The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ფაცურა და გიშერა


ფაცურა და გიშერა



ქიაჩელი ლეო

ფაცურა და გიშერა

ჟურნალი ნაკადული. მარტი #6. 1913

1 გვერდი 4

▲ზევით დაბრუნება


ფაცურა და გიშერა

მალხაზას ძაღლები — ფაცურა და გიშერა — განთქმულებია მთელ სოფელში!.. მათ იცნობენ არა მარტო მეზობლები, არა მარტო სოფლის ძაღლები და შინაური პირუტყვები, არამედ ტყეშიც-კი იციან მგლებმა და ტურებმა მათი ამბავი! — მგლებმა და ტურებმა იციან, რომ გიშერას იერიშებს ვერავინ გაუმკლავდება, რომ გიშერას კლანჭთა და კბილთა მგლეჯელობის შეძლება საშინელია და მომაკვდინებელი! ისიც-კი იციან ამ მხეცებმა, რომ ფაცურას ვერავინ გაასწრებს და მის სმენას ვერავინ მოატყუებს, – რომ თვით მელიას ხერხებიც-კი მოგონილია ფაცურას ხერხებთან და ქვეყნად ვერცერთი ხერხიც-კი ვერ გასჭრის მის წინააღმდეგ.

ამიტომ მალხაზამ ერთი კვირითაც რომ მიატოვოს სახლ-კარი და სამუშაოდ წავიდეს, ნურავინ იფიქრებს, რომ აქაო და სახლში არავინ არისო, ზიანს რასმე დავმართებ უკაცურ კარმიდამოსო. — ცუდი განზრახვით ვერავინ მიეკარება მალხაზას ეზოს — პირუტყვი იქნება იგი, მხეცი, თუ ავი კაცი.

გაბუნია მარიამ  

2 გვერდი 5

▲ზევით დაბრუნება


ფაცურა და გიშერა ერთმანეთის დამატებაა... — პირდაპირია და გულადი გიშერა! — მარდია და ეშმაკი ფაცურა! ---ორივე ლამაზია, მაგრამ თვითეულს თავისებური სილამაზე აქვს. ფაცურა მაღალი და თხელი ტანის ძაღლია, ისარივით თლილი, იგი მთის შველს მოგაგონებს. მოგრძო სახე მუდამ უღიმის. თვალები მოალერსე აქვს, თუმცა პატარა და ცბიერი. გიშერა-კი ჩასკვნილი ძაღლია. მას დიდი თავი აქვს, მსხვილი და მოკლე კისერი. მთელ ტანს გრძელი, აბრეშუმივით წმინდა და კრიალა შავი თმა უმოსავს. მის ფართო თვალებში გულის-მომნადირებელი ნდობა კრთის. — ჭეშმარიტად, ტყუილად-კი არ შენატრიან მეზობლები მალხაზას, სოფლის ძაღლები-კი გიშერასა და ფაცურას. ჭეშმარიტად!

ხოლო ბევრმა არ იცის ერთი გარემოება, უბრალო შინაური გარემოება, რასაც ერთგვარი უთანხმოება შეაქვს ფაცურასა და გიშერას შეწყობილ ცხოვრებაში. ეს გარემოება მით უფრო სამწუხაროა, რომ ის არ შეეფერება მალხაზას ძაღლების ღირსებას!.. მეზობელი ძაღლები, ან მგლები და ტურები, როდი დაიჯერებენ ამას, კიდეც რომ გაიგონონ! საქმე ისაა, რომ ფაცურა ხან-და-ხან თავის ეშმაკურ ოინებს გიშერას წინააღმდეგაც ხმარობს და ამით გულ-ნაკლულ ჰყოფს თავის ძმა-მეგობარს. რა თქმა უნდა, ეს ხდება შინაურ, ოჯახურ ცხოვრებაში, დაფარულად, მაგრამ... თუმცა სულ უბრალო საქმეა.

გაბუნია ანასტასია

3 გვერდი 6

▲ზევით დაბრუნება


დასასვენებელ ბინად გიშერასა და ფაცურას მიჩენილი აქვთ ხულის აივანი. ალბათ მალხაზამ ეს ადგილი მიუჩინა დასაძინებლად თავის ერთგულ ძაღლებს, იმიტომ რომ ეს ხულა მაღალ ადგილზე დგას და მთელ ეზოს დაჰყურებს... პატარა აივანის ერთ კუთხეში ძაღლებს დაფენილი აქვთ თივა, მაგრამ საუბედუროდ იმდენად ცოტა, რომ ორივენი ერთად ზედ ვერ ეტევიან. ერთი მათგანი იძულებული ხდება შიშველ ფიცარზე დაწვეს, რაც უხერხულია და არა-სასიამოვნო, — განსაკუთრებით ცივს ღამეში. ამ გარემოების წყალობით უფრო დატანჯული იყო ფაცურა, რადგანაც გიშერა, როგორც ღონიერი, ყოველთვის თივის შუა გულს დაიჭერდა ხოლმე. ბევრი ითმინა საწყალმა ფაცურამ, —სწუხდა რომ მეგობარი ამ შემთხვევაში სულაც არ აქცევდა მას ყურადღებას და თავის ღონეს ხმარობდა მის დასაჩაგრავად!.. არც ის უნდოდა ფაცურას, რომ ეწყენინებინა გიშერასათვის, რადგანაც საქმე პირად კეთილდღეობას შეეხებოდა... მაგრამ გიშერა ფაცურას მდგომარეობაში არ შედიოდა, გულ-გრილად ისმენია მეგობრის წმაწურსა და ჩუმს ჩივილს. ამან კი შუაფიქრა ფაცურა. იმან მოთმინება დაჰკარგა

„მართლაც, რასა ჰგავს ეს? ღონიერი რომ არის, იმიტომ თავს ხომ არ დავაჩაგვრინებო!“ გაიფიქრა მან და გადასწყვიტა გულში თავის უფლებების დაცვა.

ფაცურამ თავის ხერხებს მიმართა.

ერთ საღამოს, როცა სოფელმა დაიძინა და მიწყნარდა ყოველი, ფაცურამ და გიშერამ ჩვეულებრივად რამდენიმეჯერ შემოურბინეს ეზოს, დასუნეს ღობეს კუთხეები, მტერს ხომ სადმე სუნი არ დაუჭრიაო, აქ შეუყეფეს, იქ შეუტიეს — ამცნეს ქვეყანას თავიანთი ფხიზლობა და შემდეგ დასასვენებლად ხულისკენ წამოვიდნენ. დაწოლის დროს გიშერამ ისე მოიკალათა თივაზე, რომ ფაცურა კვლავ ჩამოგდებული დარჩა. ერთხანს იფხაკუნა ფაცურამ, იქნება რამე გავაწყოო, მაგრამ გიშერა კლდესავით შეურყეველი იყო. მაშინ ფაცურა დაჩუმდა, - სული განაბა, თითქო ძილს მისცა თავიო... გიშერამაც ჩაჰხვრინა.

იაგორაშვილი დათა

4 გვერდი 7

▲ზევით დაბრუნება


უცებ გამოიღვიძა ფაცურამ და ყურები ცქვიტა. შავი ღამის ბნელ სივრცეს გააყოლა თვალები. მოუთმენლობა დაეტყო. ერთიც შეუღრინა და დაიყეფა. გიშერამაც გამოიღვიძა და თავი ასწია. მაშინ ფაცურამ გადახედა ერთი მეგობარს, თითქო მომეშველეო, — უთხრა და სწრაფად გადაეშვა აივნიდან ყეფითა და ღრენით. ის გაექანა ბრაზ-მორეული ყეფით ღობეს ალაგესკენ, გიშერა, რასაკვირველია, გაჰყვა ამხანაგს.

„რაღაცა ამბავიაო!“ გაიფიქრა მან, რადგანაც ყოველთვის ფაცურა ტყობილობდა პირველად მტრის მოახლოებას... როცა გიშერა თავის ზარ-დამცემ ბოხი ყეფით და ღრენით მიიჭრა ალაგესთან, სადაც მისი მეგობარი უკვე ომში იყო ჩაბმული, ფაცურამ უცებ შესწყვიტა ყეფა, სწრაფად მობრუნდა და გამოიქცა ხულისკენ. გიშერას ეს გაუკვირდა; მიიხედ-მოიხედა: ვერაფერი ნახა. მობრუნდა და ნაწყენი წამოვიდა დასაწოლ ადგილისკენ.

ჯარიაშვილი ნუცი

5 გვერდი 8

▲ზევით დაბრუნება


როცა ავიდა ხულის აივანზე, ნახა, რომ ფაცურა დაწოლილიყო თივაზე და სული გაენაბა. ერთი შეღრინა გიშერამ, ჩაუარ-ჩამოუარა დაკავებულ ადგილს, მაგრამ ფაცურამ ყურიც არ ათხოვა... ჩხუბი-კი, ძალის პირდაპირ მოხმარა, გიშერამაც ვერ გაბედა... იძულებული იყო დაეთმო ადგილი და თითონ ფიცარზე დაწოლილიყო...

_____________

ამის შემდეგ ყოველ საღამოს მიმართავდა ამ ოინს ფაცურა, და გიშერა, თუმცა მიმხვდარი იყო ამხანაგის ხერხს, მაგრამ მაინც თავს ვერ იჭერდა და ფაცურას მოგონილ ,,გასაჭირზე“ გარბოდა!.. ამნაირად ყოველ საღამოს ჰკარგავდა ის ადგილს და ყოველ საღამოს გადასწყვეტდა გულში, რომ ფაცურას არ გაჰყოლოდა ალაგესკენ, მაგრამ ისეთი დამარწმუნებელი იყო ფაცურას ყეფა და „შეტევა,“ რომ გული ვერ უთმენდა თავის ადგილზე დარჩენილიყო!..

ქობულაძე ნინო