The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

შეიცან თავი შენი (მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის)

შეიცან თავი შენი (მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გვარამაძე ნინო, ხუროშვილი ანა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
საავტორო უფლებები: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
თარიღი: 1996
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: შეიცან თავი შენი : მეთოდ. სახელმძღ. მასწ. / [ავტ.: ნინო გვარამაძე, ანა ხუროშვილი ; მხატვ.: თამაზ ხუციშვილი] - თბ. : წითელი ჯვრის საერთ. კომ-ტი, 1996 - 40გვ. ; 29სმ. - : უფ.[MFN: 6261] სამოქალაქო განათლების განყოფილება დამტკიცებულია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი. თბილისი, 2004 წიგნი მომზადდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატის ალენ დელეტროზის ზოგადი ხელმძღვანელობით ავტორები: ნინო გვარამაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხუროშვილი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი მხატვარი: თამაზ ხუციშვილი გამომცემლობა „სი-ჯი-ეს“, თბილისი, 0119, ა. წერეთლის პროსპექტი 118



1 გამოყენებული გამოცემები

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი საუნჯე ტ. 7 თბილისი, „ნაკადული“, 1960 წ.

ჩვენი საუნჯე ტ. 8 თბილისი, „ნაკადული“, 1960 წ.

ა. ჭილაია, რ. ჭილაია. ლიტერატურათმცოდნენობის საკითხები. თბილისი, თსუ, 1984წ.

ა. სულაკაური. მოთხრობები. თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1972 წ.

შ. ნიშნიანიძე. რჩეული. თბილისი, „მერანი“, 1984 წ.

ნ. დუმბაძე. თხზულებანი 4 წიგნად. წიგნი I. თბილისი, „მერანი”, 1988 წ.

რ. ინანიშვილი. მოთხრობები. თბილისი, „მერანი“, 1989 წ.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. თბილისი, „ქსე“, 1986 წ.

უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბილისი, „განათლება“, 1973 წ.

P. Boissier. Henry Dunant, Institut Henry-Dunant, 1974

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


პატივცემულო კოლეგებო!

სიამოვნებით წარმოგიდგენთ თქვენ, ქართული ლიტერატურის მასწავლებლებს, დამხმარე სახელმძღვანელოს მეექვსე კლასელთათვის.

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ გამოსცა იგი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა?

ეს გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ცოდნის გავრცელება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ. ეს სამუშაო ტრადიციულად მოზრდილთა შორის ტარდებოდა. ცხადია, რომ გარკვეულ თვისებათა ჩამოყალიბებისათვის მოზარდის ასაკი ყველაზე უფრო ხელსაყრელია. სწორედ ამიტომ, ლოტერატურის გაკვეთილებზე, თქვენ არა ერთხელ გისაუბრიათ მათთან ადამიანურობაზე. ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოზარდთათვის ამის შეხსენება კიდევ ერთხელ, მით უმეტეს, რომ ლიტერატურის სწავლება სკოლაში ამ მიმართულებით უამრავ შესაძლებლობას იძლევა. გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქროთ მოზარდები სხვათა სატანჯველზე და ქმედითი დახმარების იდეაზე, ომის საშინელებებსა და მტრის, როგორც ადამიანის პატივისცემაზე, ადამიანთა გულგრილობაზე, საკუთარ შესაძლებლობებზე, პასუხისმგებლობაზე გარშემო მყოფთა მიმართ.

მასალა ორი ნაწილისაგან შედგება: წიგნი მოსწავლეთათვის და მითითებანი მასწავლებელთა სახელმძღვანელოდ. ამ უკანასკნელში ჩამოყალიბებულია ის მიზნები, რომლებსაც ისახავს ამა თუ იმ ტექსტის გაცნობა, შეტანილია შენიშვნები, დასკვნები და ინფორმაცია მასწავლებლისათვის, რაც დაეხმარება მას მასალის სპეციფიკის აღქმაში. დაწვრილებით არის აღწერილი ყველა გაკვეთილი, რაც არ გამორიცხავს მასწავლებლის შემოქმედებით მიდგომას. მასწავლებელი არ უნდა შემოიფარგლოს ცალკეული გაკვეთილის შესავალში მოცემული მითითებით, თუმცა, უნდა დაიცვას დავალებათა შესრულების და კითხვათა დასმის თანმიმდევრობა, რათა არ დაირღვეს თითოეული თემის აგების ლოგიკა - შინაარსის აღქმა, შინაარსის ღრმად გააზრება, დაფიქრება საკუთარ დამოკიდებულებაზე ნაწარმოებში აღწერილი მოვლენების მიმართ.

გამოყენებული მეთოდიკა არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებას. მისი დანიშნულებაა ტექსტის შინაარსის გააზრება, აზროვნების უნარის განვითარება და აზრის გამოთქმა, სხვისი მოსმენისა და კამათის ჩვევის გამომუშავება. მისი მიზანია, აგრეთვე, მიაჩვიოს ბავშვები მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ძიებას.

მოსწავლის წიგნში მოცემულია ტექსტები, სიტყვათა ახსნა და დავალებები, რომლებიც მოსწავლემ დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. სიტყვა „დავალება“ არ გულისხმობს მხოლოდ „საშინაო დავალებას“. ზოგიერთი უნდა შესრულდეს გაკვეთილზე. როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის წიგნში არის პირობითი ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ, წერილობით სრულდება დავალება თუ არა.

გაკვეთილებზე ბევრი დრო ეთმობა საუბარს, რაც, ჩვენი აზრით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთობის დამყარების მეტ საშუალებას იძლევა, ვიდრე დავალების წერილობითი შესრულება. მეთოდურ მითითებებში დასმული კითხვები ვარაუდობს აზრთა სხვადასხვაობას ზეპირი პასუხის გაცემის დროს. მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მოუსმინოს თითოეულ მოსწავლეს. მისცეს მათ ერთმანეთთან კამათისა და აზრის დასაბუთების საშუალება. მან უნდა წარმართოს მსჯელობა, მაგრამ არ მოახვიოს მოსწავლეებს თავს საკუთარი აზრი. შემოთავაზებული მეთოდიკა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გაარკვიონ თავიანთი დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენებისადმი. ამან განსაზღვრა წიგნის სათაურიც.

ყველა ავტორისეულ ტექსტში სტილი დაცულია.

წიგნში შესულია ერთი თარგმნილი ტექსტი - ანრი დიუნანის, წითელი ჯვრის მოძრაობის დამაარსებელის, ბიოგრაფია.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სასურველ შედეგს გამოიღებს.

წარმატებებს გისურვებთ მუშაობაში.

პირობითი ნიშნები

0x01 graphic

დაწერე!

0x01 graphic

დახატე!

0x01 graphic

მოიფიქრე!

0x01 graphic

მოძებნე ტექსტში!

3 ანრი დიუნანი (1828-1910) - წითელი ჯვრის დამაარსებელი

▲ზევით დაბრუნება


მასალას ეთმობა ერთი გაკვეთილი.

გაკვეთილის მიზანი

ზ ო გ ა დ ი - ინფორმაციის მიწოდება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობისა და მისი ემბლემის შესახებ. ქმედითი თანაგრძნობის მაგალითის ჩვენება. დაფიქრება ადამიანის წინაშე პასუხისმგებლობაზე.

კ ე რ ძ ო - მივაწოდოთ მოსწავლეებს „ბიოგრაფიის“ ცნება.

გაკვეთილის სტრუქტურა

შესავალი
ტექსტზე მუშაობა

შესავალი

მასწავლებელი სვამს რამდენიმე კითხვას.

  • რა არის ბიოგრაფია?

  • ბიოგრაფია ბერძნული სიტყვაა და ადამიანის ცხოვრების აღწერას ნიშნავს.

  • ბიოგრაფია აქვს ყველას. რატომ სწავლობენ მხოლოდ ზოგიერთი ადამიანის ბიოგრაფიას?

  • შეისწავლიან იმ ადამიანთა ბიოგრაფიას, რომელთა მოღვაწეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისათვის.

დღეს გავეცნობით ერთი ცნობილი ადამიანის, ანრი დიუნანის ბიოგრაფიას. ეს გახლავთ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის დამაარსებელი.

ტექსტზე მუშაობა

ტექსტის გასაცნობად მიზანშეწონილია: მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხონ თითოეული სეგმენტი; მასწავლებელმა ახსნას უცხო სიტყვები; თითოეული სეგმენტის წაკითხვის შემდეგ გააკეთოს მოკლე კომენტარი, უცხო სიტყვები ამოიწეროს დაფაზე.

ინფორმაცია მასწავლებლისათვის

შვეიცარიის დროშა წარმოაგენს თეთრ ჯვარს წითელ ფონზე.

ტექსტის განმტკიცების მიზნით მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს შემდეგ წინადადებებს და შერჩევით სთავაზობს მოსწავლეებს პასუხის გაცემას.

შენიშვნა: მასწავლებელი არ მიუთითებს მოსწავლეს პასუხის სისწორეზე, ვიდრე არ მოისმენს ყველა პასუხს დასმულ კითხვაზე.

სწორია თუ არასწორი:

1. ეს ტექსტი დაწერილია

ა. ანრი დიუნანის ცხოვრების გასაცნობად; (სწორი)

ბ. წითელი ჯვრის მოძრაობის წარმოშობის გასაცნობად; (სწორი)

გ. რაიმე გადაწყვეტილების გასაცნობად; (არასწორი)

2. ანრი დიუნანი იყო იტალიელი; (არასწორი)

3. ანრი დიუნანი იყო სანიტარი; (არასწორი)

4. ანრი დიუნანს თავზარი დასცა სოლფერინოსთან ნანახმა სურათმა; (სწორი)

5. ანრი დიუნანმა სოლფერინოსთან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო როგორც ჯარისკაცმა; (არასწორი)

6. ანრი დიუნანმა შექმნა ორგანიზაცია, რომელიც დახმარებას აღმოუჩენდა დაჭრილებს მთელს მსოფლიოში; (სწორი)

7. ანრი დიუნანმა პირველმა მიიღო ნობელის პრემია მშვიდობისათვის. (სწორი)

0x01 graphic

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს დავალება 1-ის შესრულებას.
ისინი პოულობენ და ხმამაღლა კითხულობენ შემდეგ ნაწყვეტებს:

ა) „მან გადაწყვიტა მოხალისეთა მოხმობა სოლფერინოს მოსახლეობიდან. ისინი საოცრად დამფრთხალნი იყვნენ და დიდი ხალისით არ შეხვედრიან დიუნანის წინადადებას“.

ბ) „ჟენევაში დაბრუნების შემდეგ დიუნანი არ დაკმაყოფილდა იმ საშინელი მდგომარეობის აღწერით, რომელშიც ჯარისკაცები იხილა სოლფერინოსთან ბრძოლის შემდეგ. მან წამოაყენა იდეა, შეემუშავებინათ კონვენცია ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ და ყველა ქვეყანას ხელი მოეწერა მასზე“.

ყველა არსებული პასუხი მოსმენილი და განხილული უნდა იქნეს.

0x01 graphic

შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ დავალება 2-ს. პასუხების ირგვლივ უნდა გაიმართოს მსჯელობა.

მასწავლებელი ხმამაღლა კითხულობს შემდეგ ორ წინადადებას და სთხოვს მოსწავლეებს უპასუხონ, სწორია თუ არასწორი.

ა) წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ (სწორი)

ბ) წითელი ჯვრის ემბლემის მქონე მანქანებით შეიძლება ჯარის ნაწილების გადაყვანა (არასწორი)

შენიშვნები:ა) უფლებებში იგულისხმება ორივე ემბლემის დაცვითი ფუნქცია.

ბ) არადამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების შემთხვევაში საჭიროა განმეორებითი ახსნა.

0x01 graphic

ემბლემის შესახებ საუბრის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები ასრულებენ დავალება 3-ს.

დავალება 3 მოწოდებულია დააფიქროს მოსწავლეები განსხვავებაზე თანაგრძნობასა და ქმედით თანაგრძნობას შორის, დიუნანის საქციელის მოტივებზე. მოსწავლეები დამოუკიდებლად ფიქრობენ ა) - დ) კითხვებზე და შემდეგ გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს.

საუბარი ვითარდება შემდეგი მიმართულებით: პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს გულგრილ ადამიანთან, მეორეში ადამიანთან, რომელსაც აქვს სიბრალულის უნარი. შედეგი, სამწუხაროდ, ორივე შემთხვევაში იქნებოდა ერთნაირი, ვინაიდან მხოლოდ სიბრალული საკმარისი არ არის.

დასკვნა: ქმედება გვაძლევს შედეგს. შებრალებამ და პასუხისმგებლობის გრძნობამ ადამიანის წინაშე უბიძგა ანრი დიუნანს მოქმედებისაკენ.

0x01 graphic

დავალება 4-ის მიზანია მოსწავლეებმა განასხვაონ მთავარი მეორეხარისხოვნისგან.

შენიშვნა: სწორ გაგრძელებას წარმოადგენს მეორე ვარიანტი. არასწორი პასუხის მიღების შემთხვევაში უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზე, რომ დიუნანი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ სოლფერინოსთან დაჭრილთა დახმარებით, არამედ შეეცადა გლობალური პრობლემის გადაწყვეტას და შექმნა მსოფლიო მნიშვნელობის ორგანიზაცია.

4 რევაზ ინანიშვილი. ნაწყვეტი მოთხრობიდან „ანდერძი“

▲ზევით დაბრუნება


მასალა გათვალისწინებულია ორი გაკვეთილისათვის.

გაკვეთილების მიზანი

ზ ო გ ა დ ი - ვაჩვენოთ მოსწავლეებს ადამიანური ურთიერთობების უპირატესობა მომხვეჭელობასთან შედარებით. ვაჩვენოთ მოსწავლეებს მაგალითი იმისა, რომ საკუთარი ღირსების დაცვისას ადამიანს უნდა ამოძრავებდეს საკუთარი თავისა და სხვის მიმართ პატივსცემის გრძნობა და არა შურისძიების წყურვილი.

კ ე რ ძ ო -მივაწოდოთ მოთხრობის ცნება. გავაცნოთ მისი ზოგიერთი თავისებურება.

4.1 პირველი გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

შესავალი
ტექსტზე მუშაობა

შესავალი

მასწავლებელი ატყობინებს მოსწავლეებს, რომ ისინი გაეცნობიან რევაზ ინანიშვილის მოთხრობას „ანდერძი“. ავტორი მათი თანამედროვეა. მან ბევრი საინტერესო მოთხრობა დაწერა ბავშვებისათვის.

კითხვა 1.ცნობილია თუ არა თქვენთვის რა არის მოთხრობა?

მ ო თ ხ რ ო ბ ა არის საშუალო ზომის მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც თხრობის გზით არის აღწერილი სინამდვილე. იგი ხასიათდება თემატიკური მრავალფეროვნებით (ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სათავგადასავლო, აღმზრდელობითი და სხვა).

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ მათ მიერ სხვადასხვა დროს წაკითხული რამდენიმე მოთხრობა და ავტორი.

კითხვები:

2. რა არის ანდერძი?

3. რა შინაარსი შეიძლება ჰქონდეს მას?

ტექსტზე მუშაობა

მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ ტექსტს.

შემდეგი კითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ მოთხრობის შინაარსის აღქმას.

კითხვები:

4. საქართველოს რომელი კუთხიდან არის მოთხრობის მთავარი გმირი?

5. ვის შეხვდა ის ერთხელ გზაზე?

6. რატომ დასცინეს ხევსურებმა?

7. რა უპასუხა ფშაველმა?

8. რა მოიმოქმედა ფშაველმა?

9. რა რეაქცია ქონდათ ხევსურებს ცხენის დანახვისას?

10. როგორ გადაწყვიტეს, თუ რომელი ცხენი ჯობდა?

11. ვინ გაიმარჯვა შეჯიბრში?

12. როგორ მოიქცნენ ხევსურები?

13. რით დასრულდა ამბავი?

4.2 მეორე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

შინაარსის გააზრება
წერითი სამუშაოს შესრულება
საშინაო დავალების ახსნა

შინაარსის გააზრება

კითხვები:

  1. რა თემაზეა დაწერილი მოთხრობა? ისტორიულ, საყოფაცხოვრებო, სათავგადასავლო, აღმზრდელობით, დეტექიურ,...

  2. თქვენი აზრით, რატომ იყო სირცხვილი ვაჟკაცისთვის ჭაკზე ჯდომა?

  3. რა ფასად შეიძინა ფშაველმა ცხენი და რატომ?

შენიშვნა: კარგი ცხენი და იარაღი ვაჟკაცობის ატრიბუტს წარმოადგენდა და არა მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოს.

  1. როგორ გაანდო ფშაველმა თავისი გადაწყვეტილება ცოლს? მოძებნეთ და წაიკითხეთ ხმამაღლა შესაბამისი ადგილი ტექსტში.

  2. რატომ არ შეეწინააღმდეგა ფშაველს ცოლი ცხენის ყიდვაში?

  3. რა დამოკიდებულება იხატება ფშაველის ოჯახის წევრებს შორის? (ურთიერთსიყვარული, ურთიერთგაგება, პატივისცემა, ახლობელზე ზრუნვა).

  4. ხევსურთა რა თვისებებს აღნიშნავს ავტორი?

  5. შეიძლება თუ არა ორი ხევსურის თვისების ყველაზე განზოგადება?

  6. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავდა ხევსურებისთვის შეჯიბრში დამარცხება? იპოვეთ ტექსტში ის ადგილი, რომელიც გამოხატავს ხევსურთა მდგომარეობას შეჯიბრში დამარცხების შემდეგ.

  7. თანაუგრძნობდა თუ არა ფშაველი ხევსურებს შეჯიბრში დამარცხებისას?

  8. რატომ მოიქცა ფშაველი ისე, როგორც ეს არის აღწერილი?

აუცილებელია ყველა პასუხის მოსმენა და ბავშვების მიყვანა იმ აზრამდე, რომ ფშაველი, პირველ რიგში, იცავდა საკუთარ ღირსებას, მაგრამ, ამავე დროს, უფრთხილდებოდა ხევსურთა თავმოყვარეობას. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო კეთილი ურთიერთობების დამყარება, ვიდრე სიმდიდრის მოხვეჭა.

0x01 graphic

მასწავლებელი გაკვეთილზე შესასრულებლად აძლევს კლასს დავალება 1-ს.

0x01 graphic

შემოწმებისთანავე სთავაზობს დავალება 2-ის შესრულებას.
დავალება სრულდება ზეპირად და გულისხმობს მსჯელობას.

საშინაო დავალების ახსნა

0x01 graphic

სახლში შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 3.

მათ აგრეთვე უნდა წაიკითხონ ნაწყვეტი რომანიდან „მე ვხედავ მზეს“.

5 ნოდარ დუმბაძე. „დანკე შონ“. ნაწყვეტი რომანიდან „მე ვხედავ მზეს“

▲ზევით დაბრუნება


მასალას ეთმობა ორი გაკვეთილი.

გაკვეთილების მიზანი

ზ ო გ ა დ ი - მივიყვანოთ მოზარდები სამხედრო ტყვეების პატივისცემის იდეამდე.
კ ე რ ძ ო - მივაწოდოთ მოზარდებს „დიალოგის“ ცნება.

5.1 პირველი გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
ტექსტზე მუშაობა

საშინაო დავალების შემოწმება

მასწავლებელი აკითხებს მსურველებს სახლში შესრულებულ წერით დავალებას.

ტექსტზე მუშაობა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ, თუ რა იციან ნოდარ დუმბაძისა და მისი ნაწარმოებების შესახებ. ცნობილია, რომ ბევრი რამ, აღწერილი ნ. დუმბაძის მხატვრულ ნაწარმოებებში, პირადად მის მიერ არის ნანახი და განცდილი.

მასწავლებელი აქცევს მოსწავლეთა ყურადღებას სახლში წაკითხული ნაწყვეტის თავისებურებას, რომ თითქმის მთელი ტექსტი შედგება პერსონაჟების მიერ წარმოთქმული სიტყვებისაგან, მასში ნაკლებად არის თხრობა. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს, იციან თუ არა რა ეწოდება ასეთ ფორმას. პასუხის მიღების შემდეგ განუმარტავს დიალოგის ცნებას.

დ ი ა ლ ო გ ი (ბერძნ.dialogos), ორთა შორის გასაუბრების, სიტყვამიგების ფორმა მხატვრულ ლიტერატურაში.

ნაწყვეტის ფაბულა მარტივია, მაგრამ მოცემულია დიალოგის სახით და ამიტომ, უმჯობესია, ერთმა ან რამდენიმე მოსწავლემ გადმოსცეს იგი მესამე პირში.

შემდეგ 5 კითხვაზე პასუხის გაცემა და დავალება 1-ის შესრულება წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს ომის შედეგებზე.

კითხვები:

1. სად ხდება მოქმედება?

2. როდის ხდება მოქმედება?

შენიშვნა: ტექსტში არ არის პირდაპირ მინიშნებული მოქმედების ადგილი და დრო. მოსწავლეებს ეს უნდა გაეგოთ მასწავლებლის საუბრიდან.

3. მიმდინარეობდა თუ არა საომარი მოქმედება აღწერილ სოფელში?

0x01 graphic

კითხვა 3-ზე პასუხის გაცემის შემდეგ სრულდება დავალება 1.

ის მიანიშნებს მოსახლეობის გაჭირვებულ მდგომარეობაზე. ეს კი აძლიერებს მამიდის მოქმედებით მიღებულ შთაბეჭდილებას. დავალების შემოწმების შემდეგ მასწავლებელი განაგრძობს კითხვების დასმას.

კითხვები

4. რატომ გამოიწვია ომმა შიმშილი?

5. რა მოიტანა ომმა?

შენიშვნა: ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას უნდა აღინიშნოს, რომ იტანჯებოდა მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც უშუალოდ არ იღებდა მონაწილეობას ომში. ისინი შიმშილობდნენ. მათ დაკარგეს ახლობლები, დასახიჩრებული დაუბრუნდნენ ოჯახის წევრები. მასწავლებელმა უნდა მიუთითოს გერმანელი ტყვის ტანჯვაზეც (ესეც ომის შედეგია). უთუოდ იტანჯებოდა გერმანიის ზურგში მყოფი მოსახლეობაც.

დასკვნა: ომს უბედურება მოაქვს მათთვის, ვინც იბრძვის და იმათთვისაც, ვინც ზურგშია.

5.2 მეორე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

ტექსტზე მუშაობა
საუბარი ტექსტში დასმული საკითხების შესახებ
საშინაო დავალების ახსნა

ტექსტზე მუშაობა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ, რაზე იყო საუბარი წინა გაკვეთილზე და ვინ არიან მოქმედი პირნი მოცემულ ნაწყვეტში?

0x01 graphic

მასწავლებელი შესასრულებლად აძლევს კლასს დავალება 2-ს.

დავალება 2 საშუალებას მოგვცემს წინა პლანზე წამოვწიოთ მამიდის პიროვნება. ამავე დროს, მოსწავლეები ეცნობიან პერსონაჟის ხატვის არაპირდაპირ ხერხს, როდესაც პიროვნება ხასიათდება სხვა მოქმედ პირთა დამოკიდებულებისა და გამოთქმული აზრის საფუძველზე.

შენიშვნა: ეს ნაწყვეტებია:

„ვიცოდი, რცხვენოდა მეზობელთან ფქვილისათვის გადასვლა, სიკვდილი იყო მისთვის მისი მოწაფის მშობლისათვის ფქვილის გამორთმევა. მესმოდა ყველაფერი ეს, მაგრამ მაინც ვჯიუტობდი, რადგან მეშინოდა, მინას ჩემთვის უარი არ ეთქვა, მამიდას კი, თუკი სადმე მივიდოდა, უარს ვერ ეტყოდნენ და ლუკმას გაუყოფდნენ.“

„სუ, სოსოია, მამიდა, სუ, წაიღოს, კიდე რა გინდა? თქვი, გერმანელო, რა გინდა?.. არ ეშვებოდა მამიდა ტყვეს...“

„მამიდამ ჯიბეში ხელი ჩამიყო, ამომიტრიალა და რაც თუთუნი მქონდა, გერმანელს გაუწოდა. - აიღე, აიღე და წადი, აიღე ჰო!.. გერმანელს ორივე ხელი დაკავებული ჰქონდა. მამიდამ თავისი ხელით ჩაუყარა ჯიბეში ჩემი თუთუნი.“

კითხვა 1: მამიდის რა თვისებები ვლინდება ამ ნაწყვეტებში?

0x01 graphic

მასწავლებელი ავალებს კლასს დავალება 3-ის შესრულებას.

კითხვები:

2. თქვენი აზრით, რამ უბიძგა მამიდას, მიეცა ტყვისათვის უკანასკნელი ლუკმა?

3. რას ფიქრობთ, სწორად მოიქცა თუ არა მამიდა, როცა სოსოიას უკანასკნელი ლუკმა წაართვა და გერმანელს მისცა?

4. ყველა ასე მოიქცეოდა მამიდის ადგილზე?

5. კიდევ როგორ შეიძლებოდა მოქცევა?

6. ეთანხმებოდა თუ არა სოსოია იმ მომენტში მამიდას?

7. თქვენი აზრით, მიიჩნევდა თუ არა სოსოია მამიდის საქციელს სწორად მრავალი წლის შემდეგ? რატომ ფიქრობ ასე?

მასწავლებელი აძლევს ბავშვებს აზრის გამოთქმისა და დასაბუთების საშუალებას.

საუბარი ტექსტში დასმული საკითხების ირგვლივ

8. თქვენი აზრით, საერთოდ როგორ უნდა მოექცეთ სამხედრო ტყვეებს?

შენიშვნა: მასწავლებელი მზად უნდა იყოს ყველანაირი პასუხისათვის. არ უნდა დატუქსოს მოსწავლე და მოთმინებით წარმართოს მსჯელობა. აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ტყვე სრულიად უმწეოა და მთლიანად არის დამოკიდებული მასზე, ვის ხელშიც იმყოფება.

საშინაო დავალების ახსნა

0x01 graphic

სახლში შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 4.

ნახატების გამოფენა მოეწყობა კლასში.

მასწავლებელმა არ უნდა მიუთითოს, თუ რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.

6 აკაკი წერეთელი. ნაწყვეტი პოემიდან „თორნიკე ერისთავი“.

▲ზევით დაბრუნება


მასალას ეთმობა ორი გაკვეთილი.

გაკვეთილების მიზანი

ზ ო გ ა დ ი - სამხედრო ტყვეების, მოწინააღმდეგეთა დაჭრილებისა და დაღუპულებისადმი მიმტევებლური, ლმობიერი დამოკიდებულების იდეის განვითარება. თორნიკეს მაგალითით ჩვენება იმისა, თუ როგორ უნდა იქცეოდეს გამარჯვებული, თუ ის ღირსეული პიროვნებაა.

კ ე რ ძ ო - გავაცნოთ მოსწავლეებს ეპიზოდის რაობა.

6.1 პირველი გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

შესავალი
ტექსტზე მუშაობა
საშინაო დავალების ახსნა

შესავალი

მასწავლებელი ატყობინებს მოსწავლეებს, რომ ისინი გაეცნობიან ეპიზოდს პოემიდან „თორნიკე ერისთავი“.

ე პ ი ზ ო დ ი ბერძნული წარმოშობის სიტყვაა. იგი აღნიშნავს მხატვრულ ნაწარმოებში განსახიერებული სინამდვილის მცირე ნაწილს, ადამიანის ცხოვრების პატარა მონაკვეთს.

ნაწარმოების სიუჟეტთან კავშირის მიხედვით ეპიზოდი შეიძლება იყოს:

ა) ჩართული, რომელიც ორგანულად არ შედის სიუჟეტის ქსოვილში, მაგრამ მისი არსებობა ხელს უწყობს მხატვრული სურათის, სახის სრულ წარმოდგენას.

ბ) ნაწარმოების ორგანული ნაწილი, რომელიც სიუჟეტის ქსოვილშია ჩართული.

პოემის ავტორი არის ცნობილი ქართველი პოეტი აკაკი წერეთელი. მასწავლებელი სთხოვს გაიხსენონ, ამ ავტორის რომელი ნაწარმოები არის მათთვის ცნობილი.

პოემაში აღწერილია მეათე საუკუნეში მომხდარი ფაქტი. მეფე დავით კურაპალატის მეფობის დროს საქართველომ შეძლო ბერძნებისათვის ხელის გამართვა დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

ტექსტზე მუშაობა

მასწავლებელი თვითონ გამოთქმით კითხულობს ტექსტს (სასურველია, ზეპირად). ეს დაეხმარება მოსწავლეებს აღიქვან მხატვრული ქსოვილი მთლიანობაში. ამის შემდეგ მასწავლებელი აკითხებს ხმამაღლა სხვადასხვა მოსწავლეს თითო სტროფს, თან სთხოვს მისი შინაარსის გადმოცემას. გზადაგზა ხსნის გაუგებარ სიტყვებს და წერს დაფაზე.

ეპიზოდის ცნების უკეთ გაგებისათვის მასწავლებელი, ტექსტის წაკითხვის შემდეგ, სვამს კითხვას:

  1. რა სახის ეპიზოდს გავეცანით ამ გაკვეთილზე? (ბ).

პირველი ნაწყვეტის შინაარსის სრულფასოვნად აღქმის მიზნით მასწავლებელს შეუძლია დასვას რამდენიმე კითხვა.

კითხვები:

  1. რომელ ქვეყანაზეა საუბარი პირველ ნაწყვეტში?

  2. როგორი ქვეყანა იყო ოდესღაც საბერძნეთი?

  3. როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა?

  4. ვინ იყო მისი ყველაზე საშიში მტერი?

  5. ვის მიმართა საბერძნეთმა დახმარებისათვის?

  6. ვინ დანიშნა მეფემ მთავარსარდლად?

  7. ვინ ებრძოდა ერთმანეთს?

  8. რით დამთავრდა გადამწყვეტი ბრძოლა?

0x01 graphic

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დავალება 1-ის შესრულებას. დავალების შესრულების სისწორე გაკვეთილზევე უნდა შემოწმდეს.

შემოწმებისთანავე მასწავლებელი სვამს კითხვას:

  1. შეიძლება, რომ დაღუპული ადამიანი, თუნდაც ერთი, ჩაითვალოს უმნიშვნელო დანაკარგად?

შენიშვნა: როდესაც ლაპარაკია ომში დაღუპულთა რიცხვზე, ის ყოველთვის მიახლოებითია, მაგრამ ყოველი დაღუპული ადამიანის მიღმა დგანან მისი ახლობლები, რომელთათვისაც ეს დანაკლისი აუნაზღაურებელია.

საშინაო დავალების ახსნა

სახლში შესასრულებლად მასწავლებელი აძლევს კლასს დავალება 2-ს.

6.2 მეორე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
საუბარი ნაწარმოებში წამოჭრილი საკითხების შესახებ
შემოქმედებითი ხასიათის დავალების შესრულება და განხილვა

საშინაო დავალების შემოწმება

მასწავლებელი აზუსტებს, ვინ ისწავლა ზეპირად თორნიკეს სიტყვები.

0x01 graphic

კლასში შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 3. დავალება მოწმდება შესრულებისთანავე.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  1. რომელ ნაწყვეტშია ნაჩვენები თორნიკეს დამოკიდებულება დაჭრილებისა და დაღუპულებისადმი?

  2. რომელ ნაწყვეტშია ნაჩვენები თორნიკეს დამოკიდებულება ტყვეებისადმი?

საუბარი ნაწარმოებში წამოჭრილი საკითხების შესახებ

  1. შეხვედრიხართ თუ არა სადმე საკითხს ტყვეებთან დამოკიდებულების შესახებ?

  2. თქვენი აზრით, აქვს თუ არა აზრი ამ საკითხზე საუბარს დღევანდელ დღეს? რატომ?

შემოქმედებითი ხასიათის დავალების შესრულება და განხილვა

0x01 graphic

გაკვეთილზე შესასრულებლად მასწავლებელი აძლევს დავალება 4-ს და შესრულებისთანავე მოსწავლეებთან ერთად იხილავს მას.

შემდეგ მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს ინფორმაციას ჟენევის კონვენციის შესახებ:

არსებობს ჟენევის კონვენცია ტყვეებთან მოპყრობის თაობაზე (1949 წ). დღეს მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას აქვს მასზე ხელი მოწერილი, მათ შორის საქართველოსაც. ჟენევის კონვენცია ეხება ტყვეთა ცხოვრების პირობებისა და უფლებების სხვადასხვა ასპექტს. მის თანახმად, სამხედრო ტყვეების ჯანმრთელობაზე პასუხს აგებს არა მარტო ის სამხედრო პირი, რომელმაც ტყვე აიყვანა, არამედ შემპყრობი სახელმწიფოც. სამხედრო ტყვეები უფლებამოსილნი არიან, ყველა შემთხვევაში, მოითხოვონ ჰუმანური მოპყრობა და პიროვნული ღირსების პატივისცემა, მთავარი სასიცოცხლო მოთხოვნების უზრუნველყოფა. ამ ძირითად უფლებათა დარღვევა, აგრეთვე, სიცოცხლისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის დარღვევა, ითვლება სამხედრო დანაშაულად.

7 ილია ჭავჭავაძე. ნაწყვეტი მოთხრობიდან „სარჩობელაზედ“

▲ზევით დაბრუნება


მასალას ეთმობა ოთხი გაკვეთილი

გაკვეთილის მიზანი

ზ ო გ ა დ ი - მოზარდთა შეგნებაში იმ აზრის ჩანერგვა, რომ გულგრილობა და უყურადღებობა სხვათა უბედურების მიზეზი შეიძლება გახდეს. მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ძიება და გააზრება.

კ ე რ ძ ო - თხზულებაზე მუშაობა. თხზულებისათვის საჭირო მასალის შეგროვება და სისტემაში მოყვანა.

7.1 გაკვეთილი პირველი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

შესავალი
ტექსტზე მუშაობა
საშინაო დავალების ახსნა

შესავალი

მასწავლებელი ატყობინებს მოსწავლეებს, რომ ისინი გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის მოთხრობას „სარჩობელაზედ“.

ტექსტზე მუშაობა

ერთი ან რამდენიმე მოსწავლე კითხულობს ტექსტს სიტყვებამდე: „დერეფნის გრილოში იპოვა შვილი..“

შემდეგი სამუშაო ხელს შეუწყობს ტექსტის ცოდნის განმტკიცებას.

კითხვები:

1. სად ხდება მოქმედება?

2. რა მიუთითებს მოქმედების ადგილს?

0x01 graphic

მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს დავალება 1-ის შესრულებას. პასუხებს იხილავენ დავალების შესრულებისთანავე. (სწორი პასუხებია ბ, გ, დ.)

კითხვები:

3. რამ აფიქრებინა პეტრეს, რომ ის მხოლოდ გასართობ სანახაობას ესწრებოდა? (დამსწრეთა რეაქცია, საკუთარი დამოკიდებულება ჩამოხრჩობის ფაქტისადმი). მოძებნეთ შესატყვისი ადგილები ტექსტში.

შენიშვნა: შესატყვისი ადგილებია: „ვთქვათ, კაცები ჩემსავით თამაშად მოსულან... ღვთის სული ადამიანია“.

4. რა არის საერთო პეტრესა და შეკრებილ ხალხს შორის, რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან?

შენიშვნა: პეტრე ისეთივე ცნობისმოყვარეა, როგორც სხვები, მაგრამ მათგან განსხვავებით, მას ნანახის არ სჯერა. მისთვის გაუგებარია დამსწრეთა რეაქცია.

5. თქვენი აზრით, ყველამ მხიარულად დატოვა მოედანი, ყველა ერთნაირად უგულო იყო?

შენიშვნა: სასურველია ბავშვების მიყვანა იმ აზრამდე, რომ, ალბათ, ხალხშიც მოიძებნებოდნენ ისეთები, რომლებიც არ დარჩნენ გულგრილნი მომხდარის მიმართ.

დასკვნა: არ შეიძლება უმრავლესობისათვის დამახასიათებელი თვისებების განურჩევლად ყველასთვის მიწერა, განზოგადება.

შემდგომ მასწავლებელი ითხოვს დუქანში მომხდარი ეპიზოდის დაწვრილებით თხრობას.

საშინაო დავალების ახსნა

0x01 graphic

სახლში შესასრულებლად მასწავლებელი აძლევს კლასს დავალება 2-ს.

მასწავლებელი განმარტავს, რომ შემოქმედებითი ხასიათის დავალების შესრულებისას მოსწავლეები თავისუფალნი არიან, როგორც პერსონაჟის არჩევაში, აგრეთვე, თხზვაში.

7.2 მეორე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
ტექსტზე მუშაობა
საშინაო დავალების ახსნა

საშინაო დავალების შემოწმება

მსურველები ხმამაღლა კითხულობენ თხზულებებს.

ტექსტზე მუშაობა

მოსწავლეები აგრძელებენ ტექსტის კითხვას სიტყვებიდან: „დერეფნის გრილოში იპოვა შვილი მიწოლილი...“. მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  1. როგორ იწყება წერილი?

  2. როგორ იმოქმედა პეტრეზე ამ სიტყვებმა?

შენიშვნა: მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას სიტყვებზე: „მაშ ხალხი რაღას ჰხარხარებდა მერე!..“

  1. კიდევ რა საიდუმლო გამჟღავნდა პეტრესთვის?

  2. რით დაიწყო ძმების უბედურება?

0x01 graphic

კლასში შესასრულებლად მასწავლებელი აძლევს დავალება 3-ს- რომელიც იქვე მოწმდება.

შენიშვნა: ნათესავები და მეზობლები არც ერთ სვეტში არ ხვდებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ ჩაერივნენ ობლების ცხოვრებაში, გულგრილად შეხვდნენ მათ გასაჭირს.

  1. რა მსგავსება და განსხვავებაა მოსამსახურეებისა და მეზობლების ქცევაში?

შენიშვნა: მოსამსახურეები დაუმსახურებლად სჯიან ობლებს, მეზობლები იბრალებენ მათ, მაგრამ არ ეხმარებიან. მოსამსახურეების აგრესიასა და მეზობლების უმოქმედობას ერთნაირი შედეგი მოაქვს - ობლების გაბოროტება.

დასკვნა: გულგრილობას უბედურება მოაქვს.

  1. რატომ აღმოჩნდნენ ბიჭები „უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ“?

  2. ცნობილია თუ არა თქვენთვის შემთხვევა, როცა ვიღაც გახდა სხვისი გულგრილობის მსხვერპლი?

საშინაო დავალების ახსნა

0x01 graphic

სახლში შესასრულებლად მასწავლებელი აძლევს დავალება 4-ს.

მოსწავლეებმა დაწვრილებით უნდა აღწერონ, რას გადაარჩენდა ობლებს გარშემო მყოფთა სწორი საქციელი.

7.3 მესამე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
ნაწარმოების შინაარსის გააზრება
საშინაო დავალების ახსნა

საშინაო დავალების შემოწმება

გაკვეთილზე იმართება მსჯელობა ყველა ვარიანტის შესახებ.

ნაწარმოების შინაარსის გააზრება

0x01 graphic

კლასში შესასრულებლად მასწავლებელი აძლევს კლასს დავალება 5-ს.

მსჯელობის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

1. რატომ არ შეეწინააღმდეგა ბიჭი პეტრეს გაძარცვას? შეარჩიეთ სწორი პასუხი.

ა. არ უღალატა ძმას.

ბ. თვითონაც აპირებდა პეტრეს გაძარცვას.

გ. გაბოროტებული, მზად იყო განურჩევლად ყველაზე ეძია შური.

2. როგორ იმოქმედა ბიჭზე პეტრეს სიკეთემ?

3. რატომ გადაუშალა ბიჭმა პეტრეს გული?

4. თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს ავტორის ბოლო ფრაზა?

საშინაო დავალების ახსნა

0x01 graphic

სახლში შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 6. დავალება 6 გულისხმობს მოთხრობის გაგრძელების შეთხზვას.

0x01 graphic

დავალება 7 გულისხმობს შეთხზული სიტუაციის ინსცენირებას, რაც მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგ გაკვეთილზე.

7.4 მეოთხე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
შემაჯამებელი საუბარი
საშინაო დავალების ახსნა

საშინაო დავალების შემოწმება

მსურველები ხმამაღლა კითხულობენ თხზულებებს (დავალება 6).

მასწავლებელი საშუალებას აძლევს ბავშვებს, წარმოადგინონ დავალება 7.

წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა შესაძლო ვარიანტი.

შემაჯამებელი საუბარი

მასწავლებელი ატარებს მოკლე შემაჯამებელ საუბარს.

საშინაო დავალების ახსნა

მასწავლებელი სახლში წასაკითხად აძლევს კლასს რ. ინანიშვილის მოთხრობას „მირანდუხტ“.

8 რევაზ ინანიშვილი. „მირანდუხტ“

▲ზევით დაბრუნება


მასალა გათვალისწინებულია ერთი გაკვეთილისათვის.

გაკვეთილის მიზანი

ზ ო გ ა დ ი - ჩვენება იმისა, რომ განურჩევლად ასაკისა, ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოების წინაშე.

კ ე რ ძ ო - პერსონაჟის დახასიათება მისი ქცევის მიხედვით.

გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
ტექსტზე მუშაობა
საშინაო დავალების ახსნა

საშინაო დავალების შემოწმება

მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ მოთხრობის შინ წაკითხვა. გაკვეთილზე ხდება ტექსტის შინაარსის აღდგენა თხრობით.

ტექსტზე მუშაობა

თხრობის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვას:

  1. რას დაარქმევდი გოგონას საქციელს?

და დაფაზე ამოსარჩევად ჩამოწერს შემდეგს:

სამართლიანობა
შეუპოვრობა
უზრდელობა
გამბედაობა

0x01 graphic

ამის შემდეგ, მასწავლებელი კლასს შესასრულებლად აძლევს დავალება 1-ს.

მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  1. გოგონას რა თვისება მჟღავნდება თავისი სახელის ასეთი დაჟინებითი დაცვით?

  2. რით არის გამოწვეული მირანდუხტის სიმშვიდე გერონტის მუქარისას?

  3. რატომ ღელავს გერონტი გოგონას გამოჩენისას?

  4. რამ გამოიწვია ცვლილება გერონტის ხასიათში? (გოგონას შეუპოვრობამ, ზრდილობამ, თავშეკავებამ, გარეგნობამ...)

  5. გერონტის რა უნარი გამოვლინდა მირანდუხტთან ურთიერთობისას? (ავის კარგისაგან გარჩევის უნარი).

  6. როგორ იცვლება გერონტის დამოკიდებულება გოგონას მიმართ. რა სტადიებს გადის იგი? (ჯერ გაღიზიანებულია, შემდეგ პატივისცემა უჩნდება, ბოლოს - სითბო).

  7. რა მოეწონათ გოგონაში მაღაზიის გამყიდველ ქალებს?

  8. თქვენი აზრით, დაინახეს თუ არა გამყიდველმა ქალება გოგონას რაიმე სხვა თვისება?

  9. რატომ ჩაერია გოგონა გამყიდველისა და მოხუცის დიალოგში?

დასკვნა: სამართლიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა არ აძლევს გოგონას გაჩუმების უფლებას. მიუხედავად უფროსების საუბარში ჩარევისა, ის ყოველთვის თავაზიანად იქცეოდა.

საშინაო დავალების ახსნა

0x01 graphic

შინ მოსწავლეებს ეძლევათ შესასრულებლად დავალება 2.

მათ აგრეთვე უნდა წაიკითხონ არჩილ სულაკაურის მოთხრობა „ბიჭი და ძაღლი“.

9 არჩილ სულაკაური. „ბიჭი და ძაღლი“

▲ზევით დაბრუნება


მასალა გათვალისწინებულია ორი გაკვეთილისათვის.

გაკვეთილების მიზანი

ზ ო გ ა დ ი - ვაჩვენოთ მოსწავლეებს მეგობრობისა და თანადგომის ძალა და მნიშვნელობა ხასიათის ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ქმედითი თანაგრძნობისა და პასუხისმგებლობის მაგალითი.

კ ე რ ძ ო - პორტრეტი ლიტერატურულ ნაწარმოებში.

9.1 პირველი გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

შესავალი
ტექსტზე მუშაობა
საშინაო დავალების ახსნა

შესავალი

მასწავლებელი ეკითხება კლასს, თუ ვინ წაიკითხა მოთხრობა. იგი ახსენებს მოსწავლეებს, რომ ავტორი ჩვენი თანამედროვეა.

ტექსტზე მუშაობა

კლასს ეძლევა რამდენიმე წუთი ტექსტის გადასახედათ, რის შემდეგაც მასწავლებელი სთავაზობს შინაარსის გეგმის შედგენას. გეგმა იწერება დაფაზე და დაახლოებით ასე გამოიყურება:

  1. გზად სკოლისაკენ;

  2. შეხვედრა მეტოქეებთან;

  3. ძაღლის გამოჩენა;

  4. ფინიებისაგან დაცვა;

  5. ბანაობა;

  6. მეგობრის მხარდაჭერა;

  7. მეზობლები;

  8. ახალი პატრონი;

  9. ორთაბრძოლა;

  10. მუკო;

  11. ნომერი ძაღლისათვის;

  12. გვიანღა იყო;

მოსწავლეები გეგმის მიხედვით აღადგენენ ტექსტს თხრობით. ასე დააფიქსირებენ ისინი მოთხრობის შინაარსს.

შემდეგ მასწავლებელი აწვდის კლასს მხატვრულ ნაწარმოებში პორტრეტის განსაზღვრებას:

პ ო რ ტ რ ე ტ ი ფრანგული სიტყვაა და გამოსახულებას ნიშნავს. მაგ.: ადამიანის გარეგნობის გამოსახულება (სახის ნაკვთები, მიმიკა, ტან-ფეხი, სიარული, ჟესტი, ტანსაცმელიც), რაც დახასიათების კომპონენტია. მხატვრულ ნაწარმოებში მოცემულია აღწერის სახით (ისევე როგორც პეიზაჟი, ინტერიერი).

საშინაო დავალების ახსნა

0x01 graphic
შინ შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 1.

9.2 მეორე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
ექსტზე მუშაობა
საშინაო დავალების ახსნა

საშინაო დავალების შემოწმება

მასწავლებელმა ხმამაღლა უნდა წააკითხოს ბავშვებს ყველა ნაწყვეტი.

ტექსტზე მუშაობა

საშინაო დავალების შემოწმების შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  1. როგორი იყო ბიჭი მოთხრობის დასაწყისში?

  2. რატომ დაეხმარა ბიჭი ძაღლს? (შეახსენეთ ქმედითი თანაგრძნობის შესახებ).

  3. რა არის საერთო ბიჭის მეტოქეების, ფინიებისა და ახმახი კაცის საქციელში?

  4. რატომ უყოფს ბიჭი საუზმეს ძაღლს?

  5. თქვენი აზრით, რამ უბიძგა ძაღლს ბიჭის დასახმარებლად? (სიკეთემ შვა სიკეთე).

  6. რა გრძნობა დაეუფლა ბიჭს, დამარცხებული მეტოქეების შემხედვარეს? (ბიჭი დარწმუნდა თავის უპირატესობაში, მაგრამ შურისძიების გრძნობა არ გასჩენია).

  7. ტექსტში არის შემდეგი სიტყვები: „ეზოს ფინიებმა დაუპირეს თავდასხმა, მაგრამ ნაგაზი ის აღარ იყო, რაც წეღან ნახა. მძიმედ მოძუნძულებდა ბიჭის გვერდით, ფინიებს ღრენით იცილებდა. ერთს კინაღამ პირი წაატანა“ რატომ აღარ იყო ნაგაზი ის, რაც წეღან?

შენიშვნა: ის შეხვდა ბიჭს, რომელმაც მას თანაუგრძნო და რომელმაც ის დაიცვა.

მსჯელობამ უნდა გამოატანინოს ბავშვებს

დასკვნა: ბიჭი და ძაღლი ერთმანეთში ხედავდნენ მხარდამჭერს. ეს აძლიერებდა თითიოეულ მათგანს და ეხმარებოდა საკუთარი ღირსების გაცნობიერებაში.

0x01 graphic

გაკვეთილზე შესასრულებლად კლასს ეძლევა დავალება 2 და იქვე მოწმდება.

კითხვები:

  1. რა წინააღმდეგობებს აწყდება ბიჭი ძაღლის გამო? (მეზობლები, სკოლის დარაჯი).

  2. რამ გადაალახვინა ბიჭს ეს წინააღმდეგობები? (თანაგრძნობამ, პასუხისმგებლობის გრძნობამ).

  3. რაში გამოიხატა ბიჭის შეუპოვრობა?

  4. რა აძლევდა მუკოს ძაღლების დაჭერის უფლებას? (კანონი).

დასკვნა: ბიჭს კანონი ადრევე რომ სცოდნოდა, დროზე იზრუნებდა ძაღლის ნომერზე.

  1. რა მოასწავებდა ბიჭისთვის ძაღლის დაკარგვას? (მას საეჭვოდ მოეჩვენა ავის მომასწავებელი სიმშვიდე).

  2. როგორ იქცევა ოთხი ბიჭი მოთხრობის ბოლოს? რატომ?

  3. რა შეიცვალა ბიჭში?

შენიშვნა: ბიჭს გაუჩნდა საკუთარი თავის რწმენა, მან შეიძინა ბრძოლის უნარი. მიაქციეთ ყურადღება სიტყვებს: „მამაკაცური დიდი ნაბიჯებით მიდიოდა პატარა, შავგვრემანი ბიჭი, ...“

  1. რაში მდგომარეობს მოთხრობის იდეა?

დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის მოქმედებამ ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, შეიცვალა მისი პიროვნება. ის გაძლიერდა.

საშინაო დავალების ახსნა

0x01 graphic

შინ შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 3 ან 4.

ისინი თავისუფალნი არიან დავალების არჩევაში.

10 შოთა ნიშნიანიძე „ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე“

▲ზევით დაბრუნება


მასალა გათვალისწინებულია ორი გაკვეთილისათვის.

გაკვეთილების მიზანი

ზ ო გ ა დ ი - ვაჩვენოთ მოზარდებს კაცობრიობის მომავლისათვის თავგანწირვის მაგალითი, რაც ბავშვის მიმართ ჩადენილ ქმედებაში გამოვლინდა.

კ ე რ ძ ო - გავაცნოთ მოსწავლეებს ბალადის ცნება.

ინფორმაცია მასწავლებლისთვის

1962 წელს, რიო დე ჟანეიროს მახლობლად, ალმოდებული თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა. თვითმფრინავში იმყოფებოდა ცნობილი მეცნიერი მედიკოსი, პროფესორი იოსებ ჟორდანია, რომელიც მუშაობდა უნაყოფობის პრობლემებზე. მან თავისი მაშველი რგოლი პატარა გოგონას დაუთმო, რომელსაც არ ჰქონდა არც ჟილეტი, არც რგოლი, ვინაიდან უბილეთო იყო. ჟორდანიამ ცურვა არ იცოდა და დაიხრჩო.

იოსებ ჟორდანიას სახელს ატარებს თბილისში მის მიერ დაარსებული ადამიანის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის ინსტიტუტი.

10.1 პირველი გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
შესავალი
ტექსტზე მუშაობა
საშინაო დავალების ახსნა

საშინაო დავალების შემოწმება

მსურველები ხმამაღლა კითხულობენ თხზულებებს.

შესავალი

მასწავლებელი ატყობინებს მოსწავლეებს, რომ ისინი გაეცნობიან „ბალადას პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე“. მისი ავტორია პოეტი შოთა ნიშნიანიძე.

ბ ა ლ ა დ ა არის ზღაპრული, ლეგენდარული ან ისტორიული შინაარსის მცირე ზომის პოეტური ნაწარმოები.

ამ შემთხვევაში ეს არის არა ზღაპარი, ან ლეგენდა, არამედ ნამდვილი ამბავი, მოთხრობილი ლექსის ფორმით. ბალადის გმირია პროფესორი იოსებ ჟორდანია.

ტექსტზე მუშაობა

მასწავლებელი ერთხელ კითხულობს ლექსს თავიდან ბოლომდე. ეს მისცემს მოსწავლეებს საშუალებას მთლიანობაში აღიქვან ნაწარმოები. შემდეგ მასწავლებელი კითხულობს თითოეულ სტროფს და ითხოვს მისი შინაარსის ახსნას, არასწორი პასუხის შემთხვევაში თვითონ ხსნის ამა თუ იმ ნაწყვეტს. კითხვის დროს მოსწავლეები თვალს ადევნებენ ტექსტს თავიანთ წიგნებში. ყველა ახალი სიტყვა იწერება დაფაზე.

ტექსტის პირველი ნაწილის შინაარსის განმტკიცება.

0x01 graphic

მასწავლებელი კლასში შესასრულებლად აძლევს მოსწავლეებს დავალება 1-ს.

მოტანილ წინადადებათა შორის არის ისეთები, რომლებიც საერთოდ არ შეესაბამებიან შინაარს, ან მიეკუთვნებიან მე-3 ნაწილს.

საშინაო დავალების ახსნა

სახლში შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ დავალება 2.

10.2 მეორე გაკვეთილი

▲ზევით დაბრუნება


გაკვეთილის სტრუქტურა

საშინაო დავალების შემოწმება
ტექსტზე მუშაობა
საუბარი ტექსტში დასმული საკითხების შესახებ

საშინაო დავალების შემოწმება

მასწავლებელი ორ-სამ მოსწავლეს გამოკითხავს ზეპირად დასასწავლ ნაწყვეტს, რის შემდეგ სვამს კითხვას:

თქვენი აზრით, რატომ გქონდათ მოცემული მაინცადამაინც ეს ნაწყვეტი?

ტექსტზე მუშაობა

ლექსის მეორე და მესამე ნაწილის შინაარსის გააზრება.

კითხვა 1. რა იგულისხმება სიტყვებში

ა) „დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით... (მასში აღზარდეს მშობლიური ენისა და მშობლიური მხარის სიყვარული).

ბ) „ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით“ (მისთვის ახლობელი იყო ავთანდილისა და ცოტნე დადიანის გმირული სული).

გ) „საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით“ (მასში აღზარდეს სიბრალულის და თანაგრძნობის უნარი).

თუ მოსწავლეებს გაუჭირდათ ზემოთ მოყვანილი სიტყვების სწორად გაგება, მასწავლებელმა ნახსენები ლიტერატურული პერსონაჟების თუ ისტორიულ პირთა საქციელის შეხსენებით შეიძლება მიახვედროს მოსწავლეები.

კითხვები;

2. კიდევ რომელი სიტყვებით არის გადმოცემული ჟორდანიას საქციელის მიზეზი? (ბავშვების სიყვარულით...)

3. რისი თქმა უნდოდა ავტორს მეორე ნაწილით?

დასკვნა: ავტორი ამბობს, რომ ადამიანის ქცევას განაპირობებს ის ნიადაგი, რომელზეც ის აღიზარდა.

საუბარი ტექსტში დასმული საკითხების შესახებ

4. თქვენი აზრით, ახსოვს თუ არა გოგონას ის, ვინც ის დაღუპვას გადაარჩინა?

5. რას ფიქრობს ავტორი?

6. რას შეიძლება განიცდიდეს გოგონა მხსნელის მიმართ?

7. ვის ადარებს ავტორი ბალადის გმირს?

8. როგორ არის ავტორი განწყობილი გოგონას მიმართ?

0x01 graphic

მოსწავლეები დამოუკიდებლად ფიქრობენ დავალება 3-ში დასმულ კითხვაზე.

დასასრულს განიხილება ყველა არსებული პასუხი.

11 შემაჯამებელი მეცადინეობა

▲ზევით დაბრუნება


მეცადინეობის მიზანია განვლილი მასალის თავმოყრა და კავშირის პოვნა მათში განხილულ ზოგიერთ საკითხსა და მოსწავლეთა ყოველდღიურ ცხოვრებას შორის. მეცადინეობის ჩატარება მიზანშეწონილია დაწყვილებულ გაკვეთილებზე. იმის გამო, რომ ეს მეცადინეობა სხვაზე მეტად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილებისაგან, შევეცდებით უფრო დაწვრილებით აღვწეროთ იგი.

მეცადინეობა, პირობითად, შეიძლება შემდეგ ეტაპებად დავყოთ:

  1. წიგნში შესული ნაწარმოებების გამაერთიანებელი ნიშნების დადგენა.

  2. საუბარი შეიარაღებულ კონფლიკტებზე.

  3. ჟენევის კონვენციების გაცნობა

  4. შემოქმედებითი ხასიათის სამუშაო - საკუთარ კონფლიკტებში ქცევის წესების შემუშავება

კითხვა 1. რამ განაპირობა განვლილი ნაწარმოებების თავმოყრა ამ წიგნში? რა არის საერთო მათ შორის?

იმისათვის, რომ გასაგები იყოს, რა მიმართულებით უნდა წარიმართოს მსჯელობა, გთავაზობთ პასუხთა შესაძლო ვარიანტს.

  1. ანრი დიუნანმა დახმარება აღმოუჩინა დაჭრილებს ბრძოლის ველზე, შექმნა მოძრაობა, რომელიც ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უმსუბუქებს ტანჯვას.

  2. გაბრიელმა თავიდან ააცილა ხევსურებს შეურაცხყოფა.

  3. მამიდამ გერმანელი ტყვე შიმშილს გადაარჩინა.

  4. თორნიკე დაჭრილებს დაეხმარა, დაასაფლავებინა დაღუპულები. მან მკაცრად მიუთითა მეომრებს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ.

  5. პეტრემ აღმოუჩინა ძმებს დახმარება, რომელსაც ისინი ითხოვდნენ.

  6. მირანდუხტის დახმარებით გერონტი ტყუილს გადაეჩვია, ის უფრო ღირსეულ ადამიანად იქცა. გარდა ამისა, ამან შეურაცხყოფას აარიდა ის ხალხი, რომელსაც შემდგომში საქმე ექნებოდა გერონტისთან.

  7. ბიჭი შეეცადა ძაღლი დევნისაგან გადაერჩინა.

  8. ჟორდანიამ ბავშვი დაღუპვას გადაარჩინა.

პასუხების მიღების შემდეგ მასწავლებელი აღნიშნავს, რომ განხილულ ნაწარმოებებში მოქმედმა პირებმა შეუმსუბუქეს, ან თავიდან ააცილეს სხვებს ტანჯვა, შეურაცხყოფა. აგრეთვე ახსენებს კლასს, რომ მოცემული წიგნის შექმნის ინიციატორი არის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ორგანიზაცია, რომელიც მოწოდებულია შეუმსუბუქოს ადამიანებს ტანჯვა. მოსწავლეებმა იციან, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებს უამრავი უბედურება მოაქვს არა მარტო მისი უშუალო მონაწილეებისთვის, არამედ გარშემო მყოფთათვისაც. მასწავლებელი სთავაზობს მათ საუბარს ზოგადად შეიარაღებულ კონფლიკტებსა და მათ შედეგებზე.

კითხვა2. წარმოიდგინეთ, რომ მოხდა ბრძოლა. რა შედეგები მოჰყვება მას?

დაფაზე მასწავლებელი წერს პასუხებს:

ა) დაღუპულები და დაჭრილები;

ბ) ტყვეები;

გ) ნგრევისა და დევნის შედეგად უსახლ-კაროდ დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობა;

დ) დაზიანებული და განადგურებული კულტურის ძეგლები და სამოქალაქო დანიშნულების სხვა ობიექტები.

კითხვები:

3. რა სჭირდებათ დაღუპულებსა და დაჭრილებს?

4. რით შეიძლება შემსუბუქდეს ტყვეების ტანჯვა?

5. რით შეიძლება შემსუბუქდეს მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვა?

მასწავლებელი აღნიშნავს, რომ ომები უხსოვარი დროიდან არსებობდა. მეომარი მხარეები ყოველთვის ცდილობდნენ გარკვეული წესების შემუშავებასა და დაცვას, რათა შესაძლებელი ყოფილიყო, ომის პირობებშიც კი, ადამიანების ტანჯვის შემსუბუქება. მეომარ ქვეყნებს თავ-თავისი წესები ჰქონდათ. ცხადია, საერთო წესების არსებობა ბევრად გაამარტივებდა საქმეს. სახელმწიფოებმა შეიმუშავეს წესები, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჟენევის ოთხ კონვენციასა და ორ დამატებით ოქმში. ამჟამად, სახელმწიფოთა დიდ უმრავლესობას, მათ შორის საქართველოსაც, ხელი აქვს მოწერილი ამ წესებზე. მათი დაცვა ზღუდავს ძალადობას შეიარაღებული კონფლიქტების დროს და ამცირებს მსხვერპლთა რიცხვს.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს გაეცნონ მოსწავლეთა წიგნიდან ჟენევის კონვენციების მოკლე შინაარსს. ტექსტი იკითხება ხმამაღლა, ნელა, კომენტარებით.

შემდეგ მასწავლებელი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოთა მიერ მიღებული წესები ზღუდავენ ძალადობას შეიარაღებული კონფლიკტის დროს. მასწავლებელი საუბარს წარმართავს სკოლაში, კერძოდ, კლასში არსებული კონფლიქტების შესახებ და სთავაზობს მოსწავლეებს შეიმუშაონ რამდენიმე კონკრეტული წესი, რომლებსაც ისინი დაიცავენ კონფლიკტის დროს სასწავლო წლის ბოლომდე.

ამისათვის მასწავლებელი სთხოვს მათ:

ა) დაიყონ სურვილის მიხედვით 4-5 კაციან ჯგუფებად;

ბ) ამოირჩიონ ყველა ჯგუფში თითო წარმომადგენელი, რომელიც ჯგუფის სახელით გააცნობს კლასს შემუშავებულ წესებს;

გ) ყურადღებით უპასუხონ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს.

მიზანშეწონილია, მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს მომზადებული თითოეული ჯგუფისთვის ფურცელზე ჩამოწერილი შემდეგი კითხვები:

1. რა სახის კონფლიკტები გაქვთ კლასში?

2. რით არის ისინი გამოწვეული?

3. რა წესებს შემოგვთავაზებდით?

სამუშაოდ მასწავლებელი აძლევს დროს მოსწავლეებს შეხედულებისამებრ.

სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოდგენილი ყველა წესი იწერება დაფაზე.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ამოირჩიონ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი და შეადგინონ მათგან კლასის „ქცევის წესები“, რომლებსაც დაიცავენ სასწავლო წლის ბოლომდე.

შენიშვნა: არჩეულ უნდა იქნას ისეთი წესები, რომელთა შესრულება რეალურად შესაძლებელია. მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია გარკვეული აგრესიულობისა და ძალადობის გამოვლენა, რომლის შეზღუდვაა შესაძლებელი და არა აკრძალვა.