![]() |
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი (ნაწილი II. ნ-ჰ) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ლექსიკონები |
წყარო: ISBN 978-9941-10-781-8 |
საავტორო უფლებები: © გამომცემლობა „მერიდიანი“ |
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2013 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
ლექსიკონის აღწერა: საქართველოს ეროვნული მუზეუმი GEORGIAN NATIONAL MUSEUM Ethnographic dictionary of the Georgian material culture Das ethnographische Lexikon der georgischen materiellen Kultur Этнографический словарь грузинской материальной культуры Le dictionnaire ethnologique de culture materielle გამომცემლობა „მერიდიანი“ Tbilisi 2013 პროექტი შესრულებულია საქართველოს სამეცნიერო და რუსთაველის ფონდების გრანტის საფუძველზე №GNSF/ST 06/1-012 პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ელდარ ნადირაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველი ავტორ-შემდგენელნი: გვანცა არჩვაძე (გ.ა.), ლამარა ბედუკიძე (ლ.ბ.), ციალა ბეზარაშვილი (ც.ბ.), მარინა ბოკუჩავა (მ.ბ.), გურამ გასიტაშვილი (გ.გ.), ნელი გელაშვილი (ნ.გ.), თამარ გელაძე (თ.გ.), ანზორ გოგიაშვილი (ა.გ.), მაყვალა ზანდუკელი (მ.ზ.), ცისანა კაკაბაძე (ც.კ.), გულიკო კვანტიძე (გ.კ.), ლეილა მოლოდინი (ლ.მ.), ელდარ ნადირაძე (ე.ნ.), თებრო ნადირაძე (თ.ნ.), მამუკა ქაფიანიძე (მ.ქ.), მანანა შილაკაძე (მ.შ.), ხათუნა ცინცაძე (ხ.ც.), მანანა ხიზანიშვილი (მ.ხ.), ნანული ჯიქია (ნ.ჯ.) © ელდარ ნადირაძე © გამომცემლობა „მერიდიანი“, 2013 რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველი ISBN 978-9941-10-781-8 უაკ (UDC) 904 (479.22)(038)+39(479.22)(038) n-162 ნაშრომში გამოყენებულია მხატვრებისა და არქიტექტორების: ტ. ამბრიაშვილის, ლ. ბერიშვილის, ნ. ბრაილაშვილის, გ. გაგარინის, გ. გეგელიას, ა. ვარაზაშვილის, ნ. ველიაშვილის, მ. ივანიშვილის, ნ. თო ფურიძის, ნ. თე ნეიშვილის, ვ. კანდელაკის, რ. კიკნაძის, ო. კონიაშვილის, ნ. ლო მიძის, გ. მეტ რეველის, გ. ოშაყმაშვილის, გ. რაზმაძის, ნ. რახმანინოვას, ა. სავინის, გ. საბუცკის, თ. სოსელიას, მ. ტილკეს, გ. ტონიას, ი. ქავთარაძის, ს. ქობულაძის, ი. შარლემანის, ლ. შერვაშიძის, ვ. წილოსანის, ტ. ჭუბაბრიას, ა. ხაბულიანისა და ზ. ჯიბღაშვილის ნამუშევრები. ფოტოები: ა. როინიშვილი, დ. ერმაკოვი, მ. კილაძე, გ. ჯალაბაძე, გ. ბუმბიაშვილი, ე. ნადირაძე. თარგმანი: ნ. ჯაფარაშვილი (ინგ.), კ. ბრეგაძე (გერმ.), დ. იაშვილი (ფრანგ.), მ. ბულეიშვილი (რუს.). |
![]() |
1 ნ |
▲ზევით დაბრუნება |
ნაალი - ნალი - საწოლი ლეიბი, დოშაკი, მატრასი.
ნაბადი - მოთელილი მატყლისაგან დამზადებული წინ გახსნილი უსახელებო წამოსასხამი. XIX ს-ის ქართველ და კავკასიის სხვა ხალხთა ეროვნული კოსტიუმის ელემენტია. აქვს მთლიანი ზურგი და კალთები, ამოღებული ყელი და განიერი მხრები, დანიშნულების მიხედვით მზადდება მოკლე ან გრძელი, მსუბუქი ან მძიმე, დაბალ ან მაღალხაოიანი. XIX ს-ში საუკეთესო ნაბადის წარმოებით განთქმული იყო ჩრდილო კავკასია, ყაბარდო-ჩერქეზეთი, დაღესტანი და ოსეთი; ამიერკავკასიაში - საქართველო (იმერეთი, სამეგრელო, სვანეთი და დუშეთი). ნაბდის წარმოების ქართული ხალხური ტრადიციები ბოლო დრომდე კარგად იყო შემონახული. მაგალითად, სოფელ ჯვარის (სამეგრელო) ერთ-ერთ უბანში - ჩქვალერში, ქალები ოჯახებში თარგის მიხედვით საუკეთესო გრძელბეწვიან მთლიან ნაბდებს თელავდნენ. ამ შრომატევად სამუშაოში შედიოდა მატყლის რეცხვა, ჩეჩვა, „გაწვერგულება“, შეთელვა და სხვ. XIX ს-ში ჩოხა-ახალუხთან ერთად ფართოდ გავრცელდა ყუბანისა და თერგის კაზაკობაში, როგორც სამხედრო ამუნიციის ნაწილი, რომელმაც ხელი შეუწყო ქართულ-კავკასიური წარმოების ნაბადზე მოთხოვნილების ზრდას. სამცხე-ჯავახეთში ნაბდის ერთ-ერთ ტიპს „იაფინჯი“ (იხ.) ეწოდებოდა.
ლიტ.: დასურათებული ლექსიკონი, 2008.
ე.ნ.
ნაბდის წნელი (სამეგრ.) - ნაბდის შესაკრავი, ტყავისა, შავი ფერის გარშემო შემოვლებული აქვს ტყავისავე დაწნული თასმა და შავი ფერის აბრეშუმის ძაფის გრეხილი.
ნ. ჯ.
ნადბაში (სვ.) - მრგვალი კვერი. სვანეთში ქორწილის დროს საპატარძლოს თავისი სახლიდან ქმრის ოჯახში მიჰქონდა ნახევარი ფუთი მოზელილი ცომი. ოჯახში შესვლის წინ, იგი ჯერ უნდა შესულიყო ნადბაშში - ეკლესიის მინაშენში და აქ უნდა გამოეცხო მრგვალი კვერები - ნადბაშები. ამ კვერებს ეკლესიაშივე აკურთხებდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ პატარძალი მათ ახლობლებს დაურიგებდა. აღნიშნული რიტუალი დაკავშირებული უნდა იყოს ოჯახის გამრავლება-დოვლათიანობასთან.
ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა.
ნავი - 1. წყლის პრიმიტიული ტრანსპორტი, როგორც ერთ ხეში ამოღებული, ისე შედგენილი. მოძრაობის ნიჩბებითა და ჭოკის მეშვეობითაც. 2. საქართველოში გავრცელებული მცირე მოცულობის ნავისებური ტიპის ტრანსპორტის ზოგადი სახელი. 3. იგივეა რაც საწნახელი. 4. წყლის გეჯა, პირუტყვთა დასარწყულებელი. 5. ეკლესიის შენობის ნაწილი. 6. კევრის წინა, აწეული მხარე.
ლიტ.: ქელ. 2009.
ნავი დაჭედილი - ზოგადად ყველა იმ ნავის სახლია, რომლებიც ფიცრებითაა შეკრული.
ნავი ლაზური - იხ. ფელუკა
ნავი ოდიშური - დაჭედილი ნავის ტიპი, სამეგრელოსა და ქვემო იმერეთის მოსახლეობა გამოიყენებდა რაიონის აუზში სანაოსნოდ.
ნავი პიტაფიცარა - მოკლე, გადაკერებული ფიცრებისგან შეკრული ნავი. ლაზები ასეთ ნავს „ფათალიას“ უწოდებდნენ, ხოლო გურულები „ხეჭეპას“.
ნავი ცალფა - დაუჭედავი, ერთ ხეში ამოღებული ნავი. იგივე ვარცლი, ნუშა, მორა, ტრანსპორტის ერთი უძველესი ფორმა ტივთან ერთად. ცალფა ნავი შიდა წყლებში ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტი იყო და მას ფართოდ გამოიყენებდა შავიზღვისპირეთის მოსახლეობა სხვადასხვა საქმიანობის შესასრულებლად.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
ნავი ჭოროხული - ბრტყელძირიანი ნავი, რომელიც მისადაგებული იყო მდინარე ჭოროხის თავთხელ წყალს. დაახლოებით 20-25 მ. სიგრძის, რომლის ტვირთზიდვა 200 ფუთამდე ტვირთს შეადგენდა.
ლიტ.: კუტალეიშვილი ზ., ნაოსნობა საქართველოში. 1987.
ნავტიკი - ერთგვარი საკომუნიკაციო საშუალება. გაბერილი ტყავის ტიკი, რომელზედაც ზემოდან დაკრული იყო ფიცრები მდინარეზე გადასასვლელად. „მცირე ტივი, ანუ ლასტი, ქვეშედამ გაბერილის გუდებით, წყალში გასავალად“ (ნ. ჩუბ.). ნავტიკიდან თევზაობდნენ კიდეც. ადრე თბილისში, მუხრანის ხიდის ადგილზე, იყო მცურავი ნავტიკის ხიდი, მას „მუხრანსკის“ ხიდსაც უწოდებდნენ. ნავტიკებს სამხედრო მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ქართველებმა ერთ-ერთ მდინარეზე მეომრები ნავტიკით გადაიყვანეს. ხშირად გორიდან ატენური ღვინო თბილისში ნავტიკებით მოჰქონდათ.
ნ.ჯ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნავჩოჩიალა - ნუშას (იხ.) ტიპის ნავი იმერეთში.
ნაზუქი - ტკბილი პურის სახეობა, რომელიც ფორმით პატარა დედასპურს (იხ.) წააგავს. მზადდება საფუვრიანი ცომისაგან, რომელიც რძეში, თაფლსა და კვერცხშია მოზელილი. გამოუმცხვარ ნაზუქს ზემოდან უსვამენ ათქვეფილი კვერცხის გულს, რაც გამოცხობისას წითელ ფერს აძლევს. ძირითადად ამზადებდნენ დღესასწაულის დროს. საუკეთესო ნაზუქებს აცხობდნენ შიდა ქართლში.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქ-ში. 2007.
ე. ნ.
ნალბანდი - საქონლის რკინის ნალით დამჭედავი. იმისათვის, რომ საჯდომ და მუშა საქონელს საჯაფო სამუშაოთა შესრულებისას ჩლიქები არ დაუცვდეს, ლურსმნებით აჭედებენ რკინის ნალებს. დაჭედვისას კარგად გაბაწრულ ცხოველის ჩლიქის ძირებს ბრტყლად მოუსწორებენ დანით და დააჭედებენ ნალებს. ნალბანდს დიდი დაკვირვება მართებს, ლურსმანი გაატაროს ჩლიქის უგრძნობ ნაწილში და არ შეახოს საქონლის საღ ხორცს, თორემ დაჭედილი პირუტყვისათვის იგი მუდმივი ტკივილის წყაროდ იქცევა და შესაძლოა, ამით სამუდამოდ დახეიბრდეს. ჩლიქში გვერდულად დარტყმული ლურსმნის წვერი მის ზედაპირზე გამოდის, რომელსაც ჩლიქებზევე გადაკეცავენ. ნალსა და ლურსმანს ძირითადად მჭედელი სჭედდა, ზოგ შემთხვევაში კი თვით ნალბანდები ამზადებდნენ. დიდი სამუშაოების დროს სანალბანდო საქმიანობაში ქვედარგები ყალიბდებოდა. მუშა საქონელი წელიწადში 4-5-ჯერ იჭედებოდა, რაც განაპირობებდა სანალბნდო საქმიანობის შეუწყვეტელ ხასიათს.
ნალბანდის
იარაღები
ე. ნ.
ნალი - ცხენის, ხარის და ვირის ფლოქვებზე დასაჭედი რკინა, რათა ცხოველს სიარულისა და ჯაფის დროს ფლოქვები და ჩლიქები არ გაუცვდეს. ცხენისა და ვირის ნალი სქელია და რკალისებური, ხოლო ხარისა ბრტყელი და ნახევარწრიული. ნალი იკვრება საგანგებო ლურსმნების საშუალებით.
ე.ნ.
ნალია - ღომის თაველის საშრობი ნაგებობა, გარდა ღომისა, საჭიროების დროს სხვა მარცვლეულსაც აშრობენ. ძირითადად გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი). ნალია წარმოადგენს მოღობილ//მორაგულ ორფერდად გადახურულ, ნახევრად ღია ნაგებობას, რომელიც იდგა ხის ან ქვის სვეტებზე. ნალიაში გადებულ ჯოხებზე ღომი ეწყობოდა ხელეურებად და ქვეშიდან უნთებდნენ ნელ ცეცხლს, რომ ზომიერად გამომხმარიყო.
ლიტ.: ჯ. რუხაძე, ხალხური აგრიკულტურა დასავლეთ საქართველოში, 1976.
ე. ნ.
ნალო - მძიმე ტვირთი, თრევით მისატანი როგორც ხარებისაგან, ასევე კაცთაგან. ზოგჯერ დაღმართში მოუბამენ დატვირთულ ურემს, რომ არ დაქანდეს. ფიჩხის ნალო ხარებით შეჰქონდათ შუა ცეცხლზე დასადებად.
ნალჯი - ნალის მკეთებელი ხელოსანი. საქონლის დაჭედვის აღმავალი პროცესი მოითხოვდა ამ სფეროში შრომის დანაწილებას, ამიტომ ჩამოყალიბდა ცალკე პროფესია ნალჯისა, რომელიც მხოლოდ ნალებს ამზადებდა.
ნამაზლიკი - მცირე ზომის სალოცავი ხალიჩა, რომლის ერთ მხარეს გამოსახულია მაჰრიბის გუმბათი. ზოგჯერ ასეთი ტიპის ხალიჩებს „საჯადასაც“ უწოდებენ, აღნიშნული სახის საფენები მაჰმადიანურ სამყაროში ფართოდაა გავრცელებული.
თ. ნ.
ნამგალი - ხელით სამუშაო პურეული კულტურების სამკალი იარაღი. მზადდებოდა საქართველოს მჭედლობის ცენტრებში. ნამგალი ძირითადად მზადდებოდა ე.წ. ნაკუწი რკინისაგან - ჯართისაგან. ქურაში მჭედელი ჯართს ერთ ზოდად შეადუღებდა, ნამგლისათვის საჭირო ნაწილს ჩამოაჭრიდა, ჯერ სიგრძეზე გაჭიმავდა, შუაზე გააპობდა და ფოლადს ჩაუდებდა, შემდეგ სანამგლე რკინა-ფოლადს კვლავ ქურაში დაადუღებდა. როცა რკინა სათანადოდ გახურდებოდა და ყვითელ ფერს მიიღებდა, ქურიდან გადმოიღებდა, გრდემლზე დადებდა და კვერის ცემით ნამგლის ფორმას მისცემდა, „პირს გამოუყვანდა“. შემდეგ ეტაპზე ხდება პირისა და ტარის გამოყვანა. ნამგლის პირი წყალში წრთობის შემდეგ რომ არ გამრუდებულიყო, მომზადებული ჰქონდათ ნამგლის ფორმის ყალიბი და ძროხის ქონწასმულს ზედ დააკრავდნენ. ამ ხერხით იარაღის თხელი პირი აღარ მრუდდება და ფხა-ალმასიანი გამოდის. წრთობის სხვადასხვა წესები მჭედლის გვარში საიდუმლოდ რჩებოდა და მომავალ თაობას მემკვიდრეობით გადაეცემოდა. მათ დამღაც საგვარეულო ჰქონდათ (მაგ., მეჯვრისხეველ მჭედელ მაზანაშვილების დამღა ე.წ. „კურდღლის კანჭი“ იყო, რომელიც დღემდე არსებობს მათ მიერ გაჭედილ რკინის იარაღებზე). ნამგალს, როგორც სხვა იარაღს, მჭედელი უკეთებდა დამღას, რაც ხშირად მოხელის გვარისა და სახლის ინიციალებით შემოიფარგლებოდა, ზოგჯერ სხვადასხვა ნიშნებს დაადაღავდა. მჭედლის დამღა თაობიდან თაობაში გადადიოდა. ოჯახის გაყრის შემთხვევაში ამ ნიშნით სარგებლობის უფლება გვარის განაყრებს ჰქონდათ. საქართველოში ცნობილია სხვადასხვა სახეობის ნამგალი: სამკალი, სათიბი, სასხლავი, საჩეხი და სხვ. საქართველოს ტერიტორიაზე ნამგლის არსებობა უძველესი დროიდან დასტურდება. ყველაზე ადრინდელ ტიპად კაჟის პირიანი ნამგლებია მიჩნეული.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, აღმ. საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
ა. გ.
ნამგოლი (ხევს.) - სალუდე წვენში ჩახარშული სვიის ნარჩენები, რომლისგანაც წვენი იფილტრება მის ფუებამდე.
ნანია (მეგრ.) - ღომის გამოსაშრობი ძარა, რომელსაც ძირი გამოწნული აქვს და მაღალ ბოძებზეა შემდგარი.
ნარგილე - აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ნარკოტიკული ნივთიერების მოსაწევი ყალიონი, რომელიც წყლის ჭურჭლისა და მილის კომპლექტითაა წარმოდგენილი. ნარგილეთი გართობა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა არისტოკრატიულ წრეებში.
ნარდი - კამათლებითა და ქვებით სათამაშო, უაღრესად გავრცელებული აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ნართი - თითისტარზე (იხ.) ან ჯარაზე დართული მატყლი, რომლისაგანაც მიიღებოდა საქსოვი ძაფი. თანაბრად დართული და დაგრეხილი ნართისაგან კარგი ხარისხის ქსოვილი მზადდებოდა.
ლიტ.: ც. ყარაულაშვილი, ქსოვის ხალხური წესები კახეთში, 1985
გ.კ.
ნატი//ნატა - ტარსიკონი, მოქნილი ტყავის ხალი, ტყავის ქვეშსაგები, ფეხქვეშ გასაგები. „მან ქალმან ქვეშე დაუგო ვეფხის ტყავისა ნატები; მას ზედა დაჯდა იგი ყმა, სულთქვამს ჭირ-მონამატები“. („ვეფხ.ტყ. 267).
ნაფთული - სხვადასხვა ფორმისა და ფერის ნაჭრის ნაკუწები, რომელსაც ხევსურები იყენებდნენ ტალავარის შესამკობად (იხ. თიკვი).
ნაქუსი - ანძა.
ნაჩხორეხი (თუშ.) - ყველიანი წყალი. ერთგვარი საჭმელი. ერბოში მოხრაკულ ხახვს დაასხამენ წყალს და აადუღებენ. შემდეგ ჩააჭრიან ყველს, შეანელებენ ათქვეფილი კვერცხით, მოურევენ და წამოადუღებენ. არის ერთგვარი სახელდახელო საჭმელი.
ე. ნ.
ნაჭა - შუაცეცხლზე ქვაბის ჩამოსაკიდებელი ჯაჭვი. ნაჭა შედგება რკინის რგოლებისაგან. რგოლები გრეხილი, მსხვილი რკინისაგანაა დაწნული და უფრო ხშირად რვიანის ფორმა აქვს. ჯაჭვის ერთი ბოლო მრგვალი მასიური რგოლით ბოლოვდება, რითაც იგი ჩამოკიდებულია ჭერზე საგანგებოდ მოწყობილ ხის საკიდზე. ნაჭის მეორე ბოლო, ე.წ. ქვაბის საკიდი, რკინის სქელი ფართო ნაჭერია, რომლის ზედა თავი ორყურაა, ყურის ბოლოები ან თავისუფლად არის დარჩენილი, ან მირჩილულია ტანზე. ყურებში გაყრილია ჯაჭვის მეორე ბოლო. საკიდის ქვედა ნაწილი შემოკეცილია ზემოთ, რაზეც ქვაბის სახელური იკიდება.
ნაჭა მზითვის აუცილებელი ატრიბუტი და ახალი ოჯახის, ახალი კერიის შექმნის სიმბოლო იყო სამეგრელოში. სვანეთში ნაჭა კერასთან ერთად წმინდა ნივთად ითვლებოდა და მისი ოჯახიდან გატანა მიუღებელი იყო, რადგან ნაჭა გვარის, ოჯახის, სახლის სიძლიერის სიმბოლო იყო.
ნ.გ.
ნახშირი - რკინამჭედლობაში ქურის გასახურებლად ხის ნახშირი ერთადერთი საშუალება იყო. ნახშირის დაწვის ორი ხერხი არსებობდა: ნახშირის დაწვა ორმოში და ღია ცის ქვეშ ორმოს გარეშე. ორი კაცი მიდიოდა სამი დღით. მიჰქონდათ წერაქვი, თოხი, ბარი, ნაჯახები დიდი და პატარა, ბირდაბირი - ხერხი და ნიჩაბი. ითხრებოდა 2მ სიგრძის, 1მ სიგანის და 1,5მ სიღრმის ორმო. ერთ ორმოში ოთხი ჯანაბირი ნახშირი უნდა გამოსულიყო. ორმოში ხმელი შეშით ცეცხლს ჩაანთებდნენ და გაჩაღების შემდეგ აყრიდნენ მსხვილ შეშას. ორმოს ძირში შეშა თანდათან ნახშირდებოდა, ზემოდან კი ახალ შეშას აყრიდნენ. ასე გრძელდებოდა სანამ ორმო პირამდე არ გაივსებოდა ნახშირით. შემდეგ ზემოდან აფარებდნენ ხის მორებს, აყრიდნენ მიწას და ჰერმეტულად ხურავდნენ, რომ ჰაერი არ ჩასულიყო. ასე რჩებოდა ორმო ორი კვირის განმავლობაში. გაციების შემდეგ ნახშირს ეზიდებოდნენ სახელოსნოში. ერთ ორმოში ოთხი ჯანაბირი ნახშირი ამოდიოდა.
მეორე ხერხია ნახშირის დაწვა ღია ცის ქვეშ - „კოცონურად“ ორმოს გარეშე. ამ მეთოდით ძირითადად წაბლის ხის ნახშირს წვავდნენ. წყალთან ახლოს, თანაბარი სიგრძის წაბლის ხის მორებს აწყობენ „ხურდუმებად“ ზვინივით. შუაში უტოვებენ ხვრელს, ზემოდან აგდებენ ცეცხლმოკიდებული რეზინის ნაჭერს და ცეცხლი ღვივდება. გვერდებიდან შესული ჰაერი წვას უწყობს ხელს. ინთებოდა უზარმაზარი კოცონი, რომელიც ჩანავლების შემდეგ უამრავ ნახშირს ტოვებდა. შემდეგ ამ მასას ასხამდნენ წყალს და აცივებდნენ. ნახშირის დაწვას აწარმოებდნენ როგორც მჭედლები, ასევე საგანგებო პროფესიონალი მენახშირეები, რომლებთაც შემდეგ მოჰქონდათ იგი და ყიდდნენ როგორც ხელოსნებზე ასევე მოქალაქეებზე.
ც. კ.
ნაჯახი - ხელით სამუშაო საჭრელ-სათლელი იარაღი, ცულის სახესხვაობა. მზადდება მჭედლის მიერ. ფართოდ გამოიყენება სადურგლო საქმეში. ნაჯახი ქართული ცულისაგან მხოლოდ ქვედა ტანის მიხედვით განსხვავდება. მისი პირი (საჭრელი პირი) თითქმის სწორხაზოვანია. დამზადების წესებში გამოყოფენ მისი გაჭედვის ორ წესს - ძველსა და ახალს. თითოეულს საფუძვლად უდევს ერთი პრინციპი - „დედანის“ დამზადება და მისგან მთლიანი ტანის ჩამოქნა. (იხ. ცული).
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
ა. გ.
ნერჩი - ხომალდის ხერხემალი.
ნესტარი - აქ: სისხლის ძარღვის გასახსნელი რკინის იარაღი. ბასრპირიანი, ცალგვერდზე წახრილი ოთხკუთხა ფორმისა. მისი ერთი მხარე ოდნავ მოხრილია და მთავრდება მოკაუჭებული წვერით. ნესტარი იყო სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის, ზოგჯერ ხისტარიანი, ზოგჯერ უტარო. იყო გახვრეტილი დასაკიდებლად.
ე. ნ.
ნესტვი - სალამურის ტიპის ჩასაბერი საკრავი.
ნეფისკვერი - საქორწინო რიტუალური პური ხევსურეთში. ის ფორმით დისკოსებურია და მის კიდეებზე ძაფზე ასხმული მძივები გასხივოსნებულ მზეს მოგვაგონებს. ჯვრის პურის მსგავსად ისიც დღის მნათობის - მზის ამსახველ ემბლემას წარმოადგენს. ნეფისკვერს პატარძლის ოჯახში შესვლის წინ ნეფის ტაბლაზე აუცილებლად დებდნენ და, როგორც წესი, უნდა შეეჭამათ ქორწილის მესამე დღეს. აღნიშნული რიტუალი, როგორც ფიქრობენ, ღვთაებრივ ძალასთან ზიარების გამომხატველი გადმონაშთია, რომელიც ხდებოდა იმისათვის, რომ მზის ცხოველმყოფელი ძალა და ნაყოფიერების თვისება ნეფე-დედოფალზე გადასულიყო. შემდგომში დამატებული რამდენიმე წესი (კვერის მეჯვარისთვის მირთმევა, ნეფე-პატარძლის წინ მისი დადება, კვერით კერის გარშემო შემოვლა, მათ წინ ფულიანი ვაშლების დაწყობა) კი დიდი ღმერთის გულის მოგებას ისახავს მიზნად, ახალად შექმნილი ოჯახის საკეთილდღეოდ.
ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა.
ნეფის ტაბლა - ხევსურეთში ქორწილის დღეს, პატარძლის ოჯახში შესვლის წინ, შლიდნენ ნეფის ტაბლას. დიასახლისი მასზე აწყობდა მძივებითა და წითელი ნაჭრებით მორთულ ჯვრის პურს, ჯვრის ფორმის 3 მოსანთოს (რაზეც სანთელს ანთებდნენ და დეკანოზი ლოცავდა), აგრეთვე მძივებით მორთულ, ხის ჯვრებით გაწყობილ და სანთლებით გაჩირაღდნებულ არყის ბოთლებს, რომლებზეც ჩამოცმული იყო ნეფის კვერები.
ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა.
ნეჭა - სუფთად ნაქსოვი ჭილობი.
ნიგა//ნოგა (სამეგრ. იმერ.) - პირგანიერი, მრგვალი, ფსკერჩადგმული ხის ჭურჭელი. მუცლის ქვემოთ ორმაგი სალტეთი გამაგრებული. კიდეებში ნახვრეტები აქვს, სადაც მორკალული სახელურის თავებია გაყრილი. იხმარება წველის დროს რძის ჭურჭლად. იყო „ტუჩიანი“ და „უტუჩო“ სარძევე ნიგები. ძირითადად მწყემსები ამზადებდნენ.
გ. გ.
ნიზამი - ტყავის დასამუშავებელი დემურის ტიპის ბლაგვპირიანი იარაღი, რათა ბეწვის გაცლისას ტყავი არ დააზიანოს. ძველად დაბახანებში ტყავზე ბეწვს აცლიდნენ ნაცრით, ან ხმარობდნენ ამ მიზნით მტრედისა და ქათმის სკორეს. დროთა განმავლობაში ბეწვის გაცლა ხდებოდა ნიზამის საშუალებით.
ნ. ჯ.
ნიფხავი (ძვ.) - წელს ქვევით სხეულის დამფარავი სამოსელი, საცვალი. წარმომდგარია ძველი ქართული სიტყვა „ნეფხვასაგან“, რაც სიცივეს, ყინვას ნიშნავს. ნიფხავი სიცივეში, ყინვაში ჩასაცმელი იყო და ისევეა ნაწარმოები როგორც „საწვიმარი“, „სამზეურა“ და სხვა. სანეფხვაოც ამ შემთხვევაში ყინვასიცივისგან თავდასაცავს წარმოადგენდა. მისი შემცვლელი „პერანგის ამხანაგი“ და პერანგის ტოლი, როგორც საცვლის აღმნიშვნელი ტერმინები, გაცილებით გვიანაა წარმოშობილი.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1962.
ე. ნ.
ნიშანი - აქ: სანიშნო თარჯი. ტყეში მოწონებულ-შეგულებულ ხეს „ნიშანს“// „თარჯს“// „თანჯს“ ადებდნენ. ხის ტანზე ნიშნის დადებას „დანიშვნა“// „დათანჯვა“// „დაჯვარვა“ და ა.შ. ეწოდებოდა. ხის დასაკუთრება ხდებოდა ნიშნებით („ჯვარი“, „სამფოჩა ჯვარი“, „ცალქიმა“ და ა.შ.). ოჯახის გამრავლების, დანაწილების დროს „ფუძისეული“ ნიშანი უცვლელი რჩებოდა. ვისთანაც მამა იცხოვრებდა ოჯახის ნიშანიც მას ეკუთვნოდა. ხის დანიშვნა საქართველოს ბევრგან დასტურდება.
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1982.
გ. გ.
ნიში - 1. კედელში ამოჭრილი თარო. იყენებდნენ ჯვარ-ხატების დასაწყობად. სალიტერატურო ქართულში ძველთაგანვე დაფუძნებული ტერმინია. 2. ქვებით მოზღუდული სალოცავი ადგილი საქართავლოს მთიანეთში.
ნიჩაბი, ნიჩაფი (თუშ.)//აჩათანა (ფშ.) - სამეურნეო ხის ხელსაწყო. ითლებოდა თელის ან ცაცხვის ხისაგან. შედგება ტარისა და პირისაგან. საშუალო სიგრძე 140 სმ, ნიჩბის პირის სიგრძე 42 სმ, სიგანე - 21 სმ. ნიჩბით კალოობის დროს მარცვალს ანიავებდნენ. XI საუკუნის ქართული წერილობითი ძეგლი გვამცნობს: „რომლისა იგი ნიჩაბი ველთა მისთა და განინდოს კალოი თვისი და შეკრიბოს იფქლი ისი“. ნიჩაბი არნადთან (იხ.) შედარებით უფრო მომცრო იარაღია. საწნახლის ნიჩაბი არის თითებიანიც (იხ.მელული) და მთლიანიც. როდესაც საწნახელში ყურძენი კარგად დაიჭყლიტება, ნიჩბით უკანა მხარეს მიჰყრიან//შეაგუნდავებენ, ძირში ნიჩაბს გაურჭობენ და ჭაჭას ზემოდან დაუწყებენ დაწბელვას. ამ დროს ნიჩაბი ასრულებს პრიმიტიული საწბერის მოვალეობას.
გ.გ. ე.ნ.
ნიხაჩო - ხის დიდი ლურსმანი, ნავის შიდა ნაწილების დასაჭედად.
ნიხი (თუშ.) - ლუდისებური სასმელი, უფრო დაბალი ხარისხის, რომელიც მზადდება შვრიისაგან და თუშები სამეურნეო საქმიანობისას სახარჯო სასმელად გამოიყენებენ. სასიამოვნო, მოტკბო სასმელია.
ე.ნ.
ნობა - დასარტყამი ინსტრუმენტი დაფდაფის ტიპისა. გამოიყენებოდა ქორწილებში და კოლექტიური ნადირობისას ნადირთა სარეკში შესამწყვდევად.
ნოქსირია - აბრეშუმის ძაფის გადასახვევი ხელსაწყო. აქვს ხის მრგვალი საყრდენი და მასში ჩამჯდარი ვერტიკალური ჯოხი, რაზედაც მაგრდება ჯვარედინი ჯოხები, მკლავები. მკლავები ღერძის გარშემო ტრიალებს და იხვევს აბრეშუმის ძაფს.
ლიტ.: ქელ. 2009.
ნუღლი - 1. დაშაქრული ნუშის გული. 2. ატმის ჩირი ნიგვზის გულით.
![]() |
2 ო |
▲ზევით დაბრუნება |
ობსიდიანი - ვულკანური მინა. ქართულად „აქლემის თვალს“ და „ცის ნატეხას“ უწოდებენ. საქართველოში ეს მინერალი ადგილობრივ მოიპოვება. გამოყენება ჰქონდა ჯერ კიდევ პალეოლითში, ხოლო ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანაში ამ ქვით სამეურნეო იარაღებსაც ამზადებდნენ. საქართველოში არაერთგანაა აღმოჩენილი ობსიდიანის საბადოები და მისი დამუშავება და გატანა საექსპორტოდ ხდებოდა.
ე. ნ.
ოგაფა (მეგრ.) - მარტივი სახვნელი იარაღი. შედგებოდა: მხრის (აგაფა, დედო), ქუსლის („ჩაფლა“), ერქვანისა და სახნისისაგან („კინა“). ასეთი სახვნელები გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში (გურია, იმერეთი, ლეჩხუმი, სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი). ყველა ეს სახვნელი ერთიანდება კოლხური ტიპის სახვნელებში. მათთვის დამახასიათებელია 900-ით მოხრილი მხარი და ხშირ შემთხვევაში უსაკვეთლობა. კოლხური სახვნელი მიჩნეულია ეტრუსკული სახვნელის ანალოგიურად. ოგაფა მარტივი სახვნელი იყო, რომელსაც უმთავრესად გლეხი თვითონ აკეთებდა, სახნისს კი მჭედელი ჭედდა. ოგაფაში გამწევ ძალას წარმოადგენდა ერთი უღელი მუშა საქონელი, უმთავრესად ხარი, იშვიათად კამეჩი; მუშახელს - ერთი ან ორი კაცი - „მახონალი“, რომელსაც კავი ეჭირა, და „მანჯღვერი.“ ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში იყო საჭირო, თუ ხარი კარგად არ იყო გახედნილი.
ოჯახს, რომელსაც ჰქონდა ოგაფა და უღელი გამწევი ძალა, დამოუკიდებლად შეეძლო ხვნა. იმ შემთხვევაში, როდესაც მუშა საქონელი საერთოდ არ ჰყავდათ, ან ცალი ხარი ჰყავდათ, მიმართავდნენ შრომის ორგანიზაციის ფორმას „დოცალუას“, რომელიც ანალოგიურია სვანეთში გავრცელებული შრომის ორგანიზაციისა (იხ. ღანწუიში).
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მიწათმოქმედება სამეგრელოში, მასალები სამეგრელოს ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1979.
თ. გ.
ოდიკი - ნაკურთხი არდაგი, ძღვენის დასაგებელი ტრაპეზზე, წმიდა ძღვენის ქვეშ, ოთხკუთხა ფორმის სელის ან აბრეშუმის ნაჭერი, რომელზეც უფალ იესო ქრისტეს საფლავად დადებაა გამოსახული. ოთხივე კუთხეში მახარებელთა სიმბოლური გამოსახულებით: მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე; ნიშნად იმისა, რაც ნათქვამია მახარებლებზე: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“. ოდიკს ქვედა მხრიდან აუცილებლად ჩასვენებული აქვს რომელიმე წმიდანის ნაწილი, ნიშნად იმისა, რომ I საუკუნეში მორწმუნენი საღმრთო ლიტურგიას, დევნის გამო, საფლავებზე ღამით ატარებდნენ. როცა მღვდელს ჰქონდა ოდიკი, ტრაპეზზე ლიტურგიის ჩატარებაც კი აუცილებლობას არ წარმოადგენდა, ოდიკს ნებისმიერ ადგილას დააბრძანებდნენ და ჩაატარებდნენ წირვა-ლოცვას. ოდიკს აქვს წარწერა, თუ რომელმა მღვდელმთავარმა რომელი ეკლესიისთვის აკურთხა ის და რომელ მღვდელს გადასცა. ამით მღვდელმთავარი გადასცემს თავის ძალასა და კურთხევას თითოეულ ტაძარს.
თანამედროვე ეკლესიაში ოდიკი ტრაპეზის საკუთრებას წარმოადგენს და ორივე მღვდელმთავრის მიერ იკურთხება.
ოდიკი სიმბოლურად მაცხოვრის კუბოსა და წამებულთა სამარხებს გამოხატავს, რომლებზეც აღესრულებოდა ლიტურგია I საუკუნეში.
ლიტ.: მოკლე განმარტება ლიტურღიისა შეკრებილი დეკანოზ გრიგოლ მანსვეტოვის მიერ. ჩყნბ. წელსა ქ. ტფილისს. Г.
И. Скляревская, Словарь православной церковной културы. С. Пв.2000.
ხ. ც.
ოდიშური ნავი - საქართველო უძველესი საზღვაო ქვეყანაა. ნაოსნობაც უძველესი საქმიანობა იყო ქართველებისათვის. ამას ადასტურებენ ძველი ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები, გეოგრაფები, მწერლები (ჰომეროსი, პინდარე, ევრიპიდე, აპოლონიოს როდოსელი, ჰეროდოტე, სტრაბონი, პლუტარქე). ბერძენი მწერალი და მეცნიერი აპოლონიოს როდოსელი თავის „არგონავტიკაში“ - მოგვითხრობს: როცა ბერძნებმა - არგონავტებმა - საქართველოდან ოქროს საწმისი და მეფის ასული მედეა გაიტაცეს, მეფე აიეტმა გამტაცებლებს უზარმაზარი ფლოტი დაადევნა, მისი ბრძანებით, „კოლხებმა მყისვე მოამზადეს ხომალდები, ააფრიალეს აფრები და იმავე დღეს შესცურეს ზღვაში. კაცი იტყოდა, ეს ხომალდთა ლაშქარი კი არა, ფრინველთა ურიცხვი გუნდი არის და ზღვას დაჟრიამულებსო“, ეს ამბავი ეხება ძვ. წ. XIII საუკუნეს.
საქართველოში ნაოსნობას ხელი შეუწყო ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, აგრეთვე ძვირფასი ჯიშის ნავსაშენი ხე-ტყის სიმრავლემ, საუკეთესო ხარისხის სელმა, კანაფმა, ცვილმა და ა.შ. ჩვენს ლიტერატურულ თუ საისტორიო ნაშრომებში უხვადაა შემონახული სხვადასხვა სახის წყალწყვისა და დანიშნულების ხომალდების, მათი ცალკეული ნაწილების, ქარებისა თუ წყლის დინებების, ზღვის მფარველი ღვთაებების ქართული სახელები, ძველი ქართული სანაოსნო ტერმინები, მაგალითად: აფრა (ანუ საბერველი), აფქიო (ანუ აფრა), ბადე, ელესა (მეზღვაურთა სიმღერა). ეღე (ნავის გვერდების ფიცრების შემაკავშირებელი), თეთროსანი (ქართველ მეზღვაურთა წარმართული ღვთაება), კამარა (საბრძოლო ხომალდი), ლარსა (მეთევზეთა მფარველი ღვთაება), მხერვალი (მესაჭე), ნერჩი (ნავის ძირი), ნიში, ანუ ნუშა, ოლეჭკანდერი, ხეჭება (დიდი საბრძოლო ხომალდი) და ა.შ.
სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ ზუსტად განმარტავს ზოგი ქართული სანაოსნო საშუალების სახეობას. იგი წერს: „ნავი, ეს ზოგადი სახელი არს ყოველთა ნავთა. ხოლო მცირესა ნავსა ეწოდება ნუშა: მისსა უდიდესსა ვარცლი, კოპანო, კარაპა, კარჭაპა, ხუმალდი, კარაფითა, ოჩხომელი, ოლეჭკანდერი და კატარღა. ერთი მეორის უდიდეს-უდიდესნი არიან. ხოლო ხომალდი და დრომონი უდიდეს ყოველთა.“
„ოდიშური ნავი“ გავრცელებულია სამეგრელოში (მეტ-ნაკლებად გურია-იმერეთში). იგი კიჩოჩაწეული და ცხვირაწეული დაცურავს და შორიდან ქართულ ჭვინტიან ქალამანს მოგვაგონებს. სიგრძით 12-15 მეტრია, იტევს დაახლოებით 40-80 ფუთ ტვირთს. ემსახურება 5-7 მენიჩბე (მეხოფური), მართავს მესაჭე (მხერვალი). აქვს სამკუთხა აფრაც. ოდიშური ნავით გადაჰქონდათ შეშა, თივა, გადაჰყავდათ მგზავრები, საქონელი, იყენებდნენ სათევზაოდ. ოდიშური ნავის პრაქტიკული მნიშვნელობა საჩინო გახდა ბოლოდროინდელი წყალდიდობებისას, როცა მისი შემწეობით სამაშველო სამუშაოებს ასრულებდნენ.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
ოთურა - ცალფა ნავის გასათლელი ცული.
ოთურგი - (თბ.) ხანჯლის თასმა, რომელშიც ქამარი გაეყრება და წელზე ჩამოიკიდება.
ოთხძალი - სიმებიანი საკრავი (იხ. ათძალი).
ოკათური (მეგრ.) - მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის დიდმასშტაბიანი ფორმა - მსხვილფეხა საქონლის მეპატრონეთა გაერთიანება. შრომის ორგანიზაციის ეს წესი დაკავშირებული იყო მესაქონლეობის ერთ-ერთ ფორმასთან - მთა-ბარობასთან. მთა-ბარობა გულისხმობდა ძირითადი დასახლებისაგან ტერიტორიულად მოწყვეტილი საქონლის ჯოგისა და მომვლელი პერსონალის მუდმივ მოძრაობას ცენტრალური კავკასიის საზაფხულო საძოვრებიდან დასავლეთ საქართველოს საგაზაფხულოსაშემოდგომო და საზამთრო საძოვრებისაკენ და პირიქით. მესაქონლეობის ასეთი მობილური ხასიათის მიუხედავად, მთა-ბარობა სტრუქტურულად მჭიდრო სამეურნეო-ეკონომიკურ და ორგანიზაციულ კავშირში იყო მიწათმოქმედებითა და სხვა დარგებით დასაქმებულ ძირითად მოსახლეობასთან. საქონლის მოვლასთან დაკავშირებულ სამუშაოთა წლიურ ციკლს ოჯახის ერთეული წევრები - მამაკაცები უძღვებოდნენ, რომლებიც ამ მიზნით ოკათურის შრომის ორგანიზაციის ფორმაში იყვნენ გაერთიანებული. ალპური საძოვრების სიშორე საქონლის საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვისას დიდ სიძნელეებს უქმნიდა მეჯოგეებს. მაგალითად, ენგურის ხეობის ზემო წელის სოფლების მესაქონლეებს კოლხეთის დაბლობის საზამთრო საძოვრებიდან სვანეთ-აფხაზეთის მთებამდე უნდა გაევლოთ. გარდა ამასთან დაკავშირებული სიძნელეებისა, ოკათურის აუცილებლობას ქმნიდა ამხანაგობის მრავალრიცხოვანი (დაახლ. 800-1000 სული საქონელი) ჯოგისათვის საძოვრის გარკვეული ფართობის დაქირავებისა და ექსპლუატაციის ორგანიზაციულ-ეკონომიკური მხარეც. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში ოკათური ძირითადად ტერიტორიულ მეზობლურ გაერთიანებას წარმოადგენდა. ოკათურის ორგანიზაცია უშუალოდ საქონლის საზაფხულო საძოვრებზე გადარეკვის წინ იწყებოდა. ამხანაგობა ირჩევდა მეთაურს (დუდი კოჩი), რაც ამ პირის ასაკითა და მეურნეობრივი გამოცდილებით იყო განპირობებული. მას ევალებოდა ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება, წესრიგის დაცვა და ა.შ. საზაფხულო საძოვრებზე ასვლის პირველსავე დღეს ხდებოდა ჯოგის დაყოფა ცალკეული სახის საქონლის (მეწველი დედა საქონელი, ცხენის ჯოგი, თხის ჯოგი, ბატკნების, ცხვრის, ხარის, ხბოს და ა.შ.) მიხედვით, მათთვის საძოვრის შესაბამისი უბნის გამოყოფა და მწყემსების განაწილება ცალკეული სახის საქონელზე. გამოიყოფოდა აგრეთვე მეხელე ყველისა და საჭმლის დასამზადებლად და საერთო ყველის მოსავლელად, ნაცვალი - მეხელეს დამხმარე პირი შეშის მოსატანად, ჭურჭლის დასარეცხად და ა.შ. მეთიე//მეკერძე - მწყემსებისათვის კერძის მიმტანი და მაჯინუ - მონადირე, რომელსაც აგრეთვე საქონლის ნადირისაგან დაცვაც ევალებოდა. აღნიშნულ პირთაგან განსაკუთრებით საპასუხისმგებლოდ მეხელეს მოვალეობა ითვლებოდა, რადგან მეგრელ მესაქონლეთა ერთ-ერთ ძირითად შემოსავალს ყველი წარმოადგენდა, რომელიც ნაწილდებოდა ცალკეულ წევრთა მეწველი საქონლის რაოდენობის მიხედვით. დამზადებული პროდუქტი პერიოდულად ცხენებით ბარში ჩაჰქონდათ გასაყიდად. შემოდგომაზე, ალპურ საძოვრებზე აცივებასთან ერთად, ოკათური იშლებოდა. მისი წევრები ნაწილდებოდნენ და თავიანთი ჯოგებით მთის ძირის საშემოდგომო საძოვრებზე ინაცვლებდნენ და ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის დასაწყისში საზამთრო საძოვრებს აღწევდნენ. ოკათური, ისევე, როგორც მონარეობა (იხ.), დამყარებული იყო თანაბარუფლებიანობის პრინციპზე, რასაც მისი წევრების საქონლის დაახლოებით თანაბარი რაოდენობა განსაზღვრავდა. აქაც, ისევე, როგორც მონარეობაში, გამორიცხული იყო დაქირავებული შრომა. მესაქონლეობასთან დაკავშირებული შრომის ორგანიზაციის ტრადიციული ფორმების პარალელურად XIX ს. II ნახევარში სოფლად კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებასთან დაკავშირებით, ჩნდება და მნიშვნელოვან ადგილს იჭერს დიდფარიან მეცხვარეთა (აღმოსავლეთ საქართველო) და მსხვილი მეჯოგეების (სამეგრელო) მეურნეობები, რომლებიც ძირითადად დაქირავებული მწყემსების შრომას ემყარებოდა.
ლიტ.: ნ. აზიკური, შრომის ორგანიზაციის ფორმები თუშეთის მეცხვარეობაში. მსე XXI, 1981. ვ. შამილაძე, მესაქონლეობა სამეგრელოში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურა და ყოფა, II, 1974.
თ. გ.
ოლაგე (მეგრ.) - ეზოებად დაყოფილ კარ-მიდამოში ერთი ეზოდან მეორეში გადასასვლელი პრიმიტიული კიბე.
ოლარი - სამღვდელო შესამოსელის ნაწილი, სხვა შესამოსელზე აღმატებული. წარმოადგენს ორნაწილიან ფართო ლენტს, რომელიც ქედზე ჩამოიცმება და მკერდზე თავისუფლადაა დაშვებული. იგივეა, რაც დიაკვნის ორარი, ანუ გინგილა. ოლარი მღვდლის საბუხარებთან, ანუ სამაჯეებთან ერთად ერთნაირი ქსოვილისგან იკერება. ამკობენ ნაქარგი ჯვრებით და ვაზის, თევზის ან სხვა მსგავსი სიმბოლური გამოსახულებებით. ქსოვილი ხშირად ღვინისფერი ან წითელი ფერისაა, ოქროს ან ვერცხლის ძაფებით იქარგება. ბოლოვდება ფოჩებით და შუაში ლამაზი ღილებითაა შეკრული.
ოლარი რომ მღვდლის სამოსს თავიდან ბოლომდე ჩამოუყვება, სიმბოლური ნიშანია იმის, რომ მღვდლობა თავისი ღვაწლით მსახურებაში წარმოადგენს უმაღლეს თანამდებობრივ საფეხურს და აღმატებულია დიაკვანზე და რომ მღვდლობამდე იგი დიაკვანი იყო და დიაკვნის გარეშეც შეუძლია ღმრთისმსახურების აღსრულება. ოლარი ნიშნავს ასევე მღვდელზე გადმოსულ სულიწმიდის მადლს. ოლარის გარეშე მღვდელი, ისევე როგორც გინგილის გარეშე დიაკვანი ვერანაირ ეკლესიურ მსახურებას ვერ აღასრულებს.
ეპიტრაქელიონი (იგივე ილარი) არის სახე ფაკელისა, რომელიც კისერზე შემოახვიეს ქრისტეს და რომლითაც საწამებლად მიმავალ უფალს წინ ეწეოდა მღვდელმთავარი. ეპიტრაქელიონის მარჯვენა მხარე ის ლერწამია, რომელიც მოკიცხარებმა მარჯვენა ხელში ჩაუდეს ქრისტეს. მარცხენა მხარე კი გულისხმობს ბეჭებით ჯვრის ტვირთვას (წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი).
ლიტ.: Бениамин, Архиепископ Нижегородской и Арзамаский. Новая скрижаль.1992; წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი - საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა. გაზ. „საეკლესიო სიწმინდენი“, №1, მაისი, 2000.
ხ. ც.
ოლე (მგრ.) - აქ: მოწნული ლასტი ღომის გასაშრობად, რომელსაც ჩამოჰკიდებდნენ, შუაცეცხლზე დააყრიან ღომის თავთავს და ნელ ცეცხლზე აშრობენ.
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრ. ისტ. და ეთნოგრაფია, 2006.
ე. ნ.
ოლეჭკანდერი - შუა საუკუნეების საქართველოში (სამეგრელო) ფართოდ გავრცელებული აფრებიანი ხომალდი, რომელიც 200-დან 300-მდე მგზავრს გადაიყვანდა. გამოირჩეოდა სისწრაფითა და კარგი მანევრირებით.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1986.
ე. ნ.
ომბოხი - ფეხის ხის პრიმიტიული პროთეზი.
ომოფორი//ომფორი - მღვდელმთავრის შესამოსლის ნაწილი. წარმოადგენს გრძელ და განიერ ლენტისებურ ქსოვილს, რომელიც კისერზე, საკოსის (იხ.) ზემოდან აქვს შემოხვეული ეპისკოპოსს. მისი ერთი ბოლო (მარცხენა) წინაა ჩამოშვებული, ხოლო მეორე მკერდზე ქვემოდან ზემოთაა ამოტრიალებული და მხარზე ზურგისკენ ეშვება. ომოფორი სქელი ქსოვილისგან იკერება. შემკულია ნაქარგი ჯვრებით, გარს შემოუყვება ლენტი და ბოლოვდება ორსავ მხარეს ფოჩებით. ომოფორის გარეშე ეპისკოპოსი (მთავარეპისკოპოსი, მიტროპოლიტი), ისევე როგორც მღვდელი ოლარის გარეშე, მღვდელმსახურებას ვერ აღასრულებს.
ომოფორი მსგავსია ბიბლიური პირველი მღვდლის, აარონის სამოსელისა, რომელსაც სჯულისეული მღვდელმთავრებიც ატარებდნენ. მათ მარცხენა ბეჭზე გრძელი სუდარები ეხვიათ რაც ქრისტეს მცნებათა უღელს მოასწავებდა. ომოფორი აღნიშნავს უფლის განკაცებას, სიტყვის განხორციელებას ქალწულ მარიამისგან, გამოხატავს გზააბნეულ კრავს (ან ამ კრავის ტყავს), რომელიც მწყემსმა კეთილმა მოძებნა, კისერზე შეისვა და მიათვალა თავის ფარას. ნიშნავს ჯვარსაც, რადგან ქრისტემ სწორედ ბეჭზე იტვირთა თავისი ჯვარი.
ლიტ.: Законь Божии, Московская патриархия, 1972. Бениамин, Архиепископ Нижегородской и Арзамаский. Новая скрижаль, 1992.
ხ. ც.
ონჯარო - მომცრო საწნახელი დასავლეთ საქართველოში. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, სიტყვა ონჯარო დაკავშირებული უნდა იყოს ჭყლეტვასთან. სხვა კილოკავებში ონჯარო პატარა გობსაც ნიშნავს. ყურძნის საჭყლეტ საუკეთესო ონჯაროებს ისტორიული არგვეთის თემში ამზადებდნენ.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მსმკი, 1964.
ე. ნ.
ოპალი - კვარცის ნაირსახეობა, ფერით თეთრი, მყარია და მბზინვარე. მოიპოვებოდა როგორც აზიაში, ისე ევროპაში. ანტიკური ხანის საქართველოში გემმების საკეთებლად გამოუყენებიათ.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
ორგანი - ძალებიანი საკრავი, რომლის თანხლებით სრულდებოდა ფსალმუნები და საგალობლები.
ორგო - 1. მთლიანი ხის ბადიმი. (იხ.) 2. ხის, ქვის ან თუნუქის გობისებური ნივთი, რომელსაც სამეურნეო ნაგებობების ბოძებს ახურავენ ზემოდან, რათა ბოძებზე აყოლით მღრღნელებმა ვერ შეაღწიონ ნაგებობაში.
ე.ნ.
ორთაყვირი - ტივის სამართავი გრძელი ხე, ნიჩაბივით პირი აქვს.
ორთითი - კალოზე ძნის ასაწეწი ხის იარაღი, ორთითი ითლებოდა დგნალის // ფოხვის (თუშეთი), თხილის (ქსნის ხეობა) ხისგან, აქვს ტარი და თითები (ფშავ. ხევს). თითებს, ცეცხლის ალზე მოტუსავდნენ, ხმარებაში, გამძლე რომ ყოფილიყო.
გ. გ.
ორთომელი (თბ.) - სპილენძისა და ხისგან დამზადებული სასმური.
ორთოხი - მიწის დასამუშავებელი იარაღი, რომელსაც ერთი ფართო პირი მიწის დასამუშავებლად ჰქონდა განკუთვნილი, მეორე კი, უფრო ვიწრო და ძლიერი, ყამირისთვის. ასეთი თოხები გამოიყენებოდა ახლად გატეხილი ახოს დასამუშავებლად, როცა მიწაში ჯერ კიდევ იყო დარჩენილი ხეთა ფესვები და მათ ამოძირკვას ვიწროპირიანი თოხი სჭირდებოდა. ასეთი ორმაგი სამუშაოს შესრულებისას ორთოხი ერთობ მისადაგებულ და მოხერხებულ იარაღად წარმოგვიდგება.
ე. ნ
ორკოპე//კოპე//ხრიკა//ხეპარა - მწარე კვახისგან დამზადებული ჭურჭელი, რომლითაც ჭურიდან ღვინოს იღებენ (იხ. ხრიკა).
ორომი - 1. ხის ოვალური, მრგვალი, ხონჩის მსგავსი ფიცარი, რომელზედაც აწყობდნენ თონეში ჩასაკრავ ცომის გუნდებს. ორომს იყენებდნენ ცომით სავსე ვარცლის გადასაფარებლად. იყო ფეხებიანი და უფეხო ორომები. 2. მჭადისა და პურის გასაპრტყელებელი, მრგვალი და სახელურიანი.
გ. გ.
ორპოტიკა - სანავე ჭოკი, რომლითაც მართავდნენ ნავს თავთხელ წყლებში.
ორღანო - 1. ზოგადად მუსიკალური ინსტრუმენტის აღმნიშვნელი ტერმინი; 2. საბერველიანი საკრავი.
ლიტ.: მ. შილაკაძე, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულების ერთი ადგილის გაგებისათვის. - ანალები, 1999, №2, გვ. 23-25; ივ. ჯავახიშვილი; ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, თბ., 1938.
ც.კ.
ორშიმო - ჭურიდან ღვინის ამოსაღები ტარიანი ჭურჭელი. ორშიმოდ იყენებდნენ ბარდიან მცენარეს, ე.წ. მწარე კვახს (აყირო), რომელიც ითესება თესლით და ისხამს ოვალური ფორმის ნაყოფს. ზრდაში შესულ მცენარეს სჭირდება საყრდენები, რომ მასზე ავიდეს და ნაყოფი კარგად განვითარდეს. შემოდგომით დავარგებულ ნაყოფს მოწყვეტენ, გაახმობენ, გამოყრიან შიგნიდან კურკებს და გამოასუფთავებენ. შემდეგ მდუღარე წყალში გამოხარშავენ სიმწარე რომ დაუკარგონ, ამოუჭრიან სატარეს, გაუკეთებენ თხილის ტარს და ხმარობენ ღვინის ამოსაღებად. ორშიმო გავრცელებული იყო მთელ საქართველოში. ორშიმოს ტევადობა ზოგჯერ 6-7 ლიტრამდეც მიდიოდა, თუმცა ხელში მოსახმარად მოხერხებულია სამ და ოთხლიტრიანი ორშიმოები. საშუალოდ, ერთი მარნისათვის, რამდენიმე ორშიმო იყო საჭირო. ღვინის ამოსაღები, ღვინის გადასაღები, ამოსაწური, თხლის ამოსაღები და ა.შ. ორშიმო ადვილია დასამზადებლად, მოსახმარად მარჯვეა და ხმარებაში გამძლე. მეთუნეობით განთქმულ ცენტრებში თიხის ორშიმოებსაც ამზადებდნენ.
ე. ნ.
ორჩხომელი - საქართველოში გავრცელებული აფრიანი სათევზაო ხომალდი.
ორჩხუში - ჭურის სარეცხი ხელსაწყო სამეგრელოსა და გურიაში იგივე სარცხი//სარცხლი (იხ.), წარმოადგენს გრძელ სარზე დამაგრებულ ძმერხლის მაგრად შეკრულ კონას, ან სიმინდის ფუჩეჩს.
ორძირა - წყლის საზიდავი სპილენძის ჭურჭელი ხევსურეთში, ცილინდრული ფორმის ორმხრივ დახურული. აქვს დიდი და პატარა ნახვრეტი - ერთი წყლის ჩასასხმელად, მეორე - გადმოსასხმელად. ორძირას ხევსური ქალები თოკებით მხრებზე იკიდებდნენ. ასეთი ტიპის წყლის საზიდ ჭურჭელს რაჭაში „სადგომელი“ ჰქვია, ხოლო სვანეთში „ოხარი“//“ვოხარი“.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური.... 1988.
ე. ნ.
ორხელა - 1. სახვნელი იარაღი. შედგებოდა: მხრის, ქუსლის, ორხლის, კოკოშის, სახნისისა და საკვეთლისაგან. მხარი წარმოადგენდა მოხრილ ხეს. ჰქონდა ნაჩვრეტი, რომელშიც საკვეთელი იყო ჩამაგრებული. მხარს წინ ძირიდან ამოეკვროდა კოკოშა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იყო ხვნის სიღრმის რეგულირება. თუ სახნავი ნიადაგი გამოგვალული იყო, ორხელის მოკიდება რომ გაადვილებოდათ, კოკოშას მოხსნიდნენ. თუ ნიადაგი რბილი იყო, იმისათვის, რომ ორხელა ნიადაგში ზომაზე მეტად ღრმად არ წასულიყო, კოკოშას გაუკეთებდნენ. ქუსლა ფორმით დიდ სოლს წარმოადგენდა, რომელიც საშვრიეთი მთავრდებოდა. საშვრიეზე სახნისი წამოიცმოდა. ორხელა წარმოადგენდა სამი შტოსაგან შედგენილ ერთიან ხის ტოტს, რომელიც ტანით ჩასმული იყო ქუსლში. გამწევი ძალის შებმა ორხელაში კვანტების ან ღვედის საშუალებით ხდებოდა. ორხელაში, ჩვეულებრივ, 4-5 უღელი გამწევი ძალა იბმოდა. მუშახელს შეადგენდა გუთნისდედა და 2-3 მეხრე.
ორხელა განსაკუთრებით მთის წინა ზოლის მეურნეობისათვის იყო დამახასიათებელი. ორხელას პარალელურად ამ ზოლში გავრცელებული იყო დიდი გუთანიც, რომელიც უმთავრესად საანეულო ხვნისათვის გამოიყენებოდა.რაც შეეხება ორხელას, იგი წარმოადგენდა ძირითად სახვნელ იარაღს საგაზაფხულო და საშემოდგომო ხვნის დროს. ორხელას ქართლის ბარში აოშვის და იშვიათად საგაზაფხულო ხვნის დროს იყენებდნენ.
როგორც მთისწინა ზოლში, ისე ბარში ორხელათი მუშაობის დროს მიმართავდნენ კოლექტიური შრომის ფორმას მოდგამს, რომელიც 12-13 დღეს გრძელდებოდა. ორხელას მოდგამისათვის დამახასიათებელი იყო ხვნის ნორმირებული სისტემა, მეტ-ნაკლებად დიფერენცირებული (შდრ. მოდგამი). ორხელას ტიპის სახვნელი იარაღი ცნობილი ყოფილა ძვ. წ. I ათასწლეულიდან.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე. აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღის ისტორიიდან, თბ., 1960.
თ.გ.
ორხელი - ჯამისებური, ხის ორტარიანი მარნის იარაღი, რომელიციხმარებოდა ჭურიდან ნარჩენი ღვინის, მთხლისა და ნარეცხი წყლის ამოსაღებად. ორხელი არის თიხისა და ლითონისა. ყველაზე მეტად ლითონის ორხელია გავრცელებული. ორხელი ჯამისებურადაა მოყვანილი და მისადაგებულია ჭურის ძირის ფორმას, რათა მაქსიმალურად მოხერხებულად ამოიღოს ძროში ჩარჩენილი სითხე. იარაღს აქეთ-იქით
ასხია პატარა ყურები, რომლებშიც ამოებმება ერთ ტარზე შებმული ორი თოკი. მეორე ტარის თოკი ამოეცმება ძროში. სითხის ამოღებისას, ძროში ამობმულ ტარს ასწევენ, ორხელი დაყირავდება და ამოხაპავს სითხეს, მეღვინე მეორე ტარით გაასწორებს, გავსებულ ჭურჭელს ჭურიდან ამოიტანს და გადააქცევს.
ე. ნ.
ორხოვა (თბ.) - ორპირად ნაქსოვი ხაოიანი ხალიჩა.
ოსირო (რაჭ.) - ჭურის სამშრალებელი, ძროში დარჩენილი წყლის ამოსაწმენდი, გრძელ ჯოხზე შებმული სუფთა ნაჭერი.
ოფიჭა (იმერ.) - არყის ტოტებისაგან შეკრული კონა, რომლითაც რეცხავენ ჭურს, საცხის თავისებური ტიპი, ბლის კანისაგან დამზადებულ სარეცხსაც იმერეთის ზოგ რეგიონში ოფიჭას უწოდებენ.
ოფურჩე - ჩალის შესანახი, ნახევრად ღია ნაგებობა სამეგრელოში.
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია, 2007.
ოქრომკედი - ერთგვარი ხარისხის ძაფი, რომლითაც იქსოვებოდა ტანსაცმლის სამშვენისები. ამზადებდნენ ყაზაზები (იხ). ოქრომკედი ძირითადად ორი სახისა იყო - აბრეშუმისა და ბამბის ძაფის. არსებობდა ვერცხლის, თითბრისა და სპილენძის ოქრომკედიც. ოქრომკედის დამზადებისას მეტალის ნაქლიბში ატარებდნენ ძაფს, შემდეგ კი ოქროს ვარაყში ამოავლებდნენ. ოქრომკედით ირთვებოდა ახალუხები, ჩაფარიშები, ბუზმენტები და სხვ.
ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ ტერმინს - „ოქრონემსულს“ - მოგვიანო ხანის ძეგლებში „ოქრომკედით ნაკერი“ შეესატყვისება. ოქრომკედით მძიმედ ნაკერი ან ნაქსოვი ფარჩის აღსანიშნავად იხმარებოდა აგრეთვე ტერმინები „დიბა“ და „ადიმი“. საინგილოში ოქრომკედით ნაქარგს - „ზარბაბს“ უწოდებენ. ოქრომკედით ქარგვის ძველი ქართული ტრადიციები (მდიდარი ორნამენტი, მხატვრული სიმბოლიკა, სიუჟეტური კომპოზიცია, შესრულების მანერა) კარგად იყო შემონახული XIX ს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში. ქარგავდნენ უმთავრესად ხავერდზე, ატლასზე და სხვ. ძვირფას ქსოვილებზე ოქრომკედით ნაქარგ სახეებში ხშირად ურთავდნენ მარგალიტს, ფერად მძივებსა და ზოგჯერ პატიოსან თვლებსაც. ოქრომკედით ნაქარგობა ძველთაგანვე საექსპორტო საგანი იყო. XIX ს. დამდეგს ირანსა და ოსმალეთში გატანილი ქართული ოქრომკედული ნაქარგობა საუკეთესო ნახელავად ითვლებოდა მთელ აზიაში და ყველაზე ძვირად ფასობდა. ოქრომკედით ნაქარგობის მთავარი მოტივებია უმთავრესად ნაყოფიერებასთან დაკავშირებული მცენარეული ორნამენტი (ვაზის ფოთლები და მტევნები, ხორბლის თავთავები და სხვ.), ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებანი. ოქრომკედით ნაქარგობის უბრწყინვალეს ნიმუშებს წარმოადგენენ ქართული დაფარნები.
ლიტ.: მსხში ტ. II, ნაწ. II 1982. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. I 1982.
მ. ბ.
ოქრომჭედელი - ძვირფასი ლითონებისა და ქვებისაგან სამკაულებისა და სხვა ნივთების მკეთებელი ოსტატი. ლეგენდები ოქრომჭედლების შესახებ ცნობილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ყველა შემთხვევაში ოქრომჭედლის პიროვნება უღრმესი არქაიკის შემცველ მოვლენებთან კონტექსტში ვლინდება. სარიტუალო სიმღერაში ოქრომჭედლის საქმიანობის ასახვა პირველად მესხეთ-ჯავახეთში გვხვდება. სიმღერა სრულდება დიდმარხვის დადგომის წინ, ერის კვირა ღამეს, ბერიკაობის დროს. კალოზე ფერხულს დააბამდნენ. ქალი თუ კაცი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, მკლავებს გადააჭდობდნენ და იწყებდნენ წრიულად საფერხულო სვლას. იმღერდნენ „მუხა ძონწილას“, სიმღერას იწყებდა ოთხი კაცი წრის ერთი ბოლოდან, მეორე ოთხეული იმეორებდა:
„პირველად ღმერთი ვახსენოთ და მერე ყოვლადწმინდაო!“
„მუხის ნადგომსა შენ ბიჭო, მამლი მუხასაო,
ჩიტის ნალი მიშოვნია, ჩემო მჭედელოო,
მჭედელო, მჭედელო, ჩემო მჭედელოო!
ერთი გუთანი გამიკეთე ჩემო მჭედელოო!
რითა და რითა, შენ ბიჭო, მამლი მუხასაო!
რაც რო იმას გადარჩება, ჩემო მჭედელოო!
ერთი სახნისიც გამიკეთე, ჩემო მჭედელოო!
რა რო იმას გადარჩება, ჩემო მჭედელოო!
ერთი ჩეკიც გამიკეთე ჩემო მჭედელოო!
რაც რო იმას გადარჩება ჩემო მჭედელოო!
ერთი თოხიც გამიკეთე, ჩემო მჭედელოო!
მჭედელო, ჩემო მჭედელო, ოქროს მჭედელოო!
აღნიშნულ საფერხულო სიმღერაში ოქრომჭედლობა თითქოს უფრო ძველ დარგად გამოიყურება, ვიდრე მჭედლობა. ამ მხრივ საგულისხმოა ამირანის თქმულების ერთ-ერთი რაჭული ვარიანტი, რომელიც „შუბლმზიანი“ ამირანის მამად ოქრომჭედელს ასახელებს. არქეოლოგიური და ისტორიული მონაცემები მიუთითებენ, რომ ოქრომჭედელთა შორის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში შემორჩენილი სპეციალიზაცია ძველთაგანვე უნდა მომდინარეობდეს: ოქრომჭედელი, ვერცხლის მუშაკი, მინანქრის ოსტატი, ამ უკანასკნელთან დაკავშირებულია სირმის ოსტატიც (სირმა ტიხრული მინანქრის აუცილებელი ელემენტია) და ოქრომქანდაკებელი. საინტერესოა ახალციხეში დამკვიდრებული ოქრომჭედელთა აღმნიშვნელი ტერმინები: 1. „ჩივთიხი“ - ჩივთის საქმის ოსტატი, ანუ ვერცხლის ფილიგრანის ოსტატი. „ჩივთი“ არის პატარა მსხვილბოლოებიანი პინცეტი, რომლითაც ხელოსანი სახეების მიხედვით აწყობს გრეხილს. ტერმინი „ჩივთიხ“-იც პინცეტის დასახელებიდან მოდის. 2. „ყვინჩა“ - თითბერსა და სპილენძზე მომუშავე ოსტატი. 3. „ხალფა“ - ქვეოსტატი. „ჩივთის“ ხელოსნებს ჰქონდათ ალბომები ორნამენტის ნიმუშებით, რის მიხედვითაც შემკვეთს შეეძლო შეერჩია ნივთის სასურველი მოყვანილობა და ორნამენტის სახე. არსებობდა ოქრომჭედელთა პროფესიული გაერთიანებები, როგორც თბილისში, ისე ახალციხეში. პროფესიული გაერთიანება „ასნაფი“, რომელიც ახალციხეში არსებობდა, ორგანიზაციასაც წარმოადგენდა, სადაც ახალი ხელოსნის სწავლება-ჩამოყალიბება ხდებოდა. „ჩივთის“ ოსტატი იყვანდა მოსწავლეს და გარკვეული საფასურის ფასად ხუთი წლის განმავლობაში ხელობას ასწავლიდა. ოსტატსა და მოსწავლეს შორის გარკვეული უფლება-ვალდებულებები არსებობდა, რომელთაც მკაცრად იცავდა ორივე მხარე. საწყის ეტაპზე მოსწავლე ხელოსანსა და მის ოჯახს ემსახურებოდა, შემდეგ გადიოდა სახელოსნოში, სადაც ხელობას სწავლობდა და „ხალფად“, ქვეოსტატად იქცეოდა, ხუთი წლის შემდეგ კი ოსტატი ხდებოდა. „ყვინჩების“ სწავლის პერიოდი სამი წელი იყო. ოქრომჭედელთა სამოქმედო ასპარეზი მრავალმხრივია: საოჯახო საჭიროებისათვის განკუთვნილი ნივთების გაკეთება და შევერცხლვა, საბრძოლო იარაღისა და ცხენის შეკაზმულობის შემკობა, საკულტო დანიშნულების საგანთა და მრავალსახოვან სამკაულთა (კაცისა და ქალის შემკულობის) დამზადება და სხვა.
მ.ბ.
ოქრომჭედლობა - ოქრომჭედლობას საფუძველი ეყრება მელითონეობის უძველეს პერიოდში, რითაც ასე გამოირჩეოდნენ ჩვენი უძველესი წინაპრები - მოსინიკები, მოსხები, ტიბარენები, ხალიბები და თუბალები. ამ უკანასკნელს ბიბლიაში რვალის მჭედლის პრიორიტეტი აქვს მიკუთვნებული. ურარტუს მეფე არგიშთს, დიაოხში ლაშქრობისას (ძვ. წ. VIII ს.), ნადავლად აუღია 41 მინა ოქრო (დაახლ. 20 კგ.), 37 მინა ვერცხლი და ათი ათასი მინა სპილენძი, რაც იმის მანიშნებელია, რომ ადრეკლასობრივ საქართველოს ტერიტორიაზე ამ მეტალების მოპოვებისა და დამუშავების მაღალი კულტურა არსებულა. ამას დავუმატებდით არგონავტების დაინტერესებას ოქროს საწმისით და მიწის დასამუშავებელ სახნისს, სპილენძის ჩლიქებიანი ხარებით - როგორც უმკვეთრეს საბუთს ძველი კოლხეთის წარმატებული მელითონეობისა. ოქრომჭედლობა, როგორც ლითონის დამუშავების დახვეწილი ხელოვნება, შესანიშნავად გამომზეურდა საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში, რომლებმაც ცხადი გახადეს სამკაულის განვითარების სახელოვანი გზა და აგრეთვე დაადასტურეს საზოგადოების მაღალი ფენის არსებობა, რომელთა ესთეტიკური მოთხოვნილებების გათვალისწინებითაც დაუმზადებიათ ისინი.
სამკაული ადამიანის ცხოვრების თანმდევი ატრიბუტია და ისეთივე ძველია, როგორც თავად ადამიანი, თუმცა ვერავინ განსაზღვრის იმ დროს, როცა უბრალო საგანი პირველად აიღო მან და თავისი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მუდმივ სამშვენისად გაიხადა.
ოქრომჭედლობის ისტორია ფაქტობრივად, ესაა სამკაულის განვითარების ისტორია და ბრინჯაოს ხანაში უკვე გამობრწყინდა ამ დარგის უმნიშვნელოვანესი ნიმუშები: გულსაკიდები, საყურეები, ყელსაბამები, დიადემები, ბეჭდები. სამკაულმა იმთავითვე განსხვავებული სახე მიიღო, ერთი იყო წმინდა ესთეტიკური, მეორე - ძალაუფლების (სამეფო გვირგვინი, სკიპტრა, ტიარა) და მესამე - რელიგიური დანიშნულების (ამულეტი, ავგაროზი, ჯვარი) აღმნიშვნელი.
საქართველოში ოქრომჭედლობას აღმავალი ხასიათი მიეცა ძვ.წ. II ათასწლეულში, რომლის უბრწყინვალესი ნიმუშია საყოველთაოდ ცნობილი თრიალეთური კულტურის ვერცხლისა და ოქროს ნივთები. რომლებშიაც ამოვლენილია განვითარებული ოქრომჭედლობის ყველა ხერხი: გავარსი, გრანულაცია, მორჩილვა, გრეხილი, დაფანჯვრა, ღრუსივრციანი ნივთების დამზადება (ერთ-ერთი რთული ეტაპი ნებისმიერი დროის ოქრომჭედლობისა), თვლებით ინკრუსტაცია. ამ რიგის უბრწყინვალესი ნიმუშია თრიალეთში აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი გავარსიანი, ოქროს ყელსაბამი - სარდიონისა და აქატის დაზოლილი ქვებით. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ზომის ღრუსივრციანი ოქროს მძივები, უბადლო ტექნიკითაა დამუშავებული და დახვეწილი ხელოვნებითაა გაწყობილი. ეს ნივთი, მისი დროის სხვა მასალასთან ერთად, საფუძველს უყრის ქართული ოქრომჭედლობის აღმავლობას, რაც განსაკუთრებით გაძლიერდა ძვ.წ. II ათასწლელში და გამოიხატა თრიალეთის ორი - ვერცხლისა და ოქროს თასების დამზადებაში. დღემდე ამ ნივთების შესახებ, რომლებიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის უნიკუმებს წარმოადგენს, უამრავი მეცნიერული თუ საცნობარი ხასიათის მასალებია გამოქვეყნებული, მაგრამ მათ მიმართ გამოჩენილი ინტერესი არათუ იკლებს, უფრო მეტად იზრდება და ეს თასები იმსხურებს ასეთ ყურადღებას არა მხოლოდ მათი მაღალმხატვრული ესთეტიკური ღირებულებების გამო, არამედ რელიგიურ-სიუჟეტური მოტივებითაც, განსაკუთრებით ეს ეხება ვერცხლის თასს, რომელზედაც გამოსახულია ნიღბებიანი სატომო ღვთაებანი. ეს ეპოქა ინახავს ქართველური მოდგმის ტომთა საიუველირო ხელოვნების უმაღლეს დონეს. ფაქტობრივად, უძველესი ცნობები კავკასიის, როგორც მელითონეობის დიდი კულტურის მქონე მხარის შესახებ, ამ მასალებითაც დასტურდება, თუმცა ეს ტრადიცია თუ II ათასწლეულის ბოლოს ოდნავ სუსტდება, I ათასწლეულში უკვე მთელი სიძლიერით იფურჩქნება, მაშინ როცა საფუძველი ეყრება ქართული სახელმწიფოს წარმოშობას.
ოქრომჭედლობის უხვი მასალები მიკვლეულ იქნა ფარცხანაყანევში, ყაზბეგში, ჭუბურხინჯში, ცხინვალში, მაგრამ თავისი კლასიკური სახით მან გამოანათა ვანისა და საირხის არქეოლოგიურ მასალებში, საიდანაც ათეული წლების განმავლობაში განუწყვეტელ ნაკადად მოედინება საოქრომჭედლო ნაკეთობათა შედევრები.
ასეთ ნაკეთობათა რიგს მიეკუთვნება ძვ.წ. Vს. დიდემა ოქროსავე სასაფეთქლეებით, რომელიც წარჩინებული ადამიანის შემამკობელი უნდა ყოფილიყო. დიადემათა ასეთი ტიპი თავისი სხივანა სასაფეთქლეებით, ყველაზე დახვეწილი ფორმით საქართველოშია წარმოდგენილი, რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი ადგილობრივი ოქრომჭედლობის სკოლის კუთვნილებაა. ამავე ეპოქის მშვენებას წარმოადგენს ვერძისთავიანი სამაჯურები, სხივანა საყურეები და ოქროსავე ყელსაბამი ფრინველების გამოსახულებით. ყველა ეს ნივთი უმაღლესი ოსტატობის ნიმუშია, განსაკუთრებული ოსტატობითაა შესრულებული ყელსაბამის ფრინველთა პატარა ფიგურები, რომლებთაც პაწაწინა თვალების მაგივრად ჩასმული აქვთ ცისფერი პასტის ინკრუსტირებული ნაწილები. რაც შეეხება ვერძისთავიან სამაჯურებს, ისინი აქემენიდური ხანის ნიმუშებთან იჩენენ მსგავსებას, რაც სხვა ამ რიგის მასალასთან ერთად მოწმობს, რომ საქართველოს საიუველირო ხელოვნება იცნობდა როგორც აღმოსავლურ, ისე დასავლურ ოქრომჭედლობის მიღწევებს და მათ იყენებდა თავისი ნაციონალური და თვითმყოფადი სტილის ჩამოყალიბებისათვის.
საოქრომჭედლო იარაღები
და ოქრომჭედლობის ტიპური
ნიმუშები საქართველოში
საგულისხმოა, რომ როგორც ვანში, ასევე საირხეში ოქროს ნივთებთან ერთად, აღმოჩენილია საოქრომჭედლო იარაღები და ოქროს დასამუშავებლად გამზადებული ფირფიტები, რაც უშუალოდ მიუთითებს ადგილობრივი ხელოსნური პროცესის შესახებ.
მსოფლიო ოქრომჭედლობის შედევრადაა მიჩნეული ასევე ვანში აღმოჩენილი ყელსაბამად ასხმული 31 ოქროს კუ, რომელთაგან ერთი დიდია, დანარჩენი 30 კი პატარა. თითოეული კუ წვრილი გავარსის ორნამენტითაა შემკული, თვალებად ინკრუსტრირებული პასტები აქვს ჩასმული. ისინი ზოგადად თავისი ფორმით საუკეთესოდ გამოხატავენ ამ უწყინარ ცხოველთა მშვიდ ხასიათს.
საგულისხმოა, რომ ვანის აღმოჩენებს ეთანადება და ეთანხმება ზემო იმერეთში - საჩხერეში, მოდინახეზე და განსაკუთრებით საირხეში აღმოჩენილი ოქროს ბრწყინვალე ნიმუშები, ეს მასალები თავისი მხატვრული გადაწყვეტითა და ტექნიკური ნიშნით ადგილობრივი ოქრომჭედლობის ნაწარმად წარმოგვიდგება და ზოგიერთ სკეპტიკოსს, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს ოქრომრავალი კოლხეთის ხელოსანთა ინდივიდუალურობა ირწმუნოს, საწინააღმდეგოს მტკიცებისათვის არგუმენტს აღარ უტოვებს. იბერიასა და კოლხეთის გამყოფ ზოლზე მყოფი საირხისათვის, რომელთაც საკმაოდ ასცდა ბერძნული კოლონიების გავლენა, საიუველირო ხელოვნებაში გამომუშავებული აქვს თავისი თვითმყოფადი სტილი, რომელიც გვერდს უმშვენებს ვანის მასალებს და ორივენი ერთად ქართული ოქრომჭედლობის ავტონომიურობას წარმოაჩენს.
ქართული ოქრომჭედლობის მიღწევას წარმოადგენს ე.წ. ფარაკიანი საბეჭდავები, რომლებიც სათავეს, მართალია, საბერძნეთში იღებს მაგრამ მისი ქართული მინაბაძები ერთობ ოსტატურად არის შესრულებული, ასეთი ბეჭდები გამოიყნებოდა წარჩინებულობის ნიშნად, რომელიც ფართოდ გავრცელდა ძვ.წ. V-IVს-ში. ის იხმარებოდა ასევე საბეჭდავად, მათ ფარაკებზე ამოტვიფრული იყო რელიგიური შეხედულებით ნასაზრდოები ფიგურები. ოქრომჭედლობის ოსტატობა სრულიადაა განსახიერებული ახალგორის რაიონის სოფ. საძეგურში აღმოჩენილ წყვილ სასაფეთქლე საკიდებში, რომელიც ძვ. წ. IVს-ით თარიღდება. ესაა ძველი ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუში, რომელიც სიუჟეტური თვალსაზრისით აქემენიდური ხელოვნების შტრიხებს ატარებს, მაგრამ ხელობის თვალსაზრისით პირწმინდად ქართული ნახელავია.
ქართულ ოქრომჭედლობაში ელინისტურმა კულტურამ მოიტანა ნაკეთობათა ფერადი ქვებით შემკობის წესი.
ოქრომჭედლობაში ახალი ეტაპი დადგა გვიანანტიკურ ხანაში. ეს იყო პოლიქრომული სამკაულის გავრცელება, რომელთა საუცხოო ნიმუშები აღმოჩნდა მცხეთაში. მცხეთაში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები თავისი მხატვრულ-ესთეტიკური ღირსებით თავისუფლად იმკვიდრებენ ადგილს მსოფლიო საიუველირო ხელოვნების უბრწყინვალეს ნიმუშთა შორის.
ქართულმა ოქრომჭედლობამ დიდი წარმატება მოიპოვა ჭედურობასა და მინანქარის დამუშავებაში. ჭედურობის უდიდესი ხელოვნება განსაკუთრებით გამოიკვეთა განვთარებული ფეოდალიზმის ეპოქის ისეთ აღიარებულ ხელოვანთა შემოქმედებაში, როგორებიც იყვნენ ბექა და ბეშქენ ოპიზარები.
ოქრომჭედლობა მთელი სისრულით გამომჟღავნდა საბრძოლო იარაღებში, რომლებიც თავდაცვითი და თავდასასხმელი ფუნქციის გარდა, ადამიანის სამშვენისის მოვალეობასაც ასრულებდა. ამ დარგში კავკასიური იარაღი უაღრესად დიდი დახვეწილობითა და იმ დონის ორიგინალობით გამოირჩევა, რომ მისი აღრევა მსოფლიოს ნებისმიერ იარაღებში ფაქტობრივად შეუძლებელია. ოქრომჭედლობის დახვეწილი ოსტატობა გამოვლინდა ხმალ-ხანჯლებისა და თოფ-დამბაჩების მორთულობაში, რომელშიაც გამოყენებულია ოქრომჭედლობის ყველა ხერხი. როგორც ცნობილია კავკასიის ეთნიკურად ჭრელი მოსახლეობა გამუდმებულად იმყოფებოდა საბრძოლო მდგომარეობაში, ამიტომ იარაღის მიმართ დამოკიდებულებამ აქ იმდენად მძაფრი ხასიათი შეიძინა, რომ იგი ფაქტობრივად მუდმივ სატარებელ საგნად იქცა. იგი ადამიანის მენტალურობის მაჩვენებელადაც იქცა და მისი ესთეტურად მაღალი დონე ამ ვითარებამაც განაპირობა. კავკასიის ხალხთა ისტორია იარაღისადმი ფანატიკური სიყვარულის მრავალ მაგალითს იცნობს და ეს არცაა გასაკვირი, რადგან პრაქტიკულმა საჭიროებამ, დროთა განმავლობაში მის არსებობაში ჩადო გენეტიკური კოდი იარაღის დაუშრეტელი სიყვარულისა.
სწორედ ამ ვითარებამ განაპირობა იარაღ-საჭურვლის უმნიშვნელოვანესი ცენტრების გაჩენა კავკასიაში, რომელთაგან თბილისი ყველაზე სახელოვანი იყო. თბილისური იარაღ-საჭურვლის სამჭედლო სახელოსნოები აქ რამდნიმე ქუჩას მოიცავდა, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა კულტურის სხვადასხვა ელემენტი და იკვრებოდა ერთი დიდი მდინარება თბილისური ხელობისა. საინტერესოა, რომ იარაღის წარმოებაში მუდამ შეინიშნება ხელოსნური მეტოქეობის ელემენტები როგორც მტკიცე ფოლადის გამოდნობის, ასევე გერეგნული შემკულობის თვალსაზრისით, რისი შედეგიც იყო სახელგანთქმული ოსტატების დაწინაურება. თბილისის გარდა ოქრომჭედლობის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა: ქუთაისი, ახალციხე, სენაკი, ზუგდიდი, თელავი, სიღნაღი და სხვ.
ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981. ლ. სოსელია, ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში, კრ. მესხეთ-ჯავახეთი, 1971. შ. ამირანაშვილი, ბექა ოპიზარი, 1956.
ე. ნ.
ოქსინო - ძვირფასი ქსოვილის სახეობა. საბას განმარტებით, ოქსინო არის ოქროქსოვილი ხავერდი, ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ოქსინო ოქრონემსულით მოქარგული ქსოვილია, რომელიც ძვირფას, საპატიო მისართმეველ-საჩუქარს წარმოადგენდა.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქმკი. 1962.
ე. ნ.
ოყა - წონის ერთეული, უდრიდა სამ გირვანქას ანუ 1200 გრამს.
ოჩვეჩვე (სამეგ.) - ყველის საწური, გულამოღებული ხის გრძელი ჭურჭელი.
ოჩხარი - 1. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში გავრცელებული ჩვეულება - დაზარალებული მეცხვარის დახმარება. დაზარალებული მეცხვარე მართავდა სადილს, რომელზედაც მოწვეული სტუმრები ასაჩუქრებდნენ, შეეწეოდნენ იმდენი ცხვრით, ვისაც რამდენი შეეძლო. 2. ხელმოკლე (ჩვეულებრივ, რაიმე უბედური შემთხვევის გამო დაზარალებული) კაცის კოლექტიური დახმარება საქონლით, მარცვლეულით, ფულით. ეს გარკვეული წესის შესრულებასთან იყო დაკავშირებული. გაჭირვებული კაცი არაყს გამოხდიდა და მეზობელ სოფელს მიაშურებდა. იქ შედარებით შეძლებულ ოჯახში გამართავდა წვეულებას. ოჯახის უფროსი მოიხმობდა თანასოფლელებს. აცნობებდა მათ, რომ მის ოჯახში იმართებოდა ოჩხარი. თავს მოიყრიდნენ გლეხები, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ რითიმე დახმარებოდნენ გაჭირვებულს. წვეულების დროს ყოველი მათგანი დახმარებას ჰპირდებოდა, რითაც შეეძლო: ზოგი საქონლით, ზოგი ხორბლით, „ვისაც რა მოჭარბდებოდა“. მეორე დღეს ოჩხარის მომწყობი თვითონ ჩამოივლიდა სოფელს და შეაგროვებდა დანაპირების მიხედვით. 3. შრომითი დახმარება გასამრჯელოს გარეშე, სამუშაოს პატრონის მიწვევით, გულუხვად გამასპინძლებით. ანალოგიური ფორმაა ნადი. 4. მეზობლების მიერ გაჭირვებული ოჯახის შრომითი დახმარება. შრომის ორგანიზაციის ანალოგიური ფორმაა: სამადლოდ დახმარება (ერწო-თიანეთი), შებრალებით შველა (მთიულეთი), შემწეობა (გურია,) შენწოობა (სამეგრელო), სანიჭარი (მესხეთი). 5. საერთო ხარჯით გამართული ნადიმი, ლხინი, ჩვეულებრივ შემოდგომაზე, როდესაც ჭირნახულს დააბინავებდნენ. 6. მასობრივი ნადირობის შემდეგ მოწყობილი საერთო სასოფლო ლხინი (რაჭა).
ლიტ.: ზ. ბილანიშვილი, ოჩხარი, კრ. ძველი საქართველო ტ.II 1913. Геладзе Т. Формы коллективного труда в зеледелии Восточной Грузии, 1987.
თ. გ
ოჩხი - მდინარეში ქვებით მოზღუდული ადგილი თევზთა საჭერად. გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში. „ოჩხი თევზთ საბუნაგო“ - საბა. წყალში ორმოს ამოთხრიდნენ, მერე ამოაშენებდნენ მრგვალ, ორპირ კედელს, ოჩხში შესული თევზი უკან ვერ გამოდიოდა და მას ხელით იჭერდნენ. ოჩხს დგამდნენ შემოდგომით, ზამთარში კი ხსნიდნენ. ოჩხები შენდებოდა გვარების მიხედვით, მდინარის გარკვეულ ადგილებში. ზოგიერთ ოჯახს ორასამდე ოჩხი ჰქონდა ჩადგმული.
ოჩხუჟი (იმერ.) - ჭურის სარეცხი//სარცხლი. შავი ბლის კანს დაჭრიან ოთხკუთხედად, ხის ტარზე მჭიდროდ წამოაცვამენ თავსა და ბოლოში და ხის კოტებით გაამგრებენ, რომ რეცხვის დროს ქერქები ერთმანეთზე მჭიდროდ იყოს მიტყუპული და არ დაიშალოს.
გ. გ.
ოწინარი - სიმძიმეთა ასაწევი ტექნიკური ხელსაწყო. საბას განმარტებით, „ძელი შემზადებული ადვილად დიდთა ქუათა ასაღებლად და მაღლა ოსტატისა თანა მისატანებლად“. ხშირად ჭასთანაც აკეთებენ წყლის ამოსაღებად.
ე. ნ.
ოჭიორა - 1. ბავშვის ფეხის ადგმისათვის დამხმარე ხელსაწყო, არის მოძრავიცა და უძრავიც. 2. რეცხვის დროს ჭურის თავის დასაცავი მოკლე ფიცარი, რომელსაც შუაში ნახვრეტი აქვს გაკეთებული და შიგ სარცხის ტარია გაყრილი. ჭურის რეცხვისას სარცხის ტარი ნახვრეტში მოძრაობს და თიხის ჭური დაცულია უცაბედი შემთხვევისაგან.
ლიტ.: ლ. ფრუიძე, მეღვინეობა საქართველოში. 1974.
ე. ნ.
ოხარი//ვოხარი - ცილინდრის ფორმის ფსკერჩადგმული წყლის ჭურჭელი. ფიჭვის ოხარში წყალი ცივად ინახებოდა და გემოც კარგი ჰქონდა. გამოიყენებოდა აღმ. საქართველოს მთიანეთში.
გ. გ.
![]() |
3 პ |
▲ზევით დაბრუნება |
პაიჭი//პაჭიჭი - საცვეთი. წვივის შესამოსელი. მზადდებოდა ტყავის და ქსოვილისაგან. ძირითადად მეცხვარე და მესაქონლე ხალხი ხმარობდა. ხევში პაიჭები ცხვრისა და თხის ტყავის მზადდებოდა, სვანეთში კი - ჯიხვისა და არჩვის ტყავისგან. ძველად ორი სახის პაიჭებს ხმარობდნენ. ერთ მათგანს სამუხლე პაჭიჭს უწოდებდნენ, ჩამცმელს მუხლებს ზემოთ სწვდებოდა და მას იყენებდნენ ზამთარში, მეორეს, უფრო მოკლეს, ახალგაზრდები იცვამდნენ. პაიჭებს ძირითადად ქალები ამზადებდნენ და მამაკაცის გარდა თავადაც ხმარობდნენ. ხევში ბოლო დრომდე შემორჩა ტრადიცია პატარძლის მიერ ახალი პაიჭების დამზადებისა მაზლისა და მამამთილისთვის, რასაც მონდომებით კერავდა და ამკობდა მცენარეთა სახეებით. პაიჭის შემკობაში ვლინდება ქალის ხელსაქმის ოსტატობა. პაიჭის წვივზე დასამაგრებლად ამზადებდნენ ჭრელი აბრეშუმის ზონრებს - ჩახსაკრავებს(იხ.), რომლებზედაც არცთუ იშვიათად სხვადასხვა სახის სახოტბო სიტყვები ან პატრონის სახელდება იყო ამოქარგული.
ნ.ჯ.
პალანი//ფალანი - ვირის კურტანი. შეკერილ ტილოში ჩაიყრებოდა ბზე ისე, რომ შუაში ჩაზნექილი ყოფილიყო და ტვირთი მოხერხებულად მოთავსებულიყო მასზე.
ნ. ჯ.
პალატი - შუაფეოდალურ ხანაში პალატი გაიგებოდა სასახლის, დიდი დარბაზის მნიშვნელობით, ქართულ წყაროებში არაერთგზის გვხვდება სამეფო პალატი. ეთნოგრაფიულ ყოფაში პალატი აღნიშნავს ოდა, სახლის პირველ სართულს, რომელიც აშენებულია ქვის კედლებით, პალატი წარმოადგენს მკვიდრად ნაშენ ნაგებობას, რომლის კუთხეები, ფანჯრები და კარებები ხშირად გამოყვანილია კარგად გათლილი ქვის ბლოკებით: პალატს იმერეთსა და ლეჩხუმში მეორე სართულად ადგას ოდა (იხ.).
ე. ნ.
პალდუმი//ფალდუმი - ვირის კურტნის „საძუე“ ვირის ბარკლებზეა მოდებული და გავის ირგვლივ მიუყვება. ორივე წვერი დამაგრებულია პალანზე (იხ.), კუკუხოზე. გარდიგარდმო გასდევს თასმა, მისი წვერები კი გავასთანაა დამაგრებული, რომ პალდუმი ქვემოთ არ ჩავარდეს და ფეხებს არ მოედოს.
ნ. ჯ.
პალუსტაკი (თბ.) - ქორწილის მესამე დღეს სუფრაზე მიიტანდნენ პალუსტაკს - ერთგვარ ნუგბარს, რომელიც დამზადებული იყო ფქვილის, თაფლისა და კარაქისგან, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ახლად შეუღლებულნი კმაყოფილნი არიან. პალუსტაკის ქორწილზე მიტანის წესი, სავარაუდოდ, მხოლოდ თბილისური ქორწილისათვის დამახასასიათებელი რიტუალი იყო.
გ. ა.
პანაღია - 1. მცირე ხატი ღმრთისმშობლისა, რომელსაც მღვდელმთავრები მკერდზე ატარებენ ნიშნად მწყემსმთავრული ღირსებისა. არსებობს აგრეთვე პანაღიები მაცხოვრის, წმ. სამების და სხვა წმინდანთა გამოსახულებით. 2. სეფისკვერი, რომლიდანაც პროსკომედიაზე ამოკვეთილ იქნა ნაწილი ღვთისმშობლის პატივსაცემად. სადღესასწაულო დღეებში მონასტრებში ლიტურგიის შემდეგ სრულდება პანაღიის ამაღლების წესი, როცა ღვთისმშობლის სეფისკვერი ტაძრიდან მონასტრის ძმათა მიერ გადაბრძანდება სატრაპეზოში, სადაც ტრაპეზის დასრულების შემდეგ მღვდელმსახური ლოცვითა და დიდებისმეტყველებით სეფისკვერს ხატების წინ აამაღლებს, რის შემდეგაც მას ყველა იგემებს. ეს წესი ტრაპეზზე მაცხოვრისა და დედაღმრთისა დასწრების ნიშნად სრულდება.
ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2005. .2004.
ხ. ც.
პანდარი-ტახტი (ხევი) - ხის განიერი საწოლი. პანდარი „სამყოფლოში“ (ოჯახის საცხოვრებელი ოთახი) კედლის გასწვრივ კეთდებოდა. დამახასიათებელი იყო მრავალსულიანი ოჯახისთვის. პანდარის მოცულობა ოჯახის წევრთა შემადგენლობით განისაზღვრებოდა. საოჯახო თემში მცხოვრებ თითოეულ ძმას თუ ბიძაშვილს თავისი პანდარი ჰქონდა, რომელშიც მისი ცოლშვილი იძინებდა. პანდარს ახლდა ხის სასთუმალი, რომელიც ზედ დადებული ბალიშით, დაკეცილი ნაბდით ან „კვირტისგან“ ნაქსოვი საფენით,ტახტის აუცილებელი ნაწილი იყო. საგებლად ხმარობდნენ ნაბადს, დასახურად კი „გუდანურს“ ანუ საბანტყავს. პანდარზე მხოლოდ ახლად შეუღლებული ცოლ-ქმარი არ იძინებდა. მათთვის განკუთვნილი იყო ბოსლის გვერდზე გამოყოფილი ოთახი „საწვალაი“, რომლითაც სარგებლობდნენ ერთი წლის მანძილზე.
ლიტ.: ვ. ითონიშვილი, მოხევეების საოჯახო ყოფა, 1970.
ლ. ბ.
პარაპათი - სათრეველი თევზსაჭერი ბადე ლაზეთში, რომელსაც შუა ნაწილი ტომრისებურად აქვს გამოყვანილი.
პატრონტაში//სამასრე//სასწრალო - ვაზნების სატარებელი. ძირითადად ტყავისაგან მზადდებოდა და მხარიღლივ იკიდებოდა. პატრონტაშების ისტორია კაჟიანი თოფების ეპოქაში (XVI-XVII) იწყება, სავარაუდოდ იმ პერიოდიდან, როდესაც თითო გასროლა დენთი დოზირებულად ცალ-ცალკე ჭურჭელში თავსდებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მხარიღლივ გადასაკიდებელი პატრონტაშები თანდათანობით კავკასიური კოსტიუმის, ჩოხის უცილობელ დეტალად იქცა და მკერდზე განთავსებული სამასრეების სახით მოგვევლინა. კავკასიაში, ჩოხის სამასრეებს XIX საუკუნის პირველ ნახევარშიც (ფისტონიანი თოფების პერიოდი) პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო შემდგომ ხანებში წმინდა დეკორატიული ხასიათი შეიძინა.
მ. ქ.
პაყვა - მოკლე ფიცარი, რომელიც ნავის მკერდების ამოყვანისას იხმარება მოკლე ადგილებში.
პერანგი - კაცთა და ქალთა შიგნი, ზედა ტანზე ჩასაცმელი თეთრეული//ზედა საცვალი.
პერანგის ტოლი - ქვედა საცვალი (იხ. ნიფხავი). ანუკა ბატონიშვილის მზითვის წიგნში (1712 წ.) მოხსენიებულია „პერანგის ტოლი ფერადი ცხრა, დარაია ბაბთისა ცხრა და შეიდიშისა ცხრა“. უძველეს ქართულ ძეგლებში ნიფხავის სინონიმ ტერმინად ნახმარია „საბარკული“, „საწმერთული“ და „წვივსაცმელი“.
ე. ნ.
პინა//პინაკი (ძვ.) - ცაცხვის ხისგან გამოხოწილი ჯამისებური ჭურჭელი. „ძელის ჯამი“. იყო დიდი//თაფხა და პატარა პინები. დიდი პინები (მთიულეთი) „ნაღების მოსაყრელად“ გამოიყენებოდა. პინაში იცოდნენ ყველის „მოყველება“ (ქართლი). იყენებდნენ საწყაოდ (ფშავი), რვა კგ მარცვალი ჩადიოდა. პატარა პინებს კერძისათვის, კარაქისათვის, ნახევარ-ჩარექიან პინებს ღვინისა და ლუდის სასმისად გამოიყენებდნენ. გამოხოწილ პინებს მარცვალზე, ლობიოზე ჰყიდდნენ. „ერთ პინაზე ორი ჯამი მოდიოდა“.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხის ჭურჭელი. 1988.
გ. გ.
პირბადე//პირფადი//პირსაფარი - ქორწილის დროს პატარძლის პირსახის დამფარავი ქსოვილი. ამ მიზნით გამოყენებული იყო თხელი ქსოვილის ნაჭრები, ან მზა თავსაფრები, ზოგჯერ ბადისებურად ნაქსოვიც. ამ წესს XX საუკუნემდე საქართველოს მთიანეთის ბევრ კუთხეში მისდევდნენ. თუშეთში პატარძალი პირველად ნიშნობაში გამოჩნდებოდა, ქორწილის დროს იგი, პირჩამოფარებული, ცალკე ოთახში ელოდებოდა საქმროს მაყრებს. ეჯიბი მიჰგვრიდა ნეფეს და პატარძალი ეკლესიაში პირბადიანი მიჰყავდათ. საქორწინო რიტუალის ისეთი წესებიც, როგორიც იყო დედ-მამის ოჯახთან გამოთხოვება, ახალ ოჯახში მისვლა, კერის გარშემო სამჯერ შემოტარება, პირჩამოფარებულ პატარძალს უნდა შეესრულებინა. ფშავშიაც ასრულებდნენ ამ წესებს. საინგილოში არამარტო პატარძალი იყო ვალდებული, პირბადე ჰქონოდა, არამედ ნეფესაც სახე აბდით უნდა ჩამოებურა და თანაც მთელი ცერემონიალის დროს უმძრახად ყოფილიყო. პირბადის ტარება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დროებითი აქტი იყო და მისი გამოყენება გვირგვინების ახდის წესთან ერთად მთავრდებოდა. ეს წესი გვიანფეოდალურ საქართველოშიც მოქმედებდა.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
ც. ბ.
პიტაფიცარა - საცხოვრებელი სახლის ტიპი სამეგრელოში (იხ. გოდორა).
პოლოტიკი - რკინის ფირფიტა, რომელიც დაკრულია თავდასაცავ აბჯარზე - ჩაჩქანზე, ჯაჭვის პერანგზე ან ჯაჭვის შარვალზე, ბრძოლის დროს უკეთესი თავდაცვის მიზნით. „რკინის ფიცარი ბრძოლაში მკერდთა და ღლიათა დასაკრავი“. (საბა)
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991.
მ. ქ.
პოლორჭიკი//ხარატულა - ტიკის ნახვრეტში შედგმული ხის მრგვალი ნაჭერი, მასრა.
პური - ადამიანის უმნიშვნელოვანესი საკვები პროდუქტი. საქართველო ითვლება პურეული კულტურების მოშინაურების ერთ-ერთ უძველეს კერად. აღმ. საქართველოს ბარში შეიქმნა პურეული კულტურების მდიდარი ჯიშები და მასთან დაკავშირებულმა შრომის ორგანიზაციამ დახვეწილი ფორმა მიიღო, რაც ზოგადად ხელისშემწყობი გახდა იბერიის სახელმწიფოს აღმავლობისა. დასაფქვავ ხორბალს ჩვენში სულადს უწოდებდნენ, ხოლო დაფქვილს - ფქვილს. არსებობდა სხვადასხვა ხარისხისა და თვისებების ხორბალი, რომელთაგანაც ნაირ-ნაირი პური ცხვებოდა. პურის გამოსაცხობად, სადაც თონეც არის და ფურნეც, უფრო ხშირად ფურნეს ხმარობენ, თუმცა თონის პური უფრო უყვართ და საპატიოდაც ითვლება. ფურნეში ყველანაირი ჯიშის პური ცხვება. პურის მცხობელ ქალს თუ თონეში სახე ეწვის, ფურნეში გამოცხობისას, ამისგან დაზღვეულია. ამასთან ერთად, თონის პურს გამძლეობაც ნაკლები აქვს: სამი დღის მერე შრება, ფურნისა კი ერთი კვირა ძლებს. ფორმის მიხედვით პურები ცხვებოდა მრგვალი, გრძელი, ოთხკუთხედი, ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებით და გულიანი ნამცხვრები. დანიშნულების მიხედვით იყო რიტუალური, საოჯახო, სასტუმრო. რიტუალურს განეკუთვნება მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული, ღვთაებათა თაყვანსაცემად, ბუნების ძალთა აღორძინებასთან დაკავშირებით და სხვა რიგის ქადა-კვერები. პურის მრავალსახეობა დღესაც შეიძლება აღინუსხოს ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით. პურის სახეობებს სხვადასხვა ფუნქციის შესრულება ჰქონდა დაკისრებული. იგი ყოველდღიურად ჯალაბთ სანაყრი იყო, სტუმრის დაპურების ძირითადი საშუალება. სახატო, სათემო, საოჯახო, ლხინისა თუ მწუხარების სუფრის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი. ცნობილია, რომ მთიელთა სანუკვარი საჭმელი ხორცეული იყო, მაგრამ პურის უპირატესი მნიშვნელობა არსებობისთვის ხევსურულ ხმითნატირალის ერთ-ერთ ნიმუშში კარგად ჩანს:
„ქალო! რომელი გირჩევ ქმარიო,
ქისტაური თუ ჩარგალელიო.
ქისტაურ პურსა არ მოგაკლებსო -
ნადირის ხორცსა ჩარგალელიო.
ქალმა ქისტაურ დაირჩივაო
ხორცი რად მინდა უპუროდაო“.
მთაში უპურობა არცთუ იშვიათი მოვლენა იყო. ამიტომ პურისათვის სხვაგან გასვლა მიღებული წესი იყო. მაგ., მოხევეთათვის პურეულის მომარაგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა ჩრდილო კავკასიის სხვადასხვა რაიონში სამუშაოდ წასვლა, რასაც მოხევეები „ქოითკე პურობ სიარულს“ ეძახდნენ. სახნავი მიწის ნაკლებობა და უმოსავლო წლები აიძულებდა ხევსურს (განსაკუთრებით არხოტის თემის სოფლებში), რომ პურის მარცვალში სხვადასხვა თესლი შეერია. სვანეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში განსაკუთრებით იყო გამოკვეთილი სქესის, ასაკისა და სამუშაოს ხასიათის მიხედვით დიფერენცირებული პური და პურის ნამცხვარი. საინტერესოა, რომგამომცხვარი პური საქართველოს ზოგიერთ სოფელში სამოხელეო გადასახადში შედიოდა. პურისათვის ერთი სახის ხორბლის ფქვილი გამოიყენებოდა ან ნარევი. ძველ საქართველოში „გლეხნი ხმარობდნენ ოდესმე ქერჭრელ პურსა, ე.ი. ხორბალსა და ქერსა ერთად დაფქვიან და გამოაცხობენ“ (კალმასობა). „წმინდის“ პური დელიკატესს წარმოადგენდა და მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში მოიხმარდნენ სუფრაზე. ქართველები როგორც მიწათმოქმედებასთან მჭიდროდ დაკავშირებული ხალხი, პურის ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები არიან მთელს მსოფლიოში. პურისადმი დამოკიდებულება ჩვენში ყოველთვის სარიტუალო რანგში იყო აყვანილი. მას მოწიწებით ეპყრობოდნენ და უფრთხილდებოდნენ. სუფრაზე პირველად ღვინო და პური მიჰქონდათ, რომელსაც კი არ ჭრიდნენ, არამედ ხელით ტეხავდნენ, ხოლო თუ ძირს დაუვარდებოდათ, აიღებდნენ და აკოცებდნენ. პურის ცხობა ტრადიციულად საოჯახო რიტუალს წარმოადგენდა, ხოლო თონე წმინდა ადგილად იყო მიჩნეული. სწამდათ, რომ პურის ცხობისას მიცვალებულთა სულებიც იქვე ტრიალებდნენ, ამიტომ ცომის ზელისას და თონის კურთხევისას მათ აუცილებლად ახსენებდნენ. გამომცხვარ პურებს აგრილებდნენ ხის ვარცლში და შემდეგ ინახავდნენ ხისავე კიდობნებში, რომელთა ხარატული ორნამენტიკა ერთ-ერთი საუკეთესოა ხალხურ ხელოვნებაში. საქართველოში პურის რამდენიმე ათეული სახეობაა დადასტურებული, რომელთა ცხობის ტექნოლოგიასა და ფორმებში მკვეთრადაა გამოხატული ამ უპირველესი საკვები პროდუქტის წარმოების უხვი ემპირია და დიდი კულტურა.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ქართული თორნე, მსე II, 1951. ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში, 1969.
ნ. ჯ.
ე. ნ.
პური სატაბლო (ხევს.) - თხელი პურები, რომლებსაც ხატის მიწების მოხვნის დასრულებისას სათითაოდ გაამწკრივებდნენ ფიცრებზე, ზედ მოხარშულ ხორცს დადებდნენ და ჩამოურიგებდნენ მემუშა კეთ.
ე. ნ.
პურის ოთახი (აღმ. საქ.) - სოფლად, გლეხის საცხოვრებელი სახლის ერთ ნაწილს წარმოადგენდა„პურის ოთახი“, რომელიც დარბაზის გვერდით იყო. „პურის ოთახი“ მოწყობილი იყო საცხობლით, სადაც კეცები ელაგა, აქვე იყო ვარცლი, თაბახი, ხონჩები, საცრები, ცხრილები, ცხავი და სხვ. აქვე იდგა ფქვილის დიდი ამბარი და პურის შესანახი განჯინები.
ე. ნ.
პური ქართული - ქართული პურის სახეობანია: მურასა, საგარეჯო, პირგაჭრილი, კაკალა, შოთის პური, დედოს//დედას პური. ეროვნებათა შორის ერთ განმასხვავებელ ნიშნად უნდა ჩაითვალოს პურის განსაკუთრებული ფორმა და მისი გამოცხობის თავისებურებანი. ქართული პურის სახეობანი ძირითადად თორნე // თონეში (იხ.) ცხვებოდა. ქართული პური გრძელი და ოვალური ფორმისაა, ზოგიერთი ხმლისებური მოყვანილობისაა (მაგ. „საგარეჯო“). სოფლებში პატარა თონეებს ხმარობდნენ, ქალაქებში - დიდს. ქართული პურის მცხობელი მარჯვენა ხელის გულზე დაიდებს ახალი მთვარისებურად აჭრილ პატარა გაბრტყელებულ გუნდას, მარცხენათი თონის პირს მიეჭიდება, გადაეკიდება გავარვარებულ თონეში და გახურებულ თონის პირს ტყაპუნით ამოაკრავს ცომს. ამნაირად რომ შეავსებს თონის კედლებს, მერე მის ზედაპირს ხის თავსახურს გადააფარებს და 15-20 წთ შემდეგ თონიდან ასტამ-საფხეკით ცხელ-ცხელ ლავაშებს ამოყრის. თხელ; ქართული პური კარგად გამოშუშებულია, საჭმელად სასიამოვნო, გემრიელი და დიდხანს ინარჩუნებს სირბილეს. ქართული პურის სახეობანი ერთმანეთისაგან მცირედი ნიუანსებით განსხვავდება, ზოგადად კი ერთ - ერთი ტიპის ნამცხვარს მიეკუთვნება და თავისი გამორჩეული ფორმით დღემდე ინარჩუნებს ამ სახელწოდებას.
ლიტ.: ი. ბალახაშვილი, ძველი თბილისი, 1951.
ე. ნ.
პურის ცხობა - ხაშიანი ცომის გაფუებას 2-3 საათი მაინც უნდა, რასაც გებულობენ ხელის დაჭერით. რაც უფრო ახალია ფქვილი, მით უფრო „მარდად ფუვდება“. საპურე ცომი ღუმელ-ფურნეში და კეცში რომ „შასხან“, ჩვილი უნდა იყოს და კარგად გაღვივებული. თონეში ჩასაკრავი კი მაგრად მოზელილი და არც ძალიან გაღვივებული. ფურნისაგან განსხვავებით, თონე „აზიზია“ და თუ რომელიმე პირობა კარგად არ არის დაცული პური ჩავარდება. ერთ საპურე ცომს „საფხეკელათი“ მოჭრიან, ვარცლში მოაგუნდავებენ კვერებად. იმის მიხედვით, თუ რომელ საცხობში აცხობენ, მისცემენ სასურველ ფორმას. თონეში პურს ხელით ჩააკრავენ, ლავაშს კი - „ლაქათით“ (ნიჩაბი). ვარცლი უსათუოდ თონის მარჯვნივ უნდა დაიდგას, რომ ცომი მარჯვენა ხელით მარჯვნივ „შემაირტყას“ თონეში. მარცხენას, თუ საჭირო იქნა, შეაშველებენ, ისე კი, კარგ მცხობელს მარცხენის მიშველიება არც სჭირდება. პურები ოთხ წრედ ჩაიკვრება (დიდ თონეში - 6 წრე), თითო წრეში ჩვეულებრივ 4-5 პურია, როცა თონე ძალიან ცხელია, „თახად“ ჩაყრა იცის. ჩავარდნილი პურის ძირს სველ ხელს გაუსვამენ და კვლავ მიაკრავენ. გამომცხვარი პურის „მოხდას“ ძირიდან იწყებენ და თანდათანობით ზევით აჰყვებიან. თონის კედლიდან პურს ასტამის ბრტყელი ბოლოთი ააცლიან, „კინჭოტს“ (ასტამის წვეტიანი ბოლო) პურის ზედა ნაწილში გაურჭობენ და ფიცარზე ერთმანეთის გვერდზე დააწყობენ.
ნ. ჯ.
პწკალი (კახ.) - წნელის ტკეჩი, რომლითაც წნავენ კალათს. შინდის, თხილისა და მისთანათა შტოებს სიგრძივ ხლეჩენ შუაზე და ამ ნახევარს პწკალს უწოდებენ.
ლიტ.: ს. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1973.
![]() |
4 ჟ |
▲ზევით დაბრუნება |
ჟაკანი - მსხვილი ტყვია, რომელსაც იყენებდნენ გარეულ, მსხვილფეხა ნადირზე სანადიროდ.
ჟამის საწირი//ღამის სამთელო (ხევს.) - სარიტუალო შესაწირავი პურები - სამი დიდი ხავიწიანი ქადა - ერთმანეთზე დაწყობილი და მათზე დადებული 9 უბრალო თხელი პური. ღამის სამთელოს დასტურები მოიტანენ, დააწყობენ ტაბლაზე და დალოცავს ხევისბერი.
ჟანგარო - შავი საღებავი, შემზადებული თავშავა ბალახის, რკინის წიდისა და ჟანგიანი რკინების ნაყენით. საღებავ - ჟანგაროს სხვადასხვა ვარიანტში კაკლის, ბროწეულის ან თრიმლის ფოთოლიც გამოუყენებიათ. ჟანგაროს რეცეპტის ყველა ვარიანტის უცვლელ კომპონენტს თავშავა განეკუთვნება. ჟანგაროთი ღებვა ხანგრძლივი პროცესი იყო (ათი, დღე, ორი კვირა), ღებვა წარმოებდა ქვევრებში დაყენებული საღებავით, ღებვის ცივი წესითა და ჰაერზე გაქარვის საშუალებით მიღებული შავი გამოირჩეოდა ფერის ხარისხითა და მდგრადობით. ჟანგარო შავი საღებავის სახელით მხოლოდ ქიზიყშია ცნობილი.
ლიტ.: ს. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943. ლ. მოლოდინი, ხალხური ღებვის წესები ქიზიყში, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. I, 2000.
ლ. მ.
ჟაფარაი (ინგ.)//ჯაფა (კახ.) - ტყავის მოსაქნელი, ჭონის იარაღი, რკინის, ოთხკუთხი მოყვანილობისა. ერთი პირი ნამგალივით მოხრილია შიდა მხარეს, პირში გამოატარებდნენ ბატკნის ტყავს და ხახუნით მოქნიან.
ნ. ჯ.
ჟიბჟიბია (დას. საქ.) - მარილიანი სარიტუალო პური. ცხვებოდა შავ ორშაბათს მარხვის დაწყებისას, მითოსური გმირის „ჟიბჟიბიას“ სახელზე.
ჟიპიტაური - შინნახადი მდარე არაყი. ჟიპიტაურის გამოხდას აწარმოებდნენ ძირითადად მთიელები, მათ შორის საქართველოს მთაში მცხოვრები ოსები.
ჟირი//ჯირი//ბჟირი (მეგრ.)- გარეული ცხოველის (ირემი, შველი) ტყავი ორფად.
![]() |
5 რ |
▲ზევით დაბრუნება |
რანგი (იმერ.) - ერთგვარი სასმელი. ერთ წილ თაფლს გაურევდნენ 8-9 წილ წყალში, ადუღებას დააცდიდნენ და ღებულობდნენ მაჭარივით ტკბილ სასმელს. გარვცელებული იყო სვანეთშიც. გამოჩენილი მეცნიერის ჰუბერის აზრით, ჰუნები თაფლის სასმელს კავკასიის მეშვეობით გაეცნენ.
ლიტ.: ალ. რობაქიძე, მეფუტკრეობის ისტორიისათვის, 1960.
ე. ნ.
რანდა - სადურგლო, გრძელი შალაშინი, ფიცრის კიდეების სისწორეში მოსაყვანი.
რანტა (ოქრომჭ.) - ფოლადის ხისტარიანი იარაღი, იხმარება დაქლიბული ნივთების გასაწმენდად, დასახვეწად, ნაქლიბების ზოლები რომ წაშალოს და გააპრიალოს.
მ. ბ.
რაფა - სარკმელთან მიმაგრებული გრძელი ფიცარი, რომელსაც პატარა ნივთების დასადებადაც გამოიყენებდნენ.
რაფათა - თონეზე პურის მისაკრავი ბალიში. მეპურე ხელით გაბრტყელებულ პურის ცომს რაფათაზე დადებს, ერთს კიდევ მიასწორ-მოასწორებს, მერე თავით თონეში გადაეკიდება, რაფათიან ცომს გაიქნევს და პურის გუნდას ოსტატურად მიატყეპებს გახურებული თონის ზედაპირს. თბილისში მყოფმა რუსეთის იმპერატორმა გახურებულ თონეში მთელი ტანით გადაყუდებული რაჭველი მეპურე რომ ნახა და ეს ჯოჯოხეთური სიცხე იგრძნო, რაც მის თავს ტრიალებდა, მეპურეებს გადასახადი შეუმცირა.
ე. ნ.
რიგით მენახირეობა - სოფლის ან უბნის საქონლის სანაცვლოდ მწყემსვა. თითოეული კომლი რიგრიგობით ეწეოდა მწყემსობას. დღეების რაოდენობას განსაზღვრავდა საქონლის რაოდენობა. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა ძირითადად გავრცელებული იყო საქართველოს მთიანეთის იმ რაიონებში, სადაც მესაქონლეობა შინაალპური ფორმისა იყო, ე.ი. საზაფხულო საძოვრები მოსახლეობის მუდმივ დასახლებას არცთუ ისე შორი მანძილით იყო დაშორებული და ამის გამო ზაფხულობით დასახლებიდან საქონლის გარეკვას არ მოითხოვდა (ლებაისკარი, შატილი, უშგული და სხვა). მწყემსობის ეს ფორმა შედარებით იშვიათად გვხვდება ბარის სოფლებშიც, სადაც საქონლის მოვლა-პატრონობა უშუალოდ ძირითად სამეურნეო ბაზრებზე - სოფლისა და სოფლისპირა საძოვრებსა და გასადევარზე ხდებოდა. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი: ძროხაჯერი, ქირით მენახირეობა, რიგით მწყემსობა, რიგ-რიგა, გაჯერება, ხარავანი.
ლიტ.: ვ. შამილაძე, მესაქონლეობა სამეგრელოში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კულტურა და ყოფა, II, 1974.
თ. გ.
რიგის პური (თბ.) - დიდი ნადიმი. რუსეთის მმართველობის შემოსვლამდე თბილისში წესად ყოფილა რიგის პურობა, ანუ ნაცნობ-მეგობრებისთვის მორიგეობით სუფრის გამართვა, სამ თვეში ერთხელ თუ მოუწევდა თითოს. გართობისა და ერთმანეთთან დაახლოების საუკეთესო წესი იყო.
რიკთოფა (რაჭა) - ქვის სასროლი საშუალება, წარმოადგენს ბოლოში გაპობილ ხელჯოხს, რომელსაც ქვის ჩასადები ადგილი ჰქონდა ისე, რომ ქვას იჭერდა ოდნავ გამოშვერილი კბილებით. ასეთ ხელჯოხში ქვას ხელით დებდნენ, მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობის დროს ჯოხს უცბად გამოჰკრავდნენ უკან და კბილებიდან გასხლეტილ ქვას მსროლელი სასურველი მიმართულებით გაისროდა.
ლიტ.: ა. გიორგობიანი, სტ. ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, გაზ. „რაეო“, 1997.
მ. ქ.
რიკტაფა (რაჭა) - ქვის სასროლი საშუალება. ძალიან ჩამოჰგავს რიკთოფას, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ქვა ჯოხში მყარად იყო ღველეჭით ჩაჭედილი და მსროლელი ხშირად ჯოხსა და ქვას ერთად ისროდა.
ლიტ.: ა. გიორგობიანი, ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, გაზ. „რაეო“, 1997.
მ. ქ.
რიკული - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ოდა სახლის აივნების მოაჯირის ხარატული დეტალი. რიკულებიანი სახლის საუკეთესო ნიმუშები შექმნეს ლაზმა, იმერელმა, მეგრელმა, რაჭველმა და გურულმა ხის ხელოსნებმა. ქართულ ხალხურ ხის არქიტექტურაში რიკულმა მიიღო ესთეტიკური სამშვენისის უაღრესად ქართული ფორმა. რიკული ფართოდ დამკვიდრდა ქალაქის არქიტექტურაში.
ე. ნ.
რიჯა (ოქრომჭ.) - გამდნარი ლითონის გასაციებელი ჭურჭელი.
რკინის კოვზი - (აქ.) ბურით (იხ.) გახვრეტილი ქვის მტვერის ამოსაღები ტარიანი, პირშემოკეცილი ნივთი, რომელიც საგანგებოდ ამ სამუშაოსთვის არის გამოჭედილი.
ე.ნ.
რკინის სოლი - ქვის საპობი იარაღი. ცნობილია სამგვარი სახის: ბრტყელძირა სოლი ფიცხი და მაგარი ქვის საპობად 2) წაკვეთილპირიანი ბრტყელი სოლი რბილი ქვის საპობად 3) მრგვალი და წვერიანი სოლი.
ლიტ.: ს.ბედუკაძე, ქვის დასამუშავებელი იარაღები და საშუალებანი, სსმმ, XXII-B, 1961.
რკინა წედისის - რკინის ადგილობრივი სახეობა რაჭაში, სოფელი წედისის (ზემო რაჭა) მიხედვით, აქაური რკინა გამოირჩევა განსაკუთრებული ღირსებით, მაღალი ხარისხით. მისგან დამზადებული ნაწარმი („ხელადი“) დაფოლადებას არ საჭიროებდა. ამასთან, სოფელი წედისი იმდენად ინტენსიურად ადნობდა რკინას, რომ ამარაგებდა სხვა რეგიონებსაც (ქართლი, იმერეთი, ზოგჯერ ჩრდილო კავკასიაშიც გადადიოდა). წედისური რკინის გამოდნობა ძველი ტრადიციების მატარებელი იყო, რომელმაც XX საუკუნის შუა ხანებამდე მოაღწია.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
ა. გ.
რობაგი - ჭილოფის საქსოვი ვერტიკალური დაზგა, გავრცელებული იყო სამეგრელოში. ჩვეულებრივი ოთხკუთხა ვერტიკალური ჩარჩო, აღჭურვილი იყო ქსლის გამყოფი - „ორცხონდით“ - სავარცხლით. ქსელის ძაფები დაჭიმული იყო დაზგის ქვედა ხიდზე ჩასმულ კაუჭებზე, ქსელიც ზედვე უწყვეტად იქსელებოდა. საზედაო ძაფის გატარება ქსელში უშუალოდ ხელით ხდებოდა. რობაგზე ჭილოფის ქსელისათვის გამოყენებული იყო სელის ნართი, რაც კოლხური სელის წარმოების უძველესი ტრადიციიდან უნდა მომდინარეობდეს. ამავე დროს ივარაუდება, რომ რობაგი ვერტიკალური საქსოვის უძველესი სახეობაა და მისი წარმოშობა-განვითარება ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის პარალელურად ხდებოდა. არქეოლოგიური მასალის მონაცემები (სელი, ქვისა და თიხის კვირისტავები, საქსოვი დაზგის შვეულები, ქოთნის ძირზე შემოხვეული ჭილოფის ანაბეჭდი) საქართველოში ჭილოფის ქსოვის უძველესი დროიდან არსებობაზე მეტყველებს.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954.
ლ.მ.
როგო (იმერ.) - ჭურის დასაფარებელი მრგვალად გათლილი ქვა. ერთგვარი ბადიმი.
როდინი - ხის ამოხარატებული ჭურჭელი შესანელებელთა დასანაყად. მისი სახეობებია ქვიჯა, ფილთაქვა. როდინში სანელებლები ინაყება ხის ან ქვის სანაყით.
ე.ნ.
როვროვი (ოქრომჭ.) - ფოლადის მორკალულწვერიანი იარაღი, რომლის შემწეობით ვერცხლის ნაკეთობაზე ამოჰყავთ სხვადასხვა სახეები.
მ.ბ.
როფი - ხეში ან ქვის მასივში ამოჭრილი ორმო, სადაც ასხია წყალი საქონლისა და ფრინველთა დასარწყულებლად.
რუბი - მარცვლეულის საწყაო ჭურჭელი. უდრიდა კოდის მეოთხედს.
ლიტ.: ქელ. 2009.
რუმბი - ტყავის მოკუპრული ჭურჭელი. 25-30 ფუთი ტევადობისა,საუკეთესო რუმბები მზადდებოდა ასაკოვანი ხარის ტყავისაგან. რუმბები გამოიყენებოდა ღვინის გადასატანად და ამ თვალსაზრისით ერთობ მოხერხებული ჭურჭელი იყო, თუმცა, შორ მანძილზე გადატანისას ღვინო „ილახებოდა“ და ამავე დროს, კუპრის სუნსაც ღებულობდა. რუმბი, კოლოტის (იხ.) მსგავსად, ტყავის მოკუპრულ ჭურჭელთა რიგს განეკუთვნება.
ე. ნ.
რუხი//ხათქაში (რაჭ.)//კაწარა (ქართ.კახ.) - დასამუშავებელი ფიცრის სისწორის მოსაზომი, რომელსაც გვერდი ისე აქვს მოთლილი, რომ ფიცარს ნაპირიდან მიუყენო და წამოსდო, რუხს ლურსმანი აქვს დარჭობილი, როდესაც უნდათ ფიცარზე ნაპირის გამყოლი სწორი ხაზი გაავლონ, რუხს მოსდებენ ფიცრის ნაპირზე და სიგრძლივ ამოძრავებენ. რუხი ფიცარს გახაზავს.
გ. გ
რქა - რქის ნივთების გამოყენებას ადამიანმა ცივილიზაციის გარიჟრაჟზე მიჰყო ხელი. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში უხვადაა დადასტურებული ამ მასალისაგან გაკეთებული ნივთები. ეთნოგრაფიულ ყოფაში რქას ფართო გამოყენება ჰქონდა. მისგან ამზადებდნენ სხვადსხვა საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებს (საპირისწამლე, ხმლის, ხანჯლის დანის ტარები, კოვზები, ყანწები, კოტოშები, ყალიონები და ა. შ.).
ე.ნ.
![]() |
6 ს |
▲ზევით დაბრუნება |
საბაკნიაი (ხევ.) //საჯამე (ფშ.) - ოვალური კალათა, ჯამ-კოვზთა შესანახი. იქსოვებოდა ყაპყატოსაგან. ყაპყატო ფშავ-ხევსურეთში ეწოდება ხის ქერქს. „ვერ ნახავ ერთ მძივს, ან ღილსა, ეთერის ლერწამ ტანზედა; მხოლოდ ყაპყატოს კალათა გადაუგდია მკლავზედა“ (ვაჟა).
საბანი - 1. ლოგინის ნაწილი, მკვრივი ქსოვილი ან ნაჭერში გამოკერილდალიანდაგებული ბამბა ან მატყლი. საბნის წინპირს გამოკრული აქვთ აბრეშუმის ან ატლასის ნაჭერი. ხევსურებთან დადასტურებულია ხალიჩურად ნაქსოვი, მაღალხაოიანი საბნები. 2. ნაბდის საყელოების შესაკრავი თასმა (სამეგრ.)
ლიტ.: ქელ, 2009.
საბარკულა//ბარკულა - თუში ქალისა და კაცის ქვედა საცვალი. მასალად გამოიყენებოდა ბამბის ან აბრეშუმის ქსოვილები. ამ ტიპის ქვედა საცვალს კაცისას თუშეთში „შარვალსაც“ უწოდებდნენ, მისი ნაწილებია: „სათაურა“, „ტოტები“, „ადლი“. ტოტები ორტოლად ჩაშვებულ ნაწილებს ერქვა, ადლი კი სამკუთხედის ფორმის ორმაგი ნაჭერი იყო. ტოტების შეერთების ადგილას უბეშედგმულია. სათაურად გადაკეცილ ნაწილში გაყრილი იყო შალის ძაფებით მოქსოვილი ზონარი - „ხონჯარი“, რომელიც წინ ან გვერდზე შეიკვროდა. 2. აბჯრის შემადგენელი ნაწილი, რომელიც რკინისაგან იყო დამზადებული და მეომრის ფეხის ზედა ნაწილის (ბარკალი) დაცვას ისახავდა მიზნად. თ. ბაგრატიონის ცნობით- მას ვერც ხმალი და გინა ისარი ვერას აკლებდა.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
ც.ბ.
საბარცხელი - აქ. სამეთუნეო ხელსაწყო, იხმარება ჭურჭლის კეთებისას შიგა მუცლის გამოსაწევად, ხოლო გარეთ-ასაჭრელებლად.
საბელი - 1. თოკ-ბაწრის ნაირსახეობათა ზოგადი სახელია. საბელი მზადდება თივისაგან, ხის ხრალთაგან, ხვასტაგთ წელების, ღაზლის, ტყავისა და ა.შ. 2. მიწის საზომი ერთეული ძველად. „ოქროს საბლით მოზომილო, შენ პატარ გორის ციხე“. (გ. ლეონიძე)
ნ. ჯ.
საბერველი - სამჭედლოს ინვენტარი, დაკეცილი ტყავის გვერდების მქონე მოწყობილობა, რითაც ცეცხლს უბერავენ გასაღვივებლად. ყოფაში დამოწმებულია საბერველი ორი ტიპი - ქართული და რუსული (რომელიც XIX ს-დან შემოდის). ქართული საბერველი ორპირია, აქვს ორი სახელური და ორი საქშინავი, საიდანაც განუწყვეტლივ ხდება ჰაერის მიწოდება და ჩაბერვის ძლიერებით ხასიათდება. საბერველთან საჭიროა ერთი კაცის დგომა, მან ორივე ხელით უნდა იმუშაოს, რადგან დაბერვა ერთი განსაზღვრული ადგილიდან ხორციელდება. რუსული საბერველი ბერვას წყვეტილად აწარმოებს. მისი უპირატესობა ისაა, რომ ქურასთან მდგარ მჭედელს შეუძლია სხვის დაუხმარებლად ცალი ხელით ქურასთან იმუშაოს, მეორე ხელით საბერველი აამოქმედოს.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964.
ა. გ.
საბერკაცო ქუდი - შავი ცხვრის ტყავის გრძელბეწვიანი ბუხრის ქუდი, რომელსაც მოხუცები იხურავდნენ. ასეთივე ქუდი იკერებოდა თეთრი ცხვრის ბეწვისაგანაც და მას ახალგაზრდები ატარებდნენ.
საბეჭავი//სავარცხელი - მასიური, მრგვალი ან ოვალურთავიანი ხელსაწყო, რომელსაც აქვს სავარცხლის მოყვანილობა და კბილები, რომლის მეშვეობითაც საქსელზე ხდება ნაქსოვი ძაფის ერთმანეთზე მიბეჭვა-მიმტკიცება. ყოველი ნაქსოვი ხაზის გავლების შემდეგ საბეჭავი ერთ მთლიანობაში აქსოვს ქსოვილს.
საბეჭური (ძვ.) - ბეჭებზე მოსასხამი, სამხრე, ლევიტონი. 2. კაცის პერანგის მოქარგული
უკანა ნაწილი ხევსურეთში. 3. ტანსაცმლის სარჩული ბეჭებთან (იმერ.)
საბღუჯი - ხევსურული ფარის დეტალი, რომელიც დამაგრებულია ფარის უკანა მხარეს, ძირითადად წარმოადგენს დაწნული ტყავის თასმას, რომელიც გამოსკვნილია ოთხ რგოლზე (იხ. ფარი).
მ. ქ.
საბძელი - საქონლის საკვების შესანახი ნაგებობა. სამეურნეო კომპლექსის ერთ-ერთი აუცილებელი შენობა, ხისა ან ფიცრისა. გამოირჩეოდა დიდი ტევადობით. საბძელში ინახავდნენ მესაქონლეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამეურნეო იარაღსაც.
გ.გ.
საგანძური - ქვითხუროობაში ქვის განსაკუთრებულად დიდი ნივთი, რომელიც განძად დარჩება ოჯახსა და საგვარეულოს. იმერეთში დადასტურებული ეს სახელი ეწოდება ქვის საწნახელს. როგორც ცნობილია, ქვის საწნახელები, საქართველოში მრავალგანაა დადასტურებული. საგანძური ქვის დამუშავების ცენტრებში გვხვდება და წარმოადგენს ორიდან ოთხ მეტრამდე სიგრძის მთლიანი ქვის ნივთს. საგანძურ საწნახლისთვის შეარჩევენ უძარღვო, უტალო, დედა ქვას. ასეთი ქვა იშვიათია და ამიტომაც ძნელად მოიპოვება. თუ გადააწყდებიან შემთხვევით, სხვა ნივთისათვის „აღარ გააფუჭებენ“ და იწყებენ მისგან საგანძურის გათლას. თერჯოლის რ-ნის სოფელ სეფარეთში ასეთი საგანძური გაუკეთებია საბა ბერძულს, რომელშიც ერთჯერად 200 ფუთი ყურძენი იწურებოდა. საწნახელი კეთდებოდა 2-3 თვის განმავლობაში. შემდეგ 12-15 უღელი ხარით ლაშკინით//თუშით//მარხილით რამდენიმე დღის განმავლობაში ეზიდებოდნენ დანიშნულების ადგილზე რომ მიეტანათ. საგანძურის გაკეთება მნიშვნელოვნი იყო და მის ტრანსპორტირებაში მთელი სოფელი იღებდა მონაწილეობას. თერჯოლის რ-ნის სოფ. თავასაში აღმოჩნდა გვიან შუა საუკუნეებში დამზადებული ქვის საწნახელი ისარნით, რომელიც ამ სამეურნეო საგნის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
ლიტ.: ნადირაძე ე. ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
საგდებელი - ქამანდი, მოსაშვეტად მოწყობილი ცხენის საბელი, გრძელი თოკი, რომლის ერთ ბოლოს შორს ისვრიან საქონლის შესაპყრობად ან რისამე დასაჭერად „აწ, ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცნა საგდებელისა“ (ვეფხისტყ.).
საგოზელა//კვეჟო - ჭურისთავზე აყალო მიწის დასაგლესი პატარა ურო. ზოგჯერ ერთ ხეშია გამოთლილი, ზოგჯერ კი გახვრეტილ პატარა მორში გაყრილია ხის ტარი. ასეთ შედგენილ საგოზელას შესაძლოა ორივე თავში სიმაგრისთვის რკინის სალტეები ჰქონდეს შემოსალტული.
ე. ნ.
საგულე - (აქ:) მოხევე ქალის კაბა. მასალად გამოიყენებოდა ღია და მუქი ფერის ფარჩა და ქიშმირი. საგულე, თარგით ახალოხისებურია, გრძელი და უსაყელო, წელზე მომდგარი და წინ მთლიანად ჩახსნილი. ზედატანი ტანზე მორგებული და ქვედატანი რამდენიმე კალთისაგან („ფარდა“) შემდგარი. ხევში ორგვარი ტიპის საგულეები იყო გავრცელებული. მოხუცები ატარებდნენ ძველებურ კუჭნაოჭიან და შეხსნილი სახელოებით შედგენილ საგულეებს, ხოლო ახალგაზრდები ნაკეცებიან და ჩვეულებრივ სახელოებით შეკერილ საგულეებს. კუჭნაოჭიან საგულეებს ნაოჭი მარტო უკანა მხარეზე უკეთდებოდა. საგულის ჩახსნილი ნაპირები ერთმანეთს მხოლოდ უახლოვდებოდა. საგულეზე ატარებდნენ სხვადასხვა ზომისა და ფორმის სარტყელებს, ამათგან დიდი მოწონებით სარგებლობდა, „ჩაფრასტანი“, რომელიც ოქროში დაფერილი დაფანჯრული ვერცხლის ორი ნაწილისა და ქსოვილის ბრტყელი ზოლის შეერთებით მიიღებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა საგარეო საგულის მორთვას. ნაპირებს რთავდნენ სირმის, ბუზმენტის ან ხავერდის ზოლებით, ხან ოქრომკედის ძაფით, რომლის გულისპირზე ჩამოყოლებულ გრეხილს „ბალთა“ ერქვა. სახელწოდება „საგულე“ მოხსენიებულია ქსნის ერისთავის ასულის ანას (1692-1703წ.) მზითვის წიგნში, ხოლო ანუკა ბატონიშვილის მზითვის წიგნში (1712წ.) „კაბა-საგულე“-ა ნახსენები.
ც. ბ.
სადავე - ტყავი, „ცხენის აღვირის საპყრობი თასმები“ (თ. ბაგრ. იხ აღვირი).
ნ.ჯ.
სადაფი//ღინჭილა - მოლუსკთა და ზღვის სხვა ცხოველთა კალციუმიანი ნიჟარა. გამოირჩევა ფერთა თამაშით, ელვარებით, ტალღოვანი გადასვლებით. სადაფის ან მისი შემკულობით ამზადებდნენ ამულეტებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ღილებს, ყუთებს, სათუთუნეებს, საბრძოლო იარაღის ტარებს და ა.შ.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
სადგისი - ტყავის სახვრეტი, ხისტარიანი და რკინისწვერიანი ხელსაწყო.
სადიაცო - ხევსური ქალის კაბა. მზადდებოდა ადგილობრივი შალისაგან. აქვს უბე-კალთა და ზურგნი. გვერდებში აზღოტები. კაბის სიგრძეს კოჭებამდე აგრძელებს ქოქომონი. სადიაცოს გულისპირი მარცხნივაა ჩაჭრილი, მარჯვნივ დარჩენილ ნაწილს „ფარაგა“ ეწოდება და იკვრება ღილ-შატით. საკინძის ჩაყოლებაზე ნაქარგს „ზიკი“ და „სამწყვეტლო“ ჰქვია. მათ გარშემო შემოუყვება ზოლებად ნაქსოვი ჭრელა. სადიაცოს დიდი ნაწილი მოქარგულია შალის ფერადი ძაფებით და დაკრული აქვს ვერცხლის სამკაული. სადიაცო ხევსური ქალის „სანამუსო“ სამოსი იყო და შვილის გაჩენამდე გულისპირი გაუხსნელი უნდა ყოფილიყო. გლოვის დროს სადიაცო უკუღმა ეცვათ, რათა სამხიარულო ჭრელები დაეფარათ.
ლიტ.: ლ ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ VII 1956.
ც. ბ.
სადღვებელი - კარაქის დასამზადებელი ჭურჭელი. ამზადებდნენ სხვადასხვა მასალისაგან (ხე, თიხა, ტყავი, ლითონი). თავდაპირველად ტყავისა უნდა ყოფილიყო და რძის ჭურჭლად უნდა ეხმარათ. შემდეგ, როცა ამ ჭურჭლით მომთაბარეობისას (საცხოვრებლად ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისას) რძე გადაჰქონდათ და იგი შემთხვევით კარაქად შეიდღვიბა, უკვე სადღვებელად გამოიყენეს. ტყავის ჭურჭელს - გუდას (ოთხში ამოღებული ცხვრის, თხის, ხბოს ტყავისაგან დამზადებული პარკი) რძის ნაწარმის დასამზადებლად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხმარობდნენ. თუშეთში გემრიელ და სახელგანთქმულ ყველს დღესაც გუდაში ამზადებენ და მას „გუდის ყველი“ ჰქვია. ტყავის სადღვებელი გვიანობამდე მხოლოდ მომთაბარე მესაქონლეებს შემორჩათ, მიწათმოქმედნი კი ძირითადად ხის, თიხის ან ლითონის სადღვებელს იყენებდნენ.
თიხის სადღვებლის რამდენიმე სახეობაა ცნობილი: ქართლური სადღვებელი ექვსყურიანია, ქიზიყური ორყურიანი, დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ერთყურიანი სადღვებელი. დასტურდება სამ და ოთხყურიანი სადღვებლებიც. სადღვებლის გამოყენების ორი ვარიანტი არსებობდა - ჩამოსაკიდებელი და სადგარზე ან ბალიშზე დასადები. თიხის სადღვებელი ხასიათდება გადაშლილი მრგვალი პირით, განიერი ყელით, დაქანებული მხრებით, ცილინდრული ფორმის მუცლით, სწორი ძირით. სადღვებელში ასხამდნენ მისი ტევადობის მიხედვით ნახევრად სავსე რძეს, რათა ამ უკანასკნელს მოძრაობის მეტი საშუალება ჰქონდეს. ჩამოსაკიდი თიხის სადღვებლები მაღალია, აქვს წვრილი ყელი, ძირი ვიწრო. ერთი ბოლო თავშეკრული ყელით მთავრდება. მეორე მხარეს დოს ჩამოსასხმელი ნაჩვრეტია დატანებული. ყურების ერთი ნახევარი ძირთან არის მირჩილული, მეორე ნახევარი ყელთან. ყურებში ჩამოსაკიდი თოკებია გაყრილი. ხელის დახმარებით, მოძრაობის გზით კარაქი იდღვიბება. რაც შეეხება სადგარზე დასადებ სადღვებელს, რძის ჩასხმის შემდგომ თავზე საქონლის ფაშვს გადააკრავენ, პატარა ბალიშზე დადებენ და ყურების მეშვეობით თანაბრად ამოძრავებენ. პირის დაბლა, ამოჭრილი ხვრელი ხის საცობით იხურება. დღვებისას დროდადრო შემოწმების მიზნით თითს ჩაყოფდნენ, თუ რძე „კუნძა-კუნძა მოხვდებოდა“ კარაქი მზადაა. ქართული თიხის სადღვებლებიდან რაჭული სადღვებელი უძველესი ფორმის უნიკალურ სახეობას წარმოადგენს.
კარაქის დამზადებაში ქართველები ძველთაგანვე იყვნენ დახელოვნებული. მცხეთის სამთავროს ბრინჯაოს სამარხებში ნაპოვნია ძვ. წ. V საუკუნეზე ადრინდელი თიხის სადღვებლები, რომელთა მსგავსსაც დღესაც იყენებენ მთიულეთში. კარაქს საქართველოს ყველა კუთხეში არ ამზადებდნენ. მისი დამზადების წესს მთიანი რაჭისა და აჭარის გარდა არც იცნობდნენ დასავლეთ საქართველოში. სამაგიეროდ აღმოსავლთ საქართველოში, განსაკუთრებით კი მთიანეთში (ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მთიულეთი) კარაქის დამზადების ხელოვნება მაღალ დონეზე იდგა. ხევსურული და ფშაური ერბო (გადამდნარი კარაქი) განთქმული იყო შესანიშნავი თვისებებით ისევე, როგორც თუშური ყველი და მეგრული სულგუნი.
საქართველოში ხე-ტყით მდიდარ ქვეყანაში, ფართოდ იყენებდნენ ხის სადღვებელს. ხე და თიხა უძველესი დროიდან ყველაზე ხელმისაწვდომი და იაფი მასალა იყო გლეხისათვის.
ხის სადღვებელი ორი სახისაა. ერთია ჰორიზონტალური, ცილინდრული, მთლიანი, გულამოღებული, ორივე მხარეს დახურული გათლილი ხის მორი ე.წ. „ვარია“. ვარიას რძის ჩასასხმელად და კარაქის ამოსაღებად შუა წელში ზემოთ ამოჭრილი აქვს ოთხკუთხა ან მრგვალი ნახვრეტი - „ვარიას პირნი“. ზედ ძროხის გამხმარი ფაშვის ნაჭერი აფარია. ქვემოთ ფსკერზე გაკეთებული ნახვრეტიდან, რომელსაც ჩხირი აქვს დაცობილი, გამოდის დო - კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილი მომჟავო სითხე. ვარიას თოკით შენობის ჭერზე ჰკიდებდნენ და ხელით არწევდნენ რძის ასადღვებად.
ხის მეორე სადღვებელია „ჩხუტ-ბრუნელი“. ეს ვერტიკალური მთლიანი ხის ცილინდრული, გულამოღებული მორია, რომლის ცალი მხარე დახურულია (ფსკერი აქვს), მეორე მხარე - ღია. მასში უმი (მოუდუღარი) რძე ფირფიტებიანი ჯოხის - „ბრუნელის“ - ზემოდან ქვემოთ მოძრაობისას იდღვიბება. ჩხუტ-ბრუნელი ვარიასთან შედარებით მომცროა.
ვარიასა და ჩხუტ-ბრუნელის დასამზადებელი ხე უმეტესად შემოდგომაზე და ზამთარში იჭრება. ასეთი ხისაგან დამზადებული ჭურჭელი არ სკდება. ვარიას დასამზადებლად ცაცხვის ხეს არჩევენ, რადგან გასათლელად ადვილია (რბილია). სკდება. ვარიის დამზადებისას ყველაზე ძნელი იყო გვერდების ამოვსება. აქ ჩასასმელ ფიცრებს წინასწარ თლიდნენ და ახმობდნენ. მათ ვარიის ნედლ გვერდებში სვამდნენ. გაშრობისას სადღვებლის ნედლი გვერდები ხმელ ფიცრებს მჭიდროდ ეკვროდა და იქიდან სითხე ვეღარ ჟონავდა.
საერთოდ, კარაქს უმი რძისაგან ამზადებდნენ, მაგრამ ხევსურეთში, სადაც ძველად ბევრი საქონელი ჰყავდათ, რძეს დიდ ბაკნებზე - გობებზე ასხამდნენ: რძე აქ ნაღებს მოიდებდა, ხევსურები ნაღებს აგროვებდნენ, შემდეგ ასხამდნენ ვარიაში და მისგან ამზადებდნენ კარაქს.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, დასურათებული ლექსიკონი. 2008.
საექიმო იარაღები - აქ: ხალხური მედიცინის მონაპოვარი, ნივთიერი მასალა, რაც ათვალსაჩინოებს ამ დარგის განვითარების პრაქტიკულ ფორმებს და წარმოადგენს მის საილუსტრაციო მასალას. სამთავროს სამაროვანში მიკვლეულ იქნა ტრეპანირებული თავის ქალები, რომლებიც X-XI საუკუნეებით იქნა დათარიღებული. ზოგადად ჩამოყალიბებულია აზრი, რომ ტრავმების მკურნალობის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში, რაც ძირითადად წარმოებდა საექიმო იარაღების დახმარებით. ქართული სამედიცინო იარაღების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული XI ს .“უსწორო კარაბადინში“, XIIს. „წიგნი სააქიმო“-ში და XIV ს. ზაზა ფანასკერტელის „სამკურნალო წიგნში“. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა წარმოშო ხალხური ქირურგიის მდიდარი ემპირიული გამოცდილება, რომელიც ვითარდებოდა ისეთი საექიმო იარაღების მეშვეობით, როგორიცაა: ასტამი, სატეხი, ფიჩქი, სახოკი, დანა, ხმალიკა, ბორწკალი, მაშა, ილარი, ნესტარი, საფხეკი, ხვეწი, კოტოში, არტახი და სხვა. ცნობილია, რომ ხევსური დასტაქრები თავიანთი დამზადებული საექიმო იარაღებით აკეთებდნენ საკმაოდ რთულ ოპერაციებს, მათ შორის თავის ქალის ტრეპანაციას.
ლიტ.: პ. ფირფილაშვილი, ნარკვევები ძველი ქართული მედიცინის ისტორიიდან, 1985წ.
ე.ნ
სავარცხელი - აქ: ქვის დასამუშავებელი რკინისკბილებიანი იარაღი, სათლელის (იხ.) ნაირსახეობა. გარეგნულად სათლელი, სავარცხელი და საკოდელი ერთნაირი ფორმისაა, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავდება, როგორც მეტალის ხარისხით, ასევე ფუნქციით, რაც მხოლოდ საცნაურია ქვითხუროსათვის და შეუმჩნეველი უბრალო თვალისთვის. სავარცხლის კბილები დაჭრილია, სრულტანიანია და რბილის ქვის სათლელად გამოიყენება.
ლიტ: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე.ნ.
სავარცხელი//საბარცხალი (იმერ.)//ორცხონჯი//აბხად (სამეგ.)//ლაცხნირ (სვან.) - დგიმ-სავარცხლიანი, ანუ ჰორიზონტალური საქსოვი დაზგის სამუშაო აპარატის ნაწილი, შედგენილი მჭიდროდ ჩაწყობილი ჩალამ-კალამის, ლერწმის, თხილის ან ასკილის წმინდათ გამოთლილი წკნელით და ძაფით მოხლართული ჩარჩოსაგან. ლაფათინში (სავარცხლის ბუდე) ჩადგმული სავარცხელი დგიმის მოძრაობით პირგახსნილ ქსელში მაქოთი გატარებული საზედაო ძაფის მიჯრა-მიმტკიცება-ჩაბეჭვისათვის იყო განკუთვნილი. ქსოვილის შესაბამისად გამოიყენებოდა სხვდასხვა სახის სავარცხლები: მომსხო კბილებიანი - ბამბისა და შალის საქსოვად, წმინდა-ხშირკბილებიანი - აბრეშუმისათვის. შესაბამისად არსებობდა 140-160-200 სათვალავიანი სავარცხელი.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957, მსშხი, ტII, ნაწ. II, 1982.
ლ. მ.
სავარძელი - გამორჩეულად შემკული და მომზადებული საპატიო სკამი. სვანეთში ასეთი იყო საკურცხილი (იხ.), საუფროსო სკამი (რაჭ.) და სხვა. ივ. ჯავახიშვილის აზრით, სავარძელი ქართული სიტყვაა. ამ სიტყვაში „ვერძი“//„ვერძუ“ ნიშნავს მამალს, მამალ ცხვარს, რაც იმის მაუწყებელია, რომ იგი უნდა უკავშირდებოდეს კაცს და მისთვის იყო განკუთვნილი. სავარძელი, ანუ საუფროს სკამი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული და მისი საკრალური დანიშნულება ყველგან გამოკვეთილია. სავარძლისთვის დიდ სახლში საგანგებო ადგილი იყო გამოყოფილი. საქართველოში ეს ტერმინი - სავარძელი - დამკვიდრებულია XVI ს. შემდგომ სავარძლის ძველი ქართული შესატყვისია „სელი“. ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში ნახსენებია, რომ მეფის მიერ მოწვეული დიდებულნი დასხდებოდნენ სელებზე, ხოლო დანარჩენი მოწვეულნი, თუ უწვევნი იდგნენ ფეხზე. ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებში კარგადაა წარმოდგენილი ამ ტიპის ავეჯის სხვადასხვა სახეობანი, განსაკუთრებით ჭედური და ფერწერული ტექნიკით შესრულებულ ხატებში სვანეთიდან, ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულ ანჩისხატის მოჭედილობაში, ბეშქენ ოპიზრის ბერთის ოთხთავის შემკულობაში, შემოქმედის მაცხოვრის ხატში და ა.შ. საინტერესოა ამ უკანასკნელში მოცემული სავარძელი, რომელიც დგას ხარატულ ფეხებზე, აქვს შესანიშნავად გამოყვანილი საზურგე და საჯდომი, რომლებიც დაფარულა რბილი ბალიშებით. ფაქტობრივად სასხდომის ასეთი ტიპი სრულიად შეესატყვისება დღევანდელი სავარძლის ფორმასა და დანიშნულებას. ზოგადად ისტორიული მასალა ცხადყოფს, რომ ადამიანთა სასხდომი ავეჯის ასეთი ტიპი მთელი ფეოდალური ხანის ხანგრძლივ პერიოდში ინტენსიურად გამოიყენებოდა ყოფაში.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002. ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ.
სავაჟინე - ღვინის შესანახი ადგილი, საგანგებოდ ამ მიზნისათვის აგებული ნაგებობა. მარნისგან განსხვავებით, სადაც მთელი წლის მოსავალი ღვინო ინახებოდა, სავაჟინეში ხდებოდა ღვინის დახარისხებისა და სანადიმო მდგომარეობისათვის გასაცემი ღვინის მომზადება. აქვე იყო ღვინის ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადასატანი ხელსაწყოები და ჩაფ-სასმურები. სავაჟინე დამახასიათებელი იყო დიდი ფეოდალური სახლის სამეურნეო სისტემისათვის. ათონის ივერთა მონასტრის აღაპების მიხედვით, სავაჟინე, როგორც ღვინის შესანახი ცალკე ნაგებობა, ჩვეულებრივად არსებობდა ბერ-მონაზვნურ კორპორაციაშიც.
ე.ნ.
საზანდარი - აღმოსავლური სიმებიან საკრავთა ანსამბლი. არის ორგვარი შემადგენლობის: 1) თარი, ქამანჩა, დაირა, ნაღარა (დიპლიპიტო); 2) საზი, ქამანჩა, სანთური, დაირა. ორივე შემადგენლობაში დასარტყამ ინსტრუმენტზე დამკვრელი მღერის. ანსამბლის ძირითადი დანიშნულებაა სიმღერის აკომპანირება ან ცეკვის თანხლება. გავრცელებულია აზერბაიჯანსა და სომხეთში. საქართველოში შემოვიდა XVII ს-დან. გავრცელდა თბილისის არაქართულ მოსახლეობაში და მოგვიანებით საზანდრის მსმენელთა აუდიტორია ქართველებითაც შეივსო. განსაკუთრებით პოპულარული გახდა არისტოკრატიაში (მაღალი წოდების მოხელეებსა და თავადაზნაურობაში). სიტყვა „საზანდარი“ სპარსული სიტყვიდან „საზენდე“ (მუსიკოსი). „საზანდარი“ გვაქვს „საზის დამკვრელის“ მნიშვნელობითაც.
მ. შ.
საზედაშე - რელიგიური დანიშნულების თიხის ჭურჭელი (სხვადასხვა ზომის ქილები და ქვევრები). საზედაშეები დამოწმებულია - ქართლში, ქიზიყში, სამეგრელოში, იმერეთში და სხვაგან. ყოველწლიურად ოჯახის უფროსი ამა თუ იმ ხატ-სალოცავის სახელზე ინახავდა ზედაშეს (იხ.). ეს იყო ღვინო, ერბო, ხორბალი, პური. უფრო მეტად ღვინის ზედაშე იყო გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან სოფლებში კი უმთავრესად ერბოს ამზადებდნენ ზედაშედ. დღეობის დროს ოჯახის წევრები მარანში იკრიბებოდნენ საზედაშე ჭურჭელთან. ცერემონიალის შესრულებამდე საზედაშე ჭურჭლის ახდა იკრძალებოდა. იგი სავსე უნდა ყოფილიყო. თუ ოჯახს ძალიან გაუჭირდებოდა, საზედაშე ჭურს გახსნიდნენ და წმინდანს პატიებას სთხოვდნენ, რომლის სახელზეც იყო ზედაშე გადანახული. ერბოს თავს მოხდიდნენ, შეინახავდნენ, ქილაში დარჩენილს კი გაიხმარდნენ. აღთქმულ დღეს გადანახულ ერბოთი ქადებს დააცხობდნენ, სანთლებს დაანთებდნენ და სალოცავს ესტუმრებოდნენ. ერთდღიანი დღეობისათვის პატარა საზედაშე იყო განკუთვნილი, ხოლო ყველიერისათვის დიდი საზედაშეები ჰქონდათ. საზედაშე ჭურჭელს ხშირ შემთხვევაში ნიშნავდნენ, თუ რომელი ხატისათვის იყო განკუთვნილი. საზედაშე ქვევრს, რომელიც ბარის სოფლებში იყო გავრცელებული, განსაკუთრებით უვლიდნენ. არსებობდა სასოფლო და საგვარეულო საზედაშეები.
მ. ზ.
საზეთე - ზეთის გამოსახდელი ნაგებობა. საქართველოში ზეთის გამოხდის დიდი ტრადიციები არსებობდა და „ზეთის სახლი“, ისე როგორც ღვინისა, ამ კულტურის წარმოების ფართო ხასიათზე მიუთითებს. ზეთის სახლში იდგა დიდი ქვის გელაზები (იხ.), რომლის მეშვეობითაც ხდებოდა მისი გამოხდა.
საზელი - თიხის, რომლითაც ზელდნენ სამეთუნეო თიხას. ესაა ტექნიკური მანქანა. საქართველოში ორი ტიპის მიწის საზელი იხმარება; I მარტივი, ფეხით საზელი და II ე.წ. „მექანიკური“ საზელი, ფეხის საზელი წარმოადგენს ხის განიერ „ტახტს“, რომლის თავი და ბოლო ამოფიცრულია, გვერდები კი ღიადაა დატოვებული და მასზე მზელავი ფეხებით ზელს თიხას.
მეორეა ე.წ. „მექანიკური“ საზელი იგივე „მიწის საზელი მანქანა“, რომელსაც ამოძრავებს გამწევი ძალა (ცხენი, ხარები, სახედარი). საზელის ტანს „კოდი“ ეწოდება. კოდი შეკრულია „ნაგვერდული“ ფიცრებისაგან, არის რკინის ან ცემენტისაც. საზელის კოდი მრგვალია. კოდში ჩაშვებულია რკინის ღერძი, რომელზედაც ე.წ. „ფრთებია“ ჩამოცმული ან შედუღებული. საზელი არის 14-დან 24-მდე ფრთიანი, ე.ი. 7 ან 12 წყვილი.
საზელის ზედა ფრთას „წამღები“ ეწოდება, იგი მოხრილია და ხელს უწყობს საზელში მიწის ქვევით წაღებას, „გამომტანი“ ფრთა სწორია და ფართო რკინის ღერძს ფრთებიანად ამოძრავებს უღელში შებმული გამწევი ძალა და იზილება მიწა. საზელ მანქანაში კარგად დამბალ მიწას ნიჩბით ყრიან. „ზედა წამღები“ ფრთის საშუალებით დასაზელი მიწა საზელის - კოდის შუა ნაწილში ხვდება, ფრთებით ერთმანეთში ირევა, იჭრება, იზილება და კოდის გამოსასვლელიდან გამოდის. გობიდან დაზელილი საჭურჭლე მიწას, წმინდა რომ გამოვიდეს, ორჯერ-სამჯერ ატარებენ საზელში, საჭურე მიწას კი ერთხელ ან ორჯერ.
ლიტ.: ც. კაკაბაძე, საზელები იმერეთში, ჟურნალი „მეცნიერება და ტექნიკა“, 1973, №9.
ც. კ. მ. ზ.
საზი - აღმოსავლური სიმებიანი საკრავი, მსხლის ფორმის ღრმაკორპუსიანი, გრძელყელიანი. მზადდება სხვადასხვა ზომისა. საზი ერთ-ერთი უძველესი ხალხური საკრავია. იხსენიება ნიზამის (XII ს.) პოემებში. საზს წამყვანი ადგილი უკავია ხალხურ საკრავთა ანსამბლში. მასზე შემსრულებლები იყვნენ აშუღები - ხალხური მომღერლები, პოეტი-იმპროვიზატორები, რომლებიც გამოდიოდნენ ბაზრების მოდნებზე, სახალხო შეკრებებზე. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო საგმირო, ისტორიული, ეპიკურ-სატრფიალო სიმღერები. საქართველოში გავრცელდა XVIII ს-დან სხვა აღმოსავლურ საკრავებთან და ანსამბლთან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925. მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.
მ. შ.
სათაგველა//სარეგველა (აჭარ. ქართლ.) - თაგვის დასაჭერი ხის ხელსაწყო, რომელიც შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: ქვედა და ზედა ფიცრისგან, უღლისგან, ფირფიტისა და პალოსგან. ორივე ფიცარი ერთი ზომისაა. ქვედა ფიცარზე გამაგრებულია უღელი - ამ უკანასკნელზე მიმაგრებულია ზევითა ფიცრის ერთი გვერდი და ფირფიტა საჭმლით (რომელიც ჩვეულებრივ შემწვარი კაკალია ან პურის ნატეხი). ფიცრის მეორე გვერდი დაყრდნობილია ქვედა ფიცარზე - ბლაგვკუთხოვან სამკუთხედად. საჭმლის ჩამოწევით, ე.ი. ფირფიტის ოდნავი შერხევით ბაწარი იხსნება და ზევითა ფიცარი ქვედას ემხობა. არსებობდა სხვადასხვა კონსტრუქციის სათაგურები.
ე. ნ.
სათაო (ხევს.) - საუკეთესო ამორჩეული შესაწირი ზვარაკი (სამსხვერპლო ცხოველი). ხატის მიწების მოხვნისას ხევსურები კლავენ სათაო საკლავს, მთელი სოფლის ნახირიდან საუკეთესოს, რომელიც წინასწარ იყოს არჩეული ამ დღისთვის (ცხვარი, კურატი).
ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართული ხალხური დღეობები, აღმ. საქ. მთიანეთში, 1991.
ე. ნ.
სათაურა - ხევსური ქალის თავსაბურავის ნაწილი. რკალისებრი. კერავდნენ ბამბის ან შალის ქსოვილისაგან. მოსართავად იყენებდნენ მონეტებს, მძივებს, ღილებს. ქარგავდნენ ფერადი ძაფებით. სათაურა რამდენიმე სახისაა: კავიანი, ყურიანი, საყენ-ყურიანი, საყენიანი და მაღალი. თავხურვას ხევსურეთში, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. გათხოვილი ქალი მანდილის გარეშე გარეთ ვერ გავიდოდა, ვერავის შეეგებებოდა, რადგან ამგვარი ქცევა უზრდელობისა და უპატივცემულობის გამომხატველად ითვლებოდა. გასათხოვარ ქალს კი მარტო სათაურას ტარებაც შეეძლო. ახალ პატარძალს უფლება ჰქონდა მამის სახლში მოეხადა მანდილი, უმანდილოდ იგი ქმარსა და ქმრის ნათესავებს ვერ ეჩვენებოდა. ხევსურმა ქალმა სათაურა-მანდილის ხმარება მოგვიანებით დაიწყო, მანამდე კი იგი „ჭანჭიკის ხელსახოცს“ (იხ.) ატარებდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მოკლე თმის ტარება დაიწყეს, ჭანჭიკის ხელსახოცი მანდილს ვეღარ იჭერდა და მის მაგივრად ჩიხტისმაგვარი სათაურა შეუქმნიათ.
ლიტ.: ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935, ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
გ.კ.
სათითე - თითზე ჩამოსაცმელი. მზადდებოდა სხვადასხვა მასალისგან. იყენებდნენ ხარაზები, დერციკები, მკერვალები, ანუ ყველა იმ პროფესიის ადამიანები, რომლებთაც უხდებოდათ ტყავისა და ნაჭრის მასალისაგან კერვა.
სათითე მკელის - მკელის აღჭურვილობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მზადდებოდა რქისაგან, ზოგჯერ ხისგანაც. იცოდნენ როგორც ერთი (კახეთი), ისე ორი ან სამი (ქართლი) სათითის ხმარება.
სათითეებს გამოიყენებდნენ ნამგლით მოცელვისას თითის დაცვის მიზნით. რქას მოხარშავდნენ და ნაცარში დაალბობდნენ. შემდეგ სასურველ ადგილას წააჭრიდნენ თავს და გათლიდნენ, გაასუფთავებდნენ. წვერში ოდნავ მოხრიდნენ, გაუკეთებდნენ საზურგულესა და საოფლე ნაჩვრეტებს. სათითეს მუცელზე ტარის გაგრძელება ჰქონდა, რომელსაც მცირე ნაჩვრეტი გააჩნდა. აღნიშნულ ნაჩვრეტში თასმა იყო გაყრილი მაჯაზე მისაბმელად.
მკაში სათითეების გამოყენების ისტორია საკმაოდ ძველია. ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური განათხარი მასალაც. უძველესი მომკელის სათითეები აღმოჩენილია ურბნისში (I-II სს.), დმანისში (XII ს.). მკელის სათითე ასახულია ჯრუჭის ოთხთავის მინიატურაში. აღსანიშნავია, რომ მკის დროს სათითეების დაცვის მიზნით გამოყენება სხვა ქვეყნებისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგ., თურქეთში, ირანში. ჩრდ. კავკასიაში, დადასტურებულია სათითე, რომელიც სამი თითისთვის ერთი ფიცრისაგანაა გამოთლილი, ამიტომ, მუშაობის დროს, სამივე თითს დამოუკიდებელი მოძრაობის შესრულება არ შეეძლო, რაც შესაბამისად შრომისნაყოფიერებაზეც აისახებოდა. საქართველოში კი სამკალი სათითეები ხელის თითოეულ თითზე ცალ-ცალკე იცმოდა.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღის ისტორიიდან, 1960. ჯ. სონღულაშვილი, მასალები ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის, 1964.
მ.ხ.
სათითენი - ცივი იარაღი. სათითენში გაერთიანებულია მცირე ზომის, ბეჭდის მაგვარი კასტეტთა ნაირსახეობანი. ეს იარაღი მეტწილად აღ. საქართველოს მთიანეთში იყო გავრცელებული, უკანასკნელ დრომდე მისი ხმარების ტექნიკა და ილეთები მხოლოდ ხევსურეთშიღა შემორჩა, საცერულის სახით. ცალ თითზე წამოსაცმელი სათითე საკმაოდ მრისხანე იარაღია მჭიდრო შერკინებაში. მორკინალი მას საკუთარი ხელწერისა და ოსტატობის შესაბამისად ირჩევდა და ალბათ ამ გარემოებით აიხსნება მისი მრავალგვარობა, მარტო ხევსურეთში საცერულის ათამდე სახეობა არსებობდა. ხევსურთაგან განსხვავებით, მთიულეთში ვხვდებით ორთითიან (საჩვენებელ და შუა თითზე წამოსაცმელ) „საჯიჯგველაებს“. თუშეთში კი დამოწმებულია ოთხთითა „ღაჯიები“. ღაჯია (იხ.) ხევსურული საცერულის ერთ-ერთ სახეობასაც ჰქვია, ოღონდ იგი თუშურისგან განსხვავებით, ცალთითაა. ოთხთითა სათითენი გურიაშიც არის დაფიქსირებული. სათითეს ხმარება თბილისშიც ყოფილა გავრცელებული. ყეენობის წინ ქალაქელი ხელოსნები მრავლად ამზადებდნენ საცერე რგოლებს. ამავე დროს, ეს იარაღი მოხმარების იმდენად თავისებურ ცოდნას მოითხოვს, რომ მისი საგანგებოდ შესწავლის სკოლაც უნდა არსებულიყო. 2001 წელს თბილისის წმინდა ორმეოც მოწამეთა ტაძრის გათხრის დროს XI-XIII სს. ფენაში აღმოჩნდა სათითე, რომელიც არა საბრძოლო, არამედ საჩვენებელი დანიშნულებისა უნდა იყოს, რადგან დამზადებულია სპილოს ძვლისაგან, სავარაუდოდ აღნიშნული სათითე არა რიგით მებრძოლს, არამედ ორთაბრძოლის ოსტატსა და მასწავლებელს უნდა ეკუთვნოდეს, რაც სათითეების მოხმარების ძირძველ ტრადიციებს უსვამს ხაზს.
ლიტ. ზნენი სამამაცონი, 2001.
მ. ქ.
სათლი - სპილენძის ვედრო.
სათლელი - აქ: ქვის გასათლელი ხელსაწყო, ბრტყელპირა, ბასრი, ხისტარიანი იარაღი, რომლითაც თლიან რბილ ქვას, ზოგჯერ თლისას ქვაზე წარმოშობილ ხაზებსაც ტოვებენ, რაც განსაკუთრებით ეფექტურს ხდის ნამზადს. ქვის სათლელი იარაღების დამზადებას თავისებურად ნაწრთობი ლითონი სჭირდებოდა, რომელიც ქვის ჯიშისა და მისი შედგენილობის გათვალისწინებით იჭედება. სათლელი გამოიყენება ბუხრის პირის, სახლის სვეტებისა და კუთხის ქვების, ქვის კეცების, ფანჯრის კარნიზების, ანუ ისეთი ნამზადის სათლელად, რომლებთაც პრაქტიკული დანიშნულების გარდა სამშვენისის ფუნქციაც აქვთ დაკისრებული.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001,წ.
ე. ნ.
სათოფე (ხევს.) - აქ: თხელი და ფართო პური, რომელსაც ხევსურები მიცვალებულის სახელზე გამართულ რიტუალში იყენებდნენ თოფის სამიზნედ. ასეთ პურებზე გადააკრავენ ნაჭერს, გაიტანენ სასროლ მანძილზე და ვინც რომელ სათოფეს მოარტყამს, ის პურიც მისია.
ლიტ.: ა. ოჩიაური, ქართული ხალხური დღეობები აღმ. საქ. მთიანეთში, 1991.
ე. ნ.
სათოფელა - დიდგულას ტოტისგან გაკეთებული მილი, რომელსაც მოარგებენ ბამბის დგუშს და ბავშვები ისვრიან კუნელის ნაყოფს.
ე. ნ.
სათუთუნე - დაჭრილი თუთუნის შესანახი. არსებობდა სხვადასხვა ფორმის. თუთუნის სურნელებას კარგად ინახავს ხის სათუთუნე, თუმცა ყოველდღიურ ყოფაში სატარებლად ამჯობინებდნენ ტყავისა დანაჭრის სათუთუნეებს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ბაგრატიონთა ოჯახიდან შემოსული ვერცხლის სალტეებით შემკული სათუთუნე.
ე. ნ.
სათფური (მთ. გუდ.)//მეში (ხევი)//კალთა (ფშ-ხევს.) - ცხენის აკაზმულობის ნაწილი. ოთხკუთხა სქელი ტყავები, რაც უზანგის თასმის ზევითაა მოქცეული და იცავს მხედრის მუხლებს ცხენის ოფლისა და ბალნისაგან.
სათხეველი (ძვ.) - სასროლი ბადე, რომლის ბოლოების გასასწორებლად ორკაპა ჯოხს - „ბარამბას“ ხმარობდნენ.
ნ. ჯ.
სათხლე//სამთხლე//ლარპოტი (გურ.) - ხის გრძელტარიანი დიდი ციცხვი, რომლითაც ჭურიდან იღებენ ჭაჭასა და მთხლეს. ზოგჯერ ესაა ტარზე მორგებული ლითონის ოვალური ნაჭერი, ზოგჯერ კი ერთ ხეში გამოჭრილი დიდი კოვზი. გათვალისწინებული ჭურის პარამეტრებისთვის იმ მიზნით, რომ შეძლებისდაგვარად მოსახერხებელი ყოფილიყო ჭურიდან მთხლესა და ჭაჭის ამოღება.
ე. ნ.
საიფქლეები - სახატო მამულები ხევსურეთში, სადაც სარიტუალო ხორბალს მოიწევენ. ესაა წმ. პურის მოსაყვანი ტერიტორია, რომლის მიწებს ხალხი ერთობლივად ამუშავებს. საიფქლეები ყველაზე ადრე, ყველაზე კარგად იხვნება და საუკეთესო თესლით ითესება (ქერი, დიკა).
ე. ნ.
საკარცხული//საკურცხილ (სვან.) - 1. საუფროსო სკამსავარძელი სვანეთში. უხუცესი, როგორც ოჯახის სრულუფლებიანი განმგებელი, საკარცხულზე იჯდა. ოჯახში მცხოვრები მამაკაცები მას ემორჩილებოდნენ. საკარცხული ოჯახის უფროსის უფლებების გამომხატველ სიმბოლოს წარმოადგენდა. ეთმობოდა მხოლოდ საპატიო სტუმარს. 2. საუფროსო სკამ-სავარძელი რაჭაში „ბაბუად“ წოდებული. აქაც ოჯახის უფროსის დასაჯდომია. მზადდებოდა სხვადასხვა ხისგან. შეკრული იყო უწებოდ და ულურსმნოდ. ოჯახის საქმეებს ბაბუა ხელმძღვანელობდა. მისი კუთვნილი საპატიო სავარძელი კერასთან თავში უნდა მდგარიყო. ბაბუა, როგორც ოჯახის სრულუფლებიანი განმგებელი, საკარცხულზე იჯდა. მასზე ჯდომა სხვას ეკრძალებოდა. სავარძელი ეთმობოდა მხოლოდ საპატიო სტუმარს. სოციალური თვალსაზრისით საკარცხული ოჯახის უფროსის უფლებების გამომხატველ სიმბოლოს წარმოადგენდა. ტერმინი „საკარცხულ“ X ს. ძეგლებშია დამოწმებული.
ლიტ.: ს. მაკალათია, მთის რაჭა, 1987. ლ.ბედუკიძე, ხის ავეჯი რაჭაში, სსმმ, XII, 1997.
ლ. ბ.
საკეცე - ხის ან ლითონის მაშა, რომელსაც პურის ან მჭადის გამოცხობისას თიხის კეცებს ცეცხლს უფიცხებდნენ. საკაცედ ნედლი თხილისა და ლეღვის ხეს იყენებდნენ. გათლიან ერთ ზომაზე, მერე მოკეცავენ, ცოტას შერუჯავენ, შეახმობენ და მიტყუპებულ ბოლოებს ერთმანეთს გაუსწორებენ. ბუხრის საკაცე უფრო მოკლეა, ვიდრე თონისა.
ე. ნ.
საკვეთელი - 1. სახვნელის ნაწილი (რკინისა), რომელიც ვერტიკალურ სიბრტყეში ჭრიდა ბელტს. საკვეთელი წარმოადგენდა რკინის ყუასქელ დანას, რომელიც ტარით ჩასმული იყო სახვნელის მხარში. პირის კვეთის მიხედვით არჩევენ საკვეთლის ორ ტიპს: ტოლფერდა პირიანს და ცალფერდას. უფრო განვითარებულ ტიპად მიჩნეულია ცალფერდა საკვეთელი.
ქართულ სახვნელთა საკვეთლების ტიპებად დაყოფის საქმეში მთავარ პრინციპად საკვეთლის სამუშაო პირის სიდიდეა მიჩნეული. ამ მხრივ, მძიმე სახვნელების საკვეთლის სამუშაო პირის სიდიდე ბევრად აღემატება მსუბუქი სახვნელების სამუშაო პირის სიდიდეს. გარდა ამისა, გარკვეული მნიშვნელობა აქვს საკვეთლის მოყვანილობას, რომლის მიხედვითაც იგი ორგვარია: სწორი და მრუდე ფორმისა. სწორტანიანი საკვეთლები დამახასიათებელია მარტივი სახვნელებისათვის, ხოლო მრუდტანიანი-მძიმე სახვნელთათვის (დიდი გუთანი).
საკვეთელი სახვნელის საკმაოდ მნიშვნელივანი ნაწილი იყო. ეს მოდგამში (იხ) ხვნადღეების განაწილებაშიც აისახა - საკვეთლის პატრონს ერთი ხვნადღე ერგებოდა.
სახნის-საკვეთს დაპირვა სჭირდებოდა. ქიზიყში ამისათვის მოდგამს აყვანილი ჰყავდა მჭედელი, რომელსაც ყოველ შაბათს უნდა „გამოეწკიპა“ სახნის-საკვეთი. ამაში მოდგამი მას ერთ დღეს უხნავდა („მჭედლის ალო“). ქართლშიც იყო ცნობილი მჭედლის ალო, მაგრამ იქ მჭედელს გუთნისდედა უხნავდა ერთ დღეს გუთნისათვის განკუთვნილი ხვნადღეებიდან.გარდა ამისა, თუ მჭედელი სთხოვდა სოფელს, მას უსასყიდლოდაც უხნავდნენ ხოლმე. მჭედლისათვის მუშაობა რაჭაში, „კალაფორიას“ სახელწოდებით იყო ცნობილი. 2. მარტივი სახვნელი (მიწის გასაწერი), რომლის ფუნქცია იყო ნიადაგის დაწერა-დაკვალვა. მის უკან მომყოლ სახნისს უადვილებდა ხნულის გატანას. გამოიყენებდნენ ფერდობი ადგილების ხვნისას.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე. აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, თბ.., 1960; ნ რეხვიაშვილი. რაჭის ეთნოგრაფიული მივლინების ანგარიში, ენიმკის მოამბე, 1941
თ. გ.
საკვირაო (ხევს.) - საჭვრეთელათი დაჭრელებული ხავიწისგულიანი პატარა ქადა.
საკოდე - 1. ცალკე ნაგებობა ან საცხოვრებლის კომპლექსის მყუდრო, ბნელი ოთახი, სადაც ხდება ლუდის ფუება, მისი დადუღება. საკოდეში ლუდის ფუება მიმდინარეობს 6-7 დღეს და ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ლუდმა სრულყოფილად„იფუვლოს“. 2. საქართველოს მთაში ხატთან არსებული სამეურნეო ტიპის ნაგებობა, სადაც ინახებოდა წმინდა ხორბლეული სარიტუალო პურების გამოცხობისა და ლუდის გამოხდისათვის.
ე. ნ.
საკოდელი.//დიშლა (იმერ). - ბრტყელპირა და თხელტანიანი იარაღი, ქვის მოსასუფთავებელი. არსებობს რამდენიმე კბილიანი საკოდელი.
ლიტ.: ს. ბედუკაძე, ქვის დასამუშავებელი იარაღები და საშუალებანი, სსმმ. XXII-B, 1961.
ე. ნ.
საკოკე - კოკით წყლის გადაზიდვისათვის მოწყობილი საგანგებო ხის ხურჯინი, ცნობილი იყო ქიზიყში. საკოკე მზადდებოდა ორი წესით: შვინდის ან თხილის ოთხ ტოტს ცეცხლზე შემოატარებდნენ, ქერქს გააძრობდნენ. შემდეგ ტოტების შუა ნაწილს მოხრიდნენ. ერთმანეთზე ჯვარედინად გადადებდნენ და შვინდის ან რცხილის წნელით შეკრავდნენ. აკეთებდნენ სხვადასხვანაირადაც. შვინდის ხეს ძირში მოჭრიდნენ, ტოტებს მაღლა და შუა წელზე წნელით კრავდნენ და სახედარს ხურჯინივით გადაჰკიდებდნენ. წნელის სიგრძე სახედრის წელის სიგანეზე იყო დამოკიდებული. საკოკე ნახევარ მეტრზე მეტი სიმაღლის არ კეთდებოდა. თითო საკოკეში ერთი დიდი კოკა იდგმებოდა. კოკების ყურები თოკით ერთმანეთზე იყო გადაბმული. იხმარებოდა წყლისა და ღვინის შორი მანძილიდან მოსატანად.
ლიტ.: ნ. სილაგაძე, საპალნე გადაზიდვის საშუალებები აღმ. საქართველოში, სსმმ, ტ. XXIV, 2001.
ნ.ჯ.
საკრავები საბავშვო - ჩასაბერ საკრავებზე დაკვრას ბავშვები თვითნაკეთი „საკრავებით“ იწყებენ. ასეთებია რბილგულიანი მცენარეები და ფოთლის მსხვილი ღეროები. აჭარაში საბავშვო საკრავია „ჭყიპინა“ - დუდგულის ან სხვა მსგავსი მცენარისაგან გაკეთებული, სასტვენივით ერთი ბგერის გამომცემი, 6-7 სმ სიგრძისა. ჩასაბერ ერთ ბოლოს ირიბად ჩასერავენ. ჩაბერვისას გამოსცემს ჭყიპინის მსგავს ბგერებს. უფრო „რთულია“ გოგრის ღეროსაგან დამზადებული ერთ, ორ ან სამთვლიანი „სალამური“ - საპუტუნა (გურია), რომელსაც უფროსები უკეთებენ ბავშვებს. ამაზე თვლების რაოდენობის შესაბამისად სხვადასხვა სიმაღლის რამდენიმე ბგერა მიიღება. 7-8 წლის ყმაწვილები ამგვარ „საკრავებს“ დამოუკიდებლადაც აკეთებენ.
ლიტ.: ალ. მსხალაძე, ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან, 1969.
მ. შ.
საკრავთა მწყობრი - ორკესტრი, შემდგარი სხვადასხვა ჯგუფის საკრავთაგან. ქართული
ინსტრუმენტული ანსამბლი შედგება ორი ტიპის საკრავისაგან. ერთ-ერთი მათგანია სიმებიანი ან ჩასაბერი საკრავი და მეორე - დასარტყმელი, მისი ფუნქციაა ცეკვის თანხლება ან საცეკვაოს ინსტრუმენტული ტრანსკრიპცია. ყოფაში თითქმის არ გვხვდება ორი ან მეტი ერთი და იმავე საკრავის გაერთიანება, უნისონური ანსამბლი უცხოა ქართული სამუსიკო კულტურისათვის.
ლიტ.: მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970.
მ. შ.
საკრი - საკრე, ასაკრავი - ვაზის ჭიგოზე დასამაგრებელი, სხვადასხვა მცენარის ტოტების ან კანისგან დამზადებული სახვევი მასალა. მისი ეტიმოლოგია ასე გამოიყურება: საკრი, საკრე, ასაკრავი, გასაკრავი, მარნა, მარნეული, მანეული, კაპიჭი, სვია, სვე, საყელავი, სახვევი, საკონავი, ლაფანი, ხარალი, ხრალი, ქვთელა, ჭონი, ჭილი.
ლიტ.: ლ. ასათიანი, ვაზის კულტურასთან დაკავშირებული ლექსიკა ქართულში, 1978.
ე. ნ.
საკურატე - საქართველოს მთიანეთში (ხევს.) ხატის კართან არსებული ყორის მიწურბანიანი ნაგებობა, რომელიც ხატის ტყეში იყო გამართული. აქ ხატისთვის შესაწირავი ცხოველები იმყოფებოდნენ. ეს ხვასტაგი საკმაოდ დიდი რაოდენობით იყრიდა ხოლმე თავს და სანამ შეწირვის დრო მოაღწევდა, მანამდე მათთვის ხარის მსახურთ უნდა მოევლოთ. ზამთრობით ცხოველები საკურატეში იზამთრებდნენ, სხვა დროს კი გაშვებული იყვნენ მათზე მინდობილი კაცის მეთვალყურეობით. ხატის კურატები ხატის საძოვრებში ბალახობდნენ და სხვას არავის ჰქონდა უფლება იქ კერძო საქონელი ებალახებინა.
ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართ. ხალხ. დღეობათა კალენდარი, 1988.
ე. ნ.
სალამური - მუსიკალური ინსტრუმენტი, იგი ორგვარია - უენო და ენიანი. უენო სალამური ამ ტიპის საკრავის უძველესი ფორმაა. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ქართლი, კახეთი, მესხეთი, თუშეთი, ფშავი). აღმოსავლურ ქართულ დიალექტებში „სტვირი“ ეწოდება, წარმოადგენს 38-40 სმ სიგრძის მილს. აქვს 5-6 თვალი (ნახვრეტი), ზოგჯერ დამატებითი თვალი უკანა მხარეს. ენიანი სალამური ბგერა არის გამოკვეთილი, მსტვენავი, მკაფიო და ძლიერი. ენიანი და უენო სალამური მზადდება რბილგულიანი მცენარისაგან (ლერწამი, ლელი, დუდგულა) აგრეთვე ჭერმისაგან. დამზადების წესი ერთნაირია, ენიანს უკეთდება ენა, რომელიც აუცილებლად ლერწმისაა. სალამური ძირითადად მწყემსის საკრავად ითვლება. მასზე სრულდება მწყემსური და საცეკვაო მელოდიები. საქართველოს ტერიტორიაზე სალამურის ტიპის საკრავები უძველესი დროიდან ჩანს. ძვლის სამთვლიანი სალამური აღმოჩენილია სამთავროში (ძვ. წ. XV ს.), ხოლო უფლისციხეში, საკულტო ნაგებობაში აღმოჩენილი სალამური - ჩვ. წელთაღრიცხვამდე VI ს-ით თარიღდება.
ლიტ.: მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970.
მ. შ.
სალესავი//ქასური - სალესავი ქვა, ფართოდ იყო გავრცელებული ქართლ-კახეთში, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში და ჩრდილო კავკასიაშიც. ესაა განსაკუთრებული ჯიშის ქვა, რომელიც თავისი ხაოიანი ზედაპირის მეშვეობით კარგად ლესავდა რკინეული იარაღთა პირს. ლესვის დროს ქასურს წყალში ასველებდნენ ან ერბოს წაუსვამდნენ, რაც იარაღს გადახურებას ს აცილებს. ქასური გამოიყენებოდა განსაკუთრებით პირბასრი იარაღების გასალესად (ნამგალი, ცელი, სამართებელი, სამყნობი დანა, სასხლავი, შალაშინის პირი და სხვა.) და საოჯახო ჭურჭლის (ქვაბები, ტაფები გასახეხად და გასაპრიალებლად). ქასურს იყენებდნენ აგრეთვე საფლავის ქვების დასამუშავებლად, ზედაპირის მოსასწორებლად, რათა წარწერა თუ ნახატი მკაფიო გამოსულიყო. საფლავის ქვის ამგვარად დამუშავებას გაქასურება ეწოდება. ქასურ სალესავებს ამზადებდნენ სათანადო მასალის მქონე სოფლებში: სნო, უხათი (ყაზბეგის რაიონი), საფარლო, ბოლნისი, საჩინო (ბოლნისის რაიონი), დმანისი, ჩათახი (დმანისის რაიონი), ატენის ხეობა (გორის რაიონი), ჭერათხევი (ხაშურის რაიონი), შროშა, საქასრია (ხარაგაულის რაიონი), მუხური, კურსები, სალესავის ქედი (ტყიბულის რაიონი). ქასურ სალესავზე მისი ეფექტურობის გამო დიდი მოთხოვნილება იყო. ქაისხევიდან გასაყიდად გაქონდათ მეჯვრისხევში, სადაც ბაზრობაზე ადგილობრივი მჭედლების ნამგლებიც იყიდებოდა. არქეოლოგიური მასალა (სამთავრო, ბრილი) მოწმობს, რომ მეომრებს იარაღთან ერთად სალესი ქვებიც ჰქონდათ საფლავში ჩატანებული. ტერმინი „ქასური“ სალესავი ქვის და განსაკუთრებით ცელის სალესის მნიშვნელობით დასტურდება აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტებში. ძველ ქართულში სალესავი ქვის აღმნიშვნელად გვხვდება „ქასრი“. არის მოსაზრება, რომ სალესი ქვის სახელი მომდინარეობს სოფლის ტოპონიმ ქაისხევიდან. მოგვიანებით „ქასური“ სალესი ქვის ზოგად სახელად იქცა, ხოლო გაქასურება გალესვა-გაპრიალების მნიშვნელობა შეიძინა. ტერმინი „ქასური“ ასახულია შრომის სიმღერაში „გლესავ და გლესავ ნამგალო, ნამგალო ჩემო რკინაო, ქასური სალესავითა, ნამგალო ჩემო რკინაო“.
ლიტ.: ვ. ბარდაველიძე, ივრის ფშაველები, 2005. ნ. რეხვიაშვილი, ქვის საკოდი იარაღი, სსმმ, XVII, 1953.
ა. გ.
სალტა - ქალის გარეთა სამოსელი აჭარაში. მასალად იყენებდნენ მძიმე ქსოვილებს, მაგალითად, მაუდს. ჩახსნილი გულისპირით, შესაბნევის გარეშე. სალტა შედგება სამი ნაჭრისაგან, რომელთა სარჩულად ჩითი აქვთ გამოდებული. სალტა გაფორმების მხრივაც გამორჩეულია. მორთვის საშუალებად იყენებდნენ ვერცხლისმკედს, რომელიც ზოლებად მიჰყვება როგორც საყელოს, ისე მხრებსა და კალთებს. ორნამენტი მეტწილად გეომეტრიულია. მცენარეულსაც (სამყურა, ყვავილები) იყენებდნენ. სალტის ფორმა მსგავ სებას ავლენს წმ. გიორგის სახ. ეკლესიის (ახალქალაქი, XI ს.) ფრესკაზე გამოსახულ პირთა სამოსელთან. მსგავსი თარგისა და სახელწოდების სამოსელი ანატოლიაშიც მოწმდება.
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ.
სალტე // საკუდე (ხევს.)// თალა (მთ. გუდამაყ.)// ზალტე (თუშ., ფშ.) - უნაგირის საჭერი თასმა. 2. თხილის ან შვინდის ტოტებისგან შეკრული წრე, რომლითაც ამაგრებდნენ ყველის დიდ კასრებს.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხის ჭურჭელი, 1988.
სალუდე - საგანგებო ნაგებობა საქართველოს მთიანეთში, სადაც წარმოებდა ლუდის დადუღება. სალუდეში ინახებოდა ყველა ის ინვენტარი, რომელიც საჭირო იყო ამ პროცესის წარმართვისათვის. სალუდე ხატის კომპლექსის ერთ-ერთი საკრალური ნაგებობაა (ხევს). იგი შედის ისეთ სარიტუალო ნაგებობათა რიგში, როგორიცაა დარბაზი, საზარე, ბეღელი.
ბეღელი
საზარე
ე.ნ.
სამანდრო - „ელვარე საჭურველი“, თვალ-შეუდგამი. წმინდის გიორგის: „შემოსილ ხარ ჯაჭვითა სამანდროთა და მორტყმულსა სარტყლითა ოქროსათა“(საბა). როგორც ჩანს სამანდრო ძვირფასი ლითონებით ან ძვირფასი ქვებით მორთულ-შეჭედილი ჯაჭვის პერანგების ნაირსახეობაა. იმერეთის მეფე ალექსანდრის III-ის ჯაჭვის პერანგი სამანდრო ჯაჭვია.
ლიტ.: სულხან საბა, ლექსიკონი. ტII. 1993.
მ. ქ.
სამანი - საზღვარი, სანიშნობელი, რომლითაც გამოყოფილია სხვადასხვა პირთა, თემთა და სოფელთა მიწები. ძირითადად წარმოადგენდა ქვისა და ხის სამიჯნო სვეტებს. შუაფეოდალური ხანის საქართველოში ასეთი სამანების კლასიკური ნიმუშია სტელები, რომლებზედაც გამოსახულია „ხელები“ - ფეოდალის საკუთრების სიმბოლო. საგლეხო მიწათმფლობელობაში სამანი უაღრესად გავრცელებული ნიშანია.
ე. ნ.
სამანქანი - ჯაჭვის პერანგის ნაირსახეობა. „სამანქანი არს ჯაჭვის თვალი მრგვალი სამ-ფარეშოსანი, შიგნით ნიკარტოვანი, რბილი, გარდაგრეხით ძნიად გასატეხი.“(საბა). სამანქანური ჯაჭვი ყველაზე საუკეთესო ჯაჭვთა რიგს განეკუთვნება, მისი ყოველი რგოლი (ჭიკუ) ფარეშიანია (დამოქლონებული). სამანქანური ჯაჭვი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში, ხევსურეთსა და სვანეთში უკანასკნელ დრომდე იყო შემონახული, ასეთი ჯაჭვის პოპულარობა ხევსურულ პოეზიაშიც აისახა„ჯაჭვმა თქვა სამანქანურმა, ქაჯმა ამასხა თითითა“ და სხვა. (იხ. ჯაჭვის პერანგი).
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი - „ქართული საჭურველი ჯაჭვი“. სსმმ,ტ.XIX B. 1956. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. .II, 1993.
მ. ქ.
სამარე - მიცვალებულის სამარხი ადგილი. საბას განმარტებით, „მარი“ აღნიშნავს ხის საწყაოს. ადვილი შესაძლებელია, რომ შემდგომში მის სახელი გავრცელდა იმ ხის ჭურჭელზე, რომელსაც მიცვალებულის ჩასასვენებლად ხმარობდნენ და ადგილს, სადაც მიცვალებული იმარხებოდა, ეწოდა სა მარე, ხოლო სასაფლაოს სამაროვანი.
ე. ნ.
სამართი - წისქვილის ქვების მოსაყვანი ოთხკუთხად გათლილი ხის იარაღი. სამართი არის ორმხრიანიცა და ცალმხრიანიც. შავ ფორმაში გამოჭრილ ქვაზე სამართს დაატრიალებენ, სადაც იმისი გადაქნილი ბოლო მოედება, იმ ადგილს აიღებენ სათლელით, მანამდე სანამ, სამართი ქვაზე ერთი მობრუნებით თავისუფლად არ დატრიალდება. სამართის ორივე მხარე გამოიყენება ქვის გასათლელად. მის ზედაპირს მამალი ქვის ქვედა პირი მოჰყავს, ხოლო ქვედაპირს დედალი ქვის ზურგი.
ე. ნ.
სამარილე//ქუბდე (ფშ. ხევს.) - მარილის ჩასაყრელი ხის ნაირნაირი ყუთები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული კონსტრუქციებითა და სანიმუშო ესთეტიკური შემკულობით. სამარილეების საუკეთესო ნიმუშები შემოინახა აღმ. საქართველოს მთიანეთმა. მარილი, როგორც ძვირფასი პროდუქტი საჭიროებდა მომჭირნეობით ხარჯვას და მისი დაცვის აუცილებლობა კარგად აისახა ამ ჭურჭლის აგებულებაში. ხის სამარილეების უმრავლესობას გააჩნია კედელზე ჩამოსაკიდი თოკები, თასმები და მჭიდროდ დამაგრებული სახურავები, რომლებიც მოხერხებულად იკეტება და ჰიგიენის თვალსაზრისით კარგად არის დაცული. ასეთ სამარილეებს ძირითადად მარილის შენახვის ფუნქცია ჰქონდათ და არა სუფრაზე სახმარი. მარილის, როგორც ძვირფასი და ძნელად მოსაპოვებელი პროდუქტის მნიშვნელობა კარგად აისახა სამარილეთა შემკულობაში, რაც ბრწყინვალედ გამოხატა ხალხურმა ხითხუროობამ.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
სამასრე//საკვესი//ქირუბი (ქართ.)//საკფაიები (კახ.)// საქილე (იმერ.)// გულთათები (გურ.) - ჩოხის გულისპირზე დაკერებული რამდენიმე ნაწილიანი მასრების ჩასაწყობი ჯიბე. ჯიბის ნაწილთა რაოდენობა სხვადასხვა იყო. ამას აპირობებდა როგორც შიგ ჩასაწყობ მასრათა რაოდენობა, აგრეთვე ჩოხის ფორმაც. ძველებურ ჩოხებზე მასრათა რაოდენობა არცთუ ისე დიდი იყო, შემდგომში ჩერქეზული ტიპის ჩოხაზე მათი რიცხვი 20-მდეც ადიოდა, ყარაჩოღულ ჩოხაზე კი ამ საჯიბეს მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობა ჰქონდა და სხვათაგან განსხვავებით ცერადაც იყო მიკერებული. ძველად სამასრეს გარშემო შემოაკერებდნენ ჭრელად მოქსოვილ ზონარს - ჩაფარიშის მერე კი ყაითანს. ზოგჯერ მათ ნაცვლად სირმასაც იყენებდნენ.
ლიტ.: მსშხი, ტ.III, ნაწ. I, 1983. ც. ბ.
სამატი - შოლტებისაგან დაწნული ტყავი, რომელიც რვიანივითაა გამოყვანილი და მისი მეშვეობით ურმის ან სახნისის თავი ებმება უღელს.
ე. ნ.
სამაქნელი - ქვის ასაწევი ბერკეტი. ყოფაში დამოწმებულია წისქვილისა და ხელსაფქვავი ქვების ასაწევად. სამაქნელის ჰორიზონტალურად დადებული მორი ერთი ბოლოთი დაკიდულია მხრებიან ასაზიდზე და ის მხრები ქვის საბჯენებზეა დაყრდნობილი. მხრის აწევას იოლად ახერხებენ პირწამახული „კეტის ადებით“ და მხარქვეშ იმ სისქის სოლებს უყენებენ რა სიმაღლეზედაც სურთ სამაქნელის მეორე ბოლოზე დაბჯენილი ქვის აწევა.
ე. ნ.
სამაჯე - სახელოთა ბოლოში წასაკერებელი პატარა, ბრტყელი და ორპირი ნაწილი. შეუხსნელი ან შეხსნილი და ღილებით შესაკრავი. ამზადებენ კაბის ან ზედატანისათვის განკუთვნილი მასალისაგან, რომელიც ხან ბამბის ქსოვილისაა, ხან კი ქიშმირისა და აბრეშუმის.
ც. ბ.
სამაჯური//დასტანაგი//სალტე//ბრასლეტი - მაჯის სამკაული. სულხან-საბა „დასტანაგს“ განმარტავს, როგორც ქალთა სამკლავეს, „სალტეს“ კი ქალთა მაჯათა სამკაულად, რომელიც მზადდებოდა ძვირფასი ლითონებისაგან.
სამაჯურის აღმნიშვნელი ძველი ქართულ ტერმინი - „სალტე“, დღემდე შემორჩენილია საინგილოში. სამაჯური შეიძლება იყოს მასიური, ღრუ, სახსრიანი, ინკუსტრირებული, გავარსით შემკული, მომინანქრებული და სხვა.
ადრეანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვანაირად შემკული აქემენიდური სტილის ზურგშედრეკილი სამაჯურები. ეს სტილი ირანიდან გავრცელდა სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. გვიანანტიკური ხანიდან გვხვდება სახსრიანი სამაჯურები. შუა საუკუნეებში საქართველოში ძალიან პოპულარული იყო ტიხრული მინანქარი და სამაჯურებს ხშირად ტიხრული მინანქრით ამკობდნენ. ვერცხლის სამაჯურებს რთავდნენ როგორც ფერადი თვლებით, ისე გავარსით. ამ ტიპის სამაჯურებს ბოლო დრომდე ამზადებდნენ დაღესტნელი ოქრომჭედლები. კავკასიაში ვერცხლის ფილიგრანული სამკაულებით და, მათ შორის, სამაჯურებით განსაკუთრებით განთქმული იყო საქართველო. შემკულობის გარდა სამაჯური ისევე, როგორც ბეჭედი, ყელსაბამი, გვირგვინი და დიადემა წარჩინებულობის ნიშნად, ინსიგნიად ითვლებოდა ძველ სამყაროში.
ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981. ლ. სოსელია, ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში, კრ. მესხეთ-ჯავახეთი, 1972.
მ. ბ.
სათაური - თავის დასაჭერი აღვირი
სამზარეულო//სამზადი - საჭმლისა და სხვადასხვა კერძეულის მოსამზადებელი ადგილი. ზოგჯერ სახლის კომპლექსშია განთავსებული, ზოგჯერ ცალკე შენობას წარმოადგენს. დიდ სასახლეებს, როგორც წესი, ცალკე, ვრცელი სამზარეულოები ჰქონდათ. ასევე ცალკე სამზარეულოები გააჩნდათ მონასტრებს (სატრაპეზოებს). ეთნოგრაფიულ ყოფაში სამზარეულოს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ძირითადად ასეთი ობიექტი მოწყობილი ჰქონდათ სახლის პირველ სართულზე, სადაც ენერგიის წყაროსთან ერთად (შუაცეცხლი, ბუხარი, ღუმელი, გაზის ქურა) განთავსებულია განჯინა-თაროები, კარადები - ჭურჭლის, სანელებელთა და სხვადასხვა სამზარეულო იარაღებისათვის. ეთნოგრაფიულ ყოფაში შეძლებულ ოჯახებს ძველადაც და შემდგომაც სამზარეულო სახლები განცალკევებით ჰქონდათ აგებული. ქართული სუფრის მრავალფეროვანი ხასიათი აპირობებდა სამზარეულო სტრუქტურის სირთულეს. სამზარეულოს პრაქტიკულის გარდა გააჩნდა ესთეტიკური დანიშნულება, რაც გამოკვეთილი იყო მისი ინტერიერის ზოგად გაფორმებაში.
ე. ნ.
სამთვალა - ხის ორიგინალური სასმისი, რომელიც წარმოადგენს სამ ერთმანეთზე მიკრულ განყოფილებას, რომლებიც შიგნით გახვრეტილია და სმის დროს სასმელი ზიარი ჭურჭლის პრინციპით ორიდან ერთ განყოფილებაში გადაედინება. სამთვალას განვითარებული და დახვეწილი ტიპია თიხის მარანი (იხ. მარანი თიხისა). საქართველოს მთიანეთში სამთვალას იყენებდნენ სარიტუალო დღესასწაულების დროს. სამთვალას მსგავს სასმისს რაჭაში კვატუში ერქვა.
ლიტ:. მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
სამკლაური ტყავისა - გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობის დროს. ტყავის სამკლაურის დამზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. მას წვრილფეხა საქონლის ტყავისაგან ამზადებდნენ. შესაკერად ადრე ტყავის თასმებს იყენებდნენ. ბოლო ხანებში კი ძაფით ან ბაწრით კერავდნენ. სამკლაურს მესაქონლე ხალხი, უფრო მეტად მეცხვარეები ხმარობდნენ. გარდა ამისა, იყენებდნენ მჭედლები, გუთნისდედა
და დურგლები.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
სამკვდილი - მკელის ტყავის წინსაფარი. ყანის მკის დროს მომკელი იკეთებს სამკვდილს გულზე, მხრებსა და მკლავებზე, რომ ნამჯამ არ შეაწუხოს. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში სამკვდილი მხოლოდ ქიზიყში დასტურდება. მსგავსი წინსაფარი სხვა ხალხთა ყოფაში არ ჩანს. ქიზიყში ტყავის სპეცტანსაცმლის არსებობას აპირობებდა მეცხოველეობის განვითარების მაღალი დონე, ტყავის დამუშავების საქმის ცოდნა-გამოცდილება. სიღნაღის რაიონში თავმოყრილი ყოფილა ჭონების დიდი რაოდენობა. სამკვდილის ტყავს თრიმლის (იხ.) საშუალებით ამუშავებდნენ. მასალად იყენებდნენ თხის, ცხვრისა და ხბოს ტყავს. სამკვდილი ერთი მთლიანი ტყავისგან შედგებოდა. მას წელზე მიკერებული ჰქონდა ტყავის ფუნჯები, ზედ ჰქონდა მიბმული სამაჯურები, საოფლე, სათითე და მუშა. სამკვდილს ჩაცმის წინ და მუშაობის დასრულების შემდეგ ცხვრის ქონით პოხავდნენ. მკელი მის შიგნით ან არაფერს, ან პერანგს იცვამდა. შეკერვის დროს ნაბალნევი მხარე შიგნით უნდა მოჰყოლოდა ოფლის საწინააღმდეგოდ. იკერება ორი ტყავისგან: ერთ ტყავს შუაზე საყელოს ამოუღებდნენ ისე, რომ ნახევარი ტყავი უკან მოექცეოდა და მხრებსა და ბეჭებზე ეფინებოდა, მეორე ნახევარი გულს უფარავდა, სიგრძივ წელის არეში (საქამრეზე) მიაკერებდნენ ტყავს, რაც მუცელსა და ბარკლებს დაუფარავდა. სამკვდილს მარჯვენა ხელისათვის მიკერებული ჰქონდა სამკლავე. იგი გაუკერავია ხელის მოხრა რომ არ შეუშალოს მუშაობის დროს, მარცხენა ხელის მაჯაზე შემოხვეული აქვს ტოლაღი, რომ ნამჯამ მაჯა არ „შეუჭამოს“.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
სამკერდული// სამკედური (ქართ.) - საჯდომი ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. იგი ყელისა და გულ-მკერდის სამკაულია. წინა მოსართავზე გამობმულია ტყავის თასმა, რომელიც წინა ფეხებშუა გამოდის და მკერდთან ორ ტოტად იყოფა, სადაც ეკიდება ვერცხლის ბალთა, ორივე ტოტი ყელის მარჯვენა და მარცხენა მხარესაა ამოტარებული და ტახტზე დამაგრებული. მკერდის შემკულობა შეიძლება ყოფილიყო ვერცხლისა, რაც დამოკიდებული იყო ქონებრივ და წოდებრივ მდგომარეობაზე.
ნ. ჯ.
სამკვრე - კვარის დასადები ლითონის ნივთი სახლის გასანათებლად. ამზადებდნენ გრეხილი ლითონისაგან. (იხ. ლამტვარალი).
სამკლავე - 1. მკლავზე წამოსაცმელი, სახელოს მოყვანილობისა, იდაყვიდან თითებამდე სიგრძის. მოქსოვილი ან ნაჭრისგან შეკერილი. იყენებდნენ ზამთარში მკლავების გასათბობად. სამკლავე სვანეთსა და ხევსურეთში საპირესა და სარჩულს შორის ბამბაფენილი და საპირეზე დალიანდაგებულიც უნდა ყოფილიყო. ხევსურული სამკლავე შეხსნილია და ღილებით შესაკრავი. ამასთან, იგი შემკობის მხრივაც გამორჩეულია. კერძოდ, შალისა თუ აბრეშუმის ძაფებით შესრულებულ ნაქარგში ჭარბად იყო გამოყენებული საქართველოს მთის ზოლისათვის ტიპური გეომეტრიული ჭრელი, აგრეთვე გაფორმების აპლიკაციის წესიც - ფერადი ქსოვილის პატარა ნაჭრებით მორთვას ითვალისწინებდა. 2. სამხედრო შეიარაღებიდან მკლავის დასაცავი ლითონის ფირფიტა. მას იყენებდნენ აგრეთვე ფარიკაობის დროს. (იხ. ხელკავი)
ც. ბ.
სამოსი//სამოსელი//შესამოსელი//ჩასაცმელი//ტალავარი// (ხევს. ფშ. ხევი) - ქალისა და მამაკაცის ჩასაცმელის ზოგადი სახელწოდება. ძველთაგანვე ცნობილი იყო სადიაცო და სამამაკაცო სამოსელი, თუმცა მათ შორის სხვაობა არცთუ დიდად ყოფილა შესამჩნევი და სახელწოდებანიც საერთო ჰქონიათ (კაბა, ჩოხა, ქათიბი, პაჭიჭი, წინდა და სხვ.). ძველ საქართველოში „მდაბიური“-სა და „შეურაცხადი“-ს საპირისპიროდ გვხვდება „პატიოსანი“ და „უმჯობესი“ შესამოსელი.
ტანსაცმელი სეზონის მიხედვითაც ირჩეოდა და კვირის დღეების მხრივაც. ეკლესიაში წასვლის ჟამს წამოისხამდნენ ლამაზ ხირღას და ბატონთან მისვლისას კი-ქათიბს. შინ პურის ჭამისას ქუქუნაკი ან ქურქი სცმიათ. ფეხზე საგარეოდ მოიხმარდნენ წითელ ან მწვანე, მაღალ მაშიებს, შინ კი ქოშებს. თუ ჩვეულებრივ დღეებში ჩით-ლაინის ტანსაცმელი ეცვათ, შაბათ-კვირას ატლასის ან სხვა ძვირფასი ქსოვილებისა.
ადრეულ პერიოდში არსებობდა წოდებისა და სოციალური მდგომარეობით გამორჩეულ პირთა სამოსელი, თუმცა ფორმისა და მოყვანილობის მხრივ ქართული ჩაცმა-დახურვა სხვადასხვა წოდებაში ბევრი არაფრით განსხვავდებოდა. საქართველოს ზოგიერთი კუთხისათვის დამახასიათებელი იყო სხვადასხვა სტილის ჩაცმულობა. მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო მამაკაცის ორიგინალური ტანსაცმელი „ჩაქურა“, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში-ხევსურეთში გავრცელებული იყო მამაკაცის დაქარგული ელემენტებით შედგენილი „ტალავარი“. ცალკე იყო ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ტყავის ტანსაცმელი-სამკვდელი (იხ), რომელსაც მკის დროს იცვამდნენ. ძველთაგანვე ერთმანეთს ემიჯნებოდა საშინაო და საგარეო დანიშნულების ტანსაცმელი. ეს უკანასკნელი დაძველებისა ან მოდიდან გასულობის გამოც საშინაო ხდებოდა. ჩვეულებრივ მიღებული ჩასაცმელიდან გამოყოფილი იყო სარიტუალო ჩასაცმელიც, რომელთა შორის სახელდებოდა როგორც საქორწინო, ისე სამგლოვიარო და მიცვალებულის საფლავში გასატანებელი სამოსელიც.
ტანსაცმლის ყოველი ტიპის ერთიან შემადგენლობაში შედიოდა როგორც ზეითი (ზედა) და ქვეშითი (ქვედა), ისე საცვლებიც. მართალია, სამოსელის ზოგადი ტერმინებიდან ბოლო დრომდე „ტანსაცმელი“ შემოგვრჩა, მაგრამ მასში იგულისხმება როგორც თავსაბურავი, ისე ფეხსამოს-ფეხსაცმელებიც.
იტ.: ი. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV, 1962.
ც. ბ.
სამოვარი - ჩაის დასაყენებელი ხელსაწყო. საქართველოში ჩაის დამკვიდრების შემდგომ გავრცელდა სამოვრის გამოყენების კულტურა, რომელიც რუსეთიდან შემოვიდა. სამოვრის გამოყენებამ ფართოდ მოიკიდა ფეხი საქალაქო ყოფაში, განსაკუთრებით საზეიმო შეკრებებისა და საოჯახო დღესასწაულების დროს. XIX ს. „ჩაიზე დაპატიჟება“ ერთგვარ მოდურ გატაცებად იქცა, რამაც წინ წამოსწია სამოვრის მოხმარების კულტურა. საუკეთესო სამოვრები საქართველოში შემოდიოდა რუსეთის ქალაქ ტულიდან.
ე. ნ.
სამრელო // სამირეულო - ხევსურეთში გავრცელებული წესის მიხედვით, თვიურის ან მშობიარობის დროს ქალი გადის ცალკე, სახელდახელოდ ნაგებ შენობაში და უაღრესად ძნელ პირობებში ატარებს ამ განსაცდელიან დროს. ოჯახის წევრები საჭმელსა და წყალს აწვდიან მორიდებით, რათა ისინიც არ გაუწმინდურდნენ. ამ ვითარებაში მყოფი ქალის სამყოფს ეწოდება სამრელო.
ე. ნ.
სამსჭუალი//სამჭვალი - ლურსმნის ძველ ქართული სახელწოდება. სამსჭვალები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის მასალებში გვხვდება. ანტიკური ხანის ძეგლებში აღმოჩენილია ძელებითა და მასიური რკინის სამსჭვალებით შეკრული სამარხი ნაგებობები. საგულისხმოა, რომ საქართველოში ინახებოდა ის სამსჭვალები, რომლითაც იესო ქრისტე იყო მილურსმული ჯვარზე.
ე. ნ.
სამტკიცი - წმინდად მოქსოვილი საცერი. სამტკიცით გაიცრებოდა სარიტუალო პურ-ნამცხვრის ფქვილი.
სამურველი - რკინის დაკბილულპირიანიი ცხენის საწმენდი, „ცხენთ საფხანი“, რომელსაც აქვს ხელის მტევნის გასაყრელი.
სამუხველი (იმერ.) //ელაიშთე (სამეგრ.)//ოგვადო (გურ.) - აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოსახვევი ხელსაწყო. ძაფი სამუხველზე იხვეოდა ცხელ წყალში ჩაყრილი აბრეშუმის პარკებიდან. სამუხველი შედგებოდა ბოლოში ვიწრო და შუაში ბრტყელი ფიცრის - „მკლავისა“ და ორკაპა ჯოხისაგან. „მკლავი“ თავისი ბრტყელი ნაწილით დამაგრებული იყო ორკაპა ჯოხზე. მკლავის ერთ-ერთ მხარეზე გამობმული იყო ძაფი. „მკლავის“ ორკაპა ჯოხზე ჩამოდების შემდეგ მარჯვენა ხელით იწყებოდა ძაფის ჯვარედინად დახვევა მკლავის ორივე მხარესა და ორკაპა ვერტიკალურ ჯოხის ნაწილებს შორის. დას. საქართველოში (იმერეთი) სამუხველი ბამბის ძაფის ამოსახვევადაც იყო გამოყენებული.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, 1957.
ლ. მ
სამუხლე - მუხლის ერთგვარი საფარი. იქ, სადაც პაიჭს (იხ.) ხმარობდნენ, სამუხლეც გამოიყენებოდა. ძირითადად პაიჭის დასამაგრებლად და მუხლის სიცივისგან დასაცავად. ძველად სამუხლე ბეწვგაუცლელი ტყავისგანაც უმზადებიათ. ტყავის დამუშავების განვითარებასთან ერთად სამუხლე ბეწვგაცლილი ტყავით შეიცვალა. სამუხლეს ერთი მტკაველის სიგრძე-სიგანის ტყავის ნაჭრისგან ამზადებდნენ. მას ორწვერი მოკლე თასმა აქვს გამობმული და მუხლს უკან იკვანძება. „როცა ჩვენებური მწყემსი ყიზლარში ზამთრობით ცხვარს მოსდევდა, აუცილებლად სამუხლეს იკეთებდა“ (სტეფანწმინდა).
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
სამფეხა თიხის - სხვადასხვა ზომის ზედადგარი, საგანგებოდ გამოძერწილი და გამომწვარი თიხის სამფეხა იხმარება ქურაში გამოსაწვავად შეწყობილი მოჭიქული ფიალის, ჯამის, ორჯამიანის და ბადიის ფსკერზე დასადებად, რათა ერთმანეთში ჩაწყობილმა ჭურჭელმა სრული გამოწვა მიიღოს. საქართველოში თიხის სამფეხის დამზადება დასტურდება ქართლში, კახეთსა და იმერეთში- სადაც მას „ბორჭყას“ ეძახიან. სამფეხა პატარა ზომისაა, რათა ჯამის ფსკერზე კარგად მოთავსდეს. მოჭიქული ჯამები მათ გარეშე ერთმანეთში არ ჩაიწყობა. ჯამში ჯერ ზედადგარი ჩაიდგმება და მის ზემოდან მოქცეული მეორე ჯამის ძირი ზედადგარს დაეყრდნობა (ჯამების ძირი მოუჭიქავია). სხვა ჯამების დაწყობაც (დაახლოებით 10 ერთეული) ამ წესით გრძელდება. სამფეხას წყალობით ჯამებს ცეცხლი კარგად უვლის და თან იცავს მათ ერთმანეთზე მიკვრისგან. საქართველოში გავრცელებული სამფეხას ტიპის ნიმუშები აღმოჩენილია კაპადოკიასა და ხერსონესში. ისინი ზუსტად იმეორებენ საქართველოში დადასტურებული სამფეხა - ზედადგრების ფორმებს.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, 1949. ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის, მმ, 1953.
მ. ზ.
სამჭედლო//სამჭედური (იმერ.) - სამჭედლო სახლი, ნაგებობა, ქოხი, სადაც ხელოსანი მჭედელი წარმართავს საქმიანობას. ერთი სამჭედლო ყველა სოფელში ფუნქციონირებდა და თითქმის XX ს-ის შუა ხანებამდე შემოინახა თავი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. „სამჭედლო ქოხს“ აქვს ფართო სარკმელი („დარაბა“). შუა ადგილას გამართულია სამჭედლო ქურა საბერველითა და ყველა საჭირო ინვენტარით (გრდემლი, საწრთობი, წყლის ჭურჭელი გეჯა // როფი, მანგანა, ხელკვერები, მარწუხები, ურო სხვადასხვა ზომის, სანახშირე გოდორი). კედლების გასწვრივ გამართულია თაროები სხვადასხვა იარაღისა და აქ გამოჭედილი მზა ნაწარმის დასაწყობად. სამჭედლო ქოხი ან ფარდული გამართული იყო, როგორც წესი, თვალსაჩინო ადგილას - სამიმოსვლო გზასთან, თემშარასთან, გზაჯვარედინზე, სოფლად - ცენტრში, მაგრამ საცხოვრებელი სახლებიდან მოშორებით, ცეცხლისა და შესაძლო ხანძრის თავიდან ასაცილებლად.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. ნ. რეხვიაშვილი, ქართული ხალხური მეტალურგია, 1964.
ა. გ.
სამჭიდობელი - ურმით თივის წაღებისას თივაზე ზემოდან გადაკრული ხის გრძელი ტოტი ან ლარტყა, რომლის ერთი თავი ურმის წინა საბანდშია ამოტარებული, ხოლო მეორე უკან კოფოზეა ბაწრით დამაგრებული. სამჭიდობელი კარგად აკავებს ურემზე დადგმულ თივას.
ე. ნ.
სანაჟურე-თიხის მოზრდილი ჭურჭელი, რომელშიც აგროვებდნენ მორჩენილ ღვინოს.
სანახი//სელი - კანაფის გაძენძილი თოკი, რომელსაც ხევსურები ხმარობდნენ ჭრილობის მოსაბანად და საფენად. მარილწყალში დაალბობდნენ და ჭრილობაზე დაადებდნენ, რაც აჩერებდა სისხლს, ახდენდა დეზინფექციას, მარილი კი კუმშავდა ჭრილობას. მარილიანი სელის ამოღების შემდეგ ექიმი ჭრილობას „კარაქმდნარით“, ერბოთი ან თაფლით გაპოხილი გაჟღენთილი სელით გატენიდა. ექიმი სელს ჭრილობაში ორი-სამი დღით დატოვებდა და შემდეგ ამოიღებდა.
ლიტ.: ნ. მინდაძე ქართული ხალხური მედიცინა. 1981.
ე. ნ.
სანაყი//როდინი (ქართლი, იმერ., სამცხე-ჯავახ.)//ფილი (კახ.)// ქვიჯა// ქვეჯა//ჩუგა (გურ.სამეგრ.)//სანივრია//ყუნჭი(ხევს.) - როგორც მეტალის, ასევე ხისა. საქართველოს სოფლებში ძირითადად ხის სანაყები იყო გავრცელებული. სანაყები მასში ჩასანაყი პროდუქტის შესაბამისად იყო სხვადასხვა მოყვანილობის. ჩვეულებრივი ზომის სანაყი-როდინები ფართოდაა გამოყენებული სამზარეულო საქმიანობაში. იგი წარმოადგენს მაგარი ხისგან გაკეთებულ წელვიწრო და ფართოპირიან ჭურჭელს, რომლის ძირი მყარია და მასიური, ხანგრძლივ ნაყვას რომ გაუძლოს. სანაყის პირში იყრება დასანაყავი პროდუქტი და ინაყება ხელში კარგად ჩასაბღუჯი ბუნებრივი მოგრძო რიყის ქვით ან ხის კაკვით. სანაყი პრეისტორიული ხანიდან გამოიყენებოდა მარცვლეულის დასაქუცმაცებლად, რომელმაც შემდეგ განვითარება პოვა დიდი ზომის საცეხველებში (იხ.).
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
სანდალი - ლაზური აფრებიანი ხომალდი, რომლის აგების ტრადიციები XIX ს. ბოლომდე შემორჩა ლაზეთის მოსახლეობაში. დაახლოებით 35-40 მეტრის სიგრძის ხომალდია, რომელსაც რამდენიმე ათასი ფუთი ტვირთის გადატანა და სამასამდე კაცის გადაყვანა შეეძლო. ჰქონდა ორი ანძა (იშვიათად სამანძიანიცაა), სანდალას კიჩოზე საგანგებოდ ყრიდნენ ქვებ,ს ცხვირი რომ აეწია და სწრაფად ეცურა.
ლიტ.: კუტალეიშვილი, ზღვაოსნობა საქართველოში, 1987.
ე. ნ.
სანდლი - თხელლანჩიანი და ტყავის თასმებიანი ფეხსაცმელი, რომელიც წვივებზე მაგრდება ამ თასმების მეშვეობით. მოგვიანებით სანდლებს შესაკრავად გაუჩნდათ ლითონის აბზინდები.
ე. ნ.
სანერბილო (ხევს.) - მიცვალებულთა სულებისთვის განკუთვნილი სარიტუალო დოღის დროს გამომცხვარი ხავიწისგულიანი მრგვალი პური, რომელიც მხედარს ეძლეოდა. სანერბილოს მხედარი ორ ნაწილად გაჭრიდა, ნახევარს ცხენის მომრთველ ქალს მისცემდა, ნახევარს თვითონ დაიტოვებდა.
ლიტ.: დ. გიორგაძე, ერთი ტრადიციული ჩვეულება აღმ. საქართველოს მთიანეთში, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. II, 2003.
ე. ნ.
სანთელი - აქ: სარიტუალო სანთელი. საუკეთესოა თაფლის გამოწურვის შემდეგ დარჩენილი ცვილისგან დამზადებული. შუაში ბამბის ძაფის პატრუქით, რომელიც იწვის. ეკლესიის სწავლებით, როგორც ყველაზე სუფთა ნივთიერება, ნიშნავს მორწმუნეთა გულწრფელობასა და სიწმინდეს. როგორც რბილი ნივთიერება, აღნიშნავს მორწმუნის მორჩილებასა და მზადყოფნას ცოდვების მონანიებისთვის, ასევე მორწმუნის არსის განწმენდას ღვთიური ცეცხლით. როგორც მრავალი სახის ყვავილისგან შეკრებილი, აღნიშნავს ყველა ქვეყნის ქრისტიანთა შესაწირს. სანთელი ნიშნავს სულიწმინდის მადლს, და ბოლოს, ნივთიერებას, რომელიც იწვის და იძლევა სინათლეს, ამ თვისებათა გამო სანთელი საუკეთესო შესაწირია ღვთისადმი. ცვილისა და ზეთის ქურდობა ისჯებოდა ეკლესიიდან განკვეთით. დიდო ზომის სანთელს კელაპტარი ჰქვია.
ლიტ.: მართლმადიდებლური მცირე ლექსიკონი, 2002. მოკლე განმარტება ლიტურღიისა, შეკრებული დეკ. გრიგოლ მანსვეტოვის მიერ. ჩყნბ წელსა.
ხ. ც.
სანთური - აღმოსავლური სიმებიანი დასარტყმელი საკრავი. ტრაპეციის ფორმის ხის კორპუსიანი, რომელიც ერთმანეთთან მიწებებული ფირფიტებით კეთდება. ტრაპეციის ფუძის გვერდების სიგრძეა 73 და 32სმ, სიმაღლე 27 სმ, გვერდების სიგანე 12 სმ. ზემოდან გაკეთებული აქვს სარეზონანსო ნახვრეტები, განლაგებული ვარსკვლავისებურად. სიმები ლითონისაა და გაბმულია ტრაპეციის ფუძის პარალელურად. სიმები ერთ, ორ და სამგუნდიანია. თითოეულ ჯგუფში შემავალი უნისონურად იწყობა. სიმების ჯგუფები ეყრდნობა ჯორაკებს, რომლებსაც გადააადგილებენ საჭიროების მიხედვით. სიმების რაოდენობაა 16-დან 24-მდე, წყობა ქრომატიული. დიაპაზონი ორ ოქტავამდე. აჟღერება ხდება ხის მსუბუქი ჯოხების სიმებზე დარტყმით. დაკვრის დროს საკრავი უდევთ მუხლზე ტრაპეციის დიდი ფუძით მუცელზე მიყრდნობილი. სანთური გამოიყენება სოლოდ, მაგრამ, როგორც წესი, იგი საზანდარის - აღმოსავლური ინსტრუმენტული ანსამბლის მონაწილეა. სანთური გავრცელებულია აღმოსავლურ ქვეყნებში, საქართველოში, კერძოდ, თბილისში, შემოვიდა საზანდართან ერთად.
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა, ქუთაისი, 1925.
სანიჭარი - 1. ქორწილში შესაწევარი. 2. საერთოდ შესაწევარი, საბოძვარი. 3. (მესხ.) შრომითი დახმარება გასამრჯელოს გარეშე (უკაცო ოჯახისათვის, რაიმე უბედურებისა თუ სხვა გაჭირვების შემთხვევაში, ოჯახის უფროსის ავადმყოფობის დროს და სხვა). თუ ოჯახი მუშახელისა და გამწევი ძალის უქონლობის გამო ვერ ერეოდა რომელიმე საშურ საქმეს (მოსავლის აღება, გადაზიდვა და სხვა), მღვდელი გადასძახებდა სოფელს და შეატყობინებდა ამის შესახებ. „წინაპირი“ ხალხი სასწრაფოდ შეიკრიბებოდა და მოეხმარებოდა ოჯახს ამ სამუშაოს შესრულებაში (ს. მუსხი). ოჯახი, რომელსაც ეხმარებოდნენ, შეძლებისდაგვარად უმასპინძლდებოდა დამხმარეებს. თუ სანიჭარი ძალიან გაჭირვებულ ოჯახს ეხმარებოდა, ყველა მონაწილე აგროვებდა სანოვაგეს და თვითონვე აწყობდა ვახშამს. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა იგივეა, რაც სამადლოდ დახმარება (ერწო-თიანეთი), შებრალებით შველა (მთიულეთი), შემწეობა (გურია), შენწოობა (სამეგრელო).
ლიტ.: ლ. ბერიაშვილი, მიწათმოქმედება მესხეთში, 1973. ი. დოლიძე, ძველი ქართული სამართალი, 1953. ს. მაკალათია, მესხეთ-ჯავახეთი, 1938.
თ. გ.
საოსტიგნე - სამზარეულო, სასადილო სახლი ან ოთახი ბერმონაზვნურ კომპოზიციაში. ხშირადაა მოხსენიებული ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში, მოგვიანებით მასთან ერთად დამკვიდრდა „სატრაპეზო“.
ე. ნ.
საოფლე//სარბილობელი - ცხენის აკაზმულობის ნაწილი. ნაბადი. ეფინება უნაგირის ქვეშ შიშველ ზურგს ცხენის შეკაზმვამდე, ოფლის შესაშრობად და ცხენის ზურგის დაზიანებისაგან დასაცავად.
ნ. ჯ.
საოქრომჭედლო - ოქრომჭედლის სამუშაოდ განკუთვნილი სახელოსნო. საოქრომჭედლო სახელოსნოს სიდიდე მომუშავეთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ის შეიძლება ძალიან პატარაც იყოს და შედარებით მოზრდილიც. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახელოსნოს ადგილმდებარეობასა და განთავსებას: ა) სახელოსნო გზის პირას უნდა მდებარეობდეს, ადვილად მისაგნებ ადგილას; ბ) სახელოსნო კარგად უნდა იყოს განათებული. პატარა საგნების მკეთებელს ზოგჯერ, ჩვეულებრივი თვალისათვის უჩინარი სამუშაოს შემსრულებელ ოსტატს, უსინათლო ადგილსამყოფელი არ გამოადგება. საქართველოს ერთ-ერთ დაწინაურებულ საოქრომჭედლო ცენტრში-ახალციხეში „ყვინჩებისა“ და ოქრო-ვერცხლის მჭედლების სახელოსნოები ერთმანეთის გვერდით იყო ჩამწკრივებული, ქუჩისაკენ ნათელი დარაბებით, პატარა ფიცრული შენობები, სადაც ხელოსნის მთელი საქმიანობა მიმდინარეობდა, ეს იყო ლითონის ჩამოსხმა, კვერვა, მოვერცხვლა, მოოქროვება, რჩილვა და ა.შ. ამავე დროს, სახელოსნო სავაჭრო დუქნის დანიშნულებასაც ასრულებდა. აქვე ხდებოდა დამზადებული ნივთების გაყიდვა. ხელოსანი დაბლა იჯდა დოშაკზე. წინ გამართული ჰქონდა დაბალი მაგიდა დახლივით, რომელზედაც განლაგებული იყო ხელსაწყო-იარაღები: სხვადასხვა ზომის ჩაქუჩები, ყალმები, მარწუხები, ქალაფთინი, ადიდა, ხიშტაკი თავისი ხოშებით, მაკრატელი, ჩიფთი (მაშა), ქლიბი, ზინდანები, სხვადასხვა სახის მანგანა, რიჯა, ფარგალი, თითბრის თარგები, ფჩა, დარიჯა, სიმქაში, რანდა და როვროვო, ორნამენტის გამოსაყვანი ბრინჯაოს ყალიბები და სხვ. ოქრომჭედელს თავისი მუდმივი საჯდომი ადგილის გვერდით მოწყობილი ჰქონდა ქურა - „ქორუგი“.
მ.ბ.
საოშუალო//ოშუალე - ჰორიზონტალური დაზგის ტიპი. შედგენილი იყო ოთხ-ოთხი ლატნით შეკრული ოთხი ბოძისგან. ზევით გადებულ ჯოხზე ჩამოკიდებული იყო ზინგი (დგიმი) და სავარცხელი. ზინგზე გამობმული იყო ორ-ორი თოკი. ქსოვისას თოკებზე, ფეხის გამოდებით, ძაფები თანმიმდევრობით ზევით და ქვევით აიწევ-დაიწეოდა. შესაბამისად მაქოც, ძაფების გახსნილ პირში მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით იქნებოდა გატარებული. სავარცხლით ჩაბეჭილი ნაქსოვი თანდათან ეხვეოდა მრგვალ ჯოხზე. „ოშუალეზე“ იქსოვებოდა აბრეშუმის, შალის, ბამბის, სელის ქსოვილები. გამოთქმულია ვარაუდი, რომ „ოშუალეზე“ სელის ქსოვა, კოლხური სელის ქსოვის ტრადიციებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, რის შესახებაც ცნობებს გვაწვდის ისტორიის მამა - ჰეროდოტე.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954.
ლ. მ.
საპალნე - 1. საზომი ერთეული. XIX ს-ის მასალებით იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში საპალნის ოდენობა 8-10 ფუთს შეადგენდა (დაახლ. 147 კგ). უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა საპალნე განსხვავებული ზომის იყო. ცხენის, ჯორისა და ხარის საპალნე თითქმის ერთი სიდიდის იყო, ვირის საპალნე კი მათზე 2-2,5-ჯერ ნაკლები. 2. ტვირთი, პალანზედ ასაკიდებელი. ქართულად ნიშნავს ნაკს, კეხს, უნაგირს. ფართოდ იყო გავრცელებული მახლობელ და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში. სიტყვა პალანი პირველად მოიხსენიება დაბადების ქართულ თარგმანში აქლემთან დაკავშირებით. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, საპალნე თავდაპირველად აქლემის ტვირთის აღმნიშვნელი ტერმინი უნდა ყოფილიყო, შემდგომში კი ყოველგვარი სახედარი საქონლის ტვირთის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა. თბილისსა და მის შემოგარენში, XIX ს-ში, საპალნეში 336 ჩარექს, ანუ 42 ჩაფ ღვინოს ანგარიშობდნენ (აქაური ჩაფი 8 ჩარექიანი საწყაო იყო). აქედან ორი ჩაფი შემდგომ დამატებითია. კახეთში საპალნეში 30 ჩაფი ღვინო ჩადიოდა, აქაც ისევე როგორც თბილისში ორ ჩაფს ამატებდნენ და 32-ჩაფიანად ანგარიშობდნენ.
ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის. გ. ჯაფარიძე, ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1974.
მ.ხ.
საპენტი//საპენტელა - ბამბისა და მატყლის საპენტი საშუალება. საპენტელას ხმარობდნენ როგორც დასავლეთის (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი), ისე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ქიზიყი, კახეთი, ქართლი, მთიულეთი).
ლიტ.: მსხში, ტ. II 1982.
ლ. მ.
საპირისწამლე - თოფისწამლის (დენთის) სატარებელი ჭურჭელი. მზადდებოდა სხვადასხვა მასალისაგან. ვინაიდან საქართველოში ფითილიანი თოფები არ იწარმოებოდა, შესაბამისად, საპირისწამლეების დამზადების ისტორიაც კაჟიანი თოფების პერიოდიდან იწყება (XVII-XVIIIსს.). საპირისწამლეები კეთდებოდა ხის, რქის, თითბრისა და ვერცხლისაგან. ქართულ და კავკასიურ საპირისწამლეებს ძირითადად მოღუნული, რქისებური ფორმა აქვთ, არსებობდა აგრეთვე გულის ფორმიანი საპირისწამლეებიც. დენთის ჭურჭელს აქვს ძვლის ან რქის ხუფი საკეტით, რომელზედაც დამაგრებულია ძვლის საწყაო (ანუ ერთი დოზა დენთის საზომი, განკუთვნილი ერთი გასროლისათვის). გადმოპირქვავების შემდეგ, როდესაც საწყაო გაივსებოდა დენთით, საკეტით დახურავდნენ ხუფს, რათა ზედმეტი დენთი არგადმოყრილიყო. საწყაოს ზომას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დენთის დაკლების შემთხვევაში გასროლა არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ხოლო გადაჭარბების შემთხვევაში სავალალოდ დამთავრდებოდა. მეიარაღე ხელოსნები, როდესაც დაამთავრებდნენ თოფის მორთვა-მოპირკეთებას, მისსავე დეკორატიულ გაფორმებას უკეთებდნენ საპირისწამლეებსაც, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა დენთის ჭურჭელი ცალკე მზადდებოდა, მათ ამ შემთხვევაში სადა მორთულობა ჰქონდათ. თოფისა და დამბაჩის საპირისწამლეების განსხვავება, შესაბამისად მათ ზომებში გამოიხატებოდა, ხოლო დამზადების ტექნიკით თითქმის ერთნაირი იყო.
ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი, სამაგისტრო ნაშრომი, 2000.
მ. ქ.
სარაჯი//მეკეხე//მეყაიშე - უნაგირისა და ცხენის საკაზმის ოსტატი, სარაჯებს „შორნიკადაც“ იხსენიებდნენ. ეს რუსული სიტყვაა და ნიშნავს მეუნაგირეს. XVIII საუკუნეში თბილისელი ხელოსნები უხვად ჰყიდდნენ ცხენის აღკაზმულობას, გარდა იმისა, რომ აკმაყოფილებდნენ ადგილობრივთ და მეზობელ სოფლებს, ამარაგებდნენ კავკასიის სხვა ხალხებსაც მთის ჩათვლით და მეზობელ ირანელებს. იოანე ბაგრატიონმა თავის სახელგანთქმულ „კალმასობაში“ აღწერა XVIII საუკუნის დასასრულისა და XIX ს-ის დამდეგის თბილისის უამრავი ხელოსნური ნაწარმით სავსე ბაზრის სახე: „თბილისური ბაზრის ნახვით დაინტერესებულმა პირებმა... რა წაიარეს მცირე, იხილეს სარაჯები, რომელ სავსე აქვნდათ დუქნები ცხენის იარაღებით მზადა“. სარაჯები ხარაზების ამქართან იყვნენ გაერთიანებული და ცხენის აღკაზმულობის (იხ.) საჭიროების გამო მათი შემოსავალი ხელოსნობის სარფიან დარგს მიეკუთვნებოდა.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
სარდიონი - სანახელაო ქვა, ქალცედონის წითელი ფერის სახესხვაობა, არის როგორც ბაცი, ასევე წმინდა, გამჭვირვალე ფერისა. ქართულად სარდიონს აყიყსაც უწოდებდნენ. ანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული მძივებად, გემმებად, ბეჭდისა და საყურეების თვლებად. მცხეთაში აღმოჩენილ ასპარუგ ერისთავის საბეჭდავ ოქროს ბეჭდის ბუდეში ჩასმულია სარდიონი და ზედ ოსტატურადაა ამოჭრილი პორტრეტული გემმა ახალგაზრდა ქალისა. ზოგადად სარდიონზე ამოჭრილი გემმები უკვე ძვ.წ. IVს. ჩნდება და მთელი მომდევნო ეპოქების განმავლობაში ქართულ საიუველირო ხელოვნებაში ყოველთვის აქტიურად გამოიყენებდნენ.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
სარეკელა - გრძელი ჯოხი დამაგრებულია ხვიმრაზე//ნავზე (ხევს.), ბოლოთი ებჯინება წისქვილის ზედა ქვას, რომლის მოძრაობის დროს ჯოხი ხტუნაობს და ხვიმრიდან//ნავიდან მარცვალი იყრება წისქვილის ქვის შუაგულში.
ლიტ.: მსხში, ტ. IV, 1976.
გ. გ.
სარეცელი (ძვ.) - საწოლი, საგებელი. „ცხედარი ითქმის შიშველი საგებელთაგან, ხოლო სარეცელად დადგმული და გარდაგებული“ (საბა).
სართვიანები - ზოგადი სახელი ისეთი ტიპის ნამცხვრებისა, რომელთა შიგთავსია ყველი, მხალი, ლობიო, ქონი, ნიგოზი, კარტოფილი, ხორცი, სოიო და სხვ. აქედან ყველაზე გავრცელებული იყო ხაჭაპური, ლობიანი, მხლოვანი, ქონიანი, ნიგვზისგულიანი, ბაჭულები, კოტორი, კუბდარი, ჭვიშტარი, ფეტდვიარი და სხვ. ზოგიერთ ასეთ ნამცხვარს გამოკვეთილი მაგიური დანიშნულება ჰქონდა და მასში წმინდა საკვების საკრალური ფუნქციაა მოცემული. ამ იდეის გამოხატულებას წარმოადგენს რაჭული და სვანური სართვიანების (ლობიანი, კუბდარი) საჭრეთელათი მოჭრელება, რომელთა ფორმაში მზის სიმბოლური გამოსახულებაა ნავარაუდევი. ასეთი პურები სხვადასხვა სამიზეზო მოთხოვნილებათა გათვალისწინებით კეთდებოდა (ავადმყოფის გამოჯანმრთელების, წვიმის გამოწვევის, ბატონების გადალოცვის და სხვა მიზნით), ამავე დროს, სართვიანები ცხვებოდნენ ზებუნებრივი ძალებისადმი ძღვენად მისაგებად, რათა ისინი თავიანთ მიმართ კეთილად განეწყოთ.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე. ნ.
სარი - ვაზის საყრდენი ხისა. სარს შეუდგამენ ან სარზე მიაკრავენ ვენახს, რათა ვაზი ადვილი მოსავლელი იყოს, ლერწები მიწაზე არ დაიყაროს და ვენახი არ დაზიანდეს. საუკეთესო სარი გამოდის მუხის, წაბლისა და ეკლის ხისაგან. სარს ამზადებენ საგანგებოდ, მოჭრიან ხეს და დახეთქავენ იმსისხოდ, რომ ხელში ადვილი მოსახერხებელი იყოს, დაოთხილ ნაპობებს კარგად გაასუფთავებენ ნაჯახით, შემდეგ წაუთლიან წვერს და ღრმად მიუსობენ ვენახს. სარისათვის პირის წათლა ხდება 2-3 წელიწადში ერთხელ. სარზე აკრული ვენახი ყოველმხრივ დაცულია და მოსავლელად ადვილი. ვენახის შესადგმელად ასევე გამოიყენებდნენ ჭიგოს (იხ.).
ე. ნ.
სარიოში (რაჭ.) - ხის დიდი კათხა, რომელსაც სმურობის დროს მაგიდაზე იყენებდნენ, როგორც ღვინის სათავსს და სასმისებში იქიდან გადაჰქონდათ ღვინო.
სარკვევი - ფრიალა საინის ფორმის ხის ჭურჭელი, რომელსაც პურის გასარჩევად ხმარობდნენ ოჯახში (იმე.).
გ. გ.
სარკოფაგი - მიცვალებულის ჩასასვენებელი ქვის ყუთი, სასულიერო მოღვაწეთა და სოციალურად დაწინაურებული მაღალი ფენის წარმომადგენელთა განსასვენებელი. დროთა განმავლობაში ერთ სარკოფაგში შესაძლოა რამდენიმე მიცვალებული დამარხულიყო. სარკოფაგები იდგმებოდა საგვარეულო საძვალეში, ეკლესიის ეკვდერებში ან იმარხებოდა მიწისქვეშ. იტალიის კატაკომბებში მიკვლეულ იქნა ქრისტიანული სიმბოლიკით უხვად შემკული სარკოფაგები, რაც დამადასტურებელია იმისა, რომ ასეთი სარკოფაგები თავიდანვე ადამიანთა სახილველად იყო გამიზნული. საქართველოში სარკოფაგები მიკვლეულია ქვემო ალმეში (აჭარა), სადგერში, თბილისში, ურბნისში, ნიქოზში, კავთისხევში, შულავერში, ბალიჭში, მცხეთაში, სულ 27-ზე მეტი ნიმუში. მათგან უმეტესობას შემკულობა არ გააჩნია, რამდენიმე კი ძუნწადაა შემკული. საქართველოში აღმოჩენილი სარკოფაგები ბანურსახურავიანი და ორფერდსახურავიანია. ადრეული ქრისტიანობის დროინდელი მცხეთური სარკოფაგები წარმოადგენენ მიწისქვეშა სამარხებს, შუაფეოდალური ხანიდან კი იწყება მათი გამოჩენა ღია ადგილებში - ეკლესიებსა და ეკვდერებში. ასეთი სარკოფაგის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს ბალიჭის სარკოფაგი, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი და წარწერა; გვიანფეოდალურ ხანაში სარკოფაგმა მისცა ბიძგი მემორიალურ კულტურაში ასეთი ტიპის საფლავის ლოდების წარმოშობას.
ლიტ.: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001. ვ.ჯაფარიძე, სოფ. ბალიჭის სარკოფაგი, „მაცნე“, №2,1976.
ე. ნ.
სარტყელი - ქალისა და მამაკაცის წელსარტყამი (საბა). კერავდნენ სხვადასხვა სახის ნაჭრისაგან და ასევე ქსოვდნენ შალისა და აბრეშუმის ფერადი ძაფებისაგან. ხმარობდნენ როგორც ვიწრო და მოკლე, ასევე ფართო და გრძელ სარტყლებსაც, რომელთა ჩამოშვებული, ზოგჯერ ფოჩიანი ბოლოები ტოტების როლს ასრულებდნენ (ფშავი, რაჭა, სვანეთი). ასეთი ტიპის ქსოვილის სარტყლებით მამაკაცებიც სარგებლობდნენ. მათ რიგშია მისათვლელი გურიასა და აჭარაში საკმაოდ ცნობილი ჩაქურას კომპლექტში შემავალი თოლაბულუსის სამფერი სარტყელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ქალები კაბაზე ირტყამდნენ შალის ფერადი ძაფებით დაზგაზე მოქსოვილ ვიწრო და ფოჩებჩამოშლილ სარტყლებს.
შალის ოთხკუთხა სარტყელი ქალის ჩასაცმელის აუცილებელი ატრიბუტი ყოფილა, რომელსაც ქორწილის დროს პატარძალს ძმა შემოარტყამდა წელზე. ქალისა და მამაკაცის ძაფებით დაწნულ სარტყელს მოხევეებში „ქარშიკი“ ერქვა, აჭარაში კი - „თორ“-ი.
ეკლესიაშიც ატარებდნენ სარტყლებს. დიაკვანი მარჯვენა მხარზე და მღვდელი კი მკერდზე.
სარტყლის შემოხსნა დასჯის ფორმადაც კი იყო მიღებული. ქალთა წრეში მისი ერთ-ერთი დანიშნულება ავი თვალისაგან დაცვაა. ძველებური რწმენით, სარტყელზე გადაზომვით შესაძლებელი ხდებოდა შეშინებული ადამიანის გამოლოცვაც. სარტყელთა დიდი ნაწილი მზადდებოდა ვერცხლისა და ტყავისაგან. ვერცხლის სარტყელებში სრულყოფილად გამოვლინდა კავკასიის ხალხთა ოქრომჭედლობის თვითმყოფადი საოქრომჭედლო კულტურა. ვერცხლის სარტყლები დანიშნულებით იყო სამამაკაცო და სადიაცო, ბალთების გაწყობით - ერთიანი, მიჯრით მიწყობილი და „ნაჭრიანი“, აგებულებით - ყურუმი (მასიური) და ჭვირული, ანუ ბანდული; მოკაზმულობით-მინანქრიანი, სევადიანი, ოქროცურვილი, გრეხილურ-ცვარული და სხვ. საკინძის მიხედვით გობაკიანი და აბზინდიანი. პირველი დამახასიათებელია აღმოსავლეთ, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოსთვის. აქედან გამოყენების თვალსაზრისით, უფრო დღეგრძელი გამოდგა აბზინდიანი სარტყელები, რომელიც ნაციონალური ტანსაცმლის განუყრელ ატრიბუტად იქცა. რაც შეეხება გობაკიან სარტყელებს, მათი ყოფიდან გასვლა გამოიწვია იმ პროფესიათა მოშლამ, რომელთა წარმომადგენლებიც ასეთ სარტყელებს ატარებდნენ (მაგ., ქალაქის ამქრის წარმომადგენლები, ყარაჩოღელები და სხვა. ასეთი სარტყელი შედგება: ბალთების, გობაკის, აბზინდის, ენის, ჯინჯილისა და ღვედისაგან.). მეორე რიგის სარტყელებს წარმოადგენდა ე.წ. აბზინდიანი, ანუ იმერული სარტყელები როგორც სადა ასევე ვერცხლის დეტალებით გაწყობილნი. ესაა ტყავის ღვედი, რომელსაც აქვს: აბზინდი, ენა, ხიდი, ღილი, საქონე, საკვესი და სხვა სამშვენისი დეტალები. ქართული ჩოხა ასეთი სარტყელ-ქამრის გარეშე წარმოუდგენლი იყო.
ქალთა სარტყელების განსაკუთრებით გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს ე.წ. ჭვირული (ბანდული) სარტყელები, რომელიც წმინდა ხელობით იყო ნაკეთები, ასეთი სარტყელებით განსაკუთრებით ცნობილი იყო ახალციხე და ამიტომაც ასეთებს „ახალციხურსაც“ უწოდებდნენ. სარტყელებს ძირითადად ამზადებდნენ საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა ქალაქებში და დღევანდელამდე შემორჩენილი ნივთიერი მასალების ავტორებიდან ცნობილია: ძაძამიძის, ჯიქიას, ჯანელიძის, იმედაძის, არჩუაძის, ნიკოლაიშვილის, ლაბაძის, ბერუჩევის ნახელავი სარტყელები, ასევე სხვადასხვა ინიციალებით შემკული უამრავი სარტყელი, რომელთა ავტორთა ვინაობა დაუდგენელია.
ტერმინი „სარტყელი“ ქამართან ერთად თანაარსებობდა ეთნოგრაფიულ ყოფაში. ივ. ჯავახიშვილს ქამარი მიაჩნდა კავკასიურ ენათა უძველეს სიტყვად და მას უკავშირებდა „კამარას“. სარტყელების უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ადრეული ბრინჯაოს მასალებში და მის შემდგომ იგი განუწყვეტლივ იხმარება როგორც კოსტუმის პრაქტიკული საჭიროებისათვის, ასევე სამშვენისის ფუნქციითაც.
ლიტ.: ლ. ბედუკიძე, ლ. სოსელია, მ. ჩართოლანი, სარტყელების კატალოგი, 1967.
ე. ნ. ც.ბ.
სარქველი - აქ: აღმოსავლეთ საქართველოში ქვევრის სახურავი, რომელიც გაკეთებული იყო სიპი ქვისაგან. იმერეთში ასეთ სახურავად ხის მასალა გამოიყენებოდა (იხ. ბადიმი), გურიაში ასეთ სარქველს „როგო“ ეწოდება, ხოლო სამეგრელოში - ორგუ. სამეგრელოში სცოდნიათ ჭურ-ქვევრის პირზე ჯერ ბლის ქერქის დაფარება და შემდეგ სარქველისა, ზოგჯერ ეს სარქველი ქვისაც იყო.
ე. ნ.
სარჩეველა - ხის ტარიანი იარაღი, წალდის ტიპის, რომლითაც სარს წაუჩეკავენ წვერს.
სარჩუტა (შ. ქართ.) - ახლად მოსული პატარა ვაზის მისასობი ჯოხი, ჩხირი.
სარცხი//სარცხლი//ორჩხეში (მეგრ.) - ჭურის სარეცხი ხელსაწყო, ბლის ან არყის ხის ოთხკუთხად გამოჭრილი ქერქი, რომლებიც ერთმანეთზე მჭიდროდაა დალაგებული და შიგ გაყრილია ხის ტარი: სარცხი ორი სახისაა „საზედაო“, ანუ გრძელტარიანი, ჭურის სიმაღლის შესაფერისი, მრეცხავმა რომ პირდაპირ ჭურისთავიდან რეცხოს და „საქვედაო“, ანუ ჩასავალი ჭურის გასარეცხი, რომელსაც აქეთ-იქით მოკლე ხელის ჩასაბღუჯი ტარები აქვს. სარცხის დასამზადებლად ლოპრობის დროს დანით დასერავენ ხის გარეთა მაგარ კანს და ააძრობენ ნაჭრებად, შემდეგ ამ ნაჭრებს სიმძიმის ქვეშ გაასწორებენ. როცა შუაში ქერქები მოდგება ოთხკუთ სატარეებს გამოუჭრიან, ერთმანეთზე მჭიდროდ დაალაგებენ, შიგ თხილის ტარს გაუყრიან, კიდევ დაჭიმავენ და წინასწარ გამზადებულ ნახვრეტში რიკს გაუკეთებენ. დიდი მეურნეობის მქონე მეღვინეს რამდენიმე სარცხი აქვს სხვადასხვა სიდიდს ჭურებისთვის. რეცხვისას სარცხი ხელში შეტრიალებით უნდა ამუშაოს მრეცხავმა, რათა რომელიმე მხარეს ზედმეტად არ გაცვითოს და არაპროპორციული არ გახდეს. სარცხით კარგად გარეცხილი ჭური საიმედოს ხდის ღვინის უნაკლოდ შენახვას.
ე. ნ.
სარწყული ჭურჭელი - წყლის ჭურჭლის ზოგადი სახელი, სადაც ერთიანდება: კუტალი, წურწუმა, მათარა, თასუხა, თულუხი, გოვზაკი, სტამნი, მწარე გოგრისგან დამზადებული ჭურჭელი და სხვა. ამავე რიგში ექცევა ჩაფი, კოკა, თუნგი, ორძირა, კოფა, ჯიმური და სხვა.
გ.გ.
სასანთლე - 1. ბუხრის ყელის გამოწეული კარნიზი, რომელსაც უკეთდება ნიშები და ხშირად შემკულია სხვადასხვა სიუჟეტით. გამოიყენებდა სანთლის ან ნებისმიერი სანათი საშუალების დასაგდმელად. 2. (ხევს.) შესაწირავის ერთობლიობა ხევსურეთში. მაგ. რიტუალის დროს ჩამოქნილ სანთლებს, ქადებთან ერთად, თითოეული სალოცავის სახელზე ცალ-ცალკე ჩამოარიგებენ ტაბლაზე. ასეთი სასანთლე შეიძლება იყოს ერთიდან 15 -მდე და უფრო მეტიც. სასანთლე დაიდგმება თითოეული სალოცავის სახელზე. რიტუალის შესრულებისას ხუცესი ერთი მხრიდან მიყვება სასანთლეებს და რომელიც რომელ სალოცავს ეკუთვნის, იმის მიხედვით დაილოცება. 3. სანთლის ასანთები, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული.
ლიტ.: ა. ოჩიაური ქართ. ხალხ. დღეობათა კალენდარი, 1991.
ე. ნ.
სასანთლე//შანდალი - სანთლის ჩასამაგრებელი ჭურჭელი. გამოიყენებოდა როგორც ერთსანთლიანი, ასევე მრავალშტოიანი//მრავალსანთლიანი. სანთელს გააჩნია ღერო, ძირი, ბუდე, სანთლის დასაღვენთი ფირიფტა და ზოგიერთ შემთხვევაში სახელური. სასანთლე იყო დასადგმელი, კედელზე დასაკიდებელი და ჭერში ჩამოსაკიდიც. მრავალტოტიან სასანთლეს კანდელაბრი ჰქვია, ხოლო ეკლესიაში გამოსაყენებელ დიდ სანთელს - კანდელი. აქედანაა წარმოებული გვარი, „კანდელაკი“ რაც სანთლის ამნთებს ნიშნავს.
ე.ნ.
სასაფეთქლე//ზილფი - სამკაული ოქროსი, ვერცხლის ან სპილენძისა (მოოქროვილი ან მოვერცხლილი) ამ სამკაულს კავებსაც უწოდებდნენ. მათი გავრცელების არეალი სამხრეთით არტანუჯს აღწევდა, აღმოსავლეთით საინგილოსა (ისტორიულ ჰერეთს) და დაღესტანს (წახურელ ლეკებს), სადაც „ყოჩ ბოინზუდ“იწოდება. სასაფეთქლეს მესხეთ-ჯავახეთში გავრცელებული სახელწოდება - „ზილფი“ დასახელებულია მე-17 საუკუნის მზითვის წიგნში, სამკაულ „ჯიღას“ შემადგენელ ელემენტად. სულხან-საბა ორბელიანთან ზილფი განმარტებულია როგორც „წინამო“, „ღულამბარი“ და „მაწაკი“. ბესიკ გაბაშვილი - ლექსში „ტანო ტატანო“ - ზილფებს კავების სინონიმად ხმარობს. სპარსული ენის განმარტებით ლექსიკონში „ზილფ“ კულულს, ხვეულს ნიშნავს. სავარაუდოა, სასაფეთქლე საკიდების ქართული სახელი „კავები“ - მომდინარეობდეს ქართლ-კახური თავსამკაულის, ე.წ. „კავებიდან“.
მ.ბ.
სასაფლაო - მიცვალებულთა სამარხავი საერთო ადგილი, ტერიტორია. სასაფლაოებისადმი თაყვანისცემა წარმართული და ქრისტიანული რელიგიების დამახასიათებელი მოვლენაა. იგი ძალზე გავრცელებული იყო კავაკასიის ხალხებში. გამორჩეულ ადამიანთა საფლავები თაყვანისცემის ობიექტად იყო მიღებული, ხოლო წმინდანთა საფლავების ცხოველმყოფელი და განმკურნებელი ძალა აღიარებული იყო ქრისტიანული მრწამსით. ქართულ ისტორიულ ქრონიკებში სასაფალო წარმოგვიდგება ამა თუ იმ მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლის საკუთრების აუცილებელ შემადგენელ ნაწილად. საქართველოში ყოველ სოფელს თავისი სასაფლაო გააჩნია, სადაც დადასტურებულა მემორიალური კულტურის სხვადასხვა ტიპის ძეგლები.
ლიტ.: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალურ კულტურა, 2001.
ე. ნ.
სასაფუვრე (ლეჩხ.)//ლასფავრ (სვან.) - ხის ან თიხის პატარა ჭურჭელი, რომელიც მჟავე ცომის - საფუარის დასამზადებლად და შესანახად იხმარებოდა. ეს ფუნქცია მას გვიან უნდა ჰქონდეს შეძენილი, დაახლოებით იმ დროს, როცა კულტურული პურის რაოდენობა გაიზარდა. თავდაპირველად ამ ტიპის ჭურჭელი გამოყენებული უნდა ყოფილიყო ქერის ფქვილის საზელად, რომელიც ნაკლებად წელვადია. როცა კულტურული ხორბლეულის მარაგი გაიზარდა, განსაკუთრებით ბარში, სასაფუვრემ დაკარგა თავისი თავდაპირველი მნიშვნელობა და იგი საფუვრის ამოსაყვან ჭურჭლად იქცა. სვანეთში, სადაც ქერის წარმოებას ბოლომდე მისდევდნენ, სასაფუვრეში ხდებოდა ქერის ფქვილით მოზელა, ე.ი. ამ რეგიონში მან შეინარჩუნა თავისი ოდინდელი ფუნქცია.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
სასიმინდე - სიმინდის ტაროს შესანახ-სახმობი ნაგებობა. ძირითადად გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. ყველა სასიმინდე აგებულია იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ მასში ჰაერმა იოლად იმოძრაოს და გამოაშროს შემოდგომით მასში შეყრილი სიმინდი. სასიმინდე ჩვეულებრივ ორი განყოფილებისაგან შედგება. ერთი მოწნულია წკნელით, რომ ჰაერმა იოლად იმოძრაოს და სიმინდი გააშროს ხოლო მეორე განყოფილება გათლილი ფიცრითაა ნაშენი, სადაც გამხმარ სიმინდს ფშვნიან, ზოგჯერ ამ განყოფილების იატაკი დახვრეტილია და ტაროს ცეხვა-ფშვნისას სიმინდი დაბლა იყრება. სასიმინდე ზოგჯერ ხულას (იხ.) ელემენტებსაც ითავსებდა და გვევლინება ორსართულიანად. იგი, როგორც წესი, გამართული იყო ხის ან ქვის ბოძებზე. სასიმინდეებს ჰქონდათ საკეტები და არ უკეთდებოდა მუდმივი კიბე. შქერისა და თხილის წკნელით მოწნული სასიმინდეები გამოირჩევა წვნის დახვეწილი ხელოვნებით. ასეთი ტიპის სასიმინდეებს ეწოდებათ: ძარული, ლასტური, ჩელტური, გრიგლური, ღომური. გარდა ამისა, არსებობდა ფიცრული სასიმინდეები, რომლის ფიცრები აჟურული ხარატულებით იყო გამოყვანილი. სასიმინდე, როგორც უაღრესად საჭირო პროდუქტის შესანახი ნაგებობა, განაწყობდა ადამიანს იგი ესთეტიკურად ელამაზებინა და ამ სურვილის რეალიზაციამ წარმოშვა სასიმინდეთა ულამაზესი ტიპები.
ე. ნ.
სასწორი - მასის ასაწონი მექანიკური ხელსაწყო. სასწორის უძველესი ნიმუშები დასტურდება ძველ ბაბილონსა (ძვ. წ. 2500 წ.) და ძველ ეგტვიპტეში (ძვ. წ. 2000 წ.). სასწორი არის ტოლმხარა და არატოლმხარა. XII ს. არაბმა მეცნიერმა ალ ხაზინიმ პირველად აღწერა თეფშებიანი სასწორი. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება როგორც ტოლმხარა (მისი ყველაზე განვითარებული სახეობაა თეფშებიანი და პინებიანი სასწორი), ასევე არატოლმხარა სასწორები, ამ უკანასკნელის ნიმუშია სამეგრელოში გავრცელებული სასწორი ლაღანკონი//ღაღანაკი.
ლიტ.: ქსე, ტ. IX, 1985 წ.
ე.ნ
სასწორი ყუთით - საოქრომჭედლო სასწორი, რომლის კომპლექსში შედიდოდა თეფში, უღელი, ენა, ტარი, საწონები - სხვადასხვა წონის. მაგ., ერთმისხლიანი, ორმისხლიანი და ა.შ. ან ერთდანგიანი, ორდანგიანი სასწრაფო - აქ: ჩანთა მასრებისა და ვაზნების ჩასაწყობად. თითო მასრაში ერთი გასროლა წამალი იყო ჩაყრილი; „ჩამოიღო თოფი, სასწრაფო და საპირისწამლე“ (ვაჟა).
ნ. ჯ.
სასხლავი - ხელით სამუშაო რკინის ხისტარიანი იარაღი. მისი თავისებურებაა გრძელი, წვერიანი და კაუჭა ცხვირი. ტარისათვის შერჩეულია ხის ისეთი ჯიში, რომელიც ადვილად არ სკდება. გარდა ე.წ. ყურნწიანი სასხლავისა, არსებობს „სარჩოლიანი“ და ბრტყელენიანი სასხლავებიც. ამ იარაღის ფუნქცია არის გადაბელვა და გასხეპვა, ჩირგვების მოჩეხვა, წვრილი წნელის მოჭრა, მაგრამ ძირითადია ბაღის ხეხილის გაწმენდა და გასხვლა. სასხლავი გავრცელებულია ბარის რეგიონებში, მთის ზოლში იგი იშვიათობაა.
ლიტ.: ნ.რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
ა. გ.
სატკრციალო//ჭრიალა//საჩხარუნებელი - განეკუთვნება ე.წ. თვითმჟღერ საკრავთა ჯგუფს. შედგება 3-4 მართკუთხედის ფორმის ხის ფირფიტისაგან, რომლებიც მოძრავად არიან დამაგრებული სახელურზე. დაკვრის დროს საკრავს იქნევენ და ფირფიტების ერთმანეთზე დარტყმით ხდება აჟღერება. საკრავის დანიშნულებაა ცეკვის რიტმული თანხლება. ამ საკრავის ანალოგიურია ჩრდილო კავკასიის ხალხებში გავრცელებული საკრავები (მაგალითად, ადიღური ფხაწჩ, ყარაჩაელების ხარს, ოსების კარცგანაგ).
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, 1940; К. Вертков, Г. Благодатов, Э. Язовицкая, Атлас музыкальных инструментов народов СССР, М. 1963.
მ. შ.
სატუკელა//სატენელა (რაჭ.) - საწნახელში ყურძნის ჩასატკეპნი თავმსხვილი ჯოხი.
საუბნო ქადა - ხევსურეთსა და მესხეთში საქორწილო ცერემონიალის შესრულების დროს საგანგებოდ გამომცხვარი პური. მის მოსამზადებლად საჭირო იყო 8-9 კგ ფქვილი, 1 ლიტრა ერბო და 2-3კგ ყველი. მას იშვიათად საგვარეულო ქადას (რადგან უბანი ერთ დროს ერთი გვარის მქონე ხალხის სამოსახლო იყო) და აწესო ნამცხვარსაც უწოდებდნენ.
ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა.
საუჭმელო - ნეფე-პატარძლის ჯვრისწერის შემდეგ, საქორწილო ნადიმის დაწყების დროს ნეფე ჩუმად იყო და ხელს არაფერს ჰკიდებდა. ამის გამო ხალხო აყვირდებოდა: „ნეფე იბუტება.საუჭმელო, საუჭმელოო“. მაშინ სიდედრი ვალდებული იყო მიერთმია სასიძოსათვის ხალათი, ბაღდადი, ვერცხლის ქამარი ან სხვა რაიმე ნივთი, რომელსაც საუჭმელო ერქვა. ამის შემდეგ ნეფე გამხიარულდებოდა და დაიწყებდა ჭამას.
გ. ა.
საფეხნო//საფიხვნო - ადგილი, სადაც ხევსურები თავს იყრიან და თავიანთ საჭიროებაზე მსჯელობენ. „ფეხონი“ ეწოდებოდა სოფლის მამაკაცთა ყრილობას, „საფეხნო“ კი ამ კრებულისათვის განკუთვნილ ნაგებობას ან ადგილს. საფეხნოში, გარდა საქმის გარჩევისა და საუბრისა, თავს იქცევდნენ მსუბუქი საოჯახო ხელსაქმით. საფეხნოში ქალს შესვლა აკრძალული ჰქონდა. ტრადიციული საფეხნო იყო გამართული შატილში, რომელიც წარმოადგენდა ყორით ნაგებ ფარდულის ტიპის შენობას, რომელსაც წინა კედელი არ ჰქონდა. საფეხნოში განლაგებული იყო საუფროსო სკამი და ქვის სიპები, რომელზედაც უხუცესები სხდებოდნენ. საფეხნოს კედელში დატანებული იყო რამდენიმე სიპი ე.წ. „დუქანი“ სხვადასხვანივთების დასაწყობად. შატილის საფეხნოში ტყავის საზელი ხელსაწყო „ხიმუნი“ იყო მოთავსებული. აქ მეტწილად ხელსაქმობის ისეთი სამუშაოები სრულდებოდა, რომელიც კოლექტიურ შრომას მოითხოვდა. საფეხნოში გრეხდნენ მუშს (ხის ქერქის თოკი), ამზადებდნენ ქალამნებს, თოფის წამალს და სხვა.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ხალხური მმართველობის ისტორიიდან ხევსურეთში, მსე ტVII, 1955.
ე. ნ.
საფირონი - ლურჯი ფერის სანახელაო ქვა. ქართველი ლექსიკოგრაფები მას ლურჯ იაგუნდათ განმარტავენ. არქეოლოგიურ ძეგლებში თითქმის არ გვხვდება. ამ ქვით შემკულია შუა საუკუნეების რამდენიმე ხატი. მაგ.: ხობის და მარტვილის ხატები, სიონის ტაძრის საპატრიარქოს მიტრა, საქართველოში ეს ქვა ექსპორტის საგანს წარმოადგენდა.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
საფლავის ქვა - მიცვალებულის სამარხზე დადგმული ქვის ძეგლი. ზოგადი სახელი ყველა ტიპის ძეგლისა, რომელიც ამ მიზნით გამოიყენებოდა. საფლავის ქვის ტიპებია ლოდი, ქვაჯვარი, სტელა, მატური, სახლის, ეკლესიისა და ეკვდერის მინიატურული ასლები, ზოომორფული (ცხვრისა და ცხენის ქანდაკებანი) და ანთროპომორფული (ადამიანის) ქანდაკებანი. საფლავის ქვებისთვის დამახასიათებელია ქრისტიანული სიმბოლოები, მცენარეული და ცხოველური ორნამენტები, სოლარული ნიშნები, სამეურნეო და საბრძოლო იარაღები. უაღრესად მნიშვნელოვანია მათზე დაწერილი ეპიტაფიები. საფლავზე ქვის დადგმის წესის ცხოველმყოფელობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამ დარგის აღმავლობა.
ე. ნ.
საფოთარა - ფრინველის მძლავრი ფრთებისაგან შეკრული კონა, რომლითაც წისქვილში დაგროვილ ხრილს გადახვეტავდნენ. იყენებდნენ სუფრის ნარჩენების გადმოსახვეტადაც.
ე.ნ.
საფრიელა - ოთხკუთხედად მოწნული სახელურებიანი ჩელტი, რომელსაც ქვემო იმერეთში ხმარობდნენ მარცვლეულის გასანიავებლად.
ლიტ. ქელ.2009
საფუარი ლუდისა// ჭიჭი (ხევს.)// ჩამა// (ფშ.)// წვერის თხლე (თუშ.). - ლუდის უცეცხლოდ ასადუღებელი. ესაა ლუდის ფორის-პირველი დუღილისას წამოსული ქაფი - ერთგვარი დურდო, რომელსაც მოხდიან ქაფქირით, ქატოსთან ერთად შეზელენ, გაახმობენ და შეინახავენ. ლუდის საფუებლად ამ მასას სისწვენში გახსნიან და ჩაასხავენ კოდში, სადაც უნდა მოხდეს ლუდის დადუღება. საფუვრის სისწვენში შერევას ხევსურები „შაყრას“ უწოდებენ. მესაფუვრე ხევისბერი სისწვენისა და საფუვრის შაყრისას განიბანება, რადგან ფუება გაცოცხლების პროცესადაა აღქმული და მას რიტუალური მნიშვნელობა ენიჭება.
ე. ნ.
საფუხარი - 1. ლითონის სხეპლით ნაქსოვი საბრძოლო ხელთათმანი, ხელის მტევნის დასაცავი. არსებობს ორი სახის საფუხარი, პირველი, - რომელიც წარმოადგენს ნაქსოვი ჯაჭვის ხელთათმანს, რომელშიც გამოცალკევებულია მხოლოდ ცერა თითი, და მეორე რომელიც იმავე ფორმისაა, ოღონდ არა ხელთათმანი, არამედ ტყავზე დამაგრებული ჯაჭვი, რომელიც ზემოდან იცავს ხელის მტევანს. ცერა თითი გაყრილია ტყავის ქვემოთ არსებულ თასმაზე, ასევე თასმითაა დამაგრებული ხელისგულიც. ტყავის დანარჩენი ნაწილი, რომელიც მაჯის ზემოთ ადის, ასევე ტყავის ან ქსოვილის თასმით იკვრება. 2. შალის ხელთათმანი. თითებიანი დაუთითებო. ერთთითა საფუხარს ხელმაჯი ჰქვია. ხევსურებში გვხვდება ნაქარგობითა და მძივ-ღილებით შემკული.
მ. ქ.
საფხაჭი - ერთმანეთზე შეტყუპებული ორი არათანაბარმხრიანი ჯოხი, რომლის ბოლოებზე აქეთ-იქით თავწაჭრილი ლურსმნებია დამაგრებული, მხრები ერთი გრძელია და ერთიც მოკლე, მათი საშუალებით დასამუშავებულ ქვაზე მოიხაზება ის ნაწილი, რომელიც უნდა ჩამოამტვრიან და ქვა ზომაში მოიყვანონ. საფხაჭს ამავე მიზნით ხმარობენ ხის ფიცარზედაც.
ე. ნ.
საქონე - ხის, ლითონის ან ძვირფასი ლითონის ყუთი, ასანთის კოლოფისოდენა, რომელშიც ინახებოდა დათვის, ქათმის ან ბატის ქონი, ხმალ-ხანჯლისა და თოფ-დამბაჩის ფოლადის ნაწილებზე წასასმელად. ვერცხლისაგან დამზადებული საქონე XIX ს-ის უკანასკნელ პერიოდში ჩოხის ქამარ-ხანჯლის სამშვენისად მოგვევლინა.
მ. ქ.
საქუსალი - ერთგვარი საქსოვი მანქანა, რომელზედაც ქსელი იგებოდა და ქსოვილ იქსოვებოდა.
საყირმუზა - „სამუხლე პოლოტიკი“ (საბა), ლითონის ფირფიტა, რომელიც განკუთვნილია მუხლის დასაცავად, საყირმუზას ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ვხვდებით საჩერნესა და ჯაჭვის შარვალზე. (იხ. ჯაჭვი). ძირითადად იგი წარმოადგენს წრიულ ფორმის მუცელშეზნექილ რკინის ფირფიტას, რომელიც იშვიათად მორთულია თითბრის ზარნიშით.
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ.
საცვალი - კაცთა და ქალთა ქვედა, შიდა სამოსი. მისი ძველი შესატყვისებია: ნიფხავი (იხ), პერიკამი, საწმერთული, როპანაგი, მუქასირი, შეიდიში. გვიანშუასაუკუნეების ქალთა მზითვის წიგნებში ხშირადაა დასახელებული საცვალთა საკმაოდ უხვი ჩამონათვალი.
ე. ნ.
საწიწვერი - წერაქვის ნაირსახეობა, რომელსაც წვეროები რკალურად აქვს მოხრილი და გამოიყენებოდა ქანიდან რბილი ქვის ამოსაჭრელად. ასეთ ქვას ძირითადად იყენებდნენ კეცებისთვის. (იხ. კეცი ქვისა).
საჭილაოს ნავი - მდინარე რიონზე გავრცელებული ნავის სახეობა, რომელიც ჭალადილურ ნიშს წააგავს. ასეთი ნავების მისადგომი საჭილაოში იყო გამართული და აქედან მიიღო როგორც სახელწოდება.
ა. გ.
საქაჯავი//საქაჩველი - ჭაჭის საწნეხი ხალხური სამეურნეო მანქანა. წარმოადგენს ბერკეტის პრინციპზე მოქმედ ხელსაწყოს. ძალის მოდების საშუალებად მასში გამოყენებულია ოწინარი. ქართულ ყოფაში ცნობილია ორი ტიპი: ოწინარიან-ტვირთიანი და ოწინარიან-უტვირთო. ა) ოწინარიან-ტვირთიან წნეხში გამოირჩევა ჭაჭის (ხილის) მოსათავსებელი ფიცრით შეკრული სათავსი - კოდი და სამუშაო აპარატის ხის ბოძში - კაცაში ჰორიზონტალურად ჩამაგრებული დირე, მეორე თავისუფალ ბოლოზე რგოლებით ჩამოკიდებული ლილვი - „ქანჩი“// „დათვი“ და დათვის რიკზე გამობმულ ბოლოზე მობმული „ასაკიდი ქვა“. ლილვში გაყრილი კეტებით ქანჩის დატრიალებით ხდებოდა ქანჩზე თოკის დახვევა და ქვის მაღლა აკიდება, საიდანაც გადაცემული სიმძიმის ძალით ხდებოდა დირის კოდის შიგთავსზე დაწოლა და გამოწურული წვენის დინება. ბ) უტვირთო-ოწინარიან წნეხში წნეხვა ხდებოდა უშუალოდ ოწინარის საშუალებით: ლილვის გარკვეული მიმართულებით დატრიალება იწვევდა დირის დაბლა დაწევასა და ჭაჭის წნეხვას. საქაჯავი//საქაჩველი გავრცელებული იყო შ. ქართლში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში. ჯავახეთში X-XIII ს. კლდის სოფლებში (ჭაჭკარი, ფია, ახჩი) შემორჩენილი ასაკიდი ქვისა და წნეხის ნაშთებიც ამავე პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს.
ლიტ.: ა. ლეკიაშვილი, ქართული ხალხური ღვინის წნეხები, მსე, XII-XIII, 1963. გ. გაფრინდაშვილი, ვარძიისა და მისი მიდამოების ქვაბები, 1957.
ლ. მ.
საქსოვი დაზგები - სხვადასხვა სახის ქსოვილების (შალი, ბამბა, აბრეშუმი, კანაფი, სელი) დასამზადებელი მანქანები. საქსოვი დაზგების ნაირსახეობიდან გამოირჩეოდა ბეჭ-საშევრიანი და დგიმ-სავარცხლიანი. საქსოვები თავის კონსტრუქციითა და შესაბამისი საქსოვი მასალის მონაცემებით კეთდებოდა როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური აღნაგობის. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ბეჭსაშევრიანი საქსოვებით („ყდა“, „ყდანი“ - ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთგუდამაყარი, „აკაზმები“ - თუშეთი) შალებსა და ფარდაგ-ხალიჩებს ქსოვდნენ. ჰორიზონტალური დგიმ-სავრაცხლიან საქსოვებზე („საფეიქრო“ - ქართლი-კახეთი, „სამექსლებო“ - გურია, „ოშუალე“ - სამეგრელო, „ქსელი“//საფეიქრო - რაჭა, „ლაშჯარ“ - სვანეთი) შალისა და ფარდაგების გარდა იქსოვებოდა აბრეშუმი, კანაფი, ბამბა, სელი. საქსოვი ყდის განსხვავებულ სახეობებზე - „ყდანი“ - ხევსურეთი, „ქსელი“ - რაჭა, „რობაგი“ - სამეგრელო, „ქსელი - აჭარა; შალისა და ფარდაგების გარდა საცრის ძირები და ჭილოფიც (სამეგრელო) იქსოვებოდა. საქსოვი დაზგები მსოფლიო ეთნოკულტურის უძველეს მონაპოვარია. ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში სელის ქსოვილების დასამზადებლად ჰორიზონტალური საქსოვი დაზგა იყო გამოყენებული. ბერძენ მწერალთა (ჰეროდოტე, კალიმაქსი) ცნობებით, ძველ ეგვიპტესა და კოლხეთში სელის დამუშავების ერთნაირი წესი არსებობდა. ამ ნიშნით ძველ კოლხეთში სელის საქსოვად დგიმ-სავარცხლიანი დაზგის ნაირსახეობის გამოყენება ივარაუდება. ამ ტრადიციის დამადასტურებელი უნდა იყოს სამეგრელოში უახლოეს წარსულამდე არსებული სელის საქსოვი „ოშუალე“. ამავე დროს, ქართული საქსოვი დაზგების თავისებური ტექნიკა - საზედაო ძაფის ზევიდან ქვემოთ ან წინა ლილვისაკენ (თავისკენ) მიბეჭვა, განსხვავებით ბერძნულ-ევროპული დაზგების საწაფეებით დაჭიმული ქსელის ან საზედაო ძაფის ქვემოდან ზემოთ მიბეჭვისა, მიუთითებს ქართულ ჰორიზონტალური დაზგის უძველესობაზე.
ქართული ხალხური საქსოვი დაზგები ახლო და უშუალო კავშირშია კავკასიელი ხალხების ანალოგიურ საქსოვ დაზგებთან და თავისი საწყისი ფორმებით ძველ აღმოსავლეთის კულტურულ მონაპოვართა წრეში ექცევა.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954.
ლ. მ.
საღამო (ხევს.) - აქ. ადამიანთა საგებ-სახურავი. ამზადებდნენ ცხვრის ტყავისაგან.
საღდარი (სამეგრ.) - იგივე ოდა სახლი (იხ. ოდა). მოსახლეობის შეძლებული ნაწილის საცხოვრებელი სახლი სამეგრელოში. საღდარი//ოდა შედგებოდა რამდენიმე ოთახისგან, რომელსაც ჰქონდა წმინდად გათლილი ფიცრის ჭერი და იატაკი. ფიცრისთვის გამოიყენებდნენ წაბლის, მუხის, ფიჭვისა და თელის მასალას, რომელსაც უხვად ხარობდნენ სამეგრელოს მთაში. ფიცარი ითლებოდა ცულით, მოგვიანებით კი იხერხებოდა გრძელი ხელის ხერხებით, რაც მოითხოვდა მძიმე და ხანგრძლივ მუშაობას. ოდის მშენებლობას ეწეოდნენ დახელოვნებული ოსტატები. ტიპური მეგრული ოდა წარმოადგენს ოთხოთახიან და აივნიან ნაგებობას, რომლის სვეტები და ფარდები დიდი ხელოვნებითაა მოჩუქურთმებული. ჩვეულებრივი ორსართულიანი ოდების ქვედა სართულს ეწოდება პალატი. ოდაში გამართული იყო ქვის ბუხრები. ოდის სახურავი ოთხფერდიანია და გადახურული იყო ყავრით ან კრამიტით. ოდა წარმოადგენს საცხოვრებლის უაღრესად განვითარებულ ტიპს.
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
ე. ნ.
საღენჭელი - ტყავის დასამუშავებელი ხელსაწყო, ქვის ან ხისა, გავრცელებულია საქართველოს ბარშიც და მთაშიც. ზოგ სოფელში საღენჭელის ქვა სოფლის ცენტრში, ხალხის თავშეყრის ადგილზე მდებარეობდა, მასზე ტყავის გამოქნა-დარბილება ყველას შეეძლო. ხის საღენჭელი ოჯახს ხშირად თავისისაკუთარი ჰქონდა. მასალად ცაცხვის ხე იყო მიჩნეული. ტყავის დამუშავება ასეთი თანმიმდევრობით ხდებოდა: საგანგებოდ შერჩეულ მსხვილფეხა საქონელს (ხარი, დეკეული, ძროხა არ უნდა ყოფილიყო გადაბერებული) დაკვლის შემდეგ სუფთად გაატყავებდნენ ბალანს გააცლიდნენ, ტყავს შოლტებად დაჭრიდნენ, თბილი, უმარილო ქონით გაპოხავდნენ და ამის შემდეგ იწყებდნენ გამოქნა-დარბილებას.
ერთ მამაკაცს დახვეული ტყავი ეჭირა, მეორე კი საღენჭელზე კეტით აწვებოდა. კეტის მაღლა აწევდაწევის დროს ტყავს აქეთ-იქით აბრუნებდნენ, სანამ ტყავი არ დარბილდებოდა. ბოლოს ამოიღებდნენ, გაშლიდნენ და გაანიავებდნენ. ძროხის ტყავის გამოქნასს, მთელ დღეს ანდომებდა ორი მამაკაცი. საღენჭელით გამოქნილი ტყავი ძირითადად ფეხსაცმლის საძირეებად გამოიყენებოდა.
სავარაუდოდ, ტყავის დასამუშავებელი ხელსაწყო უნდა არსებულიყო ძველადაც (VIII-XIII სს.) როცა დამუშავებულ ტყავს საწერად ხმარობდნენ. ეტრატის მკეთებელი ხელოსნების შესახებ ცნობები ნაკლებად მოგვეპოვება. მხოლოდ მინიშნებაა იმის თაობაზე, რომ IX საუკუნიდან ცნობილ ქართულ დიდ მონასტრებში ეტრატის მკეთებელი ხელოსნებიც ჰყავდათ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები. 1973. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ I, 1982.
ნ.ჯ.
საღლაპუნა - სამეგრელოსა და გურიაში გავრცელებული ბარჯის მსგავსი თევზსაჭერი იარაღი, რომლითაც ღამით ნადირობენ.
საღსაღაჯის ხე - თრიმლის საბეგვავი. სხვა ხესთან შედარებით მძიმეა და ამიტომაც მოსახერხებელი იყო თრიმლის დასაბეგვად. თრიმლს ერთდროულად 10-15 კაცი ბეგვავდა.
საყდარ-ტახტი - აქ: საჯდომი ავეჯის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც გამოიყენებოდა მეფეთა, მთავართა და მაღალი სამღვდელო ფენის წარმომადგენელთა საწესო-სარიტუალო სასხდომად. „საყდარი“, ტახტის აღმნიშვნელი უძველესი ტერმინია. დიდებულთა საყდარი ხშირად მომთავრებული იყო გუმბათგავალაკით, ან დახურული ჩარდახით. საყდარ-ტახტი გვევლინება, როგორც ძალაუფლების სიმბოლო, ასევე სოციალური ადგილის მაჩვენებელი.
ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ.
საყელო - აქ: ცხენის აღკაზმულობის ნაწილი. ყელის სამოსი (საბა). იგი შედგებოდა ერთი ან ორპირიანი ტყავისაგან. იმკობოდა ორნამენტებით და ძვირფასი ლითონის თვლებით.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
საყრდენი ვაზისა - ვაზის შესადგამი სარები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელით მოიხსენება: მაგ. სარი, ჭიგო, ჭიღვა, ჭიგვა, ხარდანი, სარჩუტა, პალო, კაკვი, მერქანი, ცილამპალი, ჯღა, ჯღარი, ხალახინი, ოლიხი, ქანდარა, ჩანგალი, თალხი.
ე. ნ.
საყურე - ადამიანთა ყურის სამკაული. მზადდებოდა მინის, ოქროს, ვერცხლის, მოვერცხლილი სპილენძის, და ა.შ. მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. მაგრდება სხვადასხვა საშუალებით, ძირითადად კავებითა და ხრახნებით. საყურეები შეიძლება იყოს სხვდასხვა ფორმის. ადრეანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ე.წ. „სხივანა“ საყურეები. ვანის მდიდრულ სამარხებში საყურეთა რამოდენიმე განსხვავებული ტიპი აღმოჩნდა. ყოველ მათგანს ყურში გასაყრელი რგოლი ვარდულითა და გრეხილიანი ფირფიტით აქვს შემკული. საყურეების დამზადებისას გამოიყენებოდა ყველა ტექნიკური ხერხი: ჭედვა, რჩილვა, გრანულაცია, ფილიგრანი და სხვ. საყურეების უმეტესობა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებითაც იყო შემკული, გამოიყენებოდა პასტა და მარგალიტიც. შუა საუკუნეებში პოპულარული იყო საყურეები ტიხრული მინანქრითაც.
ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
მ.ბ.
საშუბლე//საბუზე - აქ: ცხენის შუბლზე ჩამოსაფარებელი. ამზადებდნენ ხარის ტყავისგან და გაწყობილი იყო სამ მთავარ თასმაზე. უკეთებდნენ ფუნჯებს, ფირუზისფერ მძივებს, ნიჟარებს, ბალთებს. საშუბლე ცხენს იცავდა ბუზებისგან. არცთუ იშვიათად საშუბლე ცხენის სამშვენისს წარმოადგენდა.
საჩეკელა - ხისტარიანი რკინის იარაღი, წალდის ტიპისა, რომლითაც სარს წაუჩეკავენ წვერს.
საჩერნე - საბარკული, „საწვივე აბჯარი“ (საბა). ჩერნის ანუ წვივის დასაცავი ჯაჭვი, საჩერნე ფართოდ გავრცელებული თავდასაცავი იარაღია საქართველოს მთიანეთში, იგი წარმოადგენს წაგრძელებული მართკუთხედი ფორმის ნაქსოვ ჯაჭვს, რომელიც წვივსა და ფეხის ბარკალზეც იკვრებოდა თასმებით. საჩერნეს ჯაჭვის რგოლები ხშირ შემთხვევაში ფარეშიანია, ანუ დამოქლონებული.
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993. ალ. ღლონტი, ქკთსკ. 1984.
მ. ქ.
საჩეჩელი - მატყლის საჩეჩი ხელსაწყო. ესაა სამი ხის ფიცარი, რომლებიც სამკუთხედადაა შეკრული. ზედა ნაწილზე ერთ ან ორმწკრივად ჩასმულია ლითონის „კბილები“ (ჩხირები). ჩეჩვის დროს ძირს დგამენ და ფეხებით ამაგრებენ. ერთმწკრივად განლაგებულ ან „ცალკბილა“ საჩეჩელს თივთიკის დასამუშავებლად იყენებენ. გარეცხილ, გაწეწილ მატყლს საჩეჩელის კბილებზე ჩეჩავენ (ბეწვი ბუვდება და ერთი მიმართულებით ლაგდება) და ფთილებად ამზადებენ, შემდეგ მას თითისტარით ართავენ და ძახავენ.
ლიტ: ლ. მარგოშვილი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
საჩითავი - სხვადასხვა ფორმის ხის ყალიბები, რომლითაც ხდებოდა ქსოვილის დაჩითვა საღებავის მეშვეობით. საჩითავ//საბეჭდავებზე გამოყვანილი იყო სხვადასხვა სახის მარტივი და რთული ჭრელები (გეომეტრიული, მცენარეული, ფრინველის, ადამიანის და ა.შ.) საჩითავად ირჩევდნენ მაგარი ჯიშის (მსხალი, მაჟალო, პანტა, ბზა) ხეს. საჩითავზე ჭრელი ორი წესით გამოჰყავდათ: ჩაჭრით ან რელიეფური კვეთით. მოჩითვის დროს ერთი წესით საჩითავ ყალიბს ზედაპირზე უსვამდნენ საღებავს, შემდეგ ქსოვილზე დაადებდნენ და ხელით დაწნეხავდნენ. მეორე წესით, საჩითავზე ჩაჭრის წესით დამზადებულ ჭრელს გამღვალ სანთელს წაუსვამდნენ და ქსოვილზე დაწნეხავდნენ, რის შედეგადაც ჭრელი სანთლიანი სახეები გადაიტანებოდა ქსოვილზე. შემდეგ ქსოვილს შეღებავდნენ, მისი ფონი დაიფარებოდა ფერით, ხოლო სანთლიანი ნაწილები შეუღებავი რჩებოდა, მისი მოცილების შემდეგ შეღებილ ფონზე მრავალფეროვანი ჭრელი ამოვიდოდა. ქსოვილის დაჩითვა ხდებოდა ფერადადაც, რაც უფრო რთულ ტექნოლოგიურ პროცესს მოიცავდა და საჭიროებდა ერთ ნახატზე რამდენიმე საჩითვის დაწნეხვას. ქსოვილის დაჩითვა ხალხური ხელოვნების უძველესი დარგია და უშუალოდ უკავშირდებოდა მღებრობას. დაჩითვის ხალხური ტექნოლოგიის შესახებ კავკასიის ხალხებში ყურადღება აქვს გამახვილებული ჰეროდოტეს, რაც ამ დარგის უძველესობაზე მიუთითებს. დაჩითვის ხელოვნებას ფართოდ მისდევდნენ საქართველოს ქალაქებში, განსაკუთრებით, ახალციხესა და თბილისში, რომლის კოლორიტულ ნიმუშად წარმოგვიდგება ე.წ. „ლურჯი სუფრა.“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია კავკასიის ხალხთა საჩითავების უნიკალური ნიმუშები.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, საქართველოს მუზეუმის საჩითავები 1961. ჰეროდოტე, ისტორია წ.I, 1972.
ე. ნ.
საცერი - ფქვილის გასაცრელი. უფრო წმინდა საცერს სამტკიცი ჰქვია. საცერი მზადდება ფართო ტკეჩის მორკალვით, რომელსაც გამოწნული აქვს წვრილი ძირი ან რაიმე მსხვილად ნაქსოვი ნაჭერი აქვს გამოკრული. საცერი პურეული კულტურის ხანგრძლივი მოხმარების დამადასტურებული ნივთია.
საცერული (ხევს.) - ხევსურული საცერული ზოგადი სახელია იმ საბრძოლო იარაღისა, რომელიც ბეჭდის სახითაა წარმოდგენილი და ხელის ცერზე წამოსაგებადაა განკუთვნილი. ხევსურები საცერულს უბეში ინახავდნენ, ისინი ამ იარაღს მაშინ აამოქმედებდნენ, როდესაც სხვა იარაღი თან არჰქონდათ. ასეთ მდგომარეობაში ხევსური მაშინ იმყოფებოდა, როდესაც ლხინის წინ მას დიაცები იარაღს ჩამოართმევდნენ და ის უბეში დაფარულისაცერულის ამარად რჩებოდა. არსებობს საცერულის რამდენიმე სახეობა - „ღაჯია“, „მაღალი აფთარი“, „ხერხულა“, „წისქვილა“ და სხვა.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრომები, ტII, 2000.
მ. ქ.
საცეცხლური - საკმევლის ანთებისა და კმევის დროს საღმრთისმსახურო ჭურჭელი. ლითონის (ჩვეულებრივ - სპილენძის შენადნობი) პატარა თასი, რომელიც ჯვრის დაბოლოებიანი თავსახურითურთ სამ გრძელ ჯაჭვზეა დაკიდებული. მასში ათავსებენ გაღვივებულ ნახშირს, რომელსაც ზემოდან ადებენ საკმეველს. საკმეველი წვისას კეთილსურნელოვან კვამლს გამოყოფს. ღმრთისმსახურების გარკვეულ მომენტებში ხდება დიაკვნის ან მღვდლის მიერ გუნდრუკის კმევა ხატთა, ტაძრის სიწმინდეთა და მრევლის წინაშე საცეცხლურის საშუალებით. კმევისას გუნდრუკის (საკმევლის) კეთილსურნელება ნიშნავს ღმრთისადმი აღვლენილ ლოცვებსა და სულიწმინდის მადლს, რომელიც მლოცველთ ეფინება, საკმევლის სუნი არ უყვართ უწმინდურ ძალებს.
ლიტ.: Скляревская Н.Г. словаръ православной церковной кулътуры, М. 2000 г.
ხ. ც.
საცეხველი//ჩამური//ოჩამური (გურ.სამეგრ.)//საძიგველი//საბეგველი (აჭ.)// დენგი (ხევს.)//ჯორგო //როფი (ლეჩხ.)//ალახარა (აფხ.) - მარცვლეულის ცეხვა ნაყვისათვის გამოყენებული ქვის როფი. იხმარებოდა ხორბლეულის, ღომის, ფეტვის, ასლის, ბრინჯის, გასაცეხვად. სელის, კანაფის, მარცვლის, თრიმლის, თოფის წამლის დასანაყად. ცნობილია საცეხველის სამი ტიპი: ა) ხელის ბ) ფეხის და გ) წყლის. საცეხველის ფორმათა ვარიაციული სახესხვაობა მთელ საქართველოში იყო გავრცელებული - ჩამურის (გურია, იმერეთი, სამეგრელო), ოჩამურეს (სამეგრელო), ჯორგოს სამცეხვლოს (ლეჩხუმი), დენგის, დინგის (ხევსურეთი, სამცხე-ჯავახეთი), როდინის, როფის (იმერეთი), საძიგველის (აჭარა), ფილის (კახეთი), ქვიჯარ (სვანეთი) და სხვა სახელით. სანაყ-საცეხველები უძველესი დროიდან არსებობდა. ისინი ენეოლითური და შუა ბრინჯაოს, ანტიკური და ადრეფეოდალური ხანის ძეგლებშია დადასტურებული. საქართველოში ფეხის საცეხველი დასტურდება ქოროღოს ღვთისმშობლის ეკლესიის (X-XI სს.) ფრესკის მოხატულობაში. ფეხის საცეხველი ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიაში (ჩინეთი, იაპონია, ინდონეზია), ხმარობდნენ ფინეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში, ესპანეთში, უნგრეთში.
ფეხის საცეხველი გამართული იყო ბარჯგებზე. ცეხვის დროს საცეხველთან გამართულ ძელებს შუა გაბმულ თოკზე ხელჩაკიდებული მცეხვავი ძელის ერთ ბოლოზე ფეხის დაკვრით ძელს მაღლა აღმართავდა და თავს ჩამურში ჩაარტყმევინებდა, რასაც შიგთავსის ცეხვა ან ნაყვა მოჰყვებოდა. ეს მოქმედება რითმულად მეორდებოდა ცეხვის დამთავრებამდე. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო წყლის საცეხველი. სამეურნეო საქმიანობის გარდა, საცეხველი რელიგიურ კულტურაშიც გარკვეულ ფუნქციას ასრულებდა მაგ., თედორობის კულტისადმი მიძღვნილ ცერემონიაში (რაჭ. ლეჩხ.) - საცეხველთან ლოცვა და რიტუალური კვერის საცეხველისადმი ზიარება მიმართული იყო მოსავლისა და მარცვლის უდანაკარგოდ ცეხვის დაბევებისადმი. საცეხველი ისეთივე ძველ მონაპოვრად მოჩანს, როგორც მასში მოსაცეხვი პროდუქტი. საცეხველი ჩვენში ადგილობრივ, კულტურისა და ქართული სამეურნეო ყოფის მონაპოვრადაა მიჩნეული.
ლიტ.: Г. Читаиа, Этнографические исследования в Грузии, советская этнография, т.IV, 1948. ჯ. რუხაძე, ხალხური აგროკულტურა დას. საქართველოში, 1970.
ლ.მ. ე.ნ.
საცივი - დასავლურ-ქართული სამზარეულო ხელოვნების დიდი მონაპოვარი, რომელსაც ძირითადად ამზადებენ ნიგვზისა და ინდაურის ხორცისაგან. საცივი არის სადღესასწაულო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი, რომლის დამზადება მოითხოვს დიდ გამოცდილებას, რაშიც იგულისხმება სანელებელი მასალის კერძთან სწორი, ზომიერი მისადაგება და ფაქიზი გემოვნება. ნიგვზიანი კერძების მომზადებაა სხვა ხალხთა სამზარეულო ხელოვნებაშიც დიდი ადგილი უჭირავს, მაგრამ საცივის მომზადების სპეციფიკური წესები არსად არა არის ისეთი მასშტაბური, როგორიც საქართველოში, საკვების ამ ტიპმა ჩვენთან შეიძინა ეთნიკური კუთვნილების ნიშანი. კვებითი ღირებულების გარდა, საცივში გამოვლენილია დიდი საგემოვნებო კულტურა, საკვებ-წარმოების ხალხური გამოცდილების მაღალი დონე, მისი, როგორც კულტურის ელემენტის, ფასეულობა და ღირებულება. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, საცივი არის მატერიალური კულტურის საგანი და იგი ასეთივე ეროვნული საგანძურია ქართველი ხალხისათვის, როგორც რომელიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ხალხის კვება და მისი რაციონალიზაციის ამოცანები 1939. გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა, 2007.
ე. ნ.
საძუე - ცხენის აკაზმულობის ნაწილი, „ცხენთ საკუდარი“ (საბა). უნაგირზე მობმული ორპირი თასმა, ამოდებული ცხენის კუდის ქვეშ. უნაგირივით მასაც ხელოსნები ძვირფასი ლითონის ბალთებითა და ღილებით რთავდნენ. საძუე ორ ფუნქციას ასრულებდა: ერთი მხრივ, იგი დაღმართზე უნაგირს წინ წაცურებისაგან იცავდა და მეორე მხრივ, ცხენის აკაზმულობას შნო-ლაზათს მატებდა.
ლიტ.: ლ. ლეონიძე, მესაქონლეობის ლექსიკონი, 1925.
ნ. ჯ.
საწანგარო - სამოსანტრო ცხოვრებაში არაერთხელაა დასახელებული, როგორც ფეხსაცმლის წარმოების სახელოსნო.
საწდე - ღვინის შესასმელი ჭურჭლის ზოგადი სახელი. საწდე ჭურჭელში ერთიანდებოდა: ფიალა, ჯამი, თასი, დოსტაქანი, ორთომლი, კვანჩხი, სარიოში, ყანწი, კულა, აზარფეშა: აქედან მომდინარეობს ტერმინი „მწდე“, ანუ ღვინის დამსხმელი დიდი სუფრის დროს.
ა. ნ.
საწვიმარი - წვიმის დროს ტანსაცმელზე მოსასხამი. ნახსენებია გიორგის მთაწმინდელის
ცხოვრებაში როგორც ძალზე გავრცელებული საცმელი. საწვიმრები ნახსენებია გვიანფეოდალური ხანის ქონების ნუსხებშიც. შეკერილი უნდა ყოფილიყო მსხვილი ტილოს ნაჭრისაგან, რომელსაც წყალი არ უნდა გაეტარებინა. მთაწმინდელის „ცხოვრების“ მიხედვით დიდი წვიმის შემდეგ ის ბერები, რომლებთაც საწვიმარი ჰქონდათ, მონასტერში მოვიდნენ „მოლხინებით“, ხოლო ისინი ვინც უიმისოდ იყო, „გაჭირვებით“. საწვიმარის თავისებურ ტიპს წარმოადგენს ღართი (იხ).
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1962.
ე. ნ.
საწიგნე - ქართულ ხელნაწერთა მინიატურებისა და ჩვენამდე მოღწული ექსპონატების მიხედვით, ჯერ კიდევ XI ს. საქართველოში გვხვდება მაღალი გემოვნებით შესრულებული საწიგნე-სამწერლობო კიდობნები. ზოგიერთ შემთხვევაში საწიგნე კომბინირებულად იყო შერწყმული საწერ მაგიდასთან. საწიგნეიყო როგორც უძრავი, მგალითად კედელში ჩატანებული, ისევე მოძრავი - ხისა. საწიგნეთა ნიმუშები დადასტურებულია სვანეთში: ლამარიას, იენაშის, ჟიბიანის, ლატალის ეკლესიებში. მატერიალური კულტურის ამ ტიპის ნიმუშების განხილვა აშკარად მიანიშნებს წიგნის ხმარების მაღალ კულტურაზე.
ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერუიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ.
საწნახელი - ყურძნის დასაჭყლეტ-დასაწური ჭურ- ჭელი. არსებობს სამი ძირითადი ტიპი: ქვის, ქვიტკირით ნაშენი და ხის. მეღვინეობაში ყურძნის დაწურვას ქვის საწნახელში უძველესი ისტორია აქვს. დღემდე მოღწეულია როგორც კლდეში ამოკვეთილი საწნახლები, ასევე კირ-ხსნარით აშენებული. ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება ერთიან ლოდში ამოკვეთილი საწნახლები. (ქვის საწნახელების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება იმერეთში, განსაკუთრებით ქვის დამუშავებით განთქმულ ცენტრებში; ჭოგნარი, სეფარეთი). ქვის საწნახელები 2-დან 4 მეტრის სიგრძისაა, სიმაღლე - 40-60 სმ, მოყვანილია ხის საწნახელის მსგავსად. აქვს ზურგი, ტანი, გვერდები, წინპირი, ინდური, რომელიც გახვრეტილია ტკბილის გამოსვლისათვის. ქვის საწნახლისთვის საჭიროა საუკეთესო უტალო და უარტაშანო ქვა, რომელიც მოტყდება ურო-სოლის მეშვეობით. ითლება სათლელებით და სატეხებით. საწნახლის კეთება მიმდინარეობს 2-3 თვის განმავლობაში. თავისი მნიშვნელობის გამო იგი იშვიათ ნივთთა რიცხვში ექცევა და იმერეთში „საგანძურსაც“ უწოდებენ (იხ. საგანძური).
ტერმინ „საწნახელში“ ფაქტობრივად გამოხატულია მოქმედება, რომელიც ყურძნის ჭყლეტა-წნეხვას გულისხმობს. პრეისტორიულ ადამიანს ყურძენი ხელით უნდა დაეჭყლიტა და ეს პროცესი ალბათ გრძელდებოდა მანამ, ვიდრე კულტურული ვაზის მეურნეობა არ გაიჩინა. საგულისხმოა, რომ ძველ საქართველოში ყურძნის დაწურვა სცოდნიათ ტყავზე, გოდორში, ვარცლზე, სელის ტომრებში, მაგრამ განვითარებული მეღვინეობისა და მაღალი დონის მეურნეობის მაჩვენებელი საწნახელია, რომლის უძველესი, კლდეში ნაკვეთი ნიმუშები ამიერკავკასიაში IV ათასწლეულით თარიღდება. ასეთი, კლდეში ამოკვეთილი საწნახელები, საქართველოში ამჟამადაც არსებობს უფლისციხეში, ნეკრესში, ვარძიაში, გარეჯში. მათი დამუშავების ხელოვნება და გამოყენების პრაქტიკა, აშკარად მიგვანიშნებს, რომ ამ დროის საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობა მაღალ სამეურნეო დონეზეა ასული. საწნახლის მეორე ტიპია - კირხსნარით აშენებული საწნახლები, გავრცელებული საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი ქართლსა და კახეთში. ასეთი საწნახლები ზოგჯერ გაყოფილი არიან ორად, შავი და თეთრი ყურძნისათვის და ორივეს ცალ-ცალკე გააჩნდა წვენის გადმოსასვლელი ინდური - ნახევრად ღია მილი. კირხსნარით აშენებული საწნახლები დიდი მასშტაბური სამეურნეო საქმიანობისათვის იყო განკუთვნილი.
ხის საწნახლისათვის საუკეთესო ხედ ითვლება ცაცხვი. სასაწნახლე ხეს წინასწარ შეიგულებენ, ზამთრის დამდეგს მოჭრიან, ერთ წლამდე ადგილზე დატოვებენ. მერე ნაჯახით გათლიან, გულს ამოუღებენ და საბოლოო დამუშავებისთვის სახლში მიიტანენ. საწნახელი მარანში იდგმება კედელთან, ხის ან ქვის სადგამებზე, ბოლო აწეული აქვს იმდენად, რომ ტკბილი იოლად დაეშვას ინდურისაკენ. საწნახელში ყურძენს დატკეპნიან თავგანიერი ხის უროთი. მწურავები შიშველი ფეხით ფრთხილად გადაუვლიან საწნახელში ჩაყრილ ყურძნის მასას. მერე ბოლოდან მოჰყვებიან და ნელი წნეხვით იწყებენ თანაბარ ჭყლეტას. როცა ყურძენი აითქვიფება, ნაჭყლეტ მასას მიყრიან საწნახლის უკან, შემდეგ გაუგდებენ ნიჩაბს და ზემოდან შედგებიან. რამდენიმე ასეთი პროცესის გამეორების შემდეგ ჭაჭას მთავარი წვენი გამოსული აქვს და გამზადებულია წბერში (იხ.) გასატარებლად. საწნახლებში ადრე სცოდნიათ წნელით დაწნული ჩელტების ჩადება, რასაც ზემოდან დააფენდნენ ჩადის//ჩადუნას ფოთლებს, იმ მიზნით, რომ ტკბილს არ გამოყოლოდა წიპწა და ჭაჭა. ჩადუნას ფოთლების მომეტება ზოგჯერ ღვინოს სპეციფიკურ გემოს აძლევდა და აქედან მოდის გამოთქმა „ჩადის გემო აქვსო“. დიდი და გამორჩეული საწნახელი ოჯახის ძლიერების სიმბოლოს წარმოადგენდა. დასავლეთ საქართველოს საახალწლო რიტუალში მარანი და საწნახელი იქცეოდა ერთ უმთავრეს ობიექტად, რომელთა ეშვეობითაც ადამიანები ღმერთს გამრავლებასა და ბარაქიანობას შესთხოვდნენ.
ე.ნ.
საწოლი//სარეცელი//ცხედარი//თეე// ტახტი//სტივა - ადამიანთა მოსასვენებელი ავეჯი. X ს. ძეგლებში ბერთა საწოლად სარეცელია დასახელებული. ძველ საქართველოში საგებლის გარეშე, საწოლი ავეჯის სინონიმს წარმოადგენდა-ცხედარი. სულხან-საბას განმარტებით, - „ცხედარი ითქმის შიშველ საგებელთაგან, ხოლო სარეცლად დაგებული და გადაგებული“. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებული საწოლის ერთ გავრცელებულ სახეობას ტახტი ჰქვია. საწოლ სარეცელთა ორიგინალური ნიმუშებია მოცემული მამუკა თავაქარაშვილის მოხატულ „ვეფხისტყაოსანში“. ეს ავეჯი მეტ-ნაკლები რეალობით უნდა ასახავდეს ფეოდალური საქართველოს საწოლის ტიპებს. საქართველოს არისტოკრატიის საწოლი ავეჯის მაღალგანვითარებულობას ადასტურებს არმაზისხევში აღმოჩენილი სარეცელი, რომლზედაც აკლდამაში შესვენებული მიცვალებულები იყო მოთავსებული.
ლიტ.: ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965.
ე. ნ.
საწური - ნივთი, რომელიც იხმარება სამეურნეო საქმიანობაში სხვადასხვა ნივთიერების გასაწურად. მზადდებოდა ხის, თიხის, ლითონისა და მცენარეთა შტოებისაგანაც.
საწყაო - ზოგადი სახელი სხვადასხვა ზომა-წონის შედგენილობის ჭურჭლისა. აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრფიულ ყოფაში დამოწმებულია მარცვლეული კულტურების შემდეგი საწყაო ჭურჭელი: ლიტრა, პინა, ჩანახი, ორიანი, სამიანი, ფოხალი, ჩხუტი, გვერდი, წასამალი, რუბი, კოდი და სხვა. მათ ძირითად საზომ ერთეულს ლიტრა წარმოადგენდა, თუმცა ეს საწყაოები სხვადასხვა ადგილას განსხვავებული მოცულობის იყო მაგ., მცხეთა-თბილისის რეგიონში ლიტრა 10 გირვანქას უდრიდა, ხოლო კოდი 10 ლიტრას შეადგენდა. ფშაური კოდი ათლიტრიანია, ლიტრაში კი 12 გირვანქაა. ხევსურული კოდი 12 ლიტრიანია, ხოლო კახეთის ლიტრა 13 გირვანქას შეადგენდა. უფრო მეტად ხმარებაში იყო 10 გირვანქიანი ლიტრა, რომელიც 4 კგ მარცვალს შეადგენდა. ამის მიხედვით იანგარიშებოდა - ჩანახი, პინა, ფოხალი, კოდი.
დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით ფეოდალური დაქსაქსულობის პერიოდში, მრავალგვარი საწყაოები არსებობდა, რომელთაგან აღსანიშნავია: ქილა, ფოხალი, ბათმანი, გვერდი, გოდორი, გუდა, კოდი, ატარი, კაბიწი, ნაოთხალი, მენახევრე, კვიდოლი, ოყა, გორო, კვახი, კვერცხი და სხვა. XIX ს. განსაკუთრებით გამოიკვეთა ძირითადი საწყაოები: ქილა, ფოხალი, ბათმანი, რომელთა განსაზღვრა ემყარებოდა ლიტრის ოდენობას, თუმცა ლიტრის ოდენობა ხშირად იცვლებოდა. მაგ., მეგრული ქილა უდრიდა 42 გირვანქა სიმინდს, გურული - 2 ბათმანს. ხის საწყაოები ძირითადად კეთდებოდა მთლიანი ხისგან, ქერქისგან და წნელისგანაც როგორც სახელურით, ასევე უსახელუროდ. ზოგჯერ, ხის საწყაოებს სიმაგრისათვის, თავსა და ბოლოში, რკინის სალტეებს უკეთებდნენ.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1975.
მ.ხ.
საწყაო ღვინისა - ღვინის საწყაოებად ქალაქში უფრო მეტად გამოიყენებდნენ სპილენძის
კონუსურძირიან საწყაოებს, ერთი ჩარექიდან ორ ფუთამდე. ჩვეულებრივ სოფლად ხმარობდნენ თიხისა და წყლის ჩაფებს, რომელსაც მრგვალი პირი აქვს. მიუხედავად საწყლე ჩაფთან მსგავსებისა, მისგან განსხვავებული ჭურჭელია, რადგან იგი ზუსტად დადგენილი, შემოწმებული ღვინის საწყაოა. მისი დამზადება მეჭურჭლისაგან სიზუსტეს მოითხოვს. საწყაოდ დამზადებულ 10 ჩაფიდან არწყვა-შემოწმების შემდეგ საწყაოდ რომ 3-4 მაინც გამოვიდეს ზუსტი, ესეც მეჭრუჭლის დიდ მიღწევად ჩაითვლება. ჭურიდან ამოღებულ ღვინოს საწყაო ჩაფში ასხამენ, ეს პრაქტიკულიც არის და მოსახერხებელიც. მოსახერხებელია იმიტომ, რომ ჩაფს ფართო, მრგვალი პირი აქვს და ღვინო კარგად ისხმება. პრაქტიკულია იმიტომ, რომ იციან რა რაოდენობის ღვინოს აკლებენ ჭურს. ჩაფი ღვინის საწყაოდ იმერეთის გარდა გამოყენებულია რაჭაში. რაჭაში ხმარებული საწყაო ჩაფების უმრავლესობა იმერეთიდანაა შემოტანილი. რაჭაში ხშირად გაიგონებთ გამოთქმას „საჩხერული“ ფუთიანი, „შროშული ჩაფი“ და სხვ. ჩაფს საწყაოდ ხმარობენ ქიზიყში, საინგილოში. ჩაფის ანალოგიური თიხის საწყაოებია: კოკა -(ქართლი, კახეთი, სამეგრელო), დორა, მენახევრე (რაჭა-ლეჩხუმი), „ჭარიკა“ (გურია)
და ა.შ.
ლიტ.: ც. კაკაბაძე, შროშული კერამიკა, 1982. ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I, კახური, 1949.
ც. კ.
საწყვეტი - კეხის ამოშვერილ ნაწილებზე წინ და უკან ჩაბმული ჰქონდა ხურჯინის დასამაგრებელი ორი თასმა. ამავე დროს, საწყვეტი ეწოდებოდა შოლტის ბოლოს მიბმულ სატყლაშუნო თასმასაც.
საჭე - ხომალდის მთავარი სამართავი მოწყობილობა, რომლითაც შესაძლო ხდება ხომალდისთვის სასურველი მიმართულების მიცემა, ძვ. ქართულში მისი სინონიმია „სარეველი“.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი ნაოსნობა საქართველოში. 1984. (ე. ნ).
საჭვრეთა//საჭრელებელი - ქადების დასაჭრელებელი, ხის საბეჭდავი, რომლის თავი შემკულია სხვადასხვა ხაზობრივი მოტივებით. გამოცხობის წინ საჭვრეთას დააბეჭდავენ სარიტუალო პურს და დააჩნდება. საქართველოში მრავალგან იყო გამოყენებული პურის დაბეჭდვის ამგვარი წესი (იხ. ბიქილა, დასტაგი - დაგი).
ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართ. ხალხ. დღეობათა კალენდარი, 1988.
ე. ნ.
საჭიკა - თუში ქალის კაბის სარტყელი. მოქსოვილია ფირფიტებით ფერადი ძაფისაგან და გამოირჩევა სიმაგრით. ბილოებში ფოჩით მთავრდება. საშუალო ზომის საჭიკა 1,5-დან 2 მეტრამდეა სიგანით 3-დან 8 სანტიმეტრამდე.
ე. ნ.
საჭმელი//ჭამადი//საჭამადი//საზრდელი - ადამიანთა საკვები პროდუქტის ზოგადი სახელი. საქართველოში და კავკასიის სხვა ხალხებში შემუშავდა სამჯერადი კვების რეჟიმი, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, როცა სამუშაოს სპეციფიკა საჭიროს ხდის დღიური რაციონის გაზრდას და კვებაც ოთხჯერადი ხდება (თიბვის, მკის მუშა). ძველ ქართულ წყაროებში ქართველთა კვების რეჟიმი სამჯერადაა წარმოდგენილი: დილას სადილება//დილეული//სადილი, „საშუალო დღისაი“ - სამხრება//სამხრის ყოფა//სამხრობა და საღამოს - ვახშმობა. საბას მიხედვითაც სადილია „დილის საჭმელი“, „შუადღე ჭამადი არს სამხარი“, ვახშამია „მწუხრის საჭმელი“ და იქვე მიუთითებს, რომ „გლეხურია“. მეორეგან „მიმწუხრი ჭამადს“ სერობას უწოდებს. დილის საჭმელს, საბას მიხედვით, საუზმეც ეწოდება. თუ ვინმემ ვახშმის შემდეგ „ჭამადი მიიღო“ მას „სერის კუდი“ ეწოდება. როგორც საბას განმარტებიდან ჩანს, ამ ჯერის (იჯრა, ჯერი - ერთი საჯერო ჭამადი,) ჭამა ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, „რამეთუ არიან კაცნი მუცელთ მაძოვებელნი, რომელნი ჭამენ ოთხ-ხუთთა ჯერთა“. ფშაველ-ხევსურნი და გუდამაყრელნი ყველაზე ნოყიერად დილას მიირთმევდნენ - ცხელ ხინკალს, ხორცს, ყველს; სამხარზე მონარჩენით და მშრალ საჭმელზე (ყველი, პური) გადადიოდნენ. ვახშამიც შედარებით მსუბუქი იყო - კეცეული, რძე ან უბრალო შეჭამანდი. მთიულები სამხარს უფრო ნოყიერად ამზადებდნენ: წვნიანი, ხორცი. დილას პურყველით სადილობდნენ, ვახშმად ხინკალი, ფაფა ან სხვა რამ. მთიულები გაზაფხულამდე სადილ-ვახშმით კმაყოფილდებოდნენ. გაზაფხულიდან სამხარსაც ჩართავდნენ თავიანთ კვებაში. ძირითადად ყოველდღიური სუფრის კერძები დამოკიდებული იყო შეძლებასა და დროზე. ჭამდნენ რაც გააჩნდათ. XIX ს. სადილ-სამხრის „გლეხური“ სუფრა, ხშირად პურით, ყველითა და ხახვით მთავრდებოდა. XIX ს. დასაწყისში სპეციალურ სამედიცინო ლიტერატურაში ორგანიზმისათვის ყველაზე სასარგებლოდ მიჩნეული იყო საჭმლის განაწილება დღის განმავლობაში სამ ჯერზე. დღეისათვის სამჯერადი კვება წარმოადგენს დადგენილ აუცილებლობას. აქედან ორგანიზმს დღიური რაციონის უდიდესი ნაწილი სჭირდება დღის პირველ ნახევარში, ხოლო საღამოს - დასვენების პერიოდში, ადამიანის ყველაზე ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და ულუფაც ამის მიხედვით ჭირდება. ქართველ მთიელთა დღის რაციონი, რომელიც დროთა განმავლობაში შემუშავდა სეზონურად და დღის სხვადასხვა მონაკვეთში შრომის სიმძიმისა და ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ნორმებს შეესატყვისება, რაც უდავოდ, საკვები პროდუქტის შერჩევისა და ათვისების დიდ უნარზე, მისი შრომით ცხოვრებაში რაციონალურად გამოყენებაზე მიუთითებს.
ლიტ.: სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა, 1928. გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქ-ში, 2007.
ე. ნ.
სახაბაზო - პურის საცხობი. ძვ. ქართულად „პურის საქმარი“ ეწოდებოდა. შენობა-ნაგებობა, სადაც გამართული იყო ფურნე ან თორნე ყველა იმ ატრიბუტებით, რაც პურის გამოცხობას ესაჭიროება (გობები, ასტამები, საკეცეები და სხვანი). სახაბაზო პურის ცხობას წარმართავდა ხაბაზი.
ე. ნ.
სახვნელი - ყველა ტიპის სახვნელი იარაღის ზოგადი სახელწოდება. ტერმინი „სახვნელი“ რამდენადმე ადრე უნდა გაჩენილიყო, ვიდრე სახვნელთა სახეობანი და მათი სახელები. გვიან სახვნელმა, როგორც სახვნელის კერძო სახელწოდებამ, ვეღარ დაიტია განვითარების შედეგად სახვნელთა მრავალსახეობა და ზოგად ტერმინად იქცა. მის შიგნით მოხდა სახვნელების სახეობათა მიხედვით სათანადო სახელწოდებათა შექმნა. თუმცა „სახვნელი“, როგორც იარაღის კერძო სახელი, მთლად არ დაკარგულა. ზოგიერთ კუთხეში (ხევსურეთი, რაჭა, ლეჩხუმი) იგი შემორჩა სახვნელის კონკრეტული ტიპის აღსანიშნავად.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, 1930.
თ. გ.
სახვნიელი (ხევს.) - მარტივი სახვნელი იარაღი. შედგებოდა: ქუსლის, მხრის, ვერქვანის, საბეწვოს, სახნისისა და საკვეთლისაგან. ქუსლი სწორად გათლილი ხის წვერწამახულ ძელს წარმოადგენდა, რომელსაც წამოცმული ჰქონდა სახნისი. ქუსლს უკან ჰქონდა ორი ნაჩვრეტი, რომელშიც ჩაიდგმოდა სახვნელის მხრის ერთი თავი და ერქვანი (სახელური). სახვნელის მხარი ბლაგვკუთხედ მოხრილი ხის ძელი იყო, რომელიც ერთი მსხვილი თავით ქუსლის ნაჩვრეტში იყო ჩადგმული, ხოლო მხარის სწორი თავი წაგრძელებული ჰქონდა უღელზე მისაბმელად. მხარს ორი ნაჩვრეტი გააჩნდა: ერთში საკვეთელი თავსდებოდა, ხოლო მეორეში საბეწვე. შაბეწვე სამალდის გამობმით, სახვნელის გამწევ ძალას უკავშირდებოდა. ერქვანი წარმოადგენდა ოკლე გაკუთხულ სახელურიან ჯოხს, რომელიც მხვნელისათვის სახელურების დანიშნულებას ასრულებდა. ხევსურული სახვნელის კომპლექსში გარკვეული მნიშვნელობის დეტალია ჯამბარა, რომლის საშუალებითაც სახვნელი უღელზე იყო მიბმული. ჯამბარას ტყავისგან ამზადებდნენ. ხევსურები ამ საქმის კარგი მოხელეები ყოფილან. მეჯამბრეობას მთელი პირაქეთელი ხევსურები მისდევდნენ (იხ. ჯამბარა). სახვნიელში ერთი უღელი ხარი იბმოდა.
ხვნის დროს მიმართავდნენ შრომის ორგანიზაციის მარტივ ფორმას - „მანდავს“// „მონდავს“. ერთიანდებოდა ორი ოჯახი თითო ხარით. თითოეული მათგანი თავისი მიწის ხვნისას საკუთარ სახვნელ იარაღს - „სახვნიელს“ იყენებდა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთ მონაწილეს არ ჰქონდა სახვნიელი, ის მეორე წევრის სახვნიელს გამოიყენედა საზღაურის გარეშე. მანდავის წევრები ჯერ ერთთან მუშაობდნენ, მერე მეორესთან. თითოეული ხნავდა იმდენს, რამდენიც სჭირდებოდა. ე.ი. თუ ერთ-ერთ წევრს მეტი ჰქონდა დასახნავი ფართობი, მას მანდავის მუშაობის დროს ხვნადღეების მეტი რაოდენობა ერგებოდა. ზოგჯერ ამ განსხვავებას „ათანაბრებდნენ“ -ვისაც ნაკლები ჰქონდა მოსახნავი, იმას შეეძლო თავისი მანდავის ხარი სხვა დროს გამოეყენებინა. მაგრამ ეს არ იყო აუცილებელი და თუ ხდებოდა, აბსოლუტურ სიზუსტეს არ იცავდნენ. თუმცა, ასეთ შეამხანაგებას ეკონომიკური თვალსაზრისით დაახლოებით ერთნაირი მდგომარეობის ოჯახები მიმართავდნენ, რომელთაც მოსახნავი მიწებიც დაახლოებით თანაბრად ჰქონდათ და ამდენად, ფაქტობრივად შრომის შედეგის (ხვნადღეების) განაწილებაში მნიშვნელოვან განსხვავებას ადგილი არ ჰქონდა.
ლიტ: გ.ჯალაბაძე. მიწათმოქმედება ფშავ-ხევსურეთში. თბ., 1963
Читая Г. С. Земледельческие системы и пахотные орудия Грузии - Вопросы этнографии Кавказа 1952
თ. გ.
სახინკლე - აქ. ოვალური ფორმის ტარიანი დაფა, რომელზედაც დააწყობდნენ ხინკალს და მიართმევდნენ სტუმარს. ამ ნივთით ხდებოდა აგრეთვე სარიტუალო დღესასწაულებზე მიცვალებულთა სულებისათვის „ხინკლის დადგმა“. სახინკლე შემკული იყო სხვადასხვა სახის ასტრალური გამოსახულებებით, რაც მთიელთა რწმენა-წარმოდგენების გამოძახილია.
ე.ნ.
სახლი - საზოგადოებრივი, სამეურნეო და ადამიანთა საცხოვრისის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი. ძველ საქართველოში საცხოვრისის გარდა არსებობდა: სახლი საქვრივო (გლოვისა), სალხინო, სამდივნო (სასამართლო), ასევე სახლი წისქვილისა, სახლი რკინისა. პატარა საცხოვრისს სახლაკს უწოდებდნენ.
ე.ნ.
სახლი ბარული - ერთთვლიანი სახლი, გავრცელებული ხევსურეთის ზოგიერთ პუნქტში, რომელიც წარმოადგენს მიწისზედა ნაგებობას და გვიანდელ პერიოდში უნდა იყოს შესული ხევსურეთში.
ე. ნ.
სახლი ბოყვებიანი - ბოყვების მეშვეობით აგებული ხის სახლის ტიპი, რომელიც გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. ესაა იმავე ბოყვებით აშენებული ოდა (იხ. ბოყვები).
სახლი დუროიანი - საცხოვრებელი სახლის ტიპი მთიან რაჭაში, რომელსაც თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდა. ოთხსართულიანი კოშკის მეოთხე სართულს დუროები (სათოფურები) ჰქონდა დატანებული ქვითკირით ნაშენ კედლებში. სახლის პირველ სართულს საქონლის სადგომად იყენებდნენ, მეორე სართულზე ოთახის შუაგულში კერა იყო გამართული და ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. მესამე სართული წლის სარჩოს და სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შესანახად გამოიყენებოდა. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდებოდა.
ლიტ.: გ. ჩიტაია, შრომები, ტ. IV, 2001.
სახლი ერდოიან - გვირგვინიანი - ქართული საცხოვრებლის სახეობა. ცნობილია ასევე „დარბაზისა“ და „ერთობის სახლის“ სახელწოდებით. დამახასიათებელი იყო საოჯახო თემის, დიდი ოჯახის სპეციფიკისათვის. გავრცელებული იყო ამიერკავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნებში. სახელწოდება მიიღო ორიგინალური გვირგვინისებური გადახურვის გამო. ერდო-გვირგვინიანი სახლის მოდიფიცირებული ვარიანტებით გამოირჩევა ამიერკავკასია. საქართველოში მან თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ერდო-გვირგვინიანი სახლი სხვადასხვა ვარიაციებით გავრცელებული იყო ქვემო და შიდა ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში. ჩვეულებრივ ნაგები იყო ქვითა და ტალახით. მკაცრ კლიმატურ რეგიონებში მისთვის დამახასიათებელია მიწაში ღრმად ჩასულობა. ბანი გადახურული იყო ხის კონსტრუქციებით. სახურავი კი დაფარულია თიხატკეპნილით.
ერდო-გვირგვინიანი სახლის კონსტრუქციაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ხის ძელებით ორიგინალურად აგებულ გვირგვინს, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს როგორც შუაცეცხლის კვამლის გასასვლელს, ასევე დარბაზის სინათლის წყაროსაც. გვირგვინის გადახურვა ეყრდნობა თავხეებსა და უმთავრეს სამაგრს - დედაბოძს. მისი ყელი აცილებულია ბანს.
ერდო-გვირგვინიანი სახლის ცენტრალური ნაწილია დარბაზი, რომლის ფართობი 50-დან - 120 კვ. მ.-ს აღწევდა. შუაგულში გამართული იყო კერა, ზედ დაშვებული რკინის საქვაბე ჯაჭვით. ერდო-გვირგვინიან სახლში დედაბოძს არქიტექტურული მნიშვნელობის გარდა, სიმბოლური დატვირთვაც გააჩნდა - როგორც წესი, მასზე ამოკვეთილია რელიგიურ-აპოთროპეული შინაარსის სიუჟეტები. დარბაზში ადგილები განაწილებული იყო ასაკობრივ-სქესობრივი ნიშნით. ყველაზე გამორჩეული ადგილი (კერა, დედაბოძი) და საგანგებოდ შემკული სკამი ეკუთვნოდა ოჯახის უფროსს.
დარბაზის კედლებში, შიდა მხრიდან, დატანებული იყო ნიშები, სადაც თავსდებოდა ყოველდღიური მოხმარებისათვის განკუთვნილი დგამ-ჭურჭელი.
ერდო-გვირგვინიანი სახლი წარმოადგენს კომპლექსურ ნაგებობას, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც მჭიდროდ ეკვრის სამეურნეო სათავსები: მარანი, ბეღელი, სათონე, ბოსელი, საჯინიბო. ერდო-გვირგვინიანი სახლის მოდიფიცირებულ ვარიანტში, მესხურ-ჯავახურში, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ნახევრად ღია სათავსს - კარაპანს, სადაც აწარმოებდნენ საოჯახო სამეურნეო საქმიანობას.
ლიტ.: გ. ჩუბინაშვილი, ქართლის დარბაზი, 1926; თ. ჩიქოვანი, ამიერკავკასიის ხალხურ საცხოვრებელ ნაგებობათა ისტორიიდან, 1967. ე.ნ.
სახლი კათხა (ზ. იმერ.) - ძველებური სახლი, შუაში კერა და ზემოთ ერდო ჰქონდა. შეკრულია მორებით.
სახლი კალოიანი - საცხოვრებლის ტიპი ხევსურეთში. წარმოადგენს ლიტონი ქვისგან აგებულ შენობას. პირველ სართულს ეწოდება სახლი, სადაც განთავსებულია კერა, ადამიანები და საქონელი. მეორე სართულს ეწოდება ჭერხო, რომელიც წარმოადგენს მამაკაცთა თავშესაფარს და ამასთანავე, სამეურნეო მარაგის საცავს, ხოლო მესამე სართულია კალო, ანუ მაღალი ბანი, სადაც ზამთრობით ყინულზე პურს ლეწავენ. აქვე განთავსებულია დახურული სათავსი, სადაც იარაღს ინახავენ. კალოიანი სახლი წარმოადგენს ხევსურეთისთვის ყველაზე დამახასიათებელ საცხოვრისს.
სახლი კოშკური - საცხოვრებლის ტიპი ხევსურეთსა და საქართველოს მთიანეთის სხვა რეგიონებშიც. მისი პირველი სართული საქონლისთვისაა განკუთვნილი (საძროხე, ბაშტე (თუშ)), მეორესა წვრილფეხა პირუტყვისთვის, მესამე - კერისა და ჯალაბობისთვის, ხოლო მეოთხე - ჭერხო მამაკაცებისა და სამეურნეო მარაგის შენახვისთვის. ასეთი სახლი შეთავსებულია მაღალმთიანი ზოლის სამეურნეო და საცხოვრებელ მოთხოვნილებასთან. იგი წარმოადგენს თავდაცვით ნაგებობასაც და ამ მიზნით არცთუ იშვიათად დატანებული აქვს ჩარდახი და სათოფურები.
ე. ნ.
სახლი ლაზური - დასავლურქართული ოდის ნაირსახეობა. ლაზური სახლი თავისი არქიტექტურული და დეკორატიული სრუქლმნილებით სამშენებლო ხელოვნების ძლიერ მიმართულებად გამოიკვეთება. ამასთანავე, ასეთი სტილის სხვადასხვა ვარიაციებით ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ლაზური სახლის მშენებლები ძირითადად იყვნენ ლაზი ოსტატები, რომლებიც არცთუ იშვიათად გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გათვალისწინებით ქმნიდნენ ლაზური სახლის კომბინირებულ ტიპებს, ამ მხრივ შესაძლოა დასახელებულ იქნეს თრიალეთში გავრცელებული ლაზურის ტიპის მიწურბანიანი ოდები. ლაზური სახლი ხასიათდება ქვითხუროობის დახვეწილი ფორმებით, რაც გამოიხატება აივნის, ბოძების, ფარდებისა და კარ-ფანჯრების მხატვრული ჭრილებით გაფორმებაში. ლაზურ ორნამენტში განსაკუთრებით გამოკვეთილია ზოომორფული, ასტრალური და მცენარეული (სიცოცხლის ხე) მოტივი, რაც, მჭიდრო სიუჟეტურ მსგავსებას ამჟღავნებას მახლობელი აღმოსავლეთის კულტურულ სამყაროსთან.
ლიტერატურა.: გ. ჩიტაია, სიცოცხლის ხის მოტივი ლაზურ ორნამენტში, შრომები, ტ. II, 2000
ე. ნ.
სახლი ოდა - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ტიპური საცხოვრებელი, დახვეწილი არქიტექტურული ფორმის ნაგებობა, რომლის პირველი სართული წარმოადგენს ქვის ბლოკებით აშენებულ პალატს, მეორე სართული კი მთლიანად ხისგანაა გაკეთებული. ოდასახლისთვის დამახასიათებელია ფართო აივანი, ზოგჯერ მასზე მიმაგრებული გრძელი სკამებით. ტიპიური ოდასახლის მეორე სართული მოიცავს სამ ოთახს, ორი განაპირა საძინებლებისათვის და შუაში დიდი „ზალა“, რომელიც ერთმანეთისგან გამიჯნულია ხისავე ტიხრებით. ოდასახლში ზოგჯერ გამართულია ქვის ბუხარი და განსაკუთრებით კარგადაა გამოხატული ქვისა და ხის ერთმანეთთან შერწყმის ხელოვნება. როგორც წესი, ოდასახლის აივნებს უკეთდება ხის აჟურული ფარდები, რაც მას თავისებურ კოლორიტს სძენს. ოდასახლის პალატი განკუთვნილია სხვადასხვა საოჯახო და სამეურნეო საქმიანობისთვის.
ე. ნ.
სახლი საბძლური - ქვის ორფერდიანი მიწისზედა ნაგებობა, რომელიც გავრცელებული იყო ხევსურეთში, სადაც მას ფშაურ სახლად მოიხსენიებენ.
ე. ნ.
სახლი დარბაზული - ძვ. ქართული საცხოვრებლის ტიპი. მოიცავს მთელ კომპლექსს, რომელშიც შედის კარაპანი, დარბაზი, საკუჭნაო, ბოსელი, საბძელი და ფურნე. მისი საუკეთესო ნიმუშები გავრცელებულია მტკვრისა და ქვაბლიანის ხეობებში.
ე. ნ.
სახლი შუა - შუა სახლი, საცხოვრებლის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც გავრცელებული იყო რაჭასა და ლეჩხუმში. ესაა სქელი ფიცრისგან (ზოგჯერ 10 სმ სისქის) ნაშენი, დაახლოებით 60მ2 ფართობის ნაგებობა, რომელიც ეყრდნობა მიწაზე „მორგებულ“ ქვებს. კედლის ფიცრები კოტებისა და ჭდეების საშუალებით, ხოლო ფიცრის ჩაჭრილი თავები ერთიმეორეზე მიყოლებით ერთმანეთშია ჩაჭედილი და შეკრულია ქილიქით. სახლი იხურებოდა ყავრით. შუა სახლში გაკეთებულია მიწის ტკეპნილი სოხანე და შუა ადგილას გამართულია კერა, რომლის ზემოთ - ჭერში დამაგრებულია კაჩა//კაჩხა და ზედ დაკიდებულია ნაჭა, დაგრეხილი რკინის საქვაბე ჯაჭვი (იხ. ნაჭა). კაჩას გამოიყენებენ შაშხის გამოსაყვანად, სუნელეულობის საშრობად, კვახიწელას გასახმობად და სხვა. კაჩაში გადის კვამლი და ადის საკვამურში, რომელიც სახლისათვის სინათლის წყაროსაც წარმოადგენს. შუა სახლს აქვს მასიური კარები, რომელიც იკეტება ურდულითა და საგდულით. სახლის დირესა და სართულზე ფიცრებია გაყრილი, რომელსაც ქორედს უწოდებენ და ამ ნაწილს გამოიყენებენ სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტების შესანახად. შუა სახლში კედელთან მიდგმულია დიდი საწოლი ტახტი ე.წ. კოჩაბანდი (იხ.) რაზედაც იძინებდა ოჯახის ყველა წევრი, კოჩაბანდთან ერთად ასეთ სახლში საწოლის მოვალეობას ასრულებდა სკამლოგინიც. შუა სახლში წარმოდგენილია „სალარო“ - კედლის კუთხეში მიშენებულია ჭურჭლის შესანახი სათავსი და „ბუჯერი“ - მაღალი მაგიდა სხვადასხვა სამზარეულო ჭურჭლის დასალაგებლად. შუა სახლის სახურავი დიდადაა გადაცილებული კედლებს და მის ქვეშ წარმოქმნილია წვიმისგან დაცული სივრცე, სადაც ინახავენ სამეურნეო იარაღებს. ადრეულ პერიოდში შუა სახლში ადამიანისა და შინაური საქონლის თანაბინადრობაც დასტურდება.
ლიტ.: ა. კიკვიძე, შუა სახლი რაჭა-ლეჩხუმში, 1940.
ე. ნ.
სახლი ხულა - აჭარლების სადგომი საზაფხულო იალაღებზე (იაილა). ხულა სახლში ქვემო სართული საქონლისთვისაა განკუთვნილი, მეორეზე კი ადამიანები ცხოვრობენ და შედგება სამი განყოფილებისგან: იაზღულის, საცეცხლურისა და სარძიესგან, სადაც რძის პროდუქტებს ამზადებენ და ინახავენ. ხულა სახლის ტიპი გ. ჩიტაიას შეხედულებით, იმეორებს ვიტრუვის მიერ აღწერილ კოლხური სახლის ფორმებს და ქართველთა უძველესი საცხოვრისის განვითარებულ ფორმად წარმოგვიდგება.
ე. ნ.
სახმილი//სახუმილი (ძვ.) - ღუმელი, ქურა, ბრძმედი, ცეცხლის დასანთები ადგილი.
სახნისი - აქ: სახვნელი იარაღის რკინის დეტალი. საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონების შესაბამისად სახვნელის სხვადასხვა ტიპი არსებობს და ყოველი მათგანი ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით არის ჩამოყალიბებული. გამოიყოფა სახნისის სამი ტიპი:
1. მთის ზონის სახნისები - სოლისებური ფორმის, უფრთო. ამგვარ სახნისიან სახვნელს საკვეთელი არა აქვს.
2. მთისწინეთის სახნისი - ორფრთიანი. გვხვდება საქართველოს ყველა რეგიონში. ამ ტიპის ზოგიერთი სახნისი ფრთიანი გუთნის სახნისისაკენ გარდამავალ საფეხურს ასახავს. ასეთი სახნისები ძირითადად სამკუთხედის ფორმისაა, მაგრამ არის სხვადასხვა სიდიდის, პირმომრგვალებული სახნისებიც. (უფრო ხშირად გვხვდება ცენტრალური კავკასიის მოსახლეობაში). იგი ყველაზე დიდი ზომის სახვნელი იარაღის ნაწილია, რომელშიაც არანაკლებ ორი უღელი ხარი იყო შებმული. ამგვარი სახნისი აღმოსავლეთ საქართველოს მთისწინეთისათვის არის დამახასიათებელი და ბარის დიდი ფრთიანი გუთნის სახნისზე გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. ასეთ სახნისის მქონე სახვნელ იარაღს საკვეთელიც დიდი ზომის ესაჭიროებოდა (45-47სმ ).
3. სახნისის ეს ტიპი ბარული დიდი ფრთიანიგუთნისათვისაა, რომელშიც რვა და მეტი უღელი ხარ-კამეჩი იყოშებმული. სახნისებს ჭედავდა სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადგილობრივი მჭედელი, რომელიც ყოველწლიურად ახდენდა ასევე მათ დაპირვა-დაფოლადებას. ამ სამუშაოსათვის მოდგამისაგან მას ერთი ალო (სამუშაო დღის მანძილზე მოხნული მიწის ფართობი) ეკუთვნოდა. სახნისი იჭედებოდა ერთი მთლიანი რკინის ნაჭრისგან, რომელსაც ჰქონდა საკვეთი ფრთები, ბუდე, ანუ საეშვე ყურები, მუცელი, ზურგი და წვერი. ცნობილია სახნისის დამზადების ორი წესი: 1) ლითონის გახურება-გაწევით სახნისის ფორმის მიცემა და 2) რკინის ნაჭრის ცივად გამოჭრა. სახნისის ცალკეული ფორმები ასახავს სახვნელი იარაღისა და საკუთრივ ამ დეტალის განვითარების სხვადასხვა დონეს - მარტივიდან რთულამდე. მთის, მთისწინეთისა და ბარის სახვნელი იარაღების რკინის დეტალებიც თავის მხრივ განვითარების სხვადასხვა ეტაპებს ასახავს.
ლიტ.: გ.ჩიტაია, საქართველოს სამიწათმოქმედო სისტემა და სახვნელი იარაღები შრომები, ტ.1. 1997; თ. გ.
სახოპავი - თევზის საჭერი ბადე, რომელიც გამოიყენება იქ, სადაც მდინარე მდორედ მიედინება. წარმოადგენს ოთხკუთხედ ჯოხებზე მიმაგრებულ ამოსასმელ ბადეს.
ლიტ.: ქელ., 2009.
სახრე - შვიდი მტკაველი სიგრძის, სალოკი თითის სიმსხო შვინდის ჯოხი, გამოიყენებოდა სიგრძის საზომად. მაგ., იტყოდნენ: „სახვნელის რვილა სამი სახრის სიგრძე უნდა იყოს“.
გ. გ.
საჯილდაო ქვა - დიდი ზომის ქვა, რომლის აწევაშიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ძლიერი მამაკაცები. იგი სოფლის გამორჩეულ ადგილას იდო და ვისაც ძალა ერჩოდა, შეეჭიდებოდა.
საჯინიბო - ცხენების სადგომი. ფეოდალურ საქართველოში შეძლებულ ოჯახს, როგორც წესი, ცხენებისთვის ცალკე სადგომი ჰქონდა. ცხენი, როგორც სუფთა ცხოველი და ამავე დროს გამოსაჩენი, თავმოსაწონებელი, განსაკუთრებით ზრუნვის ობიექტი იყო. ამიტომ მისი განცალკევება სხვა საქონლისგან სასურველი იყო. საერთო ბოსელშიც კი იგი გამოყოფილი იყო ხარ-ძროხისგან. საჯინიბოში ინახებოდაცხენის აღკაზმულობა, რაც კიდევ ერთი პირობა იყო საჯინიბოს სისუფთავისთვის.
სევადა - ვერცხლის ნაკეთობის მოსართავი ნივთიერება. სევადის დასამზადებლად აიღებენ თითო გირვანქა სპილენძს, გოგირდს, ტყვიასა და ხუთ მისხალ ვერცხლს, ერთად შეაზავებენ და დაადნობენ. კარგი დუღილის შემდეგ ჯამში გადმოასხამენ, გაცივების შემდეგ ნადნობისაგან დადგება შავი ნივთიერება - სევადა. საოქრომჭედლო სამუშაობისას მას კარგად დანაყავენ და აქცევენ წმინდა ფხვნილად, იმისათვის, რომ სევადამ კარგად „იმუშაოს“, კარგად დაადნეს, ფხვნილს ბორას შეურევენ. ვერცხლის ნაკეთობაზე ამოჭრილ ორნამენტში ასეთი ტექნიკით მომზადებულ სევადას დააყრიან, შემდეგ გაახურებენ და იგი ჩადნება ამონაჭრელში, შემდეგ გაასუფთავებენ და მიიღებენ ფერად, მოშავო ნაზ მხატვრულ სახეებს.
მ.ბ.
სეილანი - წითელი ფერის მინერალი, რომელიც გამოიყენებოდა საიუველირო ხელოვნებაში. საკმაოდ დიდი გამოყენება ჰქონდა ელინისტური ხანის გლიპტიკაში. სეილანით შემკული სამკაულები იშვიათად მაგრამ მაინც გვხვდება საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში. სეილანით არის შემკული სხვადასხვა სახის საეკლესიო ნივთები.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
სელი - სატვირთო ტრანსპორტის სახეობა. აგებულების მიხედვით სელი შერეული ტიპის საზიდთა რიგს განეკუთვნება, რადგან მასშიც გორვა-სრიალის შეერთებული პრინციპია მოცემული. იგი ახლო დგას აჩაჩა ურემთან იმ მხრივ, რომ აქაც ურმის წინა ნაწილით ხორციელდება თრევა-სრიალი, ხოლო უკანა ნაწილით - გორვა. აჭარაში სელი ეწოდება როგორც ბორბლიან საზიდს, ისე უბორბლოსაც. თუ აჩაჩა ურემში სასრიალო მოწყობილობა ფჩხილებია, რომელთა ბოლო მიწაზე ეთრევა, ხოლო თავი უღელს უერთდება, ბორბლიან სელში თრევის მოვალეობას ასრულებს ფეხები ანუ საცურავები, შედგმული საზიდის წინა ნაწილში სკამის ფეხის მსგავსად. ამრიგად, სელის ფეხები, როგორც სათრევი ნაწილი, ერთსა და იმავე დროს საზიდისა და გამწევი ძალის შემაერთებელი კი არაა, არამედ გამოყოფილია, როგორც ცალკე შემადგენელი ნაწილი. სელში უღელი ხელნების საშუალებით უერთდება საზიდს.
სელი გავრცელებულია სამხრეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში. აღსანიშნავია, რომ გავრცელების ამ არეში სამეურნეო-გეოგრაფიული პირობების შესაბამისად სელის კონსტრუქციას კონკრეტული თავისებურება ახასიათებს. აჭარაში საზიდის ეს სახეობა საგრძნობლად პატარა ზომისაა, ხოლო ზემო ქართლში სულ უფრო და უფრო იზრდება და ჩვეულებრივი ქართული ურმის სიდიდეს აღწევს.
ლიტ.: მ. გეგეშიძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
სელი - აქ: მცენარე, რომლისგანაც ამზადებდნენ საკვებ ზეთს. სელი უძველესი დროიდან მოჰყავდათ საქართველოში. კოლხებისაგან ნაქსოვ სელს, როგორც საუკეთესოს, ახსენებს ჰეროდოტე. სელი არის როგორც საბოჭკოე, ისე საზეთე მცენარე, მაგრამ მისი ადრეული მოხმარება საბოჭკოე მიზნით წარმოებდა. სელის ზეთი ფართოდ გამოიყენებოდა საკვები პროდუქტების მომზადებისას. სელის ზეთის გამოხდას ბოლო დრომდე მისდევდნენ მესხეთსა და თრიალეთში, რისი დასტურიცაა დღემდე შემორჩენილი სელის ზეთის სახდელი კომპლექსის ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი, როგორიცაა გელაზი (იხ.).
ლიტ.: ლ. მოლოდინი, ხალხური ზეთსახდელი იარაღები, 1963.
ე. ნ.
სენაი//სენე (სვ. ხევს.) - სვანეთში სენაი//სანაის სახელწოდებით სპეციალური დანიშნულების სამეურნეო ოთახს გარდა აღინიშნება სახლის („ქორ“) პირველი სართულის („მაჩვიბ“) კედლის მცირე ნიში, რომელიც მორწმუნე სვანის ყოფაში განსაკუთრებული დანიშნულების იყო. სვანის რწმენით, ყოველ გვარსა თუ გვარში შემავალ ყოველ ოჯახს თავისი „მეზირი“ ჰყავდა ამა თუ იმ უჩინარი ცხოველის სახით: ვერცხლის ან ოქროსფრად მოელვარე თაგვი, ხვლიკი, ხბო, ცხენი, კვიცი და სხვა. მეზირი გვარისა თუ ოჯახის მფარველად ითვლებოდა. მისი საცხოვრებელი ბინა სვანური სახლის სენაი//სანაი იყო. „მეზირის“ სახელზე ოჯახის უფროსი ქალი სენაისთან აცხობდა ორი სახის პურს - ლემზირს „ქორა ლეგემს“ ოჯახის სიუხვისთვის და „კერი ლემზირს“ (კერის შესაწირავი პური). პირველს ნიშში შედებდა და იქვე პატარა ჯამით რძეს დადგამდა. მეორე ლემზირი კერასთან მიჰქონდა, კერის მარჯვენა ფეხს მარცხნიდა მარჯვნივ სამჯერ შემოავლებდა ლემზირს და დაჩოქილი ხმადაბალი ლოცვით „მეზირს“ ოჯახის კარგად ყოფნას შესთხოვდა.
ხევსურეთის სენეც საგანგებო ადგილია სახლში, სადაც წარმოებდა რძის პროდუქტების დამზადება. ეს უძველესი ტერმინი გვხვდება ნიკორწმინდის სიგელში (XIს.), სადაც ის აღნიშნავს სახლში გამოყოფილ ადგილს ან ცალკე ოთახს, სადაც განსაკუთრებული სამეურნებო საქმიანობა ტარდებოდა. ყველაზე არგუმენტირებული ვარაუდით, აქაც რძის პროდუქტების დამზადება უნდა იყოს ნაგულისხმევი. ტერმინი სენე - სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება ძველი აღმოსავლეთის უძველეს ხალხთა ენებშიც. ამ ტერმინს იცნობს სვანური და რაჭული დიალექტებიც. ყველა ვარიანტით ტერმინი სენე//სენა - მჭიდროდ უკავშირდება რძის მეურნეობის დარგს და ხაზს უსვამს ორგანიზებული მესაქონლეობის არსებობას.
ნ.გ. ე. ნ.
სერი//სერა - ერთგვარი სარქველი, რომელსაც სადღვებელზე პირს გადასაკრავად იყენებდნენ საქართველოს მთაში (მთიულ. ხევს. გუდამ.). ამზადებდნენ მსხვილფეხა საქონლის ფაშვისაგან. გაასუფთავებდნენ, გაფხეკდნენ და გაახმობდნენ. საბას განმარტებით „სერი“ ქოთნის პირგადასაკრავია.
ლიტ.: ალ. ღლონტი, ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა, 1979
სერი//ლიშანი - ხეზე დადებული დამღა, რომელიც კუთვნილ ხეზე პიროვნების ხელდებას ამტკიცებს. საქართველოში ასეთი ნიშნების მრავალსხაეობა დგინდება. მაგ.: „თაჯი“-აჭარაში, „დაღარ“ - სვანეთში, „ნიშანი“ - ბორჯომის ხეობაში, „დაჯვარა“ - გურია, „თარჯი“ - ქართლი და სხ.
გ. გ.
სერკვი// მუხლის ძნა (ხევს.)// ხუთულა (ფშ)//ბულული, ჩერგილი (იმერ)// მექვ (სვ). - თივის უსაყრდენო პატარა ზვინი. ასეთი ზვინები იდგმება სათიბ ადგილებში და ზამთარში მარხილებით ან დაცურებით მოაქვთ სახლში (იხ. ბულული).
სეფა - სანადიმოდ გაშლილი გრძელი სუფრა, ზოგჯერ სახელდახელო გდახურვით. „სვანი“ // შურო // „ძელის სავალი“ // „გერდევანი“// „ხალახინი“ - ტყეში გამორჩეული ბუნებრივი ღარი, სადაც საგორავებისა და კეტების დახმარებით სატივე მორებს აცურებენ. სვანის შესატყვისი „ძელის სავალი“ მოიხსენიება გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის“ ცხოვრებაში (Xს). ტყეში მოჭრილ მორებს მიათრევენ ასეთ ადგილთან, გაასწორებენ და დაცურებული ხე ჩასრიალდება სატრანსპორტო საშუალებასთან უფრო მოხერხებულ ადგილთან.
გ. გ.
სვასტიკა - სვასტიკა უძველესი სიმბოლური ნიშანია, რომელიც არსით ბრუნვის იდეასთანაა დაკავშირებული. სვასტიკა განვითარებულია ბოლოშეხრილი ჯვრებისაგან და ორივენი საფუძველს უქმნიან ბორჯღალას წარმოშობას. სვასტიკის გამოსახულებები დაფიქსირებულია ადრებრინჯაოს ხანის არქეოლოგიურ მასალებზე. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე სვასტიკის საუკეთესო გამოსახულება გვხვდება ზემო ქართლში (საბიდახჩე) მიკვლეულ თიხის ჭურჭლებზე, რომელიც II ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. სვასტიკის საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ეთნოგრაფიულ ყოფაში განსაკუთრებით დედაბოძებზე, ავეჯსა და სხვადასხვა საოჯახო ნივთებზე. ზოგადად შესაძლებელია ითქვას, რომ ეს ნიშანი კავკასიის ხალხთა ორნამენტში უწყვეტად გვხვდება მთელი სამი ათასწლეულის მანძილზე. ფიქრობენ, რომსვასტიკა აზიური წარმოშობის ემბლემაა, რომელიც შემდგომში გავრცელდა მთელს მსოფლიოში. სვასტიკაში გადმოცემულია მარადიული ტრიალის პრინციპი, რაც ეთანადება მზის მარადიულობას და შესაბამისად მასში მზის სიმბოლოცაა ნაგულისხმევი. განსხვავებით ჯვრისგან, სვასტიკა ერთი მიმართულებით ბრუნვას გადმოგვცემს და ეტოლება ციურ სხეულთა მოძრაობის მიმართულებას.
სვასტიკა არაერთხელ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური ძალაუფლების ემბლემად, როგორც მარადიულობისა და ძლიერების ნიშანი. ამ მხრივ შესაძლოა, მაგალითად, ავიღოთ გერმანელი ნაცისტები, რომლებმაც ეს ნიშანი უძველესი კულტურებიდან ისესხეს და გამოიყენეს.
ლიტ.: ი. სურგულაძე, ქართული ხალხური ორნამენტის სიმბოლიკა, 1993.
თ. ნ.
სვეტი ქვისა - (აქ. ჭიშკრის სვეტი) საქართველოში ეზო-კარმიდამოს ჭიშკრის გაფორმების დიდი ტრადიცია არსებობდა და ასეთი ნაგებობანი იგებოდა სხვადასხვა მასალისაგან. ჭიშკრის მშენებლობაში ადრიდანვე გამოიყენებოდა ქვა, როგორც ერთ ერთი საიმედო და მტკიცე მასალა. ჭიშკრების მშენებლობაში განსაკუთრებულ დახვეწას მიაღწია სვეტებმა, რომელთა სრულყოფილი ნიმუშები დასტურდება ქვემო იმერეთსა და სამეგრელოში. აქაური ჭიშკრების უმეტესობა წარმოადგენს ერთიან ლოდში ამოჭრილ საშუალოდ 2-2,5 მეტრის სიმაღლის ოთხკუთხა ქვის მონოლითებს, რომლებიც შემკულია მცენარეული და ცხოველური მოტივებით. ჭიშკრის კომპლექსში სვეტი გვხვდება სამი ცალი და წარმოქმნის ორ გასასვლელს - ერთს პატარას - ადამიანთათვის და მეორეს - დიდს - სატრანსპორტო საშუალებათათვის. სვეტებს შორის ძველად კრამიტით გადახურული ხის ჭიშკრები იყო აბმული, რაც ბოლო ხანს შეცვალა რკინის ჭიშკარმა. ჭიშკრის სვეტების დამზადება წმინდა ხელობის რიგში ექცევა, რაც პირველ ყოვლისა, მის შემკულობაში გამოიხატება. ჭიშკრის ქვის სვეტები ოჯახის ეკონომიკური სიძლიერის მანიშნებელიც იყო.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
სვია//სვე - ლუდის საკაზმი მცენარე, რომელიც ლუდს აძლევს მომწარო და არომატულ გემოს. ლუდის მომზადებაში სვიის გამოყენებამ ახალ ეტაპს დაუდო სათავე. სვიის გამოყენებამდე, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ადამიანები მოიხმარდნენ მოტკბო ლუდს. საქართველოს მთიანეთში ეს მცენარე ძნელად ხარობს, ამიტომ მთიელები მას ყიდულობდნენ ან თავად ამზადებდნენ, იქ სადაც სვია ხარობდა. სვიას ამზადებენ შემდეგნაირად: მოკრეფენ, დაკეპავენ და დაყრიან წინასწარ კარგად გასუფთავებულ ადგილას. დაფუთნიან და ჩაახურებენ. სამი დღის შემდეგ გაშლიან, გააშრობენ, ჩატენიან ტომრებში და წამოიღებენ. სახლში მას ინახავენ გამომშრალ ადგილას. სვია გაწურულ სისწვენს დაეყრება იმდენი ჩხუტი, რამდენიც ფორი იყო. ასეთი პროპორციით მიცემული სვია ლუდს „სიმწარესა“ და „დათრობას“ აძლევს. სისწვენის ადუღებისას სვია მასში ჩაიხარშება, რის შემდეგაც სისწვენს კიდევ ერთხელ გაფილტრავენ სვიის ნარჩენებისგან (გაწურვა ხდება ჩალაში, ზარფუშის ყელში ან წვრილად მოწნულ გოდორში). სისწვენისთვის სვიის მიცემისა და მისგან გაფილტვრის შემდეგ იწყება ლუდის ფუება.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიაბანი, ტ. III, 2007.
ე.ნ.
სვირი - 1. თიხის მილი, საიდანაც გამოდის საბერველიდან დაბერილი ჰაერი ცეცხლის გასაღვივებლად. 2. ხმელი, ადვილად საწვავი შეშა (ქართლ).
სვირიკე - ბლის ქერქისაგან მოქსოვილი, მცირე ზომის კალათა, სახელურებიანი.
ლიტ.: მსშხი, ტ. II. 1981.
სიათა - ფითილიანი თოფის სახეობა (იხ. არკებუზი).
სიმი - სიმებიანი საკრავის მთავარი ელემენტი, ძუისა, ცხოველის შიგნეულის ნაწლავისა (ძალი), ძაფისა (ლარი, ძაფი), ლითონისა (სიმი). სიმი იჭიმება და თითის ჩამოკვრისას გამოსცემს ხმას (იხ. ფანდური).
სიმქაში - ბრტყელტუჩა იარაღი, რომლის მეშვეობითაც იჭერენ ნივთს მუშაობისას (გახეხვა, გახვრეტა, გაჭრა, გაპრიალება).
სინგური - წითელი ფერის საღებავი, რომლითაც ჩვეულებრივ ძველ ტექსტებში სათაურები და საზედაო ასოები იწერებოდა. სინგური ფართოდ გამოიყენებოდა წიგნის მინიატურების შესრულებისას. შიო მღვიმისადმი გაცემულ ანდერძზე დავით აღმაშენებელს ხელი სინგურით აქვს მოწერილი.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, 1996.
ე. ნ.
სინი - სამზარეულო ჭურჭელთა რიგს განეკუთვნება. სინი ძირითადად მზადდება სპილენძისა და თითბერისაგან. ფორმით სხვადასხვაგვარია. დამზადების ტექნიკის მიხედვით გამოჭედილია სპილენძის ერთი ან რამდენიმე ფურცლისაგან. ზომების მიხედვით ყოფაში სამი ზომის - დიდი, საშუალო, და პატარა სინი დასტურდება. ყოფაში სინის რამდენიმე სახელწოდება მოწმდება: სინი, ლანგარი, ლანგარდი, თეფში-სინი, ტაბაკ-ხონჩა და სხვა. სინების განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნიან აღმოსავლური (სპარსული) სინები, რომლებიც რადიკალურად გამოირჩევიან ქართული სინებისაგან, როგორც ზომით, ასევე შემკულობით. სპარსული სინები ხელოვნების თვალსაჩინო ნამუშევრებია, მათი განსაკუთრებული სიდიდე გამოიწვია მუსულმანური ტრადიციული კერძის „ფლავის“ საერთო სინიდან ჭამის ჩვეულებამ.
ე.ნ.
სირმა - 1. 96%25 ვერცხლი, რომელსაც ნივთების გრეხილი შემკულობისთვის ხმარობდნენ. იგი შემდეგნაირად მზადდებოდა: გადმნარ სირმას ვერცხლს რიჯაში ჩაასხამდნენ. მერე ზინდანზე ჩაქუჩით დანაყავდნენ, სიგრძეზე გაწევდნენ და ჰადიდში//ადიდში გაატარებდნენ. ადიდში გატარება იწყება დიდი ნახვრეტიდან და თანდათანობით გადადიან უფრო წვრილებში, რისი მეშვეობითაც საბოლოოდ მიიღებენ სასურველი სისქის მავთულს. სირმის გამოსაწევად ხმარობენ ქალიფთინს (იხ.). მავთულებს წყვილად შეაერთებენ და დაგრეხენ. შემდეგ ცეცხლზე გამოალბობენ და დაჭრიან სასურველი ზომების მიხედვით და მიადუღებენ ნამზადის სასურველ ადგილებში.
2. ქვითხუროობაში ფანჯრის ჩარჩოს გრძელი ქვა, „უკარა“ ჰქვია პატარას. ჩარჩო შენდება ასეთი გათლილი ბლოკების - „სირმა“ „უკარას“ მონაცვლეობით, ხოლო შუაში ჩაიკეტება „ზანგით“.
მ.ბ.
ე.ნ.
სირჩა - ბროლის პატარა ჭიქა. მთიულეთ-გუდამაყარში ლუდის ფეხიან სასმელს ჰქვია და სმურობისას პატივისცემის ნიშნად მსმელები ერთმანეთთან გადადიან.
ე. ნ.
სისწვენი//ზისწვენი (თუშ.) - უფუებელი ლუდის მასა, რომელიც დგება ფორისა და წყლის ნარევის ცეცხლზე დუღების შემდეგ. ეს პროცესი შემდეგნარიად მიმდინარეობს: სათანადო პროპორციით შერეული წყლითა და ფორის ნაზავით გავსებული სალუდე ქვაბი, დუღილისას საგანგებო ჯოხით მოწმდება და ვიდრე დანიშნულ ადგილამდე არ ჩადუღდება მანამდე ადუღებენ. როცა დარწმუნდებიან, რომ მასა მოიხარშა, იღებენ ქვაბიდან, ფილტრავენ ხაკის ტომრებში და შემდეგ ამ სისწვენიდან აყენებენ//აფუებენ ლუდს (იხ. ლუდი).
ლიტ.: ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიაბანი, ტ. III, 2007.
ე. ნ.
სიქა - სიუჟეტიანი ტვიფარი, რომლითაც იჭრება ლითონის ფული. სიქით ასევე ოქროსა და ვერცხლის ნივთებზე დატანილია ხელოსნობისა და ოქრო-ვერცხლის შემადგენლობის ხარისხი.
სიხმა - ქალის გარეთა სამოსელი (აჭა. სამცხ-ჯავახ.). მასალად გამოიყენებოდა ფაბრიკული ქსოვილები- - ხავერდი, მაუდი, სატინა, ფარჩა. სიხმა წელამდე დასული და ტანზე შემოსალტული ზედაწელია. დასტურდება სიხმას ორი სახეობა: გულამოჭრილი და გულდახურული. პირველს ხმარობდნენ ბარში მცხოვრები ქალები, მეორე კი - მთის მაცხოვრებლები. გულდახურული სხვა მხრივაც იყო გამორჩეული, მას მკერდს ქვემოთ ნაკერები ედგმებოდა, რითაც მისი საკალთე ივსებოდა. წელზე მომდგარ სიხმას უკეთდებოდა განიერი სახელოები, რომლის სიფართე მხართან და მაჯასთან ერთნაირი იყო. ამასთანავე, მხრებთან და მაჯებთან ნაოჭიც აუცილებელია. შესაკვრელად მკერდის ქვემოთ ჩაფრასტებს აკერებდნენ. წელამდე ჩახსნილი სიხმა სათანადოდ იყო გაფორმებული.
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ.
სკა და გეჯა - მეფუტკრეობა საქართველოში უძველესი და ამჟამადაც მნიშვნელოვანი დარგია. მისი ჩამოყალიბება ველური ფუტკრის მოშინაურებიდან იწყება. ფუტკარი ველურად ცხოვრობდა კლდის ნაპრალებსა და ხის ფუღუროში. შესაბამისად მას ტყის ან კლდის ფუტკარს უწოდებდნენ.
ფუტკრის მოშინაურების შემდეგ ადამიანმა თავისი საცხოვრებლის ახლოს მიუჩინა ადგილი, ჩამოყალიბდა საფუტკრის თავისებური ტიპი - ხისგან საგანგებოდ გაკეთებული სადგომი, რომელსაც დღეს სკა ეწოდება.
თანამედროვე სკა ჩვეულებრივ, ფიცრებისგანაა შეკრული და შიგნით მავთულგაყრილი ჩარჩოები აქვს ჩადგმული რომელზედაც ფუტკარი აკეთებს ფიჭას და ასხამს თაფლს. საფუტკრის ამ სახეობამდე ფუტკრის დასაბინავებლად იყენებდნენ გეჯას //ბუკს. გეჯა ორად გაპობილი და გულამოღებული მორია, რომელიც ორკაპა საბჯენებზე დგას. ზოგჯერ საყრდენად გამოყენებულია კუნძები და ქვებიც კი. გეჯები მიწიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე იდგმება. მათ გასაკეთებლად საუკეთესო მასალაა მურყანი (თხმელა), თელა, ცაცხვი, წაბლი. ამ ჯიშის ხეთა უპირატესობა ისაა, რომ ადვილი დასამუშავებელია და სითბოსაც კარგად ინახავს. ტყეში მოჭრილი საგეჯე ხეს იქვე მორავდნენ, ანუ შუაზე აპობდნენ. თუ ნაპობი სწორი აღმოჩნდებოდა, სახლში მიჰქონდათ და ხელეჩოთი, სატეხითა და ნაჯახით მისგან გეჯას (ბუკს) ამზადებდნენ. გაზაფხულზე გეჯაში ახალ ნაყარ ფუტკარს ათავსებდნენ. ყოველ გეჯას ხის ქერქს აფარებდნენ და ქარს რომ არ გადაეხადა, ზედ თეთრ ქვებს აწყობდნენ. თეთრს იმიტომ, რომ იგი მაგიურ ძალის მქონედ მიაჩნდათ - „საფუტკრეს ავი თვალისაგან იცავსო“.
საფუტკრეები იყო როგორც ღია, ასევე გადახურული. იგი ჩვეულებრივ სახლის სიახლოვეს იდგმებოდა და პირუტყვს რომ არ დაეზიანებინა, წნულით ან ფიცრით შემორაგვავდნენ. საფუტკრისათვის საგანგებოდ არჩევდნენ მზიან და ქარისაგან დაცულ, მყუდრო ადგილს.
სკამი - სასხდომი ავეჯის ტიპი. ცნობილია სკამის სხვადასხვა ტიპები, რომელთაგან ფუნქციის მიხედვით გამოიყოფა ზურგიანი და უზურგო. სკამთა რიგში შედის სავარძელი, საუფროსო, საკურცხალი, სამფეხა ჯორკო და ა.შ. სკამი დიდ ქართულ ოჯახში სოციალური ფუნქციის მატარებელი იყო. ისტორიულ წყაროებში სკამის ნიმუშები წარმოდგენილია ხელნაწერთა შემკულობაში. სასხდომი ავეჯის ეს ტიპი ტრადიციულია ქართული ეთნოგრაფიული ყოფისათვის.
ლ.ბ .
სკამი ქვისა - საცხოვრებელ კომპლექსში ქვის მაგიდებთან ერთად დგამდნენ ქვის სკამებს. ეთნოგრაფიულ ყოფაში ფიქსირდება ქვის სკამების ნაირსახეობა.
სკარამანგი - ძვირფასი ქსოვილი, ყვავილოვანი ორნამენტებით მორთულ-მოჩითული, საგანგებოდ ამზადებდნენ დიდებულთა ჩაცმულობისათვის.
სკიპტრა - სამეფო კვერთხი, მეფის ძალაუფლების სიმბოლო, სამეფო ინსიგნიის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი.
სკუფია - უპირატესად შავი ფერის ქუდი სამღვდელოებისა და ბერ-მონაზვრებისა. პატარა, ზევით მსუბუქად წამახული ისე, რომ ნაკეცები ჯვრის სახეს ქმნის. ხავერდის იისფერი სკუფია მღვდლებს ეძლევათ როგორც ჯილდო.
ლიტ.: С. Е. Молотков, Практическая энциклопедия правословного христианина. С. Пб. 2001.
ხ. ც.
სოინარი//ლარჭემი - ლერწმისაგან დამზადებული მრავალლულიანი საკრავი (იხ. ლარჭემი).
სოლი - ხეთა და ქვათა გასაპობი, ხისა და ლითონის ბრტყელპირიანი ან კუთხოვანთავიანი საგანი. სოლი ქვითხუროობაში არის უძველესი იარაღი, რომლითაც ქვის მოტეხვა ხდებოდა. ქვის გატეხვისას მასივზე წერაქვით პატარა ღარს ამოიღებენ, სოლებს ჩაარჭობენ და მონაცვლეობით ხან წინიდან და ხანაც უკანა მხრიდან უროსცემინებით გააპობენ ქვას. ხის სოლებით ქვის გახეთქვა ქვის მოტეხვის ერთ-ერთი უძველესი წესია: ღრმად ამოწალკატებულ ქვის მასივში მკვიდრად გაჭედავენ ბზის ხის სოლებს, შემდეგ ყოველდღიურად ასხამენ წყალს, დროთა განმავლობაში ხე ჟივდება და ისეთი სიდიდით იმატებს, რომ ქვას ხეთქავს. პატარა სოლებს იყენებენ სამეურნეო იარაღის ტარების დაგებისას.
ე. ნ.
სოხანე - მიწის იატაკი. ძველ ქართულ საცხოვრისში, მიწატკეპნილი იატაკი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სასოხანე მიწა, რომელიც საგანგებოდაა შერჩეული, შეჰქონდათ ნაგებობაში, კარგად ასწორებდნენ, ხის უროებით ტკეპნიდნენ. დროთა განმავლობაში სოხანე უნდა გაახლებულიყო.
ე. ნ.
სოხასტერი - ბერის საყუდარი. აღთქმის მიხედვით, ბერები განილტვებოდნენ სამოღვაწოდ ანუ სამეუდაბნოედ ცხოვრებისათვის. კრებულისგან განცალკევება და ქრისტეს სამსახურში ჩადგომის ნაირგვარი ხერხები არსებობდა, რომელთაგან ერთ-ერთს ბერის დაყუდება წარმოადგენდა. სოხასტერი ეს იყო ბუნებრივი ან საგანგებოდ გაკეთებული ნაგებობა, სადაც ბერები მარტოობაში ატარებდნენ ცხოვრების ნაწილს ან მთლიანად ცხოვრებას. მიუხედავად განდეგილობისა, ბერის მოღვაწეობის ხარისხი მონასტრის ხელმძღვანელობის კონტორლით ხორციელდებოდა.
ე. ნ.
სპონდიო//სპონტიკი (იმერ.) - წყალში ნამყოფი სიპი ქვა, რომელსაც მშენებლობისას ლიტონი კედლების ამოსაყვნად ხმარობდნენ. ოშკის ტაძრის აგებისას 30 ხარ-უღელი ყოფილა გამოყოფილი „სპონდიოს“ საზიდად.
ე. ნ.
სტელა - 1. მემორიალური ძეგლის-საფლავის ქვის, ერთ-ერთი ტიპი, რომელიც თავის შიგნით აერთიანებს მრავალ ნაირსახეობას. სტელისებური ძეგლების აღმართვის ტრადიცია მიცვალებულთა საფლავზე უძველესი დროიდან იყო გავრცელებული. სტელისებური ძეგლების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება მცხეთაში, ქვემო ქართლში, ზემო ქართლში. ასეთი ტიპის საფლავის ძეგლები მეტ-ნაკლები ინტენსიურობით ვითარდებოდა ქართულ მემორიალურ კულტურაში და ყველა ეპოქას მოეპოვება მათი დამახასიათებელი ნიმუშები. სტელები და სტელისებური ძეგლები ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ტიპია მემორიალური ძეგლებისა. არცთუ იშვიათად ასეთი ტიპის ძეგლებს „მატურის“ სახელითაც მოიხსენიებენ (იხ. მატური). 2. სალოცავი ობიექტები, რომელთა მრავალნაირი ტიპებია დადასტურებული საქართველოში 3. სამიჯნო სტელები, რომელთა ნაწილზე რელიეფით ხელია ამოკვეთილი, როგორც მფლობელის უფლების დამადასტურებელი სიმბოლო.
ე. ნ.
სტემა - სამეფო გვირგვინის ტიპი, თვლებითა და მარგალიტებით შემკული ოქროს ან ვერცხლის ბრტყელი რკალი, რომელსაც გვერდზე თვალ-მარგალიტის ტოტები ახლავს. ხოლო რკალის შუა ნაწილში ჯვარი აქვს მიმაგრებული. ბიზანტიის მეფეების სტემა თეთრი, წითელი, ლურჯი და მწვანე ფერისა იყო.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1964.
ე. ნ.
სტვირი - სამ-ოთხ თვლიანი პატარა სალამური.
სუა (სამეგრ.) - ცხენის აკაზმულობის ნაწილი. ტყავები კეხის დაბლა აქეთ-იქით დამაგრებული მუხლების მისაყრდნობად, მხედრის ფეხები კეხის შეხებისგან რომ ყოფილიყო დაცული.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
სუდარა//საშიშო//სულის ტალავარი//სამარხი ტალავარი//სასუდრე ტანსაცმელი - მიცვალებულის საფლავში ჩასაყოლებელი სამოსელი. სუდარად გამოიყენებოდა სხვადასხვა ქსოვილი. ძველად, უპირატესობას აძლევდნენ ბამბეულს. XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში სასუდარედ ჩვეულებრივ ნახმარ ტანსაცმელს იმზადებდნენ. უხმარი ტანსაცმლის გატანება არ იყო წესად, სიცოცხლეშივე მის პატრონს ერთხელ მაინც უნდა მოესწრო მისი ჩაცმა. მიცვალებულს განბანვის შემდეგ შესუდრავდნენ. მსუდრავი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში საჩუქრად ან წინდებს ღებულობდა, ან ნაქსოვ ფეხსამოსს. სასუდარე ტანსაცმლის გარდა მიცვალებულის სახელზე უნდა დარჩენილიყო კარგი სამოსის ერთი ან ორი ხელი, რომელთა გამოყენება მიცვალებულის მოგონებასთან იყო დაკავშირებული. ხევსურეთში მიცვალებულს სამ სხვადასხვა ფერის (თეთი, ლურჯი, წითელი) პერანგში გაახვევდნენ. შემდგომში ამის გამოძახილად უნდა ჩაითვალოს საფლავში სხვა ნივთებთან ერთად სხვადასხვა ფერის პატარა ნაჭრების გატანებაც.
ლიტ.: ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ
საქართველოს მთიანეთში, 1974. ც. ბ.
სუზანი - ჭრელი ქსოვილი ტახტზე გადასაფარებელი.
სუთი - სუფთად გათლილი ჩოგანი, ღომის მოსარევ-ამოსაღები. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. ყველგან, სადაც ღომს საკვებად იყენებდნენ.
სუიფი - სასოფლო მოედანი სვანეთში, ხშირ შემთხვევაში აქ იდგა წმინდა ხე, რომლის გარშემო ქვის სკამები იყო მოწყობილი. „სუიფი“ გამართული იყო სასოფლო დასახლების ცენტრში, შემაღლებულ ადგილას და გალავნით იყო შემოზღუდული. არსებობს მოსაზრება, რომ სვანური სიტყვა „სუიფ“ ქართული „სოფელ“//„სუფელის“ ნაირსახეობაა და სასოფლო ერის კრების მნიშვნელობას მოიცავს. სუიფის მსგსვსი სასოფლო თავშესაყარი ცნობილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგალითად: ხევსურული - საფეხვნო, თუშური - საანჯმო, მოხევური - ერობა, რაჭული - სანახშო, აჭარული - ჯამიკარი და შადრევანი, იმერული - სათემო. ყველა ესენი წარმოადგენდნენ სოფლის საჭირბორორტო საკითხების მოსაგვარებლად მამაკაცთა თავშეყრის, საუბრისა და გართობის ადგილს. სუიფი გენეტიკურად უკავშირდება სოფლის მმართველობის ინსტიტუტს.
ლიტ.: გ. ჩიქოვანი, სასოფლო მოედნები, მაცნე №1, 1983. რ. გუჯეჯიანი, ქართველ მთიელთა მენტალობის ისტორიიდან. 2008.
ე. ნ.
სულგუნი - ყველის სახეობა, რომლის დამზადებით გამოირჩევიან მეგრელები და სვანები. მზადდება ძროხისა და კამეჩის რძისაგან. სულგუნის დამზადებისას ახლად ამოყვანილ „ჩვილ“ ყველს ჩაჭრიან რძეში ან თბილ წყალში და ზელენ ხელით ვიდრე არ ამოიწელება. შემდეგ ამ მასას მოაყრიან მარილს, მრგვალ თავებად შეახვევენ, ერთხანს ცივ წყალში ამყოფებენ და მერე შესანახად ჩაყრიან წათხში. შენახვის ხანგრძლივობით გამოირჩევა შებოლილი სულგუნი, რომელიც მკვრივია და სპეციფიკური სასიამოვნო სუნი და გემო აქვს. სულგუნისაგან ამზადებენ აგრეთვე სხვადასხვა ფორმის „პწნილებს“//ფიგურებს (მაგ., ჩიტი, ხარის უღელი, ჭაპანი, ირემი, ცხვარი და ა.შ.). ეს ფიგურები საახალწლო სარიტუალო პურების მსგავსად ძველი რელიგიური რწმენა-წარმოდგენების კვალობაზეა შექმნილი და ძირითადად ნაყოფიერებისა და გამრავლების იდეას ემსახურებოდა.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე. ნ.
სურა - მაღალყელიანი, უსახელურო, ლითონისა და თიხის ჭურჭელი. აქვს მრგვალი ძირი, მკვეთრად გამობერილი მუცელი, მაღალი და წვრილი ყელი. პირი უნისკარტო და მრგვალი. სურები საქართველოში XVII საუკუნეშიც ყოფილა ხმარებაში, რასაც მოწმობს ვახუშტი ორბელიანის ქონების სიაში დასახელებული როგორც ვერცხლის, ისე სპილენძის სურები.
ც. კ.
სუფრა - 1. მაგიდაზე ან მიწაზე დასაფენი პურობისას. გარდა ნაჭრისა (იხ. ლურჯი სუფრა) ეთნოგრაფიულ ყოფაში გამოყენებული იყო ტყავისა და ნოხ-ფარდაგის სუფრები (მაგ. ხევსურეთში, დაგრაგნილ ტყავის სუფრას ხევისბერს მისცემდნენ, ხევისბერი სუფრას აიღებდა, დაილოცებოდა, დამსხდარი ხალხის წინ გასტყორცნიდა და გაშლიდა). 2. სუფრამ მეტყველებაში მიიღო პურობის ზოგადი სახელწოდება. შემუშავებულ იქნა სუფრასთან სხდომის წესები. ქართველები სხდებოდნენ ორ მწკრივად. მინდორზე სხდომისას, დღესასწაულის დროს, ფიცრებზე ან ლასტებზე გაშლილი იყო სანოვაგე. სუფრასთან დასხდომა განისაზღვრებოდა სქესისა და ასაკის მიხედვით. საქართველოს მთაში, ხატობისას, კაცნი, ქალნი და ბავშვნი ცალ-ცალკე სხდებოდნენ. საქართველოს ბარში სუფრის ეტიკეტი და მისი გაწყობის ცერემონიალი გაცილებით დახვეწილი იყო და სხდომის წესიც მეტი დემოკრატიულობით გამოირჩეოდა.
ე.ნ.
![]() |
7 ტ |
▲ზევით დაბრუნება |
ტაბაგი//ფიჩქი (სვ.) - სატრაპეზო მცირე სუფრა, რომელსაც აქვს კიდეები. „ბაგიან“// „ხარხილიან“// „ფარფლიან“ ტაბაგზე ხინკალი კარგად ეწყობოდა. ტაბაგი ძირითადად სამფეხა იყო სპეციალური ნახვრეტით, რომელიც მის სიმშრალეს უზრუნველყოფდა. ტაბაგს იყენებდნენ: ხორცის დასაჭრელად, ცხელი პურების დასაწყობად, საქორწინო შესაწევარისთვის. სამფეხა მრგვალთავიანი სუფრების საუკეთესო ტიპს ფიჩქ-ი წარმოადგენს. იგი ტაბაგის მოყვანილობისაა. სოციალური თვალსაზრისით საუფროსო-სასტუმრო დგამია. დიდია მისი როლი რიტუალებში. ფიჩქ-ი, მასზე ამოკვეთილი აპოთროპეული დანიშნულების ბორჯღალით, იხმარებოდა „ბარბოლის“ სახელზე დაწესებულ წეს-ჩვეულებებში.
ლ. ბ.
ტაბიკი - უღელში ჩასარჭობი ხე, შვინდის ან კოწახურის, გამოთლილი მტკვალნახევარი
სიგრძის, ცერის თითის სიმსხო. ტაბიკი იჯდა უღლის სატაბიკე ჭრილში // თვალში. უღელში ჩაყრილი ორი ტაბიკი ხარს დაედება კისერზე და შეიკვრება ტყავის თასმით//აპეურით, ხარმა უღელი კისრიდან რომ არ წაიძროს. ტაბიკი საქორწილო რიტუალის დამახასიათებელ ატრიბუტსაც წარმოადგენდა როგორც ცოლ-ქმრის ტოლობისა და მეუღლეობის სიმბოლო. იგი უღელთან ერთად ბრინჯაოს ხანის მასალაშია დაფიქსირებული.
გ.გ.
ტაბლა - 1. ხისაგან გაკეთებული ფეხებიანი, დაბალი სუფრა. ტაბლა მაგიდის სახელწოდებად იხსენიება ძველ ქართულ წყაროებში. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ტაბლა „ფიცრის სუფრაა ფეხედი“. ტაბლა სასულიერო მწერლობაში ევსტათი მცხეთელის მარტვილობაშია (VI ს.) მოხსენიებული, ხოლო საერო საისტორიო წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. XVI-XVII საუკუნის ყველა საისტორიო წყაროში სასადილო მაგიდის აღმნიშვნელ ტერმინად ყველგან ტაბლაა ნახმარი. როგორც ჩანს, მაგიდა XVII საუკუნიდან დამკვიდრებულა, ხოლო ტაბლა თავისთავად განაგრძობდა არსებობას.
სვანეთში გავრცელებულ ხის სუფრას „ტაბაკი“ ჰქვია, მთიულეთსა და ფშავ-ხევსურეთში „ტაბლა“, მოხევეები ხშირ შემთხვევაში ასეთ სუფრებს - „ტაბლა-ხონჩასაც“ უწოდებენ. ყველა ეს სუფრა დამზადებულია ხის სქელი ფიცრისაგან, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღწევს, სიგანე კი 36-40 სმ. დგას ოთხ, ხუთსანტიმეტრიანი სისქის ფეხზე, რომელთა სიმაღლე 40 სმ-ს არ აღემატება. ასეთ სუფრებს იყენებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ნადიმისა და ქორწილების დროს. სვანეთში გავრცელებულ სუფრებში მეტად საინტერესოა ხის მრგვალი სუფრა „ფიჩქ“, რომელსაც სამი ფეხი აქვს.ი გი მასიური ფიცრისაგან არის გამოთლილი, ფეხების გარეშე აჭარულ ფეშხუმს ჰგავს. ყურადღებას იქცევს ეთნოგრაფიული და არქეოლოგიური სუფრების, კერძოდ, ტაბლების პარალელები. მცხეთის სამთავროს სამაროვანზე აღმოჩნდა თიხის ორი ტაბლისებური მოყვანილობის ჭურჭელი. ერთი ოთხ მინაძერწ ფეხზე დგას, ხოლო მეორე - სამ ფეხზე. პირველი ჭურჭელი დათარიღებულია ძვ.წ. III-II საუკუნეებით, ხოლო მეორე სამარხს, რომელშიც მრავალგანივკვეთიანი სამფეხა ტაბლა იყო, ძვ.წ. X-IX საუკუნეებით ათარიღებენ.
აღმოსავლეთ საქართველოსა და სვანეთის ხალხური ავეჯის შესწავლისას ეთნოგრაფ ლ. ბედუკიძის ყურადღება მიიქცია ტაბლების მრგვალმა მოყვანილობამ და მან შესაძლებლად მიიჩნია მათი ციურ მნათობთა შესახებ არსებულ რელიგიურ წარმოდგენებთან დაკავშირება, რის საფუძველზეც მივიდა დასკვნამდე, რომ ტაბლათა სიმრგვალე უძველეს რწმენა-შეხედულებებს უკავშირდება და სუფრად ხმარებული ტაბლის ფორმაც ასტრალურ მსოფლმხედველობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.
2. სარიტუალო პური. 3. სართავი ჯარის ნაწილი. 4. მეჭურჭლის ჩარხის ნაწილი. 5. საჩეჩელის ნაწილი.
ე.ნ.
ტაბლაკი - „მცირე ნაღარა“ (საბა). ჩხირებით დასარტყამი.
ტაბლაში (სვ) - კიდობანი, რომელშიც შენახულია პურის ფქვილი ან ხორბალი რელიგიური დღესასწაულისათვის.
ლიტ.: ქელ. 2009.
ტაგანა (ხევს. ფშ.ხევი.) - პატარა კასრის მოყვანილობის ხის ჭურჭელი. ხევსა და ხევსურეთში წყლის მოსატანად ხმარობდნენ (ზურგზე იკიდებდნენ). მას პატარძალს მზითვად ატანდნენ. ტაგანათი სრულდებოდა ხევსურეთში პატარძლის წყალზე გაყვანის წესი: „ჩემო ხელის მომკიდეო, ტაგანაი მომკიდეო“. (ხალხ.)
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხის ჭურჭელი, 1988.
გ. გ.
ტაგანი (ფშ. მთ. გუდამაყ.) - ხის საწველი კასრი. მთლიან ხეშია გამოთლილი და ძირჩადგმულია. თუშეთში მას „დურკი“ ეწოდება.
ტაგრუცი//გვადრუცი//გუადრუცი - ყუთი, კოლოფი, საფლავის ქვა, საბას განმარტებით, გუადრუცი არის ფიცრის კოლოფი, „დიდი გინა მცირე“, ხოლო მეორე მნიშვნელობით - „მაღლა ნაგები საფლავი“. ხალხურ მეტყველებაში იგი აღნიშნავს - ყუთს, კიდობანს, სადაც ქალები ინახავდნენ სამკაულებსა და ხელსაქმის იარაღებს. ეს სიტყვა სახარებაში ყულაბის მნიშვნელობითაც იხმარება: იუდას ჰქონდა შენახული პირველ ქრისტიანთა საერთო თანხა; „გუადრუცი იგი მას აქუნდა და შთასადებელი იგი მას ჰკიდავნ“ (იოვ. 12:6). ქრისტიანობის განმტკიცების შემდგომ ასეთი ყუთები განსაკუთრებულად დაიხვეწა და ისინი იქცა ძვირფასი რელიკვიების დასაცავ ჭურჭელად. მაგ., გოლგოთაზე მიკვლეულ ქრისტეს ჯვრის ნაწილებს დედოფალმა ელენემ შეუქმნა „გუადრუცი ვერცხლისა და შთადვა იგი“. შემდეგ გუადრუცი იქნა გამოყენებული წმინდა ნაწილების დასაცავ ჭურჭელად და იგი გახდა სინონიმი ლარნაკისა. გიორგი მთაწმინდელმა ექვთიმეს წმინდა ნაწილები „მშვენიერ გუადრუცში“ ჩაასვენა და ატარებდა მას ხალხის სანახავად. მოგვიანებით, ტერმინმა ტაგრუცი შეიძინა საფლავის ლოდების მნიშვნელობა, რადგან ასეთი ლოდები მიმსგავსებული იყო ტაგრუცისებრ ყუთებს. ამას ითვალისწინებს საბას განმარტება, როცა ტაგრუცს ნაგებ მაღლა საფლავად წარმოგვიდგენს.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
ტალავარი - აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში მამაკაცისა და ქალის სამოსელის მთლიანი კომპლექტი. ქართულ მეტყველებაში ჩაცმულობის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა ტერმინები: „სამოსელი“, „ტან-ფეხი“, „ტანსამოსი“, „ტანსაცმელი“, „ჩასაცმელი“, „ჩასაცვამ-დასახური“, „ტანთი“ და „ტალავარი“ (მოხეურში - „ტარავალი“). ტერმინი „ტალავარი“ ლექსიკონებითა და ლიტერატურული ძეგლებით ხშირ შემთხვევაში „საძნე-ჩარდახისა“ და „საჩრდილობელი თავსაფრის“ მნიშვნელობითაა ახსნილი (სულხან-საბა, ნ. ჩუბინაშვილი). ივ. ჯავახიშვილი იმერეთში ხეივნის მნიშვნელობით ნახმარ ამ სიტყვას ნასესხებად მიიჩნევს. მ. ანდრონიკაშვილი კი მის წარმომავლობას პართულ სამყაროსთან აკავშირებს, სადაც იგი დარბაზსა და სასახლეს აღნიშნავს. აქედან გამომდინარე, ეს ტერმინი განიმარტება, როგორც ადამიანის საჩრდილობელ-საფარველი, რადგანაც სპეციალურ ლიტერატურაში სამოსელისა და არქიტექტურის საერთო საწყისებია აღიარებული, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქედან მომდინარეობს სამოსელის ზოგად სახელწოდებად „სხეულის სახლის“ ან „მოძრავი საცხოვრებელის“ დასახელებაც. ამ კვალის მატარებელი უნდა იყოს სვანეთში სამოსელის აღსანიშნავად გამოყენებული ტერმინი „ლერექუ“, რომელიც თავის მხრივ ქართულში არსებულ სა-რ-ქუ-ელ-თან ჩანს დაკავშირებული. საინტერესოა ტალავარის საწყისი ნაწილის „ტალას“ მნიშვნელობაც. ეს ტერმინი X ს. არაბი მოგზაურის მოსუდის მიხედვით, ჩერქეზეთში დამზადებული სელის ქსოვილის აღმნიშვნელია. აქედან ივარაუდება ტალა-ტილო-ტოლის კავშირიც. „ტალა“ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მცხოვრები ხალხის მიერ მოხმარებული მუქი ფერის ტანსაცმლის გამომხატველიც იყო.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
ც. ბ.
ტალავერი (იმერ.) - თალარი, მაღლარი ვაზი, ხის ბოძებზე დაწყობილ ლატნებზეა გადაშვებული. ხშირად ტალავერის ქვეშ ჭურები ჰქონდათ გამართული და დგამდნენ ქვის მაგიდა-სკამებს სტუმრის მისაღებად.
ე. ნ.
ტალი - მაგარი ჯიშის შედგენილობის ქვა, კაჟი, რომლის კვესზე ჩამორტყმის შემდეგ აინთება აბედი (იხ.). ტალ-კვესის შეთანწყობა აისახა ხალხური მეტყველების ხატოვან თქმაში - ერთიანობის, შეთანხმებულობის მნიშვნელობით.
ე. ნ.
ტალიაქი - ხის ფრიალა თეფში, რომელიც იხმარებოდა რამოდენიმე ჭიქის ერთად დასალაგებლად.
ტალიკი - „აბჯრის შთასადებელი, აბჯრის ბუდე“ (საბა). აბჯრის ქვეშ იგულისხმებოდა, მეომრის თითქმის მთლიანი აღკაზმულობა - „ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი მგვანი“ (ვეფხ).
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ.
ტალკი - სანახელაო ქვა. პალეოლითის ხანის საგვარჯილეს მასალებში მიკვლეულია ტალკისაგან გაკეთებული ყელსაკიდები. დომინოს ტიპის თეთრი ტალკის მძივები ნაპოვნ იქნა სამთავროში (მცხეთა). წარმოადგენს ფურცელ-ფურცელ, ანუ ქანებად შედგენილ მინერალს, რომელიც მომწვანო-მოლურჯო ფერსაც გადმოსცემს.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ტანტარა - წვრილი გადაბმული კიბე, რომელსაც ხმარობენ მხატვრები.
ტანტრიაბეჩი//ტანტრაბეჩი - ფრჩიხლების საწმენდი კოსმეტიკური დანიშნულების იარაღი, ჩვეულებრივ ტანტრიაბეჩი, ილარის (ყურის საჩიჩქნი) და აცისკანასთან (პატარა მაშა) ერთადაა წარმოდგენილი და ისინი ერთ რგოლზე არიან ასხმულნი. ეს კომპლექსური კოსმეტიკური იარაღები მზადდება ხის, ძვლისა და ლითონისგან. გ. ჩიტაიას მოსაზრებით, ამ ტიპის იარაღებს პარალელები მოეძებნებათ აღმოსავლეთის უძველეს კულტურებში, რაც ქართული ოქრომჭედლობის სიძველის კიდევ ერთი დასაბუთებაა.
ლიტ.: ნ. მინდაძე, ქართული ხალხური მედიცინა, 1981.
ე. ნ.
ტარაკუა//ტარაბუა - შულოს ამოსახვევი ხელსაწყო. შედგება კუნძის, ხუნდის, მასში ვერტიკალურად ჩადგმული ოთხკუთხა ბოძისა და მის თავზე ჯვარედინად ჩამოცმული თბეებისაგან. თბეების ბოლოზე - ნახვრეტში ჩასმულია ორ-ორი ჩხირი (სულ რვა). თბეების ხელით დატრიალების შედეგად ხის ხოკერში მოთავსებული გორგლიდან ბაწარი ეხვეოდა თბეებზე. ტარაკუა იხმარებოდა შეღებილიფერადი შულოების ამოსახვევადაც. ტარაბუა დასაშულოებლად დასტურდება თუშეთში, გურიაში, ქიზიყში,
ავახეთში. მისი ბრუნვა//ტრიალის ფუნქციის მიხედვითაა დამკვიდრებული ქართულ მეტყველებაში „თავს ტარაბუას დასხმის“სინონიმური ფორმა.
ლიტ.: ნ. აზიკური, მატყლის ღებვის ტრადიცია, 1999.
ლ.მ.
ტარანი - 1. საგანგებო სახნისებური შვერილი, რომელიც საბრძოლო ხომალდის წინა ნაწილში მაგრდებოდა და გამიზნული იყო დაჯახებისას მოწინააღმდეგის ხომალდის ფერდის შესანგრევ-გასატარნავად. ძველი ქართული სიტყვაა და დადასტურებულია ვეფხისტყაოსანშიც. 2. თევზის ჯიში, რომელსაც ამარილებენ და ახმობენ.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
ტარაღი - ქვის სათლელი რკინის იარაღი. აქვს სათლელისთვის დამახასიათებელი მასიური, მძიმე შუატანი. უცბად მომთავრებული ბასრი პირი. არსებობს რამდენიმე სახეობა. ტარაღი ძირითადად გამოიყენება წმინდად თლისათვის.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
ტარი - 1. აქ: ქვის დასამუშავებელი იარაღის ხის ტარი, რომელიც იარაღზე იგება „ამოცმის“ წესით. ტარი უნდა იყოს შერჩეული მაგარი ჯიშის ხის, სატარე ხედ საუკეთესოა ეკალი, რცხილა, კუნელი. სატარე ხე შეირჩევა და მოიჭრება ზამთარში. შემდეგ გათლიან უხეშად. შეინახავენ მშრალ ადგილას. გახმობის შემდეგ ტარს დახვეწენ და რომელ იარაღშიც უნდა გამოიყენონ მისი ყუის რადიუსზე მეტად გაუთლიან ბოლოს. შემდეგ ამოუცვამენ ყუაში და სცემენ ქვაზე სანამ მაგრად არ გაიჭედება: ასეთნაირად დაგებული ტარი, იარაღს არ გასძვრება და დიდხანს შეინარჩუნებს თავის ფუნქციას. ქვის იარაღს, რომელიც „ნიადაგ გარეთ მუშაობს“ მზემ და წვიმამ ტარი არ უნდა მოურყიოს. ტარის ამოცმის წესი, რომელიც ხელოსნის გამოცდილებაზეა დამყარებული, ამის საუკეთესო გარანტიას იძლევა. 2. „ქალთ თითისტარი“ (საბა). თითისტარი (იხ.) არის ძაფის გამოსაგრეხი უძველესი იარაღი, რომელიც უშუალოდაა დაკავშირებული ქსოვასა და შესაბამისად მატყლის ტანისამოსის დამზადებასთან. თითისტარზე წამოსაცმელი კვირისტავების ძალზე დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე, რაც მიუთითებს როგორც მეცხვარეობის ინტენსიურ ხასიათზე, ასევე მატყლის ტანსაცმლის გამოყენების პრაქტიკაზე საქართველოში.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
ტარკოში - ხის კოვზი, საწდიდან ლუდის ამოსაღები, იხმარებოდა სასმისადაც. კოშიცა და ტარკოშიც კოვზსა და სასმისს შორის შუალედურ ფორმას წარმოადგენს.
ე. ნ.
ტარსიკონი - შეღებილი სამოგვე, ტყავი.
ტაფა - სპილენძისა და რკინის ცეცხლზე სახმარი სამზარეულო ჭურჭელი. ცალყურა, ორყურა, ლულოვანსახელურიანი, ბრტყელძირიანი, მრგვალხელიანი, ცალხელა, უხელო, გრძელტარიანი, მოკლეტარიანი და ა.შ. არის აგრეთვე ე.წ. „ფურნის ტაფა“. იგი დიდი ზომის სპილენძის ერთი ფირფიტისგან გამოჭედილი, ღრმა, პირგადაშლილი, ბრტყელძირა ჭურჭელია. ასეთი ტაფა ფურნეში გოჭისა და ბატკნის შესაწვავად გამოიყენებოდა. ტაფების (დიდი ზომის) ტარები - სახელურები შემკულია სხვადასხვა ორნამენტით. ნაკაწრი ირიბი ხაზებით, სამკუთხედებად განლაგებული ჩაჭდეული წერტილებით, რომბებით და ა.შ. ტაფა სამზითვო სპილენძის ჭურჭლეულის ნუსხაშიც შედიოდა. შეძლებული ოჯახები პატარძალს ატანდნენ ტაშტს (დიდსა და პატარას), თუნგს, ქვაბსა და ტაფას რამდენიმე ცალს, როგორც იტყვიან ხოლმე, „დიდპატარას“, „უნცროსს-უფროსს“, „მორჩილსა“ და ა.შ.
ლიტ.: ც. კაკაბაძე, სპილენის ქართული ჭურჭელი, ეთნოგრაფიული ძიებანი, I, 2000.
ც. კ.
ტაშტი//ტასტი - საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ტიპი. იჭედებოდა სპილენძის სქელი ფირფიტისაგან, შეკერილი იყო რამდენიმე ნაჭრისაგან. არის ღრმა, აქვს სწორი, ოდნავ გადაშლილი კედლები და მრგვალი პირი. სპილენძის ტაშტი ზომის მიხედვით არის: დიდი, საშუალო და პატარა. დანიშნულების მიხედვით მოიხმარდნენ, როგორც ხელსაბანს, ფეხისაბანს, ტანისაბანს, ანუ სააბანოეს, თავსაბანს, სარეცხისათვის, ცომისათვის, სამურაბეს და ა.შ.
ც. კ.
ტახტი - საწოლ-საძინებელი ავეჯის ტიპი. თუშეთში ტახტი წარმოადგენდა კედლის გასწვრივ გაკეთებულ მაღალფეხიან ხის საწოლს, რომელიც არყის ხის მსხვილი ჯოხებით კედელში იყო გამაგრებული და წნელით ძირგამოწნული. მიესადაგებოდა მრავალსულიანი ოჯახის პირობებს. ტახტზე ქერის ბზით გატენილი ლეიბი ეფინა. ზოგჯერ კი მხოლოდ ნაბადი. დასახურად იყენებდნენ „დურა ტყავს“ - ტყავის საბანს, კვირტისაგან ნაქსოვ საფენს. თუშეთში ტახტი ორსართულიანიც იყო. მაღლა ბავშვების, ძირს დიდების ან მაღლა საწოლი, დაბლა სახბორე. ქიზიყური ტახტი წარმოადგენდა დიდი ზომის მაღალფეხიან ხის საწოლს, რომელსაც ჰქონდა მოაჯირიანი გვერდები და ზურგი. თავთან ედო ბალიშიანი „ბარცკალი“ ხის თავსადები ასახდელი სახურავით, რომელიც გამოიყენებოდა აგრეთვე წვრილმანის ჩასაწყობად. საწოლი განსაზღვრული იყო დიდი ოჯახებისთვის. დღისით ტახტზე ხალიჩის, ფარდაგის ან ჯეჯიმის დაფენა აუცილებელი ყოფილა. ხევსურული ტახტი ოჯახის დასაძინებელი მაღალფეხიანი ხის საწოლია. ტერმინი „ტახტი“ პირაქეთ ხევსურეთშია გავრცელებული. პირიქითში მას ლოგინად იხსენიებენ. იყო უფროსი მამაკაცის ინდივიდუალური საწოლიც, „ქალისთმად“ წოდებული ბალახჩაფენილი, ზედ ნაბადჩადებული. ზამთარში საბნად „გუდანურს“ (ტყავის საბანი) იფარებდნენ, ზაფხულში თხელ ფარდაგს.
ლიტ.: ლ. ბედუკიძე, ხალხური ავეჯი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1973.
ლ. ბ.
ტაჯგანაგი - სქელი მათრახი, რომლითაც დამნაშავეს სჯიდნენ შუა საუკუნეების საქართველოში. ამ ტიპისაა ე.წ. „დაზალტული მათრახი“, რომელსაც შიგნით ფოლადის მავთული ჰქონდა დატანებული და „ტირილის მათრახადაც“ იყო წოდებული (ფშავ.).
ე.ნ.
ტივი - საბას განმარტებით, ტივი არის „ძელნი შეწყობილნი წყალთა სავალად“ ე.ი. ერთად შეკრულ-შეკოჭილი დამორილი ძელები, რომლებსაც მდინარეზე აცურებდნენ, ჩაჰქონდათ სასურველ ადგილას, იქ შლიდნენ და ყიდდნენ, როგორც ხის მასალას. არსებობდა სატრანსპორტო და სხვადასხვა სამეურნეო ფუნქციისთვის გამოსაყენებელი ტივები. საქართველოში მეტივეობას მისდევდნენ მდინარეების - მტკვრის, ლიახვის, ცხენისწყლის, რიონის, ხეობებში. რა თქმა უნდა, გამონაკლისები იყო სხვაგანაც. ეთნოგრაფიულ ყოფას უხვად შემორჩა ტივის კულტურასთან დაკავშირებული ემპირიული მასალები: ტივის ხის ჯიშების, მათი შერჩევა-მოჭრის, შეკვრა-შეკოჭვის, ორთაყვირის დასმის, დაცურებისა და „წყლის კაცების“, ანუ ეტივეობის საქმესთან დაკავშირებით. მეტივეობა ძირითადად დაწინაურებული იყო ხე-ტყით მდიდარ რეგიონებში. მეტივეობის კლასიკურ მხარეს წარმოადგენდა ბორჯომის ხეობა, სადაც უხვად მოიპოვებოდა მშენებლობისათვის საჭირო წიწვოვანი ხეები. აქ ტყის კაცები გვარებისა და ნათესაობის მიხედვით გაერთიანებულნი იყვნენ მოდგამში (არტელში) და გაყიდულ მორებში აღებულ თანხას ინაწილებდნენ მათი შრომისა და გამოცდილების გათვალისწინებით. მორების დასამზადებლად გამოიყენებდნენ „სისო ხერხსა“ და ე.წ. „მეტიურა ცულს“ (იხ.), რომლის ფორმა თითქმის იმეორებს ბრინჯაოს კოლხური ცულების ფორმას. ხის მოჭრა ხდებოდა მთებში. მორებს აცურებდნენ შუროში//სვანში (ხალახინი, იმერ.). მოაგროვებდნენ მდინარის მდოვრე ადგილას, გაუკეთებდნენ ნაცხვირს, შიგნით ამოუყრიდნენ მაგარ წნელს, გაკოჭავდნენ ერთმანეთში, მიამაგრებდნენ ორთაყვირს, რომელიც მიმართულებას აძლევდა ტივს და დააცურებდნენ წყალზე. თუ მტკვარი მოდიდებული მოდიოდა, ბორჯომელი მეტივეები ერთ დღეში ჩამოდიოდნენ თბილისში, ხოლო ჩვეულებრივ 2-3 დღეს უნდებოდნენ. შუა საუკუნეების არაერთ საბუთში ტივი მოხსენიებულია, როგორც სატრანსპორტო და სურსათის გადატანის საშუალება. XI ს. ბაგრატ IV-ს თბილისის ამირა გაექცა ტივის მეშვეობით. XIX ს. მდინარე მტკვარზე ყოველწლიურად საშუალოდ 1500-დან 1800-მდე ტივს აცურებდნენ. თბილიში ორი სატივე, ანუ „სატიო“ იყო, სადაც ძირითადად ხდებოდა მორების გაყიდვა. თბილისურმა ბოჰემამ ტივი თავისი მიზნებისთვის გამოიყენა და ერთ დროს ტივზე ქეიფი და დროსტარება ქალაქის კოლორიტულ ნიშნად იქცა
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, სატივეზე ტივი შევკარ, 2004.
ე. ნ.
ტიკი - ტყავისაგან დამზადებული სითხის მოსაკავებელი ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოიყენებოდა ღვინის გადასატანად. სატიკედ გამოიყენებდნენ თხის ტყავს. ნედლ ტყავს კარგად გაასუფთავებდნენ, გამოიყვანდნენ შაბსა და მარილში და აშრობდნენ ორი კვირის განმავლობაში. ტიკს უკანა ტანში უკეთდებოდა მრგვალი „ხარატული“, რითაც მჭიდროდ იხურებოდა ტყავის ეს ნაწილი, შემდეგ მარცხენა წინა ფეხზე უკეთდებოდა ე.წ. „მასრა“ - ღვინის ჩამოსასხმელი, დანარჩენი სამი ფეხი კი შიგნიდან მაგარი თოკით ან კანაფით შეიკვრებოდა. ტიკში ღვინო ისხმებოდა კისრის მხრიდან, რომელიც იკვრებოდა ტიკზევე დამაგრებული ტყავის მაგარი თასმით. ტიკისათვის აუცილებელს წარმოადგენდა მოკუპვრა. კუპრი იხარშებოდა თუჯის ქვაბში და ცუდი გემოს გასანეიტრალებლად ხარშვისას მასში ურევდნენ მიხაკ-დარიჩინს, ილს, ყვითელ ყვავილს, შემდეგ გადმოაბრუნებდნენ და შიგა მხარეს კარგად გაჟღინთავდნენ ცხელი კუპრით. გაშრობის შემდეგ კვლავ გადააბრუნებდნენ, გაკუპრულ მხარეს შიგნით მოაქცევდნენ, გაბერავდნენ და შეინახავდნენ. როგორც წესი ცარიელი ტიკი ყოველთვის გაბერილ მდგომარეობაში უნდა იყოს, რადგან დაკეცილ-დაფუშული ტიკი მალე ფუჭდება. გამშრალ ტიკს დასალბობად გარედან უსვამდნენ ცხვრის დუმას. ტიკი უაღრესად მოსახერხებელი ჭურჭელია ღვინისა და არყის გადატანისათვის და იმ პირობებშიც კი როცა მეტალისა და მინის ჭურჭელმა ფართოდ იწყო დამკვიდრება ყოფაში, მას თავისი ფუნქცია არ დაუკარგავს - განსაკუთრებით მწყემსებისათვის.
ე. ნ.
ტკეჩი//პწკალი- ზოგიერთი ხის - თხილის, შინდის, სწორი წვრილი ტოტის სიგრძივ ანახეთქი. იხმარება გოდრის, გიდელის, ხახალის, კალათის და მისთანათა სუფთად საწნავად.
ტმოშტი (თუშ.) - ქუმელის მოსაზელი ხის მრაგვალი ხონის ტიპის ჭურჭელი (იხ. ხონი).
მესაქონლეობის რეგიონებში, სადაც ფქვილის ნაკლებობას განიცდიდნენ, მწყემსების ძირითადი საჭმელი იყო ქუმელის ფქვილისგან დამზადებული ხალი (იხ. ქუმელი). ამიტომ ეს ჭურჭელი მწყემსური ცხოვრებისთვისაა დამახასიათებელი. ტმოშტის მსგავსი ხის ჭურჭელი გავრცელებული იყო საინგილოშიც. სადაც მას „კანი”ეწოდება. საყურადღებოა, რომ ტმოშტის მსგავსი ხის სამფეხა ჭურჭელი თავისი სახურავით აღმოჩენილია ბედენის II ათასწლეულით დათარიღებულ სამარხში, რაც მის უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებს.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
ტოლაღი - ფეხის კოჭებზე შემოსახვევი გრძელი ნაჭერი, შეკერილი ორპირად. რადგან კოჭთან ფეხი უფრო წვრილია, ვიდრე ზემოთ და წინდა არ ჩერდება ფეხზე, კოჭის ირგვლივ ახვევენ ტოლაღს, რის შედეგადაც ფეხი სწორდება და ზემოდან იცვამენ წინდას. ტოლაღს ქიზიყში მკელები სამკლავეს უწოდებენ და მკის დროს მას მკლავზე წინდასავით ჩამოიცვამენ.
ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.
ნ. ჯ.
ტოლი - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, მთიულეთი) გავრცელებული შინ ნაქსოვი ქსოვილი. ტოლი სამგვარია - ორმაგულა, წაღმა-უკუღმა და ცალპირა. ტოლით იკერებოდა ქალის კაბა-სადიაცო, ფაფანაგი, ქოქლო, მანდილი, პერანგი, ჩოხა, შარვალი, პაჭიჭები, წვივსაკრავები (ხევსურეთი), მამაკაცის ქათიბი, ქალის ჩოხა - ჯუბა (თუშეთი). ოჯახში ტოლს იყენებდნენ საბნის, ლეიბის, ბალიშის პირებად.
ლ. მ.
ტოლომა//ტალმა - ქალის წამოსასხამი. მასალად სეზონის მიხედვით არჩევდნენ, ზამთარში მუქი ფერის მაუდს, ხავერდს, მირინოსს, ზაფხულობით კი ფერად-ფერად აბრეშუმეულობას. ფორმით ორგვარი იყო: გრძელი და მოკლე. მხრებზე მორგებული და ყელთან ერთი სამაგრით დამაგრებული ეს წამოსასხამი უსახელო იყო, საყელოიანი და ნაბდისებურად მოყვანილი, ბოლოსაკენ გაგანიერებული. საზამთროს ბეწვი ჰქონდა გამოკრული, სხვა შემთხვევაში ბამბაფენილი და დალიანდაგებული სარჩულით კერავდნენ. საბას განმარტებით, დიდ ტოლომას „გალატონი“ რქმევია, ხოლო - პატარას „ქუქუნაკი“.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIXს. და XXს. დასაწყისი, 1967.
ც. ბ.
ტოლჩა - სანიადაგოდ სახმარი, ხელიანი წყლის ჭურჭელი. მზადდებოდა როგორც ლითონის, ასევე თიხისაგან.
ტომარა ტყავისა - ვაშკარანის ერთ-ერი სახე. მას გუდასაც უწოდებენ. ტყავის ჭურჭელი მონადირეთა და მესაქონლე ხალხების ერთ-ერთ ძირითად სათავსს წარმოადგენდა. ტყავის ტომრები ეგვიპტის ძველ სამეფოში იყო ცნობილი. ეს ნივთი ხალხის ყოფას ნიადაგ სახმარად შემორჩა, როგორც მოსახერხებელი და მსუბუქი, ხმარებაში გამძლე და უმტვრევი.
ნ. ჯ.
ტომარა ხაკის - თხის ბეწვისგან დამზადებული, რომელშიც ალბობენ ლუდის ფორს//ალაოს და რომელშიც წურავენ სისწვენს (იხ.). მომზადებული სისწვენი გაიწურება ტომრებში, რომლებიც ჩამოკიდებულია სალუდეს თავხეებზე, ხოლო გაფილტრული სისწვენი ჩაედინება ლათბაში (იხ.).
ლიტ.: ე. ნადირაძე, ქართული ლუდი, ეთნოლოგიური ძიებანი, ტ. III, 2007.
ე.ნ.
ტოპაზი - თეთრი ფერის მინერალი. მიუხედავად იშვიათობისა, ქართულ წერილობით ძეგლებში მას მრავალი სინონიმი მოეძებნება. ტოპაზის მძივები აღმოჩენილია სოფ. არხილოსკალოს ერთ-ერთ სამარხში. ასევე ტოპაზის გემაა აღმოჩენილი მცხეთაში, ტოპაზითვეა შემკული ხატები, მაგ., სიონის ღვთისმშობლის ხატს ამკობს რვა ცალი დიდი ზომის ტოპაზი, ასევე ტოპაზითვეა შემკული მიტრები, პანაღიები. ტოპაზი გამოირჩევა გამჭვირვალებითა და ელვარებით, რაც განაპირობებდა მის პოპულარობას.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე.ნ.
ტოპკირი (კახ.) - დაწნული ლასტი, რომელიც ყურძნის წურვისას იდებოდა საწნახელში. ყურძნის დაწურვისას მეურნე ცდილობდა რაც შეიძლება წმინდა წვენი მიეღო უჩენჩოდ და უწიპწოდ. ამისათვის საწნახელში მაგარი წნელისაგან მოწნულ ლასტს დებდნენ, ზედ ჩადუნას//ჩადის ფოთლებს აფარებდნენ და მერე ყრიდნენ ყურძენს. ყურძნის დაჭყლეტის დროს წვენი ამ ჩადუნიანი ლასტის წყალობით იფილტრებოდა. ბოლო დროს ხალხურ მეტყველებაში ღვინის დალევისას დამკვიდრდა გამოთქმა „ჩადის გემო აქვს“ - რაც გულისხმობს, ფიზიკურ პროცესს და სრულიად დავიწყებულია ადრინდელი შინაარსი ამ გამოთქმისა. კერძოდ, „ჩადის გემო აქვსო“, ძველად იტყოდნენ ისეთ ღვინოზე, რომელიც ასეთი ტექნოლოგიით დამზადდა და ჩადზე მომატებული ყოფნისაგან გარკვეული, სპეციფიკური გემო მიიღო.
ლიტ.: ალ. ლეკიაშვილი, მეღვინეობა კახეთში, მსმ, ტ. XI, 1960. ლ. ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში (რაჭა), 1974.
ე.ნ.
ტოში - დასარტყმელი საკრავის, საჩხარუნებლის პროტოტიპი, ტაშიდან დასარტყმელ საკრავზე გარდამავალი ტიპი - ხანჯლის, დანის ან ჯოხის რიტმული ცემა ხის ფიცარზე საცეკვაოების შესრულების დროს (აღმოსავლეთ საქართველოს მთა - ხევსურეთი, ფშავი). რიტმული საკრავებისა და დასარტყამების ფუნქციას თავდაპირველად ასრულებდა ტაში, რომელიც დღემდე ქართულ საცეკვაო-სათამაშოებსა და საფერხულოებში გვხვდება. დასარტყამი საკრავების წინარე ფორმად მიჩნეულია ორი ქვის ერთმანეთზე რიტმული ცემა. ეს ფორმა საქართველოს ზოგ კუთხეში (კახეთი, თუშეთი, რაჭა) XX ს-მდე შემორჩა.
ლიტ.: მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970. გრ. ჩხიკვაძე, ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა, 1948.
მ. შ.
ტრასკანა - ბავშვების სათამაშო თოფი, რომელიც იტენება საზამთროს ქერქით.
ტრიონი - დაბეწვილი სამოსელი. იგი ერთ-ერთი გარედან შესამოსელი ტანისამოსია. „ტრიონი, ფართო სამოსელია ფილასოფოსთა, ბალანთაგან შეურაცხებისათვის იქმოდნენ“ (საბა). „აქუს მას ტრიონი სანატრიო სანატრიონი საწმისისაგან სამოსად გარედ“ (შავთელი).
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი. III, IV, 1962.
ნ. ჯ.
ტრიკირი - სამსანთელა, ფიგურული შანდალი. სამი, შუაში ლენტით შეკრული კელაპტრით. მღვდელმთავრის მსახურების აუცილებელი ატრიბუტი. ღმრთისმსახურებისას მღვდელმთავარი ერთ ხელში ტრიკირით, მეორეში დიკირით (იხ.) მრევლს უფლის სახელით ლოცავს. ტრიკირი სიმბოლურად ყოვლადწმინდა სამების შეუქმნელ (დაუბადებელ) ნათელს ნიშნავს.
ლიტ.: С.Е. Молотков. Практическая энциклопедия православного христианина. С.ПБ. 2001.
ხ. ც.
ტრიკოლო - ტიკად ტყავის გახდისას, გატყავება ადვილი რომ ყოფილიყო, თხის ტყავს შიგნიდან ბერავდნენ თიხის მილით - ტრიკოლოთი.
ტუკვი//კობული//ურატა - საწნახელში ყურძნის ჩასაბეგვი ხე, უფრო მეტის ჩატევის მიზნით.
ტყავი//საბეწვგარეთო (ხევს.)//კანძოლა (. ხევს.)//მარტყავა (სნო, ხევი) - ქალის მოკლე ქურქი, საზამთრო სამოსელი, ამზადებენ ჯიხვის, ცხვრისა და თხის ტყავისაგან. ტყავს აქვს: ფარაგი, წინა და უკანა კალთა, ველი, აზღოტები, ზურგნა, სახელოები და საყელო. უბრალო ჩასაცმელ ტყავს ზოგჯერ თვით მომხმარებელი კერავდა. იყვნენ კვალიფიციური მკერავები, რომელთაც „ქურუხჩები“ ეწოდებოდათ. მათ ზუსტად იცოდნენ, რა რაოდენობის ტყავი სჭირდებოდა ერთი ტყავის ჩასაცმელს. მოკლე ტყავის შესაკერად საჭიროა ორი ცხვრის ტყავი და მას ქალები ოჯახშივე კერავდნენ. ტყავის დასამზადებლად ჯერ ტყავის მასალას რამდენიმე ნაწილად ჭრიდნენ თარგის (შიბი) საშუალებით. მას დებდნენ ტყავზე, შემოხაზავდნენ და გამოჭრიდნენ. Pპირველ რიგში ჭრიდნენ კალთებს, შემდეგ წელს, ფერდებს, სახელოებს, დაბოლოს, საყელოს. გარდა ამისა, საჭირო იყო დამატებითი ტყავი - ჯიბის პირების, შესაკრავი ღილკილოებისა და წვრილი თასმებისათვის. დღესასწაულზე ჩასაცმელი ტყავი განსხვავდება ჩვეულებრივი
ტყავისაგან. საზეიმო ტყავის სამოსს მხრებსა და გულისპირზე ფერად ტყავებს აკერებდნენ და ამკობდნენ ვერცხლის სამკაულითა და მონეტებით. წელზე უკან, საყელოსა და სახელოებზე დაუყვებოდა ფერადი ნაჭრის ზოლები; ზურგსა და მხარზე გამოსახული იყო მძივ-ღილით ნაქარგი ჯვრები (ხატები). ტყავი იკვრებოდა მოსევადებული ბალთებით. ხშირად ბალთებზე გამობმულ რგოლებზე მონეტებია ჩამოკიდებული. ხევსურული ტყავი გამოირჩეოდა საუკეთესო შემკულობით.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ტყავი საპირე - საფეხსაცმლე ტყავი. საპირე დაახლოებით ისევე კეთდება, როგორც საძირე (იხ.). დამზადების დრო აქაც ერთი თვეა. საპირე ტყავად ხმარობდნენ წვრილფეხა საქონელს: თხასა და ცხვარს. საძირესაგან განსხვავებით, საპირე ჯერ კირით უნდა დამუშავებულიყო; თაღარში ჩაყრიდნენ 20 სათლ კირსა და 50 სათლ წყალს და საპირე კირში ორი კვირის მანძილზე ამუშავებდნენ. თბილისელი დაბღები დამუშავებულ ტყავს დაზგაზე „ღულაბით“ (იხ.) ჭიმავდნენ. საპირე ტყავს თხის ან ძროხის მუცლის გამდნარ ქონს უსვამდნენ ხორცის მხრიდან, ხოლო ბეწვის მხრიდან ტყავი ჩვეულებრივი ქონით იჟღინთებოდა. ბოლო პროცესი ტყავის შეღებვა იყო. ტყავის ავკარგიანობა ფერითაც განისაზღვრებოდა. ყველაზე კარგ ფერად ღია ლიმონის ფერი მიიჩნეოდა. ძველად მედაბღეები ძაღლის პატივს აგროვებდნენ, აშრობდნენ და თბილ წყალში ხსნიდნენ, წურავდნენ და ნაწურს ტყავს უსვამდნენ და მას ყვითელი ფერი ეძლეოდა. საპირე ტყავი ორი სახის იყო: ქოსალა და სამოგვე. ქოსალა ცხენის, ხოლო სამოგვე თხის ტყავის კეთდებოდა. ცხვრის ტყავის მზადდებოდა მეში. მის გამოყვანას იმავე წესით ახდენდნენ, როგორც საფეხსაცმლე საპირეს, იმ განსხვავებით, რომ მეში გამოიყენებოდა საპირის სარჩულად და მას არ სჭირდებოდა გაქონვა და შეღებვა. ასეთივე წესით მზადდებოდა საძირე ტყავიც.
ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
ნ. ჯ.
ტყავი საძირე - საძირე ტყავი დაბახანაში ერთი თვის განმავლობაში მუშავდებოდა, სანამ მას დასათრიმლად თაღარში (იხ.) მოათავსებდნენ, ცემენტის აუზში დაალბობდნენ შემხმარი ნარჩენების მოსაშორებლად. ტყავს ლეშისგან დემურით (იხ.) წმენდდნენ, ერთი დღით ცივ წყალში ამყოფებდნენ. თაღრში, რაც თითოეულ დაბანახაში სულ ცოტა 100 მაინც იყო, კამეჩის 5 ტყავს ჩააგდებდნენ. ნაზავისათვის საჭირო იყო: 2 სათლი, საკიდარი ქვაბი, ქატო, სიმინდის ფქვილისა და 10 სათლი თბილი წყლის ნაზავი. ორი კვირის განმავლობაში ტყავები ორჯერ უნდა დამუშავებულიყო. ხსნარში ტყავს ყოველდღე გადააბრუნებდნენ. შემდეგ „ვარაჩოზე“ (იხ.) ბეწვს გააცლიდნენ, რასაც თუქლამიშს უწოდებდნენ. ბეწვისაგან გასუფთავებულ ტყავებს იატაკზე დააწყობდნენ დასაწურად, გამშრალს კი მარილს მოაყრიდნენ. მარილში დატოვებდნენ სამ დღეს. ამას „ნამაქოი“//„ნამაქუ“ ეწოდებოდა. შემდგომ ტყავს დანით გაწკიპავდნენ, რასაც „არუ“ ერქვა, ხოლო ორივე პროცესი ერთად „შორად“ იწოდებოდა. საძირე ტყავის დამუშავება დათრიმლვით სრულდებოდა. იღებდნენ ორ სათლ თრიმლს და 10 სათლ წყალს, 2-3 საათის შემდეგ ამოიღებდნენ ტყავებს თაღარიდან. საბოლოო შედეგის მისაღებად 5-ჯერ ზედიზედ გამეორდებოდა „ნამქუ“ და „არუ“. ყოველი „არუს“ გამეორებისას თრიმლის რაოდენობა ერთი სათლით იზრდებოდა და თაღარში ტყავის დება ერთი დღით ხანგრძლივდებოდა. თაღარიდან ამოღებულ ტყავებს ჩრდილში, ლატანებზე გადაფენდნენ გასაშრობად, გამშრალს კი წმენდდნენ, წყალი რომ არ შერჩენოდა ტყავს და არ დაობებულიყო.
ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986.
ნ. ჯ.
ტყავ-კაბა - სამოსის უძველესი ტიპი. ძირითადად არსებობდა ორი სახის ტყავის სამოსი - ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიური და მეორე მხოლოდ დღესასწაულების დროს სახმარი. ტყავ-კაბისათვის საჭირო იყო ცხვრის რვა ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი კალთებისათვის. წარჩინებულთა ტყავ-კაბას დამატებით მუქი წითელი ფერის ხავერდი ამშვენებდა, გასათხოავრ ქალს სხვა ნივთებთან ერთად ტყავ-კაბასაც ატანდნენ მზითვად. ქსნის ერისთავის ასულის ანას მზითვის წიგნში მოხსენიებულია - „ტყავ-კაბა ერთი, ხალასად შეკერილი“. „ვეფხისყაოსანში“ ტარიელს ტყავ-კაბა აცვია: „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“. ამ ცნობიდან ირკვევა, რომ ასეთი თმიანი ტყავის გარეთ მოქცეული კაბა სამგზავრო სამოსელი უნდა ყოფილიყო. ტყავ-კაბა ქალის საცხენოსნო ტანსაცმლად იყო მიღებული. თეიმურაზ II-ის ცნობით, ჯვარდაწერილ დედოფალს „მორთავდნენ საცხენოსნოთა ტყავ-კაბით“. ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტყავ-კაბა ერთობ გავრცელებული სამოსი ყოფილა.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ტყაპუჭი//ტყავი(ჩუბ.)//ტყავფუჩი (გურ.) - ცხვრის ტყავის მოქნილი სამოსი; ტყაპუჩი ტყავის ტანსაცმელებში ყველაზე დიდი ზომის ყოფილა. მას ტყავის მოხელე კერავდა. ტყაპუჭებით მეურმეებიც იმოსებოდნენ, მეცხვარეები კი ზამთრობით ნაბდის იცვამდნენ. ხევში მეცხვარეები ცხვარში რომ არ დადიოდნენ და სახლში შინაკაცებად ისხდნენ, გარეთ გამოსვლის დროს (საერობო ადგილას ან სხვაგან) იცვამდნენ ტყაპუჩს.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, III-IV, ტ., თბ., 1962, გვ. 122 ნ. ჯ.
ტყვია - აქ: ცეცხლსასროლის იარაღის ტყვია. მასიურად გავრცელდა XIV საუკუნიდან. მზადდებოდა სხვადასხვა ლითონისაგან. დიდი ხნის განმავლობაში ხელის ცეცხლსასროლი იარაღი თავისი არასრულყოფილების გამო კონკურენციას ვერ უწევდა სხვა სატყორცნ იარაღს, მასით, სიზუსტითა და სწრაფსროლით ბევრად ჩამორჩებოდა მშვილდსა და არბალეტს. მხოლოდ XV ს-ის დასაწყისში გამოგონილმა „მუშკეტებმა“ შეძლეს ტყვიის ხვრეტითი ძალით გაესწროთ სასროლი იარაღებისათვის. მუშკეტის ტყვია სფეროსებრი ფორმის იყო და 50-60 გრ-ს იწონიდა, მის წინაშე ჯავშნით შეჭურვილი რაინდი უკვე უძლური იყო. მოგვიანებით კაჟიანი თოფების ეპოქაში, როდესაც დაკუთხულ ლულებს იყენებდნენ, ტყვიის ფორმაც შეიცვალა და მოგრძო სახე მიიღო. მოგრძო ტყვიის გამძლეობას ფრენის დროს განაპირობებდა ნაჭდევები, რომლებიც ხელს უწყობდა ტყვიის სწრაფ ბრუნვას, ამის შემდეგ სროლის სიზუსტე ძალიან გაიზარდა. ყალიბის მხრივ დიდი მრავალფეროვნება იყო, ერთ საჯარისო დანაყოფში შეიძლება 40-მდე სხვადასხვა ყალიბის იარაღი ყოფილიყო, რადგან ჯარისკაცი თვითონ ასხამდა ტყვიას თავისი თოფის ყალიბის შესაბამისად. ფისტონიანი თოფების პერიოდში (XIX ს) გამოიგონეს თვითგაფართოებადი ე.წ. „მენიეს ტყვიები“. მას უკანა მხრიდან კონუსური ჩაღრმავება ჰქონდა, რომელიც რკინის მსუბუქი ხუფით იყო დახურული, ტყვია ლულაში თავისუფლად იდებოდა, გასროლის დროს კი განიერდებოდა და მჭიდროდ მიჰყვებოდა ლულის კუთხვილებს. ტყვიის დიამეტრის გაზრდა ხდებოდა დენთის გაზების მიერ კონუსურ ჩაღრმავებაში რკინის ხუფის ჩაჭყლეტით. ასეთი თოფებიდან სროლა 1200 ნაბიჯიდანაც შეიძლებოდა, იმ დროს როცა გლუვლულიანი თოფები 300 ნაბიჯამდე ძლივს აღწევდა. XVIII ს. ბოლოს, როდესაც შესაძლებელი გახდა თოფის ლულის დატენვა საფალიე მხრიდან (ანუ ლულა იხსნებოდა ბოლოში), გამოიგონეს ქაღალდში ერთად გახვეული ტყვია-წამალი. დატენვისას, ქაღალდს დენთის მხრიდან კბილით გაგლეჯდნენ და ლულას დახურავდნენ, საფალიე ძუძუკს ფისტონს წამოაცმევდნენ, ჩახმახს შეაყენებდნენ და თოფი მზად იყო სროლისთვის. ტყვიის განვითარების შემდეგი ეტაპი იყო უნიტარული ვაზნის გამოგონება, სადაც დენთი, ტყვია და ფოსტონა ერთ მასრაში გაერთიანდა. უნიტარული ვაზნები პირველად ნემსიან შაშხანებში იქნა გამოყენებული, ხოლო შემდგომ თანდათანობით ისე დაიხვეწა, რომ დღესაც წარმატებით გამოიყენება საბრძოლო ხელოვნებაში.
ლიტ.: მ. ქაფიანიძე, XV-XIX სს. ცეცხლსასროლი იარაღი 2000. А. В. Жук, энциклопедия стрелкового оружия, 1998.
მ. ქ.
ტყლაპი - 1. ქალამნის ტიპი. ქალების ჩასაცმელი. ასეთ ქალამანს ძირი ტყავისა ჰქონდა, პირი კი ბაწრით მოქსოვილი. ზამთრობით ტყლაპში თომს ან სხვა მშრალ ბალახს ჩაუფენდნენ, ზაფხულში კი შიშველ ფეხზეც იცვამდნენ. 2. მოდუღებული და გაწურული ტყემლის, ქლიავის, ვაშლის ფაფა, რასაც დაასხამენ ფიცარზე ან სუფრაზე და გააშრობენ. შემდეგ ააძრობენ, გაანიავებენ, დაახვევენ და ინახავენ საზამთროდ როგორც ნუგბარს. განსხვავებით სხვათაგან, ტყემლის ტყლაპი გამოიყენება სამკურნალოდ და სანელებლად.
ე.ნ.
ტყრუშული - მსხვილი წნელით დაწნული ღობე.
![]() |
8 უ |
▲ზევით დაბრუნება |
უბის ფარი (ხევს.) - ხევსურეთის ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დამოწმებულია უბის ფარი,რომელიც ჩვეულებრივ ფართან (იხ.) შედარებით მცირე ზომისაა. Uუბის ფარიც მრგვალი მოყვანილობისაა, (დმ.დაახ. - 20 სმ.) უბის ფარის მასალად მხოლოდ ლითონია გამოყენებული. ფარის ზედაპირზე, შუაგულში დაკ რულია ოთკუთხი ფორმის რკინა - „გუმბათის ხატი“, რომლის კუთხეები წაწვეტებულია ოთხი „შოლტით“. ამ ოთხ შოლტს ზევიდან წრიულად შემოვლებული აქვს ერთი რკალი - „გირგოლი,“ რომელიც დამაგრებულია სამსჭვალებით. უბის ფარი ზურგიდან ლითონგადაკრულია. მას ჩოხის ქვეშ ატარებდნენ გულ-მკერდის დაცვის მიზნით, მაგრამ საბრძოლველადაც იყენებდნენ: იმ შემთხვევაში, როდესაც მებრძოლს არ გააჩნდა სხვა საბრძოლო იარაღი და მოუხდებოდა ვინმესთან „შუღლი“,ამოაძრობდა უბეში საბღუჯით ჩოხისკენ მოქცეულ ფარს და მოწინააღმდეგეს „ჩააფარებდა“, შესაძლოა აქედან მომდინარეობდეს ტერმინი „ჩაფარება“.
ლიტ.: კ.ჩოლოყაშვილი, ქართული საბრძოლო იარაღი, ფარი, სსმმ. ტ.XVIIIნ 1954.
მ.ქ.
უზანგი - ცხენის აღკაზმულობის მნიშვნელოვანი დეტალი, რკინის, ფეხთშესაყარი, რომელიც კეხის ფრთაზეა ჩამოკიდებული ისეთ მანძილზე, რომ მასში ფეხგაყრილ მხედარს მუხლი ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში ჰქონდეს. უზანგი ცხენით სიარულის დროს, ფეხის საყრდენის ფუნქციას ასრულებს და ამავე დროს, მხედარს ეხმარება ცხენზე ასვლაში. უზანგის გამოყენებას VI ს. ვარაუდობენ და მის გაჩენას ძველთურქული ტომების სახელს უკავშირებენ. უზანგმა დიდად შეუწყო ხელი მხედრის ხანგრძლივად ცხენზე ჯდომას. საქართველოში უზანგები ძირითადად ქალაქებში მზადდებოდა.
ე.ნ.
უთო - ქსოვილის საუთოო თუჯის ხელსაწყო. ქალაქური ცხოვრების პროდუქტი. ჩვეულებრივ ტიპურ უთოს გააჩნია ტანი (სადაც იყრება ნახშირი), ტარი და სახურავი. გვერდები დაფანჯრული აქვს, რათა ნაკვერჩხალმა ჟანგბადი ზომიერად მიიღოს და სიმხურვალე შეინარჩუნოს.
ე.ნ.
ულო - ძნისა და ჩალის შესაკრავი, საკონავი. ამზადებენ სიმინდის ჩალის, პურისა და ღომის ნამჯის ან დაგრეხილი წნელისაგან. სამეურნეო საქმიანობაში, სამეურნეო პროდუქტების ნარჩენებით შეკონვა უაღრესად რაციონალური მიგნებაა, რითაც მეურნე თავიდან იცილებს სხვა მასალის საკონავების მოძიებაზე ზედმეტ გარჯას.
ე. ნ.
უნაგირი - ცხენის აკაზმულობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი. არსებობს ორი სახის უნაგირი: კაცისა და ქალის. ქალის უნაგირს-ტახტა გვერდით აქვს მოქცეული, რადგან ქალი გვერდიდან ჯდება და ფეხებიც ერთ მხარეს აქვს ჩამოშვებული. უნაგირი რთული აგებულებისაა და მრავალი ნაწილისაგან შედგენა. ესენია: კეხი, ტახტა, ბალიში, მოსართავები, ფრთები, უზანგები და სხვ. უნაგირის ძირითადი ნაწილი - კეხი მზადდება ხისაგან. კეხზე ასხმულია ტყავგადაკრული ფრთები. ფრთებზე მობმულია ე.წ. საძუე, რომელსაც ცხენს კუდის ძირში ამოსდებენ, რომ თავდაღმართში უნაგირი წინ არ წაჩოჩდეს, ფრთაზევეა მობმული ორი გრძელი თასმა: ერთი წინ და ერთიც უკან. მათ მოსართავები ეწოდება. ერთი მუცელზე ეჭირება, მეორე კი კეხზე ბალიშის დასამაგრებლად. თასმებს ბოლოებზე მიბმული აქვთ ბალთა-აბზინდები. ნაგირის აქეთ-იქით, კეხის ფრთებზე, ჩამოკიდებულია ფეხის შესადგმელი უზანგები. ზოგ უნაგირს სამკერდული და გულავშარაც აქვს. ბალიში ტყავისაა, ტრადიციულად მასში მოთავსებულია ირმისა და აქლემის ბეწვი, ასევე მატყლი, ბუმბული ან ზღვის ბალახი. ბალიშიც ორგვარია - სადა და ნაოჭიანი. ბალიშის ღირსებას მისი ნაოჭების რაოდენობით განსაზღვრავს. ცხენს პირში ამოდებული აქვს ლაგამი. ლაგამს აღვირსაც ეძახიან. ულაგამო აღვირს ავშარა ჰქვია. ავშარა ცხენის დასაბმელიცაა. უნაგირს უკანა ტახტაზე საწყვეტებიც აქვს მიმაგრებული ხურჯინის ან დაკეცილი ნაბდის დასაკრავად. აღვირი, სამკერდული, უნაგირის ტახტა და მოსართავები ხშირად შევერცხლილია, ისევე როგორც მათრახის ტარი. ცხენს ასეთი თანმიმდევრობით კაზმავენ: ცხენს შიშველი ზურგი რომ არ დაუშავდეს, ჯერ სარბილოს (რაიმე რბილს) დაადებენ, რომელსაც საოფლე ეწოდება, შემდეგ - თოქალთოს (ტყავგადაკრული ნაბდის ნაჭერი). თოქალთოს ზემოდან დაედგმება კეხი, კეხს ბალიში და გადაეჭირება მოსართავები. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია მრავალი უნაგირი, რომლებიც კავკასიაში გავრცელებული უნაგირების ჯგუფს განეკუთვნება. დღეისათვის ასეთ უნაგირებს იშვიათად ამზადებენ. ძველად მეუნაგრობა ხელოსნობის ცალკე დარგი იყო და მას გამორჩეული ოსტატებიც ჰყავდა. უნაგირის ოსტატს სარაჯი ერქვა.
ა. გ.
უნჯეთი - ქვის საჩუქურთმებელი, საჭრელებელი იარაღი, რომელსაც აქვს მაღალი ტანი და ჩაქუჩის საცემი თავი.
ურემი ბჯის (სამცხ-ჯავ.) - ბჯის ურემი, ორბორბლიანი სახმელეთო ტრანსპორტის, ქართული ურმის ნაირსახეობა, ნამკალ-ნათიბის საზიდი. ბჯის ურემს აწყობდნენ ჯავახეთში, რითაც გამოირჩეოდა სოფლები ჩუნჩხა და კოთელია.
გ. გ.
ურემი ორბორბლიანი - ქართული ტვირთის საზიდი ტრანსპორტის ტიპი, რომელიც თითქმის მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. აღმ. საქართველოში ორი ქვესახეობითაა წარმოდგენილი საბარო ურემი და საძნე, ანუ ბჯის ურემი. დას. საქართველოში კი ერთი სახეობით - ხელნა ურემი. საძნე ურემს საბარო ურემთან შედარებით მაღალი და წვეტიანი ჭალები აქვს. ურემს გააჩნია უბე, ღერძ-ბორბლები და უღელი. უბე წარმოადგენს ურმის მთლიან ნაწილს, რომელზედაც იდება ტვირთი და აქვს შემდეგი ნაწილები: ხელნები, დანდლები, კოფო, ჭალა, ზეწარი და სხვა. უბე შეკრულია გრძელი ხელნებისგან და ქმნის ტოლფერდ სამკუთხედს, რომელზედაც განთავსებულია ჭალები - ერთგვარი ღობე, რომელიც აუცილებელია ურემზე დადებული ტვირთის დასამაგრებლად. ურმის მნიშვნელოვანი ნაწილია თვლები//ბორბლები, რომლებიც შედგება მორგვის, ფერსოსა და სოლებისგან, სადაც გაყრილია ღერძი. ურმის ღერძზე ერთი თვალი თავისუფლად ბრუნავს, მეორე კი გაჭედილია, რაც ძალზე აიოლებს ურმის ერთ ადგილზე მობრუნებას - ესაა ქართული ურმის ერთი დამახასიათებელი თვისება. ურმის კონსტრუქციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უღელს (იხ.), რომლის მეშვეობითაც გამწევ ძალას ურემი მოძრაობაში მოჰყავს. ორბორბლიანი ურემი ძირითადად გამოყენებული იყო საქართველოს ბარში.
ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
ე. ნ.
ურემი ჩოჩიალა//ფრჩხილებიანი - დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ურმის ტიპი, რომელიც თავისი კონსტრუქციით მისადაგებულია მთაგორიან რელიეფს. მისი სინონიმებია ჩოჩიალა, აჩაჩა, ფრჩხილა, მთის, ფიცრული, ხოხიკია, დაბალი, მარხილიანი//მარხილა და ხოხა ურემი. საქართველოს სხვა კუთხეებში ასეთ ურემს „იმერულს“ უწოდებენ. ფრჩხილებიან ურემში თრევისა და გორვის პრინციპი ორივე ერთადაა გამოყენებული, რითაც ის ბოლოთრიას ემსგავსება (იხ. ბოლოთრია). თუმცა მისგან განსხვავებით - ბოლოთრიას უკანა ნაწილი თუ ეთრევა მიწაზე, აჩაჩას ფრჩხილები შუა ნაწილშია მოთავსებული და ისინი გამუდმებით მიწაზე მისრიალებენ. აჩაჩას ზესადგარი ეყრდნობა ღერძ-ბორბალს არა ცენტრით არამედ უკანა ნაწილით, რის გამოც იგი დახრილია, გარკვეულწილად ეყრდნობა როგორც ბორბლებს, ასევე ფრჩხილებსაც და ტვირთის გადატანა ორივეს მეშვეობით ხორციელდება. ურმის ფრჩხილები დაღმართში სამუხრუჭო საშუალებასაც წარმოადგენს და ამავე დროს, ინაწილებს ტვირთის სიმძიმეს. მიწაზე მოსრიალე ფრჩხილები ასევე ამცირებს ურმის რყევას და უღელი ნაკლებად აწვება ხარებს.
ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
ე. ნ.
ურო - ქვის სამტვრევი მასიური რკინისთავიანი იარაღი. ხის ტარი ამოცმის წესით აქვს დაგებული. ქვითხუროობაში ურო, ანუ „ვარიოზი“ ქვას ზედმეტ ნაწილებს აცლის. იგი არის მძიმე იარაღი და ხელოსანი მუშაობს ორივე ხელით. ურო//ვარიოზით ქვას „ქერქი“ აეყრება და ხალას პირზე დავა. რის შემდეგ მისი გასწორებასა და სათანადო ფორმის მიცემას დაიწყებენ. ქვის დაუროებისას ხდება ქვის ბრუნება ე.ი. ყოველი მხრიდან გასუფთავება. ურო ქვის დამუშავების პროცესში უნივერსალურ იარაღს წარმოადგენს.
ე. ნ.
უღელი - „ხართა ქედსადები“ (საბა). სამეურნეო პირობებიდან გამომდინარე საქართველოში მრავალი დანიშნულების უღელი დასტურდება. ესენია: სამარხილე, სალაჩქიმე, საკალოე, სააჩაჩე. ასევე, საყევრის, საწკეპი, საჯდომი, საძირე და სხვა. ამათგან გამოიყოფა უღელის სამი ტიპი: დიდი გუთნის, ორხელასი და აჩაჩისა, რომელთაგან პირველი შეესაბამება ბარის, მეორე - გარდამავალი ზოლის (მთასა და ბარს შორის მოქცეულ) და მესამე მთის მიწათმოქმედებას. უღლისთვის საუკეთესოა იფნის ან თელის ხე, რომელიც ფიცხი არაა და ხარს კისერს არ დასწვავს. უღლის ცენტრში კორაა დატანებული საზიდი ხელნების ღვედით მისაკვრელად და დასამაგრებლად. საქედური უღლის ის ნაწილია, რომელიც ხარს ქედზე ადევს სიმძიმის დასაძრავად. საქედური ბოლოებში გახვრეტილია ტაბიკებისთვის, რომლებიც ხარებს კისერზე ჩამოეცმება და ქვემოდან შეიკვრება ტყავის თასმებით (აპეურებით იხ.). დიდ გუთანში 8-10 წყვილი ხარი ებმოდა და მოხერხებულ უღელზე ბევრად იყო დამოკიდებული ხვნის ეფექტურობა. ძველი ცივილიზებული სამყარო იცნობს საქედურიან უღელს. საქართველოში ამგვარი უღლები შუა ბრინჯაოს ხანით თარიღდება. ეტიმოლოგიურად სიტყვა „უღელი“ ინდოევროპული წარმოშობის სიტყვაა და ფიქრობენ, რომ ადრეულ პერიოდში ჩვენში მის აღმნიშვნელად ტერმინი „ყევარი“ იყო დამკვიდრებული. აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში (ფშავი, ხევსურეთი), დასტურდება უღელთან დაკავშირებული საყურადღებო წეს-ჩვეულება - ე.წ. „უღელზე დატირება“. საქართველოს შუაბრინჯაოს ხანის მასალებში აღმოჩენილია უღელი, რომელიც მიცვალებულის კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ქართული უღელი, მსე, ტ. XIX, 1978.
გ.გ.
ე.ნ.
უღელი ხატისა - ხატის უღელი, სხვადასხვა გასაჭირის დროს, მორწმუნე ხატს რაიმეს ტარებას აღუთქვამდა, მას განსაზღვრულ დრომდე ატარებდა და მერე ხატს შესწირავდა. ამ თვალსაზრისით მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო ხატის უღელი, რომელიც მზადდებოდა რკინისაგან და სხვადასხვა ზომის იყო. ზოგიერთი ასეთ უღელს ორ-სამ წელსაც ატარებდა. დადებული ვადის გასვლის შემდეგ ყელუღელიანი ქალი ან კაცი მივიდოდა შეთქმულ ხატში, მიიტანდა საწირავს (ნაზუქები, სანთელ-კელაპტრები), დეკანოზი შეხსნიდა უღელს და ხატის ნიშში შედებდა. ამის შემდეგ ადამიანი ხატის მონობისაგან თავისუფალი იყო. ასეთივე დანიშნულების იყო კისერზე დასადები მძიმე ჯაჭვები (იხ. ჯაჭვი ხატისა).
თ. ნ.
უძირო - წუღა, წაღა, მესტი, თარგზე გამოჭრილი მსუბუქი თხელძირიანი რბილი ფეხსაცმელი, აქვს მაღალი ან დაბალი ყელი. საქართველოში დამოწმებულია სამი ქვეტიპი: 1. ერთნაჭრიანი - დახურული, ფართოენიანი ან პირმოხდილი უენო, 2. სამნაჭრიანი - პირისა, ტერფისა და ძირისაგან შედგენილი და 3. მრავალნაჭრიანი. ამ უძიროს საპირე ერთი ან რამდენიმე ნაჭრისაგან შედგება, ყელი ორნაჭრიანი, მაღალი ან დაბალი აქვს. უძირო მზადდება ტყავის და სხვადასხვა მასალის (ნაბადი, ქსოვილ გადაკრული ტყავი) კომბინირებით. აფორმებდნენ ფერადი ძაფით მცენარეული ორნამენტით, ფერადი ტყავის აპლიკაციით, ოქრომკედით და სხვ.
ნ.ჯ.
უწუენა - ტაბუირებული „გუიზ“-ის ფქვილისგან გამომცხვარი შესაწირავი კვერები, რომელთა ხილვა და შეჭმა აღკვეთილი იყო ოჯახის გარეშე პირთათვის.
ნ. გ.
უხა - უდედოდ მოზელილი, სიმინდის ტაროთი გაბრტყელებული, მრგვალი, პატარა დაწინწკლული პური. უხა ქორწილში დიდი რაოდენობით ცხვებოდა. მას სუფრის წევრები ყიდულობდნენ მცხობელებისგან არა მარტო საჭმელად, არამედ ოჯახში წასაღებადაც. ქართლში ქორწილის დროს ჩამოატარებდნენ ხოლმე ასეთ პურებს. ხალხური რწმენით თუ გასათხოვარი გოგონა უხის ნაჭერს დადებდა ბალიშქვეშ - საბედოს ნახავდა.
ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა.
უხდური (ძვ.) - რძის ნაწარმის საერთო სახელწოდება (ხაჭო, რძე, დო, მაწონი).
![]() |
9 ფ |
▲ზევით დაბრუნება |
ფადრიჩი - (ოქრომჭ.) ნივთის საწმენდი.
ფაზარი - საბას განმარტებით, ფაზარი არის „ქუა ნაღველთა და ღვიძლთა შინა ცხოველთასა ანუ კლდეთა შინა პოებული, იხმარების სამკურნალოდ, წამლად, რომელსა გალესენ წყალთა შინა და დაალევინებენ მას სნეულსა“. ცნობილია არა მარტო ცხოველური წარმოშობის ფაზარი, არამედ მინერალურიც.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ფათქა - ლითონისა და ხისაგან გაკეთებული ყურიანი სასმისი.
ფალაქა - ხეებია მოწყობილი, დამნაშავეს ფეხებს ჩააყოფინებენ, ღვედებით შეუკრავენ და ფეხის გულებზე წკეპლებს დაარტყამენ.
ლიტ.: ი. გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.
ფალუსტაკი - თაფლით, ფქვილითა და ერბოთი შემზადებული საჭმელი, ახალჯვარდაწერილებს მიართმევდნენ.
ლიტ.: ი. გრიშ. ქალაქური ლექსიკონი, 1997.
ფამფალაკი - სახვნელი იარაღის (დიდი ქართული გუთანი, ჯილღა) ნაწილი. წარმოადგენს ღერძს, რომლის ბოლოებში გაყრილია „გოგორები“. საქართველოში ორი ტიპის ფამფალაკი დასტურდება: ტოლგოგორებიანი და სხვადასხვა ზომის გოგორებიანი. ტოლგოგორებიანი ფამფალაკი დამხასიათებელი იყო ჯილღისათვის, ხოლო სხვადასხვა ზომის გოგორებიანი ფამფალაკი დიდი გუთნისათვის. ეს უკანასკნელი შედარებით განვითარებულ სახეობად არის მიჩნეული. ფამფალაკის ერთი ბორბალი („კვალის გოგორა“) დიდია, ხოლო მეორე („ველის გოგორა“) - პატარა. ხვნის დროს დიდი ბორბალი ნახნავის კვალშია ჩამდგარი, ხოლო პატარა ყამირზე მოძრაობს და მხოლოდ ასეთნაირი მდგომარეობა აძლევს საშუალებას გუთანს გაწონასწორებული იყოს მიწის ზედაპირთან. ფამფალაკი გუთნეული უიოლებს მიწის ღრმად მოხვნას, იგი გუთანზე ჯამბარის (იხ.) მეშვეობითაა მიმაგრებული.
ლიტ.: გ. ჩიტაია, მასალები საქართველოს სახვნელი იარაღების ისტორიისათვის, სსმმ, V, 1960.
თ. გ.
ფანდური - სამსიმიანი, საქცევებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი. საქართველოს ყველა კუთხეში იყო მეტ-ნაკლებად გავრცელებული. სხვადასხვა კუთხის ფანდურები ერთმანეთისაგან განსხვავდება გარეგნული ფორმით, საქცევების რაოდენობით (ორიდან შვიდამდე). მთის კუთხეების ფანდურები დიდი ზომისაა, ბარის კუთხეებისა - უფრო პატარა და თანაც უფრო დახვეწილია.
ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. მისი ტარი (ყელი) და კორპუსი (მუცელი) მთლიანია. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია, მასიური, ბრტყელი. სხვა კუთხეებისა - ნავისებური, ოვალური ან მსხლისებური ფორმისა. ფანდურის თავის ფორმა სხვადასხვაგვარია: ნიჟარისებური, ცხვრის ან გველის თავის ფორმისა. თავზე გაკეთებული აქვს სიმების მოსამართი მოქლონებისა (ჩხირები // ყურები // თითები // ჭალები) და საკრავის ჩამოსაკიდი თასმის გასაყრელი ნახვრეტები. ყელზე აქვს საქცევები (მალიკები//ფარდები) - ჭდეებში ჩასმული პატარა ჩხირი ყელის, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს ორ მეზობელ ბგერას. ხევსურულ ტრადიციულ ფანდურს ჰქონდა ორი საქცევი, ბარის კუთხეებისას - 6-7.
ფანდურის სიმების საყენებელს ჯორა ეწოდება, რომელიც სიმებს იჭერს გარკვეულ სიმაღლეზე თავფიცრის ზედაპირიდან. სიმები (ძალი // ალყა // ლარი // ძაფი) თანაბარი სიგრძისა და სისქისაა. ადრე მზადდებოდა ცხვრის ნაწლავებისაგან (ძალი). უკანასკნელ ხანებში ფაბრიკულ ძუას იყენებენ. ფანდურის გვერდები, ყელი, კორპუსი ხშირად ორნამენტირებულია მცენარეული სახეებით.
მუსიკალური ინსტრუმენტის ხარისხი ბევრადაა დამოკიდებული მასალაზე, რისგანაც იგი მზადდება. საქართველოს ყველა კუთხეში ფანდური მზადდება იმ ხისაგან, რომელიც მოცემულ რეგიონში ხარობს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში საუკეთესო მასალად ითვლება ბჟოლი (თუთა//ფურცელი), თავფიცრისათვის - ფიჭვი ან ნაძვი. ხეს ჭრიან ზაფხულში, ითვალისწინებენ მთვარის ფაზებს (სავსე მთვარისას), ექსპოზიციას (მზის მხარე).
ფანდური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკრავია საქართველოში. ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. ყიდვის დროს მისი ფასი ერთი ცხვრის ფასის ეკვივალენტი იყო. როგორც წესი ხევსურეთში ფანდურს გასაყიდად კი არ ამზადებდნენ, არამედ საჩუქრებად.
ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ჩამოკიდებული ინახებოდა. დაკვრის წინ სიმებზე წაუსვამდნენ ნიორს კარგი ჟღერადობისათვის, განსაკუთრებით ნისლიან ამინდში, რადგან ასეთ დროს სიმებს სუსტი და დახშული ხმა ჰქონდა.
ფანდურზე უკრავდნენ ქალებიცა და მამაკაცებიც. ფანდური ძირითადად სიმღერის თანმხლები საკრავია. მისი თანხლებით სრულდება საგმირო, სატრფიალო, სახუმარო შინაარსის ლექსები. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ძირითადად საგმირო ჟანრის ლექსები იმღერება. ამ სიმღერებში მთელი ყურადღება გადატანილია სიტყვიერ ტექსტზე, ერთსა და იმავე მელოდიაზე სრულიად სხვადასხვა ტექსტი (ლექსები) სრულდება. მთაში სიმღერის ცოდნა ფაქტობრივად ლექსის ცოდნას ნიშნავს.
ფანდური მონაწილეობს იმ წეს-ჩვეულებებში, რომლებიც დაკავშირებულია „ბატონების“ კულტთან. აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (ხევსურეთი) საინტერესოა ფანდურზე დაკვრის წესი ჯვარში წმინდა ლუდის დალევის რიტუალში. დღეობა, სადაც შეყრილი იყო სოფლის ჯარი (მამაკაცები), შედგებოდა შემდეგი თანმიმდევრული მომენტებისაგან: ჯარის საერთო ლოცვა, მიცვალებულთა „შანდობა“, „ფანდურის გატეხა“ და წმინდა ლუდის დალევა. ამ უკანასკნელს ახლდა ე.წ. „ფეხზე მღერა“ ან „თაოზა და ნამუსი“: ერთ-ერთი ზედამდეგი (ახალგაზრდები, რომლებიც ფეხზე მდგარნი ემსახურებოდნენ სუფრას) იღებდა ფანდურს, მოდიოდა სუფრის ბოლოს და ფეხზე მდგომი ან ცალ მუხლზე ჩოქით იწყებდა დაკვრასა და სიმღერას. ეს იყო ძველებური საგმირო სიმღერა, ხოლო დანარჩენი ახალგაზრდები, მდგომარენი იმეორებდნენ გუნდურად თითოეულ სტროფს. ამავე დღეობაზე ერთ-ერთ მომენტს წარმოადგენდა „თასებში მოგონება სახელის ჩამდენი კაცისა“. ამ რიტუალური სმის დროს სოფლის ჯარი იგონებდა ამა თუ იმ გვარის წარმომადგენელთ გმირობას. ერთ-ერთი უფროსთაგანი ადგებოდა ადგილიდან, აიღებდა ფანდურს და სუფრის ბოლოს ცალ მუხლზე ჩოქით იწყებდა დაკვრასა და სიმღერას იქ მყოფი რომელიმე გვარის წინაპრის გმირობის შესახებ; როდესაც ტექსტს ნახევრამდე შეასრულებდა, ადგებოდა სხვა „მეთასე“, გააგრძელებდა სიმღერას და ლუდით სავსე თასით ხელში მიუახლოვდებოდა დაჩოქოლს, ეს უკანასკნელი სიმღერას უკეთებდა აკომპანემენტს, რომელიც მღერით მიუახლოვდებოდა მას, მიუტანდა თავის თასს პირთან და თავის ხელიდან შეასმევდა სასმელს. როდესაც დაჩოქილი თასს დაცლიდა, „მეთასე“ ბრუნდებოდა თავის ადგილას. ახლა ადგებოდა მეფანდურე, ავსებდა თავის თასს ლუდით, მივიდოდა იმასთან, ვინც მას დაალევინა და ეტყოდა: „ჯვარ დაგიწერას ღმერთმ!“, მობრუნდებოდა უკან, ისევ დაიჩოქებდა და განაგრძობდა შეწყვეტილ დაკვრას და მღერას. „მეთასენი“ წარმოთქვამდნენ დროდადრო: „აი დიდხანამც იმღერ!“. სიმღერის დასრულებისას მეფანდურე დგებოდა და ხმამაღლა წარმოთქვამდა: „აი თქვენი გამარჯვებისა!“. ამის შემდეგ რომელიმე სხვა უფროსთაგან გაემართებოდა სუფრის ბოლოს, დაიჩოქებდა და ფანდურის თანხლებით დაიწყებდა სხვა საგვარო საგმირო სიმღერას. ახლაც იგივე ეტიკეტი განმეორდებოდა და გრძელდებოდა „პატივის მიტანა“. საგმირო ლექსებს ფანდურზე ამღერებდნენ დასტურები ხატის//ჯვარის შენობაში, სხვადასხვა რიტუალის მსვლელობისას. მათში მოთხრობილია ხატის ყმათაგან რომელიმეს მიერ ჩადენილ საგმირო საქმეთა შესახებ. ხატში ფანდურის დაკვრა დასტურდება თუშურ ქორბერეღაშიც (ქორბეღელა ორსართულიანი ფერხულია, სარიტუალო, სრულდება მხოლოდ მამაკაცთა მიერ). ფანდური მწყემსებს მიჰქონდათ ცხვარში, შედარებით თავისუფალ დროს გასართობად. ფანდური თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო. მგლოვიარე ოჯახში ფანდურს გადამალავდნენ და „წლის ხარჯამდე“ არ გამოაჩენდნენ. წლისთავზე, სუფრასთან ოჯახის უფროსი თავად აიღებდა ხელში ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს და ვინმეს გადასცემდა. ამის შემდეგ „ლხინი გატეხილი“ იყო. ამ წესს ხევსურეთში ლხინის გატეხა // ფანდურის გატეხა ეწოდება. ფანდურის სინონიმად „ჩონგურიც“ გვხვდება, მაგრამ ეს ხდება მოგვიანო ხანაში. ჩონგური ფანდურის მონათესავე, მაგრამ რამდენადმე განსხვავებული საკრავია (იხ. ჩონგური).
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, 1940. მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970.
მ. შ
ფანი (სვ.) - რიტუალური პური. შუა დიდმარხვაში - ოთხშაბათს, თითოეული მოსახლე აცხობს ერთ დიდ პურს, რომელსაც „ფანს“ უწოდებენ. ვახშმად ამ პურს დანით იმდენ ნაწილად დაჭრიან რამდეინ ყანაც აქვს ოჯახს. ამ დროს მამაკაცი მარცხენა ხელით პურს აჭერს დანას, მარჯვენა ხელით კი მარილის სამტვრევ ქვას ურტყამს დანის ყუას თან ამბობს: ასე გაიჭრას ჩემი ყანების მტერი (დაასახელებს თითოეულს). ფანი მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი საკურთხიც იყო.
ნ. გ.
ფანჯარა - საცხოვრებელი სახლის კედლებში ჩადგმული საჰაერო და სასინათლო წყარო. ხალხურ ქვითხუროობაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ქვის ჩარჩოიანი ფანჯრები რომელიც აშენებულია გრძელი და მოკლე ქვების მონაცვლეობით, ანუ „სირმა“ - „უკარათი“.(იხ.) ქვის ასეთი ნაწილები გამიზნულია როგორც ჩარჩოს სიმაგრისათვის, ასევე მის შემამკობლად.
ე.ნ.
ფარაგა - თუში ქალის, პერანგს ზემოდან ასაფარებელი გულისპირი. ქართული საისტორიო მწერლობა მას მონაზვნის სამოსელად იცნობს, მხოლოდ ნ. ხიზანიშვილი ათანაბრებს მას საგულესთან. ფარაგის მასალად გამოიყენებოდა მაუდი, ხავერდი, სატინა. ძველებური ფარაგა ორგვარი იყო: გვამიანი და ზოლტებიანი. ფარაგა ქალის ზედატანს მთლიანად ფარავდა. XIX ს. ბოლოსა და XX ს. თუშეთში ფართოდ გავრცელდა ზოლტებიანი ფარაგა. კისერთან მომდგარი და მუცელს ჩაცილებული კალთები ზურგში ერთმანეთს „ზოლტყურებით“ და „ყულფებით“ უკავშირდებოდა. კისერში დასამაგრებლად დამინანქრებულ ან დასევადებულ ვერცხლის ღილებს ხმარობდნენ. დიდი ყურადღება ექცეოდა ფარაგას მორთულობას. თუ შიგ ჩასაცმელი პერანგის საყელო მოუქარგავი იყო მაშინ საგანგებოდ დაგრეხილი ყაჭით ან ბუზმენტით თუ სხვა ნაქარგით დამშვენებულ მაუდის ან აბრეშუმის პატარა ყელსახვევს - „ყიმჭა“//“ყემჭაი“ გამოიყენებდნენ. შემდგომში იგი ფარაგას ნაწილადაც უქცევიათ. სადა ფარაგა ეკეთა გათხოვილ ქალსა და ქვრივს. გასათხოვარის ფარაგა კი უხვი სამკაულით იყო მორთული. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა გრძლად დაშვებული სხვადასხვაგვარი ძეწკვების წყება. მოხმარებული სამკაულებიდან ზოგიერთს მაგიურ აპოთროპული დანიშნულებაც ჰქონდა.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
ც. ბ.
ფარანჯა (თბ.) - ვუალი, ძუის ბადე, რომლითაც ქალები სახეს იფარავენ.
ფარგალი - სიმრგვალის მოსაზომი იარაღი. იყო ხისა და რკინისა. პრიმიტიული ფარგალი წარმოადგენს ორკაპა ჯოხს, რომლის ერთი წვერი მოკლეა და მეორე - გრძელი. წრის მოხაზვისას ქვის შუაგულში დააბჯენენ მოკლე წვერს, გრძელს ნახშირს დაანდობენ, შემოატარებენ ქვაზე და შემოხაზავენ წრეს (მაგ., წისქვილის ქვას). ფარგალადვე გამოიყენება გაჭიმული ბაწრის ბოლოებში ჯოხები. არსებობს საგანგებოდ გამოთლილი ხის ფარგლები, ჩვეულებრივი კლასიკური ფარგლის მსგავსი, რომელსაც წვერობში ლითონის ნემსაკები აქვს და შემოტრიალებისას ქვის ზედაპირზე ავლებს ხაზს.
ე.ნ.
ფარდა - 1. ცხვრის გამხმარი ნაწლავი, რომელიც გამოიყენებოდა ჩონგურის სიმად. 2. ქართული ოდის სამშვენისი, აივანზე ხის ბოძებს შუა ჩადგმული ხარატული დეტალი. 3.ფანჯრებზე ჩამოსაფარებელი ნაჭერი.
ე.ნ.
ფარდაგი - ქსოვილის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც იქსოვებოდა სხვადასხვა ფერის მსხვილად ნაგრეხი, ძირითადად შალის უხაო ძაფით. საქსოვი მასალის ხარისხისა და ქსოვის ტექნიკის მიხედვით განარჩევენ ფარდაგის რამდენიმე სახეობას. დიდ ფარდაგს ვერტიკალურ საქსოვ დაზგაზე ქსოვდნენ, პატარ-პატარა საფენ ფარდაგებს კი - ყაისნაღითაც. ყველაზე მარტივი წესით ჯეჯიმი იქსოვებოდა. არსებობს ერთსახიანი და ორსახიანი ფარდაგი. ერთსახიანის ნიმუშია კვირტულა. კვირტულისა და ჯეჯიმის სახეობის ფარდაგზე ორნამენტის სახე არ არის ჭვირით გამოყოფილი. ორნამემტის ჭვირით გამოყოფილი ფარდაგები უფრო რთული ტექნიკით იქსოვება და უმთავრესად ბარის რაიონებისათვის არის ნიშანდობლივი. ფარდაგის ორნამენტში გვხვდება მცენარეული, ზოომორფული და ანთროპომორფული მოტივები. დიდი ადგილი აქვს დათმობილი გეომეტრიულ ჭრელს. ბევრი ფარდაგის სიუჟეტურ მხატვრობას თან ახლავს ხელოსნის ვინაობა და მოქსოვის თარიღი. ქსოვის მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით გამოირჩევა თუშური ფარდაგი. ამ მხრივ ასევე საინტერესო უბანია მთიულეთგუდამაყარი, ივრის ხეობა, პატარა ლიახვისა და ქსნის ხეობები, ქვემო ქართლი, ჯავახეთი, აჭარა, ქიზიყი, სამეგრელო და ლეჩხუმი.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
ფარდები - აქ: აივნის ბოძებს შორის მოთავსებული ხის აჟურული ფიცარი, რომელიც დაჭრელებული იყო სისო ხერხის მეშვეობით. ჭრელიდან გამოირჩეოდა „კუწუბა“, „მთვარე“, „მზე“, „ვარსკვლავისა“ და სხვა. საქართველოში აივნის მორთულობა, ფარდები, შემდეგი სახელწოდებებით იყო გავრცელებული: ფარდები (ქართ. კახ. თუშ.) // დანდაზი (ქვ. ქართ.) // ფიგურები (რაჭ.) // თაღები (იმერ.) // შაბაქა (ზ. რაჭ.) //დასტანდაზი (კახ.) და სხვ. ფარდების ჭრელის ხელოვნება ერთ-ერთი საუკეთესოა ხალხურ ორნამენტიკაში და იგი ქართული ხითხუროობას განსაკუთრებულ ორიგინალობას ანიჭებს.
გ. გ.
ფარი - თავდასაცავი იარაღი. ქართული ფარები ფორმების მიხედვით ძირითადად მრგვალია, ფარის ასეთი ფორმა ძველთაგანვე მომდინარეობს და საქართველოში არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. (კაჭრეთის რ-ნში აღმოჩნდა ბრინჯაოს მრგვალი ფორმის ფარი ძვ.წ. აღ. XII-XIV სს.), დამზადების ტექნოლოგიის (მასალის) მიხედვით გამოიყოფა სამი ტიპი: ხის ფარი ტყავგადაკრული, ტყავის ფარი ლითონითვე შეკრულ-შეჭედილი და ლითონის ფარი ლითონითვე შეკრულ-შეჭედილი. ასეთია მაგალითად ხევსურული ფარი, რომლის მასალად გამოიყენებოდა ტყავი და ლითონი. ფარის ტყავ-ლითონი ერთმანეთთან მჭიდროდ არის მიკრული ლითონის თავკოპლიანი და ბოლოგაბრტყელებული სამსჭვლებით. ფარის დამზადება დიდ დახელოვნებასა და გამოცდილებას მოითხოვდა. ხევსურები ფარის დასამზადებლად იყენებდნენ ხარის გავის „ნეჯების“ ტყავს. არსებობდა აგრეთვე დიდი ზომის ფარი (დელამფარი), რომელიც სხვადასხვა თქმულებებსა და ხალხურ პოეზიაშიც დასტურდება. მაგ., „გადაჯე თავის ლურჯასა, აიღი დელამფარია“. ფარის აღმნიშვნელ ტერმინად ძველ ქართულში გვხვდება „დარაკა“. საბას მიხედვით „ვეშაკაპანიც“ ფარის ერთ-ერთი სახეობაა. ნაციონალური ფარის ორიგინალურ ნიმუშს წარმოადგენს სვანური ფარი, რომელიც 1925 წელს სვანეთიდან, სოფ. სასაშის ეკლესიიდან ჩამოიტანა გ. ჩიტაიამ. აღნიშნული ფარი XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. ფარი ტყავისაა, რომელიც ხეზეა გადაკრული. მისი დიამეტრი 50 სმ-ია. ტყავზე სხივთა კონად განლაგებულია ლითონის წვრილი ზოლები, რომლებიც თავს იყრის ფარის ცენტრში, ლითონის გუმბათში, რაც ერთად აღებული მზის სახეს ქმნის. ლითონის წვრილი ზოლები ტყავში ჩამაგრებულია სამ-სამი სამსჭვალით. სამსჭვლების ადგილი წარმოადგენს ოთხკუთხა ფორმის ფირფიტებს, რომელიც თავის მხრივ ქმნის სამ კონკრეტულ წრეს. ფარს კიდეზე შემოვლებული აქვს ლითონის კოპლები. ფარს შიგნითა მხარეს აქვს ტყავის სახელური - საბღუჯი. ეს ფარი სვანებს ეკლესიის კედელზე ჰქონდათ ჩამოკიდებული და როგორც საკრალურ ნივთს ინახავდნენ, მხოლოდ დღესასწაულებზე გამოჰქონდათ გარეთ და ისარს ესროდნენ. ფეოდალური საქართველოს ოჯახების ცენტრალური კედლის მთავარ მორთულობასაც ფარ-ხმალი წარმოადგენდა, რაც იარაღისადმი განსაკუთრებულ მოწიწებას უსვამს ხაზს. შუა საუკუნეების არაბი ავტორები აღმ. საქართველოს ერთ ნაწილში ასახელებენ „ყარაყალღანების“ ომს (ქართულად - „შავფაროსანი ხალხი“). ხევსურული ფარის დამზადების ტექნოლოგიისა და ფორმის მიხედვით საფიქრებელია, რომ ყარაყალღანების ქვეშ აღმოსავლეთ მთიანეთის მოსახლეობა, კერძოდ ხევსურები, ივარაუდებოდეს. მით უმეტეს, რომ XVII საუკუნეში არაგვის ხეობებში მცხოვრებ ხალხს ყარაყალღანებს უწოდებდნენ.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საბრძოლო იარაღები, მმ. ტ. XVIII, 1954. სულხან-საბა ორბელიანი, „ლექსიკონი ქართული“, 1991. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი. 1964.
მ. ქ.
ფასტია - ერთად აღებული ხუთი საძირე ტყავის სახელწოდება (ქიზ.).
ნ. ჯ.
ფაფანაგი - ხევსური ქალის გარეთი, სახატო ჩასაცმელი. მასალად გამოყენებულია ადგილობრივი, საოჯახო წესით მოქსოვილი მუქი ფერის შალი - „ტოლი“. ფორმით ქოქლოს (იხ.) მსგავსია. წინჩახსნილი და წელში ნაწილობრივ გადაკერილი: შედგება ბეჭებში გაუკერავად ამოღებული წინა მთლიანი კალთებისა („აზღოტები“) და ზურგსმობმული, ბოლომდე დაშვებული, თავწვრილი და ბოლოგანიერი, ორმხრივ ირიბი კალთისაგან („გვამის აზღოტი“), აქვს მაღალი საყელო და მხართან სწორად მიდგმული, მოკლე და იღლიამდე შეხსნილი სახელოები. მორთულია ხევსურული სამოსისათვის დამახასიათებელი ქარგულობით, რომელიც შესრულებულია შალის ფერადი ძაფებით („შიბაით დაკერილი“). ჭრელი გეომეტრიულია.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, ტ. VIII, 1956.
ც. ბ.
ფაფანაკი - ქართული ქუდის ერთ-ერთი უძველესი სახეობა. ნაბდის ან ტყავის ბრტყელი თავსაბურავია, რომელიც მამაკაცის მხოლოდ თავის თხემს ფარავს. აქვს შეჭრილი ოვალის ფორმა და თასმებით მაგრდება ნიკაპქვეშ. ზოგჯერ ძვირფასი ქსოვილი (მაუდი, ფარჩა) ჰქონდა გადაკრული და დაქარგული იყო. ფაფანაკი „იმერული ქუდის“ სახელითაცაა ცნობილი, თუმცა წარსულში უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ისტორიულ წყაროებში XV ს-დან დასტურდება.
ლიტ.: ლ. მოლოდინი, დასურათებული ლექსიკონი, 2008.
ფაფაყ-ი (ინგ.)//ფაფახი - ბეწვიანი ტყავის მაღალი ქუდი, ჩვეულებრივ იხურავდნენ მწყემსები, სხვადასხვანაირია: მურღუზ ფაფაყ, ნუღაი ფაფაყ, შიშ ფაფაყ, წუწლუტ ფაფაყ, შიშ ბუხარა ფაფაყ, მანზილა ფაფაყ, ტაჰყა ფაფაყ, აგრეთვე, იხმარებოდა ქსოვლისაგან შეკერილი ფაფახი, საფაფაყეი-საფაფახე. ისევე ხდიდნენ, როგორც საქურქესა და საგუდეს.
ნ. ჯ.
ფაცერი - თევზის დასაჭერი ბრტყელი ლასტი, რომელსაც წყალში დგამენ.
ფაცხა - სამეგრელოსა და აფხაზეთში გავრცელებული პრიმიტიული საცხოვრებელი სახლის ტიპი. დაახლოებით 9-10 კვ.მ ფართის მქონე, წნელისაგან მოწნული, რომლის აშენებამოწვნა თავად მეპატრონესაც შეეძლო. ფაცხის მოწვნისას წინასწარ მონიშნულ ადგილას წრიულად ჩაასობენ ძლიერ მარგილებს და გამოწნავენ წნელით. ფაცხა იყო ორგვარი „კუნჭულა“ და „ამხარა“. კუნჭულა ფაცხას ჰქონდა მრგვალი და წოპიანისახურავი, „ამხარას“ კი უფრო დაბალი. ფაცხას ხურავდნენ ისლით, შიგნით და გარეთ გალესავდნენ ტალახით. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული საცხოვრისის ამ ტიპს არ გააჩნდა სარკმელი და ამიტომ შუაცეცხლის ბოლი მხოლოდ კარებიდან გადიოდა. ფაცხა არის დაბალ სოციალურ საფეხურზე მყოფი, უკიდურესად ღარიბი ადამიანების საცხოვრებელი. ზოგიერთ შემთხვევაში ფაცხას იკეთებდნენ მწყემსები დროებითი სარგებლობისათვის.
ლიტ.: ი. ადამია, ქართული ხალხური ხუროთმოძღვრება, ტ. II, 1968. ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
ე. ნ.
ფელამუში//თათარა - ყურძნის წვენისაგან მომზადებული ფაფა, რომელშიც ჩარეულია პურის ან მჭადის ფქვილი, ზოგჯერ შერეულიც. ფელამუში მზადდება ჩურჩხელების (იხ.) ამოსავლებად და საზეიმო სუფრაზე მისატანადაც. საჩურჩხელე ფელამუშს ამაზდებენ მხოლოდ და მხოლოდ პურის ფქვილისაგან.
ე. ნ.
ფელუკა - ლაზური ნავი. აღჭურვილი იყო ნიჩბებითაც და აფრებითაც. ყველაზე გავრცელებული საზღვაო ტრანსპორტი იყო საქართველოში. ხომალდის დიდი დატვირთვის მიზნით გვერდებს ზრდიდნენ საგანგებო ხის ჩარჩოებით, რაც, ტაციტუსის ცნობით, კოლხი მენავეების უძველესი ხერხი ყოფილა ოდითგანვე. ფელუკას წინა და უკანა ნაწილი მკვეთრად ამოზიდულია წყლიდან, ხოლო გვერდები დაბალია.
ფელუკები ზღვაზე 14-15 მილის სისწრაფით დაცურავდნენ და სიგრძით საშუალოდ 80 ფუტამდე აღწევდნენ. ამგვარი ხომალდით ლაზები უშიშრად გადიოდნენ ზღვაში სათევზაოდ თუ სავაჭროდ და შავიზღვისპირეთში ერთ-ერთ საუკეთესო მეზღვაურებად ითვლებოდნენ. ლაზეთში დიდ ფელუკას „ქოთარა“ ჰქვია, რომელსაც 500-600 ფუთი ტვირთის ზიდვა შეეძლო.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
ე. ნ.
ფერსო - ურმის თვლის წრიულად შეკრული რკალი, რომელიც სოლებით მორგვთანაა მიერთებული.
ფესი თეფელუღი - ქალის თავსაბურავი. ირგვლივ მონეტებით შემკული და შალის ძაფისაგან წინდის ჩხირებით ნაქსოვი. სიმაღლის მისაცემად პატარა ბალიშის ფორმის ბამბის ან მატყლის ფენადადებული. ხმარობდნენ მაუდის ფესსაც, რომელსაც მონეტებით მორთავდნენ. ასეთი ფესები მზა სახით შემოდიოდა აჭარაში. ფესი საგანგებო თმის ვარცხნილობას მოითხოვდა, კერძოდ, ნაწნავები (2 4 6) და კულულების თავისებურ წყობას. ნახევარსფეროს მსგავს ამ ქუდს გვერდებზე მიამაგრებდნენ საყბეურად სახელდებულ შავი მძიმების ასხმულას, რომელიც ქალს ყბაზე ჰქონდა შემოხვეული.
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ
ფეშნაქაში - რქის ან თითბრის მეშველი წუღის კალაპოტში ჩასადებად, ასევე ფეხსაცმლის ფეხზე ჩაცმის გაასადვილებლად.
ლიტ.: ს. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.
ნ. ჯ.
ფეშტემალი//სასწრაფო - აჭარელი ქალის წინსაფარი. მასალად იყენებდნენ როგორც შინნამზად, ასევე ფაბრიკულ ქსოვილსაც (შავი სატინა) იყენებდნენ. წელს ქვემოთ დაშვებულ ერთ კალთას, წელთან სამაგრად სარტყელი - „ბაღი“ ჰქონდა მოკერებული. წინსაფარს მუდამ ატარებდნენ, მის გარეშე გარეთ გასვლაც კი სირცხვილი იყო. ფეშტემალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც იყო გავრცელებული, მაგრამ აჭარული სიგრძითა და სიფართით განსხვავდებოდა. იგი კაბის ქვედა ნაწილს მთლიანად ფარავდა. აჭარელთა ყოფაში დასტურდება როგორც საპატარძლო, ასევე სამუშაო ფეშტემალებიც. საპატარძლო ფეშტემალი სილამაზითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, სამუშაო კი შედარებით დაბალი ხარისხის ქსოვილისაგან მზადდებოდა და წვრილმანი საგნების გადასატანად იყენებდნენ. იგი ხშირად პირსახოცისა და ხელსახოცის ფუნქციასაც ასრულებდა. ფეშტემალს თურქეთში მცხოვრები მკვიდრი და მუჯაჰირი ქართველი მოსახლეობაც მოიხმარდა.
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ.
ფეშხუმი - 1. დაბალ ფეხებზე გამართული მრგვალი მაგიდა, უმთავრესად სამფიცრიანი. მას სექვზე (გრძელი ტახტი) დგამდნენ, ოჯახის წევრები გარშემო შემოუსხდებოდნენ და სადილობდნენ. ოჯახში იყო სამი, ოთხი, ხუთი ფეშხუმი. მისი რაოდენობა დამოკიდებული იყო ოჯახის წევრთა სიმრავლეზე. ასეთი ტიპის მაგიდა საქართველოში ყველგან იყო გავრცელებული. 2. სადგარიანი პატარა ლანგარი, რომელზედაც ლიტურგიის დროს კვეთენ სეფისკვერებს.
ფეჩე//ჩარი (აჭარ.) - ქალის პირსაბურავი, ბადისებურად ნაქსოვი. ჩადრთან ერთად იყო სატარებელი და მიზნად ქალის სახის დაფარვას ისახავდა. უცხო ეთნოგრაფიული გარემოდან არის შემოსული და გავრცელებული მაჰმადიანურ რწმენასთან ერთად.
ლიტ.: ი. სამსონია, ხალხური ტანსაცმელი აჭარაში, ბათუმი, 2005.
ც.ბ.
ფეხსაცმელი ნაქსოვი - საქართველოში მოქსოვილი ფეხსამოსის არაერთი ტიპი დასტურდება. ასეთებია, მაგ., კარაჭინი, ჩორაბი, ფაჩუჩი, ფაჩაჩი, მესი, ჩარუხი, ქალამანი, ჩითა (იხ.), ბორაგი, თათი, ფეხა, ყელმაღალაი, წაბმულაი, ქაჩუჩა, ჩუსტურა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ნაქსოვ ფეხსაცმელს მოსახლეობაში ფართო გამოყენება ჰქონდა. ნაქსოვი ფეხსაცმლისათვის იყენებდნენ შალს, ბამბას, ტყავს. ფეხსაცმელი იქსოვებოდა ორი და სამწვერი ბაწრით, განსაკუთრებით მჭიდროდ იყო გამოყვანილი სატერფეები, ხმარებაში რომ გამძლე ყოფილიყო. თუშეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში ბოლო დრომდე შემორჩა ჩითას ქსოვის ტრადიციები. ჩითას იცვამდნენ ქალებიცა და კაცებიც და შესაბამისად ისინი იწოდებოდა სადიაცო და სამამაცო ჩითას სახელით. საქალო ჩითა, განსაკუთრებით ხანში შესული ქალებისა, მაღალყელიანი იყო. კაცის ჩითები სადა, ქალებისა კი გემოვნებით იყო დაჭრელებული. ჩითაც ძირმოქსოვილია სქლად, ხოლო ყელი მასთან შედარებით თხლად და დახვეწილად. თუ ძირი გაცვდებოდა, მის ყელს ახალ ძირს გამოუქსოვდნენ. ჩითა იყო შინ სახმარი და გარეთ გასასვლელიც, რაც აისახებოდა მის მოჭრელებაშიც. ნაქსოვი ფეხსაცმლის ნაშთები აღმოჩენილია ყაზბეგის განათხარ მასალებში და დათარიღებულია ძვ.წ. IV-III საუკუნეებით, რაც მიუთითებს ნაქსოვი ფეხსაცმელების უძველესი დროიდან გამოყენებაზე საქართველოში.
ლიტ.: ც. ყარაულაშვილი, ნაქსოვი ფეხსაცმელი, მასალები თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის. 1967.
ე. ნ.
ფეხსაცმელი ჭვინტიანი - საქართველოში ფეხსაცმლის ასეთი ტიპი როგორც უყელო, ასევე ყელიანი, გავრცელებული იყო მაღალი წოდების წარმომადგენელი მოქალაქისა და ხელოსნთა ჩაცმულობაში. განსაკუთრებით XIX-XX საუკუნის მიჯნაზე. ცნობები ჭვინტიანი ფეხსაცმლის შესახებ უკვე XVII საუკუნიდან გვხვდება. თუმცა უეჭველია, რომ ფეხსაცმლის ასეთი ტიპი უძველესი დროიდან მომდინარეობს. ქართული ჭვინტიანი ფეხსაცმლის დამზადების ტრადიციები ბოლო დრომდე შემოინახა ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ ყოფაში. საქართველოს მუზეუმში დაცულია კავკასიური ჭვინტიანი ფეხსაცმელი - საქორწინო კარაჭინი//ჩითა//ფეხა, რომელიც დედოფლისთვის იყო განკუთვნილი და საბოლოოდ იგი მოხუცებულობის ჟამს საფლავში ჩასატანებლად იყო გამიზნული. ზოგიერთი ასეთი ჭვინტიანი ფეხსაცმელი რიტუალური დანიშნულების იყო და მას საქორწინო რიტუალი საპოთროპული დანიშნულება გააჩნდა. საგულისხმოა, რომ კავკასიურ-ქართულ ჭვინტიან ფეხსაცმელს პარალელები ძველი აღმოსავლეთის ეთნიკურ არეში მოეპოვება, რაც ამ ორი რეგიონის კულტურულ-გენეტიკურ ნათესაობას ათვალსაჩინოებს.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ქართული ჭვიტიანი ფეხსაცმელი, შრომები, ტ. II, 2000.
ე.ნ.
ფთილა - გაჩეჩილი, დასართავად მომზადებული მატყლის ნაწილი.
ფიალა - ღვინის სასმისი. სხვადასხვა ზომისა. აქვს მრგვალი ძირი, პირი ოდნავ გადაშლილი და ფრიალა. ფიალა და თასი ერთი ფუნქციის მატარებელი სასმისებია. თითბრის ფიალები შემკულია მდიდრულად. ამოკაწრულ-ამოღარულია ნადიმის სცენები და მრავალსიუჟეტიანი ორნამენტები. ფიალა მზადდება ოქროს, ვერცხლის, თიხისა და ხისაგან.
ც.კ.
ფითი - აღმოსავლური საჭმელი. პატარა ყურიან კოჭობში ჩაყრიან მუხუდოს, ჩააჭრიან ხახვს, ჩადებენ ცხვრის მსუქან ნაჭერს, ზედ პომიდორს ან ტყემალს დაატანენ და მოხარშავენ ნელ ცეცხლზე. იხარშება თავისივე წვენში, უფრო თათრების საჭმელია. ფითი ძროხის კუდებითაც მზადდება.
ლიტ.: ი. გრიშაშვილი, ქალაქური ლექსიკონი, 1997.
ფილაკავანი - ლოდების სატყორცნი მანქანა ფეოდალური ხანის საქართველოში, რომლის დანიშნულება ციხის კედელთა დაზიანებას წარმოადგენდა.
ე. ნ.
ფილთაქვა - სანაყი, როდინი (იხ.)
ფილი - თიხისა და ხის ჭურჭელი. გამოიყენებოდა რძის, ხაჭოსა და ერბოს მოსაკავებლად. გავრცელებული იყო რაჭაში. ჯამის მოყვანილობისაა, მისი თავდაპირველი სახელწოდება „ჯამფილა“ ყოფილა. ფილს ძირითადად ქალები ამზადებდნენ რაჭის სოფლებში - ლაჩთასა და შეუბანში.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1947. მ. ზ.
ფილიგრანი - ლითონის ძაფებით გაკეთებული მხატვრული საიუველირო სახე რაიმე ნაკეთობაზე. იგი დამზადებულია გრეხილი ოქროს ან ვერცხლის წვრილი მავთულისაგან. ფილიგრანული ნივთების დასამზადებელი ვერცხლის გრეხილი და მარცვლები მიიღება უმაღლესი ხარისხის ვერცხლისაგან, რომელსაც „თამმაირი“ ეწოდება. როგორც ცნობილია, სუფთა ვერცხლი გაცილებით რბილია და მისგან მიიღება უწვრილესი ძაფი, რისთვისაც ვერცხლს გაადნობენ და გადმოასხამენ რიჯაში (იხ.). მას დაჭრიდნენ ვერცხლის ჩხირებად, გრდემლზე გაკვერვით თანდათან გააწვრილებდნენ იმ ზომამდე, ვიდრე არ გატარდებოდა ადიდის (იხ.) პირველ მსხვილ ნაჩვრეტში, შემდეგ თანდათანობით უფრო წვრილებში და იქმნებოდა ვერცხლის წვრილი მავთული. შემდეგ ეს მავთული ორწვერად დაიგრიხებოდა ე.წ. მბრუნავი ლილვაკიანი ხრახნით. ვალცში გატარების შემდეგ, საბოლოოდ იღებდა ნაწიბურებიან ნაპირებს. ვალცშივე იგლინებოდა ვერცხლის სადა, შედარებით მსხვილი ძაფი, რომლისგანაც თითბრის ყალიბებზე შემოხვევით მზადდებოდა გრეხილის სახეები მანისებური, სპირალური, დაგლინული. გრეხილი მაკრატლით იჭრებოდა სხვადასხვა ზომის ნაწილებად. ვერცხლის მარცვლების მისაღებად, მაღალი ხარისხის სირმას დაჭრიდნენ წვრილად და დანაყილი ნახშირის მტვერში აურევდნენ, მოათავსებდნენ რკინის ჭურჭელში, ცოტა წყალს დაასხავდნენ და ახურებდნენ ქურაზე. ამ დროს ვერცხლი დნებოდა და ნახშირის მტვრის მეშვეობით იღებდა მარცვლის სახეს, გაცივების შემდეგ, ხელოსანი მას მარცვლების სიდიდის მიხედვით ახარისხებდა. ზოგჯერ ამისათვის სხვადასხვა ზომის ნაჩვრეტებიან საცერსაც იყენებდა.
ფილიგრანულ სახის გამოყვანა ხდებოდა ცალკეული ნაწილების შეკავშირებით. პირველ რიგში, შედარებით მსხვილი სირმისაგან მიირჩილებოდა ჩარჩო და რელიეფური სახეები, რომლებიც ორნამენტის ძირითად მოხაზულობას ქმნიდა. შემდეგ ხდებოდა ამ ორნამენტული ხაზების ამოვსება პაწაწინა გრეხილებით, რომლებსაც ნახშირის ფიცრებზე ჩივთის (იხ.) საშუალებით აწყობდნენ. სახე იმკობოდა რელიეფური კოპლებით და ფერადი თვლებით. შესაკავშირებელ ადგილებს ბამბით დაასველებდნენ, მოაყრიდნენ ერთ წილ ბურას (იხ.) ნაერთის ფხვნილს და ორ წილ კავშირს (კავშირის შემადგენლობაში შედის ერთი მისხალი სირმა ვერცხლი და ნახევარი მისხალი თითბერი). ჭრაქის ალს მოხრილი მილით დაუბერავდნენ, ცეცხლს შესაკავშირებელ საგანზე მიმართავდნენ და მიადუღებდნენ. რჩილვის შედეგად გაშავებულ ნივთს სპილენძის თასში მოათავსებდნენ და შაბიამნის ხსნარში ადუღებდნენ ნახევარი საათის განმავლობაში, შემდეგ კი გაწმენდდნენ სუფთა ნაჭრით.
ლიტ.: ლ. სოსელია, ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში, კრ. მესხეთ-ჯავახეთი, 1972.
მ. ბ.
ფინაჩი//მეჯღანე - გაცვეთილი, ფეხსაცმლის შემკეთებელი. ფინაჩობა პროფესიად იქცა, ისინი მდარე ხელოსნები იყვნენ. მუშაობდნენ ქალაქებში, ზოგიერთს თავისი ფარდულიც კი ჰქონდა. ძირითადად ხარაზის სახელოსნოში კუთხეს გამოუყოფდნენ ხოლმე, ან სახელოსნოს წინ მუშაობდნენ, ან ნებისმიერ ადგილას, სადაც სამუშაო გამოუჩნდებოდათ, იქვე ჯდებოდნენ სამუშაოდ. მათ თან დაჰქონდათ ჩანთით სახელოსნო იარაღები. ფინაჩთა დიდი ნაწილი ახლომახლო სოფლებში გადიოდა. რომელიმე ოჯახში იდებდა დროებით ბინას, სადაც საღამომდე რჩებოდა და ისევ ქალაქში ბრუნდებოდა. გასამრჯელოს ნატურითაც ურიგდებოდა შემკვეთს. დასაკერებელ ტყავს უფრო მეტად სანაგვეზე - მტკრვის პირას აგროვებდნენ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1979.
ნ. ჯ.
ფინჯანი (ქართლ.) - აქ: ქვის სათლელი კბილებიანი რკინის იარაღი. კბილიანი საკოდელის ვარიანტი (იხ. საკოდელი).
ფირუზი - ცისფერი ქვა, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სამკაულთა შემკულობაში. ძვ.წ. XIII ს. ხანის სამარხებში გვხვდება ფირუზის მძივები. ფირუზი ამკობს მცხეთაში აღმოჩენილ ნივთებს (მაგ., ზევახისა და ასპარუგის სარტყლებს.). შუა საუკუნეების საქართველოში ფირუზი ფართოდ იყო გამოყენებული ეკლესიის სიწმინდეების მორთულობაში. ხშირადაა მოხსენიებული ფირუზით შემკული ნივთები მზითვის წიგნებში. ფირუზითაა მორთული არაერთი ძველი ხელნაწერის ყდა. მიუხედავად იმისა, რომ ფირუზი იმპორტს წარმოადგენდა მის შემოტანასა და გამოყენებას დიდი ავლა ჰქონდა. ეს ცისფერი ქვა მუდამ იზიდავდა ადამიანს თავისი ფერადოვანი გამითა და რომანტიკულობით.
ლიტ.: ვ. ზუბხაია, ქვის კულტ. საქართველოში, 1965.
ე. ნ.
ფირფიტები - აქ: ჩახსაკრავები. (იხ.) საქსოვი საშუალება. საქსოვი ფირფიტები მზადდებოდა საქონლის ტყავის ან ხისგან. ოთხკუთხა ფორმის ფირფიტებს ძაფის გასაყრელად ნაჩვრეტები ჰქონდა გაკეთებული. თითოეული ფირფიტის ნაჩვრეტში გაყრილი ძაფი ორ-ორად იყო განასკვული. შუაში მოქცეულ ფირფიტებზე ასხმული ძაფი, თავსა და ბოლოში ჩამაგრებულ პალოებზე დაიქსელებოდა. ქსოვის პროცესი ფირფიტების ტრიალსა და ძაფში საბეჭი ტყავის//ძვლის დანის გაყრით - ჩაბეჭვით სრულდებოდა. ქსოვას სამი ადამიანი ეწეოდა. შუაში მჯდომს ორივე ხელში განაწილებული ფირფიტები ერთიდან მეორე მხარეს მონაცვლეობით გადაჰქონდა. თავ-ბოლოში მდგომნი მქსოველის მიერ ამოკრეფილ ძაფს ჩაბეჭდავდნენ საბეჭი ტყავით ან ძვლის დანით. ფირფიტებით ქსოვას პარალელი ეძებნება ურარტუს, ბაბილონისა და ეგვიპტის მატერიალური კულტურის ძეგლებში.
ლიტ.: ნ. აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1980.
ლ.მ.
ფიქალი - 1. სუფთად დამუშავებული, გათლილი ქვა. 2. კლდიდან „აყრილი“ ქვა, რომლებიც შრეებადაა ჩაწყობილი მასივში.
ფიჩვი - პატარა ფარდაგი, ჯეჯიმის ყაიდაზე მოქსოვილი.
ფიწალი - მემინდვრეობის კულტურების ნამჯეულობის ასაღები ხელსაწყო, გააჩნია ტარი და თითები. უფრო ხშირად 3 და 4 თითი. აკეთებდნენ როგორც ხისგან, ასევე რკინისგანაც. ზოგჯერ ფიწალი ბუნებრივი ტოტისაგან გამოითლებოდა, უფრო ხშირად ხის მოხელეები და მჭედლები აკეთებდნენ. ფიწლის თითები ჩარჭობის ხერხით კარგად იღებს ჩალაბულას, თივას, ნალობიერს და ღობისათვის გამზადებულ ფიჩხის კონებს. ფიწლით ხდებოდა კალოზე ძნის ჩაშლა.
ე. ნ.
ფიჩქი - პატარა, მრგვალი და დაბალი მაგიდა, გამოიყენებოდა ინდივიდუალური ტრაპეზისათვის. საწესო სარიტუალო დღესასწაულეზე, სულების „სტუმრობისას,” ფიჩქზე იდებოდა საკურთხი და ინთებოდა სანთელი. ფიჩქის სარიტუალო დანიშნულებამ განაპირობა მისი შემკულობის ნაიგვარობა. ფიჩქის, როგორც სარიტუალო მაგიდის, ანიშნულება განსაკუთრებით გამოკვეთილია სვანეთში.
ე. ნ.
ფლოსტი - ფეხის წასაყოფი, ფარავდა მხოლოდ ფეხის წინა მხარეს. საძირე გამოკერებული ჰქონდა. უქუსლო ფლოსტს (იხ. ქოში) ფერადი ტყავის პირი ჰქონდა. ქუსლიდან შუამდის ტყავის მეორე პირი ედო, ნაპირებზე კი შემოვლებული ჰქონდა რკინა ან ტყავი. ქსოვილის ფლოსტებს ქალები სახლში ამზდებდნენ, ხოლო ტყავის საპირიან ფლოსტებს მამაკაცი ხარაზები. ტყავის საპირე-ძირიანი ფლოსტები შორ გზაზე წასასვლელადაც გამოიყენებოდა. ფლოსტს ლეკები და თათრებიც ეზიდებოდნენ ნუხიდან და ერზრუმიდან.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში. 1973.
ნ. ჯ.
ფოთინები (ახალც.) - ფეხსაცმლის ერთ-ერთი სახე, ქოშების მსგავსი. ახალციხელ ხარაზებს უმზადებიათ ძველად მაღალი წოდების ქალებისათვის. ქუსლზე რკინის ნალები ჰქონდა დაკრული.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში. 1973.
ნ. ჯ.
ფორანი - „ბზის საზიდარი ურემი“ (საბა). ერთცხენშებმული ბორბლებიანი ტრანსპორტი. ურემზე გაცილებით მაღალი. დამახასიათებელია საქართველოს ბარული მეურნეობისათვის.
ფორი//ალაო - აქ: სალუდე ფორი, ქერის დანაღერღებული მასა, რომლისგანაც მოადუღებენ ლუდს. სალუდე მარცვალი, რომელიც ინახება ხატის ბეღელში (იხ. ბეღელი ხატისა), ხევისბერის მითითებით გამოაქვათ სადღესასწაულოდ. ჩაყრიან ხაკის ტომრებში (იხ. ტომარა ხაკის) და 2-3 დღის განმავლობაში ამყოფებენ წყალში. შემდეგ დამბალ მასას წაიღებენ, დაყრიან ჭერხოში ერთი ციდის სიმაღლეზე და ზემოდან მშრალი ჩალით დაათბუნებენ. 3-4 დღის შემდეგ ქერი ბუსუსებს გამოიღებს, დაღვივდება („დაკიაპ დება“// „გამაყივდება“// „დაიფორება“). დაღვივებულ ქერს მზისგულზე გააშრობენ, გაცხრილავენ, წისქვილში მსხვილად დაფქვავენ და შეინახავენ ბნელ ადგილას. „ქვაბების დაყრისას“ ფორის ფქვილს აწყავენ ხჩუტით და მისცემენ წყალს. როცა წყალი და ფორი ერთმანეთში კარგად აირევა, შეუნთებენ ცეცხლს და იწყება სისწვენის მომზადება.
ლიტ.: ა. ლეკიაშვილი, ქართველ მთიელთა მეურნეობის ისტორიიდან. 1953.
ე.ნ.
ფორკა კაბა - აჭარის ზოგიერთ კუთხეში (ხულო) გავრცელებული ქალის კაბა.
ფორჩა - სელის ტილო. საქსოვ დაზგაზე დარაიასავით ნაქსოვი, მისგან განსხვავებით უფრო ვიწრო განისა. სელის ტილოს იყენებდნენ მამაკაცის საცვლებად, ლოგინის საფარებლად, ქალის წინსაფრებად, პირსახოცებად, ჭაჭის საწურ ტომრებისათვის, მიცვალებულს შინ ნაქსოვ სელის ტილოში ახვევდნენ. სელის ტილოს ქსოვილების დამზადება ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიაში. საქართველოში სელის ტილოს ნაშთი არქეოლოგიური მონაპოვარით თარიღდება განვითარებული ბრინჯაოს პერიოდით (XII-XI სს.). მისი ქსოვის მაღალგანვითარებულობაზე კოლხებთან, საკმაოდ დიდი წარმოდგენისაა „ისტორიის მამა“ - ჰეროდოტე.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქსოვილების დამზადების ისტორიიდან. სსმმ, XIX--ბ, 1958.
ლ.მ.
ფოტა - ჩაის საყრელი ფუთა.
ფოში - ქალის თავსაბურავი-თავშალი. მასალად გამოიყენებოდა ერთი ან ერთნახევარი სიგრძის აბრეშუმის ქსოვილი. ფოშის მომხმარებლები იყვნენ შეძლებული ქალები. ქალიშვილები მას კათხის გარეშეც ატარებდნენ, პატარძლები კი კათხის ზემოდან. ვაჟს ნიშნობაში ფოში, ანუ „ქალაიაღი“ უნდა მიეტანა.ქალაიაღი აზერბაიჯანული ტერმინია. მას ამზადებდნენ თბილისში აზერბაიჯანელი და სომეხი ხელოსნები. ფოში მესხეთ-ჯავახეთში შესულია XIXს. ბოლოსა თბილისიდან.
ც.ბ.
ფოცხი - ძირითადად გათიბული ბალახის მოსაგროვებელი ხელსაწყო. ფოცხებს აკეთებდნენ როგორც რკინისაგან, ასევე ხისაგან. განსაკუთრებით მისი კარგი ნიმუშები მზადდებოდა მთიან რეგიონებში, სადაც ბალახის ინტენსიური დამზადება მიმდინარეობდა. ფოცხს აქვს ტარი, „უღელი“// „ხედი“ და „თითები“// „ფრჩხილები“. ძირითადად აკეთებდნენ მსუბუქი ხისაგან. ფოცხის უღელში ზოგჯერ თითები უძრავადაა ჩაჭდილი, ზოგჯერ კი უღელის ნახვრეტებში მოძრავადაა ჩასმული.
ე.ნ.
ფოხალი - საწყაო, ჰქონდა გავრცელების ფართო არეალი. XVI ს-ის ბოლოს ფოხალი იმერეთში ღომის საწყაო იყო. XVII ს-ის ხვამლის ეკლესიისადმი შეწირულობის წიგნში
იგი ხორბლეულის საწყაოდ მოიხსენიება. მარცვლეულის გარდა ფოხალით წყავდნენ სითხესაც, კერძოდ, ღვინოს. სულხანსაბა ორბელიანი ფოხალს 10-ლიტრიანი კოდის ნახევრად მიიჩნევდა და ქილაკს (იხ.) უიგივებდა. „დასტურლამალის“ ანალიზის საფუძველზე ივ. ჯავახიშვილმა ფოხალი 5 ლიტრით, ე.ი. 15 კგ-თი განსაზღვრა. დასავლეთ საქართველოში საწყაოს უფრო მცირე ტევადობა ჰქონდა, დაახლ. 7,5-8 კგ. XIX ს-ის მასალებით ფოხალი რაჭა-ლეჩხუმში მარცვლეულის საწყაო იყო და ნაოთხალის ნახევარს შეადგენდა. ვინაიდან ნაოთხალი 8-10 კგ-ია, ფოხალი საშუალოდ 4,5 კგ უნდა იყოს. სამეგრელოში ფოხალი ღვინის საწყაო იყო და 6 ლ. ღვინოს იტევდა.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973. ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დასავლეთ საქართველოში. 1969.
მ.ხ.
ფრანი - საბავშვო ფრიალა, ოთხკუთხედ ჩარჩოზე გაჭიმული თხელი ქაღალდი, რომელსაც კუდი აბია, კანაფით გაუშვებენ ჰაერში, აიტაცებს ქარის ჭავლი და დაფრინავს როგორც ფრინველი.
ფრთედი (თბ.) - გადმოკიდებული ჩარდახი.
ფრცხილი//ონიქსი - ქალცედონის (იხ.) სახესხვაობა, აქატის მსგავსად სხვადასხვა ფერის ფენებისაგან შედგება. ცნობილია მარმარილოს ონიქსი, რომელსაც დაუყვება ფენები. მოვარდისფრო ტონების ონიქსი ფრჩხილს წააგავს და მისი სახელიც აქედან მოდის („ონიქსი“- ფრჩხილი. ბერძნ.). ქართულ ბიბლიაში ამ ქვას ეწოდება „ანუქიონი“ და „ონიხიტო“. საქართველოს არქეოლოგიაში დადასტურებულია ონიქსის ბეჭდები, მძივები, ამულეტები და სხვ. ონიქსის საბადოები არსებობდა საქართველოში; XVIII საუკუნის საბუთით, ახმედ-ფაშა ხიმშიაშვილს ონიქსის მაღარო ჰქონია გამართული არსიანის მთაში და მის ექსპორტს ეწეოდა.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტ. საქართველოში, 1965.
ე. ნ.
ფსკვნილი - თოკის ან მტკიცე ძაფისგან მოქსოვილი კრიალოსანი, რომელზეც კვანძების(ფსკვნილების) საშუალებით მლოცველი ლოცვის (უპირატესად იესოს ლოცვის: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“) რაოდენობას განსაზღვრავს. ფსკვნილს აქვს სხვადასხვა რიცხვის ბურთულები (იმის მიხედვით, თუ სულიერებაში განმტკიცების ხარისხის მიხედვით, როგორ ლოცვით კანონს აღასრულებს სასულიერო თუ საერო პირი და ნაქსოვი ჯვრით ბოლოვდება). ბერ-მონაზვნები, როგორც წესი, ფსკვნილს მუდმივად თან ატარებენ. საერო პირებს ფსკვნილით ლოცვა მხოლოდ სულიერი მოძღვრისგან გამოთხოვილი კურთხევით შეუძლიათ, მაგრამ ტაძარში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სხვათა დასანახად არ უნდა ისარგებლონ. ასევე არ შეიძლება ფსკვნილის ტარება ყელსაბამად ან სამაჯურად.
ლიტ: მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002. საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005- 2004.
ხ. ც.
ფუთლუხი (მთიულ.) - წყალგარეულ რძეში მოხარშული ფაფა, რომელიც შეზავებულია ერბოში მოშუშული ხახვით.
ფუნდუკი - ერთგვარი სასტუმრო, სადაც მექარავნენი ისვენებდნენ და აბინავებდნენ სავაჭრო საქონელსაც. ფუნდუკი საქარავნო მაგისტრალების აუცილებელ ნაგებობას წარმოადგენდა, რომელსაც გააჩნდა სათანადო საშუალებანი მექარავნეთა დაბინავებისა და მათი უსაფრთხოების შექმნისთვის.
თ.ნ.
ფურნე - პურის გამოსაცხობი ნაგებობა, რომელსაც ხილის გამოსახმობადაც იყენებდნენ (იხ. ღუმელი).
ფურჩი - ოქრომჭედლობაში ოქროთი დაფერვისას ოქროთი დაფერილი საგნის საწმენდი.
ფუსთანი (სამცხ.-ჯავახ.) - ზედატანი ქალის. მასალად გამოიყენებოდა ორმაგი ქსოვილი, შიგნით უბრალო, გარედან წითელი ხავერდი. ზოგჯერ ზურგიც უბრალო ქსოვილისა ჰქონდა. ხანშიშესულ ქალთა ფუსთანი თალხი იყო, ახალგაზრდებისა - თეთრყვავილიანი, წელსმწვდომი და წინ გახსნილი. ზედატანს უკეთდებოდა გრძელი სახელოები ორმაგი და ვიწრო მაჯით დაბოლოებული. ზედატანის საყელო-გულისპირი და მაჯები. ბამბის ძაფებით ნაქარგი ფუსთანის გულისპირი ხევსური სადიაცოს ფარაგის მსგავსად იყო სხვადასხვა სამკაულით მორთული. ძირითადად გამოყენებულია პატარა ბრჭყვიალა ყვითელი ან თეთრი მრგვალი და შუაში დახვრეტილი ე.წ. „ჯინფულებით“.
ც. ბ
ფუქსი - საბერველი გუდა სამჭედლოში.
ფუშრუკი - საქართველოს მთიანეთში გავრცელებული საჭმელი. პურის ცომისაგან გაკეთებული თხილისოდენა ბურთულები, რომელსაც ხარშავდნენ წყალში ან რძეში, შეანელებენ მარილით.
ფჩა - ვერცხლის ნაკეთობის გასაწმენდი ფოლადის მავთულების კონა.
![]() |
10 ქ |
▲ზევით დაბრუნება |
ქაბაბი - მანქანაში გატარებული ან წვრილად დაკეპილი და შეზავებული ხორცი, რომელსაც გრძლად წამოაგებენ შამფურზე და შეწვავენ, თხელ ლავაშში გაახვევენ, ხახვთან და კოწახურთან ერთად.
ქადა -1. სარიტუალო ნამცხვარი. ყოფაში მისი სხვადასხვა სახეობანია დამოწმებული. არის ფენოვანი, ხვეული, გულიანი, ხავიწიანი, (იხ) ტკბილი, ზეთიანი და ა.შ. ხატისათვის შესაწირავ ქადებს ხევსურეთში, „საწინაოებს“, „საკვირაოებს“, „მასანათოებს“, უწოდებდნენ და ძირითადად აცხობდნენ მიცვალებულის „ხარჯებზე“. სარიტუალო სუფრებზე გავრცელებული იყო გულიანი დიდი ქადა, რომელიც პურობისას მონაწილეთა შორის შუა ადგილას ჩაიდგმებოდა და თითოეული მათგანი ქადის გვერდებს შეატეხდა, გულში აწებდა და ჭამდა. ესაა კოლექტიური ტრაპეზის უძველესი ჩვეულება და საზოგადოების განვითარების იმ დროს ანარეკლი, როცა ერთი გვარის ან ტომის წევრები საერთო ულუფას თანაბრად ინაწილებდნენ. 2. სადღესასწაულო, სარიტუალო პური ხევსურეთში. ფაქტობრივად ყველა დღესასწაულისა და სარიტუალო ქმედებისთვის აუცილებელი ატრიბუტი. სახატო, ანუ ჯვრის მამულების მოხვნის რიტუალისას დიასახლისი წვრილად დაჭრილ ხორცს, ყველს, ცოტაოდენ ქონს, ერთმანეთში აურევს, ჩადებს ცომში, გულს გაუკეთებს და გამოაცხობს. დიდ ქადებს ჰქვიათ „სასანთლე“, პატარებს „საკვირაო“. ქადების რაოდენობა ზოგჯერ განსაზღვრული იყო ხევსურთა სალოცავების რაოდენობით ე.ი. ამ სალოცავთა სახელობაზეა გამოცხობილი. სახატო მამულების მოხვნისას გამოაცხობდნენ ხავიწიან ქადას, რომელსაც უღელზე გასაჭრელი ჰქვია. გუთანში შებმული ხარების უღელზე დასტური ქადას დაჭრიდა და ლუდით დაილოცებოდა.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007. ალ. ოჩიაური, ქართ. ხალხ, დღეობები აღმ. საქ. მთიანეთში, 1991.
ე. ნ.
ქავი (თუშ. ხევს.) - გალავნით შემოზღუდული პირუტყვის სადგომი, მოძალადის ხელყოფისაგან დასაცავად, დამცავი ნაგებობა.
ქათიბი - ძვირფასი ბეწვით გაწყობილი ტანსაცმელი. როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს, ქათიბი არაბულად მწერალს ნიშნავს, რაც მაუწყებელი უნდა იყოს იმისა, რომ იგი თავდაპირველად მოხელეთა ტანსაცმელი უნდა ყოფილიყო. განსაკუთრებით ფასობდა სიასამურის ბეწვით გაწყობილი ქათიბი, იკერებოდა სხვადასხვა ფერის ატლასისა და ხავერდისაგან. ქათიბი ძვირფას ტანისამოსთა რიგს განეკუთვნებოდა და ძალზე ხშირადაა მოხსენიებული მაღალი სოციალური ფენის მზითვის წიგნებში.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატ. კულტ. ისტორიისათვის. 1962
ე.ნ.
ქალამანი - ფეხსაცმლის ერთ-ერთი გავრცელებული სახე, რომელიც იკერებოდა ან ისხმებოდა ტყავისაგან. ქალამნის მასალის სიუხვე განსაზღვრავდა მისი გამოყენების უაღრესად ფართო ხასიათს, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ფენაში. საქალამნე ტყავიმზადდებოდა რქოსანი პირუტყვის, ასევე ცხენის, სახედრისა და ღორის ტყავისაგან. ქალამანი კარგი რომ გამოსულიყო, ბეწვგაცლილ ტყავს 5-6 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ, შემდეგ ასუფთავებდნენ, აშრობდნენ და ბლაგვპირიანი ლითონით არბილებდნენ. ამავე მიზნით ზოგან ტყავს ერთი დღე დებდნენ მიწაში. ქალამანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად იწოდებოდა, ამოსხმით და მასალის ვარგისიანობის მიხედვითაც განსხვავებული იყო. ესენია: „თალათნური“, „კვანძური“, „იაფური“, „ჭალური“, „ბაზრული“, „გლეხური“, „ლეკური“, „კოხუჯი“ და სხვ. საქალამნე ტყავებიდან ყველაზე კარგი იყო ხარის ტყავი; კამეჩის ტყავი ადრე ხმებოდა და ამიტომაც უხეში სახმარი იყო. ძველად ქალამნის მასობრივად ჩამცმელი და დამამზადებელ-ამომსხმელი სოფლის გლეხობა იყო. ზამთარში სითბოსათვის ქალამანში წმინდა თივას - თომს აფენდნენ.
ნ. ჯ.
ქალამანი თალათნური - თალათინგაყრილი (თასმაგაყრილი) ქალამანი. ასე შეკერილი ქალამანი კოხტა იყო, მაგრამ არა მკვიდრი. ქალამნის ამ ტიპს არ ხმარობდა გლეხობა. მას უფრო შეძლებულები იცვამდნენ. ტერმინი თალათინი დღესაც იხმარება ქართლში და ნიშნავს მოქნილ ტყავს.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ქალამანი კოხუჯი (ხევი)//კვანძური (კახ.)//ჯღანი (მთიულ. ხევს.) - ქალამნის ტიპი. ასეთი ქალამნის ამოსხმის დროს საკერავი თასმა ხელში იგრიხებოდა, რათა ხმარების დროს კოპს მეტი სიმაგრე ჰქონოდა. ერთ თვალში გაყრილი კოპი უკანვე ბრუნდებოდა და კოპები გრეხვით ერთმანეთზე იდებოდა. ერთი კოპი ნაჩვრეტში გადიოდა და ასე მეორდებოდა ქალამნის ამოსხმის დასრულებამდე. კახელები უშნოდ ამოსხმულ ქალამანს კოხუჯს უწოდებდნენ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ქალამანი რკინისა - რიტუალური დანიშნულების მქონე რკინის ფეხსაცმელი. მისი ნიმუშები დაცულია ს.ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (ქარელის რაიონის სოფ. ატოციდან, გორის რაიონის გერის წმ. გიორგის ეკლესიიდან, დუშეთის რაიონის ლომისის წმ. გიორგის ეკლესიიდან). ქალამანი გაკეთებულია ოთხკუთხედი ფორმის ბრტყელი და სქელი რკინის ფირიფტისაგან, ტერფის უკანა ნაწილს აქვს ოთხი ნახვრეტი თასმებისათვის ფეხზე დასამაგრებლად. რკინის ქალამანი არქეოლოგიურად დადასტურდა ცხინვალის რაიონის სოფ. დისევის ერთ-ერთ აკლდამაში, რომლის მსგავსი არქეოლოგიაში მანამდე ცნობილი არ ყოფილა. განათხარი რკინის ფეხსაცმელი გვანდელი შუა საუკუნეებით თარიღდება და უკავშირებენ მიცვალებულის კულტს (გრძელი გზის ადვილად გასავლელად). ეთნოგრაფიულ ყოფაში რკინის ქალამანი გამოიყენებოდა რიტუალური დანიშნულებით. მლოცველი მას იცვამს და გაივლის გრძელ გზას საკულტო ადგილამდე. რკინის ქალამანი ქართულ ხალხურ ზღაპრებში გვხვდება როგორც გმირის (პერსონაჟის) ნივთი, რომელსაც იყენებს შორეულ გზაზე წასვლისას. „რკინის ქალამანი“ გვხვდება ხალხურ მეტყველებასა და მხატვრულ ლიტერატურაში. რკინის ქალამნით მიდის მლოცველი სათხოვნელად სალოცავში (ავადმყოფის მორჩენის თხოვნით, უშვილობის შემთხვევაში და სხვ). რკინის ქალამანს სოფელში ადგილობრივი მჭედელი ამზადებდა.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ოქრომჭედლობის ისტორიისათვის საქართველოში, შრომები, I 1997; ა. გოგიაშვილი, ფეხსაცმელი - რკინის ქალამანი, ეთნოლოგიური ძიებანი, II, 2003.
ა. გ.
ქალამანი სვანური - სვანური ქალამანი იყო სქელი კანაფის ძაფით მკვიდრად შეკერილი და ყურიანი. ქალამნის წინა მხარეს „ცერი“ ერქვა, ქუსლს კი „ჰაგვ“. სვანურ ქალამანს მაღალი პირი ჰქონდა და უკან ორი „ყური“ უკეთდებოდა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით სვანეთში საერთოდ ყურიანი დახურული ქალამნები იხმარებოდა და შესაძლოა, ასეთი ქალამანი სხვა კუთხეებში სვანეთიდან იყოს გავრცელებული.
ნ. ჯ.
ქალამანი წუღური (ქვ. რაჭა) - ქალამნის ეს ფორმა მიიღეს კლიმატური გარემოს გათვალისწინებით (სინესტე, ხშირი წვიმები). საქალამნე ტყავს დაალბობდნენ და გამოჭრიდნენ ფეხის ზომაზე, ორ მესამედს გაკერავდნენ - ზედაპირს და ქუსლს. სამეგრელოში კერვას ჭვინტიდან იწყებდნენ, შუა ნაწილს შეუკერავს დატოვებდენ და შემდეგ ქუსლს ცალკე ამოკერავდნენ. ასევე იკერებოდა ქალამანი გურიაში, ლეჩხუმში, იმერეთში.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ქალაფთონი//ყალიფთანი - ბრტყელპირიანი მარწუხი, რომლის მეშვეობით ადიდას (იხ.) ნახვრეტში შესულ მავთულს გამოსწევენ და „გაწურავენ“. მისი ბრტყელი პირის მეშვეობით მავთულის გაუწყვეტლად გამოღება ნახვრეტიდან უფრო იოლია.
ქალიმბაღი - ქალამნების ფეხზე დასამაგრებელი ერთფერი ბაწრით დაწნული თოკი, რომლის ბოლოები ფოჩებით და ზოგჯერ ფოჩებზე ასხმული მძივებით იყო დამშვენებული.
ქალმის ჩხირი - რქის სადგისი, აკეთებდნენ თხის რქისაგან. რქას ჩადებდნენ ცხელ ნაცარში ან ცხელ წყალში და როცა დალბებოდა, მას ნაჭრებად დაჭრიდნენ. შემდეგ გამოთლიდნენ ფორმის მიხედვით, თავში გახვრეტდნენ, რათა თასმა გაეყარათ და ქამარზე ჩამოიკიდებდნენ. ქალმის ჩხირი ძველად მეტად საჭირო იარაღი იყო. იყენებდნენ ძირითადად ქალამნების ამოსხმის დროს. აღსანიშნავია, რომ რქის სადგისები საქართველოში გვხვდება ქვის ხანიდან მოყოლებული ფეოდალური ხანის ჩათვლით.
ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, მასალები ქართველი ხალხის ყოფისა და კულტურის ისტორიისათვის, 1964.
მ.ხ.
ქამანჩა - აღმოსავლური სამ ან ოთხსიმიანი ხემიანი საკრავი. საერთო სიგრძეა 65-90 სმ. კორპუსი მრგვალია, ბურთისებრი, ამოღრუებული. დამზადებულია თუთის ან კაკლის ხის მასალისაგან. კორპუსს გადაკრული აქვს მემბრანა - თევზის ტყავი ან ბუშტი. ყელი მრგვალია, საქცევები არა აქვს. ინკრუსტირებულია სადაფითა და ძვლით. სიმების ქვეშ რკალისებური ჯორაკი დგას. აწყობილია კვარტულად ხემი - ხის მოღუნული ჯოხია, რომელზედაც თავისუფლადაა მიმაგრებული ძუა, დაკვრის დროს შემსრულებელი ძუას ჭიმავს სათანადო სიმაღლეზე. დაკვრის ტექნიკის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ გადასვლა ერთი სიმიდან მეორეზე ხდება არა ხემით, არამედ საკრავის მოძრაობით. მისთვის დამახასიათებელია ყრუ ჟღერადობა. ქამანჩა პოპულარულია როგორც სოლო საკრავი, ასევე ანსამბლში. ამჟამად აზერბაიჯანში იგი საკონცერტო-საესტრადო ინსტრუმენტია და გამოყენებულია ხალხურ საკრავთა ორკესტრშიც.ქამანჩის სახეობები გავრცელებულია სომხეთში, აზერბაიჯანში, დაღესტანში, ცენტრალურ აზიაში (თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი), თურქეთში. საქართველოსა და განსაკუთრებით თბილისში გავრცელდა დაახლოებით XVIII ს-დან სხვა აღმოსავლური საკრავების მსგავსად როგორც ინსტრუმენტული ანსამბლის შემადგენელი, თავდაპირველად ქ. თბილისში და შემდეგ ჯერ მიმდებარე სოფლებსა და რეგიონებში.
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925; მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.
მ. შ.
ქამარი ვერცხლისა - წელზე შემოსარტყმელი, არსებობს ნაირგვარი სახეობისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოქრომჭედლების მიერ დამზადებული ტყავზე აწყობილი ვერცხლის ქამრები, რომელებსაც გააჩნიათ „ნიკარტი“//აბზინდი, ბალთა, ენა, გობაკი, კოპალი, საქონი, უზანიკი. ვერცხლის ქამარს ატარებდნენ როგორც ქალები, ასევე კაცები. ვერცხლის გობაკიანმა ქამრებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თბილისის ხელოსან-ვაჭართა წრეში და მოდური გატაცების გარდა მას გააჩნდა პრაქტიკული დანიშნულება, რადგან საკმაოდ ძვირად ფასობდა და უსახსრობაში ჩავარდნილ ადამიანს მისი გაყიდვით გარკვეული დანაკლისის ანაზღაურება შეეძლო, თბილისური ვერცხლის ქამრები ოქრომჭედლობის განვითარების მაღალი დონის მაჩვენებელია.
ე. ნ.
ქანარა - ჩასაბერი საკრავის ტიპი, რომელსაც ნაღარასთან ერთად ბრძოლის დროს გამოიყენებდნენ.
ქანდაკება - აქ: საფლავის ქვის ძეგლი, ერთ-ერთი ტიპი მემორიალური კულტურისა, რომელშიც გარდაცვლილია განსახიერებული. მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლური რწმენით ქანდაკების კვეთა აკრძალული იყო, მემორიალურ კულტურაში ამ დარგმა გარკვეული გზა მაინც გაიარა. ეს განსაკუთრებულად გამოჩნდა ხალხურ ქვითხუროობაში, სადაც ქანდაკების არაერთი საყურადღებო ნიმუშები შეიქმნა. მემორიალურ კულტურაში ხალხური ქანდაკებების კვეთის საფუძვლები ჩამოყალიბდა ქვითხუროობით განთქმულ დასავლეთ საქართველოს ცენტრებში (იმერეთი - ჭოგნარი, ბერეთისა, კაცხი, ლეჩხუმი - ლაილაში, ჩხუტელი, ქვ. სვან. ყვედრეში და სხვა), უფრო იშვიათად აღმოსავლეთშიც. ამ ტიპის ძეგლებს განეკუთვნება საფლავის ქვის ზოომორფული ძეგლებიც, რომლებიც გავრცელებული იყო ზემო და ქვემო ქართლში (იხ. ზოომორფული ძეგლები). ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული საფლავის ქანდაკებანი საინტერესოა ზოგადქართული ქანდაკების ისტორიის კვლევის თვალსაზრისითაც.
ლიტ.: ე. ნადირაძე საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001.
ე. ნ.
ქანდაქი - გამოყვანილი და ნაჭრებად აჭრილი ღორის ტყავი, რომლისგანაც ქალამნებს ასხამდნენ („კანიში ჩაფლა“ მეგრ.). ხშირადაა დასახელებული სამეგრელო - აფხაზეთის საბეგრო გამოსაღების სიაში. საქანდაქო ღორი უნდა ყოფილიყო გარკვეულ ფიზიკურ დონემდე მიღწეული, რომ მისი ტყავი ხარისხიანი გამოსულიყო.
ლიტ.: ო. სოსელია, ნარკვევები... ტ. III, 1980.
ე. ნ.
ქანიშკაპი - ფიცრის ამოსაღარავი ხელსაწყო. გამოიყენებოდა ხითხუროობაში. ხის ნაგებობის კედლების ამოყვანისას, ფიცრების ჩასალაგებად იხმარებოდა ბოყვები (იხ.), რომლებიც მთელ სიგრძეზე იყო ამოღარული, რათა კედლის ფიცრების გაემაგრებინა. ასეთი ღარის ამოსაღები იყო ქანიშკაპი.
ქარახსა - გუდასტვირის ნაწილი. ხარის რქის ყანწი-საბერავი. „ქარახსი - დიდი ყანწი“ (საბა). რქა მოხრილია, ბოლოში ნახევრამდე გადაჭრილი, მეორე ნახევარი, ე.წ. „ფეხი“ აჩერებს რქაში შესულ დედნის ბოლოებს. ის პირქვე მობრუნებულ ყანწს წარმოადგენს, ქარახსის დანიშნულებაა სტვირის ხმის გაძლიერება. ეს ტერმინი დღესაც იხმარება ქართლში და გვხვდება ხალხურ ლექსებშიც: „დაუკრათ, დავიწყოთ ქება, ქარასხამ დააკაკუნა“. ჩვეულებრივ, ქარახსას ბოლო კიდეზე დამაგრებული აქვს ვერცხლის ფულები, რასაც „ფიფინურები“ ეწოდება. სამკაულის გარდა მათ დანიშნულებას შერხევით გამოწვეული ნელი ჟღარუნიც შეადგენდა. ქარახსა შემკულია ნაირფერი შუშის თვლებით, სალტეებითა და სხვადასხვა სიგრძის ძეწკვებით.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938, ნ. ჯიქია, გუდასტვირი ეთნოგრაფიის განყოფილების ფონდის მიხედვით, მ.მ XXXII-B, 1976.
ნ. ჯ.
ქარგა - მრგვალად მორკალული ხე, რომელზედაც გადაეკვრება საქარგავი ნაჭერი და ნემსით იქარგება.
ქარგვა და ნაქარგობა - ქართული ქარგულობა ოდითგანვე იყო განთქმული. საზოგადოდ, მაღალი წრის ქართველი ქალები ქარგვის ხელოვნებაში ეძებდნენ თავიანთი ნიჭის გამოხატულებას. ქარგვაში ჩაქსოვილი ესთეტიზმი ბევრად განსაზღვრავდა ქალის ნიჭისა და გემოვნების სიმაღლეს და ასეთი დამოკიდებულება ყველა ფენისა და წოდების ქალთა ნამუშევრებში შეინიშნება. ქარგვის ხელოვნებას ხელს უწყობდა იმპორტული აბრეშუმის შემოდინება. საქართველო თავადაც აწარმოებდა აბრეშუმს და ეს გარემოება კიდევ უფრო ახალისებდა ქარგვის პროფესიის ამაღლებასა და დახვეწას. უბრალო ფერად ძაფთან ერთად ქარგულობაში დიდი ადგილი ეჭირა ოქრომკედსა და ვერცხლმკედს. ქარგვის ხელსაქმის ოსტატებში იყვნენ ისეთები, რომელთა ნაწარმი საექსპორტოდ გაჰქონდათა და იყვნენ ისეთებიც, ვინც სასაჩუქრედ ან თავის გამოჩენისათვის ქარგავდა. ქართულმა ქარგულობამ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია ფეოდალური ხანის საეკლესიო დაფარნების შემკულობაში, რომლის მსგავსი იშვიათად თუ მოიპოვება ქრისტიანულ ხელოვნებაში.
ე. ნ.
ქარვა - ამ ქვას სპარსულად ჰქვია „ქაჰრუბა“ და ნიშნავს „ჩალის მტაცებელს“, რაც ხახუნით ჩალის ფიორების მიზიდვის თვისებას გამოხატავს. საბას განმარტებით „ქარვა ესე არს ნივთი ყვითელი, რომელი გამოიღების ლიტოვის ზღვიდამი, ვიდრე წყალთა შინა, ლბილ არს და რა გამოიღების განიფიტების“ . ძველი წარმოდგენით, ქარვა - ესაა ღვთაებრივი წარმოშობის იდუმალი, ყვითელი ფისი. საქართველოშიქარვა უცხოეთიდან შემოჰქონდათ და საინტერესოა, რომ იგი გვხვდება ბრინჯაოს ხანის მასალებში, რაც სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის დადასტურების საბუთადაა მიჩნეული. რადგან მისი სამშობლო ბალტიისპირეთია, შესაძლებელია, ხმელთაშუა ზღვის გავლით იყო შემოსული საქართველოში. ქარვა საკმაოდ გავრცელებულია ანტიკურ პერიოდშიც და იგი გვხვდება მცხეთის, ურეკის, ვანის სამარხებში. XVIII ს. თბილისში კრიალოსნების საკეთებელ ქარხანაში ქარვის მძივებიც უმზადებიათ.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტ. საქართველოში, 1965.
ე. ნ.
ქარვასლა - დიდი სავაჭრო-სახელოსნო სახლი. ვაჭართა განსასვენებელი, მექარავნეთა სრა-სახლი, ქალაქისათვის დამახასიათებელი ნაგებობა. ქარვასლაში შორიდან მომავალი ვაჭრები ისვენებდნენ და მათი საქონელიც დროებით აქ იყო დაცულ-შენახული. მეტ-ნაკლები სიდიდის ქარვასლები საქართველოს ყველა მნიშვნელოვან სავაჭრო ქალაქში არსებობდა. გვიანფეოდალური ხანის საბუთებში მოხსენიებულია ღანბარაშვილის, ნაზარბეგაშვილის, მენთუაშვილის, ანტონას, ოქონასა და სხვათა ქარვასლები. XVIII ს. თბილისში ოთხი დიდი და რამდენიმე პატარა ქარვასლები ყოფილა.
ლიტ.: შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. II, 1983.
ე. ნ.
ქართა - საქონლის დასამწყვდევი, შემოღობილი ადგილი.
ქართული კაბა - ქართველი ქალის ეროვნული სამოსი. ცნობილია: „სახლართავიანი“, „საგვირგვინო“, „სარტყელ-გულისპირიანი“, „ყურთმაჯიანი“, „წელიანი“, „ბოლოდაშვებული“ ქართული კაბის ტიპები. კაბის კომპლექტში შედის სარტყელი, გულისპირი და სახელოები. მოსასხამად ზამთარში მოკლებეწვიან ხავერდის „ქათიბს“ ხმარობდნენ, ზაფხულში კი მუხლამდე სიგრძის „ტოლომა“, „ტალმა“-ს. ფეხზე ატარებდნენ წინდას და ეცვათ ტყავის ფეხსაცმელი, კაბის ქვეშ აბრეშუმის გრძელ პერანგსა და ტოტებნაქარგ შეიდიშს (იხ.). ქართული კაბა ორნაწილიანია: წელში გამოყვანილი ქვედა ტანი და ტანზე მომდგრი ზედატანი. კაბის უმთავრეს სამშვენისს ნაქარგი (ხშირად ოქრომკედით) სარტყელი, გულისპირი და სახელოები წარმოადგენს, რომლებიც კაბის ქსოვილისაგან განსხვავებული ფერის ნაჭრით და ფერთა შეხამებით იკერებოდა. ქართული კაბის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია რთული კონსტრუქციის თავხურვა: თავზე ჯერ ლეჩაქს (იხ.) იფარებდნენ, მერე კი თავსაკრავშემოვლებულ ჩიხტს (იხ.) დაიდგამდნენ. ჩიხტში მოთავსებული იყო რკალის ფორმის კოპი (იხ.), რომელიც ამყარებდა მას. ლეჩაქს ან ბაღდადს ჩიხტზე ქინძისთავებით ამაგრებდნენ. თუ სამოსი მაღალი წრის ან შეძლებულ ქალბატონს ეკუთვნოდა, ქინძისთავები ბრილიანტით ან სხვა ძვირფასი თვლებით იყო შემკული. თავხურვა შესაბამის ვარცხნილობას მოითხოვდა: ზურგზე უნდა ყოფილიყო დაშვებული ნაწნავები, ხოლო საფეთქლებიდან „კავები“. ქართული კაბის ეს ნიმუში უმეტესად საქართველოს ბარში იყო გავრცელებული და მას სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ: წელიანი, ყურთმაჯიანი, სარტყელ-გულისპირიანი და სხვ. ხმარობდნენ საგარეოდ და საშინაოდ. საქორწინო კაბის მასალად იყენებდნენ ძვირფას ქსოვილებს: დიბას, სტავრას, ხარააბრეშუმს, გლასი-ორფერი ქსოვილს, ბენგალინის ყვავილიან ქსოვილს, ხავერდს და სხვ. საქორწინოდ ნათელი ფერებს არჩევდნენ, მოხუცთათვის თალხ ფერებს. წმინდა აბრეშუმის კაბას მთლიანად ასარჩულებდნენ. ქართული კაბის ზედატანი - „კანძოლი“ (კახ.) 6 ნაჭრისაგან იყო შემდგარი, ზოგჯერ ნაჭერთა რაოდენობა 8-ც აღწევდა: წინ ორი კალთა, უკან ბეჭები და ფერდებში შესაფენებელი - „მუნდრულები“ (კახ.), რომელთა რაოდენობა ხან თითო-თითო იყო, ხან ორ-ორი, მთლიანი ბეჭები დიდებისათვის ირიბად აჭრილი, ხოლო ჯეელებისათვის „დანაკვთული“ (კახ.). საკისრე ოდნავ ამოღებული, ღრმადშეხსნილი სახელოები- „ყუთურმაჯები“ (კახ. თუშ.), ხშირად მაჯას ბუდიანი ხრიკებით ან ვერცხლის ყუნწიანი ღილებით იკრავდნენ. ნაპირებს შემოუყვებოდა ვიწრო ბაბთის ზოლი „სარჩევი“. ზედატანი ტანზე მომდგარი მოსწონდათ, ამისათვის იყენებდნენ ძვლის ან რკინის ჯოხისებურ ფირფიტებს. ზედატანი ქვედასთან მარტო უკანა ნაწილით იყო დაკავშირებული, უკეთებდნენ ნაოჭს, რადგან ქვედატანი კუდიანი უნდა ყოფილიყო, ამისათვის ორ გზას მიმართავდნენ: უკანა ნაწილის შუაში ათავსებდნენ ირიბი ნაპირებით შეერთებულ ნაჭრებს. ქართული კაბა ნაციონალური ჩაცმულობის უაღესად დახვეწილ ტიპს წარმოადგენს.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა), ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართლი ჩაცმულობა. XIXს და XXს. 1967.
ც.ბ.
გ.კ.
ქართული ნაჯახი - საქართველოში გავრცელებულ ხის დასამუშავებელ იარაღებს შორის ე.წ. „ქართული ნაჯახი“ სახელოსნო იარაღია. იგი მეტად თავისებური აღნაგობისაა, რაც სრულად შეესაბამება ხითხუროობის (სადურგლო) საქმიანობის სპეციფიკას. ნაჯახის ძირითადი დანიშნულებაა: ხის გათლა, სამშენებლო (საკედლე ფიცარი ან სხვ.), სამეურნეო (სამიწათმოქმედო იარაღები) და საოჯახო (ავეჯი, დგამ-ჭურჭელი) თუ სხვადასხვა იარაღ-ხელსაწყოსთვის მასალის დამუშავება. ქართული ნაჯახი ამჟამადაც საჭირო იარაღია. საქართველოს გარდა მეტ-ნაკლებად გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ამ ნაჯახს ქართველი მჭედლები ამზადებდნენ და საკმაოდ რთული გასაჭედიც იყო, რასაც მისი დამუშავების ტექნიკასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც ცხადყოფს: საცულე რკინის „შერჩევა“, „გაზომვა“, „გახურება“, „გაკვერვა“, „გაყვანა“, „გაწევა“, „გაკოპიტება“, „მოქნა“, „მოკეცვა“, „დასარჩულება“, „შედუღება“, „შემტკიცება“, „გაკაზმვა“, „დაყენება“, „გალესვა“, „წრთობა“, „გაფერვა“ და სხვ.
ა.გ.
ქარიზი - წყალსადენი, წყლის სადენი მილი.
ქარსანი - კოკის მსგავსი ჭურჭელი.
ქარშიკი - სარტყლის ნაწილი.
ქარჩი // ქორჩი - ხელით სამუშაო სამიწათმოქმედო იარაღი. თოხის სახეცვლილი ფორმა. ძირითადად გამოიყენებოდა ახოს დამუშავების ერთ-ერთ ეტაპზე, რომელიც გულისხმობს გაჩეხილგადამწვარი ტყის საყანედ განკუთვნილი ფართობის ხის ფესვებისაგან გასუფთავებას (ამოძირკვას). ქარჩი ცნობილია საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით მთაში. ქარჩის სხვადასხვა ვარიანტი არსებობდა: ცულწერაქვას, ბართოხას (ლიახვის ხეობა), ცულქარჩის (ხევსურეთი, მთიულეთი, გუდამაყარი), წალკატის (ლეჩხუმი), თოხურას, ბართოხას (იმერეთი), ბარჯუკის, კაფიას, თოხწერაქვას (რაჭა), ჩენგის, (სამეგრელო) სახელწოდებით.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960; ნ რეხვიაშვილი, ქართული სამეურნეო იარაღი სსმმ XIII-B ა. გ.
ქარხანა - აქ: სახელოსნო სახლი, სადაც ამზადებდნენ გასაყიდ საქონელს, ძველ ქართულში მისი შემცვლელი ტერმინია „სახლი სამსახურებელი“, შემდგომში საფარეშო, ქარხანაში საქმიანობდნენ „ქარხნის კაცები“.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
ქარჯიმი (ხევს.) - ერბოში ამოვლებული პურის ლუკმა. სტუმრობის დროს ხევსურები ცოტას ჭამდნენ, ბევრი ჭამა სირცხვილად ითლებოდა. ამიტომ, მასპინძელი პურობის დამთავრების შემდეგ, პურის წვრილ ნაჭრებს (ნაწვრეთებს) ჩაყრიდა ერბოში და დაძალებით აჭმევდა სტუმრებს. ასე ძალად ხელში მიცემულ ერბოიან ლუკმას ეწოდებოდა „ქარჯიმი“.
ე. ნ.
ქასური - მჭრელ იარაღთა გასალესი ქვა. არსებობს ქართული ხალხური სიმღერა „გლესავ და გლესავ, ნამგალო“. ეს საგუნდო სიმღერა გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში, უმეტესად ქართლკახეთში და სრულდებოდა ყანის მკის დროს. სიმღერის ტექსტის დასაწყისი ასეთია: „გლესავ და გლესავ ნამგალო, ნამგალო ჩემო რკინაო, ქასური სალესავითა, ნამგალო ჩემო რკინაო“. ლექსში ხაზგასმულია, რომ ნამგალს ლესავენ ქასური სალესავით. XX საუკუნემდე პურის ყანა ხელით იმკებოდა. ამ სახელწოდებით ცნობილი სალესავი ქვაც საყოველთაოდ იყო აღიარებული ხალხში. მას ხმარობდნენ არა მარტო ქართლ-კახეთში და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, არამედ ჩრდილო კავკასიაშიც. ქასური სალესავს ლესვის დროს წყალში ასველებდნენ ან მცირეოდენ ერბოს უსვამდნენ და ისე უწყობდნენ პირს, ნამგლის გარდა იყენებდნენ სხვა საყოფაცხოვრებო და საბრძოლო იარაღის ასალესადაც. სალესავებს, ბუნებრივია, ამზადებდნენ იქ, სადაც შესაფერისი მასალა არსებობდა. სალესავად ვარგისი ქვის საბადოები მრავლდადაა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, მაგრამ დიდი უპირატესობით გამოირჩეოდა ქაისხეური ქვა, რომელსაც ადგილობრივ „ქასურ ქვას“ უწოდებდნენ, სახელწოდება მომდინარეობს დუშეთის რაიონის სოფელ „ქაისხევის“ სახელიდან, სადაც ამ სალესავი ქვის მასალა მოიპოვება. დღესდღეობით ქასური სალესავის გავრცელების არე შემცირდა და სოფლის საჭიროებისათვისღა ამზადებენ, ხოლო თვით სახელი ხალხურმა პოეზიამ შემოგვინახა.
ა. გ.
ქიტი (ფშ. ხევს.) - ფართოპირიანი ხის კოვზი. სხვადასხვა სიდიდისა და მოყვანილობის. იყო ქიტი სადოვე, კალტის მოსაყვანი, სახაჭოე, ნაღების მოსახდელი. პატარა ქიტს „ქიტურასა“ და „ცუტუნას“ უწოდებენ. ხევსურთა თქმით ქიტი გამოიყენებოდა „სველის სახვეტად“ (სახვრეპად).
გ.გ.
ქაფასტარი - მეშის თხელი სარჩული. ზოგჯერ ფეხსაცმლის საპირედაც იყენებდნენ.
ქაფი - საომარი ჯავშნის სამხარიღლივე ზონარი. „ქაფი არს აბჯართა შემოსაჭირებელნი“, (საბა). მაგალითად, ქაფით მაგრდებოდა ბეგთარი (იხ.).
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ.
ქაფქირი - დახვრეტილი მრგვალი კოვზი, რომლითაც მოხარშულ ხორცს ქაფს მოხდიან, არის ლითონის და ხისაც.
ქაფჩა - კალატოზის მთავარი ხელსაწყო, ხისტარიანი და ფართოპირიანი რკინის, რომლითაც მშენებლობის დროს ხსნარს იღებენ და ასხამენ ასაშენებელ მასალას, ქაფჩითვე ხდება კედელზე ხსნარის მისხმა შელესვის დროს.
ქარქაში - წარმოადგენს დანის, ხანჯლის, ხმლის და მათი მსგავსი ცივი იარაღის ჩასადებელს (ბუდეს). ქარქაშების დასამზადებლად, სიმსუბუქის გამო, ძირითადად ხის მასალას იყენებდნენ. იღებდნენ ხის ორ ნაჭერს და ცივი იარაღის პირის შესაბამისად მონიშნავდნენ და ამოკვეთავდნენ, შემდეგ გადააკრავდნენ ტყავს, ხავერდს ან ლითონს. ქარქაშები ლითონის სალტეებითა და ბუნიკით (იხ.) ირთვებოდა. მასალის ორგანული წარმოშობილობის გამო არქეოლოგიური ქარქაშები შემორჩენილი არაა, ხოლო გვიანფეოდალური ხანის საბრძოლო იარაღის ეს უცილობელი ატრიბუტი მრავლადაა შემორჩენილი.
მ.ქ.
ქევანი - ვირის კურტნის ქვეშ გასაშლელი ჩული.
ქეთლი - ჩაიდანი, სპილენძის ჭურჭელი ჩაისა და ყავის ასადუღებლად.
ქეშაო - ქვის სიმაღლის სიზუსტის საზომი იარაღი. ქეშაო მოყვანილობით ცალმხარწაჭრილ გონიოს მიაგავს.
ქეშელა - 1. მოუკუპრავი ტიკი, თხიერი. იყენებდნენ რძისა, მაწვნის შესანახად. 2. სითხის გადასატანი ტყავის ჭურჭელი, მზადდებოდა მოზვრის ტყავისგან დაახლ. 5-6 ფუთის ტევადობის (იხ. კოლოტი).
ქეჩა - უხეში მატყლისგან გაკეთებული საფენი.
ქვა - აქ: ქვითხუროობაში გამოყენებული ქვის ჯიშები. ქვა, რომელიც ბუნებაში განუყოფელ მასივებადაა მოცემული, მოითხოვს ცალკეულ ნაწილებად მოტეხვას. მაგრამ თუ ქვა დაფარულია მიწით, მას გამოჩენა და გასუფთავება სჭირდება. ქვის მოჭრა წარმოებს უმთავრესად ზაფხულში, რადგან ზამთარში ქვას გული ეყინება და დამუშავებას ნაკლებად ემორჩილება. ქვა ფიზიკური თვისებით სხვადასხვანაირია და შეიძლება იყოს: „ფიცხი“, „მამალი“, „დანაკაჟიანი“, „კაპასი“, „შათელილი“, „სახსრიანი“, „უსახსრო“, „ძარღვიანი“, „ღრუ“, „ტალებიანი“, „კასალი“, „ლიში“, „ლიბერი“, „ჩინჩხლებიანი“, „ბაღდადი“, „თეთრი“, „ლურჯი“, „ღვინისფერი“, „ტრედისფერი“, „ვარდისფერი“, „კბილმაგარი“, „ჩრდილა“, „მზვარე“ და სხვა. ქვითხურო, რომელსაც უკვე ხელობის გარკვეული ეტაპი აქვს გავლილი, ამ ნიშნებით შეიცნობს ქვის ავკარგიანობას და იყენებს მათ ამა თუ იმ ნივთისთვის. ვიდრე ქვა დამუშავდებოდეს, სჭირდება: მოკარება, შეთვალიერება, დაბურღვა, გაწვერვა, სოლების დაყრა, მოტეხვა, დაპობა, გათლა, მოკაზმვა და ა.შ. საქართველოში უძველესიდან მიკვლეული იყო მრავალი ქვის საბადო, რომლებიდანაც ქვის ამოღებადამუშავება ხდებოდა საყოფაცხოვრებო სფეროში არსებული სხვადასხვა ნივთიერი საჭიროებისთვის. იარაღის ფუნქციის მიხედვით ნაჩვენებია ქვის დამუშავების პროცესი. მაგ., ქვა არის - გაწალკატებული, წერაქვში მოყვანილი, დაუროებული, დასოლილი, გატარაღებული, მოკოდილი, გაწვერილი. ხალხურ მეტყველებაში ქვის სხვადასხვა სინონიმი გვხვდება, მაგალითად, კენჭი, ღორღი, ბუტი, ხიჭი, ხურდა, ჭოჭყი, ლოდი, სპონდიო, შირიმი და სხვა.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
ქვა ერბოსი - ერბოს ქვა, წმინდა სალესის ტიპი, რომელსაც იყენებენ რკინის ნაკეთობათა გასალესად.
ქვა კუთხისა//მუხურო (ლეჩხ.) - მშენებლობაში გამოსაყენებლი კუთხის ქვა, რომლის ორი მხარე გამოყვანილია გონიოში, ხოლო უკანა ზურგი, ანუ „კუზი“ ბითამად, ე.ი. უხეშად აქვს დატოვებული, რადგან იგი კედელში ექცევა. კუთხის ქვების სიზუსტეზეა დამოკიდებული კედლის სწორად აღმართვა.
ე. ნ.
ქვა მზვარესი - მზვარეს ქვა ეწოდება იმ ქვას, რომელსაც მზე უყურებს, იგი კარგადაა გამომშრალი,საღია და თუმცა დასამუშავებლად ძნელია მისგან გაკეთებული ნივთი საუცხოოდ ითვლება.
ე. ნ.
ქვა საომარი - ქვა, როგორც საბრძოლო და სანადირო საშუალება, უძველესი დროიდან გამოიყენა ადამიანმა. შურდული (იხ.), როგორც უძველესი საომარი იარაღი, უაღრესად ეფექტური იყო შორ მანძილზე სასროლად. არქეოლოგიური მონაცემებით დადასტურებულია, რომ ანტიკური ხანის მცხეთელებს აქტიურად უხმარიათ ქვის მრგვალი ბირთვები. შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა ლოდსატყორცნ-ფილაკავანები, რომელთა ეფექტურ მოხმარებას კედლის დაზიანებაც შეეძლო. შუა საუკუნეებში ლაშქარს თან ახლდნენ ქვისმსროლელნი და მეშურდულენი.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
ქვა საშენი - კედლის ასაშენებელი უბრალო ქვა, რომელიც ჩვეულებრივ დაუმუშავებელია. მოიპოვებენ ბუნებაში, ანდა ქვის დამუშავების დროს აგროვებენ ქვის კარიერში, ამტვრევენ უროებით და იყენებენ საშენებლად.
ქვა ძვირფასი - ზოგადი სახელი იმ ძვირფასი ქვებისა, რომელსაც გამოიყენებდნენ სამკაულებში, ტანსაცმელში, ინსიგნიებში, სოციალური ურთიერთობის სხვადასხვა სფეროში. ძვირფასი ქვები აქტიურად იყო ჩართული მეფე-მთავართა შესამოსელსა და რეგალიებში. (კვერთხი, გვირგვინი). ქართველ მეფეთა ჩაცმულობის შესახებ ბიზანტიელ მწერალს იოანე მალალას აღნიშნული აქვს, რომ ლაზთა უფლისწულ წათეს, როცა იგი მეფედ აკურთხეს, მარგალიტებით შემკული ტანსაცმელი სცმია, რასაც ბიზანტიელ დიდებულთა დიდი ყურადღება დაუმსახურებია. გორგასალს ხურებია ზურმუხტითა და იაგუნდით შემკული გვირგვინი. დავით აღმაშენებლის მემკვიდრეს დემეტრეს გამეფებისას დაადგეს თავზე გვირგვინი“ შუენიერი ქვათაგან პატიოსანთა „შემკული. გიორგი III-თამარს დაადგა „გვირგვინი ოქროისა, აღმკული იაკინთითა, ზმირნითა და სამარაგდოთა მიერ“. სამოსელზე ძვირფასი ქვების არსებობას ადასტურებს ჩვენს ტაძრებში გამოხატული მეფე-მთავართა ფიგურები. ამ მხრივ სანიმუშოა ბეთანიისა და გელათის ფრესკები. თამარ მეფის ისტორიკოსის დახასიათებით ქართველ მეფეთა სამეფო ტახტი შემკული ყოფილა ოქრო-ვერცხლითა და უამრავი თვალმარგალიტით. ვახუშტი ბატონიშვილი მაღალი წრის ქართველი ქალის ჩაცმულობის განუყრელ სამშვენისად მიიჩნევს ყბის ქვეშ ჩამოკიდებულ მარგალიტის მძივებს. სომეხი ისტორიკოსის ესაია ჯალალიანცის აზრით: თბილისელების ტანსაცმელი - სამკაულითა და თვლებით მოოჭვილი ფარჩეულობა, დაწყობილი მარგალიტის ბრწინვალება, არ შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანის გონებამ. ძვირფასი ქვები უხვად გამოიყენებოდა საეკლესიო ჭურჭლის მორთულობასა და შესამოსელში. უძვირფასესი ქვებით იყო მორთული ქართველ მღვდელ-მთავართა ბისონები, ტიარები, ომფორები, ენქერები, საბუხარები, ბარტყულები, სტიხრები, საბეჭურები, ოლარები, ქამრები, მიტრები. ძვირფასი ქვები უხვადაა გამოყენებული საეკლესიო დანიშნულების ჭედური ხელოვნების ძეგლებში, განსაკუთრებით ჯვარ-ხატებში, რომელთაგან უდიდესი უმრავლესობა ქართული ოქრომჭედლობის ბაზაზეა შექმნილი. სანიმუშოდ გამოდგება ხახულის ღვთისმშობლის ხატი, ქართული ხელოვნების შედევრი, რომელსაც ასეულობით უძვირფასესი ქვა ამშვენებს ზურმუხტების, ალმასებისა და იაგუნდების ჩათვლით, ანდა სიონის ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ჩართული აქვს 124 იაგუნდი, 43 ალმასი, 116 ზურმუხტი, 240 ლალი, 52 ტოპაზი, 17 სეილენი, 62 ფირუზი, ათასზე მეტი მარგალიტი და კიდევ სხვა. ძვირფასი ქვა, როგორც ესთეტიკური მოთხოვნილების პროდუქტი, განუყრელადაა დაკავშირებული ქართულ კულტურასთან. შუა საუკუნეების საქართველოს საიუველირო ხელოვნება მსოფლიო მნიშვნელობის შედევრებს მოითვლის, რომელთა სრულყოფილება და ვიზუალური მხარე ძვირფას ქვათა ოსტატური გამოყენებითაცაა განპირობებული.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
ქვა ყურის - იხ. ქვა კუთხის.
ქვაბი - სადუღარი სამზარეულო ჭურჭელი. ყოფაში მოწმდება მრავალი სახეობა: კარდალა, კოტო, ქვაბ კარდალა, ქვაბ ქოთანი, წუკალი (მეგრ.), ხელქოთანი, ჩალხანა, თენჯერი, საოტკე//საარყე//ზაოდი, საწესო-სარიტუალო - „ლღენი“, „ჟინიშ კარდალ“ ანუ სულის ქვაბი, ჭანური, იმერული, ქვაბი „საწინდარი“ და სხვ. ფორმის მიხედვით ქვაბებში რამდენიმე ტიპი გამოიყოფა: დიდი ზომის, ჯაბარყურიანი, არყის გამოსახდელი, ფართოძირიანი, „თანგირა“, „ტაფა-კასრულები“, სწორი, კასრის ფორმის, ვიწროძირიანი „იმერული“ ქვაბი, ქვაბქოთნი, „წელში გამოჭირებული“, ანუ წელში გამოყვანილი ხუფიანი და უხუფო. დანიშნულების მიხედვით - ხორცის მოსახარში, საძროხე, საცხვრე, საყაურმე, სახინკლე, საფელამუშე, საარყე, საერბოვე, საპომინდვრე-სატყემლე, საშეჭამანდე, რძის ასადუღებელი, საღომე, საფლავე, თევზის მოსახარში, სააბანოვე, საქორწილო-სარიტუალო, სამზითვო და სხ.
ლიტ.: ც. კაკაბაძე, სპილენძის ქართული ჭურჭელი, ეთნოლოგიური ძიებანი I, 2000.
ც.კ.
ქვაბი - აქ: ლუდის მოსახარში სპილენძის ქვაბი. ძირითადად ოვალური ფორმის. 400-500 ლიტრი ტევადობის. „იკერებოდა“ ცალკეული ფირფიტებისაგან სპილენძისავე ლურსმნებით. როგორც სალოცავისა და სარიტუალო ლუდის დამზადებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი განსაკუთრებული მზრუნველობითაა დამზადებული. ზოგჯერ ხატში 2-3 ასეთი ქვაბი ჰქონდათ, რაც ხატიონის ძლიერებას უსვამდა ხაზს.
ლუდის ქვაბი მოთავსებული იყო ჯვარის სალუდეში, და მასთან ერთად ინახებოდა ლუდის გამოხდისათვის საჭირო ყველანაირი ტიპის ჭურჭელი. ლუდის ქვაბს მთიელები ადრე თავად ამზადებდნენ, ისინი კარგად იყვნენ დაუფლებულნი მესპილენძეობას. ამ ვითარებას ადასტურებს როგორც ეთნოგრაფიული, ასევე არქეოლოგიური მასალა. ახალ პერიოდში, როცა მთაში სპილენძის დამუშავების წესები დაიკარგა და ამავე დროს, წარმოებაში ფართოდ დაიწყო დანერგვა ქარხნული წესით დამზადებულმა სპილენძმა, ქვაბების კეთების ცენტრები წარმოიქმნა დაბა-ქალაქების სახელოსნოებში, სადაც სპილენძის ქვაბები მზადდებოდა ხატ-სალოცავის მესვეურთა შეკვეთით. ლუდის ქვაბი სალუდეს საცეცხლეშია ჩაშენებული. ქვეშ იმდენი ადგილი აქვს დატოვებული, რომ სასადუღრე სანათების საჭირო რაოდენობა დაეტიოს. არცთუ იშვიათად სალუდე ქვაბს გაკეთებული აქვს კეტის გასაყრელი ყურები და რკინის ჯაჭვითაა ჩამოკიდებული სალუდეს მსხვილ თავხეზე. სალუდე ქვაბი წარმოადგენს სარიტუალო ნივთს და ამავე დროს, აუცილებელს ნებისმიერი მოქმედი ჯვარისთვის. შედარებით უფრო პატარა, ინდივიდუალური სალუდე ქვაბები გააჩნდათ ჯვარიონის ცალკეულ წევრებს, რომლებიც ლუდს სახლში ამზადებდნენ.
ლიტ.: ალ. ოჩიაური, ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988. ე. ნადირაძე, ქართული ლუდი. ეთნოლოგიური ძიებანი, III, 2007.
ე. ნ.
ქვაბი საარყე - არყის გამოსახდელი ქვაბი, იკერებოდა სპილენძის ფურცლებისაგან. ფურცლები ერთმანეთთან გადაკერებულია კბილანების შესხმის წესით, გვერდები კი მირჩილულია და დამაგრებულია სპილენძის „მანჭვლებით“. ასეთი ქვაბი მუხლგანიერია, პირისკენ მოვიწროებული. აქვს რკინის დიდი ზომის სახელურები - „კოჭყურები“. ქვაბს მჭიდროდ ეხურება სახურავი - ხუფი იგივე „ზარფუში“ (იხ.) არყის გამოსახდელი ინვენტარი სპილენძისაა. შედგება: 1. ქვაბის 2. ზარფუშის, იმავე სახურავის, 3. გეჯის, 4. მილისა და 5. რკინის სამფეხისაგან. იგი ძვირადღირებული მოწყობილობაა. მისი დამზადება მესპილენძე ხელოსნების საქმეა. არყის გამოსახდელი ქვაბი რამდენიმე სახელითაა ცნობილი: „საოტკე ქვაბი“ (იმერეთი), „ლინჯის ზაოდი“ (სამეგრელო), „ჰარაყია ცხვადი“ (სვანეთი) და ა.შ. საარყე ქვაბის განათხოვრება და გაქირავება მიღებული წესი იყო.
ც. კ.
ქვაჯვარი - აქ: საფლავის ქვის ძეგლი, ერთ-ერთი ტიპი მემორიალური კულტურისა, რომელიც ადრეული ქრისტიანობიდან მოკიდებული, ვიდრე დღევანდელ დღემდე, გამოიყენებოდა და იდგმებოდა გარდაცვალებულის საფლავზე. არცთუ იშვიათად ქვაჯვრებს, მათი უკეთ გამაგრების მიზნით, უკეთდებოდათ უდე - კვარცხლბეკები, ასეთი ქვაჯვრების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ზემო და ქვემო ქართლში. დიდი სიმბოლური დატვირთვის პარალელურად ქვაჯვართა გამოყენება საფლავის ძეგლად უფრო ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, თუმცა როგორც სათუთი ძეგლი იოლად ნადგურდებოდა და მათი უძველესი ნიმუშები ცოტაა შემორჩენილი.
ლიტ.: ე. ნადირაძე, საქართველოს მემორიალური კულტურა, 2001
ე. ნ.
ქვევრი - ღვინის დასაყენებელ-შესანახი ჭურჭელი. ქვევრი მთლიანად მეღვინეობის საქმეს ემსახურება. კახეთი და იმერეთი ძველთაგანვე საქართველოს მევენახეობის უმნიშვნელოვანესი ცენტრები იყო, ამიტომ მექვევრეობაც ყველაზე მეტად ამ მხარეებში გავრცელდა. კახეთში მექვევრეობის ცენტრებია - ვარდისუბანი, ახალსოფელი, ყარსუბანი. ზემო იმერეთში კი ტყემლოვანი, ბოსლევი და დიდწიფელა. პატარა და საშუალო ზომის ქვევრებს ამზადებდნენ ქსნის ხეობაში, ლეჩხუმში. ქვევრი ისე, როგორც სხვა ჭურჭელი, მზისა და ქარისაგან დაცულ ქარხანაში მზადდება, მისი გამოძერწვა ყველგან ხელით სატრიალებელ მორგვზე იწყება. მექვევრე ოსტატი ერთდროულად 10-დან 20- მდე ქვევრის კეთებას შეუდგება და რიგრიგობით ერთი ქვევრიდან მეორეზე გადადის. ქვევრი ერთჯერად არ შენდება, მორგვზე მხოლოდ ქვევრის ძირი შენდება, ძირის შეშრობის შემდეგ მისი შენება „სკამზე“, ქვევრის ძირის დასადგამზე გრძელდება. თანდათანობით განსაზღვრულ სიმაღლეზე ამოყვანილი ქვევრი უკვე მიწაზე იდგმება, სადაც მისი შენება მთავრდება. გამომშრალი წვევრის გამოსაწვავად საქართველოს ყველა მხარეში ოთხკუთხიან და ერთსართულიან ქურას ხმარობენ. ქურაში გამოსაწვავად ქვევრის ჩადგმას სპეციალური ღვედებით შეიარაღებული კაცები ასრულებენ. საშუალო ქურაში გამოსაწვავად დაახლოებით 6 ქვევრი და 20-მდე ქოცო ეტევა.სითხეჟონვადობის თავიდან ასაცილებლად გაცხელებულ ქვევრს შიგნიდან სანთელს ან ცხიმს უსვამდნენ, ხოლო ქვევრის მეტი გამძლეობის მიზნით გარედან ქვიშისა და კირის ხსნარის სქელი ფენით ფარავდნენ. საქართველოში დამზადებულ ქვევრთა მოცულობა სხვადასხვაა. მცირე მოცულობის - 10-12 ლიტრიან ქვევრს „ქოცოს“ უწოდებენ, ხოლო დიდი მოცულობისას (1000-5000 ლიტრის ტევადობის) ჭურს.
ლიტ.: ვ. ჯაოშვილი, კერამიკული მრეწველობა საქ.-ში, 1959. ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა,. 1949.
მ. ზ.
ქვითკირი - ქვისა და კირხსნარისგან აგებული კედელი. ქვითკირით იგებოდა სახლი, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობანი.
ქვითხუროობა - ქვის დამუშავების ხელოვნება. ქვითხუროობას საქართველოში მდიდარი ტრადიციები გააჩნია, რის ჩამოყალიბებასაც ხელს უწყობდა სამშენებლო და მოსაჩუქურთმებელი ქვების საუკეთესო ხარისხის საბადოები. ქვითხუროობის მაღალი ხელოვნება სრულყოფილად გამოვლინდა როგორც საერო, ისე საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში, ასევე, საოჯახო ურთიერთობის სფეროში. უაღრესად მნიშვნელოვანია ქვითხუროობის დარგი ისტორიული თვალსაზრისით, რადგან ამ სფეროშიც გამოიკვეთა მოსახლეობის როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე რელიგიური რწმენა-წარმოდგენების ფართო სპექტრი. ქვითხუროობამ ასახა ისტორიული მოვლენებისა და ეთნოგრაფიული ყოფის საყურადღებო ფაქტები, რომელთა გაანალიზებით მრავალი ისტორიული რეალობის რეკონსტრუქცია ხდება შესაძლებელი. საგულისხმოა, რომ X ს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების - ოშკისა და ქოროღოს ეკლესიის წარწერებსა და ბარელიეფებში დოკუმენტურადაა ასახული ქვის დამუშავების ეტაპები და სამშენებლო საქმიანობის პროცესები. ამ და სხვა რიგის ისტორიული მასალების გაანალიზებით ცხადი ხდება, რომ ძველთაგანვე ქვითხუროობის დარგში ჩამოყალიბდა შრომის ორგანიზაციის ფორმები, რაც ნაკარნახევი იყო ფართო სამშენებლო პროცესებით. ირკვევა, რომ ქვითხუროობის მშენებელთა ორგანიზაციას სათავეში ედგა ხუროთმოძღვარი და „ზედამდგომელი“, რომლებსაც ევალებოდათ მშენებლობის ზოგადი პროცესების წარმართვა. ხუროთმოძღვარს თანაშემწედ ჰყავდა „კალატოზი“, ხოლო დიდი მშენებლობის დროს - „კალატოზთ-უხუცესი“, რომელიც უშუალოდ განაგებდა შენების ტექნიკურ მხარეს. შემდეგ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ „საქმის მოქმედნი“, ანუ „მუშაკნი“ - დღევანდელი გაგებით მშენებლობის ფიზიკურად შემსრულებელნი, რომელთა სამუშაო პროცესს წარმართავდნენ კალატოზთა და ქვითხუროთა „ზედამხედველნი“. ქვის უშუალო დამამუშავებელთ ეწოდებოდათ „ხურონი ქვათა“, სადაც ერთიანდებოდნენ: „ქვის მხდელები“ (ლოდთა მომტეხნი), „ქვის გამომკვრელნი“, „ქვის მომჭრელნი“, „ქვის მომჩუქურთმებლები“. ქვითხუროობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვის დასამუშავებელ იარაღებს, რომელთა მაღალხარისხოვანი ნიმუშების შექმნას ხელს უწყობდა, როგორც სამთამადნო წარმოების შესაბამისი ბაზა, ასევე ლითონის დამუშავების უძველესი ტრადიციები, რომლის ჩამოყალიბების სათავეში დგანან ქართველური მოდგმის ტომები: თუბალები, ხალიბები, მოსინიკები. სხვადასხვა სახის ქვის ჯიშის დამუშავება მოითხოვდა მისთვის შესაფერის რკინა-ფოლადის იარაღს. ამ გარემოებას კარგად იყვნენ დაკვირვებული ქვითხურონი და შესაბამისი პირობების წაყენებით უკვეთავდნენ იარაღებს მჭედლებს.
ქვის დასამუშავებელი იარაღები თავისი ფუნქციის მიხედვით იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად: I. ქვის გასაპობი და გამოსატეხი II. ქვის საწვერ-სათლელი და საჩუქურთმებელი; III. ქვის სამართ-საზომი და ასაწევ-გადასაბრუნებელი და IV. ქვის გადასაადგილებელი. თავის მხრივ, თითოეულ ამ ჯგუფში სხვადასხვა სახის იარაღები ერთიანდება, რომელთა საერთო რაოდენობა ორმოც ერთეულს აჭარბებს. ქვითხუროობა საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველგან იყო განვითარებული. განსაკუთრებით დაწინაურებული იყო იმერეთში, მესხეთში, ქართლში, მთიულეთში. ქვითხუროობამ თავის განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია სასულიერო არქიტექტურაში. განვითარებული ქვითხუროობის წყალობით ეკლესია-მონასტრების გაფორმების სტილმა თვითმყოფადი, ეროვნული ხასიათი მიიღო. ქვითხუროობას დიდი ადგილი ეჭირა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო სფეროში. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს, საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, ნაირგვარი საფლავის ძეგლები, წისქვილის ქვები და წისქვილის გვიმები, ბუხრები, წყარო-ნაგებობანი, ჭები, ჭიშკრის მასიური სვეტები, ყორენაგებობანი, ქვაფენილები, სანიაღვრე ღარები. სამეურნეო დანიშნულების საგნები - საცეხველი, საქაჯავი, (ჭაჭის საწნეხი), საწნახელი, საოჯახო მოხმარების ჭურჭელი - ქვის კეცები, ჯამები, ასევე წყლის მოსაკავებელი როფები, მაგიდები, სკამები და ა.შ. ისტორიული სახის დოკუმენტებსა და ეთნოგრაფიულ ყოფაში არსებული ნივთიერი მასალა თვალნათლივ ადასტურებს ქვითხუროობის ნამზადის სამომხმარებლო მნიშვნელობას როგორც წარსულში, ასევე თანამედროვე პირობებშიაც.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1946. ს. ბედუკაძე, ქვის დასამუშავებელი იარაღები, სსმმ, XII B, 1960. ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ
ქვის ბლოკი - ოთხკუთხად გათლილი ქვის ბლოკები, ძირითადად გამოიყენებოდა საზოგადოებრივ მშენებლობაში.
ქვიშინა (რაჭ.) - ღვინის სასმისი ხის ჭურჭელი. აკეთებენ მსხლისა და ლეღვის ხისგან. თავფართოა, კვერცხისებური ბოლოთი. აქვს ტარი და იხმარებოდა კათხიდან ღვინის ამოსაღებადაც. იგი წააგავს აზარფეშას, დიდ ქვიშინაში ერთ ლიტრამდე ღვინო ჩავა.
ე. ნ.
ქვიჯა - სანაყავი სხვადასხვა ნივთიერებისთვის. ხის, რკინის, სპილენძის ქვიჯები ფართოდ იყო გავრცელებული მოსახლეობაში. იხმარებოდა როგორც საოჯახო საქმიანობაში მწვანილეულ-სუნელებლების დასანაყავად, ასევე ოქრომჭედლობაში სხვადასხვა მინერალების დასანაყავად. ქვიჯა წარმოადგენს როდინის (იხ) ნაირსახეობას.
ქიბორჯი//ქიბორჯაი (მთიულ.) -1. შვინდის ხის ორკაპი ჯოხი. ხვნის დროს მეხრე გუთნის - „წერწენას“//წეწენას დააწვება ქიბორჯის ორკაპით და ამით არეგულირებს ხვნის პროცესს. გ. ჩიტაიას თვალსაზრისით სახვნელი იარაღის განვითარების დასადგენად (იმ შემთხვევაში, როცა პირდაპირი ცნობები არ მოიპოვება) გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი მონაცემები, რაც სახვნელის მუშაობის პროცესთან არის დაკავშირებული. ასეთ შემთხვევეში სამაგალითოდ გამოდგება მთიულური ქიბორჯი. როგორც ცნობილია, საქართველოს მთაში გავრცელებული იყო მოკლემხრიანი სახვნელები, იგი განკუთვნილი იყო მძიმე, ქვიან - რიყიანი მიწის მოსახვნელად. მიწის ხვნისას ქიბორჯი გამოყენებული იყო როგორც გუთნის მოძრაობისდამხმარე საშუალება. ამ თვალსაზრისით იგი უნიკუმს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო ამტკიცებს დებულებას ქართული სახვნელი იარაღების ორიგინალობისა და სიძველის შესახებ. 2. საშუალო სიდიდის ისარი.
ლიტ:. გ. ჩიტაია, შრომები, ტ. 1987.
ე. ნ.
ქილა - თიხის ოვალური ფორმისა და სხვადასხვა ტევადობის თიხის ჭურჭელი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამეურნეო და საოჯახო სფეროში. ერთსახოვანი, მაგრამ ტევადობით განსხვავებული ქილები, მზადდება საქართველოში კერამიკული წარმოებით ცნობილ ცენტრებში. ქილები კეთდებოდა როგორც მოუჭიქავი, ასევე მოჭიქული, მცირე და საშუალო ზომისა. ფორმით ქილა იყო როგორც ტუჩიანი, ისე უტუჩო, პირგადაშლილი, პირშეკრული, ქობიანი, უქობო, უყურო, ყურიანი, ორყურა და სხვა. აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ზომის ქილები ცნობილია „ქოცო ქილის“,
„მწნილის ქილის“, „ძირის ქილის“, „ერბო ქილის“, „საზედაშე ქილის“, „ორყურა ქილის“, „საქალაქო ქილის“, „საარაგვო ქილის“ სახელწოდებით. დასავლეთ საქართველოში გვხვდება: „საწველული“, „სახორბლე“, „საფქვილე“, „საყველე ქილები“. ქილების უმეტესობისთვის ნიშანდობლივია პირის ქობის დამშვენება „თევზიფხური“ ორნამენტით. დიდ ქილებს მხარზე და ძირთან შემოვლებული აქვს თოკისებური გრეხილი. ანალოგიური სარტყლით ჭურჭლის შემკობის წესი დამახასიათებელია როგორც გვიანბრინჯაოს, ისე ადრეფეოდალური ხანის კერამიკისთვის.
მ. ზ.
ქილა საარაგვო - ყველის შესანახი დიდი ზომის თიხის ჭურჭელი. საარაგვო ქილა მზადდებოდა ქსნის ხეობის სოფ. ცხავატში, მასზე განსაკუთრებული მოთხოვნა იყო საარაგვოში (სახელწოდებაც აქედან მოდის). საარაგვო ქილას პირიც და მუცელიც მეტად ფართო აქვს და ყველის დიდი თავის შესანახად ხელსაყრელია. არაგვის ხეობის მოსახლეობა გასაყიდი ყველის ქალაქში საარაგვო ქილებით ჩამოჰქონდა.
მ. ზ.
ქილა საქალაქო - წყლის მარაგისთვის განკუთვნილი დიდი ზომის თიხის ჭურჭელი. იგი მზადდებოდა ქსნის ხეობის სოფ. ცხავატში. სანამ წყალს გაიყვანდნენ, თბილისში მასზე დიდი მოთხოვნილება იყო. განსაკუთრებით ხელოსანთა რიგში, სადაც წყლის მომარაგება ჩვეულებრივ წესად იყო მიღებული. საქალაქო ქილის მსგავსი ჭურჭელი დამოწმებულია იმერეთის ეთნოგრაფიულ ყოფაში: დერგის, ხალამირსა და საფქვილეს სახელწოდებით. დიდი ზომის თიხის ჭურჭლების დამზდების ტრადიციას ენეოლითში ეყრება საფუძველი. ვარაუდობენ, რომ ასეთი ჭურჭელი უმთავრესად მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების შესანახად გამოიყენებოდა. მათი ნიმუშები აღმოჩენილია თრიალეთში - სოფ. გუნიაყალაში, საჩხერეში, დმანისში და სხვაგან.
მ. ზ.
ქინძისთავი - აქ: გულის ქინძისთავი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სამკაულს, რომელსაც ქალები ხმარობენ. გულის ქინძისთავს აკეთებენ ოქროს, ვერცხლისა და პლატინისაგან, აგრეთვე სხვადასხვა ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების გამოყენებითა. ქინძისთავის გამოსაყვანად იყენებენ კვერვას, ამოჭრას, ტვიფრვას, აჟურულ ჭრილს, ფილიგრანს, მინანქარს და სხვა. გულის ქინძისთავები კონფიგურაციისა და სახის მიხედვით გვხვდება: მრგვალი, ოვალური, შტოსებური, ღეროსებური - ყვავილებითა და ნაყოფით, ისრისებური და სხვა. გულის ქინძისთავებს ეკუთვნის აგრეთვე კამეია. ის ოვალურია, იშვიათად მომრგვალო ფორმის რელიეფურად ამოჭრილი ქალის თავის ან სხვა რაიმე გამოსახულებით. კამეას აკეთებენ ოქროს ბუდეში ჩასმულს, ნიჟარის, მარჯნის, აქატის, სარდიონის, ონიქსისა და სხვა. ქინძისთავები იკეტება დამცველიანი ან უდამცველო საკეტით. როგორც გულის, ისე შუბლის ქინძისთავი, საქართველოში ძალზე გავრცელებული სამკაულია. შუბლის ქინძისთავს „ჩიხტზე“ იმაგრებდნენ. შედგებოდა თავისა და ნემსისაგან. შუბლის ქინძისთავი ძირითადად მზადდებოდა ოქროსაგან, იყო ერთთვლიანი ან „ბახჩით“ შემკული. ერთთვლიან ქინძისთავებში ჩასმული იყო ლალი ან ალმასი, ბახჩა კი ბრილიანტებით ან ალმასებით იყო გაწყობილი. უფრო გავრცელებული იყო ალმასის ბახჩა. შუბლის ქინძისთავი ქართველი ქალის ნაციონალური კოსტიუმის განუყრელი სამკაული იყო.
ლიტ.: სელივანკინი ს. სერენკო პ. ციპლაკოვი პ. საიუველირო საქონელი და საათები, 1958.
მ. ბ.
ქირაფქა - ჯაჭვის პერანგის ნაირსახეობა. ქირაფქა ჯაჭვის თითოეული რგოლი (ჭიკუ) „არს მობრტყე, ფარეშოვანი, რბილ-ბასრი და უფრორე ბასრი, გადაგრეხით ადვილად გასატეხელი“(საბა). „ქირაფქა ჯაჭვის“ ნიმუშები საკმაოდ იყო შემონახული ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში (ხევს), რომელნიც ამჟამად დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (იხ. ჯაჭვის პერანგი).
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ.
ქისა - 1. საწვრილმანოთა შესანახი, ხელზე სატარებელი, უბეში ჩასადები ან ქამარზე ჩამოსაკიდებელი. აკეთებდნენ ტყავისა და ნაჭრისაგან. რთავდნენ სხვადასხვა ორნამენტით, ოქრომკედით, ფერადი მძივებით, ნაქარგობით, წარწერებით. სულხანსაბას განმარტებით, ქისა, ანუ „კისა“ სხვათა ენა ყოფილა, ქართულად კი თალისა რქმევია. ქისისათვის გამოიყენებოდა კარგად დამუშავებული ტყავი, ე.წ. ნატი (იხ), ხავერდი, მსხვილი ძაფი, ქისა ფუნქციის მიხედვით განიყოფებოდა და იყო საფულე, საქაღალდე, სათუთუნე, საეკლესიო დანიშნულების. ქისები ძირითადად მზადდებოდა შინახელოსნური წესით და ფართო მოხმარების საგანს წარმოადგენდა. საპატარძლოდ მომზადებული ქალები დაინტერესებულნი იყვნენ მომავალი მეუღლისათვის სასაჩუქრო წინდებთან ერთად, ქისებიც დაემზადებინათ. ეს ძღვენი საგანგებო მორთულობას ითვალისწინებდა. ამ მხრივ ქსოვილის ქისები გამოირჩეოდა. რომელთა ზედაპირზე გამოჰყავდათ ნაქარგი სახეები. გრეხილებითა და ზონრებით შემკულებს წარწერებიც ერთვოდა. მაგ.: „მე ვარ ქისა მინანქრისა, მისართმევი მიჯნურისა“. უპირატესობა ეძლეოდა მძივებით გაწყობილ ჭრელ საქალო ქისებს. მიჯნურს გარდა ქისით ასაჩუქრებდნენ ნათლიას, საქმროს, კეთილის მოსურნეთ. საძღვნო დანიშნულებასთან ერთად ზოგი ქისა სამზითვო იყო, ზოგი საბაზრო ხასიათისა. 2. აბანოში მოსახმარი, გასაპნული ნაჭერი, რომელიც გაიბერება და უამრავ ქაფს აყენებს.
ც. ბ.
ქიტურა (ხევს.) - ხის მრგვალთავიანი, საწვნე კოვზი.
ქნარი - არფის ტიპის სიმებიანი საკრავი. ბიბლიურ მეფე დავითს სულიერი მღელვარების ჟამს უყვარდა ქნარის ჰანგების მოსმენა. ეს ვითარება აისახა ბაგრატიონების გერბის სიმბოლიკაში, რომლებიც თავს დავითის შთამომავლებად თვლიდნენ და ამდენად, მათ სამეფო გერბში ქნარის გამოსახულება ამ დამოკიდებულების გამომხატველია.
ე. ნ.
ქობაჩი შალი - ქობაჩი სოფელია ლეკეთში, სადაც ამზადებდნენ საუკეთესო ხარისხის საჩოხე შალს. ფართო გამოყენება ჰქონდა საქართველოში.
ქობინა - სარეცხის საცემი სატყეპელა ჯოხი, რომელსაც ერთი მხარე დაჭდეული აქვს.
ქობობი - ერბოში მოზელილი დიდი პური. მის მოსამზადებლად საჭირო იყო 12-14კგ ფქვილი, 1 ლიტრა ერბო სჭირდებოდა. ვაჟის ოჯახის მიერ ქალის დანიშვნისათვის განკუთვნილ ძღვენს წარმოადგენდა.
ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა.
ქობუნა - კრამიტის მოსაჭრელი ყალიბი. ქობუნას ერთი ბოლო ვიწროა, მეორე გაფართოებული. ვიწროს შუაში პატარა წვერი აქვს გამოთლილი, ფართო ბოლოს კი მრგვალად მოყვანილი ტარი. ყალიბში ჩამოსხმულ, ზედაპირგადასწორებულ კრამიტს სველ ხელს მოუსვამენ და ქობუნაზე გადმოიტანენ. ამ დროს მეკრამიტე ქობუნას ტარს მუცელზე მჭიდროდ იკრავს, რათა მან არ იმოძრაოს. გადმოცურების შედეგად ყალიბს თიხა გამოეცლება და ყალიბში დაბრტყელებული თიხა ქობუნაზე დარჩება. Kკრამიტი ქობუნის მსგავსად მოიხრება და მის ფორმას მიიღებს.
მ ზ.
ქოთანი - საოჯახო თიხის ჭურჭელი. მოხმარება-დანიშნულების მიხედვით არჩევენ: სარძევეს, საწველელს (უყურო, ტუჩიანი, ორყურა), ყველის ამოსაყვანს, ყველის შესანახს, საჭმლის მოსამზადებელს, საჭმლის წასაღებს და ა.შ. ზოგიერთი ქოთანი მისადაგებულია მასში მოსამზადებელი პროდუქტის თვისებას მაგ., ყველის ამოსაყვანი თიხის ქოთანი, ბრტყელძირაა, მკვეთრად გამობერილგვამიანია, დაბალყელა, ფართოდ პირგადაშლილი ყველის ამოყვანისას ხელებმა რომ თავისუფლად იმოძრაონ. საწველელ ქოთანს ორი ყური, კოტიანი პირი და ტუჩი აქვს, რომ შიგთავსი რძე ადვილად გადმოიღვაროს. აღსანიშნავია დახვეწილი, ორიგინალური ფორმის, ე.წ. სალობიე, საშეჭამანდე, ქოთნები. ზოგიერთ ქოთანში, კერძი შუა ცეცხლთან მიდგმით იხარშება. ზოგიერთი კი სამფეხზე იდება. ცეცხლზე სახმარი ჭურჭელი სადაა და მოუჭიქავია, როგორც ხელოსნები აღნიშნავენ „აზრი არა აქვს ასეთი ჭურჭლის გამშვენიერებას, რადგან ცეცხლზე ხმარების შემდეგ სულერთია ჭრელი არ შეიმჩნევა. საინტერესო ფორმა აქვს თიხის ე.წ. „ხელსაქმის ქოთანს“, იგი მდიდრულად არის მოხატული, ცნობილია აგრეთვე თიხის „საყვავილე ქოთნების“ მრავალფეროვანი ნიმუშები; ბრტყელძირიანი, ოვალურძირიანი, ქუსლიანი, ორსართულიანი, პირგადაშლილი, კოტიანი და ა.შ. საყვავილე ქოთნების უმეტესობა შემკულია მცენარეული ორნამენტით.
ც. კ.
ქოთარა - ფელუკას ტიპის, მხოლოდ უფრო დიდი ზომის ნავი, სატვირთო და სათევზაო
დანიშნულებისათვის. გავრცელებული იყო ლაზეთში.
ქორალიმზირი (სვან.) - სახლის მფარველის სახელზე გამართული ლოცვა-ვედრება, რომელსაც ქალები მართავდნენ კაცების ფარულად. ქორა ლიმზირის შესრულების დროს ლემზირებს სწირავდნენ მეზირს (იხ.) და კერასაც. ამ დანიშნულებისათვის ცხვებოდა კერის შესაწირი კვერი.
მ. ხ.
ქორი//ქორედი - შენობის ნაწილი, მისი ზედა სართული, შესაძლებელია დღევანდელი მანსარდის ტიპის, სადაც ძირითადად ზაფხულში ცხოვრობდნენ. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, ქორი//ქორედი ასევე შესაძლებელია ყოფილიყო სვეტებიან-კამაროსანი ნაგებობა. ქართულ მეტყველებაში ეს სიტყვა ტოპონიმის ფორმითაა შემონახული. მაგ., „ქორეთი“ (სოფელია ზ. იმერეთში).
ე. ნ.
ქოქა - ხევსურული სადიაცოს ფარაგის ქვეშ ჩასაფენი, ყელსადები. მასალად გამოიყენებოდა როგორც ადგილობრივად მოქსოვილი შალის - (ტოლი), ისე ბამბის ქსოვილებიც. ქალის ყელის მხოლოდ წინა ნაწილის დამფარავი ეს ელემენტი ნაჭრის ვიწრო ზოლს წარმოადგენდა, რომელიც უკან, კისერთან მაგრდებოდა და ხშირად მოქარგული და სამკაულებით იყო გაწყობილი. ზოგიერთ მათგანს ყელის გასწვრივ ერთმანეთის მიყოლებით ჩამოსდევდა ბრტყელი და მოკლე, ბოლოში ფუნჯით დასრულებული ნაწილები - „ზინზილები“, ვერცხლის შიბებითა და სხვა სამკაულებით მდიდრულად გაწყობილი. ქოქა ერთდროულად ყელსაფენიც იყო და სამკაულის ფუნქციასაც ასრულებდა.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, 1956.
ც. ბ.
ქოქირა//შავი ჯაჭვი - თუში ქალის სამგლოვიარო ნიშანი. შედგებოდა წვრილი რგოლებისგან დაწნული ჯაჭვისა და მის ბოლოზე მობმული შავი ფოჩებისაგან. ფორმით ვიწრო და გრძელ ამ ჯაჭვს კაბაზე უბის გასწვრივ ხან მარჯვნივ იმაგრებდნენ და ხან მარცხნივ. თუ ქალს ჯალაბთ მხრიდა დააკლდებოდა ვინმე, მაშინ ქოქირას კაბის მარჯვენა მხარეზე დაიმაგრებდა, თუ ქმრის ნათესავი გამოაკლდებოდა - მარცხენაზე. გოგონებს გლოვის გამომხატველი ასეთი ფორმის პატარა ნიშანი კაბის ზურგზე ეკერათ. კაბის მხრებიდან დაწყებული ქოქირას სიგრძე ქალის წელს საგრძნობლად უნდა დასცილებოდა. ამ ნიშნის ტარება ძველ თუშეთში სავალდებულო ყოფილა სრულწლოვანი მამაკაცისთვისაც. უმეტესად ძმისა და შვილის დაკარგვის დროს. თუშეთში გლოვა ერთიდან სამ წლამდე გრძელდებოდა. გლოვის ამ პერიოდში, ყოველ
შაბათს, შავჯაჭვოსანი ქალი ვალდებული იყო მისულიყო მდინარესთან, ჯაჭვის ბაწრიანი ფოჩი წყალში ჩაებერტყა, ეხსენებინა მიცვალებულის სახელი და წყლისთვის გაეყოლებინა სიტყვები: „ღმერთ მიწყალისო“. შავების გახდის დრო რომ მოახლოვდებოდა, ჭირისუფალი გამოაცხობდა სამ კოკორს, მოამზადებდა სასმელს, აანთებდა სანთლებს და მიცვალებულს დაიტირებდა. მერე თავისი გვარის ქალების თანხლებით გავიდოდა ჩამდინარე წყალთან, წყალში ამოავლებდა ჯაჭვს, უძმო ქალი მაკრატლით შემოაჭრიდა ჯაჭვს ფოჩებს, დაკუწავდა და მიმალულ ადგილას გადაყრიდა. უფოჩო ჯაჭვს კი უკან მოაბრუნებდა. თუშეთს დამოწმებულ სამგლოვიარო ჯაჭვს თავისებური შეხვედრა აქვს ოსეთში გავრცელებულ აბრეშუმის ზონრებით ამგვარივე დანიშნულებით გამოყენების წესთან.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
ც. ბ.
ქოქლო//ქოქლუა//კაბურა - ხევსური ქალის გარეთ, ყოველდღიური ჩასაცმელი. მასალად გამოყენებულია ადგილობრივი, საოჯახო წესით სხვადასხვა ფერის მოქსოვილი შალი - „ტოლი“. ჩოხისებური მოყვანილობის, შეუკრავი და წელში გადაჭრილი. აქვს მაღალი საყელო და მხრებთან სწორად მიდგმული, განიერი, მოკლე და იღლიის ძირამდე გაუკერავი სახელოები, რომელთა ნაპირები ალაგ-ალაგ გაბმული ზონრებით არის დაკავშირებული. ცალ მხარეს ზოგჯერ ჩაჭრილია საჯიბურიც. ქოქლო გაწყობილია ხევსურული ტალავარისათვის დამახასიათებელი ნაქარგობით, რომელიც შესრულებულია მატყლის ძაფისა („შიბაით დაკერული“) ან აბრეშუმის ძაფებით („აბრეშუმის ნაჭრელაი“). მორთვაში ჩართულია აგრეთვე ფერადი ქსოვილების სხვადასხვა ფორმაზე დაჭრილი ნაჭრებიც (აპლიკაცია). ნაქარგობაში უხვადაა ჩართული თეთრი ღილ-მძივი, ვერცხლის სამკაულები, მონეტები. ჭრელში უპირატესი ადგილი ჯვარს უჭირავს, რომელიც ხევსურთა უძველეს რელიგიურ მსოფლმხედველობასთან იყო დაკავშირებული.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956.
ც. ბ.
ქოში - ქუსლიანი ფეხსაცმელი, ნახევრად ღია. ქოშის ტიპებია: ღრმად ამოღებული, ენიან-საფერხულიანი, ჭვინტიანი და ბლაგვცხვირიანი. უამინდობაში რბილლანჩიან ფეხსაცმელზე იცვამდნენ სადა ქოშებს. ქოში იხმარებოდა როგორც ყოველდღიურად, ასევე გამოსასვლელად. იგი გავრცელებული ფეხთსამოსი იყო მთელს კავკასიაში. მაღალი წოდების წარმომადგენელი ქალები მორთულ ქოშებს ატარებდნენ. კავკასიაში განსაკუთრებით დაღესტანში ქოში ეროვნული ფეხსაცმლის სახეა. ყუბაჩში ქოშებს მზითევში ატანდნენ პატარძალს. ქალის ქოში იკერებოდა ისევე, როგორც მამაკაცისა, მხოლოდ გამოსასვლელი მოიქარგებოდა ოქროსა და ვერცხლის ფერად-ფერადი აბრეშუმის ძაფებით. ქოში დაჭედილი იყო ნალით.
ნ. ჯ.
ქოცო - მცირე ტევადობის თიხის ქვევრი, ღვინის არყისა და ტკბილის ჩასასხმელად. ქვევრზე პატარაა და კოკაზე მოზრდილი - 20-40 ლიტრის ტევადობის. მცირე ტევადობის ქვევრთა რიცხვს მიეკუთვნება აგრეთვე „ყვიბარი“, „ლახუტი“. (დას. საქ.), „ლაგვანი“ -(სამეგრ.), შროშაში 10-12-ლიტრიანი ქოცოებიც მზადდება
მ. ზ.
ქოჭი - ხის კეხი დიდი ტვირთის (თივა, ჩალა, შეშა,) საზიდავად. ქოჭს ჩვეულებრივ ადგამდნენ ვირსა და ჯორს. „შენგან დადგმული ქოჭები უნდა ვატარო ვირულად“ (ხალხ.), ქოჭებზე ადგამდნენ კოკებს და მოჰქონდათ წყალი შორი მანძილიდან.
გ.გ.
ქოხი (ხევს.) - აქ: ლიტონი ყორით ნაშენი ცალკე მდგარი ჩალით გადახურული შენობა, სადაც ხევსური ქალები მშობიარობდნენ. ქოხში მარტო მშობიარე იყოდა მასთან მიკარება არავის შეეძლო. პურსაც შორიდან გადაუგდებდნენ და წყალსაც ზემოდან ჩაუსხამდნენ, რათა ამით ჭურჭელი არ გაუწმინდურებულიყო (იხ. სამრელო)
ე. ნ.
ქრიზოლითი - მოყვითალო მომწვანო ფერის მოელვარე მინერალი. ძველ საქართველოში „ოქროს ქვის“ სახელითაც იყო ცნობილი. გამოიყენებოდა ოქრომჭედლობაში სამკაულთა შესამკობლად.
ლიტ.: ვ. ზუხბაია, ქვის კულტურა საქართველოში, 1965.
ე. ნ.
ქრიჯა//ყოში (ხევს.) - კასრიდან ფქვილის ამოსაღები, ხელიანი ნიჩბისებური კოვზი.
ქსანი - საწონი, საწყაო. წერილობითი წყაროების მიხედვით იხმარებოდა XVII ს-დან როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ძირითადად გამოიყენებოდა სანთელ-საკმევლის, ნიგვზისა და ერბოს საწონად. საწონი ერთეული ქსანი ლიტრის 1/16-ს აღნიშნავდა. ასე განსაზღვრავდა მას სულხანსაბა ორბელიანი, გიულდენშტედტი და თეიმურაზ ბაგრატიონი. ზოგიერთი მკვლევარი (ნ. ხანიკოვი, ჟ. კარსტი, თ. ბაგრატიონი) ფიქრობს, რომ ტერმინი „ქსანი“ ქართულია და ნაწარმოებია სიტყვა ექვსისაგან. დასავლეთ საქართველოში ქსანის წონა უფრო მოზრდილი იყო და 3340 გ-ს შეადგენდა, როგორც საწყაო, ქსანი ნახევარჩარექის ნახევარს წარმოადგენდა და ერთ ჩაის ჭიქით განისაზღვრებოდა. მას ძირითადად არყით ვაჭრობის დროს იყენებდნენ. ქსანი სპილენძისაც იყო და თიხისაც, ჰქონდა ყური. სპილენძის საწყაო პირფართე იყო, თიხისა კი პირვიწრო.
ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, 1974. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ხ.
ქსელი - აქ: განსაკუთრებულად მძიმე საგნების საგანგებო საზიდი. ესაა ოთხკუთხად შეკრული ჩარჩო თუშის მსგავსად (იხ. თუში), რომელსაც მიაგორებდნენ მორების მეშვეობით.
ქსენონი - სახლი ავადმყოფთათვის. დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში გამრავლდა ქსენონები, რომელთა ფუნქციონირებას და მასში არსებულ წესრიგს მეფე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა.
ე. ნ.
ქსოვილი სახიანი - ფერადი ნართით ნაქსოვი და ნაირფრად შეღებილი ბამბის, შალის, აბრეშუმისა და სელის ფეიქრული ნაწარმი. მათ განეკუთვნება ზოლიანი (ქართლ-კახ.), ღვედიანი (ლეჩხუმი) // ფორჩხებიანი (გურია). უჯრებიანი // ჭადრაკული // კუბოკრული //ფუთური (იმერ.) //დოლაბდოლაბი (სამცხეჯავახ.) // ფოტური (გურ.)//კუპლეტებიანი (ლეჩხ.) //ნახჭიანი (რაჭ.) ქსოვილები. სახიანი ქსოვილებიდან საქართველოს მთიან ნაწილში მზადდებოდა ფარდაგ-ფიჩვი, ხალიჩა, ჯეჯიმი. ბარის ზონის რეგიონებში იქსოვებოდა ზოლიანი, უჯრებიანი-კუბოკრული დაჩითული ბამბის, აბრეშუმის, სელის სახიანი ქსოვილები. ისინი მოიხმარებოდა ლოგინის (ლეიბი, საბანი, ბალიში) გადასამოსავად, ფარდებად, არტახებისათვის, სარტყლებად, წინსაფრებად, ქალის კაბის მასალად და სხვა. სახიან ქსოვილებში სხვადასხვა ფერის ნართი - საქსელი და მისაქსელი, გარკვეულ ფერთა მონაცვლეობით იყო განლაგებული.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, საქართველოს მუზეუმის საჩითავები, 1962. მსშხი, ტ. II, ნაწ. II, 1982.
ლ.მ.
ქუა - მასის საზომი ერთეული ფეოდალურ საქართველოში. ღომის საწყავადაა დასახელებული XVI ს. ეთნოგრაფიულ ყოფაში აღარ დასტურდება.
ლიტ: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
ქუბდია-ხის სამარილე, ერთი ციდა სიამღლე აქვს, ერთ ციდაზე მეტი პირის სიმაღლე.
ქუდი - მამაკაცთა და ქალთა თავსაბურავი. საქართველოში გავრცელებული იყო სხვადასხვა სახის ქუდები, რომლებიც მზადდებოდა ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით. ქართული ქუდის ტიპური ნიმუშებია: კახური ნაბდის ქუდი, იმერული ფაფანაკი და ფარფალა ქუდი, სვანური, ხევსურული და თუშური ქუდები, მოხევური წიწაკა ქუდი და სხვა. ფართოდ გამოიყენებოდა აგრეთვე კრაველის, ყალმუხის, ბუხრის და სხვა ტიპის ქუდები.
XII ს. ბიზანტიელი სასულიერო პირი და ისტორიკოსი ევსტათი თესალონიკელი თავის ერთ-ერთ ისტორიულ შრომაში ახსენებს „იბერიულ ყაიდაზე შეკერილ კვამლისფერ ქუდს“, რომელიც დამზადებულია სახიანი ნაკეცებითა და ქობით. ქუდი ხურავს ბიზანტიელ წარჩინებულს დავით კომნენოსს. სხვათა შორის, ამ ავტორისავე ცნობით ირკვევა, რომ ქუდს სიმბოლური დანიშნულება ჰქონია. კერძოდ, ქუდის კვამლისფერობა გაიგება, როგორც კომნენოსის განზრახვა, კვამლში გაეხვია ყველა მოწინააღმდეგე, ვინც მის ძალაუფლებას არ დამორჩილებოდა. თავსაბურავის ასეთი სიმბოლური დატვირთვა საყოველთაოდ მიღებული წესი იყო როგორც ძველი აღმოსავლეთის, ისე დასავლეთ ევროპის ხალხებში. ქუდი უძველესიდან ითვლებოდა ადამიანის თანამდებობის, მდგომარეობისა და ღირსების ნიშნად.
ლიტ.: ს. ყაუხჩიშვილი, გეორგიკა, ტ. VIII, 1970.
ე. ნ.
ქუდი ბუხრისა//ბუხრის კალამი (ლეჩხ.) - ქვაში გამოთლილი ბუხრის ყელის დამამთვრებელი დეტალი, რომელიც ამაგრებს ბუხრის ყელს და იცავს ბუხარს ქარ-წვიმისგან.
ე.ნ.
ქუდი ტყავის - ქუდი ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებდა თანამდებობრივი, ქონებრივი, წოდებრივი და ეროვნულ-ეთნიკური ნიშნითაც კი. ტყავი, როგორც ნედლეული მასალა უძველესი დროიდან იყო გამოყენებული კოსტიუმის ელემენტად და ამ მხრივ, განსაკუთრებულ გაქანებას მიაღწია ტყავის ქუდების დამზადება-მოხმარებამ. ტყავის ქუდები იყო საჩეხიანი ანუ კიდეებიანი და მის გარეშე. საქუდე ტყავის მასალად იყენებდნენ ბატკნის ტყავს, რაც უფრო ახალგაზრდა იყო ბატკანი, ტყავი უფრო ხუჭუჭი და ლაზათიანი გამოდიოდა. დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო წვრილთავიანი, სწორთავიანი და გალიბანდის (ფართო თავიანი) ტიპის ქუდები. ხევში იხმარებოდა „ბოხოხი“, „საღამურა“ და „ყურიანი“ ქუდები. ჩვეულებრივ ბოხოხს საშუალო ასაკის ცხვრის ტყავისას კერავდნენ, თუმცა ბატკნის ტყავი საუკეთესოდ ითვლებოდა. ორგვარი ყოფილა ქუდის „ცა“ - ბრტყელი და კონუსისებური. ორივე სახის ქუდს ქსოვილი ჰქონდა გამოკერებული. „ცაბტყელი“ ქუდი ზაფხულში იხმარებოდა, კონუსისებური ზამთარში. მას ქალაქში „წოპწოპიანს“ და „ჩობანურს“ უწოდებდნენ. ..საღამურას“ ღამე იხურავდნენ. ტყავზე ბეწვს სანახევროდ კრეჭდნენ და მას კერვის დროს შიგნით აქცევდნენ. ქუდებისათვის საპირე ტყავი ადგილობრივ გამოჰყავდათ, ყურიანი ქუდის სასარჩულე მეში თბილისის გარდა კავკავიდანაც შემოჰქონდათ. სვანეთში ნაბდის ქუდთან ერთად ბეწვის ქუდსაც ხმარობდნენ, მას „ბობეხს“ უწოდებდნენ. ქუდი ნემსითა და ძაფით იკერებოდა. ადრე უთარგოდ, თვალზომით კერავდნენ. მოგვიანებით კი თარგი გამოიყენებოდა. ტყავს ჯერ სარჩულს დაუდებდნენ, რაზეც ძვირფას ქსოვილს ფენდნენ. მას ზომაზე გამოჭრილ მეშს
დაადებდნენ. შიგნიდან კი ქობას მიაკერებდნენ და ბოლოს ქუდს „ცას“ (ქალა) დაამაგრებდნენ. სეზონის მიხედვით ქუდი ზამთარსა და ზაფხულში სახმარი იყო. XIX ს-მდე ტყავის ქუდი მამაკაცების ჩაცმულობის ატრიბუტია. XVIIIს-ის წყაროებში იგი ქალის თავსაბურადაც გვხვდება მხოლოდ ცხენის მოგზაურობის დროს. სამზეურთან ერთად ქალს ქუდიც სჭირდებოდა. მექუდეობა ხელობის ცალკე დარგი იყო და მათ „ჭონები“ ეწოდებოდათ. XVIII საუკუნის ბოლოს თბილისელი ჭონები კავკასიის მთის ხალხებსა და ირანელ მეზობლებს სხვა ნივთებთან ერთად ქუდებსაც აწვდიდნენ. ქუთაისელი მექუდეების მიერ შეკერილ ბეწვის ქუდებს ადგილობრივ, მის ახლომახლო რაიონების სოფლებსა და ლეჩხუმში სეზონურად მოწყობილ დიდ ბაზრობებზე ყიდდნენ. ამიტომ ტყავის ქუდის წარმოება და მისი მოხმარების ტრადიციები ბოლო დრომდე შეინარჩუნა საქართველოს ყოფამ.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქხმკი, ტ. III-IV, 1968. ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ქუდურა - რაჭის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით შურდულად ნაბდის ქუდსაც გამოიყენებდნენ, რომელიც ტყავის თასმებით იყო გაწყობილი. მაგალითად, ლეგენდარულ მეშურდულეს არსენ არჩვაძეს მთაში მდებარე ადგილიდან შეუნიშნავს, რომ სოფლის განაპირას მის ხარს სხვისი ხარი ეჭიდებოდა და სჯაბნიდა. შურდულად არსენას ტყავის თასმებით გაწყობილი თავისი ნაბდის ქუდურა გამოუყენებია და ნატყორცნი ქვა ხარისათვის რქაში მოუხვედრებია და მოუტეხია, სწორი ხაზით ეს მანძილი 150 მ ყოფილა. ქვის სროლის ასეთი დიდი სიზუსტე შეიძლება მთხრობელის ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ უდავოა რომ წარსულში საკმაოდ დაოსტატებული მეშურდულე ფალავნები არსებობდნენ..
ლიტ.: ა. გიორგობიანი, სტ. „ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები“, გაზ. „რაეო“,1997.
მ.ქ.
ქულაჯა - მამაკაცის ზედა ტანსაცმელი. XIX ს-ის II ნახევარში გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და იმერეთში. თავადაზნაურები ახალუხს ზემოდან იცვამდნენ. ცხენოსნები ბრძოლის, ჯირითის ან თამაშის დროს უჩოხოდ იცვამდნენ. ქულაჯა წელში გადაჭრილი და ნაოჭასხმული იხმარებოდა. ჰქონდა სწორი, გრძელი, ზოგჯერ იდაყვებამდე დაშვებული სახელოები. კერავდნენ ძვირფასი (უმეტესად ხავერდი) და ფერადი (შინდისფერი, ლურჯი) ქსოვილისაგან. ზამთარში ეცვათ ბეწვსარჩულიანი, სხვა დროს - აბრეშუმის, სატინის სარჩულიანი და ნაპირებზე ბეწვმოვლებული. ქულაჯის შესამკობად იყენებდნენ ოქრომკედის ან სირმა-ქსოვილის ზონრებს, ფერადი აბრეშუმის თუ ტყავის ნაჭრებს, ყაითანს. იკრავდნენ გულისპირთან დაკერებული ღილ-კილოებით, აგრეთვე ყელთან ორმხრივ გამობმული, ბურთულებდაკიდებული ზონრებით. 2. კაცის თბილი ჩასაცმელი ჩოხის თარგისა, უსაქილებო, გულდახურული და მაღალსაყელოიანი. ზოგჯერ ჩოხა-ქულაჯასაც უწოდებდნენ. კერავდნენ მუქი (ყავისფერი, ლურჯი, რუხი) ქსოვილისაგან. ქულაჯის ნაპირებს ამკობდნენ შავი აბრეშუმის გრეხილით, საყელოსა და ჯიბის ნაპირებს - კრაველის ან ცხვრის ფერადი ტყავით. სარჩულად უდებდნენ თბილ ქსოვილს.
ც. ბ.
ქულუნგი - წერაქვის იდენტური ქვის დასამუშავებელი იარაღი (იხ. წერაქვი).
ქურა - 1. ლითონის სადნობი. მესპილენძეები მარტივი კონსტრუქციის ორი ტიპის ქურით სარგებლობენ: I სადნობი ქურა და II შემდუღებელი, ანუ გამოსალბობი, იგივე გამწევი ქურა. ჩვეულებრივი, ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებული ქურა მიწის ზემოთ, ბალავრის გარეშე არის აშენებული. სამ მხარეზე ფიცრებით არის შეჭედილი, მეოთხე მხარე (ზურგი) აგურით, ფილაქვით (სვანეთში) არის ამოშენული. ქურის ცენტრში მოწყობილია ე.წ. „ქურის ორმო“, იგივე სპილენძის სადნობი ბრძმედი. იგი მრგვალი, ჩაღრმავებული, გადაჭრილი ქოთნის ფორმის ცეცხლგამძლე მიწით ან ნაცრით ამოლესილი მცირე ზომის ორმოა. სვანურად „ღვიმელი“ ეწოდება. აგურის კედელში, იგივე ზურგში, გაყრილია რკინის ან თიხის მილი, ცეცხლის გასაჩაღებლად.
ოდნავ განსხვავებული კონსტრუქციისაა მეორე ტიპის ქურა, სადაც შემდუღებელ ქურაში საბერველის მილის ერთი ბოლო, სადნობი ქურისაგან განსხვავებით, მიწაშია ჩაშვებული და გამოსულია „სანახშირეში“, ჰაერმა ქვევიდან რომ დაუბეროს, მილის მეორე ბოლო კი საბერველთან არის შეერთებული. გამოსალღობ ქურას თავზე ახურავს ე.წ. „ქოლგა“, კვამლისა და ცხელი ჰაერის გასასვლელად.
2. თიხის ნაწარმის გამოსაწვავი ნაგებობა. საქართველოს კერამიკის წარმოებით ცნობილ კუთხეებში ქურა სხვადასხვა სახელწოდებით არის ცნობილი. სულხან-საბა ორბელიანი თიხის ჭურჭლის გამოსაწვავ ნაგებობას „თუნად“ და „საგზებლად“ იხსენიებს, ხოლო ცეცხლის დასანთებ ნაგებობათა ზოგად სახელად ტერმინ „სახმილს“ მიიჩნევს. დღეს „საგზებელი“ და „სახმილი“ დავიწყებულია. ქსნის ხეობაში თიხის ნაკეთობის გამოსაწვავს „თუნი“ ეწოდება, მცხეთასა და გორში - „ქურა“, კახეთში - „სააგურე“ და „თორნე“, გურიაში - „თორნე“ და „ქურა“, იმერეთში - „საწვავი“ და „ქურა-ქარხანა“, ლეჩხუმში - „თონე“, სამეგრელოში - „თონე-ქურა“, საინგილოში „თუნ.“ სხვადასხვა კერამიკული ნაწარმის გამოწვას მათ შესაფერისად მოწყობილი ქურა ემსახურება. ჭურჭლის, აგურ-კრამიტის, თორნის გამოწვა ორსართულიან ქურაში ხდება, ქვევრის გამოსაწვავი კი ერთსართულიანია. იმერეთში სამი ტიპის ქურა მოწმდება: წითელი ჭურჭლის, ჭურისა და მოჭიქული ჭურჭლის.
ქურა „გლეხურად“, კლდე-სიპი ქვისა და თიხისგან ანდა „უნდილი“ - გამოუწვავი აგურითა და ტალახით (კახეთი) შენდებოდა. იგი შემაღლებულ ადგილას, სახლიდან მოშორებით ფერდობზე იდგმება, რათა მისი სამი მხარე ქარისგან ყოფილიყო დაცული. ქვედა სართული - „ძირის ქურა“, მეორე - „მაღალ ქურად“ წოდებულ სართულთან შედარებით მცირე მოცულობისაა. პირველი სართული, რომელსაც ერთი ან ორი (ქსნის ხეობა) „სათვალე“ აქვს დატანებული, „შეშის შესართმევად“ - შესაკეთებლად არის განკუთვნილი. მეორე სართული, რომელიც პირველი სართულისგან „თაღით“, „ცით“, „ტახტითაა“ გამოყოფილი, ჭურჭლის დასაწყობადაა განკუთვნილი. ქურა, რომელიც მიწაში ღრმად ზის, „თავღია“ ქურადაა მიჩნეული. ჭურჭლის ჩალაგება-ამოწყობა ქურის თავიდან ხდება, ხოლო მიწის ზემოდან ნაგებ ქურას შეშის შესაკეთებელი „თვალის“ მოპირდაპირე მხარეს კარები უკეთდება ჭურჭლის შესაწყობად. კარები გამოწვის დროს ამოშენდება, ხოლო გამოწვის შემდეგ იხსნება. ამავე კედელში კვამლის ამოსასვლელი და დაკვირვების საწარმოებლად „დუთქაშები“ (იხ.) ანუ, სათვალეები აქვს დატანებული. ოსტატის ქურაში ჩასვლა-ამოსვლის გაადვილების მიზნით მაღალ სართულს კედელში საფეხურებიც დაჰყვება.
მოჭიქული ჭურჭლის ქურა თავშეკრულ მრგვალ ქურად ითვლება. იგი სანახევროდ მიწაშია ჩამჯდარი. ზემოაღწერილი ქურებისაგან განსხვავებით მისი თაღი „თვლებით“ არ არის დაფარული. თაღს შუა ადგილას ქვევრის პირის მსგავსი ცეცხლის ამოსასვლელი აქვს ამოჭრილი, ხოლო კედლებზე ბოლის ასასვლელი 4-5 დუთქაში უკეთდება. მაღალ ქურის კედლის მთელი ფართობი ნაჩვრეტებით, ანუ სასულეებითაა მოფენილი. თითოეულ ნაჩვრეტში ორი სოლია გაკეთებული. მოჭიქული ჭურჭლის უმეტესი ნაწილი აღნიშნულ სოლებზე ეწყობა, ხოლო დიდი ჭურჭლის მცირე ნაწილი კალოზე თავსდება.
დახელოვნებულმა ოსტატმა ჭურჭელი ისე უნდა განალაგოს ქურაში, რომ ცეცხლმა თანაბრად დაუაროს. ქურაში ჯერ დიდი ზომის ჭურჭელი იწყობა, შემდეგ წვრილ ჭურჭელს ათავსებენ. დარჩენილ სიცარიელეს დამტვრეული ჭურჭლის ნაწილებით - „ნატეხალათი“ ავსებენ, ამითვე გადაფარავენ მთელ ჭურჭელს, რათა ნიავი აიცილოს და ცეცხლსაც მეტი სიმხურვალე ჰქონდეს.
ქურა ისეთი მასალით იხურება, რომელიც იცავს მას წვიმა-თოვლისგან. ამავე დროს, ადვილი მოსახდელგადასატანი იყოს. ქურაში დაახლოებით 100-მდე ჭურჭელი იწვის - 20-მდე დიდი და დანარჩენი პატარა ზომისა.
ჭურჭლის გამოსაწვავად განკუთვნილი შეშა არც ძალიან გამხმარი უნდა იყოს და არც ნედლი. მან კარგად უნდა „იჩუვლოს“. ოსტატთა დაკვირვებით, „ყველაზე ხელსაყრელია წიფლის შეშა. მუხა მაგარია, ვერხვი კი ფიცხი“.
ჭურჭლის გამოწვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თიხის თვისებებზე. გამოწვის პირველ ეტაპს ჭურჭლის გათბობა შეადგენს, რისთვისაც 4-5 საათი ივარაუდება. ამისათვის შეშა ჯერ თუნის გარეთ სათვალეების ახლოს იწვის. ამის შემდეგ ცეცხლს აძლიერებენ, „ცეცხლმოკიდებულ“ ჭურჭელს ორი საათის განმავლობაში შავი ფერის კვამლი ასდის, თანდათან შავი ფერი დაიწმინდება ნატეხალი გაწითლდება ე.ი. ჭურჭელი გამოიწვა და შეშის მიმატება წყდება. გამომწვარი ჭურჭელი განელებამდე ქურაში რჩება. „ჭურჭელი ერთ დღეს იწვის, ერთ დღეს ცივდება და მესამე დღეს გამოლაგდება“.
1980-იანი წლებიდან კერამიკული წარმოების უმრავლეს ცენტრებში შეშით საწვავი ქურების ადგილი ელექტროქურებმა დაიკავა. ისინი კონსტრუქციულად ძველი ქურების იდენტურია. ახალი ქურის კედელზე ელექტროსპირალები შემოუყვება. ელექტროქურის ჩართვა დაბალი ტემპერატურით იწყება, ტემპერატურეს თანდათანობითი გაძლიერება, ელექტროქსელის ხუთჯერადი ჩართვით სრულდება. წვის პროცესი 7 საათი გრძელდება.
უძველესი სამეთუნეო სახელოსნო უბანი აღმოჩენილია ხოვლეს მახლობლად, რომელიც კონსტრუქციით მსგავსია ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებული ქურებისა. როგორც არქეოლოგები ფიქრობენ, ხოვლეს მოსახლეობას ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგიდან ძვ. წ. IV საუკუნემდე ემსახურებოდა მეთუნეთა ცალკე გამოყოფილი უბანი. იდენტური ქურები მიკვლეულია კახეთშიც, რომლებიც ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება, მსგავსი ქურები აღმოჩნდა თბილისში, ურბნისში, დმანისში. მსგავსი ორსართულიანი ქურები დასტურდება ძველ ჩინეთში, ბერძნულ-რომაულ სამყაროში, შუა საუკუნეების ევროპაში, ეგვიპტეში.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, 1949. რ.თოდუა, სამეთუნეო ნაგებობანი სამეგრელოში, XX ს. 1979. მ. ზანდუკელი, კერამიკული წარმოება გორში, სსმმ LXI B, 1991.
მ.ზ.
ც.კ.
ქუმელი (თუშ.) - მოხალული ქერისა და დიკას ნარევი. ამ ნაერთს ერთად ხალავდნენ საგანგებო ჭურჭელში - „წალში“, მერე დაფქვავდნენ. საჭიროების დროს ცივი წყლით მოზელდნენ და გამოცხობის გარეშეც იჭმებოდა. მარცვლეულის მოსახალ თიხისგან ნაშენ დიდ კამერებს თუშები თავად აშენებდნენ. შემოდგომით მოხალული მარცვლეული ოჯახს გაზაფხულამდე ჰყოფნიდა.
ე. ნ.
ქურთი (ხევს.) - აქ: გამომშრალი ნეხვი, წივა, რომელსაც დააკალაპოტებდნენ, მზეზე აშრობდნენ, აგებდნენ კოშკისებურად და გამოიყენებდნენ საწვავად.
ქურთუკი - მოკლე თურქული ტიპის კურტაკი.
ქურო - 1.ორივე ხელის საერთო სათბილობელი. მზადდებოდა როგორც ქსოვილისაგან, ასევე შინაური საქონლის ტყავისგან და ცხოველის ძვირფასი ბეწვისგან. მისი უცხოური სინონიმია „მუფტა“. 2. თუში ქალის ჯუბის სახელოს მართკუთხა ფორმის შალის ან მაუდის ქსოვილისაგან დამზადებული ასეთი ქუროს ზეაპირი შემკული იყო ფერადი ხაზოვანი აპლიკაციებით.
ნ. ჯ.
ქურქი - ტყავისაგან დამზადებული ზამთრის ჩასაცმელი. ამზადებდნენ ცხვრისა და თხის ტყავისაგან. კარგი ქურქის შესაკერად საჭირო იყო რვა ცხვრის ტყავი. ერთი წელისათვის, ორი ფერდებისათვის, ერთი სახელოებისათვის და ოთხი ცალი კალთებისათვის. საქართველოსა და დაღესტანში დასტურდება ვიწროსახელოებიანი გრძელი ქურქები. ხელები რომ არ ეტევა, მათი სახელოები მხოლოდ სამკაულის სახეს წარმოადგენდა.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ქუფე (მეგრ.) - იგივე სიმინდის შესანახი მოწნული ძარი.
ქუქანკი - წყალსადენებით წყლის გამომყვანი ხელოსანი შუაფეოდალური ხანის საქართველოში. იგივე წყაროთა მკაზმავნი. ქუქანკი წყლის გამოყვანის საქმისათვის საგანგებოდა განისწავლებოდა და თავისი მყარად საჭირო პროფესიის გამო გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან.
ლიტ.: ალ. ლოსაბერიძე, ძველი წყალსადენებისა და არხების ნაშთები, კრებულში: შ. რუსთაველის ეპოქის მატ. კულტურის ძეგლები, 1964.
ე. ნ.
ქუქუმო - ენდროში წითლად შეღებილი შალის ნაჭერი, რომელსაც ჯუბას შემოაკერებდნენ ბოლოში.
ე. ნ.
ქუჩაბანდი (თბ.) - ვიწრო ქუჩა, რომელზედაც აივნებია გადმოკიდებული.
![]() |
11 ღ |
▲ზევით დაბრუნება |
ღამის სამთელო (ხევს.) - შესაწირავთა ნაკრები სარიტუალო პურები. ესაა დიდი ხავიწიანი ქადა (იხ.), ცხრა პატარ-პატარა თხელი უგულო პურები და ოთხი „საკვირაო“. დიდ ქადაზე უგულო პურებს აწყობენ, ზემოდან დაადებენ თითო ხავიწიან საკვირაოს. ყველა ეს პური დაჭრელებულია საჭვრეთათი (იხ.) და გაპოხილია ერბოთი. როცა დალოცვის შემდეგ ლუდის სმა გახურდება, „ღამის სამთელოიან“ ტაბლას გადმოდგამს ხუცესი, დაილოცება, ჯვარედინად გადაუსვამს დანას და გაჭრის ოთხად, შემდეგ კი უფრო პატარ-პატარა ნაწილებად - „ნაწვრეთებად,“ დაანაწილებს და მიართმევს ყველას.
ლიტ: ალ. ოჩიაური, ხალხურ დღეობათა კალენდარი, 1988.
ე. ნ.
ღანწვიში (სვ.) - მარტივი სახვნელი იარაღი. შედგებოდა: მხრის („ლაციუ“), ქუსლის („ბერ“), ერქვანის („ქვაჯ“), და სახნისისაგან („მუკრა“). მხარი წარმოადგენდა მოხრილ ხის ძელს, რომელიც ერთი თავით ჩადგმული იყო ქუსლში. მხრის დასამზადებლად ძირითადად იყენებდნენ რცხილას, მუხას, იფანს, მაჟალოს, იშვიათად ფიჭვს. სახვნელის ქუსლი წიფლის ან იფნისაგან მზადდებოდა. იგი სოლისებური ფორმისა იყო და წვერზე წამოცმული ჰქონდა რკინის სახნისი. ერქვანი დაახლოებით 60 სმ სიმაღლის ჯოხი იყო, რომელიც ერთი თავით ქუსლში იყო ჩადგმული. ერქვანის საშუალებით ხვნის პროცესში მხვნელი (მოღანწუიში) მართავდა სახვნელს. რკინის სახნისი ფოლადით იყო წვერდაპირული. ქვემო სვანეთში, სადაც შედარებით რბილი ნიადაგი იყო, ზოგჯერ, როცა რკინის სახნისი არ გააჩნდათ, უიმისოდაც უხმარიათ სახვნელი. ხშირი ყოფილა სახნისის დანიშნულებით რქის გამოყენება. სვანურ სახვნელში უღელი ხარი იბმებოდა და საჭირო იყო ორი კაცი (მოღანწუიში და ხარისმძღოლი).
სვანური სახვნელით მუშაობა ისევე წარიმართებოდა, როგორც საქართველოს მთის დანარჩენ რაიონებში. ქუსლს ოდნევ გვერდზე დახრილს და ბოლოაწეულად იყენებდნენ. მუშაობას ფერდობებში დაბლიდან მაღლა გარდიგარდმო სვლით წარმართავდნენ. ასეთ მდგომარეობაში მდგარი სახვნელი მიწას ანგრევდა, ფრთაზე აიცურებდა ანგრეული მიწის ბელტებს და ოდნავ გვერდზედაც აბრუნებდა. სახვნელი იარაღით მუშაობის დროს ცნობილი იყო შრომის ორგანიზაციის ორი მარტივი ფორმა: „ლიმარჯვე“ და „ლიმებალი“. ლიმარჯვე გულისხმობდა ხარებითა და მუშახელით თანაბარ მონაწილეობას. იარაღით თანაბარი მონაწილეობა არ იყო აუცილებელი. ხვნა-დღეების განაწილება არ იყო რეგლამენტირებული. მას განსაზღვრავდა არა შრომით გაერთიანებაში მონაწილეობა ინვენტარითა და მუშახელით, არამედ ის, თუ ვის რამდენი ჰქონდა მოსახნავი. შრომის ორგანიზაციის მეორე ფორმა „ლიმებალი“ წარმოადგენდა ეკვივალენტურ ურთიერთდახმარებას. შრომის ორგანიზაციის ეს ფორმა იგივეა, რაც ხევსურეთსა და თუშეთში ცნობილი „მანდავი“. ეს ფორმა ძირითადად ქვემო სვანეთში იყო გავრცელებული. რამდენიმე მეურნე თავისი ხარ-სახვნელით შეიყრებოდა და ერთმანეთთან მუშაობდა დღეების თანატოლ ოდენობას.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობა სვანეთში, კრ. სვანეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1970.
თ. გ.
ღართი - შალის ქსოვილი, მოქსოვილი გაზაფხულის მატყლით. სამეგრელოში ღართს უწოდებდნენ ქსოვილსაც და მისგან შეკერილ ჩოხასაც. რაჭაში ღართი საწვიმარ ნაბადს აღნიშნავდა. ასევე აქვს განმარტებული იგი სულხან-საბა ორბელიანს.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, ქართველი გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX საუკუნისა, სსმმ, ტ XIX ს 1957.
ლ. მ.
ღარი - 1. წისქვილის ღარი, რომელშიც წყალი გადაედინება სათავედან, მძლავრად ეცემა წისქვილის ბორბალს და აბრუნებს მას. ღარის თავი განიერია, წვერი ვიწრო და შედგება სამი გრძელი კარგად გათლილი ფიცრისგან. 2. ხის გრძელი ნახევრადღია ღარები, რომლებიც გამოიყენებოდა მარნებში საწნახელიდან გადმოსული ღვინის პირდაპირ ქვევრში გადადინებისთვის. საუკეთესოა ცაცხვის ხის ღარი, რადგან ცაცხვი სუფთა ხეა და ღვინოს არ დაამიზეზებს. თუ ჭური საწნახელიდან მოშორებულია, ღარებს ერთმანეთს გადააბამდნენ. ამით იყო გამოწვეული, რომ ღარის თავი ბოლოსთან შედარებით უფრო განიერი იყო, რათა ერთმანეთში კარგად ჩამჯდარიყო.
ე. ნ.
ღაჯია - საცერულის სახეობა (იხ. საცეული). გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, უკანასკნელ დრომდე შემოინახა ხევსურეთმა. შედგება სამმაგად ერთიმეორეზე დაკავშირებული თითბრის რგოლებისაგან, თითოეული რგოლი ცალკეა ჩამოსხმული, რგოლის ქვემო ნაწილში აქვს აშია, ხოლო ზემოთ წაწვერილი კბილები (5-დან 10მ-მდე). რგოლების კბილები უსწორმასწოროდ არიან განლაგებულნი, რათა მოწინააღმდეგეს დარტყმისას მეტი ზიანი მიაყენოს. რგოლებს კბილებთან აქვს მხრები, აშიის ზედაპირს ხშირად ამკობენ ორნამენტებით.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრომები ტ. II, 2000.
მ. ქ.
ღერძკალა - ბარული საზიდი ტრანსპორტის სახეობა, რომელიც ძირითადად აღმ. საქართველოში კერძოდ, მტკვრის შუა წელზე იყო გავრცელებული. ღერძკალა ხის მორების საზიდია. გააჩნია უბე, სამკუთხად შეკრული ხელნები, ღერძ-ბორბლები და უღელი, რადგანაც ამ ტრანსპორტის დანიშნულება მძიმე ხეების ზიდვაა, ამიტომ მისი ბორბლები ჩვეულებრივ ურემთან შედარებით დაბალია, ხოლო ღერძი მოკლეა.
ლიტ.: მ. გეგეშიძე, ქართული ხალხური ტრანსპორტი, 1956.
ე.ნ.
ღვარეული - მოთიბული ბალახის ზოლი.
ღვედი - დიდი გუთნის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი. წარმოადგენს ხარის ან კამეჩის ტყავის თასმებისაგან დაწნულ გრძელ საბელს. ღვედზე ასხმულია ე.წ. „საქლეშები“ და „ასაკრავები“, რომლითაც გამწევი ძალის უღლები იყო ჩაბმული გუთანთან დასაკავშირებლად. ღვედის ძველი სახელწოდება „ევანი“ დაბადების ქართულ თარგმანში დასტურდება. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ევანი იგივე ერქვანთ ღვედია“, რომელსაც მეორე სახელი „იმანტაც“ ჰქვია: ამ სამი სახელიდან ამჟამად მხოლოდ სახელი „ღვედი“ შემორჩა. ერთი ღვედის (ოთხი უღლის სამყოფი) დაწვნას სამი ხარის ან ორი კამეჩის ტყავი სჭირდებოდა. ღვედის დამწვნელ ოსტატებად ძველთაგან ხევსურები პირველობდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ მის გარეთაც, (იხ. ჯამბარა). ღვედის დაწვნა ჩვეულებრივ ზამთარში შესასრულებელი საქმე იყო, ამიტომ, ამ დროს, ხევსურები ბარის სოფლებში ჩამოდიოდნენ და გაზაფხულის დადგომამდე რჩებოდნენ. საფასურს ნატურით იღებდნენ. ერთი ღვედის დაწვნაში, უმთავრესად, ერთ კოდ პურს (4 ფუთი - ქართლი) და „ანაგულს“ (ტყავისაგან დარჩენილი ნაწილი, რომლიდანაც 1 წყვილი ქალამანი გამოდიდოა) ან ფულს 10-15 მან. იღებდნენ. ტყავი, ჩვეულებრივფ, შემკვეთისა იყო. გამზადებული ღვედები 25-30 მან. ღირდა. ღვედის მფლობელი შეძლებულ გლეხად ითვლებოდა.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
თ. გ.,
ა. გ.
ღვედიში (მეგრ.)// ყუთუღი - ტყავის დასარბილებელი ხელსაწყო.
ღვლეჭი - დაგრეხილი წნელ-ბაწარი. გასაყიდად გამოტანილ ჭურებს გადააკრავენ ხოლმე ურემზე ღვლეჭებით, რათა რყევისგან ყოფილიყო დაცული.
ღილი - ტანსაცმლის შესაკრავი. ფორმით მრგვალი, ოვალური, ოთხკუთხედი და სხვა. მზადდებოდა მეტალისა (ოქრო, ვერცხლი, თითბერი, სპილენძი) და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან: სადაფი, რქა, სპილოს ძვალი და სხვა. ქართველ ოქრომჭედლებს ის სამკაულად გადაუქცევიათ. ოქრო-ვერცხლის ღილების დამზადებისას იყენებდნენ თითქმის ყველა საოქრომჭედლო ხერხს: ჩამოსხმა, ჭედვა, რჩილვა და ა.შ.
ღილებს ამკობდნენ ცვარათი, გრეხილით, ფერადი თვლებით. ამზადებდნენ ჭვირულ ღილებსაც.
ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
მ. ბ.
ღირღიტა - დიდი გუთნის ნაწილი, რვილას თავის დასადები, ფამფალაკის გოგორა. არის ველის ღირღიტა, რომელიც ჩვეულებრივზე პატარაა და ველის მხარეს მიჰყვება გუთანს. ღირღიტას მხარეს დგას მეხრე, რომელმაც გუთანი სწორად უნდა წაიყვანოს (იხ. დიდი გუთანი).
ლიტ.: ქელ. 2009
ღომი - 1. დას. საქართველოში გავრცელებული სამეურნეო კულტურის სახეობა. სიმინდის შემოსვლამდე და შემდეგაც, მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი საკვები მარცვლეული. ღომს თესავდნენ გვიან გაზაფხულზე. ოგაფათი (იხ.) მოხნულ მიწაში და თოხით სამ-ოთხჯერ მარგლავდნენ. ღომი სამეგრელოში იზრდება მაღალი და ოქტომბერში ნამგლით მომკიდნენ. მომკილი ღომის თავთავებს გამოსაშრობად ჩაყრიდნენ მოწნულ ძარში, რომელიც მაღალ ბოძებზე იყო შემდგარი და ქვეშ შეუნთებდნენ ნელ ცეცხლს, ნებისად რომ გამომშრალიყო, ამის შემდეგ ღომის თავთავებს ფეხით სრესდნენ („ჩაჩუა“) და აცილებდნენ ბზესა და ღეროებს („გვადუა“) გარჩეული ღომის თავთავებს საცეხველში („ჩამური“) ჩაყრიდნენ, რომელიც მთლიანი ხისაგან იყო გამოთლილი და მოკაუჭებული ხის საცეხველით („კაკუტი“) ცეხვავდნენ. ღომის ცეხვას („ჩხვარუა“) ძირითადად აწარმოებდა სამი ადამიანი, რომლებიც მორიგეობით ურტყამდნენ კაკუტებს ჩამურში ჩაყრილ ღომს. დაცეხვილ ღომს ჩამურიდან ამოიღებდნენ და გაანიავებდნენ („მოხინწუა“ ან „ხიორუა“) ხოლო ბრელოიან ნარჩენს („ნოყური“) ქათმებს გადაუყრიდნენ. ღომის გამცეხვავნი ძირითადად ქალები იყვნენ. ღომისაგან შემდეგ იხარშებოდა ერთგვარი ფაფა. ღომის ნამგლით მომკას „გიმუა“ ეწოდებოდა და რადგანაც ეს პროცესი ოქტომბერში სრულდებოდა ამ თვეს მეგრულად „გიმათუთა“ დაერქვა.
2. ღომისგან ან სიმინდის ფქვილისგან მოხარშული ფაფა. განსაკუთრებით მიღებული იყო სამეგრელოში. სიმინდის კულტურის ფართოდ გავრცელებამდე ჩვეულებრივ მზადდებოდა ღომის ღომი. სიმინდის დამკვიდრების შემდეგ ღომმა როგორც შედარებით დაბალკალორიულმა და ძნელად მოსაყვანმა კულტურამ თანდათანობით დაუთმო ასპარეზი სიმინდს. სიმინდის ღომს აკეთებენ ღერღილისგან და წმინდა ფქვილისგანაც. ღერღილს მსხვილი საცრით ქატოს მოაცილებენ, წამოადუღებენ და შესქელებას რომ დაიწყებს, მასში ფქვილს ამოუკიდებენ, თან განუწყვეტლივ ზელენ ხის ჩოგნით. ღომი კარგია გამხმარ ყველთან, შაშხთან, ლობიოსთან, საცივთან. მეგრული ოჯახი დღეში ორჯერ მაინც მოხარშავდა ღომს. ჩვეულებრივი ოჯახისთვის ღომი წარმოადგენდა ძირითად საჭმელს. ჭამის დროს ჩოგნით ამოღებული ღომი, თეფშის გარეშე, პირდაპირ ტაბლაზე დაედებოდა სუფრის წევრს. დასავლეთ საქართველოს მცხოვრებთათვის ღომი დღესაც ითვლება კვების რაციონის სასურველ საკვებად.
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2007.
ე. ნ.
ღორეჩო - პირმოხრილი სატეხი იარაღი, ხის ამოსაჭრელი, რომელსაც აქვს მაღალი ტანი და მოხრილი პირი. მისი ნაირსახეობაა „ხელეჩო“ და „ფეხეჩო“.
ღორურემა - საძნე ურემი, წინა ნაწილი მიწაზე აქვს დადებული. ასეთი ურემი თავქვე არ დაქანდება.
ღუზა რკინის - ნავთა და ხომალდთა წყალზე გასაჩერებელი, რომელიც ჯაჭვით გამოდის გემის კიჩოდან და იძირება ფსკერზე.
ღუზა ქვის - ნავის გასაჩერებელი უძველესი საშუალება. სოფ. ანაკლიაში ნაპოვნია ქვის მოზრდილი ღუზა, რომელიც ანალოგიურია ქუთაისის მუზეუმში დაცული მსხლის ფორმის უძველესი ქვის ღუზისა. ამგვარი ღუზების არსებობა დადასტურებულია ნიჩბიან ხომალდებზე ძვ. წ. VI საუკუნეში. ფაზისის აღწერისას არიანე მოიხსენიებს აქაურ ქვის ღუზას, რომელიც მისთვის უჩვენებიათ, როგორც ერთი საინტერესო ნივთი და საბუთი კოლხური ნაოსნობის დამადასტურებლად.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
ე.ნ.
ღუი - სამეურნეო სათავსი, რომლის საუკეთესო ნიმუშები დადასტურებულია თრიალეთში. ღუი წარმოადგენს მიწაში ქვევრისებურად ჩაჭრილ ორმოს, რომლის კედლები კირსილის ხსნარითა და ქვის კედლებითაა ამოშენებულ-ამოლესილი. მისი ყელი ამოცილებულია მიწას და გამოყვანილია ერთი ან ოთხნაწილიანი ქვით, რომელიც შეადგენს მის თავს. ღუის ეფარებოდა დიდი ქვის სახურავი, რომელიც კარგად იყო მოტკეპნილი მიწით და შიგ წყალი არ ჩადიოდა. ასეთი ტიპის სამეურნეო სათავსი თრიალეთში ერთ მოსახლეს 3-4 მაინც გააჩნდა და მასში ძირითადად ინახავდნენ მარცვლეულს, ეს გარემოება აშკარად მაჩვენებელია იმისა, რომ გარკვეულ პერიოდში, თრიალეთის მოსახლეობას კარგი სამეურნეო ორგანიზაცია ჰქონდა და მოსავალს უხვად იწევდა. ერთი ღუი დაახლოებით 200-300 ფუთ მარცვლეულს იტევდა.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, სამეურნეო ნაგებობა ღუი სამხრეთ საქართველოში, სსმ, მოამბე, XVIII B, 1954.
ე.ნ.
ღულაბა - შვინდის ჯოხი, რომლითაც ტყავს ლესავენ.
ღუმელი - აქ: პურის გამოსაცხობი, აგურის ერთკამერიანი ნაგებობა, ქვემოდან ახურებდნენ ცეცხლით.
ღურუკო(რაჭ.)//სამწყერე - მწყერის დასაჭერი მახე. შედგება ხის ჯოხისა და თვალისგან. თვალი წარმოადგენს ერთგვარ სასხლეტ მარყუჟს, რომელიც დაგრეხილია 2-3 წვერი ცხენის ძუისგან და მიმაგრებულია ღურუკოს წვერს. მეორე ბოლო მომარყუჟებულია. საღურუკოე ხე უნდა იყოს ცერის სიმსხო და ძალზე სწორი, დაახლოებით 3 მეტრის სიგრძის, იმისათვის, რომ ასეთი ჯოხი კარგად გაიმართოს, მას ჩამოჰკიდებენ რაიმეზე და ბოლოზე შეაბამენ ქვას, 2 კვირა მაინც ასე ტოვებენ, რომ შეხმეს და კარგად გასწორდეს. შემდეგ მკვიდრად მიაბამენ ცხენის ძუისგან დაწნულ მარყუჟს. სანადიროდ გასული მონადირე შეამჩნევს რა განაბულ მწყერს, მიუახლოვდება, მაღლა ქუდის ასროლით ან რაიმე ხერხით მწყერის ყურადღებას გაფანტავს და მოხერხებულად გადააცვამს თავზე მარყუჟს.
ე. ნ.
![]() |
12 ყ |
▲ზევით დაბრუნება |
ყაბალახი - მამაკაცის თავსაბურავის სახეობა, მასალად გამოიყენებოდა ძირითადად შინნაქსოვი შალი, თივთიკი, შალ-აბრეშუმი//დარაია, იშვიათად მაუდი. ქართულ ყოფაში ყაბალახი ბაშლაყის//ბაშლუღის სახელითაც იწოდება. აღნიშნულ ტერმინთაგან ბაშლუღი თურქული სიტყვაა, სადაც „ბაშ“ თავს ნიშნავს, „ლუღი“ ფორმანტია დანიშნულების სახელთა მაწარმოებელი. ყაბალახის სინონიმური ფორმაა „ჩაბალახი“ ნიკორწმინდის XIს. სიგელის მიხედვით საომარი დანიშნულების თავსაბურავია. ამ დანიშნულებითაა მოხსენიებული არაერთ ისტორიულ წყაროში (ჟამთააღმწერელი, ჯუანშერი და სხვ.) სულხან-საბა ორბელიანი ჩაბალახს საომარ დანიშნულებასთან ერთად მის სხვა ფუნქციასაც აღნიშნავს - „გინა წვიმაში ჩამოსაცმელი“. ყაბალახის თარგი ერთგვაროვანია. ყაბალახი იხმარებოდა როგორც დამოუკიდებელი, ისე დამატებით თავსაბურავი. ამ მიზნით მას ბოხოხის ან განიბალდური ქუდის ზევიდან იხურავდნენ. მოხვევის წესებიც სხვადასხვანაირი იყო: მეგრული, გურული, ჩოხური და სხვ. ყაბალახებს ამკობდნენ ყაითნის ზონრებით, ჩაფარიშით, ოქრომკედისა და სირმის ქარგულობით, რომელიც უფრო ხშირად მცენარეული ორნამენტის მოტივითაა წარმოდგენილი. ამას ემატება თავსაბურავის წვერზე გამობმული აბრეშუმის ძაფით, სირმით ან ოქრომკედით ნაკეთები ფოჩი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დამოწმებულია ქალის ყაბალახიც.
ქალის
ყაბალახი
ლიტ.: ნ. გურგენიძე, თურქული ენობრივი ელემენტების შესახებ აჭარულ და გურულ დიალექტებში, „მაცნე“ 4, 1969
ლ.მ.
ყაბაჩა// ყაბარჩა - (სპ. თურქ.) სპარსულად მოკლე კაბას ნიშნავს. ასეთი ტიპის სამოსი ძალზე გავრცელებული იყო ფეოდალური ხანის საქართველოში. რუსთაველის მიხედვით ყაბაჩა ყოფილა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის საცმელი: მაგ., ფატმანმა ავთანდილს უძღვნა „მრავალი კაბა, ყაბაჩა.., ტურფა პერანგი, წიდნები“ და მეორე: ზღუათა მეფემ ქორწილში ნესტან-დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული „თვალითა, იაგუნდითა წითლითა, ბადახშითა და ლალითა“. „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ყაბაჩა დახასიათებულია როგორც ფერადი ქსოვილისაგან შეკერილი სახელოიანი სამოსი, რომელსაც საყელოზე მოვლებული ჰქონია ძვირფას ბეწვიანი ტყავი.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1962.
ე. ნ.
ყაბახი - სამიზნედ დადგმული ლითონის თასი. ადგილი, მოედანი, სადაც იმართება შეჯიბრი შუბის სროლაში. ყაბახის შეჯიბრებისას ლითონის თასი დგას მაღალ, გადაჭრილ ბოძზე. შუბით შეიარაღებული მხედარი გამოაჯირითებს ცხენს და თასს შესტყორცნის შუბს, თუ შუბი მიზანს მოხვდება, თასი გადმომგდებლის საკუთრება ხდება.
ე. ნ.
ყავადანი - გვიანფეოდალური ხანის წერილობითი წყაროების მიხედვით „კავის“, ანუ ყავის დაფქვის და მოხმარების კულტურა ძირითადად დადასტურებულია საქართველოს ქალაქებში. ყავადანი როგორც ყავის მოსახარში ჭურჭელი ეთნოგრაფიულ ყოფაში გვხვდება როგორც ევროპიდან შემოტანილი, ასევე ადგილობრივ ხელოსნებთან დამზადებული.
ყავარი - ხისგან დამზადებული („გამოხდილი“) ფიცრები, სახლის ან რაიმე ნაგებობის დასახურავი. საყავრედ საუკეთესოა ნაძვი. მშრალ ხეს დამორავდნენ, გაჭრიდნენ ოთხად, ნაოთხალს კიდევ 4-ად გაჭრიდნენ და მიიღებდნენ „ბელეშს“. ბელეშს ფეხზე დააყენებდნენ, ნაჯახით გაუკეთებდნენ პირს, სადაც ჩადებდნენ საყავრე დანას, დაარტყამდნენ ხვედას, თან დანას დააწვებიან, მიყოლებენ ხელს და აყრიან ფურცელს. ყავრის სიგრძე 1.5 არშინია, სიგანე ერთი ციდა, სისქე - ნეკა თითი. ერთი ყავარს „ფთა“ ერქვა. ასი ფთა ყავარი ერთი კონაა.
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუსავების ხალხური წესები, 1962.
ყავარჯენი - ერთგვარი ტიპის ინსიგნია - წარჩინებულობის, ძალაუფლების მანიშნებელი. პიროვნების თანამდებობის ემბლემა. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში ყავარჯენი ასეთი სახით დადასტურებულია ხევსურეთსა და სვანეთში. ხევსურეთში ყავარჯენი წარმოადგენდა თავხევისბერის ძალაუფლების გამომხატველს. ამ ინსიგნიით დროშასთან ერთად იგი მიუძღოდა მეომრებს სალაშქროდ და მისვე თანხლებით ატარებდა სარიტუალო დღესასწაულს. სვანეთში აღმოჩენილი ყავარჯნები მიჩნეულია ერისთავთა ხელისუფლების ემბლემად. იგი გამოხატავდა მახვშის ძალაუფლების სიმბოლოსაც. ყავარჯენი წარმოადგენს საეკლესიო ხელისუფალის უფლებრივი მდგომარეობის გამომახატველსაც.
ე. ნ.
ყაზაზი - აბრეშუმის ხელოსან-ფეიქარი, ძაფის დამამზადებელი. ის იყო ოსტატი და ამავე დროს მაღაზია-დუქანიც ჰქონდა. მის საქმიანობაში შედიოდა ძაფის ამოხვევა, გრეხა, ძახვა. დამატებით ეწეოდა სხვდასხვა საგნების („ჩაფარიში“, „ყაითანი“, „ჩახსაკრავი“, „ბაფთა“, „ბუზმენტ“) დამზადებას. ყაზაზებივე ამზადებდნენ ტყავის ან მაგარი ქაღალდის ფირფიტებსაც - ჩაფრებს - ჩახსაკრავების ქსოვისათვის. „აბრეშუმის ხელობის“ მცოდნე ყაზაზთა შორის გამოიყოფოდა ე.წ. „სრული ხელობის“, ანუ ოქრომკედის ხელობის მცოდნე ოსტატები. ოქრომკედი მზადდებოდა ვერცხლის, სპილენძის ან თითბრის ანათალისაგან ოქროს ვარაყში გატარებით. ოქრომკედი ორი სახისაა: აბრეშუმისა და ბამბის. ძაფის ამოხვევა ხდებოდა სპეციალურ დაზგებზე - „ვილა ლარებზე.“ ჩარხებზე დაგრეხილი და შულოებზე ამოხვეული ძაფის სოდიან წყალში გამოხარშვას რეცხვა და ღებვა მოჰყვებოდა. შულოებად ამოხვეული ან მუყაოზე დახვეული ძაფი იყიდებოდა ყაზაზისავე მაღაზიაში. ყაზაზთა ამქარში გაერთიანებულები იყვნენ აბრეშუმისა და „სრული ხელოსნობის“- ოქრომკედის ხელობის მცოდნენი.
ლიტ. ნ.აბესაძე, ხელოსნური წარმოება და ხელოსანთა ყოფა საქართველოს ქალაქებში, 1986
ლ. მ.
ე. ნ.
ყაითანი - ფერადი ძაფისაგან დაწნული ბრტყელი ზონარი, რომელიც გაკერილებში ედებოდა ტანსაცმელს. იყენებდნენ კაბების ბოლოებისა და გულისპირების მოსავლებად.
ყაისნაღი - საქსოვი ჩხირი, თავკაუჭიანი. ყაისნაღს აკეთებდნენ ძირითადად ლითონისაგან, მოწმდება ხის ყაისნაყებიც. გამოიყენება ბამბის, აბრეშუმის, მატყლის ძაფის საქსოვად. ყაისნაღით ქსოვენ ქსოვილზე მოსაყოლებელ არშიებს, ქუდებს, კედლის მოსართავებს (აჭარ.), სხვადასხვა ნივთების დასადებ ქსოვილებს, აგრეთვე ტახტისა და ლოგინის გადასაფარებლებს.
გ.კ.
ყაიში (დას.საქ.) - ტყავის ქამარი, სარტყელი, ღვედი, აგრეთვე დანის პირის ასალესი.
ყალამი - 1. ქვაზე ჩუქურთმის ამოსაყვანი რკინის ხისტარიანი იარაღი, განკუთვნილია ნატიფი სამუშაოს შესასრულებლად, ამიტომაცაა გაიგივებული მხატვრის ყალამთან, აქვს ოდნავ ოვალური პირი, არსებობს ყალმების ნაირსახეობი. შესაფერისი ტიპის ყალამი გამოიყენებოდა ოქრომჭედლობაშიც, რომელიც წარმოადგენს ხისტარიან ფოლადის წვერწამახულ იარაღს და მისი მეშვეობით ვერცხლის ნაკეთობაზე ამოკაწვრის წესით ამოჰყავდათ სხვადასხვა სახეები. 2. ფუნჯი, მხატვრის სახატავი ხელსაწყო.
ე. ნ.
ყალამქარი (თბ.) - ლამაზი უზორებით დაჩითული აბრეშუმი, საბნის პირებისათვის ხმარობენ.
ყალიონი - თამბაქოს მოსაწევი. საქართველოში ძირითადად გვხვდება ორი სახის ყალიონი: გრძელიდა მოკლე. ორივე ტიპის ყალიონს აქვს ტარი და ჯამი თამბაქოს ჩასატენად. ისინი ერთმანათს შიგნით დატანებული ნახვრეტით უერთდებიან. არსებობს ორიგინალური სახის ყალიონიც, რომელსაც ერთ ტარზე ორი ჯამი აქვს დამაგრებული. ყალიონი ფართოდ გავრცელებული ნივთი იყო, უმთავრესად ჭარმაგი მამაკაცების წრეში. ყალიონი შეიძლება იყოს ხის, კერამიკის და ლითონის- ზარნიშითა და სევადით
შემკული.
ე. ნ.
ყამა - ხანჯლის ტიპის ცივი იარაღი. საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა აჭარული ყამა, რომელიც „ბაბასყამას“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ბაბასყამას პირი ფოლადისაგან მზადდებოდა, ცალლესული, ღარიანი. ზომებით მრავალნაირია. ტარი ძირითადად მზადდებოდა რქის, ძვლისა და ხისგანაც. ბაბასყამას ზოგიერთი ნიმუშის ტარის ფორმაზე შეიმჩნევა თურქული იატაგანის (იხ.) გავლენა, რომელიც ორკაპა ფორმით ბოლოვდება. ორკაპთან ვხვდებით ნეკის სათითურს, რომელიც ქარქაშიდან ყამის სწრაფ ამოღებას ემსახურება. ქარქაშები დამზადებულია ხისაგან, რომელზეც ძირითადად შავი ტყავია გადაკრული. ყამის ქარქაშებისთვის დამახასიათებელია ოთხხუთ მწკრივად შემოვლებული სხვადასხვა ფერის (მწვანე, ყავისფერი და სხვ.) ტყავის სალტეები, რომელიც ფრაგმენტულად ჩაწნულია ქარქაშის ტყავში. აჭარულ ბაბასყამას თანამედროვე ქართველი ოსტატები ახლაც ამზადებენ.
მ.ქ.
ყამირი - ერთგვარი ტიპის სამუხლე, ოთხი ღილით იკვრება. თუ სამუხლეს ცხვარში წასვლისას იცვამდნენ, „ყამირს“ ქორწილსა და დღესასწაულებზე. ნეფეს ყამირი ქორწილის ღამეს უნდა შემოერტყა მუხლზე და სამი დღის შემდეგ მოეხსნა (ნოჯა, დუშეთის რ-ნი).
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ყამჩა - ნიკაპთან რამდენიმე წყება მარგალიტის ფარღული, კავებქვეშ ამოდებული და თხემზე ლეჩაქქვეშ შეკრული.
ყანაოზი - აბრეშუმის ფარჩა, თივთისაგან განსხვავებით ჯერ დაართავდნენ და შემდეგ ათეთრებდნენ. ხასიათდება ფერადოვნებით.
ლ.მ.
ყანწი - ღვინის (აგრეთვე არყის) რქის სასმისი. სულხან-საბას განმარტებით დიდ ყანწს „ქარახსას“ უწოდებენ. საქართველოში ყანწებს ძირითადად ჯიხვის, ხარის, ძროხის, კამეჩის, გარეული თხისა და ნიამორის რქისაგან ამზადებდნენ. ყანწები განიყოფება ორ სახეობად: „ჯიხვებად“, ანუ ღვინის სასმისებად და არყის სასმისებად, ანუ პატარა ყანწებად. დამუშავების მხრივ ყანწები შეიძლება კიდევ ორ ჯგუფად დაიყოს ხელოსნური ყანწები და არახელოსნური. არახელოსნური ყანწები მოკლებულია იმ ხელოსნურ ტექნოლოგიებს, რომელსაც ესა თუ ის რქის ხელოსანი ფლობდა საკუთრად. ასეთ უბრალო ყანწებს ყველა გლეხის ოჯახში ადვილად აკეთებდნენ. ყანწის კეთების საწყის სტადიაზე ჯერ რქას გამოხარშავდნენ. რქა იხარშებოდა გულითაც და უგულოდაც. უკეთესი იყო უგულოდ რქის გამოხარშვა. მოხარშულ რქას თბილ-თბილს გათლიდნენ დანით, შემდეგ ჭოპოსანში გამოიყვანდნენ, გაქლიბავდნენ და შუშით გაფხეკდნენ. გაფხეკილ ყანწს ნახშირიანი ტილოთი კარგად გაწმენდდნენ. შემდეგ ხდებოდა სასმისის დაფერვა. გაქონილ ნაბდის ნაჭერს რქას წაუსვამდნენ, რის შემდეგაც ყანწი პრიალებდა და სასურველ ფერს იღებდა.
ზედა ნაწილის დამუშავების შემდეგ იწყებოდა გულის გასუფთავება და ამოხვეწა. ამისათვის ყანწში ჩაასხამდნენ ადუღებულ წყალს და ხვეწით ამოასუფთავებდნენ. გულის ამოღების შემდეგ ყანწს გამდნარ სანთელს გამოავლებდნენ. ასე კეთდებოდა უბრალო ყანწები. მდიდრული ყანწი ოქრო-ვერცხლით იჭედებოდა როგორც სევადით, ასევე ზარნიშის ტექნოლოგიით, ზოგჯერ ყელსა და წვერში ვერცხლისავე ძეწკვით გადააბამდნენ. აღსანიშნავია, რომ საქონლის რქებისგან დამზადებული ყანწები სხვადასხვა ზომისა იყო. არყის სასმისად პატარა ზომის ყანწებს აღმ. საქართველოს მთიანეთში იყენებდნენ. არყის ყანწებიც ორნაირია: ხელოსნური და უბრალო. ძირითადად მზადდებოდა ხარის, ცხვრის, თხის ან შველის რქებისაგან. ხევსურეთში ყანწს ხატსაც სწირავდნენ. ასეთ ყანწს „სალოცავს“ უწოდებდნენ. მათ საგანგებოდ რთავდნენ ღილ-მძივებით, ვერცხლის ძეწკვებითა და მონეტებით, წვერი ხშირ შემთხვევაში გველის ან ფრინველის თავის გამოსახულებით იყო დამშვენებული. მთაში არყის ყანწი მიცვალებულისთვის განკუთვნილ სასმისსაც წარმოადგენდა. გარდაცვლილის შესანდობარს პირველად ამ სასმისით სვამდნენ.
ყანწები ძირითადად ქორწილებსა და ნათლობა-დღესასწაულებზე გამოიყენებოდა. პირდაპირი დანიშნულების გარდა, „ჯიხვები“ სასტუმრო ოთახებისა და დარბაზების შესამკობად იხმარებოდა. ზოგიერთ ოჯახში დღესაც ინახება უზარმაზარი რქებით შემკული ჯიხვის თავი. ეს რქები, ამავე დროს, სასმისებსაც ე.წ. „ქარახსებს“ წარმოადგენს. საქართველოში ყანწის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოკვეთა ღვინის კულტმა და ეს აშკარადაა დადასტურებული არქეოლოგიურ მასალებში. ეთნოგრაფიულ ყოფაში რქის დამუშავების კულტურაში ყანწს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა და თითქმის ყველა ოჯახს გააჩნდა ამ ტიპის გამორჩეული სასმელი, რომელიც ყველა ნადიმისათვის განუყრელ საგანს წარმოადგენდა. მოსახლეობაში მასიურად იყო გავრცელებული სხვადასხვა ზომის რქის შეუმკობელი ყანწები, მაგრამ შეძლებული ოჯახები არჩევდნენ ვერცხლით შეჭედილ ყანწებს. არცთუ იშვიათად სათანადო წარწერებით ყანწი წარმოადგენდა ძალზე მიღებულ სასაჩუქრო - მემორიალურ ნივთს. ქართული ლხინისათვის ყანწი განუყრელ სასმისად ჩამოყალიბდა. დროთა განმავლობაში იგი გადაიქცა მოქეიფე მსმელთათვის ღვინის სმაში ერთგვარი შეჯიბრის საგნად და მისი უტილიტარული დანიშნულება ზედმეტად უტრირებული გახდა. ვანის არქეოლოგიურ მასალებში აღმოჩნდა ძვ.წ. V ს. ადამიანის ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც თამადის პოზაში ზის სკამზე და ხელში უჭირავს ყანწი. ესაა დოკუმენტური სურათი ქართული სუფრის თამადის 2500-წლოვანი ისტორიისა.
ლიტ.: ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, 1974. თ. კერესელიძე, ძვლის ნივთების კატალოგი, 1979.
ე.ნ.
მ.ხ.
ყანწი სანაკვეთო (ხევს.) - ბოლო ყანწი, რომლითაც მასპინძლის სახლში სტუმარი არაყს
სვამდა. სანაკვეთო ერქვა იმიტომ, რომ მისი დალევის შემდეგ მეტს აღარ დალევდა.
ლიტ: ალ. ოჩიაური, სტუმარმასპინძლობა ხევსურეთში, 1980.
ე. ნ.
ყარაული - აქ. 30-40 სმ სიგრძის, 5-8 სმ სიგანის და 2-3 სმ სისქის ძალზე სწორად გათლილი ფიცარი. იხმარება ქვის დამუშავებისას. „ქვის დაყარაულება“ ნიშნავს მის ზუსტ, საჭირო ზომებში მოყვანას.
ე. ნ.
ყარყარა - ღვინის სასმისი, ყელმოგრეხილი ვერცხლის სურა. ძირითადად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში. საბა ორბელიანის განმარტებით, ყარყარა არის „სარწყული სმაში ხმის მიმცემელი“. მისი სახელწოდება წარმომდგარია სმის დროს წარმოქმნილი „კარ-კარ-კარ“ ბგერათა შეთანაწყობით. სასმისის ასეთ თვისებას განაპირობებდა მისი გრეხილი ყელი, რომელიც მსმელს არა ერთბაშად, არამედ ძუნწად აწვდიდა ღვინოს და „სიმშვენიერით მოსილ სანუკვარ სმას“ ახანგრძლივებდა. ყარყარას აქვს ტანი, ყელი და ძირი, რომლებიც ნაწილ-ნაწილ კეთდება და მერე უერთდებიან ერთმანეთს, ყელში შიგნიდან ჩამაგარებული აქვს სამგან გახვრეტილი ფირფიტა, სადაც ღვინო ჩაისხმება და ასევე სმის დროს გადმოედინება. ყარყარა ძირითადად მზადდებოდა ჭედური წესით ვერცხლის ცალკეული ფირფიტებისაგან. ყარყარა არის ჭურჭელი დიდ ნადიმთა დამამშვენებელი და ძველი ქართული წყაროების მიხედვით იგი ექცევა ჭურჭელთა რიგში, რომლებიც იყვნენ „სამსახურებელნი ტაბლათანი ტურფანი და სანადიმონი“. ყარყარას ტანი, ხშირ შემთხვევაში დამშვენებულია სხვადასხვა ჟანრის ჭედური წესით შესრულებული რელიეფებით, რომლებიც აღებულია როგორც საქართველოს ისტორიიდან (თამარ მეფე, რუსთაველი) ასევე საყოფაცხოვრებო სფეროდან. ყარაყარას საუკეთესო ხელოსნებად ითვლებოდნენ თბილისელი ოქრომჭედლები.
ლიტ: ი. ბალახაშვილი, ძველი თბილისი, 1951.
ე. ნ.
ყაურმა - წვრილად დაჭრილი ხორცისგან მომზადებული საჭმელი, რომელიც გამიზნულია ხანგრძლივი მოხმარებისათვის. ყაურმის ხორცი, როგორც წესი, მსუქანი უნდა იყოს და შესანახი ყაურმაც წინასწარ დამდნარ ქონში უნდა მოიხარშოს, შემდეგ შენელდება მარილითა და სანელებლებით, ჩაასხამენ ქილებში, ანდა გუდაში და თუ ყველა წესის დაცვითაა გაკეთებული, შეიძლება ერთი წელიც კი გაძლოს. ასეთი საჭმელი განსაკუთრებით მოსახერხებელია სახლიდან გასული ადამიანისათვის (მწყემსებისათვის) და სწორედ ამ მიზეზის გათვალისწინებითაა იგი დამზადებული.
ე. ნ.
ყაფაზა - მიკიტნის დუქნის წინ, სავაჭრო უხუფო თარო, რომელშიც სანოვაგე ყრია.
ყაფთანი (სამცხ.-ჯავახ.) - ქალის კაბა. მასალად მოიხმარებოდა ფაბრიკული ქსოვილები. გათხოვილი ქალის კაბა ფართო უნდა ყოფილიყო და მასალად 3-4 მ ქსოვილი სჭირდებოდა. კაბა გულდახშული და საყელოიანი იყო. მეძუძური ქალებისათვის კი გულჩახსნილი და ღილებით შესაკრავი, ქალიშვილებისათვის ზურგზე იყო ჩაჭრილი და ღილებით შესაკვრელი. კაბას ზედატანის წინა მხარე და მხრები ორმაგი ქსოვილისა ჰქონდა. ქვედატანი მრავალნაკეციანი იყო.
ლიტ.: ლ. ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან. მსმკი, 1966
ც.ბ
ყაღი (თუშ.) - დამარილებული და მზეზე გამომშრალი გამხმარი ხორცი. საყაღე ხორცი იჭრება გრძლად, ისე რომ მზის მისაფიცხებლად მისი ხარიხაზე გადაკიდება შეიძლებოდეს. ასეთნაირად შემზადებული ხორცი დიდხანს ინახება და ჭამენ როგორც უმად, ასევე იყენებენ სხვადასხვა წვნიანი საჭმელების დასამზადებლად. განსაკუთრებით მოსახმარია მწყემსური მომთაბარეობის დროს.
ყაწიმი - „ხმლის სამხარიღლივე“ ( საბა). ვერცხლის ნაწილებით შემკული მხარიღლივ გადაკიდებული თასმა, რომელზედაც ხმლის ქარქაშია ჩამოკიდებული.
ყაჭი - აბრეშუმის ამოხვევის დროს მეორეხარისხოვანი, ნარჩენი პარკიდან ამოხვეული ძაფი. ყაჭის ძაფს შემდეგნაირად ამზადებდნენ: დაალბობდნენ თბილ წყალში, მერე გამოხარშავდნენ, ნაჭერში გამოხვეულ პარკს ხვედით ან ფილთაქვით დაბეგვავდნენ. დაწეწილი ყაჭიდან ძაფს თითისტარზე დაართავდნენ, დაძახავდნენ, დახვეწდნენ და გორგლებად ამოახვევდნენ. ყაჭის ძაფი იხმარებოდა ხონჯრების საქსოვად, ჩურჩხელისათვის, ძველმანების დასაკერებლად და სხვა.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ.მ.
ყაჯარი - ცხენის აღკაზმულობის დასამშვენებელი. ყაჯარი მოქარგული მაუდი ან ნოხ-ფარდაგია. იგი ფარავს ცხენის ზურგს, აღმოსავლური, განსაკუთრებით თურქულ სპარსული ყაჯარები გამოირჩევადიდი ესთეტიკური მშვენიერებით.
ნ. ჯ.
ყდა (ხევს.) - შალის, ტოლის საქსოვი. ვერტიკალური საქსოვი დაზგის ტიპი. ყდის ნაწილებია: ორი ყდა (სვეტი), ორი ლვილვა, ორი წკეპლა (სათხორე და საშევარი), ორი გარა, სოლები, ორი ქიჩი, ბეჭი (სავარცხელი), ფხინი (გარას წამყვანი), წიწუ, ცხემლა (მაქო) და თხორნი. ყდის სვეტების თავთან ამოღებულ თვალში გაყრილია ზედა ლილვი, ქვედა ნაწილში ამოჭრილ საქიჩრეებში ჩასმულ ქიჩებზე ჩამოკიდებულია საშევრის გარა, ყდის ძირზე გადგმულია ქვედა ლილვი. საქსოვ ყდაზე დაჭიმული იყო ქსელი, საშევრის გახსნილ პირში - ქირცში ძაფდახვეული ცხემლა იყო გადებული. ზევით ქსელის გამყოფი გარა. ქსელის დაქსელვის შემდეგ იწყებოდა ქსოვა: ფხინის საშუალებით გარას მოძრაობის შედეგად ქსლის გახსნილ პირში ცხემლი ძაფის გატარებას ბეჭით ჩაბეჭვა მოჰყვებოდა. საშევრის მეშვეობით ძაფების ზევით და ქვევით აწევ-დაწევა, ძაფდახვეული ცხემლის მარცხნივ და მარჯვნივ მოძრაობა და ჩაბეჭვა თანმიმდევრული მონაცვლეობით ხდებოდა. ყდაზე დღეში საშუალოდ 60-80 სმ. ტოლი იქსოვებოდა. ასეთივე ტიპის საქსოვი იყო თუშური „აკაზმები“, ფშავში არსებული „ყდა“ ხევსურულისგან განსხვავდებოდა. ამ საქსოვებზე შალთან ერთად ხალიჩა-ფარდაგებსაც ქსოვდნენ.
ლიტ: გ. ჩაჩაშვილი, ქართული ხალხური საქსოვი დაზგები, სსმმ, XVIII-B, 1954.
ლ. მ.
ყევარი - ორი უღელი ხარ-კამეჩი.
ყელსაბამი - ყელის სამკაული. სულხან-საბას მიხედვით მას „ფარღული“ ეწოდება. ყელსაბამი არის ოქროსი, ვერცხლის, თითბრის, სპილენძის (მოოქრული ან მოვერცხლილი). საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ყელსაბამი აღმოჩენილია თრიალეთში, რომელიც ძვ.წ. XIX ს-ით თარიღდება.
საყოველთაოდაა ცნობილი ვანის, ახალგორის, მცხეთის, ქარელის, დუშეთის და საქართველოს სხვა რეგიონებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ყელსაბამები: ფრინველთა გამოსახულებით, კუს გამოსახულებით, ლომებიანი, გომბეშოებიანი, გრეხილით, გვარსით და ინკრუსტაციით შემკულნი. საქართველოში ძალზე ტრადიციული იყო ვერცხლის ყელსაბამებიც. ცნობილია სვანური ყელსაბამი- „კებზარი“, მას XX საუკუნეებშიც ამზადებდნენ. კებზარის დამზადების ტექნიკა ტრადიციული და ძველისძველია. ახალციხეში ყელსაბამს „ჯიღ-ჯიღასა“ და „ბობღანდს“ უწოდებდნენ. ჯიღ-ჯიღა არის ყელსაბამის ქართული სახელი, რომელიც მესხეთ-ჯავახეთში შემოინახა.
ლიტ.: ლ. სოსელია, ოქრომჭედლობის შესწავლისათვის მესხეთში, კრებ.: მესხეთ-ჯავახეთი, 1972
მ.ბ.
ყემჭა//ყემჭაი - თუში ქალის ფარაგის ქვეშ ჩასაფენი სამკუთხა ფორმის, პატარა ყელთან მისაფენი, შვინდისფერი მაუდის ნაჭერი, რომელიც ღილით ან ზორტებით ზურგზე მაგრდებოდა. ამ ნაჭრის საგულდაგულოდ მორთვაც იცოდნენ: გრეხილ-ყაჭებითა და სხვადასხვა სამკაულით. ხშირად იგი ვერცხლის ჯვრითაც იყო შემკული.
ლიტ: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993
ც. ბ.
ყველი - რძისაგან დამზადებული საკვები პროდუქტი, რომლის კეთების დიდი ტრადიციები არსებობს საქართველოში. ყველი წარმოადგენს საკვები რაციონის უდიდეს კულტურულ მონაპოვარს. საგულისხმოა, რომ ყველის დამზადების ხელოვნებას არ ფლობდენ მომთაბარე მეურნეობით დაწინაურებულ ხალხთა დიდი ნაწილი, თვით რუსეთში, რომელსაც მესაქონლეობის უდიდესი ბაზა გააჩნდა, ყველის დამზადების კულტურასაც არ იცნობდნენ. საქართველოს ფლორა თავისი მრავალფეროვნების წყალობით ხელს უწყობდა სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის ყველის გამოყვანას. საუკუნეების განმავლობაში, ცალკეულ კუთხეებში, ჩამოყალიბდა ადგილობრივი ყველის სახეობათა ფორმები, რომლებიც თითოეული მათგანისათვის სამეურნეოდ ცხოვრების მახასიათებლად იქცა ასეთებია: თუშური გუდის ყველი, მეგრული და სვანური სულგუნი, ჯავახური - ჩეჩილი, იმერული - ხელური, აჭარული - ჩლეჩილი//ხელური და სხვა. საქართველოში ყველისაგან აკეთებდნენ ხაჭაპურს, აჩმას, გებჟალიას, ელარჯს, თაშმუჯაბს, ყაიმაღს, სინორს, ბორანოს. მიღებული იყო ყველის გახმობა, რისგანაც შემდეგ ამზადებდნენ ჩახარშოებულ ყველს ბრინჯთან და კვერცხთან ერთად.
ე. ნ.
ყველი გამხმარი - ერთგვარი ხერხით კონსერვირებული ყველი, რომელიც ზამთრის მარაგად გამოიყენება: წათხში გამაგრებულ ყველს ცხრილზე გააშრობენ, შუაგულში გახვრეტენ, ერთ თოკზე მრგვალად ააცვამენ და შუა-შუა ხის პატარა ნაჭრებს დაუტანებენ ერთმანეთს რომ არ მიედონ. შემდეგ შეიტანენ ისეთ სამეურნეო ნაგებობაში (მაგ., სასიმინდეში), სადაც უფრო მეტი ჰაერაციაა. ყველი უნდა გამოხმეს უმზეოდ, რადგან მზის დაცემა ყველის გამწარებას იწვევს. გამხმარი ყველი საუკეთესოდ ინახება.
საჭიროების დროს ასეთ ყველს მსხვილ ნაჭრებად დაჭრიან, ჩაყრიან ქვაბში, მოადუღებენ ბრინჯთან და კვერცხთან ერთად, ჩაახლიან კვერცხებს და შეანელებენ პიტნით.
ე. ნ.
ყველი იმერული - იმერულ ყველთან დაკავშირებული ტექნოლოგიური პროცესები ხანგრძლივი ტრადიციული ემპირიული დაკვირვება-გამოცდილებითაა გაჯერებული. იმერული ყველი მოუხარშავ ყველთა ჯგუფს განეკუთვნება და რადგან იგი ხელით ამოჰყავთ ხელურ, ხელეურ (აჭარ.) ყველს უწოდებენ (მეგრელები და სვანები კი „კაზლა“ ყველს). ცნობილია, რომ ყველის წარმოებაში მთავარ მოქმედებას რძის დაკვეთა//შედედება წარმოადგენს, რისთვისაც იხმარება საკიდელი//დვრიტა//სადედი. კარგად იკვეთება ახალმოწველილი თბილი რძე, იმ სითბოთი როგორიც გამოიწველება და ეს სითბო უნდა შეუნარჩუნდეს საკიდელის მოქმედების მთელ პერიოდში. გამოცდილი მეყველე ადვილად საზღვრავს დაკვეთის პროცესს. როცა რძის მასა სათანადოდ შედედდება, ხელს ჩაყოფს, აურევს, მერე იწყებს შეგუნდავებას, ამოყვანას და ორივე ხელით ნელ-ნელა წურვას, რათა გაათავისუფლოს ზედმეტი შრატისგან, მაგრამ ისე რომ შერჩეს საკმაო სისველე, რაც ყველის დამწიფების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. გაწურულ, მომრგვალებულ ფორმის ყველს ხის ან თიხის ჯამზე დადებენ, სადაც ის აფუვდება. დილით ამოყვანილ ყველს საღამომდე ჯამში ამყოფებენ და მერე მოაყრიან ქვამარილს, რომელიც ბევრად სჯობს ზღვის მარილს. კენჭი ან ხვირიში მარილით ყველის შენელება ქართველი მეურნის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს, რადგან ასეთი ფრაქციის მარილი ყველში ნელ-ნელა, ზომიერად შედის, რაც ყველის დამწიფებასა და თვლების განვითარებას უწყობს ხელს. თიხის ჯამზე შემაგრებული და დამარილებული ყველი ამის შემდეგ გადადის დიდ სათავსოში ხალამში//დერგში//ჯურუკაში და ინახება საგანგებოდ გაკეთებულ წაქეში//წათხში. ყველიან დერგებში არომატიან ყველის მიღების მიზნით ტარხუნის ან პიტნის კონებს ჩადებდნენ. გურიაში ყველის აფუების მიზნით, ზამთრობით დერგში დოლბანდში გამოკრულ ხორბალს დებდნენ. ყველიან დერგებს ინახავდნენ სამეურნეო სათავსში, ბნელ ადგილას, ანდა მიწაში ჩაყრილ ჭურუკებში//ქოცოებში (საერთოდ, სიბნელე და თავდახურულობა ყველის შენახვის ერთ-ერთი გარანტიაა), სადაც ერთ წლამდე გემოშეუცვლელად ინახებოდა. საზამთროდ შესანახ ყველს აგვისტო-სექტემბერში აგროვებდნენ და ყველიერში გაიხმარდნენ.
ლიტ: ნ. თოფურია, იმერული ყველის დამზადების ხალხური ტექნოლოგია, მსმ, ტ. XIX, 1978; А. Калантар, Молочное дело на Кавказе, 1901. ვ. პეტრიაშვილი, რძე და მისი სხვადასხვაგვარი გამოყენება, 1898.
ე.ნ.
ყველი შებოლილი - კონსერვირებული, ბოლში გამოყვანილი ყველი. გურია-სამეგრელოში ყველს გასაშრობ-გასახმობად ჩეჩოში შედებენ - ბოლოგანიერ და ყელვიწრო გოდორში (იხ. ჩეჩო). გამოიყვანენ ზომიერ კვამლში, შემდეგ მოათავსებენ ტკეჩის კალათებში და შეინახავენ სამეურნეო ნაგებობაში.
ე.ნ.
ყვერბი (ლეჩხ.) - ცეცხლის სანთები ადგილი ბუხარში, იგივე ტაფა.
ყვიბარი - ღვინის შესანახი მცირე ზომის ქვევრი ლეჩხუმში. ყვივარისა და ქვევრის ტევეადობას ლეჩხუმში დორას (იხ.) მიხედვით საზღვრავენ. სამ დორიანზე პატარა ჭურს ყვიბარს უწოდებენ, უფრო დიდს - ჭურს. სიმაღლე დაახლოებით 80 სმ-მდეა. ლეჩხუმური ყვიბარი და იმერული ქოცო ერთი და იმავე შინაარსის მატარებელი ტერმინია.
მ.ზ.
ყისინა - 1. თხის უხეში ბალნისაგან მოქსოვილი საბანი საქართველოს მთაში, რომელსაც მწყემსები ხმარობდნენ 2. დიდი ტომარა, ხორბლის გადასატანად.
ყორე - ქვის ღობე. ეთნოგრაფიულ ყოფაში გვხვდება მშრალად ნაგები ყორეები, რომელთა მშენებლობის დიდი გამოცდილება არსებობდა. ყორის ქვა, როგორც წესი უსწორმასწოროა და მოიპოვებენ როგორც ქვის კარიერებში, ასევე ჩვეულებრივ. ყორის მშენებლობა გარკვეულ ცოდნას მოითხოვს, ის როგორც უხსნარო ღობე საჭიროებს ქვების ერთმანეთზე მორგების თავისებურ წესებს. საყორე ქვას აქვს კბილები, ზურგი,მუცელი და თითოეული ქვა ერთმანეთს ისე უნდა მოერგოს, რომ მტკიცედ დადგეს. ყორის წინპირი და უკანა მხარე შენდება დიდრონი ქვებით, შუაში კი შიგადაშიგ იყრება და ლაგდება ხიჭები//როჭკები. თითოეული დიდი ქვა მაგრდება პატარა ქვების მეშვეობით და საბოლოოდ იქმნება ერთიანი მტკიცე კედელი. პრაქტიკული თვალსაზრისით ყორე ძალზე ამართლებს, რადგან დროის პირობებს კარგად უძლებს და დარღვეულის შეკეთება იოლადაა შესაძლებელი. ყორის მშენებლობას საქართველოში ყველგან მისდევდნენ. იმერეთში ყორე საკარმიდამო კომპლექსის შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ჭიათურის რ-ნის სოფ. ჭილოვანში დადასტურებული ყორეები, რომლის შუკებსა და გზების ნაპირებს იმდენად კარგად ნაშენი ყორეები ამშვენებენ, რომ შორიდან ნაქსოვის ფაქტურას იმეორებენ. ასეთი ყორეები განსაკუთრებულ კოლორიტს უქმნიდა სოფელს.
ლიტ-რა: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე.ნ.
ყოში - სახელოთა წაგრძელებული ნაწილი, საბას მიხედვით, „მაჯის გადასაკერებელი“. მასალად გამოიყენებოდა იგივე ქსოვილი, რაც სახელოებზე, მხოლოდ სარჩულად იყენებდნენ კარგი ხარისხის ფერად ქსოვილებს გადაკეცვის შემთხვევაში ეფექტის მოსახდენად.ყოში იყო ხელის მტევნის ზედა ნაწილის დამფარავი. სამკუთხედის მოყვანილობის ეს ნაწილი კერდებოდა როგორც მამაკაცის კაბა-ახალუხებს, ისე დედაკაცის კაბაქათიბებს.
ც. ბ.
ყუთი საწვრილმანო - ასეთი ყუთების ზოგადი სახელი ტაგრუცია (იხ.), მაგრამ უფრო პატარებს საწვრილმანო ყუთებს უწოდებენ. ძირითადად მოიხმარდნენ ქალები სახელსაქმო იარაღებისა და კოსმეტიკურ ნივთების შესანახად (მაგ., ილარუ, ტანტრიაბეჩი და სხვ.).
ე.ნ.
ყუთუღი//ლაიჭვარი//გობე (სვ.)//ღვედიში (სამეგრ.)//ჩარხი (ქიზ) - ტყავის დასამუშავებელი ხელსაწყო. ყუთუღს ფეხში ჩადგმული ჰქონდა გათლილი ბოძი, მისი ზედა ნაწილი წვრილი იყო და ზემოდან ჩამოცმული ჰქონდა ბოლოებმომრგვალებული მორი, შიგნით ერთი ნახვრეტით. ნახვრეტში შეყოფდნენ ღვედის თავს, დანარჩენი ნაწილი სვეტის გარშემო ეხვეოდა. ჩარხის ორივე მხარეზე წამოზიდული ნაწილების - „ხელების“ - მეშვეობით ტყავს ატრიალებდა და არბილებდა.
ლიტ: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ყულაბა - სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული წვრილი ფულის შესანახი ჭურჭელი.
ყურთბალიში - ბუმბულის პატარა ბალიში.
ყურთმაჯი (კახ. თუშ.) - სახელო, ქალის ქართული კაბის ერთ-ერთი დამატებითი ელემენტი. სახელოებს დასამაგრებლად ზონარი ჰქონდათ მობმული. სახელოთა ნაპირები შემკული იყო ფერადი ზონრებით. მართალია, ჩაცმის შემდეგ ყურთმაჯი ფართო სახელოთა ქვეშ ექცეოდა, მაგრამ ხელების მოძრაობისას თვალსაჩინო ხდებოდა.
ც. ბ.
ყურიანა (ყურივნები) (რაჭ.) - კერძის დასამზადებლად განკუთვნილი თიხის ჭურჭელი. რაჭაში კერამიკულ ჭურჭელწარმოებასთან დაკავშირებული წეს-ჩვევები მხოლოდ ონის რ-ნის ორ პატარა სოფელში ლაჩთასა და შეუბანში დასტურდება, სადაც ქალთა ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას მეჭურჭლეობა, ანუ „მეყურივნობა“ წარმოადგენდა. რადგან ჭურჭელი თავისი ყურებით გამოირჩევა, მან ასეთი შეფერილობისსახელი მიიღო.
მ. ზ.
ყურუთი (საქ.მთ.) - გამხმარი დო, საჭმელი, ატმის ხელად აკორკოშებული.
ყურშაღი-საწელური (სამცხ.-ჯავახ.) - წელსახვევი ქალისა. მასალად გამოიყენებოდა 1 ან 1,5 მეტრი სიგრძის შინნაქსოვი ფერადი შალის ქსოვილი. ატარებდნენ ახალგაზრდები, განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში. სიცივისაგან დაცვის მიზნით კი მოხუცი და ხანშიშესულო ქალებიც მოიხმარდნენ. თურქული ჩვეულებით დაქორწინებიდან ქალიცა და ვაჟიც იწყებს ყურშაღის მოხმარებას.
ლიტ.: ლ. ბარათაშვილი, მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან. მსმკი, 1966
ც.ბ.
![]() |
13 შ |
▲ზევით დაბრუნება |
შაბაქა // ჭია // გველიკუდა - პატარა ხერხის სახეობა. ასეთი ხერხით აჭრელებდნენ აივნის ფარდებსა და მოაჯირებს.
შავები - აქ: სამგლოვიარო სამოსელი. უძველესი პერიოდიდან მიცვალებულთან დაკავშირებით შექმნილ ტაბუაციის რთულ სისტემაში ერთ-ერთ საკითხს სამგლოვიარო სამოსელის ფერის შერჩევა წარმოადგენს (იხ. ძაძა). ძველი დროიდან ფერი სიმბოლური ინფორმაციის წყაროდ იყო მიჩნეული, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენდა ადამიანის ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. სხვადასხვა ხალხში ფერთა გამას სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა. საქართველოში სამგლოვიარო სამოსი ძირითად შავი ფერისა იყო, აქედან მომდინარეობს სამგლოვიარო სამოსელის ერთ-ერთი სახელწოდებაც - „შავები“. ძველ საქართველოში გლოვის დროს ძირითად შავ ფერთან ერთად გამოიყენებოდა ლურჯი, ყავისფერი (ჯიგარი), იისფერი. სვანეთში და ხევსურეთში დაცული წესებით, შავთან ერთად წითელიც ჩანს გამოყენებული მიცვალებულის სახელზე მოკაზმული ცხენის აღკაზმულობაში, რაც საზეიმო და გლოვის ელემენტების შერწყმას უნდა გულისხმობდეს. სამეგრელოში დაცულია სამგლოვიარო სამოსელის სახეობა - „ონწერალი“, რომელიც შვილის, ქმრის და გაზრდილის - „მორდილი“- დაღუპვის დროს იყო გამოყენებული. ეს იყო თეთრი ნარმისგან („ჩენარმა“) დამზადებული კაბა. ამაზე „სამწარო“ აღარა ყოფილა, მაშინვე შეატყობდნენ, რომ ჩაცმულს ახალგაზრდა ახლობელი ჰყავდა დაკარგული.
ც. ბ.
შალაფი - ფიცრის სახვრეტი. საშუალო ტიპის ბურღი, გავრცელებული იყო ხევსურეთში, ფშავში და სხვ.
ლიტ.: გ. გასიტაშვი ლი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
გ. გ.
შალაშინი - რკინისპირიანი ხის იარაღი, რომლითაც აშალაშინებენ ფიცრებს. შალაშინი არის მრავალნაირი.
შალთა - თოხის ნაირსახეობა, რომელიც გამოიყენება ბოსტანში სამარგლავად. სულხან-საბა მას ნამგლისებურად მოხრილ პირიან იარაღად მოიხსენიებს. შალთა განეკუთვნება პატარა პირიან თოხების ჯგუფს.
ლიტ.: ქელ. 2009.
შალი//კული - მატყლის ძაფით საქსოვ დაზგაზე, ან ყაისნაღით და წინდის ჩხირებით მოქსოვილი მოსასხამი, საბეჭური შალი. შალის ქსოვილის მოსაქსოვად გამოყენებული იყო: საქსოვი ყდა (ხევსურეთი, ქართლი)//აკაზმები (თუშეთი)//ლაჯშიარ (სვანეთი), საფეიქრო (რაჭა), საქსელე (იმერეთი), საოშუალო (სამეგრელო). შალები იქსოვებოდა ორმაგი და ცალფა ძაფითაც. ძაფის დამუშავების მიხედვით იყო წაღმართად და უკუღმართად ნაქსოვი. დამზადების ადგილის მიხედვით ცნობილი იყო: მსხვილად აძახული ძაფით ნაქსოვი, ე.წ. ჯვარული და ონური, ცალფად აძახული ძაფით ნაქსოვი ხონური შალი. ასევე ლეკური, მუხახის შალი, იმერული შალი და სხვა. სახიან შალებს განეკუთვნებოდა: ღვედებიანი, ზოლიანი (რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი), კუბოკრული//ჭადრაკული (რაჭა, იმერეთი)//კიბოიანი (სვანეთი)//ფუთური (გურული), ირიბზოლიანი ნახჭიანი (ლეჩხუმი), ხარვეზიანი - ზოლსა და ზოლსა შუა დატოვებული ადგილით (იმერეთი) და სხვა. შავი და თეთრი მატყლის შერევით მრთველ-მქსოველები ახერხებდნენ სხვადასხვა ნეიტრალური ფერების მიღებას, რომლითაც ამზადებდნენ სხვადასხვა სახის ჩასაცმელს. შალის ნაწარმი, გარდა საკუთარი მოთხოვნისა, გასაყიდადაც მზადდებოდა. კაპიტალიზმის განვითარებამდე საქართველოს მთისა და ბარის მოსახლეობა მოიხმარდა შინნამზად შალს. ქართული შალის საუკეთესო ნიმუშები დასტურდება ხევსურეთში.
ლ. მ.
შალი ბუკუნებიანი (ლეჩხ.) - ალაგ-ალაგ თითის ზომის სიგრძეზე გაუჭიმავად ამოზიდული ძაფით მიღებული ზედაპირიანი შალის ქსოვილი. ლეჩხუმში „ბუკუნებიანი შალი“ ქალის ჩასაცმელზე იყო მოხმარებული.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, ლეჩხუმური ჩაცმულობა, კრებ. ლეჩხუმი, 1985.
ლ. მ.
შალი თივთიკის - ნაზი ქსოვილი, თხის ან ჯიხვის ბეწვის რბილი ბალნით ნაქსოვი: თხას ან ჯიხვს ბალანს რკინის სავარცხლით გამოვარცხნიდნენ და მაკრატლით აჭრიდნენ, საპენტელათი აპენტავდნენ, ცალკბილა საჩეჩელზე - „სავარცხელზე“ დაჩეჩავდნენ და თითისტარზე დაართავდნენ. თივთიკის შალით მზადდებოდა ყაბალახი, ჩოხა, კაბა, მხრის შალები, ხალათები, თავშლები. ძველ წერილობით ძეგლებში თივთიკი „თხისურის“ სახელითაცაა ცნობილი.
ლიტ.: ც. ყარაულაშვილი, ქსოვილების დამზადების ხალხური წესები. სსმმ. XXXIV, 1976.
ლ. მ.
შამფური - 1. რკინის ან ხის წვეტიანი ჯოხი, ზოგჯერ დაგრეხილი ფორმის, გამოიყენება ხორცის შესაწვავად. დიდი სანადიმო სუფრებისათვის საჭირო შამფურებს ლითონისაგან ამზადებდნენ. ასეთ შამფურებზე ზოგჯერ მთლიანად იწვებოდა დაკლული პირუტყვი (ცხვარი, თხა, გოჭი). 2. სადურგლო იარაღი, ხმარობენ ხის გასახვრეტად.
შანა - ლითონის ნივთი, რომელსაც ადამიანი იბამდა ყელზე ავი თვალისაგან დაცვის მიზნით.
შანდალი - სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სანთლის დამჭერი და ასანთები. ჩვეულებრივ გამოიყენება საცხოვრისში. არის სხვადასხვა ფორმის. რელიგიური დანიშულებით შანდალმა შეიძინა სხვა შინაარსი. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ძველი აღთქმის ებარელთა შვიდტოტიანი შანდალი, რომელიც უნდა ნთებულიყო დღედაღამ, რაც მიანიშნებს ღმერთის ყოვლადმყოფობას, მის მარადიულობას.
ე. ნ.
შანთი - 1. რკინის საზომი ერთეული, აღებმიცემობაში რკინა იზომებოდა შანთობით. შანთი უდრის 35 კგ. რკინას. 2. გრძელი, შამფურისებური რკინა, სხვადასხვა საგანთა სახვრეტად.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, ქვის საკოდი რკინის იარაღი, სსმმ, XVIII B, 1953.
შანკო (გურ.) - თაფლის დასაწური ორი გრძელი თანაბარი ზომის ჯოხი, რომლებიც ბოლოებში ერთმანეთზე დამაგრებული არ იყო, გარკვეულ პარალელს პოულობს შნაკვთან (იხ.)
შანჭრაქი - ჭრაქის სახეობა. („შან“ - ძაღლი სომხ.) - ძაღლის ჭრაქი. XIX ს. ბოლოს სომხეთიდან თბილისში მოსული სომეხი ლტოლვილები ავლაბარში სახლდებოდნენ. ეს სახელი დაერქვა იმიტომ, რომ ოთახს ძაღლის ქონისგან გაკეთებული ჭრაქებით ანათებდნენ.
ე. ნ.
შარვალი - საქართველოში და უმეტესად, აღმოსავლეთ საქართველოში, შარვლის შემდეგი ტიპები ჩანს გავრცელებული. 1. „ქართული“ - მოკლე ტოტებიანი, რომელთა შესაკერად ორი ან ოთხი განი ყოფილა საჭირო. ირიბადაჭრილ სათავეში, რომლის შესაკერად ზოგჯერ ძირითადი მასალის-შალის ნაცვლად ფერად აბრეშუმს (ალიშა, ყანაოზი) იყენებდნენ. შარვლის დასამაგრებლად სათავეში ხვანჯარი იყო გაყრილი. ოთხკუთხი ფორმის უბედ ირიბ ნაჭრებს ხმარობდნენ. თუ შარვალს ერთი განიდან შეკერავდნენ, მაშინ უბე ტოტებიდანვე უნდა შეედგათ. გლეხობაში ქვედა საცვლის ჩაცმა იშვიათად სცოდნიათ. ხამისაგან შეკერილ შარვალს ნიფხავს ეძახდნენ, სხვა ნაჭრისას კი „შალვარს“. 2. „ჩერქეზული“ - თუ ქართული შარვლის მომხმარებლები ძირითადად გლეხობა იყო, ჩერქეზულს მაღალი ფენის წარმომადგენლები ატარებდნენ. ეს ტიპი შარვლისა სათავისაკენ იყო ხალვათი და ტოტები კი ვიწრო ჰქონდა. შარვლის ამ ტიპებთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ჩანს 3. „ნაოჭიანი“ („ბუზმა“ - მესხეთ-ჯავახეთი) შარვალი. მასალად გამოიყენებოდა შინ ნაქსოვი შალის ქსოვილი. შედგებოდა ორი ტოტის, სათავისა და უბისაგან, რომელიც უკან 5 და წინ 3 მართკუთხედის ფორმის ნაჭრისაგან იყო შედგენილი. მათი შეერთების ადგილას ნაოჭი იყო მოჭრილი. ეს უჯიბო შარვალი ხვანჯრით იკვრებოდა. ნაოჭიანი შარვალი ახალციხეში XIX ს. 70-იან წლებშია გავრცელებული. 4. „ნაკეციანი“ შარვალი ნაოჭიანის შემდგომ შემოუღიათ და მას „დუმიანს“ ანუ „ყრმალსაც“ უწოდებდნენ. ეს იყო უბეგანიერი და ვიწროტოტება. უბეს გრძლად დაყოლებული ჰქონდა 10 ხელის დადება დაკეცილი შალის ნაჭრები, რაც შარვლის საჯდომ ადგილას ცხვრის დუმის მოყვანილობას აძლევდა. ამაზე ეცვათ წინდები და პაიჭები. 5. „ყაზახური“ შარვალი ხასიათდებოდა ზომიერი უბითა და ვიწრო ტოტებით. შარვალს წინა ნაწილი დახშული ჰქონდა.
ლიტ.: გ. ჩაჩაშვილი, გლეხი მამაკაცის კოსტიუმი XIX ს. სსმმ ტ XIX-ა და XXI-ბ, 1957.
ც.ბ.
შარვალი ტყავისა - საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხმარებაში ყოფილა ტყავის შარვალი, რომელსაც იცვამდნენ ცხენოსნები, განსაკუთრებოთ სამეგრელოსა და იმერეთში. ხევში ტყავის შარვლებს მეცხვარეები ატარებდნენ. ტყავის შარვალი ოთხი ნაჭრისგან შედგებოდა და შეკერილი იყო მატყლის ბაწრით. თითოეულ ნაჭერს ხის ან ქაღალდის თარგით ჭრიდნენ და მას ქალები ამზადებდნენ. ტყავის შარვალი და პერანგი გამოიყენებოდა მკის დროსაც (იხ. სამკვდილი).
ლიტ: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
შატროვანი - ერთგვარი სახის წამოსასხამი, საბას განმარტებით, ესაა მძიმე ქსოვილისაგან დამზადებული ცხენზე გადასაფარებელი ნაჭერი, თუმცა ჯავახიშვილი ასეთ განმარტებას არ ეთანხმება და შატროვანს მოსასხამად განმარტავს.
ე. ნ.
შაშარი// ნეშტარი - ხმლის წვერი, ორივე მხარეს წამახული.
შაშკა - ხმლის ერთ-ერთი სახეობა. სახელწოდება მომდინარეობს ჩერქეზული სიტყვიდან „საშხო“, საიდანაც წარმოდგა რუსული და ნიშნავს „დიდ დანას“. სავარაუდოდ, მისი სამშობლოც ჩერქეზეთია. წერილობითი წყაროების მიხედვით, „შაშკა პირველად მოხსენიებული აქვს იტალიელ მოგზაურს ჯოვანი დე ლუკას, ჩერქეზების აღწერილობაში 1625 წ. XVII ს-დან თითქმის მთელს კავკასიაში ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ხან გირეი აღნიშნავდა, რომ „შაშკებს ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ვისაც ქონდა იარაღი, მას აუცილებლად ჰქონდა შაშკაც.“ აქედან გამომდინარე შაშკა კავკასიელი მეომრის აღკაზმულობის უცილობელატრიბუტად გადაქცეულა. შაშკები საქართველოშიც მზადდებოდა, ისევე როგორც მთელ კავკასიაში. ტერმინი „შაშკა“ ქართულ მეტყველებაში არ დამკვიდრდა, მას როგორც „ლეკურს“ ისე მოიხსენიებდნენ. შაშკა შედგება ტარისა და მოხრილი პირისაგან, ტარი იყო ძვლის, რქის ან მთლიანად ვერცხლის, ან კომბინირებული ნახევარ-ნახევარზე. ტარი ბოლოში მასიური ფორმისაა და ორად გახსნილია, რათა ხმარების დროს ხელიდან არ გასხლტომოდათ. შაშკის პირი ოდნავ მოხრილია, შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამღარიანი, პირზე ვხვდებით სხვადასხვა ადგილობრივ ან ევროპულს მინაბაძ დამღებს. ქართული შაშკების გამოყოფა მთლიანი კავკასიური ვარიანტებიდან, შესაძლებელია ვერცხლზე შესრულებული ორნამენტების, დამღებისა და ქარქაშის მორთულობის მიხედვით. კავკასიური შაშკის ტარი ქარქაშში ნახევრამდე იფარება, ასეთი ფორმით იგი ადვილად გამოსარჩევია სხვა ტიპის ხმლებისგან.
ლიტ.: Э. Аствацатурян, оружие народов кавказа, Москва, 1995. მ. ქაფიანიძე, ქართული ხმლების ტიპოლოგიისათვის. მ. ქ. სემმ, ტ. I, 46-ბ, 2010
შეიდიში - ქალის შარვალი. მასალად გამოიყენებოდა ფერადი აბრეშუმეულობა (მოვი, მერდინი, შეიდიში, წითელი ყუბაში). შეიდიში შედგებოდა სათაურის, ორი გრძელი და მოკლე ტოტისა და უბისაგან, რომელსაც სხვადასხვა ფორმას აძლევდნენ. ჩვეულებრივი უბე 2 ან 4-ნაჭრიანი იყო. ტოტები წვრილი ნაკეცებით, რომელთა დიდი ნაწილი უკან იყო მოქცეული, ორმაგ სათავეს უკავშირდებოდა. გვერდები ჩახსნილი ჰქონდა და ღილებით იყო შესაკრავი. შეიდიშის დიდი ნაწილი დასარჩულებული იყო. ტოტის ნაპირს შემოჰყვებოდა ბუზმენტი, კუწუბებიანი სირმის ჩაფარიში, ან საოჯახო წესით დამზადებული აბრეშუმის არშია - „ბაბთა“ (კახეთი). ტოტის ბოლოები შემკული იყო ნაქარგით, ოქრომკედითა და ვერცხლის ძაფით გამოყვანილი იყო მცენარეული სახეები, ზოგჯერ ფრინველის ან თევზის გამოსახულებანი. ქალები შეიდიშს საცვლის ზემოდან იცვამდნენ და კაბაში მისი მოქარგული ბოლოს გამოჩენა არ ეთაკილებოდათ. ქალთათვის განსაკუთრებულად მოსახერხებელი იყო ცხენით მგზავრობისას. სახელი ქსოვილის სახეობიდან აქვს მიღებული.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური ჩაცმა-დახურვა (ქალის ჩაცმულობა, ანალები, ტ. I, 1947. ნ. გვათუა, ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა, XIX ს. და XX ს. დასაწყისი, 1967.
ც. ბ.
შერეული ქსოვილები - სხვადასხვა ძაფისგან (ნართი) დამზადებული ფეიქრული ნაწარმი: მატყლნარევი ბამბის ძაფისა - ბამბა-შალი, ხამშალა; აბრეშუმნარევი მატყლისა - შალ-აბრეშუმი; აბრეშუმისა და ბამბის ძაფით ნაქსოვი - ბამბა-აბრეშუმი, სელისა და აბრეშუმით ნაქსოვი - სელაბრეშუმი, ყაჭ-ბამბის ქსოვილი, კანაფისა და ბამბით ნაქსოვი ტილო და სხვა. შერეული ქსოვილები იქსოვებოდა: ორი სხვადასხვა ერთ წვერად ამოწვერილი ძაფით, სხვადასხვა ძაფის საქსელითა და მისაქსელით ან ერთ თითისტარზე აბრეშუმ-მატყლის საქსელითა და მისაქსელით. ყოფაში შერეულ ქსოვილებს იყენებდნენ სუფთა ქსოვილების სანაცვლოდ.
ლიტ.: მსშხი, წ. II, ნაწ. II, 1982.
ლ.მ.
შეშა - მესხეთ-ჯავახეთში ხის სინონიმი. მაგ., იტყვიან „შეშის კუტალი“, „ურმის სადედნე შეშა“. X საუკუნის ძეგლში მითითებულია „ყოველი ჭურჭელი შეშისა“, „ხელმწიფის კარის გარიგებაში“, მოიხსენიება „უვერცხლო ჭურჭელი სპილენძისა და შეშისა“. ტერმინის ამგვარი გაგება ძველი ქართულის კუთვნილებაა.
გ. გ.
შვეული - შუაში ბაწარამობმული მრგვალი კონუსური რკინის ან ტყვიის მრგვალი ნაჭერი, რომელსაც ხმარობენ კედლის ზუსტი აგებისთვის.
ე.ნ.
შვიდსანთელა - უჟანგავი ლითონისაგან დამზადებული განსაკუთრებული მოწყობილობის კანდელი ერთ მაღალ ფეხზე დამაგრებული შვიდი ტოტით, ანთებენ წირვა-ლოცვის დროს. შვიდსანთელა მოთავსებულია საკურთხეველში, მაღალ დასაჯდომელსა და ტრაპეზს შორის, ან უშუალოდ ტრაპეზზე სიმბოლურად გამოხატავს სულიწმიდის მადლის ნათელს, რომელიც მორწმუნეებზე ეკლესიის შვიდი საიდუმლოს აღსრულების მეშვეობით „გარდამოდის“.
ლიტ.: საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 2005.
ხ. ც.
შვილებიანი ლიტრა - იგივე გამბულა ლიტრა. თიხისა, მრავალი ჭინჭილებისგან შემდგარი სარიტულაო დანიშნულების ღვინის ჭურჭელი. შინაარსობრივად ენათესავება სასმის „მარანს“, განსხვავება ფორმათა თავისებურებაშია. შვილებიანი ლიტრის დამზადების კერად ითვლება ქსნის ხეობის სოფ. ცხავატი, რომელიც მთელ ქართლში იყო განთქმული თიხის ჭურჭლის წარმოებით. შვილებიან ლიტრაში ერთი ძირითადი დედა-ლიტრა მოზრდილია და ჩარექა ღვინოს იტევს. დედა-ლიტრის მუცელზე შეზრდილი მცირე მოცულობის ჭინჭილები. ღვინო დედა-ლიტრში ისხმება და აქედან პატარა ლიტრებში ნაწილდება. სითხე ჭინჭილიდან ისმევა და ამ გზით დედა-ლიტრაც იცლება. სასმისში დიდი და მცირე ლიტრების არსებობამ განაპირობა მისთვის სახელწოდება „შვილებიანი ლიტრის“ მიკუთვნება. რაც შეეხება მეორე ტერმინს „გამბულა“, მისი ხალხში დამკვიდრება ჭურჭლის დამზადების წესის თავისებურებით არის მოტივირებული. ოდნავ შემშრალ ჭინჭილებსა და დედალიტრას პატარა ხვრელები უკეთდება, შემდეგ დედა-ლიტრას მუცელზე ორი სანტიმეტრის დაშორებით გვერდებდახვრეტილ ჭინჭილებს ჩხირებით მიამაგრებენ. დამაკავშირებელი ჩხირები თიხის ფენით იფარება, თიხითვე იმალება დედა-ლიტრასთან შეხების წერტილებიც. სასმისს მთლიანად წერნაქით მოაჭრელებენ დაგამოსაწვავად ქურაში - „თუნში“ შედგამენ. გამოწვის დროს ლიტრათა გადამბმელი, დამაკავშირებელი ჩხირები იწვის და მის ადგილზე ღვინის გასასვლელი ხვრელები რჩება.
მ. ზ.
შიბაქი - ხის მილაკიანი საშარდე რომელიც აკვანში ედგა ბავშვს.
შიბი - აღმ. საქართველოს მთიანეთში გავრცელებული ძეწკვების ასხმა, რომელსაც მიკრული ჰქონდა სხვადასხვა სამშვენისები. ხევსურული ქოქომონას განუყრელი ნაწილი.
შიბილი//ბეჭილი - ტყავის თასმა, გამოყენებული იყო ნაბდის ყელის გარსშემოსარტყმელად.
ნ. ჯ.
შილა - აქ: ენდროში წითლად შეღებილი ბამბის ქსოვილი (ხამი, სამოსელი). იხმარებოდა ტანსაცმლის, ნიფხავისა და პერანგების შესაკერად. შილით იცოდნენ პერანგის გულისა და ნიფხვის ტოტებზე გადაკვრა. შილა ხევსურული ტანსაცმლის ყველა ელემენტის მოსართავად იყო გამოყენებული. შილის ამ დანიშნულებით მოხმარება აღმოსავლეთ საქართველოთი იყო შემოფარგლული (კახეთი, საინგილო, სამცხე-ჯავახეთი, ფშავი, ხევსურეთი).
ლ. მ.
შილა-შილაფლავი - საჭმლის ნაირსახეობა, ბრინჯითა და შავი პილპილით შემზადებული ცხვრის წვრილად დაჭრილი ხორცი. აღმოსავლეთ საქართველოში ძალზე მიღებული საჭმელი. განსაკუთრებით საქელეხო ცერემონიალის დროს. სუფრაზე შემოდის ბოლოს და მისი ჩამორიგებისთანავე, ტრადიციული წესის მიხედვით, კიდევ ერთხელ ახსენებენ მიცვალებულს.
ე. ნ.
შიმშა - სახელოსნო ნივთი, დანაყოფებიანი, საზომ-სახაზავი, აკეთებდნენ რკინისა და ხისგანაც.
შნაკვი - პურის თავთავების სამკალ-საკრეფი იარაღი. განსაკუთრებით გავრცელებული იყო სამეგრელოსა და ლეჩხუმში. იგი შედგება ორი, თითსტარის სისქის და 50 სმ სიგრძის ჯოხისაგან, რომლებსაც ერთმანეთის თავები თოკით მოძრავად აქვთ გადაბმული. ეს მარტივი ხელსაწყო თავისუფალ ბოლოებში იშლება. მკელი მათ შეუცურებს თავთავებს, მოუჭერს, გვერდზე გადაწევს, გადატეხავს და ჩაყრის იქვე მომზადებულ კალათაში. ასეთი პურეული, რომ ნამგლით მოიმკას, მისი მარცვალი მიწაზე დაცვივა. რაც გამორიცხულია შნაკვით მოკრეფის დროს. შნაკვი გვევლინება იშვიათ სამკალ-საკრეფ იარაღად, რომელიც უკავშირდება პურეული კულტურების უძველეს სახეობებს. იმისათვის, რომ საქართველო აღიარებულ იქნეს ენდემური პურეული კულტურების ერთ-ერთ უძველეს კერად, შნაკვის არსებობა ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. კერძოდ, ეს გარემოება კარგად გამოიკვეთება ისეთ ძველ პურეულ კულტურასთან კავშირში, როგორიცაა მახა. მახა ორმაგი ბუნებისაა. მასში მოცემულია ერთი მხრივ გარეული პურეულის, ხოლო მეორე მხრივ, კულტურული ხორბლის თვისებები. პირველისთვის დამახასიათებელია თვითცვენადობა, ღეროდ მტვრევადობა და თვითთესვადობა. მეორესთვის კი პოლიპლოიდობა და პოლიგენომობა. აქედან ნათელი ხდება, რომ ეს ჯიში ველურიდან კულტურულზე გარდამავალი ჯიშია და ამდენად, პურეულის აკულტურაციის პროცესის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი რგოლია, რაც დამამტკიცებელია იმისა, რომ პურეული კულტურის განვითარების ევოლუცია ხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
ლიტ. გ. ჩიტაია, შრომები, ტ. I, 1997.
ე.ნ
შოთი - პურის სახეობა, გრძელი და რკალისებური ფორმის. აქვს სქელი ყუა, თხელი პირი და წაწვეტებული ბოლო. განსაკუთრებით გრძელი და მოხრილი ხმლისებური შოთები იციან კახეთში, ქართლში კი შედარებით მოკლე შოთებს აცხობენ. სახელწოდება „შოთი“ წარმართულ ღვთაებასთან, მთვარესთან უნდა იყოს დაკავშირებული. ძველ საისტორიო წყაროებში საწირველად პურიცაა დასახელებული, ამასთან, ყოფითმა ტრადიციამ შემოინახა ხორბლის ზედაშეები, რისგანაც სარიტუალო პურებს აცხობდნენ. შოთი დღესაც განსაკუთრებით სადღესასწაულო დანიშნულებით გამოიყენება.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე. ნ.
შოლტი - მათრახის (იხ.) ერთ-ერთი სახეობა. სამ-ოთხ-ღერიანი მათრახი (საბა), შოლტი მათრახთან შედარებით გრძელია. მას იყენებდნენ მეცხვარეები და მეურმეები. შოლტის დასამზადებლად ხმარობდნენ 4-5 წლის საქონლის ტყავს. ტყავის „კოპით“ შოლტის დაწვნა შემდეგი წესით ხდებოდა: ჭუჭყის, ნარჩენებისა და კუნთოვანი ნაწილებისგან განთავისუფლების შემდეგ ტყავს შიდამხრიდან 1კგ მარილს მოაყრიდნენ, დაკეცავდნენ 8 ფენად და ინხავდნენ ჩრდილში 3 დღის განმავლობაში. წვენგამოშვებულ ტყავს ჩხირებზე ჭიმავდნენ და 3 დღეს მზეზე აშრობდნენ. შემდეგ „შოლტებად“ ჭრიდნენ. საგულედ იყენებდნენ კამეჩის ტყავის თასმას ან ცხენის ძუას, გამოაბამდნენ ხეზე და მათრახის ანალოგიურად დაწვნას შეუდგებოდნენ. კამეჩის ტყავის თასმა ან ერთად აღებული რადმენიმე ცალი ცხენის ძუა იმავე „გულს“ წარმოადგენდა. ერთ-ერთს დააბამდნენ ლითონის რგოლზე და ხეზე დაამაგრებდნენ. შოლტის დაწვნა 16 წვერით ხდებოდა. მათრახის დარად ფუნჯებს შოლტსაც უკეთებდნენ.
ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943. ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
შრეში - წებო. ამავე სახელწოდების მცენარის ფესვებისაგან მზადდება ფხვნილი, რომელიც გამოიყენება წებოს გასაკეთებლად. იხმარება ტყავისა და ქსოვილის დასაწებებლად.
ლიტ.: ქეგლ, ტ. VII, 1962.
ნ. ჯ.
შტახი - სურნელოვანი მცენარეა, რომლისგანაც ამზადებენ მურს და ნელსაცხებლებისთვის ხმარობენ.
შუბი - საძგერებელი იარაღი. „ვისრამიანის“ ქართველ ავტორს შუბი ამგვარად აქვს განმარტებული: „შუბები შანფურსა გუანდა, მწუადისა ნაცულად კაცი ეგის“-ო. ვეფხისტყაოსანში შუბი რამდენიმეჯერაა გამოყენებული. მაგ. „შუბი ვსთხოვე ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად“. ტერმინი „შუბი“ უძველეს ძეგლებში არ გვხვდება. იგი გავრცელებული ჩანს XII საუკუნიდან. ამ დროს უკვე ისე გაბატონებულა, რომ წინანდელი „ჰოროლი“ დაუჩრდილავს. შუბი შედგება: შუბის პირისა, წვერის და შუბის ტარისაგან. საქართველოში გვიანფეოდალური ხანიდან „შუბი“ ყველაზე გავრცელებულ ტერმინად გვევლინება როგორც სალიტერატურო ენაში, ასევე ეთნოგრაფიულ ყოფაში. აღსანიშნავია, რომ ყველა იმ ტერმინის ნაცვლად, რომელიც საძგერებელ იარაღს (ჰოროლი, ლახუარი, გმური, ლიბანდაკი, წათი და სხვ) გამოხატავდა, დამკვიდრდა ტერმინი „შუბი“.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი - მქემკი. ტ. III-IV 1962. სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. I, 1991.
მ. ქ.
შუკუნაი (ხევი) - მცირე ზომის ნიში, ამოჭრილი საცხოვრებლის - „სამყოფოს“ აღმოსავლეთის კედელში. გამოიყენებოდა ჯვარ-ხატების განსათავსებლად. შუკუნაი „საწმინდაო“ ანუ წმინდა კუთხეს და ფუძის ანგელოზის საბრძანისს წარმოადგენდა. ყოველ შაბათ საღამოს ოჯახის უფროსი - ფუძის ანგელოზს სანთლებს უნთებდა და იქვე, კედელში დამაგრებულ ქვაზე ან დედაბოძზე მიაკრავდა. მოხევეთა რწმენით, ფუძის ანგელოზი, გვარისა და ოჯახის მფარველად ითვლებოდა. რელიგიურ დღესასწაულებზე გვარის უხუცესი მის გვარში შემავალ ოჯახებს ჩამოუვლიდა და ფუძის ანგელოზს სანთელ ანთებული ევედრებოდა მათ კარგად ყოფნას. სხვა დროს კი, შაბათობით, ფუძის ანგელოზის სახელზე ლოცვას ოჯახის უფროსი აღავლენდა. ფუძის ანგელოზის საბრძანისთან დედაკაცის მისვლა იკრძალებოდა.
ლიტ.: ვ. ითონიშვილი, მოხევეების საოჯახო ყოფა, 1970.
ლ. ბ.
შულო - ძაფის ხვეული.
შუმი - უჭაჭოდ დაყენებული ღვინო, შუმი ზოგან ეწოდება საწნახელში დადუღებულ ღვინოსაც. შუმად დაყენებისას წვენს//ტკბილს უჭაჭოდ ჩაასხავენ ჭურში, შემდეგ დაგლესენ და „მოგუდავენ“. მხოლოდ პატარა სასულეს დაუტოვებენ დუღილისთვის. ამ დროს დუღილი მთელი ძალით არ მიმდინარეობს და ღვინო ტკბილი და ფუცხუნა დგება. ლეჩხუმში ასეთნაირი წესით დაყენებულ ღვინოს „ფეთქი“ ერქვა.
ლიტ.: ლ.ფრუიძე, მეღვინეობა საქართველოში, 1974.
ე.ნ
შურდული - ქვის სატყორცნ იარაღთა ერთ-ერთი უძველესი სახეობა, რომელსაც თავის დროზე თითქმის ყველა ხალხი იყენებდა. შურდულით გასროლილი ქვა დიდ მანძილზე მიექანებოდა და გასროლის სიძლიერითაც გამოირჩეოდა. შურდული საკმაოდ ცნობილია ქართველი ხალხის ძველ საომარ საშუალებათა შორის. შუა საუკუნეების საქართველოს ლაშქარში მეშურდულეთა საგანგებო ნაწილების არსებობას მრავალი ისტორიული წყარო აღნიშნავს. მაგ., თამარ მეფის ისტორიკოსის ცნობაში მითითებულია: „წამოდგეს ბანთა და შუაკართა ზედა ისრის მსროლელნი და ქვის მტორცნელნი“. შურდული მარტივი იარაღია, იგი სამი მთავარი ნაწილისაგან შედგება - საქვე, და ორი მანა. საქვეს ბოლოების გაგრძელებას წარმოადგენს ერთსა და იმავე მასალისაგან დაწნული ორი მანა. შურდულის დასამზადებლად იყენებდნენ ლაფანს (თელის, ტირიფის, თუთის და სხვა), ტყავს, შალის ქსოვილს, ძუასა და ქალის თმას. საშურდულედ უმთავრესად დეკეულის ან მოზვრის, ზოგჯერ კი ძროხისა და ხარის ტყავს ხმარობდნენ. ხევსურთა გადმოცემით შურდულს ქალის თმისაგან წნავდნენ. აღსანიშნავია, რომ ქალის თმის გამოყენება საშურდულე მასალად სხვა ხალხებშიც დასტურდება. საშურდულე ლაფანსა და ძუას ხელით წნავდნენ, ბაწარს კი ყაისნაღით ქსოვდნენ. ქვის მიზანში სროლისათვის შურდულის მანა ოთხპირა ბაწრით უნდა დაწნულიყო, ვინაიდან სამი ბაწრით გასროლილ ქვას არასწორი მიმართულება ეძლეოდა. დაახლოებით 50 სმ სიგრძის მანებს წვრიდად წნავდნენ, შემდეგ მის ერთ ბოლოს მსროლელის საჩვენებელი თითის გასაყრელად გამონასკვავდნენ. Qქვის ჩასადებს - საქვეს საგანგებოდ ჩაღრმავებულს ქსოვდნენ ანდა ტყავისას აკეთებდნენ. გარდა შურდულისა, არსებობდა აგრეთვე ქვის შორს გასროლის ისეთი საშუალებაც, როდესაც ქვა ბაწარგამობმული იტყორცნებოდა, მას „კუდბაწარას“ უწოდებდნენ. როგორც ცნობილია, ბაგრატიონები თავს მიიჩნევდნენ ებრაელთა მეფის დავითის შთამომავლებად, რომელმაც შურდულით დაამარცხა გოლიათი. ამ დამოკიდებულების ილუსტრაციაა ბაგრატიონთა სამეფო გერბში შურდულის გამოხატვის ფაქტი.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, „შურდული“, „მეცნიერება და ტექნიკა“, №1, 1958.
მ. ქ.
შუფრა - ხარაზების იარაღი, ტყავის გასაფხეკ-გასაქერქი.
შხიფი - ხის ტარზე შუბივით წამოცმული კბილებიანი რკინის იარაღი, რომელსაც ღამით მაშხალებით თევზზე ნადირობისას ხმარობენ.
შხუნა - აფრიანი ნავი ორი ან სამი ანძით.
![]() |
14 ჩ |
▲ზევით დაბრუნება |
ჩაბალახი - საბრძოლო თავსაბურავი. „ლიტონი ჯაჭვია“ (საბა). ჩაბალახი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს მთიანეთში (ხევს), ჩაჩქანისაგან (იხ. ჩაჩქანი) განსხვავდება იმით, რომ არა აქვს პოლოტიკი).
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ. ქ.
ჩადი//ჩადუნა - ერთგვარი მცენარეა, რომელსაც ყურძნის დაწურვამდე საწნახელში ჩადებულ მოწნულ ლასტებზე დააფენდნენ, რათა ტკბილი წვენი წიპწისგანა და ჩენჩოსგან გაეფილტრათ, ზოგჯერ თუ მომეტებული იყო ჩადის ფოთლები, ღვინოს თავისებურ, სპეციფიკურ გემოს აძლევდა (იხ. ტოპკირი).
ე.ნ.
ჩადრი//„ჩადირ“ (სპარს) //აჯიღა//ზეწარი//თერისტო - ქალის მოსაბურავ-მოსაბლარდნელი. მასალად გამოყენებული იყო ყალამქარი, ტილო, მიტკალი, მარმარი, მადარფაკი, ჩადრა და სხვა. ოთხკუთხა მოყვანილობის ჩადრი სწორი და გრძელი ქსოვილისგანაა დამზადებული. ამ ფართე მოსასხამის ქვედა ნაპირი გარკვეული წესით იყო შემომრგვალებული. შიგა თავსაბურავზე დამაგრებული და მთელი სხეულის დამფარავი ჩადრიდან ქალს მხოლოდ თვალები მოუჩანდა. პრაქტიკული თვალსაზრისით მისი გამოყენებით ტანსაცმელი დაცული იყო მტვრის, მზისა და წვიმისგანაც. ჩადრის ტარების ძველი წესი არაბებს სპარსელთაგან გადმოუღიათ. შემდგომში მაჰმადს იგი გაუთხოვარი ქალისათვის სავალდებულო წესად უქცევია. აბასიდთა ხალიფობის ხანაში კი საბოლოოდ დამკვიდრდა ყველა მუსულმანი ქალისთვის. ქართული ისტორიული წყაროები და ლიტერატურული ძეგლები ადრეული პერიოდიდან გვაწვდიან ცნობებს ქალის მოსაბურავის შესახებ. წამოსასხამის მნიშვნელობით გვხვდება „ვისრამიანში“ და „ვეფხისტყაოსანში“. ამ უკანასკნელში „აჯიღაც“ არის ნახსენები. გვიანფეოდალურ ხანაში „ჩადრი“ გვხვდება ანა დოლენჯიშვილის მზითვის სიაში (1876წ.), ბარბარე მანუჩარ თუმანიშვილის ასულის მზითვის სიაში (1808წ.), „ყალამქრის ჩადრი“ მოხსენიებულია იოსებ ორბელიანის ასულის ნინოს მზითევში (1827წ.) და „მარმარის ჩადრი“ მჭედელ გოგია ხოსრუას შვილის მეუღლის ქონების ანგარიშში (1815წ.) და სხვა. ჩადრი საქართველოში გამოიყენებოდა, როგორც ჩვეულებრივითავსაბური და არა როგორც სახის დასაფარი საშუალება როგორც ეს მუსლიმებთან იყო მიღებული.
ლიტ.: ნ. გვათუა ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა XIX-XX სს. 1967.
ც. ბ.
ჩათანი (მესხ.) - ძეწნის წკეპლებისაგან მოწნული დიდი გოდორი სიმინდის გადასაზიდი და შესანახი ჭურჭელი.
ლიტ. ქელ. 2009.
ჩათო - წაბლის წკნელებისგან ან ცაცხვის კანისგან დაწნული შოლტის მაგვარი მსხვილი თოკი. გამოიყენება დიდი ზომის გამოუწვავი ქვევრების ასაწევად და ქურაში ჩასადებად. ჩათოს ერთი ბოლო შოლტის წვერივით არის გაწვრილებული, მეორე ბოლოზე კი ყულფი - ყური აქვს გაკეთებული. ქვევრის აწევას სხვადასხვა სიგრძე-სიგანის ჩათოები სჭირდება. პატარა ჩათოების, ანუ ხელჩათოების რიცხვი ქვევრის სიდიდით ისაზღვრება. ზოგიერთი ქვევრი 10-12 ხელჩათოს დახმარებით აიწევა, ზოგისას კი უფრო მეტი ხელჩათო სჭირდება. ოსტატები გრძელ ჩათოზე პატარა ჩათოებს აასხამენ-ააგებენ და ხელჩათოებით დიდ ჩათოს ქვევრების ძირს შემოუჭირებენ (ქუსლიდან დაახლოებით ერთი არშინის დაშორებით), ირგვლივ შემორტყმული მსხვილი ჩათოს წვერს მის მეორე ბოლოზე გაკეთებულ ყულფში გაუყრიან და მაგრად შეკრავენ. გრძელ ჩათოზე ასხმულ ხელჩათოებს, „როგორც კეცი გაიმართება“, იმ ზომაზე დააყენებენ, ისე რომ ქვევრი აწევის დროს მომუშავეებმა ერთმანეთს არ დაუშალონ: თითოეული თითო ხელჩათოს წვერს დაიკავებს და „ციმციმ“ ასწევენ ქურაში შესატანად. იმერეთში ჩათოს ბოლოებს, ერთი მეტრის დაშორებით, ერთმანეთის პარალელურად, ხის სახელურებით აკავშირებენ. ჩათოზე „დასვენებული“ ჭური რამდენიმე კაცს შეაქვს ქურაში. ჩათო თავისი ბუნებრივი სირბილის გამო კარგად ეხამება კერამიკული ნაწარმის თანდაყოლილ სიმყიფეს და ზიანს არ აყენებს ნივთს.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, I, 1949.
მ. ზ.
ჩაიდანი - წყლის ასადუღებელი სპილენძის ჭურჭელი. ცივად კვერვის ტექნიკით გამოჭედილი. ჩაიდანი წყლის (ჩაის) ასადუღებელია, თითბრის კი ჩაის ფერის დასაყენებელი. ზომით რამდენიმეა: დიდი, საშუალო, პატარა, ძირი მოკალული აქვს, მრგვალი და ბრტყელი ან ქუსლიანი, გვერდები სწორი ან გამობერილი. გააჩნია ხუფი, სახელური და მილაკი. თითბრისა ანუ ჩაის ფერის გამოსაყვანი ჩაიდანი, დახვეწილი ფორმის, ორნამენტებით შემკული. ჩაიდნები მზადდებოდა სპილენძის, თითბრის, ვერცხლის, ფაიფურისა და თიხისაგანაც კი. ჩაის მოხმარებამ განსაკუთრებით გაამრავალფეროვნა ჩაიდნების ფორმები და მათი შემკულობა.
ც. კ.
ჩალიჩი - 1. თასმების, თივისა და მისთანებისაგან დაგრეხილი თოკი. 2. ლახტი, ლახტაობა.
ჩალმა - გრძელი ნაჭრის თავსაბურავი, რომელსაც მუსულმანები იხვევენ თავზე. გავრცელებული იყო ქართველ მუსულმანთა შორისაც.
ჩალქი - ზუთხის დასაჭერი ანკესი ბასრი წვერითა და მასიური ტანით.
ჩალხანა - 1. ცეცხლზე ჩამოსაკიდებელი მომცრო, თუჯის ან სპილენძის ყურიანი ქვაბი. 2. ხის კოდი რძის ჩასასხმელად.
ლიტ.: ქელ. 2009.
ჩამა - ხისგან გაკეთებული სახელურიანი დიდი კოვზი, იმ ზომის, რომ ადამიანმა დაუბრკოლებლად მოიხმაროს. ჩამათი ქვაბიდან ამოაქვთ ადუღებული სალუდე მასა, ასხამენ ჩხუტებში, რომლიდანაც ჩაისხმება ხაკის ტომრებში და გაიწურება. ჩამაში ამზადებნენ ლუდის საფუარსაც.
ე.ნ.
ჩამიჩი - შემჭკნარი, ჩვეულებრივ თონეში შემწვარი ყურძენი, ქიშმიშის მსგავსი.
ჩამური - იგივე საცეხველი. დას. საქართველოში ფართოდ გამოიყენებოდა მექანიკური ჩამური, რომელიც წყლის საშუალებით მოდიოდა მოძრაობაში და უაღრესად ამსუბიქებდა ცეხვის მძიმე პროცესს. წყლის ჩამურების საუკეთესო ნიმუშები დასტურდება გურიასა და სამეგრელოში.
ჩამჩა - საწვნე დიდი კოვზი, რომელსაც აქვს გრძელი ტარი და გამოიყენება კერძიდან წვენის ამოსაღებად. არცთუ იშვიათად ჩამჩის ტარებს ამკობდნენ მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით.
ც. კ.
ჩანა - ხის დიდი ჭურჭელი, რაშიც დაბღები ტყავებს აწყობდნენ დასალბობად და სხვა პროცედურის ჩასატარებლად. ჩანების შემოღებამდე ტყავს ალბობდნენ მდინარეში. ამ მხრივ საუკეთესო იყო თბილისის ცხელი წყლების ბაზაზე მოწყობილი დაბახანები და დიდი ჩანები.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ჩანახი - 1. მასის საზომი ერთეული ფეოდალური ხანის აღმ. საქართველოში, გამოიყენებოდა მარცვლეულის საზომად. 2. ერთგვარი საჭმელი, რომელიც მზადდება ცხვრის ხორცის, ბადრიჯნისა და პომიდვრის ჩაშუშვით.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
ჩანგალი - 1. სადილობისას საჭმლის მისართმევი. 2. კბილებიანი ნიჩანგალი, ანკესისებრი, დიდი თევზის დასაჭერად. 3. სახლის კოჭების ერთმანეთთან დამაკავშირებელი, უღლისებური, რკინისა. 4. მდუღარედანდიდ ხორცთა ამოსაღები.
ჩანგი - არფისებური სიმებიანი საკრავი, შემორჩენილია მხოლოდ სვანეთში. საკრავის კორპუსი შედგება ჰორიზონტალური (თარაზული) და ვერტიკალური (შვეული) ნაწილებისაგან. ჰორიზონტული ნაწილი (კოლეფ) ნახევარცილინდრის ფორმისაა. ზემოდან დაკრული აქვს დაახლოებით 4 მმ სისქის თავფიცარი, რომელიც შუა ადგილას ოდნავ ამობურცულია და გაკეთებულია ნახვრეტები ღილაკებისათვის, რაზედაც სიმების ერთი ბოლოებია მიმაგრებული. ვერტიკალური ნაწილი (კუნთ) სწორი და ბრტყელია, გაკეთებული აქვს ნახვრეტები მოქლონებისათვის (ჭკვარერ), რომელთა დანიშნულებაა სიმების მოჭიმვა სათანადო სიმაღლეზე აწყობის დროს. სიმების რაოდენობა სხვადასხვა ჩანგზე სხვადასხვაა, ექვსიდან თოთხმეტამდე. ვერტიკალური ნაწილი, როგორც წესი, ორნამენტირებულია, საკრავის დიაპაზონი დამოკიდებულია სიმების რაოდენობაზე. ჩანგს ამზადებენ ძირითადად წიწვიანი ჯიშებისაგან (ნაძვი, ფიჭვი, იშვიათად სოჭი). წიწვიანების საუკეთესო აკუსტიკური თვისებები აღიარებულია. საქართველოში სიმებიანი საკრავების დამზადების დროს თავფიცრისათვის ყოველთვის ეს მასალაა გამოყენებული. ჩანგს აქვს ძუის სიმები. ყველაზე მოკლე სიმი, ამავე დროს, ყველაზე წვრილია - შედგება 6 ძუისაგან. დანარჩენი სიმების სისქე თითო ძუით მატულობს, ყველაზე გრძელი სიმი ამავე დროს ყველაზე სქელია ჩანგი სააკომპანემენტო საკრავია. ინსტრუმენტული ჰანგები ფაქტობრივად საფერხულო სიმღერების ტრანსკრიპციას წარმოადგენს. ჩანგი ანსამბლად ჭუნირთან ერთიანდება. სვანური ჩანგის სახით საქმე გვაქვს უძველესი სიმებიანი საკრავის - არფის ტიპთან. ამ ტიპის საკრავის არსებობა დასტურდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულიდან წინა აზიის უძველესი მოსახლეობის - შუმერების (და მათი მემკვიდრეების) კულტურაში. წინა აზიის უძველესი მოსახლეობის მუსიკალური ტრადიციის გაგრძელებად განიხილება - მესაკრავის ბრინჯაოს ქანდაკება ყაზბეგიდან მესაკრავისა ხუთსიმიანი საკრავით ხელში და ნიღბოსანი მესაკრავის თიხის ფიგურა ნიღბოსანი მესაკრავისა უფლისციხიდან, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნით. სახელწოდება „ჩანგი“ წერილობთ წყაროებში X-XI საუკუნიდან ჩნდება და იგი შუმერული და ბაბილონური ენებიდან მომდინარეობს. ამ სამუსიკო ინსტრუმენტის სახელწოდებისა და კონსტრუქციის მსგავსება ქართულთან, სხვა მონაცემების გვერდით მხარს უჭერს დებულებას ქართველთა წინაპრებისა და წინა აზიის უძველესი მოსახლეობის მჭიდრო და ხანგრძლივი კულტურულ-ისტორიული კავშირების არსებობის შესახებ.
ლიტ.: დ. ალავიძე, ნ. რეხვიაშვილი, ჩანგი, „საბჭოთა ხელოვნება“, №6, 1964.
მ. შ.
ჩანთა - ნივთთა სატარებელი. მასალად იყენებდნენ დარაიას, შალს, მაუდს და სხვა. ზედაპირს ქარგავდნენ ფერადი ძაფებით ან ამკობდნენ ბისერებითა და კილიტებით. სულხან-საბას განმარტებით, ჩანთა სხვათა ენაა, ქართულად ხილინდარი ეწოდება. ჩანთა დანიშნულებით სხვადასხვა ზომის ნივთების სატარებელია, რომელიც სამგზავროდ მეტად მოსახერხებელია. შესაძლოა ჩანთის წინამორბედად ჩაითვალოს ძველ ყოფაში გავრცელებული აბგა (იხ.) და ბოხჩა (იხ.). საქართველოს მუზეუმის ქსოვილების ფონდში დაცულია მეტად საინტერესო კოლექცია ხევსურული ჩანთებისა. მასალად გამოყენებულია ტოლი. ჩანთები ფორმისა და ზომის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება, მათზე გამოყვანილი ჯვრული და ნაირსახოვანი ხევსურული ორნამენტები ზოგჯერ ძაფებითა და ბისერებითაა ნაქარგი. ხევსურული ჩანთა ძირითადად საშუალო ზომისაა, აქვს გრძელი სამხრეული. ზომისა და ფორმის მიხედვით საკმაოდ ახლოს დგას თანამედროვე ჩანთასთან.
გ.კ.
ჩარდახი - 1. (ძვ). სასახლის ბანის სვეტზე დადგმული და გუმბათით გადახურული ნაწილი. 2. სვანური კოშკის საბრძოლო დანიშნულების სართულზე, კედლის ოთხივე მხარეს მიშენებული დახურული კონსტრუქცია, რომელიც ქვემოთ ღია იყო და აქედან ქვებსა და თოფს ესროდნენ კოშკზე მომდგარ მტერს. 3. სამეურნეო ინვენტარის შესანახი, გადახურული ადგილი. 4. ფარდაგით გადახურული ურემი, ხატობაზე მლოცველები ოჯახთან ერთად ჩარდახიანი ურმებით მიდიოდნენ.
ლიტ ქელ. 2009.
ე.ნ.
ჩარექა - ღვინის საწყაო ჭურჭელი, თიხისა, ერთი ან ორჩარექიანი ტევადობის. ჩარექას პატარა ტუჩი „ჭოჭი“ უკეთდება ღვინის ჩამოსასხმელად, აღნაგობით ხელადის მსგავსია. მასზე დიდი მოთხოვნილება იყო სოფლად თუ ქალაქად. მედუქნეები ღვინოს ამ საწყაოთი აწვდიდნენ მყიდველებს. ჭურჭელი იმდენი ღირდა, რამდენი ჩარექა ღვინოც ეტეოდა მასში. რაჭაში ჩარექასა და ლიტრას თანაბარი ოდენობის საზომ ჭურჭლად მიიჩნევენ. ძველი ჩარექა კილოგრამზე პატარა ყოფილა (ფუთში 20 ჩარექა ჩადიოდა). ხუთჩარექიან საღვინე დოქს „თუნგიანს“ უწოდებდნენ.
ლიტ.: ლ. ფრუიძე, მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში, 1974.
მ. ზ.
ჩარექი - წონის ერთეული, ქართულად ნიშნავს მეოთხედს. გამოიყენებოდა როგორც საწონად, ასევე საწყაოდ, მანძილის და ფართობის საზომად. წონის საზომად ჩარექი საქართველოში X ს-ის მეორე ნახევრიდან დასტურდება. შეადგენდა ლიტრის მეოთხედს და ამდენად, მისი ოდენობა ლიტრის სიდიდეზე იყო დამოკიდებული. სულხან-საბას მიხედვით: „სპარსნი ლიტრის ნაოთხალსა ჩარექს უხმობენ, რომელსა სომხურად ნუკი და ქართულად გვერდი, გინა ნაოთხალი ეწოდების, ხოლო გვერდისა ნაოთხალსა ქსანი ეწოდება“. XIX ს-მდე ჩარექის, ისევე როგორც ლიტრის წონა თანაბრად იზრდებოდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. XV-XVI სს-ში ჩარექი შეადგენდა 446 გრ-ს, XVIII ს-ში - 828 გრ-ს. XIX ს-ში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩარექის წონის სხვადასხვა მონაცემებია დაფიქსირებული, რაც ლიტრის წონის სხვდასხვაობით იყო განპირობებული. მაგ.: ქართლში ჩარექი იწონიდა 921 გრ-ს, კახეთში - 848გრ-ს, დასავლეთ საქართველოში -1 კგ-ს. საწყაოთა სისტემაში ჩარექი თუნგის მეოთხედს შეადგენდა და სითხის საზომად გამოიყენებოდა. მასიურად, საწყაოდ ჩარექი XVIII ს-დან გავრცელდა. აღმ. საქართველოში ჩარექი თიხისა და სპილენძისაგან დამზადებული ღვინისა და არყის საზომი საწყაო იყო. სპილენძის ჩარექი გამოიყენებოდა მარნებში, სირაჯის სარდაფებში, დუქნებსა და ბაზრებში, თიხის ჩარექას კი ძირითადად სუფრებზე, ღვინის დალევისას ხმარობდნენ. სიგრძის საზომად ჩარექი ხშირ შემთხვევაში მტკაველის ნაცვლად გამოიყენებოდა. ზომით იგი ადლის მეოთხედს შეადგენდა. როგორც ფართობის საზომი, ჩარექი დაკავშირებული იყო დღიურთან და შეადგენდა მის მეოთხედს, ე.ი. 0,125 ჰ-ს.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ხ.
ჩარხი - აქ. მეთუნის ხელსაწყო, რომელზედაც შენდება სამეთუნეო ნაწარმი. მეთუნეობაში ჩარხის შეხსნა ნიშნავდა ხელოსნისათვის ჩარხზე მუშაობის დროებით აკრძალვას. ამქრის წესების დარღვევის შემთხვევაში წესად ჰქონდათ შემოღებული ფულადი ჯარიმა, რომელიც შეადგენდა სალაროს შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს. უმაღლესი სასჯელი იყო ამქრიდან გარიცხვა, მანამდის კი დროებით ჩარხზე მუშაობის აკრძალვა, რასაც „ჩარხის შეხსნა“ ერქვა. მეჭურჭლესთან მივიდოდა ამქრის წარმომადგენელი, ჩარხის თავს (ზედა ნაწილს) მოუხსნიდა და წაიღებდა. ჩარხის თავის შეხსნით დასჯა ამქრის კრებას უნდა გადაეწყვიტა.
მ.ზ.
ჩაფარა - კოკალიდან ერთკან გამოცვლილი აბრეშუმის ჭიის გადასალაგებელი. მოღობილი ბჟოლის, რცხილის, თხილის, ბროწეულის წნელის ან სიმინდის გამხმარი ღეროებისაგან. ჩაფარა გავრცელებული იყო ძირითადად გურია-სამეგრელოში.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ. მ.
ჩაფარიში - ერთგვარი ფერადი ზონარი, იხმარებოდა ჩოხის და საერთოდ ყოველგვარი ტანსაცმლის შიგნითა ნაკერების დასამაგრებლად და დასამალავად. მაგ., საჩოხე შალის ნაკერებში ჩაფარიში თუ არ დაედება, ამოიძებნძება და დაიშლება, ჩაფარიშს უკეთებდნენ ქალის კაბებსაც. ჩაფარიშები იყო სახიანი, ყვავილიანი, ჭრელი, ოქრომკედის, მოქარგული და სხვ.
ლიტ.: ნ. აბესაძე, თბილისელი ფეიქრები, „მაცნე“, 1965, №5.
ე. ნ.
ჩაფი - 1. ღვინისა და წყლის სათავსი, თიხის მოზრდილი ჭურჭელი. გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. ჩაფი, ხელჩაფი, ჩაფურა და ქუთათური - ძველად, საღვინე ჭურჭელად ითვლებოდა. ჩაფი 10-15 ლიტრს იტევს, ხელჩაფა, ჩაფურა და ქუთათურის ტევადობა 2-3 ლიტრა. დასახელებული ჭურჭლები ფორმით ერთსახოვანია, ტევადობით განსხვავებული. სითხის მოსაკავებელი თიხის ჭურჭელთა შორის ჩაფი ყელისა და პირის მოყვანილობით განსხვავდება. რაჭაში ღვინის საწყაო ჩაფს „მენახევრეს“ უწოდებენ. ბოლო ხანებში „მენახევრეს“ ცვლის ტერმინი „ფუთიანი“, რაც საწყაოს ახალი ზომის გამომხატველია. ჩაფი რაჭაში იმერეთიდან შეჰქონდათ, მას ზემო რაჭის სოფლებშიც (შეუბანი, სომიწო) ამზადებდნენ, თუმც მომხარებელი იმერულ ნაკეთობას ამჯობინებდა. სამთავროში აღმოჩენილ კერამიკულ ნივთთა შორის გვხვდება ჩაფის ანალოგიური სახის ჭურჭელი. 2. საწყაო. გავრცელებული იყო საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით ტერმინი - „ჩაფი“ პირველად XIII ს-ში შედგენილ ვანის ქვაბთა შეწირულობებში მოიხსენიება. XVI ს-დან იგი ფართოდ ვრცელდება მთელს საქართველოში. სულხან-საბა ჩაფს კოკის ნაოთხალად თვლის და მას გუერდის და დორაკის ტოლფას საწყაოდ მიიჩნევს. XIX ს-ის მონაცემებით ჩაფი შეიცავდა 3 თუნგსა და 12-თუნგიანი კოკის მეოთხედს შეადგენდა. უფრო მოგვიანებით ჩაფს 1-თუნგიან ჭურჭლადაც მოიხსენიებენ. ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ არსებობდა ჩაფი, რომელიც 12,3 ლიტრს იტევდა. აღმ. საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში სპილენძის ჩაფიც დასტურდება და ძირითადად გამოიყენება ქვევრიდან ღვინის ამოწყვის დროს. კარგად გაწყობილ მარანში, როგორც წესი საწყაო ჩაფი აუცილებელი ნივთი იყო.
ლიტ: ლ. ფრუიძე, მეღვინეობა საქართველოში, 1974. ჯ. სონღულაშვილი, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიისათვის, 1974. გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ზ.
ჩაფლა//სარმუზა//ჩაფლარ//(სვ.) - ქალამნის ტიპი. მსგავსად დღევანდელი კალოშისა, მოგვზე იცვამდნენ.
ჩაფრასტი - ქალის კაბის მკერდის სამკაული, ერთმანეთთან დაკავშირებული ვერცხლის ღეროები, რომლებიც აქეთ-იქით იყო დაკერებული კაბაზე. გავრცელებული იყო სვანეთში და ზოგადად ჩრდ.კავკასიაში.
ე.ნ.
ჩაფხუტი - საბრძოლო თავსაბურავი. „არს მსგავსი ქუდისა უზარადო, საცხვირე გრძელი“ (საბა). ჩაფხუტი მუზარადის (იხ.) მსგავსი თავსაბურავია, ოღონდ მას არა აქვს ზარადი და წოპი.
ლიტ.: სულხან-საბა, ლექსიკონი ქართული, ტ. II 1993.
მ. ქ.
ჩაქალოზი - (გურ). დიდი თოფი, რომელიც საგანგებო დაზგაზეა დაკრული და ისე ისვრიან. გამოიყენებდნენ ციხის კედელთა შესანგრეველად.
ლიტ.: ქელ. 2009.
ჩაქი//ყურები//სამხედროები (ხევს.) - ჩოხის დეტალი, უმეტესად მამაკაცის ჩოხა-ახალუხზე გვხვდება, ესაა პატარა ცრუ კალთები, კეთდებოდა სილამაზისათვის, ამიტომ ამკობდნენ ნაქარგობით. ჩვეულებრივად ჩოხას 2-3 ჩაქი ჰქონდა, ყარაჩოღული ექვსჩაქიანი იყო.
ც. ბ.
ჩაქურა - მამაკაცის ტანსაცმლის კომპლექტი, რომელიც გავრცელებული იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, გურია-აჭარასა და სამეგრელოში. ამ ტიპის ტანსაცმლისათვის დამახასიათებელია ჩოხაახალუხის უჩვეულო სიმოკლე, რომელთა სიგრძე მამაკაცის წელს ეთანასწორება. მასალად გამოიყენებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე ფაბრიკულ ნაწარმს, კერძოდ, საჩოხე შალეულს, ახალუხებისათვის კი აბრეშუმის ტილოს ან ბამბის ქსოვილების, ელეგისათვის შალს და მაუდს. ამავე მასალისაგან ამზადებდნენ შარვლებს. სარჩულად იყენებდნენ ატლასს, სატინას, ნარმას. კომპლექტის ძირითადი ელემენტებია: მოკლე, წინჩახსნილი, მასრებიანი ჩოხა - „ჭონია“ // „კვარტუა“ (იხ.), მოკლე, ორჯიბიანი, საყელოიანი და გულდახურული ახალუხი - „ზუპუნა“ (იხ) და მის შიგნით ჩასაცმელი უსახელოებო ზედატანი - „ელეგი“ (იხ), განიერუბიანი შარვალი „ჩაქურა“, რომლის სახელწოდება შემდგომ კომპლექტის აღმნიშვნელიც გამხდარა, ამ ტიპის კომპლექტის თავსაბურავში შედის ცხვრის ტყავისა და ქეჩის ქუდები, ასევე ყაბალახი და ფაფანაკი, ფეხზე წინდა-პაიჭებთან ერთად ქალამანი, მესტები, ჩექმები. ჩაქურიან მამაკაცებს წელზე ერტყათ ჭრელი აბრეშუმის ფართე და გრძელი „თოლაბულუხის სარტყელი“ და ტყავის ქამარი - „ბელყაიში“, რომელზედაც ეკიდათ ან გაჩრილი ჰქონდათ იარაღი (მოკლე სატევარი, დამბაჩა - „ფიშტო“ და სხვადასხვა ნივთები (სავაზნე, საქონე, მათარა, ქისა და სხვ.).
ც. ბ.
ჩაქურაი - აჭარული შარვალი, რომელსაც აქვს გამორჩეულად დიდი უბე. შედგება სათავის, ორი ტოტისა და უბისაგან. უბე რამდენიმე ნაჭრისაგანაა შეკერილი. ზოგჯერ 2 და 4 ნაჭრიანიც იკერებოდა. მისი ქვემოთა მხარე ხან სწორია და ხანაც ოვალური. ტოტები ზემოთ განიერი და ქვემოთ მოვიწროებულია, რომელთა ბოლოში გამობმულია ზონარი - პაჭანიკი რითაც შარვალი ფეხზე მაგრდება. შარვალი იკვრება სათავეში გაყრილი ლარით ან მოქსოვილი ხონჯრით, რის შედეგადაც შარვლის ზემოთა ნაწილი ნაოჭსიყრის, ჩანაკერებზე მიუყვება შავი ან ფერადი კანტები.
ლიტ: დ. ბარათაშვილი, მასალები XIX ს. ქართული ხალხური ტანსაცმელის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან, 1966.
ც.ბ.
ჩაქუჩი - რკინისთავიანი და ხისტარიანი სახელოსნო იარაღი. ხელობის პროფილიდან გამომდინარე არსებობს ჩაქუჩთა ნაირსახეობა, მაგ., ქვის სამტვრევი, ლურსმნის დასაჭედებელი, რკინის გასაბრტყელებელი, საოქრომჭედლო და ა.შ. პატარა ჩაქუჩს „კვერი“ ეწოდება.
ჩაქუჩ-კვერი - მესპილენძეობაში გამოყენებული მცირე ზომის რკინის ჩაქუჩი. კვერი ორნაირია: მაღალთავიანი და დაბალთავიანი. რკინის ჩაქუჩთან ერთად მესპილენძეები ხის ჩაქუჩითაც სარგებლობენ.ხის ჩაქუჩი ქვაბისა და თუნგის ზედაპირის გასასწორებლად გამოიყენებოდა: გადაკერებული ადგილების შესამჭიდროებლად. ყოველ ხელოსანს 4-5 ცალი კვერი და ამდენივე რაოდენობის ხის ჩაქუჩი აქვს. ყველა მათგანს თავისი ფუნქცია გააჩნია და სახელწოდებაც ფუნქციის შესაბამისი აქვს. ასე მაგალითად: საცალხელო ჩაქუჩი ყალიბიდან ზოდის გადმოსაღებად იხმარება, ხის ჩაქუჩი-გადაკერებული ადგილების გასასწორებელია. რკინის კვერი კბილანების ჩასასმელია. არის აგრეთვე ორმნამენტის გამოსაყვანი კვერი, ძირის გამოსაყვანი ჩაქუჩი, მოსაყვანი ჩაქუჩი, გვერდების გასასწორებელი და ა.შ. კვერი - ჩაქუჩების ფუნქცია კარგად ჩანს ჭურჭლის დამზადების პროცესში. ამ იარაღიდან არის ნაწარმოები ტერმინი „კვერითხურო“, ანუ „მჭედელი კუერის მცემელი“.
ე.ნ.
ც. კ.
ჩაღანა - ძალებიანი საკრავი ქამანჩას და ჭიანურის ტიპის. აქვს პატარა- მრგვალი მუცელი და გრძელი ყელი. უკრავენ მშვილდივით მოხრილი ძუისძალიანი მშვილდაკით (ხემი). ეთნოგრაფიულ ყოფაში არ დასტურდება.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
ჩაჩანაკი - რკინის ორი რგოლი, რომლებიც ერთმანეთზე მოძრავადაა გადაბმული. საქონელს უკეთებენ საყელოზე, რათა ბალახობისას საბელი არ დაიგრიხოს და ყელში არ
ამოედოს.
ე.ნ.
ჩაჩქანი - საომარი თავსაბურავი. ძველ ქართველებს ჩაჩქანისათვის მასალად ხე და ტყავი, ხოლო მოგვიანებით ბრინჯაო, სპილენძი და რკინა. ქართულ საბრძოლო თავსარქმელი ძირითადად ოთხი სახისაა: ჩაჩქანი - ჯამის ფორმის, კვერცხისებური, ფაფანაკის ფორმის და ჩაბალახი - ლიტონი ჯაჭვით ნაქსოვი. ქართულ ჩაჩქანს დაბალი ჯამის (ლამბაქის) ფორმა აქვს, რომელზედაც შემოვლებულია ჩაჩქნის ზარადი (ჯაჭვის ნაქსოვი ბადე). ზარადი შესაძლოა იყოს ფარეშიანი, უფარეშო ან დადუღებული, ის იცავს სახეს, კისერს და შუბლს. გერდებზე ჩამობმული აქვს ტყავის დაწნული თასმა, რომელსაც მეომარი ბრძოლის დროს ყბის ქვეშ ამოიდებდა. არსებობდა ჩაჩქნის მეორე სახესხვაობაც, გრძელ - პირბადიანი, რომელსაც სამზერად მხოლოდ სათვალეები ჰქონდა ამოჭრილი, დანარჩენ პირსახეს ჯაჭვი ფარავდა. ჩაჩქანის დამზადების ტექნოლოგია უკანასკნელ დრომდე მხოლოდ ხევსურეთმა შემოინახა, მჭედელი ჩაჩქნის ჯამის რკინას გრდემლზე კვერით გაასწორებდა, შემდეგ ხის ფარგლით შემოხაზავდა და თარგის საშუალებით მრგვალ საჩაჩქნეს გამოჭრიდა, რომელსაც რკინის მორგვზე კვერის დარტყმით თანდათან მისცემდა ჯამის ფორმას. ამის შემდეგ ჩაჩქანს გარე წრესთან სახვრეტათი დახვრეტდა, ჯაჭვის სხმულის (ზარადის) ჩასამაგრებლად. ზოგ ჩაჩქანს ზევიდან გადააკრავდნენ ვერცხლის არშიას და შუაში უკეთებდნენ „უსმარს“ (სამსჭვალს). ჩაჩქნის დახურვა შიშველ თავზე არ იყო გამართლებული, რადგან ასეთ შემთხვევაში, მოწინააღმდეგისაგან მოხვედრილი იარაღი, მებრძოლს სასიკვდილოდ თუ არა, ისე მაინც „დაჟეჟავდა“. ამიტომ საჭირო იყო ჩაჩქნის ქვეშ ნაბდის დაგება. აღმოსავლეთ საქართველოში ჩაჩქნის ნაბდად, თუშურ ქუდსაც ხმარობდნენ. ქართულ ხალხურ პოეზიაში ხშირად არის ნახსენები ჩაჩქანი, მაგ.: „ელვა დგას ჩაჩქნებისაო“, ან „საჩქაროდ გადაიხურა ჩაჩქანი ზარადიანი“. ტერმინი „ჩაჩქანი“ ქართული უნდა იყოს, ვინაიდან ზმნა „ჩეჩქვასთან“ არის დაკავშირებული. მსოფლიოს თითქმის ყველა კულტურულ ხალხს გააჩნია თავისი საკუთარი ფორმის საბრძოლო თავსაბურავი. ასეთი დაბალჯამიანი ფორმის ჩაჩქანი ტიპურია საქართველოსათვის და მისი გავრცელების სათავეც აქაა საგულვებელი.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი, მ.მ. ტXIX-A, XIX-B. 1957. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტIII-IV 1964.
მ. ქ.
ჩაჭილე (ლეჩხ.) - მარცვლის გადასაზიდი ერთ ხეში ამოღებული ხის ჭურჭელი, პატარა საწნახელის მსგავსი, რომელსაც თავსა და ბოლოში გამოყენებული ჰქონდა ფიცრები.
ჩახვი//თოფრა (გუდ. მთ. ხევს.) - პარკი ტყავისა, რომელსაც ცხენს ჩამოჰკიდებდნენ თავზე და შიგ ჩაუყრიდნენ საკვებს.
ჩახსაკრავი - პაიჭზე შემოსაკრავი ბამბის, შალისა და აბრეშუმის ფერადი ან ჭრელით დამშვენებული ზონარი, ზოგჯერ მასზე რაიმე ფრთიანი გამოთქმა ან ლექსი იყო ამოქარგული მაგ., „ტანად ალვა, პირად მზე ვარ, მოსართმევი ვარ ლომისა“ ანდა „სალხინოთ მოხმარდეს ალექსი ზამუკაშვილს“. ჩახსაკრავი იჭერს წვივზე მომდგარ პაიჭს ჩაცურებისაგან და ამავე დროს, გარკვეული სამშვენისის მოვალეობასაც ასრულებს. ოჯახში მიღებული იყო რძლისაგან მამამთილისა და მაზლებისათვის ლამაზი ჩახსაკრავების დამზადება, რაც ერთგვარი პატივისცემების ნიშანს წარმოადგენდა. წვივსაკრავისა და ლეკვერთხებისაგან განსხვავებით, რომლებთაც ტყავისაგანაც ამზადებდნენ, ჩახსაკრავი მხოლოდ აბრეშუმის ან შალისაგან მზადდებოდა. ჩახსაკრავები იქსოვებოდა „ფირფიტების ქსოვის“ ტექნიკით, რომელიც საქართველოში შემოსული უნდა იყოს ძველი შუამდინარეთის კულტურული სივრციდან.
ლიტ: ნ. აბესაძე, თბილისელი ფეიქრები, „მაცნე“, 1965, №5.
ლ.მ.
ჩეთე - საქართველოში გავრცელებული სამხედრო ხომალდი, აფრებითა და ნიჩბებით, სწრაფი მანევრირების გამო მოულოდნელი თავდასხმისათვის მოსახერხებელი იყო, მდინარის დელტაშიც ადვილად მოქმედებდა.
ლიტ: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987
ე. ნ.
ჩეკი - წერაქვის იდენტური ქვის დასამუშავებელი იარაღი, შედარებით მომცრო ზომის.
ჩეკია - ბოსტნის იარაღი. ერთი პირი ფართო აქვს, მეორე ვიწრო. იხმარება ლობიოს საბუდნად და ბოსტნეულის სამარგლავად.
ჩელთი - ფარის ნაირსახეობა. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით ჩელთი ფარია „ოთხკუთხი“ ან „კვერცხებრი“ ფორმის. ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში ჩელთი აღარ გვხვდება, არსებობს „ჩელტი“ (რაჭ. იმერ.) - წნული, ლასტი, წნულისაგან დაღობილი გრძელი და ოთხკუთხა, აბრეშუმის ჭიის დასასმელი (ალ. ღლონტი). თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით ქართველურ ტომებს წნელისგან მოწნული და ტყავგადაკრული ფარები ჰქონდათ, მაშინ სავარაუდოა, რომ ეთნოგრაფიული ტერმინი „ჩელტი“, შორეულ წარსულში ფარადაც ანუ ჩელთად გამოეყენებინათ, რასაკვირველია, უფრო მჭიდროდ მოწნული და საბღუჯით აღჭურვილი (იხ. საბღუჯი).
ლიტ.: ალ. ღლონტი -ქკთსკ, 1984. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ.III-IV, 1962.
მ. ქ.
ჩელტი - წკნელისაგან მოწნული ლასტი, რომელიც გამოიყენებოდა აბრეშუმის ჭიის პარკის გამოყვანისათვის, საწნახელში ჩასაფენად (იხ. ტოპკირი), ხილის გასახმობად. ქვ. იმერეთში ჩაფარასაც უწოდებენ.
ე.ნ.
ჩემხვა - რძეში ჩახარშული სიმინდის ფქვილი, იზილება როგორც ღომი, გავრცელებული იყო სამეგრელოში.
ჩეო (ლეჩხ.) - წკნელისგან მოწნული მომცრო ბარი (ხვირი), ხმარობდნენ ნაკელის გასატანად.
ჩექთურა - საჭაპანე ნავი, რომელსაც ნაპირიდან თოკებით ეწევიან.
ჩექმა - „სხვათა ენაა ქართულად მოგვი ჰქვია“ (საბა). მაღალყელიანი, ლანჩიანი ტყავის ფეხსამოსი, მოგვიანებით ლანჩების ძირების და ქუსლების შეჭედვა ლურსმნებით დაიწყეს. არის ჩექმის სხვადასხვა სახეობა თავისი ცალკეული სახელებით. მაგ., ჩექმა ქართული, ჩექმა - ცხვირმოკაუჭებული, ჩექმა - თავადური, ყაითნით, ბუზმენტებითა და ფუნჯებით მორთული, ჩექმა სირაჯული - უფუნჯო, ჩექმა რუსული, მკვიდრად შეკერილი, ტლანქი ფორმისა, რომელიც რუსული არმიის იმპერიული ძლევამოსილების სიმბოლოდ იქცა.
ე. ნ.
ჩეჩილი - მოხდილი ყველის სახეობა, ძირითადად ამზადებდნენ მესხეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ქართველებთან ერთად ყველის ამ სახეობის დამზადების ტრადიცია აქვთ საქართველოს ხსენებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სომხებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ჩეჩილის დამზადების კულტურა მათ ქართველებისაგან აქვთ შეთვისებული.
ე. ნ.
ჩეჩო (გურ.) - ყველის შესაბოლად განკუთვნილი ბოლოგანიერი, აყვანილი და შეწვერილი გოდორი. ქვემოთ გამოჭრილია ყველის შესაწყობად. ჩეჩოს კვამლთამ ახლოს დაჰკიდებენ, გვიმრის ფოთლებს ფენაფენა ჩაუფენენ და ზედ ყველს დაალაგებენ, რათა გვიმრამ ზედმეტი ბოლისგან დაიცვას პროდუქტი. დაახლოებით ერთ თვეში ყველი ზომიერად შეიბოლებოდა.
ლიტ: ნ. თოფურია, იმერული ყველის დამზადების ხალხური ტექნოლოგია, მსე, 1978.
ე. ნ.
ჩიბუხი//ყალიონი - თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა, რომელიც შედგება მუნდშტუკის (ბოლის შესასუნთქი) და მცირე ზომის ჩაღრმავებული ჭურჭლისაგან (თუთუნის ჩასაყრელი). ჩიბუხი საქართველოში აღმოსავლეთიდანაა შემოსული. ძველად ჩიბუხს მაღალი წრის მამაკაცები ეწეოდნენ, შემდეგ კი იგი ფართო მოხმარების საგნად იქცა. ჩიბუხს ძირითადად ამზადებდნენ ხისა და თიხისაგან, ზედაპირს ზოგჯერ აპირკეთებდნენ სადაფის ქვითა და ვერცხლით.
გ.კ.
ჩივთი - პატარა მახვილკბილებიანი პინცეტი, რომლითაც ოქრომჭედელი ნაკეთობაზე აწყობს გრეხილის ნაწილებს, რათა მერე შეადუღოს.
მ.ბ.
ჩითა//ჩითები - თუში ქალისა და კაცის ნაქსოვი ფეხსაცმელი. მასალად გამოიყენებდნენ შალის ფერად ძაფებს. საშინაოდ ხმარობდნენ ორწვერი ბაწრით მოქსოვილს, რომ ჩითა მსხვილი და გამძლე გამოსულიყო. საქალო და საკაცო ჩითა ქსოვის ტექნიკით ერთნაირია, განსხვავება შეინიშნება შემკულობაში. საკაცო სადაა და წერტილხაზებითაა ამოყვანილი, სადიაცო კი - ზოლიანი და ჭრელი. ჩითას ქსოვას ზედაპირის წვერიდან იწყებდნენ და ქუსლის მიმართულებით აგრძელებდნენ. საპონწყალში გარეცხვის მერე მოქსოვილ ჩითას, ჯერ კალაპოტზე გამოაშრობდნენ, მერე კი „ხის ფეხზე“ ჩამოაცმევდნენ, რომ კოჭის ხაზზე გადაჭრილი ჩითასთვის სრულყოფილი სახე მიეცათ. ქვეშ უხეში მატყლის ძაფისგან საქსოვ დაზგაზე მოქსოვილ ნაჭერს დაუდებდნენ. გარშემო ჯაჭვის მსგავსი ნაკერით - „შიბით“ შემოუვლიდნენ და „თიკვს“ ამოუხვევდნენ. ჩითას ნაწილებია: წვერი, ტერფი, კოჭი, ყელი. ტერფის ყველაზე ფართე ნაწილს ეწოდება „ხომი“. ჩითა ფორმით სამგვარია, მაღალყელიანი - „ყელმაღალა“, დაბალყელიანი - „ქაჩუჩა“ და უყელო - „ჩუსტურა“. აქედან ყელმაღალი საქალო იყო, ყელდაბალი - საკაცო, უყელო კი ორივესთვის მისაღები. თუშეთში დიდი მარხვის შუა კვირაში ოთხშაბათს, ბედის ნახვის დღეს, ძილის წინ, დედები ქალიშვილებს მათ მიერვე მოქსოვილ საკაცო ჩითებს ამოუდებდნენ ბალიშის ქვეშ იმ იმედით, რომ სიზმარში თავის მომავალი საბედო ენახათ.
ლიტ.: გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993. ც.ბეზარაშვილი, თუში ქალის ტალავარი, კრ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
ც. ბ.
ჩიკა-სავარძელი (თუშ. ხევს.) - ოჯახის უფროსისათვის განკუთვნილი. იყო როგორც ოთხფეხიანი, ისე სამფეხა. ოთხფეხიანი ჩვეულებრივი ზურგიან-გვერდებიანი სკამ-სავარძელი იყო. ჩიკა-სავარძელი როგორც ოჯახის უფროსის უფლებრივი ატრიბუტი, კერის თავში უნდა მდგარიყო. მის მარჯვენა მხარეზე, ერთ ან რამდენიმე გრძელ სკამზე, სხდებოდნენ დანარჩენი კაცები უფროს-უმცროსობის მიხედვით.
ლიტ.: ლ. ბედუკიძე, თუშური ავეჯი. კრებ. თუშეთის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1967.
ლ. ბ.
ჩიკა სკამი (თუშ.) - კერასთან დასაჯდომი უზურგო სამფეხა სკამი. საქართველოში ცნობილია კერის სკამის სახელწოდებით, გამოიყენებოდა ტრაპეზის დროსაც. სვანეთში გავრცელებული რწმენით, თუ „თედორობას“ საქონელი გარეთ დარჩებოდათ, იცოდნენ სამფეხა სკამზე თოკის შემოხვევა - „მგელს პირი შეეკვრებაო“.
ლიტ.: ს. მაკალათია, ხევსურეთი, 1935.
ლ. ბ.
ჩიკორი - ბზრიალა. ხისგან გამოთლილი, კონუსური ფორმის, ყმაწვილთა სათამაშო.
ჩირაღი საქორწინო - ლითონის ხვეულტარიან სანათი, ჰქონდა ტოტები სანთლის ჩასადებად, ზედ ინთებოდა ზეთის კანდელიც.
ჩირეხი - ნაძვის ხის კვარიანი ნაწილები, რომლებსაც საგანგებოდ ამზადებდნენ საქართველოს მთაში და სანათად გამოიყენებდნენ.
ჩირი - ზოგადი სახელია საზამთროდ გამხმარი ხილისა. ჩირისათვის საუკეთესოა ვაშლის, მსხლის, ქლიავის, ატმის, ლეღვისა და სხვათა ნაყოფი. გაკურკულგასუფთავებულ პროდუქტს ახმობდნენ როგორც ძაფზე აცმულს, ასევე ფიცრებზე და მოწნულ ლასტებზე. წერილობით წყაროებში დადასტურებულია ჩირის გამოყვანა თონესა და ფურნეში. ჩირი გამოიყენებოდა როგორც საზამთრო საჭმელად, ასევე სამკურნალოდ.
ე.ნ.
ჩიქილა - ქალის თავსაბურავი. იგივეა რაც ლეჩაქი (იხ), მანდილი.
ჩიჩილაკი - საახალწლოდ მორთული ფურფუშელებიანი ხე. ჩიჩილაკისთვის შეარჩევდნენ თხილის ტოტს. კალანდობამდე რამდენიმე დღით ადრე მოჭრიდნენ და შეინახავდნენ. წინა დღეებში ოჯახის უფროსი იწყებდა მის დამზადებას. საჩიჩილაკე ჯოხს ცეცხლზე გარუჯავდნენ, მერე მის დარბილებულ და სათლელად გაიოლებულ ტანს დაუწყებდნენ ათლას ქვევიდან ზევით და ამ ხუჭუჭა ანათალებს, ანუ „წილამურებს“ ზედვე ტოვებდნენ. წარმოიქმნება ხუჭუჭად გამოყვანილი ოვალური ხის იმიტაცია. ჩიჩილაკს თავი ოთხად ჰქონდა შეხეთქილი, სადაც ჯვარედინად იყო ჩამაგრებული ჯოხები - ზედ დამაგრებული სანთლებით. ჩიჩილაკს ამკობდნენ ტკბილეულით, ხილით, ჩურჩხელებით, მარადმწვანე ფოთლებით, წითელნაყოფიანი კურკანტელით, აბრეშუმის ძაფებითა და სამკაულებითაც. დაძინების წინ ოჯახის უფროსი ჩიჩილაკსა და ხონჩას (იხ.) სახლიდან გაიტანდა მარანში ან ბეღელში და თვითონაც იქ დაიძინებდა. ახალი წლის დილას, გამთენიისას გაეშურებოდა წყაროზე, ხელპირს დაიბანდა, წაიღებდა ჩიჩილაკს, ხონჩაზე აანთებდა სანთლებს, დაილოცებოდა, შემოუვლიდა კარ-მიდამოს, საქონლის სადგომებს და გამრავლებას ინატრებდა, მერე მიადგებოდა საცხოვრებელ სახლს და ოჯახის წევრებს მიულოცავდა ახალ წელს. წყალკურთხევამდე (6 იანვარი) ჩიჩილაკს ოჯახში ინახავდნენ, შემდეგ შემოაცლიდნენ ტკბილეულს, ცეცხლში გარუჯავდნენ და ბოსტანში ჩაფლავდნენ - „ბოსტანს ჭია-მატლი ვეღარ გააფუჭებსო“. მიჩნეულია, რომ ჩიჩილაკის რიტუალში ხის თაყვანისცემის უძველესი ჩვეულებაა ასახული.
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 2006.
ე. ნ.
ჩიხორა - ქალის ქვედატანი. მზადდებოდა მატყლის, აბრეშუმისა და შალის ქსოვილისაგან. ჩიხორას სწორი განები ჰქონდა, მისი მორთვა აუცილებელი იყო. ბოლოზე მაქმანებით გააწყობდნენ, ზოგჯერ ორ ან სამრიგად ნაოჭასხმულ ფურჩალს შემოაკერებდნენ. ამ ტიპის განსხვავებულ ვარიანტს დაბამბული ჩიხორა შეადგენდა, რომელსაც ორპირი უბრალო ნაჭერი სჭირდებოდა და შიგ ჩაფენილი ბამბის თხელი ფენა, ბამბის დამაგრების მიზნით ზემოდან დაალიანდაგებდნენ. სილამაზისთვის დალიანდაგებულ ჩიხორას ზემოდან კარგ ქსოვილს გადააკერებდნენ. ნაქსოვი ჩიხორასათვის ქვედატანის ორივე კალთა ცალ-ცალკე უნდა მოექსოვათ. მოქსოვილ კალთებს ერთმანეთს ააბამდნენ და სალტედ რეზინით ნაქსოვ ბრტყელ ზონარს მიაკერებდნენ. ჩიხორა პერანგს ზემოდან ეცვათ. თხელი ქსოვილების ჩიხორა ზაფხულობით ემოსათ, ხოლო ზამთარში შალისა.
ლიტ.: ნ. გვათუა., ჩაცმულობის ისტორიიდან, ქალის ქართული ჩაცმულობა XIX ს. და XX ს. დასაწყისი. 1967. ც. ყარაულაშვილი, ქსოვის ხალხური წესები კახეთში, ჩხირებით ქსოვა, 1985.
ც. ბ.
ჩიხრიხი - 1. ხის ხელსაწყო, რომელიც ბამბას აცლის კურკებს. საშუალო ზომის ჩიხრიხი ნახევარი მეტრი სიმაღლისაა. ესაა ორი ბოძი, რომელთა ზემო ნაწილში გაყრილია ორი მრგვალი სახელურიანი ჯოხი, ჩიხრიხზე მუშაობს ორი კაცი, რომლებიც აქეთ-იქიდან ატრიალებენ ჯოხებს და მათ შუაში მჭიდროდ მოქცეულ ბამბას. ასეთი ტრიალის შედეგად სცვივა კურკები. გაწმენდილი ბამბა იპენტება ხის ჯოხით. 2. თხის ბალნის დასართავი იარაღი. შედგებოდა კისერზე ჩამოსაკიდებელი მოხრილი გირკალისაგან. მის ქვედა ნაწილში გატარებული იყო ჯოხი. ჯოხის მეორე ბოლო გადიოდა ორ გადაჯვარედინებულ ბრტყელი ჯოხების ცენტრში. ჯოხის ხელის გულებით დატრიალებისას მიწაზე დაფენილი ბალანი ჩიხრიხის ჯოხზე ეხვეოდა. ჩიხრიხის ბალნის დასართავად გამოყენებას მისდევდნენ კახეთსა და მთიულეთში.
ლ. მ.
ჩიხტა//ჩიხტი - გათხოვილი ქალის თავზე დასადგამი თავსაბური. მასალად გამოიყენებოდა ერთმანეთზე დაწებებული ქაღალდების წყება ან ხის თხელი ბწკალი, რკალისებურად მოყვანილ და თავზე მორგებულ ამ თავსარქმელს უკანა განიერი ნაწილი შედარებით ბრტყელი ჰქონდა და დაქანებულიც. ნაპირებს ქობად შემოსდევდა თალხი ფერის ნაჭერი - „კიდურისსადები“, რომელთა შორის თავსაკრავს ათავსებდნენ. ჩიხტას ზემოდან ეფინებოდა ლეჩაქი, რომელიც ჩიხტში ჩადებულ კოპზე ქინძისთავებით მაგრდებოდა. ქართული თავხურვის ეს ელემენტი XIX ს. საქართველოში ორი ფორმითაა ცნობილი: ა. მაღალი ჩიხტა ბ. დაბალი, ანუ „კახური ჩიხტა“, თუ მაღალი ჩიხტას მომხმარებლად მაღალი წოდების ქალები ჩანან, დაბალი ჩიხტა მასობრივად იყო გავრცელებული. გათხოვილი ქალები სახლშიაც თავდახურულები იყვნენ. ჩიხტას საოჯახო პირობებში ამზადებდნენ.
ც. ბ.
ჩოგანი - 1. „საბურთალი კავი“ (საბა) გამოიყენებოდა ცხენბურთისას. წარმოადგენს გრძელ ჯოხს, რომელსაც ბადიანი რკალი აქვს გაკეთებული ბურთის წასაღებად. 2. ღომის საზელი თხელპირა კოვზი.
ე. ნ.
ჩოგი (თუშ.) - გაზელილი ყველი ქუმელის შესატანებლად. ახლად ამოღებულ ყველს სამ დღეს უმარილოდ ინახავენ, ყველი ფუვდება და მჟავდება, მერე ხელით ჭყლეტენ, მარილში გაზელენ და გუდაში ინახავენ.
ლიტ.: ს.მაკალათია, თუშეთი, 1933.
ნ. ჯ.
ჩონგური//ჩანგური - ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი, გავრცელებული დასავლეთ საქართველოს ბარის კუთხეებში: სამეგრელო, გურია, აჭარა, იმერეთი. გვხვდება აფხაზეთში „აჩამგურის“ სახელწოდებით. სხვადასხვა კუთხის ჩონგურები კონსტრუქციულად ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. ფორმით შუაზე გაჭრილი- მსხლისებურია. მუცელი დამზადებულია ერთმანეთზე შეწებებული 2 მმ სისქის ბჟოლის ტკეჩებისაგან, თავფიცარი - 2-3 მმ სისქის ნაძვის ფირფიტისაგან. მასზე გაკეთებულია 2-3 მმ დიამეტრის რამდენიმე სახმო ნახვრეტი. ტარი (თავი და ყელი) კაკლის ხისაა. თავი ნიჟარისებურია, ყელზე, შუა ადგილას, გაკეთებულია ნახვრეტი სიმის მოქლონისათვის. სიმები აბრეშუმის ძაფებია. სამი თანაბარი სიგრძისაა, მეოთხე (ზილი) - მათზე 1/3- ით მოკლე. იგი მდებარეობს I და II სიმებს შორის. გაბმულია ტარის შუა ნაწილიდან. მისი სიმოკლე განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მან ერთი სიმაღლის ყველაზე მაღალი ბგერა უნდა გამოსცეს. ამისათვის მას არ უნდა შეეხოს დაკვრის დროს მარცხენა ხელის თითები, რაც ძნელად მოხერხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისიც დანარჩენი სიმების სიგრძისა იქნებოდა. ხოლო მაღალი ბგერის მისაღებად სიმის სიმოკლე გამართლებულია. დაკვრისას გამოიყენება სიმის მოზიდვისა და სიმებზე თითების ჩაკვრა-ამოკვრის ხერხი. ჩონგურს რამდენიმე წყობა აქვს. სხვადასხვა სიმღერა სხვადასხვა წყობაში სრულდება, მაგრამ ყოველი მათგანი თავიდან ბოლომდე ერთ წყობაშია. ტემბრი საკრავისა რბილი და ლამაზია რასაც სიმების მასალაც (აბრეშუმის დაგრეხილი ძაფი) განსაზღვრავს. ჩონგურზე უკრავენ ქალებიც და მამაკაცებიც. მაგრამ უფრო მეტად მასზე შემსრულებლები ქალები იყვნენ. ჩონგური ოჯახისათვის წარმოადგენდა ძვირფას ნივთს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სოლო ერთხმიანი, ორ და სამხმიანი სიმღერებიც. ტრადიციულ საჩონგურო რეპერტუარს ერთხმიანი სატრფიალო და სახუმარო ლექსები წარმოადგენს. საჩონგურო ლირიკული სიმღერების ტრადიცია სამეგრელოში საყოველთაოდ ცნობილია. ჩონგური ტრადიციულად არ ერთიანდება ანსამბლად სხვა რომელიმე საკრავთან. ამასთანავე, თუნდაც ორი ჩონგურის ერთდროულად ანსამბლში გამოყენებაც არ ხდებოდა. ჩონგურის თანხლებით სრულდებოდა საწესო სიმღერები. მაგალითად, „ბატონებიან“ ავადმყოფთან „ბატონებო მოუოხეთ“// „საბოდიშო“ (გურიაში) - ულამაზესი საგალობელი, სითბოთი და ლირიზმით სავსე. სამეგრელოში დამოწმებულია ასეთი წესი: თუ ავადმყოფს ჩაეძინება, ყველანი გაჩუმდებიან და ჩონგურს ავადმყოფის ახლოს, კედელზე ჩამოჰკიდებენ. ამბობენ, ბატონები თავის მხრივ ჩუმად უკრავენ ჩონგურზე. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ რიტუალში ძეობის სიმღერა „მზე შინა და მზე გარეთა“ სამეგრელოსა და გურიაში სრულდებოდა ჩონგურის თანხლებით. ჩონგური ფანდურთან შედარებით განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე დგას. ეს გამოხატულია ჩონგურის კონსტრუქციულ სრულყოფილებაში (სარეზონანსო კორპუსის მოცულობა, დახვეწილობა, კედლების სისქე, სიმების მასალა) და აქედან გამომდინარე, ტემბრის ხარისხში.
ლიტ.: დ. არაყიშვილი, ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა, 1940; ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, ტფ., 1938.
მ. შ.
ჩორაბდარი (სამცხ.-ჯავახ.) - ერთგვარი წინდა. მასალად გამოიყენებდნენ თეთრ ან შავ გრძელბეწვიან ძაფს. საქალო დაბალყელიანი წინდები ნაკლებსახიანი იყო. მამაკაცები მაღალყელიან წინდას ხმარობდნენ, ჭრელს. არსებობდა რამოდენიმე სახის ჩორაბდარი: სადა, გრეხილიანი (ყელიდან მთელ სიგრძეზე ერთი გრეხილით), ნაოჭიანი, „ყაბარალი“ - უჯრებიანი (ყელი იყო უჯრებიანი), ჭრელი - საქუსლეები და სათითეები სქლად ჰქონდა მოქსოვილი. მესხეთ-ჯავახეთში კარგად ნაქსოვი ჩორაბდარები საჩუქრის საგნადაც ქცეულა. გასათხოვარი ქალები წინასწარვე ამზადებდნენ დიდი რაოდენობით, როცა ქმრისიანები რძლის წასაყვანად ეწვეოდნენ ოჯახს. სტუმრად მოსული ყოველი მამაკაცი წყვილი წინდით - და პატარძლის ნაქარგი ცხვირსახოცით დასაჩუქრდებოდა. განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა აბრეშუმის წინდები და პაიჭები, რომელთაც ფერადი სახეებით აჭრელებდნენ და ამკობდნენ ოქრომკედის არშიებითა და კუწუბებით.
ც.ბ
ჩოტი//ჩოტილა - პატარა ხის ან ლითონის ნიჩაბი (იხ. ლაფარა).
ჩოჩია - მარხილის ტიპის საზიდი. მცირე საოჯხო საქმეთა შესასრულებლად. ჩოჩიაში ებმებოდა ერთი ხარი ან ვირი.
ჩოღრათო - ვერცხლის დიდი კულა, ყელდაგრეხილი, ტარივით გაშვერილი სასმელი ღარით. ეთნოგრაფიულ ყოფაში აღარ დასტურდება.
ჩოხა// ფიჩვ// ღართი (სამეგ.)// ვოსარ (სვან.) -
ადრეფეოდალური ხანის საქართველოში საბერო ტანსაცმელს ეწოდებოდა. გვიანფეოდალურ ხანაში კი მამაკაცისა და ქალის ძალზე გავრცელებული სამოსია. ახალუხთან შეწყვილებით, ჩოხა მამაკაცის კოსტიუმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო მთელ კავკასიაში. საქართველოში ჩოხის არაერთი ტიპი იყო გავრცელებული, რომლებიც ერთმანეთისგან მრავალი ნიშნით განირჩეოდა: სიგრძით, წელზე გაწყობით, ზურგსმობმული კალთით, გვერდებზე არსებული ქიმების რაოდენობით თუ გვერდების შეხსნილობით და ა.შ. არსებობს ჩოხის რამდენადმე გამოკვეთილი ტიპები: 1. ქართული, ანუ გლეხური მოკლე ჩოხა, მუხლამდე სიგრძისა, ნაოჭიანი ან ჩაქიანი, ხშირად 2 ჩაქიანი და 16-კალთიანი. გვერდებში შეხსნილი. გულმკერდზე 5-6 სამასრეებით. ამ ტიპის ჩოხის თავისებურ ვარიანტს ქმნიდა კახური ჩოხის ანალოგიით შექმნილი ხევსურული ჩოხა, მისი თავისებურება ისაა, რომ ჩოხის გულისპირის კალთები და ზურგი დაფარული იყო ნაქარგობით. XX ს. პირველ ათეულში მოკლე ჩოხა უმეტესად საქართველოს მთიანეთში იყო შემორჩენილი. 2. ჩერქეზული, ანუ თავადური ჩოხა 4-ჩაქიანი. ორი მაღალი ჩაქი გვერდებთან უკეთდებოდა და ორი დაბალი კი უკან. მხრებში აუჭრელს წინ მთლიანი კალთები ჰქონდა და უკან ზურგსმობმული კალთა. მთლიან კალთებს „ბედენებს“ უწოდებდნენ. მიკერებულ კალთებს „ბღარტებს“. როგორც წესი, ჩოხას ჰქონდა განიერი სახელოები და გულისპირზე დაკერებული „სამასრეები“// „საქილეები“ (იმერეთი). სამასრეებში რქის, სპილოს ძვლის ან ვერცხლისთავიანი მასრები ეწყოთ, ზოგჯერ ზედ გამობმული ვერცხლის ძეწკვებით - „ყაწიმებით“. ჩოხა იკვრებოდა ღილ-კილოებით და წელზე შემოსაკვრელი ტყავის ვერცხლის ნაწილებიანი ქამრით, რომელზედაც ხმალ-ხანჯალი ეკიდათ. 3. ქალაქური, ანუ ყარაჩოღული ჩოხა, ფეხის კოჭებს მწვდომ ამ ჩოხას მრავალ (2-16) „ყურებს“//ჩიბუხს//ჩაქს“ უკეთებდნენ. გულმკერდზე ცერად აკერებდნენ დეკორატიულ სამასრეებს. ჩოხის ყველა ნაპირს აბრეშუმის გრეხილი ან ყაითნის ზონარი შემოევლებოდა. ყაითნისავე იყო შესაკრავი ღილ-კილოები. ჩოხის შიდა ნაკერების დაცვის მიზნით ჩაფარიშებს ხმარობდნენ. ჩოხის ფერების შერჩევას სოციალური მდგომარეობა და სპეციალობაც განსაზღვრავდა. ასე მაგალითად, ოთხჩაქიანი ჩოხები თავადაზნაურობის საცმელი იყო, რვაჩაქიანს ყარაჩოღელები ხმარობდნენ. „ჩოხა“ თუშეთსა და ფშავში ქალის ზედა სამოსელსაც ერქვა, ხევსურეთში „ჩოხის ძველს“ დაგლეჯილ ჩოხას უწოდებდნენ, ხოლო შუაფეოდალური ხანის საქართველოში ბერ-მონაზვნური ტანსაცმლით მოსილს „ჩოხოსანი“ ეწოდებოდა. მასრა-ქილებიანი ჩოხა ზოგადკავკასიური ტანსაცმლის ტიპია, მისი აქტიური გამოყენება საქართველოში იწყება XVIII ს-დან.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, III-IV, 1962. გ. ჩაჩაშვილი, ქართლელი გლეხის კოსტიუმი XIX საუკუნისა, სსმმ, ტ. XIXAXIXB, 1957.
ც. ბ.
ჩრაქვი - გამხმარი არყის ხის ქერქი, რომელსაც მთაში ხმარობენ სანათად (იხ. ლამტვარალი).
ჩუთი (ქართლ.) - მიწის მარტივი სახვნელი იარაღი. ჩუთი ისევე, როგორც სხვა მსუბუქი სახვნელი იარაღები, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მძიმე სახვნელი იარაღების პარალელურად მოქმედებდა და მეორე რიგის სამუშაოებს ასრულებდა. ჩუთით შესრულებულ მუშაობას აჩუთვას, აოშვას და აკავებასუწოდებდნენ. როგორც ვარაუდობენ, ჩუთი გუთნის გაჩენამდე ძირითადი სახვნელი იარაღი უნდა ყოფილიყო, გუთნის გაჩენის შემდეგ კი ჩუთის ფუნქცია ვიწროვდება და იგი ძირითადი იარაღიდან დამხმარე სახვნელის ადგილზე ინაცვლებს. ჩუთის ანალოგიური სახვნელების გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია. იგი ოდნავ სახეცვლილი გვხვდება როგორც საქართველოს სხვა კუთხეებსა და საერთოდ კავაკასიაში, ისე წინა აზიის, შუა აზიის და ევროპულ ქვეყნებშიც. ტიპოლოგიურად იგი ენათესავება ბაბილონში დამოწმებულ სახვნელებს.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ეთნოგრაფიული მოგზურობა აღბულაღის რაიონში, სსმმ, 1928.ტ. IV. გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
თ. გ.
ჩული - ცხენის გადასაფარებელი, უნაგრის მოხსნის შემდეგ გაოფლიანებულ ზურგზე გადააფარებდნენ მკერდამდე ჩულს, რომ ცხენი ნებისად გამშრალიყო.
ჩურჩხელა - ფელამუშში (თათარა) ამოვლებული ხილის აცმა (კაკალი, თხილი, ჩირი), რომელსაც დასავლეთ საქართველოში გოზინაყს და ჯანჯუხს უწოდებენ. განსაკუთრებით განთქმულია კახური ჩურჩხელა - ნიგვზის დაჭრილი ლებნების აცმა, რომელიც რამდენჯერმეა ამოვლებული თათარაში. კახეთშივე იციან მთლიანი ლებნების ჩურჩხელა, რომელსაც „კუკრუჭანასა“ და „გორგომიჭელს“ უწოდებენ. ჩვეულებრივთან შედარებით ასეთი ჩურჩხელა მსხვილია და უფრო გემრიელი. იმერული გოზინაყი და გურული ჯანჯუხი მხოლოდ ერთხელ ამოივლება ფელამუშში და ხარისხით ბევრად ჩამოუვარდება კახურ ჩურჩხელას. ჩურჩხელა უაღრესად კალორიული პროდუქტია და სატარებლად იოლი. ამიტომ, ძველად, სალაშქროდ გასული ქართველისათვის ჩურჩხელა ყოველდღიურ საკვებთა რიგში შედიოდა.
ე. ნ.
ჩუსტი//მესტები - ფეხსაცმლის ტიპი. ქალებისა და მამაკაცების სატარებელი. ზოგიერთ შემთხვევაში ძირი ტყავის ჰქონდა პირი კი ქსოვილის.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ჩქუთი - ნახევარწრისებური რკინის ოვალურპირიანი და ხისტარიანი სატეხი. საბას მიხედვით ჩქუთი „ძელთ ამოსათლელი“, პირმოხვეული სატეხია, გამოიყენებოდა კოდების, ჩანახების, ციცხვების და ა.შ. გასათლელად.
გ. გ.
ჩხირები - 1. ნართის საქსოვი ჩხირები, იხმარებოდა ხის და ლითონის ჩხირებიც. არსებობს სხვადასხვა სისქისა და სიგრძის ჩხირები, რაც დამოკიდებულია საქსოვ მასალასა და მოსაქსოვი ქსოვილის საგანზე. საქსოვი ჩხირების გაუმჯობესებულ ვარიანტს, ისევე როგორც ლითონის ჩხირებს, დღესაც იყენებენ ქსოვისას. 2. ხისაგან გამოთლილი, რომლითაც მედოლეები უკრავენ. განსაკუთრებით „საჭიდაოს“ შესრულებისას.
ე. ნ.
ჩხუტ-ბრუნელი//(თუშ.)//ჩხუტ-ბარნელა(ფშ.)//ჩასარევაი//ყუიკა (ხევს.) - ვერტიკალური ტიპის ნაღების სადღვებელი, რომელიც გავრცელებული იყო აღმ. საქართველოს მთიანეთში. ჩხუტ-ბრუნელი ორი ნაწილისგან შედგება, ჩხუტი - მთლიანი ხისგან გამოთლილი ძირჩადგმული ცილინდრული ფორმის ძირგანიერი და პირვიწრო ჭურჭელი და შესადღვები ჯოხი - ბრუნელი//ბარნელი, დაბოლოებული ხის ჯვარედინი ფირფიტებით და ზედ შემოგრეხილი წნელით, რომლის მოძრაობითაც ხდება რძის დღვება. მცხეთა-სამთავროს ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი თიხის სადღვებლები მსგავსია საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სადღვებლებისა, რაც ნათლად მიუთითებს რძის პროდუქტის ტექნოლოგიის უწყვეტობისა და მისი დამუშავების მაღალ კულტურაზე.
ე. ნ.
ჩხუტი - ლუდის ხალხურ წარმოებაში გამოსაყენებელი ტუჩიანი და სახელურიანი ჭურჭელი. ამზადებდნენ ხისგან და სპილენძისგანაც. აქვს მაგარი სახელური, მძიმე სამუშაოებს რომ გაუძლოს. ზოგჯერ ჩხუტი ერთ ხეშია ამოღებული, ე.ი. მთლიანია და მხოლოდ ძირი აქვს გამოყენებული. ჩხუტი ძირითადად 10- 15 ლიტრის ტევადობის ჭურჭელია, მაგრამ არსებობს პატარა ჩხუტებიც. ჩხუტი ზოგჯერ შემკული იყო რაიმე სიმბოლური მოტივით და საგვარეულო დამღით.
ე.ნ.
![]() |
15 ც |
▲ზევით დაბრუნება |
ცალუღი - ხის ოვალური, ტყავგადაკრული რგოლი, რომელიც ცხენს ჩამოეცმება კისერზე. ცალუღზე მაგრდება ეტლის, ურმის, სახვნელის, ფორნის ხელნები და მისი მეშვეობით ხდება ცხენისაგან ტრანსპორტისა და სახვნელის მოძრაობაში მოყვანა.
ე. ნ.
ცახი - მეაბრეშუმეობაში გამოყენებული სხვადასხვა ხის ტოტებისაგან ან ბალახოვანი მცენარეებისაგან (გვიმრა, ჯაგრცხილა, სატაცური, გვირილა, ღომის ჩალა, მინდვრის ცოცხა და სხვ.) შეკრული კონები. იხმარებოდა ჩელტებიდან მეოთხე ასაკის აბრეშუმის ჭიის გასათავსებლად. ცახის ცოცხზე ზრდადამთავრებული აბრეშუმის ჭია იწყებდა პარკის ახვევას. დახვეული ცახიდან მოცილებული პარკები დაირჩეოდა და დახარისხდებოდა.
ლიტ.: ნ. აბესაძე, მეაბრეშუმეობა საქართველოში, 1957.
ლ. მ.
ცელი - ხის გრძელტარიანი რკინის იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა პურეული კულტურებისა და ბალახის სათიბად. ცელი წარმოადგენს ბასრპირიან, ოდნავ წელში გახრილ იარაღს. ყუაზე აქვს კოპი, რომელიც მაგრდება ხის ტარში და უკეთდება რგოლი. რგოლსა და ტარს შუა ედება პატარა ხის სოლები, ცელის ყუა მათ შუა იჭედება და მყარად ერგება ტარს. ახალ ცელს რკინის გრდემლზე პირს პატარა ჩაქუჩით გამოუკვერავენ, ხოლო შემდეგ გალესავენ სალესით. ცელს, როგორც წესი, უკეთდება სახელური - თიბვისას მცელავმა მყარად რომ დაიჭიროს ხელში. პურის თავთავის მკისას ცელის ტარზე ამაგრებენ ფიწალს, რაც ხელს უწყობს მოცელილი მასის მწყობრად დაწყობას ნაწვერალში. ცელი არის სხვადასხვა ზომის, იმ სამუშაოთა და ადგილის გათვალისწინებით, სადაც უნდა ემუშავათ. მაგ., მთის ცელი მოკლეა, ხოლო ბარისა უფრო გრძელი. როგორც წესი, ცელს ამზადებდნენ სოფლის მჭედლები. ცელი წარმოადგენს ნამგლის განვითარებულ ნაირსახეობას. იგი ძველი დროიდანვე იხმარებოდა საქართველოში.
ე. ნ.
ცვარა//გავარსი - ქართული ოქრომჭედლობისათვის დამახასიათებელი ხერხია და ნიშნავს ნივთის შემკობას, ზედ დარჩილული ოქროს ან ვერცხლის წვრილი ბურთულებით. მსგავსად ფერადი თვლებით შემკობისა, ლითონის ლითონითვე შემკობაც, ინკრუსტაციის სახესხვაობას წარმოადგენს. იმ მხატვრულ არსენალში, რომელიც ადრეული რკინის ხანის ქართული საოქრომჭედლო სკოლის თავისთავადაბას ქმნის, უმთავრესია გავარსი და მისი დაწყობის წესი, რაც უხვადაა წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ძვ.წ. VII-VI სს-ის საკიდებსა და საყურეებზე, რომელთა პირდაპირი მემკვიდრეა ადრეანტიკური ხანის ქართული სამკაული, კერძოდ, სხივებიანი საყურეები. განსაკუთრებით საყურადღებო და საინტერესოა ვანში აღმოჩენილი ოქროს გავარსიანი ნივთები, რომლებიც ადგილობრივი ქართული ნახელავია. არასოდეს არც მანამდე და არც ადრეანტიკური ხანის შემდეგ არ უკეთებიათ საქართველოში ასეთი გავარსი - 0,1-0,2 მმ დიამეტრის მქონე ბურთულებით. მხატვრული თვალსაზრისით, გავარსი პოლიქრომიის შემცვლელია და ოქრომჭედლობაში იმავე როლს ასრულებს, რასაც ფერადი ინკრუსტაცია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღმოჩენილი ამავე და ცოტა უფრო მოგვიანო ხანის (ძვ.წ. V-IV სს.) ოქროს სამკაულის საუკეთესო ნაწილიც გავარსიანია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგორის განძის ცხენის გამოსახულებებიანი სასაფეთქლე საკიდები და საყურეები, აგრეთვე გომბეშოებიანი ყელსაბამი. სწორედ ამგვარ ნაწარმოებში ჩანს ქართული ოქრომჭედლობის ნამდვილი სახე და ინდივიდუალობა. ტექნიკური პროცესი ცვარას, ისევე როგორც გრეხილის, დამზადებისა მრავალი საუკუნის განმავლობაში უცვლელი იყო.
ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
მ.ბ.
ციბრუტი//ციბრუნდი - სახვრეტი იარაღი. არსებობს მისი სხვადასხვა სახეები და ძირითადად გამოიყენებოდა ხის, ქვისა და ლითონის სახვრეტად.
ციდა - უძველესი ქართული საზომი. მოიხსენიება „დაბადების“ ქართულ თარგმანში. ამ ერთეულს „ქართულ ლექსიკონში“ ასახელებს სულხან-საბა, თუმც არ იძლევა მის მიმართებას სხვა ზომებთან. ნ. ჩუბინაშვილის განმარტებით, ციდა იყო მანძილი სალოკ თითსა და ცერს შორის. თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით, ციდა ჩარექის ნახევარია.
მეტრულ სისტემაში ის 12,65 სმ შეადგენდა.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ხ.
ცირიხერხი - დიდი საფიცრე მორების საჭრელი ხერხი. გამოიყენებდნენ ნავმშენებლები.
ციხე - აქ: ერთად დაწყობილი ყავარი, რომელიც იტევს 1000 ცალს, ანუ ათ „ფთას“.
ცული - უძველესი სამეურნეო იარაღი. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ქვის ხანის ადამიანს კაჟის ქვის ცული უხმარია. შემდეგ სპილენძისა და ბრინჯაოს ცულები თიხის ყალიბებში ჩამოუსხამს, ხოლო როცა რკინის ეპოქა დამდგარა, ცულების მოყვანილობა და დანიშნულება გამრავალფეროვნებულა.
ბრინჯაოს ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები ცულს იყენებდნენ როგორც საბრძოლო, ასევე სამეურნეო იარაღად. ბრინჯაოს ხანაშივე ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ლითონის ამ მრისხანე იარაღს დიდი ჯადოსნური ძალა ჰქონდა. სხვანაირად ვერ აიხსნება, თუ რატომ ამზადებდნენ ყელზე ჩამოსაკიდებელ პატარა ბრინჯაოს ცულებს, რომელთა სიდიდე 2 სმ-ს არ აღემატება. ჩვენი წინაპრების აზრით ისინი პატრონს ავი თვალისაგან იფარავდა. ეს რწმენა ჩვენში გვიანდელამდე შემორჩა. XIX ს-ის 70-იან წლებში ქართველი მჭედლები მოსახლეობის დაკვეთით სამჭედლოში სხვების შეუმჩნევლად შედიოდნენ, ქურას უმძრახად გააღვივებდნენ და რკინის ავგაროზებს (პატარა ცულებს, ნალებს, წალდებს) ამზადებდნენ, რომელთაც ან აკვანზე, ან სახლის კარიბჭეზე ჰკიდებდნენ, ან ბავშვს ყელზე შეაბამდნენ. ძველად ოჯახის წევრი შინ გვიან თუ დაბრუნდებოდა, კართან დადებულ წალდზე ან ცულზე უნდა გადაებიჯებინა, რომ სახლში ავი ძალა არ შეჰყოლოდა. აკვანში მწოლიარე ბალღებს თავქვეშ ან აკვნის ქვეშ წალდუნას უდებდნენ ბოროტისაგან დასაცავად. ეთნოგრაფიულ ყოფაში რკინის ნივთთან დაკავშირებული მაგიური წეს-ჩვეულებები ჩვენში ლითონის დამუშავების, ე.ი. მეტალურგიის სიძველეზე მეტყველებს. ქუთაისის მუზეუმში ინახება ცული, რომელიც 3300 წლის (33 საუკუნის) წინათ უხმარიათ ჩვენს წინაპრებს, როგორც ამულეტი.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკიონი, 2008.
ცული სოლა - ცულ-ნაჯახების ერთ-ერთი სახეობა. სოლა ცული, ანუ სოლა ნაჯახი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში წარმოქმნილი და ფართოდ გავრცელებული, ე.წ. „ქართული ცულის“ ნაირსახეობაა, რომლის სახელწოდება სრულად გამოხატავს მის აღნაგობასა და სამეურნეო დანიშნულებას. აღნაგობით სოლს წააგავს. სხვა ცულ-ნაჯახებისგან განსხვავებით, მას აქვს ვიწრო და მაღალი პირი. ეფექტურია ხის მოჭრისას და მორის გასაპობად. აგრეთვე კარგად ასრულებს სოლის დანიშნულებას. სოლა ცული ძირითადად გავრცელებულია მთიან აჭარაში, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც.
ლიტ.: ნ. კახიძე, მაჭახლის ხეობა, ბათუმი, 1974.
ა.გ.
ცული ქართული - გამორჩეული ტიპის იარაღი, რომელსაც შეძენილი აქვს ისეთი ინდივიდუალური ფორმა, რომელიც მხოლოდ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ქართული ცულის დამზადების წესის ძირითადი ეტაპებია: საცულე რკინის შერჩევა, მოზომვა, მოკვეთა, გახურება და „მოთელვა“. ამის შემდეგ გრძლად გაბრტყელებული რკინის შუაგულიდან მჭედელი აძლევს მიახლოებით ფორმას, უკეთებს „სატარეს“, ანუ ყუას, შემდეგ ცულის ტანს ქურაში ცეცხლზე დაამუშავებენ. ცულის პირის სათანადო დამუშავების შემდეგ, რასაც მჭედელი ატყობს (ცეცხლის ალისფერით, ნაპერწკლით), იწყება კვერვა, რის შედეგადაც ცულის ტანი სათანადო ფორმას იღებს. კვერვის შემდეგი პროცესია „გაწკიპვა“ - უსწორმასწორო ადგილების მოსწორება, რაც საგანგებო იარაღით - „ლიპით“ ხორციელდება (ლიპი - სწორი და ბრტყელთავიანი ხელკვერი), ამის შემდეგ ცული უნდა გაილესოს, იწრთოს, დაიფეროს და უკვე მზად ითვლება. ქართულ ცულს ტარი ეგება ყუაში ამოცმით, რაც ცულის ტარიდან წაძრობას გამორიცხავს. ქართული ცულის ძირითადი თავისებურებებია: ვიწრო ტანი, დაქანებული „შუბლი“, კუთხედი, ტრაპეციის ფორმის სატარე, ოდნავ მომრგვალო პირი... ეთნოგრაფიულ ყოფაში რკინის ნივთთან დაკავშირებული მაგიური წეს-ჩვეულებები ჩვენში ლითონის დამუშავების სიძველეზე მეტყველებს.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953.
ა. გ.
ცულ-ქარჩი - ორმხრივი, ყამირი მიწის დასამუშავებელი რკინის იარაღი, ორი ფუნქციის მატარებელი (ცულის და ქარჩის). ძირითადად გამოიყენება ახოს აღების დროს, ხის ფესვების ამოსაძირკვად. ამ ტიპის იარაღი საქართველოში ტყიანი რაიონების გავრცელების ზოლში ფიქსირდება.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
ა. გ.
ცხავი - ხორბლეულის საცხრილავი, მისი ძირი არყის ხის ტკეჩისგან კეთდებოდა, ქერისათვის განკუთვნილი ცხავის ძირი „ფაცხატად“, ანუ დიდი „თვლებით“ იწვნოდა, ხორბლეულისათვის კი პატარა „თვლებით“. ცხავის ტანზე ზემოთ და ქვემოთ დანით „ამოჭდეული“ იყო „სათითნიკა“ თითების ადგილი, რათა ადამიანს მტკიცედ დაეჭირა ხელში.
გ. გ.
ცხემადი (სვ.) - კონდახიანი მშვილდის ნაირსახეობა.
ცხრილი - მარცვლეულის საცხრილავი. იხმარებოდა კალოობისას, ლეწვის დროს პურეულის საცხრილავად. სანამ ხვავს კალოდან აიღებდნენ, ხორბალს ჯერ ცხავში გაატარებდნენ, მას მსხვილი თვალები აქვს და მარცვალი გადის ცხავში, დიდი ნარჩენები კი შიგ რჩება. ცხრილს წვრილი თვალები აქვს, გაცხრილვის დროს ხორბლის მარცვალი შიგ რჩება, ქვეშ გადის წვრილი ნარჩენი, მიწა. ხის ცხრილი მზადდებოდა თხმელის ან თხილის ტკეჩისაგან, იწვნოდა იმ ზომის თვლებით, რომ შიგ მარცვალი არ გავარდნილიყო. ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულია ორი სახის ტყავის ძირიანი ცხრილი: გამოწნული ტყავის თასმებით და დაჩვრტილი სამეურნეო კულტურების გასაცრელ-გასაცხრილავად. ორივე ტიპის ტყავის ცხრილი ხის სალტეზე იყო გამოკრული. ტყავის ცხრილების დამზადების ტრადიცია ეთნოგრაფიულ ყოფაში არ დასტურებდა. ხის ცხრილებს კი ამჟამადაც აკეთებენ და ბაზრობებზე მათი საუკეთესო ნიმუშებია გამოტანილი.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში.
ნ. ჯ.
![]() |
16 ძ |
▲ზევით დაბრუნება |
ძაბრი - სითხის გადასაღები ფართოპირიანი და ვიწროყელიანი ნივთი. მზადდებოდა მეტალისგან, თიხისგან. მეღვინეობაში გავრცელებული იყო მწარე კვახის ძაბრები, რისთვისაც საგანგებო ჯიშიც კი ჰქონიათ გამოყვანილი. ზრდის პროცესში ნაყოფს ისეთ მდგომარეობას შეურჩევდნენ, ძაბრს რომ დამსგავსებოდა. შემდეგ ნაყოფს ძირს გადაუჭრიდნენ, გაასუფთავებდნენ, გამოხარშავდნენ და იყენებდნენ სათანადო საქმიანობისთვის. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ხის ტყავგადაკრული დიდი ზომის უნიკალური ძაბრი რომელიც გამოიყენებოდა რუმბში (იხ.) ღვინის ჩასასხმელად.
ე. ნ.
ძალაყინი - მძლავრი რკინის კეტი. ერთი თავი წვეტიანია, მეორე - ფართო. იმერეთში „ლომს“ უწოდებენ.
ძარი// ხვირი (იმერ.) - 1. მოწნული სათავსი, რომელიც იდება ურემზე და გამოიყენება სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტების გადასატანად. 2. სიმიდის საწყაო უდრის 5 კოდს. 3. გოდორივით მოწნული, წვრილფეხობის დასამწყვდევად. 4. მოწნული სასიმინდე, ნალია.
ლიტ.: ქელ. 2009
ძაღა - ხარაზის სახმარი სამღებრო მასალა. წარმოადგენდა სპეციალური შავი მიწისა და შაბის ნაზავს, რომელიც გახსნილი იყო წყალში. უსვამდნენ ფეხსაცმლის საძირეს გარშემო და საპირეს ზევიდან შავი ფერის მისაღებად. ტყავის გაშავება ძველად ხარაზებსა და მეჩემქმეებს ანწლის წვენითაც სცოდნიათ.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ძაძა - ქალის სამგლოვიარო სამოსელი. XIX ს. საქართველოში მგლოვიარე ქალები ერთი წლის ვადით შავი ფერის ჩასაცმელს ხმარობდნენ. აუცილებელი იყო თავზე დიდი ზომის შავი თავსაფრის დაბურვაც. სამეგრელოში მგზავრობის დროს გამოყენებული ჩანს მთელ ტანზე მოსახური, ნაბდის მსგავსი - „ანაფორა“. „ძაძა“ ძირითადად ღაზლის ქსოვილია, სამეგრელოში დაცული „ძანძა“ კი კანაფისა და სელის ქსოვილების ზოგადი სახელწოდებაა. სამგლოვიარო სამოსელთან დაკავშირებით საქართველოში ბევრი ძველქართული წესია შემორჩენილი, განსაკუთრებით სვანეთსა და სამეგრელოში, სადაც გლოვის ყველაზე ხანგრძლივი ვადებია დაფიქსირებული.
მეგრელთა რწმენით, ძაძა თავგანწირულთა სამოსელია და მას მაშინ იყენებენ, როცა ახლობელი დაეღუპებათ. ასხვავებენ ძაძის ორგვარ სახეობას: დაკბილულნაპირებიანი სამოსი და ფოჩებჩამოშლილი, დაწესებული იყო მათი ტარების ვადებიც, 7 ან 40 დღე. ძაძის განახლება თითქოს სხვის სიკვდილს იწვევდა, მის დაკერებასაც კი ერიდებოდნენ. ნახმარ ძაძას ეზოს გარეთ გაიტანდნენ დასაწვავად, ან ჩამდინარე წყალს გაატანდნენ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გლოვისას ტანსაცმელზე გულსაფარს აიკრავდნენ, რათა მისი მოქარგული ნაწილები დაეფარათ. აქვე შემოინახა ერთი ძველი წესიც, მიცვალებულის სახელზე თმების მოკვეცისა და საფლავში გატანებისა. ხევსურეთში ამ წესს უმცროსი ძმის სიკვდილის შემთხვევაში მიმართავდნენ. ძმის გამო გლოვა სხვა მხრივაც იყო გამოხატული, თუ გაუთხოვარ ქალს უცოლშვილო ძმა მოუკვდებოდა, მთელი სიცოცხლის მანძილზე ტანსაცმლის ნაქარგიდან უნდა ამოეღო თეთრი, ყვითელი, ცისფერი, წითელი ძაფები, სირმა, სამკაული და მძივები, აღარ იცეკვებდა და აღარც ილექსებდა, ზოგიერთი უძმოდ დარჩენილი ქალი მთელ თავის სიცოცხლეს სულ შავებში გაატარებდა. თუშეთში ღრმა მწუხარებისას ქალი კაბის უბეზე ერთი არშინის სიგრძის ლითონის ჯაჭვს დაიკიდებდა, რომელსაც ბოლოზე შავი ბაწრის ძაფებით ეკიდა ფოჩებჩამოშლილი „ქოქირაი“ (იხ.). გლოვის დასასრულსჯაჭვის ბაწრიან ნაწილებს დაკუწავდნენ და ჩამდინარე წყალს გაატანდნენ. საქართველოში გლოვის სხვა წესებთან ერთად აღსანიშნავია ხევსურეთში მანდილის კანჭის ჩამოშვებისა და თუშეთში მანდილის ორივე ყურის ყელზე შემოხვევის წესები. მგლოვიარეს არც სახლში შეეძლო უთავსაბუროდ ყოფნა, იგი შავ დიდ თავსაფარს რამდენჯერმე დაკეცილი თავსახვევით იმაგრებდა. სამგლოვიარო ტანსაცმელს არ ატარებდნენ ერთ წლამდე ბავშვის სიკვდილის, მეხდაცემულის, „ბატონებით“ გარდაცვლილისა და სულით ავადმყოფის დაღუპვის დროს. მგლოვიარე ქალი დროებით აკრძალვებსაც უნდა დამორჩილებოდა. ვისაც ოჯახში პატარა ჰყავდა, დიდხანს გლოვა არ შეეძლო. დროებით უნდა გაეხადათ სამგლოვიარო ტანსაცმელი დიდი დღესასწაულების პერიოდში, ასევე ნიშნობა-ქორწილებში, „ბატონების“ სტუმრობისა და ლოცვის დროს.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, სამგლოვიარო ტანსაცმელი ქიზიყში - „ძაძა-ფლასი“, სსმმ, ტ. XLII-B, 1997.
ც. ბ.
ძაძა-ფლასი - ქალის სამგლოვიარო ჩასაცმელი. საქართველოს კუთხეებიდან XX ს. პირველ ათეულ წლებში ქიზიყსა და გურიაში ჯერ კიდევ ახსოვდათ სამგლოვიარო ჩასაცმელის აღსანიშნავად გამოყენებული ძველი სახელწოდება „ძაძა-ფლასი“. საქართველოში ტერმინი „ძაძა“ სამგლოვიარო სამოსელის ზოგად სახელწოდებადაა ცნობილი. ქიზიყში დადასტურებული ეს სახელწოდება კი განსხვავებული შინაარსის მატარებელია - „ძაძა“ თავზე მოსახური, ბამბის დაუძახავი ძაფისგან მოქსოვილი და ნაპირებჩამოშლიშლი თავსაფარია. საბასთან ძაძა შალის უხეში ღაზლის ქსოვილადაა განმარტებული, ხოლო ფლასი თხის ბალნისაგან დამზადებულს ჰქვია. ორივე ფორმისათვის ნიშანდობლივია სისადავე და კაბის ნაპირების შეუკეცავობა. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ ზოგჯერ ამგვარი კაბების შემოკეცვაც შეეძლოთ, მაგრამ ძაძა-თავსაფარი, რომელსაც საგარეოდ მოიხმარდნენ, შემოუკეცავი უნდა გაეცვითათ. გურიაში ყველაზე მეტად ქმრისა და შვილის დაკარგვის გამო გლოვობდნენ. ქვრივს აუცილებლად ძაძა-ფლასი უნდა ეტარებინა, რომელიც იმ პერიოდში გავრცელებული სამოსის ფორმა იყო, მაგრამ უბრალო მასალისაგან ულაზათოდ შეკერილი და თანაც შემოუტეხავი. ძაძა-ფლასში გახვეულებს საცვლებიც შავი უნდა სცმოდათ, ასევე ფეხშველა უნდა ევლოთ და ლოგინის გარეშე, ხმელ ჭილოფზე უნდა დაეძინათ. ეს ტანსაცმელი თავისით უნდა გაცვეთილიყო, ეკრძალებოდათ საკერავის დადება და განახლება. ძაძა-ფლასის ტარების ვადად ძირითადად 40 დღე იყო.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, სამგლოვიარო ტანსაცმელი ქიზიყში - „ძაძა-ფლასი“, სსმმ, ტ. XLII-B, 1997.
ც. ბ.
ძელბარი - მთლიანი ხისაგან გამოთლილი პირგრძელი ბარი, რომლითაც იმერლები აყალოს ახდიან ჭურისთავს. ხმარობენ გაყინული მიწის საბარავადაც.
ე.ნ.
ძელუური - იხ. სახლი ძელური.
ძელყორე - 1. ძვ. ქვითა და ძელით ნაგები გალავანი 2. მორებით გამაგრებული ადგილი, რომელიც ქვებითაა ამოვსებული.
ძეწკვი - მირჩილული და მიურჩილავი რგოლებით შედგენილი სამკაული, რომელსაც ამზადებდნენ ოქროს, ვერცხლის, პლატინის, თითბრის, სპილენძის მოოქროვილი ან მოვერცხლილი მეტალისგან. ძეწკვები იხმარება ჯვრების, კულონების, მედალიონების, საათების, ლორნეტების, სათვალეების და სხვა ნაწარმის სატარებლად. მსხვილი ძეწკვი შეიძლება დამოუკიდებელი სამკაულიც იყოს. რგოლების ფორმის მიხედვით არის ჯავშნისებური, ღუზისებური, ხვეული და სხვა. ძეწკვს აქვს საკეტი. საქართველოში ძეწკვები გავრცელებული იყო ჯერ კიდევ ადრეანტიკურ ხანაში. ძვ.წ. IV-V სს-ში ძალიან პოპულარული იყო ფანტასტიკური ცხოველების თავებით დაბოლოებული ძეწკვები. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებში აღმოჩენილია სხვადასხვა სტილით ნაკეთები უბრწყინვალესი ხელოვნებით დამზადებული ძეწკვები. ადგილობრივ დამზადებული ძეწკვების გარდა ფართოდ იხმარებოდა უცხოური (ბერძნულ-რომაული) ძეწკვებიც. XIX ს-ში დიდი რაოდენობით ძეწკვები შემოდიოდა რუსეთიდან და ევროპიდან.
ლიტ.: ს. სელივანკინი, პ. სერენკო, პ. ციპლაკოვი, საიუველირო საქონელი და საათები, 1958.
მ. ბ.
ძეხვი//(ქართლ.კახ.) შიგნით//შიგნითადი (თუშ.)//ძეხვი//მძეხვი(ფშ.)//ჭიჭნაგური (ინგ. ჭან.)//კუპატი (იმერ.). - გასუფთავებულ, მსხვილ ნაწლავებს გადმოაბრუნებენ, გაბერავენ და მზეზე გააშრობენ. შემდეგ ცოტათი დაასველებენ და ჩატენიან მასში წინასწარ გამზადებულ დაკეპილ ხორცსა და ქონს, შენელებულს მარილით, მწვანილებითა და ხახვით, თავბოლოს მოუკრავენ, მოკეცავენ ორად და გააშრობენ მზეზე, ან კერის თავზე. კარგად გაკეთებული შიგნითა 3-4 წელი ძლებს. საჭიროების დროს მოხარშავენ ან შეწვავენ. სისხლშერეული შიგნეულისა და ხორცის ძეხვს ეწოდება „ქუმფასი“.
ნ. ჯ.
ძიქვა - სალოცავი ქვა, რომელთანაც რძეგამშრალი ქალები ან უშვილო დედაკაცები მიდიოდნენ, ატარებდნენ სათანადო რიტუალს და თავიანთ სათხოვარს შესთხოვდნენ. ძიქვასადმი ყველაზე დახვეწილი რიტუალები შიდა ქართლშია დადასტურებული.
ე.ნ.
ძნა - მომკული და გაულეწავი პურის კონა, რომელიც შედგება ხელეურებისაგან. ნამგლით მკისას მკელი მოსამკელი პურის თავთავებს ერთი ხელით ბღუჯავს, ხოლო მეორეთი ძირში ჭრის. რაც ერთ მოჭრაზე ხელში დაეტევა, იმას ეწოდება ხელეური. 10-15 ხელეურისაგან შეიკვრება ერთი ძნა. თავთავის გალეწვისას ძნებს კალოზე მიიტანენ, იქ დაშლიან და დაყრიან, რათა კევრით გალეწონ.
ე.ნ.
![]() |
17 წ |
▲ზევით დაბრუნება |
წათი - საჩხვლეტ-საძგერებელი იარაღი. საბას განმარტებით, „წათი აფთ-შუბაა, ხოლო აფთი მახვილია ბრტყელი და ტანგრძელი“. წათი - საჭურველთა შორის მხოლოდ უძველეს ძეგლებში გვხვდება. წათის ისევე როგორც მახვილის ხელში მქონებელს, რიგით ადამიანს თუ ჯარისკაცს წათოსანი ან მახვილოსანი ეწოდებოდა. სულხან-საბა - ლექსიკონი ქართული, ტ. II, 1993.
მ. ქ.
წათხი - ყველის შესანახი სითხე, მზადდება მარილწყლის, ძმრისა და მცირეოდენი შაქრის შერევით.
წალდი - რკინისპირიანი და ხის ტარიანი იარაღი, რომლის მრავალნაირი ფორმა არსებობს. წალდის გამოყენების ხანგრძლივ, უწყვეტ ტრადიციას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა (ბრინჯაოს წალდები). გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში. წალდი არის სანიადაგო იარაღი ტოტებისა და ბუჩქნარების საკაფავად. ძირითადად გავრცელებულია ორი ტიპი: ნისკარტიანი-ტოტების მოსაწევად და უნისკარტო სათლელ-საკეპად. ფართოდ გამოიყენებოდა საყანე ადგილის მომზადებისას ჩირგვების, ბუჩქნარების, ბარდების გამოსაკაფად. აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ წალდებს ყუა ზემოდან უკეთდება, სადაც ჩაესმებათ ტარი, ხოლო დასავლეთში ნაჯახისებური ყუა და გრძელი ტარი აქვთ. წალდი საქართველოს ფარგლებს გარეთ გვხვდება ჩრდილო კავკასიაში, ჩერქეზეთში, ლეკებში, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეულ ლაზეთსა და შავშეთში, აზერბაიჯანის ქართულ მოსახლეობაში (საინგილო) აკად. გ. ჩიატაიამ ყურადღება მიაქცია ადიღეური წალდის სახელწოდებას - „სალდა“-ს, რომელიც ქართული წალდის სახენაცვალ ფორმად მიიჩნია. არის მოსაზრება, რომ წალდის ეს ტიპი გენეტიკურად კოლხური კულტურის მონაპოვარია. ეთნოგრაფიული მასალებითაც დასტურდება, რომ წალდი აღმოსავლეთ საქართველოში რაჭა-იმერეთიდანაა გადმოსული.
ლიტ.: ნ. რეხვიაშვილი, მჭედლობა რაჭაში, 1953. გ. ჩიტაია, შრ. ტ. V, 2001.
ა. გ.
წალდუნა - წალდუკა//სასხლავი, ხელით სამუშაო იარაღი. ტანის მოყვანილობით წალდის მსგავსი. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცნობილია სახელწოდებით: წალდუნა (ქართ.), წალდუკა, სასხლავი (იმერ.), ხელწალდა (გურ.), სასხლავა (ლეჩხ.), ცხემლარი (სამეგ.). წალდის ამ ტიპს უფრო დანის მოყვანილობა აქვს, ოდნავ მოკაუჭებული წვერით. იხმარებოდა ახალგაზრდა ხე მცენარეების და მაღლარი და დაბლარი ვაზის გასასხლავად.
ა.გ.
წალკატი - ქვის დასამუშავებელი ორწვერა იარაღი (იხ. წერაქვი).
წალო - ფარდებჩამოფარებული თახჩა. გამოიყენებოდა ლოგინის დასაწყობად.
წამოსასხამი - აქ: ხევსური ქალის გარეთი, რიტუალური სამოსელი. მასალად გამოყენებულია ადგილობრივი, საოჯახო წესით დამზადებული შვინდისფერი შალი - „ტოლი“. კალთების ბოლოები და ნაკერის თითქმის ყველა ადგილი დაფარულია ოქროსფერი ძაფის ყაითნით ან ბრტყელი სირმით, თეთრი ღილებითა და ფერადი მინის მძივებით. წელის გასწვრივ, აქა-იქ შემორჩენილია წვრილი მძივების მცირე აცმა, რომელზედაც მსხლის ფორმის ყვითელი ლითონის სამკაულები კიდია. ცრუსახელოებით შედგენილი ეს წამოსასხამები ფორმითა და დანიშნულებით ნათესაობას ამჟღავნებს საქართველოში, მცხეთასა და ატენში გამოვლენილ ქანდაკებათა (VI-VII სს.) სამოსელთან.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, ხევსური ქალის ორი წამოსასხამი, მსე ტ. XXVI, 2004.
ც. ბ.
წანდილი - ხორბლისაგან დამზადებული ფაფის ტიპის საკვები. ადრე ყოველდღიურ საჭმელად მზადდებოდა. უფრო მოგვიანებით ძირითადად სარიტუალო (მიცვალებულის სახელობის) საკვებად იქცა. წანდილად მოხარშავენ გარჩეულ, კანგაცლილ, კარგი ჯიშის ხორბალს, შეკაზმავენ თაფლით, ნიგვზით, ქიშმიშით და ჭირის სუფრაზე ჩადგამენ ჯამებით. ვინც მიცვალებულის პატივისცემითაა მისული სუფრაზე, წანდილი ყველამ უნდა იგემოს, რადგან ამ შემთხვევაში მიუვა მას. რელიგიური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, ხორბალი საიქიოს ჯეჯილად ამოდის და გარდაცვლილის მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ აღიქმება.
ლიტ.: გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007.
ე. ნ.
წაღა//წუღა - ფეხსაცმლის ტიპი. გავრცელებული იყო მთელ კავკასიაში. წარმოადგენს უბრალო, რბილლანჩიან ფეხსაცმელს. წაღებს თუშეთში „ყურიან ჩუსტებსაც“ უწოდებდნენ. ზოგიერთს, ქუსლის ზევით, ჩასაცმელი ყურები ჰქონდა გაკეთებული. წუღის ტიპებია: კილიტებიანი, მოხდილი, ყურიანი, თასმებიანი, მაღალპირიანი. ქალაქში გავრცელებული იყო ე.წ. „სირაჯული წაღაც“, რომელსაც მოღუნული წვერი აქვს, ქუსლზე ნალი აკრავს და ყელი ფუნჯიანი ყაითნით ეკვრება.
ნ ჯ.
წბერი//ხარხიმი - ყურძნის საწური ხალხური სამეურნეო საშუალება. გაწყობილი იყო ცალმხრიანი ბერკეტის პრინციპზე. წნეხვისათვის ძალის მოდებას ემსახურებოდა ხრახნი//ხრახნილი. საქართველოში წბერის//ხარხიმის ორი სახეობა იყო ცნობილია: ხრახნიან-ტვირთიანი და ხრახნიან უტვირთო. წბერი// ხრახნი შედგებოდა სამუშაო ნაწილისა და დასაწნეხი ყურძნისათვის განკუთვნილი ფიცრის ჭურჭლისკოდის// ჩალანგარისაგან. ტვირთიანი წნეხის სამუშაო ნაწილს შეადგენდა ხრახნლი -მიწაში ჩამაგრებული მუხის ან თელის ხის კაპა, მის თავში დამაგრებულია სხვადასხვა ხის (გარდა ცაცხვისა) ორკაპა დირე და ვაშლის ხის ქანჩი//დავთი//ქუდი, დავთში გაყრილია, ე.წ „ძივა ისარი“ და მის ბოლოზე ჩამოცმულია ქვის კვირისტავი. ქვის თავზე - ხრახნში გაყრილი კეტის საშუალებით ხდებოდა ისარის ხრახნის ამოძრავება ზევიდან ქვევით და პირიქით. გადაცემული ძალით ხდებოდა კოდიდან ნაწბერის დინება. წბერი-ხარხიმი უმეტესად გავრცელებული იყო რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, გურია-სამეგრელოში.
ლიტ.: ა. ლეკიაშვილი, ქართული ხალხური ღვინის წნეხები, მსე. ტXII-XIII, 1969.
ლ.მ.
წებაში - ზემო სვანეთში მარხილისა და უღლის გადასაბმელი საქონლის ტყავისაგან დამზადებულ ღვედი.
ნ. ჯ.
წერაქვი - ორწვერიანი ქვის დასამუშავებელი იარაღი. იხმარება ქვის მოსამტვრევად, გასაკოპიტებლად, გასაწვერად. მისი ტანი მძიმეა და კუთხოვანი მოყვანილობის - ქვაზე ძალა რომ მიიტანოს. ქვის დამუშავების პრაქტიკაში ერთ-ერთი სანიადაგოდ სახმარი იარაღია. ხალხურ მეტყველებაში წერაქვის მრავალი სინონიმია დაცული. მაგ., წერაქვა, წალკატი, ორწვერი, წვერო, წერექო, საწიწვერი. ამავე ტიპის, მხოლოდ, უფრო მასიურია ქართლში დამოწმებული ქულუნგი. გვხვდება აგრეთვე კომბინირებული სახის წერაქვი, რომლის ერთი წვერი საკვეთია, ხოლო მეორე სათლელის ან ჩაქუჩის მოვალეობას ასრულებს. ქანიდან რბილი ქვის ამოხდისათვის იხმარება შედარებით გრძელწვერიანი და მოხრილი წერაქვები (იხ. წერექო). წერაქვში ყველა ვარიანტში მოქცეულია მისი ძირითადი ფუნქციის -წვერით ქვის დამუშავების შემცველი შინაარსი. ქართულ წერილობით ძეგლებში წერაქვი და წალკატიერთმანეთისგან განირჩევა.საბას განმარტებით, წერაქვი „ესე არს ცალგანით სათხროლი აქვნდეს კლდეთა დასარღვევად, წალკატი - არს ორგნით საკვეთი აქვნდეს ქვათა სათლელად“. ამჟამად ასეთი დაყოფა არ შეინიშნება და წერაქვი უფრო ზოგადი სახელწოდებაა ამ ტიპის ყველა იარაღისა.
ლიტ: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე.ნ.
წერექო (იმერ.) - წერაქვის იდენტური იარაღი. ძირითადად იხმარება საკეცე ქვის მადნის
ამოკაფვისთვის. იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში გავრცელებული იყო და ნაწილობრივ ახლაც მისდევენ ქვის კეცების დამზადებას. წერექოს ორივე წვერი ჩვეულებრივ წერაქვთან შედარებით უფრო გრძელია და უფრო მეტად მოხრილი. კარიერში ჩასული ხელოსანი შეარჩევს საკეცე ქვის მონაკვეთს და წრიულად 8-10 ადგილას ურტყამს წერექოთი, სანამ მისი პირი არ დაიმალება. როცა ყველა ნახვრეტი სათანადო სიღრმეს მიიღებს, შემდეგ ერთ-ერთში ჩაარტყამს წერექოს წვერს, მოსწევს ფრთხილად და ამოტყდება ქვის კეცისთვის საჭირო მადანი. წერექოს წვერი იმიტომაა გრძელი, რომ ქანში, რომელიც რბილია და იოლად ითლება ღრმად წავიდეს და კეცისთვის შესაფერისი სისქის მასალა ამოიკაფოს.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ქვის კეცების დამუშავება იმერეთში, ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკა“, 1973, №3.
ე. ნ.
წერნაქი (ქართ., კახ.)//წარნაქი (ზ. იმერ.)// წანაქო (ლეჩხ.) - ერთგვარი მიწა, გამოიყენება თიხის ჭურჭლის მოსახატად. აღმოსავლეთ საქართველოში წერნაქის საბადოებად მიჩნეულია კასპის რ-ნში ფაშიანის გორა, რომელსაც ახალქალაქელი მეჭურჭლეები იყენებდნენ, ქიზიყელი მეჭურჭლეები კი კარდენახის მთაში მოიპოვებდნენ. შიდა კახეთის ოსტატები გარე კახეთიდან - მარტყოფ-ლილო-პატარძეულის მიდამოებიდან ეზიდებოდნენ. მცხეთელებისათვის წერნაქის ბუდედ ბებრისციხის შემოგარენი ითვლებოდა. შროშელ (იმერელ) მეჭურჭლეებს იგი ზესტაფონის რ-ნის სოფ. კვალითიდან მოჰქონდათ. წერნაქი ბუნებაში სამი სახითაა წარმოდგენილი: 1. კლდეშია, საიდანაც ხელით გამოიღებენ. 2. მინდორშია მიმობნეული და 3. ფიქალ ქვებს შორისაა მოქცეული. იგი არსებობს ფხვნილის ან „კაკლისტოლა კორხების“ სახით. მეჭურჭლეთა გადმოცემით, წერნაქის გამოჩენა ახალ მთვარეს უკავშირდება - „წერნაქს ზაფხულში გამოყრის, სიცივეში არა“. ცნობილია, რომ ახალი მთვარის გამოჩენას ახლავს ამიდნის ცვლა, წვიმები. მიწის ჟანგი,, ანუ წერნაქი კი მნიშვნელოვანი ტენიანობის პირობებში წარმოიქმნება. წერნაქის მომზადებისას გარკვეული რაოდენობის მიწას თიხის ჯამში ყრიდნენ, დაასხამდნენ წყალს ისე, რომ „მასა არც თხელი ყოფილიყო და არც სქელი“. წერნაქი შემშრალ ჭურჭელს გამოწვის წინ ესმევა. დასაწყისში იგი მიწის ფერისაა, გამოწვის შედეგად წითლდება. შიდა კახეთის მეჭურჭლეები ჩარხზე მდგომ ყურშეუბმელ ნედლ ჭურჭელს ფუნჯით აჭრელებენ. შემშრალი ჭურჭელი ოსტატს ხელში უჭირავს და წერნაქის ხსნარში ამოვლებული ფუნჯით აჭრელებს. წერნაქის გამოყენებას ქართულ კერამიკაში უძველესი ტრადიციები აქვს. ამის დადასტურებაა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებით დათარიღებული მოწერნაქებული ჭურჭელი თრიალეთის ყორღანებიდან. ძველ საქართველოში, წერნაქს, სახლის ნაწილების მოსახატავადაც იყენებდნენ. დასავლეთ საქართველოში გასულ საუკუნეში ამ საღებავს ზანდუკების დასაჭრელებლად ხმარობდნენ.
მ. ზ.
წვეტი კვერი (მთიულ.) - იგივე წერაქვი, რომლის მეშვეობით მოსატეხი ქვის მასივი გაიღარება, რათა მასში სოლებმა მოიკიდოს პირი. მთიულეთში ამას „სოლების ჩაკვრას“ უწოდებენ.
ე.ნ.
წვივსაკრავი - პაიჭზე შემოსაკრავი თოკი. უფრო სადა და უბრალო, ვიდრე ჩახსაკრავია, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მუხლსაკრავსაც უწოდებენ.
წიგნი - ქართულ წერილობით ძეგლებში წიგნის შექმნასთან დაკავშირებით მდიდარი ინფორმაციაა დაცული. ფაქტობრივად წიგნის შემქმნელი//მკაზმველი იყო ცალკე პროფესია, რაც საკმაოდ შრომატევად პროცესს მიცავდა, თუ წიგნი ტყავის//ეტრატისგან იყო გაკეთებული, მაშინ ძალიან დიდი ხელოვნება ესაჭიროებოდა მის საწერ მასალად გაკეთებას (იხ. ეტრატი), რაც შეხება ქაღალდს იგი უკვე XI-XII X-XI საუკუნეებში გვევლინება ეტრატის და ჭილის შემცვლელად. წიგნის გადაწერის შემდეგ ხდებოდა შეკერვა და შემოსვა, ანუ შეკაზმვა, მმოსველნი წიგნებს კინძავდნენ ფურცლების ანუ კეფის მიხედვით, რვა ფურცელი კეფი ერთ რვეულს ჰქმნიდა და რამდენიმე რვეული ერთ წიგნად იმოსებოდა. წიგნის გარეკანი ქაღალდის (ქაღალდის ნაცვლად ალბათ მუყაო ჯობია) მაგარი ყდით ან ძროხის ტყავისაგან მზადდებოდა, არცთუ იშვიათად წიგნის გარეკანი ყდა ჭედური ხელოვნებით კეთდებოდა.
ლიტ.: შ. მესხია, საისტორია ძიებანი ტ I, 1982.
წიგნის შეკერვა - ძვ. იგივე აკინძვა. ასეთ ხელობას ასრულებდნენ „მმოსველნი“, ანუ წიგნის შემკერელნი. მონასრტრებში წიგნის შეკერვის საგანგებო ოსტატები არსებობდნენ.
წივა - მსხვილფეხა პირუტყვის მზეზე გამომშრალი ნაკელი. მთიან ადგილებში (მაგ., ჯავახეთი),სადაც შეშის ნაკლებობაა, საქონლის ნაკელს მოაგროვებენ, დააკალაპოტებენ და გააშრობენ. წივას ზამთარში იყენებენ როგორც ენერგეტიკურ წყაროს.
ე.ნ.
წილამურები - ჩიჩილაკის (იხ.) ბურბუშელა, გრძელი ლენტებივით.
წინდა - ფეხსამოსი. ქსოვენ მატყლის, ბამბის, ყაჭისა (იხ.) და აბრეშუმის ძაფისაგან. წინდა ორი სახისაა: მაღალყელიანი (მუხლამდე, ზოგჯერ მუხლსაც ფარავდა, და დაბალყელიანი (წვივს ფარავდა). მაღალყელიან წინდას მხოლოდ ქალები ხმარობდნენ, დაბალყელიანს კი - ქალიცა და კაციც. ძირითადად იცოდნენ „თეთრი“ და „ჭრელი“ წინდების ქსოვა. ახალგაზრდის წინდა მეტად მრავალფერადი და რთულსახიანი იყო, ვიდრე ხანშიშესულისა. ერთმანეთისაგან განირჩეოდა საქორწინო-სამგლოვიარო და საშინაო-საგარეო წინდებიც.
ლიტ.: ც. ყარაულაშვილი, ქსოვის ხალხ. წესები კახეთში, 1985.
გ.კ.
წინსაფარი - სხვადასხვა სამუშაოთა შესრულებისას ტანსაცმლის დასაცავი ტყავის ან სქელი ნაჭრის საფარი, ხშირად ჯიბეებდაკერებული. აქვს კისერზე ჩამოსაკიდებელი და წელზე შესაკრავი ზონრები. წინსაფარი ხელოსნის ჩვეულებრივ ატრიბუტს წარმოადგენდა. არსებობს წინსაფრის სხვადასხვანაირი ტიპები (იხ. ფეშტემალი).
წინწანაქარი - ცხარე, თავი არაყი, პირველად რომ გადმოვა.
წისქვილა - საცერულის (იხ.) სახეობა. გავრცელებული იყო ხევსურეთში. მზადდებოდა რკინისაგან, ჩამოსხმით, გვერდი ირიბია და წიბოვანი. წისქვილას განსაკუთრებით მოხუცები ხმარობდნენ.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრ. ტ. II, 2000.
მ. ქ.
მ. ქ.
წისქვილი - მარცვლეული კულტურების დასაფქვავი სამეურნეო ნაგებობა. არსებობს წყლის წისქვილის ორი სახეობა - ჰორიზონტალურბორბლიანი, ანუ აზიური წისქვილი და ვერტიკალურბორბლიანი, რომელიც საქართველოსთვის იშვიათობას წარმოადგენს და გავრცელებული იყო თბილისში, მდ. მტკვარზე. საქართველოს დანარჩენ კუთხეებში ძირითადად გავრცელებული იყო ჰორიზონტალურბორბლიანი წისქვილი, რომლის ზოგადი სახელი ვრცელდებოდა მთელი შენობისა, სადაც გამართული იყო მფქველი ქვებისგან შემდგარი მანქანური ტიპის მოწყობილობა და მოძრაობაში მოდის წყლის მეშვეობით. წისქვილის გამართვისათვის აუცილებელ იყო წყალი, რომელიც გამოჰყავდათ საგანგებოდ გაკეთებული სათავის მეშვეობით. სათავიდან წყალი ჩაედინება 2-3-მეტრიან ხის ღარში, რომელიც მიმართულია ბორბლისკენ. ბორბალს გააჩნია ფრთები და ღერძი, რომელიც მოძრაობაში წყლის ჭავლის მეშვეობით მოდიოდა. წისქვილის იატაკიდან ღერძი ამოდის მფქველი ქვების გულში. ძირა, დედალი ქვა უძრავია, ზედა მამალ ქვას კი აბრუნებს მოძრავი ღერძი, რომელიც რკინის არქეთი გაჭედილია მამალი ქვის ფოსოში. დასაფქვავი მარცვლეულის სათავსს წარმოადგენს დაყირავებული პირამიდისებური ხის ყუთი - ხვიმირა, რომლის წვერიდანაც გამოდის მარცვლეული და იყრება დოლაბის ყელში. მარცვლეულის გადმოყრას ხვიმირადან (კრიჭა) არეგულირებს რკინის ნაჭერი - სარეკელა, რომელიც ქვაზეა დადებული და მისი მოძრაობა გადაეცემა ხვიმირის ყელს. მეცნიერებაში გამოთქმული შეხედულების თანახმად, წისქვილი დასავლეთის სამყაროში მცირე აზიიდან იქნა შეტანილი, ამ არეალში ექცევა ამიერკავკასია და განსაკუთრებით საქართველო, სადაც ყველა პირობა არსებობდა სრულყოფილი წისქვილის შესაქმნელად (დაქანებული მდინარე, ხორბლეული კულტურა, რკინამჭედლობის ტრადიციები), ამიტომ საქართველო მიჩნეულია წისქვილის მოხმარების უძველეს კერად.
ლიტ.: ს. ბედუკაძე, წყლით მზრუნავი წისქვილები არაგვის ხეობაში, 1964. ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
წისქვილის არქი - რკინის ნაწილი, რომელიც წისქვილის ქვის საარქეში შედის და აბრუნებს ქვას. სხვადასხვა კუთხეში მისი სინონიმებია: ყავარზენი (ზ. სამეგრ.), გულა, წისქვილის არქა (იმერ.), თოხი (მესხ.), გურდალი (სამეგრ.). გარდა რკინისა, იხმარებოდა მაგარი ჯიშის ხისგან გამოთლილი არქებიც.
წისქვილი გვიმიანი - მისი წარმოშობა ნაკარნახევია მცირედებეტიანი წყლის პირობებით. როცა თვითდინებით მომდინარე წყალი ვერ აბრუნებს წისქვილის ფრთას, მაშინ აკეთებენ საგანგებო რეზერვუარს - გვიმს, რომელშიც მოკავებული წყლის წნევით, მოქმედებაში მოჰყავთ წისქვილის ბორბალი. გვიმი თავისი აგებულებით რადიკალურად განსხვავდება ხის ღარისგან. იგი წარმოადგენს 2,5-3 მეტრი სიმაღლის ცილინდრული ფორმის ქვის მილს, რომელიც შედგება წრიულად (კოდისებურად) გულამოღებული ქვის ნაწილებისგან. ქვედა ქვის რადიუსი 20-30 სმ-ია, ხოლო სულ ბოლო ზედასი 1მ-20 სმ. თითოეული ასეთი ნაწილის სიმაღლე 40-50 სმ-ია და ისინი გათლილია დიდი სიზუსტით, რომ ერთმანეთს კარგად მოერგოს და წყალი არ გაატაროს. ყოველი კონუსურად გათლილი თავი მომდევნოს ძირის ტოლია, ისინი თანდათანობით განიერდება ბოლოში და წარმოქმნის ერთიან ძაბრისებურ დიდ მილს. Pპირველ ქვას, რომელიც ყველაზე მასიურია, გახვრეტილი აქვს საფშტვირე და მიმართულია წისქვილის ბორბლებისკენ. როცა გვიმი ბოლომდე გაივსება ფშტვირიდან გამოაგდებენ ხის საცობს, დიდი წნევით გამოსული წყალი ბორბალს ეცემა და აამუშავებს. როცა გვიმი დაიცლება, ნახვრეტს კვლავ დაკეტავენ და ახლიდან იწყება რეზერვუარის შევსება. ლეჩხუმური მასალით გვიმიანი წისქვილის შემადგენელი ნაწილებია: ბელღარა, გვიმი, ლემაქანია, მეჯა, ფურცხვი//საცორელა, კინტი, ბორბალი, მურგვი, ფრთები, ღერძი, ცულა, რგოლი, გუგულა, ქვაბი, ხვიმირა, ლაკორა, სარეკელა, მანჭო, ჩიბე, ჩოტი, კარბა. გვიმიანი წისქვილი გავრცელებული იყო გურიასა და ლეჩხუმში. სოფ. ლაილაშში ოქრონიშის წყაროს წყალზე გამართული იყო 20-მდე ასეთი წისქვილი. გვიმიანი წისქვილი საფქველი მანქანის განვითარებულ ნიმუშად უნდა მივიჩნიოთ, სადაც კარგადაა წარმოჩენილი ქართველი მეურნის გერგილიანობა და გონებამახვილობა.
ლიტ.: გ. ჩიტაია, შრომები, ტ. V, 2001; ე. ნადირაძე, გვიმიანი წისქვილი ლეჩხუმიდან, ჟურნ. „მეცნიერება და ტექნიკა“, 1981, №8.
ე. ნ.
წისქვილის დაქნა - წისქვილის ქვის გათლა-დამუშავების ერთ-ერთი ეტაპი, რაც გულისხმობს მოსაფქვავი პირების მოსწორებას თარგის, ანუ სამართის (იხ.) მეშვეობით.
წისქვილის მკაზმავი (ძვ.) - წისქვილის გამწყობი, სადაც იგულისხმება ქვების დადგმა, მორგება, სარეკელას, ხვიმირს, ალას, ჩიბეს ბორბლის და საერთოდ გამართვა მთელი საფქვავი მოსწყობილობისა.
წისქვილის მოკოდვა - გავცეთილი ქვებისათვის ახალი სამუშაო პირების გამოჩენის მიზნით ქვების მოკოდვა ხდება წერაქვით//წალკატით. მოკოდვას იწყებენ გულიდან ნაპირისკენ და მთლიანად იღებენ გაცვეთილ ზედაპირს. მოკოდვისას ზედა ქვა გადმოაქვთ, ხოლო ქვედა, რომელიც უძრავადაა ჩასმული ბუდეში, ადგილზე იკოდება. როცა მოკოდილ ქვებს კვლავ გამართავენ, დააყრიან მარცვლეულს და ამუშავებენ, რათა პირველმა მუშაობამ ქვას გამოაცალოს რბილის ქანები, გამოაჩინოს „კბილები“ და გარეთ გამოიტანოს ზედმეტი ნარჩენები.
ე.ნ.
წისქვილის სახლი - ერთიანი ჩამოყალიბებული სამეურნეო ნაგებობა, სადაც გამართულია მფქველი ქვები, მეწისქვილის პატარა ოთახი, ბუხარი, ტაბლა, წისქვილის მუშაობისათვის საჭირო ინვენტარი. წისქვილის სახლში იგულისხმება მთელი კომპლექსი თავისი ქვებითა და სახლით. არცთუ იშვიათად წისქვილის სახლს უკეთებენ გადახურულ დერეფანს. შესაძლოა წისქვილის სახლს ჰქონდეს მარცვლეულის შესანახი ბეღელიც.
ე. ნ.
წისქვილის ქვა// დედალი ქვა//მამალა ქვა//საზედაო და საქვედაო (იმერ.ლეჩხ.) - მარცვლეულის საფქვავი განსაკუთრებული ჯიშის ქვა, რომელიც გამოირჩევა მაგარი შედგენილობით. დედალი ქვა წისქვილის კომპლექსში უძრავია, მამალი კი მოძრავი, რომელიც ქვედა ქვაზე ტრიალებს ღერძის მეშვეობით. წისქვილის ქვას მოიპოვებენ ამ მიზნისათვის შერჩეულ სათანადო საბადოში. ქვას არჩევენ სიმაგრის, სიფიცხის, ნაპერწკლიანობის, კაჟიანობისა და მჭრელი კბილების მეშვეობით. ქვას განარჩევენ ფერითაც და ადგილმდებარეობითაც. ქვის მოპოვებისას კარგად გაასუფთავებენ კლდის მასივს, მოტეხავენ უროთი და რკინის სოლებით (თავისებური წესით სრულდებოდა ხის სოლებით მოტეხვაც). მოტეხილ ლოდს შემოხაზავენ ფარგლით, შემოთლიან წრიულად, დაიყვანენ სისქეზე, ამოუჭრიან საგულეს// თვალს და გამოიყვანენ თარგში, ანუ სამართში (იხ.), რომელიც წარმოადგენს წისქვილის ქვისათვის სათანადო სისწორის მიმცემ იარაღს. სამართი არის ოთხკუთხად გათლილი ხის მხრებიანი ჯოხი, რომელსაც შუაში აქვს უღელი, ანუ თვალზე ჩამოსაგები, შავ ფორმაში გამოთლილ ქვაზე სამართს დაატრიალებენ, სადაც მისი გადაქნილი ბოლო მოედება იმ ადგილს აიღებენ სათლელით მანამადე, სანამ სამართი ქვაზე არ დატრიალდება. ზომისთვის სამართის ორივე მხარეს იყენებენ. ზედა მხარე მამალი ქვის ქვედა პირის მომყვანია, ხოლო ქვედა - დედალი ქვის ზედაპირისა. სამართით გათლილ ქვებს შუაგულში „თარალი“ (იმერ.) ე.ი. მცირე ადგილი//ხანი აქვს, საიდანაც ხდება მარცვლეულის შეთრევა ქვებს შორის, მისი მსხვილად დანაღერღება და გატანა „საწმინდაოზე“ იქ, სადაც ორივე ქვა მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს. დიდი ხნის ნამუშევარ ქვას კბილები უცვდება და საჭირო ხდება მისი მოკოდვა, ანუ ახალი სამუშაო კბილების გამოჩენა. მოკოდვისას ზოგიერთ ადგილას ქვას უკეთებენ ღარებს, რაც ფქვილს იცავს სიმშრალისაგან და თავის პირვანდელ ბუნებას უნარჩუნებს. ახლად მოკოდილ ქვას გამოსუფთავებისთვის და ახალი სამუშაო კბილების გამოჩენისთვის 10-15 კგ. მარცვლეულია საჭირო. წისქვილის ქვების გათლა და მათი ერთმანეთზე მორგება დიდ გამოცდილებას მოითხოვდა და ამიტომ წისქვილში ქვების დამდგმელის საგანგებო პროფესია ჩამოყალიბდა, რომლებიც მხოლოდ ამ მიმართულებით იყო დაოსტატებული. საუკეთესო საწისქვილე ქვებით დასავლეთ საქართველოში განთქმული იყო სოფ. მუხურა (ტყიბულის რ-ნი), ასევე ჟონეთი და წიფლავაკე (ხარაგაულის რ-ნი), ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ალგეთისა და არაგვის ხეობის საწისქვილე მადნები. წისქვილის ქვები განირჩეოდნენ სიდიდის მიხედვითაც: დოლაბი - დიდი ქვაა, ბუჭულა - საშუალო, ხოლოკორჩიოტა - პატარა.
ლიტ.: ს. ბედუკაძე, წყლითმბრუნავი წისქვილები არაგვის ხეობაში, 1960. ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
წისქვილი ხელის - მარცვლეული კულტურების საფქვავი მოწყობილობა. სასრევ-სანაყების შემდეგ ხელწისქვილი კაცობრიობის უძველესი მონაპოვარია. საქართველოში ხელწისქვილები ყველგან იყო გავრცელებული. დიდი წისქვილების არსებობის პირობებშიც კი შენარჩუნებული ჰქონდათ ხელწისქვილები მცირე მასშტაბიანი საფქველი სამუშაოების შესასრულებლად. საქართველოს მუზეუმში დაცულია ხელწისქვილების რამდენიმე ეგზემპლარი. ერთი მათგანი წარმოადგენს ოთხ ფეხზე გამართულ და ხის ორ ნაჭერზე დამაგრებულ ქვას, რომელიც უძრავადაა გაჭედილი ხის ჩარჩოში და შუაში ჩამაგრებული აქვს მრგვალი რკინა, შესაბამისად მამალ ქვაში ჩამაგრებულია რკინის არქე, რომელიც ჩამოეცმება მას იმისათვის, რომ მოძრაობისას ქვა აქეთ-იქით არ გაიქცეს. მამალ ქვას გაკეთებული აქვს ხის სახელური, რომლის მეშვეობითაც მოჰყავთ მოძრაობაში. ფქვილის გამოსასვლელთან გაკეთებულია ალა//ჩიბე// საფქვილე, სადაც ზედა ქვის დატრიალების შემდეგ ფქვილი იყრება.
ე. ნ.
წიფხა - საწყაო მარცვლისა და ფქვილისათვის. გავრცელებული იყო და დღემდე დასტურდება ლეჩხუმელთა ეთნოგრაფიულ ყოფაში. წიფხას ცაცხვის ან თელის ქერქისაგან აკეთებდნენ და ტკეჩით შეკრავდნენ. მასში თავსდებოდა 2-4 კგ ფქვილი ან მარცვალი.
ლიტ.: ნ. ბრეგაძე, მთის მიწათმოქმედება დას. საქართველოში, 1969.
მ.ხ.
წიწანი - ხის პატარა ჯამისებური სასმისი ფშავში.
წმიდა ჭურჭელი -1. ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულებისას: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, დაფარნები, ლახვარი, კოვზი, ღრუბელი, სამირონე, სანაწილე, საცეცხლური ნახშირით და საკმევლითურთ. მათთან შეხება არ შეუძლია ერისკაცს და დაბალ სასულიერო პირს. ზოგადი მნიშვნელობით, ეს არის საეკლესიო ღვთისმსახურებისას გამოსაყენებელი ჭურჭელი და საგნები. მაგალითად, ზემოჩამოთვლილს სამღვდელმთავრო მსახურებისას ემატება ტიკირი და დიკირი, რიპიდები. გარდა ამისა, ტრაპეზზე აუცილებლად ასვენია ოდიკი, წმიდა ნაწილითურთ, სახარება, ჯვარი.
ლიტ.: მართმადიდებლის მცირე ლექსიკონი, 2002. მოკლე განმარტება ლიტურგიისა, 1998.
ხ. ც.
წნეხი - აქ: ჭაჭის საწნეხი ტექნიკური მანქანა. ეთნოგრაფიულ ყოფაში ცნობილია საქაჯავის, საქაჩავის, საქანჩველის, წბერის, წკბერის, საწბერავის, ხარხინის სახელწოდებით. წნეხის უმთავრესი დანიშნულებაა ახლად დაწურული ყურძნის ჭაჭის დაწნეხვა წვენის მაქსიმალური გამოწბერვის მიზნით. საწნახელში ყურძნის ფეხით დაწურვის შემდეგ ქვევრებში დასადუღებლად ჩასხმულ ტკბილს ეყრება მხოლოდ ჭაჭის ნაწილი, ხოლო დანარჩენ ჭაჭას წნეხით დაწნეხენ. მეორე შემთხვევაში წნეხი უშუალოდაა დაკავშირებული ხალხურ მეღვინეობაში გავრცელებულ საწნახელში დაყენებული მაჭრიანი ჭაჭის გამოწნეხვასთან. ამ წესის მიხედვით ღვინის დადუღება წარმოებს ჭაჭის მთელ რაოდენობაზე, რომელიც მიმდინარეობს საწნახელში. დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინო ქვევრში გადააქვთ, ხოლო ღვინით გაჯერებულ ჭაჭის მთელ მასას საწნახელში გამოწურავენ.
ჭაჭის საწბერი წნეხები წარმოადგენენ ცალმხრივი ბერკეტის პრინციპზე მოქმედ მანქანებს და იყოფიან სამ მთავარ ჯგუფად 1. ხრახნიანი წნეხები 2. ოწინარიანი წნეხები 3. მარტივი წნეხები (უოწინარო და უხრახნო). ხრახნიანი და ოწინარიანი წნეხების დეტალებია: გობი, კოდი, კვირისტავი, უღელი, კაცა, დირე, ხმალა, დათვა, ხრახნი, სარქველი, ისარი, ქალაბანი და ღვედი. ქართული საწნეხების ნაირსახეობა და მათი დახვეწილი ტიპები ხაზს უსვამს ხალხური მეღვინეობის მაღალ დონეს.
ლიტ.: ლ. ფრუიძე, მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში (რაჭა), 1974. ალ. ლეკიაშვილი, ყურძნის საწნეხი საშუალებები საქართველოში, მსე, ტ. XII-XIII, 1963.
ე. ნ.
წურწუმა - მილაკიანი წყლის ჭურჭელი. ფორმით „იბრიღ//იბრეხ//იბრეღ“-ის იდენტური. წურწუმა კეთდებოდა სპილენძის ფირფიტებისაგან. არის მოკალული და მოუკალავიც. წურწუმის დამახასიათებელია ლამაზად გამოყვანილი მილი. ძირი ქუსლიანი ან ბრტყელი აქვს, მუცელი - მრგვალი ან მსხლისებური, ყელი მაღალი, ძირში განიერი, პირისკენ ვიწრო. ჭურჭლის ტანზე და პირთან დამაგრებულია სპილენძის სამჭვალეებით წურწუმა აღმოსავლური ჭურჭელია. მას ძირითადად იყენებდნენ ვარდის წყლის დასაყენებლად,
ხელ-პირის დასაბანად, რიტუალური დანიშნულებით ხმარებაში იყო აგრეთვე წურწუმა-სურა, თუნგი-წურწუმა. წურწუმა საქართველოსთვისაც ტრადიციული ჭურჭელი ყოფილა, რაც XIX ს. არქეოლოგიური გათხრებითაც დასტურდება. მას პარალელები თიხის ჭურჭელთან ეძებნება.
ც. კ.
წყარო - ჰიდროტექნიკური სისტემის დამამთავრებელი ნაგებობა, დასახლებული ადგილის წყლითსარგებლობის ძირითადი ობიექტი. ძველი ქართული საისტორიო საბუთების მიხედვით, ჰიდროტექნიკური სისტემების მაშენებლებსა და მომვლელებს „წყლის მკაზმავები“ ეწოდებოდათ (რომლებიც თავიანთი პროფესიის დიდი მნიშვნელობის გამო გათავისუფლებული იყვნენ სახელმწიფო გადასახადებისაგან), ხოლო იმ ადგილს, სადაც წყალი გადმოედინებოდა „წყაროს თუალნი“ და „ავაზანიც“ ეწოდებოდათ. „რაზომცა ციხენი და ქალაქნი აღაშენა ყოველგან წყაროს თვალნი გამოადინა“ (ვისრამიანი), „მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთხენი, ზედ ავაზანთა შექმნილობანი“ (აბდულმესია). წყარონაგებობანი თავიანთი აგებულებით ერთ რომელიმე არქიტექტურულ სტილს არ ემორჩილებიან, მაგრამ მათი საერთო ნიშანი ქართული ხუროთმოძღვრული იერის მატარებელია, რომელიც ყველაზე მეტ მსგავსებას ამჟღავნებს საეკლესიო არქიტექტურასთან. ეთნოგრაფიული მასალით დგინდება, რომ წყარონაგებობის მშენებლობა სოფლისათვის პრესტიჟულ საქმიანობას წარმოადგენდა და მასში ყველა მოსახლე თანაბრად მონაწილეობდა. წყლის გაყვანისა და წყარონაგებობის მშენებლობას ხელმძღვანელობდა საგანგებოდ არჩეული პირი, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის გადაჭრა. განსაკუთრებით წყარონაგებობის ამშენებელი ქვითხუროს შერჩევა. ტიპური დასრულებული წყარო ნაგებობა ორი უზისაგან შედგება, რომელთაგან ერთში სასმელად საჭირო წყალი ჩაედინება, ხოლო მეორე სხვადასხვა საჭიროებისათვისაა განკუთვნილი. წყარონაგებობათა მშენებლობაში უმეტესად გათვალისწინებულია მისი ჰიგიენურად დაცულობის პრინციპი. წყარო თავისი აუცილებელი საჭიროების გარდა, წარმოადგენდა სოფლის საკრებულოს, სათემო თავშეყრის ადგილს და ფართო სოციალური ფუნქციის მატარებელი იყო.
ე.ნ
წყაროს მკაზმავნი // მეწყაროე//ქუქანკი - წყალსადენთა გამომყვანნი და გამოსავალი ნაგებობის მაშენებელი ოსტატები, მათი საქმიანობის მნიშვნელობის გამო გათავისუფლებული იყვნენ ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადასახადისგან.
წყრთა - უძველესი ქართული სიგრძის საზომი. პირველად მოიხსენიება დაბადების ქართულ თარგმანში. შინაარსობრივად წყრთა გამოხატავდა მანძილს იდაყვიდან შუა თითის წვერამდე. რაჭა-ლეჩხუმში წყრთა//მცხლა, როგორც საზომი ეთნოგრაფიულ ყოფაში დღემდე დასტურდება. სულხან-საბას განმარტებით, წყრთა ნახევარადლი იყო, ე.ი. საშუალოდ 50,6 სმ. ამ ზომის წყრთა XVI ს-დან არის სავარაუდო. განსხვავება უძველეს და შედარებით გვიანდელი ხანის (XVI ს.) წყრთებს შორის მხოლოდ 14 მმ-ა. ქართულ საზომთა სისტემაში მტკაველს სიდიდით მოსდევდა წყრთა, წყრთას კი ადლი. საქართველოში ადრეულ ხანაში ნაგებობათა მშენებლობის დროს (ბაგინეთი, უფლისციხე, გორისციხე) მშენებლები იყენებდნენ განზომილების განსაზღვრულ ერთეულს, რომელიც უტოლდება 52 სმ-ს. ირ. ციციშვილმა გამოარკვია, რომ ეს ერთეული არის წყრთა.
ლიტ.: გ. ჯაფარიძე, ნარკვევები ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან, 1973.
მ.ხ.
![]() |
18 ჭ |
▲ზევით დაბრუნება |
ჭა - წყალმომარაგების მიწისქვეშა ობიექტი, ძირითადად, ინდივიდუალური სარგებლობისათვის. საქართველოს ბარში მეტ-ნაკლებად ყველგან იყო გავრცელებული. განსაკუთრებული განვითარება პოვა დასავლეთ საქართველოში. ჭა ჩვეულებრივ ამოშენებულია ქვით, მაგრამ გვხვდება ამოუშენებელი ჭებიც (მაგ., გურიაში). ჭის მშენებლობა პროფესიულ ხელობათა რიგში ექცევა, ამიტომ ამ ცოდნას საგანგებო დაუფლება სჭირდება. ჭა იჭრება წერაქვითა და ნიჩბით. ჭის მშენებლობის დაწყებიდან 1,5 მეტრის სიღრმის შემდეგ, იდგმება ხის ოწინარი, რომლის მეშვეობით ამონათხარი მიწა ამოაქვთ მაღლა, ხოლო სამშენებლო ქვები ჩაეწოდება მიწის სიღრმეში მომუშავე ხელოსანს. როგორც კი ჭის ძირზე წყალი ამოხეთქავს, ხელოსანი იწყებს მის ამოშენებას ქვით. ჭა შენდება როგორც საგანგებოდ მოტეხილი, ასევე რიყის ქვითაც. ჭის მშენებელი კარგად უნდა ფლობდეს ქვების ერთმანეთზე „კბილებით“ მორგების წესებს, რადგან ქვამ ქვა უნდა გაამაგროს. შენება მიმდინარეობს წრიულად და საბოლოოდ წარმოიქმნება 40-50 სმ. დიამეტრის ქვის მილი, რომლის სიღრმე ზოგჯერ 20 მეტრსაც აღწევს. ამოშენებულ მილს მიწის ზედაპირზე უკეთდება გვიმი (იხ.) ქვის, ხის ან თიხის. ჭა საცხოვრებელი ნაგებობის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ მის ესთეტიკურ გაფორმებას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ჰიგიენის დაცვის მიზნით ჭის გვიმსაც უკეთებდნენ თავსახურს და ხურავდნენ მაღალ ბოძებზე დამყარებული სახურავით. ჭასთან, როგორც წესი, იდგმებოდა ქვის გეჯები, შინაური ცხოველების დასარწყულებლად. ჭიდან წყლის ამოღების გაიოლების მიზნით ჭას უკეთდებოდა ოწინარები და მექანიკური გორგოლაჭიანი და სახელურიანი სატრიალებელი. 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც ხდებოდა ჭების ამორეცხვა-ამოსუფთავება. ჭა, როგორც წყლით მომარაგების ეფექტური ჰიდროტექნიკური ობიექტი, სავსებით აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნილებას, რაც ოჯახს ესაჭიროებოდა ყოველდღიური საქმიანობისთვის.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
ჭადი//მჭადი - სიმინდის ფქვილის ნამცხვარი.
ჭადპურა - ხორბლისა და სიმინდის ფქვილის ნარევია, ჭარბობს პურის ფქვილი (ხევს., ქს. ხეობა). ფშავში ქერისა და სვილის ფქვილში ურევენ სიმინდის ფქვილს და ისე აცხობენ ჭადპურას. დიდხანს ინახება, ბარაქიანი გამოდის ცხობაში და ობიც გვიან ეკიდება. სვანეთში ხორბლისა და სიმინდის ფქვილს ცერცვსა და ქერსაც ურევენ. მისგან გამომცხვარ პურს „კოკორას“ უწოდებენ. „სათავისოდ“ ხმარობენ, სტუმარს არ აკადრებენ.
ნ. ჯ.
ჭალა// ჭალი - აქ: ურმის ხელნებში ჩასმული წვერწამახული პალოები, რომლებზედაც სიმაგრისთვის ჩამოცმულია ზეწრები. ჭალა წარმოადგენს ერთგვარ სამაგრ ზღუდეს, რომლის მეშვეობით ტვირთი ურემზე მაგრდება.
ე.ნ.
ჭალადიდური ნიში - დიდი ზომის ნავი, რომელიც XX ს. შუა წლებამდე იხმარებოდა რიონსა და ხობზე. ნავის ეკიპაჟი 8-10 კაცისგან შედგებოდა, რომელთაგან ერთი მესაჭე იყო, ერთი ჭოლოკინით ნავის თავში იდგა, ხოლო დანარჩენები ნიჩბებთან ისხდნენ. ამგვარ ნავებს ერთი აფრაც ჰქონდა, მაგრამ მას ნაკლებად იყენებდნენ. ჭალადიდური ნიში 12-15 მ სიგრძის ნავს წარმოადგენდა და იტევდა 200-300 ფუთ ტვირთს. ტერმინი „ნიში“ მეგრული ნისორიდანაა შემოსული, რომელიც თავდაპირველად ერთ ხეში ამოღებულს ნიშნავდა.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
ე. ნ.
ჭანჭიკის ხელსახოცი (ხევს.) - თავისებური სათაურა (იხ.), რომელიც მანდილზე ადრე გამოიყენებოდა ხევსური ქალის თავსაბურავად. მისი მოხმარება განსაკუთრებული ვარცხნილობით იყო შეპირობებული. ეს იყო ბრტყლად დაკეცილი ბამბის ხელსახოცი, რომლის შუბლის ნაწილი საგანგებოდ ირთვებოდა შალის ფერადი ძაფებითა და მძივ-ღილებით. ძველად ხევსურეთში ქალები გრძელთმიანები ყოფილან. გაზრდილი თმებისაგან რამდენიმე ნაწნავი - „ნაჭაპნი“ უნდა დაეწნათ. ყურებთან ორ-ორს გრძელს დაიტოვებდნენ, ლოყების გასწვრივ კი სამ-სამს დაახვევდნენ და შუბლთან გადაიჯავრედინებდნენ. ამ ვარცხნილობაზე ჯერ თავშალს - „ჩიქილას“ გადაიფარებდნენ და შემდგომ ხელსახოცით თავზე დაამაგრებდნენ, ისე რომ შუბლთან თმები გამოჩენილიყო და ხელსახოცის მორთული ნაწილიც. ხელსახოცს უკან შეიკრავდნენ და მის ფუნჯებით გაწყობილ ბოლოებს კი მხრებზე გადმოუშვებდნენ. „ჭანჭიკის ხელსახოცს“ უკავშირდება შემდგომში ხევსური ქალის თავსარქველად საკმაოდ ცნობილი „სათაურას“ განვითარების გზა.
ც.ბ.
ჭაპანი - ღვედისებური, მაგრამ ღვედზე მოკლე, დაწნულია რამდენიმე წვერი თასმისაგან. გამოიყენება ყევარი ხარის ჩასაბმელად, მაშინ, როცა გუთანში ან ურემში ერთ უღელ ხარს მეორე უღელს (ყევარს) უმატებენ, მძიმე ტვირთის ადვილად გასაწევად ჭაპანი უფრო მოხერხებულია. ჭაპნის დასამზადებლად ერთი ხარის ტყავია საჭირო.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამიწათმოქმედო იარაღების ისტორიიდან, 1960.
ა. გ.
ჭარიკი - 1. სითხის საზომი ერთეული ფეოდალური ხანის საქართველოში, რომელიც საბა ორბელიანის განმარტებით, შეადგენს ნახევარ კოკას. ქ. წყლის ჭურჭელია გურიაში, კოკისე
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
ჭახრაკი - ჭაჭის საწბერი მანქანა (იხ. საწბერი).
ჭვილთი - სათევზაო ბარჯი.
ჭვინტი - ფეხსაცმლის მოხრილი წვერო, ესთეტიკური სამშვენისი, პიროვნების წარჩინებულობის ერთგვარი გამომხატველი ძველ სამყაროში.
ჭიანური (რაჭ. თუშ. ხევს. გურ.) // ჭუნირი (სვ.) - ერთ-ერთი არქაული საკრავი ქართულ ინსტრუმენტარიუმში. იგი ყველაზე ცოცხლად სვანეთშია შემონახული. რაჭული ჭიანური ორსიმიანია, სვანური და თუშური - სამიანი. სვანური ჭუნირი კორპუსი (კარვა // საცერი) წარმოადგენს რკალს, რომელსაც თავფიცრის ნაცვლად გადაკრული აქვს მემბრანა - საქონლის ფაშვი და ქვემოდან ღიაა. სახელური ბრტყელია, თავზე გაკეთებული აქვს ნახვრეტები. სიმები (ჯილარ) ძუისაა. ხემი მშვილდისებურია. რაჭაში მთლიანი ხისაგან გამოთლილი კორპუსის მქონე ჭიანურიც გვხვდება, რომელიც ნავისებური ფორმისაა. ზემოდან გადაკრული აქვს ტყავი (რაჭ. შეირა), თავი მომრგვალებულია, ხემი (რაჭ. კაკვი) - მშვილდისებური. სვანური ჭუნირის სიმებს სიმღერის ხმების სახელები აქვთ: კივ (მაღალი ხმა), მაჟოლ (დამწყები), ბან (ბანი). დაკვრის წინ ხემის ძუას გაუსვამენ ფისზე, რომელიც საკრავის კორპუსზე არის წასმული, რათა ხემმა ხრინწიანი ბგერები არ გამოსცეს. ჟღერადობის გასაუმჯობესებლად საკრავს დაკვრის წინ მზეზე ან ცეცხლთან ათბობენ.
დაკვრის დროს შემსრულებელს საკრავი მუხლებს შორის ვერტიკალურ მდგომარეობაში უჭირავს. ჭუნირს ფართო ადგილი ეჭირა სარიტუალო პრაქტიკაში. ამ მხრივ აღსანიშნავია სვანეთში დამოწმებული „სულის დაჭერის“ წესი: როცა ვინმე სახლიდან შორს გარდაიცვლებოდა და გვამს სახლში მიიტანდნენ, იწყებოდა ზრუნვა მისი სულის დაბრუნებაზეც. ძველი რწმენით, სული რჩება სიკვდილის ადგილას. ნათესავები მოიწვევდნენ ჭუნირის კარგ დამკვრელს, სახლიდან წაიყვანდნენ მამალს და წავიდოდნენ იმ ადგილას, სადაც მათი ნათესავი დაიღუპა. დაიწყებდნენ დაკვრას და უკრავდნენ მანამ, ვიდრე სულის პოვნის რაიმე ნიშანს არ მიიღებდნენ. ანალოგიური რიტუალი სრულდებოდა რაჭაში ზვავით გატანილის სულის მოსაძებნად და სახლში დასაბრუნებლად. ხემიანი საკრავის კავშირი მიცვალებულის კულტთან მის სიძველეზე მეტყველებს.
ლიტ.: მ. შილაკაძე, ქართული ხალხური საკრავები და საკრავიერი მუსიკა, 1970. ივ. ჯავახიშვილი, ქართული მუსიკის ისტორიის ძირითადი საკითხები, 1938.
მ. შ.
ჭიბონი//თულუმი - მუსიკალური საკრავი, გუდასტვირის ნაირსახეობა. გავრცელებული იყო აჭარაში, მესხეთში, ლაზეთსა და შავშეთ-იმერხევში. სახელწოდება „თულუმი“ თურქულია. წერილობითი წყაროების საფუძველზე ივანე ჯავახიშვილი ვარაუდობდა ამ საკრავის გავრცელებას საქართველოში ჭიბონი // ჭიმონის სახელწოდებით. აჭარული ჭიბონის გუდა თხის (იშვიათად ცხვრის) ტყავისაა. ითვლება, რომ თხის ტყავი ადვილი დასამუშავებელია და დიდხანსაც ძლებს (10-15 წელიწადს). გუდას ბეწვიანი მხარე შიგნით აქვს. გუდის უკანა კიდურები და ყელი მაგრად არის შეკრული, ისე, რომ ჰაერი არ გამოვიდეს. ყელის ადგილზე „სილამაზისათვის“ ჩადგმულია სარკე. ერთ-ერთ წინა კიდურში იდგმება საბერავი, საიდანაც ივსება ჰაერით გუდა. საბერავი მზადდება დიდგულისაგან, იშვიათად წიფლის ან ნაძვისაგან და უკეთდება სატუჩე. საბერავს გუდაში ჩამაგრებული ნაწილის ბოლოს მილთან მიმაგრებული აქვს მეში - ტყავის პატარა ნაჭერი, რომელიც გუდაში ჩასულ ჰაერს უკან აღარ ატარებს (რაჭაში ჰქვია „პეპელა“). ჭიბონის ხის ნაწილი ე.წ. „ნავი“ (რაჭაში „სტვირის ბუდე“) მზადდება ლეკის, თხმელის, ცაცხვის ან კაკლისაგან. ნავის სიგრძეა 20-25 სმ. მასში ჩასმულია დედნები, ორი ლერწმის მილი, რომელზედაც გაკეთებულია ნახვრეტები. ხმის დასარეგულირებლად ბანის დედანზე ნახვრეტს საჭიროების შემთხვევაში სანთლით ამოლესავენ. დედნებში ჩასმულია ლერწმის ორი პატარა მილაკი. ჭიბონი საკმაოდ პოპულარული საკრავი იყო. პროფესიონალი მეჭიბონეები სასურველი სტუმრები იყვნენ ქორწილში, წვეულებებსა და ხალხურ დღესასწაულებზე. თუ ორი ან მეტი მეჭიბონე ერთად აღმოჩნდებოდა, მათ შორის შეჯიბრიც იმართებოდა. ქორწილში მიღებული იყო მეჭიბონისათვის გასამრჯელოს მიცემა - დამკვრელის წინ დაფენილ „მანდილზე“ ფულის დადება. იყო შემთხვევები, როცა მეჭიბონეს ოჯახი წინასწარ საგანგებოდ იწვევდა და გასამრჯელოსაც აძლევდა. მეჭიბონეები ნახევრად პროფესიონალები იყვნენ. ჭიბონი იშვიათად სიმღერის თანმხლებიც იყო. აჭარაში გავრცელებული წესით, მეჭიბონე უკრავდა და სიმღერას სხვა ასრულებდა (განსხვავებით რაჭულისაგან, სადაც მესტვირე თავად მღერის). არც ის იყო უჩვეულო, როცა მეჭიბონე ერთდროულად უკრავდა, მღეროდა და ცეკვავდა.
ლიტ.: ვ. ახობაძე, ქართული (აჭარული) ხალხური სიმღერები, ბათუმი, 1961.
მ. შ .
ჭიგო//ჭიგვა//ჭიღვა//ჭირღვა -ვაზის შესადგმელი პატარა სარი. თუ სარს საგანგებო ხეებისგან ამზადებდნენ (მუხა, წაბლი, ეკალი), ჭიგო ყველა ხისგან შეიძლება დამზადდეს (კოპიტი, რცხილა, იფანი). ზოგჯერ იგი არაა გათლილი და ამ ხეთა ტოტს წარმოადგენს. თითო ვაზს, ისე როგორც სარს, თითო ჭიგოს შეუდგამენ. ჭიგოს უფრო ახალშენი ვენახებისთვის ხმარობენ.
ე.ნ.
ჭიკუ - ჯაჭვის პერანგის შემადგენელი რგოლი. ჭიკუ შეიძლება ყოფილიყო რკინის ან ფოლადის, ჭიკუს თავების შეკვრის წესის მიხედვით განასხვავებენ ჯაჭვის პერანგის ტიპებს (იხ.ჯაჭვის პერანგი).
მ. ქ.
ჭილობი//ჭილოფი - ჭილისგან მოქსოვილი საფენი, გამოიყენებდნენ დასაგებად, საფენად, საწოლად, წნავდნენ სხვადასხვა სახის სამეურნეო ნივთებს.
ჭინჭილა - ღვინის სასმისი. მზადდებოდა როგორც თიხისგან, ასევე ხისგანაც (ბზა, კაკალი, ძელქვა). მუცლიანი და ყელიანი პატარა სასმისია. შავ ფორმებში გამოთლის შემდეგ მუცელს ძირიდან შეყვებიან და გამოიღებენ პატარა ხვეწებით, შემდეგ ყელს გახურებული შანთით ჩახვრეტენ და ძირში ხეს გამოუყენებენ. თიხის ჭინჭილები გვხვდება როგორც მოჭიქული, ასევე მოუჭიქავიც. აქვთ თითის გასაყრელი სახელური - ყური. ჩარხზე გამოთლილი ხის ჭინჭილები ერთობ ლამაზი შეხედულებისაა. თავისი კოპწია მუცლებითა და ლამაზად გამოყვანილი სატუჩეთი. ღვინოს ძუნწად აწვდის და ღვინოს მოწყურებულ ადამიანს სმის სიამოვნებას უხანგრძლივებს.
ე. ნ.
ჭირნიღი - დაჭედილი ლაზური ნავი სათევზაოდ.
ჭიფხუ (მეგრ.) - მატყლისგან დაგრეხილი თოკი, რომელსაც ფხვიერი მასისგან დანაყულ
საღებავში ამოავლებენ და სანავე ფიცრის სწორად გახაზვაში იყენებდნენ.
ჭიქური - თიხის ჭურჭლის შესაღებად განკუთვნილი ნივთიერება - ტყვიის, კალის, თაგვმარილას, შუშისა და შავი ქვის (მარგანეცის) ნაერთი. მოჭიქული ჭურჭელი ორჯერ გამოიწვის. პირველ გამოწვას „წითლად დაწვას“ ეძახიან, მეორედ კი - „ქაშანურად დაწვას“. საქართველოში მოჭიქული ჭურჭლით სახელგანთქმულია კახეთი, ქართლი, იმერეთი. ჭიქურით ძირითადად წვრილი ჭურჭელი იღებება, მსხვილი ჭურჭლიდან კი 3-5-ხელადიანი ჩაფურა-გოზაურები და ქილები. მოჭიქულ ჭურჭელს ხალხი მოკალულ, ჩინურ, ქაშანურ, წამალგადასმულ და ინგლისურ ჭურჭელს უწოდებს. სამეცნიერო ლიტერატურაში უპირატესობა მონიჭებული აქვს ტერმინ „მოჭიქულ ჭურჭელს“, რაც განპირობებულია ჭურჭლის მოჭიქვის ტექნოლოგიური შინაარსით - საჭიქურე „წამალში“ საკუთრივ ჭიქა (მინა, ბროლი) 50%25-ზე მეტია.
ჭიქურის მისაღებად მეჭურჭლენი კალამოჭარბებულ ჭიქურის კაზმს ხმარობდნენ და მოკალულ ჭურჭელსაც ამ ნიშნის მიხედვით უწოდებდნენ. ტერმინი - „ჩინური“ და „ქაშანური“ ჩინეთიდან და სპარსეთიდან შემოტანილი მაღალი წოდების წრეებში ხმარებული ჭურჭლის მიმსგავსებითაა განპირობებული. „წამალგადასხმული ჭურჭელი“ მეჭურჭლეთა მიერ მისადაგებული სახელწოდებაა, რადგან ისინი ჭიქურის კაზმს „წამალს“ ეძახიან. ტერმინი „ინგლისური ჭურჭელი“ დაკავშირებული უნდა იყოს ჭურჭლის „განგლესა“, „განგოზვასთან“.
საოჯახო ყოფაში მოჭიქული ჭურჭელი გამოიყენება მწნილეულის, ყველის, მურაბების, გაწურული დოსა და მაწვნის, მუჟუჟის და სხვა პროდუქტების შესანახად.
სადა ჭიქურით უმეტესად ქოთან-ქილები და ჯამ-ლანგრები მზადდება, რომლებიც ყოველთვის შიგნიდან და გარედანაა მოჭიქული, სითხის დასაყენებელ-შესასმელი ჭურჭლები გარემოჭიქულობით მშვენდებოდა და მეტწილად თეთრ ჭიქურს ქვეშ მწვანედაა მოხატული. წითლად გამომწვარი ჭურჭელი ჯერ თოგალით (იხ.) დაჭრელდება და შემდეგ მოჭიქურდება.
ჭიქურის კაზმის ანუ წამლის შემადგენელი ნივთიერებანი ტყვია, კალა, თოგალი და თაგვმარილა ჯერ ცალ-ცალკე უნდა შემზადდეს-დაიწვას, შუშა და კვარციანი მიწა კი უნდა დაინაყოს და გაიცრას, შემდეგ სათანადო პროპორციით ერთმანეთში აირიოს და ხელის ან წყლით მბრუნავ წამლის წისქვილზე (იხ. წამლის წისქვილი) დაიფქვას. ხალხური ჭიქური მდიდარი ფერებით გამოირჩევა: ცისფრად ან მწვანედ მოჭიქული ჭურჭელი უმეტესად სადა - მოუხატავია, თეთრად, ნაცრისფრად და ყვითლად მოჭიქული კი თითქმის ყოველთვის თოგალითაა მოხატული, ჭურჭელზე ხატავენ: კლაკნილს, კორკორას, კუწუბებს, ღილაკებს, მცენარეებს, ბადიებსა და ლანგრებზე ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებს. ჭურჭელთა უმეტესობა გეომეტრიული ორნამენტებითაა დაფარული.
მოხატული ჭურჭელი სწრაფად შრება და მაშინვე იწყება მისი მოჭიქვა. ჭურჭლის მოჭიქვა ხდება ჭიქურის შემოსხმით მის გარე ზედაპირზე. ჭურჭელი უჭირავთ მარცხენა ხელით თავდაყირა, თაღარიდან ჯამით ამოღებულ ჭიქურს ხელოსანი მარჯვენა ხელით შემოასხამს ან ჩაასხამს ჭურჭელში. ჭიქურში გავლებული ჭურჭელი მაშინვე ეწყობა ქურაში. ჭიქურით იმოსებოდა არა მხოლოდ ჭურჭელი, არამედ სამშენებლო მასალებიც (მაგ., კრამიტი, კარნიზი, ფილა და ა.შ.). მოჭიქული ჭურჭელი საქართველოში აღმოჩენილია სამთავროში, ბაგინეთში, არმაზისხევის სამაროვანში, რაც მიუთითებს საქართველოში მოჭიქული ჭურჭლის წარმოების უძველეს ტრადიციებზე.
ლიტ.: ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის შიდა ქართლში, მმტ XIX-A XXI-B, 1957.
მ. ზ.
ჭიშკარი - ტრადიციული ქართული საცხოვრებელი ეზო - კარის შესასვლელი, სხვადასხვა ტიპის და მასალისგან აგებული ნაგებობა. არსებობდა ტიპური ჭიშკრების მარტივი და რთული ფორმები. მარტივი ჭიშკარი პატარაა, რთული ჭიშკრები დიდია და ხუროთმოძღვრულ ყაიდაზე შესრულებული. ჭიშკრებში მთავარი ფუნქცია ეკისრება ცენტრალურ, წინა ეზოს შესასვლელ ჭიშკარს და ვხვდებით როგორც გადახურულ, ასევე გადაუხურავს. გადახურული ჭიშკრების უმეტესობა ორქანობიანია და დახურულია კრამიტით ან ყავრით. ზოგჯერ ჭიშკრების სახურავქვეშ აწყობდნენ სხვადასხვა სამეურნეო სათავსს. ჭიშკრის მასალად გამოყენებული იყო ხე, ქვა, რკინა. განსაკუთრებით საინტერესოა ხის ჭიშკრები, თავიანთი ხარატული სამშვენისებითა და ანთროპომორფული და ზოომორფული მოტივებით. დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული ქვის სვეტებიანი ჭიშკრები. ერთ ჭიშკარში განთავსებული იყო სამი სვეტი, რომლებიც ქმნიდნენ ორ გასასვლელს, ერთს - პატარას - ადამიანთათვის და მეორეს დიდს - ტრანსპორტისათვის. ქვის სვეტების შემკულობაში დიდი ადგილი უჭირავს სხვადასხვა ტიპის ორნამენტებს, სიცოცხლის ხეს, ვაზს, ირმისა და ლომის გამოსახულებებს, წარწერებს და ა.შ. ქვის სვეტებიანი ჭიშკრები ოჯახის შეძლებაზე მიანიშნებდა. ასეთი მიდგომა აპირობებდა ხელოსნური დონის ამაღლებას და მაღლა სწევდა მის ფასს.
ლიტ.: ე. ნადირაძე, ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, 2001.
ე. ნ.
ჭიჭი (ხევს.)//ჩამა (ფშ)//წვერის თხლე (თუშ.) - ლუდის უცეცხლოდ ასადუღებელი საფუარი, პირველი ადუღებისას ლუდზე წამოსული ქაფი, ერთგვარი დურდო, რომელსაც მოხდიან ქაფქირით (მოქაფავენ), ქატოსთან ერთად შეზელენ, გაახმობენ და შეინახავენ მომავლისათვის. სისწვენის დუღებისათვის ამ მასას გამთბარ სისწვენში, ცალკე ჭურჭელში გახსნიან და მისცემენ კოდებში საფუებლად გამზადებულ გაფილტრულ სალუდე მასას (ზისწვენს//სისწვენს).
ე.ნ.
ჭიჭნაუხტი - ძველ ქართულში აღნიშნავდა აბრეშუმს. მოგვიანებით შეცვალა სპარსული ენიდან შემოსულმა „აბრეშუმმა“. ტერმინი გვხვდება V საუკუნიდან.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი, 2002.
ჭობოსანი//ჭოპოსანი - რკინის, ხისტარიანი იარაღი, იხმარებოდა ნაკეთობის გასასუფთავებლად. ქლიბისებურია, „ტანზე კბილები აყრია“.
ე. ნ.
ჭოგრიტი - დურბინდის ადრეული ტექნიკური ნაირსახეობა. გამადიდებელი ლინზების მეშვეობით ახლოს მოაქვს საგნები. აქვს მხოლოდ ერთი გასახედი. აქტიურად გამოიყენებოდა საბრძოლო და საზღვაო პერიპეტიებისას. სანუკვარ საგანს წარმოადგენდა სვანი მონადირეებისათვის.
ჭოთი - ბამბის ძაფით ნაქსოვი ქსოვილი, სიმაგრისათვის პურის ფქვილის ფაფით იყო გახამებული. ხმარობდნენ ლეიბების გადასაპირავად. დაჩითული ჭოთით ქალის კაბებიც იკერებოდა.
ლ. მ.
ჭონი - ბეწვეულის „მკერვალი“, მექუდე. ჭონების ამქრული გაერთიანებები არსებობდა საქართველოს ქალაქებში და მათ ჰქონდათ თავიანთი ამქარი მისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით.
ლიტ.: მენთეშაშვილი სტ., ქიზიყური ლექსიკონი, 1943.
ჭონია//კვარტუა - მოკლე ჩოხა. მამაკაცის სამოსელის კომპლექტის - „ჩაქურას“ (იხ.) ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი. მასალად გამოიყენებოდა შავი, წითელი, ყავისფერი, ცისფერი შინნაქსოვი შალი, ასევე მაუდი და ატლასი, სარჩულად უდებდნენ ბამბის ქსოვილებსაც. ჰქონდა: წინა კალთები, საგულე, ზურგი, ანუ მხარი, სახელოები-სამკლავე, მაჯები, სამასრე ჯიბეები//გულთათები (გურია).
წინგახსნილი ზედატანი წელზე იყო მოყვანილი. დასამკუთხებული გულისპირის კალთები გვერდებში თითო ხელის დადებაზე იყო შეხსნილი. გულისპირზე დაკერებულ გულთათებში ხშირად ხისთავიანი მასრები ეწყოთ, წარჩინებულთ კი სპილოს ძვლისა, ან ვერცხლით მოჭედილი და სევადიანი. მაჯები და ზურგი ხშირად ორპირი ქსოვილისა იყო, ზოგჯერ სახელოებს იდაყვის ქვემოთა ნაწილზე მეში ჰქონდა წაკერებული. კალთა-სახელოთა ნაპირები ყაითანშემოვლებული და ზოგჯერ სირმითაც იყო დამშვენებული. ჩოხას იკერავდნენ აბრეშუმის ძაფის ღილ-კილოებით ან ყინჩების მიერ დამზადებული ლითონის (თითბერი, ვერცხლი) ღილებითაც. კალთების ბოლოზე ეკერათ შალის ძაფის დაგრეხილი ზონარი, რომელსაც უკან შემოტარებით წინ შეიკრავდნენ. ჭონიაზე ერტყათ სამფერი აბრეშუმის გრძელი და განიერი „თოლაბუსის სარტყელი“.
ც. ბ.
ჭრაქი - გასანათებელი, სანათი. ამზადებდნენ ცეცხლგამძლე მასალისგან: თიხა, ლითონი და იშვიათად, მინა. შედგება საკუთრივ ჭურჭლისაგან, რომელშიც საწვავს - ქონს, ზეთს ან ნავთს ასხამდნენ და პატრუქისგან, რომელსაც ცეცხლს უკიდებდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ჭრაქებიდან ყველაზე ადრეულია რიონის ქვემო წელზე აღმოჩენილი თიხის ჭრაქები (ძვ.წ. VI-V სს.). ისინი პატარა ჯამის ფორმისაა, მოუჭიქავია, უსახელურო და სახმარად პრაქტიკული. შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელდა მოუხატავი, ჭიქურით შემკული ჭრაქები. თბილისის კერამიკული სახელოსნოს გათხრებმა გამოავლინა ნიჟარისებური, შიგნით სამმხრივად გვერდებჩაკეცილი, ბრტყელძირა ჭრაქები, გვერდებს შორის პატარა საპატრუქეთი და მოპირდაპირე მხარეს - სახელურით. ამ ჭრაქების შიგა ზედაპირი დაფარული იყო ფერადი (ცისფერი, სოსანისფერი, ღვიძლისფერი) ჭიქურით. აქვე აღმოჩენილ იქნა კოჭობის ფორმის, თიხის, მილნისკარტიანი ორი ჭრაქი, ძირზე სამი პატარა ფეხით (IX-VIII სს.). გვიანი შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელია ჭრაქის უფრო განვითარებული ტიპი: სოკოსებური ფორმის, ცალყურა, რომელიც ჭრაქის ტანთან განუყოფელ ბრტყელ ლამბაქზე დგას. ადრე შუა საუკუნეებიდან საქართველოს ტერიტორიაზე დასტურდება მინის მოხდენილი ჭრაქები.
შუაფეოდალურ ხანაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მწვანე და მომწვანო ტონის ფერის ჩამოსაკიდი ლამპრები. დასადგმელთან შედარებით ჩამოსაკიდი ლამპრით შესაძლებელი იყო ინტერიერის უფრო დიდი ფართობის განათება. დავითგარეჯში ნათლისმცემლის განათხარ მასალებში აღმოჩნდა საწვავჩამხმარი ჭრაქები, რომლის ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ აქაური ბერები საწვავად იყენებდნენ ნავთობის მასალას. ლითონისგან დამზადებული ჭრაქებიც ფართოდ იყო გავრცელებული ყოფაში და მათ მჭედლები ამზადებდნენ. დროთა განმავლობაში ლითონის ჭრაქის ფორმები და შემკულობაც იხვეწებოდა და ზოგიერთი მათგანი ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს. ჭრაქის ასანთებად საჭირო იყო საწვავი: ზეთი (სელის, კანაფის), ცხოველური ცხიმი (მესაქონლეობით დაწინაურებულ რეგიონებში), თევზის ქონი (შავისზღვისპირა ზოლში). XIX საუკუნის ბოლო მეოთხედიდან საქართველოში ნავთობისა და ნავთის შემოტანა დაიწყეს ბაქოს ნავთობსარეწებიდან. ჭრაქს უკვე სოფლადაც ნავთით ანთებდნენ, მაგრამ მისი სიძვირის გამო მოსახლეობის მხოლოდ შეძლებული ფენისთვის იყო ხელმისაწვდომი. საპატრუქედ იყენებდნენ ბამბის დაძახულ მსხვილ ძაფს, კანაფის თოკს ან ქსოვილის დაგრეხილ ნაჭერს.ჭრაქმა, ყოფაში გამოსაყენებელმა ამ მეტად საჭირო ნივთმა, არსებობა პრიმიტიული ფორმით დაიწყო და დროთა განმავლობაში ხელოსნობის განვითარებასთან ერთად უფრო დახვეწილი და სრულყოფილი გახდა. რა თქმა უნდა, იცვლებოდა მისი დასამზადებელი და საწვავად გამოსაყენებელი მასალაც და მაინც, მიუხედავად ელექტროფიკაციისა, XX საუკუნის ბოლოსაც კი, ენერგეტიკული კრიზისის პირობებში საქართველოს ბევრ რეგიონში კვლავაც გამოიყენებოდა.
ლიტ.: მ. მიწიშვილი, მოჭიქული კერამიკის საწარმო შუა საუკუნეების თბილისში, 1979. მ. ჩხატარაშვილი, მინის ჭურჭელი შუა საუკუნეთა საქართველოში, 1978. ნ. კიღურაძე, ჭრაქები, დიდი პიტიუნტი, II, 1977.
ხ. ც.
ჭუკია - თიხის ჭურჭლის გამოსაწვავ ქურაზე ცეცხლის შესანთები „თვალი“. ტერმინი გავრცელებულია ლეჩხუმის რაიონში, ხოლო მისი შესატყვისი „სათვალე“, „შეშის შესართმევი“ დასტურდება თიხის ჭურჭლის კეთებით ცნობილ ყველა ცენტრში. ქურის წინა ნაწილზე - სიგანეზე ერთიმეორისაგან განცალკევებული ცეცხლის შესანთები ოთხი ჭუკია მოთავსებული. ასეთივე სამი ჭუკი-კვამლის გასასველად და დაკვირვების საწარმოებლად ქურის უკანა კედელშია დაყოლებული. ქურაში ქვევრ-ჭურჭლის შეწყობამდე და ცეცხლის დანთებამდე უკანა ჭუკები ნამჯით ამოივსება და შეილესება. ცეცხლის გაძლიერების დროს, უკანა კედლის ჭუკიებიდან შელესილი მიწა ჩამოიფხიკება, იქიდან გამოწვის დამთავრების მომასწავებელი ნაპერწკლები ამოცვივა და შეშის შეკეთებაც შეწყდება.
ლიტ.: ფ. გარდაფხაძე, მეჭურჭლეობა და მექვევრეობა ლეჩხუმში, მმ.ტ. XIVB, 1947.
მ. ზ.
ჭურა - დიდი მწარე კვახისაგან გაკეთებული მაშველი. წარმოადგენდა გამოსუფთავებულ და მჭიდროდ თავდაცულ კვახს, რომელსაც მდინარეზე გადამსვლელი წელზე მიიკრავდა და თუ წყალში ჩაინთქმეოდა, ჭურა ამოაფირფიტებდა ზედაპირზე.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
ე.ნ.
ჭური//ქვევრი - ღვინის შესანახი დიდი ზომის თიხის ჭურჭელი. ჭურის მკეთებელ ხელოსანს „მეჭურე“, ხოლო დარგს „მეჭურეობა“ ეწოდებოდა. ხელოსანი ჭურის ძირს ასე ერთ მტკაველამდე „მორგვზე“ აშენებს. შემდეგ საგანგებო სადგამზე გადააქვს. 70 სმ სიმაღლის ამოყვანის შემდეგ ხდება მშენებარე ჭურის „დაკუტება-დაბინავება“ ცალკე ადგილზე, სადაც ხდება მისი ეტაპობრივი შენება-ამოყვანა თიხის ფთილების ან „სორსოლებისაგან“. ჭურის შენებას სჭირდება გათითვა, გალესვა, შებეჭვა, შეყელვა, დაფარფლა და ა.შ. ეს შრომატევადი სამუშაო პროცესები ზუსტი თანმიმდევრობით მეორდება ყოველი ჭურის აშენებისას. ჭური დასავლეთ საქართველოში მხოლოდ დიდი ზომის ჭურს ეწოდება. ტერმინი ჭური, აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული იდენტური ჭურჭლის-ქვევრის სინონიმია. დიდი ჭურის გასარეცხად კაცი შიგ უნდა ჩავიდეს, ამიტომ მას ჩასავალსაც უწოდებენ. ჭურის ტევადობა ოცფუთიანიდან-სამასფუთიანამდეა. შროშული მეჭურეები დღეისათვის მხოლოდ „კუნჭულოიან“ ჭურებს აკეთებენ. კახელი მექვევრეები „კუნჭულოს“ შესატყვისად „ქუსლს“ ხმარობენ; საირმელი (ლეჩხუმი) ხელოსნები - „მუჯოროს“; გურული (სოფ. აცანა, აკეთი) - „ჭურის ნიჟურს“ // „კუშტურს“ უწოდებენ და ა.შ. საგანგებოდ ამზადებენ ე.წ. „საზედაშე“ და „საღვთო“ ჭურებს.
ც. კ.
ჭურჭელი - აქ: სპილენძის სამზითვო ჭურჭელი, რაც სოციალურ ურთიერთობაში გამოკვეთილადაა წარმოდგენილი. მზითევი ქალისათვის მამის ოჯახიდან გატანებული ქონებაა. მზითევის გატანება წესად იყო ყველა წოდებისა და მდგომარეობის ქალისათვის. სამზითვო სპილენძის ჭურჭელია: ტაშტი, თუნგი, ქვაბი, ტაფა, ავგარდანი და ა.შ. მდიდარ ოჯახებს არყის გამოსახდელი ქვაბიც კი გაუტანებიათ მზითევში. გამზითვების დროს წინასწარ ხდებოდა გარიგება თუ რა სპილენძის ჭურჭელს მისცემდნენ პატარძალს. აჭარაში საქორწილო საჩუქრებში ყველაზე ფასეული სპილენძის ჭურჭელი ყოფილა. ხოლო „ავგარდანი“-ს (ბანაობისას წყლის დასასხმელი ჩამჩა) ნაცვლად მდიდარი ოჯახები იმავე დანიშნულებისთვის ატანდნენ „ტაშტ-წურწუმას“, ანუ „ალთაფას“ ტოლჩით. სამზითვო ჭურჭელს შეკვეთით ამზადებდნენ, უკვეთავდნენ ყველაზე კარგ ხელოსანს - ოსტატს. ხელოსანიც დაინტერესებული იყო სანიმუშო ჭურჭელი დაემზადებინა. ჭურჭლის ამ ჯგუფისათვის დამახასიათებელია ფორმის დახვეწილობა, ყოველი მათგანი შემკულია ლაკონიურად და ქართული ხალხური ხელობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. მათზე შესრულებული წარწერებით დასტურდება სპილენძის ჭურჭლის მზითვად გატანების აღნიშნული წესებიც.
ლიტ.: მ. იაშვილი, მასალები საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ისტორიისათვის (მზითვის წიგნები), 1974.
ც. კ.
ჭურჭელი წნული - წნული ჭურჭელი საკმაოდ გავრცელებული იყო სოჯახო ყოფაში. განსაკუთრებული სიუხვით გვხვდება მევენახეობითა და მეხილეობით დაწინაურებულ რეგიონებში. წნული ჭურჭლის ზოგად სახელწოდებას ძველ ქართულში გამოხატავს ტერმინები „სფირიდი“ და „შარაგული“. საბას განმარტებით სფირიდში შედის ბალახოვანი მცენარეებისგან (ჭილი, ბაია) უსაყრდენოდ მოქსოვილი ნივთები და ჭურჭელი, რასაც ზამბილიც ეწოდება. ხოლო შარაგულში შედის წნელისგან დამზადებული ნაწარმი, რაც საყრდენის საშუალებით იწვნება ამ კლასიფიკაციაში შედის ჭურჭელი თხზული. ესაა ძველი ტერმინი და ამჟამად მხოლოდ აჭარულ დიალექტშია დაცული. რაც შეეხება „შარაგულს“, იგი დაკავშირებულია ზემო იმერულში შემორჩენილ რაგვასთან, რაც აქ წვნას აღნიშნავს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ტერმინ „წვნას“ ხშირად ენაცვლება ტერმინი „ქსოვა“. წვნის ხერხებიდან დასტურდება სპირალურ-ჩალიჩური, გადაბმული, ჭილობისებური, ნაწნავისებური, საყრდენიანი, ანუ ჩარჩოიანი წვნა და ა.შ. წნული ჭურჭელი მეურნეობის ძირითად დარგებთანაა დაკავშირებული და იყოფა მარცვლეულის, მევენახეობა-მეღვინეობის, მეხილეობის, მესაქონლეობის დარგში გამოსაყენებელ სხვადასხვა აგებულების ისეთ ნივთებად, როგორიცაა - გოდორი, ლასტი, ჯინი, კალათა, კოკონცხა, ხვირი და სხვა. წნული ჭურჭელი გამოირჩევა პროდუქტის შენახვის საუკეთესო თვისებებით, იოლად მოსაპოვებელი და მოსახმარია, გამოირჩევა სიმსუბუქითა და უაღრესად დახვეწილი „ესთეტიკური“ თვალსაზრისით.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართულ ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
ჭურჭელი ხისა - საქართველოს საოჯახო და სამეურნეო ყოფაში უდიდესი როლი ეჭირა ხის ჭურჭელს, რომელიც პრეისტორიული ხანიდანვე ყველაზე ხელმისაწვდომი იყო ადამიანისთვის. საქართველოში, როგორც ხის დამუშავებით განთქმულ ქვეყანაში, ხის ჭურჭლის ნაირგვარი სახეობა შეიქმნა, რომელთა უტილიტარული დანიშნულების პარალელურად წარმოიშვა მათი შემკობის უდიდესი ტრადიციები. საკვები პროდუქტის მნიშვნელობამ და მისმა სარიტუალო დანიშნულებამ განაპირობა ამ ჭურჭელთა მორთვის ასეთი მაღალი დონის ხელოვნება და თანამედროვე ყოფას დღემდე შემორჩა ეს ძირძველი ტრადიციები. ჭურჭლის ფორმასა და ხარისხს დიდი მნიშვნელობა ენიჭება კულტურის ისტორიის შესწავლისათვის, რადგან მისი წარმოშობა-განვითარება ბევრად განსაზღვრავს ხალხის კულტურულ დონეს. საქართველოში გავრცელებული ჭურჭელი ფუნქციის მიხედვით შესაძლებელია დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: ა) მარცვლეულისა და ფქვილის შესანახი - კოდი, კასრი, ხოკერი. ბ) ცომი მოსაზელი - ვარცლი, ხონი, ტმოშტი, გობი. გ) რძის პროდუქტები დასამზადებელი და შესანახი - სადღვებელი//ვარია//ჩხუტ-ბრუნელი, საწველელი - დურკი, კასრი, ნაღების შესაგროვებელი - საზეური, ნაღების მოსაყენებელი - ბაკანი// პინა, სანაღბე, კარაქის მოსაკავებელი ერბოს ჩასადები - ბაზუნა (აღმ. საქართველო). დ) სამზარეულო და სუფრის ჭურჭელი. პირველში ერთიანდება: ხონჩა, სანაყი//როდინი//ფილი, ხელხონა, სამარილე// ქუბდა, ტაგანი, კოვზები. საფაფენი, ფოცხვი, ციცხვი, ქაფქირი. სუფრის ჭურჭელს განეკუთვნება: ჯამი - საჯალაბო, საკაცო, საქალო, საბალღო, წიწანი, ტაბაკი, ხონჩა, თუშურა, ქიტი, კონჩხა, კოში, ტარკოშა, სუფრის კოვზები და ა.შ. ე) წყლის ჭურჭელი - კასრი, ტაგანი, წურწუმა, კოკა და სხვა. ხის ჭურჭლის რიგში ექცევა აგრეთვე ხის ქერქის ჭურჭელიც, რომლის ზოგადი სახელი აღმ. საქართველოს მთიანეთში „ხოკერია“ (იხ.)
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართულ ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
![]() |
19 ხ |
▲ზევით დაბრუნება |
ხავიწი - მთიელთა საჭმელი. ხავიწის მოსამზადებლად გაადნობენ ერბოს, აადუღებენ, დააყრიან ფქვილს და ნელ-ნელა შეზელენ ერთმანეთში, სანამ კვლავ არ წამოდუღდება. შემდეგ გადმოდგამენ ცეცხლიდან. ცოტა რომ შეიყინება, აწყავენ სპილენძის ჯამით - ჩანახით და ჩააკალაპოტებენ. გაციებულ ხავიწს გადმოაპირქვავებენ ფიცარზე და დაჭრიან სათანადო ზომაზე. ასეთნაირად მომზადებული ხავიწიდიდხანს ინახება. სადღესასწაულო ქადებს გულად ხავიწს ჩაურთავენ ხოლმე. ხარისხიანია ის ქადა, რომელსაც ბარაქიანხავიწიანი გული აქვს.
ნ. ჯ.
ხათრითი - საშამფურე, გულღრუიანი ნაჩვრეტებიანი თიხის ჭურჭელი.დადასტურებულია ლეჩხუმსა და სამეგრელოში. გამოიყენებოდა მწვადის შეწვისას შამფურის (იხ.) წვერების შესაყოფად. ხრათითის მეგრული სახელწოდება ბარჯგია.
ხალა - კაკლის საბერტყი გრძელი ჯოხი.
ხალათი - ერთგვარი მოსასხამი, ეს პარსული ტერმინი ქართულ წერილობით ძეგლებში ჩნდება XVII საუკუნიდან. დროთა განმავლობაში ხალათი ოსმალთა და სპარსი მებატონეების წყალობის საგნად იქცა, რაც ქართველმა მეფეებმაც გადაიღეს და თავიანთ ქვეშევრდომებს პატივისა და წყალობის ნიშნად უბოძებდნენ ხოლმე. ისტორიკოს ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვებით, ყაენმა „რაც საქართველოს კაცნი: იმერელნი, ქართველნი და კახნი ტყვეთ იყვნენ... აპატივეს და ყველას ხალათი ჩააცვეს“. XVIII ს. შუა წლების ქრონიკაში საქმროს სამოსლად ხალათია დასახელებული, რომელსაც სიდედრი უგზავნის სიძეს პატივისცემისა და დაფასების ნიშნად.
ლიტ: ივ. ჯავახიშვილი, მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის
ისტორიისათვის, 1962. ე. ნ.
ხალამი თიხის - იგივე დერგი, მოზრდილი თიხის ჭურჭელია. არის მოჭიქულიც და მოუჭიქავიც, დაჭრელებული ან დაუჭრელებელი; სახურავიანი ან უსახურავო. იხმარება ყველის შესანახად. მზადდება საჭურჭლე მიწისაგან, ამზადებენ წითელი ჭურჭლის მკეთებელი ხელოსნები. მას იყენებენ აგრეთვე ფქვილისა და სხვა პროდუქტების შესანახად, აწყობენ ხილს, აწნილებენ მწნილს და ა.შ. დიდი ზომის დერგში ინახავდნენ სიმინდს, პატარაში - ლობიოს.
ც. კ.
ხალენი (ძვ.) - მატყლის უხეში ქსოვილისგან დამზადებული მოსასხამი.
ხალთა - ტყავის აბგა. ხალთა, როგორც ფქვილის გადასატანი ჭურჭელი მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. ხალთას ამზადებდნენ ცხვრის, თხისა და ხბოს ტყავისაგან. აქედან საუკეთესოა ხბოს ტყავის ხალთა, რომელიც უფრო გამძლეა, სუფთა და უსუნო. ოთხში ამოღებულ ცხოველის ტყავს საგულდაგულოდ გაასუფთავებენ, შემდეგ თივით გატენიან და უმზეო ადგილას გაჰკიდებენ. 10-14 დღის შემდეგ თივას ამოყრიან, გასანთლული ბაწრით ფეხებს გამოუნასკვავენ, გაუკეთებენ სამხრეულებს. ხალთა ძალზე მოსახერხებელია შორ მანძილზე ფქვილის გადასატანად. ხალთა და მისი მსგავსი ჭურჭელი ფართოდ იყო გავრცელებული მთელ საქართველოში. მათი ზოგადი სახელწოდებაა „ვაშკარანი“.
ე. ნ.
ხალი - აქ: მოხალული ქერის ფქვილი. ამზადებდნენ ასევე იფქლის, შვრიის, სიმინდის, სვილის, ცერცვის, ქერშვილის, სიმინდნარევი ქერისგანაც. ყველაზე კარგი სიმინდშერეულია. ხალი ძირითადად მწყემსების საჭმელია და მთაში იგი პურის მაგივრობას სწევს. მიუხედავად იმისა, რომ კახეთის ბარში ქერის მოსავალი უფრო უხვი იცის, თუშები არჩევენ თუშურ ქერს, რადგან მისი ხალი უფრო ტკბილი და გემრიელი გამოდიოდა. ხალის მომზადებისას სახალე მარცვალს მოხალავდნენ ღუმელში, რომელსაც მარცვლის „სატყრობი“ ისე აქვს მოწყობილი, რომ ქერის მარცვლები თანაზომიერად გაფიცხდეს და ქერქი შემოასკდეს. თუ ამზადებენ ნარევი მარცვლის ხალს, ჯერ ქერი, მერე იფქლი და ბოლოს სიმინდი „უნდა შაიწვეს“. ასარევად ფლასზე დაყრიან, დაცხრილავენ და დასაფქვავად მოამზადებენ. დაფქვილს გუდებში ინახავენ. ხალის მომზადებისას ფქვილს გაცრიან, წყალს ან რძეს დაასხამენ, ხელით მოზელენ გუნდებად და სუფრაზე მიიტანენ. სამგზავრო ხალი კვერებად, გუნდებად კეთდება. როდესაც მწყემსს დრო არა აქვს დასაჯდომად, რადგან ცხვარს მისდევს, ფეხზე ზელს გუდაში ხალს//ქუმელს. ხალში იციან ერბოს ან კალტის გარევა, რის მიხედვითაც ასეთს ეწოდება ერბო-ხალი//ერბოიან ყვაი, ან კალტიან ყვაი. კალტსა და ყვალს ერთად მოზელილს თუში მეცხვარეები „ნახელას“ უწოდებენ. პირიქითა ხევსურეთში (შატილი, არხოტი, ჯუთა, არდოტი, ხახაბო) იცოდნენ ერბოში გაზელილი ხალის სამი „ბურკვის“ გაკეთება, სამი „ფეხი“ სანთლის ანთება და შესახელება ხახმატის ხატისათვის, როგორც მონადირის მფარველი ხატისათვის. მთა-თუშეთში ხატის მიწების გარდა, საერთო ნაკვეთი ყოფილა „სახალე“, რომელსაც სოფლურად ამუშავებდნენ და მიღებულ ქერს კომლურად ინაწილებდნენ. როგორც ხალი, ისე სასოფლო სახალე მიწა, მიწის სათემო სარგებლობის ერთი ძველი გადმონაშთია.
ლიტ.: ივ. ბუქურაული, ტბათანიდან წოვათამდინ, 1897. ალ. ჭინჭარაული, ხევსურეთის თავისებურებანი, 1960.
ნ. ჯ.
ხალიჩა - მხატვრულ-დეკორატიული ნაწარმი, რომელიც ხასიათდება მხატვრული ორნამენტებით. ხალიჩების წარმოება უძველესი დროიდანაა ცნობილი. ხელნაქსოვი ხალიჩებისათვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ორნამენტული კომპოზიცია, რომელიც განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში და გარშემორტყმულია არშიით. ხელით ნაქსოვი ხალიჩების მთავარი მხატრვული ღირებულებებია: ორიგინალური სურათი და კოლორიტული სტილი. ხელნაქსოვი ხალიჩების ძირითადი მასალაა ცხვრის მატყლი, ასევე თხისა და აქლემის მატყლიც. გარდა მატყლისა, ფართოდ გამოიყენება ბამბა, სელი და ზოგ შემთხვევაში აბრეშუმიც.
ხალიჩების ღირსების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია მისი ქსოვის ხარისხი, რაც კვანძების რაოდენობაში გამოიხატება, კვანძების რაოდენობა შეიძლება იყოს 1 კვ. მ ფართობზე 75 ათასიდან 800 ათასამდე. სწორედ ამით განისაზღვრება ხალიჩის ხარისხი. საშუალოდ 90-დან 175 ათსამდე ნასკვი ერთ კვ. მეტრზე და 175 ათასიდან ზევით, ეს უკევ არის მაღალი ხარისხის ხალიჩები.
თ. ნ.
ხამი//სამოსელი//ხამივნი//ხამიჩე//ჩეში (სამგრ.) - ბამბის ქსოვილი. იქსოვებოდა „საქსელოში“, ორდგიმში, ცალფა ან ორმაგი ძაფით. სიმინდის ან პურის ფქვილის ფიფინაში გახამებული ბამბის ძაფით. ძირითადად თეთრი ფერისა იყო. ქსოვდნენ სხვადასხვა დანიშნულებისათვის. ხამს ხმარობდნენ უბრალოსაც და სახიანსაც, საბნისა და ლეიბის თეთრეულად, პირსახოცებად, საცვლებისა და ახალოხის შესაკერად.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, ქალის ქვეშითი სამოსელი საქართველოს მთიანეთში, სსმმ XXXII - В, 1982.
ლ. მ.
ხამლი - უყელო ფეხსაცმლის ძველქართული სახელწოდება, ყოველდღიური ჩასაცმელი, რომელიც იკვრებოდა თოკით.
ხანულობა (შიდა და ქვემო ქართლი, გარე კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი) - ძროხების პატრონთა შეამხანაგება ჯერობით რძის საწველად. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გაერთიანებული იყო ხუთი მეზობლის თითო ძროხა, თითოეული მონაწილე ოჯახის დიასახლისი ხუთი ძროხის ნაწველს იღებდა ერთ წველაზე. ხანულებს შორის დაცული იყო ურთიერთობის მტკიცე ნორმები. ხანულობა გამოწვეული იყო საქონლის სიმცირით საქართველოს ბარში. საქართველოში ბარული მესაქონლეობის საერთო დამახასიათებელ ნიშნად მეურნეობის ამ დარგის შეზღუდული ხასიათი არის მიჩნეული. მცირე მასშტაბის ბარული მესაქონლეობა სამეურნეო-ეკონომიკური და ორგანიზაციული გაძღოლის თვალსაზრისით ორგანულად იყო დაკავშირებული ძირითად სამეურნეო ბაზებთან და წლის განმავლობაში ადგილობრივი სასოფლო საძოვრებისა, სახნავ-სათესი სავარგულებისა, ხოლო ზამთარში საკვები მარაგის ბაზაზე გადიოდა, რომელთა რაციონალური გამოყენება ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე, ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში კი ზამთრის გარკვეულ პერიოდშიც, თანმიმდევრული სისტემით იყო ჩამოყალიბებული. ხანულობა დადასტურებულია შიდა და ქვემო ქართლში, გარე კახეთში. მისი არსებობა დაფიქსირებულია მესხეთის ბარის იმ სოფლებში, საიდანაც მეწველ საქონელს მთაში არ მიერეკებოდნენ და სოფლისპირა საძოვრებზე ჰყავდათ გადენილი. შრომის ორგანიზაციის ანალოგიური ფორმაა ჯერში ჩასვლა ცხვრის წველის დროს ქსნის ხეობაში. ხანულობის ინსტიტუტის წარმოშობა საქართველოს ბარში დიდი ოჯახის რღვევასთან არის დაკავშირებული,როდესაც ცალკეულ კომლთა განკარგულებაში არსებული პირუტყვი არ აღმოჩნდა საკმარისი რძის მეურნეობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის.
ლიტ.: ვ.შამილაძე. ბარული მესაქონლეობის ზოგიერთი თავისებერების შესახებ საქართველოში. სამხრეთ-დასავლეთ საქართელოს ყოფა და კულტურა, |V, თბ., 1978. თ. ცაგარეიშვილი. მესაქონლეობის ისტორიისათვის საქართველოში, თბ., 1987
თ. გ.
ხანჯალი - საბრძოლო იარაღი. დიდ ხანჯალს სატევარი ეწოდება. ხანჯალი შედგება ტარის, პირისა და ქარქაშისაგან, ხანჯლის ტარი უმეტეს შემთხვევაში დამზადებულია ძვლისაგან ან რქისაგან (ორი, ან სამი გობაკით). ფოლადის პირი შეიძლება იყოს ერთღარიანი (ცერგასმული), ორღარიანი ან სამღარიანი, არის უღაროებიც ე.წ. ქედიანი ხანჯლები. ქარქაში უმეტეს შემთხვევაში ტყავგადაკრულია, ერთი სალტით და ბუნიკით, არსებობს მთლიანად ვერცხლის ტარქარქაშებიც, არის აგრეთვე ძვლის ფირფიტებით გაწყობილიც. ხანჯლები და სატევრები ირთვება თეთრი ან შავი სევადით, ოქროზარნიშით, ვარაყით, ძვალზე კვეთით, ფილიგრანული ტექნიკით, ცვარათი და სხვ. ჯერ კიდევ III ათასწლეულში, მელითონეობის გარიჟრაჟზე, სპილენძისა და ბრინჯაოს იარაღებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი სწორედ სატევრის ფორმის, ფართოპირიან, ორლესულ, მოკლე მახვილებს ეკავა, რადგან მასალის სირბილე გრძელი ფორმის იარაღის დამზადების საშუალებას არ იძლეოდა. შემდგომში ფოლადის დამკვიდრებასთან ერთად, მახვილიც დაწვრილდა და გაიზარდა სიგრძეში, მაგრამ მისი წინამორბედი იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ კიდევ ორი ათასი წელი იარსება როგორც დამოუკიდებელმა სახეობამ და ჩვენამდე სატევრის სახით მოაღწია. სატევარი და ხანჯალი დღევანდელი ტერმინოლოგიური დატვირთვით ერთმანეთისაგან მხოლოდ ზომებით განსხვავდება. სატევარი უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე ხანჯალი, ხოლო ხანჯლის ძმა კიდევ უფრო პატარა, ხანჯლის შვილი (ხანჯლისშვილა) კი იმდენად მცირეა, რომ სატევრის ქარქაშის უკან ბუდეში ჯდება.
XVIII-XIX სს-ში ამიერკავკასიაში მაღალ დონეზე იდგა ხმალ-სატევრების წარმოება. ამ მხრივ განსაკუთრებით თბილისი გამოირჩეოდა, საიდანაც ასეთი იარაღებით მარაგდებოდა როგორც კავკასიის სხვა მთის ხალხები, ასევე ირანი და სხვა აღმ. ქვეყნები. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თბილისი იმდროინდელი კავკასიის დედაქალაქს წარმოადგენდა და დამკვეთიც და შემსრულებელიც ერთ ადგილას იყრიდა თავს. თბილისში მოღვაწეობდნენ როგორც ქართველი, ასევე დაღესტნელი, ჩერქეზი, სომეხი და სხვ. მეიარაღეოქრომჭედლები.
XIX ს-ის I ნახევარში, მეიარაღეთა შორის ყველაზე ცნობილი იყო ელიზარაშვილების ოჯახი (მამა - გიორგი, იაგორი; შვილები - ეფრემი და ყარამანი), მათი დამზადებული ბულატის ფოლადის ხმალ-სატევარი განთქმული იყო როგორც კავკასიაში, ასევე ირან-თურქეთ-რუსეთის კარზეც. რუსეთის იმპერატორის დავალებით ელიზარაშვილებმა (ეფრემმა და ყარამანმა) 1828-1832 წწ. გასცეს ბულატის ფოლადის ხმალ-სატევრის დამზადების საიდუმლო და სანაცვლოდ ოქროს მედალი (ანას ლენტით) და 1000 ჩერნოვეცი (ოქრო) მიიღეს.
გარდა თბილისისა, საქართველოს მასშტაბით, ხანჯალ-სატევრების დამზადება ფართოდ იყო გავრცელებული ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორში, სიღნაღში, თელავში და სხვ. ქართული მეიარაღე-ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს ქართველი ოსტატების ძაძამიძის (ძაძამია-ზუგდიდი), ზაქარაიას, კვატაშიძის, ჯღამაძის, ჯიქიას, გიორგაძის და სხვათა ნახელავი შედევრები.
საერთოდ, ხელოსანის ვინაობისა და დამზადების ადგილის გასარკვევად დიდი მნიშვნელობა აქვს ხანჯლის პირზე არსებულ დამღებსა და წარწერებს. ხშირად ტარისა და ქარქაშის ვერცხლის ფირფიტებზე გამოსახულია სევადით შესრულებული ხელოსნის ან პატრონის გვარები და დამზადების თარიღები. დამღებისა და წარწერების გარდა, ხანჯალ-სატევრები ფორმისა და მორთულობის მიხედვითაც შეიძლება გაირკვეს თუ რომელ ეთნოკულტურულ გარემოშია დამზადებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში, მესატევრეობის ფართოდ განვითარების ერთ-ერთ პირობად, კავკასიური კოსტიუმის (ჩოხის) თავისებურება წარმოადგენდა, რომლის უცილობელ ატრიბუტს ხანჯალი წარმოადგენდა. ეთნოგრაფიული მასალით ცნობილია, რომ კავკასიელი მამაკაცი ხანჯალს სიყმაწვილის ასაკიდან ატარებდა და შეიძლება ითქვას, მასთან ერთად იზრდებოდა. ამიტომაც ითვლებოდა ხანჯალი ყველაზე პოპულარულ იარაღად, რომლის ხარისხსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა თავმოყვარე კავკასიელისთვის. მოგვიანებით ხანჯალმა მხოლოდ კოსტუმის სამშვენისის დატვირთვა მიიღო და ძირითადი აქცენტი მის დეკორატიულ გაფორმებაზე გადავიდა.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, ბულატის თბილისელი ოსტატები, ჟურ. „მეცნიერება და ტექნიკა“ N5, 1956. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული ტ. II, 1991. Э. Аствацатурян, оружие народов кавказа, 1995.
მ. ქ.
ხარაგი ანუ ხარაია - კალოზე გამშრალი მოჭრილი აგურის-ალიზის დაწყობა-გაფენა. ახლად მოჭრილ, კარგად გამშრალ აგურს მეაგურეები დაახარავებდნენ.კალოზე, განსაზღვრული სიგრძის ადგილზე, რა სიგრძის ხარაიაც აქვთ ნავარაუდევი, გამომწვარ აგურებს ან ფიცრებს დაალაგებდნენ, „რათა ხარაიას ქვეშ წვიმის წყალი არ წაუდგეს“. ფეხზე მდგომ აგურებს ერთმანეთის გვერდით დააწყობდნენ, აგურებს შორის თავისუფალი ადგილი უნდა დარჩეს, რათა „ნიავმა იმუშაოს“. ამგვარად გამწკრივებული აგურების თავზედაც აგურების მეორე პირს დააწყობენ და ხარაიას 5-7 პირად დადგამდნენ. წვიმის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, ზემოდანაც ფიცრებს დააფარებენ. როცა აგური თეთრ ფერს მიიღებდა, ე.ი. გამომხმარი იყო და, მას გამოსაწვავად გაამზადებდნენ.
ლიტ.: ლ. ბოჭორიშვილი, კახური კერამიკა, 1947.
მ. ზ.
ხარაზი - ქალისა და მამაკაცის აზიური ფეხსაცმელების (წუღა, ჩუსტი, მესტი, ქოში, ფლოსტი, ჩექმა, ქალამანი) მკერავ-ხელოსანი. ხარაზები იყვნენ როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში. ქალაქელ ხარაზებს ჰქონდათ თავისი ამქარი და ყველა ის ატრიბუტი, რომელიც ამქრული ორგანიზაციისათვის არის დამახასიათებელი.
ნ. ჯ.
ხარაილა - სამკაული ქალის. ამზადებდნენ ვერცხლის რამდენიმე ძეწკვის გრეხილისაგან. განსაკუთრებით ფასობდა სვანური ხარაილა. გარდა სვანეთისა, ხარაილას ჩრდილო კავკასიაშიც ამზადებდნენ სხვადასხვა ვარიაციით.
გ.კ.
ხარალი - ცაცხვის ლაფნის შიდა ფენა. ხარალს სველ, ჭაობიან ადგილებში ალბობდნენ. 2-3 კვირის შემდეგ მიღებულ დაშლილ წვრილ ძაფებს „მუშს“ უწოდებდნენ. თუშეთში ძველად ამ ძაფებით მოქსოვილ კაბას „ხარალის კაბის“ სახელით იხსენიებდნენ, მისგან საბელებსაც გრეხავდნენ.
ლიტ.: ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმ. საქართველოს მთიანეთში, 1974.
ლ. მ.
ხარატი - მეავეჯე ხითხურო, იყენებს მექანიკურ იარაღებსაც.
ხარკალი - ერთგვარი სამეთუნეო ხის დანა, რომელიც გამოიყენება „სახელავზე“ მოზელილი თიხის ნაჭრებად დასაჭრელად. ხარკალით დაჭრის პროცესს ლეჩხუმში კალაპოტის გამოყვანა ეწოდება. კალაპოტს გურიასა და იმერეთში თიხის ნაჭერი ჰქვია, იმერეთში ასევე დადასტურებულია ტერმინები - „გვარგვალა“ და „გუნდა“. კალაპოტებას აღ. საქართველოს კერამიკით ცნობილ კერებში „ალაფებას“ უწოდებენ.
ლიტ.: ფ. გარდაფხაძე, მეჭურჭლეობა და მექვევრეობა ლეჩხუმში, სსმმ, ტ. XIV-B, 1947.
მ. ზ.
ხარხენი // ხარხინი - ჭაჭის გამოსაწური სამეურნეო მანქანა. ივ. ჯავახიშვილის აზრით ტერმინი მომდინარეობს სიტყვა „ხრახნილისაგან“. ამ მანქანაში მთავარი დეტალია ბერა, რომელსაც აქვს ხრახნები და მისი მეშვეობით ხდება სიმძიმის მაღლა აწევა, რაც იწვევს ჭაჭის წბერვასა და წვენის გამოქაჩვას (იხ. საწბერი/საქაჩავი).
ე.ნ.
ხასი - დახვეწილი, წმინდა აბრეშუმი.
ხაფანგი - ნადირ-ფრინველთა და მღრღნელთა საჭერი. ეთნოგრაფიულ ყოფაში დასტურდება მრავალგვარი ფორმის ხაფანგი.
ხაში - მოხარშული საქონლის ფაშვი და ჩლიქები, რომელიც თავის წვენთან ერთად კეთდება ნივრით. ძირითადად გავრცელებული იყო თბილისელი ხელოსნების წრეში.
ხაჩირი - 1. გადაწინდვით გაშენებული ვენახი ლეჩხუმში. 2. ხუროს იარაღი. ერთგვარი თოკები, რომლითაც ადგენენ კუთხის სისწორეს.
ხაჭაპური - ყველიანი ქადა, შესაძლოა ადრე ხაჭოს შერევით მზადდებოდა (აქედან სახელწ.). არსებობს სხვადასხვა სახეობის (იმერული, მეგრული, აჭარული, გურული და სხვ.) განსაკუთრებით ცნობილია იმერული ხაჭაპური. ხაჭაპური ნაციონალური საკვები კულტურის მონაპოვარია. ხაჭაპურის ნაირსახეობას წარმოადგენს თუშური „კოტორი“.
ხახალი - მრგვალად მოწნული სინი ხორაგეულის სუფრაზე მისატანად. ხახალზე დააწყობენ მოხარშულ თევზსაც გასაციებლად.
ხელადა - წყლის დასალევი თიხის ჭურჭელი. კახეთში იგი ცნობილია, როგორც „თუშურ ორხელადიანი“ და „დუქნური“ ხელადა. ასეთი ხელადა ძირითადად მუშახელისათვის იყო გამოსაყენებელი. იგი დაჰქონდათ სამუშაოდ წყლის დასალევად. დასავლეთ საქართველოში ხელადა სუფრაზე მისატან ჭურჭლადაც ითვლება. ხელადის ყელი ძირში ვიწროა და პირისაკენ გაფართოებული. იგი ტუჩიანია და უქუსლო - სწორი ძირით. ქუსლიანი, ანუ „დუქნური“ ხელადა უმეტესად პირგადაშლილი და ტუჩიანია, მისთვის დამახასიათებელია ყურს ზემოთ ყელზე შემოვლებული რკალი. კახეთში გავრცელებული ყოფილა ძირგანიერი ხელადა, რომელსაც „დაჯდა ხელადას“ უწოდებენ. (იხ. დაჯდა ხელადა).
მ. ზ.
ხელეჩო - ხის დასამუშავებელი ხელჭურჭელი. აქვს პირი - წინა და უკანა, და ხის ტარი. იყენებენ ჯამების, ხონჩების, გობებისა და სხვადასხვა რიგის ხის ჭურჭელთა სახვეწად, ამოსათლელად, „სადაც ცული ვერ უდგება, იქ ხელეჩო მუშაობს“.
ლიტ.: გ. გასიტაშვილი, ხის დამუშავების ხალხური წესები, 1962.
გ.გ.
ხელთათმანი//თათმანი//ხელჯაგი//საფუხარი (ხევი, ხევს.) - საბას განმარტებით, ხელთათმანი ესაა „ჩასაცმელი რამე ხელთა ზედა სითბოსათვის“. საქართველოს მთამ მოგვცა ხელთათმანების ულამაზესი ნიმუშები, რომლებიც იქსოვებოდა მატყლისა და ბამბის ძაფისაგან, ხმარებაში იყო ტყავის ხელთათმანებიც. ხელთათმანი, როგორც წესი, იქსოვებოდა ჩხირებით. ხელთათმანი იყო მთლიანი, სათითურებიანი, მოკლეთითებიანი. იყო აგრეთვე სამონადირეო ხელთათმანი ერთი სათითით, რომელიც თოფის სასხლეტის გამოსაკრავად იყო გამიზნული. საფუხარი (იხ) უფრო რკინის სხეპლისაგან დაწნულ ხელთათმანს ეწოდებოდა.
ე. ნ.
ხელნავი - მეომრის ზედაკიდურების დასაცავი. წარმოადგენს ნავისებური ფორმის რკინის ან ფოლადის ფირფიტას, რომელიც მეომრის ხელს იცავს მაჯიდან იდაყვამდე. მაჯასთან ხელნავი შედარებით ვიწროა და იკვრება ჯაჭვითა და ლითონის ფირფიტებით გაწყობილი სალტით. უკანასკნელ ფირფიტაზე მიმაგრებულია ორი ენიანი ბალთა, რომელშიც ეყრება ხელნავზე დამაგრებული ტყავის თასმები და იკვრება. ხელნავის გაფართოებულ ადგილზეც იდაყვთან, ერთ მხარეს დამაგრებულია ტყავის თასმა, ხოლომეორე მხარეს ენიანი ბალთა. საქართველოში ხელნავებს თითქმის ყველა კუთხეში გამოიყენებდნენ და ამზადებდნენ კიდეც. ხშირად ხელნავები ირთვებოდა ვერცხლით, ოქროზარნიშით და სევადით.
მ. ქ.
ხელსაფქვავი - მარცვლეულის დასამუშავებელი (დასაქუც მაცებელი, დასაფქვავი) ქვის იარაღი. მისი დამზადების წესების სიძველე და არქეოლოგიური მასალები - ადასტურებს, რომ მას დიდი ხნის ისტორია აქვს.
ცნობილია ხელსაფქვავის ორი ძირითადი ტიპი: 1) მრგვალი და ბრტყელი 2) მრგვალი და მაღალი, კონუსური ფორმის მძიმე ხელსაფქვავი. პირველი ტიპი, რომელიც ორი სახისაა: 1) მარგილიანი, ანუ უთოხო და 2) თოხიანი, გარეგნულად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. მარგილიანი, ანუ უთოხო ხელსაფქვავი წარმოადგენს ერთმანეთზე შედგმული თანაბარი დიამეტრისა და თითქმის ტოლი სიმაღლის ორ მრგვალ ბრტყელ ქვას. მამალი ქვა და დედალი ქვა. ზედა ქვას საბრუნებლად ჩასმული აქვს ხის ტარი. ხელსაფქვავის ქვები მოსაფქვავი ზედაპირით ერთმანეთს ემთხვევა. ქვედა ქვის მოსაფქვავი პირი კიდისკენ უფრო დაბალია, ცენტრისკენ კი ამაღლებული. თოხიანი ხელსაფქვავი გარეგნულად ისეთივეა, როგორც უთოხო. მისი არსებითი განმასხვავებელი ნიშანია ე.წ. თოხი//არქი, ეს არის რკინის დეტალი, მიმაგრებული ქვედა ქვაზე. ხელსაფქვავის დამზადების ტრადიციები XX საუკუნის შუა წლებამდე ცოცხლად შემორჩა - ალგეთში (თეთრიწყაროს რ-ნი), ქაისხევი (დუშეთის რ-ნი), მოლითი (ხარაგაულის რ-ნი), ჟონეთი (წყალტუბოს რ-ნი), მუხურა (ტყიბულის რ-ნი), თრიალეთი, ჭერემი (გურჯაანის რ-ნი), იყალთო (თელავის რ-ნი), აკეთი (ლანჩხუთის რ-ნი), ზომლეთი, ვანი (ჩოხატაურის რ-ნი), გორისფერდი (ოზურგეთის რ-ნი). განსაკუთრებით სახელგანთქმული ყოფილა იმერეთის მუხურა და ჟონეთი, სადაც იყო საწისქვილე ქვის საბადოები.
ხელსაფქვავის წინამორბედად ითვლება ქვის სასრესები და სანაყები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ხელსაფქვავები თარიღდება ძვ.წ.აღ.-ის I ათასწლეულით (ბრინჯაოს ხანა, XIII-IX სს.ფლავისმანი, გორის რ-ნი) და ადრეული რკინის ხანით VII-VI სს. ხელსაფქვავები მოპოვებულია მცხეთის (ბაგინეთი, არმაზი), კოლხეთის, შიდა ქართლის, რუსთავის, უჯარმის, რაჭის ტერიტორიაზე. ხელსაფქვავის ის ტიპი, რომელიც საქართველოშია ცნობილი, ითვლება დაწინაურებულ ტიპად, რომლის ბაზაზეც უძველესი მანქანა - წყლის წისქვილი განვითარდა.
ლიტ.: ს. ბედუკაძე, საფქველების განვითარების ისტორიისათვის. ხელწისქვილები. სსმმ., XIX-B, 1956.
ა.გ.
ხელჭურჭელი (იმერ.) - ზოგადი სახელია სახელოსნო იარაღებისა, რომელიც ხელოსანს მიაქვს სამუშაოდ.
ხემი - ლარგაბმული მოხრილი ჯოხი (ქამანა), რომლითაც უკრავენ ჭუნირს.
ხერხი ბეწვა - წვრილკბილებიანი და მახვილწვერიანი ხერხი, რომელიც იხმარება აივნის ფარდების ჭრილისა და სხვადასხვა ფიფურების ამოსაჭრელად.
ხერხი ბირდაბირი - ფართოპირიანი გრძელი ხერხი, რომელსაც თავბოლოში ტარები აქვს ჩაბმული და ორი კაცის მეშვეობით გაწევ-გამოწევის პრინციპით მუშაობს.
გ.გ.
ხერხი გაბმული//სისო - ხითხუროს იარაღი, რომელიც საკმაოდ რთული კონსტრუქციით გამოირჩევა. ხერხს გააჩნია პირი და უღელი, რომლებიც ჩაბმულია მხრებში. ხერხის სიმჭიდროვეს არეგულირებს გრეხილი ბაწარი. ხერხის პირს მიმართულებას აძლევს საგანგებო სახელური. ხერხის ასეთი ფუნქცია ხელოსანს საშუალებას აძლევს, მისი პირი სასურველი კუთხით დააყენოს. გაბმული ხერხი ხალხური ხითხუროობის მაღალგანვითარებულობის დამადასტურებელია.
გ.გ.
ხერხი საზედაო//ხიზარი (გურ.) - ფიცრების სახერხი ხერხი, რომელსაც ორი ადამიანი ამუშავებს. ამ გრძელ ხერხს ესაჭიროება მაღალი დაზგა-ხარაჩო, რომელზედაც გასახერხი მორი დევს 1.5-2 მეტრის სიმაღლეზე. ხერხვის დროს ერთი მხერხავი მიწაზე დგას, მეორე კი ხარაჩოებზეა გასული და მორის თავიდან ბოლოსაკენ მოჰყვება ხერხვით.
გ. გ.
ხერხულა - საცერულის (იხ.) სახეობა. გავრცელებული იყო ხევსურეთში და მთლიანად აღ. საქართველოს მთიანეთში. ასხამდნენ თითბერისაგან. ხერხულა წარმოადგენს თითბერის რგოლს, რომელსაც მოკლე და გლუვი კბილები აქვს, კბილების რაოდენობა არ არის განსაზღვრული. საცერულის ამ სახეობას უფრო ხშირად ყმაწვილები ხმარობდნენ.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული, შრ. ტ.II, 2000.
მ. ქ.
ხეჩანი (თუშ.) - აკვანში ჩასაწვენი ბავშვის დასახვევი, თხელი და რბილი შალის ქსოვილი. იქსოვებოდა ბატკნის მატყლისაგან. ხეჩანს ორად მოკეცავდნენ და ბავშვს გულმკერდზე შემოახვევდნენ, ისე, რომ ხელებიც დაფარული ჰქონოდა. სასთუმლად მატყლის ბალიშს უდებდნენ. ხეჩანში გახვეულ ბავშვს აკვანში, ჩვილთა საგებელზე (თივის, ჩალის, ბატკნის მატყლის ლეიბზე) აწვენდნენ.
ლიტ.: ი. გიგინეიშვილი, ვ. თოფურია, ი. ქავთარაძე, ქართული დიალექტოლოგია, I, 1961.
ლ. ბ.
ხვავი - მოწეული მოსავლის გროვა. აქედანაა სიტყვა „დახვავებული“.
ხვედა - ხის ურო.
ხვეულა - საცერულის (იხ.) სახეობა. გავრცელებული იყო ხევსურეთსა და მთლიანად აღ. საქართველოში. ხვეულა წარმოადგენს ორ ან სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ ან სპირალურად დახვეულ რგოლს. თითეული რგოლის გვერდი საკმაოდ ამონაწიბურებულია, თუმცა უფრო გლუვია, ვიდრე ბასრი. ხვეულას თითბერისაგან ამზადებდნენ და პირზე ორნამენტებსაც უკეთებდნენ. შიდა დიამეტრის დასაპატარავებლად და ცერზე მოსარგებლად ხევსურები ხმარობდნენ „დგინდგელ“-ს (მზადდება ფიჭვისაგან), რომელსაც ხვეულას შიგნიდან უსვამდნენ. ხვეულა თავისი კონსტრუქციით არა საკაწრავი, არამედ საცემარი იარაღია. „ხვეულა მოწინააღმდეგეს ჟეჟავს, ხოლო „მაღალი“ და ღაჯია ფხაჭნის“. ერთ-ერთი ვერსიით ხვეულა გამოიყენებოდა ასევე თოფის ჩახმახის მოსამართად და ზუმბის ამოსაღებად.
ლიტ.: გ. ჩიტაია, ხევსურული საცერული. შრ. ტ.II. 2000.
მ. ქ.
ხვეწი - აქ: ხალხურ მედიცინაში ძვლის საფხეკი იარაღი, რკინის ოთხკუთხატანიანი იარაღი, რომლის ერთი თავი მოხრილია და ალესილი. დასტაქრები ხვეწს ხმარობდნენ ოპერაციის დროს ძვლების გასასუფთავებლად. ხევსურები მისი საშუალებით ახორციელებდნენ თავის ქალის ტრეპანაციას.
ხვიანდაგი (ქართლ.) - მათრახის ენა, წვერი, რომელსაც ფოჩებივით აქვს ჩამოშვებული ბოლოები.
ხვითო - ქვების განსაკუთრებული სახეობა, რომელთა ნალეს ფხვნილს ჭრილობათა სამკურნალოდ ხმარობდნენ. საქართველოს მთაში ასეთ ქვებს „მარგალიტადაც“ მოიხსენიებენ და მიიჩნევენ, რომ მათი ნახვა მხოლოდ რომელიმე ფრინველის ან ცხოველის კუჭშია შესაძლებელი. ხვითო-მარგალიტით წამლობა საკმაოდ ძვირად ფასობდა. მისი ერთი ჩამონაფხეკი, ერთი ცხვარი ღირდა, ამიტომ ამ ნაფხეკს მხოლოდ სახის ჭრილობისათვის ხმარობდნენ. ქვებით მკურნალობა მთელს კავკასიაში გავრცელებული ჩვეულება იყო. ლაბორატორიული კვლევები ადასტურებს, რომ ასეთ ქვებს მართლაც გააჩნიათ სამკურნალო თვისებები.
ლიტ.: პ. ფირფილაშვილი, ქვის გამოყენება სამკურნალო მიზნით, მაცნე №2, 1972.
ე.ნ.
ხვიმირა - წისქვილის სამარცვლე, მარცვლის ჩასაყრელი. ძაბრისებური პრინციპით მოწყობილი. ამზადებენ ხის ფიცრებისაგან. ზოგიერთგან იცოდნენ წნელით მოწვნაც.
ე. ნ.
ხვირი (იმერ) - 1. წნელით მოწნული ოვალური ფორმის სათავსი, რომელიც იდება ურემზე და გამოიყენება სხვადასხვა ტვირთის გადასაზიდად (მარცვლეული, ყურძენი და სხვ.).
ხიზი - 1. საქონლის ცხიმისა და ნაცრის ნაზავი, რომლითაც იცოდნენ ხის ჭურჭლის გახიზვა - წასმა, რათა არ დამსკდარიყო. 2. გატეხილი ჭურის დასაგლესი. დაინაყება კრამიტის ნატეხი, გაატარებენ სამტკიცში, შემდეგ ქონში ამოსვრილ ბამბას შეზელენ ამ გამტკიცულში და დაუსვავენ ჭურს გაბზარულ ადგილას. იცოდნენ ქვევრის მთლიანად გახიზვა. ამ ხელობის მხიზავები ერქვათ.
გ.გ.
ხითხურო - ხის ხელოსანი ოსტატი. ძირითადად ხის სახლების ამგები. ხითხუროები ფლობდნენ სახლის აგება-გაწყობისა და მოჩუქურთმება-მოხარატების დიდ ემპირიულ ცოდნას. ქართულ ხითხუროობაში დიდი წვლილი შეიტანეს ლაზმა, რაჭველმა, ხითხუროობის უნიკუმს წარმოადგენს.
ხიმე - ნაპობი ძელის ღობე. ერთმანეთზე მჭიდროდ და ირიბად მილაგებული.
ხიმუნი//ხიმური - ტყავის მოსაქნელი ხელსაწყო. შატილის საფიხვნოში (ხევსურთ თავშესაყარი ადგილი) სხვა ინვენტართან ერთად ბოლო დრომდე შემორჩა ორი ხიმური, ერთი მოქმედი და ერთი გაუქმებული. ხიმური იჭრებოდა ცაცხვის მთლიანი კუნძიდან, გულს სიგრძით ამოუღებდნენ და მასში მოათავსებდნენ მრგვლად გათლილ ხის ტარს - კედის წვერს. ღარის ნაპირებში რკინის რიკები იყო გაყრილი, რაც კედის მოძრაობის დროს ღარიდან ამოვარდნას ხელს უშლიდა. ღარის ნაწიბურები და კედის შუა ტანი დაკბილულია ჭდეებით, რაც ხელს უწყობდა უკეთ მოზელვას და ხელს უშლიდა ტყავის გადაცურებას.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1979.
ნ. ჯ.
ხინკალი - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გავრცელებული საჭმელი. ხინკალი წარმოადგენს დაკეპილ ან მანქანაში გატარებულ ხორცს, რომელიც გახვეულია თხელი პურის ცომის მასაში და მოხარშულია წყალში. ხინკალი კეთდება როგორც ახალი, ასევე დამარილებული ხორცისაგან. სახინკლე ხორცს აზავებენ ხახვით, ქონდრით, პილპილით, შემდეგ დაასხამენ წყალს და კარგად აზელენ. სახინკლე ცომი ძარღვიანი უნდა იყოს. ხარშვისას იოლად რომ არ გასკდეს, თორემ ხინკალში წყალი შევა და გაფუჭდება. სახინკლეცომი იზილება ცივი წყლით, რადგან თბილი წყლით მოზელილი იოლად სკდება. რაც უფრო თხელი ცომი აქვს ხინკალს, მით უკეთესია. სახინკლე ხორცს დადებენ ერთ ზომაზე მოჭრილ თხელი ცომის ფირფიტაზე და ამოახვევენ ნაოჭებად. როცა მარილჩაყრილი წყალი კარგად ადუღდება, ხინკალს ჩაყრიან და ცოტა ხნის შემდეგ ქვაბსაც შეანჯღრევენ, რომ ხინკალი მის ძირზე არ დაჯდეს, 10-15 წუთის დუღილი საკმარისია, რომ ხინკალი მოიხარშოს. კარგად გაკეთებული ხინკალი გამოყოფს გემრიელ წვენს და მჭამელი უნდა ცდილობდეს თავისი უგერგილობით იგი არ დაღვაროს. ამიტომ ხინკლის ჩანგლით ჭამა გამართლებული არაა. ხინკალი არის ქართული სამზარეულოს ერთი მიღწევათაგანი. მთაში ხორცის ხინკლის გარდა აკეთებენ მხალეულის, ყველის, ხაჭოსა და კარტოფილის ხინკალსაც.
ე.ნ.
ხიორი - „საქალო და სავაჟო თავსახურავი“ (საბა), ესაა გვირგვინისებური თავსახურავი. ქართულ წყაროებში ხიორის შემცვლელად ზოგჯერ ნახმარია - ვარჯის სადგმლი.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, 1962.
ე.ნ.
ხირიმი - ცეცხლსასროლი იარაღი (კაჟიანი თოფის ტიპი). საქართველოში XVII ს-იდან იარაღის წარმოების სფეროში უცხოეთის გავლენა უფრო გაძლიერდა, ინდოეთსა და ხვარაზმული იარაღის მაგიერ XVII საუკუნიდან ინტენსიურად იწყება ევროპული იარაღის გავრცელება. დასავლეთ ევროპიდან იარაღი, ოსმალეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ძნელად მაგრამ მაინც შემოდიოდა ყირიმის მეშვეობით, რაც ხალხურ მეტყველებაში აისახა, ყირიმული თოფის გაგებით.
ყირიმის გზით შემოსული ევროპული ლულების გარდა, საქართველოში XVIII-XIX სს-ში უშუალოდ ყირიმში დამზადებული დამასკური ფოლადის ლულებიც შემოდიოდა. ქართველი ხელოსნები ცეცხლსასროლი იარაღის დასამზადებლად სწორედ ყირიმულ ლულებს ირჩევდნენ, საიდანაც მომდინარეობს მისი სახელწოდებაც „ყირიმი“, ანუ „ხირიმი“. ყირიმული ლულები ძირითადად რვაწახნაგიანია, არსებობდა გლუვწედაპირიანებიც, შიდა სივრცით 6-8-ღარიანია, ყალიბი - 13-15 მმ. ორნამენტად გამოყენებულია მცენარეული და გეომეტრიული მოტივები, რომელიც შესრულებულია წვრილი ოქროს მავთულით და ჩაჭდეულია ლულის ამოკაწრულ ზედაპირზე. ოქროს მავთულის გარშემო კიდეები მორთულია რელიეფური კომპოზიციებით. ყირიმული ლულებისათვის დამახასიათებელია ორი დამღა, ერთი ლულის ზედა წახნაგზე (5-კუთხიანი, შესაძლოა მრგვალიც), რომელიც ეკუთვნის ხელოსანს, ხოლო მეორე - ლულის გვერდითა წახნაგზე (ფოთლისებური ფორმის), რომელშიც არაბულად წერია „იმტიხან“, რაც ნიშნავს, რომ ლულამ გამოცდა გაიარა (ე.ი. მისი ხარისხი დამაკმაყოფილებელია). ხშირ შემთხვევაში დამღებთან ერთად ლულაზე გამოსახულია ოქროზარნიშით შესრულებული არაბული წარწერაც „ის, რაც სურს ღმერთს“ და სხვ. ასეთი ლულები ძირითადად თარიღდება XVIII ს-ის უკანასკნელი მეოთხედით, ხოლო XIX ს-ის დასაწყისით დათარიღებული ლულები ძალზედ იშვიათია, რაც, სავარაუდოდ, მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ყირიმის რუსეთთან შეერთების შემდეგ ადგილობრივად ლულების წარმოება შეწყდა.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი ტ. III-IV, 1962. კ. ჩოლოყაშვილი, თოფი ქართული წარწერით, სსმმ XVII б, 1953. Э. Аствацатурян, оружие народов кавказа. 1995.
მ. ქ.
ხირღა - უხეში ქსოვილისაგან დამზადებული მოსასხამი.
ხიშტაკი - თითბრის ხელსაწყო. მის ზედაპირზე სხვადასხვა სიდიდის პაწაწინა ორმოებია ამოჭრილი. იხმარება ვერცხლის ცვარას დასამზადებლად.
მ.ბ.
ხიშტი - საძგერებელი იარაღი. საბას განმარტებული აქვს ცალკე „ხიშტი - პირგრძელი ლახვარი“ და ლახუარის ქვეშაც „ხიშტი არს ლახვარი პირ-გრძელი, ძგიდემახვილი, ტარ-კოტა“. ხიშტი XI-XIIს-ის თხზულებებში მოგვეპოვება, მანამდე იგი არ ჩანს. ძველი ძეგლების მიხედვით ეს სპარსული სიტყვაა. ქართული ძეგლების განმარტებით, მას თოფის საჩხვლეტის მნიშვნელობა აქვს, ისეთი, როგორიც დღევანდელი დატვირთვით. მართალია ხიშტი საჩხვლეტი იარაღი იყო, მაგრამ თოფისაგან სრულიად დამოუკიდებელი, თოფს იგი ბოლო ხანებში „მიაკერეს.“ ხიშტი ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების ისტორიაში XVI-XVII საუკუნეებიდან, ანუ კაჟიანი თოფების ეპოქაში აქტიურად ჩნდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ფითილიანი თოფების პერიოდშიც ფიქსირდება მისი არსებობა. XIX საუკუნიდან კი თითქმის ყველა საბრძოლო თოფს გააჩნია ხიშტის დასამაგრებელი მოწყობილობა.
მ. ქ.
ხმალი - მკვეთელი, საბრძოლო იარაღი. ხმლის შემადგენელი ნაწილებია - პირი, ტარი და ქარქაში. ხმლის პირს აქვს - ნესტარი (წვერი), შაშარი (ორლესული წვერი), ფხა (ალესილი პირი), გნდე (ყუა, აულესავი პირი) და ღარი (ან ღარები); ტარი შედგება - კოტასაგან (საკუთრივ ხეტარი, ან რქა, ან ლითონი), ვადაჯვარისაგან (ვადა-პირისა და ტარის შეერთების ადგილი, სადაც განთავსებულია ჯვრის ფორმის მტევნისდამცავი, ანუ ვადაჯვარი), ვაშლისაგან (ტარის მოხრილი ბოლო, ანუ ქუდი) და დვარისაგან (მოქლონი, რითაც დამაგრებულია ხეტარი პირზე); ქარქაში მზადდება ხის ორი ფირფიტისაგან, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია პირის ფორმის შესაბამისად და გარედან გადაკრული აქვს ან ტყავი, ან თითბრის სალტეები. თითბრის სალტეებიან ხევსურულ ქარქაშებს აქვს „საცვეთებიც“, რომელნიც ქარქაშს კიდეებზე სიგრძივად დაუყვება. ქარქაშზე დამაგრებულია ყაწიმების (ყაწიმი - ხმლის სამხარიღლიე) დასამაგრებელი სალტეები. ქარქაშის ბოლოში კი წამოცმულია ლითონის ბუნიკი.
სულხან-საბა ახასიათებს საუკეთესო ხმლის თვისებებს და ასახელებს მხოლოდ ორი ხმლის სახეობას გორდასა (იხ.) და კალდიმს (იხ.), რომელთაც „ქართველნი ჰყვარობენ“. ქართული ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალით კი დასტურდება ხმლის ისეთი ნაირგვარობა, როგორიცაა დავითფერული, მისრული, დაშნა, შიშნა, ნიჩბა, ჭოლაური, ლეკური, გველისპირული, თუშური ორლესული, უნგრული, ფრანგული და სხვ. თითოეული მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან ტარის, პირისა და ქარქაშის ფორმა-მოყვანილობის მიხედვით. საქართველოში ხმლები ადგილობრივად მზადდებოდა, მაგრამ შემოდიოდა ევროპული იარაღიც, რომელთა სადამღო ნიშნებს ქართველი ხელოსნები აქტიურად იყენებდნენ თავიანთ ნახელავ იარაღზე. ხევსურეთში ევროპული ხმლების საერთო სახელად ფრანგული იყო მიღებული, არჩევდნენ დედალ და მამალ ფრანგულს. გერმანიიდან და ავსტრიიდან შემოსულ ხმლებს დედალ ფრანგულს ეძახდნენ, ხოლო იტალიურს - მამალ ფრანგულს. თავისთავად დედალი ფრანგულიც დაბალი ღირსების ხმალს არ გამოხატავდა. მაგ., ძალზედ იყო გავრცელებული გერმანული წარმოების ხმლები, რომელზედაც იყო დამღა მგლის სტილიზებული გამოსახულებით. ამ დამღას XIVს-ის პასაუელი ხელოსნები ხმარობდნენ, ხოლო XVIIს-დან ზოლინგენის ხელოსნები. იმის დასამტკიცებლად, რომ ხმალი ადგილობრივია (ქართული) და არა გერმანული, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ცხოველი გამოსახულია არა სტილიზებულად (9-11 შტრიხით), როგორც ეს ევროპულ ვარიანტშია, არამედ მთლიანი ტანის კონტურით, სადაც აქცენტირებულია სახეც და ბალანიც კი, მაშასადამე, საქმე გვაქვს ქართულ ან თუნდაც კავკასიურ მინაბაძებთან. ჩვენ ქვეყანაში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა XVI ს-ის იტალიელი ოსტატების ანდრეა და ჯანდონატო ფერარების მიერ დამზადებული ხმლის პირები (იხ. დავითფერული), პოპულარული იყო ასევე იტალიური, გორდას (იხ.) დამღიანი ხმლის პირებიც და სხვ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ქართველი ხელოსნები ამ დამღების გამოყენებით არ ცდილობდნენ თავიანთი შემოქმედება ევროპულად გაესაღებინათ, ისინი უბრალოდ პოპულარულ დამღას იყენებდნენ თავიანთ ნახელავ ხმლებზე, თორემ ფოლადის დამზადების ტექნოლოგია, ტარისა და ქარქაშის მორთულობა მთლიანად ქართული იყო და უმაღლესი ხარისხის.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ.III-IV, 1962. გ. ჯალაბაძე, საქ. სახ. მუზეუმის ეთნოგრაფიული ფონდების გზამკვლევი, 1979.
მ.ქ.
ხმალიკა (ხევს.) - 1. იარის მოსაფხეკი და ჩირქის მოსაწმენდი. მაგარი ჯიშის ხისგან გამოთლილი დანისებური იარაღი. 2. ხმალიკა-ბორწკალი კომბინირებული იარაღია, გამოთლილი მაგარი ჯიშის ხისგან, გლუვზედაპირიანი, ერთი ბოლო წარმოადგენს ბორწკალს-მაშას, რომელიც კარგად ასრულებს საოპერაციო დამჭერის ფუნქციას, მეორე ბოლო კი საფხეკია.
ლიტ.: ნ მინდაძე, ქართული ხალხური მედიცინა, 1981.
ხმიადი - უსაფუვროდ გამომცხვარი პური. ძირითადად აცხობდნენ რიტუალისათვის.
ხოკერა - ხის ქერქისგან დამზადებული და ძირგამოყენებული ჭურჭელი, იყენებდნენ სხვადასხვა პროდუქტის შესანახად.
ლიტ.: ქელ 2009
ხოლიხი - წვრილი თევზის საჭერი ბადე.
ხომალდი - დიდი ზომის აფრებიანი ნავი.
ხონი - (თუშ.) ცომის მოსაზელი პირგადაშლილი, ოდნავ ღრმა ტაბაკი, რომელსაც გააჩნდა სამი ფეხი და სახურავი, თუშები ქუმელის მოსაზელადაც იყენებდნენ. ხონი ქალთა სუფრის მოვალეობასაც ასრულებდა და მასზე გამოცხვარ პურსაც ინახავდნენ.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე.ნ.
ხონჩა - მოგრძო ტაბაკი, ხის ლანგარი ოდნავ ნაპირებშემოფარგლული, ზოგჯერ ოვალური, ზოგჯერ კუთხოვანი ნაპირებით. იხმარება სხვადასხვა პროდუქტის დასაწყობად და სუფრაზე მისატანად. ბატონების გადალოცვის დროს ხონჩაზე დააწყობენ წითელყვითელ ნაჭრებს, ტკბილეულს, ნიგოზს. წაიყვანენ ავადმყოფს და სახლიდან მოშორებით გადაულოცავენ ბატონებს.
ე.ნ.
ხონჯარი//ხვანჯარი - შარვალ-საცვალის სათავეში გასაყრელი მსხვილად მოქსოვილი ზონარი, იქსოვებოდა ფირფიტებით. ხონჯარს ანალოგი ეძებნება ეგვიპტურ და ბაბილონურ მატერიალურ კულტურაში. ქსოვის ასეთი ტექნოლოგია გვიანობამდე შემორჩა საქართველოს ქალაქებში.
ე.ნ.
ხორგო (ლეჩხ.) - დიდი საწნახელი.
ხორცი შებოლილი - ერთგვარი საზამთრო მარაგი, რომელსაც საგანგებო წესით ამზადებდნენ. ხევში გუდად გატყავებულ ცხვრის ხორცს ერთ კვირამდე ამ ტყავგუდაშივე ჩაამარილებდნენ, ხოლო შემდეგ აყარზე დაჰკიდებდნენ, რომ კვამლში გამოსულიყო. ახალ//აპატენა//ალალ(ხევსურეთი) ხორცზე მეტად შემჭვარტლულს სცემდნენ პატივს. „ხორცი რომ დაისვენებს და მაღლა გამოშრება უფრო გემრიელია“ (მთიულეთი). „კაი გემო ჰქონდა შემჭვარტლულს, როგორც ჭერნი ისე გაშავდებოდა“ (ფშავი). ნელ შებოლვას დიდხანს აყოვნებდნენ, რომ უფრო კარგად გამოსულიყო კვამლში. შებოლილ ხორცსა და ქონს მთიელთ ყოფაში უაღრესად დიდი და საპატიო ადგილი ეჭირა. სვანეთში მარილის ნაკლებობის გამო წარსულში მიმართავდნენ ნაცრით დაშახშვის ხერხსაც. საინტერესოა ხალხში დაგროვილი დიდი ცოდნა, „კომლში გამოყვანა“ - დამარილებასთან დაკავშირებით. დასამარილებლად დაჭრილი ხორცის ნაჭრები სქელი არ უნდა ყოფილიყო, რომ მარილს კარგად შეეღწია სიღრმეში. შებოლილი ხორცის მაღალი ხარისხით დამზადებისათვის იცავდნენ ყველა წესს, საუკუნეთა მანძილზე გამოცდილებამ რომ აჩვენა. საჭირო იყო გარკვეულ სიმაღლეზე მოთავსება და ტემპერატურის დაცვა. ძალიან რომ არ გამომშრალიყო, ყურადღება ექცეოდა შეშის შერჩევასაც. თელისა და მუხის კვამლი სასიამოვნო გემო-სუნს აძლევდა, წივაზე შებოლილი კი უფრო ნაკლები ხარისხის გამოდიოდა.
ნ.ჯ.
ხორცწვენი - კერძი. ახალდაკლულ საქონლის ხორცს გაურეცხავს მოხარშავდნენ წყალში. შეანელებდნენ ხახვით, წიწაკა-მარილით და კარტოფილით. თუ ხორცი დამარილებული ან ყაღია (იხ.), იმას ჯერ გარეცხავდნენ, შემდეგ მოხარშავდნენ და შეანელებდნენ.
ნ. ჯ.
ხოტი - ლუდის გამოხდისას, გაწურული წვენის ნარჩენი. ხაკის ტომრებში დარჩენილი უხეში ფორის მასა. აჭმევენ ცხოველებს.
ე.ნ.
ხოფი - დიდი ნიჩაბი, რომელიც ზოგჯერ ორ ადამიანს მოჰყავდა მოძრაობაში, გამოიყენებოდა აფრიან გემებზე, მაშინ როცა სასურველი ზურგის ქარი არ უბერავდა.
ე.ნ.
ხოწი//ხვეწი - ღვედის პრინციპით მოძრავი რკინისპირიანი იარაღი, რომლის მეშვეობით ხითხურო ვეწდა სხვადასხვა ნივთს - თეფშებს, ჯამებს, სამარილეებს, შანდლებს, რიკულებს და ა.შ. საგანთა შესაბამისად ხოწს ჰქონდა სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის კბილები.
გ.გ.
ხოჭიჭი - ამოღრუებული ფიცარი, სადაც აკვანში გადაყვანამდე აწვენდნენ ჩვილს.
ხრიკოლა (რაჭა) - ქვის სატყორცნი საშუალება. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოს მთიანეთში, ძირითადად რაჭაში. ხრიკოლა წარმოადგენს ხის გახვრეტილ მილს, ცილინდრს, რომლის ერთ ბოლოში წამოცმული იყო ქვის ან ლითონის კვერი, ხოლო მეორე დახურულ ბოლოსკენ გამოჭრილი იყო ღარი, რომელიც სათითეთი ბოლოვდებოდა. მილში წინასწარ იწყობოდა დაკალიბრებული ქვები, ბოლოს წინა ფიქსირდებოდა ცერა თითით, ხოლო ბოლო ქვა კი დაქნევით გაიტყორცნებოდა, შესაძლებელი იყო ორი ან რამდენიმე ქვის ერთად გასროლაც. კვერიანი ხრიკოლას უპირატესობა ის იყო, რომ ახლო ბრძოლაში მისი ჩუგლუგად გამოყენება შეიძლებოდა. არსებობს აგრეთვე უკვერო ხრიკოლაც, რომელსაც წინა მხარეს კვერი არ ეგო, ამიტომ მხოლოდ ქვების სატყორცნად გამოიყენებოდა.
ლიტ.: ა. გიორგობიანი, სტ. ქვის კულტი და ქვის საბრძოლო იარაღები, გაზ. „რაეო“, 1997.
მ. ქ.
ხულა - მარცვლეულისა და სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტების შესანახი ნაგებობა, პატარა ბეღელი, რომელსაც აქვს მაღალზღურბლიანი კარი და დაგმანულია იმის გათვალისწინებით, რომ მღრღნელებმა ვერ შეაღწიონ.
ე.ნ.
ხულიხი - წვრილი თევზის საჭერი ბადე.
ხურდუმი - გათლილი ქვების გროვა, თუნდაც გაუთლელისაც. ხელოსნები ქვებს თლიან და „ხურდუმხურდუმ“ დგამენ, სანამ შემკვეთი წაიღებს.
ე. ნ.
ხურო - ხის ხელოსანი (იხ. ხითხურო), ძველ ქართულში გვხვდება ტერმინები „ხურონი ქვათანი“ და „ხურონი ხისანი“, რაც იმის დამადასტურებელია, რომ „ხურო“ ორივე დარგის ხელოსანთა საერთო სახელი ყოფილა. მოგვიანებით, უფრო ხისხუროს მანიშნებლად იქცა.
ე.ნ.
ხურჯინი - მხარსა და ცხენის უნაგირზე გადასაკიდებელი სურსათ-სანოვაგის სატარებელი ორთვლიანი აბგა. ამ ტიპის ხალიჩური ნაწარმი, როგორც სანიადაგო ნივთიც შემკულია ორნამენტებით, გამოირჩევა ფერადოვნებით და ზოგადად, ესთეტიური თვალსაზრისით ძალზე კარგადაა შესრულებული.
ე.ნ.
![]() |
20 ჯ |
▲ზევით დაბრუნება |
ჯაბადარი (ძვ.) - ჯავშან-საჭურვლის მნე, გამგებელი. აქედანაა გვარი „ჯაბადარი“.
ჯაბახანა - არსენალი, საჯაბადრო, სადაც ამზადებდნენ თოფისწამალს, ტყვიას, თოფს, ზარბაზანს. აქედანაა გვარი ჯაბადარი - ზედამხედველი ჯაბახანისა. საქართველოში, კერძოდ, თბილისში ერთ-ერთი უკანასკნელი ჯაბახანა (XVIII ს-ის ბოლო) ისაია თაყუაშვილს ეკუთვნოდა, სადაც თოფისწამალს აკეთებდნენ.
ჯაგანი - წვრილ ტოტზე ჩამოკიდებული ან მანეულის გრეხილში ყუნწით ჩატანებული ყურძნის მტევნების ასხმა, რომელიც საზამთროდ ინახებოდა. საჯაგნე ყურძენს (ბუდეშური, თითა, განჯური, ქვიშხური, ცხენის ძუძუ და სხვა) საგანგებოდ გადაარჩევდნენ, დიდ მტევნებს დაბლა ჩამოჰკიდებდნენ, უფრო მომცროებს მაღლა და მაღლა, შემდეგ მოათავსებდნენ დაცულ ადგილას. ჯაგნის გარდა ქართლკახეთში გავრცელებული იყო ყურძნის თონეში დაჩამიჩება, რომელიც დიდხანს ინახებოდა.
ე. ნ.
ჯავშანი - გულმკერდის საცავი იარაღი. სულხან-საბას განმარტებით, „ჯავშანი არს აბჯარი რკინისა, ტანსაცვამი ჯაჭვი“ და ჩამოთვლის ჯაჭვის პერანგების (იხ. ჯაჭვის პერანგი) ნაირსახეობებს. ბოლოში კი აღნიშნავს „ხოლო თორნი არს მთელი რკინა პოლოტიკი, ტანს საცმელი“. მაშასადამე, ჯავშანი არის ტანის დასაცავი საბრძოლო იარაღი, რომელშიც ერთიანდება როგორც ჯაჭვის პერანგი, ასევე თორნიც, ბეგთარიც და სხვ.
ლიტ.: სულხან-საბა - ლექსიკონი ქართული, ტ. II. 1993.
მ.ქ.
ჯალამბარი - სამშენებლო საქმეში სიმძიმეების მაღლა ასატანი ხელსაწყო. ფეოდალური ხანის მასალებში ასეთ ტექნიკურ მანქანას „აზარმაცი“ ეწოდება.
ე.ნ.
ჯამბარა - 1. ტყავის საბელი, რომლის საშუალებითაც სახვნელი უღელზე იყო მიბმული. 2. ტყავისაგან დაწნული ბაგირი. დიდი ფრთიანი გუთნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. მისი დამზადების ორი წესი არსებობდა: დაწნული და შეგრეხილი. მზადდებოდა ხარისა და კამეჩის ტყავისაგან. მოგვიანებით ტყავის ჯამბარა რკინის ჯაჭვმა შეცვალა. ჯამბარის ძირითადი დანიშნულება გუთნის ყელის ფაფმფალაკზე მობმა იყო. ჯამბარის საშუალებით (დამოკლება-დაგრძელებით) ხდებოდა ხნულის სიღრმის და კვალის სისწორის დარეგულირება. დაწნული ჯამბარის დამზადება პროფესიულ დაოსტატებას მოითხოვდა და კარგადაც ფასობდა. ამ საქმის კარგ მოხელეებად ხევსურები ითვლებოდნენ. ხევსური მეჯამბრეები ქართლ-კახეთის ბარის სოფლებში და სომხეთშიც კი დადიოდნენ. ამას „ჯამბარობაზე“ წასვლას უწოდებდნენ.
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მემინდვრეობის კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში, 1986.
თ. გ.
ა. გ.
ჯამე - მუსლიმანთა სალოცავი შენობა. საქართველოში საუკეთესო ჯამეები აშენებულია აჭარაში. ერთ-ერთი მათგანი ექსპონირებულია თბილისში, ღია ცის ქვეშ მუზეუმში და ქართულ ხითხუროობის უნიკუმს წარმოადგენს.
ჯამი თიხისა - ყოველდღიურად სახმარი ჭურჭლის უძველესი სახეობა, რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა დანიშნულებისათვის. ჯამები მზადდებოდა ხისგან, თიხისა და ძვირფასი მეტალებისაგან. ჯამი არის ღრმა, პირგადაშლილი, დიდი, საშუალო, პატარა. ჯამს გამოიყენებდნენ ღვინის, წყლის, რძის, ყველის (ნასვრეტებიანი), სხვადასხვა პროდუქტისა და სახელოსნო საქმიანობისათვის. სანადიმო სუფრისათვის ამზადებდნენ აგრეთვე მოჭიქული ჯამებს, რომლებიც შემკულნია სხვადასხვა მცენარეული და ცხოველური მოტივებით. ჯამი თავისი მარტივი ფორმის გამო იოლად კეთდებოდა და საოჯახო ყოფის განუყრელ ნივთს წარმოადგენდა. საქართველოს არქეოლოგიურ მასალებში ნაირფეროვანი ჯამების დიდი რაოდენობაა მიკვლეული და ეს მასალები კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა ეპოქისათვისაა დამახასიათებელი.
ე.ნ.
ჯამი ხის - ხის ჭურჭლის ნაირსახეობა. საბას განმარტებით, ჯამი „წნოანთა“ ზოგადი სახელია და აერთიანებს შემდეგ სახეებს: ბადია, ლოდაკი, უსკურა, პინაკი, ფილჯამი. ეთნოგრაფიულ ყოფაში ხის ჯამების სახეობანი გაცილებით მეტია და საჭმელთან დაკავშირებული ამ ჭურჭლის სახეობანი ერთ კლასიფიკაციაში ექცევა. საგულისხმოა, რომ ჯამი იყო როგორც ფეხიანი, ასევე უფეხოც. საქართველოს მთიანეთში გავრცელებული იყო დიდი საფაფე ჯამები, საიდანაც სამი-ოთხი კაცი ერთდროულად ჭამდა თავისი კოვზით. ჯამები ნაწილდებოდა ასაკისა და სქესის მიხედვით. მაგ., საჯალაბო, საკაცო, საქალო, საბალღო, რომლებიც განირჩევიან სიდიდითაც. სამეურნეო და სამზარეულო საქმეშიც სხვადასხვანაირი ჯამები იყო გავრცელებული. მაგ., ჯამი - ქუმელის საზელი (თუშ.), საკუსე - ყველის დასადები (ხევს.), ჯამი ნაოთხალი, ხომიკა, საჩაჩიქულე (ხევს.), წიწანი (ფშ.), ცუტუნი (თუშ.), ხონურა (ფშ.), სალობიე, საფაფე და ა.შ. ჯამი იმდენად გავრცელებული ნივთი იყო, რომ დროთა განმავლობაში ჭურჭელთა ზოგადი სახელწოდება მიიღო. სამზარეულოს უფროსს ძველ საქართველოში „მეჯამეთუხუცესი“ ეწოდა. ყოფასა და წერილობით წყაროებში გავრცელებული კომპოზიტები - ჯამ-ბუნაგი, ჯამ-ჭურჭელი, ჯამტაბაკი, ჯამ-ჭიქნი, ჯამ-თასი ამ ჭურჭლის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე. ნ.
ჯამი სპილენძის - იჭედებოდა სპილენძის ერთი, იშვიათად ორი ფირფიტისაგან ცივად კვერვის წესით; მასში გამოყენებულია გადაკერების სხვადასხვა ხერხი. სპილენძის ჯამი უმეტესად ქუსლიანია. აქვს დაბალი ან მაღალი, სწორი ან გადგმული ქუსლი, რომელიც მორჩილულ-მიმაგრებულია ჯამის ტანთან. ფორმის მიხედვით ჯამი არის დიდი, პატარა, ღრმა, პირგადაშლილი, პირმოხვეული, ფარფლიანი, შიპიანი, მრგვალპირიანი, მუცელგამობერილი სადა - უორნამენტოც და ორნამენტებით (გეომეტრიული, ყვავილოვანი, ცხოველების სქემატური გამოსახულებებით) შემკული. ქართულწარწერიანი და ა.შ. წარწერები შესრულებულია ლამაზი მხედრულით, ამოღარვა-ამოკაწვრის წესით, რომლებიც გვამცნობენ პატრონის ან გამკეთებლის ვინაობას, საქმიანობას, გაკეთების თარიღს, სურვილებს და ა.შ. წარწერა ჯამზე ყოველთვის თვალსაჩინო ადგილზეა და ხშირად ორნამენტის მოვალეობას ასრულებს.
ჯამის ფუნქციური დანიშნულებაა: საღვინე, საწყლე, საწვნე-საშეჭამანდე, სარიტუალო, სამზითვო და ა.შ. სუფრის ჭურჭლეულიდან საქართველოში ყველაზე მეტად ხმარებაში იყო საღვინე ჯამი. როგორც ცნობილია, სპილენძის გარდა ჯამი მზადდებოდა ოქროს, ვერცხლის, თიხის, ბროლის და „შეშის“, ანუ ხისაგან. შემთხვევითი არ არის, რომ „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ ცალკეა მოხსენებული „მეჯამეთუხუცესის“ საქმიანობა. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, ჯამი ქართულ წერილობით წყაროებში უკვე XI ს-ში იხსენიება, როგორც საღვინე და საკერძე ჭურჭელის სახეობა. გარკვეულ ეპოქაში ჯამი საწყაოსაც წარმოადგენდა.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მსმკი, 1964.
ც.კ.
ჯანაგვირი - წნელისგან დაწნული გოდრისებური ჭურჭელი, რომელიც ნახევარს ზემოთ მოწნული არ იყო და მხოლოდ წნელის საყრდენი მხრები იყო თავგადაქობილი იმისათვის, რომ სხვადასხვა ზომის შეშა და ჯირკები კარგად მოთავსებულიყო.
ლიტ.: ქელ. 2009.
ჯარა//ჯარანი(თუშ.)//ჭახრაკი(სამცხ.ჯავახ.) - მატყლის ბამბის დასართავ-დასაძახი. ჯარის მთავარ ნაწილს შეადგენდა ფრთიანი ბორბალი//მორგვი, მასზე წამოდებული იყო ლამბი. ძაფის სართავ-საძახი თითისტარი - ჯარა-ტარი ბორბლის წინ გარდიგარდმო დოლებში იყო ჩასმული. თუშეთში ჯარას სამი ტიპი იყო თბეებიანი, ბორბლიან-ფერსოიანი და მირგვალი // მრგვალი. ხელით სატრიალებელ ჯარას გარდა არსებობდა წყლით სატრიალებელი ჯარაც. ჯარა სართავ-საძახად ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ბარისა და მთის მოსახლეობაში (ქიზიყი, ქართლ-კახეთი, ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი, მესხეთი, საინგილო, იმერეთი).
ლიტ.: მსშხი (ქსოვა, ღებვა, ქარგვა), ტ. II, ნაწ. II, 1982.
ლ.მ.
ჯარგვალი - პრიმიტიული საცხოვრებელი სახლის ტიპი სამეგრელოში. ფაცხისაგან (იხ.) განსხვავებით ჯარგვალის კედლები ნაგები იყო გრძელი გაჩორკნილი ძელებით, იყო ოთხკუთხედი ფორმისა, მიწურიატაკიანი და ორფერდასახურავიანი ისლით გადახურული. სოციალურად დაწინაურებული მოსახლეობის ფენებში ჯარგვალი გვხვდება ოდის კომპლექსთან და შეძლებული მეპატრონის უნარის მიხედვით მისი ფორმები და შენების ხარისხი უფრო დახვეწილად და მკვიდრად გამოიყურება.
ე. ნ.
ჯაფა - ტყავის მოსაქნელი იარაღი. ხმარობდნენ ჭონები. წარმოადგენს რკინის, ოთხკუთხა მოყვანილობის, სამგვერდა ნივთს. ერთი მხარე შიგნით ნამგალივით აქვს მოხრილი, ჯაფა გვერდებით ჩაჯდება სვეტში. ნამგალივით მოხრილ პირში ტყავს გამოატარებენ და მოქნიან ხახუნით.
ლიტ.: ი. ნანობაშვილი, ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, 1973.
ნ. ჯ.
ჯაში - ოხონალი (სამეგრ.) - მარტივი სახვნელი (მიწის საწერი იარაღი). შედგებოდა: მხრის, საკვეთელისა და სახელურისაგან. იყენებდნენ ბალახმორეული ნიადაგის გასაღარ-დასაწერად. ჯაში - ოხონალში უღელ ხარს აბამდნენ. იგი ისეთივე მარტივი აგებულებისა იყო, როგორც სვანური „ლაღრავი“ (იხ.), თუშური „საკვეთელი“ (იხ.), ხევსურული „კავწერა“, „საწერა“ (იხ.). ამ ტიპის იარაღს ანალოგები ევროპაშიც მოეპოვება. იგი სახვნელთა შორის ყველაზე მარტივი და ადრეული ტიპის იარაღია. ჯაში-ოხონალი არ იყო დამოუკიდებელი სახვნელი იარაღი, ამ იარაღით დაღარვის შემდგომ უკვე მეორე სახის სახვნელს - ოგაფას გაატარებდნენ. ჯაში - ოხონალის გამოყენებით მის მიმყოლ ოგაფას უადვილდებოდა მიწის გაპობა, რადგან ოგაფას სახნისს, რომელიც ჰორიზონტალურ სიბრტყეში ჭრიდა ბელტს, წინდაწინ უკვე ვერტიკალურ სიბტყეში გაჭრილი სახნავი ფენა ხვდებოდა. ორი სხვადასხვა სახვნელი იარაღის კომპლექსური მუშაობა სახნის-საკვეთლიანი სახვნელის ფუნქციას ასრულებდა. როგორც ჯაში-ოხონალით, ისე ოგაფით მუშაობისას ხშირად მიმართავდნენ დროებით შრომით გაერთიანებას (იხ. ოგაფა).
ლიტ.: გ. ჯალაბაძე, მიწათმოქმედება სამეგრელოში, კრ. მასალები სამეგრელოს ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, 1979.
თ.გ.
ჯაჭვი რკინის - სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნივთი რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა სამეურნეო საქმიანობაში. კერძოდ, პირუტყვის დასაბმელად, მძიმე საგნის გადასატანად, ტყიდან მორების გამოსაზიდად, გუთნის ყელის ფამფალაკზე დასამაგრებლად და სხვ.
ჯაჭვი წარმოადგენს ერთმანეთზე გადაბმული რგოლებისაგან შემდგარ საბმელს, რომლის ერთ ბოლოზე სოლისებური დეტალია (კოტა), მეორეზე - რკალის ფორმის დეტალი (საჭედური). შედგება მსხვილი, მასიური, ოვალური ფორმის რგოლებისაგან. მათი რაოდენობა და ზომები სხვადასხვა ჯაჭვზე სხვადასხვაა. თავსა და ბოლოში აუცილებლად აქვს გამოსაბმელი. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია რამდენიმე ჯაჭვი, რომელთა სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება შეუძლებელია. თითო-თითო რგოლი დაწახნაგებულია, რისი გაკეთებაც მჭედლისაგან დიდოსტატობასა და ცოდნას მოითხოვს. ჩანს, რომ გამოყენებულია ტრადიციული მეთოდები და ტექნიკური ხერხები (ჭედვა, შედუღება და სხვ.). ეს ჯაჭვები შემოტანილია ეკლესიებიდან და მათ მხოლოდ რიტუალური დანიშნულება უნდა ჰქონოდათ. (იხ. ჯაჭვი სარიტულო).
ლიტ.: ს. მაკალათია, სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, 1940.
ა.გ.
ჯაჭვის პერანგი - მეომრის თავდასაცავი აღკაზმულობა. ჯაჭვის პერანგში რგოლის - „ჭიკუს“ თავების შეკვრის წესით გამოიყოფა სამი მთავარი ჯგუფი: „ფარეშიანი“ (ანუ თავები შეკრულია რკინის მანჭვალით), „უფარეშო“, ანუ უბრალოდ მიახლოებულია ერთმანეთთან და „დადუღებული“. სამივე ტიპის ჯაჭვის ყოველი შემადგენელი რგოლი - „ჭიკუ“ - ჩასმულია ოთხი მხრივ მსგავს რგოლში, ზევით და ქვევით, მარჯვნივ და მარცხნივ. გარდა ჯაჭვის კიდურა რგოლებისა, რომლის ყოველი რგოლი ერთმანეთთან ჩამაგრებულია ორი მეზობლად მდგომი რგოლით. ჯაჭვის კალთების შუაში, ოდნავ აჭრილი ადგილების განაპირა რგოლები ორმაგია - წყვილ-წყვილადაა ერთმანეთში ასხმული. ჯაჭვის საყელო დუგმებით იკვრება. ჯაჭვი საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი: კლდეეთში აღმოჩენილია ბრინჯაოს ჯაჭვის ნაშთი, რომლის ყოველი რგოლი ფარეშანი თვლებითაა შეკრული, რაც მეტად მნიშვნელოვანია. II-III სს-ში ჯაჭვის დამზადების ტექნიკას საქართველოში უმაღლესი საფეხურისთვის მიუღწევია, რადგან ის უკვე ფარეშანია.
ჯაჭვები არა მარტო რგოლების შეკავშირებით, არამედ თარგითაც განირჩევა. უფარეშო ჯაჭვის პერანგები წინ გულგახსნილია, ხოლო ფარეშანი და დადუღებული ტიპი კი ჯაჭვის თავგასაყრელ სახეობას წარმოადგენს. თავგასაყრელი პერანგის სახეობა უფრო დაწინაურებულია, რადგან ბრძოლის დროს მებრძოლის მკერდი მკვიდრადაა დაცული. საინტერესოა, რომ ხევსურები დადუღებულ ჯაჭვს მიიჩნევდნენ კარგ ჯაჭვად, რომელიც იქ ძველად ხუთ ძროხად ფასობდა. გარდა ამ ტიპოლოგიურად დალაგებული ჯაჭვის სახელწოდებებისა, საქართველოში არსებობდა აგრეთვე ჯაჭვის სხვადასხვა სახელებიც, რომელნიც მომდინარეობდა სახელთა ცნების და ქვეყნების მიხედვით, სადაც მას აკეთებდნენ, მაგ.,ლ სამანქანი, ზეიდალი, ხოსროვანი, ქირაფქა, ჯაბალა.
მასალის მიხედვით ჯაჭვის პერანგები უმეტესწილად ფოლადისაგან მზადდებოდა. ფოლადის სხეპლისაგან კრავდნენ ჯაჭვის თვალს. ჭიკუს ფორმა ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო: წვეტიანი, უწვეტო, ბრტყელი და სხვ. ერთი ჯაჭვის მოსაქსოვად საჭირო იყო დაახლოებით 15-20 ათასი რგოლი, ჯაჭვთა რგოლების რაოდენობა დამოკიდებული იყო ასასხმელი ჯაჭვის მოცულობაზე. ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით დადასტურებულია, რომ ოქრომჭედლის საქმიანობაში (სვანეთი, რაჭა, ხევსურეთი) ქალები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ, ხოლო ხევსურეთში ქალებიც ქსოვდნენ ჯაჭვის პერანგებს, თავისი მამების, ძმებისა და სწორფერებისათვის. ჯაჭვის პერანგს საბრძოლო ფუნქციის გარდა ესთეტიკური დანიშნულებაც ჰქონდა. განსაკუთრებით მეფე-მთავრებისა და მთავარსარდალთა აღკაზმულობაში.
ცეცხლსასროლი იარაღის დამკვიდრებასთან ერთად მთელს მსოფლიოში ჯავშნისა და ჯაჭვის პერანგის წარმოება თანდათან დავიწყებას მიეცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს მთამ, კერძოდ ხევსურეთმა, სხვა კუთხეებთან შედარებით ყველაზე უკეთ შემოგვინახა, ჯაჭვის დამზადების ტექნოლოგია.
ლიტ.: კ. ჩოლოყაშვილი, ქართული საჭურველი, სსმმ, ტ. XVII-B 1956. ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტIII-IV 1964.
მ. ქ.
ჯაჭვი სარიტუალო - აღმ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ეთნოგრაფიულ სინამდვილეში, დადასტურებულია ფაქტები: ყელზე ჯაჭვით მლოცველი ტაძარს ხოხვით სამჯერ შემოუვლის, მას ღვთის წინაშე აღთქმა აქვს დადებული, ერთი კონკრეტული სურვილი რომ შეუსრულოს ღმერთმა. ჯაჭვი აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ხატ-ჯვარის შესაწირავსაც წარმოადგენდა. მისი გამოყენება ყველა მლოცველს შეეძლო. ჯაჭვი, როგორც სარიტუალი საგანი და მასთან დაკავშირებული წესები, წინაქრისტიანული რელიგიური რწმენებიდან მომდინარეობს.
ლიტ.: ვ. ბარდაველიძე, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები, I. ფშავი. 1974.
ა. გ.
ჯაჭვი ტუსაღის - ადამიანთა დასაბორკილებელი-დასაბმელი საშუალება. ქართველ ფეოდალთა სადამსჯელო სისტემაში დამნაშავეთა ჯაჭვით დაბმა ფართოდ გავრცელებულ ადმინისტრაციულ სასჯელს წარმოადგენდა.
ე.ნ.
ჯეჯიმი - აბრეშუმნარევი ზოლებიანი ქსოვილი (უფრო მუთაქებისათვის), წმინდად ნაქსოვი.
ჯვარი - სამკაულის ერთ-ერთი სახე. შუა საუკუნეების ქრისტიანულ ქვეყნებში სამკაულთა შორის საპატიო ადგილი დაიკავა ჯვარმა, როგორც ქრისტიანული რელიგიის სიმბოლომ. ჯვრის დასამზადებლად გამოიყენებოდა ოქრომჭედლობის ყველა ძირითადი ხერხი: ჭედვა, ჩამოსხმა, რჩილვა და სხვ. ჯვარს ამზადებდნენ, როგორც სადას, ისე თვლებითა და ტიხრული მინანქრით შემკულს. გულსაკიდი ჯვარი ქართველი ქალის სამკაულის აუცილებელი ელემენტი იყო.
ლიტ.: ი. გაგოშიძე, ქართველი ქალის სამკაული, 1981.
მ.ბ.
ჯვარი//ვარსკვლავი - აქ: თავთავისაგან გაკეთებული ჯვარი, რომელიც თავთავებისაგანვე დაწნულ გვირგვინშია მოქცეული. ზაფხულში კალოობისას წინა წელს დამზადებულ ასეთ ჯვარს დაშლიდნენ და კალოზე გაფენილ ძნებში მიმოაბნევდნენ ბარაქიანი მოსავლის დაბევების მიზნით. გვიან პერიოდში, სოციალიზმის ბატონობის ჟამს, რიტუალი კვლავ მოქმედებდა, ოღონდ ჯვარს ვარსკვლავის ფორმა მისცეს და სახელიც „ვარსკვლავით“ შეუცვალეს. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ამ უნიკუმის ერთადერთი ნიმუშია დაცული.
ე. ნ.
ჯვალო - უხეში, სელის ან შალ-ბამბის ტლანქი ქსოვილი, რომლისგანაც ქსოვდნენ ტომრებს, ჯვალოს სამოსს. ატარებდნენ დერვიშები, ქრისტიანი ბერები, მგლოვიარენი.
ჯვრის პური - საქორწილო რიტუალური პური ქართლში. იგი შეიძლება იყოს: 1. ჯვრის ფორმის, სადა ან მძივებით მორთული; 2. მრგვალი, რომელზეც ხელის ნაჭდევით გამოყვანილია ჯვარი; 3. ხის ჯვარ ჩასობილი, რომელსაც წვერზე ვაშლი აქვს ჩამოცმული და 4. ასტრალური ორნამენტებით დაჭრელებული. მას საქორწილო რიტუალურ პურებს (ნეფის კვერი) შორის ცენტრალური ადგილი უკავია. ჯვრის პურს ამზადებდნენ რძისა და შაქრისგან, ზემოდან უსვამდნენ კვერცხს. ის ჩვეულებრივ ქართულ პურზე (იხ.) დიდია და ჯვართან ერთად, ზოგჯერ მორთულია იმავე ცომისგან დამზადებული სხვადსახვა ფორმის ჩიტებით, ასევე ხილითა და ტკბილეულით. როდესაც ოჯახი საქორწილო ლხინისთვის მზადებას შეუდგებოდა, პურის ცხობას 2-3 დღით ადრე იწყებდნენ. გადმოცემით, „კარგ“ ქორწილში უნდა გამოეცხოთ 12 ფუთი ლიკან-ლავაში, ან შოთი, ერთი ფუთი „უხა“ (იხ.) და „ჯვრის პური“. ქორწილის დაწყების წინ ჯვრის პური, მცხობელ ქალებს მეჯვარისთვის მიჰქონდათ. მას მეჯვარე „დიდი ვაჭრობის“ შემდეგ ყიდულობდა. საინტერესოა ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებული ჯვრის პურის კიდევ ერთი ფორმა, რომელზეც ცხენზე მჯდომი ბიჭია გამოსახული მათრახით ხელში. ხალხი მას ვაჟიანობის მომასწავებლად თვლიდა. ვ. ბარდაველიძის აზრით, ჯვრის პური მზისა და ხარის კულტის შერწყმის შედეგად არის მიღებული. ჯვრის გამოსახვა საქორწილო რიტუალურ კვერზე ხარის კულტიდან მომდინარეობს, ხოლო მრგვალი კვერი მზის ამსახველ ემბლემას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჯვრის პური სიცოცხლის ხის გამომსახველიცაა, როდესაც ის სანთლებით გაჩირაღდნებული და ვაშლებით მორთული ხის ჯვარითაა წარმოდგენილი. ასე მორთული რიტუალური კვერი ძალიან ახლოს დგას ჩიჩილაკთან და ის ხის კულტს უკავშირდება.
ლიტ.: ნ. მაჩაბელი, ქორწინების ინსტიტუტი ქართლში, 1978.
გ. ა.
ჯილა - ტყვიაჩასხმული კოჭი ან კაკალი, რომელსაც ესვრიან მწკრივში ჩამწკრივებულ კოჭებს ან კაკლებს. მძიმე როცაა მიზანში კარგად მიდის. ვინც ჯილით ერთ კოჭს გაიტანს, დანარჩენიც მისია. ჯილას ეძახიან ტოლებში გამორჩეულ ჭაბუკსაც.
ე.ნ.
ჯილღა (მესხ.) - ფამფალაკიანი სახვნელი. ჯილღამ თავი, ბოლო დრომდე შემოინახა მესხეთში, სადაც იგი წარმოადგენდა ძირითად სახვნელ იარაღს. ჯილღის გარდა აღნიშნულ კუთხეში ხმარებაში ყოფილა აგრეთვე დიდი გუთანი და მსუბუქი სახვნელი არონა. დიდი გუთანი იშვიათად, უმთავრესად ყამირის მოსახნავად გამოიყენებოდა, არონა - მოხნულის ხელმეორედ გადასახნავად. რაც შეეხება ჯილღას, ის წარმოადგენდა იმ უნივერსალურ სახვნელს, რომელიც გამოიყენებოდა როგორც საანეულო, ისე საგაზაფხულო ხვნის დროს და კარგად იყო შეგუებული ადგილობრივ პირობებთან, კერძოდ, ზეგანის მიწათმოქმედების საანეულო სისტემასთან, რომელიც არ მოითხოვდა ღრმად ხვნას. ჯილღა შედგებოდა ტოლგოგორებიანი ფამფალაკისაგან, მხრის, ერქვანის, ქუსლის, ხმალასა და სახნისისაგან. მასში 4-5 უღელი ხარი იბმებოდა. ჯილღას საკვეთელი არ გააჩნდა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას ადრე საკვეთელიც უნდა ჰქონოდა. ამას ადასტურებს საფლავის ქვებზე გამოსახული საკვეთლიანი ჯილღები. ფამფალაკის შემწეობით ჯილღა თავისებური კონსტრუქციის გუთანი იყო. ჯილღა ცალკეული კომპონენტების მეშვეობით უახლოვდება დიდი გუთნის კონსტრუქციას და ამავე დროს, გუთნისაგან განსხვავებულ ელემენტებს შეიცავს. ის ერთგვარი შუალედური რგოლია ქართული სახვნელების განვითარების ეტაპებზე და ერთგვარად გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს შედარებით მარტივიდან რთული იარაღისაკენ. ჯილღა საქართველოში ერქვანის სახელწოდებით V საუკუნიდანაა ცნობილი.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიური ისტორია, ტ. I, 1930. გ. ჩიტაია, მასალები საქართველოს სახვნელი იარაღის ისტორიისათვის, სსმმ., ტ.V, 1928. ლ. ბერიაშვილი, მიწათმოქმედება მესხეთში, 1973.
თ. გ.
ჯინი//ხვირი(ფშ.)//ჩაფი (ხევ., ხევს.) - 1. გრძელი მოწნული ჭურჭული, რომელიც ტვირთისა და სხვათა გადასაზიდად გამოიყენებოდა. იდებოდა მარხილსა და ურემზე. 2. თხილის წნელისაგან დაწნული საწოლი საქართველოს მთაში. ჯინის საწოლად ხმარებას, ხალხის დაკვირვებით, პრაქტიკული საფუძველი გააჩნდა. წნული კედლები ხელს უწყობდა ჰაერის მოძრაობას და მასში ჩაგებული ქვეშსაგებლის მშრალად შენახვას. 3. ბარი// ხელგათი//ჩეო (ლეჩხ.), ჩავ (სვან.), ჯანაბერი, ჯოჯობინა (რაჭ.) - პატივის გასატანი მოწნული სათავსი, გვხვდება როგორც მარხილსა და ურემზე დასადები, ასევე ზურგით საზიდი. თუშეთში ჯინი მოწნულ საწოლს ჰქვია, ხოლო ზემო ქართლში სიმინდის დასაცეხვს. ძირითადად მაინც პატივის გასატანად ხმარობდნენ და ერთგვარად მის საწყაოსაც წარმოადგენდა. იგი მოგრძო ოვალური ფორმისაა, წინ ვიწრო, უკან უფრო ფართო, რაც მარხილისა და ურმის ფორმით არის განპირობებული.
ლიტ.: მ. ხაზარაძე, ქართული ხალხური ხის ჭურჭელი, 1988.
ე.ნ.
ლ.ბ.
ჯინჯიბახი - ხის ბოძი, რაიმეს შესაყენებლად.
ჯირგინი (თბ.) - ღარი ეზოში, სადაც წვიმისა და სხვა ნარეცხი წყალი გაედინება.
ჯიღ-ჯიღა - ვერცხლის აჟურული ქალის სამკაული სამცხე-ჯავახეთში.
ჯოლბორდი (ძვ.) - ისრის მთლელი და ზოგადად მშვილდ-ისრის მკეთებელი.
ჯორა - ფანდურის ალყი. სიმების დასაცალკავებელი და გამჭიმავი.
ჯუბა - 1. აქ: უბიანი ჩოხა (თუშეთი) - თუში და ფშაველი ქალის კაბა. მასალად გამოიყენებოდა სახლში მოქსოვილი შალი - „ტოლი“ („ორმაგულა“ და „ცალპირა“). საქორწინო ჯუბა ზოგჯერ საქმროს ოჯახიდან გამოგზავნილი მატყლით მზადდებოდა. თუშური ჯუბის თარგს ქმნიდა მთლიანი შალის მასალიდან ბეჭებში გაუკერავად ამოღებული „წინაობა“ და „უკანაობა“. წინაობაში შედიოდა „სათავე“, „უბე“, „წინა გვამი“//წინა ბოლო, ხოლო უკანაობაში - „ბეჭები“ და „უკანა გვამი“. გვერდებში აყენებდნენ „შაშბებს“ ანუ „ჩაქებს“, წვრილსა და ირიბ კალთებს. ჯუბას უკეთდება სწორი და ვიწრო „სახლები“. ჯუბის ბოლოს წინა მხრიდან შეკეცავდნენ, ნაწიბურიანი უკანა მხარე კი ფერადი ძაფებით იყო გალამაზებული („ქუქუმო“). სიმაგრისათვის ნაპირზე ბაწრის გარემოსაც შემოაკერებდნენ. ჯუბა ქალის ტანს მთლიანად ფარავდა. წინ საკმაოდ დიდი მონაკვეთი იყო გულისპირის - „ფარაგას“ (იხ.) მოსათავსებლად. ნაპირებს ჩამოჰყვებოდა ჩამცმელის ასაკისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის მიხედვით განსაზღვრული ბრტყელი, ხავერდის ან მაუდის ფერადი ძაფით დამშვენებული და ვერცხლის სამკაულებით მორთული ნაჭრები, რაც დროთა განმავლობაში თუშური ტანსაცმლის ყველაზე ნიშანდობლივ ელემენტად იქცა. ჯუბაზე იკეთებდნენ ფერადი ძაფებისაგან მოქსოვილ სარტყლებს (იხ. საჭიკა). ფშაველი ქალის ჯუბის მასალად შინნაქსოვ შალს იყენებდნენ. თუშური ჯუბისაგან განსხვავებით, ფშაური გამოირჩეოდა სისადავით. მის შესაკერად ორად მოკეცილი შალიდან ბეჭებში გადაუჭრელ ტანს ამოიღებდნენ. ჯუბა უსაყელო იყო და თავზე გადასაცმელად წინ ცოტაზე ჩახსნიდნენ. ნაპირებს გრეხილს შემოაკერებდნენ და ღილით ან ბაწრით დააკავშირებდნენ. ჯუბას მოკერებული ჰქონდა სწორი და ვიწრო „საფლები“, ზოგჯერ სახელოთა მასალად ფართალიც გამოუყენებიათ. ვიწრო და ტომარასავით ამოკერილ ფშაურ ჯუბას გვერდებში უყენებდნენ პატარა „აზღოტებს“, თუ ქალი ტანმსხვილი იქნებოდა „აზღორტის“ სიგრძე იღლიამდე ადიოდა. ბოლოზე მოაყოლებდნენ ენდროში შეღებილ ქუქუმოს, რომელიც შალის ფერადი ძაფებით - „შობაით“ ან „კავწყვეტილათი“ ირთვებოდა. ჯუბის სამაგრად ფარჩის განიერ და გრძელ სარტყელს ხმარობდნენ. 2. „ჯუბა“//„ჯუბაჩა“ - ძველ საქართველოში ზევიდან საცმელ, მოკლე და სახელოებ დაკვეთილ კაცის ქურთუკს ეწოდებოდა. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით ჯუბა ყოფილა როგორც საზეიმო, ასევე მწუხარების დროს ჩასაცმელი, რაც მის ფერში გამოიხატებოდა. არსებობდა ჯუბაჩაც, ანუ მოკლე ჯუბა, რომელიც კაბაზე მოსაცმელ, მოკლესახელოებიან სათბილოს წარმოადგენდა.
ლიტ.: გ. ბოჭორიშვილი., თუშეთი, 1993. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974.
ც.ბ.
ჯუნდა - სპეციალური ხის რგოლი, კოლხურ ხომალდზე, რითაც ანძაზე აფრების გაშლა-ჩამოშვება ხდებოდა.
ჯუში - ნივთიერება. ოქრომჭედლობაში ვერცხლის ოქროთი დაფერვისას იყენებენ. მზადდება გოგირდის შაბისა და მარილის ნარევისგან, რომელთაც თასში ჩაყრიან, ძმარს დაასხამენ და ადუღებენ, რომ ნახარშში ამოვლებულმა მოოქროვილმა ნივთმა კარგი ფერი მიიღოს.
მ.ბ.
ჯღა//ჯღარი - ტოტებიანი სარი, რომელსაც ვენახს შეუდგამენ - ჯღა სარივით არის და ზედ აქვს თითები, ზოგან ჯღა და ხარდანი გაიგივებულია.
![]() |
21 ჰ |
▲ზევით დაბრუნება |
ჰაგდანი//აგდანი - ეწოდება თაღარს ან ორმოს, რაშიც ცხვრის ტყავს ყრიდნენ დასამუშავებლად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ტყავს კირწყალს წაუსვამდნენ, დაკეცავდნენ და ბალნის გასაცლელად შეახურებდნენ. მთელ ამ პროცესს რახტის ქნად მოიხსენიებდნენ, ტყავის მოქნას კი ხეშვა ერქვა.
ლიტ.: სტ. მენთეშაშვილი, ქიზიყური ლექსიკონი, 1943.
ნ. ჯ.
ჰალვა - ტკბილეული, რომელიც მზადდება დანაყილი ნიგვზით ან მზესუმზირის შაქართან ერთად.
ჰამბახი (ლაზ.) - ნავში საგანგებო ადგილი, სადაც ინახავდნენ თევზსაჭერ მოწყობილობებს, საკვებს, წყალს, ტანსაცმელს და დაჭერილ თევზსაც.
ჰასკამ//სასკამი//ბეროლა სკამი - სარიტუალო სკამი. კეთდებოდა „ლიფანალის“ - მიცვალებულთა სულებისთვის განკუთვნილი დღეობისთვის. ჰქონდა საუფროსო სავარძლის სიმაღლე, ზურგსაბჯენი ფიცარი და ოთხი ფეხი. მიცვალებულთა მოსაგონარ სარიტუალო წესს სვანები „სანათლიღებოდ“ ასრულებდნენ. იწყებოდა 5 იანვარს და გრძელდებოდა პირველი კვირის ორშაბათამდე. თუ ლიფანალი გარდაცვლილის ოჯახს წლამდე მოუსწრებდა, სულის მოსახსენებელი ცერემონიალისთვის საკურცხილის მაგივრად ჰასკამ//სასკამო//ბეროლა სკამს იყენებდნენ. მასზე დადებდნენ მიცვალებულის კუთვნილ ტანსაცმელს და, როგორც წესი, სუფრასთან ახლოს დადგამდნენ. ჰასკამს ორმოცი დღის შემდეგ წვავდნენ ან ეკლესიას სწირავდნენ.
ლიტ.: ლ. ბედუკიძე, სვანური ავეჯი (ფიჩქი, ჰასკამი) სსმმ XXVI, 1982.
ლ. ბ.
ჰებეჩა - თურქული წყაროების მიხედვით ქართული საზღვაოსნო აფრებიანი ხომალდი. გამოირჩეოდა სწრაფი მანევრირებით. აჭარელი და ლაზი მეზღვაურები შორ მანძილზე ასეთი ტიპის ხომალდით დაცურავდნენ. ტერმინის წარმომავლობა უნდა მომდინარეობდეს ქართული „ხეჭეპადან“.
ლიტ.: ზ. კუტალეიშვილი, ნაოსნობა საქართველოში, 1987.
ე.ნ.
ჰინა - უნაბისფერი საღებავი, მზადდება მცენარისგან. მისით იღებავენ ფრჩხილებსა და თმას.
ჰოვია - ოქრომჭედლობაში ნივთების კალით შესაკავშირებელი.
ჰოროლი - შუბისმაგვარი საძგერებელი იარაღი. აქვს ტარი, ანუ ბუნი, მასრა და ორკაპა წვერი რომლითაც ჩხვლეტდნენ. ტანი გრძელი უნდა ყოფილიყო. ივ. ჯავახიშვილის დაკვირვებით, ჰოროლი ძველ წერილობით წყაროებში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ „ჰოროლი“ და „ოროლი“ ქართული „ვისრამინისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ ავტორებს არც ერთხელ არა აქვთ ნახმარი, რაც იმის დასტურია, რომ ეს ტერმინი XII ს-ის სასაუბრო ენის ცოცხალ განძეულს უკვე აღარ ეკუთვნოდა. შემდეგდროინდელ ძეგლებში ჰოროლი აქა-იქ გვხვდება. ეთნოგრაფიულ ყოფაში არ ფიქსირდება, მის მაგივრად გამოიყენება ტერმინი „შუბი“.
ლიტ.: ივ. ჯავახიშვილი, მქემკი, ტ. III-IV. 1964
მ. ქ.
![]() |
22 შემოკლებანი |
▲ზევით დაბრუნება |
მსე - მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის
ქკთსკ - ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა
მსმკი - მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
სსმმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის „მოამბე“
ქსე - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
ენიმკ - ენის ისტორიისა და მატერიალური კულტურის „მოამბე“
მმ - მუზეუმის „მოამბე“
სემმ - საქართველოს ეროვნული მუზეუმის „მოამბე“
სმეელ - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მსშხი - მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის
ძმ - ძეგლის მეგობარი
იჯელ - ივანე ჯავახიშვილის ენციკლოპედიური ლექსიკონი
მქემკი - მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის
დლ - დასურათებული ლექსიკონი
ქელ - ქართული ეთნოლოგიური ლექსიკონი
ქეგლ - ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი
ძქეგლ - ძველი ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი