The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის კოდექსი (pro et contra)

არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის კოდექსი (pro et contra)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნოდია გია, ბერძენიშვილი ლევან, ჭიაბერაშვილი ზურაბ, მუხაშავრია ლია, გრიგოლაშვილი ვანო, სალამაძე ვაჟა, დევდარიანი ჯაბა, დურგლიშვილი ნინო, ზაქარეიშვილი პაატა, კრამპი პატრიკ, ჩაჩხუნაშვილი მიხეილ, უსუფაშვილი დავით
თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა თბილისი 2003 სერიის რედაქტორი დავით ლოსაბერიძე გამოცემა განხორციელდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერის შედეგად, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ორგანიზაცია გადავარჩინოთ ბავშვები (Save the Children) შორის დადებული N114-A-00-02-00140-00 თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში. ავტორთა მოსაზრებები შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ისა ან Save the Children-ის შეხედულებებს. NGO Code of Conduct: Pro et Contra – David Losaberidze (ed.), Caucasus Institute for Peace, Democracy and Development, 2003 This publication was made possible through support provided by the US Agency for International Development (USAID) under the terms of Cooperative Agreement No. 114-A-00-02-00140-00 between USAID and Save the Children. The opinions expressed herein are those of the authors and do not necessarily reflect the views of USAID or Save the Children. გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ეს ბროშურა მომზადდა საჯარო დისკუსიის საფუძველზე, რომელიც 2002 წლის 21 დეკემბერს ჩაატარა კავკასიურმა ინსტიტუტმა სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამის ფარგლებში და რომელიც პირველია მესამე სექტორის პრობლემებისადმი მიძღვნილ დისკუსიათა ციკლიდან.

პროგრამა დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მესამე სექტორის შემდგომ განვითარებას, მისი საქმიანობის (მართვა, ფინანსები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა) ხარისხობრივ გაუმჯობესებას და მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი პირობების ჩამოყალიბებას.

პროგრამას ახორციელებს კოალიცია, რომლის შემადგენლობაშიც შედის:

  • ამერიკული ორგანიზაცია Save the Children - Georgia; ექვსი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია:

  • ბიზნეს სამართლის ცენტრი;

  • მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი;

  • პარტნიორები-საქართველო;

  • სამოქალაქო ინფორმაციის ცენტრი „ალტერნატივა“;

  • საქართველოს გაეროს ასოციაცია;

  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

პროგრამა ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციათა ფართო სპექტრის ჩართვას იმპლემენტაციის პროცესში და მათ ტექნიკურ და ფინანსურ ხელშეწყობას.

იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და რეალურად მოახერხოს მოქალაქეთა ინტერესების დაცვა, პირველ ეტაპზე საჭიროა მესამე სექტორის როლის და გავლენის განსაზღვრა საზოგადოებაში. უპირველეს ყოვლისა კი, თვით მესამე სექტორმა უნდა გაიაზროს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები. აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია, თუ ნათლად არ გამოიხატა შეფასების კრიტერიუმები, გარე და შიდა რეგულაციის მექანიზმები.

გარე რეგულატორები (კანონმდებლობა, დონორთა პოლიტიკა და ა.შ.), მიუხედავად მთელი რიგი ნაკლოვანებებისა, მეტ-ნაკლებად განსაზღვრულია; მაგრამ ამავეს ვერ ვიტყვით შიდა რეგულატორებზე. მესამე სექტორი საქართველოშიც, ისევე როგორც ყველგან, ანარქიულ გარემოში ვითარდებოდა, მაგრამ განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, აქ მესამე სექტორს არ შეუმუშავებია თვითრეგულირების ისეთი საშუალებები, როგორიცაა, ვთქვათ, ქცევის ეთიკის ნორმების დეკლარირება თუ სხვა.

სწორედ ამიტომ დისკუსიის პირველ თემად აღებულ იქნა საკითხი, გვჭირდება თუ არა არასამთავრობო სექტორის ეთიკის კოდექსი და, თუ გვინდა, როგორი უნდა იყოს იგი.

დისკუსია ჩატარდა კავკასიური ინსტიტუტის ჩვეული ფორმატით. მოსმენილ იქნა წინასწარ მომზადებული ოთხი მოხსენება, ხოლო შემდეგ გაიმართა მსჯელობა არსებული საკითხების შესახებ. ბროშურის მომზადების პროცესში მოხსენებები უფრო აკადემიური სტილით იქნა წარმოდგენილი, ამავე დროს ჩვენ არ შეგვიცვლია კამათის მონაწილეთა გამოსვლები, რათა შენარჩუნებულიყო ის განწყობა, რომელიც შეხვედრისას სუფევდა.

დანართის სახით ბროშურაში მოცემულია ესტონეთის არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი, რომელიც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერჯერობით ასეთი ფორმის ერთადერთ დოკუმენტს წარმოადგენს; თუმცა, უკვე მრავალ ქვეყანაშია მიღებული სექტორის განვითარების კონცეფციები, შიდა თუ გარე ურთიერთობის მარეგულირებელი წესები.

და ბოლოს, კავკასიური ინსტიტუტის სახელით მადლობას ვუხდით როგორც ძირითად მომხსენებლებს, ისე დისკუსიის ყველა მონაწილეს.

2 გია ნოდია

▲ზევით დაბრუნება


მთავარი საკითხი, რომელიც აქ უნდა დავსვათ, შემდეგია: საერთოდ რა საჭიროა ამ საკითხის დასმა. რა მოხდა (რა ხდება) ჩვენს გარემოში, ანუ არასამთავრობო სექტორის შიგნით, ისეთი, რაც საკითხის ამგვარად დასმას საჭიროს გახდიდა? ხომ ვცხოვრობდით აქამდე ასეთი კოდექსის გარეშე - ახლა რა გაგვიჭირდა?

სანამ უშუალოდ ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნას შევეცდებოდე, ჩამოვაყალიბებ რამდენიმე აღწერითი ხასიათის თეზისს, რათა გამოვკვეთო ის კონტექსტი, რომელშიც ვმსჯელობთ.

არასამთავრობო სექტორის მიღწევები

პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ დღემდე არასამთავრობო სექტორი საქართველოში ვითარდება, ანუ ის ძლიერდება, წინ მიდის. რაში გამოიხატება ეს?

  • რაოდენობრივი ზრდა. მართალია, მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეგისტრაცია ადგილობრივ სასამართლოებს დაეკისრა, ზუსტი მონაცემები არა გვაქვს, მაგრამ არაპირდაპირ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაოდენობრივად იზრდება. რა თქმა უნდა, რაოდენობრივი ზრდა თავისთავად შეიძლება არც ნიშნავდეს გაუმჯობესებას. მაგრამ თუნდაც მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა მოასწავებს სულ მცირე იმას, რომ არასამთავრობო სექტორს აქვს რაღაც ისეთი რესურსი, რის გამოც ადამიანები იქ მიდიან, რის გამოც ისინი სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების შესაქმნელად დროს და ენერგიას ხარჯავენ.

  • გავლენის ზრდა. იზრდება არასამთავრობო სექტორის გავლენა საზოგადეობრივ სიტუაციაზე და სხვადასხვა მოქმედ პირზე. რაში გამოიხატება ეს? უპირველეს ყოვლისა, იმაში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების თემი ერთ-ერთი ის აქტორია, ვინც ადგენს საზოგადოებრივ დღის წესრიგს. რა თქმა უნდა, ის სულაც არ არის ერთადერთი, არის სხვაც: ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, მედია, საერთაშორისო თანამეგობრობა, ფართო საზოგადოება თავისი წუხილების შედარებით სპონტანური გამოხატულებებით. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქ ნამდვილად თავისი არცთუ უგულებელსაყოფი როლი აქვთ. ამის მაჩვენებელია მედიის ყურადღება, ამის ინდიკატორია ის, რომ ხელისუფლებისსხვადასხვა შტო ან პოლიტიკური აქტორი სულ უფრო საჭიროდ მიიჩნევს არასამთავრობოებთან ურთიერთობას: მაშასადამე, ისინი მათთან ურთიერთობას ხედავენ როგორც ერთგვარ რესურსს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად.

  • ორგანიზაციული ზრდა. არასამთავრობო სექტორის შიგნით განვითარდა გარკვეული შრე, თუ გნებავთ, „ენჯიო ელიტა“. ამ დონის ორგანიზაციები აღარ არის მხოლოდ თანამოაზრეთა ჯგუფები, რომელთაც ერთი-ორი იდეა გაუჩნდათ, ამ იდეის გარშემო ერთი ან რამდენიმე გრანტი იშოვეს, მაგრამ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. უფრო ძლიერი ორგანიზაციების სახით უკვე ჩამოყალიბდა პროფესიული სექტორი, რომელსაც აქვს არა მარტო კარგად გამართული ოფისები და ორგტექიკა, არამედ გარკვეული ორგანიზაციული უნარები და გამოცდილება, გარკვეული წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, გარემოზე და პერსპექტივებზე. არ მინდა ვთქვა, რომ ამ მხრივ ძალიან შორს წავედით, რომ თუნდაც ყველაზე განვითარებული არასამთავრობოების ორგანიზაციული სტრუქტურა მაღალი სტანდარტების დონეზეა, რომ კარგად და ნათლად ვიცით, ვინ ვართ, რა გვინდა და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იქმნება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი აზროვნების და დაგეგმვის ჩვევა. არასამთავრობო ორგანიზაციები შეეჩვივნენ იმ აზრს, რომ ისინი არ არიან ხანმოკლე დროზე გათვლილი წარმონაქმნები, რომლებიც ციდან ჩამოვარდნილი გრანტების მისაღებად შეიქმნენ, რომ „არასამთავრობოების“ საფუძველზე იქმნება მეტ-ნაკლებად სტაბილური სამოქალაქო სექტორი თავისი პოლიტიკით, პრიორიტეტებით და გარკვეული ადგილით სოციალურ და პოლიტიკურ სისტემებში.

  • სექტორის დონეზე თანაშრომლობის მექანიზმების განვითარება. ასეთ გაცნობიერებას მოჰყვა განვითარება არა მხოლოდ ცალკეული ორგანიზაციების, არამედ მთლიანად სექტორის ან მისი ქვესექტორების დონეზე: არასამთავრობოთა თემის შიგნით იქმნება დარგობრივი დონის ქსელები და კოალიციები. რაკი არასამთავრობოები სულ უფრო აცნობიერებენ თავს, როგორც სოციალურ ძალას, ისინი ერთობლივ მოქმედებასაც სწავლობენ. სექტორის ფსიქოლოგიური და ორგანიზაციული სიმწიფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი ისაა, რომ ის სულ უფრო ცდილობს, შემტევი და საკუთარი პოზიციების დამცველი იყოს არა მხოლოდ ხელისუფლების მიმართ (რაც ჩვენს პირობებში შედარებით ადვილია), არამედ დონორების მიმართაც, რაც გასაგები მიზეზების გამო გაცილებით უფრო ძნელია.

ანარქია და ჩარჩოები

ეს არ გამორიცხავს იმას, რომ არასამთავრობო სექტორს აქვს ფუნდამენტური სისუსტეები და, როგორც ზოგი თვლის, გარკვეულ კრიზისშიც კი იმყოფება - ამას შემდეგ დავუბრუნდები. მაგრამ სამოქალაქო ორგანიზაციების მიღწევათა ჩამოთვლა ჩემი შემდეგი თეზისის ხაზგასასმელად მჭირდება: ყოველივე ეს მოხდა ანარქიის ვითარებაში. ანუ, ის სინამდვილე, ის ვითარება, რომელიც დღეს შეიძლება აღიწეროს როგორც „არასამთავრობო სექტორი საქართველოში“, და რომელმაც ასე თუ ისე ანგარიშგასაწევი ადგილი დაიმკვიდრა სოციალურ და პოლიტიკურ რეალობაში, შეიქმნა და არსებობს როგორც კერძო ინიციატივათა ერთობლიობა; არ არსებობს რაიმე ერთიანი ცენტრიდან მისი რეგულირების არანაირი მცდელობა. კერძო ინიციატივაა თითოეული ორგანიზაცია, კერძო ინიციატივაა ყოველი კოალიცია თუ „ქსელი“. ცხადია, ეს ხდება გარკვეულ ჩარჩოებში: ორგანიზაციები წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდნენ არსებულ კანონმდებლობასთან, თავისთავად ცხადადაა მიჩნეული ისიც, რომ მათი საქმიანობა თანამედროვე დემოკრატიული სამყაროს ინსტიტუტთა და ღირებულებათა მხარდაჭერას უკავშირდება. მაგრამ ეს მეტად ფართო ჩარჩოებია, რომელიც ძნელია „შემზღუდველად“ ჩავთვალოთ - ყოველ შემთხვევაში, თვით არასამთავრობოები თავს ამ ჩარჩოებით შეზღუდულად ნაკლებად გრძნობენ.

ვიცი, რომ ამ თეზისს ბევრი ეჭვის თვალით შეხედავს, პირველ რიგში ის, ვინც თავად არ არის ამ სექტორში და მას გარედან (ხშირად - არცთუ თანაგრძნობით) უყურებს, მაგრამ შესაძლოა, მას ზოგიერთი „ენჯიოშნიკიც“ არ დაეთანხმოს. ბევრის აზრით, რა ანარქიაზე შეიძლება ლაპარაკი, როცა სიტუაცია კონტროლდება გარე ძალის, სახელდობრ, დონორების მიერ. ამ ძალას შეიძლება დავარქვათ „დასავლეთი“, ან „საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობა“, ის განსაზღვრავს არასამთავრობოების თვით არსებობას და მათი მოქმედების მიმართულებას. ამ გზით ის ცდილობს, გავლენა მოახდინოს საქართველოს შიდა განვითარებაზე. არასამთავრობოები, თავის მხრივ, საქართველოში დასავლეთის გავლენის აგენტები არიან.

ერთი მხრივ, ასეთი თვალსაზრისი ეფუძნება ჩვენთვის საზოგადოდ დამახასიათებელ პარანოიდალურ-კონსპირაციულ აზროვნებას: არაფერი არ შეიძლება ისე ხდებოდეს, როგორც გარედან ჩანს, ყველაფერს ვიღაც ფარული ხელმძღვანელი უნდა ჰყავდეს, სასურველია უცხოელი. მაგრამ ამ შემთხვევაში ცოტა უფრო ძლიერი და თვალსაჩინო არგუმენტები არსებობს და მათი განხილვისას არ არის აუცილებელი, უნივერსალური „მასონური შეთქმულების“ დონეზე დავიდეთ: ფაქტია, რომ არასამთავრობოები სისხლხორცეულად დამოკიდებულნი არიან უცხოელი დონორების დახმარებაზე; ფაქტია ისიც, რომ ამ უცხოელ დონორებს კონკრეტული მიზნები ამოძრავებთ. დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, კონფლიქტების მოგვარება, „კარგი ხელისუფლება“, ქალთა უფლებები, ეკონომიკური ლიბერალიზაცია და სხვა, უპირველეს ყოვლისა, დონორების ჩამოყალიბებული დღის წესრიგია და მათ პოლიტიკურ ინტერესებს თუ ღირებულებით პრიორიტეტებს გამოხატავს. რა თქმა უნდა, დონორების პროგრამები მეტად დიდ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტ გავლენას ახდენს არასამთავრობოთა განვითარების გზებსა და მიმართულებაზე.

მიუხედავად ამისა, ეს გავლენა, რა გინდ მნიშვნელოვანიც იყოს ის, პრინციპულად სხვა რამეა, ვიდრე რეგულირება. რეგულირება თანმიმდევრულ და სისტემურ მოქმედებას გულისხმობს, რომელიც ერთიანი გეგმით და ერთი ცენტრიდან ხორციელდება. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ „დონორების კოორდინაცია“ - ეს მარადიული პრობლემაა, რომელზეც სულ მიდის ლაპარაკი როგორც თვითონ დონორების, ისე მათი წყალობის მიმღებთა (ახალქართულად - „ბენეფიციართა“) წრეში, მაგრამ რომელიც არასოდეს გადაწყვეტილა და ალბათ არც არასოდეს გადაწყდება. კი, არსებობს შეთანხმებები ზოგად მიზნებსა და ღირებულებებზე, მაგრამ ისინი ძალზე ზოგადია და არსებითად თანხვდება დასავლური, ანუ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ღირებულებათა სისტემას. ამ ზოგადი პრინციპების გარდა, ყოველ დონორს აქვს უფრო კონკრეტული პრიორიტეტები, მაგრამ ეს პრიორიტეტებიც მუდმივად იცვლება, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იცვლება გარემო და საჭიროებები, არამედ იმიტომაც, რომ არსებობს შიდა დონორული ბიუროკრატიის დენადობა, ხოლო ყოველი ფონდის ახალ პრეზიდენტს ან რეგიონული განყოფილების ახლადდანიშნულ დირექტორს სურს „ახალი ცოცხის“ ფუნქცია შეასრულოს და რაღაც საკუთარი, განსხვავებული გააკეთოს. გრანტის მიმღებმა ორგანიზაციებმა, დიდი ხანია, შეამჩნიეს დონორების რიგებში არა მარტო კოორდინაციის ნაკლებობა, არამედ მეტოქეობაც. ევროპელ დონორებს, მაგალითად, ძალზე უყვართ იმის ხაზგასმა, რომ ისინი თავიანთი ფილოსოფიით განსხვავდებიან ამერიკელებისაგან.

დაბოლოს, რეალურ ცხოვრებაში დონორებს საკმაოდ შეზღუდული საშუალებები აქვთ, გააკონტროლონ თანხების ხარჯვა მას შემდეგ, რაც გრანტები გაიცა. რა თქმა უნდა, ისინი ადრე თუ გვიან დასჯიან ისეთ ორგანიზაციას, რომელიც აშკარად არაკომპეტენტური ან უპატიოსნოა, მაგრამ თუ ორგანიზაციამ დონორის ზოგადი ნდობა მოიპოვა, პრაქტიკულად მას საკმაოდ დიდი თავისუფლება რჩება იმის გადასაწყვეტად, თუ, სახელდობრ, რა გააკეთოს.

ანარქიის სიკეთე

მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ანარქიის სიტუაცია არსებობს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე მათი დონორების დონეზე. რაც მთავარია, ეს ძალიან კარგია. ჩვენ ხშირად ვწუწუნებთ იმაზე, რომ ფონდებს შორის არ არსებობს კოორდინაცია, რომ მათი მხრიდან პრიორიტეტების ხშირი ცვლა რთულ მდგომარეობაში გვაყენებს, გვირთულებს გრძელვადიან დაგეგმვას და ა. შ. ამის გამო პრობლემები ნამდვილად გვექმნება, მაგრამ ამაზე ზედმეტი წუწუნიც, არა მგონია, შორსმჭვრეტელი იყოს. ძალიანაც კარგი, რომ დონორების სამყარო ანარქიულია, ძალიანაც კარგი, რომ ისინი ერთმანეთში კოორდინაციას ვერ ახერხებენ: დღეს ანარქია მათ რიგებში ჩვენი თავისუფლების ძირითადი წყაროა. ჩვენ ამ ანარქიის პირობებშიც კი ვთვლით, რომ ზედმეტად ვართ დამოკიდებულები დონორებზე. მაგრამ მოდით, შევატრიალოთ სიტუაცია: აი, მართლა რომ არსებობდეს დონორების მხრიდან ერთიანი, კარგად კოორდინირებული და სისტემური პოლიტიკა, მაშინ ხომ გაცილებით დიდი იქნებოდა იმის საფრთხე - და გაცილებით უფრო საფუძვლიანი იქნებოდა ჩვენ მიმართ წამოძახებული ბრალდებები - რომ ჩვენ მათი იდეების განმხორციელებლები, მათი ერთგვარი თანაშემწეები ვართ და სხვა არაფერი. მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, მიუხედავად დონორებზე ზოგადი დამოკიდებულებისა, ყოველ განვითარებულ ორგანიზაციას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი სახე და საკუთარი პრიორიტეტები და აქვს იმის შესაძლებლობა, დონორთა სამყაროს მიერ შექმილ შესაძლებობათა მრავალფეროვნებაში ეძიოს ის, რაც მის სახეს და მის პრიორიტეტებს ყველაზე მეტად შეესაბამება. რა თქმა უნდა, შესაძლებლობათა წრე შეზღუდულია; მაგრამ შესაძლებლობათა შეზღუდულობა ცხოვრების ნაწილია. მთავარია, რომ არსებობს არჩევანი შესაძლებლობებს შორის. არჩევანის შესაძლებლობას კი განსაზღვრავს ანარქია, არაკოორდინირებულობა დონორებს შორის.

ასევე საზოგადოდ კარგია, რომ ჩვენს საშინაო არასამთავრობო ფრონტზე ძირითადად ანარქიის სიტუაციაა. ეს სრულიად ადეკვატური გარემოა სექტორის განვითარებისთვის. რატომ? არასამთავრობო სექტორი სამოქალაქო ინიციატივების ერთობლიობაა, ხოლო საზოგადოებისთვის უმჯობესია, როცა ასეთი ინიციატივა ბევრი და განსხვავებულია. ანარქიის გარემო ხელს უწყობს რეალურ და მაქსიმალურად ჯანსაღ შეჯიბრს ორგანიზაციებს შორის. ასეთ გარემოში მეტი ალბათობაა, რომ კავშირებმა, კოალიციებმა და ქსელებმა იარსებონ იმიტომ, რომ ეს საქმეს სჭირდება და არა იმიტომ, რომ კოალიციების და ქსელების არსებობა ვიღაცის აზრით საჭიროა. ამის თქმით სულაც არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ არსებობს აგრეთვე კოალიციები და ქსელები, რომლებიც კოალიციების და ქსელების შექმნის გულისთვის შეიქმნა: მაგრამ ისინი არასამთავრობო გარემოში ამინდს არ ქმნის.

რეგულაციის შიში

რატომ ვილაპარაკე ამდენი ანარქიაზე? იმიტომ, რომ ის, რაც დღევანდელი შეხვედრის თემას შეადგენს, თავისი შინაარსით ანარქიის საპირისპიროა. არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის კოდექსის შემოღება რეგულირების, უფრო სწორად, თვითრეგულირების რაღაც სახეა. ხოლო რეგულირება გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ რეგულირების გარეშე რაღაც ფერხდება, თუ ამის გარეშე რაღაც საქმე არ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს. ყოველგვარი რეგულირების შემოღებისას მტკიცებულების ტვირთი შემოღების ინიციატორზეა.

აქამდე საკმაოდ თვალსაჩინო იყო, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები სკეპტიკურად ვუყურებდით ნებისმიერი სახის (თვით)რეგულირების მექანიზმების შექმნას და, საზოგადოდ, არასამთავრობო სექტორში დამატებითი წესრიგის დამყარების მცდელობას. ეს გამოვლინდა, კერძოდ, ჩვენს დამოკიდებულებაში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი, მყარი ასოციაციების შექმნის პროექტებისადმი. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიანი ზოგადეროვნული ასოციაციის შექმნის ან არშექმნის საკითხი მჭიდროდ უკავშირდება აქ განსახილველ თემას, რადგან პრაქტიკულად ძნელია ნებაყოფლობითი თვითრეგულირების რაიმე მეტ-ნაკლებად ქმედითი ფორმალური მექანიზმის შექმნა, თუ არ შემოიფარგლა იმ სუბიექტების წრე, ვინც ამ მექანიზმებს იზიარებს; ეს კი, ყველაზე ბუნებრივია, მეტ-ნაკლებად ფორმალიზებული ასოციაციის სახით არსებობდეს. და პირიქით, ასოციაციებს ტენდენცია აქვთ, რაღაცნაირი რეგლამენტაცია გაუწიონ თავიანთი წევრების საქმიანობას, თუნდაც მას „კოორდინაციის“ ერთი შეხედვით უწყინარი სახელი დაარქვან. საქართველოში იყო რამდენიმე ინიციატივა ასეთი ასოციაციების შექმნისა, მაგრამ, როგორც წესი, წამყვანი, ყველაზე განვითარებული და ავტორიტეტული ორგანიზაციები ეჭვის თვალით უყურებდნენ ასეთ ინიციატივებს (ასეთი სკეპტიციზმი არაერთხელ გამოუთქვამს ამ სტრიქონების ავტორსაც). ეჭვის გასამართლებლად უფრო ხშირად გამოიყენებოდა იმის შიში, რომ ასეთი მყარი ორგანიზაციული ფორმა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ არასამთავრობო სექტორის მანიპულირების იარაღი შეიძლება გამხდარიყო, ან ეს იქცეოდა იარაღად რაიმე ჯგუფის ხელში, რომელიც შეეცდებოდა ამ გზით თავისთვის პრიორიტეტული მდგომარეობის შექმნას.

მაგრამ, მე მგონი, აქ სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზებიცაა. კერძოდ, თავისი როლი ითამაშა ქართულმა ანარქიულმა სულმა, რომელიც ინსტინქტურად ეწინააღმდეგება ნებისმიერ რეგლამენტაციას. ამ შემთხვევაში, ანარქიულ ინსტინქტს ზედ დაერთო გაკვეული რაციონალური გამართლებაც: ანარქიის პირობებში არასამთავრობო სექტორი ასე თუ ისე განვითარდა; გაჩნდა ორგანიზაციები, რომლებიც ერთმანეთს ენდობიან და ერთობლივად მოქმედება შეუძლიათ, რაც, თუნდაც ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ნაკლებად გამოდის. ჰოდა, რატომ უნდა ავიტკივოთ აუტკივარი თავი. ჩემი აზრით, წამყვან და ავროტიტეტულ ორგანიზაციებს იმისაც ეშინოდათ, რომ ერთიანი ასოციაციის შექმნის პირობებში ისინი ჩაიკარგებოდნენ დიდ ზღვაში და მათი გავლენა შემცირდებოდა. ამ შიშის უკან შეიძლება დავინახოთ უფრო ძლიერი ორგანიზაციების მხრიდან ელიტარული პოზიციების შენარჩუნების სურვილი - მაგრამ მე აქ ვხედავ სრულიად გამართლებულ სიფრთხილესაც იმასთან დაკავშირებით, რომ ასობით თუ ათასობით სუბიექტის მქონე გაერთიანებაში წარმმართველი ხმა ექნებოდათ ჯგუფებს, რომელთაც უფრო ვიწრო-პრაგმატული და ნაკლებ სამოქალაქო მოტივები ამოძრავებთ.

ახალი ეტაპი სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებაში?

თუ ყველაფერი ეს ასეა, რატომ დგება დღის წესრიგში თვითრეგულირების თემა? იმიტომ, რომ ვიღაცამ ამის დაყენებაში გრანტი მიიღო? არა მგონია, ასე პრიმიტიულად შეიძლება დავაყენოთ საკითხი.

არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის ზრდასთან და წინსვლის სხვა ნიშნებთან ერთად, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდი, სულ უფრო ხშირად გვესმის - ისევ არასამთავრობოების გარემოდან - რომ სექტორში კრიზისია. სიტუაციის შეფასებაში ერთმანეთს ებრძვის ოპტიმისტური და პესიმისტური ხედვა. მე ვთვლი, რომ ჭეშმარიტება - როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე - შუაშია და სიტყვა „კრიზისი“ გადაჭარბებაა. ჩემი აზრით, ერთი მხრივ, არასამთავრობო სექტორს მართლაც აქვს თანშობილი სისუსტეების მთელი წყება (ელიტიზმი, „კარგი ორგანიზაციების“ სიმცირე, უმეტესი ორგანიზაციების შიდაორგანიზაციული ამორფულობა და ა. შ.). მაგრამ, მეორე მხრივ, კრიზისულობის განცდას ბადებს პრობლემების ახალი ხარისხი, ახალი დონე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს არასამთავრობო სექტორის გადასვლასთან განვითარების ახალ საფეხურზე. უფრო სწორად, ახალმა კონტექსტმა ეს ტრადიციული სისუსტეები უფრო თვალსაჩინო გახადა. აი, სწორედ ამ ახალ კონტექსტში ბუნებრივი გახდა თვითრეგულირების საკითხის წამოჭრა.

რა არის პრობლემების ახალი ხარისხის - თუ, ზოგიერთის აზრით, კრიზისის - მიზეზი და გამოხატულება? უპირველეს ყოვლისა, აშკარად გამოიკვეთა დისბალანსი არასამთავრობო სექტორის ფუნქციებსა და მათ რესურსებს შორის. თავისი აქტივობით სამოქალაქო ორგანიზაციებმა საკმაოდმაღალი მოლოდინები შექმნეს. ვიღაც შეიძლება შეაშინეს, ვიღაცას იმედი მისცეს, მაგრამ შეიქმნა ისეთი წარმოდგენა, რომ სექტორს სერიოზული გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის განვითარებაზე. ყოველ შემთხვევაში, სექტორის მაღალი აქტივობა ერთგვარად გულისხმობს ასეთ პრეტენზიას. მაგრამ სამოქალაქო ორგანიზაციების რეალური შესაძლებლობები არ პასუხობს ასეთ მოლოდინებს თუ პრეტენზიებს. არასამთავრობო სექტორის განვითარებული ნაწილი საკმაოდ მცირეა, თითქმის ყველა სამოქალაქო ინიციატივაში ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ, ეხება საქმე არჩევნებს, ენერგეტიკას, საგარეო პოლიტიკას, განათლებას, რასაც გნებავთ. ბუნებრივია, აქტივისტთა ეს მცირე წრე კომპეტენტურ მონაწილეობას ვერ მიიღებს ყველა საკითხის განხილვაში.

აღნიშნული შეუსაბამობის მაგალითი იყო 2002 წელს მიღებული საარჩევნო კოდექსი და არასამთავრობო ორგანიზაციათა პასუხი ამ გამოწვევაზე. ამ კანონმა არასამთავრობო ორგანიზაციებს მიანიჭა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მას ოდესმე ჰქონია და რომელიც უნიკალურია თუნდაც საერთაშორისო გამოცდილების თვალსაზრისით: მათ წარმომადგენლებს გადამწყვეტი როლი უნდა ეთამაშათ საარჩევნო კომისიების შედგენაში, რაც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა საქართველოში. ამან გაორებული რეაქცია გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის: ერთი მხრივ, ახალი პროცედურა იძლეოდა მდგომარეობის არსებითად შეცვლის რეალურ შანსს, - ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მტკივნეულია ჩვენში საარჩევნო ადმინისტრაციის პრობლემა, არასამთავრობოებს მორალური უფლება არ ჰქონდათ, მასზე უარი ეთქვათ. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რისი აღებაც არსებული ორგანიზაციული და ადამიანური რესურსებით ალბათ გაგვიჭირდებოდა (თავი გავანებოთ იმ უფრო ზოგად საკითხს, რამდენად ადეკვატურია ასეთი ამოცანა არასამთავრობო ორგანიზაციების მანდატისა და მათი ადგილისათვის საზოგადოებაში).

რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? არასამთავრობოთა თემში ძლიერდება იმის განცდა, რომ საჭიროა სექტორის გაფართოება, საჭიროა უფრო ფართო და უფრო მყარი კოალიციების შექმნა. ამას კი სჭირდება, ერთი მხრივ, სექტორის გაძლიერება ორგანიზაციულად და ადამიანური რესურსების მიზიდვის აზრით, მეორე მხრივ კი, ხარისხის კრიტერიუმების დადგენა, რათა ასეთმა გაფართოებამ არ გამოიწვიოს ხარისხის დაქვეითება. როგორ შეიძლება ამას მივაღწიოთ? მოგვწონს თუ არა ეს, ასეთ პირობებში ძნელია თავიდან ავიცილოთ მეტი ფორმალიზაცია.

იმ ეტაპზე, რასაც მე განვითარების „ანარქიულ“ მოდელს ვეძახი, „კარგი“ ორგანიზაციის ნაკლებად კარგისაგან განსხვავების ძირითადი კრიტერიუმია პირადი ნდობა. ან, სხვა სიტყვებით, არასამთავრობო კოალიციების შექმის ძირითადი კრიტერიუმი იყო „კაი ტიპის“ ცნება: ესა და ეს კაი ტიპია და მოვიწვიოთ, სხვები არ არიან კაი ტიპები და არ მოვიწვიოთ. პირადი ნდობა, რა თქმა უნდა, სრულიად ბუნებრივი და აუცილებელი საწყისია ადამიანთა გაერთიანებისთვის, და პირად ნდობაზე დამყარებული მცირე ჯგუფების აქტივობას ხშირად ძალზე მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანია საზოგადოებისთვის. მაგრამ რაღაც ეტაპზე მხოლოდ პირადი ნდობის ფაქტორზე დაყრდნობა და გაერთიანების ფორმალურ კრიტერიუმებზე უარის თქმა შეიძლება მუხრუჭად იქცეს: ის გარდუვალად ხდება მიზეზი ჩაკეტილობისა და ელიტარულობისა, ხოლო ეს ტენდენციები არასამთავრობო ორგანიზაციათა წრეში ნამდვილად არსებობს: ამას გარედან ხშირად გვიკიჟინებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მეტიც, მხოლოდ ნდობაზე და არა ფორმალურ წესებზე აგებულ გაერთიანებებში ძნელია არ ჩამოყალიბდეს რამდენიმე აქტიური და ავტორიტეტიანი ადამიანის თუ ორგანიზაციის დომინირებული მდგომარეობა, რომელთა გემოვნება და სიმპათია-ანტიპათიები კანონის ძალას იძენს, ეს კი ხელს უშლის სექტორის განახლებას და მასში აზრთა და მიდგომათა პლურალიზმის განვითარებას.

ამის ალტერნატივაა „კაი ტიპობის“ ცნების დეკონსტრუქცია და თუნდაც მისი ელემენტების საფუძველზე „კარგი ორგანიზაციის“ უფრო ფორმალური კრიტერიუმების შემუშავება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა არის კარგი არასამთავრობო ორგანიზაცია და რა არის ცუდი, რა კონკრეტული ნიშნებით უნდა გავარჩიოთ ერთი მეორისაგან. უკეთესია, თუ ეს ნიშნები ექსპლიციტურად, წერილობით იქნება ჩამოყალიბებული.

არასამთავრობო სექტორის ლეგიტიმურობის პრობლემა

ასეთი საჭიროება სამოქალაქო ორგანიზაციების ლეგიტიმურობის პრობლემასაც უკავშირდება. ის, რომ ასეთი პრობლემა გვიდგას, საკმაოდ ნათელია. ერთ-ერთი გამოკითხვით, რომელიც ბოლო დროს ვნახე, რესპოდენტების დაახლოებით 60-65%-ია დარწმუნებული, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია, მაგრამ 30 პროცენტი იმავეს ფიქრობს არასამთავრობოებზე. „გრანტიჭამიების“ იარლიყი საკმაოდ „წებოვანი“, ძნელად თავიდან მოსაცილებელი აღმოჩნდა. იმაზე ლაპარაკი, ვინ მოგვაკერა ეს იარლიყი და რა პოლიტიკური მოტივები ედო ამას საფუძვლად, ვერაფერს გვიშველის. მთავარი ისაა, რომ აქ მოქმედებს ნიუტონის კანონის პოლიტიკური ანალოგი: ყოველი ქმედება იწვევს უკუქმედებას, ანუ რაც უფრო გაიზრდება არასამთავრობოების გავლენა, მით უფრო გაიზრდება მათი დისკრედიტაციის მცდელობაც. ნიუტონის კანონების წინააღმდეგ ბრძოლა კი უაზრობაა. დიკრედიტაციის მცდელობისას გამოიყენებენ ყველაფერს, რაც გამოადგებათ: ჩვენს შემთხვევაში ეს აღმოჩნდა, ერთი მხრივ, „გრანტიჭამიობა“, მეორე მხრივ კი - უცხო ქვეყნების „აგენტობა“, რაც საბოლოო ჯამში ისევ გრანტების წარმომავლობასთან არის დაკავშირებული. სექტორის გავლენის ზრდა შეუძლებელია, თუ მისი სოციალური ლეგიტიმურობა არ გაიზარდა, ხოლო ამისთვის აუცილებელია, დისკრედიტაციის მცდელობებს რაღაც დავუპირისპიროთ.

კერძოდ, რა უნდა დავუპირისპიროთ? აქ უკვე საკმარისი არ არის, რომ ერთმანეთი „კაი ტიპები“ გვგონია: სხვებმაც უნდა დაგვიჯერონ. როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას? პირველ რიგში ისევ ერთმანეთში უნდა შევთანხმდეთ, რა არის კარგი და შედეგიანი მუშაობის კრიტერიუმები. შეიძლება ჩვენი ზოგიერთი პროფესიონალი მოწინააღმდეგე პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და უამრავ სისულელესაც ამბობს, მაგრამ თავად მათი კრიტიკის ძირითადი მოტივები მთლად ჰაერიდან არ არის მოტანილი: ბევრ ორგანიზაციას მართლაც გრანტების მოზიდვისა და „ყლაპვის“ გარდა არაფერი ამოძრავებს, და ბევრი მართლაც სრულიად უკრიტიკოდ უყურებს დონორების შემოთავაზებულ მიდგომებს და რასაც გინდა, იმ იდეას დაიცავს, ოღონდ ფული გადაურიცხონ. სამოქალაქო ორგანიზაციების პრესტიჟი ვერ ამაღლდება, თუ „კარგებმა“ არ ისწავლეს „ცუდებისაგან“ გამიჯვნა - და საზოგადოებას არ აუხსნეს, რის საფუძველზე ემიჯნებიან. ეს კი შეუძლებელია, თუ „კარგი“ ორგანიზაციის გამორჩევის ექსპლიციტური კრიტერიუმი არ ჩამოყალიბდა.

კიდევ ერთი საჭიროება, რაც დგას არასამთავრობო სექტორის წინაშე, არის მისი ინტერესების და ღირებულებების დაცვა, ერთი მხრივ, ხელისუფლებასთან, მეორე მხრივ კი - დონორებთან ურთიერთობაში. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას არასამთავრობო სექტორის სახელით ლაპარაკი მოუხდება. რა თქმა უნდა, ეს გარდუვალად შექმნის უხერხულობებს, რადგან არც ერთ ორგანიზაციას ან ორგანიზაციათა ჯგუფს არა აქვს მთელი სექტორის სახელით საუბრის უფლება, და ასეთი წარმომადგენლობის მექანიზმების შექმნაც არასამთავრობოთა წრეში ძნელი წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, ეს მაინც ხდება, - ან, უფრო სწორად, საზოგადოება სამოქალაქო ორგანიზაციათა ერთ ჯგუფს აღიქვამს სექტორის უპირატეს წარმომადგენლად (ის კი არა, ლამის ყველას „თავისუფლების ინსტიტუტი“ დაგვარქვან). ადრე თუ გვიან ეს - ვის შეუძლია, თუნდაც არაფორმალურად, არასამთავრობოთა სახელით ლაპარაკი - კონფლიქტებისა და უკმაყოფილების, ამის შედეგად კი, მთლიანად ამ სექტორის დისკრედიტაციის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ამ პრობლემის ლოგიკურად გამართული გადაწყვეტა ალბათ საერთოდ შეუძლებელია, რადგან სამოქალაქო ორგანიზაციათა წრე თავისი ბუნებით არ არის წარმომადგენლობის პრინციპზე აგებული. მაგრამ ერთადერთი გონივრული გზა ამ კოლიზიისგან ასე თუ ისე თავის დაღწევისა ისევ კარგი ორგანიზაციის, სწორი ქცევის სტანდარტებზე შეთანხმებაა. მორალური უფლება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვისა მხოლოდ იმ გაერთიანებებს შეიძლება ჰქონდეთ, რომლებიც თავად რაღაც სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

რისი წესები?

მოკლედ, თუ „ქცევის კოდექსს“ რაიმე ღირებულება აქვს, ეს არის ერთგვარი ხარისხის სტანდარტების შექმნა სამოქალაქო ორგანიზაციათა სფეროში.

თუ შევთანხმდით, რომ ასეთი წამოწყება აზრიანია, მაშინ ძირითადად ორი საკითხია გადასაჭრელი. პირველი - რა ტიპის წესებზე უნდა შევთანხმდეთ, სახელდობრ, რას უნდა შეეხოს ეს „ქცევის სტანდარტები“?

წინასწარი ჩამონათვალი, რომელიც ახლა თავში მომდის და რომელიც, ცხადია, დისკუსიის შედეგად შეიძლება განივრცოს ან შემოკლდეს, შემდეგია:

  • პირველ რიგში, ეს არის ფინანსური გამჭვირვალობა და ფინანსური სახსრების ხარჯვის წესები. სამოქალაქო კოდექსი არ გვავალებს - და არც უნდა გვავალებდეს - ჩვენ შესახებ ფინანსური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას; ასე რომ, ჩვენი გადასაწყვეტია, რამდენად უნდა გავაგებინოთ ასეთი ინფორმაცია, ერთი მხრივ, საზოგადოებას, რომელიც ჩვენი მომსახურების ობიექტია, მეორე მხრივ კი - სხვა ორგანიზაციებს, რათა ერთმანეთის მიმართ გვქონდეს ნდობა. მე ვიცი, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს, დიდი ხანია, მეტად საინტერესო მოსაზრებები გააჩნია ამასთან დაკავშირებით და ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ, რადგან იმედი მაქვს, რომ ის ისაუბრებს ამ საკითხზე - უბრალოდ, წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ეს მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

  • ორგანიზაციული განვითარება. აქაც საკითხების მთელი წყებაა: ორგანიზაციული მოწყობის რა პრინციპები სჭირდება „კარგ“ ორგანიზაციას, როგორი უნდა იყოს მართვის გამჭვირვალობის და შიდა დემოკრატიის სტანდარტები არასამთავრობო ორგანიზაციებში, როგორ უნდა იქნას თავიდან აცილებული ინტერესთა კონფლიქტები და ა. შ.

  • ღირებულებითი პრობლემები. არასამთავრობოთა გარემოში ხშირად გამოითქმის აზრი, რომ არსებობს გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ყველა ფორმალური მონაცემით აკმაყოფილებენ სამოქალაქო ორგანიზაციის მოთხოვნებს, მაგრამ ასეთად მაინც ვერ ჩაითვლება, რადგან მისი ღირებულებები და/ან ქცევის რეალური წესები ეწინააღმდეგება სამოქალაქო ღირებულებებს. მეორე მხრივ, ბუნებრივია და აუცილებელიცაა, რომ ამ სექტორშიც იყოს აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებები საზოგადობრივი ცხოვრების ყველაზე პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში. ამიტომ რაღაც ჯგუფების გარიყვა მათი ღირებულებითი პოზიციის მიხედვით სულაც არ არის ტრივიალური ამოცანა - მან ერთგვარი არასამთავრობო იდეოლოგიური ცენზურის სახე შეიძლება მიიღოს და აუცილებელი პლურალიზმის მოთხოვნასთან მოვიდეს წინააღმდეგობაში. სად გადის ის ზღვარი, რომლის იქითაც უკვე „არასამოქალაქო საზოგადოებაზე“ (uncivil society) შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი?

  • როგორი უნდა იყოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ურთიერთობა პოლიტიკურ აქტორებთან? ზოგიერთი სამოქალაქო ორგანიზაცია პოლიტიკისგან მაქსიმალურად შორს დგომას და სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აუცილებლობას ქადაგებს, ზოგიერთი სულაც არ თვლის საჭიროდ თავისი პოლიტიკური სიმპათიების დამალვას, მაგრამ შეიძლება მაინც დისტანციას იკავებდეს პოლიტიკური პარტიებისაგან. პოლიტიკური პროცესისადმი როგორი მიმართებაა არასამათავრობო ორგანიზაციის „შესაფერისი“ - და შესაძლებელია თუ არა ასეთი ქცევის ერთადერთი მოდელი არსებობდეს?

  • ანალოგიური სახის პრობლემები ჩნდება ხელისუფლებასთან ურთიერთობაში. შესაძლებელია თუ არა ე. წ. „გონგოს“, ანუ ფსევდო-არასამთავრობო ორგანიზაციის ნიშნების ჩამოყალიბება? და საერთოდ, არსებობს თუ არა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის თუ სიახლოვის რაღაც დონე, რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაციის არასამთავრობო ხასიათი ეჭვის ქვეშ დადგება? შეიძლება სხვაგვარადაც დავსვათ საკითხი: რა შემთხვევაშია მისაღები არასამთავრობოების ურთიერთობა ხელისუფლებასთან და რა შემთხვევაში - არა?

  • გამოიკვეთება ანალოგიური პრობლემები, რომლებიც შეეხება არასამთავრობოების ურთიერთობას დონორებთან, ისევე როგორც მათ ურთიერთობას ერთმანეთთან. არასამთავრობოები გარდუვალად არიან ერთმანეთის კონკურენტები დონორთა რესურსებისთვის, მაგრამ მათი მანდატი მათ თანამშრომლობისკენ უბიძგებს. როგორი უნდა მოხდეს ამ ორი რეალობის შეთავსება?

ვისი წესები?

როგორ უნდა მოხდეს ასეთი წესების შემუშავება და ვის მიმართ ექნებათ მათ ძალა? აქ პრინციპულად ორი გზით შეიძლება წასვლა. ერთი: იმთავითვე ძალიან ფართო წრესთან მუშაობა, რათა ორგანიზაციათა დიდმა რაოდენობამ მიაღწიოს შეთანხმებას. ამ გზას უპირატესობა აქვს იმ აზრით, რომ ასე მიღწეულ შეთანხმებას მეტი ლეგიტიმურობა შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ძნელი იქნება შეთანხმების შემთხვევა და სისრულის პრინციპის დაცვა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდება, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი სამოქალაქო ორგანიზაციაა და მათი დათვლაც კი, ზღვაში ქვიშისა და ცაში ვარსკვლავებისა არ იყოს, საკმაო პრობლემაა. მე პირადად უფრო პრაქტიკულად მიმაჩნია მეორე გზა: გარკვეული წარმოდგენა ასეთ სტანდარტებზე ჩამოყალიბდეს როგორც კერძო ინიციატივა, რომელსაც დღეს არსებული ასე თუ ისე ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციები გამოიჩენენ. აქ შეიძლება ტერმინს დავესესხოთ საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიას: Coalition of the willing. ამ მიდგომის თანახმად იმ ქვეყნებმა, რომელთაც ძალა შესწევთ და ნებაც გააჩნიათ, რომ რაღაც კარგი საქმეები აკეთონ, უნდა აკეთონ ეს საქმეები და არ დაელოდონ იმას, რომ, ვთქვათ, ლიბია მათ მოსაზრებებს არ დაეთანხმება. ჩვენც ასევე არ უნდა ვუყუროთ ჩვენს არასამთავრობო ლიბიებს და არ უნდა შეგვეშინდეს იმისა, რომ შევთავაზოთ საზოგადოებას მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორია კარგი არასამთავრობო ორგანიზაცია. შემდეგ, შესაძლოა, ამ სტანდარტების გარშემო გავერთიანდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ლაპარაკი არ არის რაღაც იურიდიულად სავალდებულო წესებზე, ნებისმიერ შეთანხმებას ამ სფეროში მხოლოდ მორალური ძალა შეიძლება ჰქონდეს.

ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს იმას, რომ ინიციატორებმა ადამიანთა და ორგანიზაციათა რაც შეიძლება ფართო წრესთან უნდა ჩაატარონ კონსულტაციები, რათა მათ წინადადებებს რაც შეიძლება ფართო წრის მიერ მიღების შანსი ჰქონდეს.

3 ლევან ბერძენიშვილი

▲ზევით დაბრუნება


პრობლემები, რომლებიც საქართველოს არასამთავრობო სექტორში შეიმჩნევა, ძნელი დასანახი და საიდუმლო ხასიათისა არ გახლავთ. რამდენიმე პრობლემის გამოყოფა ახლავე შეიძლება. ესენია:

  • ანარქიულობა;

  • დონორების მხრიდან სუსტი კონტროლი;

  • ანარქია თავად დონორებს შორის;

  • წინააღმდეგობა რეგულირების მექანიზმებში.

ყველაზე უფრო მტკივნულია, რომ ქართული არასამთავრობო სექტორის ლეგიტიმაცია აღარ არის ისეთი, როგორიც თავდაპირველად იყო და როგორზეც გვქონდა წარმოდგენა. რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო სექტორს საქართველოში ისეთი მაღალი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ იდეაც კი გაჩნდა, რომ, მაგალითად, დემოკრატიული ინსტიტუციონალიზმის ისეთი სერიოზული სფერო, როგორიცაა საარჩევნო კონტროლი, ჩაგვებარებინა არასამთავრობო სექტორისათვის და რამდენიმე ხანს ეს საკითხი სრული სერიოზულობით განიხილებოდა ხელისუფლებაში. შეიძლებოდა წინასწარი პროგნოზის გაკეთება, რომ ქართველი პოლიტიკოსები ბოლოს ჩაწვდებოდნენ არსს და მიხვდებოდნენ, თუ რა საფრთხეს შეიცავდა მათთვის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა. რაც შეეხება მესამე სექტორს, იგი მზად იყო ეს მისია ეტვირთა, ანუ საკუთარი სითამამე და ვაჟკაცობა სექტორმა დაადასტურა, მაგრამ, როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგა, ბუნებრივია, რეალიზმმა იმძლავრა პოლიტიკური ფიგურებში და მათ საფრთხე დაინახეს. რა დაინახეს პოლიტიკოსებმა?

პოლიტიკოსებმა „დაინახეს“ (უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ მათ „მოეჩვენათ“), რომ არასამთავრობო სექტორი სულ არ მოიქცევა ისე, როგორც წინასწარ ამბობს, ანუ ძალიან სერიოზულად ჩაწვდნენ იმას, რომ არასამთავრობო სექტორს აქვს პოლიტიკური სიმპათიები და ეს არის სრულიად ბუნებრივი. გასაოცარი იქნებოდა, რომ „დემოკრატიის ყლორტებად“ წოდებულ ორგანიზაციებს გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები არ ჰქონოდათ. გასაგებია, რომ არასამთავრობო სექტორს არ უნდა მოსწონდეს ის პოლიტიკური ფრთა, რომელიც აპირებს არასამთავრობო სექტორის მოსპობას ქვეყანაში და დემოკრატიის განადგურებას. არადა, ეს ხალხი პოლიტიკაში არის და არასამთავრობო სექტორში მათი წარმომადგენლები ცოტაა. ამიტომ ის ამბავი, რაც ადრე იყო, დამთავრდა, და ეს არის კარგი. დამთავრდა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები განიხილებოდნენ როგორც პოლიტიკური წმინდანები, როდესაც არასამთავრობო სექტორში მუშაობა ითვლებოდა პატიოსნების ნიშნად და დადგა უფრო რეალური ცხოვრების დრო, როდესაც ამა თუ იმ ლიდერს უწევს მტკიცება იმისა, რომ პატიოსნად ცხოვრობს და გრანტიჭამია არ არის. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ დადგა გაცილებით უფრო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი დროება.

რაც ჩვენ დავინახეთ შიგნით, ის საზოგადოებამაც დაინახა. მადლობას იმსახურებს ბატონი ვაჟა სალამაძე იმ უზარმაზარი შრომის გამო, რომელიც მან ჩადო რეგისტრირებული კავშირების შესახებ წიგნის გამოცემაზე. ასოციაციების ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც იქნა, რეესტრირებულია და ერთ წიგნში ჩადებული.

რამდენიმე მოსაზრება იმის თაობაზე, გვჭირდება თუ არ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი. საქმე ისაა, რომ ჩვენ შეიძლება ერთი მხრიდან მივუდგეთ ამ საკითხს; დავასკვნათ რომ არ გვჭირდება და დავამთავროთ, რადგან მარეგულირებელი რომ არ გვჭირდება, ცხოვრებამ აჩვენა. ცხოვრებამ აჩვენა, რომ ეფემერული და უპერსპექტივო აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციების კონგრესი. იგი, როგორც აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატივა, შექმნეს ნაკლებად აღიარებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. არ დაიმალა, რომ ამ გაერთიანებას ზურგს უმაგრებდა ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურის, კერძოდ, ლევან მამალაძის „ავტორიტეტი“. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ რეალურად მომხდარი ფაქტი სერიოზული დაფიქრების საბაბს იძლევა. თუ აუტსაიდერების გაერთიანების საშუალება არ არსებობს, რაღა არასამთავრობო სექტორია. ზოგიერთი უფრო დამსახურებული ორგანიზაცია ამ ხალხს ძალიან მტრულად უყურებს; სინამდვილეში, ისინი ღვიძლი შვილები არიან ჩვენი სექტორისა. დაუფინანსებელნი, არაღიარებულნი, ავტორიტეტისა და პრესტიჟის სითბოს მოკლებულნი და საბრალონი, ისინი ერთმანეთს აუცილებლად იპოვიდნენ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. დიდი მცდელობა ჰქონდა სოროსის ფონდს, არავინ დარჩენილიყო დაუფინენსებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას თვალში არ მოსდის. მცდელობა სულ იყო, რომ არ ჩაითვალოს, რომ იურიდიულ საკითხებს მხოლოდ იურისტთა ასოციაცია აგვარებს, არადა, ასეთი საფრთხე ყოველთვისაა. კონკრეტულად ამ ორგანიზაციას ასეთი საფრთხე არა აქვს, მაგრამ ხშირად კოალიციები იკრიბება ამ კარგი ორგანიზაციებისაგან, კავკასიური და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ხშირად ფიგურირებს და ეს ბუნებრივია.

შესაძლოა, ამჟამად არ გვჭირდებოდეს იმაზე ყურადღების განსაკუთრებული გამახვილება, თუ როგორ უნდა გაერთიანდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ აუცილებელია განვიხილოთ ის ელემენტები, რასაც შეიძლება აერთიანებდეს ეს კოდექსი. საკუთრივ ეთიკური კოდექსის მიღებამდე საქართველოს არასამთავრობო სექტორს, ჩემი შეფასებით, 20 წელი მაინც აკლია. თუ ნაჩქარევად საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციების კონცეფციას და ეთიკის კოდექსს, გაგრძელდება ის, რაც არის საზოგადოებაში, ანუ გაგრძელდება ფარისევლობა. საქართველოს არასამთავრობო სექტორი ამისათვის მზად არ არის. მაგრამ დღეს ამისათვის მზად შეიძლება იყოს მხოლოდ ათი ორგანიზაცია. მე არ გთავაზობთ არასამთავრობო არისტოკრატიის შექმნის იდეას - არავინ ეს არ წარმოიდგინოს - იმიტომ, რომ ეს ისედაც შექმნილია და ისედაც არსებობს. არისტოკრატიის არსებობა ვისაც არ სჯერა, შეუძლია ჩავიდეს საქართველოს რაიონებში და ნახოს, როგორ ცხოვრობენ ჩვენი ძმები და დები - ჩვენზე გაცილებით ცუდად. არადა, არ ჩამოგვრჩებიან. უკვე ძალიან კარგი ხალხია მისული რაონულ სექტორშიიც. ცუდად ცხოვრობენ იმიტომ, რომ იმათი ხელმძღვანელი უფრო იცლის სექტორისათვის და ძირითადად სუნთქვას უკრძალავს, საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებას კი ჩვენთვის არ სცალია - მადლობა ღმერთს. რომც მოიცალოს, შერცხვება - ჯორჯ სოროსის პირადი მეგობარია და დეკლარირებული აქვს დემოკრატიული პრინციპები.

ეთიკურ კოდექსთან დაკავშირებით ჩემს იდეას შეიძლება ეწოდოს „ეთიკური კოდექსის გავრცობითი ინიციატივა“. იდეა ასეთია: შევქმნათ ეთიკური კოდექსის წინარე დოკუმენტი, რომელიც საჯარო გახდება ინტერნეტის მეშვეობით და მსურველ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, შენიშვნები შეიტანონ ან მიუერთდნენ. დაკუმენტი არ უნდა იყოს რომელიმე ორგანიზაციისთვის სავალდებულო და მასთან მიერთება ან არმიერთება არაფერს უნდა ნიშნავდეს, რადგან იქ შეიძლება აღმოჩნდეს ერთი ან რამდენიმე მძიმე ვალდებულება. ერთ-ერთი ასეთი ვალდებულება არის ღიაობა და ანაგარიშგებადობა. მე აქ ორ მომენტს ვხედავ - საშინაო (შიდა ორგანიზაციულსა) და საგარეო მოხმარების პრობლემებს. ღიაობა ძირითადად საშინაო პრობლემაა, პასუხისმგებლობა და ანგარიშგებადობა კი - საგარეო. ორგანიზაციის შიგნით უნდა იყოს დემოკრატიული მმართველობა, გარეთ კი ის, რასაც ჩვენმა ესტონელმა კოლეგებმა სამოქალაქო ვაჟკაცობა უწოდეს, რაც ძალიან თავისებურია და რაც მათ მოთხოვნილი აქვთ ეთიკური კოდექსის ფარგლებში. ამის დოკუმენტში ჩაწერა ძალიან ბუნებრივია ესტონელისათვის, საქართველოში ეს ალბათ მიუღებელი იქნება, რადგან ყველას გააკვირვებს ეჭვი, რომ მის ორგანიზაციას აკლია სამოქალაქო ვაჟკაცობა. ესტონელები გაცილებით უფრო რაციონალისტი ხალხი აღმოჩნდა.

ეთიკური კოდექსის წინარე დოკუმენტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს პუნქტებს ორგანიზაციული განვითარების მდგრადობისა და ფონდების მოპოვების პატიოსნების შესახებ, იგი აუცილებლად უნდა მიუთითებდეს პასუხისმგებლობაზე ყველგან, სადაც ფინანსებზე იქნება ლაპარაკი. უნდა გითხრათ, ყველა ქვეყნის სამოქალაქო სექტორის სამარცხვინოდ, ბევრმა ასეთი კოდექსი სწორედ ფინანსური მოსაზრებების გამო ვერ მიიღო. ახალი დემოკრატიის, ახალმოპოვებული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ქვეყნებში ესტონელები პირველები და ჯერ-ჯერობით უკანასკნელები არიან. ესტონეთში, სინამდვილეში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერა ხელი ეთიკურ კოდექსს. ჩვენ ამას ჯერ ვერ მივაღწევთ. რეალობა ასეთია.

მე მაქვს ასეთი იდეა - რამდენიმე ენთუზიასტმა ორგანიზაციამ გახსნას თავისი ფინანსური მდგომარეობა ანუ ბუღალტერია, ან თქვას, რომ ის მზადაა ამისათვის. მე სულ დავაფიქსირე 3 ტიპის ბუღალტერია: ერთი ეს არის ბუღალტერია ფონდებისათვის, მეორე ეს არის ბუღალტერია საგადასახადოსათვის და მესამე არის შიდა ბუღალტერია. არსებობს მესამეს ვერსიები, მაგალითად დირექტორი და ბუღალტერი ფლობენ მეტ ინფორმაციას ფინანსებზე ორგანიზაციაში, ვიდრე დანარჩენები. ამას მე შიდა ბუღალტერიის თავისებურებად განვიხილავ. საგადასახადოს და ფონდებს რომ ჰქონდეთ უნარი, გაუცვალონ ინფორმაცია ერთმანეთს - დიდი სკანდალი მოხდება, თუნდაც ჩვენს დამსახურებულ ორგანიზაციებში. იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მზად არიან, ჩვენ ვთავაზობთ შევიმუშავოთ სტანდარტი, როგორ გამოვფინოთ ეს ინფორმაცია. მე არა ვარ მომხრე, რომ უაზროდ გავაკეთოთ ეს. ჯერ გავიაზროთ, მოვილაპარაკოთ, ბუღალტერების დონეზე მოვილაპარაკოთ და მზად ვართ რაღაც სტანდარტში, რაც საინტერესოა საზოგადოებისათვის და რაც იოლად აღიქმება, გამოვფინოთ. მე მზად ვარ ფულის ნაკადების ყველა მოძრაობა წარმოვადგინო და ყველა გრანტის მოცულობა, ინფორმაცია, თუ რამდენი იყო, ვისგან იყო, როგორც არის დახარჯული. ე.ი. შედეგად საგადასახადოსაც ვუმარტივებ ცხოვრებას, დონორსაც გავუმარტივებ ცხოვრებას.

რაც მთავარია, არასამთავრობო ორგანიზაცია თვითონ გაიმარტივებს ცხოვრებას იმ თვალსაზრისით, რომ წესრიგში ექნება ყველაფერი ფინანსების დარგში. ეს ერთი მომენტია, ძალიან სერიოზული, რადგანაც ყველა არ არის ამისათვის მზად და ზოგიერთს შერცხვება თავის თანამშრომელს შეხედოს თვალებში. ზოგმა ორგანიზაციის თანამშრომელმა არც იცის, რომ მის ხელში მილიონმა გაიარა, ზოგს ჰგონია, რომ არც უნდა იცოდეს. ეს ერთი მომენტია; ამაზე ყველას გაუჭირდება ჩემთან კამათი. ეს არ ნიშნავს, რომ, ვინც ამას არ იზამს, ის უწესო და უპატიოსნოა და დონორებს ვუთხრათ ეს, მაგრამ, ვინც ამას გააკეთებს, იმას მაინც იტყვის, რომ ამ გზით ცხოვრებას აპირებს და რომ ასე შეიქმნება მომავალში ბირთვი, რომლის საფუძველზეც შეიძლება ეთიკური კოდექსამდე მივიდეთ. ეს ერთი საკითხია.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სტანდარტის საკითხი ჩვენ ერთნაირად უნდა წარმოვადგინოთ ეს ინფორმაცია და ერთ ადგილას. ეს საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირს, რომ ორგანიზაციები ცალ-ცალკე კი არ ეძებოს, არამედ მიმართოს შესაბამის გვერდს ინტერნეტში. რა დასამალია და ბევრიყველა ქვეყნის სამოქალაქო სექტორის სამარცხვინოდ, ბევრმა ასეთი კოდექორგანიზაციის ვებ-გვერდი გაცილებით უფრო სიმპათიურად გამოიყერება, ვიდრე სინამდვილეა და ამიტომ მნიშვნელოვანია ერთნაირი სტანდარტით შევსებული ფინანსური მონაცემების განთავსება ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ უფრო სრული და ობიექტური წარმოდგენის შესაქმნელად.

ეთიკური კოდექსის წინარე დოკუმენტი, ბუნებრივია, დონორების საკითხსაც შეეხება. ფაქტია, რომ დონორები ხარჯავენ საქართველოს არასამთავრობო სექტორზე დიდ თანხებს და ეფექტიანობა ამ ხარჯებისა, უკუგება მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლებია. ანუ ფული ბევრია დახარჯული და რისი გაკეთებაც შეიძლებოდა ამ ფულით, გაკეთებული არ არის. არსებობენ დონორები, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ესმით, რაში ხარჯავენ ფულს და არსებობენ დონორები, რომლებმაც საერთოდ არ იციან, რაში დახარჯეს ფული. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც უამრავ ფულს ხარჯავენ საქართველოში და საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის. რა შეგვიძლია ჩვენ? დონორს ვერ ეტყვი, როგორ იცხოვროს, იმიტომ რომ რამდენიც უნდა ვიკამათოთ, ფული ვისიც არის, ის გადაწყვეტს, რა სტრატეგია უნდა ჰქონდეს. უბრალოდ, არის საშუალება, დონორთან იმ მომენტში თანამშრომლობის, როდესაც ის სტრატეგიაზე მუშაობს. ასეთი საშუალებით ჩვენ რატომღაც არ ვსარგებლობთ. ამას ვამბობ, როგორც რამდენიმე ცნობილი ფონდის საბჭოს ყოფილი და ამჟამინდელი წევრი. რამდენიმე ფონდში, როდესაც სტრატეგიაზე ვმუშაობდით, სპეციალურად ვთხოვდით ხალხს, რომ დაგვხმარებოდნენ. არავის არა აქვს იმგვარი აზრი, რომ მან იცის ყველაფერი, ამიტომ ჩვენ შეიძლება დღესვე მისაღები კოდექსის, როგორც ასეთის, წინააღმდეგი ვიყოთ, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების კონცეფციის მაგვარი დოკუმენტი რომ არებობდეს, ჩემი აზრით, სერიოზული მიღწევა იქნებოდა.

ასეთი დოკუმენტი უნდა შეიქმნას. ამგვარად სტრუქტურირებული ცოდნა ამ ქვეყნის მოქალაქეების ინდივიდუალური და მისი საზოგადოების სოციალური რესურსების შესახებ ფონდებმა უნდა იცოდნენ და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება გამოიყენონ ან გაითვალისწინონ მაინც ეს ცოდნა თავიანთი სტრატეგიის შემუშავების დროს.

საბოლოოდ, ჩემი წინადადება ასეთია: შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც აითვისებს იმ რესურსს, რაც უკვე არსებობს და გამოქვეყნებულია. სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავოს საქართველოში არასამთავრობო სექტორის განვითარების კონცეფცია. კონცეფციის გამოქვეყნებისა და მისი საჯარო განხილვის შემდეგ ჩამოყალიბდეს სამოქალაქო სექტორის ეთიკური კოდექსის წინარე დოკუმენტი, რომელსაც მიუერთდება რამდენიმე ორგანიზაცია. მას შემდეგ, რაც მიერთებულ ორგანიზაციათა რიცხვი „დადებითად კრიტიკული“ (უბრალო ენით რომ ვთქვათ, საკმარისად დიდი) გახდება, გამოქვეყნდეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკური კოდექსის პირველი ვერსია. დავით უსუფაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის თემაზე ფიქრისას გამახსენდა 1995 წელს გამართული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის ერთ-ერთი სხდომა, რომელზეც იურისტთა პროფესიული ეთიკის კოდექსის საკითხი იხილებოდა. ბევრისათვის სრულიად მოულოდნელად გამგეობის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ყოველთვის სწორედ პრინციპულობითა და მაღალი ზნეობრივი სტანდარტებით გამოირჩეოდა (და რომელმაც ეს სტანდარტები, ბევრისგან განსხვავებით, დიდ პოლიტიკაში ჩაბმის შემდეგაც შეინარჩუნა), განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგი იყო ყოველგვარი დაწერილი ეთიკური ნორმებისა, მეტიც, მიაჩნდა, რომ შეუძლებელი იყო რაიმე „კოლექტიურ ზნეობასა და ეთიკაზე“ საუბარი, რომ ეთიკა არსებობდა მხოლოდ ინდივიდის დონეზე და, ამდენად, ყოველ ინდივიდს უნდა ჰქონოდა სრული თავისუფლება იმაში, თუ რას აღიარებდა ეთიკურად და რას - არაეთიკურად. მისი აზრით, ასოციაციის მხრიდან პროფესიული ეთიკის ნორმების შემუშავება/დადგენის ყოველგვარი მცდელობა უნდა განხილულიყო როგორც ინდივიდის პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში არამართლზომიერი ჩარევა. იგი არ უარყოფდა ზოგადად ეთიკური ნორმების აუცილებლობას, მაგრამ თვლიდა, რომ ასეთი ნორმები თავისთავად უნდა ყალიბდებოდეს ადამიანებს შორის ურთიერთობებში და დაუშვებელია ვინმეს (სახელმწიფოს, კორპორაციის) მიერ მათი დადგენა და სხვებისათვის თავსმოხვევა.

გამგეობის სხვა წევრთა აზრით, იურისტთა პროფესიული ეთიკის კოდექსის შემუშავება და მიღება ასოციაციის უპირველესი პრიორიტეტი უნდა გამხდარიყო. კომუნისტური საქართველოდან იურისტებმა მემკვიდრეობით მივიღეთ დაუწერელი „პროფესიული ანტი-ეთიკა“, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის იდეალებთან და პრინციპებთან. ეს ანტი-ეთიკა მოსამართლისთვის ქრთამის მიცემაში ადვოკატის შუამავლობას მისაბაძად აცხადებდა და მეცნიერის მიერ უვარგისი სადისერტაციო ნაშრომის ელიტარული ავტორის „გაშავებას“ დასაგმობ ქმედებად ნათლავდა. მაშასადამე, ჩვენ ვიდექით არა პროფესიული ეთიკის გაუმჯობესების, არამედ ძველის მთლიანად დამსხვრევისა და ახლის აშენების ამოცანის წინაშე. პრობლემის სირთულეს ისიც აძლიერებდა, რომ ახალგაზრდა იურისტთა წრეში მეტ-ნაკლები კონსენსუსი არსებობდა იმაზე, თუ რა იყო დასაგმობი და ამოსაძირკვი; არ არსებობდა არანაირი კონსენსუსი იმაზე, თუ რა იყო შესაქმნელი. ასეთ სიტუაციაში, ბევრის აზრით, აუცილებელი იყო რაიმე, თუნდაც ძალიან მარტივი, საბაზისო დოკუმენტის შექმნა და მისი ეტაპობრივი განვითარება/სრულყოფა. ხანგრძლივი სჯა-ბაასის შემდეგ გამგეობამ გადაწყვიტა არ დაგვეწყო მუშაობა ეთიკის კოდექსზე. ჩაითვალა, რომ არაეთიკური იქნებოდა ასეთი დოკუმენტის მიღება თავად დოკუმენტის საჭიროების თაობაზე სრული კონსენსუსის მიღწევამდე.

2002 წლის სექტემბერში ასოციაციის საერთო კრებამ გამგეობას დაავალა ერთი წლის განმავლობაში ეთიკის კოდექსის პროექტის შემუშავება და მომავალი კრებისათვის წარდგენა. გამგეობის ზემოთნახსენებ წევრსა და მის მაშინდელ მხარდამჭერებსაც დღეს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ასეთი დოკუმენტი აუცილებლად უნდა არსებობდეს.

დარწმუნებული ვარ, არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკური კოდექსის მიღებასაც ეყოლებიან თავგამოდებული მოწინააღმდეგეები და ალბათ ესენიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის ზემოთნახსენები წევრის მსგავსად იქნებიან სწორედ რომ ეთიკურობით გამორჩეული ადამიანები. მინდა ვისურვო, რომ მათ გადარწმუნებას გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება; არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსს კი მანამდე არ მივიღებთ, სანამ ისინი არ დაგვეთანხმებიან.

რამ გამოწვია არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის საკითხის დასმა

ქცევის წესების დადგენის აუცილებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეინიშნება უწესობა ქცევებში. მაშასადამე, არასამთავრობოების ეთიკის კოდექსის საჭიროებაზე საუბრობს ის ხალხი, ვინც თვლის, რომ ქართული მესამე სექტორის განვითარების დღევანდელ ეტაპზე შეინიშნება მოვლენები და ტენდენციები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს უწესობად, მიუღებლად, არასასურველად ამ სექტორისთვის. ამასთანავე, ეთიკის კოდექსის მიღების მომხრეები ჩვენი პოზიციის გაცხადებით ვაღიარებთ იმასაც, რომ აღნიშნული ტიპის არასასურველი მოვლენების და ტენდენციების დაძლევა შეუძლებელია ტრადიციული აღმზრდელობით-საგანმანათლებლო-შემეცნებითი საქმიანობით (სემინარები, გამოცემები, უცხოელ კოლეგებთან ვიზიტები და ა.შ.) და მიუღებელია სახელმწიფოს ჩარევით (კანონის მიღება, სპეციალური საზედამხედველო ორგანოების შექმნა და ა.შ.). ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემა უნდა მოგვარდეს სექტორის თვითმმართველობის და თვითრეგულირების ფორმატში და ამ პროცესს უნდა ჰქონდეს თვითგანწმენდის და არა ქირურგიული ჩარევის სახე. ამასთან, კოდექსი განიხილება, ერთი მხრივ, როგორც იმ საკითხების დარეგულირების მექანიზმი, რომელებიც სხვა გზით ვერ დარეგულირდება (მაგალითად, შიდა ორგანიზაციული ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ურთიერთობა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან) და, მეორე მხრივ, როგორც იმ საკითხების დარეგულირების მექანიზმი, რომელთა სხვა უფრო ეფექტური გზით დარეგულირება ჭიანურდება (მაგალითად, ფინანსური აღრიცხვის საკითხები, დონორებთან ურთიერთობის საკითხები).

მე არც იმას ვეთანხმები, რომ არასამთავრობო სექტორში საქმე ძალიან კარგადაა და არც იმას, რომ თითქოს ღრმა კრიზისში ვიმყოფებით და კრიზისულ სიტუაციას რომ შეეფერება, ის ზომებია განსახორციელებელი, მათ შორის ეთიკის კოდექსის საშუალებით. სექტორის განვითარების პროცესი მიმდინარეობს თავისი ლოგიკით, რომელიც, თავის მხრივ, განპირობებულია უფრო მასშტაბური და კომპლექსური საზოგადოებრივი პროცესების ლოგიკით. ტოტალიტარულ ან ავტორიტარულ საზოგადოებაში არასამთავრობო სექტორი შეიძლება ჩაისახოს როგორც ოაზისი, მაგრამ იგი ვერ განვითარდება ოაზისური პრინციპით. სამოქალაქო სექტორი შეიძლება წინ უსწრებდეს სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარებას, მაგრამ იგი ვერ იარსებებს ამ ინსტიტუტებისაგან იზოლირებულად. პირიქით, სექტორის უმთავრესი ამოცანაა იყოს აქტიური და რაც შეიძლება მეტი შეხება ჰქონდეს ამ ინსტიტუტებთან მათზე დადებითი გავლენის გასაძლიერებლად. მაგრამ ამგვარი შეხებები არ ხორციელდება ნახევარგამტარების მეშვეობით - როცა გავლენა მხოლოდ ერთი მიმართულებით მიედინება. რაც უფრო დიდია უფსკრული სამოქალაქო სექტორისა და დანარჩენი საზოგადოებრივი ინსტიტუტების განვითარების დონეებს შორის, მით მეტია ამ ინსტიტუტების უარყოფითი გავლენა სექტორზე.

მაგალითად, როგორ შეიძლება შეფასდეს, ერთი მხრივ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და, მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევო ადმინისტრაციის ურთიერთობის შედეგად მხარეების მიერ ერთმანეთზე მოხდენილი გავლენის შედეგები? ფაქტია, რომ არასამთავრობოები იქცნენ პარტიებისა და საარჩევნო კომისიებისათვის ანგარიშგასაწევ ძალად, რაც ამ უკანასკნელთ უსპობს საშუალებას იმოქმედონ სრული განუკითხაობის პირობებში. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ამ ურთიერთობის შედეგად ზოგმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც შეისისხლხორცა არჩევნებთან დაკავშირებული ზოგიერთი ცუღლუტობა (მაგალითად, დამკვირვებლის სტატუსმოპოვებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმოწერილი ბლანკებით პოლიტიკური პარტიების მიერ თავიანთი მხარდამჭერების „ჩასმა“ საარჩევნო უბნებში). მაგალითისთვისვე შეიძლება დასახელდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციასთან, სავაჭრო ობიექტებთან, ბუნებრივი აირის მომწოდებელ კომპანიასთან და ა. შ.

ამდენად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ბუნებრივად აისახება სამოქალაქო სექტორზეც და იგი ერთგვარი ინდიკატორის როლსაც თამაშობს. ამ თვალსაზრისით, ჩემი აზრით, ზოგადი სიტუაცია დამაკმაყოფილებელია და, მიუხედავად ყველაფრისა, სექტორი მაინც მნიშვნელოვნად უსწრებს წინ მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნის გავითარებას. ამ შემთხვევაში ღირებულებით ფაქტორებთან ერთად (იდეების უფრო პროგრესულობა, მეტი სამოქალაქო ვაჟკაცობა და სხვ.) მხედველობაში მაქვს წმინდა ორგანიზაციული და ინსტიტუციური სიმწიფის დონეც. შესაძლოა ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი ორგანიზაციული სტრუქტურით, ანგარიშვალდებულების მექანიზმებით, ფინანასური ანგარიშგების სისტემით და სხვა მსგავსი პარამეტრებით წინ უსწრებდეს მრავალ სახელმწიფო უწყებასა თუ მსხვილ ბიზნეს ორგანიზაციას.

მაგრამ ამასობაში მჯერა ისიც, რომ ძალიან ბევრი იმ მოვლენათაგანი, რომელთაც ჩვენ მიღწევად ვთვლით, მეტადაა განპირობებული სხვების წარუმატებლობით (ანუ სხვა აქტორების მიერ შექმნილი ძალიან ცუდი ფონით), ვიდრე ჩვენი მუშაობის მაღალი ხარისხით. თუნდაც ყველაზე უფრო წარმატებულად მიჩნეული ორგანიზაციების შექმნილი პროდუქცია თუ გაწეული მომსახურება გაცილებით უკეთესი ჩანს, ვიდრე იგი სინამდვილეშია. მაგალითად, ადამიანის უფლებების პოპულარიზაციის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების მუშაობა რეალურზე უფრო ეფექტური ჩანს, ვინაიდან სხვა შესაძლო მოქმედი პირები ამ არენაზე, მაგალითად, პოლიტიკური პარტიები, საჭიროზე გაცილებით უფრო ნაკლებ დროს და ყურადღებას უთმობენ ასეთ თემებს. იგივე შეიძლება ითქვას კვლევითი, აკადემიური მუშაობის სტილის მქონე ორგანიზაციებზეც. როდესაც ქვეყანაში თითქმის არ არსებობს სერიოზული ანალიტიკური ცენტრები და გამქრალია ჯანსაღი ინტელექტუალური პაექრობის კულტურა, არასამთავრობო სექტორში შექმნილი საშუალოზე დაბალი დონის ანალიტიკური მასალაც კი თვალისმომჭრელ სიკაშკაშეს იძენს.

ამდენად, არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსის მიღება იმიტომ არაა აუცილებელი, რომ სექტორში შექმნილი ვითარება კატასტროფულია ან თუნდაც უარესია სხვა საზოგადოებრივ სექტორებთან შედარებით. ასეთი კოდექსის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ შეიქმნას დამატებითი ბარიერები განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მყოფი საზოგადოებრივი ინსტიტუტების მხრიდან სექტორზე მავნე ზეგავლენებისთვის და იმისათვის, რომ სექტორმა საკუთარი ეთიკური სტანდარტების აწევით განიმტკიცოს საზოგადოებრივი პროცესების ლიდერის როლი. მეორე მხრივ, ეთიკის კოდექსზე უარი არ უნდა ვთქვათ იმ მოტივით, რომ ჩვენ სხვებს ისედაც მთელი თავით ვჯობივართ. სინამდვილეში არც ისე კარგები ვართ, როგორებიც ვჩანვართ.

არასამთავრობო სექტორის მოქმედი მარეგულირებელი სისტემა

დღეისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების მარეგულიერებელი სისტემა, იმ ნორმათა და ქცევის წესთა ერთობლიობა, რომლითაც ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა რეგულირდება, შედგება სრულიად განსხვავებული ბუნების ინსტრუმენტებისაგან.

ქვეყნის კანონმდებლობა - მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსიდან გამომდინარე არასამთავრობო სექტორი თვითრეგულირების და თვითმართვის პრინციპებზეა აგებული, ჩვენ თითქმის ყოველდღიურ გარდაუვალ შეხებაში ვართ საქართველოს კანონმდებლობასთან, რომელიც შედგება კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების, კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. სამოქალაქო სექტორისთვის მნიშვნელოვანი კანონმდებლობის ერთი ნაწილი საკმაოდ ლიბერალურია და არ ქმნის სერიოზულ ბარიერებს არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნისა და საქმიანობისათვის (კონსტიტუცია, სამოქალაქო კოდექსი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი), ხოლო მეორე ნაწილი სექტორისადმი საკმაოდ არაკეთილგანწყობილი და თანაც ბუნდოვანია (საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, საბუღალტრო აღრიცხვის წესები და სტანდარტები). ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობის და სხვადასხვა უწყებაში დროდადრო მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების ანალიზიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია სექტორთან ურთიერთობის თუ სექტორთან მიმართების კონცეფციის მაგვარი ინსტრუმენტი. ხშირ შემთხვევაში აშკარაა, რომ როგორც მმართველი, ისე მრავალი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა არასამთავრობო ორგანიზაციებს უყურებს, როგორც აუცილებელ ბოროტებას. ამდენად, უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ, რომ კანონმდებელი არასამთვრობო სექტორის განვითარებას მიიჩნევს პრიორიტეტულ ამოცანად და გააუმჯობესებს მის სამართლებრივ ბაზას. ამას თუ დავუმატებთ იმ გარემოებასაც, რომ საერთაშორისო სამართლებრივი აქტები ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ კარგა ხნის განმავლობაში ვერ დაიმკვიდრებს პირდაპირი მოქმედების იურიდიულ ძალას, ცხადი ხდება, რომ სექტორში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად გადამწყვეტი სტიმულის მიცემას საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების მეშვეობით არ უნდა ველოდოთ.

ორგანიზაციების წესდებები - ნორმათა შემდეგი ერთობლიობა, რომელიც ჩვენს საქმიანობას უნდა აწესრიგებდეს, ჩვენი საკუთარი წესდებებია. რომ შეიძლებოდეს დღეისათვის რეგისტრირებული კავშირებისა და ფონდების წესდებების გამოქვეყნება, მეტად სავალალო სურათს დავინახავდით. უმეტეს შემთხვევაში ეს არის შაბლონური ტექსტები, რომლებშიც მხოლოდ ორგანიზაციების სახელებია შეცვლილი. მაშასადამე, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - დაფუძნებისას - არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს - წესდებას - განიხილავს, მხოლოდ და მხოლოდ როგორც რეგისტრაციისთვის საჭირო ფორმალობას. აღარაფერს ვამბობ ასობით ფორმალურად შექმნილ, თავიდანვე მკვდრადშობილ ორგანიზაციაზე. ყველაზე სავალალო ისაა, რომ წესდება აბსოლუტურად უმოქმედო ფარატინა ქაღალდია აქტიურად მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობისთვისაც. წესდების წაკითხვა ძირითადად მაშინ გვახსენდება, რომდესაც რაიმე პრობლემა ჩნდება - გამგეობის წევრები ვერ თანხმდებიან რაღაცაზე, ორგანიზაცია ორად იყოფა ან კიდევ სხვა რაიმე უბედურება ხდება. ამიტომაა, რომ სამოქალაქო სექტორის მრავალი ის ფუძემდებლური პრინციპი, რომელიც ერთმანეთის წესდებებიდან გვაქვს გადმოწერილი, ცხოვრებაში ვერ დაინერგა და მათი, როგორც საწესდებო ნორმების, ამოქმედების შანსიც ძალიან მცირეა.

ნორმატიული ხასიათის შიდა გადაწყვეტილებები - ჩვენი საქმიანობის რეგულირების შემდეგი მნიშვნელოვანი მექანიზმი უნდა ყოფილიყო ჩვენივე ანუ არასმთავრობო ორგანიზაციების მმართველი ორგანოების (საერთო კრებების, გამგეობების, თავმჯდომარეების, დირექტორების) გადაწყვეტილებები. ამ მხრივაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და ძალიან ცოტა ორგანიზაციას თუ აქვს შენახული, აკინძული, მოწესრიგებული საკუთარი გადაწყვეტილებები. ამასთანავე, თუ არსებობს წერილობით დაფიქსირებული გადაწყვეტილებები, მათი უმრავლესობა ინდივიდუალური ხასიათისაა (ვიღაცის არჩევა ან დანიშვნა) და გაცილებით მცირეა ნორმატიურლი ხასიათის გადაწყვეტილებების წილი (მაგალითად ორგანიზაციის შინაგანაწესი, შესყიდვების პორცედურები). არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა სრულიად შეგნებულად და, ჩემი აზრით, სრულიად გაუმართლებლად არიდებს თავს საქმიანობის ფორმალურ მხარეებს და მიიჩნევს, რომ ეს არის ზედმეტი ბიუროკრატია.

კონტრაქტები დონორებთან - არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის წესების დამდგენი შემდეგი მექანიზმია კონტრაქტები დონორებთან. სამწუხაროდ, არც აქაა სახარბიელო სიტუაცია. კონტრაქტები დონორებთან უმეტეს შემთხვევებში არის არა კონტრაქტი ანუ ორმხრივი გარიგება კლასიკური გაგებით (ანუ ორი მხარის შეთანხმება რაღაცაზე, სადაც ორივე მხარის სურვილები და ნებაა გათვალისწინებული), არამედ ეს არის უფრო ცალმხრივი გარიგება (ანდერძის მაგვარი), რომელშიც ასახულია მხოლოდ ერთიმხარის ნება და სურვილები და მეორე მხარეს ისღა დარჩენია აღიაროს ეს პირობები (მიიღოს სამკვიდრო). შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციას უწევს ყველა იმ პირობის აღიარება, რაც ამა თუ იმ დონორის კონტრაქტის შაბლონურ ფორმაშია მოცემული. როგორც წესი, დონორთა მოთხოვნები და პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც მეტად მძიმე დღეში აყენებს ორგანიზაციას. მაგალითად, მას უწევს იმდენნაირი ბუღალტერიის წარმოება, რამდენი დონორიც ჰყავს მას მოცემულ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში თეორიულად რეზერვია და დონორთა მხრიდან უფრო შეთანხმებული მოქმედების პირობებში (მაგალითად, გრანტის მისაღებად ერთიანი მაღალი სტანდარტების დაწესება) მრავალი დღეს არსებული პრობლემა ეფექტურად გადაიჭრებოდა, დონორთა პოლიტიკის კოორდინაციის ობიექტური სირთულეების გათვალისწინებით ბევრის მოლოდინი მაინც არ უნდა გვქონდეს.

კოალიციური შეთანხმებები - ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ქცევის სტანდარტის მნიშვნელობას იძენს სხვადასხვა კოალიციური შეთანხმება. მაგალითად, რამდენიმე ორგანიზაციას შეუძლია შეთანხმდეს თავიანთი საქმიანობის საჯაროობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნებაზე. ასეთი შეთანხმებები ქცევის სტანდარტების აწევის საკმაოდ ეფექტური, მაგრამ ნაკლებად მასშტაბური, მხოლოდ ლოკალური ამოცანების გადამჭრელი მექანიზმია. სამაგიეროდ, ამგვარი შეთანხმებების მიღწევის და აღსრულების გამოცდილების გაანალიზება უაღრესად მნიშვნელოვანია ეთიკის კოდექსის შემუშავების, მიღებისა და აღსრულების სწორი მექანიზმების განსასაზღვრავად.

ალბათ შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ქცევის წესების განმსაზღვრელი კიდევ 2-3 სხვა მექანიზმის გამოკვეთა, მაგრამ წამყვან როლს მაინც ზემოთ ჩამოთვლილი ძირითადი ბლოკები ასრულებს და მათი ზედაპირული ანალიზითაც კი ნათელი ხდება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დამრეგულირებელ ნორმათა სისტემაში სერიოზული ხარვეზებია. შესაბამისად, არის ურთიერთობები და სიტუაციები, რომლებიც დღეისათვის არაფრით არ რეგულირდება გარდა ჩვენივე, ხშირად ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, შეხედულებების, მონდომების, პასუხისმგებლობისა და წარმოდგენებისა ზნეობაზე და ეთიკაზე. ასეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული მკაფიო სტანდარტები და ორიენტირები, გარდაუვალი ხდება, ერთი მხრივ, სექტორის დანაგვიანება ათასი ჯურის მედროვით და, მეორე მხრივ, იქმნება კონფლიქტსაშიში გარემო როგორც ორგანიზაციებს შორის, ისე ორგანიზაციებს შიგნით.

რა საკითხები უნდა დარეგულირდეს ეთიკის კოდექსით

ეთიკის კოდექსით დასარეგულირებელი საკითხების ნუსხის განსაზღვრა საკითხის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტია. პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ კოდექსის ჩონჩხზე ანუ მის კონცეფციაზე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს მისი შევსება კონკრეტული დებულებებით. დღეს ალბათ გაჭირდება იმაზე საუბარი, თუ რამდენად ზოგადი ან რამდენად კონკრეტული უნდა იყოს კოდექსი. იმის თქმა კი ცალსახად შეიძლება, რომ იგი უნდა იყოს იმდენად ზოგადი, რომ მოხერხდეს სრულიად განსხვავებული ბუნების და მიზნების მქონე ორგანიზაციების შეთანხმება საერთო პრინციპებზე და სტანდარტებზე, მაგრამ არ უნდა იყოს იმდენად ზოგადი, რომ შესაძლებელი იყოს მისი ათასგვარი ინტერპრეტაცია და ამიტომ იგი გაუგებრობებისა და კონფლიქტების დამატებით წყაროდ იქცეს.

შიდაორგანიზაციული საკითხები - ეთიკის კოდექსმა უნდა დაადგინოს ძირითადი სტანდარტები შიდა ორგანიზაციული მოწყობისთვის და რეალური შინაარსით უნდა დატვირთოს ისეთი ცნებები, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, არჩევითობა, გამჭვირვალობა, ფინანსური წესრიგი და სხვა მრავალი. ამასთანავე, კოდექსის მოთხოვნები არ უნდა იყოს ზედმეტად ხისტი. მაგალითად, ჩვენ ვერ გავექცევით სიტუაციას, როდესაც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას მრავალი წლის განმავლობაში ეყოლება ერთი და იგივე ხელმძღვანელი, მაშინ როდესაც, სხვა ორგანიზაციას წესად ექნება დადგენილი ხელმძღვანელი პირის სისტემატური ცვლა. ამგვარი მიდგომები გამომდინარეობს ორგანიზაციების სპეციფიკიდან და ორივე მოდელს აქვს არსებობის თანაბარი უფლება. ამდენად, კოდექსმა არ უნდა დაადგინოს, რომ ორგანიზაციას ერთი და იგივე პირი შეიძლება ხელმძღვანელობდეს მხოლოდ, ვთქვათ, ორი წლის განმავლობაში. მაგრამ კოდექსმა, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაადგინოს, რომ რაღაც პერიოდულობით ორგანიზაციის უფლებამოსილმა მმართველმა ორგანომ უნდა განიხილოს ხელმძღვანელი პირის საკითხი, ანუ ორგანიზაციის სხვა წევრებს უნდა მიეცეთ საშუალება დაასახელონ საკუთარი ან სხვისი კანდიდატურებიც ამ თანამდებობაზე რომელიმე მორიგ (და არა მხოლოდ სპეციალურად საამისოდ მოწვეულ რიგგარეშე) სხდომაზე. ორგანიზაციის სხვა წევრებს შეუძლიათ 5-ჯერ და 10-ჯერ აირჩიონ ერთი და იგივე პირი თავიანთ ხელმძღვანელად, მაგრამ სხვაგვარად მოაზროვნეთათვისაც უნდა არსებობდეს ზემოთმოყვანილი საშუალება. დარწმუნებული ვარ, მუშაობის პროცესში გამოიკვეთება მრავალი მსგავსი მოუგვარებელი შიდაორგანიზაციული საკითხი.

ურთიერთობა სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან - ჩემი აზრით, კოდექსმა ერთმანეთისგან უნდა განასხვაოს არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა სახელმწიფო ორგანოებთან და ხელისუფლებასთან. ამ საკითხში საკმაოდ პრობლემური სიტუაციაა. ერთი მხრივ, თავად ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები და პოლიტიკოსები აიგივებენ თავს სახელმწიფოსთან, მეორე მხრივ, ტერმინი ''არასამთავრობო'' საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ აღიქმება, როგორც ''ანტი-სამთავრობო''. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა იძლევა მეტად სავალალო შედეგს, როდესაც, ერთი მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაცია ბევრის მიერ აღიქმება, როგორც ანტი-სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია და, მეორე მხრივ, ზოგი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს ანტი-სამთავრობო (ანტი-სახელისუფლებო) და ანტი-სახელმწიფოებრივ ქმედებებს. ეს პრობლემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ საქართველოში, ანუ ახლადფეხადგმულ სახელმწიფოში, რომელშიც დღიდან სახელმწიფოებრიობის აღდგენისა მიმდინარეობს სახელმწიფოებრიობის რღვევის პროცესი და ამ საქმეში პრაქტიკულად ყველა გავლენიანი პოლიტიკური თუ სოციალური ძალა ერთმანეთს ეჯიბრება.

მე მხარს დავუჭერდი ეთიკის კოდექსით ისეთი პრინციპების დამკვიდრებას, რომელიც გაზრდიდა სამოქალაქო სექტორის პასუხისმგებლობას სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესზე და სიტყვის თავისუფლების შეუზღუდავად დაგვავალდებულებდა, ჩვენს საფიქრალ თემად გვექცია საკითხი: ჩვენი ესა თუ ის ქმედება ხელს უწყობს საზოგადოებაში მოქალაქეობრივი ცნობიერების, პასუხისმგებლობის და ვაჟკაცობის გაზრდას თუ არა? ჩვენი ესა თუ ის ქმედება ხელს უწყობს ჯანმრთელი ქართული სახელმწიფოს შექმნას თუ არა? ჩვენ ხშირად „რძით შეშინებული დოს ვუბერავთ“' და გვეშინია საბჭოურ ეპოქაში შინაარსგამოცლილი ტერმინების ხმარება. ამასთან, გვახასიათებს „პაპზე უფრო მეტი კათოლიკობისკენ“ მიდრეკილება და გვგონია, რომ სამოქალაქო ღირებულებებში მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო კოსმოპოლიტური იდეები იგულისხმება. ეთიკის კოდექსის მეშვეობით ჩვენ უნდა შევეცადოთ ზოგიერთი სტერეოტიპის დამსხვრევას და დღეისათვის „ცუდ ტონად“ მიჩნეული თემების წინ წამოწევას. ამ თვალსაზრისით, თამამად უნდა განვაცხადოთ, რომ სამოქალაქო სექტორისთვის პატრიოტიზმი, საკუთარი სამშობლოს წინსვლა და ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნება ისეთივე საზრუნავია, როგორც ადამიანის ნებისმიერი ინდივიდუალური უფლების დაცვა და განმტკიცება.

რაც შეეხება ყოველ მოცემულ მომენტში ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას ან მთავრობას, მათთან ურთიერთობებზე თითქმის მთლიანად შეიძლება გავავრცელოთ ის სტანდარტები, რასაც შევიმუშავებთ ზოგადად პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში.

ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებთან - რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებთან ურთიერთობას, აქაც რამდენიმე საკითხი იქნება განსახილველი. მე ვიზიარებ იმ შეხედულებას, რომ არასამთავრობო სექტორს აქვს თავისი პოლიტიკური ინტერესი. მაგალითად, ბუნებრივია, რომ მას არ მოსწონდეს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სექტორის წინააღმდეგ არის განწყობილი ან მისი კონტროლის ქვეშ მოქცევა უნდა. ამასთან, არასამთავრობო სექტორი არ არის არასამთავრობოთა პოლიტიკური პარტია, ეს არ არის ორგანიზმი, რომელსაც აქვს ერთიანი მიზანი, ერთიანი დისციპლინა და ერთიანი ხედვა. ჩვენს პოლიტიკოსებს ხშირად უკვირთ, როდესაც სხვადასხვა შეხვდრის დროს ჩვენ, სექტორის წარმომადგენლებს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული აზრები აღმოგვაჩნდება ხოლმე და ამ აზრებს ხმამაღლა ვაფიქსირებთ. მათთვის ხომ წარმოუდგენელია, რომ პარტიის ლიდერის პოზიციას ვინმემ გადაუხვიოს.

ამასთან, ყოველ ჩვენგანს, თავისი საქმიანობის სფეროდან და მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, გვაქვს მეტ-ნაკლები სიმპათიები ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის მიმართ. იმისდა მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება ამა თუ იმ პარტიის კონკრეტული ინიციატივები ჩვენს საწესდებო ამოცანებს, ჩვენ შეიძლება გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა ერთ პარტიასთან და მწვავედ ვაკრიტიკებდეთ მეორეს. ამიტომ როდესაც პოლიტიკურ პარტიებთან და პოლიტიკასთან ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენი მიზანი უნდა იყოს მხოლოდ იმ ზოგად პრინციპებზე შეთანხმება, რომელთა დაცვა შეიძლება ყველამ ვივალდებულოთ. ასეთი პრინციპები და სტანდარტები უნდა იყოს მკაფიო და ადვილად გასაზომ-ასაწონი. მაგალითად, შეიძლება შევთანხმდეთ, რომ შეუთავსებელია იმ ორგანიზაციის მონაწილეობა არჩევნების მონიტორინგში, რომლის ლიდერიც თავად იყრის კენჭს, ან, რომ დაუშვებელია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სხვა პროექტისთვის მოძიებული სახსრების პირდაპირ თუ ირიბად რომელიმე პოლიტიკური პარტიის კამპანიის დასაფინანსებლად გამოყენება, ან, რომ დაუშვებელია პოლიტიკური სიმპათიების შესაბამისად ორმაგი სტანდარტის გამოყენება პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც ერთნაირად უწყობენ ხელს ადამიანის უფლებების შემლახავი კანონის მიღებას და სხვ.

ურთიერთობა ბიზნეს ორგანიზაციებთან - ჯერ-ჯერობით საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნესს შორის ურთიერთობებში სერიოზული პრობლემები არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით არამომგებიანი ორგანიზაციის სტატუსს შეფარებულ მრავალ საწარმოს, რაც ცოტა სხვა ტიპის პრობლემაა. მაგრამ როგორც კი დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა, როგორც კი შეიზღუდება კორუფცია ბიზნესსა და პოლიტიკაში და როგორც კი ოფიციალურად იქნება ნებადართული ქველმოქმედება (თანამდევი საგადასახადო შეღავათებით), არასამთავრობო სექტორი იქცევა არაკეთილსინდისიერ ბიზნესმენთა და პოლიტიკოსთა შორის ფინანსური კავშირის ყველაზე უფრო მომხიბლავ რგოლად. ამას დაემატება მსხვილი კომპანიების მიერ თავიანთი ვიწრო-კორპორატიული ინტერესების ლობირება მომხიბლავი სათაურის მქონე პროექტების მეშვეობით (ამისი ნიშნები უკვე აშკარაა ნავთობსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით). ასე რომ ბიზნესთან ურთიერთობის საკითხი შეიძლება იქცეს სწორედ იმ თემად, რომლის პრევენციასაც მოვახდენთ ეთიკის კოდექსით.

ურთიერთობა დონორებთან - არასამთავრობო სექტორში სულ უფრო ძლიერდება მომხმარებლური დამოკიდებულება დონორებისადმი. ჩვენ შორის, ერთი მხრივ, მცირდება იმის შეგნება, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით ყოველი დონორი ცდილობს დაეხმაროს მთლიანად ქვეყანას და საზოგადოებას და არა ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს; მეორე მხრივ, იზრდება იმის შეგნება, რომ ხშირად დონორი მეტადაა დაინტერესებული ამა თუ იმ ორგანიზაციის დაფინანსებით („ქულების ჩაწერით“, „დასახარჯის დახარჯვით“), ვიდრე მიმღები ორგანიზაცია. ამას ემატება ზოგიერთი დონორის მხრიდან გამოჩენილი გაუმართლებელი მიმტევებლობა (აღარაფერს ვამბობ პირდაპირ კორუფციაზე) ფინანსური თუ სხვა სახის ანგარიშებში არსებული ხარვეზებისადმი და შედეგად ვიღებთ ყოვლად მოუთმენელ შემთხვევბს, დაწყებული ერთი და იმავე პირების რამდენიმე პროექტში სრულ შტატზე ყოფნიდან და დამთავრებული ერთსა და იმავე საქმეში რამდენიმე გრანტის აღებით. ეთიკის კოდექსმა უნდა დაადგინოს ორგანიზაციების ვალდებულება გამოაქვეყნონ დაწვრილებითი ფინანსური ანგარიშები ყოველ პროექტზე, მოკლევადიანი და მუდმივი პერსონალის და მათი ხელფასების მითითებით. მართალია არასამთავრობო ორგანიზაციები კერძო სამართლის სუბიექტები ვართ, მაგრამ ჩვენ ნებაყოფლობით უნდა ვაღიაროთ გამჭვირვალობის იგივე სტანდარტები, რასაც საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო მოხელეებისგან ვითხოვთ. ამისკენ გვიბიძგებს ჩვენი საწესდებო მიზნები და ჩვენი დაფინანსების ხასიათი. ჩვენ უნდა ვივალდებულოთ დონორებისთვის ისეთი ინფორმაციის წარდგენა, რომელსაც შესაძლოა ისინი არ ითხოვენ ჩვენგან, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ამგვარი ინფორმაცია მოთხოვნილი უნდა იყოს გრანტის ყოველი მაძიებლისაგან.

ურთიერთობა სექტორის შიგნით - არანაკლებ საჭირბოროტო საკითხია არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთობა ერთმანეთთან. თავისთავად იურიდიული სტატუსის ერთიანობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სექტორის შემადგენელ ორგანიზაციებს მეტი რამ აერთიანებთ ერთმანეთთან, ვიდრე განასხვავებთ. ინტერესთა შეუთავსებლობა განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა ერთი და იმავე პროფილის ორგანიზაციებს შორის და ეს ბუნებრივიცაა. გარადა იმისა, რომ ისინი ხშირად ერთმანეთის კონკურენტი ორგანიზაციები არიან (როგორც დაფინანსების, ისე ავტორიტეტის მოპოვებაში), არც თუ იშვიათად მათ ერთმანეთის კონკურენტი ამბიციური პიროვნებებიც ხელმძღვანელობენ. ეთიკური სტანდარტების არარსებობის პირობებში ეს კონკურენცია უფრო ხშირად ერთმანეთისთვის ხელის შეშლაში იზრდება. და ეს მაშინ, როდესაც სწორედ ჯანსაღ კონკურენციაშია ყოველი ჩვენგანის წარმატების გასაღები. ეთიკის კოდექსმა უნდა უზრუნველყოს კონკურენტი ორგანიზაციების მშვიდობიანი თანაარსებობა და გაცილებით უფრო სწრაფი ტემპებით განვითარება. ამასთანავე, ეთიკის კოდექსმა უნდა შექმნას საკმარისი დისკომფორტი სექტორს თავსშემოფარებული იმ ჯგუფებისთვის, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ ეთიკასთან და ჩვენს გვერდით მხოლოდ პოლიტიკური ან მატერიალური გამორჩენისთვის ტრიალებენ.

როგორ უნდა მივიღოთ ეთიკის კოდექსი

თავად კოდექსზე არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია მისი შემუშავების და მიღების პროცესი. მიმაჩნია, რომ, დღესაც მზად რომ გვქონდეს ყველაზე უფრო იდეალური კოდექსის ტექსტი, მაინც არ უნდა ვიჩქაროთ მისი მიღება. კოდექსის ტექსტზე მუშაობა უნდა იქცეს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე ცხარე დებატების პროცესად, რომლის დროსაც ერთმანეთს გავუზიარებთ და ერთმანეთთან შევაჯერებთ ჩვენს მოსაზრებებს. მეტად საფრთხილო თემაა კოდექსის მიღების პროცედურაც. აქ არ გამოგვადგება, ვთქვათ, ადვოკატების ან მოსამართლეების მიერ თავიანთი პროფესიული ეთიკის კოდექსების მიღების მექანიზმები. არ უნდა ვიფიქროთ რაიმე დიდ შეკრებაზე ფილარმონიის დარბაზში, სადაც კენჭი ეყრება კოდექსის ტექსტს. ეს შეუძლებელი და მიუღებელია სამოქალაქო სექტორის ბუნებიდან გამომდინარე. მე ვიფიქრებდი „დაკიდების და ჩამოკიდების“ მექანიზმზე - იკიდება შემუშავებული კოდექსის ტექსტი ვებ-გვერდზე და მსურველი ორგანიზაცია ჩამოეკიდება, მიუერთდება კოდექსს. ცხადია, იმ პირობით რომ ყველა „ჩამოკიდების“ მსურველ ორგანიზაციას ექნება დათქმის უფლება. შესაძლოა კოდესში იყოს 87 მუხლი და აქედან მხოლოდ 5-ს არ ეთანხმებოდეს ორგანიზაცია. ეს არ უნდა გახდეს ბარიერი კოდექსზე მიერთებისათვის და ორგანიზაციას უნდა შეეძლოს დათქმის გაკეთება ამ 5 მუხლთან დაკავშირებით. ყოველი ორგანიზაცია საკმაოდ ბევრს იფიქრებს ყოველი დათქმის გაკეთებამდე, ვინაიდან დათქმების შინაარსი საკმაოდ მრავლისმეტყველი იქნება ამ ორგანიზაციის რაობის გამოსამზეურებლად.

როგორ უნდა აღსრულდეს ეთიკის კოდექსი

მეტად სათუთი თემაა კოდექსის აღსრულების მექანიზმის სწორად შერჩევაც. ამ შემთხვევაში აღსრულების ორ ძირითად მოდელზე შეიძლება ვისაუბროთ, ეს არის „თვითაღსრულება“ (რომელიც უფრო საერთაშორისო სამართალში გამოიყენება) და „ინსტიტუციონალური“ ანუ იძულებითი აღსრულება (რომელიც უფრო შიდასახელმწიფოებრივი სამართლისთვისაა დამახასიათებელი). ჩვენ ალბათ უნდა ვიფიქროთ სწორედ „თვითაღსრულების“ მექანიზმზე, როდესაც კოდექსის მოთხოვნათა დაცვის ყველაზე დიდი მოტივაცია იქნება ჩვენ მიერ ვალდებულებების საჯაროდ კისრება.

ერთი მხრივ, ჩვენ არ გვინდა შევქმნათ მორიგი მკვდრადშობილი დოკუმენტი, რომლის არშესრულება არანაირ დისკომფორტს არ შეუქმნის დამრღვევს. მეორე მხრივ, არ გვინდა ისეთი დოკუმენტის მიღებაც, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფად „ენჯიოურ პოლიციას“ შევქმნით, საქმეებს გამოვიძიებთ და დამრღვევებს მძიმე სასჯელებს დავადებთ. ამ შემთხვევაშიც ალბათ არ გამოგვადგება, ვთქვათ, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის მსგავსი მოდელი. ჩვენ არ უნდა შევქმნათ სიტუაცია, როდესაც ვიღაცას რაიმე საჩივრის ან განცხადების საფუძველზე ექნება უფლება შეისწავლოს რომელიმე ჩვენგანის საქმე და მიგვცეს რაიმე სახის პასუხისგებაში. ალბათ უფრო უპრიანი იქნება საარბიტრაჟო სასამართლოს სისტემის მსგავსი მოდელის შექმნა, როდესაც კოდექსზე ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის უთანხმოების ამავე ორგანიზაციებს შორის დიალოგის შედეგად მოუგვარებლობის შემთხვევაში ორგანიზაციები მიმართავენ მათ მიერვე შერჩეულ არბიტრებს. კოდექსმა შეიძლება დაადგინოს მხოლოდ ასეთ არბიტრაჟში საქმის განხილვის პროცედურები, აგრეთვე ის, რომ არბიტრაჟში საქმის განხილვისთვის თავის არიდება თავისთავად არაეთიკური საქციელია.

4 ზურაბ ჭიაბერაშვილი

▲ზევით დაბრუნება


დღევანდელი დისკუსია ორი მიმართულებით წარიმართა: (ა) გვჭირდება თუ არა საერთოდ სამოქალაქო სექტორს ეთიკის კოდექსი; და (ბ) თუ გვჭირდება, როგორი უნდა იყოს, ან უფრო კონკრეტულად, რა საკითხებს უნდა მოიცავდეს იგი.

სამოქალაქო სექტორში არსებული ძირითადი პრობლემების შესახებ წინა გამომსვლელებმა უკვე ისაუბრეს და, ამდენად, გამოიკვეთა კიდეც, რა საკითხებს უნდა მოიცავდეს სამოქალაქო სექტორის ეთიკის კოდექსი, თუკი დღევანდელი საუბრით წამოწყებული საზოგადოებრივი დისკუსია მის დაწერამდე მიგვიყვანს. ამ საკითხებს მეც შევეხები; თუმცა, ჯერ მინდა ვილაპარაკო იმის თაობაზე, როდის მქონია განცდა, რომ ეთიკისა თუ, გნებავთ, ქცევის კოდექსი შეიძლება არსებობდეს სამოქალაქო სექტორშიც.

2002 წლის ივნისში მუშაობა დავიწყე თავისუფლების ინსტიტუტში - ძალზედ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. არაფერი არაბუნებრივი იმაში არაა, თუკი სამოქალაქო სექტორშიც არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ თითოეული მოქალაქისთვის ბუნებით მინიჭებული და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ იგივე დამოკიდებულება, რასაც თავისუფლების ინსტიტუტის წევრები აფიქსირებენ. მაგრამ ნამდვილად დამაფიქრა სამოქალაქო სექტორში მოღვაწე, არცთუ ცოტა, ისეთი ადამიანის პოზიციამ, რომლებსაც დემოკრატიული პრინციპების მიმართ, თეორიის დონეზე მაინც, იგივე დამოკიდებულება აქვთ, როგორც თავისუფლების ინსტიტუტს.

და მაინც, რაში გამოიხატებოდა ჩემი მეგობრებისა და ჩემთვის პატივსაცემ ადამიანთა პოზიცია? „კი ბატონო, კარგ საქმეს აკეთებენ, კარგი ბიჭები არიან, მაგრამ, ხომ იცი, მაინც თავისუფლების ინსტიტუტია“, - ასეთ შიდა საუბრებში ხდებოდა ჩემდამი გულშემატკივრობის ნიშნით იმ შიშის გამხელა, რომ მეც „რაღაც ცუდი იარლიყი“ არ მომკერებოდა ზურგზე. ამ „რაღაც ცუდი იარლიყის“ ზუსტი განსაზღვრების დადგენა ალბათ შემდგომი კვლევის საგანია (სოციოლოგებისა და ფსიქოლოგებისათვის ალბათ საკმაოდ საინტერესო), მაგრამ ნამდვილად ვიგრძენი, რომ დემოკრატიული პრინციპებისა და ამ პრინციპების ღიად დამცველი ადამიანების მიმართ საყოველთაო ფობიის პირობებში სამოქალაქო სექტორს - ეს სექტორი კი, როგორც საყოველთაოდაა მიჩნეული, დემოკრატიის მშენებლობის ქვაკუთხედი უნდა იყოს - ნამდვილად აკლია ურთიერთნდობა, სოლიდარობის განცდა და სამოქალაქო გამბედაობა.

სამოქალაქო სექტორში ურთიერთნდობისა და სოლიდარობის მექანიზმების არარსებობას, უფრო სწორად, ამ მექანიზმების მოძიების მცდელობას უკავშირდება კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მინდა გავიხსენო. 2001 წლის ოქტომბერ-ნოემბრის შემდეგ, როცა სამდღიან სტუდენტურ მსვლელობებსა და მიტინგებს მთავრობისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა მოჰყვა, ბატონ გია ნოდიას ვთხოვე, კავკასიურ ინსტიტუტში შემდგარიყო სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა. რაკი შეკრების მიზანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარების ანალიზი იყო, გვსურდა, რომ მას არ ჰქონოდა მაინცადამაინც ჟვანიასთან თუ სააკაშვილთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციების „თათბირის“ სახე.

თვით პოლიტიკური ძალებისა და ფართო საზოგადოების თვალისათვის ამგვარი შეხვედრების ლეგიტიმურობის ასამაღლებლად შემოღებულ იქნა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებულობის ეს კრიტერიუმი, რომელიც (ავად თუ კარგად) მუშაობს ბოლო ერთი წლის განმავლობაში. აზრთა იმ იმეილურ მიმოცვლაში, რომლებიც ბატონმა დავით უსუფაშვილმა წამოიწყო პოლიტიკურ ძალადობასთან დაკავშირებით, სწორედ არასამთავრობო სექტორის სხვადასხვა პოლიტიკური სიმპათიის მქონე წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ამ ელექტრონულ დისკუსიაში, რა თქმა უნდა, იყო განსხვავებული აზრები პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ გამოიკვეთა ერთი ტენდენციაც: კერძოდ, იმ ეპოქიდან, როდესაც გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ემხრობოდნენ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, ნელ-ნელა თვალშისაცემი გახდა იმ შეგნების ზრდა, რომ ჩვენ, ჩვენი პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, უნდა ვიზრუნოთ პოლიტიკური შეჯიბრის დადგენილი წესების დაცვაზე, ან, თუ დადგენილი წესები არ მოგვწონს, საჯაროდ და მკაფიოდ ავუხსნათ საზოგადოებას ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი.

არ ვიცი, ნათლად გადმოსცემს თუ არა მოყვანილი ორი მაგალითი ჩემს წუხილს: საქართველოში მნიშვნელოვანი, უახლოესი 10 წლის განმავლობაში ამ ქვეყნის მდგომარეობის განმსაზღვრელი პოლიტიკური პერიოდის მოახლოების კვალდაკვალ, შეძლებს თუ არა სამოქალაქო სექტორი ზეგავლენა მოახდინოს მიმდინარე მოვლენებზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დონორი ორგანიზაციები, უცხოელი ანალიტიკოსები და ჟურნალისტები გვთხოვენ აზრის გამოთქმას ამა თუ იმ საკითხზე და ჩვენს ხედვაზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან, მის მოქალაქეებთან მიმართებაში.

მიმდინარე მოვლენებზე ზეგავლენა რომ მოახდინოს და სახელმწიფომ მისი სივრცის შეზღუდვა ვერ შეძლოს, სამოქალაქო სექტორს გარკვეული თვითრეგულირება სჭირდება, რისი ნიშნებიც, ურთიერთნდობის, სოლიდარობის გრძნობისა და სამოქალაქო გამბედაობის არარსებობის პირობებში, ნაკლებად ჩანს.

აბსოლუტურად ვეთანხმები უკვე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც იმ ადამიანთა ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს, ვისაც სამოქალაქო სექტორში მოქმედების გარკვეული დაწერილი ნორმების შემოტანა დაუსახავთ მიზნად.

გავიხსენებ ერთ ფაქტს. 1997 წელს გუდაურში პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ინიციატივით შედგა შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე, რომელსაც, ძირითადად, გამომცემლები, რედაქტორები და სამაუწყებლო კომპანიების მფლობელები ესწრებოდნენ, საუბარი იყო სახელმწიფოსა და მედიის ურთიერთობაზე. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მედიისათვის შეღავათების დაწესების წინაპირობა მედიის საშუალებების მიერ ბუღალტერიის გათეთრება იქნებოდა, შეხვედრაზე მყოფთაგან ბევრმა საერთოდ გაწყვიტა კონტაქტი ასეთ დიალოგთან.

ეს ფაქტი მოწმობს, რომ გარკვეული წესების დადგენა ერთმანეთთან თუ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ყოველთვის ეხება ფინანსური საკითხების მოწესრიგებას და, ვფიქრობ, ჩვენთვისაც ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ამოცანა. ეს საკითხი ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს და ნათლად წარმოაჩენს, ვინ არის მომხრე და ვინ არა, რეალურად შედგეს დიალოგი ამ საკითხებზე.

ფინანსური საკითხების მოწესრიგებას უკავშირდება ისეთი საკითხი, როგორიცაა ერთი და იმავე საქმიანობისათვის პარალელურად რამდენიმე დონორისაგან გრანტის მიღება, რასაც თავიდან ავიცილებდით თითოეული ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობის გამჭვირვალობის პირობებში.

ასევე ნათელია, რომ ვერავის ვერ შევუზღუდავთ სამოქმედო სივრცეს, მაგრამ სასურველია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი მანდატი მკაფიოდ წარუდგინონ საზოგადოებას. მიუღებელი უნდა იყოს, რომ ერთი და იგივე არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს გრანტს იღებდეს იმისათვის, რომ დაიცვას გარემო პირობები და ხვალ კი იმის გამო, რომ დაიცვას პატიმართა უფლებები. გარკვეულ თემებზე ფოკუსირება და სამოქმედო მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბება ერთ-ერთი ეთიკური საკითხია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დონორთა პირობების შესაბამისად კი არ უნდა ეძებონ სამოქმედო პრიორიტეტები, არამედ, პირიქით, საკუთარი საქმიანობის შესაბამისად - პოტენციური დონორები.

ზემოთ ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვახსენე და ამ საკითხს კვლავ უნდა დავუბრუნდე, ოდნავ განსხვავებული კუთხით. სამოქალაქო სექტორი საქმიანობის ერთადერთი სივრცე აღმოჩნდა იმ ადამიანთათვის, რომლისთვისაც სახელმწიფო სექტორში მოღვაწეობა მათთვის მიუღებელ მორალურ კომპრომისებს მოითხოვდა. მაგრამ ეს სულაც არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, ყურადღების მიღმა დავტოვოთ საზოგადოებრივი საქმეები და მხოლოდ ეს ვაკეთოთ, რაც ჩვენს დონორთან დადებულ საგრანტო ხელშეკრულებებში გვიწერია.

სამოქალაქო სივრცეში არსებობა, პროექტების განხორციელება და გრანტების მართვა მოსამზადებელი ეტაპია იმისათვის, რომ ამ სექტორში აღზრდილმა ადამიანებმა გარკვეულ ეტაპზე შეძლონ შეძენილი უნარების პოლიტიკურ სივრცეში, სახელმწიფო სექტორში დაბანდება. გავიხსენებ რადიო „თავისუფლების“ მიერ ამ შემოდგომაზე მომზადებულ სატელევიზიო გადაცემას (აქ მყოფთაგან ბევრმა მიიღო მასში მონაწილეობა), რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო - არის თუ არა მიზანშეწონილი ადამიანი მოძრაობდეს პოლიტიკასა და სამოქალაქო სექტორს შორის.

ჩვენ ამ მხრივ ვერავის შევზღუდავთ და ფორმალური კრიტერიუმების შემოღების გარდა არც არანაირი შეზღუდვა უნდა იყოს. თუმცა, მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ, თუ გვინდა, ეს ქვეყანა წარმატებული იყოს, სამოქალაქო სივრცეში, უფრო მეტად თავისუფალ სივრცეში, შექმნილი ადამიანური რესურსი უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო ორგანოებში, რადგან აშკარად არ გვაკმაყოფილებს დღეს სახელმწიფო ორგანოებში მყოფთა მართვის სტილი და უნარები.

ლიტვის თავდაცვის სამინისტრო წარმომადგენელმა ვიტაუტას ბუტრიმასმა საქართველოში გამართულ ერთ-ერთ კონფერენციაზე დასწრების შემდგომ განმიცხადა, რომ ლიტვაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი ძალზე დაბალია საქართველოსთან შედარებით. ამის მიზეზი ისაა, რომ იქ გაცილებით ადრე მოხდა „ენჯეო-ადამიანების“ მისვლა სახელმწიფო სექტორში.

ნიშანდობლივია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ერთდროულად დაიწყო თვითრეგულაციაზე საუბარი ორ, დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეში - მედიასა და სამოქალაქო სექტორში. სახელმწიფოსთვის ჩვენს მიერ მოთხოვნილ სიტყვის მეტ თავისუფლებას სჭირდება საზოგადოებისათვის იმის ჩვენებაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ვზიდოთ ტვირთი, სახელად „სიტყვის თავისუფლება“. ეს კი ნიშნავს, რომ სიტყვის იმ უზარმაზარ სივრცეში, რომელში ჩარევასაც სახელმწიფოს ვუკრძალავთ, გარკვეული წესრიგი არსებობს.

სწორედ ერთი კვირის წინათ თბილისში გაიმართა კონფერენცია საქართველოში ბეჭდური მედიის თვითრეგულაციის მექანიზმების დამკვიდრებასთან დაკავშირებით, ანუ მედიის სფეროშიც დაიწყო ეთიკის კოდექსის შემუშავებისაკენ მიმართული გარკვეული პროცესი. თვით ეთიკის კოდექსის დაწერა რთული არ არის (მსოფლიოში უამრავი ასეთი კოდექსი არსებობს), მთავარია შეთანხმება მედიის წარმომადგენლებს შორის კოდექსში ჩადებულ ძირითად პრინციპებზე.

თუმცა ძნელია, ერთსა და იმავე სამოქმედო პრინციპებზე შეთანხმდნენ, მედია სამოქალაქო სექტორთან შედარებით მაინც უკეთეს მდგომარეობაშია. საქმე ისაა, რომ სამოქალაქო სექტორს ძირითადად დონორები აკონტროლებენ და ისიც საკმაოდ სუსტად. მედია უფრო მკაცრ და ჯანსაღ პირობებში არსებობს, რადგანაც მას აკონოტრლებს ბაზარი და ბაზრის მოთხოვნები. ეს მეტი წნეხია, მაგრამ კარგი წნეხი.

არასამთავრობო ორგანიზაციებს ბაზარი არ გვაკონტროლებს, ამასთან, ჩვენი რეგულირების და შეზღუდვის მექანიზმები ნაკლებია და ამიტომ შეიძლება გაგვიჭირდეს ამ ანარქიული მდგომარეობიდან გამოსვლა. მე დავეთანხმები ბატონ დავით უსუფაშვილს იმაში, რომ ჩვენი თვითრეგულაცია აუცილებელია, მაგრამ მიმაჩნია, რომ თვითრეგულაციისათვის საჭირო მოტივაციები ჯერ ისე მკაფიოდ არ შეინიშნება, როგორც მედიაში.

თავის დროზე, როდესაც სახელმწიფომ დაინახა, რომ აზრი არ ჰქონდა რედაქტორებისა და გამომცემლების გაკონტროლებას, პოლიტიკოსებმა და ჩინოვნიკებმა დაიწყეს ცალკეულ ჟურნალისტებზე გასვლა და მათი მოსყიდვა. ამდენად, თუ მე 1995-1998 წლებში მედიაში ეთიკის კოდექსის დამკვიდრების კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი და ამაში ვხედავდი სახელმწიფოსთვის გადაცემულ კიდევ ერთ იარაღს, ეკონტროლებინა და შეეზღუდა ჩვენი სიტყვის თავისუფლება, დღეს უკვე ვხედავ, რომ ასეთ პირობებში, როდესაც შეიძლება ყოველი კონკრეტული ჟურნალისტი ვიღაცაზე მუშაობდეს და უგულებელყოფდეს პროფესიული ჟურნალისტიკის ელემენტარულ ნორმებს, საჭირო გახდა ჟურნალისტთა თუნდაც ძალიან ვიწრო წრის გამოკვეთა, რომელიც რაღაც პრინციპებს მაინც იცავს.

მედიის „გარყვნა“ მედიაში ჩადებულმა ქართულმა ფულმა განაპირობა. ჩვენ ჯერ არ დაგვდგომია ის ეტაპი, როდესაც საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი ფულით დაფინანსდებიან. მაშინ გაცილებით მძიმე იქნება მდგომარეობა; არენაზე ლევან მამალაძისა და მისი „ალიანსის“ გამოჩენა ამის პირველი ნიშანია. ის დრო, როდესაც ქართული ფული აქტიურად შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში, ჯერ არ დაგვდგომია, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ ამ დროს, რათა არ მოგვივიდეს ის, რაც თავის დროზე მოუვიდა ქართულ მედიას.

პაატა ზაქარეიშვილი - ჩემი მთავარი პრობლემა ინდენტიფიკაციის პრობლემაა იმის გამო, რომ ბევრ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობ. გეტყვით მხოლოდ სახელს და იმას, რომ მარტო მირჩევნია ვიმუშაო; მარტო უფრო ეფექტურად ვაკეთებ საქმეს და დონორებსაც უფრო უადვილდებათ ჩემნაირ ადამიანებთან მუშაობა; ეს თავისთავად საინტერესო მოვლენაა და ჩემნაირი მარტოხელა მონადირეები, არაა გამორიცხული, რომ გამრავლდნენ. ეფექტურობის მომენტი ამაში არის. მეორე მხრივ, ჩრდილში ექცევა გარკვეული საქმიანობა, არა მხოლოდ ეთიკური, არამედ სხვა მოსაზრებების მიზეზით. მინდა აღვნიშნო, რომ, რაც ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში ხდება, არანორმალური არ არის. როგორც პრობლემები, ისე წარმატებები ნებისმიერ სტანდარტებში ჯდება. სამწუხაროდ, ჩვენთან სახელმწიფო არ ჯდება არანაირ სტანდარტში და, აქედან გამომდინარე, სამოქალაქო სექტორი ცოტა დეფორმირებულია, ყოველ შემთხვევაში, თავის თავზე იღებს ზოგიერთ ისეთ ფუნქციას, რაც სახელმწიფოს ფუნქციაა; ამიტომაა ასე გაბერილი მისი ფუნქციები. აქ აღინიშნა, რომ ბალტიის ქვეყნებში მნიშვნელოვნად ნაკლები ორგანიზაციებია, ვიდრე ჩვენთან, ლაპარაკია ეფექტურად მომუშავე ორგანიზაციებზე. მადლობა ღმერთს, რომ მესამესექტორი ჩვენთან რაღაც ჩარჩოებში მაინც ჯდება. მე თავს ვარიდებ „არასამთავრობო ორგანიზაციების“ გამოყენებას იმიტომ, რომ აქ მაინც უარყოფის ელემენტი ჩანს, რომელიც ხშირად ანტი-სახელმწიფოდ აღიქმება; ვხმარობ „მესამე სექტორს“. ზოგს არასამთავრობოს ხსენებისას არასასიამოვნო ასოციაციები უჩნდება. მართლაც ძნელია შეცვალო არასამთავრობოს სახელი, თუმცა ამ ტიპის ორგანიზაციებისათვის არაკომერციულის და არამომგებიანის წოდება მათი საქმიანობის ფორმას საზოგადოების თვალში უფრო კარგად გამოკვეთს, ვიდრე არასამთავრობო ორგანიზაცია. რაც შეეხება სადისკუსიო თემას, პრობლემები არსებობს, მაგრამ გასარკვევია, რამდენად მოაგვარებს დაწერილი კოდექსი ამ პრობლემებს. ჩვენ მიერ შემუშავებული კოდექსი კმაყოფილებას გამოიწვევს, თუ პირიქით - ბევრს გულს დაწყვეტს? არაფერი ტრაგიკული არ მოხდება, თუ ეს კოდექსი არ დაიწერება. არსებული პრობლემების განხილვა უნდა მოხდეს ცალკეული შეხვედრების დროს და ეს შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, ვიდრე გარკვეულ კოდექსზე მუშაობა და მერე ამ კოდექსის მუხლების ციტირებები. მე მომიწია არასამთავრობოდან სამთავრობო სექტორში გადასვლა და უკან ისევ ამ სექტორში დაბრუნება და უნდა გითხრათ, რომ, როდესაც ვმუშაობდი სასჯელაღსრულების დეპარტმანეტში, საკმაოდ მაღალი თანამდებობა მეკავა და მიწევდა თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არასამთავრობო ორგანიზაციები სულ სხვანაირად იქცეოდნენ ჩემთან ურთიერთობისას მაშინ და სხვანაირად, როცა მე მათი წევრი ვიყავი და ცოტა არ იყოს გული დამწყდა რაღაც მომენტებზე. ჩემი აზრით, ყველას თავისი ინტერესი გააჩნია და შეუძლებელი იქნება ამ კოდექსით ასეთი ინტერესების რეგულირება. ჩვენ შორის მართლა არსებობს რაღაც ბირთვი - როგორც ლევან ბერძენიშვილმა დაარქვა - ელიტა. დავარქვათ ამას ელიტა, თუმცა ამაში არაფერი კარგი არაა. საერთოდ მგონია, რომ ჩვენს ურთიერთობებში უკვე არსებობს რაღაც ქცევის კოდექსი. მეც ხშირად გამიკრიტიკებია კოლეგა, მაგრამ გარკვეულ საზღვრებს არ გადავსულვარ. უფრო ხშირად პირიქით ხდება, როცა პირად საუბრებში რაღაც შენიშვნას მივიღებ და ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია ეს უკანასკნელი. სამწუხაროდ, არის ხალხი, რომელთათვის არავითარი საზღვარი არ არსებობს; იმ ხალხს არანაირი კოდექსი არ უშველის. ის, რაც ჩვენს შორის არის, ამას დაწერა არ სჭირდება. რასაც ვერ ვაწესრიგებთ, იმას ვერც დაწერილი კოდექსით ვუშველით. ამიტომ, ჩემი აზრით, თავის მოტყუება იქნება, თუ რაღაც მრავალმხრივ კოდექსს დავწერთ. ყველაზე მთავარი არის ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობა. ანუ ჩვენ პირველ ეტაპად ვაღიარებთ, რომ ყველა ორგანიზაცია, ვისაც უნდა რომ წესრიგი იყოს ჩვენს სექტორში, გარკვეული პრინციპების მიხედვით გამჭირვალეს გახდის ფინანსურ საქმიანობას. ეს საკითხი ავტომატურად ძალიან ბევრ სხვა პრობლემას მოაგვრებს. რა თქმა უნდა, რაღაც პრობლემები დარჩება, მაგრამ ამ პრობლემების მოგვარება მერე უფრო ადვილად შეიძლება პატარა ცოცხის დახმარებით. მთავარი მაინც ფინანსური საქმიანობის მოგვარებაა. დანარჩენ, ორგანიზაციულ თუ ღირებულებით საკითხებს მე პირადად არ შევეხებოდი. მაგალითისათვის, მე არ მომწონს ბევრი ორგანიზაციის პოლიტიკური აქტივობა, მაგრამ ეს მათი საქმეა და მათი უფლებაა. მე დავიცავ მათ, თუ ვინმე შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის მათ საქმიანობაში, მაგრამ მათი უფლებაა აირჩიონ თავიანთი საქმიანობა და ამიტომ ღირებულებებზე რაიმე შეთანხმება პრაქტიკულად გამორიცხულია. შეიძლება შეიქმნას ისეთი ორგანო, როგორიცაა მომრიგებელი მოსამართლე. თუ არასამთავრობო სექტორში შეიქმნა პრობლემები, ასეთ სტრუქტურაში მოხდება ამა თუ იმ საკითხის განხილვა. პენიტენციალურ სისტემაში მუშაობის დროს ჩემს მეგობრებთან თანამშრომლობის ნაცვლად, მიწევდა მათთან ურთიერთობის გარკვევა. ეს ძალიან სამწუხარო იყო; ციხის თანამშრომლები ამას ხედავდნენ და ირონიულად მიყურებდნენ. ამიტომ ასეთი საკითხების მოგვარება კოდექსით ვერ მოწესრიგდება, თუ რაღაც ორგანიზაციულად სხვა პრინციპებზე არ გადავალთ. მაგალითად, ვიღაცას ვენდობით, და მას მივადობთ სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტას და ეს მოხდება არა კოდექსის დახმარებით, არამედ რაღაც უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმით, როდესაც პასუხს მოვთხოვთ ერთმანეთს. მიმაჩნია, რომ კოდექსზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ იმ პრობლემებზე, რის გამოც გვიწევს კოდექსზე ლაპარაკი. დღის წესრიგში უნდა დადგეს, პირველ რიგში ჩვენი ფინანსური საქმიანობის მოწესრიგება და თუ ამას გადავლახავთ, თუ ამას დავძლევთ, აი, მაშინ სულ სხვა შედეგს მივიღებთ.

5 დისკუსია:

▲ზევით დაბრუნება


ლია მუხაშავრია - მე ძალიან საინტერესო მოხსენებები მოვისმინე. მე თვითონ, კარგა ხანია, არ მიფიქრია მესამე სექტორის პრობლემებზე - სად ვართ და ა.შ., რადგან საკუთარი პრობლემებით ვარ დაკავებული. მომეჩვენა, რომ ჩვენ წინ ვართ წასული. მინდა ვთქვა, რომ უკვე გაჩნდა კონკურენციის ელემენტები ჩვენში. მე ყოველთვის მხარს ვუჭერ იმ მარტივ აზრს, რომ კონკურენცია კარგია და მონოპოლია ცუდი. მაგრამ თუ ვთანხმდებით იმ საკითხზე, რომ კონკურენცია არსებობს, ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ არსებობს კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის პირობები, რომელიც ასევე უნდა იყოს შეთანხმებული. უნდა ვიცოდეთ, ვინ არის კეთილსინდისიერი კონკურენტი და ვინ არის არაკეთილსინდისიერი. ეს უფრო საჭირბოროტო რამ არის, ვიდრე ეთიკა. შეიძლება მე მოგესალმო და მოგიკითხო, მაგრამ, თუ ყინულზე მიდიხარ, შეიძლება ხელი გკრა. ეს უკვე ეთიკა არ არის. დაახლოებით ამ კატეგორიის საკითხებზე მინდა ვისაუბრო. შეიძლება იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს არასპეციფიკური სამუშაო (მე ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, რომელსაც ძალიან ღიად და სასამართლო წესით უწევს ხელისუფლებასთან კონფრონტაცია), ჩვენთვის უფრო ხელშესახები გახდა ეს პრობლემა. როდესაც ამ დისკუსიაზე მომიწვიეს, ვთქვი, რა კარგია, რა დროულია ამგვარ საკითხებზე მსჯელობა; გამიხარდა, რომ სხვებსაც დაებადათ ეს იდეა; მე გეთანხმებით, რომ ეთიკის კოდექსის დაწერა იოლია, მისი ცხოვრებაში ამოქმედება კი ძალიან ძნელი. მე შემიძლია გაგიზიაროთ ჩვენი ორგანიზაციის გამოცდილება ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვქვს საკუთარი ეთიკის წესები, 15 ეთიკური ნორმა გაგვაჩნია ორგანიზაციის შიგნით, რადგან ჩვენ კონკურენციას ვუწევთ ადვოკატებს სასამართლო პროცესებზე და ეს უბრალოდ საჭიროებამ მოიტანა. მაგრამ ეთიკის წესების შემუშავება არ მომხდარა ერთდროულად. არა, პრობლემების განხილვის და გადაწყვეტისგძების ძიებისა და დისკუსიების დროს გაჩნდა წესი, რომ, თუ პრობლემა წამოიშვა, ორგანიზაციაში საკმაოდ გულღია დისკუსია იწყება. ამან შეგვაძლებინა, რომ 15 მკაფიო წესი გვქონდეს, რომელსაც ვიცავთ და მათი განხორციელების მექანიზმებიც გავაჩნია. შეიძლება ჩემი გამოსვლაა ცოტა ნაჩქარევი იმ ფონზე რომელიც აქ შეიქმნა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვიქნებოდი, თუ რაღაცა მექანიზმების ამოქმედება არის ამ პროექტის მანდატით მოაზრებული. როდესაც მე კონკრეტული პრობლემა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ურთიერთობისას შემექმნება, მივალ იმ მომრიგებელ ორგანოში მოსამართლესა თუ საბჭოსთან, დავაფიქსირებ საკითხს და ვთხოვ ჩემთვის სანდო და კეთილსაიმედო ადამიანს, რომ გვიპასუხონ, ვინ იყო მართალი, ვინ იყო მტყუანი და თუ მომავალში მსგავსი პრობლემა წარმოიშვება, როგორ უნდა მოვიქცე მე, ჩემი კოლეგები ან სხვა ორგანიზაცია. ეს იმიტომ, რომ არის მარტივი საკანონმდებლო წესები, რომელიც შეიძლება დაცულ იქნას და არსებობს სასამართლო. სასამართლოში წასვლა ჩემთვის იოლია. იმავე მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, ცალკე სექტორს, გვაქვს შიდა პრობლემები, ხოლო საზოგადოება ჯერ არ არის მზად, ჩვენს პრობლემებზე ღიად ისაუბროს, ხომ არ აჯობებდა, უფრო შინაურ და დახურულ წრეში განგვეხილა ეს საკითხი, რადგან ეს კიდევ უფრო შელახავს ჩვენს უკვეშელახულ რეპუტაციას. მე ეს საკითხი ძალიან მაწუხებს და მინდა, რომ თქვენც გამოთქვათ მოსაზრებები ამ ჩემთვის აქტუალურ თემასთან დაკავშირებით. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩემს პრობლემებს დაინახავთ, გაითავისებთ და იქნებით კოლეგიალურები, ვინაიდან დღეს თუ ხვალ ამ საკითხების გამო რაღაც რეაქცია აუცილებელი იქნება; ხოლო ეს რეაქცია შეიძლება არ იყოს მთლად სწორი და ადეკვატური იმიტომ, რომ ჩვენ მარტო ვიყავით ამ შემთხვევაში.

ვანო გრიგოლაშვილი - ჩვენი ორგანიზაციის, ანრი დიუნანის საზოგადოების, სპეციფიკიდან გამომდინარე, საქმიანობის სფეროს საგანგებო სიტუციებისათვის მზადება და მათზე რეაგირება წარმოადგენს. რა პრობლემებსაც განვიხილავთ, მათი გადაწყვეტის მექანიზმები საერთაშორისო დონეზე უკვე არსებობს. 1994 წელს დაიწყო ე.წ. პოსტ-რუანდული პერიოდი, როდესაც ზუსტად იგივე პრობლემები დაფიქსირდა - საერთაშორისო დახმარების დონეზე ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება გარკვეული ტრასნპარანტულობითა და იმ სისტემის შემუშავებით, რომელიც გაადვილებს ურთიერთობას როგორც დონორთან, ასევე ბენეფიციარებთან. ეს ანაგარიშვალდებულება არ ნიშნავს მხოლოდ დონორთან ურთიერთობას, არამედ იმასთანაც, ვინც იღებს დახმარებას. ამ მხრივ ამ პროექტისფარგლებში ჩამოყალიბდა ჰუმანიტარული ქარტია, სადაც იყო დაფიქსირებული არასამთავრობო სექტორში მომუშავე ჰუმანიტარული ორგანიზაციების მისწრაფებები და მიზნები. შედეგად გამომუშავდა საგანგებო სიტუაციებში ჰუმანიტარული დახმარებისას არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაკთა ქცევის კოდექსი, რომელიც შეიძლება რაღაც ბაზისად გამოვიყენოთ. შემდგომში ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა მინიმალური სტანდარტები, რომელსაც გამოიყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს პერიოდი ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარეობს ამ ინფორმაციის გავრცელება და გაცნობა. ცალკე საიტიც გაკეთდა ამის შესახებ, სადაც დაფიქსირებულია ის პრინციპი, რომ სავალდებულო არ არის ამ ქცევების ნორმებთან მიერთება. ჰუმანიტარული ქარტია და ქცევის კოდექსი გამოცხადებულია; მსურველები უერთდებიან მას და იყენებენ იმ მინიმალურ სტანდარტებს, რაც აადვილებს მუშაობას. რაც შეეხება დისკუსიას და იურიდიულ ბაზას, ჩვენს დარგში საგანგებო სიტუაციების მართვის არავითარი იურიდირული ბაზა არ არსებობს. ის სახელმწიფო სტრუქტურა რომელიც მოქმედებს, პრეზიდენტის ბრძანებულების დონეზეა და არასამთავრობო სექტორის როლი არ არის გამიჯნული. მხოლოდ რამდენჯერმე არის ნახსენები იურიდიული პირები და საკითხი ამით შემოიფარგლება. არასამთავრობო ორგანიზაციების წესდების საჭიროებასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც წითელი ჯვრის საერთაშორისო ფედერაცია წავიდა საქართველოდან. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ეროვნულ ფედერაციას ჰქონდა წესდება, სადაც არ იყო გამიჯნული ხელმძღვანელობა და მმართველობა. ხდებოდა ის, რომ საზოგადოების პრეზიდენტს ჰქონდა მინიჭებული მთელი ძალაუფლება და მართვაში როტაციის პრინციპი არ იყო გათვალისწინებული. პრეზიდენტი შეიძლება არჩეულიყო რამდენჯერმე. ამას გარდა აღმასრულებელ შტოში მომუშავე პირები (მაგ. ბუღალტერი), იყვნენ გამგეობის წევრები და სინამდვილეში ანგარიშს აბარებდნენ თავის თავს. როდესაც საერთაშროისო ფედერაციამ წამოგვიყენა პირობა, ან შეგვეცვალა წესდება, ან ისინი დატოვებდნენ საქართველოს, საქართველოს წითელი ჯვარი გაიყო ორ ნაწილად. იმ ნაწილმა, რომელიც წესდების შეცვლას ითხოვდა - ვერ გაიმარჯა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ საქართველოს ყოველწლიური 4-5 მლნ. დოლარის დახმარება შეუწყდა. წითელი ჯვრის საზოგადოებაში არსებობს სანიმუშო წესდება, რომელიც მოცულობით პრინციპში ძალიან დიდია, იქ არის მუხლობრივად აღწერილი ყველა ნიუანსი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ დღეს; მაგ. როტაციის პრინციპი, გამგეობის პრინციპები, აღმასრულებელი შტოს ფუნქციები, ძირითადად რეკომენდაციების დონზეა. ხელმძღავნელობას აქვს ძირითადი ფუნქციები, რომელიც წარმომადგენლობითი ფუნქციებით შემოიფარგლება. რაც შეეხება აღმასრულებელი შტოს ფუნქციებს, ეს არის ის მამოძრავებელი ძალა, რაც ამუშავებს საზოგადოებას.

ვაჟა სალამაძე - ძირითადი თეზა, რომელიც მე მინდა გავავითარო არის ის, რომ მოთხოვნა გარკვეულ სტანდარტებზე და სტანდარტების ნაკრებზე, რასაც წარმოადგენს ეთიკის კოდექსი, ბუნებრივი განვითარების შედეგია. აქ არაერთხელ დადგა საკითხი, სად იმყოფება სექტორი და არის თუ არა სექტორში კრიზისი. ჩემი აზრით, კრიზისის ნიშნები აშკარაა, მაგრამ ეს არის ბუნებრივი განვითარების შედეგი. სექტორი განვითარების ერთი ეტაპიდან გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი სექტორი ოჯახურ-პროექტული ფაზიდან გადადის ინსტიტუციალიზებულ-საზოგადოებრივ ფაზაში. ამასთან გარდაქმნა ხდება როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე. ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ კონსულტაციების გაწევა გვიხდება სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის და უნდა ვთქვა, რომ უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ათეულობით ორგანიზაციამ დაიწყო შიდა გარდაქმნები. გარდაქმნები ეხება წესდებებს - ფორმალური წესდებების რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას. დაიწყო პროცესები მაკროდონეზეც, როდესაც სექტორში ხდება ღირებულებების გადაფასება და „კაი ტიპობის“ ფორმალიზება. ყურადღება ექცევა მანდატის საკითხებს. არაერთხელ გაგიგონიათ, რომ თვითონ სექტორშია უკმაყოფილება, როდესაც სექტორი არ იცავს თავის მანდატს და ცდილობს გადავიდეს სხვა სფეროში. ამ პროცესებმა მიგვიყვანა გარკვეული სტანდარტების აუცილებლობამდე. საუბარი არაა იმაზე, რომ უნდა შეიქმნას არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიცია ამ სტანდარტების დასაცავად. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ უნდა არსებობდეს ნორმები, თუნდაც იმისათვის, რომ ორგანიზაციამ იცოდეს, რა არის კარგი მისი განვითარებისათვის, რა არის კარგი საზოგადოების განვითარებისათვის და რა ნორმები უნდა დაიცვას ორგანიზაციამ. აქ აღინიშნა, რომ ჩვენთან, ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობა და კანონმდებელი არ არის ორიენტირებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე და შესაბამისად არ არის მოცემული ის ნორმები, რაზეც ვსაუბრობთ. ერთი მხრივ, ეს კარგია, რადგან ასეთი ნორმები რომ არსებობდეს, მათი მაკონტროლებელი ორგანოებიც იქნება, რაც ჩვენ ასე ძალიან არ გვსურს, ამიტომ უმჯობესია იყოს თვითრეგულაციის ელემენტები. ეს სექტორი მნიშვნელოვან ნაწილს გაცნობიერებული აქვს როგორც ცენტრში, ისე რეგიონში. ჩვენ უკვე გვქონდა ამის შესახებ საუბარიბევრ მათგანთან. რეგიონალური ორგანიზაციებიც აცნობიერებენ ამ ნორმების დაცვის აუცილებლობას. ლაპარაკი არ არის პირდაპირ კოდექსზე, ლაპარაკია გარკვეული სტანდარტული ნორმების ჩამოყალიბებაზე. ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე, უახლოესი ერთი წლის მანძილზე, უნდა ჩამოყალიბდეს ძირითადი სტანდარტები. ჩემი აზრით, სტანდარტები ძირითადად უნდა შეეხოს ოთხ სფეროს. ეს იქნება: ფინანსები, მართვა, საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება და პოლიტიკური აქტივობა. ამ ოთხ სფეროში თუ ჩამოყალიბდება თამაშის ძირითადი წესები, რომელსაც ჩვენ სტანდარტების დავარქმევთ, მაშინ შემდგომ ეტაპზე, როდესაც თვისობრივად განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ, შეიძლება ეს სტანდარტები კოდექსად ჩამოყალიბდეს, სადაც ალბათ მათი რეალიზაციის წესებიც იქნება. მაგრამ პირველ ეტაპზე ეს წესები უნდა იყოს აბსოლუტურად ნებაყოფლობითი და არანაირი პოლიციური ელემენტები, არანაირი კონტროლის ელემენტები აქ არ უნდა არსებობდეს; ეს კია, მისი განხორციელება საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

ჯაბა დევდარიანი - ორი მომენტის შესახებ მინდა ვისაუბრო. პირველი, სრულდება არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევის ეტაპი, რომელსაც გაეროს ასოციაცია ახორციელებს უკვე აღნიშნული პროექტისფარგლებში. ჩვენ გვაქვს სია პრიორიტეტებისა, თუ როგორ უყურებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხს, რა არის მათთვის უფრო მნიშვნელოვანი - ფინანსური გამჭვირვალობა თუ მმართველი ორგანოების არჩევითობა და ა.შ. პრიორიტეტული რანჟირება გვექნება შემდეგი დისკუსიებისათვის და ეს დაგვეხმარება იმ საკითხების იდენტიფიკაციაში, რომელიც ეთიკურ კოდექსში წინ უნდა იყოს წამოწეული და რომელიც უფრო შეესაბამება რეალობას. მეორე, მინდა დავეთანხმო ვაჟა სალამაძეს, რომ ჩვენ გადავდივართ თემური სტრუქტურიდან (იმ დონიდან, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები ვიყავით ერთი ოჯახი და ამ ოჯახში ირჩეოდა საკითხები) იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენ აღარა ვართ კუნძული და ჩვენ ვართ გამჭვირვალე საზოგადოებისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც, მედიისთვისაც და ა.შ. ალბათ ზოგად-ეთიკური სტანდარტების ჩამოყალიბება იქნება ის პირველი ნაბიჯი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაიყვანს თემურობიდან საზოგადოებრიობისაკენ. სამართლის განვითარების თეორიაში ასეთი გამოთქმაც არსებობს, რომ პირველ ეტაპზე ყველაფერი არის დამოკიდებული შეთანხმებაზე, მაგრამ განვითარებული საზოგადოება დამოკიდებულია კონტრაქტზე. როდესაც ჩვენ გადავდივართ საშუალო ეტაპზე, ნებაყოფლობითი კონტრაქტის ეტაპზე, მე მგონი, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეხლა მინდა გამოვეხმაურო საკითხს ჰუმანიტარული ორგანიზაციების ეთიკის კოდექსებზე; ეს ის სფეროა, რომელიც ყველაზე შორსაა წასული ამ თვალსაზრისით. არსებობს სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციის კოდექსები (აი-სი-აი-სის კოდექსი, ოქსფამის კოდექსი და ა.შ.), რომელიც საინტერესო მასალაა ჩვენთვის განსახილველად.

გია ნოდია - დისკუსიის მიმდინარეობიდან ჩანს, რომ ეს თემა ახალია ჩვენთვის და პირველად გვიხდება პოზიციების დაფიქსირება. ჩვენ თვალწინ თითქოს ორი პარტია ყალიბდება, მე მათ დავარქმევდი „ფორმალისტებს“ და „ანტი-ფორმალისტებს“. ანტი-ფორმალისტურ სკოლას სათავე დაუდო ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა, ხოლო ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა ეს პოზიცია კიდევ უფრო რადიკალურად გამოხატა. ბატონი დავით უსუფაშვილი, როგორც იურისტი, ყველაზე უფრო მკაფიო წარმომადგენელი იყო ფორმალისტური მიდგომისა, თუმცა მეც ჩემ თავსაც და ბატონ ზურაბ ჭიაბერაშვილსაც ამ „სკოლას“ მივაკუთვნებ.

დისკუსიაში კიდევ ერთხელ ჩართვის სურვილი ბატონ პაატას გამოსვლის შემდგომ დამებადა, რომელმაც თქვა, რომ რაიმე კოდექსის დაწერა საჭირო არ არის, მაგრამ არასამთავრობოების ქცევის წესებზე საუბარი შეიძლება სასარგებლო იყოს კიდეც. ამის პასუხად მე გამიჩნდა რამდენიმე თეზისი:

1. ის, რაც შეიძლება ითქვას, შეიძლება დაიწეროს კიდეც. როგორც ცნობილია, დაწერილ სიტყვას მთელი რიგი უპირატესობები აქვს: ის უფრო მეტმა ადამიანმა შეიძლება წაიკითხიოს და, შესაბამისად, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს დისკუსიაში; გარდა ამისა, გარკვეული დროის შემდეგ შენც შეგიძლია წაიკითხო შენი აზრები და თქვა, ვაიმე, ეს რა მითქვამს (დამიწერიაო).

2. ის, რაც შეიძლება თქვა ან დაწერო, ის შეიძლება სისტემური სახით თქვა ან დაწერო. ანუ, რაიმე თემაზე შეიძლება დაკმაყოფილდე ცალკეული მოსაზრებების გამოთქმით, ხოლო შეიძლება სცადო ეს მოსაზრებები გარკვეულ ლოგიკურ ჩარჩოში ჩასვა.

3. სხვადასხვა ადამიანმა შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება გამოთქვას, მაგრამ შეიძლება ისინი შეეცადონ, რაღაც აზრებზე შეთანხმდნენ.

4. მოსაზრებების მეტ-ნაკლებად სისტემურ ერთობლიობას, რომელზეც თანხმობა მიიღწევა, შეიძლება მერე რამე სახელი დაარქვა, მაგალითად, „კოდექსი“.

მე მგონი, აქ ზედმეტი შიში გამოიწვია თვით სიტყვამ „კოდექსი“, რადგან ის „სისხლის სამართლის კოდექსის“ ან საერთოდ სადამსჯელო სისტემის ასოციაციას იწვევს. მაგრამ, თუ გვინდა, სხვა რამ დავარქვათ. ის, რასაც მე ვგულისხმობდი, სხვა არაფერია, თუ არა იმის მეტ-ნაკლებად სისტემური დაფიქსირება, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებაში. როგორც ბატონმა დავითმაც ახსენა, ამ კოდექსით ხდება მხოლოდ ფიქსირება გარკვეული კონსენსუსისა იმის თაობაზე, თუ რა მიგვაჩნია კარგად და რა - ცუდად, და ამის შემდეგ უკვე თითოეული ორგანიზაციის საქმეა, შეუერთდეს თუ არა ამ კონსენსუსს, ეცადოს თუ არა, დაიცვას ის პრინციპები, რაზეც შეთანხმება მოხდა.

„კოდექსი“ ალბათ იმ მხრივაც ბადებს უხერხულობის გრძნობას, რომ კაცს აფიქრებინებს, ხომ არ გვინდა სახელმწიფო კანონების დუბლირება. მაგრამ აქ არ არის ორმაგი სამართლის პრობლემა, აქ უფრო ეთიკის და სამართლის მიმართების პრობლემაა. ეთიკა ჰგავს სამართალს იმით, რომ ისიც ნორმების ერთობლიობაა, მაგრამ ეთიკის ნორმები, აქ უკვე გამოყენებული იურიდიული ტერმინი რომ ვიხმაროთ, თვითაღსრულებადია: მათ სანქციის შიშით კი არ ასრულებ, არამედ იმიტომ, რომ ეთანხმები, ან, თუნდაც, პრესტიჟს უფრთხილდები. სახელმწიფო კანონმდებლობა ყველაფერს ვერ დაარეგულირებს და არც არის საჭირო, რომ დაარეგულიროს. ამიტომ არსებობს ტრადიციები, ზნეობრივი ნორმები და ა. შ. ზოგიერთი ასეთი არაფორმალური ნორმა ზოგადსაკაცობრიოა, ზოგიერთი კი - კორპორაციული. არასამთავრობო ორგანიზაციათა წრეში უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული წარმოდგენები იმაზე, თუ როგორი ქცევა შეეფერება ასეთ ორგანიზაციას, ოღონდ ისინი საგანგებო მსჯელობის საგანი არ გამხდარა. შეიძლება კარგი იყოს, ამაზე მსჯელობის ფორმატი შევქმნათ და ვეცადოთ, რაღაცაზე შევთანხმდეთ ამ მიმართულებით.

აბსოლუტურად ვეთანხმები ასევე იმ ფორმულირებებს, რომელიც გამოითქვა ბატონ ვაჟა სალამაძის და ბატონ ჯაბა დევდარიანის გამოსვლებში: არასამთავრობო ორგანიზაციათა წრე აქამდე ოჯახურ-თემური ურთიერთობების პრინციპებით მოვიდა. შესაძლოა, უკვე დროა, ასეთი ოჯახურ-თემური, ან, უფრო სწორად, „კაი ტიპების სასტავის“ ურთიერთობიდან, რომელსაც შესაბამისი არაფორმალური კოდექსი უდევს საფუძვლად, გადავიდეთ უფრო ცივ, რამდენადმე ნაკლებ რომანტიკულ, მაგრამ „გარე“ საზოგადოებისათვის უფრო გასაგებ და ღია ფორმაზე ჩვენი ნორმატიული ცნობიერების ფორმულირებისა. ამის არგუმენტი თუნდაც ისაა, რომ ეს „ოჯახურ-თემური“ თუ „კაი ტიპების სასტავური“ ვარიანტი ამავე დროს ექსკლუზიურია: ოჯახიც და „სასტავიც“ ადვილად არ უშვებს იმას, ვინც „ახლობელი“ არ არის. ეს ოჯახური ჩაკეტილობის ტენდენცია არსებობს და ალბათ ისიცაა პასუხისმგებელი იმ კრიზისულ მოვლენებზე, რომლებიც ვახსენეთ.

როგორც სამართლის ისტორიიდან ვიცით, დაუფიქსირებელი ტრადიციული ნორმებიდან წერილობით ფიქსირებულ კანონებზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სამართლებრივი ცნობიერების და საზოგადოდ სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. სისტემურად ჩამოყალიბებული და დაწერილი ტექსტი გაცილებით უფრო ღიაა, უფრო, თუ გნებავთ, დემოკრატიულია, ვიდრე პატარა ჯგუფის შიგნით სპონტანურად შემუშავებული ნორმები. მცდელობა, ჩვენი პრინციპები უფრო ექსპლიციტურად გამოვთქვათ, სწორედ ღიაობისკენ და დემოკრატიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კიდევ ერთი მოსაზრება მინდა გამოვთქვა. ბატონმა პაატამ გამოთქვა შიში, რომ ვიღაცის საქციელი ან მოსაზრება არ მოგვეწონება და მერე კოდექსის მეშვეობით მოვინდომებთ ანგარიშის გასწორებას. ჩემი აზრით, კოდექსი ღირებულებით ნაწილში უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ერთმანეთს არ დავეთანხმოთ. საზოგადოებაში შეიქმნა წარმოდგენა, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლიობა ეს არის ერთგვარი პარტია, რომელიც, მართალია, ძალაუფლებისათვის არ იბრძვის, მაგრამ ამავე დროს ერთიანი ღირებულებები და ერთიანი პლატფორმა აქვს, როგორც ნამდვილ პარტიას უნდა ჰქონდეს. ნაწილობრივ ამ წარმოდგენას თვითონ სამოქალაქო ორგანიზაციებიც იზიარებენ. ეს მცდარი წარმოდგენა უნდა გაქარწყლდეს. სამოქალაქო ორგანიზაციათა დანიშნულება ისიცაა - ხოლო შეიძლება, უპირველეს ყოვლისა ისაა, - რომ იყოს სხვადასხვა აზრის ერთმანეთთან დაჯახების ფორუმი, მათ შორის, თუ გნებავთ, სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმისა და ღირებულების დაპირისპირების ფორუმი. მაგრამ ის, რაც „სამოქალაქოა“ სამოქალაქო საზოგადოებაში, არის ასეთ დაპირისპირებაში გარკვეულ მეთოდებზე უარის თქმა. მაგალითად, რომ მიუვარდე შენგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს და სახლი ან წიგნები გადაუწვა, ეს ცუდი საქციელია. მაგრამ შეიძლება თუ არა, მასზე თქვა, რომ ის „ნაძირალაა“, ან რა შემთხვევაში შეიძლება, ეს საკამათოა. ასეთ საკითხებზე მსჯელობა და შეთანხმებაა საჭირო. მაგალითად ავიღოთ ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი ადამიანის, ბატონ მკალავიშვილის ჯგუფი. ისიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაცია, მასაც აქვს გარკვეული დღის წესრიგი, ლეგიტიმურობის გარკვეული დონე. ჩვენ რა პრეტენზიები გვაქვს მასთან? ალბათ, მეთოდები არ მოგვწონს, თორემ ლიტურგიულ საკითხებზე მასთან დავა არა მგონია ძალზე აქტუალური იყოს.

ნინო დურგლიშვილი - მოკლედ დავიწყებ ჩემი პოზიციის განსაზღვრით. მე ვარ მკაცრი ფორმალისტი. თქმა იმისა, რომ პრობლემები ბუნებრივია და მერე რა მოხდა, ახალი არარის. ჩემი აზრით, გარდა იმისა, რომ ეს პრობლემები არის ბუნებრივი, ისინი არიან ამავე დროს არასასურველნი და ჩვენი ამოცანაა ისინი თავიდან ავიცილოთ. მე ვერ ჩავთვლი, რომ ეს ურთიერთობები რაღაც ჩარჩოებში ჯდება. რომ ჯდებოდეს, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით შეკრებილები. დათო უსუფაშვილმა საკმაოდ ამომწურავი დახასიათება მოგვცა იმ პრობლემატიკისა, რაც ამ სექტორში არსებობს. ახლა დგება საკითხი, როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს ურთიერთობები. თავისთავად ამ კოდექსის შექმნა დღეს საქართველოში არ შეიძლება იყოს თვითმიზანი. ვეთანხმები არაფორმალისტების ფრთას, რომ მთავარია კონკრეტული პრობლემის მოგვარება, მაგრამ რის საფუძველზე უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? მომრიგებელი მოსამართლის ტიპის ადამიანი ან ორგანო ჩემში ბადებს ქურდული გარჩევის ასოციაციას. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რის საფუძველზე უნდა გაირჩეს ეს საქმე. ამისათვის უნდე არსებობდეს ცალსახა წესები. დღეს ვერ მიმართავ ვერავის, რომ გაარკვიოს რომელი პრობლემაა ზნეობრივი და რომელი უზნეო. ამიტომ უნდა არსებობდეს ფორმალიზებული, ცალსახა წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევაფასოთ ამა თუ იმ ორგანიზაციის ქმედება, არის თუ არა ეთიკური მისი დამოკიდებულება სხვა ორგანიზაციებთან. რამდენადაც მე ფორმალისტების გამოსვლებიდან გავარკვიე, ეს არ გულისხმობს დაწვრილმანებას რაღაცქცევის წესებამდე, ხელის აწევის დონეზე. ვფიქრობ, რომ ის ძირითადი ორიენტირები, რომლებიც მოგვცემს შეფასების საშუალებას, თუნდაც რეგულირების საშუალებას, აუცილებელია და არ შეიძლება ვიყოთ კონკრეტული პიროვნების გადაწყვეტილებასა და ნებაზე დამოკიდებული.

პაატა ზაქარეიშვილი - იმედი მაქვს, რომ გამომსვლელები ხუმრობით იქნენ დაყოფილი ფორმალისტებად და არაფორმალისტებად. მე არ ვთვლი ჩემ თავს არაფორმალისტად. ჩვენ ვლაპარაკობთ აქ იმ პრობლემებზე, რომლებიც არ გვინდა მივიტანოთ სასამართლომდე. ამიტომაა რომ ევროპულმა სამართლებრივმა აზროვნებამ შემოიღო ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა მომრიგებლური სასამართლო, ომბუდსმენი. ეს ინსტიტუტები ის საშუალებებია, რომელთაც სასამართლომდე არ მიჰყავთ საზოგადოებაში არსებული პრობლემები და უფრო იაფად და უფრო ადვილად წყვეტენ პრობლემებს. ჩემი აზრით, თუ ეს კოდექსი იქნება სავალდებულო, ის იქნება პარალელური სამართლის კიდევ ერთი ფორმა, როგორიცაა იგივე ქურდული სამართალი. ჩვენ ისე სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, რომ იმედი გვაქვს, ამ კოდექსით რაღაცა პრობლემას გადავწყვეტთ. მე კი მგონია, რომ ამ კოდექსის მიღებით, ჩამოკიდებით და მიერთებით პრობლემები არ გადაწყდება. პრობლემები განვითარდება ბუნებრივი გზით; და ეს კოდექსი, თავისთავად ლამაზი დოკუმენტი, ეფექტს არ გამოიღებს.

პატრიკ კრამპი - ძალიან საინტერესო დისკუსიაა. მე მინდა არა მარტო კოდექსის შინაარსობრივ მხარეს შევეხო, არამედ პროცესუალურსაც. მინდა ვისაუბრო კოდექსის მიღების პროცედურაზე და იმ მოქმედ პირებზეც, ვინც მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. უპირველეს ყოვლისა, მინდა შემდეგი აღვნიშნო: თუ არ გავითვალისწინებთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებს, რომლებიც რიცხვობრივად დაახლოებით მთელი რაოდენობის ნახევარს შეადგენს და თბილისის გარეთ მოღვაწეობენ, და რომელთა სამუშაო პირობები ბევრად ჩამოუვარდება დედაქალაქში აქტიურ ორგანიზაციებს, ჩვენ შეიძლება ხელი შევუწყოთ იმ განსხვავების გაღრმავებას, რაც არსებობს ამ ორგანიზაციების განვითარების დონეებს შორის. მე არ ვგულისხმობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი მორგებული უნდა იყოს მხოლოდ ყველაზე განვითარებულ ორგანიზაციებზე, რომლებიც მზად არიან ღია გახადონ ყველა ინფორმაცია, არამედ ეთიკის კოდექსი წარმომიდგენია იმ ნორმების ერთობლიობად, რომელსაც აღიარებს და მიუერთდება ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ისევე როგორც ბიბლიური ათი მცნების აღიარება და შესრულება შეუძლია ყველა პიროვნებას. მეორე საკითხი ეხებამოქმედი პირების ჩართვას ეთიკის კოდექსის შემუშავებაში. თქვენ მიერ აღნიშნული კრიზისი, ჩემი აზრით, არის აზრთა კრიზისი და ასევე კრიზისი, რომელიც არსებობს საზოგადოების ნდობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს იმ ადამიანთა აზრები, რომელთა ნდობაც ჩვენ გვესაჭიროება. ჩვენ დაინტერესებულნი უნდა ვიყოთ ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით ეთიკის კოდექსის ჩამოყალიბების პროცესში. ნებისმიერი მათგანის აზრი უნდა იქნას გათვალისწინებული, ისევე როგორც უნდა ჩატარდეს კონსულტაციები მთავრობასთან, მედიასთან, საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.

მიხეილ ჩაჩხუნაშვილი - მაინტერესებს გავერკვე, რისთვის ვსაუბრობთ ამაზე. მე მგონია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ამ სექტორმა უნდა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა და ის საკითხები, რომლებზედაც მუშაობს ეს სექტორი, იყოს ადეკვატურად გაშუქებული და დანახული საზოგადოების მიერ. ჩემი წარმოდგენით, ეთიკის კოდექსი არსებობს, რაღაც ნორმები არსებობს და ჩვენ განაცხადს ვაკეთებთ, რომ არასამთავრობო სექტორისათვის ეს არის ფასეულობები, რასაც ან უერთდება ხალხი ან არ უერთდება. ძალიან ხშირად გრანტის მიღების თუ განხორციელების პროცესში არასამთავრობო სექტორთან იგივე პრობლემები გვიჩნდება ხოლმე, რაც მთავრობასთან გვაქვს, რასაც ვაკრიტიკებთ სახელმწიფო მმართველობაში. აქ იყო ნახსენები ფინანსური გამჭვირვალობა. ჩვენი ფონდი ნებისმიერ გამჭვირვალებაზე არის წამსვლელი, ამაზე არანაირი პრობლემა არ იქნება, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მთელი რიგი არასამთავროებისთვისაც არ იქნება ეს პრობლემა, მაგრამ ბევრი სხვისათვის იქნება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსურად პროცესი შეიძლება გამჭვირვალე იყოს, მაგრამ არ მოხდეს იმ რეზულტატების შეფასება, რომელიც ამა თუ იმ პროექტის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციამ განახორციელა. საპროექტო წინადადება და ანგარიში შეიძლება კარგად იყოს დაწერილი, მაგრამ შუაში შედეგი არ იყოს. ეს ძალიან ხშირი შემთხვევაა; ამიტომ ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს მუშაობა და ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც განახორციელეს მსხვილი პროექტი, ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე, ანგარიშს უნდა აბარებდნენ საზოგადოებას, რომ მიიღეს ასეთი გრანტი და რა გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ამ ხნის განმავლობაში, რაც ფონდი მუშაობს, არ მახსოვს შემთხვევა, აპლიკანტს ანგარიშში ეთქვას, რომ ზოგიერთი დასახული მიზნის განხორციელება ვერ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველა წერს, რომ წარმატებულია მათი პროექტები, რაც პრინციპში შეუძლებელია. მინდა აღვნიშნო, რომ არასამთავრობო სექტორი არ არის ისეთი გამჭვირვალე, როგორის პრეტენზიაც აქვს. სახლმწიფოსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებელობა დაინახოს, როგორი აქტიური ნაწილი არსებობს ქვეყანაში, თორემ ის კლანური და ფეოდალური სისტემა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებში მუშაობს, ისევე იმუშავებს არასმთავრობო სექტორშიც. დღევანდელი საუბრებიდან ჩანს, რომ არასამთავრობო სექტორი უფრო მეტად არის განვითარებული, ვიდრე სხვა რომელიმე სტრუქტურა და ამიტომ, არასამთავრობო სექტორს თავის თავზე იმის აღებაც უნდა შეეძლოს, რომ აჩვენოს როგორ შეიძლება იმართებოდეს სისტემა და როგორ შეიძლება ამაში დახმარების მიღება. ამავე დროს არ მახსოვს, რომ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს ფონდთან მუშაობს, გაეცეს რეკომენდაცია იმგვარად, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ ეს რაღაც მიღწევადია, ხოლო სხვა დანარჩენი კი განუხორციელებელი. როგორ დავიჯერო, რომ ყველა პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, ყველას მოსწონს და ყველა ფიქრობს, რომ პროექტი შინაარსობრივად ზუსტად განხორციელდა.

დავით უსუფაშვილი - პირველ რიგში ბატონ პაატას მინდა ვუპასუხო იმიტომ, რომ შთაბეჭდილება მექმნება, რომ ფორმალისტებისა და არაფორმალისტების პოზიციები ახლოვდება. არის ერთი პატარა გაუგებრობა, რაც შემდეგში მდგომარეობს: ის მექანიზმები, რაზეც იყო საუბარი, მომრიგებელი მოსამართლე, ომბუდსმენი, თუ არაფორმალური ინსტიტუტები, რომლებიც შეიქმნება საზოგადოებაში კონფლიქტების ალტერნატიული მოგვარების სისტემებად, გარკვეულ ფორმალიზებას მოითხოვს. პრაქტიკულად არ არსებობს არც ერთი ასეთი დაწესებულება და ინსტიტუტი სწორედ იმ ტიპის დოკუმენტების გარეშე, რომელზეც აქ იყო ლაპარაკი და რომელსაც ჩვენ კოდექსს ვუწოდებთ. შეიძლება მას სხვა სახელი დავარქვათ: ქარტია ან სხვა რაიმე; თავისთავად ამ არაფორმალურ ინსტიტუტებს თუ არა აქვთ ასე თუ ისე მყარი ბაზა, ვრჩებით იმის იმედზე, რომ თვითონ პაატა ზაქარეიშვილი, როგორც განათლებულილ პირი, მოაგვარებს ამ პრობლემებს. აქ კანონზე არ არის ლაპარაკი. თუ კანონის მუხლზეა დავა, იქ არსებობს ინსტიტუტი, სადაც უნდა მოხდეს ამის განხილვა, მათ შორის კერძო არბიტრაჟი. კანონის დარღვევასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლოს ვერანაირი ეთიკის კოდექსი ვერ ჩაენაცვლება. ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ურთიერთობებზე, რომელიც კანონით ვერ დარეგულირდება. და თუ კანონით დარეგულირდა, ამით ბოროტებას მეტს მოიტანს, ვიდრე სიკეთეს იმიტომ, რომ კანონს გვიდგენს სახელმწიფო, ხოლო ეთიკის კოდექსი არის ის, რაზედაც ჩვენ თვითონ ნებაყოფლობით ვთანხმდებით. ნებისმიერ რისკის შემცველ პროფესიაში ყოველთვის არსებობს ეთიკის კოდექსიიმიტომ, რომ აქ არსებობს სიტუაცია, სფეროები, რომელთა დარეგულირება კანონით არ არის სასურველი, არც მთლაც დაურეგულირებლად დატოვებაა შესაძლებელი. რატომაა იურისტის ეთიკის კოდექსი საყოველთაოდ აღიარებული? რა გაუჭირდათ გერმანელებს ან ამერიკელებს, რომ კანონი მიეღოთ ამაზე და დაემთავრებინათ საქმე? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის, რითაც ერთიანნი ვართ. ეს არ უნდა გადაიზარდოს პროფესიული ეთიკის ნორმებში, მაგრამ ამავე დროს ის ერთიანობა, რაც გვაქვს, უნდა იქნეს დაჭერილი და დამაგრებული. ღირებულებით საკითხებზე ითქვა, რომ რთული იქნებაო და არ არის სასურველი ამაზე ჩამოყალიბებაო; დავფიქრდეთ, ვის აწყობს ყველაზე უფრო დღევანდელ საქართველოში ცუდი ხელისუფლება, რომელიც პატიმრებს აწამებს, ბიუჯეტს არ ასრულებს, რომელიც იპარავს და ა.შ. პრაგმატული თვალსაზრისით ჩვენზე უფრო მეტად არავის არ აწყობს ეს. და თუ ასე წავიდა საქმე, თვითოეული ჩვენგანი რას ვაკეთებთ ხვალ, თუკი ხელისუფლებაში იქნება ის ხალხი, რომელსაც ჩვენზე კარგად ესმის ადამიანის უფლებებიც, ქვეყნის ინტერესიც, გამჭვირვალობაც და ყველაფერი?

პაატა ზაქარეიშვილი - წავალ ხელისუფლებაში ...

დავით უსუფაშვილი - ღირებულებითი საკითხები თუ არ იქნა წარმოჩენილი, ჩვენ შეიძლება ვიქცეთქვეყნის განვითარების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად. ნურავინ ვიტყვით, რომ ბოლომდე თავისუფალი ვართ ამ პრაგმატული თუ ბიზნეს ინტერესიდან. პოლიტიკურ პატიმრებს თუ იცავ, გაქვს ინტერესი, რომ გქონდეს მათზე ინფორმაცია. იგივეა საგანმანათლებლო სფეროში, ბუნების დაცვის სფეროში. კარგ ქვეყნებში არასამთავრობო სექტორი არ არის საჭირო? რა თქმა უნდა, საჭიროა. ამიტომ ისეთ დოკუმენტზე უნდა იყოს საუბარი, რომელიც მომავალზე იქნება ორიენტირებული და არა იმაზე, რომ მხოლოდ დღევანდელი ურთიერთობები დაარეგულიროს. ეს არანაირ საშიშიროებას არ შეიცავს; თუ ეს იქნება ბოლომდე თვითაღსრულებადი მექანიზმი, ბოლომდე ნებაყოფლობითი მიერთების, დათქმებისა და ა.შ. მექანიზმი, ანუ თუ ეს იქნება ფორუმი, ამ თემაზე წავა მსჯელობა, ეს ისაა, რაც ჩვენ გვჭირდება - სისტემური ხასიათის მინიჭება ამ დისკუსიისათვის. და ბოლოს, პრობლემა, რომელსაც ვახსენებდი - მოსახლეობასთან ურთიერთობა. ჩვენ ვანიჭებთ ჩვენს თავს უფლებას, ვილაპარაკოთ რა გვჭირდება და როგორ. ვინ მოგვცა ამის უფლება? ჩვენ ვართ ყველაზე უფრო არალეგიტიმური წარმონაქმნები - შევიკრიბეთ 7 ადამიანი და დავირქვით სახელი. საზოგადოების პრიორიტეტების ცოდნის თვალსაზრისით ყველაზე ნაკლები უფლება ჩვენ გვაქვს, რომ რაღაცა ვთქვათ, იმიტომ რომ მხოლოდ ჩვენი სახელით არ ვლაპარაკობთ, ხოლო საზოგადოებასთან არსებული უფსკრული თანდათან იზრდება, უფრო მწვავე ხდება. ეს უფსკრული უნდა ამოივსოს, რომ მართლა შეგვეძლოს ლეგიტიმაციის ხარისხის გაზრდა, რომ მართლა ვიღაცას წარმოვადგენდეთ, მართლა ვიღაცას ანგარიშს ვაბარებდეთ. კანონმა თუ დაგვიდგინა და სამოქლაქო კოდექსში თუ ჩაწერეს, რომ 2 თვეში ერთხელ სადღაც უნდა მივიდეთ და ანგარიში ჩავაბაროთ მოსახლეობას, ეს უკვე სულ სხვა ამბავი იქნება და უკუეფექტს მოიტანს. თუ თვითონ ვივალდებულეთ ეს, დონორებსაც თუ ვთხოვეთ პრეზენტაციის ხარჯების დაფინანსება, არც ერთი მათგანი ამაზე უარს არ იტყვის. მსგავსი ვალდებულებები ჩვენ უნდა ვიკისროთ და ეს არ უნდა იყოს ცალკეული ორგანიზაციის პირად ნებაზე დამოკიდებული.

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ბოდიშს ვიხდი, რომ კიდევ უნდა მივიპყრო თქვენი ყურადღება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ როგორც მედიის სფეროში, ორი მიდგომაა ამ საკითხზე: ან პრეტენზია გვაქვს, რომ ყველა უნდა დავითანხმოთ რაღაც პრინციპებზე, ან ადამიანთა რაღაც ჯგუფი ადგენს რაღაც პრინციპებს და ეს იმდენად კარგი ფორმით არის შედგენილი, რომ მოტივაცია იქმნება სხვა ჯგუფებისთვისაც, შეუერთდნენ ამ ჯგუფს. მე, რა თქმა უნდა, სასურველად მიმაჩნია, ჯგუფში ბევრი იყოს ჩართული. ძირითადად, ესპროცესი წარმომიდგენია როგორც სერტიფიკაციის გამცემი ორგანო, რომელიც ასევე ნებაყოფლობითია. მაგალითად, გამოაცხო ვიღაცამ პური და დაარტყა ვიღაცამ ბეჭედი, რომ ეს კარგი პურია. შეიძლება ერთი პურის მცხობელს ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ ეს ბეჭედი მის ნაწარმს ჰქონდეს, მაგრამ ბაზარზე სხვა პურის მცხობელებსაც უჩნდებათ ინტერესი, რომ მათ პროდუქციასაც ეტყას ეს ბეჭედი. ჩემი აზრით, თუ არასამთავრობო სექტორი არის რაღაც გაერთიანების წევრი, რომელიც რაღაც პრინციპებს და წესებს იცავს, ეს უკვე ბევრის მიმანიშნებელი იქნება დონორისათვის, ხოლო სხვაარასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კი შექმნის მოტივაციას, რომ შეუერთდნენ ამ ქცევის ნორმებსა და გაერთიანებას. დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ ოჯახურობიდან შეიძლება წავიდეთ ღია საზოგადოებისაკენ და შეიძლება წავიდეთ უფრო კლანურობისა და ჩაკეტილობისაკენ. ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდა დიალოგის გზით ვიაროთ, რომ სხვა შემთხვევაში ნამდვილად წავალთ კლანურობისაკენ. და დასასრულს, მადლობელი ვარ ორგანიზატორებისა მოწვევისათვის და კიდევ უფრო მადლობელი ვარ არაფორმალისტებისა, რომელთა გარეშე დისკუსია ასეთი ცოცხალი არ იქნებოდა.

6 შეჯამება

▲ზევით დაბრუნება


დავით ლოსაბერიძე - შევეცდები მოკლედ მოვხაზო კამათის შედეგები. საქართველოში მესამე სექტორის დახასიათების თუ შეფასების პროცესში ორი უმთავრესი პრობლემა გამოიკვეთა.

პირველი - შიდა სირთულეები. დებატების პროცესში, ერთი მხრივ, გამოიკვეთა აზრი, რომ მესამე სექტორი განიცდის კრიზისს, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური მდგრადობა შედარებით მიღწეულია. მოხდა ჩაციკვლა, ერთი და იმავე საქმიანობის შესრულება, რომელსაც დიდი შედეგი არ მოაქვს. ეს, ბუნებრივია, აწუხებს სექტორის წარმომადგენლებს.

მეორე მხრივ, არსებობს აზრი, რომ არსებული სიტუაცია წარმოადგენს არა სტაგნაციას, არამედ შესვენებას მორიგი ნახტომის წინ, თვისობრივად ახალ საფეხურზე ასვლას.

ამავე დროს ორივე მოსაზრების მომხრეები თანხმდებიან იმაზე, რომ პირველ რიგში მაინც მნიშვნელოვანია თამაშის წესების განსაზღვრა ღირებულებით, ფინანსურ თუ ორგანიზაციულ საქმიანობის სფეროში.

მეორე - გარე სამყაროსთან ურთიერთობა. დღის წესრიგში განსაკუთრებით მწვავედ დგება საზოგადოებასთან და სახელმწიფისთნ მესამე სექტორის ურთიერთობის საკითხი.

საზოგადოებასთან კონტაქტების გაზრდის აუცილებლობას ყველა კარგად ხედავს, თუმცა არ არსებობს არა თუ მოქმედების გეგმა, არამედ თვით ხედვაც კი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი.

რაც შეეხება სახელმწიფოს და ხელისუფლებას - ძალზე ხშირად ისმის საკითხი, უნდა ითანამშრომლოს თუ არა არასამთავრობო სექტორმა მათთან და რა დონეზე შეიძლება მოხდეს ეს თანამშრომლობა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გადასვლა ხელისუფლების სტრუქტურებში საკმაოდ ხშირად ხდება. ეს გასაგებიცაა, თუ გავითვალისწინებთ სახელმწიფო სტრუქტურებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობას. ამავე დროს ასევე ხშირია უკუპროცესიც, როცა ყოფილი საჯარო მოხელე თავის უნარების რეალიზებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციას მიაშურებს. ეს რეალობაა და ამავე დროს სავსებით ბუნებრივი პროცესია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს იგი.

მეორე მხრივ, არასამთავრობო სექტორის რიგებში არის პოლიტიკური ანგაჟირების საკმაოდ დიდი ხარისხი. ამა თუ იმ ორგანიზაციას ძალიან ხშირად წამოაძახებენ ხოლმე ცალკეული პარტიების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესებს. ამ მხრივ სახარბიელოდ ნამდვილად არა გვაქვს საქმე. დღის წესრიგში დგება საკითხი, საერთოდ სჭირდება თუ არა ამ პრობლემას გარკვევა, თუ ეს ცალკეული ორგანიზაციის საქმეა და საბოლოოდ თავისთავად დარეგულირდება.

ახლა უშუალოდ ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მთავარ საკითხთან დაკავშირებით.

უპირველეს ყოვლისა, ზოგადი სურათის შესახებ. მე არ შევეხები ფორმალისტებისა და არაფორმალისტების ურთიერთშერკინებას, რომელიც მედლის ორი მხარეა და რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება. ჯერ ერთი, გვაქვს დაპირისპირების ერთიანობისა და ბრძოლის კანონი, რომელიც ისე გვაქვს სისხლსა და ხორცში გამჯდარი, რომ ჩვენს ასეთ მენტალობას სხვა კანონების ამოქმედება თუ დაარღვევს. მეორე, ეს ეხება იმ სამწუხარო რეალობის აღიარებას, რომ კოდექსი კანონთან არის ასოცირებული, ხოლო კანონი კი ქართულ საზოგადოებაში აპრიორი ბადებს რაღაც უარყოფით განწყობას, და ჩვენც ამ საზოგადოების შვილები ვართ. მესამე საკითხი, ეს არის დეფინიციების პრობლემა. კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის სხდომებზე, რომელიც სხვათა შორის მართლა ტარდება, ყოველთვის იყო ხოლმე გამგეობის წევრების (მ.შ. ჩემიც) გაღიზიანება თუ შინაგანი პროტესტი გამგეობის თავმჯდომარის ფილოსოფიური მიდგომისადმი. მაგალითად, ნავთის ყიდვის საკითხის განხილვისას გია ნოდია იწყებდა ლაპარაკს იმაზე, რომ გავარკვიოთ, რა არის ნავთი. უნდა აღვიარო, რომ ეს იყო სერიოზული პოზიცია იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემა დაკავშირებული იყო არა ნავთთან, არამედ, უბრალოდ, ფანჯრის დახურვასთან. გამომსვლელთა შორის გაიჟღერა ეთიკის საკითხებმა - სიტყვის არგაწყვეტინება, რეგლამენტის პატივისცემა ... რა თქმა უნდა, ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ სადავოა ის, შეიძლება თუ არა ეს საკითხები გახდეს ეთიკის კოდექსის საფუძველი, ანუ ქართული დეფინიციით, უნდა განსხვავდებოდეს ზრდილობა და ეთიკის კოდექსი, ანუ უნდა შევთანხმდეთ, შეიძლება თუ არა ზრდილობის ნორმები გაიწეროს ეთიკის კოდექსში და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველაფერს ეთიკის კოდექსი ვერ დაარეგულირებს და გარკვეული კომპრომისი აუცილებელი ხდება.

აქ თავს იჩენს მეორე მომენტი; არის ეს კონკრეტულისა და ზოგადის ურთიერთდაპირისპირება? რა ჯობია - ეთიკის კოდექსი წარმოადგენდეს ყოვლისმომცველ დოკუმენტს, რომელსაც ყველა შეუერთდება, ვინც მის ძირითად პრინციპებს აღიარებს, თუ ეს იყოს კონკრეტული მექანიზნები, მორგებული გარკვეულ სიტუაციაზე, რომელიც შეიძლება ყველასათვის არ იყოს მისაღები, მაგრამ ცალკეული ორგანიზაციების მხრიდან მოხდეს მასთან მთლიანად ან ნაწილობრივ მიერთება? ამასთან დაკავშირებით აქ წარმოიშვა აზრი არა კოდექსის, არამედ ზოგადი ქარტიის მიღების საჭიროების შესახებ.

შემდეგი საკითხი ეხებოდა ღიაობისა თუ დახურულობის პრობლემას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ღიად გამოტანა საკითხისა მეტ პრობლმასთანაა დაკავშირებული, რადგან შემდგომ იწყება სპეკულაცია, ყოველთვის ჩნდება ინტრიგის მომენტი, ოპონენტები ინფორმაციას იღებენ და შემდეგ ბევრნაირად აბრუნებენ და ა.შ. მეორე მხრივ, დახურულობა არანაკლებ (თუ არა უმეტეს) პრობლემებს ქმნის. ამის მაგალითად გამოდგება არა საზოგადოებისა და სექტორის ურთიერთობის, არამედ ცალკეულ ორგანიზაციათა და ერთი ორგანიზაციის შიგნით მომუშავე ცალკეულ პირთა ურთიერთობის საკითხი, თუნდაც შინაგანი გარკვეულობის პრობლემა. მოდით შევთანხმდეთ, ან უკიდურეს შემთხვევაში, თუ ვერ შევთანხმდით, გავარკვიოთ, ვინ უნდა იყოს ერთმანეთში გამრკვევი. არ შეიძლება არ დავეთანხმო მოსაზრებას, რომ არაფორმალური გარჩევისას ქურდული მომენტი შემოდის. მაგრამ ვიღაც უნდა იყოს მომრიგებელი მოსამართლე, რომელიც გვიწყვეტს რაღაცას, ყველა შემთხვევაში (იქნება ეს ქურდი, სახელმწიფო, მაფიური კლანი თუ რაიმე სხვა ინტერესთა ჯგუფი), უნდა არსებობდეს რაღაც წესი, რომელსაც დაექვემდებარება ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ისიც, ვისთვისაც იღებენ გადაწყვეტილებას. მომრიგებელის ინსტიტუტი და საჯარო განხილვის პრაქტიკაც ასევე წარმატებით შეიძლება იყოს შემოღებული, მაგრამ ჩვენ შორის ამაზეც არ არსებობს აზრთა ერთიანობა.

2003 წლის თებერვლიდან სამოქალაქო ინტერესების დაცვის პროგრამა აპირებს შექმნას სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპები, თუ, რა თქმა უნდა, მოხდება შეთანხმება ამგვარ პრინციპებზე. ეთიკის კოდექსის პრინციპები საფუძვლად შეიძლება დაედოს არასამთავრობო ორგანიზაციათა შემდგომ საქმიანობას. ჩვენ არ ველით, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია შემოუერთდება ამ მოძრაობას, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩამოვაყალიბებთ მისაღებ ფორმებს მესამე სექტორისათვის, რომლის შესრულებაც არ იქნება დაკავშირებული სირთულეებთან და რომელიც კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთს იმ მიმართულებებს, რომელსაც ემსახურება მესამე სექტორი.

ერთადერთი, რაშიც ეჭვი არ მეპარება, არის ის, რომ დისკუსია უნდა გაგრძელდეს, ოღონდ არა ამ ფორმატით, არამედ უფრო უნდა გაიშალოს და იმედი მაქვს, რომ ის სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაიწყებს ფუნქციონირებას, რაღაცაზე შეთანხმდება - იქნება ეს ზოგადი თუ კონკრეტული. ამის ინტერესი და მზაობა, სულ მცირე აქ დამსწრეთა შორის მაინც, რელურად არსებობს, რაც შემდგომ საქმიანობას პერსპექტიულს ხდის. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მიუხედავად უამინდობისა და დიდთოვლობისა, მოახერხეთ მოსვლა და თქვენი პოზიციის დაფიქსირება. ვიტოვებ იმედს, რომ შემდეგი დისკუსიები კიდევ უფრო ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება.

7 დანართი

▲ზევით დაბრუნება


ესტონეთის არამომგებიანი ორგანიზაციების მრგვალი მაგიდის მეორე გენერალური ასამბლეის ერთობლივი გადაწყვეტილება

ესტონეთის არამომგებიანი ორგანიზაციების ეთიკის კოდექსი

არამომგებიანი ორგანიზაციები აღიარებენ ერთიანობას, თანასწორობას, ღირსებას, ღიაობას, სოლიდარობას, თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, სანდოობას და მოქმედებენ ამ ღირებულებების საფუძველზე. მათი თანამშრომლობა ეფუძნება კეთილგანწყობილ პარტნიორობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთაღიარებას. არამომგებიანი ორგანიზაციების მოვალეობაა ხელი შეუწყონ თავისუფალი, ბალანსირებული და მზრუნველი საზოგადოების ჩამოყალიბებას. ყოველდღიურ საქმიანობაში არამომგებიანი ორგანიზაციები ხელმძღვანელობენ ესტონეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით. ეთიკის კოდექსი წარმოადგენს ესტონეთის არამომგებიან ორგანიზაციების იმ სამოქმედო პრინციპებს, რომლებიც გაზრდის ორგანიზაციებისა და არამომგებიანი სექტორის სანდოობას საზოგადოებაში.

არამომგებიანი ორგანიზაციების ეთიკური მოქმედების პრინციპები

დემოკრატიული მართვა

1. არამომგებიან ორგანიზაციას ნათლად გამოკვეთილი და გასაგები მისია აქვს. არამომგებიანი ორგანიზაციის მართვა ხდება მისი სტატუსის, შიდა დოკუმენტაციისა და სამუშაო სტანდარტების მიხედვით.

2. არამომგებიანი ორგანიზაცია გამოხატავს და წარმოადგენს ხალხის განსხვავებულ ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. სამოქალაქო განათლების, მონაწილეობითი დემოკრატიის გზით, ინტერესების დაცვის და სხვა ფორმების საშუალებით არამომგებიანი ორგანიზაცია ხელს უწყობს ხალხის მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში.

3. არამომგებიანი ორგანიზაცია წარმოადგენს საზოგადოების წევრთა მიერ შექმნილ მოხალისეთა ასოციაციას, რომელიც აფასებს მის წევრებს, უზრუნველყოფს ორგანიზაციის დემოკრატიულ მართვას, ისევე როგორცმმართველი ორგანოებისა და ორგანიზაციის თანამშრომლების პასუხისმგებლობას და რეაგირებს მათ შეუფერებელ მოქმედებაზე.

4. ხალხის მონაწილეობასა და მოხალისეთა საქმიანობას არამომგებიანი ორგანიზაცია განიხილავს როგორც სამოქალაქო საზოგადოების საფუძველს, პატივს სცემს მოქალაქეებსა და მოხალისეთა საქმიანობას.

5. არამომგებიანი ორგანიზაცია მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური, პროფესიული და წარმატებული საქმიანობის წარმართვას, რათა მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს თავის საქმიანობაში.

6. არამომგებიანი ორგანიზაციის საქმიანობა ფინანსდება მხარდამჭერი და დონორი ორგანიზაციებისაგან, რის გამოც ის ფონდებს ეფექტურად და დასახული მიზნების შესაბამისად მოიხმარს.

სამოქალაქო გამბედაობა და მზრუნველობა

7. არამომგებიანი ორგანიზაცია ავლენს სამოქალაქო გამბედაობას სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

8. არამომგებიანი ორგანიზაცია იმ კანონების შესაცვლელად მუშაობს, რომელშიც აღმოაჩენს სოციალური უთანასწორობის საკითხის მიმართ არაკომპეტენტურ და უპატივცემულო დამოკიდებულებას.

9. აზრების გამოსახატავად, მიზნების მისაღწევად და საზოგადოების ყურადღების მისაქცევად არამომგებიანი ორგანიზაცია არ იყენებს ან არ უჭერს მხარს ძალადობას.

ფონდებისა და რესურსების მოხმარების მდგრადობა და საფუძვლიანობა

10. დასახული მიზნების მისაღწევად არამომგებიანი ორგანიზაცია ბუნებრივ, ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურსებს, ასევე მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მოიხმარს მდგრადობისა და საფუძვლიანობის პრინციპების გათვალისწინებით და მხედველობაში იღებს თანამედროვე და მომავალი თაობების ღირებულების საჭიროებას.

11. როგორც ფონდების მაძიებელი და თავად დონორი, არამომგებიანი ორგანიზაცია მოქმედებს საზოგადოდ მიღებული ფინანსირების პრინციპების მიხედვით, აღიარებს დასაბუთებული და გამჭვირვალე ბიუჯეტირების პროცესს და უარს ამბობს დაფინანსების დუბლირებაზე.

პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება

12. არამომგებიანი ორგანიზაცია თავისი ქმედებით ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ფონდების, მისი წევრების, დაინტერესებულ პირთა, მხარდამჭერების, დონორების და საზოგადოების წინაშე.

13. არამომგებიანი ორგანიზაცია აღიარებს მისი ქმედებების ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას, რაც მიიღწევა პროფესიული მენეჯმენტის, შიდა პასუხისმგებლობის და საზოგადოდ აღიარებული ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.

14. არამომგებიანი ორგანიზაცია მისი აქტივობებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ მომზადებულ მოხსენებას აქვეყნებს წელიწადში ერთხელ მაინც.

ღიაობა და გამჭვირვალება

15. ინფორმაცია არამომგებიანი ორგანიზაციის მისიის, წევრების, აქტივობებისა და ფინანსირების შესახებ ღია და გასაგებია, ხოლო მისი აქტივობები - გამჭვირვალე.

16. არამომგებიანი ორგანიზაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან ამყარებს ღია და პირდაპირ ურთიერთობას და არ მოქმედებს ანონიმურად.

17. არამომგებიანი ორგანიზაცია მზადყოფნას აცხადებს მოისმინოს და გაიზიაროს ახალი და განსხვავებული იდეები და მოსაზრებები, ასევე მზადაა თანამშრომლობისათვის ერთობლივი მიზნის მისაღწევად.

დამოუკიდებლობა და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება

18. არამომგებიანი ორგანიზაცია დამოუკიდებელია. იგი ისახავს მიზანს, იღებს გადაწყვეტილებას და მოქმედებს დამოუკიდებლად. არამომგებიანი ორგანიზაცია ცდილობს არ მოხვდეს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა ან კერძო კომპანიების კონტროლის ქვეშ, რასაც შედეგად მოჰყვება მისი დამოუკიდებლობის, ავტონომიის და საზოგადოების საკეთილდღეოდ მოქმედების უნარის დაკარგვა.

19. არამომგებიანი ორგანიზაცია და მისი წევრები ცდილობენ თავიდან აიცილონ ინტერესთა კონფლიქტი. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს ამგვარი კონფლიქტისაგან თავის არიდების აუცილებელი საშუალებები.

აღიარება და პატივისცემა

20. არამომგებიანი ორგანიზაცია პატივს სცემს ყველა წერილობით კონტრაქტსა და ზეპირ შეთანხმებას.

21. არამომგებიანი ორგანიზაცია პატივს სცემს სხვა ორაგნიზაციების იდეებისა და პროექტების საავტორო და საკუთრების უფლებას.

ტოლერანტობა

22. არამომგებიანი ორგანიზაცია აღიარებს აზროვნების მრავალფეროვნებას, ორგანიზაციებისა და მათი მიზნების განსხვავებულობას.

23. საკუთარი წარმოდგენების დაცვისა და სხვა ორგანიზაციების მიზნებზე საუბრისას არამომგებიანი ორგანიზაცია არ შეურაცხყოფს და პატივს სცემს სხვა ორგანიზაციებს, მათ წარმომადგენლებსა და აზრებს.

მიღებულია ტარტუში, 2002 წლის 7 აპრილს, ესტონეთის არამომგებიანი ორგანიზაციების მრგვალი მაგიდის გენერალურ ასამბლეაზე

8 Summary

▲ზევით დაბრუნება


In order to influence current processes in the State and manage to implement citizen's advocacy principles, the third sector in Georgia has to critically think about its own weaknesses and strong points, which is impossible without elaboration of clear criteria.

Similar to other states, the third sector in Georgia has been developing in an anarchic environment. But, unlike developed democratic states, it has not worked out mechanisms for self-regulation: ethic norms etc.

Is NGO code of conduct necessary in Georgia and what kind should it be? - This was the topic of the round table discussion organised by the Caucasus Institute for Peace, Democracy and Development on 21 December 2002 in the framework of the Citizen's Advocacy Program. It was the first round table meeting of NGO representatives in a series of discussions planned.

During the debates, the NGOs' position was developed. As the discussion showed, one of the main problems is that NGOs' activities quite often duplicate each other, which would hardly benefit the society. Some of the speakers perceived the situation as a crisis of the third sector, but, in some others' mind, it looked more like a relaxation before a new leap rather than stagnation.

At the same time, the participants of the discussion urged the question of efficiency of the third sector's relations with the State and society.

Two main positions were developed in the debates. Some participants - “formalists” - believed in the urgent necessity of elaboration of an code of conduct for the Georgian NGOs. The other group, so called “non-formalists”, sceptically viewed the possibility that such a document would really work and agreed on the expediency of a general statement acceptable for most organizations.

Finally, a general agreement was reached: everybody agreed that some (written or not-written) rules should be elaborated to regulate intra- and inter-organisational relationships, as well as public relations. These rules should serve as a base for evaluation of activities of organizations and the sector as a whole.