The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სარჩევი


სარჩევი



ვაჟა-ფშაველა: დოკუმენტები და მასალები

ს. ყუბანეიშვილი

 

ვაჟა-ფშაველა: დოკუმენტები და მასალები

 

სახელგამი

თბილისი

1937

ს ა რ ჩ ე ვ ი

1. წინასიტყვაობა ტ. ტაბიძის

2. ავტორისაგან

3. ვაჟას წინაპრები

4. ვაჟას დაბადების თარიღი

5. ვაჟა თელავის სასულიერო სასწავლებელში

6. ვაჟა ტფილისის სამოქალაქო სასწავლებელში.

7. ვაჟა გორის საოსტატო სემინარიაში

8. ვაჟა გორის ხალხოსანთა წრეში,

9. ვაჟა მასწავლებლად სოფ. ამტნისხევში

10. ვაჟა პეტერბურგში

11. ვაჟა შინამასწავლებლად სოფ. ოთარშენში.

1. ცოლის შერთვა და გარდაცვალება

12. ვაჟა სოფ. დიდ-თონეთში

13. თვალის გაფუჭება

14. ურთიერთობა ძმებს შორის

I. ვაჟა და მისი უფროსი ძმა გიორგი

II. ვაჟა და ბაჩანა

III. ვაჟა და თედო

IV. ვაჟა და მისი უმცროსი ძმა სანდრო.

15. რაზიკაშვილების საოჯახო პოეზია

16. ლიტერატურული კამათი ვაჟასა და ბაჩანას შორის.

17. როგორ სწერდა ვაჟა

18. ვაჟას ენა

19. კონფლიქტი „ივერიასთან

20. ვაჟა მსახიობი

21. ვაჟა იუბილეებზე

I. ვაჟა ე, ჩერქეზიშვილის საღამოზე

II. ვაჟა აკაკის იუბილეზე

III. ვაჟა ვლ. ალექსი-მესხიშვილის იუბილეზე

22. ვაჟა პროვინციაში

I. ქუთაისში

IL ჭიათურაში.

III. ფოთში.

23. ვაჟა ლხინში

24. ვაჟას ოხუნჯობანი

25. ვაჟა მონადირე

26. სამსახურის ძებნა

27. ვაჟას ღვაწლი შირაქის ახალშენის გაშენებაში

28. ვაჟას ბრძოლა მთავრობის მოხელეებთან.

29. საჩივრები „მჟავე წყლის“ შესახებ

30. დამოკიდებულება რევოლუციურ მოძრაობასთან

31. მეფის ცენზურა და ვაჟა-ფშაველა

32.  ვაჟა და მისი, გამომცემლები

1. ქ. შ. წერა-კითხვის გ. ს. გამოცემები

II. „ორლეანელი ქალის“ გამოცემის ცდები

III. პოემა „ჰაოსი და ქართლოსი“...

IV. „ბახტრიონი“

V. დაკარგული პოემა „ჩაღმა–წოვა“

V I. პოემა „ჩიქირბე“

VII. „ივანე კოტორაშვილის ამბავი“

VIII. „გველის მჭამელი“

IX. საყმაწვილო მოთხრობების გამოცემის ცდა

X. ვაჟა თავისი ნაწერების შემდგომი გამოცემის შესახებ

33. ვაჟას ფსევდონიმები

34. ვაჟას იუბილე

35. ავადმყოფობა და გარდაცვალება

LI, ვაჟას ცხედართან-27 ივლისი

II. ცხედრის გადმოსვენება ქვაშვეთის ეკლესიაში-28 ივლისი

III. საგანგებო კრება

IV. 29 ივლისი

V. დამკრძალავ კომიტეტში 30 ივლისი

VI. 31 ივლისი

VII. ვაჟა-ფშაველას დაკრძალვა

36. ვაჟას გარდაცვალებიდან 20 წ. თავი

I. ნეშტის, გადასვენება

II. მიტინგი საფლავთან

III. ამხ. აკ. თათარიშვილის სიტყვა

IV. ვაჟას ხსოვნის საღამო

   

1 წინასიტყვაობა ტ. ტაბიძის

▲ზევით დაბრუნება


წინასიტყვაობა

საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის თაოსნობით ამ ორი წლის წინათ საქართველოს სამხედრო გზაზე ყაზბეგში (სოფ. სტეფანწმინდა) დაარსებულია ყაზბეგის სამხარეთმცოდნეო შუზეუმი.

ყაზბეგის მუზეუმი მოთავსებულია ალექსანდრე ყაზბეგის სასახლეში და მიზნად ისახავს ხევის რაიონისა და საერთოდ მთიან საქართველოს ბუნებისა და ისტორიის შესწავლას.

ყაზბეგი საქართველოში შემოსავალი კარია და აუარებელი უცხოელი და საბჭოთა კავშირის ტურისტი აქედან იწყებს ქვეყნის გაცნობას და შესწავლას.

თვალის წარმტაცი ბუნება და იშვიათი მატერიალურ კულტურის ნაშთები, რაც ასე ბლომად არის გაბნეული ამ კუთხეში თავიდანვე იპყრობენ მოგზაურის ყურადღებას და ჰქმნიან წარუხოცელ შთაბეჭდილებას, მაგრამ წინათ უცხოელი ვერ ერკვეოდა ამ გარემოცვაში და ფანტასტიურ ამბებს თხზავდა ამ მხარის გარშემო, ამას შეუწყო ხელი აგრეთვე მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსეთის გამოჩენილ პოეტების ალ. პუშკინისა და მიხ. ლერმონტოვის მოგზაურობამ სამხედრო გზაზე. ამ პოეტებმა შესანიშნავად აღწერეს აქაური ბუნება, მაგრამ ბევრი ლეგენდებიც დაუმატეს თავიანთ საუცხოვო ლექსებს. მხოლოდ დღეს, სოციალისტურ კულტურის ნიადაგზე აღორძინებული საქართველო, ყაზბეგის მუზეუმის სანით ამტკიცებს აქ კულტურის კერას და მიზნად უსახავს მას, ამ მხარის ყოველმხრივ შესწავლას და გაცნობას. ყაზბეგის მუზეუმთან არსებობს ალ. ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას კაბინეტები, სადაც შეგროვილია მასალები და დოკუმენტები ამ შესანიშნავი მწერლების შესახებ.

ალ. ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და შემოქმედება მთლიანად ეყრდნობა მთიან საქართველოს ბუნებას და ზნეჩვეულებას, თითქო უზარმაზარ მთების ჩარჩოებში ჩადგმულია მყინვარის სარკე, სადაც მოჩანს მთის ხალხთა ცხოვრების სრული სახე.

წინამდებარე წიგნი, ახალგაზრდა მეცნიერ სოლ. ყუბანეიშვილისა, მიზნად ისახავს პირველად ქართულ მწერლობაში მასალებზე და დოკუმენტებზე» დაყრდნობით მოგვცეს მთის უდიდესი მგოსნის ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე.

თქმა არ უნდა, ვაჟა - ფშაველას იშვიათი პოეტურ ბუნების შესატყვისი მონოგრაფია აქამდე არ არსებობს. ზოგიერთ მკვლევარს ჰგონია, რომ ვაჟა-ფშაველა ამოვარდნილია ქართველ მწერლობის ისტორიის რგოლიდან და ვაჟას პოეზია განმარტოებულ აუხსნელ მოვლენად მიაჩნია ქართულ პოეზიაში. ამ ლეგენდის შექმნის მიზეზია ვაჟა-ფშაველას და საერთოდ ფშავისა და მთიან საქართველოს ხალხურ შემოქმედების შეუსწავლელობა. სოლ. ყუბანეიშვილის ნაშრომი ამ მხრივ ავსებს დიდ ხარვეზს და საკმაო ნათელს ფენს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას. მთელი წლების განმავლობაში აგროვებდა ახალგაზრდა მეცნიერი მასალებს ვაჟა-ფშაველას და მისი ძმების შესახებ და წინამდებარე წიგნით მოგვცა ვაჟა-ფშაველას მონუმენტალური სახე.

ეს ნაშრომი მხოლოდ ცდაა გამოეხმაუროს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იჩენს ვაჟა-ფშაველასადმი და დაეხმაროს საბჭოთა ახალგაზრდობას ვაჟა- ფშაველას დიდი ლიტერატურულ მემკვიდროების ათვისებაში..

ტიციან ტაბიძე

2 ავტორისაგან

▲ზევით დაბრუნება


 

ავტორისაგან

1934 წ. დეკემბერში, საქართველოს მხარეთმცოდნეობის ინსტიტუტის დავალებით დავიწყე ყაზბეგის სამხარეთმცოდნეო მუზეუმში ვაჟა-ფშაველას კაბინეტის მოწყობა. ამ მუშაობასთან დაკავშირებით საშუალება მომეცა შევდგომოდი დიდიხნის განზრახვის განხორციელებას, ვაჟას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლას, საამისოდ კი მომევლო ყველა ის ადგილი (ერწო, თიანეთი, გორი, თონეთი, ოთარშენი, ჩარგალი, თელავი, ქუთაისი და სხვ.), რომელთანაც ვაჟას ჰქონია კავშირი, გამომეძებნა ადგილებზე ვაჟას ნაცნობები და ნათესავები, ჩამეწერა მათი მოგონებები ვაჟაზე და თანაც დამეგროვებინა დოკუმენტები, როგორც ოჯახებში ისე სამეცნიერო დაწესებულებებში (მუზეუმ-არქივებში).

ორი წლის სისტემატიური მუშაობის შემდეგ ჩვენს განკარგულებაში საინტერესო დოკუმენტები და მასალები დაგროვდა, რამაც გვაიძულა პირვანდელი ჩვენი განზრახვა— ვაჟას შესახებ ბიოგრაფიულ, კრიტიკული ნარკვევის შედგენა – გადაგვედვა და პირველ რიგში მასალები და დოკუმენტები გამოგვექვეყნებია.

ამ შემთხვევაში ჩვენს მიზანს აღარ შეადგენდა დოკუმენტებისა და მასალების დეტალურად გარჩევა და მასთან დაკავშირებით ამათუ იმ საკითხის ვრცლად გაშუქება, ეს მომავლის საქმეა.

     

ზოგჯერ დოკუმენტები სხვადასხვა საკითხებს აშუქებენ, მაგრამ ჩვენ მათ. მთლიანობის დაცვის მიზნით. ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით ვაქვეყნებთ*, რაც შეეხება მოგონებებს, ისინი საკითხების მიხედვით არიან დალაგებულნი. მოგონებებში აღნიშნულ თითოეულ საკითხს, განსაკუთრებით პრინციპიალურს, შეძლებისდაგვარად ვამოწმებდი და თუ ის ოდნავ დაეჭვებას გამოიწვევდა, მას უკუვაგდებდით, ამიტომ ჩვენს განკარგულებაში შყოფ მოგონებათა შემცველ ცნობების დიდმა ნაწილმა ვერ ჰპოვა ადგილი წინამდებარე ნაშრომში.

 

 

* დოკუმენტების ნაწილი კერძო ოჯახებში იქნა აღმოჩენილი, ზოგი მათგანი დაბეჭვდის შემდეგ შეიძინა სამეცნიერო დაწესებულებებმა, ამიტომ მათი ადგილმყოფელობის აღნიშვნა წიგნში აღარ მოხერხდა, რაც შეეხება გორის საოსტატო სემინარიის არქივს, რადგანაც ის სისტემაში მოყვანილი არ არის და ისიც გამოურკვეველია თუ როშელ სამეცნიერო დაწესებულებას გადაეცემა, ამიტომ ამ მათი ადგილმყოფელობაც არაა აღნიშნული, ისე კი ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ვაჟას საოსტატო სემინარიაში ყოფნას და მიხ. ყიფიანს ეხება, ამოღებულია ღნიშნულ არქივის მასალებიდან.

წიგნის მოცულობა მეტად გაიზარდა, ამიტომ ვრცელი ბიბლიოგრაფია ვაჟას ნაწერებისა და მის შესახებ გამოქვეყნებულ ნაწარმოებთა, აგრეთვე ვაჟას იკონოგრაფია და ცხოვრების კარგი, რომლებიც წიგნს გეგმით ბოლოში უნდა დართვოდა, გადავწყვიტეთ ცალკე წიგნად გამოვცეთ.

დასასრულ, უღრმეს მადლობას მოვახსენებ ყველა იმ პირთ, ვინც სიტყვით თუ საქმით ხელი შემიწყვეს ამ საქმეში, განსაკუთრებით კი ყაზბეგის სამხარეთმცოდნეო მუზეუმის ხელმძღვანელებს ტ. ტაბიძეს და სტ. ალიბეგაშვილს, საქ. სამხარეთმცოდნეო საზოგადოების მდივანს ს. მაკალათიას და აგრეთვე ალ. აბაშელს. ადგილებზე მასალების გამოძებნაში დახმარების გაწევისათვის ბ. წიკლაურს (ერწო), გ. გელოვანს, მაშო ფიცხელაურს, ევა გელოვანისას (თიანეთი), მიხ. შამანაურს (თელავი), ალექსანდრე, მიხეილ და ეთერი რაზიაშვილებს და გორის პედტექნიკუმის დირექტორს გ.ნამიჩეიშვილს, რომელმაც განსაკუთრებული პირობები შემიქნა, რომ საოსტატო სემინარიის მოუწესრიგებელ მდგომარეობაში მყოფი არქივი გულდასმით გამესინჯა.

წინასწარ მადლობას მოვახსენებ აგრეთვე იმ პირთ, ვინც წინამდებარე ნაშრომის შესახებ საქმიან მითითებებს ან ახალ დოკუმენტებს და ცნობებს მოგვაწვდიან (ტფილისი, ფურცელაძის ქ. N 14), რომ შემდგომი გამოცემისას თავიდან იქნეს აცილებული ის დეფექტები, რომლებიც ამ ნაშრომს შესაძლებელია აღმოაჩნდეს.

სოლ. ყუბანეიშვილი.

 1 იანვარი 1987 წ.

 თბილისი.

3 5. ვაჟა თელავის სასულიერო სასწავლებელში

▲ზევით დაბრუნება


5. ვაჟა თელავის სასულიერო სასწავლებელში.

8 წლამდე ვაჟა დედ-მამასთან იზრდებოდა. შემდეგ კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამავე სასწავლებელში სწავლობდა მისი უფროსი ძმა გიორგიც. ორივე შვილი მამამ საცხოვრებლად თავის ნათლიმამასთან აჯი მამედოვთან დააყენა,ხოლო მოსავლელად მართა (ვაჟას და) მიუჩინა.

ექვს წელს სწავლობდა ვაჟა თელავში და ამ ხნის განმავლობაში ის სხვადასხვა ბინებში და პირებთან სცხოვრობდა.

ვალერიან კიკნაძის ცნობით, ვაჟა თელავში სცხოვრობდა ნადიკვრის უბანში, ბინად კოტე კიკნაძის სახლში, თალიკო რიმინსკაიას ოჯახში. ეს თალიკო ქართველი აზნაურის ქალი იყო, გათხოვილი მეორე ქმარზე - სტეფანე რიმინსკიზე. ლუკა თვეში ხუთ მანეთს აძლევდა მას ბინისა და სმა-ჭამის ქირად. თალიკო ისე უვლიდა ლუკას, როგორც საკუთარ შვილს, ლუკაც პატივისცემით ეპყრობოდა და ყველა მის დარიგებას ასრულებდა. ვაჟა უსაქმოდ არ დადგებოდა, ან წიგნი უნდა სჭეროდა ხელში, ან შეშა ეჭრა, ან ეთამაშნა და ან ენადირნა მშვილდ-ისრით ყვავ-ყორნებზე.ჰქონდა გამართული ძველებურად მშვილდ-ისარი, მიდიოდა თელავის განაპირა ადგილებში და იქ ნადირობდა ხოლმე.

ვაჟა მოკრივე-მოჭიდვეც იყო, მისი წამქცევი სკოლაში არავინ იყო. თელავში ხშირად იმართებოდა კრივი, რომელშიც ვაჟა მონაწილეობას იღებდა, ეშველებოდა თელავის იმ უბანს, რომელშიაც თვითონ სცხოვრობდა. ბევრისათვის გაუტეხნია ვაჟას ცხვირი კრივში, თუმცა თვითონ ვაჟასაც ბევრი მაგარი მუშტი მოჰხვედრია ფერდებში.

ერთხელ, მიხ რაზიკაშვილის ცნობით, „ამხანაგებთან ერთად ვაჟა წასულა დღეობაში ალავერდობას. იქ დიდი ჭიდაობის გამართვა იცოდნენ. მთელი კახეთის მოჭიდავეები იქ იყრიდნენ თავს. მოწაფეებიც ჩაებნენ ჭიდაობაში. რაკი მაღალი ტანისა იყო, ვაჟა დიდებს დასჭიდეს. წრიდან გამოუსვლელად ექვსი წააქცია. დავდიოდიო, - სთქვა ვაჟამ, - რუსულ მამალივით გათამამებული და კიდეთ ვითხოვდი მოჭიდავეებსაო. ბოლოს გამომიყვანეს ერთი ხმელ-ხმელი ვიღაც მეძროხეო, მე ვთქვიო, რომ ამას ერთი ხელის მოვლებით ხე და ქვას შემოვაწყვეტავო და გაუფრთხილებლივ შევეტაკეო. როგორ მოხდა არ ვიცი, მხოლოდ ის მახსოვსო, რომ ჩემმა ფეხებმა ჰაერში შეითამაშა და მიწაზე ზღართანი მოვადინეო. ასე გავფუჭდი ფალავანი კაციო... ვაჟას არც თავის მარცხის დამალვა უყვარდა და არც სხვისა“. (იხ. რაზიკაშვილის მოგონებიდან).

ვაჟა თავმოყვარე ბიჭი იყო და ადვილად არავის დანებდებოდა. „ერთხელ, - გადმოგვცემს ვ. კიკნაძე, - ვაჟას ერთმა მეაგურემ მოჰხადა თავიდან ქუდი. ვაჟამ ეს ვერ მოითმინა, გამოეკიდა მეაგურეს, წაართვა თავისი ქუდი და მაგრადაც მიბეგვა.

იმ ჯგუფში, რომელშიაც ვაჟა მიიღეს, მოწაფეთა სიჭარბე იყო, ამიტომ, უადგილობის გამო, ვაჟა კლასის ბუხარში დასვეს, საიდანაც მარტოკა „იჭყიტებოდა“ თურმე.

თავის ავტობიოგრაფიის ნაწყვეტებში აღნიშნულ სასწავლებელში ყოფნისა და თავის მშობლების შესახებ ვაჟა საინტერესო ცნობებს გვაწვდის. მოგვყავს აქვე მთლიანად:

ჩემი წუთისოფელი

ვუძღვნი ჩემის მშობლების დედა გულქანის და მღვდ. პავლე რაზიკაშვილის ხსოვნას.

I

ვასრულებ ჩემი მეგობრების თხოვნას, ვიწყებ ავტობიოგრაფიას, თუმცა-კი ამ თავითვე საჭიროდ ვრაცხ გამოვუტყდე მკითხველს, რომ ყველაფერს, რაც მახსოვს ჩემის ცხოვრებიდამ, ვერ გავუზიარებ, ბევრი რამ უნდა დავმალო, ბევრი რამ უხერხულია სათქმელად თუ საწერად და ბევრიც უმნიშვნელო, ხოლო რასაც ვწერ, რაც კი შემიძლიან, ვეცდები სიმართლე დავიცვა, ვსთქვა ისე, როგორც იყო, უფერადოდ, გადაუჭარბებლად. ვგონებ ასეთს ავტობიოგრაფიას უფრო დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კრიტიკისათვის და მკითხველისათვისაც, ვიდრე მოგონილს და ნაკეთებს.

ასე, ბატონებო, თუ ვისმე გეპრიანებათ ვინაობის გაგება და გაცნობა, არ დავიზარებ, მოგახსენებთ: მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედა-ჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა, სადაც მოსახლეობენ დღესაც მისი ნათესავნი, სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედა-ჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. იმან შექმნა სატირული ლექსები და დღესაც ყველა ფშაველი იმის ჰანგზე „ლექსობს“; საუბედუროდ, წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია, რომ ქაღალდის წყალობით შენახულიყო მისი ნაწარმოებები, თუმცა მისი ლექსები დღესაც ცოცხლობს, იმათ დღესაცა მღერის ხალხი. ეს ლექსები ღრმა იუმორით არიან სავსენი. წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმცა ბუნებით ფრიად ნიჭიერი იყო, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე; დედი-ჩემის ქველობა დღესაც სამაგალითოდ არის დარჩენილი. ისე ჩავიდა საფლავში, რომ ერთს არავის ახსოვს იმას გაეჯავრებინოს, არა. გაჯავრებულს, მლანძღველს, რაც აქაურ დედაკაცებში ხშირი მოვლენაა, სიცილით მიეგებებოდა და სამაგიეროს გადაუხდელობით შეარცხვენდა, მოარბილებდა.

ერთმა შემთხვევამ სიბრალულისა და ქველობის გამო ერთხანად დაცინვის საგნადაც გახადა მეზობლების თვალში და მამაჩემისაგანაც დიდი სამდურევი მიიღო. რაც ჩვეულებრივი არ არის ფშავში, საიდანღაც მოსულიყვნენ ბოშები; დაენახა რა დედა-ჩემს ეს შიშველ-ტიტველი ხალხი, ნახევრად ტიტლიკანა ბოშების ბალღები, დაეწყო ტირილი. ამის მეტად არც ენახა და არც გაეგონა. „ღმერთო, ეს რა საცოდაობა მოვიხილეო, თურმე გაიძახოდა. გამოიტანა თურმე თავის ახალი კაბები და, რადგანაც ყველას მთელი არ შეხვდებოდა, თურმე ჰხევდა და ამ ნახევებს ურიგებდა: „აი ეს დაიკერე, ჩაიცვი შე ბეჩავო!..“ ამ ამბავში რომ იყო დედა-ჩემი და ქველობას ეწეოდა, რამდენიმე ბოშა შეიპარა სახლში, გააღეს სკივრი და ოთხასი მანეთი ფული მოეპარათ... ეს მხოლოდ მაშინ გაეგოთ, როცა ბოშები სამშვიდობის გავიდნენ... შინ დაბრუნებულს მამა-ჩემს გაეგო მათი ვინაობა და, როგორც ცხოვრებაში გასულს კაცს, ეცოდინებოდა მათი ზნე-ხასიათი, გაესინჯა სკივრი და, რა დაგიკარგავს, რას ეძებ! ეს ამბავი მამა-ჩემმა მოიტანა თელავში, სადაც მე და ჩემი უფროსი ძმა ვსწავლობდით სასულიერო სასწავლებელში.

ჩვენი სახლი ზედ გზის პირას იდგა და განუწყვეტლივ მიდ-მოდიოდა მგზავრი, თუ ფშაველი, თუ ხევსური. დედა-ჩემი არ უყურებდა იმას, ვინ შეძლებული იყო, ვინ მაძღარი, ყველა მშიერი ეგონა და ყველას უმასპინძლდებოდა: „დაისვენეთ, პური გემშევათ, შვილო!“ - ეს იყო პირველი მისი სიტყვები შეხვედრის დროს. ამის გამო ჩვენ სახლში გამოულეველი იყო სტუმარი და უნდა ვსთქვა, რომ ჩვენი ოჯახიც შეძლებული იყო, რადგან მამა-ჩემი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა. რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა და თელაველები ეყენა. მამა-ჩემიც თუმც არ იყო ხელგაშლილი და კიდეც უშლიდა დედა-ჩემს: ნუ წააღებინე სახლი, შე უბედურო, ქარსა და წყალსაო“, - სტუმარი მაინც უყვარდა... ეს პატარა ტანის კაცი განხორციელებული მხნეობა, ენერგია იყო, ამასთანავე იშვიათი ნიჭის პატრონი, ორატორი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი. გარდა სასულიეროსი, ქართულ ენაზე წიგნი არ მოიპოვებოდა, იმას არ შაეძინა, არ წაეკითხა. დღე და ღამეს, რომ იტყვიან, ასწორებდა, არ იცოდა ძილი რა იყო, და საშინლად ეჯავრებოდა, ჩვენ, სკოლიდან კანიკულებში შინ დაბრუნებულნი, დილის ძილს რომ გავიპტყელებდით. „ადეგით, ბიჭო, პური მაინც არ მოგშივდათ?“ - დაგვძახებდა საქმიდან დაბრუნებული, პიროფლიანი.

-დაანებე თავი, შენთ მკვდართ ცხონებასა, კაცო, ეძინოს მა ბალღებსა! - შეჰნიშნავდა დედა-ჩემი და მოუვიდოდათ ამაზე ჩხუბი. ეჩხუბებოდა მამა-ჩემი, თორემ დედის ჩხუბი რა სათქმელია, იტყოდა რა ამას, სულს გაჰნაბავდა და მოწიწებით ყურს უგდებდა ქმრის ათასნაირს შენიშვნასა და საყვედურს.

„ეძინოსთ?! მე ვიცი კაცობას და ცხოვრებას ძილით იპოვნიან, თქვენ ნუ დამეხოცებით. სად გაგონილა ამდენ ხანს ძილი, აგერ შაჰხედეთ მზესა, შუადღე მოვიდა“... - ბობოქრობდა იგი.

უწადინოთ ჩვენ, ძმები, ქვეშაგებიდან ზოგი საიდან წამოვყაყვავდით თავებს და ზოგი საიდან, რადგან განცხრომით ძილის გაგრძობა შეუძლებელი იყო და მორივით გდებაც ქვეშაგებში არაფერსა ჰგვანდა.

დანაშაულობისათვის სიტყვით სასტიკად შვილების დამსჯელი, უმისოდ ჩვენი ტოლი და ამხანაგი იყო, გვებაასებოდა ათას საგანზე, საბაასო საგანს თავადვე გამოსძებნიდა. უყვარდა დიდებულ, გამოჩენილ ისტორიულ პირებზე ლაპარაკი. დავით აღმაშენებელი უყვარდა ყველაზე მეტად ჩვენს მეფეებში, აღტაცებით იტყოდა ხოლმე: „იცით, დავით აღმაშენებელს წიგნების კითხვა როგორ უყვარდა: ნადირობის დროსაც კი, არ ვიტყვი ლაშქრობაში, როცა სადმე მოსარეკში გეზზე იდგა და ნადირს უცდიდა, ცალ ხელში წიგნი ეჭირა და მეორეში მშვილდ-ისარიო...“ უცხოელებთაგანი - ნაპოლეონი და გამბეტტა, მწერალთაგანი - ვიქტორ ჰიუგო. „ნაპოლეონიო, სადღაც ჟურნალში წამიკითხავს, როცა ფიქრობდა, თითქოს გახურებული ღუმელი ყოფილიყოს, ისე ალმური ასდიოდა სახეზეო. აი, სად იხატება ძალა ნიჭისა და ადამიანისა... ერთხელ პარლამენტში ვიქტორ ჰიუგო სიტყვას ამბობდა და მთელმა პარლამენტმა დაუყვირა: „გაჩუმდიო!“ - თქვენ გაჩუმდით, - მიუგო ჰიუგომ და განაგრძო თავის სიტყვა, არა გაქვთ ნება ბოლომდის არ მოისმინოთ ჩემი სიტყვაო. მართალიც არის. არ შეიძლება მთელი პარლამენტის ჭკვას ერთი კაცის ჭკვა სჯობდეს? სოფელი ვინ? - ერთი კაციო, ნათქვამია, ჰა ბეჩავ კაცო! აი, იმისთანა ბოღრა უნდა გაზარდოს დედამა!“ ეპიტეტი „ბოღრა“ დიდებულ ადამიანების სამკაულად ჰქონდა მამა-ჩემს შენახილი და ამითი ჰსახავდა მათ დიდბუნებოვანობას, შეუდრეკელობას, მძლავრობას, ენერგიის სიდიადეს.

მამა-ჩემს სკოლა თვალით არ ენახა, „ან-ბანი“ მწყემსობაში შაესწავლა ჩუმად, ქურდულად, რადგან დედ-მამა უშლიდა თურმე სწავლას. მამა თოფით დასდევდა მოსაკლავად, სწავლა ეშმაკეული საქმეაო. მაგრამ მამა-ჩემი თურმე თავისას არ იშლიდა, განაგრძობდა სწავლას, სწერდა სიპ ქვებზე, რაიც ფშავ-ხევში მრავალია. ქაღალდს ვინ აღირსებდა ან კი? ფშავის ხევს იმ დროს ხევისბერები და მკითხავ-ქადაგები განაგებდენ, თემთა ბატონ-პატრონნი ისინი იყვნენ, მთელი ხალხი მუჭაში ეჭირათ და საითაც უნდოდათ, იქითკენ უზამდენ თავს, რამდენიც ჰსურდათ, იმდენს ხატს შეაწერდნენ ხატის სასარგებლოდ, რომელიც ბოლოს იმათ ჯიბეს და კალთას არ ასცდებოდა. მამა-ჩემის სწავლა იმათ არ ეპიტნავებოდა, რადგან მათთვის სასარგებლოს ეს სწავლა არას მოასწავებდა და საზიანოს კი ბევრს.

II

მე როცა მამა-ჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარ-დიაკვნად იყო სოფ. მაღაროსკარში, ს. ჩარგალზე რვა ვერსზე დაშორებით. როცა კი შინ იმყოფებოდა, მუდამ მიამბობდა მოთხრობებს ძველი სამღთო ისტორიიდან, წერა-კითხვას მასწავლიდა ძველებურს წესზე. ჩაუჯდებოდა ხორცს ხინკლისათვის საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც დავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს, რადგან ძველი აღთქმისა ზოგ-ზოგი მოთხრობა მეტისმეტად მომწონდა, ჩემს ყურადღებას იზიდავდა: დავითისაგან გოლიათის დამარცხება, სამსონ ძლიერის მოქმედებანი, ძმათა მაკაბელთა თავდადება და სხვ... და უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ ჩემი თავი სამსონ ძლიერად მყვანდა წარმოდგენილი, რადგან დედა-ჩემი ამბობდა ჩემზე, დიდი თმა ჰქონდა, როცა დამებადაო, თითქმის თვალებს უფარავდაო, და ვეშარებოდი: თმა რად მომკრიჭეთ-მეთქი. მაინც ამ „თმიანობამ“ თავის თავზე წარმოდგენა განმიდიდა, რაღაც არაჩვეულებრივ ადამიანად მომაჩვენა ჩემი თავი და დამისახა არაჩვეულებრივი მომავალი. რვა წლამდე ვიზრდებოდი ძველ წიგნებზე. ვეფხის-ტყაოსანი, მზე-ჭაბუკისა და ჯიმშედის ამბავი, (ჩუბინაშვილის ქრესტომატია), გრიბული ჟორჟ სანდისა შეიქმნა ჩემ საყვარელ საკითხავ წიგნებად; ერთხელ წაკითხვას როდი ვჯერდებოდი, რამდენჯერმე უნდა ერთი და იგივე გადამეკითხა. საგმირო ამბებს დიდ აღტაცებაში მოვყვანდი და სწორედ ის ხანა დაედვა საძირკვლად, ლიბოდ, ჩემს შემოქმედობას. ერთხანად ბერად შედგომაზეც კი ვოცნებობდი, მაგრამ შინაურებმა მასხარად ამიგდეს და ამ ოცნებაზე ხელი ამაღებინეს ჩემდა უნებურადა. დედა-ჩემის მიერ ნაამბობიდან ღრმად ჩამეჭდია გულში მის მიერ ნანახი იაკობისებური ცხად-მოჩვენება, რომელსაც შემდეგ, როცა მოვიზარდენით და მეცნიერებას ცოტაოდნად ვუსუნეთ, აღარც-კი ვუჯერებდით, თუმცა დედა მაინც ჩვენს თავს ფიცულობდა დასარწმუნებლად: „ჯერ ისევ ქალი ვიყავ გასათხოვარი“, - ამბობდა დედაჩემი, (ვეცდები იმის სიტყვებით გადმოგცეთ ნახული მოჩვენება) - მე და ჩემს ბიძაშვილს ქალს სხლოვანს (სოფელია) გარეთ დერიფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შაშინებული წამოვჯე ლოგინში, გავხედე და მთელი ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვნის გორითა, გადაბმულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და ისეთ მწკეპრ (წმინდა) ხმაზე გალობდენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყურიო“.

ამ მოჩვენებასაც, რა თქმა უნდა, თავისი ძალა ჰქონდა და მაფიქრებინებდა, რომ ჩვენი დედ-მამის და მის შვილების სვე-ბედში განგება მონაწილეობას იღებდა...

რვა წლისა თელავში სასულიერო სასწავლებელში მიმაბარეს. სასწავლებელში ყოფნამ ჩემს გულსა და გონებას ვერაფერი შეჰმატა, ჩემს ფანტაზიას, გონების მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა ლათინური და ბერძნული ფრაზების ზეპირობა. უვარგისი სისტემა სწავლისა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, ვერ აწვდიდა ნოყიერ საზრდოს, იძულებული ვიყავ, მიმემართნა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი რაც შემხვდებოდა, განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყვანდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისაც არაფერი გამეგებოდა, უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე სხვა საბუნებისმეტყველო ან საისტორიო წიგნებს, ცაზე დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა.

ექვსი წლის ჩემი თელავში ყოფნის დროს სწავლის ნაყოფად ჩაითვლება რამდენიმე რუსულ-ბერძნულ-ლათინური ფრაზა, - ქართულს ვინ გვაღირსებდა, - რუსული „ბილინების“ ცოდნა, რასაც გულმოდგინედ ვსწავლობდი და რუსულის მასწავლებელიც, თუ არა ვსცდები, სვიმ. რცხილაძე, კარგად გვასწავლიდა. სამაგიეროდ კრივი კარგი ვიცოდი, ვინაიდან მუდამ შაბათ-კვირაობით, უქმეებში კრივი იმართებოდა და ყველასთვის ფართო ასპარეზი იყო გადაშლილი და, თუ ინსპექტორი ტარიელოვი არ წამოგვაწყდებოდა მე და ჩემ ამხანაგებს, ნეტავი ჩვენ, და თუ ის აგვიჩნდებოდა ქარიშხალად, ცუდად იყო ჩვენი საქმე, დაგვანიავებდა.

კრივში ჩემს საუკეთესო ამხანაგად ითვლებოდა ჩვენებური მღვდლის შვილი, შაქრო მაღალაშვილი... სახლის პატრონთანაც ერთად ვიდეგით და კრივშიაც ერთად ვმოღვაწეობდით. ჩვენი სახლის პატრონი, კირილე კოლოტაძე, მედავითნე, ძველებური კაცი, რომელმაც ჩემს გვარს არ დამაჯერა, რაზა გადააკეთა, ხოლო მაღალაშვილის გვარიდან კოჭაკი გამოიყვანა, როცა კრივიდან დაბეგვილ-დაქანცულს მომიხდებოდა შინ დაბრუნება, მომმართავდა თავის დანჯღრეული რუსულით: „ტი, რაზიკოვ ზდეს, ა კოჭაკოვ (მაღალოვი) ღდე?“ უნდა მოგახსენოთ, რომ მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა > რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც-კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი“-თ.

მასწავლებლები, სკოლის უფროსები კრივს გვიშლიდენ და იმას როდი ფიქრობდენ, თუ ჩვენ ვიყავით დასასჯელნი მიტომ, რომ ვკრიობდით კვირაში ერთხელ, ისინი უფრო მეტის სასჯელის ღირსნი იყვნენ, რადგან მუდამ დღე კრიობდენ, ჩვენ გვეკრიებოდენ ხან მუშტით, ხან როზგით. მე პირადად ამ მხრივ ბედნიერი ვიყავ, რადგან როზგსა და მუშტებს ვრჩებოდი. მე რომ მიმიყვანეს სკოლაში, როზგი ხმარებაში მხოლოდ ორ წელს-ღა იყო. შემდეგ აკრძალეს.

რა გასაკვირველი იყო, მასწავლებლების ჯავრი სხვაზე ამოგვეყარა? ან იმათ ნაჩვენები მაგალითი ჩვენც გაგვემეორებინა? ისინი კლასში იქნევდნენ მუშტებს თვის მოწაფეთა შორის, რომლებიც განსაკაცებლად მიაბარეს და არა გასამხეცებლად, რომ ჩვენც იმათ მაგალიისთვის მიგვებაძა და უცხოებისთვის თავ-პირი გვემტვრია!..

ჩვენთვის სკოლა საპყრობილე იყო და ღმერთს იმას ვეხვეწებოდით მთელი ჩვენი არსებით, გათავებულიყო ჩქარა სწავლა და დავღრწევიყავით ტანჯვა-წვალებას ბრჯღალებიდან. დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს, და მით უმეტეს უბედურები არიან ისინი, ვინც ამ საპყრობილეში დაუმწყვდევიათ აღზრდა-განათლების სახელით. ალბათ ჰგრძნობენ თვით აღმზრდელნიც ძველებურ აღზრდის სიმკაცრეს, რომ ქართველებს ასე უთქვამთ: „სწავლისა ძირი მწარეა, ხოლო წვეროში გატკბილდებაო“. ვინ იცის, ქართველებისაგან არის ეს ნათქვამი, თუ რუსებისაგან შეისწავლეს: „უჩენიე - მუჩენიე, ა პლოდი ეგო სლადკიე“. (სწავლა ტანჯვაა, ხოლო ნაყოფი მისი ტკბილი არისო). ნუ თუ მუდამ სწავლა ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?..

სიყრმის დრო ერთი ზნე მჭირდა, - თუ ვისმე რაიმე უნარს ქვეყანა ღირსებად უთვლიდა, უეჭველად ამ ღირსების წარმომადგენელი მე უნდა ვყოფილიყავი: აქებდენ კარგ მოკრივეებს - მეც ვკრიობდი, რომ კარგი მოკრივის სახელი მომეხვეჭა. აქებდენ კარგ მოჭიდავეს - მეც ვჭიდაობდი, რათა ფალავნის სახელი გამეთქვა.

ამ ორ საქმეში არ იყო, რომ მიზანს არ მივაღწიე. მაგრამ სახელის მოხვეჭაზე სიარულმა საცინელ მდგომარეობაში, სწორედ ნერონის მდგომარეობაში ამომაყოფინა თავი. იყო ვინმე მთავარი თელავში, რომელიც სობოროში ემსახურებოდა. სასულიერო სასწავლებლის მოწაფენი მუდამ იქ დავდიოდით წირვა-ლოცვაზე. ეს მთავარი დიდი ხმის პატრონი იყო, ყველა ხმას უქებდა: „რა ხმა აქვს ვანო მთავარს, რა ხმა, ძალიან ბასი აქვსო!“ ოჰ, ეს ჩამწვდა გულში: როგორ თუ ვანო მთავარს ბასი აქვს და მეც კი არ უნდა მქონდეს-მეთქი. ვიჭიფხებოდი, ვყვიროდი თავისთვის, ვიბერებოდი, ვატანდი ხმას ძალას, რომ გამებოხებინა, და იქამდე დავტანჯე თავისი თავი, გულმა ტკივილი დამიწყო... გალობის მასწავლებელი როცა ხმებს არჩევდა შეგირდებიდან მგალობელთა გუნდის შესადგენად, საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი, რომ მან ჩემში არამც თუ ბასი, ტენორი, არამედ არავითარი ხმოვანება არა ჰპოვა. დავრჩი გულნაკლულად, მაგრამ რა გაეწყობოდა: თავს მხოლოდ იმითი ვინუგეშებდი, რომ მასწავლებელს ალბათ ვეჯავრები-მეთქი, ხოლო რომ ბასი ვიყავ, ეს უეჭველად მწამდა და მოველოდი სხვა დროს, სხვა მასწავლებელს, რომელიც ჩემს „ბასს“ ჭეშმარიტ ბასად სცნობდა.

ათი წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, მაგრამ, რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული, იმდენად გაუბედავი, დამალული, უსიტყვო, ისეთი, რომ ვგონებ ვინც მიყვარდა, იმანაც არ იცოდა; მე კი მუდამ დღე არ მენახა თვალით, მოვკვდებოდი, რის გამოც, როცა დროს ვიხელთებდი, უნდა გავქცეულიყავ იქ, საცა ჩემი „სატრფო“ მეგულებოდა, რომ თვალით დამენახა, დავმტკბარიყავი იმის ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა, ეს სიყვარული დანაშაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი სატრფოს! მალე იძულებული შევიქენ განვშორებოდი თელავს და ჩემს სატრფოს. როგორ გგონიათ, რომ კიდევ გაგრძელებულიყო ჩემი იქ ყოფნა, გამოვიდოდა რამ ჩემი სიყვარულიდან? არაფერი. რადგან ქ. თბილისში რომ გადავედი, თელაველი სატრფოს სიყვარული სხვაზე მიმივარდა, მაგრამ ეს სიყვარულიც პირველსა ჰგავდა, „შორით კდომა, შორით დაგვა იყო ჩემი ნუგეში და, ვიდრე არ დავვაჟკაცდი და იმისა, ვინც მიყვარდა, ცოლად შერთვა არ განვიზრახე, ვერც სიყვარულის გამოცხადება გავბედე...

(აქ წყდება „ჩემი წუთისოფლის ავტოგრაფი)

4 33. ვაჟას ფსევდონიმები

▲ზევით დაბრუნება


33. ვაჟას ფსევდონიმები

ვაჟა პირველ ხანებში „რაზიკოვ“-ად იწერებოდა. გვარის რუსული დაბოლოვება მოწაფეობის პერიოდში მას ძალიან მოსწონდა. „იქნებ შეურაცხყოფადაც კი მიმეღო თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი დაბოლოვება „ოვი“-თო“, - ამბობს ის.

როდესაც ვაჟამ პირველად თავისი კორესპონდენციებით დაიწყო სამწერლო ასპარეზზე გამოსვლა, ამათ ინიციალებით „რაზიკოვს“, აწერდა. მაგ. პირველი მისი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდამ“. („დროება“ 1879 წ. 11) ხელმოწერილია ასე: ლ. რაზ-ვი. მეორე კორესპონდენცია (იმავე წლის „დროება“ N 52) „ფშავის ხევიდამ“ ლ. რ.ზ. და ა. შ.

1881 წ. ვაჟა გარდა ამისა ფსევდონიმად ხმარობდა თავისი გვარის ქართული დაბოლოების ინიციალებს ლ. რ-ზ-კ-ლი. ასეთი ხელმოწერით ბეჭდავდა ის ლექსებს „იმედში“, თუმცა მის პარალელურად ზემოხსენებულ ფსევდონიმებსაც ხმარობდა..

1880 წ. ვაჟა თავის ნაწერებს ზოგჯერ ნამდვილ გვარსაც აწერდა.

1885 წ. ხელმოწერა „ვაჟა-ფშაველა“-ს ფსევდონიმით დაიწყო.

ამ ფსევდონიმის დარქმევის შესახებ, მ. შამანაური თავის მოგონებაში სწერს: „პირადად ჩემთვის ვაჟას არ უთქვამს თუ საიდან ან როგორ დაირქო მან „ვაჟა-ფშაველა“, მაგრამ განსვენებულმა დიმიტრი ცისკარაშვილმა (თუში), რომელიც თელავის სამოქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად იყო დიდხანს, შემდეგი მიამბო: „პეტერბურგში, სადაც ვაჟა უნივერსიტეტში თავისუფალ მსმენელად იყო, ყველა სტუდენტის ცენტრალურ ფიგურას ვაჟა წარმოადგენდა და რადგან პოეტურ ნიჭთან, ამხანაგების შეთვისებასთან და სხვა დადებით თვისებებთან ერთად, ვაჟას მკლავიც უჭრიდა, ჩვენ მას ხშირად შექებით ვეუბნებოდით: „ვაჟი ხარ, ლუკავ, ვაჟი ხარ, ვაჟი, ფშაველო! (მთაში ვაჟს ყოჩაღს, გამბედავს, გულადს ეძახიან) და აი აქედან აიღო მან თავისი ფსევდონიმი „ვაჟა-ფშაველა“.

ამ ცნობის სინამდვილეს ადასტურებს ვაჟას ახლობელი მეგობარი ივ. ბუქურაულიც, რომელიც თვით ვაჟას შეკითხვია ცისკარაშვილის ცნობის შესახებ, იმასაც დასტური მიუცია: „ვაჟა-ფშაველა“ მიტო (დიმიტრი ცისკარაშვილმა) დამარქვა და მეც ფსევდონიმად ვიხმარეო“.
ამ ფსევდონიმის პარალელურად ხანდახან ვაჟას სხვა ფსევდონიმებითაც უწერია, უმთავრესად კორესპონდენციები. ვაჟას ფსევდონიმები სხვადასხვა დროს ყოფილა:

 

1. ლ. რ.
2. ლ. რაზ-ვი
3. ლ. რ-ზ.
4. ლ. ზარათელ.
5. მგელა ხინკალჭამიაშვილ
6. მწირია
7. ჟულაკა გოგოჭურi
8. ფშაველა ვეფხვაიძე
9. ლ. რ-ზ-კ-ლი
10. ვაჟკაცი
11. ვ-ა ფლა
12. იქაური
13. ა-ლი
14. ლ. კათაკმეველი1
15. ველაფშა
16. ჟავა2

  1 ვაჟა „კათაკმეველის“ ფსევდონიმით სწერდა ერწოში მასწავლებლად ყოფნის დროს (იხ, მისი წერილი აქვე გვ. 273).
2. პირველი 13 ფსევდონიმი გამოარკვია ალ. აბაშელმა და თ. სახოკიამ

რა თქმა უნდა, ეს სია არ შეიძლება ამომწურავი იყოს, დაბეჯითებით არც იმის თქმა შეიძლება ჯერ, რომ ყველა ეს ფსევდონიმები უდავოდ ვაჟასი იყოს. მომავალში, როცა ამ მიმართულებით კვლევა-ძიება გაღრმავდება, ამ სიას, ალბათ, ზოგი მათგანი გამოაკლლება და ზოგიც დაემატება.