The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი (წიგნი I)

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი (წიგნი I)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 1999
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი - თბ. : საია, 1999 - ; 20სმ. - (ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებებში საქართველოში) [MFN: 15459] წ. 1 - , 1999 - 68გვ. - : [ფ.ა.] [MFN: 15460] წიგნი გამოიცა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური დახმარებით თბილისი 1999 თარგმანზე საავტორო უფლება ეკუთვნის საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციას გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი



1 ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

▲ზევით დაბრუნება


მიღებული და გამოცხადებულია გენერალური ასამბლეის 217 A. (III) რეზოლუციი,, 1948 წლის დეკემბერს

პრეამბულა

ვინაიდან, ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს,

ვინაიდან, ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის რწმენას, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება, და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია ადამიანთა მაღალ მისწრაფებად,

ვინაიდან, აუცილებელია ადამიანის უფლებებს იცავდეს კანონი იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ უკანასკნელ საშუალებას,

ვინაიდან, აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხთა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის,

ვინაიდან, გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და მამაკაცისა და ქალის თანასწორ უფლებიანობისადმი და გადაწყვეტს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში,

ვინაიდან, წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას,

ვინაიდან, ასეთ უფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის,

ამიტომ, გენერალური ასამბლეა:

აცხადებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომლის შესრულებას უნდა ესწრაფვოდეს ყველა ხალხი და ყველა სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, მხედველობაში მიიღებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფვოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტური აღიარება განხორციელების უზრუნველყოფას ეროვნული თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციას დაქვემდებარებულ ტერიტორიათა ხალხებში.

მუხლი 1

ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მომადლებული აქვთ გონება, სინდისი და ერთმანეთს ძმობის სულისკვეთებით უნდა ეპყრობოდნენ.

მუხლი 2

წინამდებარე დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავებისა რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის საფუძველზე. უფრო მეტიც, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა ეს ტერიტორია დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდულია თავის სუვერენიტეტში.

მუხლი 3

ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

მუხლი 4

არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობითი მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.

მუხლი 5

არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სხვა სასტიკ, არაჰუმანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან სასჯელს.

მუხლი 6

ყოველ ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს, უფლება აქვს ცნონ მისი სამართალსუბიექტობა.

მუხლი 7

ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული კანონით. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის საწინააღმდეგო ნებისმიერი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.

მუხლი 8

ყოველ ადამიანს უფლება აქვს ეფექტურად აღადგინოს თავისი უფლებები კომპეტენტურ ეროვნულ სასამართლოში იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისი კონსტიტუციური თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.

მუხლი 9

არავინ შეიძლება დაექვემდებაროს თვითნებურ დაპატიმრებას, დაჭერას ან გაძევებას.

მუხლი 10

ყოველ ადამიანს, მის უფლება-მოვალეობათა და მისთვის წაყენებულ სისხლის სამართლებრივ ბრალდებათა განსაზღვრისათვის, სრული თანასწორობის საფუძველზე, უფლება აქვს, მისი საქმე საჯაროდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.

მუხლი 11

1. ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს უდანაშაულოდ ითვლებოდეს მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა შესაძლებლობით.

2. არავის შეიძლება მსჯავრი დაედოს ისეთი მოქმედების ან უმოქმედობისათვის, რომელიც ჩადენის მომენტში არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. აგრეთვე დაუშვებელია იმაზე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე გამოყენებული იქნებოდა, დანაშაულის ჩადენის დროს.

მუხლი 12.

არავინ უნდა განიცადოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებელი ბინისა და კორესპონდენციის, ასევე მისი პატივისა და ღირსების თვითნებური ხელყოფა. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა და ხელყოფისაგან.

მუხლი 13

1. ყოველ ადამიანს აქვს ნებისმიერი სახელმწიფოს ფარგლებში გადაადგილებისა და საცხოვრებლის თავისუფლად არჩევის უფლება.

2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც, და დაბრუნდეს თავის ქვეყანაში.

მუხლი 14

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დევნის საწინააღმდეგოდ სხვა ქვეყნებში ეძებოს და ისარგებლოს თავშესაფრით.

2. ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი დევნის წინააღმდეგ, რომლის საფუძველს წარმოადგენს არაპოლიტიკური დანაშაულის, ან ისეთი ქმედობის ჩადენა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 15

1. ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება.

2. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან თავისი მოქალაქეობის შეცვლის უფლება.

მუხლი 16

1. ყოველ სრულწლოვან მამაკაცსა და ქალს რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე უფლება აქვს დაქორწინდეს და შექმნას ოჯახი. ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით შეუღლების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს.

2. ქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მეუღლის თავისუფალი და სრული თანხმობის საფუძველზე.

3. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიერ.

მუხლი 17

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ფლობდეს ქონებას როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვებთან ერთად.

2. არავის უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.

მუხლი 18

ყოველი ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით; ეს უფლება მოიცავს საკუთარი რელიგიის ან რწმენის შეცვლის, საკუთარი რელიგიის ან აღმსარებლობის, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვებთან ერთად საჯაროდ ან კერძოდ, მოძღვრების, ღვთის მსახურების და რელიგიურ ან რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულების თავისუფლებას.

მუხლი 19

ყოველი ადამიანი სარგებლობს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, დაუბრკოლებლად მისდევდეს თავის მრწამსს და მოიძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ნებისმიერი საშუალებით, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად.

მუხლი 20

1. ყოველი ადამიანი სარგებლობს მშვიდობიანი შეკრებებისა და ასოციაციების თავისუფლებით.

2. არავინ შეიძლება აიძულონ შევიდეს რაიმე ასოციაციაში.

მუხლი 21

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში უშუალოდ, ან თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით.

2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის საჯარო სამსახურში.

3. სახელმწიფო ხელისუფლების საფუძველია ხალხის ნება; ეს ნება უნდა გამოიხატოს პერიოდულ და სამართლიან არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ან სხვა თანაბარ მნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.

მუხლი 22

ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური დაცვის უფლება და უფლება მოახდინოს თავისი ღირსების შენარჩუნება და თავისი პიროვნების თავისუფალი განვითარება ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგში ეროვნული ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და თითოეული სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად.

მუხლი 23

1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფლად არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისგან დაცვის უფლება.

2. ყოველ ადამიანს აქვს, დისკრიმინაციის გარეშე, თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურების უფლება.

3. ყოველ ადამიანს, რომელიც შრომობს, უფლება აქვს იღებდეს სამართლიან და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, აუცილებლობის შემთხვევაში, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები.

4. ყოველ ადამიანს უფლება აქვს შექმნას პროფესიული კავშირები და თავისი ინტერესების დასაცავად შევიდეს პროფესიულ გაერთიანებებში.

მუხლი 24

ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და თავისუფალი დროის გამოყენების უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და პერიოდული ანაზღაურებული შვებულების ჩათვლით.

მუხლი 25

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს ქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, ასევე უფლება აქვს უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში.

2. დედობა და ჩვილი ბავშვის ყოლა იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობის და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.

მუხლი 26

1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება უფასო უნდა იყოს სულ მცირე, დაწყებით და ზოგად დონეზე. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი ერთნაირად ხელმისაწვდომი ყველასათვის მათი უნარის შესაბამისად.

2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გაძლიერებისაკენ. განათლება ხელს უნდა უწყობდეს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი და რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობას, მეგობრობას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

3. მშობლებს აქვთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის განათლების არჩევის პრიორიტეტი.

მუხლი 27

1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს სამეცნიერო პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით.

2. ყოველ ადამიანს უფლება აქვს დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები, როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურული და მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორიც ის არის.

მუხლი 28

ყოველ ადამიანს აქვს ისეთი სოციალური და საერთაშორისო წესრიგის უფლება, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ამ დეკლარაციით განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათა მთლიანად განხორციელება.

მუხლი 29

1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობები საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება.

2. თავის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მხოლოდ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა, და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.

3. ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.

მუხლი 30

ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირებისათვის ისეთი უფლების მინიჭება რომელიც მათი საქმიანობის ან მოქმედებათა შედეგად გამოიწვევს ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსპობას.

2 ეკონომიკური სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო

▲ზევით დაბრუნება


პაქტი

მიღებულია და ღიაა ხელმოსაწერად სარატიფიკაციოდ და მისაერთებლად გენერალური ასამბლეის 1966 წლის 16 დეკემბერის სარტიფიკაციოდ და მისაერთებლად გენერალური ასამბლეის 1995 წლის 16 დეკემბრის 2200 A ((XI)) რეზოლუციით ძალაშია: 1976 წლის 3 იანვრიდან, 27-ე მუხლის შესაბამისად

პრეამბულა

ამ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც

ითვალისწინებენ, რომ გაერთიანებული ერების წესდებით გამოცხადებული პრინციპების თანახმად, ადამიანთა მოდგმის ყველა წევრის თანდაყოლილი ღირსების, განუყოფელი და თანასწორი უფლებების აღიარება მსოფლიოში თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის საფუძველია,

აღიარებენ, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის პიროვნების თანდაყოლილი ღირსებიდან,

აღიარებენ, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, თავისუფალი, შიშისა და გაჭირვებისაგან თავდახსნილი პიროვნების იდეალის მიღწევა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველას თავისი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ისევე, როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების გამოყენების პირობები შეექმნება,

ითვალისწინებენ, გაერთიანებული ერების წესდების მიხედვით სახელმწიფოთა მიერ ნაკისრ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემასა და დაცვას,

აცნობიერებენ, რომ პიროვნება, გააჩნია რა მოვალეობები სხვა პიროვნებებისა და იმ საზოგადოებისადმი, რომელსაც ეკუთვნის, პასუხისმგებელია, იღვწოდეს ამ პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემისა და დაცვისათვის.

შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

მუხლი 1

1. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების საფუძველზე ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და ისწრაფვიან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისაკენ.

2. ყველა ხალხს შეუძლია საკუთარი მიზნებისათვის თავისუფლად განკარგოს თავისი ბუნებრივი სიმდიდრენი და რესურსები ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლიდან აღმოცენებული ვალდებულებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხს ჩამოერთვას საარსებო საშუალებანი.

3. ამ პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფო, მათ შორის, რომელთაც არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ, გაერთიანებული ერების წესდების დებულებების შესაბამისად, ხელს უნდა უწყობდეს თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას და პატივს სცემდეს ამ უფლებას.

ნაწილი II

მუხლი 2

1. ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დამოუკიდებლად და საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის გზით, განსაკუთრებით, ეკონომიკურ და ტექნიკურ სფეროში, მისთვის ხელმისაწვდომი რესურსების მაქსიმალური გამოყენებით გადადგას ნაბიჯები ამ პაქტით აღიარებული უფლებების თანდათანობითი, სრული რეალიზაციისათვის ყველა სათანადო საშუალებებით, სამართლებრივი საშუალებების მიღების ჩათვლით.

2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები იძლევიან ამ პაქტით გამოცხადებული უფლებების განხორციელების გარანტიას რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული ან სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების ან სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

3. განვითარებად ქვეყნებს, ადამიანის უფლებათა და ეროვნული ეკონომიკის შესაძლებლობათა სათანადო გათვალისწინებით, შეუძლიათ განსაზღვრონ, რა მოცულობით ძალუძთ ამ პაქტით აღიარებული ეკონომიკური უფლებების გარანტირება იმ პირთათვის, რომელნიც მათი მოქალაქეები არ არიან.

მუხლი 3

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ მამაკაცისა და ქალისათვის თანასწორი უფლება, ისარგებლონ ამ პაქტით დადგენილი ყველა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებით.

მუხლი 4

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებების გამოყენების დროს, რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის თანახმად, აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია ამ უფლებების შეზღუდვა კანონით განსაზღვრული წესით, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს შეთავსებადია ამ უფლებათა ბუნებასთან, და მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით.

მუხლი 5

1. ამ პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს, როგორც აღმნიშვნელი რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის უფლებისა, ეწეოდეს საქმიანობას ან ჩაიდინოს რაიმე მოქმედება ამ პაქტით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების მოსპობის ან უფრო მეტი მოცულობით შეზღუდვის მიზნით, ვიდრე ეს ამ კონვენციით არის გათვალისწინებული.

2. არ შეიძლება ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც აღიარებულია ან არსებობს რომელიმე სახელმწიფოში კანონის, კონვენციების, წესებისა და ზნე-ჩვეულებების ძალით, შეიზღუდოს ან შემცირდეს იმ საბაბით, რომ ამ პაქტით ასეთი უფლებები აღიარებული არ არის ან აღიარებულია ნაკლები მოცულობით.

ნაწილი III

მუხლი 6

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს ყოველი ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც დათანხმდება, და გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს ამ უფლების დასაცავად.

2. ზემოაღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ღონისძიებანი უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული და შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.

მუხლი 7

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეს შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობები, რაც, კერძოდ, გულისხმობს:

a) ანაზღაურებას, რომელიც მშრომელს უზრუნველყოფს სულ მცირე:

1) სამართლიანი ხელფასითა და ტოლფასოვანი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურებით რაიმე ნიშნით განსხვავების გარეშე, კერძოდ, ქალებისათვის ქმნის შრომის ისეთი პირობების გარანტიას, რომელიც მამაკაცის შრომის პირობებზე უარესი არ იქნება, და თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების შესაძლებლობას;

2) მასა და მის ოჯახს ღირსეული არსებობის შესაძლებლობებით, ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად.

b) უსაფრთხო და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესაბამის შრომის პირობებს;

c) თითოეულისათვის უფრო მაღალ სამსახურებრივ საფეხურზე დაწინაურების თანაბარ შესაძლებლობას, მხოლოდ და მხოლოდ შრომითი სტაჟისა და კომპეტენციის შესაბამისად;

d) დასვენების, თავისუფალი დროის ქონის და სამუშაო საათების გონივრული შეზღუდვის, აგრეთვე პერიოდული ანაზღაურებადი შვებულების შესაძლებლობას ისევე, როგორც ანაზღაურებას საზოგადოებრივი უქმე დღეებისათვის.

მუხლი 8

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ უზრუნველყონ:

a) თითოეული ადამიანის უფლება თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გასავითარებლად და დასაცავად, შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს ასეთ კავშირებში თავისი არჩევანით და ორგანიზაციის შესაბამისი წესების თანახმად. აღნიშნული უფლების გამოყენება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;

b) პროფესიული კავშირების უფლება - შექმნან ეროვნული ფედერაციები და კონფედერაციები და ამ უკანასკნელთა უფლება - შექმნან საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციები ან შეუერთდნენ მათ;

c) პროფესიული კავშირების უფლება - იმოქმედონ თავისუფლად, რაიმე შეზღუდვის გარეშე, იმ შეზღუდვების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისათვის ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად;

d) გაფიცვების უფლება იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი განხორციელდება კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ეს მუხლი არ ეწინააღმდეგება კანონის შესაბამისად ამ უფლების გამოყენების შეზღუდვას იმ პირთათვის, რომლებიც იმყოფებიან შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის შემადგენლობაში.

3. ამ მუხლში არაფერი აძლევს უფლებას ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, მიიღონ საკანონმდებლო ზომები აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ ან კანონი გამოიყენონ ისე, რომ ზიანი მიადგეს ამ გარანტიებს.

მუხლი 9

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

მუხლი 10

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ:

1. ოჯახს, რომელიც საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი ერთეულია, უნდა გაეწიოს შეძლებისდაგვარად ყველაზე ფართო დაცვა და დახმარება, განსაკუთრებით მისი შექმნის დროს და იმ პერიოდში, სანამ ბავშვზე ზრუნვისა და მისი აღზრდის პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ის დამოუკიდებელი გახდებოდეს. ქორწინება უნდა ხდებოდეს დასაქორწინებელ პირთა თანხმობით;

2. განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ დედები მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ დროის განსაზღვრული მონაკვეთის განმავლობაში. ამ პერიოდის მანძილზე მომუშავე დედებს უნდა მიეცეთ ანაზღაურებადი შვებულება ან შვებულება შესაბამისი სოციალური უზრუნველყოფით;

3. დაცვისა და დახმარების განსაკუთრებული ღონისძიებანი უნდა განხორციელდეს ყველა ბავშვისა და მოზარდის მიმართ ოჯახური წარმოშობისა თუ სხვა გარემოებების მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. ბავშვები და მოზარდები დაცულ უნდა იქნან ეკონომიკური და სოციალური ექსპლუატაციისაგან. მათი შრომის გამოყენება ზნეობისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო ან სიცოცხლისათვის საშიშ ან მათი ნორმალური განვითარების დამაბრკოლებელ რომელიმე სფეროში კანონით უნდა დაისაჯოს. ამასთანავე, სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ ასაკობრივი ზღვარი, რომლის ქვემოთაც ბავშვთა ანაზღაურებადი შრომის გამოყენება კანონით აკრძალული და დასჯადი იქნება.

მუხლი 11

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსისა და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად მიიღებენ შესაბამის ზომებს, აღიარებენ რა, ამ მხრივ, თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას.

2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა, რომლებიც აღიარებენ თითოეული ადამიანის ძირითად უფლებას - არ განიცდიდეს შიმშილს - ინდივიდუალურად და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით უნდა განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები განსაკუთრებული პროგრამების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა, რათა:

ა) გაუმჯობესდეს სურსათის წარმოების, შენახვისა და განაწილების მეთოდები ტექნიკური და სამეცნიერო ცოდნის სრული გამოყენების, კვების პრინციპების შესახებ ცოდნის გავრცელებისა და აგრარული სისტემების ისეთი განვითარებისა თუ რეფორმის გზით, რითაც მიიღწევა ბუნებრივი რესურსების ყველაზე ეფექტური გამოყენება და განვითარება, და

ბ) მხედველობაში იქნას მიღებული როგორც სურსათის იმპორტიორი, ისე ექსპორტიორი ქვეყნების პრობლემები, სურსათის მსოფლიო მარაგის მოთხოვნილების შესაბამისად სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფის მიზნით.

მუხლი 12

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტებზე.

2. ზომები, რომლებიც ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ ამ უფლების სრული რეალიზაციისათვის, უნდა შეიცავდეს ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია:

a) მკვდრადშობადობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებისა და ბავშვის ჯანსაღი განვითარების უზრუნველსაყოფად;

b) გარემოს ჰიგიენისა და მრეწველობაში შრომის ჰიგიენის ყველა ასპექტის გასაუმჯობესებლად;

c) ეპიდემიური, ენდემური, პროფესიული და სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად, სამკურნალოდ და შესამოწმებლად;

d) ისეთი პირობების შესაქმნელად, რომლებიც ავადმყოფობის შემთხვევაში ყველასათვის უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებასა და მოვლას.

მუხლი 13

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას - მიიღოს განათლება. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.

2. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ ზემოაღნიშნული უფლების სრულად განხორციელებისათვის საჭიროა:

a) დაწყებითი განათლება იყოს ყველასათვის სავალდებულო და უფასო;

b) საშუალო განათლების მიღება მისი სხვადასხვა ფორმით, ტექნიკური და პროფესიული საშუალო განათლების ჩათვლით, გახდეს საყოველთაოდ შესაძლებელი და ხელმისაწვდომი ყველა შესაფერისი საშუალებით, კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობითი შემოღების გზით;

c) უმაღლესი განათლება გახდეს ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი თითოეულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველა შესაფერისი საშუალებით და კერძოდ, უფასო განათლების თანდათანობითი შემოღების გზით;

d) ძირითადი განათლება წახალისდეს და გახდეს შეძლებისდაგვარად ინტენსიური იმ ადამიანებისათვის, რომელთაც არ მიუღიათ ან არ დაუსრულებიათ დაწყებითი განათლების სრული კურსი;

e) აქტიურად გატარდეს ყველა საფეხურის სკოლათა სისტემის განვითარების პოლიტიკა, შეიქმნას სტიპენდიების შესაფერისი სისტემა და განუწყვეტლივ უმჯობესდებოდეს საგანმანათლებლო პერსონალის მატერიალური პირობები.

3. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ მშობლებისა და, შესაბამის შემთხვევაში, კანონიერი მეურვეების თავისუფლებას, ბავშვებისათვის აირჩიონ არა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფალთა მიერ დაარსებული, არამედ სხვა სკოლებიც, რომლებიც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ან მოწონებული საგანმანათლებლო მოდელის მოთხოვნების მინიმუმს შეესაბამება, და უზრუნველყონ ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა საკუთარი რწმენის შესაფერისად.

4. ამ მუხლის არცერთი ნაწილი არ უნდა განიმარტოს, როგორც ხელის შემშლელი ცალკეულ პირთა და ორგანოთა თავისუფლებ, ისათვის - დააფუძნონ და მართონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ მუხლის პირველი პარაგრაფით გამოცხადებული პრინციპებისა და იმ მოთხოვნის თანახმად, რომ ასეთ დაწესებულებებში მიღებული ცოდნა შეესაბამებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი საგანმანათლებლო მოდელის მოთხოვნათა მინიმუმს.

მუხლი 14

ამ პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო, რომელსაც მონაწილედ გახდომის დროისათვის არ ჰქონდა შესაძლებლობა თავისი მეტროპოლიის ან მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ სხვა ტერიტორიაზე უზრუნველეყო სავალდებული უფასო დაწყებითი განათლება, ვალდებულებას კისრულობს, ორ წელიწადში შეიმუშავოს და მიიღოს ღონისძიებათა დეტალური გეგმა, რათა თანდათან - წლების გონივრული რაოდენობის განმავლობაში, რაც აღნიშნული უნდა იყოს ამ გეგმაში - განახორციელოს საყოველთაო სავალდებულო უფასო განათლების პრინციპი.

მუხლი 15

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას:

a) მონაწილეობდეს კულტურულ ცხოვრებაში;

b) სარგებლობდეს მეცნიერული პროგრესის შედეგებით და იყენებდეს მათ;

c) მიიღოს სარგებელი იმ მორალური და მატერიალური ინტერესების დაცვით, რომლებიც გამომდინარეობს მისი ავტორობით შექმნილი ნებისმიერი მეცნიერული, ლიტერატურული თუ მხატვრული ნაშრომიდან.

2. აღნიშნული უფლების სრული განხორციელებისათვის ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მიღებული ზომები უნდა შეიცავდეს იმ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია მეცნიერულ და კულტურულ მიღწევათა დასაცავად, გასავითარებლად და გასავრცელებლად.

3. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ თავისუფლებას, რომელიც აუცილებელია სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის.

4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ სარგებელს, რომელიც გამომდინარეობს მეცნიერებისა და კულტურის სფეროში საერთაშორისო კონტაქტებისა და თანამშრომლობის წახალისებისა და განვითარებიდან.

ნაწილი IV

მუხლი 16

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, პაქტის ამ ნაწილის შესაბამისად წარმოადგინონ მოხსენებები მათ მიერ გატარებული ღონისძიებებისა და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც აქ აღიარებული უფლებების დაცვისას მიაღწიეს.

2. a) ყველა მოხსენება უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, რომელიც ამ პაქტის დებულებათა შესაბამისად, ეგზემპლარებს განსახილველად გადაუგზავნის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს;

b) გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მოხსენებების ეგზემპლარები ან შესაბამისი ნაწილი ამ მოხსენებებიდან უნდა გადაუგზავნოს, აგრეთვე, სპეციალიზებულ დაწესებულებებს, რომელთა წევრებიც ეს სახელმწიფოები არიან იმდენად, რამდენადაც ასეთი მოხსენებები ან მოხსენებათა ნაწილები, ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა კონსტიტუციური აქტების თანახმად, მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში შემავალ რაიმე საკითხს ეხება.

მუხლი 17

1. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები მოხსენებებს წარმოადგენენ ეტაპობრივად, იმ პროგრამის შესაბამისად, რომელიც ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ მონაწილე სახელმწიფოებთან და დაინტერესებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებთან კონსულტაციით ამ პაქტის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა შეიმუშავოს.

2. მოხსენებებში შეიძლება გაკეთდეს მითითებები იმ ფაქტორებსა და სიძნელეებზე, რომლებიც ამ პაქტით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების ხარისხზე გავლენას ახდენს.

3. თუ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფომ შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებულ ერებს ან რომელიმე სპეციალიზებულ დაწესებულებას წინასწარ გაუგზავნა, ამ ინფორმაციის გამეორება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, საკმარისია აღნიშნულ ინფორმაციაზე ზუსტი მითითების გაკეთება.

მუხლი 18

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში გაერთიანებული ერების წესდებით განსაზღვრული მოვალეობების შესაბამისად, ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია სპეციალიზებულ დაწესებულებებს შეუთანხმდეს, წარმოადგინონ მოხსენებები ამ პაქტის იმ დებულებათა განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შესახებ, რომლებიც მათი საქმიანობის სფეროს განეკუთვნება. ეს მოხსენებები უნდა შეიცავდეს განხორციელების მიზნით სპეციალიზებულ დაწესებულებათა და კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების დეტალურ აღწერას.

მუხლი 19

ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია ადამიანის უფლებათა კომისიას შესასწავლად და ზოგადი რეკომენდაციების გასაცემად, ან რიგ შემთხვევებში, ცნობად გადასცეს მოხსენებები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს და რომლებსაც სახელმწიფოები წარმოადგენენ მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, აგრეთვე მოხსენებები, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს და რომლებსაც სპეციალიზებული დაწესებულებები წარმოადგენენ მე-18 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 20

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და დაინტერესებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებს შეუძლიათ ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს წარუდგინონ შენიშვნები, რომლებიც ეხება მე-19 მუხლის თანახმად გაცემულ ნებისმიერ ზოგად რეკომენდაციას ან ადამიანის უფლებათა კომისიის ნებისმიერ მოხსენებაში ასეთ რეკომენდაციებზე ან სხვა დოკუმენტებზე გაკეთებულ მითითებებს.

მუხლი 21

ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია გენერალურ ასამბლეას დროდადრო წარუდგინოს მოხსენებები ზოგადი ხასიათის რეკომენდაციებთან და ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებისა და სპეციალიზებული დაწესებულებებისაგან მიღებული იმ ცნობების მოკლე შინაარსთან ერთად, რომლებიც ამ პაქტით აღიარებული უფლებების საყოველთაო დაცვის უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებსა და მიღწეულ შედეგებს ეხება.

მუხლი 22

ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს შეუძლია გაერთიანებული ერების სხვა ორგანოების, მათი დამხმარე ორგანოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალიზებული დაწესებულებების ყურადღება მიაპყროს ყველა იმ საკითხზე, რომელიც პაქტის ამ ნაწილით აღნიშნულ მოხსენებებში წამოიჭრება და რომელსაც შეუძლია ამ ორგანოთა დახმარება - საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამოიტანონ გადაწყვეტილებანი იმ საერთაშორისო ღონისძიებათა მიზანშეწონილობის შესახებ, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ამ პაქტის თანდათანობით და ეფექტურ განხორციელებას.

მუხლი 23

ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ პაქტით აღიარებული უფლებების განხორციელების ხელშემწყობი საერთაშორისო ღონისძიებების გატარება გულისხმობს ისეთი საშუალებების გამოყენებას, როგორებიცაა კონვენციათა მიღება, რეკომენდაციათა მიღება, ტექნიკური დახმარებით უზრუნველყოფა და კონსულტაციების მიზნით, რეგიონალური და ტექნიკური ხასიათის შეხვედრების ჩატარება, აგრეთვე დაინტერესებულ მთავრობებთან ერთად ორგანიზებული გამოკვლევები.

მუხლი 24

ამ პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს ისე, რომ ზიანი მიადგეს გაერთიანებული ერების და სპეციალიზებული დაწესებულებების წესდებების დებულებებს, რომლებიც განსაზღვრავენ გაერთიანებული ერების სხვადასხვა ორგანოებისა და სპეციალიზებული დაწესებულებების შესაბამის მოვალეობებს იმ საკითხებში, რომლებსაც ეს პაქტი ეხება.

მუხლი 25

ამ პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს, როგორც დამაკნინებელი ყველა ხალხის თანდაყოლილი უფლებისა, მთლიანად და თავისუფლად ფლობდეს და იყენებდეს თავის ბუნებრივ სიმდიდრეებსა და რესურსებს.

მუხლი 26

1. ეს პაქტი ხელმოსაწერად ღიაა გაერთიანებული ერების ყველა წევრი სახელმწიფოსათვის ან მისი ნებისმიერი სპეციალიზებული დაწესებულების მონაწილისათვის, საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის მონაწილე ნებისმიერი სახელმწიფოსა და ყველა იმ სახელმწიფოსათვის, რომელიც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ მოიწვია ამ პაქტის მონაწილედ.

2. ეს პაქტი ექვემდებარება რატიფიკაციას. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპონირდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.

3. ეს პაქტი მისაერთებლად ღიაა ამ მუხლის პირველ პარაგრაფში მოხსენიებული ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.

4. მიერთება ხორციელდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან მიერთების დოკუმენტის დეპონირებით.

5. გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა უნდა აცნობოს ამ პაქტის ხელმომწერ ან მასთან მიერთებულ ყველა სახელმწიფოს თითოეული სარატიფიკაციო ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.

მუხლი 27

1. ეს პაქტი ძალაში შედის გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.

2. სახელმწიფოსათვის, რომელიც ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ ამ პაქტის რატიფიცირებას მოახდენს ან მას მიუერთდება, ეს პაქტი ძალაში შედის ამ სახელმწიფოს მიერ გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან საკუთარი სარატიფიკაციო ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების დღიდან სამი თვის შემდეგ.

მუხლი 28

ამ პაქტის დებულებები ფედერაციული სახელმწიფოს ყველა ნაწილზე ვრცელდება რაიმე შეზღუდვისა თუ გამონაკლისის გარეშე.

მუხლი 29

1. ამ პაქტის მონაწილე ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია შესწორებათა შეთავაზება გენერალური მდივნისათვის. გენერალური მდივანი შეთავაზებულ შესწორებებს უგზავნის ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და სთხოვს, შეატყობინონ, მომხრე არიან თუ არა ამ წინადადებათა განსახილველად და კენჭის საყრელად, მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევისა. მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა ორი მესამედის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, გენერალური მდივანი მოიწვევს ასეთ კონფერენციას გაერთიანებული ერების ეგიდით. ამ კონფერენციასა და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული შესწორება დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას.

2. შესწორებები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა და მიიღებენ ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები ორი მესამედის უმრავლესობით თავიანთი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად.

3. ძალაში შესვლის შემდეგ, შესწორებები სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც ისინი მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება ამ პაქტის დებულებები და მათ მიერ მიღებული ყველა წინა შესწორება.

მუხლი 30

26-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად გაკეთებული შეტყობინებისაგან დამოუკიდებლად გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ამავე მუხლის პირველ პუნქტში მოხსენიებულ ყველა სახელმწიფოს აცნობებს:

ა) 26-ე მუხლის თანახმად ხელმოწერის, რატიფიკაციისა და მიერთების ფაქტს;

ბ) 27-ე მუხლის თანახმად ამ პაქტის ძალაში შესვლის თარიღს და 29-ე მუხლის თანახმად ყოველგვარი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს.

მუხლი 31

1. ეს პაქტი, რომლის ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური ტექსტები თანაბრად ავთენტურია, დეპონირდება გაერთიანებული ერების არქივში.

2. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ამ პაქტის დამოწმებულ ეგზემპლარს უგზავნის 26-ე მუხლში მოხსენიებულ ყველა სახელმწიფოს.

3 საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებიც

ითვალისწინებენ რა, რომ გაერთიანებული ერების წესდებით გამოცხადებული პრინციპების შესაბამისად ადამიანთა ოჯახის ყოველი წევრის თანდაყოლილი ღირსების, მათი თანაბარი და განუყოფელი უფლებების აღიარება არის თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველი:

აღიარებენ რა, რომ ეს უფლებები გამომდინარეობს ადამიანის თანდაყოლილი ღირსებიდან;

აღიარებენ რა, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, თავისუფალი, შიშისა და გაჭირვებისაგან თავისუფალი ადამიანის იდეალის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ისეთ პირობებში, როცა თითოეული შეძლებს ისარგებლოს პოლიტიკურ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით ისევე, როგორც სამოქალაქო უფლებებით;

ითვალისწინებენ რა, გაერთიანებული ერების წესდებით ნაკისრ სახელმწიფოთა ვალდებულებას წაახალისონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემა და დაცვა;

ითვალისწინებენ რა, თითოეული ადამიანის, ვალდებულებას სხვა ადამიანებისა და იმ საზოგადოების მიმართ, რომელსაც ეკუთვნის, იღვწოდეს წინამდებარე პაქტით აღიარებულ უფლებათა წახალისებისა და დაცვისათვის;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

ნაწილი I

მუხლი 1

1. ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ამ უფლების საფუძველზე, ისინი თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ სტატუსს და ისწრაფვიან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისაკენ.

2. ყველა ხალხს შეუძლია საკუთარი მიზნებისათვის თავისუფლად განკარგოს თავისი ბუნებრივი სიმდიდრენი და რესურსები, ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლიდან აღმოცენებული ვალდებულებებისადმი ზიანის მიყენების გარეშე. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხს ჩამოერთვას საარსებო საშუალებანი.

3. წინამდებარე პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფო, მათ შორის, რომელთაც არათვითმმართველი და სამეურვეო ტერიტორიების მართვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ, გაერთიანებული ერების წესდების დებულებების შესაბამისად, ხელს უნდა უწყობდეს თვითგამორკვევის უფლების განხორციელებას და პატივს სცემდეს ამ უფლებას.

ნაწილი II

მუხლი 2

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებით, რაიმე განსხვავების გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებათა გამო.

2. თუკი უკვე გათვალისწინებული არ არის მოქმედი საკანონმდებლო ან სხვა ღონისძიებებით, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას განახორციელოს საჭირო ღონისძიებები თავისი კონსტიტუციური პროცედურებისა და წინამდებარე პაქტის შესაბამისად, რათა მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რომლებიც შესაძლოა საჭირო გახდეს პაქტით აღიარებული უფლებების განხორციელებისათვის.

3. წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას:

a) ნებისმიერი პირი, რომლის წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებები და თავისუფლებებიც შელახულია, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა ჩაიდინეს ოფიციალურად მოქმედმა პირებმა;

b) უზრუნველყოს თითოეული პირის იურიდიული დაცვის უფლება, ვინც კი ასეთ დაცვას მოითხოვს, დადგენილი კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ან სხვა კომპეტენტური ორგანო სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის შესაბამისად და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობები;

c) უზრუნველყოს კომპეტენტურ ხელისუფალთა მიერ არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება.

მუხლი 3

წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას უზრუნველყონ ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლება ისარგებლონ წინამდებარე პაქტით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებით.

მუხლი 4

1. საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც ერის სიცოცხლეს ემუქრება და ოფიციალურად არის გამოცხადებული, პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ გადაუხვიონ პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს მდგომარეობის სიმძაფრე, იმ პირობით, რომ ეს ღონისძიებები შეუთავსებელი არ იქნება მათ მიერ საერთაშორისო სამართლით ნაკისრ სხვა ვალდებულებებთან და არ მოჰყვება დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიისა თუ სოციალური წარმოშობის საფუძველზე.

2. ეს დებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მე-6, 7, 8 (1 და 2 პუნქტები), 11, 15, 16 და 18 მუხლების შეზღუდვას.

3. წინამდებარე პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფომ, რომელიც იყენებს შეზღუდვის უფლებას, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის საშუალებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს წინამდებარე პაქტის მონაწილე სხვა სახელმწიფოებს, თუ რომელი დებულებების აღსრულებას გადაუხვია და რა მიზეზებმა მიაღებინეს ასეთი გადაწყვეტილება. იმავე შუამავლის საშუალებით მან უნდა შეატყობინოს ასეთი შეზღუდვების შეწყვეტის თარიღი.

მუხლი 5

1. წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა განიმარტოს როგორც რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა და ცალკეული პირებისათვის ისეთი უფლების მინიჭება, რომელიც მათი საქმიანობის ან მოქმედებათა შედეგად გამოიწვევს ამ პაქტში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსპობას.

2. არ შეიძლება შეიზღუდოს ან დაკნინდეს ადამიანის რომელიმე ძირითადი უფლება, რომელიც აღიარებულია ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოში, ან არსებობს კანონის, კონვენციების, წესებისა თუ ზნე-ჩვეულებების შესაბამისად, იმ საბაბით, რომ წინამდებარე პაქტი ისეთ უფლებებს არ აღიარებს ან აღიარებულს ნაკლები მოცულობით.

ნაწილი III

მუხლი 6

1. სიცოცხლის უფლება თითოეული ადამიანის განუყოფელი უფლებაა. ამ უფლებას იცავს კანონი. არავის შეიძლება თვითნებურად წაართვან სიცოცხლე.

2. ქვეყნებში, რომლებსაც არ გაუუქმებიათ სიკვდილით დასჯა, სასიკვდილო განაჩენი შეიძლება გამოიტანონ მხოლოდ ყველაზე მძიმე დანაშაულისათვის დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი კანონის შესაბამისად, და თუ არ ეწინააღმდეგება წინამდებარე პაქტისა და გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებასა და დასჯის შესახებ კონვენციის დებულებებს. ეს სასჯელი შეიძლება სისრულეში მოყვანილ იქნას მხოლოდ კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენის შესასრულებლად.

3. როცა სიცოცხლის წართმევა გენოციდის დანაშაულს შეადგენს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ამ მუხლში არაფერი აძლევს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს უფლებას, რომ რაიმე საშუალებით გადაუხვიონ თავიანთ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფოებმა იკისრეს გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და მისთვის დასჯის შესახებ კონვენციის დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეულ სიკვდილმისჯილ პირს, ვისაც სიკვდილი მიუსაჯეს, უფლება აქვს ითხოვოს შეწყალება ან განაჩენის შერბილება. ამნისტია, შეწყალება ან სიკვდილის დასჯის განაჩენის შეცვლა შეიძლება ნაბოძები იყოს ყველა შემთხვევაში.

5. სასიკვდილო განაჩენის გამოტანა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომელიც ჩაიდინეს თვრამეტ წლამდე ასაკის პირებმა, და მისი აღსრულება არ შეიძლება ფეხმძიმე ქალების მიმართ.

6. ამ მუხლში არაფერი შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფომ გადადოს სიკვდილით დასჯის გაუქმება.

მუხლი 7

არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოქცევასა თუ სასჯელს. კერძოდ, არც ერთ პირზე, მისი ნებაყოფლობითი თანხმობის გარეშე, არ შეიძლება სამედიცინო ან სამეცნიერო ცდების ჩატარება.

მუხლი 8

1. არავინ უნდა იმყოფებოდეს მონობაში, აკრძალულია მონობა და მონათვაჭრობა, გამოვლენილი რაიმე ფორმით.

2. არავინ უნდა ცხოვრობდეს დაბეჩავებულ მდგომარეობაში.

3. a) არავინ უნდა აიძულონ ეწეოდეს იძულებით ან სავალდებულო შრომას;

b) ამ მუხლის 3(ა) პარაგრაფი არ უნდა იქნეს გაგებული როგორც აკრძალვა, იმ ქვეყნებისათვის, სადაც დანაშაულისათვის სასჯელის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას თავისუფლების აღკვეთა კატორღული სამუშაოებით. ასეთი განაჩენი გამოტანილ უნდა იქნას კომპეტენტური სასამართლოს მიერ;

c) ამ პუნქტში ტერმინი “იძულებითი ან სავალდებულო შრომა” არ შეიცავს:

i) სამუშაოს ან მომსახურებას, რომელიც ნახსენები არ არის (ბ) ქვეპუნქტში და რომელიც, როგორც წესი, უნდა შეასრულოს სასამართლოს კანონიერი განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში მყოფმა, ან ასეთი პატიმრობიდან პირობითად გათავისუფლებულმა პირმა;

ii) სამხედრო სამსახურს, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც რწმენის საფუძველზე აღიარებულია სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესაძლებლობა, ნებისმიერი სამოქალაქო სამსახური, რომელიც მოეთხოვება ასეთ პირობებს;

iii) ნებისმიერ სამსახურს, რომელიც სავალდებულოა შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის ან უბედურების დროს, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების სიცოცხლესა და კეთილდღეობას;

iv) ნებისმიერ სამუშაოს ან სამსახურს, რომელიც პირის ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ მოვალეობებს წარმოადგენს.

მუხლი 9

1. თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავინ შეიძლება თვითნებურად დააკავონ ან დააპატიმრონ. არავის შეიძლება თავისუფლება აღუკვეთონ სხვაგვარად, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და პროცედურისა;

2. თითოეულ პირს დაკავების დროს უნდა ეცნობოს მისი დაპატიმრების მიზეზები და მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ.

3. სისხლის სამართლის ბრალდებით დაპატიმრებული ან დაკავებული ყოველი პირი დაუყოვნებლივ უნდა წარსდგეს მოსამართლის ან სხვა თანამდებობის პირის წინაშე, რომელსაც კანონით უფლება აქვს განახორციელოს სასამართლო ხელისუფლება და უფლება აქვს გონივრული ვადის მანძილზე მოთხოვოს სასამართლო გარჩევა ან გათავისუფლება. სასამართლო გარჩევაზე პირის დაკავება ზოგად წესად არ უნდა იქცეს, მაგრამ მათი გათავისუფლება შეიძლება დამოკიდებული იყოს სასამართლოში გამოცხადების, სასამართლო გარჩევის ყველა სტადიაში გამოცხადებისა და, საჭიროების შემთხვევაში, განაჩენის შესასრულებლად გამოცხადების გარანტიების არსებობაზე.

4. თითოეულს პირს, ვისაც თავისუფლება აღეკვეთა დაკავების ან პატიმრობის შედეგად, უფლება აქვს მისი საქმე გაარჩიოს სასამართლომ, რათა სასამართლომ დაუყოვნებლივ გამოიტანოს გადაწყვეტილება მისი დაკავების კანონიერების ან უკანონო დაკავების შემთხვევაში გათვალისწინების თაობაზე.

5. თითოეულ პირს, რომელიც უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლი გახდა, აქვს კომპენსაციის უფლება.

მუხლი 10

1. ყველა თავისუფლებააღკვეთილ პირს უფლება აქვს ჰუმანურად მოექცნენ და პატივი სცენ მის პიროვნულ ღირსებას.

2. ა) ბრალდებული პირები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, განცალკევებული უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისაგან და ექვემდებარებიან ცალკე რეJიმს, რომელიც შეესაბამება არამსჯავრდებულ პირთა სტატუსს;

ბ) არასრულწლოვანი ბრალდებულები მოთავსებული უნდა იქნენ სრულწლოვანებისაგან განცალკევებით და უმოკლეს ვადაში უნდა წარდგნენ სასამართლოს წინაშე გადაწყვეტილების მისაღებად.

3. პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა მიმართ განხორციელებული მოპყრობის მიზანია მათი გამოსწორება და სოციალური აღზრდა. არასრულწლოვანი სამართალდარღვევები განცალკევებული უნდა იყვნენ სრულწლოვანებისაგან და უნდა იმყოფებოდნენ პირობებში, რომლებიც შეესაბამება მათ ასაკსა და სამართლებრივ სტატუსს.

მუხლი 11

არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე.

მუხლი 12

1. თითოეულ პირს, რომელიც კანონიერად იმყოფება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიის ფარგლებში უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.

2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს დატოვოს ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარიც.

3. ზემოაღნიშნული უფლებები არ შეიძლება შეიზღუდოს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით, აუცილებელია სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის და შეესაბამება წინამდებარე პაქტით აღიარებულ სხვა უფლებებს.

4. არავის შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას უფლება დაბრუნდეს საკუთარ სახელმწიფოში.

მუხლი 13

უცხოელი, რომელიც კანონიერად იმყოფება წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შეიძლება გააძევონ მხოლოდ კანონის შესაბამისად გამოტანილი გადაწყვეტილების შესაბამისად და თუ სახელმწიფო უშიშროების იმპერატიული მოსაზრებები სხვაგვარად არ მოითხოვენ. მას უფლება აქვს წარმოადგინოს უდავო საბუთები თავისი გასახლების წინააღმდეგ, მოითხოვოს, რომ მისი საქმე გადასინჯოს კომპეტენტურმა ხელისუფლებამ ან ამ მიზნით კომპეტენტური ხელისუფლების მიერ სპეციალურად დანიშნულმა პირმა ან პირებმა.

მუხლი 14

1. ყველა პირი თანასწორია სასამართლოებისა და ტრიბუნალების წინაშე. თითოეულს აქვს უფლება მისთვის წაყენებული ყოველი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, ან რომელიმე სამოქალაქო პროცესში მისი უფლება-მოვალეობის განსაზღვრისას, მისი საქმე სამართლიანად და საჯაროდ გაარჩიოს კანონის საფუძველზე შექმნილმა კომპეტენტურმა, დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ. შეიძლება, რომ პრესა და საზოგადოება არ დაუშვან მთელ სასამართლო გარჩევაზე თუ მის ნაწილზე, მორალის, დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფო უშიშროების მოსაზრებებით ან როცა ამას მოითხოვს მხარეთა კერძო ინტერესები ან, როდესაც, სასამართლოს აზრით, საჯაროობა შელახავს მართლმსაჯულების ინტერესებს; ყოველი სისხლის სამართლისა თუ სამოქალაქო საქმის თაობაზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება საჯარო უნდა იყოს, გარდა იმ შემთხვევების, როცა ამას მოითხოვს არასრულწლოვანთა ინტერესები ან, როცა საქმე ეხება მატრიმონიალური დაცვას ან ბავშვთა მეურვეობას.

2) თითოეულ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.

3) თითოეულ პირს უფლება აქვს მისთვის წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდების განხილვისას, როგორც მინიმუმი, სრული თანასწორობის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გარანტიები:

a) სასწრაფო წესით და დაწვრილებით მისთვის გასაგებ ენაზე შეატყობინონ მისთვის წაყენებული ბრალდების ხასიათისა და საფუძველის შესახებ;

b) ჰქონდეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რათა მოემზადოს თავის დასაცავად და შეხვდეს მის მიერ არჩეულ დამცველს;

c) გაასამართლონ უსაფუძვლო გაჭიანურების გარეშე;

d) გაასამართლონ მისი თანდასწრებით და დაიცვას თავი პირადად ან მის მიერ არჩეულ დამცველის საშუალებით; თუ არ ჰყავს დამცველი, შეატყობინონ ასეთი უფლების შესახებ და ჰყავდეს მისთვის დანიშნული დამცველი ყველა შემთხვევაში, როცა მართლმსაჯულების ინტერესები ამას მოითხოვს, რიგ შემთხვევებში უსასყიდლოდ როცა არა აქვს დამცველის ასანაზღაურებლად საკმარისი სახსრები.

e) დაკითხოს მოწმეები, რომლებიც მის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას, ან ჰქონდეს უფლება, რომ ეს მოწმეები სხვამ დაკითხის, ასევე გამოიძახონ და დაკითხონ მისი მოწმენი იმავე პირობებით, რაც არსებობს მის წინააღმდეგ გამოსული მოწმეებისათვის;

f) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო დახმარებით თუ არ ესმის სამართალწარმოების ენა;

g) არავინ აიძულოს, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თავი დამნაშავედ აღიაროს.

4) არასრულწლოვანთა მიმართ პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ გათვალისწინებულ იქნას მათი ასაკი და მათი ხელახალი აღზრდისათვის ხელშეწყობის სურვილი.

5) თითოეულ მსჯავრდებულ პირს უფლება აქვს, მისი ბრალდება და განაჩენი კანონის შესაბამისად გადასინჯოს ზემდგომმა სასამართლომ.

6) თუ რომელიმე პირს საბოლოო გადაწყვეტილებით მსჯავრი დასდეს სისხლის სამართლის დანაშაულისათვის და შემდგომში მის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გაუქმდა ან მისთვის ნაბოძები იყო შეწყალება რაიმე ახალი ან მისთვის უცნობი გარემოებების გამო, რომლებიც უცილობლად ამტკიცებს, სასამართლო შეცდომას, მაშინ ასეთი მსჯავრდადების შედეგად, დასჯილი პირი კომპენსაციას იღებს კანონის შესაბამისად, თუ არ დამტკიცდება, რომ აღნიშნული უცნობი გარემოება თავის დროზე ვერ აღმოაჩინეს მისი ან ნაწილობრივ მისი მიზეზით.

7) არავინ შეიძლება მეორედ გაასამართლონ ან დასაჯონ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე იყო საბოლოოდ მსჯავრდადებული ან გამართლებული რომელიმე ქვეყნის კანონისა და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის სესაბამისად.

მუხლი 15

1. არავინ შეიძლება ცნონ დამნაშავედ ისეთი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისათვის რომელიც ისეთი მოქმედების თუ შეცდომის შედეგია, რომელიც მისი ჩადენის მომენტში მოქმედი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად არ ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშულად. ასევე დაუშვებელია დაინიშნოს უფრო მძიმე სასჯელი, ვიდრე ის, რომელიც უნდა გამოეყენებინათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მომენტში. თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ კანონით დადგენილია წესდება უფრო მსუბუქი სასჯელი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ დამნაშავეზეც.

2) ამ მუხლში არაფერი უნდა უშლიდეს ხელს, პირის სასამართლოსათვის გადაცემას ან დასჯას იმ მოქმედების თუ შეცდომისათვის, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპების შესაბამისად ჩადენის მომენტში სისხლის სამართლის დანაშაული იყო.

მუხლი 16'

თითოეულ ადამიანს, სადაც უნადა იყოს უფლება აქვს, ცნონ მისი სამართალსუბიექტობის უფლება.

მუხლი 17

1. არავინ უნდა განიცადოს თვინებური ან უკანონო ჩარევა თავის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მისი საცხოვრებელის შეუვალობის ან კორესპონდენციის საიდუმლოების თვითნებური ან უკანონო ელყოფა ან მისი ღირსებისა და რეპუტაციის უკანონო ხელყოფა.

2. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, კანონმა დაიცვას ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.

მუხლი 18

1. თითოეული ადამიანი სარგებლობს აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებით. ეს უფლება შეიცავს თვისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ ქონდეს ან მიიღოს რელიგია ან მრწამსი და თავისუფლად აღიარებდეს თავის რელიგიასა და მრწამსს როგორც ცალკე, ისე სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით, ასრულებდეს და გამოხატავდეს საკუთარ რელიგიას ლოცვით, და მოძღვებითა და სწავლებით.

2) არავინ უნდა დაექვემდებაროს იძულებას, რომელიც ლახავს მის თავისუფლებას ქონდეს ან მიიღოს საკუთარი არჩევანის რელიგია ან მრწამსი.

3) რელიგიისა მრწამსის აღიარების თავისუფლებას შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ, კანონით დადგენილია შემთხვევებში და საზოგადოების უშიშროების, წესრიგის, ჯანმრთელობისა და მორალის, ისევე როგორც სხვა პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

4)წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას პატივი სცენ მშობელთა და, შესაბამისად კანონიერ მეურვეთა საკუთარი მრწამსის შესაბამისად უზრუნველყონ თავინთი ბავშვების რელიგიური და ზნეობრივი აღზრდა.

მუხლი 19

1. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი ვინმეს ჩარევის გარეშე;

2. თითოეულ ადმიანს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას, სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად მოეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ყოველგვარი ინფორმცია ზეპირად, წერილობით ან პრესისა და გამოხატვის მხატვრული საშუალებებით ან საკუთარი არჩევანით სხვა საშუალებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა განსაკუთრებულ მოვალეობასა და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გულისხმობს. შესაბამისად, შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთ შეზღუდვასთან, რომლებიც უნდა იყოს კანონით დადგენილი და აუცილებელი:

a) სხვა პირთა უფლებებისა და რეპუტაციისათვის;

b) სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა თუ ზნეობის დასაცავად.

მუხლი 20

1. ომის ყოველგვარი პროპაგანდა უნდა აიკრძალოს კანონით.

2. ყოველგვარი ეროვნული, რასობროვი ან რელიგიური შუღლის გაღვივებისაკენ მიმართული გამოსვლა, რომლის მიზანია დისკრიმინაციის, მტრობის ან ძალადობის წაქეზება, უნდა აიკრძალოს კანონით.

მუხლი 21

მშვიდობიანი შეკრებების უფლება აღიარებულია. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებიც შეესაბამება კანონს და საჭიროა დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელნწიფო თუ საზოგადოებრივი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის.

მუხლი 22

1. თითოეულ ადამიანს აქვს სხვებთან ასოციაციის უფლება, მათ შორის უფლება შექმნას და შევიდეს პროფკავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

2. ამ უფლებით სარგებლობას შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ისეთი შეზღუდვები, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს და, რომლებიცსაჭიროა დემოკრატიულ საზოგადებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უშიშროების, საზოადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის დაცვის თუ სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებისათვის. ეს მუხლი ხელს არ უშლის, შეირაღებული ძალებისა და პოლიციის შემადგენლობაში მყოფ პირთათვის ამ უფლებით სარგებლობის კანონიერი შეზღუდვების დაწესებას.

3. ამ მუხლში არაფერი აძლევს უფლებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1948 წლის ასოციაციათა თავისუფლებისა და ორგანიზაციის უფლების დაცვის შესახებ კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებს, აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული გარანტიების საზიანოდ, მიიღონ საკანონმდებლო აქტები ან კანონი გამოიყენონ ისე, რომ ზიანი მიადგეს ასეთ გარანტიებს.

მუხლი 23

1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და უფლება აქვს, რომ იგი დაიცვას საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

2. მამაკაცებს და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, უფლება აქვთ დაქორწინდნენ და შექმნან ოჯახი.

3. ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე.

4. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ბავშვის საჭირო დაცვა.

მუხლი 24

1. თითოეულ ბავშვს რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობისა თუ დაბადების გამო ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უფლება აქვს დაცვის ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც მას, როგორც მცირეწლოვანს, უნდა გაუწიოს მისმა ოჯახმა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ.

2. თითოეული ბავშვი დაბადების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა იყოს რეგისტრირებული და უნდა ჰქონდეს სახელი.

3. თითოეულ ბავშვს აქვს მოქალაქეობის მიღების უფლება.

მუხლი 25

თითოეულ მოქალაქეს მე-2 მუხლში ნახსენები რაიმე დისკრიმინაციისა და დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა:

a) მონაწილეობდეს სახელმწიფო საქმეთა წარმოებაში როგორც უშუალოდ, ისე თავისუფლად არჩეული წარმომადგენლების საშუალებით.

b) მისცეს ხმა და არჩეულ იქნეს საყოველთაო პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც წარმოებს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების სურვილის გამოვლინებას.

g) თავის ქვეყანაში თანასწორობის პირობებით შეეძლოს სახელმწიფო სამსახურში შესვლა.

მუხლი 26

ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინციის გარეშე კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმინაციის წიმააღმდეგ.

მუხლი 27

იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობბი, პირებს, რომლებიც ასეთ უმცირესობას განეკუთვნებიან, არ შეიძლება უარი ეთქვათ უფლებაზე იმავე ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ისარგებლონ თავიანთი კულტურით, აღიარონ და აღასრულონ თავიანთი რელიგია, აგრეთვე ილაპარაკონ მშობლიურ ენაზე.

ნაწილი IV

მუხლი 28

1. უნდა შეიქმნას ადამიანის უფლებათა კომიტეტი (შემდგომში “კომიტეტი”). იგი შედგება თვრამეტი წევრისაგან და განახორციელებს ამ პაქით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

2) კომიტეტის შემადგენლობაში შედიან პირები, რომლებიც წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მოქალაქეები არიან, აქვთ მაღალი ზნობრივი თვისებები და ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში აღიარებული კომპეტენცია, ამასთანავე გათვალისწინებულ უნდა იქნას იურიდიული გამოცდილების მქონე პირთა მონაწილეობაც.

3) კომიტეტის წევრები აირჩევიან და მუშაობენ პირადად.

მუხლი 29

1. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდამ, რომლებიც აკმაყოფილებენ 28-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებიც ამ მიზნით დაასახელეს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა.

2. ამ პაქის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია დაასახელოს არაუმეტეს ორი პირისა. ეს პირები უნდა იყვნენ ამ სახელწიფოს მოქალაქენი.

3. ყველა პირს აქვს უფლება, რომ განმეორებით დაასახელონ.

მუხლი 30

1. პირველადი არჩევნები ეწყობა წინამდებარე პაქტის ძალაში შესვლის შემდეგ არაუგვიენეს ექვსი თვისა.

2. კომიტეტის არჩევნებამდე, გარდა 34-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებულ ვაკანსიათა შესავსები არჩევნებისა, სულ ცოტა ოთხი თვით ადრე გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი წერილობით სთხოვს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს, სამი თვის მანძილზე წარმოადგინონ კომიტეტის წევრთა კანდიდატურები.

3. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ანბანური წესით ადგენს ამგვრად დასახელებულ პირთა სიას, სადაც აღნიშნულია წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები, რომლებმაც ეს პირი დაასახელეს, და უგზავნის მას წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს არჩევნების მოწყობის თარიღამდე არაუგვიანეს ერთი თვისა.

4. კომიტეტის წევრებს ირჩევენ წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა სხდომაზე, რომელსაც გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იწვევს გაერთიანებული ერებიბს ერების ცენტრალურ დაწესებულებებში. ასეთ სხდომაზე, რომლის კვორუმი წარმოადგენს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა ორ მესამედს, არჩეულად ითვლება პირი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმა და სხდომაზე დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენელთა ხმების აბსოლუტურ უმრავლესობა.

მუხლი 31

1. კომიტეტში არ შეიძლება შევიდეს ერთი და იმავე სახელმწიფოს ერთზე მეტი მოქალაქე.

2. კომიტეტის არჩევნების დროს ითვალისწინებენ წევრთა სამართლიანი გეოგრაფიული განაწილების, სხვადასხვა ცივილიზაციისა და ძირითადი იურიდიული სისტემების წარმომადგენლობის პრინციპს.

მუხლი 32

1. კომიტეტის წევრებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით. მათ უფლება აქვთ ხელახლა იყვნენ არჩეული მათი კანდიდატურების განმეორებით დასახელების შემთხვევაში. თუმცა პირველ არჩევნებზე არჩეული ცხრა წევრის ვადა იწურება ორ წლიანი პერიოდის დამლევს. პირველი არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ ამ ცხრა წევრის სახელებს წილისყრით განსაზღვრავს სხდომის თავმჯდომარე, რაც აღნიშნულია 30-ე მუხლის მე-4 პუნქტში.

2. რწმუნებათა ვადის გასვლის შემდეგ არჩევნები ტარდება პაქტის ამ ნაწილის წინა მუხლების შესაბამისად.

მუხლი 33

1. თუ სხვა წევრთა ერთსულოვანი აზრით, კომიტეტის რომელიმე წევრმა რაიმე მიზეზით შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, გარდა დროებით არყოფნის მიზეზისა, კომიტეტის თავმჯდომარე ამის შესახებ ატყობინებს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, რომელიც ამ წევრის ადგილს ვაკანტურად აცხადებს.

2. კომიტეტის რომელიმე წევრის გარდაცვალების ან გადადგომის შემთხვევაში თავმჯდომარე დაუყოვნებლივ ატყობინებს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, რომელიც ამ ადგილს ვაკანტურად აცხადებს გარდაცვალების დღიდან, ან იმ დღიდან, როდესაც გადადგომა ნამდვილი ხდება.

მუხლი 34

1. 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებული ვაკანსია, და შესაცვლელი წევრის რწმუნებათა ვადა არ იწურება ამ ვაკანსიის გამოცხადებიდან ექვსი თვის მანძილზე, გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ამის შესახებ ატყობინებს წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეულ საახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია ორი თვის მანძილზე 29-ე მუხლის შესაბამისად წამოაყენოს კანდიდატურა ასეთი ვაკანსიის შესავსებად.

2. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ანბანური წესით ადგენს ამრიგად წამოყენებულ პირთა სიას და წარუდგენს მას წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს. შემდეგი არჩევნები ვაკანსიის შესავსებად ეწყობა პაქტის ამ ნაწილის დებულებათა შესაბამისად.

3. 33-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებული ვაკანსიის შესავსებად არჩეული კომიტეტის წევრი თანამდებობრივ მოვალეობებს ასრულებს იმ წევრის რწმუნების ვადის დარჩენილი ვადით, რომლებმაც გაათავისუფლა ადგილი კომიტეტში აღნიშნული მუხლის დებულებათა შესაბამისად.

მუხლი 35

კომიტეტის წევრები იღებენ გაერთიანებული ერების გენარალური ასამბლეის მიერ დამტკიცებულ ანაზღაურებას გაერთიანებული ერების სახსრებიდან გენერალური ასამბლეის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით, კომიტეტის მოვალეობათა მნიშვნელობის გათვალისწინებით.

მუხლი 36

გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი უზრუნველყოფს საჭირო პერსონალსა და მატერიალურ სახსრებს წინამდებარე პაქტის შესაბამისად კომიტეტის ფუნქციათა ეფექტური განხორციელებისათვის.

მუხლი 37

1. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იწვევს კომიტეტის პირველ სხდომას გაერთიანებული ერების ცენტრალურ დაწესებულებებში.

2. პირველი სხდომის შემდეგ კომიტეტი იკრიბება პროცედურული წესებით გათვალისწინებულ დროს.

3. ჩვეულებრივ კომიტეტი იკრიბება გაერთიანებული ერების ცენტრალურ დაწესებულებებში ან გაერთიანებული ერების ჯენევის განყოფილებაში.

მუხლი 38

კომიტეტის თითოეული წევრი, სანამ თავის მოვალეობას შეუდგებოდეს, ღია სხდომაზე აკეთებს საჯარო განცხადებას, თავისი ფუნქციების მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შესრულების თაობაზე.

მუხლი 39

1. კომიტეტი საკუთარი თანამდებობის პირებს ირჩევს ორი წლის ვადით. შეიძლება მოხდეს მათი ხელახალი არჩევა.

2. კომიტეტი ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს, რომლებიც ინტერ ალია, უნდა ითვალისწინებდეს, რომ:

ა) კომიტეტის თორმეტი წევრი შეადგენს კვორუმს;

ბ) კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.

მუხლი 40

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები კისრულობენ ვალდებულებას წარადგინონ მოხსენებები, წინამდებარე პაქტით აღიარებულ უფლებათა განხორციელებისათვის მათ მიერ დასახული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ, რომელსაც ამ უფლებათა გამოყენებაში მიაღწიეს:

ა) შესაბამის მონაწილე სახელმწიფოთა მიმართ ამ პაქტის ძალაში შესვლიდან ერთი წლის მანძილზე;

ბ) ნებისმიერ შემთხვევაში, კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისად.

2. ყველა მოხსენება წარდგინება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს, რომელიც მას განსახილველად უგზავნის კომიტეტს. მოხსენებაში უნდა აღინიშნოს ის ფაქტორები და სიძნელეები, თუ ასეთი არსებობს, რომლებიც გავლენას ახდენენ წინამდებარე პაქტის განხორციელებაზე.

3. გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს კომიტეტთან კონსულტაციების შემდეგ შეუძლია დაინტერესებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებს გაუგზავნოს მოხსენებათა იმ ნაწილების ეგზემპლარები, რომლებიც შეიძლება მათი კომპეტენციის სფეროს ეხებოდეს.

4. კომიტეტი სწავლობს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ წარმოდგენილ მოხსენებებს, მონაწილე სახელმწიფოებს უგზავნის თავის მოხსენებებსა და ზოგადი ხასიათის ისეთ შენიშვნებს, რომლებიც მიზანშეწონილად მიაჩნია, კომიტეტს შეუძლია აგრეთვე ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს მოხსენებათა ეგზემპლარებთან ერთად გაუგზავნოს შენიშვნები, რომლებიც მიიღო წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებისაგან. წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს შეუძლიათ კომიტეტს წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებანი ნებისმიერი შენიშვნის თაობაზე, რომლებიც შეიძლება გაკეთდეს მე-4 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 41.

1. ამ მუხლის შესაბამისად, პაქტის მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია ყოველთვის განაცხადოს, რომ ცნობს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს ინფორმაცია, სადაც რომელიმე მონაწილე სახელმწიფო ამტკიცებს, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს წინამდებარე პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ მუხლით გათვალისწინებული ცნობები კომიტეტმა შეიძლება მიიღოს და განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგინა მონაწილე სახელმწიფომ, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ ცნობს ამ კომიტეტის კომპეტენციას. კომიტეტი არ იღებს არავითარ ცნობას, თუკი ეს უკანასკნელი ეხება მონაწილე სახელმწიფოს, რომელსაც არ გაუკეთებია ასეთი განცხადება. ამ მუხლის შესაბამისად მიღებულ ცნობების განხილვა ხდება შემდეგი პროცედურის მიხედვით:

a) თუ წინამდებარე პაქტის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს მიაჩნია, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ახორციელებს წინამდებარე პაქტის დებულებებს, მას შეუძლია ამის შესახებ წერილობით შეატყობინოს აღნიშნულ მონაწილე სახელმწიფოს. ამ შეტყობინების მიღების დღიდან სამი თვის მანძილზე მიმღებმა სახელმწიფომ წერილობით უნდა წარუდგინოს ასეთი ცნობის გამომგზავნ სახელმწიფოს განმარტება ან რაიმე სხვა განცხადება, სადაც განმარტებული იქნება ეს საკითხი, რომელიც შესაძლებლობის ან მიზანშეწონილობის ფარგლებში უნდა შეიცავდეს, მითითებას შინაგანი პროცედურებისა და ღონისძიებების შესახებ, რომლებიც სახელმწიფომ მიიღო, მიიღებს ან შეიძლება მიიღოს ამ საკითხზე;

b) თუ საკითხი ექვსი თვის მანძილზე არ გადაწყდა ორივე დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოსათვის დამაკმაყოფილებლად მას შემდეგ, რაც მეორე სახელმწიფომ მიიღო პირველი შეტყობინება, თითოეულ ამ სახელმწიფოს უფლება აქვს ეს საკითხი გადასცეს კომიტეტს, ამასთან უნდა შეატყობინოს მეორე სახელმწიფოს.

c) კომიტეტი მისთვის გადაცემულ საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ამ შემთხვევაში სცადეს და ამოწურეს ყველა ხელმისაწვდომი შიდა სახელმწიფოებრივი საშუალებები. ეს წესი არ მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როცა ამ საშუალებათა გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება;

d) ამ მუხლით გათვალისწინებული ცნობების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომებს;

e) კომიტეტი „ც“ ქვეპუნქტის დებულებათა დაცვით კეთილ სამსახურს უწევს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, რათა მეგობრულად გადაწყვიტონ საკითხი წინამდებარე პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის საფუძველზე;

f) მის განსახილველად გადაცემულ ყველა საკითხზე კომიტეტმა „ბ“ პუნქტში ნახსენებ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს შეიძლება სთხოვოს წარუდგინონ საქმესთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია;

g) „ბ“ პუნქტში ნახსენებ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს უფლება აქვთ საკითხის განხილვისას წარმოდგენილი იყვნენ კომიტეტში და გააკეთონ წარდგინება ზეპირად ან წერილობით;

h) შეტყობინების მიღებიდან თორმეტი თვის მანძილზე კომიტეტი „ბ“ პუნქტის შესაბამისად წარადგენს მოხსენებას:

i) თუ მიღწეულია გადაწყვეტილება „ე“ ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში, კომიტეტი თავის მოხსენებაში იფარგლება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილების მოკლე შინაარსით;

ii) თუ გადაწყვეტილება „ე“ ქვეპუნქტის დებულებათა ფარგლებში მიღწეული არ არის, მაშინ კომიტეტი თავის მოხსენებაში იფარგლება ფაქტების მოკლე შინაარსით; მოხსენებას თან ერთვის დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების წერილობითი წარდგინებანი და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერი.

თითოეულ ამ საკითხზე მოხსენება ეგზავნება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს.

2. ამ მუხლის დებულებები ძალაშია, მას შემდეგ რაც წინამდებარე პაქტის მონაწილე ათი სახელმწიფო გააკეთებს განცხადებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მონაწილე სახელმწიფოები ასეთი განცხადებების დეპონირებას ახდენენ გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან, რომელიც განცხადებების პირებს უგზავნის დანარჩენ მონაწილე სახელმწიფოებს. გენერალური მდივნისათვის შეტყობინებით განცხადების უკან წაღება ყოველთვის შეიძლება. ასეთი მოქმედება ხელს არ უნდა უშლიდეს რომელიმე საკითხის განხილვას, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად უკვე გადაცემული შეტყობინების საგანია. მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი მიიღებს შეტყობინებას, რომ განცხადება უკან წაიღეს, აღარ მიიღება მონაწილე სახელმწიფოს არავითარი შემდგომი ცნობები, თუ დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოს არ გაუკეთებია ახალი განცხადება.

მუხლი 42

1. ა) თუკი რომელიმე საკითხი, რომელიც კომიტეტს 41-ე მუხლის შესაბამისად გადაეცემა, დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთათვის დამაკმაყოფილებლად არ გადაწყდება, კომიტეტს შეუძლია დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წინასწარი თანხმობით დანიშნოს სპეციალური შემათანხმებელი კომისია (შემდგომში „კომისია“). კომისია სამსახურს უწევს მონაწილე სახელმწიფოებს, წინამდებარე პაქტის დებულებათა დაცვის საფუძველზე საკითხების მეგობრულად გადაწყვეტის საქმეში.

ბ) კომისიის შემადგენლობაში შედის დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთათვის მისაღები ხუთი პირი. თუ სამი თვის მანძილზე დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ კომისიის მთელი შემადგენლობისა თუ შემადგენლობის ნაწილის თაობაზე. კომისიის იმ წევრებს, რომელთა დანიშვნის თაობაზე ვერ მიაღწიეს თანხმობას, ირჩევენ ფარული კენჭისყრით კომიტეტის წევრთა შემადგენლობიდან კომიტეტის წევრთა ხმების ორი მესამედის უმრავლესობით.

2. კომისიის წევრები მოვალეობას ასრულებენ პირადად. ისინი არ უნდა იყვნენ დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოების ან იმ სახელმწიფოს მოქალაქენი, რომელსაც არ გაუკეთებია განცხადება 41-ე მუხლის შესაბამისად.

3. კომისია ირჩევს თავმჯდომარეს და ადგენს პროცედურის საკუთარ წესებს.

4. კომისიის სხდომები ჩვეულებრივ ეწყობა გაერთიანებული ერების ცენტრალურ დაწესებულებებსა თუ გაერთიანებული ერებისათვის მოსახერხებელ ადგილებში, რომლებიც კომისიამ შეიძლება განსაზღვროს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან და შესაბამის მონაწილე სახელმწიფოებთან კონსულტაციით.

5. 36-ე მუხლით განსაზღვრული სამდივნო ემსახურება ამ მუხლის საფუძველზე დანიშნულ კომისიებს.

6. კომიტეტის მიერ მიღებული და შესწავლილი ინფორმაცია კომისიას განკარგულებაში გადაეცემა, და კომისიას შეუძლია სთხოვოს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოებს, წარუდგინონ საქმესთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია.

7. კომისიის მიერ საკითხის სრულად განხილვის შემდეგ, მაგრამ საკითხის გადაცემიდან არაუგვიანეს 12 თვისა, იგი კომიტეტის თავმჯდომარეს დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოებისათვის გასაგზავნად წარუდგენს მოხსენებას:

a) თუ კომისიას არ შეუძლია დაამთავროს ამ საკითხის განხილვა თორმეტი თვის მანძილზე, იგი მოხსენებაში მოკლედ აღნიშნავს, თუ რა მდგომარეობაშია ამ საკითხის განხილვა;

b) თუ მიღწეულია ამ საკითხის მეგობრული გადაწყვეტა წინამდებარე პაქტით აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე, კომისია თავის მოხსენებაში სჯერდება ფაქტებისა და მიღწეული გადაწყვეტილების მოკლე შინაარსს;

c) თუ „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღწეული არ არის, კომისიის მოხსენება შეიცავს მის დასკვნებს ფაქტობრივი ხასიათის ყველა საკითხის შესახებ, რომელიც ეხება დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა დაცვას, და კომისიის მოსაზრებებს ამ საკითხის მეგობრულად მოგვარების შესაძლებლობის შესახებ. ეს მოხსენება აგრეთვე შეიცავს დაინტერესებულ მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლების წერილობით წარდგინებებსა და ზეპირ წარდგინებათა ჩანაწერს;

d) თუ კომისიის მოხსენება წარდგენილია „ც“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები ამ მოხსენების მიღებიდან სამი თვის მანძილზე ატყობინებენ კომიტეტის თავმჯდომარეს ეთანხმებიან თუ არა კომისიის მოხსენების შინაარსს.

8. ამ მუხლის დებულებები არ აკნინებენ 41-ე მუხლით გათვალისწინებულ კომიტეტის მოვალეობებს.

9. დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები თანაბრად ანაზღაურებენ კომისიის წევრთა ყველა ხარჯებს იმ ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომელსაც წარადგენს გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი.

10. გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, აანაზღაუროს კომისიის წევრთა ხარჯები, მანამ სანამ ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად აანაზღაურებდნენ დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოები.

მუხლი 43

კომიტეტისა და 42-ე მუხლის შესაბამისად დანიშნული სპეციალური შემათანხმებელი კომისიების წევრები, სარგებლობენ გაერთიანებული ერების მიერ მივლინებაში გაგზავნილ ექსპერტთა შეღავათებით, პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, როგორც ეს გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების კონვენციის შესაბამის ნაწილებში.

მუხლი 44

წინამდებარე პაქტის განხორციელების დებულებები გამოყენებული უნდა იყოს ისე, რომ ზიანი არ მიაყენონ ადამიანის უფლებათა პროცედურებს, რომლებსაც ითვალისწინებს გაერთიანებული ერებისა და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა დამფუძნებელი აქტები და კონვენციები, ან ეს დებულებები ხელს არ უნდა უშლიდეს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს მიმართონ დავის გადაწყვეტის სხვა პროცედურებს მათ შორის მოქმედ საერთო და სპეციალურ საერთაშორისო შეთანხმებათა საფუძველზე.

მუხლი 45

ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საშუალებით კომიტეტი გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ მოხსენებას.

ნაწილი V

მუხლი 46

წინამდებარე პაქტში არაფერი არ უნდა იყოს განმარტებული როგორც გაერთიანებული ერების წესდებისა და გაერთიანებული ერებისა და მის სპეციალიზებულ დაწესებულებათა სხვადასხვა ორგანოების შესაბამის მოვალეობათა განმსაზღვრელი წესდებების დებულებათა მნიშვნელობის დაკნინება იმ საკითხებში, რომლებსაც ეს პაქტი ეხება.

მუხლი 47

წინამდებარე პაქტში არაფერი უნდა იყოს განმარტებული, როგორც ხალხის განუყოფელი უფლების დაკნინება მთლიანად და თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი ბუნებრივი სიმდიდრეებითა და რესურსებით.

ნაწილი VI

მუხლი 48

1. წინამდებარე პაქტი ხელმოსაწერად ღიაა გაერთიანებული ერების ან ყველა მისი სპეციალიზებული დაწესებულების წევრი ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოს სტატუსის მონაწილე ყველა სახელმწიფოსა და ყველა სხვა სახელმწიფოსათვის, რომელსაც გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა შესთავაზებს წინამდებარე პაქტში მონაწილეობას.

2. ეს პაქტი საჭიროებს რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები დეპონირებული უნდა იყოს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.

3. წინამდებარე პაქტი მისაერთებლად ღიაა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.

4. შეერთებისათვის საჭიროა შეერთების დოკუმენტის დეპონირება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.

5. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი ატყობინებს ამ პაქტის ხელმომწერ და მიერთებულ ყველა სახელმწიფოს, თითოეული სარატიფიკაციო სიგელისა თუ დოკუმენტის დეპონირების შესახებ.

მუხლი 49

1. ეს პაქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან დეპონირებული იქნება ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი.

2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე პაქტის რატიფიკაციას ახდენს ან უერთდება, მას ოცდამეთხუთმეტე სარატიფიკაციო სიგელის ან მიერთების დოკუმენტის დეპონირების შემდეგ, ეს პაქტი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა დეპონირებული იქნება მისი საკუთარი სარატიფიკაციო სიგელი თუ შეერთების დოკუმენტი.

მუხლი 50

წინამდებარე პაქტის დებულებები ვრცელდება ფედერაციულ სახელმწიფოთა ყველა ნაწილზე რაიმე შეზღუდვისა თუ გამონაკლისის გარეშე.

მუხლი 51

1. წინამდებარე პაქტის მონაწილე ყველა სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორებები და წარუდგინოს ისინი გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი შემდეგ შემოთავაზებულ შესწორებებს უგზავნის წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს და სთხოვს შეატყობინონ, მომხრე არიან თუ არა, ამ წინადადებათა განსახილველად და მათთვის კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევის. თუ მონაწილე სახელმწიფოთა სულ ცოტა მესამედი მხარს დაუჭერს ასეთ კონფერენციას, გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ეგიდით. ყველა შესწორებას, რომელსაც მიიღებს ამ კონფერენციის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა, დასამტკიცებლად წარუდგენენ გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეას.

2. შესწორებები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა და თავიანთი კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მიიღებს წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა _ ორი მესამედით.

3. შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ, ისინი სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება წინამდებარე პაქტის დებულებები და მათ მიერ მიღებული ყველა წინა შესწორებები.

მუხლი 52

48-ე მუხლის „5“ პუნქტის თანახმად შეტყობინებისგან დამოუკიდებლად გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი იმავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს ატყობინებს შემდეგს:

a) 48-ე მუხლის თანახმად ხელმოწერების, რატიფიკაციებისა და შეერთებების შესახებ;

b) 49-ე მუხლის თანახმად წინამდებარე პაქტის ძალაში შესვლის თარიღს და 51-ე მუხლის თანახმად ყოველგვარი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს.

მუხლი 53

1. ეს პაქტი, რომლის ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური ტექსტები ერთნაირად ავთენტურია, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების არქივს.

2. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი წინამდებარე პაქტის დამოწმებულ პირებს უგზავნის 48-ე მუხლში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს.

4 სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის ფაკულტატური ოქმი

▲ზევით დაბრუნება


მიღებულია და ხელმოსაწერად რატიფიკაციისაღიაა გაერთიანებული ერების 200 A((XI)) რეზოლუციით 1966 წლის 16 დეკემბერს წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოები

ითვალისწინებენ, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის (შემდგომში „პაქტი“) მიზნების მისაღწევად და მისი დებულებების განსახორციელებლად მიზანშეწონილი იქნებოდა პაქტის IV ნაწილის საფუძველზე დაარსებულ ადამიანის უფლებათა კომიტეტს (შემდგომში „კომიტეტი“) მიეცეს შესაძლებლობა წინამდებარე ოქმის შესაბამისად მიიღოს და განიხილოს, შეტყობინებები ცალკეული პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი პაქტში აღნიშნული რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან;

შეთანხმდნენ:

მუხლი 1

პაქტის მონაწილე სახელმწიფო, რომელიც წინამდებარე ოქმის მონაწილე ხდება, აღიარებს კომიტეტის კომპეტენციას მიიღოს და განიხილოს შეტყობინება მისი იურისდიქციის ქვემდებარე პირებისაგან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მონაწილე სახელმწიფოს მიერ პაქტში მოყვანილი რომელიმე უფლების დარღვევის მსხვერპლნი არიან. კომიტეტის მიერ არც ერთი შეტყობინება არ მიიღება, თუ იგი ეხება პაქტის მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც არ არის წინამდებარე ოქმის მონაწილე.

მუხლი 2

პირველი მუხლის დებულებების დაცვის შემთხვევაში პირებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პაქტში ჩამოთვლილი მათი რომელიმე უფლება დაირღვა, და რომლებმაც ამოწურეს იურიდიული დაცვის ყველა არსებული შიდა სახელმწიფოებრივი საშუალება, შეუძლიათ კომიტეტის განსახილველად წარადგინონ წერილობითი შეტყობინება.

მუხლი 3

კომიტეტს შეუძლია მიუღებლად გამოაცხადოს წინამდებარე ოქმის შესაბამისად წარდგენილი ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც ანონიმურია ან, მისი აზრით, წარმოადგენს ასეთი შეტყობინებების წარდგენის უფლების ბოროტად გამოყენებას, ან შეუთავსებელია პაქტის დებულებებთან.

მუხლი 4

1. მე-3 მუხლის დებულებათა დაცვის შემთხვევაში კომიტეტი წინამდებარე ოქმის თანახმად წარდგენილ ნებისმიერ შეტყობინებას აცნობებს წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოს, რომელიც მტკიცების თანახმად, არღვევს პაქტის რომელიმე დებულებას.

2. შეტყობინების მიმღები სახელმწიფო ექვსი თვის მანძილზე წარუდგენს კომიტეტს წერილობით განმარტებებს ან განცხადებებს, სადაც განმარტებული იქნება ეს საკითხი და ნებისმიერი ღონისძიება, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, რომელიც შეიძლება ამ სახელმწიფოს მიერ იყო გამოყენებული.

მუხლი 5

1. კომიტეტი წინამდებარე ოქმის შესაბამისად მიღებულ შეტყობინებებს განიხილავს ცალკეული პირების და დაინტერესებული მონაწილე სახელმწიფოს მიერ მისთვის წარდგენილი ყველა წერილობითი მონაცემების გათვალისწინებით.

2. კომიტეტი არ განიხილავს პირთა არც ერთ შეტყობინებას, ვიდრე არ დარწმუნდება, რომ:

ა) იგივე საკითხი არ განიხილება საერთაშორისო გარჩევის ან მოწესრიგების სხვა პროცედურის შესაბამისად;

ბ) მოცემულმა პირმა ამოწურა სამართლებრივი დაცვის ყველა ხელმისაწვდომი შიდა სახელმწიფოებრივი საშუალება;

ეს წესი არ მოქმედებს ისეთ შემთხვევებში, როცა ამ საშუალებათა გამოყენება გაუმართლებლად ჭიანურდება.

3. ამ ოქმით გათვალისწინებული ცნობების განხილვისას კომიტეტი აწყობს დახურულ სხდომას.

4. კომიტეტი თავის მოსაზრებებს აცნობებს შესაბამის მონაწილე სახელმწიფოსა და პირს.

მუხლი 6

კომიტეტი პაქტის 45-ე მუხლით გათვალისწინებულ ყოველწლიურ მოხსენებას ურთავს წინამდებარე ოქმის შესაბამისად გაწეული საქმიანობის მოკლე ანგარიშს.

მუხლი 7

გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 1960 წლის 14 დეკემბერს, კოლონიური ქვეყნებისა და ხალხების დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ დეკლარაციის თაობაზე მიღებული 1514 (XV) რეზოლუციის მიზნების მიღწევამდე, წინამდებარე ოქმის დებულებები არანაირად არ ზღუდავს გაერთიანებული ერების წესდებითა და გაერთიანებული ერებისა და მისი სპეციალიზებული დაწესებულებების სხვა საერთაშორისო კონვენციებითა და დოკუმენტებით ამ ხალხისათვის მინიჭებულ პეტიციების წარდგენის უფლებას.

მუხლი 8

1. წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად პაქტის ხელმომწერი ყველა სახელმწიფოსათვის.

2. წინამდებარე ოქმი რატიფიცირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს მიერ, რომელმაც პაქტის რატიფიკაცია მოახდინა ან შეუერთ და მას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს.

3. წინამდებარე ოქმს შეუძლია შეუერთდეს ყველა სახელმწიფო, რომელმაც პაქტის რატიფიკაცია მოახდინა ან შეუერთდა მას.

4. შეერთებისათვის საჭიროა შეერთების დოკუმენტის დეპონირება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.

5. გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი აცნობებს ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს წინამდებარე ოქმს ან შეუერთდნენ მას, თითოეული სარატიფიკაციო სიგელის თუ შეერთების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.

მუხლი 9

1. პაქტის ძალაში შესვლის შემდეგ, ეს ოქმი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან დეპონირებული იქნება მეათე სარატიფიკაციო სიგელი ან შეერთების დოკუმენტი.

2. თითოეული სახელმწიფოსათვის, რომელიც წინამდებარე ოქმის რატიფიკაციას ახდენს ან უერთდება მას მეათე სარატიფიკაციო სიგელის ან შეერთების დოკუმენტის დეპონირების შედეგად, ეს ოქმი ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როცა დეპონირებული იქნება მისი საკუთარი სარატიფიკაციო სიგელი თუ შეერთების დოკუმენტი.

მუხლი 10

წინამდებარე ოქმის დებულებანი ვრცელდება ფედერაციულ სახელმწიფოთა ყველა ნაწილზე რაიმე შეზღუდვისა თუ გამონაკლისის გარეშე.

მუხლი 11

1. წინამდებარე ოქმის მონაწილე ყველა სახელმწიფოს შეუძლია შესთავაზოს შესწორებები და წარუდგინოს ისინი გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი შემოთავაზებულ შესწორებებს უგზავნის წინამდებარე ოქმის მონაწილე სახ ელმწიფოებს და სთხოვს შეატყობინონ, მომხრე არიან თუ არა, ამ წინადადების განსახილველად და მასზე კენჭის საყრელად მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მოწვევისა. თუ ასეთი კონფერენციის მოწვევას მხარს დაუჭერს მონაწილე სახელმწიფოთა არანაკლებ მესამედი, გენერალური მდივანი იწვევს ამ კონფერენციას გაერთიანებული ერების ეგიდით. ყველა შესწორებას, რომელსაც მიიღებს ამ კონფერენციის დამსწრე და კენჭისყრაში მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა, დასამტკიცებლად წარუდგენენ გაერ თიანებული ერების გენერალურ ასამბლეას.

2. შესწორებები ძალაში შედის მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცებს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა და კონსტიტუციური პროცედურების შესაბამისად მიიღებს წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოთა უმრავლესობა - ორი მესამედი.

3. შესწორებების ძალაში შესვლის შემდეგ, ისინი სავალდებულო ხდება იმ მონაწილე სახელმწიფოებისათვის, რომლებმაც მიიღეს, ხოლო სხვა მონაწილე სახელმწიფოებისათვის სავალდებულო რჩება წინამდებარე პაქტის დებულებები და მათ მიერ მიღებული ყველა წინა შესწორებები.

მუხლი 12

1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე ოქმის დენონსაცია გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის სახელზე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. დენონსაცია ძალაში შედის გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღებიდან სამი თვის შემდეგ.

2. დენონსაცია ხელს არ უშლის წინამდებარე ოქმის დებულებების გამოყენების გაგრძელებას ყოველგვარ შეტყობინებასთან, რომელიც წარდგენილია მე-2 მუხლის შესაბამისად დენონსაციის ძალაში შესვლის თარიღამდე.

მუხლი 13

წინამდებარე ოქმის მე-8 მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად შეტყობინებისაგან დამოუკიდებლად გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი პაქტის 48-ე მუხლის 1 პუნქტში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს აცნობებს შემდეგს:

ა) მე-8 მუხლის თანახმად, ხელმოწერების, რატიფიკაციებისა და შეერთებების შესახებ;

ბ) მე-9 მუხლის თანახმად, წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის თარიღს და მე-11 მუხლის თანახმად, ყოველგვარი შესწორებების ძალაში შესვლის თარიღს;

ც) მე-12 მუხლის თანახმად, დენონსაციის შესახებ.

მუხლი 14

1. ეს ოქმი, რომლის ესპანური, ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური ტექსტები ერთნაირად ავთენტურია, შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების არქივს.

გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი წინამდებარე ოქმის დამოწმებულ პირებს უგზავნის პაქტის 48-ე მუხლში აღნიშნულ ყველა სახელმწიფოს.

5 სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მეორე ფაკულტატური ოქმი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ

▲ზევით დაბრუნება


მიღებულია და გამოცხადებულია გენერალური ასამბლეის 4//128 რეზოლუციით 1989 წლის 15 დეკემბერს ამ ოქმის მონაწილე სახელმწიფოებს სჯერათ რა, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება ხელს შეუწყობს ადამიანის ღირსების ამაღლებას და ადამიანის უფლებების პროგრესულ განვითარებას;

იხსენებენ რა, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციას და 1966 წლის 16 დეკემბრის საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ,

აღნიშნავენ რა, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლი მკაცრად მიუთითებს, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება სასურველია;

ითვალისწინებენ რა, რომ სიკვდილით დასჯის გაუქმება განხილულ უნდა იქნას როგორც სიცოცხლის უფლებით სარგებლობის საკითხში პროგრესული ნაბიჯი;

სურვილით განმსჭვალულნი მოქმედებაში მოიყვანონ საერთაშორისო მიზანდასახულობა სიკვდილით დასჯის გაუქმების გზაზე

მუხლი 1

1. წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოს იურისდიქციაში არავინ შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს.

2. თითოეულმა მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომები, რათა მათი იურისდიქციის ფარგლებში გაუქმდეს სიკვდილით დასჯა.

მუხლი 2

1. წინამდებარე ოქმზე დათქმები დაუშვებელია, გარდა რატიფიკაციისა და მიერთების დროს დადებული დათქმებისა, რომელიც უზრუნველყოფს ომის დროს სიკვდილით დასჯის გავრცელებას სამხედრო ხასიათის ყველაზე საშიშ დანაშაულებებზე.

2. მონაწილე სახელმწიფომ რომელიც რატიფიკაციის ან მიერთების დროს დათქმას აკეთებს გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს უნდა აცნობოს ქვეყნის კანონმდებლობის იმ დებულებების შესახებ, რომლებიც ომის დროს გამოიყენება.

3. მონაწილე სახელმწიფომ რომელსაც გაკეთებული აქვს დათქმა გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანს უნდა აცნობოს მის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მდგომარეობის დაწყების და დასრულების შესახებ.

მუხლი 3

წინამდებარე ოქმის მონაწილე სახელმწიფოებმა მათ მიერ ადამიანის უფლებების კომიტეტში წარდგენილ მოხსენებებში პაქტის მე-40 მუხლის შესაბამისად უნდა შეიტანონ ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მათ მიერ მიღებულ იქნა წინამდებარე ოქმის განსახორციელებლად.

მუხლი 4

პაქტის იმ მონაწილე სახელმწიფოებთან მიმართებაში რომლებმაც 41-ე მუხლის შესაბამისად აღიარეს ადამიანის უფლებების კომიტეტის კომპეტენცია, მიიღოს და განიხილოს შეტყობინებები, უნდა გავრცელდეს ამ ოქმის დებულებებზეც, როდესაც ერთი მონაწილე სახ ელმწიფო ამტკიცებს, რომ მეორე მონაწილე სახელმწიფო არ ასრულებს მის ვალდებულებებს, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მონაწილე სახელმწიფოს რატიფიკაციის ან მიერთების დროს გაკეთებული აქვს საწინააღმდეგო განცხადება.

მუხლი 5

1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის პირველი ფაკულტატური ოქმის მონაწილე სახელმწიფოებთან მიმართებაში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის კომპეტენცია მიიღოს და განიხილოს შეტყობინებები სახელმწიფოს იურისდიქციას დაქვემდებარებული ინდივიდებისაგან, უნდა გავრცელდეს წინამდებარე ოქმის დებულებებზეც, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მონაწილე სახელმწიფოს რატიფიკაციის ამ მიერთების დროს გაკეთებული აქვს საწინააღმდეგო განცხადება.

მუხლი 6

1. წინამდებარე ოქმის დებულებები უნდა განვიხილოთ როგორც პაქტის დამატებითი დებულებები.

2. წინამდებარე ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად დათქმის გაკეთების შესაძლებლობის შეზღუდვის გარეშე, წინამდებარე ოქმის I მუხლის I პუნქტში აღნიშნული უფლება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას პაქტის მეოთხე მუხლის დებულებების შესაბამისად.

მუხლი 7

1. წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად პაქტის ხელმომწერი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის.

2. წინამდებარე ოქმი ექვემდებარება რატიფიკაციას იმ სახელმწიფოს მიერ, რომელმაც მოახდინა პაქტის რატიფიკაცია ან მიუერთდა მას. რატიფიკაციის დოკუმენტების დეპონირება ხდება გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან.

3. წინამდებარე ოქმი ღია უნდა იყოს მისაერთებლად იმ სახელმწიფოსათვის რომლებმაც მოახდინეს პაქტის რატიფიკაცია ან მიუერთდნენ მას.

4. მიერთება ძალაშია მიერთების დოკუმენტების გაერთიანებული ერების მდივანთან დეპონირების შემდეგ.

5. გაერთიანებული ერების გენერალურმა მდივანმა თითოეულ სახელმწიფოს, რომელმაც ხელი მოაწერა ან მიუერთდა წინამდებარე ოქმს უნდა აცნობოს რატიფიკაციის ან მიერთების თითოეული დოკუმენტის დეპონირების შესახებ.