორც სამეგრელოს საქმეებში, რომელიც ქვეშევრდომობას ითხოვდა, ასევე მეფე სოლომონის არაკეთილგანწყობის საპასუხოდ გადამჭრელი ზომების მისაღებად. აუცილებელი იყო თურქეთის მთავრობის პოზიციის გარკვევა დასავლეთ ამიერკავკასიის სამფლობელოებისადმი რუსეთის დამოკიდებულების საკითხზე. 1803 წლის 26 თებერვალს ციციანოვი სწერს კონსტანტინოპოლში მყოფ მინისტრ იტალინსკის, რომ უმაღლესი ბრძანება მას ავალდებულებს ძალით დაიპყროს იმერეთი, სამეგრელოსა და გურიის სამთავროებთან ერთად, როგორც კი შესაფერისი შემთხვევა მიეცემა. მან საჭიროდ ჩათვალა იტალინსკისთან დაკავშირება, ვინაიდან იმერეთის სამეფო, მართალია სუსტ, მაგრამ მაინც პორტას მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. ხომ არ შექმნიდა პორტა სიძნელეებს? სოლომონისგან შევიწროებული დადიანი რუსეთის ქვეშევრდომობას ეძებდა და აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ოტომანთა პორტას მიმართავდა ქვეშევრდომობის თხოვნით. ციციანოვი აცნობებს იტალინსკის, რომ იმპერატორისგან აქვს უფლებამოსილება თავის შეხედულებისამებრ იმოქმედოს, გადადგას ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის გამაგრებას საქართველოში. მასაც არაფერი შეაჩერებდა იმერეთში გარნიზონის შეყვანისგან და მეფე სოლომონის გეგმების იარაღის ძალით ჩაშლისაგან, რომ არა სიფრთხილე, მის ამგვარ მოქმედებებს ზიანი არ მოეტანა ორ იმპერიას შორის გაფორმებული კავშირისათვის. ამიტომ სთხოვდა იტალინსკის, დივანი დაეთანხმებინა იმაზე, რომ მას რუსეთის მთავრობისათვის დაეთმო როგორც სამეგრელოზე, ისე იმერეთზე მფარველობა და აგრეთვე ფოთზეც. ეს რუსეთს საშუალებას მისცემდა, რომ დადიანისთვის დადებითი პასუხი გაეცა. ციციანოვი იტალინსკის სთხოვდა გაეგო შესაძლებელი იყო თუ არა ამგვარი დათმობა ახალციხესთან მიმართებაშიც60.

აღმოჩნდა, რომ სულთნის მთავრობა სრულიად გულგრილად ეკიდებოდა კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს. „ნამდვილმა კამერგერმა იტალინსკიმ“, - სწერდა იმპერატორი ალექსანდრე თავად ციციანოვს 1803 წლის 25 ივნისს, - მომახსენა თქვენი წერილის შესახებ სამეგრელოსა და საქართველოს სხვა მეზობელი ოლქების თაობაზე, რომლებიც უნდა მიღებულ იქნან რუსეთის ქვეშევრდომობაში. ჯერ კიდევ სანამ თქვენ მაცნობებდით, რომ ამ საკითხებზე დაუკავშირდით ჩემს მინისტრს კონსტანტინოპოლში, მე მას დავავალე ისე წარმოედგინა ჩემი ჯარების მიერ ამ მიწების დაკავება, როგორც პორტასთვის უმნიშვნელო მოვლენა, რომლის მიერ ამ მიწების მოჩვენებითი მფარველობა მისთვის ყოველთვის უსარგებლო და უბადრუკობა იყო, ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ პორტას დაყოლიების მხრივ ჩემს მინისტრს დიდი დაბრკოლებების გადალახვა არ მოუწევს და თქვენ შეძლებთ დაწყებული ოპერაციების დასრულებას. რაც შეეხება ახალციხის დათმობას თავისი ოლქით, რუსეთს კიდევაც რომ სჭირდებოდეს ეს ციხესიმაგრე, - ამაზე ფიქრიც კი ზედმეტია, ვინაიდან თავად სულთანისთვისაც კი შეუძლებელია, თანახმაც რომ იყოს, ხალიფების მემკვიდრეობის რაიმე ნაწილის ხელიდან გაშვება, თუ ამის გაკეთებას იარაღის ძალით არ აიძულებენ61.

1803 წლის 23 თებერვლის რესკრიპტით იმპერატორი ციციანოვს ბატონიშვილის გასათავისუფლებლად საჭირო ზომების მიღებას უბრძანებს. პირველ რიგში მას სოლომონ მეფე უნდა დაერწმუნებინა, რომ კონსტანტინეს განთავისუფლებით ის იმპერატორს თავის მადლიერებას დაუმტკიცებდა. თუ ეს ხერხი არ გაჭრიდა, მაშინ ციციანოვი თავისუფალი იყო თავის მოქმედებებში, ოღონდ კი სასურველი შედეგისთვის მიეღწია. რესკრიპტის მიღების შემდეგ, მან ტფილისში მყოფი იმერეთის წარგზავნილის მეშვეობით ქაიხოსრო წერეთელი დაიბარა. დუბროვინი წერს, რომ დიდი ვაჭრობის შემდეგ წერეთელი დათანხმდა 5000 მანეთად დაეყოლიებინა სოლომონ მეფე კონსტანტინე ბატონიშვილის გათავისუფლებაზე, რომელსაც თუ ციციანოვს არ გადასცემდნენ, ყოველ შემთხვევაში ციხიდან მაინც გაათავისუფლებდნენ. წერეთელს ასევე უნდა დაერწმუნებინა მეფე, რომ მას იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები გადაეცა. თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდებოდა, მაშინ ციციანოვმა პირობა დადო, რომ მხოლოდ ბატონიშვილის განთავისუფლებაში დათქმული თანხის მესამედს გადაიხდიდა.

1803 წლის 7 მარტს მეფე სოლომონი ციციანოვს სწერდა, რომ იმპერატორის სიგელი მიიღო, როგორც თავისი სამეფოს იმედი. იმპერატორი პირდება მას მამობრივ ზრუნვასა და კეთილმეზობლური ურთიერთობის დაცვას. თუ ციციანოვი ნებას დართავდა, მეფეს სურდა სამადლობელო წერილის და ელჩის გაგზავნა უზენაეს კარზე62.

22 მარტს ციციანოვმა სოლომონის თხოვნას დესპანის გაგზავნის თაობაზე დიპლომატიური უარით უპასუხა, ხოლო წერილის გადაცემა თავის თავზე აიღო. აგრეთვე აცნობა, რომ იმპერატორისაგან ისეთი უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული, როგორც იქამდე არავის ჰქონია63.

სრულიად იმერეთის თავადები, კეთილშობილნი, სამღვდლოება და ერი აცხადებდა, რომ ციციანოვისგან გიორგი აბაშიძის მეშვეობით მიღებული წერილი ავალებდა მათ ერჩიათ მეფისთვის, რათა მას დაეთანხმებინა ბატონიშვილები იულონი და ფარნაოზი პეტერბურგში წასვლაზე. გიორგი აბაშიძემ თავად დაინახა, თუ როგორ ურჩევდა მეფე ბატონიშვილებს ამ მოთხოვნის შესრულებას, მაგრამ ბატონიშვილებმა შეიტყვეს თავიანთი ძმების, ბატონიშვილების ვახტანგისა და დავითის რუსეთში უპატიოდ გამგზავრების შესახებ, რამაც ისინი დააშინა.64 ეს იყო ერთგვარი დიპლომატიური სვლა. ამგვარ პასუხს, ციციანოვი უნდა მიეხვედრებინა, რომ ბატონიშვილების უკანონო გადასახლებით, რუსეთის მთავრობამ თავისი არასანდოობა დაამტკიცა. თავის მხრივ, ციციანოვიც მიანიშნებდა, რომ არ ენდობოდა მეფეს და მის ერთგულ კარისკაცებს. ის ლეონიძეს სწერდა, რომ მისი წერილები მიიღო და მოიხიბლა მისი მჭევრმეტყველებით. იმედს გამოთქვამდა, რომ სოლომონის გულის ნადები სრულ შესაბამისობაში იყო მისი თაფლის ბაგეებთან. მიანიშნებს, რომ ხვდება მის არაგულწრფელობას, მაგრამ აცხადებს, რომ ყურს არ უგდებს ცილისმწამებლებს, ანუ ფაქტობრივად აფრთხილებს სოლომონს, რომ სიტუაციას აკონტროლებს65. სოლომონ ლეონიძე მადლობას მოახსენებს მას „ჩვილისა ალექსანდრეს მოწყალებით ხილვისა და კოცნისათვის უმდაბლესის მადლობით თაყვანისგცემთ“.66 ლეონიძის მცირეწლოვანი ვაჟი ალექსანდრე იყო ერთ-ერთი პირველი მოსწავლე ტფილისის კეთილშობილთა სასწავლებლისა, რომელიც ციციანოვმა დააარსა. ციციანოვმა უპასუხა, რომ როგორც შვილს შეხვდა ალერსიანად, ასევე სურდა მამასთან შეხვედრა67 და კვლავ ფრთიანი გამოთქმებით მიანიშნა მის არაგულწრფელობაზე.

1803 წლის 1 აპრილს მეფე სოლომონი სწერს ციციანოვს, რომ თავის ერთგულ სარდალ ქაიხოსრო წერეთელს აგზავნის. როგორი პატივითაც მიიღებენ წერეთელს, მეფე ამას ჩათვლის თავისი სამეფოსა მომართ გამოჩენილ პატივისცემად. მეფე ასევე ულოცავს ციციანოვს ჭარ-ბელაქანზე, როგორც საერთო მტერზე, გამარჯვებას68. იმავე წლის 9 აპრილს ციციანოვი იმპერატორს უპატაკებდა, რომ იმერეთში გაგაზავნილი გიორგი აბაშიძე დაბრუნდა ქუთაისიდან და მან ჩამოიტანა მეფე სოლომონის, იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების წერილები. ამ წერილებიდან, ისევე როგორც აბაშიძის მოხსენებებიდან, რომელსაც საიდუმლო დავალებები მივეციო - ამბობს ციციანოვი, ირკვევა, რომ სოლომონი არ აპირებს ბატონიშვილების დარწმუნებას და მით უფრო ნაკლებად აპირებს მათ იძულებას პეტერბურგში წასვლაზე. ეს უკანასკნელნი კი არ კარგავენ გარკვეულ იმედებს ქართლ-კახეთის სამეფოსთან მიმართებაში. ციციანოვი ცდილობდა აგრეთვე კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებას, რაც იმპერატორისგან ჰქონდა ნაბრძანები. მან იმერეთის დესპანს ჩააგონა, რომ მასთან მოსალაპარაკებლად მოეწვია ქაიხოსრო წერეთელი, რომელიც მეფე სოლომონის დიდი ნდობით სარგებლობდა69. 30 აპრილს ციციანოვმა მეფე სოლომონთან გაგზავნა ბრონევსკი, არტილერიის მღვდელი ალექსი პეტრიევისა და 15 კაზაკის თანხლებით. იმერეთში ჩასვლისთანავე ბრონევსკის მეფისათვის უნდა გადაეცა წერილი. მისი მიზნები შემდეგი იყო:

1. იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილების ნებისმიერი გზით იმერეთიდან გამოდევნა.

2. კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლების მოთხოვნა და შემდეგ მისი ტფილისში ჩამოყვანა.

3. მოარული ხმების მიხედვით, საბიდ-ფაშა ახალციხელი, რომელსაც მოკლულად მიიჩნევდნენ, ცოცხალი იყო. აქედან გამომდინარე, უნდა მოეთხოვათ მისი გადმოცემა.

4. მეფე სოლომონისთვის უნდა გაეგებინებინათ, რომ მის ურჩობას შეეძლო იმპერატორის რისხვის გამოწვევა.

5. უნდა დაეზვერათ, დათანხმდებოდა თუ არა მეფე ყოველწლიურად გემთმშებებლობისთვის ვარგისი 5000 ცალი ხის მიცემას ზომიერ ფასში ან უფასოდ, კეთილგანწყობის მოსაპოვებლად70.

იმერეთის უწარჩინებულესი თავადები, ქუთაისის მიტროპოლიტი და თავადი წერეთლები რიგრიგობით არწმუნებდნენ იულონსა და ფარნაოზს, რომ რუსეთში გამგზავრებულიყვნენ. ბატონიშვილებისა და მათი ამალის შენახვა მძიმე ტვირთად დააწვა იმერეთს. მათ შესანახად საგანგები ფულადი გადასახადიც კი დაწესდა. ბოლოს თავად მეფე სოლომონი მივიდა ბატონიშვილებთან და გამოუცხადა, რომ იმერეთის სამეფოს გადარჩენა დამოკიდებული იყო რუსეთში მათ წასვლასა და იმპერატორის ნება-სურვილის შესრულებაზე. ბრონევსკიც შეხვდა ბატონიშვილებს, მაგრამ ისინი უარით პასუხობდნენ. დუბროვინი აღნიშნავს, რომ ბატონიშვილებს ჯერ კიდევ ჰქონდათ ჩანაფიქრი ქართლ-კახეთის სამეფოსთან დაკავშირებით. ბრონევსკიმ კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლების შესახებ გადამწყვეტი პასუხი მოსთხოვა მეფეს. სოლომონს ბატონიშვილის განთავისუფლება აშინებდა, ვინაიდან არ იცოდა, თუ სად იცხოვრებდა იგი. თუ ბატონიშვილი თბილისში დაიდებდა ბინას, შესაძლოა იმერეთში არეულობის გამომწვევი გამხდარიყო. დუბროვინი თავად აღიარებს, რომ მეფეს შეშფოთების მიზეზი ჰქონდა: იმპერატორ ალექსანდრეს სიგელში, რომელიც სოლომონს სოკოლოვმა გადასცა 1802 წელს, ნათქვამი იყო, რომ კონსტანტინე ბატონიშვილი მიწვეული იყო საიმპერატორო კარზე რუსეთში სამუდამოდ საცხოვრებლად. ხოლო იმპერატორის 1803 წლის 23 თებერვლის რესკრიპტში ციციანოვისადმი ნახსენები იყო ბატონიშვილის დედის სახლში დაბრუნების შესახებ, დედას კი საქართველოში დარჩენის უფლება ჰქონდა. ეს შეუსაბამობა აფიქრებდა მეფეს, რომელმაც ბრონევსკის გაუზიარა თავისი ეჭვები: კონსტანტინე ბატონიშვილის იმერეთის საზღვრების სიახლოვეს ყოფნა ხომ არ მოახდენდა უარყოფით ზეგავლენას იმერეთის ქვეშევრდომებზე და დამღუპველ შედეგს ხომ არ მოიტანდა?

საჯარო აუდიენციაზე, მთელი თავადების თანდასწრებით, ბრონევსკიმ მოულოდნელად სოლომონისგან მიიღო პასუხი, რომ მას არ შეეძლო ბატონიშვილის განთავისუფლება. მეფე ამბობდა, რომ მისთვის უფრო ადვილი იყო იმერეთის სამეფო დაეთმო, ვიდრე გაეთავისუფლებინა ბატონიშვილი და ამით იმერეთში შიდა აშლილობისათვის დაედო სათავე. გაწბილებული ბრონევსკი მეორე დღესვე იმერეთის დატოვებას აპირებდა, მაგრამ იმავე ღამეს ქაიხოსრო წერეთელმა, იმერეთის პირველმა სარდალმა და ქუთაისის მიტროპოლიტმა წერეთელმა შეუთვალეს, რომ ერთი დღეც დარჩენილიყო, თუნდაც ავადმყოფობის მომიზეზებით, რათა მათ მეფის გადარწმუნების შესაძლებლობა მისცემოდათ. მეორე დღეს მეფე სოლომონმა ბრონევსკის განუცხადა, რომ ენდობა იმპერატორის დაპირებას იმერეთის ყოველგვარი არეულობისაგან დაცვისა და მფარველობის შესახებ, რის გამოც მან გადაწყვიტა კონსტანტინე ბატონიშვილის საიმპერატორო კარზე გაემგზავრება.

1803 წლის 30 მაისს, კონსტანტინე ბატონიშვილი ტფილისში ჩამოვიდა ბრონევსკისა და სოლომონ ლეონიძის თანხლებით. ამ უკანასკნელს თან ჰქონდა სიგელი იმპერატორ ალექსანდრესადმი. მეფე სოლომონი ციციანოვს სწერდა, რომ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს იმერეთში დარჩენაზე უარი უთხრა.

სოლომონი მთავარმართებელს სთხოვდა ლეონიძის პეტერბურგში გამგზავრებას კონსტანტინე ბატონიშვილთან ერთად. იმ დროს გამგზავრება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ადიდებულმა თერგმა ყველა ხიდი მოგლიჯა. გარდა ამისა, ციციანოვი ვერ ხედავდა ბატონიშვილის რუსეთში გამგზავრების აუცილებლობას, ვინაიდან ანა დედოფლის საქართველოში ჩამოსვლას ელოდებოდნენ. იმპერატორი ალექსანდრე 1803 წლის 2 აგვისტოს რესკრიპტით ადასტურებდა თავის გადაწყვეტილებას ბატონიშვილის რუსეთში გაგზავნის შესახებ, რაც იმერეთის მეფეს დააწყნარებდა. ციციანოვმა, რომელმაც გზის გახსნამდე ტფილისში დატოვა კონსტანტინე ბატონიშვილი, მისი ნათესავები გააფრთხილა, რომ არაფერი წამოეწყოთ იმერეთის წინააღმდეგ. კონსტანტინე კი მის ბიძას, ანა დედოფლის ძმას, თამაზ ორბელიანს ჩააბარა71. გახარებული ანა დედოფალი ციციანოვს წერდა:

ბრწყინვალეო თავადო
მოწყალევ ხელმწიფევ

წერილი თქვენი ბრწყინვალებისა მებოძა ოკტობვის რვას. მისის დიდებულების იმპერატრიცა ელისაბედ ალექსევნასი წიგნი მის უგანათლებულესობის მეფის ძის კონსტანტინეს გამოყვანის მოსალოცავის წიგნი. დიახ სიყვარულიანი წიგნი უბოძებია. ისე ამგვარად კნიაზ ჩართალინცკის წიგნი იყო ისიც მილოცვის წიგნი იყო. ტულიდამ რომ ბეჭდები მოგირთმეოდათ ის ბეჭდები მიბოძა. მადლობელი გახლავარ. ვიცით სხვას ჩვენს ამბავს მოიხსენებთ. ავათ თქვენი მტერი იყოს როგორითაც მე ავათ გახლდი ციებისაგან. ახლა ღვთის მადლით კარგათ გახლავარ, მაგრამ ცოტა სუსტათ გახლავარ…“72

იმპერატორს და ციციანოვს თავიანთი მიზნები ამოძრავებდათ. ისინი კონატანტინე ბატონიშვილით მანიპულირებას აპირებდნენ, მაგრამ დედოფალი გულწრფელად ემადლიერებოდა მათ შვილის განთავისუფლებაში მონაწილეობისათვის. მეორე წერილში ის ციციანოვს მადლობას უხდიდა: „ცნობისა თანა თქვენის აქამომდე ყოველითურთ რწმუნებულ ვარ მე თქვნისა ჩემდამო და ძისადმი ჩემისა კეთილმცდელობათათვის ვითა ამტკიცებს გამოხსნა ათწელთპყრობილებისა შინა მყოფისა ძისა მხოლოისა, წადილისამებრ დიდებულებისა მისისა ხელმწიფისა ჩემის იმპერატორისა, რომლის უსაზღვრონი მადლობანი დაბეჭდილ არიან გულს ზედა ჩემსა… და თუ წარსულნი რაიმენი ვიხილენით ურთიერთსა წერილითა უსიამოვნონი ვსცან რომელ მიზეზებდენ ვეთანი მე ცუდ მოუბარნი მოწყალევ ხელმწიფევ და კეთილის მოქმედო ჩემო…“7

1803 წლის 22 მაისს მეფე სოლომონი იმპერატორს მიმართავდა. სავალდებულო თავაზიანი ფრაზების შემდეგ, წერდა, რომ როდესაც კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლების ბრძანება მიიღო, რისი გაკეთებაც, ბევრი მიზეზის გამო, შეუძლებელი იყო, მეფე მაინც მიენდო უზენაეს სიგელს და გაათავისუფლა იგი. სიგელში კი ეწერა, რომ ბატონიშვილი იმერეთიდან წავიდოდა, რათა რაიმე დაპირისპირების საბაბი არ გამხდარიყო.

შემდეგ მეფე შეეხო თავისი სამეფოს სატკივარს. სოლომონის სამფლობელოს დასაპყრობად მოსული მუსლიმანთა მრავალრიცხოვანი ჯარები მის მიერ დამარცხებულ იქნენ, მაგრამ კვლავ გაერთიანდნენ და დაბრუნდნენ, რის გამოც მეფემ გადაწყვიტა იმპერატორისათვის შემდეგი თხოვნით მიემართა:

1. ყველა სახელმწიფოში გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო იმპერატორის მიერ მეფის მფარველობის შესახებ და მეფის დესპანს ყოველთვის ხსნილი უნდა ჰქონოდა გზა უზენაეს კარზე.

2. იმპერატორს მეფისთვის უნდა მიეცა სიგელი, რომლის თანახმად, მეფის მიერ მოთხოვნისთანავე საქართველოს მთავარსარდალი დასახმარებლად 1000 შეიარაღებულ ჯარისკაცს მისცემდა.

საიმპერატორო კარზე კონსტანტინე ბატონიშვილის წარსადგენად და მოსალაპარაკებლად, მეფემ გაგზავნა თავისი სრულუფლებიანი დესპანი, ვიცე-კანცლერი სოლომონ ლეონიძე, რომლის სათანადოდ მიღებას და დროულად უკან გამომგზავრებასაც ითხოვდა, ვინაიდან ის ყოველთვის საჭირო იყო იმერეთის სამეფოსათვის.74 სოლომონ მეფე მარტო არ იყო. ერთმანეთის შიშით თუ ჯიბრით, მეფეც და დადიანიც რუსეთის ქვეშევრდომობას ითხოვდნენ.

როდესაც ბრონევსკი ჩავიდა იმერეთში კონსტანტინე ბატონიშვილის შესახებ მოსალაპარაკებლად, სამეგრელოს მთავარმა მას პავლე ციციანოვთან გამოატანა ორი წერილი, ხოლო შემდეგ ტფილისში გაგზავნა თავისი რწმუნებული რუსეთის მფარველობის და ქვეშევრდომობის თხოვნით. ამასთან ის აფრთხილებდა რუსულ მხარეს, რომ თუ ვერ მიიღებდა დახმარებას, მაშინ თავის გადარჩენის მიზნით იძულებული იქნებოდა ოსმანთა იმპერიის მფარველობა და ქვეშევრდომობა მოეთხოვა.

პეტრე ციციანოვმა არ იცოდა, როგორ იქნებოდა ეს თხოვნა მიღებული პეტერბურგში, რის გამოც წინასწარ არ დააიმედა დადიანი, მაგრამ სიტყვიერად სთხოვა, რომ არ ეჩქარა ოტომანთა პორტასტან მოლაპარაკება. 1803 წლის 23 მაისს რესკრიპტის მიღებისთანავე, რომლითაც იმპერატორი ალექსანდრე თანხმდებოდა სამეგრელოს რუსეთის მფარველობაში მიღებაზე, ციციანოვმა დადიანთან აზნაურ დავით მამაძევის (დუბროვინი ამ გვარით მოიხსენიებს - მ.ხ.) ხელით გაგზავნა წერილი, დაავალა რა წინასწარი მოლაპარაკება როგორც ქვეშევრდომობის პირობებზე, ისე იმერეთში შესაყვანი ჯარისთვის საჭირო სურსათის შესახებ.

ციციანოვი წერდა: „თქვენი უგანათლებულესობის ორი ყურადსაღები წერილი ჩემი კანცელარიის მმართველის, ბრონევსკის მეშვეობით, რომელიც იმერეთში იმყოფებოდა, პატივი მქონდა მიმეღო. თქვენი სურვილი ჩაბარებოდით მთელი თქვენი სამფლობელოთი რუსეთის ყოვლისშემძლე ტახტს, რომელსაც ამშვენებს უგულმოწყალესი მონარქთა შორის, მე უნდა მივიღო როგორც უგულწრფელესი. ვიცი რა და ვხედავ საქმის ვითარებას, თქვენი მეზობლების ძალას, არეულობას თქვენი უგანათლებულესობის საკუთარ სახლში, ვერ ვხედავ სხვა გზას სამეგრელოში სიმშვიდის დამყარების, გარდა იმ გზას, რომელსაც თქვენი უგანათლებულესობა ადგას, ანუ მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში შესვლას და მაშინ დაცული იქნებით უძლეველი რუსული იარაღის ძალით“. ციციანოვი დადიანს ატყობინებდა, რომ მას უკვე ჰქონდა იმპერატორისაგან მიღებული ნებართვა, რაც საჭირო იყო სამეგრელოს რუსეთის მფარველობასა და ქვეშევრდომობაში მისაღებად, სამეგრელოს მთავრისა და მისი საგვარეულოს წევრებთან ერთად, რისი დასრულების შემდეგ მთავარი დაჯილდოვდებოდა წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენით, რომელიც ციციანოვთან ინახებოდა.75

ციციანოვი დადიანს უგზავნიდა ამ საქმის დასაბოლოებლად საჭირო მოთხოვნებს, რაც ჩამოყალიბებული იყო ოთხ პუნქტად.

1. დადიანს უნდა გაეგზავნა თავისი ნდობით აღჭურვილი პირი ციციანოვთან ტფილისში. მას უნდა ჩაეტანა დადიანის სიგელი, რომელშიც ეწერებოდა, რომ რასაც ეს პირი დაადგენდა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ტფილისში და ფიცით დაამტკიცებდა - ისე იქნება მიღებული დადიანის მიერ, როგორც თავად მის მიერ დამტკიცებული.

დადიანს უნდა პირობა დაედო, რომ ხორბალს და ბურღულს მიაწვდიდა ჯარებს, რომლებიც მის სამფლობელოში იქნებოდნენ შეყვანილი, ე.ი. 1500 კაცს, მოამარაგებდა ფქვილით, ბურღულეულით, ცხენებისთვის ქერით, დათქმულ ფასში, დაგვიანების გარეშე.

3. ყოველივე ამის სანაცვლოდ, რუსეთის ჯარი, გენერლის მეთაურობით, დადიანის სამფლობელოს დაცვის ვალდებულებას იღებდა მთელი ძალებით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, როგორც საკუთრივ სრულიად რუსეთის სამფლობელოსი.

4. სამთავროს შინაგანი მმართველობა რჩებოდა მთავრის უშუალო მმართველობის ქვეშ, დაფუძნებული უწინდელ უფლებებსა და ჩვეულებებზე, როგორც იქამდე იყო, სიკვდილით დასჯის გამოკლებით, როგორც მიუღებელის რუსული მმართველობისათვის.

ეს იყო მოკლედ ის ძირითადი, რაზედაც დადგენილების პუნქტები უნდა ყოფილიყო დაფუძნებული.

მამაძეს მიერ ჩატანილი წერილის პასუხად, დადიანმა ტფილისში გაგზავნა თავისი კარის მღვდელი სიმონ ასათიანი და აზნაური გიორგი გაგიევი, რომლებსაც გაატანა წერილი მთავარსარდალთან. დადიანი წერდა, რომ როგორც კი გაიგო მამაძის გამოგზავნის შესახებ, რომელიც ახალციხის გავლით მოდიოდა, მან მაშინვე გაგზავნა მის შესახვედრად კაცი, მაგრამ ჩქარა შეიტყო, რომ მისი წარგზავნილი იმერეთის მეფის მიერ იყო დაკავებული. დადიანის თქმით, გზაზე არსებული საშიშროება იყო მიზეზი იმისა, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში არ გზავნიდა თავის დესპანებს მთავარმართებელთან წერილით, რომელიც შეიცავდა მის ფიცსა და პირობას რუსეთის მონარქის უმორჩილესი მონობისა და ციციანოვის მმართველობისა და მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის შესახებ.

მთავარი დადიანი ითხოვდა, რომ მისი ქვეშევრდომობაში მიღებისა და კეთილგანწყობის ნიშნად, იმპერატორ ალექსანდრეს მისთვის ხმალი გამოეგზავნა. ჯარებისათვის საჭირო სურსათის თაობაზე, ის პირობას დებდა, რომ უზრუნველყოფდა, თუმცა ამასთან წერდა, რომ ლეჩხუმსა და სვანეთში შეიძლებოდა პურისა და ქერის შოვნა საჭირო რაოდენობით, ხოლო ოდიშში შეიძლება მხოლოდ ღომის, სიმინდის შოვნა. სამაგიეროდ, დადიანი აცხადებდა: ხორცი და ღვინო უფრო უხვად იშოვნება ჩვენს მხარეში და შესაძლებელი უნდა იყოს თქვენი ჯარების გამოკვება, რომლებიც ჩვენთან უნდა იდგნენო. დადიანი თანხმდებოდა სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე და კითხულობდა კაცისმკვლელები, ღმერთის წინაშე დიდად დამნაშავეები, ტყვის მსყიდველები და ქურდები როგორი სამართლით უნდა განსჯილიყვნენ და რა სასჯელი უნდა მიეღოთ.

დადიანმა ასევე თხოვნით მიმართა ციციანოვს, რომ ნება დაერთოთ მისთვის ტფილისში გამოეგზავნა თავისი ვაჟიშვილი მძევლად. დუბროვინი აღნიშნავს, რომ ერთგულების ამგვარი დამტკიცება შეიძლება ჩაითვალოს დამამცირებლად მძევლის მიმცემისთვის და არასაკმარის დაზღვევად მისი მიმღებისთვის, მაგრამ ვინაიდან ერთგულების დამტკიცების ეს ხერხი ფრიად მიღებული იყო აზიაში, თავადი ციციანოვი თვლიდა ერთობ სასარგებლოდ დადიანის წინადადების მიღებას. მან იმპერატორს სთხოვა დადიანის ვაჟის რუსეთში გამგზავრების ნებართვა, მაგრამ არა როგორც მძევლისა, არამედ თითქოსდა, დადიანისადმი იმპერატორის განსაკუთრებული კეთილგანწყობის ნიშნად, რათა მის შვილს შესაფერისი განათლება მიეღო რუსეთში. თავადმა ციციანოვმა, განჯაში ლაშქრობის წინ, სამეგრელოში გააგზავნა პოლკოვნიკი მაინოვი სამეგრელოს რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების თაობაზე ზოგიერთი პირობის წინასწარ დასადგენად სათხოვარი პუნქტების სახით. სამეგრელოს მთავრის რუსეთთან დაახლოებას სოლომონ მეფე უარყოფითად უყურებდა და ცდილობდა მისთვის ხელი შეეშალა. ციციანოვის წერილიდან ჩანს, რომ დადიანის საჩივარი სოლომონის მხრიდან შევიწროების თაობაზე იმპერატორამდე მისულა.76 ამგვარი შეტყობინების გაგზავნა მეფისთვის ერთგვარი გაფრთხილება იყო. რუსეთის მიერ სამეგრელოს მიერთება სულ უფრო რეალური ხდებოდა - ამ საკითხზე 31 ივლისს ციციანოვი ა. ვორონცოვს უგზავნის წარდგინებას.77 ამავე დროს რუსეთის კარი დადებითად შეხვდა მეფის მიერ კონსტანტინე ბატონიშვილის განთავისუფლებას, რომელიც 27 ივნისს ტფილისში ჩაიყვანეს,78 რის გამოც იმპერატორმა 2 აგვისტოს რესკრიპტში შეაქო ციციანოვი,79 ხოლო 3 აგვისტოს სიგელით მეფე სოლომონი წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალრად მიიღო.80 იმავე დღეს სახელმწიფო კანცლერმა ა. ვორონცოვმა წერილი მისწერა იმერეთის მიტროპოლიტ, თავად წერეთელს, რომელშიც მადლობა გადაუხადა კონატანტინე ბატონიშვილის განთავისუფლების საქმეში დახმარებისათვის და ალმასებით მორთული პანაღეა გამოუგზავნა.81 გრიგოლ დადიანის მიერ რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების სურვილი და აქტიური ქმედებები სოლომონ მეფეს აიძულებდა თავადაც ეთხოვა რუსეთის მფარველობა. მისი წარგზავნილი სოლომონ ლეონიძე იმერეთის რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების თაობაზე მოსალაპარაკებლად სანკტ-პეტერბურგში 1803 წლის 5 აგვისტოს ჩავიდა და თან ჩაიტანა სოლომონ მეფის წერილი იმპერატორ ალექსანდრესადმი, რომელშიც მეფე ითხოვდა:

1. ყველა სახელმწიფოში გამოცხადდეს იმერეთის რუსეთის მფარველობაში მიღების შესახებ.

2. იმერეთის მეფის წარგზავნილს სამუდამოდ მიეცეს უფლება უმაღლეს კარზე მისვლისა.

3. ბოძებული იქნას სიგელი, რომლის თანახმად საქართველოს მთავარსარდლები მოვალენი იქნებიან, პირველივე მოთხოვნისთანავე, იმერეთის მეფეს მისცენ დასახმარებლად 1 ათასი კაციანი ჯარი.

4. დაბრუნებულ იქნან მეფის ქვეშევრდომები, რომლებიც იმერეთიდან საქართველოში წავიდნენ.

5. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მთავარსარდალი აღმოჩნდება არაკეთილგანწყობილი იმერეთის მეფის მიმართ, მის მიერ მეფეზე გაკეთებული მოხსენება არ იქნას დაჯერებული მეფესთან წინასწარი გარკვევის გარეშე.

6. მეფე სოლომონის უშვილობის გამო, ტახტის მემკვიდრეობა გადაეცეს იმას, ვისაც ის ანდობს.

დოკუმენტიდან ჩანს, რომ იმერეთის დესპანი ჩავიდა პეტერბურგს და იმპერატორ ალექსანდრე I-თან აუდიენციაზე დაშვებულ იქნა.82 მან რუსულ მხარეს შესთავაზა:

1. ფიცის დადება ერთგულ ქვეშევრდომობაზე.

2. საიმპერატორო სახლის პატივსაცემად ლოცვების აღვლენა და სადღესასწაულო დღეების დადგენა-დაწესება.

3. ქვეშევრდომობაში მიღებისთანავე, რუსეთის სასარგებლოდ აფხაზეთის სამფლობელოს წინააღმდეგ მოქმედებების დაწყება „ვინაიდან ეს მიწა ოდითგანვე ეკუთვნოდა ჩვენს სამემკვიდრეო სამფლობელოს და მისი მცხოვრებლები არიან ჩვენი ძველი ქვეშევრდომები, რომლებიც ესაზღვრებიან ჩვენს პროვინციას ოდიშს, შავ ზღვასთან მდებარეს, სადაც არეულობის ჟამს შემოღებული იყო თათრული რწმენა, მაგრამ იქ ქრისტიანებიც იმყოფებიან. აფხაზეთი არის ჩვენი სამფლობელო... და ეკუთვნის ჩვენი კათალიკოსის მრევლს, ისინი გვცნობენ და მოგვიხსენიებენ თავიანთ ძველ მემკვიდრე მფლობელად; ამ სამფლობელოს მცხოვრებლები დღემდე ხან გვემორჩილებოდნენ, ხან განგვიდგებოდნენ“.

4. თურქეთთან ომის შემთხვევაში, რუსეთისთვის მთელი ძალით დახმარების აღმოჩენა, „ვინაიდან იმერეთი საზღვაო და სახმელეთო გზით ესაზღვრება ამ სახელმწიფოს“, ზღვით, ნათქვამი იყო იმავე პუნქტებში, სამ-ოთხ დღეში შეიძლება კონსტანტინეპოლში ჩასვლა სულთნის კარზე, „ხოლო სახმელეთო გზით მანძილი ჩვენი საზღვრიდან ახალციხემდე 50 ვერსია, ხოლო ახალციხიდან არზრუმამდე და არზრუმიდან ანატოლიამდე არ არის იარაღი, რომელსაც შეუძლია ჯარის შეჩერება, რაც უზენაეს კარს ბევრად გაუადვილებს თურქეთის მიწების დაუფლებას“.

5. იმერეთის მეფე პირობას დებდა, რომ შავ ზღვაზე გემების ასაგებად გასცემდა და მიაწვდიდა ხე-ტყეს.

6. ფოთის ნავსადგურის გახსნა და გზის განთავისუფლება მდ. რიონით შავ ზღვამდე, ყველა სახის გემებისა და ტრანსპორტისათვის.83

7. რუსეთის სასარგებლოდ შავ ძღვაზე თევზის საჭერი ადგილების გადაცემა. ამასთან ერთად, ლეონიძემ წარუდგინა რუსეთის მინისტრს ბარათი, რომელშიც ცდილობდა წარმოეჩინა თუ რამდენად სასარგებლო იქნებოდა რუსეთისათვის იმერეთის მიერთება. ის ამბობდა, რომ არც ერთი ქვეყანა არ იძლევა ისეთ ხელსაყრელ პირობებს რუსეთისათვის თურქეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისათვის, თუ კი ამას ადგილი ექნება, როგორც იმერეთი, რომელიც ამ ორ იმპერიას შორის მდებარეობს. ლეონიძე იმასაც დასძენდა, რომ იმერეთს აქვს თავისუფალი და უმოკლესი გზა შავი ზღვისაკენ. ფოთი არის იმერეთის მეფოს სამემკვიდრეო სამფლობელო, რომ მასვე ეკუთვნის პალიასტომი. იმერეთის სამეფოს ნავთსაყუდლებიდან გემებს შეუძლიათ სამ დღეში მიადგნენ თურქეთის იმპერატორის სასახლეს. ასევე შავი ზღვის სანაპირო სავსეა გემთმშენებლობისთვის ვარგისი ხეებით. ერთი სიტყვით, „თვით საქართველო ნახავდა სარგებელს იმერეთიდან“.

დუბროვინი ასკვნის, რომ თუმცა სოლომონ მეფემ გამოთქვა სურვილი რუსეთის მფარველობაში შესვლისა, მაგრამ თავისი საქციელით სრული უპატივისცემლობა გამოხატა რუსეთის მიმართ. გაიგო რა, რომ სამეგრელოს მფლობელი დადიანი რუსეთის მფარველობას ეძებს, სოლომონმა ზავი შესთავაზა და ურჩევდა, რომ მას თავი დაენებებინა მფარველობის ძიებისათვის, მაგრამ როდესაც დადიანი არ დათანხმდა, მეფე შეუდგა ჯარის შეგროვებას მის წინააღმდეგ ახალი მოქმედებების დასაწყებად, როგორც ამას 1803 წლის 21 აგვისტოს დადიანი ატყობინებდა ციციანოვს.

სოლომონ ლეონიძის სანკტ-პეტერბურგში გამგზავრების პარალელურად, მეფემ მეორე ელჩი გაგზავნა კონსტანტინოპოლში, რომ პორტასთვის ეთხოვა დახმარება რუსული იარაღის წინააღმდეგ. ელჩობა უშედეგო აღმოჩნდა. კონსტანტინოპოლში, (იმავე ცარგრადში) მყოფმა რუსეთის ელჩმა იტალინსკიმ აცნობა ციციანოვს, რომ ოტომანთა პორტამ უარი თქვა მეფე სოლომონის თხოვნაზე. 31 აგვისტოს ციციანოვი იმპერატორს სწერდა, რომ იმერეთის მეფის მიერ რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლის თხოვნის მიზანი მდგომარეობს სამეგრელოს მთავრის სამფლობელოების გაჩანაგებისათვის ახალი საშუალებების გამოძებნაში. ციციანოვი უარყოფითად ახასიათებდა მეფე სოლომონს და ვარაუდს გამოთქვამდა, რომ მეფის წარგზავნილი საიმპარატორო კარზე წარმატებას ვერ მიაღწევდა. ციციანოვი იმედოვნებდა, რომ მეფე სოლომონის მარცხი შეიძლება გამხდარიყო იმერეთში მის წინააღმდეგ აჯანყებისა და მისი სიცოცხლის ხელყოფის მიზეზიც კი მისი არაკეთილმოსურნეთა პარტიის მხრიდან. ციციანოვის გეგმები შორს მიდიოდა. ის წერდა, რომ ამგვარ გარემოებაში, საქართველოს ფარგლების დასაცავად მეზობელი სამეფოსაგან, რომელშიც შიდა აშლილობა სუფევდა, საჭიროდ თვლიდა, ჯარების დაცვის ქვეშ იმერეთის სამეფოში „კანონიერი მემკვიდრის“, განთავისუფლებული კონსტანტინე ბატონიშვილის გამეფებას. ციციანოვმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ რუსეთის ხელისუფალთა საბოლოო მიზანი იყო, არა მეფის შეცვლა, არამედ იმერეთის სამეფოს გაუქმება და თავის გუბერნიად გადაქცევა, ისევე, როგორც ეს ქართლ-კახეთის სამეფოს მიმართ ჩაიდინეს.

მიიღო რა უარი ოსმალეთის პორტას მხრიდან და ეძებდა რა, რუსეთის მფარველობას, მეფე სოლომონმა ვერ შეიკავა თავი ისეთი საქციელისგან, რომელიც ავლენდა რუსეთის მთავრობისადმი მისი კეთილგანწყობის სიყალბეს. იმპერატორმა ალექსანდრემ, ოდესაც დათანხმდა სამეგრელოს მიღებაზე თავის ქვეშევრდომობაში, ციციანოვს დაავალა დადიანთან დაახლოება. მთავარსარდალმა როგორც ვთქვით, გაგზავნა დადიანთან დავით მამაძე იმპერატორის ნებისა და თანხმობის გამოსაცხადებლად. ციციანოვი ეჭვობდა, რომ მეფე სოლომონი გულგრილად ვერ შეხვდებოდა დადიანისთვის რუსეთის მხრიდან მფარველობის დაპირებას, მამაძეს უბრძანა ახალციხის გზით წასულიყო და იმერეთის საზღვრების ახლოს გავლა თავიდან აეცდინა. ჩქარა ამის შემდეგ ციციანოვთან ჩამოვიდნენ დადიანისგან გამომზავნილი ორი აზნაური: ქაიხოსრო და როსტომ კვინიხიძეები და განუცხადეს, რომ ისინი გამოგზავნილი იყვნენ წერილებით, მაგრამ გზაზე, იმერეთში დააკავეს, წერილები წაართვეს, ხოლო თავად ისინი რამდენიმე დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ციციანოვმა 1803 წლის 31 ივლისს აცნობა კანცლერს. ტფილისიდან უკან დაბრუნებული დადიანის წარგზავნილები დიდი სიფრთხილის მიუხედავად იმერეთში ისევ შეიპყრეს. ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა საქართველოში გამოქცევა, ხოლო მეორე მას შემდეგ რაც ქაღალდები ჩამოართვეს, ციხიდან მდ. რიონში გადააგდეს. მათი თანმხლები მსახურთაგან ერთი გაიქცა, მეორე კი მიკლეს. ყოველ შემთხვევაში ასე იტყობინებოდა ციციანოვი თავის პატაკში. 3 აგვისტოს ის მეფე სოლომონს სწერდა: „იმერეთიდან დაბრუნებულმა თავადმა ფალავანდოვმა მაცნობა, რომ ტფილისიდან დაბრუნებისას სამეგრელოს აზნაურები, ორი ძმა კვინიხიძე მეორედ იყვნენ შეჩერებული, მაგრამ ამჯერად უფრო მეტი სისასტიკით. ერთი მათგანი მოკლული იქნა, ხოლო მეორე დაჭრილი…“ მათთვის ჩამორთმეული ციციანოვის წერილები, დადიანისთვის გაგზავნილი, ფალავანდოვისთვის წაუკითხავთ.84 ამ საკითხის თაობაზე მეფე სოლომონის ვერსია ამგვარი იყო: როდესაც წარგზავნილებმა მთა გადაიარეს, კვინიხიძემ შეიარა იქ, სადაც ადრე ცხოვრობდა და რამდენიმე ცხენი მოიპარა. ამის გამო, მისი ყოფილი მეზობლები დაეწივნენ და მოკლეს ქურდობის გამო, ამასთან მან თავად დაიყვირა, რომ თან ჰქონდა დადიანის წერილები. შემდგომში ეს წერილები სამეფო კარზე მოხვდა და იქ გაიხსნა.85

21 აგვისტოს დადიანი ციციანოვს აცნობებდა, რომ იმერეთის მეფემ შეაგულიანა ქაიხოსრო გურიელი, რომელმაც გურიაში შეიპყრო მამაძე და ჩამოართვა ციციანოვის წერილი დადიანისადმი. დედანი გაეგზავნა სოლომონს, ხოლო პირი ქაიხოსრომ დადიანს გაუგზავნა.

ციციანოვმა ყოველივე ამის შესახებ მიწერა მეფე სოლომონს, გამოთქვა მის მიმართ მკაცრი საყვედური და სთხოვა საპასუხო წერილის მოწერა. ციციანოვი ორპირობაში სდებდა ბრალს მეფეს: თქვენ ეძებთ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის მფარველობასა და დაცვას. ამ მიზნით აგზავნით უზენაეს კარზე თქვენს წარგზავნილს, მაგრამ ამავე დროს ჩადიხართ არაკეთილგანწყობილ ქმედებებს არა მხოლოდ იმპერატორის მიერ გაბედნიერებულ სამეგრელოს წინააღმდეგ, არამედ - წერდა ციციანოვი - ამ შემთხვევამ გამოავლინა თქვენი აშკარა არაკეთილგანწყობა რუსეთისადმიო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მეფეს სინამდვილეში არ უნდოდა რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ იმერეთის სამეფოსაც ქართლ-კახეთის სამეფოს ბედი ეწეოდა. ის ცდილობდა ისე წარმოეჩინა საქმე, თითქოს ნებაყოფლობით ითხოვდა რუსეთის მფარველობას, რომ ამ გზით მეფობა მაინც შეენარჩუნებინა. მეფე აგრძელებდა თავისი სამეფოს გამთლიანებისათვის ბრძოლას, ამავე დროს ეძებდა ძალას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოადგებოდა.

დუბროვინის თქმით, ციციანოვი ცდილობდა იმერეთის მეფე დაერწმუნებინა, რომ დადიანის რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღება - იცავდა მის უსაფრთხოებას. რუსეთს, როგორც „მიუკერძოებელ შუამავალს“ შეეძლო შეერიგებინა ისინი და ბოლო მოეღო მტრობისთვის, რომელიც წლების მანძილზე არსებობდა იმერეთის მეფესა და სამეგრელოს მთავარს შორის. ეს მაშინ უფრო მოხერხდებოდა, როდესაც იმერეთის მეფე რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდოდა. ციციანოვი სოლომონს სთხოვდა, რომ მას შეეწყვიტა სამეგრელოს წინააღმდეგ მოქმედება, თუნდაც იმ დრომდე, ვიდრე პეტერბურგიდან ლეონიძე არ დაბრუნდებოდა იმპერეტორის საბოლოო გადაწყვეტილებით. დუბროვინი წერს, რომ მეფე სოლომონის არაკეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ ნათლად დაანახვა რუსეთის მთავრობას, რომ მისგან ღალატის გარდა, არაფერი იყო მოსალოდნელი. დარწმუნდნენ რა რუსეთის მიმართ მის არაკეთილგანწყობაში, სანკტ-პეტერბურგში მის წარგზავნილთან მოლაპარაკებების დაწყებამ აზრი დაკარგა. იმპერატორმა ალექსანდრემ ბრძანა ლეონიძესთან ყოველგვარი მოლაპარაკების შეჩერება და მისი იმერეთში გამგზავრება. ლეონიძეს გამოუცხადეს, რომ სოლომონის ქმედებების გამო მოხდა მოლაპარაკების შეწყვეტა, მაგრამ თუ მეფე სოლომონი შეძლებს რუსეთის დარწმუნებას იმაში, რომ ნამდვილად სურს მფარველობაში შესვლა და მის მიერ მოცემული სიტყვა იქნება მტკიცედ დაცული, ასეთ შემთხვევაში, იმერეთის რუსეთის უზენაესი ძალაუფლების ქვეშ მიღების შესახებ დადგენილება შესაძლოა ტფილისში ყოფილიყო დადებული, სადაც მას ნაბრძანები ჰქონდა ციციანოვთან გამოცხადება. 12 სექტემბერს ციციანოვი ალექსანდრეს ატყობინებდა, რომ მეფე სოლომონისათვის წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის გადაცემა შეაჩერა86.

„მეფე სოლომონის გამჟღავნებული ვერაგობა - წერდა იმპერატორი ალექსანდრე I ციციანოვს 1803 წლის 26 ოქტომბრის რესკრიპტში - „რომელიც ეძებდა რუსეთის ქვეშევრდომობას თავისთვის და თავისი სამეფოსათვის, და ამავე დროს ოტომანთა პორტას სთხოვდა დახმარებას რუსეთის იარაღის წინააღმდეგ, ხოლო ყველაზე მეტად მისი არაადამიანური საქციელი დადიანის წარგზავნილების მიმართ გვიჩვენებს, თუ როგორი ზომები უნდა იყოს მიღებული ჩვენს წინააღმდეგ მისი ჩანაფიქრების გასაუვნებელყოფად, რამაც მაიძულა იქ ჩამოსულ იმერეთის წარგზავნილთან დაწყებული ნეგოციაციის შეჩერება.“87 იმპერატორის დასკვნით, ეჭვსგარეშე იყო, რომ მოკრძალებული შეგონება უშედეგო აღმოჩნდებოდა იმერეთის მეფის სწორ გზაზე დაყენებაში და დადგა დრო სიფრთხილის ზომების მიღებისა, რომელიც დაიცავდა საქართველოს იმერეთში დღითი-დღე გაძლიერებული არეულობისაგან. იმპერატორმა გადაწყვიტა ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე დაეპყრო იმერეთი. ის ციციანოვს უბრძანებდა: „ქუთაისისა და იმერეთის გამაგრებული ადგილების აღება აუცილებელი გახდა. თქვენ გევალებათ თქვენ მიერ შერჩეულ მოსახერხებელ დროს, ჩემი რესკრიპტის მიღებისთანავე, დაუყოვნებლად გაგზავნოთ იმერეთში თქვენს განკარგულებაში მყოფი ჯარიდან ის რაოდენობა, რომელსაც თქვენი შეხედულებისამებრ საჭიროდ მიიჩნევთ“. იმ შემთხვევაში, თუ სოლომონ მეფე ჩადენილ ქმედებებს მოინანიებდა, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო, იმპერატორი მაინც მოითხოვდა მისი მიწების დაპყრობას, რაც იმ მოტივით უნდა გაემართლებინათ, რომ იმერეთში უკმაყოფილება სულ უფრო მატულობდა და მოსალოდნელი იყო არეულობა, ამას კი ციციანოვი გულგრილად ვერ უყურებდა, ვინაიდან საქართველო იმერეთს ესაზღვრებოდა და ამდენად, საფრთხე ელოდა. ციციანოვს უნდა ეთქვა, რომ იმერეთის მეფის სამფლობელოში შეჭრით ის საქართველოს თავიდან აცილებდა საფრთხეს და აგრეთვე იცავდა იმერეთის მეფეს ყველა იმ საშიშროებისაგან, რომელიც პირადად მას მოელოდა.

იმ შემთხვევაში, თუ იმერეთის მეფე არ მოინანიებდა ურჩობას, ციციანოვს მის სამეფოში შეჭრა იმით უნდა გაემართლებინა, რომ ამ ზომების მიღება აუცილებელი გახადა სოლომონის მიერ დადიანის წარგზავნილების დასჯამ, ვინაიდან სამეგრელოს მთავარი რუსეთის ქვეშევრდომობაში იმყოფებოდა და უფლება ჰქონდა რუსეთის მხრიდან მხარდაჭერაზე. ციციანოვს ასევე უნდა გამოეცხადებინა, რომ მისი ვალი იყო იმერეთის დაკავება, რომელიც საქართველოს სამეგრელოსთან დამაკავშირებელ გზას კვეთდა, რათა მის მიერ ერთი სამფლობელოდან მეორეში გაგზავნილებს იგივე ბედი არ წვეოდათ, რაც დადიანის წარგზავნილებს.

იმპერატორი თვალთმაქცურად დასძენდა, რომ მიუხედავად მეფე სოლომონის საძრახისი საქციელისა, მაინც სამწუხარო იყო იმის გაგება, რომ ის რაღაც არეულობის მსხვერპლი გახდა. იმპერატორის თქმით, მისთვის სასიხარულო იქნებოდა იმის დანახვა, რომ თავისი ჯარის იმერეთში შეყვანით შეწყდება სოლომონ მეფის უგუნური მმართველობით გამოწვეული შიდა აშლილობა.

იმპერატორს არ სურდა იმერეთის ტახტზე ახალგაზრდა მემკვიდრის აყვანა, რადგან მეფობის გაუქმება ჰქონდა გადაწყვეტილი. თავის მტაცებლურ განზრახვას ის კეთილშობილური მიზეზით ნიღბავდა, აცხადებდა რა, რომ სოლომონისათვის კონსტანტინე ბატონიშვილის დაპირისპირება - ეწინააღმდეგებოდა კეთილსინდისიერებას. ბატონიშვილის განთავისუფლება მოხდა იმ პირობით, რომ რუსეთის მხარეს არ მიეცა მისთვის გამეფების იმედი და იმერეთისგან შორს ყოლოდა.

იმერეთის დაკავების შემდეგ, როდესაც საქართველოს სამეგრელოსთან დაკავშირება შეუფერხებელი გახდებოდა, იმპერატორი ბრძანებდა თავისი ჯარების დადიანის სამფლობელოში შეყვანას. იმპერატორი ციციანოვს აფრთხილებდა, რომ სანამ რუსეთის ელჩი იტალინსკი კონსტანტინოპოლში ფოთის ნავსადგურის ნეგოციაციას მოაგვარებდა, სამეგრელოს დაკავებისას ფოთის ნავსადგურს არა თუ არ შეხებოდნენ, არამედ პატივისცემით მოპყრობოდნენ იქ მყოფ თურქ უფროსს, და ოტომანთა პორტასთვის არ მიეცათ საჩივრის საბაბი. მპერატორი არც კასპიის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას ივიწყებდა და ციციანოვს მითითებას აძლევდა, რომ შავ ზღვაზე გამაგრების შემდეგ კასპიის ზღვისპირა პროვინციებისათვის მიექცია ყურადღება. ბაქოსა და სალიანის დაკავებით, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე სხვა ადგილების ბედი უკვე რუსეთის ხელში იქნებაო. 1803 წლის 27 ოქტომბერს ციციანოვი ვორონცოვისთვის გაგზავნილ წარდგინებაში ამბობს, რომ იმერეთის დაკავების შესახებ გადამწყვეტი დადგენილება ხელებს უხსნის მეფე სოლომონთან ურთიერთობაში.88

იმპერატორის გეგმები შორს მიმავალი იყო. ის ციციანოვს ავალებდა ბაქოსა და საქართველოს შორის შეუფერხებელი მიმოსვლის უზრუნველყოფას. ეს იმერეთისა და სამეგრელოს დაკავების შემდეგ, შეიძლება ითქვას, გააერთიანებდა კასპიის ზღვას შავ ზღვასთან, ახალ გზას გახსნიდა რუსეთის ვაჭრობისათვის, რაც იქამდე მიუღწეველი რჩებოდა იმ ადგილებში მცხოვრებთა მკაცრი ხასიათის გამო. იმპერატორი იმედს გამოთქვამდა, რომ მის ნება-სურვილს, დაკავშირებულს საქართველოს მიმდებარე ტერიტორიებთან, ციციანოვი მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით აღასრულებდა. იმერეთის ძალით დაპყრობა უკვე გადაწყვეტილი იყო. იმპერატორი ბრძანებდა, რომ იმერეთის დაკავების შემდეგ, როდესაც ქართლ-კახეთსა და სამეგრელოს შორის უზრუნველყოფილი იქნებოდა შეუფერხებელი მიმოსვლა, მისი ჯარები დადიანის სამფლობელოში უნდა შესულიყვნენ. ამასთან, ციციანოვს ანდობდა იმის გადაწყვეტას, პირველად სამეგრელოს დაიკავებდა, თუ იმერეთს. ციციანოვი ამ ბრძანების შესრულებას არ დააყოვნებდა, მაგრამ კავკასიის ხაზიდან ორ პოლკს თბილისში ჩამოსვლა შეეძლო მხოლოდ 1803 წლის ნოემბრისათვის, როდესაც ის უკვე განჯაში სალაშქროდ ემზადებოდა. ამიტომ, როგორც ის გრაფ ა.რ. ვორონცოვს ატყობინებდა 1803 წლის 17 ნოემბერს, სოლომონის დასჯა გადაიდო.89

1803 წლის 9 დეკემბერს ციციანოვი პასუხობს რა იმპერატორის ბრძანებას მეფე სოლომონის დასჯის თაობაზე, მის მიერ გამოჩენილი ვერაგობის გამო და იმერეთის სამეფოს რუსული ჯარების მიერ დაკავების შესახებ, ატყობინებს, რომ განჯის ექსპედიციის დასრულების შემდეგ, რაც დიდხანს არ გაგრძელდება, იჩქარებს ბრძანების სწრაფად შესრულებას.90 ატყობინებდა, რა სახელმწიფო კანცლერს თავის გეგმებს, ციციანოვი იმედს გამოთქვამდა, რომ მას დანაშაულად არ ჩაუთვლიან, თუ ის ადგილობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებლად მიიჩნევს ხელსაყრელ დრომდე ამა თუ იმ უზენაესი ბრძანების შესრულების გადადებას. გრაფი ვორონცოვი მიხვდა, რომ ციციანოვი თავის მოქმედებებში შეზღუდული იყო პეტერბურგიდან მიღებული მეტად ზუსტი მითითებებით. მან საჩქაროდ დაამშვიდა მთავარსარდალი, დაარწმუნა მის მიმართ იმპერატორის კეთილგანწყობაში და დასძინა: „იმერეთის მფლობელი სოლომონის ვერაგობის კეთილი ზომებით გამოსწორება, რასაკვირველია, არ შეიძლება. ის უნდა კარგად, აზიურად დავაშინოთ, მაშინ მორჩილი იქნება, რაშიაც თქვენი იმედი გვაქვს. მის წარგზავნილს ჩვენ თქვენ გამოგიგზავნით, გამოვუცხადებთ რა, რომ თქვენ ყველაფერში უფლებამოსილი ხართ, თუ როგორ დაასრულებთ საქმეს მის მეფესთან“.91 ვორონცოვმა იმერეთის ბედი ციციანოვს მიანდო.

20 ნოემბერს მეფე სოლომონი გრიგოლ დადიანის შესახებ ციციანოვს წერს: ჩემი მეფობის 14 წლის განმავლიბაში ჩვენ ალერსიანად ვექცეოდით. აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს გრიგოლ დადიანი ჩვენი მოწინააღმდეგე გახდა. ჩვენ ის ჩამოვაგდეთ, უცხო მხარეში დაეხეტებოდა, საიდანაც გვითვლიდა თხოვნას და ჩვენ ის შევიწყალეთ, დადიანობა ვუბოძეთო.92

1803 წლის 30 ნოემბერს ციციანოვის წარგზავნილი პოლკოვნიკი მაინოვი ახალციხის, ბათუმისა და ფოთის გავლით სოფ. დიდიჭალაში ჩავიდა. 1 დეკემბერს პოლკოვნიკი მაინოვი შეხვდა სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანს, გადასცა მთავარსარდლის წერილი და თხოვნითი პუნქტები, მისი სახელით შედგენილი. მაინოვმა დადიანს სთხოვა ფიცის მიღების დღის დანიშვნა. მთავარმა იმავე დღეს მოაწერა ხელი თხოვნით პუნქტებს, ამავე დროს ყველგან გააგზავნა ბრძანება, რომ უპირველესი მღვდელმსახურები, თავადები და აზნაურები, მასთან შეკრებილიყვნენ. დადიანი და მისი მეუღლე ნინო გიორგის (დუბროვინი შეცდომით წერს „გრიგორის“ - მ.ხ.) ასული, რომელმაც საჩუქრად მიიღო წავის ბეწვი და 10 არშინი წითელი ხავერდი - გამოთქვამდნენ სულ კმაყოფილებას და ერთგულებას რუსეთის იმპერატორისა და მისი მთავრობის მიმართ. 4 დეკემბერს ჩამოვიდა ცაიშის ეპისკოპოსი და დადიანმა იმავე დღეს, რამდენიმე თავადთან ერთად დაიფიცა რუსეთის ქვეშევრდომობაზე.93 დანარჩენებმა მეორე დღეს დაიფიცეს. ფიცის შემდეგ დადიანმა გაიკეთა მაინოვის მიერ მირთმეული წმ. ალექსანდრე ნეველის ჯვარი. იმ თავადებმა, რომლებიც იბრძოდნენ იმერეთის მეფე სოლომონის წინააღმდეგ, იცავდნენ რა მისგან გორდის ციხეს, შემდგომში დაიფიცეს. იმ დროს წყალდიდობა იყო, რამაც ხელი შეუშალა ფიცის დასადებად ერთდროულად შეკრებას. ძირითადი პირობები, რაზედაც დადიანმა ხელი მოაწერა შემდეგში მდგომარეობდა:

1. ის შევიდა რუსეთის სამუდამო ქვეშევრდომობაში.

2. მას ეძლეოდა უფლება ესარგებლა მთავრის უფლებებითა და უპირატესობებით, ასევე მის მემკვიდრეებს გვარში უფროსობის მიხედვით. მისი მემკვიდრეების დამტკიცება უნდა მომხდარიყო უზენაესი სიგელით.

3. გასამართლება და დასჯა რჩებოდა სამეგრელოს მთავრისა და მისი მემკვიდრეების ხელში.

4. დადიანი ითხოვდა თავისი სამფლობელოების დაცვას რუსული ჯარის ჩაყენებით, რომელიც მუდმივად უნდა ყოფილიყო განლაგებული მის სამფლობელოში.

5. თუ დაარსდებოდა ახალი ქალაქი, დადიანი ითხოვდა, რომ მას გადასცემოდა ამ ქალაქიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი.

6. სამეგრელოში მადნის აღმოჩენის და დამუშავების შემთხვევაში, ის ითხოვდა მიღებული შემოსავლიდან ნაწილს თავის სასარგებლოდ.

სანაცვლოდ ის იღებდა შემდეგ ვალდებულებებს:

7. დამორჩილებოდა რუსეთის ყველა ხელისუფალთ.

8. მის სამფლობელოში განლაგებული ჯარისათვის აეშენებინა სახლები და უზრუნველეყო გათბობითა და განათებით.

9. ჯარები მოემარაგებინა სურსათით.

10. მადნის გადამუშავებისთვის საჭირო მუშები გამოეყვანა, სამთო უფროსობის მიერ დადგენილ ფასებში.

11. გემთმშენებლობისთვის ვარგისი ხე-ტყე უსასყიდლოდ გადაეცა.

12. პორტის მოწყობის შემთხვევაში უარს ამბობდა საბაჟო შემოსავალზე და თანხმდებოდა არ მიეღო არანაირი გადასახადი მის სამფლობელოებში მოვაჭრე ვაჭრებისაგან.

13. თავისი ძალაუფლების ნიშნად, ითხოვდა, რომ აზიური ჩვეულების თანახმად, მისთვის ებოძებინათ ხმალი და დროშა. 94

მიიღო რა ცნობა სამეგრელოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შესახებ, ალექსანდრე I-მა დადიანს 1804 წლის 20 მარტს გამოუგზავნა უმაღლესი რესკრიპტი, რომელშიც მადლობას უხდიდა იმ დიდი მონდომებისათვის, რაც დადიანმა გამოიჩინა ქვეშევრდომობის მისაღწევად. ამავე დროს აღნიშნავდა, რომ რუსეთის მიზანი იყო არა იმპერიის გაფართოება, რომელიც ისედაც ძალზე ვრცელი იყო, არამედ სამეგრელოს მცხოვრებლებზე ზრუნვა. თითქოსდა, მხოლოდ მათ მიმართ თანაგრძნობამ აიძულა იმპერატორი, რომ მიეღო ერთმორწმუნე ხალხი რუსეთის მფარველობაში. პეტერბურგის კაბინეტი, სამეგრელოს რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღების შემდეგ არ თანხმდებოდა დადიანისთვის მთავრის ღირსების შენარჩუნებაზე. მას ეწოდა სამეგრელოს მთავარმართებელი. ამ ცვლილების შეტანა ერთი შეხედვით ადვილი ჩანდა, ვინაიდან ეს სტატუსი ახლოს იყო სარდლის სტატუსთან, ანუ წოდებასთან, რომლისკენაც დადიანი ისწრაფოდა. დუბროვინი აღნიშნავს, რომ ის, რისი განხორციელებაც ადვილი ჩანს კაბინეტში, რეალურად ძნელად განსახორციელებელია. თავადი ციციანოვი თვლიდა, რომ შეუძლებელია დადიანთან დადებულ დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე, სანამ სამეგრელოს რუსული ჯარები არ დაიკავებენ. დადიანისთვის მთავრის ტიტულის ჩამორთმევით, რუსეთის მთავრობა არღვევდა ერთ-ერთს იმ მთავარ პირობათაგანს, რომელთა დაცვის იმედით გადაწყვიტა დადიანმა ქვეშევრდომობის მიღება. ტიტულის დაკარგვასთან ერთად, თავად სამფლობელოს დაკარგვის შიშს შეეძლო დადიანისთვის ქვეშევრდომობაზე უარი ეთქმევინებინა. და მაშინ - წერდა ციციანოვი - ჯარის ძალისმიერი შეყვანა მხარეში, რომელიც დაფარულია უღრანი ტყეებით, სადაც არ არის გზები და ხიდები ფართო მდინარეებზე, რამდენიმე ათასი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად დაგვიჯდებაო. დუბროვინი აკეთებს შენიშვნას, რომ ამ შემთხვევაში კვლავ გამოჩნდა, რომ თავადი ციციანოვის ცნობები სამეგრელოს და მისი ეთნოგრაფიის შესახებ ფრიად შეზღუდული იყო. ჩვენ კი დავძენთ, რომ ციციანოვის მსჯელობიდან ჩანს მისი გამჭრიახობა და რუსეთის ინტერესისადმი უსაზღვრო ერთგულება. ყურადსაღებია ციციანოვის შემდეგი მსჯელობა: „არა მხოლოდ მე, არამედ ყველა მთავარმართებელი დაკარგავს მეზობლების მხრიდან ნდობას, რომელიც მე უკვე დავკარგე საქართველოს სამეფო სახლის წევრების საქართველოდან წაყვანით, თუმცა ეს აუცილებელი იყო და ეს არის ერთედერთი მიზეზი ჩემი ორთვიანი ნეგოციაციისა იმერეთის მეფესთან, რომელსაც ეშინია რა ცვლილებებისა, არაფერზე დათანხმება არ სურს.“

4 ივლისის უზენაესი სიგელით სამეგრელო შეყვანილ იქნა რუსეთის ქვეშევრდომობაში და თავად დადიანს დაევალა მისი მართვა, სიმტკიცითა და მართლმსაჯულებით.

სანამ პეტერბურგში გრძელდებოდა სოლომონ ლეონიძის უშედეგო ელჩობა, იმერეთის სიახლოვეს სხვა მოვლენები ხდებოდა: - დაეცა განჯის ციხე, რომელიც რუსულმა ჯარებმა შტურმით აიღეს. ციციანოვმა იმერეთისთვის მოიცალა. განჯის დაცემის შესახებ ცნობამ შეაშფოთა საქართველოს მეზობლები, მათ შორის იმერეთის მეფე სოლომონიც. საქართველოს მეზობელმა მფლობელებმა და ხანებმა დაიწყეს ციციანოვთან თავიანთი ელჩების გაგზავნა სხვადასხვა დავალებებით. დუბროვინის შეფასებით ისინი ახლა მორჩილ კრავებად აჩვენებდნენ თავს. ზუსტად ასევე, სოლომონ მეფემ, როგორც კი გაიგო განჯის დაცემისა და კავკასიის გრენადერთა პოლკის იმერეთის საზღვრებისკენ მოძრაობის შესახებ, რომელიც 1804 წლის 19 იანვრიდან დაიძრა, ასევე ის, რომ თვით მთავარსარდალი ცოტა ხანში სურამში ჩავიდოდა, მოსალოდნელი საფრთხე გააცნობიერა. ციციანოვი სურამში ვერ ჩავიდა, ვინაიდან იქ გადამდები ავადმყოფობის ეპიდემიამ იფეთქა. მიუხედავად ამისა, მის მიერ გამოთქმულმა სურამში ჩასვლის სურვილმაც კი მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა საქმის ვითარებაზე. სოლომონმა დაიწყო იმ პირების დახმარების ძებნა, ვისაც შეეძლო ციციანოვთან მისი დაცვა. ზოგიერთი ქართველი თავადიც კი გამოიყენა ამ საქმეში. მთავარსარდალი არ ეწინააღმდეგებოდა მეფის მცდელობებს. იმავე თავადების ძალისხმევით, მან დაიწყო მიმოწერა სოლომონის სარდალთან, ქაიხოსრო წერეთელთან. იმერეთის მეფე ეძებდა პირებს, რომლებიც შუამდგომლობას გაუწევდნენ, ციციანოვი კი ქაიხოსრო წერეთელს სწერდა, რომ მიღებული ჰქონდა ბრძანება ძალით დაეპყრო იმერეთი: 1804 წლის იანვარში სოლომონ ლეონიძე სანკტ-პეტერბურგიდან ტფილისს გაემგზავრა. ციციანოვმა, ასრულებდა რა მზადებას განჯაზე სალაშქროდ, გადაწყვიტა ამ ექსპედიციის დასრულებამდე გადაედო იმერეთის მეფის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყება, მით უმეტეს, რომ იმერეთის მეფესთან დაწყებული მოლაპარაკებები რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შესახებ მჭიდროდ იყო დაკავშირებული შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთის დამკვიდრების საკითხთან. ახალი ტერიტორიების მოპოვება თავისთავად ძალზე მომგებიანი იყო რუსეთისთვის, მაგრამ იგი მთავრობისგან მოითხოვდა ახალ ძალისხმევასა და ახალ მსხვერპლს. საჭირო იყო ჯარის გაძლიერება. ციციანოვის აზრით, იმერეთსა და სამეგრელოს დაკავებისთვის აუცილებელი იყო სულ ცოტა ორი პოლკი: იგივე ორი პოლკი, სევასტოპოლის მუშკეტერთა და მე-15-ე ეგერთა, რომლებიც დანიშნული იყვნენ საქართველოში. მთავარსარდალმა ისინი მათი ჩასვლისთანავე განჯის ექსპედიციისათვის გამოიყენა, რაც იმით დაასაბუთა, რომ განჯა ყოველთვის საქართველოს ქვეშევრდომობაში იმყოფებოდა, აგრეთვე იმ მიზნით, რომ მეზობელი ხალხებისთვის დაენახვებინა საკუთარი ძლევამოსილება. მას ჰქონდა უზენაესი ნებართვა გასულიყო საქართველოს ფარგლებს გარეთაც, თუ მეზობლების ურჩობა ან ცუდი საქციელი აიძულებდა ამის გაკეთებას. ციციანოვი წერდა, რომ საქართველოს მტრების ვერაგობა ხშირად ბადებს ჯარის ჩაყენების აუცილებლობას იქ, სადაც ამას არ ელი.

მეფე გრძნობდა, რომ იმერეთის დაპყრობა გარდაუვალი იყო. ის ცდილობდა, ეს მოვლენა რაც შეიძლება მშვიდობიანად ჩატარებულიყო. ის ციციანოვს სწერდა, რომ საიმპერატორო კარიდან დაბრუნებულმა მისმა დესპანმა დაარწმუნა მის მიმართ ციციანოვის კეთილგანწყობაში და წერილიც წარუდგინა, რომელშიც საზღვართან შეხვედრა იყო შემოთავაზებული. მეფე გამოთქვამდა შეხვედრის სურვილს, რომლის დროსაც ზეპირსიტყვიერად გამოუცხადებდა მის ბრწყინვალებას თავის აზრებს, გულის საიდუმლოს, მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სამუდამო მონობაშიც ჩადგებოდა და საკუთარ თავს, სამეფოსთან ერთად, ციციანოვის მამობრივ მზრუნველობას მიანდობდა. სრულიად იმერეთის სასულიერო პირებმა, თავადებმა, აზნაურებმა და ხალხმა 1804 წლის 23 თებერვალს ციციანოვს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ითხოვდნენ, რომ იმპერატორი გამხდარიყო მათი მფარველი. აღიარებდნენ რა მას თავიანთ იმედად, სასოებად და მფარველად, შემდეგ არწმუნებდნენ, რომ ლეჩხუმი მემკვიდრეობით ეკუთვნის მეფეს, რომ დადიანი ძალით იყო ლეჩხუმს დაპატრონებული. ხელს აწერდნენ ქუთაისის მიტროპოლიტი ექვთიმე გენათელი და სხვები.95

დუბროვინი ასკვნის, რომ რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები იმერეთის მეფესთან, ისინი რუსეთისთვის სასურველ მიმართულებას ვერ მიიღებდნენ, სანამ უანგაროდ მიმდინარეობდნენ. სარდალ წერეთლის სიმამრმა, თავადმა აბაშიძემ შეცვალა მოლაპარაკების ბედი, რისთვისაც 10.000 მანეთი (ვერცხლით) მოახმარა სოლომონის დაახლოებული პირების მოსყიდვას, რომლებსაც საქმის გადაწყვეტაზე გავლენის მოხდენა შეეძლოთ.

გააგზავნა რა რაზმი სურამისკენ, ციციანოვმა 1804 წლის 7 თებერვალს წერილით აუწყა იმერეთის სარდალს ქაიხოსრო წერეთელს, რომ „იმერეთს ქარიშხალი ელოდება ჩრდილოეთიდან, მაგრამ მისი თავიდან აცილება შეიძლება მხოლოდ მეფე სოლომონის მორჩილებით და მაშინ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, იმერეთის სამეფოზე უწინდელზე უფრო კაშკაშა მზე ამობრწყინდება. მაშინ მეფე სოლომონის მეფობა ერთი საათითაც არ აიმღვრევა მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე, რომელიც ჭაღარით დამშვენდება მის უსაფრთხო ტახტზე“.96 ციციანოვს, პეტერბურგიდან მიღებული მითითებების მიუხედავად, ერჩივნა მშვიდობიანი ხელშეკრულებით მოეგვარებინა საქმე მეფე სოლომონთან. პოტო აღნიშნავს, რომ მისთვის ანდაზას „ცუდი მშვიდობა სჯობს კარგ ჩხუბს“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. იმერეთთან ომი შეიძლებოდა გაჭიანურებულიყო, მაშინ როდესაც სხვა ამოცანაც ჰქონდა შესასრულებელი: ერევნის ხანის ქედმაღლობა უნდა მოეთოკა. იმერეთის მეფე, თავის მხრით, უფრო დამთმობი გახდა მას შემდეგ, რაც კავკასიის გრენადერთა პოლკი იმერეთის საზღვრებისკენ დაიძრა. განჯაზე გამარჯვების მილოცვის საბაბით, მეფემ ციციანოვთან გაგზავნა ქაიხოსრო წერეთელი და სეხნია წულუკიძე დიდი ამალით. მათთვის გამოტანებულ წერილში მეფე მეგობრულად საყვედურობდა ციციანოვს იმისთვის, რომ მან არ აუწყა თავისი გამარჯვების შესახებ, ასევე აცნობებდა, რომ ითხოვს რუსეთის ქვეშევრდომობას, ლეჩხუმის იმერეთისთვის მიერთების პირობით. პირველ პუნქტზე ციციანოვმა თანხმობა განაცხადა ეშუამდგომლა ხელმწიფის წინაშე, ლეჩხუმის თაობაზე კი განაცხადა, რომ ვერ დაუშვებდა რუსეთის ქვეშევრდომობაში მყოფი დადიანის სამფლობელოს ნაწილის გასხვისებას.97

მოლაპარაკება ამაზე შეწყდა. იმერელი დესპანები იმიზეზებდნენ ლეჩხუმის დადიანისთვის დაბრუნებაზე მეფისგან რწმუნების უქონლობას და ითხოვდნენ საბოლოო პასუხის გასაცემად დროის მიცემას. ციციანოვი დათანხმდა 12 დღე დაეცადა და საქმის დასაჩქარებლად ქუთაისში დესპანებთან ერთად გაგზავნა თავისი რწმუნებული, გვარდიის პორუჩიკი და კამერგერი, გრაფი მ.ს. ვორონცოვი.

ვორონცოვის მისია უშედეგო აღმოჩნდა. სოლომონმა ვორონცოვი მხოლოდ იმისთვის მიიღი, რომ ქვეშევრდომობის პირობებზე ხელისმოწერაზე უარი ეთქვა. იმერეთის დესპანი ლეონიძე, რომელიც პეტერბურგიდან 1804 წლის 17 მარტს ჩამოვიდა. ციციანოვმა 30 მარტს ტფილისიდან თავისთან, გორაში გამოიძახა და მეფე სოლომონთან ნოტა გაატანა. მთავარსარდალი იმერეთის დესპანს უცხადებდა, რომ ვინაიდან მეფე არ იყო თანახმა იმ პუნქტებზე მოეწერა ხელი, რომლებიც რუსეთის ქვეშევრდომობაში მისი შესვლის საფუძველი უნდა გამხდარიყო, ციციანოვი იმპერატორის ნებასურვილის აღსრულებისათვის ვალდებული იყო უძლეველი იარაღის ძალით შემოეყვანა იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომობაში, მაგრამ მისი საიმპერატორო უდიდებულესობის უმაგალითო სიკეთის მიბაძვით, სურს, რომ მეფე სოლომონს კვლავ აღუდგინოს სრულიად რუსეთის მონარქის კეთილგანწყობა. მან ლეონიძეს წასაკითხად გადასცა ზემოხსენებული მუხლები და განუცხადა, რომ იმპერატორის რისხვის წყალობაზე შეცვლის სხვა გზა არ არსებობს, თუ არა უსიტყვო დათანხმება ციციანოვის წინადადებაზე, რაც გახდებოდა საფუძველი იმერეთის მეფის და მისი სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლისა. თავად ლეონიძეს 8 დღის ვადა მიეცა ქუთაისში წასვლისა და იქიდან საბოლოო პასუხის ჩამოსატანად. თანხმობის შემთხვევაში, სოლომონს უნდა გამოეგზავნა ერთ-ერთი ყველაზე უწარჩინებულესი თავადთაგანი, ჯარის შესახვედრად და 200 კამეჩის ჩასაყვანად ჯარის დასახმარებლად. დაპირებულ იქნა 1 მანეთისა და 50 კაპიკის გადახდა თითო კამეჩში. ნოტაში ნათქვამი იყო: თავად ციციანოვს არ შეუძლია გაჩუმება იმის თაობაზე, რომ მეფის საბჭოში მყოფი და დიდი გავლენის მქონე იმერეთის თავადები, ამ წინადადების წინააღმდეგ მიმართული რჩევებით, სამუდამოდ განიდევნებიან სამშობლოდან, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ.98

1804 წლის 31 მარტს ციციანოვმა, სოლომონ მეფესთან წერილი გაატანა სოლომონ ლეონიძეს. ციციანოვი, მისი თქმით, მეფისვე საკეთილდღეოდ განუმარტავდა, თუ როგორი სავალალო ხვედრი ელოდათ ადამიანებს სრულიად რუსეთის ძლიერი და დიდი ხელმწიფის სამართლიანი რისხვისგან. ქაღალდზე ყოველივეს გადმოცემა არ ხერხდებაო - წერდა ციციანოვი და მეფეს სთავაზობდა მის რჩეულ თავადებთან ერთად საზღვართან შეხვედრას. მეფეს წინასწარ უნდა ეცნობებინა თავისი თანმხლები პირების რიცხვი, რომ ციციანოვსაც იმავე ოდენობის ამალა წამოეყვანა.99

საქმის დასაჩქარებლად, ციციანოვმა მიმართა ისეთ ზომებს, როგორსაც, პოტოს თქმით, იშვიათად მიმართავდა „როგორც შეუთავსებელს ძლიერი სახელმწიფოს წარმომადგენლის ღირსებასთან“.100 იმერეთში შეჭრის წინ, მან გაგზავნა „ოქროსა და ვერცხლის ავანგარდი გადმობირებისათვის“, თვლიდა რა, რომ ამ ხერხით შეძლებდა სამეფოს მშვიდობიანად დაკავებას101. ამ ავანგარდის განკარგვა დაევალა სარდალ ქაიხოსრო წერეთლის სიმამრს, თავად გიორგი აბაშიძეს, „რომელმაც ბევრი იშრომა იმერეთის მშვიდობიანად მიერთებისთვის“. ციციანოვის მოწმობით, ეს 60 წლის მოხუცი, მიუხედავად გზის სიძნელისა და საშინელი ამინდისა, ორი თვის განმავლობაში თითქმის არ ჩამოსულა ცხენიდან, მგზავრობდა რა სოლომონის რეზიდენციასა და გორს შორის, სადაც მთავარსარდალი იმყოფებოდა.

თავად ლეონიძის სანკტ-პეტერბურგში წარუმატებელმა მგზავრობამ, ციციანოვის მკაცრმა მოთხოვნებმა და მოსყიდულ პირთა რჩევაბმა მეფე სოლომონი აიძულა მთავარსარდალთან შეხვედრაზე დათანხმებულიყო. ამის შესახებ აბაშიძემ და ლეონიძემ ციციანოვს 1804 წლის 6 აპრილს აცნობეს. მათ ციციანოვს მისწერეს, რომ მეფემ დადებითად მიიღო მისი ბრძანება და ისწრაფვის მასთან შესახვედრად დანიშნულ ადგილზე.102 თავად მეფეც სწერდა ციციანოვს, რომ საიმპერატორო კარიდან დაბრუნებულმა დესპანმა დაარწმუნა მთავარსარდლის მისდამი კეთილგანწყობაში. იმედს გამოთქვამდე, რომ დანიშნულ შეხვედრაზე პირადად შეძლებდა თავისი გულის ნადების გამჟღავნებას, შევიდოდა იმპერატორის მფარველობაში და საკუთარ თავსა და სამეფოს ციციანოვის მამობრივ ზრუნვას მიანდობდა.103

ციციანოვის წერილიდან ვიგებთ, რომ 15 აპრილს მეფე უკვე ჩხერის ციხეში ჩასულა. ციციანოვი სოფელ ვახანში იმყოფებოდა და მეორე დღეს ელოდა მეფესთან შეხვედრას. ამავე დროს იმედს გამოთქვამდა, რომ ეს შეხვედრა ფუჭად არ ჩაივლიდა და სასარგებლო აღმოჩნდებოდა მეფისთვის და იმერეთის სამეფოსთვის. 19 აპრილს შეხვედრა შედგა ელაზნაურში, მაგრამ უშედეგოდ ჩაიარა, ვინაიდან მეფე არ თანხმდებოდა ლეჩხუმის პროვინციის დადიანისთვის დაბრუნებაზე.104 ციციანოვმა შეწყვიტა თათბირი, მეფეს გამოუცხადა, რომ სამწუხაროდ, იძულებული იყო უკვე სხვაგვარად შეხვედროდა სოლომონს, ანუ ბრძოლის ველზე მახვილით ხელში. მეორე დღეს, 1804 წლის 20 აპრილს, ეგერების როტამ იარაღით, პოდპოლკოვნიკ ერისთავის მეთაურობით დაიკავა იმერეთის უახლოესი სოფელი „სერაბნო“, რომელიც ვახანიდან 3 ვერსის მანძილზე მდებარეობდა. შეკრიბეს გლეხები მათ მემამულეებთან ერთად და რუსეთის ერთგულებაზე დააფიცეს, ანუ ეს ძალადობრივი აქტი ფიცით იქნა „დაკანონებული“. იმავე დროს, გენერალ-მაიორმა ტუჩკოვმა, რომელიც 19 აპრილსვე დაიძრა იმერეთისკენ კავკასიის გრენადერთა პოლკის თანხლებით, მიიღო ბრძანება ამ პოლკის ორი ბატალიონით დაბანაკებულიყო იმერეთის საზღვარზე, ქართლის ბოლო სოფელ ალში. იქიდან მას იმერეთის სოფლებში - „კოლბეურსა“ და ბრეთაში ძლიერი რაზმი უნდა გაეგზავნა, რომელიც მოსახლეობას რუსეთის ქვეშევრდომობაზე დააფიცებდა.105 ტუჩკოვის მიერ გაგზავნილმა პოლკოვნიკმა კოზლოვსკიმ წარმატებით შეასრულა დავალება. ამ იმერული სოფლების დაკავებამ და თავადი აბაშიძის ახალმა ძალისხმევამ, რომელმაც თავის სიძესთან დამშვიდობების საბაბით, მოახერხა მეფე სოლომონის ნახვა და მისი დარწმუნება, მეფე აიძულა მოლაპარაკებების გაგრძელებაზე დათანხმებულიყო. იგივე სამი დეპუტატი გაგზავნილ იქნა ციციანოვთან წერილით იმერეთის მეფისგან. ის წერდა, რომ სამშაბათს მათი მოლაპარაკება ლეჩხუმის თაობაზე დასრულებული არ იყო. „როგორც მაშინ გაცნობეთ, ახლაც იმავეს ვიმეორებ: ლეჩხუმის შესახებ მუხლისა და ამ ახალი მუხლების გარდა, ყველა სხვა მუხლს ვეთანხმები და მზად ვარ ხელი მოვაწერო“. მეფე დაბრკოლებების გადალახვის გზას სთავაზობდა. სახელდობრ, მის მიერ ფიცის დადებისა და მუხლების ხელის მოწერის შემდეგ, ციციანოვს მისთვის უნდა მიეცა წერილი თავისი ხელმოწერით, რომელშიც ხელმწიფე იმპერატორის სახელით პირობას დადებდა, რომ მუხლი ლეჩხუმის თაობაზე არ ყოფილიყო სისრულეში მიყვანილი, სანამ მეფის მიერ ლეჩხუმზე წარდგენილ უფლებებს „იმპერატორის რეზოლუცია არ მოჰყვება“. სოლომონ მეფე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ შესაძლოა ციციანოვს ლეჩხუმის საკითხზე არასწორი ცნობები მიაწოდეს, მაგრამ მეფე, მისი სამეფოს საერო პირები და სამღვდლოება მზად იყვნენ დაეფიცათ, რომ როგორც იმერეთი, ისევე ლეჩხუმი მეფეს მემკვიდრეობით ერგო. ბაგრატიონ მეფეთაგან არავის არასოდეს მიუცია დადიანისათვის ლეჩხუმი, რომელიც არც ახლა ეკუთვნოდა სამეგრელოსა და დადიანს. სოლომონი ციციანოვს სთხოვდა, როგორც კი იგი თვითონ დარწმუნდებოდა მეფის სიმართლეში, ამის შემდეგ იმპერატორისთვის მოეხსენებინა, ნიშნად თავისი მამობრივი გულმოწყალებისა. სხვა საკითხებთან მიმართებაში სოლომონი აცხადებდა, რომ მზად იყო ციციანოვის მითითებების თანახმად ემოქმედა. ეძებდა რა რუსეთის ქვეშევრდომობას, ანუ მზად იყო რუსეთის ერთგულებაზე და პუნქტებზე ხელისმოწერაზე, ითხოვდა წყალობას, რომ მისთვის იმპერატორს მიეცა იმედი თავის სამეფოში უსაფრთხოდ ცხოვრებისა, სანამ სოლომონი ცოცხალი იქნებოდა.106 აქედან ჩანს, რომ მეფე არ ენდობოდა რუსეთს და წინასწარ იცოდა, რომ თავის სამეფოში არ გააჩერებდნენ.

იმერეთის მეფემ წარადგინა თავისი სათხოვარი პუნქტები:

1. სანამ ციციანოვი საქართველოში იმყოფებოდა, იმერეთის ყველა საქმე მისთვის მოეხსენებინათ და მისი ბრძანებისამებრ ემოქმედათ. როდესაც ციციანოვი საქართველოს დატოვებდა, მაშინ მასთან ელჩი გაეგზავნათ ხოლმე და ყველაფერი მისთვის მოეხსენებინათ, რათა მას მოეგვარებინა იმპერატორთან. ხოლო როდესაც სხვა ვინმე იქნებოდა საქართველოში უფროსად, მას არ ჰქონოდა მეფისთვის ბრძანების უფლება.

2. „როგორც თვითმპყრობილი ვარ ჩემს მიწაზე, დაე ასევე ვიყო მომავალშიც და შემეძლოს ერთგულების დაჯილდოვება და მოღალატეების დასჯა: და როგორც კი ჩვენ შევალთ რუსეთის ქვეშევრდომობაში, ჯარები, რომლებიც ჩვენს მიწაზე უნდა იყვნენ განლაგებული, ჩვენი ბრძანებით ჩვენს მოწინაღმდეგეებსა და ურჩებს ისე, შეებრძოლონ როგორც რუსეთის მოწინაღმდეგეებს. ამის შესახებ დაე მათ ნაბრძანები ჰქონდეთ თქვენგან“.

3. თუ მისი უდიდებულესობა მოისურვებს ბატონიშვილი კონსტანტინე დავითის ძე მომცეს შვილად და ძმად, შეძლებისდაგვარად ვარჩენ მას როგორც შვილსა და ძმას; თუ ინებებს მის წაყვანას, მაშინ ნუ მომთხოვენ მის მამულს.

4. გურია ჩვენ გვეკუთვნის - მის შესახებ არაფერი გვებრძანოს.

5. რაც შეეხება გზის გაყვანას, ჩვენ არ გვაქვს მუშახელისთვის გადახდის საშუალება. საფასურის გადახდის გარეშე კი ვერ გაკეთდება.107

სოლომონის მიერ 1804 წლის 22 აპრილს შეთავაზებულ პუნქტებზე ციციანოვმა გასცა შემდეგი პასუხი:

1. როგორც სოლომონ ლეონიძეს განუცხადეს, რომ მეფეს უფლება ექნება მიწეროს იმპერატორს საჩივრები საქართველოს მთავარმართებელ გენერალზე, ციციანოვი ახლაც იმავეს იმეორებდა და დასძენდა, რომ იმპერატორის სახელზე ხელმოწერილი წერილი მის საკუთარ ხელში მოხვდებოდა და არავინ გაბედავდა მის გახსნასა და არ მიტანას. ხოლო თუ ასეთი რამ მაინც მოხდებოდა, მეფეს საშუალება ექნებოდა პირდაპირ მიეწვდინა წერილი.

2. მეორე საკითხზე ციციანოვს არაფერი ჰქონდა სათქმელი, ვინაიდან იმ მუხლში ნათლად იყო განმარტებული, რომ მეფის უფლებები და უპირატესობები ძალაში რჩება, ჯარი შემოდის გარეშე მტრებისგან დასაცავად და იმერეთის სამეფოში სიწყნარისა და სიმშვიდის აღსადგენად. შესაბამისად ყველა ვინც კი შეეცდება სიმშვიდის დარღვევას მეფის მიერ დასჯას დაექვემდებარება, რაც განმარტებულია მუხლებში.

3. მე-14 მუხლში ნახსენები კონსტანტინე ბატონიშვილთან დაკავშირებით, ციციანოვი ამტკიცებდა, რომ მან ყველაფერი ნათლად აუხსნა მეფის რწმუნებულს და იმედოვნებდა, რომ ის მოახსენებდა მეფეს ამ საკითხის შესახებ.

4. გურიის შესახებ მუხლი დაემატება მისი უმაღლესობისათვის შეთავაზებულ მუხლებს.

5. ქართლ-კახეთიდან ქუთაისში და ოდიშში მიმავალი გზის თაობაზე მეფეს არც კი უნდა ეფიქრა, რომ იგი საფასურის გარეშე გაკეთდებოდა, მაგრამ ციციანოვი იმედს გამოთქვამდა, რომ საფასური ზომიერი იქნებოდა და ბეჯითი მუშა-ხელის სიმცირე არ იქნებოდა.108 ციციანოვი ასევე იმედს გამოთქვამდა, რომ მეფე დაიჯერებდა მის სიტყვებსა და კეთილმოსურნეობას მეფისა და მისი სამეფოს მიმართ.

მეფე სოლომონი ციციანოვის პასუხებს წერილობით გამოეხმაურა. როგორც ჩანს, ის მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილდა ციციანოვის განმარტებებით და ახლა თხოვდა ხელმოსაწერი პუნქტების გამოგზავნას, რომლებსაც წაიკითხავდა და თუ ლეჩხუმის შესახებ მუხლებში ასევე ექნებოდა განმარტებული, როგორც ციციანოვის წერილში, მაშინ მეფე ხელს მოაწერდა და ფიცსაც დადებდა.109 მიმოწერა გაგრძელდა. ციციანოვმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ მეფე კვლავ ითხოვდა მუხლებში შესატან ცვლილებებს ლეჩხუმთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ციციანოვის თქმით, მისი წერილი ნათლად პასუხობდა მეფის სურვილს. მიუხედავად ამისა, ასკვნიდა ციციანოვი, მწუხარებით ვხვდები, რომ თქვენს უმაღლესობას არაფერზე არ სურს დათანხმება: ვინაიდან სოლომონის მიერ გაგზავნილმა დეპუტატებმა ჩაუტანეს ციციანოვს მეფის მოთხოვნა მისგან წერილის მიღების შესახებ და როდესაც ის თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ამაზე დათანხმდა, ახლა მეფემ ახალი მოთხოვნები წამოაყენა მუხლების შეცვლის შესახებ. ახალ მოთხოვნებს ბოლო არ უჩანდა. ყველაფრის მიუხედავად, ციციანოვი კვლავ გზავნიდა მეფესთან პუნქტებს და მისგან საბოლოო პასუხს ითხოვდა.110

1804 წლის 25 აპრილს ციციანოვის მიერ მეფე სოლომონთან გაგზავნილი წერილიდან კარგად ჩანს, რომ მეფე ბოლომდე უარზე იყო, საქმეს აჭიანურებდა, თითქოს რაღაცის იმედი ჰქონდა. ციციანოვი წერს, რომ მის მიერ მეფისთვის ხელმოსაწერად წარდგენილ მუხლებს იმერეთის სამეფოს იმპერატორის ქვეშევრდომობაში შესვლის თაობაზე მეფე არ დაეთანხმა. ციციანოვი კი იმედოვნებდა, რომ თავისი წერილით, (რომელიც მეფეს არავისთვის არ უნდა გაეცნო), შეძლებდა იმის დარწმუნებას შემდეგში:

1. თუ კონსტანტინე ბატონიშვილი არ იქნება მეფესთან დატოვებული მის მემკვიდრედ, მაშინ მისი მამული მეფის საკუთრებაში გადავიდოდა.

2. ლეჩხუმში, რომელი ციხეებიც მეფე სოლომონს ჰქონდა დაკავებული მიმდებარე სოფლებთან ერთად, მას უნდა დარჩენოდა, ვიდრე ის ლეჩხუმზე თავისი უფლებების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარუდგენდა და საბოლოოდ დაცული იქნებოდა სამართლიანობა.

3. მეფეს უფლება ეძლეოდა იმპერატორისათვის მიეწერა საჩივრები საქართველოს მთავარმართებელ გენერალზე და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ამ წერილების გახსნას და არ მიტანას იმპერატორამდე არავინ გაბედავდა, ხოლო თუ ასეთი რამ მოხდებოდა, მეფეს შეეძლებოდა წერილების პირდაპირი მიწოდება და სამართლიანობის აღდგენა.

ციციანოვი მეფეს აფიცებდა რა ყოვლისშემძლე ღმერთსა და „მისი საიმპერატორო უდიდებულესობის წმინდა სახელს“, სთხოვდა, რომ ამ მუხლებიდან მეორე მკაცრად ყოფილიყო გასაიდუმლოებული.111

1804 წლის 25 აპრილს შედგა შეხვედრა, რომელზეც მეფემ დადო ფიცი და ხელი მოაწერა ტრაქტატს, რომელიც შედგენილი იყო თხოვნითი პუნქტების სახით და ვითომდა იმერეთის მეფისგან მომდინარეობდა.

ამ ტრაქტატის თანახმად, მეფე სოლომონი ამტკიცებდა შემდეგს:

1. ის მთელი თავისი კანონიერი მემკვიდრეებით და სამეფოთი შევიდა რუსეთის სახელმწიფოს სამუდამოდ ერთგულ მონობასა და ქვეშევრდომობაში.

2. მას და მის შთამომავლებს, ხოლო თუ შთამომავლები არ ეყოლებოდა, მაშინ ბატონიშვილ კონსტანტინე დავითის ძესა და მის შთამომავლებს, უფროსობის მიხედვით, იმერეთის მეფის ყველა უფლებით უნდა ესარგებლათ, სრულიად რუსეთის ხელმწიფე იმპერატორის უზენაესობის აღიარებით, რაზედაც ითხოვდა უზენაეს სიგელს.

3. სასამართლო უწინდებურად მის ხელში უნდა დარჩენილიყო.

4. რუსული ჯარები დაიკევებენ იმერეთს, მასში წესრიგისა და სიმშვიდის დასამყარებლად, როგორც შიდა, ისე გარეშე მტრებისაგან დასაცავად.

5. საბადოების აღმოჩენის შემთხვევაში, მათგან მიღებული შემოსავლების ნაწილი დაინიშნება იმერეთის მეფის სასარგებლოდ.

6. ახალი ქალაქის აშენებისას, მისგან შემოსავლის ნაწილი იმერეთის მეფის სასარგებლოდ შევა, როგორც „სრულიად რუსეთის იმპერიაში შედის შემოსავლები ქალაქებიდან“.

7. იმერეთის მეფეს ევალება ყველაფერში დაემორჩილოს რუსეთის ხელისუფლებას, როგორც ერთგულქვეშევრდომი მონა.

8. რუსული ჯარისათვის ააშენებს სახლს გათბობით.

9. მუშებს გამოიყვანს მადნეულის დასამუშავებლად, თუ ის აღმოჩენილი იქნება, სამთო ხელმძღვანელობის მიერ დადგენილი ფასით.

10. გემთმშენებლობისთვის ხე-ტყეს უსასყიდლოდ გასცემს.

11. მეფეს სამეგრელოს მთავარ დადიანის სამფლობელოზე არავითარი პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს, მეგრელი ტყვეები დააბრუნოს, და დაკავებული ციხეები დაცალოს.

12. გზებს მოუვლის და პასუხისმგებლობას აიღებს იმ მგზავრთა უსაფრთხოებაზე, რომლებიც მიემართებიან საქართველოს საზღვრებიდან ვახანის გავლით ქუთაისისკენ და იქიდან ოდიშსა და ფოთში.

13. ბატონიშვილ კონსტანტინე დავითის ძეს მისი საბატონიშვილო მამულიდან მისცემს შემოსავალს.

14. ბატონიშვილი კონსტანტინე მის (მეფის) სიკვდილამდე დარჩება საქართველოში ან რუსეთში, მისი წოდებისათვის საკადრისი აღზრდის მისაღებად და იმერეთის მეფის ხელისუფლების შერყევის თავიდან ასაცილებლად.

15. იმერეთის გავლით საქართველოში საზღვაო ნავსადგურებიდან გადაზიდული საქონელიდან, არ აიღებს გადასახადს, სამაგიეროდ მიიღებს გარკვეული თანხას საბაჟო შემოსავლებიდან.

16. იკრძალება მცხოვრებთა გადასვლა იმერეთიდან საქართველოს ქვეშევრდომობაში და პირიქით.112

ფიცის დადების შემდეგ იმერეთის მეფემ მიიღო ალექსანდრე ნეველის ორდენი და ციციანოვის წერილი, რომელშიც ხაზგასმული იყო შემდეგი მოთხოვნები:

1. თუ ბატონიშვილი კონსტანტინე დავითის ძე არ გახდებოდა იმერეთის სამეფოს მემკვიდრე, მაშინ მისი კუთვნილი მამულები მეფეს უნდა დარჩენოდა.

2. რომელი ციხეებიც მეფეს დაკავებული ჰქონდა ლეჩხუმში, მიმდებარე სოფლებითურთ, მასვე უნდა დარჩენოდა, ვიდრე ის ლეჩხუმზე თავის უფლებების დამადასტურებელ დოკუმენტებს იმპერატორს არ წარუდგენდა.

3. იმერეთის მეფეს უფლება ეძლეოდა მიეწერა იმპერატორისთვის საქართველოს მთავარმართებლის შესახებ და დარწმუნებული ყოფილიყო, რომ არავინ გაბედავდა წერილის გახსნას და იმპერატორისათვის არ გადაცემას. ხოლო თუ ასეთი რამ მოულოდნელად მაინც მოხდებოდა, მეფეს საშუალება მიეცემოდა პირდაპირ გადაეცა წერილი. ამასთან, ციციანოვი მეფეს აფიცებდა, რომ მეორე პუნქტი საიდუმლოდ ყოფილიყო დაცული.

დუბროვინის შეფასებით, ეს წერილი დაიწერა იმ მიზნით, რომ სოლომონის სურვილები დაკმაყოფილებული ყოფილიყო, ამავე დროს იმისთვის, რომ შეურაცხყოფილი არ დარჩენილიყვნენ არც იმერეთის დედოფალი ანა, რომელსაც საქართველოდან გამგზავრება მოუწევდა და არც მთავარი დადიანი ლეჩხუმის პროვინციასთან მიმართებაში.113 ამ წერილმა ცოტა დაამშვიდა სოლომონი. მან ყველას დაატოვებინა კარავი და აზიური ჩვეულებისამებრ ემუდარებოდა ციციანოვს, ჯვარზე დაეფიცა, რომ ყველაფერი, რაც დაწერილი იყო შესრულდებოდა და სოლომონი სიკვდილამდე მეფედ დარჩებოდა. მთავარსარდალი არწმუნებდა მას, რომ პირობები ზუსტად შესრულდებოდა, თუ იმერეთის მეფე დაიცავდა რუსეთის ერთგულებას. დამშვიდობებისას სოლომონმა ციციანოვს უთხრა: ქუთაისიდან წერილი გამოგიგზავნეთ თავად აბაშიძისა და ჩვენი დესპანის ხელით, რომელშიც გაუწყებდით, რომ თქვენთან შეხვედრისას გაგიმხელდით ჩემს აზრებს ვითარცა მამას და შემოვიდოდი მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ქვეშევრდომობაში: ჩვენი პირველი შეხვედრა ცუდად დამთავრდა, რის გამოც ვერ გაგენდეთ. ახლა, როცა საქმე დასრულდა და მე ხელი უნდა მოვაწერო მუხლებს, გიცხადებთ როგორც შვილი კეთილ მამას ამ ოთხ პუნქტს და თქვენს ნებას ვანდობ ჩემს გაბედნიერებასო. ამ ოთხი პუნქტის აზრი შემდეგში მდგომარეოდა:

1. მეფის მიერ ხელმოწერილი პუნქტები ციციანოვს უნდა წაეღო. მეფე აპირებდა ლეჩხუმის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების მოკლე დროში მისთვის წარდგენას თავისი ერთგული კაცის ხელით და ციციანოვს სთხოვდა მის მიერ ხელმოწერილი პუნქტებისა და ლეჩხუმზე მისი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტების იმპერატორთან გაგზავნას მეფის ერთგულ კაცთან ერთად.

2. მეფე იმპერატორისაგან ითხოვდა სამეფო ნიშნებს.

3. მეფე თავის სიკვდილამდე ითხოვდა ხელფასს, რამდენიც შესაძლებელი იქნებოდა და რომ მსგავსად სამეფო სახლისა ჰყოლოდა ჯარი რუსული წესით, რომელსაც თავად გადაუხდიდა ხელფასს, რისი გაკეთებაც ამჟამად მას არ შეეძლო ხელმწიფის დახმარების გარეშე.

4. მეფე ითხოვდა უფლებას, თუ დრო მოითხოვდა ან საჭიროება იქნებოდა, მას უნდა შეძლებოდა თავის ხელმოწერილ მუხლებში რაიმეს დამატება ან მოკლება.114

მეფის ამ მოთხოვნებზე ციციანოვმა შემდეგი პასუხი გასცა:

1. მისი თქმით, ის გულწრფელად მოახსენებდა მეფეს, რომ არც ერთ ქვეშევრდომს არ შეშვენის თავის ხელმწიფესთან ელჩების გაგზავნა, რის გამოც, ურჩევდა, დოკუმენტები ჩემთან გამოგზავნეო. თავად პირობას სდებდა, რომ შუამდგომლობას გაუწევდა მეფეს იმპერატორთან იმერეთიდან 4 ან 5 პირველხარისხოვანი თავადის გაგზავნის თაობაზე, ქვეშევრდომობაში მიღების გამო, მადლობის სათქმელად. მეფეს პირდებოდა, რომ პასუხის მიღებისთანავე მოახსენებდა მას.

2. სამეფო ნიშნების თაობაზე ციციანოვი იმპერატორის რეზოლუციას აცნობებდა სოლომონ მეფეს, მაგრამ განუმარტავდა, რომ ყოფილი ქართველი მეფეების რეგალიები გეორგიევსკში, საკუჭნაოში ინახებოდა.

3. მეფეს არ შეშვენის ჯამაგირის მოთხოვნა, ვინაიდან ყველა შემოსავალი უკვე წარედგინა მას შესაბამის მუხლებში, ხოლო ჯარის შესახებ ციციანოვს უფრო შეუძლებლად მიაჩნდა იმპერატორისთვის მოხსენება. როდესაც ჯარის ნაწილი ინიშნება იმერეთში სამუდამოდ დასარჩენად, იმპერიის ჯარისთვის იმერეთის მეფისგან ჯამაგირის მიცემა შეუთავსებელია.

4. პუნქტებში რაიმე ცვლილების შეტანაზე ფიქრიც კი შეუძლებელია, ვინაიდან მათი სიწმინდე დაცული უნდა იყოს.115

ციციანოვს საკმაოდ სასარგებლოდ მიაჩნდა რუსეთისათვის, იმერეთიდან დეპუტატების სანკტ-პეტერბურგში გაგზავნა, ვინაიდან ამ თავადებს დიდი გავლენა ჰქონდათ იმერეთის მეფის საქმიანობაზე. ამავე დროს, ისინი ფეოდალურ დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. თუ რუსეთი მათ მიმართ თბილ დამოკიდებულებას გამოავლენდა, ისინი რუსეთის მომხრეები და მისი ინტერესების დამცველები გახდებოდნენ. დუბროვინს ამის მაგალითად მოჰყავს თავადი ზურაბ წერეთელი, რომელიც 1787 წელს იმერეთის დესპანი იყო რუსეთის კარზე. იმ წლიდან დაწყებული ვიდრე იმერეთის რუსეთთან შეერთებამდე, წერეთელი კეთილგანწყობილი იყო რუსეთის მიმართ და ყოველთვის მისი ინტერესების სასარგებლოდ იხრებოდა.116

იმერეთის დეპუტატების გაგზავნა, ისევე როგორც სამეგრელოს დეპუტატებისა, ერთმანეთის მიმართ შურიანობის თავიდან ასაცილებლად, შემოდგომისთვის იგეგმებოდა. იმპერატორი დათანხმდა დეპუტატების მიღებაზე. ხუთი დეპუტატი იმერეთიდან უნდა ყოფილიყო და ორი სამეგრელოდან, უწარჩინებულესები და რუსეთის მიმართ ერთგულებით გამორჩეულნი. 1804 წლის 30 სექტემბერს ციციანოვი სილომონს წერდა, რომ ვინაიდან ასეთ მნიშვნელოვან საქმეში საჭირო იყო გამოცდილი და წარჩინებული ოჯახების წარმომადგენლების გამოყენება, ის გასაგზავნად სთავაზობდა შემდეგ თავადებს: სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელს, ქაიხოსრო წერეთელს და სეხნია წულუკიძეს, რომლებიც ვახანაში ესწრებოდნენ მოლაპარაკებას. ასევე რეკომენდაციას უწევდა ქუთათელ არქიეპისკოპოსსა და თავად სოლომონ ლეონიძეს, რომელიც ნამყოფი იყო საიმპერატორო კარზე, როგორც იმერეთის მეფის რწმუნებულნი. ციციანოვი ფარისევლურად დასძენდა, რომ მეფის არჩევანში კი არ ერეოდა, არამედ, მისივე თხოვნისამებრ და მისსივე საკეთილდღეოდ რჩევას აძლევდა მას.

ამგვარად, იმპერატორის სურვილი, რომელიც მან ციციანოვს წარუდგინა 1804 წლის 5 თებერვალს სახელობით ბრძანებულებაში იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიისთვის მიერთებისა და სამეგრელოს ზღვისპირა სამფლობელოებზე თავრიზთან დამაკავშირებელი გზის გახსნის თაობაზე - ციციანოვის მიერ შესრულდა. 1804 წლის 4 ივლისის უზენაესი სიგელით იმერეთი მიღებულ იქნა რუსეთის ქვეშევრდომობაში. ვაქვეყნებთ თხოვნითი პუნქტების ქართულ ვერსიას:

მუხლნი სათხოვარნი ყოვლად უმონესად
წარსადგინებელი ყოვლად უმაღლესისად თვის
დამტკიცებისა

1. მე, სოლომონ, გვარისაგან ბაგრატიონთა, მეფე ყოვლისა იმერეთისა, სჯულიერი იმერეთის სამეფოისა მფლობელი, დღიდგან ამა დადგინებისა ქვემოწერისა და შემდგომად ფიცისა აღთქმისა აღსრულებისა წესისამებრ მივსცემ თავსა ჩემსა ყოვლისა ჩემისა სჯულიერისა შთამომავლობისა თანა და ყოვლითა ჩემითა სამეფოითა საუკუნოსა და ერთგულსა მონებასა და ქვეშევრდომობასა შინა უმაღლესსა ყოვლისა რუსეთისა ხელმწიფობასა, აწ ბედნიერად მეფედ მყოფსა, ყოვლად უგანათლებულესსა, დიდსა უმპყრობელესსა ხელმწიფესა იმპერატორსა ალექსანდრეს პავლეს ძესა, თვითმპყრობელსა ყოვლისა რუსეთისასა და მაღალთა მისთა მენაცუალეთა.

2. სახიერებითა მისისა იმპერატორებითის დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩუენისა ხელმწიფისა და მბრძანე[ბ]ლისათა ნებად მოცე[მუ]ლ მექმნას მე და შვილთა ჩემთა.

ხოლო, უკეთუ ღმერთმან არა სათნო იჩ[ი]ნოს კურთხევა, სახლისა ჩემისა მამობრისა სქესისა შთამომავლობითა, მაშინ, შემდგომად ჩემსა, მეფის ძეს კონსტანტინეს დავითის ძეს და მისთა შთამომავლობასა მიერ სარგებლობა სამართალთა და უპირატესობათა იმერეთის მეფისათა ყოველთა შეკრულებათათურთ ერდგულ ქვეშევრდომოისა მონისათა ყოვლისა რუსეთის ხელმწიფისა იმპერატორისა, ვითარცა უზენაესისა ჩემისა და მენაცვლეთა ჩემთა დიდისა ხელმწიფისა და მბრძანებელისა.

ესევითარსა უკვე ღირსებისათვის გაბედნიერებულ ვიქმნე მე უმაღლესისა მისისა იმპერატორებითისა დიდებულებისა ღრამოტითა და ესევითარვე მენაცვალენიცა ჩემნი ყოვლისა ახლად სამეფოისა ტახტსა შესულისა ჟამსა დამტკიცებულ იქმნებოდენ ამისა მსგავსთა უმაღლესთავე ღრამოტათა მიერ.

3. მოწყალებითა მისისა იმპერატორებითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემის ხელმწიფისა და მბრძანებელისათა მოცემულ იქმნა ნებად ჩემდა და ჩემთა მენაცვალეთა მსჯავრი და სამართლობა სამეფოსა შინა ჩემსა და ყოვლისა რუსეთისა მონაობასა შინა მყოფსა.

ხოლო ვინაიდგან საქართველოის უპირატესს მმართებელისა ღენერალისა ინფანტერიიდგან და კავალეროსანისა თავადისა ციციანოვისა მიერ გამოცხადებულ მექმნა მე, რომელ ყოვლისა რუსეთისა მონაობასა შინა არამოსათმენელ არს სიკუდილითა დასჯა, ანუ ასოთა რაითამე მოკლება, ამისთვის მოცემულ მექმნა მე ბრძანებისამებრ მისისა იმპერატ[ო]რითისი და დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა მბრძანებელისა სჯულნი, რომელთაცა მიერ გამოცემულ მექმნებოდის დასჯანი კაცის მკულელობისათვინ, ტყვეთ-მსიყდელობისათვის, ქურდობისა და ავაზაკობისათვის.

ვიდრემდის უკვე გამოცემულ იქმნებოდენ ესე უმაღლესნი სჯულნი, ნებადართულ მექმნას გავაგრძო დასჯა მებრ უწინარესისა, რათა აღვირსხმულ იქმნან ბოროტმოქმედებანი, რომელთაცა ძალუცსთ განმრავლება ერთა უჩვევარობისა გამო წყნარისადმი განმგებელობისა.

4. ძალითა მაღალ-დიდებულისა საჭურველისა მისისა იმპერატორობითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისათა შეზღუდვილ იქმნას იმერეთი, ვითარცა ყოვლისა რუსეთისა მონაობასა შინა მყოფი, და დანიშნულ იქმნას, რათა მას შინა რომელიმე ნაწილი ყოვლისა რუსეთისა მხედრობისა საუკუნოდ იმყოფებოდეს დასაცველათ გარეშეთა მტერთა და [მ]ბრძოლთაგან და ეგრეთვე თვით იმერეთისა სამეფოსაცა შორის განსვენებისა და მყუდროებისა დასამყარებლად.

5. უხვებათაგან მისისა იმპერატორობითისა [უ]დიდებულესისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისათა არა დაგდებულ ვიქმნა მე რომელიმესა ნაწილითა შემოსავლისათა, ოდესცა პოვნილ-დამუშავებულ იქმნან სა[მე]ფოსა შინა იმერეთისასა მადანნი ოქროისა, ვერცხლისა და ანუ სხვასა რაისამენი.

6. უკეთუმცა ოდესმე აღდგინებულ იქმნას ახალი რაიმე ქალაქი სამეფოსა შინა იმერეთისასა, ყოვლისა რუსეთის მონაობისა სახიერებისამებრ მისისა იმპარატ[ო]რობითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისა, ვისარგებლო მეცა რომელიმესა ნაწილითა მისგან შემოსავლისათა, უკეთუ ყოვლისა რუსეთისა იმპერიასა შინა შევალს სახაზინაოდ შემოსავალი რაიმე ქალაქთაგან.

7. სამაგიეროდ ზემოთქმულთა ჩემთა ვედრებათა ამათ მისისა იმპერატ[ო]რობითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისადმი მე, ქვემო ხელმომწერი, მენაცვალეთა ჩემთათურთ შევიკვრი, რათ[ა] ხელმწიფებათ დადგინებულთა მისისა იმპარატ[ო]რობისა დიდებულებისაგან, ესე იგი საქართველოს უპირატესს მმართებელსა დავმორჩილებოდეთ ყოველსა შინა, ვითარცა ერთგული მონა ყოვლისა რუსეთის ხელმწიფისა იმპერატორისა.

8. შევიკვრი მე მენაცვალეთა ჩემთათურთ, რათა მაღალ-დიდებულთა ყოვლისა რუსეთისა მხედრობათა აღნიშნულთა სამყოფელად სამეფოსა შინა იმერეთისასა, ყოვლისა რუსეთისა მონაობასა შინა მყოფსა, აღუშენოთ სახლნი და გათბობისათვის მათთასა მივსცეთცა ჩემთა მონათა მიერ შეშა.

9. შევიკვრი მე მენაცვალეთა ჩემთათურთ, რათა [მ]ხედრობათა მათ ვაძლიოთ ხორბალი და ღომი, ანუ ბრინჯი, ეგრეთვე ქერი და თივა, ანუ ბზე ზომიერისა და არა ძვირისა ფასითა და ვიმეცადინაოთ, ყოვლისა ღონისა გულსმოდგინებისამებრ, რათა არაოდეს არ [აქუნდეს] ნაკლულევანება რაიმე.

10. შევიკვრი მე მენაცვალეთა ჩემთათურთ, რათა ოდესცა პოვნილდამუშავებული იქმნან მადანნი რუსეთის ხელოსანთა მიერ, მივსცემდეთ საჭიროსა რიცხვსა მუშათა მადანთ-მთავართაგან განსაწესელითა.

11. უკეთუ ტყეთა შინა იმერეთისა სამეფოისათა პოვნილ იქმნან სახმარნი ხეები ხომალდთ აღსაშენებლად შავის ზღვის რუსეთის სამხედრო ხომალდთათვის, მაშინ, ვითარცა ერთგულსა მონასა მისისა იმპერატორებითისა დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისასა, მე და მონაცვალეთა ჩემთა არა ძალ-გვიძს ხეებისათვის მის ძიება არცა უმცირესისა ფასისა, და დაუშლელ ექმნასთ რუსეთისა ზღვის აფიცერთა მოხელეთა, რომელ ხეები იგი დაინიშნონ დაღითა, მისთვის რათამცა ნუ-ვინმე იმერეთისა მონათაგანმან იკადროს მოჭრა მათი. ხოლო მოჭრისათვის ხეთა მათ და მათისა მიტანისათვის ზღვის ნავთსაყუდელათ ბრძანებულ იქმნას საკუთარისა მოწყალებისა მიერ მისისა იმპერატორებითის დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისა, რათა მიეცემოდეს მუშათა ზომიერი და არა ძვირ[ი] ფასი, რათა არა შეწუხებულ იქმნას მით ხალხი.

12. ყოველნი ტყვენი, თავადისა დადიანისა სამფლობელოისაგან წარმოყვანილნი, უკუნ - ვაქციოთ და აგრეთვე ციხეებიცა, აღებულნი ოდიშსა და ლეჩხუმსა შინა, მათთა გარშემოთათურთ, დავცალოთ და არა ოდესმე არღა ვდაობდეთ მათდა. მოკლე ვსთქვა: არცა მე და არცა მენაცვალეთა ჩემთა თავადისა დადიანისა სამფლობელოსადმი არაოდეს არა რაიმე ძიება გვაქუნდეს.

13. შევიკვრი მე მენაცვალეთა ჩემთათურთ, რათა გზა საქართველოისა საზღვრიდგან ვახანზედ მდებარე ქუთათისადმდე და მუნით ოდიშისა და ფოთისაკენ გა[ვ]აწმენდინოთ და გავაკეთებინოთ საურმე გზად და ვიქონიოთ ყოველთვის იგი სრულისა წარმართვითა და ეგრეთვე პასუხის-გამცემ ვიყვნეთ სიმრთელისა და უნებელობისათვის გზათა მათ ზედა გამლველთა ქარავანთა სხვა და სხვა ხარისხისა კაცთა და უფროღა სამხედრო მოსამსახურეთა.

14. რაიცა შეხუდებოდა მეფის ძესა კონსტანტინეს დავითის ძეს მამული, ესე იგი საბატონისშვილო, სრულად და უკლებელად ესრედ, ვითარცა უწყიან იგი ყოველთა ჩინებულთა იმერეთისა კეთილშობილთა, ყოველსა მას დაუთმობ მე უგანათლებულესს მეფის ძეს კონსტანტინეს, რათა აქუნდეს უსაშუალოდ გამგებელობასა შინა თვისად მისთა შემოსავალთაგან საცხოვრებელად.

15. სამაგიეროდ ამისა ჩემ მიერ კეთილ-ნებიერისა დათმობისა მეფის ძე კონსტანტინე დავითის ძე იმყოფებოდეს საქართველოსა, ანუ რუსეთსა შინა, ვიდრე უკანასკნელთა ჩემთა დღეთადმდე, რათა არა შემთხვეულ იქმნეს განხეთქილება რაიმე ხელმწიფებისა ჩემისა, რათამცა მიიღოს შესაფერი ხარისხისა მისისა აღზრდილება საფარველსა და შეწევნასა ქვეშე მისისა იმპერატორებითის დიდებულებისა, ყოვლად უმოწყალესის ხელმწიფისა ჩემისა და მბრძანებელისასა და რათამცა არა აღრეულ იქმნას გამგებლობა ჩემი მისისა აქა ყოფნით არა-კეთილ მოაზრთა კაცთაგან, იმერეთსა შინა მყოფთა.

16. საქონელთაგან, რომელნიცა გატარებულ იქმნ[ე]ბიან იმერეთზედ ზღვის ნავთსაყუდელთაგან საქართველოდ და საქართველოითაგან მათდამი, ეგრეთვე თავადისა დადი[ა]ნისა სამფლობელოთადამი და მათგანცამე, და ფარჩა თუ სხვა რაიმე ნივთი, მეცვალნი ჩემნი, განსავრცელებლად ვაჭრობისა, არა უნდა აღვიღებდეთ ბაჟსა. ხოლო ამისა სამაგიეროდ განწესებულ მექმნას მე უხვებათაგან მისისა იმპერატორებითის დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისათა საბაჟოთა რუსეთის შემოსავალთაგან რომელიმე ნაწილი სამაგიეროსა საჯილდაოდ დანაკლისათვის.

17. საქართველო და იმერეთი რადგანაც იქმნების თანასწორისა მონაობისა შინა ყოვლისა რუსეთის მპყრობელისასა, ამისთვის დღიდან დადგინებისა ამის მოწერისა არა ვისმე ექმნების ნება იმერეთიდგან საქართველოს გარდავიდეს დასასა[ხ]ლბელად, თვინიერ ცნობისა და ნებისა ჩემისა.

და ეგრეთვე არცა ვისმე აქუნდების ნება საქართველოთგან იმერეთს გარდამოვიდეს დასასახლებელათ, თვინიერ საქართველოს უპირატეს მმართებელის ნებისა.

აქამომდე უკვე გარდამოსრულნი საქართველოდგან იმერეთს და იმერეთიდგან საქართველოს გარდასრულნი დაშთებიან მუნ, სადაცა აწ იგინი იმყოფებიან, ამისთვის რომელ იმერეთსა და საქართველოსა აქამომდე, აქუნდათ რა სხვადასხვა მთავრობა, ძალედვათ და თანამდებცა იყვნენ შემწეობათ და მფარველობად უცხოსა ქვეყნით გარდამოსულთა კაცთა, ვითარცა ესე მოღებულ არს ესრეთ ყოველთა განათლებულთაცა ხელმწიფებათ შინა.

დასასრულად ყოვლისა ამის მე გვამისათვის ჩემისა და ყოველთა ჩემთა მეცვალეთათვისცა დავამტკიცებ ამას, ჩემსა ყოვლად უმონაესსა ვედრებასა მისისა იმპერატორების დიდებულებისა ყოვლად [უ]მოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებელისადმი, საკუთრისა ჩემის ხელის მოწერითა და დაბეჭდვითა სახელისა ჩემისა ბეჭდითა თვითოეულსა მუხლსა ქვეშე და შეუვრდენ ყოველსა ამას მისსა იმპერატორებითსა დიდებულებასა ყოვლად უმოწყალესსა ჩემსა ხელმწიფესა და მბრძანებელსა ყოვლად უმაღლესისათვის კეთილ-განხილვისა და დამტკიცებისა.

შესრულებულ და ქვემო მოწერილ არს ქუთათის, წელთა განხორციელებიდგან ქრისტეს ჩყდ, მარტის დღეს“.117

1.2 1.2. იმერეთის ოკუპაცია

▲ზევით დაბრუნება


1804 წლის აპრილში, იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II მოტყუებითა და სამხედრო ძალის გამოყენებით აიძულეს ხელი მოეწერა მისი სახელით შედგენილ თხოვნით პუნქტებზე, რაც ელაზნაურის ხელშეკრულების სახელწოდებით არის ცნობილი. მეფეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე, რომ თავისი წარმომადგენელი ჰყოლოდა რუსეთის საიმპერატორო კარზე. ნაცვლად ამისა, მისგან მოითხოვდნენ რამდენიმე დეპუტატის გაგაზავნას, რომლებსაც მადლობა უნდა მოეხსენებინათ იმერეთის რუსეთის მფარველობაში მიღებისათვის. ეს მოთხოვნა უცვლელი რჩებოდა წლების მანძილზე, ვიდრე სოლომონ II მეფობიდან არ გადააყენებდნენ. მეფე სამადლობელს ვერაფერს ხედავდა და დეპუტატებსაც არ გზავნიდა. ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, მეფე ყველაფერში რუსეთს უნდა დამორჩილებოდა, მაგრამ მეფე არ კარგავდა პუნქტების შეცვლის იმედს და თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას განაგრძობდა. დასავლეთ საქართველოში დანიშნული რუსი მოხელე ლიტვინოვი, რომელსაც იმერეთისა და სამეგრელოს საქმეები ებარა1, აშკარა მიკერძოებას იჩენდა და იმ მიზნით, რომ იმერეთის სამეფო კიდევ უფრო არ გაძლიერებულიყო, სამეგრელოს მთავარს მფარველობდა.

იმერეთის დეპუტატების გამგზავრება, ისევე როგორც დადიანის დეპუტატებისა, იგეგმებოდა შემოდგომისთვის. იმპერატორი დათანხმდა დეპუტატების ს. პეტერბურგში გაგზავნაზე: 5 უნდა ყოფილიყო იმერეთიდან, ხოლო 2 სამეგრელოდან, ყველაზე წარჩინებული და რუსეთის მიმართ გულმოდგინებით გამორჩეული თავადთა რიცხვიდან. აცნობებდა რა ამის შესახებ, თავადი ციციანოვი სოლომონს წერდა: „ვინაიდან ამ მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის უნდა გამოყენებულ იქნან გამოცდილი ადამიანები, ამასთან ისინი უნდა იყვნენ პატივცემული გვარებიდან, ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია შემდეგი თავადების გაგზავნა: სახლთუხუცესი ზურაბ წერეთლის, ქაიხოსრო წერეთლის და სეხნია წულუკიძის, როგორც თქვენი მხრიდან მთავარი პირებისა, რომლებიც ვახანში იმყოფებოდნენ ჩემსა და თქვენი უმაღლესობის შორის მოლაპარაკებებისა და დადგენილებების მიღების დროს. აგრეთვე, მათთან ერთად უპრიანი იქნება ქუთათელი არქიეპისკოპოსისა და თავად სოლომონ ლეონიძის გაგზავნა, რომელიც უკვე ნამყოფი იყო რუსეთის საიმპერატორო კარზე უფლებამოსილი დესპანის სტატუსით“. ციციანოვი აძლევდა რა მეფეს ზუსტ მითითებებს და უსახელებდა კონკრეტულ პირებს დეპუტაციის შედგენისათვის, ამავე დროს დასძენდა, რომ არჩევანში არ ერეოდა და არჩევანის უფლება მეფე სოლომონს ეკუთვნოდა. ციციანოვმა შეასრულა ალექსანდრე I-ის სურვილი, გამოთქმული 5 თებერვლის ბრძანებაში „იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან მიერთების დასრულებისა და სამეგრელოს ზღვისპირა სამფლობელოებიდან თავრიზთან დამაკავშირებელი გზის უზრუნველყოფის შემდეგ, მთელი ეს მხარე მეტროპოლისთან იქნას დაკავშირებული“.2 ციციანოვს არ შეეძლო იმერეთისა და სამეგრელოს დაუყოვნებლივ დაკავება რუსული ჯარებით, ვინაიდან სპარსეთში იკრიბებოდა ჯარი, რომელსაც ალექსანდრე ბატონიშვილი ახლდა. ამის გამო, იმერეთსა და სამეგრელოში გასაგზავნად გამზადებული კავკასიის გრენადერთა პოლკის გაგზავნა ვერ მოხერხდა. ციციანოვმა ჯერ გენერალ-მაიორი ტუჩკოვი დანიშნა იმერეთში გასამგზავრებლად, მაგრამ უკანასკნელის ავადმყოფობის გამო, მის ნაცვლად შტატის მრჩეველი ლიტვინოვი იქნა გაგზავნილი. მას რუსული ჯარის ჩასვლამდე, იმერეთის მეფესა და სამეგრელოს მთავარს შორის მშვიდობა უნდა დაემყარებინა, რომელთა შორის განხეთქილების მიზეზს ლეჩხუმის პროვინცია წარმოადგენდა.

დუბროვინი არ უარყოფს იმ ცნობილ ფაქტს, რომ ციციანოვის მიერ სოლომონ მეფისთვის მიცემული საიდუმლო წერილის თანახმად, ლეჩხუმის ციხესიმაგრეები, რომლებიც მეფეს ჰქონდა დაკავებული მათ კუთვნილ სოფლებთან ერთად, მის მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო იმპერატორის გადაწყვეტილებამდე, რაც წარდგენილი დოკუმენტების განხილვაზე უნდა ყოფილიყო დამყარებული. სოლომონმა არ დააყოვნა მტკიცებულებების წარდგენა, რომელთა თანახმად ლეჩხუმი არასდროს ეკუთვნოდა სამეგრელოს, ის ყოველთვის იმერეთის მეფეების საკუთრება იყო. მან წარადგინა სიგელები, გაცემული იმერეთის მეფეების მიერ ლეჩხუმის მფლობელობაზე, ასევე იმერეთის მეფეების მიერ ლეჩხუმის თავადებისთვის მიცემული სიგელები. ისინი მეტყველებდნენ იმერეთის მეფეების ხარჯით ლეჩხუმში ეკლესიების აგებაზე. სამღვდელოების, თავადების, აზნაურების და ხალხის ჩვენებები, არა მხოლოდ იმერეთში, არამედ მთელ საქართველოში, ლეჩხუმს ერთხმად აღიარებდნენ იმერეთის საკუთრებად. დუბროვინი აღნიშნავს, რომ სიგელები დადიანის სასარგებლოდაც მეტყველებდნენ. ამის მაგალითად მოჰყავს იმპერატრიცა ეკატერინე II სიგელები, სადაც სამეგრელოს მთავარს ლეჩხუმის მფლობელიც ეწოდებოდა. ციციანოვის აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტა უნდა გადაედოთ პეტერბურგიდან დელეგაციის ჩამოსვლამდე, ან უნდა დანიშნულიყო საგანგებო კომისია, რომელიც ადგილზე განიხილავდა საქმეს და დაპირისპირებულ მხარეებს შეარიგებდა.

ნ. მახარაძე წერს, რომ „თხოვნითი პუნქტების“ მიღების, ანუ ელაზნაურის ხელშეკრულების დადების შემდეგ „იმერეთში რუსული ჯარები დაიძრნენ. მათ დაიკავეს ქუთაისი და რიგი ციხესიმაგრეებისა. სოლომონის სრულ კაპიტულაციაზე დათანხმების მიზნით, რუსულმა მთავრობამ მის წინააღმდეგ სამეგრელოსა და გურიის მთავრები აამხედრა. სამეგრელოსა და იმერეთს შორის გაჩაღდა ომი ლეჩხუმის გამო“3.

რუსულმა მთავრობამ მართლაც შეძლო გურიის მთავრის ამხედრება სოლომონის წინააღმდეგ, ასევე მოხერხებულად გამოიყენა მეფესა და დადიანს შორის არსებული უთანხმოება, მაგრამ სამეგრელოს და იმერეთს შორის ლეჩხუმის გამო ომი „თხოვნითი პუნქტების“ მიღების შემდეგ არ გაჩაღებულა. ამ კონფლიქტს დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. სამეგრელოს მთავრები ლეჩხუმზე თავის პრეტენზიას ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან აცხადებდნენ. დადიანთა ახალი დინასტიის მამამთავარი იყო კაცია პირველი ჩიქვანი, გიორგი ლიპარტიანის შვილი. გიორგი ძლიერი ფეოდალი იყო და მე-18 საუკუნის მეორე მეოთხედში მთელ ოდიშს განაგებდა. მას წინ აღუდგა საკუთარი ძმა - იესე ლიპარტიანი, რომელიც თავისი მომხრეებით ლეჩხუმში გამაგრდა. გიორგი ლიპარტიანმა უფროსი შვილი, კაცია პირველი დადიანად (1704-1710წ.წ.) აღიარა, მეორე შვილს, ბეჟანს, ლეჩხუმი ჩააბარა, ხოლო თვითონ დარჩა ლიპარტიანად, ანუ სალიპარტიანოს გამგებლად და დადიანის ზედამხედველად. ოდიშის მთავრებს ბრძოლა უხდებოდათ იმერეთის მეფეებთან. ეს კონფლიქტი იმდენად სერიოზული იყო, რომ რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წლების ომის დროს თურქეთის წინააღმდეგ მოკავშირეთა ერთობლივ მოქმედებას აფერხებდა, რის გამოც, ამ საკითხის გადაწყვეტა რუსეთის მთავრობამ იკისრა და ერეკლე მეორეს დაავალა იმერეთის მეფისა და სამეგრელოს მთავრის შერიგება. მომდევნო პერიოდში რუსეთის მთავრობის პოლიტიკა შეიცვალა - კავკასიასთან მიახლოებისა და აქ ცარიზმის ინტერესების ზრდასთან ერთად, რუსეთი უკვე ცდილობდა კიდევ უფრო გაეღვივებინა ეს შუღლი, მეფისა და მთავრების ერთმანეთზე გადაკიდებით, დასავლეთ საქართველოში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისათვის მოემზადებინა ნიადაგი4.

სოლომონ II-ის პოლიტიკაში ლეჩხუმი ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობდა. მეფე ძალისხმევას არ აკლებდა ამ კუთხის შემომტკიცებას. გრიგოლ დადიანი ლეჩხუმს თავისად თვლიდა. ეს აისახება მის მიერ გაცემულ სიგელებშიც. ასე მაგალითად, ბერი ჩიქოვანისთვის მიცემულ წყალობის წიგნში ვკითხულობთ: „ჩვენ სრულიად ოდიშთ ლეჩხუმთა სვანთა და ვიდრე შავს ზღვამდის მპყრობელმა ბატონმა დადიანმა გრიგოლ...“5

მეფისა და დადიანის ამ დაპირისპირებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ლეჩხუმის თავი, რომელიც გელოვანთა საგვარეულოდან იყო და თავადაზნაურობა. XIX საუკუნის დასაწყისიდან ამ საკითხის გადაწყვეტაში რუსეთი ჩაერთო, რომლის პოზიცია ნათლად იკვეთება 1804 წელს ციციანოვის მიერ ლიტვინოვისთვის მიწერილი ერთ-ერთი წერილიდან, სადაც ნათქვამია, რომ ლეჩხუმის პრობლემის ყველაზე უპრიანი გადაწყვეტილება ამ კუთხის ორად გაყოფა და დადიანისთვის და მეფისთვის ნახევარ-ნახევრის გადაცემა იქნება, რაც ორივეს დასუსტებას გამოიწვევსო. სოლომონ II-ის მეფობის ბოლო წლებში ლეჩხუმი ორ ნაწილად გაყოფილი აღმოჩნდა. 1802 წელს სოლომონ მეფემ ლეჩხუმში ჯარი შეიყვანა, დადიანმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სამეგრელოში გაიქცა. მეფემ ლეჩხუმის თავად ბერი გელოვანი, ქაიხოსრო გელოვანის შვილი დასვა. სოლომონ II-მ ლეჩხუმი დიდი ხნით ვერ შეინარჩუნა, მაგრამ განაგრძობდა ბრძოლას. რუსეთი აშკარად იხრებოდა დადიანის მხარეზე, რაც დაბრკოლებებს უქმნიდა მეფეს.6

1804 წლის 4 ივნისს ლიტვინოვი ქუთაისს ჩავიდა. მან მეფეს სთხოვა, რომ მას განმარტოებით შეხვედროდა, რაც იმავე დღეს შესრულდა. ლიტვინოვმა მეფეს განუცხადა, რომ მისი ჩამოსვლის მიზანი იყო დადიანის მხრიდან მეფისთვის მიყენებული უსიამოვნების გამოსწორება. ის თავად მიემგზავრებოდა დადიანთან შესახვედრად, რომელიც ოდიშში ელოდებოდა. მან იმერეთის მეფეს ციციანოვის მოთხოვნის შესრულება სთხოვა. უნდა შედგენილიყო სამეგრელოში აყვანილი ტყვეების სია. ასევე უნდა შედგენილი ყოფილიყო ოდიშსა და ლეჩხუმში დაკავებული ციხეების სია. ორივე სია უნდა მიეწოდებინათ ლიტვინოვისთვის, რომელიც უზენაესი ნებართვის მიღებისთანავე, შეძლებდა ციხეების დაცლას. სიტყვა „დაცლამ“ სოლომონი შეაშინა. მან განაცხადა, რომ ეს ციხეები არასოდეს ეკუთვნოდა დადაიანთა სახლს. ის არ თანხმდებოდა დადიანისთვის ოდიშის ციხეების გადაცემაზე. ლიტვინოვმა უპასუხა, რომ ყოველივეს იმპერატორი გადაწყვეტდა. სოლომონი იძულებული გახდა ეპასუხა, რომ მიანდო რა საკუთარი თავი ხელმწიფე იმპერატორის მოწყალებას, მოთმინებით დაელოდებოდა თავის ხვედრს.

იმერეთის მეფე დათანხმდა გზების შეკეთების, რუსული ჯარისთვის ყაზარმების აშენებისა და მათთვის სურსათის მომარაგების მოთხოვნაზე. პირობა დადო, რომ შეასრულებდა დადგენილების პუნქტს, რომელიც კონსტანტინე ბატონიშვილს შეეხებოდა, ხოლო როდესაც გურია მის დაქვემდებარებაში შემოვიდოდა, საკადრის ანაზღაურებას დაუნიშნავდა ვახტანგ გურიელის მეუღლეს. ლიტვინოვმა ამგვარად „მოაწესრიგა“ საქმეები იმერეთში, რის შემდეგაც სამეგრელოში გაემგზავრა. 16 ივნისს ჩავიდა ოდიშს, სადაც შეხვდა სამეგრელოს მთავარს, რომელსაც შესთავაზა ციციანოვთან დადებული საიდუმლო შეთანხმების შესრულება. დადიანმა უპასუხა, რომ შეთანხმების შემდეგ არაფერი მიუთვისებია და იმერეთის მეფისთვის არაფერი ჩამოურთმევია. ის ირწმუნებოდა, რომ ორი ციხესიმაგრე (ზოგიში და აჩაგარა) მან შეთანხმებამდე დაიკავა, ისევე როგორც ციხე დეხვირის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ცხუშის ციხეები ახლაც იმერეთის მეფის გარნიზონებს აქვთ დაკავებული და მათ არავინ ავიწროვებსო. დადიანის ჩვენების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად, ლიტვინოვი მოითხოვდა, რომ დადიანს დეხვირის მიმდებარე ადგილების მოურავებისათვის ებრძანებინა იმერეთის მეფის სურსათით დატვირთული ტრანსპორტის გატარება, რაც ესოდენ აუცილებელი იყო ციხეში გამაგრებულთათვის. დადიანი დათანხმდა და როგორც ლიტვინოვის ციციანოვისადმი 27 ივნისს გაგზავნილი პატაკიდან ჩანს, ბრძანება გაგზავნა საკვები პროდუქტების გატარების შესახებ.

დადიანსა და ლიტვინოვთან ერთად სოლომონის მიერ გაგზავნილ წერეთელს შორის კამათი გაიმართა იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნოდა მფლობელობის უფლება ციხესიმაგრეებზე - ზოგიში და აჩაგარა. კამათში ლიტვინოვი ჩაერია, რომელმაც განუცხადა, რომ მათი ჩვენებების სისწორის დასადგენად თავად მიემგზავრებოდა ამ ციხესიმაგრეებში. დადიანი დათანხმდა, ხოლო წერეთელი ამბობდა, რომ თავადები, რომლებიც ამ ციხესიმაგრეებს ფლობენ, დადიანზე არიან დამოკიდებული, რის გამოც ყოველთვის იმას იტყვიან, რასაც დადიანი უბრძანებს. ლიტვინოვი დაპირდა, რომ საჭიროების შემთხვევაში თავადებს დააფიცებდა. 21 ივნისს ისინი ლეჩხუმში ჩავიდნენ, მეორე დღეს კი თავადები და მოურავები შეგროვდნენ. ლიტვინოვმა იქამდე შეძლო დადიანის დარწმუნება, რომ მის მოთხოვნებზე დათანხმებულიყო, მაგრამ ლეჩხუმში, დუბროვინის თქმით, სრული ანარქია სუფევდა. დადიანის ძალაუფლებას ანგარიშს არ უწევდნენ. დადიანი თავადებს ყოველგვარ დანაშაულს პატიობდა, რადგან მათგან ელოდა დახმარებას მეფე სოლომონის წინააღმდეგ. ლიტვინოვი ციციანოვს მოახსენებდა, რომ ოდიშში ყოფნის დროს შეესწრო საშინელ უწესრიგობას და მოსთხოვა დადიანს წესრიგის დამყარება. დადიანი დათანხმდა და ლიტვინოვს დახმარება სთხოვა, როგორც ამ საკითხების მოგვარებაში, ისე თავის ძმებთან შერიგებაში. დადიანის ორი ძმა მასთან ნაჩხუბარი იყო. მათგან უმცროსი - ტარიელი, ჩაიკეტა ერთ-ერთ სოფელში, რომელიც მის უფროს ძმას, არქიმანდრიტს ეკუთვნოდა და იქიდან ახორციელებდა თავდასხმებს მიმდებარე ადგილებზე. ლიტვინოვმა ძმები შეარიგა და სამეგრელოს მთავარი დაითანხმა ტარიელისთვის საკუთრებაში იმ ქალაქის გადაცემაზე, რომელსაც ეს უკანასკნელი თავად ამოირჩევდა. ზავი დიდხანს არ გაგრძელებულა. ტარიელი წავიდა ქუთაისში მეფე სოლომონთან, რომელსაც თავის აღმზრდელად თვლიდა.7

დადიანი ლიტვინოვს შესჩიოდა, რომ თავადაც არაერთხელ იწვნია თავადების მრისხანება და ურჩობა. თავადაც იძულებული ყოფილა გადახვეწილიყო სვანეთსა და აფხაზეთში. მისი ძალაუფლება იმდენად სუსტი იყო, რომ თავადებისთვის ვერაფრის ბრძანებას ვერ ბედავდა. ლიტვინოვი შეეკითხა თავადებს, თუ რამ აიძულა ისინი დადიანის მფარველობა ეძებნათ, როდესაც იმერეთის მეფესთან უნდა დარჩენილიყვნენ. ამაზე თავადმა ჩიქოვანმა უპასუხა: ლეჩხუმელი თავადები ყოველთვის ინარჩუნებდნენ უფლებას იმის ქვეშევრდომობაში შესულიყვნენ, ვისაც თავად აირჩევდნენ. როდესაც პოლკოვნიკმა მაინოვმა დადიანს წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენი ჩამოუტანა, ჩვენ დავინახეთ მისდამი ხელმწიფის კეთილგანწყობა, რის მოპოვებაც თავადაც მოვინდომეთ, ამიტომ შევედით დადიანის ქვეშევრდომობაში და ჩვენს მფარველობაში ავიყვანეთ იგი, ლეჩხუმშიც შემოვუშვით, რომლისთვისაც ადრე იძულებული იყო გვერდი აექციაო.

ქუთაისში დაბრუნებისთანავე, ლიტვინოვმა ყოველივე მეფე სოლომონს განუცხადა, დასძინა რა, რომ დადიანს ჰქონდა მასთან შერიგების გულწრფელი სურვილი, სცნობდა მის უზენაესობას და პირობას დებდა, რომ ყოველთვის მზად იქნებოდა მეფის სამსახურისთვის. სოლომონმა ლიტვინოვის სიტყვები საკმაოდ ცივად მიიღო, თუმცა განაცხადა, რომ ყველაფერში დაემორჩილებოდა და რჩევას სთხოვდა, ხოლო ლეჩხუმზე თავისი უფლებების განხილვას მთავარსარდალს ანდობდა. სოლომონის ცივმა დამოკიდებულებამ ლიტვინოვს თითქმის დააჯერა დადიანის ნათქვამი, თითქოსდა სოლომონს განზრახული ჰქონდა ქუთაისში მყოფი ყველა რუსის ამოხოცვა. დუბროვინი წერს, რომ ეს ხმები ნაწილობრივ გამართლდა ლიტვინოვის ქუთაისში ჩასვლისას,8 თუმცა სოლომონს არავინ ამოუხოცავს.

მეფე დათანხმდა დადიანთან შეხვედრაზე. დადიანის ბიძაშვილი, რომელიც ლეჩხუმიდან ლიტვინოვთან ერთად ჩამოვიდა, უკან გაბრუნდა დადიანის საზღვართან მოსაწვევად, მოლაპარაკებაზე. დადიანი დათანხმდა. ლიტვინოვს თავისი ძმა - ნიკოლოზი გამოუგზავნა თანხმობის გადმოსაცემად. მეფე სოლომონი კი შერიგებას გაურბოდა. თვით ლიტვინოვის აღიარებით, მისი მთავარი ამოცანა იყო მეფისა და დადიანის შერიგება და პოლკის მისაღები ადგილის მომზადება ფოთში ან სამეგრელოს რომელიმე სანაპირო პუნქტში. ლიტვინოვის ეს წერილი 1862 წელს გამოქვეყნდა, ავტორის მითითების გარეშე. როგორც მ. დუმბაძე სამართლიანად მიიჩნევს, წერილის შინაარსიდან ჩანს, რომ მისი ავტორი ლიტვინოვია.9 ლიტვინოვის ამოცანები ამით არ ამოიწურებოდა. მთავარსარდალი მას აღნიშნულთან ერთად ავალებდა იმერეთ-სამეგრელოს საქმეების მოგვარებას, მეფესა და დადიანზე გავლენის მოპოვებას, მათ მორჩილებაში ყოლას, რომ „ამიერიდან ორივე თქვენ მოგისმენდნენო“. ლეჩხუმის კუთვნილების შესახებ მეფის საბუთები არც ციციანოვს აინტერესებდა და არც პეტერბურგის მთავრობას. ლეჩხუმი ძირითადად მაინც დადიანს რჩებოდა. მეფის ხელში მყოფი ლეჩხუმის რამდენიმე სოფელი - ჭყვიში, საჭილაო, ოჭოლა - დადიანს იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ მისცეს. ციციანოვს პეტერბურგიდან სწერდნენ, რომ სადავო სოფლების შესახებ საბუთების განხილვისას მხედველობაში მიეღო დადიანის ინტერესები: «Наблюдая сколько возможно пользу мингрельцев».10

სოლომონმა თევზაობის საბაბით ქუთაისი დატოვა და არ დაბრუნებულა, სანამ ლიტვინოვისგან ორი წერილი არ მიიღო. ქუთაისში დაბრუნების შემდეგ, მან მიუხედავად იმისა, რომ დადიანი უკვე საზღვართან იმყოფებოდა, შეხვედრა 15 ივლისისთვის გადადო. დუბროვინი დასძენს, რომ სოლომონის უარყოფითი განწყობა მოლაპარაკებისადმი და რუსების მიმართ სიძულვილი აშკარა იყო. ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ მისი მოჩვენებითი მორჩილება მხოლოდ გარკვეულ დრომდე გასტანდა. ის თითქოს რაღაცას ელოდა. ამან ლიტვინოვი აიძულა სიფრთხილე გამოეჩინა, რაც ძალზე არ მოსწონდა სოლომონს. ქალაქში ხმები დადიოდა, თითქოსდა, ქართველი ბატონიშვილებისა და მათი ცოლების თანმხლები პირები, სულ 17 კაცი, ტყვია-წამალს ყიდულობდნენ, რომ მათ ჩაფიქრებულო ჰქონდათ ქუთაისში მყოფი ყველა რუსის ამოხოცვა, რომ ერზერუმისა და ახალციხის ფაშებმა იმერეთის მეფეს ელჩი გამოუგზავნეს, რომელიც არწმუნებდა მას არ შეეშვა რუსები და დასაჩუქრებას პირდებოდნენ, თუ ის იმერეთში მყოფ რუსებს თავიდან მოიშორებდა. მეფის პირველი მრჩეველი სოლომონ ლეონიძე იყო. როდესაც სათევზაოდ გაემგზავრა, მეფეს ასევე განზრახული ჰქონდა ბატონიშვილ კონსტანტინესთან შეხვედრა, რომელიც ფარნაოზ ბატონიშვილთან ერთად იმერეთში ჩავიდა და სოფელ სვირში დასახლდა. ფარნაოზი მალევე წავიდა ლეკებთან, კონსტანტინე კი სოლომონს შეხვდა. (დუბროვინი შეცდომით წერს, რომ მეფე უნდა შეხვედროდა „ქართველ ბატონიშვილ კონსტანტინეს, რომელიც თავის ძმასთან, ფარნაოზთან ერთად ჩავიდა იმერეთში და დასახლდა სოფელ სვირში“.)11 მეფე საგულდაგულოდ მალავდა კონსტანტინეს ადგილსამყოფელს, არწმუნებდა რა ლიტვინოვს, რომ ბატონიშვილი ტყეში იმალებოდა და მისთვის უცნობი იყო, თუ სად.

ლიტვინოვს დავალებული ჰქონდა იმერეთის მეფესა და დადიანს შორის მშვიდობის დამყარება, თუნდაც იქამდე, სანამ იმერეთსა და სამეგრელოში რუსული ჯარი შევიდოდა. სოლომონ მეფე ხვდებოდა, რომ რუსეთი მას უფლებრივად მთავართან ათანაბრებდა, ამიტომ ცდილობდა ხაზი გაესვა თავისი უპირატესობისათვის. ასე მაგალითად, დადიანთან მოლაპარაკების დროს, მეფემ არ მოინდომა მდინარე ცხენისწყალზე გადასვლა, რის გამოც ნაცვლად დადიანის კუთვნილი სოფლისა, მოლაპარაკება დანიშნა სოფელ საჭილაოში, რომელიც თავისი საკუთრება იყო და მდინარის ორივე ნაპირზე იყო განლაგებული. დადიანი ამაზეც დათანხმდა და ახალ დათქმულ ადგილზე გამოცხადდა, მაგრამ სოლომონმა კვლავ შეაფერხა მოლაპარაკება. დავა იმაზე წარმოშვა, თუ ვინ უნდა გადასულიყო მდინარეზე. დადიანმა უარი განუცხადა იმის შიშით, რომ ისედაც იმერეთის მეფის სამფლობელოში იმყოფებოდა და მხოლოდ იმ 50 რუსი გრენადერის იმედზე იყო, რომლებიც ლიტვინოვს ახლდნენ. სოლომონი თავის მხრივ აცხადებდა, რომ მეფე იყო და არ შეშვენოდა თავის ყოფილ ქვეშევრდომთან დათმობაზე წასვლა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მეფე დათანხმდა მდინარეზე გადასვლაზე, მხოლოდ იმ პირობით, რომ დადიანის ამალა მოშორებით მდგარიყო, ისევე როგორც თავად მეფის. ლიტვინოვთან მყოფი ჯარისკაცებიც გარკვეული მანძილით უნდა დაშორებულიყვნენ იმ ხეს, რომელთანაც შეხვედრა უნდა შემდგარიყო. ამ ყოველივეს შესახებ ლიტვინოვი 27 ივლისს ციციანოვს ატყობინებდა.

მოლაპარაკების საგანი უნდა ყოფილიყო შეთანხმება, რომლის თანახმად მხარეები მოვალენი იყვნენ: 1) შეესრულებინათ ყველაფერი, რასაც რუსეთის ხელმწიფე უბრძანებდათ და მოეხსენებინათ რუსეთის მთავრობის მიმართ ყოველგვარი ღალატის შესახებ, როგორც კი ამის შესახებ შეიტყობდნენ. 2) ერთმანეთი არ შეეწუხებინათ, დაემყარებინათ მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება. 3) სოლომონი ვალდებულებას იღებდა შეწყვეტილიყო იმერლების მიერ მეგრელებზე ძალადობა და ყაჩაღობა. 4) დადიანსა და სოლომონს შორის უკმაყოფილების წარმოშობის შემთხვევაში, ისინი მოვალენი იყვნენ თავად მოეგვარებინათ საკითხი, ან შუამავლად მოეწვიათ რუსული მთავრობის რწმუნებული, რაზედაც უნდა დაეფიცათ. ამ უკანასკნელმა პუნქტმა მეფე სოლომონის მხრიდან წინააღმდეგობა გამოიწვია. მას არ უნდოდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა იმ საბაბით, რომ ხელმეორედ ფიცის დადება არ სურდა. ის აცხადებდა, რომ ერთხელ დადებული ფიცი სავსებით საკმარისი იყო, ხოლო თუ მან ღალატი გამოიჩინა, მაშინ მისთვის უნდა გამოეცხადებინათ, თუ რაში. მეფის წარგზავნილს, ლეონიძეს, ლიტვინოვმა დიპლომატიურად უპასუხა, რომ მეფის მიმართ მცირეოდენი ეჭვიც კი არ ჰქონდა, მაგრამ მეოთხე პუნქტის ჩართვით, ის რუსულ ჩვეულებას იცავდა. არათუ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის დაგვირგვინებისას, არამედ ყოველი ახალი ჩინის მიღების დროს, ამ ჩვეულების თანახმად, ხდებოდა ხელმწიფე იმპერატორისათვის მიცემული ფიცის განახლება. ლიტვინოვი განმარტავდა, რომ ამ პუნქტში არაფერი იყო მეფისთვის საზიანო, ან მისი სინდისისთვის მიუღებელი. ლიტვინოვი გაკვირვებას გამოთქვამდა იმის გამო, თუ რატომ არ სურდა მეფეს ამ პუნქტზე ხელის მოწერა. სოლომონმა იმავე ლეონიძის მეშვეობით უპასუხა: „მე არც ოფიცერი ვარ და არც მაიორი. მე მეფე ვარ“. მეფე, მაგრამ რუსეთის ხელმწიფის ქვეშევრდომი - უპასუხა ლიტვინოვმა. ამ ჩვეულებას ის ევროპელი პრინცებიც ასრულებენ, რომლებიც ნებაყოფლობით ჩამოდიან და იმპერატორის ჯარში მსახურობენო. ლიტვინოვი დაჟინებით მოითხოვდა მეფისგან ამ პუნქტზე ხელის მოწერას და მიანიშნებდა, რომ მას უსიამოვნო დასკვნების გამოტანის საბაბი ეძლეოდა. თუ სოლომონი იმპერატორის ერთგული იყო და მავნე ზრახვები არ ჰქონდა, მას ამ პუნქტზე ხელის მოწერაზე უარის თქმის საბაბი არ უნდა ეძებნა. სოლომონმა ლიტვინოვი თავისთან მიიწვია და განუცხადა, რომ რუსეთის ქვეშევრდომობა იმ მიზნით მიიღო, რომ ლეჩხუმი თავის მფარველობაში ჰყოლოდა და თუ ამას არ მიიღებდა, ხელმწიფის ერთგული ვერ დარჩებოდა. ლიტვინოვს დაზუსტება სურდა, თუ რას აპირებდა მეფე, მაგრამ სოლომონმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა. საუბარში სოლომონ ლეონიძე ჩაერთო. მან განაცხადა, რომ დაწერდა პუნქტებს, რომლებშიც ჩაატევდა ყველაფერ იმას, რაც შემოთავაზებულ პუნქტებში იყო მოცემული. ლიტვინოვის კითხვაზე, თუ ახალი პუნქტები იმავე შინაარსის იქნებოდა, რატომ იყო მიუღებელი არსებულ პუნქტებზე ხელის მოწერა, ლეონიძემ უპასუხა, რომ მეფე დადიანთან ერთად ერთ ქაღალდზე ხელს არ მოაწერდა, ამიტომ სხვადასხვა ქაღალდებზე უნდა მოეწერათ ხელი. ლიტვინოვი დათანხმდა, სოლომონი მდინარეზე გადმოვიდა და შეხვედრა დასრულდა. საჭილაოს შეთანხმებით მეფე სოლომონმა და გრიგოლ დადიანმა ფაქტობრივად ურთიერთშორის მშვიდობის დაცვის პირობა დადეს, ხოლო ლეჩხუმის საკითხი კვლავ ღიად რჩებოდა იმპერატორის გადაწყვეტილებამდე. ჯერ კიდევ შეთანხმებამდე, სოლომონმა თხოვნით მიმართა ციციანოვს, რომ ნება მიეცა მისთვის კვლავ დაეპყრო თავისი სამემკვიდრეო ლეჩხუმი, ციციანოვმა კი მხარი დაუჭირა ლეჩხუმის გადასვლას დადიანის ხელში, ამით ციციანოვმა სოლომონისთვის მიცემული პირობა გააუქმა.

კონსტანტინე ბატონიშვილი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თავიდანვე მოიაზრებოდა, როგორც იმერეთის მეფეზე ზემოქმედების იარაღი, რაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული სოლომონსა და მის მომხრეებს. მას შემდეგ, რაც კონსტანტინე მუხურის ციხიდან განთავისუფლებულ იქნა და იმერეთი დატოვა, მის პეტერბურგში გაგზავნას არ ჩქარობდნენ. ელაზნაურის ხელშეკრულების მე-2 პუნქტში სოლომონ მეფე აცხადებდა, რომ თუ მას მამრობითი სქესის შთამომავალი არ გაუჩნდებოდა (იმ ხანად მდედრობითი სქესის შთამომავალზე ტახტის მემკვიდრეობის უფლება აღარ გადადიოდა), მაშინ, კონსტანტინე დავითის ძე და მისი შთამომავლობა განაგრძობდა მეფობას. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე ბატონიშვილის მამამ, იმერეთის მეფე დავით II-მ ბევრი უბედურება მოუტანა იმერეთს და თავად სოლომონ II-ს, ეს უკანასკნელი სამეფოს ინტერესებს პირადულზე მაღლა აყენებდა და კონსტანტინე ბატონიშვილს ტახტის მემკვიდრედ აკანონებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამედროვე, ბერძენი ბერი პაისი, რომელმაც ნეტარი ილარიონ ქართველის ცხოვრება აღწერა, ზუსტი ინფორმაციის არქონის გამო, წერს: „მეფე სოლომონ II-მ მისი სამეფოს თავად-აზნაურთაგან რჩევა ითხოვა და 1804 წ. რუსეთის მხრიდან ზეწოლის შედეგად, იძულებით მიიღო შემდეგი პირობები. ვინაიდან მეფეს ტახტის მემკვიდრე არ ჰყავდა, იმერეთი მისი სიცოცხლის ბოლომდე დამოუკიდებელი დარჩებოდა და რუსეთთან, როგორც ერთმორწმუნე სახელმწიფოსთან ძმურ ურთიერთობას შეინარჩუნებდა მეფის გარდაცვალებისთანავე მიღებული შეთანხმებით იმერეთი რუსეთის იმპერიის საზღვრებში შევიდოდა.“12 1804 წელს სოლომონმა მართლაც იძულებით მოაწერა ხელი „სათხოვარ მუხლებს“, რომელთა ძალით იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა, მაგრამ მეფის სიკვდილის შემდეგ არავითარი ცვლილება და სამეფოს გაუქმება გათვალისწინებული არ ყოფილა.

როგორც ჩანს, კონსტანტინე ბატონიშვილმა გააცნობიერა, რომ მისი „კეთილისმყოფელი“ იმპერატორი მის გამეფებაზე კი არ ზრუნავდა, არამედ იმერეთის სამეფოს გაუქმებაზე, როგორც მან ეს ქართლ-კახეთის სამეფოში ჩაიდინა. ამიტომ კონსტანტინემ მეფე სოლომონთან შერიგება და მისი ერთგულება არჩია. არ არის გამორიცხული, რომ ამის ნიადაგი ფარულად თავად სოლომონმა შეამზადა.

ციციანოვი ერევნის ექსპედიციაში მიემგზავრებოდა. ანა დედოფალმა სთხოვა მას უფლება მიეცა მისი ვაჟისთვის, რომ ტფილისიდან სოფელ ლამისყანაში წასულიყო. თავის თხოვნას დედოფალი იმით ასაბუთებდა, რომ ტფილისში ძალიან ცხელოდა, ხოლო მისი ვაჟი სამი წლის ასაკიდან ცხოვრობდა მაღალ მთაზე მდებარე ციხეში, სადაც მზე იშვიათად აღწევდა. ციციანოვმა თავად ნახა სიცხისგან დასუსტებული კონსტანტინე და დათანხმადა დედამისის თხოვნაზე. 1804 წლის ივნისში, ბატონიშვილს ლამისყანაში წასვლის ნება დართეს. ბატონიშვილმა შემთხვევით ისარგებლა და ლამისყანიდან იმერეთში გაიქცა. 13 ივნისს ანანურის ისპრავნიკმა პეტრიკოვმა საქართველოს მთავარმართებელს, თავად ვოლკონსკი მე-3-ს შეატყობინა, რომ კონსტანტინე ბატონიშვილი სოფელ ლამისყანიდან, სავარაუდოდ, იმერეთში წავიდა. ვოლკონსკიმ სამხედრო რაზმებს უბრძანა ბატონიშვილის შეპყრობა. ამავე დროს აცნობა ციციანოვს, რომელიც ერევნის ციხის ბლოკადას ხელმძღვანელობდა. საპასუხო წერილში ვკითხულობთ: “მაცნობეთ. ზუსტად რომელ რიცხვებში წავიდა ბატონიშვილი და თუ არის ცნობილი, სად იმყოფება ამჟამად, ასევე იმის შესახებ, თუ რა განკარგულებები გაეცით, ვინაიდან თქვენს ბრწყინვალებამდე მოსული ხმები, თითქოს ის ახალციხეში წაიყვანეს, არ არის მართალი. თქვენი ბრწყინვალების მოკლე და დაუსაბუთებელი ცნობების მიხედვით, მე არ შემიძლია უქვეშევრდომილესი მოხსენება გავუგზავნო მის იმპერატორობით უდიდებულესობას“.13 წერილი დათარიღებულია 1804 წლის 22 ივლისით. დაწერის ადგილი: „при блокаде Ереванской крепости“, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ კონსტანტინე ბატონიშვილის ამ გაბედულ ნაბიჯს. წერილს მოსდევს 13 აგვისტოთი დათარიღებული მინაწერი, რომელიც ბევრგან არის გადახაზული და ძნელად იკითხება, მაგრამ ჩანს, რომ ამ მინაწერის ავტორს იმერეთიდან ბატონიშვილის წერილი მიუღია და პასუხიც გაუგზავნია, რომელშიც ურჩევდა სასწრაფოდ დაბრუნებულიყო და გულწრფელად მოენანიებინა თავისი საქციელი. ამავე დროს პირდებოდა საარსებო საშუალების მიცემას.14

ლიტვინოვის მოხსენებიდან ვიგებთ, რომ მეფემ, რომელიც თევზაობის მომიზეზებით წავიდა ბატონიშვილთან ფარულად შესახვედრად, გაუგზავნა მას ლოგინი და მოამარაგა ყველაფრით, რაც საჭიროა საცხოვრებლად. ლიტვინოვი წერს: „მაგრამ ჩემგან მალავს ბატონიშვილის ადგილსამყოფელს. ყველა მათგანს, ვინც ჩემთან დადის ამჩნევენ. საქმე ზოგი მათგანის მიმართ მუქარამდეც მივიდა“.15 ლიტვინოვი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ იმ დროს იქ არ იმყოფებოდა რუსეთის ერთგული ზურაბ წერეთელი, ხოლო მეფის გონებას სოლომონ ლეონიძე დაპატრონებია, რომელიც განუწყვეტლივ საყვედურობს მას იმისთვის, რომ მან ვერ შეძლო იულონ ბატონიშვილის დაფარვა. თავისი რჩევებით ლეონიძე არყევს მეფის რწმენას რუსეთისადმი და დადებული ფიცის ერთგულებას. ლიტვინოვი იმასაც იუწყებოდა, რომ თავისი პოზიციების გასამყარებლად ლეონიძე მეფის ბიძაშვილზე ქორწინდებაო. ბატონიშვილთან დაკავშირებით ლიტვინოვი წერს: „ბატონიშვილი კონსტანტინე რომ არ დამალონ, მე გადავყვიტე მის შესახებ მეტი აღარ გავუმეორო მეფეს. თუ თქვენს ბრწყინვალებას საჭიროდ მიაჩნია მისი სასწრაფოდ შეპყრობა, ხომ არ ინებებთ ამის შესახებ ერთი დღით ადრე მაცნობოთ? მაშინ, მე 20 ან 30 კაციანი გრენადერთა რაზმით, უფალი მაიორის ხელმძღვანელობით… მოვახდენთ უეცარ თავდასხმას და გადავცემთ მას თქვენი ბრწყინვალებისგან გამოგზავნილ პირებს, მაგრამ ვიდრე ამას მოვიმოქმედებდეთ, თქვენი ბრწყინვალება დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეს, თუ ეს რა შედეგებს მოგვიტანს… თუ შესაძლებელი იქნება კონსტანტინე ბატონიშვილთან მიმართებით მოთმინების გამოჩენა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მეფის ხელიდან ის ვერ წავა და თავის დროზე თქვენ გადმოგეცემათ. მეფე კი ჩათვლის, რომ ამით დიდი სამსახური გაგიწიათ.“16 ეს ვარაუდი არ გამართლდა. მეფეს, არც რუსი ხელისუფალთა გულის მოსაგებად და არც სხვა რაიმე მიზეზით, კონსტანტინე ბატონიშვილი არ გაუცია. მიმოწერაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს. მათი იმერეთში ყოფნა ყოველთვის აღელვებდათ რუს მოხელეებს. ამჟამად კი ბატონიშვილები უკვე იარაღის ძალით დაუპირისპირდნენ თავიანთი ქვეყნის დამპყრობლებს. ცხადია, რომ მეფე სოლომონიც მათ თანამოაზრედ და თანამზრახველად მოიაზრებოდა.

1804 წლის გაზაფხულზე მთიულეთში აჯანყებამ იფეთქა. ციციანოვი ამ დროს ერევნის სახანოს უტევდა. აჯანყებულებმა ეს გარემოება ხელსაყრელ შემთხვევად მიიჩნიეს. აჯანყება გაფართოვდა. ციციანოვის მოადგილე ვოლკონსკიმ, სამხედრო ძალების სიმცირის გამო, სცადა კონფლიქტი მოლაპარაკებით მოეგვარებინა, მაგრამ სამხედრო ძალების გაძლიერების შემდეგ, დაიწყო შეტევითი ოპერაციები. იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილები, რომლებიც იმერეთში იყვნენ გახიზნული, 3 ივლისს ქუთაისიდან მცირე ამალით გავიდნენ, რათა აჯანყებისათვის ეხელმძღვანელათ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ქართლში მათი რაზმი გაიზრდებოდა. რუსული ჯარის ნაწილებმა მიაგნეს ქართლში გადმოსულ ბატონიშვილთა სადგომს. იულონი შეიპყრეს, ფარნაოზმა გაქცევა მოასწრო და კახეთს მიაშურა, სადაც თავადთა დიდი ჯგუფი მიემხრო. სექტემბერში ფარნაოზი დიდი ამალით დაიძრა მთიულეთისკენ. სტეფანწმინდაში ფარნაოზი აჯანყებულთა სათავეში ჩადგა. მან ქართლ-კახეთის ყველა მიმართულებით შიკრიკები გაგზავნა და იქაურ თავადებს აჯანყებისკენ მოუწოდა. ასევე სცადა ალექსანდრე ბატონიშვილთან დაკავშირება. ციციანოვმა ერევანში წარუმატებელ ლაშქრობას თავი მიანება, რუსული ჯარი დააბრუნა და აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართო. 13 ოქტომბერს ფარნაოზის ლაშქარი დაამარცხეს ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსულმა სამხედრო ნაწილებმა ნესვეტოვის მეთაურობით.17 მთიულეთის აჯანყება ცალკე თემაა, რომელსაც ჩვენ მოკლედ შევეხეთ და ისიც ფარნაოზ ბატონიშვილთან მიმართებაში. ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეფე ბატონიშვილების თაობაზე თავს იმართლებს: მას მათ შესახებ არავითარი განკარგულება არ მიუღია, მისთვის ცნობილი იყო ბატონიშვილების განზრახვა, მაგრამ მას არ მიაჩნდა თავის მოვალეობად ის, რომ მათთვის გადაეფიქრებინა.18 ამგვარი პასუხიც გარკვეულ პროტესტს გამოხატავდა.

25 ივლისს გორის კომენდანტის მიერ ველიამინოვისთვის გაგზავნილი პატაკიდან ვიგებთ, რომ თავად აბაშიძეს მისთვის წერილით უცნობებია: ბატონიშვილები ლეკებს შეუერთდნენ, ხოლო იმერელი ბატონიშვილი კონსტანტინე სვირშია, სადაც ის აბაშიძის კაცმა, ნემსაძემ ნახაო. როდესაც რუსეთის რაზმი მოვიდა იმერეთში, კონსტანტინემ ეს შეიტყო და დაიმალა.

ლიტვინოვი წერს, რომ მალხაზ ანდრონიკაშვილი, რომელიც ფარავდა და ეხმარებოდა ბატონიშვილებს, ლიტვინოვის დამშვიდებას მეგობრული წერილებით ცდილობდა. ეს უკანასკნელი კი იმედოვნებდა, რომ ანდრონიკაშვილისთვის გაგზავნილი ბოლო წერილით მიახვედრებდა მას თავის შეცდომას. გენერალ-ლეიტენანტ ვოლკონსკის ციციანოვის სახელზე გაგზავნილი პატაკიდან ვიგებთ, რომ კონსტანტინე ბატონიშვილმა შეკრიბა რამდენიმე კაცი და იმყოფებოდა ტაძარში, სადაც ჩავიდა მეფე სოლომონი მის სანახავად და მათ ერთმანეთს ურთიერთდახმარება შეფიცეს. ბატონიშვილი წერილს უგზავნის დედას, ანა დედოფალს და პატიებას სთხოვს, როგორც უძღები შვილი. შემდეგ მოახსენებს, რომ იმედი ჰქონდა მეფის ნახვის, „მაგრამ მაგათი შიშით და მორიდებით არ ინება და არც სხუათ მისცა ნება ნახვისა და ვარ ასე მწუხარებაში. სხუა ქვეყანაში თუ წავალ სადმე თორემ ასე მწუხარებაში მყოფობა არ შემიძლიან“.19 წერილი დათარიღებულია 29 ივნისით. შესაძლოა, კონსტანტინე ამას განზრახ წერდა, რადგან იცოდა, რომ რუს სამხედრო ჩინოვნიკებს წაუკითხავი არ დარჩებოდათ. ყოველ შემთხვევაში, ანა დედოფალს ეს წერილი თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად გამოადგებოდა.

კონსტანტინე ბატონიშვილის გაერთგულებით სოლომონმა მისი მომხრე თავადებიც გაიერთგულა და რუსეთის მთავრობას ხელიდან გამოსტაცა იმერეთის მეფეზე ზემოქმედების ძლიერი პოლიტიკური იარაღი. მან კონსტანტინე ბატონიშვილი იშვილა. ციციანოვი კითხულობდა, თუ რატომ აკეთებდა სოლომონი ამას იმპერატორისაგან ფარულად, მაშინ, როდესაც, მისი თქმით, იმპერატორს ეს ამბები ესიამოვნებოდა. როგორც შემდგომი მოვლენები დაგვანახვებს, იმპერატორს იმერეთის სამეფოს გაუქმება ჰქონდა გადაწყვეტილი. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სოლომონი წინდახედულად მოქმედებდა.

1804 წლის 27 ივლისს ლიტვინოვი ციციანოვს ატყობინებდა, რომ ამ უკანასკნელის მიერ გამარჯვების მოპოვების შემდეგ, მან მეფეს სთხოვა, რომ მისი თანდასწრებით გადაეხადათ საზეიმო პარაკლისი, რაც თავად ქუთათელმა ჩაატარა. მეფემ თავის თავადებთან ერთად ლიტვინოვთან ისადილა. სუფრა ხუთ საათს გაგრძელდა, რის შემდეგ ყველანი კმაყოფილები დაიშალნენ. დუბროვინი შენიშნავს, რომ ლიტვინოვი შეცდა. მეფე სოლომონი ძველებურად ინტრიგებს ხლართავდა, ცდილობდა თავისი ნავსადგურებიდან მოეშორებინა რუსული გემები და არ მიეცა საშუალება რიონით ლიტვინოვის ჯარისთვის სურსათის მიწოდების. მან ორი მოსული გემი დაარწმუნა, რომ ნაპირზე რუსები საერთოდ არ იმყოფებოდნენ და არ მისცა გამცილებელი ბათუმამდე. ორი კაზაკი ნავით დაეწია გემებს და უკან დააბრუნა, რითაც სოლომონის გეგმები ჩაშალა. ამის შემდეგ, იმერეთის მეფემ წერილი გაუგზავნა გენერალ-ლეიტენანტ ვოლკონსკის, რომელშიც ატყობინებდა, რომ ბაბა-ხანი არწმუნებდა მას, უარი ეთქვა რუსეთის ქვეშევრდომობაზე. ვოლკონსკის თხოვნაზე ბაბა-ხანის წარგზავნილის დაკავების თაობაზე, სოლომონმა უპასუხა, რომ ის უკვე წასული იყო. დესპანი იმერეთში ახალციხიდან ჩამოვიდა და იმავე გზით დაბრუნდა. ახალციხის ფაშაც ფარულად რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდა. ბაბა-ხანი კი თავისი შიკრიკის მეშვეობით სოლომონისგან ითხოვდა ალექსანდრე ბატონიშვილისთვის დახმარების აღმოჩენას და ლიტვინოვის თავს, რომელიც იმ დროს ქუთაისში არ აღმოჩნდა.20 14 სექტემბერს ლიტვინოვი ციციანოვს ატყობინებდა, რომ მეფისა და მისი თავადების საქციელი არავითარ ყურადრებას არ იმსახურებს, მაგრამ მაინც იმაზე მეტყველებს, რომ მთელი ეს „ჯგრო“ ცუდად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. გემების მოსვლამ ყველაფერი შეცვალა. ახლა მეფე არც თქვენთვის და არც ჩემთვის საშიში აღარ არისო. საქართველოს მთავარმართებელი ვოლკონსკი თავის მხრივ 10 სექტემბერს ციციანოვს წერდა: როდესაც სოლომონს რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების გამო, პორტა იმერეთის განადგურებით ემუქრებოდა და რუსების ამოჟლეტას ითხოვდა, მეფემ ამ საკითხზე სათათბიროდ თავადები შეკრიბა. დუბროვინის თქმით, იმერეთში სხვადასხვა ხმებს ავრცელებდნენ ციციანოვისა და რუსული ჯარების მოქმედების შესახებ. მეფე სოლომონი იღებდა წერილებს, სხვადასხვაგვარ ცნობებს და ბოლოს ბაბა-ხანის სიგელიც მიიღო. გარდა ამისა, სოლომონი, თითქოსდა, ლეჩხუმის აჯანყებას და დადიანის დაშინებას ცდილობდა. ამ მიზეზებმა ლიტვინოვი აიძულა იმერეთის მხედრობისთვის აეკრძალა ლეჩხუმში შესვლა, განსაკუთრებით კი დეხვირის ციხეში, რომელსაც გარს ერტყა დადიანის მფლობელობაში მყოფი ადგილები და თავად დადიანიც ამ ციხიდან 10 თუ 12 ვერსის მანძილზე ცხოვრობდა.

იმერეთის მეფე ჯერ შეეცადა დადიანის გადმობირებას მისთვის ხელსაყრელი წინადადებებით, შემდეგ როდესაც ამ ხერხმა არ იმოქმედა, დაიწყო დადიანის დაშინება რუსების სპარსელებთან დამარცხების, ციციანოვის სიკვდილისა და რუსების სრული განადგურების შესახებ ხმების გავრცელებით. შემდეგ, დუბროვინის თქმით, სოლომონმა დაიწყო ლეჩხუმის თავადებისა და ხალხის აჯანყება. დეხვირის ციხე, რომელიც დადიანის სამფლობელოს ცენტრში იმყოფებოდა, სოლომონისთვის კარგ საყრდენს წარმოადგენდა. მეფე მუდმივად პოულობდა საბაბს თავისი ხალხის ციხესიმაგრეში გასაგზავნად, რაც მიზნად ისახავდა მისთვის სასარგებლო ხმების გავრცელებას. ლიტვინოვის გადაწყვეტილებას დადიანის თხოვნაც ამაგრებდა. მეფის წარგზავნილებისათვის ლეჩხუმში ჩასვლის აკრძალვის სანაცვლოდ, დადიანი პირობას დებდა, რომ ციხეში გამაგრებულ იმერლებს თავად უზრუნველყოფდა საკვებით. მეფემ დამამცირებლად მიიჩნია, რომ მისი ხალხი დადიანის კმაყოფაზე ყოფილიყო. მან მოითხოვა, რომ ლიტვინოვს მისთვის მიეცა ციხის დამცველთათვის რამდენიმე თვის სამყოფი სურსათის შეტანის უფლება. ლიტვინოვი დათანხმდა, მხოლოდ დადიანის რჩევა გაითვალისწინა და სურსათი ფარულად შეატანინა ისე, რომ ხალხს არ დაენახა.

ციციანოვი დიპლომატიურად სწერდა სოლომონს, რომ მტრები ავრცელებდნენ ხმებს რუსეთის მიმართ მისი არაკეთილგანწყობის შესახებ. ციციანოვი ამბობდა, რომ მათ სახელებს ვერ გაამხელდა, მაგრამ მათი გაჩუმება შეეძლო თავად სოლომონს თავისი საქციელით, რომელიც რუსეთის საკეთილდღეოდ იქნებოდა მიმართული. სოლომონი არ ნებდებოდა. დადიანმა ლიტვინოვს შეატყობინა, რომ მეფე მის დაყოლიებას ცდილობდა რუსების წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლაზე, რის სანაცვლოდ პირდებოდა ლეჩხუმში დაკავებული ციხესიმაგრეების მისთვის დაბრუნებას. მეფე მძევლების მიცემასაც პირდებოდა დადიანს და სთხოვდა დაეთანხმებინა ლიტვინოვი ქუთაისში დაბრუნებაზე. საბოლოო პირობებზე მოსალაპარაკებლად სოლომონი აპირებდა დადიანთან სეხნია წულუკიძისა და ჯაფარიძის გაგზავნას. საბაბად უნდა გამოეყენებინა ლიტვინოვთან დეხვირის ციხის მომარაგების თაობაზე მოლაპარაკება.

მეფის ელჩობა ლიტვინოვს გზაზე შეხვდა, როდესაც ის ლეჩხუმიდან ზღვაზე მიემართებოდა. საუბარმა აშკარა დაპირისპირების ხასიათი მიიღო. ჯაფარიძე არ მოერიდა მუქარას ლიტვინოვის მიმართ, რომელიც დადიანის მიკერძოებულ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ლიტვინოვმაც უხეშად მოიშორა ელჩები. ამის შემდეგ, ის ქუთაისში ყოფნას მაინც მოერიდა. ციციანოვი ლიტვინოვის საქციელს არ იწონებდა, რასაც მას არ უმალავდა და განუმარტავდა, რომ თავადაც არ ენდობოდა სოლომონს, მაგრამ დადიანისთვის აშკარა უპირატესობის მინიჭება გაუმართლებელი იყო იქამდე, სანამ რუსული ჯარი შემოვიდოდა. ციციანოვი ლიტვინოვს არწმუნებდა, რომ იმერეთის მეფე და სამეგრელოს მთავარი რუსეთისადმი ერთგულების მხრივ ერთმანეთისგან არ განსხვავდებოდნენ, ანუ არც ერთი არ იყო ერთგული, მაგრამ დადიანი თავისი სისუსტის გამო, უფრო მორჩილი იყო. ციციანოვი ლიტვინოვს ურჩევდა, რომ ყურადღება არ მიექცია მოარული ხმებისთვის და არაფრად ჩაეგდო თვით დამსმენებიც. მთავარსარდალი იმავე დროს დადებითად აფასებდა სოლომონის განზრახვას ციხესიმაგრიდან გარნიზონის გამოყვენის შესახებ და ლიტვინოვს აცნობებდა, რომ შესაძლებლად თვლიდა მეფისთვის „თავისი ქათმების საქათმიდან გამოყვანის“ ნება მიეცათ. მეფისთვის ამ სურვილს ლიტვინოვიც არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ეს სოლომონის ჭეშმარიტი სურვილი არ ყოფილა. დუბროვინი წერს, რომ მეფეს რუსეთის უბოროტესი მტრები სეხნია წულიკიძე, სოლომონ ლეონიძე და როსტომ ნიჟარაძე რუსეთის მიმართ უნდობლობას ჩააგონებდნენ. მათ სწორად განუჭვრეტიათ რუსეთის გეგმები მეფესთან მიმართებით. ისინი სოლომონს აფრთხილებდნენ, რომ მასაც ისევე მოექცეოდნენ, როგორც ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წევრებს მოექცნენ.

იმერეთის სამეფოს რუსეთის ქვეშევრდმობაში შესვლით, გურიის სამთავროც რუსეთის ქვეშევრდომობაში აღმოჩნდა, ვინაიდან ციციანოვმა ეს სამთავრო იმერეთის პროვინციად სცნო. ხოლო 1804 წლის 29 მაისს მან გურიის მთავარს რუსეთის ქვეშევრდომობა მიულოცა. რუსეთის მიერ სამეგრელოს სამთავროს მიერთების მიუხედავად, ფოთის ნავსადგური ოსმალეთის ხელში იყო, ისევე როგორც ბათუმისა და ანაკლიის ნავსადგურები. ფოთის ციხეში თურქი მეციხოვნეები იდგნენ, რაც დიდ დაბრკოლებას უქმნიდა რუსეთის გეგმებს.

ციციანოვი ალექსანდრე I-სა და გრაფ ვორონცოვს სწერდა: „სამეგრელო ფოთის გარეშე არაფერს ნიშნავს“. მისი აზრით, ფოთის ნავსადგური იმდენად საჭირო იყო, რომ ამ ერთი პუნქტის შეძენა რუსეთისთვის უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე მთელი სამეგრელოს შეძენა. ფოთი-რიონი საუკეთესო გზა იქნებოდა ყირიმიდან რუსული ჯარის შემოყვანისთვის სამეგრელოსა და იმერეთში და ამ ჯარის საჭირო სურსათით მომარაგებისთვის. ოსმალეთი ამ ნავსადგურებს ნებაყოფლობით არ დაუთმობდა რუსეთს. რუსეთი კი ჯერჯერობით ოსმალეთის მოკავშირეობას უფრთხილდებოდა, ამიტომ ოსმალეთის მთავრობის წყენას ერიდებოდა. მაგრამ ფოთის მნიშვნელობა რუსეთისათვის იმდენად დიდი იყო, რომ პეტერბურგიდან ციციანოვს ნებას აძლევდნენ ხელთ ეგდო ეს ნავსადგური ნებისმიერი ხერხით, მხოლოდ მტრობის აშკარა საბაბი არ უნდა მიეცა ოსმალეთისათვის.21 შავი ზღვის ნავსადგურები ტყვეებით სავაჭრო მთავარი პუნქტები იყო. ამავე დროს, ამ ნავსადგურების დაკარგვით ოსმალეთი მოწყდებოდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილს, ეს საგრძნობლად შეამცირებდა მის გავლენას კავკასია-ამიერკავკასიაში, რაც თავისთავად დიდი მნიშვნელობის მქონე, დადებითი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მეფე სოლომონს არ აძლევდა ხელს. თუ ფოთის ნავსადგურს რუსული ჯარები დაეპატრონებოდნენ, იმერეთის ძალისმიერი დაპყრობა გარდაუვალი იქნებოდა. იმ დროს, პეტერბურგიდან მიიღეს ცნობა, რომ ბელევსკის პოლკი გემებით უნდა ჩამოსულიყო იმერეთსა და სამეგრელოში. ციციანოვმა გადაწყვიტა თითო-თითო ბატალიონის ჩაყენება ოდიშში, ლეჩხუმსა და ქუთაისში, რისთვისაც ლიტვინოვს ყაზარმებით უზრუნველყოფა სთხოვა, მაგრამ სოლომონმა და დადიანმა დახმარება არ აღმოუჩინეს. ლეჩხუმში ბატალიონის ჩაყენება ბევრ სიძნელესთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში ეს საკვებით მომარაგებას შეეხებოდა. საამისოდ საჭირო რაოდენობის ცხენებიც არ იყო. ოდიშში კი ბატალიონის ჩაყენება რუსულმა მმართველობამ აუცილებლად მიიჩნია.

ლიტვინოვმა ფოთი ვერ იგდო ხელთ. ვერც იმაზე დაითანხმა ფოთის ციხისთავი, რომ რიონით რუსთა ჯარისთვის ყირიმიდან სურსათი შემოეტანა. ფოთის მუსელიმმა ნავმისადგომთან მისული სურსათით დატვირთული რუსული გემები უკან გააბრუნა. რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა დაკმაყოფილებულიყო მცირე და უვარგისი ნავსადგურით მდინარე ხობის შესართავთან. აქ აგებულ იქნა პატარა სიმაგრე, რომელსაც „რედუტკალე“ უწოდეს. 1804 წლის დეკემბერში ამოვარდნილი ქარიშხალის შედეგად, ყულევის ნავსადგურში რუსეთის 2 გემი ჩაიძირა. დაიღუპა 161 კაცი.

რუსეთის მთავრობამ 1804 წლის ოქტომბერში ნავსადგურიდან თავისი ჯარი სანაპიროზე გადმოსხა. იმავე წლის დეკემბერში სამეგრელოში დიდიევსკის ლეგიონი შევიდა. ერთი ბატალიონი ქუთაისში დაბანაკდა, მეორე - ხორგასა და ჭალადიდში, ორი ასეული ლეჩხუმში. იმერეთის მეფე შეაშფოთა ასეთი დიდი რუსული ჯარის შემოსვლამ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. ამის თაობაზე მან შეკითხვით მიმართა ციცანოვს, მაგრამ საპასუხოდ მუქარა მიიღო: თქვენ გნებავთ, რომ არათუ ბატალიონი, როტაც არ იდგეს ქუთაისში. ამ სურვილს იმპერატორი უმადურობად ჩაგითვლით. თქვენს დასაცავად მოსულ ჯარს უნდობლობით ნუ ხვდებით, თორემ იმპერატორის წინაშე დამნაშავედ ჩაითვლებითო.22

იქამდე ცოტა ხნით ადრე, როგორც ავღნიშნეთ, სოლომონ მეფემ ხელსაყრელი პირობების შეთავაზებით დადიანის გადმობირება სცადა, რაც დადიანმა რუსეთის მთავრობას აცნობა. 1804 წლის 24 ოქტომბერს გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა. მისი მეუღლე ლიტვინოვს ატყობინებდა, რომ დადიანი მოწამლეს და გამოძიებას ითხოვდა. ასევე ითხოვდა მფარველობას.

დადიანის მოწამვლაში კათოლიკე ქსიონზს ადანაშაულებდნენ. ციციანოვი მზად იყო გარკვეული თანხა გაეცა დამნაშავის დასადგენად, რომელმაც იმსხვერპლა ეს, ვითომდა, რუსეთის ერთგული თავადი. გარდაცვალებამდე, მომაკვდავმა გრიგოლ დადიანმა მას წერილი მისწერა, რომელშიც თავისი ქვრივისა და შვილების მფარველობას სთხოვდა. ანდერძად უბარებდა, რომ სამეგრელო მცირეწლოვანი ლევანისთვის მიეკუთვნებინა.23 ციციანოვი იმასაც ხვდებოდა, რომ დადიანის ერთგულება მოჩვენებითი იყო და დიდად არ დამწუხრებულა „რუსეთის ფარული მტრის“ თავიდან მოშორებით. დადიანის ძმებმა არეულობა წამოიწყეს. რუსულ მხარეს ყველაზე მეტად აფიქრებდა დადიანის ძმა, მანუჩარი და ქვრივი ნინო, რომელსაც დუბროვინი ახასიათებს, როგორც გაბედულ, ეშმაკ და პატივმოყვარე ქალს. მას თავად სურდა სამთავროს მართვა. მანუჩარი უარყოფითად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. მას არ სურდა ლიტვინოვის ნახვა და მით უმეტეს რუსეთის იმპერატორისადმი მორჩილება. მღელვარება მატულობდა. ლიტვინოვი ელოდა მეფე სოლომონისა და დადიანის ძმების - მანუჩარ და ტარიელის მიერ ბუნტის წამოწყებას, თუ ოდიშში რუსული ჯარი დროულად არ გამოჩნდებოდა. მისი მოთხოვნის თანახმად, გენერალ-მაიორ რიკჰოფს დაევალა მისთვის ჯარის გაგზავნა თავისი პოლკიდან. დადიანის პირდაპირი მემკვიდრე იყო მისი ვაჟი ლევანი. ათი წლის ლევანი მაშინ, მამის რაღაც ვალის გამო, მძევლად იმყოფებოდა აფხაზეთის მთავარ ქელეშ-ბეისთან, რომელსაც ლიტვინოვმა შეუთვალა სამეგრელოს მემკვიდრის დაბრუნების თაობაზე, მაგრამ უშედეგოდ. ლიტვინოვმა ციციანოვს აცნობა ქელეშ-ბეისთან შექმნილი პრობლემების შესახებ.24 ციციანოვი იძულებული გახდა თავის თავზე აეღო ეს მოლაპარაკებები და მემკვიდრის დაუყოვნებლივ გადმოცემა მოითხოვა. ქელეშ-ბეი კი ლევანის განთავისუფლებაში ითხოვდა ფულად გამოსასყიდს და მის უმცროს ძმას მძევლად. ეს ბოლო მოთხოვნა მიუღებელი იყო ციციანოვისათვის. აფხაზეთში გენერალი რიკჰოფი გაიგზავნა ბელევსკის პოლკთან ერთად, რათა ნებაყოფლობით, თუ ძალით დაეხსნა სამეგრელოს მემკვიდრე, მაგრამ სურსათის ნაკლებობისა და მდინარეების ადიდების გამო, უკან გამობრუნდა. გზად მან ანაკლიის ციხე დაიკავა, რომელიც ოსმალეთის მფლობელობაში იმყოფებოდა. ციხის დაკავება თითქოსდა რიკჰოფმა თვითნებურად მოახდინა. საფიქრებელია, რომ ამ მანევრით რუსულმა მხარემ თურქეთის პოზიცია მოსინჯა, მაგრამ ოსმალეთი ციხეებისა და ნავსადგურების დათმობას არ აპირებდა. ციციანოვმა რიკჰოფს თურქული გარნიზონის უფროსისათვის ბოდიშის მოხდა და დაკავებული ციხისა და ნავსადგურის დაბრუნება დაავალა, მაგრამ ოსმალეთის გარნიზონი ფოთში გადავიდა, ხოლო ქელიშ-ბეიმ ანაკლია არ ჩაიბარა. ოტომანთა პორტამ ყველა სასაზღვრო ციხის გამაგრება და თავდაცვით მდგომარეობაში მოყვანა დაიწყო, ხოლო სამეგრელოში თავისი ჩინოვნიკი გაგზავნა, რათა ადგილზე მოეპოვებინა ცნობები მომხდარის შესახებ. ოსმალეთის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის პირველმა მდივანმა რეჯებ-ეფენდიმ ლიტვინოვს ახსნა-განმარტება მოთხოვა იმის თაობაზე, თუ რატომ იყო რუსული ჯარები იმერეთში. ლიტვინოვმა გაახსენა კაინარჯის ტრაქტატი, რომლითაც იმერეთი და სამეგრელო, „რუსული იარაღის დახმარებით“, განთავისუფლდნენ პორტისთვის გადასახდელი ყოველგვარი ბეგარისა და მისი გავლენისაგან. „ასევე რუსული გავლენისაგან“ - შეაწყვეტინა ეფენდიმ და დასძინა, რომ სწორედ ამ უკანასკნელი უფლების ძალით სურს ახლა იმერეთის მეფეს სულთნის მფარველობაში შესვლა, ჩივის რა რუსების მხრიდან შევიწროებაზე და სულთანს სთხოვს დახმარებას. ეფენდი ლიტვინოვს ასევე ეკითხებოდა, თუ რატომ დაიკავეს რუსებმა სანაპირო და კალეს ნავსადგური მიითვისეს, იმ დროს, როდესაც რედუტ-კალე თურქეთის იმპერიის საშტატო ციხესიმაგრეების რიცხვს ეკუთვნოდა.

დუბროვინის თქმით, ლიტვინოვი ცდილობდა თურქი ჩინოვნიკისთვის დაემტკიცებინა, რომ კაინარჯის ტრაქტატის მიხედვით თურქეთის ჯარები დარჩნენ მხოლოდ იმ ციხესიმაგრეებში, რომლებიც რუსების მიერ არ ყოფილან წართმეული.25 ვინაიდან რედუტ-კალე, არც ტრაქტატამდე და არც მის შემდეგ თურქების მიერ დაკავებული არ ყოფილა, ამდენად იგი სამეგრელოს მფლობელის საკუთრებად იქცა. ხოლო რუსებმა ციხესიმაგრე დაიკავეს, როგორც იმ მფლობელის საკუთრება, რომელმაც საკუთარი თავი, ქვეშევრდომებთან და მიწებთან ერთად რუსეთის ქვეშევრდომობას დაუქვემდებარა. ლიტვინოვი იმასაც დასძენდა, რომ დამამტკიცებელი საბუთები არქივებიდან უნდა ყოფილიყო ამოღებული, რის შემდეგ რუსეთისა და თურქეთის მხარეები ადვილად შეძლებდნენ ამ საკითხის გარკვევას.

ანაკლიის ციხე და ნავსადგური 1805 წელს განთავისუფლებული იქნა და ქელეშ-ბეის გადაეცა.26 საბოლოოდ, ლევანის განთავისუფლებაც უბრძოლველად მოხდა. 1805 წლის 10 ივნისს ლევან დადიანს სახელმწიფო სიგელი და ინვესტიტურის ნიშნები გადაეცა. იმპერატორი ციციანოვს სწერდა, რომ გარდაცვლილი გრიგოლ დადიანის უფროს ვაჟს, თავად ლევანს აღიარებდა სამეგრელოს, ოდიშისა და ლეჩხუმის მთავრად. როგორც ვხედავთ, იმპერატორს თავი არ შეუწუხებია მეფე სოლომონისა და გრიგოლ დადიანის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლით, რაც ლეჩხუმის საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის საშუალებას მისცემდა.

1805 წლის 30 ივლისს ალექსანდრე I-მა სამეგრელოს სამთავროს დეპუტაცია მიიღო. თავადები ნიკოლოზ და ბეჟან დადიანები და კარის დეკანოზი იოანე ს. პეტერბურგს გაემგზავრნენ, რათა ნინო გიორგის ასულის დარიგებისამებრ იმპერატორისათვის ეთხოვათ შემდეგი: ფორმის მიცემა, რომლის მიხედვითაც სამეგრელოში შეძლებდნენ აღევლინათ ლოცვა მისი საიმპერატორო უდიდებულოსობის ჯანმრთელობის შესახებ, როგორც ამას წესი მოითხოვდა; სამეგრელოში გამოგზავნილი ყოფილიყო მოხელე, სამთო მრეწველობის მცოდნე, მადანების აღმოჩენისა და დამუშავებისათვის; სამეგრელოს მმართველისათვის ორდენის ბოძება; ჯარებისათვის ბრძანების გაცემა, რომ დახმარება გაეწიათ როგორც ურჩების, ისე ადამიანებით მოვაჭრეების წინააღმდეგ; სამეგრელოში საჭირო საქონლის ყირიმიდან ჩამოტანა, ვინაიდან თურქებმა, სამეგრელოს რუსეთის ქვეშევრდომობაში გადასვლის შემდეგ, შეწყვიტეს ყოველგვარი ვაჭრობა და საქონლის შემოტანა; დეპუტაციას ასევე უნდა ეთხოვა ანაკლიის დაბრუნება, რომელიც როდესღაც სამეგრელოს მთავრებს ეკუთვნოდა, ახლა კი ქელეშ-ბეის მიერ იყო წართმეული; ყველაზე მთავარი დავალება, რომელიც დეპუტატებს ჰქონდათ მიცემული, იყო ლეჩხუმზე მფლობელობის უფლების დაცვა. დეპუტატებმა კიდევ უფრო გააღვივეს სიძულვილი იმერეთის მეფისადმი. დეპუტაციის ცალკეული წევრები ასმენდნენ მას და ბრალს სდებდნენ რუსეთის ღალატში.27 ლეჩხუმის საკითხის გადაწყვეტა დადიანის სასარგებლოდ გადაიხარა, რაც სათანადო ინსტრუქციით აცნობეს ციციანოვს. ციციანოვის აზრითაც, აუცილებელი იყო იმ პირთა ძალაუფლების შესუსტება, ვინც რუსეთის მიმართ ერთგულებას არ იჩენდა.28 დუბროვინი წერს, რომ ლევანის მთავრად დანიშვნამ რუსეთს ვერ ააცილა ზრუნვა სამეგრელოს მმართველობაზე. ვინაიდან ლევანი ჯერ კიდევ ძლიერ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. ციციანოვი ლევანის სრულწლოვანებამდე სამეგრელოს მართვას დედამისისთვის და სამეგრელოს უმთავრესი თავადებისგან შემდგარი საბჭოსთვის მინდობას ვარაუდობდა. ლიტვინოვი მას არ ეთანხმებოდა.

გარდაცვლილი გრიგოლ დადიანის ძმებიდან ორი: ოდიშისა და ჭყონდიდის არქიმანდრიტი და შუათანა, გიორგი, რუსეთის ერთგულნი იყვნენ. ცაგერელი მერყეობდა, თუმცა დაიფიცა რუსეთის ქვეშევრდომობაზე. უფროსი ძმა მანუჩარი და უმცროსი - ტარიელი ეწინააღმდეგებოდნენ სამეგრელოში რუსული ჯარის შესვლას, აწყობდნენ შეთქმულებებს თავადებთან ერთად და ხალხს აღელვებდნენ. დუბროვინი აღნიშნავს, რომ განსვენებული დადიანის მეუღლე რუსეთის ერთგული კი იყო, მაგრამ თუ უმაღლესი ძალაუფლება მის ხელში აღმოჩნდებოდა, მისი ცნობილი „მორალური თვისებების“ გამო, მოსალოდნელი იყო არეულობა, მით უფრო, რომ დადიანის ქვრივს რჩევას აძლევდნენ ახალგაზრდა კაცები, რომლებიც მას გარს ეხვივნენო.29

ლიტვინოვი აპირებდა ოდიშის მმართველობა ჩაებარებინა გრიგოლის ძმებისთვის - ბესარიონისთვის, ჭყონდიდელისთვის, გიორგისთვის და სახლთუხუცესი ჩიქუანისთვის, ხოლო ლეჩხუმი - დადიანის ბიძაშვილისთვის - ნიკოლოზისათვის და ლეჩხუმის მოურავ თავად გელოვანისთვის, როგორც რუსეთის ერთგული ადამიანებისათვის. მნიშვნელოვან შემთხვევებში მათ რუსული მთავრობის ნებართვა უნდა ეთხოვათ, ხოლო უმნიშვნელო საკითხები თავად უნდა გადაეწყვიტათ. ერთმმართველობის შესანარჩუნებლად, რომელსაც ხალხი ესოდენ მიჩვეული იყო, უმაღლესი ზედამხედველობა უნდა გადასცემოდა დადიანის ქვრივს, ნინა გიორგის ასულს, რომელსაც თავის მხრივ უხელმძღვანელებდა გამოცდილი პიროვნება, ცხადია, რუსთაგან.

ციციანოვი საზიანოდ თვლიდა დადიანის ძმებისთვის მმართველობის ჩაბარებას და სამეგრელოს ორ ნაწილად დაყოფას. მან თხოვნით მიმართა იმპერატორს. 1805 წლის 26 იანვარს იმპერატორმა უპასუხა, რომ იწონებდა მის აზრს დროებითი საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ახალგაზრდა ლევანს უხელმძღვანელებდა. იმპერატორი ციციანოვს ავალებდა დადიანის ქვრივის გამოცხადებას მისი შვილის მეურვედ და სამეგრელოს მმართველად, ვიდრე ლევანს ოცი წელი შეუსრულდებოდა. ციციანოვს კი უნდა შეერჩია დადიანის ნათესავებიდან, ან უწარჩინებულესი თავადებიდან დროებითი საბჭოს წევრები და წარედგინა დასამტკიცებლად. საბჭოს უფლებამოსილება შემოფარგლული უნდა ყოფილიყო სამთავროს მართვითა და სამოქალაქო საქმეების გარჩევით. სისხლის სამართლისა და ტყვითსყიდვაში მხილებულთა საქმეები უნდა გადაგზავნილი ყოფილიყო პოლკში და გარჩეული ყოფილიყო კრიხს-რეხტში, სამხედრო რეგლამენტზე დაყრდნობით. საბჭოს წევრებს, თავიანთი ძველი ჩვეულების მიხედვით, შეეძლოთ ადგილზე გაესამართლებინათ უმნიშვნელო დანაშაულის ჩამდენები და მთხოვნელები მაშინვე დაეკმაყოფილებინათ გადაწყვეტილებით, მაგრამ მამუ- ლებთან დაკავშირებული დავები და საჩივრები ყოველთვის უნდა გადაწყვეტილიყო ხმათა უმრავლესობით და მმართველთან შეთანხმებით.

ალესქნდრე I-მა არჩევანი სამეგრელოს სასარგებლოდ გააკეთა, რითაც საბოლოოდ გაანაწყენა იმერეთის მეფე. 19 თებერვალს მეფე სოლომონს დიდი ზეიმით ჩააბარეს იმპერატორის წყალობის სიგელი, მაგრამ ამით რუსეთის მიმართ მისი უნდობლობა არ მინელებულა. ის განაგრძობდა მოკავშირეების ძებნას. დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის იმპერატორი თავის იმპერიაში სხვა მეფეს ვერ იგუებდა და იმერეთის სამეფოსაც ისევე გააუქმებდა, როგორც პოლონეთის, ყირიმისა და ქართლ-კახეთის სამეფოები გააუქმა. ანაკლიის უკან დაბრუნებით რუსეთმა ვერ აიცდინა ოსმელეთთან ურთიერთობის გამწვავება. რუსების მიერ ანაკლიის დაცლა ჭიანურდებოდა. პორტამ კვლავ გამოგზავნა თავისი საგანგებო რწმუნებული რეჯებ-ეფენდი, რომელიც 1805 წლის ივნისში მეორედ შეხვდა ლიტვინოვს. მან განაცხადა, რომ „მისმა მთავრობამ გამოგზავნა, რათა მან ოსმალეთს დაუბრუნოს რუსების მიერ დაკავებული ადგილები, სოხუმიდან დაწყებული ვიდრე ბათუმამდე“. რუსეთ-ოსმალეთის წინააღმდეგობა დასავლეთ საქართველოს მიზეზითაც მწვავდებოდა. ამ ორ იმპერიას შორის განხეთქილების მთავარი მიზეზი მარტო ნაპოლეონი არ ყოფილა, როგორც ამას რუსი დიპლომატები მიიჩნევდნენ. რუსეთი მონაწილეობდა კოალიციაში საფრანგეთის წინააღმდეგ. 1805 წლის 20 ნოემბერს აუსტერლიცთან საფრანგეთის ჯარმა რუსეთ-ავსტრიის შეერთებული ნაწილები სასტიკად დაამარცხა. ოსმალეთი გამარჯვებულის მხარეზე გადაიხარა. საფრანგეთიც, თავის მხრივ, ყოველ ზომას ხმარობდა, რომ ოსმალეთი რუსეთის წინააღმდეგ აემხედრებინა. სოლომონ II თვალყურს ადევნებდა ევროპაში მიმდინარე პროცესებს. იმედოვნებდა, რომ მისი მოძალადე „მფარველი“ დამარცხდებოდა, მაგრამ პასიური ლოდინის პოზიციით არ კმაყოფილდებოდა. თავის მხრივ აქტიურად მოქმედებდა. საიდუმლო ურთიერთობა ჰქონდა სპარსეთის შაჰთან, ოსმალეთის კართან, ალექსანდრე ბატონიშვილთან, ფაშებთან, ხანებთან, რუსეთის მთავრობის ყველა მოწინააღმდეგესთან. ღიად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას რუსეთის მთავრობით, რომელმაც მის დასასუსტებლად, ლეჩხუმი სამეგრელოს მთავარს მიაკუთვნა.30 სოლომონსა და ლიტვინოვს შორის დამოკიდებულება იმდენად დაძაბული იყო, რომ ლიტვინოვი, იმერეთში რუსული ჯარის შემოსვლამდე, ქუთაისში ცხოვრებას ვერ ბედავდა. მას სამეგრელოში ყოფნა უფრო უსაფრთხოდ მიაჩნდა. ქუთაისში რუსული ჯარის შემოსვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. ახლა მეფემ დატოვა თავისი სატახტო ქალაქი. საცხოვრებლად ზამთრობით ვარციხეში, ხოლო ზაფხულობით ოკრიბასა და გოგში იმყოფებოდა.31 მას ეშინოდა, რომ შეიპყრობდნენ და რუსეთს გადაასახლებდნენ. როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახა, ეს შიში უსაფუძვლო არ ყოფილა.

ამ დროს მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის ომი. რუსულმა ჯარებმა ირანელთა მრავალრიცხოვან ჯარებს სძლია. 1806 წლის თებერვალში, ქ. ბაქოს ჩაბარების დროს, მშვიდობიანი მოლაპარაკებისას ღალატით მოჰკლეს ნიჭიერი რუსი სარდალი, ეროვნებით ქართველი ციციანოვი, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება რუსეთის ერთგულ სამსახურს შეალია. მის ნაცვლად საქართველოს ახალ მთავარსარდლად გუდოვიჩი დაინიშნა. იმერეთსა და ოდიშში გააძლიერეს რუსული ჯარი, რომელსაც სათავეში გენერალი რიკჰოფი ედგა. იმერეთის მოსახლეობამ თავის თავზე გამოსცადა ყველაფერი ის, რაც ქართლ-კახეთში ხდებოდა. რუსი სამხედროების მიერ სურსათ-სანოვაგის, ღვინის, შინაური ფრინველის წართმევა, საბეგრო ურმებისა, ცხენების და მათი გამყოლთა გამოყვანა მოსახლეობიდან ფასგადაუხდელად და სხვა ძალადობა. სოლომონ II თავისი ქვეშევრდომების დაცვას ცდილობდა. ის მთავარმმართველ გრაფ გუდოვიჩს სწერდა: „აწცა მუნ მოსრულთა მხედრობათა დაუთმენლად შეაწუხეს მსახლობელნი სოფელნი ცემითა, მძლავრებითა და წართმევითა. მრავალგზის მოგახსენეთ და აწცა ესე არს მწუხარება ჩემი, რომ ესოდენთა წელიწადთა შინა ითმენენ დიდთა განმწარებათა და აწ ესოდენსა ზომასა შინა შესრულ არს განმწარება საზოგადოებისა, რომელ უკეთუმცა დაითხია სისხლი ერთი, ვინემდის სრულიად ერს არ გასწყვეტთ მთლად იმერეთისას, შფოთი ძნელად დასცხრება. ამას ერთგულად და გულწრფელობით მოგახსენებთ და ნება თქვენია“.32

პორტა ვერ ეგუებოდა რუსების მიერ ყულევის („ქემხალის“) დაკავებას. 1806 წლის ოქტომბერში რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო. ანატოლიის მთავარსარდალმა იუსუფ ფაშამ რუსეთის წინააღმდეგ „საღვთო ომისკენ“ მოუწოდა დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებს, ამიერკავკასიისა და დაღესტნის ხანებს. ოსმალთა ჯარი 1807 წლის თებერვალში ღამით შეესია რუსთა ბანაკს ყულევში. მსხვერპლი ორივე მხრიდან დიდი იყო. როგორც გენ. რიკჰოფი 1807 წლის 15 თებერვალს გუდოვიჩს მოახსენებდა, რუსებმა ოსმალთა მოგერიება შეძლეს.

1807 წლის 13 ივნისს დაიდო ტილზიტის ზავი. ალექსანდრე I-ის მთავრობა ნაპოლეონის მოკავშირე გახდა ინგლისის წინააღმდეგ. ოსმალეთმა საფრანგეთის დახმარება დაკარგა. რუსეთს საშუალება მიეცა თავისი ძალების დიდი ნაწილი გადაესროლა ოსმალეთის წინააღმდეგ. ამ ომში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოთს. ფოთის ციხე კარგად იყო გამაგრებული, რუსეთს იმ დროს მრავალრიცხოვანი ჯარის გადმოყვანა არ შეეძლო. ფოთის უფროსად გამაჰმადიანებული ქუჩუქ-ბეი შარვაშიძე იყო, რომელიც „სოხუმის კომენდანტის“ მოვალეობასაც ასრულებდა. რუსულმა მხარემ მისი მოსყიდვა გადაწყვიტა. მას სთავაზობდნენ 6 ათას მანეთს და რუსეთის მფარველობაში მიღებას, მაგრამ ვერ დაითანხმეს.

მ. დუმბაძე ჩუდინოვის ნაშრომზე დაყრდნობით წერს, რომ 1808 წლის მარტში გუდოვიჩმა მიიღო იმპერატორის ახალი ბრძანება იმერეთში მეფის ხელისუფლების გაუქმებისა და დროებითი მმართველობის დამყარების შესახებ. დაიწყო ნიადაგის მომზადება სოლომონ მეფის ხელისუფლების გასაუქმებლად. რუსული სარდლობა ფოთისთვის ბრძოლის გაჭიანურების მთავარ მიზეზად სოლომონს აღიარებდა. ამით ცდილობდა აეხსნა ის, რომ სამი თვის განმავლობაში ალყაშემორტყმული ფოთის აღება ვერ მოახერხეს. მართალია, მიმდინარე ომში, სოლომონს რუსების დამარცხება სურდა, მაგრამ ფოთის ციხის აუღებლობის მთავარი მიზეზი იყო როგორც ოსმალთა ძლიერი წინააღმდეგობა, ისე რუსთა რაზმების სიმცირე და ტყვია-წამლის დიდი ნაკლებობა. რუსმა სამხედროებმა სამეგრელოს ეკლესიებიდან ზარები ჩამოხსნეს და ტყვიებად გადაადნეს.33

სოლომონი ირან-ოსმალეთთან ამყარებდა კავშირს. გენ. ორბელიანს შეუტყვია, რომ მეფე ალექსანდრე ბატონიშვილს შეხვდა. ამ უკანასკნელს სურდა ახალციხის ფაშას ამხედრება რუსეთის წინააღმდეგ, რის გამოც დიდი თანხით მისულა მასთან.34 ახალციხეში მყოფ რუსეთის აგენტს იქ უნახავს სოლომონ მეფის წარმომადგენლები - მალხაზ ანდრონიკაშვილი, როსტომ ნიჟარაძე და რაჭის ერისთავი… როგორც ჩანს, სოლომონი ცდილობდა რუსეთის ერთგულადაც მოეჩვენებინა თავი. ამაზე მეტყველებს შემდეგი დოკუმენტი:

1808 წლის 30 აპრილს გრაფი რუმიანცევი გრაფ გუდოვიჩს სწერდა, რომ მის მიერ 8 თებერვალს იმპერატორისათვის გაგზავნილი პატაკიდან მან განსაკუთრებული სიამოვნებით შეიტყო იმერეთის მეფის შემობრუნება ერთგულ ქვეშევრდომობისაკენ, რასაც ესოდენ დიდი ხნის მანძილზე ეწინააღმდეგებოდა. რუმიანცევი აქებდა გუდოვიჩს იმ განკარგულებების გამო, რომლებმაც გამოიწვია რუსული მხარისთვის ხელსაყრელი ცვლილებები იმერეთის მეფის ქცევაში. ის იმედს გამოთქვამდა, რომ მეფემ დაინახა, თუ როგორ ახლოს იყო სამართლიან სასჯელთან თავისი ვერაგობის გამო და ახლა მტკიცედ შეასრულებდა თავის მოვალეობებს. ამჯერად, იმპერატორმა გადადო მისი ჩამოშორება იმერეთის მმართველობისგან და დაკმაყოფილდა სხვა ზომებით: მეფეს ერთგულების საწინდრად თავისი ყველაზე ერთგული ოჯახებიდან უნდა შეერჩია რუსეთის მხარისთვის გასაგზავნი მძევლები, რის შემდეგ უწარჩინებულესი გვარებიდან დეპუტატები უნდა გაეგზავნა საიმპერატორო კარზე.35

მ. გონიკიშვილი წერს, რომ სოლომონმა და მისმა საბჭომ 1808 წელს უკანასკნელ გამოსავალს მიმართა: შექმნილი მდგომარეობის შესახებ მისწერა იმპერატორს, თუ როგორ თვითნებობდნენ რუსეთის ადგილობრივი წარმომადგენლები, რომ ისინი ყოველ ნაბიჯზე თელავდნენ სოლომონ II-ის უფლებებს. „ამიტომ ის თხოულობდა ხელშეკრულებაში ზოგ ცვლილებების შეტანას. მაგრამ ამ წერილს იმპერატორ ალექსანდრე I-მდე არ მიუღწევია“.36 ვფიქრობთ, წერილმა იმპერატორამდე მიაღწია, რაც მირიან ბატონიშვილის დახმარებით მოხდა. ამას ორი საარქივო დოკუმენტი გვაფიქრებინებს:

1808 წლის 1 ნოემბერს გრაფი ალექსანდრე სალტიკოვი ივან გუდოვიჩს განსახილველად უგზავნის სოლომონ მეფის თხოვნას, რომელიც ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის, მირიან ბატონიშვილის მეშვეობით იყო გადაცემული. ასევე უგზავნის მეფე სოლომონის წერილს მირიან ბატონიშვილისადმი. იმპერატორისათვის მეფის გზავნილი დათარიღებულია 1807 წლის 29 ივლისით. იგი შემდეგი შინაარსის არის: „მივიღე თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის მიერ ხელმოწერილი სიგელი, რომელიც ადასტურებს, რომ არავითარი მოვალეობა იმერეთის სამეფოსთან არ გაქვთ, გარდა მეზობლური კეთილგანწყობილებისა. თავადმა ციციანოვმა დაარღვია ეს სიგელი იმით, რომ ცილი დამწამა თქვენი უდიდებულესობის წინაშე, თითქოსდა მე დესპანი გამეგზავნოს ოტომანთა კარზე და მეთხოვოს რაღაც თანხა და დამხმარე ჯარი წინააღმდეგობის გასაწევად თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარისთვის, რომელიც საქართველოში იმყოფება. ამ მიზეზით, ჩემი დესპანი ლეონიძე მრისხანე წერილით გამოისტუმრეს რუსეთის კარიდან, ყოველგვარი დაჯილდოების გარეშე. ამის შემდეგ, კვლავ მივიღე უზენაესი სიგელი, ცილისწამებისგან ჩემი გამამართლებელი, რომ მე არ გამიგზავნია არავითარი ელჩობა პორტაში. თავადმა ციციანოვმა კიდევ დაარღვია ეს სიგელი იმით, რომ მუქარით მაიძულა იმ პუნქტებზე მომეწერა ხელი, რომლებზეც ხელის მოწერა ჩემთვის შეუძლებელი იყო. როდესაც მან დაინახა, რომ ვერავითარი გზით ვერ დამითანხმებდა იმ პუნქტებზე ხელისმოწერაზე, ფიცით დამპირდა და მომცა საკუთარი ხელით დაწერილი წერილი, რომ ის თავად დაარღვევდა იმ პუნქტებს; ამიტომ მე ვენდე მის ღირსებას და ხელი მოვაწერე. ჩემ მიერ ხელის მოწერის შემდეგ, მან დაარღვია თავისი ფიცი და ხელნაწერი: წამართვა ლეჩხუმის სამფლობელო, რომლითაც შევედი რუსეთის ქვეშევრდომობაში და მისცა იგი ჩემს თავადს, დადიანს და სიცოცხლის ბოლომდე მაიძულებდა დეპუტატების გაგზავნას რუსეთის კარზე მადლობის სათქმელად. ციციანოვის ამგვარი საქციელის გამო, არ შემეძლო დეპუტატების გამგზავრება, ვინაიდან მან წამართვა ხსენებული სამფლობელო - ლეჩხუმი. ამიტომაც გამოვუცხადე უარი დეპუტატების გაგზავნაზე. მაგრამ ვთანხმდებოდი, თუკი ის ჩემს დესპანს თქვენს უდიდებულესობასთან მიუშვებდა, რომელიც წარადგენდა განმარტებას ჩემს მომართ მისი სასტიკი და სულელური საქციელის შესახებ.“37 მეფეს სურდა სოლომონ ლეონიძის გაგზავნა, რომელიც იმპერატორს წარუდგენდა ციციანოვის მიერ მიცემულ წერილს პუნქტების დარღვევის შესახებ. ხოლო ციციანოვმა როგორც ვიცით, არ გაატარა მეფის დესპანი და ტფილისიდან ისევ იმერეთში გააბრუნა, ის პუნქტები კი თავად წარუდგინა იმპერატორს. სოლომონ მეფის თქმით, ციციანოვი მას სიკვდილამდე მტრობდა. ციციანოვის სიკვდილის შემდეგ, გენერალი რიკჰოფი, რომელიც იქამდე წყნარად იმყოფებოდა იმერეთში, მთელი თავისი გუნდით შევიდა ქუთაისში, წაართვა რა იგი მეფეს და დასახლდა მის სახლში, თავადებს წაართვა მოსამსახურე ქალები და მხევლებად გაიხადა. მან ძირფესვიანად გააჩანაგა მეფის სახლი. მეფე სოლომონი წერდა, რომ უკვე რამდენიმე წელია რაც იტანდა თავისი სატახტო ქალაქის წართმევას და ოჯახთან ერთად სოფლებში ცხოვრობდა. გარდა ამისა, ჯარისკაცებმა ქუთაისში დაიჭირეს მეფის უდანაშაულო სიძე, თავადი დავით წულუკიძე, სცემეს და თავი გაუტეხეს, რის შემდეგ ის დასისხლიანებული მივიდა მეფესთან. ასევე ექცევიან ისინი სხვა თავადებს და კეთილშობილებს. ჩვენ კი ვითმენთ ამგვარ ჭირ-ვარამს და ვცხოვრობთ რუსეთისგან სარგებლობის გარეშე, გვეშინია რა თქვენი უდიდებულესობის - წერდა მეფე. ის იმპერატორს თავისი და იმერეთის მთელი სამეფოს სახელით სთხოვდა განთავისუფლებას ძალადობის გზით მიღებული პუნქტებისაგან. ასევე ითხოვდა ახალი, იმერეთისთვის მისაღები პუნქტების შედგენის უფლებას, რაც შემდეგ იმპერატორს უნდა დაემტკიცებინა. მეფე კვლავ განმარტავდა, რომ ციციანოვმა ძველი პუნქტები თავად დაარღვია.

მეფის მეორე წერილი მირიან ბატონიშვილისათვის იყო განკუთვნილი. მეფე აცნობებს ბიძას თავისი ოჯახის უდიდესი გაჭირვების შესახებ და სთხოვს დახმარებას საიმპერატორო კარზე. მეფე სოლომონი იმედს გამოთქვამს, რომ მირიანი მის თხოვნას გადასცემს იმპერატორს და ეცდება, რომ დიდი მონარქის წყალობით იმერეთის სამეფო სახლს აღარ მოუხდეს იმ შეურაცხყოფის ატანა, რომელსაც იტანს.38

მ. გონიკიშვილი სწორ ვარაუდს გამოთქვამს: ხსენებული წერილი კიდეც რომ მიეღო იმპერატორს, იმერეთის სამეფოს არას უშველიდა, ვინაიდან რუსეთის თვით ცენტრალური მთავრობის უშუალო მითითებით და დასტურით ხდებოდა ყველაფერი ეს.39 როგორც ვნახეთ, წერილმა იმპერატორამდე კი მიაღწია, მაგრამ იმერეთის სამეფოსათვის, მართლაც, არაფრით უშველია. სოლომონის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ის კარგად ხედავდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას მისი გადაყენება ჰქონდა განზრახული. მან თავისთან ორჯერ შეკრიბა ხუთი ათასამდე იმერელი, რომელთა უმრავლესობას აზნაურები შეადგენდნენ. მათ თავადებთან ერთად სოლომონ II-ის ერთგულებაზე დაიფიცეს.40

ზურაბ წერეთელი განაწყენებული იყო სოლომონ II-ზე და მის მომხრეებზე. მთავარი საკითხები ახლა თითქმის მთლიანად სოლომონ ლეონიძის და სარდალ ქაიხოსრო წერეთლის ხელში იყო. ზ. წერეთელი კვლავ რუსეთის ინტერესებს იცავდა. 1808 წლის 10 თებერვალს ალექსანდრე I სწერს ზურაბ წერეთელს, რომ სრულიად რუსეთის ტახტისადმი მისმა ურყევმა გულმოდგინებამ და ერთგულებამ მიიქცია იმპერატორის ყურადღება, რომელმაც თავისი განსაკუთრებული კეთილ-განწყობის ნიშნად, პოლკოვნიკობა უბოძა მას. წერეთელს დენიშნა ხელფასი 1200 მანეთი ვერცხლით, რასაც უნდა წაეხალისებინა მისი სამსახური იმპერატორის საკეთილდღეოდ.41

1809 წლის აპრილში ტორმასოვს წერილით უცნობებია მეფე სოლომონისთვის, რომ უზენაესი ბრძანების თანახმად შეუდგა სარდლობას. მეფეს კი მასთან მეგობრობის სურვილი გამოუთქვამს, რაზედაც ტორმასოვი მას მადლობას მოახსენებდა. არწმუნებდა, რომ ყოველთვის იზრუნებდა იმერეთის სამეფოსა და მეფეზე, ვინაიდან იმპერატორმა განუცხადა მას თავისი ნება: იმერეთის ხალხისთვის წესრიგის, სიწყნარის, კეთილდღეობის მოტანა და ზრუნვა მეფის სიმშვიდეზე. სანაცვლოდ იმედს გამოთქვამდა, რომ სოლომონ მეფე იმპერატორის ერთგულებას გამოამჟღავნებდა. ტორმასოვი შეახსენებდა მეფეს, რომ მას რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის გამო თავისი მადლიერების გამოსახატავად ამდენი ხნის განმავლობაში არ გაუგზავნია დეპუტატები უმაღლეს კარზე. იმპერატორი თვლიდა, რომ მან თავი აარიდა თავისი მოვალეობების შესრულებას და იმპერატორის „წმინდა ნების“ აღსრულებას. ამიტომ იმპერატორმა ტორმასოვს უბრძანა, რომ მას მეფისგან მოეთხოვა უპირველესი საგვარეულოებიდან დეპუტატების შერჩევა, (რომელთა შორის სალთუხუცესი ზურაბ წერეთელი უნდა ყოფილიყო) და სანკტ-პეტერბურგში გაგზავნა. ტორმასოვი მეფისგან ასევე მოითხოვდა წარჩინებული ოჯახებიდან მძევლების გაგზავნას ტფილისში. ხოლო თუ მეფე მძევლებს შორის კონსტანტინე ბატონიშვილსაც ჩართავდა, მაშინ იმპერატორს უფრო დაუმტკიცებდა თავის ერთგულებას. ტორმასოვი ფარისევლურად დასძენდა, რომ არჩევანის უფლება მეფეს ეკუთვნოდა. შემდეგ ტორმასოვი ეხება მეფის უკმაყოფილების გამომწვევ მიზეზებს. ლეჩხუმის შესახებ მოახსენებს, რომ ამ საკითხს მეფისგან დეპუტაციის მიღებისთანავე გადაჭრიდა იმპერატორი. მეორე საკითხი შეეხება მეფის საცხოვრებელი სახლის დაკავებას სამხედროების მიერ. ტორმასოვის თქმით, თუ სახლი მართლაც გაჩანაგებულია, ეს იმდენად უმნიშვნელო რამ არის, რომ წარმოუდგენელია ამის გამო რუსეთის ერთგულებაზე და დადებულ ფიცზე უარის თქმა. ცდილობდა რა მეფის შეტყუებას ქუთაისში, პირდებოდა, რომ თუ მეფე მის მიმართ ნდობას გამოიჩენდა და ქუთაისში დაბრუნდებოდა, მაშინ ტორმასოვი ქუთაისიდან ჯარებს გაიყვანდა და დატოვებდა მხოლოდ მცირერიცხოვან ყარაულს მეფის პატივსაცემად და დასაცავად.42

1809 წლის 2 მაისს ტორმასოვი რუმიანცევს მოახსენებდა იმას, რაც თავისი წინამორბედის, გენ. ფელდმარშალ, გრაფ გუდოვიჩის საქმეებიდან შეიტყო: იმერეთში გაგზავნილ იქნა ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის შეფი გენ. მაიორი თავადი ორბელიანი, რომელსაც დაევალა იმერეთის მეფე სოლომონის შესახებ იმპერატორის ბრძანების სისრულეში მოყვანა. ორბელიანის პატაკებიდან არ ჩანდა, რომ მას წარმატებისთვის მიეღწია. მან ვერ შეძლო ვერც მეფის ნდობის მოპოვება, ვერც მისი სიფრთხილის მიძინება, ან მისი ღიად ხელში ჩაგდება. ორბელიანმა იმერეთში მეფეს ჩაუტანა გუდოვიჩის წერილი, მაგრამ სოლომონი ადგილზე არ დაუხვდა. ის ათასამდე შეიარაღებულ თანმხლებ პირთან ერთად ტყეში იმალებოდა. ორბელიანმა როგორღაც მიაწვდინა ხმა მეფეს და შეატყობინა, რომ მისთვის წერილი ჰქონდა გადასაცემი. მეფე დათანხმდა მის მიღებაზე. ორბელიანი ნავით გადაიყვანეს მდინარის მეორე ნაპირზე, სადაც ტყეში, ჭაობებს შორის ბინადრობდა რუსებისგან შევიწროებული იმერეთის მეფე. ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. გუდოვიჩის წერილზე პასუხი მეფემ „რუსეთის ერთგულ“ ზურაბ წერეთელს გაატანა, რომელსაც რუსეთის მთავრობის მიმართ თავისი უკმაყოფილების მთავარი მიზეზების ახსნა დაავალა. ტორმასოვის შეფასებით, ეს მიზეზები იყო სრულიად „ფუჭი“. ზურაბ წერეთელს გაუფრთხილებია ტორმასოვი, რომ მეფე ძალზე ენდობოდა თავის მრჩევლებს. განსაკუთრებით ძლიერი გავლენა ჰქონდათ მასზე იმერეთის სამღვდლოებას და მთელ რიგ თავადებს. ტორმასოვმა საჭიროდ სცნო გაეთვალისწინებინა „რჩევა თავად ზურაბ წერეთლისა, რომელიც არის რუსეთის ერთგული და ხელმწიფე იმპერატორის უზენაესი წყალობის ნიშნებს ატარებს“. რჩევის თანახმად, მან გაუგზავნა მიმართვა იმერეთის სამღვდლოებას და თავადებს, რომლითაც მოუწოდა მათ იმერეთის საკეთილდღეოდ დაერწმუნებინათ მეფე უსიტყვოდ დამორჩილებოდა იმპერატორის ნებას. ტორმასოვის 1809 წლის 2 მაისის მიმართვაში ნათქვამია, რომ იმპერატორს მისთვის ჩვეული გულმოწყალებით სურს, რომ იმერეთის სამეფოში დაისადგუროს სიმშვიდემ და ხალხის კეთილდღეობამ. იმპერატორი გაკვირვებულია იმით, რომ იმერეთის მეფე, რომელსაც იმერეთის ხალხის კეთილდღეობა აბარია, გაურკვეველი მიზეზების გამო, თავს არიდებს კეთილქვეშევრდომული მოვალეობის შესრულებას, არ გზავნის დეპუტატებს იმერეთის სახელით მადლობის მოსახსენებლად. ამიტომ იმპერატორი, რომელიც იმედოვნებდა, რომ მეფე სოლომონი შეასრულებდა თავის მოვალეობებს, ახლა უკვე ითხოვს დეპუტატებისა და მძევლების გაგზავნას. ტორმასოვი მოუწოდებდა სამღვდლოებას, თავადებსა და აზნაურებს, რომ გაერთიანებულიყვნენ და ზემოქმედება მოეხდინათ მეფე სოლომონზე, რათა ის მინდობოდა იმპერატორის უზენაეს ნება-სურვილს.43

1809 წლის 6 მაისს ტორმასოვი ორბელიანს აცნობებს ზურაბ წერეთლის მიღებისა და მისთვის იმერეთის მეფისთვის პასუხის გატანების შესახებ. ასევე აძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოადუნებინოს სიფხიზლე მეფე სოლომონს.44 12 ივნისს გენერალი ორბელიანი პასუხობს ტორმასოვს. მას როგორც კი შეუტყვია ზურაბ წერეთლის მეფესთან ჩასვლის შესახებ, მაშინვე თავადაც წასულა მეფესთან იმ მოთხოვნებით, რომლებსაც შეიცავდა ტორმასოვის ბრძანება №16. მას ვერაფერზე ვერ დაუთანხმებია მეფე, რის შემდეგ გამოუქვეყნებია ტორმასოვის ზემოხსენებული მიმართვა, რომელმაც სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ნაცვლად იმისა, რომ მეფისთვის იმპერატორის ერთგულება და მორჩილება ჩაეგონებინათ, ხალხმა ეს წერილი აღიქვა, როგორც მეფობის გაუქმების საწინდარი. მათ მეფეს განუმარტეს, რომ რუსეთის მთავრობა მას მეფედ აღარ მიიჩნევდა. დაღონებული სოლომონი კიდევ უფრო დარწმუნდა მათი რჩევის სამართლიანობაში და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევაზე დაფიქრდა. მასთან, თითქოსდა, რჩევის მისაცემად ხუთიდან ექვსი ათასამდე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. ორბელიანს მიუვიდა ცნობები, რომ ისინი მასზე თავდასხმისათვის ემზადებოდნენ, თუმცა ის ამაში დარწმუნებული არ იყო. ორბელიანი შიშობდა, რომ მეფის გარემოცვას არ ჩაეგონებინა მისთვის ასეთი დამღუპველი ნაბიჯის გადადგმა. ორბელიანს ორი უმთავრესი სასულიერო პირის - ქუთათელისა და გენათელის იმედი ჰქონდა. ისინი არ იქნებოდნენ თანახმა მეფის ასეთ გეგმაზე, ამავე დროს, თავიანთი ავტორიტეტის წყალობით, ხალხსაც მაგალითს მისცემდნენ, რათა მეფისთვის გადაეთქმევინებინათ მისი ჩანაფიქრი. დაბოლოს, თუ მეფე არ გადაიფიქრებდა და გადაწყვეტდა რუსულ ჯარზე თავდასხმას, ორბელიანი იმედოვნებდა, რომ „ეს ხალხი“ შეატყობინებდა მას ამის შესახებ.45 1809 წლის 17 ივნისს ტორმასოვი სწერს ორბელიანს. გამოთქვამს გაკვირვებას მის პატაკში მოცემული განმარტებების გამო. უსაყვედურებს, რომ მან ვერაფერი მოიმოქმედა იმპერატორის ბრძანების შესასრულებლად. მოითხოვს გადამწყვეტ პასუხს: იქნებიან თუ არა გაგზავნილი დეპუტატები? თუ მეფე უარზე იქნებოდა, ტორმასოვი შეცვლიდა მის მიმართ მოპყრობის ტაქტიკას და მოექცეოდა, როგორც ურჩ ვასალს.46 ტორმასოვი ვერ ხედავს ვერავითარ წარმატებას მეფე სოლომონის მიმართ ლმობიერი მოპყრობის შედეგად, ამიტომ უბრძანებს ორბელიანს, რომ მხოლოდ მაშინ მიმართოს ამგვარ ხერხს, როდესაც დარწმუნებული იქნება ამ გზით მიზნის მიღწევაში. მიზანი კი დეპუტატების რუსეთის კარზე გამგზავრებისა და მძევლების ტფილისში გამოგზავნაში მდგომარეობდა. თუ მეფე არ იჩქარებდა ამ მოთხოვნების შესრულებას, ორბელიანს მასთან ტყეში, მთაში თუ ჭაობში უნდა გაეგზავნა თავისი წარგზავნილი, რომელიც საბოლოო პასუხს მოსთხოვდა მეფეს კითხვაზე: გზავნის თუ არა დეპუტატებს? თუ მეფე სამ დღეში პასუხს არ გასცემდა მაშინ ეს იქნებოდა უარი. ტორმასოვი გაკვირვებას ვერ მალავდა მეფესთან მყოფი ჯარის თაობაზე. მან კარგად იცოდა, თუ რა შემოსავალი ჰქონდა მეფეს, ხოლო ხუთი თუ ექვსი ათასი მეომრის შესანახად საჭირო იყო დიდი რაოდენობით სურსათის მომარაგება. მეფეს კი მომზადების საშუალება არ ჰქონდა. ტორმასოვის აზრით, თუ ის ტყის ნაყოფით აპირებდა ჯარის გამოკვებას, მაშინ ასეთი ჯარი არასანდო იქნებოდა. ტორმასოვი ელოდა, რომ შევიწროებულ მეფეს პირველს დაეწყო საბრძოლო მოქმედებები. მაშინ უკვე შესაძლებელი იქნებოდა იმერეთში ჯარის შეყვანა და სოლომონის, როგორც ფიცის გამტეხისა და იმპერატორის ჯარების წინააღმდეგ მებრძოლის მიმართ საკადრისი ზომების გამოყენება. ტორმასოვი აგრეთვე გაკვირვებას გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ ორბელიანი არ იყენებდა ზურაბ წერეთელს, რომელსაც მისთვის დახმარების აღმოჩენა შეეძლო. ტორმასოვი ასევე უსაყვედურებდა ორბელიანს იმის გამო, რომ ის არ მოქმედებდა ქუთათელი და გენათელი არქიეპისკოპოსების მეშვეობით, რომლებსაც ის დადებითად მოიხსენებდა, როგორც მეფესა და ხალხზე დიდი გავლენის მქონე პირებს.47

1809 წლის 3 ივლისს აზნაურები გოგია და მამუკა ორჯონიკიძეები ვინმე პოლკოვნიკ პავლე ივანეს ძეს ატყობინებდნენ იმერეთში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. ქაიხოსრო წერეთელი, სეხნია წულუკიძე და როსტომ ნიჟარაძე გადავიდნენ მდინარე ცხენისწყალზე, დადიანის სამფლობელოს, ოდიშისა და ლეჩხუმის მცხოვრებლები დააფიცეს, შემდეგ დააფიცეს გურიელი და გურია. როდესაც ესენი შემოიერთეს, შემდეგ შეკრიბეს იმერეთის არქიეპისკოპოსები და ეპისკოპოსები, თავადები, აზნაურები, ხალხი, რომლებმაც ერთად შეფიცეს მეფეს, რომ ხელმწიფეს უღალატებდნენ, არ მისცემდნენ რუსებს არც სასმელს, არც საჭმელს. ამის შემდეგ გაგზავნეს კაცი ახალციხეში, ასევე გაგზავნეს კაცი ალექსანდრესთან მის მოსაწვევად, შეატყობინეს რა, რომ მზადყოფნაში იმყოფებიან. ახალციხეში ჯარი იკრიბება. ოთხ კაზაკს, რომლებიც ზესტაფონში იდგნენ, იმერლები დაესხნენ თავს, წაართვეს ცხენები და იარაღი. ამბობენ, რომ ღამით ორბელიანს მიუგზავნეს კაცი, რომელსაც უნდა ესროლა მისთვის, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინაო. სურამის ციხე ცარიელია, რაც სახიფათოა - ამბობდნენ ორჯონიკიძეები და ითხოვდნენ ნებართვას, რომ 40 ქართველი მეომარი შეეკრიბათ და ციხე გაემაგრებინათ.48

1809 წლის 10 ივლისს გენ. ტორმასოვი გრაფ რუმიანცევს ატყობინებს, რომ ორბელიანმა ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია. მეფე უკვე მასთან შეხვედრაზეც კი აღარ თანხმდება და არც პასუხს იძლევა დეპუტატების და მძევლების თაობაზე. მეფემ თავისთვის საწყენად ჩათვალა ტორმასოვის მიმართვა. მან ტყეში, სადაც უკვე ორი წლის განმავლობაში აფარებდა თავს, შეკრიბა ბევრი თავადი და 5 ათასამდე შეიარაღებული პირი, რათა ეკითხა: სურდათ თუ არა მათ მისი მეფობა. ტორმასოვისთვის არ იყო ცნობილი მეფე მართლა აპირებდა თუ არა ამის მერე ქუთაისში მდგომ ბატალიონზე თავდასხმას, მაგრამ ზურაბ წერეთლისა და იმერეთის არქიეპისკოპოსების - ქუთათელისა და გენათელის არგუმენტებმა ვერ დაძლიეს მეფის სიჯიუტე. დაბრუნებისთანავე მათ აცნობეს ორბელიანს, რომ არ ძალუძთ მეფის დათანხმება დეპუტატებისა და მძევლების გამგზავრებაზე, მაგრამ შესწევთ საკმარისი ძალა იმისთვის, რომ შეაკავონ ის მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ჯარებზე ყოველგვარი თავდასხმისაგან. მეფე ამგვარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, ვინაიდან ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული. ტორმასოვი ასკვნის, რომ არ არსებობს სოლომონის იმერეთიდან მოშორების სხვა გზა, თუ არა ძალის ღიად გამოყენება. ზურაბ წერეთელმა განუცხადა ორბელიანს, რომ მეფეზე უკვე ვეღარაფერი მოახდენს ზემოქმედებას, გარდა აშკარა ძალისა. წერეთელმა თავად შესთავაზა რუსულ მხარეს, რომ თუ მის სამფლობელოში ჯარს ჩააყენებდნენ, მაშინ ის თავის დისშვილს, გურიის მთავარ გურიელს, მეფის მორჩილებაზე ხელს ააღებინებდა, ასევე რაჭის ძლიერ თავადებს აუმხედრებდა მეფეს და მაშინ ადვილად შეძლებდა იმის წინააღმდეგ მოქმედებას ორი რაზმის დახმარებით. დიდი წარმატების მიღწევის იმედი ჰქონდა, ვინაიდან გურიისა და რაჭის ჩამოშორების შემდეგ, მეფეს მხოლოდ იმერეთის მცირე ნაწილი დარჩებოდა. ამასთან მეორე რაზმის მეფე სოლომონის ადგილსამყოფელთან მიყვანით და ამ რაზმის გაძლიერებით ლეჩხუმისა და სამეგრელოს მებრძოლებით, შესაძლებელი გახდებოდა სოლომონის დაშინება და „ხელში ჩაგდება“. ტორმასოვს ორბელიანისთვის უბრძანებია, რომ იმერელი თავადებისთვის ნამდვილი გეგმები არ გაემჟღავნებინა და მხოლოდ ზურაბ წერეთელს მინდობოდა.49

1809 წლის 10 ივლისს ტორმასოვი რუმიანცევს გასაცნობად უგზავნის მეფე სოლომონის წერილს და იმერეთის სამღვდლოებისა და თავადების პასუხს მის მიმართვაზე. მისი შეფასებით, სოლომონ მეფის წერილიდან ჩანს, რომ ის არ აპირებს იმპერატორის ნება-სურვილის შესრულებას და დეპუტატების გაგზავნას. ის კიდევ ერთხელ აღნიშნავს ძალის გამოყენების აუცილებლობას. ამასთან, სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი წინამორბედის მიერ იმერეთში გაგზავნილ ორბელიანსა და რუსეთის ერთგულ ზურაბ წერეთელს შორის საგვარეულო შუღლი ყოფილა, რაც ტორმასოვის აზრით, ხელს უშლიდა მათ ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას.50 რადგანაც მეფემ ფორმალურად უარი თქვა დეპუტატების გამგზავრებაზე და ტორმასოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც თავის წინადადებებს უყენებდა მას, აცხადებდა რა, რომ მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ის აღარ ემსახურებოდა რუსულ ჯარებს, ტორმასოვმა ინსტრუქციები მისცა ორბელიანს: ის უნდა ჩამოშორებოდა მეფესთან უშედეგო ურთიერთობას და რედუტ-კალეში წასულიყო. სამღვდლოება და თავადები უნდა დაერწმუნებინა, რომ მეფის სიჯიუტე დამღუპველ შედეგებს მოუტანდა მათ. ასევე, უნდა დახმარებოდა ზურაბ წერეთელს მისი გეგმის სისრულეში მოყვანაში.51

30 ივლისს ზურაბ წერეთელი თავად მიმართავს ტორმასოვს: „ბედნიერებად ვრაცხ, რომ საკუთარი არჩევანით ერთგული ვრჩები დიდებული ხელმწიფისა, რომლის გამოც ჩემი და ჩემი შვილების სისხლი ყოველ წუთს მზად არის დასაღვრელად“. ზ. წერეთელი დასძენდა: საქართველოში აქამდე მყოფი ყველა სახელმწიფო უფროსი მიმიჩნევდა ერთგულად. განსვენებული თავადი ციციანოვი აფასებდა ჩემს სიტყვებს და მახასიათებდა, როგორც სანდო პირს, ასევე გრაფი (გუდოვიჩი) და განსვენებული გენ. რიგჰოფი. მაგრამ თქვენ მე ჯერ არ მიცნობთ და თუ ჩემი მოხსენება გამოიწვევს თქვენს კეთილგანწყობას, თქვენ დარწმუნდებით, ნამდვილად ვარ თუ არა ერთგულიო. საკუთარი თავის შექების შემდეგ, ზურაბ წერეთელი რჩევას აძლევდა ტორმასოვს: „თუ ახალციხის შეძენა გსურთ, იქაურმა ფაშა ხაზნადარმა ამ საკითხის თაობაზე ჩემი და მიიწვია, მაგრამ მეფემ არ გაუშვა. ხაზნადარობა თურქეთში დიდი წოდებაა. ძლიერ მოინდომა ეს საქმე, ფიქრობს რა, რომ იგი გამოუვა. ასეთ შემთხვევაში ის კვლავ მიიწვევს ჩემს დას, რომელიც გაემგზავრება მასთან. ასევე, თუ გსურთ აფხაზეთის შეძენა და ოდიშის მოწყობა, რომელიც საკმაოდ ღელავს, მე, რომელსაც იმპერატორის ერთგულებაზე დადებული ფიცი მავალდებულებს, არავითარ შემთხვევაში ყალბ ცნობებს არ მოგაწვდით და გეტყვით, რომ ეჭვი მეპარება მათ ერთგულებაში. ამიტომ, როგორც მოგახსენეთ, თუ თქვენც ინებებთ, ჩვენ მათ ჩვენი სურვილისამებრ მოვაქცევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვაზღვევინებთ“. ზურაბ წერეთელი თავის სატკივარსაც აცნობდა ტორმასოვს: „ჩემი თქვენდამი ერთგულების გამო, მე მამული ჩამომართვეს და ჩამომაშორეს თანამდებობას, რომელიც მეკავა, თუმცა მთლიანად არა, მაგრამ ამას აპირებენ, მე განუწყვეტლივ მაღელვებს მკვლელობაზე ფიქრი და არ მაქვს რა თქვენგან არავითარი ძალა, ვერაფერი გადამიწყვეტია, რამეთუ ვშიშობ უდანაშაულოდ არ ვიქნე მოკლული. როდესაც თქვენი ძალა ჩემს ხელში იქნება, მაშინ ღიად დავიწყებ მოქმედებას ახალციხის საქმეზეც და ყოველი მხრიდან მაშინ დაინახავთ რა საქმეები დატრიალდება“. ზ. წერეთელი კონკრეტულ წინადადებებს აყენებდა: „თუ თქვენ თანახმა ხართ ჩემს წარდგინებაზე, მიბოძეთ ერთი პოლკი სიმონოვიჩთან ან სხვა კარგ ადამიანთან, - გენერალთან ან შეფთან ერთად, უბრძანეთ მას ისე იმოქმედოს, როგორც მე ვეტყვი; ამასთან ერთად ფულიც გამოგზავნეთ და მაშინ ჩათვალეთ, რომ საქმეები უკვე დასრულებულია, ეს ასეც იქნება“. ზურაბ წერეთელი ითხოვდა ძვირფას საჩუქრებს, რომლებიც მის დას ფაშასთვის უნდა გადაეცა მისი ოჯახის წევრებისათვის. გარდა ამისა, ფაშასთვის ითხოვდა ხანჯალს და ძვირფას სათუთუნეს.

ზ. წერეთელი წერს, რომ მართალია, ფაშა მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ ამბობენ, თითქოს ის ჯარს აგროვებდეს, ალექსანდრესთან შეერთებისა და ზემო ქართლში შეჭრის მიზნით. ზურაბ წერეთელი ასკვნიდა, რომ თუ ფაშა კვლავ მიიწვევდა მის დას, მაშინ ზემოთ ნათქვამი სიცრუე აღმოჩნდებოდა.52

1809 წლის 10 სექტემბერს ტორმასოვი სწერს რუმიანცევს: „იმერეთის მეფე სოლომონის არაგულწრფელობისა და ბოროტი ზრახვების ნათელ დასტურად პატივი მაქვს ვაცნობო თქვენს ბრწყინვალებას, რომ 31 აგვისტოს მივიღე პატაკი გენ.-მაიორ ორბელიანისგან, რომელმაც ახლა ფოთის ციხე ალყაში მოაქცია: რომ მეფე სოლომონს იმერეთის საზღვართან ახალციხის მხრიდან შეხვედრა ჰქონდა ალექსანდრე ბატონიშვილთან, რომელიც ახალციხეში ჩამოვიდა დიდი თანხით, ახალციხის ფაშას, იმერეთის და ოსების ასაღელვებლად, რათა ისინი რუსული ჯარის წინააღმდეგ ამხედრდნენ და თუმცა ჯერ არ არის გამჟღავნებული მათი მოლაპარაკებების შინაარსი და ის, თუ რაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ცნობილია, რომ მეფემ ამ შეხვედრის შემდეგ ახალციხეში ფაშასთან დესპანებად გაგზავნა საკუთარი სიძე - თავადი მალხაზ ანდრონიკაშვილი, ასევე თავადი როსტომ ნიჟარაძე და თავადი რაჭის ერისთავი.“ ტორმასოვს ისიც შეუტყვია, რომ იმერელი თავადები მართლაც ჩავიდნენ ახალციხეში და ემზადებოდნენ სპარსეთში, თვით ბაბა-ხანთან წასასვლელად. მაგრამ ტორმასოვმა არ იცოდა, თუ მეფე სოლომონისგან რა დავალება ჰქონდათ მათ მიღებული. ბოლოს ტორმასოვი ასკვნიდა: „მეფე სოლომონი არასოდეს შეწყვეტს ჩვენთვის უსიამოვნებისა და ჩვენი საქმეებისთვის ზიანის მოყენებას, ვიდრე მისი ბედი არ გადაწყდება, რისი გაკეთებაც მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ ზამთარს“.53

ტორმასოვი ორბელიანს შემდეგ განკარგულებებს აძლევს: პირველ რიგში ატყობინებს, რომ მისმა თანამშრომელმა (იგულისხმება ზ. წერეთელი) ღიად მოქმედების პირობა დადო და სამხედრო დახმარებას ელოდება, რაზეც ტორმასოვმა უკვე მიიღო უზენაესი ნებართვა. ტორმასოვი, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უკმაყოფილებას გამოთქვამს ორბელიანის მოქმედებით, რომელიც რუსული ჯარებით ფოთის ციხის აღებით იყო დაკავებული. ტორმასოვის ჩანაფიქრით კი, მას ციხე უნდა აეღო ოქროს მეშვეობით, ან უმთავრესი პირების გადმობირების შემდეგ, ციხეზე უეცარი თავდასხმით.54 1809 წლის 11 ოქტომბერს ტორმასოვი სიმონოვიჩს უბრძანებს, რომ მისი ერთგულების და გამოცდილების გათვალისწინებით, აირჩია იგი იმპერატორის სურვილის შემსრულებლად, რაც ეხება იმერეთის მეფის ბედის გადაწყვეტას. სოლომონი, რომელიც გამუდმებით იჩენს ურჩობას და ბოროტ ზრახვებს ატარებს მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ჯარების წინააღმდეგ, გაძევებულ უნდა იქნას იმერეთიდან. ტორმასოვი დაწვრილებით ინსტრუქციებს აძლევს სიმონოვიჩს. მისიის შესასრულებლად სიმონოვიჩთან ერთად იგზავნება თავადი დავით თარხანოვი, სიძე ზურაბ წერეთლისა, რომელსაც ჯერ კიდევ ტორმასოვის წინამორბედის მიერ განდობილი ჰქონდა რუსეთის საიდუმლო იმერეთთან და მის მფლობელთან მიმართებით. სოლომონის შეპყრობამდე სიმონოვიჩს მისთვის ტორმასოვის წერილი უნდა მიეწოდებინა.55

1809 წელს განახლდა ფოთისთვის ბრძოლა, რომლის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი იყო სოლომონ მეფე. ის ყველა ღონეს ხმარობდა, რომ რუსული ჯარისთვის ხელი შეეშალა, რასაც ფარულად აკეთებდა. ამავე დროს იძულებული იყო ფოთისკენ მიმავალი რუსული ჯარისთვის დახმარება აღმოეჩინა, რისთვისაც ტორმასოვის მადლობა დაიმსახურა. ეს ჩანს სოლომონის საპასუხო წერილიდან, რომელშიც ის ტორმასოვს მიმართავს: „მივიღე წერილი… რომელსა შინა ცხადად-ჰყოფთ მადლობასა მიცემისათვის ჩვენ მიერ პრავიანტთა და შეწევნისათვის მგზავრობისა მხედრობათა თქვენთასა“.56 1809 წლის სექტემბერში, ტორმასოვმა მიიღო ინფორმაცია, რომ სოლომონ მეფე შეხვდა ალექსანდრე ბატონიშვილს, რომელიც დიდი ფულადი თანხით იყო მოსული. ტორმასოვმა მაშინვე აცნობა საგარეო საქმეთა მინისტრ გრაფ რუმიანცევს, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა მეფე სოლომონის მოშორება. შესაბამისი კონკრეტული ინსტრუქციები მიიღეს იმერეთში განლაგებული რუსული ჯარების სარდალმა გენერალმა ორბელიანმა და პოლკოვნიკმა სიმონოვიჩმა.57 11 ოქტომბერს ტორმასოვი წერს წერილს მეფე სოლომონისთვის გადასაცემად. ტორმასოვი შეახსენებს მეფეს, რომ რუსულმა ჯარებმა ალყა შემოარტყეს ფოთის ციხეს. ასევე ტორმასოვმა დაასრულა თავისი სამხედრო საქმეები სპარსეთთან და ახლა ჯარები თავისუფალი იყვნენ. ფოთის მეციხოვნეების წინააღმდეგობის დასაძლევად, მან კიდევ ერთი პოლკი გაამგზავრა პოლკოვნიკი სიმონოვიჩის მეთაურობით. ვინაიდან ფოთში მისასვლელად პოლკს იმერეთზე უნდა გაევლო, ტორმასოვი მეფეს სთხოვდა პოლკისთვის დახმარების აღმოჩენას.

1809 წლის 6 ნოემბერს ზურაბ წერეთელი გამარჯვებას ულოცავს ტორმასოვს და აცნობებს: როდესაც შერიფ-ფაშა დიდი ჯარით ფოთის ახლოს იდგა, მამია გურიელმა გაგზავნა ერისთავი ვახტანგი და თავისი ქვეშევრდომი სიმონ გუგუნავა ჯარით იმ ადგილზე, სადაც შერიფ-ფაშა თავისი არტილერიითა და დიდი ჯარით მდინარეზე უნდა გადასულიყო. ერისთავმა და გუგუნავამ ერთი მხრიდან შეუტიეს მას, ხოლო მეორე მხრიდან გენ. ორბელიანი იმპერატორის უძლეველი ჯარით მოვიდა დასახმარებლად და გაიმარჯვეს. ბევრი ტყვედ აიყვანეს, ბევრი დახოცეს და ბევრიც წყალში გადავარდა. გამარჯვებულებს დარჩათ ერთი ზარბაზანი და 11 დროშა. ზ. წერეთელი დასძენს, რომ შეიძლება ზოგიერთი მამია გურიელს (ზ. წერეთლის დისშვილს) ასმენს, როგორც მოღალატეს, მაგრამ ის რომ მოღალატე ყოფილიყო, რუსეთისთვის ამას არ გააკეთებდა.58 12 ნოემბერს ზ. წერეთელი კვლავ მიმართავს ტორმასოვს: რუსულმა ჯარმა მშვიდობით გადალახა იმერეთის საზღვრები და 12 ნოემბერს ფოთს მიუახლოვდა. მეფე სოლომონი ცდილობს იმპერატორის მორჩილად წარმოაჩინოს თავი... ითხოვს თავისთვის მეფობის გარანტიებს, რისი მიღების შემდეგ, მზად არის გაგზავნოს დეპუტატები.59 ზ. წერეთლის წერილზე 26 ნოემბერს ტორმასოვმა უპასუხა, რომ რუსეთის ქვეშევრდომობის მიღების შემდგომ, მეფე შეუსაბამოდ იქცეოდა: ეურჩებოდა იმპერატორის უზენაეს ნებას, ფოთში მიმავალ საარტილერიო ტყვია-წამლით სავსე ტრანსპორტზე თავდასასხმელად მხედრები გაგზავნა, პოლკოვნიკ სიმონოვიჩს ჯარებით იმერეთში შესასვლელი გზა ჩაუხერგა, დამხმარედ მოიწვია ტრაპიზონის სერასკირი შერიფ-ფაშა იმ განზრახვით, რომ ხელი შეეშალათ გენ.-მაიორ ორბელიანისათვის ფოთის ციხის აღებაში და მძევლებიც მისცა მას იმის საწინდრად, რომ მასთან ერთად იმოქმედებდა. ჩამოთვლის რა სოლომონ მეფის ნამოქმედარს რუსეთის მეფის წინააღმდეგ, ტორმასოვი სრულ უნდობლობას უცხადებს სოლომონ მეფეს. არ სჯერა, რომ ის ოდესმე რუსეთის ერთგული გახდება და არ იღებს მის არავითარ წინადადებებს. მეფის ბედი საბოლოოდ გადაწყდა.60

1809 წლის 4 დეკემბერს ტორმასოვი სიმონოვიჩს აცნობებს, რომ მან წერილი გაუგზავნა მეფეს და სასწრაფოდ სთხოვს გეგმის გამოგზავნას, თუ როგორ აპირებს სიმონოვიჩი მეფის ხელში ჩაგდებას.61 სოლომონ მეფემ, რომელმაც ჯერ კიდევ 1808 წელს მიიღო სულთნისგან კეთილგანწყობის ნიშნები (ხმალი, ცხენი და ქურქი) და რუსების წინააღმდეგ სამხედრო ძალით დახმარების დაპირება, ღიად დაიწყო მზადება ბრძოლისათვის, გამოაცხადა მობილიზაცია. თითო კომლიდან 2 კაცი.62 რუსეთის მიერ ფოთის დაკავების შემდეგ, რუსეთს მიეცა ზღვიდან ჯარების შემოყვანის შესაძლებლობა. გარდა ამისა, დადიანის მსგავსად, რუსებისგან შეგულიანებული გურიელიც სოლომონის წინააღმდეგ მოქმედებდა. ასეთ ვითარებაში, მეფე რუსეთისათვის საშიშროებას აღარ წარმოადგენდა.

აქვე მოკლედ უნდა შევეხოთ გურიის სამთავროში მიმდინარე მოვლენებს. გურიის მთავარი სიმონ გურიელი 1792 წელს გარდაიცვალა. მისი მემკვიდრის, მამიას სრულწლოვანებამდის სამთავროს მართვა-გამგეობა სიმონის ძმას, ვახტანგს დაეკისრა, რომელმაც გამთავრება მონდომა. სიმონის ქვრივი, მარინე გურიელი თავის მეორე მაზლს, ქაიხოსროს დაუკავშირდა. მათ თვითმარქვია ვახტანგი განდევნეს. 1804 წელს, ციციანოვმა გურიის სამთავრო იმერეთთან ერთად რუსეთის ქვეშევრდომობაში შეიყვანა. დადასტურებულ იქნა გურიელის ვასალური დამოკიდებულება იმერეთის მეფისადმი. ქაიხოსრო გურიელი სოლომონის პოლიტიკას იზიარებდა და მის უზენაესობას აღიარებდა. კანონიერ მემკვიდრეს, მამიას, ასაკის მომატებასთან ერთად, მეტი დამოუკიდებულობის პრეტენზიები უჩნდებოდა. მთავრობის მაძიებელი ვახტანგ გურიელი ბრძოლას განაგრძობდა. ლიტვინოვი გურიის საშინაო საქმეებში ერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მეფე ლიტვინოვს მის დაუკითხავად გურიაში შესვლას უკრძალავდა. თავისი თვითნებობით, რაც რუსული ხელისუფლების მიერ იყო სანქციონირებული, ლიტვინოვი მეფესა და გურიელს შორის უთანხმოებას აღვივებდა. რუსეთი ფაქტობრივად არღვევდა 1804 წელს ხელმოწერილ ელაზნაურის ხელშეკრულებას, რომლითაც მან გურიის სამთავროზე იმერეთის მეფის უფლებები აღიარა. 1809 წლიდან გურიის მთავარი ხდება მამია გურიელი, რომელიც ზურაბ წერეთლის დისშვილი იყო და არ არის გამორიცხული, რომ მის გავლენას განიცდიდა. ახალგაზრდა მამიამ ფოთის აღებისათვის ბრძოლაში რუსთა მხარეზე აქტიურად მიიღო მონაწილეობა თავის მებრძოლებთან ერთად, რისთვისაც პოლკოვნიკის ხარისხითა და წმ. ანას II კლასის ორდენით იქნა დაჯილდოვებული. ამის შემდეგ, 1809 წლის 15 დეკემბერს მან ღიად მოითხოვა, რომ დადიანის მსგავსად მიეღოთ რუსეთის მფარველობაში. ასევე, სვამდა საკითხს ოსმალთა მიერ მიტაცებული ქვემო გურიის დაბრუნების შესახებ.63 მამია გურიელის თხოვნა რუსეთის ინტერესებში შედიოდა. რუსეთი ცდილობდა გაეღრმავებინა მეფე სოლომონსა და გურიის მთავარს შორის არსებულ უთანხმოება. ამის შედეგი იყო გურიელის გადასვლა რუსეთის მხარეზე. მას სურდა გურიის სამთავროს გამოყოფა იმერეთის სამეფოდან და დადიანივით, რუსეთის მფარველობაში მყოფი „დამოუკიდებელი“ მთავრის სტატუსის მოპოვება. რუსეთისადმი ერთგულების დასამტკიცებლად, გურიელმა თავი გამოიჩინა ფოთისთვის ბრძოლაში. დადიანის და გურიელის რაზმების დახმარებით, რუსულმა ჯარმა 1809 წლის ნოემბერში ფოთის ციხე აიღო.64 ფოთის აღების შემდეგ რუსული სამხედრო გეგმები აკონტროლებდნენ შავი ზღვის სანაპიროს რიონიდან სოხუმამდე, ხოლო 1810 წელს რუსული შავი ზღვის ფლოტილიამ დაიპყრო სოხუმი, რაც ტორმასოვის თქმით, რუსეთს „შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს სრულ ბატონ-პატრონად“ აქცევდა.

1809 წლის 12 დეკემბერს მეფე სოლომონისთვის გაგზავნილ წერილში, ტორმასოვი კვლავ დეპუტატების გაგზავნას ეხება. ამჯერად, მართალია მეფე დათანხმებულა დეპუტატების გაგზავნაზე, მაგრამ არა მადლობის მოსახსენებლად, არამედ იმისთვის რომ „შეაწუხოს“ მონარქი ტრაქტატის შეცვლის და მასში ახალი პუნქტების შეტანის თაობაზე, რასაც ტორმასოვი ყოვლად შეუძლებლად და დაუშვებლად მიიჩნევს და ამგვარი განზრახვისათვის კიცხავს მეფეს.65 იმავე დღეს 1809 წლის 12 დეკემბერს სიმონოვიჩი ქუთაისიდან პატაკს უგზავნის ტორმასოვს, რომლიდანაც ჩანს, თუ როგორი ვერაგული გეგმა ჰქონდა ტორმასოვს შემუშავებული და ზ. წერეთლისთვის დავალებული. გეგმა ითვალისწინებდა მეფის მიმართ ალერსიან მოპყრობას, ლეჩხუმისა და მისი სასახლის გაჩანაგებისათვის ანაზღაურების მიღების დაპირებას, მისი ნდობის მოპოვებას, რის შედეგადაც ის საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდოდა, პეტერბურგში დეპუტატებს გაგზავნიდა, მძევლებად რუსულ მხარეს კონატანტინე ბატონიშვილსა და უწარჩინებულეს თავადებს გადასცემდა, დაბოლოს, როდესაც ეს ყველაფერი შესრულებული იქნებოდა, ხელსაყრელი დრო უნდა ყოფილიყო შერჩეული მის დასაკავებლად და ტფილისში გადასაყვანად. «и когда все сие было-бы исполнено, тогда, избрав удобное время, схватить его и препровოдить в თифлис».66 ამავე წერილში სიმინივიჩი იმასაც აღიარებს, რომ ხალხი მეფის ერთგული იყო, რაც იქიდანაც გამოჩნდა, რომ ხალხმა გასულ ზაფხულს მეფის ერთგულებაზე დაიფიცა. სიმონოვიჩი ვარაუდობდა, რომ ხალხი შეიარაღებული ბრძოლის გარეშე არ დათმობდა თავის მეფეს.

1809 წლის 16 დეკემბერს ტორმასოვი მითითებებს უგზავნის სიმონოვიჩს. საიდანაც ვიგებთ, რომ მან საკუთარი სურვილით ტფილისში გამოიხმო ორბელიანი და დაავალა მას იმერეთისა და „ერთი ადამიანის“ ბედთან დაკავშირებული საქმეების წარმოება. იგულისხმება სოლომონ მეფის ბედის გადაწყვეტა. ტორმასოვი კი უშუალოდ გეგმის განხორციელებას უნდა შედგომოდა მისთვის „ცნობილ თანამშრომელთან ერთად“.67 იგულისხმება ზ. წერეთელი. 30 დეკემბერს ზ. წერეთელი ტორმასოვს აცნობებდა: „ამჟამად არ შემიძლია ღიად მოქმედება, რამეთუ არ ვიცი, რა წუთს მომკლავენ თქვენი ერთგულების გამო“. შემდეგ უამბობს, რომ მის ძმისშვილ ქაიხოსროს, აზიური ვერაგობით, უკვე დაუფიცებია თავისი მსგავსი ადამიანები და ზურაბის მოკვლას ცდილობდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გზები აუბნია. წერეთელი კვლავ თავის ერთგულებაზე საუბრობს. მიუხედავად ამისა, აცხადებს, რომ საიდუმლო დავალების შესრულება ყოვლად შეუძლებელია. ისინი (ალბათ, თავადებს გულისხმობს) არ დათანხმდებიან არც მძევლების გაგზვნეზე და არც ერთი ცნობილი პირის და მისი ოჯახის (იგულისხმება მეფე სოლომონის ოჯახი) გაცემაზე. დავალების შესრულების ერთადერთ გზად ზ. წერეთელს ესახება სიმონოვიჩის გეგმის განხორციელება და იმერეთის სხვადასხვა ადგილებში, ჯარების ჩაყენება. ზ. წერეთელი ითხოვს ჯარების გამოგზავნას.68

სოლომონ მეფე კვლავ მოითხოვდა თავსმოხვეული ხელშეკრულების პუნქტების შეცვლას, ახალი პუნქტებით, რომელთა შინაარსი ამგვარი იყო:

1. მეფე სრულიად იმერეთისა და სხვათა სოლომონ II, არჩილის ძე, ოდითგანვე მემკვიდრეობით მფლობელი იმერეთის სამეფოსი, ორივე მხრიდან ბაგრატიონთა გვარიდან, ვაღიარებ დიდებული იმპერატორის, სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის, ალექსანდრე I პავლეს ძის უზენაეს ხელისუფლებას.

2. ქრისტიანული ფიცით პირობას ვდებ უღრმეს ერთგულებაზე მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მიმართ.

3. ამ ქვემორეხელმოწერილის დადგენის დღიდან, ფიცის დადებისთანავე გადავცემ საკუთარ თავს და ჩემს მემკვიდრეებს თვითმპყრობელი დიდი იმპერატორის ალექსანდრე პავლეს ძისა და მისი მაღალი მემკვიდრეების უმაღლესი, სრულიად რუსეთის ხელისუფლების სამუდამო ერთგულებასა და ქვეშევრდომულ მფარველობაში.

4. მისი საიმპერატორო უდიდებულესობის წყალობით, დაე, გვქონდეს მე, ჩემს ვაჟებს და მემკვიდრეებს იმერეთის სამეფო და სამეფო ტახტზე ასვლისთანავე დამტკიცებულ იქნას უზენაესი სიგელით და გამოცხადებით, რომ გურია არის იმერეთის მეფის სამფლობელო და მთლიანად დამოკიდებული იმერეთზე.

5. ყოვლადმოწყალე ხელმწიფისა და ჩემი მბრძანებლის სიუხვით არ ვიყო მოკლებული შემოსავლების რაიმე ნაწილს, თუ ჩემს სამეფოში მოძიებული და ამუშავებული იქნებიან ოქროს, ვერცხლისა და სხვა მეტალების ქარხნები.

6. მოვალედ ვრაცხ თავს ყოვლადმოწყალე ხელმწიფისა და ჩემი მბრძანებლის უშუალო ბრძანებები შევასრულო შეძლებისდაგვარად მორჩილებით, როგორც მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ერთგულმა.

7. თუ იმერეთის ტყეებში ნაპოვნი იქნება შავი ზღვის ფლოტილიის გემების ასაგებად ვარგისი ხის მორები, მაშინ მე და ჩემი მემკვიდრეები, როგორც მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ერთგულები, არ მოვითხოვთ ამ ხეებისათვის არავითარ საფასურს და საზღვაო ოფიცრებს არ აეკრძალება იმ ხეების დანიშვნა და იმერეთის ქვეშევრდომთაგან ვერავინ გაბედავს მათ მოჭრას, ხოლო ნავსადგურამდე მათი გადაზიდვისათვის, დაე, მათმა საიმპერატორო უდიდებულესობამ ბრძანოს მუშებისთვის ზომიერი საფასურის გადახდა, რათა მცხოვრებნი ამის გამო არ დაზარალდნენ.

8. რუსი ვაჭრების მიერ საქართველოდან იმერეთზე გავლით ნავსადგურში და აქედან საქართველოში გადაზიდული საქონლიდან მე და ჩემი მემკვიდრეები არ ავიღებთ ბაჟს, თუ ჩვენ მათი საიმპერატორო უდიდებულესობის სიუხვით გვებოძება ზარალის ანაზღაურება რუსეთის შემოსავლებიდან.

9. ჩემს სამეფოში ძველი პუნქტის თანახმად იდგეს იქ, სადაც მე მსურს ჯარის მცირე ნაწილი - 120 კაციანი ერთი როტა, რაც თავად ციციანოვმა გამოგვიცხადა, რომელმაც დააწესა და დააყენა ერთი მაიორი 120 კაცით.

10. ჩემთან უნდა იმყოფებოდეს ჩემი ყოვლადმოწყალე ხელმწიფის ერთი მინისტრი, რათა შეეძლოს ჩემი კეთილი განზრახვისა და ჩემი უღრმესი, საქმით დამტკიცებული ერთგულების შეტყობა, რის შესახებაც ის რუსეთის უმაღლეს კარს მოახსენებს.

11. თუ ჯარს მგზავრობა დასჭირდება მტერთან შესახვედრად, მე მთელ ჩემს სამეფოზე მშვიდობით გავატარებ და დავუმზადებ საჭირო პროვიანტსა თუ ფურაჟს მისაღებ ფასად და შეძლებისდაგვარად ვეცდები დავეხმარო ჯარს მგზავრობაში.

12. დავაწესებ, რომ სადღესასწაულო დღეებში დიდ ეკლესიებში იხსენიებდნენ ჩემს უავგუსტეს მონარქს ალექსანდრე პავლეს ძეს და მის უზენაეს ოჯახს.

1. ამ დაპირებების სანაცვლოდ, დაე, მქონდეს თავისუფალი მეფობა, და შემეძლოს ჩემი ქვეშევრდომების ღირსების მიხედვით ამაღლება და დამცრობა.

2. ჩემი მეფობა უცილობლად დამტკიცებულ იქნას ინვესტიტურით, რეგალიებით და მტკიცე დაპირებებით.

3. თუ ჩემი გვარიდან, ან ჩემი ქვეშევრდომებიდან ვინმე აღმოჩნდება მოღალატე, ან ჩემი მეფობის მოწინააღმდეგე, ასეთების დამცრობასა და დამორჩილებაში დახმარება აღმომიჩინოს უმაღლესმა კარმა და ასეთები არ იყვნენ მიღებული არც კარზე და არც მთელი რუსეთის ჯარის მიერ.

4. თუ ჩემს სამეფოში ამის აუცილებლობა იქნება, ან თუ მტერი საომრად შემოგვიტევს, საქართველოში მყოფ მთავარსარდალს მიღებული ჰქონდეს უზენაესი ბრძანება დაუყოვნებლივ გამოგზავნოს ჯარი იარაღით დასახმარებლად, ხოლო ჩემთვის დახმარების გაწევის შემდეგ ეს ჯარი ისევ საქართველოში დაბრუნდეს.

5. მქონდეს ადგილი საჭიროების შემთხვევაში კაცის და თხოვნის გასაგზავნად უმაღლეს კარზე და არავის არ შეეძლოს მისი დაბრუნება, ან დაბრკოლება და გზაზე შეჩერება და რომ ჩემ წერილსა და თხოვნას უშუალოდ შეეძლოს ჩემს ყოვლადმოწყალე ხელმწიფემდე მოსვლა.

6. მე უნდა მქონდეს ჩემი სამფლობელო და სამკვიდრო ლეჩხუმი, რომელიც იარაღით მოვიპოვე და რომლითაც შევედი მის საიმპერატორო უდიდებულესობის მფარველობაში, რაზედაც მაქვს საშინელი ფიცით პირობა და ხელმოწერა თავადი ციციანოვისაგან.

7. ამ დადგენილების მიღების და მისი ხელმოწერის დღიდან, არავის ჰქონდეს ნება იმერეთიდან საქართველოში გადასახლების იმერეთის მეფის ნებისა და ნებართვის გარეშე, ასევე არავის ჰქონდეს უფლება საქართველოდან იმერეთში გადმოსახლებისა საქართველოს მთავარმმართველის ნებისა და ნებართვის გარეშე; ხოლო ვინც უკვე გადმოსახლებულია საქართველოდან იმერეთში და აქედან საქართველოში დარჩნენ იქ სადაც ამჟამად იმყოფებიან, როგორც ეს მიღებულია ყველა განათლებულ სახელმწიფოში.

დაბოლოს, მე ჩემსა და ჩემი მემკვიდრეების მაგიერ ვამტკიცებ ქვეშევრდომობას და ქვეშევრდომულ მფარველობას ჩემი ყოვლადმოწყალე ხელმწიფისა და ჩემი საკუთარი ხელმოწერით ყოველ პუნქტზე და წარვუდგენ ამ ყოველივეს მათ საიმპერატორო უდიდებულესობას უზენაესად დასამტკიცებლად.

ტორმასოვმა განაცხადა, რომ ახლად წაყენებული მუხლების დამტკიცების უფლებამოსილება არ ჰქონდა,69 ხოლო იმპერატორისთვის მათი გაგზავნა მისი შეურაცხყოფა იქნებოდა. მისი შეფასებით, ძველსა და ახალ მუხლებს შორის არავითარი განსხვავება არ იყო. განსხვავდებოდა მხოლოდ სამი მუხლი: 1. ლეჩხუმის დაბრუნება იმერეთის მეფისათვის. 2. სამეფო ნიშნების ბოძება. 3. სამეფო კარზე რუსეთის მინისტრის დანიშვნა. ტორმასოვის თქმით, მეფე ამ მოთხოვნების შესრულებას ტრაქტატის შეცვლის გარეშეც მიაღწევდა, თუ საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდოდა, დეპუტატებს პეტერბურგში გაგზავნიდა, თბილისში კი მძევლებს. ეს ფუჭი დაპირებები რუსეთის მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმების ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა სოლომონ მეფის მოტყუებით ხელში ჩაგდებას.

როგორც ვნახეთ, „ახალი ვალდებულების პუნქტების“ დამტკიცებაზე მეფემ სასტიკი უარი მიიღო: პუნქტები წმინდად უნდა იყოს დაცულიო. რუსეთმა კი დაიცვა წმინდად დადებული პირობები? - სვამს კითხვას სოლომონ II თავის ტრაგიზმით აღსავსე წერილში. „და უკუთუ დაიცვა წმინდად“, მაშინ რატომ აღმოჩნდნენ მეფე და მისი სამეფო ესოდენ სავალალო მდგომარეობაში? წერილში ძირითადად გადმოცემულია სოლომონ მეფისა და მისი ქვეშევრდომების აბუჩად აგდების ფაქტები:

მეფე სოლომონ II-ის წერილი გენერალ ტორმასოვს.

5 იანვარი, 1810 წელი

მივიღე წერილი უპატივსაცემელესი მაღალ-აღმატებულებისა თქვენისა, რომელსა შინა ცხად-ჰყოფთ მადლობასა მიცემისათვის ჩვენ მიერ პრავიანტთა და შეწევნისათვის მგზავრობისა მხედრობათა თქვენთასა. მოწყალევ ხელმწიფეო ჩემო! მერწმუნე ვითარცა გვამსა პატიოსანსა და ვითარცა მეფესა ქრისტეანესა, რომელ დიდითა გულს-მოდგინებითა მსურს, რათა ყოვლითა შეძლებითა ჩემითა და სამეფოსა ჩემისათა ვმსახურობდე მხედრობასა რუსეთისასა, და უმეტესად უკანასკნელითა ამით წერილითა თქვენითა, რომლითა მომეცა იმედოვნება, რათამცა სრულ-იქმნას ყოველივე კეთილ-დაწყობილება მტკიცე და უცვალებელი შეკრულება საუკუნო ჩვენ-შორის.

კვალად გებრძანათ წერილსა შინა თქვენსა: პუნკტებისა და პირობის გამოცვლა კანონი არ არის და ჯერ-არს, რათა ერთ გზის მიცემული პირობა, წმინდად და უცვალებელად დაიცვებოდესო. ბევრ-გზის განვაცხადე წერილით თქვენდა მომართ, რომ უწინარეს თქვენსა მყოფთა დახსნეს ფიცი, პირობა და შეკრულება, და არა დაიცვეს წმინდად და უკეთუ დაიცვეს წმინდად, -

. სადა არს სამკვიდრო სამფლობელო ჩემი ლეჩხუმი, რომლითა შემოველ მფარველობასა ქვეშე და რომელსა ზედა საშინელითა ფიცითა მაქვს ხელმოწერილობა და პირობა თავადის ციციანოვისა.

. და უკეთუ დაიცვეს წმინდად, შემდგომად გვაქვნდა ციხე ერთი დეხვირი საშუალ ლეჩხუმისა, რომელსა შინა მოგვიკლეს მეციხოვნე მუნ მყოფთა მოსახლეთა; ვთხოეთ მას ზედა სამართალი და ნაცვლად სამართლისა მოცემისა წაგვართვეს ციხეცა იგი და მისცეს დადიანს.

. და უკეთუ დაიცვეს წმინდად, ქუთაისს ქალაქსა შინა ჩვენსა დაბეჭდილ იყო ჩვენ მიერ დუქანი ვაჭრისა ჩვენისა; წინა-აღდგომად ჩვენდა სტათის პოლკოვნიკმან მოგლიჯა სამეფო ბეჭედი ჩვენი, გატეხა დუქანი, გამოიღო საქონელი და მისცა ჩვენ მიერ გაწყრომილსა ვაჭარსა ჩვენსა.

. და უკეთუ დაიცვეს წმინდად, ციციანოვმა გამოგვიცხადა აღწერილი პუნკტებთა შორის, რათა იდგეს სამეფოსა შინა ჩემსა მცირე ნაწილი მხედრობისა, - როტა ერთი ას-ოცი კაცი, სადაცა მე მენებოს და დაგვიყენა მაიორი ერთი ასოცთა კაცითა; ხოლო აწ სადაცა მე არა მნებავს უკითხავად ჩემდა დგანან სიმრავლე მხედრობისა.

. და უკეთუ დაცულ-არს წმინდად, გვაქვს ხელმოწერილობა და პირობა უფლის ფერთმარშლის ღუდოვიჩისა, რათა თვინიერ მკვდრის მაგიერის რეკრუტისა იმერეთს არა გარდამოვიდეს საჭურველიანი სალდათი არცა ერთი, ხოლო აწ პოლკები დაზამთრებულ არიან.

. და უკეთუ დაიცვეს წმინდად, წაგვართვეს ქალაქიცა ჩვენი ქუთაისი, სადაცა არღარა არს მყოფობა ჩვენი ერსოდენთა წელიწადთა.

. და უკეთუ დაიცვეს წმინდად, ქუთაისს სამეფოსა სასახლესა და თვით საწოლსა შინა ჩემსა დაბალთა მოხელეთა უსხდათ ხასები, წართმეულნი თავადთა ჩემთა მუახლენი.

. და უკეთუ დაიცვეს წმინდად, დააქციეს სამეფო სასახლე ჩემი ქუთაისს ვიდრე საფუძველამდე.

. და უკეთუ დაიცვეს წმინდად პირველი თავადი იმერეთისა წულუკიძე, თვით სიძე ჩემი დავით, სალდათებმა შეიპყრეს ქუთაისს, ათრიეს, გალახეს, თავი გაუტეხეს და სისხლითა შეღებილი წარმოდგა ჩვენთანა; ვსთხოეთ მას ზედა სამართალი, რომელსა ზედა გვიპასუხეს: თავადს წულუკიძეს თუმცა დანაშაული არა ჰქონია, მაგრამ სალდათებს ვერ ეცნათ, თორემ არ გალახავდნენო.

. და უკეთუ დაიცვეს წმინდად, ესოდენთა წელიწადთა დგანან მხედრობანი რუსეთისანი სამეფოსა შინა ჩემსა ვითარცა სახლსა შინა თვისსა, და იზრდებიან შეშითა, სახლითა ჩვენ მიერ მოცემულითა, პრავიანტითა, ფურაჟითა, ხარითა, ცხენითა, ურემითა, სასმელითა და საზრდელითა, და წარვლიან დღეთა ზამთრისა და ზაფხულისათა მშვიდობით, გარნა ნაცვლად მადლობისა გვაგინებენ და შეურაცხ-ჰყოფენ თავადთა და კეთილშობილთა ჩვენთა.

განვრცელებისათვის წერილისა არღარა დავწერ რუსეთის უსარგებლოდ მრავალთა სხვათა მწუხარებათა ჩემთა, გარნა ვკითხავ მაღალ-აღმატებულებასა თქვენსა: მოწყალევ ხელმწიფეო ჩემო! მიხედე ზემორეაღწერილთა და მიბრძანეთ, სადა არს დაცვა წმინდად და უცვალებელად პირობისა და შეკრულებისა უწინარეს თქვენსა მყოფთაგან?

გარნა მე ერთ-მორწმუნეობისათვის და შიშისათვის ყოვლად-მოწყალისა ხელმწიფისა ჩემისა, აღვსწერე კვალად იგივე პუნკტნი, ციციანოვისაგან აღწერილნი, თვინიერ შეუძლებელისა, ვინათგან დაწერა შეუძლებელისა არს უსაფუძვლო და მსწრაფლად დარღვევადი, და ვინათგან მსურს საუკუნოდ უცვალებელი დგომა შესაძლებელსა შეკრულებასა შინა ჩემსა, აღვსწერე პუნკტნი ჩემნი და მოვართვი კეთილ-მსახურსა განხილვასა თქვენსა.

ხოლო დეპუტატთათვის მე ვგონებ, რომელ იყოს კანონი ესრეთ, რათამცა დეპუტატნი მეფისანი იყვნენ იგინი, რომელთა-ზედა განისვენებს აზრი მეფისა მათისა, გარნა პატივისათვის თქვენისა იყოს დანიშნულიცა ერთი თქვენ-მიერ და სხვა გამორჩეული ჩვენგან და წარიგზავნენ ახალთა ამათ შეკრულებათა ზედა, შემდგომად დამტკიცებისა უმაღლესითა ღრამოტითა.

ხოლო მზევალთათვის არა ოდეს თქმულ-არს ჩემ მიერ არცა წინამოადგილეთა თქვენთა მიმართ, არცა აქ მყოფთა მხედართ-მთავართა თანა; ანუ რა საჭირო არს მზევალი ჩემი დიდის იმპერატორისადმი? და უკეთუ არს სადმე წერილი ჩემი მოცემისა მზევალისა, თვინიერ თქმისა უარისა, მოვართმევ მაღალ-აღმატებულებასა თქვენსა.

დასასრულ გთხოვთ გულსმოდგინედ, რათამცა სრულყოფად საუკუნოსა ამის კეთილ-დაწყობილებისა და განცხადებად თქვენდა მომართ კეთილ-მისაღებელთა ფიქრთა ჩემთა წარმოგზავნოთ ჩემდამი უფალი პავლე მოგილევსკი.

ყოველთა ამათ კეთილ-დაწყობილებისა აზრთა და სათხოველთა ჩემთა-ზედა წარმოვგზავნეთ მაღალაღმატებულებისა თქვენისადმი ყოვლადუსამღვდლოესი უფალი ნიკოლაოზ-წმინდელ-მიტროპოლოტი სოფრონიოს, თავადი აბაშიძე როსტომ და უფალი პროტოპოპი გაბაონი ნიკოლაოზ, და გთხოვთ გულს მოდგინედ, რათა მიიღოთ მამობრივითა კეთილ-მზრუნველობითა და შეიწყნაროთ აზრნი მათდამი რწმუნებულნი ჩვენ-მიერ.

(აზის ბეჭედი მეფის სოლომონისა).70

10 იანვარს ორბელიანი ტფილისში ჩასულა. ტორმასოვს მასთან საუბრის შედეგად ის აზრი გამოუტანია, რომ მისი მოსაზრებები მნიშვნელოვნად ემთხვეოდა სიმონოვიჩისა და მისი „თანამშრომლის“ მოსაზრებებს. ორბელიანს უცნობებია, რომ ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი გენათელი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მზად იყო ტორმასოვთან ჩამოსასვლელად, რათა მეფე სოლომონისა და მთელი იმერელი ხალხის სახელით დალაპარაკებოდა მას. ამავე დროს, ტორმასოვი გენათელზე წერს, რომ მისი კარგი თვისებები და რუსეთისადმი ერთგულება ქებას იმსახურებს და იმედს გამოთქვამს, რომ მასთან პირისპირ საუბრის დროს შეძლებს მისი, როგორც რუსეთის ერთგული და გონიერი კაცის, თავის მხარეზე მომხრობას. ტორმასოვმა იცოდა, თუ რა დიდი გავლენა ჰქონდა გენათელს მეფესა და ხალხზე, რის გამოც სურდა ის „იარაღად“ გამოეყენებინა იმერეთის საკითხის გადაწყვეტაში. ტორმასოვი სიმონოვიჩს ურჩევს მისთვის ცნობილი „პირის“, ანუ მეფე სოლომონის დასუსტებას. ამ მიზნით ავალებს მამია გურიელის ყურამდე როგორღაც მიიყვანოს, რომ თუ ის გულწრფელად გადაუდგება მეფეს და რუსეთის ერთგული გახდება, იმპერატორი (გარდა იმ წყალობისა, რომელიც მან შერიფ-ფაშას დამარცხებაში შეტანილი წვლილის გამო დაიმსახურა) დაამტკიცებს მის დამოუკიდებლობას იმერეთის მეფისგან და უბოძებს ყველა იმ უფლებებსა და პრივილეგიებს, რომლებითაც დადიანის სახლი სარგებლობს. ტორმასოვი არც რაჭას ივიწყებს და მეფისგან მისი ჩამოცილების გეგმებს აწყობს. სიმონოვიჩს უნდა წაექეზებინა ზ. წერეთელი და დაპირებოდა მას, რომ როდესაც რაჭის მაზრა მეფისგან დამოუკიდებელი გახდებოდა, მაშინ ის დაინიშნებოდა რაჭის მმართველად. ეს წინადადება არც ისე სახარბიელო იყო ზ. წერეთლისათვის, რომელიც გაცილებით მეტს მოელოდა. სიმონოვიჩმა სხვა ინსტრუქციებიც მიიღო. თუ სიმონოვიჩი დარწმუნდებოდა, რომ გენათელის ტორმასოვთან გამოგზავნა ამ უკანასკნელის მოტყუებას ისახავდა მიზნად, მაშინ მას დიდი ჯარი უნდა შეეკრიბა და ალყა შემოერტყა იმ მიდამოებისთვის, სადაც მეფე იმალებოდა, რათა მას გაქცევის საშუალება არ მისცემოდა. ტორმასოვი სიმონოვიჩს წერილსაც უგზავნიდა მეფე სოლომონისთვის გადასაცემად.

ტორმასოვის ცინიზმი იქამდე მიდიოდა, რომ ის ტყეში თავშეფარებულ უსახლკაროდ დარჩენილ მეფეს კვლავ დეპუტატების გაგზავნას სთხოვდა, რომლებსაც მისი სახელით იმპერატორისათვის მადლობა უნდა მოეხსენებინათ. ის ასევე იმეორებდა მძევლების გაგზავნის მოთხოვნას.71 1810 წლის 20 იანვარს ტორმასოვი სწერს სიმონოვიჩს, რომ დასახმარებლად უგზავნის თავად ელიზბარ ერისთავს, დავით თარხანოვსა და კაპიტან ამირეჯიბს, რომლებსაც ბევრი ნაცნობი ჰყავდათ იმერეთში და შესაძლოა, სასარგებლონი ყოფილიყვნენ. ტორმასოვი სიმონოვიჩს ურჩევს, რომ მან მოიმხროს სამღვდელოება, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. განსაკუთრებით ურჩევს გენათელის მომხრობას, რომელსაც დიდი ძალა გააჩნდა იმერეთში, ხალხის პატივისცემით სარგებლობდა და რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, ამიტომაც დიდი დახმარების აღმოჩენას შეძლებდა, თუ სიმონოვიჩი მოახერხებდა მისი ნდობის მოპოვებას. აქვეა მოცემული ჯარების დისლოკაციის გეგმა:

ეგერთა ბატალიონი შტაბოფიცრის თანხლებით, ორი ზარბაზნით, გორიდან სოფელ ალის გავლით ჩავა თავად ზურაბ წერეთლის მამულ კორტოხში; ბატალიონის ორი როტა ერთი ზარბაზნით მიემართება საჩხერეში და ორი როტაც, ზარბაზნით, სვერში.

ეგერთა მეორე ბატალიონი შტაბოფიცრის თანხლებით, ორი ზარბაზნით იმავე დღეს, სურამიდან გაემართება სოფელ ხეფინისხევის გავლით შემომავალში, სადაც 2 როტა ზარბაზნით შეჩერდება, მეორე 2 როტა ზარბაზნით, ვახანის გავლით წავა ზედუბანში, ლოსიათხევში.

გეგმაში აღნიშნულია: ამ ბატალიონებთან შეიძლება გაგზავნილ იქნან გორის მარშალი თავადი ამილახვაროვი, პოლკოვნიკი თავადი ლუარსაბ ორბელიანი, მაიორი თავადი აბესალომ ბებუთოვი და კაპ. თავადი აბამელიკოვი. ხოლო ბატალიონებთან, რომლებსაც სიმონოვიჩი ხელმძღვანელობს, გაემგზავრებიან თავადი ელიზბარ ერისთავი, კაპიტანი თავადი თარხანოვი და თავადი ამირეჯიბი.72

1810 წლის 21 იანვარს ტორმასოვი სიმონოვიჩს სწერს, რომ სრულიად მიუღებლად მიაჩნია მისი შემდეგი წინადადებები: იმერეთში მეფე სოლომონის ჩამოგდების და სამეფოდან მისი მოშორების შემდეგ, იმერელ ხალხს მიეცეს სხვა მეფე რუსეთში ახლახან გარდაცვლილი გიორგი ბატონიშვილის შვილებიდან, რომლებიც გურიაში ცხოვრობენ. ტორმასოვის აზრით, ეს გეგმა იმერეთის საქმეებისთვის უსარგებლო იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „მეფე სოლომონი ჩვენს ხელში აღარ იქნება - ვინაიდან ის, თავისთან ეყოლება რა მხარდამჭერები, ხელიდან არ გაუშვებს ყველა შესაძლო ხერხს მეფობის უფლების მისაღებად და ხალხი, რომელიც ორ დაპირისპირებულ ნაწილად გაიყოფა, ეცდება ღიად ან ფარულად მხარი დაუჭიროს თავისთვის სასურველ მეფეს“. ტორმასოვს იმერეთის სამეფოს გაუქმება სურდა, ხოლო მიზეზად იმას ასახელებდა, რომ იმერლებს შორის ურთიერთდაპირისპირება იჩენდა თავს, რაც ხელს შეუშლიდა იმერეთში მშვიდობის დამყარებას. „გარდა ამისა, არ შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ იმერეთის ხალხი, განსაკუთრებით თავადაზნაურობა როდესმე შეძლებს ერთხმად აღიაროს მეფედ გიორგი ბატონიშვილის ერთ-ერთი შვილი“. მისი თქმით, ამის მიზეზი ის იყო, რომ გიორგი ბატონიშვილი (რომელიც გიორგი „ბუშის“ სახელით იყო ცნობილი) იყო ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო შვილი და მეფე სოლომონ დიდის შვილიშვილი. გიორგი ბატონიშვილის რომელიმე ვაჟის გამეფება თითქოსდა სისხლისღვრას გამოიწვევდა. „ამიტომ ეს აზრი, რომელიც არ შეესაბამება არც მისი საიმპერატორო უდიდებულესობის წმინდა ნებას, არც იმერეთის კეთილდღეობას, ისევე, როგორც არც ჩვენს ინტერესებს, უკუგდებულ უნდა იქნას და უნდა იხელმძღვანელოთ ჩემ მიერ მოცემული ნებართვით“.73

1810 წლის 21 იანვარს გენ. ტორმასოვმა პროკლამაციით მიმართა იმერეთის სამღვდლოებას, თავადებს, აზნაურებს და ხალხს. პროკლამაციაში აღწერილია, იმპერატორის სიკეთე, რომელმაც ციციანოვს მეფე სოლომონთან ტრაქტატის დადება დაავალა, რასაც ბედნიერება და კეთილდღეობა უნდა მოეტანა მთელი იმერეთისთვის, მაგრამ ვითომდა ეს ტრაქტატი დაირღვა მეფე სოლომონის მიერ, რომელიც „ჭეშმარიტების გზას ააცდინეს უკეთურად მოაზროვნე მრჩევლებმა“. მისი მოქმედება მიმართულია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ თავისი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგაც. მან არ შეასრულა თავისი უპირველესი მოვალეობა. 5 წლის განმავლობაში არ გაგზავნა დეპუტატები უმაღლეს კარზე მადლობის მოსახსენებლად. მან გაბედა წერილობით განეცხადებინა, რომ არ სცნობს რუსეთის ხელისუფლებას, რაც წელს დაამტკიცა კიდეც რუსეთის მტრებთან გამუდმებული ურთიერთობით. მან მოიწვია შერიფ-ფაშა ფოთის ციხის გასაძლიერებლად, დაპირდა რა მას მძევლების მიცემას, მასთან გაერთიანებისა და რუსეთის მტრობის საწინდრად, მიმოსვლის შეწყვეტის მიზნით, უბრძანა კაზაკთა პოსტის დარბევა, რის დროსაც ერთი კაზაკი მოკლულ იქნა. მისი ჯარი თავს დაესხა ტყვია-წამლით დატვირთულ ტრანსპორტს, რომელიც რუსული ჯარების მიერ ალყაშემორტყმულ ფოთის ციხისკენ მიემართებოდა, ჩახერგა გზა, რათა ხელი შეეშალა რუსული ჯარის, იმერეთზე გავლით, ფოთისკენ გადაადგილებისათვის. ყოველივე ამის შემდეგ, იმპერატორის ლმობიერება რისხვამ შეცვალა და მან ტორმასოვს მეფე სოლომონის იმერეთიდან მოშორება უბრძანა, რაც ვითომდა, იმერეთის საკეთილდღეოდ კეთდებოდა. პროკლამაცია ყველას მოუწოდებდა იმპერატორის ერთგულებაზე დაეფიცათ და მისი მორჩილნი ყოფილიყვნენ. მათ უარი უნდა ეთქვათ „ყოფილ“ მეფე სოლომონისგან ყოველგვარ დამოკიდებულებაზე, ვინაიდან მას იმპერატორის მიერ უკვე ჩამორთმეული ჰქონდა მართვის (ანუ მეფობის) უფლება. მოსახლეობას მასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა ეკრძალებიდა. მათ პირდებოდნენ, რომ იმერეთში ჩქარა დაარსდებოდა დროებითი მმართველობა. რუსეთის ერთგულებს ბედნიერება და კეთილდღეობა ელოდათ, ხოლო ურჩებისათვის უკვე შეკრებილი იყო მრავალრიცხოვანი ჯარი და „ხმალი მზად იყო დაესაჯა“ ყველას, ვინც უძლეველი ხელმწიფე-ოპერატორის ნება-სურვილს წინ აღუდგებოდა.74 იმავე წლის 27 იანვარს ტორმასოვი სიმონოვიჩს ატყობინებს, რომ გენათელი მიტროპოლიტის ნაცვლად, რომელსაც ელოდა მასთან ჩავიდა მიტროპოლიტი სოფრონი, რომელმაც ჩაუტანა მეფის წერილი და სრულიად იმერეთის თავადაზნაურთა თხოვნა მეფედ სოლომონ მეფის დატოვების თაობაზე. მიტროპოლიტ სოფრონს ტორმასოვისთვის სოლომონის მიერ შედგენილი ახალი პუნქტები გადაუცია, რაზეც ტორმასოვს უთქვამს, რომ ეს ყოველივე მხოლოდ სიცრუეა და რომ მეფე გაზაფხულამდეც ვერ გაიტანდა თავს.75

რუსეთის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობდა, რომ სოლომონი დაესუსტებინა. 17 თებერვალს ტორმასოვმა მამია გურიელს აცნობა, რომ მისი თხოვნის თანახმად, მას იმპერატორი ისეთივე უფლებებს მიანიჭებდა, როგორც დადიანს ჰქონდა მინიჭებული. მთავარსარდალმა გურიელის „სათხოვარი პუნქტები“ შეადგინა და გურიელს არწმუნებდა, რომ ეს პუნქტები დადიანთან გაფორმებული აქტის ანალოგიური იყო. სინამდვილეში, ეს პუნქტები უფრო ზღუდავდა გურიელის ხელისუფლებას. მამია გურიელმა პროტესტი გამოთქვა. მან იცოდა, რომ მისი მდგომარეობა შექმნილ ვითარებაში უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე 1803 წელს გრიგოლ დადიანისა. მამია გურიელი მოითხოვდა „გვაქვნდეს ქვეყანასა ჩვენსა თავისუფლება“76 ის არ ეთანხმებოდა მე-3 და მე-12 მუხლებს. აქედან, პირველის მიხედვით ის ჰკარგავდა სამოსამართლო უფლებებს როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო სამართლის დარგში. ის თანახმა იყო, რომ რუსეთის მთავრობას გაესამართლებინა მხოლოდ კაცისმკვლელები, ტყვეებით მოვაჭრეები და ყაჩაღები. დანარჩენ დანაშაულთა განხილვის უფლებას გურიელი თავისთვის მოითხოვდა. მეორე მუხლი, რომელიც გამვლელი ვაჭრებისაგან ბაჟის აღებას კრძალავდა, დადიანის პუნქტებშიც იყო, მაგრამ გურიელისთვის ის მიუღებელი აღმოჩნდა. მისი საპროტესტო წერილი ტორმასოვმა მაშინ მიიღო, როდესაც იმერეთი აჯანყებისთვის ემზადებოდა. ამიტომ, გურიელი მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა.

1810 წლის 20 თებერვალს გენერალმა ტორმასოვმა გამოაქვეყნა პროკლამაცია, რომლითაც მეფე სოლომონი გადაყენებულად გამოაცხადა. იმავე დღეს, რუსეთის ჯარმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო იმერეთის დასაპყრობად.77

24 თებერვალს პოლკოვნიკი სიმონოვიჩი გენ ტორმასოვს ატყობინებს, რომ მასთან ჩასული იყო გენათელი არქიმანდრიტი დავითი, იმერეთის ყოფილი მეფის დავალებით, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამდა რუსეთის ყველა მოთხოვნის შესრულებაზე, რაზეც ტორმასოვს უპასუხია, რომ მისი მონანიება უკვე დაგვიანებული იყო. მისი საიმპერატორო უდიდებულესობის „წმინდა სახელით“ გამოქვეყნებული იყო, რომ ის ამიერიდან მოკვეთილია იმერეთის სამეფოდან და მისი არანაირი ძალაუფლება აღარ ვრცელდება იმერეთზე, რომელიც უშუალოდ ხელმწიფე-იმპერატორის დაქვემდებარებაში გადადის. სიმონოვიჩის რჩევის თანახმად, მეფე სოლომონისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მონანიება და ნებაყოფლობით ტფილისში წასვლა ტორმასოვთან, სადაც უსაფრთხოდ იქნებოდა თავისი ბედის გადაწყვეტამდე. ვითომდა, შესაძლებელი იყო, რომ იმპერატორს მისთვის ან ანაზღაურება დაენიშნა, ან იმერეთის ტახტზე დაებრუნებინა. ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად სოლომონმა სიმონოვიჩთან გაგზავნა „ღვთისმოსავი და რუსეთის ერთგული გენათელი მიტროპოლიტი“ თავად სეხნია წულუკიძესთან ერთად. მეფე სიმონოვიჩს სთხოვდა, რომ მისი წარგზავნილი ტორმასოვთან გაეგზავნა შეხვედრაზე მოსაპარაკებლად, რაც სიმონოვიჩმა დააკმაყოფილა, მაგრამ უარი განაცხადა აწ უკვე ყოფილი მეფის შემდეგ თხოვნაზე: წარგზავნილების დაბრუნებამდე შეეჩერებინა მნიშვნელოვანი საქმეები და იმერეთის მოსახლეობის დაფიცება. სიმონოვიჩი კი ბრძანების შესრულებას აგრძელებდა, რაც გამოიხატებოდა რუსეთის მორჩილთა შეწყალებასა და ურჩების დასჯაში. მისი აზრით, სოლომონი კვლავ დროის მოგებას ცდილობდა: სულ მალე ხეები ფოთლებით შეიმოსებოდა, მდინარეები ადიდდებოდა და მეფესთან ლეკებისგან, ან თურქებისგან, დამხმარე ჯარი ჩამოვიდოდა. სიმონოვიჩი ამიტომ უფრო ჩქარობდა ხალხის დაფიცებას. გაზაფხულზე გლეხობა დიდხანს ვერ მოწყდებოდა სახნავ-სათესს. მათ ნელ-ნელა დაიწყეს ტყეებიდან გამოსვლა და თავის საცხოვრებლებში დაბრუნება. ამ დროს მათ ფიცს ადებინებდნენ. სიმონოვიჩი ჩიოდა, რომ მას დიდ დაბრკოლებებს უქმნიდნენ სამღვდლოება, აჯანყებული სათავადო სოფლები, ასევე თავადები და აზნაურები, რომელთაგან არავინ გამოცხადებულა ფიცის დასადებად და ბევრ ადგილას შექმნეს დიდი დაჯგუფებები, რომელთა დაშლას ის სწრაფად აპირებდა. იმ მიზნით, რომ მეფისთვის თავადაზნაურობის რაღაც ნაწილი მაინც ჩამოეშორებინა ტორმასოვის ბრძანებით, სიმონოვიჩმა იმპერატორის სახელით გამოაქვეყნა განცხადება 1810 წლის 20 თებერვლის პროკლამაციით, იმერეთის სამეფოს სრულიად რუსეთის მონარქის უშუალო და ერთადერთ მმართველობასა და თვითმპყრობელობაში მიღებისა და იმერეთის მეფობიდან სოლომონ მეფისა და მისი მემკვიდრეების მათი ურჩობის, ტრაქტატის, ერთგულების ფიცის დარღვევის გამო, სამუდამოდ განდევნის შესახებ. განცხადებაში ნათქვამი იყო: «დღეიდან და სამუდამოდ გაუქმდა სოლომონ მეფის ხელისუფლება სამღვდლოებაზე, თავადაზნაურობასა და ხალხზე და ახლა დაარსებული იქნება იმერეთის კეთილდღეობისათვის, იმერელი ხალხის წეს-ჩვეულებებისადმი მისადაგებელი იმერეთის დროებითი რუსული მთავრობა, რომელიც შედგენილი იქნება იმერეთის ყველაზე საპატიო თავადაზნაურობის წარმომადგენლებისაგან, რუსეთის სამხედრო ჩინოვნიკის თავმჯდომარეობით. დროებითი მთავრობა დაკავებული იქნება მხოლოდ წესრიგის დამყარებითა და ხალხის კეთილდღეობით. მათ ხელში იქნება სამართალი. იმპერატორის სახელით ცხადდებოდა, რომ იმერეთის სამღვდლოებას, თავადებს, აზნაურებს და ხალხს რჩებოდათ თავიანთი უფლებები, უპირატესობები და საკუთრება და არც ერთი რუსი სამხედროს ხელი არ შეეხება იმერეთის იმ მცხოვრებლებს, რომლებიც მშვიდად დარჩებიან თავიანთ სახლებში, უსიტყვოდ აღიარებენ სრულიად რუსეთის თვითმპყრობელის უზენაეს და ერთადერთ ხელისუფლებას, იქნებიან იმპერატორის ერთგულნი, სამუდამოდ უარყოფენ თავიანთ დამოკიდებულებას იმერეთის ყოფილ მეფე სოლომონზე და გაწყვეტენ მასთან ყოველგვარ კავშირს და ურთიერთობას, როგორც რუსეთის მოწინააღმდეგესთან და იმპერატორის წმინდა ნების წინაშე ურჩთან, ვინაიდან რუსეთის უძლეველი ჯარები ასრულებენ რა მართლმსაჯულებრივ კანონს ყოვლადმოწყალე და დიდი იმპერატორისა, საქმე აქვთ მხოლოდ ყოფილ მეფე სოლომონის პიროვნებასთან და თავისი ხმალი შემართეს მხოლოდ მის დასასჯელად. მას საქართველოს მთავარსარდალმა ტორმასოვმა შესთავაზა მისი საიმპერატორო უდიდებულეობის ყოვლადმოწყალე პატიება მისი დანაშაულებებისა, რაც გამოიხატებოდა დადებული ფიცის და ტრაქტატის დარღვევაში, რასაც ის მთელი ხუთი წლის მანძილზე სჩადიოდა, ასევე შესთავაზეს მეფედ დატოვება მისი და მისი მემკვიდრეებისა - პრივილეგიებით, ყოვლად მოწყალედ ბოძებული სამეფო რეგალიებით, რაც აღნიშნავდა მის სამეფო ღირსებას, სათანადო ჯამაგირის დანიშვნით, დაბოლოს ქუთაისში იმპერატორის ხაზინის ხარჯზე სახლის აშენებით მისთვის საცხოვრებლად. ამ ყოველივეს სანაცვლოდ მას მოეთხოვებოდა მხოლოდ ტრაქტატის ძალით გათვალისწინებული და რუსეთის ხელმწიფე-იმპერატორისადმი თავისი ერთგულების დასამტკიცებლად, პეტერბურგს დეპუტატების გაგზავნა იმერეთის რუსეთის მფარველობასა და ქვეშევრდომობაში მიღების გამო ყოვლადუქვეშევრდომილესი მადლობის გადასახდელად; ასევე უნდა მიეცა თავადების რამდენიმე ვაჟი მძევლად, თავისი ერთგულების საწინდრად და პირობა დაედო, რომ კვლავ აღარ დაარღვევდა დადებულ ტრაქტატს და ფიცს და თავის ადგილსამყოფელად ქუთაისს აირჩევდა; მაგრამ მან თავისი სულის წარმოუდგენელი ამპარტავნებით ომი გამოაცხადა, ამჯობინა იმერელი ხალხი უბედურებაში ჩაეგდო, დაღვრილიყო უდანაშაულო ქრისტიანული სისხლი იმერელი ხალხისა, გაჩანაგებულიყო მათი საცხოვრებლები. იმერეთის მცხოვრებლების დაკარგვა, ცოლების ტირილი და უბედური ობლების მოთქმა - ასეთი შედეგები მოჰყვება ხოლმე ომს. მაგრამ მონარქის მართლმსაჯულება, რომელსაც ენანება უდანაშაულო სისხლის დაღვრა, სჯის რა ახლა მეფის ამპარტავნებას, თავიდან არიდებს ერთმორწმუნე იმერელ ხალხს ამდენ უბედურებას, უბოძებს იმერეთის ყველა მცხოვრებს თავის უფლებებსა და უპირატესობებს… მოითხოვს, რომ ისინი დარჩნენ თავის ადგილზე, უსიტყვოდ აღიარონ სრულიად რუსეთის ხელმწიფე-იმპერატორის ძალაუფლება. ვინც იმერეთის ყოფილი მეფე სოლომონისადმი ბრმა ერთგულების გამო, საკუთარი თავის დაღუპვას მოინდომებს, დატოვებს თავის ადგილს და მას შეუერთდება რუსული ჯარების საზიანოდ, ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მაშინვე არ გამოცხადდება რუს ჩინოვნიკებთან, ჯარების მეთაურებთან, რომლებიც იმერეთის ყველა კუთხეში მოძრაობენ ყოფილი მეფე სოლომონის დასასჯელად, ეუწყება ყველას, რომ ამგვარი ურჩები ჩაითვლებიან რუსეთის მტრებად და მათი სახლები, გლეხები და ქონება გადაეცემა იმპერატორის ხაზინას, ურჩ მემამულეებს სამუდამოდ ჩამოერთმევათ თავიანთი გლეხების ფლობის უფლება. განცხადება სამღვდლოებას მოუწოდებდა, რომ ეზრუნათ თავიანთი მრევლის რუსეთისადმი ერთგულებაზე…“78 დაიწერა ქუთაისში, 21 თებერვალს 1810 წლის ხელს აწერს გენ. სიმონოვიჩი.

25 თებერვალს გენ. ტორმასოვი ზ. წერეთელს წერდა, რომ მისგან მიღებულ წერილებზე პასუხობს მას, როგორც მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ერთგულ პირს. მას არ შეუძლია გადაუხვიოს თავის მოთხოვნებს, რომლებიც იმპერატორიდან მომდინარეობს.79 ეს მოთხოვნები კვლავ დეპუტატებისა და მძევლების გაგზავნას ეხება. მეფისგან კვლავ მოითხოვენ საცხოვრებლად ქუთაისში გადმოსვლას. 26 თებერვალს გენ. ტორმასოვი თავად ამილახვარს სწერდა:

მე უკვე მივწერე მაიორ პრიბილევსკის, რომ თუ მოდინახეს ციხე ნებაყოფლობით არ ჩაგვბარდება, მის აღებას „სამხედრო ხელით“ უნდა ეცადოთო. ამილახვარს ავალებდა ქაიხოსრო წერეთლის ოჯახის დათანხმებას იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცებაზე. ამილახვარს უნდა დაერწმუნებინა ისინი, რომ მოდი-ნახეს ციხის ნებაყოფლობით ჩაბარებისა და ფიცის დადების შემთხვევაში, მათ საკუთარ სახლში დატოვებდნენ; უარის შემთხვევაში, ამილახვარს ციხის სამხედრო ძალით აღება და ქაიხოსრო წერეთლის ოჯახის შეპყრობა ევალებოდა80 7 მარტს ტორმასოვი ზ. წერეთელს სწერს. მისგან 29 თებერვალს გამოგზავნილი წერილიდან შეუტყვია, რომ გენათელი და თავადი სეხნია წულუკიძე პოლკოვნიკ ლისანევიჩთან ერთად ქუთაისს გაემგზავრნენ და რომ სოლომონ მეფე მზად არის შეასრულოს მოთხოვნების სამივე პუნქტი. ტორმასოვი, ვითომდა, ზ. წერეთლის ხათრით, თანხმდება და აცხადებს, რომ მეფის უსაფრთხოება ქუთაისში დაცული იქნება და მას არ ჩამოერთმევა მეფობა, თუ ის იმპერატორის ერთგული იქნება და შეწყვეტს ურთიერთობას ქრისტიანობის მტრებთან.81

9 მარტს მოგილევსკი გენ. ტორმასოვს სოფ. ზეინდარიდან უპატაკებს: საქმეები დიდი წარმატებით მიდის. ვარდციხე და ბაღდადი დაკავებულია. რაჭის მაზრა ფიცს დებს. თავადებმა მიატოვეს უბედური მეფე. მასთან მხოლოდ უმთავრესი გვარების წარმომადგენელი 5 თავადი და 40 აზნაური იმყოფება, მაგრამ ესენიც აუცილებლად მიატოვებენ მას, გარდა კონსტანტინე ბატონიშვილისა და სოლომონ ლეონიძისა, ვინაიდან სარდალი თავადი ქაიხოსრო წერეთელი უკვე აპირებს მის მიტოვებას და თავის ხალხს გვიგზავნის. ახლა მეფე ხანის ხეობაშია მომწყვდეული, რომელზეც გადის გზა ახალციხისკენ (წელიწადის ამ დროს თითქმის გაუვალი). იქ მიემართება პოლკოვნიკი სიმონოვიჩი და ზეგ აუცილებლად გადაწყდება მეფის ბედი. იმერეთი წყნარად არის და იმპერატორის ნებას ემორჩილება სისხლისღვრის გარეშე.82 18 მარტს ტორმასოვი სიმონოვიჩს მადლობას უხდის სიბეჯითისთვის: „მე ველოდები ს. მოგილევსკისგან შეტყობინებას, ზუსტად როდის ჩამოვა უბედური მეფე სოლომონთან ერთად დანიშნულ ადგილზე, გორის მაზრის სოფელ ვარიანში, რომელიც გორიდან 12 ვერსში მდებარეობს, რომ იქ გავემგზავრო… თქვენი პატაკიდან ვხედავ, რომ კონსტანტინე ბატონიშვილმა ფიცი დადო და თქვენთან იმყოფება, მე ფრიად კმაყოფილი ვარ, რომ ეს იქამდე მოხდა, ვიდრე ის თავისი ბიძისგან, თავად თამაზ ორბელიანისგან მიიღებდა შეტყობინებას, რომელიც მე მისი წინადადებით გამოგიგზავნეთ. საჭიროა, რომ კონსტანტინე არ დარჩეს იმერეთში, ამიტომ თუ თქვენ მოისურვებთ მის აქ გამოგზავნას ყოფილ მეფესთან ერთად, მაშინ გამოგზავნეთ პირველივე მოსახერხებელ შემთხვევაში. თუნდაც პოლკ. ლისანევიჩთან, რადგან მე განზრახული მაქვს მისი ს.-პეტერბურგს გამგზავრება დეპუტატებს შორის, რაზედაც მე მივწერე მოგილევსკის, რათა თქვენთვის შეეტყობინებინა. ზედმეტად არ მიმაჩნია სამეგრელოში, მთავარ ნიკოლოზ დადიანთან მყოფი გიორგი ბატონიშვილის ქვრივი დარიას აქ გამოგზავნა მის ვაჟებთან, ალექსანდრესთან და დიმიტრისთან ერთად, რომლებიც შეიძლება, რომ აქ აღიზარდონ კეთილშობილთა სასწავლებელში ხაზინის ხარჯზე, ხოლო დარეჯანი ისარგებლებს იმ პენსიით (1,500 ვერცხლი), რომელიც მას ხელმწიფემ უბოძა. მან მომწერა თხოვნა იმერეთში მისთვის სოფლის ბოძების შესახებ, მაგრამ მე უხერხულად მიმაჩნია, მისთვის ამგვარი წყალობის თხოვნა ხელმწიფისაგან, და უკეთესია პენსიის მომატება. ამიტომ გავალებთ მის აქ ჩამოყვანას ვაჟებთან ერთად“.83 23 მარტს 1810წ. სიმონოვიჩი ტორმასოვს უპატაკებს, რომ „ყოფილ მეფე სოლომონს იმერეთის სხვადასხვა ადგილებში გაუგზავნია თავისი ერთგული ხალხი მცხოვრებთა დასარწმუნებლად, რომ მათ მიერ დადებული ფიცი არაფერს არ ნიშნავს, ვინაიდან მათ მასაც რამდენჯერმე შეჰფიცეს. ის მეციხოვნეებს უთვლიდა, რომ მის დაბრუნებამდე გამაგრებულიყვნენ. სიმონოვიჩი აღნიშნავდა, რომ ამ ყოველივეს მეფე სჩადიოდა პირქუში და რუსეთის მიმართ არაკეთილგანწყობილი თავადების - ქაიხოსრო და სიმონ წერეთლების, როსტომ ნიჟარაძის და გრიგოლ ერისთავის რჩევით და სანამ ისინი მასთან იქნებოდნენ, ის მსგავს გეგმებზე არ იტყვოდა უარს. ხოლო სოლომონ ლეონიძის და მალხაზ ანდრონიკაშვილის ახალციხეში გადასვლა სიმონოვიჩს გაქცევად კი არ მიაჩნდა, არამედ რუსეთის მიმართ მავნე ჩანაფიქრად, რადგან მათ შერიფ-ფაშას მეშვეობით იქიდან შეეძლოთ მეფისთვის დახმარების აღმოჩენა.84

28 მარტს ტორმასოვი სწერს მეფე სოლომონს: „გუშინ მეუწყა თქვენი სურვილი ჩემი ნახვის და იმპერატორისათვის თქვენი საჭიროებების ახსნისა. მე ძალიან მესიამოვნება თქვენი მიღება დღეს გორში, სადაც ველოდები თქვენს ჩამოსვლას, რადგან ეს ქალაქი მდებარეობს ტფილისში მიმავალ გზაზე, სადაც თქვენ უნდა ჩახვიდეთ დაპირების თანახმად, რათა იქ დაელოდოთ თქვენი ბედის უზენაესად გადაწყვეტას“.85

სიმონოვიჩი გენ. ტორმასოვს 28 მარტს ატყობინებს, რომ მაიორების - პრიბილევსკისა და გედრიმოვიჩის პატაკების თანახმად, მიუდგომელი ციხეები: საწერეთლოში - მოდინახე და რაჭაში - კვარი დანებდნენ რუსულ ჯარს და ციხეებში მყოფმა გარნიზონებმა დაიფიცეს რუსეთის ქვეშევრდომობაზე. ახლა დარჩენილია კიდევ 3 ციხე - მუხური, საპაიჭაო და ჭყვიში მეფე სოლომონის ერთგულთა ხელში, რომლებიც რუსულ ჯარებს ბლოკადაში ჰყავთ და რომლებიც აგრეთვე ჩქარა დანებდებიან. ასევე იმერეთის კუთვნილი ოსები, რომლებიც განლაგებული არიან თოვლიან მთებში, რაჭის ზემო პროვინციაში და საწერეთლოს ზემოთ, არ არიან დაფიცებული იმპერატორის ერთგულებაზეო. მათი დაფიცება სიმონოვიჩისგან დაევალა ორ ზემოხსენებულ მაიორს. რაც შეეხება კონსტანტინე ბატონიშვილს, მან თუმცა დაიფიცა იმპერატორის ერთგულ ქვეშევრდომობაზე, მაგრამ ეს იმ მოსაზრებით გააკეთა, რომ შეუფერხებლად ყოფილიყო დატოვებული იმერეთში, თავის მამულში. სიმონოვიჩს ეჭვი ეპარებოდა, რომ ბატონიშვილი რუსებისადმი თავისი უნდობლობის გამო, ნებაყოფლობით დათანხმებულიყო ტფილისში ჩასვლაზე, და კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ს. პეტერბურგში დეპუტატად წასვლაზე დათანხმებულიყო. ამიტომ, სიმონოვიჩი გეგმავდა მის ტორმასოვთან გამგზავრებას ლისანოვიჩის თანხლებით.

დარეჯან ბატონიშვილს გამოეცხადა ტორმასოვის ბრძანება თავის ვაჟებთან ერთად ტფილისში ჩასვლის შესახებ.86

30 მარტს სიმონოვიჩი ტორმასოვს ატყობინებს, რომ ჯარისკაცებს გაუვალ ტყეებში გაუცვდათ და დაეხათ შინელები და ჩექმები. სიმონოვიჩმა მაუდი ჩამოატანინა და 380 შინელი შეაკერინა, რითაც შეცვალეს ყველაზე უვარგისი შინელები.87

1810 წლის 1 აპრილს გენ. ტორმასოვი სწერს დედოფალ მარიამ კაცის ასულს, რომ პატივს სცემს მისი მეუღლის ზრუნვას მის კეთილდღეობაზე. თანხმდება მეფე სოლომონის სურვილის შესრულებაზე და დედოფალს მფლობელობაში უტოვებს სოფელ საზანოს, სადაც ის იმჟამად იმყოფებოდა.

მეფე სოლომონის შესახებ ატყობინებდა, რომ მან თავისი ბედი მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მოწყალებას მიანდო, საკუთარი სურვილით ინება ტფილისში ჩასვლა, სადაც დარჩება იმპერატორის მიერ მისი შემდგომი ბედის გადაწყვეტამდე, რაც იმპერატორის კაცთმოყვარეობის და გამოუთქმელად მოწყალე გულის წყალობით, უთუოდ დაფუძნებული იქნება მეფე სოლომონის ბედნიერებაზე.88

2 აპრილს სიმონოვიჩი ატყობინებს გენ. ტორმასოვს: მაიორ გედრიმოვიჩის პატაკის თანახმად, ციხე ჭყვიში, რომელიც ლეჩხუმისა და რაჭის საზღვარზე მდებარეობს და რომელიც მეფის გარნიზონებს ჰქონდათ დაკავებული, 27 მარტს დანებდა. ჩაყენებულ იქნა ყარაული იმპერატორის ჯარებისგან, ხოლო გარნიზონმა და მისმა მეთაურმა აზნაურმა ფირან კლდიაშვილმა ფიცი დადეს იმპერატორის ერთგულებაზე. ამის შემდეგ კიდევ ორი ციხე - მუხურისა და საპაიჭაო დარჩა ყოფილი მეფე სოლომონის ერთგულთა ხელში, მაგრამ ესენიც, ყოველ მხრიდან გარშემორტყმული არიან რუსული ჯარით და ჩქარა დანებდებიან. სამეგრელოს მმართველმა (გრიგოლ დადიანის ქვრივმა) და მისმა შვილმა ლევან დადიანმა პრეტენზიები წამოაყენეს როგორც ჭყვიშის ციხეზე, ისე საპაიჭაოზე და სიმონოვიჩს სთხოვეს მათი მიერთება სამეგრელოს სამთავროსათვის.

სიმონოვიჩის მიერ შეკრებილი ცნობების თანახმად, ჭყვიშის ციხე ლეჩხუმის პროვინციას ეკუთვნოდა, ხოლო ეს პროვინცია ადრე იმერეთის ნაწილს შეადგენდა, მაგრამ მეფე გიორგის მეფობის დროს მას დაეპატრონა ოდიშის თავადი ჩიქვანი ბეჟანი, რომელიც ციხის მოურავი იყო. ის განუდგა მეფე გიორგის, მიიღო იქამდე შეწყვეტილი დადიანების გვარი და სამეგრელოს სამთავრო. ამ „თვითმარქვიას“ შემდეგ ლეჩხუმი მისი მემკვიდრეების - ოტიას, კაციას, გრიგოლისა და ახლა ლევანის დროს, რჩებოდა სამეგრელოს შემადგენელ ნაწილად, გარდა ციხე ჭყვიშისა, რომელიც მთავარ გრიგოლ დადიანის დროს, იმერეთის უკანასკნელმა მეფემ „მიითვისა“. რაც შეეხება საჭილაოს, ისიც ყოველთვის იმერეთს ეკუთვნოდა, მაგრამ მეფე ალექსანდრემ, სოლომონ I-ის მამამ, იმ დახმარებისათვის, რომელიც მას თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში აღმოუჩინა ოტია დადიანმა, მისცა მას საჭილაო. შემდეგ ეს ოლქი ხან იმერეთის მეფეების ხელში იყო, ხან დადიანების. ბოლოს, იმერეთის მეფე სოლომონს უნდა დარჩენოდა. საბოლოოდ სიმონოვიჩი ასკვნიდა, რომ შესაძლებელი იყო ჭყვიშის ციხის დადიანებისთვის მიცემა, მხოლოდ იმ პირობით, რომ პირველ ხანებში მასში რუსული ყარაული ყოფილიყო განლაგებული. ხოლო საჭილაო, რომელსაც ლეჩხუმთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა, იმერეთის ოლქში დარჩენილიყო.89 11 აპრილს სიმონოვიჩი ტორმასოვს ატყობინებს, რომ ასრულებდა რა მის ბრძანებას ექსპედიციის თაობაზე, რაც მიმართული იყო ყოფილი მეფე სოლომონის წინააღმდეგ და ხელმძღვანელობდა რა ტორმასოვის მითითებით, მან 20 თებერვალს გახსნა სამხედრო მოქმედებები და ქ. ქუთაისში და სხვა ადგილებში პროკლამაციის გამოქვეყნებასთან ერთად, დაიწყო ხალხის დაფიცება იმპერატორის ერთგულ ქვეშევრდომობაზე, ხოლო 1 აპრილს ღვთის შეწევნითა და თავისი სხვადასხვა თანამშრომლის ბეჯითობის წყალობით, დაასრულა ეს მოქმედებები მეფის ტორმასოვთან გაგზავნით, მთელი იმერეთის სამეფოს დაპყრობითა და რუსეთის უშუალო მფლობელობაში მოყვანით. ამასთან, რამდენადაც შესაძლებელი იყო ერთმორწმუნეთა სისხლის დაზოგვით. ლიტვინოვი მიმოიხილავს ექსპედიციის მიმდინარეობას. ქართლიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და ლეჩხუმიდან სხვადასხვა კოლონები მეფის ძალებისა დაიძრნენ 20 თებერვალს დანიშნულების ადგილებისაკენ. მეფის ძალები, რომლებიც შეადგენდნენ 4000 კაცს, შეიკრიბნენ ვარდციხეში, გამაგრებულ ადგილზე, როგორც გაუვალი ტყეებისა და ჭაობების, ისევე ღრმა მდინარეების - რიონის, ყვირილას და ხანის მხრივ, რომლებიც ყოველი მხრიდან გარს ერტყმიან ამ ადგილს. თანდათანობით მეფეს შემოეცალნენ მეომრები და მას 100 კაცი დარჩა. იმერეთის მცხოვრებლებმა, თავიდან თავისი ოჯახები და ქონება ტყეებში გახიზნეს, ხოლო თვითონ დიდ „ხროვებად“ სხვადასხვა ადგილებში ჩასაფრდნენ წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ დაინახეს რა მათ მიმართ „ლმობიერი და უვნებელი დამოკიდებულება“, დაიწყეს სამლავებიდან გამოსვლა და ფიცის დადება იმპერატორის ერთგულ ქვეშევრდომობაზე ისე, რომ ფიცის დადება უკვე ყველა პროვინციაში დასრულდა, სახელდობრ: ქ. ქუთაისში, ვაკეში, ჯიხეიშში, სამიქელაოში, საჭილაოში, ხონში, ფიცისკაცში, ოკრიბაში, რაჭაში, ჭყვიშში, მუხურში, არგვეთში, კაცხში, წირკვალში, საწერეთლოში, სვერში, ჩხერში, ლოსიათხევში, სვირში, ზეგანში, ხანში, ბაღდადში, საერისთაოში, საჩინოში, საპაიჭაოსა და საჯავახოში. შემდეგ სიმონოვიჩი აღწერს „ლმობიერ“ მოქმედებებს: მის მიერ გაგზავნილმა სპეციალურმა რაზმებმა დაიკავეს მოქმედებებისთვის მნიშვნელოვანი ადგილები მაღლაკი, ჩხარი და ჯიხაიში, ხოლო მთავრები ლევან დადიანი და მამია გურიელი სამეგრელოსა და გურიის ჯარებით ეხმარებოდნენ რუსულ ჯარებს… მე-9 ეგერთა პოლკის მაიორმა პრიბილევსკიმ საჩხერეს დაკავების შემდეგ „დაიპყრო ნებაყოფლობით“ «покорил добровольно» სვირის ციხე, ხოლო მაიორი რეუტი დაეწია და დაამარცხა იმერეთის ყოფილი სარდალი თავადი ქაიხოსრო წერეთელი, რომელიც 1500 კაციანი ჯარით მიდიოდა კაპიტან გერმანის მიერ ალყაშემორტყმული ჩხერის ციხისაკენ. რუსულმა ჯარმა ჩხერის ციხე აიღო.

ბელევსკის მუშკეტერთა პოლკის მაიორმა გედრიმოვიჩმა მის განკარგულებაში მყოფი რაზმებით და გულადი ლეჩხუმელების ჯარებით, რომლებსაც იქაური მოურავი თავადი ბერი გელოვანი ხელმძღვანელობდა, მოხერხებული მოძრაობით და ეშმაკობით, ორჯერ შემოუარა და გასროლის გარეშე „გადააყირავა“ იმერული ჯარი 2000 კაცის შემადგენლობით, შეკრებილი გიორგი წულუკიძისა და დავით აგიაშვილის მიერ, იმ მიზნით, რომ არ გაეტარებინათ რუსული ჯარები ლეჩხუმიდან ოკრიბასა და რაჭაში; შემდეგ იმავე ბერი გელოვანის დახმარებით, მოკლე დროში დაიპყრო და რუსეთის ძალაუფლებას დაუქვემდებარა რაჭის შემდეგი ციხესიმაგრეები: ტოლა, ხვანჭკარა, სადგმელო, მოჩანციხე, ხოტევი, ნააგარევი, ონი, პატარა ონი, მინდა, ხიდისკარი და ჩიდროტი - ზოგი ძალით, ზოგი ნებაყოფლობით. გეგმის მიხედვით, მეფე სოლომონის ვარდციხიდან გამოდევნისა და მისი რომელიმე სხვა ადგილზე ჩასაკეტად, საიდანაც უფრო მოხერხებული იქნებოდა მისი ხელში ჩაგდება, სიმონოვიჩისადმი რწმუნებული პოლკის მაიორი კალატოზოვი და შტაბსკაპიტანი საგინოვი უთვალთვალებდნენ მეფეს, რომელიც რიონსა და ყვირილაზე გადადიოდა სოფ. გეგუთის ახლოს. მე-9 ეგერთა პოლკის შეფი პოლკოვნიკი ლისანევიჩი ეგერთა რაზმით უძნელესი გზით ლოსიათხევიდან მთებით, ზეგამის ხეობის გავლით გადავიდა სოფელ ხონში. სიმონოვიჩმა კი, საჭირო რაოდენობის ნავების შოვნის შემდეგ (ნავები მეფის ბრძანებით ან მდინარის მეორე მხარეს იყო გადატანილი, ან ჩაძირული), ჯერ ბელევსკის მუშკეტერთა პოლკის ავანგარდი გადაიყვანა რიონზე იმერელთა დაჯგუფებების გასარეკად, შემდეგ კი სოფ. სამტრედიასთან, 6 მარტს, მთელი რაზმი საჩინოს გავლით ვარდციხისკენ დაიძრა. იმავდროულად, სიმონოვიჩის მიერ გაგზავნილი რაზმები მეფეს ყვირილას ნაპირზე უთვალთვალებდნენ, რომ მას არ შეძლებოდა მუხურის ციხეში შევარდნა, ან კავკასიონის მთებისკენ გაქცევა. მეფემ იმავე 6 მარტს დატოვა ვარდციხე და ბაღდადისკენ წავიდა. მაიორი კალატოზოვი საჩქაროდ გადავიდა რიონზე და ყვირილაზე, შეუჩერებლივ მიჰყვა მას. მეფემ, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ თავისი საქმის გამოსწორებამდე ხანის ხეობას შეაფარებდა თავს, იქით მიაშურა, სადაც მასთან 2000 კაცი შეგროვდა, რომლებიც შემდეგ დააყენეს სხვადასხვა ვიწრო გასასვლელებში. მაგრამ ხანის ხეობაში მეფე ალყაშემორტყმული აღმოჩნდა რუსული ჯარების მიერ, რომლებიც ყოველი მხრიდან მოდიოდნენ. სოლომონს გადაეწურა შერიფ-ფაშასგან დამხმარე ჯარის მიღების იმედი, იძულებული გახდა მიეღო სიმონოვიჩისა და მოგილევსკის წინადადება, რომელიც გელათის მონასტრის იღუმენ დავით იოსელიანის, შემდეგ კი გენათელი მიტროპოლიტისა და თავად სეხნია წულუკიძის მეშვეობით შეუთვალეს, სახელდობრ: შექმნილ მდგომარეობაში მას გადარჩენის სხვა გზა არ აქვს, თუ არა ტორმასოვისთვის ჩაბარება და მისი შუამდგომლობით იმპერატორისგან მოწყალების მიღება! სიმონოვიჩი იმ მიზნით, რომ რუსული ჯარის მიმართ მეფის უნდობლობა დაეძლია და საქმის სწარაფი და სასურველი დასრულებისთვის მიეღწია, მძევლად სამი თავადის აყვანისა და ლისანევიჩისათვის პოლკის ჩაბარების შემდეგ, გაემგზავრა მეფესთან ხანის ხეობაში და ფიცით დაარწმუნა იგი, რომ ის უსაფრთხოდ ჩავიდოდა ტორმასოვთან. პირველი შეხვედრის ადგილის შესათანხმებლად, სიმონოვიჩმა მეფე სოლომონი კარის მრჩეველთან ერთად, სოფელ საზანოს გავლით, ქართლში გაამგზავრა. ყოველი შემთხვევისათვის სიმონოვიჩმა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შეფი პოლკოვნიკი სტალი მზადყოფნაში მოიყვანა და იმავე მიზნით მე-9 ეგერთა პოლკის რაზმი პოლკოვნიკ ლისანევიჩის მეთაურობით, ხონიდან ლოსიათხევსა და ხრამში გადმოისროლა. ამის შემდეგ, მეფის „ავი მრჩევლები“, რომელთაგან სიმონოვიჩი უმთავრესებს ასახელებს: ქაიხოსრო, სიმონ და გიორგი წერეთლები, როსტომ ნიჟარაძე, დავით და გრიგოლ ერისთავები, დავით აბაშიძე და ბესო ლორთქიფანიძე მეფესთან ერთად გაემგზავრნენ ქართლში და ავრცელებდნენ ხმებს, თითქოსდა, მეფე ტორმასოვს შეურიგდა, უწინდებურად მეფედ იყო დატოვებული და ჩქარა იმერეთში დაბრუნდებოდა. მიუვალ ადგილებში მდებარე ციხეები - კვარა, ჭყვიში, მოდინახე, მუხური და საპაიჭაო, რომლებიც ისევ რჩებოდნენ მეფის უერთგულესი პირების ხელში, კვლავ მედგრად იდგნენ. თითქმის გაუვალ, თოვლით დაფარულ ადგილებში, დიდი გაჭირვებით შეყვანილ იქნა არტილერია ურჩების დასაშინებლად, რომლებიც უსასტიკეს ბლოკადაში იმყოფებოდნენ რუსული ჯარის მიერ. გადაეწურათ რა იმედი რაიმე დახმარების მიღებისა, ისინი იძულებული გახდნენ დანებებოდნენ: კვარა და ჭყვიში მაიორ გედრიმოვიჩს და თავად ბერი გელოვანს ჩაბარდა, მოდინახე - მაიორ პრიბილევსკის, მუხური - პოლკოვნიკ ლისანევიჩს, ხოლო საპაიჭაო - მაიორ უშაკოვს. ზემოჩამოთვლილი შტაბოფიცრების გარდა, ამ ექსპედიციაში სიმონოვიჩს მისივე შეფასებით, განსაკუთრებული დახმარება აღმოუჩინეს: კარის მრჩეველმა მოგილევსკიმ, როგორც თავისი რჩევებით და ხანის ხეობაში მეფის დარწმუნებით, ასევე მისი ქართლში ჩაყვანით; შემდეგ სახლთუხუცესმა, თავადმა ზურაბ წერეთელმა, „ამ საქმის მთავარმა მომქმედმა პირმა“, რომელიც ყოველთვის „გულწრფელ“ სიბეჯითეს იჩენდა რუსეთის მიმართ, რასაც მოჰყვა ესოდენ მნიშვნელოვანი ცვლილებები ყოფილ იმერეთის სამეფოში; ასევე, ლეჩხუმის მოურავმა თავადმა ბერი გელოვანმა, რომელმაც დიდი მონდომება გამოიჩინა და რუსეთის სასარგებლოდ იღვაწა თავის ძმასთან - ლევანთან, შვილთან როსტომ გელოვანთან და თავად გრიგოლ ახვლედიანთან ერთად, როდესაც ლეჩხუმის ჯართან ერთად მაიორ გედრიმოვიჩს დაეხმარა გაუვალ ადგილებში გავლისას, სადაც დამარცხებულ იქნენ იმერელი სარდლები, თავადები გიორგი წულუკიძე და დავით აგიაშვილი ჯარებით. მან დიდი წვლილი შეიტანა ოკრიბის, ჩხარის, მღვიმეს, კაცხის და წირკვალის დამორჩილებაში, ხოლო შემდეგ რაჭის პროვინციის დაპყრობაში. ქართველ თავადაზნაურთაგან სიმონოვიჩი გამოარჩევს ელიზბარ ერისთავს, რომელიც დეტალურად იყო ჩახედული იმერეთის საქმეებში და წარმატებით შეასრულა არაერთი დავალება იმპერატორის საკეთილდღეოდ; თავად გიორგი ამილახვარს დიდი ღვაწლი მიუძღვის იმპერატორის ინტერესების დაცვაში და სვირისა და მოდინახეს ციხეების რუსული ჯარის მიერ დაკავებაში; ჩხერის და ლოსიათხევის მცხოვრებთა დარწმუნებაში, რომ ფიცი დაედოთ, ასევე ჩხერის ციხის დაპყრობასა და იმერეთის ჯარის გარეკვაში; თავადი დავით თარხანოვი ადრეც ეხმარებოდა რუსულ მხარეს საიდუმლო დავალებების შესრულებით, რაც მეფე სოლომონს შეეხებოდა. მან განსაკუთრებით თავი გამოიჩინა მუხურის ციხის აღებისას, აგრეთვე რუსებს აწვდიდა ცნობებს იმერელ მეამბოხეებზე. თავადი აბესალომ ბებუთოვი გარდა იმისა, რომ ბრძოლაში თავი გამოიჩინა, ის აგრეთვე იმყოფებოდა მეფის ქართლში გამცილებელთა შორის. თავადი ბებურ არღუტინსკი, იმყოფებოდა რა მოგილევსკისთან თარჯიმანად, ერთგულად ემსახურებოდა რუსებს მეფესთან მოლაპარაკებების დროს და ყველა საიდუმლო საქმეში, როგორც ექსპედიციის დროს, ისე მეფის ქართლში გადაყვანისას. დოკუმენტში ჩამოთვლილი არიან მთელი რიგი მოღალატეებისა.90

«Подобно и некоторые из числа Имеретинского духовенство и дворянства и во-первых преосв. митрополит Генатели, Гелатского монастыря Игумен Давид Иоселиани и князья Сехния и Отия Цулукидзе и Николай Лорткипанидзе коих ревностным и неусыпным старанием царь согласился на сделанное ему предложение искать себе через ходатайство В. Выс. Монаршаго милосердия и ехать в Карталинию; особливо-же Митрополит Генатели, которой до открытия еще сей экспедиций и с самого первого вступления войск наших в Мингрелию и Имеретию в разных нужных случаях не переставал ревностно усердствовать к пользе службы. Е.И.В.»91

ზემოჩამოთვლილთა რუსების მიმართ ერთგულება სხვა დოკუმენტებითაც დასტურდება. რუსოფილი ნ. დადიანი რამდენჯერმე ახსენებს გენათელ მიტროპოლიტს: „ხოლო ხელმწიფე იმპერატორს უერთგულეს იმერთა ამათ, ყოვლად სამღვდელო გენათელ მიტროპოლიტმა ეფვთიმი, თავადმა ოტიამ და სეხნიამ წულუკიძემ და ესენი იყვნენ ჩვენთან და სხვათა იმერელთ მოკლებული იდგა მეფე ვარციხეს.“92 მას შემდეგ, რაც მეფე ტფილისიდან გაიპარა და ახალციხეში გადავიდა „იშოვა რამოდენიმე ლეკთა ჯარი და შთამოვიდა იმერეთს. და მივიდა მისა ყოველი იმერეთი თვინიერ გენათელისა, ზურაბ წერეთელისა და ოტია და სეხნია წულუკიძისა და ესენი ერდგულებდნენ რუსთა… და რომელი არა მოვიდოდა ერთგულებასა ზედა ხელმწიფე იმპერატორისასა ვსწვავდით და ვაოხრებდით“.93 თ. ჟორდანიას მიერ 1899 წელს გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან „სოლომონ II, მეფე იმერთა“ ჩანს, რომ რუსებმა ქუთათელი და გენათელი ეპისკოპოსებისა და ზურაბ წერეთლის მეშვეობით დაარწმუნეს მეფე, რომ თუ დამორჩილდებოდა, მას მეფობას შეუნარჩუნებდნენ.94 გენათელსა და ქუთათელზე იმიტომ შევაჩერეთ ყურადღება, რომ როგორც ქვემოთ დავინახავთ, თავისი ქვეყნის დამპყრობლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება შემდგომში დამღუპველი აღმოჩნდა მათთვის. ორივემ ერთმორწმუნე რუსების ხელიდან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

1810 წლის 11 აპრილს სიმონოვიჩი ტორმასოვს ატყობინებს, რომ კონსტანტინე ბატონიშვილმა მიიღო ტორმასოვის წერილი, რომლითაც ის მიწვეული იყო ტფილისში. ბატონიშვილი მივიდა სიმონოვიჩთან ქუთაისში და განუცხადა, რომ თანახმაა ამ წინადადებაზე, მხოლოდ იმ პირობით, თუ მას ისევ იმერეთში გამოუშვებენ და დაუბრუნებენ საბატონიშვილო სოფლებს. სიმონოვიჩმა პოლკოვნიკ ლისანევიჩთან და ელიზბარ ერისთავთან ერთად დაარწმუნა, რომ მისი პირობები შესრულებული იქნებოდა. ბატონიშვილი წავიდა თავის სოფელ თერჯოლაში, ხოლო 13 აპრილისთვის დათქმული იქნა მისი ქ. ტფილისში გამგზავრება პოლკოვნიკ ლისანევიჩთან ერთად.95

სელიმ-ფაშა ახალციხელს, რომელიც რუსეთის ერთგული იყო, სურდა თავისი ჯარების მათთან შეერთება თავისი მეტოქე შერიფ-ფაშას წინააღმდეგ, რომელთანაც სიმონოვიჩმა კავშირი დაამყარა ელიზბარ ერისთავის მეშვეობით. ტორმასოვი სიმონოვიჩს ავალებდა, რომ ორივე ფაშასთან ჰქონდა კავშირი.96 12 აპრილს ტორმასოვი სიმონოვიჩს აძლევს მითითებებს. პირველ რიგში, მადლობას უხდის ჭყვიშის ციხის “შეძენისათვის”. ამ ციხის ლევან დადიანისთვის გადაცემის თაობაზე ტორმასოვი აცხადებდა, რომ არ ეთანხმებოდა ამ აზრს, ვინაიდან იმერეთის საქმეები ჯერ კიდევ არ იყო მოწესრიგებული. ამავე დღეს, ტორმასოვი ზურაბ წერეთელს პირდება, რომ იმერეთის დროებით მთავრობაში მას პირველი ადგილი ექნება მიკუთვნებული და ძველებურად გაუძღვება იმერეთის საქმეებს.97

13 აპრილს გენ. ტორმასოვი სწერს გრაფ რუმიანცევს, რომ მისგან გაგზავნილ კურიერს მიაქვს მისი მოხსენება იმპერატორთან: იმერეთის სამეფოს და მისი მფლობელი მეფე სოლომონის ბედის თაობაზე უზენაესი ნება აღსრულდა - იმერეთი დამორჩილებულია. მეფის ქვეშევრდომები იმპერატორის ერთგულებაზე დააფიცეს. „იმერეთი მთელი თავისი ციხესიმაგრეებით დაპყრობილ იქნა ერთ თვეში მისი საიმპერატორო უდიდებულესობის იარაღის ძალით. ხოლო იმერელი თავადები, სამღვდლოება და ხალხი, სავარაუდოდ 40 კომლი, დაფიცებული არიან სრულიად რუსეთის იმპერიის ერთგულ ქვეშევრდომობაზე. ამასთან, თავად ეს მეფეც, მეამბოხე ქვეშევრდომი, რომელმაც მთელი ხუთი წლის განმავლობაში ბევრი უსიამოვნება წარმოშვა ამ მხარეში, მიღებული ზომების შედეგად, აყვანილ იქნა ტყვედ, ჩამოყვანილია ტფილისში“ და აქ ელოდება თავისი ბედის გადაწყვეტას იმპერატორის მიერ.98

ტორმასოვი რუმიანცევს ულოცავდა რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს უშუალო ქვეშევრდომობაში შესვლას. ტორმასოვი აღნიშნავს, რომ იმპერატორის და რუმიანცევის მითითებების თანახმად, მას უნდა ეცადა დავალება შეესრულებინა მორიდებული, ლმობიერი ზომების მიღებით, და თუმცა მას მოუხდა, ამ მხარის „სასიკეთოდ“ მეფე სოლომონის ბედის გადაწყვეტის დაჩქარება, სამეფოს მართვისაგან მისი ძალისმიერი ჩამოშორება, იმერეთის იარაღის ძალით დაპყრობა, მაგრამ ღმერთს მადლობას უხდიდა, რომ რუსული მხრიდან დანაკარგი მცირე იყო მოკლულთა და დაჭრილთა სახით და ეს შედეგი მიღწეულ იქნა ყოველგვარი ძალადობის გარეშე იმერელ ხალხზე, რომელმაც ნებაყოფლობით „დადო ფიცი იმპერატორის ერთგულ ქვეშევრდომობაზე, ვინაიდან იარაღი გამოყენებული იყო მხოლოდ დაუმორჩილებლების მიმართ, რომლებიც თავადაც იარაღით უწევდნენ რუსულ ჯარს წინააღმდეგობას.“ ცინიზმი იქამდე მიდიოდა, რომ იმერეთის იარაღის ძალით დამორჩილება ცხადდებოდა იმერეთისვე საკეთილდღეოდ ჩადენილ ქმედებად: «ибо хотя по обстоятельствაм здешних дел и вынужден я был для пользы сего края, ускорив решением участи царя Соломона и удалив его от управления царством посредством силы, покорить Имеретию оружием;»99 ტორმასოვი იმერეთის დაპყრობის ისტორიის შერბილებულ ვერსიას თხზავს: 20 თებერვალს ქუთაისის ყველა მცხოვრები, ეკლესიებში შეკრებილი, ლიტურღიის დასრულების შემდეგ, წყნარად დააფიცეს იმპერატორის ერთგულ ქვეშევრდომობაზე და იქვე, მთელი ხალხის თანდასწრებით გამოქვეყნებულ იქნა პროკლამაცია იმპერატორის წმინდა სახელით, რომ ამიერიდან და სამუდამოდ მეფე სოლომონი ჩამოშორებულია იმერეთის სამეფოს მართვისაგან და ხალხი სამუდამოდ მიღებულია სრულიად იმპერიის უშუალო ქვეშევრდომობაში. ამავე დროს ყველა ცალკეული რაზმი სიმონოვიჩის გონივრული განკარგულებით, იმერეთის სხვადასხვა ადგილებში, ერთ დღეს დაიძრნენ პროკლამაციის გამოსაცხადებლად და ხალხის დასაფიცებლად. ხალხი იმერლებისთვის დამახასიათებელი სიმკაცრით ჯერ გაიხიზნა მთებში, ტყეებში და ხეობებში თავის დასაცავად, მაგრამ დაინახა რა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ჯარების ლმობიერი და კაცთმოყვარე დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინც ნებაყოფლობით დაიფიცა რუსეთის ერთგულებაზე, ნელ-ნელა დაიწყო დაბრუნება თავის საცხოვრებლებში და მთელი სოფლები დაფიცებულ იქნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოდან იმერეთში შემოტანილი იარაღით ჯარებმა დაიკავეს სასაზღვრო ციხეები, რომლებსაც იმერეთის გასაღები ეწოდებოდათ თავიანთი მდებარეობის გამო და მას შემდეგ, რაც ზოგი ნებაყოფლობით ჩაბარდა… ტორმასოვი ჰყვება რა იმერეთის დაპყრობის ისტორიას, დასძენს, რომ მეფე სოლომონი, რომელიც თავის ამალასთან (100 ცხენოსანი) ერთად ტფილისში იმყოფება შეუმჩნეველი, მაგრამ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ, ამზადებს თხოვნას იმპერატორის სახელზე, სადაც სავარაუდოდ მოითხოვს ან სამეფოს დაბრუნებას, ან იმერეთში ცხოვრების უფლებას, მცირე მამულის გამოყოფით. ამ ყველაფერზე ტორმასოვი თავის მოსაზრებას გამოთქვამს: იმის გათვალისწინებით, რომ მეფე ხუთი წელი ეწინააღმდეგებოდა იმპერატორის ნების ასრულებას და ნდობას არ იმსახურებდა, აგრეთვე მისი ერთგული მრავალი თავადის და აზნაურის ქარაფშუტობის გამო და იმ ერთგულების გათვალისწინებით, რომელსაც იმერელი ხალხი ყოველთვის იჩენდა თავისი მეფეების მიმართ, «с тою привержეнностию, какую народ Имеретинский всегда имел к своим царям» რასაკვირველია, იმერეთის მოწყობისა და სიმშვიდისათვის, ასევე იმისთვის, რომ ხალხმა დაკარგოს ყოველგვარი იმედი თავისი მეფის დაბრუნებისა, და იმისთვის, რომ უფრო ჩქარა შეეგუოს რუსულ მმართველობას, ის (მეფე სოლომონი) რუსეთში უნდა იქნას გასახლებული. დაენიშნოს მისი წოდებისთვის შესაფერისი ანაზღაურება, ან რუსეთის რომელიმე გუბერნიაში გამოეყოს სოფელი, რომელიც მის მფლობელობაში დარჩება მის სიკვდილამდე, ვინაიდან ის უშვილოა. ტორმასოვი იმავე მიზეზის გამო თვლის, რომ უმჯობესია კონსტანტინე ბატონიშვილიც რუსეთში იმყოფებოდეს, რომლის ძალისმიერი გზით რუსეთში გაგზავნა ამჯერად ვერ მოხერხდა, ვინაიდან ის ნებაყოფლობით გამოცხადდა მონანიებით, დადო ფიცი იმპერატორის ერთგულებაზე. ტორმასოვი გეგმავდა მის გაგზავნას, როგორც უმთავრესი დეპუტატისა და იმ დეპუტაციაში, რომელსაც მთელი იმერეთის ხალხის სახელით ერთგული ქვეშევრდომული მადლობა უნდა გადაეხადა იმპერატორის უშუალო ქვეშევრდომობაში მიღებისათვის. 13 აპრილს დაახლოებით იმავე შინაარსის წერილს გზავნის ტორმასოვი სამხედრო მინისტრთან, მიხეილ ბოგდანის ძე ბარკლაი-დე-ტოლისთან.100 15 აპრილს სიმონოვიჩი გენ. ტორმასოვს ქუთაისიდან უგზავნის პატაკს: დედოფალი მარიამ კაციას ასული მეფე სოლომონის იმერეთიდან გამგზავრების შემდეგ, იმყოფება თავის კუთვნილ სოფელ საზანოში. ხოლო დარეჯან ბატონიშვილი, „ყოფილი გიორგი ბატონიშვილის“ მეუღლე, სამეგრელოში ცხოვრობს. მასთან და სამეგრელოს მმართველ, გრიგოლ დადიანის ქვრივთან გაგზავნილ ორ წერილზე, რომელიც დარეჯანისა და მისი ვაჟების ტფილისში გადაყვანას შეეხებოდა, ჯერ არავითარი პასუხი არ მოსულაო.101

მოსახლეობას ხელმოსაწერად დაურიგდა რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ფიცის დადების ტექსტი. სიმონოვიჩი ტორმასოვს უპატაკებდა, რომ უკანასკნელი ექსპედიციის დროს იმერეთის სამღვდლოება, თავადები, აზნაურები და მცხოვრებლები, ასევე ოსები იმპერატორის ერთგულ ქვეშევრდომობაზე დააფიცეს სპეციალური ფიცის ფურცლების მეშვეობით. ქუთაისის გარდა ჩამოთვლილია სოფლები, სადაც ეს ღონისძიება ჩატარდა. სიმონოვიჩი ასევე ჩამოთვლის დროშებს, რომლებიც სხვადასხვა ციხესიმაგრეების დაკავების შედეგად ჩაუვარდათ ხელში. ეს დროშები ტორმასოვს გაეგზავნა. 29 აპრილს სოლომონ ლეონიძე მეფე სოლომოს სწერდა, რომ მასთან შეხვედრის შემდეგ ჩავიდა აბასთუმანში, სადაც მიიღო ცნობა სოლომონის ქართლში გამგზავრების შესახებ. სხვადასხვა ხმები მისდიოდა, მას კი სიმართლის გაგება სურდა. ბრძანების გარეშე, მეფესთან ჩასვლა არ შეეძლო. თან ანუგეშებდა, რომ იმპერატორი მოწყალეა და სოლომონს ტახტს და სამეფოს არ წაართმევს. 30 აპრილს სიმონოვიჩი ტორმასოვს უპატაკებს, რომ მან თავისი მოსაზრებები წარუდგინა იმერეთის დროებით მთავრობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ძველი ჩვეულებების მიხედვით იმერელი ხალხი თვითნებურად იმართებოდა მეფისგან და აგრეთვე მეფისგან დანიშნული დივნისა და სხვა მოხელეების მიერ. შემდეგ განხილულია (о бывшем суде и расправе) მართლსაჯულების დარგი, მეფის შემოსავლების საკითხი, თავადების, აზნაურებისა, სამღვდელოების, უფლებები და პრივილეგიები; გამოთქმულია მოსაზრებები ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დროებითი მმართველობის სავარაუდო წევრებზე და იმ მეთოდებზე, რომლითაც მათ იმერეთის ოლქი უნდა ემართათ. ეს მოსაზრებები ეხებოდა იმერეთის ოლქსა და სამეგრელოს და გურიის სამთავროებს შორის კავშირის გაუმჯობესებას. დოკუმენტი მთავრდება დადგენილებით იმერეთის ოლქის შიდა მმართველობის ჩამოყალიბების შესახებ. ერთვის სოფლების, სამეფო გლეხების, სამეფო აზნაურებისა და მათი კუთვნილი გლეხების, აგრეთვე მოურავების ნუსხა. ასევე ჩამოთვლილია ის ტყეები, სადაც მეფის მიერ აკრძალული იყო ნადირობა. აღნუსხულია მარიამ დედოფლის კუთვნილი სოფელი და სხვადასხვა ადგილებში მცხოვრები გლეხები. გამოყოფილია წესები, იმერეთში დროებითი მმართველობის დაწესებისა, მოცემულია დეტალური მითითებანი, გაწერილია შტატი.102

1810 წლის 4 მაისს გენ. ტორმასოვი სიმონოვიჩს ავალებს ს.პეტერბურგში გასაგზავნად უწარჩინებულესი და რუსეთის ერთგული თავადებიდან დეპუტატების შერჩევას. ოთხი დეპუტატიდან პირველი კონსტანტინე ბატონიშვილი უნდა ყოფილიყო.103

11 მაისს გენ. მაიორი ახვერდოვი გენ. ტორმასოვს უპატაკებს, რომ როგორც იმ დღეს, დილის 5 საათზე იმერელმა თავადებმა სეხნია წულუკიძემ და ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ ოთხ ამხანაგთან ერთად აუწყეს, ყოფილი მეფე სოლომონი ბინაში არ იმყოფებოდა, რაც მათ მეფის მსახურმა ავალიანმა შეატყობინა. ახვერდოვი თავად მივიდა სუმბათაშვილის ბინაში, სადაც მეფე ფაქტობრივად დატუსაღებული ჰყავდათ. მის მიერ მიღებული ცნობა დადასტურდა. მან გამოკითხა როგორც სამხედრო ყარაული, ისე მეფესთან მყოფი მსახურები, მაგრამ მათ გაქცევის შესახებ არაფერი იცოდნენ. დაკითხულებმა უჩვენეს, რომ წინა ღამით, მეფე ბინაში იმყოფებოდა, ვახშმის შემდეგ დასაძინებლად დაწვა, ხოლო იმ ჭიშკრიდან, სადაც ყარაული იდგა არავინ გასულა.104 ახვერდოვმა გაქცეული მეფის მოსაძებნად გაგზავნა რამდენიმე თბილისელი და კაზაკები. საღამოს 8 საათზე, საქართველოს მთავარმართებელმა აცნობა, რომ სოფელ დიღმის ახლოს, მთებში, გამოჩნდა ლეკების „პარტია“.105 როზენის განკარგულებით გაგზავნილ იქნა ორი როტა და საქართველოს ცხენოსანთა ნაწილი. ხოლო 11 მაისს ტფილისის კომენდანტმა პატაკით აუწყა, რომ 14 აპრილს, ის როზენის ბრძანების თანახმად იღებდა სიფრთხილის ზომებს დატყვევებული მეფის დაცვის მიმართებით, მაგრამ იმ მიზნით, რომ მეფე სოლომონს არ სწყენოდა, შიგ დარბაზში ყარაულები არ დაუყენებიათ. 11 მაისის ღამეს, გადაცმულმა მეფემ ქაიხოსრო წერეთელთან ერთად, ყარაულებს ჩაუარა და ეზოდან გავიდა. ქალაქს გარეთ მას შეუერთდნენ როსტომ და ორი სიმონ წერეთელი, გრიგოლ და დავით ერისთავები, აზნაური გაბოშვილი და ათმეთაური. მათ ცხენები მიუყვანეს. კომენდანტმა, რომელმაც ჩვენება ჩამოართვა ყარაულის ოფიცერს და გუშაგებს, მათი ჩვენებები როზენს გადასცა. ამასთან, განმარტა, რომ ვახშმის მერე, მეფე წავიდა საძინებელში, კარები ჩაკეტილი იყო. საძინებელში არავინ შესულა და არც არავინ გამოსულა.

როზენმა მკაცრი მეთვალყურეობა დაუწესა მარიამ დედოფალს. თუ სოლომონი მას რაიმე ბარათს გაუგზავნიდა, ეს ბარათი უნდა ჩაეგდოთ ხელში. ასევე დააპატიმრეს სოლომონთან ერთად გაქცეული პირების ოჯახის წევრები. მიღებული იქნა ზომები სოლომონის დასაჭერად, თუ ის იმერეთში ჩავიდოდა. მეფის დაჭერა ვერ მოხერხდა. მან თავის ერთგულ პირებთან ერთად ახალციხეს მიაშურა, სადაც ფაშასთან შეაფარა თავი.106

მეფე სოლომონს ტფილისიდან გაქცევისას დაუტოვებია წმ. ალექსანდრე ნეველის ორდენის ბრილიანტის ნიშნები, რომელიც იმპერატორისაგან ჰქონდა ბოძებული, რათა ამ გზით უფრო მკაფიოდ დაემტკიცებინა თავისი უპატივცემლობა მონარქის წყალობის მიმართ. 9 ივნისს გენ. ტორმასოვი გენ.-მაიორ ახვერდოვს აცნობებდა, რომ სამხედრო კომისიამ, მეფე სოლომონის გაქცევაში დამნაშავენი გამოავლინა. სამოქალაქო პირთაგან: 1. ტფილისის პოლიცმეისტერი თავადი ბარათოვი. 2. ეჭვმიტანილი იყო თავადი სუმბათოვი, რომლის სახლშიც ცხოვრობდა მეფე სოლომონი. 3. დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიციის ასმეთაური გოგია ფალავანდოვი. 4. საგამოძიებო კომისიამ დაადანაშაულა ასმეთაურები ნონია გორელი, მაქსიმე პენტელოვი და ათმეთაური პეტრუსა ერივანსკი. 5. საგამოძიებო კომისიას ეჭვი ჰქონდა ტფილისის მცხოვრებ ბეჟანზე, რომლის სახლშიც მიტანილ იქნა მეფის სამოსელი. 6. ფარეში თაბუკაშვილი, რომელმაც მეფეს შეჰფიცა, რომ არავის ეტყოდა გაქცევის თაობაზე მისი გადაწყვეტილების შესახებ. ტორმასოვი ბრძანებდა, რომ ფარეშ თაბუკაშვილთან ერთად, დალაქი კიკოც გასამართლებული ყოფილიყო.107

მეფის გაქცევა იმდენად სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდა საქართველოში თვითმპყრობელობის პოლიტიკისათვის, რომ ტორმასოვის დროებითი შემცვლელი გენერალ-ლეიტენანტი როზენი კინაღამ სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმ პირთა ოჯახის წევრები, რომლებიც სოლომონთან ერთად გაიქცნენ, ფოთის ციხესიმაგრეში მოათავსეს, მათი ქონება კი ხაზინას გადასცეს. ფოთის ციხეში სხვებთან ერთად გამოკეტეს სოლომონის მეუღლე - დედოფალი მარიამ კაციას ასული და და - მარიამ არჩილის ასული თავის ვაჟთან ერთად. ისინი ვორონეჯში გადაასახლეს. დედოფალმა პეტერბურგში ცხოვრების სურვილი გამოთქვა, მაგრამ მოგვიანებით ის მოსკოვში დაასახლეს. პეტერბურგში კი მხოლოდ 1818 წელს გადაიყვანეს. მარიამ არჩილის ასულმა ითხოვა საქართველოში დაბრუნება, ან პეტერბურგში ცხოვრება, სადაც აპირებდა თავისი ვაჟის სამსახურში განწესებას. იგი საქართველოში დააბრუნეს, სადაც მისი მეუღლე მალხაზ ანდრონიკაშვილი რომელიც მეფე სოლომონს ახლდა, მისი გარდაცვალების შემდეგ, (1815წ.) თავისი სურვილით დაბრუნდა. 1810 წელს მეფე სოლომონის გაქცევის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის უფრო გვიანდელი პერიოდის დოკუმენტებიც. ასე, მაგალითად, მარიამ ბატონიშვილმა არ დაივიწყა თავისი ძმის, მეფე სოლომონის გამო დასჯილი ადამიანები და 1819 წლის მარტში იმპერატორის წინაშე შუამდგომლობა აღძრა მეფე სოლომონის გაქცევის გამო ციმბირში გადასახლებული თბილისელი მოქალაქის ბეჟან მურასოვის განთავისუფლების თაობაზე. საქმის განხილვისას წამოწიეს ტორმასოვის მიერ ხელმოწერილი 1810 წლის 28 დეკემბრის დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა, რომ აღნიშნულ წელს, იმპერატორის ბრძანებით, სამხედრო სასამართლოს გაუსამართლებია სამოქალაქო ჩინოვნიკები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სოლომონ მეფეს ტფილისიდან გაქცევაში. აქვე აღნიშნულია, რომ ტფილისის მცხოვრებმა სომეხმა ბეჟან მურასოვმა, მისმა ცოლმა და დამ - ქეთევანმა, მეფის მსახურ თაბუკაშვილთან ნაცნობობის წყალობით, იცოდნენ მეფის განზრახვის შესახებ და ეხმარებოდნენ მას. ამას ამტკიცებს შემდეგი ფაქტი: ის უბრალო ტანსაცმელი, რომელიც მეფემ გადაიცვა, მურასოვს ეკუთვნოდა, რის სანაცვლოდ მურასოვის დამ მეფის ტანსაცმელი მიიღო. ამ დროს თავად ბეჟან მურასოვი არ იყო შინ. როგორც ჩანს, საგანგებოდ გავიდა სახლიდან. მეფისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მას ჯერ სხვებთან ერთად დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ ვინაიდან ხანშიშესული იყო და აგრეთვე იმპერატორის „გულმოწყალების“ დემონსტრირების მიზნით, განაჩენი შეუცვალეს. ბეჟან მურასოვი ცოლთან, დასთან და შვილებთან ერთად ციმბირში გადაასახლეს. მხოლოდ 1819 წლის 6 ივნისს, იმპერატორმა დააკმაყოფილა სოლომონ მეფის დის, მარიამ ბატონიშვილის თხოვნა და მურასოვის ოჯახის სამშობლოში დაბრუნების ბრძანება გასცა, რაზედაც არსებობს სათანადო მიმოწერა. 1820 წლის 4 ივლისს მურასოვის ოჯახი უკვე ასტრახანში იყო და საქართველოში მიემგზავრებოდა.108 ქართველების მხრიდან დიდად დასაფასებელია ის ფაქტი, რომ თბილისელმა სომეხმა მურასოვმა, დიდი რისკის ფასად, 1810 წელს თავისი წვლილი შეიტანა სოლომონ მეფის განთავისუფლებაში. ბეჟანის მამის სახელი ცნობილი არ არის, ამიტომ არ შეგვიძლია ზუსტად განსაზღვრა, თუ რა ნათესავად ერგებოდა მას მისივე მოგვარე (შესაძლოა, დაც ყოფილიყო) ეკატერინე ოსეფას ასული (Осиповна), რომელიც ისე დაწინაურდა, რომ თავად სულხან იასეს ძე ბეგთაბეგოვს გაჰყვა ცოლად,109 ხოლო მათი ქალიშვილი სალომე სულხანის ასული ბაგთაბეგოვა (დაბ. 1805წ.) თავად ნიკოლოზ სიმონის ძე ბაგრატიონ-დავითიშვილზე გათხოვდა,110 ამრიგად, ეკატერინე ოსეფას ასული ბაგრატიონ- დავითიშვილის სიდედრი გახდა. მისი შთამომავალია საზოგადოება „მემორიალის“ თავკაცი, ბატონი ილამაზ მიწიშვილი, დედით ბაგრატიონ-დავითიშვილი.

სოლომონ მეფის გაქცევის დეტალებს ასევე ნათელს ჰფენს მეფის დალაქის, კიკოლა სალარიძის თხოვნა, დათარიღებული 1824 წლის 18 ივლისით, როდესაც მან ციმბირიდან გაქცევა მოახერხა და პატიება ითხოვა:

„…მე გახლდი დალაქი მეფის სოლომონის მოსამსახურე. მეფის გაქცევა არ შემიტყვია. მითხრეს შენც იცოდიო მეფის გაქცევაო. ამ მიზეზით ფარეშიც და მეც ორივე ციმბირში გაგვგზავნეს. ფარეში მოკვდა პერმის ქალაქში. გამოვიქეცი ტომსკის ღუბერნიიდამ. თუ ენებოდეს ჩემი შეწყნარება და დანაშაულის პატიობა, რომელნიც მეფეს გადაყვნენ ამჟამად თავადნი იმერეთის ერთი ქაიხოსრო წერეთელი - მეორე როსტომ წერეთელი - მესამე სვიმონ წერეთელი, მეოთხე კიდევ სვიმონ წერეთელი - მეხუთე დავით ერისთავი, მეექვსე - გრიგოლ ერისთავი - იმათ ბრწყვინვალებას ეკითხოსთ…“111

მეფე სოლომონის გაქცევის თაობაზე ტორმასოვმა პეტერბურგიდან მიიღო დიდმოხელის წერილი, რომელიც მას ატყობინებდა, რომ რამდენად სამწუხაროც არ უნდა ყოფილიყო ცნობა მეფე სოლომონის გაქცევის შესახებ, ის მაინც მოვალედ რაცხს თავს აუწყოს მას შემდეგი: იმპერატორი არ ადანაშაულებს მას ამ შემთხვევის გამო, რომელიც მისი არყოფნის დროს მოხდა და არ თვლის, რომ ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს იმერეთის საქმეებზე, ვინაიდან ტორმასოვმა უკვე გასცა სათანადო განკარგულებები და კვლავაც მიიღებს შესაბამის ზომებს თავისი შეხედულებისამებრ. მიუხედავად ამისა, წერილის ავტორი გამოთქვამს სინანულს იმის გამო, რომ სოლომონ მეფე დაუყოვნებლივ არ იქნა რუსეთში გაგზავნილი. თუ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო სახმელეთო გზით, მთიელ ხალხებს შორის დაწყებული ბუნტის გამო, მაშინ ზღვით უნდა გადაეყვანათ ასტრახანში. ეს გარემოება გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო სამომავლოდ, იმ შემთხვევაში თუ მეფის მოძებნა მოხერხდებოდა. მეფის გაქცევაში დამნაშავენი გაასამართლეს. თვით ტორმასოვის მოადგილე ბარონმა როზენმაც კი ვერ აიცილა გასამართლება. მეფის საქციელის შედეგად, დღის წესრიგში დადგა კონსტანტინე ბატონიშვილის საკითხი.112 ის იმ დროისათვის ტფილისში იმყოფებოდა. მიუხედავად რუსების მიმართ მისი კეთილი დამოკიდებულებისა, მას მაინც უნდობლობით ექცეოდნენ. ალექსანდრე პეტრეს ძემ მიიღო დავალება მის წინააღმდეგ სიფრთხილის ზომების მიღებისა და პირველივე ხელსაყრელ სიტუაციაში საქართველოდან მისი გასახლების შესახებ. ის იმერეთის დეპუტაციასთან ერთად უნდა ყოფილიყო რუსეთის კარზე გაგზავნილი, როგორც ეს იმპერატორს ნებავდა.

1.3 1.3. იმერეთის 1810 წლის აჯანყება

▲ზევით დაბრუნება


სოლომონ მეფე თავისი სამეფოს უბრძოლველად დათმობას არ აპირებდა. 13 მაისს ის უკვე ქოტელში (ახალციხის ფაშალიყში) იყო, სადაც მას ალექსანდრე ბატონიშვილი ელოდა. მან იცოდა, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იმერეთში გენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე, ამიტომ 1810 წლის 17 მაისს წერილი გაუგზავნა მას, რომელშიც ქართლ-კახეთის გაუქმებული სამეფოს მაგალითზე დაყრდნობით, იმერეთს სავალალო მომავალს უწინასწარმეტყველებდა და დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდა: „მეფე სრულიად იმერთა სოლომონ უსაღმთოესს მარჯვენეს სასოებით ამბორის-ყოფას მოგახსენებთ. მერმეთ, როდესაც გარდაწყვეტით გული დავაჯერე, რომ რუსეთს მისტუმრებდნენ, თქვენის მოშორებისა და იმერეთის საუკუნოდ დატევების ცეცხლი ჩემს გულს მოეგზავნა; ცის ქვეშეთს დიდებას თქვენთან ყოფნა, თქვენთან სიხარული, თქვენთან სიცოცხლე და სიკვდილი ვირჩიე, ჩემი თავი გარდავსდევ და ათს ამ თვეს, ღამის ორს საათს გასულს, ღვთის მოწყალებით ქალაქიდან გამოველ. ოთხნი წერეთლები, ორნივ ძმები ერისთავები და ღაბუაშვილი მათის კაცებით, ოცდასამი ცხენიანნი აქ ახალციხეს მშვიდობით მოვედით. თქმად შეუძლებელია დიდთა და მცირეთგან ერთობით ჩემის მოსვლისათვის ამათი სიხარული. აწ თქვენთან და მთალად იმერეთისაგან ჩემი საწადელი ეს არის, მე თუ სხვა სამსახური რამ დამიკლია იმერეთისათვის, ეს კი ყველამ იცით, რომ თქვენის პატივისცემისა და სიყვარულისაგან არა-ოდეს ჩემი გული არ გამძღარა; აწ კიდევ სიკვდილისა და განსაცდელისათვის თავი გარდავსდევ თქვენთან სიცოცხლისათვის. ამაზედ ფიცით გარწმუნებთ, თუ იმერეთს ჩემის დაკარგვით ბედნიერობა და თავისუფლება მიეცემოდეს, როგორც თქვენის მოუშორებლობისათვის თავი გამოვიმეტე, ისე თქვენთვის დაკარგვას სიხარულად მივიღებდი; მაგრამ ვიცი და თქვენც ხედავთ, რომ როგორც სხვა თქვენი მეზობელნი იმათს ხელში უნუგეშოდ კვნესიან, და დღე და დღე ოჯახის პატივი დამდაბლდებიან, სახლისა და ცოლ-შვილის უპატიობისათვის სიკვდილს ნატრულობენ, თუ იმერეთის დამორჩილებაზე გულ-დასმულნი შეიქნენ, მერე უმწარესი და ყოველ მეზობელზე უძნელესი დღე იმერეთს მოადგება, რომელსაც დღეს ოქროს აძლევენ, ხვალ მათის ოჯახის საცხოვრებელსაც წაართმევენ; დღეს რომ პატივსცემენ, ხვალ ყოვლის ქვეყნისაგან იმერეთში უმეტესად კრძალულს ცოლ-შვილის პატიოსნებას უპატიოდ გახდიან. შეხედეთ საქართველოს, რომელიც პირველში ფიცითა და ოქროთი მოატყუეს, და დღეს აღარც სიმდიდრე უხარიათ და აღარც თავეთი სახლი და სიკვდილს ნატრულობენ. ყველამ იცით, რომ თავეთს ჩვეულებას თქვენთვის არ გამოსცვლიან, არც თქვენს მამა-პაპათ იცნობენ, არც აქვსთ სიყვარული და გულის შეტკიება, რომელიც მე მაქვს, გიცნობთ და მიცნობთ... აქამომდე ყოველს ქვეყანაზედ იმერეთი ჩინებული ყოფილა მემკვიდრის მეფის ერთგულობაზე და უმეტესად თქვენი ოჯახი და თქვენ ჩვენთვის თავდადებულნი ბრძანებულხართ. ნუ დაიდებთ საუკუნოდ საძრახის საქმეს და ნუ დაიღუპებით ქართლსავით… ყველანი განამტკიცეთ და თქვენი ჩემზე მამაშვილური სიყვარული და შემძლეობა.

„…თუ დამაჯერებთ მე თითონ შემოვალ თქვენთან და უცხოს ჯარებს აღარ დავეძებ, რომ ღვთისა და თქვენი შესაწუხებელი საქმე არა მოხდეს რა, და როგორც თქვენგან პასუხი მომივა, ამაზეც გული დააჯერეთ, თქვენთან და იმერეთში ცხოვრებისათვის ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო იცოდეთ. ცოტა ღვინო და ოტკა მომაშველეთ მალე ბატონო.“1 იმავე დღეს, მეფემ იგივე შინაარსის წერილი გაუგზავნა შორაპნის მცხოვრებლებს, ანუ ზემოურებს, მხოლოდ მიმართვა შეცვალა: „ქ. ჩვენგან ნიადაგ პატივით, საიმედოდ და საერთგულოდ სახსოვარი და ძმურად საყვარელ ერთობით ზემოურებს მეფე სრულიად იმერთა სოლომონ ძმურის სიყვარულით მოგიკითხავთ. მერეთ, როდესაც...“2 დანარჩენი ტექსტი მეორდება (მხოლოდ, ბოლოს სასმელის გამოგზავნა ნახსენები არ არის). ცხადია, მეფე ამგვარ მოწოდებებს ქვემო-იმერლებსა და რაჭველებსაც გაუგზავნიდა. მეფე სოლომონს ერთგული მამულიშვილების იმედი ჰქონდა, მან პროკლამაციით მიმართა იმერეთის მოსახლეობას. მოწოდებები გაუგზავნა სამღვდლოებას, თავადებსა და აზნაურებს. მისმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. ამას ისიც დაერთო, რომ იმერეთის მოსახლეობამ ნათლად დაინახა რუსული მმართველობის სისასტიკე, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თავის პირად კეთილდღეობას სამშობლოს ინტერესებზე მაღლა აყენებდნენ და ჯილდოებს იყვნენ დახარბებული. იმპერატორმა დადებითად მიიღო ტორმასოვის წარდგინება ქართლელი, იმერელი, მეგრელი და გურული თავადებისა და აზნაურების დაჯილდოების შესახებ, რომლებმაც თავი გამოიჩინეს იმერეთის დაკავებისას. ამავე დროს იმპერატორმა ბოლო მოხსენებიდან გამოიტანა დასკვნა, რომ მეფე სოლომონთან ერთად მიმალვაში მყოფი პირების სახელები (ალბათ, გვარები იგულისხმება) ძალიან ჰგავს იმ თავადების სახელებს, რომლებსაც რუმიანცევმა რეკომენდაცია გაუწია. ამიტომ ტორმასოვს დაევალა იმის გარკვევა, მის მიერ პირველად დასახელებულ პირებს მონაწილეობა ხომ არ მიუღიათ მეფის გაქცევაში, ან ისეთი რამ ხომ არ ჩაუდენიათ, რის გამოც აღარ იმსახურებენ ჯილდოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, თვით მოღალატე ზურაბ წერეთლის შვილი, სიმონი, მეფესთან ერთად გაიქცა, მისი ერთგული იყო და გულწრფელად განიცდიდა მამის საქციელს, რაც მისი წერილიდან ჩანს:

„…აპა რაღათი მინდა სიცოცხლე, ყოველი კაცი, ქართველი თუ კახელი, თათარი თუ სომეხი, ბერი თუ ერი, ყმაწვილი თუ მოხუცებული ვინც ვნახე ყველა ასე მეუბნება, რომ რა ქნა ეს მამაშენმაო. მეფე რომ გასცაო და ეს ხმა რა საძაგელია, ხომ იცით და მომიხსენებია ნეტამც ოცის წლითაც ადრე ამოვწყვეტილიყავით სულყველა ქალებიან-კაცებიანათ და ეს ხმა ჩვენში არ შემოსულიყო, სჯობდა ჭეშმარიტად. რას შეჩერებიხართ, რას უყურებთ, შენც აქ ჩამოდი და ამასთან (იგულისხმება მეფე სოლომონი) დაიკარგე, თორემ ამ ხმას ჩვენ ვეღარ მოვიხდით“.3 1810 წ. 28 მაისს სიმონოვიჩი ტორმასოვს უპატაკებს, რომ მეფე სოლომონის გაქცევის შემდეგ, ხალხში და თავადაზნაურობაში არ შეიმჩნეოდა მღელვარების ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ მეფე სოლომონი ახალციხის შერიფ-ფაშა, ტაიარბეგი და ალექსანდრე ბატონიშვილი აღმაშფოთებელ წერილებს გზავნიდნენ იმერეთში.4 ზურაბ წერეთელმა, გარკვეული მოსაზრებით, დიმიტრი ორბელიანს დახმარება სთხოვა მეფის იმერეთში ჩამოყვანაში, რომელიც ნებისმიერ პირობებზე თანახმა იყო. ტორმასოვის აზრით, ყოფილ მეფესთან შერიგებაზე, ან მის იმერეთში დაბრუნებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, მას შემდეგ რაც ის ტფილისიდან გაიქცა.5

მეფობის საკითხის თაობაზე, სიმონოვიჩი ტორმასოვს მოახსენებდა: შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ კონსტანტინე ბატონიშვილის იმერეთში დატოვება ხელს შეუწყობდა ხალხში სიმშვიდის შენარჩუნებას, მისი ნდობა რომ შეიძლებოდეს. უკვე დიდი ხნის წინ იყო გადაწყვეტილი მისი პეტერბურგში გამგზავრება. როდესაც ის ამის შესახებ შეიტყობდა, მეფე სოლომონის გამოჩენისთანავე, მის მხარეზე გადასვლა შეეძლო, მით უმეტეს, რომ გამეფების იმედი აღარ ჰქონდა. ამავე დროს, ცნობილი იყო კონსტანტინე ბატონიშვილსა და ზურაბ წერეთელს შორის არსებული მტრული დამოკიდებულების შესახებ. ბატონიშვილის იმერეთში დატოვება წერეთლის გაღიზიანებას გამოიწვევდა. სიმონოვიჩის აზრით, ის რუსებს უმადურობაში დასდებდა ბრალს. თუ ბატონიშვილს იმერეთში დატოვებდნენ, როგორც ტახტის მემკვიდრეს, მაშინ ხალხში კვლავ გაიღვიძებდა საკუთარი მეფის ყოლის ოცნება და „ის პატივისცემა, რომელსაც ხალხი განიცდიდა ბაგრატიონთა მიმართ, რუსეთისთვის საზიანო აღმოჩნდებოდა“. საბოლოო დასკვნა ამგვარ იყო, რომ ბატონიშვილის იმერეთში ცხოვრება რუსებისთვის საზიანო იქნებოდა. ხალხისთვის სამუდამოდ უნდა დაევიწყებინათ იმერეთის მეფეებსა და ტახტის მემკვიდრეებზე ფიქრი. «лучше стараться истребить навсегда в нарოде и помышление о царях или наследниках Имеретии».6

იმერლები მეფის დავიწყებას არ აპირებდნენ. 1810 წლის ივნისში აჯანყებამ იფეთქა. 5 ივნისს გენ.-მაიორი ორბელიანი ბარონ როზენს უპატაკებდა, რომ მისდამი რწმუნებულ ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის 2 ბატალიონით იმერეთისკენ გაილაშქრა. გრენადერთა პოლკი მისი მეთაურობით დაიძრა ვახანის ხეობით, ხოლო მუშკეტერთა პოლკი გაგზავნა ალის ხეობით, იმ მიზნით, რომ ლოსიათხევის მიდამოებში ისინი ერთმანეთს შეერთებოდნენ იქ, სადაც აჯანყებული იმერლები, აწყურის თათართა ნაწილი და ლეკები გამაგრებული იყვნენ იმერეთში მიმავალ გზაზე, რათა არ გაეტარებინათ რუსული ჯარი.7 6 და 7 ივნისს მაიორ კნიაზევიჩს ლოსიათხევთან 2 დღის განმავლობაში ბრძოლა ჰქონია აჯანყებულებთან, რომლებიც გზას უღობავდნენ მას. ბოლოს მას მოუხერხებია კავკასიის პოლკის ორ როტასთან შეერთება. 6 ივნისს, როდესაც რუსული ჯარი ქუთაისისკენ მიიწევდა, მას მოუხდა შებრძოლება მდინარე ჭიშურასთან, ტყეში დამალულ მეამბოხეებთან. გენერალი ორბელიანი ითხოვდა ჯარების სასწრაფოდ გამოგზავნას ორ კოლონად. ერთი ზედუბანის გავლით უნდა წამოსულიყო, მეორე კი კორტოხის გზით. ორბელიანს მიმოწერა ჰქონდა სამეგრელოსა და გურიის მთავრებთან და მათგანიც მოელოდა დამხმარე ჯარს, მაგრამ წუხდა, რომ ისინი დროს აჭიანურებდნენ. სამეგრელოს მმართველმა ნინო დადიანმა გადააყენა ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი, რომელიც ბევრ სარგებლობას მოუტანდა რუსებს. ბერი დადიანის ვაჟს როსტომს (ტატოს) ცოლად ჰყავდა გრიგოლ დადიანის ასული. ისინი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ როგორც სისხლით, ისე ნათელმირონით. მათი ქორწინება, ანუ „ესე საძაგელი მოქმედება მაშინ იქმნა ოდეს გელოვანმა დადიანის მიერ სრულისა ძალითა შემოსილმან ლეჩხუმსა შინა თავი თვისი მიაკედლა მეფესა და იყო შემჭიდროებულ ლეჩხუმსა შინა დადიანი გრიგოლ და დადიანმა მაშინ იხმარა მობირებისათვის გელოანისა, რომელ სთხოვა გელოანმა უკეთუ ასულს შენსა მომცემ მე სძლად მაშინ ვიქმნები მე შენ მიერ იმედოვნებული: და მიზეზითა ამისითა მცირე უასაკო ასული მისცა მცირეს და უასაკოსა ყმასა ძესა გელოანისასა…“8 როდესაც გრიგოლ დადიანის ქვრივმა ბერი გელოვანი გადააყენა, თავისი ქალიშვილის ქმართან დაშორებაც მოისურვა. ალბათ, შემდეგ, მისი სურვილი გაითვალისწინეს სამეგრელოს მღვდელმთავრებმა და ამ ქორწინების „განკანონება“ წერილობით მოსთხოვეს. შექმნილ ვითარებაში, სოლომონ მეფეს უცდია ბერ გელოვანთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, ისევე როგორც მანუჩარ და ტარიელ დადიანებთან.9

ტორმასოვი ბრძანებას იძლეოდა, რომ მხილებული ყოფილიყო ყველა ის პირი, ვინც მეფე სოლომონთან და მის მომხრეებთან კონტაქტში შევიდოდა. ისინი დაპატიმრებული უნდა ყოფილიყვნენ, ხოლო მათი მამულები ხაზინას უნდა გადასცემოდა. იმერეთის დროებითი უმაღლესი მთავრობის წევრებზეც უნდა დაწესებულიყო მეთვალყურეობა. გამონაკლისს არც ცნობილი სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი წარმოადგენდა.10 რუსები აღარავის ენდობოდნენ. 10 ივნისს სიმონოვიჩი გენ. ტორმასოვს ქუთაისიდან წერდა: აღმოჩნდა, რომ მთელ ხალხს უკიდურესად სურს, კვლავ სოლომონი ჰყავდეს მეფედო. ამავე დროს, იყვნენ რუსეთის ერთგული და დამჯერი ქვეშევრდომებიც. ისინი მზად იყვნენ საუკეთესო ოჯახებიდან მძევლების მიცემაზე. იმერლები ცდილობდნენ ყველა შესაძლო ხერხით შეერიგებინათ მეფე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, თანახმა იყვნენ ნებისმიერ პირობებზე, რომლებსაც რუსული მხარე წამოაყენებდა, ოღონდ კი კვლავ გაემეფებინათ სოლომონი. ვინაიდან სოლომონი უშვილო იყო, იმერლები პირობას იძლეოდნენ, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მეფედ აღარავის დასვამდნენ.11

11 ივნისს გენ. ტორმასოვი პოლკოვნიკ სიმონოვიჩს ავალებდა ახალციხეში მყოფ მეფე სოლომონზე მეთვალყურეობის დაწესებას და მისთვის ჯაშუშების მიჩენას. გენერალი ოქროს არ ზოგავდა სოლომონის წინააღმდეგ ფარული მოქმედებისათვის.12 ელიზბარ ერისთავს კი სიმონოვიჩისათვის განუმარტავს, რომ ახალციხეში გაქცეული მეფის თავიდან მოშორება შეიძლებოდა ლეკების ან სხვა ისეთი ვინმეს მეშვეობით, ვისაც დიდ ჯილდოს შეპირდებოდნენ («сбить с рук находящагося в Ахалцихе беглеца можно посредством лезгин»)13 ცხადია, რომ იგულისხმება მეფის მოკვლა. რუსებს ღიად მოქმედება არ უნდოდათ, ამიტომ არჩევანი საწამლავზე შეაჩერეს „რომლისგანაც უფალმა მიხსნაო“ - წერს მეფე სოლომონი.14

ტორმასოვი იწონებდა სიმონოვიჩის მიერ მიღებულ ზომებს ახალციხიდან იმერეთში მომავალი გზის გადასაკეტად, ასევე მძევლად 12 კაცის აყვანას. ხალხის „სიმშვიდისათვის“ საჭიროდ მიიჩნევდა მარიამ დედოფლისა და სოლომონის დის - თავად ანდრონიკაშვილის მეუღლის, აგრეთვე მეფესთან ერთად გაქცეული პირების ფოთის ციხეში გამოკეტვას.

გენ.-მაიორი ორბელიანი ტორმასოვს სოფელ ალიდან მოახსენებდა, რომ სასარგებლოდ მიაჩნდა რუსული ჯარის ნაწილის ალის ხეობასთან განლაგება, რათა მეამბოხეთა ნაწილი კორტოხის გავლით, ვახანის გზაზე არ შეერთებოდა დანარჩენ ძალებს და ერთობლივად არ შეეტიათ ორბელიანისათვის.15

17 ივნისს ზურაბ წერეთელი გორის კომენდანტს სწერს, რომ მასთან მივიდნენ აზნაურები დავით ჩხეიძე და სიმონ მაჭავარიანი, რომლებმაც აცნობეს, რომ იმერელმა ხალხმა გადაწყვიტა ყოფილი მეფის იმერეთში შეყვანა, მზადდება დიდი შეთქმულება და სამ დღეში ელოდებიან მეფე სოლომონის ჯარით შემოსვლას. ზ. წერეთელმა ეს ყოველივე სიმონოვიჩს შეუთვალა და თავადაც მიემგზავრებოდა ქუთაისს.16 ზურაბ წერეთლისგან წერილის მიღების შემდეგ, ტორმასოვი სწერს სიმონოვიჩს, რომ ამ წერილის შინაარსმა ძალზე გააკვირვა, ვინაიდან სიმონოვიჩის პატაკების თანახმად, იმერეთის მოსახლეობა მშვიდად იყო. ყოველი შემთხვევისათვის, ის სიმონოვიჩს იმერეთსა და სამეგრელოში განლაგებული ჯარების მზადყოფნაში მოყვანას უბრძანებდა და მითითებებს აძლევდა: „საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაძლიერდეთ სამეგრელოსა და გურიის ჯარებით, ამასთან ეცადეთ მჭიდრო კავშირი იქონიოთ ქართლთან და იქ განლაგებული ჯარებისგან დახმარება მოითხოვოთ“.17

სიმონოვიჩი 23 ივნისის პატაკში უკვე ღიად ამბობს, რომ მეფის გაქცევის შემდეგ, იმერეთში საყოველთაო აჯანყებამ იფეთქა. მაიორი კალატოზოვი კავკასიის პოლკის ორ როტასთან ერთად, ზარბაზნით, გაგზავნილ იქნა არგვეთში მეამბოხეთა დასამორჩილებლად. 22 ივნისს მან სიმონოვიჩისგან ბრძანების მიღების გარეშე გაილაშქრა სოფელ საკაროზე, სადაც 2000 მეამბოხე იყო თავმოყრილი და გამაგრებული გზის ორივე მხარეს, ტყიან და ჭაობიან მიდამოებში. კალატოზოვმა არ გაითვალისწინა მოწინააღმდეგის მომგებიანი პოზიცია, არც მათი სიმრავლე და იმერლების მხრიდან რამდენიმე გასროლის შემდეგ, გაუხსნა მათ ცეცხლი. კალატოზოვი თავად გახდა თავისი მოქმედების მსხვერპლი და მოკლულ იქნა. რუსების მხრიდან ბრძოლაში დაიხოცა 17 რიგითი, საკმაოდ იყვნენ დაჭრილებიც. მეამბოხეებმა დაკარგეს თავადაზნაურობის 30 წარმომადგენელი, მათ შორის მეამბოხეთა მეთაურის, ქაიხოსრო აბაშიძის შვილები. დაღუპულ გლეხთა რაოდენობა ორჯელ მეტი იყო. კალატოზოვის შემცვლელმა, რაზმის ახალმა მეთაურმა კავკასიის პოლკის კაპიტანმა ტიტოვმა, ხიშტებით ბრძოლა არჩია და მეამბოხენი ტყის სიღრმეში შერეკა. 400 კაცი ხერგილებით გამაგრებულ სოფელ საკაროსთან დარჩა. სიმონოვიჩმა მოხსნა ახალციხის გზის დაცვა და სამხედრო ძალები გააერთიანა იმერლების წინააღმდეგ საბრძოლველად. მან კნიაჟევიჩს უბრძანა ბელევსკის პოლკის ორ როტასტან შეერთება ელაზნაურთან ახლოს, სოფელ ზედუბანში, იქიდან ლომსიათხევისკენ გალაშქრება და აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იქ მეფე სოლომონი აღმოჩნდებოდა, მის წინააღმდეგაც.18 იმერეთის სახალხო სტიქიურ აჯანყებას გარკვეული ორგანიზებულობაც ახლდა. აჯანყებულნი მოითხოვდნენ მეფე სოლომონის იმერეთში დაბრუნებას და რუსული მმართველობის გაუქმებას. სოლომონის ბიძა, ალექსანდრე ბატონიშვილი წერდა, რომ ღმერთმა წყალობა უბოძა ბაგრატიონთა სახლს და მათი ბედნიერება დაიწყო. ახალციხის ფაშამ და ალექსანდრე ბატონიშვილმა შესაძლო მოკავშირეებთან დაგზავნეს წერილები და შიკრიკები.19

რუსულ ჯართან აჯანყებულების პირველი შეტაკების შემდეგ, გენ.-მაიორი პორტნიაგინი, ახალციხეში განლაგებული ბანაკიდან გენ. ტორმასოვს უპატაკებდა, რომ ახალციხეში მყოფ მეფე სოლომონთან ჩამოვიდნენ ორი იმერელი მღვდელი, ათამდე თავადი და რამდენიმე ცხენოსანი, რომლებმაც აცნობეს, რომ იმერლები მზად არიან აჯანყდნენ რუსული ჯარების წინააღმდეგ და შეასრულონ მისი ყოველი ბრძანება. ამის შემდეგ ისინი იმერეთისკენ დაიძრნენ. მათ ახალციხიდან თან გაჰყვათ 1000-ზე მეტი მხედარი, რომელთა განზრახვის შესახებ პორტნიაგინმა ზუსტად არ იცოდა.20 ქაიხოსრო და სიმონ წერეთლებმა შეძლეს იმერეთში ფარულად ჩასვლა და აჯანყებისთვის მზადება. ხალხი აჯანყებულთა მხარეზე გადადიოდა და დიდ გუნდებად იკრიბებოდა. მეფე ლეკებისა და თურქების ჯარით იმერეთში შემოვიდა. თითქმის მთელი თავადაზნაურობა მას მიემხრო. ორბელიანი წერდა, რომ რუსეთის ჭეშმარიტად ერთგული არავინ აღმოჩნდა, არც თავადი და არც აზნაური: „ზურაბ წერეთელიც კი, ნაცვლად იმისა, რომ ხალხზე თავისი გავლენით სარგებლობა მოეტანა ჩვენთვის, აჯანყების გულგრილ მაყურებლად რჩებოდა“.21 შერიფ-ფაშას ეშინოდა რუსული ჯარების შეჭრის ახალციხის ფაშალიყში, დიდხანს ვერ ბედავდა მეფისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენას, მაგრამ მას შემდეგ რაც იმერეთში დაწყებული არეულობის შესახებ შეიტყო, მეფეს 1000 თურქი ჯარისკაცი მიახმარა. აჯანყებამ იმერეთის სხვადასხვა ადგილებში იფეთქა. მოსახლეობა იარაღით ხელში ხვდებოდა რუსულ ჯარს, ცდილობდნენ ქუთაისში არ შეეშვათ მაიორ კნიაჟევიჩის კოლონები. მთავარსარდალმა სიმონოვიჩს უბრძანა იმერეთის აჯანყების ჩასახშობად შემდეგი ზომების მიღება: იმერეთში, საჭიროების შემთხვევაში, სამეგრელოსა და გურიის ჯარები უნდა ყოფილიყვნენ გამოძახებული, რომლებსაც ნება ეძლეოდათ ეძარცვათ აჯანყებულნი, როგორც მათი დასჯის, ასევე დაშინების მიზნით. მეამბოხე თავადების და აზნაურების გლეხები გამოცხადებული უნდა ყოფილიყვნენ სახაზინოდ, მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი აღარ სცნობდნენ იმ მემამულეთა ძალაუფლებას, რომლებმაც რუსეთის ერთგულების ფიცი დაარღვიეს. ვინც იარაღით ხელში იბრძოდა, უნდა დასჯილიყო, ხოლო მათი მამულები მშვიდობიან მოსახლეობას უნდა გადასცემოდა. 1810 წლის 26 ივნისს ტორმასოვი პოლკოვნიკ სიმონოვიჩისთვის გაგზავნილ განკარგულებას ასე ასრულებდა: „სამართლიანი სიმკაცრე ამ შემთხვევაში ფრიად საჭიროა. ეს იქნება მაგალითი, რომელიც ყველაფერს მოაწესრიგებს“.22 სიმკაცრის გამოჩენა სიმონოვიჩს დაევალა. ამავე დროს, ტორმასოვმა მოთხოვა სამეგრელოსა და გურიის მთავრებს, რომ სიმონოვიჩისგან შეტყობინების მიღებისთანავე, თავიანთი ჯარებით შეჭრილიყვნენ იმერეთში აჯანყებულთა დასაწყნარებლად და დაუნდობლად გასწორებოდნენ მათ.

27 ივნისს მთავარსარდალმა სიმონოვიჩისგან, ზურაბ წერეთლისა და პორუჩიკ მოგილიანსკისგან მიიღო ცნობა, რომ იმერეთში საყოველთაო აჯანყებამ იფეთქა, ხოლო მეფე სოლომონი თურქების და ლეკების ჯარებით სოფ. ბერაძეების მიდამოებში იმყოფებოდა, ყვირილას საგუშაგოსთან ახლოს. ტორმასოვმა გადადო ექსპედიცია სპარსეთის წინააღმდეგ, რომ უკეთ მიეხედა იმერეთში განვითარებული მოვლენებისათვის, ხოლო სოღანლუღში შეკრებილი ჯარით შიშის ქვეშ ჰყოლოდა შერიფ-ფაშა, რათა მას ვერ გაებედა იმერეთში შეჭრა. ამავე დროს, მან იმერეთში მყოფი ჯარების დასახმარებლად სასწრაფოდ მიავლინა გენერალ-მაიორი თავადი ორბელიანი მუშკეტერთა ორი ბატალიონით და ეგერთა ბატალიონით. ამგვარი ზომების მიღებით, მთავარსარდალი ვარაუდობდა მეამბოხეთა დაშინებას და დამორჩილებას.

28 ივნისს ტორმასოვი სიმონოვიჩს სწერს, რომ იმერეთში აჯანყების დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მან იმერეთში გაგზავნა ეგერთა ერთი ბატალიონი, რომელიც შედგებოდა მე-9 ეგერთა პოლკის 2 როტისაგან მაიორ პრიბილევსკის მეთაურობით და მე-15 ეგერთა პოლკის ორი როტისაგან მაიორ კნიაჟევიჩის მეთაურობით. ბოლო ცნობის თანახმად, აჯანყება მთელ იმერეთს მოსდებია და მეფე სოლომონი თურქებისა და ლეკების ჯართან ერთად შეჭრილა იმერეთში. ტორმასოვმა გააცნობიერა შექმნილი მდგომარეობის სერიოზულობა და დამატებითი ძალების გაგზავნის საჭიროება. ახლა მან გენერალი ორბელიანი მიავლინა ყაბარდოს პოლკთან ერთად.23 29 ივნისს მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა გენ. ტორმასოვს წერილობით სთხოვა იმერეთში მყოფი რუსული ჯარის დასახმარებლად ახალი ჯარების გამოგზავნა, მათი სხვადასხვა გზით შეყვანა იმერეთში, ვინაიდან მთელი იმერეთი, ზემოც და ქვემოც აჯანყებული იყო, გარდა საწერეთლოსი, რომელსაც თავად დავით მიტროპოლიტი და მისი ძმა გრიგოლ წერეთელი აკავებდნენ. დავით მიტროპოლიტი თავისი მამის, ზურაბ წერეთლის სახელითაც ითხოვდა ჯარების სასწრაფოდ გამოგზავნას, ვინაიდან „მეფე ჩამოვიდა იმერეთში და ხალხი შეშლილია“. ატყობინებს რა, რომ აჯანყებულები აპირებენ მაიორ უშაკოვზე თავდასხმას, მიტროპოლიტი დასძენს: „მართალია, მე არ მევალება ამის შესახებ მოხსენება, მაგრამ პირველ რიგში ქრისტიანობის შენარჩუნების გამო, და მეორეც, ხელმწიფისადმი ერთგულების გამო, მოგახსენებთ“.24

29 ივნისს ორბელიანი სოღანლუღიდან დაიძრა ყაბარდოს მუშკეტერთა ორი პოლკით და 3 ივლისს ჩავიდა სურამში, სადაც მოიმარაგა სურსათი და ყოველივე, რაც სალაშქროდ სჭირდებოდა. აქ მან გაიგო, რომ აჯანყებულებმა, რომლებსაც მიემატნენ 1000 კაცამდე „აწყურელი თათარი“ და ლეკი, დაიკავეს იმერეთში მიმავალი გზები, რათა არ გაეტარებინათ რუსული ჯარები. ორბელიანმა, საჭიროდ ჩათვალა იმერეთში ორი კოლონით შესვლა. 8 ივლისს ორბელიანმა ელაზნაურს მიაღწია, სადაც მას დახვდნენ კაპიტან ცურიკოვის ბელევსკის მუშკეტერთა პოლკის ორი როტა, ასევე მაიორი პრიბილევსკი, რომელიც მას მე-9 ეგერთა პოლკის ორი როტით ელოდებოდა. ორბელიანმა მიიღო გრიგოლ წერეთლისა და მისი ძმის ეპისკოპოს დავითის წერილები, რომლებიც დაბეჯითებით თხოვდნენ მათი მამულების ჯარებით დაკავებას, იქ აჯანყების თავიდან ასაცილებლად და მისი რაზმისთვის დახმარების გაწევას აღუთქვამდნენ. სოფელ ლეღვანში გრენადერთა დაბანაკების შემდეგ, რუსულმა ჯარმა სოფლის მიდამოებში მოიმარაგა ჯერ კიდევ მოუმკელი ხორბალი და მშრალი ფურაჟი. აჯანყებულებმა დიდი რაოდენობით მოიყარეს თავი სოფელ მარილისში. ორბელიანი დაიძრა მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. იმერლებისა და ოსების ჯარებმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს. მან დიდი ძალისხმევით შეძლო აჯანყებულთა რიგების გარღვევა და კორტოხამდე მიღწევა, სადაც შეჩერდა, ვინაიდან ძალა აღარ ეყო ებრძოლა მეამბოხეებთან, რომლებიც გარს შემოერტყნენ და შეუტიეს მის რაზმს. რუსულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ მას ახალი ძალები მიაშველა. ქარელში მდგომმა ეგერთა როტამ და ხერსონის გრენადერთა როტამ მიიღეს ბრძანება სასწრაფოდ დახმარებოდნენ ალყაშემორტყმულ რაზმს. იმერეთში ალის ხეობით შევიდა ყაბარდოს მუშკეტერთა პოლკის სამი როტა, ეგერთა ორი როტა და ერთი 3-ფუნტიანი ზარბაზანი. სურსათის მარაგი, არტილერია დატოვებულ იქნა სოფ. ზედუბანში, ყაბარდოს როტისა და ბელევსკის პოლკის ორი როტის დაცვის ქვეშ. 30 ივნისს გრიგოლ წერეთელი სთხოვს ტორმასოვს დამხმარე ძალების გამოგზავნას და ვერ მალავს თავისი ანგარებით გამოწვეულ დაინტერესებას. სამხედრო მეთაურებმა სხვების მოსყიდვისათვის სასწრაფოდ უნდა მოგვცენ ფულიო.25

3 ივლისს ტორმასოვი იმპერატორს მოახსენებდა, რომ მეფე სოლომონის ახალციხეში გაქცევის შემდეგ, იმერეთში სიმშვიდე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მეფე აღმაშფოთებელ წერილებს გზავნიდა იმერეთში. მოკლე დროში მეფემ თავისი ერთგული რამდენიმე საგვარეულო თანამზრახველად გაიხადა. ამან შეარყია იმერეთის მოსახლეობის ნაწილის ერთგულება იმპერატორისადმი და აჯანყებამ იფეთქა.26

5 ივლისს, გამთენიისას მაიორმა ტიხოცკიმ დატოვა სურამი და ყაბარდოს პოლკის მუშკეტერთა ბატალიონით შეუდგა ხეობის აღმართს. მარჯვნივ და მარცხნივ ფლანკერთა გუნდები მიჰყვებოდნენ, რომელთაგან თითოში იყო 50 დაბალი ჩინის მებრძოლი. სოფელ ალიდან 7 ვერსის დაშორებით (პიტახთან) მის კოლონას იმერელთა მეწინავე გუშაგებმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს. ფლანკერებმა აჯანყებულები აიძულეს უკან დაეხიათ პიტახის ბაღებისკენ. ბაღები და მიმდინარე მაღლობები გამაგრებული იყო მეამბოხეებით, რომელთა რიცხვი 2000 კაცს აღწევდა. გააძლიერეს რა ფლანკერთა გუნდები, რაზმი წინ მიიწევდა მოწინააღმდეგის პოზიციებისკენ. ავანგარდი, რომელსაც პორუჩიკი ვორობიოვი ხელმძღვანელობდა, მივიდა ხერგილებთან, საიდანაც აჯანყებულებმა გახსნეს უწყვეტი ცეცხლი. ვორობიოვმა უპასუხოდ დატოვა ცეცხლი და ხიშტებით ბრძოლაზე გადავიდა. მას ფრონტიდან მხარი დაუჭირა პოდპორუჩიკ სუდოვსკის 25 დაბალი ჩინის მეომარმა. ისინი ხიშტებით იღებდნენ ხერგილებს. ამავე დროს კვლავ გაძლიერებული გუნდები ფლანგებიდან ავიწროებდნენ მეამბოხეებს. ერთი საათის განმავლობაში მუშკეტერებმა, რომლებიც ძირითადად ხიშტებით იბრძოდნენ, დაიპყრეს მიმდებარე მაღლობები და აჯანყებულები ბაღებიდან გამოდევნეს. იმერლები, რომლებსაც გამუდმებით ემატებოდნენ მებრძოლთა ახალი რაზმები, ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდნენ უკან, ამასთან არ წყვეტდნენ ცეცხლს. ტიხოცკიმ, გააძლიერა რა ავანგარდი კიდევ 50 დაბალი ჩინის სამხედროთი, მის მეთაურს უბრძანა აჯანყებულთა შემოტევები იქამდე შეეკავებინა, სანამ ის დანარჩენ ჯართან ერთად არ გაწმენდდა გზას არტილერიის გასატარებლად. რვა ვერსის მანძილზე რუსული რაზმი გარშემორტყმული მრავალრიცხოვანი იმერლებით, რომლებსაც ოსებიც ემატებოდნენ, დიდი გაჭირვებით მიიწევდა წინ, ცულებითა და ხიშტებით იკვალავდა გზას, მუშკეტერები კაფავდნენ ტყეს, რათა ზარბაზნები გაეტარებინათ, აჯანყებულები კი თავს ესხმოდნენ მათ. შებინდებისას კორტოხზე ავიდნენ დასასვენებლად. სროლები ღამითაც გაგრძელდა. 7 ივლისს გამთენიისას, ოკუპანტთა კოლონამ გზა განაგრძო გაუვალ ტყეში. აჯანყებულებმა ალყაში მოაქციეს ისინი. არაერთხელ შეუტიეს პორუჩიკ კაშინცევისა და პოდპორუჩიკ ორლოვის ფლანკერებს, არიერგარდს შტაბსკაპიტან დიმიტრიევის მეთაურობით და განუწყვეტლივ აჩერებდნენ პორუჩიკ ვორობიოვის ავანგარდს, რომლის დასახმარებლად გაგზავნილ იქნენ 30 რიგითი პროპორშჩიკ კონოპლინის მეთაურობით. ვორობიოვიც და კონოპლინიც ამ უსამართლო ბრძოლაში დაიღუპნენ, ბევრი იყო დაჭრილი. უშეღავათო ბრძოლა გრძელდებოდა. რაზმის მეთაურმა გადაწყვიტა შეჩერებულიყო დამპალოს მინდორზე, რომელიც ორი მხრიდან შემოსაზღვრული იყო ღრმა ხევებით. აჯანყებულები თავდაუზოგავად იბრძოდნენ. 8 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით, ისინი დილიდან ღამემდე არ წყვეტდნენ სროლას და ხელჩართული ბრძოლითაც იჭრებოდნენ რუსების ბანაკში. 8 ივლისს ტიხოცკიმ მოხსენება გაუგზავნა გენერალ-მაიორ ორბელიანს, ქართლის სარეზერვო ჯარების უფროსს მაიორ ბუხვოსტოვს მიმართა თხოვნით დახმარების თაობაზე. ბუხვოსტოვმა შეიტყო რა ტიხოცკის ბატალიონის უმწეო მდგომარეობისა და დიდი დანაკარგის შესახებ (მოკლულთა და დაჭრილთა რიცხვი 100 კაცს აღწევდა), სასწრაფოდ მიაშველა სამხედრო ძალები ბორჯომისა და ქარელის ხეობებიდან, რომლებსაც გზად 50 კაზაკიც დაემატა. მაიორმა თავადმა ამირაჯიბმა, საკუთარი სურვილით შეკრიბა მხედრები და გაეშურა რუსული ბატალიონის დასახმარებლად, მაგრამ მხედრების დიდმა ნაწილმა ვერ გაბედა, ან არ ისურვა აჯანყებულების წინააღმდეგ ბრძოლა და ამირაჯიბს ჩამოშორდა.

9 ივლისს გენერალ-მაიორი ორბელიანი ელაზნაურიდან დაიძრა. 11 ივლისს ის უკვე დამპალოში იყო და ტიხოცკის ბატალიონს შეუერთდა. დაქანცული მუშკეტერები მან ახალი ძალებით ჩაანაცვლა და აჯანყებულებისგან გაწმინდა ტყე. იმერელთა ლაშქარმა წინ წაიწია და იმ გზაზე განლაგდა, სადაც ბატალიონს უნდა გაევლო. ორბელიანმა მათ წინააღმდეგ სასტიკი ზომები მიიღო. მან რაზმი სამ კოლონად დაჰყო. პირველ კოლონას ფრონტიდან უნდა შეეტია, მეორეს მოწინააღმდეგეებისთვის მარცხნიდან უნდა შემოევლო, მათი მარჯვენა ფლანგისთვის დაერტყა და ზურგიდან დასცემოდა, მესამეს მარცხენა ფლანგი უნდა მოექცია ალყაში და იმერლები დაკავებული პოზიციებიდან განედევნა. 12 ივლისს, გარიჟრაჟზე, რუსული ჯარები დისპოზიციის თანახმად დაიძრნენ. მიუხედავად მოწინააღმდეგის მხრიდან უწყვეტი ცეცხლისა, მუშკეტერები და ეგერები შეუჩერებლივ მისდევდნენ აჯანყებულებს მდინარე ძირულამდე, იყენებდნენ რა უმთავრესად ხიშტებს. ორბელიანმა მთიდან დაინახა, რომ გზა ჩახერგილი იყო, რის გამოც უკან გამობრუნდა და იმერეთში შეღწევა ვახანის ხეობით გადაწყვიტა. ჩუდინოვის ცნობით იმ დღეს რუსულ მხარეს, დაჭრილების და მოკლულების სახით, 117 კაცი გამოაკლდა. ტიხოცკი ვარაუდობდა, რომ აჯანყებულებმა 250 კაცამდე დაკარგეს. 12 ივლისს, უკან დახევის დროს, მათ 60 კაცი მოუკლეს, რომელთა შორის იყო ერთ-ერთი მთავარი მეამბოხე, აზნაური გოდაბრელიძე. ბრძოლაში მონაწილეობას იღებდა 3000 გლეხი და აზნაური იმერეთის ოთხი პროვინციიდან, რომლებსაც წინამძღოლობდნენ მალხაზ ანდრონიკაშვილი, როსტომ და სიმონ წერეთლები. ტიხოცკის ბატალიონის გმირული მოქმედების შესახებ ორბელიანი მთავარსარდალს უპატაკებდა და ტიხოცკის დაჯილდოების შესახებ შუამდგომლობდა. თავის მხრივ მალხაზ ანდრონიკაშვილმა და როსტომ წერეთელმა 1810 წლის 13 ივლისს მეფე სოლომონს წერილი გაუგზავნეს, რომლითაც რუსების განადგურების შესახებ აცნობებდნენ და გამარჯვებას ულოცავდნენ. პატარა იმერეთის მიერ რუსული ჯარების დამარცხება არარეალური იყო, მაგრამ სამშობლოს დამცველები თავს არ ზოგავდნენ.

ტორმასოვი სიმონოვიჩს ავალებდა: „იმოქმედეთ მტკიცედ, არ დაზოგოთ არავითარი იარაღი ბოროტების აღმოსაფხვრელად. რკინა, ოქრო, ძალა და ყოველივე საშუალება გამოიყენეთ საქმის დასასრულებლად“.27 იმერელი აჯანყებულები იბრძოდნენ თითქმის ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. მათ არ ჰქონდათ არტილერია. მხოლოდ ლეკებისა და თურქების ჯარისკაცები იყვნენ მეტ-ნაკლებად სათანადოდ შეიარაღებული.28 მთავარსარდალმა ორბელიანს დაავალა აჯანყების მოთავეების ტფილისში გაგზავნა მათი ციმბირში გადასახლების მიზნით. ისინი დაპატიმრებული უნდა ყოფილიყვნენ, მათი საცხოვრებლები კი გადამწვარი. მთავარსარდალმა გამოთქვა თავისი უკმაყოფილება ორბელიანის მოქმედების გამო, რომელმაც რაზმი კოლონებად დაჰყო და ერთ-ერთი მათგანი ვახანისა და ალის ხეობებით გადაადგილა. ორბელიანი თავს იმართლებდა. ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ შეუძლებელია გამოიცნო ისეთი მოწინააღმდეგის მიზნები, რომელიც დღეში რამდენჯერმე იცვლის გეგმებს. 16 ივლისს ორბელიანმა ვახანის გზით იმერეთისკენ გაილაშქრა. სურამიდან 7 ვერსში, აჯანყებულებმა, რომლებიც გზის ორივე მხარეს იყვნენ გამაგრებულები, ძლიერი ცეცხლი გაუხსნეს. გზა ჩახერგილი იყო სქელი მორებით, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა დამპყრობლები. მათ მხარეზე აგრეთვე იბრძოდა 5 ქართველი თავადი: კაპიტანი ბარათაშვილი, პრაპორშჩიკი ფალავანდიშვილი, სოლომონ ერისთავი, რევაზ და ვახტანგ ბარათაშვილები. აჯანყებულები თავდაუზოგავად იცავდნენ საკუთარი მიწის ყოველ გოჯს. თავს ესხმოდნენ ფლანკერებს, მუშკეტერებს, დატვირთულ ტრანსპორტს. ორბელიანმა ფლანკერები გააძლიერა. რუსული ჯარი გზას ასუფთავებდა და წინ მიიწევდა, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს დამცველები ყოველი მხრიდან უტევდნენ. ორბელიანი ფხიზლად ადევნებდა თვალყურს საომარ მოქმედებებს და მყისიერად აძლიერებდა რუსული ჯარის იმ ნაწილებს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებდნენ დახმარებას. აჯანყებულებს თავადები ლევან და დიმიტრი აბაშიძეები და აზნაური კიკნაძეები მეთაურობდნენ. მეთაურები მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს საყვირით აცნობებდნენ რუსების შემოჭრის შესახებ. ჩუდინოვი წერს, რომ შეუიარაღებელი მოსახლეობაც კი გამოდიოდა აჯანყებულთა დასახმარებლად, რითაც თავის თანადგომას გამოხატავდა, მაგრამ რუსული ჯარის შეჩერება არ შეეძლოთ.29 სრულიად იმერეთი ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შემოჭრას. რუსეთის იმპერია და იმერეთის პატარა სამეფო უთანასწორო მოწინააღმდეგეები იყვნენ, მაგრამ იმერლები დანებებას არ აპირებდნენ. რუსული ჯარი წინ მიიწევდა. აჯანყებულები ყველგან ხვდებოდნენ მათ და დიდ სიძნელეებს უქმნიდნენ. რუსები გამაგრებულ სოფლებს წვავდნენ.

ტორმასოვმა ორბელიანს აცნობა, რომ სურამში დალოდებოდა გენერალ-ლეიტენანტ ბარონ როზენს. 19 ივლისს ორბელიანი გადავიდა სოფ. მარილისში, ხოლო 20 ივლისს ჩავიდა სოფელ ლეღვანში. მას მიუვიდა ცნობა, რომ ჩხერის ციხეში მყოფი რუსული გარნიზონი სრულ ბლოკადაში იმყოფებოდა. 22 ივლისს ორბელიანის რაზმი დაიძრა გარნიზონის დასახმარებლად. სოფელი ლეღვანი ისე გაიარეს, რომ მოსახლეობას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ ჩხერის ციხისკენ მიმავალ გზაზე აჯანყებულები დაუხვდნენ, რომლებსაც თავადები ლევან და დიმიტრი აბაშიძეები, დავით გაბუაშვილი და აზნაური კიკნაძეები ხელმძღვანელობდნენ. ორბელიანმა დეტალური განკარგულებები გასცა. რუსულმა ჯარმა თანდათან დაიკავა მთა და ტყე, სადაც აჯანყებულები იყვნენ გამაგრებული. მეამბოხეებმა ჩხერში დაიწყეს თავმოყრა. ისინი თავგანწირვით ცდილობდნენ ციხისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას. ორი საათის განმავლობაში მედგრად უწევდნენ წინააღმდეგობას მომხვდურ მტერს, მაგრამ რუსულმა ჯარმა სძლია და ციხის მიმდებარე პოზიციები დაატოვებინა. რუსი მეომრების სოფელში შესვლამ მოსახლეობას ახალი უბედურება მოუტანა. ისინი სასტიკად დაისაჯნენ: «По вступлении отрядя в деревню, половина ее в наказание за безразсудное упорство жителей была предана огню».30 აჯანყებულთა მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ და გენერალ ორბელიანის ნელმა მოქმედებამ მთავარსარდალს გადააწყვეტინა იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში განლაგებული, აგრეთვე პოლკოვნიკ სიმონოვიჩის რაზმისთვის დახმარების აღმოსაჩენად მივლინებული ჯარების საერთო უფროსად გენერალ-ლეიტენანტი როზენი დაენიშნა. მას ებრძანა მეამბოხეთა დასჯა, იმერეთში სიწყნარის დამყარება და გენერალ-მაიორ ორბელიანისათვის მიცემულ ინსტრუქციებზე დაყრდნობით, ახალი მმართველობის შემოღება. 21 ივლისს როზენი ბადრაგის თანხლებით სურამიდან გაემგზავრა. 23 ივლისს ის უკვე ჩხერში იყო. მან შეამჩნია, რომ მიუხედავად აჯანყებულთა სიახლოვისა, რომლებიც მთებში იმალებოდნენ, რუს სამხედროებში უწესრიგობა სუფევდა. ზოგი არათუ უიარაღოდ იმყოფებოდა, არამედ გახდილიც იყო, ალბათ, სიცხის გამო. იმავე საღამოს ორბელიანმა დაწერა პატაკი თავისი ავადმყოფობის შესახებ. 23 ივლისს, ბარონი როზენი, რომელიც ტორმასოვმა მთელი ჯარების უფროსად დაინიშნა, ზედუბნიდან გაემართა ჩხერის ციხისაკენ, სადაც გენერალ - მაიორ ორბელიანის რაზმს შეუერთდა. რაზმი შედგებოდა ყაბარდინელთა პოლკის ორი ბატალიონისაგან და ეგერთა ორი როტისაგან. გზა ტყეზე გადიოდა, სადაც მეამბოხენი იყვნენ გამაგრებული, ორივე მხრიდან სროლა არ წყდებოდა.31

24 ივლისს, რუსულმა ჯარმა გაათავისუფლა ჩხერის ციხე აჯანყებულთა ბლოკადისაგან, ციხეში მყოფი 40 კაციანი გარნიზონი მოამარაგა ორი კვირის სამყოფი სურსათ-სანოვაგით. ბარონი როზენი თავისი რაზმით ქუთაისისკენ დაიძრა. ჩხერის ციხეს რომ გასცდა, მათ 5000 კაცამდე აჯანყებული დაუხვდათ გამაგრებული ხერგილებში და ტყეში გამავალ ვიწრო გზებზე. რუსულმა ჯარმა გამოიყენა თავისი შეიარაღების უპირატესობა, ხიშტებით ბრძოლაზე გადავიდა. ბრძოლა სამ საათს გაგრძელდა. აჯანყებულები გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ რუსულ ჯარს, რომელმაც სძლია სამშობლოს დამცველებს. აჯანყებულებმა 70 კაცი დაკარგეს მოკლულთა სახით. მათ შორის მთავარი მეამბოხე, იმერელი თავადი დიმიტრი აბაშიძე. მის ტანსაცმელში აღმოჩნდა წერილები, მეფე სოლომონის, დედოფალ მარიამისა და იმერელი მოხელეების, რომლებიც რუსული ჯარის წინააღმდეგ იყო მიმართული. ეს ფაქტი იმითაც არის საინტერესო, რომ აჯანყებაში დედოფლის მონაწილეობაზე მეტყველებს, რაც ასე აშკარად სხვა დოკუმენტებიდან არ ჩანს. მარიამ დედოფალი თითქოსდა არაფერში ერეოდა.

25 ივლისს, გენერალ-ლეიტენანტ ბარონ როზენის რაზმის მოძრაობის დროს, აჯანყებულებს დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ მისთვის და მხოლოდ არიერგარდს ესროდნენ.

26 ივლისს გამოჩნდნენ აჯანყებულები, რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ მაღლობები, საიდანაც ისინი სწრაფად დაეშვნენ და რუსული ჯარის ავანგარდს დაესხნენ თავს, მაგრამ რუსულმა ჯარმა მათი მოგერიება შეძლო. როდესაც მეამბოხენი მინდორზე გავიდნენ, სადაც სოფელ ცხრაწყაროსთან გაპარტახებული ეკლესია იდგა, მათ კვლავ გაუხსნეს ცეცხლი რუსულ რაზმს და თავად ეკლესიაში გამაგრდნენ, მაგრამ რუსულმა ჯარმა მათ ეს ეკლესია დაატოვებინა და დიდი ზიანიც მიაყენა. «унтер-офицер 17-го егерского полка Павел Лаврентьев с несколькими егерями бросился к церкви, и, овладев ею, переколол всех ея защитников, в том числе и начальника их князя Кайхосро Абашидзе».32 ასე იკვლევდნენ გზას ჩვენი ერთმორწმუნე მფარველები! ბრძოლაში მოკლულ იქნენ მეამბოხეთა მეთაურები თავადები გაბუაშვილი და ქაიხოსრო აბაშიძე.

27 ივლისს რუსული ჯარი გადავიდა მდინარე ყვირილაზე, რომლის მოპირდაპირე ნაპირზე მეამბოხენი იყვნენ გამაგრებული. 28 ივლისს, როდესაც რუსული ჯარი ტყეში მიიკვლევდა გზას, მეამბოხენი თავს ესხმოდნენ ფლანკერებსა და არიერგარდს. როდესაც რაზმი სიმონეთის ტყიდან მინდორზე გავიდა და ქუთაისისკენ განაგრძო გზა, აღმოჩნდა, რომ გზის ორივე მხარეს მეამბოხენი იყვნენ განლაგებული 7000 კაცის ოდენობით, თურქებისა და ლეკების თანხლებით. ისინი სარდალ ქაიხოსრო წერეთლის მეთაურობით ცდილობდნენ არ გაეტარებინათ რუსული ჯარი ქუთაისისკენ. რუსებმა ხიშტებით გაიკვლიეს გზა. მაიორმა პრიბილევსკიმ ავანგარდთან ერთად, პირველმა დააღწია თავი ხერგილებს. ისინი ხიშტებით ეძგერნენ მეამბოხეებს, რომლებიც დიდხანს და თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ ბოლოს ხიშტებით იქნენ ტყიდან გამოყრილი და გაიფანტნენ. რუსული ჯარი განაგრძობდა მათი მიმართულებით სროლას. ტორმასოვი აღნიშნავს, რომ მედგარი წინააღმდეგობის გაწევისას, მეამბოხეებმა დაკარგეს 200 კაცზე მეტი, მათ რიცხვში თურქული ჯარების მეთაური სულეიმან-ბეგი მძიმედ დაიჭრა და ჭრილობებისაგან მოკვდა. რუსულმა ჯარმა ბევრი სურსათ-სანოვაგე ჩაიგდო ხელში.

29 ივლისს რაზმი ბარონ როზენის მეთაურობით შევიდა ქუთაისში, გაფანტა მეამბოხენი. გენ.-მაიორმა სიმონოვიჩმა ჯერ კიდევ ამ რაზმის მისვლამდე, დატოვა რა გარნიზონი ქუთაისში, თავად მებრძოლთა მცირერიცხოვანი რაზმით მაიორ უშაკოვის რაზმის დასახმარებლად გაემართა, რომელთანაც 15 დღის განმავლობაში არ ჰქონდეს კავშირი, ვინაიდან მეამბოხეებს უშაკოვი ალყაში ჰყავდათ.

6 აგვისტოს მაიორი პრიბილევსკი თავისი რაზმით, რომელიც შედგებოდა ბატალიონისა და 50 კაზაკისაგან, ბევრი სოფლის მაცხოვრებლებს აიძულებდა, რომ ფიცი დაედოთ. როდესაც სოფელ რიონიდან გამოდიოდა, მას გადახდა მეამბოხეებთან ბრძოლა, რომელიც 9 საათს გრძელდებოდა. ტორმასოვის თქმით, მეამბოხეები ასეთი თავგანწირვით უფრო იმიტომ იბრძოდნენ, რომ მათთან მათი ყოფილი მეფე იმყოფებოდა. საღამოს, როდესაც მეამბოხეთა მეთაური მოკლული იქნა, მათ შეწყვიტეს ბრძოლა და გამაგრდნენ მთაზე, რომელზედაც რუსულ ჯარს უნდა გაევლო. მეფე სოლომონმა მათ დამხმარე ძალები გაუგზავნა. მაიორმა პრიბილევსკიმ, იმ მიზნით, რომ აჯანყებულებისგან თავისი ჯარების მოძრაობა დაეფარა, გათენებამდე ორი საათით ადრე, თავსხმა წვიმაში დაატოვებინა თავის ჯარს ბანაკი, აიყვანა აჯანყებულებით გამაგრებულ მთაზე, შეუტია ყველა საფარს, საიდანაც მეამბოხენი ხიშტებით გამოყარა, ვინაიდან სიბნელეში თოფებიდან სროლა შეუძლებელი იყო. მან დაიპყრო მოწინააღმდეგის გამაგრებული ადგილები. ამ დროს აჯანყებულებს შეემატათ მებრძოლები სარდალ ქაიხოსრო წერეთლის მეთაურობით. ტორმასოვი წერს, რომ ახალმოსულებმა დაინახეს რა თავიანთი თანამზრახველები დამარცხებული და გაფანტული, ვეღარ გაბედეს საბრძოლო მოქმედებების წამოწყება. მისსივე თქმით, აჯანყებულებს იმ დღეს 300 კაცი მოუკლეს.

9 აგვისტოს ტორმასოვს ატყობინებენ, რომ საზღვაო სამხედრო ძალების სამინისტროს მმართველის, ადმირალის, სახელმწიფო სათათბიროს წევრის და კავალერის მარკიზ ივან ივანეს ძე დე გრავერსეს ბრძანების თანახმად, ფოთში გამოემართა ერთი ფრეგატი და მასთან ერთად პატარა გემი იმერეთის „ყოფილი მეფე სოლომონის“ ოჯახის გადასაყვანად ყირიმის პორტში, მაგრამ შავი ზღვის ფლოტი დაკავებული იყო სოხუმკალეს ციხის აღებით, რის გამოც ბრძანების შესრულება გადაიდო.33

10 აგვისტოს, გენ. სიმონოვიჩი შეუერთდა მაიორ პრიბილევსკის და დაეწია მეფე სოლომონს, რომელსაც აჯანყებულთა ორი ძლიერი გუნდი (ტორმასოვი მათ „ბრბოს“ უწოდებს) ჰყავდა გამაგრებული გელათის მონასტერის ზემოთ, სოფელ ნააგარევში. სიმონოვიჩი ერთი კოლონით ნააგარევისკენ დაიძრა, ხოლო გელათის მონასტრისკენ მეორე კოლონა გაუშვა მაიორ პრიბილევსკის მეთაურობით. მათ შეძლეს მეამბოხეთა დამარცხება. მეფე სოფელ ცუცხათში გადავიდა, ხოლო იქიდან სოფელ გოკში, რომელსაც უფრო მიუვალი ადგილმდებარეობა ჰქონდა. მეფემ მიტროპოლიტ დავითის მეშვეობით, რუსულ მხარეს შესთავაზა შემდეგი პირობები: თუ იმპერატორი აპატიებდა მას და გამოუყოფდა იმერეთში ადგილს, მაშინ ის წერილობით განაცხადებდა უარს იმერეთის სამეფოზე, პირობას დადებდა, რომ არ ჩაერეოდა არავითარ საშინაო და პოლიტიკურ საქმეებში და იმპერატორისადმი ერთგული სამსახურით თურქების წინააღმდეგ, ეცდებოდა თავისი ძველი ქმედებების გამოსყიდვასა და თავისი მორჩილებით იმპერატორის წყალობის დამსახურებას. ტორმასოვი დასძენს: შემდგომმა მოქმედებებმა გვიჩვენა, რომ ეს ყოველივე სიცრუე იყო, მეფე არასდროს აპირებდა ამ დაპირების შესრულებას. მას ეს ხრიკები იმისთვის სჭირდებოდა, რომ რუსულ მხარესთან დაწყებული მოლაპარაკებების წყალობით, თავის მომხრეებზე ზეგავლენა არ დაეკარგა.

11 აგვისტოს სიმონოვიჩი, მას შემდეგ, რაც გელათის მთიდან და ნააგარევის ხეობიდან მეფე და აჯანყებულები გამოდევნა, არ შეჩერებულა. მან მეფეს გოკის ხეობაში შეუტია, სადაც ის 3000 კაცთან ერთად იმყოფებოდა. რუსულმა ჯარმა მეფე იძულებული გახადა თავაზის ხეობაში გაქცეულიყო. რუსული იარაღის ძალით დაპყრობილი სოფლებიდან ბევრმა თავადმა და აზნაურმა მიატოვა მეფე. ისინი თავის საცხოვრებლებს დაუბრუნდნენ და იმპერატორის ერთგულებაზე დაიფიცეს. ტორმასოვი არ ამბობს, რომ ასეთ პირობებში ფიცის დადების აქტი იმაზე ნაკლები ძალადობა როდია, ვიდრე რუსების მიერ სამშობლოს დამცველების ხიშტებით ამოხოცვა.

შავი ზღვის რუსულმა ფლოტილიამ სოხუმის ციხე აიღო, მოიგერია სოხუმის მფლობელის ასლან-ბეის მიერ მოწყობილი ძლიერი დივერსია, რომელმაც, თითქოსდა, მეფეს სოლომონთან შეთანხმებით, შეკრიბა 4000 აფხაზი და სამეგრელოს საზღვრებს უახლოვდებოდა. ის დარწმუნებული იყო, რომ იმერეთის აჯანყების ჩახშობით დაკავებული რუსული ჯარი ვერ დაეხმარებოდა სამეგრელოს, მაგრამ სოხუმის ციხეზე უეცრად განხორციელებულმა შეტევამ აიძულა იგი სამეგრელოს საზღვრებიდან სოხუმის ციხისკენ ეჩქარა. ციხე უკვე რუსული ჯარის მიერ აღებული დახვდა. სოხუმის ციხისა და ნავსადგურის დაკარგვის შემდეგ, მან კავკასიის მთებში ჰპოვა თავშესაფარი.

ახალციხის შერიფ-ფაშა კი, მიუხედავად მეფე სოლომონის წარუმატებლობისა, ზურგს უმაგრებდა მას თავისი ჯარებით: 3000-მდე თურქი და ლეკი მებრძოლი მიაშველა. ტყვია-წამალსაც თავისი ხარჯით უგზავნიდა.

17 აგვისტოს, სიმონოვიჩის მიერ თავაზის ხეობიდან გამოდევნილი მეფე სოლომონი გაიქცა თავისი მეუღლის, მარიამ დედოფლის კუთვნილ სოფელ საზანოში, მაგრამ რუსულმა ჯარმა იქაც შეავიწროვა და იძულებული გახადა საკაროში გადასულიყო. როდესაც საზანოში მაიორ პრიბილევსკის რაზმი შევიდა მის დასაპყრობად და რუსეთის ერთგულებაზე მოსახლეობის ძალით დასაფიცებლად, მეფე სოლომონი კვლავ დაბრუნდა სოფლის დასაცავად. 25 აგვისტოს მეფე თავისი რაზმით განუწყვეტლივ თავს ესხმოდა რუსულ ჯარს, მაგრამ დამარცხდა და უკან დაიხია სოფელ ზემო საკაროსკენ, რომელიც ეკუთვნოდა თავად ქაიხოსრო აბაშიძეს, სადაც აჯანყებულები იკრიბებოდნენ.

სიმონოვიჩი მაიორ პრიბილევსკის რაზმს შეუერთდა და საკაროზე თავდასხმა გადაწყვიტა, სადაც მეფეს თავმოყრილი ჰყავდა მთელი თავისი ძალები. რუსული გაერთიანებული რაზმების საბრძოლო მოქმედებების შედეგად, მეფის ჯარმა მოხსნა მუხურის ციხის ბლოკადა და საიდუმლო ბილიკებით მეფეს შეუერთდა. 26 აგვისტოს სიმონოვიჩისა და პრიბილევსკის რაზმები საკაროში გაერთიანდნენ, სადაც უკვე ბევრი გადასასვლელი დაკავებული ჰქონდათ მეფის ჯარებს მისი ყველაზე ერთგული თავადებისა და აზნაურების მეთაურობით. მათი რიცხვი 3000 აღწევდა. სიმონოვიჩმა სამ კოლონად შეუტია. ბრძოლა უშეღავათო იყო და 5 საათამდე გაგრძელდა. სამშობლოს დამცველები ტყვიებით, ხიშტებითა და ყუმბარებით სამალავებიდან გამოდევნეს და ბევრიც გაჟლიტეს. ამ ბრძოლაში დაეცნენ ქაიხოსრო აბაშიძის უფროსი ვაჟი, ხახულა, თავადი გიორგი წულუკიძე, აზნაურთაგან კიკნაძეები, დევდარიანები, ლოლაძეები და ალავიძეები - 12 კაცი, 200-ზე მეტი იმერელი გლეხი. საკაროს მცხოვრებლები ერთგულებზე დააფიცეს და მძევლები გამოართვეს.34

ბარონ როზენს მიუვიდა ცნობა, რომ მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებნი აპირებდნენ მეფისგან ჩამოშორებას და რუსეთის მთავრობისადმი დამორჩილებას. მაიორი კნიაჟევიჩი ეგერთა 2 როტით და ერთი ქვემეხით გაგზავნილ იქნა ამ მცხოვრებთა დასაფიცებლად და მათგან მძევლების წამოსაყვანად. მას დაევალა სოფელ ბაღდათის დაკავება, რომელზეც გადიოდა ახალციხესთან დამაკავშირებელი გზა. მაიორმა კნიაჟევიჩმა რუსეთის ერთგული რამდენიმე იმერელი თავადის დახმარებით ერთგულების ფიცი დაადებინა მდინარე ყვირილას მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, ჩამოართვა მათ მძევლები და გაემართა ბაღდათისაკენ. მსვლელობის დროს მას თავს ესხმოდნენ მეამბოხენი, მაგრამ მაინც მიაღწია ბაღდათამდე და ხელსაყრელი პოზიცია დაიკავა. ამ დროს ხანის ხეობაში ახალციხიდან 2000 კაციანი ჯარი შემოვიდა და აჯანყებულებს შეუერთდა. ისინი ხერგილებს უკან იყვნენ ჩასაფრებული, საიდანაც თავს ესხმოდნენ კნიაჟევიჩის რაზმს, ცდილობდნენ გადაეკეტათ წყალთან მისასვლელი. წყლის მოპოვება კნიაჟევიჩის რაზმელებს ხიშტებით უხდებოდათ. როზენმა მათ დასახმარებლად მიავლინა სამი როტა, 2 ქვემეხი და 700 კაცამდე იმერელი რუსეთის ერთგულ თავადებთან ერთად, მაიორ შჩელკაჩევის მეთაურობით, რომელმაც მთელი რაზმის მეთაურობა იტვირთა. მისი მოქმედებები რუსებისათვის წარმატებული აღმოჩნდა. მან თავისი რაზმი სამ კოლონად წაიყვანა პირდაპირ მოწინააღმდეგის ხერგილებისკენ. ქვემეხიდან ესროლა მათ და შტურმით აიღო შუა ხერგილი. აჯანყებულები ხიშტებით გამოდევნეს. ასევე შტურმით აიღეს 2 სხვა ხერგილი, რის შემდეგაც აჯანყებულებმა ვეღარ შეძლეს თავისი პოზიციების შენარჩუნება. მაშინ რუსეთის მხარეზე მებრძოლი იმერლები დაედევნენ გაქცეულ აჯანყებულებს. ტორმასოვის თქმით, მეფის დასახმარებლად მოსული თურქები ძალზე გაკვირვებული იყვნენ იმით, რომ მათ წინააღმდეგ იმერლები იბრძოდნენ. იმ დღეს თურქებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 400 კაცამდე დაკარგეს და ახალციხეში გაიქცნენ. ამის შემდეგ მეფე სოლომონმა ვეღარ დაითანხმა ისინი დაბრუნებაზე. მეამბოხე იმერლებიც ძალზე დაზარალდნენ. მათი სამი მეთაური მოკლულ იქნა. ბევრი იყო დაჭრილი.

სიმონოვიჩი თავისი რაზმით კვალში ედგა დევნილ მეფეს და არც დღით და არც ღამით მოსვენებას არ აძლევდა. გაუსაძლისმა პირობებმა ბევრი მებრძოლი ჩამოაშორა მეფეს. ბოლოს მას მხოლოდ 500 ერთგული კაცი შემორჩა. სიმონოვიჩმა იარაღის ძალით დაიპყრო 2 მნიშვნელოვანი და ძლიერი ოლქი, ჩხერის და ხრამის. მოსახლეობა რუსეთის ერთგულებაზე დააფიცა და მძევლები გამოართვა. რაჭაში აჯანყებულების მიერ დაკავებული 3 ციხე - ლაჩკაში, პატარა და ტოლა რუსულმა ჯარმა იარაღით დაიპყრო და მთელი რაჭა დაიმორჩილა. მეფე სოლომონი მუდმივად ადგილს იცვლიდა, ერთ დღეზე მეტს არსად ჩერდებოდა, ღამეს ყველაზე მიუვალ ადგილებში ათევდა. ამიტომაც სიმონოვიჩმა დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო მეფის ადგილსამყოფელის მიგნება, ალყის შემორტყმა და მისი აყვანა. მისდევდა რა მეფეს, სიმონოვიჩი ყველგან ამარცხებდა აჯანყებულებს, მოსახლეობას ერთგულების ფიცს ადებინებდა, აყავდა მძევლები და იმერეთსა და ქართლს შორის შეუფერხებელ მიმოსვლას აღადგენდა.

ბოლოს, როდესაც მთებში მდებარე გამაგრებული სოფლები დაპყრობილ იქნენ რუსული ჯარის მიერ, მეფემ თავის ერთგულ თანამზრახველებთან ერთად ხანის ხეობას შეაფარა თავი.

ტორმასოვი აღწერს ხანის ხეობის ადგილმდებარეობას. გზა უფსკრულის პირას გადის და გაჭირვებით იტევს ორ გვერდით მოსიარულეს. გზა გადის დაბურულ ტყეში, სადაც ადვილად შეუძლია ჩასაფრება მოწინააღმდეგეს. ამ ხეობაში გამაგრდა მეფე სოლომონი. მის დასახმარებლად კვლავ მივიდნენ ლიბანელი და ახალციხელი თურქები (1500 კაცი) და მისი ერთგული იმერლების მცირერიცხოვანი ჯგუფი. მეფემ მოაწყო ხერგილები, გზები ჩახერგა მორებითა და ქვებით, რათა რუსული ჯარის მსვლელობა შეეფერხებინა. ტორმასოვი ქებით მოიხსენიებს სიმონოვიჩს, რომელიც ვერაფერმა შეაჩერა. 23 სექტემბერს მან შეადგინა 3 კოლონა და მეფის მეომრებს შეუტია. თურქები გაიქცნენ, ბევრი მათგანი რუსულ ხიშტებზე წამოეგო. მეფე აღარ დაელოდა მოიერიშე კოლონების მოახლოებას და თურქული ჯარის ნაწილთან ერთად, ხშირი ტყით დაფარული მთის გავლით, ახალციხეს მიაშურა. გზის სიძნელემ რუსულ ჯარს მისი დევნის საშუალება არ მისცა. ტორმასოვი მინისტრს მოახსენებდა, რომ საბრძოლო მოქმედებები დასრულდა. იმერეთი დაპყრობილი იყო და სრულიად დამშვიდდა. ის თავს იწონებდა: მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო აჯანყებამ მოიცვა იმერეთის თითქმის ყველა მცხოვრები, რომელთა რიცხვი 40 000 ოჯახს აღწევდა, მიუხედავად თურქული და ლეკების დამხმარე ჯარების აჯანყებულებთან ერთად რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მოქმედებისა, ამ ექსპედიციაში რუსულმა მხარემ გაცილებით ნაკლები მეომარი დაკარგა, ვიდრე მოწინააღმდეგე მხარემო. გენერალ-მაიორი სიმონოვიჩი დაკავებული იყო იმერეთის შიდა მოწყობით და წინასწარი ზომების მიღებით, სამომავლოდ „ყოფილი მეფე სოლომონის“ ყოველგვარი ახალი თავდასხმის მოსაგერიებლად. ამ მიზნით, მძლავრი და პატივცემული საგვარეულოებიდან აყავდათ მძევლები, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ რუსეთისადმი ერთგულების საწინდარი.

ტორმასოვის აზრით, საჭირო იყო მარიამ დედოფლის რუსეთში გამგზავრება, როგორც კი ის ქუთაისში ჩავიდოდა, სადაც მას სიმონოვიჩი ელოდა. მთავარი მეამბოხეები, რომელთაგან მრავალი უკვე დაკავებული იყო, სხვები იძებნებოდნენ, ციმბირში უნდა ყოფილიყვნენ გადასახლებული, მათი მამულები კი ხაზინას უნდა გადასცემოდა. ტორმასოვს იმედი ჰქონდა, რომ იმერლები, გადატანილი უბედურების შემდეგ, ვეღარ გაბედავდნენ „ღალატს“. ტორმასოვი „ღალატში“ რუსეთის ღალატს გულისხმობდა. ხოლო ის იმერლები, ვინც ამა თუ იმ მიზეზით სამშობლოს უღალატა და რუსეთს მიემხრო, მას რასაკვირველია, მოღალატეებად არ მიაჩნდა. ტორმასოვი აპირებდა მეფესთან ერთად გაქცეული თავადებისა და აზნაურების, რომელთა რიცხვი 30 აღწევდა, პატიებისა და მამულების დაბრუნების დაპირებით უკან დაბრუნებას. ის დარწმუნებული იყო, რომ მეფესთან მყოფი 150 „უბრალო“ იმერელი ნებაყოფლობით დაუბრუნდებოდა თავის ოჯახებს. მაშინ მეფე დარჩებოდა უსახსროდ, ყოველგვარი ქონების გარეშე და იძულებული იქნებოდა ახალციხის შერიფ-ფაშას სულგრძელობაზე ყოფილიყო დამოკიდებული. ტორმასოვი სამხედრო მინისტრს მოახსენებდა, რომ ყოველგვარ საიდუმლო ზომებს მიმართავდა ახალციხიდან მეფე სოლომონის ხელში ჩასაგდებად. მეფესთან ერთად გაიქცა 17 თავადი თავისი ოჯახებით, 8 აზნაური, მღვდელი ნიკოლოზი და 150-მდე გლეხი. 1810 წლის 26 სექტემბერს ბევრი მეამბოხე დააკავეს. მეფე სოლომონის მიერ იმერეთის დატოვების შემდეგ საომარი მოქმედებები შეწყდა. მოსახლეობა კვლავ დააფიცეს რუსეთის ერთგულებაზე. სიმონოვიჩმა გავლენიან ოჯახებს მძევლები ჩამოართვა. მან გადაწყვიტა იმერეთის დედოფალ მარიამ კაცის ასულის პეტერბურგში გაგზავნა, სადაც 31 ივლისს გაიგზავნა კონსტანტინე ბატონიშვილი, ხოლო დედამისი, ანა დედოფალი ჯერ კიდევ 1809 წელს ტფილისიდან პეტერბურგს გაემგზავრა.35 1810 წლის 10 ოქტომბერს, კოზოდავლევი ტორმასოვს პეტერბურგიდან სწერდა, რომ ზოგიერთ ქართველ ბატონიშვილს, რუსეთისადმი მათი ერთგულების დასაფასებლად, ჯილდოები ებოძათ. რუსეთში ახალჩასულ იმერელ ბატონიშვილ კონსტანტინესთან დაკავშირებით იმპერატორს აინტერესებდა იმის გაგება, თუ რამდენად იმსახურებდა იგი ჯილდოს. მის შესახებ ცნობების მოპოვება ტორმასოვს დაევალა.36

მთავარი მეამბოხეების ციმბირში გადასახლება გადაწყდა, ხოლო არაკეთილსაიმედო პირთა, სხვადასხვა მიზეზით, იმერეთიდან გასახლება. იმერეთი დაიყო ექვს ოლქად: ჩხერის, ბაღდათის, საჩხერის, რაჭის, ქუთაისის და ვაკის. თითოეული ოლქი სამხედრო უფროსს დაუქვემდებარეს. იმპერატორმა მანიფესტის გამოცხადების გარეშე გააუქმა იმერეთის სამეფო და რუსეთის იმპერიის განაპირა პროვინციად გადააქცია. იტალიელი მკვლევარი ლუიჯი მაგაროტო წერს: „მხოლოდ იმერეთის მეფე სოლომონ II-მ არ მოიხარა ქედი რუსეთის წინაშე და შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ამაოდ: 1810 წელს იგი შეიპყრეს და ტყვედ ჩაიყვანეს თბილისში მაშინ, როდესაც მისი სამეფო რუსეთის ჯარებმა დაიკავეს… ამგვარად, 1810 წელს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველო, რუსეთის იმპერიის პროვინციად იქცა“.37 ოსმალეთში გახიზნული სოლომონ II მაინც არ ჰკარგავდა სამეფოს დაბრუნების იმედს. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საზავო ხელშეკრულებები დადო ოსმალეთთან (1812წ.) და სპარსეთთან (1813წ.), რომლებშიც მთელი საქართველო რუსეთის სამფლობელოდ დაფიქსირდა, მეფე სოლომონმა უკანასკნელი იმედი დაკარგა. ის რუსეთს მაინც არ ჩაბარებია. 1815 წელს დევნილი მეფე ტრაპიზონში გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხალხი განაგრძობდა სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე ფიქრს, ვერ ურიგდებოდა თავისი ქვეყნის ოკუპაციას. 1810 წლის აჯანყების მძიმე შედეგების მიუხედავად, ცხრა წლის შემდეგ, აჯანყებამ კვლავ იფეთქა იმერეთში.

1.4 1.4. მეფე სოლომონ II დევნილობაში

▲ზევით დაბრუნება


სამშობლოდან დევნილმა მეფე სოლომონმა ჯერ ახალციხეს შეაფარა თავი, სადაც მას სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილმა იმერეთის ტახტის დაბრუნებაში დახმარებაც აღუთქვა.1 1811 წლის 7 იანვარს ტორმასოვი აცნობებს სიმონოვიჩს, რომ სოლომონ მეფის ადგილსამყოფელის შესახებ მიღებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება. ახლა მას უკვე დაუდგენია, რომ მეფე ერევანში ჩასულა ყარსის ფაშალიყის გავლით, სადაც ყარსის ფაშა აბდულს არ მიუღია ის და სროლაც გაუხსნია. ტორმასოვს თავისი მსტოვრების მეშვეობით დაუდგენია, რომ მეფე ერევანში იმყოფებოდა. ყველაზე სარწმუნო კი სომეხთა პატრიარქის, ეფრემის წერილი იყო, რომლითაც ის სოლომონის ერევანში ჩასვლას იუწყებოდა.2

1811 წლის 4 ივლისს სოლომონ II გენ. ტორმასოვს უგზავნის წერილს რუსის ჯარის მიერ წაღებული თავისი ნივთების დაბრუნების შესახებ: „რაც თქვენის მხრიდამ მწუხარება და განსაცდელი მომადგა, იცით და მე რაღა მოგახსენოთ. აწ ამას განგიცხადებთ, რომელიც იმერეთში ჩვენის ოჯახის საკუთარი ნივთები, ჩვენი თუ ჩვენის სახლობიდამ ჩვენთვის მიბარებული და შენახული იყო თქვენის მხედრობისაგან წაღებულ იქმნა, ამის დაბრუნებას ვითხოვთ, რომ უკანვე მოგვეცეს და რაც ნივთებია, ამ წიგნის მომრთმევი მოგახსენებსთ.“3

ნივთები მეფისთვის არავის დაუბრუნებია, თვალთვალი კი დაუწესეს. 1811 წლის 17 აგვისტოს გენ. ტორმასოვი საიდუმლო ინსტრუქციას აძლევს მოხელე ბოლენცოვს სოლომონ II-სთან მოლაპარაკების შესახებ. ბოლენცოვი ახალციხეში იგზავნებოდა, თითქოსდა, იქაური ვაჭრებისათვის კარანტინის გავლის დაწესებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს იყო „მხოლოდ საბაბი“. ნამდვილი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ ბოლენცოვს მეფე სოლომონი საქართველოში ჩასვლაზე დაეყოლებინა, ტორმასოვის სახელით დაპირებოდა იმპერატორის მხრიდან პატიებას, ბედნიერებას და კეთილდღეობას.4

22 აგვისტოს ტორმასოვმა იმავე საკითხზე დამატებითი ინსტრუქცია გაუგზავნაა ბოლენცოვს, რომელშიც ავალებს ზეგავლენის მოხდენას არქიმანდრიტ ბენედიქტზე, ვისთანაც სოლომონ II აპირებდა შეხვედრას.5

ტორმასოვი წერს წერილს სოლომონ მეფისათვის გადასაცემად, რომელშიც საქართველოში ჩასვლის წინადადებას აძლევს.6 ეს წერილი მეფისათვის არქიმანდრიტ ბენედიქტეს უნდა გადაეცა. ტორმასოვი არქიმანდრიტს ცალკე წერილს უგზავნიდა, სადაც განმარტებული იყო, თუ როგორ უნდა დაეყოლიებინა მას მეფე სოლომონი თავისი საქციელის მონანიებაზე და საქართველოში ჩასვლაზე.7 1811 წლის 20 ოქტომბერს სოლომონ II წერს წერილს იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელზე, რომელშიც შეახსენებს მას უტყუარ ფაქტებს. იმპერატორს ხომ თავისი სიგელით ჰქონდა სოლომონისთვის აღთქმული მისი მეფობის ხელშეუხებლობა. გარდა ამისა, მეფე დაწვრილებით ჰყვება თუ რა პირობით მოაწერა ხელი ციციანოვის მიერ შედგენილ პუნქტებზე, როგორ ენდო ციციანოვის ფიცს, რომელმაც შემდეგ ფიცი გატეხა და მეფეს ისიც დააკარგვინა, რასაც რუსეთის მფარველობის მიღებამდე ფლობდა. მეფეს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ იმპერატორისთვის მიეწვდინა ხმა. ქუთაისში ჯარები შევიდნენ, მეფის სახლი გააპარტახეს, მისი სიძე სასტიკად სცემეს, არავინ დაინდეს, ბევრი უღირსი საქციელი ჩაიდინეს. მეფე აღწერს, თუ როგორ დაიფიცეს წმინდა სახარებაზე და ჯვარზე გენერალ-მაიორმა სიმონოვიჩმა და მოგილევსკიმ, რომ ტფილისში მას არაფერი ემუქრებოდა და მშვიდობით დაბრუნდებოდა თავის სამეფოში. ამის შემდეგ, მოტყუებით შეიპყრეს, რუსულმა ჯარმა ალყაში მოაქცია და ასე უპატიოდ ჩაიყვანეს ტფილისში, სადაც დაატყვევეს და ყარაული მიუჩინეს. ბოლოს, კიდევ უფრო არაადამიანური ნაბიჯი გადადგეს, როდესაც მოისყიდეს ვინმე მკვლელი, „ჩვენი რწმენის მტერი“, მრავალ წყალობას დაპირდნენ და სოლომონის მოსაკლავად გამზადებული საწამლავი გადასცეს, რომლისგანაც ის ღმერთმა დაიფარა. ამ ფაქტის მოწმეებად და თვითმხილველებლად სოლომონ მეფე არქიმანდრიტ ბენედიქტეს და პოდპოლკოვნიკ ათანასე იურის ძე ბოლენცოვს ასახელებს. მეფე იმპერატორს სთხოვს, რომ მოწყალება გამოიჩინოს და დაუბრუნოს მას მისი სამკვიდრო, რათა თავის წინაპრებთან ერთად დაიმარხოს «удостоить нашего достояния, дабы с предками моими было тело мое и изтлело».8 როგორც შემდეგ გაირკვა, წერილს იმპერატორამდე არ მიუღწევია, მაგრამ კიდევაც რომ მიეღწია, ამით არაფერი შეიცვლებოდა.

1811 წლის 20 ოქტომბერს სოლომონ II ახალ მთავარმმართებელ მარკიზ პაულუჩს აცნობებს, რომ მის ბრძანებას ვერ შეასრულებს და ვერ წამოვა: „გარნა ვინადგან წარმოსვლა ჩემი გებრძანათ, რომელიცა შეუძლებელ არს…“ დანარჩენ სათქმელს თავადი იოსებ ენდრონიკოვი მოგახსენებთო. მეფე ასევე გზავნიდა ათანასე პორფიროვს.9

1811 წლის 14 ნოემბერს მარკიზ პაულუჩიმ სოლომონ მეფეს რუსეთის ფარგლებში დაბრუნება ურჩია, ასევე აცნობა, რომ მისივე საკეთილდღეოდ არ გაგზავნა იმპერატორის სახელზე მიწერილი წერილი, რომელიც თავისი შინაარსის გამო, სავალალო შედეგებს გამოიღებდა.

მეფემ უკვე იცოდა რუსი დიდმოხელეების დაპირებების ფასი, რის გამოც დაბრუნებას არ აპირებდა. ბრძოლაზე ფიქრს არ წყვეტდა. მხოლოდ იმერეთში როდი გზავნიდა წერილებს. 1812 წლის 1 ივლისს მეფე სოლომონმა წერილით მიმართა არაგველებს, თუშებს, ხევსურებსა და ფშაველებს, ყველა მთიელს. აქებს მათ ვაჟკაცობას და ბაგრატიონთა მიმართ ერთგულებას, აცნობებს, რომ დიდი ხელმწიფის (სულთნის) წყალობით, ჩქარა აურაცხელი ჯარით შემოვა იმერეთში, მისი მომხრეები მთიელებთანაც მივლენ. „ჩვენ ხომ მხოლოდ იმერეთის საქმე არ გვაქვს“, რადგან თქვენ ბაგრატიონთა გამო სისხლს ღვრით „ჩვენც გვსურს ჩვენი სისხლი თქვენს კეთილ სისხლს შევურიოთ. აი, ჩვენ უკვე მოვედით აურაცხელი ჯარებით - იმ მხრიდან ალექსანდრე ბატონიშვილი და აქედან ჩვენ. ახლა თქვენზე და თქვენს გამორჩეულ ვაჟკაცობაზეა დამოკიდებული, როგორ შემატყობინებთ თქვენი დიდების შესახებ“.11

ახალციხიდან მეფე არზერუმში გადავიდა, იქიდან კი ტრაპიზონში, რომლის გუბერნატორად ქართველი მუსლიმი ოსმან-ფაშა ხეზინდარაშვილი (თურქულად - ჰაზნე დაროღლუ, ჰეზიდეროღლუ) იყო. მას მოხელეებად ძირითადად ბათუმელები ჰყავდა დანიშნული. სოლომონის პატივსაცემად აღლუმი გაიმართა.12

ზ. ჭიჭინაძე გადმოგვცემს, რომ „ტრაპიზონში იყო ერთი დიდი სახლი, საქართველოს მეფეების საკუთრება, სადაც ისადგურებდნენ ხოლმე ქართველი მეფენი, ბატონიშვილები და სხვადასხვა მოგზაურნიც, რომელნიც სტამბოლში მოგზაურობდნენ ხოლმე საქართველოდან“.13 ზ. ჭიჭინაძეს მოჰყავს 100 წლის მოხუცის, ხუსეინ ქაიჯარაძის მონათხრობი: „ის სახლი ქართველ ხელმწიფეების და ფადიშაჰების იყოვო“. ეს ცნობა რომ ნდობას არ იმსახურებს ზემომოყვანილი წინადადებიდან ნათლად ჩანს. ქართველ ხელმწიფეებს და ფადიშაჰებს საერთო სახლი ვერ ექნებოდათ.

ზ. ბატიაშვილმა თავის ნაშრომში „ქართველები ოსმალური პერიოდის ტრაპიზონში“ გამოჰყო ცალკე თავი „სოლომონ მეფე ტრაპიზონში“, სადაც ოსმალურ არქივში მოპოვებულ რამდენიმე დოკუმენტზე და ცნობილი მკვლევარი ენტონი ბრაიერის ნაშრომზე დაყრდნობით, უტყუარ ცნობებს გვაწვდის: „ტრაპიზონში თავშეფარებულ სოლომონს ოსმალეთის დახმარების იმედი ჰქონდა. მან ამ მიზნით თავისი ორი ელჩი - ქაიხოსრო და დავითი სტამბოლში გააგზავნა. დედაქალაქში ჩასული ელჩები სულთანს შეხვდნენ და დახმარება ითხოვეს. ელჩები დახმარების სანაცვლოდ ოსმალეთს ქვეშევრდომობას და ხარკის გადახდას, ასევე იმერეთში 4 - 5 ათასი ოსმალო ჯარისკაცის ჩაყენებას და მოკავშირეობას თანხმდებოდნენ“.14

ელჩები სტამბოლში ვაჰიდ ეფენდისაც შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი და ორი თარჯიმანი, განიხილეს რუსების საქართველოში არსებული სამხედრო ძალების, ქართული სამთავროების ურთიერთ და რუსეთთან დამოკიდებულების, რუსების საქართველოდან გაძევების და სოლომონის და მისი მომხრეების უკან დაბრუნების საკითხები. ამ მიზნით მომზადდა გარკვეული გეგმა, რომლის მიხედვითაც ჯანიკიდან ოციათასი, ტრაპიზონიდან, ყარსიდან, არზერუმიდან და სხვა ადგილებიდან ათი ათასი ჯარისკაცი და შესაბამისი შეიარაღება გაიგზავნებოდა, დახმარებას სთხვდნენ სამეგრელოსა და გურიის მთავრებს და ქართული სამთავროები აჯანყდებოდნენ რუსების წინააღმდეგ. ელჩებმა კონსტანტინოპოლის პატრიარქს რუსული ორიენტაციის ქართველი მთავრებისა და თავადების ანათემაზე გადაცემაც მოსთხოვეს.15

ოსმალებმა სოლომონი მეფედ სცნეს და მას ყველანაირ დახმარებას დაპირდნენ. რეგიონის ვალებს სოლომონის დახმარება დაევალათ.16 ამის შემდეგ სოლომონს 1811 წლის აპრილში ფირმანიც მიწერეს. მეფეს ხალათი და იმერეთის („აჩიქბაში“) ხანობის დამადასტურებელი სულთნის სიგელი, ასევე ხუთი ათასი ყურუში გაუგზავნეს.17

რუსეთმა ოსმალეთს სოლომონის გადაცემა მოსთხოვა.18 მართალია, პორტამ ქართველი მეფე არ გაწირა, მაგრამ შექმნილი საერთაშორისო სიტუაციის გამო ვერც რეალური დახმარების გაწევა შეეძლო. სოლომონმა მოგვიანებით კიდევ ერთხელ სთხოვა ოსმალეთს დახმარება, მაგრამ უშედეგოდ.

როგორც სტამბოლიდან ელჩი იტალინსკი 1814 წლის 2 მარტს სწერდა გენერალ რტისჩევს, ოსმალეთს სახელმწიფო უკვე აღარ ეხმარებოდა სოლომონს. 1815 წლის იანვრისთვის სოლომონს თავდაპირველი ოთხასკაციანი ამალიდან მასთან მხოლოდ ოცი კაციღა ჰყავდა შემორჩენილი. დახმარების შეწყვეტის გამო მათ ცხენებისა და იარაღის გაყიდვა მოუწიათ. მეფეს სიცოცხლის ბოლომდე არ მოშორებია ყველაზე ერთგული ადამიანები ქაიხოსრო და სიმონ წერეთლები.

ტრაპიზონში მყოფმა ქართველმა მეფემ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა საფრანგეთის კონსულთან, რომელიც ნაპოლეონის ერთგვარი თვალი იყო ამ რეგიონში (სოლომონმა წერილიც კი მიწერა ნაპოლეონს დახმარების მიღების იმედით, მაგრამ უშედეგოდ). კონსულს ბევრი რამ სმენოდა სოლომონის შესახებ და თურმე ადრევე ფიქრობდა მასთან დაახლოებას, რომ აჯანყებაში ხელი შეეწყო. აჯანყების შემთხვევაში რუსთა ძალები დაიქსაქსებოდა და ნაპოლეონს რუსეთის დაპყრობა გაუადვილდებოდა. სოლომონმა აჯანყების სამზადისი დაიწყო, რისთვისაც ოსმალეთის სულთანთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას“.19 ის ამ მიზნით დასავლეთ საქართველოშიც (აფხაზეთში) ჩასულა, მაგრამ უშედეგოდ. ზ. ბატიაშვილის მიერ მოტანილი დანარჩენი ცნობები მეფე სოლომონის საფლავს შეეხება. როგორც ვხედავთ, ტრაპიზონში მეფე სოლომონის ცხოვრების ამსახველი, დღემდე ცნობილი მასალები, საკმაოდ მწირია. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დოკუმენტი პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო ბრუნვაში. ოსმალურ არქივში დაცული აღმოჩნდა თურქი მოხელის წერილი (26 ნოემბერი, 1812 წ.), რომელიც სოლომონ მეფეს ეხება: „ანატოლიაში მდებარე ციხეები და ადგილები, რომლებიც რუსებს აქვთ დაპყრობილი; აგრეთვე იმერეთის მდგომარეობა - აი მთავარი თემები რუსების მიერ დაგზავნილი შეტყობინებისა. პირველი არის რუსი მთავარსარდლის პასუხი, დანარჩენი კი - მისი წერილები, გაგზავნილი რუსეთის ელჩისთვის სტამბოლში. მთავარსარდლის წერილის გულდასმით შესწავლამ გამოავლინა, რომ ის შეიცავს განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ზავის პირობებს. მაგალითად, ის აცხადებს, რომ მან გაამაგრა ფორტიფიკაცია, იმერეთის ირგვლივ, სოხუმის, ანაკლიის და კემალის. ასეთ პირობებში, ძნელია სოლომონ მეფის, იმერეთის მეფის, 4000 ჯარისკაცით, თავის სამფლობელოში გაგზავნა, ანუ მეფის დაბრუნება ამ ძალებთან ერთად, რომლებსაც ის გაუძღვება და თავისი ავტორიტეტის წყალობით იმერლებს შეაგროვებს. ეს ყოველივე გააღიზიანებს რუსებს. ეს მოსაზრება ადრე ორივემ მივწერეთ პორტას, მეც და ტრაპიზონის წინამორბედმა გუბერნატორმა, ემინ ფაშამ. რუსი გენერლის მიერ ომის დროს დაპყრობილი საქართველოს ირგვლივ მდებარე ტერიტორიების განთავისუფლება, ზავის პუნქტებში შედიოდა. ჩვენ გავათავისუფეთ ახალქალაქი, ფოთი, ანაპის და სოხუმის ციხეები. ამის საპასუხოდ, ეწერა, რომ მოცემულ დროს, რუსეთის მთავრობას არ ჰქონდა ციხეებისა და საქართველოს დანარჩენი ნაწილის განთავისუფლების სურვილი იმ მოტივით, რომ მათი დაპყრობა ომამდე მოხდა. ხაზგასმულია, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორ სახელმწიფოს შორის. ტრაპიზონის გუბერნატორმა ესეც მიწერა პორტას. რაც არ უნდა იყოს, ვინაიდან ახალი ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულება წინა ხელშეკრულებას ადასტურებს, საქართველოს შემოგარენი ლევაჩიკთან (?) ერთად, ოტომანებს რჩებათ. მდინარე ყუბანი მიჩნეული იყო საზღვრად და რუსეთის იმპერიას ეთხოვა ტერიტორიების დაცლა, ხელშეკრულების შესაბამისად. ეს ნათელია და შემდგომ განმარტებას არ საჭიროებს. მიუხედავად ამისა, რუსი თანამდებობის პირების მერყეობა და შემდგომი წინააღმდეგობა ხაზგასმული იყო და ოფიციალური განმარტება მოეთხოვა რუსეთის ელჩს სტამბოლში. ელჩმა, თავის მხრივ გვაცნობა, რომ მან მისწერა თავის ქვეყანას, პირობა მოგვცა, რომ დეტალურ პასუხს გაგვცემდა 45 დღის განმავლობაში. ეს ვადა რამდენიმე დღეში იწურება. ზემოხსენებული საკითხების თაობაზე საიმპერიო ბრძანების მიღებამდე, რუსი სარდლისთვის, რომელიც ტფილისში იმყოფება, პასუხი გაგზავნილი არ ყოფილა. დაწერილიც რომ ყოფილიყო, ნათელია, რომ დადებით შედეგს არ გამოიღებდა. სანამ წინასწარ დათქმული დრო სამ დღეში დასრულდება, ჩვენ ველოდებით პასუხს და გთხოვთ, პასუხი სასწრაფოდ გადმოგვიგზავნოთ. თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენ სარდალს იქამდე ვუპასუხოთ, სანამ წერილს მივიღებდეთ, გთხოვთ სასწრაფოდ გვაცნობოთ“.20

ოსმალურ არქივში ასევე მივაკვლიეთ იმერელი თავადების მიერ მეფისთვის გაგზავნილ წერილებს: „ქ. ღმერთმან მათის უმაღლესობის სრულიად იმერთა მეფის სოლომონის ჭირი მისცეს მათს ერდგულს ყმას იმერეთის თავადს ერთობით წულუკიძეს აგიაშვილს მიქელაძეს ნიჟარაძეს ლორთქიფანიძეს და სხვას ერთობით იმერეთის ხალხს. ჩვენს ხელმწიფეს ვთხოვთ წყალობას თქვენის ბედნიერათ ბრძანების ამბავი გვიბრძანოთ. სხვა ამას გარდა სულ იმერეთის ხალხი დიდიდან მცირემდის რა თქვენ მად წაბრძანდით მასუკეთ სულ ერთათ შეკრებილი გახლავართ და თქვენის ამბის მოუკარებელი გახლდით აქნამდის რომ ან ნებით მობრძანდება ან ძალით. ახლა ერთი ბეჯითი გამოგვიცხადე რა ამბავს ჩვენზედ თუ აპირებთ მობრძანებას ან ნებით და ან ძალით. თუ ძალით მოხვალთ ჩვენს კაცობას და თქვენზედ ერდგულობას მაშინ გამოვაჩენთ. ამასაც ფიცით გარწმუნებთ, რომ მთელი იმერეთის ხალხის სისხლი დიდებულის და ცათა სწორის ხემწიფის და თქვენის ერდგულობისთვის იყოს გამზადებული. ამასაც მოგახსენებთ თუ გვიბრძანებთ სულ მად გიახლებით მაგრამ მად ჩვენ თქვენ უნდა გაწუხებდეთ და ჩვენი ცოლშვილი რუსმა უნდა აიკლოს. ეს რა თქვენი შესამატი იქნება. ახლა ვითხოვთ წყალობას ერთი ბეჯითი და გამოტეხილი გვიბრძანოთ და თუ არა გვეშველებარა აწ ამათის ხელისაგან გამოხსნა ჩვენს თავს სხვეფ უპატრონოთ გევედრებით სწორეთ ბეჯითი გვიბრძანოთ რა საქმეში ადგეთ“.21 დარტყმული აქვს შვიდი ბეჭედი. წერილი უთარიღოა. 1814 წელს უნდა იყოს დაწერილი, ვინაიდან იმავე არქივში აღმოჩნდა 1814 წლით დათარიღებული მსგავსი შინაარსის წერილები. 4 აპრილს მანუჩარ დადიანი წერს მეფეს, რომ ხალხს უკვირს, თუ რატომ არ ჩადის ის ფოთში. იმავე დღეს არის გაგზავნილი „გურიის ხალხის თხოვნა იმერეთის მეფისადმი“. ბეჭედდასმული და ხელმოწერილი: „ჩვენამდე მოაღწია ახალმა ამბავმა ჩვენს ქვეყანაში თქვენი მომავალი ჩამოსვლის შესახებ. ჩვენ ყველანი, თავადაზნაურობა და ღარიბები, შევიკრიბეთ გარკვეულ ადგილზე და ველოდებით თქვენს ბრძანებებს. რას გვიბრძანებთ? თუ თქვენ დაბრუნება გსურთ, ჩვენ მზად ვართ თქვენი ბრძანება შევასრულოთ, პატივი გცეთ და ერთგულება გიჩვენოთ. თქვენი ყველა ქვეშევრდომი მზად არის თავი გაწიროს თქვენთვის. თუ თქვენ გვიბრძანებთ, ჩვენ მოვალთ თქვენთან, მაგრამ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიქნებით (თქვენი) თანამზრახველები. მეორეც, ცხადია, რომ რუსები ჩამოგვართმევენ მთელ ქონებას და შეაწუხებენ ჩვენს ოჯახებს და ღარიბებს. ეს თქვენ არაფერში წაგადგებათ. დაბოლოს, გთხოვთ, გვაცნობოთ დარჩენას აპირებთ თუ არა. თუ თქვენ ვერ დაგვიხსნით რუსების ჩაგვრისაგან, ჩვენ შეგვიძლია ზომების მიღება მხოლოდ თავის გადასარჩენად. გთხოვთ, გვითხრათ თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ ამას გთხოვთ“.22

იმავე პერიოდის მოვლენებს აშუქებს „აქტების“ მე-5 ტომში გამოქვეყნებული შემდეგი დოკუმენტი: 1814 წლის 2 მარტს თურქეთში რუსეთის დესპანი იტალინსკი გენ. რტიშჩევს აცნობებს, რომ მეფე სოლომონის ნათესავი (დის ქმარი), მის მიერ გამოგზავნილი მალხაზ-ბეი, დაბრუნდა თავის გამომგზავნელთან. პორტამ მას 2000 პიასტრი მისცა საგზაო ხარჯებზე. სამინისტრომ გამოუცხადა, რომ მეფე სოლომონის მიერ მისთვის დავალებული კომისიის შესახებ უნდა მიწერილ იქნას ხაზინადარ - ოღლისთან, ჯანიკის მუხასილთან, ტრაპიზონის ფაშასთან.

იტალინსკის შეუტყვია ამ ფაშას მიერ პორტასთვის აღნიშნული საკითხის თაობაზე გაგზავნილი წერილის შინაარსი: ხაზინადარ-ოღლი იუწყება, რომ სოლომონმა, რომელიც ერზერუმის მიდამოებში იმყოფებოდა, გაგზავნა მალხაზ-ბეი პორტასგან დახმარების თხოვნით, რომელიც მდგომარეობს მისი სამხედრო აღჭურვილობით და ფულით უზრუნველყოფაში, რასაც მოახმარდა იმერეთში არსებულ თავის ძლიერ პარტიას და პორტას სურვილის შესაბამისად, აღიდგენდა თავს თავის სამფლობელოში. ხაზინადარ-ოღლი აღნიშნავს, რომ სოლომონის მტკიცება იმერლებს შორის მისი მომხრეთა ძლიერი პარტიის არსებობის შესახებ ნაკლებად სარწმუნოა.23 თავის მხრივ, 1814 წლის 18 მაისს, მეფე სოლომონის ამალის წევრებს სულთნისთვის ბეჭედდასმული და ხელმოწერილი წერილები გაუგზავნიათ, რაც ოსმალურ არქივში აღმოჩნდა დაცული: „ჩვენ გთხოვთ განთავისუფლებას რუსული უღლისაგან და ჩაგვრისაგან, ყველა ქართველი გემუდარებით და ღმერთს ვთხოვთ თქვენს შემწეობას თქვენი მტრების განადგურებასა და მათზე გამარჯვების მოპოვებაში. ჩვენ ყველანი მეფე სოლომონის მორჩილნი და ერთგულნი ვართ. უფლის დახმარებით და თქვენი უდიდებულესობის კეთილგანწყობით, ეს საქმე გადაწყდება დიდი სიძნელეების გარეშე. ჩვენ გემუდარებით არ დატოვოთ ქართველი ხალხი რუსების ხელში. რუსები მოღალატურად შემოვიდნენ და გვაქციეს მაწანწალებად, ყოველგვარი მიზნის გარეშე. გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი პეტიცია. გარდა ამისა, მეფის სიძე და წარჩინებული - მალხაზი, ზეპირად გადმოგცემთ ამ საკითხებს ჩვენ ველოდებით თქვენს წყალობას.“24

როგორც ოსმალური დოკუმენტებიდან ჩანს, მეფეს გამოწვევა მიუღია და ფოთში ჩასულა. 1814 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში, რომელიც თურქული მხარის წარმომადგენელს ეკუთვნის, ნათქვამია: „მე მივიღე საიმპერიო ბრძანებულება, რაც ეხება იმერეთის ქვეყნისა და ამ მხარეში ზოგიერთი ციხის განთავისუფლებას. რუსები არ უკვირდებიან ხელშეკრულების პირობებს და ჯერაც არ დაუცლიათ. ქართველი ხალხი ზემოხსენებულ მეფეს უჭერს მხარს და რუსები აუცილებლად დაცლიან ამ ადგილებს, თუ საიმპერიო (იგულისხმება ოტომანტა იმპერია - მ.ხ.) ედიქტი გამოიცემა ამ საკითხზე. ეს საკითხები ასევე განმარტებული იყო მისი სიძის, მალხაზის, მიერ პორტაში გაგზავნილ წერილში. ის ასევე ითხოვს ფინანსურ დახმარებას. როგორც ორი პეტიციიდან ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დადიანი რუსების ქვეშევრდომი გახდა, დანარჩენები მეფის მორჩილნი არიან. ხსენებული მეფე ამჟამად ფოთში იმყოფება და უდიდებულესობის ბრძანებას ელოდება“.25 ასევე, პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო ბრუნვაში დოკუმენტები, რომლებიც მეფე სოლომონის გარდაცვალებას შეხება. დღის წესრიგში დგება ახალი მეფის არჩევის საკითხი, მისი ვინაობა მაშინ დადგენილი არ ყოფილა:

ჩემო უდიდებულესობავ,

ტრაპიზონის გუბერნატორმა სულეიმან ფაშამ გამოგზავნა წერილი, რომლითაც გვაუწყა სოლომონ მეფის სიკვდილი. მისი ამალა, რომელიც შედგება 80 თავადის, აზნაურის და სხვებისაგან, ჯერ კიდევ ქალაქში იმყოფება. ფაშა მათ ჩვეულებრივ ამარაგებს საკვებითა და ხელფასით და პატივისცემით ეპყრობა სტუმრებს, ვინაიდან ისინი საქართველოს წარჩინებულთაგან არიან. ამალა აფასებს ფაშას კეთილშობილურ ქცევას. აცხადებენ, რომ თავდაუზოგავად იმსახურებენ ოტომანთა იმპერიის სასიკეთოდ. ისინი აგრეთვე პირობას დებენ, რომ არასოდეს ჩაებმებიან ისეთ ქმედებებში, რაც ჩემი უდიდებულესობის ნების საწინააღმდეგო იქნება. მათი წერილებიც ერთვის ამ წერილს. ზემოხსენებული მეფე ჩვენს საიმპერატორო სამფლობელოში გარდაიცვალა. თავადი (?), მისი სიძე, დადიანი და არცერთი იმერელი არ გვიქმნიან უსიამოვნებებს და კარგად იქცევიან. ისინი ყოველთვის გამოხატავენ თავიანთ მზადყოფნას გულწრფელად ემსახურონ ოტომანებს. ოთხი-ხუთი კაცია, ვისაც მეფობის უფლება აქვს. ერთი მათგანი რუსებს ჰყავთ შეპყრობილი, დანარჩენები (ბიძაშვილები) იმერეთში იმყოფებან. თუ უდიდებულესობის ნებართვა და ბრძანება იქნება, შესაძლებელია მათი მოწვევა ამ მხარეში. ეს ყოველივე ახსნილია თავად სიმონის, მეფის სიძის, წერილში და ზემოხსენებული ჯგუფის ორ თხოვნაში.

მეფის ანდერძით დარჩენილი ქონება დათვლილი და აღნუსხული იქნა, მთელი ქონება შეადგენს 5800 პიასტრს. ხარჯების დაფარვის შემდეგ, დარჩენილი 3376 პიასტრი მის ამალას გადაეცა. ქალაქში მცხოვრები ჯგუფის თითო წევრის ულუფა და შენახვის ხარჯები თვეში 400 პიასტრს აღწევს. სადღეისოდ, თავადების, აზნაურების და სხვათა ხელფასები ზომაგადაჭარბებულია, ამდენად, მე ვიმოქმედებ საიმპერიო ბრძანების შესაბამისად, როგორც ანდერძით დარჩენილი ქონების, ისე, ხელფასების მიმართებით. ყველა ეს საკითხი ნახსენებია ყაპიჩიბაში ჰასან აღას, ტრაპიზონის ლეიტენანტ-გუბერნატორის მოადგილის (მუტესელიმის) წერილში. შინაარსი და შესაბამისი დოკუმენტები ხმამაღლა იქნა წაკითხული საბჭოში (ენაჩუმენ-ი შურაში). სიგელი ტრადიციულად გამოიცემა მეფის დანიშვნის ან გადაყენების დროს. სპეციალური სიგელი ადრევე, სამი თუ ოთხი წლის წინ, განსვენებულ სოლომონ მეფეს მისი ფუნქციების ვადის გასაგრძელებლად გაეგზავნა ბეწვთან ერთად. თუ ჩვენ სიგელს არ გამოვცემთ რუსები იტყვიან, რომ პორტა უარს ამბობს იმერეთზე და ახალ მეფესაც კი არ ნიშნავს. იმისთვის, რომ საწინააღმდეგო დავამტკიცოთ, ტრაპიზნის გუბერნატორს გაეგზავნება სიგელი, რომელშიც გამოტოვებული იქნება ადგილი სახელის ჩასაწერად, ასევე გაეგზავნება ბეწვი. ის კი დანიშნავს თავადებისა და აზნაურების მიერ არჩეულ პიროვნებას, შეავსებს სიგელში დატოვებულ ცარიელ ადგილს, გადასცემს ახალ მეფეს და შემოსავს მას ბეწვით. ეს ყოველივე გუბერნატორს უნდა მივწეროთ.

ამ ხალხის ხელფასების და დანახარჯების მთლიანი ოდენობა 4000 პიასტრს აღწევს. ამის შესახებ, ამჯერად, გუბერნატორს არ უნდა მივწეროთ დაველოდოთ, რომ მუტესელიმმა მიწერსო. ახლა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, როგორც ეს საბჭოში გადაწყდა ჩვენ საიმპერიო ბრძანების თანახმად ვიმოქმედებთ.”26 ეს დოკუმენტიც ამტკიცებს, რომ სოლომონ II ოსმალეთში, სიცოცხლის ბოლომდე მეფის სტატუსით სარგებლობდა.

ვეზირმა მითითებები მიიღო:

ჩემო ვეზირო

საიმპერიო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაგზავნე ბეწვი და სიგელები ცარიელი ადგილებით სახელების ჩასაწერად. უმჯობესი იქნება, თუ ჩვენ ამჟამად უგულებელვყოფთ სურსათ-სანოვაგის საფასურის გადასახადს, ვინაიდან ის მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხას აღწევს. აშკარაა, რომ ტრაპიზონის გუბერნატორი ამ გადასახადს თავისი საკუთარი ქისიდან კი არ გადაიხდის, ცენტრს თხოვს მის გადახდას. ამ საკითხზეც მისაღებია გადაწყვეტილება. (რაც შეიძლება ჩქარა გამოგზავნე ზემოხსენებული სიგელი).“27

აქვეა საიმპერატორო ბრძანება: „საიმპერიო პრინციპების თანახმად, აუცილებელია მმართველების უფლებებით აღჭურვა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩემი ქვეშევრდომების კეთილდღეობა. შესაბამისად, იმერეთის ქვეყანა, ჩემი იმპერიის ტერიტორიაა, ჩემი პატივცემული წინაპრების მიერ დაპყრობილი, მიჯაჭვულია იმპერიაზე და ისლამზე და უნდა გვიხადოს გადასახადი რეგულარულად. სოლომონ ხანი იმერეთის ქვეყნის მმართველი, ახლახან გარდაიცვალა და ახალი მმართველის დანიშვნა არის საჭირო. ეს მმართველი უნდა იყოს მორჩილი და ერთგული პირი იმავე ეროვნებიდან და ქვეყნიდან. იმერეთის ქვეყნის თავადებისა და აზნაურების მიერ ჩემი უდიდებულესობისათვის წარდგენილი თხოვნიდან ცხადი ხდება, რომ თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელიც იმსახრებს ამ თანამდებობას. თანახმად საიმპერიო წერილისა, რომელიც გამოიცა 1815 წელს, ზემოხსენებული იმერეთის ქვეყნის მმართველობა ებოძა… (დოკუმენტის დედანშიც გამოტოვებულია ადგილი - მ.ხ.) და დაინიშნა ახალ ხანად. მე ასევე ვუბრძანე მას, რომ სამართლიანი მმართველი იყოს, დაიცვას ღარიბები, მცირეწლოვანნი და მოხუცები. მე ველოდები მისგან, რომ ჩემს უდიდებულესობას და ქვეყანას ერთგულ სამსახურს გაუწევს და სახელმწიფო საქმეებს სათანადოდ მართავს, არ დაავიწყდება მის ქვეყანაში მომხდარი შემთხვევების თაობაზე პატაკების გამოგზავნა“.28

1815 წლის 27 მარტს გურიის მთავარი მამია პოლკოვნიკ პეჩერსკის მოახსენებდა სოლომონ II-ის სიკვდილის შესახებ. „…მეფე სოლომონ თებერვლის 7 გარდაიცვალა ტრაპიზონს და მისი დანარჩენი კაცი - სახუცისშვილი სვიმონ და ბიჭია მესხი სტამბოლს წასულან და ქაიხოს[რო] წერეთელი და მალხაზ და სხვანი იქ ტრაპიზონს იმყოფებიან…“29 ერთი ხელნაწერი გვაუწყებს: „გარდაიცვალა მეფე სოლომონ არჩილის ძე მეორე ტრაპიზუნს, რომელ არს სამფლობელოთ აწ ოსმალთა და ძველათ იყო საქართველოისა მეფეთა ესე ტრაპიზუტა, სამზღუარი მენგრელთა - საუკუნომცა არს ხსენება მეფის სოლომონისა, რომელიც განიძო რუსთაგან თვისის სამეფოს იმერეთით და აღსრულდა მუნ და დაფლეს გვამი მისი ეკკლესიასა შინა წმიდის გრიგოლისასა, ისევ ქალაქსა ტრაპიზუნს…“30

გენერალ-მაიორ სიმონოვიჩისა და მამია გურიელის პატაკებზე დაყრდნობით, გენ. რტიშჩევმა იმპერატორს მოახსენა, რომ მეფე სოლომონი, რომელიც რამდენიმე წელი დაეხეტებოდა მეზობელ თურქულ ფაშალიყებში, ოტომანთა პორტასგან დაპირებული დახმარების მოლოდინში, რათა ძველებურად იმერეთის სამეფო აღედგინა და გამეფებულიყო, 7 იანვარს ტრაპიზონში გარდაიცვალა, მკერდზე ჩირქოვანი მუწუკისაგან, რომლისგანაც დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდა.

„მეფის ამალიდან სამი იმერელი თავადი გაგზავნილია კონსტანტინოპოლში, რათა სულთანს გამოსთხოვონ უფლება, როგორ უნდა მოექცნენ მეფის ნეშტს და გაარკვიონ როგორ განსაზღვრავს პორტა მეფის ამალის წევრი თავადების და აზნაურების ბედს“.

რტიშჩევი ვარაუდობდა, რომ თუ მეფის ამალის წევრები მოითხოვდნენ მის იმერეთში დაკრძალვას, მიეცა საამისო უფლება, საზღვარზე დაეხვედრებინა იმერეთის უწარჩინებულესი თავადაზნაურობა და სამღვდლოება, სამხედრო ყარაულის დაცვის ქვეშ, ხოლო ამალის წევრებისთვის აკრძალული ყოფილიყო საზღვარზე გადმოსვლა, თუ ისინი წინასწარ არ მოინანიებდნენ დანაშაულს და იმპერატორის მორჩილებას ფიცით არ დაამტკიცებდნენ. მათ პატიებას რტიშჩევი უფრო სასარგებლოდ მიიჩნევდა, იმპერატორის 1814 წლის 30 აგვისტოს მანიფესტის ძალით, ვიდრე მათ დარჩენას თურქულ ფაშალიყებში, საიდანაც მათ თავიანთი ნათესაური კავშირებისა და სხვადასხვა პარტიებზე გავლენის მეშვეობით, ასევე პორტას დახმარებით, შეეძლოთ განხეთქილების ჩამოგდება და არეულობის შექმნა.31 16 მაისს რტიშჩევმა მარიამ დედოფალს შეატყობინა, სოლომონ მეფის გარდაცვალების შესახებ. ის ტრაპიზონში ყველაზე ქრისტიანული წესის დაცვით, ბერძნულ ეკლესიაში დაკრძალესო. გენერალი დედოფალს პირდებოდა, რომ უშუამდგომლებდა მისი და სოლომონ მეფის დის, მარიამ ბატონიშვილის საცხოვრებლად ვორონეჟიდან პეტერბურგში გადაყვანის თაობაზე.32

რტიშჩევმა მართლაც მისწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველს, რომ სოლომონ მეფის გარდაცვალებამ, რომლის „ქარაფშუტობამ და ჭირვეულობამ“ იმპერატორის რისხვა გამოიწვია მისი ოჯახის წევრების მიმართ, გააბათილა ის მიზეზი, რომელიც მოითხოვდა დედაქალაქიდან მათ მოშორებას. ახლა უკვე შეიძლებოდა ამ ორი ბანოვანის პეტერბურგში დასახლება და სხვა ქართველი დედოფლების და ბატონიშვილების მსგავსად უზრუნველყოფა.33

1914 წელს ს. კაკაბაძემ გამოაქვეყნა სოლომონ II-ის მოძღვრის იასე ყანჩაველის წერილი (1817წ.) დედფალ მარიამისადმი. აქედან ვიგებთ, რომ მეფე ნამდვილად ყოფილა ფოთში ჩასული: „ოდეს თქუენი წერილი მიერთვა ბატონს ფოთს ბრძანდებოდა და ავათ იმყოფებოდა“.34 ს. კაკაბაძის კომენტარის თანახმად, მეფე 1813 წლის 29 ოქტომბერს ჩასულა ფოთში.35 წერილიდან ასევე ვიგებთ მეფის სასიკვდილო სენის შესახებ: „ტრაპიზონს წაბრძანდა იქ ექიმი გახლდათ მაგრამ ვერა ქნა რომ წყეულის ჭირისაგან რაც ერთი ბზუკვა იყო. მარჯუენა ძუძუს ქუეთ. ბრძანებდა არ მომარჩენსო და მოახსენებდნენ თავადნი ნუ ბრძანებო. კარგად ბრძანდები ცხენზე ჯდომა შეგიძლია და აგრე. რათ. ბრძანებო მამაკვდამა რაღა უნდა სთქუასო. მაგრამ მე ასე ვგონებ, რომ საღმთო მადლით იცოდა ნახევარი წლით მიხდა თავის განსაცდელს მიბრძანებდა ნიადაგ, რომ მე არ მოვრჩებიო და შენ იციო შენს მეტი მომხსენებელი არ მეყოლება. საკუთარიო და ანაწერი მიბოძა თუ. რამ იქანა. ქონდა ათი. ქესა თეთრი იყო და ათი ქესიც თუ. რამ საქონელი იყო ოცი… ასე ვიცოდვილე ასორმოცდაათს მონასტერზე. მეორეთ მოსულამდი მოსახსენებელი დავსდევი… ერთი ხელი შესამოსელი დავსდევი ბატონის საფლავზე და სამასი მარჩილი სამთავნო იმ წმინდის გრიგოლის ეკლესიაზედ. რომელზედაც ბატონი მარხია. ასე რომ მისმა სარგებელმა წირვა არ უნდა გაუსხლიტოს იმ საფლავზე ეკლესიაში. ქუაზე მიწერილი არის მუღუდელმთავარი დგას იმ ეკლესიაზედ და დიახ სასოებით მიღებული აქუსთ ბატონი ასე რომ. ხატის მსგავსად ემთხუევიან ბატონის საფლავს.“36

ასე დევნილობაში დაასრულა სიცოცხლე თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლმა მეფე სოლომონ მეორემ, რომელსაც შთამომავლობამ სამართლიანად უწოდა “ტანჯული გვირგვინოსანი” და წმინდანად შერაცხა 2005 წლის 27 ივლისს.

2 თავი II. იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყება

▲ზევით დაბრუნება


2.1 2.1. აჯანყების დაწყება

▲ზევით დაბრუნება


1810 წელს იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და კანონიერი მეფის ტახტიდან გადაყენების შემდეგ, რუსეთის მთავრობის წინაშე იმერეთის მმართველობის საკითხი დადგა. ჯერ კიდევ სოლომონ II-ის მეფობის დროს საქართველოს მთავარმართლებლის კანცელარიაში შემუშავდა „დადგენილება იმერეთის ოლქის შიდა მმართველობის შესახებ“.1 თავისი არსით ეს იყო გამარტივებული და იმერეთის პირობებთან გარკვეულწილად მისადაგებული „დადგენილება საქართველოში შიდა მმართველობის შესახებ“,2 რომელიც 1801 წლის 12 სექტემბერს იქნა დამტკიცებული. საქართველოს ქართლ-კახეთის ყოფილ სამეფოს უწოდებდნენ, ხოლო უფრო ვიწრო გაგებით, ქართლს. როგორც მ. ხელთუფლიშვილი აღნიშნავს, ქართლ-კახეთის სამეფოს „თითქმის ყველა დოკუმენტში, შეცდომით, საქართველო ეწოდება“.3

იმერეთისთვის დაწერილი დადგენილება ალექსანდრე I-მა დაამტკიცა, მაგრამ მისი ამოქმედება, იმერეთში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გამო, ვერ მოხერხდა. 1810 წელს დასავლეთ საქართველოში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა. ამას დაერთო ნაადრევად დამდგარი ყინვები, რამაც ჭირნახული მოსპო. ჩამოვარდა საშინელი შიმშილი. თანამედროვე ისტორიკოსი ნ. დადიანი შექმნილ ვითარებას ასე აგვიწერს: „გაჩნდა იმერეთსა შინა, ოდიშსა და გურიასა საშინელი მომსვრელი სენი და საკვირველი სიყმილი, რომელ უთვალავნი მოისრნენ და მრავალი განიბნენ, კნინღა და შუა გაიყო ყოველნი ქუეყანანი“.4 გენერალი ტორმასოვი რუსეთის ერთგულთა წახალისებაზე ზრუნავდა. მან ორჯერ გაუგზავნა იმპერატორ ალექსანდრე I-ს იმ პირების სია, ვინც მეფე სოლომონის წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა. იმპერეტორმაც 1811 წელს 25 მაისს თავისი ბრძანებულებით დააჯილდოვა „ქართველი, იმერელი, მეგრელი და გურული თავადები, სასულიერო პირები და აზნაურები, რომლებმაც თავისი ერთგულება გამოავლინეს“ მეფისა და მეფის მეთაურობით აჯანყებულთა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს. სიის თავში დასახელებული იყო სახლთუხუცესი პოლკოვნიკი თავადი ზურაბ წერეთელი. მას გენერალ-მაიორის ჩინი, შესაბამისი ხელფასი და წმინდა ანას პირველი კლასის ორდენი ებოძა. შემდეგი იყო მისი შვილი, გიორგი წერეთელი, ხოლო მესამის, სარდალ გრიგოლ წულუკიძის დაჯილდოებას ახლდა მინაწერი, რომელიც ტორმასოვს ნებას რთავდა თავისი შეხედულებისმებრ მოქცეულიყო: გამოეცხადებინა წულუკიძისთვის დაჯილდოების შესახებ, ან ამოეღო სიიდან, თუ ის ასეთი წყალობის ღირსი არ აღმოჩნდებოდა. ამ სამი იმერელი თავადის შემდეგ, ცალკე იყო 18 იმერელი თავადის სია კონკრეტული ჯილდოების მითითებით. იმერეთის სამღვდელოების სიიდან აღვნიშნავთ გენათელ და ქუთათელ მიტროპოლიტებს, რადგან სულ რამდენიმე წლის შემდეგ მათ სასტიკად გაუსწორდებიან. იმჯერად კი პირველი მათგანი წმინდა ანას პირველი კლასის ორდენით, მდიდრულად მორთული პანაღეით და ორი ათასი მანეთით დააჯილდოეს, მეორე - წმინდა ანას ორდენით.5 საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო იმერელი აზნაურების სია. ზოგს სამხედრო ჩინი უბოძეს შესაბამისი წლიური ხელფასის დანიშვნით, ზოგს მიწა, ზოგს ერთჯერადად გამოეყო 100 მანეთი. ოქროს მედლები და ას-ასი მანეთი ებოძათ ორ კათოლიკეს, მესამეს კი მხოლოდ 100 მანეთი. ასევე დაჯილდოვდნენ რუსეთის ერთგულების გამო დასჯილი სხვადასხვა წოდების პირები. ცალკე არიან გამოყოფილი სამეგრელოს და გურიის მთავრები. გენერალ-მაიორს და წმინდა ანას პირველი კლასის ორდენის კავალერს, ლევან დადიანს წმინდა ვლადიმერის მეორე ხარისხის ორდენი ებოძა. პოლკოვნიკ მამია გურიელს - წმინდა ანას პირველი კლასის ორდენი. ასევე დაჯილდოვდნენ მათთან მყოფი თავადები: ნიკოლოზ დადიანი, მანუჩარ შარვაშიძე, ბერი გელოვანი, ქაიხოსრო გურიელი, ვახტანგ ერისთავი, ლევან გელოვანი, როსტომ გელოვანი და გრიგოლ ახვლედიანი. შემდეგ მოდის „ქართველი თავადების“ ჩამონათვალი. დაჯილდოებულთა სია „ქართველი აზნაურებით“ სრულდება.6 1811 წლის 28 ნოემბერს პოლიციის მინისტრმა, უზენაესი ბრძანების თანახმად, მარკიზ პაულუჩის დაავალა თავისი მოსაზრებების წარდგენა იმერეთში უკეთესი მმართველობის შემოღების თაობაზე, რაც შესრულებული ვერ იქნა, პაულუჩის მიერ საქართველოდან გამგზავრების გამო. ამ დავალების შესრულება გენ. რტიშჩევმა იტვირთა. მისი აზრით, იმერეთში სავალალო მდგომარეობის გამო, შეუძლებელი იყო მმართველობის რაიმე ახალი ფორმის შემოღება. ამასთან, ის ეყრდნობოდა სიმონოვიჩის მიერ წარდგენილ მოსაზრებებს: 1811 წლიდან იმერეთში ისეთი შიმშილი მძვინვარებდა, რომ მშობლები საკუთარ შვილებს მონებად ჰყიდდნენ და სასიკვდილო წყლულმა იმდენად დააცარიელა იმერეთი, რომ ხალხის ერთი მესამედი თუ გადარჩა. თვით იმპერატორის ჯარები, რომლებსაც დაცარიელებულ იმერეთს იცავდნენ, საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ: მიწა მოსავალს არ იძლეოდა, გადამდებმა ავადმყოფობამ მათ რიგებშიც შეაღწია. მათ განუწყვეტლივ ემუქრებოდა თურქების თავდასხმა, რომლებიც თავისი ძალები მზადყოფნაში მოჰყავდათ მეფე სოლომონის წაქეზებით. მეფეს ერზერუმის სერასკირი მფარველობდა და მის დასახმარებლად ჯარს აგროვებდა იმერეთში შესაჭრელად. ამგვარ პირობებში არ არსებობდა არავითარი საშუალება იქ ახალი მმართველობის შემოსაღებად, რუსული მხარის მთავარი ამოცანა საკუთარ ჯარზე ზრუნვა უნდა ყოფილიყო.

რტიშჩევის აზრით, იმერეთის მოწყობით დაკავება მხოლოდ მას შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი, როცა მდგომარეობა რამდენადმე გამოსწორდებოდა. „ხოლო ეს იქამდე არ მოხდება, სანამ არ აღსდგება მშვიდობა ოტომანთა პორტასთან, ვინაიდან მაშინ გაქცეული მეფე სოლომონი დაკარგავს პორტას მფარველობას და იმერეთში არეულობის გამოწვევის ყველა საშუალებას“7. იქამდე კი, იმერეთში მმართველობა არ უნდა შეცვლილიყო.

შექმნილ უმძიმეს პირობებში გენ.-მაიორმა სიმონოვიჩმა ითხოვა, რომ მისთვის თანაშემწედ დაენიშნათ რუსეთის ერთგული იმერელი სახლთუხუცესი, გენ.-მაიორი წერეთელი. მდივან-ბეგებს და ოლქების უფროსებს თავისი თანაშემწეებით, ძველებურად, თანამდებობები უნდა შეენარჩუნებინათ.8 რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა იმერეთის მოსახლეობისათვის 70 ათასამდე ფუთი პური გამოეყო, მაგრამ მოხელეებმა ეს ულუფა მთლიანად არ გაიმეტეს მოსახლეობისათვის.9 გენ.-მაიორი სიმონოვიჩი გენ. რტიშჩევს უგზავნის პატაკს, სადაც მოახსენებს თავის მოსაზრებებს იმერეთის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მისი თქმით, განადგურებული იყო თავს დატეხილი სხვადასხვა უბედურებისაგან. შენიშვნებში ნათქვამია:

1. იმერეთში ნავარაუდევი იყო სამხარეო მთავრობის დანიშვნა, მაგრამ იმერეთში ჩამოვარდნილი შიმშილობისა და გადამდები ავადმყოფობის ეპიდემიის გამო, ასევე იმის მიზეზით, რომ თურქების მფარველობის ქვეშ მყოფ მეფე სოლომონს არეულობა შეჰქონდა, განზრახვის განხორციელება გადაიდო სხვა უფრო ხელსაყრელი დროისათვის.

2. 1810 წელს იმერეთიდან მეფის მოშორების შემდეგ, მთელი იმერეთი დაიყო 6 ოლქად, თითოეულში დაინიშნა სამხედრო მოხელეებიდან საოლქო უფროსი, რომელსაც ჰყავდა 2 თანაშემწე იმერეთის აზნაურობიდან, საზოგადოების მიერ არჩევის საფუძველზე. ამ მოხელეებს უნდა გაერჩიათ საქმეები, რომელთა ღირებულება არ აღემატებოდა 50 მანეთს ვერცხლით. ქუთაისში დაინიშნა კომენდანტი, რომელსაც ევალებოდა ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობა და წესრიგის დაცვა. სამხარეო მთავრობა დაარსდა ქუთაისში და შედგებოდა 4 მდივან-ბეგისაგან იმერელ თავადთაგან, რომლებსაც თავადაზნაურობა ირჩევდა და რამდენიმე რუსი სამოქალაქო მოხელისაგან. ისინი იქაური სამხედრო მეთაურის ხელმძღვანელობით არჩევდნენ და წყვეტდნენ საქმეებს, რომელთა ღირებულება 50-დან 500 მანეთამდე აღწევდა. ასევე განაგებდნენ სახაზინო ნაწილს და სისხლის სამართლის საქმეებს; მკვლელობის ჩადენისათვის ნაბრძანები იყო დამნაშავეთა გადაცემა სამხედრო სასამართლოში და მათი საქმეების წარდგენა მთავარსარდლისათვის მთავრობის მოსაზრებასთან ერთად. მთავარსარდალს ასევე წარედგინებოდა ის საქმეები, რომელთა ღირებულება აღემატებოდა 500 მანეთს ვერცხლით.

3. იმერეთში ჩამოვარდნილი შიმშილის და ეპიდემიის გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი ამოწყდა, მეორე ნაწილი გადასახლდა მეზობელ პროვინციებში. ამიტომ ზემოხსენებული მმართველობა მოიშალა და აღარ არსებობდა სათანადო სახით. სიმონოვიჩი იმერეთის უბედურების სათავედ მეფე სოლომონს ასახელებს, რომელმაც 1810 წელს აჯანყება მოაწყო. შემდეგ იყო შიმშილი და გადამდები ავადმყოფობა, ასევე წყალდიდობა. ხალხი გაიფანტა მეზობელ პროვინციებში: ქართლში, გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთსა და ახალციხის ფაშალიყში, მეორე ნაწილი ტყეებში გაიხიზნა. ამ გარემოებებმა ხელი შეუშალა იმერეთის შემოსავლებისა და მოსახლეობის აღწერას. იმერეთის მოსახლეობა, სავარაუდოდ 20 ათასიდან 25 ათასამდე კომლს შეადგენდა. ხსენებული მოვლენების შემდეგ კი განახევრდა. ეპიდემია მეზობელ სამთავროებშიც გავრცელდა. სიმონოვიჩი ამბობს, რომ ამ ხალხებში აქამდე ვერაფერმა შეძლო ნდობისა და ერთგულების ჩასახვა რუსული მთავრობის მიმართ, რომელსაც ისინი, განსაკუთრებით კი იმერლები, თავიანთი უბედურების მიზეზად მიიჩნევდნენ. 1810 წლის აჯანყების შემდეგაც მათი სურვილი მიმართულია იმერეთში მეფის აღდგენაზე, სახელდობრ კი სოლომონისა, რომელთანაც არ წყვეტენ საიდუმლო კავშირს რუსული მთავრობის საზიანოდ. მეფე კი, თავის მხრივ, იმყოფება რა პორტას მფარველობის ქვეშ ერზერუმის სერასკირთან, ცდილობს გამოითხოვოს თურქებისაგან დამხმარე ჯარი იმერეთის დასაბრუნებლადო. ამ მიზეზის გამო, იმერლები 1811 წელს, სხვადასხვა საბაბით, აფერხებდნენ უზენაეს კარზე დეპუტატების გამგზავრებას; სიმონოვიჩი ასკვნიდა, რომ სანამ იარსებებს თურქებთან ომი და მეფე სოლომონი მათთან იქნება, იმერეთში სიმშვიდე ვერ დაისადგურებს. ამიტომ ჯერჯერობით იმერეთის მმართველობა უცვლელად უნდა დარჩენილიყო.10 ოსმალეთის პორტა ყოველ ზომას ხმარობდა დასავლეთ საქართველოდან რუსების განდევნისა და დაკარგული ზღვისპირის დაბრუნებისათვის, რომლის მოსახლეობას სულთანი ასე მიმართავდა: „ამასთან მოველით ქართველი ხალხის პასუხს. ჩვენ ვბრძანეთ ფირმანების დაწერა და გაგზავნა, რომ ქართველი ხალხით უკმაყოფილო ვართ იმის გამო, რომ ის რუსეთს დამორჩილდა.“11

რუსეთ-თურქეთის პირველი ხელშეკრულება, რომელიც დასავლეთ საქართველოს შეეხო, იყო 1774 წელს ხელმოწერილი კიუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება, რომლის ძალით, რუსეთი მყარად დამკვიდრდა შავი ზღვის სანაპიროზე და შეუდგა საზღვაო ფლოტის შექმნას. ახლა მას უკვე თავისი შეიარაღებული ძალები ჰყავდა შავ ზღვაზე.12 მას შემდეგ რუსეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა არაერთხელ შეიცვალა. ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. 1802 წელს დაიდო რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება მოლდოვის და ვლახეთის სტატუსის შესახებ. ამის შემდეგ, ნაპოლეონი დაუბრუნდა თურქეთის მფარველობის ძველ პოლიტიკას და დიდი გავლენა მოიპოვა დივანზე.13

რუსეთ-თურქეთის ახალი ხელშეკრულება დაიდო 1805 წლის 23 სექტემბერს. ის შედგებოდა 15 ღია და 10 საიდუმლო მუხლისაგან. ძირითადად, ხელშეკრულება საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. ოსმალეთის პორტას მთავრობაში არსებობდა რევანშისტური ჯგუფი, რომელიც ოცნებობდა რუსეთის მიერ XVIIIს-ის ბოლოს წართმეული მიწების დაბრუნებაზე. ამ ჯგუფმა გაიმარჯვა რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილ პოლიტიკურ მოღვაწეებზე. უკვე 1806 წლის იანვარში სულთანმა სელიმ III-მ სცნო ნაპოლეონის იმპერატორის ტიტული და მეგობრული წერილი მისწერა მას. 1806 წლის აპრილში პორტამ რუსეთის დესპანს, ა. ი. იტალინსკის მიმართა თხოვნით ხმელთაშუა ზღვაში რუსული გემების რაოდენობის შემცირების შესახებ, ხოლო 1806 წლის შემოდგომაზე სრუტეები საბოლოოდ ჩაიკეტა რუსული გემებისათვის. დეკემბრის ბოლოს, იტალინსკიმ სტამბოლი დატოვა. დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, რომელიც შესვენებებით ხუთ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. 1807-1809 წლებში რუსეთი და საფრანგეთი ერთობლივად აწყობდნენ თურქეთის დაყოფის გეგმებს.

საომარი მოქმედებები განახლდა 1809 წელს, მაგრამ რუსმა სარდალმა ა.ა. პროზორევსკიმ ვერ შეძლო თურქეთის დამარცხება. 1810 წლის ბოლოს რუსებმა მხოლოდ დუნაის მარჯვენა ნაპირზე გამაგრება მოახერხეს. ამ დროისთვის გამწვავდა ურთიერთობა რუსეთსა და საფრანგეთს შორის, ამიტომ პეტერბურგის კაბინეტი კმაყოფილებით შეხვდა ოსმალეთიდან წამოსულ წინადადებას ზავის დადების თაობაზე. მოლაპარაკებები ბუქარესტში გაიმართა, მაგრამ ჩაიშალა თურქეთის მხარის მიერ, რაც 1811 წლის შემოდგომაზე საფრანგეთის მოქმედებების შედეგი იყო. 1811 წლის ოქტომბერში მ.ი. კუტუზოვმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა თურქულ არმიაზე და დუნაის ორივე სანაპიროზე ალყაში მოაქცია იგი. მოლაპარაკებები განახლდა. საბოლოოდ ხელშეკრულების ხელმოწერა მხოლოდ 1812 წლის მაისში მოხერხდა სულ ერთი თვით ადრე ვიდრე ნაპოლეონი რუსეთის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა. ამით ისარგებლა თურქეთმა და დაიწყო ხელშეკრულების პირობების დარღვევა.

სიმონოვიჩის ზემოთ მოყვანილი პატაკი დაწერილია 1812 წლის ივნისში, ანუ ბუქარესტის ხელშეკრულების დადების შემდეგ. მიუხედავად ამისა, მასში ნათქვამია „სანამ იარსებებს თურქებთან ომი“, რაც რეალურ მდგომარეობას ასახავს.

ბუქარესტის ზავის VI მუხლი ამიერკავკასიას ეხებოდა. ის რუსეთს დასავლეთ საქართველოში მოპოვებული ტერიტორიის შენარჩუნების საშუალებას აძლევდა. რუსეთს ოსმალეთისთვის უნდა დაებრუნებინა აღნიშნულ ომში „იარაღით დაპყრობილი ტერიტორიები“. ხელშეკრულების საიდუმლო მუხლის ძალით, რუსეთის სარგებლობაში გადადიოდა შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლი, მდ. რიონისა და ანაკლიის მიდამოებში, დაახლოებით 30-40 ვერსის სიგრძის.14 ზავის VI მუხლი შეიცავდა სადავო ფორმულირებას „იარაღით დაპყრობილი“ ტერიტორიების დაბრუნების შესახებ. რუსეთი აცხადებდა, რომ მას საქართველო თავისი ზღვისპირეთით ნებაყოფლობით შეუერთდა. ოსმალეთი კი ამტკიცებდა, რომ რუსეთმა საქართველოს ზღვისპირეთი იარაღის ძალით დაიპყრო. ეს დავა წლების მანძილზე გაგრძელდა, რაც დიპლომატიური მიმოწერიდანაც ჩანს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინსტრუქციები გაუგზავნა თავის დესპანს - გ.ა. სტროგანოვს, სადაც „აზიური სანაპიროს“ შესახებ ნათქვამია: რუსეთს სურს რა მშვიდობა პორტასთან, არ შეუძლია და არ უნდა თქვას უარი სტრატეგიულ პოზიციებზე სანაპიროზე. პორტა ითხოვს ანაკრისს (ანაკლიის - მ.ხ.), კემხალისა და სოხუმ-კალეს დაბრუნებას, რითაც ცხადჰყოფს, რომ ძველებურად მტრულ ზრახვებს ატარებს რუსეთის წინააღმდეგ. ამას ამტკიცებს იმ ფაშების მოქმედება, რომლებიც ანაპის, ფოთის, სუჯუკისა და ახალქალაქის კომენდანტებად დაინიშნენ.15 VI მუხლის თაობაზე რუსული მხარის პოზიცია ნათლად არის გამოხატული სტროგანოვის მიერ თურქული მთავრობისათვის მიწერილ „შემახსენებელ ბარათში“: შეიძლება ბრწყინვალე პორტას დაავიწყდა, რომ ბუქარესტის კონგრესის დაწყებისთანავე და რამდენიმე სხდომაზე რუსეთის საიმპერატორო კარი დაბეჯითებით მოითხოვდა მისთვის მთელი აზიური სანაპიროს - ანაპიდან ფაზისამდე გადაცემას, შემდეგ კი წინადადება შეიტანა, რომ ან შენარჩუნებული ყოფილიყო სტატუს-კვო 5 წლის განმავლობაში, რათა ამ ვადის გავლის შემდეგ ან ორივე მხარის მიერ წინასწარ დანიშნულ კომისრებს დაეწყოთ საზღვრების დადგენა, ან ხელშეკრულებაში სრულიად არ ყოფილიყო ხსენებული ეს საზღვარი. თუ რუსეთის კარი საბოლოოდ, ხელშეკრულების საიდუმლო მუხლის თანახმად, დათანხმდა ამ უმნიშვნელო ზღვისპირა ზოლის პირობით მფლობელობაზე, მან წინასწარ დათმო თავისი კანონიერი მოთხოვნები ზღვის სანაპიროს ამ ნაწილზე მხოლოდ იმ კავშირის გამო, რომელიც იმავდროულად შესთავაზა ოტომანთა მთავრობას. მაგრამ ბრწყინვალე პორტა, ცდილობს რა ისარგებლოს იმ უპირატესობით, რაც მისთვის უზრუნველყოფილია ხელშეკრულების ძირითადი ტექსტის VI მუხლით, არ იღებს იმ მცირე ცვლილებებს, რომლებიც ხელშეკრულებაში შეაქვს ცალკე მუხლს, უარი თქვას მის რატიფიცირებაზე. წინადადება კავშირის თაობაზე ასეთივე არაკეთილგანწყობით იქნა მიღებული. ის ფაქტი, რომ საიდუმლო მუხლი რატიფიცირებული არ ყოფილა და ამიტომ განიხილება როგორც გაბათილებული, რუსულ კარს აძლევს სრულ შესაძლებლობას განაცხადოს თავისი პრეტენზიები აზიურ სანაპიროზე, რომლებზედაც არაერთხელ ითქვა კონგრესის სხდომებზე და ზუსტად მისდიოს ხელშეკრულების ძირითადი ტექსტის VI მუხლს. ამ მუხლში ნათქვამია, რომ აზიის რაიონებში, იარაღის ძალით დაპყრობილი, დაუბრუნდება ოტომანთა იმპერიას და იქ საზღვარი აღსდგება იმ სახით, როგორც ის ომამდე არსებობდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ბრწყინვალე პორტამ ეს დადგენილება თავის სასარგებლოდ განმარტა, მოითხოვა მისთვის სოხუმის, ანაკრი(ი)ს და კემხალის დაბრუნება. სოხუმი რუსეთის მფარველობაში ჯერ კიდევ ომამდე გადავიდა როდესაც ქელეშ-ბეიმ ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა, დაიფიცა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ერთგულებაზე ასევე დგას კემხალისა და ანაკრიის საკითხი, რომლებიც რუსეთის ფაქტობრივ საკუთრებაში იყვნენ ჯერ კიდევ (თურქეთთან) ურთიერთობის შეწყვეტამდე - ვკითხულობთ ინსტრუქციებში.

გარდა ამისა, ეს ორი პუნქტი არის სამეგრელოს ზღვის სანაპიროზე, რომელსაც ისინი წარსულში ეკუთვნოდნენ, ხოლო ბრწყინვალე პორტასთვის ცნობილია, რომ სამეგრელო, ისევე როგორც საქართველო (ქართლი), იმერეთი, კახეთი და გურია „უკვე დიდი ხანია შევიდნენ რუსეთის იმპერიაში ხალხების და მათი კანონიერი მმართველობის ძალდაუტანებელი ნების გამოხატვის გზით“. მისთვის, უეჭველად, აგრეთვე ცნობილია, რომ სპარსეთმა, რომელიც აცხადებდა თავის ვითომდა სიუზერენულ უფლებებს ამ პროვინციებზე იმის საფუძველზე, რომ სხვადასხვა დროს ახორციელებდა მათზე ძალაუფლებას, ოფიციალურად უარი თქვა ამ პრეტენზიებზე რუსეთთან თავის ბოლო საზავო ხელშეკრულებაში.

ბრწყინვალე პორტა, რომლის პრეტენზიების ამ მიმართებით სპარსეთის პრეტენზიებთან შედარებაც კი არ შეიძლება, ეჭვი არ არის, რომ ახლო მომავალში ამ ქვეყნის მაგალითს მიბაძავს.

რუსეთის საიმპერეტორო კარს სურს იმ ნაწილის შენარჩუნება, რომელსაც მოცემულ დროს ფლობს, მას ამაზე სამართლიანი და აშკარა საფუძველი გააჩნია. თუ ვინმე შეეცილება, რუსეთის კარი სამწუხაროდ, იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა ზომა მათ შესანარჩუნებლად. აი, ამგვარი იყო ინსტრუქციის ძირითადი არსი.

და ბოლოს იყო აშკარა მინიშნება, საჭიროების შემთხვევაში ახალი ომის დაწყებაზე.16

როგორც ვხედავთ, ისეთი ფორმულირება, როგორიც არის „იარაღით დაპყრობილი ტერიტორიები“ რუსეთისთვის არახელსაყრელი იყო. ამიტომ ცდილობდა საქართველოს დაპყრობის შენიღბვას და თავის წარმოჩენას მოსახლეობის ნება-სურვილის აღმსრულებლად. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი მოთხოვნა, რომ საიმპერატორო კარზე იმერეთიდან დეპუტატები გამგზავრებულიყვნენ მადლობის მოსახსენებლად.

იმერეთში მომხდარი უბედურების გამო, დროებით გადაიდო სამხარეო მთავრობის დანიშვნა და მოსახლეობისგან გადასახადის აკრეფა, მაგრამ მდგომარეობა თანდათან გამოსწორდა. გენ. რტიშჩევის განკარგულების თანახმად, იმერეთის მისახლეობამ ქართლიდან და აფხაზეთიდან დაბრუნება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, სიმონოვიჩმა თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. თუ იმერეთი დაყოფილი იყო ექვს ოლქად, ახლა მხოლოდ ოთხი ოლქი უნდა ყოფილიყო: ქუთაისის, ვაკის, შორაპნისა და რაჭის. თუ ადრე ოლქის უფროსები მდივან-ბეგები და უფროსის თანაშემწეები ხელფასს არ იღებდნენ, რის გამოც თავისი თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე დიდად არ ზრუნავდნენ, ახლა სიმონოვიჩის წანადადების თანახმად, იმერეთში უნდა დაენიშნათ ოთხი კეთილსაიმედო საოლქო უფროსი, შტაბოფიცრებიდან. მათი ხელფასის ოდენობა განისაზღვრა 500 მანეთით (ვერცხლით) წელიწადში. ასევე ხელფასი უნდა დანიშნულიყო ოთხი მდივან-ბეგისთვის - 300მან., ხოლო საოლქო უფროსების 8 თანაშემწისთვის - 200 მან. (ვერცხლით) თითოეულისთვის. სიმონოვიჩისგან პოლკოვნიკ მერლინის ებრძანა გადასახადების აკრეფა. თუ დაწესებული გადასახადის ნახევარი ვერ შეგროვდებოდა, მესამედი მაინც უნდა შეეგროვებინათ. სიმონოვიჩი ითხოვდა კიდევ ერთი რუსი მოხელის დანიშვნას ასესორად სამოქალაქო ნაწილში; ხოლო სახაზინო ნაწილის ასესორის თანამდებობა უნდა დაეკავებინა სახაზინო ნაწილის გამგეს, კ.ა. სტაროსვეტსკის17.

რუსი მოხელეები გაიცნენ უწყისს იმერეთის შემოსავლებისას, რომლებიც იკრიფებოდა მეფე სოლომონის დროს სამეფო და მემამულეთა სოფლებიდან. (გარდა იმ მემამულეებისა, რომლებიც მეფის სიგელებით განთავისუფლებული იყვნენ გადასახადისაგან). უწყისიდან ჩანს, რომ ფულადი საური, ყოველი კომლიდან 2 მარჩილი იყო, ხოლო სასურსათო საუდიერო თითო კომლიდან შეადგენდა 15 ბათმან ღომს, 40 კოკა ღვინოს და 20 ან 25 კომლიდან ერთ რქოსან პირუტყვს. საუდიერო ყველა საბატონო კომლიდან არ იკრიფებოდა. საურს კრეფდნენ მესამედი ნაწილისგან და ამასთან დანიშნულებისამებრ. სულ 2, 296 კომლიდან გამოდიოდა საური - 4, 149 მარჩილი, საუდიერო: 18, 375 ბათმანი ღომი, 143, 340 კოკა ღვინო (კოკა უდრიდა 3 ქართულ თუნგს), 59 მსხვილი რქოსანი საქონელი, 190 ცხვარი18. სოფლებში იკრიფებოდა აგრეთვე გარკვეული რაოდენობის ღორები და ქათმები, რაც უწყისში ნახსენები არ არის. რუსულმა ხელმძღვანელობამ ამ ყველაფერს დაუმატა საჭილაოს 80 კომლის ბეგარა - თითო კომლიდან თითო ზუთხი. სვანეთში მდებარე სოფელ უშგულიდან კი წელიწადში 14 ბათმანი დენთი. ამავე დროს მარჩილები რუსულ ვერცხლის მანეთებზე გადაიანგარიშეს. სურსათი ფულზე დაიანგარიშეს. საურმა და საუდიერომ შეადგინა 20 896 მან. 79 კაპიკი. 1814 წლის 25 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება იმერეთის დროებითი მმართველობის შესახებ, დაგეგმილი საოლქო მთავრობის დანიშვნამდე. დადგენილებაში ნათქვამია, რომ იმერეთში, მისი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული 6 ოლქი გარდაიქმნება ოთხად: 1. ქუთაისის, რომელშიც შევა ქ. ქუთაისი, ქვიტირი, ბაკის-უბანი, მესხეთი, პატრიკეთი, ტყაჭირი, გეგუთი, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კვახჭირი, გელათი, ოკრიბა, სიმონეთი, ჩხარი, მუხური, არგვეთი მისი მიდამოებით, საქარა და მდინარე კაცხურის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ადგილები, ასევე ყვირილას მარცხენა სანაპიროზე კვალითი, სვირი, დიმი, ობჩა, კიკნაველეთი, ძეგანი და ხანი ვიდრე ახალციხის საზღვრებამდე, ბაღდათი, ფერსათი, როკითი და ვარდციხე. 2. ვაკისა, რომელშიც შედიან ვაკე, მაღლაკი, ბაჟი, საკულია, სამტრედია, ჯიხაიში, სამიქელაო, საჭილაო და სხვა ადგილები მდ. ცხენისწყლის იქით სამეგრელოს საზღვრებამდე, ხონი მისი მიდამოებით, მათხოჯი, ფიცისკაცი და მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე მდებარე, საჯავახო, საპაიჭაო, საჩინო, დვალიშვილები, საერისთო და სხვა ადგილები გურიისა და თურქეთის საზღვრებამდე. 3. შორაპნის ანუ ზემოური, რომელშიც შედის კაცხის ნაწილი მდინარე კაცხურის იქითა მხარეს, ქვაციხე, მღვიმე, წირკვალი, საწერეთლო, ჭალა, ქორბოული, ძიროანი, ჭალოვანი, ბოსლები, სვირი მისი მიდამოებით, შროშა, შორაპანი, ყვირილას მარცხენა სანაპიროზე სამამუკაშვილო, ჩხერი მიდამოებით, საჩიქოანო, ბერაძეები, ლოსიათხევი და სხვა ადგილები ახალციხისა და ქართლის საზღვრებამდე. 4. რაჭისა, რომელიც მოიცავს მთელი რაჭის პროვინციას, ოსებს, რომლებიც იმერეთს ეკუთვნიან და სვანურ სოფელ უშგულს ქართლისა და ლეჩხუმის საზღვრებამდე.

მთავრობის ბრძანების შესასრულებლად, გადასახადების წარმატებით აკრეფისა და სხვა მიზნებისთვის, თითო ოლქში განლაგდებოდა ჯარისკაცების როტა და 20 ცხენოსანი კაზაკი. ეს როტა და კაზაკები იქნებოდნენ ოლქის უფროსის სრულ განკარგულებებში ისეთ საკითხებში, როგორიცაა ბინებში განაწილება, დამნაშავეთა ან ურჩების წინააღმდეგ მოქმედება, მაგრამ მისგან დამოუკიდებელნი იქნებოდნენ თავიანთ საშინაო საქმეებში.

ქუთაისში არ იყო გათვალისწინებული კომენდანტი, ვინაიდან იქ უნდა მდგარიყვნენ ჯარები და მათი უფროსი პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო ქალაქის უსაფრთხოებასა და სამხედრო წესრიგის დაცვაზე. ქუთაისის მართვა ევალებოდა ქუთაისის ოლქის უფროსს. მისი ბრძანებების შესასრულებლად და ქალაქის მეთვალყურეობაში დასახმარებლად იმერელთაგან ინიშნებოდა ნაცვალი და ხელისანი, რომლებიც ხელფასს აიღებდნენ ქალაქიდან, როგორც ეს ადრეც ხდებოდა. იმერეთის მთავრობა არსდებოდა ქ. ქუთაისში. ის შედგებოდა იმერეთის მმართველისაგან, 4 მდივან-ბეგისაგან (მრჩევლებისგან) იმერელი თავადებისა და აზნაურთა წრიდან და 2 რუსი ასესორისგან.

ყველა სხვა მოხელის თანამდებობა, რომლებიც მეფის დროს არსებობდა, როგორიცაა სახლთხუცესი, ქუთაისის მოურავი, ბოქაულთხუცესი, ხევისთავი და სხვა - უქმდებოდა.19 სიმონოვიჩის გარდაცვალების შემდეგ, მისი თანამდებობა პოლკოვნიკმა მერლინიმ დაიკავა. 1816 წლის 1 იანვარს ის გენ. ტრიშჩევს სწერდა, რომ იმერეთში მმართველობა არ არის დაფუძნებული და მან აქამდე არ იცის, აქაურ სამხედრო ხელმძღვანელობას და ოთხ იმერელ მდივან-ბეგს, რომლებიც სადავო საქმეების თავიანთი კანონების და ჩვეულებების თანახმად გარჩევისათვის იყვნენ დანიშნულნი, იმერეთის აწ განსვენებული მმართველი თავის გზავნილებში რატომ ეძახდა ხან „იმერეთის დროებით მთავრობას“, ხან „მმართველობას“. მერლინის აზრით, ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ გენ. რტიშჩევს ხსენებული დასახელებანი რეალურად არსებული წარმონაქმნის დასახელებანი ეგონა. სინამდვილეში კი, იმერეთის მმართველობაში აღმასრულებელ და სახაზინო ნაწილებს მმართველები განაგებენო.20 სამი წლის შემდეგ, იმერეთის ახალი მმართველი პოლკოვნიკი გორჩაკოვიც თავის წინამორბედებზე საყვედურს სწერს ხელმძღვანელობას. ის ველიამინოვს დაახლოებით იმასვე მოახსენებდა: „იმერეთის საქმეების მიღებისთანავე დავრწმუნდი, რომ დღემდე უფროსების მიერ არა თუ მიცემული არ ყოფილა მყარი წესები ამ მხარის სამართავად, არამედ ამ საკითხის თაობაზე შემოსულ კერძო მითითებებსაც კი ყოფილი მმართველები ხშირად საკუთარი თვითნებობით შეუსრულებელს ტოვებდნენ“.21 იმერეთში, სადაც მმართველობის მოწესრიგებაც ვერ მოხერხდა, რუსმა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ საეკლესიო რეფორმის ჩატარება განიზრახა. იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებულებით 1811 წელს ქართულმა ეკლესიამ დაკარგა თავისი ავტოკეფალია. ამის ფორმალურ საფუძვლად გამოყენებულ იქნა 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მერვე არტიკული, სადაც ნათქვამია, რომ „დასამტკიცებლად უსაკუთრესისა მონარხისა კეთილ-ნებობისა“ მეფისადმი და მის ერთა მიმართ და რუსეთთან ერთ-მორწმუნე ერთა უფრო მეტად შეერთებისათვის, იმპერატორს ნებავს, რომ მათ კათოლიკოსს, ანუ უმთავრეს არქიეპისკოპოსს „აქუნდეს ადგილი რიცხუთა შორის რუსეთსა მღვდელთმთავართსა მერუესა შინა ხარისხსა“22, ეს კი ნიშნავს, რომ ქართლ-კახეთის კათალიკოსი რუსეთის მღვდელმთავრებს შორის მერვე ხარისხის საეკლესიო პირად იქნა მიჩნეული. ასეთ დამცირებასთან ერთად, მას „ებოძა“ წმინდა სინოდის მუდმივი წევრის ტიტული. ეს იყო ერთგვარი კომპენსაცია. ი. ცინცაძეს მიაჩნდა, რომ ეს დიდი პატივი იყო, რადგან რუსეთის ყველა მიტროპოლიტი სინოდის წევრად არ შეჰყავდათ, მაგრამ საკითხის ამგვარი კუთხით დანახვა, გაუმართლებლად მიგვაჩნია. მე-8 არტიკულის სახით გეორგიევსკის ტრაქტატში უკვე ჩადებული იყო ქართული ეკლესიის თავისთავადობის მოსპობის იდეა, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობის გეგმის ნაწილი იყო. ფაქტობრივად, რუსეთმა ჯერ ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრიობა გაანადგურა, შემდეგ კი ეკლესიის ავტოკეფალიაც გააუქმა და კათალიკოსობაც. კათალიკოსი ანტონ II 1811 წელს რუსეთში გაიწვიეს, ეკლესიის მმართველად კი ვარლაამ ერისთავი დანიშნეს. მან დავალება შეასრულა და შეადგინა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სინოდის განყოფილების - დიკასტერიის დაარსებას, საქართველოს საეგზარქოსოს შექმნას, საეკლესიო ქონებისა და შემოსავლების აღრიცხვიანობაზე ამ უწყების ზედამხედველობას23. 1811 წლის 21 ივნისს უწმინდესმა სინოდმა იმპერატორს მოხსენებით მიმართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 1783 წელს, როდესაც ერეკლე მეორემ, ქართლისა და კახეთის მეფემ, სცნო რუსეთის იმპერატორის უზენაესი ხელისუფლება და მფარველობა, ხელშეკრულების მე-8 არტიკულში, სხვათა შორის ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ეკლესიის მართვისა და რუსეთის სინოდისადმი დამოკიდებულების თაობაზე შედგებოდა ცალკე საგანგებო არტიკული. დოკუმენტში აღნიშნულია: 1801 წელს გამოიცა ორი უზენაესი მანიფესტი. პირველი 18 იანვარს, რომლითაც საქართველოს სამეფო შეუერთდა სრულიად რუსეთის იმპერიას, მეორე 12 სექტემბერს, რომელსაც ერთვოდა დადგენილება საქართველოში შიდა მმართველობის შესახებ და საამისოდ დანიშნული საშტატო თანამდებობების ნუსხა. გარდა ამისა, იმპერატორისგან საქართველოს მთავარსარდალ გენერალ ლეიტენანტ კნორინგისთვის მოცემულ მითითებებში ნაბრძანები იყო, რომ ამ მხარის საეკლესიო ნაწილი მოწესრიგებულიყო საჭირო ცნობების შეკრებისთანავე და მთიელი წარმართების ქრისტიანობაზე მოქცევის შემდეგ, რაც მოხდებოდა იქ საქართველოდან მისიონერების გაგზავნით. უნდა განეხილათ სინოდის წევრის, არქიეპისკოპოსი ვარლაამისა და საქართველოს მთავარსარდლის გენერალ ტორმასოვისგან მიღებული ცნობები საქართველოში სამღვდლოების მდგომარეობის შესახებ. ამ ცნობებიდან ჩანს, რომ საქართველოში იმჟამად იყო 13 ეპარქია, 7 მღვდელმთავარი, 799 ეკლესია. მოცემულია ზუსტი რიცხვი ეკლესიების, მღვდლების, დიაკვნების, საეკლესიო გლეხების. დოკუმენტის სქოლიოში განმარტებულია შემდეგი ბეგარის სახეობები, რომლებსაც საეკლესიო გლეხები იხდიდნენ: სურსათი, ღალა, მახტა, კულუხი. სინოდმა განიხილა ზემოთმოყვანილი ცნობები საქართველოს სამღვდელოების თაობაზე და გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო ცვლილებები:

პირველი: 13 ეპარქია ამჟამად არსებული თავისი რაოდენობით აღემატება საქართველოს ზომას და სივრცეს და ეკლესიების რიცხვს.

მეორე: სასულიერო სასამართლოების არარსებობა, მსგავსად რუსეთის კონსისტორიების და სასულიერო სამმართველოების, რომლებიც მეთვალყურეობას უწევენ სამღვდელოებას, იწვევს არეულობასა და უწესრიგობას.

მესამე: აუცილებლად საჭიროა სასულიერო სემინარია, რათა სამრევლოებში ყოველთვის იმყოფებოდნენ ისეთი სასულიერო პირები, რომლებიც თავიანთი ცოდნით შეძლებენ იყვნენ სჯულის მასწავლებლები, ცხოვრებაში კი - მრევლისთვის მაგალითი.

დაბოლოს მეოთხე: საეკლესიო მამულის კერძო პირებისთვის გადაცემა სათანადო უფლების გარეშე, იწვევს ეკლესიებისა და მღვდელმსახურების შემოსავლების შემცირებას.

ამგვარ გარემოებებზე დაყრდნობით, სინოდმა მიიღო თავისი გადაწყვეტილება, რომელიც 6 პუნქტისაგან შედგებოდა. ითვალისწინებდა 13 ეპარქიის ნაცვლად ორის, ხოლო 9 არქიმანდრიტიდან ხუთის დატოვებას. „თანახმად არქიეპისკოპოსი ვარლაამის წარდგინებისა“, დიკასტერიის დაარსებას, რუსეთის დიკასტერიის თანაბარ პირობებზე, რომელსაც საქართველოს სამღვდლოების უფროსი უმეთაურებდა; გიმნაზიის ნაცვლად, სასულიერო სემინარიის დაარსებას; საქართველოში რუსული მთავრობის დაარსებისას ეკლესიების მიერ გასხვისებული ქონების უკან დაბრუნებას და სხვა. მე-2 პუნქტში ვკითხულობთ: „საქართველოს სამღვდლოების უფროსად დაინიშნოს მცხეთა-ქართლის მიტროპოლიტი, სინოდის წევრისა და ეგზარქოსის ტიტულის მინიჭებით“.25 1814 წელს, გორის ეპისკოპოსმა დოსითეოსმა უწმინდესი სინოდის ობერ-პროკურორს გაუგზავნა წარდგინება, რომელიც შეეხებოდა საქართველოში და რუსეთის იმპერიის მიერ შემოერთებულ სხვა მხარეებში სასულიერო საქმის მოწყობას. მისი წინადადებები რუსეთისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა. 1814 წლის აგვისტოში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა სახელობითი ბრძანებით, უწმინდეს სინოდს დოსითეოს ეპისკოპოსის წარდგინების განხილვა დაავალა.26

საბოლოოდ, 1814 წლის 17 ოქტომბრის ბრძანებულებით ალექსანდრე I-მა დაამტკიცა სასულიერო საქმეების მოწყობის პროექტი, რომელიც არა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს, არამედ დასავლეთ საქართველოსაც ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ 1804 წელს დადებულ ე.წ. „ელაზნაურის ხელშეკრულების“ არც ერთი პუნქტი არ ითვალისწინებდა სასულიერო საქმეებში ჩარევას. იმპერატორის პროექტის შინაარსი ამგვარი იყო:

1. ქართლ-კახეთის ყოფილ სამეფოსა და იმერეთში იქნებოდა ერთი ეგზარქოსი „საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი“.

2. თბილისში უნდა დაარსებულიყო უწმინდესი სინოდის საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა. ის, ისევე როგორც მისკოვის სინოდალური კანტორა, უწმინდესი სინოდის უშუალო დაქვემდებარებაში იქნებოდა. უქმდებოდა ტფილისში არსებული დიკასტერია, რადგან მის ადგილს სინოდალური კანტორა დაიკავებდა. ქუთაისში კი დიკასტერია გაიხსნებოდა, რომლის გამგებლობაში შევიდნენ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის სამღვდლოება, ეკლესიები და მონასტრები.

3. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის თავმჯდომარე ეგზარქოსი უნდა ყოფილიყო, წევრები კი თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსი, ორი არქიმანდრიტი და ორი დეკანოზი. ქუთაისში შექმნილ დიკასტერიის უპირველესი წევრი ქუთათელი მღვდელმთავარი იქნებოდა, ხოლო წევრები ერთ-ერთი არქიმანდრიტი და ორი დეკანოზი. დიკასტერიის შემადგენლობა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უნდა დაემტკიცებინა.

4. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უნდა ჰყოლოდა V კლასის პროკურორი, რუსული და ქართული ენების მცოდნე. მის მოვალეობაში შედიოდა სინოდალური კანტორისა და დიკასტერიაში საქმის წარმობაზე თვალყურის დევნება. მას დამხმარედ სამი უფროსი ოფიცერი ეყოლებოდა, რომელთაგან ერთი იქნებოდა გორში, მეორე თელავში, მესამე ქუთაისში. საჭიროების შემთხვევაში, ისინი პროკურორს საქმის ვითარებას აცნობებდნენ.

5. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში საქმის წარმოებისათვის უნდა ყოფილიყო ორი VIII კლასის მდივანი. ერთი მათგანი აღმოსავლეთ საქართველოს საქმეებს აწარმოებდა, ხოლო მეორე-დასავლეთ საქართველოს საქმეებს. ორივე საქმის მწარმოებელს უნდა ჰყოლოდა თითო მაგიდის უფროსი და მწერალი, აგრეთვე ორი X კლასის მთარგმნელი. დიკასტერიას უნდა ჰყოლოდა ერთი X კლასის მდივანი, ერთი XII კლასის მთარგმნელი და ორი მწერალი.

6. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დაკომპლექტების დასრულების შესახებ უნდა მოხსენებოდათ საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოსა და იმერეთის სამოქალაქო ხელისუფლებას და უწმინდეს სინოდს.

7. საქართველიში იქმნებოდა სამი ეპარქია: ქართლის, ოსეთისა და სიღნაღის. პირველი ეპარქიის მღვდელმთავარი იქნებოდა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი „მცხეთის, ტფილისისა და ქართლის მიტროპოლიტი“, მეორის - თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსი, მესამის - სიღნაღისა და ქიზიყის ეპისკოპოსი. ნავარაუდევი იყო საქართველოს ქორ-ეპისკოპოსის თანამდებობის დაწესება, რომლის ტიტული იქნებოდა: საქართველოსა და გორის ქორეპისკოპოსი.

8. იმერეთის ეპარქიები ხელუხლებლად უნდა დარჩენილიყო მღვდელმთავრების სიცოცხლის ბოლომდე. რომელიმე მღვდელმთავრის გარდაცვალების შემთხვევაში, სინოდალურ კანტორას უწმინდესი სინოდისთვის უნდა მოეხსენებინა თავისი აზრი ეპარქიების თაობაზე.

9. საქართველოსა და იმერეთის ეპარქიების მღვდელმთავრებს უნდა ეხელმძღვანელათ წმინდა წერილით, წმინდა მოციქულთა კანონებით, სახელმწიფოს კანონმდებლობით და უწმინდესი სინოდის დადგენილებებით. საქართველოს (აღმოსავლეთ საქართველოს) მღვდელმთავრებს საჭიროების შემთხვევაში უნდა მიემართათ საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისათვის, ხოლო დასავლეთ-საქართველოს მღვდელმთავრებს - ქუთაისის დიკასტერიისათვის.

10. ეკლესიებზე ღვთისმსახურებსა და ეკლესიის მსახურებზე თვალყურის დევნებისა და წესრიგის დასაცავად, ყოველ 10 ეკლესიას უნდა ჰყოლოდა ერთი ბლაღოჩინი. ბლაღოჩინების დანიშვნა ეპარქიის მღვდელმთავრების პრეროგატივა იყო. ბლაღოჩინის დანიშვნისა და გადაყენების თაობაზე მღვდელმთავარს შესაბამისად სინოდალური კანტორა და დიკასტერია უნდა ჩაეყენებინა საქმის კურსში.

11. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უნდა გადაებარებინა თბილისის ყოფილ დიკასტერიაში შესული საქმეები. მომავალში, სინოდალურ კანტორას ქუთაისის დიკასტერიისაგან უნდა მოეთხოვა იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს ეპარქიების შემოსავლების ზუსტი აღრიცხვა, რაც სამღვდლოებისთვის სარჩოს დანიშვნას გახდიდა შესაძლებელს. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უწმინდესი სინოდისათვის ყოველწლიურად უნდა წარედგინა ხარჯთაღრიცხვა.

12. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას ევალებოდა არა მარტო უწმინდესი სინოდიდან შემოსული საქმეების, არამედ ქუთაისის დიკასტერიიდან და ქართლ-კახეთის მღვდელმთავრების მიერ წარმოდგენილი საქმეების განხილვაც.

13. საეკლესიო მამულების საქმეები საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უნდა განეხილა და პროკურორისთვის გადაეცა.

14. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორა განიხილავდა იმ საეკლესიო მამულების საქმეს, რომლებიც ერთ ეპარქიას ეკუთვნოდნენ, მაგრამ მეორე ეპარქიის ტერიტორიაზე მდებარეობდნენ.

15. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უწმინდესი სინოდისათვის ყოველწლიურად უნდა ეცნობებინა გადაწყვეტილი საქმეების რაოდენობა. ასევე იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა გადაწყვეტა ამა თუ იმ მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

16. ქუთაისის დიკასტერია ვალდებული იყო იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ტერიტორიაზე არსებული ეპარქიების საქმეები, განხილვის შემდეგ, დასამტკიცებლად წარედგინა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისათვის, ხოლო მნიშვნელოვანი მოვლენების, შემოსავლისა და გასავლის თაობაზე წელიწადში ოთხჯერ ჩაებარებინა ანგარიში.

17. თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსს ეკისრებოდა იგივე მოვალეობა, რასაც ადრე მოზდოკში არსებული ოსეთის საულიერო კომისია ასრულებდა.

18. თელავისა და საქართველო-კავკასიის ეპარქიისთვის განსაზღვრული იყო სამღვდლოების შემდეგი რაოდენობა: შავი სამღვდლოება: 1 არქიმანდრიტი, 1 იღუმენი, 4 ბერდიაკონი, 2 იეროდიაკონი; თეთრი სამღვდლოება: 2 მღვდელი, 1 დიაკონი და 8 მნათე; X კლასის 1 მდივანი, XI კლასის 1 მთარგმნელი და 2 მწერალი.

19. ზემოჩამოთვლილი სასულიერო პირების ხელდასხმა, დანიშვნა და გადაყენება თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსს ევალებოდა.

20. გამოყოფილი უნდა ყოფილიყო 30 ცხენოსანი საეკლესიო გლეხებისგან და 100 კაზაკი ჩრდილო კავკასიის მთიანეთში თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსის, ასევე მისიონერების გასაცილებლად.

21. თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსს ევალებოდა ოსეთის სასულიერო კომისიის თაობაზე მოხსენების წარდგენა რუსეთის ეკლესიის უწმინდესი სინოდისათვის და სინოდის გადაწყვეტილებისათვის დალოდება.

22. კახეთის ქალაქი თელავი და ქართლის ქალაქი ანანური, ოსებთან და კავკასიის მთიელებთან ახლოს მდებარეობის გამო, თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსის გამგებლობაში გადადიოდნენ.

23. ქალაქ ქუთაისში არსდებოდა სასულიერო სემინარია იმერეთის სამღვდლოებისა და ეკლესიის მსახურთა შვილებისათვის.

24. 1811 წელს ერთ საარქიმანდრიტოდ გაერთიანდა იოანე ნათლისმცემლისა და შუამთის მონასტრები. ახლა კი შუამთის მონასტერი უნდა გამოყოფილიყო ცალკე საარქიმანდრიტოდ და მისი არქიმანდრიტი უნდა გამხდარიყო თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიმანდრიტის მონაცვლე, რომელსაც არქიეპისკოპოსის ეპარქიაში არყოფნის დროს უნდა ემართა ეპარქია.

25. იმერეთში მონასტრების დასაშვები რაოდენობა საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უნდა დაედგინა და თავისი მოსაზრება უწმინდესი სინოდისთვის მოეხსენებინა.

26. ეპარქიების, მღვდელმთავრების, არქიმანდრიტების და მონასტრის წინამძღოლების სარჩო გაიზრდებოდა, თუ ისინი საეკლესიო უძრავ და მოძრავ ქონებას გაამრავლებდნენ.

27. საეკლესიო და საერო პირების ხელფასები განსაზღვრული იყო ვერცხლის მანეთებში: 1) საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსს - 5.000 მანეთი; 2) თელავისა და საქართველო-კავკასიის არქიეპისკოპოსს-3.000 მანეთი; 3) სიღნაღისა და ქიზიყის მღვდელმთავარს - 2.000 მანეთი; 4) გორის ეპისკოპოსს და საქართველოს ქორეპისკოპოსს - 1500 მანეთი. 5) შუამთის მონასტრის არქიმანდრიტს - 4000 მანეთი. საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორაში თანამშრომლებისთვის შემდეგი ხელფასი ინიშნებოდა: 1) პროკურორს - 1.000 მანეთი; 2) სამ ვექილს - 250 მანეთი თითოეულს; 3) ორ მდივანს - 400 მანეთი თითოეულს; 4) მაგიდის ორ უფროსს - 200 მანეთი თითოეულს; 5) ორ მთარგმნელს - 300 მანეთი თითოეულს; 6) ორ მწერალს - 150 მანეთი თითოეულს; 7)საკანცელარიო ხარჯებისთვის - 500 მანეთი. ოსეთის სასულიერო კომისიის თანამშრომლებისთვის შემდეგი ხელფასი წესდებოდა: 1) მდივანს - 350 მანეთი; 2) მთარგმნელს - 300 მანეთი; 3) ორ მწერალს - 150 მანეთი თითოეულს; 4) საკანცელარიო ხარჯებისთვის - 300 მანეთი.27

1815 წლის 8 მაისს სინოდალური კანტორის პროკურორი ჭილაევი საქართველოს მთავარსარდალ გენერალ რტიშჩევს უპატაკებდა, რომ იმპერატორის 1814 წლის 30 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე, ტფილისში გაიხსნა უწმინდესი სამთავრობო სინოდის საქართველო-იმერეთის კანტორა. სიონის ტაძარში საზეიმო წირვა აღასრულა საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსმა ვარლაამმა.28 საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის გახსნით, ბოლო მოეღო ლიხთ-იმერეთისა და აფხაზთა საკათალიკოსოს არსებობას.

დიკასტერიის დაარსებისა და საეკლესიო მამულების ხელყოფის განზრახვამ იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს სამღვდელოების პროტესტი გამოიწვია.

1815 წლის 15 ივლისს გენ.-მაიორი სიმონოვიჩი სწერდა რტიშჩევს, რომ გასული ივნისის 28 რიცხვში მიიღო წერილი იმერელი მიტროპოლიტებისგან, რომლის შინაარსი შემდეგში მდგომარეობდა: იმერეთში არ ყოფილიყო დაარსებული სასულიერო დიკასტერია, მათთვის საეკლესიო მამულები არ წაერთმიათ და ტფილისის სინოდალური კანტორისთვის არ გადაეცათ.29

„ჩვენ ესრეთ ვგონებთ უკანასკნელად ვედრებად აღმატებულებისადმი თქვენის და ჩვენ მარადის წადიერნი სიტყვით და საქმით ერთგულებასა უდიდებულესობისა მათისასა ვმეცადინობდით, და ურთიერთარს ერთი ერთსა განვაკრძალევდით და მომლოდინეთა მოწყალებისათა, ესე სამწუხარო ხმა გვესმა განშორება მამულის და ეკლესიისაგან ჩვენისა და ვინათგან ცხოვრება ჩვენი ისე ვითარად სიბერემდე მიიწია, აწ ვითარ ძალგვიძს ულუფით გამოზრდა თავთა ჩუენთა, რომელ ესრეთ ცხოვრება ყოვლადვე შეუძლებელ არს ჩვენგან, ამისთვის გავედრებთ თავთა ჩვენთა და გთხოვთ, რათამცა იღვაწო სადაცა ჯერ იყოს და გამოხსნა მოხუცებულება ჩვენი სიმწარისაგან. ამას საიდუმლოდ განგიცხადებთ, უმეტესი მწუხარება ჩვენი კვლავად ესე არს, რათა არა უმეცართა ერთა შორის აღრეულება რაიმე შემოვიდეს. ესრეთ მწუხარე არიან სამნი ესე სამთავრონი და ამის ძალით ვედრებისა წერილი მივართვით მათს უაღმატებულესობას მთავარ მმართებელს და მეორე უფალს არხიერს და ექსარხოსს ვარლაამს, და მესამე დოსითეოსს არხიერს და უკეთე მოწყალებით მოხედვა ჰყვეს კეთილ და უკეთუ არა, ჩვენ ოთხივე თანახმანი ერთსა ადგილსა დავადგრებით და მოწყალებითა ქრისტიანეთთა გამოვზრდით თავთა ჩვენთა მადლობელნი ღვთისანი. სხუას ჩვენს ვედრებას ყოველსავე, ესე ჩვენი სარწმუნო დეკანოზი ნიკოლოზ მოგახსენებსთ“. მეორე წერილს სამღვდლოების გარდა, მდივან-ბეგებიც აწერდნენ ხელს. ისინი მოითხოვენ, რომ ქუთაისში დიკასტერიის ნაცვლად, მათი საქმეები ეგზარქოს ვარლაამს უშუალოდ მოეხსენებინა სინოდისათვის. „ამას გევედრებით თქუენს უაღმატებულესობას რომელნი სიტყვითვე თქუენითა განვისწავლენით, და აღვსწერეთ არზა უდიდებულესობისა მათის წინაშე, რათამცა დაიხსნას ჩუენ შორის დეკასტირია და მოგვაწიოს უფალს მცხეთის მიტროპოლიტს და საქართველოსა და იმერეთისა ექსარხოსს ვარლაამს, რითამცა იგი აუწყებდეს ჩუენთა საქმეთა უწმინდესსა სინოდსა.“ ხელს აწერენ: ქუთაისის მიტროპოლიტი, გაენათის მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი ანტონი, ნიკოლაოს წმინდელი არხიერეი, გურიის ჯუმათელი მიტროპოლიტი, თავადი წერეთელი (სახელი არ იკითხება), თავადი მიქელაძე მდივან-ბეგი დავით, თავადი აბაშიძე მდივან-ბეგი გიორგი, თავადი მდივან-ბეგი ჩხეიძე დავით.30

რტიშჩევი იძულებული გახდა პირადად გამგზავრებულიყო იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში საკითხის ადგილზე შესასწავლად. 1815 წლის 26 ოქტომბერს, ის მიტროპოლიტ ვარლაამს სწერს: „იმერეთის ოლქის პირადად დათვალიერებისას მე განსაკუთრებით ყურადღება მივაქციე იმ სხვადასხვა საშუალებებს, რომლებიც საჭიროა იმერეთში სასულიერო ნაწილის მოსაწყობად, თანახმად იმპერატორის 1814 წლის 30 აგვისტოს ბრძანებისა. ეს საკითხი არაერთხელ განვიხილე იმერელ მიტროპოლიტებთან, მღვდელმთავრებთან და უწარჩინებულეს თავადაზნაურობასთან ერთად. ქუთაისში სასულიერო დიკასტერიის დაარსება, რომელიც უხელმძღვანელებს იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში სასულიერო საქმეების მოწესრიგებას და ყველა სასულიერო საქმეს, თავად იქნება ტფილისის სინოდალური კანტორის უშუალო დაქვემდებარებაში და მის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული“. ეს იყო ყოველმხრივ აუცილებელი ზომა ამ მხარეში სასულიერო ნაწილის უკეთესი მოწყობისათვის და ეკლესიებში სათანადო მღვდელმსახურების შემოღებისათვისო. რტიშჩევის აზრით, მან შეძლო იმერეთის სამღვდლოებისა და უწარჩინებულესი თავადაზნაურობის დარწმუნება სასულიერო ნაწილში ახალი რუსული წესის შემოღების უპირატესობაში. მათ, თითქოსდა, თავად აღიარეს, რომ ამგვარი წესების შემოღება იყო მათდამი იმპერატორის ყურადღების და კეთილი ზრუნვის ნაყოფი. მხოლოდ საეკლესიო მამულების ხაზინაზე გადაცემის და მათი სინოდალური კანტორის მოხელეების მეშვეობით მართვის საკითხმა გამოიწვია იმგვარი მსჯელობა, რომელიც რტიშჩევმა ყურადსაღებად მიიჩნია: მთავარმა სასულიერო პირებმა და უწარჩინებულესმა თავადაზნაურობამ განუცხადეს, რომ თუმცა ყველაფერში ემორჩილებოდნენ იმპერატორის უზენაეს ნებას, რომელიც იმერეთის მიწის კეთილდღეობისკენ იყო მიმართული, მაგრამ უბრალო ხალხს ჯერ არ ჰქონდა გაცნობიერებული თავისი სამეფოს უშუალოდ რუსეთის მთავრობის დაქვემდებარებაში შესვლით გამოწვეული სიკეთე, არ ესმოდა რუსეთის მიერ შემოტანილი წესრიგი. ამიტომ ძნელი იქნებოდა ხალხის აზრის შეცვლა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საეკლესიო ქონება. ხალხის ღრმა რწმენით ეს ქონება წარმოიშვა ნებაყოფლობითი შეწირულობის ხარჯზე და ეკლესიებისა და სამღვდლოების კუთვნილებას შეადგენდა. საეკლესიო ქონების უეცრად ჩამორთმევას და ხაზინაზე გადაცემას შესაძლოა ხალხში მღელვარება გამოეწვია, რასაც თურქები უცხოეთში გაქცეულ რუსეთის მოწინააღმდეგე იმერელ თავადებთან ერთად, თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებდნენ. ისინი ყველა ღონეს იხმარდნენ ხალხზე ზეგავლენის მოსახდენად და სიმშვიდის დასარღვევად. იმერეთის სამღვდლოება და თავადაზნაურობა ამგვარი არგუმენტების მოხმობით შეეცადა გენ. რტიშჩევისათვის მოსალოდნელ დაუმორჩილებლობაზე მიენიშნებინა. სთხოვეს, რომ თუ იმერეთის საეკლესიო მამულები სამუდამოდ არ იქნებოდა დატოვებული ახლანდელ მდგომარეობაში, ყოველ შემთხვევაში, არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით მომხდარიყო მათი გადაცემა სახაზინო უწყებისათვის, ისიც ხელსაყრელ ვითარებაში. გენერალს პირადი შეხვედრები ჰქონდა ლევან დადიანთან და მამია გურულთან. ორივე მთავარმა განაცხადა, რომ მათ სამფლობელოებში არსებული ეკლესიებისა და სამღვდლოების დაქვემდებარებას დიკასტერიისათვის, რომელიც ქუთაისში უნდა დაარსებულიყო, ისინი მადლიერებით შეხვდებოდნენ, მაგრამ სამეგრელოსა და გურიის საეკლესიო მამულების ჩამორთმევა და ხაზინაზე გადაცემა მათთვის მონარქის რისხვა და ტრაქტატების ძალით მათთვის მინიჭებული უფლებების დარღვევა იქნებოდა. რტიშჩევი მიტროპოლიტ ვარლაამთან აღიარებს, რომ დასახელებული მოთხოვნების სამართლიანობას ხედავდა, მაგრამ მან, როგორც მთავრებთან, ისე იმერეთის სამღვდლოებასა და თავადაზნაურობასთან, თავი აარიდა გადამწყვეტი პასუხის მიცემას. დაარწმუნა რა ისინი, რომ ეს საკითხი განსახილველად იმპერატორს წარედგინებოდა. იქამდე კი რტიშჩევმა მიტროპოლიტ ვარლაამს მოახსენა საქმის ვითარება. ამასთან, სთხოვა, რომ საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრებთან ერთად განეხილა ეს საკითხი და თავისი აზრი ეცნობებინა, რომელსაც ის თავის დასკვნასთან ერთად იმპერატორს წარუდგინა.29 1816 წლის 2 თებერვალს რტიშჩევი ქუთათელ მიტროპოლიტს სწერდა: „უკან გიგზავნით ქუთაისელ იეროდიაკონ ნიკოლოზ გაბაევს. მე სიამოვნებით მაქვს პატივი მოვახსენო თქვენს უწმინდესობას, რომ თხოვნა იმპერატორის სახელზე, ხელმოწერილი იმერეთის მთელი პირველხარისხოვანი სამღვდლოების, აგრეთვე თავადაზნაურებისა და მდივან-ბეგების მიერ, იმერეთში სასულიერო საქმეების მმართველობის ძველ საფუძველზე დატოვების შესახებ ჩემს მიერ მიღებულია და წარედგინება იმპერატორს ხელსაყრელ დროს“.31

სინოდის 1815 წლის 31 აგვისტოს და 7 სექტემბერის დადგენილებების მე-9 პუნქტში აღნიშნული იყო, რომ საკითხის განხილვამდე, „იმერეთში დარჩეს ამჟამად არსებული ეპარქიები და იყვნენ ისინი ამჟამინდელი მწყემსმთავრების მმართველობაში“. მათგან რომელიმეს სკვდილის შემდეგ, საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას უნდა ეცნობებინა სინოდისათვის და წარედგინა თავისი მოსაზრება: დაცარიელებული ეპარქია ძველებურად უნდა დარჩენილიყო, თუ მიწერილი ყოფილიყო სხვა ეპარქიაზე და სახელდობრ, რომელზე იქნებოდა უფრო მოსახერხებელი. ამ დადგენილების საფუძველზე, სინოდალური კანტორის პროკურორი ჭილაევი დასახელებულ კანტორას სთავაზობდა სათანადო განკარგულების გამოცემას, რათა იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში რომელიმე ეპარქიის მწყემსმთავრის სიკვდილის შემდეგ, არავინ აეყვანათ ამ ხარისხში სინოდალური კანტორისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამგვარი განკარგულება დაფუძნებული უნდა ყოფილიყო ისეთ „პოლიტიკურ ზომაზე“, რომ ხალხს და იქაურ სამღვდლოებას არ მიეღო ეს შევიწროებად, ან არ გამოეტანა დასკვნა წესრიგის საწინააღმდეგო ქმედების შესახებ. სინოდალურმა კანტორამ 1816 წლის 28 ივნისს დადებული რეზოლუციით ჭილაევს დაავალა ამ საკითხის თაობაზე რტიშჩევთან დაკავშირება, რაც მან შეასრულა კიდეც და გენერალს გადაწყვეტილების გამოტანა სთხოვა.

1816 წლის 4 ნოემბერს პოლიციის სამინისტროს სააღმსრულებლო მე-2 განყოფილება საქართველოს მთავარმართებელს მიმართავს იმის თაობაზე, რომ საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის განკარგულებაში არ ჩაერიოს. უწმინდესმა სამთავრობო სინოდმა ცნობისათვის სინოდალური ობერ-პროკურორის და კავალერის, თავად გოლიცინის წინადადებით, რტიშჩევის მიმართვის საფუძველზე, 1816 წლის 12 ივნისს დაადგინა: დაევალოს სინოდალურ ობერ-პროკურორს, რათა მან აუწყოს საქართველოს მთავარსარდალს, რომ საეკლესიო ქონება კვლავაც მიიჩნევა ეკლესიების და სამღვდლოების განუყოფელ საკუთრებად, რომელიც მათთან რჩება, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ მამულების შემოსვლებიდან, დიდი ნაწილის ტაძრების გამართვასა და სამღვდლოების საჭიროებაზე მოხმარების შემდეგ, გამოყოფილი ყოფილიყო, ადგილიბრივი შეხედულებისამებრ საჭირო ნაწილი, დიკასტერიის შესანახად, რომელიც ქუთაისში იხსნებოდა, აგრეთვე სასწავლებლებისა და „სხვა ღვთივკურთხეული დაწესებულებების“ შესანახად. დანართში აღნიშნული იყო, რომ მე-7 მსოფლიო კრების მე-19 წესის და მისი განმარტების თანახმად, ის მამული, რომელიც ღმერთისათვის იყო შეწირული, სამუდამოდ საეკლესიო გამგებლობაში უნდა დარჩენილიყო და სასულიერო ხელისუფალთა განკარგულებებზე ყოფილიყო დამოკიდებული, და არა იმ პირებზე რომლებმაც ეს მამული შეწირეს. საეკლესიო კრების ეს დადგენილებები მთელი საქართველოს მცხოვრებლებისთვის, როგორც მართლმადიდებლური „ბერძნულ-რუსული“ სარწმუნოების აღმსარებლებისთვის, აუცილებლად ცნობილი უნდა ყოფილიყო. სინოდალურმა კანტორამ ეგზარქოს ვარლაამს დაავალა იმის გაგება, თუ სინოდის იბერ-პროკურორის მიწერილობის საფუძველზე რა განკარგულება გაიცა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა სინოდალურ კანტორას. ვარლაამმა, იმის გამო, რომ მთავარსარდალი სპარსეთში გაემგზავრა, 1817 წლის 6 მაისს გენერალ-მაიორ კუტუზოვს მიმართა სათანადო ცნობების მოსაპოვებლად. ამასთან, შეეკითხა, თუ ვის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა იმერეთის სასულიერო საქმეები.

Pპირველი და უკანასკნელი ქართველი ეგზარქოსი ვარლაამი, მიუხედავად იმისა, რომ რუსული პოლიტიკის გამტარებელი იყო, თავსი ქართული წარმომავლობის გამო, მაინც შეუფერებლად მიიჩნიეს და მის ადგილზე რიაზანის არქიეპისკოპოსი თეოფიაქტე რიაზანოვი დანიშნეს, რომელმაც ქართული ენაც არ იცოდა. 1817 წლი 6 ივნისს ქვაბთხევის არქიმანდრიტი ათანასე საქართველოში განლაგებული ჯარების მეთაურს, გენერალ-მაიორ ალექსანდრე პეტრეს ძე კუტუზოვს აცნობებს, რომ სინოდის მიერ 28 მაისს სინოდალურ კანტორაში გამოგზავნილი განკარგულება შეიცავს იმპერატორის ორ სახელობით ბრძანებას: პირველში ნათქვამია, რომ განიხილა რა უზენაესი სინოდის წარდგინება, მის მიერ შემოთავაზებული ზომების შესახებ, რომლებიც საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის დაარსებას იმ მხარეში სასულიერო და სასწავლო ნაწილის გაუმჯობესებას შეეხება, რაც ჯერაც არ არის სისრულეში მოყვანილი. საპატიოდ მიიჩნია საქართველოში ეგზარქოსად და სინოდალურ პირად ერთ-ერთი რუსი მღვდელმთავრის დანიშვნის მიზეზები, დასახელებული სინოდის მიერ იმპერატორი ბრძანებდა: „პირველი მიტროპოლიტი და ეგზარქოსი ვარლაამი განთავისუფლებულ იქნას საეპარქიო საქმეების მართვის და საქართველოში ყველა თანამდებობისაგან. გამოძახებულ იქნას სანკტ-პეტერბურგში წმინდა სინოდში დასასწრებლად (მიღებისათვის - მ.ხ.) სინოდალური წევრის წოდების შესაბამისი ხელფასით და წლიური პენსიის (2350 მანეთის ოდენობით) შენარჩუნებით. ადგილსამყოფელი გამოეყოს სასულიერო უწყების კუთვნილ შენობაში, ეპარქიალური უფროსობის შეხედულებისამებრ, ხოლო სამგზავროდ მიეცეს ფული რამდენიც საჭიროა. საქართველოს მთავარმართებელს მიენდოს იქაური სახაზინო ხარჯების განხილვა. მეორე: მიტროპოლიტ ვარლაამის ადგილზე საქართველოში სინოდალური წევრი, რიაზანის არქიეპისკოპოსი თეოფილაქტე იქნას გადმოყვანილი, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ საქართველოში რამდენი ეპარქიის არსებობას ჩათვლის საჭიროდ; მანვე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოსეთის სასულიერო კომისიის თაობაზე, ადგლობრივი გარემოებების მიხედვით. საქართველოში გადმოყვანისას, მიენიჭოს ეგზარქოსის ტიტული, ამ წოდებისთვის შტატით განსაზღვრული წლიური ხელფასი - 5 ათასი მანეთი ვერცხლით. მესამე: არქიეპისკოპოსი თეოფილაქტეს დასახმარებლად მისი მოვალების შესრულებაში, აგრეთვე სასულიერო სემინარიისათვის, აქედან გამგზავრებისას წაიყვანოს თავისი შეხედულებისამებრ საჭირო რაოდენობის ნიჭიერი მღვდელმსახურები და მასწავლებლები სასულიერო უწყებიდან. კანცელარიის მოსამსახურეები, ასევე მგალობლები რიაზანისა და სხვა ეპარქიებიდან… მეოთხე: პირადად არქიეპისკოპოს თეოფილაქტეზე, საქართველოში გასამგზავრებლად და იქ მოსაწყობად, გაცემულ იქნას ერთჯერადად ხუთი ათასი მანეთი ასიგნაციებით, ხოლო სხვებს, ვის წაყვანასაც ინებებს, მიიეცეს სამგზავროდ და საგზაო ხარჯებზე, თითოეულს ფულის საჭირო თანხა საერთო სახელმწიფო შემოსავლებიდან… „იმპერატორი დასძენდა, რომ განიხილა წმინდა სინოდის აზრი, დაფუძნებული საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის და საქართველოს უზენაესი მთავრობის წევრების საერთო კრების გადაწვეტილებაზე, (რომელზეც თავმჯდომარეობდა საქართველოს მთავარმართებელი), რის თანათახმად ოსეთის სასულიერო კომისიის არსებობას არავითარი წინააღმდეგობა არ ემუქრებოდა ქსნის მამულის თავადი ერისთავების მხრიდან და აქედან გამომდინარე, ამგვარ დასკვნას აღარ მიესადაგებოდა არქეპისკოპოსი დოსითეოსის განკარგულებები, რომელსაც სხვაგვარად ვერ წარმოედგინა ოსეთის კომისიის არსებობა და წარმატება, თუ არა ქსნის მამულის სახაზინო უწყებისათვის გადაცემის გზით.

იმპერატორი ბრძანებდა: პირველი: სინოდის წარდგინების თანახმად, არქიეპისკოპოსი დოსითეოსი განთავისუფლდეს საქართველოში დაკავებული ყველა თანამდებობიდან; გამოძახებულ იქნას საცხოვრებლად მოსკოვში… მეორე: ოსეთის სასულიერო კომისია, ეგზარქოს არქიეპისკოპოს თეოფილაქტეს მიერ მის განხილვამდე, საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის უწყებაში იმყოფებოდეს, რომელმაც არქიეპისკოპოს დოსითეოსისაგან უნდა ჩაიბაროს კომისიასთან დაკავშირებული მთელი ქაღალდები და ნაღდი ფულის ხაზინა. კომისიის საქმეების მართვა დროებით დაევალოს სინოდალური კანტორის წევრს, ქვაბთახევის არქიმანდრიტ ათანასეს. მესამე: იმპერატორმა გაითვალისწინა სინოდის შუამდგომლობა არქიმანდრიტ ათანასეს შესახებ, რომელმაც დიდი გულმოდგინება გამოიჩინა ეკლესიის საკეთილდღეოდ, რის გამოც მას დაენიშნა წლიური ხელფასის გარდა, პენსია ხუთასი მანეთის ოდენობით წელიწადში, საქართველოს საერთო სახაზინო შემოსავლებიდან…

ამ ყოველივეს ათანასე მოახსენებდა ალექსანდრე კუტუზოვს და შეახსენებდა, რომ მას პირადად დაევალა კავშირის დამყარება სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელობასთან. ითხოვდა კუტუზოვს მხრიდან შესაბამის თანადგომას. ათანასე არქიმანდრიტმა 18 აგვისტოსაც მიმართა კუტუზოვს, რომ საქართველოს მთავარსარდლის არყოფნის პერიოდში, მას მიეწოდებინა სინოდალური კანტორისათვის საჭირო ცნობები.32 იმერეთის სამღვდლოებამ, თავადებმა და აზნაურებმა დეპუტატის მეშვეობით გენ. ერმოლოვს წარუდგინეს თხოვნა იმპერატორის წინაშე შუამდგომლობის შესახებ. ისინი ითხოვდნენ, რომ მათთვის ეპატიებინათ 1812 წელს რუსეთის მთავრობის მიერ ყირიმიდან ჩამოტანილი და ხალხისთვის დარიგებული პური. ერმოლოვი იმპერატორისათვის გაგზავნილ პატაკში თავის მხრივ დასძენდა, რომ ამგვარი საქციელით იმპერატორისადმი სიყვარული სამუდამოდ აღიბეჭდებოდა იმერეთის მოსახლეობის გულებში, მით უმეტეს, რომ, მისი თქმით აღარ არსებობდა ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ხალხი აჯანყებაში იქნა ჩათრეული.33

1817 წლის 19 აპრილს იმპერატორმა გურჩევს უბრძანა, რომ 1811 წელს მისი ბრძანებით იმერეთის მცხოვრებლებისთვის ვალად გამოყოფილი 10 000 მანეთი, რომელიც პურის შესყიდვას და მათთვის განაწილებას მოხმარდა, აღარ ყოფილიყო ხალხისგან ამოღებული.34 ამით ალექსანდრე I-ს იმერეთში შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განმუხტვა სურდა. ამას მოჰყვა იმერელი თავადებისა და რუსეთში გადასახლებული ბატონიშვილების მხრიდან მოთხოვნები მათთვის ჩამორთმეული მამულების დაბრუნებისა და ხელფასის მომატების თაობაზე. ასე მაგალითად, 1817 წლის 11 დეკემბერს ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი კოზოდავლევი გენ. ერმოლოვს მოახსენებდა, რომ რაჭის ერისთავები, თავადები ანტონი და დავითი მოითხოვდნენ მათ მფლობელობაში რაჭის ოლქის დაბრუნებას, ისევე როგორც იმერეთში მდებარე ზოგიერთი სოფლისა.35 1818 წლის 25 მარტს გენ. ერმოლოვი კოზოდავლევს მოახსენებს, რომ იმერეთის დედოფალი ანა და მისი ვაჟი კონსტანტინე ბატონიშვილი ითხოვდნენ თავიანთი მამულის დაბრუნებას. გენ. ერმოლოვს დაუდგენია, რომ ანა დედოფალს, გვარად ორბელიანს, იმერეთში საგვარეულოს მამული არ ჰქონია. იმერეთში მას, როგორც დედოფალს, საკუთარი ხარჯებისათვის და ამალის შესანახად, საკუთრებაში გადაეცა რამდენიმე სოფელი, მაგრამ როდესაც მის მეუღლეს მეფობა ჩამოერთვა და იმერეთიდან განდევნილ იქნა, ტახტზე ასულმა მეფე სოლომონმა არათუ დედოფლის სოფლები, არამედ მისი მეუღლის სამემკვიდრეო მამული სამეფო მამულს შეუერთა, ნაწილი კი სიგელებით კერძო პირებს უბოძა. შემდეგ როდესაც ყოფილი მეფე დავითი ოსმალეთიდან დაბრუნდა და სოლომონ II-ის ერთგულებაზე დაიფიცა, მას თავისი ყოფილი მამულის დიდი ნაწილი დაუბრუნდა, იმ პირობით, რომ სიმშვიდეს არ დაარღვევდა, რაც მან ვერ შეასრულა. საბოლოოდ იძულებული გახდა ახალციხეში გადახვეწილიყო. იქვე გარდაიცვალა. მისი მამულები კვლავ მეფე სოლომონის ხელში გადავიდა. ამდენად, დედოფლის პრეტენზიები ფუჭი იყო. ერმოლოვის დასკვნის მიხედვით, რუსული მხარის ინტერესები მოითხოვდა, რომ ანა დედოფალი და მისი ვაჟი იმერეთში არ დასახლებულიყვნენ.36

გიორგი „ბუშის“ შვილები, იმერელი თავადები ალექსანდრე და დიმიტრი, რომლებიც ლეიბ-გვარდიის ულანის პოლკში მსახურობდნენ, ითხოვდნენ ხელფასის მომატებას, ან მამულის დაბრუნებას. იმპერატორის ბრძანებით, მათი ნაცვლად 2000 მანეთისა, რომელსაც თითოეული მათგანი წელიწადში იღებდა, დაენიშნათ 200-300 მანეთი ყოველთვიურად.37

რუსეთის მთავრობა და სამთავრობო სინოდი განაგრძობდნენ რუსიფიკაციაზე ზრუნვას. სამთავრობო სინოდის მოხსენება 1818 წლის 17 ივნისს დაიწერა. დედანს იმპერატორის ხელით აწერია: „დაე, ასე იყოს“, „ალექსანდრე“. მოხსენებაში მოხმობილია იმპერატორის მიერ სინოდისათვის 1817 წლის 14 მაისს გაგზავნილი ბრძანება, სადაც ნათქვამია: „საქართველოდან განთავისუფლებული მიტროპოლიტისა და ეგზარქოსი ვარლაამის ადგილზე გადაყვანილ იქნას საქართველოში სინოდის წევრი, არქიეპისკოპოსი რიაზანისა თეოფილაქტე, მისთვის ეგზარქოსის ტიტულის მინიჭებით. მან თავად განსაზღვროს რამდენი ეპარქიის არსებობას ჩათვლის საჭიროდ, ასევე ოსეთის სასულიერო კომისიას შეუსაბამებს ადგილობრივ გარემოებებს“. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამ ბრძანების შესასრულებლად თეოფილაქტე, ტფილისში ჩამოვიდა 1817 წლის 31 აგვისტოს. მან სინოდალურ კანტორაში შეკრებილი და თავისი წინამორბედის ქაღალდებში ნაპოვნი ცნობების საფუძველზე, სინოდს წარუდგინა მოხსენება.

სინოდალურმა კანტორამ ეგზარქოს თეოფილაქტეს აუწყა, რომ იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ეკლესიების, მონასტრებისა და სამღვდლოების შესახებ მისთვის ცნობილი იყო მხოლოდ რიცხვი იქაური ეპარქიებისა და არქიერეების სახელები. ეგზარქოსმა გაიგო, რომ საქართველოს მთავარმართებლის ბრძანებით, ამ ოლქებში ტარდებოდა კამერალური აღწერა, რომელიც უკვე შედგენილი იყო იმერეთში, რაც მან გენ.-მაიორ ხატუნცოვისგან მოითხოვა. აღწერაში ნაჩვენებია: სახაზინო, სამონასტრო აზნაური და გლეხი - 12,975 კომლი. აქედან სამონასტრო და საეკლესიო - 2,176 კომლი.38

თანახმად იმპერატორის მიერ 1811 წელს კონფირმირებული სინოდის მოხსენებისა, რომელიც დაიწერა მიტროპოლიტ ვარლაამისაგან და საქართველოს მთავარსარდლის გენ. ტორმასოვისგან გაგზავნილი ცნობების საფუძველზე, სასულიერო მმართველობა დაევალა ხსენებულ მიტროპოლიტს, რომელსაც მიენიჭა სინოდის წევრისა და საქართველოს ეგზარქოსის ტიტული, ხოლო 1814 წელს, თანახმად იმპერატორის მიერ სინოდისთვის მიცემული 30 აგვისტოს განკარგულებისა, სასულიერო საქმეების მოწყობა დაევალა საქართველოში დაარსებულ სინოდალურ კანტორას, რომელსაც, როგორც მოხსენებაში იყო აღნიშნული, წარმატებისთვის არ მიუღწევია. აქვე ვხვდებით ცნობებს ოსეთის კომისიის შესახებ: ოსი ხალხის გაქრისტიანება დაიწყო 1745 წელს, მაგრამ სასულიერო პირებმა ვერ გაამართლეს იმედები. 1777 წელს ეკატერინე II-მ ასტრახანის გუბერნატორს, იაკობის, გაუგზავნა უზენაესი რესკრიპტი, რომელშიც ნაბრძანები იყო, რომ ოსეთის კომისიის პროტოპოპი უფრო გულისხმიერად მოჰკიდებოდა ოსების მონათვლას. 1745-1765 წლებში მოინათლა 2.142 სული, ხოლო 1772-1792 წლებში 6.057 სული. ამის შემდეგ, ოსურმა კომისიამ შეწყვიტა არსებობა.

კომისია კვლავ გაიხსნა 1815 წელს. ხელფასებისთვის საჭირო თანხა განისაზღვრა 14,750 მანეთით. მის განკარგულებაში გადაცემული იქნა 100 კაზაკი და 30 საეკლესიო გლეხი. მოხსენებაში ყურადღება არ არის გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ ხსენებული კომისიის შენახვის ხარჯები საქართველოს ეპარქიებს დააწვა. მოხსენებაში გაზიარებულია ეგზარქოს თეოფილაქტეს მოსაზრება საქართველოში ეპარქიების რაოდენობის შესახებ და ციტირებულია მისი სიტყვები: „იმერეთისთვის საკმარისია ერთი ეპარქია და საეპარქიო არქიერი, რომელიც უნდა იმყოფებოდეს ქუთაისში, როგორც მთელი ოლქის შუაგულში. სამეგრელო და გურია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, სხვათა მტკიცებით, იმერეთზე პატარები არიან, ამიტომ შეუძლიათ გაერთიანება ერთ საეპარქიო უწყებად; მაგრამ ვინაიდან ამ ოლქებს ჰყავთ თავ-თავიანთი მთავრები, უპრიანად უნდა ჩაითვალოს ყოველ მათგანში თავიანთი არქიერის დატოვება“ თეოფილაქტეს ბრძანების თანახმად, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში თითო-თითო ეპარქია უნდა ყოფილიყო. ვინაიდან სინოდს არ გააჩნდა ცნობები იმის შესახებ, თუ იქ მყოფი 9 მვდელმთავრიდან ვის უფრო მეტი უნარი გააჩნდა ეპარქიის მართვისა. ამიტომ სინოდმა გადაწყვიტა ეგზარქოსისათვის და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორისათვის დაევალებინა ადგილობივი მღვდელმთავრების არჩევა.

მიტროპოლიტი თეოფილაქტე 1819 წლის 3 ივნისს გენ.-მაიორ კურნატოვსკის სწერდა, რომ უზენაესი ბრძანების თანახმად, იმერეთის ოლქის ოთხივე ეპარქიაში იწყებდა რა მონასტრების, ეკლესიების, საეკლესიო კომლებისა და საეკლესიო მამულების შემოსავლების რაოდენობის შესახებ ცნობების შეკრებას, ამ საქმეში დასახმარებლად ითხოვდა ოლქების უფროსების თავისთან დაბარებას, პირველ რიგში ქუთაისის და ვაკის ოლქების უფროსების, რომლებიც კომისიის წევრებს უნდა შეერთებოდნენ. კურნატოვსკი მიტროპოლიტ თეოფილაქტეს 1819 წლის 2 ივნისს პასუხობდა, რომ იმერეთის ოლქების უფროსები დაკავებულები იყვნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებით. მათ არ ჰყავდათ თანაშემწე რუსი მოხელეები, ქართველებს კი ენის არცოდნის გამო, მათი შეცვლა არ შეეძლოთ. ამიტომ თუ ოლქების უფროსები თეოფილაქტეს მოხელეების დასახმარებლად იქნებოდნენ გაგზავნილი, მათ მოვალეობას ვერავინ შეასრულებდა და საქმეები შეჩერდება. ეს რომ არ მომხდარიყო, კურნატოვსკიმ ოლქების უფროსებს უბრძანა, თავიანთი მოვალეობის შესრულებასთან ერთად, დახმარება გაეწიათ თეოფილაქტეს მიერ გაგზავნილი მოხელეებისთვის და საჭიროების შემთხვევაში მათ მიერ შეკრებილი ცნობების სისწორე საკუთარი ხელისმოწერით დაედასტურებინათ. ქუთაისისა და ვაკის ოლქების უფროსებს უბრძანა თეოფილაქტესთან გამოცხადება, ამ უკანასკნელს კი სთხოვა, რომ დიდი ხნით არ დაეყოვნებინა ისინი. კურნატოვსკიმ თეოფილაქტეს შეატყობინა ვაკისა და შორაპნის ოლქების უფროსებისგან მიღებული ცნობები. ზოგი სოფლის მცხოვრებლები აშკარა წინააღმდეგობას უწევდნენ როგორც ოლქის უფროსებს, ისე თეოფილაქტეს მიერ გაგზავნილ მოხელეებს. აღწერისათვის ხელის შეშლის მიზნით, ისინი დიდ ჯგუფებად იკრიბებოდნენ, განსაკუთრებით შორაპნის ოლქში. სამეგრელოსა და გურიის სამთავროებიდანაც მოდიოდა ხმები, რომ მოსახლეობა იქაც იკრიბებოდა, წინააღმდეგობას უწევდა მთავრებს და აჯანყებით იმუქრებოდა, თუ სასულიერო ნაწილის საქმეები ძველი წესების მიხედვით არ იქნებოდა დატოვებული. კურნატოვსკი თეოფილაქტეს სთხოვდა ეუწყებინა მისთვის, თუ რაში მდგომარეობდა მის მიერ იმერეთის ოლქებში და სამეგრელოსა და გურიის სამთავროებში გაგზავნილი პირების დავალება. კურნატოვსკი ასევე ითხოვდა გაეცნოთ მისთვის ის ინსტრუქციები, რომლებიც აღნიშნულ პირებს მიეცათ. ეს მას საშუალებას მისცემდა, რომ ხალხის წინააღმდეგობის ნამვილი მიზეზები დაენახა. იმავე დღეს თეოფილაქტემ აცნობა, რომ მის მიერ გაგზავნილ ყველა პირს ერთი და იგივე დავალება ჰქონდა მიცემული:

1. მწყემსმთავრების სახლების, ეკლესიების, სასულიერო და სამოქალაქო მსახურების შტატების აღწერა.

2. მონასტრების, მათი წინამძღოლების და ბერების რაოდენობის აღწერა.

3. სამრევლო ეკლესიების, კომლებისა და თეთრი სამღვდელოების აღწერა.

4. საეკლესიო გლეხების და მათი მამულების აღწერა.

5. აღწერა იმ საეკლესიო აზნაურებისა, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ ეპარქიის ხელისუფალთა ამალას.

6. გლეხების ქოებისა და საეკლესიო შემოსავლების აღწერისას, ისეთ ადგილებში, სადაც საეკლესიო გლეხების ძალდაუტანებელი თანხმობა იქნებოდა, შეთავაზებული უნდა ყოფილიყო სასურსათოს ნაცვლად ფულადი ბეგარა და გადასახადების გაზრდა.

თეოფილაქტეს მიერ სამეგრელოსა და გურიაში გაგზავნილი არქიმანდრიტი ათანასე და საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის პროკურორი ჭილაევი მთავრების მიერ არ იქნენ დაშვებლი აღწერების ჩასატარებლად, ამიტომ ისინი ტფილისში დაბრუნდნენ.

1819 წლის 17 ივნისს გენ. ერმოლოვი, რომელმაც გენ. რტიშჩევი შეცვალა, სწერს მიტროპოლიტ თეოფილაქტეს, რომ სამეგრელოს მთავარ დადიანს თავის დროზე ეცნობა სასულიერო მმართველობის სავარაუდო გარდაქმების შესახებ თავის სამფლობელოში. მან თავის წერილში 22 მაისს ერმოლოვს განუცხადა თანხმობა სამეგრელოში სამი ეპარქიის ნაცვლად ერთი ეპარქიის დაარსებაზე და გამოთქვა სურვილი თავის მხრივ საკუთარი შემოსავლებიდან დახმარება აღმოეჩინა როგორც ეკლესიების გაუმჯობესების, ისე სამღვდლოებისათვის ღირსეული ანაზღაურების დანიშვნის მიმართებით. ამასთან ერთად, მან თავისი კონკრეტული მოთხოვნები წამოაყენა.40 თეოფილაქტე თავად ჩავიდა იმერეთში და ადგილზე შეუდგა თავისი მიზნების განხორციელებას. შედეგად, იმერეთში ჩაისახა აჯანყება, რომელიც შემდეგ საეკლესიო ბუნტის სახელით იყო ცნობილი, თუმცა, თავისი მნიშვნელობით ეს აჯანყება საეკლესიო ბუნტის მიზნებს გასცდა. ის ეროვნულ-გამათავისულებელ ბრძოლაში გადაიზარდა.

1819 წლის 29 ივნისს საბრძოლოდ განწყობილმა იმერლებმა ლოსიათხევიდან რაჭაში მიმართვა გაგზავნეს: „შორაპნის და ქუთაისის ოლქების თავადების, აზნაურების და უბრალო ხალხის წერილი პოლკ. თავად გიორგი წულუკიძეს და სხვა წულუკიძეებს, თავადებს იაშვილებს, ჯაფარიძეებს და ყიფიანებს და რაჭის ოლქის ყველა კეთილშობილს“.41

მიმართვაში ნათქვამია:

იმერეთში მაღალ უსამღვდელოესი თეოფილაქტეს ჩამოსვლისთანავე ჩვენ ყველა, დიდიან პატარიანად, შორანისა და ქუთაისის ოლქების თავადები, აზნაურები და უბრალო ხალხი დიდ მწუხარებაში ვართ. ქრისტეს ნათლობასა და ჯვარცმაზე მყარად დაფუძნებლი ჩვენი რწმენა ხელყვეს. ამაზე უფრო უმძიმეს საქმეებსაც ვხედავთ მის მიერ ქართლში მოწყობილს. უპირველეს ყოვლისა, ბევრი წმინდა ეკლესია დაინგრევა და პატიოსანი და ხოტბაშესხმული ხატები და ჯვრები ჩამოგვერთმევა. ჩვენს მიერ აღზრდილ, ჩვენთვის მლოცველ მღვდლებს წაგვართმევენ და ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, როგორც ქრისტეს დიდებისა, ისე მისთვის ხორციელად მსახურებისა. სრულიად მოგვაკლდება ჩვენი მღვდელმთავრების კურთხევა. თუ ხელუხლებელია დაბრმავებული ებრაელების რწმენა, ასევე სომხებისა და კათოლიკების რწმენა, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისი? თუკი იმ დროს, როდესაც ჩვენზე აგარიანნი ბატონობდნენ, ჩვენს მტკიცე რწმენას არ ეხებოდნენ და ასეთ მწუხარებას არ გვივლენდნენ, ახლა რა დავაშავეთ, რომ უნდა წაგვართვათ ჩვენი მღვდელთმთავრები, ვისაც მიჩვეული ვართ, ეკლესიები და მღვდლები. სიკვდილის შემდეგ ვერ ვეღირსოთ დაკრძალვას, სიცოცხლეში წაგვართვან შესაძლებლობა იმისა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთს აღუვლინოთ დიდება და ლოცვა. ამიტომ გაიხსენეთ ქრისტეს სიყვარული, რომელიც ქრისტიანობის გამო ჯვარს ეცვა და გამოგვისყიდა თავისი სისხლით. ასევე თქვენც, ჩვენი ქრისტესგან დაშორების გამო, მსხვერპლად გაიღეთ თქვენი სისხლი და ცრემლები. 1819 წელია, რაც ჩვენ გვაქვს ქრისტიანული წესი და რიგი. დაე, არ დაირღვეს იგი და ჩვენ ვიქნებით უერთგულესი ჩვენი ხელმწიფე-იმპერატორის ჯარებისა, როგორც ვართ ხორციელად მონობაში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. Mმაგრამ სულის შეწირვა არ შეიძლება არც ხელმწიფისათვის და არც მცირეთათვის, ვინაიდან იგი მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის.42

1819 წლის 29 ივნისს შორაპნისა და ქუთაისის ოლქების საზოგადოებებმა თხოვნა გაუგზავნეს გენ.-მაიორ სისოევს, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო: მიტროპოლიტ თეოფილაქტეს ჩამოსვლისთანავე საქართველოში ჩატარდა სამღვდელოების აღწერა და შტატების დაწესება. ამ იძულებითმა აღწერამ გამოიწვია უდიდესი და საოცარი მწუხარება, რომლის შესახებ ჩვენ გვეუწყა და ახლა უფრო დიდ სიმწარეს მოველით. თუ ქართლელები, რომლებიც ჩვენთან შედარებით ყოველმხრივ უკეთეს პირობებში იმყოფებიან, ასე დამწუხრდნენ, მით უმეტეს, ჩვენ, მათზე ღარიბებს როგორ შეგვიძლია ვიტვირთოთ ამგვარი ტვირთი, როგორიცაა ახალი საეკლესიო წესრიგი. აშკრაა, რომ ჩვენი საეკლესიო რიგი, მრავალი საუკუნის მანძილზე სისხლით დაცული, მეფეთაგან ჩვენი დამსახურებისათვის ბოძებული, ნაყიდი და მემკვიდრეობით მიღებული გლეხები, მოძრავი და უძრავი ქონება, ჩვენი ღარიბული შეძლებისამებრ ქრისტეს დაბადებიდან დღემდე შემკული ხატები და ჯვრები, ხელიდან გამოგვეცლება. რამდენიმე ეკლესია გაუქმდება და მრავალი მოხუცი და ახალგაზრდა მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მოკლებული იქნება ღვთის დიდებისა და ლოცვის შესაძლებლობას. ასევე, წაგვგვრიან ჩვენ მიერ აღზრდილ მღვდლებს, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სულების გადარჩენისთვის ლოცვებს აღავლენენ, რასაც კიდევ უფრო დიდი უბედურება მოჰყვება. თუ შტატების შემოღება იმ მზნით არ არის დადგენილი, რომ ყველა ზემოხსენებული ხელიდან გამოგვაცალონ, ვფიქრობთ, ჩვენი რჯული დაბრმავებული იუდეველებისა და სხვების რწმენაზე უარესი არ არის43. თხოვნის შინაარსი ზემოთმოყვანილი მიმართვის შინაარსს ემთხვეოდა.

1819 წლის 8 ივლისს გენ. მაიორი კურნატოვსკი ველიამინოვ პირველს ატყობინებდა, რომ მიტროპოლიტმა თეოფილაქტემ იმერეთში ჩასვლისთანავე თავისი მოხელეები გაგზავნა ქუთაისისა და ვაკის ოლქებში საჭირო ცნობების შესაგროვებლად და სასულიერო ნაწილში განკარგულების მისაცემად. ქუთაისის ოლქში მოხელეებმა თავისი დავალება უფრო ადვილად შეასრულეს. ვაკის ოლქში კი საეკლესიო მამულების აღწერის დროს მათ აშკარა წინააღმდეგობა გაუწია ოლქის უფროსის ბინაში შეკრებილმა მრავალრიცხოვანმა თავადაზნაურობამ. რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: ლევან წულუკიძე, ქაიხოსრო ოტიაშვილი, დავით ლორთქიფანიძე ნიკოლოზიშვილი, ჯაბულ მიქელაძე, ქაიხოსრო მიქელაძე დავითაშვილი, ზურაბ მიქელაძე ბუჩუაშვილი და აზნაური კოხიტა იოსელიანი. ეს ადამიანები სვამდნენ კითხვებს საბატონო მღვდლების ქონების აღწერის თაობაზე და განაცხადეს, რომ მათ ეს არ სურდათ და არ მისცემდნენ ამის გაკეთების უფლებას; ხოლო თუ მათ საწინააღმდეგოდ მაინც განხორციელდებოდა აღწერა, მაშინ ამას შეიძლებოდა ცუდი შედეგები მოჰყოლოდა. ოლქების უფროსებთან საკმაო რაოდენობით არ იმყოფებოდნენ სამხედროები, რის გამოც ურჩების დაპატიმრება ვერ მოხერხდა.44

მიტროპოლოტის მოხელეების შორაპნის მაზრაში გამოჩენისას, ლოსიათხევში, ჩხერში და სამამუკაშვილოში მცხოვრები თავადები და აზნაურები ოლქის უფროსთან შეიკრიბნენ და ვაკის თავადაზნაურობის ანალოგიური დამოკიდებულება გამოხატეს; როდესაც მოხელეები თავად წერეთლების მამულში, საჩხერეში გაემგზავრნენ, თავადმა წერეთელმა, იმ საბაბით, რომ ხალხი მოითხოვდა იმერეთიდან მათ განდევნას, მოხელეები მოდინახეს ციხეში ჩასვა. კურნატოვსკის მოუხდა თავად ბეჟან წერეთლის გაგზავნა იქიდან რუსი მოხელის გამოსაყვანად და ქუთაისში გასაცილებლად.

რაჭის ოლქში, სამეგრელოსა და გურიაში სასულიერო საკითხების თაობაზე გაგზავნილნიც უშედეგოდ დაბრუნდნენ იქიდან. ამავე დროს შორაპნის ოლქში თავადაზნაურობამ დაიწყო შეკრება. მათ ქუთაისის ოლქიდანაც შეუერთდნენ. მათმა რიცხვმა 2000 კაცს მიაღწია. ისინი შეიარაღებულები იყვნენ და საყვირით დადიოდნენ სოფლებში ხალხის შესაკრებად. ოლქის უფროსი ამაოდ ცდილობდა მათ შეჩერებას. აღელვებული ხალხი ამბობდა: ჩვენ ვგრძნობთ ჩვენს დანაშაულს, ვშიშობთ, რომ დაგვსჯიან, ვცდილობთ გაძლიერებას, რათა თავის დაცვა შევძლოთ და იქამდე არ შევჩერდებით, სანამ ყველა მცხოვრებს ფიცს არ დავადებინებთ, რომ შემოგვიერთდებიანო. მათ დაიკავეს სოფელი ხიმში. მზადდებოდა აჯანყება. შეკრებილთა მიზნების გასაგებად, მათთან გაემგზავრა კურნატოვსკი. შეხვედრა შედგა ყვირილის პოსტზე. მის შეკითხვაზე, თუ რატომ შეიკრიბნენ, მათ იგივე უპასუხეს, რაც მათ თხოვნაში ეწერა. მიტროპოლიტმა თეოფილაქტემ, დაინახა რა იმერეთის მცხოვრებთა აშკარა უკმაყოფილება, მის მიერ ჩაფიქრებული სასულიერო მმართველობის რეფორმით, კურნატოვსკის განუცხადა, რომ ძალით არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, სწყვეტდა აღწერების ჩატარებას და ქართლში ბრუნდებოდა. კურნატოვსკიმ ეს ყოველივე შეკრებილთ აცნობა და დაშლა მოსთხოვა. მათ უპასუხეს, რომ იქამდე არ დაიშლებოდნენ, სანამ მოხელეების მიერ შედგენილი სიები არ გადაეცემოდათ და მიტროპოლიტი თეოფილაქტე იმერეთს არ დატოვებდა. მათ განაცხადეს, რომ აჯანყებას არ აპირებდენ, ამავე დროს ლოსიათხევის მცხოვრებმა აზნაურმა ბეჟიკა ჩხეიძემ კურნატოვსკის ხმამაღლა მიმართა: „გვაპატიეთ! სანამ ჩვენი საქმე არ გადაწყდება, არც ფოსტისთვის, არც ვაჭრებისთვის, საქართველოში მიმავალი გზა არ იქნება“. კურტანოვსკიმ მოთხოვა, რომ მისთვის წერილობით წარედგინათ თავიანთი თხოვნა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ, მაგრამ შესრულებას არ ჩქარობდნენ, თანდათან სულ უფრო მრავალრიცხოვანნი ხდებოდნენ და მოსახლეობას ფიცს ადებინებდნენ, რომ ერთსულოვნად იმოქმედებდნენ. ხუთი ჯარისკაცი ეგერთა უნტერ ოფიცრის თანხლებით სოფელ მარანიდან მიდიოდა რაჭაში განლაგებულ როტასთან შესაერთებლად, მაგრამ 30 იმერელმა მათ რაჭისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა და სიკვდილის მუქარით უკან დააბრუნა. აჯანყების სული საყოველთაო იყო და როგორც კურნატოვსკი სამართლიანად წერდა, რუსების მხარეზე არავინ აღმოჩნდა. ის არ გამორიცხავდა, რომ გურულებიც და მეგრელებიც იმერლებს შეერთებოდნენ. „მხოლოდ აფხაზების მოწვევაღა რჩებათო“. „მთავრების ჩვენს მიმართ ერთგულება საეჭვოა, ხოლო მათი ძალა საერთო სახალხო აზრის წინააღმდეგ - უმნიშვნელოა“.45 კურნატოვსკი ველიამინოვს სწერდა, რომ იმერლებისათვის ცნობილი იყო მათი ჯარის მცირერიცხოვნობა. ის ახალი ძალების გამოგზავნას ითხოვდა. დამხმრე ძალის ჩამოსვლამდე, ის არ აპირებდა მეამბოხეებისათვის წინააღმდეგობის გაწევას. ამბობდა: „თითქისდა ეკლესიების, ხატების და მღვდლების წართმევაზე შესტკივათ გული ბოროტმზრახველებს, რომლებიც ბნელ ხალხში ავრცელებენ ხმებს, ვითომ ჩვენ მათი რწმენის შეცვლა გვსურს და ჩქარა რეკრუტს მოვთხოვთ“. ამ სიტყვებდან ჩანს, რომ ეკლესიების, ხატებისა და სამღვდლოების წართმევა სინამდვილეს შეესაბამებოდა. კურნატოვსკის თქმით, იმერლებს სურდათ გამოეცადათ, იქნებ მოხერხებულიყო რუსების საბოლოოდ განდევნა. კურნატოვსკის დასკვნა ფაქტობრივად განაჩენი იყო: „აქაური მცხოვრებლები იქამდე არ გახდებიან ერთგულნი და ბეჯითნი, ვიდრე წარმატებულ სამხედრო მოქმედებებს არ დავიწყებთ, როდესაც მათ ჩვენგან განთავისუფლების იმედი გაუქრებათ“.46 1819 წლის 11 ივლისს გენ.-ლეიტენანტმა ველიამინოვმა კურნატოვსკის იმერეთის მოსახლეობისადი მიმართული პროკლამაციის 80 ეგზემპლარი გაუგზავნა და დაავალა ოლქების უფროსებისათვის მიწოდება შემდგომი გამოცხადებისთვის. მისი მითითებების თანახმად, იმერეთში მყოფ რუსულ ჯარს არ უნდა დაეწყო საბრძოლო მოქმედებები იმერლების წინააღმდეგ, რომლებისთვისაც სიტყვიერად უნდა შთაეგონებინათ, რომ დაშლილიყვნენ და სახლებში წასულიყვნენ. თუ იმერლები თვითონ დაიწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს, მაშინ მათ ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც მოღალატეებს და შეუბრალებლად დაესაჯათ იარაღის ძალით, რათა აჯანყება დაწყებისთანავე ჩახშული ყოფილიყო.

ველიამინოვმა სამეგრელოსა და გურიის მთავრებისთვის გადასაცემადაც გამოგზავნა წერილები. მან მიიღო ზომები იმერეთში მყოფი ჯარის გასაძლიერებლად. მას ასევე აინტერესებდა სამეგრელოსა და გურიის მთავრების შესახებ ცნობების შეგროვება, თუმცა მათ კეთილსაიმედოობაში დარწმუნებული იყო, ვინაიდან დადიანმა მთავარსარდალს მისწერა წერილი, რომელშიც მადლობას უხდიდა მის სამფლობელოში საეკლესიო მამულების თაობაზე ახალი განკარგულებების გაუქმების გამო.47 პროკლამაციის შინაარსი კი ამგვარი იყო: ველიამინოვი აცხადებდა, რომ დამწუხრებული იყო იმერეთის მმართველი გენ.-მაიორი კურნატოვსკისგან მიღებული შეტყობინების გამო. იმერეთის ზოგიერთ ოლქში იფეთქა აჯანყებამ არა მხოლოდ ხალხში, არამედ აზნაურებშიც, რომლებიც მასში მონაწილეობას იღებდნენ. აჯანყების მიზეზები მისთვის საკვირველი იყო. მთავრობას, ველიამინოვის თქმით, მხოლოდ კეთილი ზრახვები ჰქონდა. მას სურდა იმერეთში სასულიერო ნაწილის გაუმჯობესება, ეკლესიებისთვის მყარი შემოსავლების დაწესება, ძარცვისგან დაცვა. შემოსავლების აღწერის გზით, მათი მიმართვა პირდაპირი მიზნისაკენ, როგორიცაა ტაძრების შემკობა, სასულიერო სასწავლებლების დაარსება და სამღვდლოების ღირსეულად უზრუნველყოფა. მთავრობა თავისთვის არავითარ სარგებელს არ ეძებდა. აქედან გამომდინარე, ნათქვამი იყო პროკლამაციაში, აჯანყება, რომელმაც ახლა იფეთქა, სხვა არაფერია, თუ არა მთავრობის მიმართ მტრულად განწყობილი, მშფოთვარე გონების მქონე პირთა მოქმედება. მათ შურთ სიმშვიდისა და კეთილდღეობის, რომლებითაც რამდენიმე წელია, რაც იმერეთის ხალხი ტკბება. ამ პირებს სურთ უბედურება მოუტანონ ხალხს. ველიამინოვი იმერლებს შეახსენებდა, თუ რა დგომარეობამდე მიიყვანა ისინი წარსულში ორმა აჯანყებამ და რამდენი უბედურება დაატყდა თავს მათ მიწა-წყალს. მხოლოდ იმპერეტორის მოწყალებამ და კაცთმოყვარეობამ იხსნა ისინი დაღუპვისაგან. ნუთუ, ამის შემდეგ, თქვენ კვლავ გსურთ ერთგულების დარღვევა და ფიცის გამტეხებად ქცევა - სვამდა კითხვას პროკლამაციის ავტორი და ხალხს აფრთხილებდა: გეშინოდეთ, რომ არა მხოლოდ მონარქის, არამედ ღვთის წყალობამაც არ მიგატოვოთო. შემდეგ აცნობებდა, რომ იმერეთის მმართველს უბრძანა საეკლესიო ქონების აღწერის შეჩერება და მმართველობის დატოვება არსებულ საფუძველზე, ხოლო საქართველოს ეგზარქოსი დატოვებდა იმერეთს და თავის მრევლს დაუბრუნდებოდა. აჯანყებულებს კი მორჩილებისკენ მოუწოდებდა. მათი შეცდომები დავიწყებას მიეცემოდა, თუ ისინი პროკლამაციის მოსმენისთანავე დაიშლებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა იძულებული იქნებოდა ისეთი ზომებისათვის მიემართა, როგორსაც მოღალატეები იმსახურებდნენ. პროკლამაცია იმერლებს შეახსენებდა, რომ რუსეთმა შეძლო ნაპოლეონის მიერ თავისი კანონიერი ხელმწიფის მიმართ აჯანყებული 30 მილიონი ფრანგის რამდენიმე თვეში დაწყნარება, საფრანგეთის კანონიერი ხელმწიფის ხელისუფლების აღდგენა და მთელი ევროპის ხალხების სიმშვიდისათვის გადატრიალების მოხდენა. დასმული იყო კითხვა - რას უნდა ელოდეს რუსეთის უძლეველობისგან სუსტი იმერეთი თავისი უბედური სიბრმავით? დასასრულ ავტორი ღმერთს შესთხოვდა იმერლების გონების განათებასა და ჭეშმარიტების გზაზე დაბრუნებას.48

ველიამინოვი მიტროპოლიტ თეოფილაქტეს ატყობინებდა, რომ ვინაიდან რუსული ჯარები დაკავებული იყვნენ დაღესტნის წინააღმდეგ და აგრეთვე საზღვრის სხვა ადგილებში სამხედრო მოქმედებებით, არ არსებობდა იმერეთში ჯარების დამატების და ძალის მეშვეობით უმაღლესი ბრძანების შესრულების შესაძლებლობა. ამის გამო, თეოფილაქტეს სთხოვდა უფრო ხელსაყრელ დრომდე შეეწყვიტა ყოველგვარი მოქმედება, მიმართული საეკლესიო ქონების აღწერისაკენ და სასწრაფოდ დაბრუნებულიყო საქართველოში, რათა ამ გზით სიმშვიდე დამყარებულიყო იმერეთში.49

9 ივლისს მიტროპოლიტი თეოფილაქტე ქუთაისიდან ქართლში გაემგზავრა სათანადო სამხედრო დაცვის ქვეშ.50

13 ივლისს თეოფილაქტე გორიდან პასუხობს ველიამინოვს, რომ მისი წერილი მაშინ მიიღო, როდესაც სურამიდან გორში ბრუნდებოდა. ჯარის გაგზავნის თაობაზე აცხადებს, რომ ამისი აუცილებლობა არც არსებობს. ხალხში არეულობა იმერელმა მღვდელმთავრებმა შეიტანეს, რათა თავად ძველებურად დამოუკიდებლები იყვნენ წმინდა სინოდისაგან. ჩემი იმერეთიდან წამოსვლის შემდეგ, დაიშალნენ ის ბრბოები, რომლებსაც უმაღლესი სამღვდლოება თავის იარაღად იყენებდაო.51

სათანადო ზომების მიღების შემდეგ ერმოლოვი ტფილისიდან კავკასიის ხაზზე გაემგზავრა. 11 ივლისს მან მიიღო გენ.-ლეიტენანტ ველიამინოვის მოხსენება, თეოფილაქტეს მოქმედების შედეგად მომხდარი აჯანყებისა და მის ჩასაქრობად სამხედროთა მხრიდან მიღებული ზომების შესახებ. ველიამინოვის მეორე მოხსენებას თან ერთვოდა იმერეთში მივლინებული სისოევ მესამის ორი პატაკის ასლი. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით, ერმოლოვი ასკვნის, რომ იმერეთის სამღვდლოება იყო მთავარი „ზამბარა“ იქ მომხდარი ყველა აჯანყებისა და უწესრიგობის. სამღვდლოება „მიეჩვია იმას, რომ ხალხში უსაზღვრო პატივისცემით სარგებლობდა, რასაც უშრომელად მიაღწია, მიუხედავად თავისი უმეცრებისა, მაგრამ ვინაიდან მისი უმეცრება ხალხის უმეცრებაზე მცირეა, დაქვემდებარება ესმის როგორც პატივისცემაზე უფლების მოსპობა. შემოსავლების დაკარგვას მტკივნეულად განცდის, არ ხარჯავს შრომას და ასრულებს რა უადვილეს მოვალეობებს, მიიჩნევს მათ უდიდეს გმირობად და ფიქრობს მოიპოვოს უფლება დიდ ანაზღაურებაზე.“

გენ.-ლეიტენანტი ველიამინოვი ერმოლოვს მოახსენებდა, რომ შეუძლებელი იყო რამის თქმა იმერეთში სიმშვიდის დამყარების მიმართებით, თუმცა იქიდან მიღებული ყველა ცნობა ამტკიცებდა, რომ აჯანყებულთა „ბრბოები“ დაიშალა და ყველაფერი ჩაცხრა, მაგრამ ერმოლოვს ესმოდა, რომ ამგვარი ცნობების ნდობა არ შეიძლებოდა, ვინაიდან აჯანყებულებმა, როდესაც სახლებში ბრუნდებოდნენ, დაიფიცეს, რომ პირველივე ნიშნის მიღებისთანავე შეერთდებოდნენ რუსების წინააღმდეგ მოქმედებისათვის და ყველანი ერთად დაიხოცებოდნენ. ერმოლოვს ცნობები მიუვიდა, რომ თავადებისა და აზნაურების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც ვაკის ოლქში იმყოფებოდა, ამთავრებდა ზოგი სოფლის მოსახლეობის დაფიცებას. ასევე ხმები დადიოდა, რომ სამეგრელოსა და გურიის მცხოვრებლებიც იყვნენ მიწვეული იმერლების მიერ და მზაობას გამოთქვამდნენ მათ დასახმარებლად.

ერმოლოვს მხოლოდ ის ამშვიდებდა, რომ თეოფილაქტე უკვე ტფილისში იყო დაბრუნებული და მის მიერ იმერეთში წამოწყებული მოქმედებები, მიმართული საეკლესიო მამულების შემოსავლების აღწერისკენ, შეწყვეტილ იქნა, „რაც ყველაზე მეტად სურდა ხალხს“.52 აჯანყებულებმა, ნაცვლად იმისა, რომ დაშლილიყვნენ, მხოლოდ გლეხები გაუშვეს სახლებში. თავადები და აზნაურები გაემართნენ ვაკის ოლქში იქაური მაცხოვრებლების დასაფიცებლად. ფიცი, როგორც ცნობილია, იმაში მდგომარეობდა, რომ პირველი დაძახებისთანავე შეკრებილიყვნენ რუსების წინააღმდეგ მოქმედებისათვის. მათ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი რუსების განდევნა ან ამოხოცვა. კურნატოვსკი დარწმუნებული იყო, რომ მეამბოხეებს სამეგრელოსა და გურიის მთავრებიც ეხმარებოდნენ, თუმცა დადიანი და გურიელი ამას უარყოფდნენ. იმერეთის მმართველს ამას აფიქრებინებდა იმერლების ზედმეტი თავდაჯერებულობა. მათ თავის დამცირება და ჩვენგან პატიების თხოვნა არ სურთო. მათ საქართველოში მსგავსი აჯანყების დასაწყებად უკვე აგენტებიც გაგზავნეს. საკრებულოში უკვე გადაწყდა იმერეთში მეფის დანიშვნა, ხოლო მეფედ, კურნატოვსკის ცნობების თანახმად, თითქოსდა უნდოდათ ზურაბ წერეთელი, რომელიც დადიანის სიმამრი და გურიელის ბიძა იყო. სხვები კი ამბობდნენ, რომ მეფედ ირჩევდნენ თავად ივანე აბაშიძეს-სოლომონ I-ის ქალიშვილის, დარეჯან ბატონიშვილის ვაჟს, რომელიც ადრე ცნობილი იყო რუსეთის მთავრობის მიმართ თავისი ერთგულებითა და დამსახურებით, ახლა კი აჯანყებულთა პირველი მეთაური გამხდარიყო. თავადები: გენერალ მაიორი ზურაბი, მისი ვაჟი გრიგოლ წერეთელი, პოლკოვნიკი სეხნია წულუკიძე, თუმცა არ მეთაურობენ აჯანყებულებს და უმეტესად ქუთაისში იმყოფებოდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ფარული მონაწილეობა ნათელი იყო. მათი მონაწილეობის გარეშე იმერეთში მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. „მიტროპოლიტები თუმცა თავის მონასტრებში იმყოფებიან, მაგრამ ეჭვს გარეშეა, რომ იმერლებს კურთხევას აძლევენ მამულის განთავისუფლების გმირობაზე, როგორც ისინი ხელმწიფე იმპერატორის წინააღმდეგ წამოწყებულ ბუნტს უწოდებენ“53 - სწერდა კურნატოვსკი. შემდეგ ჩამოთვლილი არიან ყველაზე აქტიური მეამბოხეებ: თავადი ნიკოლოზ ფინეზიშვილი აბაშიძე და შორაპნის ოლქის აზნაურები: ფირან გუნცაძე, გრიგოლ ჩხეიძე, ხახუტა კიკნაძე, ლევან მაჭავარიანი, ხოლო ქუთაისის ოლქში - ლევან კოჭიჭაშვილი. განწყობა ყველას ერთი აქვს „როგორც ადრე პატივი მქონდა მომეხსენებინა: ჩვენს მხარეზე მნიშვნელოვანი არავინ არის“.54

რაჭაში, მეამბოხეები ურთიერთდახმარების ფიცის განახლების შემდეგ, დაიშალნენ და სახლებში წავიდნენ. 1819 წლის 15 ივლისს კურნატოვსკი კვლავ უპატაკებს ველიამინოვს. იმერეთის ყველა კუთხეში მეამბოხეებმა დაშლა დაიწყეს. იქამდე კი ფიცი დადეს, რომ პირველივე ნიშნის მიღებისთანავე შეგროვდებოდნენ და ერთად დაიხოცებოდნენ. კურნატოვსკის აზრით, მათი მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო რომელიმე მათგანის დასჯა აჯანყებაში მონაწილეობის გამო, ან საეკლესიო ნაწილის რეფორმის დაწყება, ან უმაღლესი საეკლესიო პირების იმერეთიდან გასახლება. იმერლებს, როგორც ჩანს, არ გადაუფიქრებიათ თავის მხარეში რუსების ამოწყვეტა. ამგვარი განზრახვა მათ მხოლოდ გადადეს. საოლქო უფროსებს დაურიგდათ პროკლამაცის ეგზემპლარები, იმ იმედით, რომ ეს რუსებისთვის სასარგებლო ზემოქმედებას იქონიებდა იმერლებზე. ასევე დაეგზავნათ წერილები სამეგრელოსა და გურიის მთავრებს. დადიანმა უპასუხა, რომ არა თუ არ დაეხმარებოდა იმერლებს, არამედ საჭიროების შემთხვევაში მზად იყო რუსებს დახმარებოდა. გურიელს არაფერი უპასუხია. 18 ივლისს გენ.-მაიორი სისოევი ველიამინოვს ატყობინებდა, რომ გაეცნო რა იმერეთში არსებულ მდგომარეობას, არც ერთი ჯარისკაცი არ შეუყვანია იქ, ხოლო ასტრახანის კაზაკების პოლკი, მას ერთი დღის შემდეგ გაჰყვა, ვითომდა იმერეთში მყოფი კაზაკთა პოლკის ჩასანაცვლებლად. ამგვარი მანევრებით სისოევი ხალხისთვის კვალის აბნევას ცდილობდა და მეამბოხეების გაღიზიანებას ერიდებოდა. დილით გენერალს ქუთათელი და გენათელი მიტროპოლოტები ეწვივნენ სასულიერო პირების თანხლებით. საუბარი აჯანყებას შეეხო. აუდიენციის დროს გაირკვა, რომ აჯანყება გამოიწვია საქართველოს ეგზარქოსის მიერ საეკლესიო ნაწილში ამ მხარისათვის უცხო წესების შემოტანამ, რაც როგორც სამღვდლოებას, ისე ხალხს საეჭვოდ ეჩვენა, ვინაიდან გამოცხადებული არ ყოფილა, თუ ეს რა სარგებლობას მოუტანდა მათ. ეს ცვლილებები მძიმე იყო მათთვის, რადგანაც ფულადი პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, რომელიც აღემატებოდა მათ ქონებრივ შესაძლებლობებს. ითქვა, რომ თეოფილაქტეს იმერეთიდან წასვლასთან ერთად, თავყრილობები ყველგან დაიშალა. სამღვდლოებას შეუერთდა 15-მდე იმერელი თავადი, რომლებმაც ეს დაადასტურეს. სისოევმა განუმარტა მათ მათი მოქმედების უსამართლობა და ის, რომ მხოლოდ გულწრფელი მონანიებით შეეძლოთ პატიების დამსახურება. შეკრებილმა საზოგადოებამ თხოვნით მიმართა სისოევს, რომ მას ეშუამდგომლა მათთვის პატიების გამოთხოვის თაობაზე. თავად კი პასუხისმგებლობა იკისრეს სიმშვიდეზე. სისოევი დათანხმდა უმაღლეს ხელისუფალთა წინაშე აჯანყების მონაწილეთა პატიების შესახებ შუამდგომლობაზე. გენ. ერმოლვის აზრით, გენ.-მაიორ კურნატოვსკის არ უნდა პატიებოდა უყურადღებობა იმ თავადაზნაურობის და ხალხის ხასიათის თვისებების მიმართ, რომელთა შორის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მას წინასწარ უნდა სცოდნოდა ამ ხალხის ზრახვების შესახებ და მასვე უნდა გაეფრთხილებინა მიტროპოლიტი თეოფილაქტე, რომ საეკლესიო ქონების აღწერა იმერეთში მხოლოდ სახაზინო მამულებში უნდა ჩატარებულიყო, ხოლო მემამულეთა მამულებში ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რამაც აჯანყება გამოიწვია. ახლა საჭირო იყო ხალხის დარწმუნება, რომ თავიანთ საქმიანობას დაბრუნებოდა. ერმოლოვი წუხდა იმის გამო, რომ თეოფილაქტემ უფრო ადრე არ დატოვა იმერეთი. შექმნილ ვითარებაში კი ისე გამოდიოდა, თითქოს თეოფილაქტე ხალხის „თავხედურ“ სურვილს დაემორჩილა. ამას შეიძლებოდა იმერლების მხრიდან ახალი მოთხოვნების წამოყენება მოჰყოლოდა. იმ დროისთვის იმერეთში მყოფი რუსული ჯარის შედარებით მცირერიცხოვნება სამხედრო ხელმძღვანელობას აიძულებდა მდგომარეობის გამწვავებაზე არ წასულიყო და თავიდან აეცილებინა საბრძოლო მოქმედებანი. ამავე დროს, ისინი თადარიგს იჭერდნენ თავისი ჯარების გასაძლიერებლად. ერმოლოვი იწონებდა ველიამინოვის გადაწყვეტილებას, რის თანახმად, დონიდან ჩამოსული პოლკებიდან ორი იმერეთში უნდა გაგზავნილიყო, აგრეთვე ხერსონის გრენადერთა პოლკის ბატალიონიც მზად იყო გამოსასვლელად. ერმოლოვის ბრძანებით, 43-ე და 45-ე ეგერთა პოლკებიც ყირიმიდან გემებით დაიძრნენ იმერეთისაკენ. ერმოლოვის მიერ გამოძახებული საარტილერიო როტები, ცხენების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ზამთრამდე ვერ მიაღწევდნენ იმერეთამდე, ამიტომ ის ველიამინოვს სთხოვდა არტილერიის ტფილისიდან მოშველებას. ასევე, სთხოვდა სამეგრელოსა და გურიის მთავრებისათვის ებრძანებინა, რომ თავიანთი ჯარებით რედუტ-კალედან სოფელ მარნამდე სურსათის გადაზიდვა უზრუნველეყოთ. რუსული მხარე დროის მოგებას ცდილობდა და იმედოვნებდა, რომ ჩქარა მზადყოფნაში მოიყვანდა თავის ძალებს.55 1819 წლის 19 ივლისს გენ.-მაიორმა სისოევმა ბრძანება გასცა იმერეთში, გენ.-მაიორ კურნატოვსკის მეთაურობით განლაგებულ ჯარებს. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ გენ.-მაიორმა ველიამინოვ I-მა იმერეთში დაწყებული აჯანყების შესახებ პატაკის მიღების შემდეგ, საჭიროდ სცნო იმერეთში ჯარების ნაწილის გაგზავნა და ამ გზით მეამბოხეთა მორჯულება, იმ შემთხვევაში თუ საკითხის მოგვარების მშვიდობიანი ზომები უშედეგო აღმოჩნდებოდა. ხერსონის გრენადერთა პოლკის ერთი ბატალიონი, ორი ზარბაზანი და დონის ორი პოლკი იმერეთის საზღვართან უნდა მისულიყვნენ; შემდეგ კურტანოვსკისგან უნდა გაეგოთ იმერეთში არსებული მდგმარეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მეამბოხეთა წინააღმდეგ უნდა დაეწყოთ საბრძოლო მოქმედებები. იმერეთში მყოფი ყველა ჯარის მეთაურობას სისოევი თავის თავზე იღებდა. მაიორმა ბალაბინმა მას აცნობა, რომ მეამბოხეებმა დატოვეს თავშეყრის პუნქტები. გენ.-მაიორ კურნატოვსკის პატაკების თანახმად კი იმერლები ცდილობდნენ რუსებისთვის დაენახვებინათ, რომ პირველები არაფერს მოიმოქმედებდნენ, თუ მათ დასჯას არ ექნებოდა ადგილი. ამით სურდათ მოწინააღმდეგის ყურადღების შესუსტება და დათქმულ დროს, მოულოდნელად რუსულ პუნქტებზე თავდასხმა. ქუთაისში ჩასულ სისოევს, მართალია, აჯანყება ჩამქრალი დახვდა, მაგრამ ის მაინც ჯარებს სიფრთხილის დაცვას და მზადყოფნას უბრძანებდა. ჯარებისა და მცირე რაზმების მეთაურებს დაევალათ მისთვის ყველაფრის მოხსენება: რის გამო დაიწყო აჯანყება, რა მიზანს ისახავდა, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ხალხი.56 მეორე დღეს ქუთათელმა და გენათელმა მიტროპოლიტებმა იმერეთის ოლქების თავადებსა და აზნაურებს წერილით მიმართეს. ყველას იწვევდნენ წყალწითელასთან, გენერალთან შესახვედრად, რომელიც ხელმწიფის სახელით აპატიებდა მათ აჯანყებაში მონაწილეობას. მას სურდა დარწმუნებულიყო მათ ერთგულებაში, რის შემდეგაც ის თავის უფროსებთან დაბრუნდებოდა და იმერელი თავადაზნაურების შესახებ კეთილ ცნობებს მიაწვდიდა. მიტროპოლიტები ირწმუნებოდნენ, რომ გენერალს იმერეთში მხოლოდ მშვიდობის დამყარება სურდა.57 იმავე 20 ივლისს გენათელი მიტროპოლიტი სწერს სისოევს. გენერალს მისთვის მოუთხოვია, რომ მას ხელმწიფე იმპერატორის მიმართ დაემტკიცებინა როგორც თავისი, ისე თავისი მრევლის ერთგულება. გენათელი აცხადებს, რომ თავისი მრევლის შესახებ სხვა არაფერი იცის, გარდა სულიერი საქმეებისა. მრევლს ჰყავს უფროსი, რომელსაც შეუძლია გენერლისთვის პასუხის გაცემა. ამიტომ, გენათელი მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრობს და ირწმუნება, რომ იმპერატორის ორგული არასოდეს ყოფილა.58

23 ივლისს იმერეთში სიმშვიდე იყო, მაგრამ რუსი ხელისუფალნი მაინც ფრთხილობდნენ. ველიამინოვის აზრით, სისოევის მოთხოვნა, რომ სამღვდლოებას, თავადაზნაურობასა და ხალხს განეახლებინა იმპერატორისადმი ერთგულების ფიცი, მოცემულ სიტუაციაში უადგილო იყო. მან გენ. ერმოლოვს გადაუგზავნა მიტროპოლიტ თეოფილაქტეს მიერ მისთვის წარდგენილი მასალების ასლები. მიტროპოლიტი ასახელებდა მთავარ მეამბოხეებს, აგრეთვე რუსეთის ერთგულ პირებს, რომელთა შორის იყო ზურაბ წერეთელი, მაგრამ კურნატოვსკი წერეთლის შესახებ სხვა აზრს გამოთქვამდა. ველიამინოვი კი აღნიშნავდა, რომ ზურაბ წერეთელი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც იმერეთში დაწყებული აჯანყების შესახებ გორის ოლქის უფროსს, მაიორ ტიტოვს წერილობით აცნობა და ითხოვა ჯარების გამოგზავნა სახალხო მღელვარების ჩასაქრობად. ზურაბ წერეთელი მაიორ ტიტოვს რაჭიდან აცნობებდა, რომ მას რაჭაში მეამბოხენი შეკრებილები დახვდნენ, მაგრამ ის მივიდა რუსულ ჯართან და მათ ერთობლივი ძალისხმევით მოახერხეს მემბოხეთა დაშლა, თუმცა სამომავლოდ ზ. წერეთელი არ იყო დარწმუნებული, რომ საქმე ამგვარადვე დასრულდებოდა. მისი თქმით, იმერეთის მთელი მოსახლეობა გაერთიანდა. გლეხები იმყოფებოდნენ თავიანთი თავადების გავლენის ქვეშ, რომლებიც რუსულ ჯარში მსახურობდნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ იმერეთში არ ყოფილიყო ეგზარქოსი, საეკლესიო გლეხებისა და მამულების აღწერა არ მომხდარიყო, საეკლესიო შემოსავლები არ შემცირებულიყო, მღვდლები თავიანთი მემამულეებიდან განთავისუფლებული არ ყოფილიყვნენ. მოარული ხმების თანახმად, დადიანსა და გურიელსაც განუდგა ხალხი. ისინი იმერელ მეამბოხეებთან შეერთებას აპირებდნენ. ზ. წერეთელი ერთი ბატალიონის გამოგზავნას ითხოვდა, რომლის დანახვას ხალხი უნდა დაეშინებნა და შეეკავებინა. გენ.-ლეიტენანტმა ველიამინოვმა იმავე დღეს ზ. წერეთელს წერილობით მადლობა გადაუხადა, რუსეთის ერთგულების გამო და დაპირდა, რომ მის შესახებ საქართველოს მთავარსარდალს აცნობებდა. ამავე დროს, სთხოვდა ამბოხებულებისათვის რუსეთის ხელისუფლებისადმი მორჩილება შთაეგონებინა. იმპერატორის მოღალატეებს ელოდათ დევნა და საბოლოო განადგურება.

სისოევს აუცილებლად მიაჩნდა იმერეთის მოსახლეობის დაფიცება. მათ მიერ მოწყობილმა აჯანყებამ ეჭვქვეშ დააყენა მათი ერთგულება, რისთვისაც საჭირო გახდა, რომ მათ კვლავ დაედოთ ფიცი. ამასთან, თუ მათ რაიმე ბოროტი განზრახვა ჰქონდათ, წმინდა ფიცის დადების დროს, ეს გამოაშკარავდებოდა.

ქუთაისის ოლქის მცხოვრებლებმა უარი თქვეს როგორც ფიცის დადებაზე, ისე თავიანთი მოთხოვნების ასახსნელად ქუთაისში რამდენიმე პატივცემული პირის გაგზავნაზე. ამდენად, ამბოხების სულისკვეთება ჯერ კიდევ არ ჩამცხრალიყო მათში. ეს გლეხები ეკუთვნოდნენ ქუთაისის მიტროპოლიტს. მიტროპოლიტებთან სიმკაცრის გამოჩენისგან სისოევი იძულებული იყო დროებით თავი შეეკავებინა. 25 ივლისს ველიამინოვმა წერილობით უსაყვედურა კურნატოვსკის იმის გამო, რომ მან საკმაო ყურადღება ვერ გამოიჩინა იმ მხარის თავადაზნაურობისა და ხალხის მიმართ, სადაც ორი წლის მანძილზე ცხოვრობდა. მან ვერ შენიშნა, თუ რა შთაბეჭდილება მოახდინა იმერეთის უმაღლესი წოდებების წარმომადგენლებზე იმპერატორის ბრძანებამ სასულიერო ნაწილის გარდაქმნის შესახებ. იმერეთში ბრაძანების გაგზავნა წინ უძღოდა ეგზარქოსის ჩასვლას. კურნატოვსკის მეტი გამჭრიახობის გამოჩენა მართებდა. მას უნდა აეხსნა მიტროპოლიტ თეოფილაქტესათვის შექმნილი ვითარება და რაიმე საპატიო მიზეზით გადაედო საეკლესიო ქონების აღწერა, ისე, რომ იმერლების თვალში იმპერატორის ბრძანების მნიშვნელობა არ დაეკნინებინა. კურნატოვსკის დანაშაულად ითვლებოდა აგრეთვე ის, რომ მან ხალხის მოთხოვნისამებრ დაუბრუნა მათ აღწერის დავთრები. ველიამინოვი ეკითხებოდა, ასევე ხომ არ დაუბრუნა მან ხალხს ის ბოროტმოქმედი, რომელიც იარაღით ხელში იქნა შეპყრობილი თეოფილაქტეს ეტლის ბორბლებთან იმ დროს, როდესაც ის თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანას აპირებდა.59 საპასუხო პატაკში კურნატოვსკიმ ველიამინოვს გაუგზავნა საეკლესიო რეფორმასთან დაკავშირებული მიმოწერის ამსახველი მასალები.60 28 ივლისს სისოევი ველიამინოვს მოახსებებდა, რომ მისი იმერეთში ჩასვლის დროისათვის მეამბოხეთა თავყრილობები უკვე დაშლილი იყო. ხალხი მას შემდეგ დაიშალა, რაც ფიცი დადო, რომ დაიცავდა სასულიერო ნაწილში არსებულ წესებს და არავის გადასცემდა რუსულ მთავრობას, თუ კი ხელისუფალნი მოისურვებდნენ ვინმეს დასჯას ან სადმე გადასახლებას აჯანყებაში მონაწილეობის მიღების გამო. ასეთ შემთხვევაში ისინი პირველივე ნიშნის მიღებისთანავე შეიკრიბებოდნენ. ეგზარქოსის მიერ იმერეთის დატოვების შემდეგ, აჯანყება შეწყდა, მაგრამ სისოევი არ იყო დარწმუნებული, ჩაცხრა თუ არა იმერლებში მეამბოხე სული. ამის გასარკვევად მან საუკეთესო საშუალებად მიიჩნია მათგან ფიცის დადების მოთხოვნა. ხალხს არ უნდა დაენახა რუს ხელისუფალთა სისუსტე და მით უმეტეს შიში. სისოევმა ოლქის უფროსებს უბრძანა, რომ თუ მცხოვრებნი უარს განაცხადებდნენ ფიცის დადებაზე, არ გამოეყენებინათ მათ მიმართ იძულების ხერხები. ასეთ შემთხვევებში, მოსახლეობისთვის უნდა ეთხოვათ თითო სამოურაოდან 2-დან 5-მდე დეპუტატის არჩევა და ქუთაისში გაგზავნა. დეპუტატებს უნდა დაერწმუნებინათ ხელმძღვანელობა ხალხის სიმშვიდეში, დაედოთ ფიცი, თუ საამისო სურვილი ექნებოდათ, აეხსნათ აჯანყების მიზეზები. ამის შემდეგ, ქუთაისისა და შორაპნის მცხოვრებნი, 200 კაცამდე შეიკრიბნენ ქუთაისიდან 9 ვერსის მანძილზე და გამოთქვეს ფიცის დადების სურვილი, მაგრამ როდესაც ნახეს ფიცის ტექსტი, უარი განაცხადეს ამგვარი ფიცის დადებაზე. მათი განმარტებით, ისინი თავიანთ საქციელს არ თვლიდნენ დანაშაულად და იმპერატორის ერთგულებაზე დადებული ფიცის დარღვევად. მათ ფიცის საკუთარი ტექსტი შეადგინეს, მაგრამ სისოევმა არ მისცა ამგვარი ფიცის წარმოთქმის უფლება. მან თავისი წინადადება გაუგზავნა მათ, რომლის გამოცხადება საოლქო უფროსებს დაავალა. ქუთაისის ოლქის უფროსმა დაბრუნებისთანავე მოახსენა, რომ ქუთაისის და შორაპნის ოლქის თავადების, აზნაურების და ხალხის რიცხვმა უკვე 400 კაცს მიაღწია. მათ არც სისოევის წინადადების მოსმენა ისურვეს და არც მის მიერ გაგზავნილი ფიცის ტექსტის მიხედვით დაფიცება. მათ „აზარტით, თავხედობით და გაშმაგებით“ განაცხადეს, რომ არ აღიარებენ, თითქოსდა იმპერატორის ერთგულების ფიცი დაარღვიეს. მათ არ სურდათ მოღალატისა და ბუნტოვშჩიკის სახელი დარქმეოდათ. შეკრებილები ამბობდნენ, რომ ახლავე ყველანი შეიკრიბებოდნენ, ოჯახებთან ერთად წავიდოდნენ ახალციხისკენ, გაჩერდებოდნენ მთებში, საიდანაც თხოვნას გაუგზავნიდნენ კორპუსის მეთაურს მათი პარტიების თაობაზე; თუ პატიებას მიიღებდნენ, თავიანთ საცხოვრებლებს დაუბრუნდებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალციხეში დარჩებოდნენ; თითქოსდა თურქები იქითა მხრიდან უკვე უსუფთავებდნენ გზას, თავად კი თავისი მხრიდან ჰქონდათ დაწყებული გზის გასუფთავება. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მთელი იმერეთის მოსახლეობა ერთსულოვანი იყო, რუსების მხარეზე 4 კაცზე მეტი არ იქნებოდა, თუმცა ბევრი ცდილობდა, ერთგულად მოეჩვენებინა თავი. ქუთაისში მცხოვრები ქუთათელი და გენათელი მიტროპოლიტები, ასევე როგორც, სხვები, მათი თანამოაზრენი იყვნენ. თვით ზურაბ წერეთელი და მდივან-ბეგი სეხნია-წულუკიძეც მათ მხარეზე იყვნენ. მათ ემხრობოდნენ მეგრელები და გურულები, ხოლო დადიანს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ერთგულად აჩვენებდა თავს, ახალგაზრდობის გამო, არ შესწევდა ხალხის შეჩერების ძალა. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ საკუთარ თავს იმპერატორის მოღალატეებად კი არა, ერთგულებად მიიჩნევდნენ, რის გამოც არ ებრძოდნენ რუსებს. სისოევი ასახელებს მოთავეებს: ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე, ნიკოლოზ ფინეზის ძე აბაშიძე, კაპიტანი თავადი ნიკოლოზ ამეგარაბის ძე აბაშიძე, გიორგი და დავით აბაშიძეები და დავით გაბუას ძე აბაშიძე.

თავადმა ივანე აბაშიძემ საიდუმლოდ უთხრა რუს ხელისუფალთ, რომ ხალხი თავისივე შედგენილი ფიცით დადებდა ფიცს და სახლებში დაიშლებოდა. მან ამოიღო ხატი, მის წინაშე დაიფიცა და განაცხადა, რომ აჯანყების მეთაურები იყვნენ მიტროპოლიტი წერეთელი და მაიორი გრიგოლ წერეთელი. მათ სასულიერო ნაწილში წესების შემოტანისთანავე უთხრეს მთელ თავადაზნაურობას, რომ ზომები მიეღოთ, რომ ისინი ახლა იღუპებოდნენ. საბოლოოდ ხალხი შეიკრიბა. შეკრებილებმა დაადასტურეს თავიანთი ერთსულოვნების ფიცი. წყევლიდნენ აჯანყებაში დამნაშავეებს, ამბობდნენ „ამინ“-ს და წასასვლელად ემზადებოდნენ. მაიორმა ანდრეევსკიმ ჰკითხა მათ, თუ ახლა საით აპირებდნენ წასვლას, მაგრამ მათ არ უპასუხეს. აწვდიდა რა ზემოთ მოყვანილ ცნობებს, სისოევი ითხოვდა, რომ ველიამინოვს ორი ზარბაზანი, ხერსონის გრენადერთა პოლკის ბატალიონი და პოპოვის კაზაკთა პოლკი მოლითის პოსტისკენ დაძრულიყვნენ, სადაც თავად აპირებდა წასვლას, ვინაიდან მეამბოხენი ძირითადად იმ მხარეში იყვნენ თავმოყრილი. ის ჯარები გააკონტროლებდნენ რედუტ-კალეს, მარანს და კომუნიკაციას.61

რუსეთის ხელისუფალთა მიერ შეთავაზებულ და იმერლების მიერ შედგენილი ფიცის ტექსტებს შორის არსებობს არსებითი სხვაობა. პირველი გულისხმობდა ფიცის დამდები ყოველი ცალკეული პიროვნების მიერ იმის აღიარებას, რომ ის გულწრფელად ინანებდა თავის საქციელს, ჩადენილს საულიერო ნაწილში გარდაქმნების შემოტანის დაწყებისთანავე და არღვევდა იმ შემთხვევის გამო დადებულ ფიცს (იგულისხმებოდა ერთსულოვნების ფიცი). შემდეგ, მას სახარების წინაშე ღმერთი უნდა დაეფიცა, რომ იმპერატორისა და მისი მემკვიდრის ერთგული და მორჩილი იქნებოდა. მათ გამო საკუთარ სიცოცხლეს გაწირავდა. არასოდეს მიიღებდა მონაწილეობას რაიმე სახის აჯანყებაში, თუ გაიგებდა, რომ იმპერატორის ინტერესების საზიანოდ რაიმე მზადდებოდა, მაშინვე განუცხადებდა და ა.შ.

მეორე ფიცი შედგენილი იყო მრავლობით რიცხვში, 1819 წლის 26 ივლისს შეკრებილების სახელით. ისინი ფიცს დებდნენ, რომ ქუთაისისა და შორაპნის ოლქის მცხოვრებთა თავყრილობა სხვას არაფერს ისახავდა მიზნად, თუ არა ყოვლადუსამღვდლოესი თეოფილაქტეს მიერ გაცემული ბრძანების თაობაზე თხოვნით მიმართვას თავიანთი გენერლისათვის. იმპერატორის მიმართ მოღალატური და საწინააღმდეგო გამონათქვამები და აზრები არ ჰქონიათ. იმპერატორის ერთგულებაზე დადებული პირველი ფიცი არ დაურღვევიათ და მისი დარღვევის შესახებ მათ შორის საუბარი არ ყოფილა. მართალია, იმერლებიდან ვიღაც ცილს სწამებდა მათ, მაგრამ ისინი აცხადებდნენ, რომ იმპერატორისა და მისი ჯარების წინააღმდეგ არაფერი მოუმოქმედებიათ. 1819 წლის 27 ივლისს გენ.-მაიორმა სისოევმა იმერეთის მცხოვრებლებს განცხადებით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო: იმერეთის მცხოვრებლებო, თქვენ მიგაჩნით, რომ თქვენი საქციელი არ არის დანაშაული თქვენ მიერ იმპერატორის ერთგულებაზე ადრე დადებული ფიცის წინაშე. თქვენი ეს მტკიცება წარმოსდგება თქვენი არაგულწრფელობისა და უმადურობისაგან. თქვენ მიერ დადებული ფიცის ძალით, თქვენ სათანადო მორჩილებით უნდა მიგეღოთ ყველა დადგენილება, რომელიც იმპერატორის ძალაუფლებით იყო დამტკიცებული. თქვენ უნდა დაგეცვათ თქვენს სამშობლოში იმპერატორის მიერ დამყარებული სიმშვიდე და მეამბოხეებთან არ გქონოდათ კავშირი, არც აშკარა და არც ფარული. „სად არის თქვენი აღთქმა?“ - სვამდა კითხვას სისოევი. „რუსულ მთავრობას, რომელიც ზრუნავს თქვენს კეთილდღეობაზე, სურდა იმპერატორის მიერ დამტკიცებული წესების თანახმად გარდაექმნა და გაეუმჯობესებინა იმერეთში სასულიერო ნაწილი, მაგრამ თქვენ თქვენი ურჩობითა და გაშმაგებით არ დაუშვით მისი განხორციელება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაუცნობიერებელი იყავით იმ სარგებლობის თაობაზე, რასაც ეს წამოწყება მოიტანდა და ძველი წესების სიყვარულის გამო, გსურდათ მათი ერთგული დარჩენილიყავით, თქვენ გრჩებოდათ გამოსავალი: მორჩილებით უნდა გეთხოვათ ამის შესახებ უფროსობისათვის. მაგრამ თქვენ ნაცვლად ამისა, შეურაცხყავით რუსეთის კანონები, გაბედეთ მეამბოხეთა ჯგუფების შექმნა, აჯანყების მოწყობა და თქვენი ერთსულოვნების ფიცით დამტკიცება…“

გენ.-ლეიტენანტმა ველიამინოვმა, თქვენი ცდომილებისა და უბედურების გამო, რომელიც მოჰყვება მეამბოხეობას, ბრძანა საეკლესიო ქონების აღწერის შეწყვეტა და დრო მოგცათ თქვენი უაზრო ნაბიჯის გამოსასწორებლად, განაცხადა, რა, რომ ის თქვენი მორჩილების წყალობით შეიძლება დავიწყებას მიეცეს. რამდენი ხანი გავიდა პროკლამაციის გამოცხადებიდან, მაგრამ თქვენ არ გამოავლინეთ მორჩილება. განა ეს უმადურობა არ არის? თქვენ ხედავთ ჩემსა და გენ.-მაიორ კურნატოვსკის მოქმედებებს აქაურ მხარეში სიმშვიდის დამყარებისკენ მიმართულს… თქვენ ნაცვლად იმისა, რომ ეცადოთ თქვენი მორჩილებით გახდეთ მოწყალების ღირსნი, იგონებთ თქვენს წინადადებებს, რომელთა მეშვეობით გინდათ დაიმსახუროთ პატიება. განა დამნაშავეების საქმეა ჩვენთვის იმ მოსაზრებების მოწოდება, რაზეც რუსეთის მთავრობამ უნდა დააფუძნოს იმერეთის კეთილსაიმედოობის რწმენა?

იმერლებო! ახლა თქვენზეა დამოკიდებული საკუთარი თავის გადარჩენა დაღუპვისაგან და უბედურებისაგან; მაგრამ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ზრუნვა თქვენს კეთილდღეობაზე, რადგან თქვენ ამას არ იმსახურებთ თქვენი გრძნობებით. გინდათ დაგვარწმუნოთ თქვენს ერთგულებაში - დაგვარწმუნეთ იმ ფიცით, რომელიც თქვენ გუშინ გამოგეცხადათ, მაგრამ თუ არ გსურთ, გამოგვიცხადეთ; ჩვენ ვიცით ყველა ხერხი არაკეთილგანწყობილი და მეამბოხე სულის მოსათვინიერებლად. ეს ზომები რუსული გულისთვის მძიმეა, მაგრამ რა გაეწყობა, როდესაც ეს არის უკანასკნელი გამოსავალი. ამასთან, იმერლებო, მე თქვენ არ გართმევთ შესაძლებლობას ამიხსნათ წერილობით, ან დეპუტატების მეშვეობით თქვენი მღელვარების მიზეზები, რომლებიც ჩემთვის უცნობია… მე ამ ყოველივეს განვიხილავ, რადგან გარემოებები მიჩვენებს, რომ თქვენს შორის სჭარბობენ ისეთები, რომლებიც ხელმძღვანელობენ, ცდილობენ თქვენი სიჯიუტე, თქვენი მეოცნებეობა და ფუჭი იმედები გამოიყენონ თავის სასარგებლოდ და გამორჩენისათვის».

გენერალ ერმოლოვის მოხსენებაში ქრონოლოგიურად არის აღწერილი ის ფაქტები, რომლებმაც მისი აზრით, მოსახლეობა აჯანყებამდე მიიყვანა. 1819 წლის 5 აგვისტოს ის გოლიცინს აცნობებდა, რომ მისი წინამორბედის გენ. რტიშჩევის 1816 წლის 30 აპრილის პატაკში განმარტებული იყო ყველა ის დაბრკოლება, რომელიც წარმოიშვა იმპერატორის 1814 წლის 30 აგვისტოს ბრძანებულების შესრულებისას, რაც შეეხებოდა ქუთაისში დიკასტერიის დაარსებას, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში სასულიერო საქმეების მართვასა და აგრეთვე ამ ოლქების საეკლესიო მამულებიდან შემოსულ შემოსავლებს. გენ. რტიშჩევი თავის მხრივ ვარაუდობდა, რომ სანამ იმერეთის ოლქი არ გამოვიდოდა უკიდურესად გაჭირვებული მდგომარეობიდან, იქამდე ქუთაისში სასულიერო დიკასტერიის გახსნის არანაირი საშუალება არ არსებობდა. კიდევ უფრო ნაკლებად შესაძლებელი იყო სამეგრელოსა და გურიაში მდებარე საეკლესიო ქონების განკარგვა და ამით ტრაქტატის სიწმინდისა და იმ უფლებების დარღვევა, რომლებიც ამ მიწების მთავრებს ებოძათ. «а и того еще меньше можно вступиться в распоряжение церковными имуществами в Мингрелии и Гурии и через сие нарушить святოсть трактата и прав Всемилостивейше дарованных владетелям сих земель».62 ამიტომ რტიშჩევი ითხოვდა, რომ მისი მოსაზრებები იმპერატორისათვის მოეხსენებინათ. მის ამ წარდგინებას არავითარი პასუხი არ მოჰყოლია, ხოლო 1819 წლის 18 მარტს ყოვლადუსამღვდლოესმა თეოფილაქტემ ერმოლოვს გაუგზავნა 5 ეგზემპლარი წმ. სინოდის მოხსენებისა, რომელიც უზენაესად იქნა დამტკიცებული 1818 წლის 28 დეკემბერს. ამ დოკუმენტის საფუძველზე იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში დაარსებული უნდა ყოფილიყო მხოლოდ თითო-თითო ეპარქია და საეკლესიო მამულებიდან მიღებული შემოსავლები გაერთიანებული უნდა ყოფილიყო საერთო შემოსავლებთან, რომლებიც იკრიბებოდა მთელ საქართველოში, საიდანაც 10 ათასი მანეთი ვერცხლით გამოეყოფოდა ოსეთის სასულიერო კომისიას ხარჯებისათვის. ამ თანხაში საქართველოს ეპარქიას უნდა შეეტანა 5 ათასი მანეთი, ხოლო დანარჩენი 5 ათასი მანეთი იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ეპარქიებს უნდა დაეფარათ მათი შემოსავლების თანაზომიერად. ერმოლოვმა სინოდის მოხსენების ეგზემპლარები გაუგზავნა როგორც საქართველოს უმაღლესი მთავრობის ექსპედიციებს, ასევე იმერეთის მმართველ გენ.-მაიორ კურნატოვსკის, რომელსაც დაავალა, რომ ამ მოხსენების შინაარსი ეცნობებინა სამეგრელოსა და გურიის მთავრებისთვის; ამის შემდეგ თეოფილაქტემ 5 მაისს შეატყობინა ერმოლივს, რომ მას ნაბრძანები ჰქონდა იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში ცნობების შეკრება ეკლესიების, სამრევლო კომლებისა და საეკლესიო მამულების შემოსავლების რაოდენობის შესახებ, რის შესასრულებლად აპირებდა თავად გამგზავრებულიყო იმერეთში, ხოლო სამეგრელოსა და გურიაში ქვაბთახევის არქიმანდრიტი ათანასესა და სინოდალური კანტორის პროკურორი ჭილაევის მივლინებას. ერმოლოვმა თავის მხრივ აუხსნა თეოფილაქტეს, რომ საჭირო იყო დიდი სიფრთხილის გამოჩენა. თეოფილაქტეს იმერეთში გამგზავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 22 მაისს ერმოლოვმა მიიღო დადიანის წერილი, რომელიც მზადყოფნას გამოსთქვამდა ყოველმხრივ დახმარებოდა ეგზარქოსის წამოწყებას ეკლესიების გაუმჯობესებისა და მღვდელმსახურთათვის თავისი საკუთარი შემოსავლებიდან სამაგალითო გასამრჯელოს დანიშვნის თაობაზე. ამასთან, ის ერმოლოვს სთხოვდა ეშუამდგომლა, რათა ის მამულები, რომლებიც შემოსავალს იძლეოდნენ, ეკლესიებისა და ეკლესიის მსახურთა შესანახად არ ჩამორთმეოდა მას და არ გადასცემოდა სინოდალურ კანტორას, როგორც ეს საქართველოში გაკეთდა. ეს მამულები შეადგენდნენ არა საეკლესიო, არამედ მის საკუთრებას. ახალი ცვლილება დიდ ზიანს აყენებდა მას. დაბოლოს, დადიანი აცხადებდა, რომ არსებული წესის მოშლას ის შეაფასებდა, როგორც მისი საიმპერატორო უდიდებულესობის არაკეთილგანწყობას პირადად მის მიმართ და მისთვის ტრაქტატით ყოვლადუმოწყალესად ბოძებული უფლებებისა და უპირატესობების აშკარა დარღვევას.

წმინდა სინოდის მოხსენების მესამე განყოფილების მე-13 მუხლის თანახმად, ოსეთის კომისიის ხარჯებისთვის საჭირო თანხა, 5000 მანეთის ოდენობით იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ეპარქიებიდან უნდა შეკრებილიყო, მათი შემოსავლების თანაზომიერად, მაგრამ ვინაიდან სამეგრელოსა და გურიის მთავრებთან დადებული ტრაქტატებით მათ განსაკუთრებული უპირატესობები და ხალხის თვითნებურად მართვის უფლება ჰქონდათ ბოძებული, ამიტომ, ერმოლოვის აზრით, არავითარი გარეშე პირი არ უნდა ჩარეულიყო ფულად ანგარიშებში, რაც მხოლოდ მთავრების საქმე იყო. აქედან გამომდინარე, ერმოლოვს სურდა, რაც შეიძლება ჩქარა დაემშვიდებინა სამეგრელოს მთავარი. მან 17 ივნისს მისწერა დადიანს, რომ რუსეთის მთავრობა სამღვდლოების მართვის ახლებური წესის შემოტანით არ აპირებდა არც დადიანისა და არც გურიელის შევიწროებას და იმ უპირატესობების ხელყოფას, რომლებიც მათ შესაბამისი ტრაქტატებით ჰქონდათ ბოძებული: ეკლესიების (მდგომარეობის) გაუმჯობესებისა და სასულიერო და საეკლესიო მხარეთა შესანახად საჭირო, ეგზარქოსის მიერ განსაზღვრული თანხის დანიშვნა, მთავრების პრეროგატივა უნდა გამხდარიყო. ასევე მთავრებს არ ჩამოერთმეოდათ ის მამულები, რომლებსაც შემოსავალი მოჰქონდათ ეკლესიებისათვის და სამღვდლოებისათვის, და ბოლოს მთავრებზე იქნებოდა დამოკიდებული იმის განსაზღვრა, სასულიერო ნაწილის მოთხოვნებისთვის საიდან გამოჰყოფდნენ ფულს.

31 აგვისტოს ერმოლოვი გოლიცინს მოახსენებდა იმერეთში მომხდარი აჯანყების შესახებ. აცნობებდა, რომ რუსულ მხარეს ჯერ არ ჰქონდა გამოყენებული იარაღი. მათ მშვიდობიანი გზით შეძლეს აღშფოთებული ხალხის დაწყნარება. შეკრებილები თანდათან დაიშალნენ. ამავე დროს, ერმოლოვს შეუტყვია, რომ აჯანყების მთავარი მოთავე იყო იმერეთის სამღვდლოება, რომელსაც ქუთათელი მიტროპოლიტი ხელმძღვანელობდა. მისი მოქმედებები და რჩევები შორს იყო იმ მორჩილებისგან, რომელიც „მის წოდებას შეეფერება“. მისი ფართო კავშირები თავადაზნაურობასთან მას მყარ დასაყრდენს უქმნიდა. ერმოლოვი პირდაპირ მოუწოდებდა გოლიცინს, რომ ქუთათელი მიტროპოლიტი აუცილებლად უნდა მოეშორებინათ იმერეთიდან. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ეს გამოიწვევდა ქუთათელის თანამოაზრე თავადაზნაურობის აჯანყებას, მაგრამ იმედოვნებდა, რომ აჯანყება მთელ ხალხს არ მოიცავდა და მნიშვნელოვანი შედეგები არ ექნებოდა. მიტროპოლიტის მოსაშორებლად ზამთარი იყო ყველაზე ხელსაყრელი დრო, რადგან მაშინ უკმაყოფილონი ვერც ტყეში გახიზნავდნენ თავიანთ ოჯახებს, ვერც მინდვრად იშოვნიდნენ მათთვის საკვებს, წყნარად დარჩებოდნენ სახლებში და კიდევაც რომ სდომებოდათ თავშეყრა, თავის ცოლ-შვილს დაუცველს ვერ დატოვებდნენ. მაშინ შესაძლებელი იქნებოდა ყველაზე “ბოროტი ბუნტოვშჩიკების” შეპყრობა. არც ის იყო გამორიცხული, რომ ისინი იმერელი აზნაურების ჩვეულებისამებრ ოსმალეთში გაქცეულიყვნენ, რაც უფრო ხელსაყრელი იყო რუსეთის მთავრობისათვის. ამტკიცებდა რა ქუთათელის იმერთიდან გაძევების აუცილებლობას, ერმოლოვი დასძენდა, რომ კვლავინდებურად შეუძლებლად მიაჩნდა იმერეთში საეკლესიო ქონების იმავე გზით მართვა, როგორც ეს აღმოსავლეთ საქართველოში ხდებოდა. საჭიროდ მიაჩნდა სხვა გზების ძიება.63

ერმოლოვისგან მიღებული ცნობები გოლიცინმა იმპერატორს აცნობა, რომელმაც ბრძანა, რომ მთელი ეს მასალა გადაცემული ყოფილიყო სინოდისთვის თეოფილაქტესგან გამოგზავნილ ცნობებთან ერთად. ეს მასალები სინოდმა განიხილა და დაადგინა: 1. ეგზარქოსის განზრახვას იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში საეკლესიო ქონების აღწერისა და სასულიერო ნაწილის მოწყობის თაობაზე იმიტომ არ მოჰყვა წარმატება, რომ იქაურ ხალხს ნაწილობრივ თავისი გაუნათლებლობით, ნაწილობრივ ანგარებით მართული ადამიანების ჩაგონების შედეგად, არასწორი წარმოდგენა ჰქონდა იმ განკარგულებების შესახებ, რომლებიც შემოთავაზებილი იყო 1818 წლის 28 დეკემბერს იმპერატორის მიერ დამტკიცებულ სინოდის მოხსენებაში; ადგილობრივი სამღვდლოება უმეტესწილად უუნარო იყო ამ საკითხზე ჭეშმარიტი და საღი აზრის გავრცელებაში. 2. სამეგრელოს მთავარ დადიანის წინადადება მისი სამფლობელოს უმაღლესი სამღვდლოების ეგზრქოსის, ანუ სინოდისა და მისი კანტორის დაქვემდებარებაში შეყვანისა და თავისი საკუთარი ხარჯით სამღვდლოებისათვის, სასწავლებლებისათვის და მთიელ ხალხებს შორის სახარების გავრცელების საქმეში დახმარების შესახებ, მოცემულ სიტუაციაში მისაღებად ჩაითვალა.

სინოდის დადგენილებით, ერმოლოვს დაევალა სამეგრელოსა და გურიის მთავრები დაერწმუნებინა შემდეგში: სასულიერო საქმეების მოწყობა არ იყო დაკავშირებული მათი უფლებებისა და პრივილეგიების შელახვასთან, რომლებიც უზენაესად ებოძათ. ერმოლოვს ხალხი უნდა დაერწმუნებინა, რომ ეს განკარგულებები არა თუ რწმენას, არამედ საეკლესიო საკუთრებასაც კი არავითარ საფრთხეს არ უქმნიდა. ხელმძღვანელობას იმ მიზნით სურდა საეკლესიო საკუთრების შესახებ ცნობების მოპოვება, რომ ის გამოყენებული ყოფილიყო ეკლესიის სასარგებლოდ. ერმოლოვს დადიანის წინადადებაც უნდა გამოეყენებინა. გადაწყდა წმინდა სინოდის ბრძანების გაგზავნა ეგზარქოს თეოფილაქტესათვის იმის თაობაზე, რომ სიახლის დამკვიდრებისას თუ სიძნელეებს წააწყდებოდა, განკარგულების მიღებამდე ყოველგვარი მოქმედება შეეწყვიტა. იმპერატორმა იმერეთში მყოფი მიტროპოლიტ დოსითეოსის პეტერბურგში გამგზავრება ბრძანა. ეგზარქოსმა თეოფილაქტემ კი სინოდის წინაშე დააყენა წინადადება ქუთათელთან ერთად იმერეთიდან გენათელი ექვთიმეს მოშორების შესახებ, ვინაიდან ეს მიტროპოლიტები დეიდაშვილები იყვნენ, მჭიდრო კავშირები ჰქონდათ რუსეთის მთავრობის მიმართ არაკეთილგანწყობილ იმერელ თავადებთან და აზნაურებთან. თეოფილაქტეს ორივე მიტროპოლიტი აჯანყების მთავარ მოთავეებად მიაჩნდა. მათი პეტერბურგში გამგზავრება ერმოლოვს დაევალა.64 1819 წლის 18 ოქტომბერს ერმოლოვმა გოლიცინს გაუგზავნა სამი იმერელი მღვდელმთავრის წერილი და ამასთან ითხოვა იმერეთში მომხდარი არეულობის გამოსაძიებლად კომისიის შექმნის ნებართვა. იმპერატორმა გაითვალისწინა, რომ დამსახურებული სასჯელის შიში ბუნტის მონაწილეებს აიძულებდა მეზობელი სახელმწიფოების დახმარება ეძებათ, რის გამოც, მან ჩათვალა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ უფრო შეაშფოთებდა მათ, ვინაიდან, კომისიის მიზანი ბუნებრივია, დამნაშავეების მოძებნა და დასჯა უნდა ყოფილიყო. იმპერატორმა ყველაზე მიზნშეწონილად ჩათვალა ქუთაისის მიტროპოლიტ დოსითეოსის გადასახლება, როგორც აჯანყების მთავარი დამნაშავისა, ვინაიდან იყო რა იმერეთის სამღვდლოების მეთაური, მას ხელეწიფებოდა უკმაყოფილოთა შეკავება და შთაგონება, საამისოდ გულწრფელი სურვილი რომ ჰქონოდა.

იმპერატორმა შესაძლებლად ჩათვალა ყველა დანარჩენი მონაწილის პატიება. ამავე დროს, მან სრული თავისუფლება მისცა ერმოლოვს. მას შეეძლო თავისი შეხედულებისამებრ შეექმნა საგამოძიებო კომისია, თუ წესრიგის დამყარების სხვა საშუალებას ვერ გამოძებნიდა.65 ასე დასრულდა იმერეთის აჯანყების პირველი ეტაპი.

2.2 2.2. აჯანყების გავრცელება გურიისა და სამეგრელოს სამთავროებში

▲ზევით დაბრუნება


1819 წელს იმერეთში დაწყებული აჯანყება გურიასა და ნაწილობრივ სამეგრელოშიც გავრცელდა. სანამ უშუალოდ ამ საკითხს შევეხებოდეთ, მოკლედ მიმოვიხილავთ ხსენებულ სამთავროებში არსებულ მდგომარეობას.

1804 წელს, როდესაც ე.წ. „ელაზნაურის ხელშეკრულება“ დაიდო და იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა, გურიის სამთავროც, როგორც იმერეთის სამეფოს ნაწილი, რუსეთის ქვეშევრდომობაში აღმოჩნდა. გურიის მთავართან ცალკე ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა. ჯერ კიდევ იმერეთის სამეფოს გაუქმებამდე, 1809 წლის 15 დეკემბერს, მამია გურიელმა მოითხოვა, რომ იგი სამეგრელის მთავარივით მიეღოთ რუსეთის მფარველობაში1. ტორმასოვს სოლომონ მეფესთან ბრძოლაში გურიელის დახმარება სჭირდებოდა, ამიტომ იძულებული გახდა მისი სურვილი დაეკმაყოფილებინა. 1810 წლის 14 იანვარს ტორმასოვმა იმერეთში მყოფი ჯარების სარდალს, გენ. სიმონოვიჩს დაავალა მამია გურიელისთვის გამოეცხადებინა, რომ თუ ის რუსეთის ერთგულებას გამოიჩენდა და გულწრფელად გადაუდგებოდა სოლომონ მეფეს, მაშინ მას იმერეთის მეფისაგან „დამოუკიდებელ“ მთავრად დაამტკიცებდნენ. იმერეთის სამეფო დღეებს ითვლიდა. მის წინააღმდეგ რუსული მხარე გადამწყვეტი ზომების მისაღებად ემზადებოდა. 17 თებერვალს, ტორმასოვმა გურიელს აცნობა, რომ მისი თხოვნა შეწყნარებული იქნებოდა. მას იმპერატორი იმავე პირობებით მიიღებდა, როგორც დადიანი მიიღო2. გურიელი საშინაო საქმეებში დამოუკიდებლობას მოითხოვდა. „სათხოვარი პუნქტები“ მთავარსარდალმა შეადგინა, მაგრამ მამიამ შესწორებები შეიტანა3. ამ დროს სოლომონ მეფე ტყვეობიდან ახალი გაქცეული იყო, იმერეთში აჯანყება მზადდებოდა, რის გამოც, ტორმასოვიც უფრო დამყოლი გახდა გურიელის მიმართ და მისი მოთხოვნები დააკმაყოფილა4. შექმნილ ვითარებაში ტორმასოვმა გურიელის საქვეშევრდომო ხელშეკრულება იმპერატორთან შეუთანხმებლად, 1810 წლის 19 ივნისს გააფორმა. ის თავს იმით იმართლებდა, რომ გურიელი 1000 კაცისაგან შემდგარი რჩეული ჯარით იბრძოდა სოლომონ მეფის წინააღმდეგ5. რუსული სარდლობა იძულებული იყო დასავლეთ საქართველოში სამთავროების ავტონომიურ არსებობას შერიგებოდა. „დამოუკიდებელ“ მთავრებს ევალებოდათ რუსეთის მოთხოვნისთანავე შეეკრიბათ ლაშქარი და რეგულარულ ჯარებთან ერთად საომრად გამოსულიყვნენ. ამავე დროს, რუსეთი ვარაუდობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისინი მთავრებს ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველადაც გამოიყენებდნენ6. 1811 წელს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გურიის სამთავრო იმერეთისგან დამოუკიდებლად შეიყვანა რუსეთის ქვეშევრდომობაში, რითაც თითქოსდა, მამია გურიელის სურვილი დააკმაყოფილა: „ჩვენს საყვარელ სარწმუნო ქვეშევრდომს პოლკოვნიკს გურიათა ქვეყანისა მფლობელს და წმიდის ანას პირველის ხარისხის კავალერს თავადს მამია გურიელს ჩვენი იმპერატორების წყალობა და კეთილმნებელობა-კმაუყავით ჩვენ სურვილსა თქვენსა შემოსვლად საუკუნოდ ყმობასა შინა ყოვლისა რუსეთისა იმპერიისასა და არა მეჭუელმან ერთგულებასა თქვენსა ზედა ჩვენამო და უმაღლესისა ტახტისადმი ჩვენისა დაგიმტკიცეთ თქვენ თხოვილთა პუნკთა შინა გამოხატულნი აზრნი თქვენნი... და დაგამტკიცებთ თქვენ მემკვიდრედ მთავრად გურიათა ქვეყანისა, უმაღლესსა საფარველს ქუეშე მპყრობელობისა ჩვენისა და მცველობასა ქვეშე რუსეთის იმპერიისა...“7 იმპერატორი მამია გურიელს და მის მემკვიდრეებს მომავალშიც წყალობას პირდებოდა. პირობას თავისი „იმპერატორული სიტყვით“, საკუთარი ხელის მოწერით და ბეჭდით ამტკიცებდა, მაგრამ მამია გურიელის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთმა გურიის სამთავრო ისევე გააუქმა, როგორც იმერეთის სამეფო, ხოლო მამიას ქვრივმა, სოფიო დედოფალმა ოსმალეთს შეაფარა თავი და სოლომონ მეფესავით, ტრაპიზონში გარდაიცვალა.

მამია გურიელმა რუსეთის მთავრობისგან გენერალ-მაიორის ჩინი მიიღო. მისი სამთავროს საშინაო საქმეებში თავდაპირველად რუსეთიც არ ერეოდა და ის მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად განაგებდა გურიას. გურიის თავადაზნაურობას მჭიდრო კავშირები ჰქონდა ოსმალეთთან. ისინი ერთმანეთთან უთანხმოების დროს, ხშირად მიმართავდნენ თურქული ჯარის დახმარებას, ეურჩებოდნენ მამია გურიელს, რომელიც საკმაოდ სუსტი მთავარი იყო. მას არ ემორჩილებოდნენ არა მხოლოდ ძლიერი ფეოდალები, არამედ ზოგიერთი აზნაურიც კი. მაგალითად ასკანის ციხის მფლობელი დავით ასათიანი8. მამია გურიელი რუს სამხედრო ხელმძღვანელობას სთხოვდა ხოლმე დაცვას საკუთარი ქვეშევრდომებისაგან და თავადებისაგან. ასე, მაგალითად, მამია გურიელმა გენ. რტიშჩევის წინაშე დასვა საკითხი თავისი ქვეშევრდომი თავადი ნაკაშიძეების კუთვნილი გურიანმთის ციხის დანგრევის შესახებ, რაც გურიის სამთავროსათვის სასარგებლოდ მიიჩნია. რტიშჩევმა, იმ მიზნით, რომ მომავალში ნაკაშიძე გურიელის მორჩილი ყოფილიყო, გენ.-მაიორ სიმონოვიჩს უბრძანა გურიანმთის ციხის მიწასთან გასწორება, ხოლო თურქებისგან თავის დასაცავად, მამია გურიელს უბრძანა ახალი ციხესიმაგრის აგება. რტიშჩევმა ადგილიც თავად შეარჩია სამხედრო რედუტის ასაშენებლად: მდინარე ნატანების შესართავთან, შეკვეთილში, სადაც გადიოდა საზღვარი თურქებთან. გურიელს სამშენებლო მასალა და მუშა-ხელი უნდა მიეწოდებინა, საინჟინრო ოფიცერის და გამოცდილი ხელოსნების გამოგზავნას კი რუსული მხარე უზრუნველყოფდა. ახალი რედუტის აშენებამდე, გურიანმთის ციხეს, თურქებისგან დასაცავად, რუსული ჯარი დაიკავებდა, შემდეგ კი დაანგრევდნენ.9

1813 წლის 26 ოქტომბერს მეფე სოლომონი თურქული ჯარით ჩავიდა კინტრიშში, საიდანაც 29 ოქტომბერს გაემართა ფოთის ფაშა ხაზნადარ-ოღლუსთან. როგორც მამია გურიელი სიმონოვიჩს აცნობებდა, გურულებმა დაიწყეს სოლომონ მეფესთან დაკავშირება, ზოგმა ღიად, ზოგმა კი ფარულად. თავადმა ნაკაშიძემ სამჯერ გაგზავნა თავისი კაცი ქარცივაძე კინტრიშში. ნაკაშიძე ცდილობდა თავისი ციხიდან მოტყუებით გამოეყვანა რუსული ჯარი და ის თურქებისთვის გადაეცა. სიმონოვიჩმა იმერეთში განლაგებული ჯარიდან ორი როტა გამოიხმო შეკვეთილში გასაგზავნად, სადაც ახალი რედუტის მშენებლობა იწყებოდა.10 სტამბოლის ოსმალური დოკუმენტების არქივში მივიძიეთ მასალები, სადაც 1813 წლის მიმოწერაა ასახული. ქაიხოსრო გურიელის მიერ ჭანეთის სანჯაყის მმართველის ხაზინედარზადე სულეიმან ფაშასთვის ქართულად გაგზვნილი წერილი ოსმალურ ენაზე ითარგმნა. ახლა მის ქართულ თარგმანს ვაქვეყნებთ:

„მე მინდა გამოვხატო ჩემი უღრმესი მადლიერება ჩემი უდიდებულესობის მიმართ ჩემი კეთილდღეობის შესახებ მოწყალედ შეკითხვის გამო. გულწრფელად რომ ითქვას, მე მოვალე ვიყავი თქვენს მიმართ ჩემი პატივისცემა ან წერილით დამედასტურებინა, ან თქვენს წინაშე წარვმსდგარიყავი. რა თქმა უნდა, უდიდესი სიამოვნება და პატივია, რომ თქვენ ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას. საუბედუროდ უნდა ვაღიარო, რომ მე არ გამაჩნია სამთავროში არც ძალა, არც ავტორიტეტი, რაც საშუალებას არ მაძლევს ჩავერიო მის (პოლიტიკურ) საქმეებში. ავტორიტეტი ეკუთვნის მამია გურიელს, რომელიც წასულია. ვინაიდან მე ვერასოდეს ვბედავ თქვენი ქვეყნის მონახულებას მისი ნებართვის გარეშე და მის დაუკითხავად, დაველოდები მის ჩამოსვლას და თუ ნებას დამრთავს, შევხვდები ჩემს უდიდებულესობას და ჩვენ ვიმსჯელებთ ზოგიერთ საკითხზე. ეს აგრეთვე შესაძლებლობას მომცემს, რომ გამოგიცხადოთ ჩემი პატივისცემა და გიჩვენოთ ჩემი თქვენდამი ერთგულება და მორჩილება.“

ამავე საარქივო საქმეში ინახება თურქული თარგმანი მეფის შთამომავალ ივანესი (ალბათ, აბაშიძის-მ.ხ.) იმავე ხაზინედარზადე სულეიმან ფაშასთვის გაგზავნილი: „თქვენს ხელზე ამბორისა და თქვენთვის ლოცვის შემდეგ, მორჩილი მსახური ბოდიშს იხდის, რომ ვერ გეახლათ ჩემი უდიდებულესობისადმი თავისი პატივისცემის გამოსახატავად. ბოდიშს გიხდით, ბატონო და გთხოვთ, თანაუგრძნოთ ჩემს მდგომარეობას. ამის გამო ჩვენს მეგობრობას და კარგ ურთიერთობას ნუ მოშლით. გთხოვთ, უარი არ თქვათ თქვენს წყალობასა და კეთილგანწყობაზე, მტრის მცდელობის მიუხედავად. მნიშვნელობა არ აქვს, სად ვიცხოვრებ, მე ვარ ერთგული მსახური და მთელი გულით გემსახურებით. გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ჩემთან წერილობით შეთანხმება. მე აცილებლად ვინახულებ ჩემს უდიდებულესობას, როგორც კი საამისო შესაძლებლობა მომეცემა.“

გურიის მთავარ მამიას მიერ ხაზინედარზადე სულეიმან ფაშასადმი გაგზავნილი წერილი ქართულიდან ითარგმნა ბერძნულად, ბერძნულიდან - ოსმალურად:

„მე მივიღე თქვენი წერილი, რომელიც თქვენი კაცის, სახელად კოჩმანიკას ალი აღას ხელით გამომიგზავნეთ. სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი თქვენთვის დაუყოვნებლად პასუხის მოწერა, ვინაიდან გურიაში არ ვიმყოფებოდი. მე ახლახან ჩამოვედი გურიაში და ჩამოსვლისთანავე დავჯექი თქვენთვის პასუხის მოსაწერად, მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ დაკავებული ვარ. ნება მომეცით რამდენიმე დღის განმავლობაში განვიხილო თქვენი წერილი და შემდეგ მოგწეროთ ჩემი პასუხი.“

აქვეა ბერძნულად ნათარგმნი ქართული წერილის ოსმალური თარგმანი: „მამია გურიელისაგან ხაზინედარ სულეიმან ფაშას, ჭანეთის მმართველს: შენს წერილში წერია, რომ ჩვენ ისევე უნდა დავემორჩილოთ დიად პორტას, როგორც ადრე, იმის გამო, რომ მშვიდობამ დაისადგურა ორ ქვეყანაში. მართალია, ეს ტერიტორიები ადრე დიად პორტას ეკუთვნოდა. რაც არ უნდა იყოს, როდესაც გურიის სამთავრო თქვენს დაქვემდებარებაში იყო, აჭარის მთელი არემარე, ახალციხის ჩათვლით, გურიის სამთავროს ეკუთვნოდა. თქვენ თანდათანობით დაიპყარით ტერიტორიები, მაგრამ არა ჩვენს სასარგებლოდ. ჩვენი წინაპრების დროიდან, როგორც თქვენ წერთ, უსამართლოდ არასოდეს დაგიჩაგრავთ თქვენი გავლენის ქვეშ მყოფი სამფლობელოების მცხოვრებლები. თქვენ წერილებს მხოლოდ მე კი არ მწერთ, არამედ ქვეყნის დინასტიის სხვა წევრებს და თავადაზნაურობას და თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე, აღელვებთ მათ. მე ვარ გურიის მთავარი, თქვენ მომწერეთ და ჩემი პასუხიდან შეიტყვეთ ყველაფერი თქვენი უფლებების შესახებ, მაგრამ მე გავიგე, რომ თქვენ მოიწვიეთ თქვენთან ჩემი ბიძა ვახტანგი და უბოძეთ მას ბეწვით გაწყობილი სამოსელი. თქვენ გამუდმებით სწერთ პროვოკაციულ წერილებს ჩემი ამალისა და დინასტიის წევრებს, ჩემი ქვეყნის თავადაზნაურობას და უყოყმანოდ აქეზებთ მათ ჩემს წინააღმდეგ, იმის მიუხედავად, რომ ჩემს მეგობრად და კეთილისმსურველად მოგაქვთ თავი. როგორ ამხედრებთ ჩემს ქვეშევრდომებს ჩემს წინააღმდეგ? მე არ მაქვს თქვენთვის პასუხი. რუსი იმპერატორი ბევრი სარგებლობის მოტანას მთავაზობს. ის უზრუნველყოფს ჩემს მმართველობას და დამოუკიდებლობას, ამასთან დამიცავს ნებისმიერი მტრის შემოჭრისაგან. ღვთის წყალობით არაფერი ემუქრება ჩემს უსაფრთხოებას, მე ვრჩები რუსეთის იმპერატორის მორჩილი და ვიქცევი მისი ბრძანებებისამებრ, თუნდაც მას ჩემი ტახტიდან გადაყენება სურდეს.“11

1813 წლის 18 დეკემბერს პოლკოვნიკი პეჩერსკი მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლკის 6 როტით გურიის საზღვართან მივიდა და ჩოხატაურთან დაბანაკდა, საიდანაც ორი როტა მაიორ ივანოვთან ერთად შეკვეთილში გაგზავნა. მათვე გაატანა სამუშაო ხელსაწყოები და ხელოსნები სანგრის ასაგებად. რუსული სამხედრო ძალის გამოჩენამ ჩაახშო გურიაში დაწყებული აჯანყება. იქამდე, პოდპოლკოვნიკი ვახტანგ გურიელი ორჯერ იყო ჩასული ფოთში, სადაც სოლომონ მეფეს და ხაზნადარ-ოღლუს შეხვდა. პოდპოლკოვნიკ ქაიხოსრო და დავით გურიელებზე ზედამხედველობა პეჩერსკის დაევალა. მანვე გაუგზავნა სიმონოვიჩს ახალციხის ფაშას, სელიმის, წერილი მამია გურიელის სახელზე. 1813 წლის 10 ნოემბერს, სელიმი გურიელს სწერდა: „მეფე სოლომანი ჩემ ძმა ხაზინადარ-ოღლი სულეიმან-ფაშასთან მოსულა და ამიტომ მოგახსენებთ ამ წერილითა, რომ თუ ჩემი მამა-შვილობა გაქვს და ჩემგან არ გაგივლია, მეფე სოლომანს ნახამ და სულეიმან-ფაშასაც შეეყრები და მათ საქმესა და სამსახურზედ მუყაითი გაუხდები, რომ ჰამ ხელმწიფის სამსახურია და ჰამ ჩვენი მოყვრობა და მამა-შვილობა ამ საქმით გამოცხადდება და ღვთით ჩემი ხელმწიფის წყალობაც შენზედ იქმნება და ჩემიც უკეთესი ერთგული საყვარელი იქმნები და ჩემი ხაზინადარი მუსტაფა-აღა გამიგზავნია და ისიც ამოგივლის და მოგახსენებს და რაც ამ წერილით მოგახსენეთ, თუ ამრიგად არ ქენი, მე და შენი მოყვრობა და ერთობა აღარ იქმნება ...“12

მოხმობილი მასალებიდან ჩანს, რომ მამია გურიელი რუსეთის ერთგული იყო.

სტამბოლის იმავე არქივში, შეკვეთილში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, მოვიძიეთ რამდენიმე წერილი, რომელთა ადრესატია სულეიმან ფაშა ხაზინადარ ოღლი, ხოლო ავტორები არიან პეჩერსკი და მერლინი. რუსულ ტექსტს ახლავს ქართული თარგმანი. გამოთქმულია პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ თურქული მხარე აპირებდა კოშკის აშენებას მდინარე ნატანებთან, შეკვეთილში, სწორედ იქ, სადაც რუსული ციხე შენდებოდა. „რაც ცხადად ამტკიცებს თქვენის მხრიდამ დარღვევასა ესოდენ დიდთა ხელმწიფეთა შორის დამტკიცებულისა შერიგებისა, ამისთვის მას უფალს უპირატეს მთავარს არა ვითარმე ძალუძს თანხმობა მას ზედა, რათამცა თქვენ აღაშენოთ აქ კოშკი...…და რადგან ეს უნდა ჰნიშნავდეს არასხვასა რასამე, როგორც თქვენის მხრიდან დარღვევასა ზავისასა“.13 პეჩერსკი სულეიმან ფაშას ორი დღის ვადას აძლევდა დაწყებული მშენებლობის შესაჩერებლად და იქიდან თავისი კაცების გამოსაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკანონო მოქმედება იმპერატორის „სამხედროების საჭურველის“ ძალით აღიკვეცებოდა. მეორე წერილში ნათქვამია, რომ ეს ადგილი არასოდეს ყოფილა ოსმალთ საკუთრება და არც ახლა ეკუთვნოდა „და ყოველთვის იგი მიწა ყოფილა გურიელისა და ამისთვის მე არ მივცემ ნებასა აშენებისასა; და თუ თქვენ დაიწყებთ წინააღმდგომობასა ვუბრძანებ სროლასა ზარბაზანიდგან“.14 - ნათქვამია 1814 წლის 19 მარტის წერილში. 9 მაისს კვლავ იგივე მოთხოვნა და იგივე მუქარა მეორდება.15

იმავე არქივში მივიძიეთ კიდევ ერთი 1814 წლის დოკუმენტი, საიდანაც ვიგებთ, რომ მეფე სოლომონს მამია გურიელთან თავისი კაცები გაუგზავნია, რომლებიც შემდეგი პასუხით დაბრუნდნენ: „თუ თქვენ დაგვეხმარებით და რუსებს საქართველოდან გაყრით, მე ერთგულად ვემსახურები ფადიშაჰს. თუ არა, მე თქვენს არც ერთ წინადადებას არ მივიჩნევ ყურადსაღებად და მე არ ვემსახურები ოტომანთა სახელმწიფოს. სანამ რუსები საქართველოში დარჩებიან მე ვარ ვითარცა მონა, და ვერ ვემსახურები სხვა სახელმწიფოს.“16

ოსმალეთთან დაძაბულობა გრძელდებოდა. 1815 წლის ზაფხულში მამია გურიელმა რტიშჩევს აცნობა, რომ თურქები გურიაზე თავდასხმას აპირებდნენ. ასევე მიაწოდა ცნობები ალექსანდრე ბატონიშვილისა და მალხაზ ანდრონიკაშვილის შესახებ. რტიშჩევმა მადლობა გადაუხადა და დაამშვიდა: ერზერუმის სერასკირმა ბაბა-ფაშამ, რომელიც ახალციხეში იმყოფებოდა 15 ათასიანი თურქული ჯარით, რტიშჩევის წერილის მიღების შემდეგ, ახალციხე დატოვა და ყარსში გადავიდა; ტრაპიზონის სერასკირის, სეიდ-სულეიმან-ფაშას ჯარები, რომლებიც გურიის საზღვართან იყვნენ შეკრებილი, უკვე ფოთში ბრუნდებოდნენ. ამრიგად, გურიას სერიოზული თავდასხმა არ ელოდა. რტიშჩევი გურიელს პირდებოდა, რომ სიკვდილით დასჯილი სელიმ ფაშას ვაჟებს, ახმედ-ბეგს და აბედ-ბეგს, რომლებიც ახლო ნათესაობის გამო, გურიელს ჰყავდა შეფარებული, მფარველობას გაუწევდა და რუსეთის იმპერიის ფარგლებში ცხოვრების უფლებას მისცემდა.17 1815 წლის 22 ივლისს გენერალ-მაიორი სიმონოვიჩი კავკასიის ხაზის ჯარების მთავარსარდალ რტიშჩევს მოახსენებდა, რომ მამია გურიელი არ დაემორჩილა პოლკოვნიკ მერლინის, რომელიც მისგან მოითხოვდა სელიმ ფაშას ვაჟების ტფილისში გაგზავნას. ნაცვლად ამისა, გურიელმა ითხოვა მერლინისთან ქუთაისში ჩასვლა აღნიშნულ საკითხზე პირადად მოსალაპარაკებლად. თავად მამია გურიელი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას აცნობებდა, რომ ახალციხეში მყოფი ოსმალოთა სერასკირმა ბაბა-ფაშამ და ბათუმში მყოფმა ხაზინადარ-ოღლიმ, რომლებმაც „მოსჭრეს თავი სელიმ ფაშას და ყაბეგსა საჩანოღლისა და სხვათა ზორბებს“, დააშინეს და დაამარცხეს ყველა მოწინააღმდეგე, რის შემდეგაც გურიას მიადგნენ. მათ გაგზავნეს ელჩი ხონთქართან და ელოდებოდნენ მის ბრძანებას. იქამდე კი ჯარს ამზადებდნენ. „მათი ამაო განზრახვა არის ვითომც მოიყვანონ იმათ დაღისტანიდამ ალექსანდრე საქართველოს მეფის ძე და ჰყონ იგი იმერეთის მემკვიდრეთ, რომელ იმის დასალაპარაკებლად მალხაზ ანდრონიკაშვილი ეხლაც ახალციხის საზღვარზედ არის… ალექსანდრეს ელაპარაკება და განზრახვა აქვს პირველად გურიას, მერმეთ იმერეთს ჯარით მოსვლის, რადგანაც ჩუენნი კერძო ქვეყნები ეს არისო“.18 გურიელის თქმით, თურქებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ რუსები პირველები დაუწყებდნენ სროლას და საპასუხო სროლის საბაბს მისცემდნენ. ისინი ხალხს არწმუნებდნენ, თითქოს რუსეთი ზავის პირობების თანახმად, მათ უტოვებდა ამ ტერიტორიას. გურიელი მათგან საიდუმლოდ ცდილობდა მომზადებას, რათა შეტაკების შემთხვევაში უთადარიგოდ არ დარჩენილიყო. იმედს გამოთქვამდა, რომ თუ თურქებთან შეტაკება მოხდებოდა, მას რუსეთის უძლეველი მხედრობის ძალა შეეწეოდა. ის არც თავის პირად ინტერესებს ივიწყებდა და საჯავახოს მოცემას მოითხოვდა. ამავე დროს, ითხოვდა ორ ზარბაზანს თავისი თოფჩებით. მამია გურიელის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში რუსულმა მხარემ სახიფათო ვერაფერი დაინახა, ან თავისი შეშფოთება არ გაამჟღავნა. მთავარი თავს იმართლებდა: „მე ყოველთვის ვალი მაქვს რაც ანბავი უნდა შევიტყო ტყუვილი თუ მართალი მოვახსენო თქუენს მაღალ აღმატებულებას, თორემ შიშისათვის არ მოგახსენებთ, რომ მათი ჩუენ გვეშინოდეს! როდესაც რუსეთის საფარველი არ გვქონდა მაშინაც შიშით იმათ ჩვენ არ ვემორჩილებოდით, თორემ ახლა რუსეთის მფარველობა გვაქვს მე და ჩემს სამფლობელოს და ჩვენის ხალხის სიმაგრეცა და ადგილმდებარეობაც მაგარია. ღმერთი შეგვეწევა! ჩვენთვის სასიხარულო არის მოხდეს იმისთანა საქმე ჩვენის სისხლით ხელმწიფეს ვემსახუროთ!“ თუ თქვენ შიშად ჩამითვლით ჩემს მოხსენებებს, მაშინ მე ვეღარ გავბედავ, რომ შემდგომში ამგვარი ამბები მოგახსენოთო. ყველაზე მეტად მას საჯავახოს საკითხი ადარდებდა, რომლის მფლობელობაზეც საბუთის წარდგენა მოსთხოვეს... მამია აცხადებდა: „სულერთობით ჩუენი შინაგანი და გარეშემონი მეზობელნი მოწამენი არიან და უწყიან რამდენიმე ჟამი არის ჩუენი წინაპარნი გვარნი ოდესცა გურიის მთავრად შექმნილა, საჯავახოც გურიის სამთავროშიდ აღრიცხული ყოფილა და ყოველთვის ჩვენ გვქონებია და ახლოს ჟამებშიდ ჩვენის შინაგანის სახლის უთანხმოების გამო… პირველ მეფე სოლომონს ხან წაურთმევია ბაბუა ჩემისათვის და ხან მიუცემია! ისევ მეფე დავითს როდესაც ვახტანგ ბიძა ჩემი აღსრულების ჟამს გურიელობდა ვახტანგისათვის მიუცემია და აქვნდა და ჩუენ ამ მეფე სოლომონმა წაგვართვა“. მამია გურიელი აცხადებდა, რომ სხვადასხვა აღრეულობის მიზეზით, მას არა თუ საჯავახოზე, არამედ გურიის სამთავროს მფლობელობაზეც კი არ ჰქონდა საბუთები შენახული. სამაგიეროდ, გურიელებისგან მიცემულ სიგელებს საჯავახოში მათი ყმები თავად ინახავდნენ. მამია რუსეთის წინაშე თავის დამსახურებასაც იხსენებდა. როდესაც მეფე სოლომონი იმერეთიდან გააგდეს, სიმონოვიჩს მეც თან ვახლდი ჩემი ჯარითო. „მაშინაც აღთქმული მქონდა საჯავახოს მიცემა და რაოდენსამე დღეს მოცემული მყვანდა და შემდგომად ისევ ინება უფალმა სიმონოვიჩმა ხსენებულის ადგილის ჩემგან ჩამორთმევა. და თუმც მოინდომებს თქვენი მაღალ აღმატებულება მძიმე არაფერი არის და შეგიძლიათ, რომ მიბოძოთ და გამომაჩვენოთ სამაგალითოდ ჩემს მეზობლებშიდ“.19 საჯავახოს ბოძების ნაცვლად კი სამუდამო ერთგულებას ჰპირდებოდა. თავის დამსახურებად თვლიდა, რომ მრავალჯერ გაუგზავნია სიმონოვიჩისათვის თურქი სერასკირისგან მიღებული წერილები და თავისი მიწერილი პასუხის პირებიც, რომლებშიც ლანძღავდა თურქებს, როგორც რუსეთის ხელმწიფის ერთგული და მისგან პატივცემული პირი. რუსეთის ერთგულების გამო, გაიჩინა უამრავი მტერი და თუ რუსეთი მას საჯავახოს არ გადასცემდა, ის მტრების დასაცინი გახდებოდა. ამგვარი არგუმენტაციით ცდილობდა გურიელი საჯავახოს ხელში ჩაგდებას.

1815 წლის 6 ნოემბერს გენ. რტიშჩევმა პოლკოვნიკ მერლინის დაავალა საჯავახოს საკითხის მოგვარება. გამოყოფილი უნდა ყოფილიყო მიწები და სოფლები და იმპერატორის ბრძანებით მამია გურიელს უნდა გადასცემოდა რუსეთის მიმართ მისი დამსახურებისა და ერთგულების გამო.20 რუსეთი ამგვარი წახალისებით ცდილობდა გურიისა და სამეგრელოს მთავრების ერთგულების შენარჩუნებას, მაგრამ მათ მიმართ მაინც უნდობლობას იჩენდა და თვალთვალს არ სწყვეტდა.

მამია გურიელმა 1816 წლის გაზაფხულზე გენერალ რტიშჩევს ქუთაისში გაუგზავნა თხოვნა, რომელიც შეეხებოდა გურიაში საეკლესიო ქონების არსებულ მდგომარეობაში, ანუ უშუალოდ თავის განკარგულებაში დატოვებას. ეს მოთხოვნა ემყარებოდა იმპერატორის მიერ მისთვის ტრაქტატით მინიჭებულ უფლებებსა და უპირატესობებს. რტიშჩევმა უპასუხა, რომ ტფილისში დაბრუნებისთანავე ამ საკითხზე მოეთათბირებოდა საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წევრებს. დადიანსა და გურიელს ერთნაირი დამაიმედებელი პასუხები გაეგზავნათ.21 რტიშჩევი მათ სწერდა, რომ ქუთაისში დიკასტერიის გახსნა ნაადრევად იქნა მიჩნეული, საეკლესიო ქონების სიმცირისა და მცხოვრებთა უკიდურესი სიღარიბის გამო. ასევე, ვითომდა, გადაწყდა, სამართლიანად მოქცეოდნენ გურიისა და სამეგრელოს მთავრებს და საეკლესიო ქონება სამუდამოდ მათ დაქვემდებარებაში დაეტოვებინათ. იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში სასულიერო მმართველობის გაუმჯობესება, ქუთაისში დიკასტერიის გახსნის ნაცვლად, დოსითეოს ქუთათელს უნდა დაკისრებოდა მას იმერეთის ოლქში შემავალი ყველა ეპარქიის სასულიერო საქმეების მდგომარეობის შესახებ ანგარიში უნდა წარედგინა სრულიად საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსისათვის, რომლის უწყებაში სამეგრელო და გურიაც შედიოდნენ. გურიელსა და დადიანს მღვდელმთავრებისთვის უნდა ებრძანებინათ ქუთაისის მიტროპოლიტ დოსითეოსთან დაკავშირება და მისთვის ანგარიშის ჩაბარება ეკლესიების მდგომარეობის შესახებ. ამიერიდან იკრძალებოდა არქიერად და არქიმანდრიტად კურთხევა სრულად საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსთან წარდგინების გარეშე. მართლმადიდებლური ბერძნულ-რუსული და ქართული ეკლესიების მეთაურად რუსეთის იმპერატორი ცხადდებოდა.22

1818 წლის 22 ივნისს გენ. ერმოლოვი გენ.-ლეიტენანტ ველიამინოვს მოახსენებდა, რომ ფოთში მიმდინარეობდა ადამიანებით ვაჭრობა. გენ.-ლეიტენანტ ორბელიანის და, რომელიც იყო გურიის ყოფილი მთავრის და ახლანდელი მთავრის ბიძის მეუღლე, უცნობი მიზეზებით, ხშირად ხვდებოდა ხოლმე ფოთის კომენდანტს. როგორც ამბობდნენ, ამ შეხვედრების შემდეგ, მისი ამალის მხოლოდ ნახევარი ბრუნდებოდა უკან. ეს კი ბადებდა ეჭვს, რომ ის ეწეოდა ადამიანებით ვაჭრობას. ამიტომ გადაწყდა მასზე ფარული თვალთვალის დაწესება.23

გენ.-მაიორმა კურნატოვსკიმ მმართველის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე შეამჩნია, რომ მამია გურიელი ჯეროვნად ვერ ასრულებდა მთავრობის დავალებებს. ამის მიზეზად მამია ასახელებდა ოსმალეთის მეზობლობას, თავისი სამთავროს მთაგორიან მდებარეობას, ნათესავებისა და ზოგიერთი ძლიერი თავადის დაუმორჩილებლობას, რომლებიც მის დაუკითხავად ამყარებდნენ კავშირს თურქებთან, იფარებდნენ შავი ჭირის ეპიდემიისა და შიმშილის დროს იმერეთიდან გურიაში გადმოსულ პირებს, აგრეთვე დამნაშავეებს, მკვლელებს და ტყვეებით მოვაჭრეებს. ამასთან, გურიელი დასძენდა, რომ თურქები თითქმის დაუსჯელად იჭრებოდნენ მის სამფლობელოში, აპარტახებდნენ მას და იტაცებდნენ მის ქვეშევრდომებს. გურიელი კი რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული საზავო ხელშეკრულების ძალით, მოკლებული იყო შურისძიების უფლებას. თავისი ნათესავებისა და თავადების დასჯის და დამორჩილების ძალა შესწევდა, მაგრამ რუსული მთავრობის ნებართვის გარეშე ვერც ამას აკეთებდა, ვინაიდან იცოდა, რომ მის მოქმედებებს შესაძლოა სისხლისღვრა გამოეწვია, რაზედაც მას პასუხს მოსთხოვდნენ. გურიელი გენ.-მაიორ კურნატოვსკის ხშირად სთხოვდა, რომ ის ადგილზე თავად დარწმუნებულიყო ზემოჩამოთვლილი მიზეზების სისწორეში. გენერალმა მისი თხოვნა შეასრულა, მითუმეტეს, რომ თვითონაც იყო იმაში დაინტერესებული. თან გაიყოლა გენათელი მიტროპოლიტი ექვთიმე, ზურაბ წერეთელი და სეხნია წულუკიძე, როგორც პატივცემული პირები, როგორც თავიანთი წარმოშობით, ისე “რუსეთის მთავრობისთვის გაწეული სამსახურის” გამო. ოზურგეთიდან კურნატოვსკიმ დააგზავნა წერილები და თავისთან შესახვედრად მოიწვია გურიელის ნათესავები: ბიძები - ქაიხოსრო, დავითი, ლევანი და ბიცოლა - ქვრივი მარიამ გურიელი. ასევე თავადი ნაკაშიძეები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე უჩიოდნენ გურიელს მათი დაჩაგვრის გამო. პოდპოლკოვნიკმა ქაიხოსრომ გამოცხადების ნაცვლად, გენერალს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აცხადებდა, რომ თავისი ძმისშვილის სახლში არ შეეძლო მასთან შეხვედრა. აუცილებლობის შემთხვევაში, მზად იყო შეხვედროდა ხსენებულ სახლთან ახლოს, ტყეში, სადაც დანიშნულ დროზე გამოცხადდებოდა. კურნატოვსკისთვის ნათელი გახდა, რომ ქაიხოსრო არა მხოლოდ მამია გურიელს არ ემორჩილებოდა, არამედ სრულ უპატივისცემლობას იჩენდა რუსეთის მთავრობის მიმართ. დავით და ლევან გურიელები, მართალია, გამოცხადდნენ და მამიას ბრალდებები მოისმინეს, მაგრამ დანაშაული არ მოინანიეს. იმით იმართლეს თავი, რომ შეძლებისდაგვარად ასრულებდნენ მის მოთხოვნებს. დავითმა კი დაუმატა, რომ რისი გაკეთებაც მისთვის არასასიამოვნო იყო, დაე, ნუ მოსთხოვდნენ ამის გაკეთებას. ქვრივმა მარიამ გურიელმა, რომელსაც განუყოფელი მამული ჰქონდა დავითთან, რის გამოც მათ შორის ხშირი იყო უთანხმოება, განაცხადა, რომ ყველაფერში ემორჩილებოდა მთავარს და მზად იყო მამულის გაყოფაზე, რასაც დავითი დაჟინებით მოითხოვდა. მაგრამ მარიამმა შემდეგ გადათქვა. მან განმარტა, რომ მის საქმეს ვერც მამია გურიელი და ვერც კურნატოვსკი ვერ გადაწყვეტდნენ, მას მხოლოდ საქართველოს მთავარსარდლის იმედი ჰქონდა. თავადმა ნაკაშიძეებმა კი გენერლის თანდასწრებით გურიელთან შერიგება ამჯობინეს. მამია გურიელს კურნატოვსკი ახასიათებს, როგორც რუსეთის ერთგულ ქვეშევრდომს. ხაზს უსვამს, რომ მან ზურგი შეაქცია თურქებს და ცხოვრების ევროპული ყაიდისკენ ისწრაფვის.24 მთავარს სასარგებლოდ მიაჩნდა თავის სამთავროში რუსული ჯარის ყოფნა, რომელიც მას როგორც თურქების მტაცებლობის ასალაგმად, ისე ქვეშევრდომების ურჩობის წინააღმდეგ გამოადგებოდა. მამია გურიელი კურნატოვსკის სთხოვდა შუამდგომლობის გაწევას უფროსობასთან, რათა მისთვის მიეცათ სრული თავისუფლება თავად გასწორებოდა მტრებს, როგორც თავისი სამთავროს შიგნით, ისე თავდამსხმელებს, რომლებსაც პორტა ვერ აიძულებდა სამშვიდობო ტრაქტატის დაცვას. მამია გურიელის ერთგულების არ სჯეროდა გენ. ერმოლოვს. 1818 წლის 23 აგვისტოს ის გენ.-ლეიტენანტ ველიამინოვს სწერდა, რომ გენ. კურნატოვსკი ცდებოდა, როდესაც გურიის მთავარი რუსეთის მთავრობის ერთგულად მიაჩნდა. მთავარი უკმაყოფილო იყო იმით, რომ ილაგმებოდა მისი დაუოკებელი სწრაფვა თვითმპყრობელობისაკენ. მას არც თურქებისთვის შეუქცევია ზურგი, მათთან მუდმივ კონტაქტში იმყოფებოდა. ვითომდა თურქების წინააღმდეგ ჯარის შეკრება იმისთვის სჭირდებოდა, რომ თავისივე ქვეშევრდომები შეევიწროვებინა. თავისივე ოჯახის წევრები მტრობდნენ მას, განსაკუთრებით კი ბიძა, თავადი ქაიხოსრო, რომლის დამორჩილებასაც ის ვერ ახერხებდა. ერმოლოვის აზრით, საჭირო იყო ქაიხოსროს გამოძახება და დაპატიმრება. გენერალი მიუღებლად მიიჩნევდა მამია გურიელის თხოვნას მისთვის მოქმედების თავისუფლების მინიჭების თაობაზე. ამის უფლება რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომებს არ ჰქონდათ.25 1818 წლის 23 ოქტომბერს გენ.-ლეიტენანტი ველიამინოვი გენ. ერმოლოვს ატყობინებდა, რომ კურნატოვსკიმ სათანადოდ ვერ შეასრულა დავალება, რაც მარიამ გურიელზე ფარულ თვალთვალს ითვალისწინებდა. მან ამის შესახებ ღიად დაუსვა შეკითხვა გურიის მთავარს, რომელმაც მარიამ გურიელის ფოთის კომენდანტთან სტუმრობის მიზეზად გაქცეული გლეხების დაბრუნება დაასახელა. იმერეთის მმართველმა კურნატოვსკიმაც, თავის მხრივ, საეჭვო ვერაფერი დაინახა, მაგრამ ველიამინოვმა უბრძანა მას, რომ მარიამისთვის ფოთში ჩასვლა მკაცრად აეკრძალა.26

1819 წლის 9 აპრილს, ღამით, ოსმალეთის ქვეშევრდომი, აჭარაში მცხოვრები ახმედ-ბეგ ხიმშიაშვილი დიდი პარტიით თავს დაესხა სოფელ ასკანას და რამდენიმე მცხოვრები ტყვედ გაიტაცა, მაგრამ გურულები დაეწივნენ ყაჩაღებს და ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად გამოიხსნეს გატაცებული ტყვეები და თავად ჩაიგდეს ტყვედ ახმედ-ბეგის ბიძაშვილი, 2 მოხელე, 12 მედროშე და 73 თურქი, მოკლეს ერთი აღა და 33 კაცი. ეს შემთხვევაც ცხადჰყოფდა, რომ თურქეთის ქვეშევრდომები ამგვარი თავდასხმების გამო, არ ისჯებოდნენ თავიანთი მთავრობის მიერ. ერმოლოვის თქმით, ის გაჭირვებით აკავებდა შაზღვრისპირა მცხოვრებლებს სამართლიანი შურისძიებისგან „განსაკუთრებით როდესაც მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ ადრე ისინი არ ეკუთვნოდნენ უძლიერეს ხელმწიფეს, მაგრამ მეზობლების თავდასხმების მოგერიება შეეძლოთ“. მამიას უპირისპირდებოდა მისივე ბიძა, ქაიხოსრო გურიელი, რომელიც თავისი დროისათვის დიდად განათლებული ადამიანი იყო. პოტოს ცნობების მიხედვით, ის დედანში კითხულობდა ლათინ და ბერძენ ავტორებს.27 წლების მანძლზე, ის მცირეწლოვანი მამიას მეურვე იყო, დიდი გავლენით სარგებლობდა მთელ გურიაში, ენერგიულ ზომებს იღებდა ურჩი თავადების დასამორჩილებლად და მთავრის ხელისუფლების გასაძლიერებლად. ქაიხოსრომ მაშინაც შეინარჩუნა გავლენა, როდესაც გურიის მართვა მამიას გადასცა. ამ ორ უახლოეს ნათესავს შორის მტრული ურთიერთობა დამყარდა. მამია კონკურენტს ხედავდა მასში და ცდილობდა რუსული მთავრობის დახმარებით ჩამოეშორებინა იგი, როგორც რუსეთისთვის არასაიმედო პირი. ქაიხოსროს გურიიდან განდევნის შემთხვევაში, მის მამულებს მამია ჩაიგდებდა ხელში. იმერეთში დაწყებული აჯანყების დროს, გურიაში ქაიხოსრო აღმოჩნდა მოვლენათა ეპიცენტრში. როდესაც აჯანყების პირველი ტალღა მინელდა, რუსეთის მთავრობამ აჯანყების მონაწილეთა დევნა დაიწყო. მათი ნაწილი გურიაში გადავიდა. ასე მოიქცა ივანე აბაშიძეც, რომელმაც ქაიხოსრო გურიელთან, შემოქმედის ციხეს შეაფარა თავი. ივანე აბაშიძის მეუღლე მამიას და იყო, მაგრამ მეამბოხე აბაშიძეს რუსეთის ერთგული გურიის მთავრის იმედი ვერ ექნებოდა, ამიტომ მან ცოლის ბიძას, ქაიხოსრო გურიელს მიმართა დახმარებისათვის, იცოდა, რა მისი ანტირუსული განწყობის შესახებ. ქაიხოსრო თავს იმით იმართლებდა, რომ ივანე აჭარაში გადასვლას აპირებდა, რისი თავიდან ასაცილებლად, მან ის თავისთან მოიწვია, რათა შემდგომ რუსულ მთავრობასთან შეერიგებინა.28 დადიოდა ხმები, რომ ლევან დადიანი და მამია გურიელი გზავნიდნენ თავიანთ ქვეშევრდომებს ახალციხეში ფაშასთან ძღვენით. გენერალ-ლეიტენანტმა ველიამინოვმა უბრძანა იმერეთის მმართველ გენერალ კურნატოვსკის ამ ხმების სამართლიანობის დადგენა, რაც მან შეასრულა კიდეც. ფაშა არ მალავდა ზემოდასახელებულ პირებთან კავშირებს და გულახდილად ამბობდა, რომ იმერლები და მთავრები - დადიანი და გურიელი თურქეთის მთავრობისგან ითხოვდნენ მფარველობას, დახმარებას, ცეცხლსასროლ იარაღს და ჯარს, ხოლო რუსეთის ჯართან დამარცხების შემთხვევაში ითხოვდნენ მათთვის საცხოვრებელი ადგილის გამოყოფას ოსმალეთის ტერიტორიაზე.29 ფაშამ კურნატოვსკის წარგზავნილს განუცხადა, რომ მან ყველა ამგვარი თხოვნის შესახებ მისწერა სულთანს და სულთნისაგან ნებართვის მიღებამდეც, თურქული წესის თანახმად, ვალდებული იყო დახმარება აღმოეჩინა მთხოვნელებისათვის. სტამბოლის ოსმალური დოკუმენტების არქივში აღმოჩნდა 1819 წლის 31 მაისს სულეიმან ფაშას მიერ თურქეთში გაგზავნილი წერილი, რომელშიც ის სამეგრელოსა და გურიის შესახებ საუბრობს: „ამის გარდა, მეგრელები ასევე საქართველოდან არიან და მათ მთავარ პირს ეწოდება დადიანი. ეს არის ტრადიციულად ბრწყინვალე პორტას მიწები. ფოთის ციხე, რომლის კომენდანტობა მე გადმომეცა, ასევე სამეგრელოს ტერიტორიაზე იმყოფება. ფოთი და მისი შემოგარენი ომის შედეგად იქნა დაპყრობილი იმპერიის (რუსეთის - მ.ხ.) მიერ. მოღალატე მთავარი, დადიანად სახელდებული, რუსეთის მომხრე აღმოჩნდა. მხოლოდ ის და რვა თავადი (ბეი) ყოველთვის აგულიანებდნენ რუსებს და საზღვრების ევაკუაციას თავიდან იცილებენ. სხვა არავინ არის მოწინააღმდეგე. (რუსებმა) ქემჰალი და სხვა ადგილები მოტყუების ეშმაკური ხელოვნების წყალობით, იმპერიის ომამდე მიიტაცეს. ეს არის სიმართლე.

ჩემო უდიდებულესობავ, რუსები ეწინააღმდეგებიან ორ რამეს: საზღვრის დაცვას და ციხის აგებას. ამის შესახებ ადრეც მოგწერეთ განმარტება და მსგავსი შეტყობინებები დაეგზავნათ სამთავრობო პირებს. პასუხად ითქვა, რომ ვინაიდან რუსებმა საქართველოში ზოგი ადგილი ომის დროს დაიპყრეს, ეს საკითხი განხილული არ ყოფილა მოლაპარაკებისას. თუმცა მთავარი საკითხი მდგომარეობს საქართველოს განთავისუფლებაში რუსული უღლისაგან, მაგრამ ასევე განიხილებოდა ანატოლიაში მდებარე ზოგიერთი ადგილის ოტომანთა იმპერისთვის გადაცემის საკითხი. სოხუმი, ანაკლია, ქემჰალი… შეტანილი იყო სამშვიდობო ხელშეკრულების პუნქტებში. მიუხედავად იმისა, რომ ევაკუაციის სურვილს არ იჩენდნენ (რუსები), ოტომანთა დიპლომატებმა დაჟინებით მოითხოვეს და განაცხადეს, რომ რუსეთს ერთ ქვასაც არ დაუთმობდნენ. ეს პუნქტები რუსეთის ელჩს სტამბოლში თქვენ გამოუცხადეთ, ისევე როგორც ჩვენი ფადიშაჰის საბოლოო გადაწყვეტილება. მე ამას გავეცანი თქვენი გზავნილის წყალობით.

იმპერიის ომის წინ, რუსებმა, ვერაგობაში დახელოვნების წყალობით, ქემჰალის პოსტი დაიკავეს, ვითომდა კომერციული მიზნებით გამოსაყენებლად და ააშენეს იქ კოშკი. მეტიც, საქართველოს მეზობლად, სოხუმისა და აფხაზეთის მიწებზე მათ სხვა ადგილები დაპყრობილი არ ჰქონიათ, რაც ხალხისთვის კარგად არის ცნობილი. სოხუმი, ანაკლია და აფხაზეთის მიწები დაპყრობილ იქნა ომის დაწყების შემდეგ. საქართველოს შიდა ნაწილებს ეწოდებათ „აჩუკბაში“, რაც ქარულ ენაზე იმერეთს ნიშნავს. ციხეები ეკუთვნოდა ოტომანებს დიდი ხნის მანძილზე. დაიპყრო მეფე სოლომონმა. ისინიც დაკარგულ იქნა ომის შემდეგ, ჩვენი კონტრიერიშის მიუხედავად.

გურია, მართალია საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ის იმერეთისგან დამოუკიდებელი იყო და ოტომანთა იმპერიას ეკუთვნოდა. (აჰისკასა და ფასის შუა), გრიგოლეთის და სარფის პოსტები საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ პოსტებზე მდებარე კოშკები ოტომანებს ეკუთვნოდა დიდი ხნის მანძილზე. ომის დაწყების შემდეგ, ისინიც დაპყრობილ იქნა და სამ თუ ოთხ თვეში კოშკებიც აღმართეს. მადლობა ალაჰს, ჩურუქსუდ წოდებული ადგილი ჯერ ისევ მუსლიმანებს ეკუთვნის.“30

მთავარსარდალმა ერმოლოვმა მიიჩნია, რომ გენერალი კურნატოვსკი სუსტად მართავდა იმერეთსა და დასავლეთ საქართველოს სამთავროებს, რაც „თათართა შემოსევაზე უარესი იყო“. ველიამინოვს ებრძანა კურნატოვსკის ტფილისში გაწვევა და მისი შეცვლა სხვა პირით. იმერეთის მმართველად ეგერთა 44-ე პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი პუზირევსკი დაინიშნა.31 ველიამინოვის დავალებით, პუზირევსკი ცდილობდა, რომ ქაიხოსრო გურიელს მისთვის ივანე აბაშიძე გადაეცა. ის ქაიხოსროს სწერდა, რომ ცდილობდა მისი ხვედრის შემსუბუქებას და განსაცდელისგან გადარჩენას: „იცოდეთ, რომ რუსეთისთვის თქვენ საჭირო არა ხართ… მაგრამ სად ჰპოვებთ უშიშარს ბინასა?“ უკვე გადაწყვეტილი იყო ქაიხოსროს რუსეთში გადასახლება. პუზირევსკი არწმუნებდა მას, რომ თავის სამშობლოში მას ყოველთვის ეჭვით შეხედავდნენ, ნამდვილი ბედნიერება კი რუსეთში ელოდა. „იქ უფრო განსვენებით იცხოვრებთ, საფარველსა ქვეშე კაცთმოყვარისა ჩვენისა მონარქისასა“.32

1820 წლის 6 აპრილს გენ.-მაიორი ველიამინოვი სწერს პუზირევსკის, რომ თუ მას შეეძლო სურსათით მომარაგება იმ ჯარებისა, რომლებიც გამოყენებული იქნებოდნენ გურიიდან ქაიხოსრო გურიელის განსადევნად, მაშინ მას შემდეგი უნდა მოემოქმედა: ქაიხოსრო ჯერ ქუთაისში უნდა გამოეძახებინა, ვითომდა მისგან ახსნა-განმარტების მოსასმენად “მოღალატე” აბაშიძეებისთვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე. წინასწარ ცხადი იყო, რომ ქაიხოსრო ამაზე არ დათანხმდებოდა. ეს კი რუსებს მისცემდა ურჩის წინააღმდეგ ზომების მიღების უფლებას. ველიამინოვი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას მაშინ გეგმავდა, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა გურიაში რაზმის დატოვება, რომელსაც სურსათით მოამარაგებდნენ თუ ერთი წლით არა, ნახევარი წლით მაინც. მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ქაიხოსროს შეპყრობისა, ან განადგურების განუხორციელებლობის შემთხვევაში, მისი დროებითი განდევნა არაფრის მომტანი იყო და მხოლოდ რუსების სისუსტეს აჩვენებდა ხალხს, რაც უნდა დაემალათ: «а только покажет нашу слабость, что всемерно скрывать должно».33 მისი აზრით, გურიაში რაზმის ჩაყენება წარმატების საწინდარი იქნებოდა, ხელს შეუშლიდა გურიაში მეამბოხეების დაბრუნებას, თუ ისინი ახალციხეში გაიქცეოდნენ. მამია გურიელს მიენიჭა უფლება-მოსილება თავის უწყებაში მიეღო “მოღალატე” ქაიხოსრო გურიელისა და მისი თანამზხრახველების მამულები, საიდანაც ნაწილი, თავისი შეხედულებისამებრ უნდა გაენაწილებინა რუსული მთავრობის ერთგული თავადებისა და აზნაურებისათვის, მათ შორის ნაკაშიძეებისთვის. ამგვარი ზომების მიღება იმისთვის იყო საჭირო, რათა სამეგრელოსა და გურიის მთავრები დარწმუნებულიყვნენ, რომ რუსეთის მთავრობა არ დაარღვევდა მათთან დადებულ ხელშეკრულებებს, ვიდრე ისინი იმპერატორის ერთგულნი იქნებოდნენ. ამასთან, საიდუმლო თვალთვალი დაუწყეს დადიანს. გადაწყდა, რომ ივანე აბაშიძის შვილებს და მეუღლეს, მისი ძმის, მამია გურიელის ხათრით, არ შეეხებოდნენ. იმავე დღეს, 6 აპრილს, ველიამინოვმა მამია გურიელს წერილი გაუგზავნა, სადაც სწერდა, რომ მისი ბიძის, თავად ქაიხოსრო გურიელის ბოროტგანზრახულმა საქციელმა მთავრობის მიმართ, მისმა ურჩობამ უფროსებისა და გურიის მთავრის მიმართ, ასევე მის მიერ ბუნტოვშჩიკი თავადი აბაშიძეებისათვის თავშესაფრის მიცემამ, ქუთაისში გამოცხადების მოთხოვნის შეუსრულებლობამ, საბოლოოდ გადააწყვეტინა მთავრობას მისი დასჯა. პოლკოვნიკმა პუზირევსკიმ მიიღო გურიაში საბრძოლო რაზმის შეყვანის, ქაიხოსროს შეპყრობის, ან გურიის სამთავროდან განდევნის ბრძანება. მამია გურიელს რაზმისთვის ხელის შეწყობა დაევალა.

1820 წლის 12 აპრილს ერმოლოვი გურიელს სწერდა, რომ თუ ქაიხოსრო ცდილობდა, მამია მის თანამზრახველობაში ყოფილიყო ეჭვმიტანილი, ვარაუდი არ გაუმართლდა. ერმოლოვი სრულ ნდობას უცხადებდა გურიელს, არწმუნებდა, რომ იმპერატორი მხოლოდ მას მიიჩნევდა გურიის მფლობელად. ამიტომ ერმოლოვი ვერ დაუშვებდა, რომ მამია გურიელის ძალა-უფლება მასთან ერთად ვინმეს გაეყო. გურიელსა და მის სამთავროს უსაფრთხოებას პირდებოდა. ამ ყოველივეს უნდა დაერწმუნებინა გურიელი, თუ რამდენად ურყევი იყო რუსეთის მიერ მისთვის მიცემული პირობები.34

პუზირევსკი დიდი რაზმით გურიისკენ დაიძრა ივანეს დასაჭერად და ქაიხოსროს დასასჯელად. ის მეტად თავდაჯერებული იყო. მისი აზრით, მოწინააღმდეგეებს შეეძლოთ მხოლოდ ჩოხატაურის ბანაკისთვის და სასურსათო მაღაზიისთვის ცეცხლის წაკიდება. მასზე თავდასხმას ისინი ვერ გაბედავდნენ. თავის წინამორბედ კურნატოვსკისთან შედარებით, პუზირევსკი მეტ სიხისტეს იჩენდა. წინააღმდეგი იყო თავადების დაჯილდოებისა, ვინაიდან მათი ერთგულება მოჩვენებითად მიაჩნდა. პუზირევსკი გურიაში გაემართა იმერელი აჯანყებულების დასაპატიმრებლად და რუსული მთავრობის გავლენის გასაძლიერებლად. ერმოლოვი ზრუნავდა იმაზე, რომ მამია გურიელი თავის სამფლობელოში რუსული ჯარების შესვლას მტრულად კი არ შეხვედროდა, არამედ თავის მოკავშირეებად მიეღო ისინი. ერმოლოვი მას სწერდა, რომ პუზირევსკის იმიტომ უბრძანა გურიაში ჯარების შეყვანა, რათა მამიას მოწინააღმდეგე ქაიხოსრო გურიელი შეეპყროთ, ან საერთოდ განედევნათ გურიიდან.35 გურიაში ჩასულმა პუზირევსკიმ ჩოხატაურში დატოვა ეგერთა როტა ორი ქვემეხით პოლკოვნიკ ზგორელსკის მეთაურობით, თავად კი მცირერიცხოვანი რაზმის თანხლებით დაიძრა ქაიხოსრო გურიელის ციხესიმაგრისაკენ, რომელიც შემოქმედში მდებარეობდა. გზაზე მას წინააღმდეგობა არ შეხვედრია, მაგრამ ციხესიმაგრე ცარიელი დახვდა. უკანა გზაზე პუზირევსკის შეიარაღებული გურულების ჯგუფი შეხვდა. შეტაკების დროს პუზირევსკი და ერთი კაზაკი მოკლულ იქნენ, პრაპორშჩიკი ტატიევი და თარჯიმანი ტყვედ იქნენ აყვანილი.

1820 წლის 18 აპრილს ლევან დადიანი სალხინოდან გენ. ერმოლოვს აცნობებდა გურიაში მომხდარი მოვლენების შესახებ. ივან ონოფრეს ძე პუზირევსკი სოფელ მარანიდან გურიაში გაემგზავრა მისდამი დაქვემდებარებული ჯარის ნაწილთან ერთად და მივიდა ქაიხოსრო გურიელთან, რომელთანაც ივანე აბაშიძე იმყოფებოდა. მან ჯარი შორი-ახლოს გააჩერა და 10 თუ 12 კაზაკის თანხლებით ქაიხოსროს სახლისკენ გაემართა ივანე აბაშიძის შესაპყრობად. მას შეხვდა ერთი გურული, ქაიხოსროს კაცი და ესროდა თოფიდან; პოლკოვნიკი და კიდევ ერთი კაზაკთა ოფიცერი ცხენებიდან გადმოვარდნენ. ამის დანახვაზე, დანარჩენები დაუბრუნდნენ რაზმს. გაიგო თუ არა მომხდარის შესახებ, პოდპოლკოვნიკი ზგორელსკი ჩავიდა მარანში, სადაც იდგა მოკლული პოლკოვნიკის ბატალიონი და ჯართან ერთად გურიაში გაემგზავრა. იქ მათ გურიაში მყოფი რაზმი შეუერთდა. ქაიხოსრო გურიელმა კი შეკრიბა ყაჩაღები, რომლებიც გურიაში იმყოფებოდნენ, მამია გურიელის რამდენიმე კაცი, რომლებიც გადმოიბირა და მათთან ერთად გამაგრდა ტყიან და კლდოვან მიუვალ ადგილზე. რუსული რაზმის მიახლოებისას მათ გახსნეს ცეცხლი, რის შედეგად რაზმმა უკან დაიხია. გურულებმა რამდენიმე ჯარისკაცი და ოფიცერი მოკლეს. ლევან დადიანი წერს, რომ მან მაშინვე დაიწყო მზადება და თავის სამფლობელოში გასცა ჯარის შეკრების ბრძანება.36 ამასთან, მან მარანში, ჭალადიდში და ნაბადში დახმარება აღმოუჩინა მაიორ კაშჩენკოს, რომელსაც აწვდიდა ცნობებს: ყველა ზომას იღებდა, რათა „მტერს“ ვერ მოეხერხებინა სამეგრელოში განლაგებულ რუსულ ჯარზე თავდასხმა. პუზირევსკის მკვლელის, იოთამ ბოლქვაძის ჩვენების დედანი შემონახული არ არის, მაგრამ მისი აღდგენა ხერხდება დუბროვინისა და პოტოს ნაშრომების მიხედვთ. პოტოს თანახმად, ბოლქვაძემ უჩვენა, რომ პუზირევსკი 1820 წლის 13 აპრილს მივიდა ქაიხოსრო გურიელის ციხესიმაგრეში. ქაიხოსრომ, რომელიც ამ დროს მეზობელ სოფელში იმყოფებოდა, რუსული რაზმის გამოჩენის შესახებ შეიტყო და იოთამი ორ მეგობართან ერთად გაგზავნა შემოქმედში, რათა იქაურები გაეფრთხილებინა საფრთხის შესახებ. წარგზავნილებს პუზირევსკი შეხვდათ, რომელიც უკვე ბრუნდებოდა ციხესიმაგრიდან. მან უხეშად მიმართა გურულებს: სად არის ძაღლისშვილი ქაიხოსროო, ამასთან მათრახიც დაარტყა ბოლქვაძეს, რომელმაც ამგვარი შეურაცხყოფის საპასუხოდ თოფი ესროლა მას. პუზირევსკის ტყვია გვერდში მოხვდა და ცხენიდან ჩამოვარდა. კაზაკი მის მკვლელს მივარდა, მაგრამ ბოლქვაძემ მახვილით მიაყენა ჭრილობა, მეორე გურულმა კი ხანჯლით მოკლა დაჭრილი. პრაპორშჩიკი ტატიევი და თარჯიმანი მერაბი ცოცხლად აიყვანეს ტყვედ და ციხესიმაგრეში წაიყვანეს.37

ნ. მახარაძემ სწორად შენიშნა, რომ იმავე ეპიზოდს დუბროვინი სხვაგვარად აგვიწერს თავის ნაშრომში. ის ფარავს პუზირევსკის გამომწვევ საქციელს და ცდილობს საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოს პუზირევსკი ქაიხოსრო გურიელის უშუალო ბრძანების თანახმად იქნა მოკლული. ამგვარი იყო რუსული მთავრობის ოფიციალური ვერსიაც.38 თუ პოტო იმ დასკვნამდე მიდის, რომ ქაიხოსროს პუზირევსკის მკვლელობაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, დუბროვინი საწინააღმდეგო აზრისაა, ამტკიცებს, რომ ქაიხოსრომ პუზირევსკის მკვლელს თოფი და ხმალი აჩუქა. ჩვენი აზრით, ბოლქვაძის დასაჩუქრება არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ პუზირევსკის მკვლელობაში ქაიხოსრო გურიელს მონაწილეობა არ მიუღია და ეს მისი დავალებით არ მომხდარა, მაგრამ როდესაც მომხდარის შესახებ შეიტყო, დაასაჩუქრა პუზირევსკის მკვლელი, რომელმაც თავისი და ქაიხოსროს შეურაცხყოფისათვის იძია შური. ლევან დადიანმა წერილი გაუგზავნა მამია გურიელს, რომელშიც ითხოვდა მასთან ახლოს განლაგებული ზგორელსკის პოლკისთვის სურსათი არ მოეკლო, ვინაიდან მათთან მისასვლელი გზა ყაჩაღების (ანუ აჯანყებულების) მიერ იყო გაფუჭებული.

დადიანს სმენია, რომ ქაიხოსრო თავისი ძმისშვილის, მამია გურიელის გადაყენებას აპირებდა, რაშიც მას თურქული ჯარის და აჭარლების იმედი ჰქონდა. იმერეთში კი ივანე აბაშიძე გაუგზავნა იქაური მოსახლეობის ასაჯანყებლად. ლევან დადიანი ერმოლოვს ატყობინებდა, რომ თავისი ჯარით იმერეთთან ახლოს იმყოფებოდა და ფხიზლობდა, რომ ქაიხოსროს მცდელობით იმერეთიც არ აჯანყებულიყო.39 მამია გურიელისთვის გაგზავნილ წერილში ერმოლოვი სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ მამიას ნათესავებმა მისგან რუსეთის ერთგულების მაგალითი ვერ გადაიღეს.40 ქაიხოსროს სახლში მეამბოხეები იკრიბებოდნენ, რომლებიც არად აგდებდნენ მამიას. გენ. ერმოლოვმა გენ.-მაიორ ველიამინოვ მესამეს უბრძანა გურიაში გამგზავრება ქაიხოსრო გურიელის დასასჯელად. თუ ეს უკანასკნელი თურქეთში გაქცევას მოასწრებდა, მაშინ მისი თანამზრახველები უნდა ყოფილიყვნენ გამჟღავნებული და სანიმუშოდ დასჯილნი. მათი მამულების მართვა მოურავებს უნდა გადასცემოდათ. ხელმწიფის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს მამულები მამია გურიელს ვერ გადაეცემოდა. ივანე აბაშიძე უნდა განედევნათ, მის მოკვლას ერიდებოდნენ. მამია გურიელმა განაცხადა, რომ მართალია, ივანე ქაიხოსროსთან იმალებოდა, მაგრამ პუზირევსკის მკვლელობის დროს იქ არ ყოფილა. ერმოლოვი მამიასაც ადანაშაულებდა იმაში, რომ თავის სამფლობელოში მეამბოხეები შეიფარა. რუსი გენერალი გურიის მოსახლეობის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, ამიტომ შეუთვალა, რომ არასოდეს ჩათვლიდა მათ ქაიხოსროს თანამზრახველებად.

ერმოლოვმა გამოაქვეყნა მიწოდება „სამღვდელოთა თავადთა აზნაურთა და ხალხსა იმერეთისა მენგრელისა და გურიისასა“, რომელშიც ნათქვამი იყო: „თავადმა ქაიხოსრო გურიელმა ყოვლად მშვიდობიანს ჟამსა ოდეს დატკბებოდა მით გურია, დაივიწყა ვალი მორჩილებისა მფლობელის მთავრისადმი, გატეხა თანამდებობანი რუსეთის დიდის ხელმწიფის ყმობისა და ორგულების სახით შეიპყრა პოლკოვნიკი პუზირევსკი და მოაკლო ისი სიცოხლესა. თავადნი იოანე აბაშიძე და ნიკოლოზ აბაშიძე ფინეზიშვილი, თავად ქაიხოსრო გურიელთან შეფარებულნი რეულან სიკვდილში და არ იკმარებენ ბოროტ ქმედებასა ამას, განმრყვნელის შეგონებებით ცდილობენცა აურიონ კეთილი ხალხი იმერეთისა. რუსეთის მართებულობა აქაურთა მხარეთა შინა, ქაიხოსრო გურიელს, ივანე აბაშიძეს და ნიკოლოზ ფინეზისშვილს აცხადებს სახელმწიფოს ცხადს ორგულებად და ამისთვის მოაკლებს მათ ყოველთა სამართალთ ყმისა და მამულისასა, რომელიცა თავადგანი და აზნაურთაგანი იმერეთში, მენგრელიაში და გურიაში მისცემენ მათ თავისთან შესაფარებელს ადგილსა ანუ გაერევიან ბუნთში და აღრეულობაში, ყოველნი ისინიცა გამოცხადებულ იქმნებიან ორგულებად და მოაკლდებიან ყმასა და მამულს თვისსა…“41

ერმოლოვი დაწვრილებით ინსტრუქციას აძლევდა ველიამინოვს, თუ როგორ უნდა ემოქმედა აჯანყების შემთხვევაში, ასევე ავალებდა ცნობების შეგროვებას თურქების მოქმედების შესახებ, რომლებმაც ჯარი გააძლიერეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიქცეოდა უკმაყოფილოთა მოტივების შესწავლას. ეპისკოპოს სოფრონისგან უნდა შეეტყოთ, შეხვდებოდა თუ არა წინააღმდეგობა საეკლესიო ქონების აღწერას და იყო თუ არა ამ წინააღმდეგობის მიზეზი მთავრობის განზრახვის არასწორი განმარტება. არქიმანდრიტი ნიკოლოზის სიტყვებიდან ერმოლოვს ისეთი დასკვნა გამოუტანა, რომ იმერეთის სამღვდლოება დაშინებული იყო ცრუ შთაგონებებით.42 ერმოლოვი კიდევ ერთ მოწოდებას გამოსცემს: „სამღუდელოთ თავადთა აზნაურთა ყოვლისა საიმერეთოს ხალხსა“, რომელშიც სამღვდელოებას შეახსენებს: „აწ მოეცა ჟამი სამღუდელოთა, რომელ გამოაჩინონ კეთილ მსახურება მშვიდითა ქრისტიანებრივითა შეგონებებითა“.43

22 აპრილს გენ. ერმოლოვი იმპერატორს მოახსენებდა, რომ ეგერთა 44-ე პოლკის მეთაური პოლკოვნიკი პუზირევსკი 13 აპრილს მოკლულ იქნა გურიაში. გურიაში განლაგებული სამხედრო პოსტების დათვალიერებისას, მას განზრახული ჰქონდა ქაიხოსრო გურიელის ციხესიმაგრის დათვალიერება. ერმოლოვის დახასიათებით, ქაიხოსრო ცნობილი იყო მთავრობისათვის წინააღმდეგობის გაწევით, თურქების მიმართ კეთილგანწყობით და რუსეთის მთავრობის მიმართ სიძულვილით. ის თავის სახლში იფარებდა იმერეთის აჯანყების მოთავეებს, რომლებიც პუზირევსკის ემალებოდნენ. ქაიხოსროს სახლში შეიარაღებული ხალხი იმყოფებოდა. შეიპყრეს პუზირევსკი, რომელიც მცირერიცხოვანი დაცვის თანხლებით მოძრაობდა, წაიყვანეს ქაიხოსრო გურიელის ციხესიმაგრეში, სადაც ის მოკლულ იქნა. მასთან ერთად შეიპყრეს ერთი ოფიცერი, თარჯიმანი და ერთი კაზაკი. „აკტებში“ (ტ. VI, ნაწ. I, გვ. 673, დოკ. ¹974) გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მოკლულის ნაცვლად, რომელმაც თავის დროზე გენ.-მაიორ კურნატოვსკის ადგილი დაიჭირა, ახლა იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს მმართველად დროებით დაინიშნა ეგერთა 44-ე პოლკის მეთაური პოლკოვნიკი გორჩაკოვ მე-2.

საარქივო დოკუმენტი კი გვაუწყებს, რომ მოკლული პუზირევსკის ნაცვლად, 44-ე ეგერთა პოლკის მეთაურად ჩოხატაურში მყოფი პოდპოლკოვნიკი ზგორელსკი დაინიშნა. ზგორელსკი სასწრაფოდ გაემართა შემოქმედისკენ ეგერთა ორი როტის, ორი ქვემეხის და ასი კაზაკის თანხლებით.

პუზირევსკის მკვლელობის შემდეგ, გურიის დიდ ნაწილში აჯანყებამ იფეთქა. მამია გურიელის მოწმობით, მოსახლეობის უმეტესობა აჯანყებულთა მხარეზე იყო. ის ზ. წერეთელს სწერდა, რომ ქალი თუ კაცი, პატარა თუ დიდი, ღმერთს შესთხოვს რუსებისა და რუსების მომხრეების განადგურებას.44 ეს წერილი ლევან დადიანის წერილთან ერთად, ზ. წერეთელმა შემდეგ ველიამინოვს გადაუგზავნა. ამ დოკუმენტიდან კარგად ჩანს გურიის მოსახლეობის ანტიცარისტული და ანტირუსული განწყობა.

აჯანყებულებმა დაიწყეს შეიარაღება და საბრძოლო რაზმების ჩამოყალიბება. ამ რაზმებმა ალყაში მოაქციეს ზგორელსკი, რომელიც ჯარებით მიიკვლევდა გზას შემოქმედისკენ. მან მიაღწია მდინარეს, რომელიც იმ მთის ძირში მიედინებოდა, სადაც ციხესიმაგრე იყო აღმართული. იქ მას აჯანყებულები ელოდნენ. მდინარეზე ხიდი აღარ იყო. შეტაკების დროს ზგორელსკიმ მოკლულებისა და დაჭრილების სახით 33 კაცი დაკარგა, რის გამოც გზის გაგრძელება ვეღარ გაბედა და იძულებული გახდა ოზურგეთისთვის შეეფარებინა თავი. აჯანყებულები ჩოხატაურში გაემართნენ. 19 აპრილს გააფთრებული ბრძოლის შედეგად, მათ მოახერხეს ამ პუნქტის აღება და იქ გამაგრებული რუსული რაზმის მნიშვნელოვანი ნაწილის ამოხოცვა. ამის შემდეგ, აჯანყებულები სამეგრელოში გადავიდნენ, სადაც აჯანყების დაწყებას შეუწყეს ხელი.

1820 წლის 24 აპრილს გენ. ერმოლოვი ლევან დადიანს ატყობინებდა, რომ ივანე და ნიკოლოზ ფინეზი აბაშიძეები ცდილობდნენ იმერეთის აჯანყებას, რის გამოც ავალებდა მას ჯარის შეკრებას და რედუტ-კალესა და სოფელ მარნის დამაკავშირებელი გზის დაცვას. ქუთაისში გაგზავნილ იქნა გენ.-მაიორი ველიამინოვი. მისი და ლევან დადიანის შეხვედრა საჭიროდ იქნა მიჩნეული. დადიანს დაევალა თავის სამფლობელოში სიმშვიდის შენარჩუნებაზე ზრუნვა, მოსახლეობისთვის ქაიხოსრო გურიელის მომხრეებთან ურთიერთობის აკრძალვა. ქაიხოსრო კი სახელმწიფოს მოღალატედ გამოცხადდა.

იმავე დღეს ერმოლოვმა მამია გურიელს მისწერა, რომ ყველაზე უსიამოვნო ცნობებს იღებდა გურიიდან, მაგრამ სასიამოვნო ცნობად მიიჩნია ის, რომ თავად გურიელი პოდპოლკოვნიკ ზგორელსკის რაზმში იმყოფებოდა. ამავე დროს, გაკვირვებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ პუზირევსკის მკვლელობის შემდეგ, მამიასგან არავითარი შეტყობინება არ მიუღია. ერმოლოვი შეახსენებდა მას, რომ მისი ვალი იყო ჯარის შეკრება და ქაიხოსროს დამორჩილება. რადგან მან ეს არ გააკეთა, ახლა ერმოლოვი უბრძანებდა ჯარის შეკრებას და გურიაში აჯანყების აღკვეთას, აგრეთვე ქუთაისთან კავშირის აღდგენას, სადაც გაგზავნილი იყო ველიამინოვი შესაბამისი ინსტრუქციებით.

1820 წელს მაისის დასაწყისში აჯანყებულებს კიდევ ჰქონდათ რამდენიმე შეტაკება რუსულ ჯართან. 2 მაისს პოლკოვნიკმა ზგორელსკიმ დაჭრილი ჯარისკაცები და დაპატიმრებული გურულების ჯგუფი სოფელ მარანიდან ქუთაისში გაგზავნა ქვეითთა ორი როტისა და 30 კაზაკის დაცვის ქვეშ. გზაზე მათ აჯანყებულთა მრავალრიცხოვანი რაზმი დაესხა თავს. გაიმართა უშეღავათო ბრძოლა. შტაბს კაპიტანმა ორბელიანმა, რომელიც რუსულ რაზმს მეთაურობდა დამატებითი ძალების გამოგზავნა ითხოვა. მის დასახმარებლად გაგზავნილ იქნა ახალი რაზმი კაპიტან ვოინოვის მეთაურობით, რომელიც პუზირევსკის ახლდა შემოქმედის ციხესიმაგრეში. გურული აჯანყებულები ისე გაშმაგებით ცდილობდნენ დაპატიმრებულ თანამოძმეთა განთავისუფლებას, რომ რუსულმა ჯარებმა გაერთიანებული ძალითაც ვერ შეძლეს მათი დამარცხება. მათ დაიფიცეს, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებდნენ დატყვევებული გურულების გასათავისუფლებლად.45 რუსული ჯარის დასახმარებლად კიდევ ორი როტა იქნა გაგზავნილი. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს მათ მარანში შეღწევა, რის დროსაც ქვემეხიც დაკარგეს. ასეთმა წარმატებამ კიდევ უფრო წაახალისა აჯანყებულები.

1820 წლის 4 მაისს გენ. ერმოლოვი მამია გურიელს სწერს, რომ მისი წერილი და გურიაში მომხდარი ამბების შესახებ ცნობები მან თითქმის ერთდროულად მიიღო. მას, ვითომდა, ადრეც არ ეპარებოდა ეჭვი გურიელის ერთგულებაში, ახლა კი მზად იყო უფრო დიდი სიამოვნებით დაეცვა მისი ძალაუფლება, იმპერატორის მიერ დამტკიცებული, ვინაიდან მან დაინახა, თუ როგორ ებრძოდნენ მამიას თავისივე ნათესავები. მისი მეორე ბიძა, რომელიც არასოდეს არ იყო ქაიხოსროს თანამოაზრე, ახლა ამ უკანასკნელს შეუერთდა. ისინი საერთო ძალებით ცდილობდნენ მამიას გადაყენებას. ერმოლოვი აიმედებდა გურიელს, რომ ეს არ მოხდებოდა.46

1820 წლის 1 ივლისს ერმოლოვი მადლობას უხდიდა მამია გურიელს მისთვის, რომ მან ალექსანდრე ბატონიშვილის წერილი ველიამინოვსაც წარუდგინა. როგორც ირკვევა ალექსანდრე ბატონიშვილი თავისი გზავნილებით გურულებს აჯანყებისკენ მოუწოდებდა და სპარსეთის შაჰის მხრიდან სამხედრო დახმარებას ჰპირდებოდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი აჯანყებისკენ იხრებოდა, რაც ერმოლოვის აღშფოთებას იწვევდა. მამია გურიელს კი იმით ამშვიდებდა, რომ არ დასჯიდა მის დას, რომელიც ივანე აბაშიძის მეუღლე იყო.47 იმერეთში სიმშვიდის დამყარების შემდეგ, რუსულ ჯარს მეტი შესაძლებლობა მიეცა გურიაში სადამსჯელო ოპერაციების ჩასატარებლად. 1820 წლის 9 ივლისს ქუთაისიდან დიდი სამხედრო ძალა დაიძრა სოფელ მარანისაკენ. 14 ივლისს ველიამინოვი უკვე ჩოხატაურში იყო, საიდანაც 15 ივლისს ოზურგეთისკენ გაილაშქრა, წინააღმდეგობა არავის გაუწევია. 16 ივლისს ჯარი უბრძოლველად ჩავიდა ოზურგეთში, მაგრამ ქაიხოსრო გურიელი იქ არ დახვდათ. როგორც ამბობდნენ, ის თავის ძმასთან, დავითთან იმყოფებოდა. 23 ივლისს ჯარი შემოქმედისკენ გაემართა, მაგრამ არა იმ გზით, სადაც მას აჯანყებულები ელოდნენ. მთა, რომელზეც ციხესიმაგრე იდგა, ტყით იყო დაფარული. აქ არტილერია უსარგებლო გამოდგა. მიუხედავად ამისა, მოწინააღმდეგის დაშინების მიზნით, პატარა მოედანზე დააყენეს ზარბაზანი და ქვემეხი, საიდანაც მოახდინეს რამდენიმე გასროლა მთის მიმართულებით. აჯანყებულებმა გამოჩენა დაიწყეს.48

გურიაში ჯარის შესვლას მამია უნდობლობით შეხვდა. ნაცვლად იმისა, რომ გენერლისთვის დახმარება აღმოეჩინა, ის სხვადასხვა მიზეზით ცდილობდა მასთან შეხვედრა თავიდან აეცილებინა და არ მიდიოდა ბანაკში. ერმოლოვის თქმით, მამიას ასეთი საქციელი მეამბოხეებს წაახალისებდა, ამიტომ ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ მისი შიში საფუძველს იყო მოკლებული. რუსეთის მთავრობა არ აპირებდა მოტყუებით მის შეპყრობას, რადგან მას თავისი ერთგულებით კარგი ავტორიტეტი ჰქონდა მოხვეჭილი. ერმოლოვი გურიელს მოუწოდებდა, რომ მას თავისივე საკეთილდღეოდ ჩამოეშორებინა რუსების მიმართ ბოროტი განზრახვის მქონე ადამიანები, როგორიც იყო თავადი მაჭუტაძე. ამ უკანასკნელს ველიამინოვისგან გამოგზავნილი ოფიცრისთვის უთქვამს, რომ თუ გურიელი გენერალთან გამოცხადდებოდა, მას დააპატიმრებდნენ. ამ სიტყვების გამო, მამიას მაჭუტაძის ჩამოშორება მოითხოვეს. გენერალ ველიამინოვს ებრძანა გურიელს მხოლოდ ბანაკში შეხვედროდა. ამის მიზეზად სახელდებოდა ქაიხოსრო გურიელის მიერ პუზირევსკის მოკვლა. არ გამორიცხავდნენ, რომ მამია გურიელის გარემოცვაში მყოფი პირებიდან ვინმეს ველიამინოვიც მოეკლა.49 გურულების წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა მაიორმა მიხინმა. სანამ ველიამინოვი სუფსაზე იყო დაბანაკებული, მიხინი რაზმთან ერთად დავით გურიელის წინააღმდეგ იქნა გაგზავნილი. გზად ანადგურებდა მეამბოხეთა სახლებსა და ბაღებს. აჯანყებულები ბრძოლით ხვდებოდნენ, მაგრამ მათი ძალები უთანასწორო იყო. რუსული ჯარი იკავებდა ციხეებს. ერთ-ერთი ციხე აჯანყებულებმა დამწვარი დაახვედრეს. დავით გურიელი მდ. სუფსის მეორე ნაპირზე გადავიდა. ბრძოლებმა დიდი ტერიტორია მოიცვა. აჯანყებულებმა უკან დაიხიეს და ზღვით ფოთში გადავიდნენ. 15 აგვისტოს მიხინი ველიამინოვთან დაბრუნდა, რომელმაც ის დავით ერისთავის წინააღმდეგ გაგზავნა. საველე ჩანაწერებიდან ჩანს, რომ 18 აგვისტოს მიხინი რამდენიმე როტით დავით გურიელის წინააღმდეგ საბრძოლველად იქნა გაგზავნილი. დავითის სახლ-კარი გადაწვეს. 21 აგვისტოს ველიამინოვი მთელი ჯარებით ჩოხატაურში გადავიდა. 23 აგვისტოს მიხინი რამდენიმე როტით სურებში იგზავნება, სადაც დავით ერისთავი ეგულებოდათ. 24 და 25 აგვისტოს რუსული ჯარი დაკავებულია სახლების, ბაღების, სახნავ-სათიბების გადაწვით და განადგურებით. მოსახლეობის ნაწილი იძულებული ხდება პატიება ითხოვოს. 27 აგვისტოს გამოცხადდა მთელი მოსახლეობა. რუსებმა ისინი ერთგულებაზე დააფიცეს და მძევლები გამოართვეს. მოურავად სიმონ ერისთავი დაუნიშნეს. საჯავახოში მცხოვრები გლეხებიც დამორჩილდნენ მომხდურებს. მხოლოდ მათი მცირე ნაწილი არ გამოცხადდა. მათ შეკრებას რუსული მხარე სიმონ ერისთავის მეშვეობით ვარაუდობდა, რომელიც დავით ერისთავისთვის ჩამორთმეული და ხაზინაზე გადაცემული გლეხების მოურავად იყო დანიშნული. 28 აგვისტოს ჩოხატაურში მყოფი ველიამინოვი ერმოლოვს მოახსენებდა: „ამგვარად დავიმორჩილე რა გურული აჯანყებულები, ამ დღეებში ვვარაუდობ ჯარებით გურიიდან დაბრუნებას. დამრჩა მხოლოდ რამდენიმე საბოლოო განკარგულების გაცემა“.50 როგორც საველე ჩანაწერებიდან ჩანს, გურიიდან ჯარების გაყვანა გადაიდო. მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: თავად მაჭუტაძის წაქეზებით, დავით გურიელის ყოფილმა გლეხებმა, რომლებიც ხაზინაზე იქნენ გადაცემული, უარი განაცხადეს მათ მოურავად დანიშნული გიორგი ნაკაშიძის მორჩიებაზე. 31 აგვისტოს ველიამინოვმა მათ პროკლამაციით მიმართა, რომლითაც დაემუქრა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში „ყველას გაანადგურებდა“. ამავე დროს, მან 1 სექტემბერს კვლავ გაგზავნა მიხინის მეთაურობით რამდენიმე როტა. მათ უნდა შეეპყროთ მაჭუტაძე, რომელიც ჭალადიდიდან ორი საათის სავალზე, ქვის კოშკში ცხოვრობდა. ერმოლოვმა მიიღო გადაწყვეტილება მოსახლეობასთან სასტიკი გასწორების შესახებ. მან მოუწოდა რუსულ ჯარს: „მე გიჩვენებთ ადგილს, სადაც ცხოვრობდა უვერაგესი ყაჩაღი ქაიხოსრო გურიელი, ქვა ქვაზე არ დატოვოთ ბოროტმოქმედების ამ თავშესაფარში, არავინ დატოვოთ ცოცხალი მისი საზიზღარი თანამზრახველებიდან“. მან გასცა ბრძანება, რომ შეუბრალებლად დაესაჯათ „ბოროტი მოღალატეები“.51

გენ. ერმოლოვი იმპერატორს ატყობინებდა, რომ დაავალა რა გენ.-მაიორ ველიამინოვს იმ ჯარების მეთაურობა, რომლებიც იმერეთსა და გურიაში აჯანყებულების წინააღმდეგ იბრძოდნენ, უბრძანა მას ქმედითი ზომების მიღება ჯანყების ჩასაქრობად. ველიამინოვმა მოახერხა აჯანყებულების დაყოფა, არ მისცა მათ შეერთების საშუალება, რითაც საგრძნობლად დაასუსტა მათი ძალები. აჯანყებულების ჯგუფები წყვეტდნენ ბრძოლას. ქაიხოსრო, რომელიც გურულებს თურქების დახმარებას ჰპირდებოდა, გურიიდან განდევნილ იქნა. მისი ციხესიმაგრე, რუსულმა ჯარმა შეტევით აიღო. ამის შემდეგ თურქები აღარ გამოჩენილან. ჯარმა შეაღწია ყველა მიუვალ ადგილებში, სადაც მეამბოხეები იყვნენ გამაგრებული. ერმოლოვი კმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ღალატი, როგორც ის უწოდებდა სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლას, სათანადოდ დაისაჯა: «Гнусная измена наказана достойно, водворена покорность и послушание. Народам здешним, к мятежам наклонным, легко увлекаемым безрасудною надеждою и обольщением, дан поучительный пример».52 ველიამინოვის მიერ აჯანყებულების დარბევისა და დამარცხების გამო, ერმოლოვი მის დაჯილდოებას სთხოვდა ალექსანდრე I-ს.

იმერეთის აჯანყების გამოძახილი, გურიასთან შედარებით, სამეგრელოში გაცილებით უფრო სუსტი იყო. ლევან დადიანი ყველა ღონეს ხმარობდა, რომ აჯანყება სამეგრელოს არ მოსდებოდა და გურიაშიც დროულად ყოფილიყო ალაგმული. რუსეთისადმი მისი და მისი მშობლების ერთგულება იმთავითვე პირადი ანგარებით იყო გამოწვეული. ეს იმ მიმოწერიდანაც ჩანს, რომელსაც ამ ოჯახის წევრები, ჯერ კიდევ იმერეთის აჯანყების დაწყებამდე, რუსულ მხარესთან აწარმოებდნენ. ასე მაგალითად, მეფე სოლომონის თურქეთში გადახვეწის შემდეგ, სამეგრელოს მმართველი ნინო დადიანი რუსებს აცნობებდა, რომ მანუჩარ და ტარიელ დადიანები, იმერეთის მეფისა და თავიანთი სიძის, სოლომონის ერთგულნი იყვნენ, რის გამოც დაბრკოლებებს უქმნიდნენ რუსულ ჯარს: როდესაც გენ.-მაიორი რიკჰოფი აფხაზეთში გაემგზავრა ურჩების დასაწყნარებლად, იმ დროს მანუჩარისა და ტარიელის წაქეზებით თურქული ჯარი ყულევის ციხეს დაესხა. იქ მყოფი რუსული გარნიზონიდან ბევრი დახოცეს და ცდილობდნენ იქაური მოსახლეობის აჯანყებას; ფოთის ციხის აღების დროს, ნაცვლად იმისა, რომ მათ სამეგრელოს მმართველისა და გენ.-მაიორი ორბელიანის ბრძანების თანახმად, თავიანთი ჯარებით მიეღოთ მონაწილეობა, მეფე სოლომონთან ერთად თურქი სერასკირი მოიყვანეს ჯარით; მათივე ჩაგონებით თავადმა ბერი გელოვანმა და მისმა ვაჟმა ლეონმა უარი თქვეს რა სამეგრელოს მმართველის მორჩილებაზე, დაიწყეს სამეგრელოსა და რუსული ჯარების წინააღმდეგ მოქმედება. (ნინო დადიანის მიერ რუსებისათვის მიწოდებულ ცნობებს ამყარებს სტამბოლის ოსმალური დოკუმენტების არქივში ჩვენს მიერ მიკვლეული მანუჩარ დადიანის წერილი, რომელიც მან 1814 წლის 4 აპრილს სოლომონ მეფეს გაუგზავნა). ტარიელი მეფე სოლომონს ახლდა, როდესაც ის იმერელ ხალხს აჯანყებდა, ხოლო მანუჩარი ფარულად ეხმარებოდა მათ სამეგრელოში. მაშინ, ნინო დადიანმა სასწრაფოდ გაგზავნა თავისი შვილი, ლეონ დადიანი, რუსულ ჯარებთან შესაერთებლად. ახალგაზრდა მთავარი ცდილობდა მეფე სოლომონის ზრახვების ჩაშლას, აჯანყებული ხალხის დამშვიდებას. მართალია, მან მეფე სოლომონთან შეტაკებისას 300 კაცი დაკარგა, მაგრამ მეფის დამარცხება მოახერხა. ტარიელ დადიანი გაემგზავრა ლეჩხუმში, თავად ბერი გელოვანთან. მასთან ერთად ააჯანყა ლეჩხუმელები. ნინო დადიანი აქაც წინ აღუდგა მათ. მან ლეჩხუმელები დააწყნარა, ციხეები დაიკავა, ხოლო მეფე სოლომონის მომხრეები და ბუნტოვშჩიკები დასაჯა. მისი აზრით, ყველა არეულობაში ტარიელის და მანუჩარის ხელი ერია, ხოლო ეს უკანასკნელი მეფე სოლომონთან იმყოფებოდა ოსმალეთში. ნინო დადიანი ასევე რუსეთის მტრებად ახასიათებდა გიორგი და ბეჟან მხეიძეებს და უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ რუსულმა მხარემ ისინი სათანადოს არ დასაჯა.53 ანგარება აშკარად ჩანს ლევან დადიანის წერილში, რომელიც მან რტიშჩევს გაუგზავნა. ლევან დადიანი რტიშჩევს სწერდა, რომ რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებისას, იმპერატორი და მინისტრი დაპირდნენ მას მეფე სოლომონის მიერ ჩამორთმეული სოფლების დაბრუნებას, მაგრამ შემდგომში ეს არ იქნა შესრულებული. ლევან დადიანი გენერალს ატყობინებდა, რომ ფოთის ციხის ახალდანიშნულმა ფაშამ მას წერილი გაუგზავნა და ოტომანთა პორტას ფადიშაჰის ქვეშევრდომობა შესთავაზა, მაგრამ დადიანმა წინადადება არ მიიღო და წერილი პოლკოვნიკ მერლინის გადასცა.54 წერილში ტრაპიზონის სერასკირი სულეიმან-ფაშა მიმართავდა ლევან დადიანს, თავადებს, აზნაურებს და ყველა მცხოვრებელს. აცნობებდა მათ, რომ სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის სამფლობელოები უძველესი დროიდან ოტომანთა პორტას ეკუთვნოდა, რაც განმარტებული იყო რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ სამშვიდობო ტრაქტატში. აქედან გამომდინარე, რუსეთს ამ სამფლობელოებზე პრეტენზიის წარდგენის უფლება არ ჰქონდა და ვალდებული იყო ეს ტერიტორიები დაეცალა. მოსახლეობას რუსეთისგან განთავისუფლებულად უნდა ჩაეთვალა თავი და ოსმალეთის ქვეშევრდომობა მიეღო. მათ არცერთი რუსი არ უნდა დაეშვათ თავის სიახლოვეს. ფაშა ლევან დადიანს, თავადებს და აზნაურებს თავისთან იწვევდა სათათბიროდ.55

1814 წლის იანვარში სამეგრელოს მმართველმა ნინო დადიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რამდენიმე წარდგინება გაუგზავნა, რომლებიც შემდეგ საკითხებს ეხებოდა: 1. მისთვის ჭყვიშისა და საჭილაოს დამტკიცებას. 2. მისი რეკომენდაციით თავადებისა და აზნაურების დაჯილდოებას. 3. ზოგიერთი მეგრელი თავადის რუსეთში გადასახლებას იმ მოტივით, რომ მათ სამეგრელოში ყოფნას ნინო დადიანი საზიანოდ მიიჩნევდა. ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით, გენ.-მაიორმა სიმონოვიჩმა გენ. რტიშჩევს თავისი მოსაზრებები წარუდგინა. მან დაადასტურა, რომ მეგრელი თავადები მანუჩარ და ტარიელ დადიანები, ასევე გიორგი და ბეჟან მხეიძეები მტრულად იყვნენ განწყობილი არა მხოლოდ სამეგრელოს მთავრის, არამედ რუსეთის მთავრობის მიმართაც, განსაკუთრებით კი ტარიელ დადიანი, რომელიც გურიაში იმყოფებოდა. იმერეთის აჯანყების დროს, ის მეფე სოლომონთან და თურქებთან ერთად მოქმედებდა რუსული ჯარის წინააღმდეგ. გენერალს ერთის მხრივ სასარგებლოდ მიაჩნდა მისი გადასახლება, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა, რომ თუ ნინო დადიანის მიერ ჩამოთვლილი ყველა თავადი რუსეთში იქნებოდა გადასახლებული, ამას შეეძლო მოსახლეობის შეშფოთება და რუსული მთავრობის მიმართ უკმაყოფილება გამოეწვია. რაც შეეხება ბერი გელოვანს, სიმონოვიჩის აზრით, სამეგრელოს მმართველი მას უსაფუძვლოდ ადანაშაულებდა. ბერი გელოვანმა თავი გამოიჩინა მეფე სოლომონის წინააღმდეგ ბრძოლაში, დიდი წვლილი შეიტანა რაჭის დამორჩილებაში და იქ განლაგებული ციხესიმაგრეების აღებაში, რისთვისაც იმპერატორმა ის პოლკოვნიკის ჩინით და წმ. ანას მე-2 კლასის ორდენით დააჯილდოვა.56

1815 წლის 2 მაისს გენ. რტიშჩევი პ.ა. ვეიდენბაუმს უქებდა შავიზღვისპირა პროვინციების მფლობელებს, რომლებიც რუსეთის ქვეშევრდომობაში იმყოფებოდნენ: სამეგრელოს მთავარს, გენ.-მაიორ ლევან დადიანს, გურიის მთავარს, გენ.-მაიორ მამია გურიელს და აფხაზეთის მთავარს, გიორგი შარვაშიძეს. ისინი სამაგალითო ერთგულებით გამოირჩეოდნენ იმპერატორისადმი. ოტომანთა პორტასთან უკანასკნელი ომის დროს მათი სამფლობელოები საკმაოდ დაზარალდა. მიუხედავად თურქების მხრიდან მაცდუნებელი წინადადებებისა, აგრეთვე მათი სამფლობელოების განაპირა სოფლების გაჩანაგებისა, ისინი მტკიცედ იცავდნენ რუსეთის ერთგულებას. ისინი თავიანთ ქვეშევრდომებსაც იცავდნენ რუსეთის მტრების გავლენისაგან და რუსეთის ერთგულებაში ამყოფებდნენ მათ. ხსენებულმა მთავრებმა დიდად შეუწყეს ხელი რუსული იარაღის გამარჯვებას არა მხოლოდ სწორი ცნობების მიწოდებით თურქული ჯარის გეგმებისა და მოძრაობის შესახებ, არამედ თავადაც ქმედით მონაწილეობას იღებდნენ მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში. ზემოხსენებულმა მთავრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს იმპერეტორის ერთგულება.57 საეკლესიო რეფორმების დაწყებამ რუსეთს კინაღამ დააკარგვინა მთავრების ეს მოჩვენებითი ერთგულება.

1815 წლის 27 ივლისს რტიშჩევი ლევან დადიანს აცნობებდა, რომ იმპერატორმა ბრძანა ტფილისში უწმინდესი სამთავრობო სინოდის კანტორის გახსნა, სადაც განხორციელდებოდა საეკლესიო საკითხების მართვა; ხოლო იმერეთის, გურიისა და სამეგრელოსთვის ნაბრძანები იყო ქუთაისში სასულიერო დიკასტერიის დაარსება, რომელსაც უნდა ემართა სასულიერო სასწავლებლები, თავის მხრივ კი სინოდალური კანტორის უშუალო დაქვემდებარებაში ყოფილიყო, ისევე როგორც თავად სინოდალური კანტორა იყო ანგარიშვალდებული სამთავრობო სინოდის წინაშე. ლევან დადიანს მოუწოდებდნენ, რომ იმპერატორის ზრუნვა იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს საეკლესიო საქმეზე, დიდ წყალობად მიეჩნია. ამშვიდებდნენ, თითქოსდა სამეგრელოს სამღვდლოების სრული დაქვემდებარება დიკასტერიაზე მხოლოდ საეკლესიო საკითხებით შემოიფარგლებოდა, როგორიც იყო: ხელდასმა, განსაკუთრებით არქიმანდრიტისა და მღვდელმთავრების ხარისხში, რაც შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დიკასტერიასთან შეთანხმებით, სამთავრობო სინოდის მოხსენების საფუძველზე და იმპერატორის, როგორც „მართლმადიდებლური“ ბერძნულ-რუსული და საქართველოს ეკლესიის მეთაურის, დამტკიცებით; ასევე საეპარქიო მმართველობას ეკლესიების კეთილმოწყობა, ყველა სასულიერო დაწესებულებაზე ზედამხედველობა, სამრევლოების განაწილება და საერთოდ სასულიერო საქმეების წარმოება. რაც შეეხება სამეგრელოში არსებულ საეკლესიო მამულებს და გლეხებს, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორის ბრძანების თანახმად, საეკლესიო მამულების შემოსავლები და გლეხები ხაზინას უნდა გადასცემოდა, „სამეგრელოს სამთავრო ისეთივე საფუძველზე არ შეერთებია რუსეთს, როგორზეც შეუერთდა, მაგალითად, საქართველო ან იარაღით დაპყრობილი იმერეთი“,58 არამედ ქვეშევრდომობა მიიღო საგანგებო ტრაქტატით და მინიჭებული ჰქონდა განსაკუთრებული უფლებები და უპირატესობები, რისი გათვალისწინებითაც, რტიშჩევმა ეს საკითხი განსახილველად გაუგზავნა ტფილისის სინოდალური კანტორის წევრებს: ჯერ კიდევ დასკვნის მიღებამდე, გენერალი არწმუნებდა ლევან დადიანს, რომ სამეგრელოს საეკლესიო მამულები და გლეხები ხაზინას არ გადაეცემოდა.

რტიშჩევმა დააკმაყოფილა დადიანის თხოვნა მისთვის საჭილაოს გადაცემის შესახებ. გენ.-მაიორი სიმონოვიჩს ებრძანა პოლკოვნიკ მერლინის მეშვეობით, სოფელი საჭილაო ლევან დადიანის მფლობელობაში შეეყვანა. დადიანს უნდა მიეღო საჭილაოდან ყველა შემოსავალი. გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ ის სიმაგრეები და მაღაზიები, რომლებიც ხაზინის ხარჯზე იყო აშენებული და რუსული ჯარების უფროსის გამგებლობაში უნდა ყოფილიყვნენ.

1816 წლის 4 იანვარს სამეგრელოს მღვდელმთავრებმა ლევან დადიანს აცნობეს საქართველოს სინოდალური კანტორიდან ქაღალდის მიღების შესახებ, რომლითაც მათ გამოეცხადათ, რომ საეკლესიო შემოსავლები კანტორის გამგებლობაში უნდა გადასულიყო. ამის გამო, სამღვდლოებას გადაუწყვეტია აეყარათ ხარისხი და რომელიმე მონასტერში შესულიყვნენ. თუ შიმშილისა და შავი ჭირის ეპიდემიისგან გაჩანაგებული საეკლესიო მამულების შემოსავლები ხაზინას გადაეცემოდა, სამღვდლოებას აღარ ექნებოდა ისეთი ცხოვრების საშუალება, როგორიც სასულიერო პირებს შეშვენოდა. ამიტომ ისინი აცხადებდნენ, რომ ვერ დაიცდიდნენ და ვიდრე ეს მოხდებოდა, თავად ირჩევდნენ მათხოვრულ არსებობას, რისთვისაც რომელიმე მონასტერში აპირებდნენ შესვლას. იქაც გააგრძელებდნენ იმპერატორზე ლოცვას, ვინაიდან სწამდათ, რომ მან არ იცოდა არც მათი მწუხარებისა და არც მათი სიღარიბის შესახებ. ხელს აწერდნენ ლევან დადიანის ბიძები: ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ბესარიონ დადიანი, ცაგერის მიტროპოლიტი იოანე დადიანი და ცაიშის მიტროპოლიტი გრიგოლი.59

1816 წლის 17 იანვარს ლევან დადიანმა გენ. რტიშჩევს თხოვნა გაუგზავნა რომელშიც აცნობა, რომ საქართველოს სინოდალური კანტორის ხელმძღვანელობამ სამეგრელოს მღვდელმთავრებს მოთხოვა ცნობები იმის შესახებ, თუ რა შემოსავლებს იღებდნენ ისინი საეკლესიო გლეხებისგან. იმის გათვალისწინებით, რომ ლევან დადიანს ამ საკითხზე უკვე ჰქონდა მოლაპარაკება რტიშჩევთან, რომელმაც ის დააიმედა, ახლა, შექმნილ ვითარებაში მას სხვა გზა არ რჩებოდა, თუ არა იმპერატორისათვის თხოვნის გაგზავნა. ამ მიზნით, დადიანს სურდა იმპერატორთან თავისი ერთგული კაცის, იოანე სიმონის ძე იოსელიანის გაგზავნა და საამისო ნებართვას სთხოვდა გენ. რტიშჩევს. ეს საქმე რამდენიმე წელს გაგრძელდა.

1819 წლის 22 მაისს ლევან დადიანი გენ. ერმოლოვს აცნობებდა, რომ მიიღო უზენაესად დამტკიცებული ბრძანების ასლი, რაც საეკლესიო მამულებს შეეხებოდა. მე-3 პუნქტში განმარტებული იყო, რომ მის სამფლობელოში, ეგზარქოს თეოფილაქტეს წარდგინების თანახმად, სამი ეპარქიიდან მხოლოდ ერთი უნდა დარჩენილიყო; ხოლო მე-15 პუნქტში ნათქვამი იყო, რომ უნდა მომხდარიყო საეკლესიო მამულების აღწერა, მათგან მიღებული შემოსავლების დათვლა და მათ შესახებ ანგარიშების სინოდისათვის ან ეგზარქოსისათვის ჩაბარება. ლევან დადიანი აცხადებდა, რომ ამ ჩანაფიქრის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებდა მის საარსებო საშუალებებს, რის გამოც, გადაწყვიტა არ გაჩუმებულიყო და გენერლისთვის მიეწერა, თუ რა ვითარებაში გადაეცა მისი წინაპრების მიერ ეპარქიების მღვდელმთავრებს ის მამულები, რომლებიც შემდგომ საეკლესიო მამულებად იწოდებოდა. ლევან დადიანის მტკიცებით, ისინი ნომინალურად ეკუთვნოდნენ ეკლესიას, რეალურად კი მის საკუთრებაში იმყოფებოდნენ. იქიდან იღებდა ღომს, ღვინოს და ფულს. მას ემსახურებოდნენ საეკლესიო გლეხები და აზნაურები. საეკლესიო მამულები არაფრით განსხვავდებოდნენ მისი საკუთარი მამულებისაგან. მის სამფლობელოში იყო სამი მღვდელმთავარი: I-ლი ოდიშის, II-ლეჩხუმის და III, რომლის ეპარქიაში ოდიშისა და აფხაზეთის გარკვეული ნაწილი შედიოდა. დადიანის თქმით, მის წინაპრებს არ ჰქონდათ იმდენი ფული, რომ მღვდელმთავრებისათვის ეხადათ, ამიტომ ხელფასის ნაცვლად, მათ მამულებს საეკლესიო უწოდეს. მთავარი ერმოლოვს უცხადებდა, რომ თუ მას ჩამოერთმეოდა საეკლესიოდ წოდებული მისი საკუთარი მამულები და მათგან მიღებული შემოსავალი გადაეცემოდა კანტორას, ან ეგზარქოსის განკარგულებაში გადავიდა, მაშინ ის ვეღარ შეძლებდა საკუთარი თავის შენახვას. ე.წ. საეკლესიო მამულები მისი სამფლობელოს ნახევარს შეადგენდა და როდესაც მათგან მიღებული შემოსავალი დადიანის აღარ იქნებოდა, ეს მისთვის მთელი სამფლობელოს და წოდების ჩამორთმევის ტოლფასი იქნებოდა. ეს კი წინააღმდეგობაში მოდიოდა უზენაესად ბოძებულ სიგელთან, რომლითაც გარანტირებული იყო დადიანის სამფლობელოს ხელშეუხებლობა. 1806 წელს იმპერატორმა დადიანს და დედამისს გამოუგზავნა წერილი, რომელში ასევე დადასტურებული იყო სამეგრელოს სამთავროზე ლევან დადიანის უფლებები. დადიანი გამოთქვამდა ვარაუდს, თითქოსდა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ არ იცოდა ე.წ. „საეკლესიო მამულების“ შემოსავლების ჩამორთმევით, ფაქტობრივად სამთავროს მფლობელობას რომ ართმევდა დადიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, ვითომდა, ამგვარ წარდგინებას არ გაგზავნიდა და არ დაარღვევდა უზენაეს სიგელს. დადიანი დასძენდა, რომ სავსებით არ უარყოფდა ეგზარქოსის წარდგინებას და მზად იყო თავისი სამფლობელოს სასულიერო საქმეები მის გამგებლობაში გადაეცა: ასე, მაგალითად, ეპარქიის მღვდელმთავრის გარდაცვალების შემთხვევაში, მის ადგილზე ეგზარქოსის ბრძანების გარეშე არავინ უნდა დაენიშნათ, ასევე არავინ უნდა ეკურთხებინათ არქიმანდრიტად; ეგზარქოსისთვის უნდა მოეხსენებინათ ყურადსაღები ფაქტების შესახებ. და ბოლოს დადიანი კიდევ ერთხელ აცხადებდა, რომ სრულიად შეუძლებლად მიაჩნდა მისთვის ე.წ. „საეკლესიო მამულების“ შემოსავლების ჩამორთმევა და მათ შესახებ ანგარიშის წარდგენა. ეს გამოიწვევდა მისი სამთავროს გაღარიბებას და იმპერატორის სიგელის დარღვევას.60

1819 წლის 22 მაისს ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი კოზოდავლევი გენ. ერმოლოვს აცნობებდა, რომ სამეგრელოს მმართველი ნინა გიორგის ასული, იმპერატორის ნებართვით მიემგზავრებოდა კავკასიის მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ. მას არ ჰქონდა საქართველოში ან სამეგრელოში ჩასვლის უფლება და თუ საამისო სურვილი ექნებოდა, ის არ უნდა გაეშვათ იმპერატორისგან უფლების მიღების გარეშე.61

1819 წლის 11 ივლისს გენ.-მაიორი ველიამინოვი ლევან დადიანს სწერს, რომ შეიტყო იმერეთში მიტროპოლიტ თეოფილაქტეს მიერ სასულიერო ნაწილის გარდაქმნის დაწყებისა და საეკლესიო ქონების აღწერის დროს, ზოგიერთ ოლქში მომხდარი სახალხო მღელვარების შესახებ, რითაც რუსეთის მთავრობის მიმართ არაკეთილგანწყობილი პირები ცდილობდნენ ესარგებლათ და კიდევ უფრო გაეღვივებინათ ხალხის უკმაყოფილება. ველიამინოვმა აჯანყებულთა წინააღმდეგ ახალი ჯარები გაგზავნა იმერეთში. დადიანს კი, როგორც რუსეთის ტახტის ერთგულს, მოუწოდებდა, რათა ყველა ღონე ეხმარა სამეგრელოში აჯანყების თავიდან ასაცილებლად. შეახსენებდა, რომ რუსეთის მთავრობა სასულიერო ნაწილში ახალი წესების შემოღებისას, არ აპირებდა მისი უფლებების შეზღუდვას, რომლებიც ტრაქტატის ძალით ჰქონდა მონიჭებული და რომ მამულები, რომლებსაც მოჰქონდათ შემოსავალი ეკლესიისა და სამღვდლოებისათვის, დადიანის საკუთრებაში დარჩებოდნენ.62 საპასუხო წერილში ლევან დადიანმა ველიამინოვს განუცხადა რომ არა მხოლოდ თვითონ არ უღალატებდა იმპერატორს, არამედ ვაჟებსაც მის ერთგულებას ჩაუნერგავდა. ვინაიდან ველიამინოვი თავის წერილში ჰპირდებოდა, რომ საეკლესიო რეფორმა მისი ძალაუფლების ხელყოფას არ გამოიწვევდა, ამიტომ ლევან დადიანმა ნიკოლოზ დადიანის ხელით მიტროპოლიტ თეოფილაქტეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც გამოთქვა თავისი მოსაზრებები. ამასთან, სთხოვა, რომ ეს წერილი მთავრობისთვის ყოფილიყო წარდგენილი.63

1820 წლის გაზაფხულზე ლევან დადიანის ძმა, გიორგი პეტრბურგიდან ჩამოვიდა და შვებულებას სამეგრელოში ატარებდა. შვებულების დასრულების შემდეგ, თავის პოლკში დაბრუნებას არ ჩქარობდა, რამაც შეაშფოთა გენ.-ლეიტენანტი ველიამინოვი და მთავრის ოჯახის არასაიმედოობის ეჭვი გაუჩინა. მას მისდიოდა ცნობები, რომ გიორგი დადიანის ჩამოსვლისთანავე დაიწყო არეულობა როგორც სამთავროში, ისე მთავრის ოჯახში. სამეგრელოში მას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა წარჩინებულთა შორის. მას მხარს უჭერდნენ თავისი ბიძა, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, რომლის ზეგავლენა მეგრელებზე განუსაზღვრელი იყო და აგრეთვე მეორე ნათესავი, ბეჟან დადიანი, რომელიც მხილებული იყო ოსმალეთის მთავრობასთან კავშირში. ველიამინოვი ვარაუდობდა, რომ სამეგრელოს სამღვდლოებას, ძველი უფლებების დაკარგვის შიშით, ასევე რუსეთის მთავრობით უკმაყოფილო თავადაზნაურობის ზოგიერთ წარმომადგენელს სწორედ ეს ახალგაზრდა ადამიანი ჰყავდათ შერჩეული თავიანთ წინამძღოლად რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმ შემთხვევაში, თუ სამეგრელოს მთავარი გაუბედაობას გამოიჩენდა. აქედან გამომდინარე ველიამინოვმა საჭიროდ მიიჩნია გიორგი დადიანის სამეგრელოდან სასწრაფოდ მოშორება, თუნდაც ძალადობრივი გზით.64 ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, აგრეთვე, ლევან დადიანის დედა, სამეგრელოს მმართველი ნინა, რომელიც მინერალურ წყლებზე გაემგზავრა. სხვადასხვა პირები ასმენდნენ მას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვითომდა, ის დამალვას აპირებდა. გენერალმა სტალმა ბრძანა ნინა გიორგის ასულზე თვალთვალის გაძლიერება, ასევე გენ. ერმოლოვმა მიაწოდა აზრი კავკასიის ხაზიდან ამ ბანოვანის გახმობის შესახებ. მას ჩამოაშორეს დაახლოებული პირები.65 ლევან დადიანი კი ამ დროს რუსეთის მთავრობას იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში ეხმარებოდა, რისთვისაც გენ. ერმოლოვის მადლობა დაიმსახურა. გენერალმა სთხოვა რამდენიმე ათეული კაცის გამოგზავნა, რომლებიც შემდეგ დედამისსაც მოინახულებდნენ გეორგიევსკში. ერმოლოვი კი მათ დაწვრილებით გამოკითხვას შეძლებდა. გენერალი სინანულით აღნიშნავდა, რომ მთავრის ძმა, გიორგი, არ ითვალისწინებდა მის რჩევებს და რუსეთის მთავრობის მოწინააღმდეგეთა გავლენას განიცდიდა. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ლევან დადიანის პოზიციას. ის კი დააჯერეს, რომ იმპერატორის მიერ ბოძებულ უფლებებს არავინ წაართმევდა და საეკლესიო მამულები მის გამგებლობაში დარჩებოდა.66

პრეობრაჟენსკის პოლკის ლეიბ-გვარდიის პოდპორუჩიკმა გიორგი დადიანმა, შვებულების ვადის გაგრძელება ითხოვა, რაზეც მისი ძმის ხათრით, უარი ვერ უთხრეს. შემდეგ, ავადმყოფობის მომიზეზებით, კვლავ გადადო რუსეთში გამგზავრება. მან თავისი ძმის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება და თანამზრახველები შემოიკრიბა. ბოლოს, მიხვდა რა, რომ ძალით უპირებდნენ რუსეთში გამგზავრებას, გაიქცა და ტყეში დაიმალა. ის ენერგიულად ამზადებდა ხალხს აჯანყებისთვის. ხელისუფლება ზომებს იღებდა მის შესაპყრობად.67 ლევან დადიანი ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ ძმური სიყვარულით სთხოვა გიორგის „რათამცა მოსცილებოდა თვისსა გამაუბედურებელსა უგუნურებასა და შესრულიყო ყოვლად განმაბედნიერებელსა თვისსა მოქმედებასა შინა და ბრძანებასა თქუენსა დამორჩილებოდა“,68 მაგრამ გიორგიმ არ შეისმინა მისი თხოვნა, დაჭერის შეეშინდა და გაიქცა. ლევან დადიანმა კი არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო და რჩევას ითხოვდა: „გარნა თქუენ განსაჯეთ მოწყალევო ხელმწიფევ ვითარ იგი სამწუხარი იყო ჩემდა ღალატით დაჭირვა მის. არცა თქუენგან ბრძანება მიმიღიეს რათა დაჭირული წარმომევლინა, და აწ მოველი მე გარდაწყვეტილსა ყოველსა ბრძანებასა თქუენსა ამ საქმისათვის“.69 ამავე დროს კავკასიის ხაზზე მყოფ სამეგრელოს მმართველ ნინო დადიანს 24 კაციანი ყარაული მიუჩინეს. მის საძინებელში და სახლის ირგვლივ გუშაგები დააყენეს. გეორგიევსკის კომენდანტს ნაბრძანები ჰქონდა, რომ არსად გაეშვა, თუ გადაუდებელი აუცილებლობა შეიქმნებოდა, მაშინ კომენდანტი თავად უნდა გაჰყოლოდა. ნინო დადიანთან მნახველების მისვლა იკრძალებოდა, მის მსახურებზეც მკაცრი ზედამხედველობა დაწესდა.70 კონტროლდებოდა მისი ხარჯებიც. ასეთ ვითარებაში, ნინო დადიანმა ისევ პეტერბურგში დაბრუნება არჩია, რის შესახებაც გენ. ერმოლოვს აცნობა. წერილში აღნიშნავდა, რომ დამწუხრებული იყო მის მიმართ გამოჩენილი უნდობლობით და შევიწროებით, რის გამოც, მინერალური წყლებით მკურნალობამ აზრი დაკარგა: „მკურნალობას სრული სიმშვიდე სჭირდებაო“.71

მთავარმა დადიანმა 1820 წლის მაისში თავისი ქვეშევრდომებისგან შეკრიბა ჯარი, რომელსაც არ უნდა დაეშვა აჯანყებული გურულების კავშირი მეგრელებთან. გენ. ერმოლოვი ლევან დადიანს მოუწოდებდა, რომ მას დახმარება აღმოეჩინა მამია გურიელისთვის, რომელიც ვერ იმორჩილებდა თავის ქვეშევრდომებს. დადიანს დაევალა შტაბის უფროს ველიამინოვთან დაკავშირება და იმის გარკვევა, თუ როგორ შეეძლო თავისი ჯარით მისი დახმარება. ამგვარი ზომებით, სამეგრელოს სამთავროში აჯანყების დაწყება თავიდან აცილებულ იქნა.72

1820 წლის 18 მაისს გენ. ერმოლოვი გრაფ კოჩუბეის აცნობებდა, რომ ნინა გიორგის ასულის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიიღო საჭირო ზომები მისი პეტერბურგში გასამგზავრებლად. მას სხვადასხვა პირები აცნობებდნენ, რომ მთავრის დედა ფარულად ხვდებოდა თავის სახლში აზიელებს, აპირებდა მიმალვას და სხვა. მას შემდეგ, რაც პაჟთა კორპუსში აღზრდილი გიორგი დადიანი, სამეგრელოში ყოფნისას, აჯანყებულებთან ერთად თავს დაესხა რუსულ მცირერიცხოვან რაზმს და სროლა გაუხსნა ჯარისკაცებს, დაუპირისპირდა თავის ძმას, და მისი მოკვლაც განიზრახა, ერმოლოვი დარწმუნდა, რომ გიორგი დადიანის სამეგრელოში ჩამოსვლასა და დედამისის მინერალურ წყლებზე გამგზავრებას შორის კავშირი არსებობდა და მიზნად ისახავდა როგორც სამეგრელოში არეულობის მოწყობას, ისე ლევან დადიანის დისკრედიტაციას რუსული მთავრობის თვალში. ასეთ ვითარებაში ნინო დადიანის კავკასიიდან გამგზავრება დადებით მოვლენად იყო მიჩნეული, მაგრამ ერმოლოვი თვლიდა, რომ მისი, როგორც მოღალატის დედის, პეტერბურგში ცხოვრება მიზანშეწონილი არ იყო. მას მოსკოვსა, ან სხვა რომელიმე საგუბერნიო ქალაქში უნდა ეცხოვრა, რათა ნაკლები კონტაქტები ჰქონოდა დედაქალაქში მცხოვრებ ქართველებთან და სომხებთან და მათი საშუალებით არ ემოქმედა.73 ნინო გიორგის ასული იმით იმართლებდა თავს, რომ უმცროსი ვაჟი არასდროს უგონებდა მას და არაფერს ეკითხებოდა.74 გრაფმა კოჩუბეიმ საქმის ვითარება იმპერატორს მოახსენა, რის შედეგად ნინო გიორგის ასულს აეკრძალა პეტერბურგში დაბრუნება. ამიერიდან მას რიაზანში უნდა ეცხოვრა ადგილობრივი საგუბერნიო უფროსების ზედამხედველობის ქვეშ.75

1820 წლის 22 ნოემბერს გენ. ერმოლოვი ლევან დადიანს არწმუნებდა, რომ, როგორც ადრეც აცნობებდა, იმპერატორი არ დაუშვებდა დადიანისთვის ერთხელ ბოძებული უფლებების შელახვას. დადიანი, მართალია, თავისი არსებობის ძირითად წყაროდ საეკლესიო მამულებს ასახელებდა, მაგრამ სასულიერო ნაწილში გარდაქმნების აუცილებლობას აღიარებდა. ერმოლოვი არწმუნებდა მას, რომ არავითარი გარდაქმნა არ მოხდებოდა მასთან წინასწარი მოლაპარაკების გარეშე. დადიანი მზად იყო თავისი წვლილი შეეტანა ტაძრების შემკობაში, მღვდელმსახურთა განათლებისათვის სასულიერო სემინარიის დაარსებაში. მას სურდა, რომ მისი უფროსი ვაჟი დამტკიცებული ყოფილიყო მის მემკვიდრედ. მას პასუხობდნენ, რომ რუსული კანონების თანახმად მისი მემკვიდრე სწორედ უფროსი ვაჟი იქნებოდა და ამ მხრივ შეეძლო მშვიდად ყოფილიყო. მისი შვილის ინტერესებს თავად კანონი იცავდა.76

გიორგი დადიანი, მთელ რიგ მეამბოხეებთან ერთად, ჯერ აფხაზეთში გადავიდა, შემდეგ თურქეთში. როდესაც დაინახა, რომ აჯანყებულებმა იმერეთსა და გურიაში არათუ ვერ გაიმარჯვეს, არამედ ბევრი მათგანი მოკლულ იქნა, ბევრიც სასტიკად დასჯილი, 1820 წლის მიწურულს სამეგრელოში დაბრუნდა. ის მიიღეს, ვინაიდან მისი ძმა ადგილზე არ იმყოფებოდა, თავისი ურჩი ქვეშევრდომების ამბოხების ჩასახშობად იყო წასული. ახლახან მოვიძიეთ გიორგი დადიანის მიერ 1820 წლის 10 ივლისს დაწერილი მონანიების წერილი, რომელშიც ის პატიებას ითხოვს, როგორც „შემცოდე სიყმაწვილისა გამო“. გიორგი კაცთმოყვარე ხელმწიფისგან მოელის პატიებას, რის სანაცვლოდ ერთგულ მონობას პირდება. „ამისთვის, ითხოვს მონა იგი (საკუთარ თავს გულისხმობს - მ.ხ.) საერთგულოდ, თვისსა დაფიცებასა დიდისა ხელმწიფისადმი, უკანასკნელს მიწის მიღებამდისინ და ებოძოსცა მას დიდის ფარვით, დრომდისინ, სანდო კაცი ველიამინოვისა, და ერთი წერილი, მღდელი გულის საჯეროდ ფიცისათვის, რომელიცა დაიფიცავს, ესრეთ ამიერ ჟამით, ვიქმნა უზაკველი ერთგული დიდისა მონარხისა, ყოვლის ჩემის შეძლებით და საქმით და ღმერთი მოწყალე იყოს და კაცსა მას, გამოუცხადო სანდოდ წარმოგზავნილსა, ყოველივე წვლილად, მტკიცე და უზაკველი და მართალსა…“77 დოკუმენტზე გაკეთებულია რუსული მინაწერი, რომელიც შეიძლება გორჩაკოვს ეკუთვნოდეს. გიორგის წერილი, ცინიკურად არის შეფასებული, როგორც „შესანიშნავი თხზულება“, ადგილობრივი მწერლების თხზულებების მსგავსი, რომელიც ამტკიცებს, რომ გიორგი დადიანზე ფუჭად დაიხარჯა შრომა «на скатину напрасно употреблены были труды и попечения».78 მინაწერი იმაზე მეტყველებს, რომ უპრინციპო ადამიანი მტრის პატივისცემასაც არ იმსახურებს.

იმერეთის მმართველმა პოლკოვნიკმა გორჩაკოვმა მოითხოვა, რომ გიორგი დადიანი მისთვის გაეგზავნათ. ლევან დადიანმაც სათანადო ბრძანება გასცა. ამის შემდეგ გიორგი დაცვის ქვეშ თბილისში გადაიყვანეს, სადაც მისი ავადმყოფობის გამო, შეყოვნება მოუხდათ. გენ. ერმოლოვი არ თვლიდა მას პეტერბურგში დაბრუნების ღირსად, ციმბირის კორპუსის მეთაურთან ისე გაგზავნა, რომ იმპერატორის განკარგულებას არ დალოდებია. გიორგის თანამზრახველთა გუნდი მრავალრიცხოვანი იყო, რის გამოც ერმოლოვმა თბილისიდან მისი მოშორება იჩქარა.79

ერმოლოვმა აჯანყებაში გარეული თავადი დადიანი იმიტომ არ გადასცა სასამართლოს, რომ მისი დანაშაულის გამო, სასჯელის შემსუბუქება შეუძლებელი იქნებოდა. ანგარიში გაეწია მის ძმას, სამეგრელოს მთავარს და იმპერატორის ერთგულ ქვეშევრდომს. მთავარი თავადაც ცდილობდა ძმის შეპყრობას და რუსული მხარისათვის დასასჯელად გადაცემას, ამასთან ითხოვდა, რომ მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ერმოლოვმა ამ მიზეზით დაარღვია სამხედრო დებულება. მოგვიანებით, 1821 წლის ივლისში, მან იმპერატორს სთხოვა გიორგი დადიანის სასჯელი მისი, იმავე ჩინით, არმიაში გადაყვანით განსაზღვრულიყო. ნ. მახარაძე თვლის, რომ რუსეთის მთავრობას სურდა გიორგი დადიანი იმ შემთხვევისათვის ჰყოლოდა მზად, თუ ლევან დადიანი ვერ გაამართლებდა იმედებს.80 მის ამ მოსაზრებას ვემხრობით, რადგან ლევან დადიანის ერთგულება და იმპერატორის სიყვარული მოჩვენებითი იყო.

გურიელი და დადიანი თავიანთი ფეოდალური მთავრული ინტერესებიდან გამომდინარე ეწინააღმდეგებოდნენ სოლომონ მეფის სწრაფვას, მიმართულს ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი წყობილების შექმნისაკენ. მათ ხელი შეუწყვეს 1810 წელს იმერეთის სამეფოს გაუქმებას და 1819-20 წლების აჯანყების დროსაც რუსი დამპყრობლების მხარეზე იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მათი ანგარებიანი ზრახვები არ გამართლდა. რუსეთმა ისინი თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენა.

1826 წლის 21 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა მამია გურიელი.81 რუსეთმა მაშინვე დაიწყო ზრუნვა გურიის „ავტონომიური“ სამთავროს გაუქმებაზე. 26 ნოემბერს გენ. ლეიტენანტმა ველიამინოვმა პოლკოვნიკ ბებუთოვს მოუწონა მისი გადაწყვეტილება გურიაში ერმოლოვისგან განკარგულების მოსვლამდე, დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ. მან საჭიროდ ჩათვალა გამგეობაში გურიელის ქვრივის შეყვანა, რათა არ გაჩენილიყო ეჭვი, რომ მთავრობა გურიის სამთავროს მითვისებას აპირებდა,82 როგორც ეს შემდეგ სინამდვილეში მოხდა. (ამ საკითხთან დაკავშირებით სტამბოლის ოსმალური დოკუმენტების არქივიდან სოფიო დედოფლის რამდენიმე წერილის ასლი ჩამოვიტანეთ).

იმის საილუსტრაციოდ, თუ მამია გურიელისთვის რა შედეგი გამოიღო რუსეთის ერთგულებამ, მოგვყავს ამონარიდი მისი ვაჟისა და მემკვიდრის, დავითის წერილიდან: „ჩვენი სამფლობელოების ვერც ერთი მცირე ნაწილიც კი ვერ გადაურჩა ძარცვას. ტრაპიზონში 130 კაცით გავიქეცით, რომ საკუთარი თავი გადაგვერჩინა“.83

2.3 2.3. აჯანყების გაძლიერება და მარცხი

▲ზევით დაბრუნება


იმერეთში 1819 წელს „საეკლესიო ბუნტის“ სახელით დაწყებულმა აჯანყებამ თანდათან ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სახე მიიღო. დღის წესრიგში დადგა საკუთარი მეფის არჩევა, რაც სახელმწიფოებრიობის აღდგენას ნიშნავდა. გურიისა და სამეგრელოს სამთავროებში განვითარებული მოვლენების აღწერის შემდეგ, ქრონოლოგიურად უკან უნდა დავუბრუნდეთ და კვლავ საკუთრივ იმერეთში მიმდინარე ბრძოლა განვიხილოთ.

1819 წლის 14 ივლისს გენ. კურნატოვსკი ველიამინოვს აცნობებდა, რომ იმერლები მეფის აღდგენას აპირებდნენ. ზოგს, თითქოსდა, სურდა ზურაბ წერეთელი, რომელიც დადიანის სიმამრი იყო, ხოლო გურიელის - ბიძა, სხვები ამბობდნენ, რომ სამეფოდ ამზადებდნენ თავად ივანე აბაშიძეს, სოლომონ I-ის ქალიშვილის დარეჯან ბატონიშვილის ვაჟს, „რომელიც ადრე ცნობილი იყო რუსეთის მიმართ ერთგულებით და დამსახურებით, ახლა კი აჯანყებულთა პირველი მეთაური გამხდარა“.1 გენერალი ეგზარქოს თეოფილაქტეს მეამბოხეთა მეთაურებად „ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძეს, ნიკოლოზ აბაშიძე ფინეზის ძეს, კაპ. ნიკოლოზ აბაშიძე ამეგარაბის ძეს, გიორგი და დავით აბაშიძეებს და დავით აბაშიძე გაბუევს“ უსახელებდა.2

შორაპნის ოლქის მთავარ მეამბოხედ ივანე აბაშიძე ითვლებოდა. 27 აგვისტოს გენ. სისოევი გენ. ველიამინოვს უპატაკებდა, რომ იმერლებს სურდათ შემთხვევით ესარგებლათ და მეფე აერჩიათ.3 როგორც ჩანს, მათი არჩევანი ივანე აბაშიძეზე, სოლომონ I-ის ქალიშვილის, დარეჯან დედოფლის ვაჟზე შეჩერდა.

ველიამინოვმა იმერეთში გაგზავნა კაზაკთა ორი პოლკი ორი ქვემეხით, გენერალ მაიორი სისოევის მეთაურობით. სისოევმა ჯარები სურამში გააჩერა და 18 ივლისს მარტო ჩავიდა ქუთაისში, რათა ადგილზე გაცნობოდა საქმის ვითარებას. მან გამოიკვლია, რომ მეამბოხეთა ჩანაფიქრი გაცილებით მასშტაბური ყოფილა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მიტროპოლიტები ხალხს ღიად აძლევდნენ კურთხევას სამშობლოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაზე; ეკლესიებში იარაღს აკურთხებდნენ; როგორც პოტო აღნიშნავს, იმერლები მეფესაც კი ირჩევდნენ, მაგრამ მათ შორის ერთსულვნება არ იყო: ზოგი ზურაბ წერეთელის გამეფებას მოითხოვდა, ზოგი მისი ვაჟის, გრიგოლის, ზოგი ივანე აბაშიძის. უმრავლესობა სამივე პრეტენდენტს უარყოფდა და მეფედ მოითხოვდა ბაგრატიონთა უძველესი საგვარეულოს პირდაპირ შთამომავალს: ხერთვისში, ახალციხესთან ახლოს, იმ დროს ალექსანდრე ბატონიშვილი იმყოფებოდა, რომელიც აქ დაღესტნიდან ჩავიდა. სწორედ მასთან გაემართა იმერეთის დეპუტაცია. ამაზე ყველაზე მეტად თავად ივანე აბაშიძე ზრუნავდა. როგორც ჩანს, მას ალექსანდრე ბატონიშვილის კანდიდატურა უფრო მისაღებად მიაჩნდა. მაგრამ, ბატონიშვილმა მეფობაზე შეთავაზება არ მიიღო. მან განაცხადა, რომ მხოლოდ რამოდენიმე თავადის ნდობა შეეძლო, ხოლო როდესაც დარწმუნდებოდა, რომ მისი გამეფება სურდათ ყველა უწარჩინებულეს წოდებას და სამღვდლოებას, ასევე იმერეთის მეზობელ მთავრებს, მაშინ შეუდგებოდა საჭირო ზომების მიღებას.4 ბატონიშვილმა ცოტა ხნის შემდეგ დაძლია თავისი უნდობლობა, აჯანყებაში ჩაბმა გადაწყვიტა. ის თავად დაუკავშირდა აჯანყების მეთაურებს, იმერელ და გურულ თავადებს. გენერალი ველიამინოვი ლადინსკის აცნობებდა, რომ მოარული ხმების თანახმად, ალექსანდრე ბატონიშვილი ჯერ არ იყო წამოსული, მაგრამ მალე გამოემგზავრებოდა იმერეთსა და გურია-სამეგრელოსკენ. ა. ბენდიანიშვილი სამართლიანად ვარაუდობს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთიდანვე შეეცადა გაეფართოებინა ანტირუსული მოძრაობის არეალი, მასში ჩაება მთელი საქართველო, რუსეთისგან გაერთგულებული დადიანი და გურიელიც. ეს კი დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც მას იმერეთისკენ წამოსვლა დაუგვიანდა.5

სექტემბერში თავადებმა აზნაური ქაქუცა კიკნაძე, ორ გლეხთან ერთად, ახალციხეში გაგზავნეს რუსული ჯარის წინააღმდეგ დახმარების თაობაზე სიტყვიერი თხოვნის გადასაცემად. ბაშ-აღამ შემოუთვალა, რომ როდესაც ახალციხეში ქაღალდი მივიდოდა, პასუხიც მაშინ იქნებოდა გაცემული. ამის შემდეგ ივანე, ნიკოლოზ და დავით აბაშიძეებმა შეადგინეს საბჭო, დაწერეს ქაღალდი და რამდენიმე გლეხის მეშვეობით ბაშ-აღას გაუგზავნეს. მათ მეფედ ალექსანდრე ბატონიშვილი სურდათ.6

ხერთვისის ბაშ-აღა, საიდუმლო წერილით 1819 წლის 8 ოქტომბერს ივანე აბაშიძეს არწმუნებდა, რომ სულთანი არ აიღებდა ხელს იმერეთის მიწებზე. იქამდე კი თუ ჩხუბი მოხდებოდა, იმერლებს უკან არ უნდა დაეხიათ. ამასთან, ითხოვდა მთავრებისა და თავადების წერილებს და ბეჭდებს: „მამად აღა მოგახსენებთ ჩემს კეთილ მეგობარს სრულიად იმერეთის პირველ თავადს ივანე აბაშიძეს დიაღ სიყვარულიანს მეგობრულს და მეზობლურს მოკითხვას მიგიძღვნით. მერმეთ მათი ყოველი გულის ამბავი მოგვხსენდა იმ მარკოზას პირით…“ შემდეგ აღა თავის მოთხოვნებს აყენებდა. „ახლა თავადთაგანნის ხელწერილი და ბეჭედი ამათი გვინდა, რომლებიც სახელდებულათ გიცხადებთ. დადიანის წერილი ბეჭედი გურიელის წერილი ბეჭედი და წერეთლის წერილი ბეჭედი და ქუთათელის წერილი ბეჭედი და სხვა. ვინც კი თქვენი-ნება იმათიცა. დიდებული ხელმწიფისგან პასუხი მობრუნდეს და თუ მობრუნებამდინ ჩხუბი მოგივიდნენ უკან ნუ დაიხევთ…“7

1819 წლის 24 ნოემბერს ველიამინოვი ერმოლოვს მოახსენებდა, რომ იმერელმა მეამბოხემ, ივანე აბაშიძემ, ეს წერილები გორის ოლქის უფროს მაიორ ტიტოვს წარუდგინა. ტიტოვის შეფასებით, ეს საქციელი ნაკარნახევი იყო არა რუსეთის მთავრობისადმი ერთგულებით ან მონანიებით, არამედ ეშმაკობით, რათა ამ გზით დაეფარა თავისი მოღალატური მოქმედებები. ყოველ შემთხვევაში რუსულ მხარეს აბაშიძესთან დაახლოება სასარგებლოდ მიაჩნდა მისგან საჭირო ცნობების მიღების მიზნით, რის გამოც მაიორ ტიტოვს დაევალა ივანე აბაშიძესთან საიდუმლოდ შეხვედრა სოფ. ვახანში.8

ივანე აბაშიძის თხოვნა მაიორ ტიტოვისადმი 1819 წლის 8 ნოემბრით არის დათარიღებული. ის ცდილობს იმპერეტორს ერთგულად წარმოაჩინოს თავი: „მე მაშინვე გულახდილად გაგიმჟღავნეთ ყველა იქაური მოქმედება და მეტი ჩვენს შორის არაფერი ყოფილა. ახლა კი მტრებმა, რომლებიც შემოხვეული მყავს, ამგვარად დაიწყეს მოქმედება. წერილში, რომელიც მე თქვენ წარგიდგინეთ, ის წერს, თითქოსდა მე მას რაღაც სიტყვა შეუთვალე. ეს რომ ასე ყოფილიყო და სიმართლეს შეესაბამებოდეს მე მათი საძაგელი ძაღლი-მუჰამედი ვიქნებოდი. ამიტომ ჩემს მოვალეობად მიმაჩნია წარმოგიდგინოთ ეს თხოვნა და მათი ვერაგობის საბუთი. ისინი თქვენ კეთილგანწყობაში გარწმუნებენ, ხალხს კი აუბედურებენ თავიანთი აზრებით“.9 ივანე აბაშიძე ითხოვდა, რომ ტიტოვს მის შესახებ მთავარმართებლისთვის მოეხსენებინა, როგორც კეთილსაიმედოზე. თხოვნის გარდა, ივანე აბაშიძემ წერილიც მისწერა მაიორ ტიტოვს. სთხოვს საიდუმლო შეხვედრის დანიშვნას ვახანში ან რომელიმე სხვა სოფელში. „მე იქ საიდუმლოდ მოვალ, რომ იმერლებმა ვერ შეიტყონ, მაგრამ თქვენი მხრიდანაც საიდუმლოდ იყოს, ვინაიდან მე მყავს ბევრი მტერი და არაკეთილმოსურნე…“10

ველიამინოვს ტიტოვის პატაკიდან შეუტყვია, რომ ის ვერ შეხვდა თავად ივანე აბაშიძეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი იმყოფებოდა ქუთაისში და კურნატოვსკის ახლდა გურიასა და სხვა ადგილებში. ველიამინოვს სურდა გაეგო, თუ რა მიზნით ახლდა აბაშიძე კურნატოვსკის დასახელებულ ადგილებში.11 როგორც გენ. კურნატოვსკის პასუხიდან გაირკვა, ვერსია, რომლის თანახმად აბაშიძე იმიტომ ვერ შეხვდა ტიტოვს, რომ კურნატოვსკისთან იმყოფებოდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ეს ხმები აბაშიძეს თავად უნდა გაევრცელებინა. ზაფხულში მომხდარი აჯანყების შემდეგ, ივანე აბაშიძე არაერთხელ იყო ქუთაისში მიწვეული კურნატოვსკის მიერ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დათანხმდა ქუთაისში ჩასვლაზე, ისიც მხოლოდ ერთი დღით და მხოლოდ 15 წუთით შეხვდა კურნატოვსკის, შემდეგ დაბრუნდა თავის სახლში და ქუთაისში აღარ ჩასულა.12 გენ. ველიამინოვმა გენ. კურნატოვსკის შეატყობინა, რომ იმერეთიდან მიღებული ცნობების თანახმად, მეამბოხე ივანე აბაშიძეს, ეშინია რა დაჭერის, ყოველთვის 300 ერთგული კაცის თანხლებით გადაადგილდება იმერეთის სოფლებში, აზნაურებს და უბრალო ხალხს მოუწოდებს, რომ თავადი წერეთლები სამშობლოს მოღალატეებად შერაცხონ. ველიამინოვი კურნატოვსკის ავალებდა აბაშიძის შეჩერებას, რომელიც რუსეთის ერთგული თავადი წერეთლების მიმართ აჯანყებდა ხალხს.13

გენ. კურნატოვსკის 1820 წლის 17 იანვარს შეუტყვია, რომ 1819 წლის 27 დეკემბერს ივანე და ნიკოლოზ აბაშიძეებს წერილი გაუგზავნიათ ახალციხის ფაშასთან, მაგრამ წერილის შინაარსი მისთვის უცნობი იყო.14 იმერეთის მიმოწერა ოსმალეთის მთავრობასთან წარმოებდა ივანე აბაშიძის, ნიკოლოზ ფინეზი და დავით გაბუაშვილი აბაშიძეების მეშვეობით, რომლებსაც საამისოდ, უთუოდ სხვა ხალხის რწმუნებაც გააჩნდათ.15 მართალი გამოდგა ის ცნობა, რომ ივანე აბაშიძე თავისთან ამყოფებდა თავის მომხრეებს, მაგრამ არ გამართლდა ცნობა, თითქოსდა ის წერეთლების წინააღმდეგ განაწყობდა ხალხს. კურნატოვსკი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ზურაბ წერეთლის ინტრიგის ნაწილი.16 ივანე აბაშიძის მცდელობამ, რუსეთის ერთგულად მოეჩვენებინა თავი, უშედეგოდ ჩაიარა. რუს გენერლებს ივანე და ნიკოლოზ ფინეზი აბაშიძეების მიმართ კეთილგანწყობის გამოჩენა შეუძლებლად მიაჩნდათ. „ეს მოღალატეები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილნი სხვათა შესაშინებლად. სხვაგვარად ჩვენ ჩავუნერგავთ მათ აზრს ჩვენი სისუსტის შესახებ“. აბაშიძის ოჯახს და დედამისს, დარეჯან დედოფალს, მეთვალყურეობა დაენიშნათ. თუ ისინი ახალციხეში გაიქცეოდნენ, გზაზევე უნდა დაეხოცათ. «то посторайтесь принять мери к поимке их на дороге или к совершенному истреблению».17

1819 წლის 13 ივლისს თეოფილაქტე გენ. ველიამინოვს სწერდა, რომ ხალხი იმერეთის არქიერებმა ააჯანყეს, რათა ძველებურად, სინოდისგან დამოუკიდებლები დარჩენილიყვნენ.18 1819 წლის ოქტომბერში იმპერატორმა გამოსცა ბრძანება იმერეთში მყოფი ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოსის ს.-პეტერბურგში გაგზავნის თაობაზე. ეგზარქოსმა თეოფილაქტემ სინოდის წინაშე დასვა საკითხი მიტროპოლიტ დოსითეოსთან ერთად, გენათელი მიტროპოლიტის ექვთიმეს რუსეთში გადასახლების შესახებ, ვინაიდან ეს მიტროპოლიტები დეიდაშვილები იყვნენ, დიდი გავლენა ჰქონდათ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ თავადაზნაურობაზე. თეოფილაქტეს ეს ორი მიტროპოლიტი იმერეთის აჯანყების ხელმძღვანელებად მიაჩნდა.19

თავადი გოლიცინი გენ. ერმოლოვს განუმარტავდა, რომ იმპერატორს საჭირო ზომად მიაჩნდა მიტროპოლიტ დოსითეოსის იმერეთიდან გადასახლება, როგორც მთავარი მეამბოხისა, ვინაიდან მას შეეძლო უკმაყოფილოთა შეგონება და შეკავება, თუ ამას გულწრფელად მოისურვებდა,20 რაც მან არ გააკეთა.

22 იანვარს გენ. ერმოლოვი გენ. ველიამინოვს სწერდა, რომ საჭიროდ მიაჩნდა ორი მიტროპოლიტის მოშორება, რომლებიც იყვნენ ანგარებიანნი და აჯანყებისკენ მიდრეკილნი. ერმოლოვს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამას შეიძლებოდა ხალხის მღელვარება გამოეწვია, მაგრამ ზამთარში აჯანყება საყოველთაო ვერ იქნებოდა და ამდენად, საშიში არ იყო. „გაზაფხულამდე ჯერ კიდევ შორს არის და ამასთან აღარ იარსებებს აჯანყების უმთავრესი ზამბარა და ხალხი მოკლებული იქნება უძლიერეს საყრდენს“.21

ერმოლოვი 1820 წლის 29 იანვარს ველიამინოვს ავალებდა: „საჭიროა უპირველეს ყოვლისა მეამბოხე თავადი აბაშიძის და თუ მოხერხდება მისი უახლოესი თანამზრახველების შეპყრობა, შემდეგ კი სამღვდელოების, რისი გაკეთებაც შეუფერხებლად შეიძლება“.22

1820 წლის 2 თებერვალს კურნატოვსკისთან მივიდა ივანე აბაშიძე და არწმუნებდა, რომ ბევრი მტერი ჰყავდა, რომლებიც მას ცილს სწამებენ, რომ ზაფხულის აჯანყების შემდეგ (რომელშიც თითქოსდა იმისთვის იღებდა მონაწილეობას, რომ ხალხი შეეკავებინა) მას არ მიუღია მონაწილეობა რუსეთის წინააღმდეგ არავითარ წამოწყებაში. შემდეგ აბაშიძემ კურნატოვსკის ჰკითხა რჩევა, მიემართა თუ არა ველიამინოვისთვის თხოვნით მისი საქციელის გამოძიების თაობაზე. კურნატოვსკის აზრით, ეს ყოველივე იყო ეშმაკური ხრიკები, რათა საკუთარი თავის უდანაშაულო გამოეყვანა. ივანე აბაშიძის რუსეთის მიმართ გაერთგულება „უიმედო“ საქმე იყო.23

7 თებერვალს სოფელ ვახანში ტიტოვი შეხვდა ივანე აბაშიძეს, რომელმაც მის შეკითხვებზე დაიფიცა, რომ არაკეთილსაიმედო პირები, რომლებიც აწყობდნენ აჯანყებას, მიმოწერა ჰქონდათ თურქებთან და ხალხს აჯანყებდნენ, იყვნენ: გურიის თავადები დავით გურიელი, ქაიხოსრო გურიელი, გარდაცვლილი თავადის, ვახტანგის მეუღლე მარიამი და გენ.-მაიორი ლევან დადიანი, მაგრამ ყველაზე მავნე, აბაშიძის განმარტებით, იყვნენ ლევან დადიანის ძმა, შვებულებაში მყოფი გვარდიის პოდპორუჩიკი გიორგი დადიანი და მათი ნათესავი ბეჟან დადიანი; იმერელი თავადები ნიკოლოზ ფინეზიშვილი აბაშიძე, ქუთათელის მოურავი აზნაური ქაიხოსრო აბულაძე. ისიც დასძინა, რომ მათი უმრავლესობა იქაური მღვდელმთავრების მიერ იყო წაქეზებული. მან დაიფიცა, რომ არასდროს უფიქრია ღალატი და ხალხის აჯანყება, და შემდგომში თავდებად ზურაბ წერეთელი დაასახელა. ტიტოვის შეთავაზებაზე, რომ წასულიყო ველიამინოვთან, მან თავისი უარი იმით გაამართლა, რომ ეშინოდა თეოფილაქტე ეგზარქოსის, რომელიც მისი აზრით, მზად იყო უბედურება შეემთხვია მისთვის. აბაშიძე, მისსივე თქმით, თავის გასამართლებლად, ეძებდა შემთხვევას, რომ მთავრობის და ეგზარქოსის წინაშე თავი გამოეჩინა და მაშინ გამოცხადდებოდა ველიამინოვთან. თან დასძინა, რომ ეგზარქოსის თანმხლები ჩინოვნიკების საქციელი და მათი მკაცრი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, გახდა მიზეზი ხალხის აჯანყების. ტიტოვი ასკვნიდა, რომ აბაშიძის ქუთაისში გამოძახება ადვილად შეიძლებოდა, სადაც ის იმერეთის მმართველის გამოძახებით რამდენჯერიმე უშიშრად ჩავიდა და ახლაც ტიტოვის აზრით, ჩასვლაზე არ იყოყმანებდა. როგორც ზემოთ ვნახეთ, კურნატოვსკი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. მისი თქმით, ივანე აბაშიძემ მხოლოდ ერთხელ გაბედა ქუთაისში ჩასვლა. ტიტოვმა 18 თებერვალს, პატაკთან ერთად, ცალკე ბარათით აცნობა ველიამინოვს ივანე აბაშიძის პრეტენზიები მოხელეთა სიმკაცრის თაობაზე:

1. თავადი ფარსადან ციციანოვი, იმერეთში გადაადგილდებოდა დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, ხალხს არ უხსნიდა იმ საქმის სარგებლობას, რომელიც მას დავალებული ჰქონდა. იჩენდა ზედმეტ სიმკაცრეს, აგინებდა თავადებსა და ხალხს, რითაც მტრულად განაწყო ისინი და ჩაუნერგა ისეთი არაკეთილგანწყობილი აზრები, რომ ვეღარ მოხერხდა ხალხის თვალში მათი გაბათილება.

2. ეგზარქოსის თანმხლები თარჯიმანი თავადი მიხეილ ფალავანდოვი ფარსადან ციციანოვის მსგავსად იქცეოდა და ამასთან, ზოგი იმერელი მღვდელმთავრისგან აიღო მნიშვნელოვანი ფულადი თანხა.

3. ამ ორის გარდა, ყველა სხვა ჩინოვნიკი, რომელთა გვარებს ვერ იხსენებდა, აგრეთვე სიმკაცრეს იჩენდნენ ეგზეკუტორების მსგავსად.25

ნ. მახარაძის აზრით, ივანე აბაშიძე თავიდანვე იმ მიზნით მიემხრო აჯანყებას, რომ შიგნიდან გამოეთხარა მისთვის ძირი. გაწეული დახმარებისთვის კი რუსეთის მთავრობის ნდობა მოეპოვებინა და ჩინ-მედლები მიეღო. თავის მოსაზრებას ნ. მახარაძე მაიორ ტიტოვის მიერ გენერალ ველიამიინოვისადმი 1820 წლის 18 თებერვალს გაგზავნილ წერილზე აფუძნებს.26 სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრებას გამოთქვამს ა. ბენდიანიშვილი. ის სვამს კითხვას, „რამდენად სანდოა მაიორ ტიტოვის ინფორმაცია. იგი სინამდვილეს ასახავს, თუ პროვოკაციული მიზნით, აჯანყების ერთ-ერთი ლიდერის სახელის გასატეხადაა შეთხზული. ნ. მახარაძე კი რატომღაც სრულ ნდობას უცხადებს ამ წერილს და კომუნისტური იდეოლიგიიდან გამომდინარე, ლაფში სვრის იმერეთის თავადაზნაურობას, საერთოდ და კერძოდ მის ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც ხალხმა თავის მეთაურად და მეფედ აირჩია.“27 ვფიქრობთ, რომ ორივე მკვლევარი ზედმეტად კატეგორიულია თავის მსჯელობაში. ივანე აბაშიძე ამ მიზნით არ მიმხრობია აჯანყებას, რომ მისთვის ძირი გამოეთხარა. პირიქით, ის სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული აჯანყების გამარჯვებაში. ის იყო ერთ-ერთი მეთაური, მაგრამ ამავე დროს, გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რა საშინელ ძალას უპირისპირდებოდა და ცდილობდა რუსეთის მთავრობის ერთგულად მოეჩვენებინა თავი. რუსები მას სრულ უნდობლობას უცხადებდნენ და ბოლოს მისი რუსეთში გადასახლებაც გადაწყვიტეს.

როდესაც იმერეთის მმართველად კურნატოვსკის ნაცვლად პუზირევსკი დაინიშნა, იმერეთის ახალ მმართველს პირველ რიგში დაევალა მიტროპოლიტების და მათი თანამზრახველების დაპატიმრება. ველიამინოვმა ამ საკითხზე პუზირევსკის დაწვრილებითი ინსტრუქცია მისცა. პუზირევსკის რთული ამოცანა ერგო შესასრულებლად. მას ერთდროულად რამდენიმე ადამიანი უნდა დაეპატიმრებინა, რომლებიც იმერეთის სხვადასხვა ადგილებში ცხოვრობდნენ. ამ ამოცანის შესასრულებლად პუზირევსკი უკიდურესი ზომების მიღებასაც არ ერიდებოდა. 1820 წლის 16 თებერვალს ის ველიამინოვს უზიარებდა თავის გეგმებს. იმ მიზნით, რომ დატყვევებულები მშვიდად მოქცეულიყვნენ და გაქცევა არ შეძლებოდათ, აგრეთვე იმისთვის, რომ მოსახლეობას არ ეცნო მიტროპოლიტები, პუზირევსკის გეგმების თანახმად, მათთვის ჯვალოს ტომრები უნდა ჩამოეცვათ თავზე, რომლებსაც პირის გასწვრივ ნახვრეტი ექნებოდა, კისერზე და წელზე კი შეკრული იქნებოდა «я надену на них холщевые мешки с отверстиეм против рта и перевяжу мешки сверху по шеи и по поясу».28 საჭიროების შემთხვევაში გააძლერებდა მცველთა რაზმს, რომელსაც უნდა გაეძლო ნებისმიერი თავდასხმისათვს აჯანყებულთა მხრიდან და დაეცვა პატიმრები, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, პუზირევსკის აზრით, პატიმრები უნდა დაეხოცათ და მდინარეში გადაეყარათ. პოტო აღნიშნავს, რომ ი.ა. ველიამინოვს არ გაჰკვირვებია პუზირევსკის მხრიდან, ამგვარი ზომების მიღება, რომელსაც თავისი მითითებები გაუგზავნა. პუზირევსკის თავიდან უნდა აეცილებინა მიტროპოლიტების დახოცვა, ვინაიდან ეს ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენდა არა მხოლოდ ხალხზე, არამედ რუს ჯარისკაცებზეც, რომლებსაც თავიანთი სარწმუნოებიდან გამომდნარე, სამღვდლოების მიმართ მოწიწება მოეთხოვებოდათ, ხოლო მიტროპოლიტების დახოცვის შემთხვევაში, ჯარისკაცები აუცილებლად შეიტყობდნენ ამას. ველიამინოვი ბრძანებდა, რომ თუ მიტროპოლიტების დახოცვა აუცილებელი გახდებოდა, მაშინ მათი გვამები იმერეთში არ უნდა დაეტოვებინათ, არც მიწაში არ უნდა დაეფლათ და არც წყალში გადაეყარათ, ვინაიდან ჩქარ მდინარეებს შეეძლოთ მათი გამორიყვა და „ცრუმორწმუნე“ ხალხი მათ ცხედრებს დაინახავდა. ამიტომ ცხედარი მოზდოკამდე უნდა ჩაეტანათ. ისინი არც აღმოსავლეთ საქართველოში არ უნდა დაეტოვებინათ.

1820 წლის თებერვალში გენ. ერმოლოვმა დერბენტის ციხესიმაგრიდან აცნობა ეგზარქოს თეოფილაქტეს თავისი გადაწყვეტილება დოსითეოს ქუთათელის და ექვთიმე გენათელის იმერეთიდან მოშორების შესახებ. თეოფილაქტეს აზრით, სასულიერო საქმეების მართვა ქუთაისის, ვაკისა და რაჭის ოლქებში შეიძლებოდა რაჭის არქიეპისკოპოს სოფრონისთვის ჩაებარებინათ, ხოლო შორაპნის ოლქში მიტროპოლიტ დავით წერეთელისათვის. მას ასევე საჭიროდ მიაჩნდა იმერეთიდან კიდევ ორი „მავნე“ პირის მოშორება: მიტროპოლიტ ქუთათელის ძმისშვილი ბეჟან წერეთლისა და არქიმანდრიტ გრიგოლის. ორივეს ახასიათებდა, როგორც აჯანყების მოთავეებს. მიტროპოლიტებისგან განთავისუფლების შემდეგ, თეოფილაქტე აპირებდა საეკლესიო საცავის შემოწმებას, სადაც დიდი ქონება იყო თავმოყრილი.

12 თებერვალს ველიამინოვმა პუზირევსკის გაუგზავნა იმ პირების სია ვისი შეპყრობაც აუცილებლად მიაჩნდა, ამათგან თავადი აბაშიძეები და მიტროპოლიტები შეპყრობილი უნდა ყოფილიყვნენ ნებისმიერ ფასად. სიაში შეყვანილი იყვნენ: 1. სოლომონ I-ის ქალიშვილი დარეჯან ბატონიშვილი, ივანე აბაშიძის დედა. 2. მიტროპოლიტი ქუთათელი. 3. მიტროპოლიტი გენათელი. 4. შორაპნის ოლქის ტაბაკინის მონასტრის არქიმანდრიტი გრიგოლი 5. შორაპანის ოლქის მღვდელი აზნაური იოსებ გუნსაძე ან გუგსაძე. 6. თავადი ბეჟან წერეთელი, მიტროპოლიტ ქუთათელის ძმისშვილი. 7. თავადი ივანე აბაშიძე 8. თავადი ნიკოლოზ ფინეზი აბაშიძე. 9. პოლკოვნიკი თავადი სეხნია წულუკიძე. 10. მდივან-ბეგი თავადი დავით მიქელაძე 11.შორაპანის ოლქის აზნაური გრიგოლ ჩხეიძე. მათი შეპყრობა უნდა მომხდარიყო არა მხოლოდ ერთ დღეს, არამედ ერთსა და იმავე საათზე.29

1820 წლის 16 თებერვლისთვის პოლკოვნიკ პუზირევსკის ყველაფერი მზად ჰქონდა 6 ბუნტოვშჩიკის შესაპყრობად. ესენი იყვნენ: 1. დარეჯან ბატონიშვილი; 2. გენათელი მიტროპოლიტი; 3. ქუთათელი მიტროპოლიტი; 4. თავადი ივანე აბაშიძე, რომელიც შორაპნის ოლქში სოფ. შროში ცხოვრობდა. მისი დაპატიმრება დაევალა მაიორ კაშჩენკოს, რომელსაც 12 მსროლელი მოახმარეს; 5. პოლკოვნიკი სეხნია წულუკიძე; 6. მდივან-ბეგი მიქელაძე.30 ველიამინოვი პუზირევსკის სწერდა, რომ ყველაზე ძნელი იქნებოდა ქუთათელისა და თავად ივანე აბაშიძის შეპყრობა. აფრთხილებდა, რომ ისინი ხელიდან არ დასხლტომოდნენ. თუ მათი ცოცხლად შეპყრობა ვერ მოხერხდებოდა, მაშინ უნდა დაეხოცათ, მაგრამ ქუთათელის გვამის დატოვება არც იმერეთში და არც აღმოსავლეთ საქართველოში არ შეიძლებოდა, ვინაიდან მიტროპოლიტის მკვლელობას ხალხში მთავრობისთვის საზიანო ზეგავლენის მოხდენა შეეძლო.31 ველიამინოვი იმავე აზრს გამოთქვამდა პუზირევსკისთვის 10 დღის შემდეგ მიწერილ წერილშიც, სადაც მკაფიოდ უხსნიდა, რომ თუ მიტროპოლიტების დახოცვა მოუხდებოდათ, მათი გვამები მოზდოკში უნდა მიებარებინათ მიწისთვის. ბუნტოვშჩიკების თანამოაზრეები შეეცდებოდნენ ხალხისთვის ჩაეგონებინათ, რომ პატიმრები სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ ამის მტკიცებულება არ ექნებოდათ და სიმართლე ვერ გამომჟღავნდებოდა, ხალხის ამგვარ მოტყუებას ველიამინოვი ლამაზი სიტყვებით ნიღბავდა: «мы всегда можем заблужденный народ вывести из той слепоты в которую погрузить его стараются».32

ერმოლოვმა 24 თებერვალს “საიმერეთოს ხალხს” პროკლამაციით მიმართა:

„…უმთავრესმა საქართველოს სამღუდელომ მთავრობამ წარსულს წელს ხელმწიფე იმპერატორის უმაღლესის ნებით ხელი მიჰყო ესრეთის ურიგობაების მოშლასა, მაგრამ ამ კეთილმოქმედების განზრახულების აღსრულებაში შეხვდა მას დაბრკოლება. კეთილსა და სარწმუნოს იმერეთის ხალხს ჰქონდა მსუბუქმოჰაზრეთა და განუსჯელთ კაცთაგან შესმენილი, რომ მართებლობას სარწმუნოების შეცვლა ჰსწადს, წმიდათა ეკლესიათა დაქცევა და სახარების მოძღვრებისგან ხალხის მოკლება, და ესრეთმა სხვა რიგათ შესმინებამან მოახდინა ხალხში განუსვენებლობა. უპირველესთ სამღუდელოთა ზედა უმეტესად ვის შვენოდა, რომელ განებნიათ შეცთომა ესე ხალხისა, დამარღვეველი კეთილდღეობისა, რომელითაცა დატკბების იგი პყრობელობასა ქვეშე ხელმწიფეთაგან მოწყალისა და უკაცთმოყვარესისასა?

ყოვლად სამღუდელონი მიტროპოლიტნი ქუთათლისა და გენათისა არა ცდილობდნენ ხალხისადმი შეგონებასა და უზრუნველად უყურებდნენ, რომ ხალხის მხრიდან გამოცხადებულთ განუსვენებლობათა მთავრობა მიიღებდა ხელმწიფობისადმი წინააღმდეგობად. შემთხვევასა ამას სიმშვიდე და მოძღვრებით დარიგება მწყემსთა, ასარგებლობდა ხალხსა, მაგრამ ისინი ფიქრობდნენ საკუთარსა თვისთა სარგებლობათათვის.

ხელმწიფე იმპერატორისაგან ჩემდა მონიჭებულის უფლებითა, რომლისაცა სამღვთოს პირის წინაშე პასუხისმგებელ ვარ მე რიგისა და განსვენებისათვის რწმუნებულთა ჩემის მართველობისადმი მხარეთასა, ყოვლად სამღვდელოთა მიტროპოლიტთა ქუთათელს და გენათელს ერთბამ მათის თანამოაზრეთთურთ განვაშორებ მე რუსეთს. იმერეთის ხალხი ამ ჩემის მოქმედებისაგან დაინახავს წადილსა ჩემსა უმეტეს მწყემსთა, მათის კეთილობისა და მყუდროებისათვის მზრუნველობისასა. მდაბლის ხარისხის სამღვდელონი, სიგლახაკით შეწირულნი და ტკბილის ნუგეშინისცემის უიმედონი, რომელ შეწირულნი საკურთხეველთა მსახურებისადმი შვილები თვისნი ნახონ ოდესმე უმჯობესსა მდგომარეობასა შინა, მიაწევენ კეთილდღეობასა თვისსა და შვილთა თვისთასა უზრუნველად და ისარგებლებენ რაოდენ შეიძლების სარგებლობათა შეთანასწორებითა რაოდენიც ესაჭიროების ხარისხსა შინა მათსა შესაფერსა ცხოვრებასა. კეთილმსახურთა ქრისტიანეთ მიერ შეწირულებანიცა მოეხმარებათ ნამდვილს ეკლესიათ საჭიროებათავე და არცა დააბრკოლებს მათ თვით მნებებლობა და თვითმოსარგებლობა.“33

ერმოლოვი ხალხის შემორიგებას ცდილობდა: „უფიქრებელსა საქციელსა ხალხისასა, რომ ცხად ჰყო განუსვენებლობანი ყოველგან თემად და თემად ყრილობითა არ მივიღებ მე საშფოთარს ურჩობის მნიშვნელად. არ ვეძიებ და არცა თუ გარდავახდევინებ განუსვენებლობათა შინა ამათ ბრალეულთა ვინაითგან ვიცი, რომ უზრდელობა უფროსღა იყო მიზეზი, ვიდრე არა კეთილგანზრახულება და უწინარეს ყოვლის გარდახდევინებისა მოვალეობა მაქვს მე შევაგონო მათ. ვარწმუნებ კეთილშობილთა და ხალხს იმერეთისასა, რომ ჩემგან მოცემულს სიტყვასა შინა უნდა დაინახონ მათ დასრულება შიშისა წარსულისათვის პასუხის მგებლობისა, მაგრამ არცა დაფარვა მნებავს, რომელ უკეთუ ამის შემდგომადაც გამოჩნდება ვინმე განგებ აღმრეველი, მაშინ თუმცა სამწუხარო იქნება ჩემთვის, მაგრამ ხელმივყოფ ფიცხელთა საზომთა დასამშვიდებლად, რომელსაც ყოველნი ღონისძიებანი არის ხელთა შინა ჩემთა და არ არის მცირე მაგალითნი, ...გარდახდებათ ხოლმე დიდის ჩვენის ხელმწიფის ურჩთა.“34

როგორც ვნახეთ, თავის პროკლამაციაში ერმოლოვი ცდილობდა ყოველმხრივ დაედანაშაულებინა მიტროპოლიტები და მათ მიმართ ხალხის სიძულვილი გამოეწვია. მიტროპოლიტების, მათი თანამზრახველების იმერეთიდან მოცილება, ვითომდა, ხალხზე ზრუნვით იყო განპირობებული. დაპატიმრების დღედ პუზირევსკიმ 1820 წლის 4 მარტი აირჩია, როდესაც დასაპატიმრებელ პირთა უმრავლესობა ქუთაისში შეიკრიბა გენერალ კურნატოვსკისთან გამოსამშვიდობებლად. დაპატიმრებები ერთდროულად მოხდა, განსაკუთრებული სირთულეების გარეშე. თავადმა სეხნია წულუკიძემ თუმცა ესროლა მაიორ მიხინს, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი ჯარისკაცი დააზიანა. მდივან-ბეგი მიქელაძე ხანჯლით ცდილობდა თავის დაცვას, მაგრამ ის განაიარაღეს. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მიტროპოლიტი დოსითეოს ქუთათელი იმდენად იყო განცვიფრებული მოულოდნელი დაპატიმრებით, რომ ძლიერი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, გული წაუვიდა; გენათელმა მიტროპოლიტმა კი მხოლოდ გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, თუ რატომ მიჰყავდათ ძალით. ყველაზე ბოლოს დარეჯან ბატონიშვილი და მისი ათი წლის შვლიშვილი, ივანე აბაშიძის ვაჟი აიყვანეს. შუაღამისას ყველა დაპატიმრებული მაიორ მიხინს გადაეცა. ისინი დაუყოვნებლივ იქნენ გაგზავნილი მოზდოკში გაძლიერებული დაცვის ქვეშ.35

1820 წლის 8 მარტს პუზირევსკი ველიამინოვს ატყობინებდა, რომ თუ სიმშვიდე დაირღვეოდა, მხოლოდ ივანე აბაშიძის უმნიშვნელო მცდელობით. თავად ივანე კი, როგორც მაიორ კაშჩენკოს პატაკიდან ჩანდა, გაფრთხილებული იყო შესაძლო დაპატიმრების შესახებ და გაიქცა. პუზირევსკი ითხოვდა ნებართვას, რათა ივანე და ნიკოლოზ აბაშიძეები გამოეცხადებინა მონარქის მფარველობას მოკლებულებად და კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, ველიამინოვის პატაკის თანახმად, მათი მამულების კონფისკაცია მოეხდინათ.36

ოფიციალური ვერსიის თანახმად, მიტროპოლიტი ქუთათელი 5 რიცხვში, ანუ დაპატიმრების მეორე დღეს გაცივდა და ავად გახდა ციებით, ხოლო იმავე თვის 8 რიცხვში, ამ ავადმყოფობით 5 საათზე გარდაიცვალა, სურამიდან გორში მიმავალი.37 გორჩაკოვის ადიუტანტი, იოსებ დუბეცკი, თავის მოგონებებში განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის: „დატყვევების დროს მოტროპოლიტებს ძალიან უზრდელად მოექცნენ: როდესაც ერთმა მათგანმა შეპყრობის დროს წინააღმდეგობა გასწია, მაშინვე ჯარისკაცებმა ხიშტები იხმარეს და მწყემსმთავარი დასისხლიანებული და მძიმედ დაჭრილი შეჰკრეს და ძალით შესვეს ცხენზე“,38 პოტოს მტკიცებით კი, პატიმრებს დიდი მზრუნველობით მიაცილებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დოსითეოს ქუთათელი ავად გახდა და გზაში გარდაიცვალა.39 დუბეცკის ვერსია უფრო სარწმუნო ჩანს. მიხინმა ქუთათელის სიკვდილი ყველას დაუმალა, გამცილებელ რაზმსაც კი და აგრძელებდა მისი ცხედრის ტარებას განსაკუთრებული ბრძანების მიღებამდე. ველიამინოვმა ასეთი ცნობების მიღებისთანავე, ყოველივე შეატყობინა საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს, რომელმაც პასუხად განაცხადა, რომ ქუთათელის ცხედარი შეიძლებოდა ქრისტიანული რელიგიის წესების დაცვით დაეკრძალათ პირველივე ეკლესიაში, იქაური მღვდლის მეშვეობით, „ყოველგვარი განსაკუთრებული ცერემონიალების გარეშე“. ამის შესრულება ველიამინოვმა მიხინს დაავალა და მისცა ინსტრუქცია: თუ მღვდელი უარს იტყოდა დაკრძალვის წესის აღსრულებაზე, მიხინს მისთვის უნდა გამოეცხადებინა, რომ მას უთუოდ აღესრულებინა თავისი ვალი და ამის შესახებ პირდაპირ ეგზარქოსისთვის მოეხსენებინა.40

1883 წელს ვასილ გრიგოლის ძე კარბელაშვილს მეფე გიორგი XII-ის შვილიშვილის, დავით ბაგრატის ძისგან გადმოუწერია საისტორიო მასალები, მათ შორის „ჭეშმარიტებრ ჩვენება გრიგოლ არხიმანდრიტისა 1822, აპრილის თვესა“, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მიჰყავდათ მათრახების ცემით, მშიერ-მწყურვალი მღვდელმთავრები. სურამში მათ წყალი მოითხოვეს. ვინმე უცნობმა ქალმა ცივი წყალი მიართვა. როდესაც გენათელმა წყლის დასალევად გააღო პირი, მაშინ დიდი სიცხისა და ცემისაგან „წარმოღვარა პირიდამ შემდგარი სისხლი ლუკმა-ლუკმად და იმავ წამსვე კბილები ჩამოუცვივდა დიდის ტკივილით, ხოლო მიტროპოლიტ ქუთათელმა გზაში სული დალია“. აქვეა მოთხრობილი იმ სასწაულის შესახებ, რომელიც სვირის მონასტერში მომხდარა. ექვთიმე გენათელმა იქ „მცირეოდენ ჟამ დაჰყო; მუნ მიიცვალა ექსორიობასა შინა დასმენით უსამართლოდ ღ. ერმოლოვისათა. და ჟამსა წესის აგებისა მის ზედა შემდგომად შესრულებისა ანდერძის აგებისა, სასწაული მოჰხდა ეს გუარი, მღ. მთავ. ესე ექვთიმე წარმოჯდა თვისის კუბიდამ და აკურთხა მარჯვენითა ხელითა მუნ მყოფნი ხალხნი სრულიად და შემდგომ ისევ მიიძინა უფლისა მიმართ მშვიდობით“.41 ამის მოწმე ბევრი ყოფილა, მათ შორის აზნაური იოანე აბულაძე.

რაც შეეხება მღვდელმთავრის საცავს, მიღებულ იქნა სათანადო ზომები მის დასაცავად. ნაწილი ქუთაისის, ნაწილი კი გელათის მონასტრებში იყო. გელათში იპოვეს აღწერის დედანი, რომლის მიხედვით არქიეპისკოპოსმა სოფრონმა მაიორ ოსტროუხოვთან, გრიგოლ წერეთელთან და პროტოპოპებთან ერთად, ყველაფერი შეამოწმა და ყველაფერი ადგილზე აღმოჩნდა.42

პატიმრები დანიშნულების ადგილზე ჩაიყვანეს. დარეჯან ბატონიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი პენზაში გაგზავნეს. პენზის გუბერნატორმა 75 მანეთი მოითხოვა ბატონიშვილისთვის შესაფერისი ბინის დასაქირავებლად, რაზეც ერმოლოვმა უპასუხა, რომ აქაური, ანუ იმერელი ბატონიშვილი ქალებისათვის სრულიად უცხო იყო ფუფუნებით ცხოვრება და სასახლეების მშვენიერება, ვინაიდან ისინი ძალზე მოკრძალებულ არსებობას და თითქოსდა, მიწურებში ცხოვრებას იყვნენ მიჩვეულნი. ერმოლოვი გუბერნატორს მითითებებს აძლევდა, რომ მას ბატონიშვილისთვის ორი ან სამ ოთახიანი ბინა დაექირავებინა, ისიც ქალაქის გარეუბანში, ვინაიდან ბატონიშვილი ქალის ვაჟი იყო უბოროტესი ავაზაკი, რომელიც იმალებოდა. ერმოლოვი აცხადებდა: «всю сию фамилию я преследую».43

შინაგან საქმეთა მინისტრი კოჩუბეიც თავის მხრივ ცდილობდა დარეჯან ბატონიშვილის შენახვაზე გამოყოფილი თანხის მომატებაზე ერმოლოვის დათანხმებას, მაგრამ უშედეგოდ. ერმოლოვის აზრით, ბატონიშვილისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილი მონასტერი იყო, ხოლო მისი შვილიშვილისთვის - ობოლთა განყოფილება.

იმერეთიდან ბატონიშვილისა და მიტროპოლიტების გადასახლების შემდეგ, განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ივანე აბაშიძე, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც დაპატიმრებას გადაურჩა. აჯანყების ცენტრმა გურიაში გადაინაცვლა. გურიის აჯანყებამ, რომელიც იმერეთის აჯანყების გამოძახილს წარმოადგენდა, თავის მხრივ ძალა შემატა იმერეთში მინელებულ ბრძოლას. იმერეთის აჯანყების განახლებას პირველი ბიძგი მისცა რაჭაში განვითარებულმა მოვლენებმა. საწულუკიძეოს და საიაშვილოს მცხოვრებლებმა ტყეებში გახიზნეს ოჯახები და ქონება გადამალეს, ჩახერგეს მიუვალი ადგილები, გზებზე გუშაგები დააყენეს, დახმარების სათხოვნელად გაგზავნეს ხალხი ზემო რაჭასა და ლეჩხუმში, საიდანაც ჩქარა მაშველი ძალები შეუერთდნენ. რაჭას აჯანყებულები დაეპატრონნენ. მათ დაიკავეს მთებში გამავალი გზები, მოშალეს ხიდები და რუსულ ჯარებს მოუსპეს რაჭაში შეღწევის საშუალება. წამოიჭრა იმერეთში მეფობის აღდგენის საკითხი. სახელდებოდა რამდენიმე კანდიდატი. ერთ-ერთი იყო ივანე აბაშიძე, რომელიც გურიიდან იმერეთში 400-500 კაციანი შეიარაღებული რაზმის თანხლებით დაბრუნდა. იმერეთის მეფობის მეორე კანდიდატი იყო იმერეთის მეფე დავით II-ის უკანონო შვილის, როსტომის ძე ვახტანგი. როსტომ ერისთავი ველიამნოვს ატყობინებდა, რომ არაკეთილსაიმედო ხალხმა იმერეთის მეფედ ვახტანგ ბატონიშვილი აღიარეს და ახლა მათ ქუთაისის აღება სურდათ: „ვაუწყებ თქვენს მაღალ აღმატებულებას იმერეთის აღშბოთების ვითარებას. იმერეთი აღირია ცუდ აზროვნად და დასვეს მეფეთ ბატონისშვილი ვახტანგ და უპირებენ მათის უგუნურებით ქუთათის შემოდგომას…“44 როსტომი 4 ან 5 ათასიანი ჯარის გამოგზავნას ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაჭის აჯანყება ხელს შეუწყობდა აჯანყების გავრცელებას იმერეთში. თუ ჯარები გაგზავნილ იქნებოდნენ, მაშინ ერისთავი რაჭველებს შეაკავებდა იმერლების დახმარებისგან. მოითხოვდა რა ჯარს, ერისთავი დასძენდა, რომ რაჭაში ყველაზე კარგად კაზაკების ჯარი იმოქმედებდა. მას ისიც გაუგია, რომ მთავარსარდალი აპირებდა ჩამოსვლას და ველიამინოვს აფრთხილებდა: „დახთომას უპირებენ და ცოტას ჯარით არ წამობრძანდეს“.

როსტომ ერისთავს გაეგზავნა პასუხი, რომელშიც რუსი გენერალი მას მადლობას უხდიდა ერთგულებისათვის, მაგრამ იმერეთის საქმეებს სერიოზულად არ მიიჩნევდა. მთავრობას უკვე სათანადო ზომები ჰქონდა მიღებული, ამიტომ იმედოვნებდა, რომ ჩქარა სრული სიმშვიდე აღსდგებოდა. ველიამინოვს ერმოლოვისთვის მოუხსენებია ერისთავის წერილის შესახებ, რომელმაც თავის მხრივ შემოუთვალა ინფორმატორს, რომ შეძლებისდაგვარად მიეღო ზომები, რათა მის თანამემამულეებს გადაეფიქრებინათ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, რაც დამღუპველი იქნებოდა მათთვის. ამგვარი საქციელით საუკეთესო სამსახურს გაუწევდა მთავრობას და მის მადლიერებას დაიმსახურებდა. ველიამინოვი ერისთავს სთხოვდა, რომ იმერეთის სიმშვიდის თაობაზე მისი ძმისთვის, კორპუსის შტაბის უფროსი გ. მ. ველიამინოვისთვის მიემართა, რომელიც იმერეთში განლაგებულ ჯარებს სარდლობდა.45

გურიაში პუზირევსკის მკვლელობის შემდეგ რაც წინა ქვეთავში განვიხილეთ, იმერეთის გამგებლად დანიშნულ იქნა თავადი გორჩაკოვი, ხოლო მასთან ერთად იმერეთში გაიგზავნა კორპუსის შტაბის მეთაური გენერალ-მაიორი ა. ა. ველიამინოვი, დიდი უფლებამოსილებით.

ერმოლოვი ბრძანებდა რომ ყველა, ვისაც შეიარაღებულს შეიპყრობდნენ, აგრეთვე ისინი, ვინც აჯანყებულთა რიგებიდან ეცდებოდა თავის გადარჩენას, სიკვდილით დაესაჯათ დანაშაულის ადგილზევე. გასამართლებას უნდა დაქვემდებარებოდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ეჭვმიტანილი იყო, მაგრამ მათ წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობდა. პირები, ვისაც მეამბოხენი გააგზავნიდნენ მცხოვრებთა ასაჯანყებლად, ჩამოხრჩობილნი უნდა ყოფილიყვნენ. ის სოფლები, რომელთა მცხოვრებლებმა იარაღს მოკიდეს ხელი, მიწასთან უნდა ყოფილიყვნენ გასწორებული. შეწყალებას მხოლოდ ისინი ექვემდებარებოდნენ, ვინც პატიებას მოითხოვდა და „მოღალატეებს“ გასცემდა. უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენა იყო საჭირო მათ მიმართ, ვინც ნებაყოფლობით გამოცხადდებოდა ან განაცხადებდა, რომ ძალით აიძულეს იარაღისთვის მოეკიდა ხელი. „ყველა ავაზაკი ცდილობს პატიოსან კაცად წარმოაჩინოს თავი“.46 ამგვარი იყო ერმოლოვის მრისხანე გადაწყვეტილება.

ველიამინოვი ქუთაისისკენ გაემართა. გზად გორში შეჩერდა, რათა უფრო დაწვრილებით გაცნობოდა საქმის ვითარებას. მას მაიორმა კაშჩენკომ აცნობა, რომ ზგორელსკის რაზმმა გურიაში სრული დამარცხება განიცადა და ქვემეხებიც დაკარგა, ხოლო ჩოხატაურის საგუშაგო განადგურებულ იქნა. ეს ცნობები სწრაფად გავრცელდა და ყველა უკმაყოფილო პირი გაააქტიურა. ივანე აბაშიძემ, რომელიც იმერეთში დაბრუნდა, გაანადგურა კაზაკთა საგუშაგო, რომელიც მდ. ჭალაბურთან იყო განთავსებული, რის გამოც შეწყდა კავშირი აღმოსავლეთ საქართველოსთან. გურულებმა სოფ. ჭალადიდი დაიკავეს და ეგერთა როტა აიძულეს უკან დაეხია რიონის ნავსადგურისკენ, სამეგრელოში გიორგი დადიანმა დაიკავა რედუტ-კალე და არ უშვებდა არც რაზმებს, არც ტრანსპორტს. ველიამინოვი დარწმუნდა, რომ აჯანყებამ ყველგან ფართო ხასიათი მიიღო. ის გორიდან ერმოლოვს წერდა, რომ ძნელი იყო გაფუჭებული საქმის გამოსწორება და დასძენდა, რომ თუ კაშჩენკოს ცნობების ნახევარი მაინც სიმართლეს შეესაბამებდა, მაშინ იმერეთის საქმეები გაცილებით უარეს მდგომარეობაში ყოფილა წინა წელთან შედარებით.

ველიამინოვმა ჩათვალა, რომ ზგორელსკი „თავისივე სისულელის გამო“ დამარცხდა და ბრძანა მთელ იმერეთში გაბნეული რაზმების თავმოყრა. მან ჯარის მხოლოდ აუცილებელი რაოდენობა დატოვა მთავარ საგუშაგოებზე, რომელთა მეშვეობით ხდებოდა ქუთაისის დაკავშირება სურამთან და რედუტ-კალესთან. ველიამინოვი იმედს არ ჰკარგავდა და ერმოლოვს სთხოვდა, რომ თავისი რჩევა-დარიგებები არ მოეკლო მისთვის. „უამრავი მატყუარა მელოდება და მე მათი მახეების მეშინია. გამომიგზავნეთ ბარათები ყველაზე, ვისი შეპყრობაც გადაწყდა“.47 ამ წერილმა და ოლქების უფროსების მოხსენებებმა დაარწმუნა ერმოლოვი, რომ იმერეთსა და გურიაში აჯანყება ფართო მასშტაბებს იღებდა, რის ჩასახშობადაც საჭირო იყო გადამჭრელი ზომების მიღება. მან ლევან დადიანს დაავალა ჯარის შეკრება რედუტ-კალესა და მარანს შორის გზის დასაცავად, ხოლო პოდპოლკოვნიკ ზგორელსკის გურიის სასწრაფოდ დატოვება უბრძანა, სადაც აჯანყებულთა მნიშვნელოვან ძალებს მისი ალყაში მოქცევა შეეძლოთ. ყაბარდოელთა მე-7 პოლკის ბატალიონი სურამში იქნა გაგზავნილი. გენერალ-მაიორ ვლასოვს ებრძანა 200 კაზაკთან ერთად ყვირილას საგუშაგოზე გამგზავრება, სადაც ევალებოდათ შტაბის უფროსის რაზმთან კავშირის უზრუნველყოფა და იმ გზების გაკონტროლება, რომლებიც ახალციხის მხრიდან მიემართებოდნენ შროშისკენ და უბისისკენ. ამ სოფლებში ცხოვრობდნენ ივანე აბაშიძე და ნიკოლოზ ფინეზი აბაშიძე, რომლებიც ქაიხოსრო გურიელთან ერთად, სახელმწიფო მოღალატეებად გამოცხადდნენ. მათ ჩამოერთვათ მამულები. ერმოლოვის მუქარის თანახმად, იგივე ბედი ეწეოდა ყველა იმ თავადსა და აზნაურს, ვინც აღნიშნულ პირებს თავისთან შეიფარებდა ან აჯანყებაში მიიღებდა მონაწილეობას. ერმოლოვმა იმერეთის, სამეგრელოს, გურიის სამღვდლოებას, თავადაზნაურობას და ხალხს 1820 წლის 24 აპრილს პროკლამაციით მიმართა. ხალხს არწმუნებდა, რომ აჯანყება სავალალო შედეგებს მოუტანდა ქვეყანას. აჯანყება ნიშნავდა იმპერატორის ერთგულებაზე დადებული ფიცის გატეხვას, რის გამოც ღმერთი ფიცის გატეხისათვის სასტიკად იძიებდა მათზე შურს. სამღვდელოებას ქრისტიანული შეგონებებით უნდა ემოქმედა. თავადებსა და აზნაურებს ამბოხებისაკენ მიდრეკილნი უნდა შეეჩერებინათ. ერმოლოვი აფრთხილებდა ხალხს, რომ იმპერატორისადმი ერთგული მემამულეებისათვის ურჩობა არ გაეწიათ. მთავრობა შეიტყობდა იმ თავადებისა და აზნაურების ვინაობას, რომლებიც დაარღვევდნენ ერთგულების ფიცს. მათი მამულები ხაზინას გადაეცემოდა, ხოლო მათი ქვეშევრდომები არა მხოლოდ აღარ იქნებოდნენ მოვალე, რომ ბუნტოვშჩიკებს დამორჩილებოდნენ, არამედ მათი განადგურება დაევალებოდათ. პროკლამაციაში ნათქვამია, რომ ივანე და ნიკოლოზ ფინეზი აბაშიძე მონაწილეობას იღებენ პუზირევსკის მკვლელობაში, რის გამოც ისინი ქაიხოსრო გურიელთან ერთად სახელმწიფო მოღალატეებად გამოცხადდნენ.48

ქაიხოსრო და ზურაბ წერეთლებმა მიიღეს წერილები ერმოლოვისგან, რომელიც სთხოვდა გამოეყენებინათ მთელი თავისი გავლენა, რათა იმერლებისთვის ჩაეგონებინათ, რომ ისინი მხოლოდ ივანე აბაშიძისა და მისი თანამზრახველების ბოროტი მიზნების განხორციელებას ემსახურებოდნენ. ისინი ვერ შეცვლიდნენ დიდი ხელმწიფის ნებით დამყარებულ ხელისუფლებას.49 ერმოლოვის აზრით, მეამბოხეთა დამორჩილება მათი მეთაურების მკაცრი და სამაგალითო დასჯით შეიძლებოდა. მან ველიამინოვს უბრძანა ყველას სიკვდილით დასჯა, ვისაც იარაღით ხელში შეიპყრობდა. ვახტანგ ბატონიშვილის შეპყრობის შემთხვევაში ის ქუთაისში უნდა დაეხვრიტათ, ხოლო თუ ივანე აბაშიძეს აიყვანდნენ ტყვედ, ტფილისში უნდა გაეგზავნათ.50

1820 წლის 5 მაისს ველიამინოვმა იმერეთის ოლქების მოხელეთათვის შეადგინა ბრძანება, რომლის ასლი მღვდელმთავარს გაუგზავნა და დაავალა მღვდლებისთვის ეკლესიებში, წირვის დროს, მისი წაკითხვა ებრძანებინა, ხოლო თავადაზნაურობისა და ერისთვის მორჩილების შეგონება.51 ბრძანებაში ვკითხულობთ: „შეკრებილება ერისა ბოროტ განმზრახველთა დაეთრევიან იმერეთსა შინა და იკლებენ მშვიდობით მცხოვრებთა. მე მნებავდა ამოხოცვა მათი ძალითა საჭურველისათა. ხოლო მხდალთ ავაზაკთ რა ჟამს სცნეს მოძრაობა მხედრობისა დაეტევეს თვისი მდგომარეობა და წარვიდნენ სხვას მხარეზედ. მე მოიმედე ვარ რომ მივეწიოთ მათ დასასრულზედ და მაშინ არ იქნება სამძიმო ჩემთვის ავაზაკთ აღმოხოცვა. მე საჭიროდ ვრაცხ შეწევნასა თავადთა, აზნაურთა და ერის იმერეთისათა, საჭირო არს რათა ყოველსა მაზრასა შინა შეკრებილ იყოს ჯარი და სდევნიდნენ ავაზაკთა რა ჟამს იგინი აღმოჩნდებიან რომელსამე მაზრასა ანუ მეზობლად მდებარეს ადგილს შინა. ჯარს ამას ძალუძს მოძრაობა ისეთივე სწრაფლად ვითარცა ავაზაკი შეკრებილებას, ყოველგან თავისთვის იპოვიან საზრდელს.“52 ველიამინოვი განმარტავდა, რომ რუსული ჯარი მძიმე ტვირთს დაატარებდა თან, რის გამოც ისე ჩქარა ვერ მოძრაობდა, როგორც აჯანყებულები. მოხელეებს უნდა გამოეცხადებინათ თავადების და აზნაურებისათვის, რომ მათ შეეკრიბათ ჯარი და მონაწილეობა მიეღოთ აჯანყებულთა დევნაში. ყოველი გადაადგილების შესახებ მათ ველიამინოვისთვის უნდა ეუწყებინათ, რომელიც აცხადებდა: „რათა მე ძალმედვას ჩემს მხრით შეწევნა აღმოსახოცავად ესრეთისა ბოროტისასა“.

აჯანყებულთა რაზმებიდან უმთავრესი იყო ივანე აბაშიძის რაზმი, რომელიც 100 კაცს არ აღემატებოდა და ახალციხისკენ მიმავალ გზაზე ძნელად სავალ ხანის ხეობაში იმყოფებოდა, მეორე რაზმს დავით ბატონიშვილი მეთაურობდა, ის უფრო მცირერიცხოვანი იყო და ქუთაისის ახლოსაც ჩნდებოდა. ველიამინოვმა გააუქმა თავისი ბრძანება ჯარების თავმოყრის შესახებ. ნაცვლად ამისა, მან ჯარი დაჰყო მცირე რაზმებად და უბრძანა ყველგან ედევნათ მეამბოხენი. ველიამინოვმა იცოდა, რომ ერმოლოვი არ დაეთანხმებოდა მის ამგვარ გადაწყვეტილებას, ამიტომ წინასწარ აუხსნა ამგვარი ზომების მიღების აუცილებლობა. ის წერდა, რომ იმერეთის ყველა ოლქის უფროსებს დაავალა მილიციის შეკრება და ყაჩაღების დევნა, როგორც კი ისინი ოლქში გამოჩნდებოდნენ. ჯარების სხვადასხვა ნაწილების უფროსებს უბრძანა მილიციის მხარდაჭერა. მოწინააღმდეგეს რომ მნიშვნელოვანი ძალები ჰყოლიდა, მაშინ ამგვარ ზომებს არ მიმართავდა, მაგრამ მეამბოხეებს უმნიშვნელო რაზმები ჰყავდათ, რომელთა განადგურება მხოლოდ სწრაფად დევნის გზით შეიძლებოდა. 6 მაისს ერმოლოვი იმერეთის დროებით მთავრობას სწერდა, რომ „დავით ბატონიშვილის“ უკანონო შვილი, სახელად ვახტანგი, რომელიც აჯანყებდა იმერეთის მშვიდ მოსახლეობას, გამოცხადებული ყოფილიყო სახელმწიფო მოღალატედ. მისი მამული ხაზინაზე უნდა გადაეცათ, ხოლო მცხოვრებლებისთვის ჩაეგონებინათ, რომ ისინი არა თუ არ უნდა დამორჩილებოდნენ მას, არამედ ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც ბოროტმოქმედს, ისინი აღარასოდეს დაუბრუნდებოდნენ მას. მისი ცოლ-შვილიც უნდა დაეპატიმრებინათ: «жену и детей сего беззаконно прижитого чудовища взять или, если спасутся куда, либо бегством, преследовать».53 (ვახტანგი დავით ბატონიშვილის უკანონოდ შობილი შვილი არ ყოფილა. ის მეფე დავით II-ის უკანონო ვაჟის შვილი იყო.) იმავე პერიოდის სხვა დოკუმენტში ვკითხულობთ: „ზოგი თავადი ახალციხის ფაშასთან იმყოფება და სთხოვს დამხმარე ჯარს. მათ რიცხვშია ერთი ყაჩაღი ვახტანგი, უკანონოდ შობილი შვილი ახალციხეში გაქცეული და იქ გარდაცვლილი მეფისა, რომლის მეუღლეც პეტერბურგში იმყოფება“.54 იგულისხმება დავით მეფის ქვრივი, ანა დედოფალი.

7 მაისს ველიამინოვი ჩხერში წასვლას აპირებდა, იქიდან კი არგვეთში ან სადაც გარემოებები მოითხოვდა. ის არტილერიის წაყვანასაც გეგმავდა. სხვათა დასაშინებლად, ვახტანგ და დავით ბატონიშვილების მამულების განადგურებას აპირებდა და იმედოვნებდა, რომ მათ „ხროვასაც“ გადაეყრებოდა. ველიამინოვის ამ ლაშქრობის შესახებ არავითარი ოფიციალური ცნობები არ მოიპოვება, როგორც ჩანს ის არ შედგა, ვინაიდან შემაშფოთებელი ცნობები იქნა მიღებული იმავე დღეს სამეგრელოდან, სადაც რუსულმა რაზმმა დამარცხება განიცადა. გორჩაკოვს მიუვიდა ცნობები რაჭის ოლქიდან, სადაც მოსახლეობამ უარი თქვა მილიციის გამოყვანაზე. არ მიიღეს ერმოლოვის მოწოდება და ძარცვავდნენ ყველას, ვინც ვახტანგ ბატონიშვილს არ აღიარებდა იმერეთის მეფედ. აქვე იმყოფებოდა დავით ბატონიშვილი, ბაგრატ ბატონიშვილის ვაჟი, რომელიც იმიტომ არ იქნა თავის დროზე რუსეთში გადასახლებული სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რომ ერმოლოვის თქმით, უჭკუოდ მიაჩნდათ“.55

რაჭის ოლქი თავისი ადგილმდებარეობის წყალობით, შეიძლებოდა აჯანყების საშიშ ბირთვად გადაქცეულიყო. ველიამინოვმა სასწრაფოდ გამოიძახა გორჩაკოვი სამეგრელოდან და უბრძანა რაჭის მცხოვრებლების დაწყნარება. თავად გენერალი ქუთაისში დარჩა. გორჩაკოვის ჩამოსვლამდე მან რაჭაში ყვირილას საგუშაგოდან გაგზავნა კარაბინერთა ორი როტა ქვემეხით, მაიორ გლადკო-საცკის მეთაურობით. მათ მიჰყვა ვლასოვი ასი კაზაკით და იმავე პოლკის როტით, რათა უზრუნველეყო რაზმის უსაფრთხო გადაადგილება. 17 მაისს გლადკო-საცკი უეცრად წააწყდა დავით ბატონიშვილის რაზმს, რომელიც სოფელ საზანოსთან იდგა და გაანადგურა იგი. აჯანყებულთა ნაწილმა რაჭის მთებს მიაშურა, მაგრამ მათ მეორედ დაეწივნენ კარაბინერები ციხე ყვარასთან ახლოს მდებარე მონასტერთან. აქ თავმოყრილი იყო ორი ათასამდე მეამბოხე, რომლებსაც ორი ძმა იაშვილი მეთაურობდა. ხერგილები შტურმით იქნა აღებული და აჯანყებულები გაიფანტნენ უდიდესი დანაკარგით. მოკლულთა შორის იყო ორი მღვდელი, რომლებიც ხალხს აგულიანებდნენ ბრძოლის დროს. რამდენიმე დღის შემდეგ დაიღუპა თავად დავით ბატონიშვილიც, რომლის მოსაძებნად წასულებმა მის ადგილსამყოფელს 1 ივნისს, ქუთაისის ოლქის ტყეებში მიაკვლიეს. ბატონიშვილის ოჯახი შეიპყრეს, მსახურები გაიქცნენ, თავად ბატონიშვილი მოკლულ იქნა და მისი ცხედარი ქუთაისში ჩაიტანეს.

გორჩაკოვი კი რაჭის ოლქში ჩავიდა, შეაერთა იქ მყოფი რუსული ჯარის ნაწილები და დაძრა ისინი იაშვილების სამფლობელოსკენ. შეუბრალებლად ცეცხლს მისცა იაშვილებისა და მათი მომხრეების სახლები და მთელი ქონება. რუსების ჯარები რიცხობრივად აღემატებოდნენ აჯანყებულებს და კარგად იყვნენ შეიარაღებულნი. რაჭის ოლქში თავი მოიყარეს კარაბინერთა მე-7 პოლკის ექვსმა როტამ, ხერსონის გრენადერთა პოლკის ორმა როტამ, სამეგრელოს პოლკის ორმა როტამ, ეგერთა ორმა როტამ ორი ქვემეხით და ორასმა დონის კაზაკმა, სულ ორიათასმა კაცმა. აჯანყებულები ადვილად არ ნებდებოდნენ. მათი ორგანიზებულობა იმდენად მაღალი იყო, რომ დიდხანს ვერ ხერხდებოდა აჯანყების ნამდვილი მოთავეების გამოვლენა.

რუსებთან შეტაკების დროს დაიჭრა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აზნაური ლომკაც ლეჟავა. ის იმ ჯარის განყოფილებაში დაამწყვდიეს, სადაც დუბეცკი მსახურობდა. სწორედ ამ უკანასკნელმა შემოგვინახა ლეჟავას გამცემლობის ამბავი. მას შემდეგ, რაც ლაჟავას მისი ჩამოხრჩობის შესახებ მთავარმმართებლის ბრძანება გამოუცხადეს, მას შეწყალების არავითარი იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ დუბეცკის მეშვეობით სურდა იმპერატორისთვის თავისი უდანაშაულო ცოლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის პატრონობა ეთხოვა. დუბეცკიმ შემთხვევით ისარგებლა და აჯანყების მეთაურთა ვინაობის გამოკითხვა დაუწყო. თან გენერლის პირობა გადასცა: ყველაფერი მიეტევებოდა, თუ გულახდილად მოინანიებდა თავის დანაშაულს. ლეჟავა დიდხანს ებრძოდა თავს, მაგრამ ბოლოს ცოლ-შვილის სიყვარულმა, ჩაგონებამ და ალბათ, სიკვდილის შიშმა დაძლიეს. მან დუბეცკის აუწყა: „შარშან ამ ვაკეზედ, რიონის პირზედ, ამ ხეების ქვეშ ყრილობა იყო ყველა თავადისა, აზნაურების, სამღვდელოთა და მრავალი ათასეული მდაბიო ხალხისა. ამ ყრილობაზედ გადაწყვეტილი იყო მთლად გაწყვეტა რუსებისა და საკუთარი მეფის ამორჩევა. ყრილობის განაჩენი (ღრამატა) დაწერილია ქაღალდზედ, მოთავეთაგან ხელთა მოწერით, და ბეჭედთა დასმით შემოწმებული. ფიცი კი ჯვარსა და სახარებაზე იყო მიღებული. შემდეგ ამისა იქვე არჩეულ იქმნენ ჯარისკაცთა მოთავენი. მე დამნიშნეს რაჭაში ყოფილ ჯარისკაცთა უფროსად… ხალხში მოპოვებული მქონდა სახელი მკვირცხლი და მამაცი ცხენოსნისა (მხედრისა) და ამასთან მისვლა-მოსვლა მქონდა მთიულებთან სვანეთში, ლეჩხუმში, წებელდაში და აფხაზეთშიაც. ამისათვის ჩაბარებული მქონდა ამბოხების განაჩენი, რათა მისი ძალით მემოქმედნა და გამომერჩია კარგი ჯარისკაცნი საბრძოლველად“.56 მისი ცოლ-შვილი გიორგი წულუკიძის ციხესიმაგრეში დატოვეს მძევლებად „ამბოხების განაჩენი“. ლეჟავამ ცოლს ჩააბარა: „გამოვემშვიდობე ცოლს, ჩავაბარე მას ხსენებული ღრამოტა და, ავუხსენ რა მნიშვნელობა მისი, ვუბრძანე შეენახა იგი თავისი თავივით და მოეცა ჩემთვის, თუ ცოცხალი დავბრუნდებოდი, ანუ მისთვის, ვინც ჩემს ნიშანს მიუტანდა. ჩემი ცოლი, როგორც მოგახსენეთ, ეხლაც იმყოფება თავ. გიორგი წულუკიძის სახლში, რვა თუ ცხრა ვერსის მანძილზე აქედან. წაბრძანდით ჩემს ცოლთან, გაიხმეთ მარტოკა, გამოართვით მარცხენა ხელი და რუსულად უთხარით: „გამარჯობა“. ცოლი გკითხავთ: „ვინ არის?“ თქვენ კი ქართულად უპასუხებთ: „ლეჟავა, თქვენი მეგობარი, და ამასთან გადაეცით ეს ფაფანაკი, მაშინ იგი გადმოგცემთ ხსენებულს ღრამოტას. ეს არის ჩემი პირობის ნიშანი და იგი ამას წმინდად აასრულებს. მაშინ ყოველისფერს საქმის ვითარებას კარგად გაიგებთ.“57 ლეჟავამ დასძინა, რომ დიდი სიფრთხილე იყო საჭირო. წულუკიძეები, აბაშიძეები, იაშვილები და ერისთავები არაფერს უნდა მიმხვდარიყვნენ. მთებში აჯანყებულები იყვნენ ჩასაფრებული და მხოლოდ ნიშანს ელოდნენ. დუბეცკიმ ყველაფერი გენერალს მოახსენა. მათ ითათბირეს და მიზნად დაისახეს ხსენებული დოკუმენტების ხელში ჩაგდება. ეს გაუადვილებდათ თავადების დაპატიმრებას. „ძალიან ბევრნი იყვნენ და თვითოეული მათგანი რუსეთის ერთგულებას ჰღაღადებდა და რომელი მათგანი მტერი იყო და რომელი მოკეთე - ამის გარჩევა ძალიან ძნელი იყო“ მხოლოდ ლეჟავას ჩვენებას ვერ დაეყრდნობოდნენ. აჯანყებულთა ქარტია კი ლეჟავას ცოლს ჰქონდა, რომელიც გ. წულიკიძის სახლში იყო დატუსაღებული. წულიკიძეს პოლკოვნიკის ჩინი და ბრილიანტის ჯვარი ჰქონდა მიღებული, მისი პენსია 1000 მანეთს შეადგენდა. მისი შვილი სიმონი და ძმა ლევანიც რუსულ ჯარში მსახურობდნენ. დავალების შესასრულებლად დუბეცკი მცირე რაზმით გაგზავნეს, რათა მეამბოხეებისათვის თვალი აეხვიათ. ფარულად, მთელი ჯარი საომარ მდგომარეობაში იქნა მოყვანილი. დუბეცკი თავისი პატარა რაზმით წულუკიძეებს ესტუმრა და განუცხადა, რომ ლეჟავას სიკვდილით დასჯა ჰქონდა მისჯილი, მის ცოლ-შვილს კი ციმბირში გადასახლება. ამ მოტივით, მან „პოლიტიკური“ დამნაშავეების გადმოცემა მოითხოვა. ერთი საათის შემდეგ, ლეჟავას ცოლი თავისი მოახლით და ორი მცირეწლოვანი შვილით მოიყვანეს და ჯარისკაცებს ჩააბარეს. დუბეცკიმ მისი ქმრისგან ნასწავლი ნიშანი გამოიყენა. ამ გზით ჩაიგდო ხელში „ღრამოტა“, რომელიც ლეჟავას ცოლის მოახლეს კაბის უბეში ყოფილა ჩაკერებული. გამჟღავნდა აჯანყების მიზანი, გეგმა და ბრძოლის მეთოდები. ფაქტობრივად, აჯანყებულებს შედგენილი ჰქონდათ ქარტია, რაც მეტად მნიშვნელოვანია და იმაზე მიუთითებს, რომ მათი ბრძოლა კარგად იყო ორგანიზებული. მოძრაობის წევრებს გაცნობიერებული ჰქონდათ ის მიზნები, რისთვისაც იბრძოდნენ.

იმერეთის აჯანყებამდე საქართველოში არაერთი აჯანყება ყოფილა, რომელთა მიზანი საკუთარი მეფისა და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო, მაგრამ აჯანყებულებს მსგავსი „ყრილობის განაჩენი“ არ შეუდგენიათ. მხოლოდ წლების შემდეგ, 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებმა შეიმუშავეს ე.წ. „პირველი ღამის განკარგულება“, რომელიც აჯანყების გეგმას და საქართველოს მმართველობის პროექტს შეიცავდა. მისი არსებობა ჩვენებებიდან გამოაშკარავდა. გამოძიებას მხოლოდ საიდუმლო საზოგადოების წესდება „აკტი გონიური“ ჩაუვარდა ხელში, რომელიც ბერი ფილადელფოს კიკნაძის შედგენილი იყო.58 იმერეთის აჯანყების მონაწილეების „განაჩენი“, პირველი ქარტიაა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიაში.

ყურადსაღები ფაქტია, რომ ლომკაც ლეჟავას შემოუღია საიდუმლო ნიშანი. მსგავსი პრეცედენტი იქამდე არ ყოფილა. მხოლოდ 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებს ჰქონდათ დაწესებული საიდუმლო ნიშანი - მარცხენა ხელის ნეკით შუბლის მოფხანა, რითაც მათ ერთმანეთი უნდა ეცნოთ. ეს ნიშანი ოქროპირ ბატონიშვილმა მასონური წესდებების გავლენით შემოიღო.59 ლეჟავას მიერ მოფიქრებულ საიდუმლო ნიშანს არაფერი აქვს სართო მასონობასთან, ისევე როგორც თვით იმერეთის აჯანყებას, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე წარმოიშვა და არავითარი საიდუმლო საზოგადოებების გავლენას არ განიცდიდა.

1819-20 წლების იმერეთის აჯანყების ქარტია მიკვლეული არ არის. მოგვყავს დოკუმენტი, რომელშიც ბუნტოვშჩიკების ქაღალდები იხსენიება: 1820 წლის 11 ივლისს ეგზარქოს თეოფილაქტეს აცნობეს, რომ იმერელი ბუნტოვშჩიკებისგან ჩამორთმეული და რუსეთში გადასახლებული მიტროპოლიტების ქაღალდები მთავარმართებლის კანცელარიაში იყო თავმოყრილი. ეგზარქოსს სთხოვდნენ სინოდალური კანტორიდან დეპუტატის გამოგზავნას, რათა მისი თანდასწრებით მომხდარიყო იმ ქაღალდების გადარჩევა, დალუქვა და შენახვა, რომლებიც საეკლესიო ქონებას ან სასულიერო ნაწილის მართველობას ეხებოდა. სათანადო აღწერის შედგენის შემდეგ, მთავარმართებლის სურვილის თანახმად, ყველა ქაღალდი გადაგზავნილი უნდა ყოფილიყო იმერეთის გამგეობაში, სადაც მათი უტყუარობის გადამოწმება აჯანყების სრული ჩაქრობის შემდეგ დაიწყებოდა.60 არ არის გამორიცხული, რომ აჯანყებულთა ქაღალდები რუსეთის არქივებში იყოს დაცული.

თავისი გამცემლობის გამო, ლეჟავას მეფის მთავრობამ აჯანყებაში მონაწილეობა აპატია და დააჯილდოვა. 1820 წლის ოქტომბერში გორჩაკოვს დაევალა ლეჟავასათვის საცხოვრებლის მიცემა სოფელ საკეციაში, მისი გადამწვარი სახლის ნაცვლად.61 ლეჟავა ასევე დასაჩუქრდა პატარა სოფლით, რომელშიც 18 კომლი ცხოვრობდა.62

ნ. მახარაძე წერს, რომ მეორე მოღალატე აჯანყების მონაწილე თავადი მერაბ იაშვილი აღმოჩნდა, რომელმაც გორჩაკოვს აჯანყების გეგმა და მეთაურების ვინაობა გაუმხილა.63 მერაბ იაშვილის გამცემლობის დამადასტურებელი საბუთი ჩვენ ვერ ვნახეთ. საფიქრებელია, რომ მკვლევარმა ის შეცდომით დაასახელა მერაბ აბაშიძის ნაცვლად, რომელმაც გამცემლობა ჩაიდინა.

ნაპოვნი დოკუმენტების მეშვეობით, გორჩაკოვმა აჯანყების მეთაურებსაც მიაგნო. ზოგი მათგანი მეფის არმიაში მსახურობდა. ასეთი ხალხის დაპატიმრება დიდ სიფრთხილეს მოითხოვდა, ამიტომ გორჩაკოვმა გაავრცელა ხმები, თითქოსდა, ზემო რაჭის სოფლების დასასჯელად მიდიოდა და ყველა წულუკიძეს უბრძანა ბანაკში გამოცხადება ამ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად. 1820 წლის 6 ივნისს რუსულ ბანაკში გამოცხადდნენ ლევან, გიორგი, მერაბ და ზურაბ წულუკიძეები, მათთან ერთად იყვნენ რამდენიმე თავადი ერისთავი და ორი ძმა აბაშიძე. როგორც კი ისინი ბანაკში აღმოჩნდნენ, მათ გამოუცხადეს, რომ დაპატიმრებულები იყვნენ. თავადები მიხვდნენ, რომ მათი მოქმედება გამჟღავნებული იყო და მათ უბრალოდ დაპატიმრებას არ აკმარებდნენ. მათ ხმლები იშიშვლეს და შეეცადნენ თავი დაეღწიათ ბანაკისათვის, მაგრამ ხელჩართულ ბრძოლაში ლევან წულუკიძე და მისი ორი თანამებრძოლი ხიშტებზე წამოაცვეს, სხვებმა მეტ-ნაკლები სიმძიმის ჭრილობები მიიღეს. თავადი მერაბ აბაშიძე ხანჯლით ხელში ეძგერა გორჩაკოვს, რომელიც სომეხმა თარჯიმანმა არაზოვმა გადაარჩინა. მან სასწრაფოდ იძრო ხმალი და აბაშიძე გაჩეხილი თავით შორს გადავარდა. გორჩაკოვმა შეატყო მას სიცოცხლის ნიშნები, ბრძანა მისი გადაყვანა თავის ბინაზე, სადაც აბაშიძე გამოჯანმრთელდა. მან, მადლობის ნიშნად, გორჩაკოვს აჯანყების ყველა დეტალი გაუმხილა. თარჯიმანმა არაზოვმა ერმოლოვისგან მიიღი საპატიო ხმალი და მუდმივი პენსია. გიორგი და დავით წულუკიძეები ტფილისის ციხეში გარდაიცვალნენ. 10 ადამიანი ჩამოახრჩეს, ზოგი ხიშტების მსხვერპლი გახდა, სხვები კი რუსეთში გადაასახლეს. „შემდეგში ყველა თავადნი და აზნაურნი (სულ 70 კაცამდის, რომელთაც აჯანყების ქაღალდზედ ხელი ეწერათ) რუსეთს იყვნენ გადასახლებულნი, მათ რიცხვში პოლკოვნიკი გიორგი წულუკიძეც, მისი ცოლი კი გაგზავნილ იქმნა მონასტერში; ახალგაზრდა ერისთავები და იაშვილები ჯარის-კაცებად ჩარიცხეს.“64 თავად დუბეცკი დააჯილდოვეს, მის ნამსახურების სიაში ჩაიწერა: „აღასრულა რა ეს დავალება უშიშრად და გამბედაობით, ამ ქაღალდების მეოხებით შეთქმულების უმთავრესი ძაფი ნაპოვნი იყო, რისთვისაც დაჯილდოებულია წმ. ანნას მე-3 ხარისხით“. აჯანყების ჩახშობის შემდეგ რაჭაში ბევრი ციხესიმაგრე დაანგრიეს, გორჩაკოვმა გააჩანაგა და გადაწვა სოფლები, გადათელა ნათესები. ზემო რაჭის მცხოვრებლებს მოთხოვეს ყოველი ორი კომლიდან სამი რქოსანი პირუტყვი, მოსახლეობა განაიარაღეს. თოფების ლულები და ხანჯლები გადაადნეს და სხვადასხვა რკინის ნივთები დაამზადეს, ასევე მოიხმარეს რუსული ჯარისთვის ყაზარმების ასაშენებლად. მოსახლეობის დაშინების მიზნით, რაჭაში დაბანაკებული ჯარის რაოდენობა გაზარდეს. მოსახლეობას ჩამოერთვა ბუკები, სპილენძის საყვირები, რომლითაც ისინი საშიშროების დროს ხალხს კრებდნენ. ამ ინსტრუმენტის მიერ გამოცემული მკვეთრი ბგერები მაღალ მთებში და უღრან ტყეებშიც აღწევდა. პოტო აღნიშნავს, რომ მსგავსი „რუპორების“ ნახვა ცოტა ხნით ადრე მთელ მთიან შოტლანდიაშიც შეიძლებოდაო, სადაც ისინი იმავე მიზნით გამოიყენებოდა.65

ბევრ სოფელს მძიმე გადასახადი დააკისრეს. რაჭაში აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გორჩაკოვისა და ატამან ვლასოვის რაზმები ორი მხრიდან დაიძრნენ ხანის ხეობისაკენ, სადაც ჯერ კიდევ იმალებოდა აჯანყების მთავარი ხელმძღვანელი ივანე აბაშიძე. თურქები, რომლებიც მას დახმარებას დაპირდნენ, არ გამოჩნდნენ. იმერლებმა მიატოვეს და ის რამდენიმე შეტაკებაში დამარცხების შემდეგ, გაიქცა და თურქეთს შეაფარა თავი.

ველიამინოვი მას შემდეგ, რაც იმერეთში სატიკად გაუსწორდა აჯანყებულებს, ქუთაისიდან გურიაში წავიდა, რათა ახლა იქ ჩაეხშო სისხლში სახალხო აჯანყება. გზადაგზა ის იერთებდა რუსული ჯარის დაფანტულ ნაწილებს. გურიაში აჯანყება გაცილებით დიდი სისწრაფით განვითარდა, ვიდრე იმერეთში. ჩვენ ვნახეთ, რომ ბრძოლამ, რომელიც რუსი კოლონიზატორების წინააღმდეგ იყო მიმართული, თავიდანვე შეიარაღებული ხასიათი მიიღო. თავადაზნაურობა და გლეხობა ერთ მიზანს ემსახურებოდნენ. 1820 წლის 14 ივლისს იმერეთის მმართველი გორჩაკოვი ერმოლოვს მოახსენებდა, რომ იმერეთში სიმშვიდე იყო. მეამბოხეთა მოძრაობა და თავშეყრა არსად შეინიშნებოდა. მისი მოთხოვნის თანახმად, ხანის ხეობის სოფლების მცხოვრებლებმა გამოგზავნეს დეპუტატები, რათა პატიება და ძველ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ნებართვა გამოეთხოვათ. ისინი შეწყალებულ იქნენ, მაგრამ მათ დაევალათ რამდენიმე მთავარი მეამბოხის შეპყრობა და გორჩაკოვისთვის გადაცემა. მათ არ უნდა დაეშვათ ამ მეამბოხეების სამშობლოში დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არა მხოლოდ ის, ვინც მათ შეიფარებდა, არამედ მთელი სოფელი, რომელიც მეამბოხეებს თავშესაფარს მისცემდა, მეორედ იქნებოდა განადგურებული. ამ სოფლების დიდი ნაწილი მონასტრებს ეკუთვნოდა, ოლქების უფროსები საგანგებოდ იქნენ გაფრთხილებულნი, რომ აჯანყების გამო საეკლესიო მამულების აღწერა არ უნდა ყოფილიყო შეფერხებული, ვინაიდან მონარქის ნება-სურვილი წმინდაა და არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც წინ აღუდგებოდა მას. უფროსებმა დაარწმუნეს გორჩაკოვი, რომ ოსმალეთში „მოღალატე“ ბაგრატიონთან და აბაშიძესთან იმყოფებოდა 80 იმერელი, რომელთა ნაწილი ხანის ხეობაში ჩატარებული ექსპედიციის დროს გაიქცა, ნაწილი კი დიდი ხნით ადრე იმყოფებოდა მათთან ერთად და ყველა მათგანი პატიებასა და დაბრუნების უფლებას ითხოვდა. გორჩაკოვმა ხანის ხეობის მცხოვრებლების დაბრუნების თაობაზე თანხმობა განაცხადა და დაუნიშნა ვადა იმავე 1820 წლის 1 აგვისტომდე. დანარჩენების შესახებ კი ერმოლოვს დაეკითხა.66 ერმოლოვმა დოკუმენტზე რეზოლუცია წააწერა. მან დაადასტურა ხანის ხეობის მცხოვრებლების პატიება. რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ მეამბოხეებთან, მათი პატიება მხოლოდ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. სოფლების მცხოვრებლებს, თავიანთი დანაშაულის გამო, სასჯელი დაუწესდათ: შემოდგომაზე მათ ყოველი კომლიდან თითო კაცი უნდა გამოეყვანათ გზების გასაყვანად, იქ სადაც მათ უბრძანებდნენ, მათი საცხოვრებლების ახლოს. ცნობილი ბუნტავშჩიკები მთავრობისთვის უნდა გადაეცათ, ხოლო თუ მათი შეპყრობა ვერ მოხერხდებოდა, „დაუყოვნებლივ გადაცემული უნდა ყოფილიყვნენ მათი ოჯახები და ბავშვები“.67 1820 წლის 17 აგვისტოს იმპერატორის მთავარი შტაბიდან ერმოლოვს მოუვიდა ინსტრუქცია, რომელიც მისივე წინადადებების საფუძველზე იყო შედგენილი. იმპერატორი ბრძანებდა, რომ მთის ხალხის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელოს მთავარი მეამბოხეების და მოღალატეების მცირეწლოვანი ვაჟები აღსაზრდელად გაგზავნილი უნდა ყოფილიყვნენ ობოლთა სამხედრო განყოფილებაში, საიდანაც სამხედრო სამსახურს დაიწყებდნენ რუსეთის შიდა ნაწილში განლაგებულ პოლკებში.68 1820 წლის 24 ნოემბერს ერმოლოვმა გამამხნევებელი წერილი გამოუგზავნა რაჭის ოლქის ღების სამოურაოს მცხოვრებლებს. გორჩაკოვს მოუხსენებია მისთვის, რომ ხსენებული სამოურაოს ხალხს „არ მიუხედავსთ მეზობელთა თვისთა სოფლებთა აღრეულობისა და აღშფოთებისათვის და დაშთომილან ხელმწიფე იმპერატორის შეურყეველად ერთგულად“.69 ერმოლოვი არწმუნებდა მათ, რომ მათ კეთილ საქციელს მთავრობა ყურადღებას მიაქცევდა.

1820 წლის 30 დეკემბერს გორჩაკოვმა ერმოლოვისგან მიიღო გურიაში, ხაზინაზე გადაცემული მამულების მოურავებისათვის შედგენილი წესები მათი მოვალეობის თაობაზე. გორჩაკოვს დაევალა თითოეული მოურავისათვის მიღებული დადგენილების გადაცემა. წესების თანახმად, სახაზინო მამულების მოურავები იმერეთის მმართველის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყვნენ, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლო მათი დასჯა ან შეცვლა, თუ საამისო საბაბს მისცემდნენ. ახალ არჩეულ მოურავს საქართველოს მთავარმართებული ამტკიცებდა. გადასახადები მოურავებს გურიაში მიღებულ ძველ „ჩვეულებაზე“ დაყრდნობით უნდა აეკრიფათ. ხაზინაში შესული შემოსავლების შესახებ იმერეთის მმართველობისთვის უნდა წარედგინათ ანგარიში. სახაზინო მამულების მართვის გარდა, სხვა მხრივ მოურავები გურიის მთავარს უნდა დამორჩილებოდნენ, როგორც სახელმწიფოს მოხელეს, რომელიც წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. თუ რომელიმე მოურავი არ შეასრულებდა მთავრის ბრძანებებს, რომლებიც სახაზინო მამულებს არ ეხებოდა, მაშინ გურიელს ისე უნდა დაესაჯა ის, როგორც თავისი ქვეშევრდომი და არა როგორც მოურავი.70 მთავრობის მიერ აღნიშნული მოურავის მოცდენა მისი მოვალეობის შესრულების დროს იკრძალებოდა. ასევე გურიის მთავარს არ შეეძლო მოურავის დასჯა, თუ ეს სასჯელი მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა მას. თუ რომელიმე მოურავი მთავრის მიმართ უპატივცემულობას ან უხეშობას გამოიჩენდა, მაშინ საჩივრის საფუძველზე, ის მთავრობის მიერ იქნებოდა დასჯილი. აჯანყებაში მონაწილეობის გამო, იმერეთის თავადაზნაურობის ბევრმა წარმომადგენელმა დაკარგა თავისი მამულები. ამ მამულების ნაწილი მაშინვე დაურიგდა მთავრობს ერთგულ პირებს, დანაჩენი კი ხაზინას გადაეცა. ამგვარი სოფლების მართვა, ერმოლოვის განკარგულების თანახმად, დაევალა მოურავებს, რომლებიც იმერელი თავადაზნაურთაგან ინიშნებოდნენ. ამ მოვალეობის შესრულებას ერმოლოვის აზრით, რუსი მოხელეებისათვის მეტად ძნელი და შეუძლებელიც კი იქნებოდა. მოურავობა არც სამუდამო თანამდებობა იყო და არც მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მოურავები შემოსავალს იღებდნენ ჩაბარებული სოფლებიდან.

1821 წლის მარტში იმერეთის მმართველმა გორჩაკოვმა პროკლამაცია გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებდა, რომ ყოფილი ბუნტის გამო, აღარავინ დაისჯებოდა, გარდა რამდენიმე მთავარი „ბოროტმოქმედისა“. მათი სია პროკლამაციას ერთვოდა. სიაში ჩამოთვლილი პირები პატიებას არ იმსახურებდნენ და სამუდამოდ განდევნილი უნდა ყოფილიყვნენ იმპერიის საზღვრებიდან. სასტიკად იკრძალებოდა მათთვის თავშესაფრის მიცემა, ან რაიმე სახის დახმარების აღმოჩენა, ასევე მათთან ნებისმიერი ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველი მხილებული, განურჩევლად მისი წოდებისა, დაისჯებოდა რუსული კანონების მთელი სიმკაცრით. პროკლამაცია ავალდებულებდა დასახელებული პირების ნებისმიერ მპოვნელს, რომ გადაეცა ისინი რუსული მთავრობისათვის კარგი ანაზღაურების ფასად: „უმაღლესი მთავრობა ათანხმებს რა ზომიერებათა სისასტიკისათა მიუცემელთა დამტკიცებისათვის შეურყევლის სახით კვალად დადგინებულისა მშვიდობიანობისასა ამა ქვეყანას შინა, განუსაზღვრელის მოწყალებისა თანა დიდის ხელმწიფის ჩვენისასა, მომანდობს მე რათა სახალხოთ გამოუცხადო საზოგადო მიტევება ყოველთა მცხოვრებთა იმერეთისათა მონაწილეთა შარშანდელ აღრეულბათა შინა. ძალისამებრ ამა საერო გამოცხადების დღეის შემდგომ წარსულის აღრეულისათვის აღარავინ აღარ დაისჯების თვინიერ რომელთამე უპირველესთა ავაზაკთა, რომელნიცა საზოგადოდ ცნობისათვის აღინიშნებიან სიით.

მმართებლობა განსაზღვრავს რა ესე ვითარითა სახითა დაჰსჯასა ხალხისასა, დაჰსჯითა გვამთა უპირველესთა ბრალეულთა განდგომილებისა და უბედურებისა თანა მცხოვრებთათვისათა, მით აცხადებს ახალსა მაგალითსა შებრალებისასა. ნუ აღმოირიცხებისმცა ესე მეხსიერებისა თქვენისაგან.

ხსენებულნი სიასა შინა მუხანათნი არა ღირს არიან შეწყალების და სამუდამოდ განიდევნებიან საზღვართაგან იმპერიისათა. სასტიკად აღეკრძალვისთ ყოველთა და თვითოეულსა არა თუ მიცემა მათდა სადგურისა ანუ შემწეობისა რაგვარიც უნდა იყოს არამედ მცირედი მათთანა გამომცნაურებაც. წინააღმდეგ ამის ყოველი გამოაშკარავებული, განუსხვაებლად ღირსებისა, მიეცემის ყოველთა სასტიკთ როსიის სამართალთა ვითარცა მუხანათი. უკეთუ ვინიცობა არს, ვინმე ხსენებულთ ავაზაკთაგანმა გაჰბედა წაბილწვად სამძღუართა იმპერიასათა მოსვლით თვისით, იმისთვის ვალად დაედების ყოველსა რომელ ცოცხალი ანუ მკვდარი წარმოუდგინოს მთავრობას, რომლისათვის მიიღებს შესაფერის საჯილდაოს.“71 პროკლამაციას ახლდა „სია მუხანათთა, რომელნი სამარადისოდ განიდევნებიან სამზღუართაგან როსიის იმპერიისათა“. სიაში ჩამოთვლილები იყვნენ: მამუკა ბაგრატოვი, ბეჟან ფხეიძე, გოგია ფხეიძე, აბაშიძეები - ივანე ქაიხოსროს ძე, ნიკოლოზი როსტომის ძე ფინეზი, ქაიხოსრო ამიგაბარისძე, ალმასხანის ძე წულუკიძე, მეფე დავითის უკანონოდ შობილი შვილები, ვახტანგ ბაგრატოვი და მისი მცირეწლოვანი ძმა ტარიელი (რომლებიც სინამდვილეში მეფე დავითის შვილიშვილები იყვნენ); სახაზინო აზნაური სოსიკა იაშვილი, სათავადო აზნაურნი და გლეხები: გლახუნა ბაკურაძე, ვახტანგ სვანიძე, გრიგოლ ჯაფარიშვილი, ზურაბ ჯაფარიშვილი, ეგნატე კიპრიაშვილი, შოშიტა ტყეშელაშვილი, გოგია, ნიკო, ბერუკა ნონიას შვილები; ბერუკა ხოტებაშვილი, ბუჩუნიკა კობახიძე, მღვდელი დავით ბუაძე, სულ 27 კაცი. გორჩაკოვი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მთავრობამ თავისი დიდსულოვნების გამო აპატია მოსახლეობას, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და გამოწვეული იყო აჯანყების მეთაურებთან ბრძოლის სიძნელით. მათი დიდი ნაწილი მთავრობას ემალებოდა და მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობდა.

დაპატიმრებები და გადასახლებები კიდევ დიდხანს გაგრძელდა. დაპატიმრებულთა შორის იყო დიდი ჯგუფი წვრილი აზნაურებისა და გლეხების, მათ შორის გლახა დონაძე, ადამა ჭელიძე, მიქელა რაზმაძე, გლახუნა ბაკურაძე, ვახტანგულა სვანიძე, ბერიკა ხოტებაშვილი და სხვები. ეს უკანასკნელი აჯანყებულთა შეიარაღებული რაზმების მეთაური იყო.

1821 წლის 21 მარტს გორჩაკოვი უგზავნის პატაკს გენერალ ველიამინოვს, საიდანაც ჩანს, რომ რაჭის ოლქის უფროსმა, კაპიტანმა კადნიკოვმა, გარდა გორჩაკოვის პატაკში აღნიშნული ორი მეამბოხისა, ქუთაისში გაგზავნა, კიდევ ხუთი მეამბოხე, ხოლო პოლკოვნიკმა ქაიხოსრო წერეთელმა - ორი. ადრე გაგზავნილებთან ერთად, შეპყრობილი მეამბოხეთა რიცხვმა 9 შეადგინა. გორჩაკოვ მე-2-მ ველიამინოვს გაუგზავნა მათი სია. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პროკლამაციის თანახმად, სამუდამოდ უნდა ყოფილიყვნენ რუსეთის საზღვრებიდან განდევნილი:

1. სახაზინო აზნაური სოსიკა იაშვილი. აჯანყების დროს დადიოდა სოფლებში ხალხის ასაჯანყებლად, აფიცებდა მათ და ყოველმხრივ ითვლებოდა უპირველეს მოქმედ პირად. გორჩაკოვის მოსაზრების თანახმად, ის სამუდამოდ უნდა ყოფილიყო გადასახლებული ციმბირში. 2. თავადი წერეთლების აზნაური ოტია დანიელაშვილი გამყრელიძე. აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ შემჩნეული იყო უფროსობისადმი ურჩობაში, ვინაიდან ერთ-ერთი უფროსის მოთხოვნისამებრ არ გამოცხადდა პასუხის გასაცემად პირად საქმეზე. დიდი ხნის განმავლობაში გაქცეული იყო, ხოლო სახლში დაბრუნების შემდეგ, შეიფარა თავისი ვაჟები, რომლებსაც აჯანყებაში მონაწილეობის გამო, განდევნა ჰქონდათ მისჯილი. ოტიას მიესაჯა ქუთაისში პატიმრობაში ყოფნა შემდგომი განთავისუფლებით. მისი ვაჟები (3) გოგია, (4) ნიკო, (5) ბერუკა. მონაწილეობას იღებდნენ აჯანყებაში, იქამდეც გაქცეულები იყვნენ. უფროსობისადმი დაუმორჩილებლობისა და ყაჩაღობის გამო, დადგენილი იყო მათი შეპყრობა. გორჩაკოვის განაჩენის მიხედვით, მათ ჯარისკაცებად უნდა ემსახურათ თადარიგში გასვლის უფლების გარეშე, ან გადასახლებული უნდა ყოფილიყვნენ. ოტიას მეოთხე ვაჟი (6) დარასპა. მას აჯანყებაში მონაწილეობა არ მიუღია. მამასთან ერთად გაქცეული იყო. გორჩაკოვმა მას დროებითი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. 7. ზურაბ ჯაფარაშვილი. იმყოფებოდა უმთავრესი მეამბოხეების რიგებში. ადრეც შემჩნეული იყო ყაჩაღობაში. გორჩაკოვმა ჩათვალა, რომ ის სხვებთან შედარებით ნაკლებად დამნაშავე იყო, რის გამოც ციმბირში სამუდამო გადასახლება შეუფარდა. გლეხები: 8. გლახუნა ბაკურაძე და 9. ბერიკა ხოტებაშვილი. ხალხის უპირველესი ამბოხებლები იყვნენ. ბერიკა იყო ხევისთავი, ანუ აჯანყებულთა უფროსი. მათ ციმბირში სამუდამო გადასახლება შეეფარდათ.72

ველიამინოვმა გორჩაკოვის მიერ შემოთავაზებული სადამსჯელო ზომები მოიწონა და დააზუსტა, რომ ოტია გამყრელიძე და მისი შვილი დარასპი ორი თვით გაუბვახტში ჰყოლოდათ. აჯანყების მონაწილე დანარჩენი შვიდი კაცის მიმართ კი ტფილისში ჩასვლისთანავე მიღებული იქნებოდა სასჯელის ის ზომა, რომელიც გორჩაკოვის 31 მარტის პატაკში იყო განსაზღვრული. ამის შემდეგ პროკლამაციაში დასახელებული სხვა მეამბოხეთა შეპყრობა მოხერხდა. ესენი იყვნენ თავადი წერეთლების აზნაური ეგნატე კიპრიაშვილი და გურული თავადის დავით ერისთავის, აზნაური ზურაბ ქაიხოსროს ძე სეხნიაშვილი. ისინი ადრე დაპატიმრებულ ბეჟან სეხნიაშვილთან ერთად, ქუთაისიდან ტფილისში უნდა ყოფილიყვნენ გაგზავნილი სასწავლო ბატალიონის თანხლებით, რაც შესრულდა კიდეც. პოდპოლკოვნიკი აფხაზოვი ველიამინოვს უპატაკებდა, რომ 9 ადამიანი გადასახლებულ იქნა ციმბირში და ურთავდა მათ სიას, ხოლო გორჩაკოვი აზუსტებდა, რომ ამ სიაში არ იყო ბეჟან სეხნიაშვილი, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში ჩოხატაურში იხდიდა პატიმრობას. ტფილისის კომენდანტმა ბრძანება მიიღო, რომ ზემოხსენებული 9 კაცი ირკუტსკში გაეგზავნა. ბრძანების თანახმად, აჯანყების მონაწილე და უცხოეთში გადახვეწილი იმერელი თავადების, ამირგაბარ აბაშიძის ვაჟების, ქაიხოსროს და ზურაბის, მამული ხაზინაზე უნდა ყოფილიყო გადაცემული, რათა აჯანყების დროს დაზარალებული ოჯახების დასაჩუქრებას მოხმარებოდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს „მოღალატეები“ არ იყვნენ გამოყოფილი ამირგაბარ აბაშიძისგან და თავისი საკუთარი ქონება არ გააჩნდათ. ამირგაბარს კი, მათ გარდა, კიდევ ორ ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ერთ-ერთმა განაცხადა, რომ ქონება მის მიერ იყო შეძენილი, რაც არ დადასტურდა. მამული ამირღაბარის შეძენილი აღმოჩნდა. მას კი აჯანყებაში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული. გორჩაკოვი რთული ამოცანის წინაშე დადგა და გადაწყვეტილების მიღება ველიამინოვს სთხოვა.73 ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსი სამხედროები მკაცრად იცავდნენ იერარქიას და ცდილობდნენ ზემდგომის დაუკითხავად პასუხისმგებლობა არ აეღოთ საკუთარ თავზე.

1821 წლის 20 მაისს გორჩაკოვი ველიამინოვს ატყობინებდა, რომ იმერეთის აჯანყების მონაწილეთაგან, მასთან რაჭიდან მიყვანილი იქნენ სათავადო აზნაური გრიგოლ ჯაფარაშვილი და გლეხები: ბუჭუნიკა კობახიძე და შოშიტა ტყეშელაშვილი, რომლებიც პროკლამაციასთან თანდართულ სიაში ირიცხებოდნენ რუსეთიდან გასასახლებულთა შორის. გორჩაკოვმა გადაწყვიტა მათი სამუდამო გადასახლება ციმბირში, რისთვისაც ჯერ ტფილისში უნდა გაეგზავნა.

საარქივო დოკუმენტი გვაუწყებს, რომ ქალაქ ირკუტსკში გადასახლებული „ბუნტოვშჩიკი“ ივანე იაშვილი 1821 წლის ივნისში გზაშივე გარდაიცვალა.74

პოდპოლკოვნიკმა მიხინმა იმერეთის მმართველ გორჩაკოვ მეორეს წარუდგინა საგანგებო კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგები, რაც შეეხებოდა ჩოხატაურში პატიმრობაში მყოფ გურულებს - თავად ლომინ ერისთავს და აზნაურებს: ლევანიკა ქადაგიძეს, სიმონიკა ასათიანს და ზურაბ ქაიხოსროს ძე სეხნიაშვილს, რომლებიც 1820 წელს აჯანყებაში მონაწილეობდნენ. ძიებამ დაადგინა, რომ ლომინ ერისთავი აჯანყების დროს თავს წარმოაჩენდა რუსული ხელმძღვანელობის ერთგულად და ზოგჯერ ცხადდებოდა მასთან, მაგრამ ამავე დროს ტოვებდა ხოლმე რაზმს და ჩნდებოდა მეამბოხეებს შორის, რაშიც მას მოწმეები ამხელდნენ, რომლებიც თან მის გამართლებასაც ცდილობდნენ. აზნაურებიდან: 1. ქადაგიძე, მართალია არ აღიარებდა კაზაკების მკვლელობას ნაგომართან ახლოს, რაშიც ზოგიერთი მოწმე ამართლებდა მას, მაგრამ რამდენიმე კაცი ამხელდა. 2. ასათიანი აღიარებდა, რომ ის აჭარის მთებში იმყოფებოდა „მოღალატე“ ქაიხოსრო გურიელთან, მაგრამ ვითომდა ამ უკანასკნელს ვალი ჰქონდა და ვალის ამოსაღებად იყო წასული, რაც კომისიამ არ დაიჯერა. 3. ზურაბ ქაიხოსროს ძე სეხნიაშვილი გამოტყდა, რომ აჯანყების დროს და შემდეგაც ის უცხოეთში იმყოფებოდა სამ „მოღალატესთან“ დავით, სიკო და მაქსიმე ერისთავებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ის იარაღით ხელში მოქმედებდა რუსების წინააღმდეგ. იმერეთის მმართველმა გორჩაკოვმა დაადგინა, ლომინ ერისთავის სამუდამოდ გასახლება იმერეთიდან და რუსეთში, რომელიმე პოლკში რიგითად ჩარიცხვა, ხოლო ქადაგიძის, ასათიანის და სეხნიაშვილის ციმბირში გადასახლება. ზოგი სასამართლოს გარეშე, მეფის მოხელეებისა და მეფის ჯარების მეთაურების ბრძანებით დასაჯეს. გადარჩენილი მასალები, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლულია, გვიხატავენ რუსეთის მთავრობის მიერ აჯანყებულებთან სასტიკი ანგარიშსწორების სურათს. „გოგია გოხაძე ადგილზე იქნა ჩამოხრჩობილი“ წერდა გორჩაკოვი თავის მოხსენებაში. ველიამინოვის წინადადებაზე, რომ ჩამოეხრჩოთ ქაიხოსრო, კიკოლა ჯაფარიშვილები და ფირანა კიკილაშვილი, გორჩაკოვმა აცნობა, რომ ფირანა უკვე ჩამოხრჩობილი იყო, ხოლო ჯაფარიშვილების დახვრეტა გადაიდო, ვინაიდან მათ განაცხადეს, რომ თავადები იყვნენ.75 დასაპატიმრებელთა სიაში შეყვანილი გრიგოლ ჩხეიძის ნაცვლად, მისი ნათესავი შეიპყრეს. შორაპნის ოლქის სოფელ საქარიქედში მცხოვრებმა აზნაურმა სვიმონ მაჭავარიანმა ერმოლოვს მისწერა თხოვნა, რომელიც თავისი სიძის, ვახტანგ ჩხეიძის შეცდომით დაპატიმრებას და გადასახლებას შეეხება. „დროსა იმერეთის სამღვდელოთა და თავადთა წამოყვანისასა“, უნდოდათ გრიგოლ ჩხეიძის დაპატიმრება, მაგრამ მისი მოძებნა ვერ შეძლეს. მის სახლში მისულებს მისი ბიძაშვილისშვილი, ვახტანგ ჩხეიძე დახვდათ, რომელიც დაიჭირეს და რუსეთში მაშინდელთა გაგზავნილთა თანა შეცთომით აღრიცხეს და გაგზავნეს“,76 რაც მაშინდელ განუკითხაობაზე მეტყველებს. სვიმონ მაჭავარიანს რუსეთიდან სიძის დაბრუნება მოუხერხებია, მაგრამ ახლა ის მაინც დაპატიმრებული ჰყოლიათ. მის გასათავისუფლებლად სვიმონი იმიტომ უფრო ბედავდა ერმოლოვის შეწუხებას, რომ რუსეთის ერთგულებისთვის თავად მას „თექვსმეტამდე ათესტატნი“ ჰქონია მიღებული.

დოკუმენტებიდან ჩანს ცალკეული ადამიანების ბედი. ასე მაგალითად, 1821 წლის 23 აგვისტოს გორჩაკოვ მე-2 ველიამინოვს უგზავნის პატაკს: „თანახმად თქვენი აღმატებულების 30 ივნისის ბრძანებისა №2305 ჩოხატაურიდან ქუთაისში ჩამოყვანილი პატიმრები - თავადი ლომინ ერისთავი და აზნაურები ლევანიკა ქადაგიძე, სიმონიკა ასათიანი და ზურაბ ქაიხოსროს ძე სეხნიაშვილი ტფილისს გავამგზავრე“.77 ამავე საარქივო საქმეში ინახება ლომინ ერისთავის ფორმულარული ნუსხა, საიდანაც ვიგებთ, რომ ის ყოფილა 19 წლის, ჰქონია თეთრი სახე, მოგრძო ცხვირი, მოყვითალო თვალები, შავი თმები და წვერ-ულვაში. დაქორწინებული ყოფილა იმერელ ბატონიშვილ ელენე გრიგოლის ასულზე. მომდევნო დოკუმენტიდან ჩანს, რომ ლომინ ერისთავი და იმერელი თავადი ბაქარ იაშვილი სამხედრო სამსახურში ჩაურიცხავთ ფინურ კორპუსში.78 ჩვენამდე მოღწეულია აჯანყების დროს მოკლული, იმერეთიდან გადასახლებული, დაპატიმრებული და მიმალვაში მყოფი მეამბოხეების არასრული სიები.79 აქვეა აღნიშნული მათი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელი, აგრეთვე ის, თუ ვისი მამული უნდა ყოფილიყო ხაზინაზე გადაცემული და რაც მთავარია, მეამბოხეებისათვის გორჩაკოვის მიერ გამოტანილია განაჩენი, რომელიც დამტკიცებულია ველიამინოვის მიერ.80

აჯანყებულებთან ბრძოლაში რუსულმა ჯარებმაც საგრძნობი დანაკარგი განიცადეს. პოტოს თანახმად, მხოლოდ გურიაში რუსულმა ჯარმა დაკარგა 209 კაცი მოკლულთა და მძიმედ დაჭრილთა სახით. აქედან შემომქმედის ციხესთან 103, ხოლო ჩოხატაურის საგუშაგოსთან 75 კაცი.

დაპატიმრებები და გადასახლებები დიდხანს გაგრძელდა. ზოგიერთი მეამბოხე, მათ შორის ბუჭუა ქორქია, ნიკოლოზ ზამხარაია, თავადი გოგია ფხეიძე მხოლოდ 1823 წელს იქნენ დაპატიმრებული. აჯანყების მონაწილეთა ძიება, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ტყეებში იმალებოდა და იმერეთიდან საქართველოს სხვა მხარეებში ან ოსმალეთში გაიქცა, მთავრობას დიდ სიძნელეებს უქმნიდა. დასჯილთა შესახებ ცნობები სრული არ არის, ბრძოლაში დაღუპულთაგან მხოლოდ გამორჩეული პირები იყვნენ აღრიცხული. დანარჩენების სახელებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაღუპულთა რიცხვი გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ის სიებიდან ჩანს. უამრავი აჯანყებულის ვინაობა და ბედი ჩვენთვის უცნობია. ერთ-ერთი მათგანი ყოფილა თავადი ლევან დადიანი, დავით ბატონიშვილის ასულის, მაიას მეუღლე, რომელიც „ბუნტოვშჩიკად“ და გარდაცვლილად მოიხსენიება.81 მისი სახელი მეამბოხეების სიაში შეტანილი არ არის და არც მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ არსებობს ცნობები. რეპრესიები იმერეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეეხო, ვინაიდან აჯანყება საერთო სახალხო ხასიათს ატარებდა და საკუთარი მონარქიის აღდგენას ისახავდა მიზნად.

სამეცნიერო ლიტერატურაში აჯანყების ერთ-ერთ მეთაურის, ივანე აბაშიძის შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ „როგორც ჩანს ბაგრატიონი უფლისწულების მსგავსად, რუსეთის მთავრობასთან შერიგება მასაც შესაძლებლად მიაჩნდა მხოლოდ კომპრომისის საფუძველზე, თუ აღიარებული იქნებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიური სამეფოს არსებობა.“82 ჩვენს მიერ განხილული დოკუმენტები ამის თქმის საფუძველს არ იძლევა. აჯანყებულები საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის იბრძოდნენ. არ ჩანს, რომ მათ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დარჩენა მოეთხოვათ. დუბროვინის მოწმობით, ვახტანგ ბატონიშვილი აჯანყებულებს ასე ამხნევებდა: „დაიჯერეთ, რომ ქუთაისის ქვემოთ არც ერთი რუსი არ დაგვიტოვებია, ყველა გავანადგურეთ“.83 აჯანყებულთა მიერ შედგენილ ქარტიაში კი პირდაპირ იყო გამჟღავნებული მათი ბრძოლის მიზანი - „მთლად გაწყვეტა რუსებისა და საკუთარი მეფის არჩევა“.84

აჯანყება ბოლოს და ბოლოს ხიშტებით იქნა ჩახშობილი. ამის შემდეგ საეკლესიო რეფორმა იმერეთში თანდათანობით, სამოქალაქო ხელისუფლების მონაწილეობით განხორციელდა, ერმოლოვის მიერ ჩაფიქრებული გეგმით. ვ. ივანენკო აღნიშნავს, რომ აჯანყებამ მაინც საკმაოდ შეარყია მთავრობის ავტორიტეტი იმერეთში. გახშირდა დაუმორჩილებლობის შემთხვევები. ასე მაგალითად, სოფელ საზანოს მცხოვრებლებმა უარი განაცხადეს ბეგარის გადახდაზე და მთებში გადაიხიზნენ. ისინი იმუქრებოდნენ, რომ ესროდნენ ყველას, ვინც მათ შეწუხებას გაბედავდა. შეფერხდა სამოქალაქო მმართველობის განვითარება და ის ძირითადად ისეთივე დარჩა, როგორც რტიშჩევის დროს იყო. მხოლოდ სახაზინო ნაწილი, რაც ითვალისწინებდა სახაზინო ფულადი თანხების აღრიცხვას, დივანს გადაეცა, რომელსაც სახელი შეეცვალა და დროებითი საოლქო მმართველობა ეწოდა.85

იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყებაში უდიდესი წვლილი ბაგრატიონთა საგვარეულომ შეიტანა. ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც მთელი საქართველოსათვის განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმმართველ ძალას წარმოადგენდა, იმერეთის აჯანყებაში სიმბოლურად, დაუსწრებლად მონაწილეობდა. რეალურ ბრძოლაში კი ბაგრატიონთა იმერული შტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ და თავს წირავდნენ, რის გამოც ჩვენი ნაშრომის მომდევნო ნაწილი მათი ვინაობის და წვლილის გაშუქებას დაეთმობა.

3 თავი III. ბაგრატიონთა იმერული შტოს წარმომადგენლები

▲ზევით დაბრუნება


3.1 3.1. რუსეთის იმპერიიდან განდევნილი აჯანყების მონაწილე ბაგრატიონები

▲ზევით დაბრუნება


1821 წლის 12 მარტს იმერეთის მმართველმა, გენერალ მაიორმა თავადმა გორჩაკოვმა გამოაქვეყნა პროკლამაცია იმერეთის მოსახლეობისადმი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ხელმწიფე იმპერატორმა თავისი უსაზღვრო სიკეთის გამო, აპატია იმერეთის ყველა მცხოვრებს, რომელმაც შარშანდელ ბუნტში მიიღო მონაწილეობა. ამ პროკლამაციის ძალით, ამის შემდეგ აღარავინ იქნება დასჯილი, გარდა რამდენიმე მთავარი ბოროტმოქმედისა, რომელთა სიაც პროკლამაციას ერთვის. სიაში ჩამოთვლილი მოღალატეები არ იმსახურებენ პატიებას და სამუდამოდ განიდევნებიან იმპერიის საზღვრებიდან. უმკაცრესად ეკრძალება ყველას და თითოეულს მათთვის არა მხოლოდ თავშესაფრისა და დახმარების მიცემა, როგორი სახისაც არ უნდა იყოს, არამედ თუნდაც ოდნავი თანაგრძნობა მათდამი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ყოველი ახლობელი, მიუხედავად წოდებისა, დაისჯება რუსეთის კანონების მთელი სიმკაცრით, ვითარცა მოღალატე.

თუ მიუხედავად ამისა, ხსენებულ ბოროტმოქმედთაგან რომელიმე გაბედავს იმპერიის საზღვრების შებილწვას თავისი იქ ყოფნით, ვალად ედება თითოეულს (მცხოვრებს მ.ხ.), რომ ეს (პირი) ცოცხალი ან მკვდარი მიუყვანოს უფროსობას, რაშიც მიიღებს კარგ ანაზღაურებას.1 პროკლამაციას ერთვის „სია მუხანათთა, რომელნი სამარადისოდ განიდევნებიან სამზღვართაგან რუსიის იმპერიისათა“.2 თავადებს შორის არიან მამუკა ბაგრატიონი, ვახტანგ ბაგრატიონი, მისი მცირეწლოვანი ძმა ტარიელი. სიაში ჩამოთვლილია სულ 27 კაცი, პროკლამაცია დაიწერა ქუთაისში.

დევნილი ბაგრატიონები თურქეთში გადაიხვეწნენ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ვახტანგ ბაგრატიონი იყო.

გამგე ბატონიშვილი როსტომ.14

ო. სოსელია იმოწმებს რა ვახტანგ VI-ს კანონების 110-ე მუხლს, ასკვნის, რომ როსტომი, როგორც უკანონო შვილი მამის მემკვიდრეობის უფლებას მოკლებული იყო.15 თეორიულად სწორი მსჯელობაა, მაგრამ რეალურად სხვაგვარად იყო, რაზედაც მეტყველებენ ქვემოთ მოყვანილი ამონარიდები:

„ქ. წყალობითა მღვთისათა ესე ამიერიდგან უკუნისამდე საბოლოოთ გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი დაგიწერე მეფის ძემ ბატონისშვილმა როსტომ და შვილმან ჩემმან ვახტანგ შენ ჩვენს მარად საყვარელს მოლარეთ ხუცესს წერეთელს გიორგის… მთხოვე ის ადგილი და მოგეცი, რომელიც ჩემმა მოხელემ იმ ნასყიდელა გლოველს და მის შვილს კიკოლას და გოგიას და ლუკას შემოარონია და ჩააბარა. დღეს რომელიც მას მიწა უჭირავს შენთვის გვიბოძებია ის პარტახი ტყიან საფლავიანათ. გქონეს და გიბედნიეროს თან ყოველის კაცის უცილობლად...“16

ამ დოკუმენტის მიხედვით, ვერ ვიტყვით, რომ როსტომი მამის მემკვიდრეობის უფლებას მოკლებული იყო. ის ისე წერს წყალობის სიგელს, როგორც სრულუფლებიანი ბატონიშვილი. მისი შვილებიც ბატონიშვილებად იწოდებოდნენ. მოგვაქვს ამონარიდი მათ მიერ თავად ბეჟან წერეთლისთვის მოძებული წყალობის სიგელიდან: „ქ. წყალობითა ღმრთისათა მაღლისათა ჩვენ ბატონიშვილმა როსტომის ძემ ვახტანგმა და ჩემმა ძმამ ტარიელმა ესე მტკიცე და უკუნითი უკუნისამდე მოუშლელი წყალობის წიგნი აღგიწერეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენს საყვარელს და სასურველს სიძეს თავადს მოურავს ბეჟანს წერეთელს... და გიბოძეთ სიქთარუაში ადგილი მამული გიორგიტა და ვანიკა ნადირიშვილისსოული...“.17 ბეჟან წერეთელს ვახტანგი თავის სიძედ მოიხსენიებს. (ვახტანგის მამას, როსტომს ჰყავდა და, ატატო ბატონიშვილი, მეფე დავით II-ის უკანონო შვილი, რომელიც იხსენიება კონსტანტინე ბატონიშვილის 1805 წლის შეწირულობის წიგნში, როგორც „მეფე დავითის ასული“.18 მაგრამ ატატო ბეჟან წერეთლის ცოლი არ არის. ბეჟანის ბიძაშვილს, ნიკოლოზ გიორგის ძე წერეთელს კი ჰყავდა ცოლი, სახელად ატატო, რომლის გვარიც უცნობია „Атато¹“.19 ამ ოჯახების სიახლოვის გათვალისწინებით საფიქრებელია, რომ ეს ატატო როსტომის და იყო). ვახტანგს და ტარიელს ჰყავდათ და, რომელიც ბეჟან ბეჟანის ძე წერეთელზე იყო გათხოვილი, ამიტომ, ბეჟანი მათი სიძე იყო.

იმერეთის 1819-1820 წლების აჯანყებაში ვახტანგ ბატონიშვილის მონაწილეობის გამო, მთელი მისი ოჯახი დაისაჯა. 1820 წლის 7 სექტემბერს შედგენილი სიიდან ჩანს, რომ ბატონიშვილები ვახტანგ და მისი მცირეწლოვანი ძმა ტარიელი, გაქცეულები იყვნენ. ვახტანგის დედა, თავადი მიქელაძის ასული მარიამი, მეუღლე დონა, თავად იმერეთის აჯანყების დროს, იმერეთის ტახტზე სამი პრეტედენდენტი გამოიკვეთა: 1. ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელმაც როგორც ვნახეთ, სათანადო აქტიურობა ვერ გამოიჩინა; 2. იოანე აბაშიძე, რომელიც დოკუმენტების მიხედვით, საკმაოდ გაორებული პიროვნება ჩანს. ამასთან, ის მხოლოდ დედის მხრიდან იყო ბაგრატიონთა შთამომავალი, რაც მას ქართული სამეფო ლეგიტიმიზმის თანახმად, ტახტზე ასვლის უფლებას არ აძლევდა. დავით ბატონიშვილი თავის რჯულდებაში ნათლად განმარტავს, რომ მეფის ასულთა ძენი მოკლებულნი იყვნენ სამეფო ღირსებას.3 თამარ მეფისა და რუსუდან დედოფლის შვილების მაგალითი არ გამოგვადგება, რადგან მათი მამები დაბადებით უფლისწულები იყვნენ. სამეფო ღირსება შვილზე მამიდან გადადის. გარდა ამისა, მას შემდეგ ქალის გამეფების წესი შეიცვალა. დავით ბატონიშვილიც დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სამეფო ოჯახის მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, ქვრივი დედოფალი, ან ბატონიშვილი ქალები ტახტის მემკვიდრეები არ იყვნენ.4 აქედან გამომდინარე, სოლომონ I-ის ქალიშვილი, დარეჯან ბატონიშვილი ვერც თვითონ იქნებოდა იმერეთის ტახტის მემკვიდრე და ვერც თავის შვილს, ივანე აბაშიძეს გადასცემდა მემკვიდრეობას. მართალია, ამბოხებულთა ნაწილმა იოანე მეფედ აირჩია, მაგრამ ჩვენში მეფობა მემკვიდრეობითი იყო და არა არჩევითი.5 3. მესამე პრედენდენტი, ვახტანგ ბაგრატიონი, მეფე დავით II-ის უკანონო ვაჟის, როსტომ ბატონიშვილის შვილი იყო. შეთქმულთა ნაწილი, განსაკუთრებით კი რაჭაში, მის გამეფებას უჭერდა მხარს. ბაგრატიონის გვარი მას უპირატესობას ანიჭებდა, რადგან საუკუნეების მანძილზე ქართველები სხვა გვარის წარმომადგენელს მეფედ ვერ მოიაზრებდნენ, მაგრამ ბატონიშვილის სუსტი წერტილი მისი მამის, როსტომ ბატონიშვილის, უკანონოდ შობის ფაქტი იყო. ქართველ მეფეებს ერთი ცოლი ჰყავდათ. ხარჭისგან ნაშობი შვილი კანონოიერ უფლისწულს ვერ უტოლდებოდა და იყო „რეცა სახელდებული შვილად მეფისა“.6 ქართული ლეგიტიმიზმი უკანონოდ ნაშობი ბატონიშვილის უფლებებს არ აღიარებდა, მაგრამ რეალური სურათი სხვა იყო. როდესაც გიორგი IV ლაშა გარდაიცვალა „წაიყვანეს მაშინვე გელათს, დამარხეს საფლავსა მამისა მისისა და არა დარჩა ცოლს თანა გვირგვინისა შვილი“.7 ბაგრატიონთა დინასტია მისმა უკანონოდ შობილმა შვილმა დავით-ულუმ და რუსუდან დედოფლის შვილმა დავით-ნარინმა განაგრძეს, ხოლო ამ უკანასკნელის ხაზის შეწყვეტის შემდეგ მხოლოდ დავით-ულუს შთამომავლები მეფობდნენ და დღემდე აგრძელებენ ბაგრატიონთა გვარს. იმერეთის სამეფოს არსებობის მანძილზე ოთხჯერ იყო შემთხვევა, როდესაც უკანონოდ შობილი უფლისწულები გაამეფეს. აქედან გამომდინარე, ვახტანგ ბატონიშვილი სავსებით რეალური კანდიდატი იყო. ვახტანგ ბატონიშვილი, როგორც ვთქვით, იყო მეფე დავით II-ის უკანონო შვილის, როსტომ ბატონიშვილის ძე. სამეცნიერო ლიტერატურაში ხსენებული როსტომი შეცდომით იდენტიფიცირებული იყო სხვა როსტომ ბატონიშვილთან, რომელიც მეფე ალექსანდრე V-ის უკანონო შვილიშვილის, სვიმონ ბატონიშვილის ძე იყო. ო. სოსელია ვახტანგის მამის შესახებ წერდა: „როსტომის თანამეცხედრე იყო მხეიძის ქალი ელისაბედი. ჰყავდა სამი ვაჟი - ვახტანგ (II), სიმონ, ტარიელ და სამი ასული - მზეხათუნ (III), ირინე და პახუა“.8 აქ ჩამოთვლილი პირებიდან მხოლოდ ვახტანგი და ტარიელი იყვნენ ძმები და როსტომის შვილები. სიმონი - ბაგრატ ბატონიშვილის ძე იყო, მზეხათუნ, ირინე და პახუა (იგივე ანასტასია) სიმონის შვილიშვილები იყვნენ, ელისაბედ მხეიძე კი - რძალი, როსტომ სიმონის ძის მეუღლე. ო. სოსელია წერს, რომ „როსტომ დავითის ძე ვასალურად ემსახურებოდა თავის ძმას, კონსტანტინეს და მის კარზე სახლთუხუცესის თანამდებობა ეკავა“.9

როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, იმერეთის ტახტის მემკვიდრედ აღიარებული კონსტანტინე დავითის ძე თავის ნახევარძმას ბატონიშვილად მოიხსენიებს. ასე მაგალითად, ერთ წყალობის სიგელში, რომლითაც “სრულიად იმერთა უფლისწულმან მეფის ძემ” კონსტანტინემ და მისმა თანამეცხედრემ, აბაშიძის ასულმა ანასტასიამ კამლაძე მამუკელას შვილები და შთამომავლები გადასახადისაგან გაათავისუფლეს, მოწმედ პირველი „ბატონიშვილი როსტომი“ დაასახელეს.10

1807 წელს კონსტანტინემ ბეჟან წერეთელს ბოქაულთუხუცესობა უბოძა: „აწ არიან ბრძანებულისა იმის ჩვენისა მოწამე ჩვენი ძმა ბატონისშვილი როსტომ...11

1808 წელს კონსტანტინემ თავის ერთგულ თავად ბეჟან წერეთელს სახელოდ სოფ. სვირი უბოძა და სვირის მოურავად დაადგინა. პირველ მოწმედ კვლავ დასახელებულია „ჩვენი ძმა ბატონისშვილი როსტომ“.12 ასევე 1809 წელს კონსტანტინე ბატონიშვილის მიერ აზნაურ სიმონ ქავთარაძისთვის მიცემულ წყალობის წიგნში მოწმეებს შორის პირველ ადგილზეა „ჩვენი ძმა ბატონიშვილი როსტომ“.13 ხოლო მღვდელ გიორგი ჯუღელისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში კონსტანტინეს მოწმედ მოჰყავს „ძმა და სახლისა ჩემისა ლორთქიფანიძის ასული და ქალიშვილი ანასტასია, ტფილისში იქნენ გაგზავნილი“.20 ქუთაისში გამოცხადდა მთავარმართებლის ბრძანება: „ჟამსა ყოფილისა აწინდელსა წელსა იმერეთსა შინა განუსვენებლობისა რომელნიმე თავადთა და აზნაურთაგანი უარმყოფელნი ფიცისა თვისისა და ვალდებულებითის ერთგულებისა ხელმწიფე იმპერატორისადმი განშორებულ არიან მმართებლობის მიერ ამა ქვეყნიდან...“21 ვახტანგ და ტარიელ ბატონიშვილები არა მხოლოდ განდევნილ იქნენ, არამედ მათ მამულიც ჩამოერთვათ. რუსეთის მთავრობა ხაზს უსვამდა, რომ ძმები უკანონოდ შობილი მამის შვილები იყვნენ. „მეფის დავითის ბუშნი: ვახტანგ ბაგრატოვი, ყრმა ძმა მისი ტარიელ“22. ვახტანგს „უკანონოდ შობილ ურჩხულს“ უწოდებდნენ, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. სოლომონ I-ის უკანონოდ შობილი შვილიშვილის „გიორგი ბუშის“ შვილები კი, რომლებიც იმპერატორისადმი ერთგულებით გამოირჩეოდნენ, იმ დროს რუსეთში იმყოფებოდნენ და პატივით სარგებლობდნენ. მათი უკანონო წარმოშობა არაფერში უშლიდათ ხელს.

ი. ახუაშვილი წერს: „აჯანყების ჩახშობის შემდეგ ტარიელი და ვახტანგი ბაგრატიონები ირანში გადაიხვეწნენ და მათი შემდგომი ბედი უცნობია“.23 სინამდვილეში, ძმები ჯერ ახალციხეში გაიქცნენ, მათი შემდგომი ბედის შესახებაც ზოგი რამ ცნობილი იყო, ზოგიც ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან შევიტყვეთ. აღსანიშნავია, რომ ი. ახუაშვილი არ იხსენიებს ვახტანგის ცოლ-შვილს. ნაცვლად ამისა, გვთავაზობს ვერსიას, თითქოსდა ნიჟარაძეების მამულში, სოფ. ოფშკვითში, ძმებიდან ერთ-ერთს შეეძინა ვაჟიშვილი, რომელსაც სახელად პაპუნა დაარქვეს. „პაპუნა დარჩა საცხოვრებლად სოფელ ოფშკვითში. შემდგომ მას უბოძეს მომიჯნავე სოფელი მუხიანი (ქვაჭარი), სადაც ჩაეწერა საეკლესიო აზნაურად. როგორც აღვნიშნეთ პაპუნა - იმერელ ბაგრატიონთა შთამომავალი ითვლებოდა საეკლესიო აზნაურად. პაპუნას შვილი გიორგი, როგორც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მეამბოხე ბაგრატიონთა შთამომავალი იძულებულია იწერებოდეს უკვე ბაბუნაშვილად.“24 ეს ვერსია არაფრით არის გამყარებული. გაუგებარია, ვახტანგისა და ტარიელის გადახვეწის შემდეგ, როდესაც მათი კუთვნილი მამული ხაზინას გადაეცა და ვახტანგის კანონიერი ცოლ-შვილი საარსებო საშუალების გარეშე დარჩა, ვინმე პაპუნას, რომელიც არსად არ არის დაფიქსირებული, რუსეთის მთავრობა რატომ „უბოძებდა“ სოფელს? ამ საკითხზე იმიტომ შევჩერდით, რომ ყოველი უზუსტობა და გაუგებრობა თვითმარქვია ბაგრატიონების გამოჩენის წინაპირობას ქმნის. ი. ახუაშვილი განმარტავს: „პაპუნა ბაგრატიონის შთამომავლები, გვარად ბაბუნაშვილების ეს შტო არ შეიძლება მოხვედრილიყო გეორგიევსკის ტრაქტატს დართულ თავადაზნაურთა სიაში გვიანი წარმოშობის გამო“. არარსებული პიროვნების, პაპუნა ბაგრატიონის შთამომავლებს, (გლეხ ბაბუნაშვილებს), გეორგიევსკის ტრაქტატთან არაფერი ესაქმებოდათ. გავიხსენოთ, რომ მეფე ერეკლემ მხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფოს თავადაზნაურთა სია დაურთო ტრაქტატს.

იმერეთიდან გადახვეწილი ვახტანგის შესახებ ცნობას გვაწვდის ერმოლოვი, რომელიც 1820 წლის სექტემბერში ბარონ სტროგანოვს აცნობებდა, რომ იმერეთსა და გურიაში არეულობა იყო. იმერეთში რუსულმა ჯარმა მოახერხა მეამბოხეთა ბრბოების გაფანტვა. მათგან უმთავრესები შეპყრობილ იქნენ. ზოგი მაშინვე დაისაჯა და „ყველაფერი დიდი ხნის წინ მოწესრიგდა“, ზოგი მეამბოხე ახალციხეში გადავიდა, სადაც ფაშამ მეგობრულად მიიღო. ამის გამო, განრისხებულმა ერმოლოვმა ფაშას მისწერა წერილი, რომელშიც მის საქციელს „სიმდაბლე“ უწოდა. გურიაში მეამბოხეებს აჭარისა და ქობულეთის მცხოვრებლები, თურქეთის ქვეშევრდომები ეხმარებოდნენ. მთავარი მეამბოხეების ნაწილს ახალციხის ფაშალიყში მისცეს თავშესაფარი, ნაწილს კი ფოთის ციხესიმაგრეში. ერმოლოვის აზრით, ეს ფაშები ატყუებდნენ თავის მთავრობას, თითქოსდა იმერეთიდან, გურიიდან და სამეგრელოდან მათთან ჩავიდნენ დეპუტატები, რომლებიც დამხმარე ჯარს ითხოვდნენ. „დეპუტატებად წოდებულნი - მეამბოხეები არიან, მათგან უმთავრესია ვახტანგი, სულელი ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეფე დავითის უკანონო შვილის, როსტომის ვაჟია“.25 ვახტანგ ბატონიშვილი მხოლოდ ოსმალეთის იმედად როდი იყო, ის ცდიოლობდა სპარსეთიც ჩაება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმავე 1820 წლის 20 სექტემბერს ერმოლოვი წერილს უგზავნის ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვს, სადაც ვახტანგ ბატონიშვილის შესახებ საგანგებო მითითებებს აძლევს: „საუბარში აუხსენით მემკვიდრეს (იგულისხმება სპარსეთის ტახტის მემკვიდრე-მ.ხ.), რომ ვახტანგი, რომელიც უფლისწულს უწოდებს თავს, არის უკანონო შვილი (ვახტანგი თავისი მამის კანონიერი შვილი იყო-მ.ხ.) მეფის უკანონო შვილის და მე საფუძვლიანად ვიყავი გაკვირვებული, თუ როგორ შეეძლო მთავრობის წინააღმდეგ მეამბოხე ავაზაკს გაებედა სახელმწიფოს მემკვიდრისათვის მიეწერა და იმედი ჰქონოდა, რომ მემკვიდრე დაიწყებდა საუბარს წერილის მიმტანთან, რომელსაც მან (ვახტანგმა) დაავალა იმერეთში მომხდარი მოვლენების თაობაზე მოეყოლა. ეს აღნიშნულია ვახტანგის წერილის ბოლო სტრიქონში, რის შესახებ, მირზა-მასუდს, ქართული ენის არცოდნის გამო, წარმოდგენა არ ჰქონდა“.26

თურქეთში, პრემიერ-მინისტრის ოსმალურ არქივში მივაკვლიეთ დოკუმენტს, რომელიც, მართალია, დაზიანებულია, მაგრამ მაინც იკითხება. ჩვენ ვნახეთ, რომ მეფე სოლომონ II-ის გარდაცვალების შემდეგ, სულთანი ზრუნავდა იმერეთის ახალი მეფის დანიშვნაზე. არ არის ცნობილი, თუ საბოლოოდ ვისი სახელი ჩაიწერა საგანგებოდ დამზადებულ ფირმანში. როგორც ჩანს, არჩევანი ვახტანგ ბატონიშვილზე შეაჩერეს, რადგან ის იმერეთის მეფედ არის მოხსენიებული: „მოცემული წერილი არის იმერეთის მეფის, მეფე ვახტანგისაგან, ასევე თავადების და აზნაურებისაგან და მათი ქვეშევრდომებისაგან, რომლებიც ითხოვენ დახმარებას და თანადგომას ჩვენი დიდებული, პომპეზური და ყოვლისშემძლე სულთნისაგან, რომელიც არის ღმერთის ჩრდილი დედამიწაზე ვიდრე სამსჯავროს დღემდე, ამქვეყნიური სავანე და ჩვენი კეთილისმყოფელი.“ აი ეს წერილიც: „ათი წელია, რაც რუსებმა ხრიკებითა და სიცრუით შეძლეს ჩვენს ქვეყანაში შემოღწევა თავიანთი რბილი სიტყვებით და ცდუნებით. რამდენ ხანს შევძლებთ ყოველივე ამის გაძლებას? მათ გაუსაძლისი გაჭირვება მოგვიტანეს. ვინც თმობს თავის ქონებას, ის გადაირჩენს თავს… ისინი თელავენ ჩვენს დედებს, დებს და ოჯახის წევრებს. შეიძლება ამაზე მეტი ჩაგვრის წარმოდგენა? ისინი არ ინდობენ და მიჰყავთ მოხუცი ქალები და შვიდ წელზე მცირე ასაკის ბავშვები. მათი დიდი ნაწილი წაიყვანეს. როგორც უბედნიერესი სულთნის ერთგული ქვეშევრდომების, ჩვენი გულები მასზეა მიჯაჭვული. მათ გაგზავნეს თავადები რუსეთში და წაგვართვეს ჩვენი მწყემსმთავრები, რომლებიც ულმობლად დახოცეს გზაში. აი, როგორ გვჩაგრავენ. რისი ატანაც აღარ შეგვიძლია. ჩვენ ვთხოვთ თქვენს უდიდებულესობას რუსებისგან გადარჩენას. სულთნისგან რაიმე შვების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ მჩაგვრელების მოშორებას და ჩვენს შვილებთან ერთად... სანამ ცოცხლები ვართ არ დავნებდებით. ექვსასი წელია რაც ჩვენი წინაპრები სულთნის ქვეშევრდომები იყვნენ. წინამორბედმა სულთნებმა გვიჩვენეს ბატონობა, ისევე, როგორც კეთილმოსურნეობა. ყოფილ სამეფოს ძლიერი საგვარეულო მართავდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ზოგიერთი თავადის მოღალატეობის მეშვეობით, რუსებმა მოახერხეს ჩვენთან (სამეფოში) შემოღწევა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით მოღალატეების მოშორება. ახლა რუსებსა და ჩვენს შორის დიდი ჩხუბია. ჩვენ ან გავწყდებით ან... როგორ უნდა ვიცხოვროთ რუსული ჩექმის ქვეშ? ჩვენ ვემუდარებით დიდებულ სულთანს, რომ დაგვიხსნას რუსებისაგან. მუჰამედის რჯულის სახელით გთხოვთ, აღმოგვიჩინეთ დახმერება თქვენს ქვეშევრდომებს, რომლებიც ასეთ გაჭირვებაში ვიტანჯებით და დაგვეხმარეთ იარაღით და ისლამის ძლევამოსილი ჯარისკაცებით. ჩვენი ქვეყნის რუსების ხელიდან გამოხსნა ადვილია. ჩვენ მათ დღემდე ყველა ბრძოლა მოვუგეთ, ისინი მას შემდეგ გვტანჯავენ, რათა ამით დაიმშვიდონ თავი. ახლანდელი ხანი თავისი შვილის მეშვეობით მეფობს და თუ რუსები განადგურებულები იქნებიან, დროის გასვლის შემდეგ ისინი კვლავ მიმართავენ თავიანთ ხრიკებს. თუ ისინი მთელ ქვეყანას დაიკავებენ, უფრო დიდი ძალა იქნება საჭირო (მათ წინააღმდეგ). როგორც ჩიტი ნახულობს თავშესაფარს ხის ტოტზე, ისე ჩვენ, თქვენი ქვეშევრდომები ვეძებთ თავშესაფარს თქვენი უდიდებულესობისადმი მორჩილებაში… რა უფლებით გვაწუხებენ რუსები და შიშში გვამყოფებენ? ოჰ, ბატონო და მეფეთა სულთანო, ყველა აცნობიერებს შექმნილ მდგომარეობას და უიმედობას განიცდის. თქვენი ქვეშევრდომები ცრემლმორეულნი ლოცულობენ, რომ სულთანმა გაგვიწიოს ანგარიში, ისევე როგორც ბევრმა სულთანმა, რომლებიც იმსახურებდნენ მეფობას და ისლამის პატივისცემას. დაგვიხსენით რუსებისაგან, თუ ჩვენ ვერ მოვიშორებთ რუსულ უღელს, თავს მოვიკლავთ. სანამ თქვენი ქვეშევრდომები იცოცხლებენ ისინი არასოდეს შეეგუებიან რუსულ წესებს. დღეგრძელობა ჩვენს სულთანს.“27

1821 წლის 8 აგვისტოს ერმოლოვი გრაფ ნესელროდეს საიდუმლოდ აუწყებდა, რომ ახალციხის ფაშალიყში ოსმალეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ ცხოვრობდნენ გურიისა და იმერეთის აჯანყების მთავარი დამნაშავენი: უკანონოდ შობილი ვახტანგი, რომელიც თავის თავს ბატონიშვილს უწოდებდა; თავადი ქაიხოსრო გურიელი - პოლკოვნიკ პუზირევსკის მკვლელი და „ერთ-ერთი უდიდესი ავაზაკი“, თავადი ივანე აბაშიძე, რომელიც იმჟამად კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა, ხოლო იმერეთის აჯანყების დროს ახალციხის ფაშალიყიდან მიიღო დახმარება ჯარით. ეს მოხდა ახალციხის წინა ფაშას დროს; ახალი ფაშას მიმართ კი ერმოლოვს ჯერ უკმაყოფილების მიზეზი არ ჰქონდა.28 როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 1821 წლის აგვისტოში ივანე აბაშიძე სტამბოლში ყოფილა ჩასული. ამასვე ადასტურებს ნიკო დადიანი: „ხოლო ვახტანგ ბაგრატოვანი, რომელი უწინარეს ვახსენეთ იყო გადავარდნილი ახალციხეს ოსმალთა შინა, და იყო მასთან იოანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე, რომელი ესეცა უწინარეს ვახსენეთ. ესე წარვიდა სტამბოლს ოსმალთ იმპერატორთა თანა (ესე იგი ხვანთქართან) და მიიღო პატივი“.29

სტამბოლში, ოსმალური დოკუმენტების არქივში მოვიძიეთ ახალი მასალები, საიდანაც ირკვევა, რომ ივანე აბაშიძე სტამბოლში ჩასვლის მიზანი ვახტანგ ბატონიშვილისთვის ხელფასის მიცემის მოთხოვნა იყო. აქედან გამომდინარე, ივანე ვახტანგის უზენაესობას აღიარებდა. წერილი სულთნის ვეზირის მიერ უნდა იყოს დაწერილი:

ჩემო უდიდებულესობავ,

როგორც ჩემმა ბატონმა უკვე იცის, ივანე, იმერლების ხანის შვილი და მეორე იოანე, სოლომონ ხანის დისშვილი (ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი, მეფე სოლომონ II-ის დისშვილი, იმ დროს პეტერბურგში ცხოვრობდა, სტამბოლში მისი ჩასვლის შესახებ არაფერია ცნობილი. იმერელი ხანის შვილი კი სოლომონ I-ის შვილიშვილი ივანე აბაშიძეა-მ.ხ.) სტამბოლში ჩამოვიდნენ 30 ქართველთან ერთად. მათ ითხოვეს საკმარისი ხელფასის მიცემა დავით მეფის ვაჟისთვის - ვახტანგისთვის, რომელიც ახალციხეში იმყოფება თავის 150 კაცთან ერთად. თხოვნა განხილულ იქნა საბჭოში და ჩემი უდიდებულესობის ნებართვით, გადაწყდა ერზერუმის საბაჟოების წლიური შემოსავლებიდან ზემოხსენებული ვახტანგისათვის თვიური ხელფასის დანიშვნა 2000 ყურუშის (პიასტრის) ოდენობით; ქართველების დასახლება შესაფერის ადგილას, სადაც მათ ურჩევნიათ; ეს მთხოვნელები პირდაპირ სტამბოლში არ იქნან გაშვებული, მათი პეტიციების მოსმენა მოხდეს ჩილდირის მმართველის წერილების მეშვეობით. წერილი გაეგზავნა ჩილდირის მმართველს, რომელშიც ახსნილი იყო ყველა ეს გადაწყვეტილება და ქართველებიც მასთან იქნენ გაგზავნილი.“30

წერილში ასახულია მაშინდელი ვითარება: „ამჟამად ტრაპიზონის მუტესელიმის, ემინ ეფენდის წერილების შინაარსიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი ქართველი ხანის (გენჩესტრუ?) საკითხი დგას. წერილების თანახმად, ის ახალციხეში გაიქცა თავისი სამშობლოდან, რუსებთან ომის შემდეგ. მან ახალციხეში ორნახევარი წელი იხეტიალა, შემდეგ ტრაპიზონში წავიდა 14 კაცთან ერთად, ვინაიდან უჭირდა თავის რჩენა და შევიწროებას განიცდიდა ზოგიერთი სანჯაყის მმართველის მხრიდან. მან მმართველს გამოუცხადა თავისი განზრახვა, რომ სურდა სტამბოლში წასვლა, რათა ეთხოვა ჯამაგირი თავისი კაცებისა და მსახურების შესანახად, აგრეთვე დასახლება შესაფერის რეგიონში თავის კაცებთან და ოჯახთან ერთად. თანახმად იმპერატორის ზემოხსენებული ბრძანებისა, რომელიც კრძალავს სტამბოლში ჩასვლას ოფიციალური ნაბართვის გარეშე, მუტესელიმმა არ მისცა ნება და ქალაქში დატოვა. ის აგრეთვე იტყობინება, რომ რუსები ჭრიან ხეებს, რათა ააგონ ნავმისადგომი… რამდენიმე წერილი მუტესელიმთან გაგაზავნილი იქნა ფოთის კომენდანტის მიერ. ამ წერილების მიხედვით, ამ დღეებში რუსები გზავნიდნენ და აგროვებდნენ ჯარისკაცებს საქართველოში, მაგრამ გაურკვეველი იყო მათი ბოროტი განზრახვა: ჩურუქსუზე თავდასხმას აპირებდნენ, თუ ფოთის ციხეზე. ეს სიახლეები წაიკითხეს და მათზე იმსჯელეს იმპერიის საბჭოში, რომელიც გუშინ შეიკრიბა. მაღალ პორტაში გადაწყდა, რო გენჩესტრუ ხანისთვის, რომელიც ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართველი, ხელფასს ითხოვდა, სტამბოლში ჩასვლის აუცილებლობა არ არსებობდა და ის უნდა დასახლებულიყო ისეთივე ადგილას, როგორც დანარჩენი ქართველები და მისი უზრუნველყოფა უნდა მომხდარიყო გარკვეული ოდენობის ხელფასით.“31 წერილი უთარიღოა. ვფიქრობთ, ის დაწერილი უნდა იყოს 1822 წელს, გაურკვეველია გენჩესტრუ ხანის ვინაობა. კონტექსტიდან გამომდინარე, ის ქაიხოსრო გურიელი უნდა იყოს. მისი შინაარსი ეხმიანება იმავე არქივში მიკვლეულ თავად ქაიხოსრო გურიელის წერილს:

ჩემო უდიდებულესობავ.

ეს არის მორჩილი თხოვნა. ჩვენ თუმცა ვეცადეთ ჩვენი ქვეყნის დაცვას რუსებისაგან, რომლებიც თავს დაესხნენ საქართველოს, მაგრამ ჩვენ მარტონი ვიყავით ჩვენს ბრძოლაში და არავითარი დახმარება არ მოსულა ჩვენამდე. შედეგად ჩვენ იძულებულები გავხდით დაგვეტოვებინა საქართველო. მოგვიანებით მე ნება დამრთეს დავსახლებულიყავი ჩურუქსუში, სადაც კარგ პირობებში ვიმყოფებოდი. მე ახლაც ვნანობ და ძალზე დამწუხრებული ვარ, რომ ვერ ვემსახურე ბრწყინვალე პორტას და წარუმატებელი აღმოვჩნდი, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მოვა დრო, როდესაც ჩემს მიზანს განვახორციელებ. სანამ მე აქ გამუდმებით ვემუდარებოდი ჩემს უდიდებულესობას, რამდენიმე კაცი მოვიდა საქართველოდან, რომლებიც ჩიოდნენ რუსულ ჩაგვრასა და უსამართლობაზე. ყველა აზნაური და თავადი ლოცულობს, რომ განთავისუფლდეს რუსების უსამართლო წესებისგან. ყველა მათგანს სურს ეს და ყველას სძულს მოსკოველები, მაგრამ გაცნობიერებული აქვთ, რომ თუ ისინი მარტონი დაიწყებენ ბრძოლას საქართველოს გამოხსნისათვის - ეს უშედეგო იქნება. ამის გათვალისწინებით, ვთხოვთ თქვენს უდიდებულესობას, რათა გამოგზავნოს ბრძენი და გამოცდილი პიროვნება, ბრძოლაში ჩვენი დახმარების მიზნით. გთხოვთ, ნუ მოგვაკლებთ თქვენს კეთილგანწყობასა და სიყვარულს.

ხოსრევ ხანი.
გურიის ხანის შვილი ქაიხოსრო.32

დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ტახტის პრედენდენტებს შორის, ვახტანგ ბატონიშვილის უპირატესობა ყველასთვის ნათელი იყო. ივანე აბაშიძე მის მეტოქედ არც მოიაზრება. ის ვახტანგის დესპანის როლს ასრულებს. აბაშიძე, როგორც ჩანს სტამბოლიდან დაბრუნების შემდეგ, ახალციხეში მოკლეს, რაშიც ნ. დადიანი ვახტანგს ადანაშაულებს: „და რა მოვიდა მუნით შეუჩინა კაცნი და მოჰკლეს ახალციხეს იოანე აბაშიძე წელსა ამას 1822 დეკემბერსა 12 გარდაიცვალა“.33 ვახტანგ ბატონიშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა წყარო არ მოგვეპოვება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობა მის ყოველ ნაბიჯს აკვირდებოდა.

ნ. დადიანი კონფლიქტის მიზეზს არ ასახელებს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვახტანგმა კონკურენტი ჩამოიშორა, მაგრამ ახლახან მივაკვლიეთ დოკუმენტს, საიდანაც ჩანს, რომ ივანე თავისი მერყევი ბუნების გამო დაისაჯა. 1841 წელს მისი ვაჟი, ითხოვს რა სათანადო ფულად ანაზღაურებას, ივანეს შესახებ წერს: „გარკვეული ხნის განმავლობაში თურქეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. მოინანია რა ჩადენილი საქციელი, გადაწყვიტა რუსეთის მონარქის, თავისი კანონიერი ხელმწიფის გულმოწყალებისათვის მიემართა. მას ეშინოდა, რომ ამ განზრახვის შესრულებაში ხელს შეუშლიდნენ, ამიტომ თავისი ამხანაგებისაგან ფარულად გაპარვას აპირებდა, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ მისი ჩანაფიქრი გამომჟღავნდა და ის ბოროტმოქმედთა შურისძიების მსხვერპლი გახდა“.34 დოკუმენტში ვახტანგი ნახსენები არ არის. მის გარდა, თურქეთში სხვა მეამბოხეებიც აფარებდნენ თავს, რომლებიც ივანეს ღალატს ვერ დაუშვებდნენ. ის ბევრ ცნობას მიაწვდიდა რუსეთის მთავრობას, რაც ახალ საფრთხეს შეუქმნიდა გადახვეწილებს. რუსულ მხარესთან თანამშრომლობის გამოცდილება კი ივანე აბაშიძეს ნამდვილად ჰქონდა. მოგვყავს ამონარიდი ველიამინოვ პირველის წერილიდან, რომელიც მან 1820 წლის 21 თებერვალს ივანეს გაუგზავნა: „ამასთანავე დიდათ სასიამოვნოთ მჩანს მე გიპასუხოთ თქვენ, რომელ შევიტყე მე ვითარცა სხვათა კაცთაგან აგრეთვე ჩემის ღვიძლის ძმის ალექსანდრე ალექსანდროვიჩისგან მრავალი კეთილი საქებართა თვისებათათვის თქვენთა. აგრეთვე უწინარესთა სამსახურთათვისცა მართებლობისადმი…“35

რუსული მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ 1826 წელს იმერელმა ბატონიშვილმა ვახტანგმა წერილი მისწერა სპარსეთში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილს. ვინმე ნუბაროვმა ამ წერილის გადმოწერა მოახერხა და თავად მენშიკოვს წარუდგინა, რომელმაც თავის მხრივ, ველიამინოვს გადაუგზავნა:

„მე ჩამოვედი ტრაპიზონში და ჩემი ჩამოსვლის მიზეზი შემდეგია: აქედან დადიანი და აბასი ახლოს არიან. ჩვენ ადვილად შეგვიძლია მიმოწერა და აგრეთვე ხალხის აჯანყება. ისმის, რომ რუსებსა და სპარსელებს შორის ომია, ამისთვის მადლობა უფალს, იქნებ გვეღირსოს ჩვენს სამშობლოში ყოფნა. მაგრამ ეს ხმები სიმართლეს შეესაბამება თუ არა, ეს არ ვიცით. გთხოვთ იქაური მდგომარეობისა და ყველა განკარგულების შესახებ მომწეროთ. ერზერუმში ბევრია ჩვენებური თავადი, რომლებიც თქვენს წერილს ჩამომიტანენ. თუ ღმერთი ინებებს, თქვენ საქართველოში ჩამოხვალთ, მე კი ჩემს სამშობლოში და ჩქარა მოვახერხებთ აჯანყებას, ხოლო თუ იქ არ არის საკმარისი ძალები, ამის შესახებაც გვაცნობეთ, რათა ფუჭად არ გავწიროთ თავი და ხალხი. გთხოვთ აგრეთვე მიწეროთ წერილი დადიანს, რომელიც გვარწმუნებდა, რომ თუ თქვენ მიუახლოვდებით, ისიც მზად არის თქვენს დასახმარებლად.“36 ვახტანგი ლევან დადიანისგან დაიმედებული ჩანს. საისტორიო არქივში მართლაც ინახება დადიანის წერილი, (ასლი) რომლის მიხედვით ის რუსეთის მოწინააღმდეგედ გვევლინება და ვახტანგს დახმარებას პირდება. წერილი პირველად ქვეყნდება:

„ლიხთ იმერთ მეფის ძის ძეს, და მემკვიდრეს, იესიან, დავითიან, სოლომონიან, პაკრატოვანს, და აწ დიდებულის და ცათა სწორის ხელმწიფისაგან მეფედ წოდებულს ვახტანგს. (ე.ი. სულთნის მიერ მეფედ დანიშნულ ვახტანგს-მ.ხ.)

სამინგრელოს მფლობელი დადიანი ლევან კალთის მთხვევას გაგიბედავ და თქუენს ბედნიერად ყოფას და განძლიერებას ღმერთსა ვსთხოვთ ყოვლად ძლიერსა. წერილი თქუენის მაღალ უგანათლებულესობისა მივიღეთ და რაიცა გებრძანათ ყოველივე უწყებულ იქმნა ჩუენ მიერ და ვისიამოვნეთ ესრეთ ვითარცა გვღირსებოდეს მეფობაი თქუენი ჩუნზედა და მით ეხაროს დაწყლულებულსა გულსა ჩუენსა; აქაურს ანბავს მოიხსენებთ. ბარბაროზთ ხელმწიფე მოკვდა და მის მოადგილეთ დასვეს კონსტანტინე, და აწ ისევ გამოსცვალეს კონსტანტინე და დააჯდინეს უმცროსი ძმა ნიკოლოზ და ძალით აფიცებენ იმერთ მის სახელზედ და ღმერთი დაუსაბამო მამა გულთა მხილველ არს, და ამ ორს ძმებშიდ არის დიდი განხეთქილება და ერთმანეთში დიდი ჯარი გასწყვიტეს და მთელი რუსეთი დიდს აღრეულებაშიდ არის; შვიდი ათასი ღვარდიას რომ უწოდებენ, გასწყდა კონსტანტინეს გულისთვის, (რომელიც სწადდათ კონსტანტინე ხელმწიფედ და სხვათ არ ინებეს) და ამით იუწყეთ მათი უბედურებაი, პირველად წყალმან წარღვნა, მეორედ თვითონ მოკვდა და მესამედ ძმებში ამისთანა საშინელი აღრეულება განხეთქილება არის და ბოლოს მოღება მათიც აქედან შესდგების. ბიძათქუენი კონსტანტინე ბატონიშვილი გევიდა ნემენცის ხელმწიფის მამულზედ და ხუთი ათასი ჯარი გუსართა გაჰყა მისთანა. თამარ ბატონიშვილს მოუვიდა წერილი… თბილისის მმართებელი ჩაჩანშიდ არის და უთვალავი მხედრობა გაუწყდა მათ მიერ. ასე რომ აქედანაც წააყვანინა ჯარი და იქ მხოლოდ ყარაულად დარჩნენ... ადვილად შეგიძლიათ აცნობოთ საქართველოს ბატონიშვილს (ალექსანდრეს-მ.ხ.) ყოველივე ესე ვითარება და კაი დროც აქვს. ჩვენ აქეთ და იქით ისინი. უკეთუ დიდებულმან ხელმწიფემ ჯარი არ მოგაშველოსთ რადგანაც არიან შერიგებულნი და ეხათრება, ტყვიაწამალი მაინც სთხოეთ, ეგობ მოგცესთ და პირველად კემხალზედ მოადგეთ და ამედ ბეგი ეგობ შეიწიოთ. ტყვეს აღუთქვამთ და ჯარისთვის ხორაგზედ თავს არ შეგაწყენთ და ამ დროს ნუ დავტოებთ. ისტამბულს კაცის გაგზავნა აწი კაი ჟამი არის და დიდებულს ხელმწიფეს აცნობეთ და ნება სთხოეთ ჩუენზედ მოსვლისა და მოახსენეთ: იმერნი გვთხოვნ და სწადდთ რათა თქვენს მფარველობასა შინა იყვნენ. ფიცის წერილი რომ გებრძანათ მიახლებია ამასთანა.“37 წერილი უთარიღოა. დაწერილი უნდა იყოს 1825 წელს. თან ახლავს ხელმოუწერელი განმარტება: „ეს წიგნი მოიტანა ცინბირიდამ გამოპარულმა დადიანის აზნაურმა ხუხუა გაბუნიამ ტრაპიზონს და თვითონაც აქ დარჩა ჩემ დროს ვახტანგ ბატონიშვილთან და ძმები ჰყავს დადიანის მამულში და ამის პასუხი მე მიმაწერინა. დიდს მარხვაში ბეჟან წერეთლის, თავისი სიძის (ბეჟან წერეთელი ვახტანგ ბატონიშვილის სიძე იყო-მ.ხ.) წიგნი მოუვიდა და ულოცავდა რუს. ხელმწ. სიკვდილსა და მეფედ მისლვასა მისსა. ეს წიგნი მოიტანა ტრაპიზონს ერთმა იმერელმა, რომელსაცა ჰქონდა ბაშფორთი რაღაც სავაჭროსათვისღა. მოვიდა, მას ეცვა ჩერქეზული ჩოხა და ქუდი ეხურა ჩერქეზულივე. ვგონებ რუსულიც იცოდა და ვახტანგ ბატონიშვილს ზეპირი უთხრა მოგელიან იმერნი და რუსეთში დიდი ჯარი გასწყდა და იმერეთიდამაც სულ რუსნი წავიდნენო და ხუთი პასუხი მოუტანა კიდევ სხვა ვახტანგ ბატონიშვილს და ის ვერ ვნახე და ამ კაცს თუ ვნახავ იმერეთში დიახ კარგად ვიცნობ და მაგიერი პასუხიც წაიღო მანვე.

დათა გურიელის წიგნი მოსდიოდა ქაიხოსრო გურიელს, რომელიც ჩურუქსუს არის გამოქცეული და იმან ჩურუქსუდამ გამოუგზავნა ბატონიშვილს ვახტანგს და მისწერა რომელ დათა გურიელი თავის მხრით ემზადება ჩვენს შეწევნას და მამია გურიელის სიკვდილსო და გურიელებმაც შეფიცეს დათასო ამ საქმეზედ და ფიცის წერილიც…და მე რომ ვკითხე თუ ვის მიერ იყო გამოგზავნილი, მითხრეს თავად მიქელაძეს არისო და მე თვალით ვერ ვნახე.“38

ეს დოკუმენტი საინტერესოა, მაგრამ ნდობას არ იმსახურებს. ის იასე ფალავანდიშვილის ხელით უნდა იყოს დაწერილი. ეს პიროვნება ცნობილია, როგორც 1832 წლის შეთქმულების გამცემი. ახალგაზრდობაში ის ახალციხეში ჩავიდა, სადაც თავისი ევროპული ჩაცმულობის გამო, ჯაშუშად მიიღეს, მაგრამ ვახტანგ ბატონიშვილმა დაიცვა და თან წაიყვანა ტრაპიზონში. აქედან იასე 1826 წელს ჩავიდა სტამბოლს და რუსეთის რწმუნებულს ოდესაში გამგზავრება სთხოვა, რათა იქ სამხედრო საიდუმლო გაემხილა. ოდესაში იასეს კანცელარიის გამგემ, ლევსმა ჩვენება ჩამოართვა. იასემ აჩვენა, რომ დადიანს საიდუმლო კავშირი ჰქონდა ოსმალეთში მყოფ ვახტანგ ბატონიშვილთან. ჩვენების დედნები იმპერატორს გაუგზავნეს, ასლები კი ერმოლოვს, რომელმაც იმერეთის მმართველ ვასილ ბებუთოვს ამ საქმის საიდუმლო გამოძიება დაავალა. იასეს დასმენის სიცრუე დადგინდა. ის სამხედრო სასამართლოსათვის უნდა გადაეცათ, მაგრამ ერმოლოვმა სასჯელი შეუმსუბუქა. იასე მხოლოდ საზღვარგარეთ გაქცევისათვის დააპატიმრეს 1 წლით. შემდგომში ის თავის დანაშაულს კი არ მალავდა, არამედ თავსაც იწონებდა.39 1832 წლის შეთქმულების საგამოძიებო კომისიას ვახტანგ ორბელიანმა 1833 წლის 5 მაისს განუცხადა: „ფალავანდოვმა თქვა, მე თუ დავინახე ვისიმე ხელით ნაწერი, მაშინვე მივამსგავსებ; ამიტომ ალექსანდრე ბატონიშვილთან გასაგზავნ წერილებზე ყველა თავადის ხელმოწერას შევძლებო. ამის საბუთად იასემ გვიამბო - რუსებმა რომ დამიჭირეს, მაშინ ვითომც დადიანის სახელით წერილი დავწერე: ამით ვიწვევდი იმერეთის ბატონიშვილს - იმერეთში ჩამოდი, დაგეხმარები, იმერეთი აჯანყდება და შენ გამეფდიო. აი ბატონებო, თქვა იასემ, დადიანს ისე ავუწეწე საქმეები, რომ კინაღამ არ გადაასახლეს რუსეთშიო.“40

აქედან გამომდინარე, ვახტანგ ბატონიშვილი დადიანზე ფუჭ იმედებს ამყარებდა. ვახტანგი, რომელსაც რუსები ახასიათებდნენ, როგორც სულელ ახალგაზრდა კაცს, სინამდვილეში საკმაო დიპლომატიურ ნიჭს იჩენდა. როდესაც ოსმალეთიდან რეალური დახმარება ვერ მიიღო და მზერა სპარსეთს მიაპყრო, მან კარგად იცოდა, რომ ახლო წარსულში დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის სფეროს ექვემდებარებოდა, აღმოსავლეთ საქართველო კი - სპარსეთისას, ამიტომ მან ასეთ ხერხს მიმართა: წინ წამოწია ის ფაქტი, რომ ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფენი ერთი წარმომავლობის იყვნენ, რის გამოც მან, როგორც ამ საერთო ოჯახის წევრმა განაცხადა, ჩვენი ოჯახი მხოლოდ დიდებულ შაჰს სცნობდაო. ეს წერილიც პირველად შემოგვაქვს სამეცნიერო ბრუნვაში:

„ღმერთმან ყოვლად ძლიერისა და დიდებით სავსე ცათა სწორის ხელმწიფის შახზადახ აბას მირზას ჭირი მისცეს მათის დიდებულისა და ზეშთა ამაღლებულის ტახტის ერდგულს იმერეთის მეფის ძის ძეს ბატონიშვილს ვახტანგს. რადგანათაც საქართველოს მეფენი და ჩვენ ერთის ოჯახისანი ვყოფილვართ და ჩვენი მამანი და წინაპარნი ყოველს დროს ჩუენის ოჯახითა და მამულით თქუენი ყმანი ვყოფილვართ და შეძლებითაცა ჩუენითა გვიმსახურნია და ჩუენც და ჩვენი ოჯახი დიდებულის ხელმწიფე შა(ჰი)ს მოწყალებით ვყოფილვართ და არასოდეს სხვათა ხელმწიფების რხმლით ჩვენ და ჩვენი ქვეყნები არ შემჭიდროებულა. დღესაც იმ იმედს მიმხედველმა საქართველოს მეფის ირაკლის ძემ ბატონიშვილმა ალექსანდრემ მიმართა თქვენს უძლიერეს და ამაღლებულს რხმალს, რომ უცხოს თესლის და უსამართლოდ წარმტაცებლის მოსკოვის ხელისაგან გამოიხსნათ თქვენი საკუთარი ყმა და მოსკოვმა ამდენი სული არ შეამჭიდროოს… მოვახსენოთ თქუენ მშვიდსა და კაცთ მოყვარეს ხელმწიფობას ჩუენი და მოსკოვის ყოველივე წარმოებული საქმე, რომელიცა იმერეთის მეფე ბიძაჩემი სოლომონ ექმნა მათის უსამართლოს სულ მოკლებისაგან შემჭიდროებულ მოსკოვისაგან და განეშოერა თავის მშობელს მამულს ძალდატანებითა მოსკოვისათა და მომართა მეფემან სოლომონმა დიდებულს თქუნს ტახტს. მას სიკვდილისა გამო აღარ დასცალდა ერდგულება თქუენი და გარდაიცვალა. ვინადგან ჩუენ მემკვიდრედ თქუენის მოწყალებით იმერეთისათვის… დაშთომილმან ესე საქმე შემოვკრიბე რათა ყოველივე ქუეყანაში იმერეთისანი და სამეგრელოსი მთავარი დადიანი, გურიის მთავარი გურიელი და ზღვისპირა ხალხნი აფხაზნი ყოველივე თანახმა გავხადე საწინააღმდეგოდ რუსეთის მხედრობისადმი და მხიარულის გულით აღირჩიეს ჩვეული ერდგულობა ტახტისა თქუენის და აჩუენეს რუსეთის მხედრობას უსაშინლესი ცხელსა და ცხელსა ალაგებში გამოჩენილი ჩხუბი, რომელიც დიდათ დავამარცხეთ რვას ალაგს. საცა იყვნენ დადგომილი საჩხუბრათ რუსეთის მხედრობა დაწყობილი ზარბაზნითა და სიმაგრით ამ რვას ალაგებში სრულიად ავაკლებინეთ… არა სხვა ხელმწიფეთა ვმონებივართ ჩუენ ამის მცნობი ცოცხალი სხვას როგორ ჩავბარდებით საყმოდ თვინიერ თქვენსა.“41 ვახტანგი ითხოვდა: ალექსანდრე ბატონიშვილი დროულად მოგვაშველეთო. კიდევ ერთხელ იმეორებდა, რომ მისი ოჯახი, ანუ ბაგრატიონები, სპარსეთის ტახტის ერთგულნი იყვნენ. დანარჩენი სათქმელი ალექსანდრე ბატონიშვილის თავადს, გარსევან ჯანდიერს ზეპირად უნდა მოეხსენებინა.42

ვახტანგი ხაზს უსვამს, რომ მის ბიძას, მეფე სოლომონ II-ს, სიკვდილის გამო არ დასცალდა სპარსეთის მიმართ ერთგულების გამოჩენა, მაგრამ ახლა როგორც იმერეთის ტახტის მემკვიდრემ, მთელი დასავლეთ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანა და სპარსეთის ერთგულება აირჩია. სინამდვილეში, დასავლეთ საქართველო ოსმალეთისკენ უფრო იხრებოდა, მაგრამ მთავარი მიზანი ნებისმიერი გზით რუსეთისგან თავის დახსნა იყო.

ერთ ოსმალურ დოკუმენტში ნათქვამია: მამია გურიელის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა, სოფიო დედოფალმა, იგრძნო, რომ გურიის სამთავროს გაუქმება ელოდა, რის გამოც დაუპირისპირდა რუსეთს და ოსმალეთის ქვეშევრდომობა ისურვა. „სანამ მთავრის ვაჟი მცირეწლოვანი იყო, სოფია დედოფალი, რაც სპარსულად ხანის ცოლს ნიშნავს, მართავდა გურიას. მან გურულ თავადებთან ერთად, ძლიერი მტრობა გამოუცხადა რუსებს და ბრწყინვალე პორტისკენ გადმოიხარა. ის ხშირად გამოხატავს თავის პროოსმალურ პოლიტიკურ კურსს და აცხადებს თავის ანტირუსულ განწყობას…“43 ოსმალური დოკუმენტების არქივში დაცულია სოფიოს წერილები. ნაწილი ადრევე იყო გამოქვეყნებული, ნაწილი ჩვენ მოვიძიეთ, აქედან გამოვყოფთ ერთ წერილს, რომელშიც ის ითხოვს, რომ ვახტანგ ბატონიშვილი მიაშველონ ჯარით. „იმერეთში ჯარი ახლა იმდენი არაფერი არის და ვახტანგ ბატონიშვილი ჯარს თუ იშოვის დროც ახლა არის და ეცადოს…“44

ვახტანგ ბატონიშვილი სულ მოკავშირეების ძიებაში იყო. 1834 წლის 27 ივნისს გრაფი ნესელროდე ბარონ როზენს საიდუმლოდ ატყობინებდა, რომ პარიზიდან მიღებული ცნობების თანახმად, სომხური ენის პროფესორი ლევალიანი და ვინმე ბროსე (შემდგომში ცნობილი მეცნიერი მარი ბროსე), საფრანგეთის მთავრობის დავალებით, აწყობდნენ, ვითომდა, სამეცნიერო მოგზაურობას სომხეთსა და საქართველოში, რისი მიზანიც შფოთის ჩამოგდება და ჯაშუშობა იყო. ბროსემ რამდენიმე წლის წინ დაიწყო მიმოწერა ს.პეტერბურგში მცხოვრებ თეიმურაზ ბატონიშვილთან, რომელიც აწვდიდა მას ლიტერატურულ ცნობებს ქართული ენის შესახებ. მას ასევე ურთიერთობა ჰქონდა იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონის ორ ძმისშვილთან: ვახტანგთან და ტარიელთან, რომლებიც პარიზში ჩავიდნენ კონსტანტინოპოლიდან, სადაც ისინი თავშესაფარს ეძებდნენ მას შემდეგ, რაც 1820 წელს თავიანთ სამშობლოში აჯანყება მოახდინეს. ბროსეს გამოსვლებიდან ჩანდა, რომ მისი კავშირები იმერელ თავადებთან მის პოლიტიკურ შეხედულებებს შეესატყვისებოდა. ის მათ ქართულ ენაზე აცნობებდა რუსეთისათვის არასასიამოვნო ყოველგვარი მოვლენის და არეულობის შესახებ, რაც მათ სამშობლოში ხდებოდა. ამასთან აიმედებდა, რომ საფრანგეთის დახმარებით შესაძლებელი იქნებოდა მამულების დაბრუნება, რითაც აიძულებდა, რაც შეიძლება მეტ ხანს დარჩენილიყვნენ პარიზში. საფოსტო დეპარტამენტს დაევალა თვალყურის დევნება ხსენებულ მიმოწერაზე. ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა ლევალიანს და ბროსეს (იმპერიის) საზღვრები არ გადმოეკვეთათ.45

ამ ცნობებს ეხმიანება თურქეთის ხსენებულ არქივში მოძიებული 1841 წლის დოკუმენტი:

მთავარო ხაზინადარო,

ცნობილი ქართველი ვახტანგი და მისი და რავზ(?) ჯერ სტამბოლს ეწვივნენ და ცოტა ხანს აქ დარჩნენ. შემდეგ, საფრანგეთს გაემგზავრნენ და შემდეგ კვლავ სტამბოლში დაბრუნდნენ. სამგზავროდ 4000 პიასტრი გამოეყოთ. ისინი ტრაპიზონში ჩამოვიდნენ. მე ვთხოვ თქვენს უდიდებულესობას ამ თანხის მოცემას».46 წერილი იმითაც არის საყურადღებო, რომ აქ იხსენიება ვახტანგის და, რომლის სახელიც დამახინჯებულია. (დის არსებობა ხსნის იმ ფაქტს, რომ ვახტანგი ბეჟან წერეთელს სიძეს უწოდებს). თუ წერილში გადმოცემული ინფორმაცია სწორია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ვახტანგი მეორედაც იყო პარიზში ჩასული. ამჯერად მას და ახლდა. ეს ფაქტი უცნობი იყო.

თავის 1848 წლით დათარიღებულ წერილში, ვახტანგი ადასტურებს, რომ ტრაპიზონში ჩამოვიდა ორი წლის წინ და მას შემდეგ ამ ქალაქში ცხოვრობს. „მას დაუწესდა 2500 პიასტრის (ყურუში) ოდენობის ხელფასი ტრაპიზონის შემოსავლებიდან, მაგრამ ეს ხელფასი, მისი ოჯახის წევრების მრავალრიცხოვნების გამო, არ არის საკმარისი. ის კვლავ ფინანსურ გაჭირვებას განიცდის და ხელფასისი მომატებას ითხოვს. მისი თხოვნა გადაეგზავნა და განხილულ იქნა უმაღლეს სათათბიროში (მეჯლის-ი ვალა) გადაწყდა ხანისთვის მხარდაჭერა, მაგრამ ვინაიდან ხელფასის ჩუქება საჯაროდ აიკრძალა საიმპერატორო ბრძანებით, ჩვენ გადავწყვიტეთ დავიცადოთ, სანამ ტრაპიზონში რაიმე თანამდებობა არ განთავისუფლდება.“47 დოკუმენტში ვახტანგი ხანად, ანუ მეფედ იწოდება.

გაცილებით მწირი ინფორმაცია გვაქვს ვახტანგის ძმაზე, ტარიელზე, რომელიც იმერეთის აჯანყების დროს მცირეწლოვანი იყო. მისი შემდგომი ბედის შესახებ ვიგებთ მისი სიდედრის, ელისაბედ გურიელის მიერ 1841 წელს დაწერილი თხოვნიდან. თავადის მეუღლე ელისაბედ გურიელი, ქვრივი პოლკოვნიკ ქაიხოსრო გურიელისა, რომელიც მთელ ოჯახთან ერთად გაიქცა თურქეთში 1820 წელს იმერეთსა და გურიაში მომხდარი აჯანყების დროს, განმარტავს გუბერნატორისადმი მიწერილ წერილში, რომ მისმა უფროსმა ქალიშვილმა დესპინემ, თურქეთში ყოფნისას მართლმადიდებლური ეკლესიის წესისამებრ ჯვარი დაიწერა ოტომანური სამსახურის გენერალ იმერელ ბატონიშვილ ტარიელზე. ქაიხოსროს ოჯახის თურქეთიდან დაბრუნებისას, წამოყვანილი იქნა იქიდან ტარიელის მეუღლე დესპინეც, თავისი ქმრის თხოვნით, რომელიც თითქოსდა ეძებდა შესაძლებლობას გამოეთხოვა რუსულ სამსახურში გადასვლის ნებართვა. დესპინე თითქმის 10 წლის განმავლობაში ქმრის მოლოდინში, დედის კმაყოფაზე იმყოფებოდა, მაგრამ ტარიელ ბატონიშვილი მოკვდა 1840 წელს თურქეთში, სერასკირის (სარდლის) წოდებაში და ელისაბედის დაქვრივებული ქალიშვილი დარჩა ყოველგვარი ქონებისა და საკუთარი თავის რჩენის შესაძლებლობის გარეშე. ამიტომ ელისაბედი შუამდგომლობდა, თავისი ქალიშვილისათვის იმერეთის ხაზინაში შესულ ტარიელ ბატონიშვილის მამულიდან კუთვნილი წილის დაბრუნებისა, ან საარსებო საშუალების გამოყოფის თაობაზე.

ტფილისის სამხედრო გუბერნატორმა გამოითხოვა ცნობები, თუ რომელ მამულებს ფლობდა ტარიელ ბატონიშვილი თურქეთში გაქცევამდე და ვის გადაეცა შემდეგ მისი ქონება. მას აგრეთვე სჭირდებოდა ცნობები თავადის მეუღლის ქონებრივი მდგომარეობის, რუსეთის მთავრობის მიმართ განწყობისა და ხალხში მისი გავლენის შესახებ.48 გურიის სამაზრო უფროსის პატაკი მოიცავს შემდეგ ცნობებს:

„თავადის მეუღლე ელისაბედ გურიელს იმპერატორის ბრძანებით დაუბრუნდა 1835 წელს სახაზინო უწყებიდან 201 კომლი გლეხი, მაგრამ ეს ხალხი ნაწილობრივ არ არის დაბეგრილი არავითარი გადასახადით, ნაწილობრივ გამოსულია მისი (ელისაბედის) მორჩილებიდან, რის შესახებაც კნეინას თხოვნით წარმოებს გამოძიება. კნეინა ელისაბედს ჰყავს შვილები: უფროსი ვაჟიშვილი პრაპორშჩიკი მალაქია, მეორე ვაჟი დიმიტრი, ქალიშვილი დესპინე, მეორე ქალიშვილი პელაგია, რომელთაგან დიმიტრის უჭირავს გურიის მაზრის აკეთის უბნის უფროსის მოადგილის თანამდებობა, დანარჩენები იმყოფებიან დედასთან. კნეინა ელისაბედის და მისი შვილების ქონება, გურიაში მათი მნიშვნელობის კვალობაზე, მცირეა. ამ ოჯახის ერთგულება რუსეთის მთავრობის მიმართ ეჭვსგარეშეა, განსაკუთრებით კნეინა ელისაბედმა რამდენჯერმე დაამტკიცა თავისი გულმოდგინება სახაზინო სამუშაოებზე ხალხის გაგზავნით და სხვა. გურიის მაზრაში ის იყო გულმოდგინების ნიმუში, ყველა მემამულისთვის მისაბაძი. გარდა იმისა, რომ მისი ქმარი, ქაიხოსრო გურიელი, მამიას არასრულწლოვანების პერიოდში მთელ გურიას განაგებდა და აქედან გამომდინარე, შესაძლებლობა ჰქონდა ხალხის პატივისცემა მოეპოვებინა, როგორც გურიის პირველ პირს, კნეინა ელისაბედი თავისი გონიერებისა და მოხერხებულობის წყალობით ინარჩუნებს ხალხზე ზემოქმედების მოხდენის მისთვის ჩვეულ უფლებას.“49

იმავე 1841 წლის დეკემბერში ქუთაისის მაზრის უფროსის თანამდებობის შემსრულებელი საქართველო-იმერეთის სამოქალაქო გუბერნატორს უპატაკებდა, რომ მოღალატეები, გაქცეული მეფე დავითის უკანონოდ შობილი ვაჟები: ვახტანგ და ტარიელ „ბაგრატოვები“, რომელთაგან უკანასკნელი თურქეთში მოკვდა სერასკირის წოდებით, გაქცევამდე ქუთაისის მაზრაში განუყოფლად ფლობდნენ მამულს სოფლებში - სიქთარვა, თერჯოლა და სკანდა. ასევე გლეხებს, მამრობითი სქესისას 118 და მდედრობითი სქესისას 96 სულს. აღნიშნული გლეხების კუთვნილი მოძრავი და უძრავი ქონება, ყოველივე რაც მათ გააჩნდათ, იმერეთის მმართველი გორჩაკოვის წინადადებით, რომელიც საქართველოს მთავარმართებლის, გენერალ ერმოლოვის სურვილს ემყარებოდა, გადაცემულ იქნა მერაბ იაშვილის მფლობელობაში, ნაცვლად ხაზინაზე გადაცემული, რაჭის ოლქში მდებარე მისი მამულისა. გარდა ამისა, იაშვილს მიეცა სოფელ თერჯოლაში სამოსახლო ადგილი, ხოლო სოფელ სიქთარვაში ვენახი, სიგრძით 34 და სიგანით 24 ადლი, სახნავი მიწა სიგრძით 500 და სიგანით 240 ადლი, ტყე სიგრძით 180 და სიგანით 140 ადლი. ეს გლეხები, მიწები და ტყეები იაშვილის მფლობელობაში რჩებოდა.50

გურიელების ოჯახის კეთილსაიმედოობის დასამტკიცებლად, წარდგენილ იქნა ელისაბედ გურიელის წერილი, რომელშიც მთხოვნელი განმარტავს, რომ როდესაც გურული მეამბოხეები, მოსახლეობის აჯანყების მიზნით, შეიჭრნენ მის სამფლობელოში, მან არაერთხელ უარყო მათი განზრახვა და იცავდა თავის ქვეშევრდომებს შეცდომის ჩადენისაგან. შემდგომ, როდესაც ამბოხებულებმა ალყაში მოაქციეს ოზურგეთი, ელისაბედი პირადად აწვდიდა ცნობებს პოლკოვნიკ ბრუსილოვს და თავადებს - არღუთინსკისა და წერეთელს გურული მეამბოხეების ჩანაფიქრის შესახებ. რუსეთის მთავრობის წინაშე თავისი დამსახურებისა და სიღარიბის გამო, ელისაბედ გურიელი „ყოვლადმოწყალე ხელმწიფისგან“ ანაზღაურებას ითხოვდა.51

1842 წელს გურიის სამაზრო უფროსი ადასტურებდა, რომ ელისაბედს მთავრობისგან არავითარი დახმარება არ ეძლეოდა და მართლა ღარიბი იყო. ერთი წლის შემდეგ ის გარდაიცვალა. იმავე 1843 წელს ვახტანგ ბატონიშვილის ასულმა, ანასტასიამ ითხოვა მატერიალური დახმარება:

„მამა ჩემი იმერელი ბატონიშვილი ვახტანგ ბაგრატიონი 1820 წელს იმერეთში მომხდარი ბუნტის დროს ჩათრეული იყო მასში არაკეთილსაიმედოდ მოაზროვნე ხალხის მიერ. წავიდა უცხოეთში, თურქეთში, მისი ქონება რომელიც შედგებოდა გლეხებისაგან, მამულებისაგან და სხვა, რაც ქუთაისის მაზრაში იმყოფებოდა წაღებული იყო ხაზინის მიერ და შემდეგ გადაეცა რაჭველ თავად მერაბ იაშვილს ნაცვლად მისი მამულისა, რომელიც ხაზინას გადაეცა. მამაჩემის უცხოეთში წასვლის შემდეგ დავრჩი მარტო მე მცირეწლოვანი, ოთხი წლისა და ვიზრდებოდი კეთილისმყოფელ პირებთან. როდესაც სრულწლოვანებას მივაღწიე გავთხოვდი თავად დიმიტრი ნიჟარაძეზე, არ მიმიღია არავითარი წილი მამაჩემის მამულიდან და ვიმყოფები უკიდურეს სიღარიბეში. ვიტან ყოველგვარ სიდუხჭირეს და ყოველდღიურად თავის გამოკვებაც კი მიჭირს. მამაჩემის დანაშაულში მე ვერ ვიქნებოდი მონაწილე და მისი საქციელის გამო არ უნდა წამერთვას საგვარეულო მამული.“52 ანასტასია ითხოვდა მამის მამულს, ან მის სანაცვლოდ, ანაზღაურებას ხაზინიდან. 1843 წლის ოქტომბერში, ტარიელ ბაგრატიონის ქვრივმა, დესპინე გურიელმაც მოითხოვა თავისი განსვენებული ქმრის ქონების დაბრუნება.53

თავის თხოვნაში დესპინე ტარიელს მეფის ძედ იხსენიებს, ხოლო ვახტანგს - უკანონოდ შობილად: „გთხოვ თქვენ მიიღოთ შრომა მობრუნებისათვის ჩემდამო შესაფერი რაოდენობა კომლთა ჩამორთმეულთა ჩემის ქმრის მეფის ძის ტარიელის და უკანონოდ შობილის ძმისა მისისა ვახტანგ ბაგრატიონისაგან“.54 როგორც ვიცით, ძმების ქონება გაყოფილი არ ყოფილა. თავის მხრივ ვახტანგ ბატონიშვილის ასული, ანასტასია ნიჟარაძეც ცდილობდა თანამესაკუთრის მოცილებას დესპინეს სახით, რის გამოც, მან განაცხადა, თითქოსდა ამ უკანასკნელის ქორწინება ტარიელ ბაგრატიონთან არაკანონიერი იყო. ჩატარდა გამოძიება. ფიცის ქვეშ ჩამოართვეს ჩვენებები გურიის თავადებსა და აზნაურებს. ბერძენმა არქიმანდრიტმა ანთიმოსმა დაადასტურა, რომ ტარიელისა და დესპინეს ჯვრისწერა შედგა 1828 წლის იანვარში, ქ. ტრაპიზონში, წმ. გიორგის ეკლესიაში. ჯვრისწერა ჩაატარა ტრაპიზონის არქიეპისკოპოსმა პართენიოზმა სხვა სასულიერო პირების თანხლებით. რუსი მოხელე ბრუსილოვი დაუკავშირდა ტრაპიზონში მყოფ რუსეთის კონსულს და სთხოვა იმ ეკლესიაში ხსენებული ჯვრისწერის დამადასტურებელი მოწმობის მოძიება და გამოგზავნა, რაც 1844 წლის 27 ნოემბერს შესრულებული იქნა. 1845 წლის იანვარში ანასტასია ნიჟარაძეს გამოეცხადა, რომ მისი ბრალდება თავისი ბიძისა და დესპინე გურიელის ჯვრისწერის უკანონობის შესახებ არ დადასტურდა.55

1845 წელს ვახტანგ ბატონიშვილის ასულს, ანასტასია ნიჟარაძეს და ტარიელ ბაგრატიონის ქვრივს, დესპინეს დახმარების სახით გადაეცათ 540 მან. ვერცხლით თითოეულს. საქართველოში ხსენებულ ბატონიშვილებს, ანასტასიას მეტი, სხვა შთამომავლები არ დარჩენიათ. ითვლება, რომ თურქეთში ბატონიშვილები ჰაიდარ-ბეგთა გვარის მამამთავრები გახდნენ. თურქეთში ამ ცნობის დამადასტურებელ მასალას ვერ მივაკვლიეთ. ერთადერთი წერილობითი ცნობა ეკუთვნის ნ. იმერეტინსკის: „მეფე დავით IV-ს ჰყავდა კიდევ უკანონო ვაჟი, როსტომი. ის გახდა ცნობილი თურქული გვარის, ჰაიდარ-ბეგების, მამამთავარი“.56 ო. სოსელია ამ ინფორმაციას თავის ახსნას უძებნის. ერევა რა ხსენებული როსტომ დავითის ძე სხვა, აჯანყების მონაწილე როსტომში, ო. სოსელია წერს: „როსტომ ბატონიშვილი მონაწილეობას ღებულობდა 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებაში. უკანასკნელ წელს იგი დააპატიმრეს და ყარაულის ქვეშ იმყოფებოდა ქუთაისში (ეს იყო როსტომ სიმონის ძე-მ.ხ.). აქედან, როგორც ჩანს, ის თურქეთში გაიქცა და იქ ჰაიდარ-ბეგთა («хайдар-бег») სახელგანთქმული თურქული გვარის მამამთავარი გახდა“.57 ეს ვარაუდი მცდარია. არც ერთი როსტომ ბაგრატიონი თურქეთში არ გაქცეულა.

2003 წელს გადმოცემულ კრებულში „ბაგრატიონები“ აღნიშნულია ტარიელ ბაგრატიონის მეორე სახელი „ჰაიდარ-ბეგ“. მისი შთამომავლობა ნაჩვენები არ არის. გარდაცვალების თარიღად მითითებულია 1843 წელი, ხოლო ვახტანგის გარდაცვალების თარიღად 1846 წელი,58 ნაცვლად 1850 წლისა.59

ჩვენ მიერ ზემოთ დამოწმებულ ოსმალურ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვახტანგს მრავალრიცხვანი ოჯახი ჰყავდა, მაგრამ ოჯახის წევრების ვინაობა დაკონკრეტებული არ არის. უნდა იგულისხმებოდეს მისი მეორე ცოლი - ანუსია, ამალის წევრები და მსახურები. ვახტანგის ერთადერთ მემკვიდრედ მისი ქალიშვილი ანასტასია სახელდება.

გენერალ გორჩაკოვის 1821 წლის პროკლამაციამ მამუკა ბაგრატიონის ოჯახიც გაანადგურა. პროკლამაციაში მითითებული არ არის, რომ თავადი მამუკა ბაგრატიონი უკანონოდ შობილი იყო. მის შესახებ მცირე ინფორმაციას ფლობდნენ: „ჰყავს ორი ვაჟი. ერთი ზრდასრული, მეორე მცირეწლოვანი, რომელთა სახელები ცნობილი არ არის. გაქცეულები არიან მამასთან ერთად.“60 მეამბოხეთა ჩამორთმეული მამულები რუსეთის ერთგული პირებისთვის უნდა დაერიგებინათ. „განსაკუთრებით მამუკა ბაგრატიონის მამული დარიგდეს აუცილებლად“. რეპრესიები მამუკას ქალიშვილს, მაიასაც შეეხო, რომელიც მეამბოხე გოგია მხეიძის მეუღლე იყო. ის თავისი მაზლის, ბეჟან მხეიძის ცოლთან, რუსუდან გიორგის ასულ ასათიანთან ერთად იმალებოდა,61 მაგრამ ისიც შეიპყრეს და გადაასახლეს. ო. სოსელია წერს, რომ არ ჩანს, თუ ვისი შვილია მამუკა ბატონიშვილი. გვხვდება 1787, 1796 წლების საბუთებში, სოლომონ II-ის თანამედროვეა და მასთან კარგ დამოკიდებულებაშია. მეფე მას „საყვარელ ძმას ეძახის“. უკანასკნელ წელს აძლევს მას „გიორგი აბაშიძის შვილის ბერიკასოულის… სასახლეს და მის საწილო... ყოვლისფერს“.62 როგორც წესი, სოლომონ II წყალობის სიგელებში თავის ნათესავებს, ბატონიშვილებს ძმებსა და დებს უწოდებს, რითაც მათდამი თავის კეთილგანწყობას გამოხატავს: „როდესაც ჩვენი ძმა მეფე დავით გარდაიცვალა და ჩვენი და მზეხათუნ პატარა ობლათ დარჩა, მაშინვე ჩვენს უმაღლესსა პალატში ვინებეთ ზრდა მისი ნებიერად...“63

მამუკა ბატონიშვილი კი მართლაც სოლომონის ძმა იყო, მხოლოდ უკანონოდ შობილი, რომელიც არჩილ ბატონიშვილს მაშინ შეეძინა, როდესაც სოლომონის დედასთან კანონიერ ქორწინებაში იმყოფებოდა, (სწორედ ეს საქციელი ვერ აპატია ეკლესიამ არჩილ ბატონიშვილს და მისი ცხედარი წესიერად დაკრძალვის ღირსი არ გახადა: „არა ეკლესიამან ჩუენმან განაგდოა ეკლესიურისა ნიჭისაგან... არჩილ, რომელიც თვით ძმამ მისმან იოსებ კათალიკოსმან საყვარელმან მისმან გარეშე ეკლესიისა სანეხვესა შინა შთააგდო მკვდარი ურწმუნოებისათვის მისისა“.64) ზემოთ დამოწმებულ სიგელში ყურადღებას იქცევს სოლომონ მეფის შემდეგი სიტყვები: „უცილებლათ მომიცია თუ შენ ჩემი ერთგული ძმა იქნე“.65 დღეს მამუკა ბატონიშვილის ვინაობა უკვე დადგენილია. ის არის, როგორც ვთქვით, არჩილ ბატონიშვილის ძე, დაბადებული 1796 წელს, ჰყავს ვაჟები: ალექსანდრე და არჩილი, ასევე ქალიშვილები: მარიამი და თეკლე.66 მამუკასა და მისი შვილების თურქეთში ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. 1835 წელს ის თავის ვაჟთან, არჩილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ საარსებო საშუალება არ გააჩნდა. მომდევნო წელს, თავადი მამუკა არჩილის ძე ბაგრატიონი თხოვნით მიმართავს ბარონ როზენს:

„(1820) წელსა იყო რა აღრეულება იმერეთშიდ დროსა მას განვედი მე სამზღვარს გარეთ შიშისა გამო შეცდომით ჩემი ორი მცირე წლოვანის შვილებით რომელსა არა რაი შეცოდება არა მქონიეს თვინიერ განსვლისა სამფლობელოიდგან ჩემით. მუნ დავყავ ესე ოდენი ხანი და გასრულსა წელსა ნოებრის თვეს მოვედი ჩემის ერთი შვილით სჯულსა ქვეშე ქრისტიანობისასა და შევედრე თავი ჩემი მათსს იმპერატორებითს უდიდებულესობას რათა შეიწყალოს მოხუცებულობა ჩემი. მოიღოს ნამდვილ ღთაებრი მოწყალება... გთხოვ ყოვლად უმორჩილესად მოაქციეთ საკუთარი ყურადღება და ინებეთ ბოძებად ჩემდა დღიურისა საზრდელისა ანუ მამულისა ჩემისა რომელ ვარ შევრდომილი უკიდურესსა მწუხარებასა შინა და არარაითა ღონის ძიებითა ძალმიძს მოპოებას საზრდელისა და არც მაქვს მისადრეკელი თავისა ჩემისა.“67

1842 წლის 28 აპრილს მთავარმართებელი გოლოვინი სწერს პატაკს სამხედრო მინისტრს, რომელიც მამუკა ბაგრატიონს შეეხება. პატაკში ნათქვამია: „თურქეთში მყოფი იმერელი თავადი მამუკა ბაგრატიონი, 1820 წლის ბუნტის მონაწილე, რომელსაც გენერალ მაიორ ერმოლოვის მოწოდების თანახმად უცხოეთში განდევნა მიესაჯა, 1835 წლის ბოლოს დაბრუნდა სამშობლოში თავის 20 წლის ვაჟთან ერთად, რომლებმაც თანახმად უზენაესი რესკრიპტისა თავად ვარშავსკის გრაფ პასკევიჩ ერევანსკის სახელზე, 1830 წლის 13 ივნისს, მიიღეს ყოვლადმოწყალე პატიება. თუმცა იმავე უზენაესი რესკრიპტის თანახმად, უნდა აღძრულიყო შუამდგომლობა მამუკა ბაგრატიონისათვის იმ მამულის დაბრუნების თაობაზე, რომელიც მისი თურქეთში გაქცევის შემდეგ დარჩა. მაგრამ, ვინაიდან მამული გენერალ ერმოლოვის განკარგულებით ჯერ კიდევ 1820 წელს დაურიგდათ რუსეთის მთავრობის ერთგულ პირებს და მას შემდეგ სახაზინო უწყებაში იმყოფება მხოლოდ 3 კომლი მისი კუთვნილი გლეხებისა, რომელთა დაბრუნება მცირედითაც ვერ უზრუნველყოფს მის შენახვას.“ ბარონმა როზენმა, დარწმუნდა რა თავად მამუკა ბაგრატიონის უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარებაში, რომელიც სარჩოს შოულობდა მხოლოდ ქველმოქმედთათაგან, 1838 წლის 27 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა ეშუამდგომლა თავად მამუკა ბაგრატიონისა და მისი ვაჟისათვის პენსიის (300 მან ვერცხლით თითოეულს) დანიშვნის თაობაზე.

შემდეგ ნამდვილმა საიდუმლო მრჩეველმა გრაფმა ნესელროდემ განაცხადა, რომ ეს საკითხი მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა, ვინაიდან იმპერიის საზღვრებში სპარსეთიდან და თურქეთიდან გადმოსული პირებისთვის პენსიების დანიშვნა საერთო სამინისტროში განიხილებოდა. გოლოვინი ითვალისწინებდა რა მამუკა ბაგრატიონის უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობას, სამხედრო მინისტრს სთხოვდა: „ნუ დატოვებთ თქვენი შუამდგომლობის გარეშე ბაგრატიონს და მის ვაჟს არჩილს, რათა მათ დაენიშნოთ განსვენებულ გენერალ-ადიუტანტ როზენის მიერ განსაზღვრული ოდენობის პენსია.“68 თავის პატაკს გოლოვინი იმით ამთავრებდა, რომ სთხოვდა სამხედრო მინისტრს, რათა შეეტყობინებინა მისთვის საქმის შემდგომი ვითარება. სამხედრო მინისტრმა იმავე წლის 5 ივნისს აცნობა გოლოვინს, რომ მის მოხსენებაზე 1820 წლის აჯანყების მონაწილე და 1830 წელს ყოვლადმოწყალედ შეწყნარებული იმერელი თავადი მამუკა ბაგრატიონისა და მისი ვაჟის - არჩილისათვის მემკვიდრეობითი პენსიის დანიშვნის თაობაზე, ხელმწიფე იმპერატორმა არ ინება თანხმობის მოცემა. ამის შემდეგ 1842 წლის 16 ივნისს გოლოვინმა აცნობა საქართველო-იმერეთის სამოქალაქო გუბერნატორს მთელი მიმოწერის შესახებ და დაავალა, რომ მას თავად მამუკა ბაგრატიონისათვის გამოეცხადებინა იმპერატორის უზენაესი განდაწყვეტილების შესახებ.

გაჭირვებაში და გაურკვეველ ვითარებაში დაასრულა სიცოცხლე მამუკას შვილმა, არჩილმა. 1843-1845 წლებში მიმდინარეობდა მიმოწერა საქართველო-იმერეთის საგუბერნიო მმართველობასა და ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორის სამმართველოს შორის, რაც შეეხებოდა იმერელი თავადის არჩილ ბაგრატიონის ძიებას, რათა მისგან ამოეღოთ ნოვოროსიისკის მხარისა და ბესარაბიის მმართველის კანცელარიიდან სესხის სახით მიცემული თანხა. როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, 1841 წელს ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გუბერნატორის კანცელარიიდან გაცემული იქნა 150 მანეთი ვერცხლით იმერელ თავად არჩილ ბაგრატიონზე, თანახმად მისი თხოვნისა, რომელშიც განმარტავდა, რომ როდესაც ის ქუთაისიდან პეტერბურგს გაემგზავრა, გზაში მოიტაცეს ჩერქეზებმა. ექვსი თვის ტყვეობის შემდეგ, მან მოახერხა ანატოლიაში გაქცევა, საიდანაც 1841 წლის ივნისში, თურქული გემით ჩავიდა ქალაქ ფეოდოსიაში, იმ მიზნით, რომ გამგზავრებულიყო ს. პეტერბურგში თავის ძმასთან «для свидания с родным его братом», მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ამალის გენერალ-მაიორ თავად ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკისთან შესახვედრად. (დოკუმენტში სიტყვა-სიტყვით ასეა ნათქვამი, თუმცა, თავადი არჩილ ბაგრატიონი იყო მამუკას ძე და ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის ძმა ვერ იქნებოდა-მ.ხ.) არჩილს ს.პეტერბურგში სამსახურის დაწყება სდომებია, მაგრამ ვინაიდან ტყვეობაში მთელი თავისი ქონება დაკარგა, არ ჰქონდა სახსრები თავისი განზრახვის განხორციელებისათვის.

ამ ფულის დაბრუნების შესახებ მაშინვე მისწერეს იმპერეტორის მთავარი შტაბის მორიგე გენერალს, გენერალ-მაიორს, ბაგრატიონ მუხრანსკის, რომელმაც პასუხად განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ არ იყო არჩილ ბაგრატიონის ნათესავი, არამედ არც კი იცნობდა მას, ამდენად, არ თვლიდა თავს მოვალედ, რომ გადაეხადა არჩილისთვის სესხის სახით გაცემული თანხა.

ამის შემდეგ, გაიცა ბრძანება, რომ მოძებნილი ყოფილიყო თავადი არჩილ ბაგრატიონი და მისგან ამოეღოთ ხსენებული თანხა. ძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს თავადი ნამდვილად ცხოვრობდა თავის ნათესავებთან ქუთაისის მაზრაში, მაგრამ 1842 წელს წავიდა საქართველოში და მთიელებთან ექსპედიციის დროს მოკლულ იქნა ბრძოლაში.69 (კრებულში „ბაგრატიონები“ არჩილის გარდაცვალების თარიღად აღნიშნულია 1851წ.),70 ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ არავითარი მამული (ქონება) არ დარჩენილა.

ამ ფაქტის დადგენის შემდეგ, ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფეოდოროვმა კავკასიის მეფისნაცვალს გამოუგზავნა პატაკი, რომელშიც სთხოვდა არჩილ ბაგრატიონის ნათესავებისგან ამოეღო ვალი - 150 მანეთი ვერცხლით. საბოლოოდ, როგორც ჩანს ეს თანხა, ვორონცოვის ბრძანებით, ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს ხაზინადარმა გადაგზავნა დანიშნულებისამებრ, 1845 წლის 23 აგვისტოს. იმავე წლის 17 ოქტომბერს ნოვოროსიისკისა და ბესარაბიის მოვალეობის შემსრულებელი გენერალ გუბერნატორი პატაკით იტყობინებოდა, რომ აღნიშნული თანხა მიიღო.

ვალი გადახდილ იქნა. რუსეთის მთავრობისათვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ბაგრატიონთა უძველესი სამეფო დინასტიის წევრების სიცოცხლე.

1821 წელს თავისი სამშობლოდან და სრულიად რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან განდევნილი ბაგრატიონებისაგან ეს ისტორიული საგვარეულო აღარ გაგრძელებულა.

3.2 3.2. რეპრესირებული ბაგრატიონები და იმერეთის დედოფალი მარიამი

▲ზევით დაბრუნება


ნეტა რა არის მისთანა;
ამომავალი მზისთანა;
წყალში რო ფეხი უდგია,
ამ ოქროს ჩარდახისთანა.
გაღმით-გამოღმით ქალაქი,
შუაზე მეედნისთანა,
დედის მუცლიდან ნაშობი
მარიამ დედოფლისთანა?
(ხალხური)
*ოქროს ჩარდახი - მეფის სასახლე ქუთაისში

იმერეთის 1819-20 წლების აჯანყებას ხელმძღვანელობდნენ და აქტიურ როლს ასრულებდნენ იმერეთში მცხოვრები ბაგრატიონები. აჯანყებაში პირადად მონაწილეობდნენ დავით, ვახტანგ, მამუკა და როსტომ ბაგრატიონები, მაგრამ რეპრესიები მათი ოჯახის წევრებსაც შეეხოთ.

1819 წლის ზაფხულში გენ.-მაიორმა სისოევმა შეადგინა რუსეთის ერთგულ თავადაზნაურთა სია, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ აჯანყებაში და დახმარებას უწევდნენ მთავრობას. ამ სიაში არიან შეყვენილი „თავადი დავით ბაგრატიონ ბატონიშვილი“ და „თავადი ვახტანგ ბაგრატიონ ბატონიშვილი, სოფელი ღვანკითი. ისინი თავის გლეხებთან ერთად არ მონაწილეობდნენ აჯანყებაში, ყოველმხრივ ცდილობდნენ სიმშვიდის შენარჩუნებას და ერთგულებას იჩენდნენ რუსეთის მთავრობის მიმართ.“1 ამგვარი შეფასება იმაზე მიუთითებს, რომ ხსენებული ბატონიშვილები მაშინ ჯერ კიდევ ან იყვნენ ჩაბმული ბრძოლაში, ან მოხერხებულად ნიღბავდნენ თავიანთ მონაწილეობას. ყურადღებას იქცევს ერთი შეუსაბამობა: ვახტანგ ბატონიშვილი ღვანკითში არ ცხოვრობდა. ეს სოფელი თავის დროზე სოლომონ I-ის ძმას, ბაგრატ ბატონიშვილს ეკუთვნოდა და შესაბამისად მის მემკვიდრეებს ერგოთ წილად. ვახტანგი კი მისი შთამომავალი არ ყოფილა, არც ღვანკითში უცხოვრია, რაც გვაფიქრებინებს, რომ სისოევის სიაში მის ნაცვლად როსტომ ბატონიშვილი უნდა ეწეროს. ხსენებული ბატონიშვილების მეამბოხეობა მალე გამომჟღავნდა.

1820 წლის 7 სექტემბერს გორჩაკოვი ერმოლოვს პატაკთან ერთად უგზავნის ნუსხას, რომელშიც მოცემულია ბუნტოვშჩიკების სახელები, მათი და მათი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელი. აქვეა სპეციალური გრაფა „სავარაუდოდ ვის უნდა გადაეცეს მამულები“. ჩამორთმეული მამულები ხაზინას უნდა გადასცემოდა, ან გამოყენებული უნდა ყოფილიყო ერთგულთა დაჯილდოებისთვის. ზოგი რეპრესირებულის მამული მისივე ოჯახს უნდა დარჩენოდა.2 ნუსხაში შეყვანილია ყველა იმერელი ბატონიშვილი: ბატონიშვილი დავით ბაგრატიონი, მოკლული აჯანყების დროს. მისი ოჯახის წევრებიდან - დედა, მარიამი, თავად ჩიჯავაძის ასული; ცოლი - დარეჯან ვახტანგ ერისთავის ასული და შვილი - ბერიკა სამეგრელოში იმყოფებოდნენ. ხოლო შვილები: თეიმურაზი, ნიკოლოზი, მარიამი, მზეხათუნა და ეკატერინე ტფილისში იყვნენ გაგზავნილი. გადაწყდა მისი მამულის ხაზინისთვის გადაცემა, სამეგრელოში მყოფი ვაჟის ხელში ჩაგდება და სკოლაში მიბარება, სადაც ერთ-ერთი ვაჟი უკვე გაგზავნილი იყო. ამავე სიაში არიან ბაგრატიონებიც: ბატონიშვილები ვახტანგ ბაგრატიონი და მისი მცირეწლოვანი ძმა ტარიელ ბაგრატიონი, ასევე თავადი მამუკა ბაგრატიონი, „სახაზინო აზნაური როსტომ ბაგრატიონი (როგორც შემდგომში დავინახავთ, რუსებს არ გააჩნდათ როსტომის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ბაგრატიონის აზნაურად ჩაწერის უფლებას მისცემდა მათ-მ.ხ.), იმყოფება ქუთაისში პატიმრობაში. მისი ცოლი ელისაბედ გიორგის ასული, აზნაურ მხეიძის ქალიშვილი, ვაჟი სიმონი, ქალიშვილები: მზეხათუნა, ირინა, პახუა თავიანთ სახლში იმყოფებიან. როსტომი უნდა დაისაჯოს. მისი ვაჟი გაგზავნილ იქნეს სამხედრო სამსახურში, მამული დარჩეს ოჯახს.“3 იმავე სიაშია სოლომონ I-ის შვილიშვილი, თავადი ივანე ქაიხოსრის ძე აბაშიძე, რომელიც გაქცეული იყო. ცოლი ელისაბედი, სიმონ გურიელის ასული, ვაჟები: სიმონი - 8 წლის, ნიკოლოზი - 3 წლის, დიმიტრი - 1 წლის. ქალიშვილები: ანასტასია - 13 წლის, ეკატერინე - 9 წლის. „გაგზავნილი არიან ტფილისში. მამული, რომელიც მერაბ იაშვილს უნდა გადასცემოდა, ხაზინას გადაეცეს. მერაბ იაშვილი დაჯილდოვდეს სხვა მამულის ხარჯზე, ისიც მაშინ, როდესაც თავის გაქცეულ ვაჟებს დააბრუნებს.“4

ამავე სიიდან ჩანს, რომ მეამბოხე თავადი გოგია მხეიძის ცოლი მაია, მამუკა ბაგრატიონის ასული ყოფილა.5

დავით ბატონიშვილი იყო სოლომონ I-ის ძმის, ბაგრატ ბატონიშვილის შვილი. „დაშთა თვინიერ დიდისა მეფისა სოლომონის ძმის ბაგრატის ძე დავით, რომელი იყო მშვიდი და არა მეძებელი მეფობისა და კმაყოფილი მამულით თავისით და ეპყრა კერძო რუსთა და ერთგულებდა, გარნა უქმ იქნა ერთგულება მისი, რომელიცა მოიკლა მათ მიერ შეჩენილისა ჭაჭაშვილის მოურავის ძის მიერ, რომელიცა იყო საყვარელი ყმა მისი“.6 ამ ამონარიდის მიხედვით, დავით ბატონიშვილი რუსეთის ერთგული ჩანს, რეალური ფაქტები კი საწინააღმდეგოზე მეტყველებენ. ბატონიშვილმა თავისი რაზმი შეკრიბა და იარაღით ხელში დაუპირისპირდა დამპყრობლებს. ცხოვრობდა სოფელ ღვანკითის ბოლოში, რუშავის ტყის მიდამოებში. სადაც მდინარე ჩოლაბური ერთმანეთისაგან ჰყოფს სოფლებს - ღვანკითსა და არგვეთას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, გაშენებული იყო მისი სასახლე. აქვეა პატარა ეკლესია, რომელსაც დედა ღვთისას ეძახიან. ი. გავაშელაშვილი წერს, რომ „საქართველოს რუსეთთან შეერთების“ შემდეგ, რუსეთის მთავრობამ დავითს რუსეთში გადასახლება ურჩია, მაგრამ მან ეს არ ინება „უფლებები ამყარეთ და ახლა ციმბირს წავიდეო? სხვა მხარე ჩემთვის ციმბირია… ამიტომ, გთხოვთ აქვე დამტოვოთო“.7 მეფის მთავრობას, თითქოსდა, მისი თხოვნა შეუწყნარებია. ეს გადმოცემა დოკუმენტურად არ დასტურდება. მთავრობას მისი გადასახლება იმ ხანად საჭიროდ არ მიაჩნდა, რადგან ის ტახტის პრეტენდენტი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, არც უფლებების აყრაზე საუბარია სიმართლესთან ახლოს. იმერეთის ტახტის მემკვიდრე კონსტანტინე ბატონიშვილი და სოლომონ I-ის შთამომავლები, რუსეთში გადასახლების შემდეგ, სრულად მოსწყდნენ იმერეთსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში არავითარ მონაწილეობას არ იღებენ. ასეთ ვითარებაში, დავით ბატონიშვილს თავისი წარმომავლობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ იმერეთში მეფობის აღდგენის იმედი გასჩენოდა. დავითმა და მისმა რაზმმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რუს სამხედროებს, რომლებიც აჯანყების ჩაქრობას ცდილობდნენ. ბატონიშვილმა თავისი ამალით რუშავის ტყეს შეაფარა თავი. მდევრები დიდხანს ეძებდნენ ბაგრატიონსა და მის ამალას, მაგრამ უზარმაზარ დაბურულ ტყეში კვალს ვერსად მიაგნეს. დავით ბატონიშვილს საჭმელს მისი ერთგული ნათლიმამა ვაჭარაძე აწვდიდა. გადმოცემის თანახმად, ზურაბ და გრიგოლ წერეთლების კაცებმა გაიგეს ეს და ჩაუსაფრდნენ. ერთხელ, როცა ვაჭარაძეს ჩვეულებრივ სადილი მიჰქონდა, შეიპყრეს და აიძულეს ეთქვა, სად იმალებოდა დავით ბატონიშვილი. ვაჭარაძე გაუძღვა მოძალადეებს და ტყეში შეიყვანა. როდესაც ბანაკს მიუახლოვდნენ, მხლებლებმა ბატონიშვილს აცნობეს მოახლოებული საფრთხე, მაგრამ გვიან იყო. დაიწყო სროლა. ბუღია ჭაჭიაშვილმა ზურგიდან შემოუარა ბატონიშვილის ბანაკს და მიზანში ამოიღო დავითი, რომელიც სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი მხლებლები გაიფანტნენ. ცოცხალმკვდარი ბატონიშვილი მტრებს ჩაუვარდა ხელში. მისი სასახლე გადაწვეს. დამწვარ ზანდუკში შენახული ორი ხატი უვნებლად გადარჩა. ერთი ღვთისმშობლისაა, რომელიც დავით ბატონიშვილს და მის თანამეცხედრეს, ერისთავის ასულ დარეჯანს შეუმკიათ. მეორე ხატი იმერეთის მეფის, ალექსანდრე V-ის დედის, როდამის მიერ არის შემკული. (ცნობილია, რომ როდამ დედოფალი ქართლის მეფის, გიორგი XI-ის ასული იყო. ამიტომ ხატზე გაკეთებული წარწერა გარკვეულ გაუგებრობას იწვევს: „ჩვენ დავით მეფის ასულმა ღვთით გვირგვინოსანი მეფის ალექსანდრეს დედამან დედოფალმან როდამ გავაწყვე ხატი ესე ჩემის სასურველის ძმის ბატონიშვილის კონსტანტინეს სახსოვრად“. კონსტანტინე ბატონიშვილის ვინაობა ცნობილი არ არის. ეს ხატი პირადად მინახავს დავით ბატონიშვილის უშუალო შთამომავალთან, ქალბატონ ნინი დავითის ასულ ბაგრატიონთან-მ.ხ.) ი. გავაშელაშვილი მოგვითხრობს, რომ დავით ბატონიშვილს დარჩა მეუღლე რაჭის ერისთავის ასული დარეჯანი, ორი ქალიშვილი მარიამი და ეკატერინე, ორი ვაჟიშვილი - ივანე და თეიმურაზი. ამათგან ყველა რუსეთში გადაასახლეს, გარდა ივანესი, რომელსაც კეთილისმყოფელნი ჯერ სხვადასხვა ოჯახებში მალავდნენ, შემდეგ მცირეწლოვანი ბიჭი ერთგულ აზნაურს, მერაბ ყიფიანს, გოდორში ჩაუსვამს და ზურგზე მოკიდებული ოსმალეთში გადაუყვანია. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ერთად დაბრუნებულან სამშობლოში და ისევ ღვანკითში დასახლებულან. ამის მერე, ივანეს დებიც დაბრუნებულან რუსეთიდან. ერთ-ერთი მათგანი, ეკატერინე, თავად ნიკო ერისთავს შეურთავს ცოლად, მეორე და, მარიამი - თავად დავით ერისთავს. ივანეს ძმა - თეიმურაზი, რუსეთში დარჩენილა, სადაც უმემკვიდროდ გარდაცვლილა.8 მთელი ეს ზემოთ მოყვანილი ცნობები ი. გავაშელაშვილს ძირითადად ივანე ბაგრატიონის პირდაპირი შთამომავლის ქალბატონ ნინო ბაგრატიონისგან ჰქონდა მოპოვებული. დოკუმენტები ამ ოჯახის კიდევ უფრო მძიმე ტრაგედიას გვამცნობენ. პოლიცმეისტერ კოხანოვის შედგენილი სიიდან ჩანს, რომ დავით ბატონიშვილის ოჯახიდან დახოცილან ბატონიშვილის დედა მარიამი, ვაჟიშვილი ნიკოლოზი და ქალიშვილი მზეხათუნა.9 დოკუმენტი უთარიღოა, მაგრამ 1820 წლის 7 სექტემბერს, როდესაც გორჩაკოვმა სია შეადგინა, ეს პირები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. როგორც ჩანს, ტფილისში მათ ისეთ მძიმე პირობებში ამყოფებდნენ, რომელსაც ვერ გაუძლეს. იკარგება მცირეწლოვანი ბერიკას კვალიც. ასევე გარდაცვლილან ივანე აბაშიძის ვაჟები: 3 წლის ნიკოლოზი და 13 წლის დიმიტრი.10 ყველა ამ საბუთში დავით ბატონიშვილის ქალიშვილი მაია, იგივე მარიამი, იხსენიება როგორც თავად ლევან დადიანის მეუღლე. ჰყავს 8 თვის შვილი, მზეხა. ამ ლევან დადიანის არსებობა დღემდე უცნობი იყო. იმ პერიოდში ცნობილია ლევან დადიანი - სამეგრელოს მთავარი და კიდევ ერთი ლევან დადიანი, ალექსანდრეს ძე (1774 - 1847), რომელიც სოლომონ II-ის დის, მარიამ არჩილის ასულის პირველი ქმარი იყო. მაია დავითის ასულის მეუღლე მეამბოხე ჩანს. არ ვიცით, თუ კონკრეტულად რა ვითარებაშია დაღუპული.

1820 წლის 20 ოქტომბერს ტფილისის პოლიცმეისტერი ერმოლოვს უპატაკებდა, რომ იმერელი ბატონიშვილის, დავითის ასული მაია - თავად ლევან დადიანის მეუღლე, რვა თვის ბავშვით და იმერელი ბუნტოვშჩიკის, გაქცეული გიორგი მხეიძის ცოლი მაია, ორ მოახლე ქალთან ერთად ტფილისიდან ყიზლარში იქნენ გაგზავნილი.11

1821 წლის იანვარში ყიზლარის კომენდანტი ერმოლოვს აცნობებდა ბუნტის დროს მოკლული იმერელი ბატონიშვილის, დავითის ქალიშვილის - თავად ლევან დადიანის მეუღლის მოახლე ქალის გარდაცვალების შესახებ. პატაკიდან ვიგებთ, რომ „იმერელი მეამბოხეები“, როგორც ყიზლარში გადასახლებულ ქალებს და ბავშვებს უწოდებდნენ, ყიზლარის ციხესიმაგრეში იხდიდნენ პატიმრობას.12 იგივე დასტურდება გენერალ-მაიორ სტალის მიერ ველიამინოვისთვის გაგზავნილ პატაკში.13

დავით ბატონიშვილის მეუღლემ, დარეჯანმა, 1823 წლის 28 აგვისტოს დაწერა თხოვნა, რომელშიც ითხოვდა ყიზლარიდან იმერეთში დაბრუნებას მასთან მყოფ სხვა პირებთან ერთად. თქვენთვის ცნობილია - წერდა ბატონიშვილი დარეჯანი, რომ უკვე მესამე წელია, რაც ქალაქ ყიზლარში ვცხოვრობთ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი დანაშაული არ ჩაგვიდენიაო. სამშობლოში დაბრუნების თხოვნას ხელს აწერენ: 1. ბატონიშვილი დავით ბაგრატიონის მეუღლე, ერისთავის ქალი დარეჯან. 2. ბატონიშვილი როსტომის მეუღლე მიქელაძის ქალი მარიამ. 3. კნიაზი გიორგი მხეიძის მეუღლე ბატონიშვილი მაია. 4. თავადი მდივან-ბეგი აბაშიძე როსტომის მეუღლე ანნა. 5. თავადი ნიკოლოზ აბაშიძის მეუღლე როდამ.14 წერილი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. წერილის ადრესატმა (ალექსეი პეტროვიჩმა) გადაგზავნა ის იმერეთის მმართველთან და თავის მხრივ დაურთო შეკითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ამ ქალების გადმოგზავნა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ტფილისში. საქმეს მსვლელობა მიეცა. იმერეთის მმართველი გენერალ-მაიორი თავადი გორჩაკოვი პატაკით აცნობებდა ველიამინოვს, რომ „მოღალატე დავით ბაგრატიონის ცოლის, დარეჯანისა და მასთან ერთად მცხოვრები ყიზლარში გადასახლებული სხვა ქალების თხოვნის გამო, მან შეკრიბა სათანადო ცნობები. აღმოჩნდა, რომ თხოვნაში დასახელებულ ქალებს თავიანთი მამულები და ნათესავები არ გააჩნდათ, გარდა დავით ბაგრატიონის ცოლისა, რომელსაც ჰყავდა ძმისშვილი, არასრულწლოვანი თავადი სიმონ ერისთავი, მაგრამ იმასაც არ შეეძლო მისი რჩენა. ამიტომ ვთვლი - ნათქვამია პატაკში - რომ მათი იმერეთში დაბრუნება მათთვისვე იქნება უსარგებლო და არახელსაყრელი. „არ გააჩნიათ რა საარსებო საშუალება, ისინი უთუოდ დაიწყებენ მთავრობის შეწუხებას თავიანთი თხოვნებით. რაც შეეხება პოლიტიკურ ზეგავლენას, ისინი თავიანთი ქმრების გარეშე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენენ. ამიტომ კაცთმოყვარეობისა გამო ვთვლი, რომ შესაძლებელია მათი იმერეთში დაბრუნება, თუ რომელიმე მათგანი წარმოადგენს რომელიმე კეთილსაიმედო პირისაგან ხელწერილს, რომ ის თავის თავზე იღებს მის შენახვას.“15

როსტომ ბატონიშვილის მეუღლეს, მარიამ მიქელაძეს, გამოუჩნდა გულშემატკივარი თავისი სიძის, თავად ბეჟან წერეთლის სახით. მან აცნობა გორჩაკოვს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მისი სიდედრი, თავად მიქელაძის ასული და თავად ვახტანგ ბაგრატიონის დედა, მარიამი, გადასახლებულ იქნა რუსეთში იმერეთის აჯანყებასთან დაკავშირებით. წერეთელი აცხადებდა, რომ მას გააჩნდა საკმარისი ქონება იმისთვის, რომ ერჩინა თავისი სიდედრი, თუ მთავრობა ინებებდა მის დაბრუნებას. გორჩაკოვი თავის მხრივ ველიამინოვს მოახსენებდა, რომ თავად ბეჟან წერეთლის წინადადებაზე უარის თქმის ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავდა.

დავით ბატონიშვილის მეუღლეს, დარეჯანს, სამშობლოში დაბრუნება არ ეწერა. 1824 წლის 25 თებერვალს იგი ყიზლარში გარდაიცვალა. პატაკში ნათქვამია, რომ მას დაემართა ციებ-ცხელება, რასაც ზედ დაერთო ადრე ჭლექით ავადმყოფობა, რის შედეგად იგი ფილტვების ანთებისაგან გარდაიცვალა. გარდაცვლილის ქალიშვილი, ბუნტოვშჩიკი თავადი ლევან დადიანის მეუღლე მაია, საკუთარი სურვილით რჩებოდა ყიზლარში თავისი დედის მიმართ სიყვარულისა და ერთგულების გამო. ახლა კი დედის გარდაცვალების შემდეგ, კნეინა დადიანი ითხოვდა საქართველოში დაბრუნების უფლებას, მხოლოდ იმ პირობით, რომ მისი უმცროსი დის, 9 წლის ეკატერინეს წაყვანის უფლებაც მიეცათ.

ყიზლარის კომენდანტი ამ საკითხის თაობაზე მითითებას ითხოვდა ერმოლოვისგან: ხომ არ ინებებდა ერმოლოვი ბრძანების გაცემას, რომ კნეინა მაია და მასთან ერთად მისი და ეკატერინე ტფილისში ყოფილიყვნენ დაბრუნებული. ყიზლარის კომენდანტი ელოდა ბრძანებებს. დოკუმენტი დათარიღებულია 1824 წლის 19 აპრილით.

შემონახულია იმერეთის კნეინებისა და მათი მსახურების სახელობითი სია:

1. დავით ბატონიშვილის ქალიშვილი მაია, თავად ლევან დადიანის მეუღლე, განთავისუფლებული 1822 წელს, მაგრამ თავისი სურვილით დედასთან ერთად საცხოვრებლად დარჩენილი. ახლა კი მიემგზავრება საცხოვრებლად იმერეთში ქვემოთ ჩამოთვლილ პირებთან ერთად:

2. ქალწული ეკატერინე, მისი და, მასთან ერთად მისი მსახური დათუნა პატარიძე და ორი ქალი... (სიაში ვეღარ ვხედავთ მაიას მცირეწლოვან ქალიშვილს, მზეხას. ცხადია ის გარდაიცვალა-(მ.ხ.);

3. კნეინა მარიამ ბაგრატიონი (ქალიშვილობის გვარი მიქელაძე);

4. კნეინა ანა ხანუმ აბაშიძე;

5. მისი მული;

6. რძალი როდამი;

7. ქალიშვილი ანასტასია. მათ ახლავთ ერთი მსახური კაცი და 2 ქალი;

8. კნეინა მარია მხეიძე, მასთან ერთი მსახური კაცი.16

საბოლოოდ მათ სამშობლოში გამგზავრების უფლება დართეს. დაიწერა და გაეგზავნათ მიმართვები ყიზლარის კომენდანტს, შემდეგ მოზდოკისა და ვლადიკავკაზის კომენდანტებს. აქვეა ვლადიკავკაზის კომენდანტის პატაკი, რომელიც იტყობინება, რომ 1824 წლის 6 ივნისს ვლადიკავკაზსში მოზდოკის კომენდანტმა ჩამოიყვანა იმერული თავადური საგვარეულოების წარმომადგენელი 8 ქალი და მათთან მყოფი მსახურები - 7 სული, მამრობითი და მდედრობითი სქესის, მაგრამ გზის გაფუჭებასთან დაკავშირებით მათი შემდგომი გამგზავრება შეუძლებელი გახდა. მოზდოკიდან ვლადიკავკაზამდე მგზავრობისათვის გამოყოფილი - 50 მან. ასიგნაციებით გამოელიათ და სხვა არავითარი სახსრები არ გააჩნდათ, ამიტომ ითხოვდნენ დახმარებას, რაც კომენდანტს სამართლიანად მიუჩნევია და ქუთაისში ჩასვლისთვის განსაზღვრული 200 მანეთიდან გამოუყო 50 მანეთამდე, რაზედაც, ცხადია, ხელმძღვანელობას აცნობა.17

1824 წლის სექტემბერში იმერელმა ბატონიშვილმა მარიამ დავითის ასულმა და ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წარმომადგენლებმა ერმოლოვს გამოუგზავნეს თხოვნა, რომელშიც აცნობებდნენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ყიზლარში იმყოფებოდნენ, ახლა კი, ერმოლვის მიერ განთავსუფლდნენ და ქუთაისში იქნენ გაგზავნილი თავიანთ ნათესავებთან, რომლებმაც დაივიწყეს ნათესაური ბუნებრივი მოვალეობა, და ისე მოექცნენ მათ, როგორც უცხოებს. სამშობლოში დაბრუნებულები საარსებო საშუალებას მოკლებულნი აღმოჩნდნენ. ერმოლოვისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მათი უდანაშაულობა. ისინი თავიანთი ნათესავებისა და ქმრების გამო დაზარალდნენ, ოთხი წლით სამშობლოდან იყვნენ განდევნილნი, ახლა კი თავის გამოკვებაც არ შეეძლოთ, ვინაიდან ქონება ჩამორთმეული დახვდათ. ისინი ითხოვდნენ, რომ ჩამორთმეული ქონების ნაცვლად მათთვის საარსებო საშუალება გამოენახათ. ყიზლარიდან იმერეთში დაბრუნებულთა სიაში არიან: დავით ბატონიშვილის ასული მარიამი - ლევან გიორგის ძე დადიანის მეუღლე. მასთან მისი 8 წლის და ეკატერინე, მისი ძმა ივანე უცხოეთში იმყოფება. მეორე ძმა, თეიმურაზი - რუსეთში. იმერეთში უახლოესი ნათესავები არ ჰყავს.

მამუკა ბატონიშვილის ასული მარიამი, თავადი გიორგი მხეიძის ცოლი. მისი ორი ქალიშვილი მართა (5 წლის) და ეკატერინე (4 წლის) იმერეთში იმყოფებოდნენ. მამა ორ ვაჟთან, ალექსანდრესთან და არჩილთან ერთად უცხოეთში იმყოფება. (ამ დოკუმენტიდან ვიგებთ მამუკა ბატონიშვილის ვაჟების სახელებს, რომლებიც 1820 წელს რუსებისთვის უცნობი იყო-მ.ხ.) უახლოესი ნათესავები არ ჰყავთ.

ვახტანგ ბატონიშვილის დედა - მარიამი, მისი ორი ვაჟი ვახტანგი და ტარიელი უცხოეთში იმყოფებოდნენ. ქალიშვილზე კი თავადი ბეჟან წერეთელი დაქორწინდა, რომლის ნებართვითაც და რომელთანაც დასახლდა მარიამი.

შემდეგ ჩამოთვლილი არიან ნიკოლოზ ფინეზი აბაშიძის ოჯახის წევრები.18 1825 წლის 10 იანვარს სამეგრელოს მთავარს გენერალ ლეიტენანტსა და კავალერს, დადიანს ეგზავნება ოფიციალური მიმართვა: „იმ ადამიანების რიცხვში რომლებიც მთავრობის მიერ სამართლიანად იყვნენ დასჯილი 1820 წელს იმერეთში მომხდარი აჯანყების გამო, არის თქვენი მოგვარე და შეიძლება თქვენი ბრწყინვალების ნათესავიც კი ლევან გიორგის ძე დადიანი, რომლის ცოლი მაია თავის მცირეწლოვან დასთან, ეკატერნესთან ერთად ამჟამად დარჩნენ საარსებო საშუალების გარეშე, ვინაიდან მისი ქმრის კუთვნილი მამულის ხაზინაში სეკვესტირება მოხდა.

მამოძრავებს რა სიბრალული იმ ქალების უკიდურესად მძიმე მდგომარეობისადმი, მე მოგმართავთ, თქვენო ბრწყინვალება, უმორჩილესი თხოვნით, მოწყალება გამოიჩინოთ მათ მიმართ და უზრუნველყოთ ისინი საარსებო საშუალებით. ვარ სრულიად დარწმუნებული, რომ თქვენ, მოწყალეო ხელმწიფევ, გაიზიარებთ ჩემს სიბრალულის გრძნობას, დააკმაყოფილებთ მათ, და მისცემთ თავშესაფარს ქვრივს, რომელიც თქვენს გვარს ატარებს და ამით გადაარჩენთ მას იმისგან, რომ უკიდურეს ზომებს მიმართოს თავის გამოკვების მიზნით, რამაც შეიძლება ჩრდილი მიაყენოს დადიანების ცნობილ სახლს, და უფრო მეტად თქვენს ბრწყინვალებას, ვინც ამჟამად მეთაურობთ მას, (საგვარეულოს) რომელიც გამორჩეული იყო თავისი მოყვასისადმი თანაგრძნობის გრძნობით.“19

იმერეთის მმართველის მიერ ერმოლოვისთვის გაგზავნილ პატაკში ნათქვამია: ყიზლარიდან იმერეთში დაბრუნებულ ქალებს შორის (რომლებიც ყიზლარში პოლიტიკური მოსაზრებებით იმყოფებოდნენ) არის მარიამი, ვახტანგ ბატონიშვილის დედა, რომელიც წაიყვანა მისმა სიძემ ბეჟან წერეთელმა.

მარიამი, დავით ბატონიშვილის ქალიშვილი, ლევან გიორგის ძე დადიანის მეუღლე წაიყვანა კაპიტანმა, თავადმა ნიკო დადიანმა, მისი მეუღლის ძმამ. მარიამს - მამუკა ბატონიშვილის ქალიშვილს, თავად გიორგი მხეიძის ცოლს აქ არავინ ჰყავს უახლოესი ნათესავებიდან. როდამს, თავად ნიკოლოზ ფინეზი აბაშიძის ცოლს თუმცა ჰყავს გორის მაზრაში ღვიძლი ძმები: ლევან, ივანე და ალექსანდრე აბაშიძეები, მაგრამ ისინი, როგორც ეს საქართველოს სამხედრო-სამოქალაქო გუბერნატორმა მაცნობა, არ დათანხმდნენ მის წაყვანაზე, სახსრების უქონლობის მომიზეზებით.

ანა, თავად ნიკოლოზ ფინეზი აბაშიძის დედა დაპატიჟებული იყო თავისი სიძეების, თავადების ბერი ჩხეიძისა და ბეჟან მიქელაძის სახლებში, მაგრამ არ დათანხმდა იმ მიზეზით, რომ ვითომდა ისინი ვერ შეძლებენ მისი და ორი ქალიშვილის შესაფერისად შენახვას და რომ მას იმედი აქვს მისი ვაჟის კუთვნილი 26 კომლის დაბრუნებისა, რომლებიც ხაზინას გადაეცა და რომლებიც თითქოსდა ნაყიდი იყვნენ მისი სამზითვო ნივთების ხარჯზე.

„მოვახსენებ რა ამის შესახებ თქვენს მაღალაღმატებულებას, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ კნეინა მარია მხეიძეს არ გააჩნია არავითარი თავშესაფარი, განიცდის უკიდურეს გაჭირვებას, რის გამოც ვბედავ ვთხოვო თქვენს მაღალაღმატებულებას განკარგულების გაცემა, რათა იგი უზრუნველყოფილი იყოს საკვებით. რაც შეეხება კნეინა როდამ აბაშიძეს, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ მისი ძმები არიან გორის მაზრის მემამულეები, რომლებიც ფრიად უღირსად ამბობენ უარს ღვიძლი დის მიღებაზე, რომელიც ზარალს არ მიაყენებს მათ თუ პურის ნაჭერს მიაწოდებენ.

თუ თქვენს მაღალაღმატებულებას არ ენდომება ზომების მიღება, რათა დაითანხმოს ისინი თავიანთი დის აღიარებაზე, მაშინ მისთვისაც უმორჩილესად გთხოვთ რაიმე დახმარების გამოყოფას. ამ საკითხზე თქვენი დასკვნისათვის პატივი მაქვს დავურთო აღწერა იმ მამულებისა, რომლებიც დასახელებული კნეინების ქმრებს ჩამოერთვათ.

რაც შეეხება ანა აბაშიძეს, უნდა გითხრათ, რომ ის უარყოფს ნეთესავების შემოთავაზებას, უკანასკნელ საშუალებას მისი და მისი ორი ქალიშვილის გამოსაკვებად, ამასთან ერთად უარი განაცხადა მთავრობის მხრიდან ყოველგვარ დახმარებაზე მისი გაჭირვებული ყოფის მიმართ. ამდენად, არ ვიღებ ჩემ თავზე შუამდგომლობას ამ ჯიუტი ქალის თაობაზე. უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მაღალაღმატებულებას, დართოთ მას ნება სასამართლოს გზით ეცადოს დაიბრუნოს თითქოსდა მისი კუთვნილი გლეხები, თუ მას აქვს იმედი იმის დამტკიცებისა, რომ ეს გლეხები მისი ფულით იყვნენ ნაყიდი.“20 პატაკს ხელს აწერს გორჩაკოვი.

დიდი ძალისხმევის შედეგად, ივანე აბაშიძე დათანხმდა თავისი დის, როდამის მიღებაზე, რაზედაც არსებობს საქართველოს გუბერნიის მარშლის, გენერალ-მაიორის, მუხრანის ბატონის კონსტანტინე ბაგრატიონის პატაკი (1825წლის 10მაისის) და „გორის უეზდას კეთილშობილთ მარშლის მაიორის თავადის თარხანოვის პატაკი, ასევე თავად ივანე აბაშიძის წერილი“.21

ამრიგად, დადგინდა, რომ დავით ბატონიშვილის ასულის მაიას ქმარი ლევან გიორგის ძე დადიანი - კაპიტან ნიკო დადიანის ძმა იყო. დადიანების გენეალოგიურ ტაბულებში მოცემულ დროს ჩანს ორი ნიკოლოზ გიორგის ძე დადიანი. პირველის დაბადების წელი უცნობია. გარდაიცვალა 1846 წელს. ჰყავდა ძმები: ვამეხ, ელიზბარ, ანტონ II არქიეპისკოპოსი, კაცია და ერთი და ეკატერინე. დადიანების მეორე შტოში გიორგი ოტიას ძე დადიანს ჰყავდა ვაჟიშვილი ნიკოლოზი (1764-1834), რომელსაც დიდ ნიკოს ეძახდნენ და ორი ქალიშვილი - თამარ და ეკატერინე.22 ლევანი არც ერთ ტაბულაში არ ჩანს. ერთ დოკუმენტში ის „იმერელ ბუნტოვშჩიკ თავადად“23 მოიხსენიება. საფიქრებელია, რომ ის იმერეთში ცხოვრობდა და თავის სიმამრთან ერთად იბრძოდა. მაიას გადასახლების დროს ის უკვე დაღუპული უნდა იყოს, ხოლო მისი კუთვნილი მამული ხაზინაში იქნა „სეკვესტრირებული“.24 მაიაც ქვრივად იხსენიება. ზემოთ მოყვანილ დოკუმენტში წერია, რომ ლევანი სამართლიანად იყო დასჯილი აჯანყებაში მონაწილეობის გამო.

როგორც ჩანს, მაია მაზლთან დიდხანს არ გაჩერებულა. მან მეორედ იქორწინა თავად იოანე ანტონის ძე ერისთავზე, ხოლო პირველი ქმრის არსებობა დავიწყებას მიეცა.

აჯანყების მონაწილეთა 1820 წელს შედგენილ სიებში დავით ბატონიშვილის ვაჟებიდან მხოლოდ სამია შეყვანილი: ბერიკა, თეიმურაზი და ნიკოლოზი. გამორჩენილია დავითის უფროსი ვაჟი, ივანე. ამ უზუსტობამ შემდეგ თავი იჩინა ო. სოსელიას ნაშრომში „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან. სათავადოები“, რომელშიც ჩამოთვლილი არიან დავითის შვილები: კატერინა, მარიამ IV, მზეხათუნ IV ბატონიშვილები და მათი ძმები ბერიკა, თეიმურაზ III და ნიკოლოზ ბატონიშვილები. მკვლევარი დასძენს, რომ მათ ექვსივეს ერთად ვხედავთ 1820 წელს.25 მ. ბერძნიშვილი კი აზუსტებს: „ამ დავითის შვილი, ივანე ახალციხეშია, მასთან გაიქცა თეიმურაზ ლორთქიფანიძე… რომლის შეგულიანებითაც ივანე სამშობლოში დაბრუნდა“26. 1832 წლის შეთქმულებასთან დაკავშირებით, 1833 წლის 27 თებერვალს, დაკითხული იყო იმერელი აზნაური თეიმურაზ ლორთქიფანიძე, რომლის ჩვენება გვაწვდის ცნობებს ივანე ბაგრატიონის შესახებ. ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თავად იმერეთის ბუნტში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ცხენის მოპარვასა და უცხოეთში გაქცევის განზრახვაში დასწამეს ცილი, რის გამოც სამი წელი ქუთაისში, პატიმრობაში გაატარა. ბოლოს, იმერეთის მმართველი გორჩაკოვი დარწმუნდა მის უდანაშაულობაში და გაათავისუფლა. თ. ლორთქიფანიძეს გამოუცხადეს, რომ მისი რუსეთში გადასახლება სურდათ. ის იძულებული გახდა ბაგრატ ბატონიშვილის შვილიშვილთან, ივანესთან გაქცეულიყო ახალციხეში, რომელიც იმ დროს იქ იმყოფებოდა თავად ვახტანგთან, მეფე დავითის უკანონო შვილიშვილთან ერთად. რუსეთის ჯარის მიერ ახალციხის აღების შემდეგ, ისინი ჯერ ერზერუმში გაიქცნენ, იქიდან ტრაპიზონში, ბოლოს კი კონსტანტინოპოლში, სადაც რუსეთსა და თურქეთს შორის ზავის დადებამდე იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ, ლორთქიფანიძემ ახალგაზრდა თავადი ივანე ბაგრატიონი თავის სამშობლოში დაბრუნებაზე დაიყოლია. დაბრუნების თაობაზე მათ თხოვნით მიმართეს კონსტანტინოპოლში ჩასულ რუსეთის ელჩს, რომლის ძალისხმევის შედეგად ისინი გაგზავნილ იქნენ ოდესაში, გრაფ ვორონცოვთან. იქ თვეზე მეტ ხანს დაჰყვეს. შემდეგ, იმპერატორის ბრძანებით, რედუტ-კალეს გავლით, ტფილისში გაგზავნეს ვარშავის თავად, გრაფ პასკევიჩ ერევანსკისთან. რვა თვის შემდეგ, ხელმწიფე-იმპერატორმა თავად ივანე ბაგრატიონს უწყალობა უწინდელი უფლება თავის მამულზე იმერეთში. ივანე და თეიმურაზ ლორთქიფანიძე იმერეთში დაბრუნდნენ.27 ივანემ გადამწვერი სასახლის ნაცვლად ახალი აიშენა სოფელ ღვანკითის შუაგულში, მაღალ, ვაკე და გაშლილ ადგილზე.28 დაქორწინდა თავის საკმაოდ ახლო ნათესავზე. იმერეთის არქიეპისკოპოსი სოფრონი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორას უპატაკებდა, რომ როგორც მისთვის შორაპნის მაზრის ბლაღოჩინს მოუხსენებია, ბატონიშვილმა იოანე ბაგრატიონმა იქორწინა თავად ბეჟან წერეთლის ასულ ელისაბედთან, „რომელთა შორის გამოდის სისხლითი ნათესაობა, ვინაიდგან პაპა იოვანესი ბატონისშვილი ბაგრატ და ბებია სიმავრისა მისისა თქმულის თავადის ბეჟან წერეთლისა ბატონისშვილი ხორეშან იყვნენ ღვიძლის შვილნი მეფისა ალექსანდრესა (ანუ და-ძმა. -მ.ხ.). ამგვარის ნათესაობისამებრ გვირგვინი ბატონისშვილის იოვანესა ასულისათანა ბეჟანისა ელისაბედისა კანონთამებრ ბერძენთ ეკლესიისა არს უჯერო ამისთვის, რომ ბატონიშვილის იოანეს მხრით გამოდის სამი, ხოლო ელისაბედის მხრით ოთხი მუხლნი.“29 ამავე დროს სოფრონ არქიეპისკოპოსმა, მესამე და მეოთხე მუხლი შეკრიბა და თაობების რაოდენობა ხელოვნურად გაზარდა შვიდამდე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მან ბლაღოჩინის მოხსენების დამალვა ვერ გაბედა, მაგრამ ივანე ბაგრატიონსაც შეძლებისდაგვარად მიეხმარა. სინოდალურმა კანტორამ დაასკვნა, რომ ქორწინება შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, „ვინაიდან მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქორწინება მოხდა მე-7 მუხლში“ მღვდელს უნდა მისცემოდა გაფრთხილება, რომ ნებართვის გარეშე ამგვარი ქორწინებები აღარ დაეშვა.30

დავით ბატონიშვილის მეორე ვაჟი, თეიმურაზი, 1820 წელს რუსეთში გადაასახლეს და სამხედრო სამსახურში შეიყვანეს. მ. ბერძნიშვილი წერს: „თეიმურაზი იყო დისწული იმერეთის დედოფალ მარიამისა (ორბელიანისა)“.31 ამ წინადადებაში ორი უზუსტობაა დაშვებული: 1. თეიმურაზის დედა, დარეჯან ვახტანგის ასული ერისთავი იყო. მისი და იმერეთის დედოფალი არ ყოფილა. 2. იმერეთის დედოფალი მარიამი, კაცია დადიანის ასული იყო. ორბელიანი კი ანა დედოფლის გვარია. იმერეთის აჯანყების დროს, ორივე ყოფილი დედოფალი რუსეთში დიდი ხნის გადასახლებული იყო. სოლომონ II-ის ქვრივი, მარიამ კაციას ასული ცდილობდა აჯანყების გამო რეპრესირებულების ხვედრი შეემსუბუქებინა, რადგან მათში თავისი ქმრის საქმის გამგრძელებლებს ხედავდა. დავით II-ის ქვრივი, ანა დედოფალი კი არ ჩარეულა. ის ჯერ კიდევ აჯანყებამდე, საკუთარ სიძეს, სიმონ ზურაბის ძე წერეთელსაც კი მტრობდა, რომელიც მეფე სოლომონის ერთგული იყო. როდესაც მეფის გარდაცვალების შემდეგ, სიმონი იმერეთში დაბრუნდა, დედოფალმა ერმოლოვთან უჩივლა მას აზნაურ გამყრელიძეების დაცვის მოტივით, რაც მხოლოდ საბაბი იყო. სიმონ წერეთელი წერს: „მათს კეთილშობილებას მოწყალეს ხელმწიფეს ივან ივანიჩს… მწერთ მე რომელ წარმოგიდგინოთ მე პასუხი და საბუთი მისთვის რომელიცა იმერეთის დედოფალს სიდედრსა ჩემსა ანნა მათვევნას მიუწერია საქართველოს უპირატესის მთავარ მმართებლისათვის რათა არ შევაწუხო მე აზნაურნი გამყრელისძენი და ანუ რა საბუთი მაქვს, რომ მე მათ ვხმარობ ყმად ჩემდა…“32 სოლომონ II-მ სოფელი წირქვალი და შესაბამისად მასში მცხოვრები აზნაური გამყრელიძეებიც თავის დროზე მზითვად უბოძა სიმონ წერეთლის მეუღლეს, დავით მეფის ასულ მზეხათუნას, იმავე ელენეს. მეფე სოლომონის სიგელში ნათქვამია, რომ მან თავის გაზრდილ ობოლ მზეხეთუნს მზითვად მისცა „წირქვალი საბატონიშვილო მისის სამზღურით და შემომავლით ჭრუჭულსა და ჭიათურას შუა მსახლობელნი აზნაურნი თავენთის გლეხით…“33 მზეხათუნა რომ ანა დედოფლის ქალიშვილი იყო, ამ ფაქტმა არ შეაჩერა დედოფალი. სიმონი იძულებული გახდა ერმოლოვისთვის მიეწერა: „მესმის ვითამცა თქვენს მაღალ აღმატებულებას სწერდეს ჩემს დაბეზღებას იმერეთის დედოფალი აწ მყოფი პეტერბურღად ანნა მათვევნა ქვრივად მყოფი გარდაცვალებულის იმერეთის მეფის დავითისა, და მე ამაზედ უუმტკიცესად დარწმუნებული თქვენისა კეთილმეცნიერებისა იმედეულ ვყოფ თავსა ჩემსა რ-ლ თქვენ არა თუ ყურად იღებთ ჩემის მისგან შესმენასა, გარნა უმეტეს ვსასოებ რ-ლ მოსდრკებით ჩემდამო კეთილ მოწყალებით და მისმენთ არზასა ჩემსა თუ მე რისთვის ბრალეულ მყოფს დედოფალი იგი და ანუ რა მიზეზი(ა) მისგან ჩემი მტერობა.“34 ანა დედოფალი, სოლომონ II-ის მოწინააღმდეგე იყო და მისი სიკვდილის შემდეგაც არ თანაუგრძნობდა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლებს. დედოფლის ოჯახში გამეფებული სულისკვეთება შემდგომში ნათლად აისახა მისი შვილიშვილის, ნიკოლოზ იმერეტინსკის ნაშრომში «Багратиды в Россий», სადაც ნათქვამია, რომ „ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაზე მეტი იყო. ეს იყო ნამდვილი დამღუპველი შეცდომა“.35 თავის ნაშრომში ნ. იმერეტინსკი ძალიან მწირ ინფორმაციას გვაწვდის მეფე სოლომონის მეუღლის შესახებ: „იმერეთის დედოფალი მარიამ კაციას ასული დასახლებული იყო რუსეთში და 1841 წლის 18 მარტს პეტერბურგში გარდაიცვალა. დაკრძალულია ნევის ლავრაში. მეფე სოლომონისგან მას ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, მარიამი, გათხოვილი მალხაზ ანდრონიკაშვილზე, რომელმაც სახელი გაითქვა თურქებზე გამარჯვებით 1853 წელს, ახალციხეში.“36 ნ. იმერეტინსკიმ არ იცის, რომ მეფე სოლომონსა და მარიამ დედოფალს შვილი არ დარჩენიათ. მალხაზ ანდრონიკაშვილის მეუღლე, მარიამი, მათი შვილი არ ყოფილა. ის მეფე სოლომონის და იყო. ეს შეცდომა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთში გადასახლებული იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები არ ნათესაობდნენ და ერთმანეთის შესახებ სწორი ცნობები არ ჰქონდათ. ნ. იმერეტინსკის ნაშრომში „ბაგრატიდები რუსეთში“ ნახსენებიც არ არის, რომ ბაგრატ ბატონიშვილის ორი შვილიშვილი: თეიმურაზი და როსტომი, აგრეთვე როსტომის შვილი სიმონი, 1820 წელს რუსეთში იქნენ გადასახლებული, სადაც მათ 20 წელზე მეტი გაატარეს.

დავით ბატონიშვილის ვაჟი, 4 წლის თეიმურაზი 1820 წელს რუსეთში გადაასახლეს. 1826 წელს, ის გენერალ ერმოლოვის გადაწყვეტილებით ჩარიცხულ იქნა კადეტთა კორპუსში. მას ჩამორთმეული ჰქონდა ბაგრატიონის გვარი და თავადის წოდება.

იმერეთის დედოფალმა მარიამმა ამ უსამართლობის გამოსწორება გადაწყვიტა. 1832 წლის აგვისტოში, მან წერილი გაუგზავნა კორპუსის დირექტორს, სადაც განმარტა, რომ მის განსვენებულ მეუღლეს მეფე სოლომონს ჰყავდა ბიძაშვილი, ბატონიშვილი დავით ბაგრატიონი, რომლის შვილი, ზემოხსენებული თეიმურაზი, არასწორად იწოდებოდა თეიმურაზ დავიდოვად. ის სამეფო წარმომავლობის იყო და ბაგრატიონის საგვარეულოს ეკუთვნოდა, რის გამოც მისთვის უნდა ეწოდებინათ არა დავიდოვი, არამედ თავადი ბაგრატიონი. იმპერატორის მთავარი შტაბის მორიგე გენერალმა, პაჟთა და კადეტთა კორპუსების მთავარი დირექტორის მოთხოვნისამებრ, საქართველოში გამოგზავნა წერილობითი შეკითხვა: ხსენებული დავიდოვი ნამდვილად იყო თუ არა თავადი ბაგრატიონი. იმერეთის მმართველმა აცნობა, რომ როგორც მოკვლევით გაირკვა, კადეტი თეიმურაზ დავიდოვი იყო 1820 წლის ბუნტის დროს მოკლული იმერელი ბატონიშვილის, დავით ბაგრატიონის, იმერეთის მეფე სოლომონის ბიძაშვილის შვილი. ამის დასადასტურებლად მმართველმა წარადგინა დროებითი მმართველობის მდივან-ბეგების, კოლეგიის ასესორის, ჩხეიძისა და გადამდგარი მაიორის, წულიკიძის განმარტება და თავის კანცელარიაში მოძიებული ორი სიგელი. აქედან, პირველი მეფე სოლომონ I-ის მიერ 1763 წელს იყო მიცემული თავისი ძმისთვის, ბაგრატისათვის მოკლული დავითის მამისთვის და თეიმურაზ ბაგრატიონის პაპისთვის. მეორე, 1807 წლის 8 მარტს მეფე სოლომონ II-ის მიერ მიცემული იმავე მოკლული დავით ბატონიშვილისთვის, რომელსაც ის თავის ძმას უწოდებდა (ბიძაშვილები იყვნენ-მ.ხ.). გარდა ამისა, თეიმურაზი ბაგრატიონად მოიხსენიებოდა ბუნტოვშჩიკების სიაში, რომელიც გენერალმა ერმოლოვმა 1820 წლის 19 სექტემბერს გაუგზავნა იმერეთის მმართველს. ყოველივე ზემომოყვანილი ფაქტების გათვალისწინებით, გენერალ მაიორმა ვაკულსკიმ მიიჩნია, რომ კადეტ თეიმურაზ დავიდოვს, როგორც იმერეთის მეფეთა შთამომავალს, „სრული უფლება აქვს იწოდებოდეს თავად ბაგრატიონად“.37 საქმე მაშინვე არ დასრულებულა. 1841 წლის 5 სექტემბერს, საქართველო-იმერეთის თავადაზნაურთა დეპუტატთა საკრებულომ, ამ საკითხის თაობაზე, კვლავ წერილობით მიმართა საქართველო-იმერეთის სამოქალაქო გუბერნატორს.

იმერეთის დედოფალმა მარიამმა, იმავე წლის 30 იანვარს ფოსტით გამოგზავნილ თხოვნაში საკრებულოს განუმარტა, თუ რა მიზეზებით არ სარგებლობდა ბუნტის დროს მოკლული დავით ბატონიშვილის შვილი, პორუჩიკი თეიმურაზ დავითის ძე თავადის ღირსებით და თავისი წინაპრების გვარით - ბაგრატიონი. დედოფალი ითხოვდა, რომ საკრებულოს მოეპოვებინა სათანადო ცნობები მისი ძმისშვილის (იგულისხმება დედოფლის მეუღლის, სოლომონ II-ის ბიძაშვილის შვილი-მ.ხ.) თეიმურაზის წარმომავლობის შესახებ, რის შემდეგაც უნდა დაწერილიყო დასკვნა მისთვის თავადის ღირსებისა და წინაპრების გვარის დაბრუნების თაობაზე.38 დედოფლის წერილის საფუძველზე, დეპუტატთა საკრებულომ 1841 წლის 6 მარტს ქუთაისის სამაზრო უფროსს მიმართა თხოვნით, ჩაეტარებინა მოკვლევა, ფიცის ქვეშ დაეკითხათ რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლებიც ნდობას იმსახურებდნენ და რომლებიც ახლოს იცნობდნენ ბუნტის დროს მოკლულ დავით ბატონიშვილს. მათ უნდა დაედასტურებინათ, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს მარიამ დედოფლის მიერ მიწოდებული ცნობები. იმავე დროს, ტფილისის სამხედრო გუბერნატორმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველის მითითების საფუძველზე, სათავადაზნაურო საკრებულოს წინადადება მისცა მოეხსენებინათ მისთვის, თუ როგორ მიმდინარეობდა პორუჩიკ დავიდოვის საქმის წარმოება. ამის საპასუხოდ, დეპუტატთა საკრებულობ 1841 წლის 14 ივლისს სამხედრო გუბერნატორს უპატაკა, რომ ამ საქმის თაობაზე გროვდებოდა საჭორო ცნობები ქუთაისის სამაზრო უფროსის მეშვეობით და მათი მიღებისთანავე საკრებულო არ დააგვიანებდა საქმის დასრულებას.

საქართველო-იმერეთის თავადაზნაურთა დეპუტატთა საკრებულო ასევე ასკვნიდა, რომ მას არ ჰქონდა მცირედი მიზეზიც კი ქუთაისის სამაზრო უფროსზე უკმაყოფილებისა საქმის გაჭიანურების გამო, ვინაიდან ხსენებული პორუჩიკი თეიმურაზ დავიდოვის წარმომავლობის შესახებ ცნობების მოძიება „მეტად საძნელოა და ბევრ დროს მოითხოვს“.39 მხოლოდ გუბერნატორს მოხსენდა, თუ რატომ იყო შეჩერებული საქმე პორუჩიკ თეიმურაზ დავიდოვის თავადური ღირსების შესახებ.

მარიამ დედოფლის მიერ წამოწყებული საქმე საბოლოოდ დადებითად გადაწყდა, მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. თეიმურაზის ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. ბაგრატიონთა საგვარეულო ნუსხებში თეიმურაზ ბაგრატიონის გარდაცვალების თარიღი მითითებული არ არის. ი. გავაშელაშვილი წერს, რომ თეიმურაზი რუსეთში დარჩა და უმემკვიდროდ გარდაიცვალა. ქუთაისის არქივში მივაკვლიეთ ცნობას, რის თანახმად თეიმურაზი, თითქოსდა თავის ძმასთან ერთად ცხოვრობდა ღვანკითში.40

მარიამ დედოფალმა დიდი მზრუნველობა გამოიჩინა ასევე რუსეთში გადასახლებულ აჯანყების მონაწილე როსტომ ბაგრატიონისა და მისი მცირეწლოვანი ვაჟის, სიმონის მიმართ.

1839 წლის 21 დეკემბერს იმერეთის დედოფალი მარიამ კაციას ასული სწერს თხოვნას ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინს, რომელშიც ნათქვამია, რომ 1819 წელს, იმერეთში მომხდარი ბუნტის დროს, როსტომ ბაგრატიონი იმყოფებოდა თავის ბიძასთან, იმერეთის ბატონიშვილ დავითთან, იმალებოდა აჯანყების დასრულებამდე, რის შემდეგაც თავად გამოცხადდა იქაურ ხელისუფლებასთან, რომელმაც მიიჩნია იგი თანამონაწილედ და იმერეთიდან განდევნა იგი. ის დაინიშნა სუმის ჰუსართა პოლკში რიგითად, იმსახურა რა 9 წელი, სამსახურის გაგრძელება ვეღარ შეძლო ავადმყოფობის და დარდის გამო, 1829 წლის 25 სექტემბერს უზენაესი ბრძანებულებით განთავისუფლებულ იქნა, მაგრამ მას ეკრძალებოდა საქართველოში ცხოვრება, სადაც მან გაჭირვებაში, უპატრონოდ დატოვა ცოლი და სამი ქალიშვილი. მისი ერთადერთი ვაჟი 9 წლის ასაკში მამასთან ერთად გაასახლეს სამშობლოდან და განაწესეს ეგერთა პოლკში, სადაც 17 წლის ასაკში, 1838 წელს, ებოძა პირველი საოფიცრო ჩინი.

ამ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მარიამ დედოფალი იძულებულია შეაქოს თავისი ადრესატის კაცთმოყვარეობა და სთხოვს მას შუამდგომლობას იმპერატორის წინაშე, რომ ამ უბედურს (იგულისხმება როსტომი) ნება დართონ სამშობლოში დაბრუნებისა თავის ოჯახურ წრეში, რათა სიცოცხლის დარჩენილი წლები გაატაროს მათთან, „მით უმეტეს, რომ ბუნტში მონაწილე დამნაშავეებად მიჩნეულმა პირებმა უკვე მიიღეს ყოვლადმოწყალე მონარქის პატიება და უკვე დაბრუნდნენ სამშობლოში, იმ დროს, როდესაც როსტომ ბაგრატიონი უფრო იმსახურებს ჩემს შუამდგომლობას და თქვენს კეთილგანწყობილ ყურადღებას, ვინაიდან ის თავად გამოცხადდა იმერეთის მაშინდელ მმართველთან და სულგრძელად აღიარა თავისი შეცდომები.“41 დედოფალი კვლავ იმეორებს, რომ როსტომი ბუნტში თავისმა ბიძამ, ბატონიშვილმა დავითმა ჩაითრია. ხელს აწერს იმერეთის დედოფალი მარიამი. მარიამ დედოფალმა თავის თხოვნაზე უარი მიიღო. 1839 წლის 25 დეკემბერს ევგენი გოლოვინი სწერს მას, რომ შედის რა იმერეთის ბუნტის მონაწილე როსტომ ბაგრატიონის მდგომარეობაში, სურს დააკმაყოფილოს დედოფლის სურვილი, მაგრამ მოცემულ დროს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ვინაიდან არ გააჩნია არავითარი ცნობები როსტომ ბაგრატიონის იმ მოქმედებების შესახებ, რის გამოც ის გადასახლებული იქნა რუსეთში და რის გამოც მას შემდგომშიც აეკრძალა საქართველოში ცხოვრება. „როდესაც ტფილისში დავბრუნდები, მე არ დავაყოვნებ საჭირო ცნობების შეკრებას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც არ ეწინააღმდეგება საერთო წესს.“42

ტფილისში ჩასვლის შემდეგ გოლოვინმა მოიძია საქმე და საბოლოო უარი მისწერა იმერეთის დედოფალს. გოლოვინი ატყობინებს, რომ როგორც გაირკვა, უმაღლესი რესკრიპტის თანახმად, რომელიც 1830 წლის 13 ივლისს გაეგზავნა გენერალ-ფელდმარშალს, თავად ვარშავსკის, გრაფ პასკევიჩ ერივანსკის, აკრძალულია სამშობლოში დაბრუნება ისეთი დამნაშავეებისა, რომელთა შესახებ უკვე შედგა საბოლოო უზენაესი ბრძანებულება და ვინაიდან როსტომ ბაგრატიონს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დროს უზენაესი ბრძანებულებით, რომელიც გამოიცა 1829 წლის 20 აგვისტოს, ეკრძალება საქართველოში დაბრუნება „ამ მიზეზის გამო, მიუხედავად ჩემი სურვილისა, მე არ შემიძლია ვიშუამდგომლო თქვენი თხოვნის დაკმაყოფილების შესახებ“.43 ხელს აწერს გოლოვინი.

1831 წლის 17 ნოემბერს მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მთავარი შტაბის მორიგე გენერალი კავკასიის კორპუსის მეთაურს უპატაკებდა, რომ ქვეითთა მე-17 დივიზიის უფროსი გენერალ-მაიორი სვამდა კითხვას, თუ რომელი წოდებისთვის მიეკუთვნებინა სიაში ეგერთა 33-ე პოლკის უნტერ-ოფიცერი სიმონ ბაგრატიონი, რომელიც უჩვენებდა, რომ მისი მამა ცხოვრობდა იმერეთის პროვინციაში ქ. ქუთაისთან ახლოს, სოფელ ღვანკეთში, ხოლო იმერეთის აჯანყების შემდეგ, წაყვანილ იქნა იმერეთიდან, მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

ამის შემდეგ სიმონი თავისი ბიძის, ხეიძის (მხეიძის-მ.ხ.) სახლში იმყოფებოდა, რომელმაც ის ტფილისში გაგზავნა, საიდანაც კავკასიის კორპუსის ყოფილი გენერლის, ერმოლოვის ბრძანებით, გაგზავნილ იქნა ობოლთა სამხედრო განყოფილებაში, იქიდან კი ეგერთა 33-ე პოლკში. მის სამშობლოში დარჩა მისი უძრავი მამული და გლეხები. უნტერ-ოფიცერ სიმონ ბაგრატიონის ფორმულარული სიიდან ჩანს, რომ ის პოლკში ჩაირიცხა ობოლთა განყოფილებიდან, სადაც 1821 წელს იქნა ჩაყვანილი ტფილისიდან და ნაჩვენებია იმერელი ბუნტოვშჩიკი აზნაურის შვილად. ამის შემდეგ, იმერეთის დედოფალმა მარიამმა იმპერატორის მთავარი შტაბის მმართველისთვის გაგზავნილ თხოვნაში განმარტა, რომ ხსენებული უნტერ-ოფიცერი სიმონ ბაგრატიონის პაპა, სახელად სვიმონი, იყო იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ძმის, ბაგრატ ბატონიშვილის უკანონოდ შობილი შვილი. ხოლო უნტერ-ოფიცერი სიმონ ბაგრატიონი და მისი მამა როსტომი ბაგრატიონი დაბადებული არიან კანონიერი ქორწინებით და მათმა გვარმა (ოჯახმა-მ.ხ.) იმერეთის მეფეებისგან მიიღო მცირე მამული და გლეხები, რაც ახლაც მათ მფლობელობაშია. მეფეების დროს, სარგებლობდნენ თავადის ღირსებით. ხსენებული უნტერ ოფიცერი ბაგრატიონი მცირეწლოვან ასაკში იქნა სამშობლოდან მოცილებული, რისი ერთადერთი მიზეზი იყო მისი მამის საქციელი, რომელიც 1820 წლის აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას. ამის გამო როსტომ ბაგრატიონი სამხედრო სამსახურში განაწესეს, ჩარიცხეს სუმის ჰუსართა პოლკში რიგითად, ხოლო 1829 წელს უზენაესი ბრძანების თანახმად, განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან. ახლა დედოფალი სიმონ ბაგრატიონისთვის სათავადაზნაურო წოდებას («дворянское звание») ითხოვდა. როგორც ვნახეთ, დედოფალი ადასტურებს, რომ სიმონის მამა და პაპა თავადური ღირსებით («княжеским достоинством») სარგებლობდნენ. მათ კანონიერი შთამომავალი სიმონიც თავადი უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დედოფალი მოითხოვდა სიმონის მიკუთვნებას თავადაზნაურთა კლასისადმი და არა კონკრეტულად აზნაურებისადმი. (მაგ., „სათავადაზნაურო საკრებულო“ ითარგმნება როგორც «дворянское собрание»).

საინსპექტორო დეპარტამენტში შესწავლილ იქნა უნტერ-ოფიცერ სიმონ ბაგრატიონის მამის, ჰუსართა პოლკის რიგითი ჯარისკაცის როსტომ ბაგრატიონის სამსახურიდან დათხოვნის საქმე, რასაც მორიგე გენერალი მოახსენებდა კავკასიის კორპუსის მეთაურს და თავის მხრივ თხოვდა შემდეგ ცნობებს: 1. რომელ კლასს ეკუთვნოდნენ უნტერ-ოფიცერი სიმონ ბაგრატიონი და მისი მამა. 2. ნამდვილად ფლობენ თუ არა ბოძებულ მამულს. 3. რა წოდებით უნდა ყოფილიყო სამხედრო სამსახურში უნტერ-ოფიცერი სიმონ ბაგრატიონი შეყვანილი სიებში.44

1841 წლის 24 მარტს შედგა შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: „როსტომ ბაგრატიონი, იმერელი ბატონიშვილი ბაგრატის უკანონოდ შობილი ვაჟის, სვიმონ ბაგრატიონის შვილი, ფლობდა პატარა მამულს არგვეთის ოკრუგში, იმერეთში. 1820 წელს, ამ ქვეყანაში აჯანყების დროს, ის საუბედუროდ ჩაერია მამის მხრიდან თავისი ბიძის, თავად დავითის მიერ შედგენილ პარტიაში. როდესაც ეს უკანასკნელი მოკლულ იქნა, როსტომ ბაგრატიონი ნებაყოფლობით გამოცხადდა ქუთაისში, რუსეთის მთავრობასთან, თავისი რვა წლის შვილთან, სიმონთან ერთად, იმედოვნებდა რა, ამგვარი საქციელით მთავრობისგან პატიების დამსახურებას. მაგრამ მტრებმა ცილი დასწამეს მას მთავრობის წინაშე, განმარტეს ის მიზეზები, რომელთა გამოც ის გაძევებული უნდა ყოფილიყო სამშობლოდან. ამგვარად, ის თავის შვილთან ერთად გადასახლებულ იქნა რუსეთში, სადაც რიგითად ჩაირიცხა სუმის ჰუსართა პოლკში, ხოლო მისი ვაჟი ჩარიცხეს კანტონისტად ქ. როსტოვში. როსტომ ბაგრატიონმა იმსახურა აღნიშნულ პოლკში 1829 წლამდე, უფროსობამ დაინახა რა მისი ავადმყოფური მდგომარეობა და რუსული ენის არცოდნა, ცესარევიჩისა და დიდი მთავრის, კონსტანტინე პავლეს ძის თანადგომით იშუამდგომლა სამსახურიდან მისი განთავისუფლების თაობაზე. მას შემდეგ ის ცხოვრობდა თავისი კეთილისმყოფელი იმერეთის დედოფალ მარიამ კაციას ასულის სახლში, რომელიც ყველა პირობას უქმნიდა მას, რომ გაჭირვების გარეშე ეცხოვრა, მაგრამ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ის დარჩა ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე, რუსული ენის უცოდინარი, ავადმყოფი, ხანშიშესული და „იმსახურებს სიბრალულს. მისი ვაჟი სიმონ ბაგრატიონი ამჟამად მსახურობს პორუჩიკად მე-2 ქართულ ბატალიონში, ხოლო მისი დანარჩენი ოჯახის წევრები იმერეთში იმყოფებიან“.45

1841 წლის 26 მაისს ტფილისის სამხედრო გუბერნატორი სწერს საქართველო-იმერეთის სამოქალაქო გუბერნატორს: სამხედრო მინისტრმა 4 მაისის წერილით აცნობა ამიერკავკასიის მხარის მთავარმართებელს, რომ იმერეთის დედოფალ მარიამის მიერ თავისი გარდაცვალების წინ დაწერილი თხოვნა, შეიცავდა შუამდგომლობას იმერელი როსტომ ბაგრატიონისათვის, რომელიც მასთან ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნების ნებართვის მიცემის თაობაზე.46

შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველი, მოითხოვდა ეცნობებინათ მისთვის, რამდენად შესაძლებელი იყო დედოფლის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, რათა ამის შემდეგ იმპერატორისათვის მოეხსენებინა. თავადმა ჩერნიშოვმა როსტომ ბაგრატიონის ჩვენების ასლთან და 1829 წელს მისი თადარიგში გაშვების ბრძანებასთან ერთად, გაგზავნა შეკითხვა: თვლიდა თუ არა გუბერნატორი განსვენებული დედოფლის თხოვნის შესრულებას შესაძლებლად.47

თბილისის სამხედრო გუბერნატორი მთელ იმ დოკუმენტაციას სამოქალაქო გუბერნატორს უგზავნიდა და მისგან პასუხს ითხოვდა. იმავე 1841 წლის 1 ივნისს ტფილისის სამხედრო გუბერნატორმა მიიღო პასუხი, რომ იმერელი როსტომ ბაგრატიონის სამშობლოში დაბრუნებას არაფერი უშლიდა ხელს, არ არსებობდა მცირე საბაბიც კი იმის დაშვებისა, რომ იმერეთში მის დაბრუნებას შეეძლო რუსეთის მთავრობისთვის რაიმე მავნე შედეგის მოტანა „იმერელი ხალხის სრულად რუსეთის ტახტისადმი ცნობილი ერთგულების გამო“.48

კიდევ ერთხელ გადამოწმდა როსტომის სამსახურიდან დათხოვნის დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია:

«ამის წარმდგენელი, სუმის ჰუსართა პოლკში რიგითად მოსამსახურე როსტომ ბაგრატიონი, როგორც ფორმულარულ სიაშია აღნიშნული, 39 წლის „იმერეთის სამთავროდან“, თავადი სიმონ ბაგრატიონის უკანონოდ შობილი შვილი… ლაშქრობაში და შვებულებაში არ ყოფილა, რუსული წერა-კითხვა არ იცის. ჰყავს ცოლი და ოთხი შვილი. ახლა ის, ბაგრატიონი, ასაკოვანი და დაავადებულია, არ შესწევს არავითარი სამსახურის უნარი. 1829 წლის 20 აგვისტოს უზენაესი ბრძანებულების თანახმად, რომელიც ჰუსართა I დივიზიის I ბრიგადის მეთაურის, გენერალ-მაიორ იოსელიანის მიერ იქნა გამოცხადებული 25 სექტემბერს, უზენაესად იქნა განთავისუფლებული სამსახურიდან, მაგრამ აეკრძალა საქართველოში დაბრუნება.“ დოკუმენტი გაიცა ვილენის გუბერნიის ქალაქ ტელმახში, 1829 წლის 2 ოქტომბერს, სუმის ჰუსართა პოლკის მეთაურის, პოლკოვნიკის მიერ.49 როგორც ვხედავთ, ბაგრატ ბატონიშვილის ძე, სვიმონი, ოფიციალურ დოკუმენტებში თავადად არის დაფქსირებული. აჯანყების დროს ის ცოცხალი აღარ იყო, ამიტომ მას ძველი რიცხვით ვერ დაამცრობდნენ. თავადის კანონიერი შვილი, როსტომიც თავადი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსეთის მთავრობამ არნახული ვერაგობა გამოიჩინა მის მიმართ: როსტომი გამოაცხადეს თავად სიმონ ბაგრატიონის უკანონო შვილად, რამაც ხელი შეუწყო შემდგომში მის აზნაურად დაკანონებას.

3.3 3.3. სოლომონ I-ის წყალობის სიგელის გამო დაპირისპირებული ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლები

▲ზევით დაბრუნება


მეფე ალექსანდრე V-ის ძის, ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლებმა თავი გამოიჩინეს რუს ოკუპანტთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ამოუდგა მხარში მარიამ დედოფალი ბატონიშვილის რეპრესირებულ შთამომავლებს, რაც ნათელი მაგალითია სამშობლოს დამცველთა ურთიერთდახმარების და ბაგრატიონთა ოჯახის წევრებს შორის ურთიერთსიყვარულისა. გადატანილი უბედურებისა და სამშობლოდან გადასახლების შემდეგ, ბაგრატის ორი ვაჟის შთამომავლებს შორის სოლიდარობის გრძნობა უნდა გაზრდილიყო, მაგრამ იმერეთში დაბრუნების შემდეგ, მათ შორის შუღლი ჩამოვარდა. (შესაძლოა, თეიმურაზი არც დაბრუნებულა და მის ნაცვლად მისი ძმა, ივანე მოქმედებდა). თავადობის დამტკიცების დროს, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ პირთან ნათესაური კავშირის დადგენას, რომელიც უკვე დამტკიცებული იყო თავადად. ასეთი იყო ივანე დავითის ძე, რომელიც რუსეთში გადასახლებას გადაურჩა და თავადის წოდებაც შეინარჩუნა. მან აღიარა თავისი ძმა თეიმურაზი, რომელსაც რუსების მიერ წართმეული ჰქონდა თავადობაც და გვარიც, ხოლო ბიძაშვილი, როსტომ ბაგრატიონი და მისი ვაჟი სიმონო უცხო პირებად გამოაცხადა. ამგვარი გაუცხოების მიზეზი სოლომონ I-ის წყალობის სიგელი გახდა, რომელსაც მეფის ძმისშვილების, დავითისა და სვიმონის ოჯახები ერთმანეთს ეცილებოდნენ.

1847 წლის 16 სექტემბერს იმპერატორის ბრძანებით, იმერეთის და გურიის თავადაზნაურთა უფლებების გასარჩევად ქ. ქუთაისში დაარსებულმა კომისიამ მოისმინა ტფილისის თავადაზნაურთა საკრებულოს მიერ გადმოგზავნილი საქმე კაპიტან თეიმურაზ დავითის ძის და პოდპორუჩიკის სიმონ როსტომის ძის მიერ თავადის ღირსების ძიების „წარმოებისამებრ გვარისაგან იმერეთის მეფეთ ბაგრატიონთა“ თაობაზე.1 ეს საქმე დაიწყო ტფილისის სათავადაზნაურო საკრებულოში, იმერეთის დედოფალ მარიამის მიერ 1841 წლის 30 იანვარს გაგზავნილი არზის საფუძველზე. ის ითხოვდა თავისი განსვენებული ქმრის ბიძაშვილის ძის, თეიმურაზ დავითის ძისათვის წოდების და გვარის მიცემას, რომლითაც უკვე სარგებლობდა მისი ძმა, თავადი ივანე ბაგრატიონი. ამის შემდგომ, ქუთაისის მაზრის სამმართველომ ჩაატარა გამოძიება. იმერეთის თავადებმა და აზნაურებმა ფიცის ქვეშ აჩვენეს, რომ თავადი ივანე დავითის ძე ბაგრატიონი და მისი მკვიდრი ძმა თეიმურაზი ნამდვილად იყვნენ დავით ბატონიშვილის ძენი, რომლის მამა, ბაგრატი, მეფე სოლომონ I-ის მკვიდრი ძმა იყო. ამ გამოძიების დროს, თეიმურაზის ძმამ, ივანემ წარმოადგინა სიგელები: იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის მიერ თავისი ძის, ბაგრატ ბატონიშვილისთვის და სოლომონ I-ის მიერ თავისი ძმისთვის იმავე ბაგრატ ბატონიშვილისთვის მიცემული. თავადმა პოლკოვნიკმა სეხნია წულუკიძემ, ნადვორნი მრჩეველმა დავით ჩხეიძემ, კაპიტანმა სიმონ წერეთელმა და შტაბის კაპიტანმა სიმონ წულუკიძემ სცნეს ეს სიგელები, მაგრამ პოდპორუჩიკმა სვიმონ როსტომის ძე ბაგრატიონმა ჯერ კიდევ 1843 წლის 2 ნოემბერს სამაზრო სამმართველოში შეიტანა არზა, სადაც ამტკიცებდა, რომ 1778 წლის 22 მაისს მეფე სოლომონ I-ის მიერ დაწერილ სიგელში, რომლითაც მან თავის ძმას, ბატონიშვილ ბაგრატს, მის ძეს და მომავალ ძეებს მამული, აზნაურნი და ყმანი უბოძა „განზრახვით ანუ კნიაზის ივანე ბაგრატიონისა ანუ მამისა მისის დავითისა წაშლილ არს სახელი ძისა ბატონიშვილის ბაგრატის“,2 რომელიც იყო სიმონ როსტომის ძის ბაბუა - სვიმონი. კომისია აღიარებდა, რომ „ყურადღებითი განხილვისამებრ ამა ღრამატისა აწცა უკვე შესაძლო არს განრჩევად, რომელ მაშინა შემდგომ ლექსთა შენ შვილ იყო დაწერილ სვიმონ“, რაც ნიშნავს, რომ სიგელში დაკონკრეტებული ყოფილა ბაგრატის შვილის სახელი „სვიმონი“. სიმონი მოითხოვდა, რომ აღნიშნული სიგელის მომწოდებლისთვის გამოეცხადებინათ მისი ბაბუის, სვიმონის, სახელის წაშლის შესახებ, ასევე ის, თუ ვინ იყო ამ სიგელის დაწერის დროს ბაგრატ ბატონიშვილის ძე. 1778 წელს ბაგრატის ერთადერთი ძე სვიმონი იყო. ხოლო ივანე და თეიმურაზ ბაგრატიონების მამა, დავითი, იმ დროს დაბადებული არ ყოფილა. ამდენად, ბაგრატ ბატონიშვილის უფროს ვაჟს, სვიმონს, იმისგან დამოუკიდებლად, კანონიერი იყო იგი თუ არა, მამული თავად მეფე სოლომონისგან პირადად ჰქონდა ბოძებული. უმცროსი, კანონიერი ვაჟი, დავითი, სიგელში ნახსენები ვერ იქნებოდა, ის მხოლოდ სხვა, მომავალ ძეებში იგულისხმებოდა. მთხოვნელი სიმონი აცხადებდა, რომ შეეძლო კიდევ სხვა საბუთების და მოწმეების წარმოდგენა. ვინაიდან ხსენებულ სიგელში აღნიშნული იყო მისი ბაბუა სვიმონი და არა დავითი, ამიტომ სიგელი მხოლოდ დავითის შვილების საკუთრება ვერ იქნებოდა. „აღნიშნული ღრამატა არს მათი საზოგადო და ეკუთვნის უმეტეს მას ვიდრეღა ივანე და თეიმურაზს, მისთვის რომელ მასშინა ინიშვნის ბაბუა მისი სვიმონ და არა მამა მათი დავით“. სიმონის მტკიცებით, ეს სიგელი განზრახ იყო დამალული. კომისია თავიდან დაუბრუნდა ამ საბუთს, მაგრამ იგი არსებითად განხილული არ ყოფილა. თავადებმა განაცხადეს, „რომელ ამა ღრამატაში მოშლილის ადგილზედ, რომელზედაც იმყოფებიან ასონი(ვი)ჰაზრისა გულისხმის ყოფად შესაძლო არს იყო დაწერილ სახელი“.3 მართლაც, ასოები „ვ“ და „ი“ შედიან სახელში „სვიმონ“. კომისიის წევრებმა ვერ უარჰყვეს, რომ სახელი წაშლილი იყო, მაგრამ დაადგინეს: „არავითარი განზრახულობითი ამოფხეკილობა მას შინა არა არს. გარნა მხოლოდ წაშლილი არს თუ სადმე ასო საკუთრად შეცდომისაგან გარდამწერლისა არა სრულებით გაცნობილის წერილობითის წარმოებასთან“.4 კომისიას არც იმაზე უმსჯელია, რომ დავით ბატონიშვილი 1778 წელს დაბადებული არ ყოფილა. სიგელზე დაყრდნობით შეიძლებოდა ქონებრივი დავის წამოწყება, ამიტომ ივანე ბაგრატიონმა განაცხადა, რომ პოდპორუჩიკი სიმონი და მამამისი, გადამდგარი ჯარისკაცი როსტომ ბაგრატიონი, იყვნენ შთამომავლები ბაგრატ ბატონიშვილის უკანონოდ შობილი ძის, სვიმონისა, რომელიც „არ იწოდებოდა ძედ ანუ რომელიმე ნათესავად ბატონისშვილის ბაგრატის“. როგორც დოკუმენტებიდან დავინახავთ, ეს მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ივანემ უსაფუძვლოდ განაცხადა, რომ მეფე სოლომონი არასდროს მისცემდა თავს უფლებას, სიგელში ბაგრატ ბატონიშვილის უკანონოდ შობილი ძის სახელი შეეტანა. ივანემ თავისი ძმის თეიმურაზის საქმის განხილვის დაჩქარება, ხოლო პოდპორუჩიკი სიმონისა და მამამისის, როსტომის საქმის ცალკე განხილვა მოითხოვა. უარი თქვა მათთან რაიმე ნათესაურ კავშირზე. ვითომდა ისინი იყვნენ „გარეშე პირნი და არა მქონებელნი მასთანა არა ვითარ ნათესაობის კავშირისა“.5 ივანე იმ დროისთვის უკვე დამტკიცებული იყო თავადად, ამდენად, მასთან ნათესაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, რაც აადვილებდა მისი ძმის, თეიმურაზის თავადად აღიარებას, ხოლო სიმონს და როსტომს უცხო პირების რანგში აყენებდა. განხეთქილების მიზეზი იყო არა ტახტის მემკვიდრეობის საკითხი, რომელიც მაშინ საერთოდ არ განიხილებოდა, არამედ ბაგრატ ბატონიშვილის მემკვიდრეობა. ქართული სამართლის თანახმად, უკანონო შვილს მამის ქონებაზე უფლებები არ ჰქონდა, მაგრამ სოლომონ I-ის სიგელი ამ საკითხს საკამათოდ ხდიდა. გარდა ამისა, არ არსებობდა სვიმონის უკანონოდ შობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც მის შთამომავლებს ამ ფაქტის უარყოფის საშუალებას აძლევდა, თუმცა არც მათი ვერსიის დადასტურება ხერხდებოდა. ივანემ წარადგინა გენეალოგიური (ნათესაური) სია, რომელშიც აღნიშნული იყო: სოლომონ I-ის ძე, „ბატონიშვილი ალექსანდრე გარდაცვალებული უშვილოდ“,6 იმ დროს, როდესაც სინამდვილეში, ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟის, „გიორგი ბუშის“ შვილები რუსეთში ბაგრატიონ-იმერეტინსკების გვარით განაგრძობდნენ სოლომონ I-ის შტოს. „გიორგი ბუშის“, ანუ უკანონოდ შობილის ხსენება ივანე ბაგრატიონისათვის ხელსაყრელი არ იყო, ვინაიდან მისი მაგალითი სიმონისა და როსტომის მოთხოვნებს გაამყარებდა. კომისიამ კი თვალი დახუჭა, ან უმეცრება გამოავლინა.

მაზრის უფროსის ერთ-ერთმა თანაშემწემ, მაქსიმოვიჩმა, ქუთაისის არქივიდან გამოითხოვა ცნობები სიმონისა და მამამისის, როსტომ ბაგრატიონების საქმეზე, რომელიც ადრე იყო დაწყებული. 1831 წლის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „როსტომ ბაგრატიონი არის ძე უკანონოდ შობილის კნიაზის სვიმონ ბაგრატიონისა“. როგორც ვხედავთ, სვიმონი ოფიციალურ დოკუმენტში თავადად არის მოხსენიებული. ინსტრუქციაში, რომლითაც კომისიას უნდა ეხელმძღვანელა, გარკვევით იყო ნათქვამი, რომ ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენლები მეფეთა შთამომავლები იყვნენ, ამიტომ განხილვის გარეშე უნდა ყოფილიყო აღიარებული მათი თავადური ღირსება. მიუხედავად ამისა, კომისიამ თვითნებურად მოახდინა დიფერენციაცია და თავადებად მხოლოდ ივანე და თეიმურაზ ბაგრატიონები აღიარა. 1847 წლის 14 თებერვალს სიმონ ბაგრატიონი, მისი ცოლი თათია, ძე მათი როსტომ, ასულნი - ოლღა და მარია, დედა სიმონისა ელისაბედი დამტკიცებულ იქნენ აზნაურებად.7 1851 წელს პეტერბურგში გამოიცა წიგნი «Список княжеским и дворянским родაм Имеретии», რომელშიც ზემოჩამოთვლილი პირები აზნაურებად არიან დაფიქსირებული.8 ზ. ჭუმბურიძე წერს: „როგორც თავადთა, ისე აზნაურთა შორის გვხვდება გვარები: აბაშიძე, ბაგრატიონი, ერისთავი, იაშვილი, ლორთქიფანიძე, მიქელაძე, მხეიძე, ნიჟარაძე, ყიფიანი, ჩხეიძე, წერეთელი, წულუკიძე, ჯაფარიძე. ერთგვარად უცნაურია, რომ ამ „საზიარო“ გვართა შორისაა თვით ბაგრატიონიც. სიაში წარმოდგენილ ბაგრატიონთა ორი ოჯახიდან ერთი თავადისაა და მეორე - აზნაურისა. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ტახტის დაკარგვის შემდეგ ბაგრატიონთა დიდი ნაწილი მიმოიფანტა რუსეთსა და ევროპაში და მათი ოჯახების ისტორია ხშირ შემთხვევაში ბურუსით არის მოცული.

სიაში მხოლოდ აზნაურთა შორის ვხვდებით ისეთ სახელოვანი გვარების წარმომადგენლებს, როგორიც არიან ავალიშვილები, ამილახვრები, ბარათაშვილები, გაბაშვილები, გელოვანები, იშხნელები, ფალავანდიშვილები“.9

აზნაურებად მიჩნეული ბაგრატიონების ოჯახი ვერასოდეს შეეგუა ამ გადაწყვეტილებას. 1853 წლის 4 ივნისს ქუთაისის თავადაზნაურთა დეპუტატთა საკრებულოში შევიდა შორაპნის მაზრის, სოფელ ღვანკითის მცხოვრების, პოდპორუჩიკ სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონის თხოვნა, რომელშიც ის აცხადებდა, რომ მისი პაპა თავადი სვიმონ ბაგრატიონი იყო თავადებად ცნობილი ივანე და თეიმურაზ დავითის ძე ბაგრატიონების პაპის - ბაგრატ ბატონიშვილის ვაჟი. იმერეთის მეფეების დროს, თავადად ითვლებოდა და ამ წოდებისათვის მიკუთვნებული ყველა პატივით სარგებლობდა. მისი ამგვარი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ გადარჩებოდა 1820 წლის აჯანყების დროს, როდესაც განმცხადებელი, სიმონ ბაგრატიონი, თავის მამასთან - როსტომთან ერთად, რუსეთში იქნა გადასახლებული. ამის მიზეზით და აგრეთვე იმის გამო, რომ ის იმერეთში არ იმყოფებოდა ქუთაისის ყოფილი სათავადაზნაურო კომისიის მუშაობის დროს, მას დაუმტკიცდა აზნაურის ღირსება. 1853 წელს სიმონ ბაგრატიონმა მოიძია ის დოკუმენტები, რომლებიც ადრე გათვალისწინებული არ ყოფილა:

1. ბაგრატ ბატონიშვილის მიერ 1771 წელს აზნაურებისათვის - სიმონ და ქაიხოსრო ყიფიანებისთვის მიცემული სიგელი, რომელშიც ის სიმონის ბაბუას, სვიმონს, თავის შვილად მოიხსენიებს. ეს ფაქტი აბათილებს ივანე ბაგრატიონის მტკიცებას, თითქოსდა, სვიმონი არ იწოდებოდა ბაგრატ ბატონიშვილის ძედ, ან თუნდაც ნათესავად.

2. დავით ბატონიშვილის მიერ 1809 წლის 9 აგვისტოს აზნაურ ქაიხოსრო ყიფიანისთვის მიცემული წყალობის წიგნი, რომელშიც ის სიმონის მამას, როსტომს, მოწმედ ასახელებს და თავის ძმისწულს უწოდებს. ეს დოკუმენტი დამოწმებულია მეფე სოლომონ II-ის მიერ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მეფე სოლომონ II, ისევე როგორც მეფე სოლომონ I, ბაგრატ ბატონიშვილის უფროსი ვაჟისგან, სვიმონისგან მომდინარე შტოს - თავის ნათესავად აღიარებდა. აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ პეტერბურგში, მარიამ დედოფალმა თავისთან რატომ შეიფარა როსტომ ბაგრატიონი. ის მისი გარდაცვლილი მეუღლის, სოლომონ II-ის, ახლო ნათესავი იყო.

სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონმა სათავადაზნაურო საკრებულოს წარუდგინა ხსენებული საბუთების დამოწმებული ასლები, ასევე საგვარეულო ნუსხა და თავადებისა და აზნაურების მოწმობები. 1853 წლის 31 იანვარს დაიწერა შემდეგი მოწმობა: „მიეცა ესე ჩუენ ქვემორე ამისა ხელის მომწერელთ თავადთა და აზნაურთაგან შორაპნის უეზდის ჩხარის უჩასტკის სოფელსა ღვანკითს მცხოვრებს თავადს სიმონ როსტომის ძეს ბაგრატიონს მას შინა რომელ ვითარ მამა ხსენებულს სიმონ ბაგრატიონისა როსტომ, ეგრეთვე ბაბუა მისი სვიმონ ბაგრატიონი დროსა იმერეთის მეფეთა ირიცხებოდნენ სათავადთა შორის. სარგებლობდნენ ყოვლის სიმართლითა შეერთებულთა ამა ხარსხისათანა. ეგრეთვე შემდგომ განხსნისა რუსეთის მმართებლობისა იგინი ითვლებოდნენ ამა წოდებაშიდ დასამტკიცებელად, რაისა ჩუენის საკუთარის ხელის ვაწერთ.“ ხელს აწერენ:

„ტიტულიარნის სოვეტნიკი სიმონ აბაშიძე
კნიაზი ნიკო იაშვილი
კნიაზი ვახტანგ წულუკიძე
კნიაზი ზურაბ აბაშიძე
აზნაური მღვდელი დავით ოქრიტიშვილი
მღვდელი აზნაურთაგანი ბესარიონ იშხნელი
მღვდელი აზნაური იესე შოთაძე
აზნაური ბეჟან კახიძე
აზნაური გიორგი ჩინჩალაძე, რადგან მან წერა არ იცოდა, მისის თხოვნით ხელს ვაწერ გოგია ახახრაძე
აზნაური როსტომ ჩინჩალაძე
აზნაური ნიკოლოზ ბექას ძე მაჭავარიანი, რადგან მან წერა არ იცოდა, მისის თხოვნით ხელს ვაწერ აზნაური მერაბ ლეჟავა
აზნაური ბეჟან ჟღენტი, რადგან მან წერა არ იცოდა, მისი თხოვნით ხელს ვაწერ ლეჟავა აზნაური
აზნაური თეიმურაზ საყვარელიძე
აზნაური ბერი საყვარელიძე
აზნაური მერაბ საყვარელიძე
აზნაური სიმონ დივანი, რადგან მან წერა არ იცოდა, მისის თხოვნით ხელს ვაწერ ძე მისი ნარიმან დივანი
აზნაური ელისე იშხნელი, რადგან მან წერა არ იცოდა, მისის თხოვნით ხელს ვაწერ ძე მისი პრაპორჩიკი ივანე იშხნელი
აზნაური სიმონ ჯანელიძე
აზნაური გიორგი ქავთარაძე, რადგან მან წერა არ იცოდა, მისის თხოვნით ხელს ვაწერ აზნაური დიმიტრი ელაკაძე
აზნაური ლევან საყვარელიძე, რადგან მან წერა არ იცოდა, მისის თხოვნით ხელს ვაწერ ძე მისი ბერი საყვარელიძე
აზნაური როსტომ ჭაჭიაშვილი, რადგან მან წერა არ იცოდა, მისის თხოვნით ხელს ვაწერ აზნაური იოსებ ჭაჭიაშვილი
აზნაური ლევან აბაშიძე, რადგან მან წერა არ იცოდა, მისის თხოვნით ხელს ვაწერ აზნაური სიკო აბაშიძე
აზნაური დავით აბაშიძე, რადგან მან წერა არ იცოდა მისის თხოვნით ხელს ვაწერ ძე მისი შმაგი.“10

ხელმოწერები დაამოწმა შორაპნის მაზრის სათავადაზნაურო წინამძღოლმა, თავადმა წერეთელმა.

1853 წლის აგვისტოში ქუთაისის თავადაზნაურთა დეპუტატთა საკრებულომ განიხილა სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონის თხოვნა და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი. საკრებულო დაეყრდნო ქუთაისის ყოფილი სათავადაზნაურო კომისიის 1847 წლის 18 სექტემბრის ოქმს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პოდპორუჩიკ სიმონის მამა, როსტომი, როგორც მეფე სოლომონ I-ის ძმის, ბაგრატ ბატონიშვილის შვილიშვილი, მიჩნეული იყო არა თავადად, არამედ აზნაურად.

შორაპნის მაზრის სათავადაზნაურო წინამძღოლმა რეზოლუციით მოითხოვა ცნობები თავადობის მაძიებელი სიმონ ბაგრატიონის მამასა და ბაბუაზე, სარგებლოვდნენ თუ არა ისინი თავადური ღირსებით და ითვლებოდნენ თუ არა დავით ბატონიშვილის ნათესავებად. მტკიცებულებანი წარდგენილ იქნა. მოგვყავს ამონარიდები ზემოხსენებული საბუთებიდან:

1. ბაგრატ ბატონიშვილის 1771 წლის ივლისის სიგელი: „…მტკიცე და უცვალებელი წყალობის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძე ჩვენ ღვთის ცხებულმან მეფის ძემ ბატონიშვილმან ბაგრატ და ძემან ჩვენმან სვიმონ შენ ჩვენ ერთგულს ყმას ყიფიანს…“11

2. დავით ბატონიშვილის 1809 წლის სიგელი: „წყალობითა და მინდობითა ღვთისათა ჩუენ ბატონისშვილმა ბატონმა დავით, ესე მტკიცე და უცვალებელი საბოლოვოთ გასათავებელი წყალობის წიგნი გიბოძე თქუენ ჩემს ერდგულს და ნებისაებრ მოსამსახურეს ყიფიანს ქაიხოსროს… იქმნა წერილისა ამის მოწამე ჩემი ძმისწული როსტომ, ერისთავი იოანე და სხვანი ერთობ ზემოური აზნაურიშვილი“.12 სიგელი დამტკიცებულია მეფე სოლომონ II-ის მიერ: „ქ. ჩუენ იმერთა მეორე სოლომონ დავითიანი ვამტკიცებ წიგნსა ამას ნებითა ღვთისათა“.

1853 წელს სიმონი გარდაიცვალა. წლების შემდეგ მისმა ვაჟმა, როსტომმა (დაბ. 1845 წელს) საქმე განაახლა. ვინაიდან ამ ოჯახში მეორდება სახელები: სიმონი და როსტომი, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, შემოგვაქვს პირობითი აღნიშვნა „როსტომ (II)“. 1897 წლის 18 მარტს კოლეგიის ასესორი როსტომ (II) სიმონის ძე ბაგრატიონი თხოვნით მიმართავს ქუთაისის თავადაზნაურთა დეპუტატების საკრებულოს. ის თავისი მამის, სიმონ ბაგრატიონის მიერ 1853 წელს წარდგენილ თხოვნას თავის მხრივ უმატებს ახალ ფაქტებს. 1847 წელს, ქუთაისის ყოფილმა სათავადაზნაურო კომისიამ, რომელიც იხილავდა ქუთაისის გუბერნიის თავადებისა და აზნაურების უფლებებს, განიხილა რა ბატონიშვილ ბაგრატ ბაგრატიონის შთამომავლების უფლებები, ერთი ნაწილი მიაკუთვნა ამ საგვარეულოს და სცნო მათი თავადური ღირსება, მეორენი კი არა, სახელდობრ: ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი დავითი და მისი შთამომავლები მიკუთვნებულ იქნენ ბაგრატის შტოს და დაუმტკიცდათ თავადის ღირსება, ხოლო იმავე ბაგრატ ბატონიშვილის ვაჟს სვიმონს და მისი შთამომავლებს მიუხედავად იმისა, რომ ამავე საგვარეულოს მიაკუთვნეს, დაუმტკიცდათ მხოლოდ აზნაურის ღირსება. კომისიის ამგვარი გადაწყვეტილება ეყრდნობოდა ბაგრატ ბატონიშვილის ერთ-ერთი შთამომავალის, ივანე დავითის ძის სიტყვიერ განცხადებას, რომელმაც ისარგებლა თავისი ბიძაშვილის, როსტომ ბაგრატიონისა და მისი შვილის არყოფნით, რაც თავის პირად ინტერესებში გამოიყენა და მატერიალური გამორჩენის მიზნით, როსტომს უწოდა ბაგრატ ბატონიშვილის უკანონო შვილის შთამომავალი. მისი განცხადება კომისიის წევრებმა ყურად იღეს პირველ რიგში მისი ავტორიტეტული მდგომარეობის გამო, მეორეც კომისიის წევრების დიდ ნაწილთან მისი ნათესაობისა გამო. ასევე, თავისი როლი შეასრულა მისი მოწინააღმდეგის ადგილზე არყოფნამ და ამ უკანასკნელის მხრიდან წინააღმდეგობის გაუწევლობამ.

როსტომი არ ეთანხმებოდა კომისიის გადაწყვეტილებას და შემდეგ პუნქტებს გამოჰყოფდა:

1. რადგან კომისიას ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ როსტომ ბაგრატიონის პაპის მამა, სვიმონი, ბაგრატ ბატონიშვილის შვილი იყო, ჰქონდა თუ არა მას უფლება ემსჯელა მის კანონერ თუ უკანონოდ შობაზე, მაშინ, როდესაც ეს იკრძალებოდა. კომისიისთვის სახელმძღვანელოდ გადაცემული ინსტრუქციით, რომლის 43-ე პუნქტში ნათქვამია: „1. კომისიამ არ უნდა იმსჯელოს იმ პირების უფლებებზე, რომლებიც იმერეთში ბაგრატიონთა საგვარეულოს ეკუთვნიან, ხოლო გურიაში - გურიელების საგვარეულოს“. ცხადია, კომისიას ამის უფლება არ ჰქონდაო.

2. ივანე ბაგრატიონის განცხადება და მასზე დაფუძნებული კომისიის დადგენილება, როსტომის წინაპრების, ბაგრატ ბატონიშვილის, თითქოსდა, უკანონოდ შობილი შვილის, სვიმონისაგან წარმომავლობის შესახებ, როსტომის თქმით, მოკლებული იყო ყოველგვარ საფუძველს, რაც მის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით მტკიცდებოდა. სახელდობრ:

1) ბაგრატ ბატონიშვილი 1771 წელს ქაიხოსრო და სხვა ყიფიანებისთვის მიცემულ დოკუმენტში როსტომის დიდ პაპას სვიმონს (კომისიის მიერ უკანონოდ შერაცხილს) თავის შვილს უწოდებს.

2) კომისიის მიერ თავადურ ღირსებაში ცნობილი დავით ბატონიშვილი, 1809 წლის 9 აგვისტოს იმავე ყიფიანებისთვის მიცემულ დოკუმენტში, როსტომის II-ის პაპას, როსტომ სვიმონის ძეს თავის ძმისშვილს უწოდებს და ეს დოკუმენტი მეფე სოლომონ II-ის მიერ არის დამოწმებული.

3) იმავე დავით ბატონიშვილი, 1816 წელს გლეხი ბუსკივაძისათვის მიცემულ დოკუმენტში როსტომის (II-ის) პაპას - როსტომს „ბატონიშვილ როსტომ სვიმონის ძეს“ უწოდებს.

4) საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორიდან გაცემული 1844 წლის აღსარების წიგნის ჩანაწერიდან ჩანს, რომ ბიძაშვილები ივანე დავითის ძე და როსტომ სვიმონის ძე ბაგრატიონები თავადებად მოიხსენიებიან.

5) ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის სამეტრიკო წიგნის 1862 წელს გარდაცვლილთა ამონაწერში, როსტომის (II-ის) პაპის, როსტომის მეუღლე, ელისაბედი, თავადის მეუღლედ იწოდება.

6) ორმოცდაათი პატივცემული თავადის და აზნაურის ჩვენებებით, რაც თავადაზნაურობის სამაზრო წინამძღოლის მიერ არის დამოწმებული, მტკიცდება, რომ მაძიებელი როსტომის (II-ის) წინაპრები ნამდვილად ეკუთვნოდნენ ბაგრატ ბატონიშვილის მოდგმას და ყოველთვის სარგებლობდნენ თავადებისა და ბატონიშვილების უფლებებით.

7) თორმეტმა პატივცემულმა თავადმა და აზნაურმაც ასევე დაადასტურა წინა პუნქტში აღნიშნული გარემოებები. (საქმეში ჩაკერებულია რამდენიმე ამგვარი „ფიცითი აღთქმა“.)

როსტომი (II) ბოლო პუნქტში დეპუტატების ყურადღებას მიაპყრობდა ერთ შეუსაბამობას: სვიმონი ბაგრატ ბატონიშვილის 1771 წლის სიგელში უკვე ნაჩვენებია ბაგრატის შვილად. იმისათვის, რომ დოკუმენტების არარსებობის პირობებში სიმონის დაბადების კანონიერებაზე ემსჯელათ, კომისიის წევრები 15 წლით მაინც უნდა ყოფილიყვნენ სვიმონზე უფროსები, ხოლო ამ ასაკის ადამიანებს რომ სხვა ადამიანების ბედს არ ანდობენ, ეს ეჭვსგარეშეა. აქედან გამომდინარე, კომისია ამტკიცებდა რა სვიმონ ბაგრატიონის უკანონოდ შობას, გარკვეული ძალდატანების ქვეშ მოქმედებდა და ხელთ არ ჰქონდა არავითარი დოკუმენტური მონაცემები. როსტომის ეს არგუმენტი თითქოს დამაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ბაგრატ ბატონშვილის მამულის ლომის წილი მის უმცროს ვაჟს, დავით ბატონიშვილს ერგო. უფროსი ვაჟი, სვიმონი, კანონიერი შვილი რომ ყოფილიყო, მაშინ მამის ქონება სხვაგვარად განაწილდებოდა.

ზემომოყვანილი ფაქტების საფუძველზე, როსტომი (II) გამოთქვამდა იმედს, რომ დეპუტატთა საკრებულო ყოფილი სათავადაზნაურო კომისიის მიერ მისი შტოს აზნაურად, და არა თავადად ცნობის ფაქტში აშკარა შეცდომას დაინახავდა. როსტომი (II) უმორჩილესად სთხოვდა დეპუტატთა საკრებულოს ამ შეცდომის გამომზეურებას და დავით ბატონიშვილის შთამომავლების მსგავსად, მის თავადად აღიარებას. სათანადო დადგენილება წარდგენილი უნდა ყოფილიყო უზენაესად დასამტკიცებლად. თხოვნას როსტომი (II) თან ურთავდა:

1. დავით ბატონიშვილი მიერ 1816 წელს გლეხი ბუსკივაძისთვის მიცემული დოკუმენტის დედანს.

2. სინოდალური კანტორიდან გაცემულ ამონაწერს აღსარების 1844 წლის წიგნიდან.

3. ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის სამეტრიკო წიგნიდან ამონაწერს 1862 წელს გარდაცვლილთა შესახებ.

4. ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის მოწმობას №5732.13

გამოვყოფთ რამდენიმე დოკუმენტს. როსტომ (II-ის) მიერ წარდგენილი ამონაწერებიდან ჩანს, რომ ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის 1844 წლის სააღმსარებლო წიგნში შეყვანილი თავადების რიცხვში არიან როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონი, ორმოცდაერთი წლის და მისი ცოლი ელისაბედ პაატას ასული ორმოცდა ხუთი წლის. ამონაწერი დამოწმებულია. გაცემულია საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორიდან, 1897 წლის 14 თებერვალს „თავად როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონზე“ თანახმად მისივე თხოვნისა.

1862 წლის სამეტრიკო ამონაწერში დამოწმებულია „თავად როსტომ ბაგრატიონის“ ცოლის, ელისაბედ პაატას ასულის გარდაცვალება 70 წლის ასაკში.14 შემდგომი დოკუმენტია მოწმობა: „მიეცა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ღვანკითის მცხოვრებს, კოლეგიის ასესორს, როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონს მასზედ, რომ როგორც გაირკვა 12 სანდო პირის გამოკითხვით და ადგილობრივ საპოლიციო უბანში მოპოვებული ცნობების თანახმად, არც მას და არც მისი, ბაგრატიონის, წინაპრებს კანონის ძალით არ ჩამორთმევიათ ქონება და არ ყოფილან შეზღუდული.“ ხელს აწერენ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის ნაცვლად ვიცე-გუბერნატორი, ქუთაისის ვიცე-გუბერნატორის ნაცვლად - მრჩეველი.

აქვე მოგვაქვს ნიმუში ფიცისა, რომლითაც თავადაზნაურობის წარმომადგენლებმა დაიფიცეს: „ფიცითი აღთქმა…მე ნამდვილ უწყი, რომ მაძიებელი თავადობის ღირსებისა და ეხლად დამტკიცებული უმაღლესად აზნაურობის ღირსებაშიდ სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონი წარმოებს ცარევიჩის ბაგრატ ბაგრატიონისაგან, მარადის მეფეებთა დროშიდ და შემდგომ გახსნისა რუსეთის მთავრობისა იმერეთშიდ ვითარცა მას თანასწორ მამა ბაბუასა მისას უსარგებლია თავადობის ღირსებით და არა ვითარი განსხვავება მასსა და მონათესავეთა მისთა კნიასთა ივანე და თეიმურაზ დავითის ძეთ ბაგრატიონებთა თავადობის ღირსებაშიდ არა ყოფილა. სათავადო მამულსა ფლობდა ბოძებულთა მეფეებთაგან, მის მიერ წარმოდგენილი საქმეშიდ პირნი საბუთებისა ეკუთვნოდა მას და არავითარსა ეჭვსა არა ექვემდებარების. შემდგომ საქმისა დაწყებისა დეპუტატ სობრანიაშიდ მთხოვნებლი სვიმონ როსტომის ძე ბაგრატიონი გარდაიცვალა. დარჩა მისი ერთი ვაჟი როსტომი, რომელიცა აგრეთვე სარგებლობს თავადობის ღირსებით, რაიცა ვაჩვენე ნამდვილი სიმართლე მას შინა.“

ერთ „ფიცით აღთქმაზე“ 1881 წელს ხელს აწერს თავადი ნიკო ივანეს ძე აბაშიძე, 75 წლის.15 მეორეზე, თავადი ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძე, 50 წლის.16 მესამე დოკუმენტი შედგენილია 1880 წელს. ხელს აწერენ აზნაურები საჩინო და დიმიტრი კურცხალიები, მელიტონ, დიმიტრი და ზურაბ წერეთლები.17 მეოთხეს ხელს აწერს აზნაური საჩინო დავითის ძე კურცხალია, 70 წლისა.18 მეხუთეს ხელს აწერენ აზნაურები: დიმიტრი გრიგოლის ძე კურცხალია, 65 წლის, ილია ივანეს ძე წერეთელი, 52 წლის, სიმონ ბესარიონის ძე წერეთელი, 45 წლის, ზურაბ გიორგის ძე წერეთელი, 70 წლის, მელიტონ ბესარიონის ძე წერეთელი, 40 წლის, დიმიტრი კაციას ძე წერეთელი, 55 წლის, ბერი იასონის ძე წერეთელი, 32 წლის, სანდრო ილიას ძე წერეთელი, 30 წლის, კაცია ლუარსაბის ძე კურცხალია, 50 წლის.19 ხუთივე დოკუმენტს ერთვის მინაწერი: „ჩვენების ჩამორთმევას ესწრებოდა ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი“. ყველა ხელმომწერის „ფიცით აღთქმას“ ჩვენამდე არ მოუღწევია.

1897 წლის 19 დეკემბერს ქუთაისის თავადაზნაურთა დეპუტატთა საკრებულო საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში შესამოწმებლად გზავნის „სამეგრელოს ყოფილი სამთავროს მცხოვრების (როსტომს სამეგრელოში არ უცხოვრია-მ.ხ.) როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონის მიერ წარმოდგენილ, ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტსა და მის რუსულ თარგმანს. ეს არის დავით ბატონიშვილის 1816 წლის წყალობის სიგელი. შემდგომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიური დეპარტამენტი ქუთაისის სათავადაზნაურო საკრებულოს უკან უბრუნებს ხსენებულ შემოწმებულ დოკუმენტს და შესრულებულ სამუშაოში 50 კაპიკს ითხოვს.20

დამოწმებული დოკუმენტების მიღების შემდეგ, 1898 წლის თებერვალში როსტომ (II) კვლავ მიმართავს ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს:

„ვინაიდან მე კიდევ მაქვს დოკუმენტები, რომლებიც დასამტკიცებლად და ასახსნელად გამოდგება ჩემი საქმისა ჩემი თავადური წარმომავლობის შესახებ, რომელიც დანიშნულია განსახილველად 28 თებერვალს და ეს დოკუმენტები თუმცა ჩემ მიერ არის მოძიებული, მაგრამ დღეს მათი მიღება, კანონიერი მიზეზების გამო შეუძლებელია, უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი საქმე გადადოთ და ჩემ მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ განიხილოთ.“ თავისი წარმომავლობის მტკიცებულებათა შევსების მიზნით, როსტომ (II) ითხოვს, რომ აზიურ დეპარტამენტში ასევე გაგზავნილ იქნას თავად ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონის მიერ გლეხი ყუბულაშვილისთვის მიცემული სიგელი, რომელშიც ის მოსაზღვრე ბატონს, როსტომ ბაგრატიონს, თავადს უწოდებს. როსტომ (II) წარადგენს ამონაწერს ნოტარიუს გაბაევის აქტების წიგნის მეოთხე ნაწილიდან (1876წ.), სადაც იხსენიება „თავად როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონის“ ვენახი და „თავად როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონის“ სახნავი მიწა.21

იმავე 1898 წლის 3 მარტით დათარიღებულ განცხადებაში როსტომ (II) ბაგრატიონი წერს:

„ამასთან აუცილებლად ვთვლი განვუცხადო დეპ. საკრებულოს, რომ როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, საკრებულოში შევიდა წერილობითი განცხადება თავად ნესტორ კონსტანტინეს ძე ხიდირბეგოვისაგან, რომელიც შეიცავს ჩემს შეურაცხმყოფელსა და თვით მის მაკომპრომეტირებელ ცნობებსა და გამოთქმებს. ვთვლი რა, რომ ამგვარი განცხადება სცდება წესიერების ფარგლებს, როგორც განცხადება იმ კაცისაგან, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ჩემს საქმესთან… მე უმორჩილესად ვთხოვ დეპუტატთა საკრებულოს, ეს განცხადება დატოვოს განხილვის გარეშე, როგორც საფუძველს მოკლებული და არასარწმუნო. თუ საკრებულო მაინც მოისურვებს აღნიშნული განცხადების ცნობად მიღებას ჩემს საქმეზე, მაშინ სიმართლის და სამართლიანობის გამო, მოითხოვოს ჩემგან ახსნა-განმარტება და უარყოფა მისი ყოველი პუნქტისა, რათა დეპუტატთა საკრებულოს საშუალება ჰქონდეს მიიღოს შეუცდომელი დასკვნა, თუ რამდენად ყურადსაღებია ხიდიბეგოვის განცხადება.“22

როსტომ (II) კვლავ განაგრძობს მტკიცებულებების ძიებას. 4 მაისს წერს: „ჩემთვის აუცილებელია მთავარი სამმართველოს არქივიდან და საოლქო სამხედრო შტაბის არქივიდან ჩემი ბაბუის და მამის, როსტომ და სვიმონ ბაგრატიონების მიერ რუსეთში აღებული მოწმობები, როგორც იმერეთის ბაგრატიონი მეფეების შთამომავლებისა, რაც იმყოფება საქმეში“. მას ასევე სჭირდება მოწმობები ქუთაისის საგუბერნიო მმართველობის არქივიდან იმის თაობაზე, თუ რად ერგებოდნენ ნეთესაობით მისი წინაპრები სვიმონ და როსტომ ბაგრატიონები, ბატონიშვილებს ბაგრატსა და დავით ბაგრატიონებს. „ამიტომ უმორჩილესად ვთხოვ დეპუტატთა საკრებულოს, მომცეს მოწმობა, რომლის ძალითაც მე შევძლებ ცნობებისა და მოწმობების მიღებას ზემოაღნიშნულ საკითხზე, რათა წარვადგინო დეპუტატთა საკრებულოში ჩემი წარმოშობის შესახებ ამჟამად წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით“.23

(ორი მოწმობა №641 და №642 გაიცა 1898წლის 4 მაისს. მიიღო რ. ბაგრატიონმა).

ამდენი მტკიცებულების წარდგენა როსტომ (II) ბაგრატიონს ნესტორ კონსტანტინეს ძე ხიდირბეგოვის წინააღმდეგობის დასაძლევად დასჭირდა. ამ უკანასკნელის განცხადების გაცნობამდე, მოკლედ მიმოვიხილავთ ხიდირბეგოვის ოჯახის ისტორიას. XIX საუკუნეში ღვანკითელ აზნაურ მდინარაძეს ცოლად შეურთავს ქართლელი თავადის, სურამელი ხიდირბეგიშვილის ნაცოლარი, რომელსაც თან მოჰყვა პირველ ქმართან შეძენილი ვაჟი, სახელად ტარიელი. მდინარაძის გერმა შემდეგ დავით ბატონიშვილის მოურავის, მერაბ ყიფიანის ასული შეირთო ცოლად. ეყოლათ ცხრა შვილი. სამი ქალიშვილი და ექვსი ვაჟი: კონსტანტინე, როსტომი, ასისო, ედიშერი, ანდუყაფარი და ალექსანდრე. ისინი ერთგულად ემსახურებოდნენ თავად ივანე ბაგრატიონის შვილს, ალექსანდრე ბაგრატიონს, მაგრამ დიდ გავლენასაც ახდენდნენ მასზე. გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი წერდა: „კ-ზ ბაგრატიონი ბევრის თვალში მოსაწონ ყმაწვილად ითვლება, მაგრამ ამ ხიდიბეგიშვილების გამო ბევრი კაცი ემდურის. ორგზის მოინდომა უეზდის მარშლობა და საზოგადოებას თითქმის სურდა ამოერჩია, მაგრამ რადგან მარშალი ხიდიბეგიშვილები იქნებოდნენ და არა ბაგრატიონი, ამისთვის ორჯერვე ააცილეს ამ საქმეს.“24 თავადი კონსტანტინე ხიდიბეგიშვილი ალექსანდრე ბაგრატიონის მამულების საქმეებს განაგებდა, ედიშერი ალექსანდრე ბაგრატიონის ცოლის, ნადიტორა წულუკიძის მამულების საქმეებს, ანუ მოურავები იყვნენ. კნეინას დავა ჰქონდა თავის ბიძასთან, ღენტორ წულუკიძესთან. ძმები ხიდირბერგიშვილები სასტიკად გაუსწორდნენ მოხუც ღენტორს. როგორც გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი წერს „მაშინ მიცვივდნენ და ოთხივე ძმებმა ერთბაშად დაურთეს ხანჯლები და რვა ალაგას დაჭრილი და კეტებით დამტვრეული წულუკიძე დასცეს ძირს. ეს ჭრილობა კიდევ არ აკმარეს, დაკვლა სდომებოდათ, მაგრამ წულუკიძეს ახლდა თან ოთხი აზნაურიშვილი და ერთი გლეხი, ესენი მიეშველნენ, მაგრამ ბევრი ვერა გაარიგეს რა გარდა იმის, რომ დაკვლისაგან კი იხსნეს წულუკიძე, წულუკიძეს მომხრეები მძიმედ დსჭრეს ხიდიბეგაშვილებმა. ერთი მათგანი ერგემლიძე მოკვდა კიდეც მეოთხე დღეს. როგორც გამოცდილებს ამნაირ ჩხუბში, ხიდირბეგიშვილებს შესანიშნავი ზრდილობა არ მისცემიათ.“25 ერთ-ერთი მკვლელის ვაჟი, თავადი ნესტორ კონსტანტინეს ძე ხიდირბეგოვი, უგანათლებულესი თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონის გარდაცვალების შემდეგ, მისი მამულისა და ობოლი ვაჟის მეურვე გახდა. 1898 წლის 27 თებერვალს მან თხოვნით მიმართა ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატების საკრებულოს. მისი მიზანი იყო როსტომ (II) ბაგრატიონისათვის თავადის წოდების მინიჭების საკითხში ხელის შეშლა. ხიდირბეგოვი უარყოფს დოკუმენტების განხილვის აუცილებლობას, თავის მოვალეობად მიიჩნევს კომისიის გაფრთხილებას, რომ ის არ იყოს შეცდომაში შეყვანილი. ხიდირბეგოვის უტიფრობა იქამდე მიდის, რომ როსტომისათვის აზნაურის წოდებაც არ ემეტება. ის წერს: ვბედავ ვიფიქრო, რომ კომისიის მიერ მთხვნელის მამას, სიმონს, მხოლოდ პირადი აზნაურობა მიენიჭა, ვინაიდან მას იმ დროს პოდპორუჩიკის ჩინი ჰქონდაო.

თავის ვარაუდს ხიდირბეგოვი იმით ასაბუთებს, რომ თითქოსდა ჟურნალში წაშლილი იყო რაღაც სიტყვები და მათ ნაცვლად ჩამატებული იყო სიტყვა „ცოლშვილით“. ის ვერ უკვრდებოდა, რომ იმავე ჟურნალში, გარდა იმ გვერდისა, სადაც წერია: „პოდპორუჩიკი სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონი ცოლშვილით“,26 არის სხვა გვერდიც, სადაც დაკონკრეტებულია სიმონის „სახლეულობის“ შემადგენლობა: სიმონის ცოლი თათია, მისი ძე როსტომი, ასულნი ოლღა და მარიამი, სიმონის დედა ელისაბედი.27 (სიმონის მამა, როსტომი 1847 წელს ცოცხალი აღარ იყო). როსტომს თავისი სამხედრო ჩინის გამო კი არ მინიჭებია აზნაურობა, 1847 წლის კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს ოჯახი როგორც იმერეთის მეფეების დროს, ისე შემდგომაც აზნაურის ღირსებით სარგებლობდა. გარდა ამისა, 1850 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემულ იმერეთის თავადაზნაურთა საოჯახო ნუსხების წიგნში, როსტომ ბაგრატიონი თავის ოჯახთან ერთად არის შეყვანილი აზნაურთა სიაში. ამდენად, ხიდირბეგოვის ცინიკური განცხადების უსაფუძვლობა ნათელია.

ხიდირბეგოვი დავით ბატონიშვილის მიერ 1816 წელს ბუსკივაძისთვის მოცემულ დოკუმენტსაც ეხება, რომელშიც მოწმედ და გამრიგედ ბატონიშვილი როსტომ სიმონის ძეა დასახელებული. მისი განმარტებით, მომრიგებლობა თავადსა და მის გლეხებს შორის ყოველთვის ეკისრებოდა თავადის მმართველს ან თავადთან სხვა თანამდებობის შემსრულებელ პირს, მაგრამ ბატონიშვილის მხრიდან მომრიგებლობა დამამცირებელი და წოდებისთვის შეუფერებელი იქნებოდაო. ხიდირბეგოვს უნდა სცოდნოდა, რომ როსტომი დავით ბატონიშვილის მამულის მმართველი, ანუ მოურავი არ ყოფილა. სიგელიდან ჩანს, რომ დავით ბაგრატიონის მოურავი მერაბ ყიფიანი (ნესტორ ხიდირბეგოვის ბებიის მამა) იყო. სხვათა შორის, შემდგომში დავით ბატონიშვილის შთამომავლების მოურავები თავადი ხიდირბეგოვები იყვნენ, მაგრამ ამის გამო, მათთვის თავადობა არ ჩამოურთმევიათ. გარდა ამისა, თუ მაგალითს მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ კონსტანტინე ბატონიშვილის მამულებს მისი ძმა, მეფე დავით II-ის უკანონოდ შობილი ვაჟი, როსტომ ბატონიშვილი განაგებდა, მაგრამ ბატონიშვილად იწოდებოდა, ისევე როგორც მისი შვილები: ვახტანგ და ტარიელ ბატონიშვილები. იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას მიიჩნევდა ნესტორ ხიდირბეგოვი დამამცირებლად, დავით ბატონიშვილი თავის სიგელში როსტომ სიმონის ძეს თავის ძმისშვილს და ბატონიშვილს უწოდებდა. ნესტორის თეორიული მსჯელობის მიუხედავად, რეალურად საქმის ვითარება სწორედ ისეთი იყო, როგორც დოკუმენტებშია ასახული, ანუ როსტომი ბატონიშვილად ითვლებოდა და ისე იწოდებოდა კიდეც, რაზედაც მოწმობს კიდევ ერთი დოკუმენტი: „ბატონიშვილი სვიმონის ძის როსტომის ასული ანასტასიას“ ჯვრისწერის ჩანაწერი.28

როსტომის დაკნინების მიზნით, ხიდირბეგოვი იმასაც ამტკიცებს, რომ თავადაზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს მთარგმნელმა მაჭავარიანმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის დეპარტამენტის მთარგმნელმა ჩუბინოვმა „ბატონიშვილი“ არასწორად თარგმნეს სიტყვით „Царевич“, რაც თითქოსდა შეცდომა იყო. „როდესაც თავადი დავით ბაგრატიონი დოკუმენტში ბატონიშვილს უწოდებდა ვიღაც როსტომს, მას უნდა ეგულისხმა, თუმცა პირი რომელიც უკანონოდ შობილთაგან იყო, მაგრამ ბაგრატიონის გვარს ატარებდა, ისიც თუ ეს ბატონიშვილი ამჟამინდელი მაძიებლის წინაპარი იყო“.29 ანუ ხიდირბეგოვი იმას ამტკიცებდა, რომ მას უკეთ მოიხსენებოდა როსტომ ბატონიშვილის წარმომავლობა, ვიდრე ამ უკანასკნელის ბიძას, დავით ბატონიშვილს, რომელსაც ხიდირბეგოვი განზრახ თავადად მოეხსენებდა, რათა თავისივე დაწუნებული სიტყვა „ბატონიშვილი“ არ ეხმარა. მისი თქმით, ასევე არაფერს ნიშნავდა ამონაწერები ძველი სამეტრიკო და სააღაპო წიგნებიდან „რადგან ჩვენს ძველ გაუნათლებელ მღვდლებს არ ესმოდათ სიტყვების მნიშვნელობა და ნებისმიერი შეეძლოთ თავადად ჩაეწერათ, რაზეც პასუხს არ აგებდნენ. მით უმეტეს შეეძლოთ თავადად მიეჩნიათ ადამიანი, რომელიც ბაგრატიონის გვარს ატარებდა.“ განა „ჩვენი ძველი მღვდლების“ დროს არსებობდა იმის პრეცედენტი, რომ ბაგრატიონის გვარი შემთხვევით პიროვნებას ეტარებინა? ხიდირბეგოვი პირდაპირ აცხადებდა, რომ „ყოველ შემთხვევაში ბაგრატის (სიტყვა „ბატონიშვილს“ კვლავ არ ხმარობს-მ.ხ.) და მისი შვილის, დავითის სიგელებს არ აქვთ ისეთი მნიშვნელობა, როგორიც მეფეების სიგელებს, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ უფლება ვინმესთვის მიენიჭებინათ აზნაურის ან თავადის ღირსება. ვინაიდან ბაგრატი მხოლოდ და მხოლოდ ბიძა იყო მეფე სოლომონ II-ის, დავითი კი - ბიძაშვილი.“ ხიდირბეგოვმა შემდეგი დოკუმენტები წარადგინა:

1) 1847 წლის კომისიის დადგენილების ასლი.

2) 1820 წლის 15 ივლისს სახაზინო უწყებისათვის გადაცემული დავით ბატონიშვილის მამულის ანაწერი, რომელშიც სათავადო აზნაურების სიაში მე-16 ნომრით შეყვანილია როსტომ ბაგრატიონი.

ჩვენ მიერ გამოვლენილი დოკუმენტების შეჯერების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 1820 წლის აჯანყებით გამოწვეული არეულობის დროს, ჩინოვნიკებს გაეპარათ აშკარა შეცდომა, ვინაიდან ზემოხსენებულ ანაწერში აღნუსხული მთელი ქონება ხაზინას გადაეცა, ხოლო, როგორც იმავე 1820 წელს შედგენილი სხვა დოკუმენტიდან ჩანს, როსტომ ბაგრატიონის ყმა-მამული მის ოჯახს დარჩა, თავად ის კი რუსებს სახაზინო აზნაურად ჰყავთ დასახელებული, რადგან მან იმ ხოცვა-ჟლეტის დროს ვერ წარადგინა თავისი სამეფო წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთები (თუნდაც ბაგრატ და დავით ბატონიშვილების სიგელები).

3) ხიდირბეგოვმა ასევე წარადგინა 1831 წლის ბრძანების ასლი, სახაზინო უწყებიდან დავით ბატონიშვილის მამულის მისი მემკვიდრეებისათვის დაბრუნების თაობაზე. დოკუმენტიდან ჩანს, რომ დავითის მემკვიდრეები იყვნენ ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი, რომელთაგან თავადი ივანე ბაგრატიონი 1831 წელს ახალი დაბრუნებული იყო თურქეთიდან ტფილისში, ხოლო მისი ძმა რუსეთში იმყოფებოდა. დები კი იმერეთში.

4) ხიდირბეგოვმა ღვანკითის ეკლესიის მღვდლისგან აიღო მოწმობა, რომ სამეტრიკო წიგნში, როსტომის შვილის დაბადების და ნათლობის ჩანაწერში სინოდალური კანტორის ბრძანებით, გადაშლილია სიტყვა „თავადი“ და მის ნაცვლად წერია სიტყვა „აზნაური“, რაც სავსებით გასაგებია, როსტომს ხომ სწორედ ამ უსამართლობის გამოსწორება სურდა.

5) ხიდირბეგოვმა წარადგინა შორაპნის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის მიერ 1869 წელს დამოწმებული ბაგრატიონთა საგვარეულო ნუსხა და განმარტა: „ამჟამინდელი მთხოვნელის არც მამა და არც პაპა საერთოდ არ არიან შეყვანილი“. არ არის მითითებული, თუ ვინ შეადგინა ეს ნუსხა. ასევე არ არის გათვალისწინებული, რომ ამ ნუსხის დამოწმებამდე 19 წლით ადრე, ზემოხსენებული პირები შეყვანილი არიან ოფიციალურად გამოცემულ იმერეთის სათავადაზნაურო წიგნში. მიუხედავად იმისა, რომ მეფე ალექსანდრე V-ს შვილი, მეფე სოლომონ I-ის ძმა და მეფე სოლომონ II-ის ბიძა - ბაგრატ ბატონიშვილი სიგელში სვიმონს თავის შვილად აღიარებდა, ხიდირბეგოვი აცხადებს: „ჩემთვის სრულიად არასასურველია, რომ სრულიად კერძო პირი მიკუთვნებულ იქნას იმერეთის მეფეთა საგვარეულოს და სახლს, რომლის მეურვეც მე გახლავართ“.30 ის თავის პირობებს აყენებდა:

1. კვლავ აღარ უნდა ყოფილიყო განხილული მთხოვნელი როსტომის უფლებები თავადურ ღირსებაზე, ვინაიდან ეს საკითხი უკვე განხილული იყო 1847 წლის კომისიის მიერ.

2. თუ დეპუტატთა საკრებულო მაინც განიხილავდა ამ საკითხს, მას უნდა გაეთვალისწინებინა ხიდირბეგოვის თხოვნა და ემსჯელა სიტყვა „ბატონიშვილის“ არასწორ თარგმანზე. (განმცხადებელი ვერ ითვალისწინებდა იმ ფაქტს, რომ როდესაც დავით ბაგრატიონი 1816 წელს თავის ძმისშვილს, როსტომ ბაგრატიონს ქართულად უწოდებდა ბატონიშვილს, მას კარგად ესმოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა და არავითარი თარგმანი არ სჭირდებოდა).

3. საქმის განხილვაზე ხიდირბეგოვისთვის უნდა მოესმინათ.

4. ხიდირბეგოვი მოითხოვდა, რომ იმჟამინდელი მთხოვნელი ყოველგვარი წოდების გარეშე დარჩენილიყო, ხოლო მისი გარდაცვლილი მამა ცნობილი ყოფილიყო პირადად აზნაურად, რადგან მას 1847 წელს სამხედრო ჩინი ჰქონდა.

ბოლოს, ხიდირბეგოვს არგუმენტები რომ აღარ ეყო, როსტომ ბაგრატიონს ფიზიკურად გაუსწორდა, რაზედაც როსტომის შვილიშვილმა ბატონმა ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონმა მოგვითხრო: როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონი ქუთაისში მსახურობდა. ერთხელ, როდესაც ქუთაისიდან ღვანკითში ბრუნდებოდა, სამების ახალი ეკლესიის მიდამოებში მას სადამსჯელო ოპერაციებში გაწაფული ხიდირბეგოვები დახვდნენ თავიანთი კაცებით. როსტომს მხოლოდ ორი მცველი მიაცილებდა: პორფირე გავაშელაშვილი და ალექსანდრე რობაქიძე. თავდამსხმელებმა მათ სასტიკად სცემეს, ხოლო ნაცემი როსტომ ბაგრატიონი საკირეში (დიდი მოცულობის ღუმელი, რომელშიც ფენა-ფენა იდება კირქვა და ქვანახშირი, ან შეშა) ჩააგდეს, იმ მიზნით, რომ იქ დამწვარიყო და თავად მიიმალნენ. კირქვის ზედა ფენა, რომელზედაც როსტომი აღმოჩნდა, არც ისეთი გავარვარებული ყოფილა, როგორიც მათ ეგონათ. თანაც, პორფირე გავაშელაშვილმა და ალექსანდრე რობაქიძემ ხალხი მოიყვანეს და როსტომი საკირედან ამოიყვანეს, რის შემდეგაც ის დაავადმყოფდა.

საბოლოოდ, ქუთაისის თავადაზნაურთა დეპუტატთა საკრებულომ მოისმინა როსტომ (II) სიმონის ძე ბაგრატიონის თავადობის საქმე. საკრებულომ კვლავ განიხილა როსტომის (II) მამის, სიმონ ბაგრატიონის მიერ 1853 წელს წარდგენილი მტკიცებულებები: ბაგრატ ბატონიშვილის 1771 წლისა და დავით ბატონიშვილის 1809 წლის სიგელები, ასევე საგვარეულო ნუსხა. ამ უკანასკნელზე დაყრდნობით, მათ ნათლად დაინახეს, რომ „ბაგრატ ბატონიშვილს ჰყავდა ორი ვაჟი, დავითი და სვიმონი. დავითის შვილებს, ივანეს და თეიმურაზს, თავადური ღირსება დაუმტკიცდათ. სვიმონს ჰყავდა ერთი ვაჟი როსტომი, ხოლო როსტომს ჰყავდა შვილი სიმონი, სიმონს კი - როსტომი, რომელიც თავადობას ითხოვდა.“ ასევე განიხილეს თავადების და აზნაურების მოწმობები, მიცემული „თავადი სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონისათვის“ მასზედ, რომ „როგორც მთხოვნელის სიმონის ბაბუა სვიმონ, ასევე მამა - როსტომი და თავად ის, იმერეთის მეფეების დროს ითვლებოდნენ თავადებად და სარგებლობდნენ ამ წოდებისათვის მინიჭებული ყველა უფლებით, ასევე რუსეთის მთავრობის დაარსების შემდეგ, ისინი ამ წოდებით სარგებლობდნენ“. გარდა ამისა, განიხილეს 1880 წლის 6 მარტს, დეპუტატთა საკრებულოს თანდასწრებით 12 აზნაურის მიცემული ჩვენებები, სადაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ თავადობის მაძიებელი სიმონ როსტომის ძე ბაგრატიონი, უზენაესად „დამტკიცებული აზნაურულ ღირსებაში, არის ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონის შთამომავალი, იმერეთის ყველა მეფის დროს და რუსული მთავრობის გახსნის შემდეგაც, როგორც თვითონ ის, ისე მისი მამა და ბაბუა სარგებლობდნენ თავადის ღირსებით და არავითარი განსხვავება მათსა და მათ ნეთესავებს, თავადურ ღირსებაში დამტკიცებულ ივანე და თეიმურაზ ბაგრატიონებს შორის არ ყოფილა. მთხოვნელი თავისი წინაპრებისაგან მემკვიდრეობით ფლობდა სათავადო მამულს. მის მიერ წარმოდგენილი სიგელების ასლები არავითარ ეჭვს არ იწვევენ. ამ საქმის დაწყების შემდეგ, მაძიებელი სიმონ ბაგრატიონი გარდაიცვალა. მას დარჩა ერთადერთი ვაჟი როსტომ ბაგრატიონი, რომელიც ასევე სარგებლობს თავადური ღირსებით, არის კოლეგიის ასესორი.“

ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულომ განიხილა მთხოვნელი ბაგრატიონის ნამსახურობის სია და ქუთაისის ყოფილი სათავადაზნაურო კომისიის ინსტრუქციის 43-ე პარაგრაფი, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაგრატიონთა საგვარეულო იმერეთში და გურიელების საგვარეულო გურიაში თავისთავად უნდა სარგებლობდნენ თავადური საგვარეულოს უფლებებით, ვინაიდან პირველი მომდინარეობს იმერეთის მეფეებისგან, ხოლო მეორე გურიის მთავრებისაგან. საბოლოოდ საკრებულომ დაადგინა: „...როსტომ სიმინის ძე ბაგრატიონი ცნობილ იქნას თავადის ღირსებაში და ეს ოქმი საქმესთან და საგვარეულო ნუსხასთან ერთად წარედგინოს სამთავრობო სენატს განსჯისათვის“.31 სამი თაობის ოცნება ასრულდა, მაგრამ საქმეს გაგრძელება არ ჰქონია, რადგან ხიდირბეგოვების მიერ დაავადმყოფებული როსტომ (II) ბაგრატიონი 1898 წელს გარდაიცვალა.

როსტომ (II) ბაგრატიონის და მამამისის სიმონ ბაგრატიონის მიერ თავმოყრილ დოკუმენტებს გვინდა დავუმატოთ ამონარიდები სოფელ ღვანკითის წმ. სამების ეკლესიისა და სოფელ სალომინაოს ღვთისმშობლის ეკლესიის სამეტრიკო წიგნებიდან, რაც მათ წარდგენილი არ ჰქონიათ: 1. 1830 წელს „ვანის მაზრასა შინა სოფელსა სალომინაოს მცხოვრებმა სახელმწიფო აზნაურმა ლევან ერისთავმან იქორწინა პირუელითა ქორწინებითა ღვანკითს მცხოვრების ბატონისშვილის სვიმონის ძის როსტომის ასულს ანასტასიასა ზედა.“32 (სალომინაოს ერისთავები სოლომონ I-ის მიერ დამცრობილი რაჭის ერისთავები იყვნენ, როსტომ რაჭის ერისთავის ბიძის, ლომინის შთამომავლები. როსტომი ღალატისათვის სოლომონ I-მა სასტიკად დასაჯა. ის 1770 წლამდე ციხეში იყო. ლომინს კი რაჭასა და იმერეთში მამულების დიდი ნაწილი ჩამოერთვა. მოხდა მისი გააზნაურება. როგორც ჩანს, ამის შემდეგ ერისთავებმა სალომინაოში ხის ეკლესია ააშენეს. 1820 წლის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სალომინაოში, აზნაურ ბეჟან ერისთავს ჰქონდა კარის ეკლესია, ხის, აშენებული დაახლოებით 1767 წელს).33

იმერეთში მიღებული იყო ორი სახელის დარქმევა, რასაც ამ სახელების შემოკლებული ფორმებიც ემატებოდა. ანასტასია ბატონიშვილის (ჩემი დიდი ბებიის, ასპიროს ერისთავის დედის) მეორე სახელი ეფროსინე ყოფილა. ამის გამო, კრებულში „ბაგრატიონები“ ის შეყვანილია, როგორც ორი დამოუკიდებელი პიროვნება: ეფროსინე (დაბ. 1818წ.) და ანასტასია (დაბ. 1820წ).34 გენეალოგიური საზოგადოების პრეზიდენტმა, ბატონმა იური ჩიქოვანმა მოიძია როგორც ანასტასიას ჯვრისწერის, ისე მისი გარდაცვალების ჩანაწერი. 1893 წელს სოფელ სალომინაოში გარდაიცვალა ლევან ერისთავის ქვრივი: «Вдова дворянина Левана Эристава Евпраксия Ростомовна».35 ზ. ჭუმბურიძე წერს: „ზოგჯერ ფორმათა ნაირფეროვნება თავს იჩენს რუსულ ტექსტში, მაშინ როცა ქართულში მხოლოდ ერთი ან ორი ფორმა გვაქვს… ასეთივე ფორმებია რუსულში: Ефросия, Епросия, Епрасия, Епраси. ქართულში მათი შესატყვისია ეპრასი ან ეპრასია.“36 ჩვენ ამას დავუმატებთ საქართველოში უფრო გავრცელებულ ფორმას: ეფროსინეს. ხოლო სახელი „პახუა“, რომელიც XIXს-ში ასევე ხშირად გვხვდება, შემოკლებული „Апраксия“ უნდა იყოს.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, სალომინაოს ღვთისმშობის სასაფლაოს ეკლესია დინამიტით ააფეთქეს. ანასტასია ბაგრატიონი „თავისი სამშობლოს ხელმეორედ დაპყრობას არ მოსწრებია, მაგრამ ამის შესახებ დინამიტის აფეთქებამ საფლავშიც აუწყა“.37

მოგვყავს მონარიდები სოფ. ღვანკითის წმ. სამების ეკლესიის 1875 წლის სამეტრიკო წიგნიდან:

1. „სოფელსა ღვანკითს მცხოვრები კნიაზ როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონი“.38

2. იმავე 1875 წელს „სოფელსა ღვანკითს მცხოვრები კნეინა კნიაზ როსტომ ბაგრატიონისა ნატო კონატანტინეს ასული“39 (ფაღავა).

3. 1878 წელს „შორაპნის უეზდის სოფელსა ღვანკითს მცხოვრები თავადი როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონს“ შეეძინა შვილი, ნინა.40

4.1879 წელს გარდაიცვალა „სოფელს ღვანკითს მცხოვრების უკვე გარდაცვალებულის თავადის სიმონ ბაგრატიონის ქვრივი თამარ დავითის ასული“.41

5. 1878 წელს „თავად როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონს” და მის სჯულიერ ცოლს შეეძინათ შვილი პელაგია. მონათლეს 1888წელს“.42

6. 1894 წელს „თავად როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონს“43 და მის მეუღლეს შეეძინათ ქალიშვილი, Агрипина (ანუ აგრაფინა).

7. 1896 წელს გარდაიცვალა „თავად როსტომ სიმონის ძე ბაგრატიონის მეუღლე ნატალია კონსტანტინეს ასული“.44

8. 1898 წლის 25 სექტემბერს გარდაიცვალა რისტომ (II) სიმონის ძე ბაგრატიონი, რომელმაც ვერ მოასწრო თავისი გამარჯვების დაკანონებას და 53 წლის ასაკში აზნაურად წავიდა ამ ქვეყნიდან. «Дворянин Ростом Симонов Багратион».45

როსტომის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ, 1898 წლის 27 სექტემბერს მონათლეს მისი ვაჟი, გრიგოლ ბაგრატიონი, დაბ. 1892 წელს.46 გრიგოლი XX საუკუნეში თავისი ქვეყნის ხელმეორედ ოკუპაციას მოესწრო. ის 1937 წელს დახვრიტეს.

2010 წელს შესრულდა 200 წელი იმერეთის სამეფოს გაუქმებიდან. როსტომ (II) ბაგრატიონის შვილთაშვილი, ირაკლი ბაგრატიონი ამ თარიღს სოლომონ II-ის მიერ გენერალ ტორმასოვისთვის გაგზავნილი წერილის გამოქვეყნებით გამოეხმაურა, რომელშიც კარგად ჩანს მეფის გაუსაძლისი მდგომარეობა. „წინათქმაში“ ირაკლი დავითის ძე ბაგრატიონი წერს: „1820 წელს, იმერეთის აჯანყებაში მონაწილეობის გამო, ჩემი უშუალო წინაპრები, როსტომ ბაგრატიონი და მისი 8 წლის ვაჟი, სიმონი, რუსეთში გადაასახლეს… კიდევ უფრო სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა ხელისუფლება სიმონის შთამომავალს, მამაჩემის ბაბუას - გრიგოლ ბაგრატიონს, რომელიც ბაგრატიონობის გამო დახვრიტეს, მისი მეუღლე კი დააპატიმრეს.“47

ხიდირბეგოვს XX და XXI საუკუნეშიც გამოუჩნდნენ მიმდევრები. ისინი ირაკლი ბაგრატიონს უკიჟინებდნენ, რომ მას უკანონოდ შობილი წინაპარი ჰყავდა. მათ ავიწყდებათ, რომ ყველა ბაგრატიონი ლაშა-გიორგისა და გათხოვილი გლეხის ქალის უკანონოდ შობილი ძის, დავით-ულუს შთამომავალია. აქ არ ჩამოვთვლით ქართლისა და კახეთის უკანონოდ შობილ ბატონიშვილებს. მაგალითისთვის დავასახელებთ მეფე როსტომ I-ს, ვახუშტი ბატონიშვილს, ასევე პაატა ბატონიშვილს, რომელიც მეფე ერეკლე II-ს ტახტს ეცილებოდა. იმერეთის სამეფოში კი ამგვარი დაუწერელი კანონი მოქმედებდა: როდესაც გარდაცვლილ მეფეს რჩებოდა კანონიერად შობილი ასულები და უკანონოდ შობილი ვაჟი, მაშინ გვარის მამრობითი ხაზით გაგრძელების მიზნით, ამ უკანასკნელს ამეფებდნენ. ასე მოხდა ოთხჯერ, ანუ იმერეთში ოთხი უკანონოდ შობილი მეფე იჯდა ტახტზე:

გიორგი III „მოიყვანეს ძმა როსტომ მეფისა ნაშობი მხევლისაგან გიორგი, დასვეს მეფედ და აკურთხეს ქუთაისს“.48

ალექსანდრე IV „ესე ალექსანდრე იყო შობილი ლეჩხუმელისა კოჩილას ცოლისაგან, რომელსა ბაგრატ მეფე თანაეყოფოდა სიძვად“.49

სვიმონ I და გიორგი VI „ხოლო ალექსანდრე მეფობდა იმერეთს. მაშინ განუტევა დიდებულის ქალი, ვითარცა ცოლად მყოფი, რომლისათანა ესხნეს ძენი სვიმონ და გიორგი უქორწინოდ“.50

ეს უკანონოდ შობილი მეფეები იყვნენ სოლომონ დიდის წინაპრები, ისევე როგორც მისი მომდევნო მეფეების და საერთოდ იმერული შტოს ყველა ბაგრატიონისა. ირაკლი ბაგრატიონის მიმართ არაობიექტურად განწყობილი პირები მისი წინაპრის წარმომავლობასა და ამ მეფეების წარმომავლობას შორის განსხვავებას იმაში ხედავენ, რომ ირაკლის წინაპარი სვიმონ ბაგრატის ძე იყო ბატონიშვილის უკანონო შვილი და არა მეფის, ვითომდა, განსხვავებით ზემოხსენებული მეფეებისგან. ეს არგუმენტი არ შეესაბამება რეალობას. მეფე გიორგი III იყო ბატონიშვილის უკანონო შვილი და მეფის შვილიშვილი, ზუსტად ისევე, როგორც სვიმონ ბაგრატიონი. მათი წარმომავლობა იდენტურია:

0x01 graphic

სადღეისოდ, ბაგრატიონთა იმერული შტოს მამრობითი ხაზით ერთადერთი გამგრძელებელი არის ირაკლი დავითის ძე ბაგრატიონი, იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის პირდაპირი შთამომავალი. იმის გათვალისწინებით, რომ ალექსანდრე V-ის დედა, როდამ დედოფალი ქართლის მეფის, გიორგი XI-ის ასული იყო, ირაკლი ბაგრატიონი ქართლის ბაგრატიონებსაც ენათესავება.51 ასეთია ისტორიულ ფაქტებსა და ობიექტურობაზე დამყარებული რეალობა.

0x01 graphic

სცა, ფონდი 489, ან. 6, საქმე 103.

0x08 graphic
0x01 graphic
0x01 graphic

3.4 3.4. უგანათლებულესი თავადები: იმერეტინსკები, ბაგრატიონ-იმერეტინსკები და ბაგრატიონები

▲ზევით დაბრუნება


რუსეთის მთავრობამ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, სამეფო ოჯახის წევრების რუსეთში გადასახლება დაიწყო. იმერეთის ოკუპაციასაც იგივე შედეგი მოჰყვა. რუსეთში გადასახლებული იმერელი ბატონიშვილები უგანათლებულესი თავადების, იმერეტინსკებისა და ბაგრატიონ-იმერეტინსკების მამამთავრები გახდნენ.

რუსეთში გადასახლებული კონსტანტინე ბატონიშვილის შვილი, ნიკოლოზ იმერეტინსკი, თავის გამოუქვეყნებელ ნაშრომში «Багратиды в России» საკმაო ადგილს უთმობს იმერელ ბაგრატიონებს. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ: პირველი ნაწილი მოიცავს იმ მოვლენებს, რის თვითმხილველიც თავად იყო და ამდენად, ნდობას იმსახურებს. მეორე ნაწილი გადმოგვცემს ბაგრატიონთა იმერული შტოს ისტორიას, სადაც უხეშ შეცდომებს ვხვდებით, რაც განხილვასა და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას მოითხოვს. როგორც დავინახავთ, ავტორს ერევა მეფე ალექსანდრე V-ის შვილები და სხვა. ნ. იმერეტინსკი იძლევა იმერეთის სამეფო შტოს და მეფე დავით IV-ის (როგორც ის მეფე დავით II-ს უწოდებს) შთამომავალთა გენეალოგიურ სქემას (1782-1882წ.წ.), საიდანაც ჩანს, რომ მას არასწორი ცნობები ჰქონია მეფე სოლომონ II-ის წარმომავლობის შესახებ. მისი სქემის თანახმად, მეფე გიორგი VI-ს ოთხი ვაჟი ჰყავდა: 1. ალექსანდრე V, რომლის შვილი იყო მეფე სოლომონ I, 2. გიორგი, რომლის შვილი იყო მეფე დავით IV, 3. მამუკა, რომლის შვილი იყო თეიმურაზი, 4. არჩილი, რომლის შვილი იყო სოლომონ II.1 ამ სქემის მიხედვით, არჩილ ბატონიშვილი გიორგი VI-ის უმცროსი ვაჟი გამოდის, ხოლო მისი შვილი სოლომონ II თავის ბიძაშვილ მეფე დავით გიორგის ძეზე უკან დგას, რაც არ შეესაბამება სინადვილეს. არჩილ ბატონიშვილი მეფე ალექსანდრე V-ის ვაჟი იყო და არა გიორგი VI-ის. ნაშრომში სოლომონ II „უზურპატორად“ არის მოხსენიებული, რაც საფუძველს მოკლებულია. ასეთი უხეში შეცდომების ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ ალექსანდრე V-ის შვილებში ნ. იმერეტინსკის გამოტოვებული ჰყავს ბაგრატ ბატონიშვილი, რომლის შთამომავლები იმერეთში ცხოვრობდნენ. ნ. იმერეტინსკის შეცდომები ამით არ ამოიწურება.

ნ. იმერეტინსკი ფაქტების ამგვარ ინტერპრეტაციას გვაწვდის: იმერეთის მეფე სოლომონ I, რომელსაც თავისმა ხალხმა „დიდი“ შეარქვა, 1783 წელს გარდაიცვალა. მან სამეფო გადასცა თავის ბიძაშვილს, ბატონიშვილ დავით გიორგის ძეს. დავითისთვის მიცემულ, დამოწმებულ, სიგელში ნათქვამია: „როდესაც მამაჩემი, მეფე ალექსანდრე გარდაიცვალა, მამათქვენმა (გიორგი ბატონიშვილმა) ჩაიბარა სამეფო და რვა წელი იმეფა, შემდეგ გადაწყვიტა თავისუფლად ეცხოვრა, მომიხმო მზოვრელისის ციხეში და დამაფიცა, რომ როგორც ის გადმომცემდა მეფობას, ასევე ჩემს შემდეგ მეფობა მისი ვაჟისთვის გადამეცა და ჩემს მემკვიდრედ გამეხადა, რაზედაც მე შევფიცე და მან მეფობა გადმომცა. ვიყავი რა მოვალე, შემესრულებინა მიცემული ფიცი, მე დაგნიშნე შენ ჩემს მემკვიდრედ და მოგეცი საუფლისწულო, რომელიც მას ეკუთვნოდა“. ნიკოლოზ იმერეტინსკი აზუსტებს, რომ ამ სიგელის დედანი, თავად იმერეტინსკების ოჯახში ინახებოდა, 1832 წლის 25 ნოემბერს, აზიურ დეპარტამენტში შესრულებულ თარგმანთან ერთად. ნ. იმერეტინსკი დასძენს, რომ ეს სიგელი, ისევე როგორც ბევრი სხვა დოკუმენტი გათვალისწინებული არ ყოფილა იმ ისტორიკოსების მიერ, რომლებიც იმერეთის შესახებ წერდნენ.

1784 წელს ტახტზე ასვლის შემდეგ, მეფე დავით II-მ, ანუ IV-მ, როგორც მას ნ. იმერეტინსკი იხსენიებს, იმპერატრიცა ეკატერინე II-სთან გაგზავნა ელჩობა და წერილი, რომლითაც რუსეთის მფარველობას ითხოვდა. ეკატერინე II-მ უპასუხა სიგელით, რომელშიც დაპირდა, რომ იზრუნებდა იმერეთის ხალხზე და მათ მეფეზე, არ მოაკლებდა წყალობას და თავისი მფარველობის ქვეშ ეყოლებოდა ისინი. სოლომონ მეორისადმი მიძღვნილ ნარკვევში „ტანჯული გვირგვინოსანი“ დ. კასრაძეც აღნიშნავს, რომ დავით გიორგის ძეს ტახტის დამკვიდრებაში თვით რუსებმაც დიდად შეუწყეს ხელი. „ამიტომაც მათი გულის მოსაგებად ტახტზე ასვლისთანავე პეტროგრადში ეკატერინე მეორესთან ელჩები აფრინა და ითხოვა მისგან შეწყნარება და მფარველობა“.2

ნ. იმერეტინსკი არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ზიანი მიაყენა იმერეთს მეფე დავითის ამბიციებმა და განაგრძობს თხრობას:

დავით მეფეს ჰყავდა ბიძაშვილი, რომელის ნათლობის სახელი იყო დავითი. 1791 წელს დავით არჩილის ძემ იქორწინა სამეგრელოს მთავრის, კაცია დადიანის ასულზე. დადიანი მეფე ერეკლეს მეუღლის, დარეჯან დედოფლის ახლო ნათესავი იყო. შეიძინა რა ასეთი ძლიერი ნათესაობა, ამ დავითმა, ნ. იმერეტინსკის თქმით, მეფე გიორგი VI-ის ვაჟებიდან უმცროსის - არჩილის ძემ (არჩილი იყო ალექსანდრე V-ის ძე, ხოლო გიორგი VI-ის შვილიშვილი-მ.ხ.), გადაწყვიტა ძალით დაპატრონებოდა იმერეთის ტახტს, მაგრამ ქართლ-კახეთის მეფის დახმარება საკმარისი არ იქნებოდა ამგვარი გადატრიალების მოსახდენად. „უზურპატორმა“ დავით IV-ის წინააღმდეგ აამხედრა თავააზნაურობა და ხალხი. მან დავითი რუსეთის ვასალად წარმოადგინა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მფარველობა იმერეთის ისტორიაში სიახლე არ ყოფილა, დავით არჩილის ძემ მაინც მოახერხა ძმათამკვლელი ომის გაჩაღება. ერეკლე II თავისი მეუღლის თხოვნით, ჯარით დაეხმარა მას. ნ. იმერეტინსკიმ არ იცის, რომ სოლომონ II მეფე ერეკლეს და დარეჯან დედოფლის (დადიანის) შვილიშვილი იყო. ამიტომ მეფე ერეკლეს დახმარებას ის სოლომონ მეფის დადიანებთან მოყვრობას მიაწერს. 1796 წელს გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა სოფელ მათხოჯთან. დამარცხებული დავით IV გაიქცა თურქეთში, გარდაიცვალა ახალციხეში, ყვავილისგან. გამარჯვებულმა დაიკავა მიტაცებული ტახტი სოლომონ II-ის სახლით. „ამ ტახტზე მან 1810 წლამდე გაძლო, ანუ 12 წელი. ეს ფაქტი ამყარებს ვარაუდს, რომ დავით IV-ის ტახტიდან ჩამოგდება იყო რუსეთისადმი მისი ერთგულების შედეგი. სხვაგვარად როგორ შეძლებდა ამდენი წლის განმავლობაში ტახტის შენარჩუნებას რუსეთის ისეთი შეურიგებელი მტერი, როგორიც იყო სოლომონ II, ხალხს რომ თანაგრძნობა არ გამოეხატა მისი პოლიტიკური მტრობისადმი. სოლომონი იყო რუსული პროტექტორატის მოძულე, რაც მან თავისი მეფობის ბოლოს შეიარაღებული აჯანყებით და თავისი დაღუპვით დაამტკიცა...“ საერთოდ, ამბობს ნ. იმერეტინსკი, თუმცა სოლომონ II ჩვენი ოჯახის მტერი იყო, თუმცა ტახტიდან ჩამოაგდო პაპა და საპყრობილეში ტანჯავდა მამას, მაინც უაზრობა იქნებოდა, ჩემი მხრიდან არა მხოლოდ წყევლა, არამედ დადანაშაულებაც კი ასეთი ქმედითი, ჭკვიანი და ენერგიული მეფისა. ანა დედოფლის მოხუცი მსახურები ამბობდნენ, რომ სოლომონი დაბალი იყო, მაგრამ ძლიერი სული და თავში დიდი ჭკუა ჰქონდა. ხალხს იმიტომ უყვარდა, უჯერებდა, რომ მას თავისთავადობა ანუ დამოუკიდებლობა სურდა... იმერლები მთის ხალხია, ხოლო მთებში დამოუკიდებლობას სიცოცხლეზე მეტად აფასებენ. შეიძლება ისინი დაიპყრო და შეიერთო, მაგრამ დამორჩილება შეუძლებელია. მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება, როდესაც კავკასიელი მთიელები არიან ჩვენს თვალწინ. ისინი დამორჩილებული, გადასახლებული იქნებიან, ამოწყდებიან, მაგრამ ძველი თაობა, რომელსაც დამოუკიდებლობა უნახავს, არასდროს იქნება სავსებით რუსი. აი, უბრალო, უცილობელი მიზეზი სოლომონ II-ის ამაღლებისა, რომელიც ხსნის, თუ რატომ დაიღუპა მისი წინამორბედი, მიუხედავად იმისა, რომ „დავით IV-ის პოლიტიკა გაცილებით უფრო შორსმჭვრეტელი და პრაქტიკული იყო, ვიდრე სოლომონის“. დავითი ამზადებდა სამეფოს ბედის მშვიდობიან გადაწყვეტას და მას რომ ემეფა კიდევ თუნდაც ხუთი წელი, მაშინ ქართლ-კახეთის მიერთების ტრაქტატს მოყვებოდა იმერეთის მიერთება იმავე ტრაქტატით. მაგრამ სოლომონ II-მ დაღუპა სამეფო, ვერ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა, დაკარგა ტახტი და სიცოცხლე გაწირა - ასეთია ნ. იმერეტინსკის თვალსაზრისი, რომელიც თავის მსჯელობას განავრცობს: ნიშნისმოგებით ამბობს, რომ ღვთის განგებამ დასაჯა სოლომონ II. სოლომონის ხვედრი დავითისაზე უფრო სავალალო იყო. მისი მოდგმა შეწყდა შთამომავლების არყოლის გამო, ხოლო დავით IV-ის მოდგმა დღემდე გრძელდებაო. დაბოლოს სოლომონის პოლიტიკის მწარე შედეგები მისი სიკვდილით არ დასრულებულა. მეფის რუსეთთან ბრძოლა, რომელიც აღემატებოდა მის ძალებს, უსარგებლო იყო, როგორც „პიგმეის ბრძოლა გიგანტთან“. ნ. იმერეტინსკის ყველაზე მეტად ის ადარდებს, რომ ამ ბრძოლამ ხელი შეუწყო განსხვავების დაკანონებას: ქართლ-კახეთი ტრაქტატის ძალით „ნებაყოფლობით“ ჩაბარდა რუსულ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, მისი მმართველების შთამომავლებსაც შეეძლოთ დაყრდნობოდნენ გარკვეულ უფლებებს, მაშინ, როდესაც იმერეთი ხიშტებით იქნა დაპყრობილი და მისი სამეფო დინასტიის შთამომავლებს შეეძლოთ მხოლოდ მოწყალების იმედი ჰქონოდათ. რუსეთის ხელმწიფეები, ხელმძღვანელობდნენ რა მათთვის ჩვეული დიდსულოვნებით, - წერს ნ. იმერეტინსკი, არასოდეს ასხვავებდნენ ამ ორი სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს, მაგრამ ზოგი სახელმწიფო ჩინოვნიკი, მაგალითად 1859 წლის კომისიის თავმჯდომარე გულკევიჩი, მინიშნებას აკეთებდა ამ განსხვავებულ მდგომარეობაზეო.3

ამის შემდეგ, ნ. იმერეტინსკი თავისი ოჯახის ისტორიას გადმოგვცემს. დავით მეფის ქვრივს, ანა დედოფალს ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, ბატონიშვილი კონსტანტინე დავითის ძე და სამი ქალიშვილი: 1. მზეხათუნა, თავად სიმონ წერეთლის მეუღლე. 2. ანასტასია, თავად აგიევის მეუღლე და 3. თამარი, თავად გურიის ერისთავის მეუღლე. თავისი მეუღლის, დავითის, მეფობის დროს ანა დედოფალი იმერეთის დედაქალაქში, ქუთაისში ცხოვრობდა. მისი სახლი იმ ადგილზე იყო, სადაც შემდგომში ქალაქის საჯარო ბაღი გაკეთდა. ხოლო ამ ბაღის ფანჩატურის ადგილზე ადრე დედოფლის ეკლესია იდგა. იმის დასამტკიცებლად, რომ დედოფალი 1804 წლამდე გადასახლდა რუსეთში, ნ. იმერეტინსკი ალექსანდრე I-ის წერილს იმოწმებს, რომელშიც ნათქვამია: „ქვრივო დედოფალო ანა, იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთში თქვენი გადმოსახლებით თქვენ დაგვაკისრეთ სასიამოვნო მზრუნველობა… ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, მოგვეძებნა გზები, რათა ჩვენი მზრუნველობა… თქვენთვის სასარგებლო ყოფილიყო. თქვენ მიმართ ჩვენი ამგვარი კეთილგანწყობა გვაფიქრებინებს, რომ თქვენ ამჟამად ცხოვრობთ ისეთ მხარეში, რომლის ადგილმდებარეობა არ გაძლევთ ბატონიშვილისთვის შესაფერისი განათლების მიცემის საშუალებას“. შემდეგ, იმპერატორი ანა დედოფალსა და მის ვაჟს მოსკოვში იწვევდა საცხოვრებლად, სადაც ბატონიშვილი უნივერსიტეტში სწავლას შეძლებდა. ანა დედოფალს, მისი მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, გაუორმაგდებოდა პენსია, ხოლო კონსტანტინე ბატონიშვილს დაენიშნებოდა ათი ათასი მანეთი წელიწადში, მოსკოვში მათი ჩასვლის დღიდან დაწყებული. იმპერატორი იმედს გამოთქვამდა, რომ დედოფალი შეეცდებოდა მისი სურვილის დაკმაყოფილებას, ამავე დროს ის საქართველოს მთავარსარდალს, თავად ციციანოვს უბრძანებდა დედოფლისა და მისი ვაჟის გადასახლებისთვის საჭირო განკარგულებების გაცემას. ნ. იმერეტინსკი, ამ რესკრიპტზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ანა დედოფალი 1804 წლამდე უნდა გადასახლებულიყო რუსეთში, ხოლო ხელახალი მიწვევა იმას მოწმობს, რომ დედოფალი 1803 წელს დაბრუნდა იმერეთში და იქ დარჩენას აპირებდა. იმერეტინსკის თავისი ბებიის, ანა დედოფლის ძველი მსახურებისგან სმენია, რომ დედოფალი დაახლოებით 1800 წელს ჩავიდა რუსეთში, სადაც დიდი პატივით მიიღეს. ის ჯერ თავრიზის სასახლეში მოათავსეს, შემდეგ შესთავაზეს დაქირავებულ ბინაში გადასვლა, რისთვისაც სოლიდური თანხა გამოუყვეს. ის ადმირალ რიბასის სახლში (შემდგომში ჰერცოგ ოლდენბურგელის სასახლე) დასახლდა, მაგრამ 1803 წელს იმერეთში დაბრუნდა. მეორე გადასახლება განპირობებული იყო მისი შვილის მდგომარეობით.4

სოლომონ II-ს კონსტანტინე ბატონიშვილი მუხურის ციხეში ჰყავდა გამოკეტილი. აი, რას გულიხმობდა ალექსანდრე I, როდესაც წერდა, რომ ციციანოვს უბრძანა გადასახლებისთვის საჭირო ზომების მიღება. ნ. იმერეტინსკის განმარტებით, ამით რუსეთის სიძლიერემ სოლომონს შესძახა: „ხელები შორს“ და აიძულა პატივი ეცა კანონიერი უფლებებისთვის... ციციანოვმა ძალის გამოყენებით გაათავისუფლა კონსტანტინე ბატონიშვილი მუხურის ციხიდან. მანვე გადაუგზავნა ხსენებული რესკრიპტი დედოფალს და 1804 წლის 7 მაისის წერილით აცნობა, რომ სოლომონ II-მ მისი ვაჟი იმერეთის ტახტის მემკვიდრედ აღიარა, მაგრამ რუსეთში გადასახლება კიდევ დიდხანს ვერ მოხერხდა, რისი მიზეზიც კონსტანტინე ბატონიშვილი იყო. „მან არ ისურვა იმ ძლიერ ხელზე დაყრდნობა, რომელმაც გაათავისუფლა ხუნდებისგან, შეეცადა საერთოდ დაეღწია თავი რუსული გავლენისაგან და მეფე სოლომონთან გაიქცა“.5 ნ. იმერეტინსკიმ ამ ფაქტის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საიდუმლო არქივში ამოიკითხა და მისსივე მტკიცებით, ამ ფაქტს რუსული მხარე ყოველთვის იღებდა მხედველობაში შესაბამისი საკითხების გადაწყვეტისას. დედოფალმა, ვითომდა, შვილთან თავადი ბარათოვი მიაგზავნა და შეუთვალა, რომ დედისეულ კურთხევას არ მისცემდა მას, თუ ის რუსული ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ გამოცხადდებოდა და იმპერატორის ერთგულებაზე არ დაიფიცებდა. მშობლების კურთხევას იმ დროს, საქართველოში იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ ბატონიშვილი დამორჩილდა დედის ნებას, რომელშიც უფლის ნებას ხედავდაო. ნ. იმერეტინსკი ცდება, როდესაც წერს, რომ კონსტანტინე 1809 წელს ჩავიდა ტფილისში და რუსეთის ერგულებაზე დაიფიცა. როგორც ცნობილია, ეს 1810 წელს, სოლომონ მეფის დამარცხების შემდეგ მოხდა.

საარქივო დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კონსტანტინე განთავისუფლებულ იქნა 1803 წელს და ტფილისში გაიგზავნა დედასთან, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, ფარულედ გაემგზავრა სოლომონთან და 1810 წელს, როდესაც მეფემ აჯანყება მოაწყო და დამარცხებული თურქებთან გაიქცა, კონსტანტინე ბატონიშვილი თავად გამოცხადდა რუსებთან.6 სავსებით დამაჯერებელია, რომ შემდგომში კონსტანტინეს შვილებთან ინახებოდა გენერალ ტორმასოვის 1810 წლის 30 მაისის წერილის დედანი, რომელშიც დადასტრებულია კონსტანტინე ბატონიშვილის მიერ ფიცის დადების ფაქტი და სოლომონ II-ის მიერ მისი აღიარება იმერეთის ტახტს მემკვიდრედ.

იმერელი ბატონიშვილი კონსტანტინეს სახელი შეტანილი იყო 1810 წლის კალენდარში, სადაც ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფო სახლების წევრები ჩაწერილები იყვნენ სპეციალურ გრაფებში, რუსეთის საიმპერატორო სახლის წევრების შემდეგ. კონსტანტინე ჩაირიცხა ლეიბ-გვარდიის კაზაკთა პოლკში, პირდაპირ როტმისტრად, დაინიშნა ფლიგელ ადიუტანტად და მიიღო I ხარისხის ანას ორდენი, ისევე როგორც ყველა სხვა უფლისწულებმა. იყო მაღალი ტანის, ძლიერი, მუსკულებიანი აღნაგობის, საუკეთესო მოჯირითე, მამაცი მეომარი. ის თითქოსდა ლაშქრობებისა და სამხედრო ცხოვრებისათვის იყო გაჩენილი, მაგრამ სამხედრო სარბიელი არ ახშობდა მის სხვა მიდრეკილებებს. ბატონიშვილს უყვარდა მუსიკა და იყო პოეტი. ალმანახ „მინერვაში“, რომელიც იმ დროს მოსკოვში გამოიცემოდა, დაიბეჭდა მისი ლექსი „საჰაერო ხომალდი“, რომელსაც შესაძლოა, მაღალი პოეტური ღირებულება არ გააჩნდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბატონიშვილმა რუსული ენა მოწიფულ ასაკში შეისწავლა, ეს ლექსი დამაკმაყოფილებელ შეფასებას იმსახურებდა. ყურადღებას იპყრობს თავად სათაური. საინტერესოა, თუ როგორ წარმოედგინა მას „საჰაერო ხომალდი“, რომლის არსებობაც მაშინ არარეალური იყო. სამწუხაროდ, ალმანახი „მინერვა“ ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს.

ანა დედოფალი რუსეთშივე გარდაიცვალა სისხლის ჩაქცევისაგან, 1832 წლის 4 ივლისს. ახალგაზრდობაში გადატანილმა შიშმა თავი იჩინა და მომაკვდავი ყვიროდა: „ლეკები, ლეკები“. ის არ აძლევდა უფლებას, რომ მისთვის თმა დაევარცხნათ. მიანიშნებდა თავზე და ჩიოდა, თითქოსდა, ლეკებმა ხმლებით თავი გაუჩეხეს. მოსკოვის გენერალ-გუბერნატორმა, პეტერბურგიდან ნებართვის გარეშე, ვერ გაბედა დედოფლის დაკრძალვა „დიდი ცერემონიალით“. კონსტანტინე ბატონიშვილმა მტკიცედ განაცხადა, რომ არ მოსცილდებოდა მიცვალებულს და არ დართავდა მისი დაკრძალვის უფლებას, მისი წოდების შესაბამისი პატივის გარეშე. კუბო დაჭედეს და დიდ ხანს გააჩერეს სახლში. ბოლოს მოვიდა დედოფლის სამეფო პატივით დაკრძალვის ნებართვა. მთელი დონის ქუჩა, სადაც ის ცხოვრობდა, ეტლებით გაივსო. მათ ბოლო არ უჩანდათ. ჯარებმა და არტილერიამ დონის მონასტრის წინ მდებარე მოედანი და მიმდებარე ქუჩები დაიკავეს. მოაწყდა უამრავი ხალხი. ტროტუარებზე, ფანჯრებში, სახურავებზე, ხეებზე - ყველგან ხალხი იყო. დონის მონასტერში დაიდო ფილა რუსულენოვანი წარწერით: „იმერეთის დედოფალი ანა მათვეევნა, გარდაიცვალა მოსკოვში, 1832 წლის 4 ივნისს, დაბადებიდან 62 წლისა“.7

კონსტანტინე ბატონიშვილი პირველად ანასტასია აბაშიძეზე იყო დაქორწინებული, რომელიც მან 12 წლის ასაკში მეფე სოლომონის „შერჩევითა და ბრძანებით“ მოიყვანა. ნ. იმერეტინსკი წერს, რომ მოხუცი იმერლების მტკიცებით, ამ ქორწინებიდან შთამომავლობა არ დარჩენილა. მ. ყიფიანი 1859 წელს ჟურნალ „ცისკარში“ წერდა, რომ როდესაც მეფე სოლომონის გაქცევის შემდეგ, კონსტანტინე დედასთან ერთად პეტერბურგს გაემგზავრა „იმერეთში დასტოვა მეუღლე თვისი ასული თავ. აბაშიძისა და რადგანაც ვერა სცხოვრობდნენ თანხმობით, ამისთვის სთხოვა მთავრობას განშორება თავის მეუღლისა, ვითომ იმ მიზეზით, რომ ყმაწვილობით შემცდარიყო და შეერთო იგი, ხოლო ეს თხოვნა მისი ჰპოვეს უსამართლოდ და არ მისცეს ნება განშორებისა“.8 კონსტანტინეს პირველ ცოლთან, ანასტასიასთან, ორი ვაჟი ჰყავდა - დავითი და გიორგი, რომლებიც ადრე გარდაიცვალნენ. ანასტასიას გარდაცვალების შემდეგ ბატონიშვილი რუსეთში დაქორწინდა პორტუგალიელ ანა დენისის ასულ ლოპეს-დე სილვაზე, პორტუგალიის კონსულის ქალიშვილზე. ამ ქორწინებიდან მას შეეძინა ორი ვაჟი: თავადი კონსტანტინე და თავადი ნიკოლოზი. მესამედ მან რუს Eეკატერინა სერგის ასულ სტრახოვასთან იქორწინა და ეყოლა მესამე ვაჟი, თავადი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე. ესენი იყვნენ რუსეთში პირველი თავადი იმერეტინსკები. კონსტანტინე ბატონიშვილი მოსკოვში გარდაიცვალა 1844 წლის 3 მაისს.

მისი უფროსი ვაჟი, თავადი კონსტანტინე, გვარდიის იუნკერთა სკოლაში იზრდებოდა. 1846 წელს ის შევიდა ერთ-ერთი არმიის ულანთა პოლკში, მაგრამ მხოლოდ შტაბ-როტმისტრის ჩინს მიაღწია და თადარიგში გავიდა. მეორე ვაჟი, თავადი ნიკოლოზი, პაჟთა კორპუსში იზრდებოდა. სამსახური დაიწყო გვარდიაში და მას შემდეგ სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, მაგრამ უფროსი ძმის მსგავსად, ნ. იმერეტინსკის თქმით, არაფრით გამოუჩენია თავი. სამაგიეროდ, მესამე ძმამ, თავადმა ალექსანდრემ დიდ წარმატებას მიაღწია. იზრდებოდა პაჟთა კორპუსში, 1855 წელს სამსახური დაიწყო გვარდიის საცხენოსნო-პიონერულ დივიზიონში. მას სურდა კავკასიაში ემსახურა. კავკასიის მაშინდელი მეფისნაცვალი თავადი ბარიატინსკი დაპირდა, რომ თავისთან წაიყვანდა ადიუტანტად, მაგრამ ჯერ ქვეით ჯარში სამსახური ურჩია. ალექსანდრე იმერეტინსკი საცხენოსნო-პიონერულიდან არმიის ქვეით პოლკში გადავიდა, მაგრამ დაპირებული დანიშვნა იგვიანებდა. როგორც ჩანს, მას პირდაპირ ვერ უთხრეს უარი, მაგრამ მისი კავკასიაში გადმოყვანა არამიზანშეწონილად მიიჩნიეს. კონსტანტინემ შეწყვიტა ლოდინი, თადარიგში გავიდა და უცხოეთში გაემგზავრა. მისი სამხედრო კარიერა ამაზე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მან კვლავ დაიწყო სამსახური იმავე საცხენოსნო-პიონერულში, შევიდა გენერალური შტაბის აკადემიაში, 1862 წელს წარჩინებით დაასრულა კურსი. იმავე წელს ის უკვე გენერალურ შტაბშია. 1864 წელს ხდება ადიუტანტი. 1869 წელს იმპერატორის ამალის გენერალ-მაიორი და ვარშავის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსია. ჯილდოვდება წმ. გიორგის მე-4 და მე-3 ხარისხის ორდენებით და ოქროს იარაღით, გენერალ-ლეიტენანტის ჩინით ქვეითთა მე-2 დივიზიას მეთაურობს. 1881 წლიდან მთავარი სასამართლოს სამმართველოს უფროსი და მთავარი სამხედრო პროკურორია. ირიცხება კოლუგის ქვეითთა მე-5 პოლკში და თერგის კაზაკთა ჯარში. იმერეთის სამეფო ოჯახის წევრების რუსეთში გადასახლების დღიდან 1862 წლის 28 აპრილამდე, როდესაც მათი შთამომავლები, ნ. იმერეტინსკის მტკიცებით, თავიანთი წოდებითაც კი აღარ იყვნენ ისტორიული პირები, მათი რიცხვი რვას აღწევდა: ბატონიშვილი კონსტანტინე და მისი სამი ვაჟიშვილი, თავადები ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძენი და ამ უკანასკნელის ორი ვაჟი. ამ რვიდან ოთხი გენერალ-ლეიტენანტი იყო: თავადები ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძენი, ნიკოლოზ და ალექსანდრე კონსტანტინეს ძენი და ერთიც გენერალ-მაიორი - კონსტანტინე ბატონიშვილი. თავადები ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძენი და თავადი ნიკოლოზ კონატანტინეს ძე ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად ემსახურათ და მაღალ ჩინებსაც მიაღწიეს. მაგრამ ბატონიშვილი კონსტანტინე, როგორც სამამულო ომის მონაწილე და ბოროდინოს მებრძოლი გამორჩეული იყო, სანამ მისსივე მესამე ვაჟმა, ალექსანდრე კონსტანტინეს ძემ არ გაუსწრო ყველას და “მიიღო დიდი პრიზი - ისტორიული ცნობადობა“.9 აქვე უნდა ჩავამატოთ ის მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც იმერეტინსკის ნაშრომში ვერ მოხვდა: ალექსანდრე იმერეტინსკი იყო ვარშავის გენერალ-გუბერნატორი. გარდაიცვალა 1900 წელს. შვილები არ დარჩენია, რის გამოც შეცდომით ითვლებოდა, თითქოსდა იმერეტინსკების შტო ალექსანდრეზე შეწყდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

ნ. იმერეტინსკი წერს, რომ არსებობდა იმერეთის სამეფო ოჯახის კიდევ ერთი „გვერდითი შტო“, როგორც ის ბაგრატიონ-იმერეტინსკებს უწოდებს. საგვარეულო ჩანაწერებში, რომელიც საქართველოს მთავარ პრისტავს ჰქონდა, აღნიშნული იყო იმერეთის მეფე სოლომონ I-ის შვილი ალექსანდრე, შემდეგ მისი შვილი, გიორგი ალექსანდრეს ძე, ვისგანაც წარმოსდგებიან თავადები ალექსანდრე და დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკები. ისინი იმერეთში იყვნენ დაბადებული. ნ. იმერეტინსკი შეცდომით განმარტავს, რომ ბოლო მეფე სოლომონ II-ს, ეშინოდა პრეტენდენტებისა, რის გამოც ორივე თავადი ციხეში გამოამწყვდია. ისინი გადარჩნენ თავიანთი მომხრეების ერთგულების წყალობით, რომლებმაც ისინი თოკით ჩამოუშვეს ციხიდან და მეფის ტირანიისგან იხსნესო. ამ მცდარ ინფორმაციას, ნ. იმერეტინსკიზე დაყრდნობით, ო. სოსელიაც იმეორებს: „ძმები ალექსანდრე და დიმიტრი, ვითარცა ტახტის მოსალოდნელი მეტოქეები, სოლომონ II-ს ციხეში ჰყავდა ჩაკეტილი, მაგრამ მათ ერთგული მსახურების - ივანე აბულაძისა და მათე ჩიტუას დახმარებით ციხიდან გაიქცნენ“.10

უფრო სანდო ცნობებს იძლევა სოლომონ I-ის შვილიშვილი, გიორგი ბატონიშვილი (ბუში). სიკვდილის წინ სამი თვით ადრე, 1807 წელს, მან დაწერა თავისი თავგადასავალი, რომელიც შემდეგ თ. ჟორდანიამ გამოაქვეყნა:11

სოლომონ დიდს ჰყავდა ერთადერთი ვაჟიშვილი, ალექსანდრე, იმერეთის ტახტის მემკვიდრე, რომელიც მამისავე სიცოცხლეში გარდაიცვალა 1780 წელს, უშვილოდ, მაგრამ „ალექსანდრეს ხარჭის შვილი ჰყვანდა, სახელით გიორგი, დაბადებული 1775 წელს, რომელსაც სოლომონ დიდი ზრდიდა, როგორც იმერეთის ტახტის მემკვიდრეს. გიორგის მოწმობით, სოლომონ დიდმა თავისივე სიცოცხლეში გამოაცხადა მამამისი ალექსანდრე იმერეთის მემკვიდრედ, ხოლო ალექსანდრეს სიკვდილის (1780წ.) შემდეგ მისი ადგილი, ანუ ტახტის მემკვიდრეობა მის შვილს, გიორგის, უბოძა.

1784 წელს, სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, გიორგის მცირეწლოვანების გამო, სამეფოს გამგეობა ხელში ჩაიგდო სოლომონ მეფის ბიძაშვილმა დავითმა, მეფე გიორგი VII-ის შვილმა. ამ დავითს მეტოქედ გამოუჩნდა სოლომონ დიდის ძმისწული, არჩილის ძე, სოლომონ II, რომელმაც გრიგოლ დადიანის შემწეობით 1789 წელს გადააგდო იგი და თვით გამეფდა. დავით მეფე-ყოფილი მოსვენებას არ აძლევდა სოლომონ II-ს და 1789-1795 წლებში მათ შორის მუდმივი ბრძოლა იყო. გიორგი ბატონიშვილი, როგორც თვითონ წერს, მეფე სოლომონ II-ის სასახლეში იზრდებოდა და მეფე თბილად ექცეოდა მას, როგორც საკუთარ შვილს, მაგრამ 1795 წელს, დავით მეფის გარდაცვალების შემდეგ გიორგის მიმართ მეფის კეთილი დამოკიდებულება შეიცვალა, ვინაიდან მეფის მტრებმა მოინდომეს სოლომონ მეფის დამხობა და გიორგის გამეფება. ამის გამო, სოლომონ II-მ გიორგი მუხურის მიუდგომელ ციხეში დაამწყვდია. როდესაც მეფე სოლომონს გიორგის ღალატი შთააგონეს, რის გამოც მან ეს უკანასკნელი მუხურის ციხეში გამოამწყვდია, გიორგი 17 წლის ყოფილა და მას უკვე ჰყოლია ცოლ-შვილი. მეფის სისასტიკეს თავისი რეალური მიზეზი ჰქონდა. მისმა მტრებმა, დადიანმა და წულუკიძეებმა განიზრახეს გიორგის ხელში ჩაგდება და იმერეთში გამეფება. დადიანის ამგვარი გეგმის შესახებ განაცხადა ნიკოლოზ დადიანმა პეტერბურგში ყოფნის დროს, 1804 წელს.

გიორგიმ გაუსაძლის პირობებში გაატარა ორი წელი. შემდეგ მან იპოვა პატარა დანა, რომლითაც „ბორკილისა კლიტისა მსგავსი გასაღები“ გააღო. ერთ ღამეს, როდესაც მისი მცველები ღრმა ძილში იყვნენ, მან საპატიმროდან გაქცევა მოახერხა და კვლავ მეფის სასახლეში მივიდა, რადგან უდანაშაულო იყო და მეფის სიყვარულისა და სამართლიანობისა სწამდა. მეფემ მართლაც მიიღო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, გიორგის მტრებმა კვლავ ჩააგონეს მას ბატონიშვილის მიმართ უნდობლობა: „უკეთუ ჰყო თავისუფალ, იქმნების მსასოებელ თავისა თვისისა და მკლავთა და არა მეფობისა შენისა“.12 თვალცრემლიანმა და გულდამძიმებულმა სოლომონ მეფემ, გიორგი ბატონიშვილისადმი სიყვარულის და სიბრალულის მიუხედავად, მაინც ხელახლა დაატყვევა იგი. ამჯერად გიორგიმ შვიდი წელი გაატარა მუხურის ციხეში. სიხარულით მიიღო ცნობა 1804 წელს ქუთაისში რუსული ჯარის შემოსვლის შესახებ, იმედი მიეცა და დაიწყო განთავისუფლების გზების ძიება. ჩქარა მან ლიტვინოვსაც მიაწვდინა წერილი და დამაიმედებელი პასუხიც მიიღო. გიორგიმ, ცხადია არ იცოდა მის მიმართ ლიტვინოვის კეთილი დამოკიდებულების ნამდვილი მიზეზი. დოკუმენტები იმაზე მეტყველებენ, რომ რუსეთის მთავრობას ნიკოლოზ დადიანი ურჩევდა გიორგის სახელით სოლომონ II-ის დამხობას.

1804 წლის 10 ნოემბერს ლიტვინოვი ციციანოვს შეახსენებდა სოლომონ დიდის შვილიშვილის თავადი გიორგის შესახებ, რომელიც დატყვევებული იყო. მის გათავისუფლებას ლიტვინოვს განუწყვეტლივ სთხოვდნენ ადამიანები, რომლებმაც დიდი ერთგულება გამოიჩინეს რუსების დამკვიდრების საქმეში. მათ სათავეში ედგათ მთავრის ბიძაშვილი, დადიანი, რომელმაც სიამოვნებით მიიღო ლიტვინოვის წინადადება უმაღლეს კარზე წარსადგენად გამგზავრების თაობაზე.13

ლიტვინოვი ქუთაისიდან აცნობებდა ციციანოვს, რომ მეფეს სასტიკ ტყვეობაში ჰყავს სოლომონ დიდის შვილიშვილი, თავადი გიორგი „რომელმაც მაცნობა, რომ ბედნიერება ჰქონდა თქვენი ბრწყინვალებისათვის ეუწყებინა თავისი მდგომარეობის შესახებ, რის შესამსუბუქებლად დაველოდები თქვენს განკარგულებებს“.14

1805 წლის 16 აპრილს ციციანოვი იმპერატორს პატაკთან ერთად უგზავნის ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო შვილისა და მეფე სოლომონ I-ის შვილიშვილის, თავადი გიორგის თხოვნას, რომელიც უკვე მე-7 წელი იყო, რაც მეფეს საპყრობილეში ჰყავდა. ციციანოვს სიტყვიერად არაერთხელ უთხოვია მეფისთვის მისი განთავისუფლება. წერილობით მოთხოვნას ერიდებოდა, რათა აშკარა უარის მიღების შემთხვევაში, მისი ავტორიტეტი იმერეთში არ დაცემულიყო. მაგრამ ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა. მეფე შიშობდა, რომ რაიმე უსიამოვნება არ შეხვედროდა გიორგის მხრიდან და არ ათავისუფლებდა მას. „ამიტომ ეს უბედური თავის ცოლთან და შვილებთან ერთად, თავის გამოხსნას მხოლოდ მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ყოვლისშემძლე ხელიდან ელოდა. ისინი ევედრებოდნენ მას, რომ თავისი მზერა მიეპყრო მათი უბედურებისათვის.“15

გიორგი ერთი წელი ემზადებოდა. მან იშოვა მაგარი ძაფი, სარკმლიდან გაზომა ციხის სიმაღლე, შემდეგ მას აწვდიან ბაწრის კიბეს, დანას, თოკს და ყოველივეს, რაც გაქცევისთვის იყო აუცილებელი. მოძღვარი თანაუგრძნობს მას და დამხმარესაც უშოვის, რომელსაც გიორგი არ ასახელებს, მაგრამ წერს, რომ ის ახლა აქ არის ჩემთანო, ე.ი. რუსეთში. გიორგი დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ მოიშორა ბორკილები, გადაუშვა ძაფი, ამოზიდა ბაწარი და ტილო (რათა ბაწარს მისთვის ხელები არ დაესერა), გამოაბა ბაწარი სარკმლის თავზე, თავად კი სწრაფად გადაეშვა სარკმლიდან. გიორგიმ გაქცევა მოახერხა. თ. ჟორდანია სამართლიანად ვარაუდობს, რომ ბატონიშვილის გამოხსნაში ერია ფრთხილი და მოხერხებული ლიტვინოვი, რასაც თავად გიორგი თავის ავტობიოგრაფიაში მალავს, რადგან ყველა მისი მოკავშირე იმ დროს ცოცხალი იყო.

მისი გაპარვა მალევე შეუტყვიათ, მაგრამ მდევრებმა ვერაფერი გააწყვეს. გიორგის გზაზე უცნობი კაცი შეხვდა, რომელმაც თავისი ცხენი მისცა. ცხადია, რომ ეს წინდაწინ იქნებოდა დაგეგმილი. გათენებისას გიორგი ქუთაისში გენერალ-მაიორ რიკჰოფთან გამოცხადდა. ბატონიშვილის განთავისუფლების შესახებ მოხსენდა გრაფ გუდოვიჩს, რომელმაც ის ტფილისში დაიბარა, რათა იქიდან იმპერატორ ალექსანდრე I-თან გაეგზავნა.

1806 წლის ოქტომბერში თავადი ნიკოლოზ დადიანი გუდოვიჩს წერდა, რომ საუკეთესო დრო იყო იმერეთის სამეფოს დაპატრონებისათვის, „ვინაიდან ეს სურვილი და განზრახვა პეტერბურგში ჩვენ უსაიდუმლოესად გამოგვეცხადა, რის შედეგადაც ჩვენ ორივემ (?) ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მივაწოდეთ მინისტრს ქაღალდი და აზრი, თუ როგორ შეიძლებოდა იმერეთის უფრო ადვილად დამორჩილება იმპერატორის ტახტისათვის. ამ აზრს თქვენც გაგიმხელთ. თუ გინდათ მას დაეპატრონოთ, ახლა არის ამის დრო.“16 მეფე სოლომონის მიერ 10 წლის წინ დილეგში გამომწყვდეულმა გიორგი ალექსანდრეს ძემ ტყვეობიდან იხსნა თავი და იმყოფებოდა ქუთაისში, რუსი გენერლების მფარველობის ქვეშ. ნიკო დადიანი გუდოვიჩს ურჩევდა გიორგი, მეფის თვალის ასახვევად, ჯერ დაეკავებინათ, შემდეგ კი იმერეთში ჩაეყვანათ „ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ თუ არ გეყოლებათ მეფის შთამომავალი ან ნათესავი“ ძნელი იქნება იმერეთის დამორჩილებაო. ნ. დადიანის თქმით, იმერლებმა ჯერ არ იცოდნენ რუსეთის იმპერიის არც სიტკბო და არც სიმწარე. ისინი „ყოველთვის მეფის მემკვიდრეს მიაპყრობენ მზერას“, ხოლო ვინაიდან ეს მემკვიდრე რუსეთის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, საჭირო იყო მისი გამოყენება, მისი შთაგონებით, სიტყვებითა და საქციელით იმერლების გულის მოგება და სიყვარულის დამსახურება. ამ საქმეში თავისი დახმარების აღმოჩენა შეეძლო სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანს, თუ მას უბრძანებდნენ. ნიკოლოზ დადიანი გუდოვიჩს ურჩევდა, რომ მას რიკჰოფისთვის ებრძანებინა გიორგის მოვლა-პატრონობა. „ჩვენ კი ვეცდებით იმერელ თავადებს და კეთილშობილებს ვუბიძგოთ და ამ გზით იმერეთის მეფის ძალა შევასუსტოთ, ხოლო თქვენი მომხრე გავაძლიეროთ. მეფე სოლომონს არ აქვს ადგილი, სადაც ის შეძლებდა წასვლას და დახმარების მიღებას. როდესაც ის, ჩემი ვარაუდით, დასუსტდება, თქვენ გთხოვთ შეწყალებას, რადგან თავის დაცვის სხვა გზა არ ექნება“.17 იმ შემთხვევაში, თუ ეს წინადადებები რუსული მხარისთვის მისაღები იქნებოდა, ნ. დადიანი ითხოვდა, რომ მასთან ერთად იმპერატორის კარიდან სამეგრელოში გამოგზავნილი მოხელე გერასიმე იაკოვლევი დახმარებოდა ამ საქმეში, მოესყიდა იმერეთის ქვეშევრდომები, გადაეცა მათთვის გუდოვიჩის სახელით დამაიმედებელი დაპირებები. ამასთან, ნიკოლოზ დადიანი პირდაპირ ითხოვდა ჭყვიშის და საჭილაოს დაბრუნებას, რასაც, როგორც ჩანს, გუდოვიჩი ადრევე დაპირდა.

1806 წლის 21 ოქტომბერს რიკჰოფი გრაფ გუდოვიჩს ქუთაისიდან მოახსენებს, რომ 9 წლის განმავლობაში სოლომონ მეფის მიერ დატყვევებული გიორგი ბატონიშვილი «наследник ближайщий царства Имеретинского», იმერეთის სამეფოს უპირველესი მემკვიდრე, რომელმაც თავი დააღწია ტყვეობას, 15 ოქტომბერს გამოცხადდა მასთან და მფარველობა ითხოვა. რიკჰოფს გაუთვალისწინებია ციციანოვის პოლიტიკური მოსაზრებები, რომელსაც ბატონიშვილის განთავისუფლება სურდა და მიუღია იგი. გიორგისა და მისი თანმხლები სამი კაცის შესანახად გამოყოფილი იქნა თანხა. რიკჰოფი შემდგომ განკარგულებებს ელოდებოდა. ამასთან, დასძენდა, რომ მეფე სოლომონს ეშინოდა, რათა გიორგი ბატონიშვილს, რომელიც იმერელი ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდა, არ მიეღო ზომები იმერეთში კანონიერად გასამეფებლად. ეს გახდა მიზეზი სოლომონის მხრიდან მისი დატყვევებისა. უდანაშაულო ბატონიშვილი ტყვეობის მთელ სისასტიკეს ითმენდაო.18

1806 წლის 8 ნოემბერს გრაფი გუდოვიჩი რიკჰოფს თავის განკარგულებებს უგზავნის. უწონებს ბატონიშვილის მიღებას, ავალებს მის დაცვას მეფისაგან და ტფილისში გაგზავნას. სთხოვს მისი სახელით მეფეს გამოუცხადოს შემდეგი: „ვინაიდან ჩემთვის ცნობილია, რომ გიორგი ბატონიშვილი უკანონოდ არის შობილი და აქედან გამომდინარე, ვერ ექნება რაიმე პრეტენზია, ან გავლენა იმერეთის სამეფოზე, არც ერთი თვალსაზრისით არ იქნება მისთვის (მეფისთვის) საშიში“.19 ამიტომ რიკჰოფი სოლომონს სთხოვდა, რომ მას გამოეჩინა თანაგრძნობა და შეეწყვიტა გიორგის დევნა. იმისთვის, რომ მეფეს მღელვარების მიზეზი არ ჰქონოდა, ბატონიშვილი ტფილისში იქნებოდა გაგზავნილი. 1806 წლის 3 ნოემბერს გიორგი გუდოვიჩს სწერდა, რომ დიდმა მეფე სოლომონმა მამაჩემის სიკვდილის შემდეგ, მისი ხარისხი ანუ ტახტის მემკვიდრეობა მე მიბოძაო. ის თავისი ქვეყნის დაბრუნებას ითხოვს; გიორგი ბატონიშვილის ხელში ჩაგდების შემდეგ რიკჰოფი, ლიტვინოვი და საერთოდ რუსეთის მთავრობა არაფრად აგდებდა სოლომონ მეფეს. გიორგის გამოხსნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1807 წლის 16 თებერვალს, სოლომონ მეფის დატყვევება გადაწყდა.

გიორგი თავის თავგადასავალში არაფერს ამბობს ცოლ-შვილზე, მაგრამ თანდართული ლექსიდან ჩანს, რომ ისინი მასთან არ იმყოფებოდნენ, რასაც ის მტკივნეულად განიცდიდა. „მოგგონდე მარად მტირალი, მოშორვებისთვის წყვლულია: სული შენ დაგრჩა, გონება, მსხვერპლად მიიღე გულია“; თან, როგორც ჩანს, გიორგი სიკვდილის მოახლოებასაც გრძნობდა: „თუ მოვკვდე, მზეო, ანამე ცრემლი გიშრისა ღარებით“;20 ამ ლექსის დაწერიდან სამი თვის მერე ბატონიშვილი ცოლ-შვილის უნახავად, ყვავილით მოკვდა, 1807 წლის 24 ნოემბერს, მოსკოვში. მისი მეუღლე, რაჭის ერისთავის, როსტომის ასული დარეჯანი, თ. ჟორდანიას ვარაუდით, მარიამ დედოფალს გაჰყვებოდა, რომელმაც იმ დროს სამეგრელოში თავის ნათესავებს შეაფარა თავი, როდესაც სოლომონ მეფეს რუსეთის მხედრობა სდევნიდა დასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ დარეჯანს აჯანყებასთან არავითარი შეხება არ ჰქონია და იმპერატორისადმი ერთგულებას იჩენდა, ტორმასოვმა ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად ტფილისში გაგზავნა, რათა იმერელ ხალხს, რომელიც ოდითგანვე ბრმად ეთაყვანებოდა მეფის გვარს, არ შეედგინა რაიმე პარტია და სამუდამოდ დამშვიდობებოდა იმედს, რომ იმპერატორი ბაგრატიონთა გვარის რომელიმე წარმომადგენელს აღადგენდა იმერეთის ტახტზე. დარეჯან ბატონიშვილი იმერეთში აჯანყების დაწყებისთანვე, იმერეთიდან ქართლში გაემგზავრა, ხოლო თავისი 14 წლის ბიჭი, ალექსანდრე, რომელიც დიდ იმედებს იძლეოდა, ჩააბარა სიმონოვიჩს, ვისაც ის ყველა ბრძოლაში თან ახლდა და თავისი საომარი ქმედებით დაამტკიცა იმპერატორის მიმართ ბავშვობიდან ჩანერგილი ერთგულება. აჯანყების ჩახშობის შემდეგ, დარეჯან ბატონიშვილი თავის შვილებთან ერთად ტფილისში იმყოფებოდა და თავად მოითხოვა პეტერბურგში გამგზავრება. გადაწყდა ალექსანდრეს მიბარება პაჟთა კორპუსში. დარეჯანი შვილებთან ერთად მოსკოვში ჩავიდა.21 გარდაიცვალა 1816 წელს. დაკრძალულია ნევის ეკლესიაში.

ჟურნალში «Русский архив» 1897 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა პ. იუდინის ნარკვევი „თავად ბაგრატიონ-იმერეტინსკების ბედი რუსეთში“. ავტორი ბაგრატიონთა დინასტიის სხვადასხვა შტოებად დაყოფის მცდარ ინფორმაციას ფლობს. მიუხედავად ამისა, ყურადსაღებ ცნობებსაც გვაწვდის. ის ასახელებს ბაგრატიონ-იმერეტინსკების უკანასკნელ წარმომადგენლებს: კნეინა ლიდია ალექსის ასულს (ქალიშვილობის გვარია როზანოვა) და მის შვილებს, ოლღასა და ალექსანდრეს, რომლებიც 1897 წელს ქ. უფაში ცხოვრობდნენ. ლიდია ალექსის ასულს იუდინისათვის ბაგრატიონ-იმერეტინსკების საგვარეულო დოკუმენტები გაუცვნია, რომლებიც ავტორის აზრით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ თავადების გენეალოგიის თვალსაზრისით, არამედ ნაწილობრივ ხსნიან ზოგიერთ გარემოებას, რომელიც წინ უძღვოდა იმერეთის რუსეთთან შეერთებას.

ამ დოკუმენტებიდან პირველი, მეფე სოლომონ I-ის სიგელი, რომელიც მან 1763 წელს მისცა თავის ვაჟს, ალექსანდრე ბატონიშვილს, საუფლისწულოს ბოძებას შეეხება. ეს სიგელი 1858 წელს, თავად ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკის სურვილით, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიურ დეპარტამენტში ითარგმნა რუსულ ენაზე. სიგელში ნათქვამია: „ყველა ეს მამული, ჩვენი სიკვდილის შემდეგ უნდა გეკუთვნოდეს მხოლოდ შენ და არ იყოს სადავო ჩვენი ბიძის და ჩვენი სხვა ნათესავებისაგან. მხოლოდ შენ ერთს გიბოძებთ ამ ყოველივეს და ამით ჩამოგაშორებთ ყველა სხვას“.22 საბუთი დამოწმებულია მეფე სოლომონის ბეჭედით. მეორე ბეჭედი სავარაუდოდ დედოფალ მარიამს უნდა ეკუთვნოდეს.

მამული, რომელიც იმერეთის კანონიერმა მეფემ, სოლომონ I-მა მისცა თავის შვილს, აზიური ჩვეულების თანახმად, ალექსანდრე ბატონიშვილის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო თავისი მშობლის, მეფე სოლომონის გარდაცვალებამდე და იმერეთის ტახტზე ალექსანდრეს ასვლამდე.

ალექსანდრე ბატონიშვილი ფლობდა ამ მამულებს, როგორც თავის საკუთარს, მაგრამ მეფე სოლომონზე ადრე გარდაიცვალა და მას შემდეგ დარჩა მცირეწლოვანი ვაჟი, გიორგი. მაშინ მეფემ წაიყვანა თავისთან შვილიშვილი და „გაზარდა რა, დანიშნა მთელი იმერეთის სამეფოს მემკვიდრედ“.23 შემდეგ მოთხრობილია გიორგის ციხეში გამომწყვდევის, იქიდან გაქცევის, რუსეთში ჩასვლისა და გარდაცვალების შესახებ. ხაზგასმულია, რომ 1810 წელს გიორგი ბატონიშვილის 15 წლის ვაჟი, ალექსანდრე, სიმონოვიჩის მეთაურობით იბრძოდა მეფე სოლომონისა და აჯანყებული იმერლების წინააღმდეგ. პ. იუდინი აქებს მეფეთ-მეფეთა ახალგაზრდა შთამომავალს, რომელიც რაზმის მეთაურის მოწმობით (გენერალ სიმონოვიჩის მოწმობა, №№318), ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მონაწილეობას იღებდა ბრძოლებში, „მტრის ჯარებისა და მეამბოხეთა გამოდევნაში გამყარებული პოზიციებიდან“, აგრეთვე მტრის დამარცხებაში სოფელ ზემო საკაროში, და ბოლოს ხანის ხეობაში: „ამ ბრძოლებში ალექსანდრე ბატონიშვილმა გამოიჩინა დიდი გულმოდგინება და გაბედულება, ისე რომ მისი წარმატებული მოქმედების წყალობით, მეფე სოლომონმა, იქნა რა შევიწროვებული, დატოვა გამაგრებული პოზიციები და იძულებული გახდა კვლავ გაქცეულიყო თურქეთში, ქალაქ ახალციხეში“.24

შემდეგ (1811) წელს, ბატონიშვილ დარეჯანს (პეტერბურგში გარდაცვლილი გიორგი ბატონიშვილის მეუღლეს) „ერგო პატივი მიეღო უზენაესი ნებართვა რუსეთის ხელმწიფის კარზე გასამგზავრებლად”, რათა თავისი ორი ვაჟი, ალექსანდრე და დიმიტრი, წარედგინა იმპერატორისათვის. მისი გამგზავრებისათვის გამოიყო 3000 მან. გარდა ამისა, გენერალ ტორმასოვის მიერ მისთვის წინასწარ იქნა გაცემული „ორი მესამედი პენსიისა, რომელსაც ის იღებდა“. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ ოდენობა უცნობია. ატყობინებდა რა ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრ კოზოდავლევს, კავალერიის გენერალი ტორმასოვი, სხვათა შორის სწერდა, რომ „ბატონიშვილი (დარეჯანი) აღსავსეა კეთილქვეშევრდომული მადლიერების გრძნობით მონარქის წყალობის გამო, რომელიც მასზე იღვრება, თავის გულში განიცდის გულწრფელ ერთგულებას მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მიმართ, რაც მტკიცედ აქვს ჩანერგილი თავისი მცირეწლოვანი ვაჟების ნორჩ გულებში…“ ამის შემდეგ ტორმასოვი აღწერს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ეს ოჯახი აღმოჩნდა, დაკარგა რა მთელი ქონება, რაც მეამბოხე მეფე სოლომონმა მიიტაცა. ეს მოხელე სთხოვს კოზოდავლევს, რათა მან უშუამდგომლოს ბატონიშვილ დარეჯანს მისთვის შესაბამისი სახსრების გამოყოფაში. რაც შეეხება დარეჯანის ვაჟებს, „უფროსი ვაჟისთვის, ალექსანდრესთვის, რომელიც უკვე მე-16 წელშია, მოთხოვნილ იქნას ყოვლადმოწყალე განწესება კამერ-პაჟად, შესაბამისად მისი ასაკისა, წოდებისა და იმ გულწრფელი ერთგულებისა მისი საიმპერატორო უდიდებულესობის სასარგებლოდ, რომელიც მან დაამტკიცა“. ხოლო უმცროსი დიმიტრისათვის ტორმასოვი ითხოვდა პაჟად განწესებას იმავე კორპუსში.

მიუხედავად ამისა, თავად ალექსანდრეს კამერ-პაჟად განწესება არ შედგა, როგორც ეს შესაბამისი ქაღალდებიდან ჩანს. იმავე წელს მას პირდაპირ კორნეტის ჩინი მიენიჭა და დაინიშნა ულანის პოლკის ლეიბ-გვარდიაში. უზენაესი ბრძანებით, 1811 წლის 10 აპრილს, დაჯილდოვდა წმ. ანას II ხარისხის ორდენით იმ დამსახურების გამო, როგორც ეს ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც „მან გამოიჩინა 1810 წელს, იმერეთის მეფე სოლომონის წინააღმდეგ ჩატარებული ექსპედიციის დროს, სადაც მონაწილეობას იღებდა რუსეთის ჯართან ერთად სხვადასხვა ბრძოლებში და თავისი სიმამაცით ხელი შეუწყო მეამბოხეთა დამარცხებასა… და მათ განდევნას იმერეთის საზღვრებიდან.“25

თავად დიმიტრის კორნეტის ჩინი 1816 წლის 27 აგვისტოს მიენიჭა, როდესაც მხოლოდ 17 წლის იყო. ის დანიშნულ იქნა ლიტვის ერცჰერცოგ ალბერტ ავსტრიელის ულანთა პოლკში. ძმების შესანახად, გარდა ჩინის შესაბამისი ჯამაგირისა, სახელმწიფო ხაზინიდან გამოიყოფოდა 3 600 მანეთი (ასიგნაციები) წელიწადში თითოეულისთვის, რაც დადგინდა 1818 წლის 27 დეკემბერს უზენაესი რესკრიპტით.

პ. იუდინი მოგვითხრობს, რომ სამსახურის დაწყებისთანავე ორივე ძმას ბედი სწყალობდა. თავადი ალექსანდრე მონაწილეობდა 1812 წლის ომში, რისთვისაც 1814 წლის 30 აგვისტოს მიიღო ბრინჯაოს მედალი. 1818 წლის 11 აპრილს, გადაყვანილ იქნა პორუჩიკად, ხოლო ერთი წლით ადრე, (1817 წლის 10 იანვარს) ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკში გადაყვანილი იქნა თავადი დიმიტრიც.

იმ ხანად მათ გარდაეცვალათ დედა. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა, რომელსაც როგორც ჩანს, სურდა ერთი მხრივ პატივი ეცა გარდაცვლილის ხსოვნისათვის, ხოლო მეორე მხრივ, მხარდაჭერა გამოეჩინა ახალგაზრდა ძმებისათვის, 1818 წლის 27 დეკემბრის რესკრიპტით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელზე შემდეგი განკარგულება გასცა: იმერეთის განსვენებული ბატონიშვილის დარეჯან როსტომის ასულის ორ ვაჟს, თავადებს: ალექსანდრე და დიმიტრი იმერეტინსკებს, რომლებიც იმჟამად ლეიბ-გვარდიის ულანთა პოლკში მსახურობდნენ, ნაცვლად 3600 მანეთისა ასიგნაციებით, რომელსაც თითოეული მათგანი იღებდა წელიწადში, შემდეგში ყოველ მათგანს უნდა მიეღო 6456 მანეთი, ხოლო ორივეს 12912 მანეთი ასიგნაციებით სახელმწიფო ხაზინიდან. ვალების გადახდისათვის მათზე ერთჯერადად უნდა გაცემულიყო 13000 მან. ასიგნაციებით იმავე ხაზინიდან. ისინი ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დაჯილდოვდნენ ანას ორდენით. შემდეგ ალექსანდრე გიორგის ძე კორნეტის ჩინით იწყებს სამსახურს ლეიბ-ულანის პოლკში, ხოლო დიმიტრი გიორგის ძე არმიის პოლკში.

რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს 1804 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით და მინისტრთა კომიტეტის 1812 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით „ბატონიშვილები, ქართველ მეფეთა ვაჟები, თავად ინარჩუნებენ ამ ტიტულს, ხოლო მათი შვილები იწოდებიან თავად გრუზინსკებად, იმერეთის ბატონიშვილების შვილები კი თავად იმერეტინსკებად და ამრიგად მათ ~ უპირველესი საგვარეულოების თანაბარი პატივი მიეგებათ. დაბოლოს, თავადებზე გათხოვილი ქართველი და იმერელი ბატონიშვილი ქალების მიერ შობილი შვილები ინარჩუნებენ თავიანთი მამების გვარს.“26 მაგრამ ზემოთქმულის მიუხედავად, ბატონიშვილების ზოგიერთი შვილი კვლავ ბატონიშვილს უწოდებდა თავს. ამიტომ მინისტრთა კომიტეტის უზენაესად დამტკიცებულ ბრძანებულებით 1833 წლის 1 აპრილს კვლავ დადასტურებული იქნა „რათა ამის შემდეგ აღარ იწოდებოდნენ იმ ტიტულებით, რომლებიც მათ არ ეკუთვნით“.

ამ ბრძანებულებების თანახმად, იმერეთის მეფეთა შთამომავალ ალექსანდრეს და დიმიტრისთვისაც უნდა ეწოდებინათ უბრალოდ თავადი იმერეტინსკები, ბაგრატიონის მიმატების გარეშე, მაგრამ ნიკოლოზ პავლეს ძემ მათთვის დაუშვა გამონაკლისი და მიიღო რა მხედველობაში ამ თავადების წარმატებული სამსახური, უზენაესად ბრძანა, რათა მათ შეენარჩუნებინათ გვარი ბაგრატიონი იმერეტინსკის მიმატებით, რომლითაც ადრე აწერდნენ ხელს და რომელიც აღნიშნავდა მათი დინასტიის გვარს. ეს ცნობა სტატიის ავტორ პ. იუდინს დამოწმებული აქვს 1833 წლის 4 ივლისით დათარიღებული დეპრერადოვიჩის მიწერილობიდან I გვარდიის კავალერიის დივიზიის უფროს გენ. ჩიჩერინისადმი.

ბაგრატიონ-იმერეტინსკის გვარის შესახებ ნ. იმერეტინსკი თავის განმარტებას იძლევა. მისი აზრით, „იმერეტინსკისთვის“ „ბაგრატიონის“ მიმატება სრულიად არანორმალური მოვლენა იყო. ყველა სამეფო სახლში მიღებული წესის თანახმად, უფლისწულები იწოდებოდნენ სახელით და არა გვარით. ეს პრივილეგია შენარჩუნებული ვერ იქნებოდა თავადების (იგულისხმება ბატონიშვილების შვილები) მიმართ. იმპერატორის განსაკუთრებული ბრძანებულებით დადგინდა: „ქართველი და იმერელი ბატონიშვილების ვაჟები უნდა იწოდებოდნენ თავად გრუზინსკებად და იმერეტინსკებად“. მას შემდეგ, ისინი ამგვარად იწოდებოდნენ, „ბაგრატიონის“ მიმატების გარეშე. იმპერატორი ნიკოლოზ I პირადად იცნობდა იმერელ ძმებს, ალექსანდრეს და დიმიტრის, როგორც გამორჩეულ სამხედრო პირებს. ერთ-ერთი შეხვედრის დროს მან ხსენებულ ძმებს უთხრა: „თქვენი გვარიდან იყო ცნობილი სარდალი, თავადი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი. მე მსურს, რომ თქვენ ატაროთ ეს დიდებული გვარი და ვთვლი, რომ თქვენ ამას იმსახურებთ, ვინაიდან კარგად მსახურობთ. დაე, ყველამ დაინახოს თქვენს მაგალითზე, რომ თქვენს გვარში მხედრული დიდება არ დაკნინებულა!“ ხელმწიფის ამგვარი სიტყვების შემდეგ, ალექსანდრემ და დიმიტრიმ დაიწყეს ორმაგი გვარის „ბაგრატიონ-იმერეტინსკის“ ტარება.

1840 წლების დასაწყისში თავადი ალექსანდრე უკვე გენერალ-ადიუტანტი და კავალერისტთა დივიზიის უფროსი იყო, ხოლო თავადი დიმიტრი ლეიბ-გვარდიის გრენადერთა ჰუსართა პოლკს მეთაურობდა. ორივე ძმა იყო მაღალი ტანის, წარმოსადეგი და ლამაზი. ორივე, განსაკუთრებით კი ალექსანდრე, სახით და აღნაგობით, საოცრად ჰგავდნენ კონსტანტინე ბატონიშვილს. ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკის უყვარდა თქმა: „ჩვენი გვარი“, „ჩვენი სისხლი“, მაგრამ საქმით, სხვა იმერელი ბაგრატიონების მიმართ ნათესაურ სიყვარულს არ ავლენდა. ის უცოლო იყო. გარდაიცვალა 1862 წელს. მისი ძმა, დიმიტრი გიორგის ძე, კეთილი ბუნების, მაგრამ ფიცხი ხასიათის იყო. ასე მაგალითად, მას გრენადიორთა პოლკის მეთაურობა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც იმპერატორის ძმა, დიდი მთავარი მიხეილ პავლეს ძე შემოწმების დროს უკმაყოფილო დარჩა ჰუსარებით და დაიყვირა: „თავადო ბაგრატიონ, მე თქვენ პოლკს ჩამოგართმევთ!“ დიმიტრიმ ხმამაღლა უპასუხა: „თქვენ არ მოგიციათ, თქვენ ვერ წამართმევთ!“ ასეთი საქციელი შეიძლებოდა ძალიან ძვირად დაჯდომოდა, მაგრამ საბოლოოდ საქმე მშვიდობიანად დასრულდა. დიმიტრი გიორგის ძე 1844 წელს გარდაიცვალა. მას ცოლად ჰყავდა გრაფინია ოლგა ვალერიანის ასული სტროინოვსკაია, რომლის დედა, მეორე ქორწინებით, გათხოვილი იყო გენერალ ზუროვზე, ნოვგოროდის გუბერნატორზე. მათი ქალიშვილი მარია ზუროვა, ნიკოლოზ იმერეტინსკის გაჰყვა ცოლად. ამდენად, დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკი და ნიკოლოზ იმერეტინსკი ქვისლები გახდნენ, რამაც ხელი შეუწყო ბაგრატიონთა ამ ორი იმერული შტოს დაახლოებას. დიმიტრის ორი ვაჟი ჰყავდა: ალექსანდრე და დიმიტრი დიმიტრის ძენი. ორივე პაჟთა კორპუსში იზრდებოდა. უფროსმა ლეიბ-ჰუსართა პოლკში დაიწყო სამსახური, მაგრამ თითქმის მაშინვე თადარიგში გავიდა. შემდეგ კვლავ დაიწყო სამსახური. გარდაიცვალა 1881 წელს, იტალიაში, უშვილოდ. უმცროსი თავადი დიმიტრის სამსახურის შესახებ ცნობები არ არსებობს, ის დაქორწინებული იყო.

1802 წლიდან, სამინისტროების დაარსების შემდეგ, ქართლ-კახეთის მეფის ვაჟებზე ზრუნვა დაევალა საგარეო საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ უწყებას“. შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ მიამაგრეს IV კლასის საგანგებო ჩინოვნიკი, რომელსაც „საქართველოს მთავარი პრისტავი“ ეწოდებოდა. ბატონიშვილები შეყვანილ იქნენ სამთავრობო პირთა განსაკუთრებულ განყოფილებაში; იმპერატორის კარზე ცერემონიალების დროს მათ საპატიო ადგილები ეკავათ. თავად რუსეთის ხელმწიფეები ინტერესს იჩენდნენ დიდი იბერიის მიწის სამეფო წარმომადგენლების მიმართ და ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად შეექმნათ მათთვის ის პირობები, რომლებიც მათ საქართველოში ექნებოდათ - ასე თვლის ნ. იმერეტინსკი.

ქართლ-კახეთის ბაგრატიონებს შორის 1820-იანი წლებიდან 1840-იან წლებამდე იყო ცხრა ბატონიშვილი. აქედან მხოლოდ ხუთს ჰყავდა შთამომავლობა. დანარჩენების ქონება ამ შტოში რჩებოდა. იმერულ შტოში იყო მხოლოდ ერთი ბატონიშვილი: კონსტანტინე. თავისი დედის, ანა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ ის ვერ გამოდიოდა ვალებიდან. 1830-იანი წლების ბოლოს, თავის ორ ვაჟთან ერთად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბატონიშვილის ასეთმა გაჭირვებამ მოსკოვის გენერალ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, გრაფ სერგი გრიგორის ძე სტროგანოვის ყურადღება მიიქცია. მისი შუამდგომლობით ეს საკითხი იმპერატორმა განიხილა. ნიკოლოზ I-მა უზრუნველყო კონსტანტინე ბატონიშვილის და მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟის მომავალი და არა მხოლოდ მათი, არამედ ყველა ბაგრატიონისა. იმპერატორს უთქვამს: „არა მხოლოდ იმერეტინსკებს უნდა დავეხმაროთ! ყველა მათგანი უნდა უზრუნველვყოთ და მათი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ, მყარად უნდა მოვაწყოთ!“ საქმე დაიძრა. 1842 წელს შეიქმნა კომისია, რომელსაც ევალებოდა საქართველოსა და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლებისა, ასევე სამეგრელოს მთავრის სახლის წევრების კეთილდღეობის გამყარების საშუალების შემუშავება. ზაფხულის დასაწყისში, კომისიამ გამოიტანა დადგენილება, რომელსაც ყველა წევრმა მოაწერა ხელი ერთის გარდა, სახელდობრ, ნამდვილ სტატსკი მრჩეველ სევერიანოვს ჰქონდა თავისი განსხვავებული აზრი. უმაღლეს ინსტანციაში საქმის განხილვის დროს, მისი აზრი ორმა მინისტრმა გაიზიარა, ხოლო იმპერატორი უმცირესობის აზრს დაეთანხმა და სევერიანოვის პროექტი დაამტკიცა. დადგენილების არსი შემდეგში მდგომარეობდა: სამისდღემჩიო პენსიებისა და მამულების შესაძენად მიცემული კაპიტალების ნაცვლად, ხსენებული სახლების წევრებს ენიშნებოდათ მემკვიდრეობითი პენსიები გაზრდილი ოდენობით. ხოლო იმისთვის, რომ ამ პენსიებით მოხერხებულიყო მათი მყარად უზრუნველყოფა, დადგენილ იქნა: „პენსიები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სახაზინო ან კერძო ვალების დასაფარავად, ისინი უნდა ჩაითვალოს აღნიშნული ყოფილი სამეფო სახლების წევრების და მათი შთამომავლების ხელუხლებელ საკუთრებად“. შეიქმნა ფონდი, რომელიც 1. 296. 495 მანეთს შეადგენდა. ეს თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს სალაროში დაიდო. ქართველ ბატონიშვილებს, რომლებიც იმ ხანად ცოცხლები იყვნენ, დაენიშნათ 10000 მანეთი წლიური პენსია.27

1842 წელს დანიშნულმა პენსიებმა იმერეტინსკების ოჯახი უკიდურესი გაჭირვებიდან გამოიყვანა. ბატონიშვილი კონსტანტინე, რომელიც პარალიზებული იყო, საავადმყოფოდან მოხერხებულ ბინაში გადმოიყვანეს დონის ქუჩაზე, დონის მონასტრის ახლოს. მას ორი წლის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. სიცოცხლის ამ ბოლო წლების განმავლობაში ის დამშვიდებული იყო, ვინაიდან არა მხოლოდ ხედავდა თავის ორ ვაჟს, არამედ იმედოვნებდა, რომ მათ უკეთესი მომავალი ელოდათ. არა ჩანს, თუ სად იყვნენ ამ დროს მისი რუსი მეუღლე და უმცროსი ვაჟი. უფროსი ვაჟები სამხედრო სასწავლებლებში იყვნენ შეყვანილი. კონსტანტინე გვარდიის იუნკერთა სკოლაში, ნიკოლოზი კი პაჟთა კორპუსში. სიკვდილის წინ კონსტანტინე ბატონიშვილმა დალოცა შვილები და მაცხოვრისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატები გადასცა, რომლებიც ნიკოლოზ იმერეტინსკის არასოდეს მოუშორებია, ყოველ ლაშქრობასა თუ ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებში ისინი განუყრელად მასთან იყვნენ. ჯერ კიდევ ბატონიშვილის ავადმყოფობის დროს, მის ორ ვაჟს უცხო ადამიანი, იგორ ივანეს ძე სიროტინინი დაუნიშნეს მეურვედ. ის ყმა-გლეხი იყო, მაგრამ საკუთარი ნიჭის წყალობით კოლეგიის ასესორის ჩინს მიაღწია. მისი პატიოსნებისა და ჩაბარებულ ბავშვებზე მზრუნველობის გამო, ნ. იმერეტინსკი მას მეორე მამად თვლიდა. კონსტანტინეს და ნიკოლოზს, მათი სწავლის პერიოდში, მეურვემ პენსია დაუგროვა და 11 000 მანეთი გადასცა თითოეულს. ეს ადამიანი იმითაც იმსახურებს პატივისცემას, რომ კონატანტინე ბატონიშვილის ნივთების და ავეჯის გაყიდვის დროს, მან გაყიდვას გადაარჩინა ძველი კომოდი, რომელიც შემდეგ ბატონიშვილის ვაჟებს გადასცა. კომოდში ბევრ უსარგებლო საბუთთან ერთად, დაცული აღმოჩნდა 21 დოკუმენტი, რაც მნიშვნელოვანი იყო ბაგრატიონთა გვარის ისტორიისათვის. 1860-იან წლებში ეს დოკუმენტები ბატონიშვილის უფროსმა ვაჟმა, კონსტანტინემ წაიღო თავის სახლში შესანახად. ამ საბუთებს შორის იყო ერეკლე II-ის სიგელი, რომლითაც მან თავის დისშვილს, ანა დედოფალს, 1797 წლის 15 ივლისს, ხეფინისხევი უბოძა, როგორც „პირის-სანახავი“. თ. ხუსკივაძის ნარკვევის „კონსტანტინე ბატონიშვილის“ მიხედვით კი ანა დედოფალმა მეფე ერეკლეს სთხოვა შვილის განთავისუფლებაში დახმარება, მაგრამ დაკმაყოფილება ვერ მიიღი. სოლომონ მეფეზე ზემოქმედების ნაცვლად, მეფე ერეკლემ ანა დედოფალს სოფ. ხეფინისხევში ცხოვრების უფლება მისცა, სადაც მას გოგია აბაშიძე ავიწროებდა.28

შემდგომში ანა დედოფალმა იმპერატორ ალექსანდრე I-ს სთხოვა ხეფინისხევის დაბრუნება, ან მისი ტოლფასი მამულის ბოძება იმერეთში. დედოფლის თხოვნას შინაგან საქმეთა მინისტრმა კოზოდავლევმა უარით უპასუხა, იმ მოტივით, რომ მამულის სანაცვლოდ დედოფალს დანიშნული ჰქონდა პენსია 10 000 მანეთის ოდენობით. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, პენსიის გაცემა შეწყდა, რის გამოც კონსტანტინე ბატონიშვილმა მოითხოვა დედის პენსიის დაბრუნება, როგორც კერძო საკუთრების ანაზღაურება. იმჟამინდელმა მინისტრმა ბლუდოვმა ბატონიშვილს უარი მოსწერა. ამ მომიწერის გაცნობის შემდეგ, ნიკოლოზ იმერეტინსკიმ თხოვნა განაახლა, ვინაიდან მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა. 1850-იან წლებში, მსგავსი პენსია, 10 000 მანეთის ოდენობით, რომელსაც გიორგი XII-ის ქვრივი, მარიამ დედოფალი იღებდა, მის შვილებს დაუბრუნდა. თუმცა გასათვალისწინებული იყო ბრძანებაში მოცემული განმარტება, რომ დედოფლის შვილებს აღნიშნული პენსია ებოძათ მონარქის განსაკუთრებული წყალობით და ეს სხვებისთვის მაგალითად არ უნდა გამხდარიყო. თავადმა იმერეტინსკიმ ახლა უკვე მესამე მინისტრის ხელმოწერილი უარი მიიღო.

1859 წლის 25 დეკემბრიდან 1860 წლის 23 თებერვლამდე მუშაობდა კომისია, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა ყოფილი სამეფო სახლების წევრთა უზრუნველყოფის საკითხები. თავადებიდან ირაკლი ალექსანდრეს ძე და ივანე გრიგოლის ძე იღებდნენ ყველაზე დიდ პენსიებს. პირველი - 8 952 მან. 37,5 კაპიკს და მეორე 5 373 მან. 1,5 კაპიკს. სწორედ ეს ხსენებული თავადები გამოვიდნენ პენსიების კაპიტალიზაციისა და კაპიტალების ხელზე გაცემის მხურვალე მხარდამჭერებად. ყველა დანარჩენი თავადი გრუზინსკი 1859 წელს იღებდა 4 000 მანეთამდე ოდენობის პენსიას. მათგან ყველაზე მცირე პენსია იყო 3 281 მან. 10 კაპ. ყველაზე მცირე უზრუნველყოფა ერგო იმერეთის სამეფო სახლს. ერთადერთ ბატონიშვილს, რომელიც მის სათავეში იდგა, კონსტანტინე დავითის ძეს, დანიშნული ჰქონდა პენსია მხოლოდ 7 000 მანეთის ოდენობით. მისი გარდაცვალების შემდეგ ეს პენსია გაიყო მის ქვრივზე, ბატონიშვილ ეკატერინე სერგის ასულზე - 2 642 მან. 85,3/4 კაპ. და სამ ვაჟზე: კონსტანტინეზე, ნიკოლოზსა და ალექსანდრეზე. თითოეულ მათგანს ერგო 1785 მან. 711/4 კაპ. თავად ბაგრატიონ-იმერეტინსკებს დანიშნული ჰქონდათ პენსია 3 987 მან. 426/7 კაპ. თითოეულს. საბოლოო დასკვნისთვის საქმე კავკასიის კომიტეტს გადაეცა, სადაც 1862 წლის 23 აპრილამდე გაგრძელდა.

საისტორიო არქივში დაცული აღმოჩნდა სტამბური წერით დაბეჭდილი ამონაწერი კავკასიის კომიტეტის 1862 წლის 12 თებერვლისა და 23 აპრილის ჟურნალიდან, უზენაესად დამტკიცებული 1862 წლის 28 აპრილს.29

ნ. იმერეტინსკი შეძლებისდაგვარად თავს იკავებს გადაწყვეტილების კრიტიკისაგან, ვინაიდან ის ალექსანდრე II-ის მიერ იყო დამტკიცებული, მაგრამ მაინც ვერ მალავს თავის გულისტკივილს ბიუროკრატიული უსამართლობის გამო. იძულებულია ყოველივე „შემსრულებლებს“ დააბრალოს, რომლებმაც მას, ისევე როგორც სხვა დაინტერესებულ პირებს, მთელი საქმე არ გააცნეს, მხოლოდ „ამონაწერები“ დაუგზავნეს. ამ „ამონაწერმა“, რომელსაც ნ. იმერეტინსკი „კანცელარიის პროდუქტს“ ეძახის, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გაუჩინა მას. ერთი მხრივ, გადიდდა თავად გრუზინსკებისა და იმერეტინსკების ფონდი, მაგრამ მისი თითქმის ნახევარი ორ თავადს ირაკლი ალექსანდრეს ძე გრუზინსკისა და ივანე გრიგოლის ძე გრუზინსკის შეხვდათ. რის საფუძველზე მიენიჭათ მათ ასეთი პრივილეგია? ამის შესახებ „ამონაწერი“ დუმდა. გაუქმებულ იქნა ძველი კანონი, რომლის თანახმად ყოფილი სამეფო სახლების წევრების პენსიები მათი ხელშეუხებელი საკუთრება იყო და არ შეიძლებოდა ვალების გადახდას მოხმარებოდა. ასევე გაუქმდა „მთავარი პრისტავის“ თანამდებობა. „ამონაწერი“ იუწყებოდა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის აზრი გადმოცემული იყო კომიტეტის კანცელარიის საგანგებო ბარათში, რომელიც „ამასთან იყო დართული“. „ამონაწერიდან“ არ ჩანდა, თუ რასთან იყო დართული ეს ბარათი და არც თავად ეს ბარათი გამოუგზავნიათ გასაცნობად.

გადაწყვეტილების სხვადასხვა პუნქტები გარკვეულწილად ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. ასე, მაგალითად, ხსენებული თავადებისთვის შექმნილი ფონდი სოლიდური თანხით იზრდებოდა, რასაც ლოგიკურად, პენსიების გაზრდა უნდა გამოეწვია. თავადებს წინადადება ეძლეოდათ, პენსიებზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელზე მიეღოთ კაპიტალი, რომლითაც თავის უზრუნველყოფას შესძლებდნენ. ანუ, არჩევანის გაკეთება ნებაყოფლობითი იყო. მეორე მხრივ, ვინც უარს იტყოდა კაპიტალის მიღებაზე და პენსიის მიღებას ამჯობინებდა, მას პენსია არ გაეზრდებოდა, რაც შექმნილ ვითარებაში მას წამგებიან პირობებში აყენებდა და იძულებულს ხდიდა კაპიტალის მიღებაზე დათანხმებულიყო. კაპიტალის გაცემასთან ერთად, რუსეთის მთავრობა ერთხელ და სამუდამოდ წყვეტდა ქართლ-კახეთისა და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლების წევრებზე ზრუნვას. ამ თავადების უმრავლესობა ამ სიახლის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ირაკლი ალექსანდრეს ძე და ივანე გრიგოლის ძე გრუზინსკები მხურვალედ უჭერდნენ მხარს, თუმცა არ ჩანს, რომ მათ მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა.

ისტორიული თვალსაზრისით, ყველაზე დიდ ინტერესს ის პუნქტები იწვევს, რომლებიც ამ თავადების სტატუსს შეეხება. მე-10 პუნქტში ნაბრძანები იყო, რომ აღნიშნული სახლების წევრები გათანაბრებული ყოფილიყვნენ კერძო პირებთან, თითოეულ მათგანს უფლება მისცემოდა ეთხოვა იმ გუბერნიის სათავადაზნაურო საგვარეულო წიგნში ყოფილიყო შეყვანილი, რომელსაც თავად აირჩევდა. მე-11 პარაგრაფში ნაბრძანებია, რომ ოფიციალურ აქტებში, შემდგომში, აღარ ეხმარათ სიტყვები: საქართველოს და იმერეთის „ყოფილი სამეფო სახლების წევრები“. ნ. იმერეტინსკი წერს, რომ ძველი ივერიის ისტორიის ბოლო ნაწილს შეადგენს ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფოების, სამეგრელოსა და სხვა სამთავროების მატიანე. 1862 წლის 28 მარტამდე თავადი გრუზინსკებისა და იმერეტინსკების ამ მატიანეში შეყვანა ჯერ კიდევ შეიძლება, ვინაიდან მათი სახელები „დრომოჭმულ სამეფო სახელთა“ გამეორება იყო. 1862 წლის 28 აპრილიდან კი ბაგრატიდებმა შეწყვიტეს თავიანთი ისტორიული არსებობა. ისინი საბოლოოდ შეერივნენ დანარჩენ რუს ქვეშევრდომებს და საკანცელარიო გამოთქმით: „გადავიდნენ კერძო პირთა თანრიგში“. ერთ-ერთი თავადი გრუზინსკის ამაყ შეძახილს: „ჩემი საგვარეულო - მსოფლიო ისტორიაში იხილე!“30 კავკასიის კომკიტეტი პასუხობს: „ყოველმა მათგანმა იმ გუბერნიის საგვარეულო წიგნში შეტანა ითხოვოს, რომელსაც თავად აირჩევსო“. „კაპიტალიზაციამ“ ხსენებული თავადების მატერიალური უზრუნველყოფის ნაცვლად, მათი უმეტესი ნაწილის გაკოტრება გამოიწვია. მისი შედეგები სავალალო აღმოჩნდა: კაპიტალები გაცემულ იქნა 1862 წლის ივნისში, ხოლო 1863 წლის ივნისში, ერთ-ერთი თავადი, ვალების გამო, მოსკოვის საპატიმროში მოხვდა. ეს იყო პირველი და საშინელი მაგალითი ბაგრატიდების საგვარეულოში, ჯერ არნახული და გაუგონარი, მას შემდეგ, რაც პირველმა მათგანმა რუსულ მიწაზე დაადგა ფეხი.

მომდევნო 1864 წელს, ორმა თავადმა, ღვიძლმა ძმებმა, რომელთაგან თითოეულმა 90 000 კაპიტალი მიიღო, ასევე ბიძისგან 50 000 შეხვდა თითოეულს, ხოლო დედისგან მემკვიდრეობით ორი მამული მიიღეს, ეს ყოველივე გაფლანგეს და ვალების გამო, უცხოეთში გაიქცნენ. ნ. იმერეტინსკი პირდაპირ არ ასახელებს მათ, მაგრამ მიანიშნებს, რომ საქმე ეხება დიმიტრი ბაგრატიონ-იმერეტინსკის ვაჟებს: ალექსანდრეს და დიმიტრის. პეტერბურგის საჯარო დაწესებულებების კედლებზე გაჩნდა პუბლიკაციები, სადაც ამ ბატონების სახელები ეწერა და იძებნებოდა მათი მოძრავი და უძრავი ქონება, რომელიც უკვე დიდი ხნით ადრე აღარ არსებობდა. უფროსი ძმა უცხოეთში დაეხეტებოდა, სხვადასხვა ორკესტრებში „Cornet a pistous“-ზე დაკვრით ირჩენდა თავს, მუსიე ალექსანდრეს სახელით. 1870-იან წლებში მან რუსეთში დაბრუნება და სამსახურის დაწყება მოახერხა. ასე ირჩენდა თავს 1880 წლამდე. გარდაიცვალა იტალიის რომელიღაც ქალაქში. მისი უკანასკნელი სურვილი იყო, რომ ნევის ლავრაში დაეკრძალათ თავისი დედ-მამის გვერდით, რაც უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა.

უმცროსი ძმა ასევე დაეხეტებოდა უცხოეთში, მსახურობდა მარკერად, კელნერად და სხვა ამგვარ საქმიანობას ეწეოდა, სანამ ვალების გამო, მიუნხენის ციხეში არ მოხვდა. ნ. იმერეტინსკი წერს, რომ როდესაც ირაკლი გრუზინსკის და კომისიის თავმჯდომარე გულკევიჩს აფრთხილებდნენ ამგვარი მოსალოდნელი შემთხვევების შესახებ, ისინი ამბობდნენ: „ეს ხასიათზეა დამოკიდებული!“. თუ ძმები ბაგრატიონ-იმერეტინსკების გაუბედურება მათი საკუთარი ხასიათის ბრალი იყო, არც კეთილგონიერ ბაგრატიონებს გაუმართლათ. ნ. იმერეტინსკი აგვიწერს ზემოხსენებული ძმების საწინააღმდეგო ხასიათის მქონე თავადის გაკოტრების ისტორიას. ამ კეთილგონიერმა თავადმა არ ისურვა სხვების მსგავსად ქეიფი, მომღერალი და მოცეკვავე ბოშებისა და ფრანგი ქალბატონების „კაპიტალიზაცია“. მან გადაწყვიტა თავისი კაპიტალი პრაქტიკულად გამოეყენებინა და შემოსავალი გაეჩინა. ამ მიზნით შეიძინა პეტერბურგის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მდებარე სახლი. სახლის ღირებულების განსაზღვრის დროს მხედველობაში იყო მიღებული ის შემოსავალი, რომელსაც გაქირავებული ბინები იძლეოდნენ. მაგრამ სახლის მეპატრონემ, თადარიგში გასულმა შტაბროტმისტრმა, თავისი მდგმურები დაარიგა, რომ მათ შესაბამის ჟურნალში ჩაეწერათ გაცილებით მაღალი თანხა, ვიდრე ის, რასაც სინამდვილეში იხდიდნენ. ეს თაღლითობა მაშინ გამომჟღავნდა, როდესაც ახალი მეპატრონის, ე.ი. ქართველი თავადის, მმართველმა ქირის შეგროვება დაიწყო. თავადმა საჩივარი შეიტანა გენერალ-გუბერნატორთან, რომლის განკარგულების თანახმად, ჟანდარმერიის შტაბის ოფიცერმა თაღლითობა აღმოაჩინა. ამას მოჰყვა საჩივარი და გახმაურებული პროცესი. სახლის გამყიდველმა ყველა ინსტანციაში იჩივლა და ბოლოს საქმე სენატმა განიხილა. აღმოჩნდა, რომ მოტყუებულმა მყიდველმა თავისდასაუბედუროდ წაიყვანა საქმე სამოქალაქო წესით, მაშინ, როდესაც სიყალბე გენერალ-გუბერნატორის ინიციატივით ჟანდარმერიის შტაბოფიცერმა აღმოაჩინა. ესენი კი ადმინისტრაციული პირები იყვნენ. რადგან სიყალბე საპროკურორო ზედამხედველობის მეშვეობით გამოვლინდა, საქმე სისხლის სამართლის წესით უნდა წარმართულიყო. ამრიგად, საქმისწარმოებაში დაშვებული იყო შეცდომა. თავადმა საქმე წააგო, დაკარგა როგორც სახლი, ისე თავისი კაპიტალი. მსგავსი მაგალითები კიდევ იყო. თავად ნ. იმერეტინსკიმაც მოისურვა გონივრულად გამოეყენებინა თავისი კუთვნილი კაპიტალი, მაგრამ ისიც ბევრ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობას შეეჯახა.

რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლებისთვის, როგორც ვნახეთ, რუსმა იმპერატორებმა დააკანონეს „გრუზინსკების“, „იმერეტინსკების“ და „ბაგრატიონ-იმერეტინსკების“ გვარები. მსოფლიოში მიღებულია სამეფო დინასტიების წარმომადგენლების მოხსენიება იმ ქვეყნის სახელწოდების მიხედვით, რომელსაც ისინი ეკუთვნიან, რაც მათ მიერ სამეფო ღირსების დაკარგვას არ გულისხმობს. ერთი შეხედვით, იმავე მოვლენასთან გვაქვს საქმე ბაგრატიონების შემთხვევაში, მაგრამ აქ არის ძირეული განსხვავება. ბაგრატიონები ბატონიშვილები აღარ უნდა ყოფილიყვნენ და თავიანთი სამეფო წარმომავლობა უნდა დაევიწყებინათ, ანუ მათ ერთმეოდათ სამეფო ღირსება. ოფიციალურ დოკუმენტებში მათ არ უნდა ეხსენებინათ, რომ „ყოფილი სამეფო სახლის“ წევრები იყვნენ.31 აი, ეს არის ის ძირეული განსხვავება, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ.

წლების მანძილზე იდგა ზემოხსენებული „ბრწყინვალე“ თავადებისათვს უგანათლებულესობის ტიტულის მინიჭების საკთხი, რაც დადებითად მხოლოდ 1865 წელს გადაწყდა. იქამდე, კი, 1864 წლის 15 იანვარს, დიდმა მთავარმა, კავკასიის მეფისნაცვალმა წარდგინება გაუგზავნა კავკასიის კომიტეტის წევრს, საქმეთა მმართველს, რაც შეეხებოდა თავად გრუზინსკებისთვის უგანათლებულესობის ტიტულის მინიჭებას, იმავე უფლებებით, რაც ჰქონდათ სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავართა სახლების წევრებს. მეფისნაცვალი საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდა. ერთი მხრივ, მას გაუმართლებლად მიაჩნდა საქართველოს ყოფილი სამეფო სახლის წევრებზე ტიტულის გავრცობა იმავე საფუძველზე, რომელზედაც უგანათლებულესობის ტიტული მინიჭებული ჰქონდა სამეგრელოს და აფხაზეთის მთავართა სახლების ზოგიერთ წევრს, ვინაიდან ეს წესები ეხებოდა არსებულ მთავრებს და მათ უახლოეს შთამომავლებს. რაც შეეხება საქართველოს სახლს, ახლა მთავრობას მოუხდებოდა მისი ზოგიერთი არსებული წევრის მიერ უგანათლებულესობის ტიტულის ტარების უფლების აღიარების განპირობება საქართველოს უკანასკნელ მეფესთან უახლოესი კავშირით უფროს შტოში, რაც 60 წლის შემდეგ უხერხულობას შექმნიდა. თავის დროზე მიღებულმა წესმა, რომ საქართველოს მეფის ყველა შვილს მინიჭებოდა ბატონიშვილის ტიტული და რომ მათი შვილები ერთნაირად ყოფილიყვნენ მიკუთვნებული იმპერიის თავადური საგვარეულოებისადმი, როგორც ჩანს, ერთი მხრივ, გადაჭრა სამეფო სისხლისადმი («Царской крови») კუთვნილების შეწყვეტის საკითხი პირველსავე თაობაში, მეორე მხრივ, შემდგომ თაობებზე გავრცელდა იმპერიის საერთო კანონებით აღიარებული, თავადაზნაურული საგვარეულოს ყველა წევრის უფლება მათი საგვარეულოს კუთვნილი ტიტულის ტარებისა. „ამჟამად განსხვავების აღდგენა, გამართლებული მხოლოდ ორი, ჯერ კიდევ არსებული მთავრის სახლისთვის გამოცემული წესებით, ნიშნავს წარსულის მოგონებების ხელოვნურად გამოწვევას და საქართველოს სახლის იმპერიის სათავადაზნაურო საგვარეულოების მიმართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩაყენებას და ეს იმ დროს, როდესაც უკვე არსებობს უზენაესი ბრძანება, რომელიც კრძალავს საჯარო აქტებში „საქართველოს ყოფილი სამეფო სახლის“ დასახელების ხსენებას.“32 მეფისნაცვალი თვლიდა, რომ აუცილებელი იყო ორიდან ერთის არჩევა, ან საქართველოს სახლის ყველა წევრს უნდა მინიჭებოდა უგანათლებულესობის ტიტული, რაც საერთო წესის თანახმად, გადაეცემოდათ მათ შთამომავლებს, ან იმჟამად ცოცხლად მყოფი თავადი და თავადის ასულ გრუზინსკებიდან არავის არ უნდა მინიჭებოდა. მეფისნაცვალი, როგორც ჩანს, იმპერატორის სურვილის შესაბამისად, გამოსავალსაც პოულობდა: 1804 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ნათქვამი იყო, რომ ქართველი ბატონიშვილების შთამომავლები იმპერიის პირველ საგვარეულოებთან თანაბრად იქნებოდნენ დაფასებული. ხოლო უმაღლეს საპატიო ტიტულად იმპერიაში მიჩნეული იყო უგანათლებულესობის ტიტული. აქედან გამომდინარე, 1804 წლის გადაწყვეტილებასთან სრულ შესაბამისობაში იყო იმპერატორის ნება, რომ ამ სახლის წევრებს ყველაზე საპატიო ადგილი დაემკვიდრებინათ იმპერიის თავადაზნაურთა რიგებში. ეს იქნებოდა მათი საგვარეულოსადმი ყოვლად მოწყალე ყურადღების ნიშანი. მათ უნდა ბოძებოდათ უგანათლებულესობის ტიტული საერთო საფუძველზე. პასუხად მეფისნაცვალმა მიიღო უზენაესი ბრძანება სამთავრობო სენატიდან. მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ბრძანებით, სამთავრობო სენატმა მოისმინა: იუსტიციის მინისტრის 2 ივლისის წინადადება №11133, აგრეთვე უზენაესი ბრძანებულება სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების თაობაზე. სახელმწიფო საბჭოს აზრი, უზენაესად დამტკიცებული 20 ივნისს, შემდეგი შინაარსისაა: შუამდგომლობა საქართველოს და იმერეთის უკანასკნელი მეფეების შთამომავლებისათვის, მამრობითი ხაზით, თავად გრუზინსკებისა და იმერეტინსკებისათვის უგანათლებულესობის ტიტულის მინიჭების შესახებ, ხელმწიფე იმპერატორის კეთილ ნებასურვილს მიენდოს. იმ შემთხვევაში, თუ მისი უდიდებულესობის უზენაესი ნება-სურვილი იქნება, ამ პირებს დაევალოთ სამთავრობო სენატის ჰერალდიის დეპარტამენტში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა მათი წარმომავლობის შესახებ, რათა ამ დეპარტამენტიდან მიიღონ მოწმობა უგანათლებულესობის ტიტულზე.

იმპერატორმა სახელმწიფო საბჭოს საერთო საკრებულოში წარდგენილი წინადადება დაამტკიცა და აღსრულება ბრძანა. შემდგომში ბარონ ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაის, მისი მოთხოვნის თანახმად, გადაეგზავნა დოკუმენტები, რომლებშიც ასახულია „უგანათლებულესობის“ ტიტულის მინიჭების ისტორია. სახელმწიფო საბჭომ განიხილა კავკასიის კომიტეტიდან შემოსული ბარათი, სადაც აღნიშნული იყო შემდეგი:

1) თუმცა საქართველოს და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლების შთამომავლებისათვის უგანათლებულესობის ტიტულის მინიჭების საკითხი ადრე უარყოფითად გადაიჭრა, მაგრამ 1863 წელს, ხელმწიფე-იმპერატორმა, განიხილა რა განსვენებული ქართველი ბატონიშვილის ვაჟის, თავად გრიგოლ გრუზინსკის თხოვნა საქართველოს ყოფილი მეფეების შთამომავლებისათვის უგანათლებულესობის ტიტულის მინიჭების თაობაზე, მიიჩნია, რომ თავად გრუზინსკებს შეეძლოთ ჰქონოდათ ისეთივე უფლება უგანათლებულესობის ტიტულზე, როგორც სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავართა სახლების წევრებს. ამის შემდეგ, იმპერატორმა ბრძანა არსებულ საქმეზე მთელი მიმოწერის - განსახილველად, სახელმწიფო საბჭოსათვის გადაცემა. ამგვარი ბრძანება სახელმწიფო საბჭოსათვის იმის მანიშნებელი იყო, რომ წარსულში ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა, მოცემულ დროს, ვერ შეუქმნიდა წინააღმდეგობას საკითხის ახლებულ, სამართლიანობაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას.

2) საქართველოს და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლების შთამომავლები „იმყოფებიან განსაკუთრებულ მდგომარეობაში, რაც განასხვავებს მათ რუსეთის იმპერიის ყველა ცნობილი თავადური საგვარეულოებისგან“. დოკუმენტში ნათქვამია, თითქოსდა, საქართველო, ანუ ქართლ-კახეთი, რუსეთის მიერ დაპყრობილი კი არ ყოფილა, არამედ ნებაყოფლობით შეუერთდა მას. ეს გარემოება, სახელმწიფო საბჭოს აზრით, იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სრულ საფუძველს ქმნიდა იმისთვის, რათა ამ მეფეების შთამომავლებს შეენარჩუნებინათ უგანათლებულესობის ტიტული, რომელიც დაამტკიცებდა რუსი მონარქების მიერ ხსენებული მეფეების შთამომავლების მიმართ გამოჩენილ სამართლიანობას და იქნებოდა მუდმივი შეხსენება მათ მიერ საქართველოს რუსეთთან ნებაყოფლობით მიერთებისა. (იმერეთის სამეფოს ძალისმიერი გზით გაუქმება და ოკუპაცია იმდენად აშკარა ფაქტი იყო, რომ მისი შელამაზება ჩინოვნიკებმა ვერ მოახერხეს, რის გამოც, ამ საკითხს საერთოდ გვერდი აუარეს - მ.ხ.) საქართველოს მეფეები ეკუთვნოდნენ ყველაზე უძველეს საგვარეულოს ქრისტიანულ სამეფო საგვარეულოებს შორის. თუმცა რუსეთში არიან ცნობილი თავადური საგვარეულოების შთამომავლები, რომლებიც მთავრებისგან, იურიკებისგან და ვლადიმირ დიდისგან მოდიან, მაგრამ აქ, მთავრობის აზრით, არსებობს არსებითი განსხვავება: რუსი მთავრების შთამომავლებში თითქმის აღარც კი ცოცხლობს ხსოვნა მათი შორეული წინაპრების მთავრობის შესახებ, მაშინ როდესაც საქართველოს მეფეთა ზეობა ამ დოკუმენტის შედგენის წინ, 60 წლით ადრე შეწყდა.

3) თავადისათვის უგანათლებულესობის ტიტულის ბოძება, როგორც ძველი მაგალითები გვიჩვენებენ, თუმცა განსაკუთრებული დამსახურების გამო ხდებოდა, მონარქის განსაკუთრებული კეთილგანწყობის ნიშნად, როგორც უმაღლესი ჯილდო, მაგრამ ამასთან მხედველობაში იყო მიღებული საგვარეულოს წარჩინებულობაც.

„შეუძლებელია საქართველოს და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლების შთამომავლების საგვარეულოს წარჩინებულობის უარყოფა. ასევე არ არსებობს შიშის საფუძველი, რომ ზემოხსენებული სამეფო სახლების შთამომავლებისთვის უგანათლებულესობის ტიტულის მინიჭება გამოიწვევს არასასურველ შედეგებს, რუსული თავადური საგვარეულოების დამცირებას ან უგანათლებულესობის ტიტულის ღირსების შესუსტებას. ის გარემოება, რომ აღნიშნული სამეფო სახლების შთამომავლებიდან, რომლებიც უგანათლებულესობს ტიტულს მიიღებენ, ყველას არ ექნება შესაძლებლობა გარეგნული ბრწყინვალებით იყოს გარემოცული, სახელმწიფო საბჭოს აზრით, ვერ შეძლებს უგანათლებულესობის ტიტულის ღირსების დაკნინებას. ეს პირები ისარგებლებენ უგანათლებულესობის ტიტულის შესაფერისი პატივით, რაც შორეულ მომავალშიც იქნება მაჩვენებელი იმ სამართლიანი წყალობისა, რომელიც რუსმა მონარქებმა გაიღეს სამეფო სახლების შთამომავლების მიმართ, მათი წინაპრების დამსახურების გამო.“

4) დაბოლოს, ზემოაღნიშნული სამეფო სახლების უკლებლივ ყველა შთამომავლისთვის უგანათლებულესობის ტიტულის მინიჭება სრულ შესაბამისობაში იქნება 1804 წელს დაკანონებულ წესთან, რომლის თანახმად „ბატონიშვილის“ ტიტული მიენიჭა ქართველი მეფეების ყველა შვილს, ხოლო ბატონიშვილების შვილები ერთნაირად იქნენ მიკუთვნებული იმპერიის თავადურ საგვარეულოებისადმი, რის გამოც, ნებადართულია შემდგომ თაობებზე გავრცელება იმპერიის საერთო კანონებით აღიარებული, თავადაზნაურული საგვარეულოს ყველა წევრის თანაბარუფლებიანობისა მათი საგვარეულოს კუთვნილ ტიტულზე.33

სახელმწიფო საბჭოს გადაწვეტილებით, რომელიც უზენაესად იქნა დამტკიცებული 1865 წლის 20 ივნისს, იმერეთის ბოლო მეფეთა შთამომავლებს, მამრობითი ხაზით, თავად იმერეტინსკებს იმავე წელს უგანათლებულესობის ტიტული ებოძათ. 1876 წელს უგანათლებულესობის ტიტული მიიღეს თავადებმა ბაგრატიონ-იმერეტინსკებმა.34

იმერეთში, სოფელ ღვანკითში მცხოვრებმა თავადმა ივანე დავითის ძე ბაგრატიონმა, როგორც მეფე ალექსანდრე V-ს ვაჟის, ბაგრატ ბატონიშვილის შვილიშვილმა „უგანათლებულესობის“ ტიტულის მონიჭება მოითხოვა. ბაგრატ ბატონიშვილის უფროსი ვაჟის, სიმონის შთამომავლებმა ამგვარი თხოვნა ვერ წარადგინეს, ვინაიდან მათ იმ წლებში, როგორც ზემოთ განვიხილეთ, რუსი მოხელეებისა და საკუთარი ახლობლების უსამართლობის შედეგად, თავადობა ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამტკიცებული. სამთავრობო სენატმა ქუთაისის საგუბერნიო სამმართველოს მოსთხოვა, რომ თავად ივანე ბაგრატიონს თავისი წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარედგინა, მაგრამ თავადი გარდაიცვალა. საქმე განაგრძო მისმა შვილმა, თავადმა ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონმა, რომელმაც „უგანათლებულესობის“ ტიტულის მონიჭების თაობაზე თხოვნით მიმართა მეფისნაცვალს, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძეს. მან სათანადო დოკუმენტების მეშვეობით დაამტკიცა თავისი წარმომავლობა. დოკუმენტებს შორის იყო მეფე სოლომონ I-ის მიერ თავისი ძმისთვის, ბაგრატ ბატონიშვილისთვის მიცემული სიგელი, რომლითაც მას სოფელი ღვანკითი უბოძა (ამ სიგელს ჩვენ ზემოთ უკვე გავეცანით. ის გახდა ბაგრატ ბატონიშვილის შვილების, დავითისა და სვიმონის შთამომავლებს შორის დაპირისპირების მიზეზი, რადგან მასში ბაგრატის მხოლოდ ერთი ვაჟის - სვიმონის სახელი ეწერა), შემდეგ ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონმა მთავარ სამმართველოს მიმართა თხოვნით, დამოწმებული უზენაესი ბრძანებულების საფუძველზე მისთვის მოწმობის გაცემის თაობაზე, სამთავრობო სენატში წარსადგენად და იქედან მოწმობის მისაღებად უგანათლებულესობის ტიტულის მიღების უფლებაზე. მისი თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა. 1869 წელს მას მიეცა მოწმობა კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოდან სამთავრობო სენატის ჰერალდიის დეპარტამენტში წარსადგენად მასზე, რომ „იმერეთის ყოფილი სამეფო სახლის წევრების სიაში ის ნაჩვენებია იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ძმის, ბაგრატ ბატონიშვილის შვილთაშვილად, რის გამოც მას, თავად ალექსანდრე ბაგრატიონს, თანახმად 1865 წლის 20 ივნისის უზენაესად დამტკიცებული სახელმწიფო საბჭოს დადგენილებისა, უფლება აქვს იმერეთის უკანასკნელი მეფეების შთამომავლებისათვის ყოვლადმოწყალედ ბოძებულ უგანათლებულესობის ტიტულზე“.36

საქმე ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ალექსანდრე ბაგრატიონის მიმართ უსამართლობამ იჩინა თავი. სენატმა დაადგინა საქმის გადაცემა მეფისნაცვლისათვის, რომელსაც წინასწარ დასკვნასთან ერთად, უნდა წარმოედგინა თავისი მოსაზრება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გაგებული გამოთქმა „უკანასკნელი მეფეების“. რაზე მიუთითებდა მრავლობითი რიცხვი? სიტყვა „მეფეები“ საქართველოსა და იმერეთის მეფეებს აღნიშნავდა, თუ საერთოდ, საქართველოსა და იმერეთის უკანასკნელი მეფეების შთამომავლებს ჰქონდათ უფლება „უგანათლებულესობის“ ტიტულზე.

აღმოჩნდა, რომ კავკასიის კომიტეტის საქმეებში არ იყო არავითარი ცნობები იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ძმის, ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლების შესახებ, რომლებსაც მიეკუთვნებოდა თავადი ალექსანდრე ბაგრატიონი და რომ ზემოაღნიშნულ საკითხზე მიმოწერის დროს, ნაგულისხმევი იყვნენ საქართველოსა და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლების მხოლოდ ის შთამომავლები, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ განსაკუთრებულ პირობებში იყვნენ ჩაყენებული.37 საბოლოოდ, 1871 წლის 1 ნოემბერს, მეფისნაცვალს სამთავრობო სენატიდან გამოეგზავნა იმპერეტორის ბრძანება, სადაც ნათქვამია, რომ უგანათლებულესობის ტიტულის მიღების უფლება საქართველოსა და იმერეთის ყოფილი სამეფო სახლების მხოლოდ იმ შთამომავლებს ჰქონდათ, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული, „ხოლო ამგვარი შთამომავლების რიცხვს თავადი ალექსანდრე ბაგრატიონი არ მიეკუთვნება, ვინაიდან მთხოვნელის პაპის და იმერეთის მეფე სოლომონ I-ის ძმის, ბაგრატ ბატონიშვილის, არც ერთი შთამომავალი რუსეთში გამოძახებული არ ყოფილა, მთავრობისგან განსაკუთრებული დახმარებით არ უსარგებლია, როგორც იმერეთის ყოფილი სამეფო სახლის წევრს და არც ერთი მათგანის მამული ხაზინაზე გადაცემული არ ყოფილა.“38 ამიტომ თავად ალექსანდრე ბაგრატიონზე უზენაესად დამტკიცებული სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება ვერ გავრცელდებოდა. თავად ალექსანდრე ბაგრატიონს უარი ეთქვა.

ჩვენი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა იმ ფაქტმა იქონია, რომ ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლები 1819-1820 წლების აჯანყების მონაწილენი იყვნენ. უკანონოდ შობილი გიორგი ბატონიშვილის შთამომავლებს, ბაგრატიონ-იმერეტინსკებს დაბრკოლება არ შეხვედრიათ, ვინაიდან რუსეთს ერთგულად ემსახურებოდნენ. ბაგრატ ბატონიშვილის კანონიერი შვილის, აჯანყებაში მოკლული დავით ბატონიშვილის, შთამომავლებმა კი, სამეფო წარმომავლობის მიუხედავად, უგნათლებულესობას ტიტულის მიღებაზე უარი მიიღეს. ალექსანდრე ბაგრატიონი არ დანებდა და განაგრძო ბრძოლა ტიტულისათვის. 1892 წელს პეტერბურგში გამოცემულ წიგნში «Списки титулованным родам и лицам Российской Империи» მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: „თავადი ბაგრატიონები (2) იმერეთის მეფის ალექსანდრე V-ის (გარდაიცვალა 1752 წელს) ვაჟის, იმერელი ბატონიშვილი ბაგრატის შთამომავლები…

სამთავრობო სენატის 1881 წლის 15 ივლისის დადგენილებით, 1865 წლის 20 ივნისის უზენაესად დამტკიცებული სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თავად ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონს „უგანათლებულესობის“ ტიტული ებოძა“.39 ამონარიდიდან ნათლად ჩანს, რომ თავადი ალექსანდრეს გვარი ისევ ბაგრატიონი დარჩა, მაგრამ XX და XXI საუკუნის ზოგიერთი ავტორი ამ შტოს ბაგრატიონ-იმერეტინსკის გვარით მოიხსენიებს. ასე მაგალითად, კრებულში „ბაგრატიონები“ ვკითხულობთ, რომ 1881 წლის 15 ივნისს, სენატმა „... იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძმის ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალს - თავად ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის „უგანათლებულესობის“ წოდება მიანიჭა.“40 დამოწმებულია იგივე წიგნი, რომელიც ზემოთ დავასახელეთ და საიდანაც ამონარიდი მოვიტანეთ. როგორც ვნახეთ, სინამდვილეში, აქ „ბაგრატიონ-იმერეტინსკი“ ნახსენებიც არ არის.

როდესაც ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონს „უგანათლებულესობის“ ტიტული მიენიჭა, მისი ბიძა, თავადი თეიმურაზი, როგორც ჩანს, ცოცხალი აღარ იყო. ის ან რუსეთში დარჩა, ან იმერეთში ცოტა ხნით ჩამოვიდა და მას შემდეგ რაც თავადის წოდება დაიმტკიცა, კვლავ რუსეთში დაბრუნდა. მის შესახებ არაფერია ცნობილი. ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია ერთი დოკუმენტი, რომელშიც ვკითხულობთ: „თავადი ივანე დავითის ძე ბაგრატიონი ცხოვრობს შორაპნის მაზრაში. დაქორწინებულია. ჰყავს შვილი ალექსანდრე, რომელიც როგორც იმერეთის ბატონიშვილის, ბაგრატის შვილთაშვილი, უზენაესად დამტკიცებულია უგანათლებულეს თავადად, რაზედაც სამთავრობო სენატიდან, 1881 წლის 15 ივნისს გაცემულ იქნა მასზე მოწმობა №42.“41 ივანე 1869 წელს გარდაიცვალა, 1881 წლის დოკუმენტში კი ის ცოცხლად იხსენიება. აქედან გამომდინარე, ნდობას არ იმსახურებს არც ეს ინფორმაცია, რომელიც იქვეა დაფიქსირებული: „თავადი თეიმურაზ დავითის ძე ბაგრატიონი ცხოვრობს ძმასთან, ივანესთან ერთად“.42

ალექსანდრე ბაგრატიონის თაოსნობით, სოფ. ღვანკითში სამების ახალი ეკლესია აშენდა. 1895 წელს გაზეთ „კვალის“ კორესპონდენი წერდა, რომ სოფელ ღვანკითის მცხოვრებლებმა სამი წლის წინ ახალი ეკლესიის მშენებლობა წამოიწყეს. „მრევლში მოხდა უკმაყოფილება, ეკლესიის აშენების ადგილზე და სამრევლო გაიყო ორ ნაწილად: ერთ ნაწილს ეკუთვნის იქვე მცხოვრები მებატონე, იმ სოფლის თავადი ალექსანდრე ბაგრატიონი, რომელსაც დაეთანხმნენ მეტი მომხრეები და ეკლესია დაიწყეს ახალ ალაგზე. მეორე ნაწილს მრევლისას სურდა ეკლესიის აშენება იქვე, სადაც დღეს არის ძველი ეკლესია. ამ დავიდარაბის გამო მეორედ დაწყებული ეკლესია, ორს არშინამდე აშენებული, ეს ოთხი წელიწადია აღარ შენდება. 19 მარტს მოსულა ადგილობრივი ბლაღოჩინი შესატყობინებლად, თუ რომელ მხარეს რამდენი რიცხვი ჰყავს მომხრეები, რომ ამ ხმის უმრავლესობით დააბოლოვოს ამორჩევა ეკლესიის ასაშენებელი ადგილისა.

უმეტესი ნაწილი მრევლის გავიდა ბატონისაკენ და, სხვათა შორის, მეორე ნაწილისაკენ დარჩა ერთი დროებითი ვალდებული გლეხი ოქრუა გავაშელაშვილი, რომელიც ყოველთვის არ ემორჩილებოდა ბატონის მოთხოვნებს. ამ დროს იქ იყო თავადების მომხრეების რიცხვში დათა ლოლაძე, რომელმაც უთხრა გლეხს, - შენ რა მოხელე ხარ, რომ რჩები მადეთო! რატომ აქ არ მოხვალ ჩვენთანო: - გლეხმა უპასუხა - მე არ მსურს ახალი ეკლესია აშენდეს იქ, სადაც დღეს შენდებაო. აზნაურიშვილს არ ეჭაშნიკა და შემოუტია გლეხს გასალახავად, გლეხმა გულზე ხელი კრა და თვითონ უკან დაიწია. აზნაურმა გლეხისაგან ეს მიიღო შეურაცხყოფად, იშიშვლა ხანჯალი, შემოჰკრა ამ გლეხს წარბს ზევით და შუბლი სულ მოაცალა. გლეხი იქვე დაეცა ძირს უგრძნობლად და წვრილი ცოლშვილის პატრონმა კაცმა სული იმდღესვე ღმერთს მიაბარა. პოლიციამ ჯეროვანი ყურადღება მიაქცია ამ საქმეს, ნელ-ნელა შეუდგნენ ადგილობრივი ცნობების შეკრებას, მაგრამ დამნაშავე ჯერაც არ არის დასჯილი და დადის თავისუფლად.“43

ეკლესია სოფელში შეკრებილი ფულით აშენებულა, სოფლის თავკაცი რევაზა გავაშელაშვილი ყოფილა, რომელთანაც ალექსანდრე ბაგრატიონს 1879 წელს ხელშეკრულება დაუდია: „მე ქვემორე ამის ხელის მომწერნი სოფელს ღვანკითში მცხოვრები კ-ზ ალექსანდრე ბაგრატიონი გაძლევ ამა პირობით ხელის წერილს შენ რევაზა ხოსიას ძე გავაშელაშვილს მას შინა რომელ შენ აღმირჩიე მე ახლის ეკლესიის აღშენებლად ადგილსა ზედა მთავარანგელოსზედ და კიდეც მივიღე აღშენება მისი ჩემს თავზედ შემდეგის პირობით: მე ბაგრატიონმა უნდა აღვაშენო ეკლესია, რომლისა ბალავერი დღეს გაკეთებულია, დაწყებული თლილის ქვით, ეკლარას ქვისა და უნდა იქნეს ხის ცის შეკვრით ალაბასტრის შეღებით და ზევით კრამიტის დახურვით. უკეთუ შენ შენი პირობა ფულისა და ნამუშევრისა, შემისრულო ულაპარაკოდ და უნაკლულოდ, მაშინ მე კნიაზ ბაგრატიონ ალექსანდრე ვალდებული ვარ გაგიკეთო ეკლესია უნაკლოდ ამ რიცხვიდამ სამი წლის განმავლობაში და ნაკურთხი ჩაგაბარო. უკეთუ ვერ გავაკეთო ამ შენის მოცემულის ფულებით, მაშინ ვალდებული ვარ შენი მოცემული ოცდათხუთმეტი მანეთი უკანვე დაგიბრუნო და მევორე ჩემი ოცდათხუთმეტი მანეთი ნეუსტოივად უნდა მოგცე შენდა სასარგებლოდ.“44 უგანათლებულესი თავადი ალექსანდრე ბაგრატიონი 1895 წელს, ორმოცდაოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას გამოეხმაურა მაშინდელი პრესა. „ივერია“ წერდა: „ალექსანდრე ბაგრატიონი უკანასკნელად იყო შორაპნის თავადაზნაურთა წინამძღოლი. თავმჯდომარეობდა სამხედრო ბეგარის საქმეების გამო დაარსებულ სხდომებს შორაპანსა და საჩხერეში. ცუდ ამინდში გაცივდა და ავად გახდა, ჯერ ქუთაისში ექიმობდა, ხოლო რადგანაც ქუთაისში ექიმებს ვერაფერი გაუგიათ, თბილისში წასულა და იქ გარდაიცვალა 1895 წლის შვიდ თებერვალს“.45 გაზეთ „კვალის“ კორესპონდენტი აგვიწერს მიცვალებულის გადასვენებას. ყველა სადგურზე ადგილობრივი საზოგადოება ხვდებოდა და უსამძიმრებდა მის მეუღლეს. სოფელ ღვანკითის საზღვარზეც უამრავი ხალხი დახვდა. თავისი სახლის ეზოში მიცვალებული აზნაურობამ შეასვენა. „ჭიშკართან დაუხვდნენ ასზე მეტი თმაგაშლილი ქალები. მათს ტირილს და მწუხარებას საზღვარი აღარ ჰქონდა... გასვენება 16 დღე გრძელდებოდა.“46 დაკრძალვაზე ვრცელი სიტყვა წარმოთქვა გიორგი წერეთელმა, თავისი ლექსი წაიკითხა აკაკი წერეთელმა: „ამგვარი გლოვა და ეს ტირილი აღარ გვინახავს დიდიხანია! ჰსჩანს, რომ წარსულ დროს თვის ჩვეულება საფლავში თან არ ჩაუტანია…“47

ალექსანდრე ბაგრატიონს დარჩა ერთადერთი შვილი, დავით ბაგრატიონი (1894-1937). ზოგიერთი მკვლევარის მხრიდან არის მცდელობა, რომ ის ბაგრატიონ-იმერეტინსკის გვარით მოიხსენიონ, რისი საფუძველიც არ არსებობს. თავის თანადროულ დოკუმენტებში ის ბაგრატიონის გვარს ატარებს, მაგ., 1912 წლის საბუთში იხსენიება „უგანათლებულესი თავადი დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონი“.48 1910-იან წლებში, დავითს დაგირავებული ჰქონდა სოფლის მამულიც და ქუთაისში მდებარე ძველი სახლიც. 1918 წლის 9 დეკემბერს ის წერს თხოვნას: „ქუთაისის მიხეილის საადგილმამულო ბანკის გამგეობას.

თხოვნა

დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონისაგან. მე შემოვიტანე სოფლის მამულის ვალი სახელდობრ დამპალას 4000 მანეთი. დღეს რადგან დეკრეტის ძალით მამული ჩამომართვეს, ამისათვის გთხოვთ უმორჩილესად ის 4000 მანეთი გადარიცხოთ ქუთაისის მამულზე.“49 (გამგეობამ დაადგინა, რომ ეს ფული ჩარიცხული ყოფილიყო ქალაქის მამულის ვალში).

საბჭოთა პერიოდში დავით ბაგრატიონის სამხედრო სამსახურის შესახებ დოკუმენტური ცნობები არ მოგვეპოვება. დახვრიტეს 1937 წელს. მას დარჩა ერთადერთი ქალიშვილი, ნინო ბაგრატიონი (1915-2009), რომელიც გათხოვილი იყო ავთანდილ ჯაფარიძეზე. ჰყავს შვილები: გიორგი (1945) და დალი (1947). ქალბატონი ნინო იყო პროფესიით არქიტექტორი, 1995 წელს დაფუძნებული „ბაგრატოვანთა სახლის“ წინამძღოლი. კრებულში „ბაგრატიონები“ არასწორად არის გაკეთებული წარწერები უგანათლებულეს თავად ბაგრატიონთა ოჯახის წევრთა ოთხ სურათზე: 210. იოანე ბაგრატის (დავითის - მ.ხ.) ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი, მეუღლესთან ელისაბედთან და შვილთან ალექსანდრესთან ერთად. 211. ალექსანდრე იოანეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი, ასულთან, თამართან ერთად. 212. დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი, მეუღლესთან ქეთევან მაჩაბელთან ერთად. 213. „ბაგრატოვანთა სახლის“ წინამძღოლი ნინო დავითის ასული ბაგრატიონ-იმერეტინსკი (დ.1915), შვილიშვილებთან თორნიკესთან, სალომესთან და ქეთევანთან ერთად.“50 აღნიშნული პირები ბაგრატიონები იყვნენ და არა ბაგრატიონ-იმერეტინსკები.

ამგვარი წარწერები იწვევს გაუგებრობას და ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოების აღრევას. ი. ახუაშვილი გვაწვდის ცნობას, თითქოსდა, 1900 წელს ვარშავის გენერალ-გუბერნატორის, უგანათლებულესი თავადის, ალექსანდრე იმერეტინსკის გარდაცვალების შემდეგ „გვარში უფროსობა მეფე სოლომონ I ძმის ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალს, „უგანათლებულეს“ თავად დავითს გადაეცა, რომლის ასული ნინო ბაგრატიონ-იმერეტინსკი დღეს თბილისში ცხოვრობს…“51 ე.ი. დავითისთვის გვარი შეუცვლიათ და ის ბაგრატიონ-იმერეტინსკი გამხდარა. წყარო მითითებული არ არის და არც შეიძლება არსებობდეს. ალექსანდრე იმერეტინსკი კონსტანტინე ბატონიშვილის უმცროსი, მესამე ვაჟი იყო. მისი გარდაცვალების დროს ცოცხლები იყვნენ მისი უფროსი ძმის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის შთამომავლები: 1. შვილი - ვლადიმერი, რომელიც 1902 წელს გარდაიცვალა. მას დარჩა ქალიშვილი თამარი (1889-1917). 2. კონსტანტინეს უფროსი შვილი, მიხეილი იმ დროს უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მას ჰყავდა შვილები: გიორგი (1872-1954), ალექსანდრე (1875-1906), ნინო (1870-1952) და თამარი (1873-1954). 3. გიორგი მიხეილის ძეს სამი ვაჟი ეზრდებოდა: გიორგი (1897-1972), კონსტანტინე (1898-1978) და მიხეილი (1900-1975). აქედან, მიხეილს სამი ქალიშვილი, თამარი (დაბ. 1926), ნატალია (დაბ. 1930) და ნადეჟდა (დაბ. 1941) დარჩა. ლედი თამარის შთამომავლები უცხოეთში ცხოვრობენ. ისინი თავიანთი მამის გვარს ატარებენ. იმერეტინსკების გვარი ზემოხსენებულ სამ დაზე წყდება. საისტორიო არქივში აღმოჩნდა ერთი საქმე, რომლიდანაც ჩანს, რომ მათი მამის პაპა, მიხეილ კონსტანტინეს ძე, 1869 წელს 20 წლის ასაკში დაქორწინებულა გრაფინია ოლგა მენგდენზე. 1880-იანი წლების დასაწყისში, თავადმა ცოლი და შვილები პეტერბურგში დატოვა და თბილისში ჩამოვიდა. 1891 წლის 12 აგვისტოს, იმპერატორის ბრძანებით, სამთავრობო სინოდის საქართველო-იმერეთის კანტორიდან თავად მიხეილ კონსტანტინეს ძე იმერეტინსკის ყოფილ ცოლს, ოლგა ფეოდორის ასულ გრაფინია მენგდენს მიეცა მოწმობა მასზედ, რომ ამ კანტორის 1890 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებით, რომელიც უწმინდესი სამთავრობო სინოდის მიერ იქნა დამტკიცებული, თავად მიხეილ კონსტანტინეს ძე იმერეტინსკის ქორწინება გრაფინია ოლგა ფეოდორის ასულთან, მისი (გრაფინიას) თხოვნით, გაბათილდა, თავად იმერეტინსკის მიერ ცოლის ღალატის გამო. გრაფინია ოლგა ფეოდორის ასულ მენგდენს მეორედ დაქორწინების უფლება მიეცა, ხოლო თავად იმერეტინსკის სამუდამო დაუქორწინებლობა მიესაჯა და შვიდწლიანი საეკლესიო ეპიტიმიაზე იქნა გადაცემული.52 მიხეილს შვიდი წელი აღარ უცოცხლია. ის 1892 წელს გარდაიცვალა, მაგრამ როგორც ვნახეთ, მას შვილები და შვილიშვილები დარჩა.

საკითხავია, იმერეტინსკების ოჯახს, რომელსაც 1900 წელს გვარის გამგრძელებელი საკმაო რაოდენობით ჰყავდა, ვინ ჩამოართმევდა გვარში პირველობას? მათი წინაპარი კონსტანტინე ბატონიშვილი ხომ სოლომონ II-ის მიერ თავის მემკვიდრედ იყო აღიარებული, რაც თავის დროზე, რუსეთის მთავრობამაც დაადასტურა. როგორც ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე იმერეტინსკის ნაშრომიდან დავინახეთ, მან ბაგრატ ბატონიშვილის და მისი შთამომავლების არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდა, თუმცა ერთ დოკუმენტში „ისტორიული ცნობები იმერეთის ყოფილი სამეფო სახლის წევრების შესახებ“ ნიკოლოზის მამის, კონსტანტინე ბატონიშვილის შესახებ ნათქვამია, რომ პენსიის ოდენობის დადგენისას, ის ცდილობს საქართველოს (ქართლ-კახეთის) ტახტის მემკვიდრეს, დავით ბატონიშვილს გაუტოლდეს, საკუთარ თავს იმერეთის უშვილო მეფე სოლომონ II-ის პირდაპირ მემკვიდრეს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ „ამ მეფეს იმერეთში უფრო ახლო ნათესავები - თავისი ბიძის, ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლები დარჩა“.53

ვარშავის გენერალ-გუბერნატორის სიკვდილის შემდეგ, ბაგრატიონ-იმერეტინსკის გვარი კიდევ იმ მიზეზის გამო ვერ გადაეცემოდა იმერეთში მცხოვრებ დავით ალექსანდრეს ძე ბაგრატიონს, რომ გარდაცვლილი იმერეტინსკის გვარს ატარებდა. ბაგრატიონ-იმერეტინსკებს კი თავისი გვარის გამგრძელებელი ვაჟი ჰყავდათ და 1837 წელს იმპერატორის მიერ მინიჭებული გვარი არავისთვის გადაუციათ. გვარების გადაცემა ასე მარტივად არ ხდებოდა. 1901 წელს „ივერიაში“ გამოქვეყნდა წერილი „იმერეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავალნი“, რომელიც ზოგ საყურადღებო ცნობას შეიცავს: „ვარშავაში გარდაიცვალა ვარშავის გენერალ-გუბერნატორი უგანათლებულესი თავადი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე იმერეტინსკი. რუსული გაზეთები სწერდნენ მაშინ, რომ უგანათლებულესი თავადი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე იმერეტინსკი იმერეთის მეფეთა უკანასკნელი შთამომავალი იყოო. როგორც ეხლა ერთ რუსულ გაზეთში ვკითხულობთ («Биржев. Вед.»-ს დამატება «Огонек» №4) რუსეთში იმერეთის სამეფო გვარეულობის სხვა შთამომავალნიც ყოფილან. რუსეთში ორი საგვარეულო შტო იყო, იმერეთის მეფეთაგან წარმომდგარი: თავადნი ბაგრატიონ-იმერეტინსკები და იმერეტინსკები. ბაგრატიონი-იმერეტინსკები მეფე სოლომონ პირველის შთამომავლები არიან, ხოლო იმერეტინსკები - იმის ძმის დავით მეფის (დავითი სოლომონ I-ის ძმა არ ყოფილა - მ.ხ.) შთამომავალნი.“54 წერილის ავტორმა არ იცის, რომ ვარშავის გენერალ-გუბერნატორის უფროსი ძმის შთამომავლობა კვლავაც აგრძელებდა იმერეტინსკების გვარს. მისთვის არც ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლების არსებობაა ცნობილი. წერილი იმით არის საინტერესო, რომ ბაგრატიონ-იმერეტინსკების ახალგაზრდა წარმომადგენელზე გვაწვდის ცნობას. ნ. იმერეტინსკის ნაშრომიდან ვიცით, რომ დიმიტრი გიორგის ძეს ორი შვილი ჰყავდა, ალექსანდრე და დიმიტრი. ორივე სიღარიბეში გარდაიცვალა, ნ. იმერეტინსკის თქმით, დიმიტრი ცოლიანი იყო. „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში კი ვკითხულობთ, რომ დიმიტრის შესახებ „უწყიან მხოლოდ, რომ ახალგაზრდობისას გარდაიცვალა. უცოლშვილო. ძმა დიმიტრისი თავადი ალექსანდრე აღიზარდა პაჟთა კორპუსში, მსახურებდა ორენბურგის ყაზახთა ჯარში და გარდაიცვალა 1880 წელს. დარჩა ალექსანდრეს ქალი ოლგა და ვაჟი ალექსანდრე.

ეს უკანასკნელნი წარმომადგენელნი იმერეთის მეფეებისა თავიანთ დედასთან ერთად (ლიდია ალექსანდრე როზონოვის ასულთან) ქალაქ უფაში სცხოვრობენ თურმე. შეიძლება თითქმის არაფერი ჰქონიათ. თავადი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ამჟამად ორენბურგის იუნკერთა სასწავლებელში სწავლობს, ხოლო ოლგა ალექსანდრეს ასული დედასთან ცხოვრობს. ამრიგად რუსეთში სოლომონ პირველის შთამომავალნიღა დარჩნენ.“55 ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ 1901 წელს ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი სრულიად ახალგაზრდა იყო. რა ბედი ეწია მას შემდეგ? მისი ცხოვრების და გარდაცველების შესახებ ცნობები არ არსებობს. (ქუთაისში ცხოვრობს ერთი ოჯახი, რომელიც ბაგრატიონის გვარს ატარებს. ოჯახის წევრების გადმოცემით, მათი ბებია, ოლღა ალექსანდრეს ასული, დაბადებული 1906 წელს, ბაგრატიონი ყოფილა. მისი მშობლები იყვნენ ალექსანდრე ბაგრატიონი და ირინა ლომთაძე, სოფელ კურსებიდან. სოფელ კურსებში მართლაც ცხოვრობდნენ ლომთაძეები. ქუთაისში ოჯახს ჰქონდა დუქნები. ოლღა სამხედრო პირზე, გვარად ანიშჩენკოზე გათხოვილა, მისი და, ნინა - გორდიენკოზე, ხოლო ძმა ბ- ნიკოლოზი, ცხოვრობდა ფრუნზეში ან ტაშკენტში, უკრავდა ორკესტრში. შემდეგ II მსოფლიო ომში დაიღუპა. დაოჯახებული არ ყოფილა. ოლღა ალექსანდრეს ასული ასწავლიდა მუსიკას, სახლში უკრავდა გიტარაზე და მღეროდა რუსულ რომანსებს. 1937 წელს მისი ქმარი დახვრიტეს. შეშინებულმა ოლღამ შვილს გვარი გამოუცვალა და ბაგრატიონად ჩაწერა. ამ ამბის მოსმენის შემდეგ, გამიჩნდა კითხვები: ხომ არ იყო ოლღა ალექსანდრეს ასულის მამა სწორედ ის ახალგაზრდა ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი, რომელიც 1901 წელს იხსენიება? მას არავითარი ქონება არ ერგო. მამამ ყველაფერი გაფლანგა. დედა ქ. უფის ქალთა გიმნაზიის გამგედ მუშაობდა. იქნებ იმერეთში ჩამოვიდა და მდიდარი გლეხის ქალზე იქორწინა? საინტერესო დამთხვევაა: ოლღა და მისი ძმა მუსიკალური ნიჭით ყოფილან დაჯილდოებული. ალექსანდრე ბაგრატიონ - იმერეტინსკიც ხომ სხვადასხვა ორკესტრებში დაკვრით ირჩენდა თავს ევროპაში. იქნებ, მის შთამომავლებს მისი ნიჭი გამოჰყვათ? ამ ყოველივეს გათვალისწინებით, დავიწყე დოკუმენტების ძიება, მაგრამ არც სოფელ კურსების ეკლესიის და არც ქუთაისის ეკლესიების სამეტრიკო წიგნებში ოლღა ბაგრატიონის დაბადების, ან მისი მშობლების ქორწინების ჩანაწერი არ აღმოჩნდა, ვერც ხსენებულმა ოჯახმა მომაწოდა რაიმე დოკუმენტი.)

„ბაგრატოვანთა სახლის“ ალმანახში „ბაგრატოვანნი“ გამოქვეყნდა გენეალოგიური ტაბულა „იმერეთის მეფეები, ბაგრატიონ-იმერეტინსკები და იმერეტინსკები“,56 სადაც მეფე სოლომონ I-ის შთამომავლობა ნაჩვენები არ არის, ანუ ბაგრატიონ-იმერეტინსკები შეყვანილი არ არიან. მათ წარმომადგენლებად ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალი უგანათლებულესი თავადი ბაგრატიონები გვევლინებიან, მაშინ, როდესაც მათი გვარი - ბაგრატიონი, ტაბულის დასახელებაში გამოტანილი არ არის. ტაბულა მთავრდება ქალბატონი ნინო ბაგრატიონის შვილიშვილებით. თავად დავით ბაგრატიონის სახელთან ვხედავთ მისი სტატუსის განმარტებას „იმერეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე“. ჩვენთვის უცნობია, თუ როდის და ვის მიერ მიენიჭა მას ეს სტატუსი. „ელაზნაურის ტრაქტატის“ მე-2 მუხლში მეფე სოლომონ II აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ღმერთი არ მისცემდა „მამობრისა სქესისა“ შთამომავალთ, მაშინ მის შემდგომ „მეფის ძეს კონსტანტინეს დავითის ძეს და მისთა შთამომავლობასა“ უნდა ესარგებლათ იმერეთის მეფობის უპირატესობით.57 ეს მუხლი იმითაც არის საყურადღებო, რომ ტახტის მემკვიდრეებად მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან მიჩნეული. მეფე გიორგი XII-ის მემკვიდრე დავით ბატონიშვილი 1813 წელს თავის ნაშრომში „საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა“ წერდა: «Вдовствующая царица, ни другие особы женского пола, к царскому грузинскому дому принадлежащие, престола наследовать не могут.»58

უფრო ადრინდელ ნაშრომში დავით ბატონიშვილი განმარტავდა, რომ ტახტის მემკვიდრეობა მეფის უფროს ძეს ეკუთვნოდა „და უკეთუ მოკვდის იგი და დაუშთის ძე, ძე მისი იქმნებოდის, და არა ძმანი“. ბატონიშვილი ხაზს უსვამდა, რომ (მეფის) ასულთა ძენი „გამორიცხულ არიან ამა ღირსებისაგან“,59 ანუ არ არიან ტახტის მემკვიდრეები. რუსეთის იმპერიის დადგენილებების თანახმადაც, როგორც უკვე განვიხილეთ „თავადებზე გათხოვილი ქართველი და იმერელი ბატონიშვილი ქალების მიერ შობილი შვილები ინარჩუნებენ თავიანთი მამების გვარს“, ანუ დედიდან ბაგრატიონის გვარი არ გადადის.

ზემოხსენებულ ალმანახში ვკითხულობთ, რომ 1881 წლის 15 ივნისს სახელმწიფო სენატმა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძმის ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავალს - თავად ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკის „უგანათლებულესობის“ წოდება მიანიჭა.60 მითითებულია იგივე წყარო - ტიტულოვანი საგვარეულოების ნუსხები, რომელშიც, როგორც ზემოთ დავინახეთ, თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ბაგრატიონად იხსენიება.

ჟურნალისტმა ლ. ჯიყაშვილმა ქალბატონ ნინო ბაგრატიონის მოგონებებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ალექსანდრე ბაგრატიონის ვაჟი დავით ბაგრატიონი“, სადაც მოთხრობილია, რომ „დავითი სკოლაში არ მიიყვანეს. ცოტა უხერხული იყო, ბატონიშვილის წინაშე მასწავლებელი ფეხზე უნდა ამდგარიყო. ეს უხერხულობას ქმნიდა, თანაც მეფის შთამომავალს სულ თან დაჰყვებოდა დაცვა, უმეტესად დაქირავებული ინგუშები. ესეც უხერხულობას ქმნიდა“.61 მართალია, ემიგრანტულ ლიტერატურაში მოიპოვება ცნობები დავით ბაგრატიონის ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლის შესახებ, მაგრამ ჩვენ მისი ქალიშვილის ვერსია უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია. დავითს სახლში უსწავლია რამდენიმე უცხო ენა. „მენშევიკების დროს მის დასაპატიმრებლად მატარებლის ვაგონით ჩაფრები ჩამოსულან ზესტაფონიდან“. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 1921 წლიდან თბილისში ცხოვრობდა, შემდეგ ბათუმში. იქიდან ოჯახით ქუთაისში ჩავიდა. გასაბჭოების შემდეგ, „ერთ მშვენიერ დღეს დავითი მთავრობის წევრებმა გამოიძახეს და უთხრეს: - ტყეში ყაჩაღად გასულები მოითხოვენ, მოლაპარაკებისათვის მხოლოდ ბატონიშვილი მოვიდეს უიარაღოდ და მარტო მას ვენდობით, ის თუ გვეტყვის, მთავრობას შემოვურიგდებითო. შენ უნდა წახვიდე მოსალაპარაკებლადო. უნდა წასულიყო მარტო და უიარაღოდ. ტყეში გასულთაგანი ერთ-ერთი სერგო ლაბაძე იყო. ცხადია, ეს საკმაოდ საშიში და სარისკო საქმე იყო, მაგრამ დავითი არ დამფრთხალა. წავიდა ტყეში. მაშინ ბევრი შემოირიგა. ყაჩაღებთან ბრძოლა მესაზღვრეების საქმე იყო. ეს დაწესებულება კი ჩეკას ექვემდებარებოდა. ატყდა ერთი ამბავი, ტახტის უკანასკნელი მემკვიდრე ჩეკაში მუშაობს. ეს კიდევ ერთი მოუშუშებელი ტკივილი იყო სამეფო ოჯახისთვის.“62

ამ მონათხრობს ეხმიანება ისტორიკოს ნ. კირთაძის მიერ გამოქვეყნებული ერთი დოკუმენტი. ეს არის ამონარიდი მ. კოღუაშვილის დაკითხვის ოქმიდან, რაც 1924 წლის აჯანყების მზადების პერიოდს შეეხება: „1923 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში ზემოავჭალის ჰიდრო-ელექტროსადგურის სამუშაოებზე მოვიდა „ჩეკის“ ავტომობილი, სადაც ისხდნენ დ. ბაგრატიონი და კიდევ სხვა „ჩეკისტები“… ეძებდნენ იმნაძეს და ნიკოლეიშვილს. მეც მიკითხეს. გავიგე ეს თუ არა მაშინვე დავიმალე“.63

ამგვარმა ფაქტებმა, მართლაც ჩრდილი მიაყენა დავით ბაგრატიონის სახელს. ამაზე მეტყველებს ქალბატონ ბაბო დადიანის მოგონებები: „მე ფეხმძიმედ ვიყავი თათულიზე. ვცხოვრობდი კობის ქუჩაზე. დიდი ნერვიულობა და შიში გამოვიარე. დაიწყო დაკითხვები, გამომძიებელი ნოვოსელცოვი მეორედ მოვიდა ჩემთან გასაჩხრეკად. ჩემმა ძმამ, დემნამ დაინახა, რომ მანქანაში იჯდა დავით ბაგრატიონი, დიდგვაროვანი ჩეკისტი, რომელიც ბერიას ერთგულად ემსახურებოდა. მან ჩეკაში ჩაყარა მთელი ოფიცრობა და თავადაზნაურობა. ლექსიც დაიწერა მასზე და მღეროდნენ კიდეც:

„ქვითინებს მწარედ მტკვარი, რიონი…
შენ - მოღალატე ბაგრატიონი…“

სანამ გამომძიებელი ნოვოსელცევი და მისი თანმხლები პირები ბინის ჩხრეკით იყვნენ დაკავებულნი, დ. ბაგრატიონი მათ მანქანაში ელოდებოდა. ჩვენთან ვერ შემოვიდა, როგორ ეყო ამდენი სინდისი.“64

ნიკო ბერძენიშვილი გვაწვდის შემდეგ ცნობას: „ღვანკითში ვასო კორტს ღირსშესანიშნავად მიაჩნია გვიჩვენოს ბაგრატიონის ნაბუდარი. გვარიც გადიკეთაო. ამბობენ, ჩეკიშვილად დაიწერაო, - დიდი მემამულე იყო. აი იქ იყო სასახლე, ყოველ დღე რამოდენიმე ხარი იკვლებოდა იქ…“65

დავუბრუნდეთ დავით ბაგრატიონის ქალიშვილის მოგონებებს. 1927 წელს დავით ბაგრატინმა ამიერკავკასიის სატრანსპორტო ინსტიტუტი დაამთავრა ავტომობილების ტრასების სპეციალობით. მალე „საქავტოტრანსის“ უფროსად დანიშნეს. „დავით ბაგრატიონი იყო ღრმად ერუდირებული, პრინციპული და ინტელეგენტი ხელმძღვანელი“. 1937 წლის 27 ივნისს დავით ბაგრატიონი ისევ დააპატიმრეს და ცოტა ხნის შემდეგ დახვრიტეს. მეუღლე და ერთადერთი ქალიშვილი ბინიდან გამოასახლეს. დავით ბაგრატიონის უდანაშაულო მეუღლეს ათი წელი მიუსაჯეს.66

დავით ბაგრატიონი 1820 წელს რუსების მიერ მოკლული დავით ბაგრატის ძე ბაგრატიონის უკანასკნელი შთამომავალი იყო მამრობითი ხაზით. ორივე დავითს სასტიკად გაუსწორდნენ.

4 ბოლოთქმა

▲ზევით დაბრუნება


ბაგრატიონთა იმერულ შტოსთან მიმართებაში ბევრი რამ ბურუსით იყო მოცული, რამაც ხელი შეუწყო თვითმარქვიების მომრავლებას. მათ ჯერ სოლომონ II-ის არარსებული შვილის შთამომავლებად გაასაღეს თავი და თავიანთ შვილს ნათლობის სახელად „სოლომონ III“ უწოდეს. როდესაც გახმაურდა, რომ სოლომონ II-ს შვილი არ ჰყოლია, იმავე თვითმარქვიების ოჯახმა ახლა ახალი ვერსია მოიგონა, თითქოსდა სოლომონის ძმის შთამომავლები იყვნენ: „ჩვენ მისი ძმის სახლის შთამომავალი ვართ - ტარიელ ბაგრატიონი ყოფილა ჩვენი წინაპარი“.1 ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ მეფე სოლომონს ერთადერთი უკანონოდ შობილი ძმა ჰყავდა, მამუკა და ამაზე აღარ შევჩერდებით. ზოგჯერ ისტორიკოსებიც მცდარ განმარტებებს იძლევიან, რაც გაუგებრობას წარმოშობს. ასე მაგალითად, პუბლიკაციაში „აღსრულებული ანდერძი“ ვკითხულობთ: „სოლომონს ძე არ ჰყოლია, ჰყავდა ძმისშვილები, რომელთა შთამომავალი დღესაც ცხოვრობს სოფელ ღვანკითში. ბაგრატიონთა ამ შტოს წარმომადგენლებს რუსეთის იმპერატორმა იმერეტინსკის წოდება მიანიჭა. გამორიცხული არ არის, რომ სოლომონის ძმისშვილებიდან ერთი მოგვიანებით გადასულიყო თურქეთში და შტო შეენახა. ეს ჩვეულებრივი ამბავია“.2 როგორც ვხედავთ აქ სხვადასხვა შტოებია ერთმანეთში არეული.

ჩვენი საკვლევი თემის შესწავლის დონე კარგად ჩანს მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, თსუ ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრის, ბატონ გელა საითიძის ნაშრომიდან, სადაც ის ამგვარ განმარტებას იძლევა: „ალექსანდრე კონსტანტინეს ძე იმერეტინსკი (1837-1900) იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის შვილისშვილი იყო“.3 ეს ის შემთხვევაა, როდესაც კომენტარის გაკეთება ცოტა უხერხულია. XX და XXI საუკუნეებში შედგა რამდენიმე დოკუმენტი, სადაც განმცხადებელთა შორის, დასახელებული არიან ბაგრატიონ-იმერეტინსკები. ცხადია, რომ ამ შტოს არარსებობის გამო, ყველა ამგვარი დოკუმენტი ბათილია.

გვინდა შევეხოთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს ერთიანობა და უძველესი ქართული სამეფო დინასტიის ერთიანობა. ოდესღაც ეს ორი საკითხი ერთ ცნებაში შედიოდა, რასაც სრულად საქართველოს ერთიანობა ერქვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ვითარება შეიცვალა. XV ს-ში საქართველოს სამეფოებად დაშლამ მისი სამეფო დინასტიის შტოებად დაშლა გამოიწვია.

1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ძალიან მალე გაუქმდა ქვეყნის გუბერნიებად დაყოფა. 1921 წლის 22 თებერვალს კონსტიტუციის პროექტი დამტკიცდა. ამ კონსტიტუციით საქართველო დაფუძნდა როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, განუყოფელი სახელმწიფო, მარადიული რესპუბლიკა.4 საბჭოთა რუსეთმა დაარღვია 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და 1921 წლის თებერვალში დაამხო რა ქართველი ხალხის მიერ არჩეული კანონიერი ხელისუფლება, მოახდინა ქვეყნის ანექსია და ძალდატანებითი გასაბჭოება

1991 წლის 31 მარტს ჩატარებულ რეფერენდუმზე საქართველოს მოსახლეობის 97%25-მა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციას. დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია რუსი ოკუპანტების მიერ, მაგრამ საქართველო ერთიანი სახელმწიფოა, რომელიც შეძლებს რთული პრობლემების დაძლევას.

რაც შეეხება ბაგრატიონთა დინასტიას, მისი გამთლიანების პრინციპები ჯერ დადგენილი არ არის. ამ საკითხით დაინტერესებული ზოგი პიროვნება სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ერეკლე II-ის შთამომავლებს ასახელებს. მათი ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ 1790 წელს გაფორმდა „ტრაქტატი - ივერიელ მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა“, მონაწილენი ერთმანეთს აძლევენ მეგობრობის, თანადგომის, გარეშე მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების პირობას. მსგავსი ხელშეკრულება 1773 წელსაც დაიდო მეფე ერეკლე II-სა და მეფე სოლომონ I-ს შორის, მაგრამ ეს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანებას არ ნიშნავდა. 1783 წელს გეორგიევსკის ტრაქტატით მხოლოდ ქართლ-კახეთის სამეფო იქნა შეყვანილი რუსეთის მფარველობაში. 1790 წელს, როგორც ზემოთ განვიხილეთ, იმერეთის მეფე და გურიისა და სამეგრელოს მთავრები იმედოვნებდნენ, რომ ერთობის ტრაქტატით 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს შეუერთდებოდნენ. აღიარებული იყო ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის ჰეგემონობა, იმერეთის მეფე და დასავლეთ საქართველოს მთავრები მას ანდობდნენ რუსეთთან მოლაპარეკებას და შუამდგომლობას მათი მფარველობაში შეყვანის თაობაზე. ამრიგად, მეფე ერეკლეს უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ეს მას იმერეთის სამეფოს ტახტის მიტაცების უფლებას არ აძლევდა და ეს საკითხი არც დამდგარა. სამეგობრო ხელშეკრულაბა, რომელშიც ერთი მხარის უპირატესობაა აღიარებული, მეორე მხარეზე ან მხარეებზე ძალადობას არ ნიშნავს. ასე მაგალითად, გეორგიევსკის 1783 წლის ტრაქტატის მიხედვით, ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა, ანუ რუსეთის უპირატესობა ეჭვსგარეშე იყო, მაგრამ განა შეიძლება იმ ძალადობის გამართლება, რაც რუსეთმა ჩაიდინა? მან თავის „უპირატესობაზე“ დაყრდნობით, დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა. ამდენად, 1790 წლის სამეგობრო ხელშეკრულება იმერეთის სამეფო შტოს ლეგიტიმიურ უფლებებს ვერ დააკნინებს.

ხშირად იშველიებენ მეორე არგუმენტს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ერთიანი საქართველოს ბოლო მეფე გიორგი VIII, შემდეგ კახეთის მეფე გახდა. ამიტომ თვლიან, რომ ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრე მისი უშუალო შთამომავალი უნდა იყოს. გიორგი VIII გახლდათ ალექსანდრე I დიდის შვილი მეორე ქორწინებიდან. ალექსანდრე I-ს (1412-1442) პირველ ცოლთან ორი ვაჟი ჰყავდა. მისი სიკვდილის შემდეგ მისი ძე ვახტანგ IV გამეფდა, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ გარდაიცვალა. ტახტი ეკუთვნოდა მისი ძმის, პროვინციის მეფე დემეტრეს ვაჟს, კონსტანტინეს, რომელიც ვერ იმეფებდა თავისი მცირეწლოვანების გამო. ამიტომ გამეფდა ალექსანდრე I-ის უმცროსი ვაჟი, გიორგი VIII, თუმცა ლეგიტიმურად საქართველოს ტახტი კონსტანტინეს ეკუთვნოდა. გიორგი VIII კახეთის ტახტზე ადის, როგორც გიორგი I. ერთიანი საქართველოს მეფეთა ნუმერაცია გრძელდება ქართლის მეფეებში. ქართლის პირველი მეფე ხდება კონსტანტინე II. მის შვილს, დავითს მინიჭებული აქვს არა პირველი ნომერი, არამედ მეათე, ვინაიდან ქართლის მეფე დავით X-მ, თავის მამასავით, ერთიანი საქართველოს მეფეთა ნუმერაცია გააგრძელა. ეს არის მეტად საგულისხმი ფაქტი, მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო XV საუკუნეში, ბაგრატიონთა მეფობის ისტორია გაგრძელდა. ბაგრატიონები მეფობდნენ, ვიდრე რუსეთი ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების ანექსიას არ მოახდენდა. იმერეთის სამეფო ქართლ-კახეთთან შეერთებული არ ყოფილა. მეფე სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის თავადაზნაურობა და მღვდელმთავრები მეფე ერეკლე II-სთან გამოცხადდნენ და სთხოვეს „ინებოს და შეიერთოს თვისდა სამეფოდ იმერეთი, ვითარცა იყო ერთ მთავრობისა დროთა“.5 მეფე ერეკლემ სხვადასხვა მიზეზთა გამო, უარი თქვა დასავლეთ საქართველოს მიერთებაზე და ახლა ნუ მივაწერთ მას იმას, რაც არ მომხდარა. საქართველოს გაერთიანების იდეა შემდეგ მის შვილიშვილებს აფიქრებდათ. დავით ბაგრატიონი მიიჩნევდა, რომ იმერეთის მეფეები უკანონოები იყვნენ. (ჩვენ მართლაც ცნახეთ, რომ იმერეთის მეფეთა შორის ოთხი უკანონოდ შობილი იყო, ამას დაემატა 1820-იან წლებში ოსმალეთის სულთნის მიერ იმერეთის ხანად დანიშნული ვახტანგი, მეფე დავით II-ის უკანონოდ შობილი ვაჟის, როსტომის შვილი). დავითის აზრით, ზემოთქმულის საფუძველზე, შეიძლებოდა იმერული შტოს იგნორირება. აქ თავს იჩენდა პირადი ურთიერთობები. დავითი მეფე გიორგი XII-ის შვილი იყო, რომელიც დედინაცვალს, დარეჯან დედოფალს არ უყვარდა. სოლომონ II კი მეფე ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის შვილიშვილი იყო და თავისი ბიძის, იულონის გამეფებას უჭერდა მხარს, რითაც დავით ბატონიშვილის მხრიდან არაკეთილგანწყობა დაიმსახურა. დავით ბატონიშვილისაგან განსხვავებით, უფრო კეთილსინდისიერ გეგმას გვთავაზობდა მისი ძმა, იოანე ბატონიშვილი: „და არც ეს იქმნება ურიგო და მართლა ქვეყნის შესამატი საქმე. თუ რითაც ღონით შეიძლებოდეს თანხმობა იმერთა და ქართველთა მეფეთა შორის, რომელ შეერთდნენ ეს სახედ: ოდეს ერთ-ერთი მეფე გარდიცვალოს ქართლისა ანუ იმერეთისა უწინ, დაშთომილი მეფე დასონ საზოგადოდ ქართველთა და იმერთა შემდგომ მეფისა. იყოს მიმოგდებით: ხან აქეთური მეფის ძე და ხან იქითური მეფის ძე დაჯდებოდნენ მეფეთ, შემდგომად გარდაცვალებისა მეფისა. მეფის ძეთ აქაურთ - იმერთსაც ჰქონდეთ მამული და იქაურთ - ქართლშიც და იმერეთშიაც…“ იოანე ბატონიშვილი თანაბარ პატივს მიაგებდა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების ტახტის მემკვიდრეებს და ერთიან საქართველოში მათი მონაცვლეობით გამეფებას ვარაუდობდა. შეიძლება ეს პროექტიც არარეალური იყო, მაგრამ იმერეთის ბაგრატიონთა იგნორირებას არ გულისხმობდა. დღეს, როდესაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების საკითხი დიდი ხნის მოგვარებულია, ბაგრატიონთა დინასტია არ არის გამთლიანებული. იმერეთის ბაგრატიონთა უხუცესმა წარმომადგენელმა, მეფე ალექსანდრე V-ის შთამომავალმა ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონმა (დაბ. 1925წ.) თავისი მოსაზრება წერილობით დააფიქსირა და გაუგზავნა ილია II-ს, სრულიად საქართველოს უწმინდესსა და უნეტარეს კათოლიკოს-პატრიარქს, აგრეთვე ბაგრატიონებისა და ისტორიკოსების წარმომადგენლებს: „…ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მე ან ჩემი ოჯახის წევრებმა საქართველოს გათიშვა ვინდომოთ. საქართველო მთლიანი უნდა იყოს, მარა ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრე დღეს არ არსებობს. ამ საქმეში ძალადობა არ ივარგებს. თუ არ დამძრახავთ, ჩემს აზრს მოგახსენებთ. ქართლ-კახეთის მემკვიდრე რომ დაიბადება და გაიზრდება, იმ დროისთვის ჩემ შვილიშვილ ირაკლისაც ეყოლება შვილი - იმერეთის ტახტის მემკვიდრე. აი, ეს ორი ახალგაზრდა მემკვიდრე თუ შეუღლდება, მაშინ გაერთიანდება ბაგრატიონების გვარი და მოდგმა. მათი შვილი სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრე იქნება. მე არ ვიცი, მეფობას ხალხი თუ ინდომებს, მემკვიდრეს მაინც თავისი სახელი უნდა დაერქვას. ბაგრატიონის გვარი არ უნდა გადაშენდეს და მამის მხრიდან უნდა გაგრძელდეს… სხვისი დაჩაგვრითა და ცოდვით დაწყებული საქმე, კაიც რომ იყოს, ღმერთისგან დალოცვილი ვერ იქნება და არც საქართველოს წაადგება - ეს თქვენ არ გესწავლებათ.

პატივისცემით ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონი
სოფ. ღვანკითი, 29 აპრილი, 2008.7

გეორგიევსკის ტრაქტატით, რომელიც რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო, ასევე ელაზნაურის ტრაქტატით, რომელიც რუსეთსა და იმერეთს შორის გაფორმდა, გარანტირებული იყო ბაგრატიონთა მეფობა, მაგრამ ამ სამეფოების მიტაცების შემდეგ, რუსეთმა ბაგრატიონები არა მხოლოდ ტახტიდან ჩამოაგდეს, არამედ მათი სამეფო ღირსება დაამცრეს. ბატონიშვილების მეორე თაობას ამ წოდების ტარება აუკრძალეს, ანუ დინასტიური სტატუსი წაართვეს, რისი უფლებაც არ ჰქონდათ. ამ უსამართლობის ჩამდენი რუსი იმპერატორების შთამომავლები, ნიკოლოზ II-ისა და მისი ოჯახის წევრების დახვრეტის შემდეგ, ემიგრაციაში აღმოჩნდნენ. 1924 წელს იმპერატორად აღიარებულ იქნა ნიკოლოზ I-ის ბიძაშვილი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის შვილიშვილი, დიდი მთავარი კირილ ვლადიმირის ძე რომანოვი. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1938 წელს, რუსეთის საიმპერატორო სახლის მეთაური გახდა მისი ვაჟი, დიდი მთავარი ვლადიმირ კირილის ძე რომანოვი. 1946 წლის 5 დეკემბრის აქტით მან სცნო ბაგრატიონთა სამეფო ღირსება, რაც, შესაძლოა, პრაქტიკულად არაფერს ცვლიდა, მაგრამ ამ აქტს საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი მთავარი შეეცადა შეძლებისდაგვარად გამოესწორებინა ის უსამართლობა, რომელიც მისი წინაპრების სინდისზე იყო. ამ აქტის გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგ, დიდმა მთავარმა გაიცნო ემიგრაციაში მყოფი ლეონიდა გიორგის ასული ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილი და მაშინვე დაქორწინდა. (დღეს იმასაც გაიგონებთ, თითქოს მან ეს აქტი თავისი მეუღლის გავლენით და სიყვარულით დაწერა, მაგრამ ეს სრული სიცრუეა. 1946 წელს სამეფო წყვილს ერთმანეთი ნანახიც არ ჰყავდა).

1990 წლის თებერვალში დიდმა თავარმა ვლადიმირ კირილის ძემ წერილობით მომცა თანხმობა საქართველოში ამ აქტის გამოქვეყნებაზე: «Текст Акта на стр. 74, о Царском Достоинстве Дома Багратионов - разрешаю опубликовать в прессе и телевидении, с надеждой что сейчас хороший момент.

Владимир.»

აქტი პირველად გაზეთ „სახალხო განათლებაში“ 1990 წლის 8 მარტს გამოვაქვეყნე.8

იმავე წლის ნოემბერში, პარიზში რომანოვებთან სტუმრობისას ჩავიწერე ინტერვიუ დიდ მთავართან, ვლადიმირ კირილის ძე რომანოვთან „ძალადობა მხოლოდ სიძულვილს შობს“. დიდი მთავარი ავითარებდა იმ აზრს, რომ დღეს მსოფლიოში ბევრი სახელმწიფოა აგებული ფედერაციის პრინციპზე „ქართველ ხალხს შეუძლია თვითონ აირჩიოს წყობილების სახეობა, თუნდაც საკუთარი მეფე იყოლიოს, მე მხოლოდ თანამეგობრობის ფორმების გამოძებნაზე ვსაუბრობ“. ამაზე მე დავუსვი კითხვა: „საქართველოს მიერ ფედერაციის იდეის უარყოფის შემთხვევაში, დასაშვებად მიგაჩნიათ, თუ არა, ამ იდეის განხორციელება ძალადობის გზით?“ დიდმა მთავარმა მიპასუხა: „არა, ძალადობა მხოლოდ სიძულვილს შობს“.9 მისი საიმპერატორო უმაღლესობა 1992 წელს გარდაიცვალა. რუსეთმა კი ძალადობა განაგრძო.

დაბოლოს, მეფის და უფლისწულების გარეგნობის შესახებ. ხალხის წარმოდგენით, ისინი ზებუნებრივი სილამაზით უნდა ყოფილიყვნენ დაჯილდოებული. ამ საკითხზე საინტერესოა გიორგი XII-ის ძის, ოქროპირ ბატონიშვილის აზრი. მან პეტერბურგიდან ცოტა ხნით საქართველოში ჩამოსვლა მოახერხა, რათა აქტიური მონაწილება მიეღო 1832 წლის შეთქმულებაში. ბერმა ფილადელფოს კიკნაძემ, რომელიც მან კახეთში გაგზავნა, ურჩია, რომ თავად ჩასულიყო კახეთში და ხალხი დაერაზმა. ოქროპირი არ დაეთანხმა და უპასუხა: „მამაო, მე რომ იქ ჩავიდე ხალხი რას იფიქრებს ჩემზე. მე უბრალო ადამიანი ვარ, მეფური არაფერი გამაჩნია, რომ ხალხს ვეჩვენო, ხალხის წინაშე საჭიროა წარვსდგე დიდებულობითა და ბრწყინვალებით, რაც მე არ გამაჩნია, ამიტომ თქვენ უფრო შეგიძლიათ დაარწმუნოთ ხალხი და უთხრათ, რომ მე ჭკვიანი ადამიანი ვარ, დაიწყეთ ზრუნვა და ჩააგონეთ ხალხს“.10

ხშირად იდეალები და რეალობა ერთმანეთს არ ემთხვევა…

5 სქოლიო

▲ზევით დაბრუნება


I.2. იმერეთის ოკუპაცია

1. Акты, ტ.II გვ. 502, №979.

2. Дубровин, დასახ. ნაშრომი, გვ. 257.

3. ნ. მახარაძე, იმერეთის 1819-20 წლების აჯანყება, თბ., 1942, გვ.23.

4. ქუთაისის ისტორიის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი, ხელნაწერი №1463.

5. ქ. მუშკუდიანი, ლეჩხუმის ისტორიიდან, ქუთაისი, 2001, გვ. 121-122.

6. გ. მამარდაშვილი, ლეჩხუმის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ. 2006, გვ. 44-45.

7. Дубровин, დასახ. ნაშრომი, გვ. 260.

8. იქვე, 262.

9. მ. დუმბაძე, დასავლეთ საქართველო XIXს. პირველ ნახევარში, თბ.,1957, გვ.174.

10. იქვე, გვ.179.

11. Дубровин, დასახ. ნაშრომი, გვ. 264.

12. ბერი პაისი, სათნოების კოშკი, ცხოვრება ნეტარი ილარიონ ქართველის, 2006., გვ.14.

13. სცა, ფონდი 16, ან. 1, საქმე ¹155, ფ.ფ. 1,2,2ა.

14. იქვე.

15. სცა, ფონდი 16, ან. 1, საქმე №153, ფ. 3.

16. იქვე, ფ.4.

17. ა. სურგულაძე, პ. სურგულაძე, საქართველოს ისტორია (1783-1990), თბ., 1991, გვ.34.

18. სცა, ფონდი 16, ან. 1, საქმე №153, ფ.4.

19. იქვე, ფ.9.

20. Дубровин, დასახ. ნაშრომი, გვ. 267.

21. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები ტ. II, თბ. 1965, გვ. 208.

22. Акты, ტ.II გვ. 419, №820.

23. Акты, ტ.II გვ. 490, №956.

24. Акты, ტ.II გვ. 500-501, №976.

25. Дубровин, დასახ. ნაშრომი, გვ. 388.

26. Акты, ტ.II გვ. 525, №1027.

27. Дубровин, დასახ. ნაშრომი, გვ. 394.

28. Акты, ტ.II გვ. 512-513, №998.

29. Дубровин, დასახ. ნაშრომი, გვ. 390.

30. ნ. ბერძენიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 314.

31. ნ. დადიანი, ქართველთა ცხოვრება, თბ., 1982, გვ. 195.

32. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №154, ფ. 206.

33. მ. დუმბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 186.

34. Акты, ტ.IVგვ. 413 №553.

35. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №173, ფ. 761.

36. მ. გონიკიშვილი, იმერეთის სამეფოს გაუქმება, გვ. 105.

37. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №173, ფ. 666.

38. იქვე.

39. მ. გონიკიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 105.

40. Чудинов В., Имеретинская неурядица в 1809-1810 годах, Кавказский сборник, т. ХV, Тиф., 1894, გვ. 281.

41. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №173, ფ. 760.

42. Акты, ტ. IVგვ. 193,№277.

43. Акты, ტ. IVგვ. 196, №278.

44. Акты, ტ. IVგვ. 196,№279.

45. Акты, ტ. IVგვ. 197, №280.

46. Акты, ტ. IVგვ. 198,№281.

47. Акты, ტ. IVგვ. 200, №282.

48. Акты, ტ. IVგვ. 200, №283.

49. Акты, ტ. IVგვ. 200, №284.

50. Акты, ტ. IVგვ. 204, №285.

51. Акты, ტ. IVგვ. 204, №286.

52. Акты, ტ. IVგვ. 206, №287.

53. Акты, ტ. IVგვ. 206, №288.

54. Акты, ტ. IVგვ. 207, №289.

55. Акты, ტ. IVგვ. 207, №290.

56. Акты, ტ. IVგვ. 214, №299.

57. Акты, ტ. IVგვ. 206, №288.

58. Акты, ტ. IVგვ. 209, №291.

59. Акты, ტ. IVგვ. 209, №292.

60. Акты, ტ. IVგვ. 210, №293.

61. Акты, ტ. IVგვ. 210, №294.

62. Акты, ტ. IVგვ. 431, №586.

63. იქვე.

64. Акты, ტ. IVგვ. 392, №523.

65. Акты, ტ. IVგვ. 212, №295.

66. Акты, ტ. IVგვ. 213, №296.

67. Акты, ტ. IVგვ. 213, №297.

68. Акты, ტ. IVგვ. 213, №298.

69. Акты, ტ. IVგვ. 211, №295.

70. Акты, ტ. IVგვ. 214-216, №299.

71. Акты, ტ. IVგვ. 217, №300.

72. Акты, ტ. IVგვ. 221, №301.

73. Акты, ტ. IVგვ. 221, №302.

74. Акты, ტ. IVგვ. 219, №300.

75. Акты, ტ. IVგვ. 221, №303.

76. Акты, ტ. IVგვ. 432, №587.

77. Акты, ტ. IVგვ. 240, №325.

78. Акты, ტ. IVგვ. 233, №313.

79. Акты, ტ. IVგვ. 233, №314.

80. Акты, ტ. IVგვ. 234, №315.

81. Акты, ტ. IVგვ. 234, №316.

82. Акты, ტ. IVგვ. 235, №317.

83. Акты, ტ. IVგვ. 236, №318.

84. Акты, ტ. IVგვ. 237, №319.

85. Акты, ტ. IVგვ. 237, №320.

86. Акты, ტ. IVგვ. 237, №321.

87. Акты, ტ. IVგვ. 239, №322.

88. Акты, ტ. IVგვ. 239, №323.

89. Акты, ტ. IVგვ. 239, №324.

90. Акты, ტ. IVგვ. 240, №325.

91. იქვე.

92. ნ. დადიანი, ჩვენი ისტორიისათვის მასალა, „ივერია“, 1877, გვ.13.

93. იქვე.

94. თ. ჟორდანია, სოლომონ II. მეფე იმერთა, „მოამბე“, 1899, №1, გვ.7.

95. Акты, ტ. IVგვ. 244, №326.

96. Акты, ტ. IVგვ. 245, №327.

97. Акты, ტ. IVგვ. 245, №330.

98. Акты, ტ. IVგვ. 246, №330.

99. იქვე.

100. Акты, ტ. IVგვ. 250, №331.

101. Акты, ტ. IVგვ. 253, №332.

102. Акты, ტ. IVგვ. 255-263, №335.

103. Акты, ტ.IVგვ. გვ. 264, №336.

104. Акты, ტ. IVგვ. 264, №337.

105. Акты, ტ. IVგვ 264, №338.

106. Акты, ტ. IVგვ 265, №338.

107. Акты, ტ. IVგვ 283, №363.

108. სცა, ფონდი 2, ან.1, საქმე №846, ფ. 1-10.

109. С. Думин, П. Гребельский, Дворянские роды Российской Империи, ტ. IV, M., 1998,გვ.134-135.

110. Дворянские роды Российской Империи, ტ. III, Князья, под редакцией С.В. Думинა M., 1996, გვ. 80, ტაბ. №18.

111. სცა, ფონდი 2, ან, 1, საქმე №1588, ფ.6.

112. Акты, ტ. IVგვ 269, №345.

1.3 იმერეთის 1810 წლის აჯანყება

1. Акты, ტ. IVგვ 268-269, №344.

2. თ. ჟორდანია, სოლომონ II მეფე იმერთა „მოამბე“, 1899, №1.

3. ო. სოსელია, წერეთლიანთ სათავადოს ისტორიიდან, ანალები, I, თბ., 1947, 258.

4. Акты, ტ. IVგვ 275, №352.

5. Акты, ტ. IVგვ 281, №362.

6. Акты, ტ. IVგვ 277, №356.

7. Акты, ტ. IVგვ 278, №357.

8. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd-8691.

9. Акты, ტ. IVგვ 979, №358.

10. Акты, ტ. IVგვ 281, №360.

11. Акты, ტ. IVგვ 287, №365.

12. Акты, ტ. IVგვ 287, №366.

13. Акты, ტ. IVგვ 290, №370.

14. ს. კაკაბაძე, იმერეთის სამეფოს გაუქმება (დოკუმენტები), საისტორიო „მოამბე“, 1956წ., №5, გვ.507, დოკ. №95.

15. Акты, ტ. IVგვ 289, №368.

16. Акты, ტ. IVგვ 290, №369.

17. Акты, ტ. IVგვ 291, №372.

18. Акты, ტ. IVგვ 291, №373.

19. Акты, ტ. IVგვ 265, №340.

20. Акты, ტ. IVგვ 295, №381.

21. Чудинов В., დასახ. ნაშრომი გვ. 236.

22. იქვე, გვ. 237.

23. Акты, ტ. IVგვ 294, №370.

24. Акты, ტ. IVგვ 295, №380.

25. Акты, т. IVგვ 295, №382.

26. Акты, ტ. IVგვ 295, №383.

27. Акты, ტ. IVგვ 317, №427.

28. Акты, ტ. IVგვ 326, ¹439.

29. Чудинов В., დასახ. ნაშრომი გვ. 253.

30. იქვე, გვ. 257.

31. . Акты, ტ. IVგვ 326, №439.

32. Чудинов В., დასახ. ნაშრომი გვ. 261.

33. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №257, ფ.11.

34. Акты, ტ. IVგვ 329, №439.

35. Чудинов В., დასახ. ნაშრომი გვ. 273.

36. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №257, ფ.178.

37. ლ. მაგაროტო, საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ (1783-1901), თბ., 2008, გვ.140.

1.4 მეფე სოლომონ II დევნილობაში

1. ვ. იაშვილი, აჭარა ოსმალთა ბატონობის პერიოდში, ბათუმი, 1948, გვ. 105-113.

2. Акты, ტ. IV, გვ. 343, №457.

3. ს. კაკაბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 489-490, დოკ. №82.

4. იქვე, გვ. 497, დოკ. №89.

5. იქვე, გვ. 499, დოკ. №90.

6. იქვე, გვ. 500, დოკ. №91.

7. იქვე, გვ. 501, დოკ. №92.

8. იქვე, გვ. 505-507, დოკ. №95.

9. იქვე, გვ. 508, დოკ. №97.

10. იქვე, გვ. 509, დოკ. №100.

11. Акты, ტ. V, გვ. 470, №557.

12. დ. კასრაძე „ტანჯული გვირგვინოსანი“, „საქართველო“, 14.04.1916.

13. ზ. ჭიჭინაძე, ტრაპიზონი, „საქართველო“, 23.04.1916.

14. ზ. ბატიაშვილი, ქართველები ოსმალური პერიოდის ტრაპიზონში, თბ., 2008, გვ. 40; თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოსმალური არქივი 44599, საბუთი Cevdet, „Tarih“, X, 5.

15. იქვე.

16. იქვე.

17. ზ. ბატიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 41; ოსმალური არქივი, Ahmet Cevdet Pasa, Tarih-i Cevdet, Dersaadet 1309, IX, 318-224.

18. ოსმალური არქივი, CH, 3800; HH, 16382; 44615 C, 48970.

19. ზ. ბატიაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ.42.

20. ოსმალური არქივი HAT 44615-P.

21. ოსმალური არქივი HAT 1105.

22. ოსმალური არქივი HAT 1105/44615-F.

23. Акты, ტ. V, გვ. 477, №566.

24. ოსმალური არქივი HAT 1105/44614-D.

25. ოსმალური არქივი HAT 1105/44615-D.

26. ოსმალური არქივი HAთ 1105/44599.

27. იქვე.

28. ოსმალური არქივი HAT 1105/44599-B.

29. ს. კაკაბაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 512, დოკ. №103.

30. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწრილობა,

31. ტ. IV, (А კოლექცია), თბ, 1954, გვ. 388, №319.

32. Акты, ტ. V, გვ. 481, №571.

33. Акты, ტ. V, გვ. 482, №572.

34. Акты, ტ. V, გვ. 483, ¹574.

35. ს. კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, წიგნი I, თ 1914, გვ. 99.

36. იქვე, გვ. 101.

37. იქვე, გვ. 100.

თავი II

2.1. აჯანყების დაწყება

1. А. Г. Пирцхалаишвили, Имеретия и Гурия в период 1804-1840г., მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, თბ., 1942, ნაკვ. I.

2. Акты ტ.V, გვ. 471, №559.

3. Мих. B. Xелтуфлишвили Вступление Грузии в состав Росცийской Империи, Кутаиси,1901, გვ. 46.

4. ნ. დადიანი, ქართლის ცხოვრება, თბ. 1982, გვ.43.

5. სცა, ფონდი 2, ანაწერი 1, საქმე №496, ფ. 108.

6. იქვე, ფ. 111-113ა.

7. Акты, ტ .V, გვ. 471, №559.

8. Акты, ტ.V, გვ. 471 №560.

9. მ. დუმბაძე, დასახ. ნაშრომი გვ. 225.

10. Акты, ტ.V, გვ. 469, №556.

11. Акты, ტ.IV, გვ. 445, №608.

12. Восточный вопрос во внешней политике России, конец ХVIII - начало ХХв. М. 1978, გვ. 37.

13. იქვე გვ. 84.

14. Г. Юзефович, Договоры России с Востоком политические, торговые, М., 2005, გვ. 53.

15.Внешная политика России, ХIХ - начало ХХв. М. 1974, т. I, (серия вторая), გვ. 175.

16. იქვე, გვ. 322.

17. Акты, ტ.V, გვ. 473, №563.

18. Акты, ტ.V, გვ. 475, №564.

19. სცა ფონდი2, ანაწერი 1, საქმე №427, ფ.ფ. 1-5.

20. Акты, ტ.V, გვ. 487, №580.

21. სცა, ფონდი2, ანაწერი 1, საქმე №1007, ფურც. 3.

22. А.А.Цагарели, Грамиты и другие исторические документы до Грузии относящиеся, ტ.II, выпуск I, Санкт Петербург, 1898, გვ.105.

23. ს. ლეკიშვილი, ძველი ქართული კულტურის საკითხები ევგენი ბოლხოვიტინოვი ნაშრომებში, თბ., 1987, გვ. 98.

24. გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, ქუთაის-გაენათის ეპარქია (ისტორია და თანამედროვეობა), ქუთაისი, 2008, გვ. 231.

25. სცა, ფონდი 488, ანაწერი1, საქმე №26272, ფ.4.

26. სცა, ფონდი 2, ან. 1, №447, ფ. 3-7ა.

27. Акты, ტ.V, ნაწ. II, გვ 407-410, №491; ვ. გურული, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811-1814), თბ., 1010, გვ. 112-118.

28. Акты, ტ.V, გვ. 473, ¹563.

29. სცა, ფონდი2, ანაწერი 1, საქმე№477, ფ. 11.ა.

30. სცა, ფონდი2, ანაწერი 1, საქმე №477. ფ. 16, 16.ა

31. იქვე, ფ. 35-37.

32. იქვე, ფ. 68-68ა.

33. Акты, ტ.VI, გვ. 530, №733.

34. Акты, ტ.VI, გვ. 530, №734.

35. Акты, ტ.VI, გვ. 531, №736.

36. Акты, ტ.VI, გვ. 532, №738.

37. Акты, ტ.VI, გვ. 534, №739.

38. Акты, ტ.VI, გვ. 377, №502.

39. Акты, ტ.VI, ч. I გვ. 425, №564.

40. Акты, ტ.VI, ч. I გვ. 390, №518.

41. Акты, ტ.VI, ч. I, იქვე.

42. იქვე, გვ. 391, №519.

43. Акты, ტ.VI, გვ. 535, №742.

44. Акты, ტ.VI, გვ. 536, №743.

45. Акты, ტ.VI, გვ. 537, №743.

46. იქვე.

47. Акты, ტ.VI, გვ. 538, №744.

48. იქვე.

49. Акты, ტ.VI, გვ. 538, №745.

50. Акты, ტ.VI, გვ. 539, №748.

51. Акты, ტ.VI, გვ. 539, №747.

52. Акты, ტ.VI, გვ. 394.

53. Акты, ტ.VI, გვ. 540, №748.

54. იქვე.

55. Акты, ტ.VI, გვ. 543, №751.

56. Акты, ტ.VI, გვ. 544, №752.

57. Акты, ტ.VI, გვ. 544, №753.

58. Акты, ტ.VI, გვ. 545, №755.

59. Акты, ტ.VI, გვ. 545, №757.

60. Акты, ტ.VI, გვ. 547, №758.

61. Акты, ტ.VI, გვ. 549 №759.

62. Акты, ტ.VI, გვ. 391, №520.

63. Акты, ტ.VI, გვ. 394, №521.

64. Акты, ტ.VI, გვ. 395, №523.

65. Акты, ტ.VI, გვ. 397, №526.

2.2 აჯანყების გავრცელება გურიისა და სამეგრელოს სამთავროებში

1. Акты, ტ. IV, გვ. 432, №№586.

2. Акты, ტ. IV, გვ. 432, №587.

3. Акты, ტ. IV, გვ. 432, №588.

4. Акты, ტ. IV, გვ. 435, №595.

5. Акты, ტ. IV, გვ. 436, №596.

6. Акты, ტ. IV, გვ.437, №597.

7. სცა, ფონდი 1449, საქმე №2259.

8. გაზ. «Кавказ», 1848წ., №1.

9. Акты, ტ. V, გვ. 508, №600.

10. Акты, ტ. V, გვ. 509, №601.

11. ოსმალური არქივი HAT. 1104/44518-E.

12. Акты, ტ. V, გვ. 509, №602.

13. ოსმალური არქივი არქივი HAT. 1165/46092-V.

14. ოსმალური არქივი HAT. 1165/46092-თ.

15. ოსმალური არქივი HAT. 1165/46092-И.

16. ოსმალური არქივი HAT. 1100/44517-G.

17. Акты, ტ. V, გვ. 510, ¹605.

18. სცა, ფონდი 2. ან. 1, საქმე №256, ფ. 29.

19. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №256, ფ. 35.

20. Акты, ტ. V, გვ. 514, №606.

21. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №477. ფ.ფ. 40-41.

22. იქვე, ფ.ფ. 38-40.

23. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 666, №963.

24. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 667, №964.

25. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 669, №966.

26. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 670, №968.

27. Потто, утверждение русского Владычества на Кавказе, ტ. III, ნაწ. II გვ. 514.

28. სცა, ფონდი 2, ან. 1, №1008. ფ.ფ. 303-304.

29. Н. Дубровин, История воины и владычества Русских на Кавказе, ტ. VI, გვ. 414.

30. ოსმალური არქივი HAT. 11005/44615-შ.

31. Н. Дубровин, დასახ. ნაშრომი, VI, გვ. 418.

32. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე 1008, გვ. 306.

33. Акты, ტ. VI, გვ. 670, №969.

34. Акты, ტ. VI, გვ. 671, №970.

35. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე 1008. ფ. 311.

36. Акты, ტ. VI, გვ. 672, №971.

37. Потто, ტ. III, ნაწ. II, გვ. 517.

38. ნ. მახარაძე, დასახელებული ნაშრომი გვ. 97.

39. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 672, №971.

40. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 672, №972.

41. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd-14763, გვ. 242.

42. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 673, №973.

43. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd-14763, გვ. 233.

44. სცს, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 428.

45. Потто, დასახ. ნაშრომი, გვ. 524.

46. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 675, №978.

47. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 675, №979.

48. სცა, ფ. 2, ან. 1, საქმე №1015, ფ. 18.

49. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 675, №979.

50. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1015, ფ. 21.

51. Потто, დასახ. ნაშრომი, გვ. 516.

52. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 676, №982.

53. Акты, ტ. V, გვ. 494, №587.

54. Акты, ტ. V, გვ. 495, №588.

55. Акты, ტ. V, გვ. 496, №589.

56. Акты, ტ. V, გვ. 496, №590.

57. Акты, ტ. V, გვ. 499, №591.

58. Акты, ტ. V, გვ. 501, №592.

59. Акты, ტ. V, გვ. 504, №593.

60. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 620, №879.

61. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 621, №880.

62. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 622, №881.

63. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 622, №882.

64. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 622, №883.

65. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 623, №884.

66. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 623, №885.

67. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 624, №886.

68. სცა, ფონდი 2, ან. 1, ¹1008, ფ. 29.

69. იქვე.

70. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 624, №887.

71. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 625, №889.

72. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 625, №888.

73. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 626, №890.

74. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 626, №891.

75. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 627, №892.

76. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 628, №893.

77. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd-10596.

78. იქვე.

79. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 629, №895.

80. Н. Махарадзе, Восстание в Имеретии 1819-20 гг., მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1942წ., ნაკვეთი III, თბ., გვ. 84-86., გვ. 100. დოკ.№26.

81. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 677, №986.

82. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 678, №988.

83. ოსმალური არქივი, HAT 1106/44623-P.

2.3. აჯანყების გაძლიერება და მარცხი

1. Акты, ტ. VI, გვ. 539-540, №748.

2. Акты, ტ. VI, გვ. 549, №759.

3. Акты, ტ. VI, გვ. 560, №773.

4. Акты, გვ. 563, №778.

5. ა. ბენდიანიშვილი, ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები, თბ., 2006, გვ. 249.

6. Акты, ტ. VI, გვ. 561, №775.

7. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №906.

8. Акты, ტ. VI, გვ. 564, №780.

9. იქვე.

10. Акты, ტ. VI, გვ. 565, №780.

11. Акты, ტ. VI, გვ. 567, №783.

12. Акты, ტ. VI, გვ. 570, №786.

13. Акты, ტ. VI, გვ. 567, №785.

14. Акты, ტ. VI, გვ. 568, №786.

15. Акты, ტ. VI, გვ. 569, №786.

16. Акты, ტ. VI, გვ. 570, №787.

17. Акты, ტ. VI, გვ. 572, №788.

18. Акты, ტ. VI, გვ. 539, №747.

19. Акты, ტ. VI, გვ. 395, №523.

20. Акты, ტ. VI, გვ. 397, №526.

21. Акты, ტ. VI, გვ. 573, №789.

22. Акты, ტ. VI, გვ. 574, №790.

23. Акты, ტ. VI, გვ. 575, №791.

24. Акты, ტ. VI, გვ. 570, №786.

25. Акты, ტ. VI, გვ. 581, №800.

26. Н. Махарадзе, დასახ. ნაშრომი, გვ. 84-86.

27. ა. ბენდიანიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 249.

28. В. Потто, утверждение Русского Владычества на Кавказе, ტ. 3. ნაწ. II. 1904, გვ.510.

29. Акты, ტ. VI, გვ. 576, №793.

30. Акты, ტ. VI, გვ. 578, №797.

31. Акты, ტ. VI, გვ. 575, №793.

32. Акты, ტ. VI, გვ. 582, №801.

33. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1008. ფ. 44.

34. იქვე. ფი.44ა.

35. В. Потто, დასახ. ნაშრომი, გვ. 512.

36. Акты, ტ. VI, გვ. 582, №803.

37. Акты, ტ. VI, გვ. 584, №805.

38. დუბეცკი, ამბოხება იმერეთში 1820 წელს. ჟურნ. „მოამბე“, IX, 1896წ. ტფილისი. გვ. 36.

39. В. Потто, დასახელებული ნაშრომი, გვ. 513.

40. Акты, ტ. VI, გვ. 584, №805.

41. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი A-1278.

42. Акты, ტ. VI, გვ. 586, №807.

43. В. Потто, დასახ. ნაშრომი, გვ. 513.

44. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 379.

45. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 381.

46. В. Потто, დასახ. ნაშრომი, გვ. 520.

47. Н. Дубровин, История Войн и Владычества русских на Кавказе, ტ. 6, 1888წ. გვ.427.

47. Акты, ტ. VI, გვ. 591, №818.

48. Акты, ტ. VI, გვ. 591, №820.

49. Н. Дубровин, დასახ. ნაშრომი, გვ. 429.

50. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი №21. საქმე №3.

51. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი №21. საქმე №3. ფ. 2,2ა.

52. Акты, ტ. VI, გვ. 593, №824.

53. Акты, ტ. VI, გვ. 595, №828.

54. В. Потто, დასახ. ნაშრომი, გვ. 526.

55. დუბეცკი. დასახელებული ნაშრომი, გვ. 36.

56. იქვე, გვ. 40.

57. მ. ხომერიკი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ბერი ფილადელფოს კიკნაძე, თბ. 1999, გვ. 99.

58. იქვე, გვ. 59.

59. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1008, ფ. 483.

60. იქვე, ფ. 535.

61. დუბეცკი, დასახ. ნაშრომი, გვ. 29.

62. Н. Махарадзе, დასახ. ნაშრომი, გვ. 111.

63. დუბეცკი, გვ. 40.

64. В. Потто, დასახ. ნაშრომი, გვ. 65.

65. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1008, ფ. 511.

66. იქვე, გვ. 510.

67. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №17, ფ. ფ.5.

68. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1008, ფ. 561.

69. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1015, ფ. 1.

70. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1119, ფ. 21.

71. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1119, ფ. 22-23ა.

72. იქვე, ფ. 31.

73. იქვე, ფ. 67.

74. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1008, ფ. 516.

75. იქვე, ფ. 400.

76. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1118, ფ. 1.

77. იქვე, ფ. 14.

78. სცა, ფონდი 2, ან 1, საქმე №1008, ფ. 539.

79. იქვე. ფ. 482ა.

80. ფონდი 2, ან. 1, №1008, გვ. 634.

81. ა. ბენდიანიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 250.

82. Н. Дубровин, დასახ. ნაშრომი, 426.

83. დუბეცკი, დასახ. ნაშრომი, გვ. 30.

თავი III

3.1. რუსეთის იმპერიიდან განდევნილი აჯანყების მონაწილე ბაგრატიონები

1. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №4089.

2. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1119.

3. დავით ბაგრატიონი, სამართალი ბატონიშვილის დავითისა, TB.1964, გვ.219.

4. დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, თბ., 1959, გვ.,223.

5. დავით ბაგრატიონი, სამართალი ბატონიშვილის დავითისა, TB.1964, გვ.221.

6. ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VII, თბ, 1984,გვ.144.

7. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე, ტფ. 1927, გვ.20.

8. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები) III, თბ, 1990, გვ.52.

9. ო. სოსელია, იქვე, გვ.52.

10. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd №8382.

11. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd №10172.

12. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd №6044.

13. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 1, ან ნაწ.1, საქ. №237, ფ.86.

14. სცა, ფონდი 1449, №1423.

15. ო. სოსელია, დასახ ნაშრომი, გვ. 52.

16. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd №6296.

17. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd №6001;

18. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ხელნაწერთა აღწერა. კოლექცია, ტ. IV, გვ. 130(7).

19. С. Думин, П. Гребельский, Дворянские роды Российской Империи, т. IV, С. Думин, князь Чиковани, Князья царства Грузинского, М., 1998, გვ. 23.

20. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე ¹1008, ფ. 539.

21. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd №14764.

22. სცა ფონდი 2, ან. 1, საქმე №1119, ფ. 21ა.

23. ი. ახუაშვილი, ქართული გვარი, სახელები, ტ. IV, თბ., 2004, გვ. 120.

24. იქვე.

25. Акты, ტ. VI, ნაწ. II, გვ. 427. №755.

26. Акты, ტ. VI, ნაწ. II, გვ. 232. №427.

27. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოსმალური არქივი, BOA. C. HR. 175/8737.

28. Акты, ტ. VI, ნაწ. I, გვ. 746. №1094.

29. ნ. დადიანი, ჩვენი ისტორიისათვის მასალა, „ივერია“, 1877, №14, გვ.16.

30. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოსმალური არქივი, HAT 1105/44603.

31. იქვე.

32. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოსმალური არქივი, HAT 1106/44619-13.

33. ნ. დადიანი, იქვე.

34. სცა, ფონდი2, ან. საქმე №1118, ფ. 80.

35. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd 9852.

36. Акты, ტ. VI, ნაწ. II, გვ. 349. №633.

37. სცა, ფონდი 1449, საქმე №397.

38. იქვე.

39. მ. ბერძნიშვილი, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისთვის, თბ., 1983, გვ. 190.

40. სცა, ფონდი 1457, რვეული XV, 2800.

41. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd №5684.

42. იქვე.

43. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოსმალური არქივი HAT 1091/44307-№.

44. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოსმალური არქივი.

45. Акты, ტ. VIII, გვ. 962. №908.

46. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ოსმალური არქივი, HAT 1091/44307-№ (თან- დართული).

47. იქვე.

48. სცა, ფონდი 16, ან. 1, საქმე №6225, ფ.4

49. სცა, ფონდი 16. ან. 1, საქმე №6225, ფ.6.

50. იქვე, ფ.7.

51. იქვე, ფ.8.

52. სცა, ფონდი 16, ან. 1, საქმე №8961, ფ.1.

53. იქვე, ფ. 9.

54. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №8961 ფ.17.

55. იქვე, ფ.37.

56. Н. Имеретинский «Багратиды в России», ხელნაწერთა, ეროვნული ცენტრი, ხელნაწ. ROS-637, გვ. 47.

78. ო. სოსელია, დასახ. ნაშრომი, გვ. 52.

79. „ბაგრატიონები“, თბ, 2003 ტაბულა №7.

80. სცა, ფონდი 11, ან.1, საქმე №1738, ფ. 23.

81. ო.სოსელია, დასახ. ნაშრომი, გვ. 47

82. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №4089 ფ. 13.

83. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 539.

84. ო.სოსელია, დასახ. ნაშრომი, გვ. 47.

85. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd - 9666.

86. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd - 8691.

87. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Sd - 5087.

88. „ბაგრატიონები“, ტაბ. №7

89. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №4089 ფ. 10.

90. იქვე, ფ. 29.

91. სცა, ფონდი 1, ან. 1, საქმე №9688 ფ. 17.

92. „ბაგრატიონები“ ტაბულა №7.

93. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №9688, ფ. 22.

3.2. რეპრესირებული ბაგრატიონები და იმერეთის დედოფალი მარიამი

1. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №906, ფ. 235.

2. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №4089, ფ. 12-13.

3. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 539.

4. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 541ა.

5. იქვე, ფ. 539ა.

6. მ. ჩიქოვანი, ქართული ფოლკლორული ჩანაწერები ლენინგრადში, პუშკინის სახ. ინსტიტუტის შრომები, ტ. V, 1948. გვ.105.

7. ი. გავაშელაშვილი, ერთი სოფლის ისტორია, თბ., 1992, გვ.4.

8. იქვე, გვ. 7-8.

9. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 273.

10. იქვე.

11. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 593.

12. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1119, ფ. 1.

13. იქვე, ფონდი 4.

14. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1475, ფ. 1.

15. იქვე, ფ. 5.

16. იქვე, ფ. 7.

17. იქვე, ფ. 14-15.

18. იქვე, ფ. 24-25ა.

19. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1475, ფ. 29.

20. იქვე, გვ. 30.

21. იქვე, გვ. 36.

22. Дворянские роды Российской Империи. т. IV. «Станислав 23. Думин и князь Юрий Чиковани, Князья царства Грузинского.», М., 1998, გვ. 62-65.

24. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 631.

25. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1475, ფ. 29.

26. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან. სათავადოები, ტ. III, ნ., გვ. 407.

27. მ. ბერძნიშვილი, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. I, 1980წ., გვ. 203.

28. სცა, ფონდი 1454, რვეული IX, ფ. 1637-37ა.

29. ი. გავაშელაშვილი, დასახ. ნაშრომები, გვ. 8.

30. სცა, ფონდი 489, ან. 1, საქმე №3441, ფ. 1.

31. იქვე.

32. მ. ბერძნიშვილი, დასახ. ნაშრომები, გვ. 170.

33. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Sd-1629б.

34. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Hd-9666.

35. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი Sd-1629.

36. Н. К. Имеретинский, Багратиды в России, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერი ROS-736. გვ. 27.

37. იქვე, გვ. 28.

38. სცა, ფონდი 2, ან. 2, საქმე №109, გვ. 9.

39. სცა, ფონდი 16, ან. 1, საქმე №6526, ფ. 7-8.

40. სცა, ფონდი 16, ან. 1, საქმე №6526, ფ. 8.

41. ქუთაისის არქივი.

42. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №6414, ფ. 2.

43. იქვე, ფ. 3.

44. იქვე, ფ. 5.

45. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №2832, ფ. 7.

46. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №6858, ფ. 4.

47. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №6858, ფ. 1.

48. სცა, ფონდი 16, ან. 1, საქმე №6524.

49. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №6858, ფ. 7.

50. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №6858, ფ. 5.

3.3 სოლომონ I-ის წყალობის სიგელის გამო დაპირისპირებული ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლები

1. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 1, ან. 1, საქმე 237, ფ.69.

2. იქვე, ფ. 70.

3. იქვე, ფ. 71.

4. იქვე, ფ. 72ა.

5. იქვე, ფ. 71ა.

6. იქვე, ფ. 73

7. იქვე, ფ. 78.

8. Список Княжеским и Дворянским родом Имеретии, С.-Петербург, 1851, გვ.95.

9. ზ. ჭუმბურიძე, იმერეთის თავადთა და აზნაურთა ოჯახები, თბ., 1999, გვ.5-6.

10. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 1, ან. საქმე 237, ფ.7.

11. იქვე, ფ. 12.

12. იქვე, ფ. 11.

13. იქვე, ფ. 45.

14. იქვე, ფ. 49.

15. იქვე, ფ. 22.

16. იქვე, ფ. 22.

17. იქვე, ფ. 23.

18. იქვე.

19. იქვე, ფ. 27.

20. იქვე, ფ. 83.

21. იქვე, ფ. 87.

22. იქვე, ფ. 84ა.

23. იქვე, ფ. 84.

24. ი. გავაშელაშვილი, დასახ. ნაშრომი, თბ., 1992, გვ. 33.

25. იქვე, ფ. 32.

ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 1, ან. 1, საქმე 237, 26. ფ.82.

27. იქვე, ფ. 78.

28. სცა, ფონდი 489, ან. 6, საქმე №103.

29. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 1, ან. საქმე 237, ფ.57.

30. იქვე, ფ. 58.

31. იქვე, ფ. 44.

32. სცა, ფონდი 489, ან. 1, საქმე №103.

33. სცა, ფონდი 2, ან. 1, საქმე №1008, ფ. 25.

34. კრებული „ბაგრატიონები“, თბ., 2003, ტაბ. №7.

35. სცა, ფონდი 489, ან. 22, საქმე №565, ფ. 10.

36. ზ. ჭუმბურიძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 11.

37. მ. ხომერიკი, წერილები, თბ., 2006, გვ. 299.

38. სცა, ფონდი 489, ან. 27, საქმე №938.

39. იქვე.

40. სცა, ფონდი 489, ან. 27, საქმე №931.

41. სცა, ფონდი 489, ან. 27, საქმე №932.

42. სცა, ფონდი 489, ან. 27, საქმე №941.

43. სცა, ფონდი 489, ან. 27, საქმე №946.

44. სცა, ფონდი 489, ან. 27, საქმე №948.

45. სცა, ფონდი 489, ან. 27, საქმე №950.

46. იქვე.

47. ი. ბაგრატიონი, წინათქმა, ბროშურაში: სოლომონ II, „და უკეთუ დაიცვეს წმინდად…“ თბ., 2010, გვ.4.

48. იმერეთის ისტორია აღწერილი ბატონიშვილის ვახუშტის მიერ, თბ., 1902, გვ.27.

49. იქვე, გვ. 42.

50. იქვე, გვ. 54.

51. ნ. ჯავახიშვილი, შიდადინასტიური ქორწინებანი ბაგრატიონთა იმერეთისა და ქართლ-კახეთის შტოების წარმომადგენლებს შორის (XVI-XVIII საუკუნეები), სამეცნიერო შრომათა კრებული: „პოეტური სულის მეცნიერი“ (გიორგი ნადირაძე-80), თბ., 2012, გვ. 64.

3.4 უგანათლებულესი თავადები: იმერეტინსკები, ბაგრატიონ-იმერეტინსკები და ბაგრატიონები

1. Н. К. Имеретинский «Багратиды в России», Спб. 1885 (ხელნაწერი) ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწ. ROS - 637, გვ. 8.

2. დ. კასრაძე, „ტანჯული გვირგვინოსანი“, „საქართველო“, 1916, №80.

3. Н. Имеретинский, დასახ. ნაშრომი, გვ. 27.

4. იქვე, გვ. 27.

5. იქვე, გვ. 29ა.

6. სცა, ფონდი 416, ან 3, სქამე №179, ფ. 9.

7. Н. К. Имеретинский დასახ. ნაშრომი, გვ.37.

8. მ. ყიფიანი, მეფე სოლომონ მეორეზე და მის დროს განმგებლობასა ზედა, „ცისკარი“, 1859, ტ. III, გვ. 82.

9. Н. К. Имеретинский, დასახ. ნაშრომი, გვ.35.

10. ო. სოსელია, დასახ. ნაშრომი, გვ.51.

11. თავგადასავალი იმერთა მეფის სოლომონ დიდის შვილის-შვილის ბატონიშვილის გიორგისა (ავტობიოგრაფია), „მოამბე“, 1900 წ., გვ. 46.

12. იქვე, გვ. 48.

13. Акты, ტ. II, გვ. 413, №808.

14. Акты, ტ. II, გვ. 393, №781.

15. Акты, ტ. II, გვ. 435, №858.

16. Акты, ტ. III, გვ. 125, №227.

17. იქვე.

18. Акты, ტ. III, გვ. 125, №225.

19. Акты, ტ. III, გვ. 126, №230.

20. თავგადასავალი იმერთა მეფის სოლომონ დიდის შვილის-შვილის ბატონიშვილის გიორგისა (ავტობიოგრაფია), „მოამბე“, 1900წ. გვ.53.

21. Акты, ტ. IV, გვ. 340, №454.

22. П. Юдин, Судьба Kнязей Багратионов Имеретинских в России. «Русский Архив», СПб, 1896 март, გვ. 300.

23. П. Юдин, დასახ. ნაშრომი, გვ. 301.

24. იქვე,.

25. იქვე, გვ. 302.

26. იქვე, გვ 304.

27. Н. Имеретинский, დასახ. ნაშრომი, გვ. 106.

28. თ. ხუსკივაძე, კონსტანტინე ბატონიშვილის ცხოვრება, „ივერია“, 1902, №7.

29. სცა, ფონდი 213, ან 1, საქმე №1641, ფ.ფ. 30-35.

30. Н. Имеретинский, დასახ. ნაშრომი, გვ. 107.

31. Акты, ტ. XII, ნაწ. I, გვ. 89, №67.

32. სცა, ფონდი 416, ან. 3, საქმე №169, ფ. 2.

33. იქვე, ფ. 12.

34. Списки титулованным родам и лицам Российской Империи. Издание Департамента Герольдии Правительствующего Сената. Спб. 1892, გვ. 44.

35. იქვე, გვ. 11.

36. სცა, ფონდი 416, ან. 3, საქმე №169, ფ. 7ა.

37. იქვე, ფ. 10.

38. იქვე, ფ. 59ა.

39. Списки титулованным родам и лицам Российской Империи. Спб. 1892, გვ. 11.

40. „ბაგრატიონები“ გვ. 54,

41. ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 1. საქმე №70794, ფ. 63.

42. იქვე.

43. ი. გავაშელაშვილი, ერთი სოფლის ისტორია, გვ. 10.

44. იქვე, გვ. 12.

45. „ივერია“, 1895, №30.

46. „კვალი“, 1895, №10.

47. ი. გავაშელაშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 24.

48. ქუთაისის ცენტრ. არქივი, ფონდი 22, საქმე №7188.

49. იქვე, ფ. 28.

50. „ბაგრატიონები“, გვ. 546.

51. ა. ახუაშვილი, ქართული გვარ-სახელები, ტ. IV, თბ., 2004, გვ. 155.

52. სცა, ფონდი 489, ან. 1, საქმე №42 408, ფ. 86.

53. სცა, ფონდი 416, ან. 3, საქმე №179, ფ. 9.

54. იმერეთის უკანასკნელ მეფეთა შთამომავალნი, „ივერია“, 1901, №21.

55. იქვე.

56. „ბაგრატოვანნი“, №2, თბ., 2004, გვ. 10.

57. ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, თბ., 1965, გვ. 561.

58. დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონთმცოდნეობის მიმოხილვა, თბ., 1959, გვ. 223.

59. სამართალი ბატონისშვილის დავითისა, თბ., 1964, გვ. 219.

60. „ბაგრატოვანნი“, №2, გვ. 20.

61. ლ. ჯიყაშვილი, ალექსანდრე ბაგრატიონის ვაჟი დავით ბაგრატიონი, ალმანახი „ბაგრატოვანნი“, №2, გვ. 67.

62. იქვე.

63. ნ. (ელისაბედ) კირთაძე, 1924 წლის აჯანყება საქართველოში, ქუთაისი, 1996, გვ. 315.

64. ბ. დადიანი, მოგონებათა დღიური, თბ. 2008, გვ. 47.

65. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წ. II, თბ., 1964, გვ. 5.

66. „ბაგრატოვანნი“, №2, გვ. 69.

ბოლოთქმა

1. ე. ერაძე, აღსრულებული ანდერძი, გაზ. „პალიტრა“, 2009წ., 26 იანვარი-1 თებერვალი, გვ. 19.

2. იქვე.

3. გ. საითიძე, პოლონეთის საკითხი გაზეთ „ივერიაში“, ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომათა კრებული „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, №2(8), თბ., 2010, გვ. 119.

4. ა. ბენდიანიშვილი, ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები, თბ, 2006, გვ. 329.

5. პ. იოსელიანი, ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, თბ., 1978, გვ 15.

5. იოანე ბაგრატიონი, სჯულდება (ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი რეფორმის პროექტი), თბ., 1957, გვ. 33.

6. ირაკლი გრიგოლის ძე ბაგრატიონის მიმართვა (გამოუქვეყნებელი).

7. მ. ხომერიკი, წერილები, თბ., 2006, გვ. 161-165.

8. იქვე, გვ. 178-183.

9. მ. ხომერიკი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ბერი ფილადელფოს კიკნაძე, თბ., 1999, გვ. 39.

6 Summary

▲ზევით დაბრუნება


The monograph „The abolition of the kingdom of Imereti, the revolt of 1819-1820 years and the Bagrationis of Iimereti“ by PhD in history, Manana khomeriki is aimed to show the concrete stage of the national liberation movement from the new view-point. The Kingdom of Imereti struggled as it could against the Russian invaders, which had abolished the kingdom in 1810. The King of Imereti, Solomon the II, was obliged to flee to Ottoman Empire, where he died in 1815.

In 1819 the revolt was arisen in Imereti, which was spread into the principalities of Guria and Samegrelo. In 1820 the revolt was renewed with a new strength in Imereti, but finally it failed. The representatives of the Imeretian Bagrationis were among the leaders of the revolt. They were repressed by the Russian government. In the XIX century the Bagrationis' of Imereti were divided into four main branches. Their status was greatly depended upon their loyalty towards the Russian invaders.

As a result of our investigation, we came to know, that after the abolition of the Kingdom of Imereti by Russians, the Sultan had recognized Vakhtang Bagrationi (the son of the natural son of king David the II), as a king of Imereti. We see him in the document of 1848 year. It means, that even after the abolition of kingdom, Imerety had a de-jure king for about 30 years. That is a fact of a great importance.